დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე. და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო, და გაჰყო ნათელი ბნელისაგან. და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იყო საღამო და იყო დილა – ერთი დღე. და თქვა ღმერთმა: „იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად“. და შექმნა ღმერთმა მყარი, და გაყო ღმერთმა მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისაგან. და იქმნა ასე. და უწოდა ღმერთმა მყარს ცა. და იყო საღამო და იყო დილა – მეორე დღე. და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდეს ხმელეთი“. და იქმნა ასე. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყალს – ზღვები. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი“. და იქმნა ასე. და აღმოაცენა მიწამ მცენარე, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა – მესამე დღე. და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი. და იყვნენ ცის მყარზე მანათობლად, რათა მისცენ ნათელი მიწას“. და იქმნა ასე. და გააჩინა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: უფრო მოზრდილი მნათობი – დღის განმგებლად, და უფრო მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები. და დასხა ისინი ცის მყარზე მიწის გასანათებლად, რათა განეგოთ დღე და ღამე და გაეყარათ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა – მეოთხე დღე. და თქვა ღმერთმა: „აივსოს წყალი ცოცხალი არსებებით, და ფრინველებმა იფრინონ მიწის ზემოთ, ცის მყარზე“. შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და სხვადასხვა ქვეწარმავალნი, მათი გვარისამებრ, რომელთაც აავსეს წყალი, და ყველა ფრთოსანი ფრინველი მათი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. და აკურთხა ისინი ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და გაავსეთ ზღვის წყლები, და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე“. და იყო საღამო და იყო დილა – მეხუთე დღე. და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი მათი გვარისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ.“ და იქმნა ასე. და შექმნა ღმერთმა ცხოველნი მიწისა მათი გვარისამებრ, და პირუტყვი – მისი გვარისამებრ, და ყოველი ქვეწარმავალი მიწისა – მისი გვარისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში“. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს“. და თქვა ღმერთმა: „აჰა, მოგეცით თქვენ ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რომელიც მიწის პირზეა, და ყოველი ხე, რომელზეც თესლის მთესველი ნაყოფია – საჭმელად; და ყოველ ცხოველს მიწისას, და ყოველ ფრინველს ცისას და ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე, რომელშიც ცოცხალი სულია, მივეცი მე მცენარეები საკვებად“. და იქმნა ასე. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე. და გასრულდა ცა და მიწა, და მთელი მათი მხედრობა. და მეშვიდე დღეს დაასრულა ღმერთმა თავისი საქმე. და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც აკეთებდა. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებდა. ეს არის დაბადება ცისა და მიწისა, როცა უფალი ღმერთი ქმნიდა ცას და მიწას: არცერთი ბუჩქი მინდვრისა ჯერ არ იყო მიწაზე და არც ბალახი მინდვრისა ჯერ არ აღმოცენებულიყო, რადგან უფალ ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა მიწაზე, და არ იყო კაცი, რომ დაემუშავებინა მიწა. და ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს. და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად. და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და დასვა იქ კაცი, რომელიც მან შექმნა. და აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ხეები წარმტაცნი საცქერლად და გემრიელი საჭმელად. და შუაგულ ბაღში იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. და მდინარე ედემიდან გამოედინებოდა ბაღის მოსარწყავად და შემდეგ იყოფოდა ოთხ ტოტად: ერთის სახელი იყო ფიშონი; ის გარს უვლიდა ხავილას ქვეყანას, სადაც ოქრო იყო. და იმ ქვეყნის ოქრო კარგი იყო. და იქ იყო ბროლი და ზურმუხტის ქვა. და მეორე მდინარის სახელი იყო გიხონი. იგი გარს უვლიდა მთელს ქუშის ქვეყანას. და მესამე მდინარე იყო ტიგროსი. იგი მიედინებოდა აშურის აღმოსავლეთით. და მეოთხე მდინარე – ევფრატი. და აიყვანა უფალმა ღმერთმა ადამი და დასვა იგი ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი. და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები. და თქვა უფალმა ღმერთმა: „არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე.“ და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და მიიყვანა ადამთან, რათა ეხილა, რას უწოდებდა მათ; და რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი. და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს, ციურ ფრინველთ და მინდვრის ყველა ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ იყო მისი შესაფერისი შემწე. და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა დაეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. და აუშენა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნი დედაკაცად, და მიიყვანა იგი ადამთან. და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი. და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად.“ და იყვნენ ორივენი შიშვლები, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ. და მინდვრის ცხოველებს შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა, ყველაზე ცბიერი იყო გველი. და ჰკითხა გველმა დედაკაცს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?“ და დედაკაცმა უპასუხა: „ბაღის ხის ნაყოფები გვეჭმევა. ხოლო იმ ხის ნაყოფზე, რომელიც შუა ბაღშია, გვითხრა ღმერთმა: ‘არ ჭამოთ მისგან და არც შეეხოთ, რომ არ მოკვდეთ.’“ და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ მოკვდებით. რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“. და იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად; და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს, და მანაც შეჭამა. და აეხილათ თვალები ორივეს, და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ. და გადააბეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს გარშემოსარტყლები. და მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ ადამი და მისი დედაკაცი უფალ ღმერთს ბაღის ხეთა შორის. და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა მას: „სადა ხარ?“ და თქვა ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე.“ და ჰკითხა მან: „ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხიდან, რომელზეც გამცნე, რომ არ გეჭამა, მოსწყვიტე ნაყოფი?“ და უთხრა ადამმა: „დედაკაცმა, რომელიც შენ მომეცი, მომცა ხიდან და შევჭამე.“ და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: „ეს რა გააკეთე?“ და უთხრა დედაკაცმა: „გველმა მაცდუნა და შევჭამე.“ და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი ხარ შენ მხეცთა და მინდვრის ყველა ცხოველთა შორის. მუცელზე იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე. და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ.“ და უთხრა დედაკაცს: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე.“ და ადამს უთხრა: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ნაყოფი ხისა, რომელზეც გითხარი, რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე. და ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ, და ჭამდე მინდვრის ბალახს. შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები.“ და უწოდა ადამმა თავის დედაკაცს სახელად ევა, რადგან ის უნდა გამხდარიყო დედა ყოველი ცოცხალისა. და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი. და თქვა უფალმა ღმერთმა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი სიკეთისა და ბოროტის შეცნობაში. ახლა არ გაიწოდოს ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფი, რომ არ გახდეს უკვდავი“. და გაიყვანა უფალმა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან სამუშაოდ მიწაზე, რომლისგანაც იყო იგი აღებული. და გააძევა მან ადამი და ედემის ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისაკენ მიმავალი გზის დასაცავად. და ადამმა შეიცნო ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: „უფლის წყალობით შემეძინა კაცი.“ და შემდგომ შვა აბელი, ძმა მისი. და გახდა აბელი მწყემსი, ხოლო კაენი მიწის მუშაკი. და გავიდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს. ასევე აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან. და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს. და კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა, და ძალზე ეწყინა კაენს, და მოეღუშა სახე. და ჰკითხა უფალმა კაენს: „რა გეწყინა? რად მოგიღუშავს სახე? თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა. და შენკენ იქნება მისი სწრაფვა, მაგრამ შენ იბატონებ მასზე.“ და ელაპარაკა კაენი აბელს, თავის ძმას, როცა ისინი ველად იყვნენ და აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა იგი. და ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“ და უპასუხა მან: „არ ვიცი. განა მე ჩემი ძმის დარაჯი ვარ?“ და უთხრა უფალმა: „ეს რა ჰქენი! შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან! ამიერიდან წყეული იყავ შენ მიწისაგან, რომელმაც გახსნა თვისი პირი შენი ძმის სისხლის შენი ხელიდან მისაღებად. რადგან დაამუშავებ მიწას, ის კი არ მოგცემს შენ ძალას. მოხეტიალე და მაწანწალა იქნები მიწაზე!“ და უთხრა კაენმა უფალს: „დიდია ცოდვა ჩემი, მიუტევებელია! მაძევებ დღეს მე პირისაგან მიწისა და შენი პირისაგან, დავიმალები და ვიქნები მოხეტიალე და მაწანწალა მიწაზე; და ყოველი მნახველი ჩემი მომკლავს მე.“ და თქვა უფალმა: „ყოველი მკვლელი კაენისა შვიდგზის იქნება შურისგებული.“ და დაადვა უფალმა ნიშანი კაენს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს. და გასცილდა კაენი უფლის პირს და დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, და იგი დაორსულდა და შვა ხანოქი. და გააშენა მან ქალაქი და უწოდა სახელი ამ ქალაქს, როგორც თავის ძეს, ხანოქი. და შვა ხანოქმა ყირადი, და ყირადმა შვა მეხუაელი, და მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი. და მოიყვანა ლამექმა თავისთვის ორი ცოლი: სახელი ერთისა იყო ყადა, ხოლო მეორისა – ცილა. და ეყოლა ყადას იაბალი. იგი იყო კარვებში მკვიდრთა და მეჯოგეთა მამა. და მის ძმას ერქვა იუბალი. იგი იყო მამა ყველა მეჩანგეთა და მესტვირეთა. და ცილამ, აგრეთვე, უშვა თუბალ-კაენი, მჭედელი სპილენძისა და რკინის ყოველგვარი საჭურვლისა. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა. და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: „ყადა და ცილა, მისმინეთ მე! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი! რადგან მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი – ჩემდა საგვემელად. თუ კაენისთვის შვიდგზის იქნება შურისგებული, ლამექისთვის – სამოცდაათჯერ შვიდგზის!“ და კვლავ შეიცნო ადამმა თავისი დედაკაცი. და შვა ვაჟი და უწოდა მას შეთი, რადგან, როგორც ევამ თქვა: „აღმიდგინა მე ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად.“ და შეთსაც შეეძინა ძე, და უწოდა მას სახელად ენოში. და მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა. ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად ადამი მათი შექმნის დღეს. იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი და შვა თავის მსგავსად, თავის ხატად, და უწოდა მას სახელად შეთი. და შეთის შობის შემდეგ ადამმა კიდევ იცოცხლა რვაასი წელი, და შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი ადამისა, რაც მან იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელიწადი, და მოკვდა. და იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი, და შვა ენოში. და იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი შეთისა ცხრაას თორმეტი წელიწადი, და მოკვდა. და იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი, და შვა კაინანი. და იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი ენოშისა ცხრაას ხუთი წელიწადი, და მოკვდა. და იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი, და შვა მაჰალალელი. და იცოცხლა კაინანმა მაჰალალელის დაბადების შემდგომ რვაას ორმოცი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი კაინანისა ცხრაას ათი წელიწადი, და მოკვდა. და იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი, და შვა იერედი. და იცოცხლა მაჰალალელმა იერედის დაბადების შემდგომ რვაას ოცდაათი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი მაჰალალელისა რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი, და მოკვდა. და იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი, და შვა ხანოქი. და იცოცხლა იარედმა ხანოქის შობის შემდეგ რვაასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი იარედისა ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა. და იცოცხლა ხანოქმა სამოცდახუთი წელი, და შვა მეთუშალახი. და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი ხანოქისა სამას სამოცდახუთი წელიწადი. და დადიოდა ხანოქი ღმერთის წინაშე; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა. და იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი, და შეეძინა მას ლამექი. და იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელიწადი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი მეთუშალახისა ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი, და მოკვდა. და იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი, და შვა ვაჟი. და უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: „ეს გვანუგეშებს ჩვენს საქმეებში და ჩვენს მძიმე ჯაფაში, მიწაზე, რომელიც დაწყევლა უფალმა. და იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი, და შვა ძენი და ასულნი. და იქმნენ ყოველნი დღენი ლამექისა შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელიწადი, და მოკვდა. და იყო ნოე ხუთასი წლის, და შვა სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწის პირზე და ასულები შეეძინათ მათ, იხილეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და ცოლებად მოჰყავდათ ისინი, ვისაც კი ამოირჩევდნენ. და თქვა უფალმა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანში მარად, რადგან იგი ხორციელია, და იქნენ დღენი მისი ას ოცი წელი. ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან. და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო. და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და დამწუხრდა თავის გულში. და თქვა უფალმა: „მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე, რადგან ვინანე, რომ შევქმენი ისინი.“ ხოლო ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში, და ღმერთის გზით დადიოდა იგი. და შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო იგი ძალადობით. და იხილა ღმერთმა ქვეყანა და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა ქვეყანაზე. და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ყოველი ხორციელის აღსასრული მოვიდა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო ქვეყანა მათი ძალადობით; და მე აღვგვი მათ მიწიდან. გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და ფისით დაფარე იგი შიგნიდან და გარედან. და ასე გააკეთე იგი: კიდობნის სიგრძე სამასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა და მისი სიმაღლე ოცდაათი წყრთა. სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ჩამოაცილე ერთ წყრთაზე ზემოდან. გვერდზე გაუკეთე კარი, და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე მას. და მე მოვავლენ წყლის წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის, რომელშიც სიცოცხლის სულია, მოსასპობად. და ყოველი, რაც ქვეყანაზეა, დაიღუპება. და დავდებ ჩემს აღთქმას შენთან: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძეები, და შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები შენთან ერთად. და ყოველთაგან, რაც ცოცხალია, ყოველ ხორციელთაგან, ორ-ორი უნდა შეიყვანო კიდობანში, რომ შენთან ერთად გადარჩნენ ცოცხალი; და ერთი მამალი უნდა იყოს და ერთი დედალი. ფრინველისაგან მისი გვარისამებრ და პირუტყვისაგან მისი გვარისამებრ, მიწის ყოველი ქვეწარმავლისაგან მისი გვარისამებრ ორ-ორნი მოვლენ შენთან ყოველი გვარისაგან, რათა ცოცხალი გადარჩნენ. და აიღე ყოველი საჭმელი, რაც იჭმევა, და მოაგროვე შენთან და იყოს შენთვის და მათთვის საზრდოდ.“ და გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც უბრძანა ღმერთმა, ისე გააკეთა მან. და უთხრა უფალმა ნოეს: „შედი შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში ყოველი წმიდა პირუტყვისაგან შეიყვანე შვიდ-შვიდი – მამალი და დედალი, და პირუტყვისაგან, რომელიც არაა წმიდა, ორ-ორს – მამლსა და დედალს. აგრეთვე ცის ფრინველთაგან შვიდ-შვიდს – მამალსა და დედალს, რათა იცოცხლოს მათმა შთამომავლობამ მთელს მიწის პირზე. რადგან შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და პირისაგან მიწისა წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.“ და გააკეთა ნოემ ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა. და ნოე იყო ექვსასი წლისა, როდესაც მოვიდა წარღვნის წყალი მიწაზე. და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი ცოლი, და მისი ძენი, და მის ძეთა ცოლები, წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი, ორ-ორნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში მამალი და დედალი, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს. და შვიდი დღის შემდეგ წარღვნის წყალი მოვიდა ქვეყანაზე. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს იჩქეფეს უფსკრულის დიდმა წყაროებმა და გაიხსნენ ცის სარკმელნი. და იყო წვიმა მიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. და იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების ცოლები მათთან ერთად, ისინი და ყოველი ცხოველი თავისი გვარისამებრ, ყოველი პირუტყვი თავისი გვარისამებრ, ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, თავისი გვარისამებრ, და ყოველი ფრინველი თავისი გვარისამებრ, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი. და შევიდნენ ნოესთან კიდობანში ორ-ორი ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც იყო სული სიცოცხლისა. და შემავალი მამალი და დედალი ყოველი ხორციელისაგან შევიდა, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. და დახშა უფალმა კიდობანი. და იყო წარღვნა ორმოცი დღე მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი. და გაძლიერდა წყალი, და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე, და წავიდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. და წყალი გაძლიერდა მეტისმეტად მიწაზე, და დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში. თხუთმეტი წყრთით აიწია წყალმა მათზე და დაფარა მთები. და დაიღუპა ყოველი ხორციელი, რომელიც მოძრაობს მიწაზე: ფრინველთაგან, პირუტყვთაგან, ცხოველთაგან და ყოველ ქვეწარმავალთაგან, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი. ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიღუპა. აღიგავა ყოველივე არსებული, რაც მიწის პირზე იყო; ადამიანიდან პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე აღიგავნენ მიწიდან. და გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მის კიდობანში მყოფნი. და ძლიერდებოდა წყალი ას ორმოცდაათი დღე. და გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, და ყოველი პირუტყვი, რომელიც იყო ნოესთან კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი მიწაზე, და დაცხრა წყალი. და დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელები. და შეწყდა წვიმა ციდან. და უკუიქცა წყალი მიწიდან, და დაიწყო კლება წყალმა ას ორმოცდამეათე დღეს. და დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს. და წყალი იკლებდა მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდნენ მთის მწერვალები. და ორმოცი დღის დასასრულს გააღო ნოემ კიდობნის სარკმელი, რომელიც გაუკეთა. და გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა ის და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე. და შემდეგ გაუშვა მტრედი, რომ ენახა, თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე. და ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსაკიდი, და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი ჯერ კიდევ იყო მიწის პირზე. და მან გაიწოდა ხელი, აიყვანა იგი და შეიყვანა თავისთან კიდობანში. და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამოს ჟამს და მას ზეთისხილის რტო ეჭირა პირში. და ამით შეიტყო ნოემ, რომ წყალი დამცხრალიყო მიწაზე. და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და ის აღარ დაბრუნებულა უკან. ნოეს დაბადებიდან ექვსას მეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, დაშრა წყალი მიწაზე. და ნოემ მოაცილა სახურავი კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი. და მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა მიწა. და უთხრა ღმერთმა ნოეს: „გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, და შენი ძეები თავიანთი ცოლებით. ყოველი ცხოველი, რომელიც შენთანაა ყოველ ხორციელთაგან, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და მიწის ქვემძრომ ქვეწარმავალთაგან, გამოიყვანე. მოეფინონ მიწას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ.“ და გამოვიდა ნოე, და მისი ძენი, და მისი ცოლი, და მის ძეთა ცოლები მასთან ერთად. და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი და ყოველი, რაც მოძრაობს ქვეყანაზე, თავ-თავის გვარის მიხედვით გამოვიდნენ კიდობნიდან. და აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე. და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „აღარ დავწყევლი კვლავ მიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვეა მისი გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ. და მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას ისე, როგორც გავაკეთე. ვიდრე დედამიწა იქნება, არ გაუქმდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, და დღე და ღამე!“ და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი, და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და აღავსეთ მიწა.“ და ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს, და ყოველივეს, რაც იძვრის მიწაზე, ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული. ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელი იყოს თქვენთვის, როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს. მხოლოდ ხორცს მისი სულითურთ და მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ. და თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს. და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი. და თქვენ კი ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოშენდით მიწაზე და მომრავლდით მასზე“. და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად: „მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან თქვენს შემდეგ, და ყოველ ცოცხალ არსებასთან, რომელიც კი თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან, მიწის ყოველ ცხოველთან, რომელნიც თქვენთან არიან, კიდობნიდან ყოველ გამოსულთან. და მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“ და თქვა ღმერთმა: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, აღთქმა სამარადისო იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ. ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ჩემსა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად. და როცა გადავაფარებ ღრუბელს მიწას, მაშინ გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა, გავიხსენებ ჩემს აღთქმას, რომელიცაა ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის, და მეტად აღარ მოვა წარღვნის წყალი ყოველი ხორციელის დასაღუპავად. და იქნება ცისარტყელა ღრუბელში, და ვიხილავ მას, რათა გავიხსენო საუკუნო აღთქმა ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა“. და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავადგინე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რაც კი მიწაზეა“. და იყვნენ ესენი ძენი ნოესი, გამოსულნი კიდობნიდან: სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი მამამთავარი ქანაანისა. ესენი იყვნენ ნოეს სამნი ძენი, და მათგან განევრცო მოსახლეობა მთელ მიწაზე. და იწყო ნოემ, მიწისმუშაკმა, ვენახის გაშენება. და შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. და იხილა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და უთხრა ეს თავის ორ ძმას. და აიღეს სემმა და იაფეთმა მამის სამოსელი, და დაიდეს მხრებზე, და წავიდნენ პირშექცევით და დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე. და რადგან პირი უკან ჰქონდათ შექცეული, თავიანთი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. და გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, თუ როგორ მოექცა მას უმცროსი ძე. და თქვა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! მსახურთა მსახური იყოს თავისი ძმებისათვის.“ და თქვა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი სემისა. და იყოს ქანაანი მისი მსახური. და განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დაემკვიდროს სემის კარვებში, და იყოს ქანაანი მისი მსახური“ და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი. და იყო ნოეს სრული ხანი ცხრაას ორმოცდაათი წელი და მოკვდა. ეს არის ნოეს ძეთა – სემის, ქამისა და იაფეთის მოდგმა, რომლებმაც წარღვნის შემდეგ შვეს შვილები: იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. და გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. და იავანის ძენი: ელიშა და თარშიში, ქითიმი და როდანიმი. და მათგან დასახლდნენ ხალხთა კუნძულები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის საგვარეულოებში, თავიანთ ხალხებს შორის. ქამის ძენი: ქუში და მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი. და ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. და ძენი რაყმასი: შება და დედანი. და ქუშმა შვა ნიმროდი. მან იწყო თავისი ძალოვანების გამოჩენა მიწაზე. ის იყო ძალოვანი მონადირე უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა: „ნიმროდივით ძალოვანი მონადირეა უფლის წინაშე.“ და მისი მეფობის დასაბამი იყო: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე შინყარის ქვეყანაში. ამ ქვეყნიდან წავიდა ის აშურში და ააშენა იქ ნინევე, რეხობოთ-ყირი, ქალახი, და რესენი, რომელიც იყო ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი. მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა, ფათრუსელთა, ქასლუხელთა (საიდანაც გამოვიდნენ ფილისტიმელები) და ქაფთორელთა. და ქანაანს ეყოლა ციდონი, მისი პირმშო, და ხეთი. იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელნი, ხიველნი, ყარკელნი, სინელნი, არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. და შემდგომ განიფანტნენ ქანაანელთა ტომები. და იყო ქანაანელთა საზღვარი ციდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით ლაშაყამდე. ესენი იყვნენ ძენი ქამისა თავ-თავის საგვარეულოთა და ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხებში. და სემსაც, ყებერის ყველა შვილის მამას, იაფეთის უფროს ძმას, შეეძინა შვილები. სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი. და არამის ძენი: ყუცი, ხული, გეთერი და მაში. და არფაქშადს შეეძინა შალახი, და შალახს ყებერი. და ყებერს შეეძინა ორი ძე: სახელი ერთისა ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა. და სახელი მისი ძმისა იოკტანი. და იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი, ჰადორამი, უზალი და დიკლა, ყობალი, აბიმაელი და შება, ოფირი, ხავილა და იობაბი. ესენი ყველანი იოკტანის ძენი იყვნენ. და მათი დასახლება იყო მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე. ესენი იყვნენ ძენი სემისა თავ-თავის საგვარეულოთა, ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხებში. ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავის ხალხებში, თავ-თავის მოდგმათა მიხედვით. და წარღვნის შემდეგ მათგან განშტოვდნენ ხალხთა კუნძულები მთელ მიწაზე. და ჰქონდა მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა. და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, შინყარის ქვეყანაში ჰპოვეს ველი და დამკვიდრდნენ იქ. და თქვეს: „მოდი, გავაკეთოთ აგურები და გამოვწვათ ცეცხლში“. და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და ფისი – კირად. და თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე“. და ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები. და თქვა უფალმა: „ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. და დაიწყეს ამის კეთება. და ახლა მათთვის აღარაფერი არ იქნება მიუღწეველი. ჩავიდეთ და ავურიოთ მათ ენა, რომ ადამიანებმა ვერ გაუგონ ერთმანეთს“. და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მიწის ზურგზე და მათ შეწყვიტეს ქალაქის შენება. ამიტომ ეწოდა მას სახელად ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა ენები და იქიდან გაფანტა ისინი მიწის პირზე. ეს არის სემის შთამომავლობა: სემი იყო ასი წლისა, როდესაც, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ შვა არფაქშადი. და იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ ხუთასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როდესაც შვა შელახი. და იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელიწადი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. ოცდაათი წლის იყო შელახი, როდესაც შვა ყებერი. და იცოცხლა ყებერმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. ოცდათოთხმეტი წლის იყო ყებერი, როდესაც შეეძინა ფელეგი. და იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. ოცდაათი წლის იყო ფელეგი, როდესაც შვა რეღუ. და იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორას ცხრა წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. ოცდათორმეტი წლის იყო რეღუ, როდესაც შეეძინა სერუგი. და იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. ოცდაათი წლის იყო სერუგი, როდესაც შვა ნახორი. და იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ ორასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. ოცდაცხრა წლის იყო ნახორი, როდესაც შვა თერახი. და იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და იცოცხლა თერახმა სამოცდაათი წელი, და შვა აბრამი, ნახორი და ხარანი. და ეს არის თერახის შთამომავლობა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ხარანი; და ხარანმა შვა ლოტი. და მოკვდა ხარანი თერახის, მამამისის, სიცოცხლეშივე, თავისი შობის ქვეყანაში, ქალდეველთა ურში. და მოიყვანეს აბრამმა და ნახორმა ცოლები. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს – მილქა, ასული ხარანისა, რომელიც იყო მილქასა და ისქას მამა. და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი. და წაიყვანა თერახმა აბრამი – თავისი ძე, და ლოტი – ხარანის ძე, თავისი შვილიშვილი და სარაი – თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის ცოლი, და მათთან ერთად გავიდა ქალდეველთა ურიდან, რომ წასულიყო ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ ხარანამდე, და იქ დამკვიდრდნენ. თერახმა იცხოვრა ორას ხუთი წელი და თერახი ხარანში მოკვდა. და უთხრა უფალმა აბრამს: „დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი, და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. და გაქცევ დიდ ერად, და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული. და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი“. და წავიდა აბრამი, როგორც უთხრა მას უფალმა, და მასთან ერთად წავიდა ლოტიც. და იყო აბრამი სამოცდათხუთმეტი წლისა ხარანიდან გასვლისას. და წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, ყველა მსახური, რომელნიც შეიძინა, და მთელი ქონება, რომელიც მოიხვეჭა ხარანში, და წავიდნენ ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ იქ. და გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემის ადგილამდე, მორეს მუხამდე. და ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას“. და აბრამმა იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. და წავიდა იქიდან მთისაკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და გაშალა იქ კარავი. ბეთელი იყო დასავლეთით, ხოლო ჰაღაი აღმოსავლეთით და იქ აუშენა სამსხვერპლო უფალს, და მოუხმო უფლის სახელს. და დაიძრა აბრამი და გააგრძელა სვლა სამხრეთისაკენ. და იყო შიმშილი იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან შიმშილი ძალზე მძვინვარებდა. და როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, აბრამმა უთხრა სარაის: „ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ. დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო, მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. ამიტომ თქვი რა, რომ შენ ჩემი და ხარ, რათა შენს გამო გადავრჩე და იცოცხლოს ჩემმა სულმა შენი წყალობით.“ და როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, ეგვიპტელებმა დაინახეს, რომ ეს ქალი ძალიან ლამაზი იყო. დაინახეს ის ფარაონის დიდებულებმა, შეაქეს იგი ფარაონის წინაშე; და წარდგენილ იქნა ეს ქალი ფარაონის კარზე. და აბრამს კარგად ექცეოდნენ მისი ცოლის გულისათვის. და მას ჰყავდა ცხვარი და პირუტყვი, სახედრები და აქლემები, მსახურნი და მხევალნი. და დიდი სენი შეჰყარა უფალმა ფარაონს და მის სახლს სარაის, აბრამის ცოლის, გამო. და მოიხმო ფარაონმა აბრამი, და უთხრა: „ეს რა მიყავი! რად არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო იგი? რადა თქვი, ჩემი და არისო? მე ხომ მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი! აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადით აქედან!“ და ამცნო ფარაონმა ეს ხალხს. და გაისტუმრეს აბრამი და მისი ცოლი, და წაიღეს მათ, რაც ებადათ. და წავიდა აბრამი ეგვიპტიდან ნეგებისაკენ თავის ცოლთან და ლოტთან ერთად. თან ჰქონდა ყველაფერი, რაც ებადა. აბრამი ძალზე მდიდარი იყო საქონლის ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით. გაემგზავრა ნეგებიდან ბეთელისაკენ, იმ ადგილამდე, სადაც უწინ მისი კარავი იყო ბეთელსა და ჰაღაის შორის, იმ ადგილამდე, სადაც მან პირველად ააგო სამსხვერპლო და იქ მოუხმო აბრამმა უფლის სახელს. და ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები. და ვერ იტევდა მათ ქვეყანა ერთად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. და ატყდა დავა აბრამისა და ლოტის მწყემსთა შორის. იმ დროს ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ იმ ქვეყანაში. და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება ჩემსა და შენს შორის, ჩემს და შენს მწყემსებს შორის დავა, რადგან ჩვენ ძმები ვართ. განა მთელი ქვეყანა შენს წინ არ არის? გავიყაროთ და, თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.“ და აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო ცოყარის მისადგომებამდე; ვიდრე უფალი მოსპობდა სოდომსა და გომორას, იგი იყო როგორც სამოთხე უფლისა, როგორც ქვეყანა ეგვიპტისა. და ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა, და წავიდა ლოტი აღმოსავლეთისაკენ, და განცალკევდა კაცი თავისი ძმისაგან. და აბრამი დაემკვიდრა ქანაანის ქვეყანას, ხოლო ლოტი დაემკვიდრა ხეობის ქალაქებში და გაშალა თავისი კარვები სოდომამდე. და მკვიდრნი სოდომისა ბოროტები იყვნენ და ძალზე სცოდავდნენ ღვთის წინაშე. და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან მისი განცალკევების შემდეგ: „აღაპყრე თვალები, და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ. რადგან მთელ ქვეყანას, რომელსაც ხედავ, შენ მოგცემ და შენს თესლს უკუნისამდე. და გავამრავლებ შენს თესლს, როგორც მტვერს მიწისას. და თუ ვინმე შეძლებს მტვრის აღრიცხვას, მაშინ შენი შთამომავლობაც აღირიცხება. და ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას.“ და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუშენა იქ სამსხვერპლო უფალს. და შინყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა – ელასარის მეფემ, ქედორ-ლაღომერმა – ყელამის მეფემ და თიდყალმა – გოიმის მეფემ დაიწყეს ომი სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან. ყველა ესენი შეერთდნენ სიდიმის ველზე, (სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა). თორმეტ წელს ემონებოდნენ ისინი ქედორ-ლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს ამბოხდნენ. და მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორ-ლაღომერი მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და გაანადგურეს რეფაიმელნი ყაშთაროთ-კარნაიმში, ზუზელნი ჰამში, ემიელნი შავე-კირიათაიმში და ხორიელები სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან. და უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, ეს კადეშია, და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, და აგრეთვე ამორეველნი, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი. და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები, და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა ყელამის მეფე ქედორ-ლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს. ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ. სიდიმის ველზე იყო უამრავი ფისის ორმო. და უკუიქცნენ სოდომისა და გომორას მეფენი და ჩაცვივდნენ იქ. და დანარჩენნი უკუიქცნენ მთებში. და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება და მთელი საზრდო, და წავიდნენ. და წაიყვანეს აბრამის ძმისწული ლოტიც, მცხოვრები სოდომში და მთელი მისი ქონება, და წავიდნენ. და მოვიდა ლტოლვილი და მოუტანა ამბავი ებრაელ აბრამს. მაშინ იგი ბინადრობდა მუხნარში, რომელიც ეკუთვნოდა ამორეველ კაცს, მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმას. ისინი აბრამის მოკავშირენი იყვნენ. როცა გაიგო აბრამმა, რომ მისი ძმისწული წაეყვანათ ტყვედ, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი მსახური, და სდია მტერს დანამდე. და დარაზმა აბრამმა თავისი კაცები ღამით და გაიყვანა მათ წინააღმდეგ, და გაანადგურა ისინი, და სდია მათ ხობამდე, რომელიც დამასკოს მარცხნივაა. და დაიბრუნა მთელი ქონება და აგრეთვე თავისი ძმისწული, ლოტი, მთელი მისი ქონებითა; ქალები და ხალხი. და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე (ეს არის სამეფო ველი) ქედორლაღომერისა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ. და მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. და იყო ის მღვდელი მაღალი ღმერთისა. და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი მაღალი ღმერთის, ცისა და მიწის მეუფის მიერ. და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.“ და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი. და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: „მომეცი მე ხალხი, და ქონება დაიტოვე შენთვის.“ და უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „ავაპყრობ ჩემს ხელებს უფლის მიმართ, მაღალი ღმერთისა, ცისა და მიწის მეუფისა, თუ ძაფიდან ფეხსამოსის თასმამდე რამე ავიღო იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო, მე გავამდიდრეო აბრამი, გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად – ყანერს, ეშქოლსა და მამრეს, წაიღონ მათ თავ-თავიანთი წილი. ამ ამბების შემდეგ აბრამს ხილვაში ესმა სიტყვა უფლისა: „ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ მფარველი შენი. ძალზე დიდია შენი საზღაური!“ და უთხრა აბრამმა: „ბატონო უფალო, რა შეგიძლია მომცე, როცა უშვილოდ გადავდივარ და ჩემი მემკვიდრე ეს დამასკოელი ელიეზერია?“ და თქვა აბრამმა: „შენ არ მოგიცია შთამომავალი და ჩემი მსახური, რომელიც ჩემს სახლშია შობილი, გახდება ჩემი მემკვიდრე.“ და იყო სიტყვა უფლისა მის მიმართ: „არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.“ და გაიყვანა იგი გარეთ და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს აღრიცხვა მათი.“ და უთხრა მან: „ასე იქნება შენი შთამომავლობაც“. და ერწმუნა იგი უფალს, და ეს შეერაცხა მას სიმართლედ. და უთხრა მას უფალმა: „მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ქალდეველთა ურიდან, რათა მოგცე ეს ქვეყანა სამკვიდრებლად.“ და მან უპასუხა: „ბატონო უფალო, საიდან უნდა გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“ და უთხრა მას უფალმა: „მომიყვანე სამწლიანი დეკეული და სამწლიანი თხა, სამწლიანი ვერძი და გვრიტი და მტრედის ხუნდი.“ და მიუყვანა ისინი, დაჭრა შუა-შუა და მიუწყო ისინი ერთმანეთის პირდაპირ. მხოლოდ ფრინველები არ დაუჭრია შუაზე. და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორებს, მაგრამ აბრამმა განდევნა ისინი. და მზის ჩასვლისას მაგრად ჩაეძინა აბრამს. და მაშინ ძრწოლამ და დიდმა სიბნელემ მოიცვა იგი. და უთხრა უფალმა აბრამს: „იცოდე, რომ მდგმურებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში და დაიმონებენ მათ, და დაჩაგრავენ მათ ოთხას წელიწადს. და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი. და შემდგომ ამისა გამოვლენ ისინი დიდი ქონებით. და შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და კეთილ სიბერეში დაიმარხები. და მეოთხე თაობა დაბრუნდება აქ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორეველთა ურჯულოება.“ როდესაც მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, თითქოს ღუმელი აბოლდაო და ცეცხლის ალმა გაიარა იმ ნაჭრებს შორის. და იმ დღეს დადო აღთქმა უფალმა აბრამთან, და უთხრა: „შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა, ეგვიპტის მდინარიდან ევფრატის დიდ მდინარემდე: კენიელი, კენიზელი, კადმონელი, ხეთელი, ფერიზელი, რეფაიმელი, ამორეველი, ქანაანელი, გირგაშელი და იებუსეველი.“ და სარაის, აბრამის ცოლს, არ უშვია მისთვის. და მას ჰყავდა ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი. და უთხრა სარაიმ აბრამს: „უფალმა დამაბრკოლა შვილოსნობისაგან. შედი ჩემს მხევალთან. ეგებ გავშვილიანდე მისგან.“ და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები. და მისცა სარაიმ, აბრამის ცოლმა, თავისი ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი თავის ქმარს ცოლად, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის შემდეგ. და შევიდა იგი ჰაგართან, და დაორსულდა იგი. და როცა დაინახა ჰაგარმა, რომ ორსულად იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში. და უთხრა სარაიმ აბრამს: „შენი ბრალია ჩემი დამცირება: მე მოგეცი ჩემი მხევალი შენს წიაღში; და როცა დაინახა, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. და აწ უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის.“ და უთხრა აბრამმა სარაის: „აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი, და რაც გინდა, ის უყავი.“ და ჩაგრავდა მას სარაი, და ის გაექცა მას. და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა წყლის წყაროსთან უდაბნოში, შურის გზაზე. და ჰკითხა: „ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?“ და მან უპასუხა: „სარაის, ჩემს ქალბატონს, გავურბივარ.“ და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას.“ და კიდევ უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „გავამრავლებ შენს შთამომავლობას, და ვერ აღირიცხება იგი სიმრავლისაგან.“ და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „აჰა, შენ ორსულადა ხარ და შობ ვაჟს, და ისმაელს უწოდებ სახელად, რადგან შეისმინა უფალმა შენი გასაჭირი. და იქნება იგი ველური კაცი; მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი იქნება მის წინააღმდეგ და თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი.“ და უწოდა სახელი უფალს, მასთან მოლაპარაკეს: „შენ ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი!“ რადგან თქვა: „ხომ ვნახე აქ კვალი ჩემი მხილველისა.“ ამიტომ უწოდა ჭას „ბეერ-ლახაი-როი (მხილველის ჭა).“ იგი მდებარეობს კადეშსა და ბარედს შორის. და უშვა ჰაგარმა აბრამს ძე. და უწოდა აბრამმა სახელად თავის ძეს, რომელიც უშვა მას ჰაგარმა, ისმაელი. და აბრამი იყო ოთხმოცდაექვსი წლისა, როდესაც ისმაელი უშვა მას ჰაგარმა. და იყო აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, როცა გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. იარე ჩემს წინ და იყავი უმწიკვლო. და დავდებ ჩემს აღთქმას შენსა და ჩემს შორის, და გაგამრავლებ დიდად.“ და დაემხო აბრამი პირქვე და უთხრა მას ღმერთმა: „აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: იქნები მრავალი ხალხის მამა. და აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი (ამაღლებული მამა), არამედ აბრაამი (მრავალთა მამა), რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ. და დიდად გაგამრავლებ და მრავალი ერი გამოვა შენგან, და მეფენი გამოვლენ შენგან. და დავამყარებ ჩემს აღთქმას ჩემსა და შენს, და შენს შემდგომ, შენს შთამომავლობას შორის, მათ მოდგმაში, საუკუნო აღთქმად, რათა ვიყო შენი და, შენს შემდგომ, შენი შთამომავლობის ღმერთი. და მოგცემთ შენ და, შენს შემდგომ, შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას – მთელი ქანაანის ქვეყანას – საუკუნო საკუთრებად, და მე ვიქნები მათი ღმერთი.“ და შემდეგ უთხრა ღმერთმა აბრაამს: „და დაიცავთ ჩემს აღთქმას შენ და შენი შთამომავლობა შემდეგ თაობებში. და ეს არის აღთქმა ჩემი, რომელსაც დაიცავთ ჩემსა და თქვენს შორის თაობიდან თაობამდე: წინადაიცვითოს ყოველმა თქვენმა ძემ. დაიცვითეთ ხორცი თქვენი ჩუჩისა: და იყოს ეს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის. და რვა დღისამ დაიცვითოს თქვენმა ყოველმა ძემ თქვენს თაობებში, სახლში შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგან. წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა, და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად. და წინადაუცვეთელი მამრი, რომელიც არ დაიცვეთს თავის ჩუჩის ხორცს, მოიკვეთება ის სული თავისი ხალხისაგან, ვინაიდან დაარღვია ჩემი აღთქმა.“ და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „და აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, არამედ სარა იყოს სახელი მისი. და ვაკურთხებ მას, და ძესაც მოგცემ მისგან. და ვაკურთხებ მასაც და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.“ და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, და თქვა თავის გულში: „ნუთუ ასწლოვანს შეეძინება შვილი? და ნუთუ ოთხმოცდაათი წლის სარა დაბადებს?“ და უთხრა აბრაამმა ღმერთს: „ნეტავ იცოცხლოს ისმაელმა შენს წინაშე!“ და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „არა, შენი ცოლი, სარა, გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად ისაკს. და დავდებ მასთან ჩემს აღთქმას საუკუნოდ მისი შთამომავლობისათვის მის შემდგომ. და ისმაელისათვის გისმინე შენ: ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და გავამრავლებ მას დიდად. თორმეტ მთავარს წარმოშობს და ვაქცევ მას დიდ ერად. და ჩემს აღთქმას დავამყარებ ისაკთან, რომელსაც შენ გიშობს სარა მომავალ წელს ამავე დროს.“ და დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი აბრაამთან, და ამაღლდა მისგან. და აიყვანა აბრაამმა ისმაელი, თავისი ძე, და ყოველი თავის სახლში შობილი, და ყოველი ვერცხლით ნაყიდი, ყოველი მამრი აბრაამის სახლისა, და წინადაცვითა მათ სწორედ იმ დღეს, როგორც უთხრა მას ღმერთმა. და აბრაამი იყო ოთხმოცდაცხრამეტი წლისა, როდესაც დაიცვითა თავისი ჩუჩის ხორცი. და ისმაელი, მისი ძე, ცამეტი წლისა იყო, როდესაც დაუცვითა მას ჩუჩის ხორცი. სწორედ იმ დღეს წინადაიცვითეს აბრაამმა და მისმა ძემ, ისმაელმა. და მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, დაიცვითეს მასთან ერთად. და გამოეცხადა უფალი მას მამრეს მუხასთან, როდესაც ის შუადღის ხვატში იჯდა თავისი კარვის წინ. და აღაპყრო მან თვალი და დაინახა, რომ სამი კაცი დგას მის ახლოს. და როცა დაინახა ისინი, გაიქცა მათ შესახვედრად კარვის შესასვლელიდან და თაყვანი სცა მათ მიწამდე. და თქვა: „ბატონო, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს. და მოიტანენ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს, და დაისვენეთ ხის ქვეშ. და გამოგიტანთ მცირეოდენ პურს, და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით. რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს.“ და უთხრეს: „ისე გააკეთე, როგორც თქვი.“ და ისწრაფა აბრაამმა კარვისაკენ სარასთან, და უთხრა: „იჩქარე: სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები გამოაცხვე.“ ნახირისკენ გაიქცა აბრაამი და აიყვანა ჩვილი და საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს, და მანაც სწრაფად მოამზადა იგი. აიღო კარაქი და რძე, და ხბო, რომელიც მოამზადა, და მიართვა მათ. ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, როცა ისინი ჭამდნენ. და ჰკითხეს მას: „სად არის სარა, შენი ცოლი?“ და მან უპასუხა: „აჰა, კარავშია.“ შემდეგ უთხრა მას ერთმა მათგანმა: „გაისად ამდროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან. და ეყოლება ძე სარას, შენს ცოლს.“ და სარას ესმოდა ეს კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა. და აბრაამი და სარა იყვნენ ხანში, წლებში შესულნი. და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი. და გულში გაეცინა სარას და თქვა: „რაღაი დავბერდი, რა სიამე მექნება? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!“ და უთხრა უფალმა აბრაამს: „რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ, ამ მოხუცობისას?’ განა უფლისთვის შეუძლებელია რამე? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას ეყოლება ძე.“ და უარყო სარამ და თქვა: „არ გამიცინია,“ რადგან შეეშინდა. და უპასუხეს მას: „არა, შენ გაიცინე!“ და ადგნენ იქიდან ეს კაცები, და მიაპყრეს მზერა სოდომისაკენ. და აბრაამი გაჰყვა მათ გასაცილებლად. და თქვა უფალმა: „დავუფარო აბრაამს, რასაც ვაპირებ, და აბრაამი რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი, და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი? რადგან ამოვირჩიე, რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქმნან სიმართლე და სამართალი, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეპირდა.“ და თქვა უფალმა: „გამრავლდა ღაღადი სოდომზე და გომორაზე, და დიდად მძიმეა მათი ცოდვები.“ ჩავალ და ვნახავ, ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც ღაღადია მათზე. თუ არა და, შევიტყობ.“ და გაემართნენ ეს კაცები იქიდან, და წავიდნენ სოდომს. და აბრაამი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე. და მიეახლა აბრაამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად? ეგების იყოს ორმოცდაათი მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს იქ მყოფი ორმოცდაათი მართლისათვის? შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მოკლა მართალი უკეთურთან ერთად, და იყოს მართალი უკეთურივით! შორს შენგან! მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა არ გააჩინოს სამართალი?“ და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, შევუნდობ მათ გამო მაშინ მაგ ადგილს.“ და მიუგო მას აბრამმა: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ჩემს ბატონთან მე, მტვერმა და ნაცარმა. იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ხუთისათვის დაღუპავ მთელ ქალაქს?“ და უთხრა მას უფალმა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ იქ ორმოცდახუთს!“ და კვლავ განაგრძო მასთან ლაპარაკი, და თქვა: „იქნებ იქ ორმოცი აღმოჩნდეს?“ და თქვა: „არ ვიზამ ამას ორმოცისთვისაც.“ და თქვა აბრაამმა: „ნუ განრისხდება ბატონი, იქნებ იქ ოცდაათი აღმოჩნდეს?“ და თქვა: „არ ვიზამ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს.“ და კვლავ უთხრა მას: „აჰა, გავბედე ლაპარაკი ბატონთან: იქნებ აღმოჩნდეს იქ ოცი?“ და თქვა: „არ დავღუპავ ოცისათვის.“ და თქვა: „ნუ განრისხდება ჩემი ბატონი, და ერთხელაც ვიტყვი: „იქნებ აღმოჩნდეს იქ ათი კაცი?“ და უთხრა მას: „არც ათისთვის არ დავღუპავ.“ და წავიდა უფალი, როგორც კი დაასრულა აბრაამთან ლაპარაკი და აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილზე. და მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ჟამს, და ლოტი კი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და სცა თაყვანი მიწამდე. და თქვა: „ჩემო ბატონებო! შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში და გაათიეთ ღამე. და დილაადრიან დაიბანთ ფეხს და წახვალთ თქვენი გზით!“ და უთხრეს: „არა! მოედანზე გავათევთ ღამეს.“ დიდად ეხვეწა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს მასთან, და შევიდნენ მასთან სახლში. და გაუმართა მათ ნადიმი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს. ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს მას: „სად არიან კაცები, რომელნიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რომ შევიცნოთ ისინი.“ და გარეთ გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიკეტა კარი, და თქვა: „ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი. გამოვიყვან მათ თქვენთან, და უყავით მათ, რაც გენებოთ. მხოლოდ ამ კაცებს ნურაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული!“ და უთხრეს: „მოშორდი აქედან!“ და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად, და სამართალს სჯი? ახლა შენ მათზე უარესს დაგმართებთ!“ და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა. მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და მიიკეტეს კარები. ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, სიბრმავე დაატეხეს, პატარიდან დიდამდე, და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში. და ლოტის სტუმრებმა ჰკითხეს მას: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი – ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან, რადგან გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, რადგან ამაღლდა მათზე ღაღადი უფლის წინაშე, და მოგვავლინა ჩვენ უფალმა მის გასანადგურებლად.“ და გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სიძეებს, მისი ასულების მთხოვნელთ, და უთხრა: „ადექით, გადით ამ ადგილიდან, რადგან უფალი განადგურებას უპირებს მას.“ და სასაცილო შეიქნა იგი თავის სიძეთა თვალში. და როგორც კი ინათა, ანგელოზებმა ააჩქარეს ლოტი ამ სიტყვებით: „ადექ, წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, აქ რომ არიან, რათა არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოებაში.“ მაგრამ აყოვნებდა და იმ კაცებმა ჩასჭიდეს ხელი მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და გაიყვანეს იგი ქალაქის გარეთ. და როცა გამოიყვანეს ისინი გარეთ, უთხრა: „გადაირჩინე შენი სული, ნუ მიიხედავ უკან და ნუ გაჩერდები ამ არემარეზე! მთას შეეფარე, რომ არ დაიღუპო!“ და უთხრა მათ ლოტმა: „არა, ბატონო! რადგან ჰპოვა თქვენმა მსახურმა წყალობა შენს თვალში და დიდია შენი წყალობა, რომელიც მიიღეთ ჩემზე ჩემი სულის გადასარჩენად, ვერ შევეფარები მთას: ვაითუ, გადავაწყდე უბედურებას, და მოვკვდე!“ აჰა, ეს ქალაქი ახლოსაა გასაქცევად, და თან პატარაც არის. იქ შევაფარებ თავს, რადგან ის პატარაა და ცოცხალი გადავრჩები.“ და უთხრა მას: „ამაშიც გაპატიებ, და არ დავამხობ ამ ქალაქს, რომელზეც თქვი. იჩქარე, თავი შეაფარე იქ, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!“ და ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი (პატარა). და ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოყარს, და აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან, ციდან სოდომსა და გომორას. და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქისა და ყოველი მცენარე მიწისა. და მოიხედა უკან მისმა ცოლმა და იქცა მარილის სვეტად. და ადგა აბრაამი დილაადრიანად და წავიდა იმ ადგილას, სადაც იდგა ის უფლის წინაშე. და როცა გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ, დაინახა: მთელს არემარეს ასდიოდა კვამლი მიწიდან, როგორც კვამლი ქურისა. და როცა ამხობდა ღმერთი იმ არემარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი, და გაარიდა ლოტი დაქცევიდან, როცა სპობდა ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი. და წავიდა ლოტი ცოყარიდან, და დასახლდა მთაში თავის ორ ასულთან ერთად, რადგან ეშინოდა ცოყარში ცხოვრებისა. და დასახლდა მღვიმეში თავის ორ ასულთან ერთად. და უთხრა უფროსმა ასულმა უმცროსს: „მოხუცია მამაჩვენი, და არ არის ქვეყანაზე მამაკაცი, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია. მოდი, შევასვათ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ და დავწვეთ მასთან, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.“ და შეასვეს ღვინო თავიანთ მამას იმ ღამეს, და მივიდა უფროსი და დაუწვა თავის მამას. და არაფერი გაუგია ლოტს, არც მისი დაწოლა და არც მისი ადგომა. და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: „აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩვენთან. შევასვათ მას ღვინო ამაღამაც. და მიდი, დაუწექი მას, და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.“ და შეასვეს ღვინო თავიანთ მამას იმ ღამესაც, და მივიდა უმცროსი და, და დაუწვა თავის მამას, და არაფერი გაუგია ლოტს, არც მისი დაწოლა და არც მისი ადგომა. და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავიანთი მამისაგან. და ეყოლა უფროსს ძე და უწოდა მას სახელად მოაბი და თქვა: ჩემი მამისაგან იგი გახდა მოაბელთა მამა. და უმცროსსაც ეყოლა ძე, და უწოდა სახელად ბენ-ყამი და თქვა: ძე ჩემი მოდგმისა. იგი გახდა ყამონელთა მამა. და გაემგზავრა აბრაამი ნეგების ქვეყნისაკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, გერარში. და თქვა აბრაამმა თავის ცოლზე, სარაზე, რომ მისი და იყო იგი და გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, და თავისთან მოაყვანინა სარა. და მოევლინა აბიმელექს სიზმარში ღმერთი და უთხრა მას: „აჰა, შენ მკვდარი ხარ იმ ქალის გულისათვის, რომელიც მოიყვანე, რადგან ის ქმრიანია!“ მაგრამ აბიმელექი არ მიჰკარებია მას და ამიტომ თქვა: „ბატონო, ნუთუ მართალ ხალხსაც გაწყვეტ? ხომ მითხრა მან ‘ჩემი და არისო?’ და ქალმაც თვითონ თქვა ‘ჩემი ძმა არისო!’ ჩემი გულწრფელობითა და უდანაშაულო ხელით ჩავიდინე ეს.“ და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: „მეც ვიცი, რომ გულწრფელობით ჩაიდინე ეს, და მეც განგარიდე ჩემს წინაშე ცოდვისაგან. ამიტომ არ მიგაკარე მას! და ახლა დაუბრუნე ცოლი ამ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია ის, და ილოცებს შენთვის, და იცოცხლებ. და თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, ნამდვილად მოკვდებით შენ და შენთან ერთად ყველა შენიანი.“ და ადგა აბიმელექი დილაადრიანად და მოიწვია ყველა თავისი მსახური, და გაიმეორა ყველა ეს სიტყვა მათ გასაგონად, და შეშინდნენ კაცები დიდად. და მოიხმო აბიმელექმა აბრაამი, და უთხრა მას: „ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!“ და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რა გქონდა განზრახული, ეს საქმე რომ ჩაიდინე?“ და უპასუხა აბრაამმა: „მეგონა, არ იყო ღვთის შიში ამ მხარეში, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო. ის კი მართლაც ჩემი და არის, რადგან ასულია მამაჩემისა, თუმცა დედაჩემის ასული არ არის. და გახდა ჩემი ცოლი. და როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი მას: „ეს იქნება შენი მადლი, რომელსაც იზამ ჩემთვის ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ. თქვი ჩემზე: ‘ჩემი ძმა არის-თქო’“. და მოასხა აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი, და მისცა აბრაამს, და თან დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი. და უთხრა აბიმელექმა: „აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გნებავს, იქ დასახლდი.“ და სარას უთხრა: „აჰა, მივეცი შენს ძმას ათასი შეკელი ვერცხლი. ეს გქონდეს ყველასათვის თვალის ასაფარებლად, ვინც შენთანაა, და ყველას წინაშე გამართლებული ხარ.“ და შეევედრა აბრაამი ღმერთს და განკურნა ღმერთმა აბიმელექი და მისი ცოლი, და მისი მხევალნი, და კვლავ შობდნენ ისინი. რადგან დახშული ჰქონდა უფალს აბიმელექის სახლში ყოველი საშო აბრაამის ცოლის, სარას, გამო. და უფალმა მოხედა სარას, როგორც თქვა, და გააკეთა უფალმა სარასთვის, როგორც ამბობდა. და დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, სწორედ იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა. და აბრაამმა უწოდა ისაკი თავის ძეს, შობილს, რომელიც უშვა მას სარამ. და წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისაკი, თავისი ძე, როგორც უთხრა მას ღმერთმა. და აბრაამი იყო ასი წლის, როდესაც შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე. და თქვა სარამ: „სასაცილო გამხადა მე უფალმა. ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.“ და თქვა: „ვინ ეტყოდა აბრაამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებდა ძუძუს? რადგან ვშობე სიბერის ძე.“ და გაიზარდა ბავშვი, და მოსხლიტეს იგი ძუძუს. და აბრაამმა დიდი ნადიმი გამართა იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს. და იხილა სარამ, რომ ძე ეგვიპტელი ჰაგარისა, რომელიც მან უშვა აბრაამს, დასცინოდა. და უთხრა მან აბრაამს: „გააძევე ეს მხევალი თავისი ძითურთ, რომ არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან, ისაკთან.“ და შეაწუხა დიდად აბრაამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ნუ სწუხხარ ყრმაზე და შენს მხევალზე. რასაც გეტყვის სარა, ისმინე მისი ხმა, რადგან ისაკით იწოდება შენი თესლი. და ამ მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ის შენი თესლია.“ და ადგა აბრაამი დილაადრიანად, აიღო პური და წყლის ტიკი და მისცა ჰაგარს, და აჰკიდა ზურგზე და ბავშვიანად გაუშვა. და წავიდა იგი და გზა დაებნა ბეერ-შებაყის უდაბნოში. და გაუთავდა წყალი ტიკჭორაში, და მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას, და წავიდა და დაჯდა მოშორებით, საისრე მანძილზე, რადგან თქვა: ნუმც დავინახო ბავშვის სიკვდილიო. და დაჯდა მოშორებით, და აღიმაღლა ხმა და აქვითინდა. და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა, და მოუწოდა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა იქიდან, სადაც ის იმყოფება. ადექ, ააყენე ყრმა და ხელი მოჰკიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.“ და აუხილა ღმერთმა თვალები, და დაინახა მან წყლიანი ჭა, და წავიდა და აავსო ტიკჭორა წყლით, და დაალევინა თავის ყრმას. და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა იგი და ცხოვრობდა უდაბნოში, და შეიქმნა მშვილდოსანი. და ცხოვრობდა იგი ფარანის უდაბნოში, და მოუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან. და მოხდა იმ დროს: აბრაამს ელაპარაკნენ აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი, და უთხრეს: „ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც შენ აკეთებ, და ახლა დამიფიცე აქ ღმერთით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს ნაშიერთ და არც ჩემს მონაგარს. მადლისამებრ, როგორც მე გექცეოდი, ისე მომექეცი მე და იმ ქვეყანას, რომელშიც შენ ხიზნობ.“ და უთხრა აბრაამმა: „გეფიცები!“ და უსაყვედურა აბრაამმა აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიიტაცეს აბიმელექის მსახურებმა. და უთხრა აბიმელექმა: „არ ვიცი, ვინ ქნა ეს საქმე, და შენც არ გითქვამს ჩემთვის, და მეც არაფერი მსმენია დღემდე.“ და აიყვანა აბრაამმა ცხვარი და ზვარაკი და მისცა აბიმელექს, და ორივემ შეკრა კავშირი. და დააყენა აბრაამმა შვიდი კრავი ცალკე, და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომელნიც დააყენე ცალკე?“ და მან უპასუხა: „რადგან ამ შვიდ კრავს შენ მიიღებ ჩემი ხელიდან, რაც იქნება ჩემთვის იმის მოწმობად, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა.“ ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან იქ დაიფიცა ორივემ. და შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში, და აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. და დარგო იალღუნი აბრაამმა ბეერ-შებაყში, და იქ მოუხმო მან უფლის, საუკუნო ღმერთის სახელს. და ხიზნობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი. და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და თქვა: „აქა ვარ!“ და უთხრა მან: „აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი.“ და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა. მესამე დღეს აღაპყრო აბრაამმა თვალი და დაინახა შორიდან ის ადგილი. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: „თქვენ დარჩით აქ, სახედართან, მე და ბიჭი კი წავალთ და როდესაც თაყვანს ვცემთ, დავბრუნდებით თქვენთან.“ და აიღო აბრაამმა შეშა სრულადდასაწველისათვის და აჰკიდა ზურგზე ისაკს, თავის ძეს, და აიღო ხელში ცეცხლი და დანა. და ორივენი წავიდნენ ერთად. და უთხრა ისაკმა თავის მამას აბრაამს: „მამა!“ აბრაამმა მიუგო: „აქა ვარ, შვილო!“ და თქვა: „აჰა, ცეცხლი და შეშა აქ არის, სადაა კრავი სრულადდასაწველად?“ და უთხრა აბრაამმა: „ღმერთი გამონახავს თავისთვის კრავს სრულადდასაწველად, შვილო.“ და ორივენი მიდიოდნენ ერთად. და როცა მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც მას უთხრა ღმერთმა, ააშენა იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისაკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშებს ზემოთ. და გაიწოდა ხელი, და აიღო დანა თავისი ძის დასაკლავად. და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და თქვა: „აბრაამ! აბრაამ!“ და მან უპასუხა: „აქა ვარ!“ და თქვა: „არ აღმართო შენი ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ჩემთვის შენი ძე, შენი ერთადერთი.“ და აღაპყრო აბრაამმა თვალი და იხილა ვერძი, რომელიც რქებით იყო გახლართული ბუჩქნარში. და წავიდა აბრაამი და აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავისი ძის ნაცვლად. და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად „უფალი გამოაჩენს,“ როგორც ითქმის დღეს: „მთაზე უფალი გამოჩნდა.“ უფლის ანგელოზმა მეორედ მოუხმო ზეციდან აბრაამს. და უთხრა: „გეფიცები, ბრძანებს უფალი, რადგან გააკეთე შენ ეს საქმე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი, ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.“ და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შებაყისაკენ. და სახლობდა აბრაამი ბერშებაყში. და ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაამს: „მილქამაც უშვა ძენი ნახორს, შენს ძმას: ყუცი, მისი პირმშო, და ბუზი, მისი ძმა, კემუელი, არამის მამა, ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი.“ ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას. და მის ხარჭას, სახელად რეუმს, ასევე ეყოლა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მაყაქა. იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი. ეს არის სარას სიცოცხლის წლები. და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყში, ეს არის ხებრონი, ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად. და აბრაამი მოსცილდა თავის მკვდარს და უთხრა ხეთელებს: „მდგმური ვარ და ხიზანი მე თქვენთან. მომეცით მე საკუთარი სამარხი ადგილი თქვენს შორის, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი ჩემს თვალთაგან.“ და მიუგეს ხეთის ძეებმა აბრაამს და უთხრეს: „ისმინე, ჩვენო ბატონო: ღვთის მთავარი ხარ შენ ჩვენს შორის! ჩვენ რჩეულ სამარხში დამარხე შენი მკვდარი, ჩვენგან არავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.“ და ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ ქვეყნის ხალხს, ხეთის შვილებს. და უთხრა მან მათ: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონს, ცოხარის ძეს, და მან მომცეს მახფელას მღვიმე, რომელიც მისი მინდვრის ბოლოზეა. სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, საკუთრად დასამარხავად.“ და ყეფრონი იჯდა ხეთის ძეთა შორის. და მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის გასაგონად, და უთხრა: „არა, ბატონო ჩემო, ისმინე ჩემი: მინდორს გაძლევ, და მღვიმეც, რომელიც იქაა, შენთვის მომიცია. ჩემი ხალხის წინაშე გჩუქნი მას, რომ დამარხო შენი მკვდარი.“ და თაყვანი სცა აბრაამმა ამ ქვეყნის ხალხს. და ელაპარაკა ყეფრონს ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად: „იქნებ მოგესმინა ჩემთვის. ვერცხლს გაძლევ მინდვრისათვის; აიღე ჩემგან და დავმარხავ ჩემს მკვდარს იქ. და მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა მას: „ჩემო ბატონო, მოისმინე! ოთხასი შეკელი ღირს მიწა. რა არის იგი ჩემსა და შენს შორის? დამარხე შენი მკვდარი!“ და როცა აბრაამმა ეს გაიგონა, მიუწონა ყეფრონს ვერცხლი, როგორც ხეთელთა გასაგონად თქვა, ისე – ოთხასი შეკელი ვერცხლი, სავაჭრო მაზანდით. და დაუმტკიცდა მას ყეფრონისეული მინდორი, რომელიც იყო მახფელაში, მამრეს პირისპირ, და მღვიმე, რომელიც იყო იქ, და ყოველი ხე, რომელიც იყო იმ მინდორზე ირგვლივ, მთელს მის საზღვრებში, შეიძინა აბრაამმა საკუთრებად, ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის თვალწინ. და ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს პირისპირ (ეს არის ხებრონი), ქანაანის ქვეყანაში. და დაუმტკიცდა აბრაამს ხეთის ძეთაგან მინდორი და მღვიმე, რომელიც იყო იქ, სამარხად. და მოხუცდა აბრაამი და ხანში შევიდა. და უფალმა აკურთხა აბრაამი ყველაფრით. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც მას გააჩნდა: „ამომიდევი ხელი ჩემს საზარდულს ქვეშ, და დაგაფიცებ უფალს, ცის ღმერთსა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ, არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში და ჩემს სანათესაოში, და მოჰგვრი ცოლს იქიდან ჩემს ძეს ისაკს.“ და უთხრა მას მსახურმა: „ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?“ და უთხრა მას აბრაამმა: „გაფრთხილდი, ნუ დააბრუნებ ჩემ ძეს იქ. უფალმა, ცის ღმერთმა, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი შობის ადგილიდან, და რომელიც მელაპარაკა მე და შემომფიცა და მითხრა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წარმოავლენს თავის ანგელოზს შენს წინაშე, რომ წამოიყვანო ქალი იქიდან ჩემი ძისათვის. და თუ არ ინებოს ქალმა შენი გამოყოლა, მაშინ თავისუფალი იქნები შენ იმ ფიცისაგან, რომელიც მე შემომფიცე ოღონდ ჩემი ძე არ დააბრუნო იქ.“ და ამოუდო მსახურმა თავისი ხელი აბრაამს, თავის ბატონს, საზარდულს ქვეშ, და შეჰფიცა ამაზე. და გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის აქლემთაგან, და წავიდა. და მას თან ჰქონდა თავისი ბატონის ყოველგვარი განძი, და წავიდა იგი შუამდინარეთს, ნახორის ქალაქისაკენ. და ჩამუხლა აქლემები ქალაქს გარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, იმ დროს, როდესაც ქალწულნი გამოდიან წყლის ამოსახაპავად. და თქვა: „უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო! მოავლინე შემთხვევა ჩემს წინაშე და უყავი წყალობა დღეს ჩემს ბატონს, აბრაამს. აჰა, მე ვდგავარ წყლის წყაროსთან, და ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოდიან წყლის ამოსახაპავად; თუ ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი: ‘დახარე შენი სურა, რომ დავლიო’, მიპასუხებს: ‘დალიე და აქლემებსაც დავალევინებ’, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. და ამით შევიტყობ, რომ გიყვია წყალობა ჩემი ბატონისათვის.“ და ჯერ არ დაემთავრებინა მას ლაპარაკი, რომ მოვიდა მხარზე სურაშემოდგმული რებეკა, რომლის მამა იყო ბეთუელი, რომელიც იყო ძე მილქასა და ნახორისა, აბრაამის ძმისა. და იყო იგი დიდად მშვენიერი ქალწული, რომელსაც არ შეეცნო მამაკაცი. და ჩავიდა იგი წყაროზე, აავსო სურა და ამოვიდა. და გაეშურა მსახური მის შესახვედრად, და სთხოვა: „დამალევინე ცოტა შენი სურიდან.“ და მან უპასუხა: „დალიე, ჩემო ბატონო“, და ჩამოიღო სურა მხრიდან. და როცა დააცხრო მისი წყურვილი, უთხრა: „ამოვხაპავ წყალს შენი აქლემებისთვისაც, ვიდრე არ დარწყულდებიან.“ და მან ისწრაფა და დაცალა თავისი სურა სარწყულებელში, და კვლავ გაეშურა ჭისკენ ამოსახაპად, და ამოხაპა ყველა მისი აქლემისთვის. ხოლო ის კაცი უყურებდა მას გაოცებული და დუმდა, რათა გაეგო, წარუმართა მას უფალმა გზა თუ არა. და როცა შეწყვიტეს აქლემებმა სმა, მან აიღო ნახევარი შეკელი წონის ოქროს რგოლი, და ორი სამაჯური ათი ოქროს წონის. და ჰკითხა: „ვისი ასული ხარ შენ? მითხარი, თუ არის მამაშენის სახლში გასათევად ადგილი ჩვენთვის?“ და მან უპასუხა: „მე ვარ ბეთუელის, მილქას ძის, რომელიც ნახორთან ეყოლა.“ და კვლავ უთხრა მას: „ბზეცა და თივაც ბევრია ჩვენთან, და გასათევი ადგილიც.“ და მუხლი მოიყარა იმ კაცმა, და თაყვანი სცა უფალს. და თქვა: „კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და თავისი ჭეშმარიტებით! და სწორი გზით მომიყვანა მე უფალმა ჩემი ბატონის ძმის სახლში.“ და გაიქცა ყმაწვილი ქალი და ამცნო ეს ყველაფერი დედის სახლს. და რებეკას ჰყავდა ძმა, სახელად ლაბანი, და გამოეშურა ლაბანი წყაროსთან, იმ კაცისაკენ. და როცა იხილა ნესტოზე რგოლი, და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და როცა მოისმინა თავისი დის, რებეკას სიტყვები, მივიდა იმ კაცთან, და აჰა, იგი დგას თავის აქლემებთან წყაროსთან. და უთხრა: „მობრძანდი, უფლის კურთხეულო, რად დგახარ გარეთ? მე გაგიმზადე სახლი და აქლემების სადგომი.“ და შევიდა კაცი და მოხადა აქლემებს საკაზმები და მისცა მათ ბზე და საკვები, და აიღო წყალი მისთვის და მის თანმხლებთათვის ფეხების დასაბანად. და გაუწყვეს სუფრა საჭმელად, მაგრამ მან უთხრა: „ვერ შევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი ჩემს სათქმელს.“ და უთხრეს: „თქვი!“ და თქვა: „მე ვარ მსახური აბრაამისა. უფალმა დიდად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი. და მისცა მას ცხვარი და ხარი, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი. და უშვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ძე ჩემს ბატონს, რომელსაც აბრაამმა მისცა ყველაფერი, რაც კი აბადია. და დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: ‘არ მოჰგვარო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა მიწაზეც მე ვცხოვრობ. არამედ წადი მამაჩემის სახლში და ჩემს საგვარეულოში და მოჰგვარე ცოლი ჩემს ძეს.’ და ვუთხარი ჩემს ბატონს: ‘იქნებ არ წამომყვეს ქალი.’ და მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, მოგივლენს თავის ანგელოზს და წარმართავს შენს გზას. და შენ მოჰგვარე ცოლი ჩემს ძეს ჩემი საგვარეულოდან და მამაჩემის სახლიდან. და მაშინ იქნები ჩემი ფიცისგან თავისუფალი, როცა მიხვალ ჩემს საგვარეულოში და არ გამოგაყოლებენ ქალს, მაშინ იქნები თავისუფალი ჩემი ფიცისგან’ და მოვედი მე დღეს წყაროზე, და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელზეც მე დავდივარ, აჰა, მე ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც გამოვა ამოსახაპად, ვეტყვი: დამალევინე ცოტა წყალი შენი სურიდან, და რომელიც მეტყვის: შენც დალიე და შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავო, ის იქნება ქალი, რომელიც გაუმზადა უფალმა ჩემი ბატონის შვილს.’ ჯერ არ დამესრულებინა ჩემი სიტყვა, გულში რომ გავივლე, რომ დავინახე რებეკა მხარზე სურით. და ჩავიდა იგი წყაროსთან და, რომ ამოხაპა, ვუთხარი: ‘დამალევინე’. და ისწრაფა და ჩამოიღო სურა თავისი მხრიდან, და მითხრა: ‘დალიე, და აქლემებსაც დავალევინებ.’ და დავლიე, და აქლემებსაც დაალევინა. და ვკითხე მას: ‘ვისი ასული ხარ შენ?’ და მითხრა: ‘ბეთუელის ასული ვარ, მილქასა და ნახორის ძისა’. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელზე სამაჯურები. და მოვიყარე მუხლი, და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც წარმმართა ჭეშმარიტი გზით, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს. და ახლა მითხარით მე: მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი ბატონისთვის? თუ არა და ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.“ და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა და უთხრეს: „უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და არ ძალგვიძს ჩვენ გითხრათ ან კარგი, ან ცუდი. აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი, რომ იყოს ცოლი შენი ბატონის ძისა. როგორც თქვა უფალმა.“ და როგორც კი ისმინა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე. და ამოიღო აბრაამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და მისცა რებეკას. და ძვირფასი საჩუქრები მისცა მის ძმას და მის დედას. და ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფმა კაცებმა, და გაათიეს. და როცა ადგნენ დილით, მან თქვა: „გამიშვით ჩემს ბატონთან.“ მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: „დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ერთხანს, ათი დღე მაინც, მერე კი შეგიძლია წახვიდე.“ და მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან.“ და უთხრეს: „დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.“ და დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს მას: „წახვალ ამ კაცთან ერთად?“ და მან თქვა: „წავალ!“ და გაუშვეს რებეკა, თავიანთი და, მის ძიძასთან ერთად, და აბრაამის მსახური და მისი კაცები. და აკურთხეს რებეკა და უთხრეს მას: „ჩვენო დაო, გახდი ბევრათასეული! და დაიმკვიდროს შენმა თესლმა თავის მტერთა ბჭენი.“ და შესხდნენ რებეკა და მისი მხევლები აქლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს. და წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა. და დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი, და ცხოვრობდა ნეგებში. და გავიდა ერთხელ ის საღამოხანს ველზე სასეირნოდ, და გაიხედა, და დაინახა მომავალი აქლემები. და აღაპყრო რებეკამ თვალი და დაინახა ისაკი, და ჩამოვიდა აქლემიდან. და უთხრა მსახურს: „ვინაა ის კაცი, ჩვენს შესახვედრად რომ მოდის ველზე?“ და უთხრა მსახურმა: „ეს ჩემი ბატონია!“ და აიღო მან რიდე და ჩამოიფარა. და მოუთხრო მსახურმა ისაკს ყოველივე, რაც გადახდა. და შეიყვანა იგი ისაკმა თავისი დედის, სარას, კარავში, და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა იგი. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის სიკვდილის შემდეგ. და კიდევ მოიყვანა აბრაამმა ცოლი და მისი სახელი იყო კეტურა. და მან უშვა მას: ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი. და იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმინი და ძენი მიდიანისა: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი იყვნენ. და მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი ქონება. ხოლო თავის შვილებს, რომლებიც ხარჭასგან ჰყავდა, მისცა აბრაამმა საჩუქრები და გაუშვა ისინი თავისი ძის, ისაკისაგან შორს, თავის სიცოცხლეშივე, აღმოსავლეთის ქვეყანაში. ეს არის აბრაამის სიცოცხლის წლები: ას სამოცდათხუთმეტი წელი. და გარდაიცვალა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღეებით გამაძღარი. და შეეძინა ის თავის ხალხს. და დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, რომელიც მდებარეობს მამრეს პირისპირ, მინდორზე, რომელიც ხეთის ძეთაგან იყიდა აბრაამმა. იქ დაიმარხნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი. და აკურთხა აბრაამის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა ისაკი, მისი ძე. და დასახლდა ისაკი ბეერლახაი-როისთან. ესაა შთამომალობა ისმაელისა, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა მას, სარას, ეგვიპტელმა მხევალმა ჰაგარმა. ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთ მოდგმათა მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, შემდეგ კედარი, ყაბდეელი და მიბსამი, მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. და ესენი იყვნენ ძენი ისმაელისა, და ეს იყო სახელები მათი მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი მათი ტომების მიხედვით. და ისმაელმა იცოცხლა ას ოცდაჩვიდმეტი წელი და გარდაიცვალა, და შეეძინა თავის ხალხს. ისინი სახლობდნენ ხავილადან შურამდე, რომელიც ეგვიპტის პირისპირ, აშურის მიმართულებით იყო. და ისინი ყველა თავისი ძმის წინაშე დაეშენენ. და აჰა, შთამომავლობა ისაკისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისაკი. და ისაკი იყო ორმოცი წლისა, როცა შეირთო ცოლად რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა, ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და. და ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. მაგრამ ეხლებოდნენ ძენი ერთმანეთს მის მუცელში, და მან თქვა: „თუ ასე უნდა ვიყო, რად დავორსულდი?“ და წავიდა უფალთან საკითხავად. და უთხრა მას უფალმა: „ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი გაიყრება შენი საშოდან. და ერი ერს აღემატება და უფროსი უმცროსს დაემონება. და როდესაც დადგა ჟამი როცა მას უნდა ეშვა, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში. და გამოვიდა პირველი: მთლად წითური, როგორც ბეწვის მოსასხამი და უწოდეს მას სახელად ესავი. და მერე გამოვიდა მისი ძმა, რომელიც ხელით ებღაუჭებოდა ესავის ქუსლს. და უწოდეს მას სახელად იაკობი. და ისაკი სამოცი წლისა იყო, როდესაც ისინი დაიბადნენ. და წამოიზარდნენ ყმაწვილები. და ესავი გახდა მონადირე და ველად ხეტიალობდა. და იაკობი იყო სათნო კაცი და არ შორდებოდა კარვებს. და უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევში პოულობდა გემოს. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა. მოამზადა იაკობმა შეჭამადი. და მოვიდა ველიდან ესავი და დაღლილი იყო. და უთხრა ესავმა იაკობს: „მაჭამე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ.“ (და ამიტომ ეწოდა მას სახელად ედომი.) და უთხრა იაკობმა: „მომყიდე დღეს შენი პირმშოობა.“ და თქვა ესავმა: „აჰა, ვკვდები, რად მინდა პირმშოობა?“ და უთხრა მას იაკობმა: „შემომფიცე მე დღეს“ და მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა. და იაკობმა მისცა ესავს პური და ოსპის შეჭამადი, და ჭამა და სვა, და ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოობა. და ჩამოვარდა შიმშილობა ქვეყანაში იმ ადრინდელი შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაამის დღეებში იყო. და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში. და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დარჩი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი. ხიზნობდე იმ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს. და გავამრავლებ შენს თესლს, ვითარცა ვარსკვლავებს ცისას, და მივცემ შენს თესლს მთელს იმ ქვეყანას. და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყოველი ტომი, რადგან ისმინა აბრაამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი დასაცველი, ჩემი ბრძანებები, ჩემი წესები და ჩემი რჯულდებები.“ და ცხოვრობდა ისაკი გერარში. და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა, რომ მისი და იყო. რადგან ეშინოდა, რომ ეთქვა, ჩემი ცოლი არისო, რადგან ფიქრობდა, აქაურ ხალხს შეუძლიათ მომკლანო რებეკას გულისთვის; რადგან რებეკა დიდად მშვენიერი იყო. და იყო იქ მრავალი დღე. და გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და დაინახა, რომ ელაღობებოდა ისაკი რებეკას, თავის ცოლს. და მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: „აჰა, ცოლია ის შენი! რატომ თქვი: ჩემი და არისო?“ და უთხრა მას ისაკმა: „იმიტომ, რომ მეშინოდა მის გამო არ მოვმკვდარიყავი!“ და უთხრა აბიმელექმა: „ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი ხალხიდან, და მოაწევდი ცოდვას ჩვენზე!“ და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს და თქვა: „ვინც შეეხება ამ კაცს ან მის ცოლს, სიკვდილით მოკვდება.“ და დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმავე წელიწადს. რადგან აკურთხა იგი უფალმა. და განდიდდა ეს კაცი, და მაღლდებოდა უფრო და უფრო, ვიდრე არ განდიდდა დიდად. და ჰყავდა მას ცხვრის ფარა და ხარების ჯოგი, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს. და ყოველი ჭა, რომელიც კი ამოთხარეს მამამისის მსახურებმა აბრაამის სიცოცხლის დღეებში, ფილისტიმელებმა დაქოლეს და მიწით ამოავსეს. და უთხრა აბიმელექმა ისაკს: „წადი ჩვენგან, რადგან ჩვენზე მეტად გაძლიერდი.“ და წავიდა ისაკი იქიდან, და დაბანაკდა გერარის ხეობაში, და იქ ცხოვრობდა. და კვლავ ამოთხარა ისაკმა წყლის ჭები, რომელნიც ამოთხარეს მამამისის, აბრაამის დღეებში, და დაქოლეს ისინი ფილისტიმელებმა მისი სიკვდილის შემდეგ. და უწოდა მათ ის სახელები, რომელნიც უწოდა მათ მამამისმა. და თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში, და აღმოაჩინეს ცოცხალი წყლის ჭა. და დაობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან და ამბობდნენ: „წყალი ჩვენ გვეკუთვნის!“ და მან უწოდა ჭას სახელად ყესეკი, რადგან დაობდნენ მასთან. და ამოთხარეს სხვა ჭა და მასზედაც დაობდნენ; ამიტომ უწოდა მას სახელად სიტნა. და გადაინაცვლა იქიდან, და ამოთხარა სხვა ჭა, და მასზე არ შედავებიან. ამიტომ უწოდა სახელად მას რეხობოთი და თქვა: „ამიერიდან გაგვაფართოვა ჩვენ უფალმა და გავმრავლდით ქვეყანაზე.“ და იქიდან წავიდა ბეერ-შებაყში. და გამოეცხადა მას უფალი იმ ღამით, და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის, ღმერთი, და ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ და გაკურთხებ, და გაგიმრავლებ თესლს აბრაამის, ჩემი მსახურის, გამო.“ და ააშენა იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. და გაშალა იქ თავისი კარავი, და ამოთხარეს იქ ჭა ისაკის მსახურებმა. და მივიდა აბიმელექი მასთან გერარიდან, და მასთან ერთად ახუზათი, მისი მეგობარი, და ფიქოლი, მისი მთავარი. და უთხრა მათ ისაკმა: „რისთვის მოხვედით ჩემთან, ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?“ და უთხრეს: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ უფალია შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და დავდებთ კავშირს შენთან, რომ არ გვიბოროტო, რადგან ჩვენ არ დაგვიჩაგრიხარ, მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის, და მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ შენ.“ და გაუმართა ნადიმი მათ ისაკმა, და ჭამეს და სვეს. და ადგნენ დილაადრიანად, და შეჰფიცეს ერთმანეთს. და გაუშვა ისინი ისაკმა, და წავიდნენ მისგან მშვიდობით. და იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და აუწყეს ჭის შესახებ, რომელიც მათ ამოთხარეს, და უთხრეს: „წყალი ვიპოვეთ“ და უწოდა მას შებაყი. ამიტომ დარჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი. და იყო ესავი ორმოცი წლისა, და მოიყვანა ცოლებად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული. და გაუმწარეს მათ სული ისაკს და რებეკას. და იყო, რომ როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: „შვილო ჩემო!“ და მან უთხრა: „აქა ვარ.“ და თქვა: „აჰა, მოვხუცდი მე, და არ ვუწყი ჩემი სიკვდილის დღე. და ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, და გადი ველად და მოინადირე ჩემთვის რაიმე ნადირი და მოამზადე ჩემთვის კერძი, რომელიც მიყვარს მე და მომიტანე, რომ შევჭამო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდებოდე.“ და ესმოდა რებეკას, როცა ელაპარაკებოდა ისაკი ამ სიტყვებს ესავს, თავის ძეს. და გავიდა ესავი ველად სანადიროდ, ნანადირევის მოსატანად. ხოლო რებეკამ უთხრა იაკობს, თავის ძეს: „მე მოვისმინე, როგორ ელაპარაკებოდა მამაშენი ესავს, შენს ძმას: ‘მომიტანე ნანადირევი და მომიმზადე კერძი და შევჭამ, რომ გაკურთხო უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.’ და ახლა, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი ხმა, როგორც გიბრძანებ: წადი და მომიყვანე იქიდან ორი კარგი თიკანი, და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, როგორც მას უყვარს. და მიართვი შენს მამას და ჭამოს, რათა გაკურთხოს შენ თავისი სიკვდილის წინ.“ და უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: „ესავი, ძმა ჩემი, ბანჯგვლიანი კაცია, მე კი სლიქინა კანი მაქვს. რომ შემახოს ხელი მამაჩემმა, ხომ ვიქნები მის თვალში მატყუარა. და მოვაწევ ჩემს თავზე წყევლას და არა კურთხევას.“ და უთხრა მას დედამ: „ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო ჩემო. მაგრამ ისმინე ჩემი ხმა და წადი და მომიტანე.“ და იგი წავიდა, და აიყვანა, და მოჰგვარა დედას. და მოამზადა დედამისმა კერძი ისე, როგორც მამამისს უყვარდა. და აიღო რებეკამ თავისი უფროსი ძის, ესავის ძვირფასი სამოსელი, რომელიც მასთან იყო სახლში, და შემოსა იაკობი, თავისი უმცროსი ძე. თიკნების ტყავები შემოახვია მის ხელებსა და შიშველ კისერს. და მისცა კერძი და პური, რომელიც მოამზადა, ხელში იაკობს, თავის ძეს. და მივიდა იგი მამასთან და უთხრა: „მამაჩემო!“ და მან უთხრა: „აჰა, მე ვარ; რომელი ხარ, ჩემო შვილო?“ და იაკობმა უთხრა მამამისს: „მე ვარ ესავი, შენი პირმშო; მე გავაკეთე შენი ბრძანებისამებრ. ადექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე შენმა სულმა.“ და უთხრა ისაკმა თავის ძეს: „რა მალე მოგინადირებია, შვილო?“ და თქვა: „იმარ რომ უფალმა, შენმა ღმერთმა, შემახვედრა.“ და უთხრა ისაკმა იაკობს: „მომეახლე, რომ ხელი შეგახო შვილო ჩემო, ნუთუ შენ ხარ ძე ჩემი ესავი?“ და მიეახლა იაკობი ისაკს, თავის მამას, და შეახო ხელი მან, და თქვა: „ხმა, ხმა იაკობისაა, ხელები კი ხელები ესავისა.“ და ვერ იცნო იგი, რადგან მისი ხელი ბალნიანი იყო, როგორც ხელი ესავისა, მისი ძმისა. და აკურთხა იგი. და თქვა: „მაშ შენა ხარ ჩემი ძე ესავი?“ მან უპასუხა: „მე ვარ!“ და უთხრა მან: „მომაწოდე, შვილო ჩემო, ნანადირევი საჭმელად, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა.“ და მიართვა მან მას, და ჭამდა ის; და მიუტანა მას ღვინოც, და სვამდა ის. და უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „მომეახლე და მეამბორე მე, შვილო.“ და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოსა მან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა: „შეხედე, სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა. მოგცეს შენ ღმერთმა ცის ცვრისაგან და მიწის სინოყივრისაგან უხვი ხორბალი და ღვინო; და გმონებდნენ შენ ხალხები, და თაყვანს გცემდნენ ტომები. იყავი ბატონი შენი ძმებისა, და თაყვანს გცემდნენ შენ ძენი დედაშენისა. მაწყევარი შენი წყეულიმც იყოს და მაკურთხეველი შენი კურთხეულ იყოს. და როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, და იაკობი ჯერ არ წასულიყო, მოვიდა ესავი, მისი ძმა, ნადირობიდან. და მანაც მოამზადა გემრიელი საჭმელი და მიართვა მამამისს, და უთხრა: „ადექი მამაჩემო და ჭამე შენი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა.“ და უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „ვინ ხარ შენ?“ და თქვა: „მე ვარ შენი ძე, შენი პირმშო, ესავი.“ და შეძრწუნდა ისაკი ძალზე დიდი ძრწოლით და თქვა: „ის მონადირე ვინღა იყო, ვინც მოინადირა და მომართვა თავისი ნანადირევი? მე უკვე ვჭამე, და თან ვაკურთხე იგი, ვიდრე შენ მოხვიდოდი, ისიც კურთხეული იქნება!“ და როცა მოისმინა ესავმა თავისი მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: „მეც მაკურთხე, მამაჩემო.“ და უთხრა მან: „ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა.“ და თქვა მან: „ამიტომ ეწოდა მას სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ წამაბორძიკა მე: ჯერ პირმშოობა წამართვა და ახლა კი ჩემი კურთხევა წაურთმევია!“ და ჰკითხა: „ნუთუ არ შეგინახავს კურთხევა ჩემთვის?“ და უთხრა ისაკმა ესავს: „შენს ბატონად დავაყენე იგი და ყველა მისი ძმა მივეცი მას მსახურად. და განვამტკიცე იგი ხორბლით და ღვინით. შენ რაღა გიყო, შვილო?“ და უთხრა ესავმა თავის მამას: „მამაჩემო, განა მხოლოდ ერთი კურთხევა გაქვს? მაკურთხე მეც, მამაჩემო!“ და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა და ატირდა. და მიუგო ისაკმა, მამამისმა: „ნოყიერი მიწისგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი და შორს ცის ცვარისგან. და შენი მახვილით ცხოვრობდე და შენს ძმას ემსახურებოდე, და იქნება რომ წინ აღუდგები მას და ჩამოიხსნი მის უღელს შენი ქედიდან.“ და შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისათვის, რომლითაც იგი აკურთხა მამამისმა. და თქვა ესავმა თავის გულში: „ახლოვდება დღენი მამაჩემის გლოვისა და მოვკლავ მაშინ ჩემს ძმას, იაკობს.“ და ეუწყა რებეკას სიტყვები ესავისა, თავისი უფროსი ძისა. და მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს, და უთხრა: „აჰა, ესავს, შენს ძმას სურს გული მოიოხოს შენი მოკვლით! და ახლა, შვილო, მისმინე მე და გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან, ხარანში. და დარჩი მასთან რამოდენიმე ხანს, ვიდრე დაცხრება შენი ძმის გულისწყრომა, და რომ დაცხრება რისხვა შენი ძმისა და დაივიწყებს, რაც უყავი მას, გამოვგზავნი ვინმეს და წამოგიყვან იქიდან, რად დაგღუპოთ ორივენი ერთ დღეს?“ და უთხრა რებეკამ ისაკს: „მომბეზრდა სიცოცხლე ხეთელ ასულთა გამო. თუ იაკობი ხეთელ ასულს მოიყვანს ცოლად, როგორც ესენი არიან, რაღად მინდა მე სიცოცხლე?“ და მოუხმო ისაკმა იაკობს და აკურთხა იგი, და ამცნო მას და უთხრა: „ცოლი ქანაანის ასულთაგან არ მოიყვანო. წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში, და იქიდან აირჩიე შენთვის ცოლად ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგან. და ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს შენ, განაყოფიეროს და შენგან წარმოიქმნას მრავალრიცხოვანი ხალხები. და მოგცეს შენ აბრაამის კურთხევა, შენ და შენს თესლს შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს. და გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელ ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან. და დაინახა ესავმა, რომ ისაკმა აკურთხა იაკობი და გაუშვა ის შუამდინარეთში ცოლის შესართავად, და ამცნო და უთხრა მისი კურთხევისას: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანის ასულთაგან.“ და გაუგონა იაკობმა თავის მამასა და თავის დედას, და წავიდა შუამდინარეთში. და ისიც დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა ისაკს, მამამისს ქანაანის ასულები. და წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა მახალათი, ასული ისმაელისა, აბრაამის ძისა, დაი ნებაიოთისა, თავისთვის ცოლად, თავისი ცოლების გარდა. და დატოვა იაკობმა ბეერ-შებაყი და წავიდა ხარანს. და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად. რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო იმ ადგილის ქვათაგან და დაიდო სასთუმლად, და დაწვა იმ ადგილას დასაძინებლად. და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თავი სწვდებოდა ცას. და ღვთის ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე. და უფალი იდგა მასზე ზემოთ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, მე მოგცემთ შენ და შენს თესლს. და იქნება შენი თესლი, როგორც ქვიშა მიწისა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. და იკურთხება შენით და შენი შთამომავლობით ყოველი ტომი მიწისა. მე შენთან ვარ, და დაგიცავ ყველგან, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, რადგან არ მიგატოვებ, ვიდრე არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი.“ და როცა გაიღვიძა იაკობმა ძილიდან, თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!“ და შეეშინდა და თქვა: „რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.“ და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ. და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. ადრე კი იმ ქალაქს სახელად ერქვა ლუზი. და აღუთქვა იაკობმა აღთქმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიცავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად, და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი, და ეს ქვა, რომელიც აღვმართე ძეგლად, იყოს ღვთის სახლი, და ყოველთაგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.“ და კვლავ დაადგა იაკობი გზას და წავიდა აღმოსავლეთისაკენ. და მიმოიხედა და დაინახა ჭა ველზე, და ეყარა მასთან სამი ცხვრის ფარა, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარებს. და დიდი ქვა ეფარა ჭას თავზე. და იკრიბებოდა იქ ყველა ფარა; გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს. და შემდეგ კვლავ აბრუნებდნენ ქვას თავის ადგილზე, ჭის პირზე. და უთხრა მათ იაკობმა: „ჩემო ძმებო, საიდან ხართ თქვენ?“ და თქვეს: „ხარანიდან ვართ!“ და უთხრა: „თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს?“ და თქვეს: „კარგად ვიცნობთ.“ და უთხრა მათ: „მშვიდობითაა?“ და თქვეს: „მშვიდობით არის. აჰა, რახელი, მისი ასული, მიერეკება ცხვარს. და მან თქვა: „ჯერ კიდევ დიდია დღე: დრო არაა ცხვრის შეკრებისა. ასვით წყალი და წაასხით საძოვრად.“ თქვეს: „ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიკრიბება და არ გადმოაცურებენ ქვას ჭის პირიდან; და მაშინ ვასმევთ წყალს ჩვენს ცხვარს.“ იგი ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ რახელი მოვიდა თავისი მამის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყესავდა ცხვარს. და როცა დაინახა იაკობმა რახელი, ლაბანის, თავისი დედის ძმის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა და გადააგორა ქვა ჭის პირიდან, და ასვა წყალი თავისი ბიძის ცხვარს. და აკოცა იაკობმა რახელს, და ხმამაღლა ატირდა. და ამცნო იაკობმა რახელს, რომ იგი მისი მამის დის, რებეკას, შვილი იყო. და გაიქცა რახელი და ამცნო თავის მამას. და როცა მოისმინა ლაბანმა ამბავი იაკობისა, თავისი დისწულისა, წამოვიდა მის შესახვედრად და გადაეხვია მას, და წაიყვანა იგი თავის სახლში. და მან მოუთხრო ლაბანს მთელი ეს ამბავი. და უთხრა მას ლაბანმა: „მართლა ჩემი ძვალთაგანი და ჩემი ხორცთაგანი ხარ შენ!“ – და დარჩა მასთან იაკობი ერთი თვე. შემდეგ უთხრა ლაბანმა იაკობს: „მუქთად ხომ არ უნდა მემსახურო, რაკი ჩემი ნათესავი ხარ? მითხარი, რა არის შენი საზღაური?“ და ჰყავდა ლაბანს ორი ასული, უფროსს ერქვა სახელად ლეა, ხოლო უმცროსს – რახელი. და სუსტი თვალები ჰქონდა ლეას, ხოლო რახელი იყო ლამაზი ტანად და მშვენიერი სახით. და შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა: „შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისათვის.“ და თქვა ლაბანმა: „უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვა კაცს. დარჩი ჩემთან.“ და შვიდი წელი ემსახურებოდა იაკობი რახელისათვის. და ერთ დღედ მოეჩვენა ეს დრო, ისე უყვარდა იგი. და უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან შევასრულე ჩემი დღეები და შევალ მასთან.“ და შეკრიბა ლაბანმა მთელი იქაური ხალხი და გამართა ნადიმი. საღამოჟამს აიყვანა ლაბანმა ლეა, თავისი ასული, და შეიყვანა ის იაკობთან. და შევიდა ის მასთან. და მისცა მას ლაბანმა ზილფა, მისი მხევალი ლეას მხევლად. და ნახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან, და უთხრა ლაბანს: „ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?“ და ლაბანმა უთხრა მას: „ასე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ უმცროსი გავათხოვოთ უფროსზე ადრე. გაასრულე ეს შვიდეული და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რომელსაც შეასრულებ მომავალ შვიდ წელიწადში.“ და იაკობიც ასე მოიქცა: გაასრულა ის შვიდეული და მან მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად. და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს, მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი. და შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც უყვარდა ლეაზე მეტად. და ემსახურებოდა ლაბანს კიდევ შვიდ წელიწადს. და როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო. და დაორსულდა ლეა, და ეყოლა მას ძე, და უწოდა მას სახელად რეუბენი, რადგან თქვა: „დაინახა უფალმა ჩემი ტანჯვა, და შემიყვარებს ახლა ჩემი ქმარი.“ და კვლავ დაორსულდა, და შობა ძე და თქვა: „დაინახა უფალმა, რომ მოძულებული ვარ და მომცა ეს ძეც.“ და უწოდა მას სახელად სიმონი. და დაორსულდა კვლავ, და შობა ძე, და თქვა: „ამიერიდან შემომეხვევა ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას სამი ძე.“ და უწოდა მას სახელად ლევი. და კვლავ დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან ვმადლობ უფალს.“ ამიტომ უწოდა მას სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა. და დაინახა რახელმა, რომ ვერ უშვა იაკობს, და შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: „მომეცი შვილები. თუ არა და, მოვკვდები.“ და განურისხდა იაკობი რახელს და თქვა: „ღვთის მაგიერი ხომ არა ვარ, რომელმაც აღკვეთა შენგან მუცლის ნაყოფი?“ და უთხრა მან იაკობს: „აჰა, მხევალი ჩემი ბილჰა, შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე, და მეც გავშვილიანდები მისგან.“ და მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად, და შევიდა იაკობი მასთან. და დაორსულდა ბილჰა და უშვა იაკობს ძე. და თქვა რახელმა: „განმსაჯა მე ღმერთმა, შეისმინა ხმა ჩემი და მომცა მე ძე.“ ამიტომ უწოდა მან სახელად დანი. და კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და უშვა მეორე ძე იაკობს. და თქვა რახელმა: „მაგარი ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას, თითქოს ღმერთს ვეჭიდებოდი, და ვძლიე კიდეც.“ და უწოდა მას სახელად ნაფთალი. და დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა, და აიყვანა ზილფა, თავისი მხევალი, და მისცა იგი იაკობს ცოლად. და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობს. და თქვა ლეამ: „ბედნიერად.“ და უწოდა მას სახელად გადი. და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, მეორე ძე იაკობს. და თქვა ლეამ: „ნეტარად მიმიჩნევენ მე ასულნი.“ და უწოდა მას სახელად აშერი. და წავიდა რეუბენი პურის მკის დღეებში და იპოვა მინდორში მანდრაგორები, და მიართვა ისინი თავის დედას. და უთხრა რახელმა ლეას: „მომეცი მე შენი ძის მანდრაგორების ნაწილი.“ და უთხრა მან: „არ გეყო, რომ ქმარი წამართვი და ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?“ და უთხრა მას რახელმა: „ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, შენი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.“ და როცა დაბრუნდა იაკობი ველიდან საღამოჟამს, გავიდა ლეა მის შესახვედრად და უთხრა: „შემოდი ჩემთან, რადგან გიყიდე შენ ჩემი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.“ და დაწვა მასთან იგი იმ ღამეს. და უსმინა ღმერთმა ლეას და დაორსულდა, და უშვა მეხუთე ძე იაკობს. და თქვა ლეამ: „მომცა ღმერთმა საზღაური, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს.“ და უწოდა მას სახელად ისაქარი. და კვლავ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ძე. და თქვა ლეამ: „კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა. ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე ვუშვი მას.“ და უწოდა მას სახელად ზებულუნი. და შემდეგ შვა ასული და უწოდა მას სახელად დინა. და გაიხსენა ღმერთმა რახელი და ისმინა ღმერთმა მისი ვედრება და გახსნა მისი საშო. და დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამაშორა ღმერთმა შერცხვენას.“ და უწოდა მას სახელად იოსები, და თქვა: „სხვა ძესაც შემძენს უფალი!“ და მას შემდეგ, რაც შვა რახელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: „გამიშვი, რომ ჩემს მხარეში წავიდე. მომეცი ჩემი ცოლები და ჩემი შვილები, რომელთათვისაც გემსახურე, რომ წავიდე, რადგან შენ იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე.“ და უთხრა მას ლაბანმა: „ნეტავ ვპოვო მადლი შენს თვალში. მივხვდი მე, რომ მაკურთხა უფალმა შენს გამო.“ და თქვა: „დაინიშნე შენთვის საზღაური ჩემგან, და მოგცემ.“ და უთხრა მას იაკობმა: „შენ იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემი ზრუნვით. რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და გაგიმრავლდა. და გაკურთხა შენ უფალმა ჩემს ფეხზე. და როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?“ თქვა: „რა მოგცე?“ და თქვა იაკობმა: „ნუ მომცემ ნურაფერს, თუ გამიკეთებ იმ საქმეს, რასაც გეტყვი, კვლავ დავმწყევსავ შენს ფარებს და დავიცავ მას. მე დღეს გავივლი მთელ შენს ფარაში. და განაშორე იქიდან ყოველი დაწინწკლული და ჭრელი ცხვარი, და ყოველი წაბლისფერი ცხვარი, და ჭრელი და დაწინწკლული თხა. და ეს იქნება ჩემი საზღაური. და მიპასუხოს მე ჩემმა სიმართლემ ხვალინდელ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი საზღაური შენს წინაშე: ყოველი, რომელიც არ იყოს დაწინწკლული და ჭრელი თხათა შორის და წაბლისფერი ცხვართა შორის, ნაქურდალად ჩაითვალოს ჩემგან.“ და თქვა ლაბანმა: „კეთილი, შენი სიტყვისამებრ იყოს.“ და განაშორა იმ დღეს ზოლიანი და ჭრელი ვაცები, და ყველა დაწინწკლული და ჭრელი დედალი თხა, და ყველა, რომელზეც იყო ცოტაოდენი თეთრი, და ყოველი წაბლისფერი ცხვართა შორის, და მისცა თავის ვაჟებს. და დაცილდა ლაბანი სამი დღის სავალზე იაკობს, რომელიც მწყესავდა ლაბანის დანარჩენ ფარას. და აიღო იაკობმა თავისთვის ალვისხის, ნუშისა და წაბლის ხეთა ნედლი წნელები, და შემოჭრა მათზე თეთრი ზოლები, შემოაცალა რა მათ ქერქი. და დაჭრელებული წნელები ჩააწყო წყლის გეჯებში, სადაც მიდიოდა ცხვარი წყლის დასალევად, და ისინი ხურდებოდნენ, როდესაც მიდიოდნენ წყლის სასმელად. და ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და შობდნენ ცხვრები ზოლებიან ბატკნებს, დაწინწკლულებსა და ჭრელებს. და გამოყო კრავები იაკობმა, და დააყენა ლაბანის ფარა ზოლიანი და წაბლისფერი ფარის პირდაპირ. და განალაგა თავისი სამწყსო ცალკე და არ დატოვა იგი ლაბანის ფარასთან. და ჯანსაღი ფარის ახურებისას ცხვრის თვალწინ ჩაყრიდა ხოლმე იაკობი წნელებს გეჯებში, რომ წნელებთან აეხურებინა ისინი. და როცა სუსტი იყო ფარა, არ ყრიდა. და ლაბანს რჩებოდა სუსტი, იაკობს კი ჯანსაღი. და დიდად გამდიდრდა ეს კაცი, და გაუჩნდა მრავალი ცხვარი, მხევლები და მსახურები, ჯორი და აქლემი. და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა სიტყვები, რომლებიც ამბობდნენ: „წაიღო იაკობმა ყოველივე, რაც ეკუთვნოდა მამაჩვენს, და იმით, რაც მამაჩვენს ეკუთვნოდა, შექმნა მთელი ეს დოვლათი.“ და დაინახა იაკობმა სახე ლაბანისა და აჰა, ის არ იყო ისეთი, როგორც გუშინ და გუშინწინ. და უთხრა უფალმა იაკობს: „დაუბრუნდი შენი მამების ქვეყანას და შენს სანათესაოს; მე შენთან ვიქნები.“ და გააგზავნა იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველზე, თავის ფარასთან. და უთხრა მათ: „მე ვხედავ თქვენი მამის სახეს, რომელიც ისეთივე არაა ჩემს მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ, მამაჩემის ღმერთი კი ჩემთან არის. და თქვენ იცით, რომ მთელი ძალით ვემსახურებოდი მამათქვენს. ხოლო მამათქვენმა შეურაცხმყო მე და ათჯერ შეცვალა ჩემი საზღაური. ღმერთმა კი არ დაანება ებოროტნა ჩემთვის. როცა იტყოდა: ‘დაწინწკლული იყოსო შენი გასამრჯელო,’ მაშინ მთელი პირუტყვი დაწინწკლულს იგებდა; და თუ იტყოდა: ‘ზოლიანი იყოსო შენი გასამრჯელო’, მთელი საქონელი ზოლიანს იგებდა. ასე წაართვა ღმერთმა ფარები მამათქვენს და მე მომცა. და იყო ცხვრის ახურების ჟამს, ავაპყრე თვალი და ვიხილე სიზმრად, რომ ვაცები და ვერძები ნერბავენ ფარას და სულ ჭრელი, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ. და მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: ‘იაკობ’, და მე ვუპასუხე ‘აქა ვარ’, და თქვა: ‘აღაპყრე თვალები და შეხედე – ყველა ვაცი და ვერძი ფარაზე ამავალი, ჭრელი, დაწინწკლული და ხალიანებია, რადგან ვხედავ ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც სვეტს სცხე ზეთი, სადაც აღმითქვი მე აღთქმა. ახლა, ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას.“ და მიუგეს რახელმა და ლეამ, და უთხრეს მას: „ნუთუ კიდევ გვიძევს ჩვენ წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში? განა უცხოებად არ გვთვლის ის? რადგან გაგვყიდა ჩვენ და შეჭამა ჩვენი ვერცხლი. ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც წაართვა ღმერთმა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. და ახლა გააკეთე ყოველივე, რაც გითხრა შენ ღმერთმა.“ და ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და თავისი ცოლები აქლემებზე, და გზას გაუყენა მთელი თავისი სამწყსო და მთელი თავისი ქონება, რაც შეძენილი ჰქონდა, თავისი საკუთარი ფარა, რაც შეიძინა შუამდინარეთში, რათა წასულიყო ისაკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში. ლაბანი კი წასული იყო თავისი ცხვრის გასაპარსად; და რახელმა მოიპარა თავისი მამის საოჯახო კერპები. და იაკობმა გული მოპარა ლაბან არამელს – არ განუცხადა მას, რომ გარბოდა მისგან. და გაიქცა იგი და ყველაფერი, რაც კი ებადა, თან წაიღო. და გადავიდა მდინარეზე, და პირი გილყადის მთისაკენ ქნა. და ეუწყა ლაბანს მესამე დღეს, რომ იაკობი გაიქცა. და თან წაიყვანა თავისი თანამოძმენი და სდია მას შვიდი დღის სავალზე, და დაეწია მას გილყადის მთაზე. და მივიდა ღმერთი არამელ ლაბანთან სიზმარში ღამით და უთხრა მას: „ფრთხილად იყავი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავს.“ და როცა დაეწია ლაბანი იაკობს, იაკობს გაშლილი ჰქონდა კარავი მთაზე, და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის თანამოძმეებთან ერთად. და ლაბანმა უთხრა იაკობს: „რატომ გაძვერი და წაასხი ჩემი ასულნი მახვილის ტყვეებივით? რად გაიქეცი ფარულად, მიმუხთლე და არ განმიცხადე, რომ გამესტუმრებინე მხიარულებით და სიმღერით, ებნითა და ქნარით. და არ მაკოცნინე ჩემი ძეებისა და ასულებისათვის. უგუნურად მოიქეცი. აქვს ჩემს ხელს ძალა, რომ ბოროტი გიყო, მაგრამ მამათქვენის ღმერთმა მითხრა წუხელ: ‘გაფრთხილდი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავსო.’ ახლა კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია სახლი მამაშენისა, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?“ და მიუგო იაკობმა და უთხრა ლიბანს: „რადგან მეშინოდა, რომ არ წაგერთმია ჩემთვის შენი ასულნი. ხოლო რაც შეეხება შენს ღმერთებს, ვისთანაც მათ იპოვნი, ნუ იცოცხლოს მან! ჩვენს ძმათა წინაშე ამოიცანი, რაც კი არის ჩემთან, და წაიღე, რაც შენ გეკუთვნის.“ და არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა ისინი. და შევიდა ლაბანი იაკობის კარავში და ლეას კარავში და ორივე მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. და ლეას კარვიდან ის შევიდა რახელის კარავში. და რახელმა აიღო საოჯახო ღმერთები და აქლემის უნაგირს ქვეშ ამოდო ისინი და ზედ დაჯდა. და გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერ იპოვა. და უთხრა თავის მამას: „ნუ განმირისხდება ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია ადგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს.“ და გულდასმით ეძება ლაბანმა, და ვერ იპოვა საოჯახო ღმერთები. და განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. და მიუგო იაკობმა ლაბანს და უთხრა: „რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ? ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ნივთები, რა იპოვე შენი ნივთებიდან? დააწყვე აქ შენს და ჩემს ძმათა წინაშე და მათ განგვსაჯონ! ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ, შენი ფარის ვერძები არ მიჭამია. ნამხეცავი შენთან არ მომიტანია – მე ვზარალობდი, ჩემი ხელიდან ითხოვდი საზღაურს, როგორც ღამით მოპარულისას, ისე დღისით მოპარულისას. დღისით ხორშაკი მწვავდა და ღამით ყინვა, და არ მიკარებია ძილი ჩემს თვალებს. აჰა, ეს არის ჩემი ოცი წელი შენს სახლში: გემსახურებოდი თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისათვის, და ექვსი წელი შენი ცხვრებისათვის; და გასამრჯელო ათჯერ შემიცვალე. და რომ არ ყოფილიყო ჩემთან ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა, შენ ახლა ცარიელს გამისტუმრებდი. ჩემი ტანჯვა და ჩემი ხელების ჯაფა იხილა ღმერთმა და გამხილა წუხელ!“ და მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: „ეს ასულები ჩემი ასულები არიან, და ეს ვაჟები ჩემი ძენი არიან, ეს ფარები ჩემი ფარებია. და ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს, რა ვუყო ახლა? ახლა მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ; და ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის.“ და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი ძეგლად. და უთხრა იაკობმა თავის ნათესავებს: „მოაგროვეთ ქვები.“ და აიღეს ქვები და აღმართეს ბორცვი, და ჭამეს იქ, ბორცვზე. და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა. და იაკობმა უწოდა მას გალყადი. და თქვა ლაბანმა: „ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის.“ და ამიტომ ეწოდა მას გალყადი. და აგრეთვე მიცფა, რადგან თქვა: „მეთვალყურეობდეს უფალი ჩემსა და შენს შორის, როცა მივეფარებით ერთმანეთის თვალს. თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან სხვა ცოლებს ჩემი ასულების გარდა, რომც არავინ იყოს ჩვენთან, იცოდე, ღმერთია მოწმე ჩემსა და შენს შორის.“ და უთხრა ლაბანმა იაკობს: „აჰა, ეს ბორცვი და აჰა, ეს ძეგლი, რომელნიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის – ეს ბორცვი იყოს მოწმე და მოწმეა ეს ძეგლი, რომ მე არასოდეს გადმოვლახავ შენსკენ ამ ბორცვს, და რომ შენც არ გადმოლახავ ჩემსკენ ამ ბორცვს და ამ ძეგლს საბოროტოდ. აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენს შორის, მათი მამების ღმერთმა.“ და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში. და დაკლა იაკობმა საკლავი, და მოუხმო თავის მოძმეებს პურის საჭმელად; და მათ ჭამეს პური და გაათიეს მთაზე. და ადგა ლაბანი დილაადრიანად და აკოცა თავის შვილიშვილებს და თავის ასულებს, და აკურთხა ისინი, და წავიდა და დაუბრუნდა თავის მხარეს. და წავიდა იაკობი თავისი გზით და შემოხვდნენ მას ღვთის ანგელოზები. და თქვა იაკობმა, როცა იხილა ისინი: „ღვთის ბანაკია ეს,“ და უწოდა იმ ბანაკს სახელად მახანაიმი. და გაგზავნა იაკობმა თავის წინაშე მოციქულნი თავისი ძმის, ესავისაკენ, რომელიც ცხოვრობდა სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე. და უბრძანა მათ და უთხრა: „ასე უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: „თქვა მსახურმა შენმა იაკობმა: ‘ლაბანთან ვცხოვრობდი მე და შემაგვიანდა აქამდე. და მყავს მე ხარები და სახედრები, ცხვარი და მსახურნი და მხევალნი, და ვაუწყებ ჩემს ბატონს, რომ მინდა ვპოვო მადლი შენს თვალში.’“ და დაბრუნდნენ მოციქულნი იაკობთან და აუწყეს: „მივედით შენს ძმასთან, ესავთან და ისიც წამოვიდა შენს შესახვედრად, და ოთხასი კაცი ახლავს თან.“ და დიდად შეეშინდა იაკობს, და შეშფოთდა, და გაყო ხალხი, რომელიც მას ახლდა, აგრეთვე ცხვარი და ძროხა და აქლემები ორ ბანაკად. და თქვა იაკობმა: „თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს, მაშინ მეორე გადარჩება.“ და თქვა იაკობმა: „ჩემი მამის, აბრაამის ღმერთო, და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: ‘დაუბრუნდი შენს სანათესაოს და შენს ქვეყანას, და სიკეთეს გიყოფ,’ ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მსახურს რომ უყავი, რადგან მხოლოდ ჩემი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორი ბანაკი გავხდი. მიხსენ მე ჩემი ძმის ხელიდან, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია მისი, ვაითუ მოვიდეს და მომკლას მე, და დედები შვილებთან ერთად. შენ კი ნათქვამი გაქვს: ‘სიკეთეს გიყოფ და გავხდი შენს თესლს ზღვის ქვიშასავით, რომელიც არ აღირიცხება სიმრავლის გამო.’“ და გაათია იქ ღამე. და გამოარჩია თავისი ქონებიდან საჩუქარი ესავისათვის, თავისი ძმისათვის: ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ცხვარი და ოცი ვერძი, ოცდაათი მეწველი აქლემი თავისი კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი. და მისცა თავის მსახურებს ცალკე ჯოგებად და უთხრა თავის მსახურებს: „იარეთ ჩემს წინ და დატოვეთ მანძილი ჯოგსა და ჯოგს შორის.“ და უბრძანა პირველს და უთხრა: „როცა შეგხვდეს ესავი, ჩემი ძმა, და გკითხოს, ვისი ხარ და საით მიხვალ, და ვისია ეს სამწყსოო, უთხარი: ‘იაკობისაა, შენი მსახურისა, გამოგზავნილი ძღვნად ჩემი ბატონის, ესავისათვის, და ისიც ჩვენს უკანაა.’“ და ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც მიდიოდა სამწყსოს უკან: „ასე უთხარით ესავს, როცა შეხვდებით მას: ‘აჰა, შენი მსახური იაკობიც ჩვენს უკანაა,’“ რადგან ფიქრობდა: „ძღვენით, რომელიც ჩემს წინ მიდის, დავაცხრობ მის რისხვას, და მერე ვიხილავ მის სახეს, ეგების შემიწყნაროს.“ და მიდიოდა მისი ძღვენი მის წინ; ის კი იმ ღამეს ბანაკში ათევდა. და ადგა იმავე ღამეს და აიყვანა თავისი ორი ცოლი, თავისი ორი მხევალი და თავისი თერთმეტი ძე და გადავიდა იაბოკის ფონზე. და წაიყვანა ისინი და გადაიყვანა ხევზე, და გადაიტანა, რაც კი ებადა. და უკან მობრუნდა იაკობი მარტო. და შეებრძოლა მას კაცი განთიადამდე. და როცა დაინახა, რომ ვერ სძლევდა მას, შეეხო იგი მისი ბარძაყის სახსარს, და ეღრძო თეძოს სახსარი იაკობს მასთან ბრძოლისას. და იმ კაცმა უთხრა: „გამიშვი, რადგან გათენდა.“ და უთხრა იაკობმა: „არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ.“ და უთხრა მან მას: „რა გქვია შენ?“ მან უპასუხა: „იაკობი.“ და ჰკითხა მან: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ებრძოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!“ შეევადრა და ჰკითხა მას იაკობმა: „მითხარი შენი სახელი.“ და მიუგო მან: „რად კითხულობ ჩემს სახელს?“ და იქვე აკურთხა იგი. და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენიელი, რადგან თქვა: „ვიხილე ღმერთი პირისპირ, და გადარჩა ჩემი სული.“ და ამოუბრწყინდა მას მზე, როგორც კი განვლო მან ფენუელი. და კოჭლობდა იგი თეძოთი. ამიტომ არ ჭამენ ისრაელიანები დღემდე მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო ანგელოზი იაკობის სახსარს თეძოს ძარღვზე. და აღაპყრო იაკობმა თვალი, დაინახა მისკენ მომავალი ესავი, რომელსაც ოთხასი კაცი ახლდა. და გაანაწილა იაკობმა ბავშვები ლეასა და რახელს, და ორ მხევალს შორის. და წინ დააყენა მხევალნი და მათი შვილები, ლეა და მისი ბავშვები მათ უკან დააყენა, ხოლო რახელი და იოსები სულ ბოლოს. თავად კი მათ წინ წავიდა, და ვიდრე მიუახლოვდებოდა თავის ძმას, თაყვანი სცა მას შვიდჯერ მიწამდე. და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად და გადაეხვია მას, შემოეხვია კისერზე და ეამბორა მას, და ორივენი ატირდნენ. და აღაპყრო თვალი და დაინახა ქალები და ბავშვები, და თქვა: „ვინ არიან ესენი შენი?“ და თქვა: „შვილები, რომლებიც უწყალობა ღმერთმა შენს მსახურს.“ და მიეახლნენ მხევალნი და მათი შვილები, და თაყვანი სცეს მას. და მიეახლა ლეაც თავისი შვილებითურთ და თაყვანი სცეს. და შემდეგ მიეახლნენ რახელი და იოსები, და თაყვანი სცეს. და თქვა: „რა არის მთელი ეს ბანაკი, რომელსაც მე შევხვდი?“ და თქვა იაკობმა: „რათა ვპოვო მადლი ჩემი ბატონის თვალში!“ და თქვა ესავმა: „მე საკმარისი მაქვს, ძმაო, რაც შენია, შენთანვე იყოს!“ თქვა იაკობმა: „არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი ჩემი ხელიდან, რადგან დავინახე შენი სახე, თითქოს დამენახოს სახე ღვთისა, და კეთილად შემხვდი. და მიიღე ჩემი მოსაკითხი, რომელიც მოგეძღვნა შენ, რადგან შემიწყალა მე ღმერთმა და ყველაფერი მაქვს.“ და დაიყოლია იგი და მანაც მიიღო. და თქვა ესავმა: „დავიძრათ და წავიდეთ, და მე წავალ შენს წინ. და უთხრა მას: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ ბავშვები სათუთნი არიან და ჩემი ცხვარ-ძროხა მეწველია. და თუ მათ ერთ დღეს წავასხამთ, მაშინ მთელი სამწყსო გამიწყდება. იაროს ჩემმა ბატონმა თავისი მსახურის წინ, მე კი წამოვალ ნელა, სამწყსოს სვლით, რომელიც ჩემს წინაა, და ბავშვთა სვლით, ვიდრე მივიდოდე ჩემს ბატონთან სეყირში.“ და თქვა ესავმა: „მოგიჩენ შენ იმ ხალხიდან, რომელიც მახლავს.“ და უთხრა იაკობმა: „რა საჭიროა ეს? ოღონდ კი ვპოვო მადლი ჩემი ბატონის თვალში.“ და დაბრუნდა ესავი იმავე დღეს თავისი გზით სეყირისაკენ, იაკობი კი დაიძრა სუქოთისაკენ და აიგო თავისთვის სახლი, და თავის სამწყსოსაც გაუკეთა ჩალურები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი. და მივიდა იაკობი მშვიდობით ქალაქ შექემში, რომელიც მდებარეობს ქანაანის ქვეყანაში, შუამდინარეთიდან მისი მოსვლისას, და დაიბანაკა ქალაქის წინ. და იყიდა მინდვრის ნაკვეთი, სადაც გაშალა თავისი კარავი, შექემის მამის, ხამორის, ძეებისაგან ას კესიტად. და აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას ელი, ღმერთი ისრაელისა. და გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან უშვა იაკობს, იმ ქვეყნის ასულთა სანახავად. და დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, და წაიყვანა ის, და დაწვა მასთან ძალით. და მიეკრო სული მისი დინას, იაკობის ასულს, და შეუყვარდა ყმაწვილი ქალი, და მის გულს ელაპარაკა. და უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: „ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი!“ და იაკობმა გაიგო, რომ წაბილწეს დინა, მისი ასული. მაგრამ რაკი მისი ძენი მინდვრად იყვნენ საქონელში, გაჩუმებული იყო მათ მოსვლამდე. და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ. და როცა იაკობის ვაჟებმა ეს გაიგეს, მოვიდნენ მინდვრიდან; ძლიერ განრისხებული და შეწუხებული იყვნენ კაცები, რადგან სისაძაგლე გაუკეთა მან ისრაელს იაკობის ასულთან დაწოლით; არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. და ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: „შექემმა, ჩემმა ძემ, შეიყვარა თქვენი ასული მთელი თავისი სულით. და მიეცით იგი მას ცოლად. და დაგვიმოყვრდით ჩვენ: მოგვეცით თქვენი ასულები, ჩვენი ასულები კი თქვენ წაიყვანეთ. ჩვენთან დასახლდით, და იყოს ეს ქვეყანა თქვენს წინაშე, და დასახლდით და ივაჭრეთ, და დაისაკუთრეთ.“ და უთხრა შექემმა მის მამასა და მის ძმებს: „ოღონდ კი ვპოვო მადლი თქვენს თვალში და, რასაც მთხოვთ, მოგცემთ. დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, და მოგცემთ, როგორც დამაკისრებთ, ოღონდ მომეცით ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.“ და ელაპარაკნენ იაკობის ძეები შექემს და მის მამას, ხამორს მზაკვრულად, რადგან შებილწეს დინა, მათი და. და უთხრეს მათ: „არ შეგვიძლია ამ საქმის გაკეთება, რომ მივცეთ ჩვენი და წინადაუცვეთელ კაცს, რადგან სამარცხვინო იქნებოდა ეს ჩვენთვის. მხოლოდ იმ პირობით დაგეთანხმებით, თუ გახდებით ჩვენსავით და ყოველი თქვენი მამაკაცი წინადაიცვეთს. და მოგცემთ ჩვენს ასულებს, და ჩვენც მოვიყვანთ თქვენს ასულებს, და დავსახლდებით თქვენთან და გავხდებით ერთი ხალხი. და თუ არ გაგვიგონებთ ჩვენ, რომ წინადაიცვითოთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ.“ და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს. და არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან ეტრფოდა იგი იაკობის ასულს. და იყო იგი ყველაზე პატივდებული თავისი მამის სახლში. და მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, თავიანთი ქალაქის კარიბჭესთან, და ელაპარაკნენ თავიანთი ქალაქის მცხოვრებლებს და უთხრეს: „ეს კაცები მშვიდობიანად არიან ჩვენდამი: დასახლდებიან და ივაჭრებენ აქ. ეს ქვეყანა გაშლილია მათ წინაშე. მათი ასულნი მოვიყვანოთ ჩვენთვის ცოლებად და ჩვენი ასულნი მივცეთ მათ ცოლებად. და მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ეს კაცები ჩვენთან დასახლებას და ერთ ხალხად ყოფნას, თუ წინადაიცვეთს ჩვენში მთელი მამროვანი ისე, როგორც თავად არიან წინადაცვეთილები. და მათი სამწყსო და მთელი მათი ქონება და მთელი მათი საქონელი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ მათ და ჩვენთან დასახლდებიან.“ და გაუგონეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომსვლელმა. და წინადაიცვითა მთელმა მამროვანმა, მისი ქალაქის კარიბჭიდან გამომსვლელმა. და მესამე დღეს, როცა სტკიოდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ძემ: სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს ხელში მახვილი, მამაცად მივიდნენ ქალაქში და ამოხოცეს მთელი მამროვანი. ხამორი და მისი ძე შექემიც მოკლეს მახვილით და წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან. და ძენი იაკობისა მივიდნენ დახოცილებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და. და წამოასხეს მათი საქონელი და სახედარნი, რაც ქალაქსა და მინდორში იყო. და მთელი მათი დოვლათი, და ყოველი მათი ბავშვი, და მათი ცოლები დაატყვევეს და წაართვეს ყოველივე, რაც ჰქონდათ სახლებში. და უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: „დამღუპეთ მე, რომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მცხოვრებლებს – ქანაანელებსა და ფერიზელებს. ცოტა ხალხი მყავს, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომსპობენ. და გავნადგურდები მე და ჩემი სახლიც, ჩემთან ერთად.“ მათ თქვეს: „ის კი შეიძლებოდა, მეძავივით რომ მოექცნენ ჩვენს დას?“ და უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, ადი ბეთელს და იქ დასახლდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა ესავს, შენს ძმას, გაექეცი.“ და უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც იყვნენ მასთან: „მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენში რომ არის, და განიწმიდენით, და გამოიცვალეთ თქვენი სამოსელი. და ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, და ავუგებ იქ სამსხვერპლოს ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს, და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე.“ და მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთები, რომლებიც კი ჰქონდათ, და აგრეთვე საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და ჩაფლა ისინი იაკობმა მუხის ქვეშ, შექემთან რომ არის. და აიყარნენ ისინი. და ღვთის შიში იყო ირგვლივ მდებარე ქალაქებზე, და არ დაედევნენ უკან იაკობის ძეებს. და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, ანუ ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია. და ააშენა იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა გაურბოდა ის თავის ძმას. და მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დაიმარხა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, რომელსაც უწოდეს ალონ-ბაქუთი. და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი, და უთხრა მას ღმერთმა: „შენი სახელი არის იაკობი, მაგრამ აღარ გერქვას იაკობი, რადგან ისრაელი იქნება შენი სახელი!“ ასე ეწოდა მას სახელად ისრაელი. და უთხრა მას ღმერთმა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი, ინაყოფიერე და გამრავლდი. ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან წარმოსდგებიან მეფენი შენი საზარდულიდან. და ქვეყანას, რომელიც მივეცი მე აბრაამსა და ისაკს, მოგცემთ შენ და შენს თესლს, შენს შემდეგ.“ და ამაღლდა მისგან ღმერთი იმ ადგილიდან, საიდანაც ელაპარაკებოდა მას. და აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილზე, სადაც ელაპარაკა ის მას, ძეგლი ქვისა. და დაღვარა მასზე საღვრელი და დაასხა მას ზეთი. და უწოდა იაკობმა სახელად იმ ადგილს, სადაც ელაპარაკებოდა მას ღმერთი, ბეთელი. და აიყარნენ ისინი ბეთელიდან. და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდე, რომ შვა რახელმა. და გაუძნელდა მას მშობიარობა. და როცა გაუჭირდა მშობიარობისას, უთხრა მას ბებია ქალმა: „ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს.“ და ვიდრე სული ამოხდებოდა, რადგან სიკვდილის პირას იყო, უწოდა ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა. და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, ბეთლემში. და იაკობმა აღმართა ძეგლის სვეტი მის სამარხზე. ის სამარხის სვეტი დღესაც იქაა. და აიყარა ისრაელი და გაშალა თავისი კარავი გედერის გოდლის იქით. და მოხდა, რომ როცა ისრაელი ქვეყანაში ცხოვრობდა, რეუბენი შევიდა ბილჰასთან, თავისი მამის ხარჭასთან. და გაიგო ეს ისრაელმა. ძენი ლეასაგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი. ძენი რახელისაგან: იოსები და ბენიამინი. ძენი ბილჰასგან, რახელის მხევლისაგან: დანი და ნაფთალი. და ძენი ზილფასგან, ლეას მხევლისაგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომელნიც შეეძინა მას შუამდინარეთში. და მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, ანუ ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაამი და ისაკი. და იყო ისაკი ას ოთხმოცი წლის. და აღესრულა ისაკი და მოკვდა, და შეეძინა თავის ხალხს მოხუცებული და თავისი დღეებით გამაძღარი. და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა. ეს არის ესავის ანუ ედომის მოდგმა: ესავმა მოიყვანა ცოლები ქანაანის ასულთაგან: ყადა, ასული ხეთელი ელონისა, და ოჰოლიბამა, ასული ყანასი, ხიველი ციბყონის ძისა; და ბასმათი, ისმაელის ასული, დაი ნებაიოთისა. და ყადამ უშვა ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი, და ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იაყლამი და კორახი. ესენი იყვნენ ესავის ძენი, რომელნიც მას შეეძინენ ქანაანის ქვეყანაში. და აიყვანა ესავმა თავისი ცოლები და თავისი ძენი და თავისი ასულნი, და მთელი თავისი სახლეული და თავისი ქონება თავისი საქონელი და თავისი პირუტყვი, და მთელი თავისი ქონება, რომელიც შეიძინა მან ქანაანში, და წავიდა სხვა ქვეყანაში, რომ მოსცილებოდა იაკობს, თავის ძმას. რადგან დიდძალი დოვლათი ჰქონდათ და ვერ შეძლეს ერთად ცხოვრება; და მათმა ხიზნობის ქვეყანამ ვერ მოითავსა ისინი მათი ჯოგების სიმრავლის გამო. და დასახლდა ესავი სეყირის მთაზე; ესავი ეს არის ედომი. ესაა ესავის მოდგმა, რომლისგანაც მოდიან სეყირის მთაზე მცხოვრები ედომელნი. ესაა ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა, რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა, და ელიფაზის შვილები იყვნენ: თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი და კენაზი. და თიმნაყი იყო ესავის ძის, ელიფაზის, ხარჭა, და უშვა მან ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა. და ესენი არიან ძენი რეღუელისა: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. და ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა. ხოლო ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა, ასულისა ყანასი, ძისა ციბყონისა, ესენი იყვნენ, რომლებიც მან უშვა ესავს: იეყუში, იაყლამი და კორახი. და ესენი იყვნენ ესავის ძეთა უხუცესნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი, თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთამი, თავკაცი ყამალეკი. ესენი იყვნენ ელიფაზის უხუცესები ედომის ქვეყანაში; ესენი იყვნენ ძენი ყადასი. და ესენი იყვნენ ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი იყვნენ უხუცესნი რეღუელისა ედომის ქვეყანაში. ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ბასმათის ძენი. და ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაყლამი, თავკაცი კორახი. ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა. და ესენი იყვნენ ძენი ესავისა და უხუცესნი ედომისა. და ესენი იყვნენ ძენი ხორიელი სეყირისა, იმ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელი უხუცესნი ედომის ქვეყანაში, სეყირის ძენი. და ლოტანის ძენი იყვნენ ხორი და ჰემამი, ხოლო და ლოტანისა იყო თიმნაყი. და ესენი იყვნენ შობალის ძენი: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი. და ესენი იყვნენ ციბყონის ძენი: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც იპოვა წყლის წყარონი უდაბნოში, როდესაც მწყემსავდა თავისი მამის, ციბყონის, სახედრებს. ხოლო ყანას ძე იყო დიშონი და ოჰოლიბამა იყო ყანას ასული. და ესენი იყვნენ ძენი დიშონისა: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი. და ესენი იყვნენ ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყვანი და ყაკანი. და ესენი იყვნენ დიშანის ძენი: ყუცი და არანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა, თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები თავიანთი თავკაცებითურთ სეყირის ქვეყანაში. და ესენი იყვნენ მეფენი, რომელნიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე გამეფდებოდა მეფე ისრაელში. და გამეფდა ედომში ბელაყი, ძე ბეყორისა, და მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა. და მოკვდა ბელაყი, და მის ნაცვლად გამეფდა იობაბი, ძე ზერახისა, ბოცრადან. და მოკვდა იობაბი. და მის ნაცვლად გამეფდა ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან. და მოკვდა ხუშამი, მის ნაცვლად გამეფდა ჰადადი, ძე ბედადისა, მძლეველი მიდიანისა მოაბის ველზე. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი. და მოკვდა ჰადადი, და მის ნაცვლად გამეფდა სამლა, მასრეკადან. და მოკვდა სამლა, და მის ნაცვლად გამეფდა შაული, მდინარისპირა რეხობოთიდან. და მოკვდა შაული, და მის ნაცვლად გამეფდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა. და მოკვდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა, და მის ნაცვლად გამეფდა ჰადარი, და მისი ქალაქის სახელი იყო ფაყუ, ხოლო სახელი მისი ცოლისა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასულისა მეზაჰაბისა. და ესენია ესავის უხუცესთა სახელები მათ საგვარეულოთა, მათი ადგილების და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ყალვა, თავკაცი იეთეთი; თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი, თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი, თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი იყვნენ უხუცესნი ედომისა მათ საცხოვრებელთა მიხედვით მათ საკუთარ ქვეყანაში. და ესავი არის ედომელთა მამამთავარი. და ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში. ეს არის იაკობის მოდგმა: იოსები იყო ჩვიდმეტი წლისა როცა მწყესავდა პირუტყვს თავის ძმებთან ერთად. და იყო იგი ჯერ ბავშვი თავისი მამის ცოლების – ბილჰასა და ზილფას ძეებთან. და მიჰქონდა იოსებს ცუდი ხმები მათზე თავის მამასთან. და ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და დაუმზადა მას ჭრელი კვართი. და დაინახეს მისმა ძმებმა, რომ უყვარდა იგი მამას ყველა თავის ძეზე მეტად, და მოიძულეს იგი, და არ შეეძლოთ მასთან ლაპარაკი მშვიდობიანად. და დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად მოიძულეს იგი. და უთხრა მათ: „მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა მე: აჰა, ჩვენ ვკონავთ ძნებს შუაგულ მინდორში და წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, და გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.“ და უთხრეს მას მისმა ძმებმა: „ჩვენი მეფე გინდა გახდე და ჩვენზე იბატონო?“ და კიდევ უფრო მოიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვებისათვის. და დაესიზმრა მას კიდევ სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს და თქვა: „აჰა, კიდევ დამესიზმრა სიზმარი, რომ მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.“ და როცა ეს უამბო თავის მამას და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა მას: „რა არის ეს სიზმარი, რომელიც გესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, რომ მიწამდე გცეთ თაყვანი?“ შეშურდათ ძმებს მისი, ხოლო მამამისმა დაიმარხა ეს სიტყვები. და წავიდნენ მისი ძმები შექემში თავიანთი მამის ფარის დასამწყემსად. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ხომ მწყემსავენ შენი ძმები შექემში, და მოდი, გაგაგზავნი შენ მათთან.“ და თქვა მან: „აქა ვარ.“ და უთხრა მას: „წადი და ნახე, თუ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და მომიტანე ამბავი.“ და გაგზავნა იგი ხებრონის ველიდან, და მივიდა შექემს. იპოვა იგი ერთმა კაცმა ველზე გზაარეული და ჰკითხა მას: „ვის ეძებ?“ თქვა: „ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი, სად მწყემსავენ ისინი?“ და უთხრა კაცმა: „წასულები არიან აქედან, რადგან გავიგონე, რომ დოთაინში მიდიოდნენ.“ და გაჰყვა იოსები თავის ძმათა კვალს, და იპოვა ისინი დოთანში. და როცა დაინახეს იგი შორიდან, ვიდრე მიუახლოვდებოდა მათ, განიზრახეს მისი მოკვლა. და უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, სიზმარა მოდის! და ახლა, მოდი, მოვკლათ იგი, და ჩავაგდოთ რომელიმე ჭაში, და ვთქვათ, რომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, რა იყო მისი სიზმრები.“ და გაიგონა რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა მათ: „ნუ მოვკლავთ მას!“ და უთხრა მათ რეუბენმა: „ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.“ და ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა თავის მამასთან. და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა. აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. და იყო ის ჭა ცარიელი, წყალი არ იყო მასში. და დასხდნენ ისინი პურის საჭმელად, და როცა აღაპყრეს თვალი, დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა გილყადიდან, და მათ აქლემებს მოჰქონდათ გუნდრუკი, მური და ნელსაცხებელი. და უთხრა იუდამ თავის ძმებს: „რას გვარგებს, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და დავფარავთ მის სისხლს? მოდით, მივყიდოთ იგი ისმაელიანებს, და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი ხორცია.“ და გაუგონეს მას მისმა ძმებმა. ხოლო როცა ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან, და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათ კი წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში. ხოლო როცა რეუბენი კვლავ დაბრუნდა ჭასთან და ნახა, რომ იქ აღარ იყო იოსები, სამოსელი შემოიხია. და დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: „ბავშვი აღარ არის! და მე სადღა წავიდე?“ და აიღეს ძმებმა იოსების კვართი, და ამოავლეს იგი დაკლული თხის სისხლში. და წაიღეს ეს კვართი, და მიუტანეს მამამისს და უთხრეს: „ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი შვილის კვართია ეს თუ არა?“ და მან იცნო ის და თქვა: „ჩემი შვილის კვართია. მძვინვარე მხეცს შეუჭამია იგი! დაგლეჯილია იოსები!“ და შემოიხია იაკობმა სამოსელი, და შემოიხვია ძაძა წელზე, და დიდხანს გლოვობდა თავის შვილს. და ადგნენ მისი ძენი და მისი ასულნი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინდომა მან ნუგეშისცემა, და თქვა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!“ და დიდხანს გლოვობდა მამა თავის ძეს. ხოლო მიდიანელებმა ეგვიპტეში მიჰყიდეს იოსები ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს. მაშინ იყო, რომ ჩამოსცილდა იუდა თავის ძმებს და დასახლდა ყადულამელი კაცის მეზობლად, რომლის სახელი იყო ხირა. და ნახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, და მოიყვანა ის და შევიდა მასთან. და დაორსულდა, და ეყოლა მას ძე. და უწოდეს მას სახელად ყერი. და კვლავ დაორსულდა, და ეყოლა ძე, რომელსაც უწოდეს ონანი. და კვლავ ეყოლა ძე, და უწოდეს მას სახელად შელა. ის კი ქეზიბში იყო მისი შობის დროს. და მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, რომელსაც ერქვა თამარი. მაგრამ ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში, და მოაკვდინა იგი უფალმა. და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას თესლი.“ მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა თესლი, და ამიტომ, როცა შედიოდა თავის ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა, რათა არ მიეცა თესლი თავისი ძმისათვის. და ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა ღმერთმა. და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: „ქვრივად დაჯექ მამაშენის სახლში, ვიდრე გაიზრდებოდეს შელა, ჩემი ძე.“ რადგან ეშინოდა, ისიც არ მომკვდარიყო მისი ძმებივით. და წავიდა თამარი და დარჩა თავისი მამის სახლში. და განვლო მრავალმა დღემ და მოკვდა იუდას ცოლი, შუაყის ასული. და როვა გამოიგლოვა იუდამ, ავიდა თიმნათში, თავისი ცხვრის მპარსველებთან, ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან ერთად. და ეუწყა თამარს: „შენი მამამთილი ამოდის თიმნათში ცხვრის გასაპარსავად.“ და გაიძრო მან თავისი ქვრივობის სამოსელი, და ჩამოიფარა რიდე, და დაიბურა. და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, რომელიც თიმნათის გზაზეა, რადგან დაინახა, რომ გაიზარდა შელა და არ მიეცა მას ცოლად. და დაინახა ის იუდამ, და მიიჩნია მეძავად, რადგან რიდეთი ჰქონდა სახე დაფარული. და მიუბრუნდა მას და უთხრა: „შემოვიდე შენთან?“ რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. და მან ჰკითხა: „რას მომცემ, რომ შემოხვიდე ჩემთან?“ და თქვა: „თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან.“ და თქვა: „მომცემ წინდს, ვიდრე გამომიგზავნიდე თიკანს?“ და თქვა: „რა გირაო გინდა, რომ მოგცე?“ და თქვა: „შენი ბეჭედი და შენი თასმა და არგანი, რომელიც ხელთა გაქვს.“ და მისცა მას ესენი იუდამ, და შევიდა მასთან; და დაორსულდა ის მისგან. და წავიდა და მოიძრო თავისი პირსაბურველი, და კვლავ შეიმოსა ქვრივობის სამოსელით. და გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რათა ქალისაგან დაებრუნებინა წინდი. მაგრამ ვერ იპოვა იგი. და ჰკითხა იქაურ კაცებს: „სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?“ და დაბრუნდა იუდასთან, და უთხრა: „ვერ ვიპოვე იგი. და იქაურმა კაცებმაც მითხრეს, რომ არ ყოფილა იქ მეძავი.“ და თქვა იუდამ: „ნეტავ აეღო მას, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, მე გაგატანე ეს თიკანი, შენ კი ვერ იპოვე იგი!“ და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: „იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.“ და თქვა იუდამ: „გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.“ და როცა მოჰყავდათ იგი, გაუგზავნა მან თავის მამამთილს და შეუთვალა: „იმ კაცისაგან, ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის.“ და ისიც დასძინა: „ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და არგანი.“ და იცნო იუდამ, და თქვა: „მართალია ჩემთან თამარი, რადგან მე არ მივეცი იგი შელას, ჩემს ძეს.“ და აღარ შეუცვნია იგი. და მშობიარობის ჟამს აღმოჩნდა, რომ ტყუპები იყვნენ მის მუცელში. და მშობიარობისას გამოყო ერთმა ხელი, და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა მას ამ სიტყვებით: „ეს გამოვიდა პირველი.“ მან უკან წაიღო თავისი ხელი, გამოვიდა მისი ძმა. და თქვა ბებიაქალმა: „როგორ გამოარღვიე შენთვის ზღუდე?“ და უწოდეს მას სახელად ფერეცი. და შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ხელზე ება მეწამული ძაფი, და უწოდეს მას სახელად ზერახი. იოსები ჩაყვანილ იქნა ეგვიპტეში, და ისმაელიანთაგან იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, მცველთა უფროსმა, ეგვიპტელმა კაცმა. და არ მიატოვა უფალმა იოსები, და იყო იგი წარმატებული კაცი, და ცხოვრობდა იგი თავისი ბატონის სახლში. და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და, რასაც კი იგი აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა. და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ხელთ ჩააბარა. და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა სახლში და ველზე. და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა ჭამა-სმისა. და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად. ამ ამბის შემდეგ იყო, რომ დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს თვალი და უთხრა: „დაწექი ჩემთან.“ და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, რადგან ხელში ჩამაბარა ყველაფერი, რაც აბადია. არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. და როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?“ და ყოველდღე აწვევდა ქალი იოსებს, მაგრამ არ თანხმდებოდა იგი, რომ დაწოლილიყო და ყოფილიყო მასთან. და ერთ დღეს იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე, და არავინ არ იყო სახლის კაცთაგან შინ. და ჩაეჭიდა ის მის სამოსელს, ამ სიტყვებით: „დაწექი ჩემთან!“ და მან ხელში შეატოვა თავისი სამოსელი, და გარეთ გავარდა და გაიქცა სახლიდან. და როცა მან დაინახა, რომ მან ხელში შეატოვა მას თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა, დაუძახა მან თავისი სახლის კაცებს, და უთხრა მათ: „შეხედეთ, მოგვიყვანა მან ებრაელი კაცი ჩვენს დასაცინად! შემოვიდა ჩემთან დასაწოლად, მაგრამ ვიყვირე დიდი ხმით. და როცა გაიგონა ჩემი კივილი, შემომატოვა თავისი სამოსელი და კარიდან გავარდა.“ და დაიდო მან მისი ტანსაცმელი თავისთან, თავისი ბატონის სახლში მოსვლამდე, და მოუთხრო მას ეს ამბავი, ამ სიტყვებით: „შემოვიდა ჩემთან შენი მოყვანილი ებრაელი მონა, რომ პატივი აეხადა ჩემთვის! და როცა ავიმაღლე ხმა და ვიკივლე, შემომატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა!“ და როცა მოისმინა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, ასე მომექცაო შენი მონა, ძალზე განრისხდა იგი. და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეში, სადაც დაპატიმრებული იყვნენ მეფის პატიმრები. და იყო იგი იქ, საპყრობილეში. მაგრამ უფალი იყო იოსებთან და მოჰფინა მას წყალობა, და მიანიჭა მას მადლი საპყრობილის უფროსის თვალში. და ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი იოსებს ხელთ, და გახდა ის გამგებელი ყველაფრისა, რასაც კი ისინი აკეთებდნენ საპყრობილეში. საპყრობილის უფროსი აღარაფერზე ზრუნავდა, რადგან უფალი იყო იოსებთან და რასაც აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის ფარაონის მწდეთუხუცესმა და მეპურეთუხუცესმა შესცოდეს თავიანთ ბატონს. და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს. და გადასცა ისინი საპყრობილეში, მცველთაუფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული. და მცველთაუფროსმა მიუჩინა მათ იოსები, და ის ემსახურებოდა მათ. და ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში. და ერთ ღამეს ესიზმრა ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი სიზმარი: მწდეთაუხუცესს და მეპურეთუხუცესსაც. და მივიდა დილით მათთან იოსები და დაინახა ისინი, და აჰა, დაღვრემილნი არიან. და ჰკითხა მან ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის საპყრობილეში: „რატომ გაქვთ დღეს თქვენ სახე მწუხარე?“ და უთხრეს მას: „სიზმარი გვესიზმრა და არავინაა ამხსნელი.“ „განა უფლისგან არ არის მათი ახსნა?“ – უთხრა მათ იოსებმა: „მიამბეთ მე.“ და უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს, და უთხრა: „ჩემს სიზმარში აჰა, ვაზია ჩემ წინაშე. და სამი რტო აქვს ვაზს. და როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო კვირტები და დამწიფდა მტევნები. და ფარაონის თასია ჩემს ხელთ. და ავიღე ყურძენი, ჩავწურე თასში და ხელის გულზე დავუდგი ფარაონს.“ და უთხრა მას იოსებმა: „აჰა, მისი ახსნა: სამი რტო სამი დღეა. სამი დღის შემდეგ ფარაონი აგამაღლებს და დაგაბრუნებს შენს თანამდებობაზე. და მიაწვდი ფარაონს თასს ხელში, უწინდელი წესისამებრ, როცა მისი მწდე იყავი. ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად იქნები, და მიყავი წყალობა: გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან, რადგან მოპარული ვარ მე ებრაელთა ქვეყნიდან. და აქაც არაფერი ჩამიდენია, რომ ჩამაგდეს დილეგში. როცა დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კარგად ახსნა, უთხრა იოსებს: „მეც ვიხილე სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე, და ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი, და ფრინველი ჰკენკავს მას ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.“ და მიუგო იოსებმა და უთხრა: „ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა. სამი დღის შემდეგ ფარაონი მოგკვეთს თავს და ჩამოგკიდებს ხეზე. და ფრინველი შეჭამს შენს ხორცს.“ მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო, და გაუმართა ფარაონმა ნადიმი თავის ყველა მსახურს და გაიხსენა თავისი მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. და დააბრუნა მწდეთუხუცესი თავისავე თანამდებობაზე, და იგი კვლავ მიართმევდა ფიალას ფარაონს; ხოლო მეპურეთუხუცესი ჩამოჰკიდა, როგორც აუხსნა მას იოსებმა. და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, არამედ დაავიწყდა იგი. და ორი წლის თავზე ესიზმრება ფარაონს: აჰა, დგას ნილოსის პირას, აჰა, ნილოსიდან ამოდის ლამაზი შესახედავი, ხორცსავსე შვიდი ძროხა, და ბალახობენ ლელიანში. და აჰა, მათ შემდეგ ნილოსიდან ამოდის კიდევ შვიდი სხვა ძროხა, ცუდი შესახედაობისა და დამჭლევებულნი, და დგებიან იმ ძროხების გვერდით ნილოსის პირას. და შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდამჭლევებულმა ძროხებმა შვიდი ლამაზი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა. და ამაზე გაეღვიძა ფარაონს. მან კვლავ დაიძინა და ესიზმრა მეორედ: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი. და აჰა, მათ შემდეგ აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისაგან გარუჯული თავთავი. და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი. და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი. და დილით შეშფოთდა მისი სული, და დაგზავნა და იხმო ეგვიპტის ყველა გრძნეული და ყველა ბრძენი, და უამბო ფარაონმა მათ თავისი სიზმარი. და ვერავინ ვერ აუხსნა ისინი ფარაონს. და უთხრა ფარაონს მწდეთუხუცესმა: „ჩემს ცოდვებს ვიხსენებ მე დღეს: ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს, და გადამცა მე ტუსაღად მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად. და გვესიზმრა სიზმარი ერთ ღამეს მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი სიზმარი გვესიზმრა. და იქ ჩვენთან იყო ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. და ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები, და აგვიხსნა მან ისინი საკუთრივ. და როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე აგვიხდა: ჩემს თანამდებობაზე დამაბრუნა მე ფარაონმა, ის კი ჩამოჰკიდა.“ და მიავლინა ფარაონმა და იხმო იოსები. და ის სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. და გაიპარსა და გამოიცვალა სამოსელი, და მივიდა ფარაონთან. და უთხრა იოსებს ფარაონმა: „მესიზმრა მე სიზმარი, და არავინაა მისი ამხსნელი. და მე გავიგე შენზე, რომ იცი სიზმრების ახსნა.“ და მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა შემიძლია, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ.“ და მოუყვა ფარაონი იოსებს: „მე მესიზმრა: აჰა, ვდგავარ მდინარის პირას. და აჰა, ნილოსიდან ამოდის შვიდი ხორცსავსე და შესახადავად ლამაზი ძროხა, და ლელიანში დაიწყეს ძოვა. აჰა, მათ შემდეგ ამოდის სხვა შვიდი ძროხა, მეტისმეტად უგვანი და ხორცდამჭლევებული. ეგვიპტის მთელ ქვეყანაში მათზე უგვანი არაფერი მინახავს. და შეჭამეს დამჭლევებულმა და უგვანმა ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა. და შევიდნენ მათ შიგანში, და არ ეტყობოდათ, რომ ისინი შევიდნენ მათ შიგანში, და ისეთივე უგვანები დარჩნენ, როგორიც იყვნენ, და გამომეღვიძა. და აჰა, ვიხილე სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი. და აჰა, შვიდი თავთავი გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული, აღმოცენდა მათ შემდეგ. და შთანთქეს წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი. და ვუამბე მე ეს მისნებს, მაგრამ ვერავინ ამიხსნა.“ და უთხრა იოსებმა ფარაონს: „ამ სიზმრებს ერთი ახსნა აქვთ, რომ ღმერთი გააკეთებს იმას, რაც მან უკვე აცნობა ფარაონს. შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, და შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია. და შვიდი ძროხა, დამჭლევებული და უგვანი, მათ შემდეგ მოსული, შვიდი წელია. და შვიდი გამოფიტული თავთავი, ხორშაკისაგან გარუჯული, შიმშილის შვიდი წელია. ამიტომ ვუთხარი ფარაონს, ღმერთმა უჩვენა ფარაონს, რისი გაკეთებაც სურს. და აი, მოდის დიდმოსავლიანი შვიდი წელი ეგვიპტის ქვეყანაში. და მის შემდეგ დადგება შიმშილის შვიდი წელიწადი. და დავიწყებული იქნება მთელი სიუხვე ეგვიპტის ქეყანაში, და დააუძლურებს შიმშილი ქვეყანას. და აღარავის ეცოდინება, რომ სიუხვე იყო ქვეყანაში, იმ შიმშილის გამო, რომელიც შემდეგ დადგება, რადგან ის მეტისმეტად მძიმე იქნება. და რომ ის გაუმეორდა ფარაონს ორჯერ, ეს იმიტომ, რომ ეს საქმე ღვთისაგანაა და ჩქარობს ღმერთი მის აღსრულებას. და ახლა გამონახოს ფარაონმა და დააყენოს გონიერი და ბრძენი კაცი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად. და ბრძანოს ფარაონმა, და განაწესოს ზედამხედველნი ქვეყანაზე. და ახდევინოს მეხუთედი ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის შვიდ წელიწადში. და დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, და დაახვავონ ხორბალი ქალაქთა საზრდოდ ფარაონის გამგებლობაში, და გაუფრთხილდნენ. და იქნება ეს საზრდო ქვეყნისათვის მარაგად შვიდწლიანი შიმშილის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში. და არ გაწყდება ქვეყანა შიმშილით.“ და მოეწონათ ფარაონსა და ყველა მის მსახურს ეს სიტყვა. და უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: „ნუთუ ვიპოვით ჩვენ ასეთ კაცს, როგორც ეს არის, კაცს, რომელშიც ღვთის სული იქნება?“ და უთხრა ფარაონმა იოსებს: „რაკი ღმერთმა გაუწყა ეს, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი! შენ იქნები ჩემს სახლზე და შენს ბაგეს დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. და მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.“ და უთხრა ფარაონმა იოსებს: „აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე.“ და მოიძრო ფარაონმა ხელიდან თავისი ბეჭედი, და გაუკეთა იოსებს ხელზე და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს შიბი კისერზე. ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით. და გამოეცხადებინათ მის წინაშე: „დაიჩოქეთ“ და დაადგინა იგი მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე. და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ვარ ფარაონი და უშენოდ ვერავინ ვერ გაძრავს ვერც ხელსა და ვერც ფეხს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.“ და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფანეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული. და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში. ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა წარდგა ეგვიპტის ფარაონის წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა მთელი ეგვიპტის ქვეყანა. და სიუხვის შვიდწლეულში წარმოქმნა მიწამ სავსე პეშვი. და შეაგროვა მან შვიდი წლის მთელი ხორბლის მოსავალი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში, და გააკეთა საზრდოს მარაგი ქალაქებში. და თითოეულ ქალაქში შეინახა საზრდო მინდვრისა, რომელიც გარს ერტყა ქალაქს. და დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან აღარ იყო სათვალავი. შიმშილის წელიწადის დადგომამდე იოსებს შეეძინა ორი ვაჟი, რომლებიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის, ასულმა. და უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: „დამავიწყა მე ღმერთმა ყოველი ტანჯვა და მთელი სახლი მამაჩემისა.“ და უწოდა მეორეს სახელად ეფრემი, რადგან თქვა: „ნაყოფიერმყო მე ღმერთმა ჩემი ტანჯვის ქვეყანაში.“ და დასრულდა შვიდი წელიწადი სიუხვისა, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში. და დაიწყო შიმშილის შვიდი წელიწადი, როგორც თქვა იოსებმა. და იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური. და როცა ეგვიპტის ქვეყანაშიც დაიწყო შიმშილი, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისათვის. და უთხრა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: „მიდით იოსებთან და, რასაც ის გეტყვით, გააკეთეთ!“ და იყო შიმშილი მთელს მიწის პირზე და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში ძლიერდებოდა. და ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე. დაინახა იაკობმა, რომ იყო პური ეგვიპტეში, და უთხრა იაკობმა თავის ძეებს: „რას უყურებთ?“ და თქვა: „გავიგე, რომ არის პური ეგვიპტეში. წადით იქ და იყიდეთ პური, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ შიმშილით!“ და ჩავიდა იოსების ათი ძმა ეგვიპტეში პურის საყიდლად. ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაგზავნა იაკობმა მის ძმებთან ერთად, რადგან თქვა: „არ შეემთხვეს ფათერაკი.“ და მივიდნენ ისრაელის ძენი პურის საყიდლად სხვა მიმსვლელთა შორის, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში. და იოსები იყო იმ ქვეყნის განმგებელი. იგი ასყიდებდა პურს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და თაყვანი სცეს მას მიწამდე. დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო ისინი. მაგრამ არ გაუმხილა მათ თავი, და მკაცრად ელაპარაკა, და უთხრა მათ: „საიდან მოხვედით?“ და უთხრეს: „ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად.“ და იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი. და გაიხსენა იოსებმა სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა. და უთხრა მათ: „ჯაშუშები ხართ თქვენ, ამ ქვეყნის გზა-კვალის სანახავად მოხვედით.“ და უთხრეს მათ: „არა, ბატონო! საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი. ჩვენ ყველა ერთი კაცის ძენი ვართ. პატიოსნები ვართ ჩვენ, შენი მსახურნი, არა ვართ ჯაშუშები!“ უთხრა იოსებმა: „არა, ამ ქვეყნის სიშიშვლის სანახავად მოხვედით თქვენ!“ და მათ უთხრეს: „თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ძენი ვართ ერთი კაცისა ქანაანის ქვეყანაში, უმცროსი მამასთანაა დღეს, ერთი კი აღარა გვყავს.“ და თქვა იოსებმა: „ასეა, როგორც გითხარით: ჯაშუშები ხართ! ამით გამოიცდებით, ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი, და მოიყვანოს თქვენი ძმა. თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. და შემოწმდება თქვენი სიტყვები, თუ თქვენთანაა ჭეშმარიტება. და თუ არა, მაშინ, ვფიცავ ფარაონს, ჯაშუშები ხართ.“ და სამ დღეს დაცვა დაუყენა მათ. და უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ეს გააკეთეთ და იცოცხლებთ, რადგან ღმერთისა მეშინია მე! თუ თქვენ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა იმ სახლში, სადაც თქვენა ხართ დაპატიმრებული, თქვენ კი წადით, მიიტანეთ პური თქვენს დამშეულ სახლში. და თქვენი უმცროსი ძმა მოიყვანეთ ჩემთან და სარწმუნო იქნება თქვენი სიტყვები, და არ დაიხოცებით.“ და ასეც მოიქცნენ. და უთხრეს მათ ერთმანეთს: „ნამდვილად ვისჯებით ჩვენი ძმის გამო, რადგან ჩვენ ვხედავდით მისი სულის ტანჯვას, როდესაც გვევედრებოდა, ჩვენ კი არ ვისმინეთ! ამიტომ გვეწვია ეს ჭირი.“ და მიუგო მათ რეუბენმა: „ხომ გეუბნებოდით, ნუ შესცოდავთ-მეთქი ბავშვის წინააღმდეგ, და არ ისმინეთ. და აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.“ და მათ არ იცოდნენ, რომ ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იდგა მათ შორის. და იოსები მოცილდა მათ და ატირდა. და მერე დაბრუნდა მათთან და ელაპარაკა, სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა. და ბრძანა იოსებმა: აევსოთ ხორბლით მათი ტომრები, და ჩაედოთ მათი ფული მათ ტომრებში, და მიეცათ მათთვის საგზალი. და ასეც გაუკეთეს მათ. და აჰკიდეს თავისი პური თავიანთ სახედრებს და წავიდნენ იქიდან. და გახსნა ერთმა თავისი ტომარა, რათა მიეცა საკვები სახედრისათვის ღამის გათევისას, და დაინახა თავისი ვერცხლი თავის ტომარაში. და უთხრა მან თავის ძმებს: „დაუბრუნებიათ ჩვენი ვერცხლი, ის ხომ ჩვენს ტომარაშია!“ და შეუკრთათ გულები და ერთმანეთს კანკალით მიმართეს: „ეს რა გვიყო ჩვენ ღმერთმა?“ და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში, და უამბეს მას ყოველი, რაც შეემთხვათ, ამ სიტყვებით: „იმ ქვეყნის ბატონი მკაცრად გველაპარაკა და ჯაშუშებად მიგვიჩნია ჩვენ. ვუთხარით მას: ‘არა ვართ ჯაშუშები, პატიოსანი ხალხი ვართ; თორმეტი ძმანი ვართ, ძენი მამაჩვენისა, ერთი აღარაა ჩვენთან, უმცროსი კი მამასთანაა, ქანაანის ქვეყანაში.’ და გვითხრა ჩვენ იმ კაცმა, იმ ქვეყნის ბატონმა: ‘ამით გავიგებ, თუ პატიოსნები ხართ: თქვენი ერთი ძმა დატოვეთ ჩემთან, თქვენ კი აიღეთ პური თქვენი დამშეული სახლისათვის და წადით. და მოიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა ჩემთან. და მაშინ გავიგებ, რომ ჯაშუშები არა ხართ და პატიოსნები ხართ. და დაგიბრუნებთ თქვენს ძმას, და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში.’“ ცლიდნენ ისინი თავიანთ ტომრებს, და აჰა, თითოეულის ვერცხლის ქისა ტომარაშია. და დაინახეს თავ-თავიანთი ვერცხლის ქისები, მათ და მათმა მამამ, და შეეშინდათ. და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: „შვილმკვდარად მაქციეთ მე: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინსაც წაიყვანთ, – ჩემს თავზეა ყველაფერი!“ და უთხრა რეუბენმა მამამისს: „ორივე ჩემი ძე მომიკალი, თუ არ მოგიყვანო იგი. მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ მას.“ უთხრა მას: „არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. და თუ შეემთხვევა ფათერაკი გზაზე, სადაც მიდიხართ, ჩემს ჭაღარას მწუხარებით ჩადებთ შავეთში.“ შიმშილი გაძლიერდა ქვეყანაზე. და როცა გაუთავდათ ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური, უთხრა მათ მამამ: „გაბრუნდით, იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.“ და უთხრა მას იუდამ: „მკაცრად გაგვაფრთხილა ჩვენ იმ კაცმა და გვითხრა: ‘ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა არ იქნება თქვენთან ერთად.’ თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, მაშინ ჩავალთ და ვიყიდით შენთვის საზრდოს. და თუ არ გაგვაყოლებ, ვერ წავალთ, რადგან იმ კაცმა გვითხრა, რომ ვერ ვიხილავთ მის სახეს, თუ ჩვენი ძმა არ იქნება ჩვენთან.“ და თქვა ისრაელმა: „რად მიბოროტეთ და უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?“ და მათ უთხრეს: „გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი, ამ სიტყვებით: ‘კიდევ ცოცხალია თქვენი მამა? გყავთ ძმა?’ და ჩვენ ვუპასუხეთ ამ სიტყვებზე. რა ვიცოდით, რომ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?“ და უთხრა იუდამ მამამისს: „გამოუშვი ყმაწვილი ჩემთან; და ჩვენ ავდგებით და წავალთ, და შიმშილით არ დავიხოცებით, არც შენ და არც ჩვენი ბავშვები! და მე ვარ თავდები მისი, ჩემი ხელიდან მოითხოვე იგი. თუ არ მოვიყვანე შენთან და წინ არ დაგიყენე, მაშინ შემცოდე ვიყო შენს წინაშე მთელი სიცოცხლე! რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ჩავიდოდით.“ და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: „თუ ასეა, ასე გააკეთეთ: აიღეთ ამ ქვეყნის ნაყოფთაგან და გაავსეთ ჭურჭლები. და ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და შტახსი, ფუსტუღი და ნუში. და ორმაგი ვერცხლი წაიღეთ თან. და თქვენს ტომრებში დაბრუნებული ვერცხლი დაუბრუნეთ. ეგებ შეცდომა იყო. თქვენი ძმა წაიყვანეთ. ადექით და დაბრუნდით იმ კაცთან. და ყოვლადძლიერმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ შებრალება იმ კაცის წინაშე, და გამოუშვას თქვენი სხვა ძმაც და ბენიამინიც. მე კი, როგორც ვიყავი შვილმკვდარი, ისე შვილმკვდრად დავრჩები.“ და აიღეს კაცებმა ეს საჩუქარი და ორმაგი ვერცხლი, და თან წაიყვანეს ბენიამინი. და ჩავიდნენ ეგვიპტეში, და წარდგნენ იოსების წინაშე. და დაინახა იოსებმა მათთან ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: „მიიყვანე ეს ხალხი სახლში, და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან უნდა ჭამონ პური ამ ხალხმა შუადღისას.“ და გააკეთა ამ კაცმა ისე, როგორც უთხრა იოსებმა, და მიიყვანა ისინი იოსების სახლში. და შეეშინდათ ძმებს, რადგან მიიყვანეს იოსების სახლში, და თქვეს: „ალბათ ჩვენს ტომრებში დაბრუნებული ვერცხლის გამო მოგვიყვანეს აქ, რათა ცილი დაგვწამონ და თავს დაგვესხან, და დაგვატყვეონ ჩვენ და ჩვენი სახედრები.“ და მივიდნენ ისინი იოსების სახლის მოურავთან, და ელაპარაკნენ მას ჭიშკართან. და უთხრეს მას: „მოგვისმინე, ბატონო! ჩვენ უწინაც ჩამოვსულვართ აქ საზრდოს საყიდლად, და როცა მივედით ჩვენ ღამისსათევში და გავხსენით ჩვენი ტომრები, ვნახეთ ჩვენი ვერცხლი ჩვენსავე ტომრებში. და გიბრუნებთ მას ჩვენივე ხელით. და სხვა ვერცხლი ჩამოვიტანეთ ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ჩვენი ვერცხლი ჩვენს ტომრებში!“ და უთხრა მათ: „იყავით მშვიდად! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა მოგცათ თქვენ განძი თქვენს ტომრებში. თქვენი ვერცხლი ჩემამდე მოვიდა.“ და გამოიყვანა მათთან სიმონი. და შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, და მისცა წყალი და დაიბანეს ფეხები. და მისცა საკვები მათ სახედრებს. და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური. და მოვიდა იოსები სახლში. და მიართვეს მას საჩუქარი, რომელიც ხელთ ჰქონდათ, და სცეს მას თაყვანი მიწამდე. და გამოჰკითხა იოსებმა მათ ჯანმრთელობა, და უთხრა: „ხომ ჯანმრთელადაა თქვენი მოხუცი მამა, რომელზეც თქვენ მელაპარაკეთ? ხომ კიდევ ცოცხალია?“ და მათ უთხრეს: „ჯანმრთელადაა მამაჩვენი, შენი მსახური, კიდევ ცოცხალია.“ და მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. და აღაპყრო იოსებმა თვალი, და დაინახა ბენიამინი, თავისი ძმა, ძე თავისი დედისა, და თქვა: „ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მეუბნებოდით?“ და თქვა: „ღმერთი გწყალობდეს შენ, ჩემო შვილო!“ და ისწრაფა იოსებმა, რადგან გაუღვივდა სიყვარული თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა. და გავიდა სხვა ოთახში და იქ ატირდა. და დაიბანა პირი და შემოვიდა. ძალი მოიცა და თქვა: „დააწყვეთ პური.“ და მოართვეს მას ცალკე და იმათ – ცალკე, და მასთან მეინახე ეგვიპტელებს ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს პურის ჭამა ებრაელებთან. სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის. და დასხდნენ მის წინაშე: პირმშო თავისი პირმშოობისაებრ და უმცროსი თავისი უმცროსობისაებრ და გაოცებით უყურებდნენ ერთმანეთს კაცები. და მიატანინა მათთვის თავისგან კერძი და ბენიამინის კერძი იყო ხუთჯერ მეტი სხვების კერძებზე. და სვეს მათ და გაიხარეს მასთან სმაში. და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: „აავსე ამ კაცების ტომრები იმდენი საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შეძლებენ, და დაუდევი თითოეულს თავისი ვერცხლი ტომრის პირზე. და ჩემი ვერცხლის თასი ჩადევი უმცროსის ტომარაში, და იქვე ჩადე მის მიერ ხორბალში გადახდილი ვერცხლი.“ და მან გააკეთა იოსების სიტყვებისამებრ, როგორც ბრძანა. და გათენდა, და გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით. ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, რომ იოსებმა უთხრა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რად მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ? ეს ხომ ისაა, რომლიდანაც სვამს ჩემი ბატონი და ამით მარჩიელობს? ცუდად მოიქეცით!’“ და დაეწია და გაუმეორა მათ ეს სიტყვები. და უთხრეს მათ: „რად ლაპარაკობს ჩემი ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მსახურები ამ საქმის ჩადენისგან! ის ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ადრე ჩვენს ტომრებში, დაგიბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან, და როგორ მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?! თუ რომელიმე ჩვენგანს აღმოაჩნდეს, მოკვდეს ის, ჩვენ კი დავემონებით ჩვენს ბატონს.“ და მან თქვა: „თქვენი სიტყვებისამებრ იყოს. ვისაც აღმოაჩნდება, იგი გამიხდეს მონად და დანარჩენები თავისუფალი იქნებით.“ და სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა, და მოხსნეს პირები. გაჩხრეკა უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. და აღმოჩნდა თასი ბენიამინის ტომარაში. და შემოიხიეს მათ თავიანთი სამოსელი, და დატვირთეს თავიანთი სახედრები და დაბრუნდნენ ქალაქში. და მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, ის კი ჯერ კიდევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე. და უთხრა მათ იოსებმა: „ეს რა გააკეთეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი კაცი, როგორიც მე ვარ, ყოველივეს გამოიცნობდა?“ და თქვა იუდამ: „რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ და რითი გავიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენს მსახურთა დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.“ და თქვა: „ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან.“ და მიეახლა მას იუდა, და უთხრა: „გევედრები, ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მსახურს ჩემი ბატონის ყურთა სასმენად, და ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან შენ ფარაონის ტოლი ხარ! ჩემმა ბატონმა გვკითხა მის მსახურთ: მამა ან ძმა თუ გყავთო. და ვუთხარით ჩვენ ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ძე, უმცროსი ძმა, რომელსაც მოუკვდა ძმა და ისღა დარჩა მისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს. და გვითხარი შენს მსახურთ: ‘ჩამოიყვანეთ იგი ჩემთან, და ჩემი თვალით ვნახავ.’ და ვუთხარით ჩვენს ბატონს: ‘არ შეუძლია ყმაწვილს მამის დატოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.’ და გვითხარი შენს მსახურთ: ‘თუ არ ჩამოვიდა თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად, ჩემ სახეს ვერ იხილავთ.’ და ჩვენ მივედით მამაჩვენთან, შენს მსახურთან, და მოვუთხრეთ ჩემი ბატონის სიტყვები. და გვითხრა მამაჩვენმა: ‘დაბრუნდით და იყიდეთ მცირედი საზრდო.’ და ვუთხარით: ‘არ შეგვიძლია წასვლა, ხოლო თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან, მაშინ წავალთ, რადგან, ვერ ვიხილავთ იმ კაცის სახეს, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან.’ და გვითხრა შენმა მსახურმა, მამაჩვენმა: ‘თქვენ იცით, რომ ორი მიშვა მე ჩემმა ცოლმა. და წავიდა ერთი ჩემგან, და ვთქვი: მხეცმა დაგლიჯა-მეთქი. იგი აქამდე აღარ მინახავს. წაიყვანთ ამასაც ჩემი პირისგან და, თუ შეემთხვა ფათერაკი, ჩადებთ ჩემს გამწარებულ ჭაღარას შავეთში.’ და ახლა, რომ მივუვალთ მამაჩვენს, შენს მსახურს, და ეს ყმაწვილი არ იქნება ჩვენთან, რომლის სულთანაც გადასკვნილია მისი სული, და როცა ნახავს, რომ ის არ არის ჩვენთან, მოკვდება, და ჩადებენ შენი მსახურნი შენი მსახურის, მამაჩვენის, ჭაღარას დამწუხრებულს შავეთში. შენი მსახური მამაჩემთან გავხდი თავდები ამ ყმაწვილისათვის, როცა ვუთხარი: ‘თუ არ მოგიყვან მას, მაშინ შემცოდე ვიყო მამაჩემის წინაშე სამუდამოდ.’ და ახლა მე, შენი მსახური, დავრჩები მონად ჩემს ბატონთან ამ ყმაწვილის ნაცვლად, ეს ყმაწვილი კი წავიდეს თავის ძმებთან ერთად, რადგან როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი არ იქნება ჩემთან? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, რომელიც მამაჩემს ეწევა!“ ვეღარ შეძლო იოსებმა თავის შეკავება თავის მხლებლებთან და დაიძახა: „გაიყვანეთ ყველანი ჩემგან!“ და არავინ იდგა მასთან, როცა გაუმჟღავნა იოსებმა თავი ძმებს. და ხმამაღლა ატირდა, და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლმაც. და უთხრა თავის ძმებს: „მე ვარ იოსები. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?“ და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა მისთვის, რადგან შეცბნენ მის წინაშე. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მოდით ჩემთან!“ და მივიდნენ ისინი. და მან თქვა: „მე ვარ იოსები, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ. და ახლა ნუ სწუხხართ და ნუღარ ჯავრობთ, რომ აქ გამყიდეთ, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა მე ღმერთმა თქვენს წინაშე. რადგან ეს ორი წელია, რაც შიმშილია ქვეყანაზე, და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. და მომავლინა ღმერთმა თქვენს წინ, რათა დაგიტოვოთ ნატამალი ქვეყანაზე და შეგინარჩუნოთ სიცოცხლე დიდი შველით. თქვენ კი არ გამომგზავნეთ მე აქ, არამედ ღმერთმა, და მან დამადგინა ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად, და მთელი ეგვიპტის ქვეყნის მთავრად. იჩქარეთ და ადით მამაჩემთან, და უთხარით: ‘ასე თქვა შენმა ძემ, იოსებმა: ღმერთმა მომავლინა ბატონად მთელი ეგვიპტისა. ჩამოდი ჩემთან, ნუ დააყოვნებ! და იცხოვრებ გოშენის ქვეყანაში, და იქნები ჩემს მახლობლად, შენ, და შენი ძენი, და შენს ძეთა ძენი, და შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი მონაგები. და მე გარჩენ შენ იქ, რადგან კვლავ ხუთი წელი იქნება შიმშილი, რათა არ გაღატაკდეთ შენ და შენი სახლი, და მთელი შენი მონაგები.’ ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ჩემი ბაგენი გელაპარაკებიან თქვენ. და უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში, და ყველაფერი უამბეთ, რაც იხილეთ. და სწრაფად ჩამოიყვანეთ მამაჩემი აქ.“ და ყელზე მოეხვია თავის ძმას, ბენიამინს და ატირდა; და ბენიამინიც ტიროდა მის ყელზე ყელგადაჭდობილი. და კოცნიდა ყველა თავის ძმას, და ტიროდა მათთან ერთად. და ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მას მისი ძმები. და მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, რომ იოსების ძმები ჩამოვიდნენ. და მოეწონათ ეს ფარაონსა და მის მსახურებს. და უთხრა ფარაონმა იოსებს: „უთხარი შენს ძმებს: ასე გააკეთეთ: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და გასწიეთ ქანაანის ქვეყანაში. და წამოიყვანეთ თქვენი მამა და თქვენ-თქვენი სახლი, და ჩემთან მოდით. და მოგცემთ საუკეთესოს ეგვიპტის ქვეყნის მიწაზე, და ჭამეთ ამ მიწის ღალა. და შენ კი გებრძანა, უთხრა: ასე გააკეთეთ, წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ეტლები თქვენი ბავშვებისათვის და თქვენი ცოლებისათვის, და წამოიყვანეთ მამათქვენი და მოდით; და თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ნივთებზე, რადგან მთელი ეგვიპტის ქვეყნის საუკეთესო თქვენი იქნება.“ და ასეც გააკეთეს ისრაელის ძეებმა. და მისცა მათ იოსებმა ეტლები და საგზალი, როგორც უბრძანა მას ფარაონმა. თითოეულ მათგანს მისცა თითო ხელი სამოსელი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი. და მამამისს აგრეთვე გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ხრდალი ვირი ხორბლით, პურითა და საკვებით დატვირთული, მამამისის სამგზავროდ. და გაუშვა თავისი ძმები, და წავიდნენ. და უთხრა მათ: ნუ იდავებთ გზაში. და წავიდნენ ისინი ეგვიპტიდან, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან. და აუწყეს მას და უთხრეს: „იოსები ცოცხალია და განმგებლობს მთელს ეგვიპტის ქვეყანაზე!“ და შეკრთა მისი გული, რადგან არ ერწმუნა მათ. და გადასცეს მას იოსების ყოველი სიტყვა, და დაინახა მან ეტლები, რომელნიც იოსებმა გამოგზავნა მის წასაყვანად. და გაცოცხლდა სული იაკობისა, მათი მამისა. და თქვა ისრაელმა: „იოსები, ჩემი ძე, ცოცხალია! წავალ და ვნახავ მას, სანამ არ მოვმკვდარვარ.“ და აიყარა ისრაელი, და თან წაიღო მთელი თავისი მონაგები, და მივიდა ბეერ-შებაყში, და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს. და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ხილვაში: „იაკობ! იაკობ!“ და თქვა: „აქა ვარ!“ და უთხრა მან: „მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში, და მევე გამოგიყვან უკან. და იოსები დაგიხუჭავს თვალებს თავისი ხელით.“ და გაემართა იაკობი ბეერ-შებაყიდან. და წაიყვანეს ისრაელის ძეებმა იაკობი, თავისი მამა, და თავიანთი ნორჩები და თავიანთი ცოლები ეტლებით, რომლებიც გამოგზავნა ფარაონმა მათ წასაყვანად. და წამოასხეს თავიანთი საქონელი, წამოიღეს თავიანთი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში, და ჩავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად. თავისი ძენი და თავის ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, და მთელი თავისი შთამომავლობა მიიყვანა თავისთან ერთად ეგვიპტეში. და ესენია სახელები ეგვიპტეში მისულ ისრაელის ძეთა: იაკობი და მისი ძენი: პირმშო იაკობისა რეუბენი. და ძენი რეუბენისა: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. და ძენი სიმონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. და ძენი ლევისა: გერშონი, კეჰათი და მერარი. და იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი დაიხოცნენ ქანაანის ქვეყანაში. და იყვნენ ძენი ფერეცისა: ხეცრონი და ხამული. და ძენი ისაქარისა: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი. და ძენი ზებულუნისა: სერედი, ელონი და იახლელი. და ესენი იყვნენ ძენი ლეასი, რომელმაც უშვა იაკობს ფადან-არამში, და დინა, მისი ასული. მისი ძენი და ასულნი სულ იყვნენ ოცდაცამეტი სული. და ძენი გადისა: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი. და ძენი აშერისა: იმნა, იშვა, იშვი და ბერიყა, და სერახი მათი და; და ძენი ბერიყასი: ხებერი და მალქიელი. და ესენი იყვნენ ძენი ზილფასი, რომელიც ლაბანმა მისცა ლეას, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს თექვსმეტი სული. და ძენი რახელისა, იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი. და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მენაშე და ეფრემი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა. და ძენი ბენიამინისა: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი. ესენი იყვნენ რახელის ძენი, რომელნიც შეეძინენ იაკობს, სულ თოთხმეტი სული. და ძე დანისა – ხუშიმი. და ძენი ნაფთალისა: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი. ესენია ძენი ბილჰასი, რომელიც ლაბანმა გაატანა რახელს, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს სულ შვიდი სული. ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი საზარდულიდან გამოსულნი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, სულ იყო სამოცდაექვსი სული. და იოსების ძენი, რომელნიც მას შეეძინა ეგვიპტეში, ორნი იყვნენ. და ყველა სული იაკობის სახლისა, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ მივიდნენ, სამოცდაათი იყო. და იუდა გაუშვა თავის წინ იოსებთან, რომ ესწავლებინა გოშენის გზა. და მივიდნენ გოშენის ქვეყანაში. და შეკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან, შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეხვია, და დიდხანს ტიროდა მის ყელზე. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ისევ ცოცხალი ხარ!“ და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და თავის მამის სახლს: „მე ავალ და მოვუთხრობ ფარაონს, და ვეტყვი მას: ‘ჩემი ძმები და მამაჩემის სახლი, რომელნიც ცხოვრობდნენ ქანაანის ქვეყანაში, მოვიდნენ ჩემთან; ეს კაცები, ცხვრის მწყემსები არიან, რადგან მეჯოგე ხალხია ისინი. და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, და მთელი მათი მონაგები, მოიყვანეს.’ და თუ მოგიხმობთ ფარაონი და გეტყვით: ‘რა არის თქვენი საქმიანობა?’ ეტყვით: ‘მეჯოგე ხალხი იყვნენ შენი მსახურნი, სიყრმიდან ასე იყვნენ დღემდე, ჩვენც, ასევე – ჩვენი მამებიც;’ რათა დამკვიდრდეთ გოშენის ქვეყანაში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი ცხვრის მწყემსი. და მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: „მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან თავიანთი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით და მთელი თავიანთი მონაგებით. და გოშენის მიწაზე არიან ისინი.“ და თავის ძმათაგან ხუთი კაცი წაიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე. და უთხრა ფარაონმა მის ძმებს: „რა არის თქვენი საქმიანობა?“ და უთხრეს ფარაონს: „ცხვრის მწყემსები ვართ შენი მსახურნი, ჩვენც და ჩვენი მამებიც.“ და უთხრეს ფარაონს: „ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან არაა საძოვარი შენს მსახურთა ცხვრისათვის ქანაანში შიმშილობის გამო. და ახლა დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე.“ და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მამაშენი და შენი ძმები მოვიდნენ შენთან. ეგვიპტის ქვეყანა შენს წინაშეა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ გეგულება მათ შორის უნარიანი კაცები, სარქლებად დაუდგინე ჩემს საქონელს.“ და მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე, და აკურთხა იაკობმა ფარაონი. და უთხრა ფარაონმა იაკობს: „რამდენია შენი სიცოცხლის წელთა დღეები?“ და უთხრა იაკობმა ფარაონს: „ჩემი ხიზნობის წელთა დღეები ას ოცდაათ წელს ითვლის. მოკლე და ავი იყო ჩემი სიცოცხლის წელთა დღენი, და ვერ მიაღწიეს მათ ჩემი მამების წელთა დღეებს, ხიზნობაში რომ გაატარეს.“ და აკურთხა იაკობმა ფარაონი, და გამოვიდა ფარაონისაგან. და დაასახლა იოსებმა თავისი მამა და თავისი ძმები, და მისცა მათ სამფლობელო ეგვიპტის ქვეყანაში, ქვეყნის საუკეთესო ადგილას, რაყმესესის ქვეყანაში, როგორც ბრძანა ფარაონმა. და ამარაგებდა იოსები თავის მამასა და თავის ძმებს, და მთელს მათ სახლს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით. და პური არ იყო მთელ ქვეყანაზე, რადგან შიმშილი გაძლიერდა ძალზე. და დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან. და შეკრიბა იოსებმა მთელი ვერცხლი, რომელიც შემოდიოდა ეგვიპტესა და ქანაანის ქვეყანაში ხორბლის გაყიდვით, და შეიტანა ეს ვერცხლი ფარაონის სახლში. და გამოილია ვერცხლი ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან, და უთხრეს: „მოგვეცი პური! ვერცხლი რომ გამოგველია, იმიტომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე?“ და უთხრა მათ იოსებმა: „წამოასხით თქვენი საქონელი და მე მოგცემთ თქვენი საქონლის საზღა ურს, თუ გამოგელიათ ვერცხლი.“ და მიუყვანეს თავიანთი საქონელი იოსებს. და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებში, ცხვარში, ძროხაში და სახედრებში, და ამარაგებდა მათ იმ წელს პურით მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ. და დასრულდა ის წელი. და მივიდნენ მასთან მეორე წელს, და უთხრეს მას: „არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ ვერცხლი გამოგველია და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა. არაფერი არ შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა. რატომ უნდა მოვისპოთ შენს თვალწინ, და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურში, და ვიქნებით ფარაონის მონები. და მოგვეცი თესლი, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ, და მიწა არ გაუკაცრიელდეს“. და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისათვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი საყანე, როცა იმძლავრა მათზე შიმშილმა. და გახდა მიწა ფარაონისა. და მონებად აქცია მან ხალხი ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან დაწესებული იყო ქურუმთათვის ნაკვეთები ფარაონისაგან, და თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც მათ მისცა ფარაონმა. ამიტომ არ გაყიდეს მათ თავიანთი მიწები. და უთხრა იოსებმა ხალხს: „აჰა, ნაყიდი მყავხართ თქვენ დღეს ფარაონისათვის თქვენს მიწებთან ერთად. აჰა, აქ არის თესლი თქვენთვის და დათესეთ მიწა. და მოსავლის აღებისას მიეცით მეხუთედი ფარაონს, ოთხი წილი კი თქვენი იქნება მინდვრის დასათესად და თქვენს გამოსაკვებად, და თქვენს სახლში მყოფთა და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად.“ და თქვეს: „შენ იხსენი ჩვენი სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.“ და დაადგინა იოსებმა კანონად ეგვიპტის მიწაზე დღემდე: მოსავლის მეხუთედი ფარაონს. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ იყო ფარაონისა. და დასახლდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. და დაეუფლნენ მას, და მოშენდნენ და ძალზე მომრავლდნენ. და სახლობდა იაკობი ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი, და იყო მისი სიცოცხლის დღენი ას ორმოცდაშვიდი წელი. და მოახლოვდა ჟამი ისრაელის სიკვდილისა, და უხმო თავის ძეს, იოსებს და უთხრა მას: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამომიდევი შენი ხელი საზარდულქვეშ და მიყავი წყალობა და ერთგულება: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში, რათა განვისვენო ჩემს მამებთან, წამიღებ ეგვიპტიდან და დამმარხავ მათ სამარხში.“ და უთხრა: „შენი სიტყვისამებრ გავაკეთებ!“ და უთხრა: „შემომფიცე!“ და შეჰფიცა. და თაყვანი სცა ისრაელმა საწოლის სასთუმალზე. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს: „აჰა, ავად არის მამაშენი“. და მან თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მენაშე და ეფრემი. და აუწყეს იაკობს: „აჰა, შენი ძე იოსები მოდის შენთან.“ და ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე. და უთხრა იაკობმა იოსებს: „ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა მე ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა მე და მითხრა: „ნაყოფიერად გაქცევ მე და მოგამრავლებ, და გაქცევ ხალხების კრებულად. და მიმიცია ეს ქვეყანა შენი თესლისათვის შენს შემდეგ საუკუნო სამფლობელოდ. და ახლა შენი ორი ძე, რომლებიც შეგეძინა შენ ეგვიპტის ქვეყანაში, შენთან ჩემს მოსვლამდე, ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, ისევე როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები. და შენი შვილები, რომელნიც შეგეძინება მათ შემდეგ, შენი იქნებიან. ისინი თავიანთი ძმების სახელით იწოდებიან თავიანთ სამკვიდროში. და მე შუამდინარეთიდან წამოსვლისას მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაზე, ეფრათამდე არ ვიყავი მისული, და იქ დავმარხე ეფრათას გზაზე, რომელსაც ახლა ბეთლემი ჰქვია.“ და იხილა ისრაელმა იოსების ძენი, და თქვა: „ვინ არიან ესენი? და უთხრა იოსებმა: „ჩემი ძენი არიან ესენი, რომელნიც მომცა აქ ღმერთმა.“ და უთხრა მან: „მომიყვანე ისინი და ვაკურთხებ!“ ისრაელს თვალები დაუმძიმდა სიბერისაგან და ვერ ხედავდა. და მიუყვანა ისინი მას, და გადაკოცნა და მოეხვია მათ. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „არ მქონდა იმედი შენი პირის კვლავაც ხილვისა, და აჰა, მახილვინა ღმერთმა შენი ძენიც.“ და გადმოსვა იოსებმა ისინი მამის მუხლებიდან და თაყვანი სცა მას მიწამდე. და მოიყვანა იოსებმა ორივე: ეფრემი თავის მარჯვნივ, ისრაელის მარცხენა მხარეს, და მენაშე თავის მარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს, და მიიყვანა მასთან. და გაიწოდა ისრაელმა თავისი მარჯვენა, და დაადო ეფრემს თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა – მენაშეს თავზე. განზრახ დაასხა მან ხელები ასე, თუმცა პირმშო მენაშე იყო. და აკურთხა იოსები, და თქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს იმ ხნიდან, რაც ვარ, ამ დღემდე, ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი და იწოდებოდნენ ისინი ჩემი სახელით და ჩემი მამების აბრაამისა და ისაკის სახელით, და გამრავლდნენ დიდად ქვეყნის შუაგულში.“ და დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა თავისი მარჯვენა ხელი, და შეწუხდა. და აიღო თავისი მამის ხელი, რათა გადაენაცვლებინა ის ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე. და უთხრა იოსებმა თავის მამას: „ასე არა, მამაჩემო, რადგან ეს არის პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა.“ მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება. მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.“ და აკურთხა ისინი იმ დღეს, და უთხრა: „შენით აკურთხებს ისრაელი, ამ სიტყვებით: ‘ღმერთმა გაგხადოს როგორც ეფრემი და როგორც მენაშე!’“ და დააყენა ეფრემი მენაშეზე მაღლა. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აჰა, მე ვკვდები და თქვენთან იქნება ღმერთი, და დაგაბრუნებთ თქვენი მამების მიწაზე. შენთვის მომიცია მიწის ერთი ნაკვეთი შენს ძმათა წინაშე, რომელიც დავიპყარი ამორეველთა ხელიდან ჩემი მახვილითა და ჩემი მშვილდით.“ და მოუხმო იაკობმა თავის ძეთ, და უთხრა: „შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! და უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს! რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და პირველნაყოფი ჩემი ძალისა, ჭარბობ ღირსებით და ძალმოსილებით! სწრაფი ხარ წყალივით, მაგრამ არ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე სარეცელი ჩემი! სიმონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის იარაღია მათი მახვილი. მათ თათბირზე ნუ მივა ჩემი სული, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან თავიანთ რისხვაში მოკლეს კაცი და თავიანთი ჟინით გამოძარღვეს ხარი! წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან ძლიერია, და მათი წყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობში, და გავაბნევ ისრაელში! იუდა! შენ შეგაქებენ შენი ძმანი. შენი ხელი შენს მტერთა ხერხემალზეა, და გეთაყვანებიან შენს მამაშენის ძენი. ლომის ლეკვია იუდა, აღმართულხარ, შვილო ჩემო, ნადავლით ხელში. წაიხარა, დაწვა როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი. ვინ გაბედავს მის წამოგდებას? არ მოსცილდება კვერთხი იუდას და მბრძანებელს არგანი დარჩება მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა ვისაც ის ეკუთვნის და დაემორჩილებიან მას ხალხები! ის გამოაბამს ვაზზე თავის ჩოჩორს და ლერწზე თავისი ვირის ნაშიერს. ღვინოში ჩარეცხავს ის თავის სამოსელს და ყურძნის სისხლში – ტანსაცმელს. თვალები მისი ღვინის უწითლესია და კბილები მისი რძის უთეთრესი! ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დაემკვიდრება და ხომალდთა სანაპიროზე იქნება. და ციდონს მისწვდება საზღვარი მისი! ისაქარი მაგარი ვირია, საპალნეებს შუა გაშხლართული. და დაინახა, რომ კარგია მოსვენება, და რომ საამურია მიწა. წაუხრია მხრები ტვირთის საზიდავად და გახდა ხარკის მუშა! დანი განსჯის თავის ხალხს, როგორც ერთ ტომს ისრაელისა. და იქნება დანი გველად გზაზე და ასპიტად ბილიკზე, დამგესლავი ცხენის ტერფისა. და გადაყირავდება მისი მხედარი! შენგან მოველი ხსნას, უფალო! გადს მოაწყდებიან ურდოები და ის თავად მისწვდება მათ ქუსლებს. აშერის პური ყუათიანია და იგი გასცემს სამეფო ნუგბარს. ნაფთალი ლაღი ფურირემია, მომცემი მოხდენილ სიტყვათა. ნაყოფიერი ყლორტია იოსები, ნაყოფიერი ყლორტია წყაროს თავზე, გალავანზეა მისი ტოტები! გაამწარეს ის და დაისრეს, და მტრობდნენ მას მოისარნი. და მისი მშვილდი კვლავ მაგარია და მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის მძლავრის ხელით. აქედანაა მწყემსი, საყრდენი ლოდი ისრაელისა. მამაშენის ღმერთისაგან – შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან – გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით. კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე. იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე. ბენიამინი მტაცებელი მგელია: დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოთი გაანაწილებს ნადავლს.“ ყველა ესენი ისრაელის თორმეტი ტომია. და ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ. და აკურთხა ისინი, თითოეული თავისი კურთხევით. და უბრძანა მათ: „მე შევეძინები ჩემს ხალხს. დამმარხეთ ჩემს მამებთან მღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის მინდორზეა. მღვიმეში, რომელიც მახფელას მინდორზეა, მამრეს გასწვრივ, ქანაანის ქვეყანაში, მინდორზე, რომელიც იყიდა აბრაამმა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად. იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავმარხე მე ლეა. ეს მინდორი და მღვიმე, რომელიც არის იქ, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.“ და დაასრულა იაკობმა ბრძანება თავის ძეთათვის, და აკრიბა სარეცელზე ფეხები და აღესრულა, და შეეძინა თავის ხალხს. და დაემხო იოსები თავისი მამის პირისახეს, და დასტიროდა და ჰკოცნიდა მას. და უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და მკურნალებმა შემურვეს ისრაელი. და შეუსრულდა მას ორმოცი დღე. რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას და დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათი დღე. და განვლეს მისი გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს: „თუკი ვპოვე მადლი თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს, რომ მამაჩემმა დამაფიცა მე ამ სიტყვებით: ‘აჰა, მე ვკვდები და ჩემს სამარხში, რომელიც გავითხარე ქანაანის ქვეყანაში, დამმარხეთ.’ და ახლა წავალ და დავმარხავ მამაჩემს, და დავბრუნდები“. და უთხრა ფარაონმა: „წადი და დამარხე მამაშენი, როგორც მან დაგაფიცა.“ და წავიდა იოსები თავისი მამის დასამარხავად. და წაჰყვნენ მას ფარაონის მსახურნი, მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი, და იოსების მთელი სახლი, და მისი ძმანი, და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის ქვეყანაში. და მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და მხედრები. და იყო ეს ძალზე დიდი ბანაკი. და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და ძალზე მძიმე გოდებით. და გაუმართა მამას შვიდდღიანი გლოვა. და იხილეს ქანაანის ქვეყნის მცხოვრებლებმა ეს გლოვა ატადის კალოზე, და თქვეს: „მძიმეა ეს გლოვა ეგვიპტელთათვის!“ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ-მიცრაიმი, რომელიც იორდანეს გაღმაა. და აღუსრულეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უბრძანა მათ. და წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, და დამარხეს იგი მახფელას მინდვრის მღვიმეში, რომელიც საკუთრებად იყიდა აბრაამმა ამ მინდორთან ერთად ხეთელი ყეფრონისაგან, მამრეს გასწვრივ. და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველა იმათთან ერთად, ვინც იყვნენ წასულნი მამამისის დასამარხავად, მათ მიერ მამის დამარხვის შემდეგ. და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, და თქვეს: „ვაითუ გვიმტროს იოსებმა ყველა იმ ბოროტებისათვის, რაც გავუკეთეთ მას!“ და შეუთვალეს იოსებს: „მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ: ‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. და ახლა აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს.’“ და ატირდა იოსები, როცა ამას ეუბნებოდნენ. და მოვიდნენ თვით მისი ძმებიც, და დაემხნენ მის წინაშე, და უთხრეს: „შენი მსახურნი ვართ ჩვენ!“ და უთხრა მათ იოსებმა: „ნუ შიშობთ, რამეთუ მე ღმერთის მეშინია. აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა გაეკეთებინა ის, რაც ახლა არის: სიცოცხლე შეენარჩუნებინა უამრავი ხალხისათვის. და ახლა ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.“ და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ. და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში თავისი მამის სახლთან ერთად. და იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი. და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. და ასევე ძენი მაქირისა, მენაშეს ძისა, დაიბადნენ იოსების მუხლებზე. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მე ვკვდები და გაგიხსენებთ თქვენ ღმერთი, და აგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელზეც შეჰფიცა აბრაამს, ისაკსა და იაკობს.“ და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა გაგიხსენებთ ღმერთი, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!“ და მოკვდა იოსები ას ათი წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში. ესენია ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში. თითოეული თავისი სახლით შევიდა. რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა, ისაქარი, ზებულუნი და ბენიამინი. დანი და ნაფთალი, გადი და აშერი. და ყოველი მათგანი გამოსული იყო იაკობის საზარდულიდან, სამოცდაათი სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო. და მოკვდა იოსები და ყველა მისი ძმა, და მთელი თაობა. ხოლო ისრაელის ძეთ ინაყოფეირეს და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აღივსო ის ქვეყანა მათით. და დადგა ახალი მეფე ეგვიპტეზე, რომელიც არ იცნობდა იოსებს, და უთხრა თავის ხალხს: „ისრაელის ძეთა ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია. მოდით, სიბრძნით მოვიქცეთ მის მიმართ, თორემ უფრო გამრავლდება. და ოდესმე, თუ მოხდა ომი, შეუერთდება ჩვენს მტრებს და იომებს ჩვენს წინააღმდეგ და გავა ქვეყნიდან.“ და დაუდგინეს მას საქმის უფროსნი, რათა დაეჩაგრათ იგი მძიმე შრომით. და მან ააშენა სამარაგო ქალაქები ფარაონისთვის: ფითომი და რაყმესესი. და რაც უფრო ტანჯავდნენ მას, მით უფრო მრავლდებოდა იგი და ვრცელდებოდა, და ეშინოდათ მათ ისრაელის ძეთა. და ამუშავებდნენ ეგვიპტელნი ისრაელის ძეთ უწყალოდ. და გაუმწარეს სიცოცხლე მძიმე შრომით თიხაზე და აგურზე, და ყოველგვარი სამუშაოთი მინდორში, ყოველი საქმით, რაზედაც აიძულებდნენ მათ უწყალოდ. და უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთის სახელი იყო შიფრა და მეორისა ფუყა, და უთხრა: „როდესაც ამშობიერებთ ებრაელ ქალებს, უყურეთ მათ სამშობიარო ადგილზე: თუ ვაჟია, მოკალით, და თუ ქალია, იცოცხლოს. და შეეშინდათ ბებიაქალებს ღვთისა და არ აკეთებდნენ, როგორც ეგვიპტის მეფემ უბრძანა: ტოვებდნენ ცოცხლად ვაჟებს. და დაიბარა ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები, და უთხრა მათ: „ამას როგორ შვრებით, ცოცხალს როგორ ტოვებთ ვაჟებს?“ და უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: „ებრაელი ქალები როდი არიან ეგვიპტელი ქალებივით – ჯანიანები არიან და, სანამ მივიდოდეს მათთან ბებიაქალი, ისინი უკვე ნამშობიარები არიან. და უყო კეთილი ღმერთმა ბებიაქალებს. და ხალხი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა. რაკი ეშინოდათ ბებიაქალებს ღვთისა, უშენებდა იგი მათ სახლებს. და უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს ასე: „ყველა ახალშობილი ვაჟი მდინარეში გადააგდეთ, ხოლო ყველა ქალი ცოცხალი დატოვეთ.“ წავიდა ერთი კაცი ლევის სახლიდან და მოიყვანა ცოლად ასული ლევისა. დაორსულდა ეს ქალი და შვა ვაჟი და, როცა დაინახა, რომ კარგი იყო, მალავდა მას სამ თვეს. და როცა მეტი ვეღარ შეძლო მისი დამალვა, აიღო ლერწმის კალათა და შეგოზა იგი კუპრით და ფისით, და ჩააწვინა მასში ყრმა და დადგა ლერწმიანში, მდინარის ნაპირას. და დადგა მისი და მოშორებით, რათა გაეგო, რა მოუვიდოდა მას. და ჩავიდა ფარაონის ასული საბანაოდ მდინარეზე. ხოლო მისი მოახლენი მიმოდიოდნენ მდინარის პირას. და დაინახა კალათა ლერწმიანში, და გაგზავნა თავისი მოახლე და მან აიღო იგი. გახსნა და ნახა ბავშვი და აჰა, ტირის ყრმა. შეებრალა იგი და თქვა: „ებრაელ ბავშვთაგანია ეს.“ და უთხრა მისმა დამ ფარაონის ასულს: „ხომ არ წავიდე და მოვიყვანო ძიძა ებრაელთაგან, რომ გამოგიკვებოს ყრმა?“ და უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წადი.“ წავიდა გოგონა და დაუძახა ყრმის დედას. და უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წაიყვანე ეს ყრმა და გამოკვებე და მოგცემ გასამრჯელოს.“ და აიყვანა ქალმა ყრმა და კვებავდა მას. და გაიზარდა ყრმა, და მიუყვანა იგი ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა იგი და უწოდა მას სახელად მოსე, და თქვა: „რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი.“ და მოხდა ეს იმ დღეებში, როცა გაიზარდა მოსე და გამოვიდა თავის ძმებთან, და იხილა მათი მძიმე შრომა. და დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის ძმათაგანს. მიიხედ-მოიხედა და, როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ის ეგვიპტელი და ჩაფლა ქვიშაში. და გამოვიდა მეორე დღეს, და აჰა, ორი ებრაელი კაცი ჩხუბობს. და უთხრა მან დამნაშავეს: „რად სცემ შენს მოყვასს?“ და მან უთხრა: „ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩვენზე? ჩემი მოკვლაც ხომ არ გინდა, როგორც ეგვიპტელი მოკალი?“ შეეშინდა მოსეს და თქვა: „ნამდვილად ცნობილი გამხდარა ეს ამბავი.“ და გაიგო ფარაონმა ეს ამბავი, და მოინდომა მოსეს მოკვლა. მაგრამ გაიქცა მოსე ფარაონისაგან და გაჩერდა მიდიანის ქვეყანაში, და ჩამოჯდა ჭასთან. მიდიანელ მღვდელს შვიდი ასული ჰყავდა. და მოვიდნენ და ამოხაპეს წყალი, და აავსეს გეჯები თავიანთი მამის წვრილფეხა საქონელის დასარწყულებლად. და მოვიდნენ მწყემსები და გარეკეს ისინი. და ადგა მოსე და გამოექომაგა მათ, და დაარწყულა მათი წვრილფეხა საქონელი. და მივიდნენ ისინი რეღუელთან, თავიანთ მამასთან. და მან უთხრა მათ: „დღეს ასე ადრე რად მოსულხართ?“ და უთხრეს: „ეგვიპტელმა კაცმა გვიხსნა მწყემსთაგან. წყალიც ამოგვიხაპა და წვრილფეხა საქონელიც დაარწყულა.“ უთხრა თავის ასულებს: „სადაა იგი? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, ჭამოს პური.“ და დათანხმდა მოსე, რომ ეცხოვრა ამ კაცთან. და მანაც მიათხოვა ციფორა, თავისი ასული, მოსეს. და შვა ქალმა ვაჟი, და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: „ხიზანი ვიყავი უცხო ქვეყანაში.“ გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა, და კვნესოდნენ ისრაელის შვილები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს. და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის მიმართ. და დაინახა ღმერთმა ისრაელის ძენი, და მოხედა მათ ღმერთმა. მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის ითროს წვრილფეხა საქონელს. წაასხა მან წვრილფეხა საქონელი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს. და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში შუაგულ მაყვალში. და დაინახა: აჰა, მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ მაყვალი არ იწვის. და თქვა მოსემ: „წავალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რად არ იწვის ეს მაყვალი?“ და დაინახა უფალმა, რომ წავიდა სანახავად, და დაუძახა მას ღმერთმა მაყვალის შუაგულიდან და უთხრა: „მოსე! მოსე!“ და თქვა: „აქა ვარ“. და უთხრა მას უფალმა: „ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხზე შენი ფეხსაცმელი, რადგან ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა.“ და უთხრა: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.“ და დაიფარა მოსემ სახე, რადგან შეეშინდა ღმერთის ხილვისა. და უთხრა უფალმა: „ხილვით ვიხილე ტანჯვა ჩემი ხალხისა, რომელიც ეგვიპტეშია, და ვისმინე მისი კვნესა აღმსრულებელთაგან, რადგან მე ვიცი მისი სატკივარი. და ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთა ხელიდან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან, და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი – ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსეველთა ადგილზე. და აჰა, ისრაელის ძეთა კვნესამ მოაწია ჩემამდე, და ასევე ვიხილე ჩაგვრა, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ. ახლა კი წადი და მიგავლენ ფარაონთან, და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი, ეგვიპტიდან. და უთხრა მოსემ ღმერთს: „მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ისრაელის ძენი ეგვიპტიდან?“ და თქვა: „მე ვიქნები შენთან და ეს გექნება ნიშნად, მე რომ მიგავლინე: როცა გამოიყვან ამ ხალხს ეგვიპტიდან, ემსახურეთ ღმერთს ამ მთაზე.“ და უთხრა მოსემ ღმერთს: „აჰა, მე მივალ ისრაელის ძეებთან, და ვეტყვი მათ: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და მეტყვიან: ‘რა არის მისი სახელი?’ რა ვუთხრა მათ?“ და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – მე ვარმა მომავლინა-თქო თქვენთან.“ კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ეს არის საუკუნოდ სახელი ჩემი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე. წადი და შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა მე; ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა, და თქვა ასე: ‘მონახულებით მოგინახულეთ თქვენ. დავინახე რა ხდება თქვენს თავს ეგვიპტეში. მე ვთქვი: წაგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსეველთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი.’ მოისმენენ შენს ხმას, და მიხვალთ შენ და ისრაელის უხუცესნი ეგვიპტის მეფესთან, და ეტყვით მას: ‘უფალმა, ებრაელთა ღმერთმა მოგვიწოდა, ჩვენ და ახლა წავალთ სამი დღის სავალ გზაზე უდაბნოში და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.’ ვიცი, რომ ეგვიპტის მეფე არ გაგიშვებთ, თუ არ აიძულებს მას ძლიერი ხელი. და გავიწვდი ხელს, და განვგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რასაც მოვახდენ მასში. და ამის შემდეგ გაგიშვებთ. და ამ ხალხს მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში. როცა წახვალთ, არ წახვალთ ხელცარიელნი. და ინათხოვროს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი ხიზანი ქალისაგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი, და სამოსელი. და შემოსეთ თქვენი ძენი და ასულნი, და გაძარცვეთ ეგვიპტელნი.“ და თქვა მოსემ: „არ დამერწმუნებიან და არ მოისმენენ ჩემს ხმას, რადგან მეტყვიან, არ გამოგცხადებიაო უფალი.“ და თქვა უფალმა: „რა გაქვს ხელში?“ თქვა: „კვერთხი.“ და თქვა: „დააგდე მიწაზე!“ და დააგდო ის მიწაზე და იქცა გველად, და გაიქცა მოსე მისგან. და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი და დაიჭირე იგი კუდით.“ და მან გაიწოდა ხელი და დაიჭირა იგი, და გადაიქცა კვერთხად მის ხელში. „ეს იმისთვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა შენ უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. და უთხრა მას უფალმა კვლავ: „ჩაიყავი ხელი უბეში.“ და მან ჩაიყო ხელი უბეში და, როდესაც უკან გამოიღო, აჰა, მისი ხელი თოვლივით იყო კეთრისგან. და უთხრა: „ისევ ჩაიყავი ხელი უბეში.“ და ჩაიყო მან ხელი უბეში. უკან გამოიღო ხელი უბიდან და აჰა, დაუბრუნდა მას თავისი ხორცის ფერი. „და თუ არ დაგერწმუნებიან და არ მოისმენენ პირველი სასწაულის ხმას, მეორე სასწაულის ხმას მაინც დაერწმუნებიან. და თუ არ დაერწმუნებიან ამ ორივე სასწაულს და არ მოისმენენ შენს ხმას, აიღებ მდინარის წყლიდან და დაღვრი ხმელეთზე. და ეს წყალი, რომელსაც ამოიღებ მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე.“ და უთხრა მოსემ უფალს: „გევედრები, უფალო! მე არ ვყოფილვარ კაცი ენამჭევრი არც გუშინ, არც გუშინწინ, და არც მაშინ, როცა შენ დაელაპარაკე შენს მსახურს, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.“ და უთხრა მას უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს ან ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან მხედველს, ან ბრმას, თუ არა მე, უფალი? და ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან, და გასწავლი, რაც უნდა თქვა.“ და თქვა მოსემ: „გევედრები, უფალო! სხვა მიავლინე ამის გასაკეთებლად.“ და აღეგზნო უფლის რისხვა მოსეზე, და თქვა: „განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? მე ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს, და აჰა, იგი გამოვა შენს შესახვედრად, და დაგინახავს. და გულით გაიხარებს. და ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეს. და მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან, და გასწავლით, რაც უნდა გააკეთოთ. და ილაპარაკებს ის შენს მაგიერ ხალხის მიმართ. და ის იქნება შენთვის ბაგე, და შენ იქნები მისთვის ღმერთი. და აიღე ხელში ეს კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.“ და წამოვიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა მას: „წავალ და დავუბრუნდები ჩემს ძმებს, რომელნიც ეგვიპტეში არიან, და ვნახავ, თუ კიდევ ცოცხალნი არიან?“ და უთხრა ითრომ მოსეს: „წადი მშვიდობით.“ და უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: „წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც შენს სულს ეძებდნენ.“ და აიყვანა მოსემ თავისი ცოლი და თავისი ვაჟები, და შესხა ისინი სახედარზე, და დაბრუნდა ეგვიპტის ქვეყანაში. და აიღო მოსემ ღვთის კვერთხი ხელში. და უთხრა უფალმა მოსეს: „როცა წახვალ ეგვიპტეში დასაბრუნებლად, იცოდე, ყოველი სასწაული, რომელიც ხელთ მოგეცი, მოახდინე ფარაონის წინაშე. და მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ხალხს. და უთხარი ფარაონს: ასე თქვა-თქო უფალმა: ‘ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.’ და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი შვილი, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!“ და იყო გზაზე ღამის სათევში, და შეხვდა მას უფალი და დაუპირა მოკვლა. და აიღო ციფორამ კაჟი და დაუცვითა ჩუჩა შვილს და ფერხთით დაუგდო, და თქვა: „სისხლის სიძე ხარ შენ ჩემთვის.“ და მოცილდა უფალი მას, და მაშინ ციფორამ თქვა: „სისხლის სიძე წინადაცვეთის გამო.“ და უთხრა უფალმა აარონს: „წადი მოსეს შესახვედრად უდაბნოში.“ წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა. და მოუთხრო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც იგი მოავლინა, და ყოველი სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა მას. და წავიდა მოსე აარონთან ერთად, და შეკრიბეს მათ ისრაელის ძეთა ყოველი უხუცესი. და მოუთხრო აარონმა ყოველი სატყვა, რომელიც უთხრა უფალმა მოსეს, და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ. და ირწმუნა ხალხმა. და გაიგეს, რომ მოხედა უფალმა ისრაელის ძეთ და რომ დაინახა მათი ტანჯვა და მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. მერე მივიდნენ მოსე და აარონი და უთხრეს ფარაონს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში.“ და თქვა ფარაონმა: „ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? მე არ ვცნობ უფალს და ისრაელსაც არ გავუშვებ.“ და უთხრეს: „ებრაელთა ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ. წავალთ სამი დღის სავალზე უდაბნოში და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ მოგვწყლას ჩვენ შავი ჭირით ან მახვილით.“ და უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: „მოსე და აარონ! რად აცდენთ ხალხს თავიანთ საქმეს? გასწით თქვენს სამუშაოებზე.“ და თქვა ფარაონმა: „ბევრნი არიან ახლა ამ ქვეყნის ხალხი და თქვენ აცდენთ მათ მათი სამუშაოებისაგან.“ და უბრძანა ფარაონმა იმავე დღეს ხალხზე დაყენებულ აღმსრულებლებს და ზედამხედველებს ასე: „ამიერიდან ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს აგურის გასაკეთებლად, როგორც გუშინ და გუშინწინ; წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე. რაოდენობა ალიზებისა, რამდენსაც ისინი აკეთებდნენ გუშინ და გუშინწინ, იმდენივე დაუწესეთ და ნუ მოაკლებთ, რადგან ზარმაცები არიან ისინი და ამიტომ ღაღადებენ ასე: ‘წავალთ, შევწირავთ მსხვერპლს ჩვენს ღმერთს.’ დაუმძიმდეს სამუშაო ამ ხალხს და აკეთონ ის, და ნუ ოცნებობენ ფუჭ ამბებზე“. და გამოვიდნენ ხალხზე დაყენებული აღმსრულებელნი და ზედამხედველნი, და უთხრეს ხალხს ასე: „ფარაონმა თქვა: ‘მე არ გაძლევთ თქვენ ბზეს’ წადით, მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით, რადგან თქვენს სამუშაოს არაფერი მოაკლდება.“ და მოედო ხალხი ეგვიპტის მთელ ქვეყანას ბზის ნაცვლად ნამჯის შესაგროვებლად. და აღმსრულებელნი აჩქარებდნენ მათ ასე: „შეასრულეთ თქვენი სამუშაო, როგორც იმ დროს, ბზე რომ გქონდათ.“ და სცემდნენ ზედამხედველებს ისრაელის ძეთაგან, რომელნიც დაუდგინეს მათ ფარაონის აღმსრულებლებმა, და ეუბნებოდნენ: „რატომ არ გააკეთეთ ალიზთა დაწესებული რაოდენობა არც გუშინ, არც გუშინწინ და არც დღეს, როგორც ადრე აკეთებდით?“ და მივიდნენ ზედამხედველნი ისრაელის ძეთაგან, და შეჰღაღადეს ფარაონს: „რად უკეთებ ამას შენს მსახურთ? ბზე არ ეძლევათ შენს მსახურთ და მაინც გვეუბნებიან, აგურები გააკეთეთო. აჰა, სცემენ შენს მსახურთ და ცოდვა შენს ხალხზეა.“ და თქვა: „ზარმაცები ხართ თქვენ, ზარმაცები. ამიტომ ამბობთ: ‘წავალთ და მსხვერპლს შევწირავთო უფალს.’ ახლა კი გასწით, იმუშავეთ და ბზე არ მოგეცემათ, აგურის დაწესებული რაოდენობა კი უნდა მოგვცეთ.“ დაინახეს ისრაელის ძეთა ზედამხედველებმა, რომ უბედურებაში ჩაცვივდნენ, რაკი უთხრეს, არ მოაკლოთ ყოველდღიურად თქვენთვის დაწესებულ რაოდენობასო. და შეეყარნენ ისინი მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად იდგნენ, მათი ფარაონისაგან გამოსვლისას. და უთხრეს მათ: „დაგხედოთ უფალმა და განგსაჯოთ, რადგან საძულველი გახადეთ ჩვენი თავი ფარაონისა და მის მსახურთა თვალში, და მახვილი მიეცით მათ ხელში ჩვენს ამოსაჟლეტად.“ მიუბრუნდა მოსე უფალს და უთხრა: „უფალო! რად უყავი ბოროტი ამ ხალხს? რად მიმავლინე? და მას აქეთ, რაც მე ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკა, გაუბოროტდა იგი ამ ხალხს, შენ კი ხსნით არ იხსენი შენი ხალხი.“ უთხრა უფალმა მოსეს: „ახლა იხილავ, რასაც ვუზამ ფარაონს, რადგან ჩემი ძლიერი ხელით გამოუშვებს მათ და ძლიერი ხელით გაყრის მათ თავისი ქვეყნიდან.“ და ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა მას: „მე ვარ უფალი! მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს ყოვლადძლიერ ღმერთად, და ჩემი სახელით – უფლით – არ გავეცანი მათ. და დავუდე აღთქმა, რათა მივცე მათ ქანაანის ქვეყანა, ქვეყანა მათი ხიზნობისა, სადაც ხიზანობდნენ ისინი. და აგრეთვე ვისმინე ისრაელის ძეთა კვნესა, რომელნიც ეგვიპტელებს მონობაში ჰყავთ, და გავიხსენე ჩემი აღთქმა. ამიტომ უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტელთა უღლიდან, და გადაგარჩენთ მათი მსახურებისაგან, და გიხსნით გამოწვდილი მკლავით და დიდი სასჯელებით. აგიყვანთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენთვის ღმერთი, და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი გამომყვანი ეგვიპტის უღლიდან. მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც ფიცით აღვმართე ხელი, რომ მივცემდი აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი.“ ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეთ, მაგრამ მათ არ მოუსმინეს სულმოკლეობისა და მძიმე მონობის გამო. და ელაპარაკა უფალი მოსეს: „მიდი, ელაპარაკე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.“ და ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე, ასე: „აჰა, ისრაელის ძეთ არ მოისმინეს ჩემი და როგორღა მომისმენს მე ფარაონი? მე ენაბრგვილი ვარ.“ ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, და ათქმევინა მათ ისრაელის ძეთათვის და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისათვის, რათა გამოეყვანათ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან. ესენი არიან მთავრები თავ-თავიანთი მამის სახლებისა: ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი. ესაა რეუბენის საგვარეულო. და ძენი სიმონისა: იემუელი და იამინი, და ოჰადი, და იაქიმი, და ცოხარი, და საული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის საგვარეულო. აჰა, ლევის ძეთა სახელები თავიანთი გვარტომით: გერშონი და კეჰათი, და მერარი. და წლები ლევის ცხოვრებისა იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავიანთი საგვარეულოებით. და ძენი კეჰათისა: ყამრამი და იცჰარი, და ხებრონი, და ყუზიელი. და წლები კეჰათის ცხოვრებისა იყო ას ოცდაცამეტი წელი და ძენი მერარისა: მახლი და მუში. ესენია საგვარეულოები ლევისა თავიანთი გვარტომობით. და მოიყვანა ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, თავისთვის ცოლად. და მან უშვა აარონი და მოსე. და წლები ყამრამის ცხოვრებისა იყო ას ოცდა ჩვიდმეტი წელი. და ძენი იცჰარისა: კორახი და ნეფეგი, და ზიქრი. და ძენი ყუზიელისა: მისაელი და ელცაფანი და სითრი. და მოიყვანა აარონმა ცოლად ელიშებაყი, ასული ყამინადაბისა, ნახშონის და; და მან უშვა მას ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. და ძენი კორახისა: ასირი და ელკანა და აბიასაფი: ესენია კორახის საგვარეულოები. ელეაზარმა, აარონის ძემ, ცოლად მოიყვანა ფუტიელის ასულთაგანი და მან უშვა მას ფინხასი. ესენია ლევიანთა მთავრები თავ-თავიანთი გვარტომებით. ეს იყო აარონი და მოსე, ვისაც უთხრა უფალმა: „გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად.“ ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოეყვანათ. ეს იყო მოსე და აარონი. და იყო იმ დღეს, როცა ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხრა უფალმა მოსეს: „მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გელაპარაკები.“ და თქვა მოსემ უფლის წინაშე: „აჰა, მე ენაბრგვილი ვარ, და როგორ მომისმენს მე ფარაონი?“ უთხრა უფალმა მოსეს: „ნახე, ღმერთად დაგაყენე ფარაონისთვის, და აარონი, შენი ძმა, იქნება შენი წინასწარმეტყველი.“ შენ იტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ, და აარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან. და მე გავამძვინვარებ ფარაონის გულს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და ჩემს სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში. არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი და მე მივყობ ხელს ეგვიპტეს, და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეთ, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით. და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან ისრაელის ძეთ მათგან.“ და გააკეთეს მოსემ და აარონმა. როგორც უბრძანა მათ უფალმა, ისე გააკეთეს. მოსე ოთხმოცი წლისა იყო, ხოლო აარონი ოთხმოცდასამი წლისა, ფარაონთან ლაპარაკის დროს. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „თუ გეტყვით თქვენ ფარაონი: ‘სასწაული მოახდინეთ’, მაშინ ეტყვი აარონს: ‘აიღე შენი კვერთხი და დააგდე ფარაონის წინაშე’. და იქცევა იგი გველად.“ და მივიდნენ მოსე დი აარონი ფარაონთან და გააკეთეს ისე, როგორც უფალმა უბრძანა. და დააგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონისა და მის მსახურთა წინაშე, და იქცა იგი გველად. მოუხმო ფარაონმა ბრძენკაცებს და ჯადოქრებს და გააკეთეს მათაც, ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავიანთი გრძნეულებით. და დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი, და გადაიქცნენ ისინი გველებად. და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები. და გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. და უთხრა უფალმა მოსეს: „მძიმე გულისაა ფარაონი, უარზეა გაუშვას ხალხი. წადი ფარაონთან დილას. აჰა, გამოვა წყალთან და დადექი მის შესახვედრად მდინარის ნაპირას და კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში აიღე. და უთხარი მას: ‘უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა შენთან ამის სათქმელად: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში. და აჰა, არ ისმინე აქამდე. ასე თქვა უფალმა: ‘ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი: აჰა, კვერთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ წყალს, რომელიც მდინარეშია, და იქცევა სისხლად. და თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება, და მდინარე აყროლდება, და ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი წყალს მდინარიდან.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘გაიწოდე ხელი ეგვიპტელთა წყლებზე – მათ მდინარეებზე, მათ ნაკადულებზე, მათ ტბებსა და მათი წყლების ყოველ შესაკრებელზე, და იქცევიან სისხლად, და ჩადგება სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში, როგორც ხეებში, ისე ქვებშიც.“ და გააკეთეს ისე მოსემ და აარონმა, როგორც ბრძანა უფალმა. და აღმართა კვერთხი, და დასცა მდინარის წყალს ფარაონის თვალწინ და მის მსახურთა თვალწინ, და გადაიქცა მთელი მდინარის წყალი სისხლად. და თევზი მდინარისა გაწყდა და აყროლდა მდინარე, და ვეღარ დალიეს ეგვიპტელებმა წყალი მდინარიდან. და ჩადგა სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში. და გააკეთეს იგივე ეგვიპტის გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. და არც ეს მიიკარა გულს. და თხრიდნენ ეგვიპტელები მდინარის გაყოლებაზე, რომ ეპოვათ სასმელი წყალი, რადგან ვერ სვამდნენ წყალს მდინარიდან. და შესრულდა შვიდი დღე, რაც უფალმა მდინარეს დაჰკრა. და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი მას: ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ! და თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მე მოვწყლავ მთელ შენს მიწა-წყალს ბაყაყებით. და გაივსება მდინარე ბაყაყებით, და ამოვლენ და შემოვლენ შენს სახლში და შენს საწოლ ოთახში, და შენს სარეცელზე, შენს მსახურთა და შენი ხალხის სახლებში, შენს თონეებში და შენს ვარცლებში. შენზე, შენს ხალხზე და ყოველ შენს მსახურზე ამოვლენ ბაყაყები.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘გაიწოდე ხელი შენი კვერთხით მდინარეებზე, ნაკადულებზე და ტბებზე, და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე’.“ და გაიწოდა აარონმა ხელი ეგვიპტის წყლებზე, და ამოვიდა ბაყაყი და დაფარა ეგვიპტის ქვეყანა. და გააკეთეს იგივე გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე. და დაუძახა ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „შეევედრეთ უფალს, რათა მოგვაშოროს ბაყაყები მე და ჩემს ხალხს, და გავუშვებ ამ ხალხს, რომ შესწირონ მსხვერპლი უფალს.“ და უთხრა მოსემ ფარაონს: „მიბრძანე, როდის ვილოცო შენთვის, შენს მსახურთათვის და შენი ხალხისთვის ბაყაყების მოსპობაზე შენთან და შენი სახლებიდან. მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.“ და თქვა: „ხვალ.“ და თქვა: „იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არ არსებობს მსგავსი ჩვენი უფალი ღმერთისა. და მოგშორდებიან ბაყაყები შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს. მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.“ და გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს. და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ. და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში. და მოაგროვეს ისინი გროვებად და აყროლდა ქვეყანა. და იხილა ფარაონმა, რომ მოხდა შემსუბუქება, და გაიმძვინვარა გული და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘გაიწოდე შენი კვერთხი და დაჰკარი მიწის მტვერს, და გადაიქცევა მკბენარად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“ ასეც გააკეთეს: და გაიწოდა აარონმა ხელი თავისი კვერთხით, და დაჰკრა მიწის მტვერს, და მოედო მკბენარი ადამიანსა და პირუტყვს. მიწის მთელი მტვერი გადაიქცა მკბენრად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე. და იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით, რათა გამოეყვანათ მკბენარი, მაგრამ ვერ შეძლეს. და ეხვია მკბენარი ადამიანსა და პირუტყვს. და უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: „ღვთის თითია ეს.“ და გამძვინვარდა გული ფარაონისა, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. და უთხრა უფალმა მოსეს: „ადექი დილაადრიან და წარსდექი ფარაონის წინაშე. და როცა გამოვა წყალთან, უთხარი მას: ასე თქვა-თქო უფალმა: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ. თუ არ გაგიშვია ჩემი ხალხი, მოვავლენ შენზე და შენს ხალხზე, და შენს სახლებზე ბუზანკალს, და აივსება ეგვიპტელთა სახლები ბუზანკალით, და თვით მიწაც, სადაც ისინი არიან. და გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის ქვეყანას, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა იცოდე, რომ მე, უფალი, ქვეყნის შუაგულში ვარ. და გავარჩევ ერთმანეთისგან ჩემს ხალხს და შენს ხალხს. ეს ნიშანი ხვალე მოხდება.“ და გააკეთა უფალმა, როგორც თქვა, და შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონის სახლს და მის მსახურთა სახლს, და ეგვიპტის მთელ ქვეყანას. მოისრა ქვეყანა ბუზანკალისაგან. და მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ამ ქვეყანაში.“ და თქვა მოსემ: „არ ეგების ამის გაკეთება, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის, მსხვერპლს რომ ვწირავთ მათ თვალწინ. განა არ ჩაგვქოლავენ? სამი დღის სავალზე წავალთ უდაბნოში და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც ის გვიბრძანებს.“ და თქვა ფარაონმა: „გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს უდაბნოში. ოღონდ შორს ნუ წახვალთ. შეევედრეთ ჩემთვის!“ და თქვა მოსემ: „აჰა, მე გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რათა განშორდეს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს ხვალ. ოღონდ ნუღარ მოიტყუება ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად. და გამოვიდა მოსე ფარაონისგან, და შეევედრა უფალს. და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ, და განაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურთ და მის ხალხს, და არ დარჩენილა არც ერთი. გაიმძვინვარა ფარაონმა თავისი გული ამჯერადაც და არ გაუშვა ხალხი. და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე თქვა-თქო უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს. თუ უარს იტყვი გაშვებაზე და კვლავ დააკავებ მას, აჰა, უფლის ხელი იქნება შენს ჯოგზე, რომელიც ველზეა – ცხენებზე, სახედრებზე, აქლემებზე, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე. გაჩნდება ძალზე მძიმე ჭირი. და გაარჩევს უფალი ისრაელის ჯოგსა და ეგვიპტის ჯოგს, და არ გაწყდება არაფერი, რაც ისრაელის ძეთ ჰყავთ.“ დანიშნა უფალმა დრო და თქვა: „ხვალ გააკეთებს უფალი ამას ამ ქვეყანაში.“ და გააკეთა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს, და ამოწყდა მთელი ჯოგი ეგვიპტისა. და ისრაელის ძეთა ჯოგიდან არ მომკვდარა არც ერთი. და გაგზავნა ფარაონმა შესატყობად და აჰა, ისრაელის ჯოგიდან არ მომკვდარა არც ერთი. და გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ გაუშვა ხალხი. და უთხრა მოსემ უფალს და აარონს: „აიღეთ სავსე პეშვი ჭვარტლი ღუმლიდან და ააფრქვიოს იგი მოსემ ზეცისკენ ფარაონის თვალწინ. და იქცევა მტვრად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, და გაუჩნდება კაცსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“ და აიღეს ჭვარტლი ღუმლიდან და წარდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია ის მოსემ ზეცისკენ და გაუჩნდა გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად კაცსა და პირუტყვს. და ვერ შეძლეს გრძნეულებმა დგომა მოსეს წინაშე გამონაყარის გამო, რადგან გამონაყარი იყო გრძნეულებზეც და ყოველ ეგვიპტელზე. და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსესთვის. და უთხრა უფალმა მოსეს: ადექი დილაადრიან, და დადექი ფარაონის წინაშე, და უთხარი მას: ასე თქვა-თქო უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს. თორემ ამჯერად შევყრი ყველა ჩემს სენს შენს გულს, შენს მსახურებსა და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინაა ჩემი მსგავსი მთელს ქვეყანაზე. რადგან, ახლა რომ გამეწოდა ჩემი ხელი, ხომ მოგსრავდით შენ და შენს ხალხს შავი ჭირით, და წაიშლებოდი ქვეყნიდან. მაგრამ იმისათვის დაგარჩინე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რომ აუწყო ჩემი სახელი მთელ ქვეყანას. შენ კვლავ ეწინააღმდეგები ჩვენს ხალხს და არ უშვებ მას. აჰა, დავცხებ ხვალ ამ დროს ძალზე მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში დღიდან მისი დაფუძნებისა აქამდე. ახლა კი გაგზავნე და შეკრიბე შენი ჯოგი და რაც მინდვრადა გყავს. ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც დარჩება ველზე და არ შეეფარება სახლს, დაისეტყვება და მოკვდება“. ვისაც უფლის სიტყვისა შეეშინდა ფარაონის მსახურთაგან, თავისი მსახურნი და თავისი ჯოგი სახლებში შერეკა. ხოლო ვინც არ მიაპყრო გული უფლის სიტყვას, თავისი ჯოგი ველზე დატოვა. და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ცისაკენ და დაისეტყვება ეგვიპტის მთელი ქვეყანა – ადამიანები, პირუტყვი და ველის ყოველი ბალახი ეგვიპტის ქვეყანაში“. გაიწოდა მოსემ თავისი კვერთხი ზეცისაკენ და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა, და წამოვიდა ცეცხლი ქვეყანაზე და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა. მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში, ძლიერი იყო იგი, მისი მსგავსი არ ყოფილა ეგვიპტელთა მთელ ქვეყანაში, იმ დღიდან, რაც იქ ხალხი დასახლდა. და გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე ყველაფერი, რაც მინდვრად იყო ადამიანიდან პირუტყვამდე. და ყოველი ბალახი ველისა გაანადგურა სეტყვამ, და ყოველი ხე ველისა დალეწა. მხოლოდ გოშენის ქვეყანაში, სადაც ისრაელის ძენი იყვნენ, არ მოსულა სეტყვა. და გაგზავნა ფარაონმა, და მოუხმო მოსეს და აარონს, და უთხრა მათ: „ამჯერად მე შევცოდე. უფალი მართალია, მე და ჩემი ხალხი კი – დამნაშავენი. შეევედრეთ უფალს და დაცხრეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ.“ და უთხრა მას მოსემ: „ქალაქიდან გასვლისას გავიწვდი ხელებს უფლისაკენ, გრგვინვა დაცხრება და სეტყვა აღარ იქნება, რათა გაიგო, რომ უფლისაა ქვეყანა. მაგრამ შენ და შენს მსახურებს, ვიცი, ჯერაც არ შეგეშინდებათ უფალი ღმერთისა.“ სელი და ქერი განადგურდა, რადგან ქერი ამოთავთავებული იყო, სელი კი – აყვავებული. ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურდა, რადგან გვიანებია ისინი. და გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, და გაიწოდა ხელები უფლისაკენ. გრგვინვა და სეტყ-ვა შეწყდა და წვიმა აღარ იღვრებოდა მიწაზე. და დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა და სეტყვა, და გრგვინვა, და კვლავ შესცოდა. და დაიმძიმეს თავიანთი გულები მან და მისმა მსახურებმა. გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ გაუშვა ისრაელის ძენი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს პირით. და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან, რადგან მე დავამძიმე მისი გული და გული მისი მსახურებისა, რათა გამოვავლინო ეს ჩემი სასწაულები მათში. რათა შენ მოუთხრო შენს შვილსა და შვილიშვილს, რაც გავაკეთე ეგვიპტეში და ჩემს სასწაულებზე, რომელნიც მე მოვუვლინე, და თქვენ გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი.“ და მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან, და უთხრეს მას: „ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘როდემდე მეურჩები? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს. თუ უარს იტყვი ჩემი ხალხის გაშვებაზე, მე ხვალ მივუსევ კალიას შენს მიწა-წყალს. და დაფარავს იგი მიწისპირს და შეუძლებელი იქნება ხილვა მიწისა, და იგი შეჭამს გადარჩენილ ნატამალს, რაც სეტყვას გადაგირჩათ. და შეჭამს ყველა ხეს, მინდვრად რომ გეზრდებათ. და აავსებენ შენს სახლებს და შენს მსახურთა და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავთ შენს მამებს და შენს მამათა მამებს დღიდან ქვეყანაზე მათი მყოფობისა დღემდე.“ გაბრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან. და უთხრეს ფარაონს მსახურებმა: „როდემდე იყოს იგი ჩვენთვის დაბრკოლებად? გაუშვი ეს კაცები და ემსახურონ უფალს, თავიანთ ღმერთს. ნუთუ ჯერაც ვერ მიმხვდარხარ, რომ იღუპება ეგვიპტე?“ დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და მან უთხრა მათ: „წადით, ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს. ვინ და ვინ არიან გამსვლელნი?“ და თქვა მოსემ: „ჩვენი ჭაბუკებითურთ და ჩვენი მოხუცებითურთ წავალთ, ჩვენი ძეებითურთ და ჩვენი ასულებითურთ, ჩვენი წვრილფეხა და ჩვენი მსხვილფეხა საქონლიანად, რადგან უფლის დღესასწაული გვაქვს.“ და უთხრა ფარაონმა მათ: „ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე გაგიშვათ თქვენი ბავშვებიანად. იცოდეთ, ბოროტია თქვენი განზრახვა. ასე არა! წადით თქვენ, კაცები, და ემსახურეთ უფალს, რაკი ამას ითხოვთ.“ და გამორეკეს ისინი ფარაონისაგან. და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ეგვიპტის ქვეყანაზე კალიისათვის, რათა შეესიოს იგი ეგვიპტის ქვეყანას და გადაჭამოს ყოველი ბალახი ქვეყნისა, ყოველივე, რაც სეტყვას გადაურჩა.“ და გაიწოდა მოსემ თავისი კვერთხი ეგვიპტის ქვეყანაზე და უფალი დენიდა აღმოსავლეთის ქარს ქვეყანაზე მთელ იმ დღეს და მთელ იმ ღამეს. დადგა დილა და აღმოსავლეთის ქარმა მოიყოლია კალია. შეესია კალია ეგვიპტის მთელ ქვეყანას და მოედო მთელი ეგვიპტის მიწა-წყალს ძალზე მძიმედ. არც მანამდე ყოფილა ასეთი კალია და არც მერე იქნება. და დაფარა მთელი მიწის პირი და დაბნელდა ქვეყანა, და გადაჭამა მან ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა. და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე არ შერჩენილა სიმწვანე ხეს და ველის ბალახს. და სასწრაფოდ დაუძახა ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და თქვენს წინაშე. ახლა კი მომიტევეთ ჩემი ცოდვა ამ ერთხელაც და შეევედრეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რომ ამარიდოს ეს სიკვდილი.“ და გამოვიდა იგი ფარაონისგან, და შეევედრა უფალს. და შემოაქცია უფალმა დასავლეთის ქარი, ძალზე ძლიერი და წაიღო კალია და მეწამულ ზღვაში ჩაყარა. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მთელ მიწა-წყალზე. და გაამძვინვარა უფალმა ფარაონის გული, და არ გაუშვა ისრაელის ძენი. და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ცისკენ და წყვდიადი ჩამოწვება ეგვიპტის ქვეყანაზე, შესაგრძნობი წყვდიადი.“ და გაიწოდა მოსემ ხელი ცისკენ და იყო ნისლოვანი წყვდიადი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე სამი დღე. ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან სამს დღეს. ყოველ ისრაელის ძეს კი ჰქონდა სინათლე თავის სადგომში. და მოიხმო ფარაონმა მოსე, და უთხრა: „წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი გამოგყვნენ თქვენ.“ და უთხრა მოსემ: „შენც უნდა მოგვცე ჩვენს ხელთ სამსხვერპლოები და სრულადდასაწველები, რათა მსხვერპლი შევწიროთ უფალს, ჩვენს ღმერთს. ჩვენი ჯოგიც უნდა წამოვიდეს ჩვენთან, ჩლიქიც კი არ უნდა დარჩეს, რადგან მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღმერთისათვის. არ ვიცით, რით ვემსახუროთ უფალს, ვიდრე იქ არ მივალთ.“ და გაამძვინვარა უფალმა ფარაონის გული, და არ ინება მათი გაშვება. და უთხრა მას ფარაონმა: „თავიდან მომწყდი და გაფრთხილდი, აღარ დამენახო, თორემ იმ დღეს, როცა დამენახვები, მოკვდები.“ და თქვა მოსემ: „სწორს ამბობ. მე აღარ დაგენახვები.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს. ამის მერე გაგიშვებთ აქედან. როდესაც გაგიშვებთ იგი, სულ გაგყრით აქედან. დაარიგე ხალხი, რომ ითხოვოს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისაგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისაგან ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი.“ წყალობა მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მოსეც დიდი კაცი გახდა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის მსახურთა თვალში და ხალხის თვალში. და თქვა მოსემ: „ასე ამბობს უფალი: ‘შუაღამისას მე გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში. და მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში – ფარაონის პირმშოდან, ტახტზე რომ ზის, მხევლის პირმშომდე, ხელსაფქვავს რომ უზის, და ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. და იქნება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება. ისრაელის ძეთა შორის კი ძაღლი არ შეუყეფს კაციდან პირუტყვამდე, რათა იცოდეთ, რა ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის. და ჩამოვა ჩემთან ყველა ეგ შენი მსახური და თაყვანს მცემს და იტყვის: ‘გადით, შენ და მთელი ხალხი, რომელიც შენს ფერხთითაა! ‘და შემდგომ ამისა გავალ.“ და გამოვიდა მოსე ფარაონისგან, განრისხებული. და უთხრა უფალმა მოსეს: „არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში.“ მოსემ და აარონმა მოახდინეს ყველა ეს სასწაული ფარაონის წინაშე. და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა და არ გაუშვა ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: „ეს თვე იყოს თქვენთვის თვეების დასაბამი. პირველი იყოს ის თქვენთვის წელიწადის თვეებში. უთხარით ისრაელის მთელ თემს ასე: ‘ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თითოეულმა თითო კრავი საგვარეულოზე, თითო კრავი სახლზე. და თუ სახლი მცირეა კრავის შესაჭმელად, მაშინ მან და მისი კარის მეზობელმა სულადობისამებრ აიყვანონ. ვინ რამდენს შეჭამს, იმის მიხედვით ივარაუდეთ კრავზე. ცხოველი საღი, მამალი, ერთწლიანი იყოს. ცხვართაგან ან თხათაგან აიყვანთ მას. და შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე, და დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა მწუხრის ჟამს. და აიღონ მისი სისხლი და წააცხონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელს, სადაც ჭამენ მას. და ჭამონ ხორცი იმ ღამეს, ცეცხლზე შემწვარი. ხმიადებით და მწარე მწვანილით ჭამონ იგი. არ ჭამოთ მისგან უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი, თავფეხიანად და შიგნეულიანად. და ნუ მოირჩენთ მისგან დილამდე. და თუ მორჩა მისგან დილამდე, ცეცხლში დაწვით. და ასე ჭამეთ იგი: წელი შემორტყმული გქონდეთ სარტყლით, ფეხსაცმელი ფეხთ გეცვათ და კვერთხი ხელში გეჭიროთ, და ჭამეთ იგი ჩქარა. ეს პასექია უფლისთვის. და მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვიკითხავ. მე ვარ უფალი. და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით და არ იქნება თქვენში დამღუპველი სენი, როცა გავწყვეტ ეგვიპტის ქვეყანას. იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული თქვენი უფლისა თქვენს თაობებში. საუკუნო წესად იდღესასწაულეთ იგი. შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. პირველი დღიდანვე მოიცილეთ საფუარი სახლებიდან, რადგან ვინც შეჭამს საფუარს, პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება ის სული ისრაელიდან. პირველ დღეს წმიდა კრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა კრება გექნებათ. არავითარი საქმე არ გააკეთოთ იმ დღეებში. რაც ეჭმევა ყოველ სულიერს, მარტო ის გაკეთდეს. და დაიცავით უფუარობა, რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. და დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში საუკუნო წესად. პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან ჭამეთ ხმიადი იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე. შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში, რადგან ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემიდან – ხიზანი იქნება ის თუ ქვეყნის მკვიდრი. საფუარიანი არაფერი ჭამოთ. ყოველ თქვენს საცხოვრებელში ხმიადი ჭამეთ.“ და მოუხმო მოსემ ისრაელის ყოველ უხუცესს და უთხრა მათ: „გაიყვანეთ წვრილფეხა საქონელი თქვენ თქვენი საგვარეულოებისათვის და დაკალით პასექი. და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც ჯამშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს სისხლი, რომელიც ჯამშია. არავინ არ გამოხვიდეთ თქვენი სახლის კარიდან დილამდე. და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრავად. და წესად დაიცავით ეს შენთვის და შენს შვილთათვის უკუნისამდე. და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ თქვენ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, დაიცავით თქვენ ეს მსახურება. და იქნება, რომ გეტყვიან თქვენი შვილები: ‘ეს რა მსახურება გაქვთ?’ და ეტყვით თქვენ: ‘ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისათვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში, როცა შემუსრა მან ეგვიპტე და ჩვენი სახლები კი გადაარჩინა.’“ და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა. და წავიდნენ და გააკეთეს ისრაელის ძეთ. როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს, ისე გააკეთეს. და იყო, შუაღამით შემუსრა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაზე, თავის ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოდან პირმშომდე იმ ტყვისა, საპყრობილეში რომ იჯდა, და ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. და ადგა ფარაონი ღამით, თვითონ და ყველა მისი მსახური, და ყველა ეგვიპტელი, და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ყოფილიყო. და მოიხმო მოსე და აარონი ღამით, და უთხრა მათ: „ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის ძენი. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც თქვით. თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი წაასხით, როგორც თქვით, და წადით. და მაკურთხეთ მე.“ და აიძულებდნენ ეგვიპტელნი ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან. რადგან ამბობდნენ ისინი: „ყველანი დავიხოცებით.“ და წაიღო ხალხმა თავისი ცომი ვიდრე გაფუვდებოდა, და თავიანთ სამოსელში გამოკრული ვარცლები ზურგზე ეკიდათ. და გააკეთეს ისრაელის ძეთ მოსეს სიტყვისამებრ, და ითხოვეს ეგვიპტელთაგან ჭურჭელი ვერცხლისა და ჭურჭელი ოქროსი, და სამოსელი. წყალობა მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ისინიც ათხოვებდნენ. ასე გაძარცვეს ეგვიპტე. და აიყარნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ქვეითი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა. და აგრეთვე მათთან ერთად გამოვიდა უცხოტომელთა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ძალზე დიდი ჯოგი. და გამოაცხვეს მათ ცომი, რომელიც გამოიტანეს ეგვიპტიდან ხმიადის კვერებად, რადგან ვერ გაფუვდა, რაკი გამოდევნეს ეგვიპტიდან და ვერ შეძლეს დაყოვნება და ვერც საგზალი ვერ გაიმზადეს. ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი ოთხასოცდაათი წელია. და იყო, ოთხასოცდაათი წლის დასასრულს, სწორედ იმ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად. სწორედ ეს ღამეა უფლისათვის მღვიძარებისა ყველა ისრაელის ძისთვის მათ თაობებში. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „აჰა, წესი პასექისა: არც ერთმა უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი. და ყოველმა მსახურმა, ფულით ნაყიდმა, მაშინ ჭამოს იგი, თუ წინადაუცვეთ. ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს იგი. ერთ სახლში უნდა შეიჭამოს. არ გაიტანოთ ეს ხორცი სახლიდან გარეთ და ძვალი მისი არ დაამტვრიოთ. ისრაელის მთელმა თემმა გააკეთოს ეს. და თუ ვინმე უცხო შემოგეხიზნოს და უფლის პასექის გამზადება მოინდომოს, წინადაიცვითოს მასთან ყოველმა მამროვანმა და მაშინ შეუდგეს მის შესრულებას, და იქნება ქვეყნის მკვიდრივით. და არც ერთმა წინადაუცვეთელმა არ ჭამოს იგი. ერთი რჯული ჰქონდეს მკვიდრსა და ხიზანს, თქვენში რომ დასახლდა.“ და გააკეთეს ყოველივე ისრაელის ძეთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს, ისე გააკეთეს. და იყო, სწორედ ამ დროს გამოიყვანა უფალმა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად. და უთხრა უფალმა მოსეს: „შემომწირე ყოველი პირმშო, ყოველი საშოს გამღები ისრაელის ძეთაგან, ადამიანთაგან ვიდრე პირუტყვამდე ჩემია იგი.“ და უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ის დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანათ თქვენ უფალმა იქედან. და არ ჭამოთ საფუარიანი. დღეს გამოდიხართ თქვენ, აბიბის თვეში. და იქნება, როცა შეგიყვანს შენ უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხიველთა და იებუსეველთა ქვეყანაში, რომელთა გამოც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, რომ მოგცემდა ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი, შეასრულე ეს სამსახური ამ თვეში. შვიდი დღე ჭამე ხმიადი და მეშვიდე დღეს უფლის დღესასწაულია. ხმიადი ჭამეთ შვიდი დღე და ნუ გამოჩნდება შენთან საფუარიანი, და ნუ გამოჩნდება შენთან საფუარი მთელ შენს მიწა-წყალზე. და იმ დღეს ასე უთხარი შენს შვილს: ეს იმისთვის, რაც გამიკეთა უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას. და გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის რჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან. და დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე. და იქნება, როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში, როგორც შემოგფიცათ შენ და შენს მამებს, და მოგცემს მას შენ, – გამოყავი ყოველი საშოს გამღები უფლისათვის და ყოველი პირუტყვის პირველმონაგებიდან, რომელიც შენ გეყოლება, მამალი, უფლისაა. და ყოველი პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით. და თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. და ყოველი პირმშო ადამიანისა, შენს ძეთაგან, გამოისყიდე. და როცა შეგეკითხება მერე შენი შვილი და გეტყვის: ‘რა არის ეს?’, მაშინ უთხარი მას: ‘ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. და იყო, როცა ფარაონი გვაბრკოლებდა გამოსვლისგან, მოკლა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომ ვწირავ უფალს ყოველ პირველმოგებულ მამალს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.’ და გქონდეს ნიშნად ხელზე და მონახაზად შენს თვალთა შორის, რადგან ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან.“ და როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელების ქვეყნის გზით, რადგან ახლოს იყო იგი, რადგან თქვა ღმერთმა: „რათა არ გადაიფიქროს ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში.“ და შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გზით მეწამული ზღვისაკენ. შეიარაღებულნი გამოვიდნენ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან. და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს ფიცით დაფიცებული ჰყავდა ისრაელის ძენი: „როცა მოხედვით მოგხედავთ ღმერთი, თან წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან.“ და აიყარნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ყეთამში, უდაბნოს პირას. და უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით. და უთხრა უფალმა მოსეს: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ, რათა დაბრუნდნენ ისინი და დაიბანაკონ ფი-ჰახიროთის წინ, მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაყალ-ცეფონის წინ. მის გასწვრივ დაიბანაკეთ ზღვასთან. და იტყვის ფარაონი ისრაელის ძეებზე: ‘გზა აებნათ ამ ქვეყანაში, მოიმწყვდია ისინი უდაბნომ.’ და გავამძვინვარებ ფარაონის გულს და უკან დაედევნება მათ, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელ მის ჯარზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი. ასე გააკეთე.“ და ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი, და შეეცვალათ გული ფარაონსა და მის მსახურებს ხალხის მიმართ, და თქვეს: „ეს რა ვქენით? რატომ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობიდან?“ და შეაბა ფარაონმა ცხენი თავის ეტლში და თან გაიყოლა თავისი ხალხი. წაიყვანა ექვსასი რჩეული ეტლი და ეგვიპტის ყველა ეტლი, და მათი მეთაურები ყველა მათგანზე. და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და დაედევნა იგი ისრაელის ძეთ; და გამოდიოდნენ ისრაელის ძენი მაღალი ხელით. და დაედევნენ ეგვიპტელნი მათ უკან, და წამოეწივნენ დაბანაკებულთ ზღვასთან ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და მისი ჯარი, ფი-ჰახიროთთან, ბაყალ-ცეფონის წინ. ფარაონი მიუახლოვდა, გაიხედეს ისრაელის ძეთ და დაინახეს, ეგვიპტელნი მოსდევენ უკან, და შეეშინდათ ძალზე და შეღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს. და უთხრეს მოსეს: „ნუთუ არ იყო სამარხები ეგვიპტეში, დასახოცად უდაბნოში რომ წამოგვიყვანე? ეს რა გვიყავი ჩვენი გამოყვანით ეგვიპტიდან! განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: ‘დაგვეხსენი ჩვენ, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს?’ რადგან გვირჩევნია ეგვიპტელებს ვემსახუროთ, ვიდრე უდაბნოში დავიხოცოთ.“ და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, დადექით და იხილავთ უფლის ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის. რადგან ეგვიპტელებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ დღეს, კვლავ აღარ იხილავთ უკუნისამდე. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი დადუმდით.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „რას შემღაღადებ? უთხარი ისრაელის ძეთ, რომ აიყარონ. აღმართე შენი კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, და გააპე იგი, და გავლენ ისრაელის ძენი ზღვაში მშრალით და მე გავამძვინვარებ ეგვიპტელთა გულს, და ისინი გაჰყვებიან მათ უკან, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელ მის ჯარზე, მის ეტლებზე და მის მხედრებზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ უფალი ვარ, როცა გამოვუჩენ მათ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მის მხედრებზე.“ და დაიძრა ღვთის ანგელოზი, წინამძღოლი ისრაელის ბანაკისა, და გაჰყვა უკან. და დაიძრა ღრუბლის სვეტი წინიდან, და შეუდგა მათ უკან. და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის – და იყო ღრუბელი და სიბნელე – და გაანათა ღამე, და არ მიახლოვებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს. და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე და ხვეტავდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს, და აქცია ზღვა ხმელეთად. და განიპნენ წყალნი. და შევიდნენ ისრაელის ძენი შუაგულ ზღვაში ხმელზე. და წყალი კედლად აღემართათ მათ მარჯვნივ და მარცხნივ. და დაედევნენ ეგვიპტელნი და მიჰყვნენ უკან – ფარაონის ყველა ცხენი, მისი ეტლები და მისი მხედრები შუაგულ ზღვაში. და იყო, დილის სახმილავზე მოხედა უფალმა ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლის და ღრუბლის სვეტიდან, და შეაძრწუნა ეგვიპტელთა ბანაკი. და მოაცილა თვლები მათ ეტლებს და მართავდნენ ისინი გაჭირვებით. და თქვეს ეგვიპტელებმა: „გავერიდოთ ისრაელს, რადგან უფალი მათი გულისათვის იბრძვის ეგვიპტელების წინააღმდეგ.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ზღვაზე და მოიქცევიან წყლები ეგვიპტელებზე, მათ ეტლებზე და მათ მხედრებზე“ და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე, და მოიქცა ზღვა გამთენიისას თავის ადგილზე და გარბოდნენ ეგვიპტელნი მისკენ. და ჩაყარა უფალმა ეგვიპტელნი შუაგულ ზღვაში. და მოიქცა წყალი, და დაფარა ეტლები და მხედრები, და ფარაონი და მთელი ჯარი, რომლებიც კვალდაკვალ მიჰყვნენ ზღვაში. არ გადარჩენილა მათგან არც ერთი. ისრაელის ძენი მიდიოდნენ ხმელზე შუაგულ ზღვაში და წყალი კედლად ედგა მათ მარჯვნივ და მარცხნივ. და იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთა ხელიდან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის პირას. და იხილა ისრაელმა ძლიერი ხელი, რომელიც მოავლინა უფალმა ეგვიპტელებზე, და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ უფალსა და მოსეს, მის მსახურს. მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის ძეთ ეს საგალობელი უფალს: „ვუგალობ უფალს, რადგან იგი ძლიერ განდიდდა. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა. ჩემი ძალა და გალობაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ავამაღლებ მას. უფალი მეომარია, უფალია სახელი მისი. ეტლები ფარაონისა და მისი ჯარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ მეწამულ ზღვაში. დაფარა ისინი სიღრმემ, ჩაიძირენ ისინი სიღრმეში ლოდივით. მარჯვენა შენი, უფალო, განთქმულია ძალით, მარჯვენა შენი, უფალო, მტერს მუსრავს. და შენი დიდებულების სიდიადით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს. გზავნი შენს მძვინვარებას და ნამჯასავით გადაბუგავს მათ. და შენი ნესტოების სუნთქვაზე დაგროვდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ღვარები, მორევები გამყარდა ზღვის გულში. თქვა მტერმა: ‘დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს. ამით აივსება ჩემი სული, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ჩემი ხელი.’ შენ შეუბერე შენი სულით და ისინი ზღვამ დაფარა: ტყვიასავით ჩაიძირნენ ადიდებულ წყალში. ვინაა შენი სადარი ღმერთთა შორის, უფალო? ვინაა, შენი სადარი, სიწმინდით დიდებულო. საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა? შენ გაიწოდე მარჯვენა შენი: პირი უყო მათ მიწამ. შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყოფელისკენ. ისმინეს ხალხებმა და თრთიან, ძრწოლამ მოიცვა ფილისტიმის მცხოვრებნი. მაშინ შეძრწუნდნენ მთავრები ედომისა, მოაბის მთავრები აიტანა კანკალმა. შეკრთა ყველა მცხოვრები ქანაანისა. დაეცათ მათ შიში და ძრწოლა. შენი მკლავის სიდიადემ დაადუმა ისინი, როგორც ლოდი, სანამ გაივლიდეს შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლიდეს ეს ხალხი, რომელიც შენ გამოისყიდე. მიიყვანე ის და დანერგე იგი შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შექმენ შენს დასავანებლად, უფალო, საწმიდარში, მეუფეო, რომელიც განამზადეს შენმა ხელებმა. უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.“ როცა შევიდა ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ ზღვაში, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ხოლო ისრაელის ძეთ გაიარეს მშრალზე შუაგულ ზღვაში. და აიღო მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, დაფდაფი ხელში და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით. და მიუგო მირიამმა: „უგალობეთ უფალს, რადგან ძალზე განდიდდა იგი. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.“ აჰყარა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან, და გავიდნენ ისინი შურის უდაბნოსაკენ. და იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი. და მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა. და დრტვინავდა ხალხი მოსეზე ასე: „რა დავლიოთ?“ და შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გაამტკნარა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი. და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და ყურად იღებ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი. და მივიდნენ ელიმში, და იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე, და დაიბანაკეს იქ, წყლის პირას. და აიყარა ელიმიდან და მივიდა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის შორისაა, ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს. და ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აარონს უდაბნოში. და უთხრეს მათ ისრაელის ძეთ: „ნეტა უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან. და გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი რჯულით. მეექვსე დღეს, როცა მოამზადებენ მოტანილს, იმაზე მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად ამზადებენ. და უთხრეს მოსემ და აარონმა ყველა ისრაელის ძეს: „საღამოს გაიგებთ თქვენ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან. და დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა. ჩვენ ვინ ვართ, რომ დრტვინავდით ჩვენზე?“ და თქვა მოსემ: „ახლა მოგცემთ თქვენ უფალი ხორცს საღამოთი საკვებად, დილას კი ძღომაზე – პურს, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, მასზე რომ დრტვინავდით. ხოლო ჩვენ ვინ ვართ? ჩვენზე კი არ დრტვინავთ, არამედ უფალზე.“ და უთხრა მოსემ აარონს: „უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარდექით უფლის წინაშე, რადგან მან ისმინა თქვენი დრტვინვა.“ და იყო, როცა ელაპარაკებოდა აარონი ისრაელის ძეთა მთელ თემს, ისინი შებრუნდნენ უდაბნოსაკენ, და აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში. და უთხრა უფალმა მოსეს: „ვისმინე მე ისრაელის ძეთა დრტვინვა. ელაპარაკე მათ ასე: მწუხრის ჟამს ჭამთ ხორცს, ხოლო დილაზე გაძღებით პურით. და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი“ და იყო საღამოხანს, მოფრინდა მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის ირგვლივ. და როცა ცვარი აორთქლდა, აჰა, უდაბნოს ზედაპირზე რაღაც ყრია წვრილი, ხაოიანი, ჭირხლის მსგავსი. და როცა დაინახეს ისრაელის ძეთ, უთხრეს ერთმანეთს: „რა არის ეს?“ რადგან არ იცოდნენ, რა იყო იგი. და უთხრა მათ მოსემ: „ეს მანანაა, რომელიც მოგცათ უფალმა საკვებად. ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა: „აკრიფეთ თითოეულმა იმდენი, ვინც რამდენს შეჭამთ, ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ.“ და გააკეთეს ასე ისრაელის ძეთ და აკრიფეს, ზოგმა ბევრი და ზოგმა ცოტა. და აწყეს ღომერით, ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ აღმოჩენია, და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია. თითოეულმა იმდენი აკრიფა, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა. და უთხრა მათ მოსემ: „ნურავინ ნუ მოირჩენს იქიდან დილამდე.“ მაგრამ არ ისმინეს მოსესი და მოირჩინეს ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე. და დაეხვია მას მატლი და აყროლდა. და განრისხდა მათზე მოსე. და აგროვებდნენ მას დილდილობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად. როგორც კი მზე დააცხუნებდა, დნებოდა იგი. და იყო, მეექვსე დღეს აგროვებდნენ ორმაგ პურს, ორ-ორ ომერს თითოეულზე. და მივიდნენ მთელი თემის მთავრები და აუწყეს მოსეს. და უთხრა მათ: „აჰა, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათია. რასაც გამოაცხობთ, გამოაცხვეთ, და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ. და ყოველი ნამეტი გადადეთ თქვენთვის დილამდე შესანახად. და გადადეს იგი დილამდე, როგორც მოსემ ბრძანა, და არ აყროლდა და მატლიც არ იყო მასში. და თქვა მოსემ: „ჭამეთ იგი დღეს, რადგან უფლის შაბათია დღეს. დღეს ვერ იპოვით მას ველზე. ექვს დღეს კრიფეთ იგი, მეშვიდე დღეს კი შაბათია; არ იქნება ველზე.“ და აჰა, მეშვიდე დღეს გავიდნენ ზოგიერთნი ხალხიდან ასაკრეფად, მაგრამ ვერ იპოვეს. და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა უარობდეთ ჩემი მცნებებისა და ჩემი რჯულდებების დაცვას? იცოდეთ, რადგან უფალმა მოგცათ თქვენ შაბათი, ამიტომ გაძლევთ მეექვსე დღეს პურს ორი დღისთვის. იჯდეს თითოეული თავისთან, ნუღარავინ გამოვა თავისი ადგილიდან მეშვიდე დღეს. და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს. და უწოდა ისრაელის სახლმა მას სახელად მანანა: იგი ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლის კვერის გემო ჰქონდა. და თქვა მოსემ: „ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანანით შესანახად თქვენ თაობებში, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით თქვენ უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.“ და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ სავსე ღომერი მანანა, და დადგი იგი უფლის წინაშე შესანახად თქვენს თაობებში.“ და როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე ჩადგა იგი აარონმა მოწმობის კიდობნის წინაშე შესანახად. და ჭამდნენ ისრაელის ძენი მანანას ორმოცი წელი, დასახლებულ ქვეყანაში მათ მისვლამდე. მანანას ჭამდნენ ისინი, ვიდრე მივიდოდნენ ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე. ღომერი კი ეფის მეათედი იყო. და აიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინის უდაბნოდან სამგზავროდ, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში. და არ აღმოჩნდა სასმელი წყალი ხალხისათვის. და წაეჩხუბა ხალხი მოსეს, და უთხრეს: „მოგვეცით ჩვენ წყალი, რომ დავლიოთ.“ და უთხრა მათ მოსემ: „რას მეჩხუბებით? რად ცდით უფალს?“ და სწყუროდა იქ ხალხს წყალი, და დრტვინავდა ხალხი მოსეზე და ამბობდა: „რისთვის გამოგვიყვანე ჩვენ ეგვიპტიდან? ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი ჯოგის წყურვილით დასახოცად?“ და შეღაღადა მოსემ უფალს ასე: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც, და ჩამქოლავენ.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაიარე ხალხის წინ, წაიყვანე ისრაელის უხუცესნი და შენი კვერთხი, რომელიც დაჰკარი მდინარეს, აიღე ხელში, და წადი. და მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა მისგან წყალი, და დალევს ხალხი.“ და მოსემ გააკეთა ეს ისრაელის უხუცესთა თვალწინ. და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა, ისრაელის ძეთა ჩხუბის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი თუ არ არის?“ და მოვიდა ყამალეკი, და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში. და უთხრა მოსემ იესოს: „გამოგვირჩიე კაცები და გადი, შეებრძოლე ყამალეკს. ხვალ მე გადმოვდგები ბორცვის თავზე და ღვთის კვერთხი მეჭირება ხელში.“ და გააკეთა იესომ, როგორც მოსემ უთხრა მას, რომ შებრძოლებოდა ყამალეკს. მოსე, აარონი და ხური ავიდნენ ბორცვის თავზე. და იყო, როცა მაღლა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი. და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, სძლევდა ყამალეკი. და დაუმძიმდა მოსეს ხელები. და აიღეს ლოდი და შეუდგეს ქვეშ, და ჩამოჯდა მასზე. ხოლო აარონმა და ხურმა შეაშველეს მას ხელები, ერთმა ერთი მხრიდან და მეორემ მეორე მხრიდან. და იყო მისი ხელები უდრეკი მზის ჩასვლამდე. და დაამარცხა იესომ ყამალეკი და მისი ხალხი მახვილის პირით. და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვროდ წიგნში და ჩაასმინე იესოს, რომ მოსპობით მოვსპობ ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.“ და ააშენა მოსემ სამსხვერპლო, და უწოდა მას სახელად: „უფალი ბაირაღია ჩემი.“ და თქვა მან: „რადგან ხელი უფლის ტახტზეა. ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.“ და გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, ყოველი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როცა გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან. და წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაბრუნებული ჰყავდა მას მანამდე, და ციფორას ორი ძე, რომელთაგან ერთის სახელი იყო გერშომი, რადგან თქვა: „ხიზანი ვიყავი მე უცხო ქვეყანაში.“ და სახელი მეორისა იყო ელიეზერი, რადგან „ღმერთი მამაჩემისა შემეწია და დამიხსნა მე ფარაონის მახვილისგან.“ და მივიდნენ ითრო, სიმამრი მოსესი, და მისი ძენი, და მისი ცოლი მოსესთან უდაბნოში, სადაც ის დაბანაკდა ღვთის მთასთან. და შეატყობინა მოსეს: „მე ვარ შენი სიმამრი ითრო, მოვდივარ შენთან, და შენი ცოლი და მისი ორი ძე მასთან ერთად არიან.“ და გავიდა მოსე თავისი სიმამრის შესახვედ-რად, და თაყვანისცა და ეამბორა მას, და მოიკითხეს ურთიერთი და შევიდნენ კარავში. და მოუთხრო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რაც გაუკეთა უფალმა ფარაონსა და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, და ყველა იმ გასაჭირზე, რაც მათ გზაზე შეემთხვათ, და როგორ იხსნა უფალმა ისინი. და გაიხარა ითრომ იმ სიკეთისათვის, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა ეგვიპტელთა ხელიდან. და თქვა ითრომ: „კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ფარაონის ხელიდან, და, რომ იხსნა ეს ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან. ახლა კი გავიგე, რომ დიდია უფალი ყველა ღმერთზე. ეს გამოჩნდა, როცა ისინი კადნიერად ქედმაღლობდნენ მათზე. და აიღო ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი და საკლავები ღვთისათვის, და მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი პურის საჭმელად მოსეს სიმამრთან ღვთის წინაშე. მეორე დღეს კი დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. და იდგა ხალხი მოსეს წინაშე დილიდან საღამომდე. და დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის და უთხრა: „ამას რას უკეთებ ხალხს? რად ზიხარ შენ მარტო, მთელი ხალხი კი დგას შენთან დილიდან საღამომდე?“ და უთხრა მოსემ თავის სიმამრს: „ხალხი ჩემთან მოდის ღვთისთვის მსჯავრის საკითხავად. და როცა მათ რამე საქმე აქვთ, მოდიან ჩემთან, და მეც განვსჯი დავას კაცსა და მის ახლობელს შორის, და ვაუწყებ მათ ღვთის წესსა და მის რჯულს.“ და უთხრა მოსეს მისმა სიმამრმა: „არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ. დაუძლურდებით შენცა და ეს ხალხიც, რომელიც შენთან არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე, ვერ შეძლებ მარტო შენ ამის კეთებას. ახლა ისმინე ჩემი ხმა: გირჩევ, და ღმერთი იყოს შენთან. იყავი ხალხის შუამავალი ღვთის წინაშე და წარუდგინე ღმერთს საქმეები. და განუმარტე მათ წესები და რჯული, მიუთითე მათ გზა, რომლითაც უნდა იარონ, და საქმეები, რომელნიც უნდა აკეთონ. და ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი, და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. და განსაჯონ ხალხი ყოველ დროს. და იქნება, ყოველ დიდ საქმეს შენთან მოიტანენ, ყოველ მცირე საქმეს კი თავად განსჯიან. შენც შეგიმსუბუქდება და მათაც შენთან ერთად იტვირთონ. და თუ ასე გააკეთებ და ღმერთიც გიბრძანებს, მაშინ შენც გაუძლებ, და მთელი ეს ხალხიც თავის ადგილზე მივა მშვიდობით.“ და ისმინა მოსემ თავისი სიმამრის ხმა და გააკეთა ყოველივე, რაც მან უთხრა. და ამოარჩია მოსემ უნარიანი კაცები მთელი ისრაელიდან და დაუნიშნა ისინი მეთაურებად ხალხს: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. და განსჯიდნენ ხალხს ყოველ დროს. დიდი საქმე მიჰქონდათ მოსესთან, ხოლო ყოველ მცირე საქმეს თავად განსჯიდნენ. და გაისტუმრა მოსემ თვისი სიმამრი, და წავიდა ის თავის ქვეყანაში. ეგვიპტის ქვეყნით ისრაელის გამოსვლიდან ზუსტად სამი თვის თავზე მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში. აიყარნენ რეფიდიმიდან და მივიდნენ სინაის უდაბნოში, და დაბანაკდა იქ ისრაელი მთის პირდაპირ. და ავიდა მოსე ღმერთთან, და მოუხმო მას უფალმა მთიდან: „ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელის ძეთ: თქვენ დაინახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა აგწიეთ არწივების ფრთებზე და მოგიყვანეთ ჩემთან. და ახლა, თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვანი, რომელთაც ეტყვი ისრაელის ძეთ!“ და მივიდა მოსე და მოიწვია ხალხის უხუცესნი, და წინ დაუდო მათ ყველა ეს სიტყვა, რომელიც აღუთქვა მას უფალმა. და მიუგო მთელმა ხალხმა ერთად, და თქვა: „რაც თქვა უფალმა, ყველაფერს აღვასრულებთ“. და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს. და უთხრა უფალმა მოსეს: „მე მოვალ შენთან ზრქელ ღრუბელში, რათა ისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და შენც გერწმუნონ საუკუნოდ.“ და აუწყა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს. და უთხრა უფალმა მოსეს: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი. და მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე. და ხალხს გარშემო საზღვარი შემოუწერე და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და მისი კალთის მიკარებას. ყველა, ვინც მთას შეეხება, სიკვდილით მოკვდება. არ შეეხოს მას ხელი, არამედ ჩაქოლვით ჩაიქოლოს ან ისრით განიგმიროს. ვერც პირუტყვი, ვერც კაცი ცოცხალი ვერ გადარჩება. საყვირის გაბმულ ხმაზე შეეძლებათ მათ მთაზე ასვლა. და ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან, და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი. და უთხრა ხალხს: „იყავით მზად მესამე დღისთვის და ნუ მიეკარებით ცოლებს.“ და მესამე დღეს, გამთენიისას, იყო გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი მთაზე, და საყვირის ხმა მეტად ძლიერი. და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი. და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას. ხოლო სინაის მთა ბოლავდა მთლიანად, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში, და მისგან ღუმლის კვამლივით ადიოდა კვამლი და ძლიერ ირყეოდა მთელი მთა. და საყვირის ხმა ძლიერდებოდა მეტად. მოსე ლაპარაკობდა და ღმერთი პასუხობდა ხმით. და ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე, და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ და ავიდა მოსე. და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა მათგან მრავალი. და თვით მღვდლებიც, უფალთან მიახლებისას, განიწმიდონ, რომ არ შემუსროს ისინი უფალმა.“ და უთხრა მოსემ უფალს: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან შენ გაგვაფრთხილე და გვითხარი: ‘საზღვარი შემოწერე მთას და განწმიდე იგი.’“ და უთხრა მას უფალმა: „წადი, ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ხოლო მღვდლები და ხალხი ნუ ამოიჭრებიან უფალთან ამოსასვლელად, თორემ შემუსრავს მათ.“ და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და მოუთხრო მათ. და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას, და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის. არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს. დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია. არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი შეისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი. პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. არა კლა. არ იმრუშო. არ იქურდო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.“ და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს და ცეცხლის ალს, და საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას. იხილა ხალხმა და შეკრთა და დადგა მოშორებით. და უთხრეს მოსეს: „გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.“ და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, რადგან ღმერთი მოვიდა, რომ გამოგცადოთ თქვენ, რომ მისი შიში იყოს თქვენს წინაშე, რათა არ შესცოდოთ.“ და იდგა ხალხი მოშორებით, და მივიდა მოსე ნისლთან, სადაც ღმერთი იყო. და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თქვენ დაინახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკებოდით. არ გააკეთოთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთები. ვერცხლის ან ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ. მიწისაგან გამიკეთე სამსხვერპლო და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველები და შენი სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და შენი მსხვილფეხა საქონელი; ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მე მოვალ შენთან და გაკურთხებ. და თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, არ ააშენო იგი გათლილი ქვით, რადგან როგორც კი კვერს მოუღერებ, წაბილწავ მას. და ნუ ახვალ საფეხურებით ჩემს სამსხვერპლოზე, რათა არ გამოჩნდეს შენი სიშიშვლე მასზე.’ და აჰა, კანონები, რომლებსაც წარუდგენ მათ: თუ ებრაელ მსახურს იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს და მეშვიდე წელს გათავისუფლდეს უსასყიდლოდ. თუ იგი მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანია, წავიდეს მასთან ერთად მისი ცოლიც. თუ მისი ბატონი შერთავს მას ცოლს, რომელიც მას ვაჟებს ან ასულებს გაუჩენს, მაშინ ცოლი და ბავშვები მისი ბატონისაა, და თავად წავიდეს მარტო. ხოლო თუ მსახური იტყვის: ‘მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილები, არ მინდა თავისუფლება,’ მაშინ მიიყვანოს იგი მისმა ბატონმა მსაჯულთა წინაშე და მიაყენოს იგი კარის წირთხლთან და გაუხვრიტოს მისმა ბატონმა ყური სადგისით, და მისი მსახური იქნება საუკუნოდ. და თუ გაყიდის კაცი თავის ასულს მხევლად, იგი ისე ვერ გავა, როგორც მონა გადის. და თუ იგი თვალში არ მოუვიდა მის ბატონს, და არ ირთავს, მისცეს მას გამოსყიდვის ნება. უფლება არა აქვს მას უცხო ხალხს მიჰყიდოს, რადგან თავად უღალატა მას. ხოლო თუ დანიშნავს მას თავის ვაჟზე, მაშინ როგორც ასულს, ისე მოექცეს. თუ თვითონ სხვას შეირთავს, მაშინ მას საზრდო, სამოსელი და თანაცხოვრება არ მოაკლოს. თუ ამ სამ რამეს არ გაუკეთებს, წავა იგი გამოუსყიდველად, ვერცხლის გარეშე. თუ ვინმე კაცს დაჰკრავს და კაცი მოკვდება, თავადაც სიკვდილით უნდა მოკვდეს. ხოლო თუ მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, არამედ ღმერთმა ჩააგდო მის ხელში, მაშინ დაგინიშნავ ადგილს, სადაც უნდა გადაიხვეწოს. და თუ ვინმე ბოროტი განზრახვით მოკლავს თავის მოყვასს მზაკვრულად, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად. ვინც თავის მამას ან თავის დედას გაარტყამს, სიკვდილით უნდა მოკვდეს. ვინც მოიპარავს ადამიანს და გაყიდის მას, ან აღმოაჩნდება მის ხელში, სიკვდილით უნდა მოკვდეს. თავისი მამისა და თავისი დედის ავად მაგინებელი სიკვდილით უნდა მოკვდეს. თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთი მეორეს ქვას ან მუშტს დაჰკრავს, და თუ კაცი არ მოკვდება და ლოგინად ჩავარდება, თუ ადგება იგი და ივლის გარეთ ყავარჯნით, მაშინ მცემელი უდანაშაულოა, მხოლოდ მისი მოცდენისათვის უნდა გადაუხადოს და სავსებით განკურნოს იგი. და თუ გალახოს კაცმა თავისი მსახური ან თავისი მხევალი ჯოხით და მოკვდეს იგი მისი ხელით, მაშინ შური იძიე მისგან. მაგრამ თუ მან ერთი ან ორი დღე იცოცხლა, მაშინ მასზე შური აღარ იძიოთ, რადგან იგი მისი ვერცხლია. თუ კაცები ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ და ქალი ნაადრევად იმშობიარებს, მაგრამ უბედურება არ მოუვა, მაშინ ის უნდა დაჯარიმდეს, რასაც მას დააკისრებს იმ ქალის ქმარი, და გადაიხადოს მსაჯულთა თანდასწრებით. ხოლო თუ უბედურება დატრიალდა, მაშინ მიეცი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ. დაწვა დაწვის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ. და თუ კაცმა თვალში ჩაარტყას თავის მსახურს ან თავის მხევალს და დაუზიანოს იგი, უნდა გაათავისუფლოს იგი მისი თვალის წილ. და თუ კბილს ჩაუმტვრევს თავის მსახურს ან თავის მხევალს, გაათავისუფლოს იგი მისი კბილის წილ. და თუ ხარმა ურქინოს კაცს ან დედაკაცს და მოკლას იგი, ჩაქოლვით ჩაიქოლოს ხარი და არ იჭამოს მისი ხორცი. ხოლო პატრონი ხარისა უდანაშაულოა. მაგრამ თუ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, მისი პატრონი კი გაფრთხილებული იყო, მაგრამ არ დაამწყვდია იგი და მოკლა ამ ხარმა კაცი ან დედაკაცი, მაშინ ხარი ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოკვდეს. თუ გამოსასყიდი დაეკისრება მას, გაიღოს საურავი თავისი სიცოცხლისათვის, როგორც დაეკისრება. თუ ვაჟს ურქინოს ან ასულს ურქინოს, იმავე კანონით მოექეცით მას. თუ მსახურს ურქინოს ხარმა, ან მხევალს, ოცდაათი ვერცხლი მისცეს მის ბატონს, ხარი კი ჩაიქოლოს. და თუ ვინმე კაცმა ორმოს თავი გადახადოს, ან ამოთხაროს კაცმა ორმო და არ დახუროს, და შიგ ხარი ან სახედარი ჩავარდეს, ორმოს პატრონმა ვერცხლით აუნაზღაუროს პატრონს, მკვდარი კი მისი იყოს. და თუ ვინმეს ხარი მისი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ვერცხლი შუაზე გაიყონ, და მოკლულიც გაიყონ. ხოლო თუ ცნობილი იყო, რომ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, და არ დაამწყვდია მისმა პატრონმა, გადახდით გადაიხდის ხარის წილ, მოკლული კი მისი იყოს.“ „თუ ვინმემ მოიპაროს ხარი ან კრავი და დაკლას ან გაყიდოს, ხუთი მსხვილფეხა საქონელი უნდა გადაიხადოს ხარის წილ, და ოთხი წვრილფეხა საქონელი კრავის წილ. თუ სახლის გამოთხრაზე წაასწრებენ ქურდს და სცემენ ისე, რომ მოკვდება, მაშინ ეს სისხლი არ მოეკითხება. მაგრამ თუ მზემ მოუსწრო მას, სისხლი მოეკითხება. გადახდით გადაიხადოს ქურდმა და, თუ არა აქვს გადასახდელი, გაყიდონ იგი ქურდობისთვის. თუ მოპარული ცოცხლად აღმოაჩნდება ხელში, ხარი იქნება, სახედარი თუ ცხვარი, ერთიორად უნდა გადაიხადოს. თუ ვინმემ წაახდინოს მდელო ან ვენახი და გაუშვას თავისი საქონელი, და მოაძოვოს სხვისი მდელო, თავის საუკეთესო მდელოთაგან და საუკეთესო ვენახებიდან უნდა უზღოს. თუ ცეცხლი გამოვარდეს, ეკალს მოედოს და გადაწვას ზვინი ან თავთავი ან მდელო, უნდა გადაიხადოს ხანძრის გამჩაღებელმა. თუ ვინმემ თავის მოყვასს ფული ან ჭურჭელი მიაბაროს და ეს მოპარულ იქნეს იმ კაცის სახლიდან, თუ აღმოჩნდება ქურდი, მან ერთიორად გადაიხადოს. ხოლო თუ არ აღმოჩნდება ქურდი, ეახლოს სახლის პატრონი მსაჯულებს და დაიფიცოს, რომ არ წასცდენია ხელი თავისი მოყვასის ქონებაზე. ბრალდების ყოველგვარი მიზეზის გამო: ხარისა და სახედრის შესახებ, კრავისა და სამოსლის შესახებ, ყოველგვარი დანაკარგის შესახებ, რომელზეც ვინმე იტყვის, ჩემი არისო, მსაჯულებამდე მივიდეს ორივეს საქმე. ვისაც მსაჯულები გაამტყუნებენ, ის გადაუხდის ერთიორად თავის მოყვასს. თუ ვინმე მიაბარებს თავის მოყვასს სახედარს, ხარს ან კრავს და რაიმე საქონელს, და თუ ის მოკვდა ან დაშავდა, ან მოიტაცეს და მნახველი არავინ იქნა, უფლის წინაშე ფიცი იყოს ორივეს შორის, რომ არ წასცდენია ხელი თავისი მოყვასის საკუთრებაზე. და მიიღოს ეს პატრონმა და იგი არ გადაიხდის. ხოლო თუ მოპარავენ მას, გადაუხადოს მის პატრონს. თუ მას მხეცი დაგლეჯით დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად, და არ გადაიხდის. და თუ ვინმემ ითხოვოს თავისი მოყვასისგან პირუტყვი და ის დაშავდეს ან მოკვდეს, და მისი პატრონი იქ არ იყოს, გადახდით გადაიხადოს, მაგრამ თუ მისი პატრონი იქ იყო, არ გადაიხდის. თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება. თუ ვინმემ შეაცდინოს ქალწული, რომელიც დანიშნული არაა, და დაწვეს მასთან, მაშინ ურვადით უნდა შეირთოს ცოლად. თუ ქალიშვილის მამა უარზე დადგეს და მას არ მიათხოვოს, ვერცხლი მიუწონოს ამ კაცმა, როგორც ქალწულობის ურვადი. ჯადოქარს ნუ აცოცხლებ. ყველა, ვინც დაწვება პირუტყვთან, სიკვდილით მოკვდეს. ვინც ერთი უფლის გარდა სხვა ღმერთებს შესწიროს მსხვერპლი, უნდა განადგურდეს. ხიზანს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში. არ დაჩაგრო ქვრივი და ობოლი. თუ ჩაგვრით დაჩაგრავ, შემომღაღადებენ ისინი და სმენით მოვისმენ მათ ღაღადისს, და აინთება ჩემი რისხვა, და მოგკლავთ თქვენ მახვილით, და დაქვრივდებიან თქვენი ცოლები და დაობლდებიან თქვენი შვილები. თუ ვერცხლს ასესხებ ვინმეს ჩემი ხალხიდან, შენთან მყოფ ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ნუ დააკისრებ ვახშის გადახდას. თუ გირაოდ აიღებ შენი მოყვასის მოსასხამს, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე მას, რადგან ის ერთადერთი საფარველია მისი. იგი მისი სხეულის მოსასხამია, რითი დაწვეს? და იქნება, როცა შემომღაღადებს, მე მოვისმენ, რადგან მოწყალე ვარ. ღმერთს ნუ დაგმობ და შენი ხალხის მთავარს ნუ დასწყევლი. შენი კალოს პირველნაყოფი და შენი საწნახლის პირველდაწურული არ დამიგვიანო. პირმშო შენს ძეთაგან მე მომეცი. ეგევე გააკეთე შენს ხარზე და შენს ცხვარზე. შვიდი დღე იყოს თავის დედასთან, ხოლო მერვე დღეს მომეცი მე. წმიდა ხალხი უნდა იყოთ ჩემთვის: ხორცი, მინდორში ნამხეცავი, არ ჭამოთ, ძაღლს მიუგდეთ.“ „ნუ დაყრი ცრუ ხმებს; ხელს ნუ მისცემ უკეთურს, რათა ბოროტების მოწმე არ გახდე. ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და არ გაამრუდო სამართალი. და გლახაკს ნუ ესარჩლები მის დავაში. თუ შეეყარო შენი მტრის ხარს ან სახედარს, გზადაბნეულს, დაბრუნებით დაუბრუნე მას. თუ დაინახო შენი მოძულის სახედარი დავრდომილი თავის ტვირთქვეშ, ნუ მიატოვებ მას: ტვირთი ჩამოხსენი მასთან ერთად. ნუ გაამრუდებ სამართალს შენი ღარიბის დავაში. სიცრუეს განშორდი და უდანაშაულო და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან არ გავამართლებ დამნაშავეს. და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულებს და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს. და ხიზანს ნუ შეავიწროებ. თქვენ იცით ხიზნის სული, რადგან ხიზნები იყავით თქვენ ეგვიპტის ქვეყანაში. ექვსი წელი თესე შენი მიწა და აიღე ნაყოფი მისი, ხოლო მეშვიდე წელს მიატოვეთ, ნუ შეეხებით მას, რათა შენი ხალხის ღარიბ-ღატაკებმა ჭამონ და ნარჩენით გამოიკვებნენ ველური ცხოველები. ასევე მოექეცი შენს ვენახსა და ზეთისხილს. ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა, და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა. ყველაფერი, რაც მე გითხარით, დაიცავით, და სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, ბაგეებზე არ გაიკაროთ. სამგზის იდღესასწაულე ჩემთვის წელიწადში. დღესასწაული უფუარობისა დაიცავი: შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვის დაწესებულ ჟამს, რადგან ამ დროს გამოხვედი შენ ეგვიპტიდან. და ნუ გამოჩნდებიან ჩემს წინაშე ხელცარიელნი. და დაიცავი დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მკისა, რაც ყანაში დაგითესავს; აგრეთვე დღესასწაული კრეფისა წელიწადის დამლევს, როცა აკრეფ შენს ნაშრომს ყანიდან. წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი უფალი ღმერთის წინაშე. საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირავის სისხლს, ნურც ჩემი სადღესასწაულო ქონი დარჩება დილამდე. შენი მიწის პირველნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში. აჰა, მე წაგიმძღვარებ ანგელოზს შენს დასაცავად გზაზე და შენს მისაყვანად იმ ადგილზე, რომელიც მე გავამზადე. იფრთხილე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან ის არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვას, რადგან მასშია ჩემი სახელი. თუ სმენით მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს. რადგან წაგიძღვება ჩემი ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსეველებთან, და შევმუსრავ მათ. თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო მათ, და არ მოიქცე მათი საქმისამებრ, არამედ ნგრევით დაანგრიე ისინი და შემუსვრით შემუსრე მათი ძეგლები. და ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და ის აკურთხებს შენს პურს და შენს წყალს, და განვაშორებ ავადმყოფობას შენგან. არ იქნება მუცელმოწყვეტილი ან ბერწი დედაკაცი შენს მიწაზე. შენს დღეთა რიცხვს აღვავსებ. წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშისზარს. და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, რომელთანაც შენ მიხვალ. და მოვაქცევ ყოველი შენი მტრის ზურგს შენსკენ; და წინ წაგიმძღვარებ კრაზანებს და გარეკავენ ხიველებს, ქანაანელებს და ხეთელებს შენგან. არ გავრეკავ მათ შენგან ერთი წლის განმავლობაში, რომ არ მოოხრდეს ქვეყანა და არ მოგეძალნენ ველური მხეცები. თანდათანობით გავრეკავ მათ შენგან, ვიდრე მოშენდებოდე და დაიმკვიდრებდე ამ ქვეყანას. და გავავლებ შენს საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემთ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ, და შენ გარეკავ მათ შენგან. ნუ შეკრავ კავშირს ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან. არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ არ შეგაცდინონ ჩემს წინაშე. თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, ეს მახე იქნება შენთვის.“ და მოსეს უთხრა: „ამოდით უფალთან შენ და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი, და თაყვანი მეცით შორიდან. და მარტო მოსე მიეახლოს უფალს და ისინი არ მიეახლონ, და ხალხი არ ამოყვეს მას.“ და მივიდა მოსე და მოუთხრო ხალხს ყოველი სიტყვა უფლისა და ყოველი მისი რჯულდება. და მიუგო მთელმა ხალხმა ერთხმად: „ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთ.“ და დაწერა მოსემ ყოველი სიტყვა უფლისა, და ადგა დილაადრიანად, და ააშენა სამსხვერპლო მთის ძირას და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი ტომის რიცხვისამებრ. და წარავლინა მოსემ ჭაბუკი ისრაელის ძენი და აღუვლინეს სრულადდასაწველნი, და დაკლეს მოზვრები სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის. აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, და ნახევრით აპკურა სამსხვერპლოს. და აიღო აღთქმის წიგნი, და წაიკითხა ხალხის გასაგონად, და მათ თქვეს: „ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ და ვიქნებით მორჩილნი.“ და აიღო მოსემ სისხლი და აპკურა ხალხს და თქვა: „აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა თქვენ, ყველა ამ სიტყვისამებრ.“ და ავიდნენ მოსე და აარონი, ნადაბი და, აბიჰუ, და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი. და მათ იხილეს ღმერთი ისრაელისა; და იყო მის ფეხთა ქვეშ რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა და ზეცასავით სუფთა. ისრაელის ძეთაგან რჩეულებზე არ გაუწვდია ხელი: მათ იხილეს ღმერთი და ჭამეს და სვეს. და უთხრა უფალმა მოსეს: „ამოდი ჩემთან მთაზე და იყავი იქ. და მოგცემ შენ ქვის დაფებს, და რჯულსა და მცნებას, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.“ და ადგნენ მოსე და იესო, მსახური მისი, და წავიდა მოსე ღვთის მთაზე. და უთხრა უხუცესებს: დაგველოდეთ ჩვენ აქ, ვიდრე დავბრუნდებით თქვენთან. და აჰა, აარონი და ხური თქვენთან არიან. ვისაც საქმე ექნება, მივიდეს მათთან.“ და ავიდა მოსე მთაზე და დაფარა მთა ღრუბელმა. და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე და ფარავდა ღრუბელი მას ექვს დღეს. და მოუხმო მან მოსეს მეშვიდე დღეს შუაგულ ღრუბლიდან. და სახე უფლის დიდებისა ისრაელიანთა თვალში იყო, როგორც ცეცხლი მოგიზგიზე მთის მწვერვალზე. და შევიდა მოსე შუაგულ ღრუბელში, და ავიდა მთაზე. და იყო მოსე მთაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ, რომ ამიკრიფონ შესაწირავი. ყოველი კაცისგან, ვისაც გული ეტყვის, ამიკრიფეთ შესაწირავი. და ესაა შესაწირავი, რასაც აკრეფთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი, სელი და თხისური, და ცხვრის ტყავები წითელი და მაჩვისა და აკაციის ხე, და გასანათებელი ზეთი, სურნელებანი საცხებელი ზეთისთვის და საკმევლისათვის. ქვები სარდიონი და ქვები ჩასასმელი ეფოდისთვის და სამკერდულისათვის. და გამიკეთონ მე საწმიდარი და დავივანებ მათ შორის. ყოველივე, როგორც მე გიჩვენებ შენ სავანის ნიმუშად ყოველი მისი ჭურჭლის ნიმუშად, ეგრე გააკეთე. და გააკეთეთ კიდობანი აკაციის ხეთაგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა მისი სიგანე, და ერთნახევარი წყრთა მისი სიმაღლე. და მოჭედე იგი წმიდა ოქროთი. შიგნიდან და გარედან მოჭედე იგი. და გაუკეთე ზემოთ ოქროს გვირგვინი ირგვლივ. და ჩამოასხი მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი, და მიამაგრე ოთხ ქვედა კუთხეზე: ორი რგოლი მის ერთ მხარეს და ორი რგოლი მის მეორე მხარეს. და გააკეთე კეტები აკაციის ხისაგან, და მოჭედე ისინი ოქროთი. და გაუყარე კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, რათა ატაროთ კიდობანი მათი საშუალებით. კიდობნის რგოლებში კეტები უნდა იყოს, არ მოსცილდეს მას. და ჩადევით კიდობანში მოწმობა, რომელსაც მოგცემ შენ. და გააკეთე თავსარქველი წმიდა ოქროსი: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე, და ერთნახევარი წყრთა მისი სიგანე. და გააკეთე ორი ქერუბიმი: ოქროთი ჭედურად. თავსარქველთან დასხით ქერუბიმები მის ორივე კიდეზე. და დასვი ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე და ერთი ქერუბიმი – მეორე კიდეზე. დასხით ქერუბიმები თავსარქვლის ორივე კიდეზე. და იქნებიან ქერუბიმები ფრთაგაშლილნი ზემოთკენ, და დაფარავენ თავიანთი ფრთებით თავსარქველს. პირისახეები ერთმანეთისკენ ექნებათ. თავსარქვლისაკენ იქნება ქერუბიმების პირისახეები. და დააფარე თავსარქველი კიდობანს ზევიდან. და ჩადევი კიდობანში მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ. და გამოგეცხადები შენ იქ და დაგელაპარაკები თავსარქველს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუაგულიდან, რომელნიც მოწმობის კიდობანზეა, ყოველივეზე რასაც გამცნებ შენ ისრაელის ძეთათვის. და გააკეთე ტაბლა აკაციის ხისაგან. ორი წყრთა იყოს მისი სიგრძე და წყრთა მისი სიგანე, და ერთნახევარი წყრთა მისი სიმაღლე. და მოჭედე იგი წმიდა ოქროთი, და გაუკეთე მას ოქროს გვირგვინი ირგვლივ. და გაუკეთე მას ჩარჩო ირგვლივ ხელისგულის სიმაღლის, და გაუკეთე ოქროს გვირგვინი მის ჩარჩოს ირგვლივ. და გაუკეთე მას ოქროს ოთხი რგოლი, და მიამაგრე რგოლები ოთხ კუთხეზე მის ოთხ ფეხთან. ჩარჩოსთან იყოს რგოლები სათავსებით კეტებისთვის, მაგიდის სატარებლად. და გააკეთე კეტები აკაციის ხისაგან, და მოჭედე ისინი ოქროთი, რათა მათი მეშვეობით ატაროთ ტაბლა. და გააკეთე მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ჯამები, და მისი ტოლჩები საღვრელისთვის, წმიდა ოქროსაგან გააკეთე ისინი. და დებდე ამ ტაბლაზე საწინაშეო პურს ჩემს წინაშე მუდამ. და გააკეთე სასანთლე წმიდა ოქროსაგან. ჭედური გაკეთდეს სასანთლე, მისი შვერილი და მისი ტოტი, მისი თასები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე უნდა იყოს. და ექვსი ტოტი გამოდიოდეს მისი გვერდებიდან: სამი ტოტი სასანთლისა მისი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი სასანთლისა მისი მეორე გვერდიდან. სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასევე ექვს ტოტზე, რომელნიც გამოდიან სასანთლიდან. და თვით სასანთლეზე – ოთხი ნუშისებრი თასი, მისი კვირტები და მისი ყვავილები. და მისი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, და კიდევ ერთი კვირტი მისი ორი ტოტის ქვეშ, სასანთლიდან გამომავალი ექვსი ტოტისათვის. მათი კვირტები და მათი ტოტები იქნება მისგანვე, მთლიანად ერთი ჭედურობით, წმიდა ოქროთი. და გააკეთე შვიდი კანდელი მისი და აანთე მისი კანდელები, რათა ანათებდეს მის წინ. და მისი მაშები, და მისი აქანდაზები იყოს წმიდა ოქროსი. ერთი ტალანტი წმიდა ოქროსგან გაკეთდეს იგი მთელ ამ ჭურჭელთან ერთად. იცოდე, გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გიჩვენე მთაზე. და გააკეთე სავანე გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი გადასაფარებლისაგან. და ქერუბიმები გაუკეთე ოსტატური ნამუშევრით. თითოეული გადასაფარებელის სიგრძე იყოს ოცდარვა წყრთა, ხოლო სიგანე თითოეული გადასაფარებლისა – ოთხი წყრთა. ერთი ზომა ყოველი გადასაფარებლისთვის. ხუთი გადასაფარებელი იქნება შეერთებული ურთიერთთან და კიდევ ხუთი გადასაფარებელი იქნება შეერთებული ურთიერთთან. და გააკეთე ცისფერი მარყუჟი ერთი გადასაფარებლის კიდეზე, რომელიც ბოლოში აერთებს ორივე ნახევარს. და აგრეთვე გააკეთე ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, რომელიც აერთიებს ორივე ნახევარს. ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთე იმ გადასაფარებლის კიდეს, რომელიც სხვებს უერთდება. მარყუჟები უნდა შეესაბამებოდნენ ურთიერთს. და გააკეთე ორმოცდაათი დუგმა ოქროსი, და შეაერთე გადასაფარებლები ურთიერთთან დუგმებით, და ერთიანი იქნება სავანე. და გააკეთე გადასაფარებელი თხისურისგან, სავანის დასაფარად. თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი გააკეთე. სიგრძე ერთი გადასაფარებლისა იყოს ოცდაათი წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა: ერთი ზომა იყოს თერთმეტივე გადასაფარებლისათვის. და შეაერთე ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე, და ორად მოკეცე მეექვსე გადასაფარებელი კარვის წინ. და გააკეთე ორმოცდაათი მარყუჟი ერთი გადასაფარებლის ბოლო კიდეზე შესაერთებლად, და ორმოცდაათი მარყუჟი მეორე გადასაფარებლის კიდეზე მასთან შესაერთებლად. და გააკეთე სპილენძის ორმოცდაათი დუგმა და გაუყარე დუგმები მარყუჟებში, და შეაერთე სავანე, და ერთი იქნება. და ჩამოშვებული ნამეტი სავანის გადასაფარებლიდან, გადასაფარებლის ნამეტობის ნახევარი, გადაიჭიმოს სავანის უკანა მხარეს. და ნამეტი სავანის გადასაფარებლის სიგრძიდან, ერთი წყრთა ერთი მხრიდან, გადაიჭიმოს სავანის გვერდებზე აქეთა და იქითა მხრიდან, მის დასაფარავად. და გააკეთე საფარველი კარვისათვის წითელი ვერძის ტყავისა და ზევიდან მაჩვის ტყავისა. და გააკეთე ძელები სავანისათვის აკაციის ხისაგან. ათი წყრთა იყოს სიგრძე ძელისა და წყრთანახევარი იყოს სიგანე თითოეული ძელისა. ორ-ორი რიკი თითოეული ძელისათვის, ერთიმეორეზე მიერთებული. ეგრე გააკეთე სავანის ყოველი ძელისათვის. და გააკეთე ძელები სავანისათვის: ოცი ძელი ნეგების მხარისაკენ, სამხრეთისაკენ. და ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი გააკეთე ოცი ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი სხვა ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის. და სავანის მეორე გვერდისათვის, ჩრდილოეთის მხარისაკენ – ოცი ძელი. და მათი ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ძელის ქვეშ. და სავანის უკანა მხარისათვის, დასავლეთით, გააკეთე ექვსი ძელი. და ორი ძელი გააკეთე სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს. და იყოს ისინი შეკრული ქვევიდან, და ერთად იყოს შეკრული ზემოთ, ერთ რგოლთან. ასე უნდა იყოს ორთავესათვის: ორივე კუთხისათვის იყოს ისინი. და იყოს რვა ძელი და მათი კვარცხლბეკი ვერცხლისა – თექვსმეტი კვარცხლბეკი: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ. და გააკეთე ძელაკები აკაციის ხისგან: ხუთი – სავანის ერთი გვერდის ძელებისათვის. და ხუთი ძელაკი სავანის მეორე მხარის ძელებისათვის, და ხუთი ძელაკი სავანის უკანა მხარის ძელებისათვის, დასავლეთით. და შუა ძელაკი ძელების შუაგულში გასაყრელად – ერთი ბოლოდან მეორემდე. და მოავარაყე ძელები ოქროთი, და მათი რგოლები, ძელაკების გასაყრელები გააკეთე ოქროსი, და ძელაკებიც ოქროთი მოავარაყე. და ააგე სავანე იმ წესით, რომელიც გიჩვენე მთაზე. და გააკეთე ფარდა ცისფერი, და ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისა, და გრეხილი ბისონისა. ოსტატური ნაკეთობით გააკეთონ იგი, ქერუბიმებით. და ჩამოკიდე იგი ოქროთი მოპირკეთებულ აკაციის ოთხ სვეტზე, ოქროსი იყოს მათი დუგმები, ვერცხლის ოთხ კვარცხლბეკზე, და მიაბნიე ფარდა დუგმებს, და შეიტანე იქ, ფარდის მიღმა, მოწმობის კიდობანი. და ფარდა გამოჰყოფს თქვენთვის წმიდას წმიდათა წმიდისაგან. და დაახურე თავსარქვეველი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში. და დადგი ტაბლა ფარდის გარეთ და სასანთლე ტაბლის პირისპირ სავანის მხარეს, სამხრეთისაკენ, და დადგი ტაბლა ჩრდილოეთით. და გააკეთე ფარდა სავანის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისა, და გრეხილი ბისონისა, მქარგავის ნამუშევარი. და გააკეთე ფარდისათვის ხუთი სვეტი აკაციისა და მოავარაყე ისინი ოქროთი. და მათი დუგმები ოქროსი იყოს; და ჩამოასხი მათთვის სპილენძის ხუთი კვარცხლბეკი. და გააკეთე სამსხვერპლო აკაციის ხისაგან ხუთი წყრთა სიგრძისა და ხუთი წყრთა სიგანისა. ოთხკუთხედი იყოს სამსხვერპლო, სამი წყრთის სიმაღლისა. და გაუკეთე მას რქები მის ოთხივ კუთხეზე. მისგანვე იყოს მისი რქები და მოჭედე იგი სპილენძით. და გაუკეთე მას ქოთნები ფერფლის ჩასაყრელად, და მისი ნიჩბები, და მისი სასხურებელნი, და მისი ჩანგლები, და მისი აქანდაზები, ყოველი მისი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთე. და გაუკეთე მას ცხაური ბადისებრი ნაკეთობისა სპილენძისაგან, და ბადეზე გაუკეთე ოთხი რგოლი სპილენძისა მის ოთხ კიდეზე. და დადევი იგი სამსხვერპლოს წრიული შვერილის ქვეშ. ქვევიდან ბადე სამსხვერპლოს ნახევრამდე იყოს. და გაუკეთე კეტები სამსხვერპლოს, კეტები აკაციის ხისა და მოჭედე ისინი სპილენძით. გაეყაროს მისი კეტები რგოლებში და იყოს კეტები სამსხვერპლოს ორივე გვერდზე, მის სატარებლად. ღრუიანი გააკეთე იგი ფიცრებით. როგორც გიჩვენე შენ მთაზე, ეგრე გააკეთონ. და მოაწყვე სავანის ეზო სამხრეთის მხრისაკენ, ნეგებისაკენ. ფარდები ეზოსათვის გრეხილი ბისონისა, ასი წყრთის სიგრძისა ერთ მხარეზე. და სვეტები მისი ოცი და მათი კვარცხლბეკები ოცი, სპილენძისგან. სვეტების დუგმები და მათი რკალები ვერცხლისა. და აგრეთვე ჩრდილოეთის მხარის გასწვრივ, ასი წყრთის სიგრძის ფარდები. და სვეტები მისი – ოცი, და მათი კვარცხლბეკები – ოცი, სპილენძისა. და სვეტების დუგმები და მათი რკალები, ვერცხლისა. და ეზოს სიგანეზე დასავლეთით – ფარდები ორმოცდაათი წყრთისა. მათი ათი სვეტი და ათი კვარცხლბეკი. და ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, მზის აღმოსავლისკენ – ორმოცდაათი წყრთა, და თხუთმეტი წყრთა ფარდები ერთი მხარისათვის მათი სამი სვეტითა და მათი სამი კვარცხლბეკით. და მეორე მხარისათვის – თხუთმეტი ფარდა სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. და ეზოს ბჭისათვის ფარდა – ოცი წყრთა, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისა და დაგრეხილი ბისონისა, მქარგავის ნაკეთობით. ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი. ეზოს ყოველი სვეტი ირგვლივ შეერთებული იყოს ვერცხლის რკალებით. მათი დუგმები ვერცხლის იყოს, და მათი კვარცხლბეკები – სპილენძისა. ეზოს სიგრძე ასი წყრთაა და სიგანე – ორმოცდაათი ორმოცდაათზე. სიმაღლე ხუთი წყრთაა, გრეხილი ბისონისა, მათი კვარცხლბეკნი – სპილენძისა. სავანის ყველა ჭურჭელი ყოველი მისი სამსახურისთვის და ყველა მისი პალო და ეზოს პალო – სპილენძისა. უბრძანე ისრაელის ძეთ მოგიტანონ სუფთად გამოხდილი ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რათა მუდამ ენთოს ლამპარი. საკრებულო კარავში ფარდის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ენთოთ იგი აარონსა და მის ძეთ მწუხრიდან დილამდე, უფლის წინაშე. ეს საუკუნო წესია მათი თაობებისათვის ისრაელის ძეთაგან. და მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელის ძეთაგან, რათა მღვდლობა გამიწიოს, აარონი და ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, ძენი აარონისა. და დაუმზადე წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად. და ელაპარაკე ყველა გულბრძენს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აარონს მის საკურთხებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს. და აჰა, სამოსელნი, რომელნიც მათ უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, დოლბანდი და სარტყელი. და დაამზადონ სამოსელი აარონს, შენს ძმას, და მის ძეთ, რათა მღვდლობა გამიწიოს. და აიღონ ოქრო, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი მატყლი და ბისონი. და დაამზადონ ეფოდი ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისა, ოსტატური ნაკეთობით. ორი შემკვრელი სამხრე ექნება მას მის ორი-ვე კიდეზე, რათა დამაგრებული იყოს. და სარტყელი ეფოდისა, რომელიც მასზეა, იყოს ისეთივე ნაკეთობისა, ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან. და აიღე სარდიონის ორი ქვა, და ამოკვეთე მათზე ისრაელის ძეთა სახელები. ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმომავლობის მიხედვით. ქვაზე ამომკვეთელის ნაკეთობით, საბეჭდავის ტვიფარივით ამოტვიფრე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები. ბუდეები ოქროს მოჭედილობით გააკეთე. და მოათავსე ორი ქვა ეფოდის სამხრეებზე – ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები, და აარონმა ატაროს მათი სახელები უფლის წინაშე თავის ორივე მხარზე, მათ სამახსოვროდ. და გააკეთე ბუდეები ოქროსაგან. ორი ძეწკვი წმიდა ოქროსაგან, გრეხილი გააკეთე ისინი, წნული ნაკეთობით, და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებს. და დაამზადე განკითხვის სამკერდული ოსტატური ნაკეთობით. ისეთივე ნაკეთობით დაამზადე, როგორც ეფოდია. ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან დაამზადე იგი. ოთხკუთხედი იყოს იგი, ორკეცი, მტკაველი მისი სიგრძე და მტკაველი მისი სიგანე. და ჩასვი მასში ჩასასმელი ქვები; ქვების ოთხი მწკრივი: ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა – ერთი მწკრივი. და მეორე მწკრივი: ზურმუხტისა, საფირონისა და ალმასისა. და მესამე მწკრივი: იაგუნდისა, აქატისა და ამეთვისტოსი. და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითისა, სარდიონისა, იასპისა. ოქროს ბუდეში უნდა ჩაისვას ისინი. ქვები თორმეტი იყოს ისრაელის ძეთა სახელების მიხედვით. საბეჭდავის ტვიფარივით უნდა იყოს, და თითოეული თავისი სახელით უნდა იყოს თორმეტი ტომისათვის. და გააკეთე სამკერდულზე გრეხილი ძეწკვები, წნულად გაკეთებული, წმიდა ოქროთი. და გააკეთე სამკერდულზე ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორ კიდეზე. და ჩასვი ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე. და ორივე წნულის ორივე კიდე მიამაგრე ორივე ბუდეზე, და მიამაგრე ეფოდის სამხრეებზე, მის წინა მხარეს. და გააკეთე ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორივე კიდეზე, მის არშიაზე, რომელიც ეფოდის შიგნითაა. და გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვევიდან, მისი წინამხრიდან, მისი შეერთების ადგილთან, ეფოდის სარტყელზე. და მიამაგრონ სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იგი იყოს ეფოდის სარტყელზე და არ მოსცილდეს სამკერდული ეფოდს. და ატაროს აარონმა ისრაელის ძეთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, თავის გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე. და ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი. და იქნება ისინი აარონის გულზე მისი მისვლისას უფლის წინაშე; და ატაროს აარონმა ისრაელის ძეთა სამართალი თავის გულზე უფლის წინაშე მარადის. და დაამზადე მოსასხამი ეფოდისათვის მთლად ცისფერი. და იყოს ჭრილი მის შუაში თავისათვის. არშია ჰქონდეს მის ჭრილს ირგვლივ, მქსოველის ნაკეთი, ჯავშნის ჭრილივით ჰქონდეს მას, რომ არ გაიხეს. და გაუკეთე კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი მის კალთებზე ირგვლივ. და ოქროს ეჟვნები შეაბი მათ შორის, ირგვლივ. ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსლის კალთებზე, ირგვლივ. და იგი იყოს აარონზე მსახურებისთვის, რათა ისმოდეს მისი ხმა მისი შესვლისას წმიდაში უფლის წინაშე, და მისი გამოსვლისას, რომ არ მოკვდეს. და გააკეთე გვირგვინი წმიდა ოქროსი, და ამოკვეთე მასზე საბეჭდავის ტვიფარივით: ‘სიწმიდე უფლისა.’ და მიამაგრე იგი ცისფერი ზონრით, და იყოს იგი დოლბანდზე, დოლბანდის წინა მხარეს იყოს იგი. და იყოს ის აარონის შუბლზე, და იტვირთოს აარონმა ნაკლი შესაწირავთა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელის ძენი, ყოველი მათი წმიდა საბოძვარისთვის, და იყოს იგი მის შუბლზე მუდამ, რათა სასურველი იყოს ისინი უფლის წინაშე. და მოქსოვე კვართი ბისონისა, და სარტყელი გაუკეთე, მქარგავის ნაკეთი. დაუმზადე აარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი, და თავსამკაულნი გაუკეთე მათ სადიდებლად და დასამშვენებლად. და შემოსე მათით აარონი, შენი ძმა, მისი ძენი მასთან ერთად, და სცხე მათ, და აუვსე მათ ხელი, და აკურთხე ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ. და დაუმზადე მათ სელის შარვალი, დასაფარავად სხეულის სიშიშვლისა. წელიდან წვივამდე რომ სწვდებოდეს. და იქონიონ ისინი აარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლებისას წმიდაში მსახურებისათვის, რათა ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცნენ. ეს საუკუნო წესია მისთვის და მის შთამომავალთათვის მის შემდეგ. ეს არის, რაც უნდა გაუკეთო შენ მათ, რათა აკურთხო ისინი ჩემთვის მღვდლობის გასაწევად: აიყვანე ერთი მოზვერი და ორი უმანკო ვერძი. და აიღე ხმიადები და უფუარი კვერები, ხორბლის წმიდა ფქვილისაგან, ზეთწაცხებული. გამტკიცული ფქვილისგან გააკეთე ისინი. და მოათავსე ისინი ერთ კალათაში, და მიიტანე ისინი კალათით. და აგრეთვე მოზვერი და ორი ვერძი. აარონი და მისი ძენი მიაახლე საკრებულო კარვის კარს და განბანე ისინი წყლით. და აიღე შესამოსელნი და შემოსე აარონი კვართით და წამოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, და შემოარტყი მას სარტყელი ეფოდისა. და დაახურე დოლბანდი თავზე, და მიამაგრე წმიდის გვირგვინი დოლბანდზე. და აიღე საცხებელი ზეთი, და დაასხი მას თავზე, და სცხე მას. და მიაახლე მისი ძენი და შემოსე ისინი კვართებით. და შემოარტყი მათ სარტყელი, აარონს და მის ძეებს, და დაახურე მათ დოლბანდები, და იყოს მღვდლობა საუკუნო წესად. და აუვსებ ხელს აარონს და მის ძეთ. და მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა თავიანთი ხელები მოზვერს თავზე. და დაკალი მოზვერი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. და აიღე მოზვრის სისხლიდან, და წასცხე თითით სამსხვერპლოს რქებს. მთელი სისხლი კი დაღვარე სამსხვერპლოს საძირკველთან. და აიღე მთელი ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათივე ქონითურთ, და აკმიე სამსხვერპლოზე. ხოლო მოზვრის ხორცი და მისი ტყავი და მისი სიბინძურე დაწვი ცეცხლში ბანაკის გარეთ. ცოდვის მსხვერპლია იგი. და აიყვანე ერთი ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და მოაპკურე სამსხვერპლოს ირგვლივ. და ვერძი დაჭერი ნაწილებად და გარეცხე მისი შიგნეული და მისი კანჭები, და დაადე ისინი მის გაკვეთილ ნაწილებს და მის თავს. და აკმიე მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი მსხვერპლია უფლისა, კეთილსურნელებაა, საცეცხლო მსხვერპლია იგი უფლისათვის. და აიყვანე მეორე ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძის თავს. და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და სცხე აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მის ძეთა მარჯვენა ყურის ბიბილოს, და მათი მარჯვენა ხელის ცერს და მათი მარჯვენა ფეხის ცერს. და მოაპკურე სისხლი სამსხვერპლოს, ირგვლივ. და აიღე სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზეა, და საცხებელი ზეთი და მოასხურე აარონსა და მის შესამოსელს, და მის ძეებსა და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განიწმიდება იგი და მისი შესამოსელნი, და მის ძეთა შესამოსელნი მასთან ერთად. და აიღე ვერძისგან ქონი და დუმა, და ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, და ორივე თირკმელი, და ქონი, რომელიც მათზეა, და მარჯვენა კანჭი, რადგან ეს ვერძი ხელავსებისაა, და ერთი მთელი პური, და ერთი ზეთიანი ნამცხვარი, და ერთი კვერი ხმიადების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშეა. და დაუწყვე ყოველივე აარონს ხელისგულებზე და მის ძეთ ხელისგულებზე, და შეარხიე ისინი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. და აიღე ისინი მათ ხელთაგან, და აკმიე სამსხვერპლოზე სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე. იგი საცეცხლო მსხვერპლია უფლისა. და აიღე ხელავსების ვერძის მკერდი, რომელიც აარონისაა, და შეარხიე იგი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. და ეს იქნება შენი წილი. და განწმიდე მკერდი შესარხეველი შესაწირავისა და კანჭი აღსამართავი შესაწირავისა, რომელიც შერხეულ და აღმართულ იქნა ხელთავსების ვერძისაგან, რომელიც აარონისაა და, რომელიც მისი ძეებისაა. და ეს იყოს აარონისა და მისი ძეებისათვის საუკუნო წესად ისრაელის ძეთაგან, რადგან ეს აღსამართავი შესაწირავია და აღსამართავი შესაწირავი უნდა იყოს ისრაელის ძეთაგან მათი სამშვიდობო მსხვერპლებიდან მათი აღსამართავი შესაწირავი უფლისათვის. და წმიდა შესამოსელი, რომელიც აარონისაა, დარჩეს მის ძეებს მის შემდგომ, რათა მასში მიიღონ ცხება და ხელის ავსება. შვიდი დღე ემოსოს იგი მღვდელს, ვინც მის ნაცვლად იქნება მის ძეთაგან, რომელიც შევა საკრებულო კარავში წმიდაში მსახურებისთვის. ხელთავსების ვერძი აიყვანე და მოხარშე მისი ხორცი წმიდა ადგილზე. და ჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა ხორცი ვერძისა და პური, რომელიც კალათშია, საკრებულო კარვის შესასვლელთან. და ჭამონ ის, რომლითაც მიღებული აქვთ მათ გამოსყიდვა ხელავსებისათვის და კურთხევისათვის. უცხომ არ ჭამოს იგი, რადან წმიდაა იგი. და თუ დარჩება ხელავსების ხორცისაგან და პურისაგან დილამდე, მაშინ დაწვი მონარჩენი ცეცხლში. აღარ იჭამოს, რადგან წმიდაა იგი. და ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის ძეებს, როგორც გამცნე შენ: შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი. და მოზვერი ცოდვის შესაწირავისა შესწირე ყოველდღე გამოსასყიდად და განწმიდე სამსხვერპლო შენი გამოსყიდვისას მასზე, და სცხე მას, რათა განწმიდო იგი. შვიდ დღეს ასრულებდე გამოსყიდვას სამსხვერპლოსთვის და განწმედდე მას. და იქნება სამსხვერპლო წმიდათაწმიდა. ყველა, ვინც შეეხება სამსხვერპლოს, განიწმიდება. აი რას შესწირავ სამსხვერპლოზე: ორ ერთწლიან კრავს ყოველდღე, მუდმივად. ერთი კრავი შესწირე დილით, ხოლო მეორე კრავი შესწირე საღამოთი, და მეათედი ეფა, გამტკიცული ფქვილი, მეოთხედ ჰინ გამოხდილ ზეთში შერეული, და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად ერთი კრავისთვის. მეორე კრავი შესწირე მწუხრის ჟამს, მსგავსად დილის შესაწირავისა, და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი, კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირავად უფალს. ეს სრულადდასაწველი მუდმივად იყოს თქვენს თაობებში საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით თქვენ, რათა გელაპარაკო. და იქ გამოვეცხადები ისრაელის ძეთ და განიწმიდება კარავი ჩემი დიდებით. და განვწმედ საკრებულო კარავს და სამსხვერპლოს, და აარონს და მის ძეებსაც განვწმედ, რათა მღვდლობა გამიწიონ. და დავივანებ ისრაელის ძეთა შორის და ვიქნები მათი ღმერთი. და შეიცნობენ, რომ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. და გააკეთე სამსხვერპლო საკმევლის საკმევად. აკაციის ხეებისგან გააკეთე იგი. იყოს მისი სიგრძე წყრთა და წყრთა – მისი სიგანე. ოთხკუთხედი იყოს და ორი წყრთა სიმაღლით. მისგანვე იყოს მისი რქები. და მოავარაყე იგი წმიდა ოქროთი, მისი სახურავი და მისი კედლები ირგვლივ, და მისი რქები. და გაუკეთე მას ოქროს გვირგვინი ირგვლივ. ორი ოქროს რგოლი გაუკეთე გვირგვინის ქვემოთ, მის ორთავე გვერდზე. და იქნება ისინი კეტების გასაყრელად, რათა ატარონ იგი მისი მეშვეობით. და გააკეთე კეტები აკაციის ხეებისაგან და მოავარაყე ისინი ოქროთი. და მოათავსე ფარდის წინ, რომელიც მოწმობის კიდობანზეა, თავსარქვლის პირისპირ, რომელიც მოწმობაზეა, სადაც მე გამოგეცხადები შენ. და მოაკმევს მასზე აარონი კეთილსურნელების საკმეველს. დილდილობით, კანდელთა დამზადების ჟამს აკმიოს იგი. და რაჟამს აანთებს აარონი კანდელებს მწუხრის ჟამს, აკმიოს იგი. ეს მუდმივი საკმეველია უფლის წინაშე თქვენს თაობებში. არ მიიტანოთ მასზე რაიმე სხვა საკმეველი, არც სრულადდასაწველი და არც ძღვენი, და საღვრელს ნუ დაღვრით მასზე. და შეასრულებს გამოსყიდვას აარონი მის რქებზე წელიწადში ერთხელ. ცოდვის გამოსასყიდი სისხლით წელიწადში ერთხელ გამოისყიდის მასზე თქვენს თაობებში. წმიდათა წმიდაა იგი უფლისათვის.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „როცა ჩაატარებ ისრაელის ძეთა საყოველთაო აღრიცხვას მათ დასათვლელად, მაშინ მისცეს თითოეულმა გამოსასყიდი თავისი სულისა უფალს მათი აღრიცხვისას, და არ გაჩნდება მათში ჭირი მათი აღრიცხვისას. ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, გაიღოს ნახევარი შეკელი საწმიდარის შეკელისა, რომელიც იწონის ოც გერას: ნახევარშეკელი შესაწირავია უფლისა. ყველამ ვინც გაივლის აღრიცხვას, ოცი წლიდან და ზემოთ, მისცეს შესაწირავი უფალს. მდიდარმა არ გადაამეტოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს: უნდა მისცეს შესაწირავი უფალს, თქვენს სულთა გამოსასყიდად. და აიღე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელის ძეთაგან, და მიეცი ის საკრებულო კარვის სამსახურისათვის. და ეს იქნება ისრაელის ძეთათვის სამახსოვროდ უფლის წინაშე თქვენს სულთა გამოსასყიდად“. და უთხრა უფალმა მოსეს: „გააკეთე სპილენძის საბანელი და მისი სპილენძის კვარცხლბეკი. და დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხი შიგ წყალი. და აარონმა და მისმა ძეებმა დაიბანონ მასში ხელები და ფეხები. საკრებულო კარავში შესვლისას დაიბანონ წყლით, რათა არ დაიხოცონ, ანდა, როცა მივლენ სამსხვერპლოსთან მსახურებისთვის, უფლის საცეცხლო შესაწირავის საკმევად. და დაიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. და იყოს მათთვის საუკუნო წესად, მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მათ თაობებში“. და უთხრა უფალმა მოსეს: „აიღე შენთვის საუკეთესო სურნელებანი: სუფთა მური ხუთასი შეკელი და სურნელოვანი დარიჩინი მისი ნახევარი – ორას ორმოცდაათი, და სურნელოვანი ლერწამი – ორას ორმოცდაათი. კასია საწმიდრის ხუთასი შეკელისა და ერთი ჰინი ზეთი ზეთისხილისა. და გააკეთე მისგან წმიდა ზეთი, ნელსაცხებელი, მენელსაცხებლის ხელოვნებით შეზავებული. წმიდა ზეთი იქნება იგი. და სცხე იგი საკრებულო კარავს და მოწმობის კიდობანს, და ტაბლას და ყოველ მის ჭურჭელს, და სასანთლეს და ყოველ მის ჭურჭელს, და საკმევლის სამსხვერპლოს, და სრულადდასაწველთა სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და საბანელს და მის კვარცხლბეკს. და განწმიდე ისინი და ყველა გახდება წმიდათა წმიდა. ვინც მას ხელს შეახებს, განიწმიდება. და სცხე აარონსა და მის ძეებს, და განწმიდე ისინი, რათა მღვდლობა გამიწიონ. ისრაელის ძეთ კი უთხარი, რომ ეს იქნება ჩემთვის წმიდა საცხებელი ზეთი თქვენს თაობებში. ადამიანის სხეულს არ მოეცხოს, და მის მსგავს ნაზავს ნუ გააკეთებთ. წმიდაა იგი, სიწმიდე იყოს თქვენთვის. ვინც შეაზავოს მისი მსგავსი და ვინც სცხოს იგი უცხოს, მოიკვეთოს თვისი ერისაგან“. და უთხრა უფალმა მოსეს: „აიღე შენთვის სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, ხელბანა. სურნელებანი და წმიდა გუნდრუკი უნდა თანასწორად იყოს. და გააკეთე მათგან საკმევლის ნაზავი, ნელსაცხებელი მენელსაცხებლის ხელოვნებით ქმნილი, მარილნარევი, სუფთა, წმიდა. და დანაყე წვრილად, და დადე მოწმობის წინ საკრებულო კარავში, სადაც გამოგეცხადები შენ. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის. საკმეველს, რომელსაც შენ გააკეთებ ამ ნაზავით, ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. წმიდად გქონდეს იგი შენთან უფლისათვის. ვინც გააკეთებს მის მსგავსს საყნოსავად, მოიკვეთოს თვისი ერიდან“. და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ხურისა, ძისა ურისა, იუდას ტომიდან. და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით, ოსტატობით რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე მუშაობა. მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი ხელოვნება. და აჰა, მე მივეცი მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. და მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ: საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და თავსარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ჭურჭელი კარვისა. და ტაბლა, და მისი ჭურჭელნი და წმიდა სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა. და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი. და სამსახურებელი შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლის და მის ძეთა შესამოსელნი მღვდლობის გასაწევად. და ზეთი და საკმეველი კეთილსურნელებათაგან წმიდისათვის. როგორც მე გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ ასე: ‘ჩემი შაბათები დაიცავით კარგად, იგი ნიშანია ჩემსა და თქვენს შორის თქვენს თაობებში, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი. და დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა ის თქვენთვის: მისი შემბილწველი სიკვდილით მოკვდეს, რადგან ყველა, ვინც გააკეთებს ამ დღეს საქმეს, მოიკვეთება ის სული თვისი ერის წიაღიდან. ექვსი დღე აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე, შაბათი, დასვენებაა უფლისა, წმიდაა უფლისათვის. ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს შაბათს, სიკვდილით მოკვდეს. და დაიცვან ისრაელის ძეთ შაბათი, რათა იზეიმონ შაბათი მათ თაობებში საუკუნო აღთქმად. და ჩემს შორის და ისრაელის ძეთა შორის ნიშანია იგი საუკუნოდ, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, და მეშვიდე დღეს იუქმა და დაისვენა.’“ და მისცა მან მოსეს, რაჟამს დაასრულა ლაპარაკი მასთან სინაის მთაზე, ორი დაფა მოწმობისა, ქვის დაფები, დაწერილი ღვთის თითით. და როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: „ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა.“ და უთხრა მათ აარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები, რომელნიც თქვენს ცოლთა, ძეთა და ასულთა ყურებზეა, და მოიტანეთ ჩემთან.“ და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურთაგან, და მიუტანეს აარონს. და აიღო მათი ხელიდან და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრეთლით, და მათ თქვეს: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან“. და როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო მის წინაშე, და თქვა აარონმა: „უფლის დღესასწაულია ხვალ“. და ადგნენ დილაადრიანად მეორე დღეს, და მოიტანეს სრულადდასაწველნი, და მიიყვანეს სამშვიდობო მსხვერპლები. და დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. და შემდეგ ადგნენ სალაღობოდ. და უთხრა უფალმა მოსეს: „აბა, ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც მე ვამცნე მათ: გაიკეთეს ჩამოსხმული ხბო და თაყვანი სცეს მას, და შესწირეს მას მსხვერპლი, და თქვეს: ‘ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან’“. და უთხრა უფალმა მოსეს: „ვხედავ მე ამ ხალხს და ქედფიცხელი ხალხია იგი. ახლა მიმიშვი, რათა აღეგზნოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი, შემდეგ კი გაქცევ შენ დიდ ხალხად“. და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით? რად უნდა თქვან ეგვიპტელებმა ასე: ‘ბოროტი განზრახვით გამოიყვანა ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირისაგან აღსაგველად?’ გააბრუნე შენი რისხვის აღგზნება და გადაიფიქრე ბოროტება შენი ხალხის მიმართ. გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი მათ: ‘გავამრავლებ თქვენს თესლს ცის ვარსკვლავებივით და მთელს ამ ქვეყანას, რომელზეც მე ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ საუკუნოდ.’“ და გადაიფიქრა უფალმა ბოროტების გაკეთება, რომელზეც თქვა, რომ დაატეხდა თავის ხალხს. და მობრუნდა, და ჩავიდა მოსე მთიდან. და ორი ქვის დაფა მოწმობისა ეჭირა ხელში, ორივე მხარეს ნაწერი დაფები: აქეთაც და იქითაც დაწერილი. და ეს დაფები ღვთის ნაკეთები იყო, და წარწერაც ღვთის ამოკვეთილი იყო. და მოესმა იესოს ხმა მშფოთვარე ხალხისა, და უთხრა მოსეს: „ბრძოლის ხმაა ბანაკში“. და უთხრა მოსემ: „არ არის გამარჯვების ყიჟინის ხმა და არც დამარცხების გმინვის ხმაა: ხმა ლხინისა მესმის მე.“ და როცა მიუახლოვდა ბანაკს და იხილა ხბო და როკვა, აღეგზნო მოსეს რისხვა, და მოისროლა მან ხელიდან დაფები, და დაამსხვრია ისინი მთის ძირას. და აიღო ხბო, რომელიც მათ გააკეთეს, და დაწვა ცეცხლში და მტვრად აქცია და მოფანტა წყლის ზედაპირზე და ასვა იგი ისრაელის ძეთ. და უთხრა მოსემ აარონს: „რა გაგიკეთა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?“ და უთხრა აარონმა; „ნუ აღეგზნება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცნობ ამ ხალხს, რომ ბოროტია იგი. მითხრეს: ‘გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება წინ, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით რა შეემთხვა.’ და მე ვუთხარი მათ, ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას, და მე მომცეს-მეთქი. და ჩავაგდე იგი ცეცხლში და გამოვიდა ეს ხბო.“ და იხილა მოსემ ხალხი, რომ თავაშვებულია იგი, რადგან თავი ააშვებინა მას აარონმა და მასხარად ასაგდები გახდა მტერთა წინაშე. და დადგა მოსე ბანაკის ბჭესთან, და თქვა: „ვინც უფლისაა, ჩემსკენ!“ და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე. და უთხრა მათ: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘ყველამ თავისი მახვილი შეიბას გვერდზე, გაიარეთ და დაბრუნდით ბჭიდან ბჭემდე, და მოკლას თითოეულმა თავისი ძმა, და თითოეულმა თავისი მეგობარი და თითოეულმა თავისი ნათესავი.’“ და გააკეთეს ლევის ძეთ მოსეს სიტყვისამებრ და დაეცა ხალხიდან იმ დღეს სამი ათასამდე კაცი: და უთხრა მათ მოსემ: „ხელები აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ თქვენ დღეს კურთხევა.“ და მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: „დიდი ცოდვა ჩაიდინეთ და ახლა ავალ უფალთან, ეგების გამოვისყიდო თქვენი ცოდვა.“ და გაბრუნდა მოსე უფალთან, და თქვა: „ცოდვა დიდი ჩაიდინა ამ ხალხმა: გაიკეთეს ოქროს ღმერთი. და ახლა, თუ შეუნდობ მათ ცოდვას, შეუნდე, და თუ არა, ამომშალე მეც შენი წიგნიდან, შენ რომ დაწერე.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, მას ამოვშლი ჩემი წიგნიდან. და ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითკენაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. და განკითხვის დღეს დავსჯი მათ მათი ცოდვისათვის“ და მოსრა უფალმა ხალხი გაკეთებული ხბოსთვის, რომელიც აარონმა გააკეთა. და უთხრა უფალმა მოსეს: „წადით ახლა აქედან შენ და შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, იმ ქვეყანაში, რომელიც შევფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ მას.’ წინ წაგიმძღვარებ ანგელოზს და გავრეკავ ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსეველებს. [და ის შეგიყვანთ] ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ხოლო მე თვითონ არ ამოვალ შენს შორის, რადგან ქედფიცხელი ხალხი ხარ შენ, რათა შენც არ მოგსპო გზაზე.“ და ისმინა ხალხმა ეს მრისხანე სიტყვა და იგლოვეს, და არავინ მორთულა თავისი სამკაულებით. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ქედფიცხელი ხალხი ხართ თქვენ. ერთი წამითაც რომ გავიაროთ თქვენს შორის, მოგსპობთ. ახლა მოიხსენი შენი სამკაულები და მე ვიცი, რაც უნდა გიყო შენ.’“ და ჩამოიხსნეს ისრაელის ძეთ თავიანთი სამკაულები ხორების მთასთან. და აიღო მოსემ კარავი და გაშალა თავისთვის ბანაკის გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა მას საკრებულო კარავი. და ყველა, ვინც ეძიებდა უფალს, გადიოდა საკრებულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იყო. და როცა გამოდიოდა მოსე კარავთან, დგებოდა მთელი ხალხი. და ჩერდებოდა თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან, და თვალს ადევნებდა მოსეს, ვიდრე იგი კარავში შევიდოდა. და როცა შედიოდა მოსე კარავში, ეშვებოდა სვეტი ღრუბლისა და იდგა კარვის შესასვლელთან, და უფალი ელაპარაკებოდა მოსეს. და ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს. და ელაპარაკებოდა [უფალი] მოსეს პირისპირ, როგორც კაცი ელაპარაკოს თავის მეგობარს, და იგი ბრუნდებოდა ბანაკში. ხოლო მსახური მისი იესო, ძე ნავესი, ჭაბუკი, არ შორდებოდა კარავს. და უთხა მოსემ უფალს: „შეხედე, შენ მეუბნები, ‘გაუძეხი ამ ხალხს,’ და არ მაუწყე, ვის გამოგზავნი ჩემთან ერთად. შენ მითხარი: ‘გიცნობ სახელით და შენ ჰპოვე მადლი ჩემს თვალში.’ და ახლა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო შენ, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში; და ნუ დაივიწყებ, რომ შენი ერია ეს ხალხი.“ და თქვა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ შენ.“ და უთხრა მას: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან. და რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? ხომ იმით, რომ წამოხვალ ჩვენთან და ამით გამორჩეულნი ვიქნებით მე და შენი ხალხი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.“ და უთხრა უფალმა მოსეს ეს სიტყვაც: „რაც თქვი, გავაკეთებ, რადგან ჰპოვე შენ მადლი ჩემს თვალში და გიცნობ სახელით.“ და უთხრა: „მაჩვენე მე შენი დიდება.“ და უთხრა: „მე ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინ და შევიწყალებ, ვინც უნდა შევიწყალო, და შევიბრალებ, ვინც უნდა შევიბრალო“. და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს“. და თქვა უფალმა: „აჰა ადგილია ჩემთან. დადექი ამ კლდეზე და, როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში ჩაგაყენებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე ჩავივლიდე. და როცა მოგაშორებ ჩემს ხელს, იხილავ ჩემს ზურგს, ხოლო ჩემი სახე არ გამოჩნდება“. და უთხრა უფალმა მოსეს: „გამოთალე შენთვის პირველთა მსგავსი ორი ქვის დაფა და მე დავწერ ამ დაფებზე სიტყვებს, რომელნიც იყო პირველ დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე. და იყავი მზად განთიადისას და ამოდი დილას სინაის მთაზე, და დადექი ჩემთან იქ, მთის წვერზე. ნურავინ ამოგყვება და ნურც ნურავინ გამოჩნდება მთელ მთაზე, ნურც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი ნუ მოძოვს ამ მთის პირას“. და გამოთალა მოსემ ორი ქვის დაფა, იმ პირველთა მსგავსი, და ადგა დილაადრიანად მოსე, და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უფალმა უბრძანა მას. და ეჭირა ხელში ორი დაფა. და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა [მოსე] მასთან იქ, და წარმოთქვა სახელი უფლისა. და გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი, ინახავს წყალობას ათასეულებისათვის, შეუნდობს ბრალს და დანაშაულს, და ცოდვას. დამნაშავეს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე.“ და ისწრაფა მოსემ და მოიდრიკა მიწამდე და თაყვანი სცა უფალს. და თქვა: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მეუფეო, აბა წამოვიდეს მეუფე ჩვენთან ერთად, რადგან ეს ხალხი ქედფიცხელია. გვაპატიე ჩვენი ბრალი და ჩვენი ცოდვები, და გვაქციე შენს სამკვიდრებლად“. და თქვა: „აჰა, მე ვდებ აღთქმას მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, რომელნიც არ მომხდარა მთელ დედამიწაზე არც ერთ ერში. და იხილოს ყოველმა ხალხმა, რომელთა შორისაც შენ ხარ, უფლის საქმე, რადგან საშინელია, რასაც მე შენთვის გავაკეთებ. დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს: აჰა, მე გავრეკავ შენი პირისაგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსეველებს. გაფრთხილდი, არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მცხოვრებთ, რომელშიც შეხვალ, რათა არ გექცეს მახედ შენს შორის. მათი სამსხვერპლოები დაანგრიეთ და მათი სვეტები დალეწეთ, და მათი აშერები აჩეხეთ. რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, გარდა უფლისა, რადგან შურისმგებელია მისი სახელი, შურისმგებელი ღმერთია იგი. არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მცხოვრებთ, თორემ როცა იმეძავებენ თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ და შესწირავენ მსხვერპლთ თავიანთ ღმერთებს, შენც მიგიწვევენ და შეჭამ მათ მსხვერპლს, და ნუ მოიყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეთათვის, რათა როდესაც იმეძავებენ მათი ასულნი თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ, შენმა ძეებმაც არ იმეძაონ მათი ღმერთების კვალდაკვალ. ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებ. დღესასწაული უფუარობისა დაიცავი: შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, დათქმულ დროს აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედი ეგვიპტიდან. საშოს ყოველი პირველგამპობი [ძე] ჩემია და ასევე ყოველი მამალი შენი ჯოგიდან, პირველმოგებული მოზვერიც და კრავიც. პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით და, თუ არ გამოისყიდი, გადაუმტვრიე კისერი. ყოველი პირმშო შენს ძეთაგან გამოისყიდე. და ნუ გამოჩნდებით ჩემს წინაშე ხელცარიელნი. ექვსი დღე იმუშავე და მეშვიდე დღეს დაისვენე. ხვნისა და მკის ჟამსაც დაისვენე. შვიდეულის დღესასწაული აღასრულე; იზეიმე პირველმოწეული ხორბლისა და რთვლის დღესასწაული წლის დამლევს. წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი მეუფის, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე, რადგან გავრეკავ ერებს შენი პირისაგან და განვავრცობ შენს საზღვარს, და არავინ ისურვებს შენს ქვეყანას, თუ გამოცხადდები უფლის, შენი ღმერთის წინაშე წელიწადში სამჯერ. გაფუებულზე ნუ დაღვრი ჩემი მსხვერპლის სისხლს და ნუ დატოვებ დილამდე საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს. პირველმოწეული ნაყოფი შენი მიწისა მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თვისი დედის რძეში.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „დაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით დაგიდევი აღთქმა შენცა და ისრაელსაც.“ და იყო იქ უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია. და დაწერა ქვის დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა. და ორივე დაფა მოწმობისა ხელთ ეპყრა მოსეს ჩამოსვლისას სინაის მთიდან. და არ იცოდა მან, რომ ასხივებდა მისი სახე მასთან ლაპარაკის გამო. და იხილეს აარონმა და ყველა ისრაელის ძემ მოსე და ასხივებდა მისი სახე, და შეეშინდათ მასთან მისვლისა. და მოუხმო მათ მოსემ და დაბრუნდნენ მასთან აარონი და ყველა მთავარი თემისა, და ელაპარაკა მათ მოსე. და შემდეგ მიეახლა ყველა ისრაელის ძე და ამცნო მათ ყველაფერი, რასაც ელაპარაკა უფალი მას სინაის მთაზე. როცა დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი, დაიდო სახეზე რიდე. როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე მასთან სალაპარაკოდ, ჩამოიხსნიდა ხოლმე რიდეს გამოსვლამდე. და გამოვიდოდა და ამცნობდა ისრაელიანებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა. და ხედავდნენ ისრელიანები, რომ ასხივებდა მოსეს სახე, და კვლავ იდებდა მოსე რიდეს თავის სახეზე, ვიდრე მივიდოდა მასთან სალაპარაკოდ. და შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა მათ: „აჰა, სიტყვანი, რომელნიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად: ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, დასვენების შაბათი უფლისა. ყველა, ვინც ამ დღეს გააკეთებს საქმეს, მოკვდეს. არ დაანთოთ ცეცხლი არც ერთ თქვენს სამკვიდრებელში შაბათ დღეს.“ და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: „აჰა, სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა: გაიღეთ შესაწირავი უფლისათვის. ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირავი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი. მატყლი ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი, ბისონი, და თხისური. და ტყავი ვერძთა ალისფერი, და ტყავნი მაჩვისა და ხე აკაციისა, და ზეთი გასანათებლად, და სურნელი საცხებელი ზეთისათვის და კეთილსურნელება საკმევლისათვის. და ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისათვის და სამკერდულისათვის. და ყველა, გულით ბრძენი თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყოველივე, რაც ბრძანა უფალმა. სავანე, მისი კარავი და მისი საფარველი, მისი დუგმები და მისი ძელები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები. კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა. ტაბლა და მისი კეტები, და ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური. და სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, და მისი კანდელები და ზეთი გასანათებლად. და სამსხვერპლო საკმევლისა და მისი კეტები, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი, და ფარდა კარვის შესასვლელისა. სამსხვერპლო სრულადდასაწველისა და ბადე სპილენძისა, რომელიც მისთვისაა, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, აბაზანა და მისი კვარცხლბეკი, საფარნი ეზოსი, მისი სვეტები და მათი კვარცხლბეკები, ფარდა ეზოს კარიბჭესთან. და სავანის პალოები და ეზოს პალოები და მათი საბელები. სამსახურებელი სამოსელი წმიდაში მსახურებისათვის და წმიდა შესამოსელნი აარონ მღვდლისათვის და შესამოსელნი მის ძეთათვის.“ და გამოვიდა ისრაელის ძეთა თემი მოსესგან. და მოვიდა ყოველი კაცი, რომელსაც გული ეწეოდა, და თითოეული, ვისაც სული აღეძრა, და მიიტანეს შესაწირავი უფლისა საკრებულო კარვის გასამართავად და ყოველი მისი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისათვის. და მოდიოდნენ კაცები ქალებთან ერთად. ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები და საყურეები და ბეჭდები, და სამკაულები, ყოველი ჭურჭელი ოქროსი. და ყველა, ვისაც სურდა შესაწირავად ოქრო უფლისათვის. და ყველას, ვისაც კი ჰქონდა ცისფერი, მეწამული, ჭიაფერი ბისონი, და თხისური და ვერძთა ალისფერი ტყავები, მოჰქონდა. ყველას, ვინც კი სწირავდა ვერცხლის შესაწირავს და სპილენძისას, მიჰქონდათ უფლის შესაწირავი. და ყველას, ვისაც ჰქონდა აკაციის ხეები სამუშაოს ყოველი საქმისათვის, მიჰქონდათ. და ყოველი გულბრძენი დედაკაცი ართავდა თავისი ხელით და მიჰქონდა ნართი ცისფერი, მეწამული, ჭიაფერი და ბისონი. და ყოველი დედაკაცი, ვისაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს. და მთავრებს მოჰქონდათ სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისათვის, და სურნელება და ზეთი გასანათებლად და ზეთი საცხებლისათვის და საკმევლისათვის. და ყოველ მამაკაცსა და დედაკაცს, ვისაც გული უწევდა მისატანად ყოველი იმ საქმისათვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს ხელით, მიჰქონდათ ისრაელის ძეთ ნებაყოფლობითი შესაწირავი უფლისათვის. და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ: „შეხედეთ, მოუწოდა უფალმა სახელებით ბეცალელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.“ და აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით, რათა შეექმნათ ხელოვნებით ნაქსოვი ქსოვილი, დაემუშავებინათ ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, და გამოეთალათ ქვები ჩასასმელად, და მოეხარატებინათ ხე და ყოველი სახელოვნო საქმე ეკეთებინათ; და უნარი სწავლებისა ჩაუდო მას გულში, მას და აჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან. აუვსო მათ გული სიბრძნით, რათა ეკეთებინათ ყოველი საქმე ხარატისა და ხელოვანი მქსოველისა, და მქარგავისა ცისფერ, მეწამულ, ჭიაფერ და ბისონის ქსოვილზე. და ეკეთებინათ საქმე მქსოველისა, რომელიც ხელოვნებით ქსოვს. და გააკეთეს ბეცალელმა და აჰოლიაბმა და ყველა გულბრძენმა, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება, რათა შეეცნოთ და ეკეთებინათ ყველა საქმე საწმიდრის სამუშაოსი, ყველაფერი, რაც უფალმა ბრძანა. და მოუხმო მოსემ ბეცალელსა და აჰოლიაბს, და ყოველ გულბრძენს, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე გულისა, ყველას, ვისაც გული მიუწევდა საქმის დასაწყებად და მის საკეთებლად. და აიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რომელიც მიიტანეს ისრაელის ძეთ საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად, და მათაც კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილდილობით. და მოვიდა ყოველი გულით ბრძენი საწმიდრის ყოველი სამუშაოს საკეთებლად, თითოეული თავის სამუშაოზე, ვინც რას აკეთებდა, და უთხრეს მოსეს ასე: „ხალხს მოაქვს მეტი, ვიდრე საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა.“ და ბრძანა მოსემ, და გაავრცელეს ხმა ბანაკში ასე: „არც კაცმა და არც დედაკაცმა აღარაფერი აკეთოს საწმიდრის შესაწირისათვის.“ და შეწყვიტა ხალხმა მოტანა. და მარაგი საკმაო იყო ყველა საქმისათვის, რაც უნდა ეკეთებინათ, და მორჩა კიდეც. და გააკეთა ყოველმა გულბრძენმა, რომლებიც აკეთებდნენ კარავის საქმეს: ათი გადასაფარებელი გრეხილი ბისონის და ცისფერის, ძოწეულის და ჭიაფერის. გააკეთეს ქერუბიმები მათზე ოსტატური ნაკეთობით. სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყო ოცდარვა წყრთა, და სიგანე – ოთხი წყრთა. ერთი ზომის იყო ყოველი გადასაფარებელი. და შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ერთიმეორესთან. და გააკეთა ცისფერი მარყუჟები ერთი გადასაფარებლის კიდეზე, სადაც იგი ერთიანდება სხვებთან. ასევე გააკეთა ბოლო გადასაფარებლის კიდეზე სხვებთან შესაერთებლად. ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთა ერთ გადასაფარებელს და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა გადასაფარებლის ბოლოს, სადაც იგი ერთიანდება სხვებთან. ეს მარყუჟები ესადაგებოდნენ ერთიმეორეს. და გააკეთა ორმოცდაათი ოქროს დუგმა და შეაერთა გადასაფარებლები ერთიმეორესთან დუგმებით, და გამოვიდა სავანე ერთიანი. და გააკეთა გადასაფარებლები თხისურისაგან სავანის გადასახურად. თერთმეტი გადასაფარებელი გააკეთა ასეთი. სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყო ოცდაათი წყრთა და ოთხი წყრთა იყო თითოეული გადასაფარებლის სიგანე. ერთი ზომის იყო თერთმეტივე გადასაფარებელი. და შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე. და გააკეთა ორმოცდაათი მარყუჟი ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, მისაერთებელთან და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა მეორე მისაერთებელი გადასაფარებლის კიდეზე. და გააკეთა სპილენძის ორმოცდაათი დუგმა კარვის შესაერთებლად, რათა ყოფილიყო ერთიანი. და გააკეთა საფარი კარვისათვის ვერძთა ალისფერი ტყავებისგან და მაჩვის ტყავების საფარი ზემოდან. და გააკეთა დასასმელი ძელები სავანისათვის აკაციის ხეთაგან. ათი წყრთა იყო სიგრძე ძელისა და ერთნახევარი წყრთა – სიგანე თითოეული ძელისა. ორი კოტა ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთთან მიერთებული. ასე გაუკეთა კარვის ყოველ ძელს. და გააკეთა ძელები სავანისათვის, ოცი ძელი ნეგების მხარისაკენ, სამხრეთისაკენ. და ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი გააკეთა ოცი ძელის ქვეშ, ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ, ორივე მისი კოტასათვის და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ – მისი ორივე კოტასათვის. და სავანის მეორე მხრისათვის, ჩრდილოეთ მხარეს, გააკეთა ოცი ძელი. და მათი ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი – ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ. და სავანის უკანა მხარისათვის, დასავლეთისაკენ, გააკეთა ექვსი ძელი. და ორი ძელი გააკეთა სავანის კუთხეებისათვის, უკანა მხარეს. და შეერთებული იყო ისინი ქვემოთ და ერთად იყო შეერთებული ზევით ერთ რგოლთან. ასე გაუკეთა ორივეს ორივე კუთხეში. და იყო რვა ძელი მათი ვერცხლის კვარცხლბეკებითურთ, თექვსმეტი კვარცხლბეკი. ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელის ქვეშ. და გააკეთა ძელაკები აკაციის ხეთაგან. ხუთი სავანის ძელთა ერთი გვერდისათვის, და ხუთი ძელაკი სავანის მეორე გვერდის ძელთათვის, დასავლეთით. და გააკეთა შუა ძელაკი გასაყრელად ძელთა შუაგულში ერთი ბოლოდან მეორემდე. ძელები მოჭედა ოქროთი და მათი რგოლებიც. სათავსები ძელაკებისათვის გააკეთა ოქროსგან და ისინიც მოჭედა ოქროთი. და გააკეთა ფარდა ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან. ოსტატური ნაკეთობით გააკეთა მასზე ქერუბიმები. და გაუკეთა მას ოთხი სვეტი აკაციისა და მოჭედა ისინი ოქროთი და ოქროს დუგმებით. და ჩამოასხა მათთვის ოთხი კვარცხლბეკი ვერცხლისა. და გააკეთა ფარდა კარვის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან, მქარგავის ნაკეთობით. და ხუთი სვეტი მისთვის დუგმებით. და მოჭედა მათი თხემები და მათი რკალები ოქროთი. მათი ხუთი კვარცხლბეკი სპილენძისაგან იყო. და გააკეთა ბეცალელმა კიდობანი აკაციის ხეთაგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე. და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი როგორც შიგნიდან, ისე გარედან, და გარს გვირგვინი შემოავლო. და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი მისი ოთხი კუთხისათვის. ორი რგოლი მის ერთ მხარეზე და ორი რგოლი მის მეორე მხარეზე. და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან, და მოჭედა ისინი ოქროთი. და გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად. და გააკეთა თავსარქველი წმიდა ოქროსაგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე. და გააკეთა ორი ქერუბიმი ოქროსი. ჭედური ნაკეთობით გააკეთა თავსარქველის ორივე ბოლოზე. ერთი ქერუბიმი ერთი ბოლოდან და მეორე ქერუბიმი მეორე ბოლოდან. თავსარქველიდან ამოიყვანა მან ქერუბიმები, მის ორივე ნაპირზე. და იყვნენ ქერუბიმები ფრთებგაშლილი მაღლა, და ფარავდნენ ფრთებით თავსარქველს, და სახით იყვნენ მიპყრობილნი ერთმანეთისაკენ. თავსარქველისაკენ იყო მიპყრობილი ქერუბიმების სახეები. და გააკეთა ტაბლა აკაციის ხეთაგან: ორი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთა იყო სიგანე მისი, და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე. და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი და გარს ოქროს გვირგვინი შემოავლო. და გაუკეთა მას ხელისგულის სიგანის ჩარჩო ირგვლივ და მოჭედა მისი ჩარჩო ოქროს გვირგვინით ირგვლივ. და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი და მიამაგრა ეს რგოლები ოთხ კუთხეზე, რომელიც მის ფეხებთან იყო. ჩარჩოსთან იყო რგოლები კეტების გასაყრელად ტაბლის სატარებლად. და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან ტაბლის სატარებლად, და მოჭედა ისინი ოქროთი. და გააკეთა წმიდა ოქროს ჭურჭელი ტაბლისთვის: მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ტოლჩები და მისი ჯამები საღვრელის დასაღვრელად. რათა ჩამოესხათ მათით. და გააკეთა მან სასანთლე წმიდა ოქროსგან, ჭედური სასანთლე გააკეთა. მისი შვერილი და მისი ტოტი, მისი ჯამები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე იყო. და ექვსი ტოტი გამოდიოდა მის გვერდთაგან: სამი ტოტი სასანთლისა მისი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი სასანთლისა მისი მეორე გვერდიდან. სამი ნუშისებრი ჯამი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. და სამი ნუშისებრი ჯამი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასე ექვს ტოტზე, რომელნიც გამოდიოდნენ სასანთლიდან. და თვით სასანთლეზე იყო ოთხი ნუშისებრი ჯამი, მისი კვირტები და მისი ყვავილები. და კვირტი მისი ორი ტოტის ძირში, და კიდევ კვირტი მისი ორი ტოტის ძირში და კიდევ კვირტი მისი ორი ტოტის ძირში სასანთლიდან გამომავალი ექვსი ტოტისთვის. მისი კვირტები და მისი ტოტები მისგანვე იყო ერთიანად, ჭედური წმიდა ოქროსაგან. და გააკეთა მისი შვიდი კანდელი თავისი მაშებითა და თავისი აქანდაზებით წმიდა ოქროსაგან. ერთი ტალანტი წმიდა ოქროსაგან გააკეთა იგი მთელი მისი ჭურჭლეულობით. და გააკეთა სამსხვერპლო საკმევლისა აკაციის ხეთაგან: ერთი წყრთა სიგრძე და ერთი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედი, და ორი წყრთა სიმაღლე. მისგანვე გამოდიოდა მისი რქები. და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი, მისი სახურავი და მისი კედლები ირგვლივ, და მისი რქები. და გარს ოქროს გვირგვინი შემოავლო. და ორი ოქროს რგოლი გაუკეთა მას გვირგვინის ქვეშ მის ორივე ფერდზე, მის ორივე მხარეს, კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ იგი მათით. და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან და მოჭედა ისინი ოქროთი, და გაამზადა ზეთი წმიდა ცხებისათვის და სურნელოვანი, ხალასი საკმეველი, მენელსაცხებლის ხელოვნებით ნახელავი. და გააკეთა სამსხვერპლო სრულადდასაწველისა აკაციის ხეთაგან: ხუთი წყრთა სიგრძე და ხუთი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედი; და სამი წყრთა სიმაღლე; და გაუკეთა რქები მას ოთხ კუთხეზე, მისგანვე იყო მისი რქები და მოჭედა იგი სპილენძით. და გააკეთა ყოველი ჭურჭელი სამსხვერპლოსი: ქოთნები და აქანდაზები, და სასხურებლები, ჩანგლები და საცეცხლურები. ყველა მისი ჭურჭელი სპილენძისაგან გააკეთა. და გააკეთა სამსხვერპლოსათვის ცხაური, ბადისებრი ნახელავი, სპილენძისაგან, მის კიდეზე, ქვემოდან მის ნახევრამდე. და ჩამოასხა ოთხი რგოლი სპილენძის ცხაურის ოთხი კუთხისათვის კეტების გასაყრელად. და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან და მოჭედა ისინი სპილენძით. და გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს ფერდებზე, რათა ეტარებინათ იგი მათი მეშვეობით. ღრუ გააკეთა იგი ფიცრებისგან. და გააკეთა საბანელი სპილენძისა და მისი კვარცხლბეკიც სპილენძისა ქალების სარკეებით, რომლებიც მსახურებას ეწეოდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან. და გააკეთა ეზო ნეგების, სამხრეთის, მიმართულებით. ეზოს ფარდა გრეხილი ბისონისაგან იყო, ასი წყრთა, მათი ოცი სვეტი და მათი სპილენძის ოცი კვარცხლბეკი; დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები – ვერცხლისა. და ჩრდილოეთის მხრიდან [ფარდები] – ასი წყრთა. მათთვის გაკეთდა ოცი სვეტი და მათი ოცი კვარცხლბეკი სპილენძისა. დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები ვერცხლისა. და დასავლეთის მხრიდან – ფარდები ორმოცდაათი წყრთა. მათთვის ათი სვეტი და ათი კვარცხლბეკი. სვეტთა დუგმები და მათი სალტეები ვერცხლისა. და წინა მხრიდან აღმოსავლეთისაკენ – [ფარდები] ორმოცდაათი წყრთა. ფარდები თხუთმეტი წყრთისა ეზოს ერთი მხრისათვის. მათთვის სამი სვეტი და სამი კვარცხლბეკი. და მეორე მხრისათვის ეზოს კარიბჭის აქეთ-იქიდან თხუთმეტი წყრთა ფარდა. სამი სვეტი და სამი კვარცხლბეკი. ეზოს ირგვლივ ყველა ფარდა გრეხილი ბისონისა იყო. სვეტების კვარცხლბეკები სპილენძისა იყო, სვეტების დუგმები და მათი რკალები – ვერცხლისა, და მათი თხემთა ჭედურობაც ვერცხლისა. და ვერცხლის სალტეებით იყო შეერთებული ეზოს ყოველი სვეტი. და ეზოს კარიბჭის ფარდა იყო მქარგავის ნაკეთობა, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან. ოცი წყრთა სიგრძით, ხუთი წყრთა სიმაღლით მთელ მანძილზე, ეზოს ფარდების მსგავსად. მათი ოთხი სვეტი და მათი ოთხი კვარცხლბეკი სპილენძისა იყო. და მათი დუგმები – ვერცხლისა და მათ თხემთა ჭედურობაც და რკალებიც – ვერცხლისა. და ყოველი პალო კარვისა და ეზოს ირგვლივ სპილენძისა იყო. ეს არის აღრიცხვა სავანისა, მოწმობის სავანისა, რომელიც დაანგარიშებულ იქნა მოსეს ბრძანებით, ლევიანთა შრომით, ითამარ მღვდლის – აარონის ძის, ზედამხედველობით. და ბეცალელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან, გააკეთა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს. და მასთან იყო აჰოლიაბიც, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, მეჩუქურთმე და ოსტატი მქსოველი და მქარგავი ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერსა და ბისონზე. მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყოველ საქმეზე, იყო ოქრო შემოწირული: ოცდაცხრა ტალანტი და შვიდას ოცდაათი შეკელი, საწმიდრის შეკელით. ხოლო თემის აღრიცხულ პირთაგან ვერცხლი – ასი ტალანტი და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი – საწმიდრის შეკელით. სულზე თითო ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი, საწმიდრის შეკელით, ყველასგან, ვინც გაიარა აღრიცხვა, ოცი წლიდან და ზევით, სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი. და იყო ასი ტალანტი ვერცხლი საწმიდრის კვარცხლბეკთა ჩამოსასხმელად და ფარდის კვარცხლბეკთათვის. ასი კვარცხლბეკი ასი ტალანტიდან, თითო ტალანტი კვარცხლბეკისათვის. და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელიდან მან გააკეთა დუგმები სვეტებისათვის და მოავარაყა მათი თხემები და შეაერთა ისინი სალტეებით. და სპილენძი შერხევის შესაწირავისა – სამოცდაათი ტალანტი და ორი ათას ოთხასი შეკელი. და გააკეთა მისგან საკრებულო კარვის შესასვლელის კვარცხლბეკები და სპილენძის სამსხვერპლო, და სპილენძის ცხაური მისთვის, და ყოველი ჭურჭელი სამსხვერპლოსი. და კვარცხლბეკები ეზოს ირგვლივ, და კვარცხლბეკები ეზოს კარიბჭისათვის, და ყოველი პალო სავანისა და ყოველი პალო ეზოს ირგვლივ. ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერისაგან დაამზადეს საწესო შესამოსელი წმიდა სამსახურისათვის, და დაამზადეს წმიდა შესამოსელი აარონისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დაამზადეს ეფოდი ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან. და გამოჭედეს ოქროს ფურცლები, და დახიეს ძაფებად, ჩასაქსოვად ლურჯ, ძოწეულ, ჭიაფერ და ბისონის ძაფებთან ერთად, ოსტატური ნაკეთობით. შემაერთებელი სამხრეები გაუკეთეს მას. მის ორივე კიდეზე იყო შეერთებული. და მისი ეფოდის სარტყელი, რომელიც მის ზემოთ იყო, იმავე ნაკეთობისა იყო: ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დაამუშავეს სარდიონის ქვები, ჩასვეს ისინი ოქროს ბუდეში და საბეჭდავის ტვიფარივით ამოტვიფრეს ისრაელის ძეთა სახელები. და მიამაგრა ისინი ეფოდის სამხრეებს სამახსოვრო ქვებად ისრაელის ძეთათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და გააკეთა სამკერდული ოსტატური ნაკეთობით, მსგავსი ეფოდის ნაკეთობისა ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან. ოთხკუთხედი იყო იგი. ორმაგი გააკეთეს სამკერდული – სიგრძით მტკაველი და სიგანით მტკაველი, ორმაგი. და ჩასვეს მასში ქვათა ოთხი მწკრივი: მწკრივი ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა – ერთი მწკრივი. მეორე მწკრივი: ზურმუხტისა, საფირონისა და ალმასისა. და მესამე მწკრივი: იაგუნდისა, აქატისა და ამეთვისტოსი. და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითისა, სარდიონისა და იასპისა, მოჩარჩოებული ოქროს ბუდეებით, თავიანთი მოჭედილობით. და ეს ქვები ისრაელის ძეთა სახელებზე იყო, თორმეტი იყო მათი სახელების მიხედვით, საბეჭდავი ტვიფრით ამოტვიფრული, თითოეული თავის სახელით, თორმეტი ტომისთვის. და გაუკეთეს სამკერდულს გრეხილი ძეწკვები წნული ნაკეთობით, წმიდა ოქროსი. და გააკეთეს ოქროს ორი ბუდე და ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრეს ორივე რგოლი სამკერდულის ორ კიდეს. და გაუყარეს ოქროს ორივე წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე. და ორივე წნულის ორივე კიდე მიამაგრეს ორივე ბუდეს, და მიამაგრეს ისინი ეფოდის სამხრეებს წინიდან. და გააკეთეს ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრეს სამკერდულის ორ კიდეს იმ არშიაზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული. და გააკეთეს ოქროს ორი რგოლი და დაამაგრეს ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვემოდან, მისი წინა მხრიდან, მისი ნაწიბურის პირდაპირ, ეფოდის სარტყელზე, ზემოდან. და მიაბნიეს სამკერდული თავის რგოლებს, ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იყოს ეფოდის სარტყელზე და არ სცილდებოდეს სამკერდული ეფოდს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და გაუკეთა ეფოდს მოსასხამი მქსოველის ნაკეთობით, მთლიანად ცისფერი ქსოვილისაგან. და ჭრილი მოსასხამის შუაში იყო, ჯაჭვის პერანგის ჭრილივით, შემოკერილი მისი ჭრილის ირგვლივ, რომ არ შემორღვეულიყო. და გაუკეთეს მოსასხამის კალთებს ბროწეულები ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ქსოვილისა და გრეხილი ბისონისაგან. და გააკეთეს წმიდა ოქროს ეჟვნები, და ჩამოჰკიდეს ეჟვნები ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს ირგვლივ. ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებს ირგვლივ მსახურებისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დაუმზადეს კვართები ბისონისა, მქსოველის ნაკეთობით, აარონსა და მის ძეებს. და დოლბანდი ბისონისა, და თავსაბურველის სამკაულები ბისონისა, და სელის შარვალი გრეხილი ბისონისა. და სარტყელი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისაგან, მქარგავის ნაკეთობით, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და გაუკეთეს ფირფიტა წმიდა ოქროსი, წმიდა გვირგვინი და ამოტვიფრეს მასზე წარწერა, როგორც საბეჭდავის ტვიფარზე: „სიწმიდე უფლისა.“ და მიამაგრეს მას ცისფერი ზონარი, რათა მიებნიათ იგი დოლბანდზე ზემოდან, როგორც უბრძანმა უფალმა მოსეს. და ასე დასრულდა საკრებულო კარვის ყოველი სამუშაო. და გააკეთეს ისრაელის ძეთ ყოველივე; როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ისე გააკეთეს. და მიიტანეს სავანე მოსესთან, კარავი და ყოველი მისი მოწყობილობა, მისი დუგმები, მისი ძელები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკნი. და საბურველი ვერძთა ალისფერი ტყავისა და საბურველი მაჩვის ტყავებისა და ფარდა. კიდობანი მოწმობისა და კეტები მისი, და თავსარქველი. ტაბლა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პური. სასანთლე ხალასი ოქროსი, მისი კანდელები, ზედ გამწკრივებული კანდელები, და მთელი მისი მოწყობილობა და ზეთი გასანათებლად. და ოქროს სამსხვერპლო და ზეთი, და კეთილსურნელება საკმევლისა და ფარდა კარვის შესასვლელის. სპილენძის სამსხვერპლო და მისი სპილენძის ცხაური, მისი კეტები და ყოველი მისი მოწყობილობა და საბანელი და მისი კვარცხლბეკი. ეზოს ფარდები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები, ეზოს კარიბჭის ფარდები, მისი თოკები და მისი პალოები და ყოველი მოწყობილობა კარავში სამსახურებლად, საკრებულო კარვისათვის. საწესო შესამოსელნი წმიდაში სამსახურებლად, წმიდა შესამოსელნი აარონ მღვდლისათვის, და შესამოსელნი მისი ძეებისა, მღვდლობის გასაწევად. ყოველივე, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, ისე შეასრულეს ისრაელის ძეთ, მთელი სამუშაო. და ნახა მოსემ ყოველი საქმე, და აჰა, გაუკეთებიათ იგი. როგორც უბრძანა უფალმა, ისე გააკეთეს. და აკურთხა ისინი მოსემ. და უთხრა უფალმა მოსეს: „პირველი თვის პირველ დღეს დადგი საკრებულო კარავი. და დადგი იქ კიდობანი მოწმობისა, და ჩამოაფარე კიდობანს ფარდა. და შეიტანე ტაბლა, და განალაგე მასზე მისი საგნები, და შეიტანე სასანთლე და დადგი ზედ მისი კანდელები. და დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისათვის მოწმობის კიდობნის წინ, და ჩამოჰკიდე ფარდა სავანის შესასვლელთან. და დადგი სამსხვერპლო სრულადდასაწველისა საკრებულო კარვის შესასვლელის წინ. და დადგი საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი. და მოაწყვე ეზო ირგვლივ და ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს კარიბჭეზე. აიღე ზეთი და სცხე სავანეს და ყოველივეს, რაც მასშია, და წმიდა ჰყავ იგი და ყოველი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება. და სცხე სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და წმიდა ჰყავ სამსხვერპლო, და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო. და სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და წმინდა ჰყავ იგი. და მიიყვანე აარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის შესასვლელთან, და განბანე ისინი წყლით. და შემოსე აარონი წმიდა შესამოსლით, და სცხე მას, და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს. და მისი ძენი მოიყვანე და შემოსე ისინი კვართებით. და სცხე მათ, როგორც სცხე მათ მამას, რათა მღვდლობა გამიწიონ, და იყოს მათი ცხება საუკუნო მღვდლობად მათ თაობებში!“ და გააკეთა მოსემ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მას. და მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველ დღეს, აღმართულ იქნა სავანე. და აღმართა მოსემ სავანე, და დადგა მისი კვარცხლბეკები, და აღმართა მისი ძელები, და დააყენა მისი ძელაკები, და აღმართა მისი სვეტები. და გადააფარა საფარველი სავანეს და დაადო საფარველის საბურველი ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და აიღო და ჩადო მოწმობა კიდობანში, და გაუყარა კეტები კიდობანს და დაადგა სარქველი კიდობანს ზემოდან. და შეიტანა კიდობანი სავანეში, და ჩამოჰკიდა ფარდა და დაფარა კიდობანი მოწმობისა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დადგა ტაბლა საკრებულო კარავში, კარვის ჩრდილოეთ მხარეს, ფარდის გარეთ. და დააწყო მასზე პური წყობით უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დადგა სასანთლე საკრებულო კარავში ტაბლის პირისპირ, სავანის სამხრეთ მხარეს. და აანთო კანდელები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დადგა ოქროს სამსხვერპლო საკრებულო კარავში ფარდის წინ. და აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და ჩამოჰკიდა ფარდა სავანის შესასვლელში. და დადგა სრულადდასაწველის სამსხვერპლო საკრებულო კარვის სავანის შესასვლელში, და აღავლინა მასზედ სრულადდასაწველი და ძღვენი პურისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. და დადგა საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხა შიგ წყალი განსაბანად. და განიბანეს მასში მოსემ და აარონმა და მისმა ძეებმა ხელები და ფეხები. საკრებულო კარავში შესვლისას, ან სამსხვერპლოსთან მიახლოებისას განიბანებოდნენ ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. და მოაწყო ეზო სავანესა და სამსხვერპლოს ირგვლივ, და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს კარიბჭეზე. და დაასრულა მოსემ საქმე. ღრუბელმა აღავსო საკრებულო კარავი და დაჰფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი, და უფლის დიდებამ აღავსო სავანე. და ვერ შევიდა მოსე საკრებულო კარავში, რადგან დაივანა მასზე ღრუბელმა და უფლის დიდებამ აღავსო სავანე. როცა ასცილდებოდა სავანეს ღრუბელი, აიყრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი ყოველი მათი აყრისას. და თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ აიყრებოდნენ იმ დღემდე, როცა ასცილდებოდა. რადგან უფლის ღრუბელი იყო სავანეზე დღისით, და ცეცხლი იყო შიგ ღამით ისრაელის მთელი სახლის თვალწინ, როცა კი აიყრებოდნენ. და მოუხმო უფალმა მოსეს, და უთხრა მას საკრებულო კარვიდან: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შესწიროს ვინმე თქვენთაგანმა მსხვერპლი უფალს საქონელთაგან, მსხვილფეხათაგან და ცხვართაგან და თხათგან შესწირეთ ეს მსხვერპლი. „‘თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მაშინ მსხვილფეხა საქონლიდან უნაკლო მოზვერი შესწიროს. საკრებულო კარვის შესავალთან შესწიროს იგი კეთილმოსურნეობით უფლის წინაშე. და დაადოს თავისი ხელი სრულადდასაწველს თავზე, რათა მოიპოვოს მან წყალობა თავის ცოდვათა შესანდობად. და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; და შესწირონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მოიტანონ სისხლი და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურონ, რომელიც არის საკრებულო კარვის შესასვლელთან. და გაატყაოს სრულადდასაწველის მსხვერპლი და დაჭრას იგი ნაწილებად. და დადონ აარონ მღვდლის ძეთ ცეცხლი სამსხვერპლოზე და განალაგონ შეშები ცეცხლზე. და განალაგონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, ეს ნაწილები და თავი და ქონი შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. და შიგნეული და კანჭები მისი წყლით გამორეცხოს; და დააკმიოს მღვდელმა ყოველივე სამსხვერპლოზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისათვის. „‘და თუ წვრილფეხიდან იქნება მისი მსხვერპლი, ცხვართაგან ან თხათაგან, სრულადდასაწველად უნაკლო მამალი ცხოველი შესწიროს. და დაკლას იგი სამსხერპლოსთან, ჩრდილოეთ მხარეს, უფლის წინაშე და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. და დაჭრას იგი ნაწილებად, მის თავიანად და ქონიანად, და დააწყოს ისინი მღვდელმა შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. და შიგნეული და კანჭები გამორეცხოს წყლით; და შესწიროს მღვდელმა ყოველი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე; ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის. „‘და თუ ფრინველთაგანა მოაქვს მას უფლისათვის სრულადდასაწველი, მაშინ შესწიროს გვრიტთაგან ან მტრედის ხუნდთაგან თავისი მსხვერპლი. და შესწიროს იგი მღვდელმა სამსხვერპლოსთან, და წარკვეთოს მას თავი და დააკმიოს სამსხვერპლოზე; და მისი სისხლი დაწრიტოს სამსხვერპლოს კედელთან; და მოაშოროს ჩინჩახვი ბუმბულითურთ და გადაისროლოს იგი სამსხვერპლოსთან, სანაცრის ადგილზე. და გახლიჩოს იგი ფრთებში, არ გააცილოს ისინი და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა; სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის. „‘და თუ ვინმე პურეულ მსხვერპლს შესწირავს ძღვნად უფალს, მისი მსხვერპლი წმიდა პურის ფქვილისა იყოს, და დაასხას მასზე ზეთი და დადოს მასზე გუნდრუკი. და მიუტანოს იგი აარონის ძეთ – მღვდლებს, და აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა ფქვილისგან ზეთითურთ მთელი მისი გუნდრუკით, და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი სამსხვერპლოზე საცეცხლოდ, კეთილსურნელებად უფლისათვის. ხოლო ნარჩენი პურეული ძღვენიდან აარონისა და მისი ძეებისათვის იყოს. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. „‘და თუ შესწირავ შესაწირავად პურეულის ძღვენს თონეში გამოცხობილთაგან, იყოს წმიდა პურის ფქვილისაგან უფუარი პურები, ზეთში შერეულნი, და უფუარი ფუნთუშები ზეთწაცხებულნი. და თუ შესაწირავი შენი პურეული ძღვენი ტაფაზეა გაკეთებული, მაშინ წმიდა პურის ფქვილი უნდა იყოს ზეთში შერეული, უფუარი იყოს. დაანაწილე იგი ლუკმა-ლუკმად და დაასხი მასზე ზეთი: ეს ძღვენია პურეულისა. და თუ შენი შესაწირავი პურეულის ძღვენია, ქვაბში გაკეთებული, მაშინ წმიდა პურის ფქვილი ზეთით უნდა გაკეთდეს. და მიიტანე შენი ძღვენი, რომელიც გაკეთდება ამათგან, უფლისათვის და მიეცი იგი მღვდელს, და იგი მიიტანს მას სამსხვერპლოსთან. და აიღებს მღვდელი ნაწილს ძღვენისაგან მის მოსაგონარს და დააკმევს სამსხვერპლოზე: ეს საცეცხლო შესაწირავია, კეთილსურნელებაა უფლისათვის. ხოლო ნარჩენი პურეული ძღვენიდან აარონისა და მისი შვილებისა იყოს. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან. „‘და არც ერთი ძღვენი პურეულისა, რომელსაც შესწირავთ უფალს, არ უნდა იყოს საფუარიანი, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა აკმიოთ უფლის საცეცხლო შესაწირავზე. პირველნაყოფთა შესაწირავად შესწირეთ ისინი უფალს, და სამსხვერპლოზე არ ავიდეს საამურ კეთილსურნელებად. და ყოველი მსხვერპლი შენი ძღვენისა მარილით დაამარილე და არ დატოვო შენი მსხვერპლები შენი ღმერთის აღთქმის მარილის გარეშე. ყოველ შენს შესაწირავთან ერთად შესწირე მარილი. „‘და თუ შესწირავ უფალს პურეულის ძღვენს პირველნაყოფთაგან – პირველ თავთავთაგან, ცეცხლზე მოხალული, დაღერღილი მარცვლით შესწირე შენს პირველნაყოფთა ძღვენი. და დაასხი მასზე ზეთი, და დაადე მასზე გუნდრუკი; იგი ძღვენია პურეულისა. და დააკმევს მღვდელი მის მოსაგონარს ღერღილისგან და მისი ზეთისაგან მთელი მისი გუნდრუკით საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის. „‘და თუ სამშვიდობო მსხვერპლია მისი მსხვერპლი, თუ იგი სწირავს მსხვილფეხას, მამალს ან დედალს, უმანკო შესწიროს იგი უფლის წინაშე. და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე, და დაკლას იგი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლისაგან საცეცხლო შესაწირავად უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და ყოველი ქონი, რომელიც შიგნეულზეა. და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა და აპკზეა, რაც ღვიძლზეა, თირკმელებთან ერთად განაშოროს იგი. აარონის ძეთ დააკმიონ იგი სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც შეშებზეა, ცეცხლზე, საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის. „‘და თუ წვრილფეხისგანაა მისი მსხვერპლი სამშვიდობო შესაწირავად უფლისათვის, უმანკო მამალი ან დედალი შესწიროს. და თუ ცხვარს სწირავს ის თავის შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე. და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და აარონის ძეთ მოაპკურონ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლიდან საცეცხლო შესაწირავად უფლისთვის მისი ქონი, მთელი დუმა კუდუსუნითურთ მოჰკვეთონ, და ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა და ღვიძლის აპკზეა, თირკმელებითურთ მოჰკვეთოს იგი. და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო პური, შესაწირავი უფლისათვის. „‘და თუ თხაა მისი შესაწირავი, შესწიროს იგი უფლის წინაშე; და დაადოს თავისი ხელი მას თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და მოაპკურონ აარონის ძეთ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ. და შესწიროს მისგან თავისი შესაწირავი საცეცხლოდ უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა. და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა, და აპკი, რომელიც ღვიძლზეა; თირკმელებიანად მოჰკვეთონ იგი. და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის საცეცხლო პური, კეთილსურნელება, მთელი ქონი უფლისაა. „‘ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში, ყოველ თქვენს სადგომში: არავითარი ქონი და არავითარი სისხლი არ ჭამოთ.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ შესცოდოს ვინმემ უნებლიეთ უფლის რომელიმე მცნებათა წინააღმდეგ და ქმნას რაიმე, რაც აკრძალულია – „‘თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა ხალხის გარევით დანაშაულში, დაე, შესწიროს უფალს თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, მოზვერი მსხვილფეხიდან, უბიწო, ცოდვის მსხვერპლად. და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, და დაადოს თავისი ხელი მოზვერს თავზე, და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე. და აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან და მიიტანოს იგი საკრებულო კარავში. და ამოაწო მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის მოასხუროს სისხლიდან უფლის წინაშე წმიდა ფარდის წინ. და სცხოს მღვდელმა სისხლიდან უფლის წინაშე საკმევლის სამსხვერპლოს რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია, და მთელი ნარჩენი სისხლი მოზვრისა მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა. და მთელი ქონი ცოდვის შესაწირავის მოზვრისა, ამოაცალოს მას, ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა, და აპკი ღვიძლზე, თირკმელებითურთ მოკვეთოს იგი, როგორც მოიკვეთება სამშვიდობო შესაწირავის მოზვრიდან; და დააკმიოს ისინი მღვდელმა, სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე. ხოლო ტყავი მოზვრისა და მთელი მისი ხორცი თავითა და კანჭებითურთ, და მისი შიგნეული სკორეთურთ, მთელი მოზვერი გაიტანოს ბანაკის გარეთ, წმიდა ადგილზე, სადაც იყრება ნაცარი, და დაწვას იგი შეშებზე ცეცხლით. ნაცრის გადაყრის ადგილზე დაიწვას იგი. „‘და თუ მთელი თემი ისრაელისა შეცდება და დაიფარება საქმე კრებულის თვალთაგან, და ჩაიდენს რაიმეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რომელიც არ უნდა ჩადენილიყო, და დადანაშაულდნენ, როდესაც შეიტყობენ ცოდვას, რომლითაც შესცოდეს მათ, შესწიროს კრებულმა მოზვერი მსხვილფეხიდან ცოდვის მსხვერპლად და მიიტანოს იგი საკრებულო კარვის წინ. და დაასხან თემის უხუცესებმა ხელები მოზვრის თავს უფლის წინაშე, და დაკლან მოზვერი უფლის წინაშე და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვრის სისხლიდან საკრებულო კარავში. და ამოაწოს მღვდელმა თითი სისხლში და მოასხუროს შვიდგზის უფლის წინაშე, ფარდის წინ. და სისხლიდან მოსცხოს სამსხვერპლოს რქებს, რომელიც უფლის წინაშეა საკრებულო კარავში, და მთელი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სრულადდასაწველი სამსხვერპლოს საძირკველს, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა. და მთელი მისი ქონი ამოიღოს მისგან და დააკმიოს სამსხვერპლოზე. და გაუკეთოს ამ მოზვერს იგივე, რაც გაუკეთა ცოდვის შესაწირავის მოზვერს, და შეუნდობს მათ მღვდელი და მიეტევებათ მათ. და გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას იგი, როგორც დაწვა პირველი მოზვერი. ეს კრებულის ცოდვის შესაწირავია. „‘თუ მთავარმა შესცოდოს და გააკეთოს შეცდომით რამე უფლის, თავისი ღმერთის, მცნებათა წინააღმდეგ, რომელიც არ უნდა გაკეთებულიყო, და ჩაიდინა დანაშაული, ან ცნობილი გახდება მისთვის მისი ცოდვა, რომლითაც მან სცოდა, მიიტანოს თავისი შესაწირავი, უმანკო თხა, და დაადოს ხელი თხას თავზე, და დაკლას იგი ადგილზე, სადაც კლავენ სრულადდასაწველს უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლია იგი. და აიღოს მღვდელმა ცოდვის შესაწირავის სისხლიდან თითით და მოსცხოს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს, დანარჩენი მისი სისხლი მოაპკუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს საძირკველს. და მთელი მისი ქონი დააკმიოს სამსხვერპლოზე, როგორც ქონი სამშვიდობო მსხვერპლისა, და შეუნდობს მღვდელი მის ცოდვას და ეპატიება მას. „‘და თუ ჩაიდენს ვინმე ხალხიდან შეცდომით რაიმეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო, და დადანაშაულდება, ან, როდესაც ცნობილი გახდება მისთვის მისი ცოდვა, რომლითაც მან შესცოდა, მიიტანოს მსხვერპლად დედალი თხა, უნაკლო, თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა. და დაადოს თავისი ხელი ცოდვის მსხვერპლს თავზე, და დაკლას ეს ცოდვის მსხვერპლი სრულადდასაწველის ადგილზე. და აიღოს მღვდელმა მისი სისხლიდან თითით და მოასხუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს; და მთელი მისი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სამსხვერპლოს საძირკველს. და მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთა ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას. „‘და თუ ცხვრის ფარიდან მიიტანს ცოდვის მსხვერპლად, უმანკო იყოს, დედალი. და დაადოს თავისი ხელი ცოდვის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი ცოდვის მსხვერპლად იმ ადგილზე, სადაც კლავენ სრულადდასაწველს. და აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლისაგან თითით და მოასხუროს სრულადდასაწველის სამსხვერპლოს რქებს, ხოლო მთელი დანარჩენი სისხლი მოაპკუროს სამსხვერპლოს საძირკველს. და მთელი მისი ქონი მოკვეთოს, როგორც მოიკვეთა ცხვრის ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა ისინი უფლის სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირავად; და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, და მიეტევება მას. „‘ვინმემ რომ შესცოდოს – ისმინოს ხმა ფიცისა და იყოს მოწმე, ან იხილოს, ან იცოდეს და არ განაცხადოს, იგი იტვირთავს ცოდვას. „‘ან ვინმე, რომ შეეხოს რაიმე უწმიდურ საგანს, ან უწმიდური ცხოველის მძორს, უწმიდური საქონლის მძორს, ან უწმიდური ქვეწარმავლის მძორს, რომც არ იცოდეს ეს, იგი მაინც უწმიდური და დამნაშავეა. „‘ან რომ შეეხოს ადამიანის უსუფთაობას, რა უსუფთაობაც არ უნდა იყოს, რითაც იბილწებიან, და ეს დაფარული იყოს მისთვის და შემდეგ გაიგებს ამას, დამნაშავეა იგი. „‘ან ვინმემ რომ მოუფიქრებლად დაიფიცოს ბაგეებით საბოროტოდ ან სასიკეთოდ, ყველაფერს, რასაც მოუფიქრებლად გამოთქვამს ადამიანი ფიცით, და ეს დაფარული იქნება მისგან და მერე გაიგებს, იგი დამნაშავეა მასში. „‘და თუ დადანაშაულდება ერთ-ერთ მათგანში, და აღიარებს, რაშიც შესცოდა, შესწიროს თავისი დანაშაულის მსხვერპლი უფალს თავისი ცოდვის გამო, რითაც შესცოდა, წვრილფეხა საქონლიდან კრავი ან თიკანი ცოდვისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას. „‘და თუ ხელი არ მიუწვდება ცხვარზე, მიიტანოს მსხვერპლად თავისი ცოდვისათვის, რითაც შესცოდა, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა უფლისათვის. ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე სრულადდასაწველად. და მიიტანოს ისინი მღვდელთან და [მღვდელმა] შესწიროს პირველად ცოდვის მსხვერპლი, და გადაუჭრას ყელი კეფასთან, და ნუ მოაცილებს. და მოასხუროს ამ ცოდვის მსხვერპლის სისხლი სამსხვერპლოს კედელს, და დანარჩენი სისხლი დაწრიტოს სამსხვერპლოს საძირკველთან. ეს ცოდვის მსხვერპლია. და მეორეს შესწირავს სრულადდასაწველად, რჯულისამებრ, და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რითაც შესცოდა, და მიეტევება მას. „‘და თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე ან მტრედის ორ მართვეზე, მიიტანოს თავის მსხვერპლად, იმისათვის, რომ შესცოდა, წმიდა პურის ფქვილის ეფის მეათედი ნაწილი ცოდვისათვის, არ დაასხას მასზე ზეთი და ნუ დადებს მასზე გუნდრუკს, რადგან იგი ცოდვის განმწმედელი მსხვერპლია. და მიიტანოს იგი მღვდელთან, და აიღოს მისგან მღვდელმა სავსე პეშვით მისი მოსაგონარი ნაწილი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო შესაწირავად. ეს ცოდვის განმწმედი მსხვერპლია. და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რითაც შესცოდა ამათგან, და შეენდობა მას, და ის იქნება მღვდლისთვის, როგორც ძღვენი’“. და უთხრა უფალმა მოსეს: „თუ ვინმე იმუხთლებს და შესცოდავს უნებლიეთ უფლის სიწმიდეთა წინააღმდეგ, მიუტანოს თავისი დანაშაულის მსხვერპლად უფალს ვერძი უმანკო წვრილფეხა საქონლიდან, შენი შეფასებით ვერცხლის შეკელებით, საწმიდრის შეკელით, დანაშაულისთვის. და რაც შესცოდა ამ სიწმიდეს, გადაიხადოს, და მეხუთედიც დაუმატოს და მისცეს იგი მღვდელს და მღვდელი შეუნდობს მის დანაშაულს ვერძით, და მიეტევება მას. „და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენსს რამეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო, და არ იცოდა, იგი დამნაშავეა და თავის ცოდვას ატარებს. მიიტანოს მღვდელთან ვერძი უმანკო წვრილფეხა საქონლიდან, შენი შეფასებით, დანაშაულისთვის; და შეუნდობს მას მღვდელი მის შეცდომას, რითაც შეცდა და არ იცოდა, და ეპატიება მას. ეს შესაწირავია დანაშაულისა, რითაც იგი დადანაშაულდა უფალთან“. და უთხრა უფალმა მოსეს: „თუ ვინმე შესცოდავს და მუხთლობით იმუხთლებს უფლის წინაშე, და უარს ეტყვის თავის მოყვასს შესანახად ან გირაოდ მიცემულ ნივთზე ან გატაცებულზე, ან გამოსძალავს თავის მოყვასს ან იპოვის დაკარგულს და უარყოფს ამას, და დაიფიცებს ცრუდ რამეზე, რასაც სჩადის ადამიანი, სცოდავს რა ამით, შესცოდავს, და დამნაშავე გახდება. დააბრუნოს მოტაცებული, რომელიც მოიტაცა, ან გამოძალული, რაც გამოსძალა, ან ანაბარი, რომელიც მას მიაბარეს, ან დაკარგული, რომელიც იპოვა. ან ყველაფრისათვის, რისთვისაც ცრუდ დაიფიცებს, ის გადაიხდის სრულად და მეხუთედს დაუმატებს; ვისაც ეკუთვნის, იმას მისცემს დანაშაულის მსხვერპლის შეწირვის დღეს. და თავისი დანაშაულის მსხვერპლად მიიტანოს უფალთან ვერძი, უმანკო, წვრილფეხა საქონლიდან მისი შეფასებით, როგორც დანაშაულის მსხვერპლი მღვდლისადმი. და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე, და მიეტევება მას ერთი მათგანი, რომლითაც იგი დადანაშაულდა.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ამცნე აარონს და მის ძეთ: ‘ესაა რჯული სრულადდასაწველისა: სრულადდასაწველი იყოს კოცონზე, სამსხვერპლოზე, მთელი ღამე, ვიდრე დილამდე, და ცეცხლი სამსხვერპლოსი გიზგიზებდეს მასზე. და შეიმოსოს მღვდელმა შესამოსელი სელისა და ქვედა საცვალი სელისავე შეიმოსოს ტანზე, და აიღოს ფერფლი სრულადდასაწველისგან, რომელიც დაწვა ცეცხლმა სამსხვერპლოზე, და დადვას იგი სამსხვერპლოსთან. და გაიხადოს თავისი შესამოსელი და შეიმოსოს სხვა შესამოსელი, და გამოიტანოს ფერფლი ბანაკის გარეთ, წმიდა ადგილზე. და ცეცხლი სამსხვერპლოზე გიზგიზებდეს, არ ჩაქრეს. და მოუკიდოს მასზე მღვდელმა შეშებს დილაობით და განალაგოს მასზე სრულადდასაწველი, და დააკმიოს მასზე ქონი სამშვიდობო მსხვერპლისა. ცეცხლი მარადის გიზგიზებდეს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს. „‘და ესაა რჯული პურეული ძღვენისა: მიიტანონ იგი აარონის ძეთ უფლის წინაშე სამსხვერპლოზე. და აიღოს მისგან პეშვით წმიდა პურის ფქვილის ძღვენისგან და მისი ზეთისგან, და მთელი გუნდრუკი, რომელიც პურეულის ძღვენზეა, და დააკმიოს სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად მის მოსაგონრად უფლის წინაშე. და დანარჩენი მისგან შეჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა; ხმიადი იჭამოს წმიდა ადგილზე, საკრებულო კარვის ეზოში შეჭამონ. არ გამოცხვეს გაფუებული. ეს მივეცი მათ წილად ჩემი საცეცხლო შესაწირავებისაგან. წმიდათაწმიდაა იგი, როგორც ცოდვის მსხვერპლი და დანაშაულის მსხვერპლი. ყოველი მამრობითი სქესისა აარონის ძეთაგან ჭამდეს მას, მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან. ყოველი, რომელიც მათ შეეხება, განიწმიდება.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ესაა აარონისა და მის ძეთა მსხვერპლი, რომელსაც შესწირავენ უფალს მათი ცხების დღეს – ეფის მეათედი წმიდა ფქვილი მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილით და ნახევარი საღამოს. ტაფაზე ზეთში უნდა იყოს დამზადებული, შეკაზმული მიიტანე იგი, კარგად გამომცხვარი, როგორც ძღვენი პურეულისა. შესწირე იგი კეთილსურნელებად უფლისათვის. და მღვდელმა, მის ადგილზე ცხებულმა, მის ძეთაგან, უნდა შეასრულოს იგი. ეს მარადიული წესია. მთლიანად უფლისათვის დაიკმევა იგი. და ყოველი პურეული ძღვენი მღვდლისგან შეწირული მთლიანად უნდა დაიწვას, არ შეიჭამოს.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონსა და მის ძეთ: ‘ესაა რჯული ცოდვის მსხვერპლისა: იმ ადგილზე, სადაც დაიკვლის სრულადდასაწველი, დაიკლას ცოდვის მსხვერპლიც უფლის წინაშე. წმიდათა წმიდაა იგი. მღვდელმა, რომელმაც ცოდვის მსხვერპლი შესწირა, შეიძლება შეჭამოს იგი. წმიდა ადგილზე იჭამოს, საკრებულო კარვის ეზოში. ყოველი, რომელიც შეეხება მის ხორცს, განიწმიდება. და თუ მოესხურება მისი სისხლიდან სამოსელს, წმიდა ადგილზე გარეცხოს ის, რასაც მიესხურება. ჭურჭელი თიხისა, რომელშიც იგი იხარშებოდა, დაიმსხვრეს. და თუ სპილენძის ჭურჭელში იხარშებოდა, მაშინ იგი გამოირეცხოს და გამოევლოს წყალი. ყოველ მამროვანს მღვდელთაგან შეუძლია ჭამოს იგი. წმიდათა წმიდაა იგი. და ყოველი ცოდვის მსხვერპლი, რომლის სისხლი საკრებულო კარავში იქნება შეტანილი საწმიდარში შენდობისათვის, არ იჭამოს: ცეცხლზე დაიწვას. „‘და ესაა რჯული დანაშაულისა: წმიდათა წმიდაა იგი. იმ ადგილზე, სადაც დაწვავენ სრულადდასაწველს, დაიკლას დანაშაულის მსხვერპლიც, და მისი სისხლი მოეპკუროს სამსხვერპლოს ირგვლივ. და მთელი მისი ქონი შესწიროს: დუმა და ქო-ნი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა, და აპკი ღვიძლზე, თირკმელითურთ მოჰკვეთოს იგი. და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის. იგი დანაშაულის მსხვერპლია. ყოველი მამროვანი მღვდელთაგან ჭამდეს მას. წმიდა ადგილზე იჭამოს. წმიდათა წმიდაა ის. „‘როგორც ცოდვის მსხვერპლს, ისე დანაშაულის მსხვერპლს ერთი რჯული აქვს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისით განწმენდს. და თუ მღვდელი სწირავს ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის. და ყოველი ძღვენი პურეულისა, რომელიც გამომცხვარია თონეში, და ყველაფერი, რაც დამზადებულია ქოთანში ან ტაფაზე, მღვდელს, რომელიც სწირავს, მას ეკუთვნის. და ყოველი ძღვენი პურეულისა, ზეთში არეული და მშრალი, ეკუთვნის აარონის ყველა ძეს, როგორც ერთს, ასევე მეორესაც. „‘და ესაა რჯული სამშვიდობო მსხვერპლისა, რომელსაც სწირავენ უფალს: „‘თუ ვინმე სამადლობელოს სწირავს მას, სამადლობელოს შეწირვისას შესწიროს უფუარი პურები, ზეთში შეზელილი, და უფუარი ნამცხვრები ცხებულნი ზეთში, და წმიდა პურის ფქვილის ქადაპურები, ზეთში მოზელილი. გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირავი მადლობის სამშვიდობო მსხვერპლთან ერთად. და შესწიროს მისგან თითო-თითოდ ყოველი მსხვერპლისგან აღსამართავის შესაწირავი უფალს. ეს ეკუთვნის მღვდელს, რომელიც აპკურებს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს. და ხორცი სამადლობელო და სამშვიდობო მსხვერპლისა იჭამოს მისი შეწირვის დღეს. არ დარჩეს არაფერი მისგან დილამდე. „‘და თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს იჭამოს ის, ხოლო მეორე დღეს მისი ნარჩენიც შეიძლება იჭამოს. დარჩენილი მსხვერპლის ხორცი მესამე დღეს ცეცხლში დაიწვას. და თუ მესამე დღეს შეიჭმება ხორცი სამშვიდობო მსხვერპლისა, ის არ იქნება კეთილსასურველი, მის შემწირველს არ ჩაეთვლება იგი. საძაგლობაა იგი და ვინც შეჭამს მისგან, ცოდვას დაიდებს. „‘და ხორცი, რომელიც შეეხება რაიმე უწმიდურს, არ უნდა იჭამოს, ცეცხლში დაიწვას. ყოველმა სუფთამ შეიძლება ჭამოს წმიდა ხორცი. ხოლო ვინც წაბილწულია და ჭამს უფლის სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, მოისპობა იგი თავისი ხალხიდან. და ვინც შეეხება ყოველ უწმიდურს, ადამიანურ სიბილწეს ან უწმიდურ პირუტყვს, ან ყოველ უწმიდურ ქვემძრომს, და შეჭამს უფლის სამშვიდობო მსხვერპლის ხორციდან, მოისპობა იგი თავისი ხალხიდან.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘არავითარი ქონი ხარისა, ცხვრისა და თხისა არ ჭამოთ. ქონი ლეშისა და ქონი ნამხეცავისა გამოყენებულ იქნას ყოველ საქმეში. ჭამით კი არ ჭამოთ იგი. რადგან ყოველი მჭამელი ქონისა პირუტყვისაგან, რომელიც შეიწირება საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის, მოისპობა თავის ხალხიდან. და არავითარი სისხლი არ ჭამოთ თქვენს სადგომში: არც ფრინველთა და არც პირუტყვთა. ყველა, ვინც შეჭამს რაიმე სისხლს, მოისპობა თავის ხალხიდან.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘უფლისადმი შემწირველმა თავისი სამშვიდობო მსხვერპლისა, უნდა მიართვას თავისი შესაწირავი უფალს თავისი სამშვიდობო მსხვერპლიდან. თავისი ხელით მიართვას საცეცხლო შესაწირავი უფალს: ქონი მკერდითურთ მიართვას, რათა შერხევით შეარხიოს მკერდი უფლის წინაშე. და დააკმევს მღვდელი ქონს სამსხვერპლოზე და იყოს მკერდი აარონისა და მის ძეთათვის. მარჯვენა კანჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღსამართავი შესაწირავი თქვენი სამშვიდობო მსხვერპლიდან. ვინც აარონის ძეთაგან შესწირავს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლსა და ქონს, მისი ულუფა იქნება მარჯვენა კანჭი. რადგან მკერდი შერხევისა და კანჭი შესაწირავისა ავიღე მე ისრაელის ძეთაგან მათ სამშვიდობო მსხვერპლთაგან, და მივეცი ისინი აარონ მღვდელს და მის ძეთ, საუკუნო წესად ისრაელის ძეთათვის.’“ ესაა ნაწილი აარონისა და ნაწილი მის ძეთა უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან იმ დღიდან, როდესაც მიუყვანა ისინი უფალს მღვდლობისათვის. რომელიც ბრძანა უფალმა, რომ მიეცათ მათთვის მათი ცხების დღეს ისრაელის ძეთაგან. ესაა საუკუნო წესი მათი თაობებისათვის. ესაა რჯული სრულადდასაწველისა, პურეულის მსხვერპლისა, ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის მსხვერპლისა, ავსებისა და სამშვიდობო მსხვერპლისა, რომელიც უბრძანა უფალმა მოსეს სინაის მთაზე იმ დღეს, როცა უბრძანა ისრაელის ძეთ თავიანთ მსხვერპლთა შეწირვა უფლისათვის სინაის უდაბნოში. და უთხრა უფალმა მოსეს: „აიყვანე აარონი და მისი ძენი მასთან ერთად, და შესამოსელნი და საცხებელი ზეთი, და ცოდვის მსხვერპლის მოზვერი, და ორი ვერძი, და კალათი ხმიადებით. და შეკრიბე მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.“ და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას, და შეიკრიბა თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და უთხრა მოსემ თემს: „ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა შესასრულებლად.“ და მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ძენი, და განბანა ისინი წყლით. და შემოსა ის კვართით, და შემოარტყა მას სარტყელი და ჩააცვა მას შესამოსელი, და შემოსა ეფოდით, და შემოარტყა მას ეფოდის სარტყელი, და მიამაგრა იმით ეფოდი მასზე. და დაადო აარონს სამკერდული, და ურიმი და თუმიმი. და მოახვია დოლბანდი თავზე, და დაადვა დოლბანდს მისი წინაპირიდან ოქროს ფირფიტა, წმიდა გვირგვინი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სცხო კარავს და ყოველივეს, რაც მასშია, და განწმიდა ისინი. და მოასხურა მისგან სამსხვერპლოს შვიდჯერ და სცხო სამსხვერპლოსა და მის ყოველ ჭურჭელს, და მის საბანელს, და მის კვარცხლბეკს მათ განსაწმედად. და დაღვარა საცხებელი ზეთი აარონის თავზე, და სცხო მას განსაწმედად. და მოიყვანა მოსემ აარონის ძენი და შემოსა ისინი კვართით, და შემოარტყა მათ სარტყლები, და დაადგა მათ თავსაბურავები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მიიყვანა მოზვერი ცოდვის მსხვერპლისა და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ცოდვის მოზვერის თავს. და დაკლა ის და აიღო მოსემ სისხლი და დაადო სამსხვერპლოს რქებს ირგვლივ თავისი თითით, და წარხოცა ცოდვა სამსხვერპლოდან, და სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან და განწმიდა იგი, რათა შეენდო მისთვის. და აიღო მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და აპკი ღვიძლისა, და ორივე თირკმელი მათი ქონით, და დააკმია მოსემ სამსხვერპლოზე. მოზვერი და მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი სკორე დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მიიყვანა ვერძი სრულადდასაწველად და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკლა მოსემ და მოაპკურა სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. და ვერძი დაჭრა ასო-ასოდ, და დააკმია მოსემ თავი და ნაჭრები, და ქონი. და შიგნეული და კანჭები გარეცხა წყლით. და დაწვა მოსემ მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელებაა, იგი საცეცხლო შესაწირავია უფლისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მოჰგვარა მეორე ვერძი, ავსების ვერძი, და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკლა იგი და აიღო მოსემ მისი სისხლი და სცხო აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მისი მარჯვენა ხელის ცერს, და მისი მარჯვენა ფეხის ცერს. და მოიყვანა აარონის ძენი, და სცხო მოსემ სისხლი მათი მარჯვენა ფეხის ცერს, და მოაპკურა მოსემ ეს სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. და აიღო ქონი და დუმა, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და ღვიძლის აპკი და ორივე თირკმელი და მათი ქონი, მარჯვენა ბეჭი. და ხმიადების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშეა, აიღო მან ერთი ხმიადის კვერი და ერთი კვერი პურისა, ზეთიანი, და ერთი ნამცხვარი, და დაადო ქონს და მარჯვენა ბეჭს. და დადო ყოველივე ეს აარონის ხელისგულებზე და მის ძეთა ხელისგულებზე და შეარხია ისინი შერხევით უფლის წინაშე. და აიღო მოსემ ისინი მათი ხელებიდან და დააკმია სამსხვერპლოზე სრულადდასაწველითურთ. ეს ავსების მსხვერპლია კეთილსურნელებად, ეს საცეცხლო შესაწირავია უფლისათვის. და აიღო მოსემ მკერდი და მიიტანა და შეარხია იგი შერხევით უფლის წინაშე. ავსების ვერძიდან იყო მოსესთვის ულუფა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო, და მოასხურა აარონს, მის შესამოსელს და მის ძეთა შესამოსელს მასთან ერთად. და განწმიდა აარონი, მისი შესამოსელი და მისი ძენი და მის ძეთა შესამოსელი მასთან ერთად. და უთხრა მოსემ აარონს და მის ძეთ: „მოხარშეთ ეს ხორცი საკრებულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ის პურთან ერთად, რომელიც ავსების კალათშია, როგორც მე ვბრძანე, ‘აარონმა და მისმა ძეებმა ჭამონო ის.’ ხოლო ნარჩენი ხორცისა და პურისა ცეცხლში დაწვით. საკრებულო კარვის შესასვლელს არ გაშორდეთ შვიდ დღეს, ვიდრე არ შესრულდება თქვენი ავსების დღეები. რადგან შვიდ დღეს უნდა ივსებოდეს თქვენი ხელები. როგორც გაკეთდა ამ დღეს, ასე ბრძანა უფალმა კეთება თქვენი შენდობისთვის. და საკრებულო კარვის შესასვლელთან დარჩით შვიდი დღე და ღამე, და დაიმარხეთ უფლის სამარხვო, რათა არ დაიხოცოთ; რადგან ასე მამცნო უფალმა.“ და აღასრულეს აარონმა და მისმა ძეებმა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს ხელით. და იყო, მერვე დღეს მოუხმო მოსემ აარონს და მის ძეთა და ისრაელის უხუცესებს. და უთხრა აარონს: „აიღე შენთვის ხბო ცოდვის მსხვერპლად და ვერძი სრულადდასაწველად, ორივე საღი, და შესწირე უფლის წინაშე. და ისრაელის ძეთ უთხარი ასე: ‘აიღეთ თიკანი ცოდვის მსხვერპლად და ხბო და კრავი ერთწლიანები, ორივე საღი, სრულადდასაწველად. და მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რათა აღასრულო მსხვერპლშეწირვა უფლის წინაშე, და ძღვენი პურეულისა, შერეული ზეთში, რადგან დღეს უფალი გამოგეცხადებათ თქვენ.’“ და მოიტანეს, რაც ბრძანა მოსემ, საკრებულო კარვის წინ, და მიეახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე. და თქვა მოსემ: „აი, რა ბრძანა უფალმა, და გამოგეცხადებათ თქვენ დიდება უფლისა.“ და უთხრა მოსემ აარონს: „მიუახლოვდი სამსხვერპლოს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი და შენი სრულადდასაწველი, და ქმენ შენდობა შენთვის და შენი ხალხისათვის, და ქმენ შესაწირავი ხალხისა და შეუნდე მათ, როგორც ბრძანა უფალმა.“ და მიუახლოვდა აარონი სამსხვერპლოს და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდლად. და მიიტანეს აარონის ძეთ მასთან სისხლი, და ამოაწო მან მასში თითი, და მოასხურა სამსხვერპლოს რქებს, და დანარჩენი სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან. ქონი და თირკმელები და აპკი ღვიძლისა ცოდვის მსხვერპლიდან დააკმია სამსხვერპლოზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს; ხოლო ხორცი და ტყავი დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ. დაკლა სრულადდასაწველი და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი, და მან მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ. ხოლო სრულადდასაწველი მიართვეს მას, ასო-ასო დაჭრილი, მათ შორის თავიც, და დააკმია მან სამსხვერპლოზე. გარეცხა შიგნეული და კანჭები, და დააკმია სრულადდასაწველთან ერთად სამსხვერპლოზე. და მიიტანა ხალხის შესაწირავი და აიყვანა თხა ხალხის ცოდვის მსხვერპლად და დაკლა იგი და შესწირა როგორც ცოდვის მსხვერპლი, როგორც წინა. და მიიტანა სრულადდასაწველი და აღასრულა იგი რჯულისამებრ. და მიიტანა პურეულის ძღვენი და აივსო პეშვი, და დააკმია სამსხვერპლოზე დილის სრულადდასაწველის გარდა. და დაკლა მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რომელიც ხალხისაა. და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი და მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ, [მოართვეს] ქონი მოზვრისა და ვერძის დუმა და გადაბურული ქონი, და თირკმელები, და აპკი ღვიძლისა. და დაადვეს ქონი მკერდზე, და დააკმია მან ქონი სამსხვერპლოზე. და მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა უფლის წინაშე შერხევით, როგორც უბრძანა მოსემ. და აღაპყრო აარონმა ხელები ხალხის მიმართ და აკურთხა ისინი, და ჩამოვიდა ცოდვის მსხვერპლის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობოს შეწირვის შემდეგ. და შევიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარავში. და გამოვიდნენ, და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს. და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველი და ქონი, და იხილა მთელმა ხალხმა, და ყიჟინა დასცეს და პირქვე დაემხენ. აიღეს აარონის ძეთ, ნადაბმა და აბიჰუმ, თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადეს მათში ცეცხლი, და დაადეს მასზე საკმეველი, და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რომელიც არ უბრძანებია უფალს მათთვის. და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა ისინი, და დაიხოცნენ უფლის წინაშე. და უთხრა მოსემ აარონს: „ეს თქვა უფალმა: ‘ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ხალხის წინაშე განვდიდდები.’“ და დადუმდა აარონი. და მოუხმო მოსემ მიშაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის ძეთ, და უთხრა მათ: „მიდით, გამოიტანეთ თქვენი ძმები წმიდადან ბანაკის გარეთ.“ და მივიდნენ და გამოიტანეს ისინი მათი კვართებიანად ბანაკის გარეთ, როგორც თქვა მოსემ. და უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის ძეთ: „თავებს ნუ გაიშიშვლებთ და სამოსელს ნუ შემოიგლეჯთ, რათა არ დაიხოცოთ და არ განრისხდეს იგი მთელ თემზე. მაგრამ თქვენს ძმებს, ისრაელის მთელს სახლს შეუძლია იტიროს დამწვრები, რომლებიც დაწვა უფალმა. საკრებულო კარვის შესასვლელიდან არ გამოხვიდეთ, რომ არ დაიხოცოთ, რადგან უფლის საცხებელი ზეთია თქვენზე.“ და მოიქცნენ მოსეს სიტყვისამებრ. და უთხრა უფალმა აარონს: „ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი შენთან ერთად საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში, რათა განასხვაოთ წმიდა და საერო, უწმიდური და სუფთა. და ასწავლოთ ისრაელის ძეთ, ყოველი წესი, რომელიც უთხრა მათ უფალმა მოსეს ხელით.“ და უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის დარჩენილ შვილებს: „აიღეთ პურეული ძღვენი, რომელიც დარჩა უფლის საცეცხლო შესაწირავიდან და ჭამეთ იგი უფუარად სამსხვერპლოსთან, რადგან წმიდათა წმიდაა ის. და ჭამეთ ის წმინდა ადგილზე, რადგან შენი წილი და შენს ძეთა წილია ეს უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან, რადგან ასე მებრძანა მე. და მკერდი შესარხეველი, და ბეჭი აღსამართავი ჭამეთ სუფთა ადგილზე შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა ასულებმა შენთან ერთად. რადგან შენს წილად და შენი შვილების წილადაა მოცემული ეს ისრაელის ძეთა სამშვიდობო მსხვერპლთაგან. აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი ქონის საცეცხლო მსხვერპლებითურთ მიიტანონ შერხევის შესასრულებლად უფლის წინაშე. და იყოს შენთვის და შენს ძეთათვის შენთან საუკუნო წესად, როგორც ბრძანა უფალმა.“ და ცოდვის ვაცს ეძებდა მოსე, მაგრამ იგი დამწვარი იყო. და განრისხდა იგი ელეაზარსა და ითამარზე, აარონის დარჩენილ ძეებზე: „რად არ ჭამეთ ცოდვის მსხვერპლი წმიდა ადგილზე? რადგან წმიდათა წმიდაა იგი და მოგეცათ თქვენ, რათა წარხოცოს თემის ცოდვები, მის განსაწმედად უფლის წინაშე. აჰა, მისი სისხლი არ იქნა შეტანილი წმიდაში. თქვენ უნდა გეჭამათ ის წმიდაში, როგორც მებრძანა მე.“ და უთხრა აარონმა მოსეს: „აჰა, დღეს შესწირეს მათ თავიანთი ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი უფლის წინაშე, და ეს შემემთხვა მე. თუ შევჭამ მე ცოდვის მსხვერპლს დღეს, განა იქნება ეს სათნო უფლის თვალში?“ და მოისმინა მოსემ და მოიწონა. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „უთხარით ისრაელის ძეთ: ‘აჰა, ეს ცხოველები შეგიძლიათ ჭამოთ ყოველ პირუტყვთაგან, რომელიც მიწაზეა: ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი ღრმა ჭრილით და ამოიცოხნის საცოხნელს, ჭამეთ. „‘ხოლო იმათგანი არ ჭამოთ, რომელნიც ამოიცოხნიან საცოხნელს და არა აქვთ გაყოფილი ჩლიქი. აქლემი, რადგან იგი ამოიცოხნის საცოხნელს, მაგრამ მისი ჩლიქი არაა გაყოფილი, უწმიდურია ის თქვენთვის; და ბოცვერი, რადგან იგი ამოიცოხნის საცოხნელს, მაგრამ მას არა აქვს გაყოფილი ჩლიქი, უწმიდურია ის თქვენთვის; და კურდღელი, რადგან იგი ამოიცოხნის საცოხნელს, მაგრამ არა აქვს მას გაყოფილი ჩლიქი, უწმიდურია ის თქვენთვის; და ღორი, რადგან მას აქვს გაყოფილი ჩლიქი ღრმა ჭრილით, მაგრამ არ ამოიცოხნის საცოხნელს, უწმიდურია ის თქვენთვის. მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდურნი არიან ისინი თქვენთვის. „‘აჰა, ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ყოველთაგან, რომელნიც წყალში არიან, ყოველი, რომელსაც აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, ზღვებში და მდინარეებში, ისინი შეგიძლიათ ჭამოთ. და ყოველნი, რომლებსაც არა აქვთ ფარფლი და ქერეჭი ზღვებში და მდინარეებში, წყლის ყოველ ქვეწარმავალთაგან, ყოველ ცოცხალ არსებათაგან, რომელნიც წყალში არიან, საძაგელნი არიან თქვენთვის. საძაგელნი უნდა იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ. ყოველს, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, საძაგელია თქვენთვის. „‘ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ იჭამონ, საძაგელნი არიან ისინი: არწივი, ზღვის ორბი და ზღვის არწივი, და ძერა და შევარდენი მისი გვარისდა მიხედვით. ყოველი ყორანი მისი გვარისდა მიხედვით, და სირაქლემა და თოლია, და ქორი მისი გვარისდა მიხედვით, და კიოტი, თევზიყლაპია და ძენძერუკი, და ჭოტი, ვარხვი და სვავი, და ყარყატი, ყანჩა მისი გვარისდა მიხედვით, ოფოფი და ღამურა. „‘ყოველი მწერი – მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე საძაგელია თქვენთვის. ეს კი შეგიძლიათ ჭამოთ: ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც აქვს წვივები, რათა ხტუნავდეს მით მიწაზე. ესენი შეგიძლიათ ჭამოთ მათგან: კალია, მისი გვარისდა მიხედვით, სოლამი, მისი გვარისდა მიხედვით, ხარგოლი მისი გვარისდა მიხედვით, და ხაგაბი მისი გვარისდა მიხედვით. და ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საძაგელია თქვენთვის. „‘მათგან გაუწმიდურდებით. ყოველი, ვინც შეეხება მათს მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. და ყველამ, ვინც აიღებს რამეს მათი მძორისგან, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. „‘ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი ჩლიქი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი, და არ ამოიცოხნის საცოხნელს, უწმიდურია თქვენთვის. ყოველი, რომელიც შეეხება მათ, გაუწმიდურდება. და ყოველი მავალი თავის თათებზე ყოველ ცხოველთაგან, რომლებიც დადიან ოთხზე, უწმიდურია თქვენთვის. ვინც კი შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. მათი მძორის ამღებმა გაირეცხოს სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება ის საღამომდე. გაუწმიდურებული არიან ისინი თქვენთვის. „‘აჰა, რა არის უწმიდური თქვენთვის ქვეწარმავალთაგან: დედამიწაზე მხოხავნი: თხუნელა, თაგვი და ხვლიკი მისი გვარისდა მიხედვით, ანაკა, მსვენლომი, ძლოკვი, ხომეტი და ქამელეონი. ესენი უწმიდურები არიან თქვენთვის ყოველ ქვეწარმავალთაგან. ყოველი, რომელიც შეეხება მათ მკვდრებს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. და ყველაფერი, რასაც დაეცემა რომელიმე მათგანი მკვდარი, გაუწმიდურდება. ყოველი ჭურჭელი ხისა ან სამოსელი, ან ტყავი, ან ტომარა, და ყოველი საგანი, რომელიც გამოიყენება საქმეში, ჩაშვებულ უნდა იქნას წყალში და უწმიდური იქნება საღამომდე, ხოლო შემდეგ იქნება სუფთა. და ყოველი ჭურჭელი თიხისა, რომელშიც ჩავარდება რომელიმე იმათგანი, ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ. ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმება, რომელშიც შეაღწია წყალმა ასეთი ჭურჭლიდან, გაუწმიდურდება. და ყოველი სასმელი, რომელსაც სვამენ ყოველ ასეთ ჭურჭელში. და ყველაფერი რაზეც დაეცემა რაიმე, მათი მძორისგან, გაუწმიდურდება. თონე და ქურა უნდა დაიმსხვრეს: ისინი გაუწმიდურებულნი არიან და გაუწმიდურებულნი იქნებიან თქვენთვისაც. მხოლოდ წყარო და ჭა – წყალსატევი – სუფთა იქნება. ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურდება. და თუ დაეცა რაიმე მათი მძორისგან რომელიმე მცენარის თესლს, რომელიც ითესება, მაშინ იგი სუფთაა. და თუ დაესხა წყალი თესლს და დაეცა რაიმე მძორისაგან, უწმიდური იქნება თქვენთვის. „‘თუ მოკვდა პირუტყვთაგანი, რომელიც გეჭმევათ, ვინც შეეხება მის მძორს, უწმიდური იქნება საღამომდე. და რომელმაც ჭამოს მკვდარი მათგანი, უნდა გარეცხოს თავისი სამოსელი და უწმიდური იქნება საღამომდე; და რომელმაც წაიღოს მისი მძორი, უნდა გარეცხოს თავისი სამოსელი და უწმიდური იქნება საღამომდე. „‘და ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, საძაგელია, არ უნდა იჭამოს. ყოველი, რომელიც ხოხავს მუცელზე, და ყოველი, რომელიც დადის ოთხზე, და ყოველი მრავალფეხიანი ქვეწარმავალთაგან, რომელნიც ქვემძრომობენ მიწაზე, არ ჭამოთ ისინი, რადგან საძაგელნი არიან ისინი. ნუ წაბილწავთ თქვენს თავს ყოველი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით, და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან. რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, და ნუ გააუწმიდურებთ თქვენს თავს ყოველი ქვეწარმავლით, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე. რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე. „‘ესაა რჯული პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომელნიც წყალში იძვრიან, და ყოველი არსებისა, რომელნიც მიწაზე ქვემძრომობენ, რათა სხვაობა იყოს უწმიდურსა და წმიდას შორის, და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება შეიჭამოს, და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა შეიჭამოს.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ განაყოფიერდეს ქალი და შობოს მამრი, მაშინ ის უწმიდურია შვიდი დღე; როგორც მისი წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი. და მერვე დღეს წინადაცვითონ [ყრმას] ჩუჩის ხორცი. და ოცდაცამეტი დღე იჯდეს [ქალი] თავისი განწმედის სისხლში; არაფერს წმიდას არ შეეხოს და საწმიდარში არ შევიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღეები. და თუ შობს მდედრს, მაშინ იგი უწმიდურია ორ კვირას, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, და სამოცდაექვსი დღე იჯდეს თავისი განწმედის სისხლში. „‘და როცა შესრულდება მისი განწმედის დღეები ძისა ან ასულისათვის, მოიყვანოს კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად და მართვე მტრედისა, ან გვრიტი ცოდვის შესაწირავად საკრებულო კარვის შესასვლელთან, მღვდელთან; და შესწიროს იგი უფლის წინაშე, და შეუნდობს მას, და განიწმიდება თავისი სისხლდენიდან. ესაა რჯული მამრისა და მდედრის შობისა. და თუ ვერ მიუწვდა ხელი კრავზე, მაშინ აიღოს ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა: ერთი სრულადდასაწველად, ხოლო მეორე ცოდვის მსხვერპლად, და შეუნდობს მას მღვდელი, და გასუფთავდება იგი.’“ და უთხრა უფალმა მოსესა და აარონს: „თუ ადამიანს, გამოაჩნდება თავისი სხეულის კანზე სიმსივნე, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა მისი სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, მიყვანილ იქნას იგი აარონთან – მღვდელთან, ან ერთ-ერთთან მის ძეთაგან – მღვდელთან. და შეხედავს მღვდელი სხეულის კანის წყლულს და, თუ თმა წყლულზე გათეთრებულია და პირი წყლულისა უფრო ღრმაა სხეულის კანზე, მაშინ ეს წყლული კეთრისაა. და დაინახავს მას მღვდელი და უწმიდურად შერაცხავს. და თუ თეთრი ლაქაა მისი სხეულის კანზე და მისი პირი არააა უფრო ღრმა სხეულის კანზე და მასზე თმა არაა გათეთრებული, მღვდელი განამარტოებს წყლულიანს შვიდი დღით. და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული დარჩა ხილულად, მაგრამ არ გავრცელდა წყლული ტანზე, მაშინ განამარტოოს იგი შვიდი დღით მეორედ. და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს მეორედ, და თუ წყლული ნაკლებ შეიმჩნევა და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი გამოაცხადებს მას სუფთად. სირსველია ის. და გაირეცხოს მან თავისი სამოსელი და სუფთა იქნება. და თუ სირსველი ძალიან გავრცელდა კანზე მღვდლისგან მისი დათვალიერებისა და მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ, კვლავ უნდა ეჩვენოს მღვდელს. და თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელდა სირსველი კანზე, მაშინ შერაცხავს მას მღვდელი უწმიდურად. კეთრია ის. „თუ კეთროვანი წყლული აქვს ადამიანს, მაშინ იგი მიყვანილ უნდა იქნას მღვდელთან. და ნახავს მღვდელი და, თუ სიმსივნე თეთრია კანზე და გათეთრებულია თმა და ცოცხალი ხორცის ხორცმეტობაა სიმსივნეზე, მაშინ ეს ძველისძველი კეთრია მის კანზე და მას მღვდელი უწმიდურად შერაცხავს. არ განამარტოვებს მას, რადგან იგი უკვე უწმიდურია. და თუ კანის დაავადება გამოფურჩქნულია კანზე და ფარავს ეს დაავადება მთელ კანს – თავიდან ფეხებამდე – რის დანახვაც შეუძლია მღვდელს, და დაინახავს მღვდელი, რომ დაფარა დაავადებამ მთელი მისი სხეული, მაშინ მიიჩნიოს მან ავადმყოფი დაავადებისაგან სუფთად, რადგან მთლად გათეთრდა, სუფთაა იგი. როცა გამოჩნდება მასში ცოცხალი ხორცი, იგი უწმიდურია. როცა დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს, მიიჩნევს მას უწმიდურად. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, კეთრია იგი. თუ ცოცხალი ხორცი კვლავ გათეთრდა, მაშინ მივა ის მღვდელთან, და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ წყლული გათეთრებულია, მაშინ იგი სუფთად მიიჩნევს წყლულს. სუფთაა იგი. „და თუ ვინმეს კანზე ექნება ჩირქოვანი მუწუკი და განიკურნება, და ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე გაჩნდება თეთრი სიმსივნე ან თეთრწითელი ლაქა, გამოცხადდეს მღვდელთან. შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ იმის კანშია ჩაღრმავებული, და მისი თმა გათეთრებული, მაშინ იგი მას უწმიდურად მიიჩნევს. ეს კეთროვანი წყლულია, იგი ჩირქოვან მუწუკში აყვავდა. და თუ დაინახავს მღვდელი, რომ არაა მასზედ თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ნაკლებ შესამჩნევია, მაშინ განამარტოვებს მას მღვდელი შვიდი დღით. და თუ იგი მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს. წყლულია ის. და თუ ეს ლაქა თავის ადგილზე რჩება, არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს. „თუ ვინმეს სხეულის კანზე აქვს სიდამწვრე და შეხორცებულ სიდამწვრეზე აღმოჩნდება თეთრწითელი ან თეთრი ლაქა, და დაინახაავს მღვდელი, რომ თმა გათეთრდა ლაქაზე და მისი პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს კეთრია, ის სიდამწვრეზე აყვავებულა. მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს, იგი კეთროვანი წყლულია. და თუ მღვდელი დაინახავს, რომ არაა ლაქაზე თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ძლივს შეიმჩნევა, მღვდელი მას განამარტოვებს შვიდი დღით. და შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ ეს მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მიიჩნევს მას მღვდელი უწმიდურად: კეთროვანი წყლულია ის. და თუ ლაქა რჩება თავის ადგილზე, არ ვრცელდება კანზე და იგი მცირედ შეიმჩნევა, მაშინ ეს სიმსივნე სიდამწვრისგანაა და მას მღვდელი სუფთად მიიჩნევს, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა. „მამაკაცს ან დედაკაცს რომ ჰქონდეს წყლული თავზე ან წვერზე, წყლულს ნახავს მღვდელი და, თუ მისი პირი ღრმად არის კანში და თმა მასზე მოყვითალო და თხელია, მღვდელი მას არაწმიდად მიიჩნევს: ქეცია იგი, თავის ან წვერის კეთრია. და თუ მღვდელი ნახავს ქეცის წყლულს, რომ მისი პირი არ არის ჩაღრმავებული კანში და შავი თმა არ არის მასზე, მღვდელმა განამარტოვოს ქეცით დაწყლულებული შვიდი დღით. და ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს, რომ ქეცი არ გავრცელებულა და არაა მასზე მოყვითალო თმა და პირი ქეცისა კანში არაა ჩაღრმავებული, გაიპარსოს. მაგრამ ქეცით დაავადებული ადგილი არ გაიპარსოს და მღვდელი განამარტოვებს ქეცით დაავადებულს შვიდი დღით მეორედ. და ნახავს მღვდელი ქეცს მეშვიდე დღეს და, თუ ქეცი არ გავრცელებულა კანზე და მისი პირი არაა ჩაღრმავებული კანში, მაშინ მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს და მან გარეცხოს თავისი სამოსელი და სუფთა იქნება. და თუ მეტად გავრცელდა ქეცი კანზე მისი გასუფთავების შემდეგ და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი მის კანზე, ნუ დაუწყებს ძებნას მოყვითალო თმას, უწმიდურია იგი. და თუ ქეცი დარჩა ხილულად და მასზე აღმოცენდა შავი თმა, ქეცი განკურნებულია. სუფთაა იგი და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს. „თუ მამაკაცს ან დედაკაცს აღმოაჩნდება სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები, და დაინახავს მღვდელი მათი სხეულის კანზე თეთრ ფერმკრთალ ლაქებს, ეს არის ღია ფერის ქეცი, რომელიც აყვავდა კანზე. სუფთაა იგი. „და თუ ვინმეს თავზე გასცვივდა, ეს სიმელოტეა. სუფთაა იგი. და თუ თავის წინა ნაწილიდან მოხდა თმის გაცვენა მაშინ მელოტია იგი, სუფთაა იგი; და თუ სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე იქნება თეთრწითელი წყლული, მაშინ ეს კეთრია, აყვავებულია მის სიმელოტეზე, ან მის თმაგაცვენილობაზე. და შეხედავს მას მღვდელი, და აჰა, თეთრწითელი წყლულის სიმსივნე მის სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე ისეთივეა შესახედაობით, როგორც კეთრი სხეულის კანზე. მაშინ ის კეთროვანი კაცია, უწმიდურია იგი. მღვდელმა უწმიდურად უნდა მიიჩნიოს. მას თავზე წყლული აქვს. „რაც შეეხება კეთროვანს, რომელსაც ეს წყლული აქვს, მისი სამოსელი უნდა დაიხეს, თავი უნდა გაშიშვლდეს და ულვაშები დაიფაროს და დაიძახოს: „უწმიდური! უწმიდური!“ მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს მას, იგი უწმიდურია. უწმიდურია ის, განცალკევებით იცხოვროს მან თავის სადგომის ბანაკის გარეთ. „და თუ სამოსელზე იქნება კეთროვანი წყლული, მატყლის სამოსელზე ან სელის სამოსელზე, ან ქსელზე, ან სელისა, ანდა მატყლის მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, და თუ წყლული იქნება მომწვანო ან მოწითალო სამოსელზე ან ტყავზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს წყლული კეთროვანია და უნდა ეჩვენოს მღვდელს. და ნახავს იგი წყლულს და განამარტოვებს კეთროვანს შვიდი დღით. და ნახავს იგი წყლულს მეშვიდე დღეს. თუ გავრცელებულია წყლული სამოსელზე ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს კეთრი გესლიანია. უწმიდური წყლულია იგი. და მან დაწვას სამოსელი ან ქსელი, ან მისაქსელი მატყლის ან სელისა, ან რომელიმე საგანი ტყავისა, რაზეც იქნება ეს წყლული. რადგან ეს წყლული გესლიანია. ცეცხლში უნდა დაიწვას. „თუ მღვდელი დაინახავს, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ მღვდელი უბრძანებს და გამორეცხავენ იმას, რაზეც წყლულია, და განამარტოვებს მას შვიდი დღით მეორედ. და ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ, და აჰა, წყლულს არ შეუცვლია თავისი სახე, თუმცა არ გავრცელებულა წყლული, ის უწმიდურია, ცეცხლზე დაწვი იგი. ეს ამოჭმულია წაღმა ან უკუღმა პირზე. და თუ მღვდელი დაინახავს, რომ წყლული ნაკლებ შესამჩნევია მისი გამორეცხვის შემდეგ, ამოგლიჯოს იგი სამოსლიდან, ან კანიდან, ან ქსელიდან, ან მისაქსელიდან. და თუ იგი კვლავ გამოჩნდება სამოსელზე, ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, იგი აყვავებულია. ცეცხლში დაიწვას იგი, რაზეც წყლულია. სამოსელს ან ქსელს, ან მისაქსელს, ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ, და რომელთაგან განშორდება წყლული, გადაირეცხოს ხელმეორედ და გასუფთავდება.“ ეს არის რჯული კეთროვანი წყლულისა, მატყლის ან სელის, ან ქსელის, ან მისაქსელის სამოსლისა, ან ტყავის საგნისა მისი სუფთად ან უწმიდურად მიჩნევისათვის. და უთხრა უფალმა მოსეს: „ეს იქნება რჯული კეთროვანისა: მისი გასუფთავდების დღეს მიყვანილ იქნეს იგი მღვდელთან. და გამოვა მღვდელი ბანაკის გარეთ და, თუ დაინახავს იგი, რომ კეთროვანი განიკურნა კეთრისაგან, მაშინ უბრძანებს მღვდელი: აყვანილ იქნეს გასასუფთავებელისთვის ორი ცოცხალი ფრინველი, წმიდა, და კედრის ხე, და ძოწეულის ფერის ძაფი და უსუპი. და უბრძანებს ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში გამდინარ წყალზე. ცოცხალ ფრინველს იგი აიყვანს კედრის ხითა და ძოწეულის ფერის ძაფითურთ, და უსუპით, და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში, რომელიც დაკლულია გამდინარ წყალზე. და მოასხურებს კეთრისაგან განწმედილს შვიდჯერ და მიიჩნევს მას სუფთად, და გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ველზე. „განსაწმიდავებელმა გაირეცხოს სამოსელი და გაიკრიჭოს მთელი თმა და განიბანოს წყლით, და გახდება სუფთა. და შემდეგ მივიდეს ბანაკში და დაყოს კარვის გარეთ შვიდი დღე. და მეშვიდე დღეს გაიპარსოს მთელი თმა, თავი და წვერი, და თვალთა წარბები, და მთელი თმა გაიპარსოს, და გაირეცხოს სამოსელი და განიბანოს სხეული წყლით, და გახდება სუფთა. „და მერვე დღეს აიყვანოს ორი უმანკო კრავი და ერთი დედალი ცხვარი, წელგამოვლილი, უმანკო, და ეფის სამი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან პურეულ ძღვნად, ზეთში შერეული, და ერთი საწყაული ზეთისა. და განმასუფთავებელი მღვდელი დააყენებს გასასუფთავებელ კაცს და მათ უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. „და აიღებს მღვდელი ერთ კრავს და შესწირავს მას დანაშაულის შესაწირავად, და შეარხევს მათ უფლის წინაშე. და დაკლავს კრავს იმ ადგილზე, სადაც კლავენ ცოდვის მსხვერპლსა და სრულადდასაწველს, წმიდა ადგილზე. რადგან მსგავსად ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის ეს მსხვერპლი ეკუთვნის მღვდელს. წმიდათა წმიდაა ის. და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის სისხლიდან და დაადებს მას მღვდელი გასასუფთავებლის მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მისი მარჯვენა ხელის ცერა თითზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერა თითზე. და აიღებს მღვდელი ზეთის საწყაულიდან და დაისხამს თავის მარცხენა ხელისგულზე, და ამოავლებს მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, და მოასხურებს ზეთით თავისი თითით შვიდჯერ უფლის წინაშე. დანარჩენი ზეთიდან, რომელიც მის ხელისგულზეა, დაადებს გასასუფთავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მისი მარჯვენა ხელის ცერა თითზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერა თითზე, დანაშაულის მსხვერპლის სისხლზე. ხოლო ნარჩენი ზეთისა, რომელიც მღვდლის ხელისგულზეა, დაადოს მან გასასუფთავებელს თავზე და შეუნდობს მას უფლის წინაშე. „და შესწირავს მღვდელი ცოდვის მსხვერპლს და შეუნდობს გასასუფთავებელს მის უწმიდურებას. და მერე დაკლას სრულადდასაწველი. და აღავლენს მღვდელი სრულადდასაწველს და პურეულ ძღვენს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს მას მღვდელი, და გასუფთავდება იგი. „თუ ღარიბია იგი და ხელი არ მიუწვდება, მაშინ აიყვანოს ერთი კრავი დანაშაულის მსხვერპლად, შესარხევად თავისი შენდობისათვის. და ეფის მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილისა, ზეთში აზელილი, პურეულ ძღვნად, და საწყაული ზეთისა, და ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა, რაზეც მიუწვდება ხელი, და იქნება ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად. „და მიიტანოს ისინი თავისი გასუფთავების მერვე დღეს მღვდელთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, უფლის წინაშე. და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის კრავს და ზეთის საწყაულს, და შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე. და დაკლავს კრავს დანაშაულის მსხვერპლად, და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის სისხლს, და დაადებს გასასუფთავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, და მისი მარჯვენა ხელის ცერზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერზე. და დაისხამს მღვდელი თავის მარცხენა ხელისგულზე. და მოასხურებს მღვდელი თავის მარჯვენა თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე. და დაადებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასასუფთავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მისი მარჯვენა ხელის ცერზე, და მისი მარჯვენა ფეხის ცერზე, იმ ადგილზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლია. ნარჩენ ზეთს, რომელიც მღვდლის ხელისგულზეა, იგი დაადებს გასასუფთავებელს თავზე, მისი შენდობისათვის უფლის წინაშე. და შესწირავს გვრიტთაგან ერთს ან მტრედის მართვეთაგან, იმათთაგან, რაზეც მიუწვდება ხელი, რაზეც მიუწვდება ხელი – ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს სრულადდასაწველად პურეულ ძღვენთან ერთად; და შეუნდობს მღვდელი გასასუფთავებელს უფლის წინაშე.“ ესაა რჯული იმისა, ვისაც კეთროვანი წყლული აქვს და ვისაც ხელი არ მიუწვდება თავის გასუფთავებისას.“ და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „რაჟამს შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენს სამფლობელოდ, და მე მოვგვრი კეთროვან წყლულს თქვენი სამფლობელო ქვეყნის სახლს, წავიდეს ის, ვისიცაა სახლი, და განუცხადოს მღვდელს: ‘თითქოს წყლული მეჩვენა სახლში.’ და უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, ვიდრე მივა იგი წყლულის სახილველად, რათა არ გაუწმიდურდეს ყოველივე, რაც სახლშია. და მერე მივა ის სახლის სახილველად. და იხილავს წყლულს, და ნახავს, რომ წყლული სახლის კედლებზეა, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად. და მათი სახე ჩაღრმავებულია კედლებში, გავა მღვდელი სახლიდან სახლის შესასვლელისკენ და ჩაკეტავს სახლს შვიდი დღით. მეშვიდე დღეს კვლავ მივა და, თუ დაინახავს, რომ წყლული გავრცელდა სახლის კედლებზე, უბრძანებს იგი და ამოტეხენ ქვებს, რომლებზეც წყლულია, და გადაყრიან მათ ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. და სახლს გადაფხეკენ შიგნიდან ირგვლივ, და გადააპნევენ მტვერს, რომელიც მოფხიკეს, ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. და აიღებენ სხვა ქვებს და ჩადგამენ იმ ქვათა ადგილზე და აიღებენ სხვა გასალესს, და გალესენ სახლს. „თუ წყლული კვლავ გამოვლინდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც გამოტეხეს ის ქვები, გადაფხიკეს სახლი და გალესეს, და მივა მღვდელი და დაინახავს, რომ წყლული გავრცელდა სახლზე, მაშინ კეთრი გესლოვანია სახლში, უწმიდურია იგი. დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, მისი ხეები, და მთელი ბათქაში სახლისა გაიტანონ ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. „და შემსვლელი იმ სახლში იმ დღეებში, რა დროითაც ჩაჰკეტეს იგი, უწმიდურია საღამომდე. მწოლიარემ იმ სახლში, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი. და მჭამელმა იმ სახლში, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი. „და თუ მოვა მღვდელი და დაინახავს, რომ წყლული სახლზე არ გავრცელდა სახლის გალესვის შემდეგ, მღვდელი მიიჩნევს სახლს სუფთად, რადგან წყლული განიკურნა. და აიღებს იგი სახლის გასასუფთავებლად ორ ფრინველს და კედრის ხეს, და ძოწეულის ფერის ძაფს, და უსუპს. და დაკლავს ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელზე, გამდინარე წყალზე. და აიღებს კედრის ხესა და უსუპს, და ძოწეული ფერის ძაფს, და ცოცხალ ფრინველს, და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში და გამდინარე წყალში, და მოასხურებს სახლს შვიდგზის. და გაასუფთავებს სახლს ფრინველის სისხლით და გამდინარე წყლით, და ცოცხალი ფრინველით, და კედრის ხით, და უსუპით და ძოწეულის ფერის ძაფით. და გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ ველზე, და შეუნდობს სახლს, და გასუფთავდება იგი.“ ეს არის რჯული კეთრისა და ქეცისა და ყოველი წყლულისა. და სამოსლისა და სახლის კეთრისა. სიმსივნისა, ქეცისა და ლაქისა. რათა მიეთითოს, როდის არის უწმიდურება და როდის სისუფთავე. ესაა კეთრის რჯული. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „ელაპარაკეთ ისრაელის ძეთ და უთხარით მათ: ‘თუ ვინმეს ექნება გამონადენი თავისი სხეულიდან, მისი გამონადენის გამო იგი უწმიდურია. ეს არის კანონი მის უწმიდურებაზე მისი გამონადენის გამო: როდესაც ჟონავს მისი სხეულიდან მისი გამონადენი და როდესაც ჩერდება მის სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა. „‘ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია, და რომელზეც დაჯდება უწმიდურია. და ვინც შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. და ვინც დაჯდება რამეზე, რაზეც იჯდა ლორწომდინარი, მან უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. „‘ლორწომდინარის სხეულის შემხებმა უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. „‘და თუ მიაფურთხებს ლორწომდინარი სუფთა ვისმე, გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. „‘და ყოველი დასაჯდომი, რომლითაც მგზავრობდა ლორწომდინარი, უწმიდურია. და ყოველი შემხები რაიმესი, რაც იყო მის ქვეშ, უწმიდური იქნება საღამომდე. „‘და ყოველს, რომელსაც შეეხება ლორწომდინარი, და არ დაუბანია თავისი ხელი წყლით, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. „‘და თიხის ჭურჭელი, რომელსაც შეეხება ლორწომდინარი, დაიმსხვრეს, ხოლო ყოველი ხის ჭურჭელი გამოვლებული უნდა იქნეს წყლით. „‘და როდესაც ლორწომდინარი გასუფთავდება თავისი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე თავისი განწმედიდან და გაირეცხოს თავისი სამოსი, და დაიბანოს თავისი სხეული გამდინარე წყალში და სუფთა იქნება. და მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა, და მივიდეს უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან, და მისცეს ისინი მღვდელს. და შესწიროს მათგან მღვდელმა ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად, და შეუნდოს მას უფლის წინაშე მისი გამონადენისათვის. „‘და მამაკაცს, რომელსაც შეემთხვევა თესლდენა, დაიბანოს წყლით მთელი თავისი სხეული, და იქნება უწმიდური საღამომდე. და ყოველი სამოსელი და ყოველი კანი, რომელზეც ექნება თესლდენა, გარეცხილ უნდა იქნას წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. და როდესაც ქალთან დაწვება მამაკაცი და ხდება თესლდენა, ორივემ დაიბანონ წყლით, და უწმიდურები იქნებიან საღამომდე. „‘და თუ ქალს აქვს სისხლდენა, რომელიც მოედინება მისი სხეულიდან, შვიდი დღე იქნება იგი თავის წიდოვანებაში, და ყოველი, ვინც შეეხება მას, უწმიდური იქნება საღამომდე. „‘და ყოველი, რაზეც იგი დაწვება თავისი წიდოვანებისას, გაუწმიდურდება, და ყოველივე, რაზეც იგი დაჯდება, გაუწმიდურდება. და ყოველმა, ვინც შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. და ყოველმა, ვინც შეეხება რომელიმე საგანს, რომელზეც იგი იჯდა, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და უწმიდური იქნება საღამომდე. და თუ ვინმე შეეხება რაიმეს საწოლზე ან იმ საგანზე, რომელზეც იგი იჯდა, როდესაც მამაკაცი შეეხო მას, მაშინ ის უწმიდური იქნება საღამომდე. „‘და თუ დაწვება მასთან მამაკაცი და ქალის თვიური გამონადენი იქნება მასზე, მაშინ ის მამაკაცი უწმიდური იქნება შვიდი დღე. და ყოველი საწოლი, რომელზეც იგი დაწვება, უწმიდური იქნება. „‘და თუ ქალს აქვს სისხლდენა მრავალი დღის განმავლობაში, არა მისი წიდოვანების დროს, ან თუ მას აქვს გამონადენი მის წიდოვანებაზე მეტხანს, მაშინ მისი უწმიდურების გამონადენის მთელი დროის განმავლობაში, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, იგი უწმიდურია. ყოველი საწოლი, რომელზეც იგი დაწვება თავისი გამონადენის დროს, მისთვის ითვლება საწოლად, როგორც მისი წიდოვანების დროს. და ყოველი, ვინც შეეხება მათ, უწმიდური იქნება. უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და დაიბანოს წყლით, და იქნება უწმიდური საღამომდე. „‘და როცა ის გასუფთავდება თავისი გამონადენისგან, აღრიცხოს თავისთვის შვიდი დღე, და მერე სუფთა იქნება. და მერვე დღეს იგი აიყვანს თავისთვის ორ გვრიტს, ან მტრედის ორ მართვეს, და მიუყვანს მღვდელს, საკრებულო კარვის შესასვლელთან; და შესწირავს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად და მეორეს სრულადდასაწველად; და შეუნდოს მას უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურების გამო. „‘და გააფრთხილეთ ისრაელის ძენი მათი უწმიდურების გამო, რათა არ დაიხოცონ თავიანთი უწმიდურებით, გააუწმიდურებენ რა ჩემს მოწმობის კარავს, რომელიც მათ შორისაა.’“ ესაა რჯული ლორწომდინარისა და იმისა, ვისაც დაემართება თესლდენა, რაც გააუწმიდურებს მას, და იმისი, ვინც იტანჯება თავისი წიდოვანებით, და იმ მამაკაცისა თუ ქალისა და ქმრისა, რომელიც დაწვება უწმიდურთან. და ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა მიეახლნენ უფალს და დაიხოცნენ. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს, შენს ძმას, ნუ შევა ყოველჟამს წმიდაში ფარდის მიღმა თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანზეა, რათა არ მოკვდეს, რადგან გამოვჩნდები თავსარქველზე ღრუბელში. „ამით შევა აარონი წმიდაში: ნორჩი მოზვრით ცოდვის მსხვერპლად და სრულადდასაწველი ვერძით. წმიდა სელის კვართი შეიმოსოს და სელის ქვედა სამოსი იყოს მის სხეულზე, და სარტყელი სელისა შეირტყას, და თავსაბურავი სელისა დაიხუროს, რადგან ეს წმიდა შესამოსელია; და განიბანოს მან თავისი სხეული წყლით და მაშინ შეიმოსოს ისინი. და ისრაელის ძეთა თემისგან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად. „და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე. და აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. და ყაროს აარონმა ორივე ვაცზე წილი: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი განტევებისათვის. და შესწირავს აარონი ვაცს, რომელსაც ხვდა წილი უფლისათვის, და შესწიროს იგი ცოდვის მსხვერპლად. და ვაცი, რომელსაც ხვდა წილი განტევებისა, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში. „და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე, და დაკლას თავისი მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად. და აიღოს ნაკვერცხლებით სავსე საცეცხლური სამსხვერპლოდან, რომელიც უფლის წინაშეა, და სავსე პეშვი წმიდა კეთილსურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს ფარდის მიღმა; და დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის ღრუბელმა თავსარქველი, რომელიც მოწმობაზეა, რათა არ მოკვდეს. და აიღოს მოზვრის სისხლი და მოასხუროს თითით თავსარქველის ზედაპირს აღმოსავლეთიდან, და თავსარქველის წინ მოასხუროს სისხლი შვიდგზის თითით. „და დაკლას ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელიც ხალხისთვისაა, და შეიტანოს მისი სისხლი ფარდის მიღმა, და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც გააკეთა მოზვრის სისხლით, და მოასხუროს იმ თავსარქველზე და თავსარქველის წინ. ქმნას შენდობა წმიდაზე ისრაელის ძეთა უწმიდურებათა და მათ დანაშაულთაგან, ყოველი მათი ცოდვისაგან, ასევე მოიქცეს საკრებულო კარვისათვის, რომელიც მდებარეობს მათთან, მათ უწმიდურებათა შორის. არც ერთი ადამიანი არ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის შედის შენდობისთვის წმიდაში, მის გამოსვლამდე. და შეუნდობს თავის თავს და თავის სახლს, და ისრაელის მთელ კრებულს. „და გავა სამსხვერპლოსაკენ, რომელიც უფლის წინაშეა, და შეუნდობს მას. და აიღებს მოზვრისა და ვაცის სისხლს და სცხებს სამსხვერპლოს რქებს ირგვლივ. და მოასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელის ძეთა უწმიდურებისგან. „და როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და სამსხვერპლოს შენდობას, მაშინ მიიყვანს იგი ცოცხალ ვაცს. და დაადებს აარონი თავის ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყოველ უკანონობას და მათ ყოველ დანაშაულს და მათ ყოველ ცოდვას, და დადებს მათ ცოცხალი ვაცის თავზე, და წარგზავნის საგანგებო კაცით უდაბნოში. როცა წაიღებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვას. და გაუშვებს ვაცს უდაბნოში, „შევა აარონი საკრებულო კარავში, და გაიხდის სელის შესამოსელს, რომელიც შეიმოსა წმიდაში თავისი შესვლისას, და დატოვებს მას იქ. და განიბანს სხეულს წყლით წმიდა ადგილზე, და შეიმოსავს თავის შესამოსელს, და გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის, და შეუნდობს თავის თავს და ხალხს. და ცოდვის შესაწირავის ქონს იგი დააკმევს სამსხვერპლოზე. „ვაცის განსატევებლად გამშვები გაირეცხავს შესამოსელს და განიბანს სხეულს წყლით და შემდეგ შევა ბანაკში. მოზვერი და ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელთა სისხლი შეტანილ იქნა წმიდაში შესანდობად, გაიტანონ ბანაკის გარეთ, და დაწვან მათი ტყავი და მათი ხორცი და მათი სკორე ცეცხლზე. და მათმა დამწველმა უნდა გაირეცხოს შესამოსელი და განიბანოს სხეული წყლით და შემდეგ შევიდეს ბანაკში. იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, დაიმდაბლეთ მარხვით სულნი თქვენნი და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა. რადგან ამ დღეს შეგინდობთ მღვდელი, რათა შეგინდოთ ყოველი თქვენი ცოდვა უფლის წინაშე შესანდობად. ეს შაბათი დასვენებისაა თქვენთვის, დაიმდაბლეთ მარხვით სულნი თქვენნი. ეს საუკუნო წესია. და შეუნდობს მღვდელი, რომელსაც სცხებენ და რომელსაც ხელს აუვსებენ, რომ შეასრულოს მღვდლობა თავისი მამის მაგიერ. და შეიმოსავს იგი სელის შესამოსელს, წმიდა შესამოსელს, და შეუნდობს წმიდა საკურთხეველს და საკრებულო კარავს, და შეუნდობს სამსხვერპლოსაც, და შეუნდობს მღვდლებს და საზოგადოების მთელ ხალხს. „იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად ისრაელის ძეთა ყველა ცოდვის შესანდობად წელიწადში ერთხელ.“ და გააკეთა ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და უთხრა უფალმა მოსეს: „ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელის ძეს და უთხარი მათ: ‘ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან დაკლავს ხბოს, ან კრავს, ან თხას ბანაკში, ან თუ ვინმე დაკლავს ბანაკის გარეთ, და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს უფლისათვის შესაწირავად უფლის სავანის წინ, მაშინ სისხლისღვრად შეერაცხოს ეს იმ ადამიანს: სისხლი დაღვარა მან. და მოისპობა ის ადამიანი თავისი ხალხის გარემოდან, რათა მიიტანონ ისრაელის ძეთ თავიანთი შესაწირავნი, რომელთაც ისინი კლავენ, და მიართვან ისინი უფალს საკრებულო კარვის შესასვლელთან მღვდელს, და დაკლან სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის. და მოაპკურებს მღვდელი სისხლს უფლის სამსხვერპლოზე საკრებულო კარვის შესასვლელთან, და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისათვის, რათა არ შესწირონ კვლავ თავიანთ შესაწირავთაგან კერპებს, რომელთა კვალზეც ისინი მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის მათ თაობებში.’ „და მათ უთხარი: ‘თუ ვინმე ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელნიც ხიზნობენ მათ შორის, აღავლენს სრულადდასაწველს ან მსხვერპლს, და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს მას, რათა შესწიროს იგი უფალს, მაშინ მოისპობა ის კაცი თავისი ხალხიდან. „‘და თუ ვინმემ ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელნიც ხიზნობენ მათ შორის, ჭამოს რაიმე სისხლი, მაშინ მივაქცევ ჩემს სახეს იმ სულზე, რომელიც ჭამს სისხლს, და მოვსპობ მას თავისი ხალხის გარემოდან. რადგან ხორციელის სიცოცხლე სისხლშია და მე სამსხვერპლოსათვის მოგეცით, თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის, რადგან სისხლია, სულს რომ განწმედს. ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: „არც ერთი თქვენთაგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს. და ასევე ხიზანიც, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის, არ უნდა ჭამდეს სისხლს.“ „‘და თუ ვინმემ ისრაელის ძეთაგან და ხიზანთაგან, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის, მოინადიროს ცხოველი ან ფრინველი, რომელიც იჭმევა, უნდა დასთხიოს სისხლი და დაფაროს იგი მტვრით. რადგან სიცოცხლე ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: „არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი მოისპობა.“ „‘და ყოველმა, რომელიც შეჭამს მძორსა და ნამხეცავს, მკვიდრმა ან ხიზანმა, უნდა გაირეცხოს სამოსელი და განიბანოს წყლით. და საღამომდე უწმიდური იქნება და მერე განიწმიდება. და თუ არ გაირეცხავს და არ დაიბანს სხეულს, მაშინ ატარებს თავის ცოდვას.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. არ მოიქცეთ მსგავსად ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა, სადაც ცხოვრობდით თქვენ, და მსგავსად ქანაანის ქვეყნის ჩვეულებათა, სადაც მე მიგიყვანთ თქვენ, და მათი წესებით არ იცხოვროთ. შეასრულეთ ჩემი სამართალნი, და დაიცავით ჩემი წესები, იცხოვრეთ მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. და დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალნი, რომელთა აღსრულებით იცოცხლებს კაცი. მე ვარ უფალი. „‘არავინ თავის ხორცით ნათესავს არ მიუახლოვდეს სიშიშვლის გამოსაჩენად. მე ვარ უფალი. „‘სიშიშვლე მამაშენისა და სიშიშვლე დედაშენისა არ გამოაჩინო. იგი დედაა შენი, არ ახადო მისი სიშიშვლე. „‘სიშიშვლე მამაშენის ცოლისა არ გამოაჩინო. მამაშენის სიშიშვლეა იგი. „‘სიშიშვლე შენი დისა, მამაშენის ასულისა ან დედაშენის ასულისა, სახლში შობილისა ან გარეთ შობილისა, არ ახადო მათი სიშიშვლე. „‘სიშიშვლე შენი ძის ასულისა ან შენი ასულის ასულისა, არ ახადო მათი სიშიშვლე, რადგან შენი სიშიშვლეა ისინი. „‘სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულისა, მამაშენისგან შობილისა, შენი და არის იგი, არ ახადო მისი სიშიშვლე. „‘სიშიშვლე მამაშენის დისა არ ახადო, მამაშენის ხორცია იგი. „‘სიშიშვლე დედაშენის დისა არ ახადო, რადგან დედაშენის ხორცია იგი. „‘სიშიშვლე მამაშენის ძმისა არ ახადო: მის ცოლს არ მიუახლოვდე, შენი ძალუაა იგი. „‘სიშიშვლე შენი რძლისა არ ახადო: შენი ძის ცოლია იგი. „‘სიშიშვლე შენი ძმის ცოლისა არ ახადო: შენი ძმის სიშიშვლეა იგი. „‘სიშიშვლე შენი ცოლის ასულისა არ ახადო, მისი ძის ასული და მისი ასულის ასული არ ითხოვო სიშიშვლის ასახდელად. ერთი ხორცისანი არიან ისინი. ეს გარყვნილება იქნება. „‘ცოლის დას ნუ ითხოვ მეტოქედ მისი სიშიშვლის ასახდელად ცოლის სიცოცხლეში. „‘ქალს უსუფთაობის ჟამს ნუ მიუახლოვდები მისი სიშიშვლის ასახდელად. „‘შენი მოყვასის ცოლთან არ დაწვე თესლის დასაღვრელად, რადგან გაუწმიდურდები მისით. „‘შენს შთამომავალთაგან არ მისცე ცეცხლში გასატარებლად მოლეხთან და ნუ შებღალავ შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი. „‘მამაკაცთან არ დაწვე, როგორც წვებიან ქალთან. ეს საძაგლობაა. „‘და არავითარ პირუტყვთან არ დაწვე, რადგან გაუწმიდურდები მისით. ქალი არ დადგეს პირუტყვის წინ მასთან შესაუღლებლად. ეს საზიზღრობაა. „‘ნუ გაუწმიდურდებით ყოველივე ამით, რადგან ამით იყვნენ გაუწმიდურებულნი ხალხები, რომელთაც თქვენგან ვდევნი მე. და გაუწმიდურდა ქვეყანა და დავსაჯე იგი თავისი ცოდვისათვის, და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი. და თქვენ დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალნი, და ნუ გააკეთებს ნურაფერს ყოველ ამ საძაგლობიდან მკვიდრი და ხიზანი, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის. რადგან ყოველი ეს საძაგლობა ჩაიდინა ამ ქვეყნის ხალხმა, რომელიც თქვენზე წინ იყო; და შეიბილწა ქვეყანა; და რომ არ ამოგანთხიოთ ქვეყანამ, თუ მას გააუწმიდურებთ, როგორც ამოანთხია მან ხალხი, რომელიც თქვენამდე იყო. რადგან ყოველი, ვინც ჩაიდენს რამეს ამ სისაძაგლეთაგან, სიცოცხლე ამის ჩამდენთა მოისპობა მათი ხალხის გარემოდან. დაიცავით ჩემი ბრძანებანი, ნუ მოიქცევით ამ საძაგელი წესების მიხედვით, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაუწმიდურდეთ მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ელაპარაკე ისრაელის ძეთა მთელ თემს და უთხარი მათ: ‘წმიდა იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, ღმერთი თქვენი. „‘თითოეულს ეშინოდეს თავისი დედისა და თავისი მამისა, და ჩემი შაბათები დაიცავით. მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი. „‘ნუ მიმართავთ კერპებს და ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. „‘და როცა შესწირავთ სამშვიდობო მსხვერპლს უფალს, ისე შესწირეთ, რომ წყალობა მიიღოთ. თქვენი მსხვერპლშეწირვის დღეს და მეორე დღეს შეიჭამოს იგი, ხოლო ნარჩენი მესამე დღემდე ცეცხლში დაიწვას. და თუ შეიჭმება მესამე დღეს, საძაგლობა იქნება და არ მიიღება. მისი მჭამელი თავის ბრალს დაიდებს, რადგან უფლის სიწმიდე შებღალა. და უნდა მოიკვეთოს ის კაცი თავისი ხალხიდან. „‘და როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისა, არ მოასრულო სამკალი თქვენი ყანის კიდემდე და მკის დროს ჩაბნეულს ნუ აკრეფთ. და თქვენს ვენახს ნუ მოიმცვრევთ, და ვენახში დარჩენილ მარცვლებს ნუ აკრეფთ: ღარიბისა და ხიზნისათვის დატოვეთ ისინი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. „‘არ მოიპაროთ, არ იცრუოთ და არ მოატყუოთ ერთიმეორე. „‘არ დაიფიცოთ ჩემი სახელი ტყუილზე, და არ შებღალოთ სახელი თქვენი ღმერთისა. მე ვარ უფალი. „‘არ ავნო შენს მოყვასს და არც არა მოსტაცო, და არ გაათევინო ღამე შენთან მოჯამაგირის შრომის გასამრჯელოს განთიადამდე. „‘არ დასწყევლო ყრუ და ბრმის წინაშე არ დადო დაბრკოლება, არამედ გეშინოდეს შენი ღმერთისა. მე ვარ უფალი. „‘არა ქმნა უსამართლობა სასამართლოში, არ იყო პირმოთნე გლახაკის მიმართ და არ მიეპირფერო ძლიერს: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი. „‘არ გაავრცელო ჭორი შენს ხალხში, არ აღუდგე შენი მოყვასის სისხლს. მე ვარ უფალი. „‘არ გძულდეს შენი ძმა შენს გულში. მხილებით ამხილე მოყვასი შენი და არ დაგეკისრება ცოდვა მის გამო. „‘არ იძიო შური და არ იღვარძლო შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. „‘ჩემი წესები დაიცავით. საქონელი შენი არ შეაუღლო სხვა გვარს; და შენს მინდორზე არ დათესო ორი სხვადასხვა ჯიშის თესლი; და არ ჩაიცვა სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი. „‘თუ ვინმე დაწვეს ქალთან თესლისდენისთვის და იყოს იგი მხევალი, კაცის დანიშნული, მაგრამ არ იყოს გამოსყიდული, ან თავისუფლება არ ჰქონდეს მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაედოს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან იგი არაა თავისუფალი. და მიიტანოს მან თავისი დანაშაულის მსხვერპლი უფლისათვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად. და შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულს ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა. „‘და როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რომელიმე მსხმოიარე ხეს, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა იჭამოს. მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი ნაკურთხი უფლის სადიდებლად. მეხუთე წელს ჭამეთ თქვენ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. „‘არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ, „‘არ შეიკრიჭოთ თმის კიდე თავის ირგვლივ და არ წაახდინო კიდე შენი წვერისა. „‘არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი. „‘ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აღივსოს მრუშობით. „‘ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საკურთხევლის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი. „‘ნუ მიმართავთ მესულთანეებს და ჯადოსნებს, ნუ ცდილობთ გაუწმიდურებას მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. „‘ჭაღარის წინაშე წამოდექი და პატივი ეცი მოხუცებულის სახეს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა. მე ვარ უფალი. „‘როცა შემოგეხიზნებათ ხიზანი თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროვოთ იგი. როგორც მკვიდრი თქვენს შორის, ისე იყოს თქვენთან ხიზანი და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. „‘არა ქმნათ უსამართლობა სამართალში, ზომა-წონაში და საწყაოში. სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ თქვენ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან. „‘დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი. მე ვარ უფალი.’“ და ელაპარაკა უფალი მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ყოველი კაცი ისრაელის ძეთაგან და ისრაელში შეხიზნულ ხიზანთაგან, რომელიც მისცემს თავის შვილებს მოლეხს, სიკვდილით მოკვდება. ქვეყნის ხალხმა ქვით ჩაქოლოს იგი. და მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მოვსპობ მას მისი ხალხის გარემოდან, რადგან მან მისცა თავისი თესლიდან მოლეხს, რათა გაეუწმიდურებინა ჩემი საწმიდარი და წაებილწა ჩემი წმიდა სახელი. და თუ ხალხი ქვეყნისა აარიდებს თვალს იმ კაცს, როცა იგი აძლევს თავისი თესლიდან მოლეხს, და არ მოკლავენ მას, მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მის მოდგმას, და მოვსპობ მას და ყველას, ვინც მრუშობს მის კვალდაკვალ, სამრუშოდ რომ დადიან მოლეხის კვალდაკვალ, მათი ხალხის გარემოდან. „‘და მას, რომელიც მიმართავს მესულთანეებს და ჯადოსნებს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, მე მივაპყრობ ჩემს სახეს და მოვსპობ მისი ხალხის გარემოდან. „‘განიწმიდენით და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. და დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რამეთუ მე ვარ უფალი, განმწმედელი თქვენი. „‘თუ ვინმემ დასწყევლოს თავისი მამა და თავისი დედა, სიკვდილით მოკვდეს. მამამისი და დედამისი დაწყევლა მან – მასზეა მისი სისხლი. „‘ვინც იმრუშებს ქმრიან ქალთან, ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, სიკვდილით უნდა მოკვდნენ მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც. „‘ვინც დაწვება თავისი მამის ცოლთან, თავისი მამის სიშიშვლე ახადა მან. სიკვდილით უნდა მოკვდნენ ორივენი. მათი სისხლი მათზეა. „‘ვინც დაწვება თავის რძალთან, სიკვდილით უნდა მოკვდნენ ორივენი. რაც მათ ქნეს, სისაძაგლეა. მათზეა მათი სისხლი. „‘ვინც დაწვება მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან, სისაძაგლე ქნეს ორთავემ. სიკვდილით უნდა მოკვდნენ ისინი – მათი სისხლი მათზეა. „‘თუ ვინმემ შეირთოს ცოლად დედა-შვილი, ეს ურჯულოებაა. ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად, რათა არ იყოს ურჯულოება თქვენს შორის. „‘ვინც დაეცემა პირუტყვთან, სიკვდილით მოკვდეს და ის პირუტყვიც მოჰკალით. „‘ქალი რომ მივიდეს რომელიმე პირუტყვთან, რათა დაეცეს მასთან, მოკალით ქალიც და პირუტყვიც, სიკვდილით მოკვდნენ ისინი – მათზეა მათი სისხლი. „‘ვინმემ რომ შეირთოს თავისი და – ასული თავისი მამისა, ან ასული თავისი დედისა – და დაინახოს მისი სიშიშვლე და ქალმაც ნახოს მისი სიშიშვლე, სიბილწეა ეს. და მოისპონ ისინი თავიანთი ხალხის ძეთა თვალწინ. სიშიშვლე თავისი დისა ახადა მან. თავის ცოდვას იტვირთავს იგი. „‘ვინც დაწვება ცოლთან მისი თვიურის დროს და ახდის მის სიშიშვლეს, რაკი მან გააშიშვლა მისი წყარო, ხოლო ქალმა გამოაჩინა თავისი სისხლის წყარო, მოისპონ ორივე თავიანთი ხალხის გარემოდან. „‘სიშიშვლე დედის ან მამის დისა არავინ ახადოს, რადგან თავის ხორცს აშიშვლებს, თავიანთ ცოდვას იტვირთავენ ისინი. „‘ვინც დაწვება თავისი ბიძის ცოლთან, მან თავისი ბიძის სიშიშვლე ახადა. თავიანთ ცოდვას იტვირთავენ, უშვილონი დაიხოცებიან. „‘ვინმემ რომ შეირთოს თავისი ძმის ცოლი, ეს შებილწვაა, სიშიშვლე თავისი ძმისა ახადა მან – უშვილონი იქნებიან. „‘დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი, და აღასრულეთ ისინი, და არ ამოგანთხევთ თქვენ ქვეყანა, სადაც მე მიგიყვანთ საცხოვრებლად. არ მოიქცეთ იმ ხალხის წესებისამებრ, რომელსაც მე ვდევნი თქვენგან, რადგან ყოველივე ეს გააკეთეს მათ და მძაგს ისინი. გითხარით: „თქვენ დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას თქვენ სამკვიდროდ, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი.“ მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგარჩიე თქვენ ხალხთაგან. „‘განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და უწმიდური და წმიდა ფრინველი და არ შებილწოთ თქვენი სულები პირუტყვით და ფრინველით, და იმით, რაც ქვემძრომობს დედამიწაზე, რომელიც მე გამოვაცალკევე, როგორც უწმიდური. იყავით ჩემთვის წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და მე გამოგაცალკევეთ ხალხთაგან, რათა ჩემი იყოთ. „‘მამაკაცი ან დედაკაცი, თუ აღმოჩნდეს მესულთანე ან ჯადოქარი, სიკვდილით მოკვდეს: ქვებით ჩაიქოლონ ისინი და მათზე იქნება მათი სისხლი.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე მღვდლებს, აარონის ძეთ, და უთხარი მათ: ‘არც ერთი მათგანი არ გაუწმიდურდეს მკვდართან შეხებით თავის ხალხში. მხოლოდ თავისი ხორციელი ნათესავის გამო: თავისი დედის და თავისი მამის, თავისი ვაჟის და თავისი ასულის, და თავისი ძმის, და თავისი დის, თავისი ახლობელი ქალწულისა, რომელიც არ იყო გათხოვილი, შეუძლია შეხება, არ გაუწმიდურება. ნუ გაიუწმიდურებს თავს კაცი თავის ხალხში, რათა არ წაიბილწოს იგი. „‘არ გადაიპარსონ თავი და წვერის კიდეები არ შეიჭრან და სხეულზე არ გაიკეთონ ნაჭდევი. წმიდები უნდა იყვნენ ისინი თავიანთი ღმერთისათვის და არ შებღალონ სახელი თავიანთი ღმერთისა, რადგან უფლის საცეცხლო შესაწირავს, თავიანთი ღმერთის პურსა სწირავენ ისინი, და ამიტომ უნდა იყვნენ ისინი წმიდები. „‘ქალი მეძავი და წაბილწული არ შეირთონ მათ, ასევე ქალი განქორწინებული თავისი ქმრისაგან არ შეირთონ მათ, რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისათვის. შენ აკურთხე ის, რადგან შენს ღმერთს სწირავს იგი პურს. წმიდა იყოს ის შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი გამწმედელი. „‘თუ მღვდლის ასული წაიბილწავს თავს მრუშობით, თავისი მამის წამბილწველია – ცეცხლში დაიწვას იგი. „‘მთავარი მღვდელი თავის ძმათაგან, რომლის თავზე დასხმულ იქნა საცხებელი ზეთი და რომელსაც აუვსეს ხელი, რომ შეიმოსოს წმიდა შესამოსლით, თავს ნუ გაიშიშვლებს, სამოსელს ნუ დაიხევს. მკვდართან არავისთან არ უნდა შევიდეს იგი. თავისი მამისა და თავისი დედის გვამითაც კი არ წაიბილწოს თავი. საწმიდარს არ უნდა მოცილდეს, რათა არ წაბილწოს საწმიდარი თავისი ღმერთისა, რადგან მისი ღმერთის საცხებელი ზეთის გვირგვინია მასზე. მე ვარ უფალი. „‘ცოლად ქალწული შეირთოს. ქვრივი, ან ქმარგაყრილი, ან წაბილწული მეძავი არ შეირთოს. მხოლოდ ქალწული შეირთოს ცოლად თავისი ხალხიდან. არ წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში, რადგან მე ვარ უფალი, მისი განმწმედელი.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი აარონს: ‘არავინ შენი თესლიდან თავიანთ თაობებში, რომელსაც ექნება ხინჯი სხეულზე, არ მივიდეს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად. არავინ, ვისაც ხინჯი აქვს ტანზე, არ მივიდეს: არც ბრმა არც კოჭლი, ან მახინჯი, ან კაცი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი ან ხელი აქვს მოტეხილი, ან კუზიანია, ან ქონდრისკაცია, ან რომელსაც ლიბრი აქვს თვალზე, ან ქეცი, ან დაზიანებული აქვს კვერცხები. ყოველი კაცი, რომელსაც ხინჯი აქვს აარონ მღვდლის თესლიდან, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო შესაწირავთა შესაწირად, ხინჯიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად. პური თავისი ღმერთისა ყოვლად წმიდისაგან და წმიდისაგან შეუძლია ჭამოს. მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და სამსხვერპლოს არ მიეახლოს, რადგან ხინჯი აქვს. არ წაბილწოს ჩემი საკურთხეველი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი’“. და ეს გამოუცხადა მოსემ აარონს და მის ძეთ და ყველა ისრაელის ძეს. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონსა და მის ძეთ, რომ ეკრძალნენ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს, და არ წაბილწონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი, მე ვარ უფალი. „უთხარი მათ: ‘თქვენს თაობებში თუ ვინმე თქვენი თესლიდან მიეახლოს სიწმიდეებს, რომლებსაც სწირავენ ისრაელის ძენი უფალს, და მასზე უწმიდურებაა, მოსპობილ იქნება ის სული ჩემს წინაშე. მე ვარ უფალი. „‘არც ერთი კაცი აარონის თესლიდან, თუ ის კეთროვანია, ან აქვს გამონადენი, არ უნდა ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. და ვინც შეეხება მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც დაემართება თესლდენა, ან ვინც შეეხება რომელიმე ქვემძრომს, რომლისგანაც გაუწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას თავისი რომელიმე უწმიდურებით, ვინც კი შეეხება მას, უწმიდური იქნება საღამომდე, და არ შეიძლება ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ განიბანს სხეულს წყლით. და როცა ჩავა მზე და გასუფთავდება, შეუძლია ჭამოს სიწმიდეთაგან, რადგან ეს მისი საკვებია. მძორი და ნამხეცავი არ ჭამოს, რათა არ წაიბილწოს. მე ვარ უფალი. „‘და დაიმარხონ ჩემი სამარხო, რათა არ ატარონ ცოდვა და არ დაიხოცნენ მასში, როცა წაბილწავენ მას. მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი. „‘და არც ერთმა უცხომ არ ჭამოს წმიდა, არც მღვდლის ხიზანმა და მოჯამაგირემ არ ჭამოს წმიდა. თუ მღვდელი შეიძენს მონას თავისი ვერცხლით, მაშინ მას შეუძლია ჭამოს მისგან. აგრეთვე მის სახლში დაბადებულთ შეუძლიათ ჭამონ მისი პური. და თუ მისი ასული უცხო მამაკაცს გაჰყვა ცოლად, ქალმა არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან. და თუ მღვდლის ასული იყოს ქვრივი ან ქმარგაშვებული და შვილი ჰყავდეს მას, და დაუბრუნდეს იგი თავის მამის სახლს, როგორც თავის სიყმაწვილეში, ისე ჭამოს პური თავისი მამისა. უცხოს არ შეუძლია ჭამოს იგი. „‘თუ ვინმემ ჭამოს წმიდა შეცდომით, დაურთოს მისი მეხუთე წილი მას და მისცეს მღვდელს წმიდასთან ერთად. არ წაბილწონ ისრაელის ძეთ სიწმიდენი, რომლებსაც ისინი აღუმართავენ უფალს. და არ დაიდონ ბრალი დანაშაულზე, თუ შეჭამენ მათ სიწმიდეებს, რადგან მე ვარ უფალი, მათი გამწმედელი.’“ და ელაპარაკა უფალი მოსეს: „ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელის ძეს და უთხარი მათ: ‘თუ ვინმემ, ისრაელის სახლიდან და ისრაელში ხიზანთაგან, შესწიროს მსხვერპლი თავისი რომელიმე აღთქმისათვის, ან ამა თუ იმ გულმოდგინებისათვის, რომელსაც სწირავენ უფალს სრულადდასაწველად, იმისათვის რომ წყალობა მოიპოვოთ, უნდა იყოს უმანკო, მამალი, მსხვილფეხა საქონლიდან, ცხვართაგან ან თხათაგან. ყოველი, რომელსაც აქვს ხინჯი, არ შესწიროთ, რადგან ამით თქვენ ვერ მოიპოვებთ წყალობას. თუ ვინმე შესწირავს უფალს სამშვიდობო მსხვერპლს აღთქმის აღსასრულებლად ან ძღვნისათვის მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონლიდან, მაშინ შესაწირავი უნდა იყოს უმანკო, რათა სათნო იყოს იგი. არავითარი ნაკლი არ ჰქონდეს მას. ბრმა, ან დასახიჩრებული, ან დასერილი, ან დაკოჟრებული, ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს, და საცეცხლო შესაწირავად არ მისცეთ ისინი სამსხვერპლოზე უფლისათვის. მოზვერი ან კრავი, რომელსაც მეტისმეტად გრძელი ან მოკლე ასოები აქვს, შეგიძლიათ ძღვნად შესწიროთ, ხოლო აღთქმისათვის არ იქნება სათნო. და პირუტყვი, რომელსაც აქვს გაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოგლეჯილი ასოები, არ შესწიროთ უფალს. თქვენს ქვეყანაში არ გააკეთოთ ეს. უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ პური თქვენს ღმერთს ამ ყოველთაგან, რადგან ნაკლია მათში. არ იქნებიან მიღებულნი ისინი თქვენთვის წყალობით.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ხბო, კრავი ან თიკანი რომ დაიბადოს, შვიდი დღე იყოს დედასთან, მერვე დღიდან და მერე კი სათნოა საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის. ძროხა ან ცხვარი არ დაკლათ ერთ დღეს თავის ნაშობთან ერთად. „რომ შესწირავთ სამადლობელო მსხვერპლს უფალს, შესწირეთ იგი იმგვარად, რომ მან შეგძინოთ თქვენ წყალობა. იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან განთიადამდე. მე ვარ უფალი. „დაიცავით ჩემი მცნებანი და აღასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი. არ წაბილწოთ ჩემი წმიდა სახელი, რათა მე ვიყო ისრაელის ძეთა შორის წმიდა. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი, თქვენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენთვის ღმერთად. მე ვარ უფალი.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ უფლის დღესასწაულებზე: ‘რომლებსაც თქვენ უნდა უწოდოთ წმიდა შეკრებილებანი, ესენია ჩემი დღესასწაულები „‘ექვსი დღე აკეთე საქმე და მეშვიდე დღეს შაბათია დასვენებისა, წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ეს შაბათია უფლისა ყოველი თქვენგანის სადგომში. „‘ესენია უფლის დღესასწაულნი, წმიდა შეკრებილობანი, რომელნიც უნდა მოიწვიოთ მათთვის დანიშნულ დროს: პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაბინდებისას, პასექია უფლისათვის. და ამ თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარობის დღესასწაულია უფლისათვის. შვიდი დღე ჭამდეთ უფუარს. პირველ დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. შეწირეთ საცეცხლო შესაწირავი უფალს შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებილობაა, არავითარი საქმე არ გააკეთოთ.’“ და უთხრა უფალმა მოსეს; „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ, და მომკით მის სამკალს, მიართვით პირველი ძნა თქვენი სამკალისა მღვდელს. და შეარხევს იგი ძნას უფლის წინაშე თქვენი წყალობისათვის. და შესწირეთ თქვენს მიერ ძნის შერხევის დღეს უმანკო ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად უფლისათვის, და მასთან ძღვენი პურეულისა: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და მისი საღვრელი ჰინის მეოთხედი ღვინო. არც პური, არც გამომშრალი მარცვლეული და ახალი თავთავი არ ჭამოთ თვით იმ დღემდე, ვიდრე არ შესწირავთ ამ მსხვერპლს თქვენს ღმერთს. ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში, ყოველ თქვენს სადგომში. „‘გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხეველი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული კვირა. მეშვიდე კვირის პირველ დღემდე გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ პურეული ძღვენი უფალს. თქვენი სადგომებიდან მიიტანეთ ორი პური შესარხევად. წმიდა პურის ფქვილის ორი მეათედი ნაწილი ეფისა უნდა იყოს და ცომოვანი საფუარით გაფუებული გამოცხვეს, როგორც პირველნაყოფი უფლისათვის. და შესწირეთ პურის გარდა შვიდი წელგამოვლილი კრავი, უმანკო, და ერთი მოზვერი, და ორი ვერძი. იქნებიან ესენი სრულადდასაწველნი უფლისათვის, და ძღვენი პურეულისა, და მათი საღვრელი საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის. და მოამზადეთ ერთი თიკანი, ცოდვის მსხვერპლად და ორი ერთწლიანი კრავი სამშვიდობო მსხვერპლად. მღვდელმა უნდა შეარხიოს უფლის წინაშე ეს ორი კრავი პირველნაყოფთა პურთან ერთად უფლისათვის ძღვნად. ეს წმიდაა უფლისათვის, მღვდელს ეკუთვნის. და მოიწვიეთ ხალხი ამ დღეს. წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს არის საუკუნო წესი თქვენს ყოველ სადგომში თქვენს თაობებში. „‘და როცა მომკით სამკალს თქვენი მიწისას, არ მოათაოთ სამკალი თქვენი ყანისა კიდემდე, და ჩაბნეული თქვენი ნამკალისა არ აკრიფოთ: ღარიბს და ხიზანს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს, იყოს თქვენთვის დასვენება, გახსენება ბუკის ცემისა, წმიდა შეკრებილობა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. დაიმდაბლეთ სული მარხვით, და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. და არავითარი საქმე არ გააკეთოთ თვის ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა თქვენს შესანდობად უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოისპობა თავისი ხალხიდან. და ყოველი სული, რომელიც გააკეთებს რამე საქმეს ამ დღეს, გავანადგურებ ამ სულს მისი ხალხის გარემოდან. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. საუკუნო წესია თქვენს თაობებში, თქვენს ყოველ სადგომში. ეს არის დასვენების შაბათი თქვენთვის და დაიმდაბლეთ თქვენი სული. თვის მეცხრე დღეს საღამოზე. საღამოდან საღამომდე იშაბათეთ თქვენი შაბათი.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ამავე მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს კარვობის დღესასწაულია, შვიდი დღეა უფლისათვის. პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. შვიდი დღე შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. დღესასწაულის წარგზავნაა, არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს. („‘ესენია უფლის დღესასწაულები, რომლებსაც თქვენ დანიშნავთ წმიდა შეკრებილობისათვის, რათა მსხვერპლად მიართვათ უფალს სრულადდასაწველი, პურეულის ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და საღვრელი, – თითოეულის თავის დღეს, გარდა უფლის შაბათებისა და გარდა თქვენს შემოწირულობათა, გარდა ყოველი თქვენი აღთქმულისა და გარდა თქვენს ძღვენთა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.) „‘მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა თქვენ შეკრებთ ქვეყნის მოსავალს, იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს. პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა. და აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ნაყოფი მშვენიერი ხისა, რტოები პალმისა და შტო ბრტყელფოთოლა ხისა და ძეწნისა, და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე. და იდღესასწაულეთ ეს დღესასწაული უფლისათვის შვიდ დღეს წელიწადში. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი. კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე. ყოველმა მკვიდრმა ისრაელში იცხოვროს კარავში, რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ კარვებში დავამკვიდრე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’“ და ელაპარაკა მოსე უფლის დღესასწაულებზე ისრაელის ძეთ. და უთხრა უფალმა მოსეს: „უბრძანე ისრაელის ძეთ და მოგართვან შენ სუფთა ზეთი, გამოწურული, ლამპრის ასანთებად, მუდმივად, რომ ენთოს. აარონმა დადგას იგი მოწმობის ფარდის გარეთ საკრებულო კარავში უფლის წინაშე, საღამოდან დილამდის, მუდმივად; ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში. წმიდა სასანთლეზე განალაგოს მან კანდელები უფლის წინაშე მუდმივად. „აიღე წმიდა პურის ფქვილი და გამოაცხვე მისგან თორმეტი კვერი. ეფის ორი მეათედი იყოს ერთი კვერი. და დააწყვე ისინი უფლის წინაშე ორ წყებად, ექვს-ექვსი თითო წყებაში, სუფთა მაგიდაზე. და დადე თითოეულ წყებაში სუფთა გუნდრუკი. და იქნება პურთან მოსახსენებლად, საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ყოველ შაბათ დღეს განალაგონ ის უფლის წინაშე მუდმივად, ისრაელის ძეთაგან საუკუნო აღთქმად. და ეს იყოს აარონისა და მის ძეთათათვის, და მათ უნდა ჭამონ ის წმიდა ადგილზე, რადგან ეს წმიდათა წმიდაა მისთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. საუკუნო წესია.“ გამოვიდა ძე ისრაელიანი ქალისა, და იყო იგი ძე ეგვიპტელი კაცისა, ისრაელის ძეთა შორის, და წაეჩხუბა ბანაკში ისრაელიანი ქალის ძე ისრაელიან კაცს. და დაწყევლა ისრაელიანი ქალის ძემ უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან. და ჩასვეს ის საპყრობილეში, რომ განეკითხათ იგი უფლის ბრძანებისამებრ. და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიყვანე დამაწყევარი ბანაკს გარეთ, და ყველამ, ვინც კი ისმინა, დაადოს თავისი ხელი მას თავზე, და ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა. ისრაელის ძეთ უთხარი ასე: ‘ყოველი, რომელიც დაწყევლის თავის ღმერთს, იტვირთებს თავის ცოდვას. და ვინც დაგმობს უფლის სახელს, სიკვდილით მოკვდეს. ქვის ჩაქოლვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა. როგორც ხიზანი, ასევე მკვიდრი, უფლის სახელის გმობისათვის მოკვდეს! „‘თუ ვინმე სცემს კაცს სასიკვდილოდ, სიკვდილით მოკვდეს იგი. სასიკვდილოდ მცემელმა პირუტყვისა, უნდა ზღოს იგი: პირუტყვი პირუტყვის წილ. ვინმე თუ დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, ეგრევე გაუკეთონ მას. მოტეხილობა მოტეხილობის წილ, კბილი კბილის წილ. როგორც დაასახიჩრებს იგი ადამიანს, ეგრევე გაუკეთეთ მას. პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი, ხოლო ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. ერთი სამართალი გქონდეთ თქვენ, როგორც ხიზნისთვის, ასევე მკვიდრისათვის, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’“ ეს უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ. და გაიყვანეს დამაწყევარი, ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს ქვით. და გააკეთეს ისრაელის ძეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და უთხრა უფალმა მოსეს სინაის მთაზე: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს; ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი გასხალი შენი ვენახი, და შეკრიბე მათი მოსავალი. მეშვიდე წელი კი დასვენების შაბათი იყოს მიწისათვის, შაბათი უფლისა: ყანა შენი არ თესო და შენი ვენახი არ გასხლა. ნაგერალი შენი სამკალისა არ მომკა და ყურძენი შენს გაუსხლავ ვაზთაგან არ დაკრიფო; ეს წელიწადი დასვენებისა იყოს მიწისათვის. და იყოს შაბათი მიწისა საჭმელად თქვენთვის, შენთვის და შენი მონისათვის, და შენი მხევლისათვის, და შენი მოჯამაგირისათვის, და შენი ხიზნისათვის, რომელნიც შემოხიზნულნი არიან შენთან. მთელი მისი მოსავალი იყოს საჭმელად შენი საქონლისა და მხეცისათვის, რომელნიც შენს ქვეყანაშია. „‘გადაითვალე შვიდი შაბათობის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, და იყოს შენთვის დრო ამ შვიდი შაბათობის წლებისა ორმოცდაცხრა წელი. და აუწყე საყვირით მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს. შენდობის დღეს აუწყეთ საყვირით მთელ თქვენს ქვეყანაში. და განწმიდეთ ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადეთ თავისუფლება ქვეყანაში მისი ყოველი მცხოვრებისათვის. ვერძობის წელი იყოს იგი თქვენთვის. და დაუბრუნდით თითოეული თავის სამფლობელოს, და თითოეული თავის საგვარეულოს დაუბრუნდით. ვერძობისა იყოს თქვენთვის ეს ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც მომკათ ნაგერალები, და არ დაკრიფოთ ყურძენი გაუსხლავი ვაზიდან. რადგან ეს ვერძობაა. წმიდა იყოს ის თქვენთვის. ველიდან ჭამდეთ მის მოსავალს. „‘ამ ვერძობის წელს თითოეული დაუბრუნდით თავის სამფლობელოს. „‘და თუ მიჰყიდი რამეს შენს მოყვასს ან იყიდი რამეს შენი მოყვასისაგან, არ დაჩაგროთ ერთმანეთი. ვერძობის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი მახლობლისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით. რაც უფრო მეტი იქნება ეს წლები, მით უფრო გაზრდი მის ფასს, და რაც უფრო ნაკლები იქნება ეს წლები, მით უფრო შეამცირებ მის ფასს, რადგან მოსავალის ანგარიშით მოგყიდის. ნუ დაჩაგრავთ ერთმანეთს; გეშინოდეს შენი ღმერთისა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. „‘აღასრულეთ ჩემი წესები, და ჩემი სამართალნი დაიცავით და აღასრულეთ ისინი, და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად. და გამოსცემს მიწა თავის ნაყოფს და ჭამთ მაძღრად და იცხოვრებთ მშვიდად მასზე. და თუ იტყვით, რა ვჭამოთ მეშვიდე წელს, როდესაც არ დავთესავთ და არ მოვკრეფთ ჩვენს მოსავალსო, მოვავლენ ჩემს კურთხევას თქვენთვის მეექვსე წელს და იგი გამოსცემს სამი წლის მოსავალს. და დათესავთ მერვე წელს, მაგრამ ჭამთ ძველი მოსავლიდან მეცხრე წლამდე. ვიდრე მოიწევა მისი მოსავალი, ჭამეთ ძველი. „‘მიწა არ გაიყიდება სამუდამოდ, რადგან ჩემია მიწა. თქვენ ხომ ხიზნები ხართ ჩემთან. თქვენი სამფლობელოს ყოველ მიწაზე ნება დართეთ მიწის გამოსყიდვისა. „‘თუ გაღარიბდეს შენი ძმა და გაყიდოს თავისი სამფლობელო, მაშინ მივიდეს მისი ახლო ნათესავი მასთან და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული. და თუ მას არა ჰყავს გამომსყიდველი, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა და ჰპოვებს, რაც მას სჭირდება მისი გამოსყიდვისათვის, გამოითვალოს წლები თავისი გასაყიდისა და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა, და დაუბრუნდება თავის სამფლობელოს. თუ ვერ ჰპოვა მისმა ხელმა, რაც უნდა დაუბრუნოს მას, მის მიერ გაყიდული დარჩება მყიდველის ხელში ვერძობის წლამდე, ხოლო ვერძობის წელს გაეცლება იგი და დაუბრუნდება თავის სამფლობელოს. „‘თუ ვინმემ გაყიდოს საცხოვრებელი სახლი გალავნიან ქალაქში, მისი გამოსყიდვა ნებადართულია წლის დასასრულამდე მისი გაყიდვიდან. წლის განმავლობაში შეიძლება მისი გამოსყიდვა. თუ არ იქნა გამოსყიდული მთელი წლის დასასრულამდე, სახლი, რომელიც ქალაქშია, რომელსაც აქვს გალავანი, დარჩება მუდმივად მის მყიდველს მისი თაობებისათვის, არ ჩამოერთმევა მას ვერძობის წელს. მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც არა აქვთ გალავანი გარშემო, მიჩნეულ უნდა იქნენ ამ ქვეყნის მინდვრის თანაბრად: მათთვის დასაშვებია გამოსყიდვა და ვერძობის წელს ისინი ჩამოერთმევა. „‘ხოლო სახლები, რომლებიც ლევიანთა კუთვნილ ქალაქებშია, ყოველ დროს შეიძლება გამოსყიდულ იქნან ლევიანთა მიერ. და თუ ლევიანთაგან რომელიმე არ გამოისყიდის, გაყიდული სახლი მათ სამფლობელო ქალაქში გავა ვერძობის წელს, რადგან სახლები ლევიანთა ქალაქებისა მათ მფლობელობაშია ისრაელის ძეთა შორის. მათი ქალაქების ირგვლივ მინდვრები არ გაიყიდება, რადგან ეს მათი საუკუნო სამფლობელოა. „‘თუ შენი ძმა გაღარიბდეს და დავრდომილი მოვიდეს შენთან, დაეხმარე მას, ხიზანია იგი თუ ახალმოსახლე, და იცხოვროს შენთან. არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი და გეშინოდეს შენი ღმერთისა და იცოცხლოს შენმა ძმამ შენთან. შენი ვერცხლი არ მისცე ვახშით და სარგებლით არ მისცე შენი პური. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოგცეთ თქვენ ქვეყანა ქანაანისა და ვიყო თქვენს ღმერთად. „‘თუ გაღარიბდეს შენი ძმა შენთან და მოგეყიდოს შენ, არ დაიმონო იგი მონური შრომით. როგორც დაქირავებული, როგორც ხიზანი იყოს იგი შენთან. ვერძობის წლამდე იმუშაოს შენთან, და განვიდეს შენგან თვითონ და ძენი მისნი მასთან ერთად. და დაუბრუნდეს თავის საგვარეულოს, და თავის მამათა სამფლობელოს კვლავ დაეუფლოს. რადგან ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან. არ გაბატონდე მასზე სისასტიკით და გეშინოდეს შენი ღმერთისა. „‘შენი მონა და შენი მხევალი, რომლებიც გყავს, თქვენს გარშემო მყოფ ხალხთაგან იყვნენ. მათგან იყიდეთ მონა და მხევალი. და აგრეთვე ხიზანთა შვილებისგან, რომელნიც ხიზნობენ თქვენთან, მათგან იყიდეთ და მათი საგვარეულოსგან, რომლებიც თქვენთანაა, რომელნიც დაიბადნენ თქვენს ქვეყანაში, და ისინი იქნებიან თქვენს საკუთრებად. და დაიმკვიდრებთ თქვენი შვილებისათვის თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ, საუკუნოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს ძმებში, ისრაელის ძეებში, არავინ არ მბრძანებლობდეს სასტიკად ერთმანეთზე. „‘და თუ მწირი ან ხიზანი ჰპოვებს ქონებას შენთან, და ძმა შენი გაღარიბდეს მის წინაშე და მიეყიდოს მწირს, შენს ხიზანს, ან მწირის საგვარეულოს შთამომავალს, გაყიდვის შემდეგ იქნება მისი გამოსყიდვა, ერთ-ერთი მისი ძმათაგანი გამოისყიდის მას, ან ბიძამისი, ან მისი ბიძაშვილი გამოისყიდის მას; ან ვინმემ მისი სანათესაოდან უნდა გამოისყიდოს იგი; ან თუ შესაძლებლობა ექნება, თავად გამოისყიდის თავს. და უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა, ვერძობის წლამდე. და ვერცხლი მისი ნასყიდობისა განაწილდეს წლების რიცხვზე. როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან. თუ კიდევ რჩება მრავალი წელი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ვერცხლი. და თუ მცირე ხანი დარჩა ვერძობის წლამდე, მაშინ დაითვალოს და წელთა რაოდენობის მიხედვით დააბრუნებს თავის გამოსასყიდს. როგორც დაქირავებული, ისე იყოს იგი მასთან წლიდან წლამდე, და არ მბრძანებლობდეს მასზე სისასტიკით შენს თვალში. „‘და თუ არ იქნა გამოსყიდული ამგვარად, მაშინ ვერძობის წელს გავიდეს თვითონ და მისი შვილები მასთან ერთად. რადგან ჩემთვის მონები არიან ისრაელის ძენი. ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“ „‘არ გაიკეთოთ კერპები, და ქანდაკება და სვეტი არ აღმართოთ თქვენთვის, და ქვა გამოსახულებით არ დადგათ თქვენს ქვეყანაში სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. „‘ჩემი შაბათობები დაიცავით და ჩემი საწმიდრის წინაშე იყავით მოკრძალებულნი. მე ვარ უფალი. „‘თუ ივლით ჩემი წესებით და ჩემს მცნებებს დაიცავთ და აღასრულებთ მათ, მე მოგცემთ თქვენ წვიმებს დროულად და მიწა გამოიღებს თავის მოსავალს, და ხე ველისა მოგცემთ თავის ნაყოფს. და თქვენთან კალოს ლეწვა და რთვლობამდე გასტანს, და რთვლობა თესვამდე გასტანს, და შეჭამთ თქვენ პურს მაძღრისად, და იცხოვრებთ მშვიდად თქვენს ქვეყანაში. „‘და დავამყარებ მშვიდობას ქვეყანაში და დაწვებით უშფოთველად. განვდევნი სასტიკ მხეცებს ქვეყნიდან. და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში. და განდევნით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით. ხუთი თქვენგან განდევნის ასს და ასი თქვენგან განდევნის ათი ათასს, და დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე მახვილით. „‘და მოვიხედავ მე თქვენსკენ, და მოგაშენებთ თქვენ და გაგამრავლებთ, და განვამტკიცებ ჩემს აღთქმას თქვენთან. და შეჭამთ შარშანდელ ძველს, და გადაყრით ძველს ახლისათვის. და აღვმართავ ჩემს სავანეს თქვენში, და არ შეგიძულებთ თქვენ ჩემი სული. და ვივლი მე თქვენს შორის და ვიქნები თქვენს ღმერთად, და თქვენ იქნებით ჩემს ხალხად. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად. და დავწყვიტე აპეურები თქვენი უღლისა და წამოგიყვანეთ თქვენ თავაღმართულნი. „‘თუ არ გამიგონებთ და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებებს, და თუ ჩემს წესებს შეიზიზღებთ, თუ ჩემს სამართალს შეიძულებთ, რათა არ აღასრულოთ ჩემი ყოველი მცნება, ჩემი აღთქმის დარღვევით, მეც ასევე მოგექცევით თქვენ: მოვავლენ თქვენზე საშინელებას, მღიერებას და ციებ-ცხელებას, რომელნიც ქანცავენ თვალებს და აწამებენ სულს. ამაოდ დათესავთ თქვენს თესლს, და შეჭამენ მას თქვენი მტრები. და მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენზე და განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე, და იბატონებენ თქვენზე თქვენი მოძულენი და გაიქცევით, როცა არავინ დაგიწყებთ დევნას. „‘და თუ მაინც არ გამიგონებთ, შვიდჯერ გავზრდი სასჯელს თქვენი ცოდვებისათვის. და შევმუსრავ თქვენი ძლევამოსილების ამპარტავნებას და გადავაქცევ თქვენს ზეცას, ვითარცა რკინას, და თქვენს მიწას, ვითარცა სპილენძს. და ამაოდ დაილევა თქვენი ძალა და არ გაიღებს თქვენი მიწა თავის მოსავალს, და ხე მიწისა არ გამოიღებს თავის ნაყოფს. „‘და თუ თქვენ მაინც წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ და არ ისურვებთ ჩემს გაგონებას, შვიდმაგად გავზრდი თქვენს ცემას თქვენი ცოდვებისათვის. და მოვავლენ თქვენზე ველურ ცხოველებს, რომლებიც მოგისპობენ შვილებს, და ამოგიწყვეტენ საქონელს, და შეგამცირებენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები. „‘და თუ ამითაც არ გამოსწორდებით და წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ, მეც წავალ თქვენს წინააღმდეგ და გცემთ თქვენ შვიდმაგად თქვენი ცოდვებისათვის. და მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებისათვის. და თუ დაიმალებით თქვენს ქალაქებში, მაშინ მოვავლენ შავ ჭირს თქვენს შორის და ჩაცვივდებით მტრის ხელში. ისე შეგიმუსრავთ პურის სახსარს, რომ ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში, და წონით დაგიბრუნებენ თქვენს პურს. ჭამთ და ვერ გაძღებით. „‘და თუ ამის შემდეგაც არ გამიგონებთ და წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ, მეც წამოვალ სისასტიკით თქვენს წინააღმდეგ და დაგსჯით თქვენ შვიდმაგად თქვენი ცოდვებისათვის. და შეჭამთ თქვენ ხორცს თქვენი ვაჟებისას, და ხორცს თქვენი ასულებისას შეჭამთ. და გავანადგურებ თქვენ მაღლობებს და და-ვაქცევ თქვენს მზის კერპებს, და დავყრი თქვენს მძორებს თქვენს დანგრეულ კერპებზე, და შეგიძულებთ ჩემი სული. და გარდავაქცევ თქვენს ქალაქებს უდაბნოებად, და ავაოხრებ თქვენს სამსხვერპლოებს, და აღარ ვიყნოსავ თქვენს მსხვერპლთა კეთილსურნელებას. და ავაოხრებ თქვენს ქვეყანას ისე, რომ გაოგნდებიან მისით იქ ჩასახლებული თქვენი მტრები. და გაგფანტავთ ხალხთა შორის და ვიშიშვლებ მახვილს თქვენს კვალდაკვალ, და გადაიქცევა თქვენი ქვეყანა უდაბნოდ და თქვენი ქალაქები ნანგრევებად. მაშინ აინაზღაურებს თავის შაბათებს მიწა თავისი უკაცრიელების მთელ დროს, როცა იქნებით თქვენი მტრების ქვეყანაში, მაშინ დაისვენებს მიწა და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებით. თავისი უკაცრიელების მთელ დროს დაისვენებს იმდენს, რამდენიც არ დაუსვენიათ თქვენს შაბათებში, როცა თქვენ მკვიდრობდით მასზე. „‘და თქვენგან დარჩენილთა გულებში შთავნერგავ სიმხდალეს მათი მტრების ქვეყანაში, და დააფრთხობს მათ შრიალი შერხეული ფოთლისა, და გაიქცევიან, როგორც გარბიან მახვილისაგან, და დაეცემიან, როცა არავინ იქნება მათი მდევნელი. ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისაგან, თუმცა მდევნელი არავინ იქნება. და არ გექნებათ ძალა, რომ გაუძლოთ თქვენს მტერს. და დაიღუპებით ხალხთა შორის და გშთანთქავთ თქვენ მიწა თქვენი მტრებისა. და თქვენგან გადარჩენილნი ჩამოხმებიან თავიანთი ცოდვებისაგან თქვენი მტრების ქვეყანაში, და თავიანთი მამების ცოდვებისთვისაც ჩამოხმებიან. „‘და აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და თავიანთი მამების ბრალს თავიანთ მუხთლობაში, როდესაც მე მიმუხთლეს, და კიდევ იმაში, რომ წავიდნენ ჩემს წინააღმდეგ, და მეც წავალ მათ წინააღმდეგ, და მივიყვან მათი მტრების ქვეყანაში. მაშინ მოითრგუნება მათი წინადაუცვეთილი გული, მაშინ იგემებენ თავიანთი დანაშაულისათვის. და გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან და ჩემს აღთქმას ისაკთან, და ჩემს აღთქმას აბრაამთან გავიხსენებ, ქვეყანასაც გავიხსენებ. და როცა მიწა მიტოვებული იქნება მათგან და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებისთვის მათგან გაუკაცრიელების დროს, და იგემებენ თავიანთი დანაშაულისთვის, რადგან სამართალი ჩემი შეიზიზღეს და ჩემი წესები შეიძულა მათმა სულმა. და მაინც მათი მტრების ქვეყანაში ყოფნისას არ გავაბეზრებ მათ და არ შევიძულებ იმ ზომამდე, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. და გავიხსენებ მათთვის აღთქმას წინაპრებთან, რომელნიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ხალხთა თვალწინ, რათა ვიყო მათთვის ღმერთად. მე ვარ უფალი.’“ ესენია წესები და სამართალნი და რჯულნი, რომელნიც დაადგინა უფალმა ისრაელის ძეთა და თავის შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით. და უთხრა უფალმა მოსეს: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ ვინმე დადებს ძნელ აღთქმას შენი შეფასებისამებრ შეაფასე უფლისათვის აღთქმული სული. შენი შეფასება იყოს: ოცი წლიდან სამოც წლამდე მამაკაცისთვის ორმოცდაათი შეკელი ვერცხლისა, საწმიდრის შეკელით. და თუ ქალია, შენი შეფასება იყოს ოცდაათი შეკელი. თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის იყოს ოცი შეკელი, ხოლო ქალისთვის ათი შეკელი. და თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, შენი შეფასება ვაჟისათვის იყოს ვერცხლის ხუთი შეკელი, ხოლო ქალისთვის ვერცხლის სამი შეკელი. და თუ სამოცი წლისაა, ან უფრო მეტის, თუ მამაკაცია, შენი შეფასება იყოს თხუთმეტი შეკელი, ქალისთვის – ათი შეკელი. თუ ღარიბია და არ ძალუძს გაცემა შენი შეფასების მიხედვით, წარუდგინონ მღვდელს და შეაფასებს. აღთქმის დამდების ქონების შესაბამისად შეაფასოს მღვდელმა. „‘თუ ეს პირუტყვია, რომელთაგან სწირავენ მსხვერპლად უფალს, ყოველი, რასაც მისცემს მისგან უფალს, წმიდა იყოს. არ შეიძლება გაიცვალოს და არც შეიცვალოს კარგი ცუდით, ან ცუდი კარგით; და თუ შეცვლის, შეიცვალოს პირუტყვი პირუტყვით, მაშინ იგი და მისი სანაცვლო წმიდა იყოს. თუ ეს რომელიმე უწმიდური პირუტყვია, რომელსაც არ სწირავენ მსხვერპლად უფალს, წარუდგინოს პირუტყვი მღვდელს, და შეაფასოს მან, კარგია თუ ცუდი, და როგორც შეაფასებს, ისე იყოს. თუ გამომსყიდველი გამოისყიდის მას, დაუმატოს მეხუთედი ნაწილი შენს შეფასებას. „‘თუ ვინმე შესწირავს თავის სახლს სიწმიდედ უფალს, მღვდელმა შეაფასოს, კარგია თუ ცუდი; როგორც შეაფასებს მას მღვდელი, ისე იყოს. თუ შემწირველი თავის სახლს გამოისყიდის, დაუმატოს მეხუთედი ნაწილი ვერცხლისა შენს შეფასებას, და მისი იქნება. „‘თუ ვინმე თავისი საკუთარი სამფლობელოდან ყანას მიუძღვნის უფალს, შენი შეფასება მისი ნათესის ზომის მიხედვით იყოს: ერთი ღომორი ქერის ნათესისთვის ვერცხლის ორმოცდაათი შეკელი. თუ ვერძობის წლის წინ შესწირავს ვინმე თავის ყანას, მოხდეს შენი შეფასებისამებრ. თუ ვერძობის შემდეგ შესწირავს ვინმე თავის ყანას, მღვდელმა ვერცხლი გაიანგარიშოს ვერძობის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით და გამოიქვითება მისი შეფასებიდან. და თუ მისი შემწირველი ყანას გამოსყიდვით გამოისყიდის, დაუმატოს ვერცხლის მეხუთედი ნაწილი შენს შეფასებას და მას დარჩება. თუ არ გამოისყიდა ყანა, ან თუ მიჰყიდა ყანა სხვა კაცს, მერე ვეღარ გამოისყიდის ეს ყანა იქნება, ვერძობის წელში მისი გასვლის ჟამს, უფლის სიწმიდედ, როგორც მიძღვნილი ყანა; მღვდელს ექნება ის სამფლობელოდ. „‘თუ ნაყიდ ყანას, რომელიც არაა მისი მფლობელობის ყანათაგან, ვინმე მიუძღვნის უფალს, მაშინ მღვდელმა გამოუანგარიშოს მას შეფასების ოდენობა ვერძობის წლამდე, და მისცეს ვერცხლი ამ შეფასების მიხედვით იმავე დღეს, როგორც სიწმიდე უფლისა. ვერძობის წელს კი უბრუნდება ყანა იმას, ვისგანაც იყიდა, ვისაც ეკუთვნის იმ მიწის მფლობელობა. ყოველი შენი შეფასება იყოს წმიდის შეკელით, ოცი გერა იყოს შეკელში. „‘ხოლო პირველმოგებული საქონლისაგან, რომელიც პირმშოობით უფალს ეკუთვნის, მისი მიძღვნა არავის არ შეუძლია: ხარი ან კრავი უფლისაა. თუ ეს უწმიდური პირუტყვიდანაა, მაშინ გამოსყიდული იქნება შენი შეფასებისამებრ და დაემატოს მას მისი მეხუთედი ნაწილი. და თუ არ გამოისყიდება, მაშინ გაიყიდოს შენი შეფასებით. „‘ხოლო ყოველი აღკვეთილი, რასაც აღკვეთს კაცი უფლისათვის თავისი საკუთრებიდან: ადამიანიდან, საქონლიდან, თუ თავისი სამფლობელო ყანიდან, არ გაიყიდება და არც გამოისყიდება. ყოველი აღკვეთილი ყოვლად წმიდაა უფლისათვის. „‘ყოველი აღკვეთილი, რაც აღიკვეთება ადამიანისაგან, არ გამოისყიდება; სიკვდილით უნდა მოკვდეს. „‘და ყოველი მეათედი მიწიდან: მიწის თესლისაგან, ხის ნაყოფისაგან, უფლისაა ის. ეს სიწმიდეა უფლისა. თუ ვინმე თავისი მეათედიდან გამოსყიდვით გამოისყიდის, მაშინ მიუმატოს მას მეხუთედი ნაწილი. ყოველი მეათედი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა, ყოველი მეათე კვერთხქვეშ რომ გადის, უფლის სიწმიდეა, არ გაირჩეს კარგი და ცუდი, და არ შეიცვალოს იგი. თუ ვინმე შეცვლით შეცვლის მას, ისიც და მისი სანაცვლოც წმიდა იქნება და არ გამოისყიდება’“. ესენია მცნებანი, რომელნიც ამცნო უფალმა მოსეს ისრაელის ძეთათვის სინაის მთაზე. და ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, საკრებულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წელს: „აღრიცხეთ ისრაელის ძეთა მთელი თემი მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამაკაცი მათი სულადობით. ოცი წლისა და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელის ძე აღრიცხეთ მათი ლაშქრების მიხედვით – შენ და აარონმა. თქვენთან უნდა იყოს თითო-თითო კაცი თითოეული ტომიდან. თავკაცი უნდა იყოს იგი თავისი მამისსახლისა. და ესენია სახელები მამაკაცებისა, რომელნიც იქნებიან თქვენთან ერთად: რეუბენიდან ელიცური, ძე შედეურისა; სიმონიდან შელუმიელი, ძე ცურიშადაისა; იუდასაგან ნახშონი, ძე ყამინადაბისა; ისაქარისაგან ნეთანელი, ძე ცუყარისა; ზებულუნისაგან ელიაბი, ძე ხელონისა; იოსების ძეთაგან: ეფრემიდან ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა; მენაშედან გამალიელი, ძე ფედაცურისა; ბენიამინიდან აბიდანი, ძე გედეონისა; დანიდან ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა; აშერიდან ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა; გადიდან ელიასაფი ძე რეღუელისა; ნაფთალიდან ახირაყ, ძე ყენანისა.“ ესენი იყვნენ გაწვეულნი თემიდან, მთავარნი თავიანთი მამების ტომებისა, ისრაელის ათასეულთა მეთაურები. და მოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, რომელნიც წოდებულნი იყვნენ სახელებით, და შეკრიბეს მთელი თემი მეორე თვის პირველ დღეს. და გამოაცხადეს მათ თავიანთი წარმომავლობა საგვარეულოების, თავიანთი მამისსახლების და სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, მათი სულადობით. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღრიცხა მან ისინი სინაის უდაბნოში. და იყვნენ ისრაელის პირმშოს, რეუბენის ძენი მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, მათი სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, აღრიცხული რეუბენის ტომიდან იყო ორმოცდაექვსი ათას ხუთასი. სიმონის ძეთაგან მათი შთამომავლობის, მათი საგვარეულოების და მათი მამისსახლის მიხედვით, რომელნიც აღირიცხნენ სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. აღრიცხულნი სიმონის ტომიდან იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი. გადის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და ზემოთ, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, აღირიცხა გადის ტომიდან; იყო ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი. იუდას ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. აღირიცხა იუდას ტომიდან სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი. ისაქარის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათი სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, ისაქარის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი. ზებულუნის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, ზებულუნის ტომიდან, აღრიცხული იყო ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი. იოსების ძეთაგან: ეფრემის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, ეფრემის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცი ათას ხუთასი. მენაშეს ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. მენაშეს ტომიდან აღრიცხული იყო ოცდათორმეტი ათას ორასი. ბენიამინის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. ბენიამინის ტომიდან აღრიცხული იყო ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი. დანის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. დანის ტომიდან აღრიცხული იყო სამოცდაორი ათას შვიდასი. აშერის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. აშერის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცდაერთი ათას ხუთასი. ნაფთალის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. ნაფთალის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი. ესენი არიან აღრიცხულნი, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა, და ისრაელის მთავრებმა თორმეტმა კაცმა: თითო კაცი იყო თითოეულის მამისსახლიდან. და იყო ყველა აღრიცხული ისრაელის ძე, მათი მამისსახლიდან, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი. ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელში. და იყო ყველა აღრიცხული ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი. და ლევიანები მათი მამისეული ტომების მიხედვით არ აღრიცხულან მათ შორის. და უთხრა უფალმა მოსეს: „მხოლოდ ტომი ლევისა არ შეიტანო აღწერაში და არ აღრიცხო ისინი ისრაელის ძეთა შორის. შენ დანიშნე ლევიანები მოწმობის კარავზე, ყოველ მის ჭურჭელზე და ყოველივეზე, რაც მასშია. მათ ატარონ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, და ემსახურონ მას, და კარვის ახლოს დაიბანაკონ. როცა საჭირო იქნება კარვის გადატანა, დაშალონ იგი ლევიანებმა. და კარვის შეჩერებისას დადგან ის ლევიანებმა, უცხო კი, ვინც მას გაეკარება, მოიკლას. და დაიბანაკონ ისრაელის ძეთ, თითოეულმა თავის ბანაკში და თითოეულმა თავის დროშასთან თავიანთი ლაშქრების მიხედვით. ლევიანებმა კი დაიბანაკონ მოწმობის კარვის ახლოს, რათა არ იყოს რისხვა ისრაელის ძეთა თემზე. და დაიცავენ ლევიანები მოწმობის კარვის საგუშაგოს.“ და გააკეთეს ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „ყოველმა ისრაელის ძემ თავის დროშასთან მისი მამის სახლის ნიშნებით დაიბანაკოს. საკრებულო კარვის ირგვლივ უნდა დაიბანაკონ შორი-ახლოს.“ და იყვნენ დაბანაკებულნი წინა მხარეს, აღმოსავლეთით: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით. და იუდას ძეთა მთავარი იყო ნახშონი, ყამინადაბის ძე. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასს. მის მომდევნოდ დაიბანაკა ისაქარის ტომმა. და ისაქარის ძეთა მთავარი იყო ნათანელი, ძე ცუყარისა, და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასს. შემდეგი იყო ზებულუნის ტომი. და ზებულუნის ძეთა მთავარი იყო ელიაბი, ძე ხელონისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული – ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი. ას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი იყო ყოველი აღრიცხული იუდას ტომში, მათი ლაშქრებით. ისინი პირველნი უნდა გაემგზავრნენ. რეუბენის ბანაკის დროშა სამხრეთით იყო თავიანთი ლაშქრებით. და რეუბენის ძეთა მთავარი იყო ელიცური, ძე შედეურისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაექვსი ათას ხუთასს. მის მომდევნოდ დაიბანაკა სიმონის ტომმა. და სიმონის ძეთა მთავარი იყო შელუმიელი, ძე ცურიშადაისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაცხრამეტი ათას სამასს. და შემდეგ გადის ტომი. და გადის ძეთა მთავარი იყო ელიასაფი, ძე რეღუელისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათს. რეუბენის ბანაკში აღრიცხული იყო ას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრით, ისინი მეორენი უნდა გაემგზავრნენ. და როცა გაემგზავრება საკრებულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკთა შუაში იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე გაემგზავრებიან, თითოეული თავიანთი დროშების მახლობლად. ეფრემის ბანაკის დროშა თავინთი ლაშქრის მიხედვით დასავლეთით იყო. და ეფრემის ძეთა მთავარი იყო ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცი ათას ხუთასს. და მასთან მენაშეს ტომი, მენაშეს ძეთა მთავარი იყო გამალიელი, ძე ფედაცურისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ოცდათორმეტი ათას ორასს. და შემდეგ – ბენიამინის ტომი, და ბენიამინის ძეთა მთავარი იყო აბიდანი, ძე გედეონისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასს. ყოველი აღრიცხული ეფრემის ბანაკში, მათი ლაშქრებით, იყო ას რვა ათას ასი. და ისინი მესამენი უნდა გაემგზავრნენ. დანის ბანაკის დროშა იყო ჩრდილოეთით, მათი ლაშქრებითურთ. და დანის ძეთა მთავარია ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა სამოცდაორი ათას შვიდასს. და მასთან დაიბანაკა აშერის ტომმა, და აშერის ძეთა მთავარი იყო ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაერთი ათას ხუთასს. და შემდეგ ნაფთალის ტომი. და ნაფთალის ძეთა მთავარი იყო ახირაყ, ძე ყენანისა. და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასს. ყოველი აღრიცხული დანის ბანაკში იყო ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი. უკანასკნელნი უნდა გაემგზავრნენ თავიანთი დროშებითურთ. ეს იყო აღრიცხვა ისრაელის ძეთა, მათი მამისსახლითურთ: ყოველი აღრიცხული ბანაკებში მათი ლაშქრებით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი. მაგრამ ლევიანები არ აღირიცხნენ ისრაელის ძეთა შორის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და გააკეთეს ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ასე დაიბანაკეს თავიანთი დროშების მიხედვით და ასე გაემგზავრა თითოეული თავისი საგვარეულოს მიხედვით, თავის მამისსახლის მიხედვით. ეს არის აარონისა და მოსეს საგვარეულოები იმ დღისთვის, როდესაც უფალი ელაპარაკა მოსეს სინაის მთაზე. და ესენია აარონის ძეთა სახელები: პირმშო ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. ესაა აარონის ძეთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომელნიც მან სამღვდელოდ აკურთხა. და დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა მათ მიიტანეს უცხო ცეცხლი უფლის წინაშე სინაის უდაბნოში, და შვილები არ ჰყავდათ მათ; და მღვდლობას ეწეოდნენ ელეაზარი და ითამარი აარონის, თავიანთი მამის, გვერდით. და უთხრა უფალმა მოსეს: „მიიყვანე ტომი ლევისა და დააყენე ის აარონ მღვდლის წინაშე, რომ ემსახურონ მას. და შეასრულონ მოვალეობა მისდამი და მოვალეობა მთელი ერისადმი საკრებულო კარვის წინ, რათა შეასრულონ კარვის სამსახური. და დაიცვან საკრებულო კარვის ყოველი ნივთი და ისრაელის ძეთა დამცველად იდგნენ, რათა აღასრულონ აღთქმის კარვის სამსახური. და ჩააბარე ლევიანები აარონსა და მის ძეებს, და სრულად ჩაბარებულნი არიან ისინი მისთვის ისრაელის ძეთაგან. აარონსა და მის ძეებს დაავალე, რომ მათ დაიცვან თავიანთი მღვდლობა, და უცხო, ვინც კი მიეკარება, მოიკლას“. და უთხრა უფალმა მოსეს: „და აჰა, ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან ყოველი პირმშოს ნაცვლად, რომელიც გახსნის საშოს. და ჩემები იქნებიან ლევიანები. რადგან ჩემია ყოველი პირმშო; იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთნე ყოველი პირმშო ისრაელში; ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან, მე ვარ უფალი.“ და უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში: „აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლებისა და მათ საგვარეულოთა მიხედვით. ყოველი მამროვანი, ერთი თვის ასაკიდან მოყოლებული და უფროსი, აღრიცხე ისინი.“ და აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა. და იყვნენ ესენი ლევიანები თავიანთი სახელების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი. და ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმყი. და კეჰათიანები თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და ძენი მერარისა თავიანთი საგვარეულოებით: მახლი და მუში. ესაა ლევიანთა საგვარეულო მათი მამისსახლებითურთ. გერშონისაგან: ლიბნის საგვარეულო და საგვარეულო შიმყისა. ესაა საგვარეულო გერშონისა. ყოველი მამროვანი, აღრიცხული ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, შეადგენდა შვიდი ათას ხუთასს. გერშონის საგვარეულოს უნდა დაებანაკა კარვის უკან, დასავლეთით. და გერშონის მამისსახლის მთავარი იყო ელიასაფი, ძე ლაელისა. და გერშონის ძეთ ებარათ საკრებულო კარავი, კარავი და საფარველი მისი, და საკრებულო კარვის შესასვლელის ფარდა. და ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს შესასვლელისა, რომელიც კარვისა და სამსხვერპლოს გარშემოა, და მისი საბელები ყოველი მათი აღჭურვილობით. და კეჰათისაგან ყამრამის საგვარეულო და საგვარეულო იცჰარისა, და საგვარეულო ხებრონისა, და საგვარეულო ყუზიელისა. ეს იყო საგვარეულოები კეჰათისა. ყოველი მამროვანი აღრიცხული, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, შეადგენდა რვა ათას ექვსასს, საწმიდრის მოვალეობის შემსრულებელს. კეჰათიანთა საგვარეულოებს უნდა დაებანაკათ კარვის გვერდით, სამხრეთისაკენ. და კეჰათის საგვარეულოების მამისსახლის მთავარი იყო ელიცაფანი, ძე ყუზიელისა. და მათ ებარათ კიდობანი და ტაბლა, და ლამპარი და სამსხვერპლონი და წმიდა ჭურჭლეული მსახურებისათვის, და ფარდა და მთელი მისი მოწყობილობა. და ლევიანთა მთავართა მთავარი იყო ელეაზარი, ძე აარონ მღვდლისა. მას ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდრის სამსახურს ასრულებდა. მერარისაგან იყო საგვარეულო მახლისა და საგვარეულო მუშისა. ეს იყო საგვარეულოები მერარისა. ყოველი მამროვანი აღრიცხული, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, იყო ექვსი ათას ორასი. და მერარის საგვარეულოს მამისსახლის მთავარი იყო ცურიელი, ძე აბიხაილისა. კარვის გვერდით უნდა დაებანაკათ, ჩრდილოეთით. და მერარის ძეთ ებარათ კარვის ძელები, მისი ურდულები, მისი სვეტები, მისი კვარცხლბეკები, მისი ჭურჭლეულობა და მათი ყოველი მოწყობილობა, და სვეტები ეზოს გარშემო, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები და მათი საბელები. და კარვის წინ, საკრებულო კარვის წინ, აღმოსავლეთით, უნდა დაებანაკათ მოსეს, აარონს და მის ძეებს, რომელთაც ევალებოდათ საწმიდრის დაცვა ისრაელის ძეთა შორის. და უცხო, ვინც კი მიუახლოვდებოდა, უნდა მომკვდარიყო. ყოველი ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აარონმა მათი საგვარეულოებითურთ, ყოველი მამროვანი, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, იყო ოცდაორი ათასი. და უთხრა უფალმა მოსეს: „აღრიცხე ყოველი პირმშო მამროვანი ისრაელის ძეთაგან, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, გადათვალე ისინი სახელებით. და აიყვანე ლევიანები ჩემთვის, მე ვარ უფალი, ყოველი პირმშოს ნაცვლად ისრაელის ძეთაგან, ხოლო ლევიანთა საქონელი ისრაელის ძეთა ყოველი პირველმოგებული საქონლის ნაცვლად.“ და აღრიცხა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას, ყოველი პირმშო ისრაელის ძეთაგან. და იყო ყოველი პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, მათი აღწერით ოცდაორი ათას ორას სამოცდაცამეტი. და უთხრა უფალმა მოსეს: „აიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთა ყოველი პირმშოს ნაცვლად, და საქონელი ლევიანებისა მათი საქონლის ნაცვლად, და იქნებიან ლევიანები ჩემთვის. მე ვარ უფალი. და რაც შეეხება ორას სამოცდაცამეტის გამოსყიდვას, რაც ზედმეტია ლევიანთა რიცხვზე, ისრაელის ძეთა პირმშოთაგან, აიღე ხუთ-ხუთი შეკელი ყოველ სულზე საწმიდრის შეკელის მიხედვით, რომელიც იწონის ოც გერას, და მიეცი ეს ვერცხლი აარონს და მის ძეთ მათგან ზედმეტის გამოსასყიდად.“ და აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ლევიანთა მიერ შენაცვლებული რიცხვის ნამეტისაგან. ისრაელის ძეთა პირმშოთაგან აიღო ეს ვერცხლი, ათას სამას სამოცდახუთი შეკელი საწმიდრის შეკელით. და მისცა მოსემ ეს გამოსასყიდი ვერცხლი აარონსა და მის ძეებს უფლის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „აღრიცხე ძენი კეჰათისა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლის მიხედვით. ოცდაათი წლის ასაკიდან და ზემოთ ორმოცდაათი წლის ასაკამდე ყოველი, ვისაც შეუძლია სამსახური საკრებულო კარავში. ესაა კეჰათიანთა სამსახური საკრებულო კარავში, წმიდათა წმიდაში: შევიდნენ აარონი და მისი ძენი ბანაკის აყრისას, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი ფარდა და დაფარონ იმით მოწმობის კიდობანი. და ზედ დააფარონ მაჩვის ტყავის საბურველი, და გადააფარონ ცისფერი გადასაფარებელი ზემოდან, და გაუყარონ კეტები. და საწინაშეოს ტაბლაზე გაშლიან ცისფერ სამოსელს და მასზე დააწყობენ ლანგრებს და კოვზებს, ჯამებსა და საღვრელ ფიალებს. და მუდმივი პური უნდა იყოს მასზე. და გაშლიან მასზე ჭიაფერ გადასაფარებელს, და დაფარავენ მას მაჩვის ტყავის საბურველით, და გაუყრიან კეტებს. და აიღებენ ცისფერ გადასაფარებელს და შეახვევენ სასანთლეს და მის კანდელებს, და მის მაშებს, და მის აქანდაზებს, და ყოველ ჭურჭლეულს მისი ზეთისთვის, რომლითაც მსახურებენ მას. და მოათავსებენ მას და ყოველ მის ჭურჭლეულს მაჩვის ტყავის საფარველში და ჩამოკიდებენ ლატანზე. და ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ცისფერ გადასაფარებელს, და მას დაბურავენ მაჩვის ტყავის საფარველით, და გაუყრიან მის კეტებს. და აიღებენ ყოველ სასამსახურო ჭურჭელს, რომლებითაც მსახურებენ საწმიდარში, და დააწყობენ ცისფერ გადასაფარებელზე და დაბურავენ მათ მაჩვის ტყავის საბურველით და ჩამოკიდებენ ლატანზე. და გაასუფთავებენ სამსხვერპლოს ნაცრისგან და გაშლიან მასზე მეწამულ გადასაფარებელს. და დააწყობენ მასზე ყოველ მის ჭურჭლეულს, რომლითაც მსახურებენ მასზე: აქანდაზებს, ჩანგლებს და ნიჩბებს, და სასხურებლებს – სამსხვერპლოს ყოველ ჭურჭლეულობას, და გაშლიან მასზე საბურველს მაჩვის ტყავისას და გაუყრიან მის კეტებს. და როცა აარონი და მისი ძენი დაასრულებენ საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლეულის დაბურვას ბანაკის აყრისას, მხოლოდ ამის შემდეგ შევლენ კეჰათის ძენი ასაწევად. არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რათა არ მოკვდნენ. ესაა კეჰათის ძეთა ტვირთი საკრებულო კარავისა. აარონ მღვდლის ძეს ელეაზარს ევალება ზედამხედველობა ლამპრის ზეთზე, კეთილსურნელოვან საკმეველზე, მუდმივი პურის შესაწირავზე და ზეთსაცხებელზე, ზედამხედველობა მთლიანად კარავზე და ყოველივეზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მის ჭურჭლეულზე.“ და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „ნუ მოკვეთავთ კეჰათის საგვარეულოთა ტომს ლევიანთაგან. ეს უნდა გააკეთოთ მათთვის, რომ იცოცხლონ და არ დაიხოცონ: რაჟამს მივლენ ისინი წმიდათა წმიდასთან: აარონი და მისი ძენი მივიდნენ და გაამწესონ ისინი თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთთან. და ნუ მივლენ საწმიდრის შებურვის სახილველად, რათა არ დაიხოცონ.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „აღრიცხე აგრეთვე გერშონის ძენი მათი მამისსახლისა და მათი საგვარეულოების მიხედვით. ოცდაათი წლის ასაკიდან და ზემოთ ორმოცდაათი წლის ასაკამდე აღრიცხე ყველა ისინი, ვისაც შეუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულოს სამსახური საკრებულო კარავში. ეს გერშონის საგვარეულოთა სამსახურია, მსახურებად და ტვირთვად. მათ უნდა ატარონ სავანის, საკრებულო კარვის გადასაფარებლები, მისი საბურველი და მაჩვის საბურველი, რომელიც მასზეა ზემოდან, და ფარდა საკრებულო კარვის შესასვლელისა. და ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს კარიბჭის შესასვლელისა, რომელიც აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივაა, და მათი საბელები, და მათი ყოველი სამსახურებელი ჭურჭლეულობა, და ყოველივე, რაც უნდა გაკეთდეს მათთან, მათ გააკეთონ. აარონისა და მის ძეთა ბრძანების მიხედვით იყოს გერშონის ძეთა ყოველი მსახურება, მათი ყოველი ტვირთვისა და მათი ყოველი სამსახურისთვის. და მათ დაავალეთ დაცვა ყოველივესი, რასაც ისინი ატარებენ. ესაა გერშონის ძეთა საგვარეულოს სამსახური კრებულის კარავში, და მათი მოვალეობანი აარონის ძის, ითამარის ზედამხედველობით. მერარის ძენი მათი საგვარეულოს, მათი მამისსახლის მიხედვით აღრიცხე. ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე აღრიცხე ისინი, ყოველი, ვისაც შუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულოს სამსახური საკრებულო კარვისა. და ესაა მათი ვალდებულება, რომ ატარონ მთელი მათი სამსახურისას საკრებულო კარავში: კარვის ძელები, მისი ურდულები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები. და ეზოს გარეშემო სვეტები, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები, და მათი საბელები, და მათი ყოველი ჭურჭლეულობა, და მათი ყოველი სამსახურებელი. სახელდებით აღრიცხეთ საგნები, რომლებიც მათ უნდა ატარონ. ეს მერარის ძეთა საგვარეულოს სამსახურია. ყოველი მათი სამსახური საკრებულო კარავთან აარონ მღვდლის ძის, ითამარის ხელშია.“ მოსემ და აარონმა და თემის მთავრებმა აღრიცხეს კეჰათის ძენი მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით. ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე ყოველი, ვისაც შეუძლია სამსახურში ჩადგომა, კარავში მსახურებისათვის. და იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით ორი ათას შვიდას ორმოცდაათი. ესენი იყვნენ აღრიცხულნი კეჰათის საგვარეულოდან, ყოველნი, რომელნიც მსახურებდენ საკრებულო კარავში, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით. და აღრიცხულნი გერშონის ძეთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში მსახურებისათვის. და იყვნენ აღრიცხულნი, მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლის მიხედვით, ორი ათას ექვსას ოცდაათი. ესენი იყვნენ აღრიცხულნი გერშონის ძეთა საგვარეულოდან, ყოველნი, ვინც მსახურებდნენ საკრებულო კარავში, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით. და აღრიცხულნი მერარის ძეთა საგვარეულოდან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, ოცდაათი წლის ასაკიდან ორმოცდაათი წლის ასაკამდე ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა, საკრებულო კარავში მსახურებისათვის. და იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით სამი ათას ორასი. ესენი იყვნენ აღრიცხულნი მერარის საგვარეულოდან, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით. და ყოველი, ვინც აღრიცხეს მოსემ და აარონმა და ისრაელის მთავრებმა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში და ტვირთის ზიდვა, იყო აღრიცხული რვა ათას ხუთას ოთხმოცი. უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით აღრიცხეს ისინი – თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთის ზიდვაზე, და თითოეული აღირიცხა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და უთხრა უფალმა მოსეს: „უბრძანე ისრაელის ძეთ, რომ გაიყვანონ ბანაკიდან ყოველი კეთროვანი და ყოველი, ვისაც რაიმე გამონადენი აქვს, და ყოველი მკვდრის შეხებით შებილწული. მამაკაციდან ვიდრე დედაკაცამდე გაიყვანეთ, ბანაკის გარეთ გაიყვანეთ ისინი, რათა არ შებილწონ თავიანთი ბანაკები, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები.“ და გააკეთეს ასე ისრაელის ძეთ, და გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე გააკეთეს ისრაელის ძეთ. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამიანის წინააღმდეგ, რითაც დანაშაულს ჩაიდენს უფალის წინააღმდეგ, დამნაშავე იქნება ის სული, და აღიარონ თავიანთი ცოდვები, რაც მათ ჩაიდინეს, და ზღოს თითოეულმა თავისი დანაშაული სრულად, და დაუმატოს მას მეხუთედი ნაწილი და მისცეს მას, ვის მიმართაც დამნაშავეა. და თუ იმ კაცს არა ჰყავს მემკვიდრე, რომ დანაშაული აუნაზღაურდეს, მაშინ დანაშაულის საზღაური ეკუთვნის უფალს, მღვდლისა იყოს იგი, გარდა შენდობის ვერძისა, რომლითაც იგი შეუნდობს მას. და ყოველი აღსამართავი მსხვერპლი ისრაელის ძეთა ყველა შესაწირავისა, რომელსაც ისინი მიუტანენ მღვდელს, მას ეკუთვნის. თითოეულის შესაწირავი მას ეკუთვნის. თუ კაცი რამეს მისცემს მღვდელს, მას ეკუთვნის.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ ვინმეს ცოლი გზას ასცდა და უღალატა მას, და დაწვა ვინმესთან თესლის მიღვრით, და ეს დაფარულ იქნება მისი ქმრის თვალთაგან, და შეიბილწა ფარულად, და მოწმე მის წინააღმდეგ არაა, და ზედ არავის წაუსწრია; და ქმარს ეწია სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, ხოლო ცოლი შებილწულია, ან თუ ეწვია სული ეჭვიანობისა და იგი ეჭვიანობს თავის ცოლზე, რომელიც არ არის შებილწული, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს თავისი შესაწირავი ცოლისათვის ეფის მეათედი ქერის ფქვილისა, ოღონდ არ დაასხას მას ზეთი და არ დაადოს მას გუნდრუკი, რადგან ეს შესაწირავი ეჭვნეულობისაა, ხსოვნის შესაწირავია, რომელიც გაახსენებს ცოდვას. და მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს მას უფლის წინაშე. და აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით, და მიწას, რომელიც კარვის იატაკზეა, აიღებს მღვდელი და ჩაყრის ამ წყალში. და დააყენებს მღვდელი ამ ქალს უფლის წინაშე, და თავს გაუშიშვლებს ამ ქალს, და დაუდებს მას ხელის გულზე ხსოვნის შესაწირავს, ეს ეჭვნეულობის შესაწირავია, ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამლახვრელი. და დააფიცოს იგი მღვდელმა და უთხრას ქალს: „თუ კაცი არ დაწოლილა შენთან, და თუ გზას არ აცდენილხარ შებილწვით შენი ქმრის უფლების ქვეშ მყოფი, მაშინ უვნებელი იყავი ამ მწარე დამლახვრელი წყლისაგან; და თუ ქმრის უფლების ქვეშ მყოფი გზას ასცდი და შეიბილწე, და იწვა შენთან მამაკაცი, შენი ქმრის გარდა“ – და დააფიცოს მღვდელმა ეს ქალი წყევლის ფიცით, და უთხრას მღვდელმა ქალს: „მიგცეს შენ უფალმა წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, რომ უფალმა დაგიდამბლაოს საზარდული და გაგისიოს მუცელი. და შევა ეს დამლახვრელი წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დაგიდამბლაოს საზარდული“. და იტყვის ქალი: „ამინ, ამინ“. და ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში, და წაშალოს ისინი მწარე წყლით. და ასვას ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამლახვრელი წყალი გასამწარებლად. და აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვნეულობის შესაწირავი და შეარხიოს ეს შესაწირავი უფლის წინაშე, და მიიტანოს იგი სამსხვერპლოსთან, და აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირავისაგან, მისი ხსოვნის ნაწილი, და აკმიოს სამსხვერპლოზე, და შემდეგ ასვას ქალს ის წყალი. და როდესაც შეასმევს მას ამ წყალს, თუ იგი შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, ეს დამლახვრელი წყალი გამწარდება მასში, და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება საზარდული, და იქნება ეს ქალი წყეული თავის ხალხში. და თუ არაა შებილწული ეს ქალი და სუფთაა, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით. ესაა რჯული ეჭვიანობაზე, როცა ქმრის უფლების ქვეშ მყოფი ქალი გზას ასცდება და შეიბილწება, ან როცა მამაკაცს დაეუფლება სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ მიიყვანოს ეს ქალი უფლის წინაშე, და გაუკეთოს მას მღვდელმა ყოველივე ამ წესისამებრ. და თავისუფალი იქნება ქმარი ცოდვისაგან, ხოლო იმ ქალს დაეკისრება თავისი ცოდვა.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ კაცმა ან ქალმა აღუთქვას მოწმიდრობის აღთქმა, რათა მიუძღვნას თავისი თავი მოწმიდრად უფალს, მაშინ ღვინისაგან და სასმელებისაგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინის და სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არა სვას, და ახალი და გამხმარი ყურძენი არა ჭამოს. მთელი თავისი მოწმიდრობის დღეებში არაფერი არ ჭამოს, რაც კეთდება ყურძნისაგან, მისი წიპწიდან ჩენჩომდე. თავისი მოწმიდრობის აღთქმის მთელ დროს სამართებელმა არ გადაიაროს მის თავზე. ვიდრე შესრულდებოდეს დღენი, რომელნიც შესწირა უფალს, წმიდა იყოს იგი, თმა მოუშვას თავზე. უფლის მოწმიდრობის მთელ დღეებში მკვდარს არ მიეკაროს. თავისი მამის და დედის, ძმისა და დის გამოც არ შეიბილწოს, მათი სიკვდილის დროს, რადგან მის თავზეა მისი ღვთის მოწმიდრობა. მთელი თავისი მოწმიდრობის დღეებში იგი წმიდაა უფლისათვის. და თუ ვინმე მოკვდეს მასთან უეცრივ, მოულოდნელად, და შებილწოს მან თავისი მოწმიდრობის თავი, მაშინ მან გაიპარსოს თავი განწმედის დღეს. მეშვიდე დღეს გაიპარსოს იგი. და მერვე დღეს მიუყვანოს ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მღვდელს საკრებულო კარვის შესასვლელთან. და მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვისთვის, ხოლო მეორეს – სრულადდასაწველად, და შეუნდობს მას, რაც შესცოდა მკვდრის გამო, და განწმედს მის თავს იმავე დღეს. და ხელახლა დაიწყოს უფლის მოწმიდრობის დღენი და მიიტანოს ერთწლიანი კრავი დანაშაულისთვის. და პირვანდელი დღეები გაუქმდება, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდრობა. ესაა რჯული მოწმიდრობისა: მისი მოწმიდრობის დღეთა შესრულებისას იგი მიყვანილ უნდა იქნას საკრებულო კარვის შესასვლელთან, და იგი შესწირავს თავის მსხვერპლს უფალს: ერთწლიან უმანკო კრავს სრულადდასაწველად და ერთწლიან უმანკო დედალ კრავს ცოდვისათვის, და ერთ უმანკო ვერძს – სამშვიდობო შესაწირავად, ერთი კალათა წმიდა ხორბლის ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს, ზეთწაცხებულ უსაფუვრო კვერებს, მათ ძღვენსა და მათ საღვრელებს. და ამას მღვდელი მიიტანს უფლის წინაშე, და შესწირავს მისი ცოდვისათვის და სრულადდასაწველად. შესწირავს ვერძს სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის ერთ კალათა ხმიადებთან ერთად. ასევე მოამზადებს მღვდელი მათ ძღვენსა და საღვრელს. და გადაიპარსავს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თავის სამოწმიდრო თავს, და აიღებს თავისი სამოწმიდრო თავის თმას, და ჩააგდებს ცეცხლში, რომელიც სამშვიდობო მსხვერპლის ქვეშაა. და აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს და ერთ უსაფუვრო კვერს კალათიდან, და ერთ უსაფუვრო ნამცხვარს, და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ, რაც გაიპარსავს იგი თავის სამოწმიდრო თმას. და შეარხევს მათ მღვდელი შერხევით უფლის წინაშე: წმიდაა იგი მღვდლისათვის, გარდა შესარხევი მკერდისა და შესაწირავი ბეჭისა. და შემდეგ სვას მოწმიდარმა ღვინო. ესაა რჯული მოწმიდარისა, რომელიც აღუთქვამს უფალს, და მისი შესაწირავი მოწმიდრობისთვის, გარდა იმისა, რაზეც ხელი მიუწვდება. თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა ისე გააკეთოს, თავისი მოწმიდრობის რჯულისამებრ.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონსა და მის ძეებს: ‘აკურთხეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ: ‘გაკურთხოს შენ უფალმა და დაგიცვას შენ! და მოგაფინოს უფალმა ნათელი თავისი პირისა და შეგიწყალოს შენ. მოაქციოს უფალმა თავისი პირი შენს მიმართ და მოგცეს შენ მშვიდობა!’ და აღბეჭდონ სახელი ჩემი ისრაელის ძეებზე და მე ვაკურთხებ მათ.“ და იმ დღეს, როცა მოსემ დაასრულა კარვის აღმართვა და სცხო მას, და აკურთხა იგი და ყოველი ჭურჭლეულობა მისი, და სამსხვერპლო ყოველი მისი ჭურჭლეულობით, და სცხო მას და აკურთხა ისინი, და მიეახლნენ მას ისრაელის მთავრები, მათი მამისსახლის მეთაურები, ისინი იყვნენ ტომების მთავრები, რომლებიც ზედამხედველობდენ აღრიცხვას. და მიიტანეს თავიანთი შესაწირავი უფლის წინაშე: ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი ხარი, თითო ურემი ორ მთავარზე და თითო ხარი თითოზე და წარადგინეს ისინი კარვის წინაშე. და უთხრა უფალმა მოსეს: „გამოართვი და იყვნენ მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავთან. და გადაეცი ისინი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამსახურის მიხედვით.“ და აიღო მოსემ ურმები და ხარები, და გადასცა ისინი ლევიანებს. ორი ურემი და ოთხი ხარი მისცა გერშონის ძეთ, მათი სამსახურის მიხედვით. და ოთხი ურემი და რვა ხარი მისცა მერარის ძეთ, მათი სამსახურის მიხედვით, აარონ მღვდლის ძის, ითამარის ზედამხედველობით. და კეჰათის ძეთ არ მისცა, რადგან მათი სამსახური იყო საწმიდრის ტარება, მხრებით ტარება. და მოიტანეს მსხვერპლი მთავრებმა სამსხვერპლოს სატფურებისთვის, მისი ცხების დღეს, და წარადგინეს მთავრებმა თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოს წინ. და უთხრა უფალმა მოსეს: „თითო მთავარმა თითო დღეს შესწიროს თავისი შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისთვის.“ და იყო შემწირველი პირველ დღეს თავისი შესაწირავისა ნახშონი, ძე ყამინადაბისა, იუდას ტომიდან. და მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, ას ოცდაათი შეკელის წონისა, ვერცხლის ერთი თასი სამოცდაათი შეკელისა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ. ათშეკელიანი ოქროს ერთი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე. ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი – სრულადდასაწველად. ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს შესაწირავი იყო ნახშონ ყამინადაბის ძისა. მეორე დღეს შესწირა თავისი შესაწირავი ნეთანელმა, ცუყარის ძემ, ისაქარის მთავარმა. და მან შესწირა თავისი შესაწირავი: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურების საძღვნოდ. ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვისათვის. და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ნეთანელ ცუყარის ძისა. მესამე დღეს შესწირა ზებულუნის ძეთა მთავარმა, ელიაბმა, ხელონის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ერთი ვერცხლის ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათ შეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსენი ზეთში აზელილი წმინდა პურის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიაბ ხელონის ძისა. მეოთხე დღეს შესწირა რეუბენის ძეთა მთავარმა ელიცურმა, შედეურის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმინდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ. ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიცურ შედეურის ძისა. მეხუთე დღეს შესწირა სიმონის ძეთა მთავარმა შელუმიელმა, ცურიშადაის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსენი ზეთში აზელილი წმიდა პურის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი შელუმიელ ცურიშადაის ძისა. მეექვსე დღეს შესწირა გადის ძეთა მთავარმა ელიასაფმა, რეღუელის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, და ერთი თიკანი ცოდვისათვის. და სამშვიდობო შესაწირავად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიასაფ რეღუელის ძისა. მეშვიდე დღეს შესწირა ეფრემის ძეთა მთავარმა ელიშამაყმა, ყამიჰუდის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ასოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, საძღვნოდ. ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი, სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიშამაყ ყამიჰუდის ძისა. მერვე დღეს შესწირა მენაშეს ძეთა მთავარმა გამალიელმა, ფედაცურის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე; ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი გამალიელ ფედაცურის ძისა. მეცხრე დღეს შესწირა ბენიამინის ძეთა მთავარმა აბიდანმა, გედეონის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ასოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა პურის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავად იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი კრავი ერთწლიანი. ეს იყო შესაწირავი აბიდან გედეონის ძისა. მეათე დღეს შესწირა დანის ძეთა მთავარმა ახიყეზერმა, ყამიშადაის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ასოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათ შეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ. ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად. ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი კრავი ერთწლიანი. ეს იყო შესაწირავი ახიყეზერ ყამიშადაის ძისა. მეთერთმეტე დღეს შესწირა აშერის ძეთა მთავარმა ფაგეყიელმა, ყაქრანის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ასოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავად იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი კრავი ერთწლიანი. ეს იყო შესაწირავი ფაგეყიელ ყაქრანის ძისა. მეთორმეტე დღეს შესწირა ნაფთალიანთა მთავარმა ახირაყ, ყენანის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვისთვის. და სამშვიდობო შესაწირავი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი კრავი ერთწლიანი. ეს იყო შესაწირავი ახირაყ ყენანის ძისა. და ეს იყო სამსხვერპლოს სატფურების, მისი ცხების დღის ძღვენი და შესაწირავი ისრაელის მთავართაგან: ვერცხლის თორმეტი ლანგარი, ვერცხლის თორმეტი თასი, ოქროს თორმეტი საგუნდრუკე, ვერცხლის ასოცდაათი შეკელი თითოეულ ლანგარში და სამოცდაათი შეკელი თითოეულ თასში. ამ ჭურჭელში იყო სულ ორი ათას ოთხასი საწმიდრის შეკელის ვერცხლი. ოქროს თორმეტი საკმევლით სავსე საგუნდრუკე, თითოეული საგუნდრუკე ათი საწმიდრის შეკელისა. საგუნდრუკეებში სულ იყო ას ოცი შეკელის ოქრო. სრულადდასაწვევლად სულ იყო თორმეტი ხარი მსხვილფეხა საქონლიდან, თორმეტი ვერძი, თორმეტი ერთწლიანი კრავი და მათი პურეულის ძღვენი, და თორმეტი თიკანი ცოდვისთვის. და სულ იყო სამშვიდობო შესაწირავად ოცდაოთხი ხარი მსხვილფეხა საქონლიდან, სამოცი ვერძი, სამოცი კრავი ერთწლიანი. ეს იყო ძღვენი სამსხვერპლოს სატფურებისა მისი ცხების შემდეგ. და როცა მოსე შედიოდა საკრებულო კარავში, რათა ელაპარაკა უფალთან, მას ესმოდა ხმა, რომელიც ელაპარაკებოდა მოწმობის კიდობნის თავსარქვლიდან, ორი ქერუბიმის შუიდან. და იგი ლაპარაკობდა მასთან. და უთხრა უფალმა მოსეს: „კანდელებს რომ აანთებ, განუცხადე აარონს და უთხარი მას: ‘როდესაც კანდლებს აანთებ, პირდაპირ სასანთლის წინ უნდა ენთებოდეს შვიდივე კანდელი.’“ და გააკეთა ასე აარონმა: პირდაპირ სასანთლის წინ აანთო მისი კანდელები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და ნაკეთობა სასანთლისა ნაჭედი ოქროსი იყო. ღეროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო ის. იმ გამოსახულების მიხედვით, რომელიც უჩვენა უფალმა მოსეს, ისე გააკეთა სასანთლე. და უთხრა უფალმა მოსეს: „აიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთაგან და განწმიდე ისინი. და ასე მოექეცი მათ, რათა განწმიდო ისინი: აპკურე მათ განმწმედი და გაიპარსონ სამართებლით მთელი ტანი, და გაირეცხონ სამოსელი, და განიწმიდებიან. და აიყვანონ ნორჩი მოზვერი და მასთან ერთად პურეულის ძღვენი, ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილი, და მეორე ნორჩი მოზვერი აიყვანონ ცოდვისთვის. და მიიყვანე ლევიანები საკრებულო კარვის წინაშე, და შეკრიბე მთელი თემი ისრაელის ძეთა. და მოიყვანე ლევიანები უფლის წინაშე, და დაასხან ისრაელის ძეთ ხელები ლევიანებს. და წარადგენს აარონი ლევიანებს უფლის წინაშე, როგორც შესარხევ შესაწირავს ისრაელის ძეთაგან, რათა შეასრულონ უფლის მსახურება. და ლევიანები დაასხამენ ხელებს მოზვრებს თავზე, და შესწირე ერთი ცოდვისათვის, ხოლო მეორე სრულადდასაწველად უფლისათვის, ლევიანთა შესანდობად. და დააყენე ლევიანები აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე, და წარადგინე შესარხევი შესაწირავი უფლისათვის. და გამოყავი ლევიანები ისრაელის ძეთაგან, და იქნებიან ლევიანები ჩემთვის. და მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები საკრებულო კარვის სამსახურში, როცა განწმედ მათ, და შესარხევი შესაწირავივით წარადგენ. რადგან ჩემთვის არიან ისინი მოცემით მოცემულნი ისრაელის ძეთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელის ძეთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ავიყვანე ისინი ჩემთვის. რადგან ჩემია ისრაელის ძეთა ყოველი პირმშო, ადამიანიდან პირუტყვამდე: იმ დღეს, როცა მოვსპე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ისინი, და ავიყვანე ლევიანები ყოველი პირმშოს ნაცვლად ისრაელის ძეთაგან. და საჩუქრად მივეცი ლევიანები აარონს და მის ძეთ ისრაელის ძეთაგან, რათა შეასრულონ ისრაელის ძეთა სამსახური საკრებულო კარავში და შეუნდონ ისრაელის ძეთ, რათა არ იყოს ისრაელის ძეთა შორის მომსრველი სენი, როცა ისრაელის ძენი საწმიდარს მიეკარებიან.“ და გააკეთეს ასე მოსემ და აარონმა და ისრაელის ძეთა მთელმა თემმა ლევიანთათვის. ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გააკეთეს მათთვის ისრაელის ძეთ. და განიწმიდნენ ცოდვისგან ლევიანები, და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი, და წარადგინა ისინი აარონმა შესარხევი შესაწირავივით უფლის წინაშე, და შეუნდო მათ აარონმა, რათა განეწმიდა ისინი. და ამის შემდეგ შევიდნენ ლევიანები თავიანთი მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავში აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გაუკეთეს მათ. და უთხრა უფალმა მოსეს: „ესაა რჯული ლევიანთათვის: ოცდახუთი წლის ასაკიდან და უფროსნი, თითოეული მათგანი შევა სამსახურისათვის, რათა იმსახუროს საკრებულო კარავში. მაგრამ ორმოცდაათი წლის ასაკიდან ისინი თავს დაანებებენ სამსახურს და აღარ ემსახურებიან მეტად. მხოლოდ მოეხმარონ თავიანთ ძმებს საკრებულო კარვის დაცვაში, ოღონდ სამსახურს ნუ შეასრულებენ. ასე მოექეცი ლევიანებს მათი მოვალეობის აღსრულებისას.“ და უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს: „ისრაელის ძეთ უნდა აღასრულონ პასექი მისთვის დანიშნულ დროს. ამ თვის მეთოთხმეტე დღეს მწუხრის ჟამს აღასრულეთ ის, მისთვის დანიშნულ დროს, ყოველი მისი წესისა და ყოველი მისი რიგის დაცვით აღასრულეთ ის.“ და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ, რომ აღესრულებინათ პასექი. და აღასრულეს პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში. ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელის ძეთ. და იყვნენ ადამიანები, რომელნიც შებილწულნი იყვნენ მკვდარი ადამიანის გვამების შეხების გამო და არ შეეძლოთ პასექის აღსრულება იმ დღეს. და მივიდნენ ისინი მოსესა და აარონის წინაშე იმ დღეს, და უთხრეს იმ ადამიანებმა მას: „შებილწულნი ვართ მკვდარი ადამიანის გვამებთან შეხების გამო. რატომ უნდა მოვაკლდეთ და ვერ შევწიროთ შესაწირავი უფალს ისრაელის ძეთა შორის დანიშნულ დროს?“ და უთხრა მათ მოსემ: „მოიცადეთ, მოვისმენ, რას გიბრძანებთ უფალი.“ და თქვა უფალმა: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ ვინმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავალი შეიბილწება გვამებთან შეხებით, ან თუ შორეულ გზაზე იქნება, აღასრულოს მან პასექი უფლისათვის. მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულონ ის, ხმიადით და მწარე მწვანილეულით ჭამონ ის. არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე, და მისი ძვლები არ დაამტვრიონ; პასექის ყოველი წესის დაცვით აღასრულონ. და კაცი, რომელიც სუფთაა და გზად არ არის და არ აღასრულებს პასექს, ის სული უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან უფლის შესაწირავი არ შესწირა დანიშნულ დროზე. თავისი ცოდვა დაედება იმ კაცს. და თუ იცხოვრებს თქვენთან ხიზანი და აღასრულებს პასექს უფლისათვის, წესის და რიგისამებრ აღასრულოს ის. ერთი წესი იყოს თქვენთვის ხიზნისათვისაც და ქვეყნის მკვიდრისათვისაც.“ კარვის აღმართვის დღეს დაფარა ღრუბელმა მოწმობის კარავი, და საღამოდან განთიადამდე ცეცხლივით ჩანდა სავანის თავზე. ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას დღისით და ცეცხლივით ჩანდა ღამით კარავზე. და როცა ღრუბელი კარავს ასცილდებოდა, მაშინ აიყრებოდნენ გზად ისრაელის ძენი. და იმ ადგილზე, სადაც ჩერდებოდა ღრუბელი, იქ ბანაკდებოდნენ ისრაელის ძენი. უფლის ბრძანებით აიყრებოდნენ ისრაელის ძენი და უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ. მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა იდგა ღრუბელი სავანეზე, ისინიც იდგნენ. და თუ ღრუბელი დიდხანს აყოვნებდა სავანეზე, მაშინ ასრულებდნენ ისრაელის ძენი უფლის განკარგულებას და არ აიყრებოდნენ ხოლმე. და ხდებოდა, რომ ღრუბელი აყოვნებდა სავანეზე რამდენიმე ხანს; და ისინი უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით აიყრებოდნენ ხოლმე. და ხდებოდა, რომ ღრუბელი აყოვნებდა საღამოდან განთიადამდე, და დილას აიწევდა ღრუბელი, და ისინი აიყრებოდნენ. ანდა იდგა დღისით და ღამით, და როცა აიწევდა, ისინიც მაშინ აიყრებოდნენ. თუ ორი დღე, ან თვე, ან მთელი წელი აყოვნებდა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელის ძენი და არ აიყრებოდნენ. და როცა აიწევდა, აიყრებოდნენ ისინი. უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით აიყრებოდნენ: უფლის განკარგულებას ასრულებდნენ, უფლის ბრძანებით და მოსეს ხელით. და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიკეთე შენთვის ვერცხლის ორი საყვირი, ნაჭედი გააკეთე ისინი და გქონდეს თემის მოსაწვევად და ბანაკთა ასაყრელად. და როდესაც დააყვირებენ მათ, შეიკრიბება შენთან მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და თუ ერთ საყვირს დააყვირებენ, შეიკრიბებიან შენთან მთავარნი და ისრაელის ათასისთავნი. და როდესაც საგანგაშოს დააყვირებთ, აიყრებიან ბანაკები, რომელნიც დაბანაკებულნი არიან აღმოსავლეთით. და როდესაც მეორედ დააყვირებთ საგანგაშოს, აიყრებიან ბანაკები, რომელნიც ბანაკობენ სამხრეთით. საგანგაშო დააყვირონ მათი აყრისას. ხოლო როცა შეკრებთ კრებულს, დააყვირეთ საგანგაშოს გარეშე. და აარონის ძეებმა, მღვდლებმა, უნდა დააყვირონ საყვირები: და ეს იქნება თქვენთვის მარადიულ წესად თქვენს თაობებში. და როცა გახვალთ საბრძოლველად თქვენსავე ქვეყანაში მტრის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ გმტრობთ, მაშინ დააყვირეთ საყვირებს საგანგაშო და იქნებით გახსენებულნი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, და გადაურჩებით თქვენს მტრებს. და თქვენი სიხარულის დღეს, და თქვენს დღესასწაულებზე, და თქვენს ახალმთვარობებში დააყვირეთ საყვირებს თქვენს სრულადდასაწველებზე და თქვენს სამშვიდობო მსხვერპლებზე; და ეს იქნება თქვენს გასახსენებლად თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“ და იყო, მეორე წელს, მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს აიწია ღრუბელი მოწმობის კარვიდან. და აიყარნენ ისრაელის ძენი სინაის უდაბნოდან. და შეჩერდა ღრუბელი ფარანის უდაბნოში. და აიყარნენ ისინი პირველად მოსეს ხელით გადაცემული უფლის სიტყვისამებრ. და დაიძრა დროშა იუდას ძეთა ბანაკისა პირველად თავიანთი ლაშქრით და მისი ლაშქრის მეთაური იყო ნახშონი, ძე ყამინადაბისა. და ისაქარის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ნათანელი, ძე ცუყარისა. და ზებულუნის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიაბი, ძე ხელონისა. და როცა ჩამოიხსნა სავანე, მაშინ აიყარნენ გერშონის ძენი და მერარის ძენი, სავანის მზიდველნი. და დაიძრა დროშა რეუბენის ბანაკისა თავიანთი ლაშქრით, და მის ლაშქრის მეთაური იყო ელიცური, ძე შედეურისა. და სიმონის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო შელუმიელი, ძე ცურიშადაისა. და გადის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიასაფი, ძე რეღუელისა. და შემდეგ აიყარნენ კეჰათელები, საწმიდრის მზიდველნი. სავანე მათ მისვლამდე იყო აღმართული. და დაიძრა დროშა ეფრემის ძეთა ბანაკისა თავიანთი ლაშქრით, და ლაშქრის მეთაური იყო ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა. და მენაშეს ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო გამალიელი, ძე ფედაცურისა. და ბენიამინის ძეთა ლაშქრის მეთაური იყო აბიდანი, ძე გედეონისა. და ბოლოს დაიძრა დროშა დანის ძეთა ბანაკისა, მათი ლაშქრით – ეს ბანაკი ყოველთვის უკანასკნელი იყო. და მისი ლაშქრის მეთაური იყო ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა. და აშერის ტომის ლაშქრის მეთაური იყო ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა. და ნაფთალის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ახირაყ, ძე ყენანისა. ეს იყო ისრაელის ძეთა მგზავრობათა რიგი მათი ჯარების მიხედვით. და ასე მგზავრობდნენ ისინი. და უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: „ჩვენ მივემგზავრებით იმ ადგილისაკენ, რომელზეც უფალმა თქვა: ‘მას მოგცემ თქვენ’. წამოდი ჩვენთან, და სიკეთეს გწევთ, რადგან უფალმა სიკეთე ბრძანა ისრაელზე.“ მაგრამ მან უპასუხა: „არ წამოვალ, არამედ წავალ ჩემს ქვეყანაში და ჩემს სამშობლოში.“ და უთხრა მოსემ: „ნუ მიგვატოვებ ჩვენ, ვინაიდან იცი ჩვენი დგომანი უდაბნოში და შენ ჩვენთვის თვალი იქნები. და თუ წამოხვალ ჩვენთან, მაშინ რა სიკეთესაც გვწევს ჩვენ უფალი, ჩვენც იმავეს გწევთ შენ.“ და აიყარნენ ისინი უფლის მთიდან სამი დღის სავალ გზაზე, და უფლის სავანე მიდიოდა მათ წინაშე სამი დღის სავალ გზაზე, რათა აღმოეჩინა მათთვის დასადგომი ადგილი. და უფლის ღრუბელი ფარავდა მათ დღისით ბანაკიდან მათი აყრისას. და როდესაც დაიძრებოდა კიდობანი, ამბობდა მოსე: „აღდექ, უფალო, და განიბნენ შენი მტრები და გაიქცნენ შენი მოძულენი შენი პირისაგან.“ და როცა ჩერდებოდა კიდობანი, იგი ამბობდა: „მობრუნდი, უფალო, ისრაელთა მრავალ ათასეულთან.“ და ხალხი დრტვინავდა ბოროტად უფლის გასაგონად. და ისმინა უფალმა და აინთო მისი რისხვა, და მოეკიდა მათ ცეცხლი უფლისა, და შთანთქა ბანაკის კიდე. და შეჰღაღადა ხალხმა მოსეს; და ილოცა მოსემ უფლის მიმართ და დაცხრა ცეცხლი. და უწოდეს სახელი იმ ადგილს თაბყერა, რადგან მოეკიდა მათ ცეცხლი უფლისა. და ბრბო, მათ შორის მყოფი, გულისთქმამ შეიპყრო; და მათთან ერთად ატირდნენ ისრაელის ძენიც და თქვეს: „ვინ გვაჭმევს ჩვენ ხორცს? გვახსოვს თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე კიტრები და ნესვები, და პრასი, ხახვი და ნიორი. და ახლა ჩვენი სული ჩამოხმა, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.“ და მანანა იყო ქინძის თესლივით და ფისის ფერისა იყო. და დაეხეტებოდა ხალხი და აგროვებდა მას, და ფქვავდა დოლაბზე, ან ნაყავდა ფილით, და ხარშავდა ქვაბში, და აკეთებდნენ მისგან კვერებს. და იყო მისი გემო, როგორც გემო ზეთიანი კვერისა. და როცა ნამი ეცემოდა ბანაკს ღამღამობით, მანანაც ზედ დასდიოდა. და ისმინა მოსემ, რომ ტირის ხალხი თავიანთ საგვარეულოებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან. და აინთო რისხვა უფლისა ფრიად, და მოსეს თვალში ეს სამწუხაროდ ჩანდა. და უთხრა მოსემ უფალს: „რად უბოროტე შენს მსახურს, რად ვერ ვპოვე წყალობა შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ ამკიდე? მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი მუცლით, მე ხომ არ გამიჩენია, რომ მეუბნები: ‘წაიყვანე იგი შენი უბით, როგორც დაჰყავს გამზრდელს ჩვილი, იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღუთქვი შენ მის მამებს’? სადა მაქვს მე ხორცი, რომ მივცე მთელ ამ ხალხს? რადგან შემომტირიან და ამბობენ: ‘მოგვეცი ჩვენ ხორცი, რომ ვჭამოთ’. არ ძალმიძს მე მარტოს მთელი ამ ხალხის ტარება, რადგან მძიმეა ეს ჩემთვის. და თუ ასე მექცევი, ბარემ მომკალი, თუ შენს თვალში წყალობა მიპოვნია, რათა არ ვუყურო ჩემს გასაჭირს.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „შემიკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, რომელთაც შენ იცნობ, რომ ისინი არიან უხუცესები ხალხისა და მისი ზედამდგომნი, და მიიყვანე ისინი საკრებულო კარავთან, რათა იქ წარდგნენ ისინი შენთან ერთად. და ჩამოვალ და ვილაპარაკებ იქ შენთან, და ავიღებ ნაწილს იმ სულისაგან, რომელიც შენზეა, და მათზე მოვავლენ, რათა ატარონ შენთან ერთად ტვირთი ხალხისა, და მარტო შენ არ ატარო. და ხალხს უთხარი: „განიწმიდეთ ხვალისათვის და შეჭამთ ხორცს, რადგან ტიროდით უფლის გასაგონად და ამბობდით: ‘ვინ გვაჭმევს ხორცს? რა კარგად ვიყავით ეგვიპტეში.’“ და მოგცემთ უფალი თქვენ ხორცს და შეჭამთ. და არა ერთ დღეს ჭამთ თქვენ, და არა ორ დღეს და არა ხუთ დღეს, და არა ათ დღეს, და არა ოც დღეს, არამედ მთელ თვეს, სანამ თქვენი ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგეზიზღებათ, რადგან შეიძულეთ უფალი, რომელიც თქვენს შორისაა, და ტიროდით მის წინაშე და ამბობდით: ‘რისთვის გამოვედით ეგვიპტიდან?’“ და თქვა მოსემ: „ექვსასი ათასი ქვეითია ამ ხალხში, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები, და შენ ამბობ: ‘მე მივცემ მათ ხორცს და სჭამენ ისინი მთელ თვეს’. იქნებ მთელი ცხვარი და ძროხა დაიკლას მათთვის, რომ ეყოთ? ან იქნებ მთელი ზღვის თევზი მოგროვდეს, რომ ეყოთ მათ?“ და უთხრა უფალმა მოსეს: „განა მოკლეა ხელი უფლისა? ახლა იხილავ, აგისრულდება ჩემი სიტყვა, თუ არა.“ და გამოვიდა მოსე და მოუთხრო ხალხს სიტყვები უფლისა, და შეკრიბა სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესთაგან, და დააყენა ისინი კარავთან. და ჩამოვიდა უფალი ღრუბლით, და ელაპარაკა მას და აიღო ნაწილი მისი სულისაგან, რომელიც იყო მასზე, და მოჰფინა იგი სამოცდაათ უხუცეს კაცს. და როცა დაივანა მათზე სულმა, იწყეს წინასწარმეტყველება, მაგრამ მეტი აღარ გაუგრძელებიათ. და დარჩა ორი კაცი ბანაკში. სახელი ერთისა იყო ელდადი, სახელი მეორისა – მედადი. და დაივანა მათზე სულმა, და ისინი ჩაწერილთაგან იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან. და წინასწარმეტყველებდნენ ბანაკში. და მოირბინა ერთმა ჭაბუკმა, და აუწყა მოსეს, და უთხრა: „ილდადი და მედადი წინასწარმეტყველებენ ბანაკში.“ და მიუგო იესომ, ნავეს ძემ, რომელიც მოსეს მსახური იყო სიყრმიდან, და უთხრა: „ბატონო ჩემო, მოსე! დააყენე ისინი.“ და უთხრა მას მოსემ: „ხომ არ ეჭვიანობ ჩემს გამო? ნეტავ უფლის მთელი ხალხი წინასწარმეტყველი იყოს, და უფალი თავის სულს მათაც მოჰფენდეს.“ და დაბრუნდნენ მოსე და ისრაელის უხუცესნი ბანაკში. და ამოვარდა ქარი უფლისაგან, და მორეკა მწყერი ზღვიდან, და დაყარა იგი ბანაკთან ერთი დღის სავალ გზაზე იქით და ერთი დღის სავალ გზაზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, თითქმის ორი წყრთის სიმაღლეზე მიწის პირიდან. და ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და მთელ მეორე დღეს. ვინც ცოტას აგროვებდა, მან ათი ხომერი შეაგროვა. და შემოიწყვეს თავისთვის ისინი ბანაკის გარშემო. ხორცი ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ, ჯერ არ დაეღეჭათ, და უფლის რისხვა აინთო ხალხზე, და მოსრა უფალმა ხალხი ფრიად დიდი წყლულით. და უწოდეს სახელი იმ ადგილს კიბროთ-ჰათაავა, რადგან იქ დაასაფლავეს სულწასული ხალხი. კიბროთ-ჰათაავადან დაიძრა ხალხი ხაცეროთისაკენ. და იყვნენ ხაცეროთში. და მირიამმა და აარონმა ილაპარაკეს მოსეს წინააღმდეგ ქუშელი ქალის გამო, რომელიც შეირთო მან. რადგან ქუშელი ქალი შეირთო ცოლად. და თქვეს: „ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენ არ გველაპარაკა?“ და ისმინა ეს უფალმა. და მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი, დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან. და უთხრა უფალმა უცებ მოსეს, აარონსა და მირიამს: „გამოდით სამივე საკრებულო კარავთან.“ და გავიდნენ სამივე. და ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტით, და დადგა კარვის შესასვლელში, და დაუძახა აარონს და მირიამს, და გავიდნენ ორივე. და უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე თქვენგანი წინასწარმეტყველი, მე, უფალი, ჩვენებაში ვეცხადები მას, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. ასე არაა ჩემს მსახურ მოსესთან; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული. პირისპირ ვლაპარაკობ მასთან, აშკარად და არა იგავებით, უფლის სახეს ჭვრეტს იგი. და როგორ არ გეშინიათ მოსეს, ჩემი მსახურის წინააღმდეგ ლაპარაკისა?“ და აღინთო რისხვა უფლისა მათზე, და წავიდა იგი. და ღრუბელი განშორდა კარავს. და აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. და შეხედა აარონმა მირიამს, და აჰა, კეთროვანია იგი. და უთხრა აარონმა მოსეს: „გევედრები, ბატონო ჩემო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, უგუნურად რომ მოვიქეცით და შეგცოდეთ. ნუ დაემსგავსება მირიამი იმ მკვდარს, რომელიც თავისი დედის საშოდან ნახევრად შეჭმული გამოდის.“ და შეჰღაღადა მოსემ უფალს: „ღმერთო, გევედრები, განკურნე იგი!“ და უთხრა უფალმა მოსეს: „მამამისს რომ სახეში მიეფურთხებინა, შვიდი დღე ხომ შერცხვენილი უნდა ყოფილიყო? დაე, დატუსაღდეს იგი შვიდი დღე ბანაკის გარეთ, და შემდეგ დაბრუნდეს.“ და დატუსაღდა მირიამი ბანაკის გარეთ შვიდი დღით. და ხალხი არ აყრილა გზად მირიამის დაბრუნებამდე. და შემდეგ აიყარა ხალხი ხაცეროთიდან და დაბანაკდა ფარანის უდაბნოში. და უთხრა უფალმა მოსეს, ასე: „გაგზავნე კაცები და დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელის ძეთ. თითო კაცი თავისი მამის ტომიდან გაგზავნეთ, ყოველი მთავარი მათ შორის.“ და გაგზავნა ისინი მოსემ ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ. ესენი იყვნენ კაცნი, ისრაელის ძეთა მთავარნი. და აჰა, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან შამუაყი, ძე ზაქურისა. სიმონის ტომიდან შაფატი, ძე ხორისა. იუდას ტომიდან ქალები, ძე იეფუნესი. ისაქარის ტომიდან იგალი, ძე იოსებისა. ეფრემის ტომიდან ოსია, ძე ნავესი. ბენიამინის ტომიდან ფალტი, ძე რაფუსი. ზებულუნის ტომიდან გადიელი, ძე სოდისა. იოსების ტომიდან, გადი, ძე სუსისა, მენაშეს მხრიდან. დანის ტომიდან ყამიელი, ძე გემალისა, აშერის ტომიდან სეთური, ძე მიქაელისა. ნაფთალის ტომიდან ნახბი, ძე ვოფსისა. გადის ტომიდან გეუელი, ძე მაქისა. აჰა, სახელები კაცებისა, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად. და უწოდა მოსემ ოსიას, ნავეს ძეს, იესო. და გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად, და უთხრა მათ: „წადით ნეგებისაკენ და ადით მთაზე, და იხილეთ ქვეყანა, როგორია იგი, და ხალხი, რომელიც ცხოვრობს მასში, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი? და როგორია ქვეყანა, რომელშიც იგი ცხოვრობს, კარგია თუ ცუდი? და როგორია ქალაქები, რომლებშიც ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში? და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ ხრიოკი? არის მასზე ხე, თუ არა? იყავით გულადნი და წამოიღეთ ქვეყნის ნაყოფთაგან.“ და იყო მაშინ დრო ყურძნის მწიფობისა. და ავიდნენ ისინი და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის შესასვლელამდე. და წავიდნენ ნეგებისაკენ, და მივიდნენ ხებრონამდე. და იყვნენ იქ ახიმანი, შეშაი და თალმაი, ყენაკის ძენი. (და ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე შვიდი წლით ადრე აშენდა). და მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, და იქ მოჭრეს ვაზის რტო და ყურძნის ერთი მტევანი და წამოიღო იგი ორმა კაცმა ლატნით. ასევე წამოიღეს ბროწეული და ლეღვი. იმ ადგილს უწოდეს ნახალ-ეშქოლი, იმ მტევნის გამო, რომელიც მოჭრეს იქ ისრაელის ძეთ. და დაბრუნდნენ ქვეყნის დაზვერვიდან ორმოცი დღის შემდეგ. და წამოვიდნენ, მივიდნენ მოსესთან და აარონთან, და ისრაელის ძეთა მთელ თემთან ფარანის უდაბნოში, კადეშში, და მოუთხრეს მათ ამბავი მთელ თემს, და აჩვენეს მათ იმ ქვეყნის ნაყოფი. და მოუთხრეს მას და უთხრეს: „მივედით ჩვენ იმ ქვეყანაში, სადაც შენ მიგვავლინე, და ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი, და აჰა, ნაყოფი მისი. მაგრამ ძლიერია ხალხი, რომელიც ცხოვრობს იმ ქვეყანაში, და ქალაქები გამაგრებულია, დიდია ფრიად. და აგრეთვე ყენაკის ძენი ვიხილეთ იქ. ყამალეკი მკვიდრობს ნეგების ქვეყანაში, ხეთელნი, იებუსეველნი და ამორეველნი მკვიდრობენ მთაზე, ხოლო ქანაანელნი მკვიდრობენ ზღვის კიდეზე და იორდანეს სანაპიროზე.“ ქალებმა დაამშვიდა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: „ასვლით ავიდეთ და დავიმკვიდროთ იგი, რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა.“ და კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ასულნი, თქვეს: „ვერ შევძლებთ გასვლას იმ ხალხის წინააღმდეგ, რადგან იგი ჩვენზე ძლიერია.“ და ცუდი ხმები დაყარეს ისრაელის ძეთა შორის იმ ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს, და თქვეს: „ქვეყანა, რომელიც დასაზვერად მოვიარეთ, არის ქვეყანა, რომელიც ჭამს მასზე მცხოვრებთ. და მთელი ხალხი, რომელიც ვიხილეთ იქ, ახოვანი ადამიანები არიან. და იქ ვიხილეთ გოლიათებიც, ყენაკის ძენი, გოლიათთაგანნი. და ჩვენ გამოვჩნდით ჩვენს თვალში კალიებივით, და ასეთნაირად ვჩანდით მათ თვალშიც.“ და აღიმაღლა ხმა მთელმა თემმა და ტიროდა ხალხი იმ ღამეს. და დრტვინავდა ყოველი ისრაელის ძე მოსეზე და აარონზე, და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ დავხოცილიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, ან ნეტავი ამ უდაბნოში დავხოცილიყავით! რად შეჰყავს ჩვენი თავი უფალს ამ ქვეყანაში, მახვილით რომ დავეცეთ? ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები ნადავლად იქცევიან. განა უკეთესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება?“ და უთხრეს ერთმანეთს: „ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში.“ და დაემხნენ მოსე და აარონი პირქვე ისრაელის ძეთა მთელი კრებულის წინაშე. და ქვეყნის მზვერავთაგან იესო ნავეს ძემ, და ქალებ იეფუნეს ძემ, შემოიხიეს სამოსელი და უთხრეს ისრაელის მთელ თემს: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ეს ქვეყანა ფრიად, ფრიად კარგია. თუ მოწყალეა ჩვენზე უფალი, მაშინ შეგვიყვანს ჩვენ ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ იმ ქვეყნის ხალხისა. რადგან ჩვენ მალე დავძლევთ მათ. გაშორდა მათ მათი მფარველი, ხოლო უფალი ჩვენს შორის არის. ნუ გეშინიათ მათი.“ და მთელი თემი ჩაქოლვას უპირებდა მათ. და უფლის დიდება გამოუჩნდა საკრებულო კარავში ყოველ ისრაელის ძეს. და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა ვუძღოდე ამ ხალხს? და როდემდე არ უნდა მერწმუნოს ყველა იმ სასწაულის შემდეგ, რომლებიც მათ შორის მოვახდინე? მოვსრავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ, შენგან კი ერს შევქმნი, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს.“ და უთხრა მოსემ უფალს: „გაიგებენ ეგვიპტელნი, რომელთა წიაღიდანაც შენი ძლიერებით გამოიყვანე ეს ხალხი, და ეტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ შენ, უფალი, პირისპირ ეცხადები და ღრუბელი შენი დგას მათზე, და ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ დღისით, და ცეცხლის სვეტში – ღამით, და თუ შენ გაჟლეტ ამ ხალხს, როგორც ერთ კაცს, მაშინ იტყვიან ერები, რომლებსაც სმენიათ დიდება შენი: ‘რაკი უფალმა ვერ შეძლო ამ ხალხის მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც მან ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დაკლა ისინი უდაბნოში’. და ახლა, განდიდდეს ძალა უფლისა, როგორც შენ თქვი: ‘უფალი მრავლის მომთმენი და მრავალმოწყალეა, მიმტევებელია ბრალისა და დანაშაულისა, და არამც და არამც არ გაამართლებს დამნაშავეს, მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს, მესამე და მეოთხე თაობას’. მიუტევე, გთხოვ, ეს დანაშაული ამ ხალხს შენი დიადი მოწყალებისამებრ, როგორც მიგიტევებია ამ ხალხისთვის ეგვიპტიდან ვიდრე აქამდე.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია შენი სიტყვისამებრ. მაგრამ, ცოცხალი ვარ, და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა. ვერც ერთი ამ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი სასწაულები, რომელნიც მოვახდინე ეგვიპტეში და უდაბნოში, და ვინც მე ათჯერ გამომცადეს და არ ისმინეს ჩემი ხმა, ვერ იხილავენ ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. და ვერც ერთი ჩემი მოძულე ვერ იხილავს მას. მხოლოდ ქალებს, ჩემს მსახურს, რაკი სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მიერთგულა, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც დადიოდა თვითონ, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას. ყამალეკი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.“ და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი თემი ჩემზე? მოვისმინე ისრაელის ძეთა დრტვინვა, რომლითაც ისინი დრტვინავენ ჩემზე. უთხარი მათ: ‘ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით თქვენ. ამ უდაბნოში დაიყრება თქვენი გვამები და თქვენი აღრიცხულები მთელი თქვენი რიცხვიდან, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე. ვერ შეხვალთ თქვენ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ მასში, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა, და იესო ნავეს ძისა. და თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით: ნადავლად იქცევიანო, შევიყვან იქ, და შეიცნობენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ. და თქვენი გვამები დაიყრება ამ უდაბნოში. და თქვენი ძენი იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს და ეწამებიან თქვენი მეძაობისთვის, სანამ არ გაიხრწნება თქვენი გვამები უდაბნოში. იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით: ორმოცი დღე, თითო წელი თითო დღეზე. თქვენი ცოდვებისათვის ორმოცი წელი ეწამებით და გამოსცდით ჩემგან მიტოვებას. მე, უფალი, ვამბობ და თუ ასე არ მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც ამბოხდა ჩემს წინააღმდეგ: ამ უდაბნოში დაასრულებენ თავინთ სიცოცხლეს და აქ მოკვდებიან.“ და ის კაცები, რომელნიც მიავლინა მოსემ ქვეყნის დასაზვერად, და დაბრუნდნენ და აღაშფოთეს მის წინააღმდეგ მთელი ეს თემი, იმ ქვეყანაზე ცუდი ხმების დაყრით, დაიხოცნენ სენით იმ ქვეყანაზე ცუდი ხმების დაყრის გამო, უფლის წინაშე დაეცნენ. ხოლო იესო ნავეს ძე, და ქალებ იეფუნეს ძე დარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომელნიც წავიდნენ ქვეყნის დასაზვერად. და თქვა მოსემ ეს სიტყვები ისრაელიანთა წინაშე და დამწუხრდა ხალხი ფრიად. და ადგნენ დილაადრიან და გაეშურნენ მთის მწვერვალისაკენ და თქვეს: „წავიდეთ იმ ადგილისაკენ, რომელზეც თქვა უფალმა, რადგან შევცოდეთ ჩვენ.“ და უთხრა მოსემ: „რად გადადიხართ უფლის ბრძანებას? აქედან არაფერი გამოვა. ნუ ახვალთ, რომ არ შეიმუსროთ თქვენს მტერთა წინაშე, რადგან უფალი თქვენს შორის არაა; რადგან ყამალეკი და ქანაანელნი იქნებიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, რადგან უკუიქეცით უფლისაგან, და არ იქნება უფალი თქვენთან. მაგრამ ისინი გაკადნიერდნენ და ავიდნენ მთის წვერზე. ხოლო კიდობანი უფლის აღთქმისა და მოსე არ დაძრულან ბანაკიდან. და ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იმ მთაზე, და შემუსრეს და გარეკეს ისინი ხორმამდე. და უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როდესაც შეხვალთ თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ, და მიიტანთ შესაწირავს უფლისათვის, სრულადდასაწველს ან მსხვერპლს მსხვილფეხა საქონელთაგან ან ცხვართაგან – აღთქმის ან სამოწყალოს აღსასრულებლად თქვენს დღესასწაულებში, რათა აკმიოთ კეთილსურნელება უფლისათვის, მსხვილფეხას შესწირავთ თუ წვრილფეხა საქონელს, შესწიროს შემწირავმა თავისი შესაწირავი უფალს: შესაწირავი წმიდა ხორბლის ფქვილისა – ეფის მეათედი ნაწილი, აზელილი მეოთხედ ჰინ ზეთში. და ღვინო საღვრელი მეოთხედი ჰინი მოამზადოს სრულადდასაწველისათვის, ან დასაკლავი მსხვერპლისთვის, თითოეული კრავისათვის. ხოლო ვერძისათვის მოამზადოს პურეული შესაწირავი წმიდა ხორბლის ფქვილიდან ეფის ორ მეათედ ნაწილად, აზელილი ჰინის მესამედ ზეთთან, და საღვრელი ღვინო ჰინის მესამედი ნაწილით შესწიროს კეთილსურნელებად უფალს. და თუ მოამზადებს მოზვერს სრულადდასაწველად ან დასაკლავ მსხვერპლად, აღთქმის აღსასრულებლად, ან სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის, მაშინ მოზვერთან ერთად შესწიროს ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილიდან ეფის სამ მეათედ ნაწილად, აზელილი ნახევარ ჰინ ზეთში. და მიიტანე საღვრელი ღვინო ნახევარი ჰინი შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის. ასე გაკეთდეს თითოეული ზვარაკის და თითოეული ვერძისათვის, ან კრავისათვის ცხვართა და თხათაგან. შესაწირავთა რაოდენობისამებრ, რომლებსაც თქვენ მოიტანთ, ასე მოამზადეთ თითოეულისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით. ყოველმა მკვიდრმა ასე გააკეთოს ეს, როცა მოიტანს შესაწირავს კეთილსურნელებად უფლისათვის. და თუ იცხოვრებს ხიზანი თქვენს შორის თქვენს თაობებში, მოიტანოს საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის: როგორც თქვენ გააკეთებთ, ისე გააკეთოს. თქვენთვის, უფლის კრებულისათვის და ხიზნისათვის, რომელიც ხიზნობს თქვენთან, ერთი წესია, მარადიული წესი თქვენი თაობებისათვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც წინაშე უფლისა. ერთი რჯული და ერთი სამართალი იქნება თქვენთვის და ხიზანისათვის, რომელიც ხიზნობს თქვენთან.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც მე შეგიყვანთ, როდესაც შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, შესწირეთ შესაწირავი უფალს. პირველგამომცხვარი თქვენი ცომისა – კვერი შესწირეთ შესაწირავად. როგორც კალოს შესაწირავი, ისე შესწირეთ იგი. თქვენი პირველგამომცხვარი ცომისა მიეცით უფალს შესაწირავი თქვენს თაობებში. და თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ მცნებას, რომელიც უფალმა უთხრა მოსეს, ყოველივეს, რაც გამცნოთ უფალმა მოსეს ხელით იმ დღიდან, რაც გიბრძანათ, და შემდგომ თქვენს თაობებში, და თუ თემის უყურადღებობით მოხდა ეს შეცდომა, მთელმა თემმა მოამზადოს ერთი ნორჩი მოზვერი სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლისათვის, და მისი ძღვენი და მისი საღვრელი წესისამებრ, და ერთი თიკანი ცოდვისათვის. და შეუნდობს მღვდელი ისრაელის ძეთა მთელ თემს, და მიუტევებს მათ, რადგან ეს შეცდომაა, და ისინი მიიტანენ თავიანთ საცეცხლო შესაწირავს უფლის წინაშე თავიანთი შეცდომისათვის. და მიეტევება ისრაელის ძეთა მთელ თემს და ხიზანს, რომელიც ხიზნობს მათ შორის, რადგან მთელი ხალხი შეცდომაშია. და თუ ერთი სული შესცოდავს შეცდომით, შესწიროს ერთწლიანი დედალი თხა ცოდვისათვის. და შეუნდობს მღვდელი შემცდარ სულს, უფლის წინაშე შეცდომით შემცოდეს, მის შესანდობად და მიეტევება მას. მკვიდრისთვის ისრაელის ძეთაგან და ხიზნისთვის, რომელიც თქვენს შორის ხიზნობს, ერთი რჯული გქონდეთ შეცდომით ჩამდენისათვის. ის კი, ვინც თავხედურად მოიქცევა, მკვიდრთაგან იქნება ის თუ ხიზანთაგან, უფალს გმობს იგი, და მოიკვეთოს ის სული თავისი ხალხიდან, რადგან სიტყვა უფლისა შეურაცხყო და მისი მცნება დაარღვია. შემუსვრით შეიმუსროს ის სული, მისი ცოდვა მასზეა.“ და როცა ისრაელის ძენი უდაბნოში იყვნენ, იპოვეს კაცი, რომელიც აგროვებდა შეშას შაბათ დღეს. და მათ, ვინც შეშის შეგროვებისას ჰპოვეს იგი, მიიყვანეს მოსესთან, აარონთან და მთელ თემთან. და ჩასვეს ის საპატიმროში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ. და უთხრა უფალმა მოსეს: „სიკვდილით მოკვდეს ეს კაცი. ქვებით ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ.“ და გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა იგი ქვებით, და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და უთხრა უფალმა მოსეს ასე: „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ, რომ მათ გაიკეთონ ფოჩები თავიანთ სამოსლის კიდეებზე თავიანთ თაობებში და ჩაატანონ სამოსლის კიდის ფოჩებში ცისფერი ძაფი. და იყოს ის თქვენთვის ფოჩად, და მის დანახვაზე გაიხსენეთ ყოველი მცნება უფლისა და აღასრულეთ ისინი, არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თქვენს თვალს, რომელნიც გიზიდავენ მრუშობისაკენ, რათა გახსოვდეთ და აღასრულებდეთ ყოველ ჩემს მცნებას, და იყოთ წმიდები თქვენი ღვთისათვის. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენთვის ღმერთი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“ და ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, და დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა, და ონი, ძე ფელეთისა, რეუბენიანები. და წარდგნენ მოსეს წინაშე და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი კაცი ისრაელის ძეთაგან, მთავარნი თემისა, მიწვეულნი საკრებულოში, კაცნი სახელოვანნი. და შეიკრიბნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ, და უთხრეს მათ: „გეკმაროთ! რადგან მთელი თემი წმიდაა და მათ შორისაა უფალი! და რად აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?“ და ისმინა მოსემ, და პირქვე დაეცა. და უთხრა კორახს და მთელ მის დასს ასე: „დილით უფალი აუწყებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, რათა დაიახლოვოს თავისთან, და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს. ეს გააკეთეთ: აიღეთ თქვენთვის საცეცხლურები კორახმაც და მთელმა მისმა დასმა, და ჩადეთ მასში ცეცხლი, და დაადეთ მათ საკმეველი უფლის წინაშე ხვალ. და ვისაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. გეკმაროთ, ლევიანებო!“ და უთხრა მოსემ კორახს: „აბა, ისმინეთ, ლევიანებო! ნუთუ ეს ცოტაა თქვენთვის, რომ გამოგყოთ თქვენ ისრაელის ღმერთმა ისრაელის თემიდან, დაგიახლოვათ თქვენ, რათა შეასრულოთ მსახურება უფლის სავანისა და იდგეთ თემის წინაშე მათ მსახურებად? და დაგიახლოვა შენ და ყოველი შენი ძმა, ლევიანები, შენთან ერთად. და ახლა მღვდლობასაც ეძებთ? ამიტომ შენ და მთელი შენი დასი შეკრებილხართ უფლის წინააღმდეგ. ვინ არის აარონი, რომ დრტვინავთ მასზე?“ და გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა დასაძახებლად, მაგრამ მათ თქვეს: „არ მოვალთ! ნუთუ ცოტაა, რომ გამოგვიყვანე ქვეყნიდან, სადაც მოედინება რძე და თაფლი, უდაბნოში დასახოცად? და გინდა გაგვიბატონდე კიდეც! არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მდელო და ვენახი მოგიცია სამფლობელოდ, ნუთუ ამ ადამიანებს დათხრი თვალებს? არ მოვალთ!“ და ძალიან ეწყინა მოსეს, და უთხრა უფალს: „ნუ მიხედავ მათ ძღვენს. არც ერთი მათგანისათვის არ წამირთმევია სახედარი, და არც ერთი მათგანისათვის არ გამიკეთებია ბოროტი.“ და უთხრა მოსემ კორახს: „შენ და მთელი შენი დასი იყავით უფლის წინაშე ხვალ, შენ და ისინი, და აარონი. და აიღეთ თითოეულმა თქვენი საცეცხლურები და დაადეთ მას საკმეველი, და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე, ორას ორმოცდაათი საცეცხლური. და შენ და აარონმაც – თითოეულმა თავისი საცეცხლური.“ და აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადო მასში ცეცხლი, და დაადო ზედ საკმეველი, და დადგნენ საკრებულო კარვის შესავალთან, აგრეთვე მოსე და აარონიც. და შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან, და გამოეცხადა დიდება უფლისა მთელ თემს. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „გამოეყავით იმ თემს, და მე მოვსპობ მათ წამში.“ და პირქვე დაემხნენ ისინი, და თქვეს: „ღმერთო, ყოველი ხორციელის სულების ღმერთო! ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე რად მრისხანებ?“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ამ თემს: განერიდონ კორახის დათანისა და აბირამის სადგომს.“ და ადგა მოსე, და წავიდა დათანთან და აბირამთან, და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები. და უთხრა თემს: „აბა, განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს, და ნუ შეეხებით ნურაფერს, რაც მათ ეკუთვნის, რათა არ დაიღუპოთ მთელი მათი ცოდვებით.“ და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავიანთი ცოლებით და ძეებით, და მცირეწლოვანი ბავშვებითურთ. და თქვა მოსემ: „ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა მე ყოველი ამ საქმის გასაკეთებლად, და რომ ეს არ მოდის ჩემი გულიდან. თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ყველა ადამიანი კვდება, და ყველა ადამიანის სასჯელი ეწევათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი. ხოლო თუ ახალს რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნის, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში, მაშინ გაიგებთ, რომ მოიძულეს ამ ადამიანებმა უფალი. და იყო, დაასრულა ყველა იმ სიტყვის თქმა და მიწა გამოეცალა მათ ფეხქვეშ. და დააღო მიწამ პირი, და შთანთქა ისინი და მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი, და მთელი მათი ქონება. და ჩაცვივდნენ ისინი და ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნოდათ, შავეთში, და დაფარა ისინი მიწამ, და დაიღუპნენ კრებულიდან. და მთელი ისრაელი, რომელიც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე, რადგან თქვეს: „ვაითუ გვშთანთქას ჩვენც მიწამ!“ და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს ორას ორმოცდაათი კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარ ელეაზარს, მღვდელს, აარონის ძეს, წამოკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალიდან და ცეცხლი მოაბნიოს გარეთ, რადგან წმიდა გახდნენ ისინი. მათი საცეცხლურებისგან, ვინც ცოდვას შეეწირა, გამოჭედონ ფურცლები სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად, რადგან მიიტანეს ისინი უფლის წინაშე და წმიდა გახდნენ. და იქნებიან ისინი ნიშნად ისრაელის ძეთათვის.“ და აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომელიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი, და გამოჭედეს ისინი სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად, სახსოვრად ისრაელის ძეთათვის, რათა უცხო პირი, რომელიც არ არის შთამომავალი აარონისა, არ მივიდეს საკმევლის საკმევად უფლის წინაშე, და არ იყოს, როგორც კორახი და მისი დასი, როგორც უთხრა უფალმა მოსეს. და მეორე დღეს დრტვინავდა ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აარონზე, და ეუბნებოდა: „თქვენ გაწყვიტეთ უფლის ხალხი.“ და როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისკენ და ნახეს, რომ დაფარა ის ღრუბელმა, და გამოცხადდა დიდება უფლისა. და მივიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარვის წინ. და უთხრა უფალმა მოსეს [და აარონს]: „მოსცილდით ამ თემს და მოვსპობ მათ წამში.“ და პირქვე დაემხნენ ისინი. და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, და ჩადე მასში ცეცხლი სამსხვერპლოდან, და დაადე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისგან, და დაიწყო მუსვრა.“ და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ დაიწყო მუსვრა ხალხში. და დაადო საკმეველი და შეუნდო ხალხს. და ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის, და შეწყდა მუსვრა. და დაიხოცა მუსვრით თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის გამო დახოცილთა გარდა. და დაბრუნდა აარონი მოსესთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, მას შემდეგ, რაც შეწყდა მუსვრა. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ, და აიღე მათგან თითო კვერთხი თითო ტომიდან, მათი ტომების ყოველი მთავრისაგან, თორმეტი კვერთხი და თითოეულის სახელი წააწერე მის კვერთხზე. ხოლო სახელი აარონისა წააწერე ლევის კვერთხს, რადგან ერთი კვერთხია მათი მამისსახლის მეთაურისათვის. და დააწყვე ისინი საკრებულო კარავში გამოცხადების კიდობნის წინ, სადაც მე გამოგეცხადები თქვენ. და რომელსაც მე ამოვირჩევ, კვერთხი აუყვავდება; და ასე დავაცხრობ ჩემს წინაშე ისრაელის ძეთა დრტვინვას“. და უთხრა მოსემ ყოველივე ეს ისრაელის ძეთ, და მისცა მას ყოველმა მათმა მთავარმა თითო კვერთხი თითოეული მთავრისაგან, მათი ტომების მიხედვით, სულ თორმეტი კვერთხი, და კვერთხი აარონისა იყო მათ კვერთხებს შორის. და დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე მოწმობის კარავში. და მეორე დღეს შევიდა მოსე მოწმობის კარავში, და აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი – ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და გამოიბა ნუში. და გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლის პირისაგან ყოველ ისრაელის ძეს. და მათ იხილეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი. და უთხრა უფალმა მოსეს: „დააბრუნე აარონის კვერთხი მოწმობის კარვის წინ შესანახავად, ნიშნად ჭირვეულ ძეთათვის, და შეწყდება მათი დრტვინვა ჩემზე, და აღარ გაწყდებიან.“ და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას. და უთხრეს ისრაელის ძეთ მოსეს: „აჰა, ვიხოცებით, იღუპება ყველა ჩვენგანი! ყოველი, რომელიც მიუახლოვდება უფლის სავანეს, კვდება. ნუთუ ჩვენ ყველანი დასაღუპავად ვართ განწირული?“ და უთხრა უფალმა აარონს: „შენ და შენმა ძეებმა, შენმა მამისსახლმა შენთან ერთად უნდა იკისროთ საწმიდრის დანაშაული. და შენ და შენმა ძეებმა შენთან ერთად უნდა იკისროთ თქვენი მღვდლობის დანაშაული. და აგრეთვე შენი ძმანი – ტომი ლევისა, მამაშენის ტომი, დაიახლოვე. ისინი თან გახლდნენ შენ და გემსახურებოდნენ. ხოლო შენ და შენი ძენი შენთან ერთად უნდა იყოთ მოწმობის კარვის წინ. და აღასრულონ მოვალეობა შენს მიმართ და მოვალეობა მთელი კარვის მიმართ, ოღონდ საწმიდრის ჭურჭლებსა და სამსხვერპლოს არ მიუახლოვდნენ ისინი, რათა არ დაიხოცნეთ არც ისინი და არც თქვენ. და თან გახლდნენ შენ, და აღასრულონ მოვალეობა საკრებულო კარვის მიმართ, კარვის ყოველი სამუშაო. და უცხო არ მოგიახლოვდეთ თქვენ. და აღასრულეთ მოვალეობა საწმიდრისა და მოვალეობა სამსხვერპლოსი, და მეტი აღარ იქნება რისხვა ისრაელის ძეებზე. და მე ავიყვანე თქვენი ძმები, ლევიანები, ისრაელის ძეთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილი უფლისაგან, რათა აღასრულონ მსახურება საკრებულო კარვისა. ხოლო შენ, და შენმა ძეებმა შენთან ერთად, აღასრულეთ თქვენი მღვდლობა ყოველივეში, რაც შეეხება სამსხვერპლოს და იმას, რაც შიგნითაა, ფარდის მიღმა, და მსახურებდეთ. თქვენთვის მომიძღვნია მღვდლობა და უცხო, რომელიც მიუახლოვდება, მოკვდება.“ და უთხრა უფალმა აარონს: „აჰა, მე დაგავალე შენ მეთვალყურეობა ჩემსა და ისრაელის ძეთა ყოველ შემოწირულობაზე, მოგეცი წილად შენ და შენს ძეებს საუკუნო წესით. აი რა გეკუთვნის შენ წმიდათა წმიდიდან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი პურეულის შესაწირავი, და ყოველი მათი მსხვერპლი ცოდვისათვის და დანაშაულის ყოველი გამოსასყიდი, რასაც მომიტანენ მე; წმიდათა წმიდაა ის შენთვის და შენი ძეებისათვის. უწმიდეს ადგილზე ჭამეთ იგი. ყოველმა მამროვანმა ჭამოს იგი. სიწმიდე იყოს ის შენთვის. ესაა შენთვის მათი ძღვენის წილი ისრაელის ძეთა ყოველი შესარხევი შესაწირავიდან: შენ მოგეცი, შენს ძეებსა და შენს ასულებს შენთან ერთად საუკუნო წესად. შენს სახლში ყოველ სუფთას შეუძლია ჭამოს იგი. ყოველი საუკეთესო ზეთისაგან, ყოველი საუკეთესო ღვინისაგან და საუკეთესო მარცვლელულისაგან, მათ პირველმოწეულ ნაყოფთაგან, უფალს რომ მისცემენ, შენთვის მომიცია ისინი. და ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელიც მათ ქვეყანაშია, რომ მიუტანენ უფალს, შენი იქნება. შენ სახლში ყოველ სუფთას შეუძლია ჭამოს იგი. ისრაელში ყველა შემოწირულობა შენი იყოს. ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც მიუძღვნიან უფალს, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენი იყოს. მაგრამ შენ უნდა გამოისყიდო პირმშო ადამიანთაგანი, და უწმიდური პირუტყვის პირველმოგებულიც გამოისყიდე. მისი გამოსასყიდია: ერთი თვის ასაკიდან გამოისყიდე შენი შეფასების მიხედვით, ხუთ ვერცხლ შეკელად, საწმიდრის შეკელით. ოცი გერაა იგი. მაგრამ პირველმოგებული ძროხისა, ან პირველმოგებული ცხვრისა, ან პირველმოგებული თხისა არ გამოისყიდო: ისინი წმიდები არიან. მათი სისხლი მოაპკურე სამსხვერპლოზე და მათი ქონი აკმიე სრულადდასაწველ კეთილსურნელებად უფლისათვის. და მათი ხორცი შენი იყოს ისევე, როგორც შესარხეველი მკერდი და როგორც მარჯვენა ბეჭი შენი იყოს. ყოველი წმიდა შესაწირავი, რომელსაც სწირავენ ისრაელის ძენი უფალს, მომიცია შენთვის, შენი ძმებისა და ასულებისათვის შენთან ერთად, საუკუნო წესად. ეს საუკუნო აღთქმაა მარილისა უფლის წინაშე შენთვის და შენი შთამომავლობისათვის შენთან ერთად.“ და უთხრა უფალმა აარონს: „მათ ქვეყანაში არ დაიმკვიდრო სამკვიდრებელი და წილი არ გქონდეს შენ მათ შორის. მე ვარ წილი შენი და სამკვიდრებელი შენი ისრაელის ძეთა შორის. და ლევის ძეთ მე მივეცი ყოველი მეათედი ისრაელში სამკვიდრებლად, მათი მსახურების სანაცვლოდ, რასაც ასრულებენ საკრებულო კარვის მსახურებით. და არ მიუახლოვდნენ კვლავ ისრაელის ძენი საკრებულო კარავს, რომ არ დაიდონ ცოდვა და არ დაიხოცნონ. შეასრულონ ლევიანებმა მსახურება საკრებულო კარვისა და იტვირთონ მათი ცოდვები. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში. და ისრაელის ძეთა შორის არ დაიმკვიდრონ სამკვიდრებელი, რადგან ისრაელის ძეთა მეათედი, რომელსაც შესაწირავად სწირავენ უფალს, მე ლევიანებს მივეცი სამკვიდრებლად. ამისათვის ვუთხარი მე მათ: ისრაელის ძეთა შორის ისინი არ დაიმკვიდრებენ სამკვიდრებელს.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე ლევიანებს და უთხარი მათ: ‘როდესაც აიღებთ ისრაელის ძეთაგან მეათედს, რომელიც მე მოგეცით მათგან სამკვიდრებლად, მაშინ შესწირავთ მისგან უფლის შესაწირავს, მეათედს მეათედისაგან. და ჩაგეთვლებათ თქვენი შესაწირავი, როგორც მარცვლელული კალოდან და როგორც სისავსე საწნახლიდან. ეგრე შესწირეთ თქვენც შესაწირავი უფალს ყოველი თქვენი მეათედიდან, რომელსაც აიღებთ ისრაელის ძეთაგან, და მისცემთ მისგან უფლის შესაწირავს აარონ მღვდელს. ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, შესწირეთ შესაწირავი უფალს, ყოველივე საუკეთესოთაგან, წმიდა ნაწილი მისგან’. და უთხარი მათ: ‘როცა შესწირავ საუკეთესოს მისგან, ითვლება იგი ლევიანთათვის, როგორც კალოს მოსავალი და როგორც საწნახლის მოსავალი. და ჭამეთ იგი ყოველ ადგილზე თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს თქვენი საზღაურია თქვენი სამსახურისათვის საკრებულო კარავში. და არ დაგედებათ ამისათვის ცოდვა, როცა შესწირავთ საუკეთესოს მისგან. ისრაელის ძეთა სიწმიდენი არ შებილწოთ და არ დაიხოცებით.’“ და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „აჰა, წესი რჯულისა, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელის ძეთ, რომ მოიყვანონ შენთან წითელი საღი დეკეული, რომელსაც არა აქვს ნაკლი, და არ სდგომია უღელი. და მიეცით ის ელეაზარ მღვდელს, და გაიყვანოს იგი ბანაკის გარეთ და დაკლან იგი მის წინაშე. და აიღოს ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი თითით და მოაპკუროს სისხლი საკრებულო კარვის წინა მხარეს შვიდჯერ. და დაწვან დეკეული მის თვალწინ. მისი ტყავი და მისი ხორცი და მისი სისხლი თავის სკორეანად დაწვან. და აიღოს მღვდელმა კედრის ხე და უსუპი, და ჭიაფერი ნართი და დააგდოს ალმოდებულ დეკეულზე. და გაირეცხოს მღვდელმა თავისი შესამოსელი და დაიბანოს თავისი სხეული წყლით, და შემდეგ შევიდეს ბანაკში. და შებილწული იქნება მღვდელი საღამომდე. და მისმა დამწველმა გაირეცხოს თავისი სამოსელი წყლით და დაიბანოს თავისი სხეული წყლით; და შებილწული იქნება საღამომდე. და შეაგროვოს სუფთა კაცმა ფერფლი დეკეულისა და დადოს ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილას, და იყოს ეს ისრაელის ძეთა თემისათვის შესანახად, გამასუფთავებელი წყლისთვის. ეს ცოდვის მსხვერპლია. დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა გაირეცხოს თავისი სამოსელი და შებილწული იქნება საღამომდე. ეს იყოს ისრაელის ძეთათვის და ხიზანთათვის, მათში რომ ხიზნობენ, საუკუნო წესად. ვინც ადამიანის გვამს მიეკარება, შებილწული იქნება შვიდი დღე. იგი გასუფთავდება ცოდვისაგან ფერფლით მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და სუფთა იქნება. და თუ ის არ გასუფთავდება მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება სუფთა. ყოველი, ვინც მიეკარება მკვდარს, ადამიანის ცხედარს, და არ გაისუფთავებს თავს, უფლის სავანეს შებილწავს იგი. მოიკვეთოს ეს სული ისრაელიდან, რადგან გამასუფთავებელი წყალი არ ეპკურა მას, და შებილწულია ის და მისი სიბილწე კვლავ მასზეა. ეს არის რჯული: თუ ადამიანი კარავში მოკვდება, მაშინ ყოველი, ვინც შევა კარავში, და ყოველი, ვინც კარავშია, შებილწული იქნება შვიდი დღე. და ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც არაა დახურული თავსახურავით, შებილწულია. და ყოველი, რომელიც შეეხება მინდორში მახვილით განგმირულს, ან მკვდარს, ან ადამანის ძვალს, ან საფლავს, შებილწულია იგი შვიდი დღე. და შებილწულისათვის აიღონ ცოდვისათვის დამწვარი დეკეულის ფერფლი, და დაასხან მას წყაროს წყალი ჭურჭელში. და აიღოს სუფთა ადამიანმა უსუპი, და ამოავლოს ამ წყალში, და აპკუროს კარავს, და ყოველ ჭურჭელს და ყველა ადამიანს, რომელიც იქ არის, და ვინც ან ძვალს, ან მკვდარს, ან მოკლულს ან საფლავს გაკარებია. და აპკუროს სუფთამ შებილწულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და გაასუფთავებს მას მეშვიდე დღეს. და გაირეცხავს თავის სამოსელს, და დაიბანს წყლით, და სუფთა იქნება საღამოზე. და თუ ვინმე შეიბილწა და არ გასუფთავდება, უნდა მოიკვეთოს ის სული კრებულიდან, რადგან მან შებილწა უფლის საწმიდარი. გამასუფთავებელი წყალი არ პკურებია მას, შებილწულია იგი. იყოს ეს მათთვის საუკუნო წესად. და წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს თავისი სამოსელი. ვინც გამასუფთავებელ წყალს გაეკარება, შებილწული იქნება საღამომდე. და ყოველი, რასაც შებილწული გაეკარება, შებილწული იქნება. და მას მიკარებული ადამიანიც შებილწული იქნება საღამომდე.“ მოვიდნენ ისრაელის ძენი, მთელი თემი, ცინის უდაბნოში პირველ თვეს, და შეჩერდა ხალხი კადეშში, და მოკვდა იქ მირიამი და იქვე დაიმარხა. და არ ჰქონდა თემს წყალი, და შეიკრიბნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ. და დრტვინავდა ხალხი მოსეს მიმართ, და ამბობდა ასე: „ნეტავ ჩვენც მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები იხოცებოდნენ უფლის წინაშე. რად მოიყვანეთ უფლის კრებული ამ უდაბნოში, რომ დავიხოცოთ აქ ჩვენ და ჩვენი საქონელი? რად ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ მოგეყვანეთ ამ უვარგის ადგილზე, რომელზედაც არც ითესება, და არც ლეღვია და არც ვაზი, არც ბროწეული და წყალიც კი არაა დასალევად?“ და წავიდნენ მოსე და აარონი კრებულისაგან საკრებულო კარვის შესასვლელისაკენ, და დაეცნენ პირქვე, და გამოეცხადათ დიდება უფლისა. და უთხრა უფალმა მოსეს: „აიღე კვერთხი, და შეკრიბეთ თემი შენ და აარონმა, შენმა ძმამ. და უთხარით კლდეს მათ თვალწინ, და მოგცემთ ის თავის წყალს. და ასე გამოუდენ მათ წყალს კლდიდან, და ასვი ამ შენს თემსა და მათ პირუტყვს.“ და აიღო მოსემ კვერთხი, რომელიც იყო უფლის წინაშე, როგორც მან უბრძანა. და შეკრიბეს მოსემ და აარონმა კრებული კლდესთან, და უთხრა მათ: „ისმინეთ, ურჩებო, ამ კლდისაგან ხომ არ გამოგიდინოთ წყალი?“ და აღმართა მოსემ ხელი, და დაჰკრა კლდეს თავისი კვერთხი ორჯერ. და წამოვიდა უხვად წყალი, და სვა თემმა და მათმა პირუტყვმა. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „რადგან არ მერწმუნეთ მე, რომ გამომეჩინა ისრაელის ძეთა თვალში ჩემი სიწმიდე, ამიტომ ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული. ესაა მერიბას წყალი, სადაც დრტვინავდნენ ისრაელის ძენი უფალთან, და სადაც გამოუჩინა მან მათ თავისი სიწმიდე.“ და გაგზავნა მოსემ მოციქულნი კადეშიდან ედომის მეფესთან ამ სიტყვებით: „ასე თქვა შენმა ძმამ, ისრაელმა: შენ იცი ყოველი სიძნელე, რომელიც გადაგვხდა ჩვენ. ჩავიდნენ ჩვენი მამები ეგვიპტეში, და ვცხოვრობდით ეგვიპტეში დიდხანს, და ცუდად გვეპყრობოდნენ ეგვიპტელნი ჩვენ და ჩვენს მამებსაც. და შევღაღადეთ უფალს, და ისმინა მან ჩვენი ხმა, და მოავლინა ანგელოზი და გამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტიდან. და ჩვენ მოვედით კადეშში, ქალაქში შენი საზღვრის კიდეზე. გავივლით, გთხოვთ, შენს ქვეყანაში. არ გავივლით ყანებზე და ვენახებზე, და არც დავლევთ შენი ჭის წყალს. გავივლით სამეფო გზით, არ გადავუხვევთ მარჯვნივ და მარცხნივ, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვარს.“ და უთხრა მას ედომმა: „არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით გამოგეგებები.“ და უთხრეს მას ისრაელის ძეთ: „ჩვენ წავალთ გაკაფული გზით, და თუ შენი წყალი დავლიოთ ჩვენ და ჩვენმა საქონელმა, მაშინ ფასს მოგცემთ; არ გთხოვთ არაფერს, მხოლოდ ფეხით გავივლით.“ მაგრამ მან შეუთვალა: „არ გაიარო!“ და გამოვიდა ედომი მის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ხალხით და ძლიერი ხელით. და არ დათანხმდა ედომი, რომ გზა მიეცა ისრაელისთვის, რათა გაევლო მას მის საზღვრებში. და გვერდი აუარა მას ისრაელმა. და დაიძრნენ კადეშიდან ისრაელის ძენი, და მივიდა მთელი თემი ჰორის მთასთან. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე: „შეეძინოს აარონი თავის ხალხს, რადგან იგი არ შევა იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი ისრაელის ძეთ, რადგან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან. წაიყვანე აარონი და ელეაზარი, მისი ძე, და აიყვანე ისინი ჰორის მთაზე. და გახადე აარონს მისი შესამოსელი და შემოსე მით ელეაზარი, მისი ძე, რადგან აარონი შეეძინება თავის ხალხს და მოკვდება იქ.“ და გააკეთა მოსემ ისე, როგორც ბრძანა უფალმა, და ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი თემის თვალწინ. და გახადა მოსემ აარონს მისი შესამოსელი, და შემოსა მით ელეაზარი, ძე მისი. და მოკვდა აარონი იქ მთის მწვერვალზე, და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან. და იხილა მთელმა თემმა, რომ მოკვდა აარონი, და ტიროდა აარონს ისრაელის მთელი სახლი ოცდაათი დღე. და გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, სამხრეთის მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით. და შეებრძოლა იგი ისრაელს, და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა. და აღუთქვა ისრაელმა აღთქმა უფალს, და თქვა: „თუ ამ ხალხს ჩამიგდებ ხელში, მაშინ მათ ქალაქებს ავაოხრებ.“ და ისმინა უფალმა ისრაელის ხმა, და მისცა ქანაანელნი, და ააოხრეს ისინი და მათი ქალაქებიც, და უწოდეს სახელი იმ ადგილს ხორმა. და დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვისაკენ მიმავალი გზით, რათა გვერდი აევლოთ ედომის ქვეყნისთვის. და ხალხმა გამოავლინა სულმოკლეობა გზაზე. ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: „რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ დავიხოცოთ უდაბნოში? რადგან არაა პური და არც წყალი, და ჩვენს სულს შესძაგდა ეს უვარგისი საჭმელი.“ და მოუვლინა უფალმა ხალხს შხამიანი გველები და დაკბინეს ხალხი, და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი. და მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა მას: „შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ. ილოცე უფლის მიმართ, მოაშოროს ჩვენგან გველი.“ და ილოცა მოსემ ხალხისათვის. და უთხრა უფალმა მოსეს: „გააკეთე შენთვის გველი და დაამაგრე იგი დროშაზე, და ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი დარჩება.“ და გააკეთა მოსემ სპილენძის გველი, და დადო იგი დროშაზე. და თუ დაგესლავდა გველი კაცს და შემდეგ შეხედავდა იგი სპილენძის გველს, ცოცხალი რჩებოდა. და აიყარნენ ისრაელის ძენი და დაიბანაკეს ობოთში. და აიყარნენ ობოთიდან, და დაიბანაკეს ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, რომელიც მოაბის პირისპირაა, მზის აღმოსავლეთისკენ. და იქიდან აიყარნენ და დაბანაკდნენ ზარედის ხევში. იქიდან აიყარნენ და დაბანაკდნენ უდაბნოში, არნონის მიღმა, რომელიც გამოდის ამორეველთა საზღვრიდან. რადგან არნონი საზღვარია მოაბისა, მოაბსა და ამორეველთა შორის. ამისათვის ნათქვამია უფლის ბრძოლების წიგნში: ვაჰები სუფაში და ხევნი არნონისა, და ქანობი ნაკადებისა, რომელიც ეშვება ყარისაკენ და ებჯინება მოაბის საზღვარს. და იქიდან აიყარნენ ისინი ბეერისაკენ. ეს ის ჭაა, რომელზეც მოსეს უთხრა უფალმა: „შეკრიბე ხალხი და წყალს მივცემ მათ.“ მაშინ გალობდა ისრაელი ამ საგალობელს: „აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას. ჭას, რომელიც გათხარეს მთავრებმა, გაკვალეს იგი ხალხის წინამძღვრებმა კვერთხით, თავიანთი არგნებით!“ და უდაბნოდან აიყარნენ მათანასაკენ. და მათანადან – ნახალიელისაკენ და ნახალიელიდან – ბამოთისაკენ, და ბამოთიდან – ხეობისაკენ, რომელიც მოაბის ველზეა, ფისგას მწვერვალზე, უდაბნოს რომ გადაჰყურებს. და გაუგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონს, ამორეველთა მეფეს, ამ სიტყვებით: „გავივლით შენს ქვეყანაზე. არ შევალთ არც ყანებში და არც ვენახებში, არც დავლევთ შენი ჭის წყალს, და ვივლით სამეფო გზაზე, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვრებს.“ მაგრამ სიხონმა თავის საზღვრებში გავლის ნება არ მისცა ისრაელს. და შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ უდაბნოში, და მივიდა იაჰცაში, და შეებრძოლა ისრაელს. და განგმირა იგი ისრაელმა მახვილით, და დაეუფლა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ტომებამდე, რადგან ყამონელთა ტომების საზღვარი გამაგრებული იყო. და აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დასახლდა ისრაელი ამორეველთა ყველა ქალაქში, ხეშბონში და ყველა მის სოფელში. რადგან ხეშბონი იყო ამორეველთა მეფე სიხონის ქალაქი. და იგი ებრძოდა მოაბის წინამორბედ მეფეს, და ხელიდან წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე. ამიტომ ამბობენ მეიგავენი: „შედით ხეშბონში, რათა აშენდეს! და განმტკიცდეს ქალაქი სიხონისა. რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი – სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი. ვაი შენ, მოაბო! განადგურდი ქამოშის ხალხო! მისცა მისი ძენი ლტოლვილებად და მისი ასულნი ტყვეებად ამორეველთა მეფეს, სიხონს. და ჩვენ განვგმირეთ ისინი. გაწყდა ხეშბონი დიბონამდე, და ნოფახამდე ავაოხრეთ, რომელიც მედების მახლობლადაა.“ და დასახლდა ისრაელი ამორეველთა ქვეყანაში. და გაგზავნა მოსემ მსტოვარნი იაყზერის დასაზვერად, და დაიპყრეს მათ მისი გარეუბნები, და განდევნეს ამორეველები, რომელნიც იქ იყვნენ. და შემობრუნდნენ ისინი და ავიდნენ ბაშანის გზით, და ედრეყიში გამოვიდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ყოგი, ბაშანის მეფე, და მთელი მისი ხალხი. და უთხრა უფალმა მოსეს: „ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ხალხი და მისი ქვეყანა. მოექეცი ისე, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველთა მეფეს, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში.“ და მუსრი გაავლო მას და მის ძეებს და მთელ ხალხს, და არავინ დაუტოვეს ცოცხალი, და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა. და აიყარნენ ისრაელის ძენი და დაბანაკდნენ მოაბის ველებზე, იორდანეს გაღმა მხარეს, იერიხოს ქვემოთ. და იხილა ბალაკმა, ციფორის ძემ, ყოველი, რაც უყო ისრაელმა ამორეველებს. და ძალზე შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან იგი მრავალრიცხოვანი იყო. და დაფრთხა მოაბი ისრაელის ძეთა წინაშე. და უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: „ახლა გააჩანაგებს ეს კრებული ყოველივეს, რაც ჩვენს გარშემოა, როგორც ხარი აჩანაგებს მინდვრის ბალახს.“ ხოლო ბალაკი, ძე ციფორისა, მოაბის მეფე იყო იმჟამად. და გაუგზავნა მოციქულები ბილყამს, ბეყორის ძეს, ფეთორში, რომელიც მდინარესთანაა, თავისი ხალხის ძეთა ქვეყანაში, რათა მოეწვიათ იგი და ეთქვათ: აჰა, ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. უკვე დაფარა მიწის პირი და ის ჩემს პირდაპირ მკვიდრობს. და ახლა, წადი, დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან იგი ჩემზე ძლიერია. ეგების შევძლო და განვდევნო ამ ქვეყნიდან, რადგან ვიცი: ვისაც აკურთხებ, კურთხეულ იქნება, და ვისაც დაწყევლი, წყეული იქნება.“ და წავიდნენ უხუცესები მოაბისა და უხუცესები მიდიანისა. მათ ხელთ ჰქონდათ სამისნო საფასი. და მივიდნენ ბილყამთან, და მოუთხრეს მას სიტყვები ბალაკისა. და უთხრა მათ ბილყამმა: „გაათიეთ აქ ეს ღამე და გაგცემთ პასუხს, როგორც უფალი მეტყვის.“ და დარჩნენ მთავრები მოაბისა ბილყამთან. და მივიდა ღმერთი ბილყამთან და ჰკითხა: „ვინ არიან ეს კაცები შენთან?“ და უთხრა ბილყამმა ღმერთს: „ბალაკმა, ციფორის ძემ, მოაბის მეფემ, გამომიგზავნა: ‘აჰა ხალხი, რომელიც გამოვიდა ეგვიპტიდან, დაფარა მიწის პირი. ახლა წადი, დამიწყევლე იგი. ეგების შევძლო შებრძოლება მასთან, რომ განვდევნო.’“ და უთხრა ღმერთმა ბილყამს: „არ წაჰყვე მათ, არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი.“ და ადგა ბილყამი დილას, და უთხრა ბალაკის მთავრებს: „წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან უფალს არ სურს თქვენთან გამომიშვას.“ და ადგნენ მოაბელი მთავრები, და მოვიდნენ ბალაკთან და უთხრეს: „არ ნებავს ბილყამს წამოსვლა ჩვენთან.“ და კვლავ გაგზავნა ბალაკმა მთავრები, მრავალნი და მათზე უფრო სახელოვანნი. და მივიდნენ ბილყამთან და უთხრეს მას: „ასე თქვა ბალაკმა, ციფორის ძემ: ‘ნუ იტყვი უარს ჩემთან მოსვლაზე, რადგან ძალიან დიდ პატივს გცემ, და ყველაფერს, რასაც მეტყვი, გავაკეთებ. წამოდი, დამიწყევლე ეს ხალხი.’“ „თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, ვერ გადავალ ჩემი ღმერთის ბრძანებას. ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს. და ახლა დარჩით თქვენც აქ ამაღამ, და მე გავიგებ, რას მეტყვის კვლავ უფალი.“ და მოვიდა ღმერთი ბილყამთან ღამე, და უთხრა მას: „თუ შენს მისაწვევად მოვიდნენ ეს კაცები, ადექ, გაჰყევი მათ. ოღონდ რასაც მე გეტყვი, იმას გააკეთებ.“ და ადგა ბილყამი დილით და შეკაზმა თავისი ვირი და ავიდა მოაბელთა მთავრებთან. და აღიგზნო რისხვა ღვთისა, რადგან წავიდა იგი. და დადგა უფლის ანგელოზი გზაზე მის დასაბრკოლებლად. იგი ამხედრებული იყო თავის ვირზე და მისი ორი მსახური იყო მასთან. და იხილა ვირმა უფლის ანგელოზი, მდგომარე გზაზე, და მის ხელში გაშიშვლებული მახვილი, და გადაუხვია ვირმა გზიდან, და წავიდა მინდორზე. ბილყამმა კი ვირს დაუწყო ცემა, რათა მოებრუნებინა გზაზე. და დადგა უფლის ანგელოზი ვენახთა ბილიკზე: ღობე იყო ერთი მხრიდან და ღობე იყო მეორე მხრიდან. და როცა დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი, მიეკრა კედელს, და კედელს მიაჭყლიტა ბილყამის ფეხი. და მან კვლავ დაუწყო ცემა ვირს. და კვლავ გაიარა უფლის ანგელოზმა და დადგა ვიწრო ადგილზე, სადაც არ იყო გზა გადასახვევი არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი და დაწვა ბილყამის ქვეშ. და აღიგზნო რისხვა ბილყამისა და სცემა ჯოხით ვირს. და გაუხსნა უფალმა ბაგე ვირს და უთხრა მან ბილყამს: „რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედა მცემ?“ და უთხრა ბილყამმა ჭაკ ვირს: „რადგან აბუჩად ამიგდე მე. ხელში მახვილი რომ მქონოდა, ახლავე მოგკლავდი.“ და უთხრა ვირმა ბილყამს: „განა შენი ვირი არა ვარ, რომლითაც დადიხარ მთელი შენი ცხოვრება დღემდე? განა მჩვევია შენთან ასე მოქცევა?“ და უპასუხა მან: „არა.“ და აუხილა თვალები ბილყამს უფალმა, და იხილა მან უფლის ანგელოზი, მდგომარე გზაზე, და მის ხელში გაშიშვლებული მახვილი. და მუხლი მოიყარა ბილყამმა და თაყვანი სცა პირქვე დამხობილმა. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „რად სცემე ვირს მესამეჯერ? მე გამოვედი დასაბრკოლებლად, რადგან უსწორმასწოროა ეს გზა ჩემს წინაშე. დამინახა ვირმა და სამჯერ გადაუხვია ჩემგან. რომ არ გადაეხვია ჩემგან, მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი.“ და უთხრა ბილყამმა უფლის ანგელოზს: „შევცოდე მე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ დგახარ ჩემს გზაზე. და ახლა, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან დავბრუნდები.“ და უთხრა უფლის ანგელოზმა ბილყამს: „წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი.“ და წავიდა ბილყამი ბალაკის მთავრებთან. და გაიგო ბალაკმა, რომ მოვიდა ბილყამი, და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბელთა ქალაქში, რომელიც არნონის საზღვარზეა, მის კიდეზე. და უთხრა ბალაკმა ბილყამს: „ხომ გამოგიგზავნე მოციქულნი მოსაწვევად? რად არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ არ შემიძლია შენი პატივისცემა?“ და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „აჰა, მოვედი შენთან. ახლა კი შემიძლია რაიმეს თქმა? რასაც ჩამიდებს ღმერთი ბაგეებში, იმას ვიტყვი.“ და წავიდა ბილყამი ბალაკთან, და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში, და დაკლა ბალაკმა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, და გაუგზავნა ბილყამს და მთავრებს, რომელნიც იყვნენ მასთან. და დილით წაიყვანა ბალაკმა ბილყამი და აიყვანა ბაყალის გორაკებზე, და იხილა იქიდან ხალხის განაპირა ბანაკი. და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.“ და გააკეთა ბალაკმა, როგორც ბილყამმა ილაპარაკა, და აიყვანეს ბალაკმა და ბილყამმა თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე. და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „დადექ შენს სრულადდასაწველთან, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი, და რასაც იგი მაუწყებს, განგიცხადებ.“ და წავიდა იგი მაღლობისკენ. და გამოეცხადა ღმერთი ბილყამს, და ბილყამმა უთხრა მას: „მოვაწყე შვიდი სამსხვერპლო და ავიტანე თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე.“ და ჩაუდო უფალმა სიტყვანი ბილყამს ბაგეში, და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ეს სიტყვები.“ და დაბრუნდა მასთან, და აჰა, ის უდგას თავის სრულადდასაწველს მოაბის ყველა მთავართან ერთად. და წარმოთქვა მან თავისი იგავი, და თქვა: „შუამდინარეთიდან მომიყვანა მე ბალაკმა, მოაბის მეფემ ‘აღმოსავლეთის მთებიდან’: წამოდი და დამიწყევლე იაკობი, წამოდი და შეაჩვენე ისრაელი.“ როგორ დავწყევლო? ღმერთი არ წყევლის მას. როგორ შევაჩვენო? უფალს არ შეუჩვენებია! კლდეთა თხემებიდან ვხედავ მას და ბორცვთაგან მას დავცქერი: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხთა შორის არ ირიცხება. ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ვინ დაითვლის ისრაელის მეოთხედს? მოკვდეს სული ჩემი მართალთა სიკვდილით, და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი.“ და უთხრა ბალაკმა ბილყამს: „რა მიყავი? ჩემს მტერთა დასაწყევლად მოგიყვანე, შენ კი კურთხევით აკურთხე.“ და უპასუხა მან: „განა რასაც უფალი ჩამიდებს ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?“ და უთხრა მას ბალაკმა: „წამოდი ჩემთან სხვა ადგილზე, საიდანაც მას დაინახავ. მაგრამ შენ დაინახავ მხოლოდ მის ნაწილს, მთელს კი ვერ დაინახავ. და დამიწყევლე ის იქიდან.“ და წაიყვანა იგი ცოფიმის ველზე, ფისგას მწვერვალზე, და ააშენა შვიდი სამსხვერპლო, და აიყვანა მოზვერი და ვერძი თვითეულ სამსხვერპლოზე. და უთხრა მან ბალაკს: „დადექი აქ შენს სრულადდასაწველთან, მე კი იქ წავალ უფალთან შესახვედრად.“ და შეხვდა უფალი ბილყამს, და ჩაუდო სიტყვანი მას ბაგეებში და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ეს სიტყვები.“ და ის მივიდა მასთან, და ნახა, რომ იდგა იგი თავის სრულადდასაწველთან, და მოაბის მთავრებიც მასთან იყვნენ. და უთხრა მას ბალაკმა: „რა თქვა უფალმა?“ და წარმოთქვა მან თავისი იგავი: „ადექი, ბალაკ, და ისმინე და ყური მიგდე, ციფორის ძეო. ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის ძეა, რომ გადათქვას. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ აღასრულოს? აჰა, კურთხევა მებრძანა და მან აკურთხა, და ვერ დავაბრუნებ. არ შეუმჩნევია სიცრუე იაკობში და არ დაუნახავს უკეთურება ისრაელში. უფალი, მისი ღმერთი, მასთანაა, და მეფური ჟინია მასში. ღმერთმა გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან. ძლიერება მარტორქისა აქვს მას. რადგან არაა მისნობა იაკობის წინააღმდეგ. და არაა ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. თავის დროზე ეტყვიან იაკობსა და ისრაელს: ‘რა მოიმოქმედა ღმერთმა.’ აჰა, ხალხი ლომის ბოკვერივით წამოდგება და ლომივით წამოიმართება. სანამ ნანადირევს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ შესვამს, არ დაწვება.“ და უთხრა ბალაკმა ბილყამს: „ნურც დაწყევლი და ნურც აკურთხებ მას!“ და მიუგო ბილყამმა, და უთხრა ბალაკს: „განა არ გითხარი, რომ ყოველივეს, რასაც უფალი მეტყვის, გავაკეთებ-მეთქი?“ და უთხრა ბალაკმა ბილყამს: „წამოდი, სხვა ადგილას წაგიყვან. იქნებ სასურველი იყოს ღმერთის თვალში და დამიწყევლო იქიდან.“ და წაიყვანა ბალაკმა ბილყამი ფეღორის მწვერვალზე, რომელიც გადმოჰყურებს უდაბნოს. და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „ამიშენე შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.“ და გააკეთა ბალაკმა, როგორც უთხრა ბილყამმა, და აიყვანა მოზვერი და ვერძი თვითეულ სამსხვერპლოზე. და იხილა ბილყამმა, რომ სასურველია კურთხევა ისრაელისა უფლის თვალში, და აღარ წავიდა, როგორც უწინ, სამისნოდ, არამედ მიმართა თავისი პირისახე უდაბნოსაკენ. და აღაპყრო ბილყამმა თვალები, და იხილა განლაგებული ისრაელი თავისი ტომებით და გადმოვიდა მასზე სული ღვთისა. და მან წარმოთქვა თავისი იგავი, და თქვა: „ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა, ნათქვამი ღვთის სიტყვების გამგონისა, რომელიც ხედავს ყოვლისშემძლის ხილვას. ეცემა მაგრამ თვალები ღია აქვს. რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი სადგომები, ისრაელ! როგორც გაშლილი მინდორ-ველები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვისხეები, როგორც კედარნი წყლის პირას. იდინებს წყალი მისი კოკებიდან, და მისი თესლი იქნება უხვწყლიანი. აღემატება აგაგს მისი მეფე, და აღზევდება სამეფო მისი. ღმერთმა გამოიყვანა იგი ეგვიპტიდან, მარტორქის ძლიერება აქვს მას, შთანთქავს ხალხებს, თავის მტრებს, და მათ ძვლებს შემუსრავს, და თავისი ისრებით განგმირავს. ჩაიმუხლა, მიწვა ხვადი ლომივით, და ძუ ლომივით; ვინ წამოაგდებს მას? მაკურთხებელი შენი კურთხეულია, და მაწყევარი შენი დაწყევლილია.“ და აღიგზნო რისხვა ბალაკისა ბილყამის მიმართ, და ხელი ხელს შემოკრა, და უთხრა ბალაკმა ბილყამს: „ჩემს მტერთა დასაწყევლად მოგიხმე, შენ კი კურთხევით აკურთხე მესამეჯერ. ახლა კი, გაიქეცი შენს ადგილზე. მე ვთქვი პატივს გცემ-მეთქი, და აჰა, უფალმა დაგიკავა პატივი.“ და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „განა არ ვუთხარი შენს მოციქულებსაც, რომელნიც მომიგზავნე, თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული სახლი მომცე, ვერ გადავალ ჩემი უფლის ბრძანებას. ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი, ვერც ცუდს ჩემი ნებით. რასაც იტყვის უფალი, იმას ვიტყვი-მეთქი. და ახლა მე მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგანდობ, რასაც უზამს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში.“ და წარმოთქვა მან თავისი იგავი: „ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა; ნათქვამი ღვთის სიტყვების გამგონისა, რომელმაც იცის უზენაესის ცოდნა, რომელიც ხედავს ყოვლისშემძლის ჩვენებას, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს, მას ვხედავ, მაგრამ არა ახლა, მას ვუყურებ, მაგრამ არა ახლოდან: ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან, და აღიმართება კვერთხი ისრაელისგან, და შემუსრავს მოაბის საზღვრებს, და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს. და საკუთრება იქნება ედომი, და თავისი მტრების საკუთრება იქნება სეყირი; და ისრაელი იმოქმედებს ძლიერებით. და დაეპატრონება იაკობისაგანი, და დაღუპავს გადარჩენილებს ქალაქიდან.“ და იხილა მან ყამალეკი და წარმოთქვა თავისი იგავი, და თქვა: „წარმართთა დასაბამია ყამალეკი და დაღუპვაა მისი ბოლო.“ და მან იხილა კენიელნი და წარმოთქვა თავისი იგავი: „ძლიერია შენი სამყოფელი, და კლდეზე დაგიდვია ბუდე. თუ აოხრდება კაენი, როდემდე ეყოლები აშურის ტყვედ?“ და წარმოთქვა თავისი იგავი და თქვა: „ჰოი, ვინ იცოცხლებს, როცა ამას მოახდენს ღმერთი? გამოვლენ გემები ქითიმიდან და დაიმორჩილებენ აშურს, და დაიმორჩილებენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან.“ და ადგა ბილყამი, და წავიდა და დაბრუნდა თავის ადგილას. და წავიდა ბალაკიც თავისი გზით. და ცხოვრობდა ისრაელი შიტიმში, და იწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან. და იწვევდნენ ისინი ხალხს თავიანთი ღმერთების შესაწირავებზე, და ჭამა ხალხმა და თაყვანი სცა მათ კერპებს. და მიეტმასნა ისრაელი ბაყალ-ფეღორს, და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე. და უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე ყოველი მთავარი ხალხისა და ჩამოკიდე ისინი მზისით უფლის წინაშე, და გადავა მძვინვარება უფლის რისხვისა ისრაელისაგან.“ და უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: „მოკლას თითოეულმა თავისი კაცები, ვინც კი ბაყალ-ფეღორს მიეტმასნა.“ და ერთხელ ვიღაცა ისრაელის ძეთაგანი მოვიდა და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსეს თვალწინ და ისრაელის ძეთა მთელი თემის თვალწინ. და ისინი ტიროდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან. და იხილა ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის ელეაზარის ძემ, და ადგა თემის შუაგულიდან და აიღო შუბი ხელში. და მიჰყვა ისრაელის ძის კვალს მის საწოლში და გააპო ორივე შუბით, ისრაელის ძე და ის ქალი – მუცელზე. და შეწყდა მუსვრა ისრაელის ძეთა. და გაწყდა მუსვრის დროს ოცდაოთხი ათასი კაცი. და უთხრა უფალმა მოსეს: „ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელის ძეებზე, რადგან შური იძია ჩემს გამო მათ შორის. და არ მოვსპე მე ისრაელის ძენი ჩემი შურით. ამიტომ უთხარი მას: აჰა, მე ვაძლევ მას მშვიდობის აღთქმას. და ეს იყოს მისთვის და მისი თესლისათვის მის შემდგომ მღვდლობის საუკუნო აღთქმად, იმისათვის, რომ შური იძია თავისი ღმერთისთვის და გამოისყიდა ისრაელის ძენი.“ ხოლო სახელი მოკლული ისრაელის ძისა, რომელიც მოკლულ იქნა მიდიანელ ქალთან, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა შტოს მამამთავარი. და სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, რომელიც იყო უბოთის მამისსახლის მთავარი მიდიანში. და უთხრა უფალმა მოსეს: „უმტრეთ მიდიანელებს და მუსრი გაავლეთ, ვინაიდან მტრულად მოგექცნენ ისინი თავიანთი მზაკვრობით, როცა გაცდუნეს თქვენ ფეღორის ამბით, და ქოზბის, მიდიანელი მთავრის ასულის ამბით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა მუსვრის დღეს ფეღორის გამო.“ და მუსვრის შემდეგ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს: „აღრიცხეთ ისრაელის ძეთა მთელი თემი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, თავიანთი მამის სახლითურთ, ყოველი ლაშქრად გამსვლელი ისრაელში.“ და უთხრეს მათ მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ: „ოცი წლის ასაკიდან და უფროსი აღრიცხეთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და ისრაელის ძეთ, რომელნიც გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან.“ რეუბენი პირმშოა ისრაელისა. რეუბენის ძენი: ხანოქისაგან ხანოქელთა საგვარეულო; ფალუსაგან ფალუელთა საგვარეულო. ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო; ქარმისაგან ქარმელთა საგვარეულო. ესენია რეუბენის ძეთა საგვარეულოები; და მათი რიცხვი იყო ორმოცდასამი ათას შვიდას ოცდაათი. და ფალუს ძენი: ელიაბი. და ძენი ელიაბისა: ნემუელი, დათანი და აბირამი. დათანი და აბირამი თემის წარჩინებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც მოსეს და აარონის წინააღმდეგ აქეზებდნენ კორახის დასს მათი ამბოხებისას უფლის წინააღმდეგ. და გაიხსნა მიწამ პირი და შთანთქა ისინი. და კორახიც დაიღუპა მათთან ერთად, როდესაც შთანთქა ცეცხლმა ორასორმოცდაათი კაცი. და მაგალითად იქცნენ ისინი. კორახის ძენი არ დახოცილან. ესენი იყვნენ სიმონის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: ნემუელისაგან ნემუელის საგვარეულო; იამინისაგან იამინის საგვარეულო; იაქინისაგან იაქინის საგვარეულო, ზერახისაგან ზერახის საგვარეულო; საულისაგან საულის საგვარეულო. ესენია საგვარეულოები სიმონისა: ოცდაორი ათას ორასი სული. და გადის ძენი თავინთი საგვარეულოებით: ცეფონისაგან ცეფონის საგვარეულო; ხაგისაგან ხაგის საგვარეულო; შუნისაგან შუნის საგვარეულო; ოზნისაგან ოზნის საგვარეულო; ყერისაგან ყერის საგვარეულო; აროდისაგან აროდის საგვარეულო; არიელისაგან არიელის საგვარეულო. ესენია გადის ძეთა საგვარეულოები აღრიცხვით, სულ ორმოცი ათას ხუთასი სული. იუდას ძენი: ყერი და ონანი [შელა, ფერეცი, ზერახი]. და გარდაიცვალნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში. და იყვნენ იუდას ძენი თავიანთი საგვარეულოებით: შელასაგან შელას საგვარეულო; ფერეცისაგან ფერეცის საგვარეულო; ზერახისაგან ზერახის საგვარეულო. და იყვნენ ფერეცის ძენი: ხეცრონისაგან ხეცრონის საგვარეულო; ხამულისაგან ხამულის საგვარეულო. ესენია იუდას საგვარეულოები თავიანთი აღრიცხვით სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი სული. ისაქარის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: თოლაყისაგან თოლაყის საგვარეულო; ფუვასაგან ფუვას საგვარეულო; იაშუბისაგან იაშუბის საგვარეულო; შიმრონისაგან შიმრონის საგვარეულო. ესენია ისაქარის საგვარეულოები აღრიცხვით, სულ სამოცდაოთხიათას სამასი სული. ზებულუნის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: სერედისაგან სერედის საგვარეულო; ელონისაგან ელონის საგვარეულო; იახლეელისაგან იახლეელის საგვარეულო. ესენია ზებულუნის საგვარეულოები აღრიცხვით, სულ სამოციათას ხუთასი სული. იოსების ძენი თავინთი საგვარეულოებით: მენაშე და ეფრემი. მენაშეს ძენი: მაქირისაგან მაქირის საგვარეულო; და მაქირმა შვა გილყადი; გილყადისაგან გილყადის საგვარეულო. ესენია გილყადის ძენი: იყეზერისაგან იყეზერის საგვარეულო; ხელეკისაგან ხელეკის საგვარეულო; და ასრიელისაგან ასრიელის საგვარეულო; და შექემისაგან შექემის საგვარეულო; და შემიდაყისაგან შემიდაყის საგვარეულო; და ხეფერისაგან ხეფერის საგვარეულო. და ცელაფხადს, ხეფერის ძეს, არ ჰყავდა ძენი, მხოლოდ ასულნი. და ცელაფხადის ასულთა სახელები იყო: მახლა და ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. ესენია მენაშეს საგვარეულოები. და მათში აღრიცხული იყო ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი სული. ესენი არიან ეფრემის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: შუთელახისაგან შუთელახის საგვარეულო; ბექერისაგან ბექერის საგვარეულო; თახანისაგან თახანის საგვარეულო. და ესენი არიან შუთელახიანები: ყერანისაგან ყერანის საგვარეულო. ესენია ეფრემის ძეთა საგვარეულოები აღრიცხვით, სულ ოცდათორმეტი ათას ხუთასი სული. და ესენი არიან იოსების ძენი თავიანთი საგვარეულოებით. ბენიამინის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: ბელაყისაგან ბელაყის საგვარეულო; აშბელისაგან აშბელის საგვარეულო; ახირამისაგან ახირამის საგვარეულო; შეფუფამისაგან შეფუფამის საგვარეულო; ხუფამისაგან ხუფამის საგვარეულო. და ბელაყის ძენი იყვნენ: არდი და ნაყამანი: არდისაგან არდის საგვარეულო; ნაყამანისაგან ნაყამანის საგვარეულო. ესენი არიან ბენიამინის ძენი თავიანთი საგვარეულოებით და თავიანთი აღრიცხვით – ორმოცდახუთი ათას ექვსასი სული. დანის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: შუხამისაგან შუხამის საგვარეულო. და ესენია დანის საგვარეულოები. სულ შუხამის საგვარეულოში აღრიცხვით იყო სამოცდაოთხი ათას ოთხასი სული. აშერის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: იმნასაგან იმნას საგვარეულო; იშვისაგან იშვის საგვარეულო; ბერიყასაგან ბერიყას საგვარეულო; ბერიყას ძეთაგან: ხებერისაგან ხებერის საგვარეულო; მალქიელისაგან მალქიელის საგვარეულო. და სახელი აშერის ასულისა იყო ზერახი. ესენია აშერის ძეთა საგვარეულოები აღრიცხვით, სულ ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი სული. ნაფთალის ძენი თავიანთი საგვარეულოებით: იახცეელისაგან იახცეელის საგვარეულო; გუნისაგან გუნის საგვარეულო; იეცერისაგან იეცერის საგვარეულო; შილემისაგან შილემის საგვარეულო. ესენია ნაფთალის ძეთა საგვარეულოები, და მათთან აღრიცხული იყო ორმოცდახუთი ათას ოთხასი სული. ეს არის აღრიცხულ ისრაელის ძეთა რაოდენობა: ექვსას ერთი ათას შვიდას ოცდაათი სული. და უთხრა უფალმა მოსეს: „მათ სამკვიდრებლად უნდა დანაწილდეს ეს ქვეყანა სახელთა რიცხვის მიხედვით. მრავალრიცხოვანთათვის გაზარდე მათი მიწის სამკვიდრებელი, ხოლო მცირერიცხოვანთათვის შეამცირე. თითოეულს თავისი აღრიცხვის მიხედვით მიეცემა თავისი სამკვიდრებელი. ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მათ მამათა ტომების სახელთა მიხედვით უნდა მიიღონ სამკვიდრებელი. წილისყრით დანაწილდება მათი სამკვიდრებელი მრავალრიცხოვანთა და მცირერიცხოვანთა შორის.“ და აღირიცხნენ ლევიანები თავიანთი საგვარეულოებით: გერშონისაგან გერშონის საგვარეულო, კეჰათისაგან კეჰათის საგვარეულო; მერარისაგან მერარის საგვარეულო. ესენია საგვარეულოები ლევისა: საგვარეულო ლიბნისა, საგვარეულო ხებრონისა, საგვარეულო მახლისა, საგვარეულო მუშისა, საგვარეულო კორახისა. და კეჰათმა შვა ყამრამი. და ყამრამის ცოლის სახელი იყო იოქებედი, ასული ლევისა, რომელიც მისმა ცოლმა ეგვიპტეში უშვა. და მან ყამრამს უშვა აარონი და მოსე, აგრეთვე მირიამი, მათი და. და შვა აარონმა ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. და დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე. და იყვნენ თავიანთი აღრიცხვით ოცდასამი ათასნი – ყოველი მამაკაცი, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი. მაგრამ ისინი არ აღრიცხულან ისრაელის ძეთა შორის, რადგან არ მიეცათ მათ სამკვიდრებელი მათ შორის. ეს იყო მოსესა და ელეაზარ მღვდლის აღრიცხვა, რომლებმაც აღრიცხეს ისრაელის ძენი მოაბის ველებზე, იორდანეს პირას, იერიხოსთან. და მათ შორის არავინ ყოფილა მოსესა და აარონ მღვდლის აღრიცხულთაგან, რომლებმაც აღრიცხეს ისრაელის ძენი სინაის უდაბნოში. რადგან თქვა უფალმა მათზე: „სიკვდილით მოკვდებიან ისინი უდაბნოში!“ და არ დარჩა მათგან არც ერთი, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა. და მივიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ხეფერის ძისა, ძისა გილყადისა, ძისა მაქორისა, ძისა მენაშესი, იოსების ძის საგვარეულოდან. და სახელები მისი ასულებისა: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. და წარდგნენ მოსეს წინაშე და ელეაზარ მღვდლის წინაშე, მთავართა და მთელი თემის წინაშე კარვის შესასვლელთან ამ სიტყვებით: „მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა უფლის წინააღმდეგ ამბოხებულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვით მოკვდა. და ძენი არ ჰყოლია მას. რატომ უნდა ამოირიცხოს მამაჩვენის სახელი თავისი საგვარეულოდან იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავს? მოგვეცი ჩვენ სამკვიდრებელი მამაჩვენის ძმებს შორის.“ და წარადგინა მოსემ მათი საქმე უფლის წინაშე. და უთხრა უფალმა მოსეს: „მართალს ამბობენ ასულნი ცელაფხადისა, მიეცი მათ სამკვიდრებელი სამფლობელო მათი მამის ძმათა შორის და გადაიტანე მათი მამის სამკვიდრებელი მათზე. და ისრაელის ძეთ განუცხადე: ‘კაცი რომ მოკვდეს და ვაჟი არ ჰყავდეს მას, მაშინ გადაიტანეთ მისი სამკვიდრებელი მის ასულზე. და თუ არ ჰყავს ასული, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის ძმებს. და თუ არ ჰყავს მას ძმები, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მისი მამის ძმებს. და თუ არ ჰყავს ძმები მის მამას, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის უახლოეს ნათესავს მისი საგვარეულოდან, და დაიმკვიდროს იგი. და ეს იყოს ისრაელის ძეთათვის სამართლის დადგენილებად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ადი ამ ყაბარიმის მთაზე და გადახედე ქვეყანას, რომელიც მე მივეცი ისრაელის ძეთ. და როცა იხილავ მას, შეეძინები შენს ხალხს შენც, როგორც შეეძინა აარონი, შენი ძმა. რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში თემის დრტვინვის დროს, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო წყალთან, მათ თვალწინ.“ და უთხრა მოსემ უფალს: „დანიშნოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ თემზე, რომელიც გამოვა მათ წინაშე და რომელიც შევა მათ წინაშე. რომელიც გაიყვანს და რომელიც მოიყვანს, რათა არ იყოს თემი უფლისა, როგორც ცხვარი, რომელსაც არა ჰყავს მწყემსი.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე იესო, ძე ნავესი, კაცი, რომელშიც არის სული, და დაადე ხელი, და დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი თემის წინაშე, და დანიშნე იგი მათ თვალწინ. და უწილადე შენი დიდება, რათა უსმინოს მას ისრაელის ძეთა მთელმა თემმა. და დადგეს ელეაზარ მღვდლის წინაშე, და გამოკითხავს მას ურიმის სამართალს უფლის წინაშე; მისი ბრძანებით გავა და მისი ბრძანებით შემოვა თვითონ და ყოველი ისრაელის ძე მასთან, და მთელი თემი.“ და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა. და მოიყვანა იესო და წარადგინა იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი თემის წინაშე, და მას დაასხა ხელები და დანიშნა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს მიერ. და უთხრა უფალმა მოსეს: „უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘ჩემი შესაწირავი, ჩემი პური საცეცხლო მსხვერპლისთვის, ჩემი კეთილსურნელება დაიცავით, რათა შემომწიროთ თავის დროზე’. და უთხარი მათ: ‘ესაა საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი ერთწლიანი კრავი, საღი, ყოველდღიურად, მუდმივ სრულადდასაწველად. ერთი კრავი მოიტანე დილით და მეორე კრავი მოიტანე საღამოხანს. და პურეულის ძღვნად მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ჰინის მეოთხედ გამოხდილ ზეთში აზელილი. ეს მუდმივი სრულადდასაწველია, სინაის მთაზე რომ სწირავდნენ კეთილსურნელებად, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. და მისი საღვრელი ჰინის მეოთხედია ერთ კრავზე. წმიდა ადგილზე დაღვარე ღვინის საღვრელი უფლისათვის. და მეორე კრავი მოიტანე საღამოხანს. დილანდელი პურეულის ძღვნისა და საღვრელის მსგავსად, მოამზადე საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის. და შაბათ დღეს ორი კრავი, ერთწლიანი, საღი, და პურეულის ძღვენი ორი მეათედი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი და მისი საღვრელი. ეს საშაბათო სრულადდასაწველია ყოველ შაბათს, მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი საღვრელის გარდა. და თქვენი ახალმთვარობების დასაწყისში შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს: ორი ნორჩი მოზვერი და ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი. და პურეულის საძღვნოდ სამი მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, ერთ მოზვერზე, და ორი მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, საძღვნოდ ერთ ვერძზე, და პურეულის საძღვნოდ ერთი მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, ერთ კრავზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელება შესაწირავია უფლისა. და მათი საღვრელები: ნახევარი ჰინი ღვინო მოზვერზე, მესამედი ჰინი ვერძზე და მეოთხედი ჰინი კრავზე. ეს სრულადდასაწველია ახალმთვარობისა, წელიწადის თვეებში. და ერთი ვაცი შესწირეთ უფალს ცოდვისთვის; მუდმივ სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს იგი, მის საღვრელთან ერთად. და პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს პასექია უფლისა. და ამ თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია. შვიდი დღე ხმიადი უნდა იჭამოს. პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა: არავითარი საქმე არ უნდა აკეთოთ. და შესწირეთ სრულადდასაწველი მსხვერპლი უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი კრავი ერთწლიანები, საღები უნდა იყვნენ ისინი. და პურეულის საძღვნო იყოს წმიდა ხორბლის ფქვილი, ზეთში აზელილი, სამი მეათედი მოზვერზე და ორი მეათედი ვერძზე. ერთი მეათედი მოიტანე თითო კრავზე შვიდი კრავიდან, და ერთი ცოდვის ვაცი თქვენი შენდობისათვის. შესწირეთ ესენი გარდა დილის სრულადდასაწველისა, რომელიც მუდმივი სრულადდასაწველია. ასე შესწირეთ ყოველდღე შვიდი დღის განმავლობაში: პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის; მუდმივ სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს, მის საღვრელთან ერთად. და მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის, არავითარი საქმე არ აკეთოთ. და პირველნაყოფთა დღეს, როცა ახალ პურეულ ძღვენს შესწირავთ უფალს თქვენს შვიდეულებში, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ აკეთოთ. და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი კრავი, და მათი პურეულის ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი: სამი მეათედი თითო მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე, ერთი მეათედი ნაწილი თითო კრავზე შვიდ კრავთაგან. და ერთი ვაცი თქვენი შენდობისათვის. მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვნის გარდა შესწირეთ ესენი მათ საღვრელებთან ერთად. საღები უნდა იყვნენ ისინი. და მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს დღე საყვირით მოწოდებისა იყოს თქვენთვის. და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფლისათვის, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი. და მათი პურეულის ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე, და ერთი მეათედი თითო კრავზე შვიდ კრავთაგან. და ერთი ვაცი ცოდვისთვის, თქვენი შენდობისათვის. გარდა ახალმთვარობების სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა, და მათი საღვრელების გარდა, რჯულის მიხედვით კეთილსურნელებად შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. და მეშვიდე თვის მეათე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. და დაიოკეთ თქვენი სულები, და არავითარი საქმე არ აკეთოთ. და შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს კეთილსურნელებად: ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღნი იყვნენ ისინი თქვენთვის. და მათი პურეულის ძღვენი, წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე, და ერთი მეათედი თითოეულ კრავზე შვიდ კრავთაგან. ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა ცოდვის შესანდობარი შესაწირავისა და მუდმივი სრულადდასაწველისა, და მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა. და მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ დღესასწაული უფლისათვის შვიდ დღეს. და შესწირეთ სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს: ცამეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი. საღნი უნდა იყვნენ ისინი, და მათი პურეულის ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, სამი მეათედი თითო მოზვერზე ცამეტ მოზვერთაგან, ორი მეათედი თითო ვერძზე ორ ვერძთაგან. და ერთი მეათედი თითო კრავზე თოთხმეტ კრავთაგან. და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. და მეორე დღეს: თორმეტი ნორჩი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი; და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვერთათვის, ვერძებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა. და მესამე დღეს: თერთმეტი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი, და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. და მეოთხე დღეს: ათი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი, და მათი ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, და ერთი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. და მეხუთე დღეს: ცხრა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი, და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ. და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა. და მეექვსე დღეს: რვა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი, და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ; და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელებისა. და მეშვიდე დღეს: შვიდი მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, საღი. და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. და მერვე დღეს დღესასწაული იყოს თქვენთვის: არავითარი საქმე არ აკეთოთ. და შესწირეთ სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი. და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრისათვის, ვერძისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ. და ერთი ვაცი ცოდვისთვის, გარდა მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, გარდა თქვენი აღთქმისა და თქვენი მოწყალებისა: თქვენი სრულადდასაწველები და თქვენი პურეულის ძღვენი და თქვენი საღვრელები და თქვენი სამშვიდობო მსხვერპლები.’“ და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს. და უთხრა მოსემ ისრაელის ტომთა მეთაურებს: „ეს ბრძანა უფალმა: ‘კაცმა რომ აღუთქვას აღთქმა უფალს, ან დაიფიცოს ფიცით, ან რაიმე აღუკვეთოს თავის თავს, რომ არ დაარღვევს თავის სიტყვას, ყოველივე, რაც მისი პირიდან გამოვიდა, უნდა ასრულდეს. ქალმა რომ აღუთქვას აღთქმა უფალს და რამე აღიკვეთოს თავისი მამის სახლში, თავისი ყმაწვილქალობისას, და მამამისმაც გაიგოს მისი აღთქმა და მისი აღკვეთა, რომელიც აღუკვეთა თავის თავს, და არას იტყვის მის შესახებ მამამისი, მაშინ უნდა ასრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რომელიც აღუკვეთა თავის სულს. და თუ დაუშლის მამამისი მას იმ დღეს, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და მისი აღკვეთა, რომელიც აღუკვეთა თავის თავს, არ ასრულდება და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა მას. და თუ იგი გათხოვდება, და მასზე მისი აღთქმანი დარჩება, ანდა მის ბაგეს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და გაიგებს მისი ქმარი, რომელ დღესაც გაიგებს და არას იტყვის მის შესახებ, მაშინ მისი აღთქმა უნდა ასრულდეს, და მისი აღკვეთანი, რაც აღუკვეთა თავის თავს, უნდა ასრულდეს. და თუ მისი ქმარი იმ დღეს, როცა გაიგებს, დაუშლის მას, მაშინ მან უნდა გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და მის ბაგეებს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს მას. ქვრივისა და ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი, რაც აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა ასრულდეს მასზე. და თუ თავისი ქმრის სახლში დადებს აღთქმას, ან რასმე აღუკვეთს თავის თავს ფიცით, და გაიგებს მისი ქმარი და არას ეტყვის და არ დაუშლის, მაშინ უნდა ასრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც აღუკვეთა თავის თავს. და თუ გააუქმებს მათ მისი ქმარი იმ დღეს, როცა გაიგებს, მაშინ მის ბაგეთაგან გამოთქმული ყოველი მისი აღთქმა და ფიცი მისი არ ასრულდება. მისმა ქმარმა გააუქმა ისინი და უფალი აპატიებს მას. ყოველ აღთქმას და ყოველ ფიცით აღკვეთას თავის დასაოკებლად მისი ქმარი დაამტკიცებს და მისი ქმარი გააუქმებს. და თუ ქმარი არას იტყვის დღითი დღე, ამით დაუმტკიცებს ყოველ მის აღთქმას, ან ყოველ მის აღკვეთას, რაც მასზეა. მან დაამტკიცა ისინი, რაკი არაფერი თქვა იმ დღეს, როცა გაიგო. და თუ ქმარი გააუქმებს მათ მას შემდეგ, რაც გაიგებს, მაშინ მასზე იქნება ქალის ცოდვა.’“ ეს წესებია, რომლებიც უფალმა ბრძანებით დაუდო მოსეს, ქმარსა და მის ცოლს შორის, მამასა და მის ასულს შორის, მის ყმაწვილქალობისას, მამამისის სახლში. და უთხრა უფალმა მოსეს: „შური იძიე მიდიანელებზე ისრაელის ძეთათვის და მერე შეეძინები შენს ხალხს.“ და უთხრა მოსემ ხალხს: „შეაიარაღეთ თქვენგან კაცები საომრად, რათა მათ გაილაშქრონ მიდიანის წინააღმდეგ და აღასრულონ უფლის შურისძიება მიდიანზე. ათას-ათასი თითო ტომიდან, ისრაელის ყოველი ტომიდან გაგზავნეთ ლაშქარში.“ და გაწვეულ იქნა ათასობით ისრაელისაგან ათას-ათასი, თითოეული ტომიდან, სულ თორმეტი ათასი შეიარაღებული. და გაგზავნა ისინი მოსემ, ათასეული ყოველი ტომიდან, საომრად, ისინი და ფინხასი, ძე ელეაზარ მღვდლისა. და წმიდა ჭურჭელი და საყიჟინო საყვირები ჰქონდა მას ხელში. და გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, და დახოცეს ყოველი მამაკაცი. და მეფენი მიდიანისა დახოცეს მათ დახოცილებთან ერთად: ევი და რეკემი, ცური, ხური და რებაყი – მიდიანის ხუთი მეფე, და მოკლეს მახვილით აგრეთვე ბილყამიც, ძე ბეყორისა; და დაატყვევეს ისრაელის ძეთ მიდიანელი ქალები და მათი ბავშვები. და მთელი მათი საქონელი, მთელი მათი ჯოგი, და მთელი მათი ქონება დაიტაცეს. და ყველა მათი ქალაქი მათი დასახლების ადგილებში და ყველა მათი ბანაკი გადაწვეს ცეცხლით. და წამოიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაძარცვი, ადამიანთაგან პირუტყვამდე, და მოიყვანეს მოსესთან და ელეაზარ მღვდელთან და ისრაელის ძეთა თემთან ტყვეები და ნაძარცვი, და ნადავლი, ბანაკში, მოაბის ველებზე, რომელიც იორდანეს ნაპირასაა, იერიხოს პირდაპირ. და გამოვიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და თემის ყველა მთავარი მათ შესახვედრად ბანაკის გარეთ. და განრისხდა მოსე მხედართმთავრებზე, ათასის თავებზე და ასის თავებზე, რომელნიც დაბრუნდნენ საომარი ლაშქრობიდან. და უთხრა მათ მოსემ: „ყველა ქალი ცოცხალი დატოვეთ? აჰა, მათი მიზეზით იყო, რომ ბილყამის რჩევით ისრაელის ძენი განუდგნენ უფალს ფეღორის გამო, და იყო მუსვრა უფლის კრებულში. და ახლა მოკალით ყოველი მამროვანი ბავშვი, და ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს მამაკაცი მის საწოლზე. და ყოველი დედროვანი ბავშვი, რომელსაც არ შეუცვნია საწოლი მამაკაცისა, ცოცხალი დატოვეთ თქვენთვის. და თქვენ დაიბანაკეთ ბანაკის გარეთ შვიდი დღე. ყველა, ვინც კაცი მოკლა, და ყველა, ვინც მოკლულს გაეკარა, გასუფთავდეს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, თქვენ და თქვენი ტყვეები. და ყოველი სამოსელი და ტყავის ყოველი საგანი და ყოველი თხისურისგან დამზადებული, და ხის ყოველი ჭურჭელი გაასუფთავეთ.“ და უთხრა ელეაზარ მღვდელმა მეომრებს, ომში ნამყოფებს: „აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა უბრძანა მოსეს: ‘ოქრო და ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია, ყოველი საგანი, რომელიც შევა ცეცხლში, გაატარეთ ცეცხლში, და გასუფთავდება, მაგრამ გარდა ამისა გამასუფთავებელი წყლითაც უნდა გასუფთავდეს. და ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ გაუძლებს, გაავლეთ წყალში. და გაირეცხეთ თქვენი სამოსელი მეშვიდე დღეს, და გასუფთავდით და შემდეგ შედით ბანაკში.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „აღრიცხეთ ტყვედ შეპყრობილნი, ადამიანიდან პირუტყვამდე, შენ და ელეაზარ მღვდელმა და თემის მამისსახლთა მთავრებმა. და გაყავით ნადავლი შუაზე ომში ნამყოფ მეომართა შორის, და მთელ თემს შორის. და აიღეთ ხარკი უფლისათვის ომში ნამყოფ მეომართაგან: თითო სული ხუთასზე, ადამიანთაგან და მსხვილფეხა საქონლისაგან, სახედართაგან და წვრილფეხა საქონლისაგან. მათი ნახევრიდან აიღე ეს და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო შესაწირავად. და ისრაელის ძეთა ნახევრიდან აიღე თითო წილი ორმოცდაათზე ადამიანთაგან, მსხვილფეხა საქონლისაგან, სახედართაგან, წვრილფეხა საქონლისაგან, ყოველ პირუტყვთაგან, და მიეცი ისინი ლევიანებს – სავანის მოვალეობის შემსრულებელთ.“ და გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და იყო ნადავლი, გარდა მეომართა მიერ დატაცებულისა, წვრილფეხა საქონელი – ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი, და მსხვილფეხა საქონელი – სამოცდათორმეტი ათასი, და სახედრები – სამოცდაერთი ათასი, და ადამიანთაგან, ქალები, რომელთაც არ ჰქონდათ შეცნობილი მამაკაცის საწოლი, სულ – ოცდათორმეტი ათასი სული. და ომში ნამყოფთა ნახევარი წილი აღრიცხვით იყო: წვრილფეხა საქონელი – სამასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი. და იყო ხარკი უფლისათვის ამ წვრილფეხა საქონლიდან – ექვსას სამოცდათხუთმეტი. ოცდათექვსმეტი ათასი მსხვილფეხა საქონლიდან ხარკი უფლისათვის – სამოცდათორმეტი. და სახედრები – ოცდაათი ათას ხუთასი, და მათგან ხარკი უფლისათვის – სამოცდაერთი. და ადამიანი – თექვსმეტი ათასი და მათგან ხარკი უფლისათვის – ოცდათორმეტი სული. და მისცა მოსემ ხარკი, შესაწირავი უფლისა, ელეაზარ მღვდელს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და ისრაელის ძეთა ნახევრისაგან, რომელიც გამოყო მოსემ მეომართაგან, ეს ნახევარი იყო თემისათვის: წვრილფეხა საქონელი – სამასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი, და მსხვილფეხა საქონელი – ოცდათექვსმეტი ათასი, და სახედრები – ოცდაათიათას ხუთასი, და ადამიანები – თექვსმეტი ათასი. და აიღო მოსემ ისრაელის ძეთა ნახევრისაგან ერთი ორმოცდამეათედი წილი ადამინთაგან და პირუტყვთაგან, და მისცა ეს ლევიანებს, უფლის სავანის მოვალეობის შემსრულებელთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მივიდნენ მოსესთან, ლაშქრის ათასისთავთა მთავრები, ათასისთავები და ასისთავები, და უთხრეს მოსეს: „შენმა მსახურებმა აღრიცხეს მეომარნი, რომელნიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არ აკლია მათგან არც ერთი კაცი. და შევწირავთ შესაწირავს უფალს, ვინც რა იპოვა ოქროს ჭურჭელთაგან – სალტეებს, სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს და ყელსაბამებს, ჩვენი სულების შენდობისათვის უფლის წინაშე.“ და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ეს ოქრო მათგან, ყოველი ეს სამკაული, ოსტატურად ნაკეთები. და მთელი შემონაწირი ოქრო, რომელიც უფალს შესწირეს იყო თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი – ათასისთავებისაგან და ასისთავებისაგან. და მეომრებს, თითოეულს თავისი წილი ჰქონდათ დატაცებული. და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქრო ათასისთავებისაგან და ასისთავებისაგან, და მიიტანეს იგი საკრებულო კარავში უფლის წინაშე ისრაელის ძეთა სამახსოვროდ. და მრავალი საქონელი ჰყავდათ რეუბენის ძეთ და გადის ძეთ. და იხილეს ქვეყანა იაყზერისა და ქვეყანა გილყადისა, და იყო ადგილი საქონლისათვის. და მივიდნენ გადის ძენი და რეუბენის ძენი, და უთხრეს მოსეს და ელეაზარ მღვდელს და თემის მთავრებს: „ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი – ქვეყანა, რომელიც მოსრა უფალმა ისრაელის თემის წინაშე, ეს ქვეყანა საქონლისათვისაა, და შენს მსახურთ საქონელი ჰყავთ.“ და კიდევ უთხრეს: „თუ ვპოვეთ ჩვენ მადლი შენს თვალში, მიეცეს ეს ქვეყანა შენს მსახურთ სამფლობელოდ. ნუ გადაგვიყვან ჩვენ იორდანეს გაღმა.“ და უთხრა მოსემ გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: „თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ ისხდებით? და რისთვის უცრუებთ გულს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელიც მისცა მათ უფალმა? ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა გავგზავნე ისინი კადეშ-ბარნეადან ქვეყნის დასაზვერად. და მივიდნენ ისინი ეშქოლის ხეობამდე და იხილეს ქვეყანა, და გული აუცრუეს ისრაელის ძეთ, რათა არ შესულიყვნენ იმ ქვეყანაში, რომელიც მისცა მათ უფალმა. და აღიგზნო რისხვა უფლისა იმ დღეს, და დაიფიცა მან და თქვა: ‘აბა, თუ იხილონ ეგვიპტიდან გამოსულმა კაცებმა, ოცი წლის ასაკიდან და უფროსებმა, ის ქვეყანა, რომელზეც შევფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ მომდევენ მე. გარდა ქალებისა – კენიზელი იეფუნეს ძისა – და იესო ნავეს ძისა, რადგან მათ მისდიეს უფალს’. და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ახეტიალა იგი უდაბნოში ორმოცი წელიწადი, ვიდრე არ გადაშენდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში. და აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამების მაგიერ, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რათა კვლავ გააძლიეროთ უფლის აღგზნებული მრისხანება ისრაელის მიმართ. თუ ზურგს შეაქცევთ მას, ის კვლავ მიატოვებს მას უდაბნოში, და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს.“ და ეახლნენ ისინი მას, და უთხრეს: „ჩვენ აქ ავაშენებთ ცხვრის ფარეხებს ჩვენი საქონლისათვის და ქალაქებს ჩვენი ბავშვებისათვის. ჩვენ თვითონ კი უმალ შევიარაღდებით და წავუძღვებით ისრაელის ძეთ, ვიდრე მათ თავ-თავიანთ ადგილზე არ მივიყვანთ. ხოლო ჩვენი ბავშვები დარჩებიან გამაგრებულ ქალაქებში, ამ ქვეყნის მკვიდრთა გამო. არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს ისრაელის ძეთაგან თითოეული თავის სამკვიდრებელს. რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და უფრო შორს, თუ ჩვენ გვერგება ჩვენი სამკვიდრებელი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთ მხარეს.“ და უთხრა მათ მოსემ: „თუ გააკეთებთ ამას, თუ შეიარაღებულნი გახვალთ საომრად უფლის წინაშე, და თითოეული თქვენთაგანი შეიარაღებული გადავა იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ განდევნის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე, და დაპყრობილი იქნება ქვეყანა უფლის წინაშე: მერე დაბრუნდებით და უბრალონი იქნებით უფალთან და ისრაელთან, თქვენი სამფლობელო იქნება ის ქვეყანა უფლის წინაშე. თუ ასე არ გააკეთებთ, აჰა, შეგიცოდავთ უფლისათვის, და იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ. აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები თქვენი წვრილფეხა საქონლისათვის, და ის, რაც თქვენი პირიდან გამოვიდა, შეასრულეთ“. და უთხრეს მოსეს გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: „შენი მსახურნი ისე მოიქცევიან, როგორც ჩვენი ბატონი გვიბრძანებს. ჩვენი ბავშვები და ჩვენი ცოლები, ჩვენი ჯოგები და მთელი ჩვენი საქონელი დარჩებიან აქ, გილყადის ქალაქებში. და ყოველი შენი შეიარაღებული მსახური გავა ომში, როგორც მეომარი, უფლის წინაშე, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი.“ და უბრძანა მათ შესახებ მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს, და ისრაელის ძეთა ტომების მამისსახლთა მთავრებს. და უთხრა მათ მოსემ: „თუ გადავლენ გადის ძენი და რეუბენის ძენი თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად შეიარაღებულნი უფლის წინაშე, და დაპყრობილ იქნება ის ქვეყანა თქვენს წინაშე, მაშინ მისცემთ მათ გილყადის ქვეყანას სამფლობელოდ. ხოლო თუ არ გადმოვლენ შეიარაღებულნი თქვენთან ერთად, მაშინ ისინიც მიიღებენ სამფლობელოს თქვენს შორის ქანაანის ქვეყანაში.“ და მიუგეს გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: „როგორც უფალმა უთხრა შენს მსახურთ, ისე გავაკეთებთ. ჩვენ გადავალთ შეიარაღებულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში და ჩვენი სამკვიდრებლის სამფლობელო, იორდანეს გამოღმა გვექნება.“ და მისცა მათ მოსემ, გადის ძეთ და რეუბენის ძეთ, და იოსების ძის, მენაშეს ნახევარტომს, სამეფო სიხონისა, ამორეველთა მეფისა, და სამეფო ყოგისა, ბაშანის მეფისა, ქვეყანა მისი ქალაქებითა და საზღვრებითურთ, ამ ქვეყნის ქალაქები ირგვლივ. ააშენეს გადის ძეთ დიბონი, ყატაროთი, ყაროყერი, და ყაროთ-შოფანი, იაყზერი, იაგბეჰა, და ბეთნიმრა და ბეთხარანი, გამაგრებული ქალაქები ცხვრის ფარეხებითურთ. და რეუბენის ძეთ ააშენეს ხეშბონი, ელყალე და კირიათაიმი, და ნებო და ბაყალ-მეყონი, რომელთაც სახელები შეუცვალეს, და სიბმა; და უწოდეს სახელები ქალაქებს, რომელნიც მათ ააშენეს. და წავიდნენ ძენი მაქირისა, მენაშეს ძისა, გილყადში, და დაიპყრეს იგი, და განდევნეს ამორეველნი, რომელნიც იყვნენ იქ. და მისცა მოსემ გილყადი მაქირს, მენაშეს ძეს, და ის დამკვიდრდა იქ. და იაირი, მენაშეს ძე, წავიდა და დაიპყრო მათი სოფლები, და უწოდა მათ იაირის სოფლები. და წავიდა ნობახი და დაიპყრო კენათი და მისი გარეუბნები და უწოდა მას ნობახი თავისი სახელის მიხედვით. ეს არის ისრაელის ძეთა მოგზაურობანი, რომელნიც გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად მოსესა და აარონის მეთაურობით. და ჩაიწერა მოსემ მათი გამოსვლის ადგილები და მათი ბანაკები, უფლის ბრძანებით. და ეს არის მათი ლაშქრობანი მათი გამოსვლის ადგილების მიხედვით: აიყარნენ რაყმესესიდან პირველ თვეში, პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს. პასექის მეორე დღეს გამოვიდნენ ისრაელის ძენი, მაღალი ხელით მთელი ეგვიპტის წინაშე. და ეგვიპტელნი მარხავდნენ თავიანთ პირმშოებს, რომელნიც უფალმა მოსრა მათში. და მათ ღმერთებსაც მიაგო უფალმა სასჯელი. და აიყარნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან და დაბანაკდნენ სუქოთში. და აიყარნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში, რომელიც უდაბნოს განაპირას მდებარეობს. და აიყარნენ ეთამიდან და დაბანაკდნენ ჰახიროთში, რომელიც ბაყალ-ცეფონის წინაა, და დაბანაკდნენ მიგდოლის წინ. და აიყარნენ ჰახიროთიდან და გაიარეს შუაგულ ზღვაზე და გადავიდნენ უდაბნოში, და იარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში, და დაბანაკდნენ მარაში. და აიყარნენ მარადან და მივიდნენ ელიმში. და ელიმში იყო თორმეტი წყაროსთვალი და ფინიკის სამოცდაათი ხე, და დაბანაკდნენ იქ. და აიყარნენ ელიმიდან და დაბანაკდნენ მეწამულ ზღვასთან. და აიყარნენ მეწამული ზღვიდან და დაბანაკდნენ სინის უდაბნოში. და აიყარნენ სინის უდაბნოდან და დაბანაკდნენ დოფკაში. და აიყარნენ დოფკადან და დაბანაკდნენ ალუშში. და აიყარნენ ალუშიდან და დაბანაკდნენ რეფიდიმში და იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისათვის. და აიყარნენ რეფიდიმიდან და დაბანაკდნენ სინაის უდაბნოში. და აიყარნენ სინაის უდაბნოდან და დაბანაკდნენ კიბროთ-ჰათაავაში. და აიყარნენ კიბროთ-ჰათაავადან და დაბანაკდნენ ხაცეროთში. და აიყარნენ ხაცეროთიდან და დაბანაკდნენ რითმაში. და აიყარნენ რითმადან და დაბანაკდნენ რიმონ-ფარეცში. და აიყარნენ რიმონ-ფარეციდან და დაბანაკდნენ ლიბნაში. და აიყარნენ ლიბნადან და დაბანაკდნენ რისაში. და აიყარნენ რისადან და დაბანაკდნენ კეჰელათაში. და აიყარნენ კეჰელათადან და დაბანაკდნენ შაფერის მთაზე. და აიყარნენ შაფერის მთიდან და დაბანაკდნენ ხარადაში. და აიყარნენ ხარადადან და დაბანაკდნენ მაკჰელოთში. და აიყარნენ მაკჰელოთიდან და დაბანაკდნენ თახათში. და აიყარნენ თახათიდან და დაბანაკდნენ თარახში. და აიყარნენ თარახიდან და დაბანაკდნენ მითკაში. და აიყარნენ მითკადან და დაბანაკდნენ ხაშმონაში. და აიყარნენ ხაშმონადან და დაბანაკდნენ მოსეროთში. და აიყარნენ მოსეროთიდან და დაბანაკდნენ ბენე იაყაკანში. და აიყარნენ ბენე იაყაკანიდან და დაბანაკდნენ ხორ-ხაგიდგადში. და აიყარნენ ხორ-ხაგიდგადიდან და დაბანაკდნენ იოტბათაში. და აიყარნენ იოტბათადან და დაბანაკდნენ ყებრონაში. და აიყარნენ ყებრონადან და დაბანაკდნენ ყეციონ-გებერში. და აიყარნენ ყეციონ-გებერიდან და დაბანაკდნენ ცინის უდაბნოში, ანუ კადეშში. და აიყარნენ კადეშიდან და დაბანაკდნენ ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე. და ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე უფლის ბრძანებით, და მოკვდა იქ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელის ძეთა გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვეს, თვის პირველში. და აარონი იყო ასოცდასამი წლისა, როცა მოკვდა ჰორის მთაზე. და ისმინა ქანაანმა, ყარადის მეფემ, რომელიც ცხოვრობდა ნეგებში, ქანაანის ქვეყანაში, ისრაელის ძეთა მოსვლის შესახებ. და აიყარნენ ჰორის მთიდან და დაბანაკდნენ ცალმონაში, და აიყარნენ ცალმონადან და დაბანაკდნენ ფუნონში. და აიყარნენ ფუნონიდან და დაბანაკდნენ ობოთში. და აიყარნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, მოაბის საზღვარზე. და აიყარნენ ყიიმიდან და დაბანაკდნენ დიბონ-გადში. და აიყარნენ დიბონ-გადიდან და დაბანაკდნენ ყალმონ-დიბლათაიმში. და აიყარნენ ყალმონ-დიბლათაიმიდან და დაბანაკდნენ ყაბარიმის მთებში, ნებოს წინ. და აიყარნენ ყაბარიმის მთებიდან და დაბანაკდნენ მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პიდაპირ. და დაბანაკდნენ იორდანესთან, ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველებზე. და უთხრა უფალმა მოსეს მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ: „განუცხადე ისრაელის ძეთ, და უთხარი მათ: ‘როდესაც თქვენ გადახვალთ იორდანეს გაღმა ქანაანის ქვეყანაში, განდევნეთ თქვენგან ყველა მკვიდრი იმ ქვეყნისა და მოსპეთ მათი ღმერთების ყველა გამოსახულება, და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი მოსპეთ, და ყველა მათი გორაკი ააოხრეთ. და დაეუფლეთ ქვეყანას, და იცხოვრეთ მასში, რადგან თქვენ მოგეცით ეს ქვეყანა, რათა დაიმკვიდროთ იგი. და დაიმკვიდრეთ ქვეყანა წილის ყრით, თქვენი საგვარეულოების მიხედვით. მრავალრიცხოვანთ მეტი სამკვიდრო მიეცით და მცირერიცხოვანთ ნაკლები სამკვიდრო მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ იყოს სამკვიდრო მისი. თქვენი მამების ტომთა მიხედვით დაიმკვიდრეთ. და თუ არ განდევნით იმ ქვეყნის მცხოვრებთ თქვენგან, მაშინ, რომელთაც მათგან დატოვებთ, ეკლად გექცევიან თქვენს თვალებში და ნარად თქვენს ფერდებში, და შეგავიწროვებენ თქვენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ. და რაც მე განმიზრახავს გასაკეთებლად, იმას გაგიკეთებთ თქვენ.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აჰა, ესაა ქვეყანა, რომელიც გერგებათ სამკვიდრებლად, ქვეყანა ქანაანისა თავისი საზღვრებით. და თქვენი იქნება სამხრეთის მხარე ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად, და გექნებათ სამხრეთის საზღვარი მარილოვანი ზღვის ბოლოდან აღმოსავლეთის მიმართულებით. და გადაუხვევს საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისაკენ და გაივლის ცინისაკენ, და იქნება მისი გამოსავალი სამხრეთიდან კადეშ-ბარნეაყის მიმართულებით, და იგი გავა ხაცარ-ადარისაკენ, და ჩაუვლის ყაცმონს. და გადაუხვევს საზღვარი ყაცმონიდან ეგვიპტის ხევისაკენ და გავა ზღვის მიმართულებით. ხოლო დასავლეთის საზღვრად გექნებათ დიდი ზღვის სანაპირო. ეს იქნება თქვენთვის დასავლეთის საზღვარი. და ეს იქნება თქვენთვის საზღვარი ჩრდილოეთისა: დიდი ზღვიდან გაატარეთ იგი ჰორის მთის მიმართულებით. ჰორის მთიდან გაატარეთ იგი ხამათის მისადგომამდე, და იყოს საზღვრის ბოლო ცედადთან. და გავა საზღვარი ზიფრონისაკენ, და იქნება მისი ბოლო ხაცარ-ყენანთან. ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად. და გაავლეთ თქვენთვის ხაზი აღმოსავლეთის საზღვრისათვის ხაცარ-ყენანიდან შეფამის მიმართულებით, და დაეშვება საზღვარი შეფამიდან რიბლასაკენ, ყაინის აღმოსავლეთით, და დაეშვება საზღვარი და შეეხება ქინერეთის ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთიდან. და დაეშვება საზღვარი იორდანესაკენ და იქნება მისი ბოლო მარილოვან ზღვასთან. ეს იქნება თქვენი ქვეყანა მისი საზღვრებით ყოველი მხრიდან.’“ და უბრძანა მოსემ ისრაელის ძეთ ასე: „აჰა, ქვეყანა, რომელსაც დაიმკვიდრებთ წილისყრით, რომლის მიცემაც ბრძანა უფალმა ცხრა ტომისათვის და ნახევარი ტომისათვის. რადგან მიიღეს რეუბენის ძეთა ტომმა თავისი მამისსახლის მიხედვით, და გადის ძეთა ტომმა თავისი მამისსახლის მიხედვით, და მენაშეს ნახევარმა ტომმა. მათ მიიღეს თავიანთი წილი. ამ ორმა ტომმა და ნახევარმა ტომმა მიიღეს თავიანთი ნაწილი იორდანეს გაღმა, იერიხოს პირდაპირ, აღმოსავლეთით.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ეს არის იმ კაცთა სახელები, რომელნიც დაანაწილებენ ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იესო, ძე ნავესი. და თითო ტომიდან თითო მთავარი მოიყვანეთ ქვეყნის დასანაწილებლად. და ეს არის სახელები ამ კაცებისა: იუდას ტომისათვის: ქალები, იეფუნეს ძე. სიმონის ძეთა ტომისათვის სამუელი, ძე ყამიჰუდისა. ბენიამინის ტომისათვის: ელიდადი, ძე ქისლონისა. დანის ძეთა ტომისათვის: მთავარი ბუკი, ძე იოგლისა. იოსების ძეთათვის: მენაშეანთა ტომისათვის: მთავარი ხანიელი, ძე ეფოდისა. ეფრემიანთა ტომისათვის: მთავარი კემუელი, ძე შიფტანისა; ზებულუნის ძეთა ტომისათვის: მთავარი ელიცაფანი, ძე ფარნაქისა. ისაქარის ძეთა ტომისათვის: მთავარი ფალტიელი, ძე ყაზანისა. აშერის ძეთა ტომისათვის მთავარი: ახიჰუდი, ძე შელომისა. ნაფთალის ძეთა ტომისათვის: მთავარი ფედაჰელი, ძე ყამიჰუდისა.“ ესენი არიან ისინი, რომლებსაც უბრძანა უფალმა ისრაელის ძეთა განაწილება ქანაანის ქვეყანაში. და უთხრა უფალმა მოსეს მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ: „უბრძანე ისრაელის ძეთ, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი სამკვიდრო სამფლობელოდან ქალაქები საცხოვრებლად, და აგრეთვე საძოვრები ქალაქების ირგვლივ მიეცით ლევიანებს. და იქნება ქალაქები მათთვის საცხოვრებლად, ხოლო მათი საძოვრები იქნება მათი საქონლისათვის და მათი ქონებისათვის, და ყველა მათი სარჩოსათვის. და ქალაქების საძოვრები, რომლებსაც მისცემთ ლევიანებს, ქალაქის გარე კედლიდან ათას წყრთაზე გადიოდეს ირგვლივ. და გაზომეთ ქალაქგარეთ აღმოსავლეთ მხარეს ორიათასი წყრთა, და სამხრეთ მხარეს ორი ათასი წყრთა და დასავლეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, და ჩრდილოეთ მხარეს ორი ათასი წყრთა, ხოლო ქალაქი იყოს შუაში: ეს იქნება მათთვის ქალაქთა საძოვრები. ქალაქიდან, რომლებსაც თქვენ მისცემთ ლევიანებს, ექვსი ქალაქი იყოს თავშესაფრად, რომლებსაც გამოყოფთ მკვლელისთვის იქ გასაქცევად. და მათ გარდა მიეცით ორმოცდაორი ქალაქი. ყველა ქალაქი, რომელიც თქვენ უნდა მისცეთ ლევიანებს, ორმოცდარვა ქალაქია თავისი საძოვრებიანად. და ქალაქებს, რომლებსაც მისცემთ ისრაელის ძეთა სამფლობელოდან, მრავალრიცხოვანთაგან აიღეთ მეტი, ხოლო მცირერიცხოვანთაგან – ნაკლები. ყოველმა ტომმა თავისი სამკვიდრებლის მიხედვით უნდა მისცეს ლევიანებს თავიანთი ქალაქებიდან, რასაც დაიმკვიდრებენ.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა გადახვალთ იორდანეს გადაღმა, ქანაანის ქვეყანაში, მაშინ დანიშნეთ თქვენთვის ქალაქები, რომლებიც თავშესაფარი ქალაქები იქნება თქვენთვის. და გაიქცევა იქ მკვლელი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდება კაცი. ეს ქალაქები იქნება თქვენთვის თავშესაფრად შურის მაძიებლისაგან, რომ არ მოკვდეს მკვლელი, ვიდრე წარსდგებოდეს თემის წინაშე სამსჯავროზე. და ქალაქებიდან, რომლებსაც თქვენ მისცემთ, ექვსი ქალაქი თავშესაფრად იყოს თქვენთვის. სამი ქალაქი მიეცით იორდანეს გამოღმა მხარეს და სამი ქალაქი მიეცით ქანაანის ქვეყანაში. თავშესაფარ ქალაქებად იქნება ისინი. ისრაელის ძეთათვის და ხიზნისთვის და ახალ მოსახლისათვის, მათ შორის იყოს ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა გაიქცეს იქ ყველა, ვისაც უნებლიედ შემოაკვდება კაცი. ხოლო თუ ვინმე რკინის იარაღს დაარტყამს ვინმეს და მოკვდება იგი, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა მოკვდეს მკვლელი და თუ ვინმე ხელით ქვას დაარტყამს ვინმეს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, და იგი მოკვდება, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა მოკვდეს მკვლელი. ან, თუ ხის იარაღს დაარტყამს ხელით, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, და იგი მოკვდება, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა მოკვდეს მკვლელი. მესისხლეს თვით შეუძლია მოკლას მკვლელი. როცა შეხვდება მას, თვით შეუძლია მისი მოკვლა. და თუ ვინმე სიძულვილით ხელს ჰკრავს ვინმეს, ან მას განზრახ სტყორცნის და იგი მოკვდება, ან თუ მტრობით დაარტყამს ხელს, და იგი მოკვდება, სიკვდილით უნდა მოკვდეს ის, რომელმაც დაარტყა მას, რადგან მკვლელია იგი; მესისხლეს შეუძლია მოკლას ეს მკვლელი, როცა შეხვდება მას. მაგრამ თუ უცაბედად, მტრობის გარეშე, ჰკრა ხელი, ან ესროლა მას რაიმე საგანი განუზრახველად, ან რაიმე ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, დაუნახავად მოახვედრებს მას და ის მოკვდება, და იგი არ ყოფილა მისი მტერი და არც მისთვის ავი მოუსურვებია, მაშინ უნდა განსაჯოს თემმა მკვლელსა და მესისხლეს შორის ამ წესის მიხედვით. და უნდა იხსნას თემმა მკვლელი მესისხლის ხელიდან, და უნდა დააბრუნოს იგი თემმა მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, რათა დამკვიდრდეს იქ, ვიდრე მოკვდებოდეს მღვდელმთავარი, ცხებული წმიდა ზეთით. ხოლო თუ მკვლელი გასვლით გავა თავშესაფარი საზღვრიდან, სადაც იგი გაიქცა, და მას ნახავს მესისხლე მისი თავშესაფარი ქალაქის საზღვრის გარეთ, სადაც იგი გაიქცა, და მოკლავს მესისხლე მკვლელს, მაშინ არაა მესისხლეზე სისხლი, რადგან თავის თავშესაფარ ქალაქში უნდა დამკვიდრდეს იგი, ვიდრე მღვდელმთავარი მოკვდებოდეს. ხოლო მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდეს მკვლელი თავის სამფლობელოს. ეს იყოს თქვენთვის რჯულის წესად თქვენს თაობებში, ყველა თქვენს საცხოვრებელ ადგილებში. ყველა, ვინც კაცს მოკლავს, მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას. მარტო ერთი მოწმის მხილებით არავინ არ უნდა მოკვდეს სიკვდილით. არ აიღოთ გამოსასყიდი მკვლელის სულისათვის, რომელიც სასიკვდილო დამნაშავეა, არამედ სიკვდილით უნდა მოკვდეს. და არ აიღოთ გამოსასყიდი თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისაგან მის დასაბრუნებლად ქვეყანაში საცხოვრებლად, ვიდრე მღვდელმთავარი მოკვდებოდეს. არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენ იმყოფებით, რადგან სისხლი ბილწავს ქვეყანას, და ქვეყანა ვერ გამოისყიდის მასზე დაღვრილ სისხლს, თუ არა მისი დამღვრელის სისხლით. და არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ, რომელშიც მე ვმკვიდრდები, რადგან მე, უფალი, ვმკვიდრდები ისრაელის ძეთა შორის.“ და მივიდნენ გილყად მაქირის ძის, მენაშეს ძის მამისსახლთა საგვარეულოს მთავარნი იოსების ძეთა საგვარეულოდან და განაცხადეს მოსესა და ისრაელის ძეთა მამამთავრების წინაშე: და თქვეს: „ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რათა მისცეს ქვეყანა სამკვიდროდ წილისყრით ისრაელის ძეთ, და ჩვენს ბატონს ებრძანა უფლის მიერ, რათა მიეცა სამკვიდრებელი ცელაფხადისა, ჩვენი ძმისა, მისი ასულებისათვის. და თუ ისინი მისთხოვდებიან ისრაელის ძეთა სხვა რომელიმე ტომის ძეებს, მაშინ მათი სამკვიდრებელი მოაკლდება ჩვენი მამების სამკვიდრებელს და მიემატება იმ ტომის სამკვიდრებელს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, ხოლო ჩვენს წილხვედრ სამკვიდრებელს მოაკლდება. და თუ ექნებათ ვერძობა ისრაელის ძეთ, მაშინ საბოლოოდ მიემატება მათი სამკვიდრო იმ ტომის სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, და ჩვენი მამების ტომის სამკვიდროს მოაკლდება მათი სამკვიდრებელი.“ და ამცნო მოსემ ისრაელის ძეთ ბრძანება: „მართალს ამბობს იოსების ძეთა ტომი. ეს არის, რაც ბრძანა უფალმა ცელაფხადის ასულებზე: ‘ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ. რათა არ გადავიდეს ისრაელის ძეთა სამკვიდრებელი ტომიდან ტომზე. რადგან ისრაელის ძეთაგან თითოეული თავის მამათა ტომის სამკვიდრებელზე უნდა იყოს მიკრული. ყოველი ასული, სამკვიდრებლის მემკვიდრე ისრაელის ძეთა ტომთაგან, თავისი მამის ტომის საგვარეულოსას უნდა მისთხოვდეს, რათა ისრაელის ძეთაგან დაიმკვიდროს თითოეულმა თავის მამათა სამკვიდრებელი. არ გადავიდეს სამკვიდრებელი ტომიდან სხვა ტომზე, რადგან ისრაელის ძეთა თითოეული ტომი თავის სამკვიდრებელზე უნდა იყოს მიკრული.“ როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე გააკეთეს ცელაფხადის ასულებმა. და მისთხოვდნენ: მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოყა, ასულნი ცელაფხადისა, თავიანთ ბიძაშვილებს ცოლად. იოსების ძის, მენაშეს ძეთა საგვარეულოებში გათხოვდნენ ისინი. და დარჩა მათი სამკვიდრო თავიანთი მამის ტომის საგვარეულოს. და ეს არის მცნებანი და წესები, რომელნიც ამცნო უფალმა ისრაელის ძეთ მოსეს ხელით მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ. აჰა, სიტყვანი, რომელნიც გამოუცხადა მოსემ მთელ ისრაელს იორდანეს გამოღმა, ჰაყარაბას უდაბნოში, სუფას პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანსა, ხაცეროთსა და დიზაჰაბს შორის, რომელიც თერთმეტი დღის სავალ გზაზეა ხორებიდან, სეყირის მთაზე გავლით, ვიდრე კადეშ-ბარნეაყამდე. და მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვეს, თვის პირველში, უთხრა ისრაელიანებს ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა მათზე. მას შემდეგ, რაც განგმირეს სიხონი, მეფე ამორეველთა, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში, და ყოგი, მეფე ბაშანისა, რომელიც მკვიდრობდა ყაშთაროთში, ედრეყში. იორდანეს გამოღმა, მოაბელთა ქვეყანაში, დაიწყო მოსემ განმარტება ამ რჯულისა და თქვა: უფალმა, ღმერთმა ჩვენმა, გვითხრა ხორებში: „გეყოფათ თქვენ ამ მთაზე ცხოვრება; გაბრუნდით და გაემგზავრეთ, მიდით ამორეველთა მთაზე და ყოველ მის მეზობელთან, ყარაბაში, მთასა და ბარში, და ნეგებში და ზღვის სანაპიროზე, ქანაანელთა ქვეყანაში და ლიბანში დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე. აჰა, მოგეცით თქვენ ეს ქვეყანა. მიდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მოცემაც გულით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს: აბრაამს, ისაკსა და იაკობს, და მათ მოდგმას მათ შემდგომ.“ და მე გითხარით თქვენ იმ დროს, ასე: „არ შემიძლია მარტოს თქვენი ტარება! უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაგამრავლათ თქვენ, და აჰა, თქვენ დღეს მრავალნი ხართ, როგორც ცის ვარსკვლავები. უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, გაგამრავლოთ თქვენ ათასგზის, ვიდრე დღესა ხართ, და გაკურთხოთ თქვენ, როგორც გითხრათ, – მე მარტომ როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი და თქვენი ტვირთი და თქვენი შუღლი? ამოირჩიეთ თქვენი ტომებიდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ წინამძღვრებად.“ და თქვენ მიპასუხეთ: „კარგია ეს საქმე, რომელიც ბრძანე, აღსასრულებლად“. და ავიყვანე მთავარნი თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და დაგინიშნეთ ისინი წინამძღვრებად, ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამდგომებად თქვენი ტომებისათვის. და მე ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს იმ დროს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად, როგორც ძმათა შორის, ასევე მის ხიზანს შორის. ნუ იქნებით მიკერძოებული სამსჯავროზე: ერთნაირად მოუსმინეთ მცირესა და დიდს. ნუ შეუშინდებით კაცს, რადგან სამართალი ღვთისაა და საქმე, რომელიც გემძიმებათ, წარმოადგინეთ ჩემთან, და მე მოვისმენ. და იმ დროს გიბრძანეთ ყველა საქმე, რომელიც უნდა შეასრულოთ. და ავიყარეთ ხორებიდან, და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორეველთა მთისაკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ღმერთმა ჩვენმა, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე. და გითხარით მე თქვენ: „მოხვედით ამორეველთა მთამდე, რომელსაც უფალი, ღმერთი ჩვენი, გვაძლევს ჩვენ. იხილეთ, მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ეს ქვეყანა. წადით, დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა ჩვენ უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა. ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით“. მაგრამ თქვენ ყველანი მოხვედით ჩემთან და მითხარით: „გავგზავნით კაცებს ჩვენს წინ, რათა დაგვიზვერონ ქვეყანა და მოგვიტანონ ამბავი იმ გზისა, რომლითაც უნდა ვიაროთ, და იმ ქალაქებისა, რომლებშიც შევალთ.“ და მომეწონა ეს სიტყვები, და ავიყვანე თქვენგან თორმეტი კაცი თითოეული ტომიდან. და გაემართნენ და გადაიარეს მთა, და მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე, და დაზვერეს იგი და აიღეს თავიანთი ხელით ნაყოფი იმ ქვეყნისა, და ჩამოიტანეს ჩვენთან, და ამბავი მოგვიტანეს, და გვითხრეს: „კარგია ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს ჩვენ.“ და თქვენ არ ინებეთ ასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას, და დრტვინავდით თქვენს კარვებში, და ამბობდით: „ჩვენ უფალს ვეჯავრებით, ამიტომ გამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორეველთა ხელში ჩავეგდეთ დასაღუპავად. სად წავიდეთ? ჩვენმა ძმებმა გულები დაგვიშინეს და გვითხრეს: ‘იქაური ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია, დიდი ქალაქები და ცამდე აზიდული სიმაგრეები აქვთ და ბუმბერაზთა ძენიც ვიხილეთ იქ’“. და მე გითხარით თქვენ: „ნუ ძრწიხართ და ნუ გეშინიათ მათი. უფალი, თქვენი ღმერთი, წინ მიგიძღვით თქვენ. ის იბრძოლებს თქვენთვის ისევე, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ. და ამ უდაბნოშიც, სადაც ხედავდი, თუ როგორ გატარებდა უფალი, ღმერთი შენი, როგორც თავისი შვილი ატაროს კაცმა, მთელ გზაზე, რომელიც განვლეთ, ვიდრე მოხვიდოდით ამ ადგილას.“ და ამ საქმეშიც არ ერწმუნეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რომელიც წინ მიგიძღვით გზაზე, რომ დასაბანაკებელი ადგილი მოგინახოთ. ღამე ცეცხლით და დღისით ღრუბლებით გიჩვენოთ გზა, რომლითაც უნდა იაროთ. და გაიგონა უფალმა ხმა თქვენი სიტყვებისა და განრისხდა, და დაიფიცა ასე: „ვერავინ იხილავს ამ კაცთაგან, ამ ბოროტი თაობიდან, იმ კეთილ ქვეყანას, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი თქვენს მამებს. მხოლოდ ქალებ იეფუნეს ძე იხილავს მას. მას და მის ძეთ მივცემ იმ ქვეყანას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან იგი ბოლომდე მიჰყვა უფალს.“ ჩემზეც განრისხდა უფალი თქვენს გამო და ასე მითხრა: „შენც არ შეხვალ იქ. იესო, ძე ნავესი, რომელიც შენს წინაშე დგას, შევა იქ. გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს მას ისრაელს. და თქვენი პატარები, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად გადიქცევიანო, და ძენი თქვენნი, რომლებმაც დღეს ავი და კარგი არ იციან, ისინი შევლენ იქ, და მათ მივცემ მას, და ისინი დაიმკვიდრებენ მას. და თქვენ მიბრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში, მეწამული ზღვის გზით.“ და მომიგეთ მე და მითხარით: „შევცოდეთ უფალს. წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც გვიბრძანა უფალმა, ღმერთმა ჩვენმა“. და აისხით თითოეულმა თავისი საბრძოლო იარაღი, და გეიოლათ მთაზე ასვლა. და მითხრა უფალმა: „უთხარი მათ: ‘ნუ ახვალთ და ნურც იბრძოლებთ, რადგან თქვენს შორის არა ვარ მე, რათა არ მოისრათ თქვენს მტერთა წინაშე’“. და გელაპარაკეთ და არ ისმინეთ, და წინ აღუდექით უფლის ბრძანებას, და გაკადნიერდით და ახვედით მთაზე. და გამოვიდნენ ამორეველნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იმ მთაზე, თქვენს წინააღმდეგ, და დაგესივნენ, როგორც ფუტკარმა იცის, და მუსრი გაგავლეს სეყირში ვიდრე ხორებამდე. და დაბრუნდით და ტიროდით უფლის წინაშე. და ყურად არ იღო უფალმა თქვენი ხმა და არ შეისმინა თქვენი. და დაყავით კადეშში მრავალი დღე, იმდენი დღე, რამდენიც დაყავით.“ და მოვბრუნდით, და გავემგზავრეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით, როგორც მითხრა მე უფალმა. და გარს ვუვლიდით სეყირის მთას მრავალი დღე. და მითხრა უფალმა: „გეყოფათ ამ მთის შემოვლა, გადაუხვიეთ ჩრდილოეთისაკენ. და ამ ხალხს უბრძანე ასე: ‘თქვენ გაივლით თქვენს ძმათა, ესავიანთა საზღვარს, რომელნიც ცხოვრობენ სეყირში, და შეეშინდებათ თქვენი, მაგრამ თქვენ ძალიან გაფრთხილდით. ნუ წაეკიდებით მათ, რადგან ერთ ნატერფალსაც კი არ მოგცემთ თქვენ მათი ქვეყნიდან, რადგან ესავს მივეცი სამკვიდროდ სეყირის მთა. საჭმელი იყიდეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ. და წყალი იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით’“. რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაკურთხათ ყოველ თქვენს საქმიანობაში, იცოდა რა ყოველი თქვენი სვლა ამ დიდ უდაბნოში. აჰა, ორმოცი წელია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ მოგკლებიათ თქვენ არაფერი. და ჩავუარეთ ჩვენს ძმებს ესავიანთაგან, რომელნიც ცხოვრობენ სეყირში, ყარაბას გზიდან, ელათიდან და ყეციონ-გებერიდან, და გადავუხვიეთ და გავიარეთ მოაბის უდაბნოს გზით. და მითხრა მე უფალმა: „ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ გაუმართავ, რადგან არ მოგცემ მისი ქვეყნიდან სამკვიდრებელს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.“ უწინ ემიმელნი ცხოვრობდნენ იქ, ხალხი დიდი, მრავალრიცხოვანი და მაღალი, ყენაკელებივით. რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინი, როგორც ყენაკის ძენი, მაგრამ მოაბელნი მათ ემიმელებს უწოდებენ. უწინ სეყირში მკვიდრობდნენ ხორელნი და ესავიანებმა განდევნეს ისინი და მოსრეს ისინი თავიანთ წინაშე და დასახლდნენ მათ მაგიერ, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრო ქვეყანას, რომელიც მისცა მათ უფალმა. და თქვა უფალმა: „აწ ადექით და გადალახეთ ზარედის ხევი“! და გადავლახეთ ზარედის ხევი. და ხანი, როცა წავედით კადეშ-ბარნეაყიდან ვიდრე ზარედის ხევის გადალახვამდე, ოცდათვრამეტი წელიწადი მოგვინდა. ვიდრე არ გაწყდა მეომარ კაცთა მთელი თაობა ბანაკში, როგორც დაფიცებული ჰქონდა უფალს მათთვის. და უფლის ხელი იყო მათზე, რათა მოესრა ისინი ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ. და როცა მოისრა ყოველი მეომარი კაცი ხალხში, მაშინ მითხრა მე უფალმა: „შენ გადალახავ დღეს მოაბის საზღვარს, ყართან. და მიუახლოვდები ყამონის ძეთ, მაგრამ ნუ შეავიწროვებ, ნუ წაეკიდები მათ, რადგან არ მოგცემ ყამონის ძეთა ქვეყნიდან სამკვიდროს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი სამკვიდრებლად.“ რეფაიმთა ქვეყნად ითვლება ისიც. რეფაიმები ცხოვრობდნენ მასში უწინ. მაგრამ ყამონელნი მათ უწოდებენ ზამზუმებს. დიდი, მრავალრიცხოვანი და მაღალი ხალხი იყო როგორც ყენაკის ძენი და მოსპო ისინი უფალმა მათ წინაშე და დამკვიდრდნენ ისინი და დასახლდნენ მათ მაგიერ, როგორც ესავის ძეთ უყო, სეყირის მკვიდრთ, მოსპო მათ წინაშე ხორელნი და დამკვიდრდნენ ისინი, და დასახლდნენ მათ მაგიერ დღევანდელ დღემდე. და ყავიმელნი, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფლებში ღაზამდე, მოსრეს ქაფთორელებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქაფთორიდან და დასახლდნენ მათ მაგიერ. „ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. აჰა, ხელთ ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა: იწყეთ დამკვიდრება, და ომი გაუმართეთ მას. დღეიდან დავიწყებ და შენით ძრწოლასა და შიშს მოვგვრი ხალხებს მთელს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, თავზარი დაეცემა და ათრთოლდება შენს გამო.“ და გავუგზავნე მოციქულნი კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს, სამშვიდობო სიტყვებით: „გავივლი შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზად ვივლი, არ გადავუხვევ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. საჭმელი ვერცხლით მომყიდე და შევჭამ; და წყალიც ვერცხლით მომეცი და დავლევ. მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი-მეთქი. როგორც მომექცნენ მე ესავის ძენი, რომელნიც მკვიდრობენ სეყირში, და მოაბელები, რომლებიც მკვიდრობენ ყარში, ვიდრე გადავალ იორდანეს გაღმა იმ ქვეყანაში, რომელიც უფალმა, ღმერთმა ჩვენმა მოგვცა ჩვენ.“ მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი გავლა იქ, რადგან გაუმძვინვარა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, სული და გაუჯიუტა გული, რათა თქვენს ხელში ჩაეგდო, როგორც დღეს არის. და მითხრა უფალმა მე: „აჰა, მე ვიწყებ სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემას. იწყე მისი ქვეყნის დამკვიდრება.“ და გამოვიდა სიხონი ჩვენს შესახვედრად, ის და მთელი მისი ხალხი, საბრძოლველად იაჰცაში. და მოგვცა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. და შევმუსრეთ იგი და მისი ძენი და მთელი მისი ხალხი. და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი იმ დროს, და ერთიანად მუსრი გავავლეთ ყველა ქალაქს, კაცებს, დედაკაცებს და პატარებს, ცოცხალი არავინ გაგვიშვია. მხოლოდ საქონელი დავიტაცეთ და ნადავლიც იმ ქალაქებიდან, რომელნიც დავიპყარით. ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის პირასაა, და ქალაქიდან, რომელიც ხეობაშია, გილყადამდე არ ყოფილა ქალაქი, ჩვენთვის მიუდგომელი რომ ყოფილიყო. ყოველივე მოგვცა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. მხოლოდ ყამონის ძეთა ქვეყანას არ მიდგომიხარ, იაბოკის ხევის ნაპირებს, მთის ქალაქებს და ყველა იმ ადგილს, როგორც ბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. და გადავუხვიეთ, და ავედით ბაშანის გზით. და გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, ჩვენს შესახვედრად მთელ თავის ხალხთან ერთად საბრძოლველად ედრეყში. და მითხრა უფალმა მე: „ნუ გეშინია მისი, რადგან მე ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ხალხი და მისი ქვეყანა. და ისე მოექეცი მას, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველ მეფეს, რომელიც ცხოვრობს ხეშბონში.“ და ხელში ჩაგვიგდო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, და მთელი მისი ხალხი. და მოვსპეთ იგი ისე, რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი. და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი იმ დროს. არ ყოფილა ქალაქი, მათთვის რომ არ წაგვერთმია: სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, სამეფო ყოგისა ბაშანში, ყველა ეს ქალაქი გამაგრებული იყო მაღალი გალავნით, კარიბჭეებით და ურდულებით, გარდა მრავალი უგალავნო ქალაქისა. მუსრი გავავლეთ მათ, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა ერთიანად მუსრი გავავლეთ ყველა ქალაქს, კაცებს, დედაკაცებს და პატარებს. მაგრამ საქონელი და ნადავლი იმ ქალაქებისა დავიტოვეთ ჩვენთვის. და წავართვით იმ დროს ქვეყანა ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გამოღმა, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე. ციდონელები ხერმონს სირიონს უწოდებენ, და ამორეველნი კი სენირს უწოდებენ. და ავიღეთ ყველა ქალაქი ვაკისა და მთელი გილყადი, და მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეყამდე, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში. რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთაგან. აჰა, მისი სარეცელი რკინის სარეცელია, ის რაბათშია ყამონის ძეებთან. ცხრა წყრთაა მისი სიგრძე და ოთხი წყრთაა მისი სიგანე მამაკაცთა წყრთით. და ეს ქვეყანა დავიმკვიდრეთ იმ დროს: ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევზეა, და ნახევარი გილყადის მთისა მისი ქალაქებით მივეცი რეუბენის ძეთ და გადის ძეთ. და დანარჩენი გილყადი და მთელი ბაშანი, სამეფო ყოგისა, მივეცი მენაშეს ნახევარ ტომს, ყველა მიდამო არგობისა მთელი ბაშანით, რომელსაც რეფაიმის ქვეყანა ეწოდება. იაირმა, მენაშეს ძემ, დაიპყრო არგობის მთელი მხარე, გეშურისა და მაყაქათელის საზღვრამდე, და ბაშანს უწოდა თავისი სახელი: სოფლები იაირისა, როგორც ეს ამ დღემდეა. და მაქირს მივეცი გილყადი. ხოლო რეუბენის ძეთ და გადის ძეთ მივეცი გილყადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუამდე და საზღვრამდე, იაბოკის ხევამდე, ყამონის ძეთა საზღვრამდე. და ყარაბა და იორდანე საზღვარია ქინერეთიდან ვიდრე იამ-ყარაბამდე, მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე, აღმოსავლეთით. და გიბრძანეთ თქვენ იმ დროს ასე: „უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ თქვენ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. ყველა, ვისაც ბრძოლა შეუძლია, შეიარაღებულები წინ გაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელის ძეთ. მხოლოდ თქვენი ცოლები და თქვენი პატარები, და ჯოგები – ვიცი, რომ დიდძალი ჯოგები გყავთ – დარჩნენ თქვენს ქალაქებში, რომელნიც თქვენთვის მომიცია. როცა დააბინავებს უფალი თქვენს ძმებს თქვენსავით და დაიმკვიდრებენ ისინიც ქვეყანას, რომელსაც უფალი, ღმერთი თქვენი, აძლევს მათ იორდანეს გაღმა, მაშინ დაბრუნდით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მოგეცით.“ და იესოს ვამცნე იმ დროს: „შენი თვალებია მხილველი ყოვლისა, რა დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. იმასვე დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელსაც შენ გაივლი. ნუ გეშინია მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის.“ და შევევედრე უფალს იმ დროს ასე: „უფალო, ღმერთო ჩემო! შენ დაუწყე შენს მსახურს შენი დიდებისა და შენი ძლიერი ხელის ჩვენება. რომელი ღმერთია ცაზე და მიწაზე, შენს მსგავს საქმეებსა და ძლიერებას რომ სჩადიოდეს? გთხოვ, გადავიდე და ვიხილო ის კარგი ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა, და ის კარგი მთა და ლიბანი.“ მაგრამ განრისხდა უფალი ჩემზე თქვენს გამო და არ ისმინა ჩემი, და მომიგო უფალმა: „კმარა, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე. ადი ფისგას მწვერვალზე და გაიხედე დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, და დაინახე შენი თვალით, რადგან ვერ გადახვალ ამ იორდანეს გაღმა. და უბრძანე იესოს, და გაამხნევე იგი და გაამაგრე, რადგან ის გაუძღვება ამ ხალხს და დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც დაინახავ.“ და დავდექით ველზე, ბეთ-ფეღორის გასწვრივ. და ახლა ისმინე, ისრაელო, წესები და სამართალნი, რომელთაც მე გასწავლით თქვენ შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გაძლევთ თქვენ. არ დაამატოთ მას არაფერი, რასაც მე გამცნებთ თქვენ, და არაც მოაკლოთ. რათა დაიცვათ მცნებანი უფლისა, თქვენი ღმერთისა, რომელთაც მე გამცნებთ თქვენ. თქვენმა თვალებმა იხილეს, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს: რადგან ყველა კაცი, რომელიც მიჰყვა ბაყალ-ფეღორს, მოსრა უფალმა, შენმა ღმერთმა, შენგან. ხოლო თქვენ, რომელნიც მიელტვით უფალს, თქვენს ღმერთს, ცოცხლები ხართ ყველანი დღემდე. შეხედეთ, გასწავლეთ თქვენ წესები და სამართალნი, როგორც მიბრძანა მე უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღსასრულებლად იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად. დაიცავით და აღასრულეთ, რადგან ესაა თქვენი სიბრძნე და თქვენი გონიერება, სხვადასხვა ხალხების თვალწინ, რომელნიც ყურს მოკრავენ ამ წესებს და იტყვიან: „მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.“ რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ისე ახლოს იყვნენ (მისი) ღმერთები, როგორც ახლოსაა ჩვენთან უფალი, ჩვენი ღმერთია ჩვენთან როცა კი ვუხმობთ მას? და რომელი დიდი ერია, რომელსაც ჰქონდეს ისეთი სამართლიანი წესები და სამართალნი, როგორც მთელი ეს რჯულია, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ დღეს? მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი თავი, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს; და გულიდან ნუ ამოგივარდება სიცოცხლის განმავლობაში. და აცოდინე შენს ძეთ და შენს ძეთა ძეებს, ის დღე, როდესაც იდექი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ხორებთან, და მითხრა მე უფალმა: „შემიკრიბე ხალხი, და გავაგონებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში მთელი იმ დღეების განმავლობაში, ვიდრე მიწაზე ცოცხლობენ, და ასწავლონ თავიანთ ძეებს.“ და მიუახლოვდით და დადექით მთის ძირას. და მთა გიზგიზებდა ცეცხლით ზეცის გულამდე, და იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი. და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგული ცეცხლიდან. სიტყვათა ხმა გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით. მხოლოდ ხმა გესმოდათ. და გამოგიცხადათ მან თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ თქვენ შესასრულებლად, და დაწერა ორ ქვის დაფაზე. მე მიბრძანა უფალმა იმ დროს მესწავლებინა თქვენთვის წესები და სამართალნი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. მტკიცედ გეჭიროთ თქვენს სულებში, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე იმ დღეს, როდესაც უფალი გელაპარაკებოდათ ხორებზე შუაგული ცეცხლიდან, რათა არ წახდეთ და არ გაიკეთოთ ქანდაკება, ხატი რაიმე კერპისა, რომელიც გამოხატავს კაცს ან ქალს, რომელიმე პირუტყვისა, რაც მიწაზეა, ხატი ყოველი ფრთოსანი ფრინველისა, რაც ცაში დაფრინავს, ხატი ყოველგვარი ქვეწარმავლისა მიწაზე, ხატი ყოველგვარი თევზისა, რაც წყლებშია მიწის ქვეშ. რათა, როცა აღაპყრობთ თქვენს თვალებს ცისკენ და იხილავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, მთელ ციურ ლაშქარს, არ შეცდეთ, თაყვანი არ სცეთ მათ, არ ემსახუროთ მათ, რადგან უწილადა ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში. ხოლო თქვენ აგიყვანათ უფალმა და გამოგიყვანათ რკინის ბრძმედიდან, ეგვიპტიდან, რომ იყოთ მისთვის მისი წილხვედრი ხალხი, როგორც ამ დღეს. და უფალი განრისხდა ჩემზე თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ მე ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ კარგ ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ. მე მოვკვდები ამ ქვეყანაში. მე ვერ გადავალ მდინარე იორდანეს გაღმა. ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ კარგ ქვეყანას. გაფრთხილდით, რომ არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, და არ გაიკეთოთ კერპები, რაიმე გამოსახულებანი, როგორც გიბრძანათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მშთანმთქმელი ცეცხლია. შურისმგებელი ღმერთია იგი. თუ გეყოლებათ ძენი და ძეთა ძენი, და დაბერდებით ქვეყანაზე, და წახდებით და გააკეთებთ კერპს, რაიმე გამოსახულებას, და ჩაიდენთ ბოროტს უფლის, თქვენი ღმერთის თვალში მის გასაჯავრებლად, თქვენს წინააღმდეგ დავიმოწმებ ცასა და მიწას, რომ დაღუპვით დაიღუპებით მალე იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. ვერ გაიხანგრძლივებთ დღეებს მასზე, არამედ განადგურებით განადგურდებით. და გაგფანტავთ უფალი ხალხებში, და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც მიგიყვანთ უფალი. და ემსახურებით იქ ადამიანის ხელებით გაკეთებულ ღმერთებს, ხისა და ქვისაგან, რომელნიც ვერ ხედავენ და არ ესმით, ვერ ჭამენ და ვერც იყნოსენ. და როცა დაუწყებ ძებნას იქიდან უფალს, შენს ღმერთს, იპოვი მას, თუ მოძებნი მას მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით. და შენს გაჭირვებაში, როცა ყოველივე ეს გეწევა მომავალ დღეებში, დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და გაიგონებ მის ხმას. რადგან მოწყალეა უფალი, შენი ღმერთი. არ მიგატოვებს და არ დაგღუპავს, და არ დაივიწყებს შენი მამების აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ. აბა, შეეკითხეთ გარდასულ დღეებს, შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც შექმნა ღმერთმა ადამიანი მიწაზე, ცის კიდიდან ცის კიდემდე, თუ მომხდარა რაიმე მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი, თუ სმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა, როგორც შენ ისმინე, და გადარჩი ცოცხალი? თუ უცდია რომელიმე ღმერთს მისულიყო და გამოეყვანა თავისთვის ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებითა და სასწაულებით, და ბრძოლით, და ძლიერი ხელით, და გაწვდილი მკლავით, და დიდი საშინელებებით, როგორც მოიმოქმედა ყოველივე თქვენთვის თქვენმა ღმერთმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ? შენ გახილვინა, რათა გცოდნოდა, რომ უფალია ღმერთი, არავინ არის მის გარდა. ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე, და ქვეყანაზე გიჩვენა თავისი დიდი ცეცხლი, და მისი სიტყვანი ისმინე ცეცხლის შუაგულიდან. რაკი შეიყვარა მან შენი მამები და გამოირჩია მათი შთამომავალი მათ შემდეგ, და გამოგიყვანა თავისი დიადი ძალით ეგვიპტიდან, რათა განედევნა შენზე უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხები შენი პირისაგან, რათა მიეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ. და დღეს შეიცანი და გულში ჩაიბეჭდე, რომ თვით უფალი ღმერთია მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა. დაიცავი მისი წესები და მისი მცნებები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, რათა კარგად იყოთ შენ და შენი ძენი შენს შემდგომ, და რათა გაიხანგრძლივო დღენი ქვეყანაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.“ მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით, რათა იქ გაიქცეს მკვლელი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდება თავისი მოყვასი, ვისი სიძულვილიც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ, გაიქცეს ერთ-ერთში ამ ქალაქთაგან, და გადარჩეს. ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენისა იყო, რამოთი გილყადში – გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში – მენაშესი. ეს არის რჯული, რომელიც დააწესა მოსემ ისრაელის ძეთა წინაშე. და ესენია მოწმობანი და წესები და სამართალნი, რომელნიც უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ ეგვიპტიდან გამოსვლისას, იორდანეს გაღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორეველთა მეფის, სიხონის, ქვეყანაში, რომელიც ცხოვრობდა ხეშბონში, და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას. და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა და ქვეყანა ყოგისა, ბაშანის მეფისა, ამორეველთა ორი მეფისა, რომელნიც იყვნენ იორდანეს გაღმა მხარეს, მზის აღმოსავლეთით, ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის ნაპირზეა, სიონის მთამდე. ეს არის ხერმონი. და ასევე მთელი ველი ორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, ყარაბას ზღვამდე, ფისგას ფერდობების ძირას. და მოუწოდა მოსემ მთელს ისრაელს, და უთხრა მათ: ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალნი, რომელსაც მე ვიტყვი დღეს თქვენს გასაგონად. და შეისწავლეთ ისინი და ეცადეთ მათი შეასრულება. უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვიდო აღთქმა ხორებში. ჩვენს მამებთან კი არ დადო უფალმა ეს აღთქმა, არამედ ჩვენთან, ყველა ჩვენგანთან, ვინც აქ ცოცხლები ვართ დღეს. პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან. მე კი ვიდექი უფალსა და თქვენს შორის იმ დროს, რათა მეუწყებინა თქვენთვის სიტყვა უფლისა, რადგან გეშინოდათ ცეცხლისა და არ ასულხართ მთაზე. და მითხრა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს წინაშე. არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია მიწის ქვეშ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო მათ, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემი მოძულეების მესამე და მეოთხე თაობას. და წყალობის მქმნელი ათასეულთათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის. არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რადგან დაუსჯელი ვერ გადაურჩება უფალს მისი სახელის ამაოდ წარმომთქმელი. დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდა ჰყო იგი, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველი შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია, არა საქმე არ აკეთო, არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა დაისვენოს შენმა მსახურმა და შენმა მხევალმა შენსავით. გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტელთა ქვეყანაში, და გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან ძლიერი ხელით და გაწვდილი მკლავით. ამისათვის გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დაიცვა დღე შაბათისა. პატივი ეცი მამაშენს და დედაშენს, როგორც გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ. არა კლა. არ იმრუშო. არ იქურდო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, და არ ინატრო შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.“ ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან დიდი ხმით, და მეტი არაფერი დაუმატებია. და დაწერა ისინი ორ ქვის დაფაზე, და მომცა მე. და როცა მოისმინეთ თქვენ ხმა წყვდიადიდან, ხოლო მთა ცეცხლში იწვოდა, მაშინ მოხვედით ახლოს თქვენი ტომის ყველა მთავარი და თქვენი ერის უხუცესები. და მითხარით: „აჰა, გვიჩვენა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და თავისი სიდიადე, და მისი ხმა გვესმა ჩვენ ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ ჩვენ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ადამიანი ცოცხალი დარჩა. და ახლა რისთვის დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი, თუ ჩვენ კვლავ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, მაშინვე დავიხოცებით. რადგან ვინაა ის ხორციელი, რომ მოესმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი დარჩენილიყოს? შენ მიუახლოვდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც იტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და მოგვიყევი ჩვენ ყველაფერი, რასაც შენ გეტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და ჩვენ მოგისმენთ და შევასრულებთ.“ ისმინა უფალმა თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა უფალმა: „ვისმინე ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს. ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და დაეცვათ ყველა ჩემი მცნება ყოველდღე, რათა კარგად ყოფილიყვნენ ისინი და მათი ძენი უკუნისამდე. წადი, უთხარი მათ, დაბრუნდნენ თავიანთ კარვებში. ხოლო შენ აქ დადექი ჩემთან, და მე გეტყვი ყველა მცნებას და წესებს, და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რათა მათ შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე დასამკვიდრებლად ვაძლევ მათ.“ ისე უნდა დაიცვათ შესასრულებლად, როგორც უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გიბრძანათ. ნუ გადაუხვევთ ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივ. იარეთ ყველა გზით, რომელიც გამცნოთ თქვენმა ღმერთმა, რათა იცოცხლოთ და კარგად იყოთ, და დღეგრძელნი იყოთ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებთ. და აჰა, მცნებები, წესები და სამართალნი, რომელნიც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რომ გასწავლოთ თქვენ, რათა შეასრულო იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. რათა გეშინოდეს უფლისა, შენი ღვთისა, რომ დაიცვა ყველა მისი წესი და მისი მცნება, რომელთაც მე გიბრძანებთ, შენ და შენს ძეს, და შენი ძის ძეს, მთელი შენი სიცოცხლის დღეებში, რათა დღეგრძელი იყო. ისმინე, ისრაელ, და დაიცავი შესასრულებლად, რათა კარგად იყო, და რათა გამრავლდე ძალზე, როგორც გითხრა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, [რომ მოგცემს იმ] ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ისმინე, ისრაელ: უფალი, ჩვენი ღმერთი, ერთი უფალია. და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით. და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას. და შეიბი ისინი ნიშნად ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად შენს თვალებს ზემოთ, და დააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამოც შეჰფიცა თქვენს მამებს – აბრაამს, ისაკსა და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდ და კარგ ქალაქებს, რომელნიც შენ არ აგიშენებია, და ყოველნაირი სიკეთით სავსე სახლებს, რომელნიც შენ არ აგივსია, და ამოკვეთილ ჭებს, რომელნიც შენ არ ამოგიკვეთია, ბაღ-ვენახებსა და ზეთისხილის ხეებს, რომელნიც შენ არ გაგიშენებია, და შეჭამ და გაძღები, გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. გეშინოდეს უფლისა, შენი ღვთისა, და მას ემსახურე, და მის სახელს ფიცულობდე. არ გაჰყვეთ უცხო ღმერთების კვალს, იმ ხალხების ღმერთთაგან, რომელნიც თქვენ ირგვლივ არიან, რადგან უფალი, შენი ღმერთი, რომელიც შენს შორისაა, შურისმგებელი ღმერთია. თორემ აღეგზნება უფლის, შენი ღვთის, რისხვა შენზე და მოგსპობს მიწის პირისაგან. არ გამოსცადოთ უფალი, თქვენი ღმერთი, როგორც გამოსცადეთ მასაში. მტკიცედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებები, მისი მოწმობანი და მისი წესები, რომელნიც გიბრძანა შენ. და სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის თვალში, რათა კარგად იყო, რომ მიხვიდე და დაიმკვიდრო კარგი ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, რომ განდევნოს მთელი შენი მტრები შენი პირისაგან, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. თუ შეგეკითხება ხვალ შენი შვილი და გეტყვის: „რა არის ეს მოწმობანი, წესები და სამართალნი, რომელიც გიბრძანათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა“? უთხარი შენს შვილს: „მონებად ვიყავით ფარაონთან ეგვიპტეში, და გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით. მოუვლინა უფალმა დიდი და საშინელი ნიშნები და სასწაულები და სასჯელები ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლს ჩვენს თვალწინ. და ჩვენ გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ, რათა მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა ჩვენს მამებს. და გვიბრძანა ჩვენ უფალმა აღსრულება ყველა იმ წესისა, რათა გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, დღენიადაგ კარგად ვიყოთ, რომ ცოცხალი დავრჩეთ, როგორც ამ დღესა ვართ. და ჩვენ ჩაგვეთვლება სიმართლედ, თუ დავიცავთ შესასრულებლად ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც მან გვიბრძანა.“ როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს თქვენი პირისაგან – ხეთელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს, და ხელში ჩაგაგდებინებს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო. და არც დაუმოყვრდე მათ: ასული შენი არ მისცე მის ძეს, და ასული მისი არ მოუყვანო შენს ძეს; რადგან განაშორებენ შენს ძეს ჩემგან, და მსახურებას დაუწყებენ უცხო ღმერთებს, და აღიგზნება რისხვა უფლისა თქვენზე, და ის სწრაფად გაგანადგურებს. არამედ ასე მოექეცით მათ: დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და მათი ძეგლები დაამსხვრიეთ, მათი აშერები აკაფეთ, და მათი ქანდაკებანი დაწვით ცეცხლში. რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყოთ მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არსებობენ. თქვენი სიმრავლის გამო კი არ მოგისურვათ უფალმა და გამოგირჩიათ ყველა ხალხიდან, თქვენ ხომ ყველა ხალხზე უმცირესნი ხართ, არამედ, თქვენდამი უფლის სიყვარულის გამო და იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, გამოგიყვანათ უფალმა თქვენ ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი მტკიცე, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე. და მიუზღავს თავის მოძულეებს მისაგებელს მათ დასაღუპავად. არ დაუგვიანებს ის თავის მოძულეს, პირადად მიუზღავს. დაიცავი მცნებები, წესები და სამართალნი, რომელთაც მე გამცნებ დღეს შესასრულებლად. და თუ შეისმენთ ამ სამართალს და დაიცავთ და შეასრულებთ მას, უფალი, შენი ღმერთი, შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს. და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; მსხვილფეხა პირუტყვის მონაგებს და წვრილფეხა პირუტყვის მონაგებს ქვეყანაზე, რომელიც თქვენთვის მოსაცემად შეჰფიცა თქვენს მამებს. კურთხეულ იქნები ყველა ხალხზე მეტად. არ იქნება არც შენში და არც შენს საქონელში უნაყოფო მამრი ან მდედრი. და აგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს. არ შეგყრის ეგვიპტელთა ყოველ მავნე სატკივარს, რომელიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს. და შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს. არ დაინდოს შენმა თვალმა ისინი. და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის. თუ გონებაში გაგივლის: ‘ჩვენზე მრავალრიცხოვანნი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნას?’ ნუ შეუშინდები მათ. გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს; ის დიდი განსაცდელნი, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა, და ნიშნები და სასწაულები, და ძლიერი ხელი და გაწვდილი მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია. კრაზანებსაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ დაიღუპებიან დარჩენილნი და მიმალულნი შენი პირისაგან. ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთი, შენს შორისაა, ღმერთი დიადი და საშინელი. განდევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს შენს წინაშე ცოტ-ცოტაობით. ვერ შეძლებ მათ მოსპობას სწრაფად, რომ არ იმრავლოს შენზე ველის ნადირმა. და გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და ააწიოკებს მათ დიდი აწიოკებით, ვიდრე არ განადგურდებიან ისინი. და ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს, და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში. წინ ვერავინ დაგიდგება, ვიდრე არ გაანადგურებ. მათი ღმერთების ქანდაკებანი დაწვით ცეცხლში. ნუ ისურვებ წასაღებად, ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ, თორემ მახეში გაებმები, რადგან ეს სისაძაგლეა უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. და ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენ მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი. ყოველი მცნება, რომელსაც მე დღეს გიბრძანებ, დაიცავით შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ და გამრავლდეთ, და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს. გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი უდაბნოში, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა შეეტყო, თუ რა გიდევს გულში, დაიცავდი მის მცნებებს, თუ არა. და გათვინიერებდა, გაშიმშილებდა, გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. ტანზე სამოსელი არ გაგცვეთია და ფეხი არ გაგსივებია ეს ორმოცი წელიწადი. იცოდე გულში, რომ როგორც კაცმა თავისი ძე გაწვრთნას, ისე გწვრთნის შენ უფალი, შენი ღმერთი. და დაიცავი მცნებანი უფლისა, შენი ღმერთისა, რათა მისი გზებით იარო და გეშინოდეს მისი. რადგან უფალს, შენს ღმერთს, კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ, ქვეყანაში, სადაც წყლის ნაკადულები, წყაროები და ბინულები მოედინებიან მთასა და ბარში. ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არა სიგლახაკით შეჭამ პურს, არ დაგაკლდება იქ არაფერი, ქვეყანაში, რომლის ქვები რკინაა; და მისი მთებიდან გამოჰკვეთავ სპილენძს. და შეჭამ და გაძღები, და აკურთხებ უფალს, შენს ღმერთს, იმ კარგი ქვეყნისთვის, რომელიც მოგცა. და გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი ღმერთი, და აღარ დაიცვა მისი მცნებები, მისი სამართალნი, და მისი წესები, რომელთაც მე დღეს გიბრძანებ. როცა ჭამთ და გაძღებით, და აიშენებთ მშვენიერ სახლებს და მათში იცხოვრებთ, და გამრავლდება თქვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ვერცხლი და ოქრო გექნებათ ბევრი, და ყოველივე, რაც გაბადიათ გაგიმრავლდებათ, – არ გადიდგულდე და არ დაივიწყო, უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან; რომელმაც გატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, სადაც გესლიანი გველები, მორიელები და ხრიოკებია, სადაც არ იყო წყალი, მან კი სალი კლდიდან წყალი გამოადინა შენთვის; რომელიც უდაბნოში გკვებავდა მანანით, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა სიკეთე ეყო ბოლოს შენთვის; და რომ არ თქვა შენს გულში: „ჩემმა ძალამ და ჩემმა ხელის სიმტკიცემ შემძინა მე ეს ქონება!“ უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან იგი გაძლევს შენ ძალას ქონების შესაძენად, რათა შეასრულოს თავისი აღთქმა, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს, როგორც დღეს. და თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, და გაჰყვები უცხო ღმერთების კვალს და ემსახურები, და თაყვანს სცემ მათ, მაშინ ვმოწმობ შენზე დღეს, რომ დაიღუპები; იმ ხალხებივით, რომელთაც უფალი ღუპავს თქვენს წინაშე, ასევე დაიღუპებით, თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას. ისმინე, ისრაელ, შენ დღეს გადალახავ იორდანეს, რათა მიხვიდე და დაიმკვიდრო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, დიდი, ზეცამდე გამაგრებული ქალაქები, ხალხი დიდი და ახოვანი, ყენაკის ძენი, რომლებიც იცი და რომლებზეც ამბობენ: „ვინ დაუდგება ყენაკის ძეთ?“ იცოდე დღეს, რომ უფალი, შენი ღმერთი, წინ გიძღვის, როგორც ცეცხლი მშთანთქმელი. ის გაანადგურებს მათ და ის მოდრეკს მათ შენს წინაშე, და შენ განდევნი მათ და დაღუპავ მალე, როგორც უფალმა გითხრა. ნუ იტყვი გულში, როცა განდევნის მათ უფალი, შენი ღმერთი, შენი პირისაგან: „ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად!“ რადგან ამ ხალხების უღვთოების გამო დევნის უფალი მათ თქვენი პირისაგან. შენი სიმართლის და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი უღვთოების გამო დევნის ამ ხალხს უფალი, შენი ღმერთი, შენი პირისაგან, რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს – აბრაამს, ისაკს და იაკობს. იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ კარგ ქვეყანას დასამკვიდრებლად, რადგან შენ ხომ ჯიუტი ხალხი ხარ. გახსოვდეს, ნუ დაივიწყებ, თუ როგორ არისხებდი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში – იმ დღიდან, როდესაც გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, ვიდრე მოაღწევდი ამ ადგილამდე, უფალს ეურჩებოდი. და ხორებში განარისხეთ უფალი, და ისე განრისხდა უფალი თქვენზე, რომ განადგურება დაგიპირათ. როცა მთაზე ავედი, რომ მიმეღო ქვის დაფები, დაფები აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ, დავყავი მთაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, პური არ მიჭამია და წყალი არ შემისვამს. და მომცა უფალმა მე ორი ქვის დაფა, დაწერილნი ღვთის თითით, და ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გითხრათ უფალმა ცეცხლის შუაგულიდან შეკრების დღეს. და ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის ბოლოს მომცა უფალმა ორი ქვის დაფა, აღთქმის დაფები. და მითხრა უფალმა: „ადექი, ჩადი აქედან მალე, რადგან წახდა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე შენ ეგვიპტიდან. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც მე ვუბრძანე მათ. გაიკეთეს ჩამოსხმული კერპი.“ და კვლავ მითხრა უფალმა: „ვიხილე მე ეს ხალხი, და აჰა, ურჩი ხალხია იგი. დამანებე და გავანადგურებ და წავშლი მათ სახელს ცისქვეშეთიდან, და შენ გაქცევ მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერად.“ და მოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, და მთას ეკიდა ცეცხლი, და აღთქმის ორი ქვის დაფა ორივე ხელით მეჭირა. და დავინახე, რომ თქვენ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, გაიკეთეთ ჩამოსხმული ხბო, მალე გადაუხვიეთ გზიდან, რომელიც გიბრძანათ უფალმა. და მოვკიდე ხელი ორივე ქვის დაფას და დავანარცხე ჩემი ორივე ხელით, და დავამსხვრიე თქვენს თვალწინ. და მე დავემხე უფლის წინაშე. როგორც უწინ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე პური არ მიჭამია და წყალი არ შემისვამს მთელი თქვენი ცოდვის გამო, რაც შესცოდეთ უფლის თვალში, ბოროტების ჩასადენად და მის განსარისხებლად. რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომლითაც განრისხდა უფალი თქვენზე, რათა გაენადგურებინეთ. და ისმინა უფალმა ჩემი ამჯერადაც. და აარონზე განრისხდა უფალი ძალიან მის გასანადგურებლად. და მე ვილოცე აარონისათვის იმ დროს. ავიღე თქვენი ნაცოდვარი, ხბო, თქვენ რომ გაგეკეთებინათ და დავწვი ცეცხლზე, და დავნაყე და დავფქვი მტვერივით წვრილად და მისი მტვერი მთიდან მომდინარე ნაკადულში ჩავყარე. თაბყერაში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში თქვენ არისხებდით უფალს. და როცა გამოგგზავნათ უფალმა თქვენ კადეშ-ბარნეაყიდან ამ სიტყვებით: „ადით და დაიპყარით ქვეყანა, რომელიც მოგეცით“, თქვენ წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას და არ ერწმუნეთ მას, და არ ისმინეთ მისი ხმა. ურჩნი იყავით თქვენ უფლისადმი იმ დღიდან, რაც გიცნობთ. და მე ვემხე უფლის წინაშე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რადგან უფალმა თქვენი განადგურება გადაწყვიტა. და ვლოცულობდი უფლისადმი და ვამბობდი: „უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ხალხს და შენს სამკვიდროს, რომელიც შენ გამოისყიდე შენი დიდებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან ძლიერი ხელით. გაიხსენე შენი მსახურნი აბრაამი, ისაკი და იაკობი, ნუ მიხედავ ამ ხალხის სიჯიუტეს და მის უკეთურებას, და მის ცოდვას, რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც შენ გამოგვიყვანე: ვერ შეძლო უფალმა მათი მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც აღუთქვა მათ, და მათი სიძულვილის გამო გამოიყვანა ისინი, რათა დაეხოცა უდაბნოში. შენი ხალხია ის და შენი სამკვიდრო, რომელიც შენ გამოიყვანე შენი დიადი ძალით და შენი გაწვდილი მკლავით.“ და იმ დროს მითხრა მე უფალმა: „გამოთალე შენთვის ორი ქვის დაფა იმ პირვანდელთა მსგავსი, და ამოდი ჩემთან მთაზე, და გაიკეთე ხის კიდობანი. და დავწერ ქვის დაფებზე იმ სიტყვებს, რომლებიც იყო პირვანდელ ქვის დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე. და კიდობანში ჩააწყვე ისინი.“ და გავაკეთე მე კიდობანი აკაციის ხისაგან, და გამოვთალე ორი ქვის დაფა, პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. და ხელში ორი ქვის დაფა მეჭირა. და მან დაწერა ქვის დაფებზე პირვანდელი ნაწერის მსგავსად ათი მცნება, რომელნიც წარმოთქვა თქვენს მიმართ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან შეკრების დღეს, და მომცა მე ისინი უფალმა. და გამოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, და ჩავაწყე კიდობანში, რომელიც გავაკეთე, და აწყვია იქ, როგორც მე მიბრძანა უფალმა. და ისრაელის ძენი აიყარნენ ბეყეროთ-ბენე-იაყაკანიდან მოსერასაკენ. და იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა, და დადგა მის მაგიერ ელეაზარი, მისი ძე. იქიდან აიყარნენ გუდგოდასაკენ და გუდგოდადან იოტბათასაკენ, წყლის ნაკადთა ქვეყნისაკენ. იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი, რომ ეტარებინა უფლის აღთქმის კიდობანი უფლის წინაშე, ემსახურა მისთვის და ეკურთხებინა მისი სახელით დღევანდლამდე. ამის გამო არ ჰქონდა ლევის ტომს წილი და სამკვიდრო თავის ძმებთან. უფალია მისი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა. და მე დავრჩი მთაზე, პირვანდელი დღეების მსგავსად, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. და მისმინა უფალმა ამჯერადაც. არ ისურვა უფალმა თქვენი შემუსვრა. და მითხრა მე უფალმა: „ადექ, წინ წაუძეხ გზაში ამ ხალხს. მივიდნენ და დაიმკვიდრონ ის ქვეყანა, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს.“ და ახლა, ისრაელ, რას ითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მისი გზით, გიყვარდეს იგი, და ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი გულით და მთელი შენი სულით, დაიცვა მცნებანი უფლისა და მისი წესები, რომელთაც გიბრძანებ დღეს შენს სასიკეთოდ. უფლის, შენი ღმერთისაა, ცანი და ცანი ცათანი, მიწა და ყოველივე, რაც მასშია. მხოლოდ შენი მამები შეიტკბო უფალმა და შეიყვარა ისინი, და გამოგარჩიათ თქვენ, მათი შთამომავლობა, მათ შემდეგ ყველა ხალხიდან, როგორც ამ დღეს. დაიცვითეთ გულის ჩუჩა და ნუღარ გაჯიუტდებით, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელიც მიკერძოებას არ იჩენს და ქრთამს არ იღებს, რომელიც ობოლსა და ქვრივს სამართალს უჩენს და უყვარს ხიზანი და აძლევს მას პურსა და სამოსელს. და გიყვარდეთ ხიზანი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. უფლისა, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე და მისი სახელით დაიფიცე. იგია შენი დიდება და იგია შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის ის დიდი და საშინელი საქმეები, შენმა თვალებმა რომ იხილეს. სულ სამოცდაათი სულით ჩავიდნენ თქვენი მამები ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავლად გაქცია უფალმა, შენმა ღმერთმა. „და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და დაიცავი მისი დასაცველნი და მისი წესები, და მისი სამართალნი, და მისი მცნებანი ყოველდღიურად. იცოდეთ ეს დღეს, მე არ ველაპარაკები თქვენს ძეთ, რომელთაც არ იციან და არ უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი დიდება, მისი ძლიერი ხელი და მისი გაწვდილი მკლავი, და მისი ნიშნები და მისი საქმენი, რომელნიც შუაგულ ეგვიპტეში უყო ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელ მის ქვეყანას, და რაც უყო ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და მის ეტლებს, როგორ შთაანთქმევინა ისინი მეწამული ზღვის წყალს, როცა ისინი დაგედევნენ, და მოსპო ისინი უფალმა დღემდე, და რაც უდაბნოში გაგიკეთათ, ვიდრე ამ ადგილს მოაღწევდით, და რაც მან უყო დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის, ძეთ, როცა გააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი და მათი სახლები, და მათი კარვები, და მთელი სიმდიდრე, რაც რამ ებადათ მთელს ისრაელში. რადგან თქვენმა თვალებმა იხილეს უფლის ყველა დიდი საქმეები, რომელნიც მან გააკეთა. და დაიცავით ყველა მცნება, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს, რათა გაძლიერდეთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა. და რათა დღეგრძელი იყოთ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს და მათ შთამომავლობას, ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება. რადგან ქვეყანა, სადაც შენ მიდიხარ დასამკვიდრებლად, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც თქვენ გამოხვედით, სადაც თესავდი თესლს, და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს, ხოლო ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხარ, მთიანი და ველებიანი ქვეყანაა და ცის წვიმის წყალს სვამს. ქვეყანა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს. მუდამ მასზეა უფლის, შენი ღმერთის, თვალი წელიწადის დასაბამიდან წელიწადის დასასრულამდე. და თუ სმენით მოისმენთ ჩემს მცნებებს, რომელთაც მე გიბრძანებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულით და მთელი თქვენი სულით, მაშინ მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას დროულად, ადრეულსა და ნაგვიანებს. და თქვენც მოიწევთ თქვენს მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს. და გავუჩენ ბალახს შენს მდელოს შენი საქონლისათვის, და ჭამ და გაძღები. მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ შეცდეს თქვენი გული და არ გადაუხვიოთ და არ ემსახუროთ უცხო ღმერთებს, და არ ეთაყვანოთ. და მაშინ აღეგზნება რისხვა უფლისა თქვენზე, და დახშავს ცას და არ იქნება წვიმა, და მიწა აღარ მოგცემთ თავის ნაყოფს. და მალევე დაიღუპებით ამ კარგი ქვეყნიდან, რომელსაც უფალი გაძლევთ თქვენ. და ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები თქვენს გულში და სულში, და შეიბით იგი ნიშნად თქვენს ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად თქვენს თვალებს ზემოთ. და ასწავლეთ ისინი თქვენს ძეთ და ელაპარაკეთ მათ შინ ყოფნისას, გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას. და წააწერეთ ისინი თქვენი სახლების წირთხლებს და თქვენს კარიბჭეებს, რათა გამრავლდნენ თქვენი დღენი და დღენი თქვენს ძეთა იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, რამდენ დღესაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ. რადგან, თუ დაცვით დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომელთაც მე გიბრძანებთ შესასრულებლად, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, რათა იაროთ მისი გზით და მიეწებოთ მას, მაშინ განდევნის უფალი ყველა ამ ხალხს თქვენი პირისაგან და დაიმკვიდრებთ თქვენზე დიდ და ძლიერ ხალხებს. ყველა ადგილი, სადაც დაიდგმება ტერფი თქვენი ფეხისა, თქვენი იქნება. უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარე ევფრატიდან განაპირა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი. წინ ვერავინ დაგიდგებათ. თქვენს შიშსა და ზარს დასცემს უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი დედამიწის ზურგს, სადაც კი ფეხს დაადგამთ, როგორც მან გითხრათ. უყურეთ, მე დღეს გთავაზობთ კურთხევასა და წყევლას: კურთხევას – თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, რომლებსაც მე გიბრძანებთ დღეს; და წყევლას – თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ. და იქნება, როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც შედიხარ, აღავლინეთ კურთხევა გერიზიმის მთაზე და წყევლა – ღებალის მთაზე. იორდანეს გაღმაა ისინი, მზის დასავლის გზაზე, ყარაბაში მცხოვრები ქანაანელების ქვეყანაში, გილგალის პირდაპირ, მორეს მუხნარის მახლობლად. რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ თქვენ, და დაიმკვიდრებთ მას და იქ დასახლდებით, დაიცავით შესასრულებლად ყველა წესი და სამართალნი, რომელთაც მე გაძლევთ თქვენ დღეს. აჰა, წესები და სამართალნი, რომელიც უნდა დაიცვათ შესასრულებლად იმ ქვეყანაში, დასამკვიდრებლად რომ მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, მთელი ის დღეები, რასაც იცოცხლებთ იმ მიწაზე. განადგურებით გაანადგურეთ ყველა ადგილი, სადაც ხალხები, რომელთაც თქვენ განდევნით, ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაღალ მთებსა და ბორცვებზე, და ყველა ამწვანებული ხის ქვეშ. და დააქციეთ მათი სამსხვერპლოები, და დალეწეთ მათი ძეგლები, და მათი აშერები დაწვით ცეცხლით, და მათი ღმერთების ქანდაკებები დაჩეხეთ და მოსპეთ მათი სახელი იმ ადგილიდან. ასე არ მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს. მხოლოდ ადგილს, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, ყველა თქვენს ტომთაგან, რათა იქ დაადგინოს თავისი სახელი, მიმართეთ და იქ მიდით, და იქ მიიტანეთ თქვენი სრულადდასაწველნი და თქვენი მსხვერპლები, და თქვენი მეათედები, და თქვენი ხელის აღსამართავი და თქვენი აღთქმული, და თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის პირველმოგებულნი, და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე, და გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლმა თქვენი ნაამაგარით, რომლითაც გაკურთხათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. არ გააკეთოთ ყოველივე ის, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ დღეს – თითოეული ყველაფერ იმას აკეთებს, რაც მის თვალშია სწორი, რადგან ჯერ კიდევ არ შესულხართ განსასვენებელში და სამკვიდროში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს შენ. მაგრამ როცა გადახვალთ იორდანეს და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმკვიდრებთ თქვენ, და დაგასვენებთ თქვენ გარეშე მტერთაგან, და იცხოვრებთ უშიშრად. მაშინ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ თქვენ: თქვენი სრულადდასაწველნი და თქვენი მსხვერპლები, თქვენი მეათედები და თქვენი ხელის აღსამართავები და ყოველი რჩეული თქვენს აღთქმულთაგან, რომელიც აღუთქვით უფალს. და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, თქვენ და თქვენმა ძეებმა, და თქვენმა ასულებმა, და თქვენმა მსახურებმა, და თქვენმა მხევლებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს კარიბჭესთანაა, რადგან არა აქვს წილი და სამკვიდრო თქვენთან. გაფრთხილდი, არ აღავლინო შენი სრულადდასაწველნი ყოველ ადგილას, რომელსაც დაინახავ. არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი ერთ-ერთ შენს ტომში. იქ აღავლინე შენი სრულადდასაწველნი, და იქ გააკეთე ყველაფერი, რასაც მე გიბრძანებ. ოღონდ ყოველთვის, როცა მოისურვებს შენი სული, შეგიძლია დაკლა და უფლის, შენი ღმერთის კურთხევით ჭამო ხორცი, რომელიც მან მოგცა ყოველ შენს კარიბჭეში. უწმიდურსა და წმიდას ეჭმევა, როგორც ქურციკი და როგორც ირემი. ოღონდ სისხლი არ ჭამოთ. წყალივით დაღვარეთ მიწაზე. უფლება არ გაქვს, რომ ჭამო შენს საცხოვრებლებში მარცვლეულის, ღვინისა და ზეთის მეათედი და შენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის პირველმოგებულები, და ყოველი შენი აღთქმული, რომელიც აღთქმული გაქვს. შენი ნებაყოფლობითი შესაწირავები და შენი ხელის აღსამართავი. არამედ მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამეთ იგი, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი: შენ და შენმა ძემ, და შენმა ასულმა, და შენმა მსახურმა, და შენმა მხევალმა, და ლევიანმა, რომელიც შენს კარიბჭესთანაა. და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე მთელი შენი ნაამაგრით. გაფრთხილდი, არ მიატოვო ლევიანი მთელი შენი დღეების მანძილზე შენს მიწაზე. როდესაც გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვარს, როგორც გაუწყა, და იტყვი: „შევჭამ ხორცს“, რადგან შენი სული ისურვებს ხორცის ჭამას, მაშინ შენი სულის სურვილისამებრ ჭამე ხორცი. თუ შორს იქნება თქვენგან ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასაწესებლად, მაშინ დაკალი შენი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვიდან, რომელიც მოგცა უფალმა, როგორც მე გიბრძანე, და ჭამე შენს კარიბჭეებში შენი სულის სურვილისამებრ, ოღონდ, როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, ისე ჭამეთ იგი. უწმიდურსა და წმიდას შეუძლია ჭამოს იგი. მხოლოდ მკაცრად ეკრძალე, რათა არ ჭამო სისხლი, რადგან სისხლი სულია და არ უნდა ჭამო სული ხორცთან ერთად. არ ჭამო იგი, წყალივით დაღვარეთ მიწაზე. არ ჭამო იგი, რათა კარგად იყვნეთ შენ, და შენს შემდეგ, შენი ძენი, რადგან იმას გააკეთებ, რაც სწორია უფლის თვალში. ოღონდ აიღე შენი შესაწირავები, რაც გექნება, და შენი აღთქმულები და მიდი იმ ადგილას, რომელსაც გამოარჩევს უფალი. და შესწირე შენი სრულადდასაწველი, ხორცი და სისხლი, უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოზე. შენი მსხვერპლის სისხლი უნდა დაიღვაროს უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოზე, ხორცი კი ჭამე. დაიცავი და გაიგონე ყველა ეს სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებ, რათა კარგად იყვნეთ შენ და შენი ძენი, შენს შემდეგ, უკუნისამდე, რადგან იმას გააკეთებ, რაც კარგი და სწორია უფლის, შენი ღმერთის თვალში. როდესაც მოსრავს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომლებთანაც შენ მიხვალ, რომ განდევნო ისინი შენი პირისაგან, და განდევნი მათ, და დასახლდები მათ ქვეყანაში, გაფრთხილდი, არ გაება მახეში მათ უკან მას შემდეგ, რაც მოისპობიან შენი პირისაგან და არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს და არ თქვა: „როგორც ეს ხალხები ემსახურებიან თავიანთ ღმერთებს, მეც ისე მოვიქცევი.“ და არ გაუკეთო ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან ყველა სისაძაგლეს, რაც უფალს ეჯავრება, ისინი თავიანთ ღმერთებს უკეთებენ: თავიანთ ძეებსა და თავიანთ ასულებს ცეცხლში უწვავენ თავიანთ ღმერთებს. ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებთ, დაიცავით შესასრულებლად. ნურც დაუმატებ მას და ნურც მოაკლებ. შენს შორის რომ აღდგეს წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი და მოგცეთ ნიშანი ან სასწაული, და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც გაუწყა და თან გითხრას: „გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობ, და ვემსახუროთ მათ“, ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვართ თუ არა თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით! გაჰყევით უფლის, თქვენი ღმერთის, კვალს და გეშინოდეთ მისი. და დაიცავით მცნებანი მისი და ისმინეთ ხმა მისი, და მას ემსახურეთ, და მას მიეწებეთ. და ის წინასწარმეტყველი თუ სიზმრის მხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან მან გირჩიათ განდგომა უფლისაგან, თქვენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან და გამოგისყიდათ მონობის სახლიდან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რომელზეც გიბრძანა სიარული უფალმა, შენმა ღმერთმა. და აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან. თუ წაგაქეზოს შენმა ძმამ, დედაშენის შვილმა, ან შენმა შვილმა, ან შენმა ასულმა, ან შენს უბესთან მყოფმა წიაღის ცოლმა, ან მეგობარმა, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს, და საიდუმლოდ გითხრას: „წავიდეთ და ვემსახუროთ სხვა ღმერთებს“, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები არ იცნობდნენ, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემოა, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, არ დათანხმდე და არ უსმინო მას. არ დაინდოს იგი შენმა თვალმა, არ შეიბრალო იგი და არ დაფარო იგი, არამედ მოკალი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მასზე მოსაკლავად და მერე მთელი ერის ხელი. და ჩაქოლე იგი ქვებით, და მოკვდეს. რადგან განზრახული ჰქონდა, ჩამოეცილებინე უფლისაგან, შენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. მთელი ისრაელი მოისმენს ამას და შეშინდება, და შემდგომ აღარ ჩაიდენენ ასეთ ბოროტებას შენს წიაღში. და თუ გაიგებთ, რომ რომელიმე შენს ქალაქთაგანში, რომელიც თქვენ მოგცათ საცხოვრებლად უფალმა, შენმა ღმერთმა, გამოჩნდნენ უღირსი კაცები შენი წიაღიდან და შეაცდინეს ამ ქალაქის მცხოვრებლები ამ სიტყვებით: „წავიდეთ და ვემსახუროთ იმ ღმერთებს, რომელთაც თქვენ არ იცნობთ“, მაშინ გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და კარგად გამოიკითხეთ და, თუ ეს სრული ჭეშმარიტებაა, მოხდა ეს სისაძაგლე შენს წიაღში, მახვილის პირით შემუსრეთ იმ ქალაქის მცხოვრებნი. და დაარისხე იგი და ყველაფერი, რაც მასშია, და პირუტყვიც კი გაჟლიტეთ მახვილით. და მთელი ნადავლი შეკრიბეთ მის შუაგულ მოედანზე, და ცეცხლით დაწვით ეს ქალაქი და მთელი ის ნადავლი უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. და საუკუნო ნანგრევებად დარჩეს იგი და აღარ აშენდეს არასდროს. და ნურაფერი ნუ მიეწებება შენს ხელს იმ დარისხებულიდან, რათა მოიქცეს უფალი თავისი რისხვისაგან და მოგცეს წყალობა და შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს, თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, დაიცავ ყველა მის მცნებას, რომელსაც გიბრძანებ დღეს, და გააკეთებ, რაც სწორია უფლის, შენი ღმერთის, თვალში. თქვენ ხართ ძენი უფლისა, თქვენი ღმერთისა. ტანს ნუ დაისერავთ და წარბებს ნუ გადაიპარსავთ მკვდრის გამო. რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, და შენ ამოგირჩია უფალმა, რომ მისი უნჯი ხალხი ყოფილიყავი, ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე. არ ჭამო არავითარი სისაძაგლე. ეს ცხოველებია, რომელთა ჭამაც შეგიძლია: ხარი, ცხვარი, თხა, ირემი, ქურციკი, შველი, ჯიხვი, ანტილოპა, კამეჩი და ნიამორი. და ყოველი ჩლიქგაყოფილი პირუტყვი, თუ გაჭრილი აქვს ორივე ჩლიქი მთლიანად და პირუტყვი, რომელიც იცოხნის, ის ჭამეთ. ოღონდ მცოხნელთაგან და ჩლიქგაყოფილთაგან, რომელთაც გაჭრილი აქვთ ჩლიქი, ამათგან არ ჭამოთ: აქლემი, კურდღელი და ბოცვერი, რადგან იცოხნიან და ჩლიქი კი არა აქვთ გაყოფილი მთლიანად. უწმიდურებია ისინი თქვენთვის. და ღორი, რომელსაც ჩლიქი აქვს გაყოფილი, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის. მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორსაც ნუ მიეკარებით. და ყოველთაგან, რაც წყალშია, ჭამეთ შემდეგი: ყოველი, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს, ჭამეთ. და ყოველი, რასაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი, არ ჭამოთ, უწმიდურია თქვენთვის. ყოველი სუფთა ფრინველი ჭამეთ. და აი, რა არ უნდა ჭამოთ: არწივი, ორბი, სვავი, ძერა, შევარდენი, სონღული მათი გვარითურთ, ყველა ყორანი მისი გვარითურთ, სირაქლემა, ბუ, თოლია, ქორი მათი გვარითურთ, კიოტა, ბუკნაჭო, ჭოტი, ვარხვი, ფსოვი, ჩვამა, ყარყატი, ყანჩა თავისი გვარითურთ, ოფოფი და ღამურა. და ყოველი ფრთოსანი მწერი უწმიდურია თქვენთვის, არ იჭმება. ყოველი სუფთა ფრინველი ჭამეთ. არ ჭამოთ არავითარი ლეში. ხიზანს მიეცი, რომელიც შენს კარიბჭეებშია, და ჭამოს, ან მიჰყიდეთ უცხოელს. რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. ნუ მოხარშავთ თიკანს თავისი დედის რძეში. აიღე მეათედი შენი ნათესის მთელი მოსავლიდან, რომელიც მოდის ყანაში ყოველწლიურად, და ჭამე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს თავისი სახელის იქ დასავანებლად: მეათედი შენი მარცვლეულისა, შენი ღვინისა და შენი ზეთისა, და თქვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის პირველმოგებულები, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის შიში შენი დღენი. და თუ დიდი გზა იქნება შენთვის და ვერ შეძლებ მის ტარებას, რადგან შორს იქნება შენგან ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, გადაცვალე ის ვერცხლზე და აიღე ეს ვერცხლი ხელში და წადი იმ ადგილისკენ, რომელსაც ირჩევს უფალი, შენი ღმერთი. და მიეცი ფული ყველაფერში, რასაც შენი სული ისურვებს: მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ღვინო, მაგარი სასმელი, ყველაფერი, რასაც შენი სული მოგთხოვს. და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, და გაიხარე შენ და შენმა სახლმა. და ლევიანი, რომელიც შენს კარიბჭეებშია, არ მიატოვო, რადგან მას შენთან არა აქვს წილი და სამკვიდრო. სამი წლის ბოლოს აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააწყვე შენს კარიბჭეებში. და მოვიდეს ლევიანი, რადგან არ გააჩნია მას წილი და სამკვიდრო; ობოლი და ქვრივი, რომელნიც შენს კარიბჭეებში არიან, და ჭამონ და გაძღნენ, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, შენი ხელის ყოველ ნაქმარში, რასაც გააკეთებ. ყოველი მეშვიდე წელს პატიება ყავ. აი, პატიების რაობა: აპატიოს გამსესხებელმა, რომელიც სესხს მისცემს თავის მოყვასს, და არ გადაახდევინოს თავის მოყვასს და თავის ძმას, რადგან ცხადდება პატიება უფლისათვის. უცხოელს გადაახდევინე, მაგრამ რაც შენი ემართოს შენს ძმას, უნდა აპატიოს შენმა ხელმა. თუმცა არავინ იქნება შენთან გლახაკი, რადგან კურთხევით გაკურთხებს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა შესასრულებლად ყველა ის მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, გაკურთხებს, როგორც გაუწყა, და შენ ასესხებ მრავალ ხალხს, და შენ კი არ ისესხებ. შენ იბატონებ ბევრ ხალხებზე, ისინი კი არ იბატონებენ შენზე. თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი ძმათაგანი, ერთ-ერთ შენს კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ გაიქვაო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი გლახაკი ძმის მიმართ, არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება. გაფრთხილდი, რომ გულში უღირსი ფიქრი არ შეგეპაროს და არ თქვა: „მოახლოვდა მეშვიდე წელი, წელიწადი პატიებისა“, და არ აითვალწუნო შენი გლახაკი ძმა და უარი არ უთხრა მას. ის შეჰღაღადებს შენზე უფალს და შენზე იქნება ცოდვა. მიცემით მიეცი მას, და მიცემისას ნუ იწუხებს შენი გული, რადგან გაკურთხებს ამისათვის უფალი, შენი ღმერთი, ყოველ შენს საქმეში და შენი ხელის ყოველ ნაამაგარში. რადგან არ დაილევა გლახაკი ქვეყანაში, ამიტომ გიბრძანებ ხელგაშლილი იყო შენი ძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი გლახაკის მიმართ შენს ქვეყანაში. თუ მოგეყიდოს ებრაელი, ქალი ან კაცი, გემსახუროს ექვსი წელი, და მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე შენგან. და როცა გაათავისუფლებ შენგან, არ გაუშვა ხელცარიელი: დაასაჩუქრე შენი ფარიდან, შენი კალოდან და შენი საწნახლიდან. რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, მიეცი მას. გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამისათვის გიბრძანებ ამ სიტყვას დღეს. და თუ გითხრას: „არ წავალ!“, რადგან შეგიყვარა მან შენ და შენი სახლი, ვინაიდან კარგად იყო შენთან, მაშინ აიღე სადგისი და ყური გაუხვრიტე კარზე, და შენი მსახური იყოს საუკუნოდ. და შენს მხევალსაც ასე მოექეცი. საძნელოდ ნუ გეჩვენება მისი გათავისუფლება შენგან, რადგან მოჯამაგირის ორმაგი ქირა დაიმსახურა შენგან ექვს წელიწადში. და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველივეში, რასაც გააკეთებ. შესწირე უფალს, შენს ღმერთს, ყოველი პირველმოგებული, რომელიც მამალი დაიბადება წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელში. არ ამუშაო შენი პირველმოგებული ხარი და არ გაპარსო წვრილფეხა პირუტყვის პირველმოგებული. უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ჭამეთ იგი ყოველწლიურად შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი. და თუ რამე ნაკლი ჰქონდეს, სიკოჭლე ან სიბრმავე, ან რაიმე ცუდი ხინჯი, ნუ შესწირავ მას უფალს, შენს ღმერთს. შენს კარიბჭეებში შეჭამე იგი. გაუწმიდურებულსაც და განწმედილსაც შეუძლია ჭამოს იგი, როგორც ქურციკი და ირემი. ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე. დაიცავი აბიბის თვე და შეასრულე პასექი უფლისა, შენი ღმერთისა, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან ღამით. და დაკალი პასექი უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თავისი სახელის იქ დასავანებლად. არ ჭამო მასთან ერთად საფუარიანი. შვიდი დღე ჭამე მასთან ერთად ხმიადი, პური გაჭირვებისა (რადგან ნაჩქარევად გამოხვედით ეგვიპტის ქვეყნიდან), რათა გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე მთელი შენი სიცოცხლე. და არ გამოჩნდეს საფუარიანი მთელს შენს არემარეში შვიდ დღეს, და დილამდე არ დარჩეს იმ ხორციდან, რომელსაც შენ მსხვერპლად შესწირავ პირველი დღის საღამოს. ვერ დაკლავ პასექს შენს რომელიმე კარიბჭეში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად, იქ დაკალი პასექი საღამოს, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის დროს. და გააკეთე და ჭამე იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, და განთიადზე დაბრუნდი და წადი კარვებისაკენ. ექვსი დღე ჭამე ხმიადი და მეშვიდე დღეს დღესასწაულია უფლისა, შენი ღმერთისა. არ აკეთო არანაირი საქმე. შვიდი შვიდეული გადაითვალე, სამკალში ნამგლის შეტანიდან დაიწყე თვლა შვიდი შვიდეულისა, და გადაუხადე შვიდეულთა დღესასწაული უფალს, შენს ღმერთს, შენი ნებით, რასაც გასცემ, როგორც გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი. და იხარე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, შენ და შენმა ძეებმა, შენმა ასულებმა, შენმა მსახურებმა, შენმა მხევლებმა და ლევიანმა, რომელნიც შენს კარიბჭეებშია, და ხიზანმა, ობოლმა და ქვრივმა, რომელნიც შენს შორის არიან, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად. და გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში, და დაიცავი და შეასრულე ეს წესები. იზეიმე კარვობის დღესასწაული შვიდ დღეს, როდესაც შენი კალოდან და საწნახლიდან მოიწევ მოსავალს. და იხარე შენს დღესასწაულებში, შენ და შენმა ძეებმა, შენმა ასულებმა, შენმა მსახურებმა, შენმა მხევლებმა და ლევიანმა, რომელიც შენს კარიბჭეებშია, და ხიზანმა, ობოლმა და ქვრივმა. შვიდი დღე იდღესასწაულეთ უფლის, შენი ღმერთისათვის, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს იგი, რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, მოსავლითა და შენი ხელის ყოველი ნაქმარით, და სულ მხიარული იქნები. წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყველა შენი მამაკაცი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილას, რომელსაც ის ამოირჩევს: უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე. და არავინ არ გამოცხადდეს უფლის წინაშე ხელცარიელი, არამედ თითოეულმა, რაც შეძლოს, ის უძღვნას უფლის, შენი ღმერთის, კურთხევის კვალობაზე, რაც უფალს შენთვის მოუცია. მსაჯულნი და ზედამდგომნი დაიყენე ყველა შენს კარიბჭეში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენი ტომების მიხედვით, რათა განსაჯონ ხალხი, მართალი სამართლით. არ გაამრუდო სამართალი, მიკერძოება არ გამოიჩინო და ქრთამი არ აიღო, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და აუკუღმართებს მართალთა საქმეებს. სიმართლეს, სიმართლეს მისდიე, რათა იცოცხლო და დაიმკვიდრო ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ. არ დაირგო აშერა, რა ხისაც არ უნდა იყოს, უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოსთან, რომელსაც შენთვის გაიკეთებ. და არ აღიმართო ძეგლები, რადგან სძულს იგი უფალს, შენს ღმერთს. არ შესწირო უფალს, შენს ღმერთს, ხარი და კრავი, რომელსაც ექნება ნაკლი, ან რაიმე ცუდი, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის. თუ აღმოჩნდება შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ კარიბჭეში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს, კაცი ან დედაკაცი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის, შენი ღმერთის, თვალში და გადაუხვევს მის აღთქმას, წავა და ემსახურება სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემს მათ, ან მზეს, ან მთვარეს, ან მთელ ციურ მხედრობას, რაც მე არ მიბრძანებია, და გეუწყება და მოისმენ, კარგად გამოიძიე; და აჰა, თუ ეს მართალია, სრული ჭეშმარიტებაა, და ეს სისაძაგლე მომხდარა ისრაელში, მაშინ გაიყვანე შენს კარიბჭეებთან ის კაცი ან დედაკაცი, რომელმაც ეს ბოროტება ჩაიდინა და ჩაქოლე ის ქვებით, და მოკვდეს. ორი მოწმის, ან სამი მოწმის სიტყვის მიხედვით უნდა მოკვდეს მოსაკლავი. და არ უნდა მოკვდეს ერთი მოწმის სიტყვის მიხედვით. პირველად მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, მის მოსაკლავად, და მერე მთელი ხალხის ხელი. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. თუ შენთვის რაიმე მიზეზით ძალიან ძნელია საქმე განსასჯელად სისხლსა და სისხლს შორის, მსჯავრსა და მსჯავრს შორის, წყლულსა და წყლულს შორის, სადაო საქმეები შენს კარიბჭეებში, ადექი და ადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი. და მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, რომელნიც იქნებიან იმ დღეებში, და ჰკითხე და გეტყვიან სამსჯავროს განაჩენს. და მოიქეცი იმ სიტყვისამებრ, რასაც გეტყვიან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, და დაიცავი ყოველივე შესასრულებლად, რასაც გასწავლიან. მოიქეცი იმ რჯულისამებრ, რასაც გასწავლიან, და იმ სამართლისამებრ, რასაც გეტყვიან. არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გეტყვიან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ვინც თავხედურად მოიქცევა და არ გაუგონებს მღვდელს, რომელიც უფლის, შენი ღმერთის, მსახურად დგას, ან მსაჯულს, მოკვდეს, – და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან. და მთელი ხალხი გაიგონებს და შეშინდება, და აღარ მოიქცევა თავხედურად. როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, და დაიმკვიდრებ მას, დასახლდები მასში და იტყვი: „დავისვამ მეფეს, ყველა იმ ერების მსგავსად, ჩემს გარშემო რომ არიან“, დაისვი მეფე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი. თქვენი ძმებიდან დაისვი მეფე. ნება არ გაქვს უცხოელი დაისვა, რომელიც შენი მოძმე არ არის. ოღონდ არ გაიმრავლოს ცხენები და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების მოსამრავლებლად, ვინაიდან უფალმა გითხრათ: „აღარ დაბრუნდეთ ამ გზით“; და არ გაიმრავლოს ცოლები, რომ არ გაირყვნას მისი გული. და ვერცხლი და ოქრო არ გაიმრავლოს მეტისმეტად. და როცა თავის სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს რჯულის წიგნი ლევიანი მღვდლებისგან. და თავისთან იქონიოს და იკითხოს იგი მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს შიში უფლისა, თავისი ღმერთისა, რომ დაიცვას ამ რჯულის ყოველი სიტყვა და შეასრულოს წესები. რათა არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს და არ გადაუხვიოს მცნებას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დღეგრძელი იყოს თავის სამეფოში იგი და მისი ძენი, ისრაელის წიაღში. არ ექნებათ ლევიან მღვდლებს, ლევის მთელ ტომს, წილი და სამკვიდრო ისრაელთან: უფლის საცეცხლო შესაწირავები და მისი წილი ჭამონ. სამკვიდრო წილი არ ექნებათ მათ თავიანთ ძმათა შორის: თვით უფალია მათი სამკვიდრო, როგორც აუწყა მას. აი რა უნდა განეკუთვნოთ მღვდლებს ხალხისაგან, მათგან, ვინც მსხვერპლად სწირავს ხარს ან კრავს: თითოეულმა მისცეს მღვდელს ბეჭი, ყბები და დვრიტა. შენი პირველმოწეული მარცვლეულისა, ღვინისა და ზეთისა, და შენი ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი, რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომიდან, რათა იდგნენ და ემსახურებოდნენ უფლის სახელით ის და მისი ძენი დღენიადაგ. და თუ მოვა ლევიანი ერთ-ერთი შენი კარიბჭიდან, მთელი ისრაელიდან, სადაც ის ცხოვრობდა, და მოვა თავისი სულის სურვილით იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, და იმსახურებს უფლის, შენი ღმერთის სახელით, როგორც ყველა მისი ძმა ლევიანი, რომელნიც დგანან იქ უფლის წინაშე, თანაბარი წილით ისარგებლონ, გარდა თავიანთი მამისეულის გაყიდვით მიღებული ქონებისა. როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ ისწავლო იმ ხალხთა მსგავსად ძეგლთა კეთება. არ იპოვებოდეს შენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, და არც შემლოცველი და არც მესულთანე, არც მკითხავი და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, სდევნის მათ შენი პირისაგან. უნაკლო იყავ უფალთან, შენს ღმერთთან. რადგან ეს ხალხები, რომლებსაც შენ განდევნი, მისნებსა და ჯადოქრებს უსმენენ. შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს, შენს ღმერთს. ჩემნაირ წინასწარმეტყველს, შენი წიაღიდან, შენს ძმათაგან, აღგიდგენს უფალი, შენი ღმერთი, მას უსმინეთ. რადგან რაც შენ ითხოვე უფლისგან, შენი ღმერთისგან, ხორებთან თავშეყრის დღეს ასე რომ თქვი: „მეტს ნუღარ გავიგონებ, უფლის, ჩემი ღმერთის, ხმას და ამ დიდ ცეცხლს ნუღარ დავინახავ, რომ არ მოვკვდე.“ და მითხრა მე უფალმა: „კარგი ქნეს, ეს რომ თქვეს. შენნაირ წინასწარმეტყველს აღვუდგენ მათ ძმათა წიაღიდან, შენს მსგავსს, და ჩავუდებ ჩემს სიტყვას ბაგეებში, და ის ეტყვის მათ ყველაფერს, რასაც ვუბრძანებ. ხოლო ის, ვინც არ გაიგონებს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მე თვითონ მოვკითხავ მას. მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გათავხედდება და ჩემი სახელით იმას ილაპარაკებს, რისი თქმაც მე მისთვის არ მიბრძანებია, და რომელიც ილაპარაკებს სხვა ღმერთების სახელით, უნდა მოიკლას ის წინასწარმეტყველი.“ და თუ იტყვი შენს გულში: „როგორ გავიგებ სიტყვას, რომელიც უფალს არ უთქვამს?“ თუ ილაპარაკოს წინასწარმეტყველმა უფლის სახელით და არ ასრულდეს ის სიტყვა და არ ახდეს, მაშინ ეს ის სიტყვაა, რომელიც არ უთქვამს უფალს. თავხედურად უთქვამს იგი წინასწარმეტყველს, – ნუ გეშინიათ მისი. როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანასაც შენ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, და განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებში და მათ სახლებში, სამი ქალაქი გამოყავი შენთვის შენს ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად. განიმზადე გზა და სამ ნაწილად გაყავი შენი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელსაც გიწილადებს შენ უფალი, შენი ღმერთი. და ის იქნება თავშესაფარი ყველა მკვლელისთვის. და აჰა, როგორ მკვლელს შეუძლია თავი შეაფაროს იქ და გადარჩეს: ვინც მოკლავს თავის მოყვასს უნებლიეთ და არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ, ან ვინც წავა თავის მოყვასთან ერთად ტყეში შეშის მოსაჭრელად და ხელით ცულს მოიქნევს ხის მოსაჭრელად, და ტარს რკინა გაძვრება და მოხვდება მოყვასს და მოკლავს, გაიქცეს იგი ერთ-ერთში ამ ქალაქთაგან, რათა გადარჩეს. რომ არ დაედევნოს მესისხლე მკვლელს ცხელ გულზე, არ დაეწიოს, თუ შორი იქნება გზა, და არ მოკლას მკვლელი, ის კი არ იმსახურებს სიკვდილს, რადგან არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ. ამიტომ გიბრძანებ ასე: სამი ქალაქი გამოყავი. და როცა გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვრებს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს, და მოგცემს მთელს ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამებს, და თუ დაიცავ ყველა ამ მცნებას შესასრულებლად, რომელსაც გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და იარო მის გზაზე დღენიადაგ, დაუმატე კიდევ სამი ქალაქი ამ სამ ქალაქს. და ნუ დაიღვრება უდანაშაულო სისხლი შენს ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ, და არ იქნება შენზე სისხლი. ხოლო თუ ვინმეს ეძულება თავისი მოყვასი და ჩაუსაფრდება მას, აღდგება მის წინააღმდეგ, სცემს და შემოაკვდება იგი და თავს შეაფარებს ერთერთს ამ ქალაქთაგან, მიავლინონ მისი ქალაქის უხუცესებმა და მოიყვანონ იგი იქიდან, და გადასცენ იგი მესისხლის ხელს, რათა მოკვდეს. ნუ შეიბრალებს შენი თვალი მას, და განაშორე უდანაშაულო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის. არ გადაწიო შენი მოყვასის მიჯნა, წინაპრებმა რომ გამიჯნეს შენს სამკვიდროში, რომელსაც დაიმკვიდრებ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს. საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულისათვის და რაიმე ცოდვისათვის, რითაც შესცოდავს. ორი მოწმის პირით ან სამი მოწმის პირით დადგინდეს საქმე. თუ გამოვა ბოროტი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ, რათა რაიმე ბრალი დასწამოს მას, მაშინ წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდელთა და მსაჯულთა წინაშე, რომელნიც იქნებიან იმ დღეებში, და კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა, და თუ ეს მოწმე ცრუ მოწმეა, ცილი დასწამა თავის ძმას, გაუკეთეთ მას, რისი გაკეთებაც ჰქონდა განზრახული თავისი ძმისათვის. და აღმოფხვრით ბოროტებას შენი წიაღიდან. და დანარჩენები მოისმენენ და შეშინდებიან, და აღარ ჩაიდენენ ამ ბოროტებას შენს წიაღში. და არ შეიბრალოს ის შენმა თვალმა: სული სულის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ. როცა ომში გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ და დაინახავ ცხენს და ეტლს და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეუშინდები მათ, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან. და როცა ომს მიუახლოვდებით, მოდგეს მღვდელი და ხალხს ელაპარაკოს, და უთხრას მათ: „ისმინე, ისრაელ, თქვენ დღეს ებმებით ომში თქვენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ მტრებთან საბრძოლველად, თქვენს გადასარჩენად.“ ზედამდგომელებმა კი ასე უთხრან ხალხს: „ვინც ახალი სახლი აიშენა და არ უკურთხებია, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ აკურთხოს იგი. და ვინც ვენახი გააშენა და ვერ მოიწია, წავიდეს და თავის სახლს დაუბრუნდეს, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ მოისთვლას იგი. და ვინც ქალი დანიშნა და არ შეურთავს, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ წაიყვანოს იგი.“ და კიდევ ელაპარაკონ ზედამდგომელები ხალხს და უთხრან: „ვინც მშიშარაა და გულდედალი, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ გაუდნოს თავის მოძმეებს გული თავისი გულივით.“ და როცა ზედამდგომელები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს, მაშინ დანიშნეთ მხედართმთავრები ხალხის მეთაურებად. როცა მიუახლოვდები ქალაქს საომრად, მოუწოდე მას ზავისაკენ. და თუ ზავზე დაგთანხმდეს და გაგიღოს, მთელი ხალხი, ვინც კი იქ აღმოჩნდება, შენს ხარკს დაიდებს და გემსახურება. და თუ არ დაგეზავა და ომი გაგიმართა, ალყა შემოარტყი მას, და ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი. განგმირე ყველა მისი მამაკაცი მახვილის პირით. დაინდე მხოლოდ ქალები და ბავშვები, და საქონელი, რაც იყოს ქალაქში. მისი ნადავლი დაიტაცე და ჭამე შენი მტრის ნადავლი, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე მოექეცი შენგან ძალზე დაშორებულ ყველა ქალაქს, რომელიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს. მხოლოდ იმ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ სამკვიდროდ, არ აცოცხლო არც ერთი სული. მოსპობით მოსპე ისინი: ხეთელები და ამორეველები, ქანაანელები და ფერიზელები, ხიველები და იებუსელები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. რათა არ გასწავლონ ყველა იმ სისაძაგლის კეთება, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი ღმერთებისათვის, და არ შესცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს. თუ დიდხანს გექნება ქალაქისათვის შემორტყმული ალყა, რათა იომო მის წინააღმდეგ მის ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს მათზე ცულის აღმართვით, რადგან მისგან ჭამ, და არ უნდა მოჭრა იგი. მინდვრის ხე ადამიანი ხომ არ არის, რომ ციხე-სიმაგრეში გაგექცეს? მხოლოდ ის ხე, რომელიც იცი, რომ ნაყოფის მომცემი არ არის, შეგიძლია გაანადგურო და მოჭრა, და ააგო სიმაგრე იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გეომება, ვიდრე დაეცემოდეს. თუ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, მოკლული ნახო, ველზე დაცემული, და არავინ იცოდეს, ვინ მოკლა იგი, გამოვიდნენ შენი უხუცესები და შენი მსაჯულები და გაზომონ მანძილი ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა. და რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, იმ ქალაქის უხუცესებმა აიყვანონ დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და რომელსაც უღელი არ გაუწევია, და ჩაიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული კლდოვან ხეობაში, რომელიც არ დამუშავებულა და არც დათესილა და იქ გადაუმტვრიონ მას კისერი ხევში. და მოდგნენ ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას, და უფლის სახელით აკურთხონ, და მათი პირით გადაწყდება ყველა დავა და ყველა ზარალი. და მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა დაიბანოს ხელი ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე, და განაცხადონ და თქვან: „ჩვენს ხელებს არ დაუღვრია ეს სისხლი და ჩვენს თვალებს არ უხილავთ; შეუნდე შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოსყიდული გყავს, უფალო, და ნუ დატოვებ უდანაშაულო სისხლს შენი ხალხის, ისრაელის, წიაღში“. და შეენდობათ მათ ეს სისხლი. უნდა მოიცილო უდანაშაულო სისხლი შენი წიაღიდან, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში. როცა გახვალ ომში შენი მტრების წინააღმდეგ და ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი, და ტყვეებად წამოასხამ მათ, და დაინახავ ტყვეებში ლამაზი გარეგნობის ქალს, შეგიყვარდება იგი და ცოლად წაყვანას დაუპირებ, მიიყვანე შენს სახლში და შეიჭრას ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები, გაიხადოს სამოსელი ტყვეობისა და დაჯდეს შენს სახლში და ერთი თვე იტიროს თავისი მამა და თავისი დედა. მერე კი შედი მასთან და შეირთე, და გახდება შენი ცოლი. და თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი ის თავის ნებაზე, ოღონდ გაყიდვით არ გაყიდო ვერცხლზე, მონად არ აქციო, რაკი დამორჩილებული გყავს. თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება: ერთი საყვარელი, ხოლო მეორე – საძულველი, და შესძენენ მას ვაჟებს: საყვარელი და საძულველი, პირმშო კი საძულველს ეყოლება, თავისი ძეებისთვის თავისი ქონების განაწილების დღეს მას არ შეუძლია საყვარლის ძეს პირმშოობა არგუნოს საძულველის პირმშოს წინაშე, არამედ პირმშოდ აღიაროს საძულველის ძე, რათა მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც მას აბადია, რადგან იგი დასაბამია მისი ძალისა, მას ეკუთვნის პირმშოობის უფლება. თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავისი მამის ხმას და თავისი დედის ხმას, და დატუქსავენ მას, მაგრამ ის არ გაუგონებს მათ, დაიჭირონ მამამისმა და დედამისმა და მიიყვანონ მისი ქალაქის უხუცესებთან და თავისი ადგილის კარიბჭესთან. და უთხრან მისი ქალაქის უხუცესებს: „ეს ჩვენი შვილი ჯიუტია და ურჩი, არ უსმენს ჩვენს ხმას, მსუნაგია და ლოთი.“ და ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყველა კაცმა ქვებით, და მოკვდეს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, და მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება. თუ კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე. არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ დამარხე იგი იმავე დღეს. რადგან ღვთისგან არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. და ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ. შენი მოძმის გზადაკარგული ხარი ან მისი ცხვარი რომ დაინახო, თვალს ნუ აარიდებ, არამედ დაუბრუნე შენს მოძმეს. და თუ იგი შენთან ახლოს არ იყოს, ან არ იცნობდე მას, მაშინ წაიყვანე შენს სახლში და გყავდეს იქ, ვიდრე შენი მოძმე მოიკითხავდეს, და მაშინ დაუბრუნე. ეგრე მოექეცი მის სახედარს და ეგრე მოექეცი მის სამოსელს, და ეგრე მოექეცი შენი მოძმის ყველა დანაკარგს, რაც მან დაკარგა და შენ იპოვნე. ვერ აარიდებ თვალს. შენი მოძმის გზაზე დაცემული სახედარი ან ხარი რომ ნახო, თვალი არ აარიდო, წამოაყენე ისინი მასთან ერთად. არ ჩაიცვას მამაკაცის სამოსელი დედაკაცმა და არ შეიმოსოს კაცი ქალის სამოსლით, რადაგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, ყველა, ვინც ამას სჩადის. თუ წააწყდები გზაზე, რამე ხეზე ან მიწაზე ჩიტის ბუდეს, ბარტყებით ან კვერცხებით, და დედა აზის ბარტყებს თუ კვერცხებს, არ წაიყვანო დედა შვილებიანად. დედა გაუშვი, შვილები კი წაიყვანე შენთვის, რათა კარგად იყო და იდღეგრძელო. ახალ სახლს რომ ააშენებ, მოაჯირი გაუკეთე, რათა სისხლი არ დაედოს შენს სახლს, თუ იქიდან ვინმე გადმოვარდება. ნუ დათესავ ვენახში ორნაირ თესლს, რომ არ გააუწმიდურო ნაყოფი თესლისა, რომელსაც თესავ, და მოსავალი ვენახისა. ნუ მოხნავ ხარითა და ვირით ერთად. არ ჩაიცვა ნარევი ქსოვილი, მატყლი და სელი, ერთად. ფოჩები გაიკეთე შენი მოსასხამის ოთხსავე კიდეზე, რომლითაც შენ იმოსები. თუ შეირთავს ვინმე ცოლს და შევა მასთან, და შემდეგ მოიძულებს მას იგი, ცილს დასწამებს და სახელს გაუტეხავს და იტყვის: „ეს ქალი შევირთე და მივედი მასთან, და ვერ ვპოვე მასში ქალწულობის ნიშნები“, მაშინ ყმაწვილი ქალის მამამ და დედამ გაიტანონ ნიშნები ყმაწვილი ქალის ქალწულობისა ქალაქის უხუცესებთან, კარიბჭესთან, და თქვას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებთან: „ჩემი ასული მივეცი მე ამ კაცს ცოლად და მან მოიძულა იგი, და ცილი დასწამა მას და თქვა: ქალწულად ვერ ვპოვეო შენი ასული. და აჰა, ნიშნები ჩემი ასულის ქალწულობისა“. და გაშალონ სამოსელი ქალაქის უხუცესთა წინაშე. და აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა ქმარი და დასაჯონ იგი, და დააჯარიმონ ასი ვერცხლით და მისცენ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელიან ქალწულს. და დარჩება ქალი მის ცოლად: ვერ გაუშვებს მას თავისდღეში. და თუ მართალი გამოდგა ეს სიტყვა და არ აღმოაჩნდა ქალწულობა ყმაწვილ ქალს, გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი თავისი მამის სახლის კართან და ჩაქოლონ ის მისი ქალაქის ხალხმა ქვებით, და მოკვდეს, რადგან სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა თავისი მამის სახლში. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე მოიკლას – ამ ქალთან მწოლარე კაცი და ეს ქალი. და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან. თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ვინმე შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან, გამოიყვანეთ ორივე იმ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლეთ ქვებით, და მოკვდებიან – ყმაწვილი ქალი იმისათვის, რომ არ იყვირა ქალაქში, და კაცი იმისათვის, რომ ნამუსი ახადა თავისი მოყვასის ცოლს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. თუ მინდორში ნახავს კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს და ძალით დაიჭერს მას და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი, რომელიც ქალთან დაწვა. ყმაწვილ ქალს ნურაფერს უზამ. არა აქვს ყმაწვილ ქალს სასიკვდილო ცოდვა, რადგან ეს ისეთი საქმეა, კაცი რომ აღდგეს თავისი მოყვასის წინააღმდეგ და მოკლას იგი, რადგან მან იგი მინდორში ნახა, იკივლა დანიშნულმა ყმაწვილმა ქალმა, და არავინ იყო მისი მშველელი. თუ ნახავს კაცი ქალწულს, რომელიც არაა დანიშნული, და დაიჭერს მას და დაწვება მასთან, და წაასწრებენ, მისცეს მასთან მწოლარე კაცმა ყმაწვილი ქალის მამას ორმოცდაათი ვერცხლი და ქალი გახდება იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას, ვერ გაუშვებს მას თავისდღეში. არავინ შეირთოს თავისი მამის ცოლი, რათა ამით არ გადაწიოს კალთა თავისი მამისა. ვერ შევა კვერცხებდაზიანებული და ასომოკვეთილი უფლის კრებულში. ვერ შევა ბუში უფლის კრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში. ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, მათი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში უკუნისამდე, იმიტომ, რომ არ შემოგეგებნენ თქვენ პურითა და წყლით გზაზე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, და იმიტომ, რომ დაიქირავა შენს წინააღმდეგ ბილყამი, ძე ბეყორისა, შუამდინარეთის ფეთორიდან, შენს დასაწყევლად. და არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსმენა ბილყამისა, და წყევლა კურთხევად შეცვალა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან შეგიყვარა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა. ნუ ეძებ მათთვის მშვიდობასა და სიკეთეს მთელი შენი დღე და მოსწრება, საუკუნოდ. ნუ შეგძაგდება ედომელი, შენი მოძმეა იგი. ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან ხიზანი იყავი მის ქვეყანაში. ძეებს, რომელნიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შეუძლიათ შევიდნენ უფლის კრებულში. როცა ბანაკად გახვალ მტრების წინააღმდეგ, ერიდე ყოველივე ცუდს. თუ ვინმე იყოს შენში, რომელიც სუფთა არ იქნება ღამის დინების გამო, გავიდეს ბანაკის გარეთ და ბანაკში არ შემოვიდეს. საღამო ჟამს წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში. იქონიე ადგილი ბანაკის გარეთ და გახვალ იქ, ნიჩაბი გქონდეს შენს სარტყელში და გარეთ დაჯდომისას, ამოთხარე იმით, და ჩაფალი შენი სკორე; რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შენი ბანაკის წიაღში, რათა გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. და იყოს შენი ბანაკი წმიდა, და არ იხილოს მან შენში რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს. არ გადასცე მსახური თავის ბატონს, როცა თავისი ბატონისაგან თავს შენთან შემოაფარებს. შენთან იცხოვროს, შენს წიაღში, იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს ერთ-ერთ ბჭესთან, სადაც მოეწონება. არ შეავიწროო იგი. ნუ იქნება ტაძრის როსკიპი ისრაელის ასულთაგან და ნუ იქნება ტაძრის როსკიპი კაცი ისრაელის ძეთაგან. არავითარი აღთქმისათვის არ შეიტანო მრუშის გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის, სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისთვის. არ ასესხო შენს მოძმეს ვახშით – არც ვერცხლი, არც საჭმელი, არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება. უცხოტომელებზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს არ ასესხო ვახშით, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელ შენს ნაამაგარში იმ ქვეყანაში, რომელშიც შენ შედიხარ დასამკვიდრებლად. თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, არ დაუყოვნო აღსრულება, რადგან მოგკითხავს მას უფალი, შენი ღმერთი, და შენზე იქნება ცოდვა. და თუ არ დაგიდევს აღთქმა, არ იქნება შენზე ცოდვა. შენი ბაგეებიდან გამოსული დაიცავი და შეასრულე, როგორც აღუთქვი უფალს, შენს ღმერთს, რაც ნებაყოფლობით აღუთქვი შენი პირით. როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში, ჭამე ყურძენი რამდენიც გინდა, მაძღრისად, ოღონდ ჭურჭელში არ ჩაიწყო. როცა მიხვიდე შენი მოყვასის სამკალში, ხელით მოგლიჯე თავთავები, ოღონდ ნამგალი არ მოუსვა შენი მოყვასის სამკალში. თუ კაცი ცოლს შეირთავს, მაგრამ ქალი მადლს ვერ ჰპოვებს მის თვალში, რადგან სამარცხვინოს რასმე უპოვნის კაცი, დაუწეროს გაყრილობის წერილი და მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან. და გავა ქალი მისი სახლიდან, და წავა და გათხოვდება სხვა კაცზე. და თუ შეიძულა იგი ამ ბოლო ქმარმაც, და დაუწერა მას განქორწინების წერილი, და მისცა მას, და გაუშვა იგი თავისი სახლიდან, ან თუ მოკვდება ეს უკანასკნელი ქმარი, რომელმაც იგი მოიყვანა ცოლად, არ შეუძლია მის პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, კვლავ მიიყვანოს იგი ცოლად, მას შემდეგ, რაც წაიბილწა, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე. და ნუ გარყვნი ქვეყანას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ. თუ კაცს ახლად შერთული ცოლი ჰყავს, ნუ გავა ლაშქარში და ნუ დაევალება მას ნურაფერი. ერთი წელი თავისუფალი იყოს თავის სახლში და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც შეირთო. არავინ აიღოს გირაოდ დოლაბები. სულის დამგირავებელი იქნება იგი. თუ აღმოჩნდება კაცი, რომელმაც მოიპარა თავისი მოძმე, ისრაელის ძე, დაიმორჩილა და გაყიდა იგი, მოკვდეს ის ქურდი. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. უფრთხილდი კეთრის წყლულს, რათა ზუსტად დაიცვა და შეასრულო ყველაფერი დასაცავად, და რასაც თქვენ გასწავლიან ლევიანი მღვდლები. რაც მე ვუბრძანე მათ, დაიცავით შესასრულებლად. გაიხსენე, თუ რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით. თუ შენს მოყვასს რაიმეს ასესხებ, არ შეხვიდე მის სახლში მისგან გირაოს წამოსაღებად: გარეთ დადექი და კაცი, ვისაც შენ ასესხე, გარეთ გამოგიტანს გირაოს. და თუ იგი ღარიბი კაცია, მისი გირაოთი ნუ დაიძინებ; უნდა დაუბრუნო მას გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავისი სამოსლით და დაგლოცოს, და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის, წინაშე. ნუ შეავიწროებ მოჯამაგირეს, ღარიბს და გლახაკს, შენი მოძმეთაგანი იქნება იგი თუ შენი ხიზანთაგანი, რომელიც შენს ქვეყანაშია, შენს კარიბჭეებში; იმავე დღეს მიეცი თავისი გასამრჯელო, ვიდრე მზე ჩავა, რადგან ღარიბია და ნატრობს მისი სული მას. არ შეჰღაღადოს უფალს შენზე და შენზე არ იყოს ცოდვა. მამები არ უნდა მოიკლან შვილების ცოდვებისათვის, და შვილები არ უნდა მოიკლან მამებისათვის. არამედ თითოეული თავისი ცოდვის გამო მოიკლას. ნუ გაამრუდებ ხიზნისა და ობლის სამართალს, და ნუ აიღებ გირაოდ ქვრივის სამოსელს. გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში და გიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან. ამიტომ გიბრძანებ ამის აღსრულებას. როცა მომკი სამკალს ყანაში და ძნა დაგავიწყდება ყანაში, ნუღარ გაბრუნდები მის ასაღებად. ხიზნისთვის, ობლისა და ქვრივისათვის იყოს ის, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელ შენს ნაამაგარში. როცა ჩამობერტყავ ზეთისხილს, ნუღა მიუბრუნდები ტოტებს: ხიზნის, ობლისა და ქვრივისათვის იყოს. როცა აიღებ ვენახის მოსავალს, ნუღა მოიმცვრევ დარჩენილ ნაყოფს: ხიზნის, ობლისა და ქვრივისათვის იყოს. და გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში. ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის აღსრულებას. თუ ადამიანებს შორის დავა ჩამოვარდება, წარადგინონ ისინი სამსჯავროს წინაშე. და განსჯიან მათ, და მართალს გაამართლებენ, და დამნაშავეს ბრალს დასდებენ, და თუ ცემის ღირსი იქნება დამნაშავე, მაშინ წამოაქცევინოს იგი მოსამართლემ და აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე, თვლით. ორმოცჯერ დაარტყან, მეტად არა, თორემ, თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენი მოძმე შენს თვალში. ლეწვისას პირს ნუ აუკრავ ხარს. თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და მოკვდება ერთი მათგანი, და შვილი არ დარჩება, მაშინ მკვდრის ცოლი არ უნდა მისთხოვდეს უცხო კაცს, გარეთ, არამედ მისი მაზლი მივიდეს მასთან და შეირთოს იგი ცოლად, და შეუსრულოს მას მაზლობის წესი. და პირმშო, რომელსაც ქალი გააჩენს, აღადგენს მისი მკვდარი ძმის სახელს, რომ არ წარიხოცოს მისი სახელი ისრაელიდან. მაგრამ თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, ავიდეს მისი რძალი ქალაქის კარიბჭესთან, უხუცესებთან, და თქვას: „არ სურს ჩემს მაზლს სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ სურს მას ჩემი შერთვა“. და დაიბარებენ მას მისი ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან მას. და თუ ადგება ის და იტყვის: „არ მსურს მისი შერთვა“, მივა მასთან რძალი უხუცესთა თვალწინ და გახდის მას ფეხსაცმელს ფეხზე და შეაფურთხებს სახეში, და ეტყვის: „ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ აშენებს თავისი ძმის სახლს“, და დაერქმევა სახელად ისრაელში: „სახლი ფეხთგახდილისა“. თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთ-ერთის ცოლი ახლოს მივა მცემელის ხელიდან თავისი ქმრის გამოსახსნელად, და გაიშვერს ხელს და კაცის სარცხვენელს მოეჭიდება, მოკვეთე მტევანი. ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. ნუ გექნება ქისაში ორგვარი საწონი – დიდი და მცირე. ნუ გექნება სახლში ორგვარი საწყაო – დიდი და მცირე. საწონი სრული და სწორი გქონდეს, საწყაო სრული და სწორი გქონდეს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ, რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთისთვის, ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის. გაიხსენე, რა გიყო ყამალეკმა გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, როგორ დაგიხვდა გზაზე და კუდი მოგწყვიტა. შენ კი დაღლილი და ღონემიხდილი იყავი, და არ შეეშინდა მას ღვთისა. და როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენი გარეშემო მტრისაგან ქვეყნაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, წაშალე ხსოვნა ყამალეკისა ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს. და როდესაც მიხვალ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს და დაიმკვიდრებ მას და დასახლდები მასში, აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს და ჩაალაგე კალათაში, და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად. და მიდი მღვდელთან, რომელიც იქნება იმ დღეებში, და უთხარი მას: „ვუცხადებ დღეს უფალს, შენს ღმერთს, რომ მე მოვედი იმ ქვეყანაში, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა ჩვენს მამებს“. და გამოგართმევს მღვდელი კალათას ხელიდან, და დადგამს იგი უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოს წინაშე. და განაცხადებ და იტყვი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე: „მოხეტიალე არამელი იყო მამაჩემი და ჩავიდა ეგვიპტეში, და ხიზნობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხით, და შეიქნა იქ დიდ ერად, ძლიერად და მრავალრიცხოვნად. ცუდად გვეპყრობოდნენ ჩვენ ეგვიპტელნი, და გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ, და შევღაღადეთ უფალს, ჩვენი მამების ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, და იხილა ჩვენი გაჭირვება, ჩვენი ჯაფა და ჩვენი ჩაგვრა, და გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით და გაწვდილი მკლავით, დიდი საშინელებით და ნიშნებით და სასწაულებით. და მოგვიყვანა ჩვენ ამ ადგილას, და მოგვცა ეს ქვეყანა, ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი. და ახლა კი, აჰა, მოვიტანე მიწის პირველმოწეული ნაყოფი, რომელიც შენ მომეცი, უფალო!“ და დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს. და გაიხარე ლევიანთან და ხიზანთან ერთად, რომელიც შენს წიაღშია, ყოველი სიკეთით, რაც კი მოუცია უფალს, შენს ღმერთს, შენთვის და შენი სახლისთვის. როცა დაასრულო შენი მოსავლიდან ყოველი მეათედის გამოყოფა მესამე წელს – მეათედის წელს – მიეცი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, და ჭამონ შენს კარიბჭეებთან და გაძღნენ. და თქვი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე: „გავიტანე სახლიდან წმიდა წილი და კიდეც მივეცი იგი ლევიანსა და ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ყოველივე იმ შენი ბრძანებებისამებრ, რომელიც მამცნე. არ გადამიხვევია შენი მცნებებიდან და არ დამვიწყნია. არ მიჭამია ჩემი მწუხარებისას და არ გამომიყვია იგი გაუწმედურებისას, და მკვდრისთვის არ გამიცია. ვისმინე უფლის, ჩემი ღმერთის, ხმა და შევასრულე ყოველივე, რაც მიბრძანე. გადმოიხედე შენი წმიდა სამყოფლიდან, ციდან, და აკურთხე შენი ერი, ისრაელი, და მიწა, რომელიც ჩვენ მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს, ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი“. ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას. დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით. დღეს შენ აღიარე უფალი, რომ შენი ღმერთია იგი, რომ ივლი მის გზებზე და დაიცავ მის წესებს, და მის მცნებებს და მის სამართალს, და ყურად იღებ მის ხმას. და უფალმა გაღიარა დღეს, რომ იყო მისთვის რჩეული ერი, როგორც გითხრა შენ, რათა იცავდე ყველა მის მცნებას. და დაგსვას თავის გაჩენილ ყველა ხალხზე მაღლა, სადიდებლად, სასახელოდ და მშვენებად, და რათა იყო წმიდა ერი უფლისთვის, შენი ღმერთისათვის, როგორც მან თქვა. და უბრძანა მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერს: „დაიცავი ყოველი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს. და იმ დღეს, როდესაც გადახვალთ იორდანეზე იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ, დაიდგი დიდი ქვები და კირით შემოლესე. და დაწერე მათზე ყველა სიტყვა ამ რჯულისა, როცა გადახვალ იორდანეს, რათა შეხვიდეთ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა. და როცა გადახვალთ იორდანეს, დადგი ის ქვები, რომლებზეც გიბრძანებ დღეს, ღებალის მთაზე და კირით შემოლესე ისინი. და აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო, ნუ შემართავ მათზე რკინას. მთელ-მთელი ქვებით ააგე უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლო და აღუვლინე მასზე სრულადდასაწველები უფალს, შენს ღმერთს. და შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, და ჭამე იქ, და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე. და დაწერე ქვებზე ამ რჯულის ყველა სიტყვა ძალიან მკაფიოდ.“ და უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელ ისრაელს: „გაიგონე და ისმინე, ისრაელ! ამ დღეს გახდი უფლის, შენი ღმერთის, ერი. და ისმინე უფლის, შენი ღმერთის, ხმა და შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს.“ და უბრძანა მოსემ ხალხს იმ დღეს და უთხრა: „ესენი იდგნენ გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადახვალ იორდანეს: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი. და ესენი იდგნენ ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულუნი, დანი და ნაფთალი. და ლევიანები მიუგებენ და ეტყვიან მთელ ისრაელს ხმამაღლა: ‘წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთოს ქანდაკი ან ჩამოსხმული კერპი, ხელოსნის ხელით ნაკეთები, და დადგას ფარულად!’ და მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს შეურაცხმყოფელი თავისი მამისა და თავისი დედისა!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს მოყვასის სამანის გადამწევი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს ბრმის გზიდან ამცდენი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც გაამრუდოს სამართალი ხიზნისა, ობლისა და ქვრივისა!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს თავის მამის ცოლთან დამწოლი, რადგან მან მამას კალთა გადაუწია!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს თავის სიდედრთან დამწოლი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უბრალო სისხლის დასაღვრელად!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც არ დაუდგება ამ რჯულის სიტყვებს მათ შესასრულებლად!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’“ და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მისი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს შენ უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა. და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა, და აღსრულდება შენზე, თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას. კურთხეულ იყავ ქალაქში და კურთხეულ იყავ მინდორში. კურთხეულ იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, და ნაყოფი შენი საქონლისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა, და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა. კურთხეულ იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაოები. კურთხეულ იყავ შენ შესვლისას და კურთხეულ იყავ შენი გამოსვლისას. და დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან. მოგივლენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი. და დაგაყენებს შენ უფალი თავის წმიდა ერად, როგორც შემოგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს და ივლი მისი გზებით. და დაინახავენ ქვეყნის ყველა ხალხები, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული, და შეეშინდება შენი. და გაგაუხვებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფში იმ ქვეყანაზე, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს. გაგიხსნის უფალი თავის კეთილ საუნჯეს, ზეცას, რათა მისცეს წვიმა შენს მიწას თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი საქმე. შენ ასესხებ მრავალ ერს, შენ კი არ ისესხებ. და გაგხდის შენ უფალი თავად და არა კუდად, და სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც გიბრძანებ დღეს დასაცავად და შესასრულებლად. და არ გადაუხვევ არცერთ სიტყვას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, მარჯვნივ და მარცხნივ, რომ იარო სხვა ღმერთების კვალზე მათდა სამსახურად. და თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყოველი მისი მცნება და მისი წესები, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ. და წყეულიმც იყავ ქალაქში და წყეულიმც იყავ მინდორში. წყეულიმც იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაო. წყეულიმც იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა. წყეულიმც იყავ შესვლისას და წყეულიმც იყავ გამოსვლისას. მოგივლენს უფალი წყევლას, არეულობას და წარუმატებლობას შენი ხელის ყოველ საქმეში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ მოისპობი და არ დაიღუპები მალე შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე. მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ მოისპობი შენი ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. და მოგსრავთ უფალი ჭლექით და ციებით, და ანთებით და ხურვებით, და გვალვით, და ხორშაკით და სიყვითლით. და ისინი დევნას დაგიწყებენ, ვიდრე არ დაიღუპები. ცა თავზე სპილენძად გექცევა, და მიწა, რომელიც შენს ქვეშაა, რკინად. წვიმის წილ უფალი შენს მიწას მისცემს მტვერს და ფერფლი, ზეციდან ზედ დაგივა, ვიდრე არ შეიმუსრები. დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე. ერთი გზით გახვალ მათკენ და შვიდი გზით გაიქცევი მათგან. და იქნები გაფანტული ქვეყნის ყველა სამეფოში. და შენი გვამი ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მათი მომგერიებელი. მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით და ბუგრით, მუნით, და ქეცით, რომელთაგანაც ვერ განიკურნები. მოგსრავს უფალი სიგიჟით და სიბრმავით, და შეშლილობით, და ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის ხელის ცეცებით წყვდიადში. და ხელი მოგეცარება შენს გზებზე და იქნები დათრგუნული და გაძარცვული დღენიადაგ, და არავინ გიშველის. ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან. სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში. ვენახს გააშენებ და ვერ გასხლავ მას. შენი ხარი დაიკვლება შენს თვალწინ და ვერ შეჭამ. სახედარს მოგტაცებენ და აღარ დაგიბრუნდება. შენი ცხვარი ხელში ჩაუვარდება შენს მტრებს და არავინ გეყოლება გამომხსნელი. შენი ძენი და შენი ასულნი ხელში ჩაუვარდებიან სხვა ხალხს. და თვალები დაგაწყდება მათს გზაზე ყურებით მთელი დღე და უძლური იქნება შენი ხელი. შენი მიწის ნაყოფს და მთელს შენს ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობდი. და იქნები შენ დათრგუნული და დამსხვრეული დღენიადაგ. და შეიშლები სახილველისგან, რასაც იხილავენ შენი თვალები. და მოგსრავს უფალი ავი წყლულით მუხლებზე და წვივებზე, რომლისგანაც ვერ განიკურნები, ფეხის ტერფიდან თხემამდე. და წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები, და ემსახურები იქ სხვა ღმერთებს – ძელსა და ქვას. და იქნები საფრთხობელად, იგავად და სასაცილოდ ყველა ხალხს შორის, რომელთანაც მიგიყვანს უფალი. მრავალ თესლს გაიტან ყანაში და ცოტას მოიწევ, რადგან მოსპობს მას კალია. გააშენებ ვენახებსა და დაამუშავებ, და ღვინოს ვერ შესვამ, და ვერ მოკრეფ, რადგან მას ჭია შეჭამს. ზეთისხილი გექნება მთელ მიწა-წყალზე და ვერ წაიცხებ ზეთს, რადგან ძირს დაცვივა ნაყოფი. ძეებსა და ასულებს გააჩენ და შენები არ იქნებიან, რადგან ტყვეობაში წავლენ. ყოველ შენს ხეს და შენი მიწის ნაყოფს კალია დაეპატრონება. ხიზანი, რომელიც შენს წიაღშია, წავა მაღლა და მაღლა, შენ კი დაბლა და დაბლა დაეშვები. ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას. ის თავად იქნება, შენ კი კუდად იქნები. და მოგეწევა ყოველი ეს წყევლა, და დაგედევნება ვიდრე არ მოისპობი, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის, ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებები და მისი წესები, რომლებიც გიბრძანა. და იქნება შენზე და შენს შთამომავლობაზე ნიშნად და სასწაულად უკუნისამდე. იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულით და კეთილი გულით ყველა სიუხვისათვის. და მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში და წყურვილში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში. და დაგადგამს რკინის უღელს ქედზე, სანამ არ მოგსპობს. და მოგისევს უფალი ერს შორიდან, ქვეყნის კიდიდან. არწივივით დაგაცხრება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ, თავხედი ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არა მიაგებს და ყრმას არ შეიწყალებს. და შეჭამს იგი შენი საქონლის შობილს და შენი მიწის ნაყოფს, სანამ არ მოისპობი ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი მსხვილფეხა პირუტყვის, და არც შენი წვრილფეხა პირუტყვის ნამატს, სანამ არ დაგღუპავს. და შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაგიმხობს მაღალ და მაგარ გალავნებს, რომელთა იმედიცა გაქვს, მთელს შენს ქვეყანაში. და შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, მთელს შენს ქვეყანაში, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა. და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი. შენს შორის ნაფოფინები და ძალზე ნანებივრები კაცი უმოწყალოდ დაუწყებს ყურებას თავის ძმას, თავის უბესთან მყოფ ცოლს და თავის დანარჩენ შვილებს, რომლებიც მას შერჩება. არ მისცემს არც ერთ მათგანს თავისი შვილების ხორცს, რომელსაც ჭამს, რადგან არ დარჩება მას არაფერი ალყასა და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი ყველა შენს კარიბჭეში. განაზებული და ნანებივრები ქალი შენს შორის, რომელსაც არ უცდია თავისი ფეხის ტერფის მიწაზე დაკარება, ნებივრობისა და სინაზის გამო, უწყალოდ შეხედავს თავის უბესთან მყოფ ქმარს, თავის ძეს და თავის ასულს, და თავის მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებს შორის, და თავის შვილებს, რომელთაც გააჩენს, რადგან ფარულად შეჭამს ყველაფერს გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროვებს შენ მტერი შენს კარიბჭეებში. თუ არ დაიცავ შესასრულებლად ამ რჯულის ყოველ სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი, რათა გაშინებდეს ეს დიდებული და საშინელი სახელი: უფალი, ღმერთი შენი, უფალი შეგყრის შენ და შენს შთამომავლობას გაუგონარ წყლულს, დიდ და უკურნებელ წყლულებს, ბოროტ და უკურნებელ სნეულებებს. და შემოგიქცევს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა, და შეგეყრება. აგრეთვე ყველა სნეულებასა და წყლულს, რომელიც არ სწერია ამ რჯულის წიგნში, მოგივლენს უფალი, სანამ არ მოისპობი. და მცირედნი დარჩებით, ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი რომ იყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის, ხმა. და როგორც ხარობდა უფალი თქვენს გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს უფალი თქვენზე, როცა დაგღუპავთ და მოგსრავთ და აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. და გაგფანტავს უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, და დაემსახურები იქ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით შენ და შენი მამები – ძელსა და ქვას. და ამ ერთა შორისაც ვერ დამშვიდდები, და არ ექნება მოსვენება შენი ფეხის ტერფს, და მოგცემს უფალი იქ აფორიაქებულ გულს, თვალთა კლებას და სულის ჭმუნვას. ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინ, შიშში იქნები ღამე და დღე და არ იქნები დაჯერებული შენს სიცოცხლეში. დილაზე იტყვი: „ოჰ, ნეტავ საღამო იყოს!“ და საღამოს იტყვი: „ოჰ, ნეტავ დილა იყოს!“ შენი გულის შიშის გამო, რომლითაც შეგეშინდება და შენი თვალების სანახავის გამო, რასაც დაინახავ. და დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: „აღარ იხილავ მას!“ და მიეყიდებით იქ თქვენს მტრებს მსახურებად, მხევლებად, მყიდველი კი იქნება. აჰა, სიტყვები აღთქმისა, რომელნიც უფალმა ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში. და მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს, და უთხრა მათ: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს და ყველა მის მსახურს და მთელ მის ქვეყანას თქვენს თვალწინ, ის დიდი სასჯელები, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები. და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალნი სახილველად და ყურნი სასმენელად. და გატარებდი ორმოცი წელიწადი უდაბნოში. არ შემოგცვეთია ტანზე სამოსელი და არ დაგცვეთია ფეხზე ფეხსამოსი. პური არ გიჭამიათ და ღვინო და მაგარი სასმელები არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. და მოხვედით ამ ადგილას. და გამოვიდნენ სიხონი – ხეშბონის მეფე, და ყოგი – ბაშანის მეფე, ჩვენს წინააღმდეგ საომრად და ჩვენ დავამარცხეთ ისინი. და ავიღეთ მათი ქვეყანა, და მივეცით ის სამკვიდროდ რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მენაშეს ძეთა ნახევარ ტომს. დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რათა ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ. ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე: თქვენი ტომის მთავრები, თქვენი უხუცესები, თქვენი ზედამდგომელნი, ისრაელის ყოველი კაცი, თქვენი პატარები, თქვენი ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შენი შეშის დამჭრელიდან შენი წყლის მხაპავამდე, რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის, აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გიდებს დღეს, რათა დაგაყენოს დღეს თავის ერად. და თვითონ შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და როგორც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისაკსა და იაკობს. და მხოლოდ თქვენთან როდი ვდებ მე ამ აღთქმას და ამ ფიცს, არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან აქ დღეს. რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ჩვენ ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ გამოიარეთ. და თქვენ იხილეთ მათი სისაძაგლეები და მათი კერპები ძელისა და ქვისა, ვერცხლისა და ოქროსი, რომელნიც მათ ჰქონდათ. ნუ იქნება თქვენს შორის კაცი ან დედაკაცი, ან საგვარეულო, ან ტომი, რომლის გულიც მიიქცევა დღეს უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი შხამისა და აბზინდის გამომღები, ისეთი კაცი, რომელიც როცა მოისმენს ამ წყევლის სიტყვებს, გულში თავს იკურთხებს და იტყვის: „მშვიდობა მექნება, თუმცა ჩემი გულის ნებაზე დავდივარ“, და ამგვარად დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპება. არ ინდომებს უფალი მის პატიებას, რადგან აღეგზნება მაშინ უფლის რისხვა და მისი შური იმ კაცზე, და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, და წაშლის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან. და გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად. და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი ძენი, რომელნიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და იხილავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა: გოგირდი და მარილი, ნახანძრალი – მთელი ქვეყანა. არ დაითესება და არ აღმოცენდება მასში არც ერთი ბალახი, როგორც დაიქცა სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და თავისი წყრომით“. და იტყვის ყველა ხალხი: „რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?“ და იტყვიან: „იმისათვის, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, აღთქმა, რომელიც მან დაუდო მათ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოჰყავდა, და წავიდნენ და ემსახურნენ სხვა ღმერთებს, და თაყვანი სცეს მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც უფალს არ უწილხვედრებია მათთვის. და აღიგზნო რისხვა უფლისა იმ ქვეყანაზე, რათა მიევლინა მასზე მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი. და განდევნა ისინი უფალმა მათი მიწიდან რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით. და გადაყარა სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის. დაფარული უფალს, ჩვენს ღმერთს, ეკუთვნის, გაცხადებული კი – ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყველა სიტყვა. და როცა მოაწევს შენზე ყოველი ეს სიტყვა – კურთხევისა და წყევლისა, რომელნიც გადმოვეცი შენს წინაშე, და მიიტან ამას შენს გულთან ყველა იმ ხალხს შორის, სადაც გაგდევნის შენ უფალი, შენი ღმერთი, და დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და შეისმენ მის ხმას ყველაფერში, როგორც მე გიბრძანებ დღეს, მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს და შეგიწყალებს, და კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა. და თუმცა კი შენ გაფანტული იყავი ცის კიდემდე, მაინც შეგკრებს იქიდან უფალი, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს. და მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდათ შენს მამებს, და შენც დაიმკვიდრებ მას. და სიკეთეს გიზამს და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად. და წინადაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით, რათა იცოცხლო. და მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელ ამ წყევლას შენს მტრებზე და შენს მოძულეებზე, რომელნიც გდევნიდნენ შენ. შენ კი მოიქცევი და შეისმენ უფლის ხმას და შეასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს. და აღავსებს სიუხვით უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ – შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს, შენი მიწის ნაყოფს სასიკეთოდ, რადგან უფალი კვლავ გაიხარებს შენით სასიკეთოდ, როგორც შენი მამებით ხარობდა. თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა მისი მცნებანი და მისი წესები, რომლებიც ჩაწერილია ამ რჯულის წიგნში, და თუ დაუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით. რადგან ეს მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, არ არის შენთვის საძნელო და მიუწვდომელი. ცაში არ არის იგი, რომ თქვა: „ვინ ავა ჩვენთვის ზეცაში და ჩამოგვიტანს მას, შეგვასმენს მას, რომ შევასრულოთ?“ არც ზღვის გაღმაა იგი, რომ თქვა: „ვინ გადალახავს ჩვენთვის ზღვას და წამოგვიღებს მას და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?“ რადგან ეს სიტყვა ძალზე ახლოსაა შენთან: ის შენს ბაგეებშია და შენს გულში, რათა შეასრულო. ნახე, დღეს მე დავდე შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება, და გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, მისი წესები და სამართალნი, და იცოცხლებ და გამრავლდები, და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. ხოლო თუ გადაუხვევს შენი გული, და არ შეისმენ, და გზას ასცდები, და სხვა ღმერთებს სცემ თაყვანს და ემსახურები მათ, მე დღესვე გაუწყებთ, რომ დაიღუპებით და ვერ იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლისთვისაც გადადიხართ იორდანეს, რათა მიხვიდეთ იქ მის დასამკვიდრებლად. მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას. რადგან იგია შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელობა, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს – აბრაამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად. და წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელ ისრაელს, და უთხრა მათ: „ას ოცი წლისა ვარ მე დღეს, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. და უფალმა მითხრა მე: ‘ვერ გადახვალ შენ იორდანეს’. თავად უფალი, შენი ღმერთი, გაგიძღვება წინ. ის გაანადგურებს ამ ხალხებს შენი პირისაგან და დაგამკვიდრებს იმ მიწაზე. იესო, წაგიძღვება შენ, როგორც უფალმა თქვა. და ისევე მოექცევა უფალი იმათ, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს, ამორეველთა მეფეებსა და მათ ქვეყანას, რომლებიც გაანადგურა მან. და ხელში ჩაგიგდებთ მათ უფალი, და თქვენ მოექეცით მათ იმ მცნების თანახმად, რომელიც მე გიბრძანე. გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს.“ და მოუხმო მოსემ იესოს, და უთხრა მას მთელი ისრაელის თვალწინ: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეხვალ ამ ხალხთან ერთად იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს, და მას შენ დაუმკვიდრებ მათ. და თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.“ და დაწერა მოსემ ეს რჯული, და მისცა იგი მღვდლებს, ლევის ძეთ, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის ყველა უხუცესს. და უბრძანა მოსემ მათ ასე: „მეშვიდე წელს, მიტევების წელიწადს, კარვობის დღესასწაულზე, როცა მთელი ისრაელი მოვა უფლის, შენი ღმერთის, წინაშე გამოსაცხადებლად იმ ადგილზე, რომელსაც უფალი ამოირჩევს, წაიკითხეთ ეს რჯული მთელი ისრაელის წინაშე მათ გასაგონად. შეკრიბე ხალხი: კაცები, ქალები და ბავშვები, და ხიზნები, რომელნიც შენს კარიბჭეებში არიან, რომ გაიგონონ და ისწავლონ, და ეშინოდეთ უფლისა, შენი ღმერთისა, და შესასრულებლად დაიცვან ამ რჯულის ყოველი სიტყვა. და მათმა შვილებმა, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, დღენიადაგ, სანამ ცოცხლები იქნებით მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მოახლოვდა შენი სიკვდილის ჟამი. მოუხმე იესოს და დადექით საკრებულო კარავთან, და მე დავარიგებ მას.“ და წავიდნენ მოსე და იესო და დადგნენ საკრებულო კარავთან. და გამოცხადდა უფალი კარავში ღრუბლის სვეტით, და დადგა სვეტი ღრუბლისა კარვის შესასვლელთან. და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, შენ წვები შენს მამებთან, ეს ხალხი კი ადგება და სამეძაოდ აეკიდება იმ ქვეყნის უცხო ღმერთებს, რომლის წიაღშიც ის შედის, და მე მიმატოვებს, და დაარღვევს ჩემს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას. და აღიგზნება რისხვა ჩემი მასზე იმ დღეს, და მივატოვებ, და დავუმალავ მათ ჩემს სახეს, შთაინთქმებიან ისინი და შეემთხვევა მას მრავალი უბედურება და გაჭირვება. და იტყვის იმ დღეს: ‘იმიტომ ხომ არ შემემთხვა ეს უბედურება, რომ ღმერთი არ არის ჩემში?’ და მე დამალვით დავუმალავ ჩემს სახეს იმ დღეს ყველა იმ ბოროტების გამო, რომელსაც იზამენ, რადგან მიბრუნდებიან სხვა ღმერთებისკენ. და ახლა ჩაიწერეთ ეს გალობა, და ისრაელის ძეთ ასწავლეთ იგი, ჩაუდევი მათ ბაგეებში, რათა იყოს ეს გალობა ჩემთვის მოწმობად ისრაელის ძეებზე. რადგან მე მას შევიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს, სადაც მოედინება თაფლი და რძე, და შეჭამს, და გაძღება და გასუქდება, და მიბრუნდება სხვა ღმერთებისკენ, და მათ დაემსახურება, და განმარისხებს, და ჩემს აღთქმას დაარღვევს. და, როცა შეემთხვევა მას მრავალი უბედურება და გაჭირვება, ეს გალობა მოწმედ იქნება მის წინაშე, ვინაიდან არ მიეცემა დავიწყებას მისი შთამომავლობის ბაგეში. მე ვიცი მისი ზრახვა, რომელსაც ის განიზრახავს დღეს, სანამ შევიყვანდე იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი.“ და ჩაწერა მოსემ ეს გალობა იმ დღეს და შეასწავლა იგი ისრაელის ძეთ. და უბრძანა უფალმა იესო ნავეს ძეს და უთხრა: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში, რომელიც მე მათ ფიცით აღვუთქვი, და მე ვიქნები შენთან.“ და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში, უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, ასე: „აიღეთ ეს რჯულის წიგნი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით და იყოს იქ მოწმედ შენს წინააღმდეგ. რადგან მე ვიცი შენი ურჩობა და შენი სიჯიუტე: და აჰა, როცა მე ვცხოვრობ თქვენთან დღეს, ეურჩებოდით უფალს. და ჩემი სიკვდილის შემდეგ რაღას იზამთ? შემიკრიბეთ თქვენი ტომების ყველა უხუცესი და თქვენი ზედამდგომელნი და მე ვიტყვი მათ გასაგონად ამ სიტყვებს, და მათ წინააღმდეგ მოწმედ მოვიყვან ცასა და მიწას. რადგან მე ვიცი, ჩემი სიკვდილის შემდეგ გაირყვნებით და გადაუხვევთ იმ გზას, რომელიც მე გიბრძანეთ. და შეგემთხვევათ უბედურება მომავალ დღეებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალწინ, განარისხებთ მას თქვენი ხელის ნამოქმედარით.“ და წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი კრებულის გასაგონად ამ გალობის სიტყვები ბოლომდე: „ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინოს მიწამ სიტყვანი ჩემი პირისა. გადმოიღვაროს წვიმასავით ჩემი სწავლება, ნამივით დაეპკუროს ჩემი ნათქვამი, როგორც ჟუჟუნა წვიმა მოლზე და როგორც თქეში ბალახზე. რადგან ვახსენებ უფლის სახელს, ჩვენს ღმერთს მიაგეთ დიდება! კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმე, რადგან სამართლიანია ყოველი მისი გზა. სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა. მართალი და წრფელია იგი. გაერყვნენ მას, აღარ არიან ისინი მისი შვილები მათი ბიწიერების გამო. გარყვნილი და გზასაცდენილი მოდგმაა. ასე მიუზღავ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ შენი მამაა, შენი გამჩენი, ხომ მან შეგქმნა შენ და დაგამყარა! გაიხსენე გარდასული დღეები, გონებით გადახედეთ წინა თაობათა წლებს. ჰკითხე მამაშენს და გიამბობს, შენს უხუცესებს და ისინი გეტყვიან შენ. როცა უზენაესი სამკვიდროებს უნაწილებდა ხალხებს, როცა მან დააცალკევა ადამის ძენი, დაუდგინა საზღვრები ხალხებს ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ. რადგან უფლის წილი მისი ხალხია. იაკობი სამემკვიდრო ხვედრია მისი. მან იპოვა იგი უდაბურ ქვეყანაში. უსახურობაში და უდაბნოს ყმუილში. თავს ევლებოდა იგი, თავისი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას. როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, დაჰბრუნავს თავის მართვეებს, შლის თავის ფრთებს, იყვანს და ატარებს მათ თავისი ფრთებით, უფალი მარტო დაატარებდა მას და გვერდში არ ჰყოლია მას უცხო ღმერთი. აიყვანა ქვეყნის მაღლობ ადგილზე, და ჭამდა ნაყოფს მინდვრისა. კლდიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს – სალი კლდიდან, ძროხის კარაქს და ცხვრის რძეს, ქონთან ერთად კრავებისა, ვერძებისა და ბაშანის ვაცებისა ნოყიერი ხორბლითურთ. და სვამდი შენ ღვინოს, ყურძნის სისხლს. და გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკების ყრას. შენ გასუქდი, გასქელდი. გათქვირდი. და მან მიატოვა ღმერთი, თავისი შემოქმედი, მოიძულა თავისი ხსნის კლდე. შური აღუძრეს მას უცხო ღმერთებით, სისაძაგლეებით გააბრაზეს იგი. ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს, და არა თავის ღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, ვისიც არ შინებიათ თქვენს მამებს. კლდე, შენ რომ გაგაჩინა, აღარ გახსოვს, და დაივიწყე ღმერთი, შენი შემოქმედი. და დაინახა უფალმა, და მოიძულა რისხვით თავისი ძენი და ასულნი. და თქვა: ‘დავუმალავ ჩემს სახეს და ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან უკუღმართი თაობაა ისინი, ძენი, რომლებშიც არ არის ერთგულება. მათ შური აღმიძრეს არაღმერთით, განმარისხეს თავიანთი ამაოებით: და მეც შურს აღვუძრავ არახალხით, გავაშმაგებ უგუნური ხალხით. რადგან ცეცხლი გაჩაღდა ჩემი მრისხანებით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის შავეთამდე და ნთქავს დედამიწას და მის მოსავალს, და ბუგავს მთათა საძირკვლებს. თავზე დავატეხ მათ უბედურებას, მათზე გავხარჯავ ჩემს ისრებს. დაძაბუნდებიან შიმშილით, შთაინთქმებიან ციებ-ცხელებითა და მომსვრელი სენით. და მხეცის კბილს მივუშვებ მათზე, მიწის ქვეწარმავალთა გესლით სავსეს. გარეთ მახვილმა მოსრას, შინ – შიშმა ჭაბუკნი, ქალწულნი, ძუძუმწოვარნი, ჭაღარა მოხუცებთან ერთად. და ვთქვი: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი კაცთა მოდგმიდან მათ სახსენებელს, მტრის ღვარძლს რომ არ ვერიდებოდე, რომ მისმა მოწინააღმდეგეებმა მცდარად არ საჯონ და არ თქვან: მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი. რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, არ არის მათში გონიერება. სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს. ერთი როგორ დაედევნება ათასს და ორნი როგორ განდევნიან ათი ათასს? თუ კლდემ არ გაყიდა, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში? რადგან ჩვენს კლდეს არ ჰგავს მათი კლდე. და თავად ჩვენი მტრები განსჯიან ამას. რადგან სოდომის ვენახიდანაა მათი ყურძენი და გომორას ველებიდან. მისი მარცვლები შხამის მარცვლებია, მწარეა მათი მტევნები. გველების შხამია მათი ღვინო და ასპიტთა გესლია განუქარვებელი. ის ხომ ჩემთანაა დამალული, ჩემს საუნჯეშია დაბეჭდილი. შურისძიებაც ჩემია და საზღაურის მიგებაც, როცა წაიბორძიკებს მათი ფეხი. რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, და ისწრაფვის მათი წერა. რადგან თავად უფალი განიკითხავს თავის ერს და გული მოულბება თავის მსახურებზე, როცა დაინახავს, რომ ღონე მიხდილი აქვთ და აღარ არის არც მონა, არც აზატი. და იტყვის იგი: ‘სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც ისინი თავს აფარებდნენ? რომელნიც ჭამდნენ მათ მსხვერპლთა ქონს და სვამდნენ მათ საღვრელ ღვინოს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, საფარველად გაგიხდნენ! იხილეთ ახლა, რომ მე, მე ვარ ის, და არ არის სხვა ღმერთი, ჩემს გარდა! მე ვკლავ და ვაცოცხლებ, ვგმირავ და ვკურნავ. და ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან. რადგან ჩემს ხელს შევმართავ ცისკენ და ვამბობ: მე ცოცხალი ვარ უკუნისამდე! თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, ჩემს მტრებს შურს მივაგებ და ჩემს მოძულეებს მივუზღავ. სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, ჩემი მახვილი ხორცს შეჭამს მოკლულთა და ტყვეთა სისხლითურთ, მტრის მთავართა თავებითურთ. ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან თავის მსახურთა სისხლს მოჰკითხავს, და შურს მიაგებს თავის მტრებს, და შეუნდობს თავის მიწას და თავის ერს.“ და მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ გალობის ყოველი სიტყვა მათ გასაგონად. და მასთან იყო იესო, ნავეს ძე. და დაასრულა მოსემ ყოველი ამ სიტყვის წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ, და უთხრა მათ: „ჩაიბეჭდეთ თქვენს გულში ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს, რათა უბრძანოთ თქვენს ძეებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა. რადგან ეს არ არის ფუჭი თქვენთვის, არამედ ეს არის თქვენი სიცოცხლე და ამით იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს იმავე დღეს და უთხრა: „ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, რომელიც მოაბის ქვეყანაშია, იერიხოს პირდაპირ, და გადახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელის ძეთ სამფლობელოდ. და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეეძინე შენს ერს, როგორც მოკვდა აარონი, შენი ძმა, ჰორის მთაზე, და შეეძინა თავის ერს, იმის გამო, რომ მიმტყუნეთ ისრაელის ძეთა შორის, მერიბათ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ არ მომეპყარით, როგორც წმიდას ისრაელის ძეთა შორის. რადგან შორიდან დაინახავ ქვეყანას, იქ კი ვერ შეხვალ, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელის ძეთ.“ ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელის ძენი თავისი სიკვდილის წინ. და თქვა: „უფალი მოვიდა სინაიდან და ამოუბრწყინდა მათ სეყირიდან, გამოჩნდა ფარანის მთიდან და მოვიდა ათი ათასობით წმიდათაგან. მის მარჯვნივ იყო რჯულის ცეცხლი მათთვის. ნამდვილად უყვარს ხალხები. მათი ყოველი წმიდა შენს ხელშია და ისინი ღებულობენ შენს სიტყვებს და ისინი დაემხენ შენს ფერხთით. რჯული გვიბრძანა ჩვენ მოსემ, იაკობის კრებულის წილხვედრი. ის იყო მეფედ იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ხალხის მთავრები ისრაელის ტომებთან ერთად. იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს, და ნუ იქნება მისი ხალხი მცირერიცხოვანი!“ და ეს თქვა იუდაზე: „ისმინე, უფალო, იუდას ხმა და მიიყვანე თავის ხალხთან იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის და მტერთაგან შემწედ შენ ეყოლები.“ და ლევიზე თქვა: „შენი თუმიმი და ურიმი შენს წმიდა კაცს, რომელიც მასაში გამოსცადე, და ედავე მერიბას წყლებთან, რომელიც ამბობს თავის მამაზე და თავის დედაზე: ‘მე ისინი არ მინახავს.’ და არ იცნობდა თავის ძმებს და არ ცნობდა თავის ძეთ, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და ინახავდნენ შენს აღთქმას. და ასწავლონ შენი სამართალნი იაკობს და შენი რჯული – ისრაელს. დადონ საკმეველი შენს წინაშე და სრულადდასაწველი – შენს სამსხვერპლოზე. აკურთხე, უფალო, მისი ძალა, და მოიწონე მისი ხელის ნამოქმედარი. მოსწყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეებს და მოძულეებს, რომ ფეხზე ვეღარ დადგნენ“. და ბენიამინზე თქვა: „უფლის მოყვარულმა უშიშრად დაივანოს მისით. იგი მფარველობს მას დღენიადაგ და დავანებულია მის მხრებს შორის.“ და იოსებზე თქვა: „აკურთხოს უფალმა მისი ქვეყანა ცის მადლით, ცვარითა და ქვეშ განრთხმული უფსკრულით, და მზის მადლიანი მოსავლითა და მთვარის მადლიანი ნაყოფით, და ძველი მთების პირველნაყოფით, და საუკუნო ბორცვების მადლით, და მიწის მადლით და მისი სისავსით. მაყვლოვანში დავანებულის წყალობა გადმოვიდეს იოსების თავზე და მის ძმათა შორის გამორჩეულის თხემზე. მას პირველშობილი კუროს ბრწყინვალება აქვს, მისი რქები მარტორქის რქებია. ამით ურქენს ხალხებს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. და ესენია ათი ათასები ეფრემისა და ესენია ათასეულები მენაშესი.“ და ზებულუნზე თქვა: „იხარე, ზებულუნ, შენი გამოსვლისას, და, ისაქარ, შენს კარვებში. და მოიწვევენ მთაზე ხალხებს, იქ შესწირავენ სიმართლის მსხვერპლებს, რადგან ისინი გამოწოვენ ზღვის სიუხვეს და ქვიშაში ჩამალულ საგანძურებს.“ და გადზე თქვა: „კურთხეულია გადის განმვრცობი. ლომივით განისვენებს და გლეჯს მკლავსაც და თხემსაც. და ნახა თავისთვის საუკეთესო წილი, რადგან იქაა რჯულმდებლის წილი გადანახული. მოვიდა იგი ხალხის მთავრებთან ერთად და შეასრულა უფლის სიმართლე და მისი სამართალი ისრაელთან.“ და დანზე თქვა: „დანი ბოკვერია ლომისა, რომელიც ხტება ბაშანიდან.“ და ნაფთალზე თქვა: „ნაფთალი მაძღარია წყალობით და აღსავსეა უფლის კურთხევით. დასავლეთით და სამხრეთით დაემკვიდრება.“ და აშერზე თქვა: „კურთხეულია ძეთაგან აშერი. თავისი ძმების სასურველი იქნება და ფეხს ზეთში ჩადგამს. რკინა და სპილენძი იყოს შენი ურდულები. და დღეებივით იყოს შენი დოვლათი. არ არის იერუშუნის ღმერთის სადარი, რომელიც ცაზეა ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებზე თავისი დიდებით. თავშესაფარია პირვანდელი ღმერთი და ქვემოდანაა საუკუნო მკლავები. და განდევნა მტერი შენი პირისაგან, და თქვა: ‘გაანადგურე!’ და დაივანებს ისრაელი უშიშრად, მარტო. იაკობის წყარო მარცვლეულის და მაჭრის ქვეყანაში, მისი ციდან ცვარი მოწვეთავს. ნეტარი ხარ შენ, ისრაელ! ვინ შეგედრება? შენ, ერო, გამოხსნილო უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია, და შენი ბრწყინვალების მახვილი! შენი მტრები ფეხქვეშ გაგეგებიან, და შენ გათელავ მათ გორაკებს.“ და ავიდა მოსე მოაბის ველებიდან ნებოს მთაზე, ფისგას მწვერვალზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა. და უჩვენა მას უფალმა მთელი გილყადის ქვეყანა დანამდე, და მთელი ნაფთალი, და ქვეყანა ეფრემისა და მენაშესი, და მთელი ქვეყანა იუდასი, ზღვამდე, და ნეგები, და იერიხოს მხარის ტაფობი, პალმების ქალაქისა, ცოყარამდე. და უთხრა უფალმა მას: „ეს არის ქვეყანა, რომელიც შევფიცე მე აბრაამს, ისაკსა და იაკობს ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ მას’. საკუთარი თვალით გახილვინე, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.“ და მოკვდა იქ მოსე, უფლის მსახური, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ. და დამარხეს იგი ველზე, მოაბის ქვეყანაში, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, და დღემდე არავინ იცის მისი საფლავი. და იყო მოსე ასოცი წლისა, როცა მოკვდა. თვალთ არ დაკლებია და ძალა არ გამოლევია. და იტირეს ისრაელიის ძეთ მოსე მოაბის ველებზე ოცდაათ დღეს. და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები. და იესო, ნავეს ძე, აღივსო სიბრძნის სულით, რადგან დაასხა მოსემ ხელები მას. და ემორჩილებოდნენ მას ისრაელის ძენი და ისე იქცეოდნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და აღარ აღმდგარა წინასწარმეტყველი ისრაელში მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი, ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც მოავლინა უფალმა მოსე ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის, ყველა მისი მსახურისა და მთელი მისი ქვეყნის წინააღმდეგ, ძლიერი ხელით და ყოველი დიდი სასწაულით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ. მოსეს, უფლის მსახურის, სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს: „მოსე, ჩემი მსახური, მოკვდა. ახლა ადექი და გადალახე იორდანე მთელ ხალხთან ერთად იმ ქვეყნისაკენ, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეთ. ყოველი ადგილი, რომელზეც თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს: უდაბნოდან და ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე, ხეთელების მთელი ქვეყანა; და დიდ ზღვამდე მზის დასავალამდე იყოს თქვენი საზღვარი. ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან. არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ. გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ დაუნაწილებ ამ ხალხს იმ ქვეყანას, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. ოღონდ გამაგრდი და ძალზე განმტკიცდი, რათა დაიცვა შესასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გიბრძანა შენ მოსემ, ჩემმა მსახურმა. ნუ გადაუხვევ მისგან მარცხნივ ან მარჯვნივ, რათა ყველგან ხელი მოგემართოს, სადაც კი წახვალ. ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ სწერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი. აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.“ და უბრძანა იესომ ხალხის ზედამდგომელთ ასე: „გაიარეთ შუა ბანაკში და უბრძანეთ ხალხს, გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გადალახოთ იორდანე, რათა მიხვიდეთ იმ ქვეყნის მისაღებად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ თქვენ დასამკვიდრებლად.“ და რეუბენელებს, და გადელებს, და მენაშეს ნახევარ ტომს უთხრა იესომ ასე: „გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გიბრძანათ თქვენ მოსემ, უფლის მსახურმა: ‘უფალმა, თქვენმა ღმერთმა, დაგასვენათ თქვენ და მოგცათ თქვენ ეს ქვეყანა.’ თქვენი ცოლები, თქვენი პატარები და თქვენი საქონელი დარჩეს ქვეყანაში, რომელიც მოგცათ თქვენ მოსემ იორდანეს გაღმა. გადალახეთ იარაღასხმულებმა თქვენი ძმების წინაშე, ყველა მამაცმა მოლაშქრემ, და დაეხმარეთ მათ, ვიდრე დაასვენებს უფალი თქვენს ძმებს თქვენსავით, რათა დაიმკვიდრონ მათაც ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, აძლევს მათ. და მაშინ დაბრუნდებით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაიმკვიდრებთ მიწას, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით.“ და მიუგეს იესოს ასე: „ყველაფერს, რაც გვიბრძანე, გავაკეთებთ, და ყველგან, საითკენაც მიგვავლენ ჩვენ, წავალთ. როგორც ვუსმენდით მოსეს, ისე მოგისმენთ შენც; ოღონდ უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან, როგორც იყო მოსესთან! ყველა კაცი, რომელიც არ დაემორჩილება შენს ბრძანებას და არ მოისმენს შენს სიტყვებს ყველაფერში, რასაც უბრძანებ მას, მოკვდება. ოღონდ შენ გამაგრდი და განმტკიცდი.“ და გაგზავნა იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ფარულად ორი მსტოვარი და უთხრა: „წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხო.“ და წავიდნენ ისინი, და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის, სახლში და ღამე იქ გაათიეს. ამბავი მოუვიდა იერიხოს მეფეს: „აჰა, კაცები მოსულან ამ ღამით ისრაელის ძეთაგან ქვეყნის დასაზვერად.“ და შეუთვალა იერიხოს მეფემ რახაბს: „გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ და შენს სახლში რომ შემოვიდნენ, რადგან ჩვენი ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი.“ და აიყვანა ამ ქალმა ეს ორი კაცი და დამალა ისინი, და თქვა: „დიახ, მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცოდი, თუ საიდან იყვნენ ისინი. და როცა კარიბჭე უნდა დაკეტილიყო, დაბინდებისას, მაშინ წავიდნენ ის კაცები. მე არ ვიცი, საით წავიდნენ ის კაცები. საჩქაროდ დაედევნეთ უკან, დაეწევით მათ.“ და მან აიყვანა ისინი ერდოზე და დამალა ისინი სელის ძნებში, რომელიც დაზვინული იყო მის ერდოზე. დაედევნენ მათ იორდანესაკენ მიმავალი გზით, ფონებისაკენ. კარიბჭე კი მდევრების გასვლისთანავე დახურეს. და ვიდრე ისინი დაწვებოდნენ, ავიდა მათთან ის ერდოზე, და უთხრა იმ კაცებს: „მე ვიცი, რომ თქვენ მოგცათ უფალმა ეს ქვეყანა, და თქვენმა შიშმა მოგვიცვა, და ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე. რადგან გვსმენია, თუ როგორ დააშრო უფალმა მეწამული ზღვის წყლები თქვენს წინაშე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, და რა უყავით ამორეველთა ორ მეფეს, სიხონს და ყოგს, იორდანეს გაღმელებს, რომელთაც მუსრი გაავლეთ. და როცა გავიგეთ, შედრკა ჩვენი გული და მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ცაში, და დაბლა მიწაზე. და ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით წყალობა, ასევე წყალობას უყოფთ მამაჩემის სახლს და მომეცით მე ჭეშმარიტი ნიშანი, რომ მიცოცხლებთ მამაჩემს და დედაჩემს, ჩემს ძმებსა და ჩემს დებს, და ყველას, ვინც კი მათ ჰყავთ, და იხსნით ჩვენს სულებს სიკვდილისაგან.“ და უთხრეს ამ კაცებმა: „ჩვენი სული თქვენ მაგიერ მიეცეს მოსაკლავად, თუ არ გათქვამ ამ ჩვენს ამბავს, და როცა მოგვცემს უფალი ჩვენ ამ ქვეყანას, წყალობითა და ერთგულებით მოგექცეით.“ და სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავანში იყო მისი სახლი და გალავანში ცხოვრობდა იგი. და უთხრა მათ: „მთაში წადით, მდევრები რომ არ გადაგაწყდნენ და სამი დღე იქ დაიმალენით, ვიდრე მდევრები არ დაბრუნდებიან, და შემდეგ წადით თქვენს გზაზე.“ და უთხრეს მას იმ კაცებმა: „ჩვენ თავისუფალნი ვიქნებით ამ შენი ფიცისაგან, რითაც დაგვაფიცე ჩვენ: აჰა, როცა თქვენს ქვეყანაში შემოვალთ, ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიშვი, სარკმელს გამოაბი. და მამაშენი და დედაშენი და შენი ძმები და მთელი შენი მამის სახლი შეკრიბე შენთან სახლში. და ყველა, ვინც გამოვა შენი სახლის კარიდან გარეთ, მისი სისხლი მის თავზე იყოს, და ჩვენ კი თავისუფალნი ვიქნებით. და ყველა, ვინც იქნება შენთან, შენს სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვისიმე ხელი შეეხოს მას. და თუ შენ გათქვამ ამ ჩვენს ამბავს, მაშინ თავისუფალნი ვიქნებით შენი ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.“ და მან თქვა: „იყოს თქვენი სიტყვისამებრ!“ და გაისტუმრა ისინი და წავიდნენ, და მან მიაბა მეწამული თოკი სარკმელს. და წავიდნენ და მივიდნენ მთაში და დაჰყვეს იქ სამი დღე, ვიდრე მდევრები გაბრუნდებოდნენ. და ეძებდნენ მდევარნი მთელ გზაზე და ვერ იპოვეს ისინი. და დაბრუნდა ეს ორი კაცი, და ჩამოვიდნენ მთიდან და გავიდნენ და მივიდნენ იესო ნავეს ძესთან, და უამბეს მას ყველაფერი, რაც შეემთხვათ. და უთხრეს იესოს: „უფალმა ჩაგვიგდო ხელში მთელი ქვეყანა და ქვეყნის ყველა მკვიდრი შეძრწუნებულია ჩვენს წინაშე.“ და ადგა იესო დილაადრიან, და აიყარნენ შიტიმიდან და მივიდნენ იორდანესთან ის და ყველა ისრაელის ძე, და გაათიეს იქ, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ. და სამი დღის შემდეგ გაიარეს ზედამდგომებმა შუა ბანაკში, და უბრძანეს ხალხს ასე: „როდესაც იხილავთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, მის მტარებლებს, მაშინ თქვენც აიყარენით თქვენი ადგილიდან და მიჰყევით უკან. ოღონდ მანძილი იყოს თქვენსა და მას შორის ორი ათას წყრთამდე საზომით, ნუ მიუახლოვდებით მას, რათა იცოდეთ გზა, რომლითაც უნდა იაროთ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ.“ და უთხრა იესომ ხალხს: „განიწმიდენით, რადგან ხვალ უფალი მოიმოქმედებს თქვენს შორის სასწაულებს.“ და უთხრა იესომ მღვდლებს ასე: „აიღეთ აღთქმის კიდობანი და ამ ხალხის წინ იარეთ.“ და აიღეს აღთქმის კიდობანი და წავიდნენ ხალხის წინ. და უთხრა უფალმა იესოს: „ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, შენთანაც ეგრე ვიქნები. და შენ უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტარებელთ, ასე: ‘როგორც კი იორდანეს წყლის ნაპირს მიადგებით, შეჩერდით.’“ და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: „მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის, სიტყვები.“ და თქვა იესომ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და ის განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს. და აჰა, მთელი ქვეყნის უფლის აღთქმის კიდობანი გადალახავს თქვენს წინაშე იორდანეს. და ახლა ამოირჩიეთ თორმეტი კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო-თითო კაცი ტომიდან. როდესაც მთელი ქვეყნის უფლის აღთქმის კიდობნის მტარებლების, მღვდლების, ფეხის ტერფები ჩაიდგმება იორდანეს წყლებში, მაშინ გაიპობა იორდანეს წყლები, ზემოდან მომდინარე და ერთ კედლად შედგება.“ და აიყარა ხალხი თავისი კარვებიდან იორდანეს გადასალახავად, და აღთქმის კიდობნის მტარებელი მღვდლები გაუძღვნენ ხალხს წინ. და როგორც კი კიდობნის მტარებლები იორდანეს მიადგნენ და კიდობნის მტარებელი მღვდლების ფეხები ჩაიდგა წყლის ნაპირზე – ხოლო იორდანე მკათათვეში თავის ნაპირებზე გადმოდის, – შეჩერდა ზემოდან მომდინარე წყლები და ერთ კედლად აღიმართა, კარგა შორს ქალაქ ადამადან, რომელიც ცართანის გვერდითაა; და ყარაბას ზღვისაკენ, მარილოვანი ზღვისაკენ, მიმდინარე წყლები სრულიად გაიპო, და ხალხი იერიხოს პირდაპირ გადავიდა. და იდგნენ მღვდლები, მტარებელნი უფლის აღთქმის კიდობნისა, მშრალზე, შუაგულ იორდანეში მყარად. და მთელი ისრაელი გადადიოდა მშრალზე, ვიდრე არ დაასრულა მთელმა ერმა იორდანეს გადალახვა. და როცა დაასრულა მთელმა ერმა იორდანეს გადალახვა, უბრძანა უფალმა იესოს: „ამოირჩიე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან, და უბრძანე მათ ასე: ‘აიღეთ აქედან, შუაგულ იორდანედან, სადაც მყარად იდგა მღვდლების ფეხები, თორმეტი ქვა, და თან წაიღეთ ისინი, და დადეთ ისინი სათევში, სადაც გაათევთ ამ ღამეს.’“ და მოუხმო იესომ თორმეტ კაცს, რომელნიც განაწესა ისრაელის ძეთაგან, თითო კაცს თითო ტომიდან; და უთხრა მათ იესომ: „გაიარეთ უფლის, თქვენი ღმერთის, კიდობნის წინაშე, შუაგულ იორდანეში, და ზურგზე აიკიდოს თითოეულმა თქვენგანმა თითო ქვა, ისრაელის ძეთა ტომების რიცხვისამებრ, რათა ეს იყოს ნიშანი თქვენს შორის. როცა გკითხავენ თქვენი ძეები: ‘ეს რა ქვები გაქვთ?’ უთხარით მათ: ‘იორდანეს წყლები რომ გაიპო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; იორდანეზე მისი გადასვლისას გაიპო იორდანეს წყლები! და იქნება ეს ქვები სახსოვრად ისრაელის ძეთათვის უკუნისამდე.’“ და ასე მოიქცნენ ისრაელის ძენი, როგორც იესომ უბრძანა, და აიღეს თორმეტი ქვა შუაგულ იორდანედან, როგორც უთხრა უფალმა იესოს, ისრაელის ძეთა ტომთა რიცხვისამებრ, და გადაიტანეს ისინი თავიანთ სათევარში და დააწყვეს ისინი იქ. და თორმეტი [სხვა] ქვა აღმართა იესომ შუა იორდანეში, იმ ადგილას, სადაც ფეხები ედგათ მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტარებლებს, და იქ აწყვია დღემდე. კიდობნის მტარებელი მღვდლები იდგნენ შუაგულ იორდანეში, ვიდრე არ შესრულდა ყველა სიტყვა, რომელიც უბრძანა უფალმა იესოს ხალხისათვის სათქმელად, რაც უბრძანა მოსემ იესოს; და ამასობაში გამალებული გადადიოდა. და როცა დაასრულა მთელმა ხალხმა იორდანეს გადალახვა, აღთქმის კიდობანმა და მღვდლებმაც გადალახეს ხალხის წინაშე. და გადალახეს რეუბენის ძეთ და გადის ძეთ, და მენაშეს ნახევარმა ტომმა – იარაღასხმულებმა, ისრაელის ძეთა წინ, როგორც უთხრა მათ მოსემ. ორმოცი ათასამდე მოწინავე ჯარმა გადალახა უფლის წინ იერიხოს ველებზე საბრძოლველად. იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალწინ და ეშინოდათ მისი, როგორც ეშინოდათ მოსესი, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. და უთხრა უფალმა იესოს ასე: „უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტარებლებს, ამოვიდნენ იორდანედან.“ და უბრძანა იესომ მღვდლებს: „ამოდით იორდანედან.“ და როგორც კი ამოვიდნენ მღვდლები, უფლის აღთქმის კიდობნის მტარებელნი, შუაგულ იორდანედან, და როგორც კი მღვდლების ფერხთა ტერფებმა გადაინაცვლეს ხმელეთზე, დაბრუნდა იორდანეს წყალი თავის ადგილზე და იწყო დინება, როგორც უწინ, თავის მთელ სანაპიროზე. და ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს, და დაბანაკდა გილგალში, იერიხოს აღმოსავლეთ მხარეს. და თორმეტი ქვა, რომელიც აიღეს იორდანედან, აღმართა იესომ გილგალში. და უთხრა ისრაელის ძეთ: „როცა შეეკითხებიან შენი ძეები მომავალში თავიანთ მამებს: ‘ეს რა ქვებიაო?’ მაშინ ასწავლეთ თქვენს ძეებს ასე: ‘მშრალზე გადალახა ისრაელმა იორდანე’; რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გადალახავდით მას, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც დააშრო ჩვენს წინაშე, ვიდრე არ გადავლახეთ, რათა შეეცნო ქვეყნის ყოველ ხალხს ხელი უფლისა, რადგან ის ძლიერია, რათა გეშინოდეთ თქვენ დღენიადაგ უფლისა, თქვენი ღმერთისა.“ და როცა გაიგო ამორეველთა ყველა მეფემ, რომლებიც იყვნენ იორდანეს ამ მხარეს, დასავლეთისაკენ, და ქანაანის ყველა მეფემ, რომლებიც იყვნენ ზღვასთან, რომ დააშრო უფალმა იორდანეს წყლები ისრაელის ძეთა წინაშე, ვიდრე არ გადალახეს იგი, შეუდრკათ გული და აღარ შერჩათ სული ისრაელის ძეთა გამო. იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: „გაიკეთე კაჟის დანები და კვლავაც წინადაცვითე ისრაელის ძენი მეორედ.“ და გააკეთა იესომ კაჟის დანები, და წინადაცვითა ისრაელის ძენი გიბყათ-ჰაყარალოთთან. აი, მიზეზი, რისთვისაც წინადაცვითა იესომ ისინი: მთელი რომელიც გამოვიდა ეგვიპტიდან, მამროვანი ერი, ბრძოლისუნარიანები, დაიხოცნენ უდაბნოში, გზაზე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ; რადგან წინადაცვეთილი იყო მთელი ხალხი რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, ხოლო მთელი ხალხი, რომელიც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ, არ იყო წინადაცვეთილი. რადგან ორმოცი წელიწადი ხეტიალობდნენ ისრაელის ძენი უდაბნოში, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელთაც არ ისმინეს ხმა უფლისა, რომელმაც დაუფიცა, რომ ვერ იხილავდნენ ისინი ქვეყანას, რომელიც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს, მოგვცემდა ჩვენ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება. და მათი ძეები, ვინც მათ ნაცვლად დაადგინა, წინადაცვითა იესომ, რადგან ისინი წინადაუცვეთელნი იყვნენ, რადგან არ წინადაუცვეთიათ გზაზე. და როცა დაასრულა მთელმა ხალხმა წინადაცვეთა, დარჩნენ ისინი თავინთ ადგილებზე ბანაკში, ჭრილობის მოშუშებამდე. და უთხრა უფალმა იესოს: „დღეს მე მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი.“ რის გამოც ეწოდა სახელი ამ ადგილს „გილგალი“ და ასე ეწოდება დღემდე. და დაიბანაკეს ისრაელის ძეთ გილგალში, და შეასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს, საღამოს, იერიხოს ველებზე. და ჭამეს პასექის მეორე დღეს ამ ქვეყნის ნაყოფთაგან ხმიადი და ქუმელი იმავე დღეს. და შეწყდა მანანა მეორე დღეს, რაც ჭამეს მიწის ნაყოფი, და აღარ იყო ისრაელის ძეთათვის მანანა, და ჭამდნენ ქანაანის მიწის მოსავალს იმ წელს. და ერთხელ, როცა იესო იერიხოსთან იყო, აახილა თვალი და დაინახა მის წინ მდგომი კაცი, გაშიშვლებული მახვილით ხელში. და წავიდა იესო მისკენ, და ჰკითხა მას: „ჩვენი ხარ, თუ ჩვენი მტრებისა?“ და მან უთხრა: „არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი მე.“ და დაემხო იესო მიწაზე, და თაყვანი სცა და უთხრა მას: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?“ და უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: „გაიძრე ფეხზე შენი ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმიდაა.“ და ასეც მოიქცა იესო. იერიხო იყო ჩაკეტილი და მოზღუდული ისრაელის ძეთა წინაშე. არავინ იყო არც გამომსვლელი და არც შემსვლელი. და უთხრა უფალმა იესოს: „ნახე, ხელში მოგეცი იერიხო და მისი მეფე თავისი მამაცი მებრძოლებით. და გარს შემოუარეთ ქალაქს ყველა ბრძოლისუნარიანმა, წრე დაარტყით ქალაქს ერთგზის ასე აკეთეთ ექვსი დღის მანძილზე. და შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი საყვირი კიდობნის წინ. და მეშვიდე დღეს გარს შემოუარეთ ქალაქს შვიდგზის და მღვდლებმა დააყვირონ რქის საყვირები. და როცა დააყვირებენ ვერძის რქას და გაიგონებთ საყვირის ხმას, მთელმა ხალხმა დასცეს დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩაიქცევა ქალაქის კედელი, და ავა ხალხი მასზე, თითოეული თავისი მხრიდან.“ და მოუხმო იესო ნავეს ძემ, მღვდლებს და უთხრა მათ: „ასწიეთ აღთქმის კიდობანი! და შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი საყვირი უფლის კიდობნის წინ.“ და უთხრა ხალხს: „გასწიეთ და გარსშემოუარეთ ქალაქს და შეიარაღებულებმა იარონ უფლის კიდობნის წინ“. და როგორც კი იესომ ხალხს უთხრა, შვიდი მღვდელი, ვერძის რქის საყვირებს რომ დაატარებდა უფლის წინაშე, წავიდა და ჩაჰბერა საყვირებს. და უფლის აღთქმის კიდობანი მოჰყვებოდა მათ უკან. და შეიარაღებულნი წინ მიუძღოდნენ მღვდლებს, რომელნიც საყვირებს აყვირებდნენ, და უკანანი კიდობანს უკან მიჰყვებოდნენ და საყვირებს აყვირებდნენ. და ხალხს უბრძანა იესომ: „ნუ იყიჟინებთ და ნურავის გააგონებთ თქვენს ხმას, და სიტყვა არ დაგცდეთ ბაგეთაგან იმ დღემდე, ვიდრე მე არ გეტყვით ‘დაეცით ყიჟინა!’ და დასცემთ ყიჟინას.“ და გარს შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე; და მივიდნენ ბანაკში, და გაათიეს ბანაკში. და ადგა იესო დილაადრიანად, და წაიღეს მღვდლებმა კიდობანი უფლისა. და შვიდი მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი საყვირი უფლის კიდობნის წინ, მიდიოდა, და მიმავალი აყვირებდა საყვირებს, და შეიარაღებულნი წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი მიჰყვებოდნენ უფლის კიდობანს უკან, მიდიოდნენ და აყვირებდნენ საყვირებს. და გარს შემოუარეს ქალაქს მეორე დღესაც ერთგზის, და დაბრუნდნენ ბანაკში. და ასე აკეთებდნენ ექვს დღეს. ხოლო მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და გარსშემოუარეს ქალაქს იმავე წესით შვიდგზის. და იყო მეშვიდე ჯერზე, როცა ჩაჰბერეს მღვდლებმა რქის საყვირებს, მაშინ უთხრა იესომ ხალხს: „დაეცით ყიჟინა, რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ ეს ქალაქი! და დარისხებული უნდა იყოს ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთანაა სახლში, უნდა დარჩნენ ცოცხალი, რადგან მან დამალა წარგზავნილნი, ჩვენ რომ გავგზავნეთ. ოღონდ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავი არ დაირისხოთ დარისხებულის აღებით, და არ დაარისხოთ ისრაელის ბანაკი, და უბედურება არ დაატეხოთ მას. მთელი ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი წმიდაა უფლისათვის, უფლის საუნჯეში უნდა შევიდეს იგი.“ ხალხმა შესძახა და ჩაჰბერეს საყვირებს. და როგორც კი ხალხმა საყვირის ხმა გაიგო, დასცა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩაიქცა კედელი, და ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი. და დაარისხეს ყველაფერი, რაც ქალაქში იყო: კაცი და დედაკაცი, ჭაბუკი და მოხუცებული, ხარი, კრავი და სახედარი. და უთხრა იესომ იმ ორ ჭაბუკს, ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასული: „მიდით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის და ყველა, ვინც მასთანაა, როგორც შეჰფიცეთ მას.“ და მივიდნენ ჭაბუკები, ქალაქი რომ დაზვერეს და გამოიყვანეს რახაბი, მისი მამა, მისი დედა, მისი ძმა და ყველა, ვინც მას ჰყავდა და დატოვეს ისინი ისრაელის ბანაკს გარეთ. და ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი შემატეს უფლის სახლის საუნჯეს. და მეძავი რახაბი და მამამისის სახლი და ყველა, ვინც მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ, და ის დარჩა ისრაელში ამ დღემდე, რადგან დამალა წარგზავნილნი, რომელნიც იესომ გაგზავნა იერიხოს დასაზვერად. და იმ დროს დაიფიცა იესომ, ასე: „წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხოს! თავის პირმშოზე დააფუძნოს საძირკველი მისი, და თავის უმცროსზე დადგას კარიბჭე მისი.“ და იყო უფალი იესოსთან, და განითქვა მისი სახელი მთელს ქვეყანაში. მაგრამ ღალატი ჩაიდინეს ისრაელის ძეთ დარისხებულის მიმართ. და აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზერახისა, იუდას ტომიდან, დარისხებულიდან. და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელის ძეებზე. და გააგზავნა იესომ კაცები იერიხოდან ჰაღაისკენ, რომელიც იყო ბეთ-ავენის მახლობლად, ბეთელის აღმოსავლეთით, და უთხრა მათ: „ადით და დაზვერეთ ქვეყანა.“ და ავიდნენ ის კაცები და დაზვერეს ჰაღაი. და დაბრუნდნენ იესოსთან, და უთხრეს მას: „ნუ ავა მთელი ხალხი. ორიათასამდე ან სამიათასამდე კაცი ავიდეს და შემუსროს ჰაღაი. ნუ გარჯი იქ მთელ ხალხს, რადგან მცირედნი არიან ისინი.“ და წავიდა იქ სამიათასამდე კაცი, და უკუიქცნენ ჰაღაის კაცთაგან. და დახოცეს მათგან ჰაღაის კაცებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი, და დაედევნენ მათ კარიბჭიდან შებარიმამდე, და შემუსრეს ისინი ფერდობზე. და შეუდრკა ხალხს გული და წყალივით გაუხდა. და შემოიხია იესომ სამოსელი, და დაემხო პირქვე მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე, ისრაელის უხუცესებთან ერთად, და თავზე მტვერი დაიყარეს. და თქვა იესომ: „ვაი, უფალო ღმერთო! რისთვის გადმოალახინე ამ ხალხს ეს იორდანე, ნუთუ იმისთვის, რომ ამორეველთა ხელში მიგეცა ჩვენი თავი დასაღუპად? ნეტა იორდანეს გაღმა დავმკვიდრებულიყავით! ჰოი, უფალო, რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა თავის მტრებს ზურგი უჩვენა? გაიგებენ ქანაანელნი და ქვეყნის ყველა მკვიდრი, და შემოგვერტყმიან ჩვენ, და მოსპობენ ჩვენს სახელს ქვეყნიდან. და რას უზამ შენს დიად სახელს?“ და უთხრა უფალმა იესოს: „ადექი, რას დამხობილხარ პირქვე? შესცოდა ისრაელმა და დაარღვიეს ჩემი აღთქმა, რომელიც ვუბრძანე მათ, და აიღეს კიდეც დარისხებულიდან, და მოიპარეს, და დამალეს, და დადეს თავიანთ ჭურჭელთან. და ამიტომ წინ ვერ აღუდგნენ ისრაელის ძენი თავიანთ მტრებს, ზურგი უჩვენეს თავიანთ მტრებს, რადგან თავად გახდნენ დარისხებულნი. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ შენს შორის დარისხებულს. ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: ‘განიწმიდენით ხვალისათვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: „დარისხებულია შენს შორის, ისრაელ. წინ ვერ აღუდგები შენს მტრებს, ვიდრე დარისხებულს არ მოიშორებ შენგან.“ დილას მოდექით თქვენი ტომების მიხედვით; და ის ტომი, რომელსაც დაიჭერს უფალი, მოდგეს საგვარეულოს მიხედვით; და საგვარეულო, რომელსაც დაიჭერს უფალი, მოდგეს კაცების მიხედვით. და დარისხებულის წაღებაში დაჭერილი დაიწვას ცეცხლში, იგი და მთელი მისი საბადებელი, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უკეთურება ჩაიდინა ისრაელში.’“ და ადგა იესო დილაადრიან და გამოიყვანა ისრაელი ტომების მიხედვით. და დაჭერილ იქნა იუდა. და გამოიყვანა იუდას ტომი, და დაჭერილ იქნა ზერახის საგვარეულო. და გამოიყვანა ზერახის საგვარეულოდან თითო-თითო კაცი და დაჭერილ იქნა ზიმრი. და გამოიყვანა თითო-თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილ იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზიმრისა, ძისა ზერახისა იუდას ტომიდან. და უთხრა იესომ ყაქანს: „ჩემო შვილო, პატივი მიაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, და მადლი შესწირე მას და მიამბე, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ.“ და მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: „ჭეშმარიტად, შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ასე და ასე გავაკეთე. და დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული მოსასხამი, და ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ერთი ოქროს ზოდი, და ვინდომე ისინი და ავიღე. და აჰა, ისინი მიწაშია დამალული ჩემს კარავში, ვერცხლი კი მის ქვეშაა.“ და გაგზავნა იესომ მაცნეები და ისინიც გაიქცნენ კარვისაკენ. და აჰა, ნახეს დამალული მის კარავში, და ვერცხლი მის ქვეშ. და წამოიღეს ეს კარვიდან და მიუტანეს იესოს და ყველა ისრაელის ძეს, და დაყარეს იგი უფლის წინაშე. და წაიყვანა იესომ ყაქანი, ძე ზერახისა, ვერცხლით და მოსასხამით და ოქროს ზოდითურთ და მისი ძენი, და მისი ასულნი, და მისი ხარი, და მისი სახედარი, და მისი ცხვარი, და მისი კარავი, და მთელი მისი საბადებელი. და მთელი ისრაელი მასთან იყო, და წაიყვანეს ისინი ყაქორის ველზე. და უთხრა იესომ: „რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხოს შენ უფალმა უბედურება,“ და დააყარა მას მთელმა ისრაელმა ქვა, და დაწვეს ისინი ცეცხლით და ჩაქოლეს ისინი ქვებით. და აღმართეს მასზე დიდი გროვა ქვებისა, რომელიც დღემდე შემორჩენილია. და დაცხრა უფალი თავისი რისხვის მძვინვარებისაგან. ამისთვის ეწოდება დღემდე სახელად იმ ადგილს ყაქორის ველი. და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია და ნურც შეძრწუნდები. თან წაიყვანე მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის. ხელში ჩაგიგდებ ჰაღაის მეფეს და მის ხალხს, მის ქალაქსა და მის ქვეყანას. და მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც მოექეცი იერიხოს და მის მეფეს, მხოლოდ ნადავლი მისი და პირუტყვი მისი დაიტაცეთ თქვენთვის. და ჩასაფრდი ქალაქთან, მის უკან.“ და ადგა იესო და მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი ჰაღაიზე გასასვლელად. და ამოირჩია იესომ ოცდაათი ათასი მამაცი მოლაშქრე და გაგზავნა ისინი ღამით. და უბრძანა მათ: „აბა, მოაწყვეთ საფარი ქალაქთან, ქალაქის უკან. ძალიან შორს არ გასცდეთ ქალაქს და ყველანი მზად იყავით. და მე და მთელი ხალხი, რომელიც ჩემთანაა, მივადგებით ქალაქს. და როდესაც გამოვლენ ჩვენს დასახვედრად, როგორც პირველად, მაშინ გავექცევით მათ. ისინი გამოგვყვებიან უკან, ვიდრე ქალაქს არ მოვწყვეტთ მათ, რადგან იტყვიან: ‘გარბიან ჩვენგან, როგორც პირველად.’ და გავექცევით მათ. ადექით თქვენი საფარიდან და დაეუფლეთ ქალაქს. და ხელში ჩაგიგდებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი. და როცა აიღებთ ქალაქს, წაუკიდეთ ცეცხლი ქალაქს, მოიქეცით უფლის სიტყვისამებრ. აბა, მე გიბრძანებთ თქვენ.“ და გაგზავნა ისინი იესომ, და წავიდნენ საფარში, და ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, ჰაღაის დასავლეთით. და გაათია იესომ ის ღამე ხალხს შორის. და ადგა იესო დილაადრიანად, და დაათვალიერა ხალხი, და ისრაელის უხუცესებთან ერთად ხალხს ჰაღაისკენ წაუძღვა. და მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელიც მასთან იყო, წავიდა, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ჰაღაის ჩრდილოეთით. და იყო ველი ჰაღაისა და მას შორის. და შემდეგ გამოიყვანა ხუთი ათასამდე კაცი, და ჩაასაფრა ისინი საფარში ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით. და მოაწყო ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო, და ჩასაფრებული რაზმი ქალაქის დასავლეთით იყო. და გავიდა იესო იმ ღამეს შუაგულ ველზე. და იყო, როგორც კი დაინახა ეს ჰაღაის მეფემ, ქალაქის მამაკაცებმა ისწრაფეს და ადგნენ ადრიანად და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ დროს ყარაბას წინ. და მან არ იცოდა, რომ ჩასაფრებულნი იყვნენ მისთვის ქალაქის უკან. და იესო და მთელი ისრაელი, თითქოს დამარცხდნენო მათ წინაშე, გაიქცნენ უდაბნოს გზით. და დასცა ყიჟინა მთელმა ხალხმა, რომელიც ჰაღაიში იყო, რათა დადევნებოდა მათ, და გამოედევნენ იესოს და მოსწყდნენ ქალაქს. და კაცი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ დადევნებოდა უკან. და ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს უკან. და უთხრა უფალმა იესოს: „ჰაღაიზე გაიწოდე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან მას ხელში ჩაგიგდებ.“ და გაიწოდა იესომ შუბი, ხელში რომ ეჭირა, ქალაქისაკენ. და ჩასაფრებულები უმალ წამოდგნენ თავიანთი ადგილიდან და გაიქცნენ, როდესაც იესომ ხელი გაიწოდა, შეიჭრნენ ქალაქში და აიღეს იგი, და ისწრაფეს, და წაუკიდეს ქალაქს ცეცხლი. და უკან მოიხედეს ჰაღაის მამაკაცებმა და დაინახეს ქალაქის კვამლი ზეცას სწვდებოდა. და აღარ დარჩათ მათ გასაქცევი ადგილი არც იქით, არც აქეთ. და უდაბნოსაკენ გაქცეული ხალხი შემოუბრუნდა მდევრებს. და დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა აიღეს ქალაქი, და ქალაქს კვამლი აუვიდა, მობრუნდნენ და მოსრეს ჰაღაის ხალხი. და ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად, და აღმოჩნდნენ ისრაელს შორის, ზოგი აქეთ, ზოგი იქით. და მუსრეს ისინი, და არ გაუშვეს მათ გადარჩენილი და ლტოლვილი. და ჰაღაის მეფე შეიპყრეს ცოცხლად და მოუყვანეს იგი იესოს. და როცა მორჩა ისრაელი ჰაღაის ყველა მკვიდრის დახოცვას ველზე, უდაბნოში, სადამდეც მირეკეს ისინი, და ყველანი დაეცნენ მახვილის პირით, მაშინ მობრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაისაკენ და შემუსრეს ისიც მახვილით. და ყველა, ვინც დაეცა იმ დღეს, კაცი თუ დედაკაცი, იყო თორმეტი ათასი, ჰაღაის ყველა მკვიდრი. და იესოს არ ჩამოუშვია ხელი, რომლითაც შუბი გაიწოდა, ვიდრე არ მოსპო ჰაღაის ყველა მცხოვრები. და მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი იმ ქალაქისა დაიტაცა თავისთვის ისრაელმა, უფლის სიტყვისამებრ, რომელიც მან უბრძანა იესოს. და გადაწვა იესომ ქალაქი ჰაღაი, საუკუნო ნანგრევებად და უკაცრიელ ადგილად აქცია, დღევანდლამდე. და ჰაღაის მეფე ჩამოჰკიდა ხეზე, საღამომდე. და მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ, და ხიდან ჩამოხსნეს მისი გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს, და აღმართეს მასზე დიდი გროვა ქვებისა, რომელიც შემორჩენილია დღემდე. მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე, როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელიანებს. და ააგო ისე, როგორც ეს სწერია მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ქვებისგან, რომელსაც არ მოღერებია კვერი. და აღუვლინეს მასზე სრულადდასაწველები უფალს, და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი. და გადააწერა იმ ქვებს მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მას ისრაელის ძეთა წინაშე. და მთელი ისრაელი, და მისი უხუცესნი, და ზედამდგომნი, და მისი მსაჯულნი იდგნენ კიდობნის აქეთ-იქით, უფლის აღთქმის კიდობნის მტარებელი ლევიანი მღვდლების პირდაპირ, როგორც ხიზანი, ისე მკვიდრი. მათი ნახევარი იდგა გერიზიმის მთის პირდაპირ და მეორე მისი ნახევარი – ღებალის მთის პირდაპირ, როგორც პირველად უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის ერის საკურთხებლად. და შემდეგ წაიკითხა იესომ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, რჯულის წიგნში ჩაწერილის მიხედვით. არ ყოფილა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, იესოს რომ არ წაეკითხა მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების და პატარებისა და ხიზნების წინაშე, რომელნიც მათ შორის იყვნენ მოსულნი. ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, მთაში და ბარში, დიდი ზღვის სანაპიროზე ლიბანის ახლოს, ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხიველებმა და იებუსელებმა, თავი ერთად მოიყარეს, რომ შებრძოლებოდნენ იესოსა და ისრაელს ერთსულოვნად. როდესაც გაიგეს გაბაონის მკვიდრებმა, რა უყო იესომ იერიხოსა და ჰაღაის, ცბიერად მოიქცნენ: წავიდნენ და დაიმზადეს საგზალი, და აჰკიდეს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეთქილი და გადაკერებული ტიკები, თავიანთ სახედრებს. და ფეხზეც გაცვეთილი ფეხსამოსი ეცვათ და ტანზეც გაცვეთილი სამოსელი ემოსათ. და მთელი მათი საგზალი პური გამხმარი იყო და დაობებული. და მივიდნენ იესოსთან ბანაკში, გილგალში, და უთხრეს მას და მთელ ისრაელს: „შორი ქვეყნიდან მოვედით ჩვენ. და ახლა აღთქმა დაგვიდეთ.“ და უთხრეს ისრაელიანებმა ხიველებს: „ეგებ, ჩვენს შორის მკვიდრობ შენ, და შენ დაგიდო აღთქმა?“ და უთხრეს იესოს: „შენი მსახურები ვართ.“ და ჰკითხა მათ იესომ: „ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?“ უთხრეს მათ: „ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მსახურნი. უფლის, შენი ღმერთის, სახელით, რადგან გვსმენია მისი ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა, და ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, რომელნიც იყვნენ იორდანეს გაღმა: სიხონს – ხეშბონის მეფეს, და ყოგს – ბაშანის მეფეს, რომელიც ყაშთაროთში იყო. და გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრმა ასე: ‘აიღეთ ხელში საგზალი გზისთვის, და წადით მათ შესახვედრად და უთხარით მათ: „ჩვენ თქვენი მსახურები ვართ და ახლა დაგვიდეთ აღთქმა.“’ ეს ჩვენი პური, ჯერ კიდევ თბილი იყო, როცა საგზლად წამოვიღეთ ჩვენი სახლებიდან იმ დღეს, თქვენთან წამოსასვლელად რომ გამოვედით, და ახლა ის გამხმარია და დაობებული. და ეს ღვინის ტიკები, რომ ავავსეთ, ახლები იყო, და აჰა დასკდა. და ჩვენი სამოსელი და ფეხსაცმელი გაცვდა ძალიან შორი გზის გამო.“ და აიღეს ისრაელიანმა მათი საგზალი და უფლის ბაგეს არ დაეკითხნენ. და სამშვიდობო ზავი შეკრა მათთან იესომ და დაუდო მათ პირობა, რომ ცოცხლებს დატოვებდა. და შეჰფიცეს მათ თემის მთავრებმა. სამი დღე რომ გავიდა კავშირის შეკვრიდან, გაიგეს, რომ ისინი მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს უცხოვრიათ. და აიყარნენ ისრაელის ძენი, და მესამე დღეს მივიდნენ მათ ქალაქებში. მათი ქალაქები იყო: გაბაონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი. და არ მოსრეს ისინი ისრაელის ძეთ, რადგან თემის მთავრებმა უფალი, ისრაელის ღმერთი, დაუფიცეს. და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე. და უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: „ჩვენ მათ უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ, და ამიტომ მათი ხელის ხლება არ შეგვიძლია. ასე მოვექცევით მათ: ცოცხლები დავტოვეთ, რომ არ დაგვატყდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ მათ.“ და უთხრეს მათ მთავრებმა: „იცოცხლონ! შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად დაუდგნენ მთელ თემს“, ასე გადაუწყვიტეს მათ მთავრებმა. და მოუხმო მათ იესომ, და უთხრა: „რად მოგვატყუეთ, რომ გვითხარით: ძალიან შორს ვართო თქვენგან, და ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ? და ახლა წყეულიმც იყავი, ნუ გამოილევა თქვენგან მსახური, და შეშის მჭრელები, და წყლის მხაპავები ჩემი ღმერთის სახლისთვის.“ და მიუგეს იესოს, და უთხრეს: „რადგან გაგებით გაგებული ჰქონდათ შენს მსახურთ, რაც უბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსეს, თავის მსახურს, რათა მოეცა თქვენთვის მთელი ეს ქვეყანა და გაენადგურებინა ყოველი მკვიდრი ქვეყნისა თქვენს წინაშე, შეგვეშინდა ჩვენი სიცოცხლის გამო თქვენს წინაშე და ეს საქმე მოვიმოქმედეთ. და აჰა, ახლა შენს ხელთა ვართ. როგორც გიჯობდეს და სამართლიანი იყოს შენს თვალში, ჩვენს მიმართ მოქცევა, ისე მოგვექეცი.“ და ასე მოექცა იგი მათ: იხსნა ისინი ისრაელის ძეთა ხელიდან, და არ დახოცეს ისინი. და დააყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისათვის და უფლის სამსხვერპლოსათვის დღევანდლამდე, იმ ადგილზე, რომელსაც უფალი ამოირჩევდა. და როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ აიღო იესომ ქალაქი ჰაღაი და დაარისხა იგი და ასევე მოექცა ჰაღაისა და მის მეფეს, და რომ დაეზავნენ გაბაონის მკვიდრები ისრაელს და დარჩნენ მათ შორის, დიდად შეშინდა, რადგან დიდი ქალაქი იყო გაბაონი, ერთ-ერთი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა იგი ჰაღაის და ყველა მისი კაცი მამაცი იყო. ამიტომ შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს – ხებრონის მეფეს, ფირამს – იარმუთის მეფეს, იაფიაყს – ლაქიშის მეფეს და დებირს – ყეგლონის მეფეს, და უთხრა: „ამოდით ჩემთან და შემეწიეთ მე, და მოვსრათ გაბაონი, რადგან იგი დაეზავა იესოს და ისრაელის ძეთ.“ და შეიყარა და ავიდა ხუთი ამორეველი მეფე: იერუსალიმისა, ხებრონისა, იარმუთისა, ლაქიშისა და ყეგლონისა, ისინი და მთელი მათი ლაშქარი, და დაიბანაკეს გაბაონთან, და ბრძოლა გაუმართეს მას. და შეუთვალეს გაბაონის კაცებმა იესოს გილგალის ბანაკში, და უთხრეს: „ნუ აიღებ ხელს შენს მსახურებზე. ჩქარა ამოდი ჩვენთან და გვიხსენი და შეგვეწიე, რადგან შეიყარა ჩვენს წინააღმდეგ ყველა ამორეველი მეფე, მთის მკვიდრნი.“ და გავიდა იესო გილგალიდან ყველა ბრძოლისუნარიანი ხალხითა და ყველა მამაცი მებრძოლით. და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია მათი, რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი, წინ ვერ დაგიდგება ვერცერთი მათგანი.“ და ანაზდეულად მიადგა მათ იესო, მთელ ღამეს გილგალიდან ნავალი. და თავზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და შემუსრა ისინი დიდი შემუსვრით გაბაონში, დაედევნა ბეთ-ხორონის აღმართ გზაზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე. და იყო, როცა ისინი ისრაელს გაურბოდნენ ბეთ-ხორონის ფერდობზე, უფალი დიდ ქვებს უშენდა ზეციდან ყაზეკამდე, და იხოცებოდნენ. და ვინც სეტყვის ქვებით დაიხოცნენ, უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც ისრაელის ძეთ გაწყვიტეს მახვილით. მაშინ ელაპარაკა იესო უფალს იმ დღეს, როდესაც უფალმა ამორეველები ჩაუგდო ხელში ისრაელის ძეთ, და თქვა ისრაელის თვალწინ: „მზეო, შეჩერდი გაბაონზე და მთვარევ – აიალონის ველზე!“ და შეჩერდა მზე, და მთვარე დადგა, ვიდრე არ იძია ერმა შური თავის მტრებზე. და განა არ სწერია ეს სიმართლის წიგნში: „და მზე იდგა ცის შუაგულში მთელი დღე და ჩასვენებას არ ჩქარობდა“? და არ ყოფილა ასეთი დღე არც უწინ და არც მის შემდგომ, რომ [ასე] შეესმინოს უფალს კაცის ხმა, რადგან უფალი იბრძოდა ისრაელისთვის. და დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში. და გაიქცა ის ხუთი მეფე და დაიმალა მაკედას მღვიმეში. და ამბავი მიუტანეს იესოს: „ხუთი მეფე მაკედას მღვიმეში დამალული აღმოჩნდა“. და თქვა იესომ: „მიაგორეთ დიდრონი ქვები მღვიმის პირს და მიუჩინეთ მას კაცები საყარაულოდ. თქვენ ნუ შეჩერდებით, დაედევნეთ უკან თქვენს მტრებს და მოსწყვიტეთ კუდი, და ნუ დაანებებთ მათ თავიანთ ქალაქებში შესვლას, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა.“ და როცა მორჩნენ იესო და ისრაელის ძენი მათ მუსვრას ძალზე დიდი მუსვრით, ვიდრე არ განადგურდნენ, ხოლო გადარჩენილნი გაექცნენ მათ და მივიდნენ გამაგრებულ ქალაქებში, დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში მშვიდობიანად. კაციშვილმა ვერ დაძრა ენა ისრაელის ძეთა წინააღმდეგ. და თქვა იესომ: „გახსენით მღვიმის პირი და გამოიყვანეთ ჩემთან ის ხუთი მეფე მღვიმიდან.“ და გააკეთეს ასე, და გამოუყვანეს მას ის ხუთი მეფე მღვიმიდან – მეფე იერუსალიმისა, მეფე ხებრონისა, მეფე იარმუთისა, მეფე ლაქიშისა და მეფე ყეგლონისა. და როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელ ისრაელს და უთხრა მხედართმთავრებს, რომელნიც იყვნენ მასთან: „ახლოს მოდექით, დაადგით თქვენი ფეხი ქედზე ამ მეფეებს.“ და ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს მათ თავიანთი ფეხი. და უთხრა იესომ მათ: „ნუ შეგეშინიდებათ და ნურც შეძრწუნდებით, გაძლიერდით და განმტკიცდით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი შეებრძოლებით.“ და შემდეგ განგმირა ისინი იესომ, და მოკლა ისინი და ჩამოკიდა ხუთ ხეზე. და ეკიდნენ ისინი ხეებზე საღამომდე. და მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან, და გადაყარეს ისინი მღვიმეში, რომელშიც იმალებოდნენ, და დიდრონი ქვები მიაყარეს მღვიმის პირს. და ასეა დღევანდლამდე. და მაკედა აიღო იესომ იმავე დღეს, და მოსრა იგი და მისი მეფე მახვილის პირით, დაარისხა ისინი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. და მაკედას მეფეს ისე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა. და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად მაკედადან ლიბნასაკენ, და ბრძოლა გაუმართა ლიბნას. და ხელში ჩაუგდო უფალმა ისიც და მისი მეფეც ისრაელს. და განგმირა მახვილის პირით იგი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო; არავინ დაუტოვებია ცოცხალი. და მის მეფეს ისე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა. და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ლიბნადან ლაქიშისაკენ, და დაიბანაკეს მის ახლოს, და ბრძოლა გაუმართეს. და ხელში ჩაუგდო უფალმა ლაქიში ისრაელს და აიღო იგი მეორე დღეს, და მოსრა მახვილის პირით იგი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო, ისევე, როგორც ლიბნაში. და მაშინ გამოვიდა ჰორამი, მეფე გეზერისა ლაქიშის საშველად, და იესომ განგმირა იგი და მისი ხალხი ისე, რომ არავინ დაუტოვებია მათგან ცოცხალი. და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ლაქიშიდან ყეგლონისაკენ, და დაიბანაკა მის ახლოს, და ბრძოლა გაუმართა. და იმავე დღეს აიღო იგი, და მოსრა მახვილის პირით ყოველი სული, ვინც იქ იყო, და იმავე დღეს გაანადგურა ისე, როგორც ლაქიში. და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ყეგლონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა. და აიღეს იგი, და მოსრეს მახვილის პირით მისი მეფეც, და ყოველი მისი ქალაქი, და ყოველი სული, ვინც იქ იყო და არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი, როგორც ყეგლონში. და მოსპეს იგი და ყოველი სული, რაც იქ იყო. და მობრუნდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად დებირისაკენ, და ბრძოლა გაუმართა. და მან აიღო იგი, და მისი მეფეც და მისი ყველა ქალაქი, და განგმირა ისინი მახვილის პირით, და მოსპეს ყოველი სული ვინც იქ იყო, არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი. როგორც მოექცნენ ხებრონს, ეგრე მოექცნენ დებირს და მის მეფეს, და ლიბნას და მის მეფეს. და მოსრა იესომ მთელი მთიანეთი, სამხრეთი მხარე, ვაკობი, ფერდობები და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი და გაანადგურა ყოველი სული, როგორც უბრძანა ისრაელის უფალმა ღმერთმა. და მოსრა ისინი იესომ კადეშ-ბარნეაყიდან ვიდრე ღაზამდე, და მთელი ქვეყანა გოშენისა ვიდრე გაბაონამდე. და ყველა ეს მეფე და მათი ქვეყანა აიღო იესომ ერთ ჯერზე, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი, იბრძოდა ისრაელისათვის. და დაბრუნდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად ბანაკში, გილგალს. და როცა გაიგო ეს იაბინმა, ხაცორის მეფემ, მაშინვე შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, და შიმრონისა და აქშაფის მეფეებს, და აგრეთვე მეფეებს, რომელნიც მკვიდრობდნენ ჩრდილოეთში, მთაში და ბარში, ქინერეთის სამხრეთით, და ყარაბაში, და დორის ბორცვებზე, დასავლეთით. ქანაანელებს, რომლებიც მკვიდრობდნენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს და იებუსელებს – მთაში, ხიველებს ხერმონის ძირას, მიცფას ქვეყანაში. და გამოვიდნენ ისინი და მთელი ბანაკი მათთან ერთად, მრავალრიცხოვანი ხალხი, იმ ქვიშასავით უთვალავი, ზღვის ნაპირზე რომაა; ძალზე მრავალი იყო ცხენი და ეტლი. და შეიყარა ყველა ეს მეფე, და მოვიდნენ, და დაიბანაკეს ერთად მერომის წყლებთან, რათა ისრაელს შებრძოლებოდნენ. და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია მათი, რადგან ხვალ, ამ დროისთვის, ყველა მათგანს შევმუსრავ ისრაელის წინაშე; მყესები გადაუჭერით მათ ბედაურებს და მათი ეტლები დაწვით ცეცხლში.“ და მივიდა ანაზდეულად იესო, და მთელი მებრძოლი ხალხი მასთან ერთად მერომის წყლებთან, და თავს დაესხნენ მათ. და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს, და მოსრეს ისინი, და სდიეს მათ დიდ ციდონამდე, და მისრეფოთ-მაიმამდე, და მიცფას ველამდე აღმოსავლეთით, და მოსრეს ისინი, და არავინ დაუტოვებიათ მათგან ცოცხალი. და ისე მოექცა მათ იესო, როგორც უთხრა მას უფალმა: მათ ცხენებს მყესები გადაუჭრა და მათი ეტლები დაწვა ცეცხლში. და დაბრუნდა იესო იმავ დროს და დაიპყრო ხაცორი, და მოკლა მისი მეფე მახვილით. და მახვილის პირით მოსრეს ყოველი სული, ვინც კი იქ იყო, და გაანადგურეს. არავინ დარჩენილა ცოცხალი და ხაცორი დაწვეს ცეცხლით. და ამ მეფეთა ყველა ქალაქი და ყველა მეფე ჩაიგდო ხელში იესომ, და გაანადგურა ისინი მახვილის პირით, და დაარისხა, როგორც უბრძანა მას მოსემ, უფლის მსახურმა. ისრაელს არ დაუწვავს არცერთი ბორცვებზე გაშენებული ქალაქი, გარდა ხაცორისა, მხოლოდ ის დაწვა იესომ. და მთელი ნადავლი ამ ქალაქებისა და პირუტყვი დაიტაცეს თავიანთთვის ისრაელის ძეთ. ხოლო ყველა ადამიანი მოსრეს მახვილის პირით მათ, ვიდრე არ გაანადგურეს, ერთიც არ დაუტოვებიათ ცოცხალი. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, თავის მსახურს, ასევე უანდერძა მოსემ იესოს, და ასევე შეასრულა იესომ, ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია იმისაგან, რაც უბრძანა უფალმა მოსეს. და აიღო იესომ მთელი ეს მთიანი ქვეყანა და მთელი სამხრეთის ქვეყანა, და მთელი გოშენის ქვეყანა, ვაკობები და ყარაბა, ისრაელის მთა და ბარი. ხალაკის მთიდან მოკიდებული სეყირისაკენ, ვიდრე ბაყალ-გადამდე, ლიბანის ველზე, ხერმონის მთის ძირას, და ყველა მათი მეფე შეიპყრო, და მოსრა ისინი, და დახოცა. მრავალი დღე ეწეოდა იესო ომს ყველა ამ მეფესთან. და არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელის ძეთ, ხიველების, გაბაონის მკვიდრთა გარდა: ყველა ბრძოლით აიღეს. რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს, და ბრძოლით ხვდებოდნენ ისრაელს, იმისათვის, რომ მისცემოდნენ დარისხებას, და არ ჰქონოდათ შეწყალება, არამედ ისე მომსპარიყვნენ, როგორც უბრძანა მას მოსემ. და მოვიდა იესო იმ დროს და ამოწყვიტა ყენაკელნი მთიდან, ხებრონიდან, დებირიდან, ყანაბიდან და იუდასა და ისრაელის მთელი მთიდან. მათი ქალაქებიანად დაარისხა ისინი იესომ. არავინ დარჩენილა ყენაკელთაგან ისრაელის ძეთა ქვეყანაში. მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ ისინი. და დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც უთხრა უფალმა მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, მათი ტომების მიხედვით. და ქვეყანამ მოისვენა ომისაგან. აი, იმ ქვეყნების მეფეები, რომლებიც მოსრეს ისრაელის ძეთ, და დაიმკვიდრეს მათი ქვეყანა იორდანეს გაღმა აღმოსავლეთისაკენ, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე, და მთელი ყარაბა აღმოსავლეთისკენ. სიხონი, ამორეველთა მეფე, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა, იგი მართავდა ყაროყერიდან, რომელიც არის არნონის ხევის ნაპირზე, და შუა ხევიდან და გილყადის ნახევრიდან, ვიდრე იაბოკის ხევამდე, ყამონის ძეთა საზღვრამდე; და ველიდან ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთისაკენ და ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, აღმოსავლეთისაკენ ბეთ-იეშიმოთის გზამდე, და სამხრეთისაკენ ფისგას ფერდობთა ძირას. და ყოგის მიწა-წყალი, ბაშანის მეფისა, რეფაიმთა ნატამალიდან, რომელიც მკვიდრობდა ყაშთაროთსა და ედრეყში. და განმგებლობდა ხერმონის მთაზე და სალქაზე, და მთელ ბაშანზე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე, და გილყადის ნახევარზე, ხეშბონის მეფის, სიხონის საზღვრამდე. მოსემ, უფლის მსახურმა, და ისრაელის ძეთ მოსრეს ისინი, და მისცა იგი მოსემ, უფლის მსახურმა, რეუბენის ძეთ, გადის ძეთა და მენაშეს ნახევარ ტომს სამკვიდრებლად. და აი, იმ ქვეყნის მეფენი, რომელნიც მოსრეს იესომ და ისრაელის ძეთ იორდანეს გაღმა, დასავლეთით, ბაყალ-გადიდან ლიბანის ველზე ვიდრე ხალაკის მთამდე, რომელიც მიემართება სეყირისაკენ. და მისცა იგი იესომ ისრაელის ტომებს სამკვიდრებლად, მათი დასების მიხედვით, მთაში, ბარში და ყარაბაში, და ფერდობებზე, და უდაბნოში, და სამხრეთში, ხეთელებთან, ამორეველებთან და ქანაანელებთან, ფერიზელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან: იერიხოს მეფე – ერთი; მეფე ჰაღაის, რომელიც ბეთელის გვერდზეა – ერთი; მეფე იერუსალიმისა – ერთი; მეფე ხებრონისა – ერთი; მეფე იარმუთისა – ერთი; მეფე ლაქიშისა – ერთი; მეფე ყეგლონისა – ერთი; მეფე გეზერისა – ერთი; მეფე დებირისა – ერთი; მეფე გედერისა – ერთი; მეფე ხორმისა – ერთი; მეფე ყარადისა – ერთი; მეფე ლიბნისა – ერთი; მეფე ყადულამისა – ერთი; მეფე მაკედასი – ერთი, მეფე ბეთელისა – ერთი; მეფე თაფუახისა – ერთი; მეფე ხეფერისა – ერთი; მეფე აფეკისა – ერთი; მეფე შარონისა – ერთი; მეფე მადონისა – ერთი; მეფე ხაცორისა – ერთი; მეფე შიმრონ-მერონისა – ერთი; მეფე აქშაფისა – ერთი; მეფე თაყანაქისა – ერთი; მეფე მეგიდოსი – ერთი; მეფე კადეშისა – ერთი; მეფე იოკნეყამისა, ქარმელში – ერთი; მეფე დორისა, დორის ბორცვებთან – ერთი; მეფე გოიმისა, გილგალთან – ერთი; მეფე თირცასი – ერთი. და ყველა მეფე სულ ოცდათერთმეტი. და დაბერდა იესო, ხანში შევიდა. და უთხრა მას უფალმა: „დაბერდი შენ და ხანში შეხვედი, და ქვეყანა კი ძალიან ბევრი დარჩა დასამკვიდრებელი. აჰა, ქვეყანა, რომელიც დარჩა: ფილისტიმელთა მთელი მხარე და მთელი გეშური: შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის. ხუთი ფილისტიმელი მთავარი: ღაზელი, აშდოდელი, აშკელონელი, გეთელი, ყეკრონელი. აგრეთვე ყავიმელი სამხრეთით. ქანაანელთა მთელი ქვეყანა და ციდონელების მეყარა, აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე. და გიბლელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით, ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირიდან, ხამათის მისასვლელამდე. მთის ყველა მკვიდრი ლიბანონიდან მისრეფოთ-მაიმამდე, ყველა ციდონელს განვდევნი ისრაელის ძეთა წინაშე. ოღონდ წილისყრით გაუნაწილე სამკვიდროდ ისრაელს, როგორც მე გიბრძანე. და ახლა განაწილე ქვეყანა სამკვიდროდ ცხრა ტომსა და მენაშეს ნახევარ ტომს.“ მასთან ერთად რეუბენის ძეთ და გადის ძეთ მიიღეს თავიანთი სამკვიდრო, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა. ყაროყერიდან, არნონის ხევის პირას რომაა, და ქალაქი, რომელიც შუა ხეობაშია, და მთელი ვაკე მედებადან ვიდრე დიბონამდე, და ყველა ქალაქი სიხონისა, ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე. და გილყადი და მხარე გეშურელთა, და მაყაქათელთა, და მთელი მთა ხერმონისა და მთელი ბაშანი ვიდრე სალქამდე. ბაშანში მთელი სამეფო ყოგისა, რომელიც მეფობდა ყაშთაროთში და ედრეყში. ის დარჩა მხოლოდ რეფაიმელთა ნატამალიდან, და მოსრა ისინი მოსემ და განდევნა. და არ განუდევნიათ ისრაელის ძეთ გეშურელნი და მაყაქათელნი, და დამკვიდრებულია გეშური და მაყაქათი ისრაელის ძეთა შორის დღევანდლამდე. და მხოლოდ ლევის ტომს არ მისცა სამკვიდრო: უფლის, ისრაელის ღმერთის, საცეცხლო მსხვერპლები არის მისი სამკვიდრო, როგორც მან აღუთქვა მას. და მისცა მოსემ რეუბენის ძეთა ტომს საგვარეულოების მიხედვით: მათი მიწა-წყალი იყო ყაროყერიდან, არნონის ხევის პირას რომ არის, და ქალაქი, რომელიც შუა ხეობაშია და მთელი ვაკე მედებაზე. ხეშბონი და ყველა მისი ქალაქი, რომელიც ტაფობზეა: დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი, იაჰცა, კედემოთი, მეფაყათი, კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-შახარი ყემეკის მთაზე, და ბეთ-ფეღორი, და ფისგას ფერდობები და ბეთ-იეშიმოთი, და ვაკის ყველა ქალაქი და მთელი სამეფო სიხონისა, ამორეველი მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, რომელიც მოსრა მოსემ, ის და მიდიანელი მთავრები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რებაყი, სიხონის მეფის მთავრები, მკვიდრნი ამ ქვეყნისა. და ბალაამი, ძე ბეყორისა, მისანი, მოკლეს ისრაელის ძეთ მახვილით მათგან სხვა მოკლულთა რიცხვში. და რეუბენის ძეთა საზღვრად იყო იორდანე. რეუბენის ძეთა სამკვიდრო იყო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები და მათი სოფლები. და მისცა მოსემ სამკვიდრო გადის ტომს, გადის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო მათი სამკვიდრო იაყზერი, და გილყადის ყველა ქალაქი, და ყამონელთა ნახევარი ქვეყანა ვიდრე ყაროყერამდე, რაბას წინ რომ არის. და ხეშბონიდან ვიდრე რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, და მახანაიმიდან დებირის საზღვრამდე, და ველზე: ბეთ-არამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი, ცაფონი და სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. იორდანე ესაზღვრებოდა მას ქინეროთის ზღვის კიდემდე, იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით. ეს იყო სამკვიდრო გადის ძეთა მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები და მათი სოფლები. და მისცა მოსემ მენაშეს ნახევარ ტომს სამკვიდრო, და ეს იყო მენაშეს ძეთა ნახევარი ტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო საზღვარი მათი: მახანაიმიდან მთელი ბაშანი, მთელი სამეფო ყოგისა, ბაშანის მეფისა, და ყველა სოფელი იაირისა, რომელიც ბაშანშია – სამოცი ქალაქი. და ნახევარი გილყადი, და ყაშთაროთი, და ედრეყი, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში ერგოთ მენაშეს ძის, მაქირის, შთამომავლებს, მაქირის ძეთა ნახევარს, მათი საგვარეულოების მიხედვით. ეს არის, რაც გაანაწილა მოსემ მოაბის ველებზე იორდანეს გაღმა, იერიხოს აღმოსავლეთით. ლევის ტომისთვის არ მიუცია მოსეს სამკვიდრო: თავად უფალი, ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მათ. ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელის ძეთ ქანაანის ქვეყანაში, რაც დაუმკვიდრეს მათ ელეაზარ მღვდელმა და იესო ნავეს ძემ, და ისრაელის ძეთა ტომების მთავრებმა. წილისყრით დაუმკვიდრეს მათ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ხელით, ცხრა ტომსა და ნახევარ ტომს. რადგან მოსემ სამკვიდრო ორ ტომს და ნახევარ ტომს იორდანეს გაღმა მისცა და ლევიანებისთვის არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის. რადგან იოსების ძენი ორ ტომად იყვნენ: მენაშედ და ეფრემად; და ამიტომ არ მიუციათ წილი ლევის ძეთათვის ქვეყანაში, არამედ მხოლოდ ქალაქები საცხოვრებლად მათი საძოვრებით მათი პირუტყვისათვის და მათი ქონებისათვის. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე შეასრულეს ისრაელის ძეთ და დაინაწილეს ქვეყანა. და მივიდნენ იუდას ძენი გილგალში იესოსთან, და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: „შენ იცი სიტყვა, რომელიც კადეშ-ბარნეაყში უთხრა უფალმა მოსეს, ღვთის კაცს, ჩემზე და შენზე. მე ორმოცი წლისა ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მსახურმა, კადეშ-ბარნეადან ქვეყნის დასაზვერად. და მივუტანე მას ამბავი, ჩემი გულისამებრ. და ჩემმა ძმებმა, რომელნიც ჩემთან ერთად დადიოდნენ, გული გაუტეხეს ხალხს. მე კი ბოლომდე მივყევი უფლის, ჩემი ღმერთის, კვალს. და დაიფიცა მოსემ იმ დღეს, ასე: ‘ქვეყანა, რომელსაც ფეხი დაადგი, შენი და შენი შვილების სამკვიდროდ იყოს უკუნისამდე, რადგან შენ გაჰყევი უფლის, ჩემი ღმერთის, კვალს.’ და აჰა, მაცოცხლა უფალმა მე, როგორც თქვა. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას აქეთ, რაც ეს სიტყვა უთხრა უფალმა მოსეს, როცა ისრაელი უდაბნოში დადიოდა. და ახლა, აჰა, ოთხმოცდახუთი წლისა ვარ. ჯერაც ისევე მაგარი ვარ დღეს, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ისეთივე ძალა მაქვს საბრძოლველად, რათა გავიდე და შემოვიდე. და ახლა, მომეცი ეს მთიანი ქვეყანა, როგორც უფალმა თქვა იმ დღეს, რადგან შენ ისმინე იმ დღეს, რომ იქ ყენაკები არიან, დიდი და გამაგრებული ქალაქებით. ეგებ უფალი იყოს ჩემთან, და განვდევნო ისინი, როგორც უფალმა ბრძანა.“ და აკურთხა იგი იესომ, და მისცა ხებრონი ქალებს, იეფუნეს ძეს, სამკვიდროდ. ამიტომ არის ხებრონი ქალების, იეფუნეს ძის, კენიზელის სამკვიდროდ დღევანდლამდე, რადგან იგი მიჰყვა უფლის, ისრაელის ღმერთის, კვალს. და უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა, რომელიც ყენაკებს შორის დიდი კაცი იყო. და ქვეყანამ მოისვენა ომისაგან. და წილად ხვდა იუდას ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან იყო ცინის უდაბნო, სამხრეთით, სამხრეთის კიდემდე. და მათი სამხრეთის საზღვარი იყო მარილოვანი ზღვის კიდედან ყურის სამხრეთისაკენ, სამხრეთით ის გადიოდა ყაკრაბიმის მაღლობისაკენ, გადადიოდა ცინს, სამხრეთიდან ადიოდა კადეშ-ბარნეაყისაკენ, და გადადიოდა ხეცრონს. და ადიოდა ადარასთან, უხვევდა კარკაყასაკენ. და გაივლიდა ყაცმონს, გადიოდა ეგვიპტის ხევისაკენ, და ამ საზღვრის დასასრული ზღვაა. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრად. ხოლო აღმოსავლეთის საზღვარი იყო მარილოვანი ზღვა, იორდანეს შესართავამდე. და საზღვარი ჩრდილოეთის მხრიდან, ზღვის ყურედან იყო იორდანეს შესართავიდან. და ადიოდა საზღვარი ბეთ-ხოგლამდე, და გადადიოდა ბეთ-ყარაბასაკენ ჩრდილოეთით, და ადიოდა საზღვარი ბოჰანის ქვამდე, რეუბენის ძისა. და აღწევდა საზღვარი დებირამდე ყაქორის ველიდან, და უხვევდა ჩრდილოეთით გილგალისკენ, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირდაპირ იყო, ხევის სამხრეთით რომ არის; და გადადოდა საზღვარი ყენ-შემეშის წყლებისკენ და მთავრდებოდა ყენ-როგელთან. და ადიოდა საზღვარი ბენ-ჰინომის ველისკენ, იებუსის ანუ იერუსალიმის სამხრეთით, და ადიოდა საზღვარი მთის მწვერვალისაკენ, ჰინომის ველის ზემოთ რომ არის, დასავლეთით, რეფაიმის ველის კიდეზე, ჩრდილოეთით. და უხვევდა საზღვარი მთის მწვერვალიდან წყაროს წყლებისკენ და გადიოდა ყეფრონის მთის ქალაქებისკენ, და უხვევდა საზღვარი ბაყალასაკენ ანუ კირიათ-იეყარიმისკენ. და უხვევდა საზღვარი ბაყალადან დასავლეთისკენ, სეყირის მთისკენ, და გაივლიდა იეყარიმის ანუ ქესალონის მთის ჩრდილო კალთებს, და ეშვებოდა ბეთ-შემეშისაკენ და გადადიოდა თიმნასაკენ. და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა საზღვარი შიქრონისაკენ, და გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნელამდე. და თავდებოდა საზღვარი ზღვასთან. დასავლეთის საზღვარი იყო დიდი ზღვა. და ეს საზღვარი არის იუდას ძეთა საზღვარი ირგვლივ, მათი საგვარეულოების მიხედვით. და ქალებს, იეფუნეს ძეს, მისცა წილი იუდას ძეთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის; [და მისცა მას იესომ] კირიათ-არბაყი, ყენაკელთა მამის, ანუ ხებრონი. და განდევნა იქიდან ქალებმა სამი ძე ყენაკისა: შეშაი, ახიმანი და თალმაი, შვილები ყენაკისა. და ავიდა იქიდან იგი დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ და უწინ მას კირიათ-სეფერი ერქვა. და თქვა ქალებმა: „ვინც მოსრავს კირიათ-სეფერს და აიღებს, მას ცოლად მივცემ ყაქსას, ჩემს ასულს. და აიღო იგი ღოთონიელმა, ქალების ძმამ და კენაზის ძემ, და მისცა მას ცოლად ყაქსა, თავისი ასული. და შინ რომ მივიდნენ, ცოლმა დაიყოლია ღოთონიელი და თავისი მამისგან მინდორი გამოათხოვნინა, თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან, და ჰკითხა მას ქალებმა: „რა გინდა?“ და მან უპასუხა: „მომეცი მე კურთხევა. რაკი სამხრეთის ქვეყანა მომეცი, ბარემ ახლა წყლის წყაროებიც მომეცი.“ და მან მისცა მას ზემო და ქვემო წყაროები. აი, იუდას ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო მათი ქალაქები იუდას ტომის სამკვიდროს კიდეზე, ედომის საზღვრისკენ, სამხრეთში: კაბცეელი, ყედერი, იაგური, კინა, დიმონა, ყადყადა, კედეში, ხაცორი, ითნანი, ზიფი, ტელემი, ბაყალოთი, ხაცორ-ხადათა, კერიოთ-ხეცრონი ანუ ხაცორი, ამამი, შემაყი, მოლადა, ხაცორ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფელეტი, ხაცარ-შუყალი, ბეერ-შებაყი, ბიზიოთია, ბაყალა, ყიიმი, ყეცემი, ელთოლადი, ქესილი, ხორმა, ციკლაგი, მადმანა, სანსანა, ლებაოთი, შილხიმი, ყაინი და რიმონი – სულ ოცდაცხრა ქალაქი თავისი სოფლებით. ბარში: ეშთაოლი, ცორყა, აშნა, ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი, ჰაყენამი, იარმუთი, ყადულამი, სოქო, ყაზეკა, შაყარაიმი, ყადითაიმი, გედერა, გედეროთაიმი – სულ თოთხმეტი ქალაქი თავისი სოფლებით. ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი, დილყანი, მიცფე, იოკთეელი, ლაქიში, ბაცკათი, ყეგლონი, ქაბონი, ლახმასი, ქითლიში, გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა და მაკედა – თექვსმეტი ქალაქი თავისი სოფლებით. ლიბნა, ყეთერი, ყაშანი, იფთახი, აშნა, ნეციბი, კეყილა, აქზიბი, მარეშა – ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით. ყეკრონი თავისი ქალაქებითა და თავისი სოფლებით. ყეკრონიდან ზღვისკენ ყველაფერი, რაც აშდოდის მახლობლად იყო, მისი სოფლებით. აშდოდი, თავისი ქალაქებითა და სოფლებით; ღაზა, თავისი ქალაქებითა და სოფლებით ეგვიპტის ხევამდე; დიდი ზღვა თავისი სანაპიროთი. ხოლო მთაში: შამირი, იათირი, სოქო, დანა, კირიათ-სანა, ანუ დებირი, ყანაბი, ეშთემო, ყანიმი, გოშენი, ხოლონი და გილო – თერთმეტი ქალაქი თავისი სოფლებით. არაბი, რუმა, ეშყანი, იანუმი, ბეთ-თაფუახი, და აფეკა, ხუმტა, კირიათ-არბაყი ანუ ხებრონი და ციყორი – ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით. მაყონი, ქარმელი, ზიფი, იუტა, იზრეყელი, იოკდეყამი, ზანოახი, კაინი, გიბყა და თიმნა – ათი ქალაქი თავისი სოფლებით. ხალხული, ბეთ-ცური, გედორი, მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელთეკონი – ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით. კირიათ-ბაყალი ანუ კირიათ-იეყარიმი და რაბა – ორი ქალაქი თავისი სოფლებით, უდაბნოში: ბეთ-ყარაბა, მიდინი, სექაქა, ნიბშანი, მარილის ქალაქი და ყენგედი – ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით. და იებუსელთა, იერუსალიმის მკვიდრთა, განდევნა ვერ შეძლეს იუდაელებმა, და ცხოვრობენ იებუსელნი იუდაელებთან იერუსალიმში დღევანდლამდე. წილად ხვდათ იოსების ძეთ: იორდანედან იერიხოს მახლობლად, იერიხოს წყლებთან, აღმოსავლეთით, უდაბნო, რომელიც გადადის იერიხოდან ბეთელის მთისკენ. და ბეთელიდან გადიოდა ლუზისკენ და გადადიოდა არქის საზღვრისაკენ ყატაროთამდე. და ეშვებოდა ზღვისაკენ, იაფლეტის მიჯნამდე, ქვემო ბეთ-ხორონის მიჯნამდე და გეზერამდე, და წყდებოდა ზღვასთან. და ეს დაიმკვიდრეს იოსების ძეთ: მენაშემ და ეფრემმა. და ჰქონდათ მიწა-წყალი ეფრემის ძეთ თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: აღმოსავლეთით – ყატაროთ-ადარიდან ვიდრე ზემო ბეთ-ხორონამდე, და გადიოდა საზღვარი ზღვისკენ მიქმეთათის ჩრდილოეთიდან და უხვევდა საზღვარი თაანათ-შილოს აღმოსავლეთით, და გადიოდა მის აღმოსავლეთით იანოახამდე, და ეშვებოდა იანოახადან ყატაროთისა და ნაყარათისაკენ, სწვდებოდა იერიხოს და გადიოდა იორდანესაკენ. თაფუახიდან მიიწევდა საზღვარი ზღვისკენ, ნახალ-კანასაკენ, და გადიოდა ზღვისაკენ. ეს იყო სამკვიდრო ეფრემის ძეთა ტომისა მათი საგვარეულოების მიხედვით. ეფრემის ძეთათვის გამოყოფილი იყო ქალაქები მენაშეანთა შუა სამკვიდროში, ყველა ქალაქი თავისი სოფლებით, და არ განუდევნიათ მათ გეზერში მცხოვრები ქანაანელნი. და ცხოვრობენ ქანაანელნი ეფრემის შორის დღევანდლამდე და ხარკს იხდიან, და არიან მოხარკედ. ეს იყო მენაშეს ტომის წილი, რადგან ის იოსების პირმშო იყო. მაქირს, მენაშეს პირმშოს, გილყადის მამას, რადგან ის მებრძოლი კაცი იყო, ერგო გილყადი და ბაშანი. და ერგოთ მენაშეს დანარჩენ ძეებსაც მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერის ძეთ, ხელეკის ძეთ, ასრიელის ძეთ, შექემის ძეთ, ხეფერის ძეთ და შემიდას ძეთ. ესენი არიან მენაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მათი საგვარეულოების მიხედვით. ხოლო ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გილყადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს არ ჰყავდა ძენი, არამედ ასულნი. და მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. და წარდგნენ ისინი ელეაზარ მღვდლის, იესო ნავეს ძისა და მთავართა წინაშე, და თქვეს: „უფალმა უბრძანა მოსეს, რომ მოეცა ჩვენთვის სამკვიდრო ჩვენს მოძმეთა შორის.“ და მისცა მათ, უფლის ბრძანებისამებრ, სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის. და ერგო მენაშეს ათი ნაკვეთი, გარდა გილყადისა და ბაშანის ქვეყნისა, რომელიც იორდანეს გაღმა იყო. რადგან მენაშეს [ძეთა] ასულებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო მის ძეებს შორის. გილყადის ქვეყანა ერგო მენაშეს დანარჩენ ძეებს. მენაშეს [ძეთა] საზღვარი გადიოდა აშერიდან მიქმეთათისკენ, შექემის პირდაპირ რომ არის, და მიიწევდა საზღვარი მარჯვნივ, ყენ-თაფუახის მკვიდრებისკენ. მენაშეს ერგო ქვეყანა თაფუახისა. და თაფუახი მენაშეს საზღვართან ეფრემის ძეთ ერგოთ. და ეშვებოდა საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთიდან. ეს ქალაქები ერგო ეფრემს მენაშეს ქალაქებს შორის. და მენაშეს სამკვიდროს საზღვარი ხევის ჩრდილოეთ მხარეს იყო, და ზღვასთან წყდებოდა. სამხრეთით ეფრემისა იყო და ჩრდილოეთით – მენაშესი, და ზღვა იყო მათი საზღვარი. და აშერს ისინი ეკვროდნენ ჩრდილოეთიდან, და ისაქარს – აღმოსავლეთიდან. მენაშეს სამკვიდრო იყო ისაქარამდე და აშერამდე: ბეთ-შეანი და მისი სოფლები, იბლეყამი და მისი სოფლები, დორის მკვიდრნი და მისი სოფლები, ყენდორის მკვიდრნი და მისი სოფლები, თანაქის მკვიდრნი და მისი სოფლები, მეგიდოს მკვიდრნი და მისი სოფლები. მესამეა ნაფეთი. და დაიმკვიდრეს მენაშეს ძეთ ქალაქები და დარჩნენ ქანაანელები ამ ქვეყანაში საცხოვრებლად. და როცა მომძლავრდნენ ისრაელის ძენი, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, მაგრამ განდევნით არ განუდევნიათ ისინი. და ელაპარაკნენ იოსების ძენი იესოს და უთხრეს: „რად მოგვეცი ერთი წილი სამკვიდრო და მხოლოდ ერთი ნაკვეთი, მე ხომ მრავალრიცხოვანი ხალხი ვარ, და ასე მაკურთხა უფალმა?“ და უთხრა მათ იესომ: „თუ მრავალრიცხოვანი ხარ. ადი ტყეში და გატეხე შენთვის ახო ფერიზელთა და რეფას ძეთა ქვეყანაში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.“ და უთხრეს იოსების ძეთ: „არ გვეყოფა ეს მთა. რკინის ეტლი აქვს ყველა ბარში მცხოვრებ ქანაანელს, იმათაც, ვინც ბეთ-შეანში არიან და მის სოფლებში, და იმათაც, ვინც იზრეყელის ველზე არიან.“ და უთხრა იესომ იოსების, ეფრემისა და მენაშეს სახლს ასე: „მრავალრიცხოვანი ხალხი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომ არ უნდა გქონდეს შენ ერთი წილი. მთა შენი იქნება, ტყიანი კია, მაგრამ ახოს გატეხავ და ბოლომდე შენი იქნება, რადგან განდევნი ქანაანელებს, თუმცა მათ რკინის ეტლები აქვთ, და ძლიერნი არიან.“ და შეიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი შილოში, და დაავანეს იქ საკრებულო კარავი, რადგან ქვეყანა დამორჩილებული იყო მათ წინაშე. და დარჩა ისრაელის ძეთაგან შვიდი ტომი, რომელთაც არ ჰქონდათ დანაწილებული თავიანთი სამკვიდრო. და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: „რაღას აყოვნებთ, რატომ არ მოდიხართ ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად, უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, რომ მოგცათ? მომეცით სამ-სამი კაცი ტომიდან და მე გავგზავნი მათ. და ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, და აღწერონ იგი მათი სამკვიდროს მიხედვით, და მოვიდნენ ჩემთან. და დაანაწილონ იგი შვიდ ნაწილად. იუდა დადგეს თავის საზღვარზე სამხრეთით; და იოსების სახლი თავის საზღვარზე დადგეს ჩრდილოეთით. და აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად, და აღწერილი მომიტანეთ აქ. და მე გიყრით წილს აქ უფლის, ჩვენი ღვთის, წინაშე. რადგან ლევის ძეთ არ აქვთ წილი თქვენს შორის, რადგან უფალია მისი სამკვიდრო. და გადმა და რეუბენმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა მიიღეს თავიანთი სამკვიდრო იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, რომელიც მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა.“ და ადგნენ ეს კაცები და წავიდნენ. და უბრძანა იესომ მიმავალთ, რომ აღეწერათ ქვეყანა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი, და დაბრუნდით ჩემთან. და აქ, შილოში, წილს გიყრით უფლის წინაშე.“ და წავიდნენ კაცები, და მოიარეს ქვეყანა, და ჩაწერეს იგი წიგნში ქალაქების მიხედვით, შვიდ ნაწილად, და დაბრუნდნენ შილოს ბანაკში იესოსთან. და იესომ შილოში უყარა წილი უფლის წინაშე, და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელის ძეთ მათი ნაკვეთების მიხედვით. და ეყარა წილი ბენიამინის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი წილისყრის მიწა-წყალი მოქცეული იყო იუდას ძეთა და იოსების ძეთა შორის. და მათი ჩრდილოეთის საზღვარი იწყებოდა იორდანედან, და მიიწევდა საზღვარი იერიხოს ჩრდილოეთით, მიუყვებოდა მთას დასავლეთისკენ, და თავდებოდა ბეთ-ავენის უდაბნოში. და გადიოდა იქიდან საზღვარი ლუზისკენ, ლუზის, ანუ ბეთელის მხარეს, სამხრეთით და ეშვებოდა საზღვარი ყატაროთ-ადარისაკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით იყო. და მიიწევდა საზღვარი და უხვევდა დასავლეთით, მთის სამხრეთით, რომელიც ბეთ-ხორონის წინ იყო, და თავდებოდა კირიათ-ბაყალთან, ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდას ძეთა ქალაქთან. ეს იყო დასავლეთის მხარე. და სამხრეთის მხარე: კირიათ-იეყარიმის კიდედან გადიოდა საზღვარი ზღვისკენ და აღწევდა ნეფთოახის წყლების წყარომდე. და იქიდან საზღვარი ეშვებოდა მთის კიდისაკენ, რომელიც ბენ-ჰინომის ველის წინაშე იყო, რეფაიმის ველზე ჩრდილოეთით, და ეშვებოდა ჰინომის ველზე, იებუსელთა სამხრეთით, და ჩადიოდა ყენ-როგელში. და უხვევდა ჩრდილოეთიდან, და გადიოდა ყენ-შემეშისაკენ, და მიემართებოდა გელილოთისკენ, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირისპირ იყო, და ეშვებოდა ბოჰანის ქვასთან, რეუბენის ძისა. და უვლიდა ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყარაბას და ეშვებოდა ყარაბასაკენ. და შემდეგ გაივლიდა საზღვარი ბეთ-ხოგლას მხარეზე, ჩრდილოეთით, და თავდებოდა მისი საზღვარი მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან, იორდანეს სამხრეთ კიდესთან. ეს იყო სამხრეთის საზღვარი. იორდანე ესაზღვრებოდა მას აღმოსავლეთიდან. ეს იყო ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მისი საზღვრებით, მათი საგვარეულოების მიხედვით. და ეს იყო ქალაქები ბენიამინის ძეთა ტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით: იერიხო, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კეციცი, ბეთ-ყარაბა, ცემარაიმი, ბეთელი, ყავიმი, ფარა, ყოფრა, ქეფარ-ყამონაი, ყოფნი, გებაყი – თორმეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ. გაბაონი, რამა, ბეეროთი, მიცფე, ქეფირა, მოცა, რეკემი, ირფეელი, თარეალა, ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი – სულ თოთხმეტი ქალაქი თავიანთი სოფლებითურთ. ეს იყო სამკვიდრო ბენიამინის ძეთა, მათი საგვარეულოების მიხედვით. და მეორე წილი ხვდა სიმონს, სიმონის ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო მათი სამკვიდრო იუდას ძეთა სამკვიდროს შორის. და მათ სამკვიდროდ იყო: ბეერ-შებაყი, მოლადა, ხაცარ-შუყალი, ბალა, ყეცემი, ელთოლადი, ბეთული, ხორმა, ციკლაგი, ბეთ-მარქაბოთი, ხაცარ-სუსა, ბეთ-ლებაოთი და შარუხენი, სულ ცამეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ. და ყაინი, რიმონი, ყეთერი და ყაშანი – ოთხი ქალაქი მათი სოფლებითურთ. და ყველა სოფელი, რომელიც ამ ქალაქების ირგვლივ იყო, ბაყალათ-ბეერამდე და რამათ-ნეგებამდე, ესაა სამკვიდრო სიმონის ძეთა ტომისა მათი საგვარეულოების მიხედვით. იუდას ძეთა წილიდან გამოუყვეს სიმონის ძეთ სამკვიდრო, რადგან დიდი წილი ჰქონდათ იუდაელებს. და დაიმკვიდრეს სიმონის ძეთ მათ სამკვიდროთა შორის. მესამე წილი ერგო ზებულუნის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით, და მათი სამკვიდროს საზღვარი იყო სარიდიმდე. და მიიწევდა მათი საზღვარი ზღვისკენ და მარყალასაკენ, და ეკვროდა დაბეშეთს და აღწევდა ხევს, იოკნეყამის წინ რომ არის. და სარიდიდან უხვევდა აღმოსავლეთისაკენ ქისლოთ-თაბორამდე, და გადიოდა დაბრათისკენ, და მიიწევდა იაფიაყისკენ. და იქიდან გადიოდა აღმოსავლეთის მიმართულებით მზის აღმოსავლეთისკენ, გათ-ხეფერისკენ, ყითა-კაცინისაკენ, და გადადიოდა რიმონისკენ და უხვევდა ნეყასაკენ. და უხვევდა ის საზღვარი ჩრდილოეთიდან ხანათონისკენ, და თავდებოდა იფთახელის ველზე. და კატათი, ნაჰალალი, შიმრონი, იდალა და ბეთლემი – თორმეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ. ეს იყო ზებულუნის ძეთა სამკვიდრო – ეს ქალაქები მათი სოფლებითურთ. ისაქარს ერგო მეოთხე წილი, ისაქარის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო მათი მიწა-წყალი იზრეყელი, ქესულოთი, შუნემი, ხაფარაიმი, შიონი, ანახარათი, რაბითი, კიშიონი, ებეცი, რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი. და ეკვროდა საზღვარი თაბორს, და შახაციმას, ბეთ-შემეშს. საზღვარი თავდებოდა იორდანესთან: თექვსმეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ. ეს იყო სამკვიდრო ისაქარის ტომისა მათი საგვარეულოების მიხედვით: ეს ქალაქები მათი სოფლებითურთ. და ერგო მეხუთე წილი აშერის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით. და მათი მიწა-წყალი იყო: ხელკათი, ხალი, ბეტენი, აქშაფი, ალამელექი, ყამყადი და მიშალი. და ეკვროდა დასავლეთიდან ქარმელსა და შიხორ-ლიბნათს. და ბრუნდებოდა მზის აღმოსავლეთის მიმართულებით, ბეთ-დაგონისკენ, და ეკვროდა ზებულუნს და იფთახ-ელის ველს ჩრდილოეთიდან, ბეთ-ყემეკს და ნეყიელს, და გადიოდა ქაბულისაკენ მარცხნივ; და ყებრონი, რეხობი, ხამონი და კანა ვიდრე დიდ ციდონამდე. და ბრუნდებოდა საზღვარი რამასკენ ცორის გამაგრებულ ქალაქამდე, და უხვევდა საზღვარი ხოსასკენ, და თავდებოდა იგი ზღვასთან, აქზიბის მხარეში, და ყუმა, აფეკი და რეხობი – ოცდაორი ქალაქი მათი სოფლებითურთ. ეს იყო აშერის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით – ეს ქალაქები და მათი სოფლები. და ნაფთალის ძეთ ერგოთ მეექვსე წილი: ნაფთალის ძეთ – მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო მათი საზღვარი ხელეფიდან, ცაყანანიმის მუხიდან, ადამი-ნეკებიდან და იაბნეელიდან ვიდრე ლაკუმამდე, თავდებოდა იორდანესთან. და ბრუნდებოდა საზღვარი დასავლეთის მიმართულებით აზნოთ-თაბორისკენ, და გადიოდა იქიდან ხუკოკისაკენ, და ეკვრის ზებულუნს სამხრეთიდან, და ეკვროდა აშერს დასავლეთიდან, და იუდას – იორდანედან, მზის აღმოსავლეთით. და ციხე-ქალაქები: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი, ქინერეთი, ადამა, რამა, ხაცორი, კედეში, ედრეყი, ყენ-ხაცორი, ირონი, მიგდალ-ელი, ხორემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში – ცხრამეტი ქალაქი თავისი სოფლებითურთ. ეს იყო ნაფთალის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით: ეს ქალაქები მათი სოფლებითურთ. დანის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით ერგო მეშვიდე წილი. და მათი სამკვიდროს საზღვარი იყო: ცორყა, ეშთაოლი, ყირ-შემეში, შაყალაბინი, აიალონი, ითლა, ელონი, თიმნა, ყეკრონი, ელთეკე, გიბთონი, ბაყალათი, იეჰუდი, ბენებარაკი, გათ-რიმონი, მე-იარკონი და რაკონი თავისი საზღვრით იაფოს პირდაპირ. და დანის ძეთა საზღვარი მათგან გამოდიოდა. და ავიდნენ დანის ძენი და შეებრძოლნენ ლეშემს, და აიღეს იგი და მოსრეს მახვილის პირით, და ის დაიმკვიდრეს და იქ დასახლდნენ. და უწოდეს ლეშემს დანი, მათი მამის, დანის სახელის მიხედვით. ეს იყო დანის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით: ეს ქალაქები და მათი სოფლები. და როცა მორჩნენ ქვეყნის დამკვიდრებას მისი საზღვრებითურთ, მაშინ მისცეს ისრაელის ძეთ სამკვიდრო იესოს, ნავეს ძეს, თავიანთ შორის. უფლის ბრძანებით მისცეს მას ქალაქი თიმნათ-სერახი, რომელიც მოითხოვა ეფრემის მთაზე. და ააშენა ქალაქი და იქ დასახლდა. ესენი იყო სამკვიდროები, რომელნიც დაუმკვიდრეს ელეაზარ მღვდელმა, იესომ, ნავეს ძემ, და მთავრებმა ისრაელის ძეთა ტომებს წილისყრით სილოამში, უფლის წინაშე, საკრებულო კარვის კარიბჭესთან. და დაასრულეს ქვეყნის გაყოფა. და უთხრა უფალმა იესოს: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი: ‘დაიდგინეთ თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკეთ მოსეს ხელით, რათა გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდება კაცი. და გქონდეთ თქვენ მესისხლესგან თავშესაფრად. და ვინც გაიქცევა ერთ-ერთ ამ ქალაქში, დადგეს ქალაქის კარიბჭის შესავალთან, და იმ ქალაქის უხუცესთა გასაგონად განაცხადოს თავისი საქმენი. და შეიფარებენ მას ქალაქში, და მისცემენ მას ადგილს, და იცხოვრებს მათთან. და თუ დაედევნება მას მესისხლე, ხელში არ ჩაუგდონ მას მკვლელი, რადგან უნებლიეთ შემოაკვდა თავისი მოყვასი და არ სძულებია იგი მას არც გუშინ, არც გუშინწინ. იცხოვროს მან ამ ქალაქში, ვიდრე არ წარდგება თემის წინაშე განსაკითხავად, ვიდრე არ მოკვდება მღვდელმთავარი, რომელიც იმ დღეებში იქნება. და მხოლოდ მაშინ დაბრუნდება მკვლელი და მივა თავის ქალაქში და თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც ის გაიქცა.“ და გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაში, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბაყი, იგივე ხებრონი, იუდას მთაში. და იორდანეს გაღმა იერიხოსკენ, აღმოსავლეთით გამოყვეს: ბეცერი უდაბნოში, ტაფობზე, რეუბენის ტომიდან, და რამოთი გილყადში გადის ტომიდან და გოლანი ბაშანში მენაშეს ტომიდან. ეს ქალაქები იყო განკუთვნილი ყველა ისრაელიანისთვის, ხიზნისათვის, ვინც მათთან არის შეხიზნული, რათა თავი შეაფაროს იქ ყველა უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს მესისხლის ხელით, ვიდრე თემს წარუდგებოდეს. და მივიდნენ ლევის ძეთა ტომის მთავარნი ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელის ძეთა ტომების მთავრებთან, და უთხრეს მათ შილოში, ქანაანის ქვეყანაში ასე: „უფალმა ბრძანა მოსეს ხელით, რომ ჩვენ მოგვცემოდა ქალაქები საცხოვრებლად და მათი საძოვრები ჩვენი საქონლისათვის.“ და მისცეს ისრაელის ძეთ ლევიანებს თავიანთი სამკვიდროდან უფლის ბრძანებით ეს ქალაქები და მათი საძოვრები. და ერგოთ წილი კეჰათიანთა საგვარეულოებს; და შეხვდათ აარონ მღვდლის ძეთ, ლევის ძეთ, იუდას ტომიდან, სიმონის ტომიდან და ბენიამინის ტომიდან, სულ ცამეტი ქალაქი. და კეჰათის დანარჩენ ძეთ ეფრემის ტომის საგვარეულოებიდან, დანის ტომიდან და მენაშეს ნახევარ ტომიდან წილისყრით ერგოთ ათი ქალაქი. და გერშონის ძეთ – ისაქარის ტომის საგვარეულოებიდან, და აშერის ტომიდან, და ნაფთალის ტომიდან, და მენაშეს ნახევარი ტომიდან ბაშანში წილისყრით – ცამეტი ქალაქი. მერარის ძეთ ერგოთ მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის ტომიდან, გადის ტომიდან და ზებულუნის ტომიდან – თორმეტი ქალაქი. და მისცეს წილისყრით ისრაელის ძეთ ლევიანებს ეს ქალაქები და მათი საძოვრები, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს ხელით. და მისცეს იუდას ძეთა ტომიდან და სიმონის ძეთა ტომიდან ეს ქალაქები, რომელნიც აქ სახელით არიან მოხსენიებულნი. და აარონის ძეთ, კეჰათიანთა საგვარეულოებიდან, ლევიანთაგან, მისცეს კირიათ-არბაყი, ყენაკის მამისეული იგივე ხებრონი მისი საძოვრებით მის ირგვლივ იუდას მთაში. და ამ ქალაქის ველი და მისი სოფლები მისცეს ქალებს, იეფუნეს ძეს. და აარონის ძეებს მისცეს თავშესაფარი ქალაქი მკვლელთათვის – ხებრონი და მისი საძოვრები, ლიბნა და მისი საძოვრები, იათირი და მისი საძოვრები, ეშთემოაყი და მისი საძოვრები, ხოლონი და მისი საძოვრები, დებირი და მისი საძოვრები, ყაინი და მისი საძოვრები, იუტა და მისი საძოვრები და ბეთ-შემეში და მისი საძოვრები – ცხრა ქალაქი ამ ორი ტომიდან. და ბენიამინის ტომიდან: გაბაონი და მისი საძოვრები, გებაყი და მისი საძოვრები, ყანათოთი და მისი საძოვრები, ყალმონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. აარონის ძეებს, მღვდლებს, ერგოთ ცამეტი ქალაქი მათი საძოვრებითურთ. და კეჰათის ძეთა საგვარეულოებს, ლევიანებს, დანარჩენ კეჰათიანებს, ერგოთ მათი წილისყრით ქალაქები ეფრემის ტომიდან. და მისცეს მათ თავშესაფარი ქალაქი მკვლელთათვის – შექემი და მისი საძოვრები, ეფრემის მთაზე. და გეზერი და მისი საძოვრები, და კიბცაიმი და მისი საძოვრები, და ბეთ-ხორონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. დანის ტომიდან: ელთეკე და მისი საძოვრები, გიბეთონი და მისი საძოვრები, აიალონი და მისი საძოვრები, გათ-რიმონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. და მენაშეს ნახევარი ტომიდან: თაყანაქი და მისი საძოვრები, გათ-რიმონი და მისი საძოვრები – ორი ქალაქი. სულ ათი ქალაქი ერგოთ მათი საძოვრებითურთ კეჰათის ძეთა დანარჩენ საგვარეულოებს. და გერშონის ძეთ ლევიანთა საგვარეულოებიდან, მენაშეს ნახევარი ტომიდან ერგოთ თავშესაფარი ქალაქი მკვლელთათვის – გოლანი ბაშანში და მისი საძოვრები, და ბეყეშთერა და მისი საძოვრები – სულ ორი ქალაქი. და ისაქარის ტომიდან: კიშიონი და მისი საძოვრები, დაბრათი და მისი საძოვრები, იარმუთი და მისი საძოვრები, ყენ-განიმი და მისი საძოვრები – ოთხი ქალაქი. და აშერის ტომიდან: მიშალი და მისი საძოვრები, ყაბდონი და მისი საძოვრები, ხელკათი და მისი საძოვრები, რეხობი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. და ნაფთალის ტომიდან თავშესაფარი ქალაქი მკვლელისთვის: კედეში გალილეაში და მისი საძოვრები, ხამოთ-დორი და მისი საძოვრები, და კართანი და მისი საძოვრები – სულ სამი ქალაქი. სულ ცამეტი ქალაქი გერშონელებს, მათი საგვარეულოების მიხედვით, მათი საძოვრებით. და მერარის ძეთა საგვარეულოებისათვის, დანარჩენ ლევიანთათვის: ზებულუნის ტომიდან: იოკნეყამი და მისი საძოვრები, კართა და მისი საძოვრები, დიმნა და მისი საძოვრები, ნაჰალალი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. და რეუბენის ტომიდან: ბეცერი და მისი საძოვრები, იაჰცა და მისი საძოვრები, კედემოთი და მისი საძოვრები, მეფაყათი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. და გადის ტომიდან: თავშესაფარი ქალაქები მკვლელთათვის – რამოთი გილყადში და მისი საძოვრები, და მახანაიმი და მისი საძოვრები. ხეშბონი და მისი საძოვრები, იაყზერი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. ყველა ქალაქი მერარის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით, დანარჩენ ლევიანთა საგვარეულოებს, წილისყრით ერგოთ თორმეტი ქალაქი. ლევის ძეთა ყველა ქალაქი ისრაელის ძეთა სამფლობელოში იყო ორმოცდარვა, თავიანთი საძოვრებით. და ყველა ამ ქალაქს თავისი საძოვრები ჰქონდა ირგვლივ. ასე იყო ყოველი ამ ქალაქისთვის. და მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემა შეჰფიცა მათ მამებს, და დაიმკვიდრეს იგი და იქ დასახლდნენ. და მოასვენა ისინი უფალმა ყოველი მხრიდან, როგორც შეჰფიცა მათ მამებს. და მის მტერთაგან წინ ვეღარავინ აღუდგა. ყველა მტერი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა. არ გაცუდებულა არც ერთი სიტყვა ყველა კეთილი სიტყვიდან, რომელიც ისრაელის სახლს უთხრა უფალმა, ყოველივე ახდა. მაშინ მოუხმო იესომ რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს ნახევარ ტომს, და უთხრა მათ: „თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მსახური, გიბრძანებდათ, მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით. არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები ამ მრავალი დღეების მანძილზე დღევანდლამდე, და იცავდით უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებთა დასაცველს. და ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა კი დაბრუნდით და წადით თქვენ თქვენს კარვებში, თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში, რომელიც მოგცათ თქვენ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს გაღმა. ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გამცნოთ თქვენ მოსემ, უფლის მსახურმა, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ ყველა მის გზაზე და დაიცვათ მისი მცნებანი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულით და მთელი თქვენი სულით.“ და აკურთხა ისინი იესომ და გაუშვა, და წავიდნენ ისინი თავ-თავიანთი კარვებისაკენ. და მენაშეს ტომის ნახევარს მისცა მოსემ სამკვიდრო ბაშანში, ხოლო მის მეორე ნახევარს მისცა იესომ სამკვიდრო მათ ძმებთან ერთად იორდანეს გამოღმა, დასავლეთ მხარეს. და როცა გაუშვა ისინი იესომ თავ-თავიანთი კარვებისაკენ და აკურთხა ისინი, უთხრა მათ ასე: „დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, და ერთობ დიდძალი პირუტყვით, ვერცხლით, ოქროთი, სპილენძით, რკინით, და დიდძალი სამოსლით. გაუნაწილეთ თქვენს მტერთაგან წამოღებული ნადავლი თქვენს ძმებს.“ და გაბრუნდნენ რეუბენის ძენი, გადის ძენი და მენაშეს ნახევარი ტომი ისრაელის ძეთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, გილყადის ქვეყნისკენ, მათი სამკვიდრო ქვეყნისკენ, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდათ უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით. და მიადგნენ რა იორდანეს სანახებს, ქანაანის ქვეყანაში, იქ, იორდანესთან ააშენეს სამსხვერპლო რეუბენიანებმა და გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა, – შესახედად დიდი სამსხვერპლო. და გაიგეს ისრაელის ძეთ რომ ლაპარაკობდნენ: „რეუბენის ძეთ და გადის ძეთ და მენაშეს ნახევარმა ტომმა სამსხვერპლო ააშენეს ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს სანახებში, ისრაელის ძეთა პირისპირ.“ გაიგეს ეს ისრაელის ძეთ, შეიკრიბა მთელი თემი შილოში, რათა გასულიყო მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. და გაუგზავნეს ისრაელის ძეთ რეუბენის ძეებს, გადის ძეებს და მენაშეს ნახევარ ტომს გილყადის მხარეში ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე. და გააყოლეს ათი მთავარი, თითო მთავარი თითო მამის სახლიდან, ისრაელის ყველა ტომიდან. და მამის სახლის თითოეული მეთაური ისრაელის ათასეულების მეთაური იყო. და მივიდნენ ისინი რეუბენის ძეებთან, გადის ძეებთან და მენაშეს ნახევარ ტომთან გილყადის ქვეყანაში და უთხრეს მათ: „ასე ამბობს უფლის მთელი თემი: ‘ეს რა ღალატი ჩაიდინეთ ისრაელის ღმერთის წინაშე, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს, და სამსხვერპლო აიშენეთ და აუმხედრდით დღეს უფალს? ნუთუ არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმედილვართ რის გამოც მომსვრელი სენი იყო უფლის თემში? და თქვენ დღეს აქცევთ ზურგს უფალს! და თუ თქვენ დღეს აუმხედრდებით უფალს, ხვალ განურისხდება იგი ისრაელის მთელ თემს! და თუ უწმიდური გეჩვენებათ თქვენი სამფლობელო ქვეყანა, მაშინ თქვენი უფლის სამფლობელო ქვეყანაში გადადით, სადაც დავანებულია უფლის სავანე, და დამკვიდრდით ჩვენს შორის, უფალს კი ნუ აუმხედრდებით და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოს გარდა, სხვა სამსხვერპლოს შენებით. განა ყაქან ზერახის ძე მარტო არ იყო, ღალატი რომ ჩაიდინა დარისხებულის გამო, მაგრამ რისხვა დაატყდა თავს მთელი ისრაელის თემს? მარტო ის არ მომკვდარა თავისი დანაშაულის გამო.“ და მიუგეს რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მენაშეს ნახევარმა ტომმა, და უთხრეს ისრაელის ათასისთავებს: „ღმერთების ღმერთმა უფალმა, ღმერთების ღმერთმა უფალმა, მან უწყის და ისრაელმაც უწყოდეს! თუ უფლის წინააღმდეგ ასამხედრებლად და საღალატოდ მოვქცეულიყავით, დღეს ნუ გადაგვარჩენს უფალი! თუ სამსხვერპლო უფლისათვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებინოს, სრულადდასაწველის აღსავლენად, საძღვნოდ თუ სამშვიდობო მსხვერპლთათვის, მაშინ თავად უფალმა იძიოს შური! თუ შიშის გამო არ მოვქცეულიყავით ასე, რომ ხვალ თქვენს შვილებს არ ეთქვათ ჩვენი შვილებისთვის: ‘რა საერთო გაქვთ თქვენ უფალთან, ისრაელის ღმერთთან? საზღვრად იორდანე დადო უფალმა ჩვენსა და თქვენს შორის, რეუბენის ძენო და გადის ძენო. არა გაქვთ თქვენ წილი უფალში.’ და აუკრძალავდნენ თქვენი ძენი ჩვენს ძეთ უფლის თაყვანისცემას. და ვთქვით: ავიშენოთ სამსხვერპლო არა სრულადდასაწველისთვის და არა მსხვერპლთათვის, არამედ რომ მოწმე იყოს იგი თქვენსა და ჩვენს, და ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს მის წინაშე ჩვენი სრულადდსაწველებით და მსხვერპლებით და ჩვენი სამშვიდობო შესაწირავებით, რათა არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: ‘არა გაქვთ თქვენ წილი უფალში.’ და ვთქვით: როცა გვეტყვიან ჩვენ და ჩვენს თაობებს ხვალ, მაშინ ჩვენ ვიტყვით: ‘აჰა, სახე უფლის სამსხვერპლოსი, რომელიც ჩვენმა მამებმა ააშენეს არა სრულადასაწველისთვის და არა მსხვერპლთათვის არამედ, რათა მოწმე ყოფილიყო ჩვენსა და თქვენს შორის.’ ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ, რომ უფალს ავუმხედრდეთ და დღეს ზურგი ვაქციოთ უფალს, და ავაშენოთ სამსხვერპლო სრულადდასაწველისთვის, პურეულის ძღვნისათვის და მსხვერპლისათვის უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი სავანის წინაა.“ და გაიგონეს ფინხას მღვდელმა, თემის მთავრებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, სიტყვანი, რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მენაშეს ძეთ რომ თქვეს, და მოიწონეს. და უთხრა ფინხას, ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენის ძეთ, გადის ძეთა და მენაშეს ძეთ: „დღეს შევიტყეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, ღალატი არ ჩაგიდენიათ უფლის წინაშე, და თქვენ იხსენით ისრაელის ძენი უფლის ხელიდან.“ და დაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი, და მთავარნი, რეუბენის ძეთაგან და გადის ძეთაგან ქანაანის ქვეყანაში, ისრაელის ძეებთან, და მოუტანეს მათ ამბავი. და მოიწონეს ეს ამბავი ისრაელის ძეთ, და აკურთხეს ღმერთი ისრაელის ძეთ და აღარ უფიქრიათ მათზე გალაშქრება იმ ქვეყნის დასარბევად, სადაც ცხოვრობდნენ რეუბენის ძენი და გადის ძენი. და უწოდეს რეუბენის ძეთ და გადის ძეთ სამსხვერპლოს [ყედი] რადგან „მოწმეა იგი ჩვენს შორის, რომ უფალია ჩვენი ღმერთი.“ და მრავალი დღის შემდგომ, რაც უფალმა მოასვენა ისრაელი ყველა მისი მტრისაგან ყოველი მხრიდან, დაბერდა იესო და ხანში შევიდა, მოუხმო იესომ მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის ერისთავებს და მის მსაჯულებს, მის ზედამდგომებს და უთხრა მათ: „მე დავბერდი, ხანში შევედი. და თქვენ იხილეთ ყველაფერი, რაც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მთელ ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, თავად იბრძოდა თქვენთვის. შეხედეთ, წილისყრით გარგუნეთ თქვენ ეს დარჩენილი ხალხი თქვენი ტომების სამკვიდრებლად იორდანედან მოყოლებული და ყველა ხალხი, რომელიც მოვსპე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე. და უფალი, თქვენი ღმერთი, თავად აყრის მათ თქვენი პირისაგან და მოსპობს მათ თქვენს წინაშე, და დაიმკვიდრებთ მათ ქვეყანას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს. და ძალზე განმტკიცდით, რათა დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი. არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა არ შეერიოთ იმ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ. და მათი ღმერთების სახელს ნუ ახსენებთ, და ნურც დაიფიცავთ მათ, და ნურც ემსახურებით მათ, და ნურც თაყვანს სცემთ მათ. არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ დღემდე იქცეოდით. უფალმა აჰყარა თქვენი პირისაგან დიდი და ძლიერი ხალხები; და ამ დღემდე წინ ვერავინ აღგიდგათ. ერთი თქვენიანი ათასს განდევნის, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის, როგორც თქვენთვისა აქვს ნათქვამი. ამიტომ ყოველმხრივ ეცადეთ, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი. რადგან თუ თქვენ მიიქცევით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენთან რომ დარჩნენ, და დაუმოყვრდებით მათ, და მიხვალთ თქვენ მათთან და ისინი კი თქვენთან, ცოდნით იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი, აღარ აჰყრის ამ ხალხებს თქვენი პირისაგან, და იქნებიან თქვენთვის ბადედ და მახედ, შოლტად თქვენი ფერდებისათვის და ეკლად თქვენი თვალებისათვის, ვიდრე არ გადაშენდებით ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. და აჰა, მე მივდივარ დღეს მთელი ქვეყნის გზით, და შეიცანით მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ და არ გაცუდებულა მათგან არც ერთი სიტყვა. და როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც თქვენთვის ჰქონდა ნათქვამი უფალს, თქვენს ღმერთს, ასევე მოგივლენთ უფალი ყველა ბოროტ სიტყვას, ვიდრე არ მოგსპობთ ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა თქვენმა ღმერთმა, როგორც კი გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმას, თქვენ რომ გიბრძანათ, და წახვალთ და ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღინთება რისხვა უფლისა თქვენზე და უმალ გადაშენდებით ამ კეთილი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.“ და შეჰყარა იესომ ისრაელის ყველა ტომი შექემში, და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, და მის ერისთავებს, და მის მსაჯულებსა და მის ზედამდგომებს, და ისინი წარდგნენ ღვთის წინაშე. და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘დასაბამიდან მდინარის გაღმა ცხოვრობდნენ თქვენი მამანი: თერახი, მამა აბრაამისა და მამა ნახორისა, და ემსახურებოდა სხვა ღმერთებს. და წამოვიყვანე მამათქვენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, და გავამრავლე მისი თესლი, და მივეცი მას ისაკი. და ისაკს მივეცი იაკობი და ესავი. და მივეცი ესავს მთა სეყირისა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი და მისი ძეები ეგვიპტეში ჩავიდნენ. და გავგზავნე მოსე და აარონი, და ვგვემე ეგვიპტე იმით, რაც მოვიმოქმედე მის შუაგულში, და მერე გამოგიყვანეთ თქვენ. და გამოვიყვანე თქვენი მამები ეგვიპტიდან, და მოადექით ზღვას, და გამოედევნენ ეგვიპტელნი უკან თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით მეწამულ ზღვამდე. და შეჰღაღადეს უფალს, და მანაც მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, და მოაქცია მათზე ზღვა, რომელმაც დაფარა ისინი. და იხილეს თქვენმა თვალებმა, რაც მოვიმოქმედე მე ეგვიპტეში. და უდაბნოში ცხოვრობდით მრავალი დღე. და მოგიყვანეთ თქვენ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. ბრძოლა გაგიმართეს, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. და დაიმკვიდრეთ თქვენ მათი ქვეყანა, და მე მოვსპე ისინი თქვენი პირისაგან. და ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, და შეებრძოლა ისრაელს, და მიავლინა და მოუხმო ბალაამ ბეყორის ძეს თქვენს დასაწყევლად. და არ ვინებე ბალაამის მოსმენა. და მან კურთხევით გაკურთხათ, და გიხსენით თქვენ მისი ხელისაგან. და გადალახეთ იორდანე და მიხვედით იერიხოს. და ბრძოლა გაგიმართეს თქვენ იერიხოს პატრონებმა: ამორევლებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშელებმა, ხიველებმა და იებუსელებმა, და ხელში ჩაგიგდე ისინი. და კრაზანები გამოვუშვი თქვენს წინ, და მათ განდევნეს თქვენი პირისაგან ორი ამორეველი მეფე – არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით. და მოგეცით თქვენ ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც თქვენ არ გიშენებიათ, და თქვენ ცხოვრობთ მათში. და საზრდოობთ ვენახებიდან და ზეთისხილის ბაღებიდან, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ.’ ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; და განიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს. და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, აირჩიეთ დღეს, ვის ემსახუროთ: ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფალს ვემსახურებით.“ და მიუგო ხალხმა, და თქვა: „ღმერთმა დაგვიფაროს, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ! რადგან უფალი, ჩვენი ღმერთია, მან გამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, და ჩვენს თვალწინ მოიმოქმედა დიდი სასწაულები, და გვიცავდა მთელ გზაზე, რომელზეც დავდიოდით, და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც ჩვენ გავიარეთ. და განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი.“ და უთხრა იესომ ხალხს: „ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურისმგებელი ღმერთია იგი, არ გაპატიებთ თქვენს დანაშაულსა და ცოდვებს. თუ მიატოვებთ უფალს და ემსახურებით უცხო ღმერთებს, კვლავ ბოროტებას დაგათევთ და მოგსპობთ თქვენ მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ.“ და უთხრა ხალხმა იესოს: „არა, რადგან უფალს უნდა ვემსახუროთ!“ და უთხრა იესომ ხალხს: „მოწმენი ხართ თქვენი თავისა, რომ თქვენ თვითონ ირჩევთ უფალს, რათა ემსახუროთ მას?“ და თქვეს: „მოწმენი ვართ!“ „ახლა განიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენს შორის რომ არიან, და მიაბრუნეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთის, მიმართ.“ და უთხრა ხალხმა იესოს: „უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.“ და იმ დღეს დადო იესომ აღთქმა, და წესი და სამართალი მისცა მათ შექემში. და ჩაწერა იესომ ეს სიტყვები ღვთის რჯულის წიგნში, და აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა. და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა უფლის ყველა სიტყვა, რომელიც მან გვითხრა ჩვენ; და იყოს ის თქვენს მოწმედ, რომ არ იცრუოთ თქვენი ღმერთის წინაშე.“ და გაისტუმრა იესომ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში. და ამ ამის შემდეგ მოკვდა იესო, ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა. და დამარხეს იგი მის სამკვიდრო მიწაზე, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით. და ემსახურებოდა ისრაელი უფალს იესოს მთელს დღეებში და უხუცესთა მთელს დღეებში, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერეც და რომელთაც იხილეს უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა. და იოსების ძვლები, ისრაელის ძეებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დაკრძალეს შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან, ას კესიტად, და ერგო იოსების ძეთ სამკვიდროდ. და მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე, და დამარხეს იგი მისი ძის, ფინხასის ბორცვზე, რომელიც მიეცა მას ეფრემის მთაში. იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელის ძეთ უფალს: „ვინ წაგვიძღვება ჩვენ ქანაანზე, მათთან საომრად?“ და თქვა უფალმა: „იუდა წაგიძღვებათ, აჰა, მას ვუგდებ ხელში იმ ქვეყანას.“ და მაშინ უთხრა იუდამ სიმონს, თავის ძმას: „გამოდი ჩემთან ერთად ჩემს წილხვდომილში და ვეომოთ ქანაანელთ; მე კი შენს წილხვდომილში წამოვალ შენთან ერთად.“ და წავიდა სიმონი მასთან ერთად. და გავიდა იუდა; და ჩაუგდო მას ხელში უფალმა ქანაანელნი და ფერიზელნი და მოსრა ისინი ბეზეკში, ათი ათასი კაცი. და ბეზეკში ისინი გადააწყდნენ ადონი-ბეზეკს, და შეებნენ მას და დაამარცხეს ქანაანელნი და ფერიზელნი. და გაიქცა ადონი-ბეზეკი და დაედევნენ უკან, და შეიპყრეს იგი, და დააჭრეს ხელისა და ფეხის ცერები. და თქვა ადონი-ბეზეკმა: „სამოცდაათი მეფე ხელ-ფეხზე ცერებდაჭრილი ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა [ნამმუსრევს]; როგორც მე ვაკეთებდი, ისე მომაგო მე ღმერთმა.“ და წაიყვანეს ის იერუსალიმს, და იქ მოკვდა. და შეუტიეს იუდას ძეთ იერუსალიმს და აიღეს იგი, და მოსრეს იგი მახვილის პირით, და ქალაქი ცეცხლს მისცეს. და შემდეგ იუდას ძენი წავიდნენ ქანაანელებთან საბრძოლველად, რომლებიც მკვიდრობდნენ მთებში, ნეგებში და ბარად. და გაილაშქრა იუდამ ქანაანელებზე, ხებრონში რომ მკვიდრობდნენ, და დაამარცხეს მათ შეშაი, ახიმანი და თალმაი. და გაილაშქრეს იქიდან დებირის მკვიდრებზე; უწინ კირიათ-სეფერი ერქვა. და თქვა ქალებმა: „ვინც კირიათ-სეფერს აიღებს, ცოლად მივცემ მას ყაქსას, ჩემს ასულს.“ და აიღო იგი ღოთონიელმა, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძემ, და ცოლად მისცა მას ყაქსა, თავისი ასული. და ღოთონიელისას რომ მივიდა, დაიყოლია ქალი, რომ მამისაგან მინდორი გამოეთხოვა, და ჩამოხდა სახედრიდან. ჰკითხა მას ქალებმა: „რა გინდა?“ და უთხრა: „მომეცი კურთხევა. და რაკი ნეგების ქვეყანა მიბოძე, ბარემ წყლის წყაროებიც მომეცი.“ და მისცა მას, როგორც ზემო, ისე ქვემო წყარონი. და ძენი კენიელისა, მოსეს სიმამრისა, ამოჰყვნენ პალმების ქალაქიდან იუდას ძეებს იუდას უდაბნოში, რომელიც ყარადის სამხრეთითაა, და წავიდნენ და დაემკვიდრნენ იმ ხალხთან. და წავიდა იუდა სიმონთან, თავის ძმასთან ერთად, და მოსრეს მათ ქანაანელნი, მკვიდრნი ცეფათისა, და დაარისხეს ის ქალაქი, და ეწოდება ამ ქალაქს სახელად ხორმა. და აიღო იუდამ ღაზა და მისი მიწა-წყალი, და აშკელონი და მისი მიწა-წყალი, და ყეკრონი და მისი მიწა-წყალი. და იყო უფალი იუდასთან, და დაიმკვიდრა მთა, მაგრამ ბარელები ვერ აჰყარა, რაკი მათ რკინის ეტლები ჰქონდათ. და მისცეს ქალებს ხებრონი, როგორც მოსეს ჰქონდა ნათქვამი, და აჰყარა მან იქიდან სამი ძე ყენაკისა. ხოლო იებუსელები, იერუსალიმის მკვიდრები, არ აუყრიათ ბენიამინის ძეთ და დღევანდლამდე მკვიდრობენ იებუსელნი ბენიამინის ძეებთან ერთად იერუსალიმში. და იოსების სახლმაც შეუტია ბეთელს, და უფალი იყო მათთან. და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს. და დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი და უთხრეს მას: „გვიჩვენე ქალაქის შესასვლელი და წყალობას გიზამთ.“ და უჩვენა მან ქალაქის შესასვლელი, და მოსრეს ქალაქი მახვილის პირით, და ის კაცი და მთელი მისი ოჯახი გაუშვეს. და წავიდა ეს კაცი ხეთელთა ქვეყანაში, და ააშენა ქალაქი, და უწოდა სახელად ლუზი. და დარჩა მას ეს სახელი დღევანდლამდე. და მენაშეს არ აუყრია მკვიდრნი ბეთ-შეანისა და მისი სოფლებისა, და თაყანაქისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი დორისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი იბლეყამისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი მეგიდოსი და მისი სოფლებისა; და დაიწყეს ქანაანელებმა ამ ქვეყანაში ცხოვრება. და როცა მომძლავრდა ისრაელი, ქანაანელნი მოხარკედ გაიხადა, მაგრამ არ აუყრია. და არც ეფრემს აუყრია ქანაანელნი, გაზერის მკვიდრნი, და ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის გაზერში. არც ზებულუნს აუყრია კიტრონისა და ნაჰალალის მკვიდრნი, და ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის და მოხარკედ გაუხდნენ. არც აშერს აუყრია ყაქოსი და ციდონის, ახლაბის, აქზიბის, ხელბას, აფეკისა და რეხობის მკვიდრნი. და მკვიდრობდნენ აშერიანები ქანაანაელთა შორის, რადგან არ აუყრია ისინი. არც ნაფთალს აუყრია ბეთ-შემეშის და ბეთ-ყანათის მკვიდრები. და დაემკვიდრა ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის; და ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრები მოხარკეებად გაუხდნენ. და მთაში შეკუნჭეს ამორევლებმა დანიანები და ბარში აღარ ჩამოუშვეს. და დაიწყეს ამორევლებმა ხერესის მთაზე ცხოვრება, აიალონსა და შაყალბიმში; მაგრამ დამძიმდა ხელი იოსების სახლისა და გაუხდნენ ისინი მოხარკეებად. და ამორეველთა საზღვარი გადიოდა ყაკრაბიმის მაღლობიდან, სელადან და ზემოთ. და ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: „ამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს ფიცით შევფიცე და ვთქვი: ‘არ დავარღვევ თქვენთან დადებულ ჩემს აღთქმას უკუნისამდე, ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის მკვიდრებთან; დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები’. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი ხმა. და რა ჩაიდინეთ თქვენ? და კიდევ ვთქვი: ‘არ განვდევნი მათ თქვენი პირისაგან, და ისინი თქვენი ფერდებისათვის ნარ-ეკლად იქცევიან და მათი ღმერთები მახედ გექცევიან.’“ და როცა უფლის ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა ყველა ისრაელის ძეს, ხალხმა ხმა აღიმაღლა და ატირდა. და უწოდეს სახელი ამ ადგილს ბოქიმი, და შესწირეს იქ მსხვერპლი უფალს. და როცა დაითხოვა იესომ ხალხი, და წავიდნენ ისრაელის ძენი თავ-თავიანთ წილხვდომილი ქვეყნის დასამკვიდრებლად, მაშინ უფალს ემსახურებოდა ხალხი იესოს მთელი სიცოცხლის მანძილზე და უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომელნიც იესოს მერე ცხოვრობდნენ და რომელთაც ნანახი ჰქონდათ უფლის დიადი საქმე, რაც მან ისრაელისათვის მოიმოქმედა. მაგრამ როცა მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა, და დამარხეს იგი თიმნათ-ხერესში, ეფრემის მთაში, გაყაშის მთის ჩრდილოეთით, მისი სამკვიდრებლის მიწაზე; და აგრეთვე მთელი ის თაობა შეეძინა თავის მამებს, და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არ იცნობდა უფალს და იმ საქმეს, რაც მოიმოქმედა ისრაელისათვის, მაშინ ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში, და ემსახურებოდნენ ბაყალებს; მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, და გაჰყვნენ ისინი სხვა ღმერთებს, იმ ხალხების ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, და თაყვანს სცემდნენ მათ, და აჯავრებდნენ უფალს; და მიატოვეს უფალი, და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს. და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და მძარცველთა ხელში ჩაჰყარა ისინი და ძარცვეს ისინი; და შემდეგ მტრების ხელში ჩაჰყარა, გარს რომ ერტყნენ, და წინ ვერ აღუდგნენ თავიანთ მტრებს. ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი წარმართავდა მათ საბოროტოდ, როგორც უთხრა მათ უფალმა და როგორც დაუფიცა მათ უფალმა. და დიდად შევიწროვებულნი იყვნენ ისინი. და აღუდგინა უფალმა მსაჯულნი, და იხსნიდნენ ისინი მათ მძარცველების ხელთაგან. მაგრამ თავიანთი მსაჯულებისაც არ ისმინეს, რადგან მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და თაყვანს სცემდნენ მათ; მალევე გადაუხვიეს იმ გზას, რომლითაც დადიოდნენ მათი მამები, უფლის მცნებათა მოსასმენად. და ესინი ასე არ იქცეოდნენ. და როცა უფალი მსაჯულებს აღუდგენდა ხოლმე მათ, უფალი იყო მსაჯულთან, და მათ იხსნიდა მათი მტრების ხელიდან მსაჯულის მთელი სიცოცხლის მანძილზე, რადგან ებრალებოდა ისინი უფალს მათი კვნესის გამო მათი მჩაგვრელებისა და მათი შემაჭირვებლების ხელში. მაგრამ როგორც კი მოკვდებოდა მსაჯული, თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ, მიჰყვებოდნენ სხვა ღმერთების კვალს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ; არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს, თავს არ ანებებდნენ ურჩობის გზას. და კვლავ აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და თქვა: „რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი აღთქმა, რომელიც ვუბრძანე მათ მამებს და არ ისმინა ჩემი ხმა, მეც აღარ ავყრი არავის მათი პირისაგან იმ ხალხებიდან, რომლებიც დატოვა იესომ, როცა მოკვდა, – რათა გამოვცადო მათით ისრაელი: დაიცავენ თუ არა ისინი უფლის გზას, და გაჰყვებიან თუ არა მას, როგორც მიჰყვებოდნენ მათი მამები?“ და დატოვა უფალმა ეს ხალხები, და აღარ აჰყარა, და არ ჩაუგდო იესოს ხელში. აი, ის ხალხები, უფალმა რომ დატოვა, რათა გამოეცადა მათით ისრაელი, ყველანი, ვინც ქანაანის არც ერთი ომი არ იცოდა, – მხოლოდ იმისათვის, რათა სცოდნოდათ და ესწავლათ ომი ისრაელის ძეთა შემდგომ თაობებს, რომელთაც უწინ არ იცოდნენ ის: ხუთი ფილისტიმელი მთავარი, ყოველი ქანაანელნი, ციდონელნი და ხიველნი, ლიბანის მთაში რომ მკვიდრობდნენ, ბაყალ-ხერმონის მთიდან ვიდრე ხამათის მისადგომამდე. და იყვნენ ისინი [დატოვებულნი], რომ მათით გამოეცადა ისრაელი, და სცოდნოდა, თუ დაემორჩილებოდნენ უფლის მცნებებს, რომელნიც მათ მამებს უბრძანა მოსეს ხელით. და ისრაელის ძენი დამკვიდრდნენ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა შორის; და შეირთეს მათი ასულნი ცოლებად, და თავიანთი ასულები მიათხოვეს მათ ძეებს, და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს. და ბოროტება ჩაიდინეს ისრაელის ძეთ უფლის თვალში: დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაყალებსა და ყაშთაროთებს. და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშათაიმს, არამის მეფეს, და ემსახურობოდნენ ქუშან-რიშათაიმს ისრაელის ძენი რვა წელი. და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და აღუდგინა უფალმა მხსნელი ისრაელის ძეთ, რომელმაც იხსნა ისინი: ეს იყო ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე. და უფლის სული იყო მასზე, და ის იყო მსაჯული ისრაელისა. და გავიდა იგი სალაშქროდ, და ხელში ჩაუგდო მას უფალმა ქუშან-რიშთაიმი, მეფე არამისა, და სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს. და მოისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. და მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე. და კვლავ დაიწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში, და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მეფე მოაბისა, ისრაელზე, რადგან ბოროტება ჩაიდინეს უფლის თვალში. და მან შემოიკრიბა ყამონის ძენი და ყამალეკნი, და წავიდა და დაამარცხა ისრაელი, და დაიპყრო პალმების ქალაქი. და ემსახურებოდნენ ისრაელის ძენი ყეგლონს, მოაბის მეფეს, თვრამეტი წელი. და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და მოუვლინა უფალმა მათ მხსნელად ეჰუდი, ძე გერასი, ბენიამინის ძეთაგან, ცაცია კაცი. და ხარკი გაუგზავნეს ისრაელის ძეთ მისი ხელით ყეგლონს, მოაბის მეფეს. და გაიკეთა თავისთვის ეჰუდმა ორლესული მახვილი, ერთწყრთიანი, და შეიბა იგი თავისი მოსასხამის ქვეშ, მარჯვენა თეძოზე. და მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს; და ყეგლონი ძალიან მსუქანი კაცი იყო. და როგორც კი ძღვენი მიართვეს, მაშინვე უკან გაისტუმრა მომტანები. და თავად კი, გილგალთან რომ კერპებია, იქიდან უკან დაბრუნდა და უთხრა: „საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო.“ და უპასუხა მან: „ჩუმად!“ და ყველა გამოვიდა, ვინც მასთან იყო. და შევიდა ეჰუდი მასთან; და იგი მარტო იჯდა ზემო საგრილებელ ოთახში, და უთხრა ეჰუდმა: „ღვთის სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი.“ და წამოდგა მეფე სავარძლიდან. და გაიკრა ეჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოსთან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა. და წვერიან-ვადიანად ჩაიფლო მახვილი და გადაფარა ქონმა მახვილი, რადგან არ გამოუძვრია უკან მახვილი მუცლიდან, და განავალი გარეთ გამოუვიდა. და მერე გამოვიდა ტალანში ეჰუდი, გამოიხურა და გამოიკეტა კარი. და როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მეფის მონები და აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ზემო ოთახის კარი. თქვეს: „მოსასაქმებლად ჩაიკეტებოდა საგრილებელ ოთახში.“ იცადეს, ვიდრე არ შეფიქრიანდნენ. და აჰა, არ იქნა და არ გააღო მან ზემო ოთახის კარი. ამიტომ აიღეს გასაღები და გახსნეს კარი და აჰა, მათი ბატონი მიწაზე აგდია მკვდარი. და ეჰუდმა სამშვიდობოს გააღწია, ვიდრე ისინი ყოვნდებოდნენ, და იგი გასცდა კერპებს და სეყირს შეაფარა თავი. და მისვლისას დააყვირა რქის საყვირი ეფრემის მთაში, და ჩამოვიდნენ მასთან ერთად ისრაელის ძენი მთიდან, და წაუძღვა წინ. და უთხრა მათ: „მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა თქვენი მტრები, მოაბელნი.“ და გაჰყვნენ უკან, და გადაუჭრეს მოაბელებს იორდანეზე გადასასვლელი ფონები და აღარავინ გაატარეს. და მოსრეს მოაბელნი იმ დროს ათი ათასამდე კაცი, ყველა ძლიერი და მამაცი, და თავს ვერავინ უშველა. და იმ დღეს მოაბი ისრაელის ხელქვეითად იქცა და მოისვენა და დამშვიდდა ქვეყანა ოთხმოცი წელი. და მის შემდეგ იყო შამგარი, ძე ყანათისა, და მან მოსრა ფილისტიმელთა ექვსასი კაცი ხარის საგმირით; და მანაც იხსნა ისრაელი. და ეჰუდის სიკვდილის შემდეგ კვლავ იწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში. და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ქანაანის მეფეს, იაბინს, რომელიც ხაცორში მეფობდა; და მისი მხედართმთავარი იყო სისარა, რომელიც ცხოვრობდა ხაროშეთ-გოიმში. და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, რადგან სისარას ცხრაასი რკინის ეტლი ჰქონდა, და ის სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეთ ოცი წელიწადი. და დებორა, წინასწარმეტყველი ქალი, ლაფიდოთის ცოლი, განსჯიდა ისრაელს იმჟამად. და ცხოვრობდა დებორას პალმის ქვეშ, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაზე; და ადიოდნენ მასთან ისრაელის ძენი განსასჯელად. და კაცები გაუგზავნა, და მოუხმო ბარაკს, აბინოყამის ძეს, კედეშ-ნაფთალიდან, და უთხრა მას: „აი, რა გიბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, წადი და ადი თაბორის მთაზე, და თან წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალის ძეთაგან და ზებულუნის ძეთაგან. და მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისარას, იაბინის მხედართმთავარს, მის ეტლებსა და მის ჯარს, და ხელში ჩაგაგდებინებ.“ და უთხრა დებორას ბარაკმა: „თუ წამომყვები, წავალ, და თუ არ წამომყვები, არ წავალ.“ და უთხრა დებორამ: „წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ ამ გზაზე, რომელსაც შენ დაადგები, შენი აღარ იქნება დიდება, რადგან დიაცის ხელში ჩააგდებს უფალი სისარას.“ და ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კედეშში. და მოუხმო ბარაკმა ზებულენელთ და ნაფთალელთ კედეშში, და გაჰყვა მის კვალს ათი ათასი კაცი, და დებორაც წაჰყვა. და ქებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს სიმამრის, ხობაბის ძეთ, და გაშალა თავისი კარავი ცაყანანიმის მუხამდე, კადეშთან რომ არის. და შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყო ასული. და იხმო სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი რკინის ეტლი, და მთელი ხალხი, რომელიც მასთან იყო, ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევამდე. და უთხრა დებორამ ბარაკს: „ადექი, რადგან ეს ის დღეა, როცა ხელში ჩაგიგდო სისარა უფალმა. თვით უფალი წაგიძღვება წინ.“ და ჩავიდა ბარაკი თაბორის მთიდან და ათი ათასი კაცი ჩამოჰყვა. და დააფრთხო უფალმა სისარა და მთელი მისი ეტლიონი, და მთელი ლაშქარი ბარაკის მახვილის პირით. და გადმოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა. ბარაკმა ხაროშეთ-გოიმამდე სდია ეტლიონსა და ლაშქარს, და დაეცა სისარას მთელი ლაშქარი მახვილის პირით, კაცისშვილი არ გადარჩენილა. და გაიქცა სისარა ფეხით იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის, კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფის, იაბინისა და კენიელი ხებერის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა. და გამოვიდა იაყელი სისარას შესახვედრად, და უთხრა მას: „მობრძანდი, ბატონო ჩემო, შემობრძანდი ჩემთან, ნუ გეშინია.“ და შევიდა სისარა მასთან კარავში, და დამალა იგი ფარდაგის ქვეშ. და უთხრა მას სისარამ: „გეთაყვა, ცოტა წყალი დამალევინე, რადგან მწყურია.“ და მოხსნა იაყელმა რძის ტიკს თავი და დაალევინა, და დამალა ისევ სისარა. და სისარამ უთხრა მას: „დადექი კარვის კართან, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არის მანდო, უთხარი: არა-თქო.“ და იაყელმა, ხებერის ცოლმა, აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიჭირა და მას ფეხაკრეფით მიეპარა, მას კი დაღლილს ეძინა; და ჩაურჭო პალო საფეთქელში, და მიწას დააჭედა, და მოკვდა. და აჰა, ბარაკი მოსდევს სისარას. და გამოეგება იაყელი, და უთხრა მას: „მოდი, გაჩვენო კაცი, შენ რომ ეძებ.“ და შევიდა მასთან ბარაკი და აჰა, სისარა მკვდარი აგდია, საფეთქელში პალო ჩარჭობილი. და დაამორჩილა ღმერთმა იმ დღეს იაბინი, მეფე ქანაანისა, ისრაელის ძეთა წინაშე. და თანდათან დამძიმდა ისრაელის ძეთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე არ მოსპეს იაბინი, მეფე ქანაანისა. ასე იგალობეს იმ დღეს დებორამ და ბარაკმა, აბინოყამის ძემ: „წინამძღოლი რომ წინამძღოლობდა, ხალხი ნებით რომ სწირავდა თავს, აკურთხეთ უფალი! ისმინეთ, მეფენო, ყურს იღეთ, დიდებულნო: მე ვუმღერი უფალს, ვუგალობ უფალს, ისრაელის ღმერთს. უფალო, შენ რომ სეყირიდან გადმოხვედი, შენ რომ ედომის ველიდან გადმოხვედი, მიწა იძვროდა, ზეცა იღვრებოდა, ღრუბლებიც წყლად იღვრებოდა. მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თვით ეს სინაიც, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე. შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს ჩაკეტილი იყო გზები, და ბილიკებით მავალნი ირიბი გზებით დადიოდნენ. მოიშალა დაბა-სოფლები ისრაელში, მოიშალნენ, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში. აირჩიეს ახალი ღმერთები, მაშინ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან. თუ გამოჩენილა ფარი და შუბი ორმოცი ათასისა ისრაელში? ჩემი გული ისრაელის მთავრებთანაა, ვინც ნებით შესწირა თავი ხალხიდან. აკურთხეთ უფალი! თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ძვირფას ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, და გზაზედ ქვეითად მავალნო, იგალობეთ! დასარწყულებელ ადგილას, მწყემსთა ხმა რომ ისმის, მოსთვლიან უფლის სამართლიან საქმეებს, სოფლის მკვიდრთა სამართლიან საქმეებს. მაშინ ჩავიდა უფლის ხალხი კარიბჭეებთან. გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა, გაიღვიძე, გაიღვიძე! თქვი საგალობელი! ადექი, ბარაკ, დაატყვევე შენი ტყვე, აბინოყამის ძეო! მაშინ ნატამალმა ჩააკითხა დიდებულებს. უფლის ერმა ჩამომაკითხა ვაჟკაცებით. ეფრემიდან მოვიდნენ ისინი, ვისაც ყამალეკში ჰქონდა ფესვი გადგმული; შენს შემდგომ ბენიამინი შენს ხალხშია; მაქირისაგან წამოვიდნენ მთავარნი და ზებულუნისგან მწიგნობრობის კვერთხისმპყრობლები. და მთავარნი ისაქარისა თან ახლდნენ დებორას; და ისაქარი, ისევე როგორც ბარაკი, მის კვალდაკვალ დაეშვა ველზე. და რეუბენის დასებში იყო დიდი ჩხრეკა გულისა. რად იჯექი ფარეხებს შორის? ნახირს რომ უსტვენენ, იმის მოსასმენად? რეუბენის დასებში იყო დიდი ჩხრეკა გულისა. გილყადი იორდანის გაღმა დავანებულა, და დანი რაღას უდგას ხომალდებზე? აშერი ზღვის პირას დამკვიდრებულა, და დავანებულა თავის ნავსაყუდელში. ზებულუნის ხალხმა სული სასიკვდილოდ გაწირა, ასევე მოიქცა ნაფთალი ტრამალის ბორცვებზე. მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ იბრძოდნენ ქანაანელი მეფენი თანაქში, მეგიდოს წყლებთან; მაგრამ ნადავლი ვერცხლიც ვერ წაიღეს. ზეციდან იბრძოდნენ ვარსკვლავები, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისარას. კიშონის ხევმა წალეკა ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით! მაშინ ჭენებით იმსხვრეოდა ცხენის ფლოქვები, მისი ბედაურების ჭენებით. ‘დაწყევლეთ მეროზი,’ – ამბობს უფლის ანგელოზი, ‘დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მცხოვრებნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად მამაცთა შორის.’ კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ცოლი კენიელი ხებერისა. კურთხეულ იყოს კარავში მცხოვრებ დიაცებს შორის. წყალი სთხოვა, და რძე მისცა, დიდებულთა თასით ნაღები მიართვა. ხელი პალოსკენ გაიწოდა და მარჯვენა – მუშის უროსაკენ, და დაჰკრა სისარას, თავი გაუჩეხა, და განგმირა და საფეთქელი შეულეწა. მის ფეხთა შორის ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული. სარკმლიდან გასცქეროდა და მოსთქვამდა სისარას დედა ცხაურიდან: რად აგვიანებს მისი ეტლი მოსვლას, რად აყოვნებენ მისი ეტლიონთა ნაკვალევები? მისი ბრძენი სეფექალები მიუგებენ, და იგი თვითონვე პასუხობს თავის თავს: ‘ეგებ ნადავლი იპოვეს და იმას იყოფენ? თითო მხევალი ან ორ-ორი მხევალი თითო მეომარს; ნაალაფარი ფერადი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ფერადი სამოსელი, დაქარგული, ფერადი ორნაქარგიანი სამოსელი ნადავლის ყელიდან’ ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, უფალო! და მისი მოყვარულნი თავისი ძლიერებით ამომავალ მზესავით იყვნენ!“ და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. და ჩაიდინეს ისრაელის ძეთ ბოროტება უფლის თვალში, და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით, და დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, და მიდიანის გამო გაიკეთეს ისრაელის ძეთ დარანები, მთებში რომ არის, ასევე გამოქვაბულები და სიმაგრეები. და როგორც კი ისრაელი თესვას მოათავებდა, ამოდიოდნენ მიდიანელნი, ყამალეკნი და აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ, და ბანაკდებოდნენ მათ წინ, და აჩანაგებდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, და არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს. რადგან ამოდიოდნენ თავიანთი ჯოგებითა და კარვებით. მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, და მათ და მათ აქლემებს თვლა აღარ ჰქონდა. და მიდიოდნენ ისრაელის ქვეყანაში მის გასაჩანაგებლად. და მთლად დაგლახაკდა ისრაელი მიდიანის გამო, და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს. და როცა შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს მიდიანის გამო, მოუვლინა უფალმა წინასწარმეტყველი კაცი ისრაელის ძეთ, რომელმაც უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე გამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ თქვენ მონობის სახლიდან; და გიხსენით თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან და განვდევნე ისინი თქვენი პირისაგან, და მოგეცით თქვენ მათი ქვეყანა, და გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, არ ირწმუნოთ-მეთქი ამორეველებისა, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ მკვიდრობთ, და არ შეისმინეთ ჩემი ხმა.’“ და მოვიდა უფლის ანგელოზი, და დაჯდა ყოფრაში, მუხის ქვეშ, რომელიც ეკუთვნოდა იოაშს, აბიყეზერის შთამომავალს; და გედეონი, მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა გადაემალა მიდიანელთაგან. და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი, და უთხრა მას: „უფალი შენთანაა, მამაცო მებრძოლო!“ და უთხრა მას გედეონმა: „ბატონო ჩემო! უფალი რომ ჩვენთან ყოფილიყო, ყოველივე ეს რისთვის დაგვემრთებდა? აბა, სად არის ყველა მისი სასწაული, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ: ‘ეგვიპტიდან გამოგვიყვანა უფალმა?’ და ახლა მიგვატოვა ჩვენ უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო!“ მაგრამ მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: „წადი მაგ შენი ძალითა და იხსენ ისრაელი მიდიანის ხელიდან. მე გაგზავნი შენ.“ და უთხრა მას: „ვაგლახ, ბატონო ჩემო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა ჩემი საგვარეულო ყველაზე გლახაკია მენაშეს ტომში, და მე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში.“ და უთხრა მას უფალმა: „მე ვიქნები შენთან, და ისე მოსრავ მიდიანს, როგორც ერთ კაცს.“ და თქვა: „თუ მე მადლი ვპოვე შენს თვალში, რამე ნიშანი მიჩვენე, რომ შენ მელაპარაკები. ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, და ძღვენს გამოვიტან და დავდებ შენს წინაშე.“ და მან უპასუხა: „დაგიცდი, ვიდრე დაბრუნდებოდე“ და წავიდა გედეონი, და მოამზადა თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები. ხორცი კალათში ჩააწყო, და წვენი ქილაში ჩაასხა და გამოუტანა მას მუხის ქვეშ, და მიართვა. და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „აიღე ხორცი და ხმიადები და დააწყვე ამ კლდეზე, წვენი ზედ დაასხი.“ და ასეც მოიქცა. და გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხის ბოლო, ხელში რომ ეჭირა, და შეახო ხორცსა და ხმიადებს; და ავარდა ცეცხლი კლდიდან, და შთანთქა ხორცი და ხმიადები; და უფლის ანგელოზი თვალს მიეფარა. და დაინახა გედეონმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: „ბატონო უფალო! რადგან პირისპირ ვიხილე უფლის ანგელოზი.“ და უთხრა მას უფალმა: „მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები.“ და სამსხვერპლო აუგო იქ გედეონმა უფალს, და უწოდა მას: უფალი მშვიდობაა. იგი ამ დღემდე დგას აბიყეზერელთა ყოფრაში. და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „წაიყვანე მოზვერი, მამაშენს რომ ჰყავს, და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი; და დაანგრიე სამსხვერპლო ბაყალისა, მამაშენს რომ აქვს, ხოლო აშერა, რომელიც მის გვერდითაა, აჩეხე. და აუგე უფალს, შენს ღმერთს, სამსხვერპლო ამ კლდის თავზე თავისი წესით, და აიყვანე მეორე მოზვერი და აღუვლინე სრულადდასაწველად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ.“ და წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან, და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უთხრა; და რაკი თავის მამის სახლის და ქალაქის მკვიდრების შიში ჰქონდა, ვერ გაბედა, დღისით გაეკეთებინა, ამიტომ ღამით გააკეთა. და ადგნენ დილით იმ ქალაქის მკვიდრნი და აჰა, ბაყალის სამსხვერპლო დანგრეულია და აშერა, მის გვერდით რომ იყო, აჩეხილი; მეორე მოზვერი კი ახლადაგებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი სრულადდასაწველად. და უთხრეს ერთმანეთს: „ვინ ჩაიდინა ეს საქმე?“ და გამოიძიეს და გამოიკვლიეს, და თქვეს: „გედეონ იოაშის ძემ ჩაიდინა ეს.“ და უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: „გამოიყვანე შენი ვაჟი და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა მის გვერდით აჩეხა.“ და უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: „ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ უნდა იხსნათ იგი? ვინც მას გამოესარჩლება, იგი განთიადამდე მოკვდება. თუ ღმერთია იგი, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან ვიღაცას დაუნგრევია მისი სამსხვერპლო.“ და იმ დღეს ეწოდა მას იერუბაყალი, რადგან თქვა: „თავად ბაყალმა, გასცეს პასუხი, რადგან მან დაანგრია მისი სამსხვერპლო.“ და მთელი მიდიანი და ყამალეკი, და ძენი აღმოსავლეთისა შეიყარნენ ერთად, და გადალახეს იორდანე და დაიბანაკეს იზრეყელის ველზე. და უფლის სულმა მოიცვა გედეონი: და მან დააყვირა საყვირი და თავი მოიყარეს აბიყეზერელებმა მის უკან. და მოციქულნი დაგზავნა მენაშეს მთელ ტომთან, და ისიც შეიყარა მის უკან; და გაუგზავნა აშერს, ზებულუნს და ნაფთალს; და გამოვიდნენ ისინი მათ შესახვედრად. და უთხრა გედეონმა ღმერთს: „თუ შენ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც შენ მეუბნებოდი, აჰა, მატყლის საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იქნება, მთელი მიწა კი მშრალი, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც ამბობდი.“ და ასეც მოხდა: მეორე დღეს ადგა დილაადრიან, გამოწურა საწმისი და გამოადინა საწმისს ნამი, წყლით სავსე ერთი თასი. და უთხრა გედეონმა ღმერთს: „ნუ აღიგზნება შენი რისხვა ჩემზე, თუ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მხოლოდ ერთხელ კიდევ გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი და მთელ მიწაზე კი ცვარი იყოს.“ და ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს. და მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იყო. და ადგა დილაადრიან იერუბაყალი, იგივე გედეონი, და მთელი მასთან მყოფი ხალხი, და დაიბანაკეს ხაროდის წყაროსთან; და მიდიანის ბანაკი იყო მის ჩრდილოეთით, მორეს ბორცვთან, ველზე. და უთხრა უფალმა გედეონს: „ბევრი ხალხი გყავს საიმისოდ, რომ მიდიანი ჩავუგდო მათ ხელში, რათა არ გაყოყოჩდეს ისრაელი ჩემზე, და არ თქვას: ‘ხელმა ჩემმა მიხსნა.’ და ახლა, მოდი, გამოუცხადე ხალხს გასაგონად და უთხარი: ‘ვინც შეშინებულია და კანკალებს, გაბრუნდეს და წავიდეს გილყადის მთიდან.’“ და გაბრუნდა ხალხიდან ოცდაორი ათასი, და ათი ათასი დარჩა. და უთხრა უფალმა გედეონს: „მაინც ბევრია ხალხი; ჩაიყვანე ისინი წყალზე და იქ გამოგირჩევ; და ვისზეც გეტყვი, ეს გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს, და ყველა ვისზეც გეტყვი, ეს არ გამოგყვეს-მეთქი, ნუ წამოვა.“ და ჩაიყვანა გედეონმა ხალხი წყალზე. და უთხრა უფალმა გედეონს: „ყველა, ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლი სვლეპს, ცალკე დააყენე; ყველა, ვინც, დასალევად ჩაიმუხლება, ასევე გამოაცალკევე.“ და მსვლეპავთა რიცხვი, ვინც პეშვი პირთან მიიტანა, იყო სამასი კაცი; და ყველა დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა წყლის დასალევად. და უთხრა უფალმა გედეონს: „ამ სამასი მსვლეპელი კაცით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებ მიდიანს, და მთელი ხალხი წავიდეს, თითოეული თავის ადგილზე.“ და აიღეს მათ ხელში ხალხის საგზალი და რქის საყვირები; და სამასი კაცი დაიტოვა; და მიდიანის ბანაკი იყო მათ ქვემოთ, ველზე. და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „ადექი, ჩადი ბანაკში, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი. და თუ მარტო ჩასვლისა გეშინია, შენ და შენი მსახური ფურა ჩადით. და მოისმინე, რასაც იტყვიან, და მერე ხელებში სიმტკიცე მოგეცემა და ჩახვალ ბანაკში.“ და ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურა, იარაღასხმულთა განაპირა რიგებისაკენ, ბანაკში რომ იყვნენ. და მიდიანი, ყამალეკი და ყველა ძე აღმოსავლეთისა ველზე იყვნენ განლაგებულნი, კალიასავით ურიცხვნი; და მათ აქლემებს თვლა არ ჰქონდათ; იმდენი იყვნენ, როგორც ქვიშა ზღვის ნაპირას. და მოვიდა გედეონი. და აჰა, ერთი კაცი სიზმარს უყვება თავის მოყვასს და ეუბნება: „აჰა, სიზმარი მესიზმრა: ვითომ ქერის პური დაგორდა მიდიანის ბანაკში, კარავს რომ მიაღწია, დაეჯახა და დასცა, თავდაყირა დააყენა და დაემხო კარავი.“ და მიუგო მოყვასმა, და უთხრა: „ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მახვილი გედეონისა, იოაშის ძისა, ისრაელის კაცისა; მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.“ და როცა გედეონმა ამ სიზმრის მოყოლა და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს და აბრუნდა ისრაელის ბანაკში, და თქვა: „ადექით! რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის ბანაკი.“ და გაჰყო მან სამასი კაცი სამ რაზმად, და ყველას საყვირები და ცარიელი დოქები მისცა ხელში, დოქებში კი ლამპრები იყო. და უთხრა მათ: „მიყურეთ და იგივე გააკეთეთ; აჰა, მივალ ბანაკის კიდესთან, და მოიქეცით, როგორც მე მოვიქცევი! და დავაყვირებთ საყვირს მე და ჩემთან მყოფნი; თქვენც დააყვირეთ საყვირები მთელი ბანაკის ირგვლივ და თქვით: „უფლისათვის და გედეონისათვის!“ და მივიდა გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი ბანაკის კიდესთან, შუაღამე რომ დგებოდა; და გამოცვალეს მცველნი და დააყვირეს საყვირები და დალეწეს დოქები, ხელში რომ ჰქონდათ. და დააყვირა სამივე გუნდმა საყვირები და დალეწეს დოქები, მარცხენა ხელში ლამპრები ეჭირათ, ხოლო მარჯვენა ხელში საყვირები დასაყვირებლად, და გაჰყვირეს: „მახვილი უფლისათვის და გედეონისათვის!“ თითოეული თავ-თავის ადგილას იდგა, ბანაკის გარშემო; და გაიქცა მთელი ლაშქარი, და ყვიროდნენ და მირბოდნენ. და დააყვირა სამასმა საყვირი და უფალმა ერთმანეთზე აღამართინა მახვილი მთელ ლაშქარში; და უკუიქცა ლაშქარი და მირბოდა ბეთ-შიტამდე ცერარასაკენ, აბელ-მექოლას საზღვრამდე, ტაბათის მახლობლად. და მოუხმეს ისრაელის კაცებს ნაფთალიდან, აშერიდან და მთელი მენაშედან და დაედევნენ უკან მიდიანს. და გაგზავნა მოციქულები გედეონმა ეფრემის მთაში, შეუთვალა: „ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანს და დაიჭირეთ წყლები ბეთ-ბარამდე და იორდანე.“ და შეიკრიბა ეფრემის ყველა კაცი და დაიჭირეს წყლები ბეთ-ბარამდე და იორდანე. და შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი: ყორები და ზეები, და მოკლეს ყორები ყორების კლდესთან, ხოლო ზეები ზეების საწნახელთან, და დაედევნენ მიდიანს; და ყორებისა და ზეების თავები კი გედეონს მოუტანეს იორდანეს გაღმიდან. და უთხრეს მას ეფრემის კაცებმა: „ეს რა გააკეთე, რომ არ მოგვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი?“ და მაგარი ჩხუბი აუტეხეს. და უპასუხა გედეონმა მათ: „თქვენოდენი მე რა გამიკეთებია? ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს? ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები, ყორები და ზეები; და სად შემეძლო თქვენოდენი გამეკეთებია?“ და დაცხრა მათი რისხვა, ეს სიტყვა რომ უთხრა. და მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა, დევნით დაქანცულმა. და სთხოვა მან სუქოთის მცხოვრებთ: „მიეცით პურის კვერები იმ ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან დაქანცულები არიან, და მე მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებახს და ცალმუნაყს. და ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: „განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გყვანან, რომ შენს ლაშქარს მივცეთ პური?“ მიუგო გედეონმა: „კეთილი. როცა უფალი ზებახს და ცალმუნაყს ხელში ჩამაგდებინებს, უდაბნოს ეკლით და კვრინჩხის ტოტებით დაგიფლეთთ ხორცებს.“ და წავიდა იქიდან ფენუელისაკენ, და იგივე სთხოვა მათ; და ფენუელის მკვიდრებმაც იგივე მიუგეს, როგორც სუქოთის მკვიდრებმა მიუგეს. და უთხრა მან ფენუელის მკვიდრებსაც, ასე: „ჩემი დაბრუნებისას ამ კოშკს დავანგრევ.“ ხოლო ზებახი და ცალმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტი ათასამდე კაცით, აღმოსავლეთის ძეთა მთელი ლაშქრიდან რაც გადარჩა; ხოლო ას ოცი ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი დაცემული იყო. და წავიდა გედეონი კარვებში მობინადრეთა გზით, ნობახისა და იოგბეჰას აღმოსავლეთით, და დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი. და გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, და ის კვალდაკვალ დაედევნა მათ, და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე – ზებახი და ცალმუნაყი, და თავზარი დასცა მთელ ბანაკს. და დაბრუნდა გედეონი, ძე იოაშისა, ბრძოლიდან, ქერესის მაღლობიდან. და შეიპყრო ერთი სუქოთელი ჭაბუკი და დაჰკითხა იგი. და ჩამოუწერა მან სუქოთის მთავრები და მისი უხუცესები – სამოცდაჩვიდმეტი კაცი. და მოვიდა სუქოთელებდთან, და უთხრა: „აი, ზებახი და ცალმუნაყი, ამათ გამო იყო რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: ‘განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გყვანან, რომ შენს დაქანცულ ხალხს პური მივცეთ?“ და გამოიყვანა ქალაქის უხუცესნი, და უდაბნოს ეკალი და კვრინჩხის ტოტები აიღო, და იმით დასაჯა სუქოთელები. ფენუელის კოშკი დაანგრია და იმ ქალაქის მკვიდრები დახოცა. და უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: „რანაირები იყვნენ ის კაცები, თაბორზე რომ დახოცეთ?“ და მათ მიუგეს: „შენნაირები იყვნენ, თითოეული ტანადობით მეფისწულს ჰგავდა.“ და თქვა გედეონმა: „ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. ვფიცავ უფალს, თქვენ რომ ისინი გეცოცხლებინათ, აღარც თქვენ დაგხოცავდით.“ და უთხრა მან იეთერს, თავის პირმშოს: „ადექი, დახოცე ესენი!“ და ვერ იშიშვლა ბიჭმა მახვილი, რადგან შეშინდა, რაკი ჯერ კიდევ პატარა იყო. და უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: „ადექ და შენ დაგვხოცე რადგან რაც კაცია, მისი ძალღონეც ის არის.“ და ადგა გედეონი და დახოცა ზებახი და ცალმუნაყი, და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს. და უთხრეს ისრაელის კაცებმა გედეონს: „იხელმწიფეთ ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელის ხელიდან.“ და უპასუხა მათ გედეონმა: „მე არ ვიხელმწიფებ თქვენზე და არც ჩემი ძე იხელმწიფებს თქვენზე; უფალი იხელმწიფებს თქვენზე.“ და უთხრა მათ გედეონმა აგრეთვე: „თხოვნით ერთსა გთხოვთ: თითოეულმა თითო საყურე მომცეს თავის ნადავლიდან.“ და მათ უთხრეს: „მოგცემთ.“ და გაშალეს წამოსასხამი, და თითოეულმა თითო საყურე დააგდო თავისი ნადავლიდან. და წონა ოქროს საყურეებისა, მან რომ გამოითხოვა, იყო ათას შვიდასი ოქროს შეკელი, გარდა მიდიანის მეფისაგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდლებისა, ძოწეულისა და გულქანდებისა, მათს აქლემებს კისრებზე რომ ეკიდათ. და გააკეთა მისგან გედეონმა ეფოდი, და დადო იგი თავის ქალაქში, ყოფრაში; და მეძაობდა იქ მთელი ისრაელი იმის კვალზე და მახედ ექცა გედეონსა და მის სახლს. და დამორჩილდა მიდიანი ისრაელის ძეთ, და მეტი აღარ წამოუყვიათ მათ თავი, და მოისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლეში. და წავიდა იერუბაყალი, იოაშის ძე, და თავის სახლში დამკვიდრდა. ხოლო გედეონს ჰყავდა სამოცდაათი ძე, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა მას. და მისმა შექემელმა ხარჭამაც, ვაჟი გაუჩინა; და დაარქვა მას სახელად აბიმელექი. და მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში, და დაიმარხა მისი მამის, იოაშის, სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში. გედეონი რომ მოკვდა, ისევ დაიწყეს ისრაელის ძეთ მეძაობა ბაყალის კვალზე და ღმერთად გაიხადეს ბაყალ-ბერითი. და აღარ გაიხსენეს ისრაელის ძეთ უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან. და არც იერუბაყალ-გედეონის სახლს უყვეს წყალობა, იმ მთელი სიკეთისათვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს. და წავიდა აბიმელექ იერუბაყალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, და უთხრა მათ და თავისი დედის მამისსახლის მთელ საგვარეულოს: „ჰკითხეთ ყველა შექემელს: ‘რა გირჩევნიათ – მთელი სამოცდაათი კაცი, იერუბაყალის ყველა ძე, ხელმწიფებდეს თქვენზე, თუ მე, ერთი კაცი, ვხელმწიფებდე თქვენზე?’ და გახსოვდეთ, რომ მე თქვენი ძვალი და თქვენი ხორცი ვარ.“ და მისმა დედის ძმებმა ჩაასმინეს ყველა შექემელს ყველა ეს სიტყვა მასზე; და გადაიხარა მათი გული აბიმელექისაკენ, რადგან თქვეს: „ძმა არის ჩვენი.“ და მისცეს მას სამოცდაათი ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან, და დაიქირავა ამით აბიმელექმა უღირსი და თავზეხელაღებული კაცები, და უკან გაჰყვნენ მას. და მივიდა თავისი მამის სახლში, ყოფრაში, და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი, და მხოლოდ იოთამი გადარჩა, იერუბაყალის უმცროსი ვაჟი, რადგან დაიმალა. და თავი მოიყარა ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან აღმართულ სვეტთან, რომელიც შექემშია. და შეატყობინეს იოთამს, და წავიდა ისიც და გადმოდგა გერიზიმის მთის თხემზე, და აღიმაღლა ხმა, და დაიძახა და უთხრა მათ: „ისმინეთ ჩემი, შექემელებო, რათა ღმერთმა გისმინოთ! წავიდნენ ერთხელ ხეები, რომ თავიანთთვის მეფე ეცხოთ, და უთხრეს ზეთისხილს: ‘იმეფე ჩვენზე.’ და უთხრა მათ ზეთისხილმა: ‘მივატოვო ჩემი სიმსუყე, რომლითაც ღმერთსა და კაცს განადიდებენ, და ხეებზე სახეტიალოდ წავიდე?’ და უთხრეს ხეებმა ლეღვს: ‘მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.’ და უთხრა მათ ლეღვმა: ‘მივატოვო ჩემი სიტკბოება და ჩემი ნაყოფი და ხეებზე სახეტიალოდ წავიდე?’ და უთხრეს ხეებმა ვაზს: ‘მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.’ და უთხრა მათ ვაზის ლერწმა: ‘ნუთუ მივატოვო ჩემი წვენი, გამხარებელი ღვთისა და კაცისა, და ხეებზე ვიხეტიალო?“ და უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: ‘მოდი, შენ იმეფე ჩვენზე’. და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: ‘თუ თქვენ მართლა თქვენს მეფედ მცხებთ, მოდით, შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს; და თუ არა და, ამოვარდეს კვრინჩხიდან ცეცხლი და შთაინთქას ლიბანის ნაძვები.’ აბა, სწორად და პატიოსნად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაყალს და მის სახლს? ღვაწლისამებრ მოექეცით მას? მამაჩემი თქვენი გულისთვის იბრძოდა, თავისი სული გაწირა, და გიხსნათ თქვენ მიდიანის ხელიდან; და თქვენ დღეს წინ აღუდექით მამაჩემის სახლს და ერთ ქვაზე დაკალით მისი ძეები, სამოცდაათი კაცი და აბიმელექი, მისი ხარჭას ვაჟი, შექემელებზე გაამეფეთ, რადგან თქვენი მოძმეა იგი. და თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით იერუბაყალს და მის სახლს, მაშინ იხარეთ აბიმელექით და მანაც იხაროს თქვენით; თუ არა და, ამოვარდეს ცეცხლი აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი; ამოვარდეს ცეცხლი შექემელთაგან და მილოს სახლიდან და შთანთქას აბიმელექი!“ და გამოიპარა იოთამი, გაიქცა და წავიდა ბეერისაკენ, და იქ დამკვიდრდა თავისი ძმის, აბიმელექის, გამო. და მთავრობდა აბიმელექი ისრაელზე სამი წელი. და ღმერთმა ბოროტი სული გამოგზავნა აბიმელექსა და შექემელებს შორის, და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს, რათა მოწეულიყო იერუბაყალის სამოცდაათი ძის მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება და მათი სისხლი მოჰკითხოდა აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომელთაც ხელი გაუმაგრეს, რომ თავისი ძმები დაეხოცა. და მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, და ძარცვავდნენ ყველას, ვინც მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა და მოახსენეს ეს ამბავი აბიმელექს. და მოვიდნენ გაყალ ყებედის ძე და ძმანი მისნი, და გაიარეს შექემში; და მას მიენდნენ შექემელები. და გავიდნენ მინდორში, მოკრიფეს ყურძენი, დაწურეს და ზეიმი გამართეს. შევიდნენ თავიანთი ღმერთის სახლში და ჭამდნენ და სვამდნენ, და წყევლიდნენ აბიმელექს. და თქვა გაყალ ყებედის ძემ: „ვინ არის აბიმელექი და რა არის შექემი, მას რომ ვემსახუროთ? განა იერუბაყალის ძე არ არის ის და განა ზებული, არ არის მისი მოხელე? უკეთესია ემსახუროთ ხამორს, შექემის მამას, მას რატომ უნდა ვემსახუროთ? ეს ხალხი რომ ჩემს ხელთ იყოს, მე მოვაშორებდი აბიმელექს.“ და ეთქვა აბიმელექს: „გაზარდე შენი ჯარი და გამოდი!“ ზებულმა, ქალაქის მთავარმა, გაიგო გაყალ ყებედის ძის სიტყვები და აღიგზნო მისი რისხვა. და გაუგზავნა მოციქულები აბიმელექს ფარულად და შეუთვალა: „აჰა, მოვიდა გაყალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და გიმხედრებენ ქალაქს. და ახლა, ამაღამვე, ადექით შენ და შენთან მყოფი ხალხი, და ჩაუსაფრდით ველად. და განთიადისას, მზის ამოსვლისას, ადექი დილაადრიან და შემოუტიე ქალაქს; და წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი და მაშინ ის უყავი მას, რაც შენს ხელს ძალუძს.“ და ადგა ღამე აბიმელექი და მთელი მასთან მყოფი ხალხი, და ოთხ რაზმად ჩაუსაფრდა შექემთან. და გამოვიდა გაყალ ყებედის ძე, და დადგა ქალაქის კარიბჭის შესასვლელთან; და გამოვიდა საფარიდან აბიმელექი თავის ხალხთან ერთად. და, რა დაინახა გაყალმა ხალხი, უთხრა ზებულს: „შეხედე, ხალხი ეშვება მთათა თხემებიდან.“ და უთხრა მას ზებულმა: „მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება.“ და კვლავ ალაპარაკდა გაყალი და თქვა: „ხალხი ეშვება მაღლობიდან, და ერთი რაზმი მოდის მისანთა მუხის გზიდან.“ და უთხრა მას ზებულმა: „სად არის შენი ბაგე, რომლითაც თქვი: ‘ვინ არის აბიმელექი, მას რომ ვემსახურებოდეთ?’ აგერ, ეს ხალხია, შენ რომ მოიძულე. გადი და შეები მათ.“ და გაუძღვა გაყალი შექემელებს და შეება აბიმელექს. და დაედევნა მას აბიმელექი და უკუიქცა იგი მისგან, და დაეცა მრავალი დახოცილი კარიბჭის შესასვლელამდე. და დარჩა აბიმელექი ყარუმაში; და განდევნა ზებულმა გაყალი და ძმანი მისნი, რათა არ დარჩენილიყვნენ შექემში. მეორე დღეს გავიდა ხალხი ველად და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს. და გაიყვანა მან თავისი ხალხი და გაჰყო ისინი სამ რაზმად, და ველზე ჩასაფრდა. და ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, დაესხა მათ თავს და მოსრა ისინი. აბიმელექი და მისი რაზმები კი წინ გაიჭრნენ და შედგნენ ქალაქის კარიბჭის შესასვლელთან, ხოლო ორი რაზმი შეესია ყველას, ვინც ველზე იყო, და ხოცავდა მათ. აბიმელექი კი მთელი დღე ებრძოდა ქალაქს და აიღო ქალაქი, და გაწყვიტა შიგ მყოფი ხალხი, დაანგრია ქალაქი და მარილი დათესა. და შეიტყო ეს ამბავი შექემის გოდლის ყველა მკვიდრმა და შეცვიდნენ ელ-ბერითის სახლის გოდოლში. და მოხსენდა აბიმელექს, ერთად შეიყარაო შექემის ყველა მკვიდრი, და ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, და აიღო აბიმელექმა ცული ხელში და მოჭრა ტოტი, და ასწია იგი და გაიდო თავის მხარზე, და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: „ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე გააკეთეთ.“ მოჭრა მთელმა ხალხმაც, თითოეულმა თითო ტოტი, და გაჰყვა აბიმელექს, და შემოუწყვეს ისინი გოდოლს და ცეცხლს მისცეს გოდოლი და შიგ მყოფნი. და ამოწყდა შექემის ყველა მკვიდრი, თითქმის ათასამდე კაცი და ქალი. და წავიდა აბიმელექი თებეცში, და ალყა შემოარტყა თებეცს და დაიპყრო იგი. მტკიცე გოდოლი იყო შუა ქალაქში და იქ გაიქცა ყველა, კაცი თუ ქალი, და ყველა მკვიდრი ქალაქისა, და გამოიკეტეს კარი და ავიდნენ გოდლის ბანზე. და მივიდა აბიმელექი გოდოლთან, და შეუტია და მიადგა გოდლის შესასვლელს, რათა დაეწვა იგი ცეცხლით. და ამ დროს ერთმა დედაკაცმა დოლაბის ნატეხი მოახვედრა აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია. და უმალ თავისი საჭურველთმტვირთველი იხმო და უთხრა მას: „იშიშვლე შენი მახვილი და მომკალი, რომ არა თქვან ჩემზე, დედაკაცმა მოკლაო.“ და განგმირა იგი მისმა მსახურმა ბიჭმა, და მოკვდა. და როცა დაინახეს ისრაელის კაცებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. ასე მიუზღო სამაგიერო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისათვის, რაც მან თავის მამის მიმართ ჩაიდინა, თავისი სამოცდაათი ძმა რომ მოკლა. და შექემელებზე მოაქცია ღმერთმა ყველა მათი ბოროტება. და ეწიათ მათ იოთამ იერუბაყალის ძის წყევლა. აბიმელექის შემდგომ აღდგა თოლაყი, ძე ფუყასი, ძისა დოდოსი, ისაქარის კაცი, ისრაელის სახსნელად. და ცხოვრობდა იგი შამირში, ეფრემის მთაზე. და განსჯიდა ისრაელს ოცდასამი წელი, და მოკვდა და დაიმარხა შამირში. და მის შემდგომ დადგა იაირ გილყადელი და განსჯიდა ისრაელს ოცდაორი წელი. და ჰყავდა მას ოცდაათი ვაჟი, ოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებული, და ოცდაათი ქალაქი ჰქონდათ მათ, დღემდე ხავოთ-იაირად წოდებული. გილყადის ქვეყანაში რომ არის. და მოკვდა იაირი და დაიმარხა კამონში. და განაგრძეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში, და ემსახურებდნენ ბაყალებს და ყაშთაროთებს, და არამის ღმერთებს, და ციდონის ღმერთებს, და მოაბის ღმერთებს, და ყამონელთა ღმერთებს, და ფილისტიმელთა ღმერთებს; და მიატოვეს უფალი, და აღარ ემსახურებოდნენ მას. და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ჩაყარა ისინი ფილისტიმელთა და ყამონის ძეთა ხელში. და იმ წლიდან მოკიდებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისრაელის ძეთ თვრამეტი წელი, ყოველ ისრაელის ძეს, ვინც იორდანეს გაღმა იყო ამორეველების ქვეყანაში, გილყადში. და გადალახეს ყამონის ძეთ იორდანე, რომ იუდას, ბენიამინისა და ეფრემის სახლს შებრძოლებოდნენ, და გაუჭირდა ისრაელს ფრიად. და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს და უთხრეს: „შეგცოდეთ შენ, რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაყალებს!“ და უთხრა უფალმა ისრაელის ძეთ: „ხომ დაგიხსენით ეგვიპტელთაგან, ამორეველთაგან, ყამონელთაგან, ფილისტიმელთაგან, და ციდონელები, ყამალეკი, და მაყონი, გავიწროებდნენ თქვენ; და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათ ხელთაგან? მაგრამ თქვენ მიმატოვეთ და ემსახურებოდით სხვა ღმერთებს, ამიტომ მეტს აღარ გიხსნით თქვენ. წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს, მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!“ და უთხრეს ისრაელის ძეთ უფალს: „შევცოდეთ ჩვენ! და გვიყავი, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.“ და განიშორეს უცხო ღმერთები და ემსახურებოდნენ უფალს. და მეტი ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა-წამება. და შეიყარნენ ყამონელები და გილყადში დაბანაკდნენ. შეიყარნენ და დაბანაკდნენ ისრაელის ძენიც მიცფაში. და გილყადის ხალხმა და მთავრებმა უთხრეს ერთმანეთს: „ვინც პირველი შეებრძოლება ყამონელებს, ის იყოს გილყადის მკვიდრთა წინამძღოლი.“ იფთახ გილყადელი მამაცი კაცი იყო. და იყო იგი ძე მეძავი დიაცისა. გილყადმა შვა იფთახი. და გილყადის ცოლმაც უშვა მას ძეები. და დაიზარდნენ მისი ცოლის ძენი, და მათ გააძევეს იფთახი და უთხრეს მას: „შენ არ დაიმკვიდრებ მამაჩვენის სახლს, რადგან სხვა ქალის ძე ხარ.“ და გაერიდა იფთახი თავის ძმებს და დამკვიდრდა ტობის ქვეყანაში. და უღირსმა კაცებმა მოიყარეს თავი იფთახთან და წავიდნენ მასთან ერთად. გამოხდა ხანი და შეებრძოლნენ ყამონის ძენი ისრაელს. და როცა ყამონის ძეთ ომი გაუმართეს ისრაელიანებს, წავიდნენ გილყადის უხუცესები, რათა იფთახი მოეყვანათ ტობის ქვეყნიდან. და უთხრეს იფთახს: „მოდი, გახდი ჩვენი მეთაური და შევებრძოლოთ ყამონის ძეთ.“ და უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: „თქვენ ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ მამაჩემის სახლიდან და ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ?“ და უთხრეს გილყადის უხუცესებმა იფთახს: „ახლა იმიტომ მოვბრუნდით შენთან, რომ წამოგვყვე და შეებრძოლო ყამონის ძეთ, და გილყადის ყველა მკვიდრის მეთაური გახდე.“ და უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: „თუ თქვენ დამაბრუნებთ ყამონის ძეებთან საბრძოლველად და უფალი ხელში ჩამიგდებს მათ, მე ვიქნები თქვენი მეთაური?“ და უპასუხეს მას გილყადის უხუცესებმა: „უფალი იყოს მოწმე ჩვენს შორის, თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცევით.“ და წავიდა იფთახი გილყადის უხუცესებთან ერთად, და ის დანიშნა ხალხმა მეთაურად და წინამძღვრად. და თქვა იფთახმა ყველა თავისი სიტყვა უფლის წინაშე მიცფაში. და გაუგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონის ძეთა მეფეს და უთხრა: „რა გვაქვს მე და შენ გასაყოფი, რომ მომიხდი ჩემს ქვეყანაში საბრძოლველად?“ და ყამონის ძეთა მეფემ იფთახის მოციქულებს ასე უპასუხა: „რადგან ისრაელმა ჩემი ქვეყანა დაიკავა, როცა ეგვიპტიდან გამოვიდა – არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე – ახლა მშვიდობიანად დამიბრუნე ისინი.“ და კვლავ მიუგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონის ძეთა მეფეს, რათა ეთქვათ: „ასე ამბობს იფთახი: არ დაუკავებია ისრაელს მოაბის ქვეყანა და ყამონის ძეთა ქვეყანა, რადგან ეგვიპტიდან რომ გამოვიდნენ, იარა ისრაელმა უდაბნოში მეწამულ ზღვამდე, და კადეშს მიადგა. მაშინ გაუგზავნა ისრაელმა მოციქულნი ედომის მეფეს და სთხოვა: ‘გამატარე შენს ქვეყანაზე,’ და არ ისმინა ედომის მეფემ; და აგრეთვე მიუგზავნა მოაბის მეფეს და არც მან ინება; და ისრაელი კადეშში დამკვიდრდა. და წავიდა უდაბნოში და შემოუარა ედომის ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, და მივიდა მოაბის ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან; და დაიბანაკა არნონის გაღმა, და ფეხი არ შეუდგამთ მოაბის მიწა-წყალზე, რადგან არნონი იყო მოაბის საზღვარი. და გაუგზავნა ისრაელმა მოციქულნი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, და უთხრა მას ისრაელმა: ‘გთხოვ, გამატარე შენს ქვეყანაზე!’ და სიხონმა არ გაატარა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. და სიხონმა შეკრიბა მთელი თავისი ხალხი, და დაიბანაკეს იაჰცაში, და შეებრძოლნენ ისრაელს. და უფალმა, ისრაელის ღმერთმა, სიხონი და მთელი მისი ხალხი ხელში ჩაუგდო ისრაელს, და მოსრეს ისინი. და დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა; და დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე. და უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ასე აჰყარა ამორეველები თავისი ხალხის, ისრაელის, პირისაგან და შენ გინდა დაიმკვიდრო იგი? განა იმას არა ფლობ, რაც ქამოშმა, შენმა ღმერთმა, დაგიმკვიდრა. და ყველას, ვინც უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, აჰყარა ჩვენი პირისაგან, ჩვენ დავიმკვიდრებთ. და ახლა, რითი სჯობიხარ ბარაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? მას ხომ ისრაელთან არც პაექრობით უპაექრია და არც ბრძოლით უბრძოლია? უკვე სამასი წელია, რაც ისრაელი მკვიდრობს ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, და ყველა ქალაქში, არნონის გაღმა-გამოღმა, იმხანადვე რატომ არ დაიბრუნე ისინი? მე შენთვის არ შემიცოდავს, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საომრად. განსაჯოს უფალმა, მსაჯულმა ისრაელის ძეთა და ყამონის ძეთა შორის!“ და არ მოისმინა ყამონის ძეთა მეფემ იფთახის სიტყვა, რომელიც მან შეუთვალა. და იყო იფთახზე სული უფლისა, და გაიარა იფთახმა გილყადი და მენაშე, და გაიარა გილყადის მიცფა, და გილყადის მიცფადან წავიდა ყამონის ძეთა წინააღმდეგ. და აღუთქვა იფთახმა აღთქმა უფალს, და თქვა: „თუ ყამონის ძეთ ხელში ჩამიგდებ, მაშინ ასე იქნება: ვინც ჩემი სახლის კართაგან გამომეგებება, როდესაც ყამონის ძეთაგან მშვიდობით დავბრუნდები, უფლისა იყოს იგი და აღვავლენ მას სრულადდასაწველად.“ და მივიდა იფთახი ყამონის ძეებთან საბრძოლველად, და ხელში ჩააგდებინა ისინი უფალმა. და მოსრა ისინი ყაროყერიდან, ვიდრე მინითის შესასვლელამდე, ოცი ქალაქი, და ვიდრე აბელ-ქერამიმამდე, ძალზე დიდი მოსვრით; და დამორჩილებულ იქნენ ყამონის ძენი ისრაელის ძეთა წინაშე. და მივიდა იფთახი მიცფას, თავის სახლში. და აჰა, მისი ასული გამოეგება სიმღერითა და როკვით; მხოლოდ ის ერთი ჰყავდა მას, იფთახს მის გარდა არც ვაჟი ჰყოლია არც ასული. და მის დანახვაზე იფთახმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „ვაიმე, ჩემო ასულო! უბედურებით გამაუბედურე; და შენ იქმენ ჩემს მჭუნვარებად; და ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვეღარ გადავთქვამ.“ და ასულმა უთხრა მას: „მამაჩემო, შენ თუ უფლის წინაშე ბაგე გახსენი, მიყავ, როგორც შენმა ბაგემ წარმოთქვა, რადგან უფალმა შური გაძიებინა შენს მტრებზე, ყამონის ძეებზე.“ და უთხრა მამამისს: „ეს ერთი რამ შემისრულე: გამიშვი ორი თვით; წავალ და მთებში ავალ, რათა ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირო ჩემი ქალწულობა.“ და უთხრა მას იფთახმა: „წადი.“ და გაუშვა იგი ორი თვით. და წავიდა ის თავის დობილებთან და ტიროდა მთაში თავის ქალწულობას. და ორი თვის ბოლოს დაბრუნდა თავის მამასთან, და ისიც იმ აღთქმისამებრ მოიქცა, რომელიც აღთქმული ჰქონდა. და მას მამაკაცი არ შეუცვნია. ეს წესად დაიდო ისრაელში: წლიდან წლამდე ისრაელის ძეთა ასულნი მიდიოდნენ, რათა დაეტირებინათ იფთახ გილყადელის ასული, ოთხ დღეს წელიწადში. და ამის შემდეგ შეიყარნენ ეფრემის კაცები და გადავიდნენ ცაფონში, და უთხრეს იფთახს: „რატომ წახვედი საბრძოლველად ყამონის ძეებთან და ჩვენ არ დაგვიძახე, რომ შენთან წამოვსულიყავით? შენ სახლს თავზე დაგაწვავთ ცეცხლით.“ და უთხრა იფთახმა მათ: „მე და ჩემს ხალხს დიდი პაექრობა გვქონდა ყამონის ძეებთან და მე დაგიძახეთ, მაგრამ თქვენ არ მიხსენით მათი ხელიდან. და როცა დავინახე, რომ თქვენ ჩემი მხსნელები არ იყავით, საფრთხეში ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე და წავედი ყამონის ძეთა წინააღმდეგ და ხელში ჩამაგდებინა ისინი უფალმა. და რად გამოხვედით დღეს ჩემთან საბრძოლველად?“ და შეკრიბა იფთახმა ყველა მკვიდრი გილყადისა და შეება ეფრემს და მოსრეს გილყადის მკვიდრებმა ეფრემი, რადგან თქვეს: „თქვენ ეფრემის ლტოლვილები ხართ, გილყადი კი ეფრემის შორისაა და მენაშეს შორისაა.“ და გადაუჭრეს გილყადელებმა ეფრემს იორდანეს ფონები და, როდესაც იტყოდა ეფრემის ლტოლვილთაგანი: „გადმოვლახავ,“ ეუბნებოდნენ გილყადელი კაცები: „შენ ხომ ეფრემიანი ხარ?“ და ის ამბობოდა: „არა!“ და ეუბნებოდნენ მას: „აბა თქვი – შიბოლეთ“ და თუ იტყოდა „სიბოლეთ“ და ვერ გამოთქვამდა სწორად, მაშინ შეიპყრობდნენ მას და კლავდნენ იორდანეს ფონებთან. და დაეცა იმ დროს ეფრემიდან ორმოცდაორი ათასი კაცი. და განსჯიდა იფთახი ისრაელს ექვსი წელი. და მოკვდა გილყადელი იფთახი და დაიმარხა გილყადის ერთ-ერთ ქალაქში. და განსჯიდა მის შემდეგ ისრაელს იბცან ბეთლემელი. და ჰყავდა მას ოცდაათი ძე და ოცდაათი ასული. მან გაათხოვა თავისი ასულები და ოცდაათი ქალიშვილი მოუყვანა თავის ძეებს; და შვიდ წელიწადს განსჯიდა ისრაელს. და მოკვდა იბცანი და დაიმარხა ბეთლემს. და მის შემდეგ ისრაელს განსჯიდა ელონ ზებულუნელი. ათ წელიწადს განსჯიდა იგი ისრაელს. და მოკვდა ელონ ზებულუნელი, და დაიმარხა აიალონში, ზებულუნის ქვეყანაში. და მის შემდეგ ისრაელს განსჯიდა ყაბდონი, ძე ჰილელისა, ფირყათონელი. და ჰყავდა მას ორმოცი ძე და ოცდაათი შვილიშვილი სამოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებულნი. და რვა წელიწადი განსჯიდა ისრაელს. და მოკვდა ყაბდონი, ძე ფირყათონელი ჰილელისა, და დაიმარხა ფირყათონს, ეფრემის ქვეყანაში, ყამალეკელის მთაზე. ისრაელიანები ისევ აკეთებდნენ ბოროტებას უფლის თვალში; და უფალმა ფილისტიმელთა ხელში ჩაჰყარა ისინი ორმოც წელიწადს. და იყო მაშინ ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, და სახელად მანოახი ერქვა; და ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა. და გამოეცხადა უფლის ანგელოზი ამ ქალს და უთხრა მას: „აჰა, შენ, ბერწი ხარ და შვილი არ გაგიჩენია, მაგრამ დაორსულდები და ვაჟს გააჩენ. და ახლა გაფრთხილდი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, და უწმიდური არაფერი ჭამო. რადგან აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, და სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა საშოდანვე, და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“ და მოვიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: „ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, ძალზე საპატიო; არ მიკითხავს მისთვის სადაურობა, და არც თვითონ მითხრა თავისი სახელი. და მითხრა: ‘დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; და არ დალიო ღვინო და თაფლუჭი და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა საშოდან მის სიკვდილამდე.’“ და ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს, და თქვა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც შენ მოავლინე, კიდევ ერთხელ გვეწვიოს და გვასწავლოს, თუ რა ვუყოთ იმ ყრმას, რომელიც გაჩნდება.“ და უსმინა ღმერთმა მანოახს, და ხელახლა მოვიდა ღვთის ანგელოზი ამ ქალთან, როცა იგი მინდორში იჯდა, და მანოახი, მისი ქმარი, არ იყო მასთან. და სწრაფად გაიქცა ქალი შეატყობინა თავის ქმარს: „აჰა, გამომეცხადა კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან.“ და ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს და მივიდა იმ კაცთან და უთხრა მას: „შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკე?“ და უთხრა: „მე ვარ.“ და უთხრა მანოახმა: „ახლა, შენი სიტყვა რომ ახდება, რა უნდა იყოს ამ ყრმის ცხოვრების წესი და საქმე?“ და უფლის ანგელოზმა უთხრა მანოახს: „ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი. და ვაზისაგან მოწეულს არაფერს გაეკაროს, ღვინო და თაფლუჭი არ დალიოს, უწმიდური არაფერი ჭამოს. ყველაფერი, რაც მას ვამცნე, შეასრულოს.“ და უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: „ნება გვიბოძე დაგაყოვნოთ და თიკანი მოგიმზადოთ.“ და უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: „რომც დამაყოვნო, შენს პურს მაინც არ გავტეხ. თუ სრულადდასაწველის გამზადება გინდა, აღავლინე.“ რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი. და ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: „რა არის შენი სახელი? რათა, შენი სიტყვა რომ ახდება, განგადიდოთ.“ და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „რისთვის მეკითხები სახელს? საკვირველია იგი.“ და აიღო მანოახმა თიკანი და პურეულის ძღვენი, და აღუვლინა ქვაზე უფალს, და მან მოახდინა სასწაული. და მანოახი და მისი ცოლი უყურებდნენ. როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. და მანოახი და მისი ცოლი, ეს რომ დაინახეს, პირქვე დაემხნენ მიწაზე. გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახსა და მის ცოლს. და მაშინ მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი. და უთხრა მანოახმა თავის ცოლს: „სიკვდილით მოვკვდებით, რადგან ღმერთი ვიხილეთ.“ და უპასუხა ცოლმა: „უფალს ჩვენი სიკვდილი რომ ნდომებოდა, არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან სრულადდასაწველსა და პურეულის ძღვენს და არ დაგვანახვებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერ ამას.“ და შობა იმ ქალმა ძე, და უწოდა მას სახელად სამსონი, და წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა. და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორყასა და ეშთაოლს შორის. და ჩავიდა სამსონი თიმნათში, და ნახა თიმნათში ერთი ქალი ფილისტიმელთა ასულთაგან. და ავიდა და აუწყა თავის მამასა და დედას: „ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელთა ასულთაგან; მომიყვანეთ იგი ცოლად.“ და უთხრეს მას მამამისმა და დედამისმა: „ნუთუ ქალი დაილია შენს სანათესაოში და შენი ერის ასულებს შორის, რომ მიდიხარ ცოლის მოსაყვანად წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან?“ და უთხრა სამსონმა მამას: „მომიყვანე, რადგან ის მომივიდა თვალში.“ და მამამისმა და დედამისმა არ იცოდნენ, რომ უფლისაგან იყო ეს, და რომ ის საბაბს ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ; და იმ დროს ფილისტიმელნი ბატონობდნენ ისრაელზე. და ჩავიდნენ სამსონი, მამამისი და დედამისი თიმნათში, და თიმნათის ზვრებს რომ მიადგნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მათკენ. და გადმოვიდა სამსონზე უფლის სული, და მან ისე გახლიჩა იგი, როგორც კაცმა თიკანი გახლიჩოს, და ხელში არაფერი სჭერია. მამამისისა და დედამისისათვის არ უთქვამს, რა გააკეთა. და ჩავიდა და ელაპარაკა იმ ქალს, და თვალში მოუვიდა იგი სამსონს. და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა; და შეუხვია ლომის მძორის სანახავად და აჰა, ლომის მძორში ფუტკრის გუნდი და თაფლია. და პეშვით გამოიღო თაფლი. და მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. და წამოეწია თავის მამას და დედას, და მისცა მათ ეს თაფლი და ჭამეს. და არ უთქვამს, ლომის მძორიდან რომ იყო გამოღებული. და მივიდა მამამისი ქალთან, და სამსონმა იქვე ლხინი გადაიხადა, როგორც ჭაბუკები იქცეოდნენ ხოლმე. და როცა ნახა იგი, მოიყვანეს ოცდაათი მაყარი, და იყვნენ მასთან. და უთხრა მათ სამსონმა: „გამოსაცნობად ერთ გამოცანას გეტყვით; თუ ამ შვიდდღიანი ლხინის განმავლობაში გამოიცნობთ და ამოხსნით მას, ოცდაათ ხელ სელის სამოსელს და ოცდაათ ხელ საცვალს მოგცემთ; და თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი სელის სამოსი და ოცდაათი ხელი საცვალი.“ და უთხრეს მას: „თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ.“ და უთხრა მათ: „მჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი; ძლიერისაგან გამოვიდა ტკბილი.“ და სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა. და მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: „დაიყოლიე შენი ქმარი, გვითხრას ამ გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?“ და ატირდა სამსონის ცოლი მის წინაშე, და უთხრა: „შენ გძულვარ და არ გიყვარვარ, ჩემი ხალხის ძეებისათვის გამოცანა მიგიცია, ახსნას კი არ მეუბნები.“ და მან უპასუხა: „მამაჩემისა და დედაჩემისათვის არ მითქვამს და შენ გითხრა?“ და ტიროდა ცოლი მის წინაშე შვიდი დღე, რამდენ ხანსაც ის ლხინი გრძელდებოდა. და მეშვიდე დღეს კი უთხრა თავის ცოლს გამოცანის ახსნა, რადგან იძულებული გახდა. მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა გამოცანა. და ქალაქის მკვიდრებმა მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე უთხრეს სამსონს: „რა არის თაფლზე უტკბესი და ლომზე უძლიერესი?“ და უთხრა მათ: „ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას.“ და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და ჩავიდა აშკელონში და დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, და წამოიღო დავლა და ჩამოურიგა საცვლები გამოცანის გამომცნობთ. და აღიგზნო მისი რისხვა და წავიდა თავისი მამის სახლში. სამსონის ცოლი კი ქმრის მაყარმა შეირთო. რამდენიმე ხნის შემდეგ წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად პურის მკის დროს და თან ერთი თიკანი წაიყვანა. და თქვა: „შევალ ჩემს ცოლთან ოთახში!“ მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა. და უთხრა მას ქალის მამამ: „ვიფიქრე სიძულვილით მოიძულე იგი და შენს მაყარს მივათხოვე. აჰა, მისი უმცროსი და მასზე უკეთესია; ეგ წაიყვანე ცოლად მის ნაცვლად.“ და უთხრა მათ სამსონმა: „უდანაშაულო ვიქნები ამიერიდან ფილისტიმელთა წინაშე, თუ ბოროტებას ვუზამ მათ.“ და წავიდა სამსონი, და დაიჭირა სამასი მელა და აიღო ჩირაღდნები, და მათი კუდი კუდს გადაუსკვნა და ჩაატანა თითო ჩირაღდანი ორ კუდს შორის. და მოუკიდა ცეცხლი ჩირაღდნებს და გაუშვა ფილისტიმელთა ყანებში, და გადაწვა ზვინები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები. და იკითხეს ფილისტიმელებმა: „ეს ვინ ჩაიდინა?“ და უთხრეს „სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მიათხოვეს მის მაყარს.“ და ავიდნენ ფილისტიმელნი და დაწვეს ის ქალი და მამამისი ცეცხლში. და უთხრა მათ სამსონმა: „რაკი ასე იქცევით, მაშინ მე შურს ვიძიებ თქვენზე და მერე მოვისვენებ.“ და მაგარი ცემით ურტყა მათ წვივებსა და თეძოებს, და ჩავიდა და ყეტამის კლდის ეხს შეაფარა თავი. და ავიდნენ ფილისტიმელნი და დაიბანაკეს იუდაში და განივრცნენ ლეხამდე. და ჰკითხეს იუდას კაცებმა: „რად ამოხვედით ჩვენთან?“ და უთხრეს: „სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა მას ისევე მოვექცეთ, როგორც ჩვენ მოგვექცა.“ და ჩავიდა სამი ათასი კაცი იუდადან ყეტამის კლდესთან და უთხრეს სამსონს: „ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელნი ბატონობენ ჩვენზე? ეს რა გვიქენი?“ და უპასუხა მათ: „როგორც მე მომექცნენ, მეც ასე მოვექეცი.“ და უთხრეს მას: „შენს შესაპყრობად ჩამოვედით, რათა ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს.“ და უთხრა მათ სამსონმა: „შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.“ და უთხრეს მას ასე: „არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს; მოკვლით არ მოგკლავთ.“ და შეჰკრეს იგი ორი ახალი თოკით, და წაიყვანეს კლდიდან. და მივიდნენ ისინი ლეხამდე და ფილისტიმელნი შეძახილებით შეხვდნენ მას; და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და მის მკლავებზე მოხვეული თოკები ცეცხლით დამწვარი სელივით გახდა და დასცვივდა საკვრელები ხელებიდან. და ვირის ახალი თავყბა იპოვა ხელით, დასწვდა და აიღო იგი, და ათასი კაცი დახოცა იმით. და თქვა სამსონმა: „ვირის ყბით ვირთა ვირი; ვირის ყბით დავხოცე ათასი კაცი.“ და ეს რომ თქვა, გადააგდო ვირის ყბა და უწოდა იმ ადგილს „რამათ-ლეხი.“ და ძალიან მოსწყურდა და უხმო უფალს: „შენ მოიმოქმედე ეს დიდი ხსნა შენი მსახურის ხელით; და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე, და წინადაუცვეთლებს ჩავუვარდე ხელში.“ და გააპო ღმერთმა ქვაბური, ლეხში რომ იყო, და გადმოსკდა იქიდან წყალი. და დალია და მოიბრუნა სული, და გამოცოცხლდა. ამისთვის ეწოდა მას სახელად „ყენ-ჰაკორე“, რომელიც დღემდეა ლეხში. და განსჯიდა ისრაელს სამსონი ფილისტიმელთა დღეებში ოცი წელიწადი. და ჩავიდა სამსონი ღაზაში, და იქ ერთი მეძავი ქალი ნახა, და შევიდა მასთან. და უთხრეს ღაზელებს: „სამსონი მოსულა აქ.“ და გარს შემოადგნენ და მთელი ღამე უდარაჯებდნენ მას ქალაქის კარიბჭესთან. და მთელი ღამე წყნარად ისხდნენ და ამბობდნენ: „განთიადამდე მოვიცადოთ და მერე მოვკლათ.“ და სამსონს ეძინა შუაღამემდე, და ადგა შუაღამისას და ხელი მოხვია ქალაქის კარიბჭის ორივე წირთხლს, ურდულებიანად მოგლიჯა, გაიდო მხრებზე და აიტანა ისინი მთის წვერზე, ხებრონის გადაღმა. და ამის შემდეგ მას ქალი შეუყვარდა სორეკის ხეობაში, და მისი სახელი იყო დალილა. და მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „შეაცდინე იგი და ნახე, რაშია მისი დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად და შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ იგი; და თითოეული ჩვენგანი ათას ვერცხლს მოგცემს.“ და უთხრა სამსონს დალილამ: „მითხარი, რაშია შენი დიდი ძალა და რით შეიძლება შენი შეკვრა, კაცმა რომ დაგიმორჩილოს?“ და მას უთხრა სამსონმა: „შვიდი ახალთახალი გამოუშრობი ლარით რომ შემკრან, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.“ და მიუტანეს დალილას ფილისტიმელთა მთავრებმა შვიდი ახალთახალი გამოუშრობი ლარი, და იმით შეკრა დალილამ სამსონი. ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. და უთხრა დალილამ მას: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!“ და დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ მოედება. და ვერ შეიცნეს მისი ძალა. და უთხრა დალილამ სამსონს: „აჰა, ხომ მომატყუე და გამაწბილე, ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შეკვრა?“ და უთხრა მას სამსონმა: „თუ მე ახალი, უხმარი თოკებით შემკრავენ, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.“ და აიღო დალილამ ახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!“ და ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული. და მან ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე. და უთხრა დალილამ სამსონს: „აქამდე მატყუე და მაწბილე, ეხლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?“ და უთხრა სამსონმა მას: „თუ ჩემი თავის შვიდ ნაწნავს საძახველში ჩაგრეხ და პალოზე მიაბამ, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.“ მას რომ ეძინა, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახველში ჩაგრიხა; მიაბა პალოზე და უთხრა მას: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!“ და გამოიღვიძა თავისი ძილიდან და საძახველის პალოც ამოგლიჯა და ნაძახიც. და უთხრა მას დალილამ: „როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, რაშია შენი ძალა.“ რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული. და გაუმხილა მას ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა, და უთხრა მას: „სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი ვარ დედაჩემის მუცლიდანვე; თავი, რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.“ და დაინახა დალილამ, რომ მან გული გაუხსნა. კაცი, გააგზავნა და მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: „ახლა კი ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა.“ და ავიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს საკუთარი ხელით. და კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, და მოუხმო კაცებს, და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; და დაიწყო ქალმა მისი მოთრგუნვა, და გამოეცალა სამსონს ძალა. და თქვა დალილამ: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!“ და გაიღვიძა მან და თქვა: „გავალ წინანდებურად და თავს დავიხსნი.“ და არ იცოდა, რომ უფალმა პირი იბრუნა მისგან. და შეიპყრეს იგი ფილისტიმელებმა, და თვალები დასთხარეს, და წაიყვანეს იგი ღაზაში, და სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს. და აფქვევინებდნენ საპყრობილეში. ამასობაში იწყო მისმა თმამ წამოზრდა მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა. და შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისათვის, თავიანთი ღმერთისათვის, და ემხიარულათ, რადგან ამბობდნენ: „ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი, ჩვენი მტერი.“ და უყურებდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს, რადგან ამბობდნენ: „ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის მაოხარი, ის, ვინც მრავალი ჩვენგანი გაწყვიტა.“ და კარგ გუნებაზე რომ დადგნენ, თქვეს: „მოუხმეთ სამსონს. დაე, გაგვართოს მან.“ და მოუხმეს სამსონს საპყრობილიდან, და მასხრობდა მათ წინაშე; და დააყენეს იგი სვეტებს შორის. და უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელსაც ხელით დაჰყავდა: „ხელი შემავლებინე იმ სვეტებისთვის, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო მათ.“ და სახლი სავსე იყო კაცებითა და ქალებით; იქ მოეყარათ თავი ფილისტიმელთა ყველა მთავარს, და ერდოზე სამი ათასამდე კაცი და ქალი იყო, და უყურებდა სამსონის დაცინვას. და შეჰღაღადა სამსონმა უფალს, და თქვა: „უფალო ღმერთო, გამიხსენე, და ოღონდ ამჯერად გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო.“ და მოეჭიდა სამსონი ორივე შუათანა სვეტს, რომლებზედაც სახლი იდგა, და მიეყრდნო მათ – ერთს მარჯვენა ხელით და მეორეს მარცხენა ხელით, და თქვა სამსონმა: „მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად!“ და მოზიდა ძალით, და ჩამოემხო სახლი მთავრებსაც და მთელ ხალხს, ვინც შიგ იყო. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი. და ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლი, წამოასვენეს იგი, და დამარხეს ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის, სამარხში. და იგი განსჯიდა ისრაელს ოცი წელიწადი. და იყო კაცი ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა მიქაიეჰუ. და უთხრა მან თავის დედას: „ათას ასი ვერცხლი, რომელიც წაღებულია შენგან და რომლის გამოც დაიწყევლე და ჩემს გასაგონადაც თქვი, აჰა, ეს ვერცხლი ჩემთანაა, ჩემი აღებულია.“ და თქვა დედამისმა: „კურთხეულ იყავ, შვილო ჩემო, უფლის მიერ!“ და დაუბრუნა მან ათას ასი ვერცხლი თავის დედას. და თქვა დედამისმა: „შეწირვით შემიწირავს ჩემი ხელით ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი ძის სახელზე, რათა გაკეთდეს მისგან ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი. და ახლა შენთვის დამიბრუნებია.“ და როცა მან დაუბრუნა ის ვერცხლი დედამისს, და აიღო დედამისმა ორასი ვერცხლი, და მისცა გადამდნობელს, და გააკეთა მან ქანდაკი; და იდგა იგი მიქაიეჰუს სახლში. ამ კაცს, მიქას, ჰქონდა ღვთის სახლი. და გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი. და აკურთხა ერთ-ერთი თავისი ვაჟი. და ჰყავდა იგი მღვდლად. იმ დღეებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა და, ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა. და იყო ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემიდან, და ლევიანი იყო იგი და იქ ცხოვრობდა. და ეს კაცი წავიდა ქალაქიდან, იუდას ბეთლემიდან, რათა იქ შეხიზნულიყო, სადაც ადგილს ნახავდა, და მიადგა მიქას სახლს ეფრემის მთაში, თავისი გზით მიმავალი. და ჰკითხა მას მიქამ: „საიდან მოდიხარ?“ და უთხრა: „ლევიანი ვარ იუდას ბეთლემიდან და მივდივარ, რომ ხიზნად დავდგე, სადაც ადგილს ვნახავ.“ და უთხრა მას მიქამ: „დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, ასევე სამოსელსა და საზრდოს. და დაყაბულდა ლევიანი დარჩენილიყო იმ კაცისას, და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი მისი ძეთაგანი. და აკურთხა მიქამ ლევიანი, და გახდა ეს ყმაწვილი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში. და თქვა მიქამ: „ახლა ვიცი, სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მე მღვდლად.“ იმ დღეებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა; და იმავე დღეებში დანის ტომი ეძიებდა თავისთვის წილხვდომილს დასამკვიდრებლად, რადგან არ ხვდომოდა იმ დღემდე წილი ისრაელის ტომთა შორის. და გაგზავნეს დანის ძეთ თავისი ტომიდან ხუთი კაცი თავისი წრიდან, ძლიერი ვაჟკაცები ცორყადან და ეშთაოლიდან, რათა დაეზვერათ ქვეყანა და გამოეკვლიათ. უთხრეს: „წადით, გამოიკვლიეთ ქვეყანა.“ და მივიდნენ ეფრემის მთაზე მიქას სახლთან, და იქ გაათიეს. მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ლევიანი ყმაწვილის ხმა და შევიდნენ იქ, და უთხრეს მას: „აქ ვინ მოგიყვანა, აქ რას აკეთებ, აქ რა გინდა?“ და უთხრა მათ: „ასე და ასე მომექცა მიქა: დამიქირავა და მისი მღვდელი გავხდი.“ და უთხრეს მას: „ჰკითხე ღმერთს, რომ ვიცოდეთ, ხელი თუ მოგვემართება იმ გზაზე, რომელსაც ვადგავართ?“ და უთხრა მათ მღვდელმა: „წადით მშვიდობით; უფლის წინაშეა თქვენი გზა, რომელსაც ადგახართ.“ და წავიდა ეს ხუთი კაცი და მივიდა ლაიშში და ნახა მასში მყოფი ხალხი, უზრუნველად მცხოვრები, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი; არვინ იყო იმ ქვეყნად რაიმეზე მათი შეურაცხმყოფელი და მათზე მებატონე; ციდონელთაგან შორს ცხოვრობდნენ, და კაციშვილთან საქმე არ ჰქონდათ. და მივიდნენ ისინი თავიანთ ძმებთან ცორყაში და ეშთაოლში, და უთხრეს მათ ძმებმა: „რას იტყვით?“ და მათ თქვეს: „ავდგეთ და გავილაშქროთ მასზე, რადგან ვნახეთ ის ქვეყანა. და აჰა, ძალიან კარგია იგი. რა გულ-ხელი დაგიკრეფიათ? ნუღარ დააყოვნებთ, წადით იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად. მიხვალთ და წააწყდებით უზრუნველ ხალხს. გაშლილი ქვეყანაა. ღმერთმა შენ ჩაგიგდო იგი ხელში. ისეთი ადგილია, არაფერი რომ არ აკლია, რაც ქვეყანაზეა.“ და დაიძრნენ იქიდან, დანის ძეთა საგვარეულოდან, ცორყადან და ეშთაოლიდან, ექვსასი კაცი საბრძოლო იარაღით შეჭურვილი. და ავიდნენ და დაიბანაკეს კირიათ-იეყარიმში, იუდაში. ამიტომ ეძახიან ამ ადგილს დანის ბანაკს დღევანდლამდე. და ეს ადგილი კირიათ-იეყარიმის გადაღმა იყო. და იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ. და მიუგო ხუთმა კაცმა, ლაიშის ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, და უთხრა თავის ძმებს: „თუ იცით, რომ აქ ერთ-ერთ სახლში აქვთ ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? და ახლა მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ.“ და გადაუხვიეს იქით, და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მოიკითხეს იგი მშვიდობით. და ექვსასი კაცი დანის ძეთაგან საბრძოლო იარაღით შეჭურვილი კარიბჭის შესასვლელთან იდგა. და წავიდა ის ხუთი კაცი, ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი კარიბჭის შესასვლელთან იდგა საბრძოლო იარაღით შეჭურვილი ექვსასი კაცის გვერდით. და ისინი შევიდნენ მიქას სახლში და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი, და ჩამოსხმული კერპი. და ჰკითხა მათ მღვდელმა: „რას აკეთებთ?“ და უთხრეს მას: „გაჩუმდი, პირზე ხელი დაიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გიჯობს: ერთი კაცის სახლის მღვდლობა, თუ ისრაელის ტომისა და საგვარეულოს მღვდლობა?“ და გაიხარა მღვდლის გულმა, და აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს. და გაბრუნდნენ და წავიდნენ; ბავშვები, ჯოგი და ქონება წინ გაუშვეს. გამოცილებულები იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და წამოეწივნენ დანის ძეთ, დაჰკივლეს დანის ძეებს. და მოუბრუნდნენ და უთხრეს მიქას: „რა დაგემართა, რა გაყვირებს?“ და თქვა: „მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით, მეტი რაღა დამრჩენია? როგორღა მეუბნებით, რა დაგემართაო?“ და უთხრეს მას დანის ძეთ: „აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ დაგეცემიან გააფთრებული კაცები, ჩვენს შორის რომ არიან, და შენს სულსაც დაღუპავ და შენი სახლის სულსაც.“ და წავიდნენ დანის ძენი თავიანთი გზით; დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი, გატრიალდა და შინ დაბრუნდა. და მათ წაიღეს, რაც გაკეთებული ჰქონდა მიქას. და წაიყვანეს მისი მღვდელი, და მივიდნენ ლაიშში, წყნარ და უზრუნველ ხალხთან, და მოსრეს ისინი მახვილის პირით და ქალაქი გადაწვეს ცეცხლით. და არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან შორს იყო ციდონისაგან, კაციშვილთან არ ჰქონდათ საქმე. და იყო ველზე, რომელიც ბეთ-რეხობთანაა. და ააშენეს მათ ქალაქი და დამკვიდრდნენ მასში, და უწოდეს ქალაქს სახელად დანი, მათი მამის, დანის, სახელობაზე, რომელიც ისრაელს შეეძინა. თუმცა ქალაქს თავდაპირველად ლაიში ერქვა. და აღმართეს დანის ძეთ ქანდაკი; და იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, იგი და მისი ძენი დანის ძეთა ტომის მღვდლები იყვნენ იმ ქვეყნის გადასახლების დღემდე. და ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, რაც ღვთის სახლი შილოში იყო. იმ დღეებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი ცხოვრობდა ეფრემის მთის კალთაზე. და ხარჭა მოიყვანა იუდას ბეთლემიდან. და შემდეგ შეედავა მას ხარჭა, გაშორდა და წავიდა მამის სახლში, იუდას ბეთლემში, და იყო იქ ოთხი თვე. და ადგა მისი ქმარი და გაჰყვა მის კვალს, რათა დაეყვავებინა და შინ დაებრუნებინა. და მსახური ბიჭი და წყვილი სახედარი ახლდა თან. და შეიყვანა ქალმა იგი თავისი მამის სახლში. და დაინახა იგი ამ ყმაწვილი ქალის მამამ, და სიხარულით გამოეგება. და არ გაუშვა იგი სიმამრმა, ამ ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა მასთან სამი დღე. და ჭამდნენ და სვამდნენ და ღამეს იქვე ათევდნენ. და მეოთხე დღეს ადგნენ დილაადრიანად, და იგი მოემზადა წასასვლელად. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: „გაიმაგრე გული ლუკმა პურით და მერე წადი.“ და დასხდნენ ორივენი, ერთად ჭამეს და სვეს. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ იმ კაცს: „მოდი, გაათიე ღამე აქ, მოილხინოს შენმა გულმა.“ და ადგა კაცი წასასვლელად, მაგრამ კვლავ სთხოვა სიმამრმა, და მან ისევ იქ გაათია ღამე. და ადგა და მოემზადა წასასვლელად დილაადრიანად მეხუთე დღეს. და უთხრა მას ყმაწვილი ქალის მამამ: „მოდი, დაინაყრე გული და შეიცადე, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს.“ და ჭამეს ორივემ. და ადგა ის კაცი, რომ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურთან ერთად. და უთხრა მას მისმა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: „აჰა, დღე უკვე საღამოსკენ იხრება, მოდი, ამაღამ დარჩი. დღე სადაცაა მიიწურება, აქ გაათიეთ ღამე და მოილხინოს შენმა გულმა, და ხვალ ადექით დილაადრიანად და გაუდექით თქვენს გზას, და წადი შენი კარვისაკენ.“ მაგრამ არ ისურვა ამ კაცმა ღამის კიდევ იქ გათევა, ადგა და წავიდა; და მივიდა იებუსამდე, იერუსალიმი რომ არის; და თან ახლდა თავისი ხარჭა და წყვილი კეხდადგმული სახედარი. იებუსს რომ მიადგნენ, დღე თითქმის მიწურული იყო. და უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: „წავიდეთ, და შევუხვიოთ იებუსეველთა ამ ქალაქში და იქ გავათიოთ ღამე.“ და უთხრა მას მისმა ბატონმა: „ნუ შევუხვევთ იმ უცხოტომელთა ქალაქში, რომელნიც ისრაელის ძენი არ არიან, და ბარემ გიბყამდე მივიდეთ.“ და უთხრა თავის მსახურ ბიჭს: „გასწი, და მივადგეთ რომელიმე ადგილს და გიბყაში ან რამაში გავათიოთ ღამე.“ და გასწიეს და წავიდნენ, და ბენიამინის გიბყას მახლობლად თავზე შემოაღამდათ. და გადაუხვიეს იქით, რათა ღამის გასათევად გიბყაში შესულიყვნენ. და მივიდა იგი და დაჯდა ქალაქის მოედანზე, რადგან ღამის გასათევად შინ არავინ შეუშვა ისინი. და აჰა, საღამოხანს ერთი ბერიკაცი ბრუნდებოდა თავისი სამუშაოდან, მინდვრიდან; და ეს კაცი ეფრემის მთიდან იყო და გიბყაში ცხოვრობდა. ამ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინის ძენი იყვნენ. და აახილა თვალი, და დაინახა მგზავრი ქალაქის მოედანზე. და უთხრა ამ ბერიკაცმა: „საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?“ და მან უპასუხა: „ჩვენ იუდას ბეთლემიდან მოვდივართ და მივალთ ეფრემის მთის კალთებამდე, რადგან იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი წასული და ახლა უფლის სახლისაკენ მივდივარ; და შინ არავინ შემიშვა. ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის, აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც, და ამ მსახური ბიჭისთვისაც, არაფერი მაკლია.“ და უთხრა მას ბერიკაცმა: „მშვიდობა შენდა, რაც კი რამ გაკლია, ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს.“ და შინ შეუშვა, და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს. როცა ისინი თავიანთ გულს ახარებდნენ, აჰა, ქალაქის მკვიდრნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ იმ სახლს და უთხრეს სახლის პატრონს, ბერიკაცს: „გამოიყვანე, შენს სახლში რომ კაცი შემოვიდა, რომ შევიცნოთ იგი.“ და გამოვიდა მათთან კაცი, პატრონი სახლისა, და უთხრა: „არა, ჩემო ძმებო, გევედრებით, ნუ უზამთ ბოროტებას, რაკი ეს კაცი ჩემს სახლში შემოვიდა; ნუ ჩაიდენთ ამ უხამსობას. აჰა, ჩემი ქალწული ქალიშვილი და ამ კაცის ხარჭა, იმათ გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით მათ, რაც გენებოთ; და ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ უხამს საქმეს.“ მაგრამ მათ ამის გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ იმ კაცმა ხელი მოჰკიდა თავის ხარჭას და გარეთ გამოუყვანა მათ. შეიცნეს იგი, მთელი ღამე აწვალებდნენ მას, დილამდე, და გაუშვეს ცისკრის მოახლოებაზე. და მოვიდა ქალი განთიადისას, და დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი ბატონი იდგა, და იქ ეგდო, ვიდრე არ ინათა. და ადგა დილით მისი ბატონი და გააღო სახლის კარები, და გამოვიდა, რომ თავის გზას დასდგომოდა. და აჰა, მისი ხარჭა სახლის კართან აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი. და მან უთხრა: „ადექი და წავიდეთ;“ მაგრამ პასუხი არ მიუღია. თავისი ხარჭა სახედარს გადაჰკიდა, ადგა და შინისკენ გასწია. შინ რომ მივიდა, აიღო დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას და ასო-ასო დაჭრა, თორმეტ ნაწილად, და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში. და ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: „მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდე. ჩაუფიქრდით, ითათბირეთ და თქვით.“ და გამოვიდა ყველა ისრაელის ძე, და შეიკრიბა თემი, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებაყამდე, და გილყადის ქვეყანა, უფლის წინაშე მიცფაში. და გამოცხადნენ მეთაურები მთელი ერისა, ისრაელის ყოველი ტომისა, ღვთის ერის კრებულში, ოთხასი ათასი ქვეითი კაცი, მახვილის ამომწვდელი. და შეიტყვეს ბენიამინის ძეთ, ისრაელის ძეთა ასვლა მიცფაში. და თქვეს ისრაელის ძეთ: „თქვით, როგორ მოხდა ეს ბოროტება.“ და მიუგო ლევიანმა კაცმა, მოკლული ქალის ქმარმა: „ბენიამინის გიბყაში მივედი ჩემს ხარჭასთან ერთად ღამის გასათევად. და აღდგნენ ჩემზე გიბყას მკვიდრნი, და გარს შემოერტყნენ იმ სახლს ღამით და მოკვლა დამიპირეს. და ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი. და ავიღე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი იგი და ისრაელის სამკვიდრებლის ყველა მხარეში დავაგზავნე, რადგან უხამსობა ჩაიდინეს ისრაელში. აჰა, თქვენ ყველამ, ისრაელის ძენო, განიხილეთ ეს საქმე და აქვე გადაწყვიტეთ!“ და ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: „არავინ არ წავა თავის კარავში და არავინ არ გაბრუნდება შინ. და აჰა, რა უნდა ვუყოთ ახლა გიბყას: წილისყრით [უნდა გავილაშქროთ] მასზე. ისრაელის თითეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ, ათასიდან ასი, ათი ათასიდან ათასი, ხალხისათვის საგზალი მოვატანინოთ, რომელიც, ბენიამინის გიბყაზე წავლენ, დასაჯონ ისინი იმ უხამსობის გამო, რაც ისრაელში ჩაიდინეს!“ და ისრაელის ყველა კაცი შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ, ერთი კაცივით გაერთიანდნენ. და გაგზავნეს ისრაელის ტომებმა კაცები ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს: „ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში? და ახლა მოგვეცით ის გარყვნილი ხალხი, გიბყაში რომ გყოლიათ, რათა დავხოცოთ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან.“ მაგრამ არ ინებეს ბენიამინის ძეთ თავიანთ მოძმეთა, ისრაელის ძეთა, ხმის გაგონება. და შეიკრიბნენ გიბყაში ბენიამინის ძენი თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართად ისრაელის ძეებთან. და აღირიცხნენ ბენიამინის ძენი იმ დღეს ქალაქთაგან ოცდაექვსი ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი; მათ გარდა გიბყას მკვიდრთაგან შვიდასი რჩეული კაცი აღირიცხა. მთელი ამ ხალხიდან შვიდასი რჩეული კაცი ცაცია იყო. თითეულ მათგანს თმის ღერისთვისაც რომ ესროლა შურდულით ქვა, არ ააცდენდა. და ისრაელის ძენი, ბენიამინის გარდა, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა მახვილის ამომწვდელი, ყველა მათგანი მებრძოლი იყო. და ადგნენ ისინი და ავიდნენ ბეთელში, და დაეკითხენ ღმერთს და თქვეს ისრაელის ძეთ: „რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად?“ და უთხრა მათ უფალმა: „იუდა წინ!“ და ადგნენ ისრაელის ძენი დილით და დაიბანაკეს გიბყასთან. და გავიდნენ ისრაელის კაცები ბენიამინთან საბრძოლველად, და დადგნენ ისრაელის კაცები საბრძოლო წყობით გიბყას მახლობლად. და გამოვიდნენ ბენიამინის ძენი გიბყადან, და დასცეს იმ დღეს ოცდაორი ათასი ისრაელის კაცი მიწაზე. და მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა, და კვლავ დადგა საბრძოლო წყობით იმ ადგილას, სადაც წინა დღეს იდგნენ. და წავიდნენ ისრაელის ძენი და ტიროდნენ უფლის წინაშე საღამომდე, და ეკითხებოდნენ უფალს: „ისევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად?“ და თქვა უფალმა: „გადით მათ წინააღმდეგ.“ და მიუახლოვდნენ ისრაელის ძენი ბენიამინის ძეებს მეორე დღეს, და გამოვიდა ბენიამინი გიბყადან მათ წინააღმდეგ მეორე დღეს, და დასცეს მიწაზე ისრაელის ძეთაგან კიდევ თვრამეტი ათასი კაცი, ყველა მახვილის ამომწვდელი. და გაემართა მთელი ისრაელიანობა და მთელი ერი, და მივიდა ბეთელში, და ტიროდნენ უფლის წინაშე. დასხდნენ იმ დღეს და საღამომდე იმარხულეს; და აღავლინეს სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირავები უფლის წინაშე. და ჰკითხეს ისრაელის ძეთ უფალს: „ისევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად, თუ შევწყვიტოთ?“ და უთხრა მათ უფალმა: „გადი. ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას.“ და ხალხი ჩაასაფრა ისრაელმა გიბყას ირგვლივ. და გაილაშქრეს ისრაელის ძეთ ბენიამინის ძეების წინააღმდეგ მესამე დღეს, და წინანდებურად საბრძოლო წყობით დადგნენ გიბყას წინ. და გამოვიდნენ ბენიამინის ძენი ერის წინააღმდეგ, შორს გასცდნენ ქალაქს და იწყეს უწინდებურად მუსრის გავლება გზებზე, რომელთაგან ერთი ბეთელისკენ მიდის, მეორე – გიბყასაკენ, და ველზე ოცდაათამდე ისრაელის კაცი მოკლეს. და თქვეს ბენიამინის ძეთ: „პირვანდელის მსგავსად ეცემიან ჩვენს წინაშე.“ ისრაელის ძეთ კი თქვეს: „გავიქცეთ და გამოვიტყუოთ ისინი ქალაქიდან გზებზე.“ და ადგა ისრაელის ყველა კაცი თავ-თავისი ადგილიდან და განლაგდა ბაყალ-თამარში, და ისრაელის ჩასაფრებული ხალხი გამოვიდა თავისი ადგილიდან, გიბყას დასავლეთიდან. და მიადგა გიბყას ათი ათასი რჩეული კაცი მთელი ისრაელიდან, და სასტიკი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ბენიამინის ძეთ არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ. და განგმირა უფალმა ბენიამინი ისრაელის წინაშე, და მოსპეს ისრაელის ძეთ ბენიამინის ძეთაგან იმ დღეს ოცდახუთი ათას ასი კაცი, ყველა მახვილის ამომწვდელი. და იხილეს ბენიამინის ძეთ, რომ დამარცხდნენ; და ადგილი უტიეს ისრაელის კაცებმა ბენიამინს, რადგან იმედი ჰქონდათ ჩასაფრებული ხალხისა, გიბყას მახლობლად რომ ჰყავდათ ჩაყენებული. და ჩასაფრებულები გაეჩქარნენ და ეკვეთნენ გიბყას, და გამოვიდა ჩასაფრებული ხალხი და მოსრა ქალაქი მახვილის პირით. ისრაელის კაცებს კი ჩასაფრებულ ხალხთან ნიშნად ჰქონდათ დათქმული, რომ ქალაქიდან კვამლის დიდ სვეტს აადენდნენ. და როცა უკან დაიხიეს ისრაელის კაცებმა ბრძოლაში და იწყო ბენიამინმა მუსრვა, და დახოცა ოცდაათამდე ისრაელის კაცი და თქვა: „ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე, როგორც პირვანდელი ბრძოლის დროს“; მაშინ კვამლი აღიმართა ქალაქზე სვეტივით. მოიხედა ბენიამინმა უკან და აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი. და გამობრუნდნენ ისრაელის კაცები, ბენიამინის კაცები კი შედრკნენ, რადგან დაინახეს, რომ თავს უბედურება დაატყდათ. და გაექცნენ ისინი ისრაელის კაცებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ომი მაინც წამოეწიათ. და ქალაქიდან გამოსულებმა მოსპეს ისინი თავიანთ შორის. და გარს შემოერტყნენ ბენიამინს, სდიეს მას მენუხამდე, და ჟლიტეს თვით გიბყას აღმოსავლეთამდე. და დაეცა ბენიამინისაგან თვრამეტი ათასი კაცი, ყველა მამაცი ვაჟკაცი. და მობრუნდნენ და უდაბნოსაკენ, რიმონის კლდისაკენ, გაქუსლეს. გზადაგზა ხუთი ათასი კაცი კიდევ დახოცეს; და სდიეს გიდომამდე, და მოსრეს მათგან ორი ათასი კაცი. და მთლიანად იმ დღეს ბენიამინიდან ოცდახუთი ათასი დაეცა, მახვილის ამომწვდელი ყველა მამაცი ვაჟკაცი. და ექვსასი კაცი მობრუნდა და გაიქცა უდაბნოსაკენ, რიმონის კლდისკენ, და იქ იყვნენ რიმონის კლდეში ოთხი თვე. და ისრაელის კაცები კვლავ მიუბრუნდნენ ბენიამინის ძეთ და მოსრეს ისინი მახვილის პირით: მთელი ქალაქი და პირუტყვი, და რაც კი იქ იყო. ასევე ყველა ქალაქი, რაც მათ დაუხვდათ, ცეცხლში დაწვეს. ისრაელის კაცებმა მიცფაში ფიცი დადეს და თქვეს: „არც ერთმა ჩვენგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინელთ.“ და მოვიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე იქ ისხდნენ ღვთის წინაშე, და აიმაღლეს ხმა და ტიროდნენ დიდი ტირილით, და თქვეს: „უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ასეთი რამ ისრაელში, რომ დღეს ერთი ტომი მოაკლდა ისრაელს?“ და მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი და ააგო იქ სამსხვერპლო, და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირავები. და თქვეს ისრაელის ძეთ: „ვინ არ მოვიდა კრებულში უფლის წინაშე ისრაელის ტომთაგან?“ რადგან დიდი ფიცი ჰქონდათ დადებული იმათზე, ვინც არ ავიდოდა უფლის წინაშე მიცფაში, და ნათქვამი ჰქონდათ მათზე, რომ სიკვდილით მოეკლათ. და ინანეს ისრაელის ძეთ ბენიამინის, თავიანთი ძმის, გამო და თქვეს: „მოიკვეთა დღეს ერთი ტომი ისრაელიდან.“ როგორ მოვექცეთ დანარჩენებს ცოლების თაობაზე, ჩვენ ხომ უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ მივათხოვებთ მათ?“ და თქვეს: „ვინმე ხომ არ არის ისრაელის ტომებიდან, უფლის წინაშე რომ არ ასულა მიცფაში?“ და აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გილყადის იაბეშიდან უფლის წინაშე ბანაკში, კრებულში. და როცა აღირიცხა ხალხი, აჰა, არავინ იყო გილყადის იაბეშის მკვიდრთაგან. და გაგზავნა მათთან თემმა თორმეტი ათასი კაცი, მამაცი ვაჟკაცები, და უბრძანა მათ: „წადით და მახვილის პირით მოსრეთ გილყადის იაბეშის მკვიდრნი დედაწულიანად. და აჰა, როგორ უნდა მოიქცეთ: მამაკაცი და ყველა მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოსპეთ.“ და ნახეს გილყადის იაბეშის მკვიდრთ შორის ოთხასი ქალწული ქალი, რომელთაც მამაკაცის საწოლი არ იცოდნენ, და მოიყვანეს ისინი შილოს ბანაკში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია. და სიტყვა შეუთვალა მთელმა თემმა; ელაპარაკნენ რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინის ძეთ და მშვიდობა გამოუცხადეს. და დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინის ძენი და მისცეს მათ ქალები, რომლებიც ცოცხლად დატოვეს გილყადის იაბეშის ქალთაგან; მაგრამ ყველას არ შეხვდა. და ხალხს დაენანა ბენიამინი, უფალმა ნაპრალი რომ გააჩინა ისრაელის ტომებში. და თქვეს თემის უხუცესებმა: „როგორ მოვექცეთ დანარჩენებს, ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდნენ ბენიამინს.“ და თქვეს: „სამემკვიდრეო მიწები უნდა მიეცეს ბენიამინიდან გადარჩენილებს, რათა ტომი არ გაქრეს ისრაელიდან. მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებთ, რადგან ფიცი დადეს ისრაელის ძეთ და თქვეს: წყეული იყოს ვინც ბენიამინს ქალი მისცესო.“ და თქვეს: „აჰა, ყოველ წელს საუფლო დღესასწაული იმართება შილოში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით არის, იმ გზის აღმოსავლეთით, რომელიც ბეთელიდან შექემისაკენ მიემართება და ლებონას სამხრეთით მდებარეობს. და უბრძანეს ბენიამინის ძეთ: „წადით და ჩასაფრდით ვენახებში. თვალი გეჭიროთ და აჰა, შილოელი ასულები საფერხულოდ გამოვლენ, მაშინ გამოდით ვენახებიდან და თითოეულმა გაიტაცეთ საცოლე შილოელ ასულთაგან, და წადით ბენიამინის ქვეყანაში. და როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: „ჩვენი გულისათვის შეიწყალეთ ისინი; რადგან ჩვენ ბრძოლით არ წაგვიყვანია საცოლე თითეული მათგანისათვის, და არც თქვენ გაგიტანებიათ მათთვის; ასე რომ არა, თქვენა ხართ დამნაშავენი.“ და ბენიამინის ძენიც ასე მოიქცნენ: მოიყვანეს ცოლები თავიანთი რიცხვის მიხედვით, რომელნიც მეფერხულეთაგან გაიტაცეს, მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ სამკვიდრებელში და ააშენეს ქალაქები, და იქ ცხოვრობდნენ. და წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელის ძენი; და დაბრუნდა თითოეული თავის ტომში და თავის საგვარეულოში. და გავიდა იქიდან თითოეული თავის სამკვიდრებელში. იმ დღეებში მეფე არ ჰყავდა ისრაელს; ვისაც როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა. ეს მოხდა მსაჯულთა მსაჯულობის დღეებში, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. იუდას ბეთლემიდან მოაბის ველებზე საცხოვრებლად წავიდა ერთი კაცი თავისი ცოლითა და ორი ვაჟით. იმ კაცს ელიმელექი ერქვა, მის ცოლს – ნაყომი, მის ორ ვაჟს ერქვა მახლონი და ქილიონი, და ისინი იყვნენ ეფრათელნი იუდას ბეთლემიდან. და მივიდნენ მოაბის ველებზე და იყვნენ იქ. და მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ვაჟით. და მოიყვანეს ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ყორფა, ხოლო მეორისა რუთი. და ცხოვრობდნენ ისინი იქ ათიოდე წელი. დაიხოცნენ ეს ორნიც: მახლონი და ქილიონი, და დარჩა ის ქალი მარტო თავისი ქმრისა და ორი ვაჟის გარეშე. მერე ადგა იგი თავისი რძლებითურთ, და უკან დაბრუნდა მოაბის ველებიდან, რადგან შეიტყო მოაბის ველებზე, რომ უფალმა მოხედა თავის ხალხს და მისცა მათ პური. და გავიდა იგი თავის რძლებთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა, და გაუდგნენ გზას, რომ იუდას ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ. და უთხრა ნაყომიმ თავის ორ რძალს: „წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედის სახლში! და წყალობა გამოიჩინოს თქვენზე უფალმა, როგორც თქვენ გამოიჩინეთ მკვდრებზე და ჩემზე! უფალმა გაპოვნინოთ სიმშვიდე თქვენ-თქვენი ქმრის სახლში!“ და გადაკოცნა ისინი, მათ კი ხმამაღალი ტირილი დაიწყეს, და უთხრეს ნაყომის: „ჩვენ წამოგყვებით შენს ხალხთან!“ უთხრა: ნაყომიმ: „გაბრუნდით, ჩემო ასულებო, რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ? დაბრუნდით, ჩემო ასულებო, წადით! რადგან საიმისოდ დავბერდი, რომ ქმარი ვიყოლიო; კიდევაც რომ მეთქვა, იმედი მაქვს-მეთქი, კიდევაც რომ ვიქნე ქმართან ამაღამ და ვშობო ვაჟები, ნუთუ დაელოდებით თქვენ მათ დაზრდას? ნუთუ გათხოვებაზე თავს შეიკავებთ? არა, ჩემო ასულებო, ეს ჩემთვის უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი!“ მაშინ აღიმაღლეს მათ ხმა და ატირდნენ კვლავ. შემდეგ გამოეთხოვა ყორფა თავის დედამთილს, რუთი კი მიეკრო მას. უთხრა „აჰა, შენი მაზლის ცოლი თავის ხალხს და თავის ღმერთებს უბრუნდება. მიჰყევი შენი მაზლის ცოლს!“ და თქვა რუთმა: „ნუ მთხოვ შენს მიტოვებას და შენგან წასვლას, რადგან სადაც შენ წახვალ, მეც იქ უნდა წამოვიდე, და სადაც შენ დაიღამებ, მეც იქ უნდა დავიღამო. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთია. სადაც შენ მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს მე უფალმა და უარესიც მიყოს, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა. და რაკი დაინახა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან წასვლა, მეტი აღარა უთხრა რა. და იარეს ამ ორთა, ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს. და ბეთლემში მისვლისას შეიძრა მთელი ქალაქი მათ გამო, და კითხულობდნენ: „ნუთუ ესაა ნაყომი?“ მაგრამ ნაყომიმ უთხრა მათ: „ნუღარ დამიძახებთ მე ნაყომის, დამიძახეთ მარა, რადგან მეტისმეტად გამამწარა მე ყოვლადძლიერმა. მე სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რად მეძახით მე ნაყომის, როცა უფალმა გამტანჯა, და ყოვლისმპყრობელი უბედურება დამათია?“ და დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველებიდან წამოჰყვა მას. ქერები იჭრებოდა, როცა ბეთლემში მივიდნენ ისინი. ნაყომის მოკეთე ჰყავდა ქმრის მხრიდან, ელიმელექის საგვარეულოდან, ერთი შეძლებული კაცი, სახელად ბოყაზი. და უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: „წავალ მე ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიაც მადლს ვიპოვნი.“ და უთხრა: „წადი, ჩემო ასულო!“ წავიდა ის და მივიდა, და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ აღმოჩნდა იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო. და აჰა, მოვიდა ბოყაზი ბეთლემიდან და უთხრა მომკელთ: „უფალი იყოს თქვენთან!“ და მიუგეს: „უფალმა გაკურთხოს!“ და ჰკითხა ბოყაზმა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: „ვისია ეს ყმაწვილი ქალი?“ და მიუგო მსახურმა, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: „მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი, ნაყომისთან ერთად არის მოსული მოაბის ველებიდან; გვითხრა: ‘მაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზე.’ და მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს აქამდე. სახლში თითქმის არ ჩერდება.“ და მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: „გამიგონე, ასულო ჩემო, ნუ წახვალ ასაკრეფად სხვა ყანაში. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი. თვალს ნუ მოაშორებ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე. ნაბრძანები მაქვს ბიჭებისათვის, არ დაგიშალონ, როცა მოგწყურდეს, მიდი წყლის ჭურჭლებთან და დალიე, საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს.“ და დაემხო რუთი პირქვე, და თაყვანისცა მას მიწამდე. და უთხრა: „რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი მიმიღე?“. და მიუგო ბოყაზმა და უთხრა მას: „ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისათვის გააკეთე ქმრის სიკვდილის შემდეგ – მამაშენი, დედაშენი და შენი სამშობლო ქვეყანა რომ მიატოვე, და მოხვედი ხალხში, რომელსაც არ იცნობდი არც გუშინ და არც გუშინწინ. უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისაგან ისრაელის ღმერთისაგან, რომლის ფრთებქვეშ შესაფარებლადაც შენ მოხვედი.“ და უთხრა: „მადლი მიპოვია შენს თვალში, ჩემო ბატონო, რაკი მანუგეშე და გულითადად მელაპარაკე შენს მხევალს, თუმცა კი ერთი შენი მხევლის ღირსიც კი არა ვარ.“ და უთხრა მას ბოყაზმა: „მოდი და აქ ჭამე პური, და ლუკმა ამოაწე ძმარში.“ და დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით, და მიაწოდა მას ბოყაზმა ქუმელი. და მან ჭამა და დანაყრდა, და კიდეც დარჩა. და ადგა ასაკრეფად. ბოყაზმა უბრძანა თავის ბიჭებს და უთხრა: „ძნებს შორისაც აკრიფოს, და ნუ დააყვედრით მას. და ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს და ნუ დაამადლით.“ და საღამომდე კრეფდა რუთი ყანაში, დაცეხვა ანაკრეფი და გამოუვიდა ერთ ეფამდე ქერის მარცვალი. და აიღო და წავიდა ქალაქში, და ნახა მისმა დედამთილმა მისი ანაკრეფი. და გამოიღო რუთმა და მისცა დედამთილს, რაც დარჩა დანაყრების შემდეგ. და ჰკითხა მას დედამთილმა: „სად ჰკრეფდი შენ დღეს და სად შრომობდი? კურთხეული იყოს, ვინც შენ მიგიღო!“ და უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: „იმ კაცს, ვისთანაც დღეს ვშრომობდი, ბოყაზი ჰქვია.“ და უთხრა ნაყომიმ თავის რძალს: „კურთხეული იყოს ის უფლისაგან, რადგან წყალობა არ მოაკლო ცოცხლებს და მკვდრებს.“ და უთხრა მას ნაყომიმ: „ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი სანათესაოდან არის.“ და თქვა მოაბელმა რუთმა: „მან ისიც მითხრა: ‘დარჩი ჩემს მხევალთან, სანამ ჩემს სამკალს არ მორჩებიან.’“ და უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: „კარგია, ჩემო ასულო, რომ მის მხევლებთან ერთად გახვალ, რათა არავინ გადაგაწყდეს სხვა ყანაში!“ და მართლაც ბოყაზის მხევლებთან იყო რუთი, კრეფდა თავთავს, ვიდრე ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა. და ცხოვრობდა იგი თავის დედამთილთან ერთად. და უთხრა რუთს ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: „ჩემო, ასულო, განა არ უნდა მოგიძებნო შენ სახლი, რომელიც შენ სიკეთეს მოგანიჭებს? აჰა, ჩვენი ნათესავი არ არის ბოყაზი, რომლის მხევლებთანაც ნამყოფი ხარ? და აჰა, იგი ამაღამ კალოზე ქერს ანიავებს. დაიბანე, იცხე და გამოეწყვე სამოსელში, და მერე წადი კალოზე, მაგრამ არ დაენახო მას, ვიდრე ჭამა-სმას არ მორჩება. ხოლო როცა დაწვება, გაიგე ის ადგილი, სადაც ის დაწვება და მიდი, გადახადე ფეხებთან და მიუწექი. და ის თავად გეტყვის, როგორ უნდა მოიქცე!“ უთხრა: „რაც მითხარი ყოველივეს შევასრულებ.“ და წავიდა იგი კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა უბრძანა. და ჭამა და სვა ბოყაზმა, და გაუხალისდა გული. წავიდა ზვინთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, ფეხებთან გადახადა და მიუწვა. და შუაღამისას შეკრთა კაცი და წამოიწია და აჰა, ფეხებთან ქალი უწევს! თქვა: „ვინა ხარ?“ და უთხრა: „რუთი ვარ, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს შენი სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ.“ „კურთხეულ იყავ უფლისაგან, ჩემო ასულო! რაც ახლა სიკეთე ქენი, პირვანდელზე უკეთესია, რაკი ყმაწვილთაგანს ვინმეს არ წაჰყევი, არც ღარიბს და არც მდიდარს! და ახლა, ჩემო ასულო, ნუ გეშინია! ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ხალხმა იცის ქალაქში, რომ ღირსეული ქალი ხარ. ახლა, მართალია, ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს. გაათიე ეს ღამე და დილით, თუ ის გამოგიხსნის, ხომ კარგი, გამოგიხსნას, ხოლო თუ შენს გამოხსნას არ ისურვებს, მაშინ მე გამოგიხსნი, ვფიცავ უფალს! და იწექი აქ დილამდე.“ და იწვა რუთი მის ფერხთით დილამდე, და ადგა, დილაბნელზე და უთხრა მას ბოყაზმა: „არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე.“ უთხრა რუთს: „მოიტა ეგ თავშალი, რომ გახურავს და ხელში დაიჭირე.“ და მანაც დაიჭირა ხელში და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაული ქერი და ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა. და მივიდა თავის დედამთილთან, და უთხრა: „რა იყო, ჩემო ასულო?“ და მან მოუთხრო ყოველივე, რაც იმ კაცმა გაუკეთა. და თქვა: „ეს ექვსი საწყაული ქერი მომცა, რადგან მითხრა, ხელცარიელი ნუ წახვალო დედამთილთან“. და უთხრა: „დაელოდე, ჩემო ასულო, ვიდრე შეიტყობდე, თუ რით დამთავრდება საქმე, რადგან ეს კაცი არ მოისვენებს, ვიდრე დღესვე არ გაასრულებს ყველაფერს.“ გავიდა ბოყაზი კარიბჭესთან, და იქ ჩამოჯდა. და აჰა, იმ ახლო ნათესავმა უნდა ჩაიაროს, ვისზეც, ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა მას: „მოდი და აქ ჩამოჯექ!“ და ისიც მივიდა და ჩამოჯდა. და მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან, და უთხრა მათ: „დასხედით აქ.“ და დასხდნენ ისინი. და უთხრა მან ნათესავს: „ნაყომი, რომელიც დაბრუნდა მოაბის ველიდან, ჰყიდის ყანის ნაკვეთს, რომელიც ჩვენს ძმას, ელიმელექს ეკუთვნოდა. და მე ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის და მეთქვა: იყიდე ყანა აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. თუ გამოიხსნი, გამოიხსენი, და თუ არ გამოიხსნი, მითხარი და მეცოდინება, რადგან შენს მეტს არავის არა აქვს გამოხსნის უფლება. შენს შემდეგ კი მე ვარ.“ და უთხრა მას ნათესავმა: „თანახმა ვარ გამოვიხსნა.“ და თქვა ბოყაზმა: „როცა ყანას გამოისყიდი ნაყომის ხელიდან და მოაბელი რუთისაგან, გარდაცვლილის ცოლიც უნდა გამოისყიდო, რათა სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში.“ თქვა იმ ნათესავმა: „ვერ გამოვიხსნი. ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრებელი. შენ გამოიხსენი ქალი, რადგან მე ვერ გამოვიხსნი.“ ასეთი წესი ჰქონდათ უწინ ისრაელში გამოხსნაზე, გაცვლაზე, ან რაიმე საქმის დადასტურებაზე: ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსაცმელს და მეორეს მისცემდა. ეს მოწმობის ნიშანი იყო ისრაელში. და უთხრა იმ ნათესავმა: „შენთვის გამოისყიდე!“ და გაიძრო ფეხსაცმელი. და უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: „დღეს თქვენ მოწმენი ხართ, გამოვისყიდე ნაყომის ხელიდან ელიმელექის მთელი საბადებელი, ქილიონის და მახლონის მთელი საბადებელი. ასევე მოაბელი რუთი, მახლონის ქვრივი, ცოლად გამოვისყიდე, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდრებელში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის ძმებს შორის თავისი ადგილსამყოფლის კარიბჭიდან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!“ და უთხრეს კარიბჭესთან მდგომმა მთელმა ხალხმა და უხუცესებმა: „მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი ქალი რახელივით და ლეასავით, რომელთაც ააშენეს ისრაელის სახლი. ღირსეულად მოიქეცი ეფრათში და სახელი გაითქვი ბეთლემში! და გახდეს შენი სახლი, როგორც სახლი ფერეცისა, რომელიც უშვა თამარმა იუდას, იმავე თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისგან.“ და წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. და შევიდა მასთან, და მისცა უფალმა რუთს ორსულობა და შვა ვაჟი. და დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: „კურთხეულია უფალი, რომელმაც არ მოგიშალა ნათესავი დღეს! განდიდდეს მისი სახელი ისრაელში! ის იყოს განმაახლებელი შენი სიცოცხლისა და მარჩენალი შენი სიბერისა, რადგან იგი გააჩინა შენმა რძალმა, რომელსაც უყვარხარ და რომელიც შვიდ ვაჟიშვილზე მეტია შენთვის.“ და მიირქვა ნაყომიმ ყმაწვილი, კალთით ატარებდა, და გახდა მისი გამდელი. და სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს და თქვეს: „ვაჟი შეეძინა ნაყომის.“ და დაარქვეს სახელად ყობედი. იგი იყო მამა იესესი, დავითის მამისა. აჰა, შთამომავლობა ფერეცისა: ფერეცმა შვა ხეცრონი, და ხეცრონმა შვა რამი, და რამმა შვა ყამინადაბი, და ყამინადაბმა შვა ნახშონი, და ნახშონმა შვა სალმონი, და სალმონმა შვა ბოყაზი, და ბოყაზმა შვა ყობედი, ყობედმა შვა იესე, და იესემ შვა დავითი. იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან, და მისი სახელი იყო ელკანა, ძე იეროხამისა, ძისა ელიჰუსი, ძისა თოხუსი, ძისა ცუფისა – ეფრათელი. და ორი ცოლი ჰყავდა მას ერთის სახელი იყო ხანა, მეორისა – ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო. ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან დაწესებულ დღეებში ცაბაოთ უფლისათვის თაყვანისცემად და მსხვერპლის შესაწირად შილოში, სადაც ყელის ორი ვაჟი – ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდლები იყვნენ. იმ დღეს, როცა შესწირავდა მსხვერპლს ელკანა, მისცემდა ხოლმე წილს ფენინას, თავის ცოლს, და მის ვაჟებსა და ასულებს. ხანას კი განსაკუთრებულ წილს აძლევდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს. მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა. ასე ხდებოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა. და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა. და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?“ ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ შილოში. ხოლო ყელი მღვდელი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან. სულის სიმწარით დაუწყო ქალმა ვედრება უფალს, და ცხარედ ტიროდა. და აღუთქვა და უთხრა: „ცაბაოთ უფალო, თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს მივცემ მას ვიდრე ცოცხალი იქნება, სამართებელი არ შეეხება მის თავს.“ და როცა დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი მის ბაგეებს აკვირდებოდა. რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა და მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ყელიმ. უთხრა ყელიმ: „რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან.“ მიუგო ხანამ და უთხრა: „არა, ჩემო ბატონო. ერთი სულგამწარებული ქალი ვარ. ღვინო და თაფლუჭი არ დამილევია, უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს. უღირსი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მხევალი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს.“ მიუგო ყელიმ და უთხრა: „წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთმა აგისრულოს სათხოვარი, რასაც მოითხოვ მისგან.“ თქვა ქალმა: „ნეტავ, მადლი პოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში.“ და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია სახე უწინდებურად. ადგნენ დილით და თაყვანი სცეს უფალს, დაბრუნდნენ რამას და მივიდნენ თავიანთ სახლში. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა ხანა უფალმა. რამდენიმე ხნის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფალს გამოვთხოვეო იგი. წავიდა მისი ქმარი ელკანა მთელი თავისი სახლითურთ უფლისადმი ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად. ხანა არ წასულა, უთხრა ქმარს: „როცა ბავშვი ძუძუს მოსწყდება და წამოიზრდება, მაშინ წავიყვან და ის გამოცხადდება უფლის წინაშე და უკუნისამდე იქ დარჩება.“ უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „ისე გააკეთე, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. ოღონდ აგისრულოს უფალმა თავისი სიტყვა.“ დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა. როცა ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, შილოში. თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა, და მივიდა უფლის სახლში შილოში; ჯერ კიდევ ჩვილი იყო ყმაწვილი. დაკლეს მოზვერი და ყელის მიუყვანა ყმაწვილი. თქვა ქალმა: „იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი შენს ახლოს და უფალს ვევედრებოდი. ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი. ამიტომაც უფალს აღვუთქვი იგი, ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება აღთქმული.“ და თაყვანი სცა იქ უფალს. ილოცა ხანამ და თქვა: „გამხიარულდა ჩემი გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა. გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით. არავინ არის უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის ღმერთივით მფარველი. აღარ ილაპარაკებთ ქედმაღლურად, აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია. ძლიერთა მშვილდი მოზიდულია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ. მაძღარნი პურისათვის ქირაზე დადიან, მშიერნი კი აღარ შიმშილობენ. საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი კი დაჭკნა. უფალი კლავს და აცოცხლებს, შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს. უფალი აღატაკებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს. გლახაკს მტვრიდან წამოაყენებს, სანაგვიდან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას. ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა. თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ იმარჯვებს კაცი. უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან იგრგვინებს მათზე უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.“ წავიდა ელკანა რამას, თავის სახლში, ყმაწვილი კი ყელი მღვდელთან დარჩა უფლის მსახურად. უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები: უფალს არ ცნობდნენ და არც მღვდლობის მოვალეობას ხალხის წინაშე: როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მოვიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში, ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც ჩანგალს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, შილოში მიმსვლელს. ქონის კმევამდეც მოდიოდა ახალგაზრდა მღვდელი და ეუბნებოდა საკლავის პატრონს: „მიეცი მღვდელს შესაწვავი ხორცი. მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი.“ თუ ეტყოდა ვინმე: „ქონს აკმევენ და მერე წაიღე, რაც გენებოს“, მიუგებდა: „არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.“ ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდა ეს ხალხი უფლის ძღვენს. ყრმა სამუელი უფლის მსახური იყო, სელის ეფოდი ემოსა. პატარა წამოსასხამს უმზადებდა ხოლმე დედა და ყოველ წელიწადს ამოჰქონდა, როცა ქმართან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა. აკურთხა ყელიმ ელკანა და მისი ცოლი და უთხრა: „უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას აღთქმულის ნაცვლად, რომელიც უფალს აღუთქვი.“ და დაბრუნდნენ უკან. მოხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფალთან იზრდებოდა. ძალზე მოხუცდა ყელი. ესმოდა ყველაფერი, როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმ ქალებთან, ვინც საკრებულო კარვის კართან სამსახურს ეწეოდა. ეუბნებოდა მათ: „რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან ხმები მესმის თქვენი უკეთურების ამბავი. ნუ იზამთ, შვილებო! ცუდი ხმები მესმის. გზიდან აცდენთ უფლის ერს. თუ კაცმა კაცს შესცოდა, მოსამართლეა ქომაგი. თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ გამოექომაგება?“ არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან ინება უფალმა მათი დაღუპვა. ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და სიკეთე ემატებოდა უფლისა და ხალხის წინაშე. მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: „ასე თქვა უფალმა: ‘გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას. ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელის ძეთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი. რატომ თელავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის, შესაწირავის საუკეთესო წილით?’ ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: უკუნისამდე ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, – ამბობს უფალი, – არამც და არამც! რადგან ჩემს მადიდებელს განვადიდებ, ჩემი მოძულენი კი დამცირდებიან. აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი ძალა და მამაშენის სახლის ძალა ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში. დაინახავ მეტოქეს ტაძარში, როცა კეთილი დღე დაუდგება ისრაელს, შენს სახლში კი მოხუცებული არასოდეს იქნება. ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს. მაგრამ შენი სახლის მთელი ნამატი გაწყდება კაცობის ასაკში. აჰა, ნიშანი, რომელიც აღსრულდება შენს ორ ვაჟზე – ხოფნიზე და ფინხასზე: ერთ დღეს დაიხოცებიან ორივენი. აღვადგენ ჩემთვის სარწმუნო მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა. ავუშენებ სარწმუნო სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს. და მივა მასთან შენს სახლში დარჩენილი ვინმე და თაყვანს სცემს მას გროშისა და პურის ნატეხისათვის და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ ხარისხი, რომ ლუკმა პური ვჭამო.’“ ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ყელისთან. უფლის სიტყვა ძვირი იყო იმ დღეებში. ხილვები არ იყო ხშირი. ერთხელ ყელი თავის ადგილზე იწვა; თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა. ღვთის კანდელი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი და სამუელს უფლის სახლში ეძინა, სადაც ღვთის კიდობანი იდგა. დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: „აჰა, აქა ვარ.“ და მიირბინა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.“ უთხრა: „არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი.“ ისიც წავიდა და დაწვა. კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.“ უთხრა: „არ დამიძახნიხარ, შვილო. წადი, დაწექი.“ ჯერ კიდევ ვერ სცნობდა სამუელი უფალს, ჯერ კიდევ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა. მესამე გზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.“ მიხვდა ყელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს. უთხრა ყელიმ სამუელს: „წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს-თქო შენი მსახური.“ წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე. მოვიდა უფალი და დადგა, კვლავ დაუძახა წინანდებურად: „სამუელ, სამუელ!“ უთხრა სამუელმა: „ბრძანე, რადგან გისმენს შენი მსახური.“ უთხრა უფალმა სამუელს: „ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ ყოველ მის მსმენელს ორთავე ყური გაუყრუვდეს. იმ დღეს თავიდან ბოლომდე აღვასრულებ ყელიზე ყველაფერს, რაც მის სახლზე წარმოვთქვი. დავიწყებ და დავასრულებ. ხომ გამოვუცხადე, რომ უკუნისამდე დავსჯიდი მის სახლს უკეთურების გამო, რადგან იცოდა, რომ თავს ირცხვენდნენ მისი შვილები და არ ამხილებდა მათ. ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლს, არც მსხვერპლით და არც პურეულის ძღვენით არ გამოისყიდება-მეთქი უკუნისამდე ყელის სახლის უკეთურება.“ დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი, ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ყელისთვის ეს ხილვა. და დაუძახა ყელიმ სამუელს და უთხრა: „სამუელ, შვილო!“ მიუგო: „აჰა, აქა ვარ.“ უთხრა ყელიმ: „რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.“ უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაუმალავს მისთვის. თქვა ყელიმ: „უფალი ყოფილა, ქმნას, რაც ენებოს.“ იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. არ გაცუდებულა არც-ერთი მისი სიტყვა. შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბეერ-შებაყამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველად იქნა დამტკიცებული. კვლავ ცხადდებოდა შილოში უფალი მას შემდეგ, რაც მოევლინა უფალი სამუელს შილოში უფლის სიტყვის მეშვეობით. მოედო სამუელის ამბავი მთელს ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან. ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ. დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ. გაჩაღდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან. ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე. ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: „რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან.“ გაგზავნა ხალხმა შილოში და მოიტანეს იქიდან ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი. ყელის ორი ვაჟი: ხოფნი და ფინხასი ახლდა უფლის აღთქმის კიდობანს. როცა ღვთის აღთქმის კიდობანი ბანაკში მოვიდა, მაღალი ხმით იგრიალა მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა. მოესმათ ფილისტიმელებს გრიალი და თქვეს: „ეს რა გრიალი დგას ებრაელთა ბანაკში?“ შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოვიდა ბანაკში. შეეშინდათ ფილისტიმელებს, როცა ითქვა: „ღმერთი მოვიდა ბანაკში! ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამე არც გუშინ, არც გუშინწინ არ მომხდარა. ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთების ხელიდან? ეს ისინი არიან, ის ღმერთები, ეგვიპტელები რომ მუსრეს უდაბნოში ყოველგვარი სამუსვრელით. გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით, ფილისტიმელებო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც თქვენ გემონებიან ისინი. ვაჟკაცურად დადექით და შეებრძოლეთ.“ და შეებრძოლნენ ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი, და გაიქცნენ თავთავიანთ კარვებში. მეტისმეტად დიდი იყო მარცხი: ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან. წაიღეს ღვთის კიდობანი, დაიხოცა ყელის ორივე ვაჟი – ხოფნი და ფინხასი. გამოიქცა ერთი ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა შილოში. სამოსელი შემოეგლიჯა და მტვერი ეყარა თავზე. მოვიდა და აჰა, ზის ყელი თავის სკამზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უთრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მოვიდა კაცი ამბის შესატყობინებლად ქალაქში და ღაღადყო მთელმა ქალაქმა. მოესმა ღაღადების ხმა ყელის და თქვა: „ეს რა ხმაურია?“ ისწრაფა იმ კაცმა და ყველაფერი უამბო ყელის. ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ყელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა. უთხრა კაცმა ყელის: „ლაშქრიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი.“ ჰკითხა: „რა მოხდა, შვილო?“ მიუგო მაცნემ და უთხრა: „უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც, ხოფნი და ფინხასი, დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.“ როგორც კი ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ყელი სკამიდან კარისკენ, კეფა გაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში. მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, და როცა გაიგო ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწიეს მშობიარობის ტკივილებმა. როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომი ქალები: „ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლა.“ მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი, და თქვა: „გადაიხვეწა დიდება ისრაელისა“, – უფლის კიდობნის წაღებით და მისი მამათილისა და ქმრის სიკვდილის გამო.“ თქვა: „განეშორა დიდება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი.“ წაიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში გადაიტანეს. აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და მიიტანეს დაგონის ტაძარში და გვერდით დაუდგეს დაგონს. ადგნენ მეორე დღეს ადრიანად აშდოდელები და ხედავენ, უფლის კიდობნის წინ პირქვე გდია დაგონი. აიღეს დაგონი და დააბრუნეს თავის ადგილას. ადგნენ მეორე დღეს დილით და ხედავენ, პირქვე გდია დაგონი უფლის კიდობნის წინ. დაგონის თავი და ორთავე ხელის მტევანი მოწყვეტილი ყრია ზღურბლთან, მხოლოდ ტანი აქვს შერჩენილი დაგონს. ამიტომაც ერიდებიან აშდოდში დაგონის ქურუმები და დაგონის სახლად მიმსვლელნი დაგონის ზღურბლის დაბიჯებას დღემდე. დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე. ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით, მთელს აშდოდს და მის სანახებს. ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: „არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან მძიმეა მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.“ შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ყველა ფილისტიმელი მთავარი და იკითხეს: „რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს?“ თქვეს: „გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი.“ და გადაიტანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი. მას შემდეგ, რაც მიიტანეს იგი, უფლის ხელი იყო ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი; გვემა უფალმა ქალაქის მკვიდრნი დიდიან-პატარიანად, და გამოაჩნდათ ბუგრები. გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონს. როცა მივიდა ყეკრონში ღვთის კიდობანი, აკივლდნენ ყეკრონელები: „მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!“ შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა ყველა მთავარი, თქვეს: „გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი. დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოს ჩვენ და ჩვენი ხალხი.“ რადგან შიშისზარი იყო მთელს ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა აქ უფლის ხელი. და ის, ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრები გამოაჩნდა ყველას. ცას მისწვდა ქალაქის ღაღადი. შვიდ თვეს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში. მოიხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: „რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე.“ მიუგეს: „თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვნის გარეშე ნუ გაგზავნით. შესწირეთ დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი. მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.“ თქვეს: „რა უნდა შევწიროთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად?“ მიუგეს: „ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი და ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ. რადგან ერთია სასჯელი თქვენზე და თქვენს მთავრებზე. გააკეთეთ გამოსახულებები თქვენი ბუგრებისა და გამოსახულებები თქვენი თაგვებისა, რომლებიც აჩანაგებენ ქვეყანას და პატივს მიაგებთ ამით ისრაელის ღმერთს. იქნებ შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებზე და თქვენს ქვეყანაზე. რატომ ისასტიკებთ გულს, როგორც ეგვიპტელები და ფარაონი ისასტიკებდნენ? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი გაამწარა ისინი უფალმა? ახლა ადექით და ერთი ახალი ურემი გააკეთეთ. გამოარჩიეთ ერთნაყოლი ორი მეწველი, უღელდაუდგმელი ფური, და შეაბით ფურები ურემში, ხბორები კი შინ გააბრუნეთ, აიღეთ უფლის კიდობანი და ურემზე შედგით. სკივრში ოქროს ნივთები ჩააწყვეთ, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით, და წავიდეს. თვალი გააყოლეთ და, თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება. თუ არადა, გეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გწევია ეს ამბავი.“ ასეც გააკეთა ხალხმა. გამოარჩიეს ერთნაყოლი ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს. ხბორები კი შინ დაამწყვდიეს. ურემზე შედგეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს თაგვებითა და თავიანთი ბუგრების გამოსახულებებით. პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ ფურები. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ბღაოდნენ, არც მარჯვნივ გადაუხვევიათ, არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები მისდევდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე. ბეთ-შემეში ამ დროს პურს მკიდა მინდორში. გაიხედეს და დაინახეს კიდობანი, და გაუხარდათ დანახვა. ბეთ-შემეშელ იესოს ყანაში შევიდა ურემი და იქ გაჩერდა. დიდი ქვა იდო იქ. ურმის ხეები დაჩეხეს და ფურები სრულადდასაწველად შესწირეს უფალს. ლევიანებმა გადმოიღეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს ნივთებით და იმ დიდ ქვაზე დადეს. და ბეთ-შემეშელებმა სრულადდასაწველი შესწირეს და საკლავი დაუკლეს უფალს იმ დღეს. ეს რომ დაინახეს, იმავე დღეს გაბრუნდა ყეკრონს ფილისტიმელთა ხუთი მთავარი. აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად: ერთი აშდოდისათვის იყო, ერთი – ღაზასთვის, ერთი – აშკელონისთვის, ერთი გათისთვის, ერთიც ყეკრონისთვის. იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვისამებრ, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს – ციხე-სიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე, და დიდ ქვამდე, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, და ის დღემდე ბეთ-შემეშელი იესოს მინდორში იმყოფება. მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში. ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა. მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი. თქვეს ბეთ-შემეშელებმა: „ვინ დაუდგება უფალს, ამ წმიდა ღმერთს? ვისთან წავა ის ჩვენგან?“ გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმის მოსახლეობას და შეუთვალეს: „დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთ.“ მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი უფლის კიდობნის მცველად. გამოხდა მრავალი ხანი, ოცი წელი, კიდობნის დასვენებიდან კირიათ-იეყარიმში, და მოენატრა უფალი მთელს ისრაელის სახლს. ასე უთხრა სამუელმა მთელს ისრაელის სახლს: „თუ მთელი გულით მოიქცევით უფლისაკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და ყაშთაროთები. მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ერთს ემსახურეთ და მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.“ მოიშორეს ისრაელის ძეთ ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ. თქვა სამუელმა: „შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს.“ შეიკრიბნენ მიცფაში, და ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე, და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: „შევცოდეთ უფალს.“ და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეთ მიცფაში. შეიტყვეს ფილისტიმელებმა, მიცფაში რომ იყვნენ შეკრებილნი ისრაელის ძენი, და დაიძრნენ ფილისტიმელთა მთავრები ისრაელის წინააღმდეგ. გაიგეს ისრაელის ძეთ და შეუშინდნენ ფილისტიმელებს. უთხრეს ისრაელის ძეთ სამუელს: „ნუ შეგვიწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღვთისადმი, ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“ აიყვანა სამუელმა ძუძუთა კრავი და მთლიანად შესწირა სრულადდასაწველად უფალს, და შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა. როდესაც სამუელი სწირავდა სრულადდასაწველს უფალს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, და იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, და შეაძრწუნა, და იძლივნენ ისინი ისრაელის ძეთაგან. გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან, და დაედევნენ ფილისტიმელებს და მუსრი გაავლეს მათ ბეთ-ქორის ქვემოთ. და აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის, და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ-ყეზერი, და თქვა: „აქამდე შეგვეწია უფალი“. დაცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელებზე სამუელის სიცოცხლეში. დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთაგან წაღებული ქალაქები ყეკრონიდან გათამდე. გამოგლიჯა ისრაელმა მათი საზღვრები ფილისტიმელებს. და იყო ზავი ისრაელსა და ამორეველთა შორის. და განსჯიდა ისრაელს სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე. და დადიოდა წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალს და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყველა ამ ადგილას. ბრუნდებოდა რამას, რადგან იქ იყო მისი სახლი, და აქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს. როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები გაამწესა. მის პირმშოს სახელად ერქვა იოელი, ხოლო უმცროსს – აბია. ბეერ-შებაყში იყვნენ მსაჯულებად. არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ. შეიკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი და მივიდა სამუელთან რამაში. უთხრეს: „შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას; დაგვისვი ახლა მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია.“ არ მოეწონა ეს საქმე სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად, მაშინ ილოცა სამუელმა უფლის მიმართ. უთხრა უფალმა სამუელს: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონნენ, ასევე გექცევიან შენც. ახლა გაუგონე მათ, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.“ უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან. უთხრა: „ეს უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს, და ირბენენ მისი ეტლის წინ. დააყენებს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავისი მინდვრების მხვნელებად და თავისი სამკალის მომკელებად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად. აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და ხაბაზებად. წაიღებს თქვენს საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მსახურებს დაურიგებს. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის საჭურისებს და მსახურებს დაურიგებს. წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს. წაიღებს მეათედს თქვენი ფარებიდან და თქვენც მისი მონები გახდებით. და გმინვას დაიწყებთ მაშინ თქვენი არჩეული მეფისაგან, მაგრამ პასუხს აღარ გაგცემთ მაშინ უფალი.“ არ დაუჯერა ხალხმა სამუელს, თქვეს: „არა და არა, მეფე უნდა გვეჯდეს. ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან, ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენს ომებს წარმართავს.“ მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი და შეატყობინა უფალს. უთხრა უფალმა სამუელს: „შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე.“ და უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: „წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში.“ იყო ერთი კაცი ბენიამინის ტომიდან სახელად კიში, ძე აბიელისა, ძისა ცერორისა, ძისა ბექორათისა, ძისა აფიახისა, ძისა ვინმე ბენიამინელისა, მაგარი ვაჟკაცი. მას ჰყავდა ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელის ძეთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო. ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე. და დაეკარგა ჭაკი ვირები კიშს, საულის მამას, და უთხრა კიშმა საულს, თავის შვილს: „წაიყვანე რომელიმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები.“ გადაიარა ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მხარე, მაგრამ ვერ იპოვნეს. მოიარეს შაალიმის მხარე და არც იქ იყო. მოიარა ბენიამინის მხარე და ვერ იპოვეს. მივიდნენ ცუფის მხარეში და უთხრა საულმა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: „მოდი, გავბრუნდეთ უკან. დაავიწყდებოდა მამაჩემს ვირები და ჩვენი დარდი ექნება.“ უთხრა მას: „აი, ღვთისკაცია ამ ქალაქში. პატივდებული კაცია; რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ.“ უთხრა საულმა თავის მსახურს: „კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარ გვაქვს, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთისკაცს რომ მივუტანოთ. რა გვაქვს თან?“ კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: „აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში, მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.“ უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: „მოდი, წავიდეთ მისანთან“, რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველია, უწინ მისანი ეწოდებოდა. უთხრა საულმა თავის მსახურს: „სწორს ამბობ. წამო, წავიდეთ.“ წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი იყო. აიარეს ქალაქის აღმართი და შემოხვდნენ წყალზე მიმავალი გოგონები, ჰკითხეს: „არის აქ სადმე მისანი?“ მიუგეს: „აქვეა, ახლოში. ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს გორაკზე. როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე გორაკზე არ ასულა საჭმელად, რადგან ხალხი არაფერს შეჭამს მის მისვლამდე. მან უნდა აკურთხოს საკლავი, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ჭამას მიწვეულები. აბა, წადით, რადგან სწორედ ამ დროს შეგეძლებათ მისი პოვნა.“ ავიდნენ ქალაქში. შუა ქალაქში შევიდნენ და აჰა, ეგებება მათ გორაკისაკენ მიმავალი სამუელი. საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისათვის: „ხვალ ამ დროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხრიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მთავრად. იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთა ხელიდან, რადგან მოვხედე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.“ დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაადასტურა: „აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.“ შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და ჰკითხა: „მასწავლე, სად არის აქ მისნის სახლი.“ მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: „მე ვარ მისანი. წამიძეხი გორაკისაკენ. დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს, დილას კი გაგიშვებ. ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს. ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?“ მიუგო საულმა და უთხრა: „მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი. ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?“ და წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური, და შეიყვანა დარბაზში და ოცდაათი წვეული კაცის თავში დასხა. უთხრა სამუელმა მზარეულს: „გამოიტანე ის ნაწილი, რომელიც მოგაბარე და გითხარი, დაიტოვე-მეთქი.“ გამოიტანა მზარეულმა მთელი ბეჭი და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: „ეს არის, რაც მორჩა. წინ დაიდე და ჭამე, რადგან იმ დროისათვის გადაგინახე, როცა ხალხის მოწვევა განვიზრახე.“ და პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად. ჩამოვიდნენ გორაკიდან ქალაქში და სახლის ერდოზე ელაპარაკა საულს. და ადგნენ დილაადრიანად, და განთიადისას დაუძახა სამუელმა საულს ერდოზე და უთხრა: „ადექი, უნდა გაგისტუმრო.“ და ადგა საული და გავიდნენ ორთავენი, ის და სამუელი, გარეთ. როცა ქალაქის ბოლოზე ჩადიოდნენ, სამუელმა უთხრა საულს: „უთხარი, ჩვენს წინ წავიდეს მსახური და იაროს. შენ კი მცირეხანს დადექი, რომ ღვთის სიტყვა გამოგიცხადო.“ და აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: „აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად. დღესვე, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვარზე, ცელცახში. გეტყვიან: „ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წამოხვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს: რა ვიღონო ჩემი შვილისთვისო? და გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან, და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალ სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო. მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, და შენც გამოართმევ ხელიდან. შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ წინასწარმეტყველთა გუნდს, რომელთაც წინ მოუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით, თავად კი წინასწარმეტყველებენ. ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აწინასწარმეტყველდები, სხვა კაცად გარდაიქმნები. როცა ყოველივე ეს აგიცხადდება, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან. ჩემზე წინ ჩახვალ გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გასწავლი, რა უნდა გააკეთო.“ როგორც კი გატრიალდა საული სამუელისაგან წასასვლელად, სხვა გული ჩაუდო მას ღმერთმა და ყველა ნიშანი აუცხადდა იმ დღეს. ავიდნენ ბორცვზე და აჰა, მოდის მისკენ წინასწარმეტყველთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აწინასწარმეტყველდა. ყველანი, ვინც გუშინ და გუშინწინ იცნობდნენ მას, ხედავდნენ წინასწარმეტყველებთან ერთად გაწინასწარმეტყველებულს, და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: „რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც გაწინასწარმეტყველდა?“ თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: „ვინ არის მათი მამა?“ ასე წარმოიშვა ანდაზა: „ნუთუ საულიც გაწინასწარმეტყველდა?“ მორჩა ქადაგობას და ავიდა გორაკზე. უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: „სად იარეთ?“ მიუგო: „ვირებს ვეძებდით და როცა ვერსად ვიპოვეთ, სამუელთან წავედით.“ უთხრა საულს ბიძამ: „მომიყევი, რა გითხრათ სამუელმა.“ უთხრა საულმა ბიძას: „გამოგვიცხადა, ნაპოვნიაო ვირები.“ ხოლო მეფობის ამბავი, რაც სამუელმა უთხრა, არ გაუმხელია მისთვის. მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში. უთხრა ისრაელის ძეთ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: „მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა სამეფოს ხელიდან, რომელიც კი გჩაგრავდათ.’ დღეს თქვენ უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვისვიო. აბა, დადექით უფლის წინაშე თქვენ – თქვენი ტომისა და საგვარეულოების მიხედვით.“ სათითაოდ მიიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი. მიიყვანა ბენიამინის ტომი საგვარეულოების მიხედვით და მატრის საგვარეულოს ხვდა წილი; მერე საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს. კვლავ შეეკითხნენ უფალს: „თუ კიდევ მოვა ის?“ თქვა უფალმა: „აჰა, აღალს ეფარება.“ გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხში და ერთი თავით მაღალი იყო. უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: „ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი“, შესძახა ხალხმა და თქვა: „დღეგრძელი იყოს მეფე!“ გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი. წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი, და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის სახლებში. საულიც წავიდა თავისი სახლისაკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო. უღირსი ხალხი ამბობდა: „ეგ ჩვენ როგორ გვიხსნის?“ და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. ის კი თითქოს ვერ ამჩნევდა ამას. წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გილყადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: „შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.“ უთხრა მათ ნახაშ ყამონელმა: „ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.“ უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: „შვიდი დღე მოგვეცი, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელს ისრაელში და, თუ არავინ იქნა ჩვენი მხსნელი, გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ.“ მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი. აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: „რა მოუვიდა ხალხს, რა ატირებს?“ ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი. ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი. ადგა და აკუწა ორივე ხარი და იმ მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: „ვინც საულსა და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს.“ უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ, როგორც ერთი კაცი. აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელის ძენი სამასი ათასი იყვნენ, იუდას ხალხი – ოცდაათი ათასი. უთხრეს მოსულ მოციქულებს: „ასე უთხარით გილყადის იაბეშის ხალხს: ‘ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, იქნება ხსნა.’“ მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს, და მათაც გაიხარეს. შეუთვალეს იაბეშელებმა: „ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ.“ მეორე დღეს სამ რაზმად დაჰყო საულმა ხალხი და დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ მათში ორი ერთად არ დარჩენილა. უთხრა ხალხმა სამუელს: „ვინ ამბობდა, ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე? მოგვეცი ის ხალხი, რომ დავხოცოთ.“ უთხრა საულმა: „ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში.“ უთხრა სამუელმა ხალხს: „წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა.“ წავიდა მთელი ხალხი გილგალს, და გაამეფეს იქ საული უფლის წინაშე გილგალში, და შესწირეს იქ სამშვიდობო მსხვერპლი უფლის წინაშე. და ძლიერ გაიხარა იქ საულმა და ყველა ისრაელის ძემ. უთხრა სამუელმა მთელს ისრაელს: „აჰა, ვუსმინე თქვენს ხმას ყველაფერში, რასაც მოითხოვდით ჩემგან და გავამეფე თქვენზე მეფე. ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ. მე მოვხუცდი და გავთეთრდი. აქ არიან ჩემი შვილებიც თქვენთან ერთად. სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით. აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამირთმევია, თუ ვინმე შემივიწროებია, თუ ვინმე დამიჩაგრავს, თუ ვინმეს ხელიდან ქრთამი ამიღია მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.“ უთხრეს: „არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგვრივართ, არც ვინმეს ხელიდან რამე აგიღია.“ კვლავ უთხრა მათ: „უფალი იყოს მოწმე თქვენს შორის, და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში.“ უთხრეს: „მოწმე იყოს!“ უთხრა სამუელმა ხალხს: „ჰო, [მოწმე იყოს] უფალი, რომელმაც მოსე და აარონი დაადგინა, რომელმაც თქვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა. ახლა დადექით, რომ განგსაჯოთ უფლის წინაშე ყველა სიკეთის გამო, რაც გიყოთ უფალმა თქვენ და თქვენს მამებს. როცა იაკობი მივიდა ეგვიპტეში და შეჰღაღადეს თქვენმა მამებმა უფალს, მაშინ უფალმა და მოავლინა მოსე და აარონი და მათ გამოიყვანეს თქვენი მამები ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაასახლეს. მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი, და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებს და მოაბელთა მეფეს, [რომელნიც] ებრძოდნენ მათ. მაგრამ როცა შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: ‘შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაყალებსა და ყაშთაროთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით.’ მაშინ მოავლინა უფალმა იერუბაყალი, ბედანი, იფთახი და სამუელი. ის გიფარავდათ გარეშემო მტრების ხელთაგან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად. დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ და მითხარით: ‘არა, მეფემ იმეფოს ჩვენზე!’ თქვენი მეფე კი უფალია, ღმერთი თქვენი. ახლა, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით: აჰა, მოგცათ უფალმა მეფე. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის ხმას და წინ არ აღუდგებით მის ბრძანებებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს. თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და წინ აღუდგებით უფლის ბრძანებებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამების წინააღმდეგ იყო. „ახლა დადექით და შეხედეთ ამ დიდ საქმეს, რასაც უფალი აღასრულებს თქვენს თვალწინ. ხომ პურის მკაა ახლა? შევთხოვ უფალს და მოავლენს ჭექა-ქუხილსა და წვიმას, და გაიგებთ და ნახავთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის თვალწინ რომ ჩაიდინეთ, როცა მეფე მოითხოვეთ თქვენთვის.“ შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა. უთხრა მთელმა ხალხმა სამუელს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მსახურთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.“ უთხრა სამუელმა ხალხს: „ნუ გეშინიათ, უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება. ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი თქვენი გულით ემსახურეთ. ნუ გაიწევთ ფუჭისაკენ, არ დაგიფარავენ და არ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან. უფალი კი არ მიატოვებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან ინება უფალმა, რომ თავის ერად ემოერჩიეთ თქვენ. მე კი, ნუმც შემიცოდავს უფლისათვის, ნუმც შემიწყვეტია თქვენს გამო ვედრება. მე დაგაყენებთ თქვენ სასიკეთო და სწორ გზაზე. ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ ჭეშმარიტებით და მთელი თქვენი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის. თუ ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.“ საული იყო … წლისა, როცა გამეფდა და … წელი მეფობდა ისრაელზე. გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში სამი ათასი კაცი. ორიათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთელის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან ბენიამინის გიბყაში. დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაუშვა. იონათანმა გაანადგურა ფილისტიმელთა საყარაულო, რომელიც გებაყში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა საყვირს დააყვირებინა მთელს ქვეყანაზე და გამოაცხადა: „ისმინონ ებრაელებმა!“ და მოისმინა მთელმა ისრაელმა, რომ გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა საყარაულო და რომ მტრად მოეკიდა ისრაელი ფილისტიმელებს, და შეიყარა ხალხი საულთან გილგალში. და ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად: ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი; ამოვიდნენ და მიქმაშში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ. დაინახეს ისრაელის ძეთ, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში და ორმოებში. ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გილყადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგაში იმყოფებოდა და მთელი ხალხი, ვინც გაჰყვა მას, შეშინებული იყო. შვიდ დღეს იცადა მან, სამუელის ვადამდე, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში, ხალხი კი ეფანტებოდა. თქვა საულმა: „მომიყვანეთ სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი“, და აღავლინა სრულადდასაწველი. ის იყო გაასრულა აღსავლენის აღვლენა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად. მაგრამ სამუელმა უთხრა: „ეგ რა ჰქენი?“ მიუგო საულმა: „დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. ფილისტიმელები კი მიქშაშში არიან შეკრებილნი. ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს. თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე სრულადდასაწველი. უთხრა სამუელმა საულს: „უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის, ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, უკუნისამდე განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე. ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა; გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი შენ არ დაიცავი, რაც გიბრძანა უფალმა.“ ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბყაში. და დათვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი – ექვსასამდე კაცი. საული და მისი ვაჟი იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში დადგნენ, ფილისტიმელები კი მიქშაშში დაბანაკდნენ. გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან სამი მარბიელი რაზმი: ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, შუალის ქვეყნისკენ, მეორე რაზმი კი ბეთ-ხორონის გზას დაადგა, მესამე ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას, უდაბნოზე რომ გადის. მჭედელი არ მოიძებნა მთელს ისრაელში, რადგან ფილისტიმელებს ეშინოდათ, რომ ებრაელებს მახვილი ან შუბი არ ეკეთებინათ. ჩადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელებთან სახნისების, თოხების, ცულებისა და ნამგლების მოსაპირავად, როცა დაუბლაგვდებოდა პირი სახნისებს, თოხებს, ფიწლებს, ცულებს ან თუ საგმირები იყო გასამართავი. როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ საულისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები და შუბები. მხოლოდ საულს და მის ვაჟს, იონათანს, აღმოაჩნდათ. გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისაკენ. და უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გავიდეთ ფილისტიმელთა საყარაულოსთან, გაღმა მხარეს რომ არის.“ მამისთვის არაფერი უთქვამს. საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა, ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას. თან ახლდა ხალხი, ექვსასამდე კაცი, და ახია, ძე ახიტუბისა, ძისა იქაბოდისა, ძისა ფინხასისა, ძისა ყელისა – შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი. და იმ ვიწროებში, საიდანაც უნდოდა იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე რაზმთან გასვლა, ერთ მხარესაც კლდის შვერილი იყო და მეორე მხარესაც: ერთის სახელი – ბოცეცი, მეორისა – სენე. ერთი შვერილი ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშის გასწვრივ, მეორე – სამხრეთიდან, გებაყის გასწვრივ. და უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საყარაულოსთან, ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, რადგან უფლისათვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი.“ და უთხრა მას მისმა საჭურველთმტვირთველმა: „გააკეთე, რაც გულში გაქვს. მიდი, და აჰა, მეც შენთანა ვარ, როგორც შენს გულს სურს.“ თქვა იონათანმა: „აჰა, ჩვენ გავალთ მაგ ხალხთან და ვეჩვენებით მათ. თუ ასე გვეტყვიან: ‘შეიცადეთ, ვიდრე ჩვენ თქვენთან მოვიდოდეთ’, გავჩერდეთ ჩვენს ადგილზე და ნუ ავალთ მათთან. და თუ ასე გვეტყვიან: ‘ჩვენთან ამოდით’. ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია ისინი უფალს. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი.“ და ეჩვენენ ორივენი ფილისტიმელთა ყარაულს და თქვეს ფილისტიმელებმა: „აჰა, ებრაელები გამოდიან ხეობიდან, სადაც დამალულები იყვნენ.“ და გაეხმაურნენ მოყარაულენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: „ამოდით ჩვენთან და გაგაგებინებთ ამბავს.“ და უთხრა იონათანმა საჭურველთმტვირთველს: „მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს.“ და ფორთხვით ავიდა ზევით იონათანი, უკან მისი საჭურველმტვირთველი მიჰყვა. და ეცემოდნენ იონათანის წინაშე, მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან ხოცავდა მათ. ეს პირველი შეტაკება იყო, რომლის დროსაც ოცამდე კაცს გაავლეს მუსრი იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე. და შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. და შეიძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი. და დაინახეს საულის მოთვალთვალეებმა ბენიამინის გიბყადან, რომ იფანტებოდა ჯარი და აქეთ-იქით აწყდება. და უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: „მოათვალიერეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენიანებიდან.“ და მოათვალიერეს და აჰა, არც იონათანი ჩანს და არც მისი საჭურველთმტვირთველი. და უთხრა საულმა ახიას: „მოიტანე ღვთის კიდობანი.“ რადგან ისრაელის ძეთა შორის იყო იმ დღეს ღვთის კიდობანი. და ვიდრე მღვდელს ელაპარაკებოდა საული, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: „დაუშვი ხელი.“ და შეგროვდნენ საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი და მოვიდნენ ბრძოლის ადგილზე. და აჰა, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა და შეიქმნა მეტისმეტი არეულობა. ებრაელები, ადრე რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელის ძეთ შეუერთდნენ, რომელნიც თან ახლდნენ საულსა და იონათანს. ეფრემის მთებში მიმალულმა ყველა ისრაელის ძემ გაიგო ფილისტიმელების უკუქცევა და ისინიც გაჰყვნენ მათ ბრძოლაში. იხსნა იმ დღეს უფალმა ისრაელი და ბეთ-ავენს გადასწვდა ბრძოლა. გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: „წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე.“ და მთელ ხალხს პირი არ დაუკარებია საჭმელისთვის. მთელი ხალხი ტყეში წავიდა, და აჰა, თაფლი დევს მიწაზე. და შევიდა ხალხი ტყეში და აჰა, თაფლის ღვარია, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცისა ეშინოდა ხალხს. არ ჰქონდა გაგებული იონათანს, რომ დააფიცა მამამისმა ხალხი, გაიწოდა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო მისი წვერი გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი, და გაუნათდა თვალები. და მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: „ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს, ვინც პური ჭამოსო დღეს.“ და დაიქანცა ხალხი. და თქვა იონათანმა: „გააწამა მამაჩემმა ქვეყანა. ხომ ხედავთ, თვალები გამინათდა, როგორც კი ეს ცოტა თაფლი გავსინჯე. რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააგდებინა? უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?“ და მუსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი. და მიცვივდა ხალხი ნადავლს, გამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დახოცა ისინი მიწაზე, და სისხლიანად ჭამდა ხალხი. და შეატყობინეს საულს: „აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს.“ და თქვა: „ღალატი გაქვთ ჩადენილი. ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი.“ და თქვა საულმა: „გადით ხალხში და უთხარით: მომიყვანეთ ყველამ თითო ხარი და თითო ცხვარი, აქ დაკალით და ჭამეთ. ნუ სცოდავთ უფალს, სისხლიანად ნუ ჭამთ.“ და მოჰყავდა ყველას თავისი ხარი ღამით და კლავდა იქ. და აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ამით დაიწყო უფლისთვის სამსხვერპლოების შენება. და თქვა საულმა: „დავესხათ ფილისტიმელებს ამ ღამით და გათენებამდე ვარბიოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს.“ და უთხრეს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.“ და თქვა მღვდელმა: „მივმართოთ აქ ღმერთს.“ და დაეკითხა საული ღმერთს: „დავესხა ფილისტიმელებს? თუ ჩააგდებ მათ ისრაელის ხელში?“ და პასუხი არ გაუცია იმ დღეს. და თქვა საულმა: „აქ მოდით, ერის თავკაცებო, და გაარკვიეთ, რა ცოდვა იყო დღეს ჩადენილი. რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, თუ ჩემს ძეს, იონათანს, აწევს ცოდვა, მოკვდება!“ და პასუხი არავის არ გაუცია ხალხიდან. და უთხრა მთელს ისრაელს: „თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით.“ მიუგო ხალხმა: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.“ და თქვა საულმა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო?“ და დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა. და თქვა საულმა: „წილი გვიყარეთ მე და ჩემს ძეს იონათანს.“ და დაკავდა იონათანი. და უთხრა საულმა იონათანს: „გამომიტყდი, რა ჩაიდინე?“ და გამოუტყდა იონათანი და უთხრა: „ჩემი ჯოხის წვერით, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი გავსინჯე. აჰა, მოვკვდები.“ და თქვა საულმა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!“ და უთხრა ხალხმა საულს: „ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, თმის ერთი ღერიც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი.“ და იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი. და დაბრუნდა საული ფილისტიმელთა დევნიდან, და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ადგილზე. და იპყრა საულმა მეფობა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბს, ყამონიანებს, ედომს, ცობას მეფეებს, ფილისტიმელებს და, საითკენაც გასწევდა, ყველგან იმარჯვებდა. და შექმნა ლაშქარი და დაამარცხა ყამალეკი, და იხსნა ისრაელი მძარცველებისაგან. საულის ვაჟები იყვნენ: იონათანი, იშვი და მალქიშუაყი. მის ორ ასულს ერქვა: პირმშოს – მერაბი, უმცროსს – მიქალი. საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი – აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა. კიში, საულის მამა, და ნერი, აბნერის მამა, აბიელის შვილები იყვნენ. სასტიკი ბრძოლები იყო ფილისტიმელებთან საულის დროს. და დაინახავდა საული მაგარსა და გულად ვაჟკაცს და თავისთან მიჰყავდა. და უთხრა სამუელმა საულს: „უფალმა გამომგზავნა, რომ მეცხე ისრაელზე, მის ერზე, ისრაელზე მეფედ. ახლა ისმინე უფლის სიტყვები. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘მე მახსოვს, რა გაუკეთა ისრაელს ყამალეკმა, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს. ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.’“ და შეჰყარა საულმა ხალხი, და აღრიცხა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდას ტომიდან. მიადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხეობაში ჩასაფრდა. და უთხრა საულმა კენიელებს: „ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენც არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისათვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა.“ და განუდგნენ კენიელები ყამალეკს. და შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის. და ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილით გაანადგურეს. და დაინდეს საულმა და ლაშქარმა აგაგი და საუკეთესო ცხვარი და ძროხა, საკვები, ბაღ-ვენახები და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო, და რისი განადგურებაც არ მოინდომეს; ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს. და იყო უფლის სიტყვა სამუელის მიმართ: „ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს.“ და დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე ღაღადებდა უფლის მიმართ. და ადგა დილაადრიანად სამუელი, რომ შეხვედროდა საულს. და ეუწყა სამუელს, რომ საული ქარმელში ყოფილა, იქ სვეტი აღუმართავს თავისთვის და იქიდან გამობრუნებული გილგალში ჩასულა. და მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: „კურთხეული ხარ უფლისაგან! მე აღვასრულე უფლის სიტყვა“ და თქვა სამუელმა: „რა არის, ცხვრისა და ძროხის ბღავილი რომ მესმის?“ და თქვა საულმა: „ყამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ლაშქარმა საუკეთესო ცხვარი და ძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის, შეეწირა. დანარჩენი გავანადგურეთ“ და უთხრა სამუელმა საულს: „მაცადე და გეტყვი, რა მითხრა უფალმა წუხელ.“ და უთხრა მას: „ილაპარაკე.“ და თქვა სამუელმა: „ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა? დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: ‘წადი და დაარისხე ცოდვილი ყამალეკი. ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს.’ რატომ არ ისმინე უფლის სიტყვა, რატომ დახარბდი ნადავლს და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?“ და უთხრა საულმა სამუელს: „არა, მე გავიგონე უფლის სიტყვა და წავედი იმ გზით, რაზედაც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი გავანადგურე. ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა – დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის, შეეწირა მსხვერპლად გილგალში“ და თქვა სამუელმა: „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება – ცხვრების ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.“ უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას. ახლა შემინდე ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს.“ და უთხრა სამუელმა საულს: „არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ.“ და გაბრუნდა სამუელი წასასვლელად. და მოეჭიდა საული მისი მოსასხამის კალთას, და გაიხა იგი. და უთხრა მას სამუელმა: „მოხია დღეს უფალმა შენგან ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს. და არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი არ არის ის, რომ გადაიფიქროს.“ და თქვა საულმა: „შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესობის და ისრაელის წინაშე მაინც მომაგე პატივი და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს.“ და გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს. და თქვა სამუელმა: „მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე.“ მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი და იფიქრა აგაგმა: „ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილი.“ და თქვა სამუელმა: „როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის და აჩეხა აგაგი სამუელმა გილგალში უფლის წინაშე.“ და წავიდა სამუელი რამას, საული კი თავის სახლში წავიდა, საულის გიბყაში. და აღარ უნახავს სამუელს საული თავისი სიკვდილის დღემდე; მაგრამ წუხდა სამუელი საულზე, რადგან ინანა უფალმა, საული რომ გაამეფა ისრაელზე. და უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდის უნდა წუხდე საულის გამო? ხომ მოვიძულე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავინახე ჩემთვის მეფე.“ და თქვა სამუელმა: „როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს.“ და უთხრა უფალმა: „წაიყვანე ნახირიდან ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.“ და მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო. ზეთს მიცხებ მას, ვისზედაც გეტყვი.“ და გააკეთა ყველაფერი სამუელმა, რაც ბრძანა უფალმა. როცა მოვიდა სამუელი ბეთლემს, ძრწოლითით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: „სამშვიდობოა შენი მოსვლა?“ თქვა სამუელმა: „სამშვიდობოა. მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით.“ განწმიდა სამუელმა იესე და მისი ვაჟები და მსხვერპლთან მიიწვია ისინი. და როცა მოვიდნენ, დაინახა სამუელმა ელიაბი და თქვა: „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული.“ და უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს.“ და დაუძახა იესემ აბინადაბს და სამუელის წინ ჩაატარა იგი. თქვა სამუელმა: „არც ეს აურჩევია უფალს.“ და ჩამოატარა იესემ შამა და თქვა სამუელმა: „არც ის აურჩევია უფალს.“ და ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ვაჟიშვილი სამუელის წინ და უთხრა სამუელმა იესეს: „არ აურჩევია ესენი უფალს.“ და უთხრა სამუელმა იესეს: „სულ აქ არიან შენი ყმაწვილები?“ და თქვა: „კიდევ დარჩა უმცროსი, მაგრამ ცხვარშია ახლა.“ და უთხრა სამუელმა იესეს: „გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სადილად არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი.“ და გაგზავნა და მოაყვანინა. და წითური იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და საამო სახე. თქვა უფალმა: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის.“ და აიღო სამუელმა ზეთი რქით და სცხო მას მის ძმებს შორის. და ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. და ადგა სამუელი და წავიდა რამას. და განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან. და უთხრეს მისმა მსახურებმა საულს: „აჰა, ბოროტი სული ღვთისგან გაშფოთებს შენ. უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მსახურთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი და, როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღვთისგან, დაუკრავს და შვება მოგეცემა.“ და უთხრა საულმა თავის მსახურთ: „მომიძებნეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს ქნარი, და მომიყვანეთ.“ და მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „აჰა, მინახავს ბეთლემელი იესეს შვილი, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვაგონიერი და ლამაზი, უფალია მასთან.“ და გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და დააბარა: „გამომიგზავნე დავითი, შენი ვაჟი, ცხვარში რომ გყავს.“ და აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი თიკანი და გაატანა დავითს, თავის შვილს, საულთან. და მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. და ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა. და შეუთვალა საულმა იესეს: „დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემს წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.“ და როცა კი შემოაწვებოდა ბოროტი სული ღვთისგან საულს, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა, და ამოისუნთქავდა საული და უკეთ ხდებოდა, გაეცლებოდა ბოროტი სული. და შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი, და შეიკრიბნენ იუდეის სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში, ხოლო საული და ისრაელი შეიყარნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, და დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად. ფილისტიმელები ერთი მთის ფერდობზე იდგნენ, ისრაელიანები – მეორე მთის ფერდობზე. და ღელე იყო მათ შორის. და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე. და თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და ჯაჭვის ჯავშანი ემოსა. და ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო. ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა და მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული. და მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო. შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა, წინ ფარის მტვირთველი მოუძღოდა. და მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: „რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, ან თქვენ საულის მსახურნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მსახურები გავხდებით. თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდით მსახურებად და გვემსახურეთ.“ და თქვა ფილისტიმელმა: „სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს.“ და გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელმა ფილისტიმელის სიტყვები, და დაფრთხნენ და შეშინდნენ მეტისმეტად. დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დღეებში მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული. და წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ვაჟიშვილი. ომში წასული მისი ვაჟიშვილების სახელები იყო: პირმშოსი – ელიაბი, მომდევნოსი – აბინადაბი, მესამესი – შამა. დავითი კი მათზე უმცროსი იყო. და წაჰყვა სამი უფროსი საულს. ხოლო დავითი მოდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა ემწყემსა მამამისის ფარა ბეთლემში. და გამოდიოდა ის ფილისტიმელი დილით და საღამოთი და ასე ცხადდებოდა ორმოცი დღე. და უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: „აიღე ეს ერთი ეფა ხალი. ეს ათი პური, და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში. ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე. მოიკითხე მშვიდობით შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი.“ საული და ისინი და მთელი ისრაელი მუხნარის ველზე იდგნენ და ემზადებოდნენ ფილისტიმელებთან საომრად. დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი ყარაულს დაუტოვა, აიკიდა ტვირთი და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა მისთვის ნაბრძანები, და მიადგა ბანაკს, როცა ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას სცემდა. და დაეწყვნენ რაზმებად ერთმანეთის პირისპირ ისრაელი და ფილისტიმელები. და ჩააბარა დავითმა თავისი ტვირთი ბანაკის ყარაულს და მიაშურა რაზმს. და მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები. მათთან ლაპარაკში იყო, რომ გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, ფილისტიმელი გათელი, და წინანდებურად იწყო ლაპარაკი. და ყველაფერი მოისმინა დავითმა. როგორც კი დაინახეს ეს კაცი, გაიქცნენ მისგან ისრაელის ძენი, რადგან შეშინდნენ მეტისმეტად. და ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელის ძენი: „ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზატებს ისრაელში.“ და უთხრა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს: „რა ბედი ეწევა კაცს, ვინც ამ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? რადგან ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ცოცხალი ღვთის რაზმებს?“ უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევა კაცს, ვინც მას დაამარცხებსო. და გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, და უთხრა: „რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი, რადგან ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული.“ და თქვა დავითმა: „რა გავაკეთე ახლა? მხოლოდ სიტყვა ვთქვი.“ და სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იკითხა იგივე ამბავი. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს. და გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს, და მოაყვანინა იგი. და უთხრა დავითმა საულს: „ნურავის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მსახური და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.“ და უთხრა საულმა დავითს: „ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ყმაწვილი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმიდანვე.“ და უთხრა დავითმა საულს: „მწყემსავდა შენი მსახური თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.“ და თქვა დავითმა: „უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან.“ და უთხრა საულმა დავითს: „წადი, უფალი იყოს შენთან!“ და შემოსა საულმა დავითი თავისი საკუთარი სამოსელით, თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა. და შემოირტყა მახვილი დავითმა სამოსელს ზემოდან და იწყო სიარული, რადგან ნაჩვევი არ იყო. და უთხრა დავითმა საულს: „არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი.“ და ჩამოიხსნა ისინი დავითმა. და აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. და შურდულით ხელში გავიდა ფილისტიმელთან. და გამოვიდა ფილისტიმელიც და წავიდა დავითისაკენ. წინ ფარისმტვირთველი მიუძღოდა. და დაინახა ფილისტიმელმა დავითი და სასაცილოდ აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც. და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან.“ და დაწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით. და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს მივცე შენი გვამი.“ და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩაგაგდებს უფალი ჩემს ხელში და დაგამარცხებ, და თავს მოგაცლი, ფილისტიმელთა ბანაკის გვამებს კი ცის ფრინველთ და მიწის მხეცებს მივცემ დღეს, და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი, და ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს.“ როცა აღიმართა ფილისტიმელი და მოახლოვდა დავითთან შესახვედრად, ისწრაფა დავითმა და გაიქცა მწყობრისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად. და ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს. და შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი. და სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით. დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. და მახვილი არ სჭერია დავითს ხელში. და მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს. და აიღო მისი მახვილი, ქარქაშიდან იშიშვლა და მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ. მაშინ აღდგნენ ისრაელისა და იუდას მებრძოლები და ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე, ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე. და მობრუნდნენ უკან ისრაელის ძენი ფილისტიმელთა მდევრიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი. და აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და წაიღო იერუსალიმში, მისი საჭურველი კი თავის კარავში დააწყო. როცა დაინახა საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გასული დავითი, უთხრა აბნერს, მხედართმთავარს: „ვისი შვილია ეს ყმაწვილი, აბნერ?“ და უთხრა აბნერმა: „შენს სიცოცხლეს გეფიცები, არ ვიცი, მეფეო.“ თქვა მეფემ: „იკითხე, ვისი შვილია ეს ჭაბუკი.“ და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ და ხელი მოჰკიდა მას აბნერმა და წარუდგინა საულს. და ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა. უთხრა საულმა: „ვისი შვილი ხარ, ყმაწვილო?“ უთხრა დავითმა: „შენი მსახურის, იესეს შვილი ვარ, ბეთლემელის.“ და მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს, და შეიყვარა იგი იონათანმა, როგორც საკუთარი სული. და წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში. და შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი, როგორც საკუთარი სული. და მოიხადა იონათანმა მოსასხამი, ზედ რომ ჰქონდა, და მისცა დავითს, აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი. და ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული და ჭკვიანურად იქცეოდა. და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად და ყველას მოეწონა ეს ამბავი – ხალხსაც და საულის მსახურებსაც. და როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და როკვით, დაფდაფებით და მხიარული შეძახილებით. გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები და ამბობდნენ: „შემუსრა საულმა თავისი ათასები, დავითმა – ათი ათასები!“ და მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები, და თქვა: „დავითს ათი ათასები მისცეს, მე კი – ათასები. მეფობაღა აკლია.“ და ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს. მეორე დღეს დაეცა საულს ბოროტი სული ღვთისაგან და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში. და ისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს, მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი. და შეეშინდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა. და განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. და გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე. და მუდამ ჭკვიანურად იქცეოდა დავითი თავის საქმეებში, და უფალი იყო მასთან. და დაინახა საულმა, რომ მეტად გონიერი იყო იგი და შეეშინდა მისი. მთელს ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ. და უთხრა საულმა დავითს: „აჰა, უფროსი ასული მყავს, მერაბი. ცოლად მოგათხოვებ, ოღონდ მამაცად მეყოლე და გადაიხადე უფლის ომები.“ ფიქრობდა საული: „ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზეო.“ და უთხრა დავითმა საულს: „ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრება ან მამაჩემის გვარი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“ და დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს. და შეუყვარდა მიქალს, საულის ასულს, დავითი. და ამცნეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი. და თქვა საულმა: „მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს მას და მისწვდეს ფილისტიმელთა ხელი.“ უთხრა საულმა დავითს: „მეორეთი დამესიძები დღეს.“ და უბრძანა საულმა თავის მსახურთ: „ჩააგონეთ დავითს და უთხარით, კარგად გიყურებს მეფე და მის მსახურებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე-თქო მეფეს.“ და მიიტანეს საულის მსახურებმა დავითის ყურამდე ეს სიტყვები. და თქვა დავითმა: „ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი უპოვარი და უბირი კაცი ვარ.“ და აცნობეს მისმა მსახურებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი. და თქვა საულმა: „ასე უთხარით დავითს: სხვა ურვადი არ სურს მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს.“ რადგან ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელში ჩააგდებდა დავითს. და აცნობეს საულის მსახურებმა დავითს ეს სიტყვები და მოეწონა დავითს, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო. ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი და წავიდა თავის მებრძოლებთან ერთად, და მოსრა ორასი ფილისტიმელი. და მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მიათხოვა საულმა მიქალი, თავისი ასული, ცოლად. და დაინახა საულმა და მიხვდა, რომ უფალი იყო დავითთან და რომ უყვარდა იგი მიქალს, მის ასულს, და კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და სამუდამოდ მტრად გადაეკიდა. და გამოდიოდნენ ფილისტიმელთა სარდლები საომრად და, როცა კი გამოვიდოდნენ, საულის ყველა მსახურზე გონივრულად იქცეოდა დავითი, და დიდად განითქვა მისი სახელი. და ელაპარაკა საული იონათანს, თავის ძეს, და თავის მსახურთ, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი. და შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: „შენი მოკვლა სურს საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით და არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე. მე გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები. და შენზე დავუწყებ ლაპარაკს მამაჩემს. და შევხედავ საქმეს და შეგატყობინებ.“ გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან, და უთხრა: „ნუ დაიდებს მეფე თავისი მსახურის, დავითის, ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს შენს წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები. არად ჩააგდო თავისი სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტანა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. და ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლით, და მოკლა დავითი ტყუილუბრალოდ?“ და გაუგონა საულმა იონათანს და დაიფიცა საულმა: „უფალს ვფიცავ, არ მოკვდება.“ და დაუძახა იონათანმა დავითს, და შეატყობინა ეს ყველაფერი. და მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე. კიდევ გაიმართა ომი. გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. და ილტვოდნენ მისგან ფილისტიმელები. და იყო ბოროტი სული უფლისაგან საულზე, და ის შინ იჯდა შუბით ხელში, დავითი კი სიმებს უკრავდა. უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და გადარჩა სიკვდილს იმ ღამით. და მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილამდე. და შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: „თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ.“ და სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი და წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა. და აიღო მიქალმა თერაფიმი და საწოლზე დადო, სასთუმლად თხისური დაუგო და სამოსელი გადააფარა. და გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, და თქვა: „ავად არის.“ და გაგზავნა საულმა გზირები დავითის წამოსაყვანად და დააბარა: „თავის საწოლიანად წამოიყვანეთ, რათა მოიკლას.“ და მივიდნენ გზირები და აჰა, თერაფიმია საწოლზე და თხისური უგია სასთუმლად. და უთხრა საულმა მიქალს: „ასე რატომ გამაცურე და რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო?“ და უთხრა მიქალმა საულს: „მითხრა: ‘გამიშვი, რისთვის უნდა შემომაკვდე?’“ გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. და მივიდა სამუელთან რამაში და ყველაფერი უამბო, რაც საულმა გაუკეთა მას. და მერე წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში დადგნენ. და შეატყობინეს საულს: „აჰა, ნაიოთშია დავითი, რამას.“ და გაგზავნა გზირები დავითის შესაპყრობად, და იხილეს მათ წინასწარმეტყველთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაწინასწარმეტყველდნენ. და შეატყობინეს საულს და მანაც სხვა გზირები გაგზავნა, მაგრამ ისინიც გაწინასწარმეტყველდნენ, მესამედ გაგზავნა საულმა გზირები და ისინიც გაწინასწარმეტყველდნენ. საული თავად გაემართა რამას და მივიდა ერთ დიდ ჭასთან, სექუს რომ არის, და იკითხა: „სად არიან სამუელი და დავითი?“ მიუგეს: „ნაიოთში არიან, რამას.“ გაემართა ნაიოთისკენ, რამას; და მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაწინასწარმეტყველდა გზაში, ვიდრე მივიდოდა ნაიოთში, რამას. მანაც შემოიძარცვა სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე, ამიტომაც ამბობენ: „საულიც კი გაწინასწარმეტყველდა.“ და გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს: „რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავად რომ დამდევს?“ და უთხრა: „ღმერთმა დაგიფაროს, არ მოკვდები! ახლა ყური მიგდე: არაფერ საქმეს, დიდი იქნება თუ მცირე, არ აკეთებს მამაჩემი, მე თუ არ გამიმხილა. რატომ დამიმალავდა მამაჩემი ამ საქმეს? ეს არ მოხდება.“ და კვლავ დაიფიცა დავითმა და თქვა: „კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში, ამიტომ ამჯობინა, არ გაეგო ეს იონათანს, რომ არ დამწუხრებულიყო. უფალს და შენს თავს ვფიცავ, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის.“ და უთხრა იონათანმა დავითს: „რასაც შენი გული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის.“ და უთხრა დავითმა იონათანს: „აჰა, ხვალ ახალმთვარობაა. წესისამებრ, პურის საჭმელად უნდა ვიჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ დავიმალო მინდვრად ზეგ საღამომდე. და თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა ბეთლემში, ჩემს ქალაქში, მეჩქარება, საწელიწადო მსხვერპლთშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს. თუ თქვა: ‘კეთილი’, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური; ხოლო თუ განრისხდა, იცოდე, ავი საქმე გადაუწყვეტია. მიყავი სიკეთე შენს მსახურს, რაკი უფლის აღთქმით მიგიღივარ შენი მსახური: ბარემ შენ მომკალი, თუ რამე დანაშაული მაქვს. რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?“ და თქვა იონათანმა: „დარდი ნუ გაქვს. როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუ კი გავიგე, რომ ავი საქმე გადაუწყვეტია შენთვის მამაჩემს.“ და უთხრა დავითმა იონათანს: „ვინ შემატყობინებს, მკაცრი პასუხი თუ გაგცა მამაშენმა?“ და უთხრა იონათანმა დავითს: „წამო, მინდორში გავიდეთ.“ და გავიდნენ ორთავენი მინდორში. და უთხრა იონათანმა დავითს: „უფალი, ისრაელის ღმერთი, იყოს მოწამე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს გავიგებ მამაჩემისაგან, კეთილი თვალით უყურებს თუ არა დავითს. ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე, ასე და ასე უყოს უფალმა იონათანს და უარესიც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო. და შენც, თუ ცოცხალი ვიქენი, მადლი მიყავი უფლის გულისათვის. თუ მოვკვდი, უკუნისამდე ნუ მოაკლებ შენს წყალობას ჩემს სახლს; ნურც მაშინ, როცა აღგვის უფალი სათითაოდ დავითის მტრებს პირისაგან მიწისა.“ და დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან: „დავითის მტრებს აგებინოს პასუხი უფალმა!“ და კიდევ თავისი მისდამი სიყვარულით დააფიცა იონათანმა დავითი, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი. და უთხრა იონათანმა: „ხვალ ახალმთვარობაა. მოგიკითხავენ, რადგან ცარიელი იქნება შენი ადგილი. სამ დღეს მოიცადე და მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და ყორღანთან დაჯექი. სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, ვითომც მიზანში ვისვრი. და აჰა, ბიჭს გამოვგზავნი, წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს ახლოს არის ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობაა შენს თავს, არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები. და თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით არის ისრები-მეთქი, წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს. იმ საქმეზე კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენს შორის უკუნისამდე.“ და დაიმალა დავითი მინდორში. და დადგა ახალმთვარობის დღე და დაჯდა პურობად მეფე. და დაჯდა მეფე თავის ადგილზე, კედელთან, როგორც ყოველთვის. და ადგა იონათანი და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო. არაფერი უთქვამს მეფეს იმ დღეს, რადგან იფიქრა, შემთხვევა არისო. განუწმედელი იქნება, არ განწმედილაო ალბათ. ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. და უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: „რატომ არ მოვიდა პურობად იესეს ძე არც გუშინ და არც დღეს?“ და მიუგო იონათანმა საულს: „ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი. და მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლთშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ შემომითვალაო. ახლა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, დამანებე წასვლა, რომ მოვინახულო ჩემი ძმებიო, ამიტომ არ მოსულა სამეფო სუფრაზე.“ და განურისხდა საული იონათანს და უთხრა: „შე ურჩო და უკუღმართო! განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ვაჟს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად. რადგან, ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა განმტკიცდება. ახლა აქ მომიყვანე, რადგან სიკვდილის ღირსია.“ და მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას: „რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?“ და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. და მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონია მამამისს დავითის მოკვლა. და ადგა იონათანი სუფრიდან, რისხვამორეული. არ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ შეურაცხყო მამამისმა. მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დათქმულ დროზე, პატარა ბიჭიც თან ახლდა. და უთხრა ბიჭს: „გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ ვისვრი.“ და გაიქცა ბიჭი. და ისროლა იონათანმა ისრები და ყმაწვილს გადააცილა. და მივიდა ბიჭი იმ ადგილას, სადამდისაც მიაწვდინა იონათანმა ისრები, და მიაძახა იონათანმა ბიჭს: „ჩქარა დაბრუნდი, რას უდგეხარ?“ და აკრიფა იონათანის ყმაწვილმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან. თავად ბიჭი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო მისახვედრი ეს ამბავი. და მისცა იონათანმა ბიჭს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: „წადი, ქალაქში წაიღე!“ ბიჭი წავიდა, ხოლო დავითი ადგა სამხრეთის მხრიდან, და პირქვე დაეცა და სამგზის თაყვანისცა. მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ ერთად. დავითი უფრო მეტად ტიროდა. და უთხრა იონათანმა დავითს: „მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე!“ და ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა. და მივიდა დავითი ნობში ახიმელექ მღვდელთან. და შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და უთხრა მას: „მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?“ და უთხრა დავითმა ახიმელექ მღვდელს: „საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: ‘არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ.’ ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავტოვე მსახურები. და ახლა, რაც ხელთ გაქვს, მომეცი, ხუთი პური ან რაც მოგეძევება.“ და მიუგო მღვდელმა დავითს და უთხრა: „უბრალო პური არა მაქვს ახლა, მხოლოდ წმიდა პური მაქვს, ოღონდ ქალებისგან თუ არიან მარხულნი ჭაბუკები?“ მიუგო დავიდმა მღვდელს და უთხრა: „ნამდვილად აღკვეთილია ჩვენთვის ქალი გუშინდლიდან, გუშინწინიდან, რაც გამოვედი, და ჭაბუკთა ჭურჭლებიც წმიდაა. ეგ პურიც უბრალოდ ჩაითვლება, რადგან დღეს მაინც ახალი უნდა განიწმიდოს ჭურჭელში.“ და მისცა მას მღვდელმა წმიდა პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საწინაშეო პურებისა, რომლებიც აეღოთ უფლის სახლიდან, რომ მის ნაცვლად თბილი პურები დაეწყოთ. და იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მსახურთაგანი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების უფროსი. და უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არ გაქვს სადმე შუბი ან მახვილი, რადგან არც მახვილი წამომიღია და არც სხვა რამ საჭურველი, ისე სასწრაფო იყო სამეფო საქმე.“ და უთხრა მღვდელმა: „იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხნარის ველზე რომ დაამარცხე. აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული; თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს.“ და თქვა დავითმა: „ამას არაფერი შეედრება, მომეცი.“ და ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მივიდა აქიშთან, გათის მეფესთან. უთხრეს აქიშს მსახურებმა: „ეს დავითი არ არის იმ ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: ‘საულმა სძლია ათასებს, დავითმა – ათი ათასებს?’“ და გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა. და სახე შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა. და უთხრა აქიშმა თავის მსახურთ: „ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი, რისთვის მოიყვანეთ ჩემთან? შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგიყვანიათ და გიჟობს ჩემს წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?“ და წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. და გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ იქ. და იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი. და წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: „შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.“ და მიიყვანა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა. უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: „ნუ დარჩები ამ თავშესაფარში, ადექი და იუდას ქვეყანაში წადი.“ წავიდა დავითიც და მივიდა ხერეთის ტყეში. და შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავისი ხალხითურთ. საული იმყოფებოდა გიბყაში, მაღლობზე, მუხის ქვეშ, რამაში; ხელში შუბი ეჭირა და მსახურები ადგნენ თავს. უთხრა საულმა მასთან მდგარ მსახურთ: „ისმინეთ, ბენიამინის ძენო! ნუთუ ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს? ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად, ყველანი რომ შეითქვით ჩემს წინააღმდეგ და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან? რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მსახურთ, როგორც დღეს გაცხადდა?“ და მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მსახურებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: „მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მივიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან, რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, და საგზალიც მისცა და ფილისტიმელი გოლიათის მახვილიც.“ და დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ძე, მამამისის მთელი სახლი და ნობში მყოფი მღვდლები, და მივიდნენ მეფესთან ყველანი. და უთხრა საულმა: „ყური მიგდე, ახიტუბის ძევ!“ მიუგო: „გისმენ, ჩემო ბატონო.“ და უთხრა საულმა: „რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინააღმდეგ, როგორც დღეს გაცხადდა?“ და მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: „ვინ არის დავითივით სარწმუნო შენს მსახურთა შორის? მეფის სიძე, შენი მსახური და შენს სახლში პატივდებული? განა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? არამც და არამც! ნურაფერში დამადანაშაულებს მეფე თავის მსახურს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი არ იცის შენმა მსახურმა, არც მცირე, არც დიდი.“ და თქვა მეფემ, „უნდა დაიხოცოთ, ახიმელექ, შენცა და მამაშენის მთელი სახლი.“ და უთხრა მეფემ მორბედებს, მის წინაშე მდგართ: „წადით და დახოცეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითის მხარი უჭირავთ, იცოდნენ გაქცეული რომ იყო და არ შემატყობინეს.“ მაგრამ არ უნდოდათ მეფის მსახურთ ხელი აღემართათ და უფლის მღვდლების დასახოცად. და უთხრა მეფემ დოეგს: „შენ წადი და დახოცე მღვდლები.“ და წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და დახოცა იმ დღეს ოთხმოცდახუთი კაცი, სელის ეფოდით შემოსილი. და მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი; კაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები მახვილით მოსრა. და გადარჩა მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი, და გაიქცა იგი დავითთან. და უამბო აბიათარმა დავითს, რომ დახოცა საულმა უფლის მღვდლები, და უთხრა დავითმა აბიათარს: „მივხვდი იმ დღეს, დოეგ ედომელის დანახვისას, რომ უეჭველად ამბავს მიუტანდა საულს, ჩემზეა მამაშენის სახლის სისხლი. ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია, ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება.“ და შეატყობინეს დავითს: „აჰა, ფილისტიმელები დაესხნენ კეყილს და კალოებს ძარცვავენ.“ და დაეკითხა დავითი უფალს: „თუ წავედი, დავამარცხებ იმ ფილისტიმელებს?“ და მიუგო უფალმა დავითს: „წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს და იხსნი კეყილს.“ და უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: „ჩვენ აქ, იუდაშიც, გვეშინია და კეყილში როგორღა წავიდეთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ?“ და კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა და უთხრა: „ადექი და ჩადი კეყილში, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“ და წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილს და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს, გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს. და იხსნა დავითმა კეყილის მკვიდრნი. როცა დავითთან გამოიქცა აბიათარი, ახიმელექის ძე, თან ეფოდი წამოიღო. და აცნობეს საულს, რომ კეყილში იყო დავითი მისული, და თქვა საულმა: „ხელში ჩამიგდო იგი უფალმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიკეტა თავი.“ და საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები. და შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული, და უთხრა აბიათარ მღვდელს: „მოიტანე ეფოდი!“ და თქვა დავითმა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! ნამდვილად იცის შენმა მსახურმა, რომ კეყილისაკენ მოდის საული, რათა ჩემს გამო გაანადგუროს ქალაქი. თუ მიმცემენ მათ ხელს კეყილელნი? თუ ჩამოვა საული, როგორც შეიტყო შენმა მსახურმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მსახურს!“ და მიუგო უფალმა: „ჩამოვა.“ და თქვა დავითმა: „თუ მიგვცემენ კეყილელნი მე და ჩემს ხალხს საულს?“ და თქვა უფალმა: „მიგცემენ.“ და აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე კაცი, და გავიდნენ კეყილიდან, და დადიოდნენ, სადაც კი შეიძლებოდა სიარული. ხოლო საულს ამცნეს, რომ გაიქცა დავითი კეყილიდან, და აღარ გამოვიდა საბრძოლველად. და ჩერდებოდა დავითი უდაბნოში, მიუვალ ადგილებში და შემდეგ მთაზე – ზიფის უდაბნოში. და მთელი დღეები ეძებდა მას საული, მაგრამ უფალმა არ მისცა მის ხელს. და დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა დავითი ზიფის უდაბნოში, ერთ ტყეში. და ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით. და უთხრა: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის, ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ მეორე კაცი ვიქნები, მამაჩემმა საულმაც იცის ეს.“ და შეკრეს კავშირი ორმა უფლის წინაშე. დარჩა დავითი ტყეში და იონათანი შინ დაბრუნდა. და მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: „აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ტყეში, ხაქილას გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ. ახლა, შენს ნებაზეა, მეფეო, წახვალ თუ არა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს მივცეთ ის ხელში.“ და თქვა საულმა: „უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ! წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალიერ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, ცბიერობსო. ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ. და წამოგყვებით და თუ ამ ქვეყანაში არის სადმე, იუდას ყველა ათასეულში დავუწყებ ძებნას.“ და ადგნენ და წავიდნენ საულზე ადრე ზიფში. ხოლო დავითი და მისი ხალხი ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ყარაბაში, იეშიმონის მარცხნივ. და წავიდა საული საძებნელად თავისი კაცებითურთ. და შეატყობინეს დავითს, და მივიდა იგი კლდესთან და დადგა მაყონის უდაბნოში. და შეიტყო ეს საულმა და დაედევნა დავითს მაყონის უდაბნოში. და მიდიოდა საული მთის ერთ მხარეს, ხოლო დავითი თავისი კაცებითურთ მთის მეორე მხარეს. და გამალებით გაურბოდა დავითი საულს, ხოლო საული და მისი ხალხი ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი ხალხისთვის და შეეპყროთ ისინი. ამ დროს მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: „იჩქარე და წადი, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას.“ მიანება თავი დავითის დევნას საულმა და გაემართა ფილისტიმელებთან შესახვედრად. ამიტომ უწოდეს ამ ადგილს სელაყ-ჰამახლეკოთი. და აიყარა დავითი იქიდან და ყენგედის მიუვალ ადგილებში ჩაჯდა. როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, რომ ყენგედის უდაბნოშიაო დავითი. და აიყვანა საულმა მთელი ისრაელისაგან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად სანიამორე კლდეებში. და მივიდა ცხვრის ფარეხებთან გზის ნაპირას, სადაც გამოქვაბული იყო. და შევიდა შიგ საული მოსასაქმებლად, დავითი და მისი კაცები კი გამოქვაბულის შიგნით ისხდნენ. და უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: „აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა: ‘აჰა, ხელთ მოგცემ შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოს.’“ და წამოდგა დავითი და ფარულად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. მერე კი გული ეტკინა დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. და უთხრა თავის ხალხს: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი.“ და ამ სიტყვებით შეაკავა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. ადგა და გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და გავიდა გზაზე. და ადგა ამის შემდეგ დავითიც და გამოქვაბულიდან გამოვიდა, და მიაძახა საულს: „მეფევ ბატონო!“ როცა უკან მოიხედა საულმა, მიწად დაიხარა დავითი და თაყვანისცა. და უთხრა დავითმა საულს: „რატომ უგდებ ყურს ხალხის სიტყვებს: აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი? ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ მაძლევდა დღეს ხელში შენს თავს უფალი გამოქვაბულში, და მეუბნებოდნენ: მოკალიო, მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი: ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი. შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენს მოსასხამს კიდე მოვაჭერი, შენ კი არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და ვერაგობა. არ შემიცოდავს შენს წინაშე, შენ კი ჩემს სულს ეძებ, რომ წამართვა იგი. უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემს გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ. როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტისგან ბოროტება გამოდისო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ. ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნი? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რწყილს რასმე! უფალი იყოს მსაჯული და განგვსაჯოს ჩვენ. იგი შეხედავს და გაიკითხავს ჩემს სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან.“ და როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: „ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო?“ ხმა აღიმაღლა საულმა და ატირდა. და უთხრა დავითს: „მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი. და დღესაც გამოაჩინე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, არ მომკალი. კაცი რომ თავის მტერს შეხვდება, განა მშვიდობით გაუშვებს გზაზე? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი. ახლა კი მჯერა, რომ ნამდვილად იმეფებ, და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის მეფობა. ახლა კი, უფლის სახელით შემომფიცე, რომ არ ამოძირკვავ ჩემს შემდეგ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან.“ და შეჰფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი კაცები გამაგრებულ ადგილას ავიდნენ. და მოკვდა სამუელი, და შეიკრიბა მთელი ისრაელი. დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამაში. ხოლო დავითი ადგა და ფარანის უდაბნოში ჩავიდა. იყო კაცი ვინმე მაყონში და მამული ქარმელში ჰქონდა. და ძალზე მდიდარი იყო ეს კაცი: ჰყავდა სამი ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა. და სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს – აბიგაილი. კეთილგონიერი და ლამაზი შესახედავი იყო ეს ქალი, ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქნელი. ქალების გვარიდან იყო იგი. და შეიტყო დავითმა უდაბნოში რომ ცხვარს პარსავს ნაბალი. და გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა მათ: „ადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით. და უთხარით ასე: ‘იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს საბადებელს! ახლახან გავიგე, რომ პარსავ. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან. არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას. ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მსახურთ და შენს შვილს, დავითს.’“ და წავიდნენ დავითის მსახურნი და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები და დაელოდნენ. და მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ და უთხრა: „ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მსახურნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან. ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი, და მივცე კაცებს, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?“ უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურნი, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები. და უთხრა დავითმა თავის კაცებს: „ყველამ შეიბით მახვილები წელზე!“ ყველამ შეიბა მახვილი, შეიბა დავითმაც თავისი მახვილი და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი, ორასი კაცი ადგილზე დარჩა. და მიუტანა ამბავი აბიგაილს, ნაბალის ცოლს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა, მაგრამ მან აბუჩად აიგდო ისინი. ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგვრივართ, არაფერი დაგვიკარგავს ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით, ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის დღისით და ღამით სამწყემსურში, როცა მათთან ახლოს ვმწყემსავდით ფარებს. და ახლა აწონ-დაწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის ჩვენს ბატონსა და მთელს მის სახლს. თავად ხომ უგვანი კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება.“ და ისწრაფა აბიგაილმა, და აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი აცმა ლეღვის ჩირი და აჰკიდა სახედრებს. და უთხრა თავის მსახურებს: „თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით.“ არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის. და როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ და შეეგება მათ აბიგაილი. ამბობდა დავითი: „ტყუილად ვიცავდი ამ კაცის სარჩო-საბადებელს უდაბნოში. არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა. ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითს მტრებთან და უარესიც, თუ მისი საბადებლიდან დილამდე ერთი კედელთან მიმდგომი დავტოვე.“ როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და თაყვანისცა მდაბლად. ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: „ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული. ლაპარაკის ნება მიეცი შენს მხევალს და ისმინე შენი მხევლის სიტყვები. ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უგვან კაცს ნაბალს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია. ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე. მე, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები. ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო, უფალმა დაგაკაოს სისხლისღვრისა და შურისგებისაგან, ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები. ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის. აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს ჭაბუკებს, ჩემი ბატონის ფეხს რომ დაჰყვებიან. აპატიე დანაშაული შენს მხევალს. ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან უფლის ომებს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ იქნება შენში არასოდეს. და თუნდაც აღდგეს კაცი და მოსაკლავად გდევვნოს, სიცოცხლის საკვრელით იქნება შეკრული უფალ ღმერთთან ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით მოისვრის. და როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რა სიკეთესაც დაჰპირდა, და ისრაელის მეფედ დაგადგენს, ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა სისხლი ამაოდ, და შური არ იძია. როცა სიკეთეს უყოფს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გამიხსენე შენი მხევალი.“ და უთხრა დავითმა აბიგაილს: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს. და კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავი შენ, რომ არ გამიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე. მაგრამ ცოცხალია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, რადგან რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, კედელთან მიმდგომიც არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს.“ და მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: „მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, ვისმინე შენი ხმა და პატივი მივაგე შენს სახეს.“ და მივიდა აბიგაილი ნაბალთან და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი, და გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალიც იყო. და არაფერი უთქვამს მისთვის დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი. მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო ცოლმა. და გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და გაქვავდა კაცი. ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი. და გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: „კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მსახური ბოროტის ქმნას; და ნაბალს მისივე ბოროტება თავზე დაატეხა უფალმა.“ მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას. და მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: „დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად წაგიყვანოს.“ და ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანისცა და თქვა: „აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ფეხები დაბანოს ჩემი ბატონის მსახურებს.“ და ისწრაფა აბიგაილმა, ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მხევალი წაიყოლა და მიჰყვა დავითის მოციქულებს. და გახდა მისი ცოლი. და იზრეყელიდან ახინოყამი მოიყვანა დავითმა, და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები. ხოლო საულმა მიქალი, თავისი ქალიშვილი – დავითის ცოლი, ფალტის, ლაიშის ძეს, გალიმელ კაცს მიათხოვა. მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: „იცი, რომ დავითი ხაქილას გორაკზე იმალება, იეშიმონის გასწვრივ?“ და ადგა საული და სამი ათასი რჩეული ისრაელის ძითურთ ზიფის უდაბნოსკენ დაეშვა, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში. და დადგა საული ხაქილას გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას, ხოლო დავითი უდაბნოში იყო და ხედავდა, როგორ მოდიოდა მის კვალზე საული უდაბნოში. და გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოსული იყო საული. და ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული. და დაინახა დავითმა ის ადგილი, სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული კარავში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო დაბანაკებული. მიუბრუნდა დავითი ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, და უთხრა: „ვინ ჩამყვება საულთან მის ბანაკში?“ უთხრა აბიშაიმ: „მე ჩაგყვები.“ და მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან, და აჰა, ხედავენ: წევს და სძინავს საულს კარავში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში. და აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან. და უთხრა აბიშაიმ დავითს: „ღმერთმა ჩაგაგდებინა ხელში შენი მტერი. ნება მომეცი, ახლა ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე აღარ დამჭირდება.“ და უთხრა დავითმა აბიშაის: „ნუ მოკლავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება.“ და თქვა დავითმა: „უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან ბრძოლაში წავა და დაიღუპება, უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მისი სასთუმლიდან ეგ შუბი და მათარა, და წავიდეთ ჩვენთვის.“ და აიღო დავითმა შუბი და მათარა საულის სასთუმლიდან და წავიდნენ თავისთვის, არავის დაუნახავს, არავის გაუგია, არც არავის გაღვიძებია; ყველას ეძინა, რადგან უფლის ძილქუში დაეცა მათ. და გადავიდა დავითი გაღმა და დადგა მთის წვერზე მოშორებით, დიდი მანძილი იყო მათ შორის. და გაჰყვირა დავითმა ხალხს და აბნერს, ნერის ძეს: „ხმა გამეც, აბნერ!“ ხმა გასცა აბნერმა და უთხრა: „ვინა ხარ, რომ ყვირი მეფის წინ?“ და უთხრა დავითმა აბნერს: „ხომ კაცი ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი? მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს ბატონს, მეფეს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის, მოსაკლავად. ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ. რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მიიხედ-მოიხედე, სად არის მეფის შუბი და მათარა, მის სასთუმალთან რომ იყო?“ და იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: „ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო?“ და უთხრა დავითმა: „ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!“ და თქვა: „რისთვის დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს? რა გავაკეთე ისეთი? რა ცოდვა მაწევს? ახლა ისმინოს მეფე ბატონმა მისი მსახურის სიტყვები: თუ უფალმა წაგაქეზა ჩემს წინააღმდეგ, სურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი, თუ ადამიანებმა – წყეულიმც არიან ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ წილი არ მქონოდა უფლის სამკვიდროში, და მითხრეს: ‘წადი, უცხო ღმერთებს ემსახურე’. ნუ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთი ბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებს ედევნებიან ხოლმე მთებში.“ და თქვა საულმა: „შევცოდე, დაბრუნდი, შვილო დავით, მეტს აღარ გიბოროტებ, რადგან არ გაიმეტე დღეს ჩემი სიცოცხლე. მე კი უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცოდავდი.“ და მიუგო დავითმა და უთხრა: „აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე მსახურთაგანი და წაიღოს. უფალმა მიუზღოს ყველას მისი სიმართლისა და ჭეშმარიტების სანაცვლო. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი. აჰა, როგორც დღეს არ გავიმეტე შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე, და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირიდან.“ და უთხრა საულმა დავითს: „კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შესძლებ შესაძლებელს.“ და წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ადგილას. და თქვა დავითმა თავის გულში: „ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით. ამიტომ მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას მთელს ისრაელში, და მეც გადავურჩები მას.“ და ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გათის მეფესთან. და ცხოვრობდა დავითი აქიშთან გათში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი – იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივი. და შეატყობინეს საულს, გათში გაიქცაო დავითი, და მეტი აღარ უძებნია იგი. და უთხრა დავითმა აქიშს: „თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მსახური შენს გვერდით, სამეფო ქალაქში?“ და მისცა აქიშმა ციკლაგი. ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს. ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში. და ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი. და აოხრებდა დავითი მთელს იმ ქვეყანას, ცოცხალს არ ტოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარსა და ძროხას, სახედრებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს; და ბრუნდებოდა და მოდიოდა აქიშთან. და ეტყოდა აქიში: „სად არბევდით დღეს?“ მიუგებდა დავითი აქიშს: „იუდას სამხრით, იერახმეელელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.“ არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მიჰყავდა გათში და ამბობდა: „არ ილაპარაკონ ჩვენზე. ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.“ და მიენდო აქიში დავითს, ფიქრობდა: თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და სამუდამო მსახურად გამიხდებაო. იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: „იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალ ბანაკად – შენ და შენი ხალხი!“ და უთხრა დავითმა აქიშს: „ახლა გაიგებ, რას გააკეთებს შენი მსახური.“ და უთხრა აქიშმა დავითს: „ამისთვის ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ.“ და მოკვდა სამუელი და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, და დამარხეს რამაში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მესულთანენი და მჩხიბავნი. შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნემში დაბანაკდნენ. და საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს. როცა დაინახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული. დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმითა და არც წინასწარმეტყველთა პირით. და უთხრა საულმა თავის მსახურს: „მომიძებნეთ დედაკაცი, მესულთანე. მივალ მასთან და ვამკითხვინებ.“ და უთხრეს მსახურებმა: „აქ, ყენდორში არის მესულთანე დედაკაცი.“ და სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა დედაკაცთან ღამით. და უთხრა: „მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე ვისზეც გეტყვი.“ და უთხრა დედაკაცმა: „კარგად უწყი, რაც გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად?“ უფალი დაუფიცა საულმა: „ცოცხალია უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.“ და თქვა დედაკაცმა: „ვინ ამოგიხმო?“ უთხრა: „სამუელი ამომიხმე.“ და დაინახა სამუელი დედაკაცმა და ხმამაღლა იყვირა, და უთხრა ქალმა საულს: „რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!“ და უთხრა მას მეფემ: „ნუ გეშინია. რას ხედავ?“ უთხრა დედაკაცმა: „ღმერთის მსგავსს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.“ ჰკითხა: „როგორ გამოიყურება?“ თქვა: „მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, გრძელი მოსასხამი ბურავს.“ მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელია იგი, და მიწად დაიხარა და თაყვანისცა. და უთხრა სამუელმა საულს: „რისთვის შემაწუხე, რად ამომიყვანე?“ და უთხრა საულმა: „ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. და შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე.“ და უთხრა სამუელმა: „მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა? ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით: გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს – დავითს, რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. და ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები. ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს.“ უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, დიდად შეეშინდა სამუელის სიტყვებისა. ძალაც გამოლეული ჰქონდა, რადგან მთელი ის დღე და ის ღამე არ ეჭამა პური. და მივიდა დედაკაცი საულთან და, როცა დაინახა, რომ დიდად შეშფოთებული იყო იგი, უთხრა: „აჰა, ისმინა შენი ხმისა შენმა მხევალმა და სული დავიდე ნებზე და შევასრულე შენი ბრძანება. ახლა შენც ისმინე შენი მხევლის ხმა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, ძალა რომ მოიცე უკან წასასვლელად.“ და იუარა საულმა და თქვა: „არ შევჭამ.“ და როცა არ მოეშვნენ მისი მსახურნი და დედაკაციც, დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა. და ჰყავდა დედაკაცს სახლში ნასუქალი ხბო, სასწრაფოდ დაკლა იგი, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო. და მიართვა საულს და მის მსახურთ და მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ. და შეჰყარეს ფილისტიმელებმა მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში, ხოლო ისრაელი, იზრეყელში რომ წყაროა, იქ იყო დაბანაკებული. ფილისტიმელთა მთავრები თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ ვიდოდნენ. დავითი და მისი ხალხი კი უკან მისდევდნენ აქიშს. და თქვეს ფილისტიმელთა მთავრებმა: „რა უნდათ ამ ებრაელებს?“ და უთხრა აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: „ეს ხომ დავითია, ისრაელის მეფის საულის მსახური. წელიწადზე მეტია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე.“ და ბრაზობდნენ მასზე ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს ფილისტიმელმა მთავრებმა: „უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი. დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაც გაგიწესებია. ნუ წამოგყვება ბრძოლაში, რომ ბრძოლის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავის ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით? ეს ხომ ის დავითია, რომელზედაც მღეროდნენ მროკველები: ‘მოსრა საულმა თავისი ათასები, დავითმა კი ათიათასები?’“ და უხმო აქიშმა დავითს და უთხრა: „ცოცხალია უფალი! პატიოსანი კაცი ხარ და კეთილად მიჩნს შენი მისვლა-მოსვლა ჩემს ბანაკში, რადგან ცუდი არაფერი შემინიშნავს შენთვის დღიდან შენი მოსვლისა ჩემთან, მაგრამ მთავრებს არ მოუხველ თვალში. და ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც თვალში არ მოსდით ფილისტიმელ მთავრებს.“ და უთხრა დავითმა აქიშს: „რა გავაკეთე ან რა შენიშნე ისეთი შენს მსახურს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ არ წავიდე და არ ვიბრძოლო ჩემი ბატონი მეფის მტრებთან?“ მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: „ვიცი, რომ ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ, არ წამოგვყვესო ბრძოლაში. და ახლა ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მსახურნი, შენ რომ მოგყვნენ, ადექი დილაადრიანად და, როცა ინათებს, გაბრუნდით უკან.“ და ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში, ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისკენ წავიდნენ. სანამ მესამე დღეს დავითი და მისი კაცები ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან დაესხნენ ციკლაგს, გაანადგურეს ციკლაგი და გადაწვეს. და ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე, არვინ მოუკლავთ, მხოლოდ ტყვედ წაასხეს და წავიდნენ თავიანთი გზით. და მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ: გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ არის წაყვანილი. და გამართეს მოთქმა დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ, ვიდრე ძალი შესწევდათ. ტყვედ იყვნენ წაყვანილი დავითის ორი ცოლიც – იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი. და დამწუხრდა დიდად დავითი, რადგან მისი ჩაქოლვა განიზრახა ხალხმა. გამწარებული იყო ხალხი თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო. მაგრამ უფლის, თავისი ღვთის, იმედით გაიმხნევა დავითმა თავი. და უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: „მომიტანე ეფოდი!“ და მიუტანა აბიათარმა ეფოდი დავითს. და დაეკითხა დავითი უფალს: „დავედევნო იმ ურდოს, მივეწევი?“ და უთხრა: „დაედევნე, დაეწევი და წაართმევ.“ და წავიდა დავითი ექვსასი კაცითურთ და მიადგნენ ბესორის ხევს. დაღლილები კი იქ დარჩნენ. და დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ. დარჩა ორასი კაცი, რომელთაც დაღლილობის გამო ვერ შეძლეს ბესორის ხევის გადალახვა. იპოვეს მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი და მიიყვანეს დავითთან, და მისცეს პური და შეჭამა, და წყალიც დაალევინეს. და მისცეს ლეღვის ჩირის აცმის ნაწილი და ორი მტევანი ჩამიჩი. და შეჭამა კაცმა და მოსულიერდა. რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო. და უთხრა მას დავითმა: „ვისი ხარ და სადაური ხარ?“ თქვა: „ეგვიპტელი ყრმა ვარ, ერთი ყამალეკელის მსახური. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან მესამე დღეა ავად ვარ. ჩვენ დავარბიეთ ქერეთის სამხრეთი, და იუდას მხარე, ქალების სამხრეთი, ციკლაგი კი გადავწვით.“ და უთხრა დავითმა: „თუ მიმიყვან იმ ურდომდე?“ თქვა: „ღმერთი შემომფიცე, რომ არ მომკლავ და ჩემს ბატონს არ მიმცემ, და ჩაგიყვან იმ ურდომდე.“ და ჩაიყვანა. და აჰა, გაფანტულან მთელს არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო. და მუსრავდა მათ დავითი დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე. არავინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ. და უკან დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც წაღებული ჰქონდა ყამალეკს. თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა. და არაფერი დაჰკარგვიათ, არც მცირე, არც დიდი. არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან – მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ ყამალეკელთ. ყველაფერი დაიბრუნა დავითმა. და წამოასხა დავითმა მთელი ცხვარი და ძროხა. და მოერეკებოდნენ ამ საქონელს თავიანთი პირუტყვის წინ და ამბობდნენ: დავითის ნადავლიაო ეს. და მივიდა დავითი იმ ორას კაცთან, რომელთაც ვერ შეძლეს გაჰყოლოდნენ დავითს და ბესორის ხევთან დატოვა. და გამოვიდნენ ისინი დავითისა და მასთან მყოფი ხალხის მისაგებებლად. და მივიდა დავითი ამ ხალხთან და მოიკითხა. ასე ამბობდა ზოგიერთი ბოროტი და უგვანი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული: „რაკი არ წამოგვყვნენ, ნურაფერს გავუნაწილებთ ნადავლიდან, ჩვენ რომ დავიბრუნეთ უკან. მხოლოდ თავ-თავისი ცოლ-შვილი წაასხან და წავიდნენ.“ და თქვა დავითმა: „ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა. ვინ დაგეთანხმებათ ამ საქმეზე? რადგან რა წილიც ნაბრძოლებ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს ბანაკთან დარჩენილს. თანაბრად უნდა გაინაწილონ“ ასე იყო იმ დღიდან და მერეც. ეს დაადგინა წესად და რჯულად ისრაელისათვის დღესამომდე. და მივიდა დავითი ციკლაგში, და ჩამოურიგა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს, და შეუთვალა: „აჰა, წყალობა თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან.“ მათთვის, ვინც ბეთელში იყვნენ, ვინც სამხრეთის რამოთში იყვნენ, ვინც იათირში იყვნენ, ვინც ყაროყერში იყვნენ, ვინც სიფმოთში იყვნენ, ვინც ეშთემოაყში იყვნენ, ვინც რაქალში იყვნენ, ვინც იერახმეელელთა ქალაქებში იყვნენ, ვინც კინელთა ქალაქებში არიან, ვინც ხორმაში არიან, ვინც ქორ-ყაშანში არიან, ვინც ყათაქში იყვნენ, ვინც ხებრონში იყვნენ – ყველა ადგილისთვის, სადაც კი დავითსა და მის კაცებს უვლიათ. და გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელებს, და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი. და მიეწვივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი – საულის შვილები. და მრისხანე გახდა ბრძოლა საულთან. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა, და იგი მძიმედ დაიჭრა. და უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ წინადაუცვეთელები და არ მომკლან და არ შეურაცხმყონ.“ და უარი თქვა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა თავისი მახვილი და ზედ დაეგო. და, როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო თავის მახვილს და მოკვდა მასთან ერთად. და ერთად დაიხოცნენ ერთ დღეს საული და მისი სამი ვაჟიშვილი, მისი საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი თანამებრძოლი. და, როცა დაინახეს ველს გაღმა და იორდანეს გაღმით მცხოვრებმა ისრაელის ძეთ, რომ უკუიქცნენ ისრაელის ძენი და რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და თავადაც გაიქცნენ. და მივიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ. მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი. და თავი მოაჭრეს მას და საჭურველი აჰყარეს, და დაგზავნეს კაცები ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისათვის და ხალხისათვის. და დადვეს მისი საჭურველი ყაშთაროთების ტაძარში, ხოლო მისი გვამი ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს. და, გაიგეს გილყადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელები საულს. ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, მთელი ღამე იარეს, აიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები ბეთ-შანის კედლიდან და მოიტანეს იაბეშში, და დაწვეს. და აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ. და შვიდ დღეს იმარხულეს. საულის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა დავითი ყამალეკზე გამარჯვებიდან და დარჩა ციკლაგში ორ დღეს. მესამე დღეს გამოვიდა საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელი შემოგლეჯოდა და თავზე მტვერი ეყარა. დავითის წინაშე მისვლისას დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა. და უთხრა დავითმა: „საიდან მოდიხარ?“ უთხრა: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.“ უთხრა დავითმა: „რა ამბავი მოხდა? მიამბე!“ თქვა კაცმა: „ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან. ბევრი ჩვენიანიც დაეცა და დაიხოცა, საულიც და მისი ვაჟი იონათანაც დაიხოცნენ.“ უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: „როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?“ თქვა ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა; „გილბოაყის მთაზე მოვხვდი შემთხვევით და ვხედავ თავის შუბზეა საული დაგებული და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებოდნენ მას. და უკან მოიხედა, დამინახა და დამიძახა. ვუთხარი: გისმენ, ბატონო-მეთქი. მითხრა: ‘ვინ ხარ?’ ვუთხარი: ‘ყამალეკელი ვარ.’ მითხრა: ‘დამადექი და მომკალი, რადგან საშინელ ტანჯვაში ვარ, რადგან ჯერ კიდევ მიდგას სული.’ და დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც არ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. და მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, და სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.“ ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა. და ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო. და მოთქვამდენ და ტიროდნენ, და საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ. უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: „სადაური ხარ?“ მიუგო: „ხიზანის შვილი ვარ, ყამალეკელი.“ უთხრა მას დავითმა: „როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?“ და დაუძახა დავითმა ერთ მსახურთაგანს და უთხრა: „აქ მოდი და მოკალი ეს კაცი.“ და დაჰკრა და მოკვდა იგი. და უთხრა მას დავითმა: „შენს თავზეა შენი სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი: ‘მე მოვკალიო უფლის ცხებული.’“ ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და იონათანზე, მის ძეზე. და თქვა, რომ ესწავლათ იუდას ძეთ „მშვილდი“, როგორც სწერია სიმართლის წიგნში: „შენი მშვენება, ისრაელო, როგორ დაეცნენ ვაჟკაცები! ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ აშკელონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასეულებმა; არ იზეიმონ წინადაუცვეთელთა ასულებმა. გილბოაყის მთებო! არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები, რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცთა ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული! განგმირულთა უსისხლოდ, ვაჟკაცთა უგულ-ღვიძლოდ არ დაბრუნებულა უკან იონათანის ისარი, საულის ხმალი ამაოდ არ დაბრუნებულა! საულ და იონათან! სიცოცხლეში საყვარელნი და სანატრელნი, სიკვდილშიც განუყრელნი არიან! არწივზე სწრაფნი, ლომზე ძლიერები. ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით, და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ შესამოსელს. როგორ დაეცნენ ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე. ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენი სიყვარული ჩემდამი, უფრო მშვენიერი იყო. ვიდრე ქალის სიყვარული. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!“ ამ ამბების შემდეგ დაეკითხა უფალს დავითი: „შევიდე თუ არა იუდას რომელიმე ქალაქში?“ და უთხრა უფალმა: „შედი.“ თქვა დავითმა: „სად შევიდე?“ თქვა: „ხებრონში.“ და შევიდნენ იქ დავითი და მისი ორი ცოლი, იზრეყელელი ახინოყამი და აბიგაილი, ნაბალის ქვრივი, ქარმელელი. და თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა თავ-თავისი სახლებითურთ და დასახლდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში. მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. და შეატყობინეს დავითს, რომ გილყადის იაბიშელებს უკვე დაუმარხავთ საული. და გაგზავნა მოციქულები დავითმა გილყადის იაბიშელებთან და შეუთვალა მათ: „კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს და დამარხეთ იგი. უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქენ რომ გააკეთეთ. ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით, რადგან მკვდარია თქვენი პატრონი საული და მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.“ ხოლო აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ვაჟი, და გადაიყვანა მახანაიმში და გაამეფა გილყადზე, აშურელებზე, იზრეყელზე, ეფრემზე, ბენიამინზე და მთელს ისრაელზე. ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ვაჟი, როცა გამეფდა იგი ისრაელზე, და მხოლოდ ორ წელიწადს იმეფა. მხოლოდ იუდას სახლი შეუდგა დავითს. და იყო დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე შვიდი წელი და ექვსი თვე. და გამოვიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის, მსახურნი მახანაიმიდან გაბაონისკენ. ხოლო იოაბ ცერუიას ძე და დავითის მსახურნი გამოვიდნენ და შეეყარნენ მათ გაბაონის ტბორთან და განლაგდნენ ერთნი ტბორის ერთ ნაპირზე, მეორენი – მეორე ნაპირზე. და უთხრა აბნერმა იოაბს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე.“ მიუგო: იობმა: „გამოვიდნენ!“ და ადგნენ და გამოვიდნენ თორმეტნი ბენიამინისა და იშბოშეთის, საულის ძის, მხრიდან და თორმეტნი დავითის მსახურთა მხრიდან. და ჩასჭიდეს ერთიმეორეს ხელი და მახვილები ჩასცეს ერთიმეორეს ფერდში, და დაეცნენ ერთად. და ეწოდა ამ ადგილს სახელად ხელკათჰაცურიმ, რომელიც გაბაონშია. და გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა იმ დღეს და იძლივდნენ დავითის მსახურთაგან აბნერი და ისრაელის ძენი. იქ იმყოფებოდა ცერუიას სამი ვაჟი – იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი მინდორში. და გაეკიდა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, აბნერის კვალს მისდევდა. და უკან მოჰხედა აბნერმა და უთხრა: „ყასაელი ხარ?“ და თქვა: „მე ვარ.“ და უთხრა აბნერმა: „გაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი.“ და არ ინდომა ყასაელმა და არ გაეცალა მას. და კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: „გამეცალე, რისთვის დაგაკლა მიწას? როგორ შევხედო მერე შენს ძმას, იოაბს?“ არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. და იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. და ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა. ახლა იოაბი და აბიშაი დაედევნენ აბნერს. და მზის ჩასვლისას ამას ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ არის, გაბაონის უდაბნოს გზაზე. და შეიყარნენ ბენიამინის ძენი აბნერთან, და შეადგინეს ერთი რაზმი და ერთი ბორცვის თავზე დადგნენ. და გასძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: „მუდამ ხომ არ უნდა ჭამდეს მახვილი? განა არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? რატომ არ უბრძანებ შენს ხალხს, თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას?“ და უთხრა იოაბმა: „ღმერთია მოწამე, შენ რომ არ გამოგეწვია, დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას.“ და ჩაბერა საყვირს იოაბმა და შედგა ხალხი, და აღარ დასდევნებია ისრაელს და აღარც შებრძოლებიან ერთმანეთს. აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე მიდიოდნენ ყარაბაზე, და გავიდნენ იორდანეს გაღმა, გაიარეს მთელი ბითრონი და მიაღწიეს მახანაიმს. და იოაბმა, როცა აბნერის დევნიდან დაბრუნდა, შეჰყარა მთელი ხალხი. და დავითის მსახურთ აკლდა ცხრამეტი კაცი და ყასაელი. ხოლო დავითის მსახურებმა ბენიამინის ძეთაგან და აბნერის მებრძოლთაგან დახოცეს სამას სამოცი კაცი. და წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში. და იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და ხებრონში გაუთენდათ. და იყო ხანგრძლივი განხეთქილება საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფროდაუფრო სუსტდებოდა. და შეეძინა დავითს ვაჟიშვილები ხებრონში: პირმშო – ყამნონი, იზრეყელელი ახინოყამისაგან, მისი მომდევნო – ქილეაბი, აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისაგან. მესამე – აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის, ასულისა, მეოთხე – ადონია, ხაგითის შვილი, მეხუთე – შეფატია, აბიტალის შვილი, მეექვსე – ითრეამი ეგლასგან – დავითის ცოლისა. ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს. საულის სახლსა და დავითის სახლს შორის განხეთქილებისას აბნერს საულის სახლის მხარე ეჭირა. და ჰყავდა ხარჭა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. და უთხრა აბნერს: „რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?“ და ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა: „განა მე ძაღლის თავი ვარ? იუდას რომ ვეწინააღმდეგები დღეს, სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის, სახლს, მის ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში, ახლა ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ? ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს, და კიდევ უარესი მიუსართოს, თუ ისე არ მოვიქცე, როგორც დავითს შეჰპირდა უფალი: მეფობას წავართმევო საულის სახლს და დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბეერ-შებაყამდე.“ და სიტყვა ვეღარ შეუბრუნა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი. და გაუგზავნა აბნერმა თავისგან მოციქულები დავითს, და დააბარა ეკითხათ: „ვისია ეს ქვეყანა?“ და კიდევ ეთქვათ: „შეკარი კავშირი ჩემთან და აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რომ მოგიმხროს მთელი ისრაელი.“ და თქვა: „კეთილი, შევკრავ შენთან კავშირს, ოღონდ ერთსა გთხოვ, ჩემს სახეს ვერ იხილავ, თუ მიქალი, საულის ასული, არ მოგიყვანია ჩემთან, როცა ჩემს სანახავად მოხვალ.“ და გაუგზავნა მოციქულები დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: „მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც ასი წინადაუცვეთელი ფილისტიმელით დავწინდე.“ და გაგზავნა იშბოშეთმა და წამოიყვანა მიქალი ქმრისგან, ფალტიელისგან, ლაიშის ძისგან. და წამოჰყვა ქმარი ქალს და ტირილით მოაცილებდა ბახურიმამდე. აქ უთხრა აბნერმა: „წადი, გაბრუნდი.“ და ისიც გაბრუნდა. და დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესებს და უთხრა: „გუშინაც, გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ, ახლა გააკეთეთ, რადგან უბრძანა უფალმა დავითს: ‘ჩემი მსახურის, დავითის, ხელით უნდა ვიხსნა ჩემი ერი, ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან.’“ ამასვე ელაპარაკა აბნერი ბენიამინელთაც. და მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის, რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელს სახლს. და მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა. და ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს. და უთხრა აბნერმა დავითს: „წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელს ისრაელს, ისინი აღთქმას დაგიდებენ და ყველაზე იმეფებ შენს ნებაზე.“ და გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით. ამ დროს დაბრუნდნენ სათარეშოდ გასული დავითის მსახურნი და იოაბი და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა მშვიდობით. მოვიდნენ იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი და აცნობეს იოაბს: „მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და ისიც წავიდა მშვიდობით.“ და მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „ეს რა ჰქენი? აბნერი მოსულა შენთან, შენ კი გაგიშვია და ისიც წასულა თავის ნებაზე. ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი გამოსვლა და შესვლა და ყველაფერი ნახოს, რასაც აკეთებ.“ და გამოვიდა იოაბი დავითისგან, და კაცები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნა იგი, ისე რომ არაფერი გაუგია დავითს. და როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომც განმარტოვებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. და მოკვდა ყასაელის, იოაბის ძმის, სისხლის საზღაურად. და როცა გაიგო, მერე დავითმა თქვა: „უბრალონი ვართ მე და ჩემი სამეფო უფლის წინაშე უკუნისამდე აბნერ ნერის ძის სისხლში. დაატყდეს იგი იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!“ ხოლო იოაბმა და აბიშაიმ, მისმა ძმამ, იმის გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე აბნერს, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი ბრძოლაში, გაბაონთან. და უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელ ხალხს; „შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი.“ მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა კუბოს. დამარხეს აბნერი ხებრონში და ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა მთელი ხალხი. და იგლოვა მეფემ აბნერი და თქვა: „განა სამარცხვინო სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი? ხელი შეკრული არა გქონია, დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან.“ და კიდევ უფრო მეტად ატირდა ხალხი. ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდა დავითს. იფიცეავდა დავითი და ამბობდა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამე.“ და მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა. და გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა ამ დღეს, რომ უბრალო იყო მეფე აბნერ ნერის ძის მკვლელობაში. და უთხრა მეფემ თავის მსახურთ: „იცით თუ არა, როგორი სარდალი და დიდი ვაჟკაცი დაეცა დღეს ისრაელში? მე დღეს ჯერაც სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან: მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი ბოროტების წილ!“ და როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, წარეკვეთა იმედი და შეშფოთდა მთელი ისრაელიც. ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს, რაზმის მეთაურები, ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს – რეხაბი, რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ძეთაგან, რადგან ბეეროთი ბენიამინში ირიცხებოდა. თავად ბეეროთელნი გითაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ მდგმურობენ. და იონათანს, საულის ძეს, ერთი ფეხმტკივანი ძე ჰყავდა. ხუთი წლის იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან. და ხელში აიყვანა იგი ძიძამ და გაიქცა. გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მისი სახელი იყო მეფიბოშეთი. და წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ვაჟები – რეხაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღის ძილით. და აჰა, რეხაბი და ბაყანა, მისი ძმა შევიდნენ შიგ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი. და მიიმალნენ. როცა ისინი შევიდნენ სახლში, [იშბოშეთს] თავის საწოლზე ეძინა, საწოლ ოთახში, და მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. და წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს ყარაბას გზით. და მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აჰა, იშბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის, ძისა, რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა, შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულისგან და მისი ნაშიერისგან. და მიუგო დავითმა რეხაბს და მის ძმას ბაყანას, ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, და უთხრა: „ცოცხალია უფალი, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისგან! თუკი მაცნე, რომელმაც შემატყობინა საულის სიკვდილი და კეთილის მახარობელი ეგონა თავი, შევიპყარი და მოვკალი ციკლაგში, იმის ნაცვლად, რომ სამახარობლო მიმეცა, რას იმსახურებენ ის ბოროტეული კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლში მოკლეს? ახლა განა თქვენ ხელს არ უნდა მოვკითხო მისი სისხლი და არ უნდა აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან?“ და უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი. და ხელ-ფეხი დააჭრეს და ტბორზე გადმოკიდეს ხებრონში. ხოლო იშბოშეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს ხებრონში. და მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი. გუშინაც და გუშინწინაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ გამოგყავდა და მიგყავდა ისრაელი, და უფალმა გითხრა შენ: შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი.’“ და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და დადო დავითმა მათთან აღთქმა ხეობრონში უფლის წინაშე; და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი. ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა, და იმეფა ორმოცი წელი. ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე. იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელს ისრაელზე და იუდაზე. და გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმზე, იებუსელთა, იმ ქვეყნის მკვიდრთა, წინააღმდეგ. და მათ ასე უთხრეს დავითს: „ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან“, – ეს ნიშნავდა: „ვერ შემოვა დავითი.“ და აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. – ეს არის დავითის ქალაქი. და თქვა იმ დღეს დავითმა: „იებუსელთა ყოველმა მძლეველმა სატევრით მოსრას კოჭლებიც და ბრმებიც, დავითის მოძულენი“. ამიტომაც ამბობენ: კოჭლი და ბრმა ვერ შევაო [უფლის] სახლში. და დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი, და ააშენა დავითმა ირგვლივ მილოდან და შიგნით. და წარემართებოდა დავითს და აღემატებოდა, და იყო [მასთან] უფალი ღმერთი ცაბაოთი. და გამოუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს. და მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი მეფობა თავისი ერის, ისრაელის, გამო. და კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. ეს არის, მათი სახელები, ვინც იერუსალიმში შეეძინა მას: შამუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი. იბხარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი, ელიშამაყი, ელიდა და ელიფელეტი. როცა შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი, და დაიძრნენ ფილისტიმელები დავითის შესაპყრობად. და შეიტყო დავითმა და ციხე-სიმაგრეში შევიდა. და მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ. და დაეკითხა დავითი უფალს: „გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ?“ უთხრა უფალმა დავითს: „გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“ და მივიდა დავითი ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ და თქვა: „წალეკა უფალმა ჩემი მტერი ჩემს წინაშე, როგორც წყალი წალეკავს.“ ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაყალ-ფერაციმი. და იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი. და კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე განლაგდნენ. და დაეკითხა დავითი უფალს, და მან უთხრა: „პირისპირ ნუ მიეჭრები, ზურგიდან მოუარე და ბალზამის ხეების ჭალის მხრიდან მიადექი. როგორც კი ბალზამის ხის კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრავად.“ ისე გააკეთა დავითიმა, როგორც დაარიგა იგი უფალმა და გებაყიდან გაზერამდე მუსრს ავლებდა ფილისტიმელებს. და კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ისრაელში, ოცდაათი ათასი. და ადგა და წავიდა დავითი მთელი ხალხითურთ, ვინც მასთან იყო, იუდას ბაყალედან, რომ ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელიც იწოდა ცაბაოთ უფლის სახელით, ქერუბიმებზე მჯდომარისა. და დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და გამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ არის. ყუზა და ახიო, აბინადაბის ვაჟები, მიუძღოდნენ ახალ ურემს. და როცა მოაბრძანებდნენ აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ არის. ახიო წინ მიუძღვოდა კიდობანს. და დავითი და მთელი ისრაელის ძენი უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, სანგებსა და წინწილებს. და როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან გადახარეს ხარებმა. და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან. და შეწუხდა დავითი, რომ განგმირა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა. და შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს, და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?“ და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის გადატანა თავისთან, დავითის ქალაქში, და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ გაახვევინა. და დარჩა სამ თვეს უფლის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლი. როცა შეატყობინეს დავითს, რომ აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელიო, წავიდა დავითი და სიხარულით ამოაბრძანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან დავითის ქალაქში. და როცა უფლის კიდობნის მტვირთავნი ექვს ნაბიჯს გაივლიდნენ, ის მსხვერპლად სწირავდა ერთ ხარსა და ცხვარს. და რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე. და სელის ეფოდი ემოსა დავითს. ყიჟინითა და ბუკის ცემით მიაბრძანებდნენ უფლის კიდობანს დავითი და ისრაელის მთელი სახლი. და როცა უფლის კიდობანი შებრძანდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოიხედა საულის ასულმა მიქალმა, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში. და მიაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე შუა კარავში, რომელიც დადგმული ჰქონდა მისთვის დავითს. და სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირა დავითმა უფალს. და როცა მორჩა აღსავლენი და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვას, ცაბაოთ უფლის სახელით დალოცა ერი. და ჩამოურიგა მთელს ერს, ისრაელის მთელს კრებულს, კაცსა და დედაკაცს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. მერე თავ-თავის სახლებში წავიდა ხალხი. და როცა დაბრუნდა დავითი თავისი სახლის დასალოცად, გამოეგება მიქალი, საულის ასული, და უთხრა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მსახურთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე.“ და უთხრა დავითმა მიქალს: „უფლის წინაშე, რომელმაც გამომარჩია მამაშენისგან და მთელი მისი სახლიდან, დამადგინა რა უფლის ერის, ისრაელის, წინამძღოლად, უფლის წინაშე სიხარულით ვიროკებ. და რაც უფრო დავმცირდები და დავმდაბლდები ჩემს თვალში, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები მხევალთა წინაშე, მათ წინაშეც კი, შენ რომ ახსენე.“ და მიქალს, საულის ასულს, შვილი არ ჰყოლია სიკვდილის დღემდე. როგორც კი დაიწყო მეფემ ცხოვრება თავის სახლში და მოასვენა იგი უფალმა გარშემო მტრებისგან, მაშინ უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: „შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშაა.“ და უთხრა ნათანმა მეფეს: „გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთან არის უფალი.“ და იმ ღამით იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა: „წადი და უთხარი ჩემს მსახურს დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი; განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფლად? მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღევანდლამდე, მუდამ კარავში და სავანეში ვიმყოფებოდი მგზავრობისას. აბა, ოდესმე თუ მითქვამს ისრაელის ძეთა შორის მოარულს ისრაელის რომელიმე ტომისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის, მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი? ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘ცხვრის ფარიდან, წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლი ყოფილიყავი. ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია, და მინადგურებია შენი მტრები შენს წინაშე, და განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიადთა სახელისა ამ ქვეყანაზე. და ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნებ მას, და იცხოვრებს იგი მშვიდად თავის ადგილზე, და მეტად აღარ შეშფოთდება, და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ მას უწინდებურად, მას შემდეგ, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისგან. უფალი გაუწყებს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი. და როცა დრო მოგივა და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც შენი საზარდულიდან გამოვა, და მის მეფობას განვამტკიცებ. და ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისათვის და მე დავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს უკუნისამდე. მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. თუ შესცოდავს, გავწკეპლავ კაცთა წესით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით. და არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენი სახის წინაშე. და მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო უკუნისამდე ჩემი სახის წინაშე. მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე.’“ თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს. და მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: „ვინა ვარ მე, უფალო, ჩემო უფალო, და რა არის ჩემი სახლი, რომ ასე განმადიდე! ესეც გემცირა თვალში, ჩემო უფალო, უფალო; და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ჩემო, უფალო. და კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო, ჩემო უფალო! შენი სიტყვისათვის და შენი გულის თანახმად სჩადიხარ ამ სიდიადეს და ამცნობ შენს მსახურს. ამიტომაც დიდი ხარ შენ, უფალო ჩემო, უფალო! რადგან არავინაა შენი მსგავსი. არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ. თუ არის ამქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის, მსგავსი, რომელსაც მოევლინა ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი, რომ ექცია თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საშინელი ამბები შენი ქვეყნისთვის ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, ხალხებისგან და ღმერთებისგან? შენ განამტკიცე შენთვის შენი ერი ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო უკუნისამდე და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი! ახლა უკუნისამდე განამტკიცე, უფალო, ღმერთო, ეგ სიტყვა, შენს მსახურზე და მის სახლზე რომ ბრძანე, აღასრულე, როგორც ნაბრძანები გაქვს. იდიდოს შენმა სახელმა უკუნისამდე, რათა თქვან: ‘ცაბაოთ უფალი ღმერთია ისრაელზე!’ მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მსახურის, დავითის, სახლი! რადგან შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მსახურს, სახლს აგიშენებო, ამიტომაც გაუწია გულმა შენს მსახურს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ. ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია, და შენი მსახურისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული. ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი საუკუნოდ!“ ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს მათეგ ამა. და დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და საბლით გაზომა: ორი საბელი დასახოცად გადაზომა, ერთი მთელი საბელი – ცოცხლად დასატოვებლად. და გახდნენ მოაბელები დავითის მორჩილნი და მოხარკე მსახურნი. და დაამარცხა დავითმა ჰადად-ყეზერი რეხობის ძე, ცობას მეფე, როცა იგი მდინარეზე ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა. და წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. და ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლისთვის დაიტოვა მათგან. და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადად-ყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორი ათას კაცს. და დააყენა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და გახდნენ არამელები დავითის მსახურნი და მოხარკენი. და ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი შეეწეოდა დავითს. და აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადად-ყეზერის მსახურთ რომ ჰქონდათ, და იერუსალმში მოიტანა. დიდძალი სპილენძი წამოიღო დაივთმა ბეტახიდან და ბეროთიდან, ჰადად-ყეზერის ქალაქებიდან, და შეიტყო თოყიმ, ხამათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადად-ყეზერს, და გაგზავნა თოყიმ თავისი ძე იორამი დავითთან მოსაკითხავად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადად-ყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ჰადად-ყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი. ეს ჭურჭელიც შესწირა მეფე დავითმა უფალს იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა – არამს, მოაბს, ყამონის ძეთ, ფილისტიმელებს, ყამალეკს, აგრეთვე ჰადად-ყეზერ რეხობის ძეს, ცობას მეფეს. გაითქვა სახელი დავითმა თვრამეტი ათასი არამელის დამარცხების შემდეგ მარილოვან ველზე. და დააყენა ედომოში ხელისუფალნი, მთელს ედომოში დააყენა ხელისუფალნი, და გახდა მთელი ედომი დავითის მსახური. და უფალი შეეწეოდა დავითს, სადაც კი წავიდოდა. და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელს თავის ხალხს. იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა და იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო. ცადოკ ახიტუბის ძე, და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია – მწერალი; და ბენიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა, დავითის შვილები ეზოს მოძღვრები იყვნენ. და თქვა დავითმა: „ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისათვის?“ და ჰყავდა საულის სახლს მსახური, სახელად ციბა; და დაუძახეს მას დავითთან, და უთხრა მეფემ: „შენა ხარ ციბა?“ თქვა: „გახლავარ შენი მსახური.“ უთხრა მეფემ: „აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა ვუყო?“ და უთხრა ციბამ მეფეს: „კიდევ ჰყავს ვაჟი იონათანს, ფეხმტკივანი.“ და უთხრა მას მეფემ: „სად არის?“ და უთხრა ციბამ მეფეს: „აჰა, მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს.“ და გაგზავნა დავით მეფემ და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის ძის სახლიდან, ლოდებარიდან. მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, და პირქვე დაეცა მის წინაშე, და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: „მეფიბოშეთ!“ მიუგო: „გახლავარ შენი მსახური!“ და უთხრა დავითმა: „ნუ გეშინია, წყალობას გიზამ მამაშენის, იონათანის, გულისათვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.“ და თაყვანისცა და უთხრა: „ვინ არის შენი მსახური, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე ჩემსავით მკვდარი ძაღლი?“ მოუხმო მეფემ ციბას, საულის მსახურს, და უთხრა: „საულისა და მისი სახლის მთელი საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია. დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მსახურებმა მას, და აიღეთ მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილს თავისი საჭმელი პური. და მაინც მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს.“ თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მსახური ჰყავდა ციბას. და უთხრა ციბამ მეფეს: „ყველაფერს შეასრულებს შენი მსახური, რაც მეფე ბატონმა უბრძანა თავის მსახურს.“ და ჭამდა მეფიბოშეთი პურს სუფრაზე, როგორც ერთი უფლისწულთაგანი. პატარა ბავშვი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. და მეფიბოშეთის მსახურნი გახდნენ ყველანი, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდა. და ცხოვრობდა მეფიბოშეთი იერუსალიმში, რათა მუდამ სამეფო სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი. ამის შემდეგ იყო რომ მოკვდა ყამონელთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად. და თქვა დავითმა: „წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, წყალობისათვის, რომელსაც მომაგებდა მამამისი.“ და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონის ძეთა ქვეყანაში. და უთხრეს ყამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: „ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და დააქციოს?“ და აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მსახურთ, შემოაჭრა ნახევარი სამოსელი თეძოებამდე და გაისტუმრა. და როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. და ბრძანა მეფემ ეთქვათ მათთვის: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მობრუნდით.“ და დაინახეს ყამონის ძეთ, რომ თავი შეაძულეს დავითს; და გაგზავნეს ხალხი ყამონის ძეთ, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხობისა და ცობას არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან თორმეტი ათასი კაცი. და შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი მამაცთა მთელი ლაშქრითურთ. და გამოვიდნენ ყამონის ძენი და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ხოლო ცობისა და რეხობის არამელები, და იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე. და როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელის ძეებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ. დანარჩენი ხალხი აბიშაის, თავის ძმას, ჩააბარა და მანაც დააწყო ისინი ყამონის ძეთა წინააღმდეგ. და თქვა [იობმა]: „თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები; თუ ყამონის ძენი გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად. გამაგრდი და მტკიცედ ვიდგეთ ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის, ქალაქისთვის, და უფალმა ქმნას, რაც ენებოს.“ და გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად, და უკუიქცნენ მისგან. და როცა ყამონის ძეთ დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. და დაბრუნდა იოაბი ყამონის ძეთაგან და მივიდა იერუსალიმში. და დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, და შეიკრიბნენ ერთად. და გადმოაყვანინა ჰადარ-ყეზერმა მდინარის გაღმელი არამელები და ისინიც მოვიდნენ ხელამში. ხოლო შობაქი, ჰადარ-ყეზერის მთავარსარდალი, უძღოდა მათ. შეატყობინეს დავითს და მანაც შეკრიბა მთელი ისრაელი, და გადალახა იორდანე და მივიდა ხელამს. და დაეწყვნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ. და გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არამელთაგან შვიდასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი; უგმირა მახვილი შობაქს, მათ სარდალს, და იქვე მოკვდა იგი. და როცა ჰადარ-ყეზერის ქვეშევრდომმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. და არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონის ძეთა დახმარება. წელიწადის შემობრუნებისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი. და გაანადგურეს ყამონის ძენი და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. და ადგა დავითი საღამო ჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. და ბანიდან მობანავე ქალი დაინახა. ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით. და გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: „ეს ხომ ბათ-შებაყი არის, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი.“ და გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. და მოვიდა ქალი, და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი უწმიდურებისაგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში. და როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: „ორსულადა ვარ.“ და გაგზავნა დავითმა კაცი იოაბთან. გამომიგზავნე ურია ხეთელი. და გამოუგზავნა იოაბმა ურია დავითს. როცა მოვიდა მასთან ურია, დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი გამოჰკითხა. უთხრა დავითმა ურიას: „შინ წადი და ფეხი დაიბანე.“ გავიდა ურია მეფის სახლიდან და სამეფო საჭმელი გააყოლეს უკან. ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის მსახურებთან ერთად. თავის სახლში არ წასულა. და შეატყობინეს დავითს, არ წასულაო თავის სახლში ურია, და უთხრა დავითმა ურიას: „ხომ ნამგზავრი ხარ? რატომ შინ არ წახვედი?“ და უთხრა ურიამ დავითს: „როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს!“ და უთხრა დავითმა ურიას: „დღესაც დარჩი აქ და ხვალ გაგაგზავნი.“ და დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას. და მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა მის წინაშე, და დაათრო იგი დავითმა. და საღამოთი გავიდა, რომ თავისი ბატონის მსახურებთან ერთად დაეძინა თავის საგებელზე. თავის სახლში არ წასულა. და დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისათვის და ურიას ხელით გაუგზავნა. წერილში ასე დაწერა: „დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს.“ და როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ. და გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. და დაეცნენ ხალხიდან დავითის მსახურთაგანნი და მოკვდა ურია ხეთელიც. და გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად. და უბრძანა მოციქულს: „ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი. და, თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: ‘რატომ მოადექით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველად? განა არ იცოდით, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას? ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე და მოკვდა იგი თებეცში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს?’ უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო, შენი მსახური.“ და წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა. და უთხრა მოციქულმა დავითს: „როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ. და მოისარებმა ისრები დაუშინეს გალავნიდან შენს მსახურთ და ბევრი გაწყდა მეფის მსახურთაგან, მოკვდა ხეთელი ურიაც, შენი მსახური.“ და უთხრა დავითმა მოციქულს: „ასე უთხარი იოაბს, ნუ გაწუხებს-თქო ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ჭამს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხე-თქო. და გაამხნევე იოაბი.“ და გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი, და დაიტირა თავისი ქმარი. და როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ქალმა ვაჟი. და ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა, ბოროტება იყო უფლის თვალში. და მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი, და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: „ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი; მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა, ღარიბს არაფერი გააჩნდა ერთი ბატკნის გარდა, რომელიც პატარა ჰყავდა ნაყიდი, და კვებავდა და ზრდიდა თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, და თავისი ქალიშვილივით ჰყავდა. და ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, და წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს.“ დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: „უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი! ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა.“ და უთხრა ნათანმა დავითს: „შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მე გცხე მეფედ ისრაელზე, მე დაგიხსენი საულის ხელიდან, მე მოგეცი შენი ბატონის სახლი და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები შენს წიაღში, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და, თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებდი. რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი, ხოლო იგი ყამონის ძეთა მახვილით მოჰკალი. ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს უკუნისამდე, რადგან უგულებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა.’ ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მახლობელს მივცემ, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან; თუმცა შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამას,’“ და უთხრა დავითმა ნათანს: „შევცოდე უფალს“. და უთხრა ნათანმა დავითს: „უფალმაც მოგიტევა შენი ცოდვა, არ მოკვდები. ოღონდ, რაკი ამ საქციელით უფლის ლანძღვის საბაბი მიეცი მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა.“ და წავიდა ნათანი თავის სახლში და შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი. და ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, და მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს განმარტოებული. და დაადგნენ თავზე მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური. მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი. ვერ გაბედეს დავითის მსახურებმა მოეხსენებინათ, რომ მოკვდა ბავშვი, რადგან ასე ფიქრობდნენ: „ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას დამართებს თავს.“ და დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მსახურნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და უთხრა დავითმა თავის მსახურთ: „მოკვდა ბავშვი?“ უთხრეს: „მოკვდა.“ და ადგა მიწიდან დავითი, და დაიბანა, და ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, და წავიდა უფლის სახლში და თაყვანისცა. და დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, და მიართვეს და შეჭამა. უთხრეს მისმა მსახურებმა: „ეს რა იყო, რომ გააკეთე, ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე?“ თქვა დავითმა: „ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი. ვფიქრობდი: ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს-მეთქი ბავშვი. ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.“ და ანუგეშა დავითმა ბათ-შებაყი, თავისი ცოლი, და შევიდა და დაწვა მასთან. და შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა. და გამოუგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა უფლის სახელით იედიდია. ებრძოდა იოაბი ყამონის ძეთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი. და გამოუგზავნა იოაბმა დავითს მოციქულნი და შემოუთვალა: „ვებრძვი რაბას და ხელში მაქვს ჩაგდებული ქალაქის წყალსატევი. ახლა, შეკრიბე დანარჩენი ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ მე ავიღებ ქალაქს და ჩემი სახელი დაერქმევა.“ და შეკრიბა დავითმა ხალხი, და წავიდა რაბას, თავს დაესხა და დაიპყრო. და აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ქანქარის წონისა, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა. და აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, და სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონის ძეთა ყველა ქალაქს. და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში. ამის შემდეგ იყო: ჰყავდა აბესალომს, დავითის ძეს, ლამაზი და, სახელად თამარი, და შეუყვარდა იგი ყამნონს, დავითის ძეს. ისე გაუჭირდა ყამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი, და ძნელი იყო ყამნონისთვის, რაიმე გაეკეთებინა მასთან. და ჰყავდა მეგობარი ყამნონს, სახელად იონადაბი, შიმყის ძე, დავითის ძმისწული. და ძალზე ცბიერი კაცი იყო იონადაბი. და უთხრა მას: „რა მოგდის, დღითი დღე რომ ხმები, უფლისწულო, არ მეტყვი?“ და უთხრა ყამნონმა: „თამარი მიყვარს, აბესალომის, ჩემი ძმის, და.“ და უთხრა იონადაბმა: „ჩაწექი ლოგინში და თავი მოიავადმყოფე. და როცა მამაშენი მოვა შენს სანახავად, უთხარი: ‘ჩემი და თამარი მოვიდეს ჩემთან და პური მაჭამოს, ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო.’“ და ჩაწვა ყამნონი და თავი მოიავადმყოფა. და მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ყამნონმა მეფეს: „მოვიდეს ჩემთან ჩემი და თამარი, ჩემს თვალწინ გამოაცხოს ორიოდე ნამცხვარი, რომ მისი ხელიდან ვჭამო.“ და გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: „მოდი შენი ძმის, ყამნონის, სახლში და საჭმელი მოუმზადე.“ და წავიდა თამარი თავისი ძმის, ყამნონის, სახლში. და იწვა იგი. და აიღო ქალმა ცომი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო კვერები. და აიღო ტაფა და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. და თქვა ყამნონმა: „გაიყვანეთ ყველანი!“ და გავიდა ყველა. მაშინ უთხრა ყამნონმა თამარს: „უკანა ოთახში წაიღე საჭმელი და შევჭამ შენი ხელიდან.“ და აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი კვერები და უკანა ოთახში გაუტანა ყამნონს. და როცა მიაწოდა, რომ ეჭამა, ხელი სტაცა ყამნონმა ქალს და უთხრა: „მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო.“ უთხრა: „ნუ, ჩემო ძმაო, ნუ შეურაცხმყოფ. ასე არ იქცევიან ისრაელში, ნუ იზამ ამ სისაძაგლეს. სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი საძაგელი კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. სთხოვე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს.“ არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება ყამნონს. და დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან. შესძულდა იგი ყამნონს უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა ადრე. და უთხრა ყამნონმა: „ადე, წადი აქედან.“ და უთხრა: „ნუ იზამ, ძმაო, ადრინდელზე უფრო დიდი ბოროტებაა, რასაც ახლა მიკეთებ.“ მაგრამ არ უნდოდა ყამნონს მისი მოსმენა. და დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: „გაიყვანე ეს ქალი აქედან და მიუხურე კარი.“ ჭრელი სამოსელი ეცვა ქალს, რადგან ასეთი მოსასხამით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. და გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი. და დაიყარა ნაცარი თამარმა თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი სამოსელი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-მოთქმით წავიდა. და უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: „შენი ძმა ყამნონი ხომ არ იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის, გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს.“ და დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის, სახლში მიტოვებული. და გაიგო დავით მეფემ ეს ამბავი და ძლიერ განრისხდა. ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ყამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ყამნონი მისი საქციელის გამო, რომ შეურაცხყო მისი და თამარი. გავიდა ორი წელი და პარსვა ჰქონდა აბესალომს ბაყალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად რომ არის, და ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა. და მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: „მპარსველები ჰყავს შენს მსახურს. ეწვიოს მეფე თავის მსახურებთან ერთად შენს მსახურს.“ და უთხრა მეფემ აბესალომს: „არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, არ დაგამძიმებთ.“ ჩააცივდა, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა, კურთხევით კი აკურთხა. და თქვა აბესალომმა: „თუ ასეა, მაშინ ჩემი ძმა ყამნონი წამოვიდეს.“ და უთხრა მეფემ: „რისთვის წამოვიდეს?“ და ჩააცივდა აბესალომი და მეფემაც გაუშვა ყამნონი და სხვა უფლისწულები. და უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: „ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ყამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ყამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ, რადგან მე გიბრძანებთ ამას! აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.“ და ისე მოექცნენ აბესალომის მსახურნი ყამნონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის აბესალომს. და წამოიშალნენ უფლისწულები, და შესხდნენ თავ-თავიანთ ჯორებზე და გაიქცნენ. ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ მიუვიდა ამბავი დავითს, რომ დახოცა აბესალომმა უფლისწულები და ერთიც არ გადარჩენილა.“ და ადგა მეფე, ტანზე შემოიხია სამოსელი და ჩაჯდა მტვერში. იქვე იდგნენ სამოსელშემოხეული მისი მსახურები. და დაუწყო ლაპარაკი იონადაბ შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა, და უთხრა: „ნუ ფიქრობს, ჩემი ბატონი, რომ ყველა უფლისწული მოკლეს, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი. აბესალომის პირით გადაწყდა ეს იმ დღიდან, როცა შეურაცხყო ყამნონმა მისი და თამარი. ნუ მიაქვს გულთან ჩემს ბატონ მეფეს ეს ხმა, თითქოს ყველა უფლისწულია მკვდარი, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი.“ და გაიქცა აბესალომი. და გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და, ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით. და უთხრა იონადაბმა მეფეს: „აჰა, მოდიან უფლისწულები, როგორც გეუბნებოდა შენი მსახური, ისეც მოხდა.“ და როცა დასრულდა ლაპარაკი, მოვიდნენ უფლისწულებიც, და აუწიეს ხმას და ატირდნენ. და დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მსახურებიც. და გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიჰუდის ძესთან, გეშურის მეფესთან. და მთელი დღეები გლოვობდა დავითი თავის შვილს. და გაიქცა აბესალომი გეშურს და დაჰყო იქ სამი წელი. და შეწყვიტა აბესალომის დევნა დავითმა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ყამნონის გამო, რომელიც მოუკვდა. და შეიტყო იოაბმა, ცერუიას ძემ, რომ გული მოუბრუნდა მეფეს აბესალომზე. და გაგზავნა კაცი თეკოაყში და ერთი ჭკვიანი ქალი მოაყვანინა იქიდან. და უთხრა: „თავი მოიმგლოვიარე, ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთს ნუ იცხებ, და ისე იყავი, როგორც დიდი ხნის მგლოვიარე ქალია. და მიდი მეფესთან და უამბე ასე და ასე.“ და ბაგეებში ჩაუდო იოაბმა სათქმელი. და შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანისცა და უთხრა: „მიშველე, მეფეო“ ჰკითხა მეფემ: „რა გჭირს?“ და უთხრა ქალმა: „ერთი ქვრივი ქალი ვარ, ქმარი მომიკვდა; ორი ვაჟიშვილი ჰყავდა შენს მხევალს. მინდორში წაეკიდნენ ერთმანეთს, გამშველებელი არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა. და აღდგა შენი მხევლის წინააღმდეგ მთელი ნათესაობა და მეუბნებიან: ‘მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოვკლათ ძმის სულის წილ, რომელიც მოკლა, და მოვსპოთ თვით მემკვიდრეც.’ ამ ნაპერწკალსაც ჩამიქრობენ, რომელიც დამრჩა, და სახელს და შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე.“ და უთხრა მეფემ ქალს: „წადი მშვიდად შინ. ბრძანებას გავცემ შენს გამო.“ და უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: „ჩემზე, მეფევ-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უბრალოა.“ და უთხრა მეფემ: „აქ მომიყვანე შენი მომჩივანი და ვეღარ გაბედავს შენს შეწუხებას.“ და უთხრა ქალმა: „ახსენე, მეფეო, უფალი, შენი ღმერთი, ვინძლო არ გამრავლდნენ შურისმგებელნი და არ დამიღუპონ შვილი.“ და უთხრა: „უფალს ვფიცავ, შენი შვილის თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე.“ და უთხრა ქალმა: „ერთი სიტყვაც ათქმევინე მეფე-ბატონისთვის შენს მხევალს.“ და უთხრა: „თქვი.“ და უთხრა ქალმა: „რატომ ფიქრობ ასე ღვთის ერის წინააღმდეგ? თავის თავს ამტყუნებს ამის მთქმელი მეფე, რადგან თავის განდევნილს უკან არ აბრუნებს. რადგან ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით ვეღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს. და იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ. ახლა მოვედი, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფე-ბატონს, რადგან მაშინებს ხალხი. იფიქრა შენმა მხევალმა: ვეტყვი მეფეს, იქნებ აღასრულოს მეფემ თავისი მხევლის სათხოვარი-მეთქი, რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს. და თქვა შენმა მხევალმა: ნუგეში იქნება მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.“ და მიუგო მეფემ ქალს და უთხრა: „ერთ რამეს გკითხავ და ნუ დამიმალავ.“ და უთხრა ქალმა: „თქვას მეფე-ბატონმა.“ და თქვა მეფემ: „იოაბის ხელი ხომ არ ურევია შენთან ერთად ამ საქმეში?“ და მიუგო ქალმა და უთხრა: „მეფე-ბატონს ვფიცავ, თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვიოს ვინმემ მეფე-ბატონის ნათქვამს. სწორედ შენმა მსახურმა იოაბმა დამარიგა და მან ჩააგონა შენს მხევალს ეს სიტყვები. ნართაულად რომ ეჩვენებინა საქმე, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს მიხვდება ამ ქვეყანაზე.“ და უთხრა მეფემ იოაბს: „რაკი შენ მოგიწყვია ეს საქმე, წადი და დააბრუნე ყმაწვილი აბესალომი.“ და პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა მეფეს და მადლი მოახსენა და უთხრა: „ახლა სჯერა შენს მსახურს, რომ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის, მეფის, თვალში, რადგან აღასრულა მეფემ თავისი მსახურის სათხოვარი.“ და ადგა და წავიდა იოაბი გეშურს, და მოიყვანა აბესალომი იერუსალიმში. და თქვა მეფემ: „დაბრუნდეს თავის სახლში, ოღონდ ვერ იხილავს ჩემს სახეს.“ და დაბრუნდა აბესალომი თავის სახლში და ვერ იხილა მეფის სახე. და არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ლამაზი კაცი, როგორც აბესალომი და ისეთი ქებული, როგორც ის, თხემით ტერფამდე უნაკლო იყო. როცა თავს მოიკრეჭდა, – ის კი ყოველ წელს იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმბდა, – მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით. და შეეძინა აბესალომს სამი ვაჟიშვილი და ერთი ქალი, სახელად თამარი. და ძალიან ლამაზი შესახედი ქალი იყო იგი. ორ წელს ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში, მაგრამ მეფის სახე არ უხილავს. და დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ ინდომა იოაბმა მისვლა. მეორედ დაიბარა, არც ახლა ინდომა მისვლა. და უთხრა თავის მსახურს: „მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის, ქერი უთესია იქ, მიდით და გადაწვით.“ გადაწვეს ეს ყანა აბესალომის მსახურებმა. და ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: „რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მსახურებმა?“ და უთხრა აბესალომმა იოაბს: „დაგიბარე, რომ მოსულიყავი და მეფესთან გამეგზავნე, რომ გეთქვა: ‘რისთვის მოვედი გეშურიდან? მიჯობდა იქ დავრჩენილიყავი. და ახლა მინდა მეფის სახე ვიხილო. თუ დამნაშავე ვარ, ბარემ მომკალი.’“ და მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა. და უხმო აბესალომს, ისიც მივიდა მეფესთან, და მდაბლად თაყვანისცა და აკოცა მეფემ აბესალომს. ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლები და ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი. და ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვისაც კი საჩივარი ჰქონდა და მეფესთან მოდიოდა სამართლის საძებრად, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: „რომელი ქალაქიდან ხარ?“ და როცა ეტყოდნენ: „ისრაელის ამა და ამ შტოდან ვარ შენი მსახური,“ ეტყოდა აბესალომი: „კარგია და სამართლიანი შენი საქმე, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე!“ და ამბობდა აბესალომი: „ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.“ თაყვანისსაცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა, მოეხვეოდა და აკოცებდა. ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელის ძეს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული. და ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: „წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს. რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.“ და უთხრა მეფემ: „მშვიდობით წადი.“ და ადგა და წავიდა ხებრონს. გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა ტომში და შეუთვალა: „ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: ‘აბესალომი გამეფდა ხებრონს!’“ ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან, და ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ საქმის ვითარება. და გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი, დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. და განმტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ. და მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: „აბესალომს მიემხრო მთელი ისრაელი.“ და უთხრა დავითმა თავის მსახურთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: „ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და არ შეგვიპყროს, და უბედურება არ დაგვათიოს თავზე, მახვილს არ მისცეს ქალაქი.“ და უთხრეს მეფის მსახურებმა მეფეს: „გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და აჰა, ჩვენ აქა ვართ, შენი მსახურნი.“ და გავიდა მეფე და ფეხით მიჰყვა მას მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სახლის საპატრონოდ. და გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი, და დადგნენ ერთ განაპირა სახლში. მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მსახურნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გეთელები, ექვსასი კაცი, გეთიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს. და უთხრა მეფემ ითაი გითელს: „შენ რაღას მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და შენი ადგილიდან გადმოხვეწილი. გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გაიძულო ჩვენთან ერთად წამოსვლა? მე წავალ, სადაც იქნება, შენ კი გაბრუნდი და უკან გააბრუნე შენი ძმები. წყალობა და ჭეშმარიტება იყოს შენთან!“ მიუგო ითაიმ მეფეს და უთხრა: „უფალს და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს ჩემი მეფე-ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება,“ და უთხრა დავითმა ითაის: „კეთილი, წამოდი.“ და წაჰყვა ითაი გითელი და მთელი მისი ხალხი და მთელი წვრილშვილი, ვინც მასთან იყო. და ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა და მიმავალი ხალხი. და გადალახა მეფემ კიდრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას. და აჰა, ცადოკს და მასთან ერთად ყველა ლევიანს მოჰქონდათ ღვთის აღთქმის კიდობანი. და დაასვენეს ღვთის კიდობანი. და მაღლობზე იდგა აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან. და უთხრა მეფემ ცადოკს: „დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს. და თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ. მიყოს, რაც ენებოს.“ და უთხრა მეფემ მღვდელ ცადოკს: „აბა, დაბრუნდი მშვიდობით ქალაქში, შენი შვილი ახიმაყაცი და იონათანი, აბიათარის ძე – თქვენი ორივე შვილი – თქვენთან იქნებიან. იცოდეთ, უდაბნოს ვაკეზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან.“ და გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ. ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაბურული, და ტირილ-ტირილით ადიოდნენ. და შეატყობინეს დავითს: „ახითოფელიც შეთქმულებაში არის აბესალომთან.“ და თქვა დავითმა: „ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.“ და მიაღწია დავითმა მთის წვერამდე, სადაც თაყვანისცა ღმერთს, და აჰა, მოდის ხუშაი არქელი, ღვთის ერთგული, მოსასხამშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი. და უთხრა დავითმა: „თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები. და თუ ქალაქში გაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: ‘შენი მსახური ვიქნები, მეფეო, როგორც აქამდე ვიყავი მამაშენის მსახური, ამიერიდან შენი მსახური ვიქნები’, და გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს, განა შენთან არ იქნებიან იქ ცადოკი და აბიათარი – მღვდლები? და ყველაფერს, რასაც გაიგონებ მეფის სასახლეში, ცადოკს და აბიათარს – მღვდლებს – შეატყობინებ, იქა ჰყავთ მათ ორი ვაჟი: ცადოკს – ახიმაყაცი და აბიათარს – იონათანი. მათი ხელით მომაწვდენთ ყველა ამბავს, რასაც გაიგებთ.“ და მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში. და როდესაც ცოტაზე ჩასცდა დავითი მთის წვერს, შემოხვდა მას ციბა, მეფიბოშეთის მსახური, წყვილი შეკაზმული სახედრითურთ, მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი გალა ლეღვის ჩირი და ერთი კოლოტი ღვინო. და უთხრა მეფემ ციბას: „რისთვის გინდა ესენი?“ და თქვა ციბამ: „სახედრები მეფის სახლისთვის სამგზავროდ, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად, ღვინო უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთათვის სასმელად.“ და უთხრა მეფემ: „სად არის შენი ბატონის ვაჟი?“ და უთხრა ციბამ მეფეს: „იერუსალიმში დარჩა, რადგან ფიქრობს, ახლა მაინც დამიბრუნებსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს.“ და უთხრა მეფემ ციბას: „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი.“ და თქვა ციბამ თაყვანისცემით: „მადლი ვპოვო შენს თვალში, მეფე-ბატონო.“ ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, ხედავს გამოდის იქიდან საულის სახლის მონათესავე კაცი, სახელად შიმყი, გერას ძე, მოდის და მოიწყევლება. და ქვებს ესროდა დავითს და დავით მეფის მსახურთ, თუმცა ხალხი და მეომრები მარჯვნივ და მარცხნივ მიჰყვებოდნენ. ასე სწყევლიდა მას შიმყი: „განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო! შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლად გამეფდი, და შენს ძეს, აბესალომს, ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ!“ უთხრა აბიშაიმ, ცერუიას ძემ, მეფეს: „რისთვის წყევლის ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!“ და უთხრა მეფემ: „რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ იწყევლება, იქნებ უფალმა უბრძანა, დასწყევლეო დავითი. ვინ იტყვის, ასე რატომ აკეთებო?“ და უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა თავის მსახურს: „ხომ ხედავთ, ჩემი ღვიძლი შვილი მოსაკლავად მომდევს და ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია მისთვის. ეგებ მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს უფალმა.“ და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა. და გავიდნენ მეფე და მისი თანმხლები ხალხი, დაღლილ-დაქანცულნი და იქ მოითქვეს სული. ხოლო აბესალომი და მთელი ისრაელის ხალხი შევიდნენ იერუსალიმში, და ახითოფელიც მასთან იყო. და როცა მივიდა ხუშაი არქელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ!“ და უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის შენი სიმტკიცე შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?“ უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთან ვარ და მასთან დავრჩები. ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.“ და უთხრა აბესალომმა ახითოფელს: „გვირჩიე, რა უნდა გავაკეთოთ.“ და უთხრა ახითოფელმა აბესალომს: „შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან, და გამხნევდებიან შენი მომხრეები.“ და გაშალეს კარავი აბესალომისათვის ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ. ახითოფელის თათბირი, რომელსაც იგი იმ ხანებში იძლეოდა, ისეთი იყო, გინდ ღმერთს შეკითხვოდა ვინმე. ასეთი იყო ახითოფელის თათბირი დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც. და უთხრა ახითოფელმა აბესალომს: „შემარჩევინე თორმეტი ათასი კაცი, ავდგები და დავედევნები ამაღამვე დავითს. და თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია. შიშის ზარს დავცემ და გაეფანტება მთელი ხალხი, და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს. და შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, და როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მაშინ მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.“ და სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას. და თქვა აბესალომმა: „ხუშაი არქელსაც მოუხმეთ. მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.“ და მივიდა ხუშაი აბესალომთან, და უთხრა აბესალომმა: „ასე და ასე ლაპარაკობს ახითოფელი. მოვიქცეთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ ილაპარაკე.“ და უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „არ ვარგა ამჯერად ახითოფელის თათბირი.“ და თქვა ხუშაიმ: „ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან და გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი მინდვრად. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად იფხიზლებს ღამით. ახლა ალბათ რომელიმე მღვიმე ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, დამარცხდა აბესალომის ხალხიო, მაშინ უმამაცესნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაიბნევიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები. ამიტომ გირჩევ: შემოიკრიბო მთელი ისრაელი, დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად. და მივადგეთ მას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს დავეცეთ, როგორც ცვარი ეცემა მიწას, და ერთ კაცსაც არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან. თუ რომელიმე ქალაქში ჩაიკეტება, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ, ისე რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას,“ და თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელის ძემ: „ხუშაი არქელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს.“ უფალმა გადაწყვიტა ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის უფალს. და უთხრა ხუშაიმ ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს: „ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიეო. ახლა საჩქაროდ გააგზავნე კაცი და შეუთვალე დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ-თქო ამ ღამეს, არამედ გაღმა გადი, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხი.“ როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მხევალი და უთხრა, წასულიყვნენ და ეცნობებინათ მეფე დავითისთვის, რადგან ქალაქში გამოჩენა არ შეეძლოთ მათ. მაგრამ დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა აბესალომს, მაგრამ საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მოვიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში, რომელსაც ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ. და ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭის თავს, და ზედ ბურღული დააყარა. და დაიფარა კვალი. და მივიდნენ აბესალომის კაცები ამ ქალთან სახლში და იკითხეს: „სად არიან ახიმაყაცი და იონათანი?“ და უთხრა ქალმა: „წყალს გაღმა გავიდნენ.“ და ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ. მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს. უთხრეს დავითს: „ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩია თქვენზე ახითოფელმა.“ და ადგა დავითი და მთელი მისი ხალხი და გადავიდნენ იორდანეზე განთიადამდე არავინ დარჩენილმა იორდანეს გაღმა გაუსვლელი. და როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და შინ წავიდა, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა თავის სახლს და თავი ჩამოიღრჩო. და მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს. ამასობაში დავითი მივიდა მახანაიმში, ხოლო აბესალომმა გადალახა იორდანე და უკან მიჰყვა მას მთელი ისრაელის ხალხი. იოაბის ნაცვლად ყამასა დაადგინა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იზრეყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან. და დაიბანაკეს ისრაელმა და აბესალომმა გილყადის ქვეყანაში. როცა დავითი მახანაიმში მივიდა, შობიმ, ნახაშის ძემ, ყამონის ძეთაგანმა, რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ, ლოდებარიდან, ბარზილაი გილყადელმა, როგელიმიდან ქვეშაგებელი, თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი, ფქვილი და ქუმელი, ცერცვი და ოსპი, თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან. და აღრიცხა დავითმა თავისი ხალხი და დაუყენა მას ათასისთავები და ასისთავები. ხალხის ერთი მესამედი დავითმა იოაბს ჩააბარა, ერთი მესამედი – აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, დანარჩენი მესამედი – ითაი გითელს. და უთხრა მეფემ ხალხს: „მეც თქვენთან გამოვალ.“ და ხალხმა უთხრა: „არ გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ უკუვიქეცით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ; ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას. ჩვენისთანას ათიათასს იწონი შენ, ამიტომ ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუ ქალაქიდან შემოგვეშველები.“ და უთხრა მათ მეფემ: „როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი.“ და დარჩა კარიბჭესთან მეფე, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გავიდა. და უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის: „დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი.“ და მთელმა ხალხმა მოისმინა, რაც აბესალომის გამო უბრძანა მეფემ თავის სარდლებს. და გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში. და იძლია ისრაელის ხალხი დავითის მსახურთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს, გაწყდა ოცი ათასი. და მოედო ბრძოლა მთელს იმ არემარეს, და ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს. და შეეყარა აბესალომი დავითის მსახურთ. ჯორზე იყო აბესალომი ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გარბოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ცასა და მიწას შორის, ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა. და დაინახა ეს ერთმა კაცმა და შეატყობინა იოაბს და უთხრა: „აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებული.“ და უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: „თუ დაინახე, რატომ არ დააკალი იქვე მიწას? ჩემზე იქნებოდა ათი შეკელი ვერცხლი და ერთი სარტყელი.“ და უთხრა იმ კაცმა იოაბს: „ათასი შეკელი ვერცხლიც რომ ჩამიდონ ხელში, ხელს მაინც არ აღვმართავ უფლისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაის და ითაის: ‘დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი.’ კიდეც რომ გამებედა და ჩამედინა ეს უსამართლობა, არაფერი დაემალებოდა მეფეს, შენ კი განზე გადგებოდი.“ და უთხრა იოაბმა: „ტყუილად ვკარგავ დროს შენთან!“ და ხელთ იპყრა სამი ისარი და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე. მერე გარს შემოადგა ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველნი, აბესალომს და გაგმირეს. და მოკლეს იგი. და ჩაჰბერა იოაბმა ბუკს და უკან მობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეაკავა იოაბმა ხალხი. და აიღეს აბესალომი და ჩააგდეს ტყეში ერთ დიდ ორმოში და ზედ დიდძალი ქვები დაახვავეს. მერე თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ ისრაელის ძენი. აბესალომს თავის სიცოცხლეშივე ჰქონდა აღმართული ძეგლი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო, და თავისი სახელი უწოდა ძეგლს, და დღემდე „აბესალომის ძეგლი“ ეწოდება მას. და უთხრა იოაბს ახიმაყაცმა, ცადოკის ძემ: „გავიქცევი და ვახარებ მეფეს, რომ დასაჯა უფალმა მისი მტრები.“ და უთხრა იოაბმა: „ვერ იქნები დღეს მახარობელი. სხვა დღეს ახარე. დღეს ნუ ახარებ, რადგან მოკვდა უფლისწული.“ და უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: „წადი, მოახსენე მეფეს, რაც დაინახე.“ თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა. და კვლავ უთხრა ახიმაყაცმა, ცადოკის ძემ, იოაბს: „რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად.“ და უთხრა იოაბმა: „რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? ვერ მიიტან კარგ ამბავს.“ „რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი.“ და უთხრა: „გაიქეცი.“ და გაიქცა ახიმაყაცი ხეობის გზით და დაასწრო ქუშელს. დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა, ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა. გაიხედა და ხედავს: „ვიღაც კაცი მორბის მარტო.“ და შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. და თქვა მეფემ: „თუ მარტოა, მახარობელი იქნება.“ თანდათან ახლოვდებოდა კაცი. და დაინახა გუშაგმა, რომ კიდევ მორბის სხვა კაცი და ჩამოსძახა კარისმცველს და უთხრა: „აჰა, კაცი მორბის მარტო.“ და თქვა მეფემ: „ესეც მახარობელია.“ და თქვა გუშაგმა: „სირბილზე ვატყობ, რომ პირველი კაცი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს.“ თქვა მეფემ: „კარგი კაცია და კარგი ამბავიც უნდა მოჰქონდეს.“ შესძახა ახიმაყაცმა და უთხრა მეფეს: „მშვიდობა!“ და მდაბლად თაყვანისცა მეფეს და უთხრა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელთაც ხელი აღმართეს მეფე-ბატონზე.“ და უთხრა მეფემ: „ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი აბესალომი?“ და უთხრა ახიმაყაცმა: „დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი მეფის მსახურს და შენს მსახურს აგზავნიდა, და ვერ მივხვდი, რა იყო.“ და თქვა მეფემ: „განზე გადი და იქ დადექი.“ განზე გავიდა ისიც და დადგა. ახლა ქუშელი მოვიდა და თქვა ქუშელმა: „სასიხარულო ამბავი მომაქვს მეფე-ბატონისთვის! უფალმა დაგისაჯა დღეს შენი წინააღმდეგნი.“ და უთხრა მეფემ ქუშელს: „ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი?“ და უთხრა ქუშელმა: „ისე მეფე-ბატონის მტრები და შენს საბოროტოდ აღმდგარნი იყვნენ, როგორც ის ყმაწვილია!“ და შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. როცა მიდიოდა, ასე ამბობდა: „შვილო აბესალომ! შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!“ და შეატყობინეს იოაბს, ტირისო მეფე, აბესალომს გლოვობსო. და გლოვად გადაექცა იმ დღის გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან გაიგო იმ დღეს ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე. და ფარულად მოიპარებოდა ქალაქში ხალხი იმ დღეს, როგორც მოიპარება ხოლმე ბრძოლის ველიდან უკუქცეული, შერცხვენილი ხალხი. და დაეფარა მეფეს სახე და ხმამაღლა მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ! შვილო, შვილო!“ და მივიდა იაობი მეფესთან სახლში და უთხრა: „სირცხვილში ჩააგდე დღეს შენი მსახურნი, რომელთაც გადაგირჩინეს დღეს შენი ვაჟები, შენი ასულები, შენი ცოლები და ხარჭები. შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია. დღეს აჩვენე, რომ არაფერს ნიშნავენ შენთვის სარდალნი და მსახურნი. ახლა ვიცი, თურმე გერჩია აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით, ახლა ადექი და გადი, გაამხნევე შენი მსახურნი, რადგან, თუ არ გახვედი, უფალს ვფიცავ, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია.“ და ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. და აუწყეს მთელს ხალხს: „აჰა, კარიბჭესთან ზის მეფე.“ და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელიანები თავ-თავის კარვებში გაიქცა. ასე განსჯიდა მთელი ხალხი ისრაელის ყველა ტომში: „მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და გაგვათავისუფლა ფილისტიმელთაგან. ახლა კი, თავად გაექცა ქვეყნიდან აბესალომს. ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ, ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?“ მეფე დავითმა შეუთვალა ცადოკს და აბიათარს – მღვდლებს: „ასე უთხარით იუდას უხუცესებს: ‘რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა მთელი ისრაელის სიტყვა უკვე მიუვიდა მეფეს თავის სახლში? ჩემი ძმები ხართ თქვენ, ჩემი ძვალი და ხორცი, და რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?’ ყამასას უთხარით: ‘განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ.’“ ერთი კაცივით გადახარა დავითმა მთელი იუდას გული და მათაც შეუთვალეს მეფეს: „დაბრუნდი ყველა შენს მსახურთან ერთად.“ და დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდაელნი მივიდნენ გილგალს, რომ მიგებებოდნენ მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანათ მეფე. შიმყი, გერას ძე, ბენიამინელი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად. თან ახლდა ათასი ბენიამინიელი კაცი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური, თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურითურთ, და გადმოლახეს იორდანე მეფის თვალწინ. და გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლი და კეთილად მომსახურებოდნენ. და როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმყი გერას ძე განერთხა მის წინაშე. და უთხრა მეფეს: „ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებ რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმს ტოვებდა მეფე-ბატონი, და გულში ნუ ჩაიდებ ამას, მეფევ, რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რომ მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს.“ და მიუგო აბიშაიმ ცერუიას ძემ და თქვა: „ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?“ და თქვა დავითმა: „რა საქმე მაქვს თქვენთან, ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგახართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?“ და უთხრა მეფემ შიმყის: „არ მოკვდები.“ და შეჰფიცა მას მეფემ. და ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში დაუვარცხნია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე. და როცა გავიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: „რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?“ და თქვა: „მეფევ აბტონო! ჩემმა მსახურმა მომატყუა; ეუბნებოდა შენი მსახური: სახედარი შემიკაზმე, რომ შევჯდე და მეფეს გავყვე-მეთქი, რადგან კოჭლია შენი მსახური. და ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან. მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს! განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეებთან დასვი სუფრაზე შენი მსახური. ახლა რაღა უფლება მაქვს, მეფესთან ვჩიოდე?“ და უთხრა მეფემ: „რიღისთვის ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი მიწები.“ და უთხრა მეფეს: „ყველაფერი წაიღოს, რაკიღა მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში.“ ბარზილაი გილყადელიც ჩამოვიდა როგელიმიდან და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინა მეფე იორდანეს გაღმა. ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო. და უთხრა მეფემ ბარზილაის: „წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.“ და უთხრა ბარზილაიმ მეფეს: „კიდევ რამდენია ჩემი სიცოცხლის დღენი, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს? ოთხმოცი წლისა ვარ ახლა, განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დავაწვე ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს? კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მსახური იორდანეს გაღმა. ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე? უკან დააბრუნე შენი მსახური, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მსახური ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს და მოექეცი, როგორც გენებოს.“ უთხრა მეფემ: „წამომყვეს ქიმჰამი და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება, რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ.“ და გავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, და გადავიდა მეფეც. და გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში. და გაემართა მეფე გილგალისკენ და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ნახევარი აცილებდა მეფეს. და აჰა, მოვიდა მთელი ისრაელი მეფესთან და უთხრა მეფეს: „რატომ დაგისაკუთრეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა, და გადაიყვანეს მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს გაღმა?“ მიუგო მთელმა იუდამ ისრაელს: „იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია მეფე. რად გაწუხებთ ეს ამბავი? განა ჩვენ მეფე გვარჩენს, განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?“ და მიუგო ისრაელმა იუდას და უთხრა: „ჩემია მეფის მეათედი წილი, დავითიც უფრო მეტად მე მეკუთვნის, ვიდრე შენ. რატომ დამამცირე? განა პირველმა მე არა ვთქვი სიტყვა ჩემი მეფის დასაბრუნებლად?“ ისრაელზე უფრო მტკიცედ ლაპარაკობდა იუდა. და მოხვდა იქ ერთი უგვანი კაცი, სახელად შებაყი, ბიქრის ძე, ბენიამინელი. ჰკრა ბუკს და გამოაცხადა: „არა გვაქვს წილი დავითთან და არა გვაქვს წილი იესეს ძეში! ყველა თავის კარვებისაკენ, ისრაელიანებო!“ და ზურგი აქცია დავითს ისრაელმა და გაჰყვნენ შებაყ ბიქრის ძეს, ხოლო იუდა არ მოშორებია თავის მეფეს, იორდანედან იერუსალიმამდე. და დაბრუნდა მეფე თავის სახლში, იერუსალიმში. და გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა, სახლის საპატრონებლად რომ ჰყავდა დატოვებული, და ჩასხა განსაკუთრებულ სახლში დაცვის მიჩენით, და არჩენდა მათ, მაგრამ არ შედიოდა მათთან. და გამოკეტილნი იყვნენ სიკვდილის დღემდე და ქვრივებად ცხოვრობდნენ. და უთხრა მეფემ ყამასას: „სამ დღეში შემიყარე იუდა და შენც აქ მეახლე.“ და წავიდა ყამასა იუდას შესაყრელად, მაგრამ გადააცილა მისთვის დაწესებულ ვადას. და უთხრა დავითმა აბიშაის: „აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყ ბიქრის ძე. წაიყვანე შენი ბატონის მსახურნი და დაედევნე, თორემ გამაგრებულ ქალაქებს იპოვის და მიეფარება ჩვენს თვალს.“ და გაჰყვა მას იოაბის ხალხი, და ქერეთელნი და ფელეთელნი და გავიდა ყველა მამაცი იერუსალიმიდან შებაყ ბიქრის ძის დასადევნებლად. გაბაონში დიდ ქვასთან რომ მივიდნენ, ყამასა წარუდგა მათ. იოაბს აბჯარს ზემოთ თასმით მახვილი ჰქონდა გადაკიდებული ზედ თეძოსთან თავის ქარქაშით და სიარულისას მიწაზე სცემდა. და უთხრა იოაბმა ყამასას: „ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?“ და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად. და ვერ დაიცვა თავი ყამასამ მახვილისაგან, იოაბს რომ ეჭირა ხელში, და ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაუცია. მკვდარი იყო. და დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს. თავზე ედგა მოკლულს იოაბის მსახურთაგანი და ამბობდა: „ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა, გაჰყვეს იოაბს!“ შუა გზაზე სისხლში ეგდო ყამასა. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გადაათრია გზიდან ყამასა მინდორში და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, რომ ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს, ჩერდებოდა. და როცა გზიდან იქნა გადათრეული, ყველანი გაჰყვნენ იოაბს, რომ შებაყ ბიქრის ძეს დასდევნებოდნენ. მან კი ისრაელის ყველა შტო გაიარა აბელ-ბეთ-მაყაქამდე. და შეიკრიბნენ ბერიელები და გაჰყვნენ მას. და მოვიდა იოაბის ხალხი და მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთ-მაყაქაში. და აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, შეუდგა კედლის ნგრევას. და დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქის კედლიდან: „ისმინეთ! ისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი.“ და მიუახლოვდა მას იოაბი და თქვა დედაკაცმა: „შენა ხარ იოაბი?“ მიუგო: „მე ვარ“, უთხრა: „ყური უგდე შენი მხევლის სიტყვას.“ და თქვა: „ყურს ვუგდებ.“ უთხრა დედაკაცმა: „ასე იტყოდნენ ძველად: ‘ვისაც კითხვა სურს, აბელში იკითხონ’; და ისე წყვეტდენ საქმეს. მე ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი [ქალაქი] ვარ ისრაელის ქალაქებში. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელში? რისთვის სპობ უფლის სამკვიდროს?“ და მიუგო იოაბმა და უთხრა: „ნუმც მეფიქროს ნგრევა და განადგურება. აქ სხვა ამბავია: ერთმა კაცმი ეფრემის მთიდან, სახელად შებაყ ბიქრის ძემ, ხელი აღმართა მეფე დავითზე. მხოლოდ ის მოგვეცით და დავეხსნები ქალაქს.“ და უთხრა დედაკაცმა იოაბს: „კეთილი. გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს.“ და მივიდა დედაკაცი ხალხთან თავისი ბრძნული სიტყვით. და მოკვეთეს თავი შებაყ ბიქრის ძეს და გადაუგდეს იოაბს. და ბუკს ჰკრა თუ არა, ყველანი მოსცილდნენ ქალაქს და თავ-თავის კარვებში მიმოიფანტნენ. და გაბრუნდა იოაბი იერუსალიმში მეფესთან. იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელს ლაშქარს, ხოლო ბენიაჰუ იეჰოიადაყის ძე – ქერეთელებსა და ფელეთელებს. და ჰადორამი ხარკის აკრეფას განაგებდა, და იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო, და შევა – მწერალი, და ცადოკი და აბიათარი – მღვდლები. და ყირა იაირელიც მღვდელი იყო დავითთან. ქვეყანაში სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დღეებში. და დაეკითხა დავითი უფალს. და უთხრა უფალმა: „საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, გაბაონელნი რომ გაწყვიტა.“ და დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელის ძენი, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელის ძეთ შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელის ძეთა და იუდას მიმართ შურის გამო. და უთხრა დავითმა გაბაონელებს: „რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო?“ და უთხრეს გაბაონელებმა: „არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მისი სახლისგან. არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში.“ და თქვა მეფემ: „რასაც იტყვით, აგისრულდებათ.“ და უთხრეს მეფეს: „რაკი გვანადგურებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან, ჩაგვაბარე შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის, გიბყაში.“ თქვა მეფემ: „ჩაგაბარებთ.“ და დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა და უფლის ფიცის გამო, რომელიც დადებული იყო მათ შორის, დავითსა და იონათან საულის ძის შორის. და წამოიყვანა მეფემ ორი ძე რიცფასი, აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და წამოიყვანა ხუთი ძე მიქალისა, საულის ასულისა, რომლებიც მან უშვა ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს. და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. და დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერების მკის დასაწყისში. და აიღო რიცფამ, აიას ასულმა, ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე, და უგერიებდა გვამებს – დღისით ცის ფრინველებს და ღამით მტაცებელ ცხოველებს. და შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, აიას ასულმა, საულის ხარჭამ. და მაშინ წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები გილყადის იაბიშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთ-შანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა საული გილბოაყში. და ამოიტანა იქიდან საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები. და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლები. და დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის, ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, კიშის, მისი მამის, სამარხში. და ყველაფერი შეასრულეს, რაც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს. ამის შემდეგ მოიღო ღმერთმა ქვეყანაზე მოწყალება. და კიდევ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. და ჩამოვიდა დავითი თავის ხალხითურთ და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. და დაიღალა დავითი. მაშინ იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა. და მიეშველა მას აბიშაი, ცერუიას ძე, და დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა იგი. მაშინ დააფიცეს დავითი მისმა ხალხმა და უთხრეს: „აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რომ ისრაელის ლამპარი არ ჩააქრო.“ ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო. კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან, და ელხანანმა, იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გითელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო. კიდევ მოხდა ბრძოლა გათში, და იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ესხა – სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო. და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათანმა შიმყის ძემ, დავითის ძმისწულმა. ეს ოთხი ეყოლა რაფას გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ. და წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან. და თქვა: „უფალი კლდეა ჩემი, ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ. ფარია ჩემი და თავშესაფარი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისაგან! უფალს, დიდებულს, შევღაღადე და მტრებს გადავურჩი. მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, დაღუპვის ნიაღვრებმა შემაშინეს. შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს. ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს, ჩემს ღმერთს შევძახე, და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა, და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს. და შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი იძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აღეგზნო იგი. ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და შემჭმელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან, მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ. და მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა, ღრუბელი მოექცა ფეხქვეშ. და ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და ქარის ფრთებზე გამოჩნდა. კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი. მისი ბრწყინვალებით გიზგიზებენ ცეცხლის ნაკვერცხლები. და ციდან დაიქუხა უფალმა, და უზენაესმა ხმა გამოსცა. და ისრები გატყორცნა და მიმოიფანტა ჩემი მტრები, და იგრგვინა და გზა-კვალი აუბნია. და გამოჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან. ხელი გადმოყო ზეგარდმო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა. მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, ჭირში ვიყავ. როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი. ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან. მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლისამებრ და ჩემი ხელების სიწმინდისამებრ გადამიხადა. რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისათვის არ შემიცოდავს. რადგან მისი მცნებები წინ მედო, და მისი წესებისთვის არ გადამიხვევია. წრფელი ვიყავ მის მიმართ, და ცოდვას გავურბოდი. და გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ, და სიწმინდისაებრ მის თვალში. მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ. უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ! და უკუღმართთან მისი ცბიერებისამებრ. დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, და მედიდურებს მზერით აცამტვერებ. რადგან, უფალო, ჩემი ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს. რადგან შენით ურდოებს შევებმები, ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები. წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი, რადგან სად არის სხვა ღმერთი, გარდა უფლისა? სად არის კლდე, გარდა ჩვენი ღვთისა? ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი და გზის წრფელად წარმმართველი. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკზე დამაყენებს. საბრძოლველად გამიწრთვნის ხელებს, და მოჭიმავს სპილენძის მშვილდს ჩემი მკლავი. ხსნის ფარს შენ მაძლევ, და შენი მოწყალება განმადიდებს. შენ მიფართოებ ნაბიჯებს, და აღარ მეჩორთება კოჭები. მტერს ვედევნები მოსასპობად, და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ. ვსპობ და ვანადგურებ, და ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან. შენ შემომსარტყლავ ძალას საბრძოლველად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს წინააღმდგომებს. მტრების ზურგს მაჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს. აქეთ-იქით იხედებიან, მაგრამ არა ჩანს მხსნელი, უფლისაკენ – მაგრამ ხმას არ სცემს. მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვამტვრევ და ვჯეგავ. შენ მიხსნი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან, შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება. უცხო ხალხები მეპირფერებიან, როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან. უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან. ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა. ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი; მტრებისგან ჩემი გამრიდებელი, და ჩემს მოჯანყეებზე ჩემი ამამაღლებელი, მოძალადეთაგან ჩემი დამფარავი! ამიტომ გადიდებ, შენ. უფალო, ხალხთა შორის, და შენს სახელს ვუგალობ. დიდი ხსნის მომტანი თავისი მეფისთვის, მწყალობელი თავისი ცხებულისათვის, დავითისთვის და მისი მოდგმისთვის უკუნისამდე.“ ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა, მაღლა დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმიანმა მგალობელმა: „უფლის სული მეტყველებს ჩემით, და ჩემს ენაზეა მისი სიტყვა. მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი ღვთის შიშით იხელმწიფებს. და იქნება იგი, უღრუბლო დილა, ნათება ნაწვიმარზე, მიწიდან ამოხასხასებული ბალახი. განა ასეთი არ არის რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ აღმოცენდება ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი ნატვრა? უკეთურნი გადაყრილნი იქნებიან ყველანი ეკლებივით, ხელით რომ არ აიღება. ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.“ ესენია დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა. მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვით იწვევდნენ საბრძოლველად შეკრებილ ფილისტიმელებს; ისრაელნი რომ გამოვიდნენ მათ წინააღმდეგ, და შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს მანამდე, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. და მხოლოდ იმისთვის გამოჰყვა მას ხალხი, რომ ეძარცვათ [მკვდრები]. მას შემდეგ შამა აგეს ძე, ჰარარელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ცერცვი ეთესა, და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან. და ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას, მუსრი გაავლო ფილისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა. და ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს, ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი. დავითი მაშინ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა. და მოსწყურდა დავითს და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?“ და გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მიუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი შესმა და უფალს დაუღვარა. და თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ და არ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ეს საქმეები ჰქონდა ჩადენილი ამ სამ მოყმეს. აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ოცდაათის თავი იყო. სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. და ჰქონდა მას სახელი იმ სამთა შორის. სამში მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა. ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი [ძე] მოაბელისა. ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს. მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა. ეს გააკეთა ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამთა მოყმეთა შორის. ოცდაათიდან გამოირჩეოდა, თუმცა იმ სამს ვერ გაუტოლდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა. ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი. შამა ხაროდელი, ელიკა ხაროდელი. ხელეც ფალტიელი, ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი. აბიყეზერ ყანათოთელი, მებუნაი ხუშათელი. ცალმონ ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი. ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი; ითაი რიბას ძე, ბენიამინის გიბყადან. ბენაიაჰუ ფირყათონელი, ჰიდაი გაყაშიდან. აბიყალბონ ყარბათელი, ყაზმავეთ ბარხუმელი. ელიახბა შაყალბონელი, იაშენის ძეთაგან, იონათანი. შამა ჰარარელი, ახიამ შარარის ძე, არარელი, ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი, ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი. ხეცრაი ქარმელელი, ფაყარაი არბელი. იგალ ნათანის ძე ცობადან, ბანი გადელი. ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეეროთელი, იოაბის – ცერუიას ძის – საჭურველთმტვირთველი. ყირა ითრელი, გარებ ითრელი. ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი. კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: „წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.“ და უთხრა მეფემ იოაბს, თავის ლაშქრის სარდალს: „შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბეერ-შებაყამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.“ და უთხრა იოაბმა მეფეს: „უფალმა, შენმა ღმერთმა შემატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?“ და იძალა მეფის სიტყვამ იოაბზე და ლაშქრის სარდლებზე; და გავიდნენ მეფისგან იოაბი და ლაშქრის სარდლები ისრაელი ხალხის, აღსარიცხავად. და გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებარეობს, იაყეზერის პირდაპირ. და მივიდნენ გილყადში და თახთიმ-ხოდშის მხარეში, აქედან წავიდნენ დანიაყანში და ციდონის მიდამოებში. მივიდნენ ცორის ციხე-სიმაგრესთან და მოიარეს ხიველთა და ქანაანელთა ყველა ქალაქი და გავიდნენ იუდას სამხრეთით ბეერ-შებაყში. და მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ. და მიართვა იაობმა მეფეს ხალხის აღრიცხვის გრაგნილი; და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშველებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი. და გულმა დაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ერი. და უთხრა დავითმა უფალს: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა გევედრები შენ, უფალო, მიუტევე შეცოდება შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.“ მეორე დღეს, როცა ადგა დავითი, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს, დავითის მისანს: „წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: სამს შემოგთავაზებ, ერთ-ერთი აირჩიე, რომ დაგსაჯო.“ და მივიდა გადი დავითთან და გამოუცხადა ეს ამბავი: „რა გიჯობს, შვიდწლიანი შიმშილი შენს ქვეყანაში, სამი თვის ლტოლვილება შენი მტრებისგან და მათგან შენი დევნა, თუ შავი ჭირი სამ დღეს შენს ქვეყანაში? ახლა იფიქრე და აწონ-დაწონე, რა პასუხი მივუტანო ჩემს მომავლინებელს.“ და უთხრა დავითმა გადს: „მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.“ და მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში იმ დღიდან დათქმულ დრომდე. და გაწყდა დანიდან ბეერ-შებაყამდე სამოცდაათი ათასი კაცი. და გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის დასაღუპავად, მაგრამ უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის დამღუპველ ანგელოზს: „კმარა! ახლა უკან წაიღე ხელი.“ არავნა იებუსეველის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი. და უთხრა დავითმა უფალს ხალხის შემმუსვრელი ანგელოზის დანახვისას: „აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!“ და მივიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: „წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო არავნა იებუსეველის კალოზე.“ და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა. და გამოიხედა არავნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მსახურნი, და გამოვიდა არავნა და მდაბლად თაყვანისცა მეფეს. და თქვა არავნამ: „რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მსახურთან?“ უთხრა დავითმა: „შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაგებად, რათა განერიდოს ხალხს ჟამიანობა.“ და უთხრა არავნამ დავითს: „აიღოს და აღავლინოს მეფე-ბატონმა, რაც ნებავს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად, აჰა, კევრი და ხარის უღელი შეშად.“ ყველაფერი მისცა მეფეს არავნამ. და უთხრა არავნამ მეფეს: „უფალი, შენი ღმერთი გწყალობდეს!“ და უთხრა მეფემ არავნას: „არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან. ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთ სრულადდასაწველს.“ და იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად. და აუგო დავითმა იქ უფალს სამსხვერპლო, აღავლინა აღსავლენი და სამშვიდობო მსხვერპლი, და შეიწყალა უფალმა ქვეყანა და განერიდა ჟამიანობა ისრაელს. მოხუცდა მეფე დავითი, ხანში შევიდა, ახურავდნენ სამოსლებს, მაგრამ ვერ თბებოდა. და უთხრეს მისმა მსახურებმა: „გამოუძებნონ ჩვენს მეფე-ბატონს ახალგაზრდა ქალწული ქალი, რომ წარდგეს მეფის წინაშე და მოუაროს მას და გვერდში დაუწვეს. მაშინ გათბება ჩვენი ბატონი მეფე.“ და დაუწყეს ძებნა ლამაზ ყმაწვილ ქალს მთელს ისრაელში და იპოვნეს აბიშაგ შუნამელი და მიჰგვარეს იგი მეფეს. ძალზე ლამაზი იყო ყმაწვილი ქალი და გახდა იგი მეფის მომვლელი და ემსახურებოდა მას, მაგრამ მეფეს არ შეუცვნია ის. გამედიდურდა ადონია, ხაგითის ძე, და ასე ამბობდა: „მე უნდა ვიმეფო!“ გაიჩინა ეტლები და მხედრები. და ორმოცდაათი მალემსრბოლი. და არ უსაყვედურია მამამისს, ასე რატომ იქცევიო? თანაც თვალტანადი ყმაწვილი იყო ადონია. აბესალომის შემდეგ ეყოლა იგი დედამისს. იოაბთან, ცერუიას ძესთან, და აბითარ მღვდელთან ჰქონდა საქმე დაჭერილი და ისინი ეხმარებოდნენ ადონიას. ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმყი, რეყი, და დავითის მოყმენი მხარს არ უჭერდნენ ადონიას. და დახოცა ადონიამ ცხვრები, ხარები, ნასუქალი მოზვრები ზოხელეთის ქვასთან, ყენ-როგელის მახლობლად რომ არის, და მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები, და იუდაელი კაცები, მეფის მსახურნი, ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, და ის მოყმენი, და სოლომონი, თავისი ძმა, არ მოიწვია. და უთხრა ნათანმა ბათ-შებაყს, სოლომონის დედას: „გაიგე, რომ გამეფდა ადონია, ხაგითის შვილი, ჩვენმა ბატონმა დავითმა კი არაფერი იცის? ახლა, მოდი, ერთ რამეს გირჩევ: უშველე თავს და სოლომონს, შენს შვილს. წადი, შედი დავით მეფესთან და უთხარი: ‘განა შენ არ იყავი, მეფე-ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს: შენი ვაჟი სოლომონი იმეფებსო ჩემს შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე? მაშ, რატომ გამეფდა ადონია?’ და აჰა, ვიდრე შენ მეფესთან ლაპარაკში იქნები, მეც შემოვალ და სიტყვას შეგაწევ.“ და შევიდა ბათ-შებაყი მეფესთან ოთახში. ძალზე მოხუცი იყო მეფე და აბიშაგ შუნამელი უვლიდა მეფეს. თავი დახარა ბათ-შებაყმა და თაყვანისცა მეფეს. და უთხრა მეფემ: „რა გინდა?“ და უთხრა: „ჩემო მეფე-ბატონო, ხომ შეჰფიცე შენს მხევალს უფლის, შენი ღმერთის, სახელით: სოლომონი, შენი ვაჟი, გამეფდებაო ჩემს შემდეგ და დაჯდებაო ჩემს ტახტზე? ახლა, აჰა, ადონია, შენ კი, მეფე-ბატონო, არაფერი გაგიგია. მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვრები, და მოიწვია ყველა უფლისწული, ხოლო აბიათარ მღვდელი, მხედართმთავარი იოაბი, შენი მსახური სოლომონი არ მოუწვევია. შენ კი, ჩემო ბატონო, მეფე ხარ, და შენსკენაა მთელი ისრაელის თვალი, რომ გამოუცხადო, თუ ვინ ავა ჩემი მეფე-ბატონის ტახტზე შენს შემდეგ. თორემ როცა განისვენებს მეფე-ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი გამოვალთ მე და ჩემი შვილი სოლომონი.“ და აჰა, ვიდრე ელაპარაკებოდა მეფეს, ნათან წინასწარმეტყველიც მოვიდა. მოახსენეს მეფეს: „აჰა, ნათან წინასწარმეტყველი“. შევიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანისცა მეფეს. და თქვა ნათანმა: „მეფე-ბატონო! შენ თქვი, ადონია გამეფდესო ჩემს შემდეგ და დაჯდესო ჩემს ტახტზე? რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად დახოცა ხარები, მოზვრები და ცხვრები, და მოიწვია ყველა უფლისწული, ჯარის სარდლები, აბიათარ მღვდელი. ახლა იქ არიან და ჭამენ და სვამენ მის წინაშე. გაჰყვირიან: ‘იცოცხლოს მეფე ადონიამ!’ არ მივუწვევივარ არც მე, შენი მსახური, არც ცადოკ მღვდელი, არც ბენაია იეჰოიადაყის ძე, და არც სოლომონი, შენი მსახური. თუ მეფე-ბატონისგან მოდის ეს ბრძანება, რატომ არ გამაგებინე შენს მსახურს, ვინ დაჯდებოდა მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ?“ და მიუგო მეფე დავითმა და უთხრა: „ბათ-შებაყს დამიძახეთ!“ და შევიდა იგი მეფესთან და წარუდგა მეფეს. და დაიფიცა მეფემ და თქვა: „მოწმე იყოს უფალი, რომელმაც მიხსნა ყველა გაჭირვებიდან, რომ როგორც შემოგფიცე უფლის, ისრაელის ღვთის, სახელით, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება-მეთქი ჩემს შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემს ნაცვლად, ასე გავაკეთებ დღეს“. და მიწამდე დახარა თავი ბათ-შებაყმა, და თაყვანისცა მეფეს და უთხრა: „იცოცხლოს ჩემმა პატრონმა, მეფე დავითმა, საუკუნოდ.“ და თქვა მეფე დავითმა: „დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს, და ბენაია იეჰოიადაყის ძეს“. და ისინიც წარდგნენ მეფის წინაშე. და უთხრა მათ მეფემ: „იახლეთ თქვენი ბატონის მსახურნი, შესვით ჩემი შვილი სოლომონი ჩემს ჯორზე და გიხონში ჩაიყვანეთ. და იქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. და ჰკარით ბუკს და გამოაცხადეთ: ‘იცოცხლოს მეფე სოლომონმა!’ და ამოჰყევით მას, მოვა და დაჯდება ჩემს ტახტზე და იმეფებს ჩემს ნაცვლად. ის დავნიშნე მე ისრაელისა და იუდას მთავრად“. და მიუგო ბენაია იეოჰოიადაყის ძემ მეფეს და უთხრა: „ჭეშმარიტად! – ასევე თქვას უფალმა, ჩემი მეფე-ბატონის ღმერთმა. და როგორც ჩემს მეფე-ბატონთან იყო უფალი, ასევე იყოს სოლომონთანაც. ჩემი მეფე-ბატონის დავითის ტახტზე მეტად აღამაღლოს მისი ტახტი.“ და ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფერეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს. და გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან რქით ზეთი და სცხო სოლომონს. და ჰკრეს ბუკს და თქვა მთელმა ხალხმა: „იცოცხლოს მეფე სოლომონმა!“ და უკან ამოჰყვა მთელი ხალხი სოლომონს, და სტვირებს უკრავდა ხალხი და ხარობდა დიდი სიხარულით, მიწა ირყეოდა მათი ყიჟინისაგან. ის იყო მორჩნენ პურობას ადონია და მისი სტუმრები, რომ მოესმათ ეს ყიჟინა. და გაიგონა იოაბმა ბუკის ხმა და თქვა: „რამ აახმაურა ქალაქი?“ ჯერ ისევ ლაპარაკობდა და აჰა, მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის შვილი. და თქვა ადონიამ, „მოდი, რადგან ვაჟკაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს“. და მიუგო იოანათანმა ადონიას და უთხრა: „ვაგლახ! სოლომონი გაამეფა ჩვენმა ბატონმა, დავით მეფემ. და გააყოლა მას მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქრეთელები და ფერეთელები და შესვეს იგი მეფის ჯორზე, და მეფედ სცხეს გიხონში ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა; და გამხიარულებულნი ამოვიდნენ იქიდან და შეიძრა ქალაქი. ეს ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ. უკვე ზის სოლომონი სამეფო ტახტზე. და მივიდნენ კიდეც და მიულოცეს მეფის მსახურებმა ჩვენს ბატონს, დავით მეფეს, და უთხრეს: ‘შენს სახელზე მეტად შეამკოს უფალმა სოლომონის სახელი და შენს ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი’. და ქედი მოიხარა საწოლზე მეფემ. ასე თქვა კიდეც მეფემ: ‘კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა თვალხილულს ჩემი ტახტის მემკვიდრე და თვალით მახილვინა.’“ და შეეშინდათ ადონიას სტუმრებს, წამოიშალნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ. ხოლო ადონიამ სოლომონის შიშით სამსხვერპლოს მიაშურა და მოეჭიდა მის რქებს. და შეატყობინეს სოლომონს: „აჰა, შეეშინდა ადონიას მეფე სოლომონის, და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა და ამბობს: ‘შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა, რომ მახვილით არ მოკლავს თავის მსახურს’“. და თქვა სოლომონმა: „თუ წრფელად მოიქცევა, მისი თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე, მაგრამ თუ მზაკვრობა გაივლო გულში, მოკვდება.“ და გაგზავნა სოლომონმა ხალხი და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან. მივიდა და თაყვანისცა მეფე სოლომონს; და უთხრა სოლომონმა: „წადი შენს სახლში.“ და მოახლოვდა დავითის სიკვდილის ჟამი და ეს უანდერძა მან თავის შვილს სოლომონს: „მივდივარ მთელი ქვეყნის გზით, გამაგრდი და კაცი იყავი. და დაიმარხე უფლის, შენი ღმერთის, სამარხველი: იარე მის გზაზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც სწერია მოსეს რჯულში, რომ ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს მიაქცევ. რომ აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი სიტყვა: ‘თუ შენი შვილები დაიცავენ თავიანთ გზას და ივლიან ჩემს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით, არ დაგელევა კაცი ისრაელის ტახტზე.’ შენც იცი, რა გამიკეთა იოაბ ცერუაიას ძემ, რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს – აბნერ ნერის ძეს და ყამასა იეთერის ძეს. როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა, ბრძოლის სისხლი მოიცხო სარტყელზე და ფეხსამოსზე. ბრძნულად მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის ჭაღარას შავეთში. ხოლო ბარზილაი გილყადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს სუფრაზე, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას აბესალომს გავურბოდი. აჰა, შენთან არის შიმყი, გერას ძე, ბენიამინელი ბახურიმიდან. ის იყო, რომ მწარედ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი. მაგრამ ის იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და მეც უფლის სახელით შევფიცე: მახვილით არ მოგკლავ-მეთქი. შენ კი ნუ დატოვებ დაუსჯელს, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რომ სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში“. და განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში. ხანი დავითის მეფობისა ისრაელზე იყო ორმოცი წელი: ხებრონში შვიდ წელს მეფობდა, იერუსალიმში – ოცდაცამეტ წელს. და დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და დიდად განმტკიცდა მისი მეფობა. და მივიდა ადონია, ხაგითის ძე, ბათ-შებაყთან, სოლომონის დედასთან, და უთხრა ქალმა: „მშვიდობით ხარ მოსული?“ და უთხრა: „მშვიდობით.“ და უთხრა: „საქმე მაქვს შენთან,“ და უთხრა: „თქვი“. და თქვა: „შენ იცი, რომ ჩემი იყო მეფობა, და მე შემომყურებდა მთელი ისრაელი, რომ მეფე გავმხდარიყავი, მაგრამ წამივიდა მეფობა და ჩემს ძმას ერგო, რადგან უფლისგან ჰქონდა მიცემული. ახლა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ“. მიუგო ქალმა: „თქვი“ და თქვა: „უთხარი სოლომონ მეფეს, უარს არ გეტყვის შენ, რომ არ გამაწბილოს და ცოლად მომცეს აბიშაგ შუნამელი.“ და თქვა ბათ-შებაყმა: „კარგი, დაველაპარაკები შენზე მეფეს.“ და მივიდა ბათ-შებაყი მეფე სოლომონთან, რომ ადონიაზე დალაპარაკებოდა. და წარდგა მეფე მის შესახვედრად და თაყვანისცა მას, და დაჯდა თავის ტახტზე. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი, და მის მხარმარჯვნივ დაჯდა იგი. და უთხრა: „ერთი მცირე სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ.“ უთხრა მეფემ: „მთხოვე, დედაჩემო, რადგან არ გაგაწბილებ.“ და თქვა: „მიეცი ცოლად აბიშაგ შუნამელი შენს ძმას ადონიას“. უთხრა: „რად მოითხოვ ადონიასთვის აბიშაგ შუნამელს? ბარემ სამეფოც მოითხოვე მისთვის, რაკი ჩემი უფროსი ძმაა, და ჰყავს მღვდლად აბიათარი და მეგობრად იოაბ ცერუთას ძე“. და დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი და თქვა: „ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც დამმართოს, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ეს სიტყვა ადონიას! ახლა კი, – ვფიცავ უფალს, რომელმაც განმამტკიცა და დამსვა დავითის, მამაჩემის, ტახტზე, რომელმაც სახლი ამიშენა დაპირებისამებრ, რომ დღესვე მოკვდება ადონია.“ და გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე, და დაჰკრა, და მოკვდა იგი. აბიათარ მღვდელს კი უთხრა მეფემ: „ყანათოთს წადი, შენს მამულში. სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან შენ გიტარებია უფლის კიდობანი დავითის, მამაჩემის, წინაშე და, ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა“. და მოკვეთა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც თქვა მან ყელის სახლზე შილოში. და მიუვიდა ხმა იოაბს, – რადგან იოაბი ადონიას მიემხრო და აბესალომს არ მიმხრობია, – და გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა. და შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკენ გაიქცა იოაბი და აჰა, სამსხვერპლოსთან დგასო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დააბარა: „მიდი, მოკალი!“ და მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: „გამოდი, ასე ბრძანა მეფემ“. და თქვა: „არა, აქ მოვკვდები“. და მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი: ასე თქვაო იოაბმა, და ასე მიპასუხაო. და უთხრა მეფემ: „ისე გააკეთე, როგორც თავად თქვა: მოკალი და დამარხე. ამით ჩამოგვრეცხავ მეცა და მამაჩემის სახლსაც უბრალო სისხლს, იოაბმა რომ დაღვარა. უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისათვის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის, უჩუმრად: აბნერ ნერის ძე, ისრაელის ჯარის სარდალი და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი. და მიექცეს მათი სისხლი იოაბის თავს და მისი შთამომავლების თავს საუკუნოდ, ხოლო დავითს, მის შთამომავლობას, მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან უკუნისამდე“. და წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე, თავს დაესხა მას და მოკლა იობი, და მის სახლში, უდაბნოში, დამარხა. და დანიშნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე მის ადგილზე ჯარის სარდლად, ხოლო აბიათარის ადგილზე ცადოკ მღვდელი დაადგინა მეფემ. და გაგზავნა, და შეუთვალა მეფემ შიმყის და უთხრა: „აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე იქ. ნურსად ნუ გახვალ იქიდან. როგორც კი გახვალ და კიდრონის ხევს გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება. შენს თავზე იქნება შენი სისხლი“ და უთხრა შიმყიმ მეფეს: „კეთილი, როგორც ბრძანა მეფე-ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მსახური“. და ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში მრავალი ხანი. გავიდა სამი წელი და გაექცა შიმყის ორი მსახური აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. და შეატყობინეს შიმყის, გათში არიანო შენი მსახურნი. და ადგა შიმყი და შეკაზმა სახედარი, და წავიდა გათს აქიშთან თავის მსახურთა საძებრად. წავიდა შიმყი და კიდეც მოიყვანა გათიდან თავისი მსახურნი. და შეატყობინეს სოლომონს, იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმყი და უკან მობრუნდაო. და დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: „რომ დაგაფიცე უფლის სახელით და გაგაფრთხილე, თუ გახვედი და სადმე წასულხარ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი, შენ მიპასუხე: კეთილი, მესმისო; რატომ არ შეინახე ჩემი ბრძანება, რაც გიბრძანე უფლის წინაშე ფიცით?“ და უთხრა მეფემ შიმყის: „შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობა გაგიკეთებია დავითისთვის, მამაჩემისთვის. ახლა შენს თავზე მოაქცევს უფალი შენს ავკაცობას. და კურთხეული იყოს მეფე სოლომონი და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!“ და უბრძანა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძეს, ისიც წავიდა და დაჰკრა შიმყის, და მოკვდა იგი. დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მოიყვანა ფარაონის ასული. დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლს და ზღუდეს იერუსალიმის ირგვლივ. ოღონდ ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს, რადგან იმ ხანებამდე ჯერ კიდევ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე. და შეიყვარა სოლომონმა უფალი, და მამამისის, დავითის, წესზე დადიოდა, ოღონდ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. და წავიდა მეფე გაბაონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული აღსავლენი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე. და გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე.“ და უთხრა სოლომონმა: „დიდად სწყალობდი შენს მსახურს, მამაჩემს, დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე. და შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე. ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის, ნაცვლად შენი მსახური, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა. შენს რჩეულ ხალხშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო. და მიანიჭე შენს მსახურს გონიერი გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?“ და მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი. და უთხრა მას ღმერთმა: „იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად, აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალი ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი. და თუ ივლი ჩემს გზაზე და დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი, დავითი, დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი.“ და გაეღვიძა სოლომონს და აჰა, ესეც სიზმარი. და მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე და შესწირა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. მერე ლხინი გაუმართა თავის მსახურთ. მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და დადგნენ მის წინ. და თქვა ერთმა ქალმა: „მომიტევე, ბატონო, მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ, ამ სახლში ვიმშობიარე მის თვალწინ. ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც. ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან სახლში. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სახლში. და მოკვდა ღამით ამ ქალის ბავშვი, რადგან ზედ დასწოლოდა. და ადგა შუაღამისას, და აიყვანა ჩემი ბავშვი ჩემი გვერდიდან, როცა ეძინა შენს მხევალს, და თავის უბეში ჩაიწვინა, ხოლო თავისი მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინა უბეში. და ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის და აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის ბავშვი არ იყო ჩემი შვილი, რომელიც მე ვშობე.“ და თქვა მეორე ქალმა: „არა! ცოცხალია ჩემი შვილი, შენი შვილია მკვდარი!“ ეს კი ამბობდა: „არა! შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილია ცოცხალი!“ ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე. და თქვა მეფემ: „ეს ამბობს, ჩემი შვილიაო ცოცხალი, შენი შვილიაო მკვდარი. მეორე ამბობს: არა, შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილიაო ცოცხალი.“ და თქვა მეფემ: „მახვილი მომიტანეთ!“ და მიართვეს მახვილი მეფეს. და თქვა მეფემ: „ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი – მეორე ქალს.“ და უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ, მეფეს, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი შვილის გამო: „ოჰ, ჩემო ბატონო! ოღონდ ნუ მოკლავთ და მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი!“ მეორე ამბობდა: „ნურც მე მერგება, ნურც შენ, გაჭერით!“ და მიუგო მეფემ და თქვა: „ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა“ და გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, მეფემ რომ გამოიტანა, და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე შეეწია მას სამართლის გაჩენაში. და იყო მეფე სოლომონი მეფედ მთელს ისრაელზე. ეს თავკაცები ჰყავდა მას: ყაზარიაჰუ, ცადოკ მღვდლის ძე, ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი – მწერლები. იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე. ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე – ჯარის სარდალი, ცადოკი და აბიათარი – მღვდლები. ყაზარიაჰუ ნათანის ძე – მოურავთ უფროსი, ზაბუდ ნათანის ძე – მღვდელი, მეფის მეგობარი. ახიშარი – სასახლის ზედამხედველი, ადონირამ ყაბდას ძე – ხარკის განმგებელი. თორმეტი მოურავი ჰყავდა სოლომონს მთელს ისრაელში, ისინი ამარაგებდნენ სარჩოთი მეფესა და მის სახლს. თითოეულს წელიწადში ერთი თვის მანძილზე უნდა ეზიდნა სარჩო. ესენია მათი სახელები: ბენ-ხური ეფრემის მთიდან. ბენ-დეკერი მაკაცში, შაყალბიმში, ბეთ-შემეშში, ელონში და ბეთ-ხანანში. ბენ-ხესედი არუბოთში. მისი იყო სოქო და ხეფერის მთელი მხარე. ბენ-აბინადაბი მთელს ნაფათ-დორში. სოლომონის ასული ტაფათი ჰყავდა ცოლად. ბაყანა ახილუდის ძე თაყანაქში, მეგიდოში და მთელს ბეთ-შეანში, ცართანასთან რომ არის, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან ვიდრე აბელ-მეხოლამდე და იოკმეყამის გაღმა მხარემდე. ბენ-გებერი გილყადის რამოთში. მისი იყო იაირისშენები, მენაშეს ძისა, გილყადში. მისი იყო არგობის მხარე ბაშანში, სამოცი დიდი ქალაქი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი. ახინადაბ ყიდოს ძე მახანაიმში, ახიმაყაცი ნაფთალის მხარეში, მასაც სოლომონის ასული ჰყავდა ცოლად, ბასმათი. ბაყანა ხუშაის ძე აშერის მხარეში და ბეყალოთში. იეჰოშაფატ ფარუახის ძე ისაქარის მხარეში. შიმყი ელას ძე ბენიამინის მხარეში, გებერი ურის ძე გილყადის ქვეყანაში, სიხონის, ამორეველთა მეფის, ქვეყანაში და ყოგის, ბაშანის მეფის, ქვეყანაში – თითო მოურავი თითო ქვეყანაში. ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი. და ეპყრა სოლომონს ყველა სამეფო მდინარიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. და მოართმევდნენ ხოლმე ძღვენს და ემორჩილებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლე. ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სადაგი ფქვილი, ათი ნასუქალი ხარი და ათი ნაიალაღარი ხარი, ასი ცხვარი, გარდა ნანადირევი ირმებისა, და ქურციკებისა, ჯეირნებისა და გამოკვებილი ბატებისა. ეს იმიტომ, რომ ბატონობდა იგი მთელს მდინარის გამოღმა მხარეზე თიფსახიდან ვიდრე ღაზამდე, და მდინარის გამოღმა ყველა მეფეზე, და ზავი ჰქონდა ყველა ქვეყანასთან, ირგვლივ. უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავისი ვაზის ძირას და თავისი ლეღვის ძირას, დანიდან ვიდრე ბეერ-შებაყამდე. ჰქონდა სოლომონს ოთხი ათასი თავლა ეტლის ცხენებისათვის და ჰყავდა თორმეტი ათასი ცხენოსანი. ამარაგებდნენ ის მოურავები თითოეული თავის განკუთვნილ თვეში მეფე სოლომონს და მეფე სოლომონის სუფრის ყველა მეინახეს, თითოეული თავის განკუთვნილ თვეში, და არაფერს აკლებდნენ. მოჰქონდათ ქერი და თივა ცხენებისთვის და ბედაურებისთვის, თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე. და მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება, სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა მთელს სიბრძნეს და ეგვიპტელთა მთელს სიბრძნეს. ყველა ადამიანზე ბრძენი იყო იგი – ეთან ეზრახელზე, ჰემანზე, ქალქოლზე, დარდაყ მახოლის ძეზე და განითქვა მისი სახელი ყველა ხალხში, ვინც კი ირგვლივ იყო. წარმოთქვა სამი ათასი იგავი და შეთხზა ათას ხუთი გალობა. ლაპარაკობდა ხეებზე – ლიბანის ნაძვიდან დაწყებული უსუპამდე, კედელზე რომ იზრდება; ლაპარაკობდა ცხოველებზე და ფრინველებზე, ქვემძრომებზე და თევზებზე. მოდიოდნენ ყველა მოდგმის ხალხისგან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და ქვეყნის ყველა მეფისგან, ვისაც კი სმენოდა მისი სიბრძნის ამბავი. და გაუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, თავისი მსახურნი სოლომონს, რადგან გაიგო, რომ იგი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად, ხოლო ხირამი დავითის მოყვარული იყო მთელი სიცოცხლე. და შეუთვალა სოლომონმა ხირამს: „შენ იცი, რომ ვერ შეძლო მამაჩემმა დავითმა, აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღმერთის, სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა ისინი. ახლა კი ჩამომიგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ხიფათი მელის რაიმე. აჰა, ვფიქრობ, ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღვთის, სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს. ახლა ბრძანე, რომ ნაძვის ხეები მომიჭრან ლიბანში, ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან, და მე მოგცემ შენს მსახურთა გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან შენ იცი, რომ ციდონელებივით ჩვენში ტყეს ვერვინ ჩეხავს“. როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: „აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი ამდენი ხალხისთვის.“ და შეუთვალა ხირამმა სოლომონს: „მოვისმინე, რაც შემომითვალე. ყველაფერს შეგისრულებ, რაც კი ნაძვისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე. ჩემი მსახურნი ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, და ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ. იქ დავშლით და წაიღებ. ოღონდ შენ შემისრულე სურვილი: სარჩოთი მომიმარაგე სახლი.“ და უგზავნიდა ხირამი სოლომონს მისი სურვილის თანახმად ნაძვისა და კვიპაროსის ხეებს. ხოლო სოლომონი უგზავნიდა ხირამს ოცი ათას ქორ ხორბალს მისი სახლის სარჩოდ და ოც ქორ გაწმენდილ ზეთს. ამას უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე. და მიჰმადლა უფალმა სიბრძნე სოლომონს დაპირებისამებრ. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის, და კავშირი ჰქონდათ შეკრული ერთმანეთთან. და დაადო ბეგარა სოლომონმა მთელს ისრაელს: ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე. და გზავნიდა მათ ლიბანში – თვეში ათი ათას კაცს, მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავ-თავის სახლებში. ადონირამი განაგებდა ბეგარას. სოლომონს ჰყავდა სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვის მჭრელი მთაში, გარდა სამი ათას სამასი თავკაცისა, რომელნიც სამუშაოებზე ჰყავდა მიჩენილი სოლომონს და მომუშავეებს ზედამხედველობდნენ. და ბრძანა მეფემ, რომ მოეზიდათ დიდრონი ლოდები, ძვირფასი ქვის ზოდები. სახლის საძირკვლისათვის, მოპირკეთებული ქვები, რომელთაც თლიდნენ სოლომონის ხელოსნები, ხირამის ხელოსნები და გებალელები, და ამზადებდნენ ხეებსა და ქვებს სახლის ასაგებად. ისრაელის ძეთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, რომელიც არის მეორე თვე, შეუდგა იგი უფლის სახლის შენებას. სახლი, რომელიც სოლომონმა აუშენა უფალს, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით – ოცი წყრთა, სიმაღლით – ოცდაათი წყრთა. სტოა ტაძრის წინ სიგრძით ოცი წყრთა იყო, ტაძრის სიგანის შესაბამისად, ხოლო სიგანე – ათი წყრთა, სახლის წინ. და გაუკეთა სახლს სარკმლები, რომლებიც იღებოდა და იკეტებოდა. და მიუშენა სახლის კედელს სართულები, სახლის კედლების ირგვლივ, ტაძრისა და დაბირის ირგვლივ, და მიუშენა შრამელები ირგვლივ. ქვედა სართული ხუთი წყრთა იყო სიგანით, შუა – ექვსი წყრთა სიგანით, ხოლო მესამე – შვიდი წყრთა სიგანით, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ სახლის კედლებს ხარაჩოები არ მიჰკარებოდა. როცა სახლი შენდებოდა, ზოდებად მოჭრილი ქვით შენდებოდა. არც ჩაქუჩის, არც კვერის და არც ერთი რკინის იარაღის ხმა არ გაღებულა სახლში მისი შენებისას. შუა სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა. დახვეული კიბით ადიოდნენ შუაზე და შუადან – მესამეზე. და დაასრულა სახლის შენება და ნაძვის ფიცრებითა და კოჭებით გადახურა სახლი. სართულები მიუშენა მთელს სახლს, თითო ხუთი წყრთა სიმაღლისა, და ნაძვის ძელებით მიამაგრა სახლს. და გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა: „აჰა, აშენებ ამ სახლს, მაგრამ თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ, თუ დაიცავ და გაჰყვები ჩემს ნაბრძანევს, მაშინ შეგისრულებ სიტყვას, რომელიც დავითს, მამაშენს, ვუთხარი. დავმკვიდრდები ისრაელის ძეთა შორის და არასოდეს მივატოვებ ჩემს ერს, ისრაელს.“ და ააგო სოლომონმა სახლი და დაასრულა იგი. ნაძვის ფიცრები ააკრა სახლის შიდა კედლებს იატაკიდან ჭერამდე. ჭერი შიგნიდან ხით მოაპირკეთა და სახლის იატაკზე კვიპაროსის ფიცრები დააგო. სახლის კიდეებიდან ოც წყრთაზე ააკრა ნაძვის ფიცრები იატაკიდან ჭერამდე და განაკუთვნა იგი დაბირისთვის, წმიდათა წმიდისთვის. ორმოცი წყრთა იყო სახლი, ანუ ტაძრის წინა ნაწილი. ნაძვის ფიცრებზე სახლის შიგნით კიტრები და გაშლილი ყვავილები იყო ამოჩუქურთმებული. ყველაფერი ნაძვისგან იყო, ქვა არ ჩანდა. შუა სახლში მოაწყო დაბირი, რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი დაედგა. დაბირის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანეც ოცი წყრთა, სიმაღლე – ოცი წყრთა. წმიდა ოქროთი მოჭედა იგი, ოქროთივე მოჭედა ნაძვის სამსხვერპლო. და მოჭედა შიგნიდან სახლი წმიდა ოქროთი სოლომონმა, და გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი მოჭედა. მთელი სახლი ოქროთი მოჭედა, მთლიანად მთელი სახლი და მთელი სამსხვერპლო დაბირის წინ მდგარი, ოქროთი მოჭედა და გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე ათი წყრთა იყო. ერთი ფრთა ხუთი წყრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა. ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე. ათი წყრთა იყო მეორე ქერუბიმიც. ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა. ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც. დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში. გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს, ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა, მეორე ქერუბიმის ფრთა – მეორე კედელს, ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ. ოქროთი მოჭედა ქერუბიმები. სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ – შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი მოაჩუქურთმა. სახლის იატაკიც ოქროთი მოჭედა, შიგნიდანაც და გარედანაც. დაბირში შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი, რომლის ჩარჩო და წირთხლები კედლის სიმაღლის მეხუთედი იყო. ზეთისხილის ხის ორ კარედზე ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები ამოაჩუქურთმა და ოქროთი მოჭედა. მოჭედა ქერუბიმიც და ფინიკის ხეებიც. ტაძრის შესასვლელსაც ასევე გაუკეთა ზეთისხილის ხის ოთხკუთხა წირთხლები. და კვიპაროსის ხის ორი კარედი. ერთი კარედის ორივე ფრთა ტრიალებდა, მეორე კარედის ორივე ფრთა ტრიალებდა. და ამოაჩუქურთმა ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები და ოქროთი მოჭედა ჩუქურთმის ღარები. და მოაწყო შიდა ეზო სამი წყება თლილი ქვისაგან და ერთი წყება ნაძვის ძელებისაგან. მეოთხე წელს, ზივის თვეში, ჩაეყარა საძირკველი უფლის სახლს. მეთერთმეტე წელს, ბულის თვეში, რომელიც არის მერვე თვე, გაასრულა სახლი ყოველი წესისა და რიგის მიხედვით. შვიდ წელიწადს აშენებდა სახლს. თავის სახლს კი ცამეტ წელიწადს აშენებ-და სოლომონი და გაასრულა მთელი თავისი სახლი. და ააშენა ლიბანის მაღნარის სახლი: სიგრძით ასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით ოცდაათი წყრთა. ოთხ რიგ ნაძვის სვეტებზე იყო შედგმული, ნაძვისავე ძელები იყო გადებული ნაძვის სვეტებზე. ნაძვით იყო გადახურული ოთახები, ორმოცდახუთ სვეტზე შედგმული, თხუთმეტი სვეტი თითო რიგში. სამ სართულად იყო სარკმლის ჩარჩოები, სარკმლები ერთმანეთის პირდაპირ იყო, სამ წყებად. ყველა კარი და წირთხლი ოთხკუთხა ძელებისგან იყო, სამ სართულად, სარკმლები ერთმანეთის პირდაპირ იყო, სამ წყებად. სვეტებიანი კარიბჭე, რომელიც გააკეთა, სიგრძეში ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანეში – ოცდაათი წყრთა, მის წინ სხვა კარიბჭე სვეტებით და ზღურბლით. სატახტო კარიბჭე, სადაც მსჯავრი უნდა გამოეტანა, სამსჯავრო კარიბჭე, გააკეთა და ნაძვით დაფარა იატაკიდან ჭერამდე. ასევე იყო აგებული მისი საცხოვრებელი სახლი მეორე ეზოში, კარიბჭის უკან. ფარაონის ასულსაც, რომელიც ცოლად ჰყავდა მოყვანილი სოლომონს, ამ კარიბჭის მსგავსი სახლი აუშენა. ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი, ხერხით დახერხილი ძვირფასი ქვებისგან იყო გაკეთებული – როგორც შიგნით, ისე გარეთ, საძირკვლიდან თავხემდე, და გარეთ დიდ ეზომდე. საძირკვლად ედო ძვირფასი ქვები, დიდი ქვები, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი ქვები. ხოლო ზემოთ ზომაზე გათლილი ძვირფასი ქვები და ნაძვი. დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვით და ერთი წყება ნაძვის ძელებით. ასევე უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის კარიბჭე. და გაგზავნა კაცი მეფე სოლომონმა და მოაყვანინა ცორიდან ხირამი, რომლის დედა ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან, ხოლო მამა ცორელი სპილენძის ოსტატი. მომადლებული ჰქონდა ხირამს სიბრძნე, გამჭრიახობა და ცოდნა სპილენძის ნახელავის გასაკეთებლად. მივიდა სოლომონ მეფესთან და ყველა სამუშაო შეუსრულა. და გამოსახა სპილენძის ორი სვეტი – ერთი სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო, თორმეტი წყრთა ლარი სწვდებოდა გარშემო ორივე სვეტს. ორი ბუღაური ჩამოასხა სპილენძისგან სვეტების თავზე დასადგმელად, ერთი ბუღაურის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო, მეორე ბუღაურის სიმაღლეც ხუთი წყრთა იყო. და გაუკეთა სვეტის თავზე დასადგმელ ბუღაურებს დაწნული ცხაურები და ძეწკვისებური ჯინჯილები: შვიდი – ერთ ბუღაურს, შვიდიც – მეორე ბუღაურს. და გააკეთა სვეტები და შემოავლო ირგვლივ ერთ ცხაურს ორ წყებად ბროწეულები სვეტების თავზე დადგმული ბუღაურების დასაფარავად. კარიბჭის სვეტების ბუღაურები შროშანის სახის იყო, ოთხი წყრთა. ორ სვეტზე შედგმულ ბუღაურებს შემოვლებული ჰქონდა ორასი ბროწეული, ზემოთკენ, მუცლის პირდაპირ, რომელიც ცხაურის მხარეს იყო. და აღმართა სვეტები ტაძრის კარიბჭეში. აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი. აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი. სვეტის თავებზე შროშანები იყო გამოსახული. და დასრულდა სვეტების სამუშაო. და ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდიდან კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ლარი სწვდებოდა ირგვლივ. ირგვლივ კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული კიდეზე ქვემოდან, ათ-ათი თითო წყრთაზე და ორ წყებად გარს ერტყა ზღვას. კიტრები მასთან ერთად იყო ჩამოსხმული. თორმეტ ხარზე იყო შედგმული. სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთით იყურებოდა და სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და ზურგი ყველას შიგნით ჰქონდა მიქცეული. სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა, მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჰგავდა. ორი ათას ბათს იტევდა. და გააკეთა ათი სპილენძის კვარცხლბეკი, თითოეული კვარცხლბეკის სიგრძე ოთხი წყრთა იყო, სიგანე – ოთხი წყრთა, სიმაღლე – სამი წყრთა. ამგვარად იყო გაკეთებული კვარცხლბეკი: დაფები ჰქონდა მათ, ჩარჩოში ჩასმული. ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე ლომები, ხარები და ქერუბიმები იყო გამოსახული, ასევე ჩარჩოებზე – ლომებსა და ხარებს ქვემოთ და ზემოთ ყვავილების ასხმული კონები. ოთხ-ოთხი სპილენძის ბორბალი და სპილენძის ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს. მის ოთხსავე კუთხეზე იყო შვერილები. საბანელის ქვეშაც ჩამოსხმული შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე – ყვავილწნულები. მისი ჭრილი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე ერთი წყრთა იყო, ჭრილი მრგვალი იყო, როგორც ამგვარი ნაკეთობა არის ხოლმე, წყრთანახევარი. ჭრილზე ჩუქურთმები იყო. მისი კედლები ოთხკუთხედი იყო, არა მრგვალი. ოთხი ბორბალი იყო კედლებს ქვემოთ და ბორბლების ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული, თითო ბორბლის სიმაღლე – ერთნახევარი წყრთა. ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებული, ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები სულ ჩამოსხმული სპილენძისა იყო. ოთხი შვერილი ჰქონდა ყოველი კვარცხლბეკის ოთხსავე კუთხეს, კვარცხლბეკთან ერთად იყო ჩამოსხმული. კვარცხლბეკის თავზე იყო წრე ნახევარი წყრთა სიმაღლისა, კვარცხლბეკის სახელურები და კედლები მისივე მასალისგან იყო. და ამოკვეთა სახელურების დაფებზე და მის კედლებზე ქერუბიმები, ლომები და პალმები ერთმანეთის დაშორებით, ირგვლივ ყვავილწნულები. ამგვარი გააკეთა ათი კვარცხლბეკი, ყველა ერთიანად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდა, ერთი სახე. და გააკეთა სპილენძის ათი საბანელი, ორმოც ბათს იტევდა თითოეული საბანელი, ოთხი წყრთა იყო თითოეული საბანელი, თითოეული საბანელი იმ ათიდან ერთ-ერთ კვარცხლბეკზე იდგა. ხუთი კვარცხლბეკი სახლის მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი – სახლის მარცხენა ფრთაზე, ზღვა სახლის მარჯვენა მხარეს მოათავსა, სამხრეთ-აღმოსავლეთით. გააკეთა ხირამმა საბანელები, აქანდაზები და სასხურებლები, და მოათავა ხირამმა ყველა სამუშაო, რასაც უკეთებდა იგი მეფე სოლომონს უფლის სახლში. ორი სვეტი და სვეტების თავზე დასადგმელი ბუღაურები მისი ორი ბალიშითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი ბუღაურების დასაფარავად. ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის, ბროწეულების ორი რიგი თითოეულ ცხაურს. სვეტებზე დასადგმელი ბუღაურის ბალიშების დასაფარავად. ათი კვარცხლბეკი, ათი საბანელი კვარცხლბეკებზე შესადგმელი. ერთი ზღვა და თორმეტი ხარი ზღვის ქვეშ. ქვაბები, აქანდაზები და სასხურებლები, – ყველა ეს ჭურჭელი, რომელნიც ხირამმა გაუკეთა მეფე სოლომონს უფლის სახლში, გაპრიალებული სპილენძისა იყო. იორდანეს მხარეში ჩამოასხა ისინს მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცართანს შორის. და დააწყო სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი თავ-თავის ადგილზე. დიდი სიმრავლის გამო ვერ გაირკვა სპილენძის წონა. და გააკეთა სოლომონმა ყოველი ჭურჭელი, რაც უფლის სახლისთვის იყო განკუთვნილი: ოქროს სამსხვერპლო და ოქროსავე ტაბლა, რომელზედაც საწინაშეო პური ეწყო. ბაჯაღლო ოქროს სასანთლეები – ხუთი მარჯვენა მხარეს, ხუთიც მარცხენა მხარეს, დაბირის წინ, ყვავილებით, სანთურებით და ოქროს მაშებითურთ. ბაჯაღლო ოქროს ტაშტები, დანები, სასხურებლები, საჭდეები, საცეცხლურები, და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლიდან წმიდათა წმიდაში შესასვლელი კარებისთვის, ტაძარში შესასვლელი კარებისთვის. და მოთავდა ყოველი სამუშაო, რაც უფლის სახლში შეასრულა მეფე სოლომონმა, და მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულება – ოქრო, ვერცხლი და ჭურჭელი და დააწყო უფლის სახლის საგანძურში. მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი – ისრაელის ძეთა მამისსახლების უფროსები მეფე სოლომონთან იერუსალიმში, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან. და შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი ეთანიმის თვეში, ანუ მეშვიდე თვეში, დღესასწაულის დროს. და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და მღვდლებმა ასწიეს კიდობანი. და წაასვენეს უფლის კიდობანი და საკრებულო კარავი და საწმიდარის ყველა ჭურჭელი, რაც კარავში იყო, წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა. მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება კიდობნის წინ მიდიოდნენ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარსა და ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო. და დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ, რადგან ფრთები ჰქონდათ გაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე, და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და მის კეტებს, კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მხოლოდ მისი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან დაბირის წინ, და არ ჩანდა გარეთ. დღემდე იქ არის ისინი. არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა აღთქმა დადო ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ. და როცა გამოვიდნენ მღვდლები საწმიდარიდან, ღრუბელმა აავსო უფლის სახლი. და ვეღარ დადგნენ სამსახურისთვის იქ მღვდლები ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი. მაშინ თქვა სოლომონმა: „ბნელში დავანება ინება უფალმა. სახლი აგიშენე სავანედ შენდა, ადგილი შენს სამარადისო სამკვიდრებლად.“ პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული. და თქვა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და ახლა თავისი ხელით შეასრულა! ის ამბობდა: ‘იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელი, ისრაელის არც ერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი; და ავირჩიე დავითი, რომ ის ყოფილიყო ჩემს ერზე, ისრაელზე.’ გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე. და უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: ‘გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე. ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’ და დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ბრძანა უფალმა, და უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე ავაშენე სახლი. და მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩვენს მამებთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა“. და დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით და ცისკენ აღაპყრო ხელები. და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ცაში და არც დაბლა დედამიწაზე. შენ ინახავ აღთქმას და სიყვარულს შენს მსახურთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. შენ შეუსრულე სიტყვა შენს მსახურს – მამაჩემს, დავითს, და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები. ახლაც შეუნახე, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მსახურს – მამაჩემს, დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: ‘არ დაგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარ ჩემს წინაშე.’ ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მსახურს – მამაჩემს, დავითს რომ უბრძანე. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ გიტევენ შენ ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაგიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? მოხედე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მსახური. თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახლი; რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მსახური. ისმინე შენი მსახურისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას. ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე – ცათა შინა, – ისმინე და შეგვიწყალე. როცა შესცოდავს ვინმე თავის მოძმეს და ფიცით დააფიცებენ მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში, მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მსახურთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, და მართალი გაამართლე, რომ მისი სიმართლისამებრ მიეზღოს. როცა დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე მობრუნდება შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახლს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში, მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამებს მიეცი. როცა დაიხურება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მსახურთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ; აწვიმო წვიმა მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისთვის. შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურება მოხდება რამე, თუ სნეულება, ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას თითოეული ადამიანისა, მთელი შენი ერის, ისრაელისა, როცა იგრძნობს გასაჭირს თითოეული თავის გულში და ხელს გაიშვერს ამ სახლისკენ, შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, და მიუტევე, ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები, რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული. რომ მუდამ ეშინოდეთ შენი, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია; უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელის ძეთაგანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო, რადგან გაგებული ექნებათ შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და მოღერებული მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში, მოუსმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს, იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, მე რომ ავაშენე. როცა გავა მტერთან საბრძოლველად შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე, მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე. როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, და გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში: ‘შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთ;’ როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, მაშინ მოისმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა-ვედრება და სამართალი გაუჩინე. და მიუტევე შენს ერს, შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალულს აღუძრავ მათ დამტყვევებლებს, რომ შეიბრალონ ისინი, რადგან შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმლიდან, გამოვიყვანე. თვალღია იყავ შენი მსახურის ვედრების მიმართ და შენი ერის, ისრაელის, ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა კი შემოგღაღადებენ. რადგან შენ განიკუთვნე ისინი შენს სამკვიდროდ დედამიწის ყველა ერისგან, როგორც უბრძანე შენი მსახურის, მოსეს, ხელით, როცა ეგვიპტიდან გამოგყავდა ჩვენი მამა-პაპა, უფალო ღმერთო!“ როცა დაასრულა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო, ცისკენ ხელაპყრობილი. იდგა და ხმამაღლა აკურთხებდა ისრაელის მთელს კრებულს: „კურთხეულია უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მსახურის მოსეს პირით რომ ბრძანა. ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამებთან იყო, არ მიგვატოვოს და არ გაგვწიროს. და მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რომ მის გზაზე ვიაროთ და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამა-პაპისთვის დაუწესებია. იყოს ეს ჩემი სიტყვები, რომლითაც უფალს ვევედრები, ახლოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, დღითა და ღამით, რომ მარადდღე აჩენდეს სამართალს მისი მსახურისთვის და მისი ერისთვის, ისრაელისთვის, რათა გაიგოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ ღმერთია უფალი და სხვა არვინაა მის მეტი. იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესზე და დაიცვათ მისი შეგონებები.“ და შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ისრაელმა მასთან ერთად. და დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი და სამშვიდობო მსხვერპლად შესწირა უფალს. ატფურეს უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა. ამავე დღეს აკურთხა მეფემ შუა ეზო უფლის სახლის წინ. რადგან აღავლინა სრულადდასაწველი, შესწირა ძღვენი და სამშვიდობო მსხვერპლის ცხიმები, რადგან უფლის წინ მდგარი სპილენძის სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, ძღვენს და სამშვიდობო ქონებს. და დღესასწაულობდა იმჟამად უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე სოლომონი და მასთან ერთად მთელი ისრაელი – დიდი კრებული ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე – შვიდ დღეს და კიდევ შვიდ დღეს, სულ თოთხმეტ დღეს. და მერვე დღეს გაისტუმრა ხალხი, და დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მსახურს, და ისრაელს, თავის ერს. როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა, მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა. და უთხრა უფალმა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი. მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე, ჩემი თვალი და გული სამარადჟამოდ აქ იქნება. შენ კი, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, წმინდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აღასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს, მაშინ მე განვამტკიცებ შენს ტახტს ისრაელში საუკუნოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის, მითქვამს: არ დაგელევა-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომელი. მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და წესებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ მე გავწყვეტ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მას მივეცი, მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემს სახელზე ვაკურთხე, და საიგავოდ და დასაცინად შეიქმნება ისრაელი ხალხთა შორის. ყველა, ვინც ჩაუვლის ამ მაღალ სახლს, გაოგნდება და დაუსტვენს და იტყვის: ‘ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?’ და იტყვიან: ‘რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამები, და მოეჭიდნენ სხვა ღმერთებს, და თაყვანს სცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ. ამის გამო დააწია უფალმა ყველა ეს უბედურება.’“ ოცი წლის თავზე იყო, რომ დაასრულა სოლომონმა ორი სახლის – უფლის სახლის და მეფის სახლის შენება. ხირამი, ცორის მეფე, უგზავნიდა სოლომონს ნაძვისა და კვიპაროსის ხეებს და ოქროს მისი სურვილისამებრ. მაშინ მეფე სოლომონმა მისცა ხირამს ოცი ქალაქი გალილეის მხარეში. და წავიდა ხირამი ცორიდან სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი. და თქვა: „ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ძმაო?“ და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა დღემდე. და გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო. ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად. და ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა. და ამოხოცა მისი მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს. და ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი, ბაყალათი და თადმორი, ქვეყნის უდაბნოში, სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში და ლიბანში და მთელ თავის სახელმწიფოში. ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომელიც არ იყო ისრაელის ძეთა მოდგმისა. მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელის ძეთ, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე. ისრაელის ძეთაგან არავისთვის დაუდვია მას ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მსახურებად, მეთაურებად და სარდლებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად. ხუთას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც უძღვებოდნენ მომუშავე ხალხს. ფარაონის ასული ავიდა დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა მას დავითმა. მაშინ ააშენა მან მილო. წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი სრულადდასაწველ და სამშვიდობო მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა, და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე განასრულა სახლი. ხომალდი ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, მეწამული ზღვის ნაპირას, ედომის ქვეყანაში. და გაგზავნა ხირამმა ხომალდით სოლომონის მსახურებთან თავისი მსახურნი, ხომალდის ოსტატები, ზღვის მცოდნენი, და მივიდნენ ისინი ოფირში და წამოიღეს იქიდან ოთხასოცი ქანქარი ოქრო და მოართვეს მეფე სოლომონს. და მისწვდა შებას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი. მივიდა იერუსალიმში დიდძალი ქონებით, აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები. და მოვიდა სოლომონთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა. ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი. და დაინახა შებას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე, და ნახა მისი აშენებული სახლი, მისი სუფრის საჭმელ-სასმელი, მის მსახურთა საცხოვრებელი, მის მსახურთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მჭდეები, სრულადდასაწველი მსხვერპლი, რომელსაც აღავლენდა უფლის სახლში და გაოგნებულმა უთხრა მეფეს: „მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე. სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა. ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერები არიან ეს შენი მსახურნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს. კურთხეულია უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა ისრაელის ტახტზე დაესვი. უფლის საუკუნო სიყვარულის გამო ისრაელისადმი დაუდგენიხარ მეფედ სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.“ და უბოძა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი თვლები. მეტჯერ აღარ შემოსულა ამდენი ნელსაცხებელი, რამდენიც შებას დედოფალმა უბოძა მეფე სოლომონს. ხირამის ხომალდმაც, რომელსაც ოქრო მოჰქონდა ოფირიდან, მოიტანა ოფირიდანვე დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი თვლები. და გააკეთა მეფემ სანდალოზისგან მოაჯირი უფლის სახლისთვის და მეფის სახლისთვის, ებნები და ქნარები მგალობელთათვის. მეტჯერ აღარ შემოსულა და დღემდე არავის უნახავს ამდენი სანდალოზის ხე. და მისცა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს ყველაფერი, რაც კი მან ინება და სთხოვა, გარდა იმისა, რაც თავისი ხელით ჰქონდა ნაჩუქარი, როგორც მეფე სოლომონს ეკადრებოდა. და უკან გაბრუნდა და წავიდა იგი თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად. ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად, იმის გარდა, რაც შემოჰქონდათ მოგზაურებს და ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა განმგებლებს. და გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი მუზარადი ნაჭედი ოქროსგან. ექვსასი ოქრო დაიხარჯა თითოეულ მუზარადზე. და სამასი ფარი ნაჭედი ოქროსგან, სამი მანა ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. და დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში. და გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი მოჭედა. ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, საზურგეზე მომრგვალებული იყო, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით. ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ. სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული ოქროსი იყო, რადგან ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს. რადგან მეფის თარშიშული ხომალდები ხირამის ხომალდებთან ერთად გადიოდა ზღვაში. წელიწადში ერთხელ მოდიოდა თარშიშული ხომალდი და მოჰქონდა ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდა ყაფუზუნები და ფარშევანგები. ქვეყნიერების ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი დოვლათითა და სიბრძნით. მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა. ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები. ასე იყო წლიდან წლამდე. თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს და ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. ვერცხლი ქვის ფასი გახადა მეფემ იერუსალიმში, ხოლო ნაძვი გაამრავლა სიკიმორის ხესავით, დაბლობებში რომ არის. სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი, მეფის ვაჭრებს მიჰყავდათ კევედან საფასურით. ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები – ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მიჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამის მეფეებისთვისაც. მეფე სოლომონს შეუყვარდა მრავალი უცხოელი ქალი, გარდა ფარაონის ასულისა, მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები – იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის, „ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ“. მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით. და ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. და მოდრიკეს მისი გული ცოლებმა. და სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. და ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის, გული. და დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის ყაშთორეთისა და ყამონელთა სიბილწის მილქომის კვალზე. და ბოროტს აკეთებდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი. მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს. ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გულისთვის, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავ-თავის ღმერთებს. და განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე, ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას, და უბრძანა, არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს, მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება. და უთხრა უფალმა სოლომონს: „იმის გამო, რომ ასე იქცევი, არ ასრულებ ჩემს აღთქმას და წესებს, რომლებიც დავაწესე შენთვის, გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს; ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას დავითის, მამაშენის, გულისთვის. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან. მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ, ერთ ტომს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მსახურის, გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე.“ და გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს: ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა შთამომავალი. ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხავად და ერთიანად გაწყვიტა მამაკაცები ედომში, რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და ისრაელის ძენი, ვიდრე არ მოსპეს მამაკაცის სახსენებელი ედომში, მაშინ გაიქცა ეს ჰადადი ედომელებთან, მამამისის მსახურებთან ერთად, რომ ეგვიპტეში მისულიყვნენ. პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი. და აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს, და წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მივიდნენ ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან. და მისცა მან სახლი, სარჩოც დაუნიშნა და მიწაც მისცა. და ჰპოვა მადლი ჰადადმა ფარაონის თვალში და მიათხოვა ცოლად თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და. და უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. გაზარდა ბავშვი თახფენესმა ფარაონის სახლში და ცხოვრობდა გენუბათი ფარაონის შვილებთან ერთად. და როცა მიუვიდა ამბავი ეგვიპტეში ჰადადს, რომ განისვენა დავითმა თავის მამებთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი, უთხრა ჰადადმა ფარაონს: „გამიშვი, ჩემს ქვეყანაში წავალ.“ და უთხრა ფარაონმა: „რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში რომ განიზრახე წასვლა?“ და თქვა: „არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი.“ კიდევ გაუჩინა სოლომონს ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადადყეზერს, ცობის მეფეს, თავის პატრონს, და შემოიკრიბა ხალხი და შეიქნა ურდოს მეთაური, მას შემდეგ, რაც დავითმა სძლია მათ, და გაიქცნენ ისინი დამასკოში, დასახლდნენ იქ და დაეპატრონენ დამასკოს. ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის სიცოცხლეში; იმ ხანად, როცა ჰადადი მტრობდა, მასაც შეძულებული ჰყავდა ისრაელი და არამზე გამეფდა იგი. იერობყამ ნაბატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მსახურმა, რომლის დედა იყო ცერუაყი, ქვრივი ქალი, აღმართა ხელი მეფეზე. აი, რის გამო მოხდა, ხელი რომ აღმართა მეფე სოლომონზე: მილოს აშენებდა სოლომონი, დანგრეულს აღადგენდა მამამისის, დავითის, ქალაქში. მამაცი კაცი იყო იერობყამი. და დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი და ჩააბარა მას იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგრის ხალხი. ისე მოხდა იმხანად, რომ გასული იყო იერუსალიმიდან იერობყამი და შეხვდა გზად შილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ესხა. ამ ორის მეტი არავინ იყო მინდვრად. და აიღო ახიამ ახალი მოსასხამი, ზედ რომ ესხა, და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა. და უთხრა იერობყამს: „აიღე შენთვის ათი ნაგლეჯი, რადგან ასე ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ შტოს. ერთი შტო მას დარჩება ჩემი მსახურის, დავითის, გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, ქალაქისა, რომელიც ავირჩიე მე ისრაელის ყველა შტოდან. ეს იმიტომ, რომ დამივიწყეს და თაყვანს სცემენ ყაშთორეთს – ციდონელთა ღმერთს, ქემოშს – მოაბის ღმერთს და მილქომს – ყამონის ძეთა ღმერთს. არ იარეს ჩემს გზაზე, რომ სიმართლე ექნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესი და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი, იცავდა. და არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და წესებს. მის შვილს გამოვგლეჯ ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ ათ შტოს. ხოლო მის შვილს ერთ შტოს მივცემ, რომ სამარადჟამოდ დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემს წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად. ახლა შენ ამყავხარ, რომ იმბრძანებლო ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს და რომ ისრაელის მეფე გახდე. და თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ, და ივლი ჩემს გზაზე, თუ გააკეთებ ჩემს მოსაწონს, დაიცავ ჩემს წესებს და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი აკეთებდა, მაშინ შენთან ვიქნები, აგიშენებ მტკიცე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს. და მოვთრგუნავ ამის გულისთვის დავითის მონაგარს, ოღონდ არა სამარადჟამოდ.’“ და ცდილობდა სოლომონი იერობყამის მოკვლას, მაგრამ ადგა და გაიქცა იერობყამი ეგვიპტეში, შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე. სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნის ამბავი სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი. ხანი სოლომონის მეფობისა მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი. და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის, მამამისის, ქალაქში, და გამეფდა რეხაბყამი, მისი ძე მის ნაცვლად. და წავიდა შექემში რეხაბყამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად. ეს ამბავი იერობყამ ნაბატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას შეიტყო, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული, და დაბრუნდა იერობყამი ეგვიპტიდან. და გაგზავნეს კაცი და მოიწვიეს იგი, და მოვიდნენ იერობყამი და ისრაელის მთელი კრებული და ასე უთხრეს რეხაბყამს: „უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შენ შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვაკისრა, და გემსახურებით.“ და უთხრა მათ: „წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან.“ წავიდა ხალხი. და რჩევა ჰკითხა მეფე რეხაბყამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ სიცოცხლეში, და უთხრა: „როგორ მირჩევდით, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?“ და ელაპარაკნენ მას, უთხრეს: „თუ დღეს მაგ ხალხის მსახური იქნები, ემსახურები და დააკმაყოფილებ მათ, კარგ სიტყვებს ეტყვი, მაშინ შენი მსახურნი იქნებიან სამარადჟამოდ.“ არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეებს, რომელნიც მასთან შეზრდილნი იყვნენ და გარს ეხვივნენ. და უთხრა მათ: „რას მირჩევთ, რა ვუპასუხო მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან: შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დაკისრებული უღელი?“ და ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, უთხრეს: „ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება: უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და ახლა შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკა-თითი. ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“ და მოვიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რეხაბყამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს: სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან. მკაცრად მიუგო მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა უხუცესთა რჩევას, რაც ურჩიეს. მოყმეთა რჩევის თანახმად ელაპარაკა, უთხრა: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უარესად დაგიმძიმებთ უღელს. ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“ და არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობყამ ნაბატის ძისთვის ახია შილოამელის პირით. და როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: „რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან? შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!“ და თავ-თავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი. მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზე შერჩა მეფობა რეხაბყამს. და გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი, ხარკის ამკრეფი, მაგრამ ქვებით ჩაქოლა ხალხმა, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახტა ეტლზე მეფე რეხაბყამი და იერუსალიმში გაიქცა. და განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე. როცა შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობყამი, დაიბარეს საკრებულოში და გაამეფეს მთელს ისრაელზე. ერთადერთი იუდას შტო იყო [და ბენიამინის], რომ შერჩა დავითის სახლს. და მივიდა რეხაბყამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის შტო – ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელის სახლს და დაებრუნებინათ მეფობა რეხაბყამ სოლომონის ძისთვის. და გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს: „ასე უთხარი რეხაბყამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდასა და ბენიამინის მთელს სახლს და დანარჩენ ხალხს: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან, ისრაელის ძეებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი.’“ და ირწმუნეს უფლის სიტყვა და უფლის სიტყვისამებრ გაბრუნდნენ უკან. და ააშენა იერობყამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა. და ამბობდა თავის გულში იერობყამი: „კვლავ დაუბრუნდება მეფობა დავითის სახლს. თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმს დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რეხაბყამისკენ, იუდას მეფისკენ, მე მომკლავენ და რეხაბყამთან, იუდას მეფესთან, დაბრუნდებიან.“ და ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: „გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.“ და ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა. ეს იყო ცოდვის დასაბამი. და დაიწყო ხალხმა სიარული ხბორების თაყვანის საცემად თვით დანამდე. და ააშენა გორაკის სახლი და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომელიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა. და დააწესა იერობყამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ ხბორებისთვის, რომლებიც გააკეთა. და დაუდგინა ბეთელში მღვდლები გორაკებს, რომლებიც აღმართა. და ავიდა თავის აგებულ სამსხვერპლოზე მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია, და დაუწესა დღესასწაული ისრაელის ძეთ, და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად. აჰა, მოვიდა უფლის შეგონებით ღვთისკაცი იუდადან ბეთელს, როცა იერობყამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად. და დასძახა სამსხვერპლოს უფლის სახელით და თქვა: „სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი. და ზედ დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს გიკმევენ, და შენს თავზე დაწვავენ ადამიანთა ძვლებს.’“ და ნიშანიც გაუცხადა იმავე დღეს, თქვა: „აჰა, იმის ნიშანი, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვა: ‘აჰა, დაიშლება სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია.’“ როცა გაიგონა მეფემ ღვთისკაცის სიტყვა, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, წამოიღო ხელი სამსხვერპლოდან და ბრძანა: „შეიპყარით!“ და უმალვე გაუხმა მისკენ მიშვერილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება. და დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის შეგონებით. და მიუგო მეფემ და უთხრა ღვთისკაცს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელის უკან წაღება შევძლო.“ შეევედრა ღვთისკაცი უფალს და შეძლო მეფემ უკან წაეღო ხელი, რომელიც აღუდგა, როგორც ჰქონდა. და უთხრა მეფემ ღვთისკაცს: „სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და საჩუქარსაც მოგცემ.“ და უთხრა ღვთისკაცმა მეფეს: „ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს შევსვამ ამ ადგილას. რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: ‘პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ შესვამ, და ნურც იმ გზით დაბრუნდები, საიდანაც მოხვედი.’“ სხვა გზით წავიდა იგი. იმ გზით არ გაბრუნებულა, რომლითაც მოვიდა ბეთელს. ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში. მოვიდა მისი შვილი და უამბო ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა გააკეთა იმ დღეს ბეთელში. და მეფესთან მისი ნალაპარაკევიც უამბეს მამას. შეეკითხა მამა: „რომელი გზით წავიდა?“ და დაანახეს შვილებმა გზა, რომლითაც იუდადან მოსული ღვთისკაცი წავიდა. და უთხრა შვილებს: „შემიკაზმეთ სახედარი.“ და შეუკაზმეს სახედარი და ზედ შეჯდა. და გაჰყვა ღვთისკაცს. მუხის ქვეშ მჯდომარე იპოვა იგი და უთხრა: „შენა ხარ ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული?“ მიუგო: „მე ვარ.“ და უთხრა: „სახლში წამომყევი და ჭამე პური.“ და თქვა: „ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან ერთად წამოვალ, ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს შევსვამ ამ ადგილას, რადგან ნაბრძანები მაქვს უფლის სიტყვით: ნუ შეჭამ პურს, ნურც წყალს შესვამ იქ, ნურც ამ გზით გაბრუნდები, რომლითაც მოხვედიო.“ და უთხრა: „მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ. ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: ‘შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პური ჭამოს და წყალიც შესვას,’“ – იცრუა მან. და დაბრუნდა იგი მასთან ერთად, პური ჭამა მის სახლში და წყალიც შესვა. სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა იგი. და დაუყვირა მან იუდადან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი უფლის სიტყვას გადახვედი და არ შეასრულე მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს, ჰქონდა შენთვის ნაბრძანები, მაგრამ შენ უკვე დაბრუნდი, პური ჭამე და წყალი შესვი იმ ადგილას, რომელზეც გიბრძანა: ‘ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს შესვამ’, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამა-პაპის საფლავში.“ პურის ჭამისა და წყლის შესმის შემდეგ შეუკაზმა სახედარი იმ კაცს, წინასწარმეტყველს, რომელიც წეღან დააბრუნა. და წავიდა და შემოეყარა გზად ლომი და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი და სახედარი ედგა გვერდით, და ლომიც იდგა გვამთან. დაინახა ჩამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და გვამთან მდგომი ლომი, მივიდნენ და მიუტანეს ამბავი ქალაქში, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა. და გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან დააბრუნა ის კაცი და თქვა: „ეს ის ღვთისკაცია, უფლის ბრძანებას რომ გადავიდა; უფალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუტორავს და მოუკლავს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.“ და თავის შვილებს უთხრა: „შემიკაზმეთ სახედარი“. და შეუკაზმეს. და წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული მისი გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან. ლომს არც გვამი შეუჭამია და არც სახედარი დაუტორავს. და აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, დაასვენა სახედარზე და უკან წამოიღო. და მოვიდა ქალაქში მოხუცი წინასწარმეტყველი მის დასატირებლად და დასამარხად. და ჩაასვენა გვამი თავის სამარხში და დასტიროდა მას: „ვაი, ძმაო.“ და დამარხა და უთხრა თავის შვილებს: „როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია, მისი ძვლების გვერდით დაასვენეთ ჩემი ძვლები, რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.“ ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობყამს ბოროტ გზაზე სიარული, და კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს; ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი. ეს იყო მიზეზი, რომ ცოდვაში ჩავარდა იერობყამის სახლი, რომ მოისპო და წარიხოცა მიწის პირისაგან. იმ ხანად ავად გახდა იერობყამის ძე აბია. და უთხრა ცოლს იერობყამმა: „ადექი და გადაიცვი, რათა ვერ გიცნონ, იერობყამის ცოლი რომ ხარ, და წადი შილოში. იქ არის ახია წინასწარმეტყველი. მან მიწინასწარმეტყველა, ამ ერის მეფე გახდებიო. ხელში აიღე ათი პური, ნამცხვარი და ერთი ქილა თაფლი. მიდი მასთან და ის გეტყვის, რა დაემერთება ბავშვს“. ასე გააკეთა იერობყამის ცოლმა. ადგა და წავიდა შილოს, და მივიდა ახიას სახლში. მაგრამ ვეღარ ხედავდა ახია, რადგან სიბერის გამო თვალის ჩინი წართმეოდა. უფალმა უთხრა ახიას: „აჰა, იერობყამის ცოლი მოდის შენთან, ავადმყოფი ბავშვის ამბავი რომ გკითხოს. ასე და ასე ელაპარაკე. როცა მოვა, სხვად მოგაჩვენებს თავს.“ როცა გაიგონა ახიამ კართან მომდგარი ქალის ფეხის ხმა, დაიძახა: „შემოდი, იერობყამის ცოლო. სხვად რისთვის გვაჩვენებ თავს? მძიმე ამბავი უნდა გამცნო. წადი, უთხარი იერობყამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე აღგაზევე შენ ამ ერში და ისრაელის ერისმთავრად დაგადგინე; მე გამოვგლიჯე დავითის სახლს მეფობა და შენ მოგეცი, თუმცა არ გავხარ ჩემს მსახურს დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა და მხოლოდ მართლად იქცეოდა ჩემს თვალში. შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა: წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს განსარისხებლად. თავად მე კი ზურგს უკან მომისროლე. ამიტომ, აჰა, უბედურებას დავატეხ იერობყამის სახლს და ამოვძირკვავ ყველას, ვინც კი კედელთან მიმშარდავი ჰყავს იერობყამს, ყმას და აზატს ისრაელში, და გავხვეტავ იერობყამის სახლს, როგორც პირწმინდად გახვეტენ ხოლმე ნაგავს. ვინც ქალაქში მოუკვდება იერობყამს, იმას ძაღლები შეჭამენ. ვინც ველად მოკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან, რადგან ასე ბრძანა უფალმა.’ ახლა ადექი და შენს სახლში წადი. ქალაქში შეადგამ თუ არა ფეხს, მოკვდება ბავშვი. და დაიტირებს მთელი ისრაელი და დამარხავენ. ეგ ერთადერთი ჩაუვა იერობყამს საფლავში, რადგან იერობყამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში აღმოჩნდა სიკეთე უფლის, ისრაელის ღმერთის, წინაშე. უფალი დაადგენს ისრაელზე თავის მეფეს, რომელიც მოსპობს იერობყამის სახლს იმ დღეს, და რატომ ახლავე არა? და დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი წყალზე მოქანავე ლერწამს, და აღმოფხვრის ისრაელს ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამა-პაპას მისცა, და მდინარის გაღმა გადარეკავს, რადგან აშერები გაიჩინეს უფლის გასარისხებლად. და გასწირავს ისრაელს იერობყამის გამო, თავადაც რომ სცოდა და ისრაელიც რომ შეიყვანა ცოდვაში.“ და ადგა იერობყამის ცოლი და წავიდა. და მივიდა თირცაში; და ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდა, მოკვდა ყმაწვილი. და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს ახია წინასწარმეტყველის პირით. იერობყამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ხანი იერობყამის მეფობისა იყო ოცდაორი წელი. და განისვენა მან თავის მამებთან და მის ნაცვლად ნადაბი გამეფდა, მისი ძე. ხოლო რეხაბყამი, სოლომონის ძე, იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლისა იყო რეხაბყამი, როცა გამეფდა და ჩვიდმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში, იმ ქალაქში, რომელიც ისრაელის ყველა შტოდან ამოირჩია უფალმა თავისი სახელის დასამკვიდრებლად. მისი დედა იყო ნაყამა, ყამონელი ქალი. ბოროტს აკეთებდა იუდა უფლის თვალში და თავიანთ მამებს გადაამეტეს ცოდვებში, რითაც გულისწყრომით ავსებდნენ უფალს. მათაც გააშენეს გორაკები, სვეტები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ხემხვივანის ქვეშ. მემრუშენიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც აყარა უფალმა ისრაელის ძეთაგან. რეხაბყამის მეფობის მეხუთე წელს დაესხა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს. და წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო, წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა. და დაამზადა მეფე რეხაბყამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა ისინი დაცვის უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ. როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მცველებს მიჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველთა ოთახში. რეხაბყამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის. განისვენა რეხაბყამმა თავის მამებთან, და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. დედამისი იყო ნაყამა, ყამონელი ქალი. მის ნაცვლად აბიამი, მისი ძე, გამეფდა. იერობყამ ნაბატის ძის მეფობის მეთვრამეტე წელს აბიამი გამეფდა იუდაზე. სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბიშალომის ასული. და დადიოდა ყველა იმ ცოდვებით, რასაც მის წინ მამამისი სჩადიოდა, და არ იყო სრულად მინდობილი მისი გული უფლისადმი, როგორც მამამისის, დავითის, გული. უფალმა, მისმა ღმერთმა, დავითის გამო მისცა მას ლამპარი იერუსალიმში, რომ დაუსვა ძე მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი. რადგანაც სწორს აკეთებდა დავითი უფლის თვალში და არასოდეს უღალატია უფლის მცნებისათვის, გარდა ხეთელი ურიას შემთხვევისა. გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის. აბიამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერელი. ომი იყო ამტყდარი აბიამსა და იერობყამს შორის. და განისვენა აბიამმა თავის მამებთან და დამარხეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა. ისრაელის მეფის, იერობყამის მეფობის მეოცე წელს გამეფდა ასა იუდაზე. და ორმოცდაერთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბიშალომის ასული. სწორს აკეთებდა უფლის თვალში ასა დავითის, მამამისის, მსგავსად. გაყარა მემრუშენი ქვეყნიდან, და ერთიანად მოიშორა კერპები, რომლებიც მის მამებს ჰქონდა გაკეთებული. თავისი დედაც კი, მაყაქა, დედოფლობას მოაშორა, რადგან კერპი ჰქონდათ დადგმული აშერასთვის. აჩეხა ასამ მისი კერპი და კიდრონის ხევში დასწვა. გორაკები კი არ მოუშორებია, თუმცა სრულად იყო ასას გული მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე. და შეიტანა უფლის სახლში თავისი შეწირული და მამამისის შეწირული ნივთები – ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. გამუდმებული ომი იყო ასასა და ბაყაშას, ისრაელის მეფეს, შორის. და გავიდა ბაყაშა, ისრაელის მეფე, იუდას წინააღმდეგ და იწყო რამას შენება, რათა არავინ გამოეშვა ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შეეშვა მასთან. და აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი, და მისცა ხელში თავის მსახურთ. მიაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ტაბრიმონის ძესთან, ხეზიონის ძისა, არამის მეფესთან, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა: „იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო. აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს; გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.“ და დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. და დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-თებ-მაყაქა, მთელი ქინეროთი და ნაფთალის მთელი მხარე. ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და თირცაში დარჩა. და მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელს იუდას და გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რასაც სამშენებლოდ იყენებდა ბაყაშა. და ააშენა ამით მეფე ასამ ბენიამინის გებაყი და მიცფა. ასას დანარჩენი საქმენი და ყველა მისი გმირობა, ყველაფერი, რაც გააკეთა, ქალაქები რომ ააშენა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი, გარდა იმისა, რომ სიბერეში ფეხები ასტკივდა. განისვენა ასამ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, სახლში. მის ნაცვლად იოშაფატი, მისი ძე, გამეფდა. ისრაელზე იერობყამის ძე ნადაბი გამეფდა ასას, იუდას მეფის, მეორე წელს, და ორი წელი მეფობდა ისრაელზე. ცუდს აკეთებდა იგი უფლის თვალში, და მიჰყვებოდა მამის გზას და მის ცოდვებს, და ისრაელსაც აცდუნებდა. აუჯანყდა მას ბაყაშა, ახიას ძე, ისაქარელი, და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმის გიბეთონში, როცა ნადაბი და მთელი ისრაელი გიბეთონს ედგნენ ალყად. მოკლა იგი ბაყაშამ ასას, იუდას მეფის, მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა. გამეფდა თუ არა, მუსრი გაავლო იერობყამის მთელს სახლს. ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობყამს, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც თავისი მსახურის, შილოელი ახიას პირით ბრძანა. იერობყამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელიც რომ აცდუნა, როცა გულისწყრომით აავსო უფალი, ისრაელის ღმერთი. ნადაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეში არის ჩაწერილი. გამუდმებული ომი იყო ასასა და ისრაელის მეფის ბაყაშას შორის. იუდას მეფის, ასას მესამე წელს გამეფდა ბაყაშა, ახიას ძე, ისრაელზე თირცაში და ოცდაოთხი წელი [იმეფა]. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობყამის გზას და მის ცოდვებს, და ისრაელსაც აცდუნებდა. იყო უფლის სიტყვა იეჰუ, ხანანის ძის, მიმართ ბაყაშას წინააღმდეგ: „მიწის მტვერიდან აგამაღლე და ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად დაგადგინე, მაგრამ რაკი იერობყამის გზას მიჰყვები, აცდუნებ ჩემს ერს, ისრაელს, და მაჯავრებ მათი ცოდვებით, აჰა, მოვსპობ ბაყაშას კვალს და მისი სახლის კვალს, და იმასვე დავმართებ შენს სახლს, რაც იერობყამ ნაბატის ძის სახლს დავმართე. ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ იმას. ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.“ ბაყაშას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. განისვენა ბაყაშამ თავის მამებთან და დაიმარხა თირცაში. მის ნაცვლად ელა, მისი ძე, გამეფდა. წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშას გამო და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში აკეთებდა იგი, რომ აჯავრებდა თავის ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობყამის სახლს, და იმის გამოც, რომ მოსპო იგი. იუდას მეფის, ასას ოცდამეექვსე წელს გამეფდა ელა, ბაყაშას ძე, ისრაელზე თირცაში და იმეფა ორი წელი. აუჯანყდა მისი მსახური ზიმრი, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაური. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის არცას სახლში, და როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს, და მის ნაცვლად გამეფდა. როგორც კი გამეფდა და დაჯდა მის ტახტზე, მუსრი გაავლო ბაყაშას მთელ სახლს, არავინ დაუტოვა კედელთან მიმშარდავი, არც მისი ნათესავი და არც მისი მეგობარი. და მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ბაყაშაზე იეჰუ წინასწარმეტყველის პირით, ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ბაყაშამ და ელამ ჩაიდინეს, და იმის გამოც, რომ აცთუნებდნენ ისრაელს და თავიანთი კერპებით აჯავრებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს. ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი და იმეფა შვიდ დღეს თირცაში. ამ დროს იყო, რომ შემოადგა ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონს. და როცა შეიტყო მოალყე ხალხმა, რომ აჯანყდა ზიმრი და მოკლა მეფე. მთელმა ისრაელმა იმავე დღეს ბანაკში გაამეფეს ისრაელზე ყამრი, ისრაელის მხედართმთავარი. და დაიძრა ყამრი და მთელი ისრაელი მასთან ერთად გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს თირცას. როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებული იყო ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის პალატში და თავზე გადაიბუგა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი, იმ ცოდვების გამო, რასაც სჩადიოდა, ბოროტს რომ აკეთებდა უფლის თვალში, რომ მიჰყვებოდა იერობყამის გზას და მის ცოდვებს, იერობყამი რომ სჩადიოდა ისრაელის საცთუნებლად. ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მაშინ გაიყო ისრაელის ერი ორ ნაწილად: ხალხის ერთი ნაწილი თიბნი გინათის ძის მხარეზე იყო, რომ გაემეფებინათ იგი, მეორე ნაწილი ყომრის უჭერდა მხარს. და სძლია ყომრის მომხრე ხალხმა თიბნი გინათის ძის მომხრე ხალხს. მოკვდა თიბნი და გამეფდა ყომრი. იუდას მეფე ასას ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტი წელი [იმეფა]. ექვს წელს თირცაში მეფობდა იგი. და ყომრიმ იყიდა სემერონის მთა შემერისგან ორ ქანქარ ვერცხლად და გააშენა ეს მთა, და მთის პატრონის, შემერის, სახელზე, თავის გაშენებულ ქალაქს სამარია უწოდა. ბოროტს აკეთებდა ყომრი უფლის თვალში და გადაამეტა ბოროტებაში ყველას, ვინც მის წინ იყო. და მიჰყვებოდა იერობყამ ნაბატის ძის გზას და მის ცოდვებს, რომლითაც აცთუნა იერობყამმა ისრაელი და თავისი კერპებით გააჯავრა უფალი, ისრაელის ღმერთი. ყომრის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, რაც ჩაიდინა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა ყომრიმ თავის მამებთან. და დაიმარხა სამარიაში. მის ნაცვლად ახაბი, მისი ძე, გამეფდა. ახაბ ყომრის ძე გამეფდა ისრაელზე ასას, იუდას მეფის, ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა ახაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში ოცდაორი წელი. ბოროტს აკეთებდა ახაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მის წინ იყო. და არ იკმარა იერობყამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული, და დაიწყო ბაყალის სამსახური და მისი თაყვანისცემა. და აღუმართა სამსხვერპლო ბაყალს ბაყალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა. და გააკეთა ახაბმა აშერა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აჯავრებდა ახაბი უფალს, ისრაელის ღმერთს. მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხო. თავის პირმშოზე, აბირამზე, დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის ხელით. და უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: „ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით.“ და გამოეცხადა უფლის სიტყვა: „წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, და ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. ამ ხევიდან სვი წყალი, ყორნებს კი ვუბრძანე, რომ გკვებონ იქ.“ და წავიდა და უფლის სიტყვისამებრ გააკეთა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. და მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა. გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად. და იყო უფლის სიტყვა მის მიმართ: „ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.“ და ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: „ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო.“ და წავიდა ქალი მოსატანად, მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: „პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.“ და თქვა ქალმა: „უფალს, შენს ღმერთს, გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს. ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ ორ გუდურა შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით კიდეც.“ და უთხრა ელიამ: „ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამ ქვეყანაში.’“ და წავიდა და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა. და ჭამდა თვითონ, მისი სახლიც, და ელიაც რამდენიმე ხანს. ფქვილი ქოთანში არ ილეოდა და ზეთი დოქში არ იკლებდა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას ხელით. ამ ამბების შემდეგ ავად გახდა ამ ქალის – დიასახლისის – ვაჟი. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. და უთხრა ქალმა ელიას: „რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან, და ბავშვს მიკლავ?“ და უთხრა ელიამ: „მომეცი შენი შვილი.“ და უბიდან გამოართვა დედას ბავშვი და ზემოთვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა. და შეჰღაღადა უფალს და უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ?“ და სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სამშვინველი მასში.“ და ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სამშვინველი მასში. და გაცოცხლდა იგი. და აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩამოიყვანა ზემო თვალიდან სახლში და მისცა დედას. და თქვა ელიამ: „დახედე, ცოცხალია შენი შვილი.“ და უთხრა ქალმა ელიას: „ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და შენს ბაგეებში უფლის სიტყვა მტკიცეა.“ გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს იყო უფლის სიტყვა ელიას მიმართ: „წადი, ეჩვენე ახაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე.“ და წავიდა ელია, რომ სჩვენებოდა ახაბს. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. და დაუძახა ახაბმა ყობადიაჰუს, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო ყობადიაჰუ. როცა იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა ყობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა მღვიმეებში და პურითა და წყლით არჩენდა მათ. და უთხრა ახაბმა ყობადიაჰუს: „წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები. იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი, რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ გაგვიქრეს პირუტყვი.“ და დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო. ახაბი ერთი გზით წავიდა მარტო, ყობადიაჰუ მეორე გზით წავიდა მარტო. გზად იყო ყობადიაჰუ, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო და დაეცა მის წინაშე და უთხრა: „ნუთუ შენ ელია ხარ, ჩემო ბატონო?“ უთხრა: „მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია.“ და თქვა ყობადიაჰუმ: „რა დავაშავე ასეთი, რომ ახაბს უგდებ ხელში მოსაკლავად შენს მსახურს? უფალს, შენს ღმერთს, გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი ან სამეფო, სადაც შენს საძებრად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. ეუბნებოდნენ, არ არისო, და ისიც დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, რომ ვერ გიპოვნეს. ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. გაგშორდები და არც კი მეცოდინება, სად გაგიტაცებს უფლის სული. მივალ ჩემს ბატონთან შესატყობინებლად, ვერ გიპოვნის და მომკლავს შენს მსახურს. ყმაწვილკაცობიდანვე ღვთის მოშიშია შენი მსახური. განა არ უთქვამს მისთვის, რაც გავაკეთე, როცა იზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა, რომ ვმალავდი ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მღვიმეებში და პურითა და წყლით ვარჩენდი? ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. ხომ მომკლა.“ და თქვა ელიამ: „ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას.“ და წავიდა ყობადიაჰუ ახაბის შესახვედრად და შეატყობინა. და წამოვიდა ახაბი ელიას შესახვედრად. როცა დაინახა ახაბმა ელია, უთხრა ახაბმა: „ეს შენა ხარ, ისრაელის მაშფოთებელი?“ და თქვა ელიამ: „მე არ ვაშფოთებ ისრაელს, არამედ შენ და მამაშენის სახლი იმით, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაყალებს გაჰყევით. ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი და ბაყალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კაცი, იზებელის სუფრას რომ უსხედან.“ და დაგზავნა ახაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შეკრიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე. და მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: „როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, ხოლო თუ ბაყალია, მას გაჰყევით“. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს. და უთხრა ელიამ ხალხს: „მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია. მოგვცენ ორი მოზვერი და ერთი მაგათ ამოირჩიონ. შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს, და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ღმერთი იქნება“. და მიუგო მთელმა ხალხმა და თქვეს: „კეთილი.“ და უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: „ამოირჩიეთ რომელიმე მოზვერი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ,“ და გამოიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა მათ, და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე მოუწოდებდნენ ბაყალის სახელს და უხმობდნენ: „ხმა გაგვეც, ბაყალ!“ მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გააკეთეს. შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: „მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან, ვაითუ, რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს, და გაიღვიძებს.“ დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე. შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგად იყვნენ დავარდნილი ძღვენის შეწირვის ჟამამდე. მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი. და უთხრა ელიამ მთელ ხალხს: „ახლოს მოდით.“ და მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება. და აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო იაკობის ძეთაგან, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა: ისრაელი იქნებაო შენი სახელი. და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე. სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი. და დააწყო შეშა, შუა გაკვეთა მოზვერი და შეშაზე დადო. და თქვა: „აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით აღსავლენ მსხვერპლსა და შეშას.“ და თქვა: „გაიმეორეთ.“ და გაიმეორეს. და თქვა: „მესამედ გადაასხით.“ მათაც გადაასხეს მესამედ. და ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ერთი ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მსახური ვარ და შენი სიტყვისამებრ გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.“ და ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი. ამოლოკა წყალიც, თხრილში რომ ესხა. და დაინახა მთელმა ხალხმა, და პირქვე დაემხო და შეჰყვირა: „ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!“ და უთხრა მათ ელიამ: „შეიპყარით ბაყალის წინასწარეტყველნი! არავინ გაგექცეთ!“ და შეიპყრეს, და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა. და უთხრა ელიამ ახაბს: „წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.“ და წავიდა ახაბი, რომ ეჭამა და ესვა. ხოლო ელია ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა. და უთხრა მსახურს: „წადი, ზღვისკენ გაიხედე.“ და წავიდა და გაიხედა. და თქვა: „არაფერი ჩანს.“ და უთხრა ელიამ: „შვიდგზის გააკეთე ასე.“ მეშვიდე ჯერზე თქვა: „აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან“. და თქვა ელიამ: „წადი, უთხარი ახაბს: ‘შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს.’“ ამასობაში ცა მოიქუფრა ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა ხშირი წვიმა. და შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელისკენ გაემართა. და ხელი უფლისა იყო ელიასთან. და შეიკრა თავისი ქამარი და ახაბის წინ რბოდა იზრეყელამდე. და უამბო ახაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, როგორ ამოხოცა მახვილით წინასწარმეტყველნი. მოციქული გაუგზავნა იზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს.“ და ეს რომ ნახა, ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. და მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და დატოვა იქ თავისი მსახური. თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, და მივიდა ერთი ბელეკონის ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა, სიკვდილი ინატრა და თქვა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ.“ და მიწვა და მიეძინა ბელეკონის ბუჩქის ძირას. და აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: „ადექი, ჭამე.“ და გაიხედა ელიამ და აჰა, ნამცხვარი და წყლით სავსე დოქი უდგას სასთუმალთან. და შეჭამა, შესვა და ისევ მიიძინა. მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს.“ და ადგა, ჭამა, სვა და ამ საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე. და შევიდა იქ ერთ მღვიმეში და დაიღამა. და აჰა, იყო უფლის სიტყვა მის მიმართ. უთხრა: „აქ რა გინდა, ელია?“ და თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი, მე ერთი დავრჩი, მაგრამ ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან იგი.“ და უთხრა: „გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე.“ აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსვრელი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე – მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი. მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე – ოდნავი ჩქამი. რომ გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა, და აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: „აქ რა გინდა, ელია?“ და თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის, შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, და დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი, მაგრამ ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან იგი.“ და უთხრა უფალმა: „წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ. და იეჰუს, ნიმშის ძეს, სცხე ისრაელზე სამეფოდ. ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მეხოლადან რომ არის, სცხე, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად. და ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება, იეჰუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება, ელისე მოკლავს. დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის.“ და წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე, შაფატის ძე. თორმეტი უღელი ხნავდა მიწას. თორმეტი უღელი ეყენა წინ. თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი. და მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: „გამიშვი, ვეამბორო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები“, უთხრა: „წადი და მობრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?“ და გაბრუნდა უკან, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი, ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. და ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა. ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, შეკრიბა მთელი თავისი ჯარი, თან იახლა ოცდათორმეტი მეფე, და ცხენებითა და ეტლებით დაიძრა, შემოადგა სამარიას და ბრძოლა გაუმართა. და გაუგზავნა მოციქულები ახაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში, და შეუთვალა: „ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ‘ჩემია შენი ვერცხლი და შენი ოქრო, ჩემია შენი ცოლები და შენი საუკეთესო ვაჟები.’“ და მიუგო ისრაელის მეფემ და უთხრა: „შენი სიტყვისამებრ იყოს, მეფე-ბატონო! მეც შენი ვარ და ჩემი საბადებელიც შენია.“ კვლავ მოვიდნენ მოციქულები და თქვეს: „ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ‘რაკი შემოგითვალე, მომეცი შენი ოქრო-ვერცხლი, შენი ცოლები და შენი ვაჟები. ხვალ ამ დროს გამოგიგზავნი ჩემს მსახურთ, რომ გაჩხრიკონ შენი სახლი და შენს მსახურთა სახლები, და ხელი დაადონ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენს თვალში, და წამოიღონ.’“ და უხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის მთელს უხუცესობას და უთხრა: „კარგად შეიგნეთ, რომ ცუდს გვიპირებს ეს კაცი, რადგან ჩემი ცოლების, ჩემი ვაჟიშვილების და ჩემი ოქრო-ვერცხლის წასართმევად გამოგზავნა ხალხი, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის.“ და უთხრეს მთელმა უხუცესობამ და მთელმა ერმა: „ყურს ნუ დაუგდებ და ნურც დათანხმდები.“ და უთხრა მან ბენ-ჰადადის მოციქულებს: „ასე უთხარით ჩემს მეფე-ბატონს: რაც პირველად შემოუთვალე შენს მსახურს, იმას გავაკეთებ. მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია.“ და წავიდნენ მოციქულები და მიუტანეს პასუხი. და შეუთვალა ბენ-ჰადადმა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ სამარიის მტვრის თითო პეშვი შეხვდეს ყველას, ვინც უკან მიდგას.“ და მიუგო ისრაელის მეფემ და თქვა: „ნუ იტრაბახებს სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემხსნელივით.“ და გაიგონა ეს შემოთვლილი სიტყვა ბენ-ჰადადმა, რომელიც მეფეებთან ერთად ჩარდახის ქვეშ სვამდა, და უთხრა თავის მსახურთ: „შემოეწყვეთ!“ ისინიც შემოეწყვნენ ქალაქს. და აჰა, მიუახლოვდა ერთი წინასწარმეტყველი ახაბს, ისრაელის მეფეს და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? ხელში ჩაგაგდებინებ დღეს ყველას, რათა იცოდე, რომ მე უფალი ვარ.’“ და თქვა ახაბმა: „ვისი წყალობით?“ და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘მხარეთა მთავრების მსახურთა წყალობით.’“ და თქვა: „ვინ წამოიწყებს ბრძოლას?“ და თქვა: „შენ“. და დათვალა მხარეთა მთავრების მსახურნი და აღმოჩნდა ორასოცდათორმეტი კაცი, მათ მერე დათვალა მთელი ხალხი, ყველა ისრაელიანი – შვიდი ათასი კაცი. შუადღისას გავიდნენ, როცა ბენ-ჰადადი სვამდა და თვრებოდა ჩარდახქვეშ თავის თანამდგომ ოცდათორმეტ მეფესთან ერთად. პირველად მხარეთა მთავრების მსახურნი გავიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და ამბავი მოუტანეს: ხალხი გამოდისო სამარიიდან. და თქვა: „თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულნი, ცოცხლად შეიპყარით. თუ საბრძოლველად არიან გამოსულნი, ასევე შეიპყარით ცოცხლად.“ ესენი გამოვიდნენ ქალაქიდან, მხარეთა მთავრების მსახურნი და ლაშქარი, მათ რომ მიჰყვებოდა უკან. ყველამ თავ-თავისი მეტოქე დასცა ძირს. უკუიქცნენ არამელები და დაედევნა მათ ისრაელი. და გაიქცა ცხენით ბენ-ჰადადი, არამის მეფე, მხედრებთან ერთად. და გამოვიდა ისრაელის მეფე და დასცხო ცხენებსა და ეტლებს. და დიდი გამარჯვება მოიპოვა არამზე. და მიუახლოვდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: „წადი, გამაგრდი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წელიწადი შემობრუნდება და დაგესხმის თავს არამის მეფე.“ და უთხრეს მისმა მსახურებმა არამის მეფეს: „მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუ ვაკეზე შევებრძოლებით, უსათუოდ ვძლევთ. აბა, ასე მოიქეცი: თავ-თავის ადგილებს მოაშორე მეფეები და მათ ნაცვლად ერისმთავარნი დააყენე. შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. ვაკეზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავამარცხებთ.“ ყურად იღო მათი სიტყვა და ასე გააკეთა. და როცა მობრუნდა წელიწადი, დაათვალიერა თავისი ლაშქარი არამის მეფემ და გაემართა აფეკისკენ ისრაელის ძეებთან საბრძოლველად. და დაეწყვნენ ისრაელის ძენიც, საგზალი მიიღეს და მათ შესახვედრად დაიძრნენ. თხის ორი ჯოგივით დაიბანაკეს ისრაელის ძეთ მათ პირისპირ, ხოლო არამელებმა დაფარეს მიწა. და გამოჩნდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი თქვეს არამელებმა უფალზე, მთების ღმერთი არისო და ვაკეების ღმერთი არ არისო, მთელ ამ ურიცხვ ლაშქარს ხელში ჩაგაგდებინებ, რათა იცოდეთ, რომ უფალი ვარ’“. ასე იყვნენ დაბანაკებულნი ერთმანეთის პირისპირ შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა და გაწყვიტეს ისრაელის ძეთ არამელნი – ასი ათასი ქვეითი ერთ დღეს. დანარჩენები ქალაქ აფეკში გაიქცნენ, დანარჩენი ოცდაშვიდი ათასი კაცი კი კედელმა დაიტანა. ბენ-ჰადადიც გაიქცა და მივიდა ქალაქში და შიდა ოთახში დაიმალა. და უთხრეს მისმა მსახურებმა: „გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები. წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე საბლებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან. ვინძლო ცოცხლები დაგვტოვოს“. წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე საბლები დაიდეს, და მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: „შენი მსახური ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო.“ და თქვა: „ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმა არის.“ და ინიშნეს ეს ამ კაცებმა, არ დაიბნენ და სასწრაფოდ მიუგეს: „შენი ძმა არის ბენ-ჰადადი.“ და თქვა მეფემ: „წადით და მოიყვანეთ“. და გამოვიდა მასთან ბენ-ჰადადი და ეტლზე დაისვა იგი მეფემ. და უთხრა: „დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა. იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი, – თქვა ახაბმა, – ხელშეკრულების დადებით გაგისტუმრებ.“ დაუდო ხელშეკრულება და გაისტუმრა. და უთხრა ერთმა წინასწარმეტყველთა დასიდან მეორეს, უფლის სიტყვით: „მცემე.“ და არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა. და უთხრა: „რაკი არ გაიგონე უფლის ხმა, აჰა, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს.“ წავიდა მისგან კაცი, შემოეყარა ლომი და მოკლა კაცი. და მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: „მცემე.“ მაგრად სცემა იმ კაცმა და დააწყლულა. და წავიდა წინასწარმეტყველი და დახვდა მეფეს გზაზე, თვალებზე რიდე ჰქონდა აფარებული. და როცა გამოიარა მეფემ, შეჰბღავლა მან მეფეს და უთხრა: „შუაგულ ბრძოლაში იყო შენი მსახური, როცა ვიღაც კაცი გავიდა გვერდზე და მომიყვანა კაცი და მითხრა: ‘უყარაულე ამ კაცს. თუ დაიკარგა, შენი სული მისი სულის წილ იყოს, ანდა ერთი ქანქარი ვერცხლი გადაიხადე.’ და გაერთო საქმით შენი მსახური და აჰა, სადღაა კაცი.“ და უთხრა მას ისრაელის მეფემ: „შენ თავად გამოგიტანია განაჩენი შენთვის.“ და მყისვე გადაიძრო რიდე თვალთაგან და იცნო ისრაელის მეფემ, შეიცნო მასში ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი. და უთხრა წინასწარმეტყველმა: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი ხელიდან გაუშვი ჩემი დარისხებული კაცი, იყოს შენი სული მისი სულის წილ, და შენი ხალხი მისი ხალხის წილ.’“ და წავიდა ისრაელის მეფე შინისაკენ დამწუხრებული და შეშფოთებული და მივიდა სამარიას. ამ ამბების მერე იყო: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, ახაბის, სამარიის მეფის, სასახლის გვერდით. და ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: „დამითმე შენი ვენახი, საბოსტნედ მექნება. რადგან ჩემი სახლის გვერდითაა. სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ, ანდა, თუ გინდა, მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდი.“ და უთხრა ნაბოთმა ახაბს: „უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!“ და წავიდა ახაბი თავის სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვის გამო, რაც ნაბოთ იზრეყელელმა უთხრა: ვერ მოგცემო ჩემი მამა-პაპის სამკვიდროს. და ჩაწვა თავის საწოლში და პირი კედლისკენ ქნა, პურიც არ უჭამია. და შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი და დაელაპარაკა: „რამ დაგინაღვლიანა სული, რომ პურს არა ჭამ?“ და უთხრა: ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს და ვუთხარი: ‘დამითმე შენი ვენახი ვერცხლად, ან, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ.’ და თქვა: ‘არ მოგცემ ჩემს ვენახს.’“ და უთხრა იზებელმა, მისმა ცოლმა: „ახლა დაამტკიცე, რომ ისრაელის მეფე ხარ! ადექი, პური ჭამე და გული გაიმხიარულე, და მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს“. და დაწერა წერილები ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა წერილები უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში. ასე ჩაწერა წერილებში: „გამოაცხადეთ მარხვა და ხალხის თავში დასვით ნაბოთი. წინ დაუსვით ორი ბოროტი კაცი, რომ ცილი დასწამონ მას და უთხრან: ‘შენ იყავი, ღმერთსა და მეფეს რომ აგინებდი!’ და გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს.“ ისე გააკეთეს იმ ქალაქის კაცებმა – უხუცესებმა და წარჩინებულებმა, რომელნიც მის ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორც შეუთვალა მათ იზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი. და გამოაცხადეს მარხვა და ხალხის თავში დასვეს ნაბოთი. და გამოვიდა ორი ბოროტი კაცი და წინ დაუსხდნენ. ცილი დასწამეს ამ ბოროტმა კაცებმა ნაბოთს ხალხის წინაშე: შეაგინა ნაბოთმა ღმერთსა და მეფესო. და გაიყვანეს ქალაქის გარეთ. ჩაქოლეს და მოკვდა. ასე შეუთვალეს იზებელს: „ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა.“ როცა გაიგო იზებელმა, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, უთხრა იზებელმა ახაბს: „ადექი, დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომ არ უნდოდა შენთვის მოეყიდა, რადგან აღარ არის ცოცხალი ნაბოთი, მკვდარია.“ როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა ახაბი, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაპატრონებოდა. და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ: „ადექი და დახვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად. და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები?’ და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ ძაღლები.’“ და უთხრა ახაბმა ელიას: „მაინც მომაგენი, ჩემო მტერო!“ და თქვა: „მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტი გაგეკეთებინა უფლის თვალში. და აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტავ შენს შემდგომს. ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს კედელთან მიმშარდავი, ყმა თუ აზატი ისრაელში. ისე გავუკეთებ შენს სახლს, როგორც გავუკეთე იერობყამ ნაბატის ძის სახლს, ბაყაშა ახიას ძის სახლს, იმ ჯავრის გამო, რომ შეაცთუნე ისრაელი.“ და იზებელზეც თქვა უფალმა: „ძაღლები შეჭამენ იზებელს იზრეყელის გალავანთან. და ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. ჯერ არავინ ყოფილა, რომელსაც ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იზებელი, მისი ცოლი. დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა.“ როცა გაიგონა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიგლიჯა ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. და მარხულობდა, და ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა. და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ: „ხომ ხედავ, როგორ მოდრკა ახაბი ჩემს წინაშე? და რაკი მოდრკა ჩემს წინაშე, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში. მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს.“ ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის. მესამე წელს ჩავიდა იოშაფატი, იუდას მეფე, წავიდა ისრაელის მეფესთან. და უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: „ხომ იცით, რომ ჩვენია გილყადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.“ და უთხრა იოშაფატს: „წამომყვები გილყადის რამოთისათვის საბრძოლველად?“ და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?“ და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „აბა, დაეკითხე დღეს უფლის სიტყვას.“ და შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი – ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: „გავილაშქრო გილყადის რამოთზე, თუ თავი შევიკავო?“ და თქვეს: „გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.“ და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მისი საშუალებით ვკითხოთ უფალს?“ და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქაიეჰუ იმლას ძეა“. და თქვა იოშაფატმა: „ნუ ამბობს ასე, მეფევ.“ და უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაიეჰუ იმლას ძე.“ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი შესამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე. და გაიკეთა ციდკიაჰუ ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘ამით ურქენ არამს და ბოლოს მოვუღებ.’“ ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: „მიუხდი გილყადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.“ ასე ეუბნებოდა მიქაიეჰუს მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: „აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.“ და თქვა მიქაიეჰუმ: „უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს“. და მივიდა მეფესთან, და უთხრა მეფემ: „მიქაიეჰუ, გავილაშქროთ გილყადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?“ და უთხრა: „გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.“ და უთხრა მეფემ: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?“ და თქვა: „ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში’“. და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ იწინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.“ და თქვა [მიქაიაჰუმ]: „აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ. და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გილყადის რამოთში?’ ერთი ამას ამბობდა, მეორე – იმას. და გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ ჰკითხა უფალმა: ‘რითი?’ და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში’. და თქვა [უფალმა]: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა; წადი, ასე გააკეთე.’ აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.“ და მიეჭრა ციდკიაჰუ ქენაყანას ძე და ლოყაში გაარტყა მიქაიეჰუს, და თქვა: „როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?“ და თქვა მიქაიეჰუმ: „კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებს სირბილს დასამალავად.“ და თქვა ისრაელის მეფემ: „შეიპყარი მიქაიეჰუ და მიჰგვარე ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს, და უთხარი: ასე ამბობს-თქო მეფე: ‘დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.’“ და თქვა მიქაიეჰუმ: „თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით.“ და თქვა: „მისმინეთ ყველამ, ხალხნო!“ და წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე, გილყადის რამოთზე. და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას.“ და გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად. და უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ოცდათორმეტ კაცს, ვინც ჰყავდა: „ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.“ როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე, და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. და იყვირა იოშაფატმა. როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას. ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. და უთხრა თავის მეეტლეს: „გატრიალდი და მებრძოლებიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ“. გახურდა ომი იმ დღეს. და ეტლზე იდგა ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამო ხანს. და წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლის ძარაში. და გავარდა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: „ყველა თავის ქალაქისკენ, ყველა თავის ქვეყნისკენ!“ და მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას, და დამარხეს მეფე სამარიაში. და გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე, და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს, რომელიც სიძვის დიაცებმა ჩამორეცხეს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს. ახაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, სპილოსძვლის სახლი, რომელიც ააშენა, ქალაქები, რომელნიც გააშენა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა ახაბმა თავის მამა-პაპასთან და გამეფდა ახაზიაჰუ, მისი ძე, მის ნაცვლად. იოშაფატ ასას ძე გამეფდა იუდაზე ახაბის, ისრაელის მეფის, მეოთხე წელს. ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზუბა შილხის ასული. ყველაფერში მამამისის გზას ადგა იგი, არ უხვევდა მისგან, და სწორს აკეთებდა უფლის თვალში. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული, ხალხი ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა. ზავი ჰქონდა იოშაფატს ისრაელის მეფესთან. იოშაფატის დანარჩენი საქმენი, მისი გმირობა, რაც ჩაიდინა, და როგორ იბრძოდა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მემრუშე კაცთა ნატამალნი, მისი მამის ასას დრომდე რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა მიწის პირისაგან. მეფე არ იყო ედომში, მხოლოდ მეფის დანიშნული ზედამხედველი იყო. ათი თარშიშული ხომალდი ააგო იოშაფატმა ოფირიდან ოქროს მოსატანად, მაგრამ არ მიუღწევიათ, რადგან ყეციონ-გაბერში დაილეწა ხომალდები. მაშინ უთხრა ახაზია ახაბის ძემ იოშაფატს: „იარონ ჩემმა მსახურებმა შენს მსახურებთან ერთად ხომალდებით.“ და არ დაეთანხმა იოშაფატი. და განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, ქალაქში და გამეფდა იორამი, მისი ძე, მის ნაცვლად. ახაზია ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იოშაფატის იუდას მეფის, მეჩვიდმეტე წელს და იმეფა ისრაელზე ორი წელი. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობყამ ნაბატის ძის გზაზე, რომელმაც აცთუნა ისრაელი. და ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა მას, და განარისხა უფალი, ისრაელის ღმერთი, როგორც მამამისი აკეთებდა. და განუდგა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ. და გადმოვარდა ახაზია თავისი ზემოთვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. და გაგზავნა მოციქულები და დააბარა: „წადით და დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგან?“ უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: „წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და ეუბნე: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად?’ ამიტომ ამბობს ასე უფალი: ‘ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ და წავიდა ელია. და დაბრუნდნენ მოციქულები მასთან და უთხრა მათ: „რისთვის დაბრუნდით?“ და უთხრეს: „კაცი ამოვიდა ჩვენს შესახვედრად და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან, მიდიხართ სამკითხაოდ? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ ეუბნა მათ: „როგორ გამოიყურება ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“ და უთხრეს მას: „ბალანი მოსავს იმ კაცს და წელზე ტყავის სარტყელი არტყია.“ და თქვა: „ეს ელია თიშბელია.“ და მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მასთან, და აჰა, მთის თხემზე ზის ელია. და ეუბნა მას: „ღვთისკაცო! მეფე გეუბნება, ძირს ჩამოხვიდე.“ და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა მისი ორმოცდაათი კაცითურთ. და კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და ეუბნა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: ‘ჩამოდი სასწრაფოდ!’“ და მიუგო ელიამ და ეუბნა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა იგი მისი ორმოცდაათი კაცითურთ. და მესამედ მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და ეუბნა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში. აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.“ და ეუბნა უფლის ანგელოზი ელიას: „ჩაჰყევი, ნუ გეშინია მათი.“ და ადგა ელია და ჩავიდა მათთან ერთად მეფესთან. და ეუბნა მას: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან, გაგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხებოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები.’“ და მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, როგორც იუბნა ელიამ. და მის ნაცვლად იორამი გამეფდა იუდას მეფის იორამ იოშაფატის ძის მეორე წელს. რადგან მას ძე არ ჰყოლია. და ახაზიაჰუს დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელისესთან ერთად. და უთხრა ელიამ ელისეს: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი.“ და თქვა ელისემ: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ.“ და წავიდნენ ბეთელს. და გამოვიდნენ ბეთელის წინასწარმეტყველთა ძენი ელისესაკენ და უთხრეს: „ხომ იცი. რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ?“ და თქვა: „მეც ვიცი. დადუმდით.“ და უთხრა მას ელიამ: „ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხოში მაგზავნის უფალი.“ და თქვა: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ.“ და წავიდნენ იერიხოში. და მიადგნენ ელისეს იერიხოს წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს: „ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ?“ და თქვა: „მეც ვიცი. დადუმდით.“ და უთხრა მას ელიამ: „აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი.“ და თქვა: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ.“ და წავიდნენ ორივენი, და წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირდაპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ. და აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი ხმელეთზე გავიდნენ. როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო. ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან.“ და თქვა ელისემ: „შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე.“ და უთხრა: „ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება, თუ ვერა და, არ აგისრულდება.“ და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. და უყურებდა ელისე და ეძახდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ, ისრაელის ეტლო და მისო მხედრობავ!“ და მეტად აღარ დაუნახავს იგი. და ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია. და აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. და აიღო ელიას მოსასხამი, მას რომ დაუვარდა და დაჰკრა წყალს და თქვა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?“ და დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა. და შორიდან დაინახეს იგი იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთ და თქვეს: „ელიას სული გადმოვიდა ელისეზე.“ და მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს. და უთხრეს: „აჰა, ორმოცდაათი მარჯვე კაცი გვყავს შენს მსახურთ. თუ გინდა, წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში, ან ხევში ჩამოაგდო.“ და თქვა: „ნუ გაგზავნით.“ არ მოეშვნენ, ვიდრე არ შერცხვა, და ბოლოს უთხრა: „გაგზავნეთ.“ და გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი. და სამ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. და მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხოში იჯდა. და უთხრა მან: „ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ-მეთქი.“ და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: „კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი, მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა.“ და თქვა: „მომეცით ახალი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ.“ და მისცეს. ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘განმიკურნავს ეს წყალი.’ ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა.“ და დღემდე განკურნებულია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან. იქიდან ბეთელისკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: „წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!“ და უკან მოიხედა, და დაინახა ისინი და უფლის სახელით დასწყევლა. და გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი. და იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა. და იორამ ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იუდას მეფის, იოშაფატის, მეთვრამეტე წელს და იმეფა თორმეტი წელი. ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში, ოღონდ არა მამამისივით და დედამისივით. მან გადააგდო ბაყალის სვეტი, მამამისმა რომ აღმართა. მაგრამ მიწებებული იყო და არ განრიდებია ცოდვებს იერობყამისა, ნაბატის ძისა, რომელმაც აცთუნა ისრაელი. და მეშაყი, მოაბის მეფე, ცხვრის პატრონი იყო და უგზავნიდა ისრაელის მეფეს ასი ათას ცხვარს და ასი ათას გაუპარსავ კრავს. მხოლოდ ახაბის სიკვდილის შემდეგ განუდგა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს. და გამოვიდა მეფე იორამი იმხანად სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი. და წავიდა და შეუთვალა იოშაფატს, იუდას მეფეს: „განმიდგა მოაბის მეფე. ხომ არ წამოხვალ ჩემთან ერთად მოაბის წინააღმდეგ?“ და თქვა: „წამოვალ. რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?“ და თქვა: „რომელი გზით წავიდეთ?“ და თქვა: „ედომის უდაბნოს გზით.“ და წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე. და იტრიალეს შვიდი დღე და ვერ ნახეს წყალი ლაშქრისთვის და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ. და თქვა ისრაელის მეფემ: „აჰა, შეჰყარა უფალმა ეს სამი მეფე, მოაბს რომ ჩაუგდოს ხელში.“ და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ უფლისთვის ვაკითხვინოთ?“ და მიუგო ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა და თქვა: „არის აქ ელისე შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელის დასაბანად.“ და თქვა იოშაფატმა: „უფლის სიტყვაა მასთან.“ და ჩააკითხეს მას ისრაელის მეფემ, და იოშაფატმა და ედომის მეფემ. და უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: „რა გინდა ჩემგან? წადი მამაშენის წინასწარმეტყველებთან და დედაშენის წინასწარმეტყველებთან.“ და თქვა ისრაელის მეფემ: „არა, იმისთვის შეყარა უფალმა ეს სამი მეფე, რომ მოაბს ჩაუგდოს ხელში.“ და თქვა ელისემ: „ცაბაოთ უფალს გეფიცები, რომლის წინაშეც მე ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, პატივს რომ არ ვცემდე იოშაფატს, იუდას მეფეს. ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე.“ და როცა უკრავდა მეჩანგე, უფლის ხელი იყო ელისეზე. და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘თხრილები დათხარეთ ამ ხევში.’ რადგან ასე ამბობს უფალი: ‘ვერ დაინახავთ ქარს და ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ხევი, თქვენც სვით, თქვენმა ჯოგმაც და თქვენმა პირუტყვმაც. ამას არ აკმარებს უფალი: მოაბსაც ჩაგაგდებინებთ ხელში. და შემუსრავთ ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს, და ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროსთვალს ამოყორავთ, და საუკეთესო ყანებს ქვით აავსებთ.’“ და იყო დილით, პურეულის ძღვენის მიტანისას, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე და წყლით აივსო მიწა. და გაიგო მთელმა მოაბმა, რომ დაიძრნენ მეფეები მათთან საომრად. და ყველამ თავი მოიყარა, სარტყლის მატარებელმა და უხნესებმაც, და დადგნენ საზღვართან. და გაიღვიძეს დილაადრიან და, როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან წყალი სისხლივით წითელი მოეჩვენათ. და თქვეს: „ეს სისხლია, დატაკებიან მეფეები და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა, შენია ნადავლი, მოაბო!“ და მიადგნენ ისრაელის ბანაკს. და შეუტია ისრაელმა და დასცხო მოაბს და უკუაქცია. და მიეწივნენ და დახოცეს მოაბელები. ქალაქები დაანგრიეს. საუკეთესო ყანებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვით აავსეს. და ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს. ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ კირ-ხარასეთში, შემოადგნენ მეშურდულენი და დააქციეს. და დაინახა მოაბის მეფემ, რომ იძლია ბრძოლაში, და გაიყოლა შვიდასი კაცი, მახვილის ამომწვდელი, და შეეცადა, ედომის მეფისკენ გაეღწია, მაგრამ ვერ შეძლეს. და მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო, და სრულადდასაწველად შესწირა გალავანზე. და იყო დიდი გულისწყრომა ისრაელზე, და მოსცილდნენ მოაბს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ. ერთმა ქალმა, რომელიღაც წინასწარმეტყველის ცოლმა, ტირილით შეჰღაღადა ელისეს: „მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური, და შენ იცი, ღვთისმოშიში იყო შენი მსახური. და მოვიდა მევახშე და ჩემი ორივე ბავშვი მონებად მიჰყავს.“ და უთხრა ელისემ: „რა გიყო? მითხარი, რა გაქვს სახლში?“ და თქვა: „სახლში არაფერი აქვს შენს მხევალს, გარდა მცირეოდენი ზეთისა.“ და უთხრა: „წადი და ჭურჭელი ინათხოვრე ყველა მეზობლისაგან, ცარიელი ჭურჭელი. ბევრი დააგროვე. მერე მოდი, ჩაიკეტეთ სახლში შენ და შენი შვილები და აავსე ყველა ეს ჭურჭელი. სავსე გვერდზე გადადგი.“ და წავიდა ქალი და ჩაიკეტა სახლში თავის შვილებიანად. ისინი აწვდიდნენ, თვითონ ასხამდა. და როცა ჭურჭლები აივსო, უთხრა ვაჟიშვილს: „კიდევ მომაწოდე ჭურჭელი.“ და უთხრა: „არ არის მეტი ჭურჭელი.“ და შეწყდა ზეთიც. და მივიდა და უამბო ღვთისკაცს. და უთხრა მან: „წადი, გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი. და დანარჩენით თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა.“ ერთ დღესაც შუნემში გაიარა ელისემ. და ცხოვრობდა იქ ერთი მდიდარი ქალი, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი. და რამდენჯერაც არ ჩაივლიდა, ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე იქ პურის საჭმელად. და უთხრა ქალმა თავის ქმარს: „ნამდვილად ვიცი, რომ წმიდაა ღვთისკაცი, აქეთ რომ დადის ხოლმე. მოვუწყოთ მცირე ოთახი ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი. და, როცა ჩვენთან გამოივლის, იქ შევიდეს.“ ერთ დღესაც გამოიარა მათთან, და შევიდა ზემოთვალში და დაწვა. და უთხრა ელისემ გეხაზის, თავის მსახურ ბიჭს: „დაუძახე ამ შუნემელ ქალს“, მანაც დაუძახა და ეახლა ქალი. და უთხრა ელისემ მსახურ ბიჭს: „უთხარი მაგას: ‘აჰა, დიდად ზრუნავ-თქო ჩვენზე, რა შემიძლია, რომ გაგიკეთო? იქნებ ველაპარაკო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს?’“ და მიუგო ქალმა: „არა, ჩემს ხალხში ვცხოვრობ.“ და თქვა: „მაინც რა გავუკეთო?“ და თქვა გეხაზიმ: „მართლა, შვილი არა ჰყავს და ქმარი კი მოხუცია.“ და თქვა: „დაუძახე.“ და დაუძახა და კართან დადგა ქალი. და თქვა: „გაის ამ დროს ჩახუტებული გეყოლება ვაჟიშვილი.“ და თქვა ქალმა: „არა, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მატყუებ შენს მხევალს.“ და დაორსულდა ის ქალი და წლის სწორზე შვა ძე, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის ელისეს. და გაიზარდა ბავშვი და ერთ დღესაც წავიდა მამამისთან, მომკელებთან. და უთხრა მამას: „ვაი! ვაი, თავი!“ და უთხრა კაცმა მსახურ ბიჭს: „დედას წაუყვანე!“ და წაიყვანა და მიუყვანა დედას, იჯდა მის მუხლებზე შუადღემდე და მოკვდა. და ავიდა ქალი ზემოთვალში და ღვთისკაცის საწოლში ჩააწვინა ბავშვი, კარი გამოიკეტა და გარეთ გავიდა. და დაუძახა ქმარს და უთხრა: „გამომიგზავნე ერთი ვინმე მსახური და ერთი ვირი, ღვთისკაცთან გავიქცევი და ისევ მოვბრუნდები.“ და უთხრა: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალმთავრობაა და არც შაბათი.“ თქვა ქალმა: „შენ დადუმდი.“ და შეკაზმა ქალმა ვირი და უთხრა მსახურ ბიჭს: „წინ წაუძეხი და იარე. და გზად ნუ გამაჩერებ, თუ მე არ გიბრძანო.“ და გაემგზავრნენ, და მივიდნენ ღვთისკაცთან, ქარმელის მთაზე. და როცა შორიდან მოჰკრა თვალი ქალს ღვთისკაცმა, უთხრა გეხაზის, თავის მსახურს: „აგერ, ის შუნემელი ქალი. აბა, გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: ‘როგორ ხარ, როგორ არის შენი ქმარი, როგორ გყავს შვილი.’“ და თქვა ქალმა: „მშვიდობით.“ და მივიდა ქალი ღვთისკაცის მთაზე და ფეხებში მოეჭიდა. მივარდა გეხაზი, რომ მოეშორებინა, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: „თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის.“ და თქვა ქალმა: „განა მითხოვნია შვილი ჩემი ბატონისათვის? ხომ ვეუბნებოდი: ტყუილად ნუ დამპირდები-მეთქი“? და უთხრა გეხაზის: „სარტყელი შემოირტყი წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. შემხვედრს არავის მიესალმო, და, თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე და სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი.“ და თქვა ყმაწვილის დედამ: „უფალს და შენს თავს გეფიცები, თავს არ დაგანებებ.“ და ადგა ღვთისკაცი და გაჰყვა ქალს. მათზე წინ მივიდა გეხაზი და სახეზე არგანი დაადო ბავშვს. არ ისმოდა ხმა და ჩამიჩუმი. და უკან გაბრუნდა მის შესახვედრად და მოახსენა: „არ იღვიძებს ბავშვი.“ და შევიდა სახლში ელისე და აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე. და შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი. და ზემოდან დააწვა ბავშვს. პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული. ერთი გაიარ-გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოდან. შვიდჯერ დააცემინა ბავშვმა და გაახილა თვალი. და დაუძახა გეხაზის და უთხრა: „დაუძახე იმ შუნემელს“. და დაუძახა. და მივიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: „წაიყვანე შენი შვილი.“ და მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანისცა. და აიყვანა თავისი შვილი და გავიდა. და დაბრუნდა ელისე გილგალს. შიმშილობა იყო იმ ქვეყანაში. წინ დაუსხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. და უთხრა მსახურ ბიჭს: „დადგი დიდი ქვაბი და კერძი მოუხარშე წინასწარმეტყველთა ძეთ.“ და გავიდა ერთი მათგანი მინდორში მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური ხვიარა და დაკრიფა მთელი კალთა ველური ნაყოფი. და მოვიდა და ჩააჭრა შეჭამადის ქვაბში, რადგან არ იცოდნენ. და დაუსხეს კაცებს საჭმელად. და როცა ჭამდნენ შეჭამადს, იყვირეს და თქვეს: „სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!“ და ვეღარ შეჭამეს. და თქვა: „მომეცით ფქვილი.“ ჩაყარა ქვაბში და თქვა: „დაუსხი ხალხს, ჭამონ“. ცუდი აღარაფერი იყო დარჩენილი ქვაბში. და მოვიდა ვიღაც კაცი ბაყალ-შალიშადან და მოუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პური: ოცი ქერის პური და ნედლი თავთავი გუდით. და თქვა ელისემ: „მიეცი ხალხს, შეჭამონ.“ და თქვა მისმა მსახურმა: „ეს რა უნდა გაუხდეს ამ ას კაცს?“ და უთხრა: „მიეცი ხალხს, ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: ‘შეჭამენ და კიდეც მორჩებათ.’“ და მისცა. ჭამეს და კიდეც მორჩათ, უფლის სიტყვისამებრ. ნაყამანი, არამის მეფის სარდალი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, მაგრამ კეთროვანი. და როცა სათარეშოდ იყვნენ გასული არამელები, ტყვედ წაიყვანეს ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა. და ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი. და უთხრა თავის ქალბატონს: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან.“ და მივიდა (ნაყამანი) და უამბო თავის ბატონს: „ასე და ასე ამბობს ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილი გოგონა.“ და თქვა არამის მეფემ: „წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან.“ წავიდა და თან წაიღო ათი ქანქარი ვერცხლი, ექვსი ათასი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი. და მიართვა ისრაელის მეფეს წერილი, რომელიც ამბობდა: „აი ახლა, როდესაც ეს წერილი მოვა შენთან, აჰა, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან.“ და როცა წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის: კეთრისგან განმიკურნეო ეს კაცი. იცოდეთ, შემოჩენილია იგი.“ და როცა გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, შეუთვალა: „რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში.“ და მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა. და გაუგზავნა ელისემ მსახური და შეუთვალა: „წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები.“ და გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: „აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღვთის, სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი. განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი ისრაელის მთელს მდინარეებს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ გავსუფთავდები?“ და გატრიალდა და წავიდა ბრაზმორეული. და მიეახლნენ მისი მსახურნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: „ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როცა გეუბნება: ‘იბანე და განიწმიდები.’“ და ჩავიდა, და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში ღვთისკაცის სიტყვისამებრ და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა. და დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა. და მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: „აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან.“ და თქვა: „ვფიცავ უფალს, რომლის წინაშეც ვდგავარ, თუ მივიღო.“ და აიძულებდა აღებას, მაგრამ არ დაჰყვა. და თქვა ნაყამანმა: „თუ ასეა, მომცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს მსხვერპლი შენმა მსახურმა. ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა ჩემი ბატონი რიმონის სახლში თაყვანისსაცემად, დაეყრდნობა ჩემს ხელს და მეც მომიხდება თაყვანისცემა რიმონის სახლში, ჰოდა, რიმონის სახლში თაყვანისცემისას აპატიოს ეს შენს მსახურს.“ და უთხრა: „მშვიდობით იარე.“ და წავიდა და, მცირე მანძილზე გასცდა მას. და თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა: „აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მისი მოტანილი ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.“ და დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან გადმოვიდა და წინ შეეგება და თქვა: „მშვიდობაა?“ და თქვა: „მშვიდობა. ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ‘ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან. იქნებ ერთი ქანქარი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინა მათთვის.’“ და თქვა: ნაყამანმა: „ორი ქანქარი აიღე ბარემ.“ დაიყოლია და შეუხვია ორი ქანქარი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად გაატანა წასაღებად თავის ორ მსახურს. და როცა ის მოვიდა ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. და უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც. და მივიდა და გამოცხადდა ბატონთან. და უთხრა ელისემ: „საიდან მოდიხარ, გეხაზი?“ და თქვა: „არსად არ წასულა შენი მსახური.“ და უთხრა: „განა ჩემი გული შენ არ მოგყვებოდა, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და წინ შეგეგება? განა დრო დაგიდგა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე ტანსაცმელს, ზეთის ხილის ხეებსა და ვენახებს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს? შენ და შენს შთამომავლობას გადაგედოთ ნაყამანის კეთრი საუკუნოდ.“ და წავიდა მისგან გეხაზი კეთროვანი, როგორც თოვლი. და უთხრეს წინასწარმეტყველთა ძეთ ელისეს: „აჰა, ვიწროა ჩვენთვის ეს ადგილი, სადაც შენს წინაშე ვცხოვრობთ. იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად.“ და თქვა: „ჩადით“ და თქვა ერთმა: „იქნებ მიიღო წყალობა და შენც წამოგვყვე შენს მსახურთ.“ თქვა: „წამოგყვებით.“ და წაჰყვა მათ. და ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას. ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა ცული. და იყვირა: „ვაი, ბატონო! ნათხოვარი იყო!“ და თქვა ღვთისკაცმა: „სად ჩავარდა?“ და უჩვენა ადგილი. და მოჭრა ნაფოტი, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა ცული. და თქვა: „ამოიღე.“ და მანაც გაიწოდა ხელი და აიღო. და ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მსახურებთან, ამა და ამ ადგილზე დავბანაკდებიო. და შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს: „მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარული.“ და გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ. და შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მსახურთ და უთხრა: „არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?“ და თქვა ერთ-ერთმა მსახურთაგან: „არავინ, მეფე-ბატონო. ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ.“ და თქვა: „წადით და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ.“ და შეატყობინეს: „დოთანში არის.“ და გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. და მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს. და ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. და უთხრა მისმა მსახურმა ბიჭმა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?“ და თქვა: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.“ და ილოცა ელისემ და თქვა: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.“ და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით. და დაეშვნენ მისკენ არამელები, და ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: „დააბრმავე ეს ხალხი!“ და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ. და უთხრა მათ ელისემ: „აქ არ არის გზა და არც ქალაქი. გამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ.“ და წაუძღვა სამარიამდე. და როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: „უფალო! აუხილე თვალი ამათ, რომ დაინახონ.“ აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან. უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: „დავხოცო, ჩემო მამავ?“ და უთხრა: „არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.“ და გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს და სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. და ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები. ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას. და დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. და სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული, სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად იყიდებოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე – ხუთ ვერცხლად. და გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: „მიშველე, მეფე-ბატონო!“ და უთხრა: „თუ უფალმა ვერ გიშველა, მე როგორ გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?“ უთხრა მას მეფემ: „რა მოგივიდა?“ უთხრა: „ამ ქალმა მითხრა: ‘მომეცი შენი შვილი, დღეს ის შევჭამოთ, ხვალ – ჩემი.’ და მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. და ვუთხარი მეორე დღეს: ‘მომეცი ახლა შენი შვილი შევჭამოთ’. მან კი გადამალა თავისი შვილი.“ და როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. და დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე. და თქვა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავი შერჩეს მხრებზე საღამომდე ელისე შაფატის ძეს.“ ელისე კი იჯდა თავის სახლში და უხუცესები უსხდნენ გვერდით. და გააგზავნა [მეფემ] თავისგან კაცი, და ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: „ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!“ და ვიდრე მათ ელაპარაკებოდა აჰა, მოვიდა მოციქულიც, და თქვა ელისემ: „აჰა, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან?“ და თქვა ელისემ: „ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ‘ხვალ ამ დროს ერთი სეა გამტკიცებული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც – ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთან.’“ და მიუგო კარისკაცმა, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა ღვთისკაცს: „აჰა, სარკმლებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი?“ და თქვა ღვთისკაცმა: „აჰა, შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.“ ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „რისთვის ვსხედვართ აქ და ველოდებით სიკვდილს? თუ ვიტყვით: ‘წავიდეთ ქალაქში’, შიმშილობაა ქალაქში და იქ დავიხოცებით; თუ აქ დავრჩებით, მაინც დავიხოცებით. მოდით, ავდგეთ და არამელთა ბანაკში ჩავიდეთ; თუ ცოცხალი დაგვტოვეს, ხომ კარგი, თუ დაგვხოცეს, დავიხოცოთ.“ და ადგნენ დაბინდებისას, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. და მიადგნენ არამელთა ბანაკს და აჰა, კაციშვილი არ იყო იქ. უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისათვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა. და უთქვამთ ერთმანეთისთვის: „ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ალბათ ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები და დაგვესხნენ თავს.“ და ამდგარან და გაქცეულან დაბინდებისას, მიუტოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად. და მიადგნენ ეს კეთროვნები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. და ჭამეს და სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. და მობრუნდნენ და სხვა კარავში შევიდნენ. და იქიდანაც წამოიღეს და დამალეს. და უთხრეს ერთმანეთს: „ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე სასიხარულო უწყეების დღეა. თუ გავჩუმდით და დილამდე ვიცადეთ, ბრალს დაგვდებენ. წამოდი, წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ.“ და მივიდნენ და გამოიძახეს კარიბჭის მცველები და უამბეს: „არამელთა ბანაკში მივედით, კაციშვილი არ იყო იქ, ადამიანის ხმა არ ისმოდა. მხოლოდ ცხენები დაგვხვდა დაბმული, და კარვები ხელუხლებლად.“ და დაუძახეს მათ მცველებს და მათაც მიიტანეს, ამბავი მეფის სახლში. და ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მსახურთ: „გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. და ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ. ფიქრობენ, ქალაქიდან გავალთ თუ არა, ცოცხლად შეგვიპყრონ და ქალაქში შემოიჭრნენ.“ მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და თქვა: „გამოიყვანონ ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან ხუთი. აჰა, ისინი იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, ქალაქში რომ დარჩა; აჰა, იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, რომელიც დაილია. გავგზავნოთ და ვნახოთ.“ და გაიყვანეს ორი წყვილი ცხენი ეტლში შებმული. და გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და დააბარა: „წადით და ნახეთ.“ და იორდანემდე მიჰყვნენ მათ, და აჰა, მთელი გზა მოფენილია სამოსლითა და ნივთებით, არამელებს რომ დასცვენოდათ ფაციფუცში. და გამობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს. და გამოეფინა ხალხი და გაძარცვეს არამელთა ბანაკი. ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი გახდა, ორი სეა ქერიც – ერთი შეკელი, უფლის სიტყვისამებრ. კარიბჭესთან დააყენა მეფემ კარისკაცი, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა. და გადათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მივიდა მეფე. ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: „ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც – ერთი შეკელი ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან.“ და მიუგო მაშინ კარისკაცმა და თქვა: „აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი?“ ღვთისკაცმა კი მიუგო: „შენი თვალით იხილავ, ჭამით კი ვერ შეჭამ.“ და ასეც აუხდა. და გადათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა. ელისემ უთხრა ქალს, რომელსაც შვილი გაუცოცხლა: „ადექი და წადი შენი სახლითურთ და დადექი სადმე მდგმურად, სადაც შეგეძლება, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვიდა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.“ და ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი სახლითურთ და შვიდ წელიწადს მდგმურობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში. შვიდი წლის დამლევს დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მოვიდა მეფესთან თავისი სახლ-კარისა და საყანის გამოსათხოვად. ამ დროს გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს, ელაპარაკებოდა მეფე და ეუბნებოდა: „მიამბე ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.“ და როცა უამბობდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი, აჰა, ის ქალი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, ეხვეწება მეფეს თავისი სახლ-კარისა და საყანის გამო. თქვა გეხაზიმ: „მეფე-ბატონო! ეს ის ქალია! და ეს არის მისი ძე, ელისემ რომ გააცოცხლა!“ და გამოჰკითხა მეფემ ქალს და მანაც უამბო. და მიუჩინა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: „დაუბრუნეთ მისი საბადებელი და მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა, დღემდე.“ და მივიდა ელისე დამასკოში, როცა ავად იყო ბენ-ჰადადი, არამის მეფე. და მოახსენეს და უთხრეს: ღვთისკაციაო მოსული. და უთხრა მეფემ ხაზაელს: „აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს. და უფალთან ამკითხვინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?“ და წავიდა ხაზაელი მისაგებებლად. და ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც კი საუკეთესო იყო დამასკოში, ორმოცი აქლემის ტვირთი. და მივიდა, და წარუდგა მას და თქვა: „შენმა ძემ, ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არა ამ სენისგანო?“ და უთხრა ელისემ: „წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ მახილვინა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.“ და მიაშტერა ელისემ სახე და დიდხანს იყო ასე, ვიდრე არ შეაშფოთა იგი, და ატირდა ღვთისკაცი. და თქვა ხაზაელმა: „რატომ ტირის ჩემი ბატონი?“ და თქვა: „იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელის ძეთ: ცეცხლს მისცემ მათ ციხე-სიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაკვეთ მათ ორსულ ქალებს.“ და თქვა ხაზაელმა: „ვინ ძაღლი გდია შენი მსახური, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს?“ და თქვა ელისემ: „შენი თავი მახილვინა უფალმა არამის მეფედ.“ და წავიდა ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. და უთხრა: „რა გითხრა ელისემ?“ თქვა: „მითხრა, გამოჯანმრთელდებაო.“ და აიღო მეორე დღეს საბანი, წყალში დაასველა და სახეზე დაადო მას. და მოკვდა ბენ-ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად ხაზაელი. ისრაელის მეფის იორამ ახაბის ძის მეხუთე წელს, იუდას მეფის იოშაფატის შემდეგ გამეფდა იორამ იოშაფატის ძე, იუდას მეფე. ოცდათორმეტი წლისა იყო, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა ახაბის სახლი, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მსახურის, გამო, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რომ მისცემდა ლამპარს მას მის შთამომავლობაში სამარადისოდ. მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე. და გაემართა იორამი ცაყირისკენ მთელი თავისი ეტლებითურთ, და ადგა ღამით და სძლია ედომელებს, და ეტლის მეთაურებს, გარს რომ ეხვივნენ. და გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში. და განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმ ხანადვე განდგა ლიბნაც. იორამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იორამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზიაჰუ გამეფდა. ისრაელის მეფის, იორამ ახაბის ძის მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზიაჰუ იორამის ძე, იუდას მეფე. ოცდაორი წლისა იყო ახაზიაჰუ, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ისრაელის მეფის, ყომრის ასული. ახაბის სახლის გზით დადიოდა იგი და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ახაბის სახლი, რადგან ახაბის სახლის სიძე იყო. და წავიდა იგი იორამ ახაბის ძესთან ერთად ხაზაელთან, არამის მეფესთან, საომრად გილყადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი. და მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში მოერჩინა ჭრილობა, არამელებმა რომ მიაყენეს რამაში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზიაჰუ იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი. ელისე წინასწარმეტყველმა მოუხმო წინასწარმეტყველთა ერთ-ერთ ძეთაგანს და უთხრა: „შეიბი სარტყელი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და წადი გილყადის რამოთს. და მიხვალ და ნახავ იქ იეჰუს, ნიმშის ძის იოშაფატის ძეს. მიხვალ და წამოაყენებ მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვან. და აიღებ ზეთის ჭურჭელს და ზეთს დაასხამ თავზე. ეტყვი: ‘ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ.’ და კარს გააღებ და დაუყოვნებლივ გაიქცევი და არ მოიცდი.“ და წავიდა ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გილყადის რამოთს. მივიდა და აჰა, სხედან ჯარის სარდლები. და უთხრა: „სიტყვა მაქვს შენთან, სარდალო.“ და თქვა იეჰუმ: „რომელ ჩვენგანთან?“ და თქვა: „შენთან, სარდალო.“ და ადგა და შევიდა სახლში. და გადაასხა ზეთი თავზე და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის, მეფედ. შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის, სახლს, რომ ავიღო ჩემს მსახურთა – წინასწარმეტყველთა – სისხლი და უფლის ყველა მსახურის სისხლი, რომელნიც დაეცნენ იზებელის ხელით. და განადგურდება ახაბის მთელი სახლი, და ამოვუძირკვავ ახაბს კედელთან მიმშარდავს, და ყმასა და აზატს ისრაელში. და ვაქცევ ახაბის სახლს იერობყამ ნაბატის ძის სახლივით, და ბაყაშა ახიას ძის სახლივით. იზებელს კი ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ იქნება დამმარხველი.’“ და გააღო კარი და გაიქცა. და გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან და უთხრეს: „ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი?“ და უთხრა მათ: „თქვენ იცით ეს კაციც და მისი ნალაპარაკევიც.“ და თქვეს: „ტყუილია, გვითხარი.“ და თქვა: „ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: ‘მე გცხებ ისრაელის მეფედ.’“ და საჩქაროდ დასტაცეს ხელი თავ-თავის მოსასხამებს და ზედ საფეხურებზე დაუფინეს. და ბუკსა ჰკრეს და გამოაცხადეს: „გამეფდა იეჰუ!“ აუჯანყდა იეჰუ იორამს, იოშაფატ ნიმშის ძის ძეს. ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფეს, ხაზაელს, უდარაჯებდა გილყადის რამოთში. თავად იორამ მეფე უკან დაბრუნდა, რათა იზრეყელში მოერჩინა ჭრილობები, არამელებმა რომ მიაყენეს ხაზაელთან, არამის მეფესთან, ბრძოლის დროს. და თქვა იეჰუმ: „თუ თანახმა ხართ, ნურავის გაუშვებთ ქალაქიდან იზრეყელში შესატყობინებლად.“ და ამხედრდა იეჰუ და გასწია იზრეყელისაკენ, რადგან იქ იწვა იორამი და იუდას მეფეც იქ იყო მისული იორამის სანახავად. ებგური იდგა კოშკზე იზრეყელში. და დაინახა, იეჰუს ჯარი რომ მოდიოდა, და თქვა: „ჯარს ვხედავ.“ და თქვა იორამმა: „აიღე და გაგზავნე მხედარი მისაგებებლად, ჰკითხონ: ‘მშვიდობაა?’“ და წავიდა მხედარი მისაგებებლად და უთხრა: „ასე ამბობს მეფე: ‘მშვიდობაა?’“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.“ შეატყობინა ებგურმა: „მივიდა მათთან მოციქული და აღარ ბრუნდება.“ და გაგზავნა მეორე მხედარი. ისიც მივიდა მათთან და თქვა: „ასე ამბობს მეფე: ‘მშვიდობაა?’“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.“ შეატყობინა ებგურმა: „მივიდა მათთან და აღარ ბრუნდება. ქცევით იეჰუ ნიმშის ძესა ჰგავს, რადგან გადარეულივით იქცევა.“ და თქვა იორამმა: „შემიკაზმეთ.“ და შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამ ისრაელის მეფე და ახაზიაჰუ, იუდას მეფე, თავ-თავისი ეტლებით. და გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის მინდორზე. და როცა დაინახა იორამმა იეჰუ, თქვა: „მშვიდობაა, იეჰუ?“ და თქვა: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის, გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?“ და უკან გატრიალდა იორამი და გაიქცა, და უთხრა ახაზიაჰუს: „ღალატია, ახაზია!“ და მოზიდა მშვილდი იეჰუმ, და ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. და ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა. და უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: „აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის ყანაში. და გაიხსენე, წყვილად რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, ახაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა. ‘განა ნაბოთის და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ? – ამბობს უფალი, – ამავე ყანაში მოგკითხავ სამაგიეროს’. აიღე და გადააგდე ყანაში უფლის სიტყვისამებრ.“ ეს რომ დაინახა ახაზიამ, იუდას მეფემ, ბეთ-ჰაგანისკენ გაიქცა. და გაეკიდა იეჰუ და თქვა: „მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე.“ და დაჰკრეს მას გურის მაღლობზე. იბლეყამთან, მეგიდოში. და გაიქცა და იქ მოკვდა. და წაასვენეს მისმა მსახურებმა იერუსალიმს და დამარხეს იგი თავის სამარხში, მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. იორამ ახაბის ძის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია იუდაში. და მივიდა იეჰუ იზრეყელში და, როცა მოესმა ამბავი იზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში. და შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ქალმა თქვა: „ხომ მშვიდობითაა ზიმრი საკუთარი ბატონის მკვლელი?“ ახედა სარკმელს კაცმა და დაიძახა: „ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ?“ და გადმოხედა მას ორმა-სამმა კარისკაცმა. და თქვა: „გადმოაგდეთ ქალი!“ და გადმოაგდეს და მიესხა სისხლი კედელს და ცხენებს. და მათ გადათელეს იგი. და მივიდა იეჰუ, და ჭამა და სვა, და თქვა: „მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია.“ და წავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისგან, თავის ქალისა და ხელ-ფეხის მეტი. და დაბრუნდნენ და მოახსენეს. და თქვა იეჰუმ: „ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მსახურის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იზებელს. და იქნება იზებელის გვამი, როგორც ნეხვი ყანაში იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვასო: „აი ეს არის იზებელი.“ ახაბს სამოცდაათი შვილი ჰყავდა სამარიაში. და დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებს და ახაბის შვილების გამზრდელებს. წერდა: „ახლა, როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონიშვილები, თქვენს ხელთ იქნება ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი. ჰოდა, ამოირჩიეთ ბატონიშვილებიდან უკეთესი, ვინც თქვენ მოგწონთ, და დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის.“ და დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: „აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ?“ და შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: „შენი მსახურნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით. არავის გავამეფებთ, როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.“ და მისწერა მათ მეორე წერილი: „თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში მოდით ჩემთან.“ უფლისწულები – სამოცდაათი კაცი – ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ. როცა წერილი მოუვადათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს – სამოცდაათი კაცი. კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს მას. და მივიდა მოციქული და მოახსენა: „მოიტანეს უფლისწულთა თავები.“ და თქვა: „ორ გროვად დაყარეთ დილამდე კარიბჭის შესასვლელთან.“ დილა იყო, რომ გამოვიდა, დადგა და უთხრა მთელ ხალხს: „თქვენ უბრალონი ხართ. აჰა, მე ავუჯანყდი ჩემს ბატონს, მე მოვკალი, მაგრამ ესენი ვინ დახოცა? ამიერიდან იცოდეთ, რომ უფლის არცერთი სიტყვა, რაც უბრძანებია უფალს ახაბის სახლზე, ფუჭად არ ჩაივლის. აღასრულა უფალმა, რაც ბრძანა თავისი მსახურის, ელიას პირით.“ და ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი ახაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები, არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი. და ადგა და წავიდა და მივიდა სამარიაში. გზაში, ბეთ-ყეკედთან, მწყემსთა ბინებთან შეხვდა იეჰუ იუდას მეფის, ახაზიაჰუს, ძმებს და თქვა: „ვინა ხართ?“ და თქვეს: „ახაზიაჰუს ძმები ვართ. მეფისა და დედოფლის შვილების ამბის გასაგებად მივდივართ.“ და თქვა: „ცოცხლად შეიპყარით.“ შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს ბეთ-ყეკედში, ორმოცდაორი კაცი, ერთიც არ დარჩენილა მათგან ცოცხალი. და წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბ რეხაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა. მიესალმა და უთხრა: „ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი?“ და თქვა იონადაბმა: „წრფელია“. „წრფელია და მომეცი ხელი.“ და მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე. და თქვა: „წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი“ და დასვეს ეტლზე. და მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა ახაბს სამარიაში. და ბოლომდე გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის. და შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: „ცუდად ემსახურებოდა ახაბი ბაყალს. ახლა იეჰუ მოუმატებს სამსახურს. ახლა შემიყარეთ ბაყალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაყალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი.“ ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ, რომ ამოეწყვიტა ბაყალის თაყვანისმცემლები. და თქვა იეჰუმ: „გამოაცხადეთ ბაყალის დღესასწაული“, და გამოაცხადეს. და დაგზავნა იეჰუმ მოციქულები მთელს ისრაელში და მოვიდა ბაყალის ყველა მსახური, კაციშვილი არ დარჩენილა მოუსვლელი. და შევიდნენ ბაყალის სახლში და კიდით კიდემდე გაივსო ბაყალის სახლი. და უთხრა სამოსლის მცველს იეჰუმ: „გამოუტანე სამოსელი ბაყალის ყველა მსახურს.“ მანაც გამოუტანა შესამოსელი. და შევიდა იეჰუ იონადაბ რეხაბის ძესთან ერთად ბაყალის სახლში და უთხრა ბაყალის მსახურებს: „მიათვალ-მოათვალიერეთ, რომ არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაყალის მსახურები უნდა იყოთ აქ.“ შეუდგნენ მსხვერპლისა და სრულადდასაწველის შეწირვას. და გარეთ დააყენა იეჰუმ ოთხმოცი კაცი და უბრძანა: „იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ.“ და როცა დასრულდა სრულადდასაწველის შეწირვა, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: „წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ.“ და მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა. თავად კი ბაყალის სახლის ქალაქისკენ წავიდნენ. და გამოიტანეს ბაყალის სახლიდან ბაყალის ქანდაკებები და დაწვეს. და დაამსხვრიეს ბაყალის ქანდაკი, და დაანგრიეს ბაყალის სახლი და სანაგვე ადგილად აქციეს დღესამომდე. ასე გადააშენა იეჰუმ ბაყალი ისრაელიდან. ოღონდ იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებისათვის, რითაც მან აცთუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბორებისათვის, ბეთელსა და დანში რომ იყო. და უთხრა უფალმა იეჰუს: „იმის გამო, რომ სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და ყველაფერი აღასრულე ახაბის სახლზე, რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე.“ მაგრამ მთელი გულით არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის, რჯულს. არ დაუნებებია თავი იერობყამის ცოდვებისთვის, რომლებითაც აცთუნა მან ისრაელი. იმ ხანებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ისრაელისთვის. და სძლია ისრაელს ხაზაელმა მთელს მის საზღვრებში, იორდანედან მზის აღმოსავლეთით, გილყადის მთელი მხარე, გადის, რეუბენის, მენაშეს მიწები ყაროყერიდან არნონის ხეობაში რომ არის, გილყადი და ბაშანი. და იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ყველა მისი გმირობა ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იეჰუმ თავის მამა-პაპასთან. და დამარხეს სამარიაში, და მის ნაცვლად მისი ძე იოახაზი გამეფდა. სულ ოცდარვა წელი იმეფა იეჰუმ ისრაელზე სამარიაში. როცა დაინახა ღოთოლიამ, ახაზიაჰუს დედამ, რომ მოკვდა მისი შვილი, ადგა და ამოწყვიტა სამეფო მოდგმა. მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიაჰუს დამ, აიყვანა იოაში, ახაზიაჰუს ძე, და მოიპარა დასახოცად განწირულ უფლისწულთა შორის და მის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალეს ღოთოლიასგან, და ვერ მოკლეს. ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად უფლის სახლში, ღოთოლია კი მეფობდა ქვეყანაზე. მეშვიდე წელს დაიბარა იეჰოიადაყმა მცველთა და მალემსრბოლთა ასისთავები და შეიყვანა ისინი უფლის სახლში. და აღთქმა მოსთხოვა მათ, და დააფიცა უფლის სახლში და აჩვენა უფლისწული. და უბრძანა: „აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თქვენგან მესამედმა, შაბათს მომსვლელთაგან, მეფის სასახლეში უნდა იყარაულოს. მესამედმა – სურის კარიბჭესთან, მესამედმაც – კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან რომ არის. მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში. თქვენგან ორმა მესამედმა, შაბათს გამომსვლელთაგან, უფლის სახლში უნდა იყარაულოს მეფის წინაშე. გარს შემოერტყით მეფეს იარაღით ხელში და, ვინც რიგებში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს მისი გამოსვლისას და შესვლისას.“ ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც დაარიგა მათ იეჰოიადაყ მღვდელმა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი – შაბათს მომსვლელნი, შაბათის გამსვლელებთან ერთად – და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ. და დაურიგა მღვდელმა ასისთავებს შუბები და ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში, და დადგნენ მალემსრბოლები იარაღით ხელში სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ. და გამოიყვანა უფლისწული, დაადგა შარავანდი და მისცა მოწმობა, და გაამეფეს და სცხეს ზეთი. ტაშს უკრავდნენ და ამბობდნენ: „იცოცხლოს მეფემ!“ და შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში. და დაინახა სვეტზე მდგარი მეფე, წესისამებრ, და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით. მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. და შემოიგლიჯა სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: „ღალატია! ღალატი!“ და უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს – ჯარის მეთაურებს, და უთხრა: „გარეთ გაიყვანეთ ღოთოლია და ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით“, რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო. და გზა მისცეს და წავიდა „ცხენთა შესასვლელით“ სასახლისკენ, და იქ მოკლეს. და დადო იეჰოიადაყმა აღთქმა უფალს, მეფეს და ერს შორის, რათა საუფლო ერი ყოფილიყო, და ასევე მეფესა და ერს შორის. და შევიდა მთელი ქვეყნის ერი ბაყალის სახლში და დაანგრიეს იგი სამსხვერპლოიანად, და დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. და დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე. და წამოიყვანა ასისთავები, სასახლის მცველები, მალემსრბოლები და ქვეყნის ერი და მათაც გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მცველთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ; და მეფეთა ტახტზე დაჯდა იგი. და გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს სამეფო სახლში. იეჰუს მეშვიდე წელს გამეფდა იოაში და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბეერ-შებაყიდან. სწორეს აკეთებდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას. ოღონდ გორაკები არ ყოფილა გაუქმებული. გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. და უთხრა იოაშმა მღვდლებს: „მთელი შემოწირული ვერცხლი, რომელიც უფლის სახლში შემოდის, ბრუნვაში მყოფი ვერცხლი, ვისაც რამდენი შემოაქვს, მთელი ვერცხლი, რომელიც სურვილისამებრ შემოაქვთ უფლის სახლში, აიღონ მღვდლებმა თავისთვის თავ-თავისი ნაცნობებისაგან და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რასაც შესაკეთებელს აღმოაჩენენ.“ და როცა მეფე იოაშის ოცდამესამე წელს მაინც არ ჰქონდათ შეკეთებული მღვდლებს, რაც შესაკეთებელი იყო სახლში, დაუძახა მეფე იოაშმა იეჰოიადაყ მღვდელს და სხვა მღვდლებს და უთხრა: „რატომ არ შეგიკეთებიათ სახლი? მეტად ნუღარ აიღებთ თქვენ-თქვენი ნაცნობებისგან ვერცხლს, არამედ სახლის შესაკეთებლად მიეცით ის.“ და შეთანხმდნენ მღვდლები, აღარ აეღოთ ვერცხლი სახლის შესაკეთებლად. და აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი კიდობანი, ზემოდან ნახვრეტი გაუკეთა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, უფლის სახლში შემომსვლელთა მხარმარჯვნივ. და იქ ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში შემოტანილ მთელ ვერცხლს. და როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ვერცხლი დაგროვდა კიდობანში, ამოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ვერცხლს. და ხელში აბარებდნენ დათვლილ ვერცხლს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. და ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს – უფლის სახლში მომუშავეთ, ქვისმთლელებს და ქვითხუროებს. ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვას უფლის სახლის შესაკათებლად და ყველაფერს, რაც გასამაგრებლად იყო საჭირო. ოღონდ უფლის სახლისთვის საჭირო ვერცხლის თასები, მაშები, სასხურებლები, საყვირები, ოქროსა და ვერცხლის ყოველგვარი ჭურჭელი არ მზადდებოდა უფლის სახლში შემოსული ვერცხლით, რადგან სამუშაოთა მწარმოებლებს ეძლეოდათ, რომ ამით შეეკეთებინათ უფლის სახლი. და ანგარიშს არ სთხოვდნენ იმ პირებს, რომელნიც სამუშაოთა მწარმოებლებს აბარებდნენ ხელში ვერცხლს, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ. დანაშაულის გამოსასყიდი ვერცხლი და ცოდვის გამოსასყიდი ვერცხლი არ შემოდიოდა უფლის სახლში. მღვდლებს ეკუთვნოდა იგი. მაშინ გაემართა ხაზაელი, არამის მეფე, და გაილაშქრა გათის წინააღმდეგ და აიღო იგი. და იერუსალიმზე გალაშქრება განიზრახა ხაზაელმა. და აიღო იოაშმა, იუდას მეფემ, მთელი შემოწირულობა, რაც შემოწირული ჰქონდათ იოშაფატს, იორამს და ახაზიაჰუს – მის მამებს, იუდას მეფეებს, თავისი შემოწირულობაც და მთელი ოქროულობა, რაც კი იპოებოდა უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში, და გაუგზავნა ხაზაელს, არამის მეფეს. და ისიც გაეცალა იერუსალიმს. იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და აღდგნენ მისი მსახურნი და შეითქვნენ მის წინააღმდეგ, და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას ჩასავალთან. მისმა მსახურებმა – იოზახარ შიმყათის ძემ და იჰოზაბად შომერის ძემ მოკლეს იგი. და მოკვდა და დამარხეს მის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე ამაცია გამეფდა. იუდას მეფის, იოაშ ახაზიაჰუს ძის, ოცდამესამე წელს გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და [იმეფა] ჩვიდმეტი წელი. და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში და მიჰყვებოდა იერობყამ ნაბატის ძის ცოდვების კვალს, რომელმაც აცთუნა ისრაელი, და არ განრიდებია მას. და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეთა მიმართ და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს; და ბენ ჰადადს, ხაზაელის ძეს, დიდი ხნით. და შეევედრა იეჰოახაზი უფალს და უსმინა მას უფალმა, რადგან დაინახა ისრაელის ძეთა შეჭირვება, როგორ აჭირვებდა მათ არამის მეფე. და მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი, და დააღწიეს თავი არამის ბატონობას, და იწყეს ცხოვრება ისრაელის ძეთ თავ-თავის კარვებში, როგორც გუშინ და გუშინწინ ცხოვრობდნენ. ოღონდ არ განრიდებიან იერობყამის სახლის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი, მისდევდნენ მათ და ხემხვივანებიც კვლავინდებურად იდგა სამარიაში. ორმოცდაათი ცხენოსანი, ათი საომარი ეტლი და ათი ათასი ქვეითიღა შერჩა იეჰოახაზს, რადგან გაანადგურა ისინი არამის მეფემ და მიწის მტვერივით დასათრგუნი გახადა. იეჰოახაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა და მისი გმირობანი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იეჰოახაზმა თავის მამებთან და დამარხეს იგი სამარიაში. და მის ნაცვლად მისი ძე იოაში გამეფდა. იუდას მეფის, იოაშის ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იოაშ იეჰოახაზის ძე ისრაელზე სამარიაში და თექვსმეტი წელი იმეფა. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, არ მიუტოვებია ცოდვები იერობყამ ნაბატის ძისა, რომელმაც აცთუნა ისრაელი, არამედ მისდევდა მათ. იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, იუდას მეფეს, ამაციას რომ ეომებოდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იოაშმა თავის მამებთან და დაჯდა მის ტახტზე იერობყამი. და იოაში სამარიაში დაიმარხა ისრაელის მეფეთა გვერდით. და დასნეულდა ელისე და მოკვდა კიდეც ამ სენისგან. და ჩავიდა მასთან იოაში, ისრაელის მეფე, თავზე დასტიროდა და ეუბნებოდა: „მამავ, მამავ, ისრაელის ეტლო და მხედრობავ!“ და უთხრა ელისემ: „აიღე მშვილდ-ისარი,“ მანაც აიღო მშვილდ-ისარი. და უთხრა ისრაელის მეფეს: „დააადე ხელი მშვილდს“, მანაც დაადო ხელი. და ელისემ მეფის ხელზე დააწყო თავისი ხელები. და თქვა: „გააღე აღმოსავლეთის სარკმელი.“ და გააღო. და თქვა ელისემ: „სტყორცნე.“ და სტყორცნა. და თქვა: „ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ.“ თქვა: „აიღე ისრები.“ და აიღო. და უთხრა ისრაელის მეფეს: „დაჰკარი მიწას.“ სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა. და გაუბრაზდა ღვთისკაცი და უთხრა: „ხუთგზის ან ექვსგზის რომ დაგეკრა. საბოლოოდ სძლევდი არამს. ახლა სამგზის სძლევ არამს.“ და მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. და მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს. ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში, და როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა. ხაზაელი, არამის მეფე, აჭირვებდა ისრაელის ძეთ იეჰოახაზის მეფობის მთელს ხანში. და შეიბრალა ისინი უფალმა და შეიწყალა, და მოხედა მათ აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმის გამო, და არ ინება მათი მოსპობა. და თავიდან არ მოუშორებია ისინი დღესამომდე. და მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე, და მის ნაცვლად მისი ძე ბენ-ჰადადი გამეფდა. და უკანვე დაიბრუნა იოაშ იეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძისგან ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამისთვის, იეჰოახაზისთვის. სამგზის სძლია მას იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები. ისრაელის მეფის იოაშ იეჰოახაზის ძის მეორე წელს გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე. ოცდახუთი წლისა იყო, რომ გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან. აკეთებდა სწორს უფლის თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი მამა დავითი. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც იოაში, მამამისი. ოღონდ გორაკები არ იყო ჯერ კიდევ გაუქმებული. და გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. და როცა ხელში გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომელთაც მოკლეს მეფე, მისი მამა. მკვლელების შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო, და შვილები მამათა გამო არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისათვის უნდა მოკვდეს.“ მან სძლია ედომელებს მარილოვან ველზე, ათი ათას კაცს, და ბრძოლით აიღო სელაყი და უწოდა სახელად იოკთეელი, როგორც დღემდე რჩება. მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები იოაშს, იეჰოახაზ იეჰუს ძის ძეს, ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: „მოდი, შევხვდეთ პირისპირ.“ და შეუთვალა იოაშ ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: „ლიბანის ეკალმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ‘ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს.’ მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა ეკალი. დაგიმარცხებია ედომი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც – შენთან ერთად.“ და ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ. მაშინ გამოვიდა იოაშ ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ, ის და ამაციაჰუ, იუდას მეფე ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის. და დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ. ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ძე, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. და დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე. და წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, და აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას. იოაშის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, რომ ესხმოდა ამაციაჰუს, იუდას მეფეს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იოაშმა თავის მამებთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით, და მის ნაცვლად მისი ძე იერობყამი გამეფდა. ისრაელის მეფის იოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ. ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. აუჯანყდნენ მას იერუსალიმში და თავი შეაფარა მან ლაქიშს. და მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს. და წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს იერუსალიმში თავის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყაზარია, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს, ნაცვლად გაამეფეს. მან აღადგინა ელათი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ თავის მამებთან. იუდას მეფის ამაციაჰუს, იოაშის ძის, მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობყამი, იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და იმეფა ორმოცდაერთი წელი. ბოროტს აკეთებდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვები, რომელმაც აცთუნა ისრაელი. მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან ყერაბას ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის ხელით. რადგან დაინახა უფალმა ისრაელის გაჭირვება, ძალზე მწარე. და არ დარჩენილა არც ყმა და არც აზატი, და არ ჰყავდა შემწე ისრაელს. და არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის ამოძირკვა ცისქვეშეთიდან და იერობყამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი. იერობყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, რომ იბრძოდა და ისრაელს დაუბრუნა იუდას კუთვნილი დამასკო და ხამათი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იერობყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან, და მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა. იერობყამის, ისრაელის მეფის, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია, იუდას მეფის ამაციაჰუს ძე. თექვსმეტი წლისა იყო, რომ გამეფდა და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში, მისი დედა იყო იექალიაჰუ, იერუსალიმიდან. სწორს აკეთებდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი ამაციაჰუ; ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს. და დასაჯა უფალმა მეფე და სიკვდილამდე კეთროვანი იყო, და ცხოვრობდა სამკურნალო სახლში. იოთამი, მეფისწული, სასახლეს ზედამხედველობდა და განსჯიდა ქვეყნის ერს. ყაზარიაჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა ყაზარიამ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავის მამებთან დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა. იუდას მეფის ყაზარიაჰუს ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ზაქარია იერობყამის ძე ისრაელზე სამარიაში და ექვსი თვე იმეფა. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა აკეთებდა. და არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი. და აუჯანყდა მას შალუმი, იაბეშის ძე, და მოკლა იგი კაბალ-ყამმა და გამეფდა მის ნაცვლად. ზაექარიაჰუს დანარჩენი საქმენი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოუცხადა მან იეჰუს: „მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შვილები ისრაელის ტახტზე.“ და ახდა კიდეც. შალუმ იაბეშის ძე გამეფდა იუდას მეფის ყუზიას ოცდამეცხრამეტე წელს და ერთი თვე იმეფა სამარიაში. და წამოვიდა მენახემ გადის ძე თირცადან და მოადგა სამარიას. და დაამარცხა შალუმ იაბეშის ძე სამარიაში, და მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად. შალუმის საქმენი და მისი აჯანყების ამბავი, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო. და მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი. იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა მენახემ გადის ძე, ისრაელის მეფე, და ათი წელი იმეფა სამარიაში. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი. და წამოვიდა ფული, აშურის მეფე, ქვეყნისაკენ და მისცა მენახემმა ფულს ათასი ქანქარი ვერცხლი, რომ ყოფილიყო მისი შემწეობის ქვეშ და მტკიცედ სჭეროდა ხელში მეფობა. და დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელიანთ, ყველა შეძლებულ კაცს – კაცზე ორმოცდაათი შეკელი – აშურის მეფისთვის მისაცემად. და უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იქ, ქვეყანაში. მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა მენახემმა თავის მამებთან და მის ნაცვლად მისი ძე ფეკახია გამეფდა. ყაზარიას, იუდას მეფის, ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია მენახემის ძე ისრაელზე სამარიაში და ორი წელი იმეფა. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი. და აუჯანყდა მას ფეკახი, რემალიაჰუს ძე, მისი კარისკაცი, მიუხდა სამარიაში, მეფის სასახლის დარბაზში, არგობსა და არიესთან ერთად, თან ორმოცდაათი გილყადელი ახლდა, და მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად. ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. იუდას მეფის ყაზარიას, ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკახი რემალიაჰუს ძე, ისრაელზე, სამარიაში და იმეფა ოცი წელი. და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ესრაელი. ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათ-ფილესერი, აშურის მეფე, და აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გილყადი და გალილეა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და აშურში გადაასახლა ხალხი. და აუჯანყდა ჰოშეაყ ელიას ძე, ფეკახ რემალიაჰუს ძეს, და სძლია მას, და მოკლა და გამეფდა მის ნაცვლად იოთამ ყუზიას ძის მეოცე წელს. ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ისრაელის მეფის, ფეკახ რემალიაჰუს ძის მეორე წელს გამეფდა იოთამ ყუზიაჰუს ძე, იუდას მეფე. ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული. სწორს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი ყუზიაჰუ აკეთებდა, ასევე აკეთებდა იგი. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. ჯერაც გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. მან აღადგინა უფლის სახლის ზემო კარიბჭე. იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. იმ დღეებში შეუჩინა უფალმა იუდას რეცინი, არამის მეფე, და ფეკახ რემალიაჰუს ძე. და განისვენა იოთამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით თავისი მამის დავითის ქალაქში და მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა. ფეკახ რემალიაჰუს ძის მეჩვიდმეტე წელს გამეფდა ახაზი, იუდას მეფის იოთამის ძე. ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ აკეთებდა სწორს უფლის, თავისი ღვთის, თვალში, როგორც იქცეოდა მამამისი დავითი. და დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით. თავისი შვილიც კი ცეცხლში გაატარა იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ. მაშინ აღდგნენ რეცინი, არამის მეფე, და ისრაელის მეფე ფეკახ რემალიაჰუს ძე იერუსალიმის წინაააღმდეგ საომრად, მოიმწყვდიეს ახაზი ალყაში, მაგრამ ვერ სძლიეს მას. იმხანად დაუბრუნა რეცინმა, არამის მეფემ, ელათი არამს და აჰყარა იუდაელები ელათიდან. და ედომელები შევიდნენ ელათში და დღემდე იქ ცხოვრობენ. და გაუგზავნა ახაზმა თიგლათ-ფილესერს, აშურის მეფეს, მოციქულები და შეუთვალა: „შენი მსახური და შენი შვილი ვარ მე. მოდი და მიხსენი არამის მეფისა და ისრაელის მეფისგან, რომელნიც აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ.“ და აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს. და ისმინა მისი აშურის მეფემ და მოადგა აშურის მეფე დამასკოს, აიღო იგი და ხალხი კირაში გადაასახლა, ხოლო რეცინი მოკლა. და წავიდა მეფე ახაზი აშურის მეფის, თიგლათ-ფილესერის, მისაგებებლად დამასკოში, და ნახა სამსხვერპლო, დამასკოში რომ იყო, და გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი ნაგებობის გეგმა. და ააშენა ურია მღვდელმა სამსხვერპლო. როგორც შეუთვალა მეფე ახაზმა დამასკოდან, ისე გააკეთა ყველაფერი ურია მღვდელმა მეფე ახაზის დაბრუნებამდე დამასკოდან. და დაბრუნდა მეფე დამასკოდან და იხილა მეფემ სამსხვერპლო, და მიეახლა მეფე სამსხვერპლოს და მიიტანა მსხვერპლი. და დაწვა სრულადდასაწველი და პურეულის შესაწირავი, და დაღვარა საღვრელი, და თავისი სამშვიდობო მსხვერპლის სისხლი ასხურა სამსხვერპლოს. სპილენძის სამსხვერპლო კი, უფლის წინაშე რომ იდგა, გადაანაცვლა ტაძრის წინა მხრიდან, სამსხვერპლოსა და უფლის სახლის შუა ადგილიდან, და მოათავსა სამსხვერპლოს გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს. და უბრძანა მეფე ახაზმა ურია მღვდელს: „დიდ სამსხვერპლოზე დაწვი დილის სრულადდასაწველი და საღამოს პურეულის ძღვენი, მეფის სრულადდასაწველი და მისი პურეულის ძღვენი, ქვეყნის მთელი ერის სრულადდასაწველი, მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელი. ყოველი სრულადდასაწველის სისხლი და ყოველი საკლავის სისხლი ასხურე მას. სპილენძის სამსხვერპლო კი ჩემი მისახედი იქნება.“ ყველაფერი ისე გააკეთა ურია მღვდელმა, როგორც უბრძანა მას მეფე ახაზმა. და მოახლიჩა მეფე ახაზმა ფიცრები კვარცხლბეკებს და მოხსნა მათი საბანელი, და ჩამოიღო ზღვა სპილენძის ხარებიდან, რომლებზეც იდგა ის, და ქვის იატაკზე დადგა. საშაბათო ტალანი, ტაძართან რომ იყო აშენებული, და გარეთა სამეფო შესასვლელი უფლის ტაძრისკენ მოაქცია აშურის მეფის გულისთვის. ახაზის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაიმარხა მამათა გვერდით დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე ხიზკიაჰუ გამეფდა. იუდას მეფის, ახაზიას, მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და იმეფა ათი წელი. და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, თუმცა არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ. მის წინააღმდეგ წამოვიდა შალმანესერი, აშურის მეფე, და გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და უხდიდა ხარკს. და შეამჩნია აშურის მეფემ ჰოშეაყში ღალატი, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი ეგვიპტის მეფე სოს, და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ხარკს ყოველწლიურად. და დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა. და წამოვიდა აშურის მეფე მთელ ქვეყანაზე, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა. ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, აშურში გადაასახლა ისრაელი და ხალახში, ხაბორთან, გოზანის მდინარესთან, და მიდიელთა ქალაქებში დაასახლა. და როცა შესცოდეს ისრაელის ძეთ უფალს, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის, ხელიდან, და თაყვანისცემა დაუწყეს უცხო ღმერთებს, და აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელთაგან და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ, და იწყეს უჯეროდ ლაპარაკი ისრაელის ძეთ უფალზე, თავიანთ ღმერთზე, და გამართეს გორაკები ყველა ქალაქში, საყარაულო გოდოლიდან მოყოლებული ციხე-ქალაქამდე, და დაიდგეს ქანდაკებები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ, და საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ბოროტს აკეთებდნენ უფლის გასაჯავრებლად, და ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ნუ გააკეთებთო ამ საქმეს, აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისანის პირით: „მიატოვეთ თქვენი ბოროტი გზა, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამებს და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მსახურთა – წინასწარმეტყველთა – პირით.“ არ შეისმინეს და გაჯიუტდნენ მათი მამებივით, რომელთაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი. და შეიძულეს მათი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ. და მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. და წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად. და დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღვთის, მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება, და გააკეთეს აშერა, და თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაყალს ემსახურებოდნენ. და ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და აღარ ერიდებოდნენ ბოროტის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად, მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა. არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღვთის, მცნებებს და ისრაელის ძეთა წესებს მისდევდა, როგორც ისინი იქცეოდნენ. და შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, და მოდრიკა იგი, და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან. და როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობყამ ნაბატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობყამმა ისრაელი უფალს და დიდად აცთუნა. და დადიოდნენ ისრელის ძენი იერობყამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ, ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მსახურთა – წინასწარმეტყველთა – პირით. და გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე. და აიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. და დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში. არ ეშინოდათ უფლისა იქ ცხოვრების პირველ ხანებში; და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ. და უთხრეს აშურის მეფეს: „ხალხმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მან მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.“ და ბრძანა აშურის მეფემ: „გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.“ და წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ, როგორ უნდა შინებოდათ უფლისა. და თავ-თავისი ღმერთები გააკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგეს გორაკთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ. ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა გააკეთეს ნერგალი, ხამათელებმა გააკეთეს აშიმა, ყაველებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი. ხოლო სეფარვიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისთვის და ყანამელექისათვის, სეფარიმის ღმერთებისთვის. და ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში. უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი. და დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, კანონებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი ეწოდა სახელად, და დაუდო აღთქმა და ამცნო: „ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ. მარტოოდენ უფლის, რომელმაც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ. და მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ. ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ. მხოლოდ უფალს, თქვენს ღმერთს, ესავდეთ და ის გიხსნით მტრების ხელიდან.“ მაგრამ არ ეშინოდათ მათ და წინანდელ ჩვეულებას მისდევდნენ. ამ ხალხებს უფლისაც ეშინოდათ და კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. როგორც მამები იქცეოდნენ, დღემდე ისე იქცევიან მათი შვილები და შვილიშვილები. ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მესამე წელს გამეფდა ხიზკია, ახაზის ძე, იუდას მეფე. ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული. სწორს აკეთებდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, აკეთებდა. მან გააუქმა გორაკები და დალეწა სვეტები, და აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელის ძენი და ნეხუშთანს უწოდებდნენ. უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი. და არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება. და მიეწება იგი უფალს, და არ განდგომია მას, და იცავდა მის მცნებას, მოსეს რომ ამცნო უფალმა. და უფალი იყო მასთან და, სადაც კი წავიდოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. და განუდგა იგი აშურის მეფეს, აღარ დაემორჩილა. მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდლიდან ციხე-ქალაქამდე. მეფე ხიზკიაჰუს მეოთხე წელს, ეს იყო, ისრაელის მეფის ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელი, წამოვიდა სამარიაზე აშურის მეფე შალმანესერი და ალყა შემოარტყა მას. და სამი წლის ბოლოს აიღო იგი, ხიზკიას მეექვსე წელს, ესე იგი, ისრაელის მეფის, ჰოშეაყის, მეცხრე წელს, აღებული იქნა სამარია. და გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელი აშურში და დაასახლა ხალახში და ხაბორზე, გოზანის მდინარეზე, და მიდიის ქალაქებში. იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, მათი ღვთის, ხმა, დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მსახურმა, არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ. ხიზკიას მეთოთხმეტე წელს შეუტია აშურის მეფე სანხერიბმა იუდას ყველა ციხე-ქალაქს და ხელთ იგდო ისინი. და შეუთვალა ხიზკიამ, იუდას მეფემ, აშურის მეფეს ლაქიშში: „დამნაშავე ვარ, გაბრუნდი ჩემგან. რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ.“ და დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, სამასი ქანქარი ვერცხლი და ოცდაათი ქანქარი ოქრო. და გასცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა. იმ ხანად შემოაძრო ხიზკიამ უფლის ტაძრის კარებს და სვეტებს ოქრო, რომლითაც თავად ხიზკიამ, იუდას მეფემ, მოჭედა ისინი, და მისცა აშურის მეფეს. და გაგზავნა აშურის მეფემ ლაქიშიდან თართანი, რაბსარისი და რაბშაკე დიდძალი ჯარით მეფე ხიზკიაჰუსთან იერუსალიმში. და წავიდნენ და მივიდნენ იერუსალიმში და დადგნენ ზემო ტბორის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე რომ არის. და დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე – მემატიანე. და უთხრა მათ რაბშაკემ: „უთხარით ხიზკიაჰუს: ‘ასე ამბობს დიდი მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ? ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობ. თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას. შენ კი რისი იმედით განმიდექი? დანდობიხარ მაგ გადამტვრეულ ლერწამს, ეგვიპტეს, რომელსაც, თუ კაცი დაეყრდნობა, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს. რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის, იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები ხიზკიაჰუმ გააუქმა და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცითო თაყვანი იერუსალიმს? ახლა მოდი, და დაუზავდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს. ათას ცხენს მე მოგცემ, თუ მხედრებს იშოვი მათთვის. როგორ გააბრუნებ ერთ მოხელესაც კი ჩემი ბატონის უმცირეს მსახურთაგან, როცა ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ? მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: ‘შეუტიე მაგ ქვეყანას და გაანადგურე.’“ უთხრეს ელიაკიმ ხილკიაჰუს ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „ელაპარაკე შენს მსახურს არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან.“ და უთხრა მათ რაბშაკემ: „მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამსხდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი.“ და დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: „ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა, აშურის მეფისა! ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდან. ნუ გაიმედებთ ხიზკიაჰუ: გვიხსნის უფალი და არ ჩაუგდებს ამ ქალაქს აშურის მეფესო. ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: ‘დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე. ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, და სვას თავისი ჭის წყალი, სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან გაცთუნებთ, რომ გეუბნებათ, უფალი გვიხსნისო. როდის უხსნიათ ღმერთებს თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან? სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენაყისა და ყივას ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან? რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?’“ და დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისაგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი. და მივიდნენ ელიაკიმ ხილკიას ძე – სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, – მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული ტანისამოსით და მოახსენეს მას მეფე რაბშაკეს სიტყვები. როცა გაიგონა ხიზკიაჰუმ, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა. და გაგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ძაძებით მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაისთან, ამოცის ძესთან. და უთხრეს: „ასე ამბობს ხიზკიაჰუ: ‘გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა. ეგებ ისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, რომ გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან ცოცხლები.’“ და მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მსახურნი ესაიასთან. და უთხრა მათ ესაიამ: „ასე უთხარით თქვენს ბატონს: ‘ასე ამბობს უფალი: ნუ გეშინიათ მოსმენილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი. მოვუვლენ სულს და მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. და მისსავე ქვეყანაში მახვილით დავცემ.’“ და დაბრუნდა რაბშაკე და აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა იგი. თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც, გაიგო. უთხრეს: „აჰა, შენთან საომრად გამოვიდა.“ და ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს და დააბარა მათ: „ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: ‘არ შეგაცდინოს შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში. ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის? აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავისი ხალხი, რომლებსაც მუსრი გაავლეს ჩემმა მამებმა: გოზანი, რეცეფი, ყედენიანები, თელასარში რომ არიან? სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაყისა და ყივას მეფე?’“ და გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულს, და წაიკითხა, და ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი. და ილოცა ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო! შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა. ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე და დაინახე, ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა. მართალია, უფალო, მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები, და ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით ნაკეთები საგნები იყო. აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.“ და შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ. ეს არის, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: ‘დაგცინის, გამასხრებს ქალწული, თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა. ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა? და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე! შენი მოციქულების პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე, და გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ნაძვები, და შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში, და ამოვთხარე და შევსვი უცხო წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები. ნუთუ არ გსმენია, რომ ეს ძველთაგანვე გავამზადე? რომ წინა დღეებში გაწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები. მათი მცხოვრებნი დაძაბუნდნენ, და შეშინდნენ და სირცხვილში არიან, მინდვრის ბალახივით შეიქმნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით. ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ როგორ მედიდგულები. იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, და ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს – ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, და ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი. კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და მაღლა გამოიღებს ნაყოფს. რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი, და ნატამალი – სიონის მთიდან. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას. ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს. უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა. და ვერ შევა ამ ქალაქში,’ – ამბობს უფალი, – ‘მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის.“ იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. და ადგნენ დილით, და აჰა, მკვდარი იყო ყველა. და აიყარა, და წავიდა, და გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში. ერთხელ, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელებმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა. იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ, და მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები და ვერ გადარჩები.’“ კედლისკენ მიაბრუნა პირი და შეევედრა უფალს: „უფალო! გაიხსენე, წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში!“ და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ. შუა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა: „გაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ერის წინამძღოლს, ასე ამბობს-თქო დავითის, მამაშენის, ღმერთი: ‘შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი, და აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში. და კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს, და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, და დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მსახურის, გულისთვის.’“ და თქვა ესაიამ: „მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი.“ და მოიტანეს და წყლულზე დაადეს, და განიკურნა. და უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: „რა იქნება იმის ნიშნად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?“ და თქვა ესაიამ: „ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ‘ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?’“ და თქვა ხიზკაიაჰუმ: „ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა. არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!“ და შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით. ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკიაჰუ. და მოუსმინა მათ ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მთელი თავისი საგანძური: ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთი, საჭურველის სახლი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა მის სახლში და მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინა მათთვის ხიზკიაჰუს. და მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა: „რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“ და თქვა ხიზკიაჰუმ: „შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.“ და თქვა: „რა ნახეს შენს სახლში?“ და თქვა ხიზკიაჰუმ: „ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.“ და უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: „ისმინე უფლის სიტყვა: ‘აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამებს დღემდე მოუხვეჭავთ, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, – ამბობს უფალი. – და წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.’“ და უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: „კარგია უფლის სიტყვა, შენ რომ წარმოსთქვი.“ და თქვა: „იქნება ჩემს მეფობაში მშვიდობა და სიმტკიცე.“ ხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, წყალსატევი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან. და მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე გამეფდა. თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდაათი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხეფციბა. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომლებიც აჰყარა უფალმა ისრაელის ძეთაგან. და ისევ ააგო გორაკები, ხიზკიაჰუმ, მამამისმა, რომ მოსპო; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს, და გააკეთა აშერა, როგორც ახაბ, ისრაელის მეფეს, ჰქონდა გაშენებული. და თაყვანს სცემდა მთელს ციურ მხედრობას და ემსახურებოდა მათ. და ააშენა სამსხვერპლოები უფლის სახლში, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს: „იერუსალიმში დავდებ ჩემს სახელს.“ და აუშენა სამსხვერპლოები მთელ ციურ მხედრობას უფლის სახლის ორსავე ეზოში. და ცეცხლში გაატარა თავისი შვილი, და მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები. და ბევრ უკუღმართობას აკეთებდა უფლის თვალში მის გასარისხებლად. და გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითს და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს; აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მის მამებს, ოღონდ მოექცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, და თანახმად რჯულისა, მოსემ, ჩემმა მსახურმა, რომ დაუწესა მათ.“ მაგრამ არ ისმინეს, და აცთუნა ისინი მენაშემ და იმ ხალხებზე მეტ ბოროტს აკეთებდნენ, რომლებიც ამოწყვიტა უფალმა ისრაელის ძეთა პირისაგან. და ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა, პირით: „იმის გამო, რომ ჩაიდინა მენაშემ, იუდას მეფემ, ეს სიბილწენი, გადააჭარბა ბოროტის ქმნაში ამორეველებს, მასზე უწინ რომ იყვნენ, და იუდაც აცთუნა თავისი კერპებით, ამიტომაც, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორთავე სასმენელნი გაუყრუვდება ამის გამგონეს. სამარიის ლარს და ახაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე, და პირწმინდად ამოვრეცხავ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი, ამორეცხავს და გადმოაპირქვავებს. და მივატოვებ ჩემი წილხვედრის ნარჩომს და მტრებს ჩავუგდებ ხელში, და საძარცვავად და დასატაცებლად შეიქმნებიან მათი მტრებისთვის. რადგან ბოროტს აკეთებდნენ ჩემს თვალში და მაჯავრებდნენ იმ დღიდან მოკიდებული, რაც მათი მამები გამოვიდნენ ეგვიპტიდან, დღევანდლამდე.’“ და უბრალო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ისე რომ პირთამდე აავსო იერუსალიმი, გარდა იმ ცოდვისა, იუდა რომ აცთუნა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა. მენაშეს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, მისი ცოდვები, რაც კი შეუცოდავს, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა მენაშემ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი სასახლის ბაღში, ყუზას ბაღში. და მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა. ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში, მისი დედა იყო მეშულემეთი, ხარუცის ასული, იატბადან. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, მენაშე, აკეთებდა. და ყველაფერში იმ გზას ადგა, რომლითაც მამამისი დადიოდა, და ემსახურებოდა იმ კერპებს, რომელთაც მამამისი ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა. და დაივიწყა უფალი, თავისი მამების ღმერთი, და უფლის გზით არ დადიოდა. აუჯანყდნენ ამონს მისი მსახურები და საკუთარ სახლში მოკლეს მეფე. დახოცა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ აჯანყებულნი. და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა ქვეყნის ერმა. ამონის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და დამარხეს იგი თავის სამარხში, ყუზას ბაღში, და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია, გამეფდა. რვა წლისა იყო იოშიაჰუ, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იედიდა, ყადაიას ასული, ბოცკათიდან. სწორს აკეთებდა უფლის თვალში და ყველაფერში დავითის, მამამისის, გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ. მეფე იოშიაჰუს მეთვრამეტე წელს გაგზავნა მეფემ უფლის სახლში შაფან მწერალი, მეშულამის ძის, აცალიაჰუს ძე, და დააბარა; „ადი ხილკიაჰუსთან, მღვდელმთავართან, და დაათვლევინე უფლის სახლში შემოსული მთელი ვერცხლი, რომელიც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან. ხელში ჩააბარონ სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი. ამათ კი უფლის სახლში მომუშავეებს დაურიგონ სახლის ბზარების შესაკეთებლად: დურგლებს, მშენებლებს, ქვითხუროებს. და იყიდონ ხე და თლილი ქვები სახლის შესაკეთებლად. ოღონდ ნუ მოეთხოვებათ ჩაბარებული ვერცხლის ანგარიში, რადგან პატიოსნად იქცევიან.“ და უთხრა ხილკიაჰუ მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.“ მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან. და მივიდა შაფან მწერალი მეფესთან და მოახსენა ამბავი. და უთხრა: „გადმოყარეს შენმა მსახურებმა უფლის სახლში ნაპოვნი ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი.“ და ამცნო შაფან მწერალმა მეფეს: „წიგნი მომცა მღვდელმა ხილკიაჰუმ.“ და წაიკითხა მეფის წინაშე, და როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, შემოიხია ტანსაცმელი. უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას, მეფის მსახურს: „წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ერზე და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს, რაც მათთვის იყო დაწერილი.“ და მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა, და დაელაპარაკნენ მას. უთხრა ქალმა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს, რაკი დამივიწყეს და საკმეველს უკმევდნენ უცხო ღმერთებს, რომ გავეჯავრებინე თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ჩემი რისხვა მოედება ამ ადგილს და არ ჩაქრება.’ იუდას მეფეს კი, რომელმაც უფალთან სამკითხაოდ გამოგგზავნათ, ასე უთხარით: ‘ასე ამბობს-თქო, ისრაელის ღმერთი: რაკი შეისმინე ეს სიტყვები, რაკი გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებთ, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, შემოიხიე სამოსელი და ატირდი ჩემს წინაშე, მაშინ მეც ვისმინე შენი, – ბრძანებს უფალი. – ამიტომაც, აჰა, წაგიყვანს შენს მამებთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარხებში და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო იმ ადგილს.’“ და მიუტანეს მეფეს ამბავი. და შეუთვალა მეფემ და შეკრიბეს მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი. და ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყველა მცხოვრები მასთან ერთად, და მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს. და შედგა მეფე ამაღლებულზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის მცნებებს, მის მოწმობებს და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. და მოიწონა აღთქმა მთელმა ერმა. და გამოატანინა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაყალისთვის, აშერასათვის და მთელი ციური მხედრობისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო. და გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში და ბაყალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და მთელი ციური მხედრობისთვის გუნდრუკის მკმეველნი. და გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ხევისკენ, და დაწვა კიდრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა. და დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას. და გამოყარა იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ისინი გუნდრუკს, გებაყიდან ბეერ-შებაყამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი – ქალაქის მთავრის, იესოს, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე – ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ. თუმცა გორაკთა მღვდლები არ აღავლენდნენ უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში, მაგრამ ხმიადებს კი ჭამდნენ თავიანთ ძმებთან ერთად. და წაბილწა თოფეთი, ჰინომის ძეთა ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ძე ან ასული. და გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას მეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი უფლის სახლში, შესასვლელის წინ, ჯარისკაც ნათან-მელექის პალატთან, გარეუბანში რომ არის. მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა. სამსხვერპლოებიც ახაზისეული სამყოფელის ბანზე, იუდას მეფეებმა რომ აღმართეს, და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მენაშემ უფლის სახლის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კიდრონის ხევში ჩაყარა მათი ფერფლი. და წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, მეფემ რომ მოუწყო ყაშთორეთს – ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს – მოაბის სიბილწეს, და მილქომს – ყამონის ძეთა სისაძაგლეს. და დალეწა სვეტები და გაჩეხა აშერები, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი. ასევე დაანგრია ბეთელის სამსხვერპლო, იერობყამ ნაბატის ძის, ისრაელის მაცთუნებლის, მოწყობილი გორაკი; და ცეცხლს მისცა გორაკი და გააცამტვერა, და დაწვა აშერა. და გაიხედა იოშიამ და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო, და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები, და სამსხვერპლოზე დააწვევინა, და ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც გამოცხადებული ჰქონდა ღვთისკაცს, რომელმაც წინასწარ აუწყა ეს ამბები. და თქვა: „ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ?“ და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეტყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს.“ და თქვა: „მოასვენეთ, ნურვინ დასძრავს მის ძვლებს.“ ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები. ასევე გორაკთა ყველა სახლი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში. სამსხვერპლოებზე დაკლა გორაკთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა ადამიანის ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა. და უბრძანა მეფემ მთელს ერს: „მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში სწერია, რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში.“ მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს მომზადდა ეს პასექი უფლისათვის იერუსალიმში. ასევე მესულთანეებიც, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვნა ხილკიაჰუ მღვდელმა. არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი ძალით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი. მაგრამ არ შებრუნებულა უფალი დიდი რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე. ყველა წყენის გამო, რაც მენაშემ აწყენინა მას. და თქვა უფალმა: „იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე. არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, იერუსალიმს და სახლს, რომელზეც ვთქვი: ‘აქ იქნება ჩემი სახელი.“ იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ მდინარე ევფრატზე. და გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად, და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე. და წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. და გამოიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზ იოშიას ძე, და სცხო ზეთი და მამამისის ნაცვლად გაამეფეს. ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები აკეთებდნენ. და დააკავა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა, და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო. და გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე მამამისის, იოშიას, ნაცვლად და დაარქვა სახელად იეჰოიაკიმი. და ადგა იეჰოახაზი და წავიდა ეგვიპტეს და იქ მოკვდა. ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს, ოღონდ ქვეყანაზე გაანაწილა ფარაონის ბრძანებისამებრ მისაცემი ვერცხლი. ქვეყნის ხალხში თითოეულს მისი შეძლების მიხედვით დააკისრა ფარაონ ნექოსათვის მისაცემი ვერცხლი. ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ზებუდა, ფედაიას ასული, რუმადან. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები აკეთებდნენ. მის დღეებში გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მსახური სამ წელიწადს. მერე კვლავ განუდგა მას. მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ბრბოებს, და შეუსევდა იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მსახურთა – წინასწარმეტყველთა – პირით. უფლის ნებით ხდებოდა იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა, მენაშეს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო, და იმ უბრალოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი, და არ ინება უფალმა მისი პატიება. იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, იეჰოიაქინი, გამეფდა. და მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა, ეგვიპტის მდინარე ეფვრატამდე, თვრამეტი წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი აკეთებდა. ამ დროს დაიძრნენ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მოლაშქრეები იერუსალიმისაკენ და შემოადგნენ ქალაქს. და მოადგა ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორი, ქალაქს, როცა მის მოლაშქრეებს ალყაში ჰყავდათ ქალაქი მოქცეული. და გავიდა იეჰოიაქინი, იუდას მეფე, ბაბილონის მეფესთან, და გავიდნენ დედამისიც, მისი მსახურნიც და დიდებულებიც, და კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ თავისი მეფობის მერვე წელს. და გაზიდა იქიდან უფლის სახლის საგანძური და მეფის სახლის საგანძური, და დაამტვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გააკეთა სოლომონმა, ისრაელის მეფემ, უფლის ტაძარში. და აჰყარა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი, – ათი ათასი კაცი იყო აყრილი, – ყველა ხურო და მჭედელი, არავინ დარჩენილა, მდაბიორთა გარდა. და გადაასახლა იეჰოიაქინი ბაბილონს, და მეფის დედა, და მეფის ცოლები, და მისი კარისკაცები, და ქვეყნის თავკაცნი წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში დასასახლებლად. მეომრები – შვიდი ათასი კაცი, ხელოსნები და მშენებლები – ათასი კაცი, ყველა ვაჟკაცი, ომის შემძლე, წაასხა ბაბილონის მეფემ ბაბილონში დასასახლებლად. და დასვა მეფედ ბაბილონის მეფემ [იეჰოიაქინის] ნაცვლად მისი ბიძა, მათანია, და სახელად ციდკიაჰუ დაარქვა. ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან, ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი აკეთებდა. და მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. და განუდგა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს. თავისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს, წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქუდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ და შემოადგა მას და მიწაყრილები მოუწყო ირგვლივ. და იყო ალყაში ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე. თვის მეცხრე დღეს გამძვინვარდა შიმშილი ქალაქში, და არ ჰქონდა პური ხალხს. და გატყდა ქალაქი და გაიქცნენ ღამით ორ კედელს შუა, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ციდკიაჰუმ მიმართა ყარაბასკენ მიმავალ გზას. და დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს, და მიეწივნენ იერიხოს დაბლობზე და მთელი ლაშქარი გაეფანტა მას. და შეიპყრეს მეფე და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, და მსჯავრი დასდეს: თვალწინ დაუკლეს შვილები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დასთხარეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს. მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეცხრამეტე წელი, მოვიდა ნებუზარდანი – ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მსახური, იერუსალიმში, და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა. და დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდა-ქართუხუცესს მოჰყვა. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ სხვადასხვა ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ნებუზარდანმა – ქონდაქართუხუცესმა. და ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა. და სპილენძის სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, და კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს. ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, სპილენძის ყველა ჭურჭელი, ღვთისმსახურებისას რომ იყენებდნენ, გაზიდეს. სასაკმევლეები და სასხურებლები, ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, ქონდაქართუხუცესმა წაიღო. წყვილი სვეტიც, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის სახლისთვის – აუწონავი იყო სპილენძი, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული. თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ჰქონდა. და სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე. ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო, ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად. და გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და ზღურბლის სამი მცველი. ქალაქიდან გამოიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებს ზედამხედველობდა, ხუთი კაცი, მეფის პირისმხილველნი, რომელნიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწერალი, რომელიც იწვევდა ჯარში ქვეყნის ხალხს, და ექვსასი კაცი ქვეყნის ხალხიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, და წაიყვანა ისინი ნებუზარდანმა – ქონდაქართუხუცესმა, და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში. და დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დაახოცინა რიბლაში, ხამათის მხარეში. და აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან. იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხზე კი, რომელიც დატოვა იქ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად დანიშნა გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა. და გაიგეს მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ დანიშნა და მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში. ესენი იყვნენ: იშმაყელ ნეთანიას ძე, იოხანან კარეახის ძე, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი. და შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ ხალხს და უთხრა: „ნუ გეშინიათ ქალდეველთა მორჩილებისა, დასახლდით ქვეყანაში, და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და კარგი იქნება თქვენთვის.“ მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი, ათი კაცითურთ, და მოკლა გედალიაჰუ და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ მას. და ადგა მთელი ხალხი დიდიან პატარიანად და მხედართმთავრები, და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით. იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს, საპყრობილიდან იპატივა იეჰოიაქინი, იუდას მეფე. და კეთილად ელაპარაკა და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც ბაბილონში ჰყავდა მას. და გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა იგი პურს მთელი სიცოცხლე. და სამუდამო იყო მისი სარჩო და ეძლეოდა მეფისაგან ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლე. ადამი, შეთი, ენოში, კენანი, მაჰალალელი, იარედი, ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი, ნოე, სემი, ქამი, იაფეთი. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და როდანიმი, ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანანი. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა, საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი. ქუშმა შვა ნიმროდი. მან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე. მიცრაიმმა შვა ლუდელნი და ყანამელნი, ლეჰაბელნი და ნაფთუხელნი, ფათრუსელნი და ქასლუხელნი, რომელთაგანც ფილისტიმელები და ქაფთორელნი გამოვიდნენ. ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი. იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშელნი, ხიველნი, ყარკელნი, სინელნი, არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი. არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი. ყებერს ორი ვაჟი შეეძინა. ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მისი ძმის სახელი იყო იოკტანი. იოკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მავეთი, იარახი, ჰადორამი, უზალი, დიკლა, ღებალი, აბიმაელი, შება, ოფირი, ხავილა, იობაბი; ყველა ესენი იოკტანის ძენი არიან. სემი, არფაქშადი, შელახი, ყებერი, ფელეგი, რეღუ, სერუგი, ნახორი, თერახი. აბრამი, იგივე აბრაამი. აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი. ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი, მიბსამი, მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. ესენი არიან ისმაელის ძენი. კეტურას, აბრაამის ხარჭის, ძენი: მან შვა ზიმრანი, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. იაკშანის ძენი: შება და დედანი. მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი არიან. აბრაამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი. ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი. ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი, ყამალეკი. რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი. ლოტანის ძენი: ხორი, ჰომამი. ლოტანის და იყო თიმნაყი. შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ღებალი, შეფი, ონამი. ციბყონის ძენი: აია და ყანა. ყანას ძე: დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი, ქერანი. ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი. აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყნად რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელის ძეთა შორის გამეფდებოდა მეფე ბელაყი, ძე ბეყორისა. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა. და მოკვდა ბელაყი და მის ნაცვლად გამეფდა იობაბ ზერახის ძე – ბოცრელი. და მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად გამეფდა ხუშამი – თემანის ქვეყნიდან. და მოკვდა ხუშანი და მის ნაცვლად გამეფდა ჰადად ბედადის ძე, რომელმაც მოაბის ველზე მიდიანელნი გაანადგურა. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი. და მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა. და მოკვდა სამლა და მის ნაცვლად შაული გამეფდა – მდინარისპირა რეხობოთიდან. და მოკვდა შაული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანანი გამეფდა, ყაქბორის ძე. და მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი ქალაქის სახელი იყო ფაყი. სახელი მისი ცოლისა მეჰეტაბელი, ასული მატრედისა, ასული მე-ზაჰაბისა. და მოკვდა ჰადადი. ედომის მთავრები იყვნენ: მთავარი თიმნაყი, მთავარი ყალია, მთავარი იეთეთი, მთავარი ოჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი, მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი, მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის მთავრები. ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი, დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი. იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა; ქანაანელი შუაყის ასულისაგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი, ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი უფალმა. თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზერახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა. ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული. ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი – ხუთნი. ქარმის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გატეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია. ეთანის ძენი: ყაზარია. – და ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი. რამმა შვა ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი – იუდას ძეთა წინამძღოლი, ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე, იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე – აბინადაბი, მესამე – შიმყა, მეოთხე – ნეთანეელი, მეხუთე – რადაი, მეექვსე – ოცემი, მეშვიდე – დავითი. მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბიშაი, იოაბი და ყასაელი – სამნი. აბიგაილმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი იყო, ისმაელიანი. ქალებმა, ხეცრონის ძემ, ყაზუბას, თავის ცოლს, და იერიყოთს აშობინა; აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი. და მოკვდა ყაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად, უშვა მას ხური. ხურმა შვა ური. ურიმ შვა ბეცალელი. მერე ხეცრონი გილყადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. უშვა მას სეგუბი. სეგუბმა შვა იაირი. გილყადის ქვეყანაში მას ოცდასამი ქალაქი ჰქონდა. გეშურმა და არამმა წაართვეს მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად – სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გილყადის მამის, მაქირის ძენი არიან. მას შემდეგ რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის ცოლმა აბიამმა უშვა მას აშხური, თეკოაყის მამა. ხეცრონის პირმშოს იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია. იერახმეელს სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყატარა, ის იყო ონამის დედა. იერახმეელის პირმშოს რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი. ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი და აბიშური. აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი. ნადაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა. აფაიმს ჰყავდა ძე – იშყი, იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი. იადაყის, შამაის ძმის, ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა. იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმეელის ძენი იყვნენ. შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშანს ეგვიპტელი ყმა ჰყავდა, სახელად იარხაყი. შეშანმა თავისი ასული თავის ყმას იარხაყს მისცა ცოლად. და უშვა მას ყათაი. ყათაიმ შვა ნათანი, ნათანმა შვა ზაბადი, ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი, ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა, ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი, შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი. იერახმეელის ძმის, ქალების ძენი: პირმშო – მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის, ძენი. ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი. შემაყმა შვა რახამი, იორკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი. შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა. ქალების ხარჭას, ყეფას, შეეძინა: ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი. იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეფა და შაყაფი. ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა. და შვა მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა – შევა. ქალების ასული იყო ყაქსა. ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურას ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა, სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადერისა. შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები: ჰაროე, ხაცი, მენუხოთი. კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრელი, ფუთელი, შუმათელი და მიშრაყელი. მათგან გამოვიდნენ: ცორყათელი და ეშთაოლელი. სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი, ნეტოფათელი, ყატაროთ-ბეთ-იოაბი, მანახთიელთა ნახევარი, და ცორყელნი. იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათელნი, სუქათელნი, ესენი კინელნი არიან, ბეთ-რექაბის მამის ხამათის შთამომავლები. ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინენ მას: პირმშო ყამნონი, ახინოყამ იზრეყელელისგან, მეორე – დანიელი, აბიგაილ ქარმელელისაგან. მესამე – აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი. მეოთხე – ადონია, ხაგითის ვაჟი. მეხუთე – შეფატია, აბიტალისაგან, მეექვსე – ითრაყამი, ყეგლასგან, თავისი ცოლისაგან. ექვსნი შეეძინენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე იქ იმეფა, ოცდაცამეტი წელი კი იერუსალიმში. ესენი შეეძინენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი, სოლომონი – ოთხნი, ბათ-შუაყისგან, ყამიელის ასულისაგან. იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი, ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი, ელიშამაყი, ელიადაყი, ელიფელეტი – ცხრანი. სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა. თამარიც მათი და იყო. სოლომონის ძე რეხაბყამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი, მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში, მისი ძე ამაციაჰუ, მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი, მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე, მისი ძე ამონი, მისი ძე იოშიაჰუ. იოშიაჰუს ძენი: პირმშო – იოხანანი, მეორე – იეჰოიაკიმი, მესამე – ციდკიაჰუ, მეოთხე – შალუმი. იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკიაჰუ. იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შეალთიელი, მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამაყი, ნედაბია. ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმყი. ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი, ხაშუბა, ოჰელი, ბერექია, ხასადია, და იუშაბ-ხესედი – ხუთნი. ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია, რეფაიას ძენი, არნანის ძენი, ყობადიას ძენი, შექანიას ძენი. და შექანიას ძე შემაყია. შემაყიას ძენი: ხატუში, იგეალი, ბარიახი, ნეყარია, შაფატი – ექვსნი. ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი – სამნი. ელიოყენაის ძენი: ჰოდავიაჰუ, ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი, იოხანანი, დელაია, ყანანი – შვიდნი. იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ხური და შობალი. შობალის ძემ რეაიამ შვა იახათი, იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. აჰა, ცორყათელთა საგვარეულონი. აჰა, ყეტამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში. მათ დას ჰაცელელფონი ერქვა. ფენუელი, გედორის მამა და ყეზერი, ხუშას მამა, ესენი არიან ხურის ძენი, ეფრათას პირმშოსი, ბეთლეხემის მამისა. აშხურს, თეკოაყის მამას, ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაყარა. ნაყარასგან შეეძინა: ახუზამი, ხეფერი, თემნი და ჰაახაშთარი. ესენი იყვნენ ნაყარას ძენი. ხელას ძენი: ცერეთი, იეცხარი და ეთნანი. კოცმა შვა ყანუბი, ჰაცობება და ახარხელ ჰარუმის ძის საგვარეულონი. იაყბეცი თავის ძმებზე უფრო პატივდებული იყო. იაყბეცი დედამისმა დაარქვა, თქვა: რადგან ტკივილით გავაჩინეო. მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: „ნეტა კურთხევით მაკურთხებდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო.“ და მისცა ღმერთმა, რასაც ითხოვდა. შუხას ძმამ ქელუბმა შვა მეხირი, ეშთონის მამა. ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და ყირ-ნახაშის მამა თეხინა. აჰა, რექას მცხოვრებნი. კენაზის ძენი: ყათნიელი და სერაია. ყათნიელის ძე იყო ხათათი. მეყონოთაიმ შვა ყოფრა. სერაიამ შვა იოაბი, მამა ხუროთა ველისა, რადგან ხურონი იყვნენ. ქალების, იეფუნეს ძის, ძენი: ყირუ, ელა და ნაყამი, ელას ძე იყო კენაზი. იეჰალელის ძენი: ზიფი და ზიფა, თირია და ასარელი. ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი. იეთერმა შვა მირიამი, შამაი და იშბახი, ეშთემოაყის მამა. მის იუდაელ ცოლს შეეძინა იერედი – მამა გედორისა, და ხებერი – მამა სოხოსი, და იეკუთიელი – მამა ზანოახისა. ჰოდიას ცოლის, ნახამის დის ვაჟები: კეყილას მამა გარმელი და ეშთემოაყ მაყაქათელი. შიმონის ძენი: ყამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშყის ძენი: ზოხეთი და ბენ-ზოხეთი. იუდას ძის შელას ვაჟები: ყერი – ლექას მამა, ლაყდა – მარეშას მამა და სელის საქმის საგვარეულოები აშბეაყის სახლიდან. იოკიმი და ქოზებას კაცები, იოაში და სარაფი მოაბსა და იაშუბი-ლახემს ფლობდნენ. ეს ძველი ამბებია. ისინი მეთუნეები იყვნენ და. ნეტაყიმსა და გედერაში სახლობდნენ, მეფესთან ცხოვრობდნენ და მისთვის შრომობდნენ. სიმონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და შაული; მისი ძე შალუმი, მისი ძე მიშმაყი. მიშმაყის ძენი: მისი ძე ხამუელი, მისი ძე ზაქური, მისი ძე შიმყი. შიმყის თექვსმეტი ვაჟი და ექვსი ქალი ჰყავდა. მის ძმებს ბევრი ვაჟები არ ჰყოლიათ და არც მათი საგვარეულო იყო იუდას ძეთა საგვარეულოსავით მრავალრიცხოვანი. ისინი ცხოვრობდნენ ბეერ-შებაყში, მოლედასა და ხაცარ-შუყალში, ბილჰაში, ყეცემში, თოლადში, ბეთუელში, ხორმაში, ციკლაგში, ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირსა და შაყარაიმში. აჰა, მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე. მათი დასახლებები: ყეტამი, ყაინი, რიმონი, თოქენი, ყაშანი – ხუთი ქალაქი. ასევე ყველა ის სოფლები, რომელნიც ამ ქალაქებს ეკვროდნენ ვიდრე ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა. მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე, იოელი და იეჰუ, ძე იოშიბიასი, სერაიას ძისა, ყასიელის ძისა. ელიოყენაი, იაყაკობა, იშოხაია, ყასაია, ყადიელი, იშიმიელი, ბენაია. ზიზა, ძე შიფყისა, ძისა ალონისა, ძისა იედაიასი, ძისა შიმრისა. ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავ-თავიანთი საგვარეულოების მთავრები იყვნენ. მათი მამის სახლი ძალიან გაიზარდა. მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრების საძებნელად და პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს. ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო, რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ. ისინი, სახელებით რომ იყვნენ ჩამოწერილნი, იუდას მეფის იეხიზკიაჰუს დღეებში მოვიდნენ, და გაანადგურეს მათი კარვები და მაყონელნი, იქ რომ იყვნენ. იმ დღეს ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ნაცვლად დასახლდნენ, რადგან იქ იყო მათი ცხვრის საძოვრები. მათგან – სიმონის ძეთაგან – ხუთასი კაცი სეყირის მთისკენ გაეშურა იშყის ძეთა: ფელატიას, ნეყარიას, რეფაიას და ყუზიელის მეთაურობით. და გაანადგურეს ყამალეკის დარჩენილი ნატამალი და დღემდე იქ ცხოვრობენ. ძენი რეუბენის, ისრაელის პირმშოსი; იგი პირმშო იყო, მაგრამ, როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა, ისრაელის ძის იოსების ძეთ არა იმისათვის, რომ პირმშოდ ჩაწერილიყვნენ; იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებმა მიიღო. რეუბენის, ისრაელის პირმშოს, ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. იოელის ძენი: მისი ძე შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმყი, მისი ძე მიქა, მისი ძე რეაია, მისი ძე ბაყალი, მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილესერმა, ის იყო რეუბენის ძეთა წინამძღოლი. მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: უფროსი იეყიელი, ზაქარია, ბელაყი, ძე ყაზაზისა, ძე შემაყისა, ძე იოელისა. იგი ყაროყერში ცხოვრობდა, ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე. აღმოსავლეთით ცხოვრობდა მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდათ გილყადის ქვეყანაში. საულის დროს აგარელებს ეომებოდნენ და მათ ხელში ჩაცვივდნენ, და დასახლდნენ ისინი მათ კარვებში, გილყადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში. გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ ბაშანის ქვეყანაში სალქამდე, უფროსი – იოელი, მომდევნონი: შაფამი, იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ. მათი ძმები, თავ-თავიანთი მამის სახლიდან: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაყქანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა. აჰა, ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახის ძისა, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა. ახი, ძე ყაბდიელისა, ძე გუნისა, მათი მამისსახლის თავკაცი. ისინი ცხოვრობდნენ გილყადში, ბაშანსა და მის კუთვნილ ქალაქებში, ასევე შარონის მთელ სანახებში, ვიდრე გამოვიდოდნენ. ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამის, დროს და იერობყამის ისრაელის მეფის, დროს. რეუბენის ძეებში, გადის ძეებში და მენაშეს ნახევარ ტომში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხი ათას შვიდასსამოცი გამოდიოდა საომრად. აგარელებთან, იეტურთან, ნაფიშთან და ნოდაფთან ჰქონდათ ომი. და მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარელები, მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ. და წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათი ათასი აქლემი, ორასორმოცდაათი ათასი წვრილფეხა, ორი ათასი ვირი და ასი ათასი ტყვე; მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღვთისაგან იყო ეს ომი. და სახლობდნენ ისინი მათს ადგილებზე, სანამ ტყვეობაში მოხვდებოდნენ. და მენაშეს ნახევარი ტომიც დასახლდა იმ ქვეყანაში, ბაშანიდან მოყოლებული ვიდრე ბაყალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი. ესენია მათი მამისსახლის თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი – მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლის სახელოვანი თავკაცები. როცა მათ ზურგი აქციეს მამათა ღმერთს და გზააბნეულნი გაჰყვნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა, მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის, სული და აშურის მეფის თიგლათ-ფილესერის სული და გაასახლა რეუბენის ძენი, გადის ძენი და მენაშეს ნახევარი ტომი, და ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში. და მდინარე გოზანთან, დღემდე. ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი. კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. ყამრამის ძენი: აარონი, მოსე, მირიამი. აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, ელეაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი, აბიშუაყმა შვა ბუკი, ბუკმა შვა ყუზი, ყუზმა შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი, მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი. ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა ახიმაყაცი, ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი. იოხანანმა შვა ყაზარია – ეს იმ ტაძარში მღვდლობდა, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში, – ყაზარიამ შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი, ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი, შალუმმა შვა ხილკია, ხილკიამ შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა სერაია, სერაიამ შვა იეჰოცადაკი. იეჰოცადაკი წავიდა [ტყვეობაში], როცა უფალმა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით გაასახლა. ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი და მერარი; გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი. კეჰათის ძენი: ყამრამი იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით. გერშომს ჰყავდა მისი ძე ლიბნი, მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა, მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი. კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი, მისი ძე ელკანა, მისი ძე აბიასაფი, მისი ძე ასირი, მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია, მისი ძე შაული. ელკანას ძენი: ყამასაი და ახიმოთი. მისი ძე ელკანა, მისი ძე ცოფაი, მისი ძე ნახათი, მისი ძე ელიაბი, მისი ძე იეროხამი, მისი ძე ელკანა. სამუელის ძენი: იოელი – პირმშო და მომდევნო აბია. მერარის ძენი: მახლი, მისი ძე ლიბნი, მ მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია. აჰა, ისინი, მგალობლებად რომ დააყენა დავითმა უფლის სახლში, კიდობნის დადგმის შემდეგ. სადღესასწაულო კარავთან გალობით ასრულებდნენ მსახურებას, სანამ სოლომონი იერუსალიმში უფლის სახლს ააშენებდა. ისინი თავიანთი მსახურების წესისამებრ იდგნენ. აჰა, ისინი, მსახურებას ვინც ეწეოდნენ, და მათი ძენი: კეჰათის ძეთაგან ჰემანი – მგალობელი, იოელის ძე, ძისა სამუელისა, ძისა ელკანასი, ძისა იეროხამისა, ძისა ელიელისა, ძისა თოახისა, ძისა ცუფისა, ძისა ელკანასი, ძისა მახათისა, ძისა ყამასაისი, ძისა ელკანასი, ძისა იოელისა, ძისა ყაზარიასი, ძისა ცეფანიასი, ძისა თახათისა, ძისა ასირისა, ძისა აბიასაფისა, ძისა კორახისა, ძისა იცჰარისა, ძისა კეჰათისა, ძისა ლევისა, ძისა ისრაელისა, მისი ძმა ასაფი, მის მარჯვნივ მდგომი, ასაფ ბერექიაჰუს ძე, შიმყას ძისა, ძისა მიქაელისა, ძისა ბაყასეიასი, ძისა მალქიასი, ძისა ეთნისა, ძისა ზერახისა, ძისა ყადაიასი, ძისა ეთანისა, ძისა ზიმასი, ძისა შიმყისა, ძისა იახათისა, ძისა გერშომისა, ძისა ლევისა. მერარის ძენი, მათი ძმები, მარცხნივ რომ იდგნენ: ეთან კიშის ძე, ძისა ყაბდისა, ძისა მალუქისა, ძისა ხაშაბიასი, ძისა ამციასი, ძისა ხილკიასი, ძისა ამაცისა, ძისა ბანისა, ძისა შამერისა, ძისა მახლისა, ძისა მუშისა, ძისა მერარისა, ძისა ლევისა. მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისათვის იყვნენ დაყენებულნი. აარონი და მისი ძენი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე და საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ, წმიდათა წმიდაში ყველა საქმეს აკეთებდნენ და ყველაფერს ისე ასრულებდნენ ისრაელის განსაწმედად, როგორც ბრძანა მოსემ, ღვთის მსახურმა. აჰა, აარონის ძენი: მისი ძე ელეაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი, მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, მისი ძე ზერახია, მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი, მისი ძე ცადოკი, მისი ძე ახიმაყაცი. ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით ერგოთ აარონის ძეთ, კეჰათელთა საგვარეულოდან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ. და მისცეს მათ ხებრონი, იუდას ქვეყანაში, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ. ამ ქალაქის მინდორ-ველი და სოფლები ქალებს მისცეს, იეფუნეს ძეს. აარონის ძეთ მისცეს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი, ლიბნა თავისი სანახებით, იათირი და ეშთემოაყი თავისი სანახებით, ხილენი თავისი სანახებით, დებირი თავისი სანახებით, ყაშანი თავისი სანახებით, ბეთ-შემეში თავისი სანახებით. ბენიამინის ტომიდან: გებაყი თავისი სანახებით, ყალემეთი თავისი სანახებით, ყანათოთი თავისი სანახებით. მათ საგვარეულოებში სულ ცამეტი ქალაქი იყო. ხოლო დანარჩენი კეჰათიანებს, ამ ტომის საგვარეულოდან, მენაშეს ნახევარტომის ნახევრიდან ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით. გერშომიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალისა და მენაშეს ტომებიდან ცამეტი ქალაქი ერგოთ ბაშანში. მერარიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულუნის ტომებიდან თორმეტი ქალაქი შეხვდათ წილისყრით. ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებით ისრაელის ძეებმა ლევიანებს. წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ. კეჰათიანთა საგვარეულოებმა თავიანთი სასაზღვრო ქალქები ეფრემის ტომისაგან მიიღეს. მათვე მისცეს თავშესაფარი ქალაქები: შექემი, ეფრემის მთაზე, თავისი სანახებით, გეზერი თავისი სანახებით, იაკმეყამი თავისი სანახებით, ბეთ-ხორონი თავისი სანახებით, აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით. მენაშეს ნახევარტომიდან – ყანერი თავისი სანახებით და ბილყამი თავისი სანახებით მისცეს კეჰათიანთა დანარჩენ საგვარეულოს. გერშომიანებს, მენაშეს ნახევარტომის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავისი სანახებით და ყაშთაროთი თავისი სანახებით. ისაქარის ტომიდან მისცეს კედეში თავისი სანახებით, დაბრათი თავისი სანახებით, რამოთი თავისი სანახებით, ყანემი თავისი სანახებით. აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავისი სანახებით, ყაბდონი თავისი სანახებით. ხუკოკი თავისი სანახებით, რეხობი თავისი სანახებით. ნაფთალის ტომიდან მისცეს კედეში გალილეაში თავისი სანახებით, ხამონი თავისი სანახებით და კირიათაიმი თავისი სანახებით. დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს რიმონო თავისი სანახებით და თაბორი თავისი სანახებით. იორდანეს გადაღმა, იერიხოსთან, იორდანეს აღმოსავლეთით რეუბენის ტომიდან მისცეს: ბეცერი უდაბნოში თავისი სანახებით, და იაჰცა თავისი სანახებით. კედმოთი თავისი სანახებით და მეფაყათი თავისი სანახებით. გადის ტომიდან მისცეს რამოთი გილყადში თავისი სანახებით, და ხეშბონი თავისი სანახებით და იაყზერი თავისი სანახებით. ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუა, იაშუბი, შიმრონი – ოთხნი. თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, იერიელი, იახმაი, იაბსამი, სამუელი – თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავ-თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო. ყუზის ძე იზრახია. იზრახიას ძენი: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია – სულ ხუთი თავკაცი. თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამიისსახლიდან ოცდათექვსმეტიათასიანი საბრძოლო რაზმი გამოჰყავდათ ომში, რადგან ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ. მათი ძმები, ისაქარის ყველა საგვარეულოს მაგარი ვაჟკაცები, ოთხმოცდაშვიდი ათასნი იყვნენ. ყველანი საგვარტომო ნუსხაში იყვნენ ჩაწერილნი. ბენიამინიანები: ბელაყი, ბექერი და იედიყაელი – სამნი. ბელაყის ძენი: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, იერიმოთი, ყირი – ხუთნი, მამისსახლის თავკაცები. საგვარტომო ნუსხაში ოცდაორი ათას ოცდათოთხმეტნი არიან ჩაწერილნი. ბექერის ძენი: ზემირა, იოყაში, ელიეზერი, ელიოყენაი, ყომრი, ირემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი. ყველა ისინი ბექერის ძენი არიან. საგვარტომო ნუსხაში ისინი თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცების მიხედვით არიან ჩაწერილნი – სულ ოციათას ორასი ძლიერი მებრძოლი. იედიყაელის ძენი: ბილჰანი. ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი. ყველა ესენი იედიყაელის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან ჩვიდმეტიათას ორასი მებრძოლი გამოდიოდა საბრძოლველად. შუფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო. ნაფთალის ძენი: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ. მენაშეს ძენი: ასრიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გილყადის მამა. მაქირმა ცოლები მოუყვანა ხუფიმს და შუფიმს. მათ დას მაყაქა ერქვა, ვაჟს – ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა. მაყაქამ, მაქირის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა. მისი ვაჟები იყვნენ: ულამი და რაკემი. ულამის ძე – ბედანი. აჰა, ძენი გილყადისა, მაქირის ძისა, მენაშეს ძისა. მისმა დამ, ჰამოლექეთმა შვა იშჰოდი, აბიყეზერი და მახლა. შემიდაყის ძენი იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიყამი. ეფრემის ძენი: შუთალახი, მისი ძე ბერედი, მისი ძე თახათი, მისი ძე ელყადა, მისი ძე თახათი, მისი ძე ზაბადი, მისი ძე შუთელახი, ყეზერი და ელყადი. ისინი გათის ხალხმა ამოხოცა ამ ქვეყნის მკვიდრებმა, რადგან ისინი საქონლის წასართმევად დაესხნენ თავს. დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა. მის სანუგეშოდ მისი ძმები მოვიდნენ. და მიუდგა იგი თავის ცოლს, დაორსულდა და ბიჭი გაუჩნდა, სახელად ბერიყა დაარქვეს, რადგან მის სახლში უბედურება დატრიალდა. შეერა მისი ასული იყო, და მან ააშენა ზემო და ქვემო ბეთ-ხორონი და უზენ-შეერა. მისი ძე იყო რეფახი, მისი ძე რეშეფი და თელახი, და მისი ძე თახანი, მისი ძე ლაყდანი, მისი ძე ყამიჰუდი, მისი ძე ელიშამაყი, მისი ძე ნონი, მისი ძე იესო. მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო: ბეთ-ელი და მისი დაბა-სოფლები. აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით ღაზამდე და მის დაბა-სოფლებამდე. მენაშეს ძეთა ხელში იყო: ბეთ-შეანი თავისი დაბა-სოფლებით, თაყნაქი თავისი დაბა-სოფლებით, მეგიდო თავისი დაბა-სოფლებით, დორი თავისი დაბა-სოფლებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსების, ისრაელის ძის, ძენი. აშერიანები: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი და სერახი. ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი, ბირზაითის მამა. ხებერმა შვა იაფლეტი, შომერი, ხოთამი და მათი და შუაყა. იაფლეტის ძენი: ფასაქი, ბიმჰალი და ყაშვათი. ესენი არიან იაფლეტის ძენი. შამერის ძენი: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი. მისი ძმის, ჰელემის ძენი: ცოფახი, იმნაყი, შელეში და ყამალი. ცოფახის ძენი: სუახი, ხარნეფერი, შუყალი, ბერი და იმრა, ბეცერი და ჰოდი, შამა და შილშა, ითრანი და ბეერა. იეთერის ძენი: იეფუნე, ფისფა და არა. ყულას ძენი: არახი, ხანიელი და რიცია. ყველა ესენი აშერის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები, რჩეული და ძლიერი მებრძოლები, მთავართა თავკაცები. მათ საგვარტომო ნუსხაში რიცხვით ოცდაექვსი ათასი ომში მებრძოლი კაცია ჩაწერილი. ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე – აშბელი, მესამე – ახრახი, მეოთხე – ნოხა, მეხუთე – რაფა. ბალაყს ჰყავდა ძეები: ადარი, გერა, აბიჰუდი, აბიშუაყი, ნაყამანი, ახოახი, გერა, შეფუფანი, ხურამი, ესენი არიან ახუდის ძენი – მამისსახლთა თავკაცები, რომელნიც გებაყში ცხოვრობდნენ და მანახათში გადაასახლეს. ნაყამანი, ახია და გერა, რომელმაც გადაასახლა ისინი; მას შეეძინა ყუზა და ახიხუდი. შახარაიმს მოაბის ველზე შეეძინა შვილები მას შემდეგ, რაც ხუშიმი და ბაყარა, თავისი ცოლები, გაუშვა. ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა: იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი, იეყუცი, საქია და მირმა. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები. და ხუშიმისაგან შვა აბიტუმი და ელფაყალი. ელფაყალის ძენი: ყებერი, მიშყამი, შემერი. მან ააშენა ონო და ლოდი თავისი დაბა-სოფლებით. ბერიყა და შემაყი მამისსახლთა თავკაცები იყვნენ და აიალონში ცხოვრობდნენ, მათ განდევნეს გათელები. ახიო, შაშაკი, ირემოთი, ზებადია, ყარადი, ყადერი, მიქაელი, იშფა, იოხა – ბერიყას ძენი. ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხაბერი, იშმერაი, იზლია, იობაბი – ელფაყალის ძენი იაკიმი, ზიქრი, ზაბდი, ელიყენაი, ცილთაი, ელიელი, ყადაია, ბერაია, შიმრათი – შიმყის ძენი. იშფანი ყებერი, ელიელი, ყაბდონი, ზიქრი, ხანანი, ხანანია, ყელამი, ყანთოთია, იფდეია, ფენუელი – შაშაკის ძენი. შამშერაი, შეხარია, ყათალია, იაყარეშია, ელია, ზიქრი – იეროხამის ძენი. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, თავკაცები თავიანთ გვარტომთა. ესენი იერუსალიმში ცხოვრობდნენ. გაბაონში ცხოვრობდა: გაბაონის მამა, რომლის ცოლსაც მაყაქა ერქვა, მისი პირმშო და ძე იყო ყაბდონი, მას მოსდევდნენ ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი, გედორი, ახიო, ზექერი. მიკლოთმა შვა შიმეა. ისინი იერუსალიმში თავიანთი ძმების მოპირისპირე მხარეს ცხოვრობდნენ, ძმებთან ერთად. ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი. იონათანის ძე მერიბ-ბაყალი იყო. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა. მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თარეაყი, ახაზი. ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა, მოცამ შვა ბინყა. მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელყასა, მისი ძე იყო აცელი. აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი – ყველა ესენი აცელის ძენი-არიან. მისი ძმის, ყეშეკის ძენი: მისი პირმშო ულამი, მეორე – იეყუში, მესამე – ელიფელეტი. ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები. ყველა ესენი ბენიამინის ძეთაგან იყვნენ. მთელი ისრაელი აღნუსხეს და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს, იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს, მათი უკეთურების გამო. პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, ნეთინიმელნი და ტაძარში მომსახურენი. იერუსალიმში იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ცხოვრობდნენ: ყუთაი, ძე ყამიჰუდისა, ძე ყომრისა, ძე იმრისა, ძე ბანისა, ფერეცის, იუდას ძის, ძეთაგან; შილონისგან იყვნენ: მისი პირმშო ყასაია და მისი ძენი: ზერახის ძეთაგან: იეყუელი და მისი ძმები – ექვსას ოთხმოცდაათი; ბენიამინის ძეთაგან: სალუ, ძე მეშულამისა, ძე ჰოდავიასი, ძე ჰასენუასი; იბნეია იეროხამის ძე, ელა, ძე ყუზისა, მიქრის ძისა, მეშულამი, ძე შეფატიასი, ძე რეღუელისა, ძე იბნიასი. მათი ძმები თავ-თავიანთ გვარ-ტომთა მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველა ეს ვაჟკაცი მამისსახლის თავკაცი იყო. მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი, იაქინი, ყაზარია, ძე ხილკიასი, ძე მეშულამისა, ძე ცადოკისა, ძე მერაიოთისა, ძე ახიტუბისა – ღვთის სახლის წინამძღვარი; ყადაია, ძე იეროხამისა, ძე ფაშხურისა, ძე მალქიასი, და მაყასაი ძე ყადიელისა, ძე იახზერასი, ძე მეშულამისა, ძე მეშილემითისა, ძე იმერისა. მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები: ათას შვიდას სამოცნი, – ღვთის სახლის მსახურის საქმეში ნაცადი ხალხი. ლევიანთაგან: შემაყია, ძე ხაშუბისა, ძე ყაზრიკამისა, ძე ხაშაბიასი – მერარის ძეთაგან, ბაკბაკარი, ხერეში, გალალი, მათანია, ძე მიქასი, ძე ზიქრისა, ძე ასაფისა. ყობადია, შემაყიას ძე, ძე გალალისა, ძე იედუთუნისა, ბერექია ძე ასასი, ძე ელკანასი – ნეტოფათელთა დაბა-სოფლებში მცხოვრებნი. კარიბჭის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და ძმანი მისნი. შალუმი თავკაცი იყო. და დღემდე ის დგას სამეფო კარიბჭეში, აღმოსავლეთით. ესენი არიან კარისმცველნი ლევიანთა ბანაკიდან. შალუმი, ძე კორესი, ძისა აბიასაფისა, ძისა კორახისა, და მისი ძმები. მისი მამის სახლიდან, კორახელნი, სამსახურს ეწეოდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ; ხოლო მათი მამები უფლის ბანაკთან მისასვლელს დარაჯობდნენ; ფინხას ელეაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო. ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო. ზღურბლების მცველებად ამორჩეულნი მთლიანად ორასთორმეტნი იყვნენ, ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავიანთ დაბა-სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. ისინი დავითმა და სამუელ მხილველმა დააყენეს ერთგულების გამო. ისინი თავიანთ ძეებთან ერთად დარაჯობდნენ უფლის სახლის – კარვის სახლის – კარიბჭეებს. კარისმცველები ოთხივ მხრივ იდგნენ: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ, რათა დრო და დრო შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან. რადგან კარიბჭეების მცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ. ისინი ღვთის სახლის ირგვლივ ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება. ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ. მათგან სხვებს ჩაბარდათ ჭურჭლეული, ყველა წმინდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი. სამღვდელონი კი ზეთს ამზადებდნენ ნელსაცხებლისაგან. მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს, ტაფებზე მომზადება მიენდო. ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კეჰათიანთაგან, საწირი პური ჩააბარეს, რათა შაბათობით მოემზადებინათ. ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლთა თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან გათავისუფლებულნი იყვნენ. რადგან ისინი დღე და ღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი. ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცები, თავ-თავიანთ გვარ-ტომთა თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ. გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი. მის ცოლს სახელად მაყაქა ერქვა. მისი ძე პირმშო ყაბდონი, მერე – ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი, გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი. მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების მეზობლად, თავიანთ ძმებთან ერთად ცხოვრობდნენ იერუსალიმში. ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული. საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი. იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა. მიქას ძენი: ფითონი, მელექი და თახრეაყი. ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა, მოცამ შვა ბინყა, მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი. აცელს ექვსი ძე ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია, ხანანი – ესენი არიან აცელის ძენი. და შეებრძოლენ ფილისტიმელები ისრაელს და გაექცნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელებს. და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი, და მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი, და მალქიშუაყი – საულის შვილები. და გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს. და უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირველს: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინადაუცვეთელებმა არ შეურაცხმყონ“. და ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო მახვილი და ზედ დაეგო. როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა. და ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟიშვილი და მთელი მისი სახლი. როცა ველზე მყოფმა ისრაელის ძეთ დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელის ძენი და, რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და გადაიხვეწნენ. და მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ. მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი ვაჟიშვილები, გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი საკერპოებისათვის და ხალხისათვის. მისი საჭურველი თავიანთი ღმერთის ტაძარში დადეს, ხოლო მისი თავის ქალა დაგონის სახლში მიაჭედეს. როცა გაიგეს გილყადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს, ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, და წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები და მიიტანეს იაბეშში, და დამარხეს მათი ძვლები იაბეშში მუხის ქვეშ. მერე შვიდი დღის მანძილზე მარხულობდნენ. ასე მოკვდა საული თავისი ორგულების გამო, რომლითაც ღალატობდა იგი უფალს და უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა. უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს, მისცა. მოვიდა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ. გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ გამოგყავდა და შეგყავდა ისრაელი, უფალმა, შენმა ღმერთმა, გითხრა: ‘შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნები ჩემი ერის, ისრაელის, მთავარი.’“ და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე, და სცხეს ისრაელზე მეფედ დავითი, უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით. და გაილაშქრეს დავითმა და ისრაელის ძეთ იერუსალიმისაკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი, იმ ქვეყნის მკვიდრნი. და უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს: „აქ ვერ შემოხვალ“. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი. და თქვა დავითმა: „ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდება თავკაცი და სარდალი.“ ყველაზე უწინ იოაბი, ცერუიას ძე, ავიდა და გახდა სარდალი. და დადგა დავითი იმ ციხე-სიმაგრეში. ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი. მან შემოაშენა ქალაქი გარშემო, მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი დანარჩენი ქალაქი აღადგინა. და სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და ცაბაოთ უფალი იყო მასთან. აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში, ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ. აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშობყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი. მან თავისი შუბის ერთი მოქნევით სამასი კაცი მოკლა. მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდო ახოხელისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი. იგი დავითს ახლდა ფას-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ. იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ქერი ეთესა, და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან. ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. და დიდი ხსნა მოიტანა უფალმა. ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული. მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა. და ინება დავითმა და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?“ და გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, და წამოიღეს და დავითს მიუტანეს. არ ინდომა დავითმა მისი შესმა და უფალს დაუღვარა. და თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ და აღარ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე. აბიშაი, იოაბის ძმა, ამ სამის უფროსი იყო. მან სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა, მას მეტი სახელი ჰქონდა ამ სამში. ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა. ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მქმნელი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი, ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს. მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა: შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც ფეიქარს საქსელავი. და ჩაუხტა კეტით და ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და მისივე შუბით განგმირა. ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამ მოყმეს შორის. ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა. მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი, შამოთ ჰარორელი, ხელეც ფელონელი, ყირა, ყიკეშის ძე, თეკოაყელი, აბიყეზერ ყანათოთელი, სიბქაი ხუშათელი, ყილაი ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, ითაი, რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან, ბენაია ფირყათონელი, ხურაი გაყაშის ხევიდან, აბიელ ყარბათელი, ყაზმავეთ ბახარუმელი, ელიახბა შაყალბონელი. ჰაშემ გიზონელის ძენი; იონათან შაგეს ძე, ჰარარელი, ახიამ საქარის ძე, ჰარარელი, ელიფალ ურის ძე, ხეფერ მექერათელი, ახია ფელონელი, ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი ეზბაის ძე, იოელ, ნათანის ძმა, მიბხარ ჰაგრის ძე, ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი, ყირა ითრელი, გარებ ითრელი, ურია ხეთელი, ზაბად ახალაის ძე, ყადინა შიზას ძე, რეუბენელი, რეუბენის ძეთა თავკაცი, და ოცდაათი მასთან ერთად. ხანან მაყაქას ძე, იოშაფატ მითნელი, ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეყიელი – ხოთამის ძენი – ყაროყერელნი. იედიყაელ შიმრის ძე, მისი ძმა იოხა, მისი ძმა თიციელი, ელიელ მახაველი, ირიბაი, იოშავია – ელნაყამის ძენი – და ითმა მოაბელი. ელიელი, ყობედი, იაყასიელ მეცობაელი. აჰა ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა. ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ. მშვილდისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან. მეთაური ახიყეზერი და იოაში – შემაყა გიბყათელის ძენი, იეზიელი და ფელეტი – ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ ყანათოთელნი, იშმაყია გაბაონელი – ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბედ გედერათელი, ელყუზაი, იერიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ, შეფატია ხარუფელი, ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი, იოყეზერი, იაშაბყამი – კორახელნი, იოყელა და ზებადია – იეროხამ გედორელის ძენი. გადელებს ჩამოშორდნენ და დავითთან უდაბნოს საფარში მივიდნენ მამაცი მოყმენი, საომრად გაწვრთნილი ვაჟკაცები, ფარ-შუბით შეიარაღებულნი, სახით ლომის მსგავსნი და მთის არჩვივით სწრაფნი. მეთაური ყეზერი, მეორე – ყობადია, მესამე – ელიაბი, მეოთხე – მიშმანა, მეხუთე – იერემია, მეექვსე – ყათაი, მეშვიდე – ელიელი, მერვე – იოხანანი, მეცხრე – ელზაბადი, მეათე – იერემიაჰუ, მეთერთმეტე – მაქბანაი. ესენი იყვნენ გადის ძეთაგანნი, მხედრობის მეთაურნი. ყველაზე ნაკლები ასსა უფროსობდა, ყველაზე დიდი – ათასს. მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა. მათ აღმოსავლეთით და დასავლეთით განდევნეს ამ ველის მკვიდრნი. ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მივიდნენ დავითთან საფარში. და გამოეგება მათ დავითი, და გამოელაპარაკა და უთხრა: „თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოხვედით ჩემთან, გიერთგულებთ. თუ იმისთვის მოხვდით, რომ ჩემი მტრის ხელს მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.“ მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური, და თქვა: „მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო! მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთ, რადგან ღმერთია შენი შემწე.“ და მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა. მენაშესაგანაც მიემხრენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი, თქვეს: ჩვენდა საზიანოდ საულს, თავის ბატონს, მიემხრობაო. როცა ციკლაგს მივიდა, მენაშესგან შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ, ცილათი – მენაშელთა ათასისთავები. ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და ჯარის მეთაურები იყვნენ. დღიდან დღემდე მოედინებოდნენ, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით არ გაიზარდა. აჰა, რიცხვი საომრად აღკაზმული იმ მეთაურებისა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის. იუდას ძენი, ფარ-შუბის მტვირთველნი, ექვსიათას რვაასნი იყვნენ საომრად აღჭურვილნი. სიმონის ძეთაგან შვიდიათას ასი მამაცი მოყმე იყო. ლევის ძეთაგან – ოთხიათას ექვსასი. ხოლო იეჰოიადაყს, აარონელთა წინამძღოლს, თან სამიათას შვიდასი ახლდა. ცადოკს, მამაც ყმაწვილს და მის მამისსახლს, ოცდაორი მეთაური ჰყავდა. საულის ძმები, ბენიამინის ძეთაგან, სამიათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა. ეფრემის ძენი ოციათას რვაასნი იყვნენ – მამაცი მოყმენი და თავ-თავიანთ მამისსახლთა სახელოვანი ვაჟკაცები. მენაშეს ნახევარტომიდან თვრამეტი ათასნი იყვნენ, რომელნიც სახელებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ. ისაქარის ძეთაგან ორასი მეთაური იყო. რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა. ზებულუნიდან გამოდიოდნენ და საომრად იყვნენ დარაზმული ყველანაირი საბრძოლო აღჭურვილობით ორმოცდაათი ათასნი, რათა უორგულოდ დახმარებოდნენ. ნაფთალიდან ათასი სარდალი იყო, ოცდაჩვიდმეტი ათასი ფარ-შუბოსნის თანხლებით. დანიდან იყვნენ ოცდარვა ათას ექვსასნი, საომრად დარაზმულნი. აშერიდან საბრძოლველად ორმოცი ათასი საომრად დარაზმული გიმოდიოდა. იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიანთაგანნი, გადელნი, მენაშეს ნახევარტომელნი, ყველანაირი საბრძოლო საჭურველით, სულ ასოცი ათასი. ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად. სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მოემზადებინათ მათთვის. ასევე მათ მეზობლებს ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით სურსათ-სანოვაგე: ფქვილეული, ლეღვი, ჩირი, ღვინო, ზეთი, უამრავი საქონელი და ცხვარი, ეს იმიტომ, რომ სიხარული იყო ისრაელში. და ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს. და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის, ჩვენი ღვთის, ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს, ლევიანებს მათს შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ, და ჩვენთან გადმოვასვენოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.“ და თქვა მთელმა კრებულმა: „ასე იყოს“, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონი იყო ხალხის თვალში. და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსასვენებლად. და ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალათაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოესვენებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება. და შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოასვენეს აბინადაბის სახლიდან. და ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ. დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალით. და მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს. როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან დააყირავეს იგი ხარებმა. და აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის მიშველების გამო, და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე. და შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა. და შეეშინდა დავითს ღვთისა იმ დღეს და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე ღვთისკიდობანი?“ და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისათნ მიტანა დავითის ქალაქში და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ გადაახვევინა. სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელი. გაუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, დავითს მოციქულები და ფიჭვის ძელები, კედლის მშენებლები, ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად. და მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ, და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის, გამო. და კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი, იბხარი, ელიშუაყი, ელიფალეტი. ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი, ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფალეტი. და შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი, და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. და შეიტყო ეს დავითმა და გამოვიდა მათ წინააღმდეგ. და მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ. დავითი ღმერთს დაეკითხა: „გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში?“ და უთხრა მას უფალმა: „გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“ და ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში, და იქ სძლია დავითმა და თქვა: „წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით, როგორც წყალი წალეკავს.“ ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბაყალ-ფერაციმი. და იქ მიატოვეს თავიანთი კერპები. დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი. და კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე განლაგდნენ. და კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. და უთხრა ღმერთმა: „უკან ნუ გაეკიდები, გარს მოუარე და ბალზამის ხეების მხრიდან მიადექი. და, როგორც კი ბალზამის ხის კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრად.“ ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა, და გაბაონიდან გეზერამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს. დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს. და აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში. და მოამზადა ადგილი ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა. მაშინ თქვა დავითმა: „ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის მტარებლებად და სამარადისო მსახურებად.“ და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული. და შეყარა დავითმა აარონის ძენი და ლევიანები. კეჰათის ძეთაგან: სარდალი ურიელი და მისი მოძმენი – ასოცი, მერარის ძეთაგან: სარდალი ყასაია და მისი მოძმენი – ორასოცი კაცი, გერშომის ძეთაგან: სარდალი იოელი და მისი ძმები – ასოცდაათი კაცი, ელიცაფანის ძეთაგან: სარდალი შემაყია და მისი ძმანი – ორასნი, ხებრონის ძეთაგან: სარდალი ელიელი და მისი ძმანი – ოთხმოცნი, ყუზიელის ძეთაგან: სარდალი ყამინდაბი და მისი ძმანი – ასთორმეტნი; და მოუხმო დავითმა მღვდლებს: ცადოკსა და აბიათარს და ლევიანებს: ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს, და უთხრა: „თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი ძმანი, და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღვთის, კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას. რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისიმებრ არ ვეკითხებოდით მას.“ და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის, ისრაელის ღვთის, კიდობანი. და ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით შეიდგეს მხრებზე. დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ. და დააყენეს ლევიანებმა: ჰემან იოელის ძე, მის ძმათაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე, ხოლო მათი ძმების – მერარის ძეთაგან ეთან კუშაიჰუს ძე. მათთან ერთად მათი ძმანი, მეორე რიგის: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი. ელიაბი, ბენიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი – კარისმცველნი, მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ. ხოლო ზაქარია, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენაიჰუ – ქნარს ქალწულურ ჰანგზე. ხოლო მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზიაჰუ – ებნებს, რვასიმიანს, სალოტბაროდ. ხოლო ქენანიაჰუ, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო. ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ. ხოლო მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასაი, ზაქარიაჰუ, ბენაიჰუ და ელიეზერი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იეხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ. და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსასვენებლად ყობედ-ედომის სახლიდან. ღვთის შეწევნით იყო რომ გადაასვენეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ვერძი შესწირეს დავითს ბისონის მოსასხამი ემოსა და ყველა ლევიანს, კიდობანს რომ მიასვენებდნენ, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა. მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკისცემით, საყვირების, წინწილების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით. და როცა უფლის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მოხტუნავე და მროკველი მეფე დავითი და გულში დასცინა. მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს გაშლილი. მერე კი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირეს ღმერთს. და მოამთავრა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით დალოცა ერი. და ჩამოურიგა ისრაელის მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. და დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა. ასაფი, მათი მეთაური, მისი მომდევნონი: ზაქარია, იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაიაჰუ, ყობედ-ედომი და იყიელი – ბობღნებსა და ქნარებზე. ხოლო ასაფი წინწილების დამკვრელად. მღვდლები: ბენაიჰუ და იახაზიელი კი საყვირებზე მუდამ უფლის აღთქმის კიდობნის წინ. შემდეგ, იმ დღეს, შეასხა დავითმა პირველად ქება უფალს ასაფისა და მისი ძმების ხელით: „ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი. უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. დაიკვეხეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მეძიებელთა. ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის. გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი. შთამომავალნო ისრაელისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო. ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი. მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. ახსოვს საუკუნოდ აღთქმა თვისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა ათასი თაობისთვის, რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი – ისაკთან. და დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს – საუკუნო აღთქმად. უთხრა: ‘შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.’ როცა ისინი, თითზე ჩამოსათვლელნი, ცოტანი და იქ შეხიზნულნი. იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან – სხვა ერთან, არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და მიუთითა მათზე მეფეებს: ‘არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.’ უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ამახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი. მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. რადგან დიდია უფალი ყველა ღმერთზე საშიშია ის. რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა. მშვენიერება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში. შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში. ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: ‘უფალი მეფობს!’ იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა ქვეყნიერების განსასჯელად. აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი. რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. და თქვით: ‘გვიხსენი, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა დავიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნო შენი ქება-დიდებით’. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე.“ და მიუგო ერმა: „ამენ! დიდება უფალს!“ და დატოვა დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიოთ მუდმივად, ყოველდღიურად, და ყობედ-ედომი და მისი ძმები – სამოცდარვანი. ყობედ-ედომ იედითუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად, მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა, რომ მუდამ, დილა-საღამოობით, სრულადდასაწველი აღევლინათ უფლისათვის სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე, და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს. მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთენის ძენი კი კარიბჭესთან. ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. და დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა. როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა ნათან წინასწარმეტყველს: „შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ფარდებსქვეშ არის.“ უთხრა ნათანმა დავითს: „ყოველივე, რაც გულში გაქვს, გააკეთე: რადგან შენთანაა უფალი.“ იმ ღამეს იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა: „წადი, უთხარი ჩემს მსახურს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად? მე ხომ არ ვიმყოფებოდი სახლში იმ დროიდან, რაც ისრაელი გამოვიყვანე, და დღემდე, კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვარ. ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისათვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?’ ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლი ყოფილიყავი. ყველგან შენთან ვიყავი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე. განვადიდე შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე. ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად. იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ერს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი. და როცა დრო მოვა და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომ შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ. ის ამიშენებს სახლს და მე განვამტკიცებ მის ტახტს უკუნისამდე, მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი. და დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში უკუნისამდე, მყარი იქნება მისი ტახტი უკუნისამდე,“ თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს. და მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: „ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო? ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე? ესეც მცირე გეჩვენა თვალში, ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვამ დაპირებას შენი მსახურის სახლს. შენ მიმზერ, როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო ღმერთო ჩემო. კიდევ რა უდნა გითხრას დავითმა, შენი მსახურის დიდებისათვის? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო. უფალო, შენი მსახურისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოაცხადო მთელი შენი სიდიადე. უფალო, არავინაა შენი მსგავსი. არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ. თუ არის ამ ქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის, მსგავსი, რომელსაც მოვლენოდეს ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდოს იგი, რომ ექციოს თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადოს და ჩაედინოს დიადი და საკვირველი ამბები, ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტიდან და ხალხებისაგან? შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო უკუნისამდე და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი. ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მსახურზე და მის სახლზე, განმტკიცდეს უკუნისამდე, და ქენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს. განმტკიცდეს და იდიდოს შენმა სახელმა უკუნისამდე. თქვან: ‘უფალი, ღმერთი ისრაელისა ღმერთობს ისრაელზე!’ მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მსახურის დავითის სახელი, რადგან შენ გამოუცხადე, ღმერთო, შენს მსახურს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მსახურს ელოცა შენს მიმართ. ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და სასიკეთოდ ელაპარაკე შენს მსახურს. ახლა შენ დალოცე შენი მსახურის სახლი, რათა საუკუნოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება საუკუნოდ.“ ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, და დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა ფილისტიმელებს გათი თავის ქალაქებიანად. და დაამარცხა მოაბიც. და გახდა მოაბი დავითის მსახური და მოხარკე. და დაამარცხა დავითმა ჰადარ-ყეზერი, ცობას მეფე, ხამათში, როცა ის ევფრატზე ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა, და წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, ასი ეტლი დატოვა მათგან. და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარ-ყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორიათას კაცს. და დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და გახდნენ არამელები დავითის მსახურნი და მოხარკენი. და სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა. და აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარ-ყეზერის მსახურებს რომ ჰქოდნათ, და იერუსალიმში მიიტანა. დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარ-ყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა სპილენძის ჭურჭელი. და შეიტყო თოყუმ, ხამათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარ-ყეზერს, და ცობას მეფეს, და გაგზავნა თავისი ძე ჰადორამი მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარ-ყეზერს და სძლია მას, რადგან თოყუს მოსისხლე იყო ჰადარ-ყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი. მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს – ედომს, მოაბს, ყამონის ძეთ, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა. აბიშაი ცერუიას ძემ თვრამეტი ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე, და დააყენა ედომში ხელისუფალნი და გახდა მთელი ედომი დავითის მსახური. და ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს. და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ერს. იოაბი, ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა, ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო. ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო შავშა მწერალი იყო. ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებს გამგებლობდა, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით. ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონის ძეთა მეფე – ნახაშ ყამონის ძე – და გამეფდა მისი ძე მის ნაცვლად. და თქვა დავითმა: „წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა“. და გაგზავნა დავითმა მოციქულები სანუგეშოდ მამის გამო; და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონის ძეთა ქვეყანაში, ხანუნთან, სანუგეშებლად. და უთხრეს ყამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს: „დავიჯერო მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისათვის გამოგზავნა დავითმა თავისი მსახურნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?“ და შეიპყრო ხანუნმა დავითის მსახურნი და ნახევარი წვერი მოპარსა. წელამდე შემოაჭრა სანახევროდ სამოსელი და გაისტუმრა. და წავიდნენ. და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი, და გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ. და უთხრა მეფემ: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.“ და დაინახეს ყამონის ძეთ, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გაგზავნეს ხანუნმა და ყამონის ძეთ ათასი ქანქარი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარეთიდან, მაყაქას არამიდან და ცობადან. და იქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მეფე მაყაქა თავისი ხალხით. და მივიდნენ და მედიბას წინ დაბანაკდნენ. ყამონის ძენი კი ერთად შეიყარნენ და საომრად გამოემართნენ. და შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქარითურთ. და გამოვიდნენ ყამონის ძენი და გაეწყვნენ საბრძოლველად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ მინდორში. როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელის ძეთა შორის ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ. დანარჩენი ხალხი თავის ძმას, აბიშაის, ჩააბარეს და მანაც დააწყო იგი ყამონის ძეთა წინააღმდეგ. და თქვა: „თუ არამელები მე მძლევენ, შენ მომეშველები, ხოლო თუ შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად. გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღვთის ქალაქებისათვის. და უფალმა ქმნას, რაც ენებოს.“ და გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები. როცა ყამონის ძეთ დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონის ძეთ და მივიდა იერუსალიმში. და დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებიან ისრაელთან და კაცები გაუგზავნეს მდინარისგაღმელ არამელებს და გადმოიყვანეს. მათ წინამძღოლობდა ჰადარ-ყეზერის სარდალი შოფახი. და შეატყობინეს ეს დავითს და მანაც შეყარა მთელი ისრაელი. და გადალახა იორდანე, და მივიდა მათთან და გაეწყო მათ წინააღმდეგ. ბრძოლა გაუმართა დავითმა არამელებს და ისინიც შეებნენ მას. და გაექცნენ არამელები ისრაელს. და დაუხოცა დავითმა არამელებს შვიდი ათასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი ქვეითი. და მათი სარდალი შოფახიც მოკლულ იქნა. როცა ჰადარ-ყეზერის მსახურებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონის ძეთა დახმარება. წლის შემოქცევისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, იოაბი წინ წაუძღვა ლაშქარს და გაანადგურა ყამონის ძეთა ქვეყანა. და მივიდა და რაბას შემოადგა. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. და აიღო იოაბმა რაბა და დაანგრია. აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი მისი თავიდან, და ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხოცვა ხერხებით, რკინის საცეხვებითა და რკინის ცულებით. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში, ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფიმელთა ერთი ძე, და დაზავდნენ. და კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ბუნი მქსოველთა ლილვისოდენა იყო. და კვლავ ატყდა ომი გათში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ესხა – სულ ოცდაოთხი. ისიც ბუმბერაზთა ნაშიერი იყო. და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან შიმყას ძემ – დავითის ძმისწულმა. ესენი შეეძინნენ რაფას გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ. სატანა აღდგა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად. და უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და წარმომიდგინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.“ და თქვა იოაბმა: „რაც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. განა ყველა ისინი, ჩემო ბატონო მეფევ, ჩემი ბატონის მსახურნი არ არიან? მაშ ამას რაღად ითხოვს ჩემი ბატონი? რატომ დაედოს ცოდვა ისრაელს?“ მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. და წავიდა იოაბი და მთელი ისრაელი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა. და მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხას-სამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი. ლევიანები და ბენიამინი მათ შორის არ აღურიცხავს, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა. ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი. და უთხრა დავითმა ღმერთს: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.“ და დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის ნათელმხედველს, და უთხრა: „წადი და ელაპარაკე დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო.’“ და მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘ამოირჩიე: სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის დევნილობა შენი მტრისგან და შენი მტრის მახვილი რომ მოგწვდეს, თუ სამი დღის მანძილზე უფლის მახვილი, შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში.’“ და უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს. მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება. ოღონდაც კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.“ და მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა ისრაელში. და გაგზავნა ღმერთმა იერუსალიმში ანგელოზი მის გასანადგურებლად. და როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი!“ უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა. და გაიხედა და დაინახა დავითმა ცისა და დედამიწის შუა მდგარი უფლის ანგელოზი; ხელში თავისი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი. სახეშებურვილნი, პირქვე დაემხნენ. და უთხრა დავითმა ღმერთს: „ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო! ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად.“ და უთხრა უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად გადს: „ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე“. და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი. და გამოიხედა ორნანმა დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ფქვავდა. და მივიდა დავითი ორნანთან. და გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად თაყვანი სცა დავითს. და უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ მასზე, სრულ საფასურად მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.“ და უთხრა ორნანმა დავითს: „აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი.“ და უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა აღსავლენს.“ ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს. იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, და მიიტანა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა. და უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგო. იმ დროს, როცა დავითმა დაინახა, რომ უფალმა უპასუხა ორნან იებუსელის კალოზე, იქ შესწირა მსხვერპლი. უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა, და სრულადდასაწველის სამსხვერპლო იმჟამად გაბაონის ბორცვზე იდგა. და არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის ეშინოდა. და თქვა დავითმა: „აჰა, უფალი ღმერთის სახლი და აჰა, სრულადდასაწველის სამსხვერპლო ისრაელისათვის.“ და ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისათვის, რომელნიც ისრაელის ქვეყნად იყვნენ, და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვები დაეთალათ. დიდძალი რკინა გაიღო დავითმა კარიბჭის ლურსმნებისა და კაუჭების დასამზადებლად, დახარჯულ სპილენძს ხომ წონა არ ჰქონდა. არც ნაძვის ძელებს ჰქონდა თვლა, რადგან ციდონელებსა და ცორელებს მოჰქონდათ დავითისთვის. და თქვა დავითმა: „ჩემი ძე სოლომონი ყმაწვილია და სუსტი, უფლისთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ ყველაფერს მოვამზადებ მისთვის“. და ბევრი გაამზადა დავითმა სიკვდილის წინ. და დაუძახა სოლომონს, თავის ძეს, და უფლისთვის, ისრაელის ღვთისთვის, სახლის აგება უანდერძა. და უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: „შვილო, გულით მეწადა უფლის, ღვთის სახელისთვის სახლი ამეგო. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ თქმული: ‘ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გაქვს გადახდილი. ამიტომ შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე ქვეყნად ჩემს წინაშე. აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ამიტომაც სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს. ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, და განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელში უკუნისამდე.’ ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, შენი ღვთის სახლი ააშენო, როგორც თქვა უფალმა შენზე. უფალმა მოგცეს აზრი და გონიერება და დაგაყენოს ისრაელზე უფლის, ღვთის რჯულის დასაცავად. მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისათვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი. აჰა, ჩემს სიღარიბეში უფლის სახლისათვის გავამზადე ასიათასი ქანქარი ოქრო, მილიონი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც გავამზადე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო. ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის მცოდნენი. ოქროს, ვერცხლს, სპილენძს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.“ და ბრძანა დავითმა, რომ ისრაელის ყველა მთავარი მიხმარებოდა მის ძეს, სოლომონს: „განა თქვენთან არ არის უფალი, ჩვენი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ირგვლივ მშვიდობა? მან ჩემს ხელში ჩაყარა ამ ქვეყნის მკვიდრნი, და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფლისა და მისი ერის წინაშე. ახლა კი გაუხსენით თქვენი გული და სული უფალს, თქვენს ღმერთს. ადექით და დაიწყეთ უფლის, ღვთის საწმიდრის შენება, რათა უფლის აღთქმის კიდობანი და ღვთის ჭურჭლეული უფლის სახელზე აგებულ სახლში გადააბრძანოთ.“ და დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, და თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე. და თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა და ლევიანებს. და აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. და გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი. აქედან ოცდაოთხი ათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ. ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა. და დაჰყო დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კეჰათის და მერარის ძეთა დასებად. გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმყი. ლაყდანის ძენი: უფროსი იეხიელი, ზეთამი და იოელი – სამნი. შიმყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ჰარანი – სამნი. ესენი არიან ლაყდანის მამისსახლთა თავკაცები. შიმყის ძენი: იახათი, ზინა, იეყუში და ბერიყა. ესენი არიან შიმყის ძენი – ოთხნი. იახათი უფროსი იყო, ზიზა – მომდევნო. იეყუშსა და ბერიყას ძალიან ცოტა შვილები ჰყავდათ. ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ. კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი – ოთხნი. ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის გამოირჩია, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი უკუნისამდე, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ. მოსე ღვთისკაცი იყო და მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს. მოსეს ძენი: გერშომი, ელიეზერი. გერშომის ძენი: შებუელი – უფროსი. ელიეზერის ძენი იყვნენ: რეხაბია – უფროსი. ელიეზერს მეტი შვილი არც ჰყოლია, რეხაბიას ძენი კი ძალიან გამრავლდნენ. იცჰარის ძენი: შელომითი – უფროსი. ხებრონის ძენი: იერიაჰუ – უფროსი, ამარია – მეორე, იახაზიელი – მესამე, იეკამყამი – მეოთხე, ყუზიელის ძენი: მიქა – უფროსი, იშია – მეორე. მერარის ძენი: მახლი და მუში, მახლის ძენი: ელეაზარი და კიში. ელეაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა, ბიძაშვილებმა, შეირთეს. მუშის ძენი: მახლი, ყედერი და იერემოთი – სამნი. აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოც წელს გადაცილებულნი. რადგან თქვა დავითმა: „უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი უკუნისამდე. და აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლეულის ტარება.“ დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოც წელს გადაცილებული ლევიანები, რათა ისინი მდგარიყვნენ აარონის ძეთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური. და ეზრუნათ საწინაშეო პურებზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის არწყვა-აწონაზე, დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე, და ყველა სრულადდასაწველზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დადგენილი, უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად, რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდრის შესახებ და დადგენილება აარონის ძეთა – მათი ძმების – შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად. აარონის ძეთ თავიანთი დასები აქვთ, აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. ნადაბი და აბიჰუ მამაზე ადრე დაიხოცნენ; ისე, რომ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელეაზარი და ითამარი შეუდგნენ მღვდელმსახურებას. და გაამწესა დავითმა ცადოკი, ელეაზარის ძეთაგან, და ახიმელექი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავიანთ სამსახურში, თავ-თავიანთი მოვალეობისდა მიხედვით. და აღმოჩნდა, რომ ელეაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში, და დაანაწილეს მათ ისინი: ელეაზარის ძეთა მამისსახლს თექვსმეტი თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლს – რვა თავკაცი. ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ. და აღნუსხა ისინი შემაყია ნათანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელექ აბიათარის ძის წინაშე, მღვდელთა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე. ერთი მამისსახლი ელეაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს. და პირველი წილი იეჰოიარიბს შეხვდა, მეორე – იედაყიას, მესამე – ხარიმს, მეოთხე – სეყორიმს. მეხუთე – მალქიას, მეექვსე – მიამინს, მეშვიდე – ჰაკოცს, მერვე – აბიას, მეცხრე – იესოს, მეათე – შექანიაჰუს, მეთერთმეტე – ელიაშიბს, მეთორმეტე – იაკიმს, მეცამეტე – ხუფას, მეთოთხმეტე – იეშებაბს, მეთხუთმეტე – ბილგას. მეთექვსმეტე – იმერს. მეჩვიდმეტე – ხეზირს, მეთვრამეტე – ჰაფიცეცს, მეცხრამეტე – ფეთახიას, მეოცე – იეხეზკელს, ოცდამეერთე – იაქინს, ოცდამეორე – გამულს, ოცდამესამე – დელაიაჰუს, ოცდამეოთხე – მაყაზიაჰუს. ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის, ხელით რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა უბრძანა მას. დანარჩენი ლევიანები: ყამრამის ძეთაგან: შუბაელი, შუბაელის ძეთაგან: იეხდეიაჰუ. რეხაბიაჰუსაგან: რეხაბიაჰუს ძეთაგან იშია იყო თავკაცი. იცჰარელთაგან: შელომოთი. შელომოთის ძეთაგან: იახათი. ხებრონის ძეთაგან: იერიაჰუ, ამარიაჰუ – მეორე, იახაზიელი – მესამე, იეკამყამი – მეოთხე. ყუზიელის ძეთაგან: მიქა. მიქას ძეთაგან: შამირი. მიქას ძმა იყო იშია. იშიას ძეთაგან: ზაქარია. მერარის ძენი: მახლი და მუში. იაყაზიაჰუს ძეთაგან: ბენო. მერარის ძენი იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოჰამი, ზაქური და ყიბრი. მახლისგან: ელეაზარი, რომელსაც ვაჟები არ ჰყოლია. კიშისგან: კიშის ძე იერახმეელი. მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერიმოთი. აჰა, ლევიანები, თავ-თავიანთი მამისსახლებისდა მიხედვით. მამისსახლთა თავკაცებმა უმცროსი ძმების თანასწორად ყარეს წილი თავიანთი ძმების – აარონიანთა მსგავსად, მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდლებისა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე. დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისათვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო: ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია, ასარელა – ასაფის ძენი, რომელნიც ასაფის ლოტბარობითა და მეფის ხელმძღვანელობით უკრავდნენ. იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, იეშაყიაჰუ, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ, შიშა – ექვსნი. თავიანთი მამის, იედუთუნის, ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს. ჰემანისგან, ჰემანის ძენი: ბუკიაჰუ, მათანიაჰუ, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი, იოშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი. ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის ნათელმხედველი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს თორმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა. ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით. უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა. სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ. პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისათვის, მეორე – გედალიაჰუს, იგი, მისი ძმები და შვილები – თორმეტნი. მესამე – ზაქურს, მისი ძენი, და ძმები – თორმეტნი. მეოთხე – იცრის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეხუთე – ნეთანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეექვსე – ბუკიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეშვიდე – იესარელას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მერვე – ესაიას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეცხრე – მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეათე – შიმყის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეთერთმეტე – ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეთორმეტე – ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეცამეტე – შუბაელს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეთოთხმეტე – მათითიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეთხუთმეტე – იერემოთს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეთექვსმეტე – ხანანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეჩვიდმეტე – იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეთვრამეტე – ხანანის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეცხრამეტე – მალოთის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. მეოცე – ელიათას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. ოცდამეერთე – ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. ოცდამეორე – გიდალთის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. ოცდამესამე – მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. ოცდამეოთხე – რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი. კარისმცველთა დასები: კორახელთაგან: მეშელემიაჰუ, კორეს ძე, ასაფის ძეთაგან. მეშელემიაჰუს ძენი: ზაქარია – პირმშო, იედიყაელი – მეორე, ზებადიაჰუ – მესამე, იათნიელი – მეოთხე, ყელამი – მეხუთე, იეჰოხანანი – მეექვსე, ელიეჰოყენაი – მეშვიდე. ყობედ-ედომის ძენი; შემაყია – პირმშო, იეჰოზაბადი – მეორე, იოახი – მესამე, საქარი – მეოთხე, ნეთანელი – მეხუთე, ყამიელი – მეექვსე, ისაქარი – მეშვიდე, ფეყულთაი – მერვე, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი. მის ძეს, შემაყიას, ვაჟები შეეძინა, რომელნიც მამისსახლს განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. შემაყიას ძენი: ყოთნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი, მისი ძმანი, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქიაჰუ. ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებითა და ძმებით მაგარი ვაჟკაცები იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა. მეშელემიაჰუს თვრამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა, მაგარი ვაჟკაცები. ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო – თუმცა პირმშო არ ყოფილა – მამამისმა არგუნა მას უფროსობა; ხილკიაჰუ მომდევნო იყო, ტებალიაჰუ – მესამე, ზაქარია – მეოთხე. ხოსას სულ ცამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა. კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს, ჩაბარდათ დაცვა, თავიანთ ძმებთან ერთად, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად. ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით. აღმოსავლეთის მხარე შელემიაჰუს ერგო წილად. მის ვაჟს ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას წილად ჩრდილოეთის მხარე შეხვდა. ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო წილად, მის ძეებს – საკუჭნაოებთან. შუფიმსა და ხოსას დასავლეთის მხარე შეხვდათ, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას. აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით – დღეში ოთხი, სამხრეთით – დღეში ოთხი, საკუჭნაოებთან – ორ-ორი. ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად ფარბართან – ორნი. აჰა. კორესა და მერარის ძეების კარისმცველთა დასები. ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შენაწირი ნივთების საგანძურს დარაჯობდა. ლაყდანის ძენი, გერშონელთა ძენი – ლაყდანისგან. მამისსახლის თავკაცები ლაყდან გერშონელისგან: იეხიელი. იეხიელის ძენი: ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის სახლის საგანძურს დარაჯობდნენ, ყამრამელებთან, იცჰარელებთან, ხებრონელებთან და ყუზიელებთან ერთად. შებუელი ძე გერშომისა, მოსეს ძისა, საგანძურის მთავარი ზედამხედველი იყო. მისი ძმები ელიეზერისგან; მისი ძე რეხაბიაჰუ, მისი ძე იეშაყიაჰუ, მისი ძე იორამი, მისი ძე ზიქრი, მისი ძე შელომითი. ეს შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლის თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს. ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესაკეთებლად. ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველმა, საულ კიშის ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო. იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძენი ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ განწესებულნი მზირებად და მსაჯულებად. ხებრონელთაგან: ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანეს გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისათვის. ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად, თავიანთ მოდგმასა და მამისსახლში, დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გილყადის იაყზერში. მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, ორიათას შვიდასნი იყვნენ – მამისსახლის თიავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მენაშეს ნახევარტომში გაამწესა ღვთის ყველა საქმისთვის და სამეფო საქმისთვის. ესენი არიან ისრაელის ძენი მათი რიცხვის მიხედვით, თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცნი, ათასისთავები, ასისთავები და მათი მზირები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი ოცდაოთხი ათასისგან შესდგებოდა. პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იოშაბყამ ზაბდიელის ძე; მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. იგი იყო ფერეცის შვილთაგანი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური. მეორე თვის დასზე იყო დოდაი ახოხელი, მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენაიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ვაჟი, მის. დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. ეს ბენაიაჰუ ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო. მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასაელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამუთ იზრახელი. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი, მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. მერვე თვეში მერვე იყო სიბექაი ხუშათელი, ზარხელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანეთოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზარხელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემელთაგან, მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ყათნიელთაგან. მის დასშიც ოცდაოთხი ათასი იყო. ისრაელის შტოებზე: რეუბენის ძეთა წინამძღოლი იყო ელიეზერ ზიქრის ძე; სიმონელებისა – შეფატიაჰუ მაყაქას ძე; ლევიანებისა – ხაშაბია კემუელის ძე; აარონისა – ცადოკი; იუდასი – ელიჰუ, დავითის ძმათაგანი; ისაქარისა – ყომრი, ძე მიქაელისა; ზებულუნისა – იშმაყიაჰუ, ყობადიაჰუს ძე; ნაფთალისა – იერიმოთ ყაზრიელის ძე; ეფრემის ძეთა – ჰოშეაყ ყაზაზიაჰუს ძე, მენაშეს ნახევარტომისა – იოელ ფედიაჰუს ძე; მენაშეს ნახევარტომისა – იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა – იაყასიელ აბნერის ძე; დანისა – ყაზარელ იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი. ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა. იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შესულა. სამეფო საუნჯეებზე იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე. ხოლო იმ საუნჯეებზე, რომელიც მინდორში, ქალაქებში და ციხე-სიმაგრეებში იყო – იეჰონათან ყუზიაჰუს ძე. მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ – ყეზრი ქელუბის ძე. ვენახებზე – შიმყი რამათელი, ყურძნისა და ღვინის მარაგზე – ზაბდი შიფმელი, ზეთისხილებზე და ლეღვებზე, დაბლობში რომ არის – ბაყალ-ხანან გედერელი; ზეთის მარაგზე – იოყაში. ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ სძოვდა – შიტრაი შარონელი, ნახირზე ხეობებში – შაფატ ყადლაის ძე, აქლემებზე – იობილ ისმაელიანი, სახედრებზე – იეხდეიაჰუ მერონოთელი, ცხვარზე – იაზიზ ჰაგერელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ, იონათანი, დავითის ბიძა, მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი. იეხიელი ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო. ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქელი კი – მეფის მეგობარი. ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენაიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი. და შეყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი. შტოთა მთავარნი, დასების მეთაურები, მეფის სამსახურში მყოფნი, ათასისთავები, ასისთავები, მეფისა და მის ძეთა მთელი საქონ-საყოლის მოურავები, სახლთუხუცესები და ყველა მაგარი ვაჟკაცი. და ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: „ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისათვის, ჩვენი ღვთის ფერხთა დასადგმელი, და მოვემზადე ასაშენებლად, მაგრამ ღმერთმა მითხრა: ‘ჩემს სახელზე სახლს ნუ ააშენებ, რადგან მეომარი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილი.’ და მაინც უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი საუკუნოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან კი მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან კი ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე. ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე. და მითხრა: ‘შენი ძე, სოლომონი, ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა. უკუნისამდე გავამყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და რჯულდებას, როგორც დღემდე იცავდა.’ ახლა კი მთელი ისრაელის, უფლის კრებულის, თვალწინ ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა დოვლათიან ქვეყანას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ უკუნისამდე, ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც; ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს. ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.“ და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განძთსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა. ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა უფლის სახლის ეზოებისთვის, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახისთვის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისათვის. მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმისთვის, უფლის სახლის სამსახურისთვის საჭირო ყველა ჭურჭლისთვის, ოქროულობისთვის, ოქროს წონით, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის, ვერცხლის ყველა ჭურჭლისთვის, წონასთან ერთად, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის. წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრების წონასთან ერთად; ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონასთან ერთად, როგორც თითოეული სასანთლის სამსახურის წესია. ოქროს წონა საკურთხის ტაბლებისათვის და ყველა მაგიდისთვის, ასევე ვერცხლის ტაბლებისთვის. ხალასი ოქრო ჩანგლებისთვის, ჯამებისთვის, ოქროს ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად. საკმევის სამსხვერპლოსათვის გასუფთავებული ოქრო წონასთან ერთად, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, რომელთა ფრთებიც გადაშლილი და გადაფარებული იყო უფლის აღთქმის კიდობანზე. „ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი,“ – [თქვა დავითმა.] და უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: „მტკიცედ დეგ და გამხნევდი, და შეუდექი საქმეს. ნუ შიშობ, და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს. აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. მხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. მთავრები და მთელი ერი შენს ყველა ბრძანებაზეა.“ და უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: „სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც ღმერთმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფალი ღვთისთვის. რაც შემეძლო, ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: ოქრო – ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი – ვერცხლის ნივთებისთვის, სპილენძი – სპილენძეულისთვის, რკინა რკინეულისათვის, ძელი ძელეულისათვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და მარმარილოს ლოდები უამრავი. ამასთან ერთად, ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო მაქვს საკუთარი ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული: სამი ათასი ქანქარი ოქრო, ოფირის ოქრო, შვიდი ათასი ქანქარი გამოხურვებული ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად, ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებისთვის, ყველა საოქრომჭედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?“ და გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა თავკაცებმა, ისრაელის შტოთა თავკაცებმა, ათასისთავებმა და მეფის მოურავებმა. და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა ოქრო, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა. ვისაც კი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურისთვის იეხიელ გერშონელს ჩააბარეს. ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან მთელი გულით სწირავდნენ უფალს, ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა. და აკურთხა დავითმა უფალი, მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: „კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაელისა, და ჩვენს მამათა, უკუნითი უკუნისამდე! შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე! შენი, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად! სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყოველივეს განდიდება და განმტკიცება. აწ გაქებთ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს. ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით [მოცემული] შემოგწირეთ. ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენს მამათა მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო. უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმრავლე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი. ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარე ხარ. ეს ყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის. უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა, ჩვენს მამათა, სამარადისოდ დაიცავი ეს შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები. და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი მრთელი გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე დავიჭირე თადარიგი.“ და უთხრა დავითმა მთელ კრებულს: „აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი!“ და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავის მამათა ღმერთი. და დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალსა და მეფეს. მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები, და სრულადდასაწველი აღუვლინეს უფალს: ათასი მოზვერი, ათასი ვერძი, ათასი კრავი, თავისი საღვრელით, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის. იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონი გაამეფეს დავითის ძე. უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს, ხოლო ცადოკი – მღვდლად. და დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის, ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა მას. ყველა მთავარი, მოყმე და მეფე დავითის ყველა ძე დაემორჩილა სოლომონ მეფეს. და დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია. და დავითი, იესეს ძე, მეფობდა მთელ ისრაელზე. და ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, ოცდაცამეტი – იერუსალიმში. და მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. და მის ნაცვლად სოლომონი, მისი ძე, გამეფდა. დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მხედველის სიტყვებში, ნათან წინასწარმეტყველის სიტყვებში და გად მხილველის სიტყვებშია აღწერილი მთელს მის მეფობასთან, მის სიქველესთან და იმ ამბებთან ერთად, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყანათა სამეფოებს გადახდა. განმტკიცდა სოლომონი, დავითის ძე, თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი, იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი. და მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს და მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს. და გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო სადღესასწაულო კარავი, მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გააკეთა უდაბნოში. ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადატანილი იმ ადგილზე, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი. სპილენძის სამსხვერპლო, ბეცალელმა, ხურის ძის ურის ძემ რომ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. და მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა. და ავიდა იქ სოლომონი უფლის წინაშე, სპილენძის სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარავთან რომ არის, და ათასი სრულადდასაწველი აღავლინა მასზე. იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?“ და უთხრა სოლომონმა ღმერთს: „დიდად სწყალობდი დავითს, მამაჩემს. მის ნაცვლად კი მე გამამეფე. უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი. რაკიღა მიწის მტვერივით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე, სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე, რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი ესოდენ მრავალრიცხოვანი?“ და უთხრა უფალმა სოლომონს: „რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული, და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ სიბრძნე და ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. და ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონიათ და არც შენს შემდეგ ექნება ვინმეს.“ გაბაონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი საკრებულო კარვიდან იერუსალიმში და მეფობდა ისრაელზე. და თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს, ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი. და განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. ოქრო-ვერცხლი რიყის ქვას გაუთანაბრა იერუსალიმში, ხოლო კედარი – სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება. სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი. მეფის ვაჭრებს მოჰყავდათ კევედან საფასურით. ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები – ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მოჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისათვისაც. და ბრძანა სოლომონმა სახლის აშენება უფლის სახელისთვის და სამეფო სახლის აშენება თავისთვის. და აღრიცხა სოლომონმა სამოცდაათი ათასი მტვირთავი. ოთხმოცი ათასი ქვის მჭრელი მთებში და სამი ათას ექვსასი მათი ზედამხედველი. და შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ცორის მეფეს: „როგორც დავითს, მამაჩემს, გაუკეთე და კედარი გაუგზავნე მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, [მეც ასევე გამიკეთე.] აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის, სახელზე სახლს მისთვის განსაწმედად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, სრულადდასაწველის აღსავლენად დილა-საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისათვის და ჩვენი უფლის დღესასწაულებისათვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს. დიდია ის სახლი, უფლისათვის რომ ვაშენებ, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია. ვის შესწევს ძალა, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა მას ცანი და ცანი ცათანი ვერ იტევს? ან მე ვინ ვარ, რომ მის წინაშე, საკმევლის საკმევი ალაგის გარდა, სხვა სახლი ავუშენო? ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომელნიც დავითმა, მამაჩემმა, მოამზადა. ლიბანიდან გამომიგზავნე კედარის ხეები, კვიპაროსები და სანდალოზის ხეები, რადგან ვიცი, რომ შენმა მსახურებმა იციან ლიბანის ხეების ჭრა და აჰა, ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან, რათა უხვად დამიმზადონ ხეები, რადგან სახლი, მე რომ ვაშენებ, დიდებული და მშვენიერი უნდა გამოვიდეს. აჰა, ვაძლევ ტყის მჭრელებს, ხეებს რომ ჩეხავენ, შენს მსახურთ, ოცი ათას ქორ ხორბალს, ოცი ათას ქორ ქერს, ოცი ათას ბათ ღვინოსა და ოცი ათას ბათ ზეთს.“ და უთხრა ხურამმა, ცორის მეფემ, წერილში და გაუგზავნა სოლომონს: „რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მასზე მეფედ.“ კიდევ ეს უთხრა ხურამმა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი ვაჟი უბოძა, რომელიც აშენებს სახლს თავისთვის. ახლა კი გიგზავნი ბრძენსა და გამოცდილ კაცს – ხურამ-აბის, დანელი ქალის ძეს, მამით ცორელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვის, ხის, ძოწეულის და ლურჯი ნართების, სელისა და ყირმიზის დამუშავება, ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად. ახლა გამოუგზავნოს ჩემმა ბატონმა ის ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო, თავის მსახურთ რომ შეჰპირდა. ჩვენ კი ლიბანში მოვჭრით ხეებს, რამდენიც დაგჭირდება, და ზღვაზე ტივებით დავაცურებთ იაფოსკენ, იქიდან კი იერუსალიმს აიტანე.“ და აღრიცხა სოლომონმა ყველა ხიზანი, ვინც კი ისრაელის ქვეყნად დავითის, მამამისის, აღრიცხვის შემდეგ მოსულიყო, და აღმოჩნდა ასორმოცდაცამეტი ათას ექვსასი კაცი. მათგან სამოცდაათი ათასი მტვირთავად გაამწესა, ოთხმოცი ათასი – ქვის მჭრელად მთაში, სამი ათას ექვსასი – ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ. და შეუდგა სოლომონი უფლის სახლის შენებას იერუსალიმში მორიას მთაზე, სადაც ნაჩვენები ჰქონდა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე. შენებას შეუდგა მეორე თვის ორში, თავისი მეფობის მეოთხე წელს. აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით სამოცი წყრთა იყო, ძველი საზომით, სიგანით – ოცი წყრთა. სტოა, სიგრძეზე რომ გასდევდა ტაძარს, მისი სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო, სიმაღლით – ას ოცი. შიგნიდან ხალასი ოქროთი მოჭედა. კვიპაროსის ხეებით შემოსა დიდი სახლი, საუკეთესო ოქროთი შემოსა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა. ძვირფასი ქვებით დაფარა სახლი დასამშვენებლად. ოქრო კი ფარვაიმული ოქრო იყო. ოქროთი შემოსა სახლი – ძელები, კარის ზღურბლები, მისი კედლები და კარები, კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა. და გააკეთა წმიდათა წმიდა: მისი სიგრძე, სახლის სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო, და სიგანეც ოცი წყრთა და ექვსასი ქანქარი საუკეთესო ოქროთი დაფარა იგი. ლურსმნები, წონით ხუთი შეკელი, ოქრო იყო. ქორედიც ოქროთი შემოსა. წმიდათა წმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფარა ისინი. ქერუბიმების ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო, ერთის ფრთა – ხუთწყრთიანი, და სახლის კედელს ეხებოდა, მეორის ფრთაც ხუთწყრთიანი, მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა. მეორე ქერუბიმის ფრთაც – ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც – ხუთწყრიანი, პირველი ქერებუმის ფრთას ეხებოდა. ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი, ისინი ფეხებზე იდგნენ და სახე სახლისაკენ ჰქონდათ მიქცეული. და გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმები გამოსახა. სახლის წინ სიგრძით ოცდაათი წყრთის ორი სვეტი გააკეთა, თითოეულის თავზე ხუთწყრთიანი სვეტისთავი იყო. და გააკეთა დაბირში ჯაჭვები და სვეტისთავებზე მიამაგრა, და გააკეთა ასი ბროწეული და ჯაჭვებზე ჩამოკიდა. ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ. მარჯვენას იაქინი დაარქვა, მარცხენას – ბოყაზი. და გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით ოცი წყრთა, და ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ლარი სწვდებოდა გარს. მის ქვეშ, ირგვლივ, ხარების გამოსახულებები იყო შემორტყმული, ზღვას ათ წყრთაზე გარს ევლებოდა მასთან ერთად ჩამოსხმული ხარების ორი რიგი. იგი თორმეტ ხარზე იდგა. სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთით იყურებოდა, სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული. სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა, კიდეები თასის კიდესავით ჰქონდა გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჰგავდა. სამია თას ბათს იტევდა. და გააკეთა ათი საბანელი. ხუთი მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი – მარცხენა ფრთაზე, რომ მათში განბანილიყვნენ და სრულადდასაწველი საკლავიც ამოევლოთ. ხოლო ზღვა მღვდელთა გასაბანად იყო განკუთვნილი. და გააკეთა ათი ცალი ოქროს სასანთლე მათი წესის შესაფერისად და ტაძარში დადგა. ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე. და გააკეთა ათი ტაბლა და ტაძარში დადგა. ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუდთიც მარცხენა ფრთაზე. და გააკეთა ასი ცალი ოქროს სასხურებელი. და გააკეთა მღვდელთა ეზო, და დიდი ეზო, და ეზოს კარები, და სპილენძით მოჭედა მათი კარებები. ზღვა მარჯვენა ფრთაზე დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით. და გააკეთა ხურამმა ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები. და მოამთავრა ხურამმა სამუშაო, რომელსაც სოლომონს უკეთებდა ღვთის სახლში. ორი სვეტი, ბუღაურები, სვეტისთავზე დასადგმელი, და ორი ცხაური ბუღაურების დასაფარავად, ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისათვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად. და გააკეთა კვარცხლბეკები, კვარცხლბეკებზე საბანლები გააკეთა. ერთი ზღვა და თორმეტი ხარი მის ქვეშ. ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის სახლისათვის, მბზინვარე სპილენძისა იყო. იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცერედას შორის. და გააკეთა სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი, ძალზე ბევრი, ისე, რომ გაურკვეველი იყო სპილენძის წონა. და გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომლებზედაც საწინაშეო პურები ეწყო; სუფთა ოქროს სასანთლეები და მისი ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ. ოქროს ყვავილები, ლამპრები და მაშები – სუფთა ოქროსაგან, დანები, სასხურებლები, კოვზები, საცეცხლურები – სუფთა ოქროსაგან. ასევე ტაძრის კარებები: წმიდათა წმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი შიდა კარებიც ოქროსივე იყო. და მოათავა ყველა საქმე, რასაც უფლის სახლისათვის აკეთებდა სოლომონი. მოიტანა სოლომონმა დავითის, მამამისის, შემოწირულობანი: ვერცხლი, ოქრო, ყველანაირი ჭურჭელი, და ღვთის სახლის საგანძურში დააწყო, მაშინ შეყარა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელის ძეთა მამისსახლის უფროსები, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან. და შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი სადღესასწაულოდ მეშვიდე თვეში, და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და ლევიანებმა ასწიეს კიდობანი. და წაასვენეს კიდობანი და სადღესასწაულო კარავი, და ყველა წმინდა ჭურჭელი, კარავში რომ ინახებოდა. და წაასვენეს ისინი მღვდლებმა და ლევიანებმა. მეფე სოლომონი და მთელი ისრაელის საზოგადოება, რომელიც მასთან შეიკრიბა კიდობნის წინ, მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო. და დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი მისთვის განკუთვნილ ადგილზე ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ, რადგან ფრთები ჰქონდათ გაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე, და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და მის კეტებს. კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მისი თავები მოჩანდა, დაბირის წინ, გარეთ კი არ ჩანდა. დღემდე იქ არის ისინი. არაფერი არ იყო კიდობანში გარდა ორი ქვის დაფისა, მოსემ რომ ჩააწყო ხორებზე, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელის ძეებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას. და როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან – რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა, განურჩევლად დასებისა, – ასევე ყველა მგალობელი ლევიანი – ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ვაჟები და მათი მოძმენი – სელით შემოსილნი, წინწილებით, ქნარებით, ებნებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი, მათთანვე ასოცი მესაყვირე მღვდელი, ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ, და როცა იქუხა საყვირების და წინწილების ხმამ, უფლის ქებით, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო, და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო ღვთის სახლი. მაშინ თქვა სოლომონმა: „ბნელში დავანება ინება უფალმა. სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად.“ პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. და ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული. და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა! იგი ამბობდა: ‘იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არცერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი, და კაციშვილი არ ამირჩევია, ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად, მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე, დასადგენად.’ გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე. და უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: ‘გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე. ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული, ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’ და დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე ავაშენე სახლი. და დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელის ძეთ რომ დაუდო.“ და დადგა უფლის სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის კრებულისაკენ პირშექცევით და ხელები აღაპყრო, – რადგან სოლომონმა გააკეთა სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა, და შედგა მასზე, და მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ცისკენ, – და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი, არც ცაში და არც ქვეყნად, შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მსახურთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. შენ შეუნახე სიტყვა შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, და დღეს შენმა ხელებმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები. ახლაც შეუნახე, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: ‘არ გამოგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.’ ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, რომ უბრძანე. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს დედამიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? მოხედე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს შენი მსახური, რომ თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მსახური. და ისმინე შენი მსახურისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას, ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე. თუ შესცოდავს ვინმე თავის თვისტომს და ფიცით დააფიცებენ მას, და ეს ფიცი აღსრულდება შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში, მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მსახურთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, მართალი კი გაამართლე, რომ მისი სიმართლისამებრ მიეგოს. თუ დამარცხდება შენი ერი, ისრაელი შენი მტრის მიერ, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე კი მოიქცევა შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში, მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამებს მიეცი. როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო, შენს წინაშე რომ ჩაიდინეს, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მსახურთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, რომლითაც სიარული მართებთ, და აწვიმე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისათვის. თუ შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, თუ შავი ჭირი, თუ მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანას მის კარიბჭეებს, უბედურება რაიმე, თუ სნეულება, ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება ადამიანისაგან და მთელი შენი ერისაგან, ისრაელისაგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას და ხელს გამოიწვდის ამ სახლისაკენ, ისმინე ციდან – შენი სამყოფლიდან, და მიუტევე, მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ შენ, რომელმაც უწყი მათი გულები, რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული, რათა მუდამ შენი შიში ჰქონდეთ, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენს მამებს მიეცი. იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერიდან, ისრაელიდან, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და შემართული მკლავის გამო, და მოვა და ილოცებს ამ ტაძართან. ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის, მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე. როცა მტერთან საბრძოლველად გავა შენი ერი, დაადგება გზას, რომელზეც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი ამ ქალაქისაკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე, მაშინ ისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე. როცა შეგცოდავენ, – რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, – განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: ‘შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთ,’ და როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირმიქცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, მაშინ ისმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩინე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა. ახლა კი, ღმერთო ჩემო, თვალღია იყავ და ყური მიაპყარ ამ ადგილზე ლოცვას. ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისაკენ, შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა, და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ. უფალო ღმერთო! პირს ნუ შეაქცევ შენს ცხებულს, გაიხსენე დავითის, შენი მსახურის მიმართ სიქველენი.“ როგორც კი მოათავა სოლომონმა ლოცვა, ცეცხლი გადმოეშვა ზეციდან და შთანთქა სრულადდასაწველი და მსხვერპლები, და უფლის დიდებამ აავსო სახლი. ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი. როცა დაინახეს ისრალის ძეთ სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხენ მიწაზე, ქვაფენილზე და თაყვანი სცეს, და აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ერმა. და შესწირა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი. და აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა. მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებელ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი მეფე დავითის გაკეთებული საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი მეოხებით; მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ მათ გვერდით, და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი. და განწმიდა სოლომონმა შუა ეზოც უფლის სახლის წინ, რადგან მიიტანა იქ სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლის ლურთები, რადგან სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ ვეღარ დაიტია სრულადდასაწველი და პურეულის ძღვენი და ლურთები. შვიდდღიანი დღესასწაული გადაიხადა იმჟამად სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა – დიდმა კრებულმა, [რომელიც მოვიდა] ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე. მერვე დღეს გამართეს საზეიმო წვეულება, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას და შვიდ დღეს – დღესასწაულს. მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს. და დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. და ყოველივე გულუხვად გაიღო სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად. ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად. თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს, და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათს ქვეყანას. ახლა თვალი გახელილი მექნება და ყურთასმენა მიპყრობილი ლოცვა-ვედრებისათვის ამ ადგილზე. ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველდღე ჩემი თვალი და გული, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი, დადიოდა და ყველაფერს აღასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს, განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს, აღვუთქვი და ვუთხარი: არ გაგიწყდება-მეთქი ხელმწიფე ისრაელში. მაგრამ თუ განმიდგებით და მიატოვებთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც განვწმიდე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან, საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის. და ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთდროს აღზევებულს, გაოგნდება და იტყვის: ‘ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?’ და იტყვიან: ‘რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მოეჭიდნენ სხვადასხვა ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და მათ ემსახურებოდნენ. ამისათვის დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.’“ ოცი წლის თავზე, როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის შენება, გააშენა სოლომონმა ის ქალაქებიც, რომლებიც ხურამმა მისცა სოლომონს, და ისრაელის ძენი ჩაასახლა იქ. და გაილაშქრა სოლომონმა ხამათ-ცობაზე და დაიპყრო იგი. ააშენა თადმორი უდაბნოში და ყველა ის სამარაგო ქალაქი, ხამათში რომ დააფუძნა. გააშენა ზემო ბეთ-ხორონი და ქვემო ბეთ-ხორონი – გალავნებით, კარიბჭეებით და ხანდაკებით გამაგრებული ქალაქები; ბაყალათი და სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, საეტლო ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში, ლიბანში, და მთელს თავის სახელმწიფოში. ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ხეთელთაგან, ამორელთაგან, ფერეზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომელიც არ იყო ისრაელის ძეთა მოდგმისა, და მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში და არ გაუწყვეტიათ ისრაელის ძეთ, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე. ისრაელის ძეთაგან კი არავინ დაუყენებია სოლომონს თავის ბეგარაზე, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მცველთა მეთაურებად, თავისი ეტლებისა და მხედრების მეთაურებად. ორას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა მეფე სოლომონს ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც ხალხს უძღვებოდნენ. ფარაონის ასული სოლომონმა დავითის ქალაქიდან გადაიყვანა სახლში, რომელიც მას აუშენა, რადგან თქვა: „არ უნდა ცხოვრობდეს ჩემი ცოლი დავითის, ისრაელის მეფის, სახლში, რადგან წმიდაა იგი, სადაც უფლის კიდობანი შევიდა.“ მაშინ დაიწყო სოლომონმა უფლისთვის სრულადდასაწველის შეწირვა უფლის სამსხვერპლოზე, რომელიც სტოასთან ააგო, ყოველდღიური აღვლენა, მოსეს მცნებისამებრ, შაბათების და ახალმთვარობების დაცვა, წელიწადში სამი დღესასწაულის: უფუარობის, შვიდეულთა და კარვობის ზეიმი. დავითის, თავისი მამის, მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩააყენა მღვდელთა დასები თავიანთ სამსახურში, ლევიანები კი მათ დაცვაში, რათა სადიდებელი ეთქვათ და მღვდლებთან ერთად ემსახურათ ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე ყველა კარს თავისი კარისმცველები მიუჩინა, თავ-თავისი დასების მიხედვით, რადგან ასე ბრძანა დავითმა, ღვთისკაცმა. არ უღალატიათ მეფის იმ ბრძანებისათვის, რომელიც ეხებოდა მღვდლებს, ლევიანებს, სხვა საქმეებსა და საგანძურს. ასე ჰქონდა სოლომონს აწყობილი ყველა საქმე, საძირკველის ჩაყრიდან დაწყებული, ვიდრე უფლის სახლი ბოლომდე არ გასრულდა. მაშინ წავიდა სოლომონი ზღვისპირეთში, ყეციონ-გებერსა და ელოთში, ედომის ქვეყანაში. ხურამმა თავის მსახურთა ხელით ხომალდები და თავისი ზღვისმცოდნე მსახურნი გაუგზავნა და ჩავიდნენ ისინი სოლომონის მსახურებთან ერთად ოფირში, და ოთხასორმოცდაათი ქანქარი ოქრო წამოიღეს იქიდან და მეფე სოლომონს მოუტანეს. შებას დედოფალმა შეიტყო სოლომონის ამბავი და მივიდა იერუსალიმში, რომ გამოცანებით გამოეცადა სოლომონი. მივიდა დიდძალი დოვლათით, აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, მრავლად ოქრო და ძვირფასი თვლები, მივიდა მასთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა. ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა. და დაინახა შებას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე, ნახა მისი აშენებული სახლი, მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მსახურთა საცხოვრებელი, მის მსახურეულთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები და მათი შესამოსელი, მისი კიბეები, რითაც ის უფლის სახლში ადიოდა, და გაოგნებული დარჩა. და უთხრა მეფეს: „მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე. სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე: აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე. ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა. ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერნი არიან შენი მსახურნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს. კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის, მეფედ. შენი ღმერთის ისრაელისადმი სიყვარულის გამო დაგაყენა მასზე მეფედ, მის განსამტკიცებლად საუკუნოდ და სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.“ და უბოძა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი ქვები. არ იყო ისეთი ნელსაცხებელი, შებას დედოფალს მეფე სოლომონისათვის რომ არ ებოძებინა. ხურამისა და სოლომონის მსახურებმა ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდაზოლის ხეები და ძვირფასი ქვებიც ჩამოიტანეს. და გააკეთა მეფემ სანდალოზისაგან საფეხურები უფლის სახლისათვის და სამეფო სახლისათვის; ებნები და ქნარები – მგალობელთათვის. ამის მსგავსი მანამდე არასდროს უნახავთ იუდას ქვეყანაში. და უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს ყველაფერი მისთვის სასურველი, რაც კი მან ითხოვა, იმაზე მეტი, რაც თვითონ მოართვა მეფეს. უკან გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მსახურებიანად. ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად. ამას გარდა მოგზაურებს, ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა განმგებლებს შემოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი. და გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი დელამფარი ნაჭედი ოქროსაგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ დელამფარზე. და გააკეთა სამასი ფარი ოქროსაგან ნაჭედი, სამასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. და დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში. და გააკეთა მეფემ სპილენძისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი მოჭედა. ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა ტახტს მიდგმული, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით. ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა. მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული იყო. ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს, რადგან მეფის ხომალდები ხურამის მსახურებთან ერთად თარშიშს დადიოდნენ, თარშიშული ხომალდები სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდათ ყაფუზუნები და ფარშევანგები. და განდიდდა მეფე სოლომონი ქვეყნის ყველა მეფეებზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით. ამ ქვეყნად ყველა მეფე ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინა მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა. და ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები, ყოველწლიურად. სოლომონს ოთხი ათასი თავლა ჰქონდა, ჰყავდა ეტლები და თორმეტი ათასი ცხენოსანი, განლაგებული ჰყავდა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ყველა მეფეზე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე. ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა მეფემ იერუსალიმში, ხოლო ნაძვი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება. სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და ყველა ქვეყნიდან იყო მოყვანილი. სოლომონის დანარჩენი ამბები – პირველნი და უკანასკნელნი – სწერია ნათან წინასწარმეტყველის მატიანეში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებაში, იეყდო მხილველის ხილვაში, იერობყამ ნაბატის ძეს რომ შეეხება. და იმეფა სოლომონმა იერუსალიმში მთელს ისრაელზე ორმოცი წელი. და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის, მამამისის, ქალაქში. და მის ნაცვლად რეხაბყამი, მისი ძე, გამეფდა. და წავიდა შექემში რეხაბყამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელიანობა მის გასამეფებლად. როცა [ეს ამბავი] შეიტყო იერობყამ ნაბატის ძემ, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც სოლომონ მეფისაგან იყო გაქცეული, ეგვიპტიდან გამობრუნდა იერობყამი. შეუთვალეს და დაიბარეს იგი. და მოვიდა იერობყამი და მთელი ისრაელი და ასე უთხრეს რეხაბყამს: „უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით.“ უთხრა მათ: „წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან.“ და წავიდა ხალხი. რჩევა ჰკითხა მეფე რეხაბყამმა უხუცესებს, რომლებიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: „როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?“ და ელაპარაკნენ მას. უთხრეს: „თუ კეთილი იქნები ამ ხალხისათვის, აამებ მათ და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მსახურნი იქნებიან.“ არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეთ, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და ემსახურებოდნენ. და უთხრა მათ: „რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დადგმული უღელი?“ და ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: „ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება: უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკა თითი. ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“ და მივიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რეხაბყამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან. და მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა მეფე რეხაბყამმა უხუცესთა რჩევას. მოყმეთა რჩევისამებრ ელაპარაკა მათ, უთხრა: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით.“ არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობყამ ნაბატის ძისათვის, ახია შილონელის პირით. და როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: „რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისაგან? თქვენ-თქვენი კარვებისაკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენ სახლს, დავით!“ და წავიდ-წამოვიდა თავ-თავის კარვებში ისრაელი. მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზე შერჩა მეფობა რეხაბყამს. და გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი, ხარკის ამკრებთა უფროსი, მაგრამ ქვებით ჩაქოლეს ისრაელის ძეთ და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახტა მეფე რეხაბყამი ეტლზე და იერუსალიმში გაიქცა. და განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა დღემდე. და მივიდა რეხაბყამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი – ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს რეხაბყამისათვის მეფობის დასაბრუნებლად. და გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს: „უთხარი რეხაბყამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს და ბენიამიანის მთელ სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი’“. და ისმინეს უფლის სიტყვა და იერობყამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ. რეხაბყამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში. მან გაამაგრა: ბეთლემი, ყეტამი და თეკოაყი, ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი, გათი, მარეშა, ზიფი, ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა, ცორყა, აიალონი, ხებრონი – გამაგრებული ქალაქები – იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა. და გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრეები, და ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი. და ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი. მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაელში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას. ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობყამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას და დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისათვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა. მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამების ღმერთისათვის. და გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რეხაბყამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელიწადს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით. რეხაბყამმა ცოლად შეირთო მახალათი, იერიმოთ დავითის ძის ასული. და შეეძინა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი. მის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული, რომელმაც შესძინა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი. რეხაბყამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა მაყაქა, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა. და შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი. და დააყენა უფროსად რეხაბყამმა აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღილად თავის ძმებში, რადგან მისი გამეფება ეწადა. გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. და უხვად მისცა სარჩო და უთხოვა მრავალი ცოლი. როცა განმტკიცდა რეხაბყამის მეფობა და გაძლიერდა, მაშინ მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა. რეხაბყამის მეფობის მეხუთე წელს წამოვიდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმზე, რადგან შესცოდეს უფალს. ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მასთან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან: ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები, აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმს მიადგა. მაშინ წინასწარმეტყველი შემაყია მივიდა რეხაბყამთან და შიშაკს გარიდებულ, იერუსალიმში თავშეყრილ იუდას მთავრებთან, და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი თქვენ მიმატოვეთ, ახლა მეც მიგატოვებთ შიშაკის ხელში.’“ და დამორჩილდნენ ისრაელის მთავრები და მეფე, თქვეს: „მართალია უფალი.“ და როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: „დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით. მაგრამ მისი ყმები გახდებიან, რათა იცოდნენ, როგორია ჩემი ყმობა და ამქვეყნიური მეფეების ყმობა.“ და მოვიდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმში და წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო, წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა. და გააკეთა მეფე რეხაბყამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა მცველთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ. და ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შევიდოდა, მოდიოდნენ მცველები და მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველების ოთახში. და რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაღუპა იგი. იუდაშიც კეთილი ამბები იყო. და განმტკიცდა მეფე რეხაბყამი იერუსალიმში. ორმოცდაერთი წლისა იყო რეხაბყამი, როცა ის გამეფდა, და ჩვიდმეტ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც უფალმა თავისი სახელის სამკვიდრებლად ამოარჩია ისრაელის ყველა ტომში. დედამისი იყო ნაყამა ყამონელი. ბოროტებას აკეთებდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს. რეხაბყამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით. გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის. და განისვენა რეხაბყამმა თავის მამებთან, და დამარხეს დავითის ქალაქში, და მის ნაცვლად აბია, მისი ძე, გამეფდა. იერობყამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე. სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, დედამისი იყო მიქაიაჰუ, ურიელის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობყამს შორის. აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობყამი კი მათ წინააღმდეგ საომრად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი მეომრით გამოვიდა. და დადგა აბია ცემარაიმის მწვერვალზე, ეფრემის მთებში რომ არის, და თქვა: „მისმინეთ, იერობყამ და მთელო ისრაელო! განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე საუკუნოდ? და მაინც აღდგა იერობყამ ნაბატის ძე, სოლომონის, დავითის ძის, მსახური, და გაილაშქრა თავისი ბატონის წინააღმდეგ. და შემოიკრიბა თავის ირგვლივ უღირსი, უგვანი ხალხი, და გამაგრდნენ რეხაბყამ სოლომონის ძის წინააღმდეგ. რეხაბყამი ყმაწვილი იყო და გულმხდალი, ამიტომ ვერ გაუძლო მათ. ახლა თქვენ ფიქრობთ, გაუმკლავდეთ უფლის სამეფოს, რომელიც დავითის ძეთა ხელშია? თქვენ ჩვენზე ბევრად მეტნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბორები, იერობყამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ. განა თქვენ არ გამორეკეთ უფლის მღვდლები – აარონის ძენი და ლევიანები? განა თქვენ არ იყავით, რომ მღვდლები სხვა ქვეყნების ხალხთა მსგავსად გაიჩინეთ? ყველა, ვინც თავის საკურთხებლად მოდის მოზვრითა და შვიდი ბატკნით, ცრუღმერთის მღვდელი ხდება. ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი, გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები საქმეზე დგანან. დილა-საღამოობით უფლისთვის სრულადდასაწველს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, საწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეებზე, ღამ-ღამობით რომ ენთონ, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის, მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი. აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მჭექარე საყვირები თქვენს წინააღმდეგ დასაყვირებლად, ისრაელის ძენო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამების ღმერთთან, ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი.“ ამასობაში იერობყამმა უკან ჩაუსაფრა ხალხი; თვით იუდაელთა წინ იყვნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ. თვალი მოავლო იუდამ, და აჰა, წინიდან და უკნიდან ომია გაჩაღებული. მაშინ მოუხმეს მათ უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს. შეჰღაღადეს იუდაელებმა. და როდესაც იუდაელებმა შეჰღაღადეს, ღმერთმა დაამარცხა იერობყამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე. და გაექცნენ ისრაელის ძეები იუდას, მაგრამ ღმერთმა მათ ხელში ჩაყარა ისინი. და სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით, ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან. და მოდრკნენ ისრაელის ძენი, მაშინ იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს. და გაედევნა აბია იერობყამს და წაართვა ქალაქები: ბეთელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრონი თავისი დაბებით. და ვეღარ მოიკრიბა იერობყამმა ძალა აბიაჰუს დღეებში, და დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი. აბიაჰუ კი განმტკიცდა და თოთხმეტი ცოლი შეირთო. და შეეძინა ოცდაორი ვაჟი და თექვსმეტი ქალი. აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში. და განისვენა აბიამ თავის მამებთან, და დამარხეს დავითის ქალაქში, და მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა. ასას დროს ათ წელიწადს მოსვენებული იყო იუდას ქვეყანა. კეთილს და სწორს აკეთებდა ასა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. და მოშალა უცხო სამსხვერპლოები და გორაკები, შემუსრა კერპები და აჩეხა აშერები. და უთხრა იუდას, გამოეძია უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინა მისი რჯული და მცნებები. და მოშალა იუდას ყველა ქალაქში გორაკები და სამზეო სვეტები. და მოისვენა სამეფომ მის წინაშე. და ააგო იუდაში გამაგრებული ქალაქები, რადგან მოსვენებული იყო ქვეყანა და არც ომი ჰქონია იმ წლებში, რაკი უფალმა სიმშვიდე მისცა. და უთხრა იუდას: „ავაშენოთ ეს ქალაქები და გარს გალავნები, კოშკები, კარიბჭეები და ბურჯები შემოვავლოთ. ქვეყანა კვლავ ჩვენს ხელშია, რადგან გამოვიძიეთ უფალი, ღმერთი ჩვენი. გამოვიძიეთ და ირგვლივ სიმშვიდე გვიბოძა.“ და დაიწყეს შენება და ხელი მოემართათ. ასას ჯარი ჰყავდა: სამასი ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და ორას ოთხმოცი ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. და წამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი ათასი ათასიანი ჯარით, სამასი ეტლით და მარეშას მოადგა. და გამოვიდა ასა მის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაეწყვნენ ცეფათას ხეობაში, მარეშას მახლობლად. და უხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე, უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მინდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლებს კაცი!“ და შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი. და გაედევნა ასა და ხალხი, მასთან რომ იყო, გერარამდე. და დაეცნენ ქუშელნი, არავინ გადარჩენილა ცოცხალი, რადგან გატყდნენ უფლის წინაშე და მისი მხედრობის წინაშე. და დიდძალი ნადავლი იგდეს ხელთ. და გაანადგურეს ქალაქები გერარის ირგვლივ, რადგან უფლის შიში იყო დაცემული მათზე. და გაძარცვეს ყველა ქალაქი, რადგან იქ ბევრი იყო საძარცვი. საქონლის კარვებიც გაანადგურეს, და უამრავი ცხვარი და აქლემი გამოირეკეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ. მაშინ ყაზარიაჰუ ყოდედის ძეზე გადმოვიდა ღვთის სული, და გამოეგება იგი ასას და უთხრა: „ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ მას, იპოვით; თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ. დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, დამმოძღვრავი მღვდლისა და რჯულის გარეშე. გასაჭირში იყო და მოუხმო უფალს, ისრაელის ღმერთს. და ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი. იმ ხანებში არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოთი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში. ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი – ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით. თქვენ კი განმტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისამებრ მოგეზღვებათ“. როცა ასამ მოისმინა ეს სიტყვები და ყოდედის [ძის] წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. და განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის. და შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისაგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი. ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში, შეიყარნენ იერუსალიმს. და მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ-ძროხა და შვიდასი წვრილფეხა. აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამათა ღმერთი, მთელი გულითა და მთელი სულით. და ყველა, ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი. ეფიცებოდნენ უფალს დიდი ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით. და ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძიებდნენ მას და მან აპოვნინა თავი. და უბოძა უფალმა მათ სიმშვიდე ყოველი მხრიდან. მაყაქას, მეფე ასას დედასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერისათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. და აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კიდრონის ხევში დაწვა. ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულიად მინდობილი უფალს მთელი მისი სიცოცხლე. და შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და თავისი შეწირული ნივთები – ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. და ომები აღარ ყოფილა ასას მეფობის ოცდამეათე წლამდე. ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ამხედრდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და იწყო რამას შენება, რათა ვეღარ ევლოთ ასასთან, იუდას მეფესთან. და გამოიტანა ასამ ვერცხლი და ოქრო უფლის სახლისა და მეფის სახლის საგანძურიდან და გაუგზავნა ბენ-ჰადადს, არამის მეფეს, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა: „იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო. აჰა, გიგზავნი ვერცხლსა და ოქროს. წადი და გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.“ და დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები, ვინც ჰყავდა, ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. და დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-მაიმი, და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი. ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა თავისი საქმე. და შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. და ააშენა ამით გებაყი და მიცფა. იმ დროს მივიდა მეფე ასასთან ხანანი მხილველი და უთხრა: „არამის მეფეს რომ მიენდე და არ მიენდე უფალს, შენს ღმერთს, ამის გამო გადაურჩა არამის ჯარი შენს ხელს. განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში. რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.“ და განურისხდა ასა მხილველს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს. ასას პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში. თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს. და განისვენა ასამ თავის მამებთან, და მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს. და დამარხეს მის სამარხში, თავისთვის რომ გაიმზადა, დავითის ქალაქში. და დაასვენეს იგი სარეცელზე, რომელიც აავსეს კეთილსურნელებითა და მენელსაცხებლეთა ხელობით დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლებით. და დაუნთეს მას დიდზე დიდი კოცონი. მის ნაცვლად იოშაფატი, მისი ძე, გამეფდა; და ძალა მოიკრიბა ისრაელიანთა წინააღმდეგ. და ჩააყენა ჯარი იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში. მცველები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის ქალაქებში, რომელიც მამამისმა ასამ დაიპყრო. და უფალი იყო იოშაფატთან, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაყალები არ უძებნია. და ეძიებდა თავისი მამის ღმერთსა და მის მცნებებს ასრულებდა და არ იქცეოდა ისრაელიანთა მსგავსად. და გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. და მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა. და გული მიეცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში. თავისი მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები – ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაიაჰუ დასამოძღვრად იუდას ქალაქებში. თან გააყოლა ლევიანები – შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობ-ადონია, მათვე გააყოლა მღვდლები: ელიშამაყი და იორამი. და მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. და მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი. უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს. ფილისტიმელთაგან იოშაფატთან მოჰქონდათ ძღვენი და ვერცხლი ხარკად. ასევე არაბებსაც მოჰყავდათ წვრილფეხა საქონელი – შვიდი ათას შვიდასი ცხვარი და შვიდი ათას შვიდასი თხა. და თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. და ააშენა იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები. დიდძალი მარაგი ჰქონდა იუდას ქალაქებში, და მებრძოლი ხალხი, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა იერუსალიმში. აჰა, მათი მოვალეობანი მამის სახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: თავკაცი ყადნა, მას ჰყავდა სამასი ათასი მაგარი ვაჟკაცი. მის მერე იყო თავკაცი იეჰოხანანი. მას ორასოთხმოცი ათასი ჰყავდა. მის მერე იყო ამაცია, ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს, მასთან იყო ორასი ათასი მაგარი ვაჟკაცი. ბენიამინს ჰყავდა მამაცი ვაჟკაცი ელიადაყი და მასთან ერთად ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული კაცი. მის მერე იყო იეჰოზაბადი და მასთან ერთად ასოთხმოცი ათასი შეიარაღებული მებრძოლი. აჰა, ისინი, ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში რომ ჩააყენა. უხვად ჰქონდა დოვლათი და პატივი იოშაფატს, და დაუმოყვრდა იგი ახაბს. რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა ახაბთან სამარიაში და უამრავი ცხვარ-ძროხა დაუკლა ახაბმა მას და იმ ხალხს, თან რომ ახლდა. და დაიყოლია გილყადის რამოთში ლაშქრობაზე. და უთხრა ახაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: „წამომყვები გილყადის რამოთზე?“ და უთხრა: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? შენთან ვარ ომში.“ და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „აბა, დაეკითხე დღეს, რას იტყვის უფალი.“ და შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი – ოთხასამდე კაცი და უთხრა მათ: „გავილაშქროთ გილყადის რამოთზე, თუ თავი შევიკავოთ?“ უთხრეს: „გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში მათ თავს ღმერთი.“ და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხო?“ უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. ის არის მიქაიეჰუ იმლას ძე.“ თქვა იოშაფატმა: „ნუ ამბობს ასე მეფე.“ და უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაიეჰუ იმლას ძე.“ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში, კალოზე, სამარიის კარიბჭესთან და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე. და გაიკეთა ციდკიაჰუ ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.’“ ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: „მიუხდი გილყადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.“ ასე ეუბნებოდა მიქაიეჰუს მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: „აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი, შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.“ და თქვა მიქაიეჰუმ: „უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს.“ და მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: „მიქაიეჰუ! გავილაშქროთ გილყადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?“ თქვა: „გაილაშქრე და გაიმარჯვებ, თქვენს ხელში ჩაცვივდებიან.“ და უთხრა მეფემ: „რამდენჯერღა უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?“ და უთხრა: „ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მთებზე მიმოფანტული, და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ მათ, დაე მშვიდობით დაუბრუნდნენ თავ-თავის სახლებს!’“ და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.“ და თქვა: „აბა, ისმინეთ უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი, და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ. და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გილყადის რამოთს?’ ერთი ერთს ამბობდა, მეორე – სხვას. და გამოვიდა სული, და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ და უთხრა უფალმა: ‘რითი?’ და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მის წინასწარმეტყველთა ბაგეებში.’ და თქვა უფალმა: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.’ აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.“ მიეჭრა ციდკიაჰუ ქენაყანას ძე და სილა გააწნა მიქაიეჰუს, და უთხრა: „როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სიტყვამ და შენში მეტყველებს?“ და თქვა მიქაიეჰუმ: „მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.“ და თქვა ისრაელის მეფემ: „შეიპყარით მიქაიეჰუ და მიჰგვარეთ ამონს, ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს. და უთხარით: ასე ამბობს-თქო მეფე: ‘დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.’“ და თქვა მიქაიეჰუმ: „თუ მშვიდობით მობრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით.“ და თქვა: „ისმინეთ, ყველამ, ხალხნო!“ და წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გილყადის რამოთზე. და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ისე გავალ საომრად. ჩაიცვი შენი სამოსელი.“ და გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდნენ საბრძოლველად. არამის მეფემ უბრძანა ეტლების მეთაურებს, ვინც ჰყავდა: „ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.“ და როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. და შეღაღადა იოშაფატმა და უფალი შეეწია – ღმერთმა მოაშორა მას მომხდურნი. და როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას. ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. და უთხრა თავის მეეტლეს: „გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.“ და გახურდა ომი იმ დღეს და დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ საღამომდე და მოკვდა მზის ჩასვლისას. და დაბრუნდა იოშაფატი იუდას მეფე, თავის სახლში მშვიდობით, იერუსალიმში. და გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: „განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს. თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზადე ღვთის საძიებლად.“ და ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში, და კვლავ გავიდა ხალხში ბეერ-შებაყიდან ეფრემის მთამდე და მოაქცია იგი უფლისაკენ, მამათა ღმერთისაკენ, და დააყენა მსაჯულები ქვეყანაში, იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში, ყოველ ქალაქში. და უთხრა მსაჯულებს: „დაუკვირდით, რას აკეთებთ, რადგან კაცისათვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლისათვის. იგი თქვენთან არის სამსჯავროზე. უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან არ არის უფალთან, ჩვენს ღმერთთან, უსამართლობა, არც თვალთმაქცობა და არც ანგარება.“ იერუსალიმში უფლის მსჯავრის გამოსატანად და დავის გადასაწყვეტად დააყენა ლევიანთაგანნი, მღვდელნი და ისრაელის მამისსახლთა თავკაცნი და დაბრუნდნენ იერუსალიმს. და უბრძანა მათ და უთხრა: „ასე აკეთეთ საქმე უფლის მოშიშებით, ჭეშმარიტებითა და ერთგულებით. ყველა სადაო საქმე, რომელიც კი შემოვა თქვენთან თქვენს მოძმეთაგან, თავიანთ ქალაქებში რომ ცხოვრობენ, სასისხლო იქნება ეს თუ რჯულის, მცნების, წესებისა და კანონების საქმე, გააფრთხილეთ, რომ უფალს არ შესცოდონ და თქვენც, თქვენს ძმებთან ერთად უფლის რისხვა არ დაიტეხოთ. ასე გააკეთეთ და არ შესცოდავთ. აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ ყველა საუფლო საქმეში, ზებადიაჰუ იშმაყელის ძე კი, იუდას სახლის წინამძღოლი, ყველა სამეფო საქმეში. ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენს წინაშე. მტკიცედ იდექით და იმოქმედეთ და კეთილთან იქნება უფალი.“ ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბის ძენი და ყამონის ძენი, მეყუნიმელნიც მათთან იყვნენ იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად. და მოვიდნენ და ამბავი მოუტანეს იოშაფატს და უთხრეს: „დიდი ურდო გადმოვიდა შენს წინააღმდეგ საბრძოლველად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცეცონ-თამარში არიან, ანუ ყენ-გედში.“ და შეშინდა იოშაფატი და შესაკითხად უფალს მიმართა. და მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა. და შეიკრიბა იუდა უფლისგან სათხოვრად. იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფალთან სავედრებლად. და წარდგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლში, ახალი ეზოს წინ, და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არ არის ძალა და სიმტკიცე? არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს. განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენი ერის, ისრაელის, თვალწინ? განა შენ არ მიეცი იგი საუკუნოდ შენი მოყვასის, აბრაამის მოდგმას? და დამკვიდრდნენ იქ, და საწმიდარი აგიშენეს შენს სახელზე და თქვეს: ‘თუ თავს რამე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება, მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენს წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში, და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი.’ აჰა, ახლა ყამონის ძენი და მოაბი, სეყირის მთიელები, მათს ქვეყანაზე გავლის ნება რომ არ დართე ისრაელის ძეთ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი, აჰა, სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ მოვიდნენ ჩვენი სამკვიდრებლის წასართმევად, რომელიც შენ დაგვიმკვიდრე, ღმერთო ჩვენო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენსკენაა ჩვენი თვალი მიპყრობილი.“ მთელი იუდა უფლის წინაშე იდგა თავიანთი ჩვილებით, ქალებითა და ვაჟებით. მაშინ გადმოვიდა შუაგულ კრებულში ღვთის სული იახაზიელზე, ზაქარიას ძეზე, ძისა ბენაიასი, ძისა იეყიელისა, ძისა მათანიასი, ლევიანზე ასაფიანთაგან, და თქვა: „ყური მიგდეთ, იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო, მეფე იოშაფატ! ასე გეუბნებათ უფალი: ‘ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს. ხვალ დაეშვით მათკენ. აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოდიან, ხევის ბოლოში წააწყდებით მათ, იერუელის უდაბნოს წინ. ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით და დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო, ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან.’“ და პირქვე დაემხო იოშაფატი მიწაზე, და მთელი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი უფლის თაყვანისცემად. და წამოიმართნენ ლევიანები კეჰათიანთაგან და კორახიანთაგან, რათა მაღალი ხმით ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა. და ადგნენ დილაადრიანად და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას დადგა იოშაფატი და თქვა: „მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო, დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით, გწამდეთ მის წინასწარმეტყველთა და მოგემართებათ ხელი.“ და დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეირაღებულთა წინ მავალთ და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“ იმ დროს, როცა დაიწყეს ყიჟინა და სიმღერა, უფალმა შფოთში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული მოაბელნი, ყამონის ძენი და სეყირის მთიელები და გაანადგურა. აღდგნენ ყამონის ძენი, და მოაბის ძენი სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად, და როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად. და ავიდნენ იუდაელნი უდაბნოს ბორცვზე, და გადახედეს ურდოს, და აჰა, გვამები ყრია მიწაზე და აღარავინ გადარჩენილა. და მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისათვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. და იმდენი შეიგროვეს, რომ ვეღარ მიჰქონდათ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო. მეოთხე დღეს კურთხევის ველზე შეიკრიბნენ, რადგან იქ აკურთხეს უფალი. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს კურთხევის ველს. და გამობრუნდა მთელი იუდა და იერუსალიმი იოშაფატის მეთაურობით, რათა გახარებულები დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, რადგან უფალმა გაახარა ისინი მტრებზე. და შევიდნენ იერუსალიმში ქნარებით, ბობღნებითა და საყვირებით უფლის სახლისაკენ. და შიში დაეცა ქვეყანათა ყველა სამეფოს, როცა გაიგეს, რომ ისრაელის მტრებს უფალი ებრძოდა. და მოისვენა იოშაფატის სამეფომ, სიმშვიდე უბოძა მას ყოველი მხრიდან მისმა ღმერთმა. და მეფობდა იოშაფატი იუდაზე. ოცდათხუთმეტი წლისა გამეფდა იოშაფატი და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზუბა, შილხის ასული. ასას, თავისი მამის, გზას ადგა და არ უხვევდა მისგან. სწორს აკეთებდა უფლის თვალში. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამების ღმერთისაკენ. იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, ჩაწერილია იეჰუ ხანანის ძის მატიანეში, რომელიც შეტანილია ისრაელის მეფეთა წიგნში. ამის შემდეგ იოშაფატმა, იუდას მეფემ, კავშირი შეკრა ახაზიასთან, ისრაელის მეფესთან, რომელიც ბოროტს აკეთებდა. მასთან კავშირი იმიტომ შეკრა, რომ ხომალდები აეგო თარშიშში წასასვლელად. და გააკეთეს ხომალდები ყეციონ-გებერში. და იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიეზერ დოდავაჰუს ძემ, მარეშელმა, და თქვა: „რაკი კავშირი შეჰკარი ახაზიასთან, ამიტომ უფალი ჩაფუშავს შენს საქმეს.“ და დაილეწა ხომალდები და ვეღარ შეძლეს თარშიშში წასვლა. განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამების გვერდით დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად იორამი, მისი ძე, გამეფდა. და ჰყავდა მას ძმები, იოშაფატის ვაჟები: ყაზარია, იეხიელი, ზაქარია, ყაზარიაჰუ, მიქაელი, შეფატიაჰუ, ესინი არიან იოშაფატის, ისრაელის მეფის ძენი. და მისცა მათ მათმა მამამ დიდძალი საჩუქარი – ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, იუდას გამაგრებულ ქალაქებთან ერთად; სამეფო კი იორამს უბოძა, რადგან იგი პირმშო იყო. და დაიჭირა მამამისის სამეფო იორამმა და, როცა გაძლიერდა, მახვილით დახოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავართაგანნი. ოცდათორმეტი წლისა იყო იორამი, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა ახაბის სახლი, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში. მაგრამ არ უნდოდა უფალს დავითის სახლის დაქცევა იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეჰპირდა, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ. მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე. და გაემართა იორამი თავისი სარდლებით და მთელი თავისი ეტლებითურთ. და ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ, და ეტლის მეთაურებს. და განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმხანადვე განუდგა ლიბნაც იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამების ღმერთი. მანაც მოაწყო გორაკები იუდას მთებზე და გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა. წერილი მოუვიდა ელია წინასწარმეტყველისაგან, უთვლიდა, „ასე ამბობს უფალი, მამაშენის, დავითის, ღმერთი: ‘იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის, იუდას მეფის, ასას, გზას, არამედ ისრაელის მეფეთა გზას დაადექი, გარყვენი იუდა და იერუსალიმში მცხოვრებნი ახაბის სახლის გარყვნილების მსგავსად, თანაც შენზე უკეთესი შენი ძმები – მამაშენის სახლი – ამოწყვიტე, აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და შენს ცოლებს და მთელ შენს საბადებელს. შენ კი მძიმე სენს შეგყრის, ნაწლავთა სენს, ისე რომ ნაწლავები სნეულების გამო დღე და დღე გარეთ გამოგივა.’“ და აღძრა უფალმა იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სული, ქუშელთა მეზობლად რომ არიან, და გაილაშქრეს იუდაზე, და შეიჭრნენ მასში და ხელში ჩაიგდეს მთელი დოვლათი, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, აგრეთვე მისი ვაჟები და ცოლები. ვაჟი აღარ დარჩა, გარდა იოახაზისა, მის ძეთა შორის უმრწემესისა. ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით. ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გამოსცვივდა ნაწლავები სენისაგან და საშინელ ტანჯვაში მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კოცონი, როგორც მის მამებს დაუნთო. ოცდათორმეტი წლის იყო იგი, რომ გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არ დანანებიათ. და დამარხეს დავითის ქალაქში, სამეფო სამარხში. და გაამეფეს იერუსალიმის მცხოვრებლებმა მის ნაცვლად ახაზიაჰუ მისი უმცროსი ვაჟი, რადგან უფროსები ბანაკში შემოჭრილმა არაბებმა გაჟლიტეს. და გამეფდა ახაზიაჰუ, იუდას მეფის, იორამის, ვაჟი. ორმოცდაორი წლის იყო ახაზიაჰუ, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ყომრის ასული. ისიც ახაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, ახაბის სახლის მსგავსად, რადგან ის იყო მისი მრჩეველი, მისდა საუბედუროდ. მათივე რჩევით დადიოდა და გაჰყვა იორამ ახაბის ძეს, ისრაელის მეფეს, არამის მეფესთან, ხაზაელთან, საბრძოლველად გილყადის რამოთში. და დაჭრეს არამელებმა იორამი. მობრუნდა, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობებისათვის, რომლებიც მიაყენეს, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზიაჰუ იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი. ღვთისაგან იყო ახაზიაჰუს დაღუპვა იორამთან მისვლით, მისვლისთანავე იორამთან ერთად რომ გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძეზე, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად. როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიაჰუს ძმისწულნი, ახაზიაჰუს რომ ემსახურებოდნენ, და დახოცა ყველანი. და მოძებნა ახაზიაჰუც და შეიპყრეს იგი, როცა სამარიაში იმალებოდა, და მიჰგვარეს იეჰუს. მერე მოკლეს და დამარხეს, რადგან თქვეს: „შვილია იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძიებდა უფალს.“ აღარავინ დარჩა ახაზიაჰუს სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა. როცა ღოთოლიამ, ახაზიაჰუს დედამ დაინახა, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ადგა და გაწყვიტა იუდას სახლის მთელი სამეფო თესლი. აიყვანა იეჰოშაბყათმა, იორამ მეფის ასულმა, იოაში, ახაზიაჰუს ვაჟი, რადგან იეჰოშაბყათი, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლი, ახაზიაჰუს და იყო, თავის ძიძასთან ერთად და საწოლ ოთახში გადამალა ღოთოლიასაგან და ვერ მოკლეს. ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად ღვთის სახლში, ხოლო ქვეყანაზე ღოთოლია მეფობდა. მეშვიდე წელს ძალი მოიცა იეჰოიადაყმა და დაუკავშირდა ასისთავებს: ყაზარიაჰუ იეროხამის ძეს, ისმაელ იეჰოხანანის ძეს, ყაზარია ყობედის ძეს, მაყასიაჰუ ყადაიაჰუს ძეს და ელიშაფატ ზიქრის ძეს. და წავიდნენ ისინი იუდაში, შეკრიბეს ლევიანები იუდას ყველა ქალაქში და ისრაელის ტომთა მთავრები და იერუსალიმში მოვიდნენ. აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში. და უთხრა მათ იეჰოიადაყმა: „აჰა, უფლისწული უნდა გამეფდეს, როგორც უფალმა ბრძანა დავითის ძეებზე. აი, რა უნდა გააკეთოთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან ზღურბლთა მცველები იქნებიან. ერთი მესამედი მეფის სასახლეში იქნება, ერთი მესამედი – საძირკვლის კარიბჭეში, დანარჩენი ხალხი კი – უფლის სახლის ეზოებში. არავინ შევიდეს სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს. და გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში. და ვინც სახლში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს გამოსვლისას და შესვლისას.“ ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანელებმა და იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა: წაიყვანეს თავ-თვის ხალხი შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები. და დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში, და დააყენა მთელი ხალხი, თითოეული თავისი იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა ფრთიდან მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან, მეფის ირგვლივ. და გამოიყვანეს უფლისწული, დაადგეს შარავანდი და მისცეს მოწმობა. და გაამეფეს იგი და სცხეს იეჰოიადაყმა და მისმა ვაჟებმა, თქვეს: „იცოცხლოს მეფემ!“ და შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი, რომ მორბოდნენ და მეფეს ადიდებდნენ, და გავიდა ხალხთან უფლის სახლისაკენ. და აჰა, დაინახა შესასვლელთან თავის სვეტთან მდგარი მეფე. მეფის გვერდით სარდლები და მესაყვირენი იყვნენ, ქვეყნის მთელი ხალხი ხარობდა და საყვირებს აყვირებდა; მგალობელნი კი სამუსიკო საკრავებით ქება-დიდებას უძღვნიდნენ. და შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: „ღალატია, ღალატი!“ და გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, ჯარის მეთაურნი და უთხრა: „კარში გაიყვანეთ და ვინც უკან გაჰყვება მახვილით მოკალით“, რადგან მღვდელმა იფიქრა, უფლის სახლში არ მოკლანო. გზა მისცეს და როცა მივიდა უფლის სახლის ცხენთა კარიბჭესთან, იქ მოკლეს. და დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავისთავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ. და შევიდა მთელი ხალხი ბაყალის სახლში და დაანგრიეს სამსხვერპლოიანად, და დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. უფლის სახლის საქმენი იეჰოიადაყმა იმ მღვდლებს – ლევიანებს – ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა უფლისთვის სრულადდასაწველის შესაწირად, როგორც მოსეს რჯულში სწერია, სიხარულითა და გალობით, დავითის განაწესის მიხედვით. და ჩააყენა მცველები უფლის სახლის კარში, რათა რაიმეთი გაუწმიდურებული არავინ შესულიყო. და წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ერისმთავრები, ქვეყნის მთელი ერი, და გაჰყვა მეფეს უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სასახლემდე, და დასვეს მეფე სამეფო ტახტზე. და გამხიარულდა ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს. შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბეერ-შებაყიდან. სწორს აკეთებდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში. ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა, და შეეძინა ძენი და ასულნი. ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის სახლის შეკეთება. და შეკრიბა მღვდლები და ლევიანები და უთხრა: „დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი მოაგროვეთ წლიდან წლამდე უფლის სახლის შესაკეთებლად, აჩქარდით“ მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს. და დაიბარა მეფემ იეჰოიადაყი, მათი თავკაცი, და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვ ლევიანებს, რომ იუდასგან და იერუსალიმისაგან აკრიბონ ის გადასახადი, რომელიც მოსემ, უფლის მსახურმა და ისრაელის კრებულმა დაადგინა სადღესასწაულო კარვისათვის? რადგან ურჯულო ღოთოლიამ და მისმა ვაჟებმა დააზიანეს ღვთის სახლი და უფლის სახლის მთელი შემოწირულობა ბაყალებს მოახმარეს.“ და თქვა მეფემ და გააკეთეს ერთი კიდობანი. და დადგეს იგი უფლის სახლის შესასვლელთან, გარეთ, და გამოაცხადეს იუდაში და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოეტანათ ის შესაწირავი, რომელიც მოსემ, ღვთის მსახურმა, დაუწესა ისრაელს უდაბნოში. და გაიხარეს ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. და მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო. როცა ლევიანთა ხელში კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ, რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, და მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ კიდობანს, მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე აკეთებდნენ დღიდან დღემდე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს. და აბარებდნენ ამას მეფე და იეჰოიადაყი უფლის სახლის სამუშაოთა შემსრულებლებს. ისინი ქირაობდნენ ქვისმთლელებსა და დურგლებს უფლის სახლის გასამაგრებლად. და იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. და აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს. როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. და დაამზადეს მისგან სახლისთვის ჭურჭლეული – სამსახურებელი და სრულადდასაწველისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუდამ აღავლენდნენ სრულადდასაწველს უფლის სახლში. და დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით, და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა. და დამარხეს იგი დავითის ქალაქში, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისათვის. იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ. და მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. და განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო. და მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ. ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი, და შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: „ასე ამბობს ღმერთი: ‘რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებათ; რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.’“ აუჯანყდნენ მას და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის სახლის ეზოში. და არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ვაჟი. და როცა კვდებოდა, თქვა: „იხილოს უფალმა და მოიკითხოს.“ წელიწადი რომ შემოიქცა, წამოვიდა მის წინააღმდეგ არამის ლაშქარი, შეიჭრა იუდაში და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი. და მთელი ნაალაფარი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს. მცირეოდენი ხალხით მოვიდა არამის ლაშქარი, მაგრამ უფალმა მათ ხელში დიდძალი ლაშქარი ჩააგდო, რადგან მიატოვეს უფალი, მამათა ღმერთი. და მსჯავრი დასდეს იოაშს. და როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, აუჯანყდნენ მას მისი მსახურნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლი რომ აეღოთ და თავისსავე საწოლში მოკლეს. და მოკვდა იგი და დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში. აჰა, მის წინააღმდეგ აჯანყებულნი: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იეჰოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა. მისი ვაჟების, მასზე თქმული მრავალი ნაქადაგარის და ღვთის სახლის შეკეთების ამბავი მეფეთა წიგნის საკითხავშია ჩაწერილი. მის ნაცვლად ამაციაჰუ, მისი ძე, გამეფდა. ოცდახუთი წლისა იყო ამაციაჰუ, რომ გამეფდა, და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი იერუსალიმიდან. სწორს აკეთებდა უფლის თვალში, თუმცა არა მთელი გულით. და როცა განუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მსახურნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი, მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა მოიკლან მამები შვილთა გამო, და შვილები მამათა გამო არ უნდა მოიკლან, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისათვის უნდა მოიკლას.“ და შეკრიბა ამაციაჰუმ იუდა და დააყენა მამისსახლების, ათასისთავების და ასისთავების მიხედვით მთელი იუდა და ბენიამინი. და აღრიცხა ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, ლაშქრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი. ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისაგან ასი ათასი მამაცი მებრძოლი. და მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: „მეფევ! ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, არც ერთთან ეფრემის ძეთაგან. მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.“ და უთხრა ამაციაჰუმ ღვთის კაცს: „ას ქანქარს რაღა ვუყო, რომელიც უკვე მივეცი ისრაელის მოქირავნეებს?“ და თქვა ღვთისკაცმა: „უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს.“ და გამოაცალკევა ამაციაჰუმ ჯარი, ეფრემიდან რომ მოუვიდა, თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად. ძალიან განრისხდნენ იუდაზე და გაცეცხლებულნი დაბრუნდნენ თავიანთ ადგილას. და ძალი მოიცა ამაციაჰუმ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისაკენ და ათი ათასი სეყირის ძე ამოხოცა. ათი ათასი კაცი ცოცხლად ჩაიგდეს ტყვედ და წამოასხეს იუდას ძეთ. და აიყვანეს კლდის თავზე და გადმოყარეს კლდის თავიდან. და ყველანი ერთიანად გაწყდნენ. ხოლო ლაშქარი, რომელიც უკან გააბრუნა, რომ საომრად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე და სამი ათასი კაცი დახოცეს და დიდძალი ნაძარცვი დახვეტეს. და როცა დაბრუნდა ამაციაჰუ ედომელების განადგურების შემდეგ, წამოიღო სეყირიანთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა. და სცემდა მათ თაყვანს და უკმევდა. და განურისხდა უფალი ამაციაჰუს და მოუვლინა წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: „რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომელთაც ვერ იხსნეს თავისი ხალხი შენი ხელიდან?“ და როცა ამას ეუბნებოდა, უპასუხა: „რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე, რისთვის უნდა მოაკვლევინო თავი?“ და გაჩერდა წინასწარმეტყველი და თქვა: „ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ეს გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა.“ და ითათბირა ამაციაჰუმ, იუდას მეფემ, და კაცი გაუგზავნა იოაშს, იოახაზ იეჰუს ძის ვაჟს, ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: „მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.“ და შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ, ამაციაჰუს, იუდას მეფეს: „ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის ნაძვს: ‘ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს.’ მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი. ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენს სახლში, რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.“ ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, რადგან ღვთისგან იყო, რომ მტერს უნდა ჩავარდნოდა ხელში, რაკი ედომელთა ღმერთები მოძებნა, და გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე, და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის. და დამარცხდნენ იუდაელები ისრაელის ძეებთან და თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ. ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, ძე იოაშ ახაზიაჰუს ძისა, შეიპყრო იოაშმა, ისრაელის მეფემ, ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს, და დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე ოთხასი წყრთის სიგრძეზე. და გაზიდა მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, და მეფის სახლის საგანძური. და აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას. ისრაელის მეფის, იოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ. ამაციაჰუს დანარჩენი საქმეები – პირველნი და უკანასკნელნი იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. მას შემდეგ, რაც ამაციაჰუ უფალს განუდგა, აუჯანყდნენ მას იერუსალიმში და მან თავი შეაფარა ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს. და წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს თავის მამათა გვერდით იუდას ქალაქში. და გამოიყვანა იუდას მთელმა ერმა ყუზიაჰუ, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს, ნაცვლად გაამეფა. მან აღადგინა ელოთი და დაუბრუნა იუდას, მას შემდეგ, რაც განისვენა მეფემ თავის მამებთან. თექვსმეტი წლისა გამეფდა ყუზიაჰუ და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იექოლია, იერუსალიმელი. სწორს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც ამაციაჰუ, მამამისი, აკეთებდა, და ეძიებდა ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია წინასწარმეტყველი, საღვთო ხილვებში განბრძნობილი. ვიდრე ეძიებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას. და გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. და დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები და ქალაქები გააშენა აშდოდში და ფილისტიმელებში. ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, რომლებიც გურ-ბაყალში ცხოვრობდნენ, და მეყუნიმელთა წინააღმდეგ. ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიაჰუს და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი. და ააგო ყუზიაჰუმ იერუსალიმში კოშკები კუთხის კარიბჭეზე, ველის კარიბჭეზე და კუთხეში, და გაამაგრა ისინი. და ააგო კოშკები უდაბნოშიც და უამრავი ჭა ამოიყვანა, რადგან ბევრი ხარ-ძროხა ჰყავდა დაბლობში და ვაკეზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო. ყუზიაჰუს მებრძოლი ჯარი ჰყავდა, რომელიც გუნდ-გუნდად გამოდიოდა ომში და აღნუსხული იყო მათი რიცხვის მიხედვით იეყიელ მწერლისა და მაყასიაჰუ ზედამხედველის ხელით, და ხანანიას, მეფის ერთ-ერთი კარისკაცის, ხელმძღვანელობით. მამისსახლთა თავკაცების, მაგარ ვაჟკაცთა, სრული რიცხვი იყო ორი ათას ექვსასი. მათ ხელში იყო სამასშვიდი ათას ხუთას კაციანი ლაშქარი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ. და დაუმზადა ყუზიაჰუმ მთელ ლაშქარს ფარები, შუბები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, მშვილდები და შურდულის ქვები. და გააკეთა იერუსალიმში გამომგონებლის მიერ გამოგონებული მანქანები, რომ დაედგათ კოშკებზე და კუთხეებში დიდრონი ისრებისა და ლოდების სატყორცნად. შორს გაითქვა სახელი, რადგან საკვირველად იყო შეწევნილი, ვიდრე არ გაძლიერდა. და როცა გაძლიერდა, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე. და მიჰყვა უკან მღვდელი ყაზარიაჰუ უფლის მღვდლების, ოთხმოცი ვაჟკაცის თანხლებით. წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: „შენ არ გეკუთვნის, ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონის ძეთ, რომელნიც მკვმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდრიდან, რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისაგან.“ და განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად. და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან. და მიიხედეს მისკენ ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. და სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას. სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ყუზიაჰუ, და ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. და იოთამი, მისი ძე, განაგებდა მეფის სახლს და განიკითხავდა ქვეყნის ერს. ყუზიაჰუს დანარჩენი ამბები – პირველნი და უკასკნელნი – აღწერა წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ. და განისვენა ყუზიაჰუმ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი მამების გვერდით, მეფეთა სამარხავ მინდორზე, რადგან ამბობდნენ: კეთროვანიაო. მის ნაცვლად იოთამი, მისი ძე, გამეფდა. ოცდახუთი წლისა იყო იოთამი, რომ გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული. და სწორს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, ყუზიაჰუ, აკეთებდა. ოღონდ ტაძარში არ შესულა. ხალხი კი ძველებურად სცოდავდა. და ააგო უფლის სახლის ზემო კარიბჭე და ყოფელის კედელიც ბევრგან აღადგინა. და იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი – ციხე-სიმაგრეები და კოშკები. ყამონის ძეთა მეფეს ებრძოდა და სძლია მას. ყამონის ძეთ იმ წელს ასი ქანქარი ვერცხლი, ათი ათასი ქორი ხორბალი და ათი ათასი ქორი ქერი მისცეს. ამდენსავე აძლევდნენ ყამონის ძენი მეორე და მესამე წელს. და გაძლიერდა იოთამი, რადგან თავის გზებს უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე წარმართავდა. იოთამის დანარჩენი ამბები, ყველა მისი ომი და ნამოქმედარი ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში. ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. და განისვენა იოთამმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ახაზი, მისი ძე, გამეფდა. ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. სწორს არ აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი დავითი აკეთებდა. დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით და ბაყალების ქანდაკებებიც კი ჩამოასხა. და საკმეველს აკმევდა ბენ-ჰინომის ველზე, და ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელის ძეთაგან. მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ. და ჩააგდო იგი უფალმა, მისმა ღმერთმა, არამის მეფის ხელში. და დაამარცხეს იგი, და მრავალნი დაატყვევეს და დამასკოში წაასხეს. გარდა ამისა, ისრაელის მეფის ხელშიც ჩააგდო, რომელმაც სასტიკად დაამარცხა. ფეკახ რემალიაჰუს ძემ ერთ დღეში ას ოცი ათასი ამოხოცა იუდაში – ყველა კარგი ვაჟკაცი, რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. ზიქრიმ, ეფრემელმა გოლიათმა, დახოცა: მაყასიაჰუ უფლისწული, სახლთუხუცესი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის მეორე კაცი. და წაასხეს ტყვედ ისრაელის ძეთ თავიანთ მოძმეთაგან ორასი ათასი ქალი, ვაჟი და ასული. დიდძალი ნადავლი წაართვეს და სამარიაში მიიტანეს ნაალაფარი. იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. და გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: „აჰა, განრისხებულია უფალი, თქვენი მამების ღმერთი, იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ამოწყვიტეთ ისინი ისეთი სიცოფით, რომელიც ცას მისწვდა. ახლა კი ფიქრობთ, რომ ყმებად და მხევლებად გაიხადოთ იუდას ძენი და იერუსალიმი! განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე? ახლა კი გამიგონეთ და დააბრუნეთ ტყვეები, თქვენი მოძმეებისგან რომ წამოასხით, თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ.“ წინ აღუდგნენ ეფრემის ძეთა თავკაცები: ყაზარიაჰუ იეჰოხანანის ძე, ბერექიაჰუ მეშილემოთის ძე, იეხიზკიაჰუ შალუმის ძე და ყამასა ხადლაის ძე ომიდან მოსულთ, და უთხრეს: „ნუ შემოიყვანთ აქ ტყვეებს, რადგან დანაშაული გვაქვს უფლის წინაშე ჩადენილი, თქვენ კი გინდათ, რომ კიდევ შემატოთ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულებს, რადგან დიდია ჩვენი დანაშაული და რისხვა ისრაელზე.“ და მიატოვეს მხედრებმა ტყვეები და ნაალაფარი სარდლებისა და კრებულის წინაშე. და ადგნენ სახელებით მოხსენებული ეს კაცები, მოჰკიდეს ხელი ტყვეებს და, ვინც კი შიშველი იყო მათგან, ყველა შემოსეს იმ ნაალაფარით; შემოსეს და ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს. ზეთი სცხეს, მერე სახედრებზე შესხეს ყველა დაუძლურებული და მიაცილეს იერიხომდე, პალმების ქალაქამდე, მათ მოძმეებამდე. თვითონ კი სამარიაში დაბრუნდნენ. იმ დროს მეფე ახაზმა მოციქულები გაუგზავნა აშურის მთავრებს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის, და კვლავ მოვიდნენ ედომელები, და დაამარცხეს იუდა და ტყვეები წაასხეს. ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს და დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გედეროთი, სოქო მისი დაბები, თიმნა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ. ასე დაამდაბლა უფალმა იუდა ახაზის, იუდას მეფის, გამო, რადგან გარყვნა მან იუდა და ცოდვით სცოდავდა უფალს. და მიუხდა მას თილგათ-ფილნესერი, აშურის მეფე, და შეავიწროვა იგი დახმარების ნაცვლად. რადგან გაძარცვა ახაზმა უფლის სახლი, მეფის სახლი, და მთავრები, და მისცა აშურის მეფეს, მაგრამ არა თავისდა შესაწევად. თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე ახაზი. და მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რომელთაც დასცეს იგი, და ამბობდა: „არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიან.“ მაგრამ ისინი მისი და მთელი ისრაელის დასამხობად იყვნენ. და მოაგროვა ახაზმა ღვთის სახლის ჭურჭელი და დალეწა უფლის სახლის ჭურჭლეული და დაკეტა ღვთის სახლის კარებები და სამსხვერპლოები დაიდგა იერუსალიმის ყველა კუთხეში. იუდას ყველა ქალაქში გორაკები გამართა ღმერთებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამების ღმერთი. დანარჩენი მისი ამბები და ყველა მისი ნამოქმედარი – პირველნი და უკანასკნელნი – იუდას და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. და განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დამარხეს ქალაქ იერუსალიმში, ოღონდ ისრაელის მეფეთა სამარხში არ ჩაუსვენებიათ. მის ნაცვლად იეხიზკიაჰუ, მისი ძე, გამეფდა. იეხიზკიაჰუ ოცდახუთი წლის გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბია, ზაქარიას ასული. სწორს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, აკეთებდა. მან თავისი მეფობის პირველსავე წელს, პირველ თვეში, გააღო უფლის სახლის კარებები და განაახლა ისინი. და მოიყვანა მღვდლები, ლევიანები, და აღმოსავლეთის მოედანზე მოუყარა თავი. და უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამების ღმერთის, სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან. რადგან შესცოდეს ჩვენმა მამებმა, ბოროტს აკეთებდნენ უფლის, ჩვენი ღმერთის, თვალში, და მიატოვეს იგი, პირი მოარიდეს უფლის სავანეს და ზურგი შეაქციეს, დაგმანეს კარიბჭის კარებები და ჩააქრეს სასანთლენი, აღარც საკმეველი აკმიეს და აღარც სრულადდასაწველი აღუვლინეს საწმიდარში ისრაელის ღმერთს. უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს და გახადა იგი შესარცხვენად, მოსაოხრებლად და დასასტვენად, როგორც თქვენი თვალით ხედავთ. აჰა, მახვილით დაეცნენ ჩვენი მამები; ჩვენი ვაჟები, ასულები და ცოლები ტყვეობაში არიან ამის გამო. ახლა გულით მწადია აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი რისხვა. ჩემო შვილებო, ნუ იქნებით დაუდევარნი, რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა თავის წინაშე დაეყენებინეთ, რომ სამსახური გაგეწიათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმევლები ყოფილიყავით.“ და ადგნენ ლევიანები: მახათ ყამასაის ძე, იოელ ყაზარიაჰუს ძე – კეჰათის ძეთაგან; მერარის ძეთაგან: კიში, ძე ყაბდისა, და ყაზარიაჰუ, ძე იეჰალელელისა; გერშონის ძეთაგან: იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე; ელიცაფანის ძეთაგან: შიმრი და იეყიელი; ასაფის ძეთაგან: ზაქარია და მათანია; ჰემანის ძეთაგან: იეხიელი და შიმყი; იედუთუნის ძეთაგან: შემაყია და ყუზიელი. და შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად. და შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდაში დასასუფთავებლად და გამოხვეტეს ყოველგვარი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარსა და უფლის სახლის ეზოში ნახეს. და გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ, კიდრონის ხევში გადასაყრელად. პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს გაწმენდა. თვის მერვე დღეს კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ და რვა დღე წმინდეს უფლის სახლი და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს მოათავეს. და შევიდნენ მეფე იეხიზკიაჰუსთან და მოახსენეს: „გავასუფთავეთ, უფლის მთელი სახლი, სრულადდასაწველის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭელი, საწინაშეო პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭელი; ასევე ყველა ის ჭურჭელი, რომელიც მეფე ახაზმა თავის მეფობაში უპატიოჰყო თავისი ურჯულოებით, ჩვენ მოვამზადეთ და წმიდავყავით და აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინ აწყვია ისინი.“ დილაადრიანად ადგა მეფე იეხიზკიაჰუ, და შეჰყარა ქალაქის თავები და უფლის სახლში ავიდა. შვიდი კურატი, შვიდი ვერძი, შვიდი ბატკანი და შვიდი თხა მიიყვანეს სამეფოს, საწმიდრისა და იუდას ცოდვისთვის, და აარონის ძეთ – მღვდლებს – უბრძანა, აღევლინათ უფლის სამსხვერპლოზე. და დაკლეს კურატები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს; და დაკლეს ვერძები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს; და დაკლეს ბატკნები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. და მორეკეს ცოდვის ვაცები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაადეს მათ. და დაკლეს ისინი მღვდლებმა და განწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისათვის ბრძანა მეფემ სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი. და დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის – მეფის მხილველის – და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მის წინასწარმეტყველთა ხელით. ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით. და გასცა ბრძანება იეხიზკიაჰუმ, რომ აღევლინათ სრულადდასაწველი სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო სრულადდასაწველის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი საყვირების ხმა დავითის, ისრაელის მეფის, საკრავების თანხლებით. და მთელი კრებული თაყვანს სცემდა; მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდნენ. ასე გრძელდებოდა სრულადდასაწველის დამთავრებამდე. სრულადდასაწველს რომ მორჩნენ, მეფემ და ყველა მასთან მყოფმა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ლევიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მხილველის სიტყვებით, და ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ. და მიუგო იეხიზიკიაჰუმ და თქვა: „ახლა თქვენ უკვე ნაკურთხი ხართ უფლისათვის, მოდით, მოიყვანეთ საკლავები და სამადლობელნი უფლის სახლში.“ და მოიყვანა კრებულმა საკლავები და სამადლობელნი, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა – სრულადდასაწველი. იმ სრულადდასაწველთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ცხვარი, ორასი ბატკანი, ყოველივე ეს უფლისათვის იყო სრულადდასაწველად. სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი. ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და აღარ შეეძლოთ ყველა სრულადდასაწველის გატყავება, ამიტომ მათი მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და მღვდლები არ განიწმიდნენ, რადგან ლევიანები უფრო გულმოდგინეობდნენ განსაწმედად, ვიდრე მღვდლები. თანაც უამრავი იყო სრულადდასაწველი სამშვიდობო მსხვერპლის ლურთებთან და სრულადდასაწველის საღვრელებთან ერთად. და ასე აღდგა უფლის სახლის სამსახური. და გაიხარა იეხიზკიაჰუმ და მთელმა ერმა იმის გამო, რაც ერს მოუმზადა უფალმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი. და შეუთვალა იეხიზკიაჰუმ მთელს ისრაელს და იუდას, წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მოსულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლისათვის, ისრაელის ღმერთისთვის, პასექის გადასახდელად. და გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ. რადგან იმჟამად არ შეეძლოთ თავის დროზე გადახდა, რაკი მღვდლები არ იყვნენ განწმედილნი საკმარისი რაოდენობით, და არც ხალხი იყო თავმოყრილი იერუსალიმში. სწორად ჩაითვალა ეს მეფისა და მთელი კრებულის თვალში. და დაადგინეს, ხმა გაევრცელებინათ მთელ ისრაელში ბეერ-შებაყიდან დანამდე, რათა მოსულიყვნენ და პასექი გადაეხადათ უფლისათვის, ისრაელის ღმერთისათვის, იერუსალიმში, რადგან დიდხანს არ ჰქონდათ გადახადილი დაწერილის მიხედვით. და მოიარეს მალემსრბოლელებმა მეფისა და მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს: „ისრაელიანებო, დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისაკის და ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, აშურის მეფეთა ხელს რომ გადაურჩა. ნუ იქნებით თქვენი მამებისა და მოძმეთა მსგავსნი, რომელთაც შესცოდეს უფალს, თავიანთი მამების ღმერთს და მანაც გასწირა ისინი გასაპარტახებლად, როგორც ხედავთ. ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი, თქვენი მამების მსგავსად. დაემონეთ უფალს, მოდით მის საწმიდარში, რომელიც განწმედილი აქვს საუკუნოდ. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა. თუ დაუბრუდნებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები იმათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი. პირს აღარ შეიბრუნებს თქვენგან, თუ დაუბრუნდებით მას.“ და დადიოდნენ მალემსრბოლნი ქალაქიდან ქალაქში, ეფრემის, მენაშესა და ზებულუნის ქვეყანაში, მაგრამ დასცინოდნენ მათ და აბუჩად იგდებდნენ. მხოლოდ ზოგიერთნი მოდრკნენ აშერში, მენაშეში და ზებულუნში და მოვიდნენ იერუსალიმს. იუდაზეც იყო ღვთის ხელი მათთვის ერთი გულის ჩასადებად, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისამებრ. და შეიკრიბა დიდძალი ხალხი იერუსალიმში მეორე თვეს უფუარობის დღესასწაულის გადასახდელად. მრავლის უმრავლესი იყო კრებული. და ადგნენ და მოაშორეს სამსხვერპლოები, იერუსალიმში რომ იყო. ასევე ყველაფერი, რაზეც საკმეველს უკმევდნენ, აიღეს და კიდრონის ხევში გადაყარეს. და დაკლეს პასექი მეორე თვის თოთხმეტში. და შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, და განიწმიდნენ და სრულადდასაწველი მიიტანეს უფლის სახლში. და დადგნენ თავ-თავიანთ ადგილზე მათი წესისდა მიხედვით, მოსეს, ღვთისკაცის, რჯულის მიხედვით. მღვდლები სისხლს ლევიანთა ხელიდან ასხურებდნენ. მრავლად იყვნენ კრებულში განუწმედელნი, ამიტომ დაკლეს ლევიანებმა პასექები, რათა უფლისათვის განეწმიდათ ყოველი არაწმიდა. თუმცა ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემისაგან, მენაშესგან, ისაქარისაგან და ზებულუნისგან არ განწმედილა, მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ, რადგან ასე ილოცა მათთვის იეხიზკიაჰუმ: „სახიერმა უფალმა მიუტეოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა უფალი ღმერთი, თავისი მამების ღმერთი, თუმცა საწმიდრის წესით არ განწმედილა.“ და უსმინა უფალმა იეხიზკიაჰუს და მიუტევა ხალხს. ისრაელის ძეთ და იმათ, ვინც კი ისრაელში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული დიდის სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის სადიდებელი საკრავებით. გულითადად ელაპარაკა იეხიზკიაჰუ ყველა ლევიანს, რომელიც კეთილი გონებით ემსახურებოდა უფალს. შვიდი დღე ჭამდნენ სადღესასწაულოს, სწირავდნენ სამშვიდობო მსხვერპლს და მადლობდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს. და გადაწყვიტა მთელმა კრებულმა, რომ მომდევნო შვიდი დღეც ეზეიმათ, და ეს შვიდი დღეც სიხარულში გაატარეს, რადგან ხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ, კრებულისთვის გაიღო ათასი კურატი და შვიდი ათასი ცხვარი, მთავრებმა გაიღეს კრებულისთვის ათასი კურატი, ცხრა ათასი ცხვარი, და განიწმიდა მრავალი მღვდელი. და ხარობდნენ იუდას მთელი კრებული, მღვდლები და ლევიანები, ისრაელიდან მოსული მთელი კრებული, ისრაელის ქვეყნიდან მოსული ხიზნები და იუდას მკვიდრნი. ისეთი დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რომლის მსგავსი სოლომონის, დავითის ძის, ისრაელის მეფის, დღეების მერე არ ყოფილა იერუსალიმში. და წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი, მოსმენილ იქნა მათი ხმა, და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფელამდე ცაში. ყოველივე ეს რომ დამთავრდა, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დალეწეს სვეტები, და გაჩეხეს აშერები, და დაანგრიეს გორაკები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემში, მენაშეში – ერთიანად. და დაბრუნდა ყველა ისრაელის ძე თავ-თავის სამკვიდრებელში, თავის ქალაქში. და დააყენა იეხიზკიაჰუმ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავიანთი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო მსხვერპლის შესაწირავად, უფლის ბანაკის კარიბჭეში საქებრად და სადიდებლად. და დააწესა მეფემ წილი თავისი ქონებიდან, სრულადდასაწველთათვის – დილის და მწუხრის სრულადდასაწველთათვის, შაბათების, ახალმთვარობების და დღესასწაულების აღსავლენთათვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი. და უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისათვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული, როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელის ძეთ ფქვილის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის ყველა მოსავლის პირველი ნაყოფი; და სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს. ისრაელის ძეთ და იუდას ქალაქების მკვიდრთ მოჰქონდათ მეათედი ხარ-ძროხიდან და ცხვრიდან, მეათედი შენაწირიდან, რომელიც უფლისთვის, თავიანი ღმერთისთვის, ჰქონდათ შეწირული. მოიტანეს და გროვად დაახვავეს. მესამე თვეში დაიწყეს გროვების დახვავება და მეშვიდე თვეში მოამთავრეს. და მოვიდნენ იეხიზკიაჰუ და მთავრები, და დაინახეს გროვები და აკურთხეს უფალი და მისი ერი – ისრაელი. ჰკითხა იეხიზკიაჰუმ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების თაობაზე. და უთხრა მას ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა, ცადოკის სახლის კაცმა, და უთხრა: „როცა დაიწყეს უფლის სახლში ძღვენის მოტანა, ძღომაზე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ერი, და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა.“ და თქვა იეხიზკიაჰუმ, ოთახები მოემზადებინათ უფლის სახლში. და მოამზადეს. შეიტანეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქანანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო. იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქიაჰუ. მახათი და ბენაიაჰუ მეთვალყურენი იყვნენ ქანანიაჰუსა და შიმყის, მისი ძმის, ხელქვეით, მეფე იეხიზკიაჰუსა და ყაზარიაჰუს, უფლის სახლის წინამძღვრის, ბრძანებით. კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და ყველაზე წმინდა შეწირულობა. მის ხელქვეით მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იესო, შემაყიაჰუ, ამარიაჰუ, შექანიაჰუ, რომ პატიოსნად გაენაწილებინათ მოძმეთათვის, მათი დასებისდა მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის, გარდა საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილთა, სამი წლის ასაკიდან მოყოლებული ყველა მამაკაცისთვის, უფლის სახლში ყველა მიმსვლელისა ყოველდღიურ საქმეზე, მათი სამსახურისთვის მათ თანამდებობისდა მიხედვით, საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის, მათ მამისსახლთა მიხედვით, ოცი წლის ასაკს გადაცილებულ ლევიანთათვის, მათი თანამდებობისა და დასების მიხედვით. საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა მათი წვრილშვილისათვის, ცოლებისთვის, ვაჟებისთვის და ასულებისთვის, მთელი კრებულისათვის, რადგან პატიოსნად განიწმიდნენ სიწმიდისათვის. ხოლო აარონის ძეთათვის – მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ, ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის. ასე გააკეთა იეხიზკიაჰუმ მთელ იუდაში, და იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით გააკეთა უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე. ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა. ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სანხერიბი, აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქებს. მათ გატეხას ფიქრობდა. როცა დაინახა იეხიზკიაჰუმ, რომ მოვიდა სანხერიბი და იერუსალიმზე ლაშქრობას აპირებს, გადაწყვიტა თავის სარდლებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, ამოევსოთ წყაროს სათავეები, რომლებიც ქალაქის გარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ. შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს: „რატომ უნდა ნახონო მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?“ მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები. ჯარის უფროსები დაუყენა ხალხს, შემოიკრიბა ისინი ქალაქის კარიბჭის მოედანზე და გაამხნევა: „განმტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მასთან. მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეწიოს და იბრძოლოს ჩვენს ბრძოლებში.“ გამხნევდა ხალხი იეხიზკიაჰუს, იუდას მეფის, სიტყვებზე. ამის შემდეგ სანხერიბმა, აშურის მეფემ, რომელიც მთელი თავისი ლაშქრითურთ ლაქიშის წინ იდგა, გაუგზავნა თავისი მსახურნი იერუსალიმში იეხიზკიაჰუს, იუდას მეფეს, და მთელ იუდას, იერუსალიმში მყოფს, რომ ეთქვათ: „ასე ამბობს სანხერიბი, აშურის მეფე: ‘რისი იმედი გაქვთ, იერუსალიმის ციხე-სიმაგრეში რომ ჩამსხდარხართ? განა იეხიზკიაჰუ არ გაცთუნებთ, რომ შიმშილითა და წყურვილით ამოგხადოთ სული, როცა გეუბნებათ, უფალი, ჩვენი ღმერთი, გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან? განა მაგ იეხიზკიაჰუმ არ დაანგრია მისი გორაკები და სამსხვერპლოები? განა ასე არ უთხრა იუდასა და იერუსალიმს, ერთი სამსხვერპლოს წინაშე უნდა სცეთო თაყვანი და მასზე უნდა აკმიოთო საკმეველი? განა არ იცით, რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ ქვეყნის ყველა ხალხს? განა შეძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები? რომელი იყო ჩემი მამა-პაპის განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი, თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან? ახლა არ მოგატყუოთ იეხიზკიაჰუმ და არ გაცთუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას, რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შეძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნით ჩემი ხელიდან.’“ კიდევ ელაპარაკნენ მისი მსახურნი უფლის, მათი ღმერთის, წინააღმდეგ და მისი მსახურის, იეხიზკიაჰუს, წინააღმდეგ. უფლის, ისრაელის ღმერთის, სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: „როგორც ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც იეხიზკიაჰუს ღმერთი ვერ იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან,“ ხმამაღლა უყვიროდნენ ებრაულად იერუსალიმის ხალხს, გალავანზე მყოფს, რომ შეეშინებინათ და თავზარი დაეცათ, და აეღოთ ქალაქი. ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნის ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილზე. ილოცეს მეფე იეხიზკიაჰუმ და წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ, ამის გამო და ცას შეჰღაღადეს. მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და სარდალი. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და, როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი წიაღიდან გამოსულებმა მახვილით განგმირეს იქ. იხსნა უფალმა იეხიზკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი სანხერიბისა, აშურის მეფის, და ყველას ხელიდან, და დაიფარა ყოველი მხრიდან. მრავალს მოჰქონდა იერუსალიმში ძღვენი უფლისათვის და რჩეული საჩუქრები იეხიზკიაჰუსთვის, იუდას მეფისთვის. მას აქეთ ამაღლდა იგი ყველა ხალხის თვალში. იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა იეხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი. არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო. მასზე გაწეული სიკეთისთვის, რადგან გადიდგულდა. და იყო რისხვა მასზე, იუდაზეც და იერუსალიმზეც. მოდრკა იეხიზკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი, და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხიზკიაჰუს დღეებში. დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იხეიზკიაჰუს. საგანძურები გაიჩინა ვერცხლისთვის, ოქროსთვის, ძვირფასი ქვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისთვის და ყოველი სასურველი ნივთისთვის. საცავები – ნაყოფთათვის: პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის; გომურები ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები ფარებისთვის. აიშენა თავისთვის ქალაქებიც. ცხვარ-ძროხის ჯოგები მრავლად ჰყავდა, რადგან ღმერთმა მას დიდძალი დოვლათი მისცა. მანვე, იეხიზკიაჰუმ, გადაკეტა გიხონის ზემო წყაროების სათავე და ქვემოთ ჩამოიყვანა, დავითის ქალაქის დასავლეთ მხარეზე. წარმატება ჰქონდა იეხიზკიაჰუს ყველა თავის საქმეში. მხოლოდ მასთან ქვეყანაში მომხდარი სასწაულის გამოსაძიებლად, მიუშვა იგი ღმერთმა, რომ გამოეცადა და სცოდნოდა ყოველი მისი გულისნადები. იეხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიკეთენი წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის, ხილვაში და იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. განისვენა იეხიზკიაჰუმ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების აღსავალზე. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე, გამეფდა. თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. და კვლავ აღადგინა გორაკები, მამამისმა იეხიზკიაჰუმ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს, გააკეთა აშერები და თაყვანს სცემდა ცის მხედრობას და მსახურებდა მათ. ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: „იერუსალიმში საუკუნოდ იქნება ჩემი სახელი.“ აუგო სამსხვერპლოები ცის მხედრობას უფლის სახლის ორთავე ეზოში. ცეცხლში ატარებდა შვილებს ბენ-ჰინომის ველზე, მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა, დაადგინა მესულთანენი და ჯადოქარნი. ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის გასაჯავრებლად. კერპი-ქანდაკი, რომელიც გააკეთა, დაამკვიდრა ღვთის სახლში, რომელზეც ეუბნებოდა ღმერთი დავითს და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს, აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მის მამა-პაპას დავუდგინე, ოღონდ შეასრულონ, რაც ვუბრძანე, თანახმად მთელი რჯულისა, წესებისა და მცნებებისა, მოსეს ხელით რომ მიეცათ.“ მაგრამ აცთუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე. ელაპარაკა უფალი მენაშესა და მის ხალხს, მაგრამ არ შეისმინეს. მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მენაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბორკილდადებული ბაბილონს წაიყვანეს. შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავის მამა-პაპის წინაშე. ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში, დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი. ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა, და მხედარათმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში. მოაშორა უფლის სახლს უცხო ღმერთები და კერპი, ასევე ყველა ბაგინი, უფლის სახლის მთაზე რომ ააგო იერუსალიმში, და ქალაქის გარეთ გადაყარა. განაახლა უფლის სამსხვერპლო, და შესწირა მასზე სამშვიდობო და სამადლობელი მსხვერპლი, და უბრძანა იუდაელთ, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის. მაგრამ ხალხი მაინც გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ მხოლოდ უფალს, თავის ღმერთს. მენაშეს დანარჩენი ამბები, მისი ლოცვა თავისი ღმერთის მიმართ, და იმ მხილველთა სიტყვები, რომელნიც მას უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელით ელაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი თავის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი. განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად ამონი, მისი ძე, გამეფდა. ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მენაშე, მამამისი, იქცეოდა. მენაშეს, მამამისის, მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და მსახურებდა მათ. აღარ მოდრკა უფლის წინაშე, როგორც მენაშე, მამამისი, მოდრკა, არამედ უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაული. შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მსახურნი და თავის სახლში მოკლეს. ამოწყვიტა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი. ქვეყნის ერმა მის ნაცვლად მისი ძე იოშიაჰუ გაამეფა. რვა წლისა იყო იოშიაჰუ, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. სწორედ იქცეოდა უფლის თვალში და დავითის, მამამისის, გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ. თავისი მეფობის მერვე წელს, ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა დაუწყო ძიება დავითის, მამამისის, ღმერთს. მეთორმეტე წელს კი შეუდგა იუდასა და იერუსალიმის გაწმედას გორაკებისაგან, აშერებისაგან, გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპებისგან. მის წინაშე დაანგრიეს ბაყალების სამსხვერპლოები. აჩეხა სამზეო სვეტები, მათ ზემოთ რომ იყო აღმართული, დალეწა აშერები და გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპები, მტვრად აქცია და იმათ სამარხებს გადააყარა, ვინც მსხვერპლს სწირავდნენ მათ. მათსავე სამსხვერპლოზე დაწვა მათი ქურუმების ძვლები და გაწმიდა იუდა და იერუსალიმი. მენაშეს, ეფრემის, სიმონის ქალაქებში, ნეფთალამდე, ირგვლივ მათ ნაოხარებში დაანგრია სამსხვერპლოები და აშერები, მტვრად აქცია კერპები და აჩეხა სამზეო სვეტები მთელ ისრაელის ქვეყანაში და იერუსალიმს დაბრუნდა. თავისი მეფობის მეთორმეტე წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა და უფლის სახლი გაწმიდა, უფლის, თავისი ღმერთის, სახლის შესაკეთებლად გაგზავნა შაფან აცალიაჰუს ძე, ქალაქის თავი მაყასიაჰუ და მწერალი იოახ იოახაზის ძე. მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელმთავართან და მისცეს უფლის სახლში შეგროვილი ვერცხლი, რომელიც ლევიანებმა და ზღურბლის მცველებმა აკრიფეს მენაშეს, ეფრემის, სხვა ისრალიანების, მთელი იუდას და ბენიამინის ხელიდან და დაბრუნდნენ იერუსალიმს. ხელში ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ისინი აძლევდნენ მას სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში მუშაობდნენ შეკეთებასა და გამაგრებაზე. ისინი კი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს, რათა ეყიდათ გათლილი ქვები და ძელები კოჭებისთვის და სახლების გადასახურავად, იუდას მეფეებმა რომ დაანგრიეს. ხალხი პატიოსნად ასრულებდა სამუშაოს. თავზე ეყენათ: იახათი და ყობადიაჰუ – ლევიანები, ყველანი ვინც საკრავების დაკვრაში იყვნენ გაწაფულნი. მტვირთავებზეც იყვნენ დადგენილნი და თვალყურს ადევნებდნენ ყველა სამუშაოს შემსრულებელს და ყველა საქმეს. ლევიანთაგან იყვნენ: მწერლები, ზედამხედველები და კარისმცველები. როცა უფლის სახლში მიტანილი ვერცხლი გამოჰქონდათ, ხილკიაჰუ მღვდელმა მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა. უთხრა ხილკიაჰუმ შაფან მწერალს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში“, და ჩააბარა ხილკიაჰუმ წიგნი შაფანს. შაფანმა მეფეს წაუღო წიგნი, თან ამბავი მიუტანა მეფეს და უთხრა: „ყველაფერს აკეთებენ შენი მსახურნი, რაც დავალებული აქვთ. გადმოყარეს ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში აღმოჩნდა, და ხელში ჩააბარეს ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს.“ ამბავი მოუტანა შაფანმა მეფეს და უთხრა: „წიგნი ჩამაბარა ხილკიაჰუ მღვდელმა.“ და წაიკითხა შაფანმა მეფის წინაშე. როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, შემოიხია სამოსელი. უბრძანა მეფემ ხილკიაჰუს და ახიკამ შაფანის ძეს და ყაბდონ მიქას ძეს, შაფან მწერალს, ყასაიას, მეფის მსახურს, და უთხრა: „წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.“ წავიდნენ ხილკიაჰუ და, ვისაც მეფემ უბრძანა, ხულდა წინასწარმეტყველთან, ცოლთან შალუმისა, ძისა თოკჰათისა, ძისა ხასრასი, სამოსლის მცველისა – ქალი იერუსალიმის მეორე ნაწილში ცხოვრობდა – და ელაპარაკნენ ამის თაობაზე. უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: ‘უთხარით იმ კაცს, ვინც ჩემთან გამოგგზავნათ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას დავატეხ იმ ადგილს, მის მკვიდრებს კი – იმ წყევლა-კრულვას, რაც ამ წიგნში სწერია, იუდას მეფის წინაშე რომ წაიკითხეს. რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უკმიეს საკმეველი ჩემს გასაჯავრებლად თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამიტომ ჩემი რისხვა გადმოიღვრება იმ ადგილზე და აღარ დაცხრება. იუდას მეფეს კი, უფლის საძიებლად რომ გამოგაგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ სიტყვათა თაობაზე, შენ რომ მოისმინე: რაკი გული მოგილბა და თავი მოიდრიკე ღვთის წინაშე, რაც მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილისა და მისი მკვიდრების თაობაზე, და მოდრკი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და ტიროდი ჩემს წინაშე, მეც ამიტომ შეგიწყნარე, – ამბობს უფალი. – აჰა, მოგასვენებ შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხ.’“ მიუტანეს მეფეს სიტყვა. დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდას და იერუსალიმის უხუცესობა. ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა. დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად. დაუდგინა იგი ყველას, ვინც იერუსალიმში და ბენიამინში იმყოფებოდნენ. და იქცეოდნენ იერუსალიმის მკვიდრნი ღმერთის, მათი მამა-პაპის ღმერთის, აღთქმის თანახმად. განაგდო იოშიაჰუმ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეყნიდან და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა. თავის დღეში აღარ განდგომიან უფალს, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს. გადაუხადა იოშიაჰუმ პასექი უფალს იერუსალიმში. პირველი თვის თოთხმეტში დაკლეს საპასექო კრავი. დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეზე და ამხნევებდა უფლის სახლის სამსახურისთვის. უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხნი: „დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონმა, დავითის ძემ, ისრაელის მეფემ რომ ააშენა. რად გინდათ მისი მხრებით ტარება? ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს, და მის ერს – ისრაელს. მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის, განაწესის მიხედვით და სოლომონის, მისი ძის, განაწესის მიხედვით. დადექით საწმიდარში თქვენი მოძმეების – ერის შვილების – მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით და ლევიანთა მამისსახლების დასის მიხედვით. დაკალით პასექი, განიწმიდეთ და მოუმზადეთ თქვენს ძმებს, რათა მოსეს ხელით მოცემული უფლის სიტყვის თანახმად მოიქცეთ.“ უბოძა იოშიაჰუმ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იმყოფებოდა, კრავები და თიკნები, ყველაფერი საპასექო მსხვერპლისთვის – რიცხვით ოცდაათი ათასი, და კურატიც სამი ათასი. ეს მეფის ქონებიდან იყო. მისმა მთავრებმა ნებაყოფლობით უბოძეს ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებს. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა – ღვთის სახლის წინამძღვრებმა – მღვდლებს საპასექოდ მისცეს ორი ათას ექვსასი და სამასი კურატი. ქანანიაჰუმ, შემაყიამ, ნათანელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა და იოზაბადმა – ლევიანთა მთავრებმა – ლევიანებს საპასექო მსხვერპლად უძღვნეს ხუთი ათასი და ხუთასი კურატი. ასე დაწესდა სამსახური. მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე დადგნენ და ლევიანები – თავიანთი დასების მიხედვით, მეფის ბრძანებისაებრ. და დაკლეს პასექი, მღვდლები ხელით ასხურებდნენ, ლევიანები კი ატყავებდნენ. და გამოაცალკევეს, რაც აღსავლენისთვის იყო, რომ გაენაწილებინათ ერის შვილების მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით, რათა ისე შეეწირათ მსხვერპლი, როგორც მოსეს წიგნში სწერია. ასევე კურატების შეწირვისას. შეწვეს საპასექო კრავი ცეცხლზე, წესის მიხედვით. ქვაბებში, კოჭობებში და კარდალებში მოხარშეს წმიდა საკლავი და მარჯვედ ჩამოურიგეს ყველა ერის შვილს. შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები – აარონიანები, მწუხრამდე სწირავდნენ აღსავლენს და ლურთებს, ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისათვის – აარონიანთათვის. მგალობელნი – ასაფიანები – თავ-თავის ადგილზე იმყოფებოდნენ დავითის, ასაფის, ჰემანის და იედუთუნის, მეფის მხილველთაგან დადგენილი წესის მიხედვით, კარისმცველნიც – ყოველ კარში, არ უხდებოდათ თავიანთი სამსახურის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები ამზადებდნენ მათთვის, ასე დაწესდა იმ დღეს უფლის ყველა სამსახური, რომ პასექი გადახდილიყო და აღსავლენი აღვლენილიყო უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიაჰუს ბრძანების მიხედვით. შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს. სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ გადაეხადათ ისრაელში ასეთი პასექი. ისრაელის არც ერთ მეფეს არ გადაუხდია ასეთი პასექი, იოშიაჰუმ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, იქ მყოფმა ისრალიენებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა რომ გადაუხადეს უფალს. იოშიაჰუს მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. ყოველივე ამის შემდეგ, როგორც კი იოშიაჰუმ მოაწესრიგა უფლის სახლი, მიუხდა ნექო, ეგვიპტის მეფე, ქარქემიშთან საბრძოლველად, მდინარე ევფრატზე, და გამოვიდა იოშიაჰუ მის შესახვედრად. მოციქულები გამოუგზავნა ნექომ და შეუთვალა: „რა საქმე გვაქვს ერთმანეთთან მე და შენ, იუდას მეფევ? დღეს შენს წინააღმდეგ არ წამოვსულვარ, არამედ იმ სახლის წინააღმდეგ, რომელსაც ვეომები. ღმერთმა მიბრძანა, რომ ვიჩქარო, ჩამოეცალე ღმერთს, თან რომ მახლავს, რომ არ დაგღუპოს.“ პირი არ იბრუნა მისგან იოშიაჰუმ და შეიმოსა მის წინააღმდეგ საომრად, არ შეისმინა ნექოს სიტყვები, ღმერთის შთაგონებული, და გავიდა მეგიდოს ველზე საბრძოლველად. სტყორცნეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიაჰუს. უთხრა მეფემ თავის მსახურთ: „გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი.“ ჩამოსვეს მისმა მსახურებმა ეტლიდან, აიყვანეს მის მეორე ეტლზე და იერუსალიმში წაიყვანეს. მოკვდა იგი და თავის მამა-პაპის სამარხში დაიმარხა. მთელმა იუდამ და იერუსალიმმა დაიტირა იოშიაჰუ. გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელი კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი. იოშიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიქველენი, უფლის რჯულში ჩაწერილის თანახმად აღსრულებულნი, და მისი საქმენი – პირველნი და უკანასკნელნი – იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიაჰუს ძე, და მამამისის ნაცვლად გაამეფეს იერუსალიმში. ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში, და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო. ეგვიპტის მეფემ მის ნაცვლად მისი ძმა, ელიაკიმი, გაამეფა იუდაში და იერუსალიმში, და იეჰოიაკიმად შეუცვალა სახელი. მისი ძმა იეჰოახაზი კი შეიპყრო ნექომ და ეგვიპტეში წაიყვანა. ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. მოუხდა მას ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და დაადო ბორკილები ბაბილონში წასაყვანად. წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის ბაგინში, ბაბილონში. იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და სიბილწენი, რაც ჩაიდინა, და რაც მის წინააღმდეგ აღმოჩნდა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა. თვრამეტი წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბაბილონს გადაიყვანა იგი უფლის სახლის ძვირფას ჭურჭელთან ერთად, ხოლო იუდაზე და იერუსალიმზე მისი ძმა ციდკიაჰუ გაამეფა. ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. არ მოდრკა იგი იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას ეუბნებოდა. განუდგა მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ, მოსაქცევად. ასევე მღვდლებისა და ხალხის ყველა წინამძღოლი მრავალს სცოდავდა წარმართთა ყველა სისაძაგლის კვალზე, და ბილწავდნენ უფლის სახლს, რომელიც იერუსალიმში განწმიდა მან. უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი, ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა თავისი ერი და თავისი სამყოფელი. მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ ღვთის მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა. მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდრის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა – ყველანი მის ხელში ჩაყარა. ღვთის სახლის ყველა ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის სახლის განძეულობა, მეფისა და მთავრების განძეულობითურთ ერთიანად ბაბილონში გაზიდა. გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა. მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა და გახდნენ მისი და მისი ვაჟების მსახურნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, იერემიას პირით ნათქვამი: ვიდრე ქვეყანა თავისი შაბათებით გაიხარებდესო. მთელ უკაცრიელების ხანაში შაბათობდა, ვიდრე სამოცდაათი წელი არ შესრულდა. კიროსის, სპარსეთის მეფის, პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით: „ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნის ყველა სამეფო მე მიბოძა უფალმა, ცათა ღმერთმა, და დამავალა მისთვის სახლის აგება იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის, უფალი, მისი ღმერთი, იყოს მასთან და ავიდეს!“ სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, აღძრა უფალმა სული კიროსისა, სპარსეთის მეფისა, და მან გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში, და წერილობითაც განაცხადა და თქვა: „ასე ბრძანებს კიროსი, სპარსეთის მეფე: ‘დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინ არის თქვენს შორის მისი ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან, და ავიდეს იერუსალიმს, იუდაში რომ არის, და ააშენოს უფლის, ისრაელის ღმერთის, სახლი. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია! და ყველა დანარჩენს: ყველგან, სადაც ის ცხოვრობს, ხელი გაუმართონ იმ ადგილის კაცებმა ვერცხლით, ოქროთი და საქონლით, ნებაყოფლობით ძღვენთან ერთად, უფლის სახლისთვის, რომელიც იერუსალიმშია!’“ და ადგნენ იუდასა და ბენიამინის მამის სახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, ყველანი, ვისაც კი სული აღუძრა ღმერთმა, რათა ამოსულიყვნენ იერუსალიმში უფლის სახლის ასაშენებლად. და ყველამ, ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის ჭურჭლით, ოქროთი და საქონლით და ძვირფასეულობით, გარდა ყველაფერ იმისა, რაც ნებაყოფლობით შესწირეს. ხოლო მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის სახლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმიდან და დააწყო თავისი ღმერთების სახლში, – და გამოიტანა იგი კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატე მეგანძურის ხელით, და თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდას მთავარს. და აი მათი რაოდენობა: ოქროს ლანგარი – ოცდაათი, ვერცხლის ლანგარი – ათასი, ოცდაცხრა დანა, ოქროს ბარძიმი – ოცდაათი, ვერცხლის ორმაგი ბარძიმი – ოთხას ათი, და სხვა ჭურჭელი – ათასი. ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი სულ იყო ხუთი ათას ოთხასი. ეს ყოველივე ამოიტანა შეშბაცარმა, როცა გადასახლებულები ბაბილონონიდან იერუსალიმში დააბრუნეს. და აჰა, იმ ქვეყნის ძენი, რომელნიც გადასახლების ტყვეობიდან ამოვიდნენ, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ, და დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში; რომელნიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყლაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაყანასთან ერთად. ფარყოშის ძენი – ორი ათას ასსამოცდათორმეტი, შეფატიას ძენი – სამას სამოცდათორმეტი, არახის ძენი – შვიდას სამოცდათხუთმეტი, ფახათ-მოაბის ძენი, იესოს ძეთაგან და იოაბის ძეთაგან – ორი ათას რვაას თორმეტი, ყელამის ძენი – ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, ზათუს ძენი – ცხრაას ორმოცდახუთი, ზაქაის ძენი – შვიდას სამოცი, ბანის ძენი – ექვსას ორმოცდაორი, ბებაის ძენი – ექვსას ოცდასამი, ყაზგადის ძენი – ათას ორას ოცდაორი, ადონიკამის ძენი – ექვსას სამოცდაექვსი ბიგვაის ძენი – ორი ათას ორმოცდათექვსმეტი, ყადინის ძენი – ოთხას ორმოცდათოთხმეტი, ატერის ძენი იხისკიად წოდებულისა – ოთხმოცდათვრამეტი, ბეცაის ძენი – სამას ოცდასამი, იორას ძენი – ას თორმეტი, ხაშუმის ძენი – ორას ოცდასამი, გიბარის ძენი – ოთხმოცდათხუთმეტი, ბეთლემის კაცები – ას ოცდასამი, ნეტოფას კაცები – ორმოცდათექვსმეტი, ყანათოთის კაცები – ასოცდარვა, ყაზმავეთის ძენი – ორმოცდაორი, კირიათ-ყარიმის, ქეფირას და ბეროთის ძენი – შვიდას ორმოცდასამი, რამას და გაბაყის ძენი – ექვსას ოცდაერთი, მიქმასის კაცები – ას ოცდაორი, ბეთელისა და ჰაღაის კაცები – ორას ოცდასამი, ნებოს ძენი – ორმოცდათორმეტი, მაგბიშის ძენი – ას ორმოცდათექვსმეტი, ყელამის სხვა ძენი – ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, ხარიმის ძენი – სამას ოცი, ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი – შვიდას ოცდახუთი, იერიხოს კაცები – სამას ორმოცდახუთი, სენაას ძენი – სამი ათას ექვსას ოცდაათი, მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან – ცხრაას სამოცდაცამეტი, იმერის ძენი – ათას ორმოცდათორმეტი, ფაშხურის ძენი – ათას ორას ორმოცდაშვიდი, ხარიმის ძენი – ათას ჩვიდმეტი, ლევიანები: იესოს და კადმიელის ძენი ჰოდავიას ძეთაგან – სამოცდათოთხმეტი; მგალობელნი: ასაფის ძენი – ას ოცდარვა; კარისმცველთა ძენი: შალუმის, ატერის, ტალმონის, ყაკუბის, ხატიტას და შობაის სულ – ას ოცდაცხრამეტი; ტაძრის მსახურთა ძენი: ციხას, ხაშუფას, ტაბაყოთის, კეროსის, სიაყას, ფადონის, ლებანას, ხაგაბას, ყაკუბის, ხაგაბის, შამლაის, ხანანის, გიდელის, გახარის, რეაიას, რეცინის, ნეკოდას, გაზამის, ყუზას, ფასეახის, ბესაის, ასნას, მეყუნიმის, ნეფუსიმის, ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის, ბაცლუთის, მეხიდას, ხარშას, ბარკოსის, სისერას, თამახის, ნეციახის და ხატიფას ძენი; სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერუდას, იაყლას, დარკონის, გიდელის, შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამის ძენი; სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა ძენი – სამას ოთხმოცდათორმეტი. და ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადანიდან, იმერიდან, მაგრამ ვერ შეძლეს გაერკვიათ თავიანთი მამისსახლები და მოდგმა, ისრაელიდან თუ იყვნენ. დელაიას, ტობიას და ნეკოდას ძენი – სულ ექვსას ორმოცდათორმეტი. და მღვდლების ძეთაგან: ძენი ხაბაიას, ჰაკოცისა, ბარზილაისა, რომელმაც გილყადელი ბარზილაის ასულთაგანი შეირთო ცოლად და მათივე სახელი ეწოდა. ესენი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო ნუსხას და ვერ იპოვეს, და განეყენენ მღვდლობიდან, როგორც შებღალულნი. და უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდადან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით. მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაორი ათას სამას სამოც კაცს, გარდა მათი მსახურებისა და მათი მხევლებისა, ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი; და მათთან – ორასი მგალობელი კაცი და მგალობელი ქალი. მათი ცხენები – შვიდას ოცდათექვსმეტი, ჯორები მათი – ორას ორმოცდახუთი, მათი აქლემები – ოთხას ოცდათხუთმეტი, სახედრები – ექვსი ათას შვიდას ოცი. და მამისსახლთა თავკაცებმა უფლის სახლთან მისვლისას, იერუსალიმში, ნებაყოფლობით შესწირეს ღვთის სახლს, რათა აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე. თავიანთი შეძლებისამებრ საგანძურში შეიტანეს საქმისათვის: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მანა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი. და დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, ხალხთაგანნი, მგალობლები, კარისმცველები, ტაძრის მსახურნი და მთელი ისრაელი, თავ-თავიანთ ქალაქებში. როცა დადგა მეშვიდე თვე და ისრაელის ძენი უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში ესახლნენ, შეიკრიბა ერი იერუსალიმში, როგორც ერთი კაცი. და ადგნენ იესო იეჰოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები და ზერუბაბელ შეალთიელის ძე და მისი ძმები და აუგეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს, რათა მასზე აღევლინათ სრულადდასაწველნი, როგორც ეს სწერია მოსეს, ღვთისკაცის, რჯულში. და დადგეს სამსხვერპლო თავის საძირკველზე, რადგან შიში ჰქონდათ მათ სხვა ქვეყანათა ხალხისა; და აღავლენდნენ მასზედ სრულადდასაწველებს უფლისათვის, სრულადდასაწველებს დილით და საღამოთი. და გამართეს კარვობის დღესასწაული დაწერილისამებრ და სწირავდნენ დღიურ სრულადდასაწველებს განსაზღვრულ რიცხვში, წესისამებრ, ყოველდღიური საქმისამებრ. და ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ სრულადდასაწველს ახალმთვარეობებისა და უფლის ყოველი კურთხეული დღესასწაულისათვის, და ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობითი ძღვენი მიჰქონდა უფლისათვის. მეშვიდე თვის პირველივე დღიდან დაიწყეს მათ უფლისათვის სრულადდასაწველთა აღვლენა. ხოლო უფლის ტაძრის საძირკველი ჯერ არ იყო ჩაყრილი. და მისცეს ვერცხლი ქვისმთლელებს და ხუროებს, და საჭმელ-სასმელი, და ზეთი – ციდონელებს და ცორელებს, რათა მოეზიდათ კედრის მორები ზღვით ლიბანიდან იაფოში, იმ ნებართვის მიხედვით, რომელიც მისცა მათ კიროსმა, სპარსეთის მეფემ. და ღვთის სახლთან – იერუსალიმში მათი მისვლის მეორე წლის მეორე თვეს შეუდგნენ საქმეს ზერუბაბელ შეალთიელის ძე, იესო იეჰოცადაკის ძე და დანარჩენი მათი ძმები, მღვდლები – ლევიანები, ვინც ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნდა, და დააყენეს ლევიანები, ოცი წლიდან და ზევით, უფლის სახლის სამუშაოზე ზედამხედველებად. და დადგნენ იესო და მისი ძენი და ძმანი, და კადმიელი და მისი ძენი, ჰოდავიას ძენი, და აგრეთვე ძენი ხენადადისა, მათი ძენი და მათი ძმანი, ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ღვთის სახლში მომუშავეთა ზედამხედველებად. და როცა მშენებლებმა უფლის ტაძარს საძირკველი ჩაუყარეს, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით, და ლევიანები, ასაფის ძენი, წინწილებით, რათა ედიდებინათ უფალი დავითის, ისრაელის მეფის, წესის მიხედვით. და შეჰღაღადეს ქებითა და მადლობით უფალს: „რადგან კეთილია, რადგან საუკუნოა წყალობა მისი ისრაელზე!“ და მთელი ხალხი უფლის ტაძრის დაფუძნების გამო მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება-დიდებას. და მრავალნი მღვდელთაგან და ლევიანთაგან, მამისსახლთა თავკაცთაგან, მოხუცებულთაგან, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირველი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს, ბევრმა კი სიხარულის ყიჟინა დასცა. და ხალხი ვეღარ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმას, რადგან ხალხი დიდი ხმით ყიჟინებდა და ხმა შორს ისმოდა. და გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ ტყვედყიფილნი ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს, და მივიდნენ ზერუბაბელთან და მამის სახლთა თავკაცებთან, და უთხრეს მათ: „ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის დღეთაგან, რომელმაც აქ ამოგვიყვანა ჩვენ.“ და უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: „არ იქნება, რომ თქვენ და ჩვენ ერთად ავაშენოთ ჩვენი ღმერთის სახლი; რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის მეფე კიროსს, სპარსთა მეფეს.“ და იმ ქვეყნის ხალხი ხელს უშლიდა იუდას ხალხს და აფრთხობდნენ მათ შენებისაგან. და ქირაობდნენ მათ წინააღმდეგ მრჩევლებს, რათა ჩაეფუშათ მათი განზრახვა სპარსეთის მეფის კიროსის მეფობის მთელ დღეებში, სპარსეთის მეფის, დარიოსის გამეფებამდე. და ახაშვეროშის მეფობაში, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს ცილისწამება იუდასა და იერუსალიმის მცხოვრებლებზე. და ართახშასთას დღეებში მისწერეს ართახშასთას, სპარსეთის მეფეს, ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და სხვა მათმა თანამზრახველებმა. წერილი დაწერილი იყო არამეული ასოებით არამეულ ენაზე. რეხუმ მმართველმა და შიმშაი მწერალმა იერუსალიმის წინააღმდეგ მეფე ართახშასთას ასეთი წერილი მისწერეს: „და დაწერეს რეხუმ მმართველმა და შიმშაი მწერალმა, და სხვა მათმა თანამოაზრეებმა, მსაჯულებმა, განმგებლებმა, სპარსელმა მოხელეებმა, ერეხელებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, ანუ ყელამელებმა და დანარჩენმა ხალხმა, რომელნიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ოსნაფარმა და დაასახლა ისინი ქალაქ სამარიაში და სხვა ადგილებში მდინარის გაღმა“ და სხვა. აჰა, პირი ამ წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას: „ართახშასთა მეფეს, შენი მსახურნი, მდინარის გაღმელნი“ და სხვა. იცოდეს მეფემ, რომ იუდაელნი, რომელნიც ამოვიდნენ შენგან, მოვიდნენ ჩვენთან, იერუსალიმს, და აშენებენ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს; და კედლებს ასრულებენ და ბურჯებს ამაგრებენ. ახლა იცოდეს მეფემ, თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, ისინი გადასახადს, ხარკსა და ბეგარას აღარ გადაიხდიან და სამეფო ხაზინა დაზარალდება. და ახლა, რაკი ჩვენ სასახლის მარილსა ვჭამთ, მეფის ლანძღვის ყურება არ შეგვფერის, ამიტომ ვაგზავნით წერილს და ვატყობინებთ მეფეს: მოჩხრიკონ შენი მამების მატიანეში და შენ ნახავ და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მეამბოხე ქალაქია, საზიანოა მეფეთათვის და ქვეყნისათვის; რომ ძველთაგანვე ამბოხება ხდებოდა იქ, ამისათვის იყო ეს ქალაქი დანგრეული. ვატყობინებთ ჩვენს მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, მაშინ მდინარის გაღმა წილი აღარ დაგრჩება!“ პასუხი გამოუგზავნა მეფემ რეხუმ მმართველსა და შიმშაი მწერალს და მათ სხვა თანამოაზრეთ, რომლებიც ცხოვრობდნენ სამარიაში და დანარჩენი მდინარის გაღმა მხარეში: „მშვიდობა!“ და ასე და ასე. „წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ, წაკითხულ და თარგმნილ იქნა ჩემს წინაშე. და ჩემს მიერ გაიცა ბრძანება, და გამოჩხრიკეს და აღმოაჩინეს რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს და ამბოხება და არეულობა ხდებოდა იქ. და ძლიერი მეფენი განაგებდნენ იერუსალიმს, და ეპყრათ მათ მდინარის მთელი გაღმა მხარე და გადასახადი, ხარკი და ბეგარა გაიღებოდა მათგან. და ახლა გაეცით ბრძანება, რომ შეწყვიტონ მუშაობა ამ კაცებმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გამოვა ბრძანება. და ფრთხილად იყავით, არაფერი გამოგეპაროთ ამ საქმეში. რად უნდა გამრავლდეს ზარალი მეფის საზიანოდ?“ როგორც კი მეფე ართახშასთას წერილის პირი წაკითხულ იქნა რეხუმის და შიმშაი მწერლისა და მათ თანამოაზრეთა წინაშე, დაუყოვნებლივ წავიდნენ ისინი იერუსალიმში იუდაელებთან და იძულებით შეაწყვეტინეს მუშაობა. მაშინ შეწყდა ღვთის სახლის სამუშაო იერუსალიმში და შეწყვეტილი იყო დარიოსის, სპარსეთის მეფის, მეფობის მეორე წლამდე. და წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით წინასწარმეტყველნი: ანგია და ზაქარია, ყიდოს ძე, იუდაელებზე, რომელნიც იუდასა და იერუსალიმში ცხოვრობდნენ. მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იესო იეჰოცადაკის ძე, და შეუდგნენ ღვთის სახლის შენებას იერუსალიმში. და მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი, რომელნიც მხარს უჭერდნენ მათ. იმ ხანად მოვიდნენ მათთან თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, და შეთარ-ბოზნაი, და მათი თანამოაზრენი და ასე უთხრეს მათ: „ვინ მოგცათ თქვენ ბრძანება ამ სახლის აშენებისა და ამ კედლების გასრულებისა?“ მაშინ ვუთხარით მათ იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აგებდნენ. და მათი ღვთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, და არ შეუწყვეტიათ სამუშაო, ვიდრე დარიოსს არ შეატყობინეს ამბავი და საპასუხო წერილი არ მიიღეს ამ საქმეზე. აჰა, პირი იმ წერილისა, რომელიც მეფე დარიოსს გაუგზავნეს თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა და შეთარ-ბოზნაიმ და მისმა თანამოაზრეებმა, აფარსახელებმა, რომელნიც მდინარის გაღმა იყვნენ. დაბეზღება გაუგზავნეს მას, რომელშიც ასე ეწერა: „მეფე დარიოსს სრული მშვიდობა! იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღმერთის სახლთან. იგი შენდება დიდრონი ქვებისაგან, კედლებში ძელებს ატანენ, მუშაობა სწრაფად მიდის და წარმატებით მათ ხელში. მაშინ ვკითხეთ მათ უხუცესებს და ვუთხარით ასე: ‘ვინ მოგცათ თქვენ ბრძანება ამ ტაძრის შენებისა და ამ კედლების აგებისა?’ და გამოვიკითხეთ მათი სახელები, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელებიც, რომელნიც სათავეში უდგანან მათ. მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ‘ჩვენ ვართ მსახურნი ცისა და მიწის ღმერთისა; თავიდან ვაშენებთ ტაძარს, რომელიც მრავალი წლის წინ აშენდა, და ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა იგი. მაგრამ, რაც ჩვენმა მამებმა განარისხეს ცათა ღმერთი, მან ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს, ქალდეველს, ჩაუგდო ისინი ხელში, რომელმაც ეს ტაძარი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა. მაგრამ კიროსის ბაბილონის მეფის, მეფობის პირველ წელს კიროს მეფემ გასცა ბრძანება ღვთის სახლის ასაშენებლად. და ღვთის სახლის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რაც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და წაიღო ბაბილონის ტაძარში, უკან გამოიტანა კიროს მეფემ და გადასცა იგი შეშბაცარს, რომელიც განმგებლად ჰყავდა დანიშნული. და უთხრა მას: აიღე ეს ჭურჭელი, წადი და წაიღე იერუსალიმის ტაძარში, და აშენდეს ღვთის სახლი თავის ადგილზეო. მაშინ მოვიდა ის შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს იერუსალიმში; და იმ დროიდან მოკიდებული აქამდე შენდება იგი, მაგრამ ჯერ არ გასრულებულა.’ და ახლა, თუ მეფე ინებებს, მოჩხრიკონ მეფის საგანძური იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში. მეფემ გამოგვიგზავნოს გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე. ამის შესახებ წარმოიგზავნოს ჩვენთან.“ მაშინ დარიოს მეფემ გასცა ბრძანება და მოჩხრიკეს წიგნთსაცავები ბაბილონში, სადაც საგანძური ინახებოდა. და იპოვეს ახმეთაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ასე ეწერა: ძეგლისწერა – მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს მეფე კიროსმა გასცა განკარგულება: ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: აშენდეს ტაძარი იმ ადგილზე, სადაც შეიწირება მსხვერპლი; და მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს. სიმაღლე მისი სამოცი წყრთა იყოს, სიგანე მისი – სამოცი წყრთა; სამი წყება დიდრონი ქვებისაგან იყოს, და ერთი წყება – ძელებისაგან; და ხარჯებს მეფის სასახლე გაასწორებს. ღვთის სახლის ჭურჭელიც, ოქროსი და ვერცხლისა, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში, და ღვთის სახლში დაბინავდეს. და ახლა, თათნაი – მდინარისგაღმელო განმგებელო, შეთარ-ბოზნაი და მათო თანამოაზრენო, მდინარისგაღმელო აფარსახელნო, დაეხსენით მათ! დაანებეთ ღვთის სახლზე მუშაობა! იუდას განმგებელმა და იუდაელთა უხუცესებმა ააშენონ ეს ღვთის სახლი თავის ადგილზე. და ვიძლევი განკარგულებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს, ღვთის სახლის ასაგებად: სამეფო ხაზინიდან მდინარისგაღმის მხარის შემოსავლიდან დაუყოვნებლივ მიეცეს იმ ხალხს სახარჯოდ. და რაც საჭიროა, ხბორები, ვერძები თუ კრავები ცათა ღმერთისათვის სრულადდასაწველის აღსავლენად; ხორბლეული, მარილი, ღვინო და ზეთი, როგორც იერუსალიმის მღვდლები იტყვიან, მიეცეს მათ ყოველდღიურად, შეუფერხებლად, რათა შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლები ცათა ღმერთს და ილოცონ მეფის და მისი ძეების სიცოცხლისათვის. და ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმე შეცვლის ამ ბრძანებას, გამოიღონ ძელი მისი სახლიდან, ზედ ჩამოკიდონ იგი; მისი სახლი კი სანაგვედ აქციონ ამის გამო. და ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს ამ ბრძანების შესაცვლელად, ან ამ ღვთის სახლის დასაზიანებლად, რომელიც იერუსალიმშია. მე, დარიოსი, ვიძლევი ბრძანებას: ზედმიწევნით შესრულდეს! მაშინ თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამოაზრეებმა, დარიოს მეფის მიერ გამოგზავნილი სიტყვისამებრ, ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეს. და იუდას უხუცესნი აშენებდნენ და ხელი ემართებოდათ თანახმად ანგია წინასწარმეტყველისა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველებისა. ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ და კიროსის, დარიოსის და ართახშასთას – სპარსეთის მეფეების, განკარგულებისამებრ. და დასრულდა ეს სახლი ადარის თვის მესამე დღეს; ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი. და ისრაელის ძეთ, მღვდლებმა, ლევიანებმა და დანარჩენმა გადანასახლებმა ხალხმა სიხარულით აღასრულეს ღვთის სახლის სატფურება. და შესწირეს ღვთის ამ სახლის სატფურებისათვის ასი მოზვერი, ორასი ვერძი, ოთხასი კრავი; და თორმეტი ვაცი – მთელი ისრაელის ცოდვათა განსატევებლად, ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით. და დააყენეს მღვდლები თავიანთი ხარისხების მიხედვით და ლევიანები თავიანთი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისათვის იერუსალიმში, როგორც სწერია მოსეს წიგნში. და აღასრულა გადანასახლებმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. რადგან განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ, და დაკლეს საპასექო მსხვერპლი ყველა გადანასახლები ხალხისათვის, თავიანთი მოძმე მღვდლებისათვის და თავიანთთვის. და ჭამეს პასექი გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელის ძეთ და ყველამ, ვინც განუდგა ქვეყნის ხალხის ბიწიერებას, რათა შეერთებოდნენ მათ, უფლის, ისრაელის ღმერთის, საძებნელად. და იზეიმეს უფუარობის დღესასწაული შვიდი დღე, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რათა ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, საქმეში. და ამ ამბების შემდეგ სპარსეთის მეფის, ართახშასთას მეფობაში ეზრა, ძე სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხილკიასი, ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა, ძისა ამარიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა, მერაიოთისა, ძისა ზერახიასი, ძისა ყუზისა, ძისა ბუკისა, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა, – ეს ეზრა გამოვიდა ბაბილონიდან. და ის იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა ისრაელის ღმერთმა. და მისცა მას მეფემ ყოველივე, რაც ითხოვა, რადგან უფლის, მისი ღმერთის, ხელი იყო მასზე. და ამოვიდნენ იერუსალიმში ისრაელის ძეთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისმცველთაგან და ტაძრის მსახურთაგან ართახშასთა მეფის მეშვიდე წელს. და მივიდა ის იერუსალიმში მეფის მეშვიდე წლის მეხუთე თვეს. რადგან მან პირველი თვის პირველ დღეს დაიწყო გამოსვლა ბაბილონიდან და მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა იერუსალიმში, რადგან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე. რადგან ეზრამ გულს იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში. და აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას, მღვდელს, მწიგნობარს, განსწავლულს უფლის მცნებების სიტყვებში და მის წესებში ისრაელზე. ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრა მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის მწიგნობარს, სრული მშვიდობა! და სხვა. განკარგულება გავეცი, რომ თუ ვინმეს ჩემს სამეფოში სურს ისრაელის ერიდან, მათი მღვდლებიდან და ლევიანებიდან იერუსალიმში წასვლა, შენთან ერთად წავიდეს. რადგან შენ იგზავნები მეფისაგან და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა მოიხილო იუდა და იერუსალიმი შენი ღმერთის რჯულის მიხედვით, რომელიც შენს ხელთაა; რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, რომელიც მეფემ და მისმა მრჩევლებმა შესწირეს ისრაელის ღმერთს, რომლის სავანეც იერუსალიმშია, და მთელი ვერცხლი და ოქრო, რასაც შენ შეაგროვებ მთელი ბაბილონის მხარეში, იმ ერისკაცთა და მღვდელთა ნებაყოფლობით შემოწირულობასთან ერთად, რაც ნებაყოფლობით შესწირეს თავიანთი ღვთის სახლს იერუსალიმში. ამიტომ დაუყოვნებლივ იყიდე ამ ვერცხლით ხარები, ცხვრები, კრავები, მათი საძღვნო შესაწირავები და საღვრელები და შესწირე იგი თქვენი ღვთის ტაძრის სამსხვერპლოზე, იერუსალიმში. და როგორც გაგეხარდებათ შენ და შენს მოძმეებს, ისე მოიხმარეთ დანარჩენი ვერცხლი და ოქრო, თქვენი ღმერთის ნებით. და ჭურჭელი, რომელიც მოგეცა შენი ღვთის სახლის სამსახურისათვის, უკლებლივ მიიტანე იერუსალიმის ღმერთის წინაშე. და დანარჩენი, რაც საჭიროა შენი ღვთის სახლისათვის, რისი გაცემაც მოგესურვება, გაეცი სამეფო საგანძურიდან. და მე, ახაშვეროშ მეფე, ვიძლევი განკარგულებას მდინარისგაღმის ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც მოგთხოვთ ეზრა მღვდელი, ზეცის ღვთის მწიგნობარი, დაუყოვნებლად შესრულდეს. ვერცხლი ას ტალანტამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე და მარილი უზომოდ. ყოველი, რაც ნაბრძანებია ცათა ღმერთისაგან, აღსრულდეს ზუსტად ცათა ღვთის სახლისათვის, რათა არ დაატყდეს რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულებს. და გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს, ლევიანს, მგალობელს, კარისმცველს, ტაძრის მსახურსა და ამ ღვთის სახლის მსახურს არ უნდა დაეკისროს ხარკი, გადასახადი და ბეგარა. შენ, ეზრა, შენი ღვთის სიბრძნისამებრ, რომელიც შენს ხელთაა, დანიშნე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განსაჯონ მათ მთელი მდინარისგაღმელი ხალხი და ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის კანონები. ხოლო, ვინც არ იცის, ასწავლეთ! და ვინც არ აღასრულებს შენი ღვთის კანონს და მეფის კანონს დაუყოვნებლივ აღასრულონ მასზე სამართალი: სიკვდილი ან განკვეთა, ჯარიმა ან ტუსაღობა. კურთხეული იყოს უფალი, ჩვენი მამების ღმერთი, რომელმაც ეს მეფეს ჩაუდო გულში, რათა შეემკო უფლის სახლი იერუსალიმში. და მან მიბოძა მოწყალება მეფის, მისი მრჩევლების, მეფის მამაცი მთავრების წინაშე; მეც გავმაგრდი, შევკრიბე ისრაელის ძეთა მთავრები, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ. და აჰა, მათი მამისსახლის თავკაცთა საგვარტომო ნუსხა, რომელნიც წამოვიდნენ ჩემთან ერთად ბაბილონიდან ართახშასთას მეფობაში: ფინხასის ძეთაგან: გერშომი; ითამარის ძეთაგან: დანიელი; დავითის ძეთაგან: ხატუში; შექანიას ძეთაგან და ფარყოშის ძეთაგან: ზაქარია და მასთან მითვლილი ას ორმოცდაათი მამროვანი; ფახათ-მოაბის ძეთაგან: ელიეჰოყენაი, ზერახიას ძე, და მასთან ერთად ორასი მამროვანი; [ზათუს] ძეთაგან: შექანია, იახაზიელის ძე, და მასთან ერთად სამასი მამროვანი; ყადინის ძეთაგან: ყებედი, იონათანის ძე, და მასთან ერთად ორმოცდაათი მამროვანი; ყელამის ძეთაგან: ესაია, ყათალიას ძე, და მასთან ერთად სამოცდაათი მამროვანი; შეფატიას ძეთაგან: ზებადია, მიქაელის ძე, და მასთან ერთად ოთხმოცი მამროვანი; იოაბის ძეთაგან: ყობადია, იეხიელის ძე, და მასთან ერთად ორას თვრამეტი მამროვანი; ბანის ძეთაგან: შელომითი, იოსიფიას ძე, და მასთან ერთად ას სამოცი მამროვანი; ბებაის ძეთაგან: ზაქარია, ბებაის ძე, და მასთან ერთად ოცდარვა მამროვანი; ყაზგადის ძეთაგან: იოხანანი, ჰაკატანის ძე, და მასთან ერთად ას ათი მამროვანი; ადონიკამის ძეთაგან უკანასკნელნი, და აჰა, მათი სახელები: ელიფელეტი, იეყიელი და შემაყია, და მათთან ერთად სამოცი მამროვანი; ბიგვაის ძეთაგან: ყუთაი და ზაბუდი, და მათთან ერთად სამოცდაათი მამროვანი. და შევყარე ისინი მდინარესთან, რომელიც ერთვის აჰავას, და ვიდექით იქ სამი დღე. გამოვიკვლიე ერი და სამღვდელოება, მაგრამ მათ შორის ლევიანთაგან იქ ვერ ვპოვე. და დავიბარე ელიეზერი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი – თავკაცები, და იოიარიბი და ელნათანი – სწავლულები. გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის უფროსთან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის ძმებს, ტაძრის მსახურებს, ქასიფიას ადგილში მყოფთ, რათა მოეყვანათ ჩვენთვის მსახურნი ჩვენი ღმერთის სახლისათვის. რადგან კეთილი ხელი ჩვენი ღმერთისა ჩვენზე იყო, მათ მოიყვანეს ჩვენთან ერთი გონიერი კაცი მახლის ძეთაგან, ლევის ძისა, ისრაელის ძისა, სახელად შერებია და მისი ვაჟები და თვრამეტი კაცი; და ხაშაბია, და მასთან ესაია მერარის ძეთაგან, მისი ძმები და მისი ვაჟები – ოცი კაცი. და ტაძრის მსახურთაგან, რომელნიც დავითსა და მთავრებს მიცემული ჰყავდათ ლევიანთა სამსახურებლად – ორას ოცი ტაძრის მსახური; ყველა მათგანი სახელებით იყო ხმობილი. და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე, და გვეკითხა მისგან სწორი გზა ჩვენთვის და ჩვენი წვრილშვილისა და მთელი ჩვენი მონაგარისათვის, რადგან შემრცხვა მეთხოვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები, მტრისაგან გზაზე თავის დასაცავად, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისათვის: ‘ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც მიატოვებს მას!’ და ვიმარხულეთ, და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს და შეისმინა მან ჩვენი. და გამოვყავი თორმეტი კაცი მღვდლების უფროსთაგან: შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან. და ავუწონე მათ ვერცხლი, ოქრო, და ჭურჭელი, ჩვენი ღვთის სახლის შეწირულობა, რაც შესწირეს მეფემ, მისმა მრჩევლებმა, მთავრებმა და იქ მყოფმა მთელმა ისრაელმა. და მივუწონე მათ ხელში ექვსას ორმოცდაათი ტალანტი ვერცხლი, და ვერცხლის ჭურჭელი ასი ტალანტისა, და ასი ტალანტი ოქრო. და ოცი თასი ათას დრაქმიანი და პრიალა სპილენძის ორი საუკეთესო ჭურჭელი, ოქროსავით ძვირფასი. და ვუთხარი მათ: „თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის და ეს ჭურჭელიც წმიდაა; და ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობით შეწირულობაა უფლის, თქვენი მამების ღმერთისადმი. ფრთხილად იყავით და მოუფრთხილდით, ვიდრე მიუწონიდეთ მღვდლების, ლევიანების და ისრაელიანთა ტომის მთავრების უფროსებს იერუსალიმში, უფლის სახლის სალოცავებში რომ არიან.“ და ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა ვერცხლი და ოქრო, და ჭურჭელი წონით, რათა წაეღოთ იერუსალიმში, ჩვენი ღვთის სახლში. და დავიძარით მდინარე აჰავადან იერუსალიმში წასასვლელად პირველი თვის მეთორმეტე დღეს; და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე და გვიხსნიდა ჩვენი მტრის ხელიდან და გზაზე ჩასაფრებულთაგან. და მივედით იერუსალიმში, და დავყავით იქ სამი დღე. და მეოთხე დღეს ვერცხლი და ოქრო, და ჭურჭელი ჩვენი ღვთის სახლში მიწონილ იქნა მერემოთის, ურია მღვდლის ვაჟის ხელში; და მასთან ერთად იყო ელეაზარ ფინხასის ძე, და მათთან ერთად იყვნენ იოზაბადი იესოს ძე და ნოადია ბინუის ძე, ლევიანები. ყველაფერი დაითვალა და აიწონა; და ჩაიწერა მთელი ეს წონა იმ დროს. ტყვეობიდან მოსულებმა და გადასახლებიდან დაბრუნებულებმა სრულადდასაწველი შესწირეს ისრაელის ღმერთს: თორმეტი მოზვერი მთელი ისრაელისათვის, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი კრავი, თორმეტი ვაცი ცოდვისათვის, ყოველივე სრულადდასაწველად უფლისათვის. და გადასცეს მეფისნაცვლებს და მდინარისგაღმელ განმგებელთ; და მათაც ხელი შეუწყვეს ხალხსა და ღვთის სახლს. და ეს ყოველივე რომ დასრულდა, მეახლნენ მე მთავრები და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანები არ განდგომიან ქვეყნების ხალხებს – ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზელთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს, რადგან მოიყვანეს მათი ასულები თავიანთთვის და თავიანთი ვაჟებისათვის, და შეერია წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებს; და მთავარი ხელი ამ ურჯულოებაში მთავრებისა და წინამძღოლებისა იყო.“ და ეს ამბავი რომ გავიგე, შემოვიხიე სამოსელი და მოსასხამი, და ვიგლეჯდი თმა-წვერს და ვიჯექი გაოგნებული. და თავი მოიყარეს ჩემთან ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის სიტყვებისა გადანასახლებთა ურჯულოების გამო; მე კი ვიჯექი გაოგნებული საღამოს მსხვერპლშეწირვამდე. და საღამოს მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობისაგან, და ჩემი შემოხეული სამოსლითა და ჩემი მოსასხამით დავემხე მუხლებზე და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღვთის, მიმართ. და ვთქვი: „ღმერთო ჩემო! მრცხვენია და მერიდება სახის მოპყრობა შენს მიმართ, რადგან ჩვენი ურჯულოებანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული გაიზარდა ცამდე. ჩვენი მამების დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვართ; და ჩვენი ურჯულოების გამო ჩავვარდით ჩვენ, ჩვენი მეფენი და ჩვენი მღვდლები უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში, მახვილის ქვეშ, ტყვეობაში, ძარცვაში და სირცხვილში, როგორც დღესა ვართ. და ახლა წამიერად იქნა მოცემული ჩვენთვის წყალობა უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა დაეტოვებინა ჩვენთვის გადარჩენილი ნატამალი და მოეცა სამსჭვალი თავის წმიდა ადგილზე, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში. რადგან მონები ვართ ჩვენ და ჩვენს მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს და განავრცო ჩვენზე წყალობა სპარსეთის მეფეთა წინაშე, რომ გავეცოცხლებინეთ, რომ აღგვემართა ჩვენი ღვთის სახლი; აღგვედგინა ნანგრევებიდან, რომ ზღუდე მოგვცემოდა იუდასა და იერუსალიმში. და ახლა კი რა უნდა ვთქვათ, ღმერთო ჩვენო, ამის შემდეგ? რადგან მივატოვეთ შენი მცნებანი, შენი მსახურების, შენი წინასწარმეტყველების ხელით რომ გვაუწყე და გვითხარი: ‘ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდური ქვეყანაა იმ ქვეყნების ხალხების უწმიდურებისა და სიბილწის გამო, რომელთაც კიდით კიდემდე აქვთ ავსებული თავიანთი სიბინძურით. და ახლა თქვენი ასულები არ გაატანოთ მათ ვაჟებს და მათი ასულები არ მოუყვანოთ თქვენს ვაჟებს. არ ეძებოთ მათთვის მშვიდობა და სიკეთე უკუნისამდე, რათა გაძლიერდეთ და ჭამოთ ქვეყნის დოვლათი და სამარადისოდ დაუმკვიდროთ იგი თქვენს ძეებს!’ და ყოველივე ამის შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა ჩვენი ავი საქმეებისა და ჩვენი დიდი დანაშაულის გამო, რადგან შენ, ღმერთო ჩვენო, იმაზე ნაკლებად დაგვსაჯე, ვიდრე ამას ჩვენი უკეთურებანი იმსახურებდნენ და მოგვამადლე გადარჩენილი ნატამალი, როგორც ესაა. ნუთუ კვლავ დავარღვევთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით ამ ბილწ ხალხებს? მაშინ ხომ განგვირისხდები მოსასპობად ისე, რომ აღარც ნატამალი იქნება და აღარც ვინმე გადარჩენილი. უფალო, ღმერთო ისრაელისა! სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ნატამალი ვართ დღესდღეობით. აჰა, ჩვენ შენს წინაშე ვართ ჩვენი დანაშაულითურთ, თუმცა არავის ძალუძს შენს წინაშე დგომა ამის გამო.“ და როცა ლოცულობდა ეზრა და აღსარებას ამბობდა მტირალი და ღვთის სახლის წინ განრთხმული, თავი მოიყარა მის გარშემო ისრაელიდან დიდძალმა კრებულმა – კაცებმა, ქალებმა და ბალღებმა – რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც. და მიუგო შეხანიამ, იეხიელის ძემ, ყელამის ძეთაგან, და უთხრა ეზრას: „ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს და მოვიყვანეთ უცხოელი ცოლები ამ ქვეყნის ხალხთაგან; და ახლა არის იმედი ისრაელისათვის მიუხედავად ამისა. და ახლა აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონისა და ჩვენი ღვთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით; რჯულისამებრ იყოს. ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ. გამხნევდი და იმოქმედე!“ და ადგა ეზრა და დააფიცა მღვდლების, ლევიანებისა და მთელი ისრაელის უფროსები, რომ ასე მოიქცეოდნენ. და მათაც დაიფიცეს. და ადგა ეზრა ღვთის სახლიდან და წავიდა იოხანანის, ელიაშიბის ძის, ოთახისაკენ. იქ კი მივიდა, მაგრამ პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია, რადგან გადანასახლები ხალხის ურჯულოების გამო გლოვობდა. და გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა გადანასახლებს, რათა იერუსალიმში მოეყარათ თავი. და ყველას, ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, მთავართა და უხუცესთა გადაწყვეტილებით ჩამოერთმეოდა მთელი ქონება და მოკვეთილი იქნებოდა გადანასახლებთა კრებულიდან. და სამ დღეში თავი მოიყარეს იერუსალიმში ბენიამინისა და იუდას ყველა კაცმა; და ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ხალხი ღვთის სახლის მოედანზე და კანკალებდა ამ ამბისა და თავსხმა წვიმის გამო. და ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: „თქვენ ღალატი ჩაიდინეთ და უცხო ცოლები მოიყვანეთ, რომ გაამრავლოთ ისრაელის დანაშაული. და ახლა აღსარება უთხარით უფალს, თქვენი მამების ღმერთს და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს!“ და მიუგო მთელმა კრებულმა და უთხრა დიდი ხმით: „ასე, შენი სიტყვისამებრ მოვიქცევით! მაგრამ ბევრია ხალხი და წვიმიანობის დროა. არ შეგვიძლია გარეთ დგომა. თანაც ეს ერთი ან ორი დღის ამბავი არ არის, რადგან ჩვენ ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში. დადგნენ ჩვენი მთავრები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ყველანი, ვისაც ჩვენ ქალაქში უცხოელი ცოლები ჰყავთ, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე აგვაცილებენ ჩვენი ღვთის რისხვას ამ ამბის გამო.“ მხოლოდ იონათანი, ძე ყასაელისა და იახზეია, თიკვას ძე, გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ; მეშულამი და შაბეთაი, ლევიანი, უჭერდნენ მათ მხარს. მაგრამ გადანასახლები ხალხი ასე მოიქცა. და ეზრა მღვდელმა გამოარჩია კაცები, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, ყველანი სახელდებით იყვნენ ხმობილნი. და დასხდნენ ისინი მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გამოსაძიებლად. და მორჩნენ პირველი თვის პირველი დღისათვის ყველა იმ მამაკაცის საქმეს, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ. და მღვდლების შთამომავლებში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ მოყვანილი აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძის ვაჟები და მისი ძმები: მაყასეია, ელიეზერი, იარიბი და გედალია. და მათ ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ თავიანთ ცოლებს, და დამნაშავეებმა შესწირეს ვერძი ფარიდან თავიანთი დანაშაულის გამო. და იმერის ძეთაგან: ხანანი და ზებადია; და ხარიმის ძეთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი, ყუზია; და ფაშხურის ძეთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელყასა; და ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმყი, კელაია, იგივე კელიტა, ფეთახია, იუდა და ელიეზერი. და მგალობელთაგან: ელიაშიბი. და კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ური. და ისრაელიდან: ფარყოშის ძეთაგან: რამია, იეზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია, ბენაია; ყელამის ძეთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ელია; ზათუს ძეთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბადი, ყაზიზა; ბებაის ძეთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი, ყათლაი; ბანის ძეთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი, იერამოთი; და ფახათ-მოაბის ძეთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მენაშე; ხარიმის ძეთაგან: ელიეზერი, იშია, მალქია, შემაყია, შიმყონი; ბენიამინი, მალუქი, შემარია; ხაშუმის ძეთაგან: მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე, შიმყი; ბანის ძეთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი, ბენაია, ბედეია, ქელუჰუ, ვანია, მერემოთი, ელიაშიბი, მათანია, მათენაი და იაყასაი; ბანი, ბინუი შიმყი, შელემია, ნათანი, ყადაია, მაქნადბაი, შაშაი, შარაი, ყაზარელი, შელემიაჰუ, შემარია, შალუმი, ამარია, იოსები, ნებოს ძეთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია. ყველას უცხოელი ცოლები ჰყავდათ მოყვანილი; ზოგიერთებს მათგან ვაჟებიც შესძენოდათ. ნეემია ხაქალიას ძის სიტყვები: მეოცე წელს ქისლევის თვეში, სატახტო ქალაქ შუშანში რომ ვიყავი, და მოვიდა იუდადან ხანანი, ერთ-ერთი ჩემი მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი და ვკითხე მათ გადარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და – იერუსალიმზე. და მითხრეს მე: „დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადაურჩნენ იქ, თავიანთ ქვეყანაში, დიდ უბედურებასა და სირცხვილში არიან; და იერუსალიმის კედელი დარღვეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლით არის გადაბუგული.“ და ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი; ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე, და ვეუბნებოდი: „გემუდარები, უფალო, ზეცათა ღმერთო, ღმერთო დიდებულო და საშინელო, რომელიც აღთქმასა და წყალობას უნახავ შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამცველთ! შენი ყური იყოს სმენად და შენი თვალნი ახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა, ახლა დღედაღამ რომ ლოცულობს შენს წინაშე ისრაელის ძეთათვის, შენს მორჩილთათვის, და აღიარებს ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლითაც შენ შეგცოდეს. მე და ჩემმა მამისსახლმაც შეგცოდეთ. დანაშაულით დავაშავეთ შენს წინაშე. არ ვასრულებდით იმ მცნებებს და წესებს და სამართალთ, რომელნიც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს. გაიხსენე სიტყვა, რომელიც აღუთქვი მოსეს, შენს მსახურს: ‘თუ მიღალატეთ, ხალხებში გაგფანტავთ, ხოლო თუ დაბრუნდებით ჩემთან და დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდეც რომ იყოთ გაფანტულნი, იქიდან შეგაერთებთ და მოგიყვანთ იმ ადგილზე, რომელიც ამოვირჩიე ჩემი სახელის იქ დასავანებლად!’ და ისინი შენი მსახურნი და შენი ერია, რომელიც გამოისყიდე შენი დიდი ძალით და შენი ძლიერი ხელით! გევედრები, უფალო, შენი ყური სმენად იყოს შენი მსახურის ლოცვის მიმართ და შენს მსახურთა ლოცვის მიმართ, რომელთაც სწადიათ შენი სახელის მოშიშება და ახლა გემუდარები, ხელი მოუმართე შენს მსახურს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე!“ და მე ვიყავი ღვინისმწდე მეფისა. და ერთხელ, ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. და ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; და თითქოს არ ვიყავი მწუხარე მის წინაშე, მაგრამ მკითხა მეფემ: „რატომა გაქვს სახე სევდიანი, ავად რომ არა ხარ? ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა სევდა გულისა?“ და ძალზე შევშინდი. და ვუთხარი მეფეს: „იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სახე სევდიანი, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების საფლავები მეგულება, დანგრეულია და კარიბჭენი მისი ცეცხლშია დაბუგული?“ და მითხრა მეფემ: „რას ითხოვ?“ და ვილოცე ცათა ღვთის მიმართ და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს და, თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენს წინაშე, მაშინ გამიშვი იუდაში, ჩემი მამების საფლავთა ქალაქში, და ხელახლა გავაშენებ მას.“ და მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალიც ეჯდა გვერდით: „რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?“ და მოეწონა მეფეს ჩემი გაგზავნა და გამიშვა, და მე დავუთქვი დრო. და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა მათ გზა მომცენ, ვიდრე იუდას ქვეყანაში მივიდოდე. და ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეებისათვის, რომელიც ღვთის სახლთანაა და ქალაქის კედლისათვის და სახლისათვის, რომელშიც შევალ.“ და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე. და მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ მხედარმთავრები და მხედრები გამომაყოლა. და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და დიდად ეწყინათ, რომ ისრაელის ძეთათვის სიკეთის საძიებლად მოვიდა კაცი. და მივედი იერუსალიმში, და ვიყავი იქ სამი დღე. და ავდექი ღამით რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის არ მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ღმერთმა გულში იერუსალიმისათვის, და არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რომელზეც მე ვიჯექი. და გავედი ღამით ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისაკენ, და დავათვალიერე იერუსალიმის დარღვეული კედლები, მისი ცეცხლში გადაბუგული კარიბჭეები. და გავიარე წყაროს კარიბჭისა და მეფის აუზისაკენ, თუმცა არ იყო ადგილი, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რომელზეც ვიჯექი. და ასე ავუყევი ღამით ხევს, დავათვალიერე კედელი, უკან გამოვბრუნდი, მივედი ხევის კარიბჭესთან, და შინ დავბრუნდი. ქალაქის მოხელეებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებელთ ჯერ არ ვუმხელდი. და მხოლოდ ვუთხარი: „თქვენ ხედავთ, რა უბედურ დღეში ვართ, როგორაა იერუსალიმი მოოხრებული და როგორ არის ცეცხლში დაბუგული მისი კარიბჭენი; წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი. და ვაუწყე მათ ჩემი ღვთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, მეფეს რომ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი. და თქვეს: „ავდგეთ და ავაშენოთ!“ ხელი განიმტკიცეს სასიკეთოდ. და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და გეშემ არაბმა, და დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: „ამას რას შვრებით? მეფეს უჯანყდებით?“ და ვუპასუხე მათ და ვუთხარი: „ღმერთი ზეცათა, ის შეგვეწევა ჩვენ. და ჩვენ, მსახურნი მისი, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ არა გაქვთ წილი, მოწყალება და სახსენებელი იერუსალიმში!“ და ადგნენ ელიაშიბ მღვდელთმთავარი და მისი ძმები, მღვდლები, და ააშენეს ცხვრის კარიბჭე; მათ აკურთხეს იგი და ჩაუყენეს კარები და აკურთხეს მეას კოშკამდე და ხანანელის კოშკამდე. და მის გვერდით აშენებდნენ იერიხოელები, ხოლო მათ გვერდით აშენებდა ზაქურ იმრის ძე. და თევზთა კარიბჭეს აშენებდნენ ჰსენაას ძენი; მათ გადახურეს იგი და ჩააყენეს კარებები თავისი კლიტეებითა და ურდულებით. და მათ გვერდით კედელს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ძისა ჰაკოცისა. მათ გვერდით ამაგრებდა მეშულამი, ძე ბერექიაჰუსი, ძისა მეშეზაბელისა და მათ გვერდით – ცადოკ ბაყანას ძე. და მათ გვერდით ამაგრებდნენ თეკოაყელები, მაგრამ მათი დიდებულნი კისერს არ დებდნენ თავიანთი უფლის საქმეში. და ძველ კარიბჭეს ამაგრებდნენ იოადაყი, ძე ფასეახის, და მეშულამი, ძე ბესოდეიასი; მათ გადახურეს იგი და ჩაუყენეს კარებები თავისი კლიტეებითა და ურდულებით. და მათ გვერდით ამაგრებდნენ მელატია გაბაონელი და იადონ მერონოთელი, გაბაონისა და მიცფას მკვიდრები, რომელნიც მდინარისგაღმელი განმგებლის მფლობელობაში იყვნენ. მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე, ოქრომჭედელი, და მის გვერდით ამაგრებდა ხანანია, ძე ერთ-ერთი მენელსაცხებლისა, და აღადგინეს იერუსალიმი ფართო კედლამდე. და მის გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარსამთავროს მთავარი. და მის გვერდით ამაგრებდა იედაია, ძე ხარუმაფისა – თავისი სახლის წინ. და მის გვერდით მას ამაგრებდა ხატუშ ხაშაბნიას ძე. მეორე უბანი გაამაგრა მალქიამ, ხარიმის ძემ და ხაშუბმა, ფახათ-მოაბის ძემ; და მათ გაამაგრეს ღუმლების გოდოლი. და მის გვერდით გაამაგრა შალუმმა, ჰალოხეშის ძემ, იერუსალიმის ნახევარი სამთავროს მთავარმა, თვითონ და მისმა ასულებმა. ხევის კარიბჭე გაამაგრეს ხანუნმა და ზანოახის მკვიდრებმა; მათ ააშენეს იგი და ჩაუყენეს კარებები მისი კლიტეებით და მისი ურდულებით; და მათვე გაამაგრეს ასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე. და სანაგვის კარიბჭე გაამაგრა მალქიამ, რეხაბის ძემ, ბეთ-ჰაქერემის სამთავროს მთავარმა; მან ააშენა იგი და ჩაუყენა კარებები მისი კლიტეებითა და ურდულებით. და წყაროსთვალის კარიბჭე გაამაგრა შალუნმა, ქოლ-ხოზეს ძემ, მიცფას სამთავროს მთავარმა; მან აღადგინა და გადახურა იგი, ჩაუყენა კარებები მისი კლიტეებითა და ურდულებით; და მანვე ააშენა კედელი შელახის აუზისა, მეფის ბაღთან დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე. მის შემდეგ გაამაგრა ნეემიამ, ყაზბუკის ძემ, ბეთ-ცურის ნახევარსამთავროს მთავარმა, დავითის საფლავის მოპირდაპირე მხარემდე, და ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე. მის შემდეგ გაამაგრეს ლევიანებმა რეხუმის, ბანის ძის, ხელმძღვანელობით და მის გვერდით გაამაგრა ხაშაბიამ, კეყილას ნახევარსამთავროს მთავარმა, თავისი სამთავროს სახელით. მის შემდეგ გაამაგრეს მათმა ძმებმა: ბავაი ხენადადის ძემ, კეყილას ნახევარსამთავროს მთავარმა. მის გვერდით – ყეზერ იესოს ძემ, მიცფას სამთავროს მთავარმა, გაამაგრა კედლის მეორე უბანი საჯაბადროს ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან. მის შემდეგ თავგამოდებით გაამაგრა მეორე უბანი ბარუქ ზაბაის ძემ – კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე. მის შემდეგ მეორე უბანი გაამაგრა მერემოთმა, ურიას ძემ, ძისა ჰაკოცისა – ელიაშიბის სახლის კარიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე. და მის შემდეგ სანახებში მცხოვრებმა მღვდლებმა გაამაგრეს. მის შემდეგ ბენიამინმა და ხაშუბმა, თავიანთი სახლის წინ; მათ შემდეგ თავის სახლთან გაამაგრა ყაზარიამ მაყასეიას ძემ, ძისა ყანანიასი; მათ შემდეგ გაამაგრა ბინუი ხენადადის ძემ, მეორე უბანი – ყაზარიას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე. ფალალ უზაის ძემ გაამაგრა იმ კუთხის და გოდოლის წინ, რომელიც მეფის ზემო სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მის შემდეგ იყო ფედაია, ძე ფარყოშისა. ტაძრის მსახურებმა კი, ყოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭისა და გამოშვერილი გოდოლის წინ, აღმოსავლეთით. მის შემდეგ თეკოაყელებმა გაამაგრეს მეორე მხარე დიდი გამოშვერილი გოდოლის პირდაპირ ყოფელის ზღუდემდე. ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლებმა გაამაგრეს – თითოეულმა თავისი სახლის წინ. მის შემდეგ გაამაგრა ცადოკმა, იმერის ძემ, თავისი სახლის წინ და მის შემდეგ გაამაგრა შემაყია შექანიას ძემ, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველმა. მის შემდეგ ხანანია შელემიას ძემ და ხანუნ ცალაფის მეექვსე ძემ გაამაგრეს მეორე უბანი; მის შემდეგ ამაგრებდა მეშულამ ბერექიას ძე თავისი ბინის წინ. მის შემდეგ გაამაგრა მალქიამ, ცორფის ძემ, ტაძრის მსახურთა და ვაჭართა სახლამდე, სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, კუთხის ზემოთვალამდე. ამ ზემოთვალსა და ცხვრის კარიბჭეს შორის გაამაგრეს მჭედლებმა და ვაჭრებმა. და როცა სანბალატმა გაიგო, რომ კედელს ვაშენებთ, გაცხარდა და ძალიან განრისხდა და მასხრად აიგდო იუდაელები. თავისი ძმებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: „რას შვრებიან ეს საცოდავი იუდაელები? ნუთუ მისცემენ ამის უფლებას? ნუთუ მსხვერპლს შესწირვენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ ქვებს გააცოცხლებენ მტვერ-ბუქის გროვებიდან, რომლებიც დამწვარია?“ და ტობია ყამონელმა, რომელიც იყო მასთან, თქვა: „აშენონ რაც უნდათ. იმაზე ერთი მელა რომ შედგეს, ისიც კი დააქცევს მათ ქვის კედელს.“ ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან მოძულებული შევიქენით! მათი დაცინვა მათვე მიუბრუნე, და მიეცი ისინი საკიცხელად თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში! და ნუ დაფარავ მათ დანაშაულს; და შენს წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხყოფდნენ ისინი მშენებლებს. და ავაშენეთ ქალაქის კედელი, და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, და ჰქონდა ხალხს საქმის გულმოდგინება. და როცა გაიგეს სანბალატმა და ტობიამ, და არაბებმა, და ყამონელებმა, და აშდოდელებმა, რომ გრძელდებოდა იერუსალიმის კედლების აღდგენა და მისი ბზარების გამთელება, ძალიან გაცხარდნენ. და ყველანი შეითქვნენ, რათა საბრძოლველად მოსულიყვნენ იერუსალიმში და არეულობა ჩამოეგდოთ მასში. და ვლოცულობდით ჩვენი ღვთის მიმართ, და დაცვა გვეყენა მათ წინააღგმდეგ დღე და ღამე. და თქვა იუდამ: „ძალა გამოეცალა ტვირთის მზიდავს, მტვერ-ბუქი კი ბევრია; ჩვენ ვეღარ ავაშენებთ კედელს.“ და თქვეს ჩვენმა მტრებმა: „ვერ გაიგებენ და ვერ დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ გავჩნდებით, მუსრს არ გავავლებთ და არ შევაჩერებთ სამუშაოს.“ და როცა მათ ახლოს მცხოვრები იუდაელები მოვიდნენ, ბარემ ათჯერ მაინც, გვითხრეს: ყოველი მხრიდან დაგვესხმიანო თავს. და დავაყენე ხალხი დაცემულ ადგილებში, კედლის მიღმა, მოშიშვლებულ ადგილებში, და დავაყენე ხალხი საგვარეულოთა მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით. და შევხედე, ავდექი და ვუთხარი დიდებულებს და მოხელეებს და დანარჩენ ხალხს: „ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ უფალი, დიდი და საშინელი, და იბრძოლეთ თქვენი ძმების, თქვენი ძეების და ასულების, თქვენი ცოლების და სახლ-კარის გულისათვის.“ და როგორც კი ჩვენმა მტრებმა გაიგეს, რომ ჩვენ ვიცით მათი ამბავი და, რომ ღმერთმა ჩაშალა მათი განზრახვა, ყველანი დავბრუნდით კედელთან, თითოეული თავის საქმეზე. და იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი ჭაბუკების ნახევარი საქმეს აკეთებდა და მეორე ნახევარს ხელში შუბები, ფარები, მშვილდები ეჭირათ და აბჯარი ემოსათ. მთავრები კი იდგნენ იუდას სახლის უკან. კედლის მშენებლები აშენებდნენ, მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალით იარაღი ეჭირათ. და თითოეულ მშენებელს წელზე მახვილი ერტყა და ისე აშენებდა. მესაყვირე გვერდში მყავდა. და ვუთხარი დიდებულებს, მოხელეებს და დანარჩენ ხალხს: „საქმე დიდია და ვრცელი, ჩვენ კი კედელზე ვართ შემოფანტულნი, ერთმანეთისგან მოშორებით. ამიტომ საიდანაც საყვირის ხმა გაიგონოთ, იქ მოგროვდით ჩვენთან. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის!“ ასე ვაკეთებდით საქმეს; ნახევარს კი განთიადიდან ვარსკვლავთა ამოსვლამდე შუბი ეჭირა. მაშინ იყო, რომ ვუთხარი ხალხს: „თითოეულმა თავისი მსახურით ღამე იერუსალიმში გაათიოს. ისე რომ, ღამით მცველი იქნება ჩვენთვის, დღისით კი მუშაკი.“ და არც მე და არც ჩემი ძმები, არც ჩემი მსახურნი, არც მცველები, თან რომ დამყვებოდნენ, ტანსაცმელს არ ვიხდიდით; თითოეულს ხელში ეჭირა თავისი მახვილი, მაშინაც კი, როდესაც წყალზე მიდიოდა. და დაიწყო დიდი დრტვინვა ხალხმა და მათმა ცოლებმა თავიანთ იუდაელ მოძმეთა წინააღმდეგ. და იყვნენ ისეთნი, რომელნიც ამბობდნენ: „ჩვენ, ჩვენი ძენი და ჩვენი ასულნი მრავალნი ვართ. და ვიშოვნოთ ხორბალი, რათა ვჭამოთ და ვიცოცხლოთ“. და იყვნენ ისეთები, რომელნიც ამბობდნენ: „ჩვენს მინდვრებს, ვენახებს და სახლებს ვაგირავებთ, რათა ვიშოვოთ ხორბალი შიმშილობის ჟამს.“ და იყვნენ ისეთნიც, რომელნიც ამბობდნენ: „ჩვენი მიწებისა და ჩვენი ვენახების დაგირავებით ფულს ვშოულობთ მეფისთვის ხარკის გადასახდელად. და ჩვენი ხორცი ისეთივეა, როგორც ჩვენი მოძმეებისა. და ჩვენი ძენი ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ ჩვენ გვიხდება ჩვენი ძეებისა და ასულების მონებად მიცემა და ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია. ძალა აღარა გვაქვს ხელებში; და ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს ეკუთვნის.“ ძალიან გავცეცხლდი, როდესაც მათი დრტვინვა და ეს სიტყვები მოვისმინე. მაგრამ გულმა მიკარნახა და ვეჩხუბე დიდებულებს, მოხელეებს და ვუთხარი მათ: თქვენი მოძმეებისაგან ვახშს იღებთ-მეთქი. და მოვიწვიე მათ წინააღმდეგ დიდი კრებული. და ვუთხარი მათ: „ჩვენ გამოვისყიდეთ სხვა ხალხებს მიყიდული ჩვენი იუდაელი ძმები, როგორც შეგვეძლო, თქვენ კი საკუთარ ძმებს ჰყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ!“ და დუმდნენ ისინი და სიტყვას ვეღარ პოულობდნენ. და ვთქვი: „არ არის კარგი ეს საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ! განა ღვთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისა და მტრების დაცინვა აიცილოთ? მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურნი სესხად ვაძლევთ ვერცხლს და ხორბალს. მოდით მივუტევოთ მათ ეს ვალი. დღესვე დაუბრუნეთ მათ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, და სარგებელი ვერცხლის, ხორბლის, ღვინის, და ზეთის, რასაც მათგან ითხოვდით.“ და თქვეს: „დავუბრუნებთ და აღარ მოვთხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ!“ და მღვდლებს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რომ იმ სიტყვისამებრ მოქცეულიყვნენ. და დავიბერტყე მოსასხამის კალთა და ვთქვი: „ასე გაიბერტყოს ყოველი ის კაცი თავისი სახლიდან და თავისი მონაგარიდან, ვინც არ შეასრულებს ამ სიტყვას, და ასე იყოს გაბერტყილი და გამოცარიელებული!“ და თქვა მთელმა კრებულმა: „ამინ!“ და ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა. აგრეთვე იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეფის მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე – თორმეტი წლის განმავლობაში – მე და ჩემს ძმებს განმგებლის პური არ გვიჭამია. განმგებლები, ჩემამდე ვინც იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და ორმოცი შეკელის გარდა, პურსა და ღვინოსაც ართმევდნენ. მათი მსახურნიც ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ მე ასე არ მოვქცეულვარ ღვთის მოშიშობის გამო. თანაც მე გადაგებული ვიყავი კედლის შენებაზე. მინდვრებს აღარ ვყიდულობდით და ყველა ჩემი მსახური იქ იყრიდა თავს სამუშაოდ. ას ორმოცდაათი კაცი მესხდა სუფრაზე – იუდაელები და მოხელეები, გარდა ჩვენს გარშემო მცხოვრებ ხალხებიდან მოსულთა. აი, რა მზადდებოდა ერთი დღისათვის: ერთი ხარი, ექვსი რჩეული ცხვარი, ასევე ფრინველს ამზადებდნენ ჩემთან; და ყოველ ათ დღეში ყველანაირი ღვინო მოჰქონდათ უხვად. მაგრამ განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო. ყველაფერი სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო, რაც ამ ხალხისათვის გამიკეთებია. და როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და დანარჩენმა ჩვენმა მტრებმა გაიგეს, რომ ავაშენეთ კედელი და არ დარჩენილა მასში ბზარი, – თუმცა იმ ხანად კარებები არ მქონდა ჩაყენებული კარიბჭეებში, სანბალატმა და გეშემმა მომიგზავნეს მსახური და შემომითვალეს: „წამო, ონოს ხეობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთ.“ განზრახული ჰქონდათ ჩემთვის ბოროტი შეემთხვიათ. მაგრამ მე მოციქულები გავუგზავნე და შევუთვალე: „დიდ საქმეს ვაკეთებ და ვერ ჩამოვალ. რად უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ?“ და ოთხჯერ მომიგზავნეს ამ სიტყვით და მეც იგივე პასუხი დავუბრუნე. და ამავე სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა. და ეწერა მასში: „ხალხებში ხმა დადის და გაშმუც ამბობს, რომ შენ და იუდაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული, ამისათვის აშენებ კედელს. და შენ მათი მეფე იქნები, ამავე ხმების თანახმად. და წინასწარმეტყველნიც დაგიყენებია, რათა იერუსალიმში იქადაგონ შენზე და თქვან: ‘მეფეა იუდაში!’ და ახლა მეფის ყურამდე მივა ეს ხმები. ამიტომ მოდი და მოვილაპარაკოთ.“ გავუგზავნე მსახური და შევუთვალე: „ასეთი რამ, რასაც შენ ამბობ, არ ყოფილა, რადგან შენი ჭკუიდან ჩმახავ მაგას!“ ყველანი ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ, ფიქრობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვერ დაასრულებენო. მაგრამ ახლა უფრო განვამტკიცე ჩემი ხელები! შემაყიას, დელაიას ძის, მეჰეტაბელის ძის, ვაჟს მივაკითხე და შინ იყო ჩაკეტილი; და მითხრა: „წავიდეთ ღვთის სახლში, შიგ ტაძარში, და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; და ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად.“ და ვუთხარი: „ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს? განა ჩემისთანა კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში შევა? არ შევალ!“ მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. თუმცა კი წინასწარმეტყველურად მელაპარაკა, და, რომ ტობიასა და სანბალატს ჰყავდათ იგი მოსყიდული. მოსყიდული იმისთვის იყო, რომ შემშინებოდა, იმგვარად მოვქცეულიყავი და ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაცინად გამოიყენებდნენ. გაიხსენე, ღმერთო ჩემო, ტობია და სანბალატი მათი საქმეებისამებრ; და აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და დანარჩენი წინასწარმეტყველნი, რომელთაც ჩემი დაშინება სურდათ. და დასრულდა კედელი ელულის ოცდახუთში – ორმოცდათორმეტ დღეში. ეს რომ ყველა ჩვენმა მტერმა გაიგო და ყველა ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა ხალხმა დაინახა, ძალიან დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ღვთის შეწევნით გაკეთდა ეს საქმე. იმავე დღეებში იუდას დიდებულთა მრავალი წერილი მისდიოდა ტობიას და მისი წერილები მათ მისდიოდათ. რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო და მის ძეს, იოხანანს, ცოლად ჰყავდა მეშულამ ბერექიაჰუს ძის ასული. და მის კეთილ საქმეებზე ჩემს წინაშე ლაპარაკობდნენ. ჩემი სიტყვები მასთან მიჰქონდათ, ტობია კი წერილებს მიგზავნიდა დასაშინებლად. კედელი რომ აშენდა, კარებები ჩავაყენე და გავამწესე კარისმცველები, მგალობელნი და ლევიანები, და ვუბრძანე ხანანს, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რადგან ის სანდო კაცი იყო და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში, და ვუთხარი მათ: „არ გააღონ იერუსალიმის ბჭენი ვიდრე მზე არ დააცხუნებს, და სანამ ისინი დგანან საგუშაგოზე, მანამ დაკეტონ და ურდულით დაგმანონ კარნი. და იერუსალიმის მკვიდრთაგან დააყენეთ, თითოეული თავის საგუშაგოზე და თითოეული თავისი სახლის წინ.“ და ქალაქი ვრცელი და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში, და არც სახლები იყო აშენებული. ჩემმა ღმერთმა გულში ჩამიდო, რათა შემეკრიბა დიდებულები და მოხელეები და ხალხი აღსანუსხავად. და მივაგენი იერუსალიმში პირველად ამოსულთა საგვარტომო წიგნს, და ვპოვე დაწერილი მასში: ესენი არიან იმ მხარის შვილები, რომელნიც გადასახლებულთა ტყვეობიდან ამოვიდნენ, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და დაბრუნდნენ ისინი იერუსალიმში და იუდაში – თითოეული თავის ქალაქში, რომელნიც მივიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანისთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან. ეს არის ისრაელი ხალხის მამაკაცთა რიცხვი: ფარყოშის ძენი – ორი ათას ას სამოცდათორმეტი; შეფატიას ძენი – სამას სამოცდათორმეტი; არახის ძენი – ექვსას ორმოცდათორმეტი; ფახათ-მოაბის ძენი, იესოსა და იოაბის ძეთაგან – ორი ათას რვაას თვრამეტი; ყელამის ძენი – ათას ორას ორმოცდათოთხმეტი; ზათუს ძენი – რვაას ორმოცდახუთი; ზაქაის ძენი – შვიდას სამოცი; ბინუის ძენი – ექვსას ორმოცდარვა; ბებაის ძენი – ექვსას ოცდარვა; ყაზგადის ძენი – ორი ათას სამას ოცდაორი; ადონიკამის ძენი – ექვსას სამოცდაშვიდი; ბიგვაის ძენი – ორი ათას სამოცდაშვიდი; ყადინის ძენი – ექვსას ორმოცდათხუთმეტი; ატერის ძენი ხიზკიას სახლიდან – ოთხმოცდათვრამეტი; ხაშუმის ძენი – სამას ოცდარვა; ბეცაის ძენი – სამას ოცდაოთხი; ხარიფის ძენი – ას თორმეტი; გაბაონის ძენი – ოთხმოცდათხუთმეტი; ბეთლემის და ნეტოფას მკვიდრნი – ას ოთხმოცდარვა; ყანათოთის მკვიდრნი – ას ოცდარვა; ბეთ-ყაზმავეთის მკვიდრნი – ორმოცდაორი; კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის მკვიდრნი – შვიდას ორმოცდასამი; რამას და გაბაყის მკვიდრნი – ექვსას ოცდაერთი; მიქმასის მკვიდრნი – ას ოცდაორი; ბეთელისა და ჰაღაის მკვიდრნი – ასოცდასამი; სხვა ნებოს მკიდრნი – ორმოცდათორმეტი; სხვა ყელამის მკვიდრნი – ათას ორას ორმოცდათოთხმეტი; ხარიმის ძენი – სამას ოცი; იერიხოს ძენი – სამას ორმოცდახუთი; ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი – შვიდას ოცდაერთი; სენაას ძენი – სამი ათას ცხრაას ოცდაათი. მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან – ცხრაას სამოცდაცამეტი; იმერის ძენი – ათას ორმოცდათორმეტი; ფაშხურის ძენი – ათას ორას ორმოცდაშვიდი; ხარიმის ძენი – ათას ჩვიდმეტი. ლევიანები: იესოს ძენი კადმიელის სახლიდან, ჰოდევას ძენი – სამოცდათოთხმეტი. მგალობელნი: ასაფის ძენი – ასორმოცდარვა. კარის მცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ხატიტას ძენი, შობაის ძენი, – ას ოცდათვრამეტი. ტაძრის მსახურნი: ციხას ძენი, ხასუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი, ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, შალმაის ძენი, ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი, რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, ბესაის ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფიშესიმის ძენი, ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი, ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი, ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი, ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი. სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერიდას, იაყალას, დარკონის, გიდელის, შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამონის ძენი. სოლომონისა და ტაძრის მსახურთა ძენი – სულ სამას ოთხმოცდათორმეტი. და ესენი იყვნენ ამოსულნი თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და ამერიდან, მაგრამ ვეღარაფერი თქვეს თავიანთ მამისსახლზე და მოდგმაზე ისრაელიდან თუ იყვნენ ისინი: დელაიას ძენი, ტობიას ძენი, ნეკოდას ძენი – ექვსას ორმოცდაორი. მღვდელთაგან: ხაბაიას ძენი, ჰაკოცის ძენი, ძენი ბარზილაისა, რომელმაც მოიყვანა ცოლი გილყადელი ბარზილაის ასულთაგან და მათ სახელზე დაეწერა. ამათ ეძებეს თავიანთი საგვარტომო ნუსხის ჩანაწერი და ვერ იპოვეს, და განიკვეთნენ მღვდლობიდან. და განმგებელმა გააფრთხილა ისინი, რომ არ ეჭამათ წმიდადან, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით. მთელი კრებული ერთიანად იყო – ორმოცდაორი ათას სამას სამოცი კაცი, გარდა მონებისა და მხევლებისა, რომლებიც იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი; მათ ჰყავდათ მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები – ორას ორმოცდახუთი. მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი, ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი, ექვსი ათას შვიდას ოცი სახედარი. და მამისსახლთა თავკაცთაგან ზოგიერთმა სამუშაოსთვის წილი გაიღო. განმგებელმა შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი და ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი. მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსათვის ოცი ათასი დრაქმა ოქრო და ორი ათას ორასი მანა ვერცხლი. და რაც დანარჩენმა ხალხმა შესწირა იყო: ოცი ათასი დრაქმა ოქრო და ორი ათასი მანა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო კვართი. და დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, კარის მცველნი, მგალობელნი, ნაწილი ხალხისა, ტაძრის მსახურნი და მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში. და დადგა მეშვიდე თვე და ისრაელის ძენი თავიანთ ქალაქებში იყვნენ. და შეიკრიბა მთელი ერი, როგორც ერთი კაცი, იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც გამოუცხადა უფალმა ისრაელს. და მოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა მამაკაცებისაგან, დედაკაცებისაგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა, ეს იყო მეშვიდე თვის პირველ დღეს. და კითხულობდა მას მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, განთიადიდან შუადღემდე, მამაკაცთა და დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; და ყურთასმენა მთელი ერისა მიპყრობილი იყო რჯულის წიგნზე. და იდგა ეზრა მწიგნობარი ხის კვარცხლბეკზე, რომელიც ამ ამბის გამო გაემართათ. გვერდში ედგნენ მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია და ზაქარია და მეშულამი და მაყასეია – მის მარჯვნივ; ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა კი – მის მარცხნივ. და გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან ის მთელ ხალხზე მაღლა იდგა; და როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი წამოუდგა. და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდი ღმერთი და მიუგო მთელმა ხალხმა: „ამინ! ამინ!“ აღპყრობილი ხელებით; მერე მათ მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს უფალს მიწაზე დამხობილებმა. და იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე. და კითხულობდნენ ისინი წიგნიდან, ღვთის რჯულიდან, გარკვევით, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს. და ნეემიამ, განმგებელმა და ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, განუცხადეს მთელ ერს: „ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღვთისათვის, ნუ გლოვობთ და ნუ ტირით!“ რადგან მთელი ხალხი ტიროდა, რჯულის სიტყვებს რომ ისმენდა. და უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი და იქიდან წილობები იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; და ნუ სწუხხართ, რადგან სიხარული უფლის წინაშე სიმტკიცეა თქვენი.“ და ლევიანები აწყნარებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: „დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხხართ.“ და წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, და წილობების დასაგზავნად და დიდი მხიარულების საყოფად, რადგან შეისმინეს სიტყვები, მათ რომ აუწყეს. და მეორე დღეს ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი მთელი ხალხის მამისსახლთა თავკაცებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა, რათა მათთვის აეხსნა რჯულის სიტყვები. და ნახეს დაწერილი რჯულში, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს ხელით, რომ ისრაელის ძეთ კარვებში ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულისას, და რომ გამოეცხადებინათ და ასეთი ხმა დაერხიათ ყველა თავიანთ ქალაქში და იერუსალიმში: „გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილის რტოები, ღვიის რტოები და პალმის რტოები, და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით.“ და გავიდა ხალხი და მოიტანა და გაიკეთა თავისთვის კარვები – თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე. და გადანასახლებმა მთელმა კრებულმა გააკეთა კარვები და დასახლდა მათში, რადგან იესო ნავეს ძის დღეთაგან იმ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ, და იყო ძალზე დიდი სიხარული. დღითიდღე კითხულობდა იგი ღვთის რჯულის წიგნს – პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი საზეიმო შეკრებულობა ჰქონდათ, წესისამებრ. ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელის ძენი მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი. და გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა უცხოელს და ადგნენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და თავიანთ მამების დანაშაულობანი. და იდგნენ თავიანთ ადგილებზე და კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს მეოთხედი დღე, მეორე მეოთხედი დღე კი აღსარებას ამბობდნენ, და თაყვანსა სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს. და დადგნენ ლევიანთა აღსავალზე იესო, ბანაი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია, ბანი და ქენანი და შეჰღაღადეს უფალს, თავიანთ ღმერთს. და თქვეს ლევიანებმა – იესომ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ, ფეთახიამ: „ადექით, აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე! კურთხეული იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებას აღემატება! შენ ხარ თვით უფალი, მხოლოდ შენ, შენ შეჰქმენ ცანი, ცანი ცათანი, და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი. შენა ხარ ის უფალი ღმერთი, აბრამი რომ ამოირჩიე და გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან, და მას სახელად აბრაამი დაარქვი. და ჰპოვე მისი გული სარწმუნო, წინაშე შენსა და აღთქმა დაუდე, რომ მის მოდგმას მისცემდი ქვეყანას ქანაანელთა, ხეთელთა და ამორეველთა, ფერეზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა. და შენ შეასრულე შენი სიტყვა, რადგან მართალი ხარ. შენ დაინახე ჩვენი მამების გაჭირვება ეგვიპტეში, და შეისმინე მათი ღაღადი მეწამულ ზღვაზე. შენ მიეცი ნიშნები და სასწაულები ფარაონის, მისი ყველა მსახურისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ კადნიერად ექცეოდნენ მათ, და შენ სახელი გაუთქვი ამ დღევანდელივით. შენ გააპე მათ თვალწინ ზღვა, და მათაც ხმელეთზე გაიარეს შუა ზღვაში, მათი მდევრები კი ისე ჩაძირე ღურღუმელში, როგორც ქვა აბობოქრებულ წყლებში. შენ დღისით ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ წინ, და ღამით ცეცხლის სვეტით, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ. შენ ჩამოხვედი სინაის მთაზე და ზეციდან ელაპარაკე მათ, და მიეცი მათ სწორი სამართალი და ჭეშმარიტი რჯული, კეთილი წესები, და მცნებები. შენ გააცანი მათ შენი წმიდა შაბათი. და შენ მიეცი მათ მცნებები, წესდებები, და რჯული, შენი მსახურის, მოსეს, ხელით. შენ უწყალობე პური ზეციდან მათი შიმშილის დასაცხრობად, შენ გადმოუდინე მათ წყალი კლდიდან მათი წყურვილის მოსაკლავად. და უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომელზეც შენ აღმართე ხელი მათთვის მისაცემად. ისინი და ჩვენი მამებიც კადნიერად მოიქცნენ, გაიფიცხეს ქედი და ყური არ ათხოვეს შენს მცნებებს. და არც გაგონება ინებეს და არც შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ შორის რომ მოახდინე. გაიფიცხეს ქედი, დაიყენეს ბელადი, რათა მონობას დაბრუნებოდნენ ამბოხებით. მაგრამ შენა ხარ ღმერთი შემნდობი, მოწყალე და შემბრალე. ნელი რისხვაში და უხვი სიყვარულში, ამიტომ შენ არ მიგიტოვებია ისინი. თუმცა მათ ჩამოსხმული ხბო გაიკეთეს და თქვეს: ‘ესაა შენი ღმერთი, რომელმაც ამოგიყვანა ეგვიპტიდან!’ – მათ დიდი საგმობი საქმეები ჩაიდინეს. მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში: დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდათ გზაზე საწინამძღვროდ და ღამით ცეცხლის სვეტი, მათთვის იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ. და შენი კეთილი სული მიანიჭე მათ შესაგონებლად, და შენი მანანა არ მოგიშორებია მათი პირისათვის, და წყალს აძლევდი წყურვილის მოსაკლავად. და ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში, – არ აკლდათ არაფერი; სამოსელი არ გასცვეთიათ და ფეხები არ დასიებიათ. და მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, და დაუნაწილე მათ ყველა კუთხე და ისინიც დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ბაშანის მეფის, ყოგის, ქვეყანას. შენ გაამრავლე ცის ვარსკვლავებივით მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ნათქვამი გქონდა მათი მამებისათვის, რომ მიიყვანდი მის დასაპატრონებლად. და მოვიდნენ ძენი, და დაეპატრონენ ქვეყანას. და შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი, ქანაანელები, და ხელში ჩაუგდე მეფეებიანად და იმ ქვეყნის ხალხებიანად, რათა მათ თავიანთ ნებაზე მოქცეოდნენ. და დაიპყრეს მათ ციხე-ქალაქები, პოხიერი მიწა, დაეპატრონენ ყველანაირი სიკეთით სავსე სახლებს, კლდეში ამოკვეთილ ჭებს, ვენახებს, ზეთისხილიანებს და ხეხილიანებს მრავლად; და ჭამეს და გაძღნენ, და გასუქდნენ, და მიეცნენ განცხრომას შენი დიდი სიკეთის წყალობით. და მაინც ურჩობდნენ და ამბოხიც კი მოგიწყვეს, შენი რჯული ზურგს უკან მოისროლეს, და დახოცეს ის შენი წინასწარმეტყველები, რომელნიც აფრთხილებდნენ მათ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ. საგმობი საქმეები ჩაიდინეს. ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელში, რომლებიც ავიწროვებდნენ მათ. თავიანთი შეჭირვების ჟამს ისინი შენ შემოგღაღადებდნენ და შენც ზეციდან უსმენდი და შენი დიდი სიბრალულისამებრ მხსნელებს უგზავნიდი, და ისინიც იხსნიდნენ მათ მათი მტრების ხელიდან. როგორც კი სულს მოითქვამდნენ ისევ ბოროტის კეთებას იწყებდნენ შენს წინაშე. და შენ კვლავ მტრის ხელში აგდებდი და ისინიც ბატონობდნენ მათზე; და კვლავ შემოგღაღადებდნენ, და შენც ზეციდან ისმენდი და იხსნიდი მათ შენი სიბრალულისამებრ მრავალგზის. და აფრთხილებდი მათ, რათა შენი რჯულისაკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი კადნიერად იქცეოდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინააღმდეგ, რომელთა აღსრულებითაც უნდა იცოცხლოს კაცმა; აიჩეჩეს ჯიუტი მხრები და გაიფიცხეს ქედი და არაფერს ისმენდნენ. შენ სულგრძელი იყავ მათ მიმართ მრავალი წელი და აფრთხილებდი შენი სულით, შენი წინასწარმეტყველების მეშვეობით მაგრამ მათ ყურად არ იღეს და ამიტომ ჩაყარე ისინი ქვეყნის ხალხების ხელში. და მაინც შენი დიდი სიბრალულის გამო არ მოსპე და არ მიატოვე ისინი, რადგან მოწყალე და შემბრალებელი ღმერთი ხარ. ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და საშინელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, თვალში ნუ გეცოტავება ის გაჭირვება, რაც ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამებს და ჩვენს ხალხს შეემთხვა აშურის მეფეთა დღეთაგან ამ დღემდე. შენ მართალი ხარ ყოველივეში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, რადგან შენ სწორად იქცეოდი, ჩვენ კი ურჯულოებას ვიქმოდით. და ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავარნი, ჩვენი მღვდლები და ჩვენი მამები არ ასრულებდნენ შენს რჯულს და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და შენს შეგონებებს, რომლებითაც შეაგონებდი მათ. ისინი თავიანთ სამეფოშიც კი, მიუხედავად იმ დიდი სიკეთისა, შენ რომ უწყალობე მათ, მიუხედავად იმ ვრცელი და პოხიერი მიწისა, შენ რომ წინ გადაუშალე, არ გემსახურებოდნენ და უკეთური საქმეებისაგან უკან არ იხევდნენ. და აჰა, დღეს ჩვენ მონები ვართ იმ ქვეყანაში, ჩვენს მამებს რომ უბოძე, მისი ნაყოფისა და მისი სიკეთის საჭმელად. მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისათვისაა, რომლებიც ჩვენ დაგვიდგინე ჩვენი ცოდვების გამო; ისინი ეპატრონებიან ჩვენს სხეულებსაც და ჩვენს პირუტყვსაც, თავიანთ ნებაზე. დიდ გაჭირვებაში ვართ. და ყოველივე ამის გამო ჩვენ ვდებთ მტკიცე აღთქმას წერილობით. ჩვენმა მთავარებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა ბეჭედი დაუსვეს.“ აჰა ისინი, ვინც ბეჭდები დაუსვეს: ნეემია ხაქალიას ძე – განმგებელი, ციდკია, სერაია, ყაზარია, იერემია, ფაშხური, ამარია, მალქია, ხატუში, შებანია, მალუქი, ხარიმი, მერემოთი, ყობადია, დანიელი, გინეთონი, ბარუქი, მეშულამი, აბია, მიამინი, მაყაზია, ბილგაი, შემაყია – ესენი მღვდლები იყვნენ. და ლევიანები: იესო აზანიას ძე, ბინუი ხენადადის ძე, კადმიელი. და მათი ძმები: შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი, მიქა, რეხობი, ხაშაბია, ზაქური, შერებია, შებანია, ჰოდია, ბანი, ბენინუ. ხალხის თავკაცები: ფაყროში, ფახათ-მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი, ბუნი, ყაზგადი, ბებაი, ადონია, ბიგვაი, ყადინი, ატერი, ხიზკია, ყაზური, ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი, ხარიფი, ყანათოთი, ნებაი, მაგფიყაში, მეშულამი, ხეზირი, მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი, ფელეტია, ხანანი, ყანაია, ოსია, ხანანია, ხაშუბი, ჰალოხეში, ფილხა, შობეკი, რეხუმი, ხაშაბნა, მაყასეია, ახია, ხანანი, ყანანი, მალუქი, ხარიმი და ბაყანა. და დანარჩენი ხალხი, მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, ტაძრის მსახურები და ყველა სხვა ქვეყნების ხალხებს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისაკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, მათი ძეები, მათი ასულები ყველა მცოდნე და გამგები შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ დიდებულებს, და წყევლითა და ფიცით შეიკრნენ, რათა ევლოთ ღვთის რჯულით, რომელიც მოსეს, ღვთის მსახურის, ხელით იყო მოცემული, და დაეცვათ და შეესრულებინათ უფლის, ჩვენი ღმერთის, ყველა მცნება, მისი სამართალი და მის წესები, და რათა არ მიგვეცა ჩვენი ასულები სხვა ქვეყნის ხალხებისთვის და არც მათი ასულები შეგვერთო ჩვენი ძეებისთვის. და რათა ქვეყნის სხვა ხალხთაგან, რომელთაც შაბათობით მიაქვთ გასაყიდად საქონელი და ყველანაირი ხორბლეული, არაფერი შეგვეძინა შაბათსა და წმიდა დღეს; და ყოველ მეშვიდე წელს თანანადები მიგვეტევებინა. და წესად დავიდეთ, რომ წელიწადში გაგვეღო შეკელის მესამედი ჩვენი ღვთის სახლის სამსახურისათვის: საწინაშეო პურისათვის, ყოველდღიურ პურთათვის და მუდმივი ძღვენისათვის, მუდმივი სრულადდასაწველისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისათვის, დღესასწაულებისათვის და წმიდა ნივთებისათვის, ისრაელის ცოდვის გამომსყიდველი მსხვერპლებისა და ჩვენი ღვთის სახლის ყოველნაირი საქმისათვის. და წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირავი შეშის მოზიდვაზე, რათა ღვთის სახლში ეზიდათ მამისსახლთა მიხედვით დაწესებულ დროს, წლითიწლობით, უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოზე დასაწვავად, როგორც რჯულში სწერია. და ჩვენ ვიკისრეთ ჩვენი მიწის პირველნაყოფისა და ყოველი ხეხილის პირველნაყოფის წლითიწლობით უფლის სახლში მიტანა, ასევე ჩვენი ძეებიდან პირმშოების, ჩვენი პირუტყვიდან პირველმოგებულებისა, როგორც რჯულში სწერია და ჩვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის პირველმოგებულების მიტანა მღვდლებთან, ღვთის სახლში რომ მსახურობენ. ასევე ჩვენი პირველი ცომისა, ჩვენი შესაწირავისა, ყველა ხეხილის ნაყოფისა, მაჭრისა და ზეთისა მღვდლებთან, ღვთის სახლის ოთახებში მიტანა. ასევე ჩვენი მიწიდან მეათედისა ლევიანთათვის; სწორედ ეს ლევიანები არიან, მეათედს რომ იღებენ ჩვენი სამსახურის ქალაქებიდან. აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ლევიანები მეათედს მიიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღვთის სახლის საგანძურის ოთახებში მიიტანენ, რადგან ისრაელის ძეთ და ლევიანებმა ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ხორბლის შესაწირავი, მაჭარი და ზეთი. იქ არის საწმიდარის ჭურჭელი, და იქ არიან მღვდლები და ტაძრის მსახურები, კარისმცველები და მგალობლები. და არ მივატოვებთ ჩვენი ღვთის სახლს. და დასახლდნენ ერისმთავარნი იერუსალიმში, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ყარა, რათა ათეულიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრა დანარჩენი – სხვა ქალაქებში. და აკურთხა ხალხმა ყველა ისინი, ვინც საკუთარი სურვილით დასახლდნენ იერუსალიმში. და ესენი არიან ოლქის მთავრები, რომლებიც იეუსალიმში დასახლდნენ, ხოლო იუდას ქალაქებში – თითოეული თავის სამკვიდრებელში და თავის ქალაქში: ისრაელის ძენი, მღვდლები და ლევიანები, ტაძრის მსახურნი და სოლომონის ტაძრის მსახურთა შთამომავალნი. იერუსალიმში იუდას ძეთაგან და ბენიამინის ძეთაგან დასახლდნენ. იუდას ძეთაგან: ყათაია ყეზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალელის ძე – ფერეცის ძეთაგან. და მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, შილონის ძე. ფერეცის ძენი, იერუსალიმში რომ სახლობდნენ, ოთხას სამოცდარვანი იყვნენ, მამაცი ვაჟკაცები. აჰა ბენიამინის ძენი: სალუ მეშულამის ძე, იოყედის ძე, ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე, მის შემდეგ გაბაი და სალაი – ცხრაას ოცდარვა. და იოელ ზიქრის ძე მათი უფროსი იყო; იუდა სენუას ძე კი ქალაქში მეორე კაცი იყო. მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი, სერაია ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის უფროსი. და მათი ძმები, რომელნიც სახლის საქმეს ასრულებდნენ – რვაას ოცდაორნი. და ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე, და მისი ძმები, მამისსახლთა თავკაცები – ორას ორმოცდაორნი. და ყამაშაი ძე ყაზარელისა, ახზაის ძე, მეშულემოთის ძე, იმერის ძე. და მათი ძმები, მამაცი მეომრები – ას ოცდარვა. და მათ თავკაცობდა ზაბდიელ, ჰაგედოლიმის ძე. და ლევიანთაგან – შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბუნის ძე. და შაბთაი და იოზაბადი, ლევიანთა თავკაცთაგან, ღვთის სახლის გარე სამუშაოების გამრიგე. და მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე – ლოცვისას კურთხევის მთავარი დამწყები, და ბაკბუკია, მის ძმათაგან მეორე, და ყაბდა შამუაყის ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე. წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო. და კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ – ას სამოცდათორმეტნი. და დანარჩენი ისრაელის ძენი, მღვდლები, ლევიანები იუდას ყველა ქალაქში სახლობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში. და ტაძრის მსახურნი ყოფელში სახლობდნენ, და მათ თავკაცობდნენ ციხა და გიშფა. და ლევიანთა უფროსი იერუსალიმში იყო ყუზი, ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი – იმ ასაფიანთაგან, მგალობლებად რომ იყვნენ ღვთის სახლში სამსახურისას, რადგან მათზე გაცემული იყო მეფის განკარგულება და დაწესებული იყო ყოველდღიური სარჩო მგალობელთათვის. და ფეთახია ძე მეშეზაბელისა, ზერახის ძეთაგან, იუდას ძისა, მეფის მარჯვენა ხელი იყო ყველა სახალხო საქმეში. და იუდას ძეთაგან სოფლად თავიანთ ველებზე დასახლდნენ: კირიათ-არბაყში და მის სოფლებში, დიბონში და მის სოფლებში, იეკაბცეელში და მის სოფლებში; იესოში, მოლადაში, ბეთ-ფალეტში; ხაცარ-შუყალში, ბეერ-შებაყში და მის სოფლებში; ციკლაგში, მექონაში და მის სოფლებში; ყენ-რიმონში, ცორყაში, იარმუთში, ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში; ლაქიშში და მის ველებზე; ყაზეკაში და მის სოფლებში. და დაიბანაკეს ბეერ-შებაყიდან ჰინომის ხევამდე. ბენიამინის ძენი დასახლდნენ გებაყიდან მოკიდებული მიქმასსა და ყაიაში, და ბეთელსა და მის სოფლებში; ყანათოთში, ნობში, ყანანიაში, ხაცორში, რამაში, გითაიმში, ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში, ლოდში და ონოში და ხელოსანთა ხეობაში. და იუდას ლევიანთაგან ზოგიერთი ბენიამინს მიეკედლა. ესენი იყვნენ მღვდლები და ლევიანები, რომელნიც ამოვიდნენ იერუსალიმს ზერუბაბელ შეალთიელის ძესთან და იესოსთან ერთად: შერაია, იერემია, ეზრა, ამარია, მალუქი, ხატუში, შექანია, რეხუმი, მერემოთი, ყიდო, გინთოი, აბია, მიამინი, მაყადია, ბილგა, შემაყია, იოიარიბი, იედაყია, სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია – ესენი იყვნენ მღვდლების თავკაცები – მათი ძმებისა და იესოს დღეებში. და ლევიანები: იესო, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა. მათანი თავის ძმებთან ერთად ხელმძღვანელობდა სამადლობელო საგალობლებს. და ბაკბუკია და ყუნი თავიანთი ძმებითურთ მოპირდაპირე მხარეს გუშაგობდნენ. და იესომ შვა იოიაკიმი, და იოიაკიმმა შვა ელიაშიბი, და ელიაშიბმა შვა იოიადაყი, და იოიადაყმა შვა იონათანი და იონათანმა – იადუაყი. და იოაკიმის დღეებში მამისსახლთა თავკაცები იყვნენ მღვდლები: სერაიასთან – მერაია, იერემიასთან – ხანანია, ეზრასთან – მეშულამი, ამარიასთან – იეჰოხანანი, მელიქუსთან – იონათანი, შებანიასთან – იოსები, ხარიმთან – ყადნა, მერაიოთთან – ხელკაი, ყიდოსთან – ზაქარია, გინეთონთან – მეშულამი, აბიასთან – ზიქრი, მინიამინის ძე; მოყადიასთან – ფილტაი, ბილგასთან – შამუაყი, შემაყიასთან – იეჰონათანი, და იოარიბთან – მათენაი, იედაყიასთან – ყუზი, სალაისთან – კალაი, ყამოკთან – ყებერი, ხილკიასთან – ხაშაბია, იედაყიასთან – ნეთანელი. ლევიანები: ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანის და იადუაყის დღეებში იქნენ მამისსახლის თავკაცები ჩაწერილნი, ხოლო მღვდლები დარიოს სპარსელის მეფობისას. ლევის ძენი, მამისსახლის თავკაცები ჩაწერილნი იქნენ მატიანეთა წიგნში იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე. და ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია და იესო კადმიელის ძე და მათი ძმები, მათივე მოპირდაპირე მხარეს იყვნენ, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის, ბრძანებისაებრ. მათანია, ბაკბუკია, ყობადია, მეშულამი, ტალმონი, ყაკუბი – კარისმცველნი იყვნენ, და ყარაულობდნენ კარიბჭეთა საკუჭნაოებს. ესენი იყვნენ იოიაკიმის იესოს ძის, იოცადაკის ძის დღეებში, და ნეემია განმგებლისა და ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დღეებში. და იერუსალიმის კედლის სატფურებისას დაძებნეს ლევიანები მათ ადგილებში იერუსალიმში მოსაყვანად, რათა ეზეიმათ სატფურება სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით. და შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათის სოფლებიდან. და ბეთ-გილგალიდან, გებაყისა და ყაზმავეთის ველ-მინდვრებიდან, რადგან მგალობლებს სოფლები ჰქონდათ გაშენებული იერუსალიმის სანახებში. და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, და განწმიდეს ხალხი და კარიბჭენი და კედელი. და ავიყვანე იუდას მთავარნი კედელზე, და დავაყენე ორი დიდი მადლისმწირველი გუნდი. ერთი მარჯვენა მხარეს, კედლის თავზე, გაუყვა გზას, სანაგვის კარიბჭისაკენ. და მათ უკან მისდევდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი, და ყაზარია, ეზრა და მეშულამი, იუდა, ბენიამინი, შემაყია და იერემია, და მღვდლების ძეთაგან საყვირებით: ზაქარია იონათანის ძე, შემაყიას ძე, მათანიას ძე, მიქაიას ძე, ზაქურის ძე, ასაფის ძე. და მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნეთანელი, იუდა და ხანანი, ღვთისკაცის, დავითის, სამუსიკო საკრავებით; წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღვოდა. წყაროსთვალის კარიბჭესთან, მათ მოპირდაპირე მხარეს ავიდნენ დავითის ქალაქის კიბეებზე, კედლის ასასვლელთან, დავითის სახლის ზემოდან წყლის კარიბჭემდე, აღმოსავლეთით. მეორე მადლისმწირველი გუნდი მარცხენა მხარეს მიიკვლევდა გზას და მეც და ნახევარი ხალხი მას მივდევდით კედელზე – ღუმელთა გოდოლიდან სქელ კედლამდე. ეფრემის კარიბჭეზე, და ძველ კარიბჭეზე და თევზის კარიბჭეზე, და ხანანელის გოდოლზე, და ასეულის გოდოლზე გავლით ცხვრის კარიბჭემდე; და შედგნენ დილეგის კარიბჭესთან. და დადგა ორივე მადლისმწირველი გუნდი ღვთის სახლში და მეც იქ დავდექი მოხელეთა ნახევრის თანხლებით. და იქ იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია, ხანანია თავიანთი საყვირებით; და აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელეაზარი, ყუზი, იოხანანი, მალქია, ყელამი და ყეზერი; და მგალობლებმა დააგუგუნეს გალობა იეზრახიას ლოტბარობით. და შესწირეს იმ დღეს დიდძალი მსხვერპლი; ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი; ხარობდნენ ქალები და ბავშვებიც. იერუსალიმის სიხარულის ხმა შორს გაისმოდა. იმავ დღეს კაცები მიუჩინეს ოთახებს, განკუთვნილთ საკუჭნაოთათვის, პირველნაყოფთათვის, მეათედისათვის, რათა იქ დაეხვავებინათ ქალაქების ყანებიდან მოტანილი წილი, რომელიც რჯულით იყო დაწესებული მღვდლებისა და ლევიანებისათვის. რადგან ხარობდა იუდა, უყურებდა რა სამსახურად მდგომ მღვდლებსა და ლევიანებს, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთი ღვთის სამსახურს და განწმედის სამსახურს. ასევე იქცეოდნენ მგალობლები და კარისმცველები დავითისა და მისი ძის, სოლომონის, მიერ დადგენილი წესის თანახმად. რადგან ძველთაგან, დავითისა და ასაფის დღეებში იყვნენ განწესებულნი მგალობელთა ლოტბარნი და მაშინვე დაწესდა ღვთის საგალობლები. და მთელი ისრაელი ზერუბაბელის დღეებში და ნეემიას დღეებში აძლევდა წილს დღითი დღე მგალობლებს და კარისმცველებს, ისინი წილს აძლევდნენ ლევიანებს, ლევიანები კი წილს აარონიანებს აძლევდნენ. იმ დღეს წაკითხულ იქნა მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და ნახეს მასში დაწერილი, რომ ყამონელი და მოაბელი უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში, რადგან არ შეეგებნენ ისინი ისრაელის ძეთ პურითა და წყლით, არამედ მოისყიდეს ბილყამი მათ წინააღმდეგ, რათა დაეწყევლა ისინი, მაგრამ ჩვენმა ღმერთმა ის წყევლა კურთხევად აქცია. და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოყვეს ყოველი შერეული ხალხი ისრაელიდან. და ამის წინ ელიაშიბ მღვდელმა, ტობიას ახლობელმა, ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე მიჩენილმა, ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც უწინ ინახავდნენ ხოლმე საძღვნოს, საკმეველს, ჭურჭლეულს, ხორბლის, მაჭრის და ზეთის მეათედს, რაც დაწესებული იყო ლევიანთათვის, მგალობელთათვის, კარისმცველთათვის, და მღვდლების შესაწირავისათვის. ყოველივე ამის დროს მე იერუსალიმში არ ვიყავი, რადგან ბაბილონის მეფის ართახშასთას ოცდამეთორმეტე წელს ვეახელი მეფეს. რამოდენიმე ხნის შემდეგ დავეთხოვე მეფეს. დავბრუნდი იერუსალიმს და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით. ძალიან მეწყინა ეს და ოთახიდან გამოვყარე ტობიას სახლის ყველა ნივთი. და ვუბრძანე, გამოესუფთავებინათ ის ოთახები. და დავაბრუნე იქ ღვთის სახლის ჭურჭელი, პურეულის საძღვნო და საკმეველი. და შევიტყვე, რომ ლევიანებს თავიანთი წილი არ ეძლეოდათ და ლევიანები და მგალობელნი, რომლებიც საქმეს უძღვებოდნენ, გადახვეწილები იყვნენ თავ-თავიანთ მინდვრებში. და ვეჩხუბე მოხელეებს და ვუთხარი: „რატომ არის მიტოვებული ღვთის სახლი?“ და შევკრიბე ისინი, და დავაყენე თავ-თვიანთ ადგილებზე. და მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეთის ნაათალის მოტანა საკუჭნაოებში. საკუჭნაოების მეუნჯეებად დავნიშნე შელემია მღვდელი, ცადოკ მწიგნობარი და ფედაია ლევიანი, და მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურისა, მათანიას ძისა, რადგან ისინი სანდოებად იყვნენ მიჩნეული, და მათი მოვალეობა იყო ძმებისათვის განაწილება. ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წაშლი ქველ საქმეებს, ღვთის სახლისათვის და მისი სამსახურისათვის რომ გამიკეთებია. და იმ დღეებში დავინახე, რომ იუდაში შაბათობით წურავდნენ ყურძენს საწნახელში; ძნებს ეზიდებოდნენ; სახედრებს ჰკიდებდნენ, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყველანაირ საპალნეს, და ყველაფერი ეს მოჰქონდათ იერუსალიმში შაბათ დღეს. და გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა ხორაგეულს ჰყიდდნენ. და ცორელები სახლობდნენ იერუსალიმში და მოჰქონდათ თევზი და ყოველნაირი გასაყიდი და შაბათობით ასყიდებდნენ იუდაელებს, თვით იერუსალიმშიც კი. და ვეჩხუბე იუდას დიდებულებს და ვუთხარი მათ: „რა არის ეს ბოროტი საქმე, თქვენ რომ სჩადიხართ და ბღალავთ შაბათ დღეს? განა ასე არ იქცეოდნენ თქვენი მამები, და განა ჩვენმა ღმერთმა არ მოავლინა ყველა ეს უბედურება ჩვენზე და ამ ქალაქებზე? თქვენ კი შაბათის შებღალვით უმატებთ მის რისხვას ისრაელზე!“ როდესაც იერუსალიმის კარიბჭესთან ჩამობნელდა, შაბათის დადგომამდე, ვუბრძანე კარებები ჩაეკეტათ და განკარგულება გავეცი, არ გაეღოთ ისინი, ვიდრე შაბათის მომდევნო დილა არ დადგებოდა. და ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებთან, რომ ტვირთი არ შემოსულიყო შაბათ დღეს. სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე. და გავაფრთხილე ისინი და ვუთხარი მათ: „რად ათევთ ღამეს ქალაქის კედლის წინ? თუ კიდევ ასე მოქცეულხართ, ხელს აღვმართავ თქვენზე.“ და მას აქეთ აღარ მოსულან შაბათობით. და ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ, მოსულიყვნენ და დაეცვათ კარიბჭეები, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე შენი დიდი წყალობისამებრ. იმავე დღეებში ვნახე იუდაელები, რომელთაც აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები ჰყავდათ მოყვანილი. და ამიტომაც მათი ძენი ნახევრად აშდოდურად ლაპარაკობდნენ ან სხვადასხვა ხალხთა ენებზე, და იუდეური ლაპარაკი არ შეეძლოთ. ვეჩხუბე მათ, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ კაცს და ვაგლიჯე თმა, ღმერთი დავაფიცე და ვუთხარი: „არ გაატანოთ თქვენი ასულები მათ ვაჟებს და ნურც თქვენს ვაჟებს მოუყვანთ მათ ასულებს და ნურც თქვენ მოიყვანთ! ამ ამბებზე არ იყო, რომ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? მრავალ ხალხს შორის არ ყოფილა ისეთი მეფე, და უყვარდა იგი თავის ღმერთს და დაადგინა იგი ღმერთმა მეფედ მთელ ისრაელზე, მაგრამ ისიც აცთუნეს უცხოელმა ქალებმა! თქვენზეც უნდა გავიგოთ, რომ სჩადიხართ ყველა ამ დიდ ბოროტებას და ღალატობთ ღმერთს უცხოელი ქალების მოყვანით?“ იოიადაყის, ელიაშაბ მღვდელმთავრის ძის ვაჟთაგან ერთ-ერთი იყო ხორონელი სანბალატის სიძე; თავიდან მოვიშორე იგი. გაუხსენე მათ, ღმერთო ჩემო, რადგან მათ შებღალეს სამღვდელოება, სამღვდელოებისა და ლევიანთა აღთქმა. და განვწმიდე ისინი ყოველივე უცხოურისაგან და დავუწესე მოვალეობანი მღვდლებს და ლევიანებს, თითოეულს თავისი საქმე. ვიზრუნე შეშისა და პირველნაყოფების დაწესებულ დროზე მოტანისათვის. გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ! ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა, რომელიც ას ოცდაშვიდ მხარეზე მეფობდა ინდოეთიდან ეთიოპიამდე. იმ დღეებში, როდესაც მეფე ახაშვეროში იჯდა თავის სამეფო ტახტზე, რომელიც შუშანში – სატახტო ქალაქში – იყო, თავისი მეფობის მესამე წელს მან ნადიმი გაუმართა ყველა თავის მთავარსა და მსახურს. სპარსეთისა და მიდიის ლაშქრის სარდლები, დიდებულები და მხარეთა მთავრებიც მის წინაშე ისხდნენ. იგი უჩვენებდა თავისი სამეფოს დიდებულ სიმდიდრეს და თავისი სიდიადის ბრწყინვალებას და მშვენიერებას მრავალ დღეს, ას ოთხმოც დღეს. ეს დღეები რომ ჩათავდა მეფემ ყველა იმ ხალხს, ვინც შუშანში, სატახტო ქალაქში, იმყოფებოდა, დიდიდან პატარამდე, შვიდდღიანი ნადიმი გაუმართა მეფის სასახლის ეზო-ბაღში. თეთრი ბამბეულის ქსოვილები და ცისფერი ფარდები ბისონისა და ძოწის ზონრებით ეკიდა ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე; ოქროსა და ვერცხლის საწოლები იდგა მეწამული ქვის, მარმარილოს და ძვირფასი ქვების ქვაფენილზე. და სასმელს აწვდიდნენ ოქროს ჭურჭლით და ნაირ-ნაირი სასმისებით; სამეფო ღვინო უხვად იყო, მეფის ხელგაშლილობისამებრ. და სვამდნენ წესისამებრ, დაუძალებლად, რადგან ასე ჰქონდა დადგენილი მეფეს თავისი სახლთუხუცესებისათვის, რათა თითოეულის სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ. და ვაშთი დედოფალმაც გამართა ბანოვანთათვის ნადიმი მეფე ახაშვეროშის სასახლეში. და მეშვიდე დღეს, როცა ღვინით მოილხინა მეფის გულმა, მან უბრძანა მეჰუმანს, ბიზთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს – შვიდ საჭურისს, რომელნიც მეფე ახაშვეროშის წინაშე მსახურობდნენ, მოეყვანათ მეფის წინაშე ვაშთი დედოფალი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და მთავრებისათვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი სანახავი იყო იგი. მაგრამ არ ინება ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, რომელიც საჭურისთა პირით ეცნობა მას. ძალიან გაჯავრდა მეფე და რისხვით აენთო. და ჰკითხა მეფემ დრო-ჟამთა მცოდნე ბრძენკაცებს, რადგან მეფეს ჩვეულებად ჰქონდა, რჩევა ეკითხა რჯულისა და სამართლის ყოველი მცოდნისათვის. და მასთან დაახლოებულნი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი – სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის პირის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი: „რჯულის მიხედვით, რა უნდა ვუყოთ ვაშთი დედოფალს, რომ არ შეასრულა მეფე ახაშვეროშის ბრძანება, საჭურისთა პირით ნამცნობი?“ და თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: „არა მარტო მეფის წინაშე დააშავა ვაშთი დედოფალმა, არამედ ყველა მთავრისა და ხალხის წინაშე, ვინც კი მეფე ახაშვეროშის ყველა მხარეში ცხოვრობს. რადგან მიუვათ დედოფლის ამბავი დედაკაცებს და ისინიც აითვალწუნებენ თავიანთ ქმრებს და იტყვიან: ‘მეფე ახაშვეროშმა ბრძანა მის წინაშე მოეყვანათ ვაშთი დედოფალი, მაგრამ არ ეახლა იგი’. და დღესვე სპარსეთისა და მიდიის ბანოვანები, რომელნიც შეიტყობენ დედოფლის ამბავს, ასევე შეეპასუხებიან მეფის ყველა მთავარს, ბევრი დამცირება და წყენა შეგვხვდება. თუ მეფე ინებებს, გასცეს მან სამეფო ბრძანება და ჩაიწეროს იგი სპარსეთისა და მიდიის რჯულში და არ შეიცვალოს, რომ ვაშთი აღარ შევიდეს მეფე ახაშვეროშის წინაშე; ხოლო მისი დედოფლობა მეფემ სხვას გადასცეს, მასზე უკეთესს. როცა გაიგებენ მეფის ამ დადგენილებას, რომელიც გამოვა მთელ მის სამეფოში, თუმცა კი უვრცელესია იგი, ყველა ცოლი, ბანოვანიდან მოყოლებული მდაბიომდე, პატივისცემით მოეპყრობა თავის ქმარს!“ და მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, და მოიქცა მეფე მემუქანის სიტყვისამებრ, და დაუგზავნა წერილები მეფის სამთავროებს – თითეულ სამთავროს თავისი დამწერლობით, თითეულ ხალხს თავის ენაზე, რათა ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში, და რომ ეს ყველას გამოსცხადებოდა მის ბუნებით ენაზე. ამ ამბების შემდეგ, როდესაც დაცხრა მეფე ახაშვეროშის რისხვა, გაიხსენა მან ვაშთი და ის, რაც მან ჩაიდინა და, რაც მასზე გადაწყდა. და თქვეს მეფის მხლებლებმა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას: „მოუძებნონ მეფეს ლამაზი და ნორჩი ქალწულები. და დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რომ თავი მოუყარონ ყველა ლამაზსა და ნორჩ ქალწულს შუშანში, სატახტოში, სადიაცო სახლში და ჩააბარონ ჰეგაის, მეფის საჭურისს, ქალთა მცველს, და მიეცეთ მათ თავიანთი ფერუმარილი. და იმ ყმაწვილქალმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად!“ და მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა. იყო ერთი იუდაელი კაცი შუშანში, სატახტო ქალაქში, სახელად მორდექაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი, რომელიც გადასახლებულ იქნა იერუსალიმიდან იმ ტყვეებთან ერთად, რომელნიც გადასახლებული იყვნენ იუდას მეფე იექონიასთან ერთად, რომელიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადაასახლა. და იგი იყო გამდელი ჰადასასი ანუ ესთერისა, თავისი ბიძაშვილისა, რადგან არ ჰყავდა მას არც მამა და არც დედა. ეს ყმაწვილქალი, ტანადი და პირმშვენიერი იყო და როცა დედ-მამა დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა. როცა მეფის ბრძანება და განკარგულება გამოცხადდა და თავი მოუყარეს მრავალ ყმაწვილქალს შუშანში, სატახტო ქალაქში, და ჩააბარეს ჰეგაის. მაშინ ესთერიც წაიყვანეს მეფის სახლში და ჩააბარეს ქალთა მცველს. ყმაწვილქალი მოეწონა მას და მადლი ჰპოვა მის წინაშე. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის კუთვნილი ფერუმარილი და მისი წილი საზრდო, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და გადაიყვანა ის და მისი მხევლები სადიაცო სახლის საუკეთესო სამყოფელში. ესთერს არ გაუმხელია თავისი ერი და თავისი სამშობლო, რადგან იგი მორდექაის ჰყავდა დარიგებული, რომ არ ეთქვა. და ყოველდღე დადიოდა მორდექაი სადიაცო სახლის ეზოს წინ, რათა გაეგო, როგორ იყო ესთერი და რა ხდებოდა მის თავს. როცა მოუწევდა ყოველ ყმაწვილქალს რიგი მეფე ახაშვეროშთან შესასვლელად, თორმეტი თვის ბოლოს, როგორც დაწესებული იყო ქალებისათვის, რადგან ასე სრულდებოდა მათი დაზელვის დღეები: ექვსი თვე სურნელის ზეთით და ექვსი თვე ნელსაცხებლებით და სხვადასხვა სადიაცო ფერუმარილით, მიდიოდა ყმაწვილქალი მეფესთან და ყველაფერს, რისი წაღებაც არ უნდა ეთხოვა მას, ატანდნენ ხოლმე სადიაცო სახლიდან მეფის სახლში. საღამოს შედიოდა ის და დილით ბრუნდებოდა მეორე სადიაცო სახლში შაყაშგაზის, მეფის საჭურისის, ხარჭათა მცველის, ხელქვეით; ვერ შევიდოდა ის მეფესთან მეტჯერ, თუ მეფე არ ისურვებდა მას და არ დაუძახებდა სახელდებით. და როდესაც ესთერს, მორდექაის ბიძის აბიხაილის ასულს, რომელიც მორდექაის ჰყავდა ნაშვილები, მეფესთან შესვლის რიგმა მოუწია, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც მეფის საჭურისმა, ქალთა მცველმა ჰეგაიმ ურჩია. და ესთერმა წყალობა ჰპოვა ყველა მისი მნახველის თვალში. და მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს. და ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და მან წყალობა და მადლი ჰპოვა მის წინაშე ყველა ქალწულზე მეტად. და დაადგა მან თავზე სამეფო გვირგვინი და გაადედოფლა იგი ვაშთის ნაცვლად. და გამართა მეფემ დიდი ნადიმი, ესთერის ნადიმი, ყველა თავისი მთავრისთვის და მსახურისთვის, და შეუმსუბუქა გადასახადები სამთავროებს, და გასცა საჩუქარები მეფური სიუხვით. და როდესაც მეორედ მოუყარეს თავი ქალწულებს, მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი. ესთერი ჯერ კიდევ არ ამხელდა თავის სამშობლოს და ერს, როგორც მორდექაის ჰყავდა დარიგებული; და მორდექაის სიტყვას ესთერი ისევე ასრულებდა, როგორც მაშინ, როდესაც მის მეურვეობაში იყო. და იმ დღეებში, როდესაც მორდექაი მეფის კარიბჭესთან იჯდა, ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები, გაჯავრდნენ და განიზრახეს მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა. შეიტყო ეს ამბავი მორდექაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ესთერმა კი მეფეს მოახსენა მორდაქაის სახელით. და გამოძიებულ იქნა ეს საქმე და დადასტურდა, და ორივენი ხეზე ჩამოჰკიდეს. და ჩაიწერა ეს მატიანის წიგნში მეფის წინაშე. ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა განადიდა ჰამანი, ჰამედათა აგაგელის ძე, აღაზევა იგი და დაუდგა სავარძელი ყველა იმ მთავარზე მაღლა, ვინც კი ჰყავდა. და მეფის ყველა მსახური, ვინც კი მეფის კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასე ჰქონდა მეფეს მასზე ნაბრძანები. მორდექაი კი არც უჩოქებდა და არც თაყვანს სცემდა. და ეუბნებოდნენ მორდექაის მეფის მსახურნი, რომელნიც მეფის კარიბჭესთან იყვნენ: „მეფის ბრძანებას რატომ არ ემორჩილები?“ დღითიდღე რომ ეუბნებოდნენ და ყურს არ უგდებდა მათ, ჰამანს მიუტანეს ამბავი, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა თავის სიტყვაზე მორდექაი, რადგან მას ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდაელი იყო. და დაინახა ჰამანმა, რომ მორდექაი არ უჩოქებს და არ სცემს თაყვანს მას, და აღივსო ჰამანი რისხვით. ითაკილა მარტო მორდექაიზე აღემართა ხელი, რადგან მისთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომელ ერს ეკუთვნოდა მორდექაი. გადაწყვიტა ჰამანმა გაენადგურებინა მთელი იუდაელობა, მორდექაის ერი, ახაშვეროშის მთელ სამეფოში. და პირველ თვეში, რომელიც არის თვე ნისანისა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ჰყრიდნენ „ფურს“, ანუ წილს დღითიდღე და თვიდან თვემდე, მეთორმეტე თვემდე, რომელიც არის თვე ადარისა. და უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: „არის ერთი ხალხი განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისაგან, და არ ასრულებენ მეფის კანონებს, და არ შეშვენის მეფეს მათი დატოვება. თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. ათი ათას ტალანტ ვერცხლს მივუწონი ხელში მეფის მოურავებს, რათა მეფის საგანძურებში შეიტანონ.“ და წაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ის ჰამანს, ჰამედათა აგაგელის ძეს, იუდაელთა მტერს. და უთხრა მეფემ ჰამანს: „ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოიქეცი, როგორც შენ გენებოს.“ და მოუხმეს მეფის მწერლებს პირველი თვის მეცამეტე დღეს და ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს და სამთავროთა განმგებლებს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და დაიბეჭდა მეფის ბეჭდით. და დაუგზავნეს წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროს, რათა გაეწყვიტათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე; ბალღები და ქალები ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც არის თვე ადარისა და დაეტაცათ მათი ქონება. ბრძანების პირი, როგორც კანონი, უნდა დაეგზავნათ ყველა სამთავროში, რათა მზად ყოფილიყვნენ ამ დღისათვის. მალემსრბოლებმა სწრაფად წაიღეს მეფის ბრძანება და გაცემულ იქნა ბრძანება შუშანში, სატახტო ქალაქში; და დასხდნენ სმად მეფე და ჰამანი; შუშან-ქალაქი კი დაბნეულობას მოეცვა. და მორდექაიმ შეიტყო ყველაფერი, რაც მოხდა და შემოიხია სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო, თავზე ნაცარი დაიყარა; შუაგულ ქალაქში გავიდა და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა. და მივიდა მეფის კარიბჭემდე, რადგან არ შეიძლებოდა მეფის კარიბჭეში ჯვალოთი შესვლა. ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და განკარგულება მივიდა, დიდი გლოვა, მარხვა, გოდება და ქვითინი ჰქონდათ; ბევრს ქვეშ ძაძა და ნაცარი ეგო. და მივიდნენ ესთერის მხევლები და მისი საჭურისები და მოახსენეს მას ეს ამბავი. დიდად შეძრწუნდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მორდექაი და გაეხადა ჯვალო, მაგრამ მან არ მიიღო. და მოუხმო ესთერმა ჰათაქს, მეფის საჭურისს, რომელიც მეფეს ჰყავდა მიჩენილი მისთვის, და უბრძანა, წასულიყო მორდექაისთან და გაეგო, რა იყო ეს და რის გამო. და გავიდა ჰათაქი მორდექაისთან, ქალაქის მოედანზე, მეფის კარიბჭის წინ. და მოახსენა მას მორდექაიმ ყოველივე, რაც შეემთხვა და ვერცხლის ზუსტი თანხის ამბავი, რომლის მეფის საგანძურებში შეტანაც აღთქმული ჰქონდა ჰამანს იუდაელთა მოსასპობად. და გადასცა პირი დაწერილი განკარგულებისა, შუშანში რომ იყო გამოსული მათ ამოსაწყვეტად, რათა ეჩვენებინა იგი ესთერისათვის, ეუწყებინა მისთვის და ებრძანებინა, რომ მისულიყო მეფესთან, შევედრებოდა მას და წყალობა გამოეთხოვა მისგან თავისი ერისთვის. და მივიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მორდექაის ნათქვამი. და უთხრა ესთერმა ჰათაქს და მორდექაისთან დააბარა: „მეფის ყველა მსახურმა და მეფის სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველი კაცისთვის თუ ქალისთვის, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი კანონია – სიკვდილი, მხოლოდ ის გადარჩება, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე ოცდაათი დღეა, რაც მეფესთან მისასვლელად არ ვყოფილვარ დაძახებული.“ და მიუტანეს მორდექაის ესთერის ნათქვამი. და მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ შეუთვალა: „არ გეგონოს, მეფის სახლიდან მხოლოდ შენ გადარჩე იუდაელთაგან, რადგან ახლა თუ დადუმდები, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა, შენ და შენი მამის სახლი კი დაიღუპებით. ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისათვის ეწიე შენ დედოფლობას?“ მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის: „წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელ იუდაელობას და იმარხულეთ ჩემთვის; და ნუ ჭამთ და ნუ სვამთ სამ დღეს, ნურც ღამით და ნურც დღისით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად; ასე წავალ მეფესთან, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება. და, თუ დავიღუპები, დავიღუპო!“ და წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაარიგა. მესამე დღეს შეიმოსა ესთერი დედოფლურად და დადგა მეფის სასახლის შიდა ეზოში, მეფის სახლის წინ. მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ. და როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგომი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, და მიუახლოვდა ესთერი და კვერთხის თავს შეეხო. და უთხრა მას მეფემ: „რა იყო, დედოფალო ესთერ? და რა სათხოვარი გაქვს? თუნდაც ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მოგეცემა!“ და უთხრა ესთერმა: „თუ მეფე ინებებს, მობრძანდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას.“ და ბრძანა მეფემ: „სასწრაფოდ დამიძახეთ ჰამანს, რათა შესრულდეს ესთერის სიტყვა!“ და მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერს ჰქონდა მომზადებული. და უთხრა მეფემ ესთერს ღვინის სმის დროს: „რა არის შენი სათხოვარი? მოგეცემა. რა არის შენი სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება!“ და მიუგო ესთერმა: „ეს არის ჩემი სახვეწარი და სათხოვარი: თუ მადლი მიპოვია მეფის თვალში და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და ჩემი სახვეწრის აღსრულებას, მოვიდეს მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც მათ მოვუმზადებ, და ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ!“ და გავიდა ჰამანი იმ დღეს მხიარული და გულსავსე, მაგრამ როგორც კი ჰამანმა მეფის კარიბჭესთან თვალი მოჰკრა მორდექაის, რომელიც არ წამომდგარა მის წინაშე და არც განძრეულა, რისხვით აღეგზნო ჰამანი მორდექაის მიმართ. მაგრამ შეიკავა თავი ჰამანმა და მივიდა თავის სახლში და დაიბარა თავისი მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი. და მოუთხრო მათ ჰამანმა ამბავი თავისი დიდი დოვლათის, თავისი უამრავი ვაჟისა და ყოველივე იმისა, რითაც განადიდა იგი მეფემ და აღაზევა მეფის მთავრებზე და მსახურებზე. და თქვა ჰამანმა: „დედოფალ ესთერს არავინ მოუწვევია მეფესთან ერთად თავის მომზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი და მე ხვალაც მიწვეული ვარ მასთან მეფესთან ერთად. და ეს ყოველივე არაფრად მიღირს მანამ, სანამ იუდაელ მორდექაის ვხედავ მეფის კარიბჭესთან მჯდარს.“ და უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და ყველა მისმა მეგობარმა: „დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოახრჩონ მორდექაი, მერე წადი მეფესთან ერთად ნადიმზე მხიარული.“ და მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი. იმ ღამეს ძილი გაუკრთა მეფეს. და მოატანინა სამახსოვრო წიგნი – მატიანეები – და წაკითხულ იქნა მეფის წინაშე. და აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ჰყავდა ნამხილები მორდექაის ბიგთანა და თერეში, მეფის ის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები, რომელთაც განზრახული ჰქონდათ მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა. და ბრძანა მეფემ: „რა პატივი და დიდება მიაგეს მორდექაის ამისათვის?“ და მოახსენეს მეფეს მისმა მსახურებმა: „არაფერი მიუგიათ მისთვის.“ და იკითხა მეფემ: „ვინ არის ეზოში?“ და ჰამანი მოსულიყო მეფისათვის იმის სათქმელად, რომ ჩამოეხრჩოთ მორდექაი მისთვის გამზადებულ ძელზე. და მოახსენეს მეფის მსახურებმა მას: „აი, ჰამანი დგას ეზოში.“ და ბრძანა მეფემ: „შემოვიდეს.“ და შევიდა ჰამანი, და ჰკითხა მას მეფემ: „რა ვუყოთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს?“ და თქვა ჰამანმა თავის გულში: „ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი?“ და უთხრა ჰამანმა მეფეს: „კაცს, ვისი პატივისცემასაც მეფეს სურს, მიართვან სამეფო მოსასხამი, რომელიც ემოსა მეფეს, და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როდესაც სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე. და ხელში მისცენ მოსასხამი და ცხენი მეფის ყველაზე დიდებულ მთავარს; შემოსონ ის კაცი, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს; გაატარონ ცხენით ქალაქის მოედანზე და დაიძახონ მის წინაშე: „ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს!“ და უბრძანა მეფემ ჰამანს: „ჩქარა, აიღე მოსასხამი და ცხენი, როგორც შენ თქვი და მოექეცი ასე მორდექაის, იუდაელს, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლო შენს ნათქვამს.“ და აიღო ჰამანმა მოსასხამი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ცხენით გაიყვანა ქალაქის მოედანზე და დაიძახა მის წინაშე: „ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს.“ და დაბრუნდა მორდექაი მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი გაეშურა შინისაკენ, დამწუხრებული და თავდაბურული. და უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს და ყველა თავის მეგობარს, ყველაფერი, რაც მას შეემთხვა. და უთხრეს მას მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: „თუ მორდექაი, რომლის გამოც ემხობი, იუდაელთა მოდგმისაა, მაშინ ვერ დასძლევ მას, უსათუოდ დაემხობი მის წინაშე.“ როდესაც ჯერ კიდევ ელაპარაკებოდნენ, მოვიდნენ მეფის საჭურისები და დააჩქარეს ჰამანი, წასულიყო ესთერის მომზადებულ ნადიმზე. და ეწვივნენ მეფე და ჰამანი ესთერ დედოფალს სანადიმოდ. და ჰკითხა მეფემ ესთერს მეორე დღესაც ღვინის სმის დროს: „რა არის შენი სათხოვარი, ესთერ დედოფალო? მოგეცემა! და რა არის შენი სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.“ და მიუგო ესთერ დედოფალმა და უთხრა: „თუ წყალობა მიპოვნია შენს თვალში, მეფეო, და თუ ინებებს მეფე, მომცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში. რადგან გაყიდულნი ვართ ჩვენ – მე და ჩემი ერი – გასაწყვეტად, დასახოცად და დასაღუპად. მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, დავდუმდებოდი, მაგრამ მტერი ვერ ზღავს მეფის ზარალს. და თქვა მეფე ახაშვეროშმა და ჰკითხა ესთერ დედოფალს: „ვინ არის იგი და სად არის, ვინც გაბედა ამის ჩადენა?“ და თქვა ესთერმა: „მოქიშპე და მტერია ეს ბოროტი ჰამანი!“ ელდა ეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის წინაშე. ადგა განრისხებული მეფე ნადიმიდან და გავიდა სასახლის ბაღში; ჰამანი კი დარჩა, რათა სიცოცხლის შენარჩუნება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისაგან, რადგან ხედავდა, რომ მისი დაღუპვა გადაწყვეტილი იყო მეფისაგან. და როდესაც მეფე დაბრუნდა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში, ჰამანი იმ სარეცელზე დამხობილი დაუხვდა, რომელზეც ესთერი იყო. თქვა მეფემ: „დედოფალზეც ძალადობს ჩემთან სახლში?“ სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და მაშინვე დაუფარეს სახე ჰამანს. და ხარბონამ, ერთმა საჭურისთაგანმა, მეფის წინაშე განაცხადა: „აჰა, ჰამანის სახლში დგას ის ძელიც, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდექაის, მეფისთვის კეთილის მოლაპარაკეს, ორმოცდაათი წყრთა სიმაღლით.“ და თქვა მეფემ: „ჩამოჰკიდეთ მასზე!“ და ჩამოჰკიდეს ჰამანი იმ ძელზე, მორდექაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული და დაცხრა მეფის რისხვა. მორდექაის განდიდება იმავე დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს იუდაელთა მტრის, ჰამანის სახლი. მორდექაი კი ეახლა მეფეს, რადგან გაუმხილა ესთერმა, რა იყო იგი მისი. და წაიძრო მეფემ თავისი ბეჭედი, ჰამანისთვის ჩამორთმეული, და მისცა მორდექაის. ხოლო ესთერმა მორდექაი ჰამანის სახლის მოურავად დააყენა. კვლავ დაელაპარაკა მეფეს ესთერი, ფეხებში ჩაუვარდა და ატირდა, ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის სიავე და განზრახვა, რომელიც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა განზრახული. და გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, და წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე. და თქვა: „თუ მეფე ინებებს, და თუ მე წყალობა მიპოვია მის წინაშე, და თუ ეს საქმე სწორია მეფის წინაშე და მეც მოსაწონი ვარ მის თვალში, დაიწეროს ბრძანება, რომელიც გააუქმებს ჰამანის, ჰამედათა აგაგელის ძის მიერ შეთხზულ წერილებს, რომლებიც მან დაწერა იუდაელთა მოსასპობად, რომელნიც მეფის ყველა სამთავროში ცხოვრობენ. რადგან, როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა შეემთხვეს? როგორ ვუყურო ჩემი სამშობლოს დაღუპვას?“ და უთხრა მეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს და მორდექაი იუდაელს: „აჰა, ხომ მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოჰკიდეს, რადგან მან იუდაელებზე აღმართა ხელი. და თქვენ დაწერეთ მეფის სახელით იუდაელებზე, რაც გაგიხარდებათ, და მეფისავე ბეჭდით დაბეჭდეთ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი.“ მაშინ დაუძახეს მეფის მწერლებს მესამე თვეს, რომელიც არის თვე სივანისა, ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მორდექაიმ იუდაელებს, სატრაპებს, განმგებლებს, სამთავროთა მთავრებს ინდოეთიდან ქუშამდე, ას ოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით, ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თავიანთ ენაზე. და მან დაწერა მეფე ახაშვეროშის სახელით, და დაბეჭდა მეფის ბეჭდით, და დააგზავნა წერილები მეფის ცხენთსაშენის ბედაურებზე ამხედრებული მალემსრბოლების ხელით, რომ მეფე ნებას აძლევდა იუდაელებს, რომლებიც იყვნენ ყველა ქალაქში, შეკრებილიყვნენ და დაეცვათ თავი, გაეწყვიტათ, დაეხოცათ და დაეღუპათ იმ ერისა და სამთავროს მთელი მხედრიონი, რომელიც მტრულად მოეკიდებოდა მათ; მათი ბალღებიც და ქალებიც ზედ მიეყოლებინათ და მათი მონაგარი დაეტაცათ, ერთი დღის მანძილზე, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეცამეტე დღეს მეთორმეტე თვისა, რომელიც არის ადარის თვე. წერილის პირი უნდა გადაეცათ, როგორც კანონი, ყველა სამთავროში, მთელი ხალხისათვის გამოსაცხადებლად, რომ იუდაელები მზად ყოფილიყვნენ ამ დღისათვის, თავიანთ მტრებზე შურისსაძიებლად. და სამეფო ბედაურებზე ამხედრებულმა მალემსრბოლებმა მეფის ბრძანებით აჩქარებულებმა და გამალებულებმა გაჰქუსლეს. განკარგულება კი შუშანში, სატახტო ქალაქში, იყო გამოცხადებული. და მორდექაი გამოვიდა მეფისაგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო სამოსელში, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეულის მოსასხამით. შუშან-ქალაქი კი ყიჟინებდა და ხარობდა. და იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და პატივი. ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და განკარგულება, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ნადიმი და დღეობა. ქვეყნის ბევრი მცხოვრები იუდაელი გახდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი. და მეთორმეტე თვეში, რომელიც არის ადარის თვე, მეცამეტე დღეს, როდესაც დადგა ჟამი მეფის ბრძანებისა და მისი განკარგულების აღსრულებისა, იმ დღეს, როცა იუდაელთა მტრებს იმედი ჰქონდათ მათ დაეუფლებოდნენ, მაგრამ პირუკუ მოხდა და იუდაელები დაეუფლნენ თავიანთ მტრებს, შეიკრიბნენ იუდაელები თავიანთ ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ მათთვის ავის მაძიებლებზე. წინ ვერავინ აღუდგა მათ, რადგან მათმა შიშმა მოიცვა მთელი ხალხი. და სამთავროთა მთავრები, სატრაპები, განმგებლები, მეფის საქმის აღმასრულებლები შეეწეოდნენ იუდაელებს, რადგან მორდექაის შიშს შეეპყრო ისინი. რადგან დიდი იყო მორდექაი მეფის სახლში და მისწვდა მისი ამბავი ყველა სამთავროს, რადგან უფრო და უფრო დიდი ხდებოდა ეს კაცი. და დასცხეს იუდაელებმა ყველა თავიანთ მტერს მახვილით, ხოცვითა და ჟლეტით, როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ თავიანთ მტრებს. და შუშანში, სატახტო ქალაქში, იუდაელებმა დახოცეს და მოსპეს ხუთასი კაცი. და ფარშანდათა, დალფონი, ასფათა, ფორათა, ადალია, არიდათა, ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიეზათა – ჰამან ჰამადათას ძის ათი ვაჟი დახოცეს, დასატაცებლად კი ხელი არ გაუწვდიათ. და იმ დღესვე შეატყობინეს მეფეს შუშანში, სატახტო ქალაქში, დახოცილთა რიცხვი. და უთხრა მეფემ ესთერ დედოფალს: „შუშანში, სატახტო ქალაქში, იუდაელებმა დახოცეს და მოსპეს ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟი; მეფის სხვა სამთავროებში რაღას იზამდნენ! კიდევ რა არის შენი სათხოვარი? მოგეცემა. კიდევ რა არის შენი სახვეწარი? აგისრულდება!“ და თქვა ესთერმა: „თუ მეფე ინებებს, ხვალაც დაანებონ იუდაელებს, რომელნიც შუშანში ცხოვრობენ, ამ დღევანდელი განკარგულებისამებრ იმოქმედონ და ჰამანის ათი ვაჟი ძელზე ჩამოჰკიდონ.“ და ბრძანა მეფემ ასე გაკეთებულიყო. და განკარგულება გასცეს შუშანში და ჩამოჰკიდეს ჰამანის ათი ვაჟი. და შეიკრიბნენ შუშანში მცხოვრები იუდაელები ადარის თვის მეთოთხმეტე დღესაც და დახოცეს შუშანში სამასი კაცი, დასატაცებლად კი ხელი არ გაუწვდიათ. და დანარჩენმა იუდაელებმა, მეფის სამთავროებში რომ იყვნენ, რათა თავი დაეცვათ და მტრებისაგან მოესვენათ, დახოცეს სამოცდათხუთმეტი ათასი, დასატაცებლად კი ხელი არ გაუწვდიათ. ეს მოხდა ადარის თვის მეცამეტე დღეს და მის მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ნადიმისა და სიხარულის დღედ აქციეს. იუდაელები, რომელნიც შუშანში ცხოვრობდნენ, იკრიბებოდნენ მეცამეტე და მეთოთხმეტე დღეს, ხოლო მეთხუთმეტე დღეს ისვენებდნენ, ნადიმისა და სიხარულის დღედ გაიხადეს. ამიტომ არის, რომ სოფლელი იუდაელებისთვის, რომელნიც უგალავნო დაბებში ცხოვრობენ, ადარის თვის მეთოთხმეტე დღე სიხარულის, ნადიმის, დღეობისა და ერთმანეთისათვის საჩუქრების გაგზავნის დღეა. და დაწერა მორდექაიმ ეს ამბები და დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში მცხოვრებს, ახლო მყოფსა და შორს მყოფს, რათა ეკისრათ და ყოველწლიურად აღენიშნათ ადარის თვის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღე, რადგან იმ დღეებში მოისვენეს იუდაელებმა თავიანთი მტრებისაგან, და იმ თვეში შეეცვალათ მწუხარება სიხარულად და გლოვა – დღესასწაულად. რათა ექციათ ეს დღეები ნადიმისა და სიხარულის, ერთმანეთისათვის საჩუქრების გაგზავნის და ღარიბების მოკითხვის დღედ. და იუდაელთ მიიღეს ის, რისი გაკეთებაც თავად დაიწყეს, და რასაც სწერდა მათ მორდექაი. რადგან ჰამან ჰამედათა აგაგელის ძეს, ყველა იუდაელის მოძულეს, ჩაფიქრებული ჰქონდა იუდაელების მოსპობა და ჰყარა „ფური“, ანუ წილი, რათა გაეწყვიტა და დაეღუპა ისინი. მაგრამ როცა ესთერი მეფეს წარუდგა, მან მაშინვე გასცა წერილობითი განკარგულებები, რათა მისი ავი ზრახვა, რაც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა ჩაფიქრებული, მის თავზე მოქცეულიყო და ძელზე ჩამოეკიდათ იგი და მისი ვაჟები.“ ამიტომ უწოდეს იმ დღეებს „ფურიმი“, „ფურის“ სახელი. ამიტომ, თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და საკუთარი თვალით ნანახისა, და თანახმად იმისა, რაც მათ შეემთხვათ, დაუდგინეს იუდაელებმა თავიანთ თავს და თავიანთ შთამომავლობას და ყველას, მათთან შეხიზნულებს, რომ მოუშლელად, ყოველწლიურად ეზეიმათ ეს ორი დღე დაწერილისამებრ და დათქმულ დროს. ეს დღეები უნდა ხსომებოდათ და ეზეიმათ ყველა თაობაში, ყველა საგვარეულოში, ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში. და ფურიმის დღეეები არ უნდა გაუქმებულიყო იუდაელთა შორის, და არ უნდა გამქრალიყო შთამომავლობაში მათი ხსოვნა. და წერდნენ ესთერ დედოფალი, აბიხაილის ასული, და მორდექაი იუდაელთა მთელი ძალისხმევით, რათა ეკისრათ შესრულება მეორე წერილისა ფურიმის თაობაზე. დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, ახაშვეროშის სამეფოს ას ოცდაშვიდსავე ოლქში, მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიტყვები, რათა დაეცვათ ფურიმის ეს დღეები თავის დროზე, როგორც მორდექაი იუდაელს და ესთერ დედოფალს ჰქონდათ დაწესებული; როგორც მათ ჰქონდათ დაწესებული თავიანთი თავისთვის და თავიანთი შთამომავლობისათვის, – მარხვისა და მოთქმის წესები. და ესთერის ბრძანებამ დააწესა ფურიმის ადათ-წესები და ჩაწერილ იქნა წიგნში. და ხარკი დააკისრა მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს. და მისი ძლიერებისა და გმირობის ყველა საქმე, მორდექაის დიდების ამბავი, რომელიც განადიდა მეფემ, განა მიდიისა და სპარსეთის მეფეთა მატიანის წიგნებში არ არის ჩაწერილი? რადგან იუდაელი მორდექაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდი კაცი იყო იუდაელთა შორის, და სანატრელი თავის მრავალრიცხოვან მოძმეთათვის, სიკეთის მაძიებელი თავისი ერისათვის, მშვიდობისმეტყველი მთელი თავისი მოდგმისათვის. ყუცის ქვეყანაში იყო კაცი, სახელად იობი. იყო ის კაცი ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული. და შეეძინა მას შვიდი ძე და სამი ასული. და იყო მისი სამწყსო: შვიდი ათასი წვრილფეხა საქონელი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ჭაკი ვირი; და ჰყავდა ძალიან ბევრი მსახური; ყველაზე დიდი იყო ის კაცი აღმოსავლეთის ძეთა შორის. მისი ძენი მიდიოდნენ და მართავდნენ პურობას, ყოველი მათგანი თავის სახლში და თავის დღეს, და ისინი უგზავნიდნენ და თავის სამ დასაც იწვევდნენ, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ. ნადიმის დღეები რომ ჩამოთავდებოდა, იობი გაგზავნიდა და განწმედდა მათ: ადგებოდა დილაადრიან და სრულადდასაწველებს აღავლენდა მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ამბობდა იობი: „ეგების შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმეს ღმერთი თავინთ გულში.“ ასე იქცეოდა იობი ყოველთვის. და ერთ დღეს მოვიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად, და მათ შორის სატანაც მოვიდა. და ჰკითხა უფალმა სატანას: „საიდან მოდიხარ?“ და მიუგო სატანამ უფალს: „ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.“ და უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.“ და მიუგო სატანამ უფალს: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი, და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ? შენ აკურთხე მისი ნახელავი და გაამრავლე ქვეყნად მისი საქონელი. აბა, ხელი გაიწოდე და შეახე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.“ და უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი, ოღონდ თვით მის წინააღმდეგ ნუ გაიწვდი ხელს!“ და გამოვიდა სატანა უფლისაგან. ერთ დღეს, როცა მისი ძენი და მისი ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ თავიანთი უფროსი ძმის სახლში, მივიდა მაცნე იობთან და უთხრა: „ხარები ხნავდნენ და ჭაკი ვირები ძოვდნენ მათ გვერდით, და დაეცნენ შებაელები მათ და წაასხეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.“ ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და თქვა: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და გადაბუგა ცხვარი და მსახური ბიჭები და შთანთქა ისინი. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.“ ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: „ქალდეველნი დაეწყვნენ სამ რაზმად და დაეცნენ აქლემებს და წაასხეს ისინი, მსახური ბიჭები მახვილის პირით ამოხოცეს. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.“ ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: „შენი ძენი და შენი ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ თავიანთი უფროსი ძმის სახლში, და აჰა, დიდი ქარი მოვარდა უდაბნოდან, ეძგერა სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხოთ ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.“ და ადგა იობი და შემოიხია სამოსელი, და გადაიპარსა თავი, და დაეცა მიწაზე და თაყვანისცა, და თქვა: „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.“ ყოველივე ამაში იობს არ შეუცოდავს, ღვთის აუგი არ დასცდენია. ერთ დღეს მივიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად, და სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინაშე წარსადგომად. და ჰკითხა უფალმა სატანას: „საიდან მოდიხარ?“ და მიუგო სატანამ უფალს: „ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.“ და უთხრა უფალმა სატანას: „არ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. იგი კვლავ სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი მის წინააღმდეგ, რომ უმიზეზოდ დამეღუპა იგი.“ და მიუგო სატანამ უფალს: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, და შეახე მის ძვალს და მის ხორცს, პირში თუ არ დაგიწყოს გმობა.“ და უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს, მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.“ და გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე. და აიღო იობმა კეცის ნატეხი წყლულების მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა. და უთხრა მას მისმა ცოლმა: „შენ კვლავ ეჭიდები შენს სიალალეს? დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ და მან უპასუხა: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ შენ. თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?“ არც ყოველივე ამაში შეუცოდავს იობს თავისი ბაგით. და გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს, და მოვიდნენ თავთავიანთი ადგილებიდან: ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი, და შეიკრიბნენ ერთად, რათა მასთან მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად. შორიდან აახილეს თვალი, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აღიმაღლეს და ტირილი მორთეს. და შემოიხია თითოეულმა თავისი სამოსელი, და თავზე მტვერი დაიყარა. და ისხდნენ მასთან მიწაზე შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. ხმა არავის გაუცია მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი. და ამის შემდგომ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე. და თქვა იობმა: „დაიქცეს ის დღე, მე რომ გავჩნდი, და ღამე, რომელმაც თქვა: ‘კაცი ჩაისახა!’ ის დღე დაბნელდეს, აღარ მოხედოს მას ღმერთმა ზეგარდმო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა! მოიცვას ის ბნელმა და სიკვდილის აჩრდილმა, დაივანოს მასზე ღრუბელმა, შეაძრწუნოს ის დღის სიშავემ! ის ღამე შეიპყროს წყვდიადმა, არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული. დასწყევლონ იგი დღის მაწყევრებმა, რომელთაც ძალუძთ ლევიათანის გამოღვიძება! დაე, დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, და ვერ იხილოს წამწამნი ცისკრისა. რადგან დედაჩემის საშოშივე არ ჩამიკეტა კარი, და არ დაფარა სალმობა ჩემს თვალთაგან. რატომ არ მოვკვდი გაჩენისთანავე, მუცლიდან გამოსვლისთანავე რად არ გავთავდი? რად მიმიღეს მე ბებიაქალის მუხლებმა, და რად შემეგებნენ დედაჩემის ძუძუნი მოსაწოვებლად? რადგან ახლაც ხომ ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებული, ქვეყნიერების მეფეებთან და მრჩევლებთან, თავისთვის საძვალეთა მაშენებლებთან, ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო ჰქონდათ, და ვერცხლით რომ ივსებდნენ სახლებს. ან რატომ არ დავიმარხე მკვდრადშობილივით, იმ ჩვილივით, ნათელი რომ არ უნახავს? იქ ბოროტეულნი აღარ შფოთავენ, და იქ განისვენებენ მოქანცულნი. იქ მშვიდად არიან ტუსაღები და თავმდგმურთა ხმა არ ესმით. მცირენი და დიდნი იქ არიან, და მონა თავისუფალია თავისი ბატონისაგან. რაღად მიეცა ტანჯულს ნათელი, და სულგამწარებულს – სიცოცხლე, სიკვდილის მონატრულებს და ვერმპოვნელებს, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ, უზომოდ გახარებულებს და აღტაცებულებს რად მიეცა ნათელი იმ კაცს, და ვინც ალყაში მოიმწყვდია ღმერთმა? რადგან ჩემს პურს ჩემი ოხვრა წინ უსწრებს, და ჩემი კვნესა წყალივით იღვრება. რადგან მეწია შიში, რომელიც მაძრწუნებდა, და რაც მაშინებდა, ის მომივიდა. ჩემთვის აღარც სიმშვიდეა, აღარც შვება, და არც მოსვენება. მოვიდა მშფოთვარება.“ და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა: „სიტყვა რომ შემოგბედოთ, ხომ არ გაბეზრდები? მაგრამ ვის ძალუძს ლაპარაკისაგან თავი შეიკავოს? აი, შენ ბევრს არიგებდი ჭკუას, და დაუძლურებულ მკლავებს განამტკიცებდი; წაბორძიკებულს ფეხზე აყენებდა შენი სიტყვა, და ძალაგამოცლილ მუხლებს შენ ამაგრებდი. და ახლა შენც მოგადგა და გაბეზრდი, შენც გეწია და შეძრწუნდი, შენი მოშიშება ხომ შენი სასოებაა, და შენი გზების სიალალე – შენი იმედი? გაიხსენე, ვინმე თუ დაღუპულა უდანაშაულო? სადმე თუ ამომწყდარან მართალნი? როგორც მინახავს: სიავის მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან. ღვთის სუნთქვაზე დაიღუპებიან და ღრიალი ლომისა და ხმა ძუ ლომისა, და ლომის ბოკვერთა კბილნი იმუსრებიან. ლომი იღუპება უნადავლოდ, და ძუ ლომის ბოკვერნი იფანტებიან. სიტყვა მომეპარა, და ჩურჩული ჩამესმა ყურში; ღამეულ ხილვათა ფიქრებში გართული, როცა კაცთ ძილქუში ეცემათ, შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო, და ყველა ძვალი ამიცახცახა. და სულმა სახეზე გადამიქროლა, ტანზე თმები ამებურძგლა. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, ჩემს თვალწინ იყო ხატება; დუმილი და მერე ხმა მესმის: შეიძლება ადამიანი ღმერთზე მართალი იყოს? შეიძლება ადამიანი თავის შემოქმედზე წმიდა იყოს? აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა, და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს! რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერზე რომ უდგათ საფუძველი, მღილივით რომ იხოცებიან, განთიადიდან საღამომდე რომ იმუსრებიან, შეუმჩნევლად იღუპებიან? აჰა, გაწყვეტილია მათი კარვის საბელი მათ შორის, სიბრძნის გარეშე კვდებიან ისინი.“ „აბა, მოუხმე, ვინ გამოგეპასუხება? და წმიდათაგანს ვის მიმართავ? რადგან უგუნურს ჯავრი ჰკლავს, და ბრიყვს შური ღუპავს. ვნახე, უგუნური ფესვს იდგამდა და მყისვე დავწყევლე მისი სამყოფელი. შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან დაბეგვავენ, და არავინ ეყოლებათ მოსარჩლე. სამკალს მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან და მწყურვალნი შთანთქავენ მათ დოვლათს. რადგან ნაცარ-მტვრიდან არ მოდის უსამართლობა და მიწიდან არ აღმოცენდება ტანჯვა. რადგან ადამიანი ტანჯვისთვის იბადება, და ნაპერწკლებივით მიისწრაფის მაღლა. მაგრამ მე ისევ ღმერთს დავეკითხებოდი და ღმერთს მივანდობდი ჩემს საქმეს, რომელიც იქმს დიდ და გამოუკვლევ საქმეებს, სასწაულებს, რომელთაც არა აქვს რიცხვი. აძლევს წვიმას მიწის პირს, და წყლებს აგზავნის ყანებზე. აღამაღლებს მდაბლებს და მგლოვიარენი ხსნად მაღლდებიან. ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვერ აღწევენ წარმატებას. იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით, და მზაკვართა თათბირი ფუჭი ხდება. დღისით ისინი წყვდიადს აწყდებიან და შუადღისას ხელისცეცებით დადიან, როგორც ღამეში. ის იხსნის ღატაკს მათი პირის მახვილისაგან და ძლიერის ხელისგან. ისე, რომ უმწეოს იმედი აქვს, და უსამართლობა კუმავს პირს. აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი, და ყოვლადძლიერის სასჯელს ნუ უკუაგდებ! თვითონ ლახვრავს და თვითონვე უხვევს, წყლავს, მაგრამ მისივე ხელები კურნავენ. ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის შენ, და მეშვიდეგზის არ შეგემთხვევა ბოროტება. შიმშილობის ჟამს სიკვდილისაგან გიხსნის და ბრძოლის ჟამს – მახვილისაგან. ენის მათრახს დაემალები, და არ შეგეშინდება, როცა ის განადგურება მოვა. განადგურებასა და შიმშილს დასცინებ, და მიწის მხეცების არ შეგეშინდება, რადგან კავშირი გექნება მინდვრის ქვებთან, და ველის მხეცებთან მშვიდობა გექნება. და შეიტყობ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, და თვალს გადაავლებ შენს სამყოფელს, და დანაკლისი აღარ და შეიტყობ, რომ მრავალრიცხოვანია შენი მოდგმა, და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი. საფლავში მხცოვანი ჩახვალ, როგორც პურის ძნა, თავის დროზე რომ იმკება. აჰა, ეს გამოვიკვლიეთ, ასეა ეს, შეისმინე ეს და შენთვის იცოდე.“ და მიუგო იობმა და თქვა: „წონით რომ აწონილიყო ჩემი ტანჯვა, და ჩემი უბედურება სასწორზე დადებულიყო, მაშინ იგი ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა, ამიტომაც არის, რომ წინდაუხედავია ჩემი სიტყვები. რადგან ყოვლადძლიერის ისრები მე განმეწონენ და მათ შხამსა სვამს ჩემი სული, ღვთის საშინელებანი ამიმხედრდნენ. ყროყინებს გარეული ვირი, თუ ბალახი აქვს? ბღავის ხარი, თუ ბაგა მაღლა აქვს? თუ იჭმება უგემური რამ მარილის გარეშე? და თუ აქვს გემო კვერცხის ცილას? გული არ მიმდის მათზე, ასეთია ჩემი დღიური ლუკმა. ნეტა ახდებოდეს ჩემი ნატვრა, და იმედს გამიმართლებდეს ღმერთი! ნეტა, ინებებდეს ღმერთი და დამლეწდეს! გამოიწვდიდეს ხელს და გამკვეთდეს! და ეს იქნებოდა კიდევ ჩემი ნუგეში, და ულმობელი სატკივრით გავიხარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები. რადგან რაა ჩემი ძალა, რომ დავენდო? რაა ჩემი ბოლო, რომ დავითმინო? განა ქვის სიმტკიცეა ჩემი სიმტკიცე? განა სპილენძისაა ხორცი ჩემი? განა აღარ არის ჩემი შეწევნა ჩემში? განა განმეშორა დავლათი? გატანჯულს თავისი მოყვასისაგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში. ჩემი ძმები მაცდურობენ, როგორც ნიაღვარი, როგორც კალაპოტი იმ ნიაღვრებისა, უკვალოდ რომ უჩინარდებიან, ყინულისაგან რომ ამღვრეულან და თოვლი რომ ჩამდნარა მასში. როგორც კი მზე დააჭერს, მაშინვე რომ ქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე უჩინარდებიან. ქარავნები გეზს იცვლიან, გადიან უდაბნოში და იკარგებიან. გასცქეროდნენ თემას ქარავნები, მათი იმედი ჰქონდათ შებას მოგზაურებს. გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შერცხვნენ. და ახლა თქვენ არარაობა ხართ, იხილეთ საშინელება და შეგეშინდათ. გითხარით განა: რამე მომიტანეთ-მეთქი? ან თქვენი დოვლათიდან ქრთამი გაეცით-მეთქი ჩემთვის? ან დამიხსენით-მეთქი მტრის ხელიდან? ან მტარვალთა ხელიდან გამომისყიდეთ-მეთქი? მასწავლეთ და დავდუმდები, და რა შემეშალა, გამაგებინეთ. რა ძლიერია წრფელი სიტყვა, და რას მსაყვედურობს თქვენი საყვედური? ნუთუ ფიქრობთ, საყვედური გამოთქვათ ჩემს სიტყვებზე? და სასოწარკვეთილი კაცის იმ ნათქვამზე, ქარს რომ ეკუთვნის? ობოლზეც კი წილს იყრით და ძირს უთხრით თქვენს მეგობარს. ახლა ინებეთ და მომხედეთ, და ნახეთ, თუ ვიცრუე თქვენს წინაშე. მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნება უსამართლობა. მობრუნდით, ჩემი სიმართლე კვლავაც აქ არის! აბა, თუ არის ჩემს ენაზე უსამართლობა? თუ ვერ ხვდება ჩემი სასა უბედურებას?“ „განა ბრძოლა არაა კაცის ყოფა მიწაზე? განა მისი დღეები დღიური მუშის დღეებივით არ არის? როგორც მონას სწყურია ჩრდილი, როგორც დღიური მუშა ელის თავის გასამრჯელოს, ასე მხვდა წილად ამაოების თვენი, და მომეთვალა ტანჯვის ღამენი. თუ ვწევარ, ვამბობ: ‘როდის ავდგები?’ მაგრამ გრძელია ღამე, და მე ბორგვით ვიღლები ჩემი ხორცი მატლებით შეიმოსა და მიწის მტვრით, ჩემი კანი სკდება და იხრწნება. ჩემი დღენი ჯარის უსწრაფესად ბრუნავენ და უიმედოდ იწურებიან. გახსოვდეს, ქროლვაა ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის ხილვად. ვეღარ მიხილავს თვალი, ჩემი მნახველი, თვალებს მომაპყრობ, მაგრამ მე უკვე აღარ ვიქნები! ქრება ღრუბელი და მიდის. ასე ჩადის შავეთში კაცი და აღარ ამოდის, შინ აღარ დაბრუნდება, და ვეღარ ცნობს მას მისი ადგილი. მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სულგამწარებული. განა ზღვა ვარ ან ზღვის გველეშაპი, ყარაული რომ მომიჩინე? როცა ვიტყვი: მანუგეშებს-მეთქი ჩემი სარეცელი, ჩემს ჭმუნვას წარიტაცებს-მეთქი ჩემი საგებელი, მაშინ მაძრწუნებ მე სიზმრებით და მაშინებ ხილვებით. ასე, რომ ჩემი სული უმალ დახრჩობასა და სიკვდილს ირჩევს, ვიდრე ჩემს ძვალთა გადარჩენას. მომბეზრდა სიცოცხლე, არ ვიცოცხლებ უკუნისამდე. დამეხსენ, რადგან ფუჭია ჩემი დღეები. რა არის ადამიანი, ასე რომ განადიდებ? მისკენ რომ მიგიპყრია გულისყური? რომ ყოველ დილას მოინახულებ? და სცდი ყოველ წამს? სანამდე არ მომაშორებ მზერას? სანამდე არ მომშორდები, მე თუ ცოდვა ჩავიდინე, შენ რა დაგიშავე, ადამიანის მცველო? რად დამსვი შენს სამიზნედ და რად შევიქენ ტვირთად ჩემი რატომ არ შემინდობ ცოდვას? და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწა-მტვერში ვწვები. ძებნას დამიწყებ და და მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა: „როდემდე უნდა ლაპარაკობდე ამას? შენი პირის სიტყვები ნუთუ ღმერთი გაამრუდებს სამართალს და ყოვლადძლიერი გაამრუდებს სიმართლეს? თუ შენმა შვილებმა შესცოდეს მის წინაშე, მან ხელში ჩაუგდო ისინი მათსავე ურჯულოებას. შენ რომ ღმერთი გეძებნა და ყოვლადძლიერს შევედრებოდი, წრფელი რომ ყოფილიყავ, ახლა იფხიზლებდა შენთვის და აღგიდგენდა შენი სიმართლის ალაგს. და თუ შენი დასაწყისი მცირე იყო, შენი დასასრული დიდად გაიზრდება. აბა, ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების ნაკვლევი. რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე. განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან? და გულიდან არ უჭყანტობოდ გარეშე თუ იზრდება ჭილი? უწყლოში თუ ამოდის იგი ჯერ ნორჩია და მოუჭრელი, და მაინც ყველა ბალახზე ადრე ჭკნება. ასევეა ყველას ბილიკები, ვინც ღმერთს ივიწყებს. და უღვთოთა იმედი გაქარწყლდება. რადგან წარიკვეთება მისი სასო და მისი იმედი ობობას ქსელია. მიეყდნობა თავის სახლს და ვერ გაუძლებს, მოეჭიდება მას და ვერ დაიჭერს. ამწვანებულია იგი მზის გულზე, და ბაღნარზე გადმოშლილი აქვს ყლორტები. ქვების გროვაში ჩახლართულა მისი ფესვები, ქვის ლოდებში ჩაჭედილა. თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, უარყოფს მას: არასოდეს მინახიხარო. აჰა, ეს არის მისი გზის სიხარული და მიწიდან კი სხვა აღმოცენდება. აი, ღმერთი არ მოიძულებს უმანკოს, და არ შეეწევა ბოროტმოქმედებს. კვლავ აგივსებს პირს სიცილით, და ბაგეებს აგივსებს ყიჟინით. შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიან და ურჯულოთა კარავი აღარ იქნება!“ და მიუგო იობმა და თქვა: „ჭეშმარიტად ვიცი, რომ ასეა, რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე? ვინმეს რომ ღმერთთან კამათი მოენდომებინა, ათასში ერთზეც ვერ გასცემდა პასუხს. გულით ბრძენია და ძალით ძლიერი, ვინ გაჯიუტებია მას და გადარჩენილა? მთებს ისე უცვლის ადგილს, რომ მათ არც იციან. იგი ამხობს მათ თავისი რისხვით, ატორტმანებს დედამიწას თავისი ადგილიდან და მისი სვეტები ირყევიან. უბრძანებს მზეს და არ აღმოხდება, და ვარსკვლავებს ასვამს ბეჭედს. მარტო თვითონ ჭიმავს ზეცას და ზღვის ტალღებზე დადის. იგია შემოქმედი დიდი დათვისა, ორიონისა, ხომლისა და სამხრეთის პალატებისა. იგი ქმნის გამოუკვლეველ დიდებულებას და ურიცხვ საკვირველებას. აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ ვამჩნევ მას. აჰა, იტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებო? ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, რაჰაბის შემწენი მის ქვეშ ემხობიან. როგორ უნდა შევეპასუხო მას, როგორ უნდა შევურჩიო ჩემი სიტყვები? მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები მას, ჩემს მსაჯულს შევევედრები. თუ მას მოვუხმობდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ისმინა ჩემი ხმა. გრიგალივით მლეწავს და ტყუილუბრალოდ მიმრავლებს ჭრილობებს. სულს არ მათქმევინებს, არამედ თუ ძალის ამბავია, აჰა, ის ძლიერია, და თუ სამართლის ამბავია, ვინ მოჰკითხავს პასუხს? მართალი რომც ვიყო, ჩემივე პირი მე გამამტყუნებს, უმწიკვლო რომც ვიყო, მაინც ბრალს დამდებს. უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა. სულერთია, ამიტომ ვამბობ: უმწიკვლოსა და ურჯულოს ერთნაირად კლავს იგი. როცა მისი მათრახი უცაბედად კლავს, იგი დასცინის უბრალოთა განსაცდელს. დედამიწა ურჯულოთა ხელშია ჩავარდნილი, ის უფარავს სახეებს მის მსაჯულებს. თუ ის არ არის, მაშ ვინღაა? და ჩემი დღეები მალემსრბოლის უსწრაფესია, მიექანე, არანაირ სიკეთეს არ ხედავენ. მიჰქრიან ლერწმის ნავებივით, არწივივით, თავის მსხვერპლს რომ აცხრება. თუ ვიტყვი: დავივიწყებ ჩემს საჩივარს, მოვეშვები პირქუშობას და გავმხნევდები, მაშინებს ყველა ჩემი სატკივარი, ვიცი, რომ არ გამამართლებ. მე გავმტყუნდები! ამაოდ რად უნდა გავისარჯო? თუნდაც თოვლის წყლით განვიბანო თავი, და აბრეშუმზე შევიწმინდო ხელები, მაშინაც წუმპეში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი. რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არ არის, რომ პასუხი გავცე და სამსჯავროში ერთად წავიდეთ. არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი. განმარიდოს თავისი კვერთხი, და მისი შიში ნუ შემაძრწუნებს! მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა, რადგან მე ასე არა ვარ ჩემს თავთან.“ „მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე. გასაქანს მივცემ ჩემს წუხილს, ვილაპარაკებ ჩემი სულის სიმწარით, ვეტყვი უფალს: ‘მაცოდინე, რისთვის მედავები? კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენს ხელთა ქმნილება და ურჯულოთა რჩევას უნათებ? ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები? ნუთუ შენი დღეები ადამიანის დღეებივითაა? ნუთუ კაცის დღეებივითაა შენი წლები, ჩემს ბრალს რომ ეძებ და ჩემს ცოდვას იკვლევ? თუმცა იცი, რომ დამნაშავე არა ვარ, და არავინაა შენი ხელიდან ჩემი დამხსნელი. შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს და შენვე მანადგურებ? აბა, გაიხსენე, თიხასავით რომ შემქმენი, და ისევ მტვრად მაქცევ? განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე? ტყავით და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე, სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენმა ზრუნვამ შეინახა ჩემი სული. ეს გქონდა გულში დაფარული, ვიცი, რომ ეს იყო შენი მიზანი. თუ შეგცოდავ, შენ დამიდარაჯდები და არ მომიტევებ დანაშაულს. თუ დამნაშავე ვარ, ვაი ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავი ვერ ამიწევია! რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე. წამოვიწევი და ლომივით ნადირობ ჩემზე, და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე, ახალ-ახალი მოწმეები გამოგყავს ჩემს საპირისპიროდ, და აძლიერებ შენს რისხვას ჩემზე. ჯარები ენაცვლებიან ერთმანეთს ჩემს წინააღმდეგ. დედის საშოდან რისთვის გამომიყვანე? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე. ვყოფილიყავი, როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი. განა მცირე არაა ჩემი დღეები? მომეშვი, სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა წყვდიადის ქვეყანაში, როგორც სიკვდილის აჩრდილის წყვდიადში, სადაც არ არის წესრიგი, და სადაც ნათელი წყვდიადივითაა.’“ და მიუგო ცოფარ ნაყამათელმა: „ნუთუ ბევრი სიტყვა უპასუხოდ დარჩება? და ნუთუ ყბედი გამართლდება? ნუთუ შენი ფუჭსიტყვაობა დაადუმებს კაცებს? და ნუთუ დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი? და შენ ამბობდი: ‘ხალასია ჩემი მოძღვრება და სუფთა ვარ და ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ, და გაგიცხადებდეს თავისი სიბრძნის საიდუმლოებებს! რადგან ორმაგია ნამდვილი სიბრძნე და, იცოდე, რომ ღმერთი შენი გულისათვის ივიწყებს ზოგიერთ შენს შეცოდებას. ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? მისწვდები ყოვლადძლიერის სამანს? იგი ზეცაზე მაღალია – რას იზამ? ქვესკნელზე ღრმაა – რას გაიგებ? იგი ზომით დედამიწის უგრძესია და ზღვის უვრცესია. თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, წინ ვინ აღუდგება? რადგან ის სცნობს ცბიერ ადამიანებს, როცა უსამართლობას ხედავს, განა ყურადღებას არ მიაქცევს? ცარიელი თავი განისწავლება? და ველური ვირის ჩოჩორი ადამიანად დაიბადა? თუ შენ განაწყობ შენს გულს და მისკენ გაიწვდი ხელებს, თუ შენს ხელში უსამართლობაა, განიშორე ის, რომ შენს კარვებში არ დაივანოს უსამართლობამ, რადგან მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება, რადგან დაივიწყებ შენს ტანჯვას, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ. შენი სიცოცხლე შუადღეზე ნათელი იქნება, და ბნელი დილასავით გახდება. დაიმედებული იქნები, რადგან არის სასო. და მიმოიხედავ და იმედიანად დაწვები. და დაივანებ, და არავინ იქნება შენი შემწუხებელი, და მრავალნი დაგიწყებენ ლიქნას. და ურჯულოთა თვალნი დაივსებიან, დაეკარგებათ მათ თავშესაფარი, და მათი სასო სულის განტევება იქნება.“ და მიუგო იობმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ხალხი მხოლოდ თქვენა ხართ, და სიბრძნე თქვენთან ერთად მოკვდება. მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. და ვინ არ იცის ეს ყოველივე? მოყვასის დასაცინი შევიქენი, მე, ღვთისმხმობელი და მისგან პასუხის მიმღები. დასაცინი შევიქენი, მართალი და უმწიკვლო. გალაღებულ კაცს ზიზღი აქვს მარცხისა, როგორც ფეხდასხლეტილის ხვედრისა. მყუდროება სუფევს მძარცველთა კარვებში, უშიშრად არიან ღვთის განმარისხებელნი, ვინც ღმერთი მოიყვანა თავისი ხელით. აბა ჰკითხე პირუტყვს და ის გასწავლის, და ცის ფრინველს და ის გეტყვის. ან მიწას გაესაუბრე და ის გასწავლის, და მოგახსენებენ ზღვის თევზები. ვინ არ იცის ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს? მის ხელთაა ყველა სულდგმულის სული, და განა ყური არ განარჩევს სიტყვებს? განა სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს? სიბრძნე მოხუცებშია და გონება – დღეგრძელებში. ღმერთთანაა სიბრძნე და ძალი, მასთანაა რჩევა და გონება. აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, დაამწყვდევს კაცს და ვეღარ გამოიხსნება. აჰა, შეაკავებს წყლებს და დაშრებიან, გამოუშვებს მათ და გადახრავენ მიწას. მასთანაა ძალი და ნამდვილი სიბრძნე, მისია მოტყუებული და მომტყუებელი. ტყვედ მიჰყავს მრჩეველნი და მსაჯულებს აბრიყვებს. ბორკილებს აყრევინებს მეფეებს და წელზე სარტყელს არტყამს. ფეხშიშველი მიჰყავს მღვდლები, და ამხობს ძლიერებს. ართმევს მეტყველებას თავდაჯერებულთ და გამჭრიახობას – უხუცესებს. დამცირებას ანთხევს დიდებულებზე და ძლიერთა სარტყელს ასუსტებს. აცხადებს იდუმალებებს ბნელიდან და სიკვილის აჩრდილი სინათლეზე გამოჰყავს. განადიდებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და მიუძღვის მათ. გონებას ურევს ქვეყნის ხალხთა თავკაცებს და უგზო-უკვლო უდაბნოში ახეტიალებს. ხელისცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ და მთვრალებივით დაბორიალობენ!“ „აჰა, ეს ყოველივე ჩემმა თვალმა იხილა, ჩემმა ყურმა ისმინა და გაიგო. რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე უარესი. მაინც დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, და სამხილს მოვახსენებდი ღმერთს. თქვენ კი სიცრუის მგლესავები ხართ, ყველანი უვარგისი მკურნალები ხართ! ნეტავ დუმილით მაინც დადუმდებოდეთ! და ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე. გთხოვთ, ისმინეთ ჩემი სამხილი და გაიგონეთ ჩემი ბაგეების საჩივარი! ღვთის გულისათვის იტყვით ტყუილს? მისი გულისთვის იტყვით სიცრუეს? მიკერძოებას გამოიჩენთ მის მიმართ? ღმერთს გამოესარჩლებით? კარგი იქნება, რომ გამოგჩხრიკოთ? კაცი კაცს რომ ატყუებს, ისე მოატყუებთ მას? ის კიცხვით გაგკიცხავთ, მალულად თუ გამოიჩენთ მიკერძოებას. ნუთუ არ შეგეშინდებათ მისი სიდიადისა და მისი შიში თავს არ დაგატყდებათ? თქვენი შეგონებანი ნაცრის არაკებია, თქვენი სიმაგრეები თიხის სიმაგრეებია. დადუმდით ჩემს წინაშე და მალაპარაკეთ, და მერე, რაც მომივა, მომივიდეს. რად უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემი კბილით? ხელში რად უნდა ჩავიდო ჩემი სული? რომ მომკლას კიდეც, მაინც მისი იმედი მექნება, მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე. ესეც ჩემი ხსნა იქნება, რადგან უღვთო კაცი ვერ მივა მის წინაშე. სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს! აჰა, სამსჯავროსთვის გამიმზადებია ჩემი სარჩელი! ვიცი, რომ გავმართლდები. ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და მოვკვდებოდი! ოღონდ ორ რამეს ნუ მიზამ, და შენს სახეს არ დავემალები: შენი ხელი მომარიდე და შენი შიშის ზარი ნუ შემაძრწუნებს. მაშინ მიხმე და მე პასუხს გაგცემ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე! რამდენი ბრალი და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა! რად მალავ სახეს? შენს მტრად რადა მთვლი? მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და ხმელ ჩალას დევნი? რადგან მწარე ამბებს სწერ ჩემზე და მამკვიდრებინებ სიჭაბუკის ცოდვებს, ხუნდებში მაყოფინებ ფეხებს, უდარაჯებ ყველა ჩემს ბილიკს, და ნიშანს მასვამ. ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისგან დაჭმული სამოსელი.“ „ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით. ყვავილივით იფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გარბის და კვალს არ ტოვებს. და მაინც თვალს აპყრობ მას და სამსაჯავროში მიგყავარ შენთან? ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ! თუ მისი დღეები განსაზღვრულია, თუ მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, თუ სამანი დაუდე მას და ვერ გადავა, დაეხსენი, მოისვენოს, ვიდრე დღიურ მუშასავით რადგან ხესაც აქვს იმედი, რომ თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება. თუ ფესვი მიწაში დაუბერდა და ღერო მტვერში ჩაუკვდა, წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ნერგივით ყლორტებს გამოიყრის. და კაცი კვდება და უძლურდება, სულს განუტევებს ადამიანი და სადღა არის? გაედინება წყალი ზღვიდან, და მდინარე იწრიტება და შრება, და კაციც დაწვება და ვეღარ ადგება. ვერ გაიღვიძებენ, ვიდრე არ გაქრება ზეცა, და ძილისგან ვერ გამოფხიზლდებიან. ნეტავ შავეთში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე დაცხრებოდა შენი რისხვა, დრო დაგენიშნა ჩემთვის და შემდეგ გაგხსენებოდი. როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება? მთელი ჩემი კვეთების დღეებს დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ფერისცვალება. დამიძახებდი და გამოგეპასუხებოდი. მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება, რადგან ახლა ნაბიჯებს მითვლი, მაგრამ ჩემს ცოდვებს არ უთვალთვალებ. ჩაბეჭდილია გრაგნილში ჩემი დანაშაული, და ჩემს ბრალს შენ წარხოცავ. მაგრამ ჩამოქცეული მთა იშლება და კლდე ცურდება თავისი ადგილიდან, ქვებს აცამტვერებს წყალი, მისი ნიაღვარი მიწას წალეკავს. შენც ასევე წარხოცავ კაცის იმედს. სძლევ მას სამუდამოდ და ის მიდის, სახეს შეუცვლი და გაუშვებ. პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ იცის. დამცირდებიან ისინი, ის კი ვერ მიხვდება. მაგრამ თავისი ხორცი სტკივა, და იგი თავის თავს გლოვობს!“ და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა: „განა თავქარიანად უნდა პასუხობდეს ბრძენკაცი? განა აღმოსავლეთის ხორშაკით უნდა ივსებდეს მუცელს? უნდა დაობდეს უსარგებლო ლაპარაკით ან სიტყვებით, რომლებშიც ხეირი არა ყრია რა? შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას, და აბრკოლებ ლოცვას ღვთის წინაშე, რადგან შენი უკეთურება წვრთნის შენს ბაგეს და ცბიერთა ენა აგირჩევია. შენივე პირი გამტყუნებს, მე კი არა, და შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ. პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, და ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ? ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია? ისეთი რა იცი, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ? რას ხვდები ისეთს, ჩვენ რომ ვერ მივმხვდარვართ? ჩვენს შორის თმაჭაღარაც არის და მოხუცებულიც, მამაშენს რომ აღემატება დღეებით. გეცოტავება ღვთის ნუგეში და თვინიერი სიტყვა, შენთან მოუბარი? სხვაგან რად მიგიწევს გული, და რად აფახულებ თვალებს? ღმერთის წინააღმდეგ რომ მიმართავ შენს სულს და ასეთი სიტყვები ამოგდის პირიდან? რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს, ან მართალი იყოს დედაკაცის ნაშობი? აჰა, თავისი წმიდებსაც არ ერწმუნება იგი, და მის თვალში ზეცაც კი არ არის სუფთა, მეტადრე საძაგელი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას! გეტყვი და მომისმინე, ნანახს მოგიყვები, რაც ბრძენკაცებს სმენიათ და არ დაუმალავთ თავიანთი მამებისგან გაგონილი. მათ, მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, და არ გაუვლია უცხოს მათ შორის. იტანჯება ურჯულო მთელი თავისი დღე და მოსწრება, და წელთა რიცხვი დაფარულია მტარვალისათვის, შიშისზარია მის ყურებში, მშვიდობიანობის დროსაც მას ესხმის დამღუპველი. არ სწამს მას, რომ წყვდიადიდან დაბრუნდება, განწირულია მახვილისათვის. დაწანწალებს ლუკმაპურისთვის, იცის, შავი დღე შერჩება ხელში. აძრწუნებს მას იწროება და გასაჭირი, სჯაბნიან მას, მსგავსად საომრად გასული მეფისა. რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა. ეჭრებოდა მას ჯიუტად, თავისი სქელკოპებიანი ფარით, რადგან თავისივე ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თეძოებზე. და დავანებულია აოხრებულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც დასანგრევადაა განწირული. ვერ გამდიდრდება და არ გაძლებს მისი დოვლათი, და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში მათი ნაგრამი. ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი დააჭკნობს მის ყლორტებს, და მისი პირის მონაბერით წარიტაცება. ნუ ირწმუნებს ამაოებას იგი, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური. უდროოდ გათავდება და მისი ტოტები ვერ ამწვანდება. დაემსგავსება ვაზს, ისვრიმი რომ შეაჭკნა, და რადგან ბერწია უღვთოთა კრებული, და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს. მუცლად იღებენ სალმობას და შობენ სიავეს და შიგანი მათი ამზადებს სიცრუეს“. და მიუგო იობმა და თქვა: „ამისთანები ბევრი მსმენია, ამაო ნუგეშისმცემელნი ხართ ყველანი! ნეტა მოეღება ბოლო ქარიან სიტყვებს? და რამ შეგაურვა, ასეთ პასუხს რომ იძლევი? მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, თქვენი სული ჩემი სულის ადგილზე რომ ყოფილიყო. თავს მოვუყრიდი სიტყვებს თქვენს წინააღმდეგ, და თავის ქნევას დავიწყებდი, გაგამხნევებდით ჩემი პირით, და ჩემს ბაგეთა მოძრაობა დაგიამებდათ ტკივილს. თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები, რა გამშორდება? მაგრამ ახლა მან დამქანცა. შენ დამიქციე მთელი ჩემი კრებული. შენ გამიჩინე ნაოჭები, რაც მოწმობაა ჩემს წინააღმდეგ, წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ ჩემი სიმჭლევე, და იგი მოწმობს ჩემს საპირისპიროდ. მისი რისხვა მფლეთს და მემტერება, კბილებს მიღრჭიალებს, ჩემი მტერი თვალებს აკვესებს ჩემზე, პირი აქვთ ჩემზე დაღრენილი, მაგინებენ და სახეში მცემენ, ერთად შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ. მიმცა მე ღმერთმა უსამართლოს, და ურჯულოთა ხელში ჩამაგდო. მშვიდად ვიყავი და დამლეწა; ჩამავლო კისერში ხელი და დამლეწა, და თავის სამიზნედ დამსვა. გარს მეხვევიან მისი ისრები. ის სერავს ჩემს თირკმელებს და არ იბრალებს, ანთხევს ჩემს ნაღველს მიწაზე. იგი ლეწვით მლეწავს და მლეწავს, მეომარივით გამორბის ჩემკენ. ძაძა გადავიკერე კანზე და მიწა მტვერში ამოვიგანგლე რქა. სახე ალეწილი მაქვს ტირილისაგან და სიკვდილის აჩრდილია ჩემს წამწამებზე. თუმცა არაა ძალადობა ჩემს ხელთ და ჩემი ლოცვაც წმიდაა. მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს, და ნუ ექნება თავმისადრეკი ჩემს მოთქმას. ახლა კი, აჰა, ცაშია ჩემი მოწმე, ჩემი ქომაგი მაღალთა შინაა. ჩემნო ქომაგნო, ჩემო მეგობრებო, ღვთის მიმართ აღივსება ჩემი ცრემლი, რათა განსაჯოს მან კაცსა და ღმერთს შორის, როგორც ადამიანსა და მის მოყვასს შორის, რადგან თავდება ჩემს წელთა რიცხვი და ვდგები უკანმოუქცეველ გზაზე.“ „სული შემემუსრა, ჩამიქრა დღეები, და გათხრილია საფლავი ჩემთვის. ნეტავ ეს მქირდავნი არ მეხვივნენ თავს! მათი ურჩობით ღამეს ათევენ ჩემი თვალები. მომხედე, შენვე გამიწიე თავდებობა შენს წინაშე. სხვა ვინ დამირტყამს ხელს ხელზე? რადგან დახურე შენ მათი გული გონიერებისთვის, და ამიტომაც არ აღაზევებ მათ. ვინც მეგობრებს ასმენს ანგარებით, მის შვილებს თვალები უნდა დაევსოთ. ხალხის საიგავოდ გამხადა, და მათ დასაცინად ვიქეცი. თვალთ დამიბნელდა დარდისაგან, და აჩრდილივით არის ჩემი სხეულის ასოები. განცვიფრდებიან ამის გამო წრფელნი, და მართალი ურჯულოზე აღდგება. დაიჭერს მართალი თავის გზას, და ხელწმიდა კაცი მეტად განმტკიცდება. თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი, ბრძენს მაინც ვერ ვიპოვი თქვენს შორის. ჩემმა დღეებმა განვლეს, ჩაიფუშა ჩემი ზრახვები – ჩემი გულის ფიქრები. ისინი ღამეს დღედ აქცევენ, ახლოა ნათელი ბნელთან. თუ ველი რამეს, მხოლოდ შავეთს – ბნელში დავაგე ჩემი ლოგინი. ჩავძახე საფლავს: ‘შენ მამა ხარ ჩემი!’ ჭიას ვუთხარი: ‘დედაჩემი ხარ და ჩემი და ხარ!’ და სადაა ჩემი სასოება? ვიღა იხილავს ჩემს სასოებას? თან ჩამომყვება შავეთში? და ნუთუ ერთად განვისვენებთ დამიწებულნი?“ და მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა: „როდის მორჩებით ყველანი ამ სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ. რატომ ვითვლებით პირუტყვებად და გონებაჩლუნგებად თქვენს თვალებში? საკუთარმა რისხვამ გსურს დაგღრღნას? შენი გულისთვის ხომ არ უნდა იქნეს მიტოვებული მიწა, და დაიძრას კლდე თავისი ადგილიდან? ურჯულოთა ნათელიც დაიშრიტება და აღარ აელვარდება ალი მისი ცეცხლისა. მის კარავში ნათელი ჩამობნელდება და მისი სანთელი მის თავზე ჩაქრება. შემოკლდება ნაბიჯი მისი ძლიერებისა, და საკუთარი რჩევა დაამხობს მას, რადგან ფეხებით ბადეშია გახლართული და ხლართებში დაიარება. მარყუჟს იგი ქუსლით ჰყავს დაჭერილი, და მახეს გაბმული ჰყავს. დამალულია მიწაზე მისი საბელი, და მისთვის დაგებულია ხაფანგი მის ბილიკზე. ირგვლივ აფრთხობენ მას საშინელებანი, და ფეხდაფეხ მისდევენ ისინი. შიმშილი ძალას გამოაცლის, და დაღუპვა მზადაა, მის გვერდითაა. კანს შეუჭამს ნაწილ-ნაწილ, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო. ამოიძირკვება თავისი საიმედო კარვიდან, და მას საშინელებათა მეფეს მიჰგვრის. მის კარავში ისაა დავანებული, ვინც მისიანი არაა. და მის საბინადროს გოგირდი გადაეყრება. ქვემოდან ფესვები გაუხმება, მაღლიდან ტოტები დაუჭკნება. და გაქრება მისი სახსენებელი ქვეყნად, და სახელი აღარ ექნება ქუჩაზე. განდევნიან მას ნათლიდან ბნელში, და წუთისოფელს მოსწყვეტენ მას. არც ნაშიერი, არც შთამომავალი არც ნამატი დაურჩება საბინადროში. მისი ბედის გამო განცვიფრდებიან დასავლეთში მყოფნი, და აღმოსავლეთში მყოფთ შეიპყრობს ძრწოლა. სწორედ ასეთია უღვთოთა სავანენი და ეს არის იმის ადგილი, ვინც ღმერთს არა სცნობს.“ და მიუგო იობმა და თქვა: „როდემდე უნდა მიმწუხრებდეთ სულს და მთრგუნავდეთ მე სიტყვებით? უკვე ათჯერ შეურაცხმყავით, და არ გეთაკილებათ, რომ მძრახავთ. და თუ მე მართლა შევცდი, ჩემი შეცდომა ჩემთანვე რჩება. თუ თქვენ მართლა ჩემზე დიდად მოგაქვთ თავი და ჩემი დამუნათებით თავი ისე გიჭირავთ, თითქოს მართლები იყოთ, იცოდეთ, რომ ღმერთმა გამამრუდა და გამხვია თავის ბადეში. აჰა, ვღაღადებ: ‘ძალადობაა!’ შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი. მან გადამიღობა გზა და ვეღარ გადავსულვარ, მან დააფინა ჩემს ბილიკებს ბნელი. შემომაძარცვა ჩემი დიდება, და თავიდან გვირგვინი მომხადა. ყოველმხრივ დამაქცია და უკვე მივდივარ, ხესავით ამომიძირკვა სასოება. და აღაგზნო ჩემზე თავისი რისხვა. და თავის მტრად შემრაცხა. ერთად მომადგნენ მისი ურდონი, და გამოთვალეს თავიანთი გზა ჩემს წინააღმდეგ, და ჩემი კარვის ირგვლივ დაიბანაკეს. ჩემი ძმები ჩამომაშორა, და ჩემი ნაცნობნი გამიუცხოვდნენ. მახლობელნი განმიდგნენ და ნაცნობებმა დამივიწყეს. ჩემ სახლში მოსული გარეულნი და ჩემი სახლის მხევლები უცხოდ მათ თვალში უცხო გავხდი. ჩემს მსახურს ვეძახი და არ მპასუხობს; ვევედრები მას ჩემი პირით. ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს, და ჩემი სიმყრალე – დედაჩემის ძეთ. ბავშვებმაც შემიზიზღეს მე, წამოვდგები და აბუჩად მიგდებენ. მომიძულეს ჩემმა სანდო მეგობრებმა და ვინც მიყვარდნენ, მტრად მომეკიდნენ. ჩემი ტყავი და ხორცი ჩემს ძვალს მიეკრა ცარიელი ღრძილებიღა დავრჩი. შემიწყალეთ, ჩემო მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე! რატომ მდევნით თქვენც, როგორც ღმერთი? და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით? ნეტავ ჩაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ წიგნში ჩაიბეჭდებოდეს, რკინის საჭვრეთლით კლდეზე ამოიკვეთებოდეს სამარადისოდ! და მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი და საბოლოოდ მიწაზე წამოიმართება. მას შემდეგ, რაც ასე შემომეძარცვება კანი ჩემი ხორციდან, ვიხილავ ღმერთს, რომელსაც მე თავად ვიხილავ და ჩემი თვალები დაინახავენ მას და არა სხვისი. დამელია თირკმლები ჩემი ჩემს წიაღში. თუ იტყვით: ‘რას ვდევნით მას?’ და: ‘საქმის ფესვი ნაპოვნია მასში!’ გეშინოდეთ მახვილისა, რადგან რისხვას მოაქვს რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!“ მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა: „ამიტომ მაიძულებენ ჩემი ფიქრები პასუხს, და ამის გამოა, რომ ვიჩქარი; რადგან ჩემს შეურაცხმყოფელ შენიშვნას ვისმენ, და ჩემი გონების სული მათქმევინებს პასუხს. ხომ იცი ეს ძველთაგან, მას აქეთ, რაც ადამიანი დამკვიდრდა მიწაზე, ურჯულოთა ლხენა ხანმოკლეა, და უღვთოს სიხარული – წამიერი. თუნდაც ცად ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს, თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ, და მისი მნახველნი იკითხავენ: ‘სადაა იგი?’ სიზმარივით გაფრინდება და ვერავინ იპოვნის, ღამეულ ჩვენებასავით გაუჩინარდება. თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას, და მეტად ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას. და მისი ძენი ღარიბ-ღატაკთა მომადლიერებას ეცდებიან, და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს. მისი ძვლები სავსეა სიჭაბუკით, მაგრამ მასთან ერთად მიიქცევიან მიწა-მტვრად. თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს, თუმცა ზოგავს მას და არ გამოაგდებს და პირში იჩერებს, და მაინც გადაექცევა საჭმელი სიმწარედ მუცელში, ასპიტთა შხამად მის ნაწლავებში. იგი ყლაპავს დოვლათს, მაგრამ ამოარწყევს, ღმერთი გამოუდევნის მას მუცლიდან. ასპიტთა შხამსა სწოვს იგი, უნასის ენა მოჰკლავს მას. ვერ იხილავს ნაკადულებს, მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს. დააბრუნებს ნაოფლარს და ვერ ჩაყლაპავს. დოვლათის მიხედვით ექნება ნავაჭრი, მაგრამ რადგან ჩაგრავდა და ივიწყებდა ღარიბ-ღატაკებს, სახლს ანგრევდა და არ აშენებდა. ვინაიდან არ ასვენებდა მუცელი, თავის სასურველს ვერაფერს გადაარჩენს. არაფერი მორჩენია შეუსანსლავი, ამისთვის ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა. თავისი სისავსის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი გატანჯული ხელი მისწვდება მას. მუცელს რომ ამოიყორავს, ღმერთი მოუვლენს მას თავისი რისხვის ცეცხლს და საჭმელად აწვიმებს მასზე. გაექცევა რკინის იარაღს, – განგმირავს მას სპილენძის მშვილდი. გამოიძრობს და გამოვა მისი სხეულიდან ისარი, და ელვა გამოვა მისი ნაღველადან, თავზარი დაეცემა მას. მთელი წყვდიადი მის საგანძურად შეინახება. შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მისი კარვის ნატამალს. გააცხადებს ზეცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ. და მისი სახლის დოვლათი და წაილეკება მისი რისხვის დღეს. ეს არის ხვედრი ურჯულო კაცისა და ხვედრი, ღვთის მიერ ნაბრძანები.“ და მიუგო იობმა და თქვა: „სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა ჩემი. ჯერ მე მათქმევინეთ და როცა ვიტყვი, მერე დამცინეთ. განა ადამიანს ვემდური? როგორ არ ვიქნები სულმოკლე? შემომხედეთ და განცვიფრდით, და პირზე აიფარეთ ხელი. ამაზე ფიქრიც კი მზარავს, და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს. რატომ არის, რომ ცოცხლობენ ურჯულონი, სიბერეს აღწევენ და ძალით მძლავრობენ? მათსავე სიცოცხლეში მათ წინაშე გამყარებულია მათი მოდგმა, და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა. მათი სახლები დაცულია შიშისგან და არც ღვთის კვერთხია მათზე. მისი კურო ამაკებს და არ ააცდენს, მათი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს. ფარასავით უშვებენ თავიანთ ბალღებს, და კუნტრუშობენ მათი პატარები. მღერიან დაირაზე და ქნარზე და მხიარულებენ სალამურის ხმაზე. კეთილდღეობაში ატარებენ თავიანთ დღეებს, და მშვიდად ჩავლენ შავეთს. ღმერთს ეუბნებიან: ‘ჩამოგვშორდი, არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზები. რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? და რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?’ აჰა, მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის! – ურჯულოთა რჩევა შორს არის ჩემგან! ხშირად ყოფილა, რომ ჩამქრალა ურჯულოთა სანთელი? რამდენჯერ სწევიათ მათ უბედურება? თავისი რისხვის ჟამს უნაწილებს ღმერთი მათ სატანჯველს? იქნებიან ისინი ჩალის წველივით ქარის წინაშე და როგორც ბზე, ქარიშხლისაგან მოტაცებული. შენ იტყვი: ‘ღმერთი სატანჯველს უნახავს მის შვილებს.’ – დაე, თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ იწვნიონ! იხილონ მისმა თვალებმა თავისი უბედურება და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა. რადგან რაღა სარგებლობა აქვს თავის სახლში სიკვდილის შემდგომ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება? ნუთუ ღმერთს ჭკუა ესწავლება, როცა იგი ზენაურთ განიკითხავს? ზოგი სრული კეთილდღეობის ჟამს კვდება, სრულიად მშვიდი და უზრუნველი. მისი წიაღი სავსეა რძით და მისი ძვლები სავსეა ტვინით. ზოგი კი სულგამწარებული კვდება, და არ უნახავს სიკეთის გემო. ერთად წვანან მიწაში და ჭიები ფარავენ მათ. მე ვიცი თქვენი ფიქრები და მზაკვრობანი, რითაც ძალადობთ ჩემზე, რადგან ამბობთ: ‘სად არის დიდებულის სახლი, და სად არის ურჯულოთა კარავ-სავანეები?’ განა არ შეეკითხეთ გზად ჩამვლელებს, და არ გსმენიათ მათი მოწმობები, რომ წარწყმედის დღეს დაზოგილია ბოროტი კაცი, გარიდებულ იქნება რისხვის დღეს? ვინ ამხილებს მას პირში მისი გზის გამო, და ვინ მიუზღავს მას ნამოქმედარისთვის? სამარემდის მიასვენებენ და დარაჯს მიუჩენენ მის საფლავს. ტკბილად მიიღებს ველის გორახებს, მრავალი კაცი გააცილებს მის ცხედარს, და მის წინაც მრავალი წაუძღვება. როგორღა მანუგეშებთ მე ამაოებით? თქვენი პასუხები სიცრუედ რჩება!“ და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა: „რას არგებს ღმერთს კაცი? განა გონიერი თავის თავს არა რგებს? გგონია: ეამება ყოვლადძლიერს შენ რომ მართალი ხარ? და რა გამორჩენა აქვს, თუ წრფელია შენი გზები? გგონია: შენი ღვთისმოშიშების გამო დაგიწყებს ყვედრებას და წამოვა შენთან ერთად სამსჯავროზე? განა დიდი არაა შენი ბოროტება? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს? რადგან არაფრის გულისთვის ართმევდი გირაოს შენს ძმებს, და შიშველ-ტიტვლებს ხდიდი ტანსაცმელს. წყურვილით დატანჯულს წყალს უკავებდი და მშიერს პურს არ აწვდიდი. ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა, და წარჩინებული მკვიდრობს აქ. ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლებს მკლავებს უთეთქვავდი. ამიტომ არის შენს ირგვლივ მახენი და გაკრთობს ანაზდეული შიში. იქნებ ბნელა და ვეღარ ხედავ, და წყლის ნიაღვარმა დაგფარა? განა ღმერთი ცათა მწვერვალზე არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია! და შენ ამბობ: ‘რა იცის ღმერთმა? შავი ღრუბლიდან განიკითხავს? ღრუბელნი საფარველად აქვს ცის კაბადონზე დადის.’ ნუთუ იმ ძველ ბილიკს ადგახარ, ავკაცნი რომ დადიოდნენ, რომელნიც უდროოდ წარიტაცნენ, რომელთა საძირკველიც მდინარემ გადარეცხა? ისინი ეუბნებოდნენ ღმერთს: ‘გაგვეცალე!’ და: ‘ყოვლადძლიერი რას გვარგებს?’ მან კი სიკეთით აუვსო მათ სახლები. მაგრამ ურჯულოთა რჩევა შორსაა ჩემგან! უყურებენ მართალნი და ხარობენ და უმწიკვლონი დასცინიან მათ. ამბობენ: ‘აჰა, გამწყდარა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ცეცხლს შთაუნთქავს.’ შეეწყვე მას – და მშვიდობით იყავი; ამით მოვა სიკეთე შენთან. მიიღე მისი პირიდან რჯული და მისი სიტყვები გულში ჩაიდევი. თუ დაუბრუნდები ყოვლადძლიერს, აშენდები, მოაშორე უსამართლობა შენს კარავს. შენი ოქრო მტვერში ჩააგდე, ოფირის ოქრო – ხევების ლოდებში. და ყოვლადძლიერი იქნება შენი ოქრო, და ძვირფასი ვერცხლი იქნება შენთვის, რადგან მაშინ დატკბები ყოვლადძლიერში და ღმერთს მიაპყრობ სახეს. ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შენ შეასრულებ შენს აღთქმებს. და რასაც გადაწყვეტ, აგისრულდება, და შენს გზაზე ნათელი იბრწყინებს. როცა დაგამდაბლებენ, იტყვი: ‘ამაღლება’ და ის იხსნის თვალდახრილს. ის გადაარჩენს დამნაშავესაც; და გადარჩება ის შენი ხელების სიწმიდით“. და მიუგო მას იობმა და თქვა: „დღესაც ამბოხია ჩემი სიტყვა ჩემი ხელი ამძიმებს ჩემს კვნესას. ნეტავი მაცოდინა, სად ვიპოვო იგი და მიმაღწევინა მის სამყოფლამდე, წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს. გავიგებდი იმ სიტყვებს, რასაც მომიგებდა, და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა. თავისი დიდი ძალით ხომ არ გამიმართავდა პაექრობას? არა! მხოლოდ ყურს დამიგდებდა. იქ, ალალმართალი თავს იმართლებს მის წინაშე – და მე სამუდამოდ დავიხსნიდი თავს ჩემი მსაჯულისაგან. აჰა, წინ მივდივარ – და იგი არ ჩანს, უკან მივდივარ, კვლავაც ვერ ვხედავ. ჩრდილოეთით საქმიანობს და ვერ ვამჩნევ, სამხრეთით განზე გადგება და ვერ ვხედავ. მაგრამ მან იცის ჩემი გზა-სავალი, გამომცდის, ოქროსავით გამოვალ. ჩემი ტერფი ჩაეჭიდა მის კვალს, მის გზას ვიცავდი განუხრელად. მის ბაგეთა მცნებებისგან არ გადამიხვევია, მისი პირის სიტყვებს საკუთარზე მეტად ვიცავდი. მაგრამ იგი უცვლელია და ვინ არის მისი შემდავებელი? რასაც მისი ხელი მოისურვებს, იმას აკეთებს. რადგან ის აღასრულებს ჩემთვის დაწესებულს, და ასეთი ბევრია მასთან. ამიტომ ვკრთი მის წინაშე, ჩავუკვირდები და მეშინია მისი. ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და ყოვლადძლიერმა შემაძრწუნა მე. მაგრამ არ დავდუმდები სიბნელეშიც და წყვდიადი ვერ დამფარავს მე.“ „რად არ არის ყოვლადძლიერისათვის დაფარული ვადები, და მისი მცნობელნი რად ვერ ხედავენ მის დღეებს? ურჯულონი სამანებს ანაცვლებენ, იტაცებენ ნახირს და მწყემსავენ მათ. ობოლთა სახედრებს ერეკებიან, ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ; გაჭირვებულს გზიდან აგდებენ, ერთად მიიმალნენ ქვეყნის ღარიბნი. როგორც უდაბნოში კანჯრები, გადიან თავიანთ საქმეზე ნადავლის საძებრად. ტრამალი პურს აძლევს მათ ბავშვებს. სხვის ყანაში მკიან და ურჯულოს ვენახს იმცვრევენ. შიშვლად ათევენ, უწამოსასხამოდ და არა აქვთ წასაფარებელი ყინვაში. მთების თქეშში ილუმპებიან, და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან. ძუძუსა სწყვეტენ ობოლს, და მიჰყავთ ღარიბისაგან გირაოდ. შიშველნი დაწანწალებენ უსამოსლოდ, და დამშეულნი ძნებს დაათრევენ. მათ კედლებში ზეთისხილის ზეთს ხდიან, საწნახლებში წურავენ ყურძენს, თავად კი სწყურიათ. ქალაქიდან მომაკვდავნი გმინავენ და დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათს ვედრებას. ისინი ნათლის მეამბოხენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ დგანან მის ბილიკებზე. განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდივით არის. და მრუშის თვალი ბინდის მოლოდინში ამბობს: ‘კაცის თვალი ვერ მიხილავს.’ და სახეზე საფარველს იფარებს. ბნელში ძირს უთხრიან სახლებს, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი, რადგან დილა მათთვის სიკვდილის აჩრდილია, რადგან შეუამხანაგდნენ სიკვდილის აჩრდილის საშინელებებს. მსუბუქია ის წყლის ზედაპირზე, დამცრობილია მისი ხვედრი მიწაზე, არ გაუხვევს ვენახთა გზებისკენ. გვალვა და ხორშაკი შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი – ცოდვილებს. დაივიწყებს მას დედის საშო ჭია იტკბარუნებს მას, აღარავის გაახსენდება, ხესავით გადატყდება უკეთურება. ავად ექცევა ბერწ ქალს, უშვილოს, და ქვრივს სიკეთეს არ უკეთებს. სიცოცხლეს უხანგრძლივებს ძლიერთ თავისი ძალით, დგება და არ იჯერებს, რომ ცოცხალია. იგი აძლევს მას სიმშვიდეს და ისიც ეყრდნობა, და თვალი მათ გზებზე უჭირავს. მცირე ხანს აღზევდნენ და აჰა, აღარ არიან. დამდაბლდებიან, დაეცემიან, როგორც ყველანი, და თავთავებივით წაიკვეთებიან. ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვას?“ და მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა: „უფლება და შიში მასთან არის, მშვიდობას ამკვიდრებს თავის სიმაღლეებში. თუ აქვს რიცხვი მის მხედრობას? და ვისზე არ ამოდის მისი ნათელი? რა გაამართლებს კაცს ღმერთთან? და რა განწმედს დედაკაცის ნაშობს? მთვარე არ ნათობს და ვარსკვლავნი არ არიან სუფთანი მის თვალში. მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!“ და მიუგო იობმა და თქვა: „რით შეწევნიხარ უძლურს? რითი გიხსნია უმწეო მკლავი? რა რჩევა მიგიცია სიბრძნეს მოკლებულისთვის? და რა ბევრი სიბრძნე გისწავლებია? ვისთვის გითქვამს ეს სიტყვები, და ვისი სული გამოდიოდა შენგან? ლანდები ძრწიან ქვეშეთში, წყალნი და მისი მკვიდრნი. გაშიშვლებულა შავეთი მის წინაშე და არა აქვს საფარველი აბადონს. მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არარაობაზე დაჰკიდა დედამიწა. იგი ჰკრავს წყლებს თავის ღრუბლებში, და არ სკდება ღრუბელი მათ ქვეშ. იგი ბურავს სავსე მთვარის პირს, თავისი ღრუბელი მასზე განართხო. წყლის ზედაპირზე წრე შემოავლო ნათლისა და ბნელის საზღვრამდე. ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის შერისხვაზე. თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გონებით შემუსრა რაჰაბი. მისი სულით ცა გამშვენდა, მისმა ხელმა განგმირა გაქცეული გველი. აჰა, ესენია მისი გზების კიდენი. და რა ჩურჩული გვესმის მასზე! ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?“ და განაგრძო იობმა თავისი იგავის თხრობა და თქვა: „ვფიცავ ღმერთს, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლადძლიერს, რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა. რადგან, ვიდრე ჩემი სუნთქვა ჩემშია და ღვთის სული ჩემს ნესტოებშია, ჩემი ბაგეები არ იტყვიან უკეთურებას და ჩემს ენას არ დასცდება სიცრუე. ღმერთმა დამიფაროს, რომ გაგამართლოთ! სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას! ჩემს სიმართლეს მტკიცედა ვარ ჩაბღაუჭებული და არ გავუშვებ. არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება. იყოს მტერი ჩემი, როგორც ურჯულო, და მოწინააღმდეგე ჩემი, როგორც უკეთური. რადგან როგორია სასოება მლიქვნელისა, როცა იპოვის სარგებელს, როდესაც აცთუნებს ღმერთი მის სულს? განა შეისმენს მის ღაღადისს ღმერთი, როცა მას გასაჭირი დაადგება თავს? ინეტარებს განა ყოვლადძლიერში და ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით? მე თქვენ გასწავლით ღვთის ხელით, რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავფარავ. აჰა, თქვენ ყველას ნანახი გაქვთ და რაღა საჭიროა ამაო ლაპარაკი? ასეთია ურჯულო კაცის ხვედრი ღმერთთან, და მტარვალთა ხვედრი, ყოვლადძლიერისაგან რომ ერგებათ. თუ ვაჟები გაუმრავლდება, და მისი შთამომავალნი პურით ვერ გაძღებიან. მის ნატამალს სიკვდილი დაასამარებს, და მათი ქვრივები ვერ დაიტირებენ მათ. თუ მიწა-მტვერივით დააგროვებს ვერცხლს და თიხასავით მოამზადებს სამოსელს, ის კი მოამზადებს, მაგრამ მართალი შეიმოსავს, ვერცხლი კი უდანაშაულოს ერგება წილად. აშენებს თავის სახლს, როგორც ჩრჩილი, და როგორც დარაჯი იკეთებს ქოხს. წვება მდიდარი და არაფერი აკლია, თვალებს აახელს და აღარაფერია. ეწევა საშინელებანი, როგორც წყლები, ღამით გრიგალი გაიტაცებს მას. წაიღებს მას აღმოსავლეთის ქარი და წავა და წარხვეტს მას მისი ადგილიდან. და მოისვრის მას და არ შეიბრალებს. განა გაექცევა მის ხელს? ხალხი ტაშს შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მას თავისი ადგილიდან.“ „რადგან ვერცხლს საბადო აქვს და ოქროს კი ადგილი, სადაც წმენდენ მას. რკინას მიწიდან იღებენ, სპილენძი კი ქვისაგან გამოიდნობა. ზღვარი დაუდვა კაცმა ბნელს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ქვას წყვდიადსა და ბნელში. გაკაფა გზა ხეობაში, შორს უკაცრიელი ადგილიდან, ფეხმივიწყებულ ადგილებში. გამოკიდებულნი არიან კაცთაგან შორს და ქანაობენ. მიწა – მისგან აღმოცენდა პური, მისი ქვეშეთი აბრუნებულია, როგორც ცეცხლი. მისი ქვები საფირონის ადგილია და მის მიწაში ოქრო ურევია. მისი ბილიკი არ იცის მტაცებელმა ფრინველმა, და შევარდნის თვალსაც არ დაუნახავს. ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს მასზე არ გაუვლია. კაჟზე იშვერს ხელს, ძირფესვიანად აყირავებს მთებს. კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს სჭვრეტს მისი თვალი. მდინარეთა დინებას აკავებს, და დამალული სინათლეზე გამოაქვს. სად იპოვება სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი? მისი ფასი არ იცის კაცმა, და ცოცხალთა ქვეყანაში არ იპოვება. უფსკრული ამბობს ‘ის ჩემში არ არის!’ და ზღვაც ამბობს: ‘ჩემთან არ არის!’ არ გაიცვლება ხალას ოქროში, და არ აიწონება ვერცხლი მის საფასურად. არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსითა და საფირონით. ვერ გაუსწორდება მას და ვერც ბაჯაღლოს ჭურჭელში გაიცვლება. მარჯანი და ბროლი არ არის სახსენებელი, და სიბრძნის მოხვეჭა მარგალიტთა უმჯობესია. ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, ხალასი ოქროთი ვერ შეფასდება. საიდან მოდის სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი? იგი დამალულია ყოველი ცოცხალის თვალთაგან, და დაფარულია ცის ფრინველთაგან. აბადონი და სიკვდილი ამბობენ: ‘ყური მოგვიკრავს მისთვის!’ ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი, რადგან ის გაჰყურებს ქვეყნის კიდეებს, და ჭვრეტს მთელ ცისქვეშეთს. როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს საწყაულით წყავდა, როდესაც წვიმას წესს უდებდა და მეხისცემას – გზა-სავალს, მაშინ იხილა იგი და გამოაცხადა, გამოიკვლია, და ადამიანს უთხრა: ‘უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისაგან განრიდებაა გონება.’“ და განაგრძო იობმა თავისი იგავის თხრობა და თქვა: როგორც იმ დღეებში, როცა მიცავდა ღმერთი; როცა მისი ლამპარი თავს დამნათოდა, და მის შუქზე ბნელში გზას ვიკვლევდი. როგორც ვიყავი ჩემი შემოდგომის დღეებში, როცა ღვთის მეგობრობა ადგა ჩემს კარავს; როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი, და გარს ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ; როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა, და კლდე ღვარად ადენდა ჩემთვის ზეთის ნაკადებს; როცა გავდიოდი ქალაქის კარიბჭესთან, ვიმზადებდი მოედანზე დასაჯდომელს. დამინახავდნენ ჭაბუკები და იმალებოდნენ, ხოლო მოხუცები წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ; მთავარნი თავს იკავებდნენ სიტყვის დაძვრაზე და პირზე ხელს იფარებდნენ; დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა. ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა, რადგან მიხსნია ღატაკი, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა. კურთხევა განწირულისა ჩემზე მოსულა, და ქვრივის გული გამიხარებია. სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი. ბრმისათვის თვალები ვყოფილვარ, და კოჭლისთვის – ფეხები; გლახაკისთვის მამა ვყოფილვარ; და ჩემთვის უცნობი საქმე გამომიძიებია. უკეთური კაცისთვის ყბები დამილეწავს, და კბილებიდან ნატაცარი გამომიგლეჯია. და მითქვამს: ‘ჩემს საბუდარში მოვკვდები და ქვიშასავით იმრავლებენ ჩემი დღენი. ჩემი ფესვი გადგმულია წყლისაკენ და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე. ჩემი დიდება კვლავ აღდგება და ხელში მშვილდი განმიახლდება.’ მისმენდნენ და მელოდებოდნენ, და ჩემს რჩევაზე დუმდნენ; ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს იტყოდნენ, და მათზე ეწვეთებოდა ჩემი ნათქვამი; წვიმასავით მელოდებოდნენ, და როგორც გაზაფხულის წვიმას, პირს მიშვერდნენ; გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, და ჩემი სახის ნათელი არ მოუქუფრავთ. გზას ვურჩევდი მათ და მთავრად ვიჯექი; და დავივანე, როგორც მეფემ ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელმა!“ „და ახლა დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი. რაღაში მინდა მათი ხელების ძალა? მათ ძალა გამოცლილი აქვთ. დუხჭირითა და შიმშილით ღონემიხდილნი გარბიან გვალვიან ტრამალებში, უდაბნოსა და ხრიოკებში. ნაცარქათამას წიწკნიან ჯაგებთან და კურდღლისცოცხას ფესვი მათი პურია. ხალხიდან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰკივიან; აწყდებიან ხევ-ხუვებს, მიწის მღვიმეებს და კლდის ნაპრალებს. ბუჩქებს შორის ყროყინებენ სახედრებივით, ჯაგნარებში იყურებიან. ძენი უგუნურთა და ძენი უსახელოთა განიდევნენ ქვეყნიდან. და მათი საანდაზო. ვეზიზღები, გამირბიან და ჩემი სახის წინ ფურთხს არ ზოგავენ. რადგან მან ახსნა ჩემი საბელი, პირწინ დამიგდეს ჩემი აღვირი. მარჯვნივ ბრბო აღმიდგა, ფერხნი განმირთხეს, ჩემს წინააღმდეგ მოასწორეს თავიანთი დამღუპველი გზები. მათ აანგრიეს ჩემი ბილიკი, ჩემს უიღბლობას უმართავენ ხელს, თითქოს ფართე მოედანიაო, ქარიშხლით მოექანებიან. საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით მიჰქრის ჩემი დიდება და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დღეკეთილობა. აწ ჩემში იღვრება ჩემი სული, მებღაუჭებიან ჩემი გაჭირვების დღეები. ღამ-ღამობით ძვლები მტეხავს, ხოლო ტკივილი, მე რომ მწიწკნის, არ მიამდება. დიდი ტანჯვით ვიხდი სამოსს, კვართის საყელოსავით მიჭერს. მისროლა ლაფში და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს. შველას გთხოვ და პასუხს არ მაძლევ. მე ვდგავარ და შენ თვალს არ მაცილებ. სასტიკი გახდი ჩემს მიმართ, შენი ხელის ძალითა მდევნი. ქარზე შემომსვამ, მაიძულებ, გავინავარდო. და მაცამტვერებ ქარის ორომტრიალში, ასეა, ვიცი, სიკვდილისკენ წამიყვან, და ყოველი ცოცხალის შესაკრებელი სახლისკენ. ნანგრევებისკენ ხელს არვინ იწვდის, დაღუპვის პირას რომ მივა კაცი, მაშინღა ეღირსება შველას. განა არ მიტირია ბედშავზე? სული არ შემწუხებია გაჭირვებულზე? რადგან სიკეთის იმედი მქონდა და ბოროტება მოვიდა, ნათელს ველოდი და ბნელი მოვიდა, გულ-ღვიძლი მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვა-წამების დღეები დამიდგა. ჩაშავებული დავიარები, უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ. ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად სირაქლემებს. კანი გამიშავდა და ძვლები მივარვარებს სიცხისაგან. გოდებად იქცა ჩემი ქნარი, და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური.“ „აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა. და რა არის ღვთის წილხვედრი მაღლიდან, ან სამკვიდრო ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან? განა დაღუპვა არ არის უკეთურისათვის, და ავბედობა ბოროტმოქმედთათვის? განა არ ხედავს ის ჩემს გზებს, და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს? თუ სიცრუით მევლოს და სამზაკვროდ ამჩქარებოდეს ფეხი, ამწონოს მე მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება. თუ გზიდან გადაეხვიოს ჩემს ტერფს, ან თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული, და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს, მაშინ, დაე, მე ვთესო და სხვამ ჭამოს, და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი. თუ ჩემი გული ოდესმე ცდუნებულიყოს დედაკაცივით, და ჩემი მოყვასის კართან მეთვალთვალოს, მაშინ სხვას უფქვას ჩემმა ცოლმა, და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე. რადგან ეს მრუშობაა და სამსჯავრო დანაშაული. რადგან ის ცეცხლი იქნებოდა აბადონამდე მშთანთქმელი, და ჩემი მოსავალის ფესვებამდე ჩამყოლი. თუ ოდესმე ჩემი მსახურისა და მხევლისთვის სამართალზე უარი მეთქვას, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან, მაშინ რაღა ვქნა, როცა ღმერთი აღდგება? როცა მომკითხავს, რა პასუხი გავცე? განა მან, ვინც დედის მუცელში შემქმნა, განა ჩვენ ერთმა ღმერთმა არ გამოგვსახა საშოში? თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს, ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს, რადგან ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ჩემთან, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი მას; თუ მენახოს მომაკვდავი უსამოსლოდ ან გლახაკი უმოსასხამოდ, და მის საზარდულს არ დაველოცე და არ გამთბარიყო ჩემი ცხვრის მატყლით, თუ ობოლზე ხელი აღმემართოს, როცა კარიბჭესთან ჩემს შემწეს დავინახავდი, მაშინ ბეჭს მოსწყდეს ჩემი მხარი და მკლავი იდაყვში გადამიტყდეს! რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიმძიმეს ვერ გავუძლებ. განა მიმიჩნევია ოქრო ჩემს სასოდ, ან ბაჯაღლო ოქრო იმედად დამისახავს? განა გამიხარია იმით, რომ დიდძალი სიმდიდრე მაქვს? რომ ჩემმა ხელმა ბევრი მოიხვეჭა? თუ დამენახოს მზე ან მთვარე დიდებულად მოარული, და იდუმალ ცდუნებულიყოს ჩემი გული და ჩემს ბაგეებს ჩემი ხელისთვის ეკოცნოს, ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგანაც მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი. განა გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება? ან მიზეიმია მის ცუდ ამბავზე? არ ჩამიდენინებია ცოდვა ჩემი სასისთვის, და წყევლით არ უთხოვია დაღუპვა მისი სულისა. განა არ უთქვამთ ჩემი კარვის კაცებს: ‘ვინ არ გამძღარა მისი ხორცით?’ მწირს გარეთ არ გაუთევია, კარი ღია მქონდა მგზავრისთვის. განა დამიფარავს ჩემი დანაშაული ადამივით, რომ უბეში შემემალა ჩემი შეცოდება? რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და საგვარეულოს ზიზღი მაშინებდა, ვდუმდი და კარში არ გავდიოდი. ნეტავ ვინმე მომისმენდეს მე! აჰა, ესაა ჩემი ნიშანი! ყოვლადძლიერმა პასუხი გამცეს! ნეტავ საჩივრის წიგნი მომცა, ჩემი მოშუღლის ხელით ნაწერი! განა მას ზურგით არ ვატარებდი? გვირგვინივით შემოვიხვევდი, მოვახსენებდი ჩემს ყოველ ნაბიჯს, და როგორც მთავარს, ვეახლებოდი. თუ ჩემზე ჩემს მიწას დაეჩივლოს და ხნულები ატირებულიყვნენ, თუ მუქთად მეჭამოს მისი მოსავალი ან მის მეპატრონეთა სული შემეწუხებინოს, მაშინ ნაცვლად ხორბლისა ეკალი ამოვიდეს, და ნაცვლად ქერისა – ღვარძლი!“ ამით დასრულდა იობის სიტყვები. და შეწყვიტა სამმა კაცმა იობისათვის პასუხის გაცემა, რადგან იგი თავის თვალში მართალი იყო. მაშინ განრისხდა ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან. იობზე იმის გამო განრისხდა, რომ მან თავი ღმერთზე მართლად ჩათვალა. თავის სამ მეგობარზე იმის გამო განრისხდა, რომ მათ პასუხი ვერ უპოვნეს, მაგრამ მაინც იობი გაამტყუნეს. და ელიჰუ იცდიდა, რომ იობს დალაპარაკებოდა, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით. რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის პირს პასუხი არ გააჩნდა, განრისხდა. მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ, და უთხრა: „წლებით მე უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მომეხსენებინა. მე ვთქვი: დღეებმა უნდა ილაპარაკონ და სიბრძნე წელთა სიმრავლემ უნდა ასწავლოს-მეთქი. მაგრამ კაცში იმყოფება სული, და სუნთქვა ყოვლადძლიერისა მას აგონიერებს. დღეგრძელნი ყოველთვის როდი არიან ბრძენნი, და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს. ამიტომ ვამბობ: მისმინეთ-მეთქი, რათა მეც გამოვთქვა ჩემი აზრი. ვუცდიდი მე თქვენს სიტყვებს, ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას, როცა სათქმელს ეძებდით. და დაგაკვირდით მე თქვენ, და აჰა, არ იყო თქვენს შორის მამხილებელი, პასუხი რომ მიეგო იობისთვის. ნუ იტყვით: ღმერთი მოიგერიებს მას და არა კაცი.’ არ მიუმართავს ჩემს წინააღმდეგ სიტყვები, და არც მივმართავ მას თქვენი სიტყვებით. სასოწარეკვეთათ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სიტყვები; მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპარაკს რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ, მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს. რადგან სავსე ვარ სიტყვებით, სული შიგნიდან მაწვება. აჰა, ჩემი შინაგანი მაჭარივითაა, რომელსაც თავი დაუცეს და ხეთქავს ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა: გავხსნი ბაგეებს და ვუპასუხებ. პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ ვემლიქვნელები. რადგან მე მლიქვნელობა არ ვიცი – უმალ ჩემმა გამჩენმა წამიყვანოს!“ „აბა, ახლა ისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ყური მიუგდე ჩემს ყოველ სიტყვას. აჰა, ვხსნი მე ჩემს ბაგეს, ლაპარაკობს ჩემი გულის სიწრფოება ჩემი სიტყვებია, ჩემს ბაგეთა ცოდნას ნათლად გადმოსცემენ ისინი. ღვთის სულმა შემქმნა და ყოვლადძლიერის სუნთქვა მასულდგმულებს. თუ შეგიძლია, მიპასუხე: დაალაგე სიტყვები და დაიცავი თავი. აჰა, მეც შენისთანა ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი. აჰა, ჩემმა შიშმა არ უნდა შეგაძრწუნოს, და არც ჩემმა ხელმა უნდა დაგამძიმოს. აკი ასმენდი შენ ჩემს ყურს და მე გავიგონე შენი სიტყვების ხმა: ‘სუფთა ვარ მე და უცოდველი, უმწიკვლო ვარ და არა მაქვს ბრალი. აჰა, საბაბი მინახა, თავის მტრად შემრაცხა. ხუნდებში მაყოფინებს ფეხებს, და ჩემს ყოველ გზას უთვალთვალებს!’ აი, ამაში არ ხარ მართალი, რომ კაცზე დიდია ღმერთი. რად ედავები მას? ის პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე. ერთხელ იტყვის ღმერთი, და, თუ სიზმარში, ღამეულ ხილვაში, როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ, როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ, მაშინ ხსნის იგი ადამიანთა ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას, რომ აარიდოს ადამიანი უკეთურ საქმეს, და კაცისაგან დაფაროს ამპარტავნება; რომ იხსნას მისი სული შავეთისაგან, და მისი სიცოცხლე – მახვილით დაღუპვისაგან. კაცი სატკივრით ისჯება თავის საწოლზე, და დაუამებელი ტკივილით მისი ძვლებისა; შესძაგდება მის სიცოცხლეს პური და მის სულს – საყვარელი საჭმელი. გაქრება მისი ხორცი, უხილავი გახდება, და ამოასხდებიან ძვლები, რომელნიც არ ჩანდნენ. და მიაწევს მისი სული ხარომდე და მისი სიცოცხლე – სიკვდილის წლებამდე. თუ ჰყავს მას მეოხი ანგელოზი, ათასში ერთი, რომ განაცხადოს ადამიანის სიალალმართლე, შეიწყალოს იგი და თქვას: ‘იხსენი იგი, დაიფარე იგი საფლავში ჩასვლისაგან. მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!’ მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება, თავისი სიყმაწვილის დღეებს დაუბრუნდება. ილოცებს ღვთის მიმართ და ისიც შეიწყალებს, და სიხარულით შეხედავს მის სახეს, და დაუბრუნებს კაცს მის სიმართლეს. იგი იმღერებს კაცთა წინაშე და იტყვის: ‘ვცოდე მე და სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომეგო საკადრისად. მან გამოისყიდა ჩემი სული ხაროში ჩასვლისგან, და ჩემი სიცოცხლე ნათელს იხილავს,’ აჰა, ყოველივე ამას რათა დააბრუნოს მისი სული ხაროდან, და გაანათლოს სიცოცხლის ნათელით. გაიგონე, იობ, ისმინე ჩემი, დადუმდი და მე ვილაპარაკებ. თუ სათქმელი გაქვს, მიპასუხე, ილაპარაკე, რადგან შენი გამართლება მწადია; თუ არა და, ისმინე ჩემი, დადუმდი, და მე გასწავლი სიბრძნეს.“ და მიუგო ელიჰუმ და თქვა: „ისმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები, მცოდნენო, ყური დამიგდეთ! რადგან ყური გამოცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს. ავირჩიოთ, რაც სამართლიანია. ჩვენს შორის ვიცოდეთ, რა არის კეთილი. რადგან იობმა თქვა: ‘მართალი ვარ და ღმერთმა წამართვა ჩემი სამართალი. ტყუილი ვთქვა ჩემს სამართალზე? მოუშუშებელია ჩემი იარა, თუმცა მე უდანაშაულო ვარ’ ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას წყალივით რომ სვამდეს? ავისმოქმედთა თაბუნს რომ ასდევდეს? რომ უკეთურ ხალხთან იაროს? რადგან მას ნათქვამი აქვს: ‘არაფრად არგია კაცს, რომ ღმერთს აამოს.’ ამიტომ ისმინეთ ჩემი, კაცნო გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისაგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისაგან! რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და კაცს მისი გზისამებრ მიაგებს. ჭეშმარიტად, ღმერთი არ ბოროტობს და ყოვლადძლიერი არ ამრუდებს სამართალს! ვინ ჩააბარა მას მიწა? და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო? თუ თავისკენ მიაპყრობს თავის გულისყურს, უკანვე წაიღებს თავის სულსა და სუნთქვას, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და ადამიანი მტვრად მიიქცევა. და თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემი სიტყვების ჩქამს! ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? და ნუთუ ბრალს დასდებ ძალმოსილ მართალს? ვინც ეუბნება მეფეს: ‘არამზადავ!’ და დიდგვაროვანს: ‘უკეთურო!’; რომელიც მთავრებს არ მიჰკერძავს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მის ხელთა ქმნილებანი არიან. ისინი წამში იხოცებიან; შუაღამისას ტორტმანებს ხალხი და იღუპება, და წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე, რადგან მისი თვალები კაცის გზებს დასცქერის და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს. არ არის არც ბნელი და არც წყვდიადი, რომ იქ დაიმალოს ავისმოქმედი; რადგან იგი კაცს არ უწესებს ვადას, რომ ღმერთთან სამსჯავროზე წავიდეს. ის მუსრავს ძლიერთ განუკითხავად და სხვებს აყენებს მათ ნაცვლად, რადგან ცნობს მათ ნამოქმედარს. ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან; როგორც უკეთურთ დალახვრავს, სხვათა თვალთაწინ. ამიტომ განუდგნენ მას და არ შეიმეცნეს მისი გზები. მასთან მიიტანეს ღატაკთა ღაღადი, და დაჩაგრულთა ღაღადი ესმის მას. როცა ის დუმს, ვინ არის მისი ბრალმდებელი? როცა სახეს იფარავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხისთვის იქნება ეს, თუ ერთი კაცისთვის? რომ არ იმეფოს უღვთო ადამიანმა, ამ ხალხის მახეში გამბმელმა. ვინმეს თუ უთქვამს ღვთისათვის: ‘მე მოვიხადე სასჯელი, აღარ შევცოდავ, შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ. თუ უკეთურება ჩამიდენია, მეტს აღარ ვიზამ. განა შენი განსჯით უნდა მიუზღავდეს იგი? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა მე. რაც იცი, ილაპარაკე.’ მეტყვიან გულისხმიერი კაცები და ბრძენი კაცები, მე რომ მისმენენ: ‘იობი უაზროდ ლაპარაკობს და მის სიტყვებს გონიერება აკლია. ერთი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ავკაცთა მსგავსად რომ პასუხობს! რადგან თავის ცოდვას უმატებს ამბოხს, ხელს ხელზე ურტყამს ჩვენს შორის და სიტყვას ამრავლებს ღვთის წინააღმდეგ!“ მიუგო ელიჰუმ და თქვა: „ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ: ‘ღმერთზე მართალი ვარ?’ რომ ამბობ: ‘რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობა?’ მე გიპასუხებ შენ და შენს მეგობრებსაც, შენთან ერთად რომ არიან: ახედე ზეცას და დაინახე, შეხედე ღრუბელს – ისინი შენზე მაღლაა. თუ შენ შესცოდე, რას დაუშავებ ამით მას? თუ შენს დანაშაულს გაამრავლებ, ამით რას უზამ მას? თუ შენ მართალი ხარ, რას შემატებ მას? ან რას მიიღებს შენი ხელიდან? მხოლოდ შენისთანა კაცს ეხება შენი უკეთურება, და ადამის ძეს – შენი სიმართლე. ბევრი ჩაგვრისაგან ღაღადებენ, შველას ითხოვენ ძლიერის მკლავებიდან. და არავინ ამბობს: ‘სად არის ღმერთი, ჩემი გამჩენი, საგალობელთა ღამით მომძღვნელი, რომელიც გვწვრთნის ჩვენ მიწის მხეცებზე მეტად, და განგვაბრძნობს ჩვენ ცის ფრინველებზე მეტად?’ ღაღადებენ იქ ისინი და ის პასუხს არ სცემს, ავკაცთა ამპარტავნების გამო. ნაცვლად, ამაო ღაღადს არ მოისმენს ღმერთი, და ყოვლადძლიერი არ მოხედავს ამას. თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამსჯავრო მის წინაშეა, დაელოდე მას. და ახლა, რაკი იგი თავისმა რისხვამ არ მოინახულა, და დიდ რამედ არ ჩააგდებს სისულელეს, ამაოდ ხსნის ბაგეს იობი, და უაზროდ ხარჯავს სიტყვებს.“ განაგრძო ელიჰუმ და თქვა: „ცოტა მაცალე და გაჩვენებ, რადგან კიდევ არის ღვთის სახელით სათქმელი სიტყვები. შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს გამჩენს მივაგებ სიმართლეს, რადგან ნამდვილად არ არის სიცრუე ჩემი სიტყვები. ცოდნაში სრული შენს წინაშეა. აჰა, ძლიერია ღმერთი, და არავინ სძულს. ის სიბრძნის ძალითაა ძლიერი. იგი ცოცხალს არ გაუშვებს უკეთურს, და ჩაგრულთ მიაგებს სამართალს; თვალს არ აშორებს თავის მართალს და მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ, და აღზევდებიან ისინი. და თუ მათ ბორკილები ადევთ, და ტანჯვის საკვრელით არიან შეკრულნი, განუცხადებს მათს ნამოქმედარს და მათს დანაშაულებს, რადგან დამძიმდნენ ისინი. გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რათა სიავისგან უკუმოიქცნენ. თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს – ნეტარებაში. და თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაეცემიან და უგნურებაში ამოხდებათ სული. გულმრუდნი აღძრავენ რისხვას, შველას არ ითხოვენ მისგან, როდესაც ბორკილს ადებს მათ. სიჭაბუკეშივე კვდება მათი სული, და მათი სიცოცხლე გათავდება საკერპოს მეძავებში. ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით, და თრგუნვის ჟამს უხსნის მათ ყურს. და შენც გამოგიყვანდა შეჭირვების პირიდან სიფართოვისკენ, სადაც არაა სივიწროვე, და შენი სუფრის ხორაგიც სავსე იქნებოდა ცხიმით. შენ კი სავსე იყავ უკეთურის მსჯავრით, მსჯავრი და სამართალი შენზეა მოჭიდებული. ფრთხილად იყავი, გულისწყრომამ დიდმა გამოსასყიდმა არ გადაგხაროს. ყვირილი გიშველის განა გასაჭირში, ან მთელი შენი ძალისხმევა? ნუ ინატრებ იმ ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან, იფრთხილე, არ მოიქცე ავკაცობისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ. აჰა, ღმერთი მაღალია თავისი ძლიერებით, ვინ არის მისნაირი მოძღვარი? ვის დაუწესებია მისთვის გზა და ვის უთქვამს: ‘უკეთურება გაქვს ჩადენილი?’ გახსოვდეს, რომ უნდა ადიდო მისი საქმე, რომელთაც ხალხი უგალობს. ყველა ადამიანსა აქვს ნანახი ისინი, კაცი შორიდანვე ამჩნევს მათ. აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, მისი წელთა რიცხვი აურაცხელია. რადგან ის აკავებს წყლის წვეთებს, ისინი ნისლიდან ასხურებენ წვიმას, ღრუბლები ღვრიან მას, უხვად ესხურება ადამიანს. თუ მიხვდება ვინმე ღრუბლების განფენილობას, მისი კარვის ჭექა-ქუხილს? აჰა, ის განაფენს მასზე თავის ელვას, დაფარავს იგი ზღვის ფესვებს, რადგან ამით განსჯის ხალხებს, უხვად იძლევა საზრდოს. თავის ხელებს ელვით იფარავს, უბრძანებს მას სამიზნისაკენ. მისი ქუხილი ამას იუწყება, და ჯოგიც – გრიგალის ამოვარდნას.“ „ამის გამოც ძრწის ჩემი გული, და ამოვარდა თავისი ბუდიდან. მოსმენით მოისმინეთ მისი ხმის გრგვინვა და გუგუნი, მისი პირიდან გამომავალი. მთელ ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება. მის შემდეგ ხმა დაიჭექებს, დაიქუხებს დიდებულ ხმაზე, და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ხმა. გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიდ საქმეებს, რადგან თოვლს ეუბნება: და წვიმის თქეშს მბრძანებლობს, და ძლიერ თავსხმას. იგი ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რათა იცოდეს ყველა კაცმა მისი ნამოქმედარი. მხეცი საფარველში მიდის და თავის ბუნაგში ივანებს. სამხრეთიდან გამოდის გრიგალი და ჩრდილოეთიდან – ყინვა. ღვთის სუნთქვა იძლევა ყინულს, და წყალთა სივრცე იყინება. იგი სინოტივით ავსებს ქუფრ ღრუბელს, ღრუბელი ფანტავს მის ელვას. ისინი იცვლიან მიმართულებას, რათა აღასრულონ ყოველი, რასაც უბრძანებს მთელს ქვეყნიერებაზე. ან დასასჯელად, ან თავისი ქვეყნისთვის, ან წყალობისთვის გამოაჩენს მას. ყურად იღე ეს, იობ, დადექი და დააკვირდი ღვთის სასწაულებს. თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი, და როგორ გამოაშუქებს ელვას თავისი ღრუბლიდან? თუ იცი ქუფრ ღრუბელთა განფენილობის ამბავი, და სასწაულები ცოდნაში სრულისა? რა ათბობს შენს სამოსელს, როცა ქვეყანა მყუდროვდება სამხრეთის ქარში? თუ განართხავ ცას მასთან ერთად, მტკიცეს, ჩამოსხმულს სარკესავით? გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერს ვაწყობთ სიბნელის გამო. თუ მოხსენდა მას, რომ მე ვლაპარაკობ? თუ თქვა ვინმემ, რომ ‘ჩემი ნათქვამი ეუწყება მას?’ ახლა ვერავინ ხედავს ნათელს ცათაშინა მოკაშკაშეს, როცა ქარი გადაივლის, გააკრიალებს მათ. ჩრდილოეთიდან მოდის ოქროს ციალი. ღვთის ირგვლივ საშინელი ბრწყინვალებაა. ყოვლადძლიერი! ვერ ვწვდებით მას. დიდია ის ძალით, თავისი მსჯავრით და დიდი სიმართლით. არავის ჩაგრავს. ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს, არც ერთ გულბრძენს ზედ არ უყურებს“. მაშინ მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: „ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის? წელი შემოისარტყლე კაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი: შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ? ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭეები, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? როცა ღრუბელი მივეცი სამოსლად და წყვდიადი – სახვევებად? როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი? და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’ შენს დღეში თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი, რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი განეფერთხა მისგან? იგი იცვლება, როგორც თიხა საბეჭდავის ქვეშ, და ისინი დგანან, როგორც სამოსელი. და წაერთმევათ უკეთურთ მათი ნათელი, და შემართული მკლავი შეიმუსრება. თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე? თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს? თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი? სად არის გზა ნათლის სავანისა? და სად არის წყვდიადის ადგილი? რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს. შენ იცი, რადგან მაშინ დაიბადე, და დიდია რიცხვი შენი დღეებისა! თუ შესულხარ თოვლის საგანძურებში, და სეტყვის საგანძურები თუ გიხილავს, ძნელბედობისთვის რომ მოვიმარაგე, ბრძოლისა და ომის დღისათვის? რა გზით ნაწილდება ნათელი, და როგორ ვრცელდება აღმოსავლის ქარი მიწაზე? ვინ გახსნა სადინარი ნიაღვრისათვის და გზა – ჭექა-ქუხილთათვის, რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე და უდაბნოში, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ არის? რათა გააძღოს უდაბური და ხრიოკი და აღმოაცენოს მწვანე ჯეჯილი. თუ ჰყავს წვიმას მამა? ან ვინ დაბადა ნამის წვეთები? და ყინული ვისი საშოდან გამოვიდა? და ციური ჭირხლი ვინ დაბადა? წყალი ქვასავით იყინება, და იკვრის უფსკრულის ზედაპირი. თუ შეკრავ ხომლის საკვრელებს ან ორიონის საბელებს თუ გახსნი? თუ ამოიყვან თანავარსკვლავედს თავის დროზე, და თუ წარუძღვები დათვს თავის ბელებთან ერთად? თუ იცი ცათა კანონები? ან თუ დაადგენ მის წესს მიწაზე? ღრუბელს თუ მიუწვდენ ხმას, რათა წყლის თქეშმა დაგფაროს? ელვებს თუ წარავლენ, რომ წავიდნენ და გითხრან: ‘აქა ვართ?’ ვინ ჩადო გულში სიბრძნე? და ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა? ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით, და ვინ წამოაქცევს ცის რუმბებს, როცა მტვერი შენივთდება და გოროხები ერთმანეთს ეწებება? ნუთუ შენ უნადირებ ლომს მსხვერპლს, და შიმშილს უკლავ ლომის ბოკვერებს, როცა ბუნაგებში გაწოლილან ან წვანან თავიანთ საფარში? საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან, და უსაზრდოოდ დაძრწიან?“ „თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? თვალს თუ ადევნებ ფურ-ირემთა მშობიარობას? ნუთუ აღრიცხავ მათ თვეთა აღვსებას? და თუ იცი ჟამი მათი მოგებისა? ისინი ჩაიმუხლებენ, დაყრიან ნაშიერთ, შობის ტკივილისგან თავისუფლდებიან; კაჟდებიან მათი ნუკრები, ველად იზრდებიან, გადიან და აღარ უბრუნდებიან. ვინ გაუშვა კანჯარი ნებაზე? და ვინ ახსნა კანჯარს საკვრელი? რომელსაც მე სახლად ტრამალი მივეცი და სამყოფლად – მლაშობი? ის არად აგდებს ქალაქის გნიასს, არ ესმის მენახირის შეძახილები. მთებში საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს. თუ ინებებს მარტორქა შენს სამსახურს? თუ გაათევს შენს ბაგაზე? მარტორქას სახნავში თუ შეაბამ აპეურით? თუ დაგიფარცხავს ველებს შენს უკან? თუ დაენდობი მას, თუ მიანდობ სამუშაოს? თუ გწამს მისი, რომ თესლს დაგიბრუნებს და შენს კალოზე მოგიგროვებს? სირაქლემას ფრთა მხიარულად ფრიალებს თუ ყანჩას ნაკრტენი და ბუმბული? რადგან თავის კვერცხებს მიწაზე ტოვებს და მათ მტვერში ათბობს, და ავიწყდება, რომ ფეხით ჩაილეწება და ველის მხეცი გათელავს. ულმობლად ექცევა ის თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ, თავისი ამაოდ გარჯა არად ენაღვლება. რადგან ღმერთმა დაავიწყა მას სიბრძნე და წილად არ არგუნა გონება. რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მის მხედარს. შენ მიეცი ცხენს ძლიერება? შენ შემოსე ფაფრით მისი კისერი? შენ ახტუნებ მას კალიასავით? მისი მჭახე ჭიხვინი ზარდამცემია! მიწას თხრის ის ველზე და ხარობს ძლიერებით, გადის იარაღის შესაგებებლად. შიშს დასცინის ის და არ კრთის და მახვილისგან პირს არ იბრუნებს. მის თავზე ჩხრიალებს კაპარჭი ელავს შუბი და ჰოროლი. შმაგად და მძვინვარედ ყლაპავს მიწას და არ სჯერა საყვირის ხმისა. ბუკის ცემაზე ამბობს: ‘აჰა!’ და შორიდან იყნოსავს ბრძოლას, სარდალთა შეძახილსა და ყიჟინს. შენი სიბრძნით არის, რომ ქორი ნავარდობს და სამხრეთისკენ შლის ფრთებს? შენი ბრძანებით აღმა ფრენს არწივი და მაღლა იკეთებს თავის ბუდეს? ის კლდეზე ბუდობს და ღამეს ათევს კლდის ქიმსა და სიმაგრეზე. იქიდან ეძებს თავისთვის საზრდოს; მისი თვალები შორიდან ჭვრეტენ, მისი მართვენი სისხლს სვამენ, და სადაც ლეშია, ისიც იქ გაჩნდება.“ და მიუგო უფალმა იობს და თქვა: „ნუთუ შეედავება შარიანი ყოვლადძლიერს? ღვთის მამხილებელმა გასცეს პასუხი!“ მიუგო იობმა უფალს და უთხრა: „აჰა, მე არარაობა ვარ, რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიდებ. ერთხელ ვთქვი მე და აღარ მივუგებ მეორედაც, და აღარას დავძენ.“ და მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: „მამაკაცურად შემოისარტყლე წელი, შეგეკითხები და გამაგებინე. ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე გამამტყუნებ, რათა თავად გამართლდე? და ნუთუ ღვთისდარი მკლავი გაქვს, და მისგვარი ხმით შეგიძლია ჭექა? აბა, მოიკაზმე დიდებითა და სიდიადით, შარავანდი და ბრწყინვალება შეიმოსე. გადმოაფრქვიე მძვინვარება შენი რისხვისა, და დახედე ქედმაღალს და დაამდაბლე. დახედე ყოველ ქედმაღალს და დაამცირე და მათ ადგილზევე გათელე უკეთურნი. ჩამარხე მტვერში ერთიანად, მათი სახე დაფარულში მობურე. და მაშინ მეც ვაღიარებ, რომ გიხსნის შენი მარჯვენა. აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ხარივითა ძოვს ბალახს. აჰა, მის წელშია მისი ძალა და მისი ღონე მისი მუცლის კუნთებში. ნაძვივითა დრეკს თავის კუდს, ბარძაყის ძარღვები გადაგრეხილი აქვს, მისი ძვლები სპილენძის მილებია. მისი სახსრები რკინის წნელებივითაა. ის პირველია ღვთის ქმნილებათაგან, მხოლოდ მის გამჩენს ძალუძს მისი მოკვლა. რადგან მთები აძლევენ საზრდოს, და იქ შეიქცევს თავს ველის ყოველი ცხოველი. ლოტოსებქვეშ გაწოლილა, ლერწმისა და ჭაობის საფარში. ლოტოსები ჩრდილს აფენენ მას, გარს ძეწნები ახვევია. აჰა, წყალს სვამს მდინარისას და არ ჩქარობს, არ კრთება, მშვიდადაა, მის პირს იორდანეც რომ მიასკდეს. თვალით ვინ შეიპყრობს მას? ვინ გაუხვრეტს ცხვირს ჩანგლებით?“ „თუ ამოათრევ ლევიათანს ანკესით და საბლით თუ დაუბამ ენას? ლერწამს თუ გაუყრი მას ცხვირში და კაუჭით თუ გაუხვრეტ ყბას? თუ განამრავლებს ის შენს მიმართ ვედრებას და ტკბილად თუ დაგელაპარაკება? თუ დაგიდებს აღთქმას, და საუკუნო მონად თუ გაიხდი? თუ ეთამაშები მას, როგორც ჩიტს და თუ დაუბამ მას შენს გოგონებს? თუ ივაჭრებენ მასზე მოვაჭრენი თუ გაყოფენ მას ვაჭართა შორის? თუ აუვსებ მას კანს ისრებით და თავს – ბარჯებით? დაადე მას შენი ხელი, გახსოვდეს ბრძოლა და აღარ შეეცდები! აჰა, გაცრუვდა შენი იმედი; მის შეხედვაზეც კი დაეცემი. რომელი მამაცი გააღვიძებს მას? ვინ არის, რომ წინ დამიდგეს? ვინ გამომიწვია მე, რომ გადავუხადო? მთელი ცისქვეშეთი ჩემია. არ დავდუმდები მისი სხეულის კიდურებზე, მის ძლიერებაზე, მის მოხდენილ აღნაგობაზე. ვინ მოხდის მას მოსასხამს? ვინ შეაღწევს მის ორკეც აბჯარში? მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა! მისი ზურგი ფარების წყებაა, მჭიდრო ბეჭდით შეკრული. ერთი მეორეზეა და ქარი ვერ ატანს მათ შორის: ერთმანეთზე არიან მიწებებულნი, შეიკვრნენ და ვეღარ დაშორდებიან. მისი ცხვირის ცემინება ნათელს აკვესებს და მისი თვალები ცისკრის წამწამებივითაა. მისი სახიდან ჩირაღდნები გამოდის და ცეცხლის ნაპერწკალები ცვივა. მისი ნესტოებიდან კვამლი გამოდის, როგორც ათუხთუხებული ქვაბიდან და ცეცხლმოკიდებული ლერწმიდან. მისი სუნთქვა ნაკვერცხლებს აღვივებს, და მისი პირიდან ალი გამოდის. მის ქედზე ძალა ათენებს, და მის წინაშე ცეკვავს ძრწოლა. მისი ხორცის ნაწილები შეწებებულია ერთმანეთს, მტკიცედ ასხია მას, უძვრელად. მისი გული ქვასავით მტკიცე. და ქვედა დოლაბივით მაგარია. მის წამომართვაზე ძრწიან ღმერთები. სწვდება მას მახვილი, მაგრამ ვერას აკლებს, ასევე ვერც შუბი, ლახვარი და ჰოროლი. რკინა ჩალად უჩანს, სპილენძი ფუტურო ხედ. ვერ გააქცევს მას ისარი, თივად არის ქცეული მისთვის შურდულის ქვები. ბზედ უჩანს მას ლახტი და დასცინის ჰოროლის ზუზუნს. ქვემოდან მას წამახული კეცის ნატეხები აქვს, კევრივით არის გაწოლილი საფლობში, ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის ქვად აქცევს. თავის უკან ბილიკს ანათებს, უფსკრული ჭაღარად ჩანს. არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად გაჩენილი. ყოველივე მაღალს ხედავს: ის მეფობს ყოველ ქედმაღალზე.“ და მიუგო იობმა უფალს: „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება. ვინაა ეს, განგებას რომ აბნელებს და ვერას გულისხმაჰყოფს? ასე ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი. ისმინე და მე ვილაპარაკებ, შეგეკითხები, და მაცოდინე. ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ. ამიტომ მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში.“ და მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა მან ელიფაზ თემანელს: „აღეგზნო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე. ახლა კი წაიყვანეთ შვიდი მოზვერი და შვიდი ჭედილა, და მიდით იობთან, ჩემს მსახურთან, და აღავლინეთ თქვენთვის სრულადდასაწველი. და ჩემი მსახური იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან მის ლოცვას მივიღებ, რათა თქვენი უტიფრობისამებრ არ მოგექცეთ, რომ ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.“ და წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალმა უბრძანა მათ. და მიიღო უფალმა იობის ლოცვა. და აღუდგინა უფალმა იობს უწინდელი წარმატება, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრისათვის. ორმაგად მიუმატა უფალმა ყოველივე, რაც ებადა იობს. და მივიდნენ მასთან ყველა მისი ძმა და ყველა მისი და, და ყველა მისი უწინდელი ნაცნობ-მეგობარი, და ჭამეს მასთან პური მის სახლში. და მათ უთანაგრძნეს მას და ანუგეშეს ყველა იმ უბედურების გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას, და თითოეულმა მისცა თითო ქესიტა და თითო ოქროს ბეჭედი. და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი. და ჰყავდა მას შვიდი ძე და სამი ასული. და დაარქვა ერთს სახელად იემიმა, მეორეს – კეციყა და მესამეს – კერენ-ჰაფუქი. და არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა ტურფა ქალები მთელს ქვეყანაზე. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმათა შორის. და იცოცხლა იობმა ამის შემდეგ ასორმოცი წელი და იხილა მან თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა. და მოკვდა იობი დღეებით სავსე. ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღრმთოთა რჩევას, და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან თავის დროზე რომ და ფოთოლი მისი არ ჭკნება. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია. უღმერთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან ქარისაგან აღგვილს. ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმერთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი – მართალთა კრებულში. რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმერთოთა გზა კი წარიხვეტება. რატომ ბობოქრობენ ხალხები, და ესწრაფიან ერები ამაოებას? ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან: „დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებს.“ მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, და უფალი აბუჩად აიგდებს მათ. მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს: „მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე.“ გიამბობ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს – სამკვიდრებლად, შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.“ ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი. ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა აბესალომს, თავის ძეს. უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი. ბევრი ეუბნება ჩემს სულს: „არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი.“ და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა. ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან. ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი. ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან. აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს. უფლისაგან არის ხსნა. და შენი კურთხევა შენს ერზე. გუნდის ლოტბარს. დავითის საგალობელი. ფსალმუნი. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა. შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდა: უფალი ისმენს, ოდეს ვუხმობ მას. ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ: გულში იზრახეთ თქვენს საწოლებზე, დაიყუჩეთ. შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ. მრავალნი ამბობენ: „ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?“ გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო! შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად. ლოტბარს. სალამურზე. დავითის ფსალმუნი. ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას. ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ. უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები. რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან. ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია. შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელნი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან. ხოლო მე შენი უხვი წყალობით ვეთაყვანები უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე. რადგან არ არის ჭეშმარიტება ბაგეთა მათთა, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი – ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ. განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგნენ შენს წინააღმდეგ, და გაიხარონ, ვინც შენზეა მონდობილნი, იმხიარულონ უკუნისამდე; და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს. რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით. რვაძალიან საკრავზე. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ, და შენი რისხვით ნუ დამსჯი. შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები. ჩემი სულიც შეძრწუნებულია; და შენ, უფალო, როდემდე? შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის. რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვინ შეგასხამს შავეთიდან ქება-დიდებას? მოვიქანცე ჩემი ვაებით, ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს. დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო. განმშორდით, ყოველნი მომქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას. გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად. გალობა დავითისა, ბენიამინელი ქუშის სიტყვების გამო რომ უმღერა უფალს. უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე. რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი. უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან, თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი, და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად. გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე. უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია. შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო! ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს. ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი – მახვილს გალესავს – თუ არ მორჯულდა, მშვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს. მომაკვლინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ. აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს. ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა. მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება – მის თხემზე დაეცემა. ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს. გუნდის ლოტბარს. გათითის ხმაზე. ფსალმუნი დავითისა. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება. ჩვილთა და ძუძმწოვართა ბაგეებიდან დაამტკიცე ციხე-ბურჯი შენი მტრების წინააღმდეგ, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი. როცა შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე. ყველა პირუტყვი – წვრილფეხა და მსხვილფეხა და ასევე – ნადირი ველისა; ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და ყოველივე, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე. გუნდის ლოტბარს, ძის სიკვდილზე. ფსალმუნი დავითისა. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს. ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო. ოდეს მოიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე. რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო. განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე. მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება. ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზადა სამართლისთვის თავისი ტახტი. და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით. უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს. შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს. უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს. რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას. შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისაგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან, რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება, კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით. ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათს განმზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი. ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი; ბოროტი გაება თავისი ხელებით დაგებულ მახეში. დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი. სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ – დაკარგული უპოვართა იმედი. აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე. უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭივების ჟამს? ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი. გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია შენი სამართალი მისდამი; თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს. თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“. მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა – სიმრუდე და უკუღმართობაა. ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ. დაუდარაჯდება საფარში, ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად; მოიტაცებს, ოდეს მოიმწყვდევს თავის ბადეში. მოიზნიქება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს. თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, სახე დამალა, რომ არ იხილოს არასოდეს.“ აღსდექ, უფალო! ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს. რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი და გულში თქვა: „შენ არ მოჰკითხავ“? უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე. გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ. უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან წარმართნი მისი ქვეყნიდან. უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური; გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე. გუნდის ლოტბარს. დავითისა. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში. რადგან აგერ, ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს. თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ქნას?“ უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს. უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს. აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი. რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს. დავითის საგალობელი. რვაძალიან საკრავზე. გუნდის ლოტბარს. მიხსენი, უფალო! რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან. ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ; მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს, რომელნიც ამბობენ: ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; „რადგან ღარიბები ძლიერ კვნესიან და ჩაგრულნი გმინავენ, აღვდგები, – ამბობს უფალი, – აღმოვუჩენ შველას, ვისაც იგი სურს.“ უფლის სიტყვები – წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, უფალო, შენ შეინახავ მათ, და ჩვენ დაგვიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე. ირგვლივ მიმოდიან ბოროტნი, რაკი ამაღლდნენ უღირსნი კაცთა მოდგმიდან. გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები მიქცეული ჩემგან? როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე? მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ. თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი. ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი ხელით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს. გუნდის ლოტბარს. დავითისა. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი.“ გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი. უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილთ, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკვათამყოფელი, ყველამ უარყო, ერთიანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქმნელი კეთილისა, ერთიც არ არის. ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონობის ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, და ღმერთს არ უხმობენ? იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია. თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი. ოჰ, რომ მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელზე! როცა უფალი შინ დააბრუნებს თავის ხალხს, როგორ გაიხარებს ისრაელი. ფსალმუნი. დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე? ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში, ვინც არავის გაჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობლებზე; ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის; ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება. ძეგლისწერა დავითისა. დამიფარე, უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი. მე ვუთხარი უფალს: „შენ ხარ ჩემი ბატონი! ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს!“ წმიდებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისკენ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს. უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია; შენს ხელშია ჩემი ხვედრი. ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის. ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამ-ღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი. წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად. რადგან შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას. მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით – უკუნისამდე. ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან. შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად. შენ გასინჯე ჩემი გული, მოინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი. არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას. ადამიანურ მოქმედებაში, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან. შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, გაამგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა. მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები. გვიჩვენე შენი გასაოცარი წყალობა, რომელიც იხსნი შენს მოიმედეთ შენი მარჯვენით მათს მოშუღართაგან. შემინახე თვალის ჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად. ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ, ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ. ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლი რომ სწყურია, და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს. აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით. იმ კაცებისაგან – შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ. მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით. გუნდის ლოტბარს. უფლის მსახურის, დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვანი ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრისა და საულის ხელთაგან. და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო. უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო, ღმერთო ჩემო, ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო. ქებით მოვუხმობ უფალს, და მტრებისაგან გადავრჩები. გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა. შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილს ხაფანგები გადამეღობა. გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი. შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი. აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერცხლები აღმოენთნენ მისგან. დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფერხთა ქვეშ – ნისლი უკუნი. ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით. წყვდიადი თავის საფარველად აქცია; ქუფრ მძიმე ღრუბლებში შეეფარა. მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერცხლები. და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერცხლებით. გაუშვა ისრები და მიმოფანტა და განაბნია ელვანი მრავალნი. და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა, და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე. გამომიწოდა ხელი სიმაღლიდან, ამომიყვანა; მრავალ წყალთაგან გამომიხსნა. დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ. ადგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი. გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა. ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე; ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია. უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან. და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე. გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს – გულმართლად; ჭეშმარიტს ჭეშმარიტად ექცევი, უკუღმართს – უკუღმართად; რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ. ამიტომ ანთებს ჩემს ლამპარს უფალი; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს. შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს. უმწიკვლოა გზა ღვთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა. რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა? ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს. ჩემს წვივებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს. ომს ასწავლის ჩემს ხელებს, და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს. მომეცი ფარი შენი ხსნისა, და შემეწიე შენი მარჯვენით! განმადიდე შენი წყალობით! გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ, და ჩემი წვივები აღარ წაბორძიკებულან. დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები ვიდრე არ მოვსპობ. დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფერხთა ქვეშ განერთხმებიან. და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფერხთქვეშ. ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს. იღაღადებენ, და მშველელი არ ეყოლებათ; უფლის მიმართ გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში. მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერების მეთაურად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს. ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან. უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში. უკვდავია უფალი! დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი – ჩემი მშველელი, ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს. ჩემო მხსნელო მტრებისაგან, შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. ამისთვის გადიდებ წარმართებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ. ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისათვის – დავითისა და მისი მოდგმისათვის საუკუნოდ. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს, არც ენა უნდა და არც სიტყვა, მათი ხმა რომ ისმოდეს. მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მზეს დაუდგა კარავი მათში. და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; იხარებს ვითარცა გმირი გარბენას გზისას. ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა – მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას. რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააგონიერებს მიამიტებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ. სასურველნი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. და შენი მორჩილი მათით არის განათლებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის. ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომანი? განმწმიდე მე დაფარულთაგან. ნებლიე ცოდვებს განაშორე მსახური შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქმნები, და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას. დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. გისმინოს შენმა უფალმა გაჭირვების დღეს, აღგამაღლოს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა. გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან და სიონიდან შეგამაგროს შენ. გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს სრულადდასაწველი შენი. მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი. ვიმხიარულებთ, რადგან გშველის; და ჩვენი ღვთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა. ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი; თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით. ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ. ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ. უფალო! იხსენი მეფე ჩვენი და გვისმინე, როდესაც შემოგღაღადებთ. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად. შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. რადგან მას შეხვდი კეთილი კურთხევით, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი. სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა – უკუნითი უკუნისამდე. დიდია ღირსება მისი დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას. შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე. რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა. შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, შენი მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს. ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ, შენი გამოჩენის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ცეცხლი შთანთქავს მათ. შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა. რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს, ვინაიდან შენ უკუაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ. ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას. გუნდის ლოტბარს. „ცისკრის აღმობრწყინებისას“. ფსალმუნი დავითისა. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? მე შემოგღაღადებ, მაგრამ შორს არის ჩემი შველა. ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მპასუხობ, ღამით – და არ არის სიმშვიდე ჩემთვის. შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც. შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ. მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა. ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ: „უფალს მიენდო? მაშ მანვე იხსნას, მანვე უშველოს თავის სასურველს.“ რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე. შენით ვიმედოვნებდი დედის მუცლიდან; დედის წიაღიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი. ნუ განმშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის. ირგვლივ მომადგნენ მე ძლიერი მოზვრები, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს. პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა, და ჩამიყვანე სიკვდილის მიწა-მტვრამდე. რადგან გარს შემომეხვივნენ მე ძაღლები; ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა, გამიხვრიტეს ხელნი და ფერხნი. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე. და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე. გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლთაგან ჩემი სიცოცხლე. მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქის რქისაგან! ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ. უფლის მოშიშნო, ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და გეშინოდეთ მის წინაშე, ისრაელის მთელო მოდგმავ! რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა. მინდა შეგასხა ხოტბა მრავალ კრებულში, მისთა მოშიშთა წინაშე გადავიხდი აღთქმულს. ჭამონ ღატაკთ და გაძღნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა. გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა. რამეთუ უფალს შვენის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი. ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა. შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ. მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, რაც მოიმოქმედა უფალმა. ფსალმუნი. დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე. სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისთვის. შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. გააწყვე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირთამდე. ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი. ფსალმუნი. დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი. რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი, და მდინარეებზე მოაწყო იგი. ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს, ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან. ეს არის თაობა მის მაძიებელთა, ვინც ეძიებს შენი სახის ხილვას, ღმერთო იაკობისა! მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები, აიწიეთ, მარადიულნო კარნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა! ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი – მტკიცე და ძლიერი, უფალი – ომში ძლევამოსილი. მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები თქვენი, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა! ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი ძალთა, ის არის მეფე დიდებისა. დავითისა. შენსკენ აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი. ღმერთო ჩემო! შენით ვიმედოვნებ! ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე. ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი. შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენით ვიმედოვნებ ყოველდღე. გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი რადგან ისინი საუკუნოა. ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი, გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო. კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე. წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ. ყველა გზა უფლისა წყალობაა მის აღთქმათა შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად. მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას. საიდუმლო უფლისა – მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ. ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, იგი მახისაგან იხსნის ფერხთა ჩემთა. გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან. შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება. შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე. შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგან შენ გესავ. უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ. იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან. დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდი. გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი. რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას. არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ. შევიძულე კრებული უკეთურთა ბოროტთა გვერდით არ დავჯდები. ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო. რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო. უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და ადგილი – კარავი შენი დიდებისა. ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს სისხლის მსმელებთან, რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით. ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე. სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს. დავითისა. უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის: ვისგან შევძრწუნდე? თუ დამესხმიან თავს ბოროტნი, რათა შესასანსლონ ჩემი სხეული, მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან. თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს. ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და მის ტაძარს ვიხილავდე. რადგან შემიფარავს იგი თავის კარავში დამმალავს თავისი კარავის სამალავში, და და ახლა მაღლა ავწევ თავს და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს. ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ, შემიწყალე და მიპასუხე. შენგან ამბობს ჩემი გული: „მოძებნეთ ჩემი სახე.“ შენს სახეს მოვძებნი, უფალო. ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს; ჩემი შემწე იყავი უწინ; ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მსხნელო, რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე. მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო. ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ; რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ. რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული, და გქონდეს უფლის იმედი. დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის. ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს. ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს აღვაპყრობ შენი წმიდა ტაძრისკენ. ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობიანად ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ. მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტი მოქმედებისამებრ; მათი ხელის ნაქნარისამებრ მიუზღე მათ, და მათი ბოროტი საქმეებისამებრ. რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს კვლავ. კურთხეულ არს უფალი, ხმა ჩემი ვედრებისა. უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი; მისით სასოებს ჩემი გული, და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული, და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას. უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია. იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო, მწყემსე ისინი და მოამაღლე უკუნისამდე. ფსალმუნი. დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება. უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით. ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის ხმა იყო მრავალ წყალზე. ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით. ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი. და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს – მარტორქის შვილის მსგავსად. ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს. ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს. ხმა უფლისა უდღეურად მოაგებინებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს, „დიდება“. უფალი იჯდა წარღვნის დროს, და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე. უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით. ფსალმუნი. ქება ტაძრის განახლებისა. დავითისა. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე. უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ განმკურნე მე. უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ. უგალობეთ უფალს, მისო წმიდებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა. რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე – მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს და ცისკრის ჟამს მხიარულება. და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: „არ დავეცემი უკუნისამდე.“ შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და – შევძრწუნდი. შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები: „რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს? უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.“ შენ ჩემი წუხილი როკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე. ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება. უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გადიდებ უკუნისამდე! გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. გევედრები, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენ. მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად. რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი. გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი. შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო. შევიძულე კერპების დამცველები და მე მივენდე უფალს. ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით, რადგან შენ იხილე ჩემი სისაწყლე, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა. და არ მიმეცი ხელსა მტრისას; ფართოდ დაამკვიდრე ფერხნი ჩემნი. შემიწყალე, უფალო, რადგან მიჭირს, დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები – გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა. ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენ, და მეზობლისაგან – მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან. გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი. რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიშია ყოველი მხრიდან! ისინი შეითქვნენ ჩემს წინააღმლეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს, მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი.“ შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მტერთა ხელთაგან, და ჩემთა მიმდევართა უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით. უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ. დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ჯოჯოხეთში. დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე, ქედმაღლობით და სიძულვილით. რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, უფალო, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე. შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან, კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა თვისი საკვირველი წყალობა გამაგრებულ ქალაქში. და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“. მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმობდი. შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს. გამხნევდით და გული გაიმაგრეთ, ყველამ, მოძღვრება. დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც არ არის სიყალბე. როდესაც ვდუმდი გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. ცოდვა ჩემი გაუწყე, და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე.“ და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა. ვერ მისწვდება მას. შენ ხარ ჩემი მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, თვალს დავიჭერ შენზე.“ ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი, უგუნური. ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს. მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული. იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო. იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება. ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას. უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყვეთ ჰანგი მოძახილით. რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია. უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა; უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები. ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყოველი მკვიდრი სამყაროსი. რადგან მან თქვა და შეიქმნა, მან ბრძანა და არსებობს. უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს. აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად, და თაობიდან თაობამდე – ზრახვანი მისნი. ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი – მისდა სამემკვიდროდ ამორჩეული. ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს. თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს. მან შექმნა გული თვითოეულისა და სწვდება ყველა მათ საქმეს. მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა. უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხნის. აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის, რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილის დროს. ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი. რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს. იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს. დავითისა. როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე, განიდევნა და წავიდა. განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე. უფლით იქადის ჩემი სული; მოისმენენ მშვიდნი და გაიხარებენ. ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად. მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელიდან. მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა. აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩნს მათ. განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება მას, ვინც მასზეა მინდობილი. მოიშიშეთ უფლისა, წმიდანნო მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშთა მისთა. მდიდარნი გაღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ. მოდით, შვილებო, მომისმინეთ! უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ. ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? შეიკავე შენი ენა სიბოროტისაგან და ბაგენი შენნი – ცბიერი სიტყვებისაგან. ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას. უფლის თვალები მიპყრობილია წმიდებისაკენ და მისი ყურები – მათი ღაღადისაკენ. პირი უფლისა – ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი. მოუხმობენ და ისმენს უფალი, და იხსნის ყველა გასაჭირისაგან. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის. მრავალი სიავე ხვდება მართალს; და ყველაფრისაგან იხსნის უფალი. ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება. მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ. იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულებს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი. დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეს, ებრძოლე, ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ. მოიმარჯვე ფარი და საჭურველი, და აღსდექ ჩემდა შესაწევნად. იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს. უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ.“ შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემს სულს ეძებენ; უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი. შეიქმნენ ვითარცა მტვერი ქარის წინაშე, და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი. იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული, და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ. რადგან უმიზეზოდ დამიგეს ხაფანგი, უმიზეზოდ გაუთხარეს ორმო ჩემს სულს. და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ; ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით. ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: „უფალო, ვინ არის შენი მსგავსი, შენი, რომელიც იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს – მისი მძარცველისაგან?“ აღსდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ, სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ. ხოლო მე კი მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთანვე ბრუნებოდა. თითქოს ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ჩემი ძმა, ისე დავდიოდი სევდიანი; დედას რომ დასტირის კაცი, ისე დავმდაბლდი მგლოვიარობაში ისინი კი ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ, და იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ. პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ უფალო, რამდენ ხანს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისაგან, ლომებისაგან ეს ერთი ჩემი სიცოცხლე. მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს. რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ. ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, და ყვირიან: „ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.“ შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ჩემო ბატონო, ნუ განმერიდები მე; გამოიღვიძე, გამოიღვიძე განსაკითხავად ჩემდა, ღმერთო და ბატონო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად. გამასამრთლე შენი სიმართლით, უფალო, ჩემო ღმერთო. და ნურავინ გაიხარებს ჩემზე. ნუ იტყვიან თავიანთ გულში: „ოჰო! ასე გვენება!“ ნუ იტყვიან: „ჩავყლაპეთ იგი!“ შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია; სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა. იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა; და თქვან მარადჟამს: „განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი!“ და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას, და ქებას შენსას დღენიადაგ. გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილის, დავითისა. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე. რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს. მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქნას. უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს. უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი – ღრუბლებამდე. სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი – ღრმა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო. რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო, და ადამის ძენი შენი ფრთების ქვეშ აფარებენ თავს. დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასმევ მათ. რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს. მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს, და სიმართლე შენი – გულწრფელებს. ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა, და ხელი ბოროტთა ნუ განმდევნის მე. იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დაენარცხნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა. დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულისწადილს. მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს. და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით. დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ. უფალი დასცინებს მას, ვინაიდან ხედავს, რომ მოდის მისი დღე. მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდები, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, და მოსპონ გზიანები. მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდი შეიმუსრება. მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს. რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია. იცის უფალმა დღენი უცოდველთა, მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება, არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან. რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვით ნასუქი ცხვარნი, გაქრებიან, ვითარცა ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს. რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან. უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯნი კაცისა, და მის გზას შეიყვარებს. კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა. ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, და მისი მოდგმა – პურზე ხელგაწვდილი. ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია. ერიდე ბოროტს და ქმენ სიკეთე და იარსებებ სამარადჟამოდ. რადგან უფალს სამართალი უყვარს, და არ მიატოვებს თავის წმიდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან, ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე. მართალთა ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს. რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები. ბოროტი უთვალთვალებს წმიდას და მის მოკვლას აპირებს. მაგრამ უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს. მიენდე უფალს და დარჩი მის გზაზე, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას. მინახავს ბოროტი გამძვინვარებული, ფესვგადგმული, ვითარცა ხე ამწვანებული. მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ ვპოულობ. დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება. ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს. და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი. ფსალმუნი დავითისა. გასახსენებელი. უფალო, შენი განრიხსებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი. რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე. არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო. რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემზე. აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურების გამო. წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები. რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით. უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი, და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან. ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა, და თვალთა ჩემთა სინათლე – აღარც ის არის ჩემთან. ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს განმიდგნენ. მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ ჩემს დაღუპვაზე და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ. მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს. და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესიმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი. რადგან შენ გელოდები, უფალო. შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო. რადგან ვთქვი: „ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.“ მარცხისთვის მე მზადა ვარ, და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ. რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე. ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან, და მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი. კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ. ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ განმშორდები. გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო! გუნდის ლოტბარს, იედუთუნს. დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: „დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით; ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს წინაშე.“ მთლიანად დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი, გახურდა გული ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით: „მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული, და – როგორია ხანგრძლიობა ჩემი დღეების. შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა. აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო ჩემი სიცოცხლის ხანი არაფერია შენს წინაშე; ჭეშმარიტად, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე! ამიტომ აჩრდილს დადევნებია ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება. „და ახლა, რას ველი, ბატონო? შენზეა ჩემი იმედი. ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის სალანძღავად. დავდუმდი, ბაგეს ვეღარ ვაღებ, რადგან შენ ჰქმენ ამგვარად. ამარიდე სასჯელი შენი; გავილიე შენი მომსვრელი ხელით. თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენი, და ერთი ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი. მზერა მომაშორე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.“ გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს ყური მომაპყრო და მოისმინა ჩემი ვედრება, და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები, და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა – განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეეშინდება უფლისა, და მიენდობა მას. ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ. უფალო, ღმერთო ჩემო, დიდია სასწაულნი, შენ რომ მოიმოქმედე, და ჩანაფიქრები ჩვენს მიმართ; ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე; – მაგრამ ძნელია სათქმელად. მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია; მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში სწერია ჩემთვის. შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.“ შენს სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს, აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი. შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში; შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი; შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის. შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე. რადგან გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა. ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე. დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, უკუიქცნენ და წახდნენ ჩემი ავის მდომნი; დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: „ოჰო, ოჰო!“ გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს; შენი შველის მოყვარულებმა მუდამ თქვან: „დიდია უფალი!“ ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. – ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ. გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე; უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი. უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს; და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და შენ არ გადასცემ მათ მათი მტრების სურვილისამებრ. უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს. ვთქვი მე: „უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.“ ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი?“ და თუ მოვა ჩემს სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და იმასვე ილაპარაკებს. ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს ფიქრობენ ჩემზე: „სისაძაგლე აცუნდრუკებს მას; ვინც ერთხელ დაწვა, ვეღარ წამოდგება!“ ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, წიხლი ჩამაზილა. ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და მე მივუზღავ მათ. ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე. და ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წნაშე დამაყენებ სამარადისოდ. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა გუნდის ლოტბარს. მოძღვრება კორახის ძეთა. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო! ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მივალ და ვიხილავ ღმერთის სახეს? ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ მარადღე: „სად არის ღმერთი შენი?“ ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის. დაღონებულია სული ჩემი; ამიტომ გიხსენიებ იორდანეს მიწიდან და ხერმონის მწვერვალებიდან, მიცყარის მთიდან. უფსკრული უფსკრულს გასძახის ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა. დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას, და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ვუთხარი ღმერთს, ჩემს სიმტკიცეს: „რად დამივიწყე? რატომ უნდა ვიარო მგლოვიარე გულით, რადგან ჩემი მტერი მთელავს?“ ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები, მეუბნებოდნენ ყოველდღე: „სად არის ღმერთი შენი?“ რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას, – ჩემი სახის განმაცოცხლებელს და ჩემს ღმერთს. განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი. რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რატომ უნდა ვიარო მგლოვიარე გულით, რადგან ჩემი მტერი მთელავს?“ გამოგზავნე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი, რომ და მიმიყვანენ შენს და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან, და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო! რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას, – ჩემი სახის განმაცოცხლებელს და ჩემს ღმერთს. გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა მოძღვრება. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში. შენ შენი ხელით განდევნე წარმართნი, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე, ისინი კი გააფართოვე. ვინაიდან მათ ხმლებით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე. შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო, უბოძე შველა იაკობს. შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ ჩვენ მოდავეებს. რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის, არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ. ღმერთით ვიქადოდით დღეყოველ და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე. მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან. უკუგვაქციე ჩვენ მტრისაგან, და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ. მიგვეცი ჩვენ, როგოც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის. გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე. მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად – ჩვენს ირგვლივ მყოფთა. იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის საქნევად ერებს შორის. დღეყოველ ჩემი აუგი ჩემს წინაშეა, და სირცხვილი მიფარავს სახეს შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლისაგან. ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა. არ უკუქცეულან ჩვენი გულები, და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი ბილიკიდან. როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სიკვდილის ჩრდილი. ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისათვის, განა ღმერთი არ გვაზღვევინებდა ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა. ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე; დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნიეს. გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო? გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ. რატომ იფარავ სახეს და ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას? რადგან ჩვენი სული მიწა-მტვრამდეა დამდაბლებული, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი. აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის. გუნდის ლოტბარს. „შოშანისებურად“ კორახის ძეთა. მოძღვრება; გალობა სიყვარულისა. აღმოთქვა ჩემმა გულმა ნაზი სიმღერა რასაც მე ვამბობ, მეფეს ეკუთვნის; ჩემი ენა კალამია ხელოვანი მწერლისა. ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე. წელზე შეიბი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და შენი მშვენებით. და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და გიჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი. შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს. ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა. სამართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს. მთელი შენი სამოსი – ვითარცა მური, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ. მეფეთა ასულები შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული. მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და დატკბება მეფე შენი მშვენებით – რადგან ის არის შენი უფალი, – და თაყვანი ეცი მას. და ასულნი ცორისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი. მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი. მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი, მოჰყავთ შენთან. მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სასახლეში. შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელს ქვეყანაზე. გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიტომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე. გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ყალამოთის ხმაზე. გალობა. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ. თუნდაც იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები შეირყევიან მათი მედიდურებით. მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღვთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას. ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე. ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა – გაქრა ქვეყანა. ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა. შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით. „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი: ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.“ ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. ერნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით; რადგან საშიშია უფალი ზენაარი – დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა. დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს – ჩვენთა ფერხთა ქვეშ. ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. – ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი – საყვირის ხმაზე. უგალობეთ, უგალობეთ ღმერთს! უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს! რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი, უგალობეთ გონივრულად. ღმერთი მეფობს ერებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე. ხალხთა მთავარნი შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად. გალობა; ფსალმუნი. კორახის ძეთა. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, თავის წმიდა მთაზე. ლამაზად მაღლდება მთა სიონისა, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა. ღმერთი თავის ტაძარში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე. რადგან აგერ, შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად. ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ. ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესვაით. აღმოსავლეთის ქარით როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში. ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. ვფიქრობდით, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში. ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა. დაე იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სიმართლის გამო. ყოველი მხრიდან მიადექით დათვალეთ მისი კოშკები. გული მიაპყარით მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას. რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე. გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ყოველო ხალხო, ყური მოაპყარით, ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო: უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად. ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს, და ჩემი გულის ფიქრი – გონიერებას. ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას. რად შემეშინდება უბედურების ჟამს, როცა ჩემი მოდავეების ბოროტება გარს შემომეხვევა, რომელნიც თავიანთი ძალით იმედეულობენ და უხვით სიმდიდრით მოჰკვეხენ? ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს. ძვირია მათი სულის გამოხსნა, და არ ეგების უკუნისამდე. რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი. რადგან ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, როგორც იღუპებიან ბრიყვნი და სულელნი და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ. საფლავი არის მათი სამუდამო სახლი, მათი საცხოვრებელი – თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს. ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება დიდხანს; იგი ჰგავს დასაკლავ პირუტყვს. ეს მათი გზა, მათი უგუნურებაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ მათს სიტყვებს ცხვრებივით მიეცნენ ჯოჯოხეთს; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი; ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს, ჯოჯოხეთიდან როცა ამომიყვანს. არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება. რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება. თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ, და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ. მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს. ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დასაკლავ პირუტყვს ჰგავს. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსავლიდან მის დასავლამდე. სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია, და მის ირგვლივ – ძლიერი ქარიშხალი. მოუწოდებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე: „შემოიკრიბეთ ჩემი წმიდები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.“ და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს, რადგან ღმერთია თვით მსაჯული. „ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ: მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი. მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა. არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს. რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან. თუ მომშივდა არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი. ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ? მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი. და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.“ ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ ჩემს კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა, გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები? როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი. პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს. დაჯდები და შენი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ, და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ. ეს ჩაიდინე შენ და მე ვდუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ. ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, რომ არ მოგსრათ და არ იყოს მშველელი. მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე, და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას.“ გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, რაც ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი მრავალი შემბრალებლობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმიდე; რადგან ვიცი ჩემი დანაშაული, და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას. შენ, მხოლოდ შენ შემოგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი – შენს სამართალში. აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი. აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული. მასხურე უსუპით და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად განვსპეტაკდები. მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე. სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში. ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს. დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით, და დიდებული სულით გამამაგრე. ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს, და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან. მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს. უფალო, გახსენი ჩემი ბაგენი, რომ ჩემთა ბაგეთა თქვან შენი ქება. რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და სრულადდასაწველს არ ინებებ. შესაწირავი ღმერთისა – სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო. კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა. მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, და სრულადდასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს. გუნდის ლოტბარს. მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში. რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველთაოა. სიცრუეს იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა. გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად. სიცრუე მეტად, ვიდრე სიმართლის თქმა; გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარო! ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე: „აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და თავის ბოროტებაში გამაგრდა.“ ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული მე ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე. გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის, და მივენდობი შენს სახელს, რადგან ის ასე კარგია, შენს წმიდათა წინაშე. გუნდის ლოტბარს. მახალათის ხმაზე. მოძღვრება დავითისა. თქვა უგუნურმა თავის გულში: გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი. ღმერთი ზეციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ არა ვინმე ჭკვათამყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს. ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი, ერთიც კი! ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქმნელებმა, ჩემს ერს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ? ღმერთს კი არ უხმობენ. იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში; რადგან ღემრთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს; შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი. ნეტა მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი. გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალებაო. ღმერთო, შენი სახელით მიშველე, და შენი ძალით გამასამართლე! ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა; მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა! რადგან უცხონი აღიძრნენ ჩემზე, და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი; არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. აჰა, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი. მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი. ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კარგია ის! რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა. გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას. ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები. მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან. ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს. შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს. და ვამბობ: „რომ მქონოდა მტრედის ფრთები, გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი; აჰა, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას; ავჩქარდებოდი რომ მომენახა თავშესაფარი მოსპე, უფალო, დაყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში. დღედაღამ გარსუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით, ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა. რადგან ვინც მე მლანძღავს ჩემი მტერი არ არის – იმას ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე – მას დავემალებოდი; მაგრამ შენ შენა ხარ ის, კაცი ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი. ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით ბრბოს შორის. დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათს სადგომში, მათს გულში. ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის. საღამოთი, დილით და შუადღისას შევევედრები და მოისმენს ჩემს ხმას. მან მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული მათგან, მე რომ მებრძოდნენ, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი. მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი … რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა. ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის დაარღვიეს მისი აღთქმა. ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია. მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას. ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში; სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ. გუნდის ლოტბარს. „მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში.“ დავითის ძეგლისწერა, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში. შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი. ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება მაღლით. საშიშროების დღეს შენ მოგენდობი. ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი? ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მომართ. გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი – ჩემი მდევრები, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან. ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო! ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები! განა შენს წიგნში არ არიან ისინი? მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის. ღმერთის მიერ შევაქებ სიტყვას, უფლის მიერ შევაქებ სიტყვას. ღმერთს მივენდე – არ მეშინია; რას მიზამს კაცი? ჩემზეა, ღმერთო, ჩემი აღთქმები, შენ რომ აღგითქვი; დიდებას მოგიზღავ შენ. რამეთუ იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, ჩემი ფეხი – წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუქით. გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ“. დავითის ძეგლისწერა, როცა საულს გაექცა მღვიმეში. შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული, და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს. მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც თავის ნებას აღასრულებს ჩემზე. გამომიგზავნის ციდან ხსნას, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას. ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის ვცხოვრობ, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა – ბასრი მახვილი. ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება. ბადე გაამზადეს ჩემთა ფერხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. წრფელია ჩემი გული, ღმერთო, გიმღერებ და გიგალობებ. გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოვიღვიძებ ცისკართან ერთად. განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში. რადგან დიდია, ზეცამდეა შენი წყალობა, და ღრუბლებამდე – შენი ჭეშმარიტება. ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება. გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ“, დავითის ძეგლისწერა. ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო? არამედ გულში უკუღმართობას ითხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე. გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას ასცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქმნელნი. მათი გესლი მსგავსია გველის გესლისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს. არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა. ღმერთო, შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში! ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო! გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით. ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე. ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს. გაიხარებს წმიდა, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში. და იტყვის კაცი: „აი, ნაყოფი წმიდისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.“ გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ.“ დავითის ძეგლისწერა, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის სათვალთვალოდ, რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღემრთო! დამიცავი ჩემს მოდავეთაგან! მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან, და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე. რადგანაც აჰა, უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ, უფალო, არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება. უდანაშაულოთა წინააღმდეგ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე. ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხებს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. ბრუნდებიან საღამოობით, ყმუიან ძაღლებივით და გარს უარონ ქალაქს. აჰა, ანთხევენ პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა ვინ ისმენსო. ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხებს. ჩემს ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი. ღმერთი, ჩემი მწყალობელი, წინ წამიძღვეს; ღმერთმა მახილვინოს ჩემს მტრებზე გამარჯვება. ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, უფალო, ფარო ჩვენო. მათი პირის სიტყვა სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა. და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის, მოსპე რისხვით, მოსპე, ერთიანად, ამით შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობში, ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლებივით და გარს შემოუარონ ქალაქს. დაე, იწანწალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე. ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს. სიმტკიცევ ჩემო, შენ გიგალობებ; რადგან შენა ხარ ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი. გუნდის ლოტბარს. შუშან ყედუთზე. დავითის ძეგლისწერა; შესწავლისათვის. როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს, და დაუბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე. ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და გაგვაპარტახე შენი რისხვით, კვლავ აღგვადგინე. რომელმაც შეაზანზარე მიწა, შუა გაჰკვეთე, განკურნე მისი ნამსხვრევები, რადგან მოირყა. აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო საწამლავგარეული. მიეცი შენს მოშიშთ დროშა, ჭეშმარიტებას რომ აუფრიალონ. რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე. ღმერთმა თქვა თავის საწმიდარში: „ვიზეიმებ! დავყოფ შექემს, და სუქოთის დაბლობს მივუზომავ. ჩემია გილყადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა – კვერთხი ჩემი; მოაბი ჩემი საბანელია, ედომს დავაღირებ ჩემს ხამლს; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.“ ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში? თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე? თუ არ გინდა, რომ გამოხვიდე, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან. მოგვამდლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან. ღმერთთან შევქმნით ჩვენ ლაშქარს, და ღმერთი დაამხობს ჩვენს მტრებს. გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. დავითისა. ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეღ! რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი. ვიცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების ჩრდილქვეშ. რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩემნი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინიათ. დღეები შესძინე მეფის დღეებს, მისი წლები – თაობიდან თაობამდე. იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას. ასე ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითიდღე. გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან მოდის ჩემი ხსნა. მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, აღარ დავეცემი მეტად. ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს, და გსურთ მისი დაქცევა, როგორც დაკიდული კედლის, მორყეული ყორის? განიზრახავენ მის სიმაღლიდან გადმოგდებას; მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. მხოლოდ ღმერთს ელოდება წყნარად ჩემი სული; რადგან მისგან მოდის ჩემი იმედი. მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე; არ დავეცემი. ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; კლდე ჩემი ძალისა და ჩემი თავშესაფარი ღმერთის მიერაა. მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. მხოლოდ არარაობა არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთად არარაობაზე უარესია. არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი, ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ერთხელ თქვა ღმერთმა, ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა. და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით. ფსალმუნი დავითისა, იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო, შენ ხარ ჩემი ღმერთი; მოსწყურდი ჩემს სულს, უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე; როგორც გიხილე საწმიდარში; რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი. რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა; ჩემი ბაგენი გაქებენ შენ. ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს. ცხიმითა და სიმსუქნით დამსუყდება სული ჩემი, და მგალობელი ბაგეებით გაქებს პირი ჩემი. როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე; რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ფრთათა ჩრდილქვეშ მოვილხენ. შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი. ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის შავეთში ჩავლენ! მახვილის წერა გახდებიან, ტურების კერძი შეიქმნებიან! მეფე კი გაიხარებს, ღმერთში; იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, ხოლო დაიგმანება სიცრუის მოლაპარკეთა პირი. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ; მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე. დამიფარე ვერაგთა საიდუმლო ზრახვათაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი – მწარე სიტყვა, რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ. ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: „ვინ შეამჩნევს მათ?“ სიმრუდეს ფიქრობენ: „ჩვენ მზადა ვართ, საიდუმლოდ დავიცავთ ჩვენს გეგმას“. ხოლო შიგანი კაცისა და გული ღრმაა. და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან. საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი. და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე, და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან. გაიხარებს მართალი უფალში და დაიქადებენ გულმართლები. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. გალობა. შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აღგისრულებენ აღთქმას. შენ შეისმენ ლოცვას, ამიტომ შენთან მოვა ყველა ხორციელი. ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ. ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით სიკეთით შენი სახლისა, შენი წმიდა ტაძრისა. საშინელებებით სამართლიანად გვპასუხობ, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა; რომელმაც განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით; რომელიც აწყნარებს ზღვათა ხმაურს, და ერების მღელვარებას. და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ. კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; – ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი. მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ. აკურთხე წელიწადის გვირგვინი შენი სიკეთით, და შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება. წვეთავენ უდაბნოს საძოვრები, და ქედები ლხინით შეიმოსებიან. საძოვრები ცხვრით აჭრელდებიან და დაბლობები მარცვლით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ. გუნდის ლოტბარს. გალობა ფსალმუნისა. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ! უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას. უთხარით ღმერთს: „რა საოცარია შენი საქმენი, შენი ძალის სიდიადით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები. მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს უგალობებს შენს სახელს!“ მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, შიშის მომგვრელია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე. გადააქცია ზღვა ხმელეთად; მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო. გაბატონებულია თავისი ძალით საუკუნოდ, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს, ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. ადიდეთ, ხალხებო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა, ვინც შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და ჩვენი ფეხი არ წაგვიბორძიკა. რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, მოგვაქციე ბადეში, ჩაგვრის ტვირთი აგვკიდე ზურგზე. კაცი დაგვასვი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში, მაგრამ შენ გაგვიხალვათე. მოვალ შენს სახლში აღსავლენით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს, რომლებიც წარმოთქვეს ჩემმა ბაგეებმა, და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს. მსუქან სრულადდასაწველს ამოგიტან საკმევლითურთ და ვერძებითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. მოდით, მოისმინეთ ყველამ, და გიამბობთ, მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით, და აღვამაღლე იგი ჩემი ენით. სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მომისმენდა უფალი. ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას. კურთხეულ არს უფალი, და არ მომაკლო თავისი წყალობა. გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი გალობისა. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. რათა შეიცნონ ქვეყნიერებაზე შენი გზები, რომ ყველა ხალხისთვის არის შენი შველა. გიწამებენ ერები, ღმერთო, გიწამებენ ყველა ერები. გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ერებს სისწორით, და ერებს ქვეყანაზე წარუძღვები. გიწამებენ ერები, ღმერთო, გიწამებენ ერები ერთიანად. მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა. გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე. გუნდის ლოტბარს. დავითისა. ფსალმუნი საგალობელისა. აღდგეს ღმერთი, რომ განიბნენ მისი მტრები, და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან. როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის სახის წინაშე. ხოლო მართალნი გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე, და სიხარულით იზეიმებენ. აქეთ ღმერთი, უგალობეთ მის სახელს! გზა მოუმზადეთ მას, ვინც უდაბნოებს სერავს; უფალია მისი სახელი; ილხინეთ მის წინაშე. იგია მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა, ღმერთი, მის საწმიდარში რომ დაივანებს; ღმერთი, რომელიც ბინას აძლევს ეულებს, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან. ღმერთო, როცა შენი ერის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის სახის წინაშე; ეს სინაიც – ღმერთის წინაშე, ისრაელის ღმერთისა. ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ. შენმა ოჯახმა იქ ჰპოვა ბინა, რომელიც შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო. უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა, დიდი გუნდია მახარობელ ქალთა! ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, შინ მყოფი ქალი ნადავლს გაიყოფს. თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ვერცხლით დაფარულს ჰგავხართ და მის ნაკრტენს მოოქროვილს. როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, დათოვლავს ცალმონს. ბაშანის მთა – მთა ღმერთისა, ბაშანის მთა – მრავალმწვერვალიანი მთა. რატომ შეჰყურებთ შურით, მწვერვალებით მდიდარო მთებო, მთას, რომელიც ღმერთმა ისურვა თავის სამოსახლოდ, და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ? ღმერთის ეტლები უთვალავია, და ათასეულები; მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში. შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი კაცთათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა. კურთხეულ არს უფალი! დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე, ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი, და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები. მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, აჯაგრულ კეფას – დანაშაულის გზით მოსიარულეს. თქვა უფალმა: „ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან, რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჩაყოფენ შიგ თავიანთ ენას“; ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა, წინ წარდგნენ მგალობლები, უკან – მემუსიკენი, შუაში – მედაირე ქალწულები. კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი, უფალი იქ ბენიამინი – უმრწემესი – წინ წახტა; იუდას მთავრებმა ქვები დაუშინეს, ზებულუნის მთავრებმა, ნაფთალის მთავრებმა. შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის. შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, შერისხე მხეცი ლერწმოვანისა, ხარების ჯოგი ხბორებს შორის იმ ხალხისა, რომლებიც ტრაბახობენ ვერცხლის ზოდებით. მიმოფანტე ომის მოყვარული ერები. ამოვლენ მოციქულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს. ქვეყნიერების სამეფონო, უმღერეთ, უგალობეთ უფალს. ამაღლებულს ძველთუძველეს ცათა ცაში! აჰა, ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას. მიეცით სიძლიერე ღმერთს! მისი სიდიადე ისრაელზეა საოცარი ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში. ღმერთი ისრაელისა – ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი! გუნდის ლოტბარს. „შოშანიმის“ ხმაზე. დავითისა. მიხსენი, ღმერთო, რადგან ყელამდე მომადგა წყალი. ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო. მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში. უმიზეზოდ მოძულე უფრო მეტი მყავს, ვიდრე თმა მაქვს თავზე. გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო. ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან. ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, ღმერთო, უფალო ძალთაო; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა. რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე. შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო – დედაჩემის შვილთათვის. რადგან შენი სახლის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს. და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი; და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის. ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი, და მღერიან ღვინის მსმელნი. და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით. მიხსენი ლავისგან, რომ არ დავინთქა; გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან. ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა, და ნუ ჩამყლაპავს მორევი, და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა. მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე. ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; მოუახლოვდი ჩემს სულს, გადამარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით მიხსენი. შენ იცი, ჩემი გალანძღვა, შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები. დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და ვერ ვპოვე. და აურიეს ჩემს საჭმელში ნაღველი, და წყურვილის დროს მასვეს ძმარი. იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს – მახედ. დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე. გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება, და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ. სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი! ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენგან დაჭრილთა სატკივარს ამრავლებენ. დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში. ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და მართლებთან ნუ ჩაიწერებიან. ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე. ვაქებ ღმერთის სახელს გალობით, განვადიდებ მადლიერებით. და უფრო მოეწონება უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი. ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ, და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმრთისა. რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს. განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი მათში მოძრავი. რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ. მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას, და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში. გუნდის ლოტბარს. დავითისა. გასახსენებელი. ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად! დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი; უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მძებნელნი! დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: „ოჰო! ოჰო!“ ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი!“ ვისაც უყვარს შველა შენმიერი. ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ! ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ; უფალო! ნუ დააყოვნებ! შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ უკუნისამდე. შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე. იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; რადგან ბრძანე ჩემი შველა, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ. ღმერთო ჩემო, მიხსენი ღვთის ხელისაგან, უკანონობის მოქმედის და მძარცველის ხელისაგან. რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე. შენზე ვიყავი დაყრდნობილი დედის მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ. საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი მტკიცე თავშესაფარი. ივსება ჩემი პირი შენი ქებით, და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველჟამს. ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ. რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა. და ამბობენ: „ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.“ ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევად გამოეშურე. დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მაშფოთარნი; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები. ხოლო მე მსურს მარად მოველოდე და ვამრავლებდე შენს დიდებას. ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღე შენმიერ შველაზე, რომელთა რიცხვიც არ ვიცი. შევალ განსჯებში უფლის ძლიერებაზე, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას. ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღემდე ვიუწყები შენს საოცრებაზე. ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე ვიდრე გავაცნობდე შენს მკლავს მომავალ თაობას და ყველა მომავალს – შენს სიძლიერეს. ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი? შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ. შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად. მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა. იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი. ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს; რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი. სოლომონისთვის. ღმერთო, შენი სამართალი მიეცი მეფეს, და შენი სიმართლე – მეფის ძეს. რათა მან გაასამართლოს შენი ერი სიმართლით, და შენი ღატაკნი – სამართლიანად. მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს, და ბორცვებმა – სამართლიანობა. გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი. შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე. იგი ჩამოვა, როგორც წვიმა შიშველ ველზე, როგორც წვეთები, მიწას რომ ალბობენ. მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე. მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი, და მისი მტრები მიწა-მტვერს ალოკავენ. თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებასა და სებას მეფენი ძღვენს მოართმევენ. და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა წარმართი დაემორჩილება. რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, და ძვირფასი იქნებაა მათი სისხლი მის თვალში. და იცოცხლებს, და მისცემენ შებას ოქროს, და ილოცებენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას. იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, ლიბანივით ამაღლდეს ნაყოფი მისი; და მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ ქვეყნიერების ყოველი ტომი, ყოველი ხალხი შენატრებს მას. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა! და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ! დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა. ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ. მე კი – კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები! რადგან შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას. რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე, და გამტკიცებულია მათი გვამი. არ იტანჯებიან სხვა კაცთა მსგავსად და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ. ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნება და ძალადობა სამოსელივით შეიმოსეს. სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით. ლაპარაკობენ დამცინავად და ბოროტად, ძალადობით იმუქრებიან მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება. ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ, და სვამენ წყალს სავსე თასიდან. და ამბობენ: „როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს გაგება უზენაესს?“ აჰა, ესენი არიან ბოროტნი, და უზრუნველნი ამა სოფლისა, ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე სიწმიდით ხელები. და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე, და ვიტანჯებოდი დილდილობით. რომ მეთქვა: „ვიმსჯელებ ასე,“ მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი. და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს – მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში. ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს. მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე. როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან! როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ. როცა გული დამიძმარდა და შიგანი დამეფლითა, უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე. ხოლო მე მუდამ შენთან ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. შენი რჩევით მიმიძღვი წინ, და შემდგომ პატივით მიმიღებ. ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე. ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე. რადგან აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც გაგიორგულდება. ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე. მოძღვრება. ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო, სამუდამოდ, და გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, ტომი შენი სამკვიდრო, რომელიც შენ იხსენი, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა! წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისაკენ! ყოველივე დაუნგრევია მტერს წმიდაში. შენი მოდავენი ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ. ემსგასებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს. და ახლა ამსხვრევენ მის ჩუქურთმებს ერთიანად უროთი და ცულით. ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი. თქვეს თავიანთ გულში: დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე. ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი, და არავინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს როდემდე გაგრძელდება ასე. ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი? რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე! ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი, ადრიდანვე შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმტვრიე თავები ურჩხულებს; შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს. შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშორე ძლიერი მდინარენი. შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე. შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე. უფალო, გაიხსენე ეს: მტერი გაგინებს შენ, და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს. მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ. მიხედე აღთქმას! რადგან აივსო ნუ დაუბრუნდება ჩაგრული გაწბილებული, ღარიბ-ღატაკნი აქებდნენ შენს სახელს! აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე. ნუ დაივიწყებ შენს მოდავეთა ხმას; შენი მტრის ღრიალს, მუდამ რომ ამოდის! გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ“. ფსალმუნი ასაფისა. გალობა. გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, ახლოსაა შენი სახელი. ლაპარაკობენ შენს საოცრებებს. „როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით. ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი: – მე გავამაგრე მისი სვეტები.“ ვუთხარი ამპარტავნებს: ‘ნუ იამპარტავნებთ!’ და ბოროტეულებს: ‘ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას. ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნული ქედით.“ რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდან არის აღვსება კაცისა. არამედ ღმერთი მსაჯული, რომელიც ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს. რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს იქიდან, მის თხლესაც კი სწურავენ, და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა. ხოლო მე მარადის ვაუწყებ, ვუგალობებ იაკობის ღმერთს. ბოროტთა რქებს ერთიანად შევმუსრავ, მართლის რქები კი უნდა ამაღლდეს! გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი. და იყო შალემში მისი კარავი და მისი სავანე – სიონში. იქ შემუსრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. ბრწყინვალე ხარ და ძლიერი სანადირო მთებზე მეტად. გაიძარცვნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ, მეომრებს შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ცხენსაც და მხედარსაც. შენ საშიში ხარ, და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს? ციდან მოგვასმინე სამართალი, დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა, როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, რისხვის ნატამალს მოთოკავ. აღუთქვით და გადაუხადეთ უფალს, თქვენს ღმერთს; ყველამ – მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს. ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს. გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ასაფის ფსალმუნი. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ; ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს. ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძებ; ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული. გავიხსენებ ღმერთს და ვკვნესი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. თვალი არ დამახუჭინე, შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ. ვიგონებ ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს; გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი: „ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მომისურვებს? ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე? ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული?“ და ვთქვი: „აი, ჩემი უბედურება – შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.“ გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები. ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ. ღმერთო, წმიდაა შენი გზა! რომელი ღმერთია შენსავით დიდი? შენა ხარ ღმერთი სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ერებზე ძლიერება შენი. შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი – ძენი იაკობისა და იოსებისა. როდესაც გიხილეს წყლებმა, ღმერთო, როდესაც გიხილეს წყლებმა, ახმაურ ზღვათა უფსკრულებიც კი შეძრწუნდნენ. გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა მოსცეს ცათა, შენი ისრებიც გაფრინდნენ. შენი გრგვინივის ხმა ცის თაღზე – გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა. ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი – დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი. უძღოდი, ვითარცა ფარას, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით. მოძღვრება; ასაფისა. ისმინე, ჩემო ხალხო, ჩემი რჯული; ყური მიაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს. ისმინეთ, იგავებისთვის გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა. რაც მოვისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა რაც გვიამბეს, არ დავუმალავთ მათ შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა. დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის; რათა შეიტყოს მომავლმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს. და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო ჰყო უფლის მიმართ თავისი სული. ძენი ეფრემისა აღჭურვილნი უკუიქცნენ ბრძოლის დღეს. მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს. საქმენი მისი დაივიწყეს და სასწაული, მათ რომ მოუვლინა. მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე. გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები, და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით. გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან. გამოადინა ნაკადები კლდიდან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით. ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში. ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისათვის. და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: „შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას? აჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?“ ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და რისხვა ისრაელზე აღზევდა, რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველას არ მიენდნენ. და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან, და გახსნა ცათა ბჭეები; და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ, და ციური პური მისცა მათ. ანგელოზთა პურს ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად. აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი, და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მიწა-მტვერი, და ვითრაცა ზღვის ქვიშა – ფრთოსანი ფრინველი. და ჩამოყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, მათი საცხოვრისების გარშემო. ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი. ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ, რომ ღვთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები, და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა. მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები. და დაასრულა ვითარცა ამაოება მათი დღეები და მათი წლები – ძრწოლით. როცა ხოცავდა, მაშინ ეძებდნენ მას და კვლავ ბრუნდებოდნენ ღმერთისაკენ. და იხსენებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა, და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია. და ელაქუცებოდნენ მას პირით, და ენით ეცრუებოდნენ მას; რადგან არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ. და ის – გულმოწყალე – შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას. რადგან ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი, ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ დაბრუნდება. რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს იგი უკაცრიელ ადგილას. და ცდიდნენ უფალს ისევ და ისევ, და შეურაცხყოფდნენ ისრაელის სიწმიდეს. არ გაიხსენეს ხელი მისი, დღეების, როცა დაიხსნა ისინი მტრისაგან; როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში თავისი სასწაულები, და საოცრებანი ცოყანის ველზე; როცა გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ. მიუსია მათ მწერი, და – მყვარი, რომ დაეღუპათ ისინი. და მისცა მუხლუხოს მათი მოსავალი, და მათი ნაჯაფი – კალიას; სეტყვით მოსრა ვენახი მათი, და ლეღვიანები მათნი – თრთვილით; და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი, და ხორშაკ ქარებს – ჯოგები მათი; მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები; გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა; განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი – ქამის კარვებში. ცხვარივით გაირეკა თავისი ერი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა. ფხიზლად უძღოდა მათ და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა. მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ. განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მიწები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ისრაელის ტომები. კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, და მისი მცნებანი არ დაიცვეს. უკან იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი უკან ბრუნდებოდნენ განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური. მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეტად შეიძულა ისრაელი. და მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული. და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი – მტრის ხელთ. და გასწირა მახვილისათვის თავისი ხალხი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა. მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა, და მისმა ქალწულებმა ვერ მოისმინეს საქორწილო სიმღერა. მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ, და მათმა ქვრივებმა ვერ დაიტირეს. და გაიღვიძა უფალმა, ვითარცა მძინარემ, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა. და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ. დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია. ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარს. მოაწყო ცასავით თავისი ტაძარი, დედამიწასავით, რომელიც სამუდამოდ დააფუძნა. ამოირჩია დავითი, თავისი მონა და წამოიყვანა ის ცხვრის ფარებიდან. ცხვარს დასდევდა, და წამოიყვანა ის, რათა ემწყემსა იაკობი – თავისი ერი – და ისრაელი, თავისი წილხვედრი. და მწყემსა ისინი ერთგულებით და თავისი მარჯვე ხელით უძღოდა მათ. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს. მისცეს შენი მორჩილების მძორი საჯიჯგნად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები – მიწის ნადირებს. დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო, და დამმარხავი არავინაა. სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხარად ასაგდები და დასაცინი – ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის. როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული? და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი? გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, და იმ სამეფოებზე, რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს. ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით. დაგვეხმარე, ღმერთო ჩვენო მხსნელო, და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის. რატომ უნდა თქვან ხალხებმა: ცნობილი გახდეს წარმართთა შორის, ჩვენს თვალწინ, შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა. მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ, შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს. დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო. ხოლო ჩვენ – შენი ხალხი გაქებთ მარადჟამს; თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას. გუნდის ლოტბარს. შოშანიმ ყედუთის ხმაზე. ასაფისა. ფსალმუნი. მწყემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ; წინ რომ უძღოდი იოსებს, ვითარცა ცხვარს; ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე. ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე და მოდი ჩვენს სახსნელად. ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით. უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე? აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებით სავსე თასს. დაგესვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში, და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ. უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით. ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის; გაწმინდე მის წინ, გაადგმევინე ფესვები მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა რქებმა – ნაძვი ღმრთისა; რქები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე – თვისი ნამსხვრევი. რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი, რომ ყოველი გამვლელი მას ძარცვავს? ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები კორტნიან მას. ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს. გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე! დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან. იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე. და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ. უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ. გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით. გუნდის ლოტბარს, გითითის ხმაზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას; შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს! ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად. ჩაჰბერეთ ახალმთვარობაზე ბუკს, სრულმთვარობაზე, ჩვენი დღესასწაულის დღეს. რადგან ეს არის კვალი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა. ეს დაადგინა მან მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე: „მოვხსენი ტვირთი მხრებიდან, მისი ხელები აღარ დაათრევენ გოდორს. გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გპასუხობდი იდუმალებით სავსე ქუხილის ხმით, გამოგცადე მერიბას წყლებზე. ისმინე, ჩემო ერო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ. არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს. მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, განავრცე პირი შენი და გავავსებ მას. არ ისმინა ჩემმა ერმა ხმა ჩემი, და ისრაელი არ დამემორჩილა. და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე. ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი. უფლის მოძულენი ლიქნას დაუწყებდნენ; და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო. გამოვკვებავდი მათ ნოყიერი ხორბლით და კლდის თაფლით გავაძღებდი.“ ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ანგელოზთა შორის ქმნა სამართალი: „როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და მიმხრობით განიკითხავთ ბოროტთა? განიკითხეთ საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ. გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით. არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა. მე განვაცხადე: ‘თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ ყველანი.’ მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.“ აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ერებს. გალობა. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და ნუ დამშვიდდები! რადგან აჰა, შენი მტრები ხმაურობენ, და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს. შენი ერის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ მათზე, ვისაც შენ იფარავ. თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი, როგორც ერი და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა.“ მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა; ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა; გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტინელებმა ცორელებთან ერთად. აშურიც მათ დაუმეგობრდა, და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე; განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ მინდვრისათვის. მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზებს, და როგორც ზებახს, რომ ამბობდნენ: „დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი ღვთისა.“ ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში; ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი; ისე დაედევნე მათ შენი რისხვით, და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი! აავსე მათი პირი სირცხვილით, რომ ეძებდნენ შენს სახელს, უფალო. შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან. მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე. გუნდის ლოტბარს. გათითის ხმაზე. კორახის ძეთა. ფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა! ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს; გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან ცოცხალ ღმერთს. ჩიტმაც კი ჰპოვა ბინა და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას თავისი ბარტყები შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო! ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი, რომლებიც მარადჟამს განგადიდებენ. ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, რომელთაც გული შენი საწმიდარისკენ მოუწევთ. გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ, და კურთხევით დაფარავს მათ ადრეული წვიმები შემოდგომისა. ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში. უფალო, ღმერთო ძალთა, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს! რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასჯერ უმჯობესია; ჩემი ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას. რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ დაუჭერს უბიწოდ მოარულთ. უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი. გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა. აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება. მოგვაქციე, ღმერთო ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე. ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას? ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით? გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი. მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ერზე, და თავის წმიდებზე, თუკი დაგმობენ სიბრიყვეს. მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში. წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს. ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს. უფალი გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს. სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს. ლოცვა დავითისა. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე. დაიფარე ჩემი სული, რადგან შენი მოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს. შემიწყალე, უფალო, რამეთუ შენ მოგიხმობ ყოველდღე. ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი. რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს. მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა, ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ. არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, და არც მსგავსი საქმეთა შენთა. ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს; რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ერთი ღმერთი. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე, რათა ვიარო შენი ჭეშმარიტებით. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით. გადიდებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და პატივს მივაგებ შენს სახელს უკუნისამდე. რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და დაიხსენ ჩემი სული შავეთის უფსკრულებიდან. ღმერთო! და მტარვალთა კრებულმა იძია ჩემი სული, და არ შეგრაცხეს თავიანთ წინაშე. ხოლო შენ, უფალო, შემბრალე ხარ და მოწყალე ღმერთი, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ. მოიქეც ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა. მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი. კორახის ძეთა. ფსალმუნი. გალობა. წმიდა მთაზე დგას ქალაქი მისი დაფუძნებული, უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა საყოფელზე მეტად. ქება-დიდებას ამბობენ შენზე, „გავახსენებ რაჰაბსა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ცორი ქუშთან ერთად: ‘ეს დაიბადა იქ.’“ სიონზე კი იტყვიან: და უზენაესმა წარმართა იგი.“ უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: მღერიან და როკავენ: „ყველა ჩემი წყარო შენშია.“ გალობა. ფსალმუნი კორახის ძეთა. გუნდის ლოტბარს. მახალათის ხმაზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო, შენს წინაშე ვღაღადებ დღედაღამ! მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას; რამეთუ აღივსო ვნებებით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება. შევირაცხე მათ გვერდით. სამარეში რომ ჩადიან, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო. მკვდრებს შორის ვარ ჩაგდებული, სამარეში მწოლარენი, და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ. მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში. მე დამატყდა თავს რისხვა შენი, და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დატყვევებული ვარ და ვერ გამოვდივარ. თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს. ნუთუ მკვდრებისათვის მოიმოქმედებ სასწაულს, ან მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე, და ჯოჯოხეთში – შენს ჭეშმარიტებაზე? შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს – დავიწყების ქვეყანაში? მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი, და დილ-დილობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა. რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან? ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, დავუძლურდი. თავზე გადამიარა შენმა რისხვის სასჯელმა, შენმა შიშის ზარმა გამანადგურა. გარე მივლიდნენ, წყლების მსგავსად მთელ დღეს, ყველა ერთად მერტყმოდა გარს. შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან. მოძღვრება. ეთან ეზრახელისა. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ რადგანაც ვთქვი: „უკუნისამდე დაფუძნდეს და ცათა შიგან. განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი“ შენ თქვი: „დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს: ‘უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს.’“ განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში. რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს, ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში? ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ. უფალო, ღმერთო ძალთაო! და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა! შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ. შენ განართხე ეგვიპტე, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები. შენია ცანი, დედამიწაც შენია; სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე. ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ. შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი. სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება შენი სახის წინაშე დადიან. ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა; ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო; შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან. რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი. რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან – მეფე ჩვენი. მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდებს და უთხარი: „ვუბოძე დახმარება გმირს; ავამაღლე რჩეულნი ხალხისაგან; ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, და ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას. რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი, და ჩემმა მკლავმა გაამაგროს. ვერ დაჯაბნის მას მტერი, და ურჯულოების ძე ვერ დაჩაგრავს მას. მოვსრავ მის წინაშე მის მოდავეთ, და მის მოძულეებს დავამხობ; ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი. ზღვას გადავაწვდენ მის ხელს, და მდინარეებს – მის მარჯვენას. ის მომიწოდებს: ‘მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა.’ მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას, უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას, და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის. და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი, ვითარცა დღენი ცისანი. თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან, თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ, კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით – შეცოდებას. მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას. არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს. ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით; განა ვეცრუები დავითს? მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს წინაშე; მკვიდრი იქნება მთვარესავით უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ღრუბლებში.“ მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე! უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი; მოშალე ყველა ზღუდენი მისნი; ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი. გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლის დასაცინი გახდა; მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი. თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ უწყალობე გამარჯვება ომში; გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე; შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. როდემდე დაგვემალები, უფალო? განუწყვეტლივ, გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა? ვინ არის კაცი სიკვდილი არ იხილოს, და სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით? გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან. როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე! ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე. ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი. კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: „დაბრუნდით, ძენო კაცთანო!“ რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და ერთი გუშაგობა ღამისა. ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება: დილას ყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება. რადგანაც დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით. ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო – შენი სახის შუქის წინ. რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ისე მიდის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნთქვა. ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს – ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფისა და არარაობისა, რადგან სწრაფად მიჰქრიან და ჩვენც იქით მივფრინავთ. ვინ იცის შენი რისხვის ძალა, და შენი მძვინვარება შიშის შიშისამებრ? ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული. მობრუნდი, უფალო, – ვიდრემდე მიგვატოვებ? – და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს. გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა. გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ. იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება – მათმა შვილებმა. და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე. უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. ეუბნება უფალს: „ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.“ ის დაგიხსნის მონადირის მახისაგან, და მომსრავი ჭირისაგან. თავის მხრებს გადაგაფარებს და მის ფრთებს შორის შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება. ნუ შეგეშინდება ღამის საშინელებისა, ისრის – დღისით გაფრენილის, შავი ჭირის – ბნელში მოარულის, სენის – შუადღის მძარცველის. დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება. მხოლოდ შენი თვალით შეხედავ და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა. რადგან შენ [ამბობ]: „უფალი არის ჩემი თავშესაფარი.“ შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი. არ შეგემთხვევა სიავე, და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს. რამეთუ თავის ანგელოზებს უბრძანა, დაგიცვან ყველა შენს გზაზე. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე. ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ. უფალი ამბობს: „რაკი მოისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო სახელი ჩემი. მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ. დღეთა ხანგრძლიობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.“ ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია, ვადიდოთ უფალი, და ვუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო! გაუწყოთ დილ-დილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი – ღამ-ღამობით. ათსიმიანსა და ჩანგზე გალობით – ქნარზე. რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ. რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები. უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას, როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა – მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ. ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო! რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც აგერ შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი – სიმრუდის მოქმედნი. მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისამებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით. უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები. წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება. უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან; სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას. რათა განვაცხადო: „მართალია უფალი; იგია ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.“ უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; სამყაროც მტკიცედ დგას და არ შეირყევა. მტკიცედ დგას შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიულობიდან ხარ შენ. აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ტალღებს ძლიერად; წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად; შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ. უფალო, ღმერთო შურისძიებისა, ღმერთო შურისძიებისა, გამოჩნდი! ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს. ვიდრემდე, უფალო, ბოროტნი, ვიდრემდე უნდა ილხენდნენ ბოროტნი? აღმითქვამენ და ამბობენ სიცრუეს, ამაყად ყვებიან სიმრუდის მოქმედნი. შენს ერს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ. ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ჟლეტენ. ამბობენ: „ვერ იხილავს უფალი, და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.“ გონს მოდით, უგუნურნო ერისანო! უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით? დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს? ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს – ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას? უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაონი არიან ისინი. ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი. რათა დაასვენო ავი დღეებისაგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს. რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს; რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი, და მას მიჰყვება ყველა გულწრფელი. ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? მხარში ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ? უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ცოტაც და, დასახლდებოდა ჩემი სული ჯოჯოხეთში. თუ ვთქვი: „მომიცურდა ფეხი,“ შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს. როცა ზრუნვით ამევსება გული, შენი ნუგეში მიამებს სულს. ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი რჯულის საწინააღმდეგოდ? გაილაშქრებენ მართლის სულზე, და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ. მაგრამ უფალი გახდა ჩემი მტკიცე სიმაგრე, ჩემი თავშესაფრის კლდე. მათვე მიაგებს თავიანთ უსამართლობას და თავიანთ სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი. მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს. სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე, და სიმღერით შევღაღადოთ მას. რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე – ყველა ღვთაებაზე აღმატებული; რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია. მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა. მოდით, თაყვანი ვცეთ და შეუვრდეთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე! რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ერი მისი სამწყსოსი და ცხვარი მისი სამწყემსი. ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა: „ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს, უდაბნოში რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი. ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ, და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები. ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.“ უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, ახარეთ დღითი დღე ხსნა მის მიერი. მოუთხრეთ წარმართებს მისი ღირსება, ყოველ ერს – მისი სასწაულები. რადგან დიდია უფალი და ღირსსაქები მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის, რადგან ერების ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შექმნა ცანი. მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში. შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში. თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდით მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! უთხარით ხალხებს: „უფალი მეფობს!“ ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით. გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი უფლის წინაშე, რადგან ის მოდის, რადგან ის მოდის ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ერებს – თავისი ჭეშმარიტებით. უფალი მეფობს; ილხინოს ქვეყნიერებამ, გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა! ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ, სიმართლითა და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი. ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს. გაანათებენ მისი ელვები სამყაროს; ნახავს და შეშინდება ქვეყანა. მთები ცვილივით დადნებიან უფლის წინაშე, მთელი ქვეყნიერების უფლის წინაშე. ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს, და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი. შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; მუხლი მოიდრიკეთ მის წინაშე ვითომ-ღმერთებო. მოისმენს და გაიხარებს სიონი, და ილხენენ იუდას ასულები, შენთა სამართალთათვის, უფალო! რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე. უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება! ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ. შუქი იღვრება მართალთათვის და გულით წრფელთათვის – მხიარულება. იმხიარულეთ, მართალნო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმიდა ტაძრის სახსენებელი. ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა. განაცხადა უფალმა ხსნა მის მიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე. გაუხსენა თავისი წყალობა და ჭეშმარიტება ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა. შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ. უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით. რქითა და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ მეუფეს, უფალს! ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი. მდინარეებმა ტაში შემოჰკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად. განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ერებს – სისწორით. უფალი მეფობს; შეძრწუნდნენ ერები; ის ქერუბიმებზეა ამხედრებული, ირყევა ქვეყანა. უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ერებზე. ისინი აქებენ შეს სახელს, დიდსა და საშიშს, – წმიდაა იგი – და სიძლიერეს მეფისას, რომელსაც სამართალი უყვარს. შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის ფერხთა საყრდენს! წმიდაა იგი! მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის, ისინი მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ. ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მოწმობანი და წესდება, მათთვის მიცემული. უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, და აგრეთვე შურისმაძიებელი მათი ნამოქმედარის. აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას! რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი! ფსალმუნი. სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით! უწყოდეთ, რომ უფალი ღმერთია; მისი შექმნილები ვართ და არა ჩვენი, მისივე ხალხი ვართ და ცხვარი ვართ მისი სამწყსოსი. შედით მის კარიბჭეში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში – ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი! რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე – ჭეშმარიტება მისი. დავითის ფსალმუნი. წყალობითა და სამართლით ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო! ვიფიქრებ უბიწო გზაზე: – როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლს შორის. თვალწინ არ დავიყენებ არაფერს უკეთურს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება. მრუდე გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ მინდა ვცნობდე. თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს ვერ ავიტან. თვალს დავიჭერ მართლებზე ქვეყნისა, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარებოდა, ის მემსახურებოდა მე. ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ. დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა. ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან მომაპყარ ყური, მსწრაფლ მიპასუხე. რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები ვარვარებს, როგორც კოცონი. დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა. ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია დავემსგავსე უდაბნოს ვარხვს, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანგრევებში. უძილო ვიქმენ და ვზივარ, ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმაქიქებელნი მე მიფიცავენ; რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე. ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები. შენ კი, უფალო, საუკუნოდ იარსებებ, შენი სახსენებელი – თაობიდან თაობამდე. შენ კი აღსდექ და შეიწყალე სიონი; რადგან ჟამია, როცა შეწყალებ მას, რადგან მოვიდა საათი! რადგან უყვართ შენს მორჩილებს მისი ქვები და მისი მიწა ენანებათ. შეეშინდებათ წარმართთ უფლის სახელისა და ყველა ამქვეყნიერ მეფეს შენი დიდებისა. რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თავისი ღირსებით, მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათს ლოცვას. დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის, და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს. რადგან მან გადმოხედა თავისი წმიდის სიმაღლიდან, რადგან უფალმა ციდან მოიხილა ქვეყანა, რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი. რათა აუწყონ სიონს სახელი უფლისა და ქება მისი იერუსალიმს, როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად. გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი. ვეტყვი: „ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ ჩემს დღეებს ნახევარს! თაობიდან თაობამდეა შენი წლები. უწინ დედამიწა დააფუძნე, და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი ჩაივლიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან, სამოსელივით გამოიცვლი მათ და გაქრებიან. შენ კი იგივე ხარ, და შენი წლები არ დაილევიან! შენი მორჩილის ძენი დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.“ დავითისა. ადიდე, სულო ჩემო, უფალი და, მთელო შიგნეულობავ ჩემო, მისი წმიდა სახელი! ადიდე, სულო ჩემო, უფალი, და ნუ დაივიწყებ რაც კეთილი გიყო! ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით; სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, ორბივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა. სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყოფს ყველა ჩაგრულთათვის. აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანთ – თავისი საქმენი. შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა. რადგან რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ; როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი; ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ. ბალახივით არის დღენი კაცისა; ველის ყვავილივით აყვავდება; რადგან ქარი გადაუქროლებს და აღარ არის, და ვეღარავინ იცნობს მის ნადგომს; ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ, და მისი სიმართლე – შვილთაშვილებზე; მათზე, ვინც იცავს თავის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც. უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი, და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს. ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნი ემორჩილებიან მის ნათქვამს. ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო! ადიდეთ უფალი, ყოველნი საქმენი მისნი, მისი მეუფების ყველა ადგილას! ადიდე, სულო ჩემო, უფალი! აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად; მშვენებითა და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი. გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა კარავივით, წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე. რომელმაც შექმნა ქარები თავის მაცნეებად, ცეცხლი და ალი – თავის მსახურებად. დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე. უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები; მაგრამ შენი რისხვით მიედინებიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დააფუძნე. საზღვარი დადე – წყლებს ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუნდებიან დედამიწის დასაფარავად. გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ; დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი. მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოებიდან გამოსცემენ ხმას. რწყავს მთებს თავისი ზესართულებიდან; შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა. აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას – ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწიდან. და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა. გაძღნენ ხენი უფლისანი და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა. რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია. მთანი მაღალნი – ქურციკისათვის, კლდენი – კურდღელთა თავშესაფარი. შექმნა მთვარე ჟამთათვის; მზემ იცის თავისი დასავალი. განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა. ლომის ბოკვერები ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს. ამობრწყინდა მზე – შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან. გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე. რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი – მცირენი დიდებთან ერთად. იქ ხომალდები დადიან; ლევიათანი – ეს შენ შექმენი მასში გასართობად. ყველა შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავთავის დროზე. მისცემ მათ – აიღებენ, გახსნი შენს ხელს – გაძღებიან სიკეთით. დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – დაიხოცებიან და თავიანთ მიწა-მტვრად მიიქცევიან; გაუშვებ შენს სულს – წარმოიქმნებიან, და განაახლებ პირს მიწისას. იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე! იხარებდეს უფალი თავის ქმნილებაზე! დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან. ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. ეამოს მას ჩემი გალობა! მე გავიხარებ უფალში. გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან! აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ალელუია! ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ერებს საქმენი მისნი. აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე! განდიდდით მისი წმიდა სახელით! გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა. ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის! გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა! თესლო აბრა ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო! ის, უფალი, ღმერთი არის ჩვენი; მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე, რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან. დაუდგინა იაკობს იგი წესად, უთხრა: „შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.“ როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი და იქაური ხიზნები, და უნდა ევლოთ ერთი ერიდან მეორესთან, ერთი სამეფოდან მეორესთან. არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას, და ამუნათებდა მათ გამო მეფეებს: „არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.“ და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა. გაგზავნა მათ წინ კაცი, მონად გაიყიდა იოსები. გატანჯეს ბორკილებით ფერხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს. ვიდრე აუსრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი. გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი; განმგებელი ხალხებისა გამოიხსნა. დააყენა თავისი სახლის ბატონად და განმგებლად მთელი თავისი მონაგარისა. რათა მოქცეოდა მის მთავრებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი. და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და ხიზანი გახდა იაკობი ქამის ქვეყანაში. და ააღორძინა ღმერთმა მისი ერი ფრიად და გაამრავლა მის მტრებზე მეტად. მოაქცია მათი გული უფლის ერის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად. გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია. დაამკვიდრეს მათში მისი სასწაულები, და საოცრებანი მოიმოქმედეს ქამის ქვეყანაში. მიავლინა წყვდიადი და იქმნა ღამე, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე. გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები. აავსო მათი ქვეყანა მყვარით, მეფეთა პალატებიც კი. თქვა და მოვიდნენ მწერები, მკბენარი – მთელს მათ საზღვრებში. წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი – მათ ქვეყანას. მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი, და დალეწა ხეები მათ საზღვრებში. თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი, და გადაჭამეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადასანსლეს მთელი ნაყოფი მათი მინდვრისა. და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა. და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური. გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში. გადააფარა ღრუბელი საჩრდილოდ და ცეცხლი – ღამის გასანათებლად. ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი. გახსნა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ. რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა, თავისი მორჩილის – აბრაამის – მიმართ. გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით. და მისცა მათ წარმართთა ქვეყნები, და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ. რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ალელუია! ალელუია! ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, წყალობა მისი მარადიულია! ვის ძალუძს ილაპარაკოს უფლის სიძლიერე, სასმენელ ქმნას მისი ქება-დიდება? ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს! გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შველით, რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ერის სიხარულით, და ვიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად. შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ. ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და აგიმხედრდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე. მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი. და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში. და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან. წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა. და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება. – აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას. და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას. და შეუსრულა თხოვნა მათი, და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს. და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდის აარონის მიმართ. გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა. და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს. გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს ჩამოსხმულ კერპს. და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში. დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა საქმეთა მოქმედი ეგვიპტეში. საოცრებანი ქამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე. დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი. – მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს სიტყვები მისი. დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას. მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში; და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში. – დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდარი [ღმერთების] შესაწირავი. განარისხეს თავიანთი მოქმედებით; და თავს დაატყდათ მომსვრელი სენი. წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსვრელი სენი. ჩაეთვალა მას სიმართლედ თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ. გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო. რადგანაც სული გაუმწარეს, და გამოთქვა თავისი ბაგეებით. – არ მოსპეს ერები, უფალმა რომ უთხრა მათ. აირივნენ წარმართებში და შეისწავლეს მათი საქმეები. ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადაიქცნენ მათთვის. შესწირეს თავიანთი ძენი და თავიანთი ასულნი ბოროტ სულებს. დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით. შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით. მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ერზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი. და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი. ავიწროებდნენ მათ მტრები, და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით. – მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით, და მდაბლდებოდნენ ბრალით. იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი. გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით. აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე. – გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე წარმართთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით! კურთხეულ არის უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: „ამინ!“ ალილუია! ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან. და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი – აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, რომელთაც აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი; შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, სული ებინდებოდათ. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ, – დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, რადგან გააძღო სული მწყურვალი, და სული მშიერი აავსო სიკეთით! მსხდომარენი ბნელში და სიკვდილის წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა, რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის მცნებებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ. მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან იხსნა ისინი. გამოიყვანა ბნელიდან და სიკვდილის წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა, – დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. რადგან შემუსრა ბჭენი რვალისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა. ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ. ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან იხსნა ისინი. მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა საფლავებიდან. დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით! ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა, რომელთაც ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი მისნი სიღრმეებში. ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი, და ზეაღიმართებიან ზვირთები, ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დაილევა. წრიალებენ და ირყევიან, ვითარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა. და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან გამოიყვანა. დააწყნარებს ზღვის ღელვას და დადუმდებიან მისი ტალღები. გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ; და წაუძღვება ნანატრ ადგილას, – დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა შესაკრებელში ხოტბა შეასხან. გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს – ურწყულად. ნაყოფიერ მიწას – ბიცად, მის მკვიდრთა უკეთურების გამო. გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას – წყაროს წყლად. დაასახლებს იქ მშიერთ, და დააფუძნებენ ისინი დასახლებულ ქალაქს; დათესავენ მინდვრებს და გააშენებნ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ; აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს. და დაცოტავდებიან ისინი და მოიდრიკებიან ძვირთა და სალმობათა გასაჭირისგან. სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ; ნაცვლად კი გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს. ნახავენ წრფელნი და გაიხარებენ, და ყოველმა ურჯულოებამ აიკრას პირი. ვინც ბრძენია, დაიცავს ასე და გულისხმაჰყოვს უფლის წყალობას. გალობა. ფსალმუნი. დავითისა. მზად არის ჩემი გული, ღმერთო, მსურს გაქო და გიგალობო; გამოიღვიძე, სულო ჩემო! გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო! გამოვაღვიძებ ცისკარს. გადიდებ შენ, უფალო, ერებს შორის და გიგალობებ მოდგმათა შორის, რადგან დიდია ზეცაზე მეტად წყალობა შენი, და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი. ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი, რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე! ღმერთმა თქვა თავის საწმიდარში: „ვიზეიმებ! გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ. ჩემია გილყადი, ჩემია მენაშე, და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა – კვერთხი ჩემი. მოაბი ავზია ჩემი განსაბანელი, ედომს მისწვდებიან ხამლნი ჩემნი, ფილისტიმს დავკივლებ.“ ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ? ნუთუ შენ არა, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და აღარ გამოხველ ჩვენს მხედრობასთან? მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი. ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს. გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები. რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა მელაპარაკებიან ცბიერი ენით. სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან. ჩემი სიყვარულის წილ დამემტერნენ, მე კი ვლოცულობ. მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი – ჩემი სიყვარულის წილ. დაადგინე ბოროტი მასზე, და ბრალმდებელი დადგეს მის მარჯვნივ. განკითხვისას გამოვიდეს მტყუანი, და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს. იყოს დღეები მისი მცირე, და მისი ქონება სხვამ მოიხვეჭოს. დარჩნენ მისი შვილები ობლად და მისი ცოლი – ქვრივად. იხეტიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ, და ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან. მოვალემ მიითვისოს, რაც გააჩნია, და წარუტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი. ნუ ეყოლება მოწყალე, და ნუ შეიწყალებენ მის ობლებს. გახდეს მისი შთამომავლი მოსასვრელი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი. გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება. იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს, იმისათვის, რომ არ გახსენებია წყალობის ქმნა, და დევნიდა ღარიბ-ღატაკსა და გულდაჩაგრულს მოსაკლავად. და შეიყვარა წყევლა – მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა – განშორდება მას. და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსლით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგანში, და როგორც ზეთი – მის ძვლებში. იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი, რომელსაც იცვამს, და ვითარცა სარტყელი, მუდამ რომ გარს ირტყამს. ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მაბეზღართა და ჩემს სულზე ავის მთქმელთა მიმართ, ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და გული ჩემი შეძრწუნდა გვამსა ჩემსა. ვითარცა ჩრდილი, გადახრის ჟამს, დავილიე ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით. მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან, ზეზეურად ჩამოვხმი; და შევიქენ მათი სალანძღავი; თავს აქნევდნენ ჩემი შემხედვარენი. შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო! მიხსენი შენი წყალობით. დაე, გაიგონ, რომ შენი ხელია ეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს, უფალო. ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღმიდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს. შეიმოსონ ჩემი მაბეზღარნი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი. ხმამაღლა შევაქებ უფალს ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას, რადგან გვერდით დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სულის განმსჯელთაგან. დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა უფალსა ჩემსა: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.“ კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის. შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი წმიდა ბრწყინვალებით, დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.“ უფალი შენს მარჯვინივაა, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს. განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე. ნაკადულიდან დალევს გზაში. ამიტომ მაღლა ასწევს თავს. ალელუია! ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდათა შეკრებილობასა და თემში. დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მის მოყვარულთათვის. მშვენიერება და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია. სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი. საზრდო მისცა თავის მოშიშებს, ახსოვს მარადის თავისი აღთქმა. ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ერს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა. მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი, მტკიცე არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე. ხსნა მოუვლინა თავის ერს, მცნებად დაუდო საუკუნოდ თავისი აღთქმა; წმიდა და საშიშია სახელი მისი. სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია. ალელუია! ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული. ძლიერი იქნება ქვეყანაზე შთამომავალი მისი. მართალთა თაობა დაილოცება. სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში, და მისი სიმართლე მარადიულია. წრფელთ გამოაბრწყინებს სიბნელეში ნათელს, მოწყალე, შემბრალე და მართალი. კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი – გამართულად ილაპარაკებს სამართალში; რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი. ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცედ არის მისი გული მინდობილი უფალზე. იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს. განაბნია და მისცა ღატაკთ; მისი სიმართლე მარადიულია, მისი რქა ამაღლდება დიდებით. ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება. ალელუია! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი! იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე. მზის აღსავლიდან დასავალამდე იდიდოს სახელმა უფლისა. მაღალია ყველა წარმართებზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება. ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, რომელიც დაბლა იყურება – ცასა და მიწაზე? რომელიც წამოაყენებს მიწიდან საწყალს, სკორედან აღამაღლებს ღატაკს, რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ერის დიდებულებთან; რომელიც ბერწს დაამკვიდრებს სახლში, რათა იყოს შვილებით ბედნიერი დედა. ალელუია! როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა – უცხოენოვანი ერისაგან, გახდა იუდა მისი საწმიდარი, ისრაელი – მისი სამფლობელო. ზღვამ დაინახა და ილტოდა, იორდანე უკან გაბრუნდა; მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი – კრავებივით. რა დაგემართა, ზღვაო, რომ ილტოდი, და, იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი? მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და, ბორცვებო, კრავებივით? უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმრეთის წინაშე, რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი – წყაროს წყლად! ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება, შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტებით. რატომ უნდა თქვან წარმართებმა: „სად არის ღმერთი მათი?“ ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა. მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ, ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. ისრაელო, მიენდე უფალს! შემწე და ფარია ის მათი. აარონის სახლო, მიენდე უფალს! შემწე და ფარია ის მათი. მოშიშნო უფლისა, მინდეთ უფალს! შემწე და ფარია ის მათი. უფალს ვახსოვართ – გვაკურთხებს! აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს! აკურთხებს უფლის მოშიშებს, პატარებს დიდებთან ერთად. დაე, გაგამრავლოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენი შვილები. კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ. ცა – ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა კაცთა შვილებს. არა თუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი შავეთს შთასული, არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ალელუია! მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას და რომ მომაპყრო ყური; და ჩემი დღენი მსურს მოვუხმობდე მას. გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე. და სახელს მოვუხმობ უფლისას: „გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი!“ – მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი. იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე. დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს სიმშვიდეში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ! რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი – ცრემლისაგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისაგან; ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში. მწამდა, რასაც ვამბობდი, „დავიტანჯე, ფრიად დავიტანჯე.“ ვთქვი ჩემი აჩქარებისას, „ყოველი კაცი ცრუა!“ რით გადავუხადო უფალს ყოველივესთვის, რაც მე მომიზღო? თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ; ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ერის წინაშე. ძვირფასია უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდებისა. გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; ძე შენი მხევლისა, გახსენი ჩემი ბორკილები. შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ. ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ერის წინაშე, უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ალელუია! აქეთ უფალი, წარმართნო ყოველნო! ადიდეთ იგი, ერნო ყოველნო! რადგან გაძლიერდა ჩვენს მიმართ წყალობა მისი, და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ალელუია! ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! იტყვის ისრაელი: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“ იტყვის სახლი აარონისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“ იტყვიან მოშიშნი უფლისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“ გაჭირვებიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა. უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი? უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს სიხარულს ჩემს მტრებზე. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე. ყოველნი თესლ-ტომნი გარს შემომერტყნენ; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ. გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს, უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ. გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ. ძლიერ მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე. ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, და ის იქნება ჩემი მშველელი. ხმა სიმღერისა და შეწევნისა მართალთა კარვებში: „უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის! უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!“ არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე. დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა. გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს! ეს არის კარიბჭე უფლისა! მართალნი შევლენ შიგ. გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი ხსნა! ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა; უფლისაგან მოხდა ეს; საოცარია ეს ჩვენს თვალში. ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში! გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან. ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ. მიაბით მსხვერპლი საბლით სამსხვერპლოს რქებზე. ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ! ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ! ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ნეტარ არიან უბიწონი გზაზე, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე. ნეტარ არიან მის მცნებათა დამცველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას. არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან! შენ ამცნე შენს ბრძანებათა დაცვა რათა ზედმიწევნით დაიცვან. ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად! მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას. განგადიდებდი გულის სიწრფელით, როს მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა. შენს წესებს დავიცავ; ნუ მიმატოვებ საბოლოოდ! რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ! მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან! გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შეგცოდო. კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი. ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას. შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ სიმდიდრეზე. შენს მცნებებზე ვიფიქრებ და დავუკვირდები შენს გზებს. შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვებს. კეთილი უყავ შენს მორჩილს, რათა და დავიცვა შენი სიტყვა. აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას! მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს! მოითენთა სული ჩემი წადილით შენი სამართლისა ყოველჟამს. შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი! დასხდებიან კიდეც მთავარნი, შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე. შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის; მრჩეველნი ჩემნი. მიწა-მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ. გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი. გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე. ნაღველმა დაადნო სული ჩემი, გამამაგრე შენი სიტყვისამებრ! გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე! გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე. მივეკარ შენს მცნებებს, უფალო, ნუ გამაწბილებ. შენთა მცნებათა გზით ვრონინებდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს. მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა, და დავიცავ ბოლომდე. გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით. დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი. მიდრიკე ჩემი გული შენს მოწმობათაკენ და არა ანგარებისაკენ მოარიდე თვალი ჩემი ამაოების ცქერას; შენი გზით მაცოცხლე! დაუმტკიცე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო. ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენნი სამართალნი კეთილია! აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე! მოვიდნენ ჩემზე წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ! და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს; რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით. ნუ წაართმევ ჩემს ბაგეთ ჭეშმარიტების რადგან შენს სამართალს მოველი! დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი. ვილაპარაკებ შენს მოწმობებზე მეფეთა წინაშე და არ შემრცხვება. გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს; ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე. გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე! ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამაცოცხლა. ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია. ვიხსენიებდი შენს სამართალს, უფალო, რომელიც უკუნისიდან არის ადრიდანვე, და დარდს ვიქარვებდი. თავზარი მეცემოდა ურჯულოთა გამო, რომლებიც ტოვებდნენ შენს რჯულს. სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში. ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს. ეს იყოს ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი. ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა! გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ. ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ. ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას. საბელებივით გარს შემომერტყნენ ბოროტეულნი, შენი რჯული არ დავივიწყე. შუაღამისას ვდგები შენს სადიდებლად, შენი მართალი განსჯების გამო. თანაზიარი ვარ ყოველთა მოშიშთა შენთა, და ვინც იცავენ შენს მცნებებს. შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება; კეთილი ქმენ შენი მორჩილისათვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ. კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი. ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ. კეთილი ხარ და კეთილსა იქმ, მასწავლე წესები შენი. ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს. დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი. კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესდებანი შენი. უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი. შენმა ხელებმა შემქმნეს და წარმმართეს; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს. მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი. ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე. დაე, იყოს შენი წყალობა ჩემს სანუგეშოდ, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს! მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ! რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი. შერცხვეთ ამპარტავნებს, მე კი ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე. დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა. იყოს ჩემი გული უბიწო შენს სამართალში, რათა არ შევრცხვე. დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული. შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: „როდის მანუგეშებ მე?“ ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, და მაინც შენი წესები არ დავივიწყე. რაღამდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს? გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, მათ, ვინც არ მიჰყვებიან შენს რჯულს. ყველა შენი მცნება ჭეშმარიტებაა; სიცრუვით მდევნიან, მიშველე. ლამის გამანადგურეს მიწაზე; და მაინც არ მივატოვე შენი ბრძანებანი. შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მოწმობებს შენი პირისას. უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში. თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი! დაამყარე ქვეყანა და დგას. შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ. შენი რჯული რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში. უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგან მათით მასულდგმულებდი. შენი ვარ; მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი! მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები. ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; მაგრამ ვრცელია შენი მცნებანი ფრიად. რარიგად მიყვარს რჯული შენი! ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ. ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემთანაა იგი. ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი საფიქრალია ჩემი. მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგანაც შენს ბრძანებებს ვიცავ. ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა. შენთა განგებულებათაგან არ გადამიხვევია, რადგან შენ გამასწავლე. რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის! შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა. სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის. დავიფიცავ და ავასრულებ, შენს მართალ განსჯებს. დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ! ნებსითი მსხვერპლი ჩემი პირისა ისურვე, გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე. სული ჩემი ჩემს ხელისგულზეა მუდამ, და შენს რჯულს არ ვივიწყებ. დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია. დავიმკვიდრე მოწმობანი შენნი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია. მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა ბოროტგანმზრახველნი შევიძულე, და შენი რჯული შევიყვარე. თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი; შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. შორს ჩემგან, უკეთურნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას! შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს! განმამტკიცე და გადავრჩე, ასეა ჩემი შველა და ჩავწვდები შენს წესდებებს ყოველთვის. მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები. როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე მცნებანი შენნი. თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების. ვქმენ სამართალი და სიმართლე; ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას. გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ არ დამჩაგრონ ამპარტავნებმა. დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში. მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესდებანი შენი მასწავლე. მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მოწმობანი შენნი. ჟამია უფლის მოქმედებისა – მოშალეს რჯული შენი! ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად; ამიტომ ყველა შენი ბრძანება მძულს ყოველი გზა სიცრუისა. საოცარია მოწმობანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი. საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, აგონიერებს მიამიტებს. პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი. მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერებათ შენი სახელის მოყვარულთ. ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვისამებრ და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს. გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, ასე დავიცავ შენს ბრძანებებს. შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესდებანი შენი. ცრემლთა ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს. მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია გამგებულებანი შენი. ამცნე სიმართლით მოწმობანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად. დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი. მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ. სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა, და შენი რჯული ჭეშმარიტია. განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; მაგრამ შენი ბრძანებანი სიხარულია ჩემთვის. სიმართლეა შენი მოწმობანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ! მოგიხმობ მთელი გულით; შენს წესდებებს დავიცავ. შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მოწმობებს. გარიჟრაჟამდე მოვალ და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. ჩემმა თვალებმა დაასწრეს ღამის ებგურს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე. ჩემი ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ, უფალო, შენი სიმართლისამებრ მაცოცხლე. ახლოს არიან ავისმზრახველნი; შენი რჯულისაგან კი შორს დგანან. ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა. ადრიდანვე შევიტყვე შენთა მოწმობათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი. შეხედე ჩემს სიგლახაკეს და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე! გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი სიტყვისამებრ მაცოცხლე. შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესდებებს არ ეძიებენ. მოწყალებანი შენნი უხვია, უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე. ბევრია ჩემი მდევარი და მოდავე; შენი მოწმობებისათვის არ გადამიხვევია. ვხედავ განდგომილთ და ზიზღი მიპყრობს, რადგან შენს სიტყვებს არ იცავენ. ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი; უფალო, შენი წყალობისამებრ მაცოცხლე. დასაბამი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყველა განგებულება შენი სამართლისა. მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ; და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი. ვხარობ შენს სიტყვაზე, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა. სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს. დღეში შვიდგზის გაქებ შენი მართალი განსჯებისათვის. დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება. იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს ბრძანებებს ვასრულებდი. იცავდა ჩემი სული შენს მოწმობებს და მე ისინი მიყვარს ძალიან. ვიცავდი შენს ბრძანებებს და მოწმობებს. რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა. მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვისამებრ განმსწავლე. მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, მიხსენი შენი აღთქმით! წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესდებანი შენი. იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა. იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე. ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის. იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი განგებულება შემეწიოს. დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე! გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე, და მიპასუხა. უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან! რას მოგცემს შენ და რას შეგძენს იგია მეომრის წამახული ისარი, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად. ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან. დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მათთან, ვისაც სძულთ მშვიდობა. მე მშვიდობა მსურს, და რომ დავილაპარაკებ, გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა? ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა. არ წააბორძიკებს შენს ფეხს, არ წათვლემს დამცველი შენი. აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა. უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენი მარჯვენის გვერდით. დღისით მზე არ გავნებს, და ღამით – მთვარე. უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს; უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე. გალობა აღსავალთა. დავითისა. გავიხარე, როცა მითხრეს: „უფლის სახლში წავიდეთ.“ დგანან ფერხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო! იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი მთლიანად შედუღაბებული, სადაც ავიდნენ ტომნი, სადიდებლად უფლის სახელისა. რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა. ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; „დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი! იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, ბედნიერება – შენს სასახლეებში!“ ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო ვამბობ: „მშვიდობა შენ!“ ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ. გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში დამკვიდრებულო, აჰა, ვითრაცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს. შეგვიწყალე, უფალო! შეგვიწყალე; რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით! მეტისმეტად აღივსო ჩვენი სული მდიდართა ვედრებით და ამპარტავანთა სიძულვილით. გალობა აღსავალთა. დავითისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან – თქვას ისრაელმა – უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცნი, მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე. მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს; გადაუვლიდნენ ჩვენს სულს ბობოქარი წყლები. კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის. ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით. ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია – ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. გალობა აღსავალთა. რომელნიც უფალზე არიან დანდობილი, სიონის მთასავით არიან, რომელიც არ ირყევა, არამედ, იდგება უკუნისამდე. იერუსალიმს ირგვლივ მთები არტყია, და უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისამდე. რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე. სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს! ხოლო გადახრილებს გულარძნილობად წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად. მშვიდობა ისრაელს! გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნა უფალმა ტყვეები სიონისას, თავი სიზმარში გვეგონა. მაშინ აივსო სიცილით ბაგე ჩვენი, და ენა ჩვენი – გალობით; მაშინ ამბობენ წარმართთა შორის: „დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.“ დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან, ჩვენ გავმხიარულდით. დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ნეგების მიწაზე. ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს თავისი ძნები. გალობა აღსავალთა. სოლომონისა. სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; სადაც უფალი არ დაიცავს ქალაქს, იქ ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. ამაოდ დგებით ადრიან, და ჭამთ ჭმუნვის პურს, რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში. გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით! შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ! ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ზეთისხილის ნორჩი ხეები შენი სუფრის გარშემო. შეხედე, ასე მიიღებს კურთხევას კაცი მოშიში უფლისა! გაკურთხოს შენმა უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე. იხილე შვილნი შვილთა შენთანი! მშვიდობა ისრაელს! გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან – თქვას ისრაელმა, – მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს; ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები. უფალი სამართლიანია; დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა. შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა. იქნებიან, ვითარცა ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე ხმება. რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას – ძნის შემკვრელი; და არ ეტყვიან გამვლელნი: „კურთხევა უფლისა თქვენ! გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით!“ გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო; უფალო, ისმინე ჩემი ხმა! მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ. მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული, და მის სიტყვას ველოდები. სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას, უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას. ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი. და ის დაიხსნის ისრაელს ყოველთა ცოდვათაგან მისთა. გალობა აღსავალთა. დავითისა. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ. არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს. ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას. ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი ყრმა, ისეა ჩემში ჩემი სული. ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე. გალობა აღსავალთა. გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი. როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს: „არ ავალ ჩემს საწოლ-სარეცელზე, არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და რულს ჩემს წამწამებს, ვიდრე არ ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისათვის.“ აჰა, გვესმა მასზე, რომ ეფრათაშია; ვიპოვეთ იგი იაყარის ველზე! „მივიდეთ მის სადგომში, თაყვანი ვცეთ მის ფერხთა საყრდენს! აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა! შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდებმა იმხიარულონ.“ შენი მორჩილის – დავითის – გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს. შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე! თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მოწმობებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე.“ რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის. „ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი. საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით. მის ღვთისმსახურთ შევმოსავ შეწევნით და წმიდები მისნი სიხარულით გაიხარებენ. აქ აღმოვაცენებ დავითის რქას, გავამზადებ სინათლეს ჩემი ცხებულისათვის. მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი!“ გალობა აღსავალთა. დავითისა. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები! როგორც ძვირფასი ზეთი თავზე, წვერებზე რომ ჩამოსწვეთს, მისი სამოსის კალთებზე რომ ჩამოსწვეთს; ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთაზე წამოსული! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა – სიცოცხლე უკუნისამდე. სიმღერა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით! აღაპყარით ხელნი თქვენნი საწმიდრისაკენ და ადიდეთ უფალი! გაკურთხოს სიონიდან, უფალმა ცისა და ქვეყნის შემოქმედმა! ალელუია! ადიდეთ სახელი უფლისა! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა, რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა! ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია! რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი – თავის წარჩინებულად. რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი; და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია. ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში. ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდით კიდემდე, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან. მან მოსრა პირმშო ეგვიპტისა – ადამიანიდან პირუტყვამდე. მოავლინა ნიშნები და სასწაულები ფარაონისა და მის მსახურეთა წინააღმდეგ. მან მოსრა მრავალი თესლ-ტომი და დახოცა ძლიერი მეფენი: სიხონი – მეფე ამორეველთა, ყოგი – მეფე ბაშანისა, და ყველა მეფე ქანაანისა. და მისცა მათი ქვეყანა სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს – თავის ერს. უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა. რადგან განიკითხავს უფალი თავის ერს და თავის მორჩილთ შეივრდომებს. წარმართთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ; ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არცა აქვთ სუნთქვა მათ პირებს. მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. ისრაელის სახლო, აკურთხე უფალი! აარონის სახლო, აკურთხე უფალი! ლევის სახლო, აკურთხე უფალი! უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი! კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ალელუია! ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ადიდეთ ღმერთი ღმერთთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მზისა – სამართავად დღისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მთვარის და ვარსკვლავებისა – ღამის სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც განგმირა ეგვიპტელნი თავიანთი პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ორად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც წაიყვანა თვისი ხალხი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! სიხონი – მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ყოგი – მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და მისცა მათი ქვეყანა სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ბაბილონის მდინარებთან ვისხედით და ვტიროდით, როდესაც ვიგონებდით სიონს. ძეწნათა ზედა, იქ რომ დგანან ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები. რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა და ჩვენმა მჩაგვრელებმა – სიმხიარულე: „გვიმღერეთ სიმღერა სიონისა!“ როგორ უნდა გვემღერა სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე? თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა! მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ იერუსალიმი არ დავაყენო ჩემი მხიარულების სათავეში! გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: „დაანგრიეთ, დაანგრიეთ ის ძირისძირამდე!“ ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც ჩვენ მოგვაწიე! ნეტარია, რომელმაც შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიანარცხოს კლდესა! დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ! თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს, და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე მთელ და რომელ დღესაც მოგიხმობდი, შენ მპასუხობდი; მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე. განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ შენს ბაგეთა ნათქვამს. და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს. თუ გავივილი საფრთხეში, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი. უფალი თავის მიზანს აღასრულებს ჩემზე; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვებ ხელთა შენთა ნამოქმედარს. გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და მიცნობ მე. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. ჩემს სიარულსა და ჩემს წოლას შენ განსაზღვრავ, და ყველა ჩემი გზა შენ გამოიკვლიე. თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად. უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი. მაოცებს – როგორ შემიცან ასე, მაღალია, ვერ შევწვდები მას. საით წაუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე – იქაც ხარ შენ! ფრთანი გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი! და ვიტყვი: „იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქნას სინათლედ ჩემს ირგვლივ.“ სიბნელეც არაა წყვდიადი შენთვის, და ღამე დღესავით განათდება; რა სიბნელე და რა სინათლე! რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედაჩემის წიაღში. გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი, და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი. ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია რაოდენ დიდია რიცხვი მათი! დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძებ და, ისევ შენთან ვარ! ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს! და გამშორდებოდნენ სისხლის მსმელები! ავს რომ უბნობენ შენზე და ბოროტად სარგებლობენ შენი სახელით. არ უნდა მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოდავეებს არ უნდა ვედაო? სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, და მტრებად მექცნენ მე. გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი. ნახე, ბოროტების გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეხი მარადიულ გზაზე! გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე! რადგან ისინი ბოროტებას ფიქრობენ გულში და ყოველდღე ემზადებიან საომრად. მოილესეს ენები, ვითარცა გველმა, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. – დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან, მოძალადე კაცთაგან დამიფარე, რომელთაც განიზრახეს ჩემი ნაბიჯების დაბრკოლება! გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. – ვუთხარი უფალს: „ჩემი ღმერთი ხარ შენ;“ ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა! უფალო, ღმერთო ჩემო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს! ნუ აღასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. თავნი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს მათთა ბაგეთა ბოროტებამ; ნაკვერჩხალი დაეფრქვეთ ზემოდან, ცეცხლში ჩაიტანოს ისინი, ღრმა ორმოში, რომ ვეღარ წამოდგნენ. ავსიტყვა კაცი ნუ გაძლებს ქვეყანაზე, მოძალადე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად. ვიცი, რომ იქმს უფალი და სამართალს უპოვართა. ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, და წრფელნი დაიმკვიდრებენ წინაშე შენსა. ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ. წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი, ჩემს ხელთა აღპყრობა იყოს საღამოს მსხვერპლად. დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაიცავი – ბაგენი ჩემნი. არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისაკენ ბოროტ საქმეთა ჩასადენად ურჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათი სუფრიდან. დაე, დამსაჯოს მართალმა: ეს წყალობაა; დაე, მამხილოს: არ ავნებს ჩემს თავს, დაიმსხვრნენ კლდის ქიმებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია. „როგორც დალეწილი წისქვილის ქვა მიწაზე. ისე გაიბნევა ჩვენი ძვლები ჩვენი შეოლის ყბაში.“ რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ, ნუ დააქცევ ჩემს სულს! დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან. გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე. მოძღვრება დავითისა, მისი მღვიმეში ყოფნის დროს. ლოცვა. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაებ. როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე. ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე. ამიტომ მოგიხმე შენ, უფალო, და ვთქვი: „შენ ხარ ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.“ ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ! გამოიყვანე საპყრობილიდან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი! გარს შემომეხვევიან მართალნი, თუ კეთილს მომაგებ. ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება! მიპასუხე შენი ჭეშმარიტებით, შენი სიმართლით! და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერცერთი არსება. რადგან დევნა მტერმა ჩემი სული, მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად. და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი. ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ. ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს. მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რადგან შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი. გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო; შენთან ვაფარებ თავს. მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში. შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული. და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი. დავითისა. კურთხეულ არს უფალი, კლდე ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს – ომი. მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ, რომელიც მიფარავს, ის მიმორჩილებს ჩემს ერს. უფალო, რა არის კაცი, რომ გახსოვს ის, ძე ადამისა, რომ რამედ მიიჩნევ? ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები – ვითარცა ჩრდილი გარდასული. უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი! შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ! გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ. გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ. ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ, შენა ხარ მეფეთათვის ძლევის მიმცემი, შენ იხსნი დავითს, შენს მსახურს. მიხსენი მე ბოროტი მახვილისაგან. გადამარჩინე უცხოთესლთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. რომ ჩვენი ძენი ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის ოსტატურად თლილი სვეტები. ჩვენი ბეღლები სავსე იყოს სხვადასხვა მოსავლით; ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ და ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე; ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ, არც ზარალი და არც დანაკლისი, და არც გოდება ჩვენს ქუჩებში! ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა; ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია! ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ჩემო ღმერთო და მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. დიდია უფალი და ქებულია ფრიად, და მისი სიდიადე მიუწვდომელია. თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ. შენს დიდმშვენიერებაზე, შენს დიდებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ. შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ. ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ, და შენს სიმართლეს უმღერებენ. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე. გადიდებდეს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი, და შენი უბიწონი გადიდებენ შენ. შენი მეფობის დიდებას იტყვიან, და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ, რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა. შენი მეფობა – მეფობა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა – თაობებში. უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა. ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს. მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში. ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს. ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი, და აქებს ყოველი ხორციელი უკუნითი უკუნისამდე! ალელუია! ადიდე, სულო ჩემო, უფალი! ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ! იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა, ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმავე დღეს გაქრება მისი აზრები. ნეტარ არს, ვისი შემწეცაა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია; რომელიც იცავს ჭეშმარიტებას უკუნისამდე; იქმს სამართალს ჩაგრულთათვის, აძლევს პურს დამშეულებს, უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს. უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი. უფალი იცავს შემოხიზნულებს; ქვრივ-ობლებს გაამხნევებს, და ბორორტთა მრუდე გზებით ატარებს. იმეფებს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, ალელუია! ადიდეთ უფალი! რადგან კარგია. განდიდება ჩვენი უფლისა: რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება. ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს. განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ. იგი თვლის ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს. დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია. გაამხნევებს მორჩილებს უფალი. ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე. გაეხმიანეთ უფალს მადლობის გალობით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით, რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს; აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბახალებს – რომელნიც მოუხმობენ მას. არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს. ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს. აქე, იერუსალიმო, უფალი! ადიდე შენი ღმერთი, სიონო! რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან. დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს. იგი წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად რბის ბრძანება მისი. წარმოგზავნის თოვლს, მატყლივით, თრთვილს ფერფლად მიმოფანტავს. გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ? მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს ქარს და გადმოდინდება. ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი – ისრაელს. არ უქნია ეს არც ერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ალელუია! ალელუია! ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში! ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო; ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო! ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ; ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო! ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და, მისნო წყლებო, რომელნიც ცათა ზემოთ ხართ! ადიდონ სახელი უფლისა; რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ, და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე; რჯული მისცა და არავინ გადაუხვევს. ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო! ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო, მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო. მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრინველნო ფრთოსანნო; მეფენო ქვეყანისა და ყოველნო ტომნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყანისა. ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, – ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში. და მოამაღლა რქა თავისი ერისა, დიდება ყოველი მისი წმიდისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ერისა. ალელუია! ალელუია! უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში. იხარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით. განადიდონ მისი სახელი როკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას. რადგან ისურვებს უფალი თავის ერს, დაამშვენებს თავმდაბლებს შეწევნით. იმხიარულონ წმიდებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე. ღმერთის განდიდება მათს ხორხში და მახვილი ორპირლესული მათ ხელშია. რათა შური იძიონ ერებზე, დასაჯონ ტომები, შეკრან მათი მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი – რკინის ხუნდებით. განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდისათვის. ალელუია! ალელუია! ადიდეთ ღმერთი თავის საწმიდარში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში! ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით. ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებნით და სტვირით. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით. ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ალელუია! იგავნი სოლომონისა, ძისა დავითისა, ისრაელის მეფისა. შესაცნობად სიბრძნისა და შეგონებისა, გასაგებად გონების ნათქვამისა, მისაღებად ჭკუის შეგონებისა, სიმართლისა, სამართლისა და სამართლიანობისა; მისაცემად ბრიყვთათვის გონიერებისა, ყმაწვილთათვის – ცოდნისა და განსჯისა. მოისმენს ბრძენი და შეიმატებს სწავლას, და გონიერი სიბრძნეს შეიძენს, გასაგებად იგავისა და ქარაგმისა და ბრძენთა სიტყვებისა და გამოცანებისა. უფლის შიში ცოდნის სათავეა, სიბრძნე და დარიგება კი ბრიყვებს ეზიზღებათ. ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე, მანიაკი შენს ყელზე. ჩემო შვილო, თუ ცოდვილნი გაცთუნებენ, ნუ დათანხმდები. თუ გეტყვიან: „წამოდი ჩვენთან, ჩავუსაფრდეთ სისხლის საღვრელად, უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოს, ჩავყლაპოთ ისინი, როგორც შავეთმა ცოცხლად და მრთელად, საფლავში ჩამავალთ მსგავსად, ყოველგვარ ძვირფას ქონებას მოიხვეჭთ, ჩვენს სახლებს ნადავლით გავავსებთ. ყარე შენი წილი ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვექნება ჩვენ ყველას!“ ჩემო შვილო, ნუ ივლი მათთან გზაზე, შეაკავე შენი ფეხი მათი სავალიდან. რადგან მათი ფეხები ბოროტისაკენ გარბიან და სისხლის საღვრელად ისწრაფიან. რადგან ამაოდ იფინება ბადე რომელიმე ფრთოსანის თვალში. ისინი კი თავიანთ სისხლს უსაფრდებიან, თავიანთ სულებს უდარაჯდებიან. ასეთია გზანი ყველა ხარბი მომხვეჭლისა: სიცოცხლეს ართმევს იგი მის პატრონს. სიბრძნე ქუჩაში შემოსძახებს, მოედნებზე გამოსცემს თავის ხმას; ხალხმრავალ ადგილებში ღაღადებს იგი, კარიბჭის ზღურბლზე, ქალაქში ამბობს ის თავის სათქმელს: „როდემდე ეყვარებათ ბრიყვებს სიბრიყვე, თავქარიანნი მასხარობით დატკბებიან, ხოლო სულელებს ეძულებათ ცოდნა? მიუბრუნდით ჩემს შეგონებას, გამოგითქვამთ ჩემს გულისთქმას, გაუწყებთ ჩემს სიტყვებს. რადგანაც გიხმობდით მე, თქვენ კი ყურს არ ათხოვებდით. გიწვდით ხელს, მაგრამ არ იყო შემსმენელი. და უგულებელ ჰყავით ყველა ჩემი რჩევა და ჩემი შეგონება არ ინდომეთ. მეც თქვენს უბედურებაზე გავიცინებ, დაგცინებთ თქვენ შიშის მოგვრისას. როდესაც გეწევათ შიში, როგორც ქარიშხალი, და თქვენი უბედურება გრიგალივით მოვა, როდესაც გეწევათ თქვენ უბედურება და გაჭირვება. მაშინ მომიხმობენ მე და არ ვუპასუხებ, დამიწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ მპოვებენ. იმის წილ, რომ სძულდათ ცოდნა და უფლის შიში არ ამოირჩიეს, არ ინდომეს ჩემი რჩევა, მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება. და იგემებენ თავიანთი გზის ნაყოფს და თავიანთი ბოროტი განზრახვებით გაძღებიან. რადგან გულუბრყვილოებს მათი განდგომა მოკლავს და ბრიყვებს მათი კმაყოფილება მოსპობს. მაგრამ ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და დამშვიდებულს ბოროტის შიში აღარ ექნება.“ შვილო ჩემო, თუ მიიღებ ჩემს ნათქვამს და ჩემს მცნებებს შეინახავ, ყურადღებით მოუსმენ სიბრძნეს, შენს გულს მოუხრი გონიერებას, რადგან თუ გონებას მოუხმობ, საზრიანობას მისცემ შენს ხმას; თუ მოძებნი მას, როგორც ვერცხლს და მონახავ მას, როგორც საუნჯეს, მაშინ გაიგებ უფლის შიშსა და უფლის შეცნობას ჰპოვებ. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისგანაა ცოდნა და გონიერება. შეუნახავს მოსაზრებულობას პატიოსანთ, ის ფარია უბიწოდ მავალთათვის, რათა დაიცვას სამართლის გზები და წმიდათა ბილიკებს გაუფრთხილდეს. მაშინ გაიგებ სამართლიანობას და სამართალს და პატიოსნებას – სიკეთის ყველა ბილიკს. როდესაც შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს, განსჯა შეგინახავს შენ და საზრიანობა დაგიცავს, რათა გიხსნას ბოროტი გზიდან, უკუღმართად მოუბარი კაცისაგან, მათგან, რომელნიც ტოვებენ სწორ გზებს, რათა იარონ ბნელი გზით, რომელნიც ხარობენ ბოროტის ქმნით, ილხენენ ბოროტი უკუღმართობით, რომელთა გზები მრუდეა და უკუღმართობენ თავიანთ ბილიკებზე. რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოტომელისაგან, რომლის ნათქვამიც ლაქარდიანია, რომელმაც დატოვა თავისი სიყმაწვილის მეგობარი და თავისი ღმერთის აღთქმა დაივიწყა, რადგან მის სახლს სიკვდილისაკენ მიჰყავს და მის ბილიკებს – მკვდრებისკენ. არც ერთი მასთან შემსვლელი უკან არ ბრუნდება და ვეღარ ჰპოვებენ სიცოცხლის გზებს. რათა იარო კეთილთა გზით და მართლის ბილიკები შეინახო. რადგან წრფელნი ქვეყნად იცხოვრებენ და უბიწონი დარჩებიან მასში. ბოროტნი კი ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მოღალატენი აღმოიფხვრებიან მისგან. შვილო ჩემო! ჩემს რჯულს ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა, რადგან დღეგრძელობას და ცხოვრების წლებს და მშვიდობას შეგმატებენ შენ. წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, შეიბი ისინი ყელზე, დაიწერე შენი გულის ფიცარზე. და მოიპოვებ მადლს და კეთილ გაგებას ღვთისა და ადამიანის თვალში. დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს. ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში, გეშინოდეს უფლის და უკუიქეც ბოროტებისაგან. კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და გამაგრილებელი შენი ძვლებისა. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი ჭირნახულის პირველნაყოფიდან, და გაივსება შენი ბეღლები მოსავლით და მაჭარი შენი საწნახელიდან გადმოვა. უფლის დარიგებას, შვილო ჩემო, ნუ შეიზიზღებ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება. ვინც უყვარს უფალს, იმას დასჯის როგორც მამა – შვილს, თავის საქებარს! ნეტარია ადამიანი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი – ჭკუის მომხვეჭელი! რადგან მისი საზღაური ვერცხლის საზღაურს სჯობს და მისი მოსავალი – წმიდა ოქროს. ის მარგალიტებზე ძვირფასია, და არანაირი შენი საწადელი არ შეედრება მას. დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მის მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი. მისი გზები საამური გზებია და მისი ყველა ბილიკი მშვიდობაა. სიცოცხლის ხეა ის მათთვის, ვინც ეჭიდება მას, და მას მინდობილნი ნეტარნი არიან. უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონებით განამტკიცა ცა. თავისი ცოდნით ჯურღმულები გაიპო და ღრუბელნი ცვარს აფრქვევენ. შვილო ჩემო, ნუ მოშორდება შენს თვალებს – დაიცავი გონიერება და განსჯა. და იქნება ისინი სიცოცხლე შენი სულისათვის და სამკაული შენი ყელისათვის. მაშინ ივლი უსაფრთხოდ შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება. როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი. ნუ შეგეშინდება უეცარი შიშისა და ბოროტეულის თავდასხმისა, როცა მოვა, რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და დაიცავს შენს ფეხს შებორკვისაგან. ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც ერგება, როდესაც შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება. ნუ ეტყვი მოყვასს: „წადი და ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ,“ თუ თანა გაქვს. ნუ განიზრახავ შენი მოყვასისათვის ბოროტს, თუ ის დანდობილად ცხოვრობს შენთან. ნუ ედავები ადამიანს უმიზეზოდ, თუ მას ბოროტით არ მოუზღავს შენთვის. ნუ შეგშურდება მოძალადესი და ნუ ამოირჩევ ნურც ერთს მის გზათაგან. რადგან სისაძაგლეა უფლის წინაშე მრუდი, წრფელებთან კი მეგობრობს იგი. უფლის წყევლაა ბიწიერის სახლზე, ხოლო მართალთა ბინას აკურთხებს იგი. თუ მასხარებს ამასხარავებს, თავმდაბლებს აძლევს იგი მადლს. ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ხოლო ბრიყვნი დამცირებას მიიღებენ. ისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება, ყური დაუგდეთ სიბრძნის შესაცნობად. რადგან კარგი შეგონება მოგეცით თქვენ, ჩემს მოძღვრებას ნუ განაგდებთ. რადგან მეც შვილი ვიყავი მამაჩემისა, სათუთი და ერთადერთი – დედის წინაშე, ის მასწავლიდა და მეუბნებოდა: „დაიკავოს შენმა გულმა ჩემი სიტყვები, შეინახე ჩემი მცნებები და იცოცხლებ. შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგება, ნუ დაივიწყებ და ნუ გადაუხვევ ჩემს ნათქვამს. ნუ განაგდებ მას და ის შეგინახავს შენ, გიყვარდეს იგი და დაგიცავს შენ. სიბრძნის სათავეა სიბრძნის შეძენა, მთელი შენი შენაძენით გაგება შეიძინე. განადიდე იგი და აღგამაღლებს შენ, პატივს გცემს, თუ შემოეხვევი მას. ის დაგადგამს თავზე მშვენიერ გვირგვინს, დიდებულ ჯიღას მოგიძღვნის შენ.“ ისმინე, შვილო ჩემო, და მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიმრავლდება შენი სიცოცხლის წლები. მე მიგითითე შენ სიბრძნის გზაზე, წაგიძეხი სწორ ბილიკზე. შენი სვლისას არ შევიწროვდება შენი ნაბიჯი და თუ გაიქცევი, არ წაბორძიკდები. ჩაეჭიდე დარიგებას, ნუ შეეშვები, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი. უკეთურთა კვალზე ნუ ივლი და ბოროტთა გზას ნუ დაადგები. მიატოვე იგი, ნუ გაივლი მასზე, გადაუხვიე მისგან და გაიარე. რადგან არ დაიძინებენ ისინი, სიბოროტე თუ არ ჩაიდინეს, და ძილი გაუკრთებათ, თუ არ დააბრკოლეს, რადგან უკეთურების პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ. მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე. უკეთურთა გზა წყვდიადივითაა, არ იციან, რაზე წაიბორძიკებენ. შვილო ჩემო, ჩემს სიტყვებს მოუსმინე, ჩემს ნათქვამს ყური მიაპყარი, არ მოშორდნენ ისინი შენს თვალებს, შეინახე შენი გულის წიაღში. რადგან ისინი სიცოცხლეა მათი მპოვნელისათვის და კურნებაა მთელი მისი ხორცისათვის. ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები. მოიცილე მზაკვრობა და ბაგეთა სიბილწე. შენმა თვალებმა პირდაპირ იცქირონ და შენი მზერა სწორად წარიმართოს შენს წინაშე. გათელე სარბიელი შენი ფეხისა და ყოველი შენი გზა განმტკიცდება. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ, განარიდე შენი ფეხი ბოროტებას. შვილო ჩემო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას, რათა შეინახო განსჯა და შენმა ბაგეებმა დაიცვან ცოდნა. რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთივით მოედინებიან სიტყვები მისი, მაგრამ მისი შედეგი მწარეა ნაღველივით და ბასრი, ვით ორლესული მახვილი. მისი ფეხები სიკვდილში ჩადიან, შავეთს არიან ჩაჭიდებულნი მისი ნაბიჯები, რომ ცხოვრების გზა არ გაიკაფოს, მისი გზა-კვალი არეულია, ვერ გაიგებ მას. ახლა კი, შვილებო, მომისმინეთ მე და ნუ უკუიქცევით ჩემი ნათქვამისაგან. მოაშორე მას შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები, რათა არ მისცე სხვას შენი მშვენება და შენი წლები – დაუნდობელს, რათა არ გაძღნენ სხვანი შენი ძალით და შენი ნაშრომი არ წავიდეს უცხოთა სახლში. და შენ აკვნესდები საბოლოოდ, შენი ხორცისა და შენი ტანის ჩამოხმობისას, და იტყვი: „როგორ შევიძულე დარიგება? შეგონება შეიძაგა ჩემმა სულმა, არ მოვუსმინე ჩემს მასწავლებელთა ხმას და ჩემს მოძღვართ არ მივაპყარ ჩემი ყური, კინაღამ გავნადგურდი სრულიად კრებულში და საზოგადოებაში.“ სვი წყალი შენი ბინულიდან და ნაკადები შენი ჭიდან, იდინონ შენმა წყაროებმა ქუჩაში და წყლის ნაკადულებმა – მოედნებზე. მხოლოდ შენი იყოს ისინი და არა შენთან მყოფ უცხოთესლთა. კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყრმის ცოლით, საყვარელი ფურ-ირმითა და მშვენიერი შველით. მისმა მკერდმა დაგაკმაყოფილოს ყოველ ჟამს, მისი სიყვარული გიტაცებდეს მუდამ! რატომ გიტაცებს, შვილო ჩემო, უცხო ქალი და უცხოელის მკერდზე მოხვევა? რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ სარბიელს ის თელავს. საკუთარი ურჯულოებით იქნება უკეთური შეპყრობილი, და მისი ცოდვის ბორკილები დააკავებენ მას. უშეგონებოდ მოკვდება იგი და თავისი უზომო სიბრიყვის წარიტაცება. შვილო ჩემო, თუ თავდებად დაუდექი შენს მოყვასს, ხელი ხელზე დაურტყი უცხოს, ბადეში გაები შენი პირის ნათქვამით, შეპყრობილი ხარ შენი პირის ნათქვამით. ასე მოიქეცი, შვილო ჩემო და გადარჩები, თუ ხელში ჩაუვარდი შენს მოყვასს: წადი, ემთხვიე და ევედრე მოყვასს. ნუ მიაკარებ ძილს შენს თვალებს და რულს შენს ქუთუთოებს, გადაირჩინე თავი, ვით ქურციკმა მონადირის ხელიდან და ფრინველმა – ფრინველთმჭერის ხელიდან. წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, ნახე მისი გზები და დაბრძენდი. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი და არც ბატონი. იმზადებს ზაფხულში თავის პურს, აგროვებს მკის დროს თავის საზრდოს. როდემდე იწვები, ზარმაცო, როდის ადგები შენი ძილიდან? ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა დასაწოლად, და მოვა, როგორც მგზავრი, შენი სიღატაკე და გაჭირვება, როგორც ჯარისკაცი. არამზადა ადამიანი, უსამართლო კაცი დადის მრუდი პირით, თვალს ჩაუკრავს, გაუხახუნებს ფეხს, ანიშნებს თავისი თითებით. უმტკიცობაა მის გულში, ბოროტს განიზრახავს ყოველ ჟამს, განხეთქილებას თესავს. ამის გამო უეცრად მოვა მისი დაღუპვა, უცბად დაილეწება და არ ექნება მას კურნება. ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ზვიადი თვალები, მატყუარა ენა, ხელები, უდანაშაულო სისხლის დამღვრელნი, გული – ბოროტი განზრახვების განმზრახველი, ფეხნი – სწრაფად მორბენალნი ბოროტებისაკენ, ცრუ მოწმე, მზაკვრობის წარმომთქმელი და განხეთქილების დამთესავი ძმათა შორის. დაიცავი, შვილო ჩემო, მამაშენის მცნებანი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. დაიბნიე შენს გულზე სამუდამოდ, შეიბნიე შენს ყელზე. სიარულისას წინ წარგიძღვება, დაწოლისას დაგიფარავს, გამოღვიძებისას საუბარს დაგიწყებს. რადგან მცნება სანთელია და მოძღვრება – სინათლე, ცხოვრების გზა კი – დამრიგებლური შეგონება. რათა დაგიფაროს შენ ბოროტი ქალისაგან, უცხოელის ლაქარდიანი ენისაგან. ნუ ისურვებ მის სილამაზეს შენს გულში და ნუ გაგიტაცებს თავისი წამწამების ხამხამით. რადგან მეძავი ქალის მიზეზით მათხოვრდებიან ლუკმა პურამდე; ქმრიანი კი შენს ძვირფას სულს ინადირებს. განა შეხვეტს ვინმე ცეცხლს თავის უბეში ტანსაცმელის დაუწველად? თუ გაივლის ვინმე ნაკვერცხლებზე, ფეხების დაუწველად? ასევეა თავისი მოყვასის ცოლთან მიმსვლელიც, არავინ გამართლდება მისი მიმკარებელი. არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ იპარავს გაძღომისათვის, როდესაც მშიერია. მაგრამ თუ იპოვნიან, შვიდმაგად გადაიხდის, თავისი სახლის მთელ ქონებას მისცემს. ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია. სპობს თავის სულს, ვინც ამას სჩადის. ცემასა და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წაირეცხება. რადგან ეჭვიანობა მამაკაცის გულისწყრომაა, და არ დაინდობს ის შურისგების დღეს. არ შეხედავს არავითარ გამოსასყიდს და არ დაკმაყოფილდება, რაც უნდა უმრავლო ქრთამი. შვილო ჩემო, შეინახე ჩემი ნათქვამი და ჩემი მცნებანი ჩაიმარხე შენში. შეინახე ჩემი მცნებანი და ჩემი რჯული როგორც თვალისჩინი. დაიბნიე იგი შენ თითებზე, დაიწერე შენი გულის ფიცარზე. სიბრძნეს უთხარი: „ჩემი და ხარ შენ,“ და ნათესავი უწოდე გონებას, რათა დაგიფაროს უცხო ქალისაგან, უცხოელისაგან, რომლის სიტყვა ლაქარდიანია. რადგან ჩემი სახლის სარკმლიდან, ჩემი დარაბიდან გავიჭვრიტე, და ვიხილე ბრიყვნი, ვაჟებს შორის შევნიშნე უგუნური ყმაწვილი, გადამავალი ქუჩაზე, მისი სახლის კუთხესთან. და წავიდა იგი მისი სახლისკენ საღამოს მწუხრში, ღამის სიბნელესა და წყვდიადში. და აჰა, გამოდის ქალი მის შესახვედრად, მეძავის სამოსელში და მზაკვრული გულით. აღვირახსნილია ის და თავშეუკავებელი, ფეხები სახლში არ უჩერდება: ხან ქუჩაშია, ხან მოედნებზე და ყოველ კუთხესთან უსაფრდება. აჰა, დაიჭირა და ჰკოცნის მას და ურცხვი სახით ეუბნება: „სამშვიდობო მსხვერპლი იყო ჩემზე. დღეს შევასრულე ჩემი აღთქმული, ამის გამო გამოვედი შენს შესახვედრად, შენი სახის საძებრად და გიპოვე! ფარდაგებით მოვფინე ჩემი სარეცელი, ეგვიპტის ნაქარგი ქსოვილით, ჩემს საწოლს მური ვაპკურე, ალოე და კინამო. შემოდი, გავძღეთ დილამდე სიყვარულით, ვიხაროთ ალერსით! რადგან ჩემი ქმარი შინ არ არის, შორ გზაზე წავიდა, ფულით სავსე ქისა აიღო ხელში და მხოლოდ სავსე მთვარისას დაბრუნდება შინ.“ და აცდუნა თავისი მრავალი სიტყვით, თავისი მლიქვნელი ბაგით მოხიბლა იგი. მაშინვე გაჰყვა უკან, როგორც ხარი დასაკლავად რომ მიდის, და როგორც ბრიყვი ბორკილებში – დასასჯელად, სანამ ისარი არ დასჭრის მის ღვიძლს, ფრინველივით იჩქარის მახისაკენ და არ იცის, რომ თავს იღუპავს. ახლა კი, შვილებო, მომისმინეთ მე და ყური დაუგდეთ ჩემი პირის ნათქვამს: არ მიბრუნდეს შენი გული მისი გზებისაკენ, ნუ იხეტიალებ მის ბილიკებზე, რადგან მრავალი განგმირული დასცა მან და რიცხვი არა აქვს მის მიერ დახოცილთ. მისი სახლი შავეთის გზებია, მკვდართა სავანეში ჩამავალი. განა სიბრძნე არ ღაღადებს და გონიერება არ გამოსცემს თავის ხმას? სიმაღლეთა მწვერვალზე, გზაზე, გზაჯვარედინზე დგას იგი, კარიბჭეთა მახლობლად, ქალაქის წინ, კართა შესასვლელთან შემოსძახებს: „კაცებო, თქვენ გეძახით და ჩემი ხმა ადამის ძეთა მიმართ არის. ბრიყვნო, გაიგეთ სიბრძნე და რეგვენნო, შეაგნებინეთ გულს. ისმინეთ, რადგან მთავარს ვლაპარკობ, და გაღება ჩემი ბაგისა სიმართლეა. რადგან ჭეშმარიტებას წარმოთქვამს ჩემი პირი და უკეთურება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის. სამართლიანია ყოველი ნათქვამი ჩემი პირისა, არაა მათში არაფერი დაკლაკნილი და მრუდე. ყოვლად ნათელია ისინი გონიერისთვის და სიმართლეა ცოდნის მპოვნელთათვის. მიიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი, და ცოდნა მეტად, ვიდრე რჩეული ოქრო. რადგან სიბრძნე მარგალიტებზე უკეთესია და არავითარი საწადელი მას არ შეედრება.“ მე, სიბრძნე, ვმკვიდრობ გონიერებასთან და განსჯის ცოდნას ვპოვებ. უფლის შიში ბოროტების სიძულვილია. სიამაყე და ქედმაღლობა და ბოროტი გზა, და უკუღმართი პირი მძულს მე. ჩემია რჩევა და გონიერება, მე ვარ გონება, ჩემია ძალა. ჩემით მეფობენ მეფენი და ხელისუფალნი სამართალს აწესებენ. ჩემით მთავრობენ მთავარნი და კეთილშობილნი, ქვეყნის ყოველი მოსამართლე. მე მიყვარს ჩემი მოყვარულნი და ჩემი მაძიებელნი მპოვებენ მე. სიმდიდრე და ღირსება ჩემთანაა, დიდძალი ქონება და სიმართლე. ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემი მოსავალი – რჩეულ ვერცხლზე. სიმართლის გზით დავდივარ მე, სამართლის ბილიკებით, რათა დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულთ არსებობა და მათი საგანძურები ავავსო. უფალს ვყავდი მე თავისი გზის სათავეში, თავის ქმნილებებამდე, იმ ჟამითვე. უკუნისიდან ვარ დაფუძნებული, თავიდანვე, მიწაზე უწინარეს. უფსკრულთა არყოფნისას დავიბადე, წყაროთა წყლების სიუხვის არყოფნისას. სანამ მთები დადგებოდნენ, ბორცვებზე ადრე დავიბადე. როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი მიწა და მინდვრები, სამყაროს დასაბამი მტვერი. როცა ის ცას ამყარებდა, მეც იქ ვიყავი, როცა წრეს ჰკრავდა უფსკრულის ზედაპირზე, როცა ღრუბლებს ამაგრებდა მაღლით, როცა ძლიერდებოდა უფსკრულთა წყაროები, როცა დაადგინა ზღვისთვის საზღვარი, რათა წყლებს არ გადაელახათ მისი ნაპირი, როცა აწესებდა დედამიწის საფუძვლებს, მე ვიყავი მის გვერდით აღმშენებლად და მის სიხარულად დღენიადაგ, მოხარული მის წინაშე ყოველ ჟამს, ვხარობდი მისი მიწის სამყაროში, და იყო ჩემი სიხარული ადამის ძეთა და ახლა, შვილებო, მისმინეთ მე, რადგან ნეტარ არიან ჩემს გზათა დამცველნი. ისმინეთ ჩემი დარიგება, დაბრძენდით და ნუ განდგებით. ნეტარია კაცი, ვინც მომისმენს მე, ვინც ფხიზლობს ჩემს კარებთან დღენიადაგ, რომ დაიცვას ჩემი შესასვლელის წირთხლები. რადგან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და წყალობა მიიღო უფლისაგან. ხოლო ჩემი შემცოდე თავის სულს ავნებს, ყოველ ჩემს მოძულეს სიკვდილი უყვარს. სიბრძნემ სახლი აიშენა თავისთვის, გამოთალა მისი შვიდი სვეტი, დაკლა საკლავი, ღვინო შეაზავა და სუფრა გააწყო. დაგზავნა თავისი მხევალნი, მოუწოდა ქალაქის მაღლობთა წვერიდან: „ვინც ბრყვია, აქეთ შემოუხვიოს“! უგუნურს უთხრა მან: „მოდით, ჭამეთ ჩემი პური და სვით ღვინო, ჩემი შეზავებული. დატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლეთ და იარეთ გონიერების გზით.“ მქირდავის დამრიგებელი დამცირებას იღებს და უკეთურების მამხილებელი – შეურაცხყოფას თავის თავზე. ნუ ამხილებ მქირდავს, რათა არ შეგიძულოს. ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს. მიეცი ბრძენს ცოდნა და უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და გაიმრავლებს ცოდნას. სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია და წმიდის შეცნობა – გონიერება. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღეები და სიცოცხლის წლები შეგემატება. თუ დაბრძენდი, შენთვის დაბრძენდი, და თუ მქირდავი ხარ, მარტო იტვირთავ. სულელი ქალი, ბრიყვი, ხმაურიანი და არაფრის მცოდნე, ჯდება თავისი სახლის ზღურბლთან, სკამზე ქალაქის მაღლობზე, რათა დაუძახოს გზაზე ჩამვლელთ, სწორად მავალთ თავიანთი გზით: „ვინც ბრიყვია, გადმოუხვიოს აქეთ“, ჭკუანაკლულს კი ეუბნება: „მოპარული წყალი ტკბილია და ჩუმად შეჭმული პური – საამური.“ მან არ იცის, რომ მკვდრები არიან იქ, შავეთის სიღრმეში არიან მისი წვეულნი. ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი შვილი კი დედამისის დარდია. სარგებელი არ მოაქვს უკეთურ საგანძურს, მოწყალება კი სიკვდილისაგან იხსნის. უფალი არ დაამშევს მართლის სულს, უკეთურთა სიხარბეს კი ხელს ჰკრავს. გლახაკად აქცევს მოშვებული მაჯა, მუყაითთა ხელი კი ამდიდრებს. ზაფხულში მომკრეფი ჭკვიანია, მკის დროს მძინარე – სირცხვილის შვილი. კურთხევაა მართლის თავზე, უკეთურთა პირი კი ძალადობას ფარავს. მართლის ხსოვნა კურთხეულ იქნება, უკეთურთა სახელი კი დალპება. გულით ბრძენი მიიღებს მცნებებს, ხოლო ბაგით სულელი წაფორხილდება. სიმართლეში მოარული უშიშრად ივლის და თავისი გზის გამმრუდებელი გამომჟღავნდება. თვალის ჩამკვრელი მხოლოდ დარდს იწვევს, ბაგით სულელი კი წაფორხილდება. სიცოცხლის წყაროა მართლის პირი, უკეთურთა პირი კი ძალადობას ფარავს. სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. კეთილგონიერის ბაგეში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი – წკეპლა. ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი – მოახლოებულ განადგურებას. მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია, ღარიბთა განადგურება – მათი სიღატაკე. მართლის შრომა სიცოცხლისთვისაა, უკეთურის მოსავალი – ცოდვისათვის. დარიგების შემნახველი სიცოცხლის გზით დადის, შეგონების უკუმგდებელი კი გზას სცდება. ვინც სიძულვილს ფარავს, ცრუ ბაგეები აქვს, და ვინც ცილისმწამებლობს, ბრიყვია. ბევრი ლაპარაკით არ დაყოვნდება დანაშაული, ის კი, ვინც აკავებს თავის ბაგეებს, ჭკვიანია. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, უკეთურთა გული კი – მწირი. მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი ჭკუანაკლულობით დაიხოცებიან. უფლის კურთხევა ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას. გართობასავით აქვს ბრიყვს ბოროტმოქმედება, ხოლო სიბრძნე – გონიერ კაცს. რისაც ეშინია უკეთურს, ის მიეწევა მას, მართალთა წადილს კი სრულდება. გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართალი კი საუკუნო საფუძველია. ვით ძმარი კბილებისათვის და კვამლი თვალებისათვის, ისეა ზარმაცი მის წარმგზავნელთათვის. უფლის შიში დღეებს უმატებს, უკეთურთა წლები კი მოკლდება. მართალთა სასოება სიხარულია, უკეთურთა იმედი კი დაიღუპება. უფლის გზა სიმაგრეა უბიწოსთვის, ავისმქნელთათვის კი – განადგურება. მართალი საუკუნოდ არ წაბორძიკდება, უკეთურნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე. მართლის პირი სიბრძნეს გამოისხამს, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება. მართლის ბაგეებმა იციან, რა არის მოსაწონი, უკეთურთა პირმა კი – მხოლოდ უკუღმართობა. მრუდი სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სრული წონა კი – მისი მოსაწონი. მოვა ამპარტავნობა და მოეწევა დამცირებაც, თავმდაბალთ კი სიბრძნე ახლავს. წრფელებს უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი მათივე ცბიერება დაღუპავს. ქონება ვერ უშველის წყრომის დღეს, მოწყალება კი სიკვდილისაგან იხსნის. უბიწოს სამართლიანობა გაუსწორებს გზას, თავისი უკეთურობით კი ეცემა უკეთური. წრფელებს მათი სამართლიანობა იხსნის, მოღალატენი კი შეპყრობილი იქნებიან თავიანთი სიხარბით. უკეთური ადამიანის სიკვდილისას იკარგება მისი იმედი, და უსამართლოთა სასოება იკარგება. მართალი უბედურებას არიდებს თავს და მის ნაცვლად უკეთურს ეწევა. მლიქვნელი პირით ღუპავს თავის მოყვასს, მართალნი კი ცოდნით იხსნიან თავს. მართალთა სიკეთით ხარობს ქალაქი, უკეთურთა დაღუპვისას კი სიხარულის ყიჟინაა. წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, უკეთურთა პირით კი ინგრევა. ვინც თვის მოყვასს აბუჩად იგდებს, ბრიყვია, გონიერი კაცი კი დუმს. ცილისმწამებელი საიდუმლოს ამჟღავნებს, სულით მტკიცე კი ფარავს საქმეს. ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა. თავის თავს ბოროტობს, ვინც უცხოს უდგება თავდებად, ხელის დარტყმის მოძულე კი უსაფრთხოდ არის. სანდომიანი ქალი პატივს იხვეჭს, მძლავრნი კი სიმდიდრეს იხვეჭენ. მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის სულს, სასტიკი კი თავის ხორცს აღიზიანებს. უკეთური იმსახურებს ფუჭ საქმეს, მოწყალების მთესველი კი – ჭეშმარიტ საზღაურს. სიმართლეში მტკიცე სიცოცხლისკენაა, ბოროტების მდევნელი კი – სიკვდილისკენ. უფლის საძულველნი არიან გულმრუდნი, მისი სასურველნი კი – სწორი გზით მავალნი. ხელი ხელს ვერ გაექცევა და ბოროტი სასჯელს, მართალთა თესლი კი გადარჩება. რაც ღორის დინგზე წამოცმული ოქროს ბეჭედია, ის არის ლამაზი და უჭკუო ქალი. მართალთა წადილი მხოლოდ სიკეთეა, უკეთურთა მოლოდინი – რისხვა. ზოგი ანიავებს მადლს და უფრო ემატება, ზოგი კი ზოგავს მოწყალებას – და აკლდება მას. კურთხეულის სული დამსუყდება და, ვინც სხვას ასმევს წყალს, თვითონაც დარწყულებული იქნება. ვინც თავისთან აკავებს ხორბალს, მას სწყევლის ერი, კურთხევა კი დამპურებლის თავზეა. ვინც სიკეთისაკენ ილტვის, ის ეძებს მოწონებას, ბოროტის მაძიებელს კი ბოროტება ეწევა. ვინც თავის სიმდიდრეზეა დაიმედებული, დაეცემა, მართალნი კი რტოსავით აყვავდებიან. თავისი სახლის გამჩანაგებელი ქარს დაიმკვიდრებს, სულელი კი – ბრძენის მონობას. მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა და ბრძენი სულებს იზიდავს. მართალს ამ ქვეყნად მიეზღვება, მითუმეტეს – უკეთურს და ცოდვილს. დარიგება უყვარს ცოდნის მოყვარულს, მხილება უმეცარს სძულს. კეთილი მოწონებას მოიხვეჭს უფლისაგან, მზაკვარ კაცს კი გაასამართლებს. ვერ დაფუძნდება ადამიანი უკეთურებით, მართალთა ფესვი კი არ შეირყევა. გამრჯე ქალი გვირგვინია თავისი ქმრისა, შემარცხვენელი კი – როგორც ხრწნა მის ძვლებში. მართალთა ფიქრები სამართალია, უკეთურთა ფანდები – სიცრუე. უკეთურთა სიტყვები ჩასაფრებაა სისხლის დასაღვრელად, მართალთა ბაგენი კი იხსნიან მათ. დაემხობიან უკეთურნი და აღარ იქნებიან, მართალთა სახლი კი დარჩება. მისი ჭკუისამებრ შეაქებენ კაცს, გულმრუდი კი დასაცინი გახდება. სჯობს იყო შეურაცხი და თავისი თავის პატრონი ვიდრე პატივმოყვარე და ულუკმაპურო. სამართალმა იცის თავისი საქონლის საჭიროება, ხოლო უკეთურთა სიბრალულიც კი სასტიკია. თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი უგნურია. უკეთურს ბოროტთა მომხრობა სწადია, მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოსცემს. ავ მეტყველებაში ბოროტი მახეა დაგებული, მართალი კი გაჭირვებიდან გამოვა. თავისი პირის ნაყოფისგან კაცი სიკეთით გაძღება, ადამიანის ხელის საზღაური კი მასვე დაუბრუნდება. სულელის გზა სწორია მის თვალში, ბრძენი კი რჩევას უსმენს. სულელი გამოამჟღავნებს თავის სიბრაზეს, გონიერი კი შეურაცხყოფას ფარავს. ჭეშმარიტების აღმომსუნთქველი სიმართლეს აცხადებს, ცრუ მოწმე კი – ცბიერებას. ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენთა ენა კი კურნებაა. ჭეშმარიტების ბაგენი სამუდამოდ დაფუძნდებიან, ცრუ ენა კი წამიერია. ცბიერებაა ბოროტის განმზრახველთა გულში, მშვიდობის მრჩეველთ კი სიხარული აქვთ. არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს, უკეთურნი კი უბედურებით გაივსებიან. ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ჭეშმარიტებით მოქმედნი კი მისთვის სასურველია. გონიერი ადამიანი ფარავს ცოდნას, რეგვენთა გული კი სისულელეს აცხადებს. ბეჯითი ხელი იბატონებს, ზარმაცი კი ხარკად იქნება. გულში დარდი კაცს დათრგუნავს, კეთილი სიტყვა კი გაახარებს. მართალი თავის მოყვასს წინ უძღვის, უკეთურთა გზა კი მათვე აცდუნებს. სიზარმაცე ვერ მოიპოვებს ნანადირევს, ადამიანის ყველაზე დიდი ქონება სიბეჯითეა. მოწყალების გზაზე სიცოცხლეა და მისი ბილიკი უკვდავებისკენ არის მიმართული. ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას, თავქარიანი კი არ ისმენს საყვედურს. თავისი პირის ნაყოფიდან კაცი სიკეთეს შეჭამს, მოღალატეთა სული კი – ნაძარცვს. ვინც თავის პირს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს. ვინც ფართოდ აღებს თავის ბაგეებს, უბედურება ელის მას. ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი გამსუყდება. მართალს სძულს ტყუილი სიტყვა, უკეთური კი აუგ და შემარცხვენელ საქმეებს სჩადის. სიმართლე იცავს უბიწო გზას, უკეთურება კი აცდუნებს შემცოდველს. ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და არაფერი არა აქვს, ზოგი კი – ღარიბად და დიდი ქონება აქვს. სიცოცხლის გამოსასყიდი კაცის სიმდიდრეა, ღარიბს კი არ ესმის საყვედური. მართალთა სინათლე გაბრწყინდება, უკეთურთა სანთელი კი ჩაქრება. მხოლოდ ამპარტავნობისაგან წარმოიშვება განხეთქილება, მრჩეველთ კი სიბრძნე აქვთ. ქონება, ამაოებით შეძენილი, მცირდება, ხელით შემკრებელი კი გაამრავლებს მას. ხანგრძლივი მოლოდინი გულს ქანცავს, აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა. ღმერთის სიტყვის აბუჩად ამგდები თავის თავს აზიანებს, მცნების მოშიში კი დაჯილდოვდება. ბრძენის მოძღვრება სიცოცხლის წყაროა, რათა გაერიდოს სიკვდილის მახეს. კეთილი მოხედვა წყალობას გასცემს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა. ყოველი გონიერი ცოდნით მოქმედებს, რეგვენი კი სისულელეს გამოაფენს. უკეთური მაცნე გაჭირვებაში ვარდება, ერთგული მოციქული კი კურნებაა. სიღარიბე და დამცირება დარიგების უკუმგდებელს, შეგონების დამცველი კი პატივცემული იქნება. აღსრულებული სურვილი სულს ეამება, რეგვენთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისაგან განდგომა. ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება. ცოდვილებს ბოროტება აედევნება, მართალთ კი კეთილი მიეზღვებათ. კეთილი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისათვის ინახება. ბევრი საჭმელია ღარიბთა ყანაში, ზოგნი კი უმარილობით იღუპებიან. ვინც თავის შოლტს ზოგავს, სძულს თავისი ძე, ხოლო ვისაც უყვარს, სჯის მას. მართალი ძღომაზე ჭამს, უკეთურის მუცელი კი ცარიელია. ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი ანგრევს მას საკუთარი ხელით. სწორად მავალს ეშინია უფლისა, თავისი გზის გამმრუდებელი კი გმობს მას. სულელის პირში მედიდურობის წკეპლაა, ბრძენებს კი მათი ბაგენი იცავენ. სადაც ხარები არ არიან, იქ ცარიელია ბაგა, ბევრი მოსავალი კი ხარის ძალითაა. სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნქავს. თავქარიანი სიბრძნეს ეძიებს და ვერ პოულობს, გონიერისათვის კი ცოდნა ადვილია. განერიდე ბრიყვ კაცს, რადგან ვერ იპოვნი ცოდნის ბაგეთ. გონიერის სიბრძნე თავისი გზის გაგნებაა, ბრიყვთა სისულელე კი – ცდომა. სულელნი იცინიან დანაშულზე, წრფელთა შორის კი – კეთილი ნებაა. გულმა იცის თვისი სულის სიმწარე და მის სიხარულს არ ინაწილებს უცხო. უკეთურთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება. არის გზა, რომელიც სწორად ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია. სიცილის დროსაც სტკივა გულს, მხიარულებით ბოლოვდება სევდაც. თავისი გზებით ძღება გარყვნილი გული, კეთილი კაცი კი მათ განერიდება. გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს. ბრძენი ფრთხილობს და გაურბის ბოროტს, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია. გულფიცხი სისულელეს ჩაიდენს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია. გულუბრყვილონი სისულელეს იწილადებენ, გონიერნი კი ცოდნით გვირგვინდებიან. ბოროტნი კეთილთა წინაშე დაიჩოქებენ, უკეთურნი კი – მართლის კარიბჭეებთან. ღარიბი თვისი მოყვასისთვისაც საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია. თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია. განა ბოროტის განმზრახველნი არ ცდუნდებიან? მაგრამ წყალობა და ჭეშმარიტება აქვთ კეთილის განმზრახველთ. ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან – მხოლოდ დანაკლისი. ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სისულელე კი სისულელეა. სარწმუნო მოწმე სულებს გადაარჩენს, ტყუილის აღმომსუნთქველი კი მოღალატეა. უფლის შიშში ძლიერია რწმენა და მის შვილებს ექნებათ თავშესაფარი. უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, რათა განერიდოს სიკვდილის მახეს. ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი – მთავრის დაქცევა. სულგრძელი დიდად გონიერია, სულმოკლე კი სისულელეს ამჟღავნებს. ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული და ძვალთა ხრწნა – შური. გლახაკის მჩაგვრელი გმობს თავის გამჩენს, ღატაკის შემწყალე კი მისი პატივისმცემელია. მისივე ბოროტებით დაემხობა უკეთური, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს. გონიერის გულში სიბრძნე განისვენებს, და ბრიყვთა შორის არ იპოვება. სიმართლე აღაზევებს ერს, ხალხთა სირცხვილი კი მათი ცოდვაა. მეფის წყალობა – გონიერ მონას, მისი წყრომა კი – სირცხვილეულს. ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას. ბრძენთა ენა საამურს ხდის ცოდნას, ბრიყვთა პირი კი სისულელეს გამოთქვამს. ყველგან არის უფლის თვალი, ხედავს ბოროტთა და კეთილთ. მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მით მზაკვრობა – სულის შემუსვრა. სულელი აბუჩად იგდებს მამის დარიგებას, შეგონების დამცველი კი გონიერი ხდება. მართლის სახლში მრავალი განძია, უკეთურის მოსავალში კი – ვაება. ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული ასეთი არ არის. უკეთურთა მსხვერპლი უფლისათვის სისაძაგლეა, პატიოსანთა ლოცვა კი – სიხარული. უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მდევნელი კი უყვარს მას. სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს, დარიგების მოძულე კი მოკვდება. შავეთი და ჯოჯოხეთი ღიაა უფლის წინაშე, მით უფრო – ადამის ძეთა გულები. ბრიყვს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენებთან არ წავა იგი. მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის დარდისას სული შემუსრვილია. გონიერის გული ცოდნას ეძიებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება. ჩაგრულის ყოველი დღე ცუდია, გულით მხიარულს კი ლხინი აქვს მუდამ. სჯობს გქონდეს მცირედი, მაგრამ უფლისადმი შიშით, ვიდრე დიდი საუნჯე და მასთან ერთად შფოთვა. სჯობს გქონდეს მწვანილის სადილი და სიყვარული ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად. ფიცხი კაცი აღვივებს განხეთქილებას, სულგრძელი კი აქრობს შუღლს. ზარმაცის გზა ეკლიან ღობესავითაა, პატიოსანთა გზა სწორია. ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი ადამიანი კი აბუჩად იგდებს თავის დედას. სისულელე სიხარულია ბრიყვისა, გონიერი კაცი კი სწორად მავალია. რჩევის გარეშე ჩაიშლება განზრახვანი, ბევრი მრჩევლისას კი შესრულდება. კაცის სიხარული მისი ბაგის პასუხშია და კარგია სიტყვა თავის დროზე. გონიერის ცხოვრების გზა მაღლა მიდის, რათა დაბლა განერიდოს შავეთს. ამპარტავანთა სახლს აღმოფხვრის უფალი, ქვრივის საზღვარს კი აღადგენს. ბოროტის განზრახვანი უფლისთვის სისაძაგლეა, საამური სიტყვები კი – სუფთა. ის ვინც მომხვეჭელობს, თავის სახლს აუბედურებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს. მართლის გული დაფიქრდება საპასუხოდ, უკეთურთა პირი ბოროტებას ღვრის. უფალი შორსაა უკეთურთაგან, მართალთა ლოცვა კი შესმენილ იქნება. თვალთა სინათლე ახარებს გულს, კარგი ამბავი კი ძვალს აპოხიერებს. ყური, სასიცოცხლო მხილების მომსმენი, ბრძენთა შორის გაათევს ღამეს. დარიგების უკუმგდებელს ეზიზღება მხილების მომსმენი კი გონებას იხვეჭს. უფლის შიში ბრძნული დარიგებაა და პატივზე წინ არის მორჩილება. გულის მოწოდებანი ადამიანს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან არის. კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, ხოლო უფალი სწონის სულებს. გაანდე უფალს შენი საქმენი და შენი ფიქრები აღსრულდება. უფალმა ყველაფერი თავისი და თვით უკეთურიც – უბედურების დღისათვის. ყველა გულზვიადი უფლისათვის საძაგელია – ხელს ხელზე დავარტყამ, რომ ვერ გაექცევა სასჯელს. წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ურჯულოება და უფლის შიშით განუდგები ბოროტს. თუ სასურველია უფლისათვის კაცის გზები მის მტრებსაც შეარიგებს მასთან. სჯობს მცირედი და სიმართლით – მრავალს, მოხვეჭილს უსამართლობით. ადამიანი ირჩევს თავის გზას და უფალი წარმართავს მის ნაბიჯს. განაჩენია მეფის ბაგეებზე, სამსჯავროზე არ შესცოდავს მისი პირი. სასწორი და სწორი პინები აქვს უფალს, მისი საქმეა აბგის ყველა საწონი ქვა. სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით ფუძნდება ტახტი. სათნოა მეფეთათვის მართალი ბაგენი და წრფელად მოლაპარაკენი უყვარს მას. მეფის გულისწყრომა სიკვდილის ანგელოზია, ბრძენი კაცი კი გააყუჩებს მას. მეფის სახის ნათელში სიცოცხლეა, მისი წყალობა კი გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა. სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია და ჭკუის შეძენა – ვერცხლზე უმჯობესი. წრფელთა გზა ბოროტისაგან განდგომაა, თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს ინახავს. სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას და დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა. სჯობს თავმდაბლებთან სულით მორჩილება ამაყებთან ნადავლის განაწილებას. თავისი საქმის მომფიქრებელი სიკეთეს ჰპოვებს და უფალზე დაიმედებული ნეტარია. გულით ბრძენი გონიერად იწოდება და ტკბილი ბაგენი ხელს უწყობენ სწავლას. ჭკუა თვისი პატრონისათვის სიცოცხლის წყაროა, სულელთა დარიგება კი – სისულელე. ბრძენის გული გონიერს ხდის მის ენას და მის ბაგეზე წარუმატებს სწავლებას. სასიამოვნო ნათქვამი გოლეული თაფლივითაა, სულისათვის ტკბილია და ხორცისათვის კურნება. არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია. მშრომელი თავისთვის შრომობს, რადგან მისი პირი აიძულებს მას. უგვანი კაცი ბოროტის ამომთხრელია და მის ბაგეებზე დამწველი ცეცხლივითაა. უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს. მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცდუნებს და მიჰყავს უკეთურ გზაზე. თვალს ხუჭავს უკუღმართობის მოსაფიქრებლად, პირს კუმავს – ბოროტებას სჩადის. დიდების გვირგვინი ჭაღარაა, სიმართლის გზაზე იპოვება იგი. მომთმენი სჯობს მამაცს და ის, ვინც თავის სულზე ბატონობს – ქალაქის დამპყრობს. კალთაში იყრება წილი, მაგრამ უფლისგანაა მთელი მისი სამართალი. სჯობს ნაჭერი ხმელი პურისა მშვიდობასთან ერთად დაკლული საქონლით სავსე სახლსა და შუღლს. გონიერი მსახური იბატონებს შემარცხვენელ შვილზე, და ძმებს შორის გაინაწილებს სამკვიდრებელს. სახმილი ვერცხლისათვისაა და ბრძმედი ოქროსათვის, გულებს კი უფალი გამოსცდის. ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უგდებს ყურს, ცრუ უსმენს უხამს ენას. ღარიბის აბუჩად ამგდები თავის გამჩენს გმობს. მოყვასის უბედურების მოხარული ვერ გაექცევა სასჯელს. შვილთაშვილი მოხუცთა გვირგვინია და შვილთა დიდება – მათი მამებისა. არ უხდება არამზადას ყოყოჩური ენა, მით უფრო, კეთილშობილს – ცრუ ენა. ძვირფასი ქვა ქრთამია მისი მფლობელის თვალში, საითაც კი მიმართავს იგი, მიაღწევს წარმატებას. დანაშაულის დამფარველი სიყვარულს ეძებს, ხოლო ვინც მეგობრის დანაშაულს შეახსენებს, ის მეგობრებს აშორებს. მხილება უფრო მოქმედებს გონიერზე, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა. მეამბოხე მხოლოდ ბოროტს ეძებს, მაგრამ სასტიკი ანგელოზი მიევლინება მას. სჯობს ბელდაკარგული დათვი შეხვდეს კაცს, ვიდრე ბრიყვი თავისი სისულელით. ვინც ბოროტს მიუზღავს კეთილის წილ, მის სახლს არ მოშორდება ბოროტება. წყლის გამოხეთქვა შუღლის დასაწყისია. შეწყვიტე დავა, ვიდრე აღიგზნებოდეს. უკეთურის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივენი საძაგელია უფლის წინაშე. რისთვისაა ქონება ბრიყვის ხელთ? სიბრძნის შესაძენად, როდესაც არაა გაგება? ყოველთვის უყვარხარ მოყვასს, ძმა კი გასაჭირისთვის არის შობილი. უჭკუო ადამიანი ხელს ურტყამს, თავდებად დგება თავისი მოყვასის გულისათვის. ვისაც ჩხუბი უყვარს, დანაშაული უყვარს, ვინც მაღლა სწევს თავის კარს, დამტვრევას ეძიებს. გულმრუდი ვერ ჰპოვებს კეთილს და ენით უკუღმართი უბედურებაში ჩავარდება. ვინც ბრიყვს შობს, ისევ თავის ჭირად, და ვერ ხარობს არამზადის მამა. მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას, ხოლო დავრდომილი სული ძვალს ახმობს. ქრთამს უბიდან იღებს უკეთური, რათა გაამრუდოს სიმართლის გზები. გონიერის სახის წინ სიბრძნეა, ბრიყვის თვალნი კი მიწის კიდეზეა. ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და თავისი მშობლის მწუხარება. მართლის დასჯა არ არის კარგი, მით უფრო კეთილშობილთა ცემა სიწრფელისთვის. ცოდნის მცოდნელი თავისი ნათქვამის მომჭირნეა და თავშეკავებულია გონიერი კაცი. თვით სულელიც დუმილისას ბრძნად ჩაითვლება, თავისი ბაგის დამხშველი კი – გონიერად. თავკერძა კაცი ჟინს ისწორებს, ყოველ საღ აზრს უჯანყდება. ბრიყვს გონიერება კი არ სურს, არამედ მხოლოდ თავისი გულის გამომჟღავნება. უკეთურის მოსვლას მოჰყვება ზიზღიც და უპატიობას – სირცხვილი. კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, მდინარი ნაკადული – სიბრძნის წყარო. უკეთურის მიმხრობა არ არის კარგი მართლის დასამხობად სასამართლოზე. ბრიყვის ბაგენი ჩხუბში შედიან და მისი პირი ცემას მოუწოდებს. ბრიყვის პირი დაღუპვაა მისთვის და მისი ბაგენი – მახე მისი სულისა. ცილისმწამებლის სიტყვები ჩასატკბარუნებელია და ისინი გულის სიღრმეში აღწევენ. თავის საქმეში დაუდევარი ძმაა წამწყმედლისა. ძლიერი კოშკი უფლის სახელია, მასში დარბის მართალი და სამშვიდობოზეა. მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის ფიქრებში. დამხობის წინ მაღლდება კაცის გული და დიდების წინ თვინიერდება. ვინც პასუხს სცემს მოსმენამდე – ეს მისი სისულელეა და სირცხვილი. კაცის სული იტანს თავის სატკივარს, მაგრამ შემუსრვილ სულს ვინ გადაიტანს? გონიერის გული იძენს ცოდნას და ბრძენთა ყური ეძებს ცოდნას. ადამიანის საჩუქარი აფართოებს მის გზას და დიდებულებამდე მიიყვანს მას. მართალი პირველია დავაში, მაგრამ მოდის მისი მეტოქე და გამოიძიებს მას. წილისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერებს გააშველებს. განმდგარი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია, და დავა სასახლის კლიტეთა მსგავსია. კაცის პირის ნაყოფისაგან გაძღება მისი მუცელი, თავის ბაგეთა მოსავლისაგან გაძღება. სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია, და მისი მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს. ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლისაგან მადლი მოიხვეჭა. ვედრებით ღარიბი ლაპარაკობს, მდიდარი კი თავხედურად პასუხობს. მეგობრიანი კაცი შეიძლება განადგურდეს, მაგრამ არის მოყვასი ძმაზე უფრო ახლობელი. სჯობს ღარიბი თავისი უბიწობით მავალი მრუდებაგიან მდიდარს და თანაც ბრიყვს. არც ცოდნის გარეშე ვარგა სული და, ვინც ჩქარობს, შესცოდავს. ადამიანის სისულელე რყვნის მის გზას და უფალზე წყრება მისი გული. ქონება ჰმატებს ბევრ მოყვასს, უქონელი კი თავისი მეგობრისგან განშორებულია. ცრუ მოწმე არ დარჩება დაუსჯელი და ტყუილის მოლაქლაქე არ გადარჩება. ბევრი ეძებს წყალობას დიდებულთა წინაშე და საჩუქრის მიმცემს ყველა მეგობრობს. ღარიბი სძულს ყველა ძმას, მით უფრო მისი მეგობრები შორდებიან მას. აუსრულებელ დანაპირებთა მდევარია იგი. ვინც გულს იძენს, მას თავისი თავი უყვარს, გონებას ინახავს, რათა სიკეთე ჰპოვოს. ცრუ მოწმე არ დარჩება დაუსჯელი და ტყუილის მოლაქლაქე დაიღუპება. ბრიყვს არ შეეფერება ფუფუნება, მით უფრო მონას – ბატონობა მთავრებზე. ადამიანის ჭკუა სულგრძელს ხდის მას და მისი ღირსებაა დანაშაულის მიტევება. ლომის ბოკვერის ღრიალს ჰგავს მეფისგან შერისხვა, და მისი წყალობა ბალახზე ცვრის მსგავსია. მამისათვის უბედურებაა ბრიყვი შვილი, ხოლო ცოლის ჭირვეულობა – შეუწყვეტელი წვეთა. სახლი და ქონება მამათა მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისაგანაა. სიზარმაცე ძილს მოჰგვრის კაცს და უქნარა სული იშიმშილებს. მცნების დამცველი თავის თავს იცავს, უფლის გზების აბუჩად ამგდები მოკვდება. ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას. დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ. დიდად მრისხანეს დაედოს სასჯელი, რადგან, თუ დაინდობ მას, მოგიწევს სასჯელის გაკვლადება. ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა დაბრძენდე საბოლოოდ. ბევრი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება. ადამიანის სწრაფვა მისი სიკეთეა და ღატაკი სჯობს მზაკვარ კაცს. უფლის შიშს სიცოცხლისაკენ მიჰყავს კაცი, მაძღარი იქნება და არ ეწევა მას ბოროტი. ზარმაცი ხელს ჰყოფს ლანგარში და თავის პირთანაც არ მოაბრუნებს მას. ურტყი თავქარიანს და ბრიყვი გონიერი გახდება. შეაგონე გონიერს, გაიგებს სწავლას. მამის მძარცველი და დედის გამგდები შემარცხვენელი და უპატიო შვილია. ნუ მოისმენ, ჩემო შვილო, შეგონებას, რომელიც გირჩევს გონიერი სიტყვებიდან გადახვევას. უგვანი მოწმე ქირდავს სამართალს და უკეთურთა პირი ყლაპავს უსამართლობას. თავქარიანთათვის მზადაა სასჯელი, რეგვენთა ზურგზე კი ცემა-ტყეპაა. ღვინო მქირდავია, მაგარი სასმელი – ხმაურიანი, და არავინ, მათგან გატაცებული, არ დაბრძენდება. ლომის ბოკვერის ღრიალივითაა მეფის რისხვა, მისი განმარისხებელი თავის თავს სცოდავს. ჩხუბისგან თავშეკავება ადამიანის ღირსებაა, ყოველი სულელი კი ბობოქრობს. ზარმაცი არ ხნავს შემოდგომიდან, მკის დროს კი მოითხოვს და არ იქნება. ზრახვა კაცის გულში ღრმა წყალია, ხოლო გონიერი კაცი ამოხაპავს მას. ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვნის? მართალი თავისი უბიწობით დადის, ნეტარ არიან მისი ძენი მის შემდეგ. მეფე, მჯდომი სამართლის ტახტზე, ფანტავს თვისი თვალებით ყოველივე ბოროტს. ვინ იტყვის: „მე გავასუფთავე ჩემი გული, მე განვიწმიდე ჩემი ცოდვებისაგან?“ ორგვარი საწონი, ორგვარი საზომი – ერთიც და მეორეც ეჯავრება უფალს. თვისი საქციელის მიხედვითაც იცნობა ყმაწვილი, თუ სუფთაა ან თუ სამართლიანია მისი საქმე. მსმენელი ყური და მხილველი თვალი – ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა. ნუ გეყვარება ძილი, რათა არ გაღატაკდე. გაახილე შენი თვალი – გაძღები პურით. არ ვარგა, არ ვარგა ამბობს მყიდველი. ხოლო როდესაც წავა, ტრაბახობს. არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, ხოლო ცოდნის ბაგენი ძვირფასი ნივთია. აიღე მისი ტანსაცმელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად, და უცხოტომელის წილად გამოართვა მას გირაო. საამურია კაცისათვის სიცრუის პური, მერე კი ღორღით გაივსება მისი პირი. განზრახვანი რჩევით მტკიცდება, მაგრამ გონიერებით წარმართე ომი. საიდუმლოს გამამხელელი ცილისმწამებელია და პირმორღვეულებში ნუ გაერევი. მამისა და დედის მაწყევარს სანთელი ჩაუქრება უკუნეთ წყვდიადში. დასაწყისში სწრაფად შეძენილი სამკვიდრო კურთხეული არ იქნება საბოლოოდ. ნუ იტყვი: „მივაგებ ბოროტის წილ“ – ენდე უფალს და ის გიხსნის შენ. ორგვარი საწონი საძულველია უფლისათვის და მრუდი სასწორი არ არის კარგი. უფლისაგანაა მამაკაცის ნაბიჯები, ადამიანი კი როგორ გაიგებს თავის გზას? მახეა ადამიანისათვის წმიდაზე ლაყბობა, ხოლო აღთქმათა შემდეგ – განსჯა. გაფანტავს უკეთურთ ბრძენი მეფე და მათზე მოაქცევს ბორბალს. უფლის სანთელია ადამიანის სული, მისი წიაღის იდუმალებათა გამომკვლეველი. წყალობა და სიმართლე იცავენ მეფეს, და წყალობით უჭირავს თავისი ტახტი. ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა, ხოლო მოხუცთა ბრწყინვალება – ჭაღარა. ჭრილობანი კურნავენ ბოროტისაგან და ცემა გულს ასუფთავებს. წყლის ნაკადია მეფის გული უფლის ხელში, სადაც მოისურვებს, იქ მიმართავს მას. კაცის ყველა გზა სწორია მის თვალში, ხოლო უფალი სწონის გულებს. სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უკეთესია უფლისათვის. ამპარტავანი თვალი და ზვიადი გული, უკეთურთა სანთელი – ცოდვაა. ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, ხოლო ყოველი დაუდევრისა – კლებისკენ. განძეულობის მოხვეჭა მატყუარა ენით სიკვდილის მძებნელთა წარმავალი ქროლვაა. უკეთურთა ძალადობა მათვე წაათრევს, რადგან მათ უარყვეს სამართლის ქმნა. დაკლაკნილია გარყვნილი კაცის გზა, ხოლო ვინც სუფთაა, წრფელია მისი მოქმედება. ბინის კუნჭულში ცხოვრება სჯობს ანჩხლ ქალთან საერთო სახლში ცხოვრებას. უკეთურის სული ბოროტს არის დახარბებული, წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მოყვასი. თავქარიანის დასჯისას ბრიყვი ბრძენდება, ბრძენი კი შეგონებისას იძენს ცოდნას. მართალი თვალყურს ადევნებს უკეთურის სახლს, უბედურებას შეამთხვევს უკეთურთ. ვინც ყურს დაიცობს ღარიბის ძახილისაგან, ისიც მოუხმობს ერთ დღეს, მაგრამ არავინ გასცემს პასუხს. საჩუქარი, ფარულად მიძღვნილი, აცხრობს რისხვას და ქრთამი უბეში – ძლიერ გულისწყრომას. სიმართლის ქმნა სიხარულია მართლისათვის და შიშის ზარი – ბოროტმოქმედისთვის. გონების გზას აცდენილი ადამიანი მკვდართა კრებულში დაისვენებს. მხიარულების მოყვარული უპოვარი იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული არ გამდიდრდება. მართლისთვის გამოსასყიდი უკეთურია და წრფელთა სანაცვლოა მოღალატე. სჯობს უდაბნოს ქვეყანაში ჯდომა ანჩხლ და ბრაზიან ქალთან ყოფნას. სანატრელი საგანძური და ზეთი ბრძენის სავანეშია, ხოლო ბრიყვი ადამიანი შთანთქავს მათ. სიმართლისა და მოწყალების მდევნელი სიცოცხლეს, სიმართლეს და პატივს ჰპოვებს. ძლიერთა ქალაქს აიღებს ბრძენი და დაანგრევს მის საიმედო სიმაგრეს. ვინც ბაგეს და ენას იცავს, ის იცავს თავის სულს უბედურებისაგან. ზვიადი, ამპარტავანი და თავქარიანია მისი სახელი, ვინც ამპარტავნობის მძვინვით იქცევა. ზარმაცს თავისი სიხარბე მოკლავს, რადგან მისი ხელები უარს ამბობენ შრომაზე. მთელ დღეს ის სიხარბით ხარბობს, ხოლო მართალი გაიღებს და არ ზოგავს. უკეთურთა მსხვერპლი სისაძაგლეა, მით უმეტეს, თუ ცბიერებით სწირავს მას. ცრუ მოწმე დაიღუპება და მომსმენი კაცი მუდამ ილაპარაკებს. უკეთური კაცი ისასტიკებს სახეს, ხოლო წრფელმა იცის თავისი გზა. არ არის სიბრძნე და არ არის გონება, არ არის რჩევა უფლის საპირისპიროდ. ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა. უკეთესია სახელი დიდ სიმდიდრეზე, ვერცხლსა და ოქროს კი წყალობა სჯობს. მდიდარი და ღატაკი ერთმანეთს ხვდებიან: მათი ყველას გამჩენი უფალია. გონიერმა დაინახა ბოროტი და გაერიდა, ბრიყვებმა კი გადაიარეს და დაისაჯნენ. საზღაური მორჩილებისა, უფლის შიშისა, არის სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლე. ეკლები და მახეებია ცბიერების გზაზე, თავისი სულის დამცველი გაერიდება მათ. აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან. მდიდარი ღატაკებზე მთავრობს და მსესხებელი მონაა გამსესხებლისა. უსამართლობის დამთესავი უბედურებას მოიმკის და მისი მრისხანების კვერთხი გადატყდება. კეთილმოსურნე კურთხეულ იქნება, რადგან თავისი პურიდან მისცა ღარიბს. გააგდე ბრიყვი და გავა განხეთქილებაც, შეწყდება ჩხუბი და კილვა. სპეტაკი გულის მოყვარულს სიამე აქვს ბაგეზე, მისი მოყვასი მეფეა. უფლის თვალები იცავენ ცოდნას, მოღალატის ნათქვამს კი გააბათილებს. ზარმაცი ამბობს: „ლომია გარეთ, შუა ქუჩაში ვიქნები მოკლული“. ღრმა თხრილია უცხოთა პირი, ვისზედაც გამწყრალია უფალი, ჩავარდება შიგ. სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი მოაშორებს მისგან. ვინც ღარიბს ჩაგრავს, რათა გაიმრავლოს თავისი და აძლევს მდიდარს, მას დააკლდება. დახარე შენი ყური და ისმინე სიტყვანი ბრძენთა, და შენი გული მიაპყარ ჩემს ცოდნას, რადგან საამო იქნება შენთვის, თუ შენს წიაღში შეინახავ და ყველა ერთად განმტკიცდება შენს ბაგეებზე. რომ იყოს უფალში შენი საყრდენი, შენც გასწავლე დღეს, განა არ მოგწერე სამჯერ რჩევითა და სწავლით, რომ მესწავლებინა შენთვის ჭეშმარიტების სიტყვათა სიმტკიცე, რათა მიგეგო ჭეშმარიტი სიტყვები შენს გამომგზავნელთათვის? ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღარიბია იგი, და ნუ დაჩაგრავ ღატაკს კარიბჭესთან, რადგან უფალი იდავებს მათ დავას და სულს წაართმევს მათ წამართმეველთ. ნუ დაემოყვრები ბრაზიანს და ფიცხ კაცთან ნუ მიხვალ, რომ არ გაიწვრთნა მის გზებში და არ დაუგო მახე შენს სულს. ნუ იქნები მათ შორის, ხელს რომ ურტყამენ, თავდებად რომ უდგებიან სესხზე. თუ არაფერი გმართებს, რისთვის გამოგაცლიან ქვეშაგებს? ნუ გადასცდები საუკუნო საზღვარს, რომელიც შენმა მამებმა დადეს. გინახავს შენ კაცი, სწრაფი თავის საქმეში? მეფეთა წინაშე წარდგება იგი, არ წარდგება ბნელთა წინაშე. თუ დაჯდები ბატონთან პურის საჭმელად, კარგად დააკვირდი, რა არის შენს წინაშე, და დაადე დანა შენს საყლაპავს, თუ მსუნაგი ხარ. ნუ მოისურვებ მის საჭმელებს, რადგან ის მატყუარა პურია. ნუ შეალევ ღონეს გამდიდრებას, შეეშვი ამაზე ფიქრს. მოავლებ მას თვალს და აღარ არის იგი, რადგან შეისხამს იგი ფრთებს არწივივით და ცაში აფრინდება. ნუ შეჭამ თვალბოროტის პურს და მის საჭმელებს ნუ ისურვებ, რადგან როგორც ის ფიქრობს თავის სულში, ისეთია იგი: „ჭამე და სვი“, გეტყვის, მისი გული კი შენთან არაა. შენს ლუკმას, რომელიც შეჭამე, ამოარწყევ და ამაოდ დახარჯავ თავაზიან სიტყვებს. ბრიყვის გასაგონად ნუ ილაპარაკებ, რადგან ის აბუჩად აიგდებს შენი სიტყვების გონივრულობას. ნუ გადასცდები ძველ საზღვარს და ობოლთა მინდვრებში ნუ შეხვალ, რადგან მათი გამომსყიდველი ძლიერია, ის იდავებს მათ დავას შენთან. შენი გული მიაპყარ დარიგებას და შენი ყურები – ცოდნის ნათქვამს. ნუ მოერიდები ყმაწვილის დასჯას, რადგან თუ შოლტით სცემ მას, არ მოკვდება. შენ შოლტით სცემ მას, მის სულს კი შავეთისაგან იხსნი. ჩემო შვილო! თუ დაბრძენდება შენი გული, გაიხარებს ჩემი გულიც, და გამხიარულდება ჩემი ფილტვები, როდესაც შენი ბაგენი სწორს ილაპარაკებენ. ნუ შეშურდება შენს გულს ცოდვილებისა, არამედ უფლის შიშში იყოს მთელ დღეს, რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა. ისმინე, შვილო, და დაბრძენდი და მიმართე შენი გული სარწმუნო გზაზე. ნუ იქნები ღვინის მსმელთა შორის, ხორცით გაუმაძღართა შორის, რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და მძინარა ჩაიცვამს ძონძებს. უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი. სიმართლე შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონებას ნუ გაყიდი. ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით. გაიხარონ მამაშენმა და დედაშენმა და ილხინოს შენმა მშობელმა. მე მომეცი, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა დაიცვან ჩემი გზა. რადგან ღრმა ორმოა მეძავი და ვიწრო ჭა – უცხოტომელი ქალი. ის ყაჩაღივით გისაფრდება და მოღალატეებს ამრავლებს ადამიანებში. ვის „ვაი“ და ვის „უი“? ვის შუღლი? ვის საჩივარი? ვის ამაო ჭრილობები? ვის თვალების სიწითლე? ღვინოზე გვიანობამდე დამხანებელთ, განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ მავალთ. ნუ უყურებ ღვინოს, რომ წითელია, თასს რომ აძლევს თავის ფერს, პირდაპირ რომ გადადის ყელში. შემდეგ კი, გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. შენი თვალები უცხო ხილვებს იხილავენ და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს. იქნები ზღვის გულში მწოლარესავით, ან ანძის წვერზე. „მცემენ – არ მეტკინება! მირტყამენ – ვერ ვიგრძნობ! როდის გავიღვიძებ? – ისევ მას დავუწყებ ძებნას.“ ნუ შეგშურდება ბოროტი კაცისა და ნუ ისურვებ მათთან ყოფნას, რადგან ძარცვაზე ფიქრობს მათი გული, სიბოროტით ლაპარაკობენ მათი ბაგენი. სიბრძნით აშენდება სახლი და გონებით განმტკიცდება, და ცოდნით ოთახები გაივსება, ყოველი ძვირფასი და საამური ქონებით. ბრძენი მამაკაცი ძლიერია და მცოდნე კაცი იმტკიცებს ძალას. რადგან გონივრულად წარმართავ შენს ომს და მრავალ მრჩეველშია ხსნა. სულელისათვის სიბრძნე ძნელად მისაწვდომია, კარიბჭესთან არ გახსნის თავის ბაგეს. ვინც ბოროტის ქმნას ფიქრობს, მას ბოროტგანმზრახველს უწოდებენ. სულელის განზრახვა ცოდვაა, ხოლო თავქარიანი საძულველია ადამიანისათვის. დაიღლები გასაჭირის დღეს, მცირეა შენი ძალა. დაიფარე სასიკვდილოდ წარგზავნილნი და ნუთუ მიატოვებ დასახოცად განწირულთ? თუ იტყვი: „აბა, ჩვენ არ ვიცოდით ეს“ – განა გულთამხილავი ვერ გაიგებს? შენი სულის მფარველმა ხომ იცის და ის მიუზღავს ადამიანს მისი საქმისამებრ. ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია იგი, და გოლეული ეტკბობა შენს სასას. ასეთია სიბრძნის შეცნობა შენი სულისათვის, თუ ჰპოვე იგი, ყოფილა მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა. ნუ ჩაუსაფრდები, უკეთურო, მართლის სავანეს, ნუ გაძარცვავ მის წამოსაწოლს, რადგან შვიდჯერ დაეცემა მართალი, მაგრამ ადგება, ხოლო უკეთურნი უბედურებაში წაბორძიკდებიან. შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული, თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდება მის თვალში და მოაქცევს მისგან თავის რისხვას. ნუ გაეჯიბრები ბოროტმოქმედთ და ნუ შეგშურდება უკეთურთა, რადგან მომავალი არ ექნება ბოროტს, უკეთურთა სანთელი ჩაქრება. გეშინოდეს უფლისა, შვილო, და მეფისა, და მეამბოხეებში ნუ გაერევი, რადგან უცაბედად მოვა მათი დაღუპვა და ორივეს ზიანს ვინ შეიცნობს? ესენიც ბრძენთათვისაა: მიკერძოება სასამართლოზე არ არის კარგი. ვინც უკეთურს ეუბნება: „შენ მართალი ხარ“, იმას ხალხები დასწყევლიან, იმას ერები შერისხავენ. ხოლო მამხილებელთ სიამე ექნებათ და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა. ტუჩებზე კოცნის, ვინც პასუხობს სარწმუნო სიტყვებით. შეასრულე შენი საქმე გარეთ და მოამზადე მინდორში იგი, შემდეგ კი ააშენე შენი სახლი. ნუ იქნები უმიზეზო მოწმე შენი მოყვასისა და ნუ ცდუნდები შენი ბაგეებით. ნუ იტყვი: „როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევი მას, მივუზღავ კაცს თავისი საქმისამებრ“. ზარმაცი კაცის მინდორთან გავიარე და უგუნური ადამიანის ვენახთან, და აჰა, სულმთლად ღვარძლად ამოსულიყო, მისი ზედაპირი ეკალ-ბარდებს დაეფარა და მისი ქვის ზღუდე დანგრეულიყო. და ვიხილე, გულისყური მივაპყარ, დავინახე, დარიგება მივიღე: „ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა დასაწოლად“. და მოვა მგზავრივით შენი სიღატაკე და შენი სიღარიბე ფარიანი კაცივით. ესეც სოლომონის იგავებია, რომელნიც გადაიწერეს ხიზკიაჰუს, იუდას მეფის, კაცებმა: საქმეთა დაფარვა ღვთის ღირსებაა ხოლო საქმის გამოკვლევა – მეფის ღირსება. ზეცა მაღალია და მიწა – ღრმა, ხოლო მეფეთა გული გამოუკვლეველია. განაშორეთ წიდა ვერცხლისაგან და გამოუვა გამომდნობელს ჭურჭელი. მოაშორეთ მეფეს უკეთური და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება. ნუ გამშვენდები მეფის წინაშე და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები, რადგან სჯობს გითხრან: „ამოდი აქ“, ვიდრე დაგამცირონ კეთილშობილის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა. ნუ ჩაერევი დავაში სწრაფად, რადგან რას გააკეთებ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მეზობელი? იდავე შენი დავა შენს მეზობელთან, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ, რათა არ შეგიზიზღოს გამგონემ, და შენი ცილისწამება არ მოგიბრუნდეს. წესიერად ნათქვამი სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებია. როგორც ოქროს ბეჭედი და ბაჯაღლოს სამკაული, ისეა ბრძნული გაკიცხვა ყურადღებიანი ყურისათვის. როგორც თოვლის სიგრილეა მკის დღეს, ისე სანდოა მსტოვარი მისი გამომგზავნელისათვის, და თავისი ბატონის სულს მოაბრუნებს. კაცი, მოტრაბახე ტყუილი საჩუქრით უწვიმო ღრუბელი და ქარია. მოთმინებით მოდრკება მთავარი, და რბილი ენა ძვალს დაამსხვრევს. ჰპოვე თაფლი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, თორემ გაძღები და ამოარწყევ. დააძვირე შენი ფეხი შენი მოყვასის სახლში, თორემ მოყირჭდები და შეგიძულებს. კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი – დამამოწმებელი ცრუ მოწმობისა თავისი მოყვასისათვის. უვარგისი კბილი და ნაღრძობი ფეხი მოღალატის საყრდენია უბედურების დღეს. რაც ტანსაცმლის გამხდელია ცივ დღეს, რაც ძმარია ტუტეზე, ისაა სიმღერის მომღერალი ნაღვლიან გულზე. თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი და, თუ სწყურია, შეასვი წყალი, რადგან ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ. ჩრდილოეთის ქარი წვიმას წარმოქმნის და ფარული ენა – მრისხანე სახეს. ბინის კუნჭულში ცხოვრება სჯობს ანჩხლ ქალთან საერთო სახლში ცხოვრებას. რაც ცივი წყალია დაღლილი სულისათვის, ისაა კარგი ამბავი შორი ქვეყნიდან. მართალი, უკეთურის წინაშე დაცემული, არის როგორც ატალახებული წყარო და მოოხრებული სათავე. ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი, და სხვისი ღირსების ჩხრეკა არ არის ღირსება. უგალავნო დანგრეული ქალაქია კაცი, რომელიც თავის სულს ვერ იოკებს. როგორც თოვლი ზაფხულში და როგორც წვიმა მკის დროს, ისე უსარგებლოა ბრიყვისათვის ღირსება. როგორც ჩიტის ქროლვა, როგორც ბეღურის ფრენა, ისე არ მოეწევა დაუმსახურებელი წყევლა. მათრახი ცხენისათვის, აღვირი ვირისათვის, და შოლტი ბრიყვთა ზურგისათვის. ნუ უპასუხებ ბრიყვს მისი სისულელისამებრ, რათა შენც არ დაემსგავსო მას. უპასუხე ბრიყვს მის სისულელისამებრ, თორემ ბრძენი ეგონება თავი. იგი ფეხებს იჭრის, სვამს ძალადობას, ვინც ამბავს აგზავნის ბრიყვის ხელით. როგორც კოჭლის წვივებია სუსტი, ისევეა იგავი ბრიყვთა პირში. როგორც შურდულზე გამოსაბმელი ქვა, ისეა ბრიყვის პატივისმცემელი. როგორც ნარშავი, მთვრალის ხელში მოხვედრილი, ისეა იგავი ბრიყვთა პირში. როგორც მოისარი, ყველას გამგმირავი, ისეა ბრიყვისა და გამვლელის დამქირავებელი. როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ბრიყვი იმეორებს თავის სისულელეს. გინახავს კაცი, ბრძენი რომ იყოს საკუთარ თვალში? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს. ზარმაცი ამბობს: „ლომია გზაზე, ლომია ქუჩებს შორის“. კარი თავის ანჯამაზე ბრუნავს, ხოლო ზარმაცი თავის საწოლზე. ზარმაცი ლანგარში ჰყოფს თავის ხელს, ეძნელება პირთან მიტანა. ზარმაცი საკუთარ თვალში შვიდ ბრძენზე ბრძენია, რომელნიც დაფიქრებულად პასუხობენ. გინდა ძაღლი ყურით დაუჭერია გამვლელს, გინდა გაფიცხებულა ჩხუბზე, რომელიც მას არ ეხება. როგორც თავის მომგიჟიანებელი, რომელიც ისვრის ნაპერწკლებს, ისრებს და სიკვდილს, ისეა კაცი, რომელიც ატყუებს თვის მოყვასს და ამბობს: „მე ხომ ვხუმრობ“. უშეშოდ ქრება ცეცხლი, ხოლო უცილისმწამებლოდ დაცხრება შუღლი. როგორც ნახშირი ნაკვერცხლისათვის და შეშა ცეცხლისათვის, ისეა ანჩხლი კაცი ჩხუბის გასაღვივებლად. ცილისმწამებლის სიტყვები განმგმირავია და გულის სიღრმეში აღწევენ ისინი. როგორც წიდიანი ვერცხლი ფარავს თიხის ჭურჭელს, ისეა ანთებული ტუჩები და ბოროტი გული. ტუჩებით თავს მოაჩვენებს მოძულე, გუნებაში კი მზაკვრობას განიზრახავს. როდესაც გაანაზებს თვის ხმას, ნუ ერწმუნები მას, რადგან შვიდი სისაძაგლეა მის გულში. ვისი სიძულვილიც პირფერობით იფარება, მისი სიბოროტე კრებულში გამომჟღავნდება. ვინც ორმოს თხრის, თავად ჩავარდება მასში, ხოლო ვინც ქვას დააგორებს, მასვე დაუბრუნდება იგი. ცრუ ენას სძულს მის მიერ დატანჯულნი და მლიქვნელი პირი დამხობას ამზადებს. ნუ იქებ თავს ხვალინდელი დღით, რადგანაც არ იცი, რას დაბადებს დღე. უცხომ გაქოს შენ და არა შენმა პირმა, უცხოტომელმა – და არა შენმა ბაგეებმა. მძიმეა ქვა და ტვირთია ქვიშა, ხოლო სულელის სიბრაზე ორივეზე მძიმეა. გულისწყრომა სისასტიკეა, ხოლო რისხვა – ნიაღვარი, მაგრამ მოშურნეობას წინ ვინ დაუდგება? აშკარა მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს. სარწმუნოა ჭრილობები მოყვრისაგან და მრავალია ამბორი მოძულესაგან. მაძღარი სული გოლეულსაც თელავს, ხოლო მშიერი სულისათვის ყოველი მწარე ტკბილია. როგორც ჩიტი, დამტოვებელი თავისი ბუდისა, ისეა კაცი, დამტოვებელი თავისი ადგილისა. ზეთი და საკმეველი ახარებს გულს, ხოლო მეგობრის სიტკბო გულითად რჩევაშია. შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ, და შენი ძმის სახლში ნუ მიხვალ შენი უბედურების დღეს. ახლო მეზობელი სჯობს დაშორებულ ძმას. დაბრძენდი, შვილო, და გაახარე ჩემი გული და მე მოვიგერიებ ჩემს მაგინებელთ. გონიერი ხედავს ბოროტს და იმალება, ხოლო გულუბრყვილონი ჩაივლიან და ისჯებიან. აიღე მისი ტანსაცმელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად, და უცხოტომელის წილად გამოართვი გირაო. თუ ვინმე თვის მოყვასს აკურთხებს ხმამაღლა დილაადრიან, წყევლად ჩაეთვლება მას. წვიმიან დღეს შემაწუხებელი წვეთები და ანჩხლი ცოლი მსგავსნი არიან. მისი დამკავებელი აკავებს ქარს და მისი მარჯვენა ზეთს იჭერს. რკინა რკინას ლესავს, კაცი კი ლესავს თვისი მოყვასის სახეს. ვინც ლეღვს უფრთხილდება, შეჭამს მის ნაყოფს, ხოლო ვინც თვის ბატონს იცავს, პატივცემული იქნება. როგორც წყალშია სახე სახესთან, ისეა გული ადამიანისა ადამიანთან. შავეთი და ჯოჯოხეთი ვერ გაძღება და ვერც ადამიანის თვალი გაძღება. სახმილი ვერცხლისთვისაა და ბრძმედი ოქროსათვის, ხოლო ადამიანი მისი ქება-დიდებისამებრ გამოიცდება. ფილთაქვითაც რომ ნაყო როდინში სულელი ბურღულს შორის, არ მოსცილდება მისი სისულელე. ცნობით იცნობდე შენი ცხვრის სახეს, გული დაუდე ფარას, რადგან საუკუნოდ არაა სიმდიდრე და არც გვირგვინი გადავა თაობიდან თაობაში. ამოიწვერა ბალახი და გამოჩნდა ჟიჟო და შეაგროვებენ მთების მცენარეებს, იქნებიან ცხვრები შენი სამოსელისათვის და თხები მინდვრის საფასურისათვის, და თხების რძე შენი საკმარისი იქნება საკვებისათვის, შენი სახლეულის საკვებისათვის და შენი მოახლეების სარჩენად. გარბიან უკეთურნი, დევნით კი არავინ დევნის, ხოლო მართალნი ლომის ბოკვერივით უსაფრთხოდ არიან. ქვეყნის ჯანყის დროს ბევრია მასში მთავარი, ხოლო გონიერი და მცოდნე ადამიანის დროს დიდხანს გაძლებს. ღარიბი მამაკაცი, რომელიც ჩაგრავს ღატაკებს, კოკისპირულ წვიმასავითაა, რომელიც არ ტოვებს პურს. რჯულის დამვიწყებელნი უკეთურს აქებენ და რჯულის დამცველნი უბრაზდებიან მათ. ბოროტი ადამიანები ვერ გაიგებენ სამართალს, უფლის მაძიებელნი კი ყოველივეს გაიგებენ. სჯობს თავის სიმართლეში მავალი ღარიბი მრუდე გზით მავალ მდიდარს. რჯულს იცავს გონიერი შვილი, ხოლო გაუმაძღარის მოყვასი მამამისს არცხვენს. ვინც ამრავლებს თავის ქონებას ვახშითა და სარგებლით, ღატაკთა მწყალობელისათვის აგროვებს მას. ვინც რჯულის მოსმენისაგან ყურს გადახრის, მისი ლოცვაც სისაძაგლეა. ბოროტ გზაზე წრფელთა მაცდუნებელი თავისსავე თხრილში ჩავარდება, ხოლო უბიწონი სიკეთეს დაიმკვიდრებენ. მდიდარ კაცს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას. როდესაც მართალნი ზეიმობენ, დიდია პატივი, ხოლო როდესაც უკეთურნი აღზევდებიან, იმალება ადამიანი. თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება, ხოლო მათი მაღიარებელი და დამტოვებელი შეწყნარებული იქნება. ნეტარია ადამიანი, რომელსაც მუდამ ეშინია, ხოლო გულის გამქვავებელი უბედურებაში ჩავარდება. მოღრიალე ლომი და მღრინავი დათვია უკეთური ბატონი ღატაკი ხალხისათვის. ჭკუანაკლული მთავარი უზომოდ მჩაგვრელია, ანგარების მოძულე გაიგრძელებს დღეებს. ადამიანი, მკვლელობის მადევარი, საფლავამდე ირბენს და არავინ მიემხრობა მას. უმწიკვლოდ მავალი გადარჩება, ხოლო ორი გზით გამრუდებული ერთზე დაეცემა. თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ფუჭის მადევარი კი სიღარიბით გაძღება. მორწმუნე კაცი კურთხევითაა მდიდარი, ხოლო გამდიდრების მოსწრაფე არ დარჩება დაუსჯელი. მიკერძოება კარგი არ არის, და პურის ნატეხის გამო შესცოდავს კაცი. თვალხარბი კაცი ქონებას ეტანება და არ კი იცის, რომ გაჭირვება მიეწევა მას. ადამიანის მამხილებელი ბოლოს უფრო ჰპოვებს მადლს, ვიდრე ქლესაენიანი. ვინც თავის მამას და დედას ართმევს და ამბობს: „არ არის დანაშაული“, ის დამარბეველი კაცის ამხანაგია. ხარბი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებული კი განცხრება. თავის გულზე დაიმედებული ბრიყვია, ხოლო სიბრძნით მავალი გადარჩება. ვინც ღარიბს აძლევს, არ ექნება გაჭირვება, ხოლო ვინც თვალს არიდებს, მდიდარია წყევლით. უკეთურთა აღზევებისას იმალება ადამიანი, ხოლო მათი დაღუპვის დროს მართალნი მრავლდებიან. კაცი, რომელსაც ამხელენ და მაინც ჯიუტობს, უცებ განადგურდება და არ ექნება კურნება. მართალთა განდიდებისას ხარობს ხალხი, ხოლო უკეთურთა ბატონობისას კვნესის ხალხი. კაცი, მოყვარული სიბრძნისა, ახარებს თავის მამას, ხოლო მეძავთა მეგობარი ქონებას დაკარგავს. მეფე სამართლით დააფუძნებს ქვეყანას, ხოლო მექრთამე კაცი დაამხობს მას. მამაკაცი, რომელიც თავის მოყვასთან მლიქვნელობს, ბადეს უგებს თავისსავე ფეხთ. ბოროტი კაცის დანაშაულში ხაფანგია, ხოლო მართალი იმღერებს და იმხიარულებს. მართალმა იცის ღარიბთა სამართალი, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა. თავქარიანი კაცები ცეცხლივით უბერავენ ქალაქს, ხოლო ბრძენნი უკუაქცევენ რისხვას. სულელ კაცთან მოდავე ბრძენკაცი თუ ბრაზობს ან თუ იცინის, მაინც არა აქვს მოსვენება. სისხლის მოყვარულ კაცებს სძულთ უბიწო, ხოლო წრფელნი ზრუნავენ მის სულზე. მთელ თავის რისხვას ღვრის ბრიყვი, ხოლო ბრძენი იკავებს მას. სიცრუის ყურისმგდებელ ბატონს ყველა მსახური უკეთური ჰყავს. ღატაკს და თაღლითს ერთი აქვთ საერთო: ორივეს თვალთა გამნათებელი უფალია. მეფე, რომელიც სიმართლით ასამართლებს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს. შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას. უკეთურთა მომრავლებისას მრავლდება დანაშაული, მართალნი კი მათ დამხობას იხილავენ. დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს. ხილვათა გარეშე თავს აიშვებს ხალხი, ხოლო რჯულის დამცველი ნეტარია. სიტყვებით არ გაიწვრთნება მონა, რადგან კიდევაც რომ გაიგოს, არ გაეპასუხება. ხომ გინახავს სიტყვაჩქარი კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს. ვინც თვის მონას ანებივრებს სიყმაწვილიდან, საბოლოოდ ის მონა პატრონად იქცევა. მრისხანე კაცი შუღლს იწვევს და გულფიცხი კაცი – მრავალ დანაშაულს. ქედმაღლობა დაამდაბლებს კაცს, და თავმდაბლობა მოუტანს დიდებას. ქურდთან მოზიარეს სძულს თავისი თავი, ფიცს ისმენს, მაგრამ არაფერს ამბობს. ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება. მრავალი ეძებს ბატონის კეთილგანწყობილ სახეს, მაგრამ უფლისაგანაა კაცის განაჩენი. მართალთათვის სისაძაგლეა უსამართლო კაცი, ხოლო უკეთურთათვის სისაძაგლე – სწორი გზით მავალი. სიტყვები აგურისა, იაკეს ძისა, მისნისა, წარმონათქვამი ითიელის, ითიელისა და უქალისადმი: მე ხომ უმეცარი ვარ კაცთაგან და ადამიანის გონება არა მაქვს მე, არ მისწავლია სიბრძნე და წმიდის შეცნობა არ ვიცი. ვინ ავიდა ცაში და ჩამოვიდა? ვინ შეაგროვა ქარი თავისი მუჭებით? ვინ გამოიკრა წყალი კვართში? ვინ დაადგინა მიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი? ღმერთის ყოველი ნათქვამი ხალასია, ფარია ის მასზე დანდობილისათვის. ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, რათა არ დაგსაჯოს და არ გამოდგე მატყუარა. ორს მოვითხოვ მე შენგან, უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდები: ამაო და სიცრუე განმაშორე, ნურც სიღარიბეს და ნურც სიმდიდრეს ნუ მომცემ, ჩემი წილი პურით გამომკვებე, რომ არ გავძღე, არ უარვყო და არ ვთქვა: „ვინ არის უფალი?“ ან რომ გაღარიბებულმა, არ ვიქურდო და არ შევბღალო სახელი ჩემი ღმერთისა. ნუ დააბეზღებ მონას თავის ბატონთან, რათა არ დაგწყევლოს და არ დადანაშაულდე. თაობა, მაწყევარი თავისი მამისა და არა მაკურთხებელი თავისი დედისა, თაობა, სუფთა საკუთარ თვალში, მაგრამ განუბანელი თავის სიბინძურისაგან, თაობა, რა ზვიადია მისი თვალები და რა აზიდულია მისი ქუთუთოები, თაობა, რომელთა კბილები მახვილებია და რომელთა ყბები დანებია, რათა შეჭამოს საწყალნი ქვეყნისა და უპოვარნი ადამიანთაგან. წურბელას ორი ასული ჰყავს: „მომეცი, მომეცი!“ სამი გაუმაძღარია და ოთხი არ იტყვის: „კმარა!“ შავეთი და უნაყოფო საშო, ქვეყანა, რომელიც ვერ ძღება წყლით, და ცეცხლი, რომელიც არ ამბობს: „კმარა!“ თვალი მამის დამცინავი და დედის მორჩილების მოძულე – ამოკორტნიან მას ხევის ყორნები და შეჭამენ მას არწივის მართვენი. სამი რამ არის საოცარი ჩემთვის, ხოლო ოთხი რამ არ ვიცი: გზა არწივისა ცაში, გზა გველისა კლდეზე, გზა ხომალდისა ზღვის შუაგულში და გზა მამაკაცისა ქალწულთან. ასეთია გზა მრუში ქალისა: შეჭამა, მოიწმინდა პირი და თქვა: „არ გამიკეთებია მე ცუდი!“ სამი რამის ქვეშ იძვრის მიწა და ოთხის ზიდვა არ შეუძლია: მონა, როდესაც ის მეფდება, და არამზადა, როდესაც ის პურით ძღება, საძულველი ქალი, როდესაც ის თხოვდება და მხევალი, როდესაც ის დაიმკვიდრებს თავისი ქალბატონის ადგილს. ოთხი რამ არის უმცირესი მიწაზე, მაგრამ ისინი ბრძენზე ბრძენნი არიან: ჭიანჭველები არ არიან ძლიერნი, მაგრამ ზაფხულში იმზადებენ თავიანთ პურს. კურდღლები არ არიან მაგარი ხალხი, მაგრამ კლდეზე დგამენ თავიანთ სახლს. მეფე არა ჰყავს კალიას, მაგრამ ყველანი მწყობრად გამოდიან. ფსვენს ხელებით დაიჭერ, ის კი მეფის სასახლეებშია. სამნი კარგად დააბიჯებენ და ოთხნი მარჯვედ დადიან: ლომი ძლიერია მხეცებში და უკან არ დაიხევს არავის წინაშე, საბრძოლოდ აღკაზმული ცხოველი და ბოტი და მეფე, როდესაც ჯარი ახლავს! შენ თუ იარამზადე ქედმაღლობით ან ბოროტი განიზრახე, დაიდე ხელი პირზე! რადგან რძის შედღვება წარმოქმნის კარაქს და ცხვირის შედღვება წარმოქმნის სისხლს, ხოლო რისხვის შედღვება წარმოქმნის შუღლს! სიტყვანი მეფე ლემუელისა, მისნისა, რომლითაც წვრთნიდა დედა მისი: რაო, ჩემო შვილო, რაო, შვილო ჩემი მუცლისა? და რაო, შვილო ჩემი აღთქმებისა? ნუ მისცემ დედაკაცებს შენს ძალას და შენს გზებს – მეფეთა დამღუპველებს! მეფეებს არ შეეფერებათ, ლემუელ, მეფეებს არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს შეეფერებათ მაგარ სასმელთა სიყვარული, რათა არ სვამდეს და არ ივიწყებდეს კანონებს, არ ამრუდებდეს ჩაგრულთა სამართალს. მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – სულით გამწარებულს. მან დალიოს და დაივიწყოს თვისი სიღარიბე და თავისი ტანჯვა აღარ გაიხსენოს! გახსენი შენი პირი მუნჯისათვის, წარმავლობის ძეთა სამართლისათვის, გაუხსენი პირი მართლმსაჯულებას და განიკითხე გლახაკი და უპოვარი. მარჯვე ცოლს ვინ ჰპოვებს? მარგალიტებზე მაღალია მისი ფასი. ერწმუნება მას მისი მეუღლის გული და შემოსავალი არ დააკლდება. ის სიკეთეს მიუზღავს მას და არა სიბოროტეს მთელი მისი ცხოვრების დღეებში. მატყლს და სელს შოულობს იგი და ბეჯითად შრომობს საკუთარი ხელებით. სავაჭრო ხომალდების მსგავსია იგი და შორიდან მოაქვს თავისი პური. დგება ჯერ კიდევ ღამიანად და საკვებს ურიგებს თავის სახლს და ულუფას – თავის მხევალთ. გაიფიქრებს მინდორზე და იძენს მას, თავის ხელთა ნაყოფით გააშენებს ვენახს. ძალას შემოირტყამს წელზე და იმაგრებს მკლავებს. ხვდება, რომ კარგია მისი ჭირნახული, ღამით არ ქრება მისი სანთელი. იწვდენს ხელს სართავი ჯარისაკენ და მის ხელებს უპყრიათ თითისტარი. თავის ხელისგულს უშლის ღარიბს და ხელებს უწვდენს უპოვარს. არ შიშობს იგი თავის სახლზე თოვლიანობისას, რადგან მთელი მისი სახლი შემოსილია ძოწისფერი ქსოვილით. ის ფარდაგებს იკეთებს თავისთვის, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი. ცნობილია მისი ქმარი ქალაქის კარიბჭეებთან, ქვეყნის უხუცესებთან ჯდომისას. ტილოს ტანსაცმელს კერავს და ყიდის, და სარტყლებს აძლევს ვაჭარს. ძალა და ღირსება მისი სამოსელია და უღიმის იგი მომავალ დღეს. პირს ხსნის იგი სიბრძნით და წყალობის რჯულია მის ენაზე. თვალყურს ადევნებს თავისი სახლის გზებს და სიზარმაცის პურს არ ჭამს. დგებიან მისი შვილები ლოცავენ მას, მისი ქმარიც და – აქებს მას: ‘მრავალმა ასულმა მიაღწია წარმატებას, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!’ მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია. მიეცით მას მის ხელთა ნაყოფისაგან და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან. სიტყვანი ეკლესიასტესი, დავითის ძისა, მეფისა იერუსალიმში. „ამაოებათა ამაოება,“ თქვა ეკლესიასტემ. „ამაოებათა ამაოება! ყოველივე ამაოებაა!“ რა უპირატესობა აქვს ადამიანს მთელი თავისი შრომისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს? თაობა მიდის და თაობა მოდის, ქვეყანა კი საუკუნოდ დგას. და ამოდის მზე და ჩადის მზე; და თვისი ადგილისაკენ მიისწრაფის, საიდანაც ამოვიდა. ქარი ქრის სამხრეთისაკენ, და ტრიალდება ჩრდილოეთისაკენ. ტრიალებს, ტრიალებს ქარი და თავის წრეზე უკან ბრუნდება ქარი. ყველა მდინარე ზღვისკენ მიედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება. საიდანაც მდინარენი მოედინებიან, ისევ იქ ბრუნდებიან სადინებლად. ყველა საგანი დამქანცავია, კაცი ვერ შეძლებს მოყოლას, თვალი ვერ გაძღება ცქერით და ყური ვერ აივსება სმენით. რაც იყო, ისევ იქნება, და რაც ხდებოდა, ისევ მოხდება: არაფერი არ არის ახალი მზის ქვეშ. არის რაღაც, რაზეც იტყვიან: „შეხედე, ახალია ეს!“ ის კი უკვე ყოფილა საუკუნეებში, ჩვენამდე რომ იყო. ხსენება არა აქვთ წინანდელთ, და არც შემდგომთ ექნებათ ხსენება მათ შორის, შემდეგ რომ იქნებიან. მე, ეკლესიასტე, ვიყავი მეფე ისრაელზე იერუსალიმში. და დავუდე ჩემი გული, რომ სიბრძნით მეძებნა და შემემოწმებინა, რაც ცის ქვეშ ხდებოდა. მძიმე საქმე მისცა უფალმა ადამიანებს, გასატანჯავად. ვიხილე მე ყოველი საქმენი, მზის ქვეშ რომ კეთდება და აჰა, ყოველივე ამაოა და ქარის დევნაა! დაგრეხილის გასწორება შეუძლებელია და დანაკლისი ვერ დაითვლება. ვლაპარაკობდი ჩემს გულში: „შევიძინე და გავამრავლე სიბრძნე ყველა იმათზე მეტად, რომელნიც ჩემზე წინ იყვნენ იერუსალიმში, და ჩემმა გულმა მრავლად იხილა სიბრძნე და ცოდნა!“ და განვაწყვე ჩემი გონება, რათა შემეცნო სიბრძნე და შემეცნო სიბრიყვე და სისულელე! და გავიგე, რომ ესეც ქარის დევნაა. რადგან დიდ სიბრძნეს დიდი სევდა მოსდევს და ცოდნის გაღრმავებით იღრმავებ ტკივილს. ვუთხარი მე ჩემს თავს: „მოდი, გამოგცდი მხიარულებაში, რომ ვიპოვო, რა არის კარგი!“ და ესეც ამაოება იყო. სიცილზე ვთქვი: „სისულელეა!“ და მხიარულებაზე: „რის მაქნისია?“ ვეცადე ღვინით აღმეგზნო ჩემი სხეული, თუმცა ჩემი გული სიბრძნით წარმმართავდა, და სისულელეს მივდევდი, სანამ არ ვიხილე, თუ რა არის კარგი ადამიანისთვის, რასაც ის აკეთებს ცის ქვეშ თავისი სიცოცხლის დათვლილ დღეებში. წამოვიწყე დიდი საქმენი: ავიშენე სახლები და ჩავყარე ჩემთვის ვენახები; მოვაწყვე ჩემთვის ბაღნი და წალკოტნი და დავრგე მათში ყოველგვარი ხეხილი. ავიშენე ტბორები ხეთა ასაყვავებლად და ბაღნარის მოსარწყავად. შევიძინე მრავალი მონა და მხევალი, და შინ დაბადებული მონაც მრავლად მყავდა. ასევე ძროხაც და ცხვარიც უფრო მეტი მყავდა, ვიდრე ყველას, ვინც ჩემზე წინ ცხოვრობდა იერუსალიმში. შევაგროვე ჩემთვის ვერცხლიც და ოქროც, და მეფეთა და ოლქთა საგანძური. შევიძინე ჩემთვის მომღერალი კაცნი და ქალნი, ასევე ადამიანთა სიამენი – ხარჭანი მრავალნი. და განვდიდდი მე და გადავაჭარბე ყველას, ვინც ჩემზე წინ იყო იერუსალიმში, და ჩემი სიბრძნეც მეხმარებოდა. და რასაც ჩემი თვალები ითხოვდნენ, არაფერზე არ ვეუბნებოდი უარს, არავითარი სიხარულისაგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი შრომისაგან და ეს იყო ჩემი წილი მთელი ჩემი შრომისაგან. შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა გააკეთეს, და ნაშრომს, შრომით რომ გავაკეთე: და ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო და სარგებელი ვერაფერი ვპოვე მზის ქვეშ. და შემდეგ დავიწყე განსჯა სიბრძნისა, სიბრიყვისა და სისულელისა. რა შეუძლია გააკეთოს მან, ვინც მეფის შემდეგ მოვა? მხოლოდ ის, რაც უკვე გაკეთებულია. და დავინახე, რომ უპირატესობა აქვს სიბრძნეს სიბრიყვესთან, როგორც სინათლეს აქვს უპირატესობა სიბნელესთან. ბრძენის თვალები მის თავშია, ბრიყვი კი სიბნელეში დადის. მაგრამ ისიც შევიტყვე, რომ ერთი ხვედრი ეწევათ მათ ყველას. და ვთქვი მე ჩემს გულში: „რაც ბრიყვს შეემთხვევა, მეც შემემთხვევა და რიღასთვის ვიყავი ბრძენი?“ და ვთქვი ჩემს გულში, რომ ესეც ამაოებაა, რადგან როგორც ბრიყვს არ დაიხსომებს არავინ, ისე არ ინახება საუკუნოდ ბრძენის ხსენება, და მომავალ დღეებში ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. და როგორ ერთნაირად კვდებიან ბრიყვი და ბრძენი? და შემძულდა ცხოვრება, რადგან შრომა მზის ქვეშ წუხილი იყო ჩემთვის, რადგან ყოველივე ამაოება და ქარის დევნაა! და შემძულდა მე მთელი ჩემი ნაშრომი, რაც ვიშრომე მზის ქვეშ, რადგან ვუტოვებ მას ადამიანს, ჩემს შემდეგ რომ იქნება. და ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ ბრიყვი, ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით რომ მოვიპოვე მზის ქვეშ. ესეც ამაოებაა! და შევაქციე მე ზურგი უიმედოდ მთელს იმ ნაშრომს, რაც ვიშრომე მზის ქვეშ. რადგან ხდება, რომ ადამიანი შრომობს სიბრძნით, ცოდნით და ნიჭით, და აძლევს წილად ადამიანს, რომელსაც ამაზე არ უშრომია. და ესეც ამაოება და დიდი ბოროტებაა! რადგან რა რჩება ადამიანს მთელი მისი შრომისაგან და თვისი გულისსწრაფვისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს იგი? მთელი მისი დღეები სალმობაა და მისი საქმე – მწუხარება; ღამითაც კი არ აქვს მოსვენება მის გულს. ესეც ამაოებაა. განა უკეთესი არ არის ადამიანისათვის, რომ ჭამოს და სვას და უჩვენოს კეთილი თავის სულს თავისი შრომით? ესეც ვიხილე მე, რადგან ესეც ღვთის ხელიდანაა. რადგან ვინ შეჭამს და ვინ დატკბება მის გარეშე? რადგან ადამიანს, რომელიც კეთილია მის წინაშე, მისცა მან სიბრძნე, ცოდნა და სიხარული. და მისცა მას საზრუნავი – შეკრიბოს და მოაგროვოს, რომ მისცეს კეთილს უფლის წინაშე. ესეც ამაოება და ქარის დევნაა. ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისიჟამი აქვს ცის ქვეშ: ჟამი დაბადებისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის აღმოფხვრისა; ჟამი მოკვლისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა; ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა; ჟამი ქვათა სროლისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი ხვევნისა და ჟამი ხვევნისგან განშორებისა; ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გადაგდებისა; ჟამი რღვევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა; ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა. რა სარგებლობა აქვს მკეთებელს თავისი შრომისაგან? მე ვიხილე საზრუნავი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანებს. ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი. ვიცი, რომ არ არის მათთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე მხიარულება და სიკეთის ქმნა თავის სიცოცხლეში. და თუ რომელიმე ადამიანი ჭამს და სვამს და ხედავს სიკეთეს მთელ თავის ნაშრომში, ეს ღვთის საჩუქარია. ვიცი, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, საუკუნოდ იქნება – არც მიემატება და არც მოაკლდება; და ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ეშინოდეთ მისი. რაც არის, უკვე იყო და რაც იქნება, უკვე ყოფილა, და ღმერთი მოიკითხავს გარდასულს. და კიდევ ვიხილე მზის ქვეშ: სამართლის ადგილი – იქ კი უკეთურებაა, სამართლიანობის ადგილი – იქ კიდევ უკანონობაა. ვთქვი ჩემს გულში: „მართალსა და უკეთურს ღმერთი განსჯის, რადგან იქაა ჟამი ყოველი საგნისა და ყოველი საქმისა.“ ვთქვი მე ჩემს გულში ადამიანზე, რომ გამოცადა ისინი ღმერთმა და აჩვენა მათ, რომ ისინი პირუტყვები არიან მხოლოდ. რადგან ხვედრი ადამიანთა და ხვედრი პირუტყვისა ერთი და იგივე ხვედრია: როგორც ერთი კვდება, ისევე კვდება მეორეც. და ერთი სუნთქვა აქვს ყველას, და არა აქვს ადამიანს უპირატესობა პირუტყვზე, რადგან ყოველივე ამაოებაა. ყოველივე მიდის ერთი ადგილისკენ: ყოველივე მიწისაგან წარმოიშვა და ყოველივე მიწას უბრუნდება. ვინ უწყის, ადის კი მაღლა ადამიანთა სული და პირუტყვის სული კი ჩადის დაბლა, მიწაში? და ვიხილე, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარობდეს ადამიანი თვისი საქმით, რადგან ესაა მისი ხვედრი. რადგან ვინ მიიყვანს მას იმის სანახავად, რაც მის შემდეგ იქნება? და კიდევ მე ვიხილე ყოველი ჩაგვრა, რომელიც ხდება მზის ქვეშ. ვნახე ცრემლნი ჩაგრულთა და ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ მათ. და ძალა მათ მჩაგვრელთა ხელთ იყო, მათ კი არ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. და მშურდა მე მკვდართა, რომელნიც უკვე დაიხოცნენ, ცოცხლებზე მეტად, რომელნიც აქამდე ცოცხლობდნენ. და მათზე, ორივეზე ბედნიერია ის, რომელიც ჯერ არ ყოფილა, რომელსაც არ უნახავს ეს ავი საქმენი, მზის ქვეშ რომ ხდება. და ვიხილე მე, რომ ყოველგვარი შრომა და ყოველგვარი წარმატება საქმეში კაცის ქიშპობაა მისი მოყვასის მიმართ. ესეც ამაოება და ქარის დევნაა. ბრიყვს დაკრეფილი აქვს ხელები და ჭამს თავის ხორცს. სჯობს სიმშვიდით სავსე ერთი მუჭა ტანჯვით სავსე პეშვებს და ქარის დევნას. და კვლავ ვიხილე მე ამაოება მზის ქვეშ. იყო მარტოხელა კაცი: არც ძე, ჰყავდა, არც ძმა, ბოლო კი არა ჰქონდა მთელ მის შრომას, არც მისი თვალები გამძღარა სიმდიდრით. „და ვისთვის ვშრომობ მე და ვაკლებ ჩემს სულს სიკეთეს?“ ესეც ამაოება და ავი საქმეა! ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი გასამრჯელო აქვთ თავიანთ შრომაში. რადგან თუ დაეცემიან, ერთი წამოაყენებს თავის მეგობარს, ხოლო მარტოხელა რომ დაეცეს, მეორე არაა, რომ წამოაყენოს იგი. დაწვებიან ორნი და თბილად იქნებიან. ერთი კი როგორ გათბება? და ერთს თუ დაამარცხებს ვინმე, ორნი დადგებიან მის წინააღმდეგ. სამმაგი ძაფი მალე არ გაწყდება. სჯობს საწყალი და ბრძენი ბავშვი მოხუც და ბრიყვ მეფეს, რომელსაც აღარ ესმის გაფრთხილება. რადგან ის საპატიმროდან გამოვა გასამეფებლად, თავის სამეფოში ღატაკადაც რომ დაიბადოს. ვიხილე, რომ ყოველი მცხოვრები დადის მზის ქვეშ ამ მეორე ყრმასთან, რომელიც მის ნაცვლად დადგება. ბოლო არა აქვს მთელ იმ ხალხს, რომელიც მის წინ იყო, მაგრამ არც შემდგომნი გაიხარებენ მისით, რადგან ესეც ამაოება და ქარის დევნაა. გაუფრთხილდი შენს ფერხთ, როდესაც ღვთის სახლში ივლი და მიუახლოვდი მოსასმენად და არა ბრიყვთა მსხვერპლის შესაწირად, რადგან მათ არ იციან, ბოროტს რომ სჩადიან. ნუ იჩქარებ შენი ბაგით და შენი გული ნუ ისწრაფებს სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი მიწაზე ხარ. ამის გამო იყოს შენი სიტყვები მცირე. როგორც სიზმარი მოდის ბევრი ამბებით, ასევე ბრიყვის ხმაში ისმის ბევრი სიტყვა. როდესაც აღთქმას აღუთქვამ ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მას არ უყვარს ბრიყვნი. რაც აღუთქვი, შეასრულე. სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო. ნუ მისცემ ნებას შენს ბაგეთ ცოდვაში შეიყვანონ შენი ხორცი და ნუ იტყვი ანგელოზთა წინაშე, რომ „შეცდომაა ეს!“ რატომ განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და აზიანებდეს შენი ხელით ნაკეთებს? რადგან ოცნებათა და სიტყვათა სიმრავლეში ბევრი ამაოებაა. მაგრამ შენ გეშინოდეს ღვთისა. თუ ღატაკთა ჩაგვრას, სიმართლისა და სამართლიანობის მოტაცებას იხილავ ოლქში, ნუ გაიკვირვებ ამას, რადგან მაღალზე მაღალი ზედამხედველობს და მათზე კი – უმაღლესი. სარგებელი მიწისაგან ყველასათვისაა, დამუშავებული მინდორი მეფისათვისაა. ვერცხლის მოყვარული ვერ გაძღება ვერცხლით, და ვისაც სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება მით. ესეც ამაოებაა. რაც უფრო მეტია კარგი რამ, მით უფრო მეტია მჭამელი. მის პატრონს კი რა სარგებელი აქვს, თავისი თვალებით ცქერის გარდა? ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს, მაგრამ სიმაძღრე მდიდარს არ ანებებს ძილს. ავი სატკივარი ვიხილე მზის ქვეშ: სიმდიდრე, თავისი პატრონის მიერ შენახული – მისდა საუბედუროდ. და იღუპება ის სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო. და შვა მან ძე, ხელთ კი არაფერი აქვს. როგორც გამოვიდა თავისი დედის მუცლიდან შიშველი, ისე წავა, და არაფერს მიიღებს თავისი შრომის საზღაურად, რომ წაიღოს ხელით. და ესეც ავი სატკივარია: როგორც მოვიდა, ისე წავა. და რა სარგებელი აქვს მას, რომ ქარისათვის შრომობს? მთელი თავისი დღეები ბნელში მოჭამა. ბევრს წუხდა, ავადობდა და ბრაზობდა. აჰა, სად დავინახე სიკეთე: რომ ჭამოს და სვას კაცმა და ნახოს სიკეთე მთელი თავისი ნაშრომიდან, როდესაც შრომობს მზის ქვეშ თავისი სიცოცხლის იმ დათვლილ დღეებში, რომელიც მას მისცა ღმერთმა. რადგან ეს არის მისი ხვედრი. თუ ადამიანს ღმერთმა მისცა სიმდიდრე და ქონება, რომ ისარგებლოს მით და მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი შრომით – ეს ღმერთის საჩუქარია. რადგან დიდხანს არ ემახსოვრება მას თავისი სიცოცხლის დღეები, რადგან ღმერთი პასუხობს მას მისი გულის სიხარულით. არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზის ქვეშ და გვხვდება ადამიანთა შორის: ზოგიერთ კაცს ღმერთი აძლევს სიმდიდრეს და ქონებას და პატივს და არაფერს არ აკლებს მის სულს ყოველივედან, რასაც ისურვებს, მაგრამ ღმერთი მას არ აძლევს ძალას, რომ ისარგებლოს ყველაფრით ამით. ეს ამაოება და ავი სატკივარია. თუ კაცმა შვა ასი შვილი და მრავალ წელს იცოცხლა, რა ბევრიც არ უნდა იყოს, თუ მისი სული სიკეთით არ გამძღარა და საფლავიც არ ეღირსა, მე ვიტყვი: „დაუბადებელიც მასზე ბედნიერია! რადგან ამაოებაში მოვიდა და ბნელში წავა და ბნელში დაიფარება მისი სახელი. მზე არც უნახავს და არც გაუგია. ამას მეტი შვება აქვს, ვიდრე იმას. და ათასი წელიც რომ ეცხოვრა ორჯერ და სიკეთე არ ეხილა, განა ყოველივე ერთ ადგილას არ მიდის?“ ადამიანის მთელი შრომა მისი პირისთვისაა, მაგრამ სული არ ივსება. რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს ბრიყვის წინაშე? და რა – ღარიბს, რომელმაც იცის ცოცხალთა წინ სიარული? სჯობს თვალით ნანახი სულის ნაოცნებარს. ესეც ამაოება და ქარის დევნაა. რაც იყო, მას უკვე ეწოდა სახელი და ცნობილია, რა არის ადამიანი, რადგან ვერ შეძლებს თავისზე ძლიერთან დავას. მართლაც არსებობს ბევრი საგანი, რომელიც ამრავლებს ამაოებას. რა სარგებელი აქვს ადამიანს? რადგან ვინ იცის, რა არის კარგი ადამიანისათვის ცხოვრებაში, მისი ამაო ცხოვრების დათვლილ დღეებში, რომელთაც ის ატარებს ჩრდილივით? და ვინ ეტყვის ადამიანს, რა იქნება მის შემდეგ მზის ქვეშ? კარგი სახელი სჯობს კარგ ნელსაცხებელს და სჯობს გლოვის სახლში მისვლა ლხინის სახლში მისვლას, რადგან ეს არის ყოველი ადამიანის ბოლო, და ცოცხალმა დაიდოს გულთან. სჯობს მწუხარება სიცილს, რადგან სახის დაღვრემილობისას უკეთესდება გული. ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული – მხიარულების სახლში. სჯობს ბრძენის მიერ საყვედურის მსმენელი კაცს, რომელიც ბრიყვის ქებას ისმენს. რადგან როგორც ხმა ეკლების ტკაცუნისა ქვაბის ქვეშ, ისეა ბრიყვის სიცილი. და ესეც ამაოებაა. რადგან ჩაგვრისას ბრძენი კარგავს გონებას, ხოლო საჩუქარი აფუჭებს გულს. სჯობს საქმის ბოლო მის დასაწყისს, სჯობს სულგრძელობა – ქედმაღლობას. ნუ იჩქარებ შენს სულში გაბრაზებას, რადგან სიბრაზე ბრიყვთა უბეში განისვენებს. ნუ იკითხავ: „რატომ არის, რადგან სიბრძნით არ კითხულობ ამას. კარგია სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად და მათთვის, ვინც ხედავს მზეს. რადგან სიბრძნე ჩრდილშია, ვერცხლი ჩრდილშია, ხოლო ცოდნის უპირატესობა ის არის, რომ სიბრძნე აცოცხლებს თავის პატრონს. შეხედე ღვთის მოქმედებას, რადგან ვინ შეძლებს იმის გასწორებას, რაც მან გაამრუდა? სიკეთის დღეს კარგად იყავი და უბედურების დღეს განჭვრიტე – ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ ვერაფერი ვერ ჰპოვოს ადამიანმა თავის შემდგომ. ეს ყველაფერი მინახავს მე დღეებში ჩემი ამაოებისა: მართალი დაღუპულა თავის სიმართლეში და უკეთური დღეგრძელი ყოფილა თავის სიბოროტეში. ნუ იქნები დიდად მართალი და ნუ დაბრძენდები მეტისმეტად – რად უნდა იყო შეწუხებული? ნუ შესცოდავ დიდად და ნუ იქნები სულელი – რად უნდა მოკვდე უდროოდ? კარგია, თუ ამას ჩაეჭიდები და არც იმას გაუშვებ ხელს, რადგან უფლის მოშიში აგვარებს ყოველივე ამას. სიბრძნე გააძლიერებს ბრძენს ათ ხელისუფალზე მეტად, ქალაქში რომ არიან. ნამდვილად არ არის ქვეყანაზე მართალი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიკეთეს სჩადის და არ სცოდავს. ყველა სიტყვას, რასაც იტყვიან, ნუ მიაქცევ ყურადღებას, რათა არ მოისმინო, შენი მონა რომ გწყევლის. რადგან შენმა გულმა იცის, რომ შენც სწყევლიდი სხვებს. ყოველივე ეს გამოვცადე მე სიბრძნით და ვთქვი: „დავბრძენდები“, მაგრამ ეს შორსაა ჩემგან. ის რაც შორსაა და ძალიან ღრმაა, ვინ ჰპოვებს მას? მოვაბრუნე ჩემი გული, რომ ვისწავლო და ვიკვლიო, და გამოვიძიო სიბრძნე და გამჭრიახობა, რათა შევიცნო უკეთურების სიბრიყვე და შეშლილობის სისულელე. და ვპოვე მე, რომ სიკვდილზე მწარეა ქალი, რადგან ის ხაფანგია, მისი გული – ბადე და მისი ხელები – ბორკილები. უფლის წინაშე კეთილი დაუსხლტება მას, ხოლო ცოდვილი გაებმება მასში. „აი, ეს ვპოვე მე!“ თქვა ეკლესიასტემ, „ერთი მეორეს მივაბი, რათა მეპოვნა ახსნა, რასაც ჩემი სული კვლავ ეძებს, მაგრამ ვერ ვპოვე. ერთი კაცი ვიპოვე ათასში, ხოლო ქალი ყველა მათ შორის ვერ ვიპოვე. და აჰა, მხოლოდ ეს ვპოვე მე: რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი პატიოსნად, მათ კი წამოიწყეს ბევრი ხრიკები!“ ვინაა მსგავსი ბრძენისა და ვინ შეიცნობს საგანთა არსს? ადამიანის სიბრძნე ანათებს მის სახეს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს. „დაიცავი-მეთქი მეფის ბრძანება ღვთისადმი ფიცის გამო. ნუ იჩქარებ მისგან წასვლას, ნუ დადგები ბოროტ საქმეში, რადგან რასაც ის მოისურვებს, გააკეთებს.“ ვინაიდან მეფის სიტყვა ხელმწიფებაა და ვინ ეტყვის მას: „რას აკეთებ?“ მცნების დამცველმა არ იცის ბოროტი საქმე, ჟამი და სამართალი კი იცის ბრძენის გულმა. რადგან ყოველ საქმეს თავისი ჟამი და წესი აქვს, მაგრამ ადამიანს მძიმედ აწევს უბედურება. რადგან არავინ იცის, რაც იქნება, რადგან როგორ მოხდება, ვინ ეტყვის მას? ადამიანი არაა ქარის ხელისუფალი, რომ დააკავოს ქარი, და ხელმწიფება არ არის სიკვდილის დღეზე, და მოციქულობა არ არის ომში და უკეთურება ვერ გადაარჩენს თავის პატრონს. ყოველივე ეს ვიხილე და ჩემი გული დავუდე ყოველ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება, როდესაც ადამიანი ბატონობს ადამიანზე მის საბოროტოდ. და ამასთან ვიხილე მე დამარხული უკეთურნიც, და წმიდა ადგილიდან მოდიოდნენ და მიდიოდნენ, და დავიწყებას მიეცნენ ქალაქში, სადაც ასე იქცეოდნენ. ესეც ამაოებაა. სადაც სწრაფად არ ისჯება ბოროტი, ადამიანის გული ბოროტებით ივსება. თუმცა ცოდვილი ასჯერ ჩაიდენს ბოროტებას, ღმერთი დიდხანს უთმენს მას. სიკეთე ექნებათ ღვთის მოშიშთ, ვინაიდან მოიშიშებენ მის წინაშე. სიკეთე არ ექნება უკეთურს და ჩრდილივით ხანმოკლე იქნება მისი დღეები, ვინაიდან არ მოიშიშებს ღვთის წინაშე. არის ამაოება, რომელიც ხდება მიწაზე: არიან მართალნი, რომელთაც მიეზღვებათ უკეთურთა მოქმედებისამებრ და არიან უკეთურნი, რომელთაც მიეზღვებათ მართალთა მოქმედებისამებრ. მე ვთქვი, რომ ესეც ამაოებაა. და ვაქე მე სიხარული, რადგან არაფერია უკეთესი ადამიანისათვის მზის ქვეშ, ვიდრე ჭამა და სმა და მხიარულება. და ეს თან ახლავს მას შრომაში მთელი სიცოცხლე, რომელიც მისცა მას ღმერთმა მზის ქვეშ. და როდესაც დავუდე გული, რომ შემეცნო სიბრძნე და მეხილა ის საქმე, რომელიც მიწაზე ხდება, რისთვისაც ვერც დღისით და ვერც ღამით თვალით ვერ ხედავს ძილს, ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს მისწვდეს საქმეს, რომელიც მზის ქვეშ ხდება: რამდენიც არ უნდა ეცადოს ადამიანმა, ვერ მისწვდება. და კიდევაც რომ იფიქროს ბრძენმა, რომ იცის, ვერ შეძლებს მიწვდომას. ყოველივე ეს ჩავიდე ჩემს გულში, რათა გამომერკვია, რომ მართალნი და ბრძენნი და მათი საქმენი ღმერთის ხელთაა. არც სიყვარული და არც სიძულვილი არ იცის ადამიანმა – ყოველივე ეს მის წინაშეა. ერთი და იგივე მოსდის ყველას: ერთი ხვედრი აქვს მართალსა და უკეთურს, კეთილს, სპეტაკსა და მანკიერს, მსხვერპლის შემწირველს და იმას, ვინც მსხვერპლს არ სწირავს, როგორც პატიოსანს, ისე ცოდვილს, მოფიცარსა თუ ფიცის მოშიშს. აი, რა არის ცუდი ყოველივეში, რაც მზის ქვეშ ხდება, რომ ერთი ხვედრი აქვს ყველას, და ადამიანის ძეთა გულიც სავსეა ბოროტებით, და სისულელეა მათ გულებში მათ სიცოცხლეში. ამის შემდეგ კი მკვდრებისაკენ წავლენ. რადგან მას, ვინც სიცოცხლის თანაზიარია, აქვს იმედი, რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომსა სჯობია. რადგან ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, ხოლო მკვდრებმა არაფერი არ იციან და არა აქვთ მეტად საზღაური, რადგან დავიწყებულია მათი ხსენება. მათი სიყვარულიც, მათი სიძულვილიც, მათი შურიც უკვე გაქრა და მათ საუკუნოდ აღარა აქვთ წილი აღარაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება. წადი, სიხარულში ჭამე შენი პური და გულმხიარულად სვი შენი ღვინო, რადგან ღმერთმა უკვე მოიწონა შენი საქმენი. ყოველჟამს თეთრი იყოს შენი ტანსაცმელი და ნელსაცხებელი არ მოაკლდეს შენს თავს. განიცადე ცხოვრება ქალთან, რომელიც შენ გიყვარს მთელი შენი ამაო ცხოვრების დღეებში, რომელიც მოგცა შენ ღმერთმა მზის ქვეშ მთელ შენს ამაო დღეებში, რადგან ესაა ხვედრი შენი სიცოცხლესა და შრომაში, რასაც შენ შრომობ მზის ქვეშ. ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, შენი ძალისამებრ გააკეთე, რადგან არ არის საქმე და ჩანაფიქრი და ცოდნა და სიბრძნე შავეთში, სადაც შენ მიდიხარ. კიდევ ვიხილე მზის ქვეშ, რომ არც მკვირცხლებს აქვთ წარმატება სირბილში და არც მამაცებს – ომში, და არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ – სიმდიდრე და არც მცოდნეთ – მოწონება. მაგრამ ჟამი და შემთხვევა ელოდება მათ ყველას. რადგან არც ადამიანმა იცის თვისი ჟამი: მსგავსად თევზებისა, ჩაჭიდებულნი რომ არიან ბოროტ ბადეს და მსგავსად ფრინველებისა, გაბმულნი რომ არიან მახეში, მათსავით შეპყრობილ იქნებიან ადამის ძენიც უბედურების ჟამს, უცებ რომ დაატყდება მათ. კიდევ ასეთი სიბრძნე ვიხილე მზის ქვეშ და დიდია ის ჩემთვის: იყო პატარა ქალაქი და მცირე ხალხი მასში. და მოადგა მას დიდი მეფე და შემოარტყა მას დიდი ალყა. მაგრამ მოიძებნა მასში ღატაკი ბრძენი და მან გაადარჩინა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ კაციშვილს არ გაუხსენებია ეს ღატაკი კაცი. და ვთქვი მე: „სიბრძნე სჯობს სიმამაცეს.“ მაგრამ ღატაკის სიბრძნეც აბუჩადაა აგდებული და მის სიტყვებს არ ისმენენ. უფრო ისმის მშვიდად თქმული სიტყვანი ბრძენისა, ვიდრე ყვირილი ხელმწიფისა ბრიყვთა შორის. სჯობს სიბრძნე საბრძოლო იარაღს, მაგრამ ერთი ცოდვილი ღუპავს მრავალ კეთილს. მკვდარი ბუზი ამყრალებს, ადუღებს მენელსაცხებლის ზეთს. მცირე სიბრიყვე გადასწონის სიბრძნესა და ღირსებას. ბრძენის გული მარჯვნივაა მიმართული, ბრიყვის გული კი – მარცხნივ. და გზაზეც, რომლითაც ბრიყვი მიდის, გულისყური აკლია მას და თითქოს ყველას ეუბნება, რომ სულელია. თუ ბატონის რისხვა აენთება შენზე, ნუ მიატოვებ შენს ადგილს, რადგან სიმშვიდე ფარავს დიდ ცოდვებს. არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზის ქვეშ, როგორც შეცდომა, რომელიც გამოდის ხელმწიფისაგან: სიბრიყვე მოთავსდა დიდ სიმაღლეებში, მდიდარნი კი მდაბლად სხედან. ვიხილე მონები ცხენებზე, მთავარნი კი მონებივით მავალნი მიწაზე. ორმოს ამომთხრელი მასში ჩავარდება, ზღუდის გამანგრეველს კი გველი უკბენს. ქვების მომპოვებელი მათგან დაზიანდება, ხეთა გამპობს მათგან აქვს საფრთხე. თუ ცული დაბლაგვდა და პატრონმა არ გაულესა პირი, მაშინ ძალა უნდა მოიკრიფოს. უპირატესობა სიბრძნისა წარმატებაშია. თუ უკბენს გველი თილისმის შელოცვამდე, შემლოცავს არა აქვს უპირატესობა. სიტყვანი ბრძენი პირისა მოსაწონია, ბრიყვის ბაგენი კი მასვე გადაყლაპავენ. მისი პირის ნათქვამის დასაწყისი სიბრიყვეა, მისი პირის დასასრული კი – ავი სიბრიყვე. ბრიყვი გაამრავლებს სიტყვებს, ადამიანმა არ იცის რა იქნება, და მის შემდეგ რა იქნება, ვინ ეტყვის მას? ბრიყვთა შრომა ქანცავს მას, ვინც არც კი იცის, ქალაქის გზა. ვაი შენ, ქვეყანავ, მეფედ ყრმა რომ გყავს, შენი მთავარნი კი დილიდანვე ჭამენ. ნეტარება შენ, ქვეყანავ, რომ შენი მეფე დიდებულთა ძეა, ხოლო შენი მთავრები თავის დროზე ჭამენ ძალ-ღონის მოსაკრებად და არა სათრობად. სიზარმაცის გამო ჭერი ჩამოიწევს და ხელების დაკრეფით სახლში წვეთავს. გასართობად აწყობენ სერობას, და ღვინო ამხიარულებს ცხოვრებას, ვერცხლი კი ყველაფერს პასუხობს. შენს ფიქრებშიც კი ნუ დასწყევლი მეფეს, და შენს საწოლ ოთახში ნუ დასწყევლი მდიდარს, რადგან ცის ფრინველი მიუტანს ამ ამბავს და ფრთოსანი მოუთხრობს შენს სიტყვას. გაატანე შენი პური წყალს, რადგან მრავალი დღის შემდეგ ჰპოვებ მას. მიეცი ნაწილი შვიდსა და რვასაც, რადგან არ იცი, რა უბედურება მოხდება ქვეყანაზე. როდესაც ღრუბლები ივსებიან, წვიმას ღვრიან მიწაზე. თუ ხე ვარდება მიწაზე, სამხრეთით იქნება თუ ჩრდილოეთით, სადაც დაეცემა, იქვე დარჩება. ქარის მომზირალი ვერ დათესავს და ღრუბლების დამკვირვებელი ვერ მოიმკის. როგორც არ იცი ქარის გზა და როგორ წარმოიქმნება ძვალნი ორსულის მუცელში, ისე ვერ შეიცნობ საქმეს ღვთისას, რომელიც ყოველივეს იქმს. დილით დათესე შენი თესლი და საღამოს ნუ დაასვენებ შენს ხელს, რადგან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას: ეს თუ ის, თუ ორივე თანაბრად კარგია. ტკბილია სინათლე და სასიკეთოა თვალისათვის მზის ხილვა. თუნდაც მრავალ წელს იცოცხლოს ადამიანმა, გაიხაროს ყოველი წლით და ახსოვდეს სიბნელის დღენი, რადგან მრავალი იქნება. და ყველაფერი, რაც მოვა, ამაოება იქნება. გაიხარე, ჭაბუკო, შენს ბავშვობაში და გაგამხიარულოს შენ გულმა შენმა ჭაბუკობის დღეებში. და იარე შენი გულის გზების მიხედვით და შენს თვალთა ხედვით. მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამის გამო ღმერთი მიგიყვანს სამსჯავროზე. მოიშორე მწუხარება შენი გულიდან და მოიცილე ცუდი შენი ხორციდან, რადგან ბავშვობა და სიჭაბუკე ამაოებაა. გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში, სანამ არ მოსულა ავი დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: „არა მწადიან ისინი!“ სანამ არ დაბნელებულა მზე და სინათლე და მთვარე და ვარსკვლავნი და ღრუბელნი არ მოჰყოლიან წვიმას, იმ დღეს, როდესაც აკანკალდებიან სახლის მცველნი და მოიხრებიან ძლიერი კაცები და შეწყვეტენ ფქვას დამფქველნი, რადგან შემცირდებიან, და დაიბინდებიან სარკმელში მჭვრეტელნი, და დაიკეტებიან კარნი უბანში, როდესაც მიწყდება წისქვილის ხმა, და ადგებიან ჩიტის ხმაზე და მიყუჩდებიან გალობის ასულნი, და სიმაღლისაც შეეშინდებათ, გზაზე კი შიში შეიპყრობთ, დაიკვირტება ნუში, დამძიმდება კუტკალია, დაირღვევა კაპარი, რადგან მიდის ადამიანი თავის მარადიულ სახლში, მოტირალნი კი უბანში ტრიალებენ, – სანამ არ გამწყდარა ვერცხლის საბელი, არ დამსხვრეულა ოქროს ფიალა, არ გატეხილა დოქი წყაროზე და ჭაში არ ჩამსხვრეულა ბორბალი. მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი. „ამაოებათა ამაოება“, – თქვა ეკლესიასტემ, – „ყოველივე ამაოებაა!“ იმის გარდა, რომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც ასწავლიდა. აწონა, გამოიკვლია და შეთხზა ბევრი იგავი. ცდილობდა ეკლესიასტე, ეპოვნა სასურველი სიტყვები და სარწმუნოდ არის დაწერილი მისგან ჭეშმარიტი სიტყვები. ბრძენთა სიტყვანი დეზებივითაა, ჩაჭედილი ლურსმნებივითაა კრებულთა გამონათქვამები – ყველანი ერთი მწყემსისაგან არის მოცემული. და უფრო მეტიც, ჩემო შვილო, გაფრთხილდი: ბევრი წიგნების წერას არა აქვს ბოლო და ბევრი ფიქრი ასუსტებს ხორცს. და მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი. რადგან ყველა საქმეს ღმერთი მიიტანს სამსჯავროზე, ყოველივე დაფარულს – კარგი იქნება თუ ცუდი. ქებათა ქება სოლომონისა. „მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი! სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი, და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს. თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში.“ „ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!“ „შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი. ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ, დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი. მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო, სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღისას, რისთვის ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?“ „თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა ბინების შორიახლო აძოვე შენი თიკნები. ჩემს ულაყს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო! მშვენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი, და ყელი – ყელსაბამით მორთული.“ „ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულებს.“ „ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი. მურის ჭურჭელი – საყვარელი ჩემი ჩემთანაა, ჩემს ძუძუთა შორის განისვენებს. ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი საყვარელი ენგადის ვენახებში.“ „აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.“ „აჰა, მშვენიერი ხარ, საყვარელო ჩემო, და სანატრელი! რა მწვანეა ჩვენი სარეცელი! კოჭები ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი – კვიპაროსის.“ „მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი.“ „როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!“ „როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას. შემიყვანა მან ღვინის სახლში და ალამი მისი ჩემს ზემოთ სიყვარულია. გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან. ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მისი მარჯვენა მეხვეოდეს!“ „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ. არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.“ „აჰა, გაისმის ხმა ჩემი საყვარელისა. აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე. ვამსგავსე საყვარელი ჩემი ნიამორის ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენი ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის. მომიგებს საყვარელი ჩემი და მეტყვის: ‘ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!’ რადგან, აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ღვარებისა გარდახდა, თავისთვის წავიდა. ყვავილები დაჩდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში. ლეღვმა გამოიღო თვისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს, ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!’“ „შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი მშვენიერი.“ „დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი.“ „ჩემი საყვარელი ჩემია ის მწყესავს შროშანთა შორის! ვიდრეღა სუნთქავს დღე მობრუნდი, ემსგავსე, საყვარელო ჩემო ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულს!“ „ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. ავდგები-მეთქი და მოვივლი ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი – ‘ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?’ ცოტას გავშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული. დავიჭირე და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევიყვანე დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.“ „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!“ ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურითა და გუნდრუკით კმეული და მენელსაცხებელთა ყოველი სურნელით? აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა. თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეებში შიშით. ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან. სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა, საიდაყვენი – ოქროსგან, საყდარი – მეწამული ქსოვილისგან, შიგნიდან სიყვარულით მოჰქარგეს იერუსალიმის ასულებმა. გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.“ „აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენი პირბადის ქვეშ; შენი თმა არვეა თხათა, გილყადის მთიდან დაშვებული. შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუპ-ტყუპად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის. შენი ბაგეები ძოწის ძაფივითაა, და შენი პირი – საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ. შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყველა ფარი. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის. ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე. ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და ბიწი არ არის შენში! წამო, ლიბანიდან სასძლოვ! წამოდი ამანას მწვერვალით, შენირისა და ხერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხვთა მთებიდან. შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სასძლოვ, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით! რა საამურია შენი ალერსი, სასძლოვ, დაო, ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი! გოლი მოსწვეთავს შენს ბაგეებს, სასძლოვ! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია! ბაღი ხარ დახშული, სასძლოვ, დაო ჩემო, ჭა – დაგმანული, წყარო – დაბეჭდილი. შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით – ქოფერით და ნარდიონით, ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით. წალკოტთა წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი.“ „აღდექ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ჩემს წალკოტს, იფრქვეოდეს მისი სურნელებანი! მოვიდეს თავის წალკოტში საყვარელი ჩემი და იგემოს მისი რჩეული ხილი!“ „ჩავედი ჩემს ბაღში, სასძლოვ, დაო ჩემო: მოვისთვლე მური და ჩემი სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრენით, საყვარელნო!“ „მე მძინავს, ჩემი გული კი მღვიძარეა. აჰა, მესმის ხმა ჩემი საყვარელისა, რომ რეკავს: ‘გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები – ღამის წვეთებმა.’ გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო? ჩემმა საყვარელმა შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული. ავდექი, რომ გამეღო ჩემი საყვარლისათვის; ხელებიდან წვეთავდა მური, თითებიდან ეწვეთებოდა მური კარის სახელურს. გავუღე კარი ჩემს საყვარელს, მაგრამ გაბრუნდა ჩემი საყვარელი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი; ვუხმობდი მას, არ მაგონებდა. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს. მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა. გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ საყვარელი ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან.“ „რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, უმჯობესო ასულთა შორის? რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, ასე რომ გვაფიცებ?“ „თეთრ-ყირმიზია საყვარელი ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული. თავი მისი ოქროა რჩეული, თმები მისი დახვეული, შავია ყორანივით. თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი. ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურით მწთოლვარენი. ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი სპილოსძვლის ჭურჭელია, საფირონით მოჭედილი. წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული. მისი პირისახე ლიბანის მსგავსია და დიდებულია, როგორც კედარი. მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი – ყოვლად სანატრელი. ეს არის საყვარელი ჩემი, ეს არის სატრფო ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!“ „სად წავიდა საყვარელი შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა საყვარელი შენი? მოვძებნით შენთან ერთად.“ „თავის წალკოტში ჩავიდა საყვარელი ჩემი, სურნელოვან კვლებში. წალკოტებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად. მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემია საყვარელი ჩემი, რომელიც მწყემსავს შროშანთა შორის.“ „მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი – იერუსალიმივით! საშინელი – ბაირაღებით მორთული ბანაკივით! მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები, თხათა არვეა, გილყადიდან დაშვებული. კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელით ამომავალი; თითოეული ტყუპ-ტყუპად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის. ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ. სამოცი დედოფალია, ოთხმოცი – ხარჭა, და ურიცხვი – ქალწული; ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი. ‘ვინ არის იგი ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი, როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?’ ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული. არ მეგონა, თუ გამიწევდა გული ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლებისკენ.“ „მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ!“ „რად უცქერდით სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხისაის? როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში, ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით. შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გარემოცული. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია, მაჩბივნი ნიამორისა. შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭესთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული. შენი თავი შენს ტანზე ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სამეფო ძოწეული, კავებით შეკრული. რა მშვენიერი ხარ, საყვარელო, შენი სიტკბოებით! შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი – ვაზის მტევნები. ვთქვი: ‘ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები;’ შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი – ვით ვაშლის სურნელი. შენი სასა ღვინოა კეთილი, ჩემი საყვარლისაკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი. მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემსკენ მოილტვის ისიც. მოდი, საყვარელო, ჩემო, გავიდეთ ველად, დაბა-სოფლებში ვათიოთ ღამე. ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლებიან ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი. სურნელებას დააფრქვევდნენ მანდრაგორები; ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ – ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, საყვარელო ჩემო.“ „ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუთა მწოველი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ. წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში შეგიყვანდი; შენ მასწავლიდი, მე კი სურნელოვან ღვინოს – ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი. მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!“ „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!“ „ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი საყვარლის მხარს დაყრდნობილი?“ „ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა. დამდევი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი. ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.“ „პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი? ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.“ „მე ზღუდე ვარ ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში. ჰქონდა ბაყალ-ხამონში ვენახი სოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი ვერცხლი მოჰქონდა ყურძნის სანაცვლოდ. ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, და ორასი – ნაყოფთა მცველების.“ „ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას – მასმინე მეცა!“ „გაიქეცი, საყვარელო ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს სურნელთა მთებზე.“ ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების – ყუზიაჰუს, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში: ისმინეთ ცანო და ყური დაუგდე, ქვეყანავ, „ძენი გავზარდე მე და აღვამაღლე, მათ კი მიმუხთლეს მე. ხარი იცნობს თავის მფლობელს და ვირი – ბაგას თავისი პატრონისას, ისრაელი კი არ მიცნობს მე, ჩემს ხალხს გაგება არა აქვს. ოი, შემცოდავო ერო, ხალხო დამძიმებულო ურჯულოებით, თესლო ბოროტმოქმედთა, დამღუპველო ძენო! დატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, უკან განდგნენ. რისთვის უნდა იცემოთ მეტად? უმატებთ განდგომას! თავი მთლიანად სნეულია და გული მთლიანად მტკივანი. ფეხის გულიდან თავამდე არაფერია მასში უვნებელი; ჭრილობა არ გამოწურულან ისინი, და არ შეხვეულა და არ დაამებულა მალამოთი. აოხრებულია თქვენი ქვეყანა, ცეცხლითაა გადამწვარი თქვენი ქალაქები, თქვენი მიწა – თქვენი თანდასწრებით უცხონი ჭამენ მის ნაყოფს და აოხრებულია, როგორც უცხოთა მიერ დამხობისას. და დარჩა სიონის ასული, როგორც კარავი ვენახში, როგორც ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი. უფალ ცაბაოთს რომ მცირე ნატამალი არ დაეტოვებინა ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით, გომორას დავემსგავსებოდით.“ ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ რჯულს ჩვენი ღმერთისას, გომორას ხალხო. „რად მინდა მე თქვენი მრავალი შესაწირავი?“ – ამბობს უფალი. – „გავძეხი მე სრულადდასაწველი ვერძებით და ქონით მსუქანი საქონლისა; და სისხლი მოზვერთა, ცხვრებისა და ვაცებისა არ მსურს მე. როდესაც მოდიხართ ჩემს წინაშე წარსადგომად, ვინ გთხოვთ ჩემი ეზოების გათელვას? არ მომიტანოთ მეტად ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი – სისაძაგლეა ის ჩემთვის, ახალმთვარობას და შაბათს, სადღესასწაულო შეკრებას ვერ ვიტან: ურჯულოება და დღესასწაული? თქვენი ახალმთვარობები ტვირთად მექცა ისინი, დავიღალე მათი ზიდვით. და როცა თქვენ გაიწვდენთ ხელებს, მე აგარიდებთ თვალს, და რამდენიც არ უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ. თქვენი ხელები სავსეა სისხლით. განიბანეთ, განიწმიდეთ, მოაშორეთ შეწყვიტეთ ბოროტება. ისწავლეთ სიკეთის ქმნა, ეძებეთ სამართალი; გაამაგრეთ ჩაგრული, სამართლიანად გაასამართლეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს. „მოდით და ვიკამათოთ,“ – ამბობს უფალი. – „ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა. თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ, მაგრამ თუ უარს იტყვით და ურჩობას გასწევთ, მახვილით მოისპობით!“ – რადგან უფლის პირმა წარმოთქვა ეს. როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სავსე იყო სამართლიანობით, სიმართლე განისვენებდა იქ, ახლა კი მკვლელები არიან! შენი ვერცხლი წიდად იქცა, შენი ღვინო წყალგარეულია. შენი მთავარნი განდგომილნი და ქურდთა მეგობარნი არიან; მათ ყველას ქრთამი უყვართ და საზღაურს ედევნებიან, ობოლს არ ასამართლებენ სამართლიანად და ქვრივის საქმე არ აღწევს მათთან. ამიტომაც არის სიტყვა უფალი ცაბაოთისა, ისრაელის ძლიერისა: „მე მოვისვენებ ჩემი დუშმანებისაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე. და მოვაბრუნებ ჩემს ხელს შენსკენ და როგორც ნაცარტუტით, გავწმენდ შენს წიდას და მოვაცილებ მთელ შენს კალას. და დავაბრუნებ შენს მსაჯულებს, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში იყო! ამის შემდეგ გეწოდება შენ სამართლიანობის ქალაქი, სარწმუნო დედაქალაქი.“ სიონი სამართლიანობით იქნება გამოსყიდული, ხოლო მისი მოქცეულნი – სიმართლით. და შემუსრვა ბოროტმოქმედთა და უფლის მიმტოვებელნი მოისპობიან. რადგან შერცხვებიან მუხნარების გამო, და შეგრცხვებათ ბაღებისა, რომლებიც თქვენ ამოირჩიეთ. რადგან იქნებით ფოთოლშემჭკნარ მუხასავით და ბაღივით, რომელშიც არაა წყალი. და ძლიერი ძენძად იქცევა, და მისი ნაკეთობა – ნაპერწკლად, და ორივე ერთად დაიწვება, და არავინ იქნება ჩამქრობი. სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდასა და იერუსალიმის შესახებ. და იქნება, უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის სახლისა, მთების სათავეში დადგინდება, და ამაღლდება ბორცვებზე, და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა ერი. და წავლენ მრავალი ხალხები და იტყვიან: „მოდით და ავიდეთ უფლის მთაზე იაკობის ღმერთის სახლში, და ის გვასწავლის ჩვენ თავის გზებს, და ვივლით მისი ბილიკებით.“ რადგან სიონიდან გამოვა რჯული, და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. და გაასამართლებს ის ერებს, და ამხილებს ის მრავალ ხალხებს; და გამოჭედავენ ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს – ნამგლებად; აღარ აღმართავს ერი ერზე მახვილს, და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას. სახლო იაკობისა, მოდით და ვიაროთ უფლის ნათელში! მაგრამ შენ მიატოვე შენი ხალხი, სახლი იაკობისა, რადგან გაივსნენ აღმოსავლეთიდან და მისნობენ ფილისტიმელთა და უცხოტომელთა მსგავსად; და უცხოტომელთა შვილებით კმაყოფილდებიან. და გაივსო მისი ქვეყანა ვერცხლითა და ოქროთი, და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურს; აივსო მათი ქვეყანა ცხენებით, და ბოლო არა აქვს მის ეტლებს. და გაივსო მისი ქვეყანა კერპებით, თავიანთი ხელის ნაკეთებს სცემენ თაყვანს, იმას, რაც მათმა თითებმა გააკეთეს. და დამდაბლდა ადამიანი და დამცირდა კაცი; და შენ ნუ შეუნდობ მათ. შეასწარ კლდეში და დაიმალე მიწაში უფლის შიშისაგან და მისი დიდებულების ბრწყინვალებისაგან. ადამიანის თვალთა ქედმაღლობა დამცირდება, და კაცთა ამპარტავნება დამდაბლდება, და მარტო უფალი განდიდდება იმ დღეს. რადგან უფალი ცაბაოთის დღე იქნება ყოველ ქედმაღალსა და ამპარტავანზე და ყოველ ამაღლებულზე. და დამცირდება ის; და ლიბანის ყველა მაღალ და აშოლტილ კედარზე, ბაშანის ყველა მუხაზე; და ყველა მაღალ მთაზე და ყველა ამაღლებულ ბორცვზე, და ყველა მაღალ კოშკზე და ყველა გამაგრებულ გალავანზე; და თარშიშის ყველა ხომალდზე და ყველა სასურველ ნივთზე. დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა, და დამცირდება კაცთა ამპარტავნება, და მარტო უფალი განდიდდება იმ დღეს. და კერპები მთლიანად გაქრებიან. და ადამიანები ჩაძვრებიან კლდეთა გამოქვაბულებში და მიწის ხვრელებში უფლის შიშისაგან და მისი დიდებულების ბრწყინვალებისაგან, როდესაც ის აღდგება ქვეყნის მოსასპობად. იმ დღეს გადაყრის ადამიანი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც გაიკეთა მან თხუნელებისა და ღამურების თაყვანის საცემად. და ჩაიმალებიან მთის ბზარებში და კლდეთა ნაპრალებში უფლის შიშისაგან და მისი დიდებულების ბრწყინვალებისაგან, როცა ის აღდგება ქვეყნის მოსასპობად. ნუ მიენდობით ადამიანს, რომლის სუნთქვაც მის ნესტოებშია, რადგან რამდენად შეფასდება იგი? რადგან აჰა, უფალი ცაბაოთი აცლის იერუსალიმსა და იუდას საყრდენს და დასაყრდენს, ყოველგვარ პურის საყრდენსა და ყოველგვარ წყლის საყრდენს, მამაცსა და მებრძოლს, მსაჯულსა და ჯადოსანსა და უხუცესს, ერგასისთავსა და წარჩინებულს, მრჩეველსა და დახელოვნებულ ხუროთმოძღვარს, და გამოცდილ ჯადოქარს. და დავაყენებ ყმაწვილთ მათ მთავრებად და ჩვილნი იმთავრებენ მათზე. და შეავიწროებს ხალხი ერთმანეთს, და თითოეული თავის მოყვასს. გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბალი – პატივცემულს. როცა ჩაეჭიდება კაცი თავის ძმას „სამოსელი გაქვს, გახდი ჩვენი უფროსი და იყოს ეს ნგრევა შენს ხელქვეშ!“ უპასუხებს ის იმ დღეს ასე: „არ ვიქნები მე უფროსი, როცა ჩემს სახლში არც პურია და არც სამოსელი, ნუ დამაყენებთ მე ხალხის უფროსად!“ რადგან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი ენა და მათი მოქმედება უფლის წინააღმდეგაა, რომ განარისხონ თვალნი მისი დიდებისა. მათი სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ და თავიანთ ცოდვებს ამჟღავნებენ სოდომივით; არც ფარავენ; ვაი მათ სულებს! რადგან თავიანთ თავთ უზღავენ ბოროტს. აქებდეთ მართალს, რადგან კარგია, რადგან ნაყოფს თავიანთი მოქმედებისას შეჭამენ ისინი. ვაი ბიწიერ ბოროტმოქმედს, რადგან მიეზღვება მას მისი ხელების ნამოქმედარის მიხედვით. ჩემი ხალხია მისი შემავიწროვებელი, ჩვილნი და ქალნი მთავრობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღვარნი გაცთუნებენ შენ და ამრუდებენ ბილიკებს შენი გზისა. დგება უფალი შესაბრძოლებლად და დადგება ხალხთა განსასჯელად. უფალი სამსჯავროზე მოვა მისი ხალხის „თქვენ ააოხრეთ ვენახი და ღარიბების ნაძარცვი თქვენს სახლებშია. რატომ ავიწროებთ ჩემს ხალხსა და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ?“ სიტყვა უფლისა, უფალ ცაბაოთისა. და თქვა უფალმა: და დადიან ყელმოღერებულნი და თვალთა თამაშით, გამოდიან ცუნცულით და თავიანთ ფეხთა მოსართავთა ჟღარუნით, გაუქაჩლებს თხემს უფალი სიონის ასულთ; და გამოაჩენს უფალი მათ სიშიშვლეს.“ იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავთა ბრწყინვალებას და თმის ბადეებს და ნახევარმთვარეებს, საყურეებს, სამაჯურებსა და საბურველებს, თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებს და ბაფთებს, სურნელის კოლოფებს და თილისმებს, ბეჭდებსა და ცხვირის რგოლებს, მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს, გამჭვირვალეებს და ძვირფას ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს; და იქნება სუნამოს ნაცვლად ხრწნა, სარტყლის ნაცვლად – წყლული, ვარცხნის ნაცვლად – თავის სიქაჩლე, კოხტა სარტყლის ნაცვლად – ძაძის სარტყელი, სილამაზის ნაცვლად – დაღი. შენი ვაჟკაცნი მახვილით დაეცემიან და შენი მამაცები – ბრძოლაში. და იქვითინებენ და იგლოვებენ მისი ბჭენი; და გამოცარიელებული დაჯდება მიწაზე. და ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და: ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს სამოსელს ჩავიცვამთ, მხოლოდ გვეწოდოს შენი სახელი, ჩამოგვაცილე ჩვენი შერცხვენა.“ იმ დღეს უფლის ყლორტი იქნება მშვენებად და დიდებად, და მიწის ნაყოფი – სიდიადედ ისრაელის გადარჩენილთათვის. და იქნება: სიონში ნატამალი და იერუსალიმში დარჩენილი – წმიდად იქნება ის წოდებული; ყველა, ვინც კი ჩაწერილია სიცოცხლისათვის იერუსალიმში. როცა ჩამორეცხავს უფალი სიონის ასულთ სისაძაგლეს და იერუსალიმს სისხლს მოჰბანს მის შიგნით სამსჯავროს სულით და გადაბუგვის სულით, და შექმნის უფალი სიონის მთის ყველა ადგილზე და მის შესაკრებელზე ღრუბელს და კვამლს დღისით და აელვარებული ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან მთელ დიდებაზე იქნება გავალაკი. და კარავი იქნება მათ საჩრდილობლად დღისით პაპანაქებისაგან, და თავშესაფრად და დასაცავად ღვართქაფისა და წვიმისაგან. ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს ჩემი სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს შეყვარებულს ნაყოფიერ გორაკზე. და მოხნა იგი და გაასუფთავა ქვებისაგან, და ჩაყარა რჩეული ვაზი, და ააგო კოშკი მის შუაგულში, და საწნახელიც ამოკვეთა მასში, და ესავდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ მოისხა მან ველური ნაყოფი. „და ახლა, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცნო, გთხოვთ განმსაჯოთ მე: რა უნდა გამეკეთებინა მეტი რატომ ვესავდი, რომ ყურძენს მოისხამდა იგი, და ახლა კი გაუწყებთ თქვენ, შემოვაცლი მას კაწანს და იქნება საძოვრად, შემოვაცლი მას ღობეს და იქნება გასათელად. და უკაცრიელად ვაქცევ მას, და არ გაისხლება და არ გაიმარგლება; და გაიზრდება ის ნარ-ეკლად და ღრუბლებს ვუბრძანებ არ აწვიმონ მასზე წვიმა.“ რადგან უფალ ცაბაოთის ვენახი ისრაელის სახლია, და იუდას კაცი ნერგია მისი სიამისა; და ესავდა ის სამართალს და აჰა – ძალადობა! ესავდა სიმართლეს და აჰა – ღაღადი! ვაი სახლზე სახლის მიმმატებელს ისე, რომ საწყალს არ რჩება ადგილი და მარტო თქვენ იცხოვრებთ დედამიწის ზურგზე. ჩემს გასაგონად თქვა უფალმა ცაბაოთმა: „მართლაც ბევრი სახლი გაუდაბურდება, დიდები და კარგები – მცხოვრებთა გარეშე. „რადგან ათუღელის ვენახი და ხომერი თესლი ეფას გამოიღებს.“ ვაი დილაადრიან ამდგართ, რომელნიც სასმელს მისდევენ და გვიან ღამემდე უსხედან – ღვინო აღაგზნებს მათ. და ქნარი და ებანი, დაფი და სტვირი, და უფლის საქმეს არ უყურებენ, და მის ხელთა ქმნილებას ვერ ხედავენ. ამიტომ განიდევნება ჩემი ხალხი უგონობის გამო და მისი ღირსეულნი შიმშილით დაიხოცებიან, და მისი ბრბო კი – წყურვილით. ამიტომ გააფართოვა შავეთმა თავისი ყელი და იქ ჩავა მისი ბრწყინვალება და მისი ხმაურიანი და ხალისიანი ბრბო. და დამდაბლდება ადამიანი და ქედმაღალთა თვალები დაიხრება. და განდიდდება უფალი ცაბაოთი სამართლით, და წმიდა ღმერთი განიწმიდება სიმართლით. და დაიმწყემსება ცხვარი, როგორც თავის საძოვარზე, და მდიდართა ნარჩენებს მწირნი შეჭამენ. ვაი, ურმის ღვედებივით, ურჯულოებისა და ცოდვის მიმზიდველთ, რომელნიც ამბობენ: და მოახლოვდეს, და მოვიდეს რჩევა ისრაელის წმიდისა და გვეცოდინება!“ ვაი მათ, რომელნიც ავს კარგს უწოდებენ სიბნელეს სინათლედ თვლიან და სინათლეს – სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლიან და ტკბილს – მწარედ. ვაი მათ, რომელნიც ბრძენნი არიან საკუთარ თვალში და გონიერნი – თავის წინაშე. ვაი ღვინის სმაში ვაჟკაცთ და მის ჩამოსხმაში მამაცთ; ქრთამით დამნაშავის გამმართლებელთ და მართალთაგან მისი სიმართლის წამრთმევთ. ამიტომ, როგორც ბზეს შეჭამს ცეცხლის ენა და თივა დაიფერფლება ალში, მათი ფესვი ხრწნასავით იქცევა და მათი ყვავილი მტვერივით აიყრება, რადგან უკუაგდეს უფალ ცაბაოთის რჯული და ისრაელის წმიდის ნათქვამი მოიძულეს. ამის გამო აენთება უფლის რისხვა მის ხალხზე, და გაიწვდენს ის თავის ხელს მასზე და დასცემს მას. და შედრკებიან მთები; მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი ისევ იქნება მოღერებული. და ის ნიშანს აუწევს ერებს შორიდან და დაუსტვენს მას ქვეყნის კიდიდან; და სწრაფად, მსუბუქად მოვა. და არ ეყოლებათ მათ არც დაღლილი და არც დაქანცული, არც ჩასთვლემენ და არც ჩაიძინებენ. და არ გაიხსნება მათი წელზე შემოსარტყმელი, და არ გაწყდება მათი ფეხსაცმლის თასმა. მათი ისრები დალესილია და მათი ყველა მშვილდი დაჭიმულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟის მსგავსია და მათი ბორბლები გრიგალივითაა. მათი ღრიალი ლომის ღრიალივითაა და დაიღმუვლებენ ისინი და დაიტაცებენ ნადავლს, და წაათრევს და არავინ იქნება გადამრჩენელი. და დაიღმუვლებენ მასზე იმ დღეს ზღვის ღმუილით. და ვინც შეხედავს ქვეყანას, დაინახავს სიბნელეს და უბედურებას; და სინათლეც დაბნელდება მის ბურუსში. მეფე ყუზიაჰუს სიკვდილის წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ და აღზევებულ ტახტზე და მისი კიდენი ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: ექვსი ფრთა ჰქონდა თითოეულს, ორით იფარავდა თავის სახეს და ორით იფარავდა თავის ფეხებს და ორით დაფრინავდა. და ეძახდა ერთი მეორეს ასე: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ცაბაოთი! სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით.“ და შეირხა ზღურბლთა წირთხლები დამძახებლის ხმისაგან და კვამლით აივსო სახლი. და ვთქვი: „ვაიმე! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ მე და ბაგეუწმიდურ ხალხს შორის ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი იხილეს მეუფე, უფალი ცაბაოთი.“ და მოფრინდა ჩემთან ერთი სერაფიმთაგან, მის ხელში კი ნაკვერცხალი იყო, რომელიც მარწუხით აიღო მან სამსხვერპლოდან. და შემახო ბაგეზე და თქვა: „აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეებს და ჩამოგცილდა შენი ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა.“ და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?“ და ვთქვი: „მე წარმგზავნე!“ და თქვა მან: „წადი და უთხარი ამ ხალხს: ‘სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხედვით დაინახავთ და ვერ მიხვდებით!’ გაასუქე ამ ხალხის გული და დაამძიმე მისი ყურები, და დაახუჭვინე მისი თვალი, რათა თვალებით ვერ იხილოს და ყურებით ვერ გაიგონოს, და მისმა გულმა ვერ გაიგოს, და არ შემობრუნდეს და არ განვკურნო.“ და ვთქვი მე: „როდემდე, უფალო?“ „მანამდე, ვიდრე არ დარჩება ქალაქები მცხოვრებთა გარეშე და სახლები – ადამიანთა გარეშე, და მიწა არ იქცევა უკაცრიელად, და მოაშორებს უფალი ადამიანებს და გამრავლდება ქვეყანაში მიტოვებული ადგილები. კიდევ დარჩება მასში მეათედი, ისევ დასაწვავი შეიქნება, როგორც ტერებინთო და როგორც მუხა, რომლის კუნძი რჩება, როცა მოჭრიან. ხალხის წმიდა თესლი იქნება მისი კუნძი.“ და იყო, იუდას მეფის ახაზის, ყუზიაჰუს ძის, იოთამის ძის დღეებში, აღდგნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახი, ისრაელის მეფე რემალიაჰუს ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვერ შეძლეს მისი დაპყრობა. და ეუწყა დავითის სახლს ასე: „არამი და ეფრემი მოკავშირენი გახდნენ.“ და შეირხა მისი გული და გული მისი ხალხისა, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან. და უთხრა უფალმა ესაიას: „გადი ახაზის შესახვედრად, შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ზემო აუზის არხთან, რომელიც მრეცხავთა ველის ბილიკზეა. და უთხარი მას: ‘შეინარჩუნე სიმშვიდე და ნუ დაფრთხება შენი გული ამ ორი აბოლებული მუგუზლის კუდისაგან – რეცინის და არამის და რემალიაჰუს ძის ანთებული რისხვისაგან. იმის გამო, რომ ბოროტი განიზრახა შენზე არამმა, ეფრემმა და რემალიაჰუს ძემ, როცა თქვეს: „ავიდეთ იუდაში და შევაშინოთ ის და გავანგრიოთ ჩვენთვის, და გავამეფოთ მასში მეფედ ტაბეალის ძე.“ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „არ შესრულდება და არ იქნება. რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი – რეცინი, და სამოცდახუთი წლის შემდეგ ეფრემი დაილეწება და აღარ იქნება ხალხი. ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი – რემალიაჰუს ძე. თუ თქვენ არ გწამთ, იმიტომ, რომ ურწმუნონი ხართ.’“ და გააგრძელა უფალმა ახაზთან ლაპარაკი: „მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს ნიშანი: ქვესკნელის სიღრმიდან ან მაღლა ციდან.“ და თქვა ახაზმა: „არ ვკითხავ და არ გამოვცდი უფალს.“ და თქვა ესაიამ: „ისმინეთ, დავითის სახლო, ცოტაა თქვენთვის ადამიანებს რომ აწუხებთ, ჩემი ღმერთის შეწუხებაც გინდათ? ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს (ჩვენთანაა ღმერთი)! ერბოს და თაფლს შეჭამს, სანამ ისწავლიდეს ბოროტის უარყოფას და კეთილის არჩევას. რადგან, ვიდრე ისწავლიდეს ყმაწვილი ბოროტის უარყოფას და კეთილის არჩევას, მიტოვებული იქნება ის მიწა, რომლის ორი მეფისაც შენ გეშინია. მოაწევს უფალი შენზე და შენს ხალხზე და შენი მამის სახლზე ისეთ დღეებს, როგორიც არ მოსულა იუდასგან ეფრემის განდგომის შემდეგ – მოაწევს აშურის მეფეს.“ და იქნება იმ დღეს: სტვენით მოუხმობს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა, და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია, და მოვლენ და დაიბუდებენ ყველანი ციცაბო ხევებში და კლდეთა ნაპრალებში და ყოველ ეკლიან ბუჩქზე და ყოველ ღელეზე. იმ დღეს გაპარსავს უფალი მდინარის გაღმიდან დაქირავებული სამართებლით – აშურის მეფის თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოაცილებს. და იქნება იმ დღეს: გამოკვებავს კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვარს. და იქნება: რძის სიჭარბისაგან შეჭამს ერბოს, რადგან ერბოსა და თაფლს შეჭამს ყველა ამ ქვეყანაზე დარჩენილი. და იქნება იმ დღეს: ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვაზი ათას ვერცხლად რომ ფასობდა, ნარი და ეკლიანი ბუჩქი იქნება. ისრით და მშვილდით მოვლენ იქ, რადგან ნარი და ეკლიანი ბუჩქი იქნება მთელი ქვეყანა. და არც ერთ მთაზე არ წახვალ, რადგან შეგეშინდება ნარის და ეკლიანი ბუჩქის; საძოვრად გაიყვანენ იქ ხარებს და წვრილფეხა საქონელი გათელავს მას. და მითხრა უფალმა: „აიღე შენთვის დიდი გრაგნილი და დაწერე მასზე ჩვეულებრივი ასოებით: მაჰერ შალალ ხაშ ბაზ (ისწრაფე ალაფობა, დააჩქარე ძარცვა!). „და ავიყვანე სარწმუნო მოწმენი: ურია მღვდელი და ზაქარია იებერექიაჰუს ძე.“ და დავუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს, და დაორსულდა და შვა ძე და მითხრა უფალმა: „უწოდე მას სახელად: ‘მაჰერ შალალ ხაშ ბაზ!’ რადგან, სანამ ყმაწვილი შეძლებს თქვას: ‘მამა’ და ‘დედა’, დამასკოს სიმდიდრესა და სამარიის ნადავლს წაიღებენ აშურის მეფის წინაშე.“ და გააგრძელა უფალმა ჩემთან ლაპარაკი: „იმის გამო, რომ ხალხმა მოიძულა და უხაროდათ რეცინი და რემალიაჰუს ძე, ამიტომ უფალი გადმოადენს მათზე – აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას, და აიწევს მისი ყველა კალაპოტიდან და გადმოვა მისი ყველა ნაპირიდან, და გაივლის იუდაში და წალეკავს და მისი ფრთების გაშლა მთელი შენი ქვეყნის სიგანისა იქნება, ემანუელ!“ აწიოკდით, ხალხებო, და შეძრწუნდით! ყური დაუგდეთ, ქვეყნის ყველა შორეულო მხარეებო! შემოისარტყლეთ და შეძრწუნდით! შემოისარტყლეთ და შეძრწუნდით! განიზრახეთ განზრახვა, მაგრამ დაირღვევა, თქვით სიტყვა, მაგრამ არ შესრულდება, რადგან ჩვენთანაა ღმერთი!“ რადგან ასე მითხრა უფალმა წინასწარმეტყველური ხელის ძალით და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით: „ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყოველივე იმას, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; და ნუ შეგეშინდებათ იმისი, რისიც მას ეშინია, და ნუ დაფრთხებით. უფალი ცაბაოთია, წმიდად რომ უნდა შერაცხოთ! და ისაა თქვენი შიში და ისაა თქვენი ზარი. და იქნება ის სიწმიდედ და დაბრკოლების ქვად და წინაღობის კლდედ ისრაელის ორივე ხალხისათვის; მახედ და ბადედ იერუსალიმის მცხოვრებთათვის. და წაბორძიკდებიან მათზე მრავალნი და დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან ბადეში და შეპყრობილ იქნებიან.“ შეკარი მოწმობა, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეთა შორის. და დაველოდები უფალს, რომელიც იფარავს თავის სახეს იაკობის სახლისაგან, და ვესავ მას. აი, მე და ბავშვები, რომლებიც მომცა მე უფალმა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში სიონის მთაზე დავანებულ უფალ ცაბაოთისაგან, თუ გეტყვიან: „გამოჰკითხეთ მკვდრის გამომძახებელთ და გრძნეულთ, მოჩურჩულეთ და მუცლით მეზღაპრეებს,“ განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ გამოჰკითხავს მკვდართა მეშვეობით ცოცხალთათვის? რჯულსა და მოწმობას ვფიცავ, რომ იტყვიან ისინი ისეთ სიტყვას, რომელსაც არა აქვს განთიადი. და გაივლის მასში გაჭირვებული და მშიერი და, როცა შიმშილი გატანჯავს, გამძვინვარდება, დასწყევლის თავის მეფეს და თავის ღმერთს და აიხედავს ზემოთ, და დახედავს მიწას და აჰა, უბედურება და სიბნელე, გაჭირვების წყვდიადი; და უკუნეთში განიდევნება. რადგან აღარ არის ბნელი მისთვის, ვინც შევიწროებულია. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულუნის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ისე უკანასკნელმა განადიდა ზღვის გზა იორდანეს გაღმა, წარმართთა გალილეა. ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი ნათელი; სიკვდილის აჩრდილის ქვეყნის მცხოვრებლებზე გაბრწყინდა იგი. შენ გაამრავლე ერი, გაუძლიერე მას მხიარულება, ისინი მხიარულებდნენ შენს წინაშე, როგორც მხირულობენ მოსავლის აღებისას, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას. რადგან უღელი მისი ტანჯვისა, არგანი მისი მხრებისა და შოლტი მისი მჩაგვრელისა შენ შემუსრე, როგორც მიდიანის დღეს. რადგან ყოველი ხმაურის გამომწვევი ფეხსაცმელი მეომრისა და სისხლში ამოსვრილი სამოსელი დასაწვავად იქნება გადაცემული, ცეცხლის შესაჭმელად. რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა. რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად, დავითის ტახტზე და მის სამეფოზე, რათა გაამყაროს და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან და უკუნისამდე. უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას. სიტყვა გაგზავნა უფალმა იაკობთან და ისრაელში ჩავარდა! და გაიგებს მთელი ხალხი, ეფრემი და სამარიის მცხოვრები, სიამაყითა და დიდგულობით რომ ამბობენ: „აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ. ნეკერჩხალი აიჩეხა და კედრებით შევცვლით მათ“. და გააძლიერებს უფალი მის წინააღმდეგ და მის მტრებს წააქეზებს: არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან, და შეჭამენ ისინი ისრაელს სიხარბით, მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, და მისი ხელი კვლავ მოღერებულია. ხალხი არ შებრუნდა მისი მცემელისაკენ, და უფალი ცაბაოთი არ მოიძია. წააცლის უფალი ერთ დღეს ისრაელს თავსა და კუდს, პალმის ფოთოლსა და ლელქაშს. უხუცესი და ღირსეული თავია და წინასწარმეტყველი, ცრუ მოძღვარი – კუდი. წინამძღოლნი ამ ხალხისა მაცთუნებელნი იქნებიან, და მათგან წაძღოლილნი დაიღუპებიან. ამის გამო მის ჭაბუკებზე არ გაიხარებს უფალი, და მის ობლებსა და მის ქვრივებს არ შეიწყალებს; რადგან ყველა პირფერი და ბოროტმოქმედია, და ყოველი ბაგე უწმაწურად მოლაპარაკეა; მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, და მისი ხელი კვლავ მოღერებულია. რადგან ცეცხლივით გიზგიზებს ბიწიერება, ნარ-ეკალს, კვრინჩხსა და მჩხვლეტავ ბუჩქნარსა ჭამს იგი, და ცეცხლს უკიდებს უღრან ტყეს და ამოდის კვამლის სვეტები. უფალ ცაბაოთის წყრომისაგან დაბნელდა ქვეყანა და ხალხი ცეცხლის შესაჭმელად იქცა. ადამიანები არ დაინდობენ ერთმანეთს. და მოჭრის მარჯვნივ და მშიერი იქნება, შეჭამს მარცხნივ და ვერ გაძღება. ყოველი თავის მკლავის ხორცს შეჭამს – მენაშე ეფრემს და ეფრემი მენაშეს, ორივე ერთად – იუდას წინააღმდეგ. მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ მოღერებულია. ვაი მათ, რომლებიც უსამართლო კანონებს გამოსცემენ, და შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებს წერენ, რათა გაამრუდონ ღატაკთა სამართალი და უფლება წაართვან ჩემი ხალხის ღარიბთ, რათა ქვრივნი მათი ნადავლი გახდნენ და ობოლნი გაძარცვონ. მაგრამ რას გააკეთებთ მოკითხვისა და დაღუპვის დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით შემწეობისათვის და სად დატოვებთ თქვენს ღირსებას? მხოლოდ მუხლს მოიყრიან ტყვეებივით ან დაეცემიან დახოცილთა შორის. მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ მოღერებულია. ოი, აშურო, კვერთხო ჩემი წყრომისა! არგანი მათ ხელში ჩემი მრისხანებაა! უღმრთო ხალხზე ვაგზავნი მას და ჩემი წყრომის ხალხზე ვუბრძანებ მას, რომ გაძარცვოს და წამოიღოს ნადავლი და დაყაროს გასათელად ქუჩების ტალახივით. მაგრამ ის ასე არ ფიქრობს და მისი გული სხვას იზრახავს, რადგან მის გულშია, გაანადგუროს და მოსპოს მრავალი ხალხი. რადგან ის ამბობს: „განა ყველა ჩემი მთავარი მეფე არ არის?“ განა ქარქემიშივით არ არის ქალნო? განა არფადივით არ არის ხამათი? განა დამასკოსავით არ არის სამარია? როგორც მოძებნა ჩემმა ხელმა კერპთა სამეფონი, რომელთაც უფრო მეტი ძეგლები აქვთ, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიაშია, განა, როგორც სამარიასა და მის კერპებს მოვექეცი, ისე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის ძეგლებს? და როდესაც დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, იტყვის: „მე დავსჯი აშურის მეფეს მისი დიდგულების ნაყოფის გამო.“ რადგან თქვა მან: „ჩემი ხელის ძალით რადგან გონიერი ვარ მე, წავშლი ხალხთა საზღვრებს, მათ მარაგებს დავიტაცებ და მცხოვრებთ დავამხობ ძლიერივით. იპოვა ჩემმა ხელმა სიმდიდრე ხალხთა, როგორც მიტოვებულ კვერცხებს აგროვებენ, და არავინ იყო ფრთის შემრხევი, პირის გამღები და მოჟღურტულე.“ იტრაბახებს ცული მისით მჩეხელზე? ან ხერხი განდიდდება მის ამწევზე? თითქოს კვერთხი შეირხევა მის აღმმართველზე? არგანი თავად აღიმართება, თითქოს ხე არ იყოს? ამიტომ მოავლენს უფალი ცაბაოთი და ალი მოედება მის დიდებას, როგორც ცეცხლის ალი. და იქნება ისრაელის სინათლე ცეცხლად და შეჭამს მის მჩხვლეტავ ბუჩქნარსა და მის ნარ-ეკალს ერთ დღეში. და მოსპობს მისი ტყის დიდებას და დადნება, როგორც ავადმყოფი. მისი ტყეების ნარჩენი იმდენად ცოტა იქნება, რომ ყმაწვილიც კი აღნუსხავს მათ. და იქნება იმ დღეს: ისრაელის ნარჩენი და ნატამალი იაკობის სახლისა აღარ დაეყრდნობა მეტად მის მცემელს და ჭეშმარიტად დაეყრდნობა თავის უფალს, ისრაელის წმიდას. შებრუნდა ნარჩენი, ნარჩენი იაკობის სახლისა ძლიერი ღმერთისაკენ. რადგან შენი ხალხი, ისრაელ, ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, ნარჩენი დაბრუნდება მისგან, გადაწყვეტილია განადგურება – წამლეკავი სიმართლე. რადგან უფალმა ცაბაოთმა გადაწყვიტა განადგურება, შეასრულებს მთელი ქვეყნის წიაღში. ამიტომ ასე ამბობს უფალი ცაბაოთი: „ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებო! ნუ გეშინია აშურისა, რომელიც კვერთხით გცემს და თავის არგანს აღმართავს შენზე ეგვიპტესავით. მაგრამ კიდევ სულ ცოტა ხანიც და გადაივლის წყრომა და ჩემი რისხვა შებრუნდება მათ დასაღუპავად. და აღმართავს მასზე უფალი ცაბაოთი შოლტს, როგორც ყორების კლდესთან მიდიანის დამარცხებისას, და მისი კვერთხი ზღვაზე იქნება და ასწევს მას ეგვიპტესავით. და იქნება იმ დღეს: ჩამოიხსნება მისი ტვირთი შენი მხრებიდან და მისი უღელი შენი ქედიდან და დაილეწება უღელი სიმსუქნის გამო. ის ყაიათზე მიდის, მიგრონს გაივლის, მიქმაშში აყენებს თავის აღალს. გაიარეს მათ გასასვლელი, „გებაყში გავათენებთ ღამეს.“ შეიძრა რამა, გაიქცა საულის გიბყა. ხმამაღლა იყვირე, გალიმის ასულო, მოისმინე, ლაიშავ, და საბრალო ყანათოთო! მადმენა გაიქც-გამოიქცა, გებიმის მცხოვრებნიც შეგროვდნენ დასამალავად. ერთ დღესაც დადგება ნობში, ხელს დაუქნევს სიონის ასულის მთას და იერუსალიმის ბორცვს. აი მეუფე, უფალი ცაბაოთი და ტანმაღალნი მოიჭრებიან, და აღზევებულნი დამცირდებიან. და რკინით გაჩეხავს ტყის უღრანებს და ლიბანი ძლიერისგან დაეცემა. და გამოვა ყლორტი იესეს კუნძიდან და ნორჩი ნერგი მისი ფესვებიდან ნაყოფს გამოიღებს. და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა. უფლის მოშიშებაშია მისი განცხრომა და თავისი თვალთახედვით არ გაასამართლებს, და თავისი ყურთასმენით არ ამხილებს. და სიმართლით გაასამართლებს ღატაკთ და სისწორით განიკითხავს ქვეყნის ჩაგრულთ, და კვერთხით თავისი ბაგისა დასცემს ქვეყანას და თავის ბაგეთა სუნთქვით მოკლავს უკეთურს. და იქნება სიმართლე სარტყელი მისი წელისა და ჭეშმარიტება – სარტყელი მისი თეძოებისა. და მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად დაიმწყემსება, და მათი შვილები ერთად წამოწვებიან, და ლომი ხარივით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი ასპიტის ხვრელზე ითამაშებს და ძუძუს მოწყვეტილი ხელს გაიშვერს გველგესლას ბუნაგზე. არ იბოროტებენ და არ დაღუპავენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, რადგან ქვეყანა სავსე იქნება უფლის ცოდნით, როგორც ზღვაა დაფარული წყლებით. და იქნება იმ დღეს: ფესვი იესესი, რომელიც ნიშნად დგას ხალხებისათვის და მისკენ გაემართებიან ერები, და დიდება იქნება მისი განსასვენებელი. და იქნება იმ დღეს: რათა გამოისყიდოს ნარჩენი თავისი ხალხისა, აშურიდან და ეგვიპტიდან, ფ ხამათიდან და ზღვის კუნძულებიდან. და დროშას აღუმართავს ერებს, და შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და გაფანტულთ – იუდადან, შეაგროვებს ქვეყნის ოთხივე კიდიდან. და გაქრება შური ეფრემისა, და იუდას შემჭირვებლები ამოწყდებიან. ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი, და იუდა აღარ შეაჭირვებს ეფრემს. და დააფრინდებიან ფილისტიმელთა კალთებს დასავლეთიდან, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეთ, ედომი და მოაბი იქნებიან მათი ხელგადასაწვდომი, და ყამონის ძენი დაემორჩილებიან მათ. ამოაშრობს უფალი ყურეს ეგვიპტის ზღვისა; და ხელს მოიქნევს მდინარეზე თავის ძლიერ ქარში, და განწვალავს მას შვიდ ნაკადად, და ფეხსამოსით გაატარებს ხალხს. და ექნება გზა მისი ხალხის ნარჩენს, აშურს რომ გადაურჩა, როგორც ჰქონდა ისრაელს ეგვიპტიდან მისი გამოსვლის დღეს. და იტყვი იმ დღეს: „გმადლობ შენ, უფალო, რადგან განრისხდი ჩემზე, მაგრამ შენი რისხვა დაცხრა და შენ მამშვიდებ მე. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან ჩემი ძალა და სიმღერა უფალი ღმერთია. ის მყავდა მე ხსნად.“ და თქვენ სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან. და იტყვით იმ დღეს: „მადლობა უთხარით უფალს, ხალხებში აუწყეთ მისი საქმენი, გაიხსენეთ, რომ დიადია მისი სახელი.“ უმღერეთ უფალს, რადგან დიდებული რამ მოიმოქმედა; განითქვას ეს მთელს ქვეყანაზე. ილხინე და იგალობე, სიონის მცხოვრებო, რადგან დიდია შენს წიაღში ისრაელის წმიდა. წარმონათქვამი ბაბილონზე, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ: შიშველ მთაზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შევიდნენ მთავართა კარიბჭით. მე ვუბრძანე ჩემს განკუთვნილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს მამაცებს ჩემი რისხვის აღსასრულებლად, ჩემი სიამაყით მოზეიმეთ. ბრბოს ხმაა მთებში, მსგავსად მრვალრიცხოვანი ხალხისა, ხმაურის ხმაა ერთად შეკრებილთა, ერთა და სამეფოთა, უფალი ცაბაოთი ათვალიერებს საბრძოლო ლაშქარს. მოდიან შორეულ ქვეყნიდან, ცის კიდიდან უფალი და მისი რისხვის იარაღები მთელი ქვეყნის გასანადგურებლად. იქვითინეთ, რადგან მოახლოებულია უფლის დღე, მოვა როგორც განადგურება ყოვლადძლიერისგან. ამიტომ ყველა ხელი დაუძლურდება და ყოველი ადამიანის გული დადნება. და შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობს მათ, მშობიარესავით გაწამდებიან, გაკვირვებულნი შეხედავენ ერთიმეორეს, აალდება მათი სახეები. აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, წყრომა და მძვინვარე რისხვა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და მისი შემცოდენი აღხოცოს მისგან. რადგან ცის ვარსკვლავები და მათი თანავარსკვლავედნი არ გამოსცემენ თავიანთ სინათლეს, მზე დაბნელდება მისი ამოსვლისას და მთვარე არ მოაფენს თავის ნათელს. და მე დავსჯი ქვეყნიერებას ბოროტების გამო და უკეთურთ მათი ურჯულოების გამო, და ბოლოს მოვუღებ ბოროტმზრახველთა ზვიადობას, და მტარვალთა ამპარტავნებას დავამცირებ. კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ და ადამიანს – ოფირის ოქროზე. ამის გამო შევძრავ მე ცას, და დედამიწა შეზანზარდება თავისი ადგილიდან უფალი ცაბაოთის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს. და იქნება, როგორც დევნილი ქურციკი, და როგორც დაფანტული ცხვარი შემგროვებლის გარეშე; თითოეული თავის ხალხს მიმართავს და თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა. ყოველი, ვისაც ნახავენ, განიგმირება, და ყოველი, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დაეცემა. და მათი ჩვილნი მათ თვალწინ დანაკუწდებიან, მათი სახლები გაიძარცვება და მათ ცოლებს პატივი აეყრებათ. აი, მე აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომელნიც ვერცხლს არ აფასებენ და ოქრო არ სურთ. და მათი მშვილდები ყმაწვილთ გააპობენ, და მუცლის ნაყოფს არ შეიბრალებენ. ბავშვებს არ დაზოგავს მათი თვალი. და იქნება ბაბილონი, სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა სიამაყის შარავანდი – ღმერთის მიერ დამხობილი ვითარცა სოდომი და გომორა. აღარარასოდეს დასახლდება იგი არაბი არ გაშლის იქ კარავს, და მწყემსები არ დაყრიან იქ თავიანთ ფარებს. დაწვებიან იქ უდაბნოს ცხოველნი, მათი სახლები ჭოტებით გაივსება, სირაქლემები დასახლდებიან და ჭინკები იხტუნავებენ იქ. აფთარნი იჩხავლებენ მის სასახლეებში, და ტურები – სალხინო პალატებში, მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება. როდესაც შეიწყნარებს უფალი იაკობს და ისევ აირჩევს ისრაელს, და დაასახლებს მათ თავიანთ მიწაზე, მაშინ მიეთვლებიან მათ მწირნი და შეუერთდებიან იაკობის სახლს. აიყვანენ მათ ხალხები და მოიყვანენ თავიანთ ადგილას, და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, დაატყვევებენ ისინი თავიანთ დამტყვევებელთ და იმთავრებენ თავიანთ მჩაგვრელებზე. და იქნება იმ დღეს, რომ დაგასვენებს უფალი ტანჯვისა და წამებისაგან და მძიმე ჯაფისაგან, რომლითაც დამონებული იყავით, მაშინ წარმოსთქვამ შენ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: „როგორ დაცხრა მჩაგვრელი, როგორ დაცხრა ზვიადობა! გატეხა უფალმა ბოროტეულთა არგანი, მბრძანებელთა კვერთხი, წყრომით მცემელი ხალხებისა, ერთა რისხვით დამსჯელი, შეუწყვეტლივ მდევნელი. ისვენებს, მშვიდადაა მთელი ქვეყანა, დაიწყეს სიმღერა. კვიპაროსებიც შეგხარიან შენ, ლიბანის კედრები: ‘მას შემდეგ, რაც შენ დაწექი, არ ამოსულა ჩვენთან ხის მჭრელი.’ შავეთი დაბლა შეიძრება შენს გამო, შენთვის გამოაღვიძა მკვდარნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; თავიანთი ტახტებიდან წამოაყენა ხალხების ყველა მეფე. ყველანი მოგიგებენ და გეტყვიან: ‘შენც დაუძლურდი ჩვენსავით, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთში ჩაეშვა შენი დიდებულება ქვეშ დაგეფინება მატლი და ჭია დაგფარავს შენ.’ როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ, მიწას დაენარცხე! ხალხთა მძლეველო. შენ კი ამბობდი შენს გულში: ‘ცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავებს, ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს, და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილოეთის კიდეებზე. ავალ ღრუბლის გორაკებზე, დავემსგავსები უზენაესს!’ მაგრამ შავეთში იქნები ჩაგდებული, უფსკრულის კიდეებზე. შენი დამნახველნი შემოგაცქერდებიან, დაგაკვირდებიან: ‘სამეფოთა შემძვრელი, ქვეყნიერება რომ უდაბნოდ აქცია და ანგრევდა მის ქალაქებს, მის პატიმრებს რომ არ უშვებდა სახლში?’ ხალხების ყველა მეფე, ყველანი წვანან დიდებაში, თითოეული თავის სახლში. შენ კი გადაგდებული იყავი შენი საფლავიდან, როგორც საძაგელი ტოტი, სამოსელი მოკლულთა, მახვილით განგმირულთა, რომლებსაც ქვის ორმოში უშვებენ, როგორც გასრესილ გვამს. შენ არ შეუერთდები მათ დამარხვისას, რადგან შენ ააოხრე შენი ქვეყანა, დახოცე შენი ხალხი, თესლი ბოროტმოქმედთა არ მოიხსენება საუკუნოდ. გაუმართეთ ჟლეტა მის ძეთ მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ და არ დაიპყრონ ქვეყანა, არ გაავსონ ქვეყნიერების ზედაპირი ქალაქებით.“ „და მე აღვდგები მათზე!“ სიტყვა უფალ ცაბაოთისა, „და მოვუსპობ ბაბილონს სახელს და ნარჩენს, და შვილს და შვილთაშვილს!“ სიტყვა უფლისა. „და ვაქცევ მათ ზღარბთა სამკვიდრებლად და ჭაობებად, და განადგურების ცოცხით გამოვხვეტავ მათ!“ – სიტყვა უფალ ცაბაოთისა. დაიფიცა უფალმა ცაბაოთმა ასე: „როგორც მე ჩავიფიქრე, ისე იქნება, და როგორც მე განვიზრახე, ისე აღსრულდება. რომ დავლეწავ აშურს ჩემს ქვეყანაში და გავთელავ მას ჩემს მთებზე; და გადაგდებული იქნება მათგან მისი უღელი და მისი ტვირთი მათ მხრებს ჩამოეხსნება.“ ესაა განაჩენი, გადაწყვეტილი მთელი ქვეყნის მიმართ და ესაა ხელი, მოღერებული ყველა ხალხზე. რადგან უფალმა ცაბაოთმა გადაწყვიტა და ვინ დაარღვევს, და მისი ხელია მოღერებული და ვინ ააცილებს მას? მეფე ახაზის სიკვდილის წელს იყო ეს წარმონათქვამი: „ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, რომ დაიმსხვრა თქვენი მცემელი კვერთხი; რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება. დაიმწყემსებიან ღატაკთა პირმშონი, და ღარიბნი უსაფრთხოდ წამოწვებიან; მოვაკვდინებ შენს ფესვს შიმშილით, და შენს ნატამალს დახოცავს იგი. იქვითინე, ჭიშკარო! იღაღადე, ქალაქო! დაიშლები მთლიანად, ფილისტიმელთა ქვეყანავ, რადგან ჩრდილოეთიდან კვამლი მოდის და არავინ ჩამორჩება მის ურდოებს. რას უპასუხებს ის ხალხთა წარგზავნილთ? რომ უფალმა სიონი დააფუძნა და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ერის ჩაგრულნი.“ წარმონათქვამი მოაბზე: მართლაც ღამით გაპარტახდა ყარ-მოაბი, განადგურდა; მართლაც ღამით გაპარტახდა კირ-მოაბი, განადგურდა. ავიდნენ ისინი ტაძრად და დიბონს, ნებოზე და მედებაზე ქვითინებს მოაბი, ყველას თავი აქვს გადაპარსული, ყველას წვერი აქვს მოკვეცილი. მის ქუჩებში ძაძას შემოირტყამენ, მის ბანებსა და მოედნებზე ყველა ქვითინებს და იღვრებიან ტირილად. შეჰკივლეს ხეშბონმა და ელყალემ, იაჰცამდე ისმის მათი ხმა; ამის გამო მოაბის მებრძოლნიც იკივლებენ, თრთის მისი სული. ჩემი გული იკივლებს მოაბზე. გარბიან მისგან ცოყარამდე, ყეგლათ-შელიშიამდე. რადგან ლუხითის აღმართზე ტირილით ადიან, რადგან ხორონაიმის გზაზე აამაღლებენ კივილს ნგრევის გამო. რადგან ნიმრიმის წყლები დამშრალია, რადგან ბალახი გახმა, ჯეჯილი განადგურდა, სიმწვანე აღარაა. ამიტომ დაგროვილ სიმდიდრეს და თავიანთ მიერ გადანახულს გადაიტანენ ტირიფთა ხევზე. რადგან კივილმა მოიცვა მოაბის მიწა-წყალი, ყეგლაიმამდე აღწევს მისი ქვითინი და ბეერ-ელიმამდე – მისი გოდება. რადგან დიმონის წყლები სისხლით გაივსო; რადგან მოვაწევ მე დიმონზე კიდევ ახალს – ლომს მოაბის ლტოლვილებზე და ქვეყნის ნატამალზე. ბატკანი გაუგზავნეთ ქვეყნის მბრძანებელს სელადან და იქნება როგორც მოხეტიალე ფრინველი, მოშლილ ბუდესავით იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებზე. მომეცი რჩევა, აღასრულე სამართალი, შუადღისას გადააფარე შენი ჩრდილი, როგორც ღამით; შეიფარე გაძევებული, გაქცეულს ნუ გასცემ. იცხოვრონ შენთან ჩემმა მოაბელმა გაძევებულებმა, იყავი მათთვის მძარცველისგან თავშესაფარი, სანამ არ გაქრება მწვალებელი, სანამ არ შეწყდება ძარცვა, არ მოისპობა ქვეყნიდან მთრგუნავი. და განმტკიცდება ტახტი წყალობისა, და ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარავში მსაჯული, და სამართლის გამკითხავი და სიმართლის მოსწრაფე. ვისმინეთ ჩვენ მოაბის მზვაობრობა, მისი ამპარტავნება, მისი მზვაობრობა და მისი მძვინვარება. ამაოა მისი ტრაბახი. ამიტომ იქვითინებს მოაბი მოაბზე, – ყველა იქვითინებს; კირ-ხარეშეთის საძირკველზე იკვნესებთ სასოწარკვეთილნი. რადგან ხეშბონის მინდვრები გადაჭკნა, ასევე ხალხთა პატრონებმა გათელეს მისი რჩეული ვაზები, იაყეზერს რომ სწვდებოდა, უდაბნოში იშლებოდა, იფურჩქნებოდა და ზღვაზე გადადიოდა. ამის გამო იაყეზერის ტირილით ვიტირებ მე სიბმას ვაზს; ჩემი ცრემლებით მოვრწყავ ხეშბონს და ელყალეს; რადგან შენს ზაფხულის ნაყოფსა და შენს მოსავალზე შეწყდა შემოძახილი. შეწყდა მხიარულება და სიხარული ნაყოფიერი მინდვრიდან, და ვენახებში აღარ იქნება სიმღერა და მხიარული შემოძახილი, საწნახლებში ღვინოს აღარ დაწურავს დამწურველი, რადგან მე შევაწყვეტინე მხიარული ხმები. ამის გამო ქნარივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და ჩემი შიგანი – კირ-ხერეშზე. და იქნება, როდესაც გამოჩნდება, რომ დაიქანცა მოაბი გორაკზე, წავა ის თავის საკურთხეველთან სალოცავად და ვერ შეძლებს. ესაა სიტყვა, რომელიც უფალმა წარმოსთქვა მოაბზე ძველთაგან. ახლა კი ასე თქვა უფალმა: „სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, შერცხვენილი იქნება მოაბის პატივი მიუხედავად დიდი სიმრავლისა; ნარჩენი კი ძალზე მცირე, უმნიშვნელო იქნება.“ წარმონათქვამი დამასკოზე: „ნახეთ, დამასკო აღარ იქნება ქალაქი, არამედ მხოლოდ ნანგრევთა გროვა. ყაროყერის მიტოვებული ქალაქები ცხვრის ფარებისათვის იქნება, და და მოისპობა ციხე-სიმაგრე ეფრემისა, და მეფობა დამასკოსი და არამის ნარჩომი ისრაელის ძეთა დიდებასავით იქნება!“ სიტყვა უფალ ცაბაოთისა. და იქნება იმ დღეს, დაკნინდება იაკობის დიდება, და სიმსუყე მისი ხორცისა დამჭლევდება. და იქნება, როდესაც მისი მკლავი თავთავს მოიმკის; და იქნება, როგორც თავთავის აკრეფისას რეფაიმის ხეობაში. და დარჩება მასში მცირე ნაყოფი, ორი, სამი მარცვალი ტოტის კენწეროზე, ოთხი, ხუთი ნაყოფი ხის რტოებზე. სიტყვა უფლისა, ისრაელის ღმერთისა. იმ დღეს მიმართავს ადამიანი და მისი თვალები ისრაელის წმიდას იხილავენ. და არ მიმართავს თავისი ხელით ნაკეთებ სამსხვერპლოებს, და არ შეხედავს იმას, რაც მისმა თითებმა გააკეთეს – სერტყეებს და მზის კერპებს. და იმ დღეს იქნება მისი რომლებიც დატოვეს ისრაელის ძეთა წინაშე, და იქნება უკაცრიელი. რადგან დაივიწყე შენ შენი ხსნის ღმერთი და შენი სიმაგრის კლდე აღარ გახსოვდა. ამიტომ დარგე შენ საამური ნერგები და უცხო ვაზი გააშენე. დარგვის დღიდან ზრდიდი მას და დათესვის დილიდან აყვავებდი, მაგრამ მოსავალი დაიღუპება სნეულებისა და უკურნებელი სატკივარის დღეს. ოი, ხმაური მრავალი ხალხისა! როგორც ზღვა ხმაურობს, ისე ხმაურობენ ისინი, და ტომები ღრიალებენ, როგორც ღრიალებენ ძლიერი წყლები. ტომები ღრიალებენ, როგორც მაგრამ დატუქსავს იგი მათ და გაიქცევიან ისინი შორს, და გაიხვეტებიან, როგორც ქარისგან ჩენჩო მთებზე, და როგორც მტვრის გორგალი ქარიშხალისგან. საღამოს ჟამს – აჰა, საშინელება! განთიადამდე აღარა იქნება. ესაა წილი ჩვენს გამძარცველთა და ხვედრი ჩვენს მაოხრებელთა. ვაი, ფრთებით დაჩრდილულ ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა რომ არის! რომელიც აგზავნის ელჩებს ზღვით, და წყლის ზედაპირზე – ლერწმის ნავებით. წადით, მკვირცხლო მოციქულნო, მაღალ და უწვერო ერთან, ძველთაგან და დღემდე საშინელ ხალხთან, გადამთელავ და დამთრგუნველ ერთან, რომლის ქვეყანასაც მდინარენი ჰკვეთენ. ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო და ყველა ბინადარო, როდესაც ნიშანი აღიმართება მთებზე, დაინახავთ, და როდესაც რქის საყვირი ახმიანდება, გაიგონებთ! რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „მდუმარედ გადმოვიხედავ როგორც კრიალა პაპანება სინათლეზე და როგორც ღრუბელი ცვრისა მკის პაპანებაში.“ რადგან მკის წინ, როდესაც ყველაფერი აყვავდება და მომწიფებულ ნაყოფს ყვავილი ექნება, შეაჭრის ის რტოებს ბაღის მაკრატლით და ყლორტებს მოაცლის და მოაკვეთს. ყველაფერი დარჩება მთის მტაცებელ ფრინველებს და მიწის ცხოველებს, გაიზაფხულებენ მასზე მტაცებელი ფრინველები და მიწის ყველა ცხოველი მასზე დაიზამთრებს. იმჟამად ხარკი მიერთმევა უფალ ცაბაოთს მაღალი და უწვერო ხალხისაგან, ძველთაგან დღემდე საშინელი ხალხისაგან, გადამთელავი და დამთრგუნველი ერისაგან, რომლის ქვეყანასაც მდინარეები ჰკვეთენ – უფალ ცაბაოთის ადგილას, სიონის მთაზე. წარმონათქვამი ეგვიპტეზე: ნახეთ, უფალი ზის სწრაფ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში, და შეიძრებიან ეგვიპტის კერპნი მის წინაშე, და ეგვიპტელთა გულები დადნება მის წიაღში. „მე წავაქეზებ ეგვიპტელებს ეგვიპტელთა წინააღმდეგ; და შეებრძოლებიან ისინი – ძმა ძმას და მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს. და ეგვიპტის სული დაილევა მის წიაღში; და ჩავშლი მის განზრახვას. გამოჰკითხავენ ისინი კერპებს, წამჩურჩულებელთ, მესულთანეთ და მკითხავთ; და გადავცემ ეგვიპტელებს სასტიკ ბატონთა ხელთ, და მძლავრი მეფე იმბრძანებლებს,“ სიტყვა უფალ ცაბაოთისა. და ამოშრება წყალი ზღვაში, მდინარე გავერანდება და დაშრება. და ამყრალდებიან მდინარეები, დაიწრიტება და დაშრება ეგვიპტის არხები, ლერწამი და ლაქაში დაჭკნება. გაშიშვლდება მინდვრები მდინარესთან, მდინარის მთელი ნაპირი და მთელი ნათესი გახმება, გაიხვეტება და აღარ იქნება. ატირდებიან მეთევზენი და იგლოვებს მდინარეში ანკესის ყველა გადამგდები, და წყალზე ბადის გამფენელს ქანცი გაუწყდება. შერცხვებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი. დაილეწება მისი სვეტები, და ყველა მოქირავნეს სული შეუღონდება. მაგრამ სულელნი არიან ცოყანის მთავარნი: ფარაონის ბრძენ მრჩეველთა რჩევა გაცუდდა! როგორ ეტყვით თქვენ ფარაონს: „ბრძენთა ძე ვარ, მე ვარ ძე უწინდელ მეფეთა?“ თუ ასეა, სად არიან შენი ბრძენნი? გითხრან და შეიტყონ, რა გადაუწყვიტა უფალმა ცაბაოთმა ეგვიპტეს! სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუვდნენ ნოფის მთავარნი; გზაკვალი აურიეს ეგვიპტეს მისი ტომების წინამძღოლებმა. უფალმა ჩაუღვარა წიაღში უკუღმართი სული და მათ გზაკვალი აურიეს ეგვიპტეს მის ყველა საქმეში, მთვრალივით ბარბაცებს თავის ნარწყევში. და არ იქნება ეგვიპტეში საქმე, რასაც გააკეთებს თავი და კუდი, პალმის ფოთოლი და ლელქაში. იმ დღეს ეგვიპტელები ქალებს დაემსგავსებია და დაფრთხებიან და შეეშინდებათ უფალ ცაბაოთის ხელის მოქნევისა, როცა ხელს მოიქნევს მათზე. და იქნება იუდას მიწა შიშისზარი ეგვიპტისათვის; ყოველი, ვინც მას გაიხსენებს, აკანკალდება უფალ ცაბაოთის განაჩენის გამო, რაც მან განაჩინა მასზე. იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს უფალ ცაბაოთს. ირჰერესს უწოდებენ ერთ ქალაქს. იმ დღეს უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში იქნება და უფლის სვეტი – მის საზღვართან. და იქნება ეს ნიშნად და მოწმობად უფალ ცაბაოთისა ეგვიპტის ქვეყანაში: როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, ის გამოუგზავნის მათ მხსნელს და ქომაგს და უშველის მათ. და ცნობილი გახდება უფალი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი შეიცნობენ უფალს იმ დღეს, და მოიტანენ შესაწირავსა და ძღვენს, და აღთქმას აღუთქვამენ უფალს და აღასრულებენ. და წყლულით დააწყლულებს უფალი ეგვიპტეს და განკურნავს და მოიქცევიან ისინი უფლისაკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს მათ. იმ დღეს გზა იქნება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში, და ეგვიპტელნი აშურთან ერთად თაყვანს სცემენ უფალს. იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა. კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნის შუაგულში. რადგან აკურთხა ის უფალმა ცაბაოთმა ასე: „კურთხეულ იყოს ჩემი ხალხი – ეგვიპტელნი, ჩემი ხელის ნაკეთები – აშური და ჩემი წილხვედრილი – ისრაელი.“ იმ წელს, აშდოდში მოვიდა თართანი, სარგონის, აშურის მეფის, მიერ გამოგზავნილი, და შეებრძოლა აშდოდს და დაიპყრო იგი, იმ დროს ილაპარაკა უფალმა ესაიას, ამოცის ძის ხელით ასე: „წადი და მოიხსენი ძაძა წელიდან და ფეხსაცმელი გაიძვრე ფეხზე.“ და ასე მოიქცა და დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი. და თქვა უფალმა: „როგორც ჩემი მონა ესაია დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ნიშნად და სასწაულად ეგვიპტისათვის და ქუშისათვის, ასე გაუძღვება აშურის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან და დევნილთ ქუშიდან, ყმაწვილთ და მოხუცთ, ტიტველთ, ფეხშიშველთ და დუნდულგაშიშვლებულთ – ეგვიპტის შესარცხვენად. და შეძრწუნდებიან და შერცხვებათ მათი სასოების – ქუშის გამო და მათი საკვეხური ეგვიპტის გამო. და იტყვის იმ დღეს ამ სანაპიროს მცხოვრები: ‘აჰა, ასეთია ჩვენი სასოება, საითკენაც გავრბოდით შემწეობისათვის, აშურის მეფისაგან გადასარჩენად! როგორ დავაღწევთ თავს?’“ წარმონათქვამი ზღვისპირა უდაბნოზე. როგორც ქარიშხალი გადაივლის სამხრეთში, ისე მოდის ის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან. სასტიკი ხილვა მეჩვენა მე: მოღალატე ღალატობს და მძარცველი ძარცვავს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდია! ყველა მის ოხვრას ბოლოს მოვუღებ. ამის გამო ჩემი წელი კანკალმა მოიცვა, ტკივილებმა შემიპყრო მე, მსგავსად მშობიარის ტკივილებისა, მოვიკრუნჩხე მოსმენილისაგან, შევძრწუნდი ნახულისაგან. მითრთის გული, შიშის ზარი მაფრთხობს მე; სანატრელი საღამო საშინელებად მექცა. გაწყობილია ტაბლა, გადააფარეს სუფრა, ჭამენ, სვამენ. „ადექით მთავარნო, გაპოხეთ ფარი!“ და ასე მეტყვის უფალი: „წადი, გააგზავნე მზირი, გითხრას, რას ნახავს. და დაინახავს ის წყვილ ცხენშებმულ ეტლს, ვირთა ქარავანს და აქლემთა ქარავანს – და ყურს დაუგდებს დიდი ყურადღებით.“ და ლომივით იყვირა, დაიძახა მზირმა: „უფალო, საგუშაგოზე მუდამ ვდგავარ დღისით და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ მთელი ღამე. და აი, მოდის მხედრობა წყვილ-წყვილი ცხენებით.“ და თქვა ერთ-ერთმა: „დაეცა, დაეცა ბაბილონი; და მის ღმერთთა ყველა ქანდაკი მიწას დაენარცხა.“ ჩემო გალეწილო და ჩემი კალოს ძეო! რაც ვისმინე მე უფალ ცაბაოთის, ისრაელის ღმერთისაგან, ის გაუწყეთ მე თქვენ. წარმონათქვამი დუმაზე. სეყირიდან მიხმობენ მე: „მცველო, ღამის რა ჟამია? მცველო, ღამის რა ჟამია?“ თქვა მცველმა: „მოვიდა დილა, მაგრამ ღამეა ჯერ; თუ გინდათ კითხვა, იკითხეთ, დაბრუნდით ისევ.“ წარმონათქვამი არაბეთზე: არაბეთის ტყეში დედანელთა ქარავნებო! მწყურვალის შესახვედრად გამოჰქონდათ წყალი; თემას ქვეყნის მცხოვრებნი პურით ეგებებოდნენ მოხეტიალეს. რადგან მახვილებს გაურბოდნენ ისინი, გაშიშვლებულ მახვილს და მოჭიმულ მშვილდს და ომის სიმძიმეს. რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „ერთი წლის შემდეგ, მოქირავნის წლებისაებრ, გაქრება მთელი დიდება კედარისა. და ნარჩენნი მშვილდოსანთა რიცხვისა, მამაცი ძენი კედარისა, შემცირდებიან,“ რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. წარმონათქვამი ხილვათა ხეობაზე. რა მოგივიდა შენ, რომ მთლიანად ახვედი ერდოებზე? მღელვარებით სავსე, ხმაურიანო ქალაქო, შენი დახოცილნი მახვილით არ დახოცილან და არც ბრძოლაში დაღუპულან. ყველა შენი წინამძღოლი ერთად გაიქცა, უმშვილდოდ იქნენ შეპყრობილნი; ყველა, ვინც შენგან დარჩა, ერთად არიან შეპყრობილნი, თუმცა შორს გარბოდნენ ისინი. ამიტომ ვთქვი მე: ნუ ეცდებით ჩემს ნუგეშისცემას, ჩემი ერის ასულის უბედურების გამო.“ რადგან უფალ ცაბაოთისაგან აურზაურისა და მარცხის ხილვათა ხეობაში. კედლებს ანგრევენ და მთისაკენ გაჰყვირიან. და ყელამს მიაქვს კაპარჭი მეეტლეებითა და მხედრებით, ხოლო კირი ფარს აშიშვლებს. შენი ნარჩევი ხეობები ეტლებით ივსება და მხედარნი კარიბჭის პირდაპირ დაეწყვნენ. ახდილია იუდას საფარველი, და შენ შეხედე იმ დღეს მაღნარის სასახლის საჭურველს. და იხილეთ თქვენ, რომ გამრავლდა ბზარები დავითის ქალაქში. და აგროვებდით წყალს ქვემო აუზისა, და ითვლიდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით იმ სახლებს გალავნის გასამაგრებლად, და მოაწყვეთ საცავი ძველი აუზისათვის. არ შეხედეთ მის გამკეთებელს, და ძველთაგან მისი დამსახველი არ დაინახეთ. მოუხმობს უფალი ცაბაოთი თმების დასაგლეჯად და ძაძების შესამოსად. მაგრამ აი, ლხინი და მხიარულება! კლავენ ძროხას და ყელს ჭრიან ცხვარს, ჭამენ ხორცსა და სვამენ ღვინოს: „ჭამეთ და სვით, რადგან ხვალ დაიხოცებით“. და ყურში გამიმხილა უფალმა ცაბაოთმა: „არ მიგეტევებათ თქვენ ეს ურჯულოება, მანამ არ დაიხოცებით“, თქვა უფალმა ცაბაოთმა. ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „წადი, მიდი ამ სამეფო კარის მოხელესთან, შებნასთან, რომელიც სახლზეა დადგენილი: რა გაქვს აქ და ვინა გყავს აქ, რომ ამოგიკვეთავს აქ შენთვის სამარხი? ის კვეთს თავის სამარხს მაღალზე და კლდეში ჭრის სავანეს თავისთვის. ‘აი, უფალი მოგისვრის შენ ძლიერი მოსროლით და დაკეცვით დაგკეცავს შენ. დაგგორგლავს გორგლად, ბურთივით მოგისვრის ვრცელ მიწაზე; იქ მოკვდები და იქ დარჩება შენი დიდების ეტლები, სირცხვილო შენი ბატონის სახლისა!’ გადაგაყენებ შენი ადგილიდან და შენი მდგომარეობიდან დაგამხობ. და იქნება იმ დღეს: მოვიხმობ ჩემს მსახურს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს, და ჩავაცმევ შენს კვართს და შენს ქამარს შემოვარტყამ წელზე, და შენს ხელმწიფებას გადავცემ მის ხელთ და იქნება ის იერუსალიმის მცხოვრებთა და იუდას სახლის მამად. დავადებ მხარზე დავითის სახლის გასაღებს, დაკეტავს და არავინ იქნება გამღები, გააღებს და არავინ იქნება დამკეტი. პალოსავით ჩავარჭობ მას მყარ ადგილზე, და იქნება ის დიდების ტახტად თავისი მამის სახლისათვის. და ჩამოჰკიდებენ მას მამამისის სახლის მთელ დიდებას – შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს – ტაშტეულობიდან ყოველ დოქამდე. „იმ დღეს, – ამბობს უფალი ცაბაოთი, – მოირყევა მყარ ადგილში ჩარჭობილი პალო, გადატყდება და დაეცემა, და მოწყდება ტვირთი, რომელიც მასზეა, რადგან უფალმა თქვა.“ წარმონათქვამი ცორზე: იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან ცორი გაპარტახდა, აღარც სახლია, აღარც შესასვლელი. კვიპროსის ქვეყნიდან ეცნობათ ეს ამბავი. დადუმდით, სანაპიროს მცხოვრებნო, ციდონის ვაჭრებო, ზღვაოსნები გავსებდნენ შენ. და ბევრ წყლებშია შიხორის თესლი, ნილოსის სამკალი იყო მისი მოსავალი და ხალხების ბაზარი იყო იგი. გრცხვენოდეს, ციდონ, რადგან ასე თქვა ზღვამ, ზღვის სიმაგრემ: „არ მიტანჯია მე მშობიარობით, არ მიშობია და არ გამიზრდია მე ჭაბუკნი, არ აღმიზრდია ქალწულები.“ როდესაც ამბავი მივა ეგვიპტემდე, აცახცახდებიან ისინი ცორის ამბის გაგონებაზე. გადადით თარშიშში! იქვითინეთ, კუნძულის მცხოვრებნო. ესაა თქვენი მხიარული ქალაქი, რომლის დასაბამი ძველთაძველია? ფეხები შორეთში დაატარებენ ხიზნად. ვინ გადაუწყვიტა ეს ცორს, რომლის სოვდაგარნი დიდებულნი არიან, ვაჭარნი – ქვეყნის ღირსეულნი? უფალმა ცაბაოთმა გადაწყვიტა შეებღალა დაემცირებინა ქვეყნის ყველა ღირსეული. გადაიარე შენი ქვეყანა, როგორც მდინარე, უკვე აღარაა დაბრკოლება. მან თავისი ხელი მოიღერა ზღვაზე, შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე – შეემუსრათ მისი ციხე-სიმაგრენი. თქვა მან: „აღარ იმხიარულებ მეტად, ადექი, გადაიარე კვიპროსი, მაგრამ არ იქნება შენთვის მოსვენება.“ აჰა, ქალდეველთა ქვეყანა. ეს ხალხი აღარ არის. აშურმა დააფუძნა ის ველურთათვის. მათ აღმართეს საბრძოლო კოშკები, დაანგრიეს მისი სასახლენი, გადააქციეს ნანგრევებად. იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან თქვენი სიმაგრე შემუსვრილია. და მოხდება იმ დღეს, დავიწყებული იქნება ცორი სამოცდაათ წელს, ერთი მეფის ცხოვრების დღეების კვალობაზე; სამოცდაათი წლის ბოლოს დაემართება ცორს, რაც მეძავის სიმღერაშია: „აიღე ქნარი, შემოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო! კარგად დაუკარი, ბევრი იმღერე, რათა გაგიხსენონ შენ!“ და მოხდება, სამოცდაათი წლის შემდეგ მოინახულებს უფალი ცორს. და ისევ დაუბრუნდება ცორი თავის სიძვის გასამრჯელოს და ისიძვებს ქვეყნის ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე. და იქნება მისი სავაჭრო და სიძვის გასამრჯელო მიძღვნილი უფლისადმი; არ დაგროვდება საგანძურებსა და საწყობებში, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი საქონელი საძღომ საჭმელად და დიდებულ შესამოსელად. აჰა, უფალი აუკაცრიელებს ქვეყანას და აოხრებს მას, ასხვაფერებს მის სახეს და ფანტავს მის მცხოვრებთ. და ერთი იქნება ერი და მღვდელი, მონა და მისი ბატონი, მხევალი და მისი ქალბატონი, მყიდველი და გამყიდველი, გამსესხებელი და მსესხებელი, მევახშე და მოვალე. გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა. გლოვობს, მიილია ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყანა, დაუძლურდნენ დიდებულნი ქვეყნის ერისა. ქვეყანა შეიბილწა მისი მცხოვრებლების მიერ, რადგან გადავიდნენ რჯულს, შეცვალეს წესი, დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა და დაისაჯნენ მისი მცხოვრებნი; ამის გამო გადაიბუგნენ ქვეყნის მცხოვრებნი და სულ ცოტა დარჩა ხალხი. მაჭარი გლოვობს, გახმა ვაზი, ოხრავს ყველა გულით მხიარული, შეწყდა დაფდაფების ლხინი, მიწყდა მოლხინეთა ჟრიამული, შეწყდა ქნარის სიხარული. სიმღერით აღარ შესვამ ღვინოს, გაუმწარდებათ სასმელი მის მსმელებს. დაილეწა უკაცური ქალაქი, დაიკეტა ყველა სახლის მისასვლელი. ღრიალია ქუჩებში ღვინის გამო, ჩაჟამდა ყველა მხიარულება, განიდევნა ქვეყნიდან სიხარული. უდაბურება დარჩა ქალაქში და ნანგრევებად იქცა კარიბჭე. რადგან ასე მოხდება ქვეყნის შუაგულში, ხალხებს შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვისას, როგორც დაკრეფის შემდეგ, როდესაც დამთავრდა მოსავლის აღება. ისინი აამაღლებენ თავიანთ ხმას, ხმამაღლა იყვირებენ ზღვიდან. ამის გამო აღმოსავლეთში ადიდეთ უფალი, ზღვის კუნძულებზე – სახელი უფლისა, ისრაელის ღმერთისა. ქვეყნის კიდიდან ვისმინეთ ჩვენ სიმღერა: „დიდება მართალს!“ და ვთქვი მე: ვაი მე, ვაი მე, ვაგლახ მე! მოღალატენი ღალატობენ, და ღალატით ღალატობენ მოღალატენი.“ შიში, ორმო და მახეა შენთვის, ქვეყნის მკვიდრო! და იქნება: რადგან ცის სიმაღლიდან გაიხსნა სარკმლები და ქვეყნის საფუძვლები შეირყა. დალეწვით დაილეწა ქვეყანა, მსხვრევით დაიმსხვრა ქვეყანა, რყევით შეირყა ქვეყანა. რხევით ირხევა ქვეყანა, როგორც მთვრალი, და როგორც კარავი, ისე ირწევა, დაამძიმებს მას მისი დანაშაული და დაეცემა და ვეღარ აღდგება. და იქნება იმ დღეს: დასჯის უფალი ზეცის მხედრობას ზეცაში და მიწის მეფეებს მიწაზე. და შეიყრებიან ისინი ერთად, როგორც პატიმარნი დილეგში; და ჩაკეტილნი იქნებიან კლიტულში, და მრავალი დღის შემდეგ გაიხსენებენ მათ. გაწბილდება მთვარე რადგან უფალი ცაბაოთი გამეფდება სიონის მთაზე და იერუსალიმში. და დიდება იქნება მის უხუცესთა წინაშე. უფალო, ჩემი ღმერთი ხარ შენ! გადიდებ შენ, მადლობას მივაგებ შენს სახელს, რადგან საოცრება მოიმოქმედე, განჩინება შორეული დროიდან, ნამდვილი, ჭეშმარიტი. რადგან შენ აქციე ქალაქი ქვის გროვად, გამაგრებული დედაქალაქი – ნანგრევებად, უცხოთა სასახლედ აღარაა ქალაქი, არ აშენდება უკუნისამდე. ამის გამო გადიდებს შენ ძლიერი ერი, სასტიკ ხალხთა ქალაქებს შეეშინდებათ შენი. რადგან შენ იყავი სიმაგრე საწყლისა, სიმაგრე გლახაკისა მის გაჭირვებაში, თავშესაფარი ნიაღვრისაგან, ჩრდილი პაპანაქებისაგან; რადგან სასტიკთა სუნთქვა ქარიშხლივით იყო კედლის წინააღმდეგ. როგორც ხორშაკი უწყლო ადგილას, როგორც ხორშაკი ღრუბლის ჩრდილში, ისე ეცემა სასტიკთა სიმღერა. უფალი ცაბაოთი გამართავს ამ მთაზე მსუყე საჭმელებით, ანკარა ღვინოებით, ძვლის ტვინიანი საჭმელებით, დაწმედილი ღვინოებით. და ის მოხდის ამ მთაზე ნიღაბს, და საფარველს, გადაფარებულს ყველა ხალხზე. შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე, და სირცხვილს მოხოცავს თავის ერს მთელს ქვეყანაზე; რადგან უფალმა ასე თქვა. და იტყვის ხალხი იმ დღეს: „აი, ესაა ჩვენი ღმერთი, ეს არის უფალი, მას ველოდით, ვილხინოთ და ვიხაროთ მისი ხსნით.“ რადგან დაესვენება ამ მთაზე უფლის ხელი და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც სანაგვეზე თელავენ ჩალას. და გაშლის თავის ხელს მის წიაღში, როგორც მოცურავე საცურაოდ, მაგრამ ის დაამცირებს მის სიამაყეს მისი ხელის ცბიერებასთან ერთად. და შენს გამაგრებულ მაღალ კედლებს მიწად დაანარცხებს, გააცამტვერებს. იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდას ქვეყანაში: „მაგარი ქალაქი გვაქვს ჩვენ, ხსნად დაადგენს კედლებსა და მიწაყრილს. გახსენით კარიბჭე! მოვიდეს რწმენის დამცველი მართალი ერი. სულს, რომელიც შენ გენდობა, რადგან შენზეა მონდობილი. მიენდეთ უფალს უკუნითი უკუნისამდე, რადგან უფალ ღმერთშია საუკუნო კლდე. რადგან მან დააქცია მაღლა მცხოვრებნი, ამაღლებული ქალაქი დაამხო, მიწად დაამხო, გააცამტვერა. ფეხი გათელავს მას, ფეხნი ღარიბისა, ნაფეხურები ღატაკისა.“ მართლის გზა მოსწორებულია; შენ, წრფელო, ასწორებ მართლის სავალს. შენი სამართლის გზაზე, უფალო, შენი სახელისა და შენი ხსოვნისაკენაა ჩვენი სულის წადილი. ჩემი სამშვინველით ვისწრაფი შენსკენ ღამით, და ჩემი სულით ჩემში გეძებ შენ განთიადიდან, რადგან როდესაც აღსრულდება შენი სამართალი ქვეყანაზე, სამართლიანობას ისწავლიან ქვეყნიერების მცხოვრებნი. თუ მიეტევება ბოროტეულს, აღარ ისწავლის სამართლიანობას. ის მართალ ქვეყანაში უსამართლოდ მოიქცევა და არ დაინახავს უფლის სიდიადეს. უფალო! აღმართულია შენი ხელი, დაინახავენ შენს შურს ერის მიმართ და შერცხვებათ, და ცეცხლი შეჭამს შენს შემჭირვებელთ. უფალო! შენ გვიმყარებ მშვიდობას, რადგან ყველა საქმე ჩვენთვის შენ მოიმოქმედე. უფალო, ჩვენო ღმერთო! ჩვენ კი მხოლოდ შენს სახელს გავიხსენებთ. მკვდრები არ გაცოცხლდებიან, ამიტომ შენ დასაჯე და გაანადგურე ისინი და მოსპე ყოველი მათი სახსენებელი. შენ გაამრავლე ხალხი, უფალო, შენ გაამრავლე ხალხი! განდიდდი, გააფართოვე ყველა საზღვარი ქვეყნისა. უფალო! გასაჭირში გეძებდნენ შენ, ჩურჩულით ლოცულობდნენ, როდესაც შენი სასჯელი იყო მათზე. მსგავსად ფეხმძიმისა, და კივის ტკივილებისაგან, ასე ვიყავით შენს წინაშე, უფალო! ფეხმძიმედ ვიყავით, ვიტანჯეთ, თითქოს ქარს ვშობდით; ხსნა ვერ მოვუტანეთ ქვეყანას და ქვეყნიერების მცხოვრებნი არ იბადებიან. გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები! გამოიღვიძეთ და ილხინეთ, მტვრის ბინადარნო, რადგან ცისკრის ცვარი შენი ცვარია, და მიწა აჩრდილებს დაბადებს. წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს ოთახებში და გამოიკეტე კარები, ერთი წამით დაიმალე, სანამ რისხვა გადაივლიდეს, რადგან უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, რათა დასაჯოს ქვეყნის მცხოვრებნი მათი ურჯულოებისთვის; და გამოაჩენს ქვეყანა თავის სისხლს და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილებს. იმ დღეს დასჯის უფალი თავისი სასტიკი, დიდი და მაგარი მახვილით, ლევიათანს, მორბენალ გველს, და ლევიათანს, დაკლაკნილ გველს, და მოკლავს ურჩხულს, რომელიც ზღვაშია. იმ დღეს: „უმღერეთ მას – ვაზს ღვინისას, მე, უფალი, მისი მცველი ვარ, ყოველ წამს ვრწყავ მას, რათა არ დააზიანონ, ღამით და დღისით ვიცავ მას. მრისხანება არა მაქვს მე, ვინ მომცემს ბრძოლაში ნარ-ეკალს, გადავთელავდი მათ, გადავბუგავდი ერთიანად. თუ ჩაეჭიდება ჩემს სიმტკიცეს, რათა ქმნას ჩემთან მშვიდობა, ქმნას მშვიდობა ჩემთან.“ მომავალ დღეებში ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და გაიკვირტება ისრაელი, და გაივსება ქვეყნიერების პირი ნაყოფით. განა ასე სცემდა იგი მას, განა ისეა მოკლული, როგორც მის მიერ არიან მოკლული. განდევნით, გაძევებით სჯი მას. გააგდო იგი თავისი ძლიერი ქროლვით, როგორც აღმოსავლეთის ქარის დღეს. ამიტომ ამით მიტევებულ იქნება იაკობის ურჯულოება, და ეს იქნება სრული ნაყოფი მისი ცოდვის მოცილებისა: როცა სამსხვერპლოს ყველა ქვას გაცამტვერებულ კირქვასავით გახდის, როცა აღარ იქნებიან მეტად აშერები და მზის კერპები. რადგან გამაგრებული ქალაქი გაუკაცრიელდება, საცხოვრებელი დატოვებული და მიგდებული იქნება უდაბნოსავით. ხბო მოძოვს იქ და წამოწვება, და შეჭამს მის ტოტებს. როდესაც გახმება მისი ამონაყარი, დაილეწება, ქალები მოვლენ და დაწვავენ მას; რადგან გონიერი ხალხი არ არიან ისინი. ამის გამო მათი გამჩენი არ შეიბრალებს მათ და მათი შემქმნელი მათ არ შეიწყალებს. და მოხდება იმ დღეს, რომ ჩამობერტყავს უფალი თავის ნაყოფს მდინარის შესართავიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენ აკრეფილნი იქნებით სათითაოდ, ისრაელის ძენო. და მოხდება იმ დღეს, რომ ჩაბერავენ დიდ საყვირს და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანაში გაძევებულნი, და თაყვანს სცემენ უფალს წმიდა მთაზე, იერუსალიმში. ვაი, მთვრალ ეფრემელთა საამაყო გვირგვინს, იმ დამჭკნარ ყვავილს მისი დიდებული მშვენიერებისა, რომელიც ღვინითაა დაცემული პოხიერი ხეობის თავში. აჰა, უფალს ჰყავს ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის ღვარი, დამღუპველი ქარიშხალი, როგორც ძლიერი წამლეკავი წყლების ნიაღვარი, მიწად დაამხობს მას თავისი ხელით. ფეხებით გაითელება მთვრალ ეფრემელთა სიამაყის გვირგვინი, და დამჭკნარი ყვავილი მისი დიდებული მშვენიერებისა, რომელიც პოხიერი ხეობის თავზეა; ზაფხულამდე დამწიფებული პირველნაყოფივით იქნება, რომელსაც მისი დამნახველი ხელში აღებისთანავე გადაყლაპავს. იმ დღეს უფალი ცაბაოთი იქნება მშვენიერების გვირგვინად და დიდების ჯიღად თავისი ერის ნატამალისთვის. და სიმართლის სულად სასამართლოში მჯდომისათვის, და სიმამაცედ ჭიშკარში თავდასხმის მომგერიებელთათვის. და ესენიც ბანცალებენ ღვინისგან მღვდელი და წინასწარმეტყველი ბანცალებენ სასმელისგან, აირივნენ ღვინისაგან, ბარბაცებენ თაფლუჭისაგან, ბანცალებენ ხილვის დროს, ბორძიკობენ სასამართლოში. რადგან ყველა მაგიდა სავსეა ნარწყევითა და განავლით, „ვის ასწავლოს მან ცოდნა და ვის განუმარტოს მოსმენილი? რძეს გადაჩვეულ ჩვილებს? ძუძუს მოწყვეტილთ? რადგან ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ხაზი ხაზზე, ხაზი ხაზზე, ცოტა იქ, ცოტა აქ“. რომ ბორძიკა ბაგეებით და უცხო ენაზე ილაპარაკოს ამ ხალხთან, რომელსაც უთხრა: „აჰა, დასვენება. მაგრამ მათ არ უნდოდათ მოსმენა. და გახდა მათთვის სიტყვა უფლისა – „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ხაზი ხაზზე, ხაზი ხაზზე, ცოტა აქ, ცოტა იქ,“ რათა წასულიყვნენ და გულაღმა დაცემულიყვნენ, დალეწილიყვნენ და მახეში გაბმულიყვნენ, ტყვედ წასხმულიყვნენ. ამიტომ, ისმინეთ სიტყვა უფლისა, დამცინავო კაცნო, განმგებელნო ამ ერისა, რომელიც იერუსალიმშია. რადგან თქვენ ამბობდით: და შავეთთან დავდეთ ხელშეკრულება. როდესაც წამლეკავი შოლტი გადაივლის, ჩვენ ვერ მოგვეწევა, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფარად და ტყუილში დავიმალეთ.“ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, მე დავაფუძნე სიონში ქვა, საიმედო ქვა, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი, მასზე დანდობილი არ გაწბილდება. მე დავდებ სამართალს საზომად და სიმართლეს სასწვრად, და წახვეტავს სეტყვა სიცრუის თავშესაფარს, და სამალავს წყალი წალეკავს. დაირღვევა თქვენი კავშირი სიკვდილთან და ხელშეკრულება შავეთთან ვერ გაძლებს. და როდესაც წამლეკავი შოლტი გადაივლის, მისი სათელავი შეიქნებით. როცა კი გადაივლის, რადგან ყოველ დილით გადაივლის, დღისით და ღამით. მხოლოდ შიში იქნება ამბის გაგებისას. რადგან მოკლე იქნება საწოლი, რომ გაიჭიმონ, და წასახური ვიწრო, რომ შიგ გაეხვიონ, რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის იგი, როგორც გაბაონის ხეობაში, რათა გააკეთოს თავისი საქმე, თავისი უცხო საქმე, და შეასრულოს თავისი საშრომელი. ახლა კი ნუ მასხრობთ, რათა არ გამაგრდეს თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების განაჩენი მოვისმინე მე უფლისაგან, ცაბაოთ ღმერთისაგან. ყური დაუგდეთ და ისმინეთ ჩემი ხმა, ყურად იღეთ და გაიგონეთ ჩემი ნათქვამი. განა მხოლოდ ხნავს მხვნელი დასათესად, კვალავს და ფარცხავს თავის მიწას? განა არ მოასწორებს მის ზედაპირს? არ ფანტავს სოინჯს? კვლიავს არ მიმოყრის? და ხორბალს და ქერს არ მოაბნევს მონიშნულ ადგილზე? და ასლს თავის კვალში? ასე ასწავლის წესრიგს რადგან კევრით არ ლეწავენ სოინჯს და არც ურმის თვლებს აგორებენ კვლიავზე, რადგან არგნით ბერტყავენ სოინჯს და კვლიავს – კეტით. ხორბალს ლეწენ, მაგრამ ბოლომდე არ იბეგვება, რომ ურმის თვლების ტრიალმა და მისმა ცხენებმა, არ დანაყონ საბოლოოდ. ესეც ცაბაოთ უფლისაგან გამოდის. საოცარია მისი რჩევა, დიდია მისი სიბრძნე. ვაი, არიელ, არიელ, დავითის სადგომო ქალაქო! მოუმატეთ წელს წელი, იბრუნონ დღესასწაულებმა. და მე შევაჭირვებ არიელს, და იქნება ურვა და ტირილი და მეყოლება არიელივით. და დავბანაკდები შენს ირგვლივ, გარს შემოგარტყამ სანგარს და წინ აღგიმართავ გოდლებს. დამცირდები, მიწიდან ილაპარაკებ და მტვრიდან ყრუდ გამოვა შენი ნათქვამი, და როგორც ხმა მუცლითმეზღაპრისა, მიწიდან იქნება შენი ხმა და მტვრიდან იჩურჩულებს შენი ნათქვამი. მტვერ-ბუქივით იქნება სიმრავლე შენი მტრებისა და ანიავებული ბზესავით – სიმრავლე სასტიკთა; და უცებ მოხდება, წამისყოფაში. მოგინახულებს ცაბაოთ უფალი ქარიშხლით, გრიგალითა და შემჭმელი ცეცხლის ალით. იქნება სიზმარივით, ღამის მოჩვენებასავით ყველა მის წინააღმდეგ გალაშქრებული, მის სიმაგრეთა წინააღმდეგ, და მისი შემაწუხებელნი, იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება – აჰა, ჭამს იგი; გამოიღვიძებს და ცარიელია მისი კუჭი. და როგორც მწყურვალს ესიზმრება – აჰა, სვამს იგი, გამოიღვიძებს და დაქანცულია და სულს სწყურია ისევ; ასე მოუვა ყველა ხალხს, გალაშქრებულს სიონის მთის წინააღმდეგ. შეყოვნდით და გაოცდით, მოაჩვენეთ მთვრალნი არიან და არა ღვინისაგან, ირწევიან და არა სასმელისაგან. რადგან მოგაღვარათ უფალმა ძილქუშის სული და დახუჭა თქვენი თვალები – წინასწარმეტყველნი, თქვენი წინამძღოლნი – მხილველნი დააბნელა. და იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა, როგორც სიტყვები დაბეჭდილი წიგნისა, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს, ეუბნებიან: „წაიკითხე ეს.“ მაგრამ ის ამბობს: „არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია.“ და აძლევენ წიგნს იმას, რომელმაც არ იცის წიგნი, და ეუბნებიან: „წაიკითხე ეს.“ მაგრამ ის პასუხობს: „არ ვიცი წიგნი“. და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ მომიახლოვდა ეს ხალხი თავისი პირით და თავისი ბაგით პატივს მცემს მე, მისი გული კი შორს არის ჩემგან, – მათი მოშიშობა ჩემს წინაშე ადამიანთა ნასწავლ მცნებად იქცა, ამიტომ, აჰა, კვლავ გავაოცებ ამ ხალხს გასაოცარი საოცრებებით; და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე, და მის გონიერთა გონება დაიმალება.“ ვაი მათ, რომელნიც უფლისაგან და ბნელშია მათი საქმენი და ამბობენ: „ვინ გვხედავს ჩვენ?“ და: „ვინ გვიცნობს ჩვენ?“ ოი, თქვენი უკუღმართობა! განა მექოთნე და თიხა ერთია? რომ ნაკეთობამ თქვას თავის გამკეთებელზე, და ქმნილებამ თქვას თავის შემქმნელზე: „არაფერი გაეგებაო?“ სულ ცოტაც და განა ლიბანი ნაყოფიერ მინდვრად არ იქცევა? და ნაყოფიერი მინდორი ტყედ არ ჩაითვლება? ყრუები მოისმენენ იმ დღეს წიგნის სიტყვებს და წყვდიადიდან და სიბნელიდან ბრმების თვალები იხილავენ. წამებულნი უფრო მეტ სიხარულს ჰპოვებენ უფალში, და ღატაკი ხალხი ისრაელის წმიდაში გაიხარებს. რადგან არარად იქცევა დაუნდობელი, და მოისპობა ყველა დამცველი ურჯულოებისა, სიტყვით რომ აცთუნებენ ადამიანს და კარიბჭესთან მამხილებელს მახეს უგებენ, მართალს უგზოუკვლოდ ახეტიალებენ. ამიტომ ასე თქვა უფალმა, იაკობის სახლის ღმერთმა, რომელმაც გამოისყიდა აბრაამი: „ამიერიდან არ იქნება იაკობი შერცხვენილი რადგან როდესაც დაინახავს თავის შვილებს, წმიდად ჰყოფენ ჩემს სახელს; და განწმედენ იაკობის წმიდას, და ისრაელის ღმერთის შეეშინდებათ. სულით ცთომილნი გონს მოეგებიან და მდრტვინავნი ჭკუას ისწავლიან.“ „ვაი, გაუგონარ შვილებს,“ – სიტყვა უფლისა. – „რჩევას იღებენ, და არა ჩემგან, ჩანაფიქრს ფიქრობენ და არა ჩემი სულით, რათა ცოდვა ცოდვას მიუსართონ. ეგვიპტეში ჩასასვლელად რომ გაემართნენ, ჩემს ბაგეს კი არ დაეკითხნენ, რათა გამაგრებულიყვნენ ფარაონის სიმაგრეში, და ეგვიპტის ჩრდილისთვის შეეფარებინათ თავი. მაგრამ ფარაონის სიმაგრე სირცხვილად გექცევათ, ეგვიპტის ჩრდილში შეფარება – შესარცხვენად. რადგან მისი მთავარნი ცოყანში იყვნენ, და მისმა მოციქულებმა ხანესამდე მიაღწიეს. ყველა შერცხვენილია ხალხის გამო, ვერც საშველად და ვერც სარგოდ, მხოლოდ სირცხვილად და შესარცხვენად.“ ტვირთი ნეგების პირუტყვისა: უბედურებისა და გაჭირვების ქვეყანაში, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომი; ასპიტი და მფრინავი ურჩხული! ჩოჩორთა ზურგით მოაქვთ მათ თავიანთი დოვლათი და აქლემთა კუზით – თავიანთი საუნჯე უსარგებლო ხალხთან. ეგვიპტე კი, მისი შემწეობა, ამაო და ფუჭია, ამიტომაც ვუწოდე მას: „უქმად მოქადულნი“. ახლა მოდი, დაუწერე ეს დაფაზე, და წიგნში ამოკვეთე და დარჩება უკანასკნელ დღემდე, უკუნითი უკუნისამდე. რადგან მეამბოხე ხალხია ის, ცრუ ძენი, ძენი, რომელთაც არ სურთ უფლის რჯულის მოსმენა, რომლებიც ეუბნებიან მხილველებს: და წინასწარმეტყველთ: „ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით რამ საამებელი, იხილეთ რამ სამხიარულო. განდექით გზიდან, გადაუხვიეთ ბილიკიდან, მოგვასვენეთ ისრაელის წმიდისაგან.“ ამიტომ ასე თქვა ისრაელის წმიდამ: „რადგან თქვენ შეიძულეთ ეს სიტყვა და დაენდეთ გამოძალვას და მოტყუებას და ეყრდნობით ამას, ამიტომ გექნებათ თქვენ ეს ურჯულოება, როგორც ნაპრალი დამაქცეველი, როგორც შენანგრევი მაღალ კედელზე, რომლის ჩამოქცევა მეყსეულად მოვა. და დალეწავს, ნამსხვრევებად, შეუბრალებლად, და არ მოინახება ამ ნამსხვრევებში ნატეხი, კერიდან ცეცხლის ასაღებად, ან ტბორიდან წყლის ამოსახაპად.“ რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა, ისრაელის წმიდამ: „მოქცევასა და სიმშვიდეში გადარჩებოდით, სიმყუდროვესა და მინდობაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ თქვენ არ ინდომეთ. ამბობდით: „არა, რადგან ცხენით გავიქცევით,“ ამიტომაც გაიქცევით; „ჩვენ სწრაფი ცხენებით გავჭენდებით!“ ამიტომ სწრაფნი იქნებიან თქვენი მდევარნი. ათასეული გაიქცევა ერთის მუქარით, ხუთის მუქარით თქვენ მოჰკურცხლავთ, სანამ არ დარჩებით სარყესავით მთის თხემზე და ნიშანივით – ბორცვზე.“ ამიტომ უფალი დროს უცდის, რომ შეგიწყალოთ. ამიტომ მაღლდება, რომ შეგიბრალოთ. რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა მისი მოიმედე. რადგან, ხალხო, მცხოვრებო სიონსა და იერუსალიმში, ტირილით აღარ იტირებთ, შეგიწყალებს ის შენი ღაღადის პასუხად; მოსმენისთანავე გიპასუხებს. და მოგცემთ თქვენ უფალი გაჭირვების პურს და სიმძიმილის წყალს. და შენი მოძღვარი აღარ დაიმალება და იხილავენ შენი თვალები შენს მოძღვარს. და შენი ყურები მოისმენენ სიტყვას, ნათქვამს შენს უკან: „აი გზა, მას გაჰყევით“, როცა მარჯვნივ წახვალთ ან მარცხნივ. სიბილწედ შერაცხავთ შენი ძეგლების ვერცხლის პერანგს და შენი კერპების ოქროს სამოსელს. მიმოფანტავ მათ, როგორც სიბინძურეს; „მოშორდი“, ეტყვი მათ. და მისცემს ის წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე. და პური, მიწის მოსავალი, იქნება მსუყე და ნოყიერი, შენი სამწყსო იმ დღეს გაშლილ საძოვარზე დაიმწყესება. ხარები და ვირები, მინდოს რომ ხნავენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, განიავებულს ნიჩბითა და ფიწლით. და ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ ბორცვზე წყალუხვი ღელეები იქნება დიდი განადგურების დღეს, კოშკების დაცემისას. და იქნება მთვარის ნათელი, როგორც მზის ნათელი, და მზის ნათელი შვიდმაგი იქნება, როგორც შვიდი დღისა იმ დღეს, როდესაც უფალი შეუხვევს მოტეხილს თავის ხალხს და ჭრილობას განუკურნავს. აჰა, უფლის სახელი მოდის შორიდან, გიზგიზებს მისი რისხვა და მძიმეა მისი ტვირთი, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით და მისი ენა შემჭმელი ცეცხლივითაა. მისი სუნთქვა მოვარდნილი ღვართქაფივითაა, ყელამდე სწვდება, რომ გაცრას ხალხები ამაოების საცერში. და ამოსდებს ხალხებს ყბებში ლაგამს, რომ წარმართოს ცთუნებათაკენ. სიმღერა გექნებათ თქვენ, და გულის სიხარული, როგორც სალამურის ღუღუნით მავალს, რომ ავიდეს მთაზე უფლისა – ისრაელის კლდისა. უფალი მოასმენინებს თავისი ხმის სიდიადეს, და თავისი მკლავის ცემას აჩვენებს გულისწყრომის რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, ქარიშხალში და ქვის სეტყვაში. რადგან უფლის ხმისაგან დაილეწება აშური, შოლტით მცემელი. ყოველი ჩავლა სასჯელის კვერთხისა, რომელსაც უფალი დასცემს მასზე, დაფდაფთა და ქნართა ხმაზე მოხდება. და ბრძოლებში ხელის მოქნევით შეებრძოლება მას. რადგან შესაწირი ადგილი, მეფისთვისაცაა გამზადებული, გაღრმავებული და გაფართოებული, მის კოცონში ცეცხლი და ბევრი შეშაა. უფლის სუნთქვა გოგირდის ღელესავით გიზგიზებს მასში. ვაი მათ, ვინც ეგვიპტეს სთხოვს შემწეობას, ცხენებს მიენდვნენ და ეტლებზე ამყარებენ იმედს, რადგან მრავლადაა, და მხედრებზე, რადგან ფრიად ძლიერნი არიან. ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიკითხეს. მაგრამ ისიც ბრძენია და მოაწევს უბედურებას და თავის სიტყვებს არ აუქმებს; და აღუდგება ბიწიერთა სახლს და ავისმოქმედთა შემწეობას. მაგრამ ეგვიპტელნი ადამიანები არიან და არა ღმერთები, და მათი ცხენები ხორცია და არა სული; უფალი მოიღერებს თავის ხელს და წაბორძიკდება შემწე, და დაეცემა შეწევნილიც, და ყველანი ერთად დაიღუპებიან. რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „როგორც ლომი და როგორც ლომის ბოკვერი ბრდღვინავს თავის ნადავლზე, თუნდაც მოუხმონ მის წინააღმდეგ მთელ მწყემსობას, მათი ხმებისაგან არ დაფრთხება და მათი ხმაურის გამო არ შედრკება, ასე ჩამოვა უფალი ცაბაოთი სიონის მთისათვის და მისი ბორცვისათვის საომრად.“ როგორც ჩიტები დასტრიალებენ ბარტყებს, ისე დაიცავს უფალი ცაბაოთი იერუსალიმს, დაიცავს და უშველის, დაინდობს და გადაარჩენს. მიუბრუნდით იმას, ვისაც გაუღრმავეთ განდგომა, ისრაელის ძენო. რადგან იმ დღეს მოიძულებს თითოეული თავისი ვერცხლისა და ოქროს კერპებს, თქვენმა ხელებმა რომ გაგიკეთეს ცოდვისათვის. დაეცემა აშური მახვილით არა კაცისა, და მახვილი არა ადამიანისა შეჭამს მას. და მახვილს გაექცევა იგი და მისი ჭაბუკები ხარკად იქცევიან. „და მისი კლდე შიშისაგან გადაივლის და მისი მთავრები დროშაზე დაფრთხებიან“, ბრძანებს უფალი, ვისი ცეცხლიც სიონშია და ღუმელი – იერუსალიმში. აჰა, სამართლიანად იმეფებს მეფე და მთავარნი სიმართლით იმთავრებენ. და თითოეული იქნება, როგორც საფარავი ქარში და თავშესაფარი თავსხმაში; როგორც წყლის ნაკადულები გვალვიანში, როგორც ჩრდილი კლდისა გამოფიტულ მიწაზე. და თვალს არ მოაცილებენ დამნახველნი, და მსმენელთა ყურნი გაიგონებენ. და თავქარიანთა გული მიხვდება ჭეშმარიტებას, და ბლუთა ენა ნათლად ალაპარაკდება. აღარ მოიხსენიებენ არამზადას კეთილშობილად და ძუნწზე არ იტყვიან სულგრძელს, რადგან მდაბალი სიმდაბლეს ლაპარაკობს, და მისი გული სიავეს სჩადის, რათა მოიქცეს მლიქვნელურად რათა გამოაცარიელოს მშიერის სული, და მწყურვალს სასმელი მოაკლოს. ძუნწის იარაღი ბოროტეულია; მზაკვრულს განიზრახავს იგი, რომ დააპუროს ღარიბნი სიცრუის სიტყვებით, და ღატაკი, როცა ის სიმართლეს ლაპარაკობს. ქველი კი სიქველით განიზრახავს და სიქველეზე იდგება. უზრუნველო ქალებო, ადექით, ისმინეთ ჩემი ხმა; უდარდელო ასულნო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს. ერთ წელიწადში, რამდენიმე დღეში შეძრწუნდებით, უდარდელო ქალებო, რადგან აღარ იქნება რთველი, ხილის კრეფა არ დადგება. გეშინოდეთ, უზრუნველნო, შეძრწუნდით, უდარდელნო, გაიხადეთ და გაშიშვლდით და ძაძა შემოირტყით წელზე. ძუძუებზე ირტყით საამური ყანების ჩემი ხალხის მიწაზე ნარი და ეკალი ამოვა, როგორც ყველა მხიარულ სახლზე მოზეიმე ქალაქში. რადგან დაგდებულია სასახლე, ციხე-სიმაგრე და კოშკი გამოქვაბულებად იქცნენ უკუნისამდე – კანჯართა სალაღობოდ, ფარათა სამწყემსად, სანამ არ გადმოიღვრება ჩვენზე სული მაღლიდან და უდაბნო ბაღნარად არ იქცევა და ბაღნარი ტყედ არ შეირაცხება. და დაივანებს უდაბნოში სამართალი და სამართლიანობა ბაღნარში დასახლდება. და იქნება სამართლიანობის საქმე მშვიდობად, და სამართლიანობის სამსახური სიმშვიდედ და უსაფრთხოებად უკუნისამდე. და დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის ბინაში, საიმედო სავანეებში და უზრუნველ სამყოფლებში. და იქნება სეტყვა ტყის დაცემისას და ქალაქი დაბლობზე დაეშვება. ნეტარნი ხართ, ყველა წყლის პირზე რომ თესავთ, ხარისა და სახედრის ფეხს რომ ათავისუფლებთ. ვაი შენ, ჰოი მძარცველო, თუმცა არ გაძარცულხარ და, მოღალატევ, თუმცა შენთვის არ უღალატიათ! როგორც კი დაამთავრებ ძარცვას, შენ გაგძარცვავენ, როგორც კი შეწყვეტ ღალატს, შენ გიღალატებენ. უფალო, შეგვიწყალე ჩვენ, იყავი მათი მკლავი ყოველ დილით, და ჩვენი მხსნელი გაჭირვების ჟამს. გრიალის ხმაზე გაიქცნენ ერები, შენს შემართვაზე განიბნენ ხალხები. და შეიკრიბება თქვენი ნადავლი, კალიის მდევნელივით დაედევნებიან. ამაღლებულია უფალი, მან გაავსო სიონი სამართლითა და სიმართლით. და იქნება იგი სიმტკიცე შენი დროებისა, ხსნის უხვება, სიბრძნე და ცოდნა, ღვთის მოშიშება მისი განძია. აჰა, მათი ძლიერნი ყვირიან ქუჩებში. მშვიდობის მაცნენი მწარედ ტირიან. გაუდაბურდა გზები, აღარ არის მგზავრი; დაარღვია აღთქმა, შეიზიზღა ქალაქები, არაფრად ჩათვალა ადამიანი, გლოვობს, გატიალდა ქვეყანა, შერცხვა ლიბანი, დაჭკნა; შარონი ტრამალს დაემსგავსა, და გაშიშვლდნენ ბაშანი და ქარმელი. „ახლა ავდგები,“ – ამბობს უფალი, – „ახლა ავმაღლდები, ახლა აღვზევდები. თივით დაფეხმძიმდებით, ჩალას შობთ, თქვენი სუნთქვა ცეცხლია, შეგჭამთ. და გახდებიან ხალხები საკირეში დასაწვავად, მოჭრილი ეკლებივით ცეცხლში დაიწვებიან. ისმინეთ, შორეულნო, რაც მოვიმოქმედე, და შეიტყვეთ, ახლობელნო, ჩემი ძალა.“ სიონზე შეშინდნენ ცოდვილები, კანკალმა შეიპყრო პირფერნი; „რომელი ჩვენგანი დაუდგება შემჭმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი დაუდგება საუკუნო ხანძარს?“ ვინც სიმართლით დადის ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი; ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისაგან, იცობს ყურს, რათა არ ესმოდეს სისხლიანი ამბები, და თვალს ხუჭავს, რათა არ ხედავდეს ბოროტებას, ის სიმაღლეებში დაივანებს; კლდეთა სიმაგრენი მისი საყრდენია; თავისი პური მიეცემა მას, თავისი წყალი არ შეუწყდება. მეფეს თავის მშვენებაში იხილავენ; შენი თვალები, შორეულ ქვეყანას დაინახავენ. შენი გული გაიხსენებს საშინელებას: „სადაა დამთვლელი? სადაა ამწონი? სადაა კოშკების დამთვლელი“. კადნიერ ხალხს არ იხილავ, ხალხს ბაგებნელს, გაურკვეველს, ენაბორძიკას, გაუგებელს. შეხედე სიონს, ჩვენი შეკრების ქალაქს! შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მშვიდ სავანეს, შეუძვრელ კარავს, მისი პალოები არ მოირყევა არასოდეს და მისი არც ერთი საბელი არ გაწყდება. რადგან იქ იქნება უფალი ძალა ჩვენთვის, ფართო მდინარეთა და ტბათა ადგილი, სადაც ნიჩბიანი ხომალდი არ შევა და დიდი გემი არ გაივლის მასში. რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე, ის გვიხსნის. მოეშვა შენი საბელები, ვერ აკავებენ თავიანთი ანძის საყრდენს, აფრას ვერ ჭიმავენ. მაშინ განაწილდება დიდი ნადავლი, ხეიბარნიც დაიწყებენ ძარცვას. და არ იტყვის მკვიდრი: „ავადა ვარ.“ ხალხს, მასში მცხოვრებს, მიეტევება ცოდვა. მოდექით, ხალხებო, რომ მოისმინოთ! და, ტომებო, ყურად იღეთ! მოისმენს ქვეყანა და მისი სისავსე, ქვეყნიერება და ყოველივე აღმონაცენი. რადგან რისხვა უფლისა ყველა ხალხზეა და გულისწყრომა – მთელ მათ მხედრობაზე. დაარისხა ისინი, გაწირა დასაკლავად. მათი დახოცილნი გადაიყრებიან, მათ მძორებს აუვა სიმყრალე, მთები დაიშლება მათი სისხლისაგან; და დალპება ცის მთელი მხედრობა, და დაიგრაგნება ცა წიგნის გრაგნილივით, და მთელი მისი მხედრობა დაჭკნება, როგორც ფოთოლი ჭკნება ვაზზე და როგორც დამჭკნარი ფოთოლი ცვივა ლეღვიდან. რადგან დათვრა ცაში ჩემი მახვილი; ნახეთ, ედომზე დაეშვება და ერზე, რომელიც სასჯელისთვის დავარისხე. უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გათქვირებულია ქონით, კრავებისა და ვაცების სისხლით, ვერძთა თირკმელების ქონით, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის ქვეყანაში. და დაეშვებიან მათთან მარტორქანი და მოზვერნი ძლიერებთან ერთად; და დაითვრება ქვეყანა სისხლისაგან, და მათი მტვერი ქონისაგან გათქვირდება. რადგან შურისძიების დღე აქვს უფალს, საზღაურის წელი სიონის საქმეზე. და იქცევა მისი ღელეები ფისად და მისი მტვერი – გოგირდად, და იქნება მისი მიწა აგიზგიზებული ფისი. არც ღამით, არც დღისით არ ჩაქრება, საუკუნოდ იდენს მისი კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება, უკუნითიდან უკუნისამდე არავინ გაივლის მასში. და დაიმკვიდრებენ მას ვარხვი და ზღარბი, ბუ და ყორანი დაიბუდებენ მასში; და ის გაიწვდენს მასზე უდაბურების საზომს და უკაცრიელობის შვეულს. დიდებულთაგან არავინ ეყოლებათ იქ, რომ სამეფო გამოაცხადონ, და ყველა მისი მთავარი არარაობა იქნება. მის სასახლეებში ეკლები აღმოცენდება, ციხე-სიმაგრეებში – ჭინჭარი და ნარშავი; და იქნება ის ტურების ბუნაგი, სირაქლემათა ეზო. და შეხვდებიან იქ უდაბნოს მხეცები აფთრებს, ჭინკები ერთმანეთს გასძახებენ. იქ მოიკალათებს ალი და ჰპოვებს თავისთვის სავანეს. იქ დაიბუდებს მფრინავი გველი, და დადებს კვერცხებს და გამოჩეკავს, და შემოიკრებს თავის ჩრდილში. იქ შეგროვდებიან ძერანი ერთიმეორესთან. მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არც-ერთი მათგანი არ დააკლდება, არ მოისაკლისებენ ერთმანეთს, რადგან მისმა ბაგეებმა ბრძანეს და მისმა სუნთქვამ შეკრიბა ისინი. მან თავად უყარა მათ წილი და მისმა ხელმა გაუნაწილა მათ საზომით; უკუნისამდე დაიმკვიდრებენ მას, თაობიდან თაობაში იქ იცხოვრებენ. გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, და გამხიარულდება ტრამალი და გაიფურჩქნება, როგორც მთის შროშანი. აყვავდება და გაიფურჩქნება და იმხიარულებს ლხენითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება. ისინი იხილავენ უფლის დიდებას, ჩვენი ღმერთის დიდებულებას. განიმტკიცეთ მოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები გაიმაგრეთ. უთხარით სულმოკლეთ: „განმტკიცდით, აჰა თქვენი ღმერთი, შურისგება მოვა – ღვთის საზღაური, ის მოვა და გიხსნით.“ მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუთა ყურები გაიხსნება. მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში და იქცევა ხრიოკი ტბად და უწყლო ადგილი – წყლის წყაროდ; ტურების ბუნაგში, მათ ყუდროში, ბალახი ლერწამივით და ლელქაშივით იქნება. და შარაგზა იქნება იქ, და სიწმიდის გზა დაერქმევა მას; უწმიდური არ გაივლის მასზე, გზაზე მავალისთვის იქნება იგი, და ბრიყვები არ დაიბნევიან. არ იქნება იქ ლომი და მტაცებელი მხეცი არ აღდგება მასზე, არ გაიჭაჭანებს იქ, და ივლიან გადარჩენილნი. უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მივლენ სიონში სიმღერით. და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, და ლხინსა და სიხარულს ეწევიან, დარდი და ოხვრა უკუიქცევა. და იყო, მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს გამოვიდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა გამაგრებული ქალაქის წინააღმდეგ და ხელში ჩაიგდო ისინი. და გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმში მეფე ხიზკიაჰუსთან დიდი ლაშქრით და გაჩერდა ის ზემო აუზის არხთან, მრეცხავის ველის გზაზე. და გამოვიდნენ მასთან ელიაკიმი, ხილკიაჰუს ძე, სასახლის მმართველი, შებნა მწერალი და იოახი, ასაფის ძე – მემატიანე. და უთხრა მათ რაბშაკემ: „აბა, უთხარით ხიზკიაჰუს: ‘ასე თქვა დიდმა მეფემ, აშურის მეფემ: ეს რა იმედია, რისი იმედიც გაქვს?’ მე ვთქვი: ‘ეს მხოლოდ სიტყვაა, საომრად კი რჩევა და ძალაა საჭირო. ახლა რისი იმედი გაქვს, რომ ამიჯანყდი მე? აი, შენ გადატეხილი ლერწმის საყრდენი გეიმედება, ეგვიპტე, თუ კაცი დაეყრდნო მას, შეერჭობა ხელის მტევანში და გაუხვრეტს; ასეა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველა მისი მოიმედისათვის. და თუ მეტყვი მე: ‘ჩვენი უფალი ღმერთის იმედი გვაქვსო!’ ეს ხომ ის არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები მოაშორა ხიზკიაჰუმ და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ‘მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცით თაყვანი!’ ახლა, აბა, შეუთანხმდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს, და მე მოგცემ შენ ათას ცხენს, თუ შესხამ მათზე მხედრებს? მაშ როგორღა გააბრუნებ ერთ მთავარს მცირეთაგან ჩემი ბატონის მონათა შორის? შენ კი ეგვიპტის იმედი გაქვს ეტლებისა და მხედრების გამო. და ახლა განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას ასაოხრებლად? უფალმა მითხრა მე: ‘გაილაშქრე ამ ქვეყანაზე და ააოხრე იგი.’“ და უთხრეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „ელაპარაკე შენს მონებს არამეულად, რადგან გვესმის, და ნუ დაგველაპარაკები ებრაულად იმ ხალხის გასაგონად, რომელიც გალავანზეა.“ მაგრამ უთხრა მათ რაბშაკემ: „განა შენს ბატონთან და შენთან გამომაგზავნა ჩემმა ბატონმა, რომ ვილაპარაკო ეს სიტყვები, და არა გალავანზე მსხდომ ხალხთან, რათა თქვენთან ერთად ჭამონ თავიანთი განავალი და სვან თავიანთი შარდი?“ და ადგა რაბშაკე და ხმამაღლა დაიყვირა ებრაულად და თქვა: „ისმინეთ სიტყვები დიდი მეფისა, აშურის მეფისა! ასე ბრძანა მეფემ: ‘ნუ გაცდუნებთ თქვენ ხიზკიაჰუ, რადგან არ შეუძლია მას თქვენი ხსნა.’ ნუ დაგაიმედებთ უფლით ხიზკიაჰუ, რომ გეუბნებათ: ‘გვიხსნის ჩვენ უფალი, არ დაეცემა ეს ქალაქი აშურის მეფის ხელით!’ ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ბრძანა აშურის მეფემ: ‘დამნებდით მე და გამოდით ჩემთან, და ჭამოს თითოეულმა ნაყოფი თავისი ვაზისა და თავისი ლეღვისა, და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭისა, სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდე თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში.’ ნუ გაქეზებთ თქვენ ხიზკიაჰუ: ‘უფალი გვიხსნის ჩვენ!’ განა იხსნეს ხალხების ღმერთებმა – თითოეულმა თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან? სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? როდის უხსნიათ მათ სამარია ჩემი ხელიდან? ამ ქვეყნების ღმერთებს შორის რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?“ დადუმდნენ და არ უპასუხეს არაფერი, რადგან ასეთი იყო მეფის ბრძანება: „არ უპასუხოთ!“ მივიდნენ ელიაკიმი, ხილკიაჰუს ძე, რომელიც სასახლეზე იყო დადგენილი, შებნა, მწერალი და იოახი, ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოგლეჯილი ტანსაცმლით და გადასცეს მას რაბშაკეს სიტყვები. და როდესაც მოისმინა ეს მეფე ხიზკიაჰუმ, მაშინ შემოიხია თავისი ტანსაცმელი, და ძაძით შეიმოსა და მივიდა უფლის ტაძარში. და გაგზავნა ელიაკიმი, რომელიც სასახლეზე იყო დადგენილი, და შებნა მწერალი და მღვდელთა უხუცესნი, ძაძით დაფარულნი, წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან. და უთხრეს მას: „ასე თქვა ხიზკიაჰუმ: ‘უბედურების, დასჯისა და შეგინების დღეა ეს დღე, რადგან ყრმებმა მოაღწიეს საშომდე და ძალა არაა შობისა. იქნებ მოისმინოს შენმა უფალმა ღმერთმა რაბშაკეს სიტყვები, რომელიც მისმა ბატონმა აშურის მეფემ გამოგზავნა ცოცხალი ღმერთის საგინებლად და დასაჯოს იმ სიტყვების გამო, რომელიც მოისმინა შენმა უფალმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც აქ არიან.“ მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს წარგზავნილნი ესაიასთან, და უთხრა მათ ესაიამ: „ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე თქვა უფალმა: ‘ნუ გეშინია ამ სიტყვებისა, რომლებიც მოისმინე, რითაც მე მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი. აჰა, მე ჩავდებ მასში სულს და შეიტყობს ამბავს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში, და მახვილით დავცემ მის ქვეყანაში.“ დაბრუნდა რაბშაკე და ჰპოვა აშურის მეფე ლიბნასთან მებრძოლი, რადგან შეიტყო, რომ ლაქიშიდან აყრილიყო. შეიტყო თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზე, „გამოვიდა შენთან საბრძოლველად.“ ისმინა და გაგზავნა მაცნენი ხიზკიაჰუსთან სათქმელად: „ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: ‘ნუ გაცდუნებს შენი ღმერთი, რომლის იმედიც გაქვს, რომ გეუბნება: ‘არ გადაეცემა იერუსალიმი აშურის მეფის ხელთ!’ აჰა, შენ შეიტყვე, რაც აშურის მეფეებმა გაუკეთეს მთელ ქვეყნებს, რომ დაამხეს ისინი, და შენ გადარჩები? თუ იხსნეს ისინი ღმერთებმა იმ ხალხებისა, რომლებიც ჩემმა მამებმა ააოხრეს? გოზანი და ხარანი, და რეცეფი და ძენი ედენისა, თელასარში რომ იყვნენ? სად არის ხამათის მეფე და არფადის მეფე, ქალაქ სეფარვაიმის, ჰენაყის და ყივას მეფე?“ და აიღო ხიზკიაჰუმ წერილი მაცნეთა ხელიდან და წაიკითხა. ავიდა უფლის ტაძარში და გაშალა იგი ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე. და ასე ევედრებოდა ხიზკიაჰუ უფალს: „უფალო ცაბაოთ, ღმერთო ისრაელისა, მჯდომო ქერუბიმებზე! მარტო შენა ხარ ღმერთი ქვეყნის ყველა სამეფოსი, შენ შექმენი ცა და ქვეყანა. დახარე, უფალო, შენი ყური და მოისმინე. გაახილე, უფალო, შენი თვალი და ისმინე ყოველი სიტყვა სანხერიბისა, რომელმაც გამოგზავნა ცოცხალი ღმერთის საგინებლად. მართალია, უფალო, აშურის მეფეებმა გაატიალეს ყველა ხალხი და მათი ქვეყანა; ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგანაც ღმერთები არ არიან ისინი, არამედ ადამიანის ნახელავი, ხე და ქვა, და მოსპეს კიდეც ისინი. და ახლა, ჩვენო უფალო ღმერთო, გვიხსენ ჩვენ მისი ხელიდან და შეიტყობს ქვეყნის ყველა სამეფო, რომ მარტო შენა ხარ უფალი.“ და გაგზავნა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუსთან სათქმელად: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘პასუხად იმისა, რასაც მევედრებოდი სანხერიბზე, აშურის მეფეზე, აჰა, სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა უფალმა მასზე: აბუჩად აგიგდო შენ, დაგცინა შენ, ქალწულო, ასულო სიონისა! შენს უკან თავი გააქნია, ასულო იერუსალიმისა. ვინ ძრახე და ვის აგინე შენ? და ვისზე აიმაღლე ხმა და მაღლა ააპყარ შენი თვალი? ისრაელის წმიდაზე! შენი მონების ხელით აგინებდი უფალს და თქვი: ‘ლიბანის კალთებზე და მოვჭერი მისი მაღალი კედრები, მისი რჩეული კვიპაროსები. მივაღწიე მისი სიმაღლის ბოლომდე, მის ნაყოფიერ ტყემდე. ამოვთხარე და დავლიე წყალი და ჩემი ფეხის ნაბიჯებით ამოვაშრე ეგვიპტის ყველა მდინარე.’ განა არ გსმენია? ადრიდანვე ვქმენ ეს, ძველთაგანვე დავსახე ეს. ახლა კი მოვაწევ ამას, რათა გამაგრებული ქალაქები ნანგრევების გროვად იქცეს. და მისი უძლური მცხოვრებნი შეცბუნდნენ და შერცხვნენ, გახდნენ როგორც მინდვრის ბალახი და მწვანე მოლი, როგორც ერდოს ხავსი, როგორც მწიფობამდე დახრუკული თავთავი. შენი დაჯდომა და შენი გამოსვლა და შენი მოსვლა ვიცი მე, და შენი დრტვინვა ჩემს წინააღმდეგ. რადგან შენმა დრტვინვამ ჩემს წინააღმდეგ და შენმა ხმაურმა ამოაღწია ჩემს ყურამდე; გაგიყრი ჩემს ხარტუკს ცხვირში და ჩემს ლაგამს – ყბებში, და დაგაბრუნებ იმ გზით, რომლითაც მოხვედი. და ეს იქნება, ნიშნად შენთვის: იჭამოს ამ წელს ნაგერალი და მეორე წელს – თავისით ამოსული, მესამე წელს კი დათესეთ და მომკეთ, გააშენეთ ვენახები და ჭამეთ მათი ნაყოფი. იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი ისევ ჩაუშვებს დაბლა ფესვს და ნაყოფს გამოიღებს მაღლა. რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნატამალი და გადარჩენილი – სიონის მთიდან, უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას. ამიტომ ასე თქვა უფალმა აშურის მეფეზე: არ ამოვა ის ამ ქალაქში და არ ისვრის აქ ისარს, არ მიადგება მას ფარით და არ დაყრის მის წინააღმდეგ მიწაყრილს. იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, გაბრუნდება, არ მოვა ამ ქალაქში სიტყვა უფლისა. მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემი გულისათვის და ჩემი მსახურის, დავითის გულისათვის.“ გამოვიდა უფლის ანგელოზი და დასცა აშურელთა ბანაკში ას ოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი. ადგნენ დილით და აჰა, ნახეს, რომ მკვდარი გვამები არიან ყველანი. აიყარა და წავიდა სანხერიბი, აშურის მეფე და ცხოვრობდა ნინევეში. და ერთხელ, როდესაც თაყვანს სცემდა ნისროქს, თავის ღმერთს, მის სახლში, ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ძეებმა, დასცეს ის მახვილით, და გაიქცნენ არარატის ქვეყანაში და გამეფდა ასარხადონი, მისი ძე, მის ნაცვლად. იმ დღეებში ავად გახდა ხიზკიაჰუ და მივიდა მასთან ესაია, ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა მას: „ასე თქვა უფალმა: ანდერძი დაწერე შენი სახლისათვის, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩები!“ და მიატრიალა ხიზკიაჰუმ პირი კედლისაკენ და შეევედრა უფალს; ამბობდა: „გთხოვ, უფალო! გაიხსენე, რომ დავდიოდი შენს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულით, და რაც კეთილია შენს თვალში, იმას ვაკეთებდი.“ და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ. იყო სიტყვა უფლისა ესაიასადმი: „წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე თქვა უფალმა, დავითის, შენი მამის, ღმერთმა: ‘ვისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლები. აჰა, მე ვუმატებ შენს დღეებს თხუთმეტ წელს. გიხსნით შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან.’ ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისაგან, რომ შეასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც მან წარმოსთქვა: ‘ავაბრუნებ საფეხურებზე ჩრდილს, რომელიც ახაზის საფეხურებზე ჩავიდა მზესთან ერთად, ათი საფეხურით უკან.’ და მართლაც დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, რომლითაც ის ჩავიდა. წერილი ხიზკიაჰუსი, იუდას მეფისა, როდესაც ავად იყო და განიკურნა თავისი ავადმყოფობისაგან. მე ვთქვი: „ჩემი დღეების შუაძალში გავივლი შავეთის კარიბჭეს, მომაკლდება დანარჩენი წლები.“ ვთქვი: „ვერ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის. ჩემი წუთისოფელი აყრილია და წაღებულია ჩემგან, მქსოველივით ვახვევდი ჩემს ცხოვრებას; და დგიმის ძირშივე მომკვეთა მე. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდა. დილამდე ვიმხნევებდი თავს, მაგრამ ლომივით დილიდან ღამემდე ბოლოს მიღებდა. ვჟიოდი მერცხალივით, წეროსავით ვყიოდი, როგორც მტრედი, ვკვნესოდი, ცისკენ იყო მიპყრობილი ჩემი თვალები. უფალო, გამიჭირდა, შემეშველე! რა შემიძლია ვთქვა? მან მითხრა და მანვე აღასრულა. ვიხეტიალებ მთელი წლები ჩემი სულის სიმწარეში. უფალო! ამით ცოცხლობენ, და ყოველივე ამაშია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ განმკურნავ და გამაცოცხლებ მე. აჰა, სიმრთელისთვის მქონდა მე დიდი სიმწარე, და შენ მოინებე ჩემი სული წარსაწყმედელიდან, რადგან შენს ზურგს უკან გადაყარე ყველა ჩემი ცოდვა. რადგან შავეთი არ გაქებს შენ, სიკვდილი არ შეგასხამს ხოტბას, საფლავად ჩამავალნი არ დაენდობიან შენს ჭეშმარიტებას. ცოცხალი! ცოცხალი – ის შეგაქებს შენ, მამა შვილებს აუწყებს შენს ჭეშმარიტებას. უფალია ჩემს სახსნელად, და ჩემს სიმღერებს ვიმღერებთ მთელი ჩვენი სიცოცხლე უფლის სახლში.“ და თქვა ესაიამ: „მოუტანონ ლეღვის კვერი და წააცხონ წყლულზე და გადარჩება.“ თქვა ხიზკიაჰუმ: „რა სასწაულია, რომ ავალ უფლის სახლში?“ იმ დროს მეროდან-ბალადანმა, ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, გაუგზავნა წერილები და საჩუქრები ხიზკიაჰუს, რადგან შეიტყო, რომ ავად იყო, და გამოჯანმრთელდა. და გაიხარა ამით ხიზკიაჰუმ და უჩვენა მათ თავისი საგანძურის, ვერცხლი და ოქრო, და სურნელი და ძვირფასი ნელსაცხებელი და მთელი თავისი იარაღების სახლი და ყველაფერი, რაც მის საუნჯეში მოიპოვებოდა. არ იყო საგანი, რომელიც არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს თავის საუნჯიდან მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა მას: „რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“ და უპასუხა მას ხიზკიაჰუმ: „შორი ქვეყნიდან მოვიდნენ ჩემთან, ბაბილონიდან.“ და ჰკითხა ესაიამ: „რა ნახეს მათ შენს სახლში?“ და უპასუხა ხიზკიაჰუმ: „ყველაფერი, რაც ჩემს სახლშია, ნახეს მათ. არ იყო საგანი, რომელიც არ მეჩვენებინოს მათთვის ჩემი საუნჯიდან.“ და უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: „ისმინე სიტყვა უფალ ცაბაოთისა: ‘აი, მოდის დღეები, და წაიღებენ ბაბილონში ყველაფერს, რაც შენმა მამებმა დააგროვეს ამ დღემდე. არაფერი დარჩება!’ თქვა უფალმა. ‘და შენს ძეთაგან, რომლებიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ შობ, წაიყვანენ და საჭურისნი იქნებიან ისინი ბაბილონის მეფის სასახლეში.“ და უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: „კეთილია სიტყვა უფლისა, რომელიც შენ წარმოთქვი, რადგან მშვიდობა და სიმტკიცე იქნება ჩემს დღეებში.“ „ანუგეშეთ ჩემი ერი,“ – ამბობს თქვენი ღმერთი. – „ელაპარაკეთ იერუსალიმის გულს და აუწყეთ მას, რომ გამოსყიდულია მისი შეცოდება, რადგან ორმაგად მიეგო უფლის ხელიდან ყველა მისი ცოდვების წილ.“ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: „განუმზადეთ გზა უფალს, მოუსწორეთ ტრამალზე ბილიკი ჩვენს ღმერთს.“ ყველა ხევი ამაღლდება და ყველა მთა და ბორცვი დადაბლდება, და ციცაბო ვაკედ იქცევა და მთაგრეხილი – დაბლობად. გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა. ხმა ამბობს: „დაიძახე!“ და უპასუხა: „რა დავიძახო? ყველა ხორციელი ბალახია და ყოველი მისი მადლი მინდვრის ყვავილივითაა. ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როდესაც უფლის სული დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი. ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას.“ მაღალ მთაზე ადი, სიონო, მახარობელო! ძლიერად აიმაღლე ხმა, იერუსალიმო, მახარობელო! აამაღლე, ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: „აჰა, თქვენი ღმერთი!“ აჰა, უფალი ღმერთი ძლიერებით მოვა, და მისი მკლავი იხელმწიფებს; აჰა, მისი საზღაური მასთანაა და მისი გასამრჯელო მის წინაშეა. ვით მწყემსი დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ. ვინ არწყა წყალი მუჭით და გადაზომა ცა მტკაველით, და დაატია საწყაოში ქვეყნის მტვერი და სასწორით აწონა მთები, ბორცვები – პინებით? ვინ შეიცნო უფლის სული? და ვინ დამოძღვრა იგი თავისი რჩევით? ვისთან ბჭობდა ის და ვინ განაბრძნო იგი? და ასწავლა მას სამართლის გზა, ასწავლა მას ცოდნა, და გონიერების გზა აცოდინა? აჰა, ხალხები, როგორც წვეთი კარდალიდან; და სასწორის პინაზე მტვრად ჩანან ისინი. აჰა, კუნძულებს, როგორც კორიანტელს, აღგვის. ლიბანი საკმარისი არ არის დასაწველად და მისი ცხოველნი საკმარისი არ არიან სრულადდასაწველისათვის. ყოველი ხალხი არაფერია მის წინაშე, არარაობაზე მცირედ და სიცარიელედ უჩანს მას. ვის მიამსგავსებთ თქვენ ღმერთს? რა მსგავსებას გაუტოლებთ მას? ძეგლს ხომ ხელოსანი ჩამოასხამს, ოქრომჭედელი კი ოქროთი ავარაყებს და ვერცხლის ძეწკვებს უკეთებს მას. ვინც ვერ გასწვდება ასეთ შესაწირავს, ირჩევს ულპობელ ხეს, გამოცდილ ხელოსანს ეძებს, რომ ურყევად დაადგმევინოს კერპი. განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ დედამიწის საფუძვლები? ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მცხოვრებნი კალიასავით არიან მის წინაშე. მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და გაშალა საცხოვრებლად, როგორც კარავი. ის არის, ვინც მთავართ არაფრად აქცევს და ქვეყნის მსაჯულთ არარაობად ხდის. დარგულიც არ იყვნენ, დათესილიც არ იყვნენ, მიწაშიც არ გაედგა ფესვი მათ ღეროს და, როგორც კი დაუბერა მათ, გახმენ და ქარიშხალმა ჩალასავით წაიღო ისინი. „ვის მიმამსგავსებთ მე, რომ გავეტოლო?“ – ამბობს წმიდა. მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ის, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს. მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება. რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: „დაფარულია ჩემი გზა უფლისაგან და ჩემი სამართალი უსხლტება ჩემს ღმერთს?“ განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება. აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს. და დაიღლებიან ყმაწვილნი და დაიქანცებიან, ჭაბუკნი კი წაბორძიკებით წაბორძიკდებიან, ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან. დადუმდით ჩემს წინაშე, კუნძულებო, ხალხებმა კი ძალა განიახლონ. ახლოს მოდგნენ და ილაპარაკონ, ერთად მივიდეთ სამსჯავროზე. ვინ გამოაღვიძა აღმოსავლეთიდან, ვინც თავის ფეხად მოუხმო სიმართლეს, მისცა მის წინაშე ხალხები და დაიმორჩილა მეფენი? მტვრად აქცევს მათ თავისი მახვილით, ქარით წაღებულ ბზედ – თავისი მშვილდით. დაედევნება მათ, მშვიდობით გაივლის გზაზე, რომელზეც თავისი ფეხით არ გაუვლია არასოდეს. ვინ მოიმოქმედა და აღასრულა ეს? მან, ვინც თავიდან მოუწოდებს თაობებს. ‘მე, უფალი, ვარ პირველი და უკანასკნელებთან იგივე ვარ.’“ დაინახეს კუნძულებმა და შეშინდნენ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ. თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და თავის ძმას ეუბნება: „მტკიცედ იყავი!“ და ხურო ოქრომჭედელს განამტკიცებს, ჩაქუჩით გამომჭედი – გრდემლზე მცემელს. ამბობს ნარჩილზე: „კარგია!“ და ამაგრებს კერპს ლურსმნებით, რომ არ დაიშალოს. „და შენ, ისრაელ, ჩემო მსახურო იაკობ, რომელიც მე ამოგირჩიე, თესლო ჩემი საყვარელი აბრაამისა, შენ, რომელიც აგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი კუთხეებიდან მოგიხმე, გითხარი: ‘ჩემი მსახური ხარ შენ! მე ამოგარჩიე შენ და არ უკუგაგდე. ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’ აჰა, შერცხვებიან და გაწბილდებიან არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან შენი მდევარნი. ძებნას დაუწყებ და ვერ ჰპოვებ მათ, შენს მოშუღლეებს. არაფრად და არარაობად იქცევიან შენთან მებრძოლნი. რადგან მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის დამჭერი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი.“ ნუ გეშინია, მატლო იაკობ, მე შეგეწევი შენ!“ – ამბობს უფალი, და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა! აჰა, მე შენ დაგდე ახალ, დაკბილულ მჭრელ კევრად; შენ გალეწავ მთებს და გააცამტვერებ, ბორცვებს ბზესავით გახდი. დაანიავებ და ქარი მიმოაბნევს მათ და ქარიშხალი მიმოფანტავს, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდით იამაყებ. ღარიბ-ღატაკნი წყალს ითხოვენ და არ არის, მათი ენა წყურვილისაგან გაშრა. მაგრამ მე, უფალი, ვუპასუხებ, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ. გამოვადენ ხრიოკ ბორცვებზე მდინარეებს და ხეობებს შორის წყაროსთვალებს, უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ და ურწყავ მიწას – წყლის წყაროებად. უდაბნოში გავახარებ კედარს აკაციას, მურტსა და ზეთისხეს; ტრამალზე დავრგავ კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს ერთად, რათა დაინახონ და შეიტყონ, და გულისხმაყონ და შეიგნონ ერთიანად, რადგან უფლის ხელმა ქმნა ეს, და მოიმოქმედა ისრაელის წმიდამ. „გაგვაცანით თქვენი საქმე!“ – ამბობს უფალი. „მოიყვანეთ თქვენი მტკიცებანი!“ – ამბობს იაკობის მეფე. მოგვეახლონ და გვითხრან, რა მოხდება. გვითხრან პირვანდელზე, თუ რა იყო, და გულისხმავყოფთ და გავიგებთ მის დასასრულს. ან მომავალზე გვასმინონ რამე, წინასწარ გვაუწყეთ, რა მოხდება, და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. სიკეთეს იზამთ თუ ბოროტებას, მიმოვიხედავთ და ვნახავთ ერთად. აჰა, არაფერი ხართ თქვენ, და თქვენი მოქმედება არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით. აღვძარი მათგანი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან უხმობს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს განმგებელნი ტალახივით, როგორც მექოთნე ზელავს თიხას. ვინ გამოაცხადა თავიდანვე, რომ ვიცოდეთ? და ადრიდანვე, რომ ვთქვათ: „მართალია!“ მაგრამ არავის გამოუცხადებია, არავის გაუგებინებია, არავის გაუგია თქვენი ნათქვამი. მე პირველმა სიონს: „აჰა, ისინი!“ და იერუსალიმს: „მოგცემ მახარობელს“. და გავიხედე და არავინ იყო; არავინ იყო მათგან მრჩეველი, რომ მეკითხა და გაეცათ პასუხი. აჰა, არარანი არიან ყველანი, არარაობაა მათი საქმენი, ქარი და სიცარიელეა მათი ჩამოსხმული კერპები. „აი ჩემი მორჩილი, რომელიც მიჭირავს მე, ჩემი რჩეული, რომელიც სურს ჩემს გულს. დავდე მე მასზე ჩემი სული, სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს. არ იყვირებს და არ აღიმაღლებს, თავის ხმას ქუჩაში არ ასმენინებს. გაჟეჟილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ჭეშმარიტებით გამოიტანს განაჩენს. სასოს არ წარიკვეთს და არც გატყდება, სანამ არ დაამყარებს ქვეყნად სამართალს. მის რჯულს კუნძულები დაელოდებიან.“ ასე თქვა უფალმა ღმერთმა, რომელმაც შექმნა ცანი და გადაჭიმა ისინი, დააგო დედამიწა მისი აღმონაცენითურთ, მისცა სუნთქვა ხალხს, მასზე მოარულს. „მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ, რათა აახილო ბრმა თვალები, პატიმართა გამოსაყვანად სატუსაღოდან, საპატიმროდან – ბნელეთში მსხდომთა.“ „მე უფალი ვარ, ეს არის ჩემი სახელი. არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას და ჩემს ქებას – კერპებს. პირვანდელნი, აჰა, ახდა, ახალთ მე გაგიცხადებთ, სანამ აღმოცენდება, გაუწყებთ.“ უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, ქება შეასხით მას ქვეყნის კიდიდან, ზღვაში ჩასულებმა და მისმა სისავსემ, კუნძულებმა და მათმა მცხოვრებლებმა. აღავლინონ ხმა უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, სოფლებმა, სადაც კედარი მკვიდრობს, იგალობონ კლდის მცხოვრებთა, და მთის მწვერვალიდან იკიჟინონ. დიდება მიაგებონ უფალს და მისი ქება კუნძულებზე აუწყონ. უფალი ბუმბერაზივით გამოვა, ბრძოლის კაცივით აღძრავს შურს, შემოსძახებს და დასცემს საბრძოლო ყიჟინას, თავის მტრებს დასძლევს. „დიდხანს ვდუმდი, ჩუმად ვიყავ, ვითმენდი; ახლა მშობიარესავით ვიკივლებ, ამოვისუნთქავ და ჩავისუნთქავ ერთბაშად. გავატიალებ მთებსა და ბორცვებს და მთელ ბალახს გავახმობ, მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ, ტბებს კი ამოვაშრობ. ვატარებ ბრმებს გზით, რომელიც არ იცოდნენ, მათთვის უცნობი ბილიკებით წავიყვან, მათ წინაშე სიბნელეს სინათლედ ვაქცევ და ოღრო-ჩოღროებს – ვაკეებად. ეს არის საქმენი, რომელთაც გავაკეთებ და არ მივატოვებ.“ უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკებაზე დაიმედებულნი, რომელნიც ეუბნებიან ჩამოსხმულ კერპს: „თქვენა ხართ ჩვენი ღმერთები.“ ყრუებო, ისმინეთ! და ბრმებო, შეხედეთ, რომ დაინახოთ. ვინ არის ბრმა, თუ არა ჩემი მორჩილი, და ყრუ – ჩემს მაცნესავით, რომელსაც მე ვგზავნი? ვინ არის ბრმა სრულყოფილივით, და ბრმა უფლის მორჩილივით? შენ ბევრი გინახავს, მაგრამ არ შეგინახავს, ღია გაქვს ყურნი, მაგრამ ვერ ისმენ. უფალმა ინება თავისი სიმართლისათვის განედიდებინა და დიდებულეყო რჯული; მაგრამ ეს გაძარცული და გაქურდული ხალხია, ყველანი ქვაბულებში არიან შეკრულნი და ხაროებში დამალულნი; გაძარცვულნი იყვნენ და არ იყო მშველელი, გაქურდული იყვნენ და არავინ იყო მთქმელი: ‘დაუბრუნეთ!’ თქვენგან ვინ დაუგდებს ყურს ამას, ვინ შეისმენს და გაიგონებს მომავალზე? ვინ მისცა იაკობი გასაქურდად, განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? და არ ისურვეს მისი გზით სიარული, და მისი მოძღვრება არ ისმინეს? და გადმოღვარა მასზე და ომის სასტიკება, და ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ. მაგრამ ვერ მიხვდა და სწვავდა მას, გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო. მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ. როდესაც გაივლით წყლებში, მე თქვენთანა ვარ, და – მდინარეებში, არ წაგლეკავენ. როდესაც ცეცხლში გაივლით, არ დაიწვებით და ალი არ დაგწვავთ. რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდად ეგვიპტე გავეცი, ქუში და შებაყი თქვენს სანაცვლოდ. რადგანაც ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, ღირსეული იყავი და მე შეგიყვარე შენ. მე გავცემ სხვა ადამიანებს შენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს – შენი სიცოცხლის სანაცვლოდ. ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს თესლს და დასავლეთიდან შეგკრებ შენ. ვეტყვი ჩრდილოეთს: ‘მიეცი!’ და სამხრეთს: ‘ნუ დააკავებ!’ მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი – ქვეყნის კიდიდან, ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ვინც ჩემი დიდებისათვის გავაჩინე; ვინც გამოვსახე და შევქმენი!“ გამოიყვანე ხალხი ბრმა, თუმცა თვალები აქვთ, და ყრუ, თუმცა ყურები აქვთ. ყველა ხალხები შეიკრიბოს ერთად და შეგროვდნენ ტომები; მათგან ვინ გამოაცხადა ეს, და პირვანდელნი ვინ მოგვასმენინა? წარმოადგინონ თავიანთი მოწმენი, რომ გამართლდნენ, ისმინონ და თქვან: „ჭეშმარიტია!“ „თქვენ ჩემი მოწმენი ხართ!“ – ამბობს უფალი, – „და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვარჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ მე და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ: ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ უფალი და არ არის ჩემს გარდა მხსნელი. მე გამოვაცხადე და ვიხსენი, და ვაუწყე, და არ არის თქვენში უცხო. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი,“ – სიტყვა უფლისა, – „და მე ვარ ღმერთი.“ „და პირველი დღიდან მე იგივე ვარ და არავინ არის ჩემი ხელიდან გადამრჩენელი; მე ვმოქმედებ და ვინ შეაბრუნებს ამას?“ ასე ამბობს უფალი, თქვენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: „თქვენი გულისათვის გავგზავნი მე ბაბილონში და დავამხობ ურდოებს ერთიანად, და ქალდეველებს თავიანთ გემებზე მოზეიმეთ. მე, ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.“ ასე ამბობს უფალი, მომცემი ზღვაში გზისა და ძლიერ წყალში – ბილიკისა, გამომყვანი ეტლისა და ცხენისა, ლაშქრისა და ძალისა; ერთად დაწვნენ ისინი, ვერ ადგნენ, დაიშრიტნენ, პატრუქივით ჩაქრნენ. „ნუ გაიხსენებთ პირვანდელს და წარსულზე ნუ იფიქრებთ. აჰა, მე შევქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება იგი, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოშიც გავიყვან გზას, ტრამალზე – მდინარეებს. განმადიდებენ მე ველის ცხოველნი, ტურები და სირაქლემები, რადგან მივეცი უდაბნოში წყალი, ტრამალზე – მდინარეები, რათა წყალი ასვან ჩემს ერს, ჩემს რჩეულს. ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე. გამოაცხადებს ჩემს დიდებას, მაგრამ მე არ მოგიხმივარ, იაკობ, რადგან დაიქანცე ჩემით, ისრაელ! არ მოგიყვანია ჩემთვის ბატკანი შენი სრულადდასაწველისა და შენი მსხვერპლთშეწირვით არ მომაგებდი მე პატივს. ძღვნით არ გამსახურებდი და არც გუნდრუკით გქანცავდი. არ გიყიდია ჩემთვის სურნელოვანი ლერწამი ვერცხლით, და შენი მსხვერპლების ქონით არ მაძღობდი, მაგრამ მემსახურებოდი შენი ცოდვებით, მქანცავდი შენი ურჯულოებით. მე ვარ, მე ვარ ის, რომელიც რეცხავს შენს დანაშაულებებს ჩემი გულისათვის, და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ. გამახსენე, ერთად განვსაჯოთ; ილაპარაკე, რათა გამართლდე. შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი დამცველები გადამიდგნენ. მოვაშორებ სიწმიდეს მთავრებს და მივცემ იაკობს დასარისხებლად, და ისრაელს – საგინებლად.“ და ახლა ისმინე, იაკობ ჩემო მსახურო, და ისრაელ, რომელიც ავირჩიე. ასე თქვა უფალმა, შენმა შემქმნელმა, დედის მუცელში შენმა გამომსახველმა და შენმა შემწემ: ‘ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ; და შენ, იეშურუნ, რომელიც ავირჩიე. რადგან მე გადმოვღვრი წყალს გვალვიანზე და ნაკადულებს – ხმელ მიწაზე; გადმოვღვრი ჩემს სულს შენს თესლზე, და ჩემს კურთხევას – შენს შვილთაშვილებზე. და აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფნი წყლის სადინარებთან.’ ეს იტყვის: ‘უფლისა ვარ მე!’ ის იაკობის სახელით იწოდება. დაწერს თავის ხელით: ‘უფლისა’ და ისრაელის სახელი დაერქმევა. ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და მისი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთი: ‘მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.’ ‘ვინ არის ჩემსავით? წარმოთქვას და მიამბოს დაწყობილად, თუ რა მოხდა იმ დღიდან, რაც დავადგინე მე საუკუნო ხალხი; და მოწევნადი და, რაც მოვა, გამოუცხადონ მათ.’ ‘ნუ გეშინიათ და ნუ ფრთხებით, მე ხომ ძველთაგან გაუწყე შენ და გამოგიცხადე? და თქვენ მოწმენი ხართ ჩემი, განა არის ღმერთი ჩემს გარდა? და არ არის სხვა კლდე. მე არ ვიცი.’“ კერპთა გამომსახველნი ყველანი ფუჭნი არიან და მათი ძვირფასეულობანი – უსარგებლონი, რის მოწმენიც თავად არიან. ისინი ვერ ხედავენ და ვერ ხვდებიან, ამიტომაც შერცხვნენ. ვინ გამოსახა ღმერთი და ჩამოასხა კერპი, სარგებლობა რომ არა აქვს? აჰა, ყველა მათი მეგობარი შერცხვება, ოსტატნი კი, ადამიანთაგან რომ არიან, შეიკრიბონ ყველანი და დადგნენ – შეშინდებიან, შერცხვებიან ერთად. მჭედელი ცულს აკეთებს და ნახშირზე მუშაობს, და ჩაქუჩით გამოსახავს და ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შია კიდეც და არც ძალა აქვს, წყალს არა სვამს და იღლება. დურგალი ლარს ჭიმავს, მონიშნავს ხეს საჭრეთლით, ამუშავებს მას ხელეჩოთი და ფარგლით შემოხაზავს მას, და უკეთებს კაცის სახებას, მსგავსს ლამაზი ადამიანისა, რათა დასვას სახლში. მოჭრის თავისთვის კედრებს, და იღებს ცაცხვს და მუხას, და იმარაგებს თავისთვის ტყის ხეებს, რგავს ფიჭვს და წვიმა ზრდის მას. და აქვს ეს ადამიანს დასაწვავად. და ის იღებს მათგან და თბება, და ათბობს ღუმელს და აცხობს პურს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს მას ქანდაკებად და ქედს უხრის მას. მის ნახევარს წვავს ცეცხლში, მეორე ნახევრით ხარშავს ხორცს შესაჭმელად, ხრაკავს შესაწვავს და ძღება, და თბება და ამბობს: „ოჰ, გავთბი, ვიგრძენი ცეცხლი!“ ხის ნარჩენი ღმერთად ქმნა, თავის კერპად, ქედს უხრის მას და თაყვანს სცემს, და ევედრება მას და ამბობს: „გადამარჩინე, რადგან ჩემი ღმერთი ხარ შენ!“ ცნობა არა აქვთ და არც გაგება აქვთ, რადგან ტალახით აქვთ აგლესილი თვალები, რათა ვერ იხილონ, ვერაფერს მიხვდნენ მათი გულები. არ განსჯის თავის გულში და არა აქვს მას გაგება და გონება, რომ თქვას: „მისი ნახევარი ცეცხლში დავწვი მის ნაკვერცხალზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და ვჭამე, მისი მონარჩენი კი სისაძაგლედ ვაქციე. ჯირკს ვეთაყვანები?“ ფერფლით იკვებება ის, მოტყუებულმა გულმა აცთუნა და ვერ გადაირჩენს სულს და ვერ იტყვის: „სიცრუე ხომ არ არის ჩემს მარჯვენაში?“ „გახსოვდეს ესენი, იაკობ, და ისრაელ, რადგან მსახური ხარ ჩემი, მე გამოგსახე, შენ ჩემი მსახური ხარ, არ დაივიწყები ჩემგან, ისრაელ! წარვხოცე მე, როგორც ნისლი, შენი დანაშაულებანი და როგორც ჯანღი – შენი ცოდვანი; მობრუნდი ჩემსკენ, რადგან მე გამოგისყიდე შენ. იზეიმეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა, შემოსძახეთ, მიწის ქვეშეთნო, დასჭექეთ მხიარულად, მთებო, ტყევ და მასში ყველა ხემ, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და ისრაელში განდიდდება. ასე თქვა უფალმა, შენმა გამომხსნელმა „მე ვარ უფალი, ყოვლის შემქმნელი, ცის გადამჭიმელი, დედამიწის ჩემით დამგები, რომელიც არღვევს ცრუთა ნიშნებს და ააშკარავებს ჯადოსანთა შეშლილობას, უკან ახევინებს ბრძენთ და მათ ცოდნას სისულელედ აქცევს, განამტკიცებს სიტყვას თავისი მსახურისას და თავის მოციქულთა რჩევას სრულყოფს, ვინც ამბობს იერუსალიმზე: ‘დასახლდება’ და იუდას ქალაქებზე: ‘აშენდება, და მის ნანგრევებს აღვადგენ!’ ის ეუბნება უფსკრულს: ‘ამოხმი! და შენს მდინარეებს ამოვაშრობ!’ ვინც ამბობს კიროსზე: ‘მწყემსი ჩემია,’ და ჩემს ყველა სურვილს ის აღასრულებს! და რათა ითქვას იერუსალიმზე: ‘აშენდება!’ და ტაძარზე: ‘დაფუძნდება!“ „ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: რომლის მარჯვენაც მე მიჭირავს, რომ დამორჩილდნენ ხალხები შენს წინაშე; და მე სარტყელს შევხსნი მეფეებს წელზე, რათა გავაღო შენს წინაშე კარები და ჭიშკრები აღარ დაიკეტოს. მე შენს წინ წავალ და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ. და მოგცემ შენ სიბნელის საუნჯეთ და დაფარულ საგანძურებს, რათა იცოდე, რომ მე ვარ უფალი, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი. ჩემი მსახურის, იაკობის და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე შენ შენი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა არ მიცნობდი. მე ვარ უფალი და სხვა არავინ, ჩემს გარდა არ არის სხვა ღმერთი; მე შემოგარტყამ შენ სარტყელს, თუმცა არ მიცნობდი მე, რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რომ არავინ არის ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინ. მე, სინათლის გამომსახველი და სიბნელის შემქმნელი, მშვიდობის მყოფელი და უბედურების გამჩენი, მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას. ჩამოაპკურეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე ჩამოასხურონ, გაიღოს დედამიწა და გამოიღოს ხსნის ნაყოფი, სამართლიანობა ერთბაშად აღმოცენდება. მე, უფალმა, შევქმენი ეს. ვაი, თავის გამომსახველთან მოშუღლარს, ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: ‘რას აკეთებ შენ?’ ან შენი ნაკეთები იტყვის: ‘არა აქვსო მას ხელები?’ ვაი მთქმელს თავის მამისადმი: ‘რას შობ შენ?’ და ქალისადმი: ‘რისთვის ეწამები მშობიარობით?’“ ასე თქვა უფალმა, ისრაელის წმიდამ და მისმა გამომსახველმა: „მომავალზე მეკითხებით? ჩემს ძეებზე და ჩემი ხელის ნაკეთებზე მიბრძანებთ მე? მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი და მთელ მათ მხედრობას მივეცი წესი. მე გამოვაღვიძე სამართლიანობაში და მის ყველა გზას მე მოვასწორებ. ის ააშენებს ჩემს ქალაქს და ჩემს დევნილებს ის გაუშვებს, მაგრამ არც ფასით და არც ქრთამით!“ – თქვა უფალმა ცაბაოთმა. ასე თქვა უფალმა: „ეგვიპტის ჭირნახული, ქუშის ვაჭრობა და შებელნი, ტანადი ხალხი, შენთან გადმოვლენ და შენი იქნებიან, შენს უკან ივლიან, ბორკილებით გაივლიან და შენ გცემენ თაყვანს, შენ შეგევედრებიან: ‘მხოლოდ შენშია ღმერთი და სხვა ღმერთი არ არის.’“ შენა ხარ დაფარული ღმერთი, ისრაელის ღმერთი, მხსნელი. შერცხვენილნი და გაწბილებულნიც არიან ყველანი. ერთად ჩაცვივიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი. ისრაელი უფლის მიერ არის ხსნილი საუკუნო ხსნით, არ შერცხვებით და არც გაწბილდებით უკუნითი უკუნისამდე.“ რადგან ასე თქვა უფალმა, ზეცის გამჩენმა, ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი: მან დაამყარა იგი, სიცარიელედ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: „მე ვარ უფალი და სხვა არ არის. ფარულად არ მილაპარაკია დედამიწის ბნელ ადგილზე, არ მითქვამს მე იაკობის თესლისთვის: ‘სიცარიელეში მეძებეთ მე!’ მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სისწორის გამომცხადებელი. შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით, ხალხებიდან გადარჩენილნო! არაფერი იციან მათ, თავიანთ ხის კერპს რომ ატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ იხსნის. გამოაცხადეთ და წარმოადგინეთ, ერთად ითათბირეთ. ვინ ასმინა ეს ძველთაგან, წინდაწინ ვინ გამოაცხადა ეს? განა მე არა, უფალმა? და არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა, მართალი და მხსნელი ღმერთი არაა ჩემს მეტი. მოიქეცით ჩემკენ და ხსნილნი იქნებით, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა. ჩემი თავი დავიფიცე მე! ჩემი პირიდან სიმართლე გამოვიდა, შეუცვლელი სიტყვა, რომ ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და დამიფიცებს ყოველი ენა. იტყვიან ჩემზე: ‘მხოლოდ უფალშია სიმართლე და ძალა.’ მასთან მოვლენ და შერცხვებიან ყველანი, მასზე გაგულისებულნი. უფალში გამართლდება და განდიდდება ისრაელის მთელი მოდგმა.“ ჩაიმუხლა ბელმა, მოიხარა ნებო. მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; თქვენს მიერ ნატარები ტვირთი ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის. ჩაიკუზნენ, ჩაიმუხლეს ერთბაშად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა, და თვითონაც ტყვეობაში წავიდნენ. „მისმინეთ მე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩენო! დედის მუცლიდან, დედის საშოდან ჩემს მიერ ნატარებნო. თქვენს სიბერემდე მე იგივე ვარ, და თქვენს ჭაღარამდე გზიდავთ თქვენ. მე შევქმენი და მე ვიტვირთავ; მე ვზიდავ და მე გადავარჩენ. ვის მიმამსგავსებთ და შემადარებთ, ვის მიმამგვანებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ? რომლებიც გადმოაბნევენ ქისიდან ოქროს და ვერცხლს სასწორზე სწონიან, ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ ღმერთი გააკეთოს მისგან, ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ მას. გაიდებენ მას მხარზე, ატარებენ, და დებენ მის ადგილზე, დგას და არ იძვრის ადგილიდან, უყვირიან და პასუხს არ სცემს, მათ გასაჭირში ვერ იხსნის. გაიხსენეთ ეს და გამხნევდით, მიიტანეთ, დამნაშავენო, გულთან. გაიხსენეთ პირვანდელნი უკუნეთიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა, ღმერთი ვარ და არ არის ჩემი მსგავსი. ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ‘ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ.’ მოვუხმობ აღმოსავლეთიდან მტაცებელ ფრინველს, შორი ქვეყნიდან ჩემი გადაწყვეტილების აღმსრულებელს; მე ვთქვი და მოვაწევ კიდეც ამას, დავსახე და აღვასრულებ კიდეც. მისმინეთ მე, გულმაგარნო, სიმართლეს განშორებულნო: მე მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ჩემი ხსნა არ დაახანებს. და მოვიტან სიონზე ხსნას და ისრაელისთვის – ჩემს დიდებას. „ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ქალწულო, ბაბილონის ასულო, დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო, რადგან მეტად აღარ გიწოდებენ შენ ნაზსა და სათუთს. აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი, გადაიწიე საფარველი, აიწიე კალთა, გაიშიშვლე წვივი, გადაიარე მდინარეები. გამოჩნდება შენი სიშიშვლე და დანახულ იქნება შენი სირცხვილი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაბრკოლებს.“ ჩვენი გამომხსნელის სახელია ისრაელის წმიდა. ჩუმად იჯექი, მიდი სიბნელეში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გიწოდებენ სამეფოთა დედოფალს. მე განვურისხდი ჩემს ხალხს, გავარიოშე ჩემი სამკვიდრო და შენს ხელთ გადმოვეცი ისინი, მაგრამ შენ არ მოიღე მათზე წყალობა, მოხუცს მეტისმეტად დაუმძიმე შენი უღელი. ამბობდი: ‘საუკუნოდ ვიქნები დედოფალი!’ არ მიიტანე ეს შენს გულთან, არ გაიხსენე მისი ბოლო. ახლა კი, ისმინე ეს, ნებიერო, უსაფრთხოდ მჯდომარევ, რომ ამბობ შენს გულში: ‘მე ვარ და არავინაა ჩემს გარდა, არ დავჯდები ქვრივად და არ მეცოდინება შვილმკვდრობა!’ მაგრამ გეწევა ეს ორი უცბად ერთ დღეს: შვილმკვდრობა და სიქვრივე სრულად დაგატყდება თავს, მიუხედავად შენი ბევრი ჯადოქრობისა, მიუხედავად შენს გრძნეულებათა ძალისა. დაიმედებული იყავი ბოროტის ქმნისას, ‘არავინ მხედავს მე!’ შენმა სიბრძნემ და შენმა ცოდნამ გაგრყვნა, შენ კი ამბობდი შენს გულში: ‘მე ვარ და არავინაა ჩემს გარდა!’ თავს დაგატყდება ბოროტება, არ გეცოდინება მისი შელოცვა. დაგეცემა უბედურება, ვერ შესძლებ მისგან გამოსყიდვას. უცებ დაგატყდება თავს უბედურება, რასაც არ ელი. იდექი ახლა შენს გრძნეულებებზე და შენს უამრავ ჯადოქრობაზე, რომელთა გამოც შრომობდი შენი სიყმაწვილიდან; იქნებ შეძლო სარგებლობის მიღება, იქნებ გამაგრდე. დაქანცული ხარ მრავალ რჩევათაგან, მოდგნენ ვარსკვლავთმჭვრეტელები, ახალმთავრობათა მცოდნენი, და გიხსნან იმისგან, რაც უნდა დაგატყდეს თავს. ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ იხსნეს საკუთარი თავი ალისაგან, არ დარჩა ნაკვერცხალი გასათბობად, ცეცხლი – მის წინ ჩამოსაჯდომად. ასეთები გახდნენ შენთვის ისინი, რომლებთანაც ვაჭრობდი სიყმაწვილიდან; თითოეული თავის გზაზე წახეტიალდა, არავინ არის შენი მხსნელი! „ისმინეთ ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო და იუდას წყლებიდან გამოსულნო, დამფიცებელნო უფლის სახელით, და ისრაელის ღმერთის მხსენებელნო, მაგრამ არც ჭეშმარიტებითა და არც სიმართლით; რადგან წმიდა ქალაქიდან წარმოშობილს უწოდებენ ისინი თავიანთ თავს და ისრაელის ღმერთზე არიან დანდობილნი. უფალი ცაბაოთია მისი სახელი! პირვანდელნი დიდი ხნით ადრე გამოვაცხადე, და ჩემი პირიდან გამოვიდა და ვაუწყებდი მათ, და უცბად ვიქმოდი და სრულდებოდა. რადგან ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვისაა შენი ქედი, შენი შუბლი კი – სპილენძისა. გამოგიცხადე დიდი ხნით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, გაუწყე, რომ არ გეთქვა: ‘ჩემმა ქანდაკმა გააკეთა ეს და ჩემმა ჩამოსხმულმა კერპმა მიბრძანა ეს!’ შენ გაგონილი გაქვს, იხილე ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებ? მე გაუწყე შენ ახალნი და დაფარულნიც კი, რაც არ იცოდი. ახლა გაჩნდა ისინი და არა დიდი ხნის წინ; და დღემდე არ გსმენია შენ მათზე. რომ არ თქვა: ‘აჰა, ვიცოდი ეს!’ არც გსმენია და არც იცოდი, და არც უწინდლიდან არ იყო გახსნილი შენი ყური, რადგან ვიცოდი, რომ მიღალატებდი, და დედის მუცლიდან განმდგარი გიწოდეს. ჩემი სახელის გულისათვის დავაცხრობ ჩემს რისხვას, და ჩემი დიდების გულისათვის ვიოკებ თავს, რომ არ მოგკვეთო შენ. აჰა, მე გამოგადნე, მაგრამ არა როგორც ვერცხლი, წამების ბრძმედში გამოგცადე. ჩემი გულისათვის, ჩემი გულისათვის ვმოქმედებ, რადგან როგორ უნდა გარიოშდეს ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ. მისმინე მე, იაკობ და ისრაელ, მე იგივე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც! ჩემმა ხელმა დააფუძნა დედამიწა, და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა; მე მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან. შეგროვდით ყველანი და ისმინეთ! მათგან ვინ გამოაცხადა ეს? უფალმა შეიყვარა იგი, შეასრულებს მის ნებას ბაბილონზე, და მისი მკლავი ქალდეველებზე აღიმართება. მე, მე ვთქვი და მოვუხმე მას, მე მოვიყვანე ის და წარმატებული იქნება მისი გზა. მომიახლოვდით მე, ისმინეთ ეს: თავიდან ფარულად არ მილაპარაკია, იმ დროიდან, როცა ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა მე.“ ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც გასწავლის სარგებლობას, რომელიც მიგიძღვის იმ გზაზე, რომელზეც უნდა დადიოდე. ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე – ზღვის ტალღებივით. ქვიშასავით მრავალი იქნებოდა შენი თესლი, და შენი წიაღის ნაშიერნი – ქვიშის მარცვლებივით. არ მოიკვეთებოდა და არ წაიშლებოდა მისი სახელი ჩემს წინაშე.“ გამოდით ბაბილონიდან, გაიქეცით ქალდეველთაგან, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, აუწყეთ ეს, გაავრცელეთ ქვეყნის კიდემდე, თქვით: „გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!“ მათ არ სწყუროდათ უდაბნოებში, როცა მიჰყავდა ისინი: კლდიდან წყალი უდინა მათ და გააპო კლდე და გადმოჩქეფა წყალმა. „არ არის მშვიდობა, – ამბობს უფალი, – ბოროტეულთათვის!“. მისმინეთ მე, კუნძულებო, და ყურად იღეთ, შორეულო ხალხებო: უფალმა დედის მუცლიდან მომიხმო მე, ჩემი დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი. და დასდო ჩემი პირი ბასრი მახვილივით; თავის ხელის ჩრდილში შემიფარა მე, და დამდო მე წამახულ ისრად, თავის კაპარჭში დამმალა მე და მითხრა: „ჩემი მსახური ხარ შენ, რომელშიც გავბრწყინდები!“ მე ვუთხარი: „ამაოდ დავშვერი, ფუჭად და ტყუილად დავხარჯე ჩემი ძალა, მაგრამ ჩემი სამართალი უფალთანაა და ჩემი საზღაური – ჩემს ღმერთთან!“ და ახლა თქვა ჩემმა უფალმა, დედის მუცლიდან თავის მსახურად ჩემმა გამომსახველმა, რათა მივაბრუნო მისკენ იაკობი, და ისრაელი მასთან შეიკრიბოს, რათა პატივდებული ვიყო უფლის თვალში, და ჩემი ღმერთი იყოს ჩემი ძალა. და თქვა მან: „არ კმარა, იაკობის შტოთა აღსადგენად მე გაგხდი შენ ხალხების სინათლედ, რათა ჩემი ხსნა დედამიწის კიდემდე იყოს.“ ასე უთხრა უფალმა, ისრაელის მხსნელმა და მისმა წმიდამ ადამიანთაგან აბუჩად აგდებულთ, ხალხთაგან შეძულებულთ, ბატონთა მსახურებს: „მეფენი იხილავენ და აღდგებიან, მთავარნი კი თაყვანს სცემენ უფლის გულისათვის, რომელიც მტკიცეა, ისრაელის წმიდას, რომელმაც ამოგარჩია.“ ასე ამბობს უფალი: და ხსნის დღეს შეგეწიე; შეგინახავ და გაგხდი შენ ერის აღთქმად, რათა აღადგინო ქვეყანა და დაუმკვიდრო აოხრებული სამკვიდროები, რომ უთხრა ტყვეთ: ‘გამოდით!’ და იმათაც, ვინც ბნელშია: ‘გამოჩნდით!’ გზისპირებზე გამოიკვებებიან, და ყოველ ხმელ გორაზე იქნება მათი საძოვარი. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, და არ დაჰკრავს მათ პაპანაქება და მზე, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის წყაროებზე მიიყვანს. ჩემს ყველა მთას გზად ვაქცევ, და ჩემი ბილიკები აიწევა. აჰა, ესენი შორიდან მოვლენ და აჰა, ესენი – ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, ესენი კი – სინიმის ქვეყნიდან.“ იმხიარულეთ, ცანო, და ილხინე, დედამიწავ! და შემოსძახეთ, მთებო, სიმღერა, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ერი და თავის დაჩაგრულთ შეიბრალებს. და თქვა სიონმა: „დამტოვა მე უფალმა და დამივიწყა მე უფალმა!“ „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ! მე ხომ ჩემს ხელის გულებზე გამოგხაზე, შენი ზღუდენი მუდამ ჩემს წინაშეა. ისწრაფიან შენკენ შენი მშენებელნი, შენი დამარბეველნი და ამაოხრებელნი გავლენ შენგან. მოავლე ირგვლივ შენი თვალი და დაინახე; ყველანი შეიკრიბნენ, მოდიან შენთან. ცოცხალი ვარ!“ – ამბობს უფალი. – „რადგან მათ ყველას სამკაულებივით გაიკეთებ ჩამოიკიდებ მათ, როგორც პატარძალი. რადგან შენი დაქცეული და აოხრებული ადგილები, დღესაც კი ვიწრო იქნება საცხოვრებლად; და შენი ჩამყლაპავნი შორს იქნებიან. კვლავ იტყვიან შენს გასაგონად შენი დაკარგული შვილები: ‘ვიწროა ჩემთვის ეს ადგილი, გაიწიე, რომ დავსახლდე!’ „და შენ იტყვი შენს გულში: ‘ვინ მიშვა მე ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, უნაყოფო, დევნილი და უკუგდებული? ესენი კი ვინ გაზარდა? მე ხომ მარტო დავრჩი, სად იყვნენ ესენი?’“ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, მე აღვმართავ ჩემს ხელს ხალხებისაკენ, და ერების წინაშე აღვმართავ ჩემს ალამს. ისინი მოიყვანენ შენს ვაჟებს კალთით, და შენი ასულნი მხრებით იქნებიან ნატარები! მეფენი იქნებიან შენი გამზრდელნი და მათი დედოფალნი – შენი ძიძები. პირქვე დამხობით თაყვანს გცემენ შენ და შენს ფერხთა მტვერს ალოკავენ და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, რომ არ შერცხვებიან ჩემი მოიმედენი! წაერთმევა ნადავლი ძლიერს, ან გადარჩება რადგან ასე თქვა უფალმა: „თუ ძლიერის ტყვეც წაყვანილი იქნება და სასტიკის ნადავლიც გადარჩება, მე თავად გავუმართავ დავას შენს მოდავეს, და შენს ვაჟებს მე ვიხსნი. ვაჭმევ შენს შემჭირვებელთ თავიანთ ხორცს, და, როგორც ტკბილი ღვინით, დათვრებიან ისინი თავიანთი სისხლით. და შეიტყობს ყველა ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და შენი გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.“ ასე თქვა უფალმა: „სად არის გაყრის წერილი, რომლითაც გაუშვი დედათქვენი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ თქვენ? ხომ თქვენი ურჯულოების გამო იყავით გაყიდულნი, და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული? რატომ არ იყო არავინ, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი? განა დამოკლდა ჩემი ხელი გამოსყიდვისთვის ან აღარ არის ჩემში ძალა შეწევნისა? მე ხომ ჩემი საყვედურით ვაშრობ ზღვას და მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ; აყროლდებიან მათი თევზები უწყლობის გამო და დაიხოცებიან წყურვილით. მე ვმოსავ ზეცას წყვდიადით და ძაძას ვდებ მათ დასაბურად.“ უფალმა ღმერთმა მომცა მე მცოდნეთა ენა, რომ შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. მაღვიძებს ის ყოველ დილით, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მოვისმინო მცოდნეთა მსგავსად. უფალმა ღმერთმა გამიხსნა მე ყური, მე კი არ შევეწინააღმდეგე, უკან არ დავიხიე. ჩემი ზურგი მივეცი ჩემს მცემელთ და ჩემი ლოყები – თმის მგლეჯელთ. ჩემს სახეს არ ვიფარავდი გინებისა და ფურთხისაგან. უფალი ღმერთი მეხმარება მე, ამიტომ არა ვარ შერცხვენილი, ამიტომ გავიკაჟე ჩემი სახე, და ვიცი, არ შევრცხვები. ახლოსაა ჩემი გამმართლებელი, ვინ იდავებს ჩემთან? დავდგეთ ერთად! ვინ მემართლება? მოვიდეს ჩემთან. აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება მე; ვინ არის, რომ მადანაშაულებს? ყველა ისინი სამოსელივით დაძველდებიან, ჩრჩილი შეჭამს მათ. ვინ არის თქვენგან, ვისაც ეშინია უფლისა, ვინც უსმენს ხმას მისი მსახურისა, ვინც დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? მიენდოს უფლის სახელს და დაეყრდნოს თავის ღმერთს. აჰა, ცეცხლის გამღვივებელნო, ნაპერწკლების დამკავებელნო, იარეთ ყველამ თქვენი ცეცხლის ალში და ხანძრებში, თქვენ რომ დაანთეთ! ჩემი ხელიდან გექნებათ ეს თქვენ. სამწუხარებლად დაწვებით!“ „მისმინეთ მე, სიმართლის მიმდევარნო, უფლის მაძიებელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს სიღრმეს, რომლისგანაც ხართ ამოყვანილნი. შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას და სარას, თქვენს მშობელს; რადგან იმ ერთს მოვუხმე მე, ის ვაკურთხე და გავამრავლე.“ რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, და ედემივით აქცევს მის უდაბნოს და მის ტრამალს – უფლის წალკოტივით, სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა. „მისმინე მე, ჩემო ერო, და ჩემო ხალხო, ყური დამიგდე! რადგან ჩემგან გამოვა რჯული და ჩემს სამართალს ხალხებზე სინათლედ მოვაფენ. ახლოს არის ჩემი სიმართლე, გამოვიდა ჩემი ხსნა, და ჩემი მკლავი ხალხებს განიკითხავს, კუნძულები მე დამენდობიან და ჩემს მკლავს დაეყრდნობიან. ცას მიაპყარით თქვენი თვალები და დახედეთ დედამიწას ქვემოთ, რადგან ცა ბოლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაძველდება, და მისი მცხოვრებნი მათ კვალზე დაიხოცებიან, ჩემგან ხსნა კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი სიმართლე არ შეწყდება. მისმინეთ მე, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ნუ გეშინიათ კაცისგან შეგინებისა და მათი ლანძღვა ნუ დაგაფრთხობთ. რადგან, როგორც ტანსაცმელს, ჩრჩილი შეჭამს მათ, და როგორც მატყლს, მატლი შეჭამს მათ, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი ხსნა – თაობიდან თაობაში.“ გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალა უფლის მკლავო! გაიღვიძე, როგორც წინა დღეებში, ძველ თაობებში. განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი? შენ არ მოჰკალი ურჩხული? განა შენ არ ამოაშრე ზღვა, წყლები დიდი უფსკრულისა? ზღვის სიღრმენი გზად არ აქციე გამოხსნილთა გასავლელად? და უფლის მიერ გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მოვლენ სიონში სიმღერით, და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე. შვებას და სიხარულს ჰპოვებენ ისინი, დარდი და ოხვრა განქარდება. „თავად მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ გეშინია კაცისა, რომელიც კვდება? და ადამის ძისა, რომელიც ბალახად არის შერაცხილი? და დაივიწყე უფალი, შენი შემქმნელი, ცის გადამჭიმელი და დედამიწის დამფუძნებელი. და გეშინია მუდამ შემაჭირვებლის რისხვისა, როდესაც ის ემზადება მოსასპობად. მაგრამ სად არის შემაჭირვებლის რისხვა? მალე განთავისუფლდება წელში მოხრილი და ხაროში არ მოკვდება, და არ დააკლდება მას პური. და მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ზღვის ამღელვებელი, და ღრიალებენ მისი ტალღები. უფალი ცაბაოთია მისი სახელი. მე ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე შენ, რომ მომეწყო ზეცა და დამეფუძნებინა დედამიწა და მეთქვა სიონისათვის: ‘ჩემი ერი ხარ!’“ გამოიღვიძე, გამოიღვიძე, აღდექ, იერუსალიმო, შენ, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი! საწამლავგარეული ფიალა ბოლომდე შესვი. არა ჰყავს მას გამძღოლი არა ჰყავს ხელის დამჭერი ძეთა შორის, რომლებიც გაზარდა მან. ორი ეს უბედურება გეწია – ვინ გააქნევს თავს შენზე? ძარცვა და ნგრევა, შიმშილი და მახვილი – ჩემს მეტი ვინ განუგეშებს? შენი ძენი დაუძლურდნენ, წვანან ყოველი ქუჩის თავში, როგორც გარეთხა ასმანაკში, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღმერთის მუქარით. ამიტომ ისმინე ეს, წამებულო და მთვრალო, მაგრამ არა ღვინით! ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ერისა: „აჰა, ავიღე საწამლავგარეული თასი შენი ხელიდან, ნალექი ჩემი რისხვის თასისა – მეტად აღარ შესვამ მას. და მივცემ მას შენს მტანჯველთ ხელში, რომლებიც ეუბნებოდნენ შენს სულს: ‘დაემხე და ჩვენ გადავივლით შენზე!’ და შენ დაგიდევს შენი ზურგი მიწასავით, ქუჩასავით გამვლელთათვის.“ გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე შენი ძალა, სიონო! შეიმოსე შენი ბრწყინვალების სამოსი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან მეტად აღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური. ჩამოიბერტყე მტვერი, ადექი, დატყვევებულო იერუსალიმო, გაიხსენი შენი კისრის ჯაჭვები, დატყვევებულო სიონის ასულო! რადგან ასე თქვა უფალმა: „მუქთად იყავით თქვენ გაყიდულნი და ვერცხლით ვერ გამოისყიდებით.“ რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „ეგვიპტეში ჩავიდა ჩემი ერი ერთ დროს, რომ ეცხოვრა იქ, აშური კი არაფრისთვის ჩაგრავდა მას. ახლა კი, რა დამრჩენია აქ?“ – ამბობს უფალი, – „თუ ჩემი ხალხი მუქთად არის წაყვანილი, მისი განმგებელნი ღმუიან,“ – ამბობს უფალი, – „და მუდამ, ყოველდღე, იბღალება ჩემი სახელი. ამიტომ შეიტყობს ჩემი ერი ჩემს სახელს, ამიტომ შეიტყობს იმ დღეს, რომ მე ვარ ის, ვინც ამბობს: ‘აქა ვარ!’“ რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარობლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარობლისა, ხსნის მაუწყებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“ ხმა შენი გუშაგებისა – აღავლენენ ისინი ხმას, ერთად იმღერებენ, რადგან თავისი თვალით დაინახავენ უფლის დაბრუნებას სიონში. მხიარულად შემოსძახეთ, იმღერეთ ერთად, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ერი, გამოისყიდა იერუსალიმი. გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდის მკლავი ყველა ხალხის თვალწინ და დაინახავს დედამიწის ყოველი კიდე ჩვენი ღმერთის მიერ ხსნას. გაშორდით, გაშორდით, გადით იქიდან, უწმიდურს არ შეეხოთ, გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის ჭურჭლების მტვირთველნო. მაგრამ აჩქარებით არ გამოხვალთ და არც ლტოლვილივით ივლით, რადგან თქვენს წინ ივლის უფალი, და თქვენს უკან მცველად – ისრაელის ღმერთი. აჰა, წარემართება ჩემს მსახურს, აღიმართება, აიწევა და დიდად ამაღლდება. როგორც განცვიფრდნენ მრავალნი, შენი მნახველნი, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე და მისი იერი ადამის ძისას არ ჰგავდა. ასე შეაშფოთებს ის ბევრ ხალხებს, მეფენი მოკუმავენ მის გამო პირს, რადგან დაინახავენ იმას, რაც არ უამბიათ მათთვის, და რაც არ სმენიათ, იმას გაიგებენ. ვინ ირწმუნა ჩვენს მიერ მოსმენილი? და ვისზე გამოჩნდა მკლავი უფლისა? ამოვიდა, როგორც ყლორტი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან, არც ტანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ. შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით. მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი – ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. და უფალმა მას დააკისრა, ყველა ჩვენგანის ურჯულოება. შევიწროვებული იყო და წამებული, მაგრამ არ გაუხსნია თავისი ბაგე, როგორც კრავი, დასაკლავად რომ მიჰყავთ, და როგორც ცხვარი, მის მპარსველთა წინაშე რომ დუმს. პატიმრობიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი, და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს? რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან, ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა. და ბოროტმოქმედებთან მიეცა საფლავი, მაგრამ მდიდრებთან იყო თავის სიკვდილში; თუმცა არ ჩაუდენია მას ძალადობა და სიცრუე არ იყო მის ბაგეში. მაგრამ უფალს სურდა მისი დალეწვა, მისი დასნეულება; თუ დასდებს ის თავის სულს დანაშაულის მსხვერპლად, იხილავს ის შთამომავლობას, გაიგრძელებს დღეებს, და უფლის ნება მისი ხელით მიაღწევს წარმატებას. თავისი სულის ჯაფისაგან იხილავს ნათელს და დაკმაყოფილდება; თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს ჩემი მართალი მსახური; და მათ ცოდვებს ის იტვირთავს. ამიტომ ბევრს მივცემ მას წილად და ძლიერებთან გაინაწილებს ის ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და დამნაშავეთათვის იშუამდგომლა. „იხარე, ბერწო, ვისაც არასდროს არ გიშობია, შემოსძახე სიმღერა და იმხიარულე, უტანჯველო მშობიარობით, რადგან მარტოხელას ძენი მეტნი იქნებიან, ვიდრე ქმრიანის ძენი,“ – ამბობს უფალი. – „გააფართოვე ადგილი შენი კარვისა და ფარდები შენი საცხოვრებლისა დაჭიმე; ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი საბელები და შენი პალოები გაამაგრე, რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი და შენი თესლი ხალხებს დაიპყრობს. და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებს. ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები და არ გაწბილდები, რადგან აღარ შეგრცხვება, რადგან სიყმაწვილის სირცხვილს დაივიწყებ და შენი ქვრივობის უპატიობას აღარ გაიხსენებ. რადგან შენი ქმარი შენი შემქმნელია, უფალი ცაბაოთია მისი სახელი. და შენი მხსნელი – ისრაელის წმიდა – მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება. რადგან როგორც ქალი, მიტოვებული და სულმწუხარე, მოგიხმო შენ უფალმა, და როგორც სიყმაწვილის ცოლი, რომელიც მოძულებული იყო!“ – ამბობს შენი ღმერთი. – „წამიერად დაგტოვე და დიდი მოწყალებით შეგკრებ შენ. რისხვის გზნებაში დაგიმალე წამიერად ჩემი სახე და საუკუნო წყალობით შეგიწყალებ!“ – ამბობს შენი მხსნელი უფალი. – „რადგან ეს ჩემთვის ნოეს წყლებივით არის: როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები ა ისე დავიფიცე მე, არ განვრისხდე შენზე და არ გაგკიცხო. რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა,“ – ამბობს შენი მწყალობელი უფალი. „წამებულო, ღელვილო, უნუგეშებელო! აჰა, მე დავაწყობ შენს ქვებად ანთრაკს და შენი საფუძვლები საფირონი იქნება. გავაკეთებ ბადახშით შენს ქონგურებს და შენს ჭიშკრებს – ლალის ქვებით, და შენს ყველა ზღუდეს – ძვირფასი ქვებით. შენი ყველა ძე უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება შენს ძეთა მშვიდობა. სიმართლით დაფუძნდები, შორს იქნები ჩაგვრისაგან, რადგან არ შეგეშინდება და ძრწოლისაგან, რადგან არ მოგიახლოვდება. აჰა, თავს დაგესხმის, არა ჩემგან, ვინც შენ შეგებრძოლება, შენს წინ დაეცემა. მე გავაჩინე მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლში ნახშირს და გამოჰყავს იარაღი თავისი საქმისათვის; მე გავაჩინე დამანგრეველი დასაღუპავად. ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინააღმდეგ, გაცუდდება; და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ. ეს არის ხვედრი უფლის მსახურთა და მათი გამართლება ჩემგან არის!“ – ამბობს უფალი. „ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყლებთან, და ფულის უქონელნო, მიდით და იყიდეთ და ჭამეთ. მიდით და იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ. რატომ იხდით ვერცხლს იმისათვის, რაც პური არ არის? და თქვენს ჭირნახულს იმისათვის, რაც არ აძღობს? სმენით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია, და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში. მოყავით თქვენი ყურები და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული; და დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, როგორც სარწმუნო წყალობას, შეპირებულს დავითისათვის. აჰა, ერების მოწმედ განვაწესე იგი, წინამძღოლად და მბრძანებლად ხალხებისთვის. აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობდი, მოუხმობ! და ხალხები, რომელნიც არ გიცნობდნენ, მოგაშურებენ, შენი უფალი ღმერთის და ისრაელის წმიდის გულისათვის, რადგან მან განგადიდა შენ.“ ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუწოდეთ მას, სანამ ახლოა იგი. დატოვებს ბოროტეული თავის გზას და უსამართლო კაცი თავის ზრახვებს; დაუბრუნდება უფალს და ის შეიწყალებს მას; და ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია. „რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის!“ – ამბობს უფალი. – „რადგან როგორც ცაა მაღალი დედამიწაზე, ისე ჩემი გზებია მაღალი თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები – თქვენს ზრახვებზე. რადგან, როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ზეციდან და იქ აღარ ბრუნდება, თუ არ დაარწყულა დედამიწა, თუ არ გაანაყოფიერა და არ ააყვავა იგი, არ მისცა თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე. რადგან მხიარულებით გახვალთ, და მშვიდობით იქნებით წაყვანილნი. მთანი და ბორცვნი შემოსძახებენ თქვენს წინაშე სიმღერას, და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს. კვრინჩხის ნაცვლად კვიპაროსი ამოვა და ჭინჭრის ნაცვლად – მურტი. და ექნება ეს უფალს სახელად, საუკუნო ნიშნად, მოუკვეთელად.“ ასე თქვა უფალმა: „დაიცავით სამართალი და ქმენით სიმართლე, რადგან ჩემი ხსნა მალე მოვა, და ჩემი სიმართლე გამოჩნდება. ნეტარია კაცი, ასე რომ იქცევა, და ადამიანი – ამას მოჭიდებული, შეუბღალავად რომ იცავს შაბათს და ბოროტის ქმნისგან იცავს თავის ხელს.“ ნუ იტყვის უცხოტომელის ძე, უფალთან შემოერთებული: „უფალმა გამმიჯნა ერისაგან!“ და ნუ იტყვის საჭურისი: „მე ხომ გამხმარი ხე ვარ!“ რადგან ასე თქვა უფალმა: „საჭურისები, ჩემთვის საწადელს ირჩევენ და ჩემს აღთქმას ინახავენ, მე მივცემ მათ ჩემს სახლში და სახელს ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ მათ, რომელიც არ წაიშლება. და ასევე უცხოტომელთ, შემოერთებულთ უფალთან, რომ ემსახურებიან მას და უყვართ უფლის სახელი, რათა იყვნენ მისი მსახურნი; ყველას, შეუბღალავად რომ იცავს შაბათს, და ჩემს აღთქმას მოჭიდებულთ. მე მოვიყვან მათ ჩემს წმიდა მთაზე და გავახარებ მათ ჩემს სამლოცველო სახლში; მათი სრულადდასაწველი და შესაწირავები სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ხალხებისათვის.“ ამბობს უფალი ღმერთი ისრაელის გაძევებულთა შემკრები: „კიდევ სხვებს შევკრებ მე მასთან, მის შეკრებილებთან. მოდით, მინდვრის ყველა ცხოველო, ტყის ყველა მხეცო, მოდით საჭმელად. მისი გუშაგნი ყველანი ბრმანი არიან, უცოდინარნი არიან ყველანი, მუნჯი ძაღლებია ყველანი, არ შეუძლიათ ყეფა, მძინარები არიან, წვანან, უყვართ თვლემა. ეს ხარბი ძაღლებია, გაუმაძღარნი. მწყემსები არიან ისინი, მაგრამ გაგება არა აქვთ. ყველა თავის გზით გაემართა, თითოეული – თავის ანგარებისაკენ. და ამბობენ: „მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ სასმელით, და ხვალე დღესავით იქნება, ან უკეთესი!“ იღუპება მართალი და არ არის კაცი, გულთან მიმტანი, და მადლის კაცები წაყვანილნი არიან. არავის ესმის, რომ ბოროტების გამოა წაყვანილი მართალი. ის შედის მშვიდობაში, განისვენებს თავის სარეცელზე, ვინც დადის თავის სწორ გზაზე. „მოახლოვდით აქ, გრძნეული ქალის ძენო, თესლო მრუშისა და მეძავისა. ვის დასცინით? ვისზე მოგირღვევიათ პირი, იგრძელებთ ენას? თქვენ ხომ დანაშაულის შვილები ხართ, სიცრუის თესლი? მუხებში, ყოველი აყვავებული ხის ძირას აღგზნებულნი, ხევებში და კლდეთა ნაპრალების ძირში ბავშვების მხოცველნი? ხევის სიპებშია შენი წილი, ისინია შენი ხვედრი. მათთვისაც უღვრიდი შენ საღვრელს, მიართმევდი ძღვენს. დავწყნარდები მე ამით? მაღალ და აღმართულ მთაზე მოაწყვე შენი საწოლი, იქაც ადიხარ მსხვერპლის შესაწირად. და კარებს უკან და წირთხლს უკან დასდე შენი სამახსოვრო ნიშნები; რადგან გამშორდი შენ და აღზევდი, ფართე ჰყავი შენი საწოლი და კავშირი დაამყარე მათთან, მათი საწოლიც შეიყვარე და იხილე მათი კაცობა. ეცხადებოდი მეფეს ზეთით გაპოხილი, და აუხვებდი შენს ნელსაცხებლებს, და გზავნიდი შენს მაცნეებს შორეთამდე და შავეთამდე მდაბლდებოდი. შენს გრძელ გზაზე იღლებოდი, მაგრამ არ გითქვამს: ‘ფუჭიაო!’ შენს ხელში სიცოცხლეს პოულობდი, ამიტომ არ ძაბუნდებოდი. ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, როცა მომატყუე გულთან არ მიიტანე? რომ ვდუმდი დიდხანს, ამიტომ არ გეშინოდა ჩემი? მე გამოვაცხადებ შენს სიმართლეს და შენს საქმეებს, და სარგებლობას არ მოგიტანენ. როცა აყვირდები, გიშველოს შენი კერპების კრებულმა! მაგრამ მათ ყველას ქარი წაიღებს, ქროლვა გააქანებს, ჩემი მოიმედე კი დაიმკვიდრებს მიწას, და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება.“ და თქვა: „მოასწორეთ, მოასწორეთ, გაამზადეთ გზა, მოაშორეთ დაბრკოლება ჩემი ხალხის გზიდან!“ რადგან განდიდებული და ამაღლებული ამბობს ასე, მარადმყოფი და რომლის სახელი წმიდაა: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვდგავარ მე, მაგრამ შემუსვრილთან და სულით თვინიერთან, რათა გამოაცოცხლოს თვინიერთა სული, და გამოაცოცხლოს შემუსვრილთა გული. რადგან საუკუნოდ არ ვიდავებ და არც უკუნისამდე ვიმრისხანებ მე, რადგან დაუძლურდება ჩემს წინაშე სული და სამშვინელნი, მე რომ შევქმენი. მისი სიხარბის ცოდვის გამო განვრისხდი დავმალე სახე და ვმრისხანებდი, ის კი, განდგომილი, დადიოდა თვისი გულის გზით. მისი გზები ვიხილე მე, მაგრამ განვკურნავ მას და წავიყვან, ვანუგეშებ და გავამართლებ მის მგლოვიარეთ და გავაჩენ ბაგეთა ნაყოფს: მშვიდობა, მშვიდობა შორებელს და ახლობელს,“ – ამბობს უფალი, – „და განვკურნავ მას!“ ბოროტეულნი კი ზღვასავით ბობოქრობენ, როცა ვერ ცხრება, და ანთხევს მისი წყალი შლამსა და ტალახს. „არაა მშვიდობა, – ამბობს „იყვირე მთელი ყელით, ნუ დაინანებ; საყვირივით აღავლინე ხმა, და გამოუცხადე ჩემს ხალხს მათი დანაშაული და იაკობის სახლს – მათი ცოდვები. მეძიებენ მე ყოველდღე და სურთ ჩემი გზების ცოდნა. როგორც ერი, რომელიც იქმდა სიმართლეს და თავისი ღმერთის სამართალს არ არღვევდა; მეკითხებიან მე მართალ სამართალზე, ღმერთის სიახლოვე სწადიათ მათ. ‘რატომ ვმარხულობთ, შენ კი ვერ ხედავ? ვაწამებთ ჩვენს სულს, შენ კი არ იცი?’ თქვენი მარხვის დღეს ხომ აღწევთ წადილს, და თქვენსავე ჟინს იკმაყოფილებთ? თქვენ ხომ დავისთვის და ჩხუბისათვის მარხულობთ, და იმისათვის, რომ უკეთური მუშტი ურტყათ. ნუ იმარხულებთ, როგორც დღეს, რათა შესმენილ იქნეს თქვენი ხმა ცაში. განა ასეთია მარხვა, რომელიც ამოვარჩიე, ვით ლერწამი იდრეკს თავს, და ძაძას და ნაცარს იგებს ქვეშ? ამას ვუწოდე მარხვა და უფლის საწადელი დღე? განა ეს მარხვა არაა, რომელიც ამოვარჩიე, გახსენი საბელნი ბოროტეულთა, შეხსენი ბორკილნი უღლისა, და გაუშვი ჩაგრულნი თავისუფლად და ყველა უღელი გაწყვიტეთ. განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ. მაშინ ცისკარივით ამოსკდება შენი სინათლე, და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება, წინ წაგიძღვება შენი სიმართლე. და უფლის დიდება გარემოგიცავს. მაშინ დაიძახებ და უფალი გიპასუხებს, იღაღადებ და ის იტყვის: ‘აქა ვარ!’ როცა მოიცილებ შენს შორის უღელს, თითის მიშვერას და ძვირის თქმას, და მისცემ მშიერს შენს სულს და წამებულის სულს გააძღობ, მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წყვდიადი შუადღესავით იქნება. წინ წაგიძღვება უფალი მუდამ და დააკმაყოფილებს შენს სურვილს გვალვებში, შენს ძვლებს გაამაგრებს და იქნები, როგორც მორწყული ბაღი და როგორც წყლის სათავე, რომლის წყლებიც არ დაიშრიტება. და აღადგენ შენგნით საუკუნო ნანგრევებს. განამტკიცებ ძველთაძველ საფუძვლებს და დაგერქმევა შენგრეულის შემომღობელი, საცხოვრებლად გზების განმაახლებელი. თუ დააკავებ შაბათს შენს ფეხს შენი სურვილის შესრულებისაგან, ჩემს წმიდა დღეს, და უწოდებ შაბათს – „შვებას“, „უფლის წმიდა დღეს“, „განდიდებულს“ და განადიდებ, არ გააკეთებ შენს საკუთარ საქმეს, არ ეძიებ საწადელს და ფუჭად არ ილაპარაკებ, მაშინ გაიხარებ შენ უფალში, აგიყვან დედამიწის სიმაღლეებზე და გამოგკვებავ იაკობის, შენი მამის, წილხვედრით, რადგან უფლის ბაგე ლაპარაკობს!“ აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას; და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს! რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა! რადგან თქვენი ხელები გასვრილია სისხლში და თქვენი თითები – ურჯულოებაში; თქვენი ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უსამართლობას წარმოთქვამს. არავინ ჩივის სამართლიანად, იმედოვნებენ ამაოზე და ცრუობენ, ფეხმძიმდებიან უბედურებით და შობენ უსამართლობას. ასპიტის კვერცხებს ჩეკენ მათი კვერცხის მჭამელი მოკვდება, და გაჭყლეტილისაგან იქედნე გამოიჩეკება. მათი ქსელი გამოუსადეგარია შესამოსლად, და თავიანთი ნაკეთობით დაიფარავენ თავს. მათი საქმეები უსამართლო საქმეებია, და ძალმომრეობაა მათ ხელებში. ფეხები ბოროტისაკენ გაურბით, და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად ისწრაფიან. მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზაზე. მშვიდობის გზა არ იციან მათ და სამართალი არაა მათ ნაკვალევზე. ბილიკები გაიმრუდეს, მათზე გამვლელმა არ იცის მშვიდობა. ამის გამო გაგვშორდა ჩვენ სამართალი და სიმართლე ვერ გვეწვევა ჩვენ. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ ბნელში ვართ, ველით გამობრწყინებას, მაგრამ წყვდიადში დავდივართ. ბრმებივით ხელით ვსინჯავთ კედელს, და, როგორც უთვალისჩინონი, ხელის ცეცებით დავდივართ. ვბორძიკობთ შუადღისას, როგორც ბინდში, უკუნეთში – როგორც მკვდრები. დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და ვოხრავთ მტრედებივით. ველით სამართალს და არ ჩანს, გადარჩენას – და შორსაა ჩვენგან. რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენს წინაშე, და ჩვენი ცოდვები გვემოწმებიან ჩვენს წინააღმდეგ, რადგან ჩვენი დანაშაული ჩვენთანაა და ჩვენი ურჯულოება ჩვენ ვიცით: დანაშაული და თვალთმაქცობა უფლის წინაშე და განდგომა ჩვენი ღმერთისაგან, ლაპარაკი ჯანყზე და ღალატზე, ჩასახვა და გულიდან წარმოთქმა ცრუ სიტყვებისა. უკან დაიხია სამართალმა და შორს განდგა სიმართლე, რადგან წაბორძიკდა სიმართლე მოედანზე, და პატიოსნება ვეღარ შემოდის. აღარ არის ჭეშმარიტება და ბოროტისაგან გამდგარი წარტყვევნილია. დაინახა უფალმა და არ მოეწონა, არ იყო სამართალი. დაინახა, რომ არ იყო კაცი, და გაოცდა, რომ არ იყო დამცველი. და მიეშველა მას მისი მკლავი და მისი სიმართლე შეუდგა საყრდენად. და შეიმოსა სიმართლე, როგორც ჯავშანი, და ხსნის მუზარადი იყო მის თავზე. და შეიმოსა შურისგების სამოსელი ტანსაცმლად და მოისხა მოსასხამივით შურისგება. საზღაურის მიხედვით გადაუხდის იგი: გულისწყრომით – თავის შემჭირვებელთ, შურისგებით – თავის მტრებს, კუნძულებს სამაგიეროს მიუზღავს. და შეეშინდებათ დასავლეთიდან უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთიდან – მისი დიდებისა, და მოვა გასაჭირი, როგორც მდინარე, უფლის სულით მოდენილი. „და მოვა მხსნელი სიონისათვის და დანაშაულისაგან უკუქცეულთათვის იაკობში!“ – ამბობს უფალი. – „და მე კი, აჰა, ჩემი აღთქმა მათთან!“ – ამბობს უფალი. – „ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩაგიდე ბაგეში, არ განდგებიან შენი ბაგიდან, არც შენი თესლის ბაგიდან, არც შენს თესლთა თესლის ბაგიდან, ამიერიდან და უკუნისამდე!“ – ამბობს უფალი. „ადექი, განათდი, იერუსალიმო, რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება შენზე გაბრწყინდა. რადგან აჰა, ბნელი დაფარავს დედამიწას და ბურუსი – ხალხებს; შენზე კი გაბრწყინდება უფალი და მისი დიდება შენზე გამოჩნდება. და ივლიან ხალხები შენს სინათლეზე და მეფენი – შენი ამობრწყინების ნათელზე. აღაპყარ შენი თვალნი ირგვლივ და დაინახე: ყველანი იკრიბებიან, მოდიან შენთან, შენი ძენი შორიდან მოდიან და შენი ასულნი ხელით მოჰყავთ. მაშინ დაინახავ და განათდები, ათრთოლდება და გაფართოვდება შენი გული, რადგან შენსკენ მოიქცევა ზღვის სიმდიდრე, ხალხთა დოვლათი შენთან წამოვა. აქლემთა სიმრავლე დაგფარავს შენ, მიდიანისა და ყეფას კოზაკნი. ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოიტანენ და უფლის დიდებას აუწყებენ. კედარის მთელი ცხვარი შეიკრიბება შენთან, ვერძნი ნებაიოთისა და გემსახურებიან შენ, სასურველ მსხვერპლად ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე, და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ. ვინ არიან ესენი, რომ დაფრინავენ ღრუბელივით და, როგორც მტრედები, თავიანთი სამტრედის სარკმელებთან? დიახ, კუნძულები დამელოდებიან მე და სავაჭრო ხომალდნი პირველნი მოვლენ, რათა მოიყვანონ შენი ძენი შორიდან თავიანთი ვერცხლითა და ოქროთი – შენი უფალი ღმერთისა და ისრაელის წმიდის სასახელოდ, რადგან მან განგადიდა შენ. უცხოტომელთა ძენი აგიშენებენ გალავნებს და მათი მეფენი დაგემსახურებიან, რადგან ჩემს რისხვაში გსჯიდი, ჩემს სიყვარულში გიბრალებდი. და ღია იქნება მუდამ შენი კარიბჭე, არც დილით და არც ღამით არ დაიკეტება, რათა მოიტანონ შენთან ხალხთა დოვლათი და მოიყვანონ მათი მეფეები. რადგან ხალხი და სამეფო, და ხალხები აოხრდებიან. ლიბანის დიდება შენთან მოვა: კვიპაროსი, ნეკერჩხალი და წიფელი ერთად, რათა დამიმშვენონ საწმიდრის ადგილი; და ჩემს ფერხთა ადგილს განვადიდებ. მოგივლენ ქედმოხრით ძენი შენს შემაჭირვებელთა, და თაყვანს სცემენ შენს ფერხთა მტვერს ყველა შენი მოძულენი, და გიწოდებენ შენ უფლის ქალაქს, ისრაელის წმიდის სიონს. იმის წილ, რომ მიტოვებული და მოძულებული და არავინ იყო ჩამვლელი, მე გაგხდი შენ საუკუნო სიამაყედ, სიხარულად თაობიდან თაობაში. და შენ მოსწოვ ხალხების რძეს და მეფეთა ძუძუს მოსწოვ; და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი. სპილენძის ნაცვლად მოვიტან ოქროს და რკინის ნაცვლად მოვიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად – სპილენძს და ქვების ნაცვლად – რკინას; გავაბატონებ შენზე მშვიდობას და შენს ზედამხედველად – სიმართლეს. აღარ იქნება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და ნგრევა – შენს საზღვრებში. და უწოდებ ხსნას შენს გალავნებს და შენს კარიბჭეს – ქება-დიდებას. აღარ გექნება შენ მზე დღის სინათლედ და მთვარის ნათება არ გაგინათებს, არამედ უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ და შენი ღმერთი – შენს დიდებად. აღარ ჩავა მეტად შენი მზე და შენი მთვარე არ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო სინათლედ, და დღენი შენი გლოვისა დასრულდება. და შენი ერი ერთიანად მართალი იქნება; საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას, ყლორტს ჩემი ნერგისას, ჩემი ხელის ქმნილებას, სადიდებლად. მცირე იქცევა ათასად და უმცროსი – ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას!“ უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა; გამოვაცხადო უფლის სასურველი წელი და ჩვენი ღმერთის შურისგების დღე, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე. დავადგენ, რათა სიონის მგლოვიარეთ მიეცეს გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, მხიარულება – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – სასოწარკვეთის ნაცვლად. და უწოდებენ მათ მუხებს, უფლის დარგულთ, მის სადიდებლად. და ააშენებენ ისინი ძველთაძველ ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, ძველ თაობათა უკაცრიელ ადგილებს. დადგებიან უცხონი და დამწყემსავენ თქვენს ცხვარს. და იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და თქვენი მევენახენი. და უფლის მღვდლებად იწოდებით, ჩვენი ღვთის მსახურნი არიანო, ითქმება თქვენზე. ხალხების დოვლათს შეჭამთ და მათი დიდებით დაიტრაბახებთ. თქვენი სირცხვილის წილ ორმაგად მოგეზღვებათ, და ნაცვლად კდემისა ილხენენ წილზე, თავიანთ მიწაზე დაიმკვიდრებენ ორმაგ წილს, და საუკუნო სიხარული ექნებათ. რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი, მძაგს ყაჩაღობა სრულადდასაწველის მორთმევისას, მე მივცემ მათ საზღაურს ჭეშმარიტებით და საუკუნო აღთქმას დავუდებ. და ცნობილი იქნება ხალხებში მათი თესლი და მათი შვილთაშვილნი – ერთა შორის, ყველა მათი მნახველი გამოიცნობს მათ, რადგან უფლის ნაკურთხი თესლია ისინი. სიხარულით ვიხარებ უფალში, მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან ჩამაცვა მე ხსნის ტანსაცმელი, სიმართლის სამოსლით შემმოსა მე, როგორც ნეფე იდგამს ჯიღას და როგორც სასძლო ირთვება თავისი სამკაულებით. რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი ზრდის თავის ნათესს, ისე უფალი ღმერთი ამოზრდის სამართალს და ქება-დიდებას ყოველი ხალხის წინაშე. სიონის გამო არ დავდუმდები და ისრაელის გამო არ დავმშვიდდები, სანამ არ გამოვა მისი სიმართლე, როგორც ნათება, და მისი ხსნა, როგორც ანთებული ჩირაღდანი. და დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს და ყოველი მეფე – შენს დიდებას, და გიწოდებენ შენ ახალ სახელს, რომელსაც და იქნები შენ მშვენების გვირგვინად უფლის ხელში და სამეფო დიადემად შენი ღმერთის ხელში. აღარ ითქმის შენზე „მიტოვებული,“ და შენს ქვეყანაზე აღარ ითქმის „უკაცრიელი“, რადგან გერქმევა შენ „მასშია ჩემი ნება“ და შენს ქვეყანას – „დაპატრონებული,“ რადგან მოგინება უფალმა და შენი ქვეყანა დაპატრონდება. როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ისე დაქორწინდებიან შენზე შენი ძენი. და როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე შენი ღმერთი იხარებს შენზე. შენს გალავნებზე, ო იერუსალიმო, გუშაგნი დავაყენე, რომ არასოდეს არ დადუმდნენ, არც დღე და არც ღამე! გამხსენებელნო უფლისა, ნუ გაჩუმდებით და ნუ მოასვენებ მას, სანამ არ განამტკიცებს და არ გახდის იერუსალიმს ქება-დიდებად დედამიწაზე. დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და ძალა თავისი მკლავისა: „არ მივცემ მეტად შენს მტრებს შენს ხორბალს საჭმელად და არ დალევენ უცხოტომელნი შენს მაჭარს, რადგან მისი მომსთვლელნი შეჭამენ მას და აქებენ უფალს, და მისი შემკრებნი შესვამენ მას ჩემი წმიდას ეზოებში. გაიარეთ, გაიარეთ კარიბჭეებში, განუმზადეთ გზა ერს, მოასწორეთ, მოასწორეთ სავალი, გაასუფთავეთ ქვისაგან, აღმართეთ ალამი ხალხებისათვის. აჰა, უფალი აუწყებს დედამიწის კიდემდე; უთხარით სიონის ასულს: „ნახე, მოვიდა შენი ხსნა! ნახე, მისი საზღაური მასთანაა და მისი მისაგებელი მის წინაშეა.“ და უწოდებენ მათ „წმიდა ერს, უფლის გამოსყიდულთ;“ შენ კი გიწოდებენ „მოძიებულს, მიუტოვებელ ქალაქს.“ ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის, მეწამული სამოსლით – ბოცრადან? ეს დიდებული თავის სამოსელში, მოხრილი თავისი დიადი ძალით? „ეს მე ვარ, სიმართლით მოლაპარაკე, ხსნის შემძლებელი.“ რატომ არის წითელი შენი სამოსელი და შენი ტანსაცმელი საწნახელში მწურავივით? მე ერთმა დავწურე საწნახელში და არ იყო ჩემთან არავინ, და ვწურავდი მათ ჩემს რისხვაში და ვსრესდი მათ ჩემს გულისწყრომაში, და მათი სისხლი შეეშხეფა ჩემს ტანსაცმელს და მთელი ჩემი სამოსელი შევსვარე. რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და წელი ჩემს გამოსყიდულთა მოვიდა. ვიხედებოდი და არ იყო შემწე, და მიკვირდა, რომ არ იყო მხარდამჭერი; და მიხსნა მე ჩემმა მკლავმა და ჩემმა რისხვამ დამიჭირა მხარი. და დავთრგუნე მე ხალხები ჩემი წყრომით და დავათვრე ისინი ჩემი რისხვით, და მიწაზე დავღვარე მათი სისხლი. უფლის წყალობებს ვახსენებ და უფლის სადიდებელს ყველაფრისთვის, რაც უფალმა მოგვიზღა; დიდი სიკეთისთვის ისრაელის სახლზე, თავისი მოწყალებით და მრავალი წყალობით რომ მიაგო და თქვა: „ისინი მაინც ჩემი ერია, ძენი, რომლებიც არ მიღალატებენ.“ და შეიქნა იგი მათი მხსნელი. მის ყველა სატანჯველში თვითონაც იტანჯებოდა, და მისი პირის ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი და აიყვანა და ატარებდა მათ ძველ დღეებში. მაგრამ ისინი ეურჩნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული და ის მტრად ექცა მათ და ებრძოდა მათ. და გაიხსენა მისმა ხალხმა მოსეს ძველი დღეები: სად არის იგი, ვინც ამოიყვანა ისინი ზღვიდან თავისი სამწყსოს მწყემსებთან ერთად? სად არის იგი, ვინც ჩადო მათ წიაღში თავისი წმიდა სული? ვინც წარმართა მოსეს მარჯვენა თავისი დიდებული მკლავით? ვინც გააპო წყლები მათ წინაშე, რათა გაეთქვა თავისი საუკუნო სახელი? ვინც უძღვებოდა მათ უფსკრულებში, როგორც ცხენს მინდორში, და არ წაბორძიკებულან? როგორც ნახირი ჩადის ხეობაში, ისე უფლის სულს მიჰყავდა ისინი დასასვენებლად. ასე ატარებდი შენს ერს, რათა მოგეპოვებინა შენთვის დიდებული სახელი. გადმოიხედე ზეციდან და შეხედე შენი წმიდა და დიადი სავანიდან! სად არის შენი შურისგება და შენი ძლევამოსილება? შენი გულის ძვრა და შენი მოწყალება არ მოვიდა ჩვენამდის. რადგან შენა ხარ ჩვენი მამა, და ისრაელი არ გვაღიარებს. შენა ხარ, უფალო, ჩვენი მამა, ჩვენი მხსნელია უკუნისიდან შენი სახელი. რატომ გვაცდენ ჩვენ, უფალო, შენი გზებიდან, ასასტიკებ ჩვენს გულებს, რათა არ გვეშინოდეს შენი? დაბრუნდი შენი მონების გულისათვის, შენი წილხვედრილის შტოთა გულისათვის. დიდხანს არ დაუმკვიდრებია მიწა შენს წმიდა ერს, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდარი. იმათ დავემსგავსეთ, რომლებზეც არასოდეს გიხელმწიფნია, იმათ, რომლებზეც არ წოდებულა შენი სახელი. ზეცა რომ გაგერღვია, ჩამოსულიყავი, მთები ჩამოდნებოდნენ შენს წინაშე, როგორც ცეცხლი წვავს ფიჩხს, წყალს ათუხთუხებს ცეცხლი, რათა ეუწყოს შენს მტრებს შენი სახელი, რათა შენი სახის წინაშე შეძრწუნდნენ ხალხები. როდესაც შენ იქმოდი საშინელებებს, ჩამოდიოდი, მთები დნებოდნენ შენს წინაშე. არასოდეს სმენიათ, არ გაუგონიათ, თვალს არ უნახავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომ მოემოქმედოს ასეთი რამ თავის მომლოდინესათვის. ეგებები მხიარულსა და სიმართლის მქმნელს, ვინც გიხსენებს შენს გზებზე. აჰა, შენ მრისხანებ, რადგან ვცოდავთ სულმუდამ, და როგორღა გადავრჩებით? და გავხდით ჩვენ ყველანი უწმიდურივით, წვირიანი სამოსელივით გახდა ყოველი ჩვენი სიქველე, ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ჩვენი ურჯულოება ქარივით წაგვიღებს. და არავინაა შენი სახელის მხმობელი, გამოღვიძებული, რომ მოგეჭიდოს, რადგან გვიმალავ შენს სახეს და დავდნით ჩვენი ურჯულოებისაგან. და ახლა, უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი შემქმნელი; შენი ხელის ნაკეთები ვართ ჩვენ ყველანი. ნუ განრისხდები, უფალო, მეტისმეტად და სამუდამოდ ნუ გეხსომება ურჯულოება. აჰა, შეხედე, შენი ერი ვართ ჩვენ ყველანი. შენი წმიდა ქალაქები გაუდაბურდნენ, სიონი უდაბნოა, იერუსალიმი – უკაცრიელი. სახლი ჩვენი სიწმიდისა და დიდებისა, სადაც გაქებდნენ ჩვენი მამები, ცეცხლში დასაწველი გახდა, და ყოველივე ჩვენთვის ძვირფასი ნანგრევებად იქცა. ნუთუ ამაზე კიდევ შეიკავებ თავს? უფალო, გაჩუმდები და გაგვტანჯავ მეტისმეტად? „გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა, მიპოვნეს მათ, ვინც არ მეძებდა. და ვუთხარი: ‘აქა ვარ, აქა ვარ!’ ხალხს, რომელიც არ იყო ჩემი სახელით წოდებული. გაწვდილი მქონდა მათკენ ხელები დღენიადაგ, ხალხისკენ, უკეთური გზით რომ დადიან თავიანთი ზრახვების კვალზე, ხალხისკენ, მუდამ რომ მაჯავრებენ პირში! ბაღებში მსხვერპლს სწირავენ და აგურებზე აკმევენ, საფლავებს შორის სხედან და იდუმალ ადგილებში ღამეს ათევენ, ღორის ხორცს ჭამენ, საზიზღარი წვენი აქვთ თავიანთ ჭურჭლებში. ამბობენ: ‘გამეცალე, ნუ მომიახლოვდები, რადგან მე შენზე წმიდა ვარ’; ესენი კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლივით ანთია მთელ დღეს. აჰა, დაწერილია ეს ჩემს წინაშე; არ გავჩუმდები, სანამ არ მივუზღავ, და მივუზღავ მათ უბეში თქვენი ურჯულოების და თქვენი მამების ურჯულოების გამო, რომლებიც უკმევდნენ მთებზე და ბორცვებზე შეურაცხმყოფდნენ მე!“ – ამბობს უფალი; – „და გავზომავ წინდაწინ მათ ნამოქმედარს მათ უბეში!“ ასე ამბობს უფალი: „როცა ყურძნის ‘ნუ დაღუპავ მას, რადგან კურთხევაა მასში!’ ასე მოვიქცევი ჩემს მსახურთათვის, რათა არ დავღუპო ყველანი. გამოვიყვან იაკობიდან თესლს და იუდადან – მემკვიდრეს ჩემი მთებისა, და დაიმკვიდრებენ მას ჩემი რჩეულნი და ჩემი მსახურნი დასახლდებიან იქ. იქნება შარონი ცხვრის საძოვარი და ყაქორის ხეობა – ნახირის წამოსაწოლი ჩემი ერისათვის, რომელმაც მომძებნა მე. თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, დამვიწყებელნო ჩემი წმიდა მთისა, გამამზადებელნო გადისთვის სუფრისა და შემავსებელნო მენისთვის სასმელებისა, – მე გადაგცემთ თქვენ მახვილს და ყველანი დასაკლავად იქნებით მუხლმოყრილნი, რადგან მე ვხმობდი და არ გამომეხმიანეთ, მე ვლაპარაკობდი და თქვენ არ ისმინეთ, და ბოროტს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც არ მსურდა, ის აირჩიეთ.“ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აი, ჩემი მსახურნი შეჭამენ და თქვენ დაიმშევით, ჩემი მსახურნი შესვამ და თქვენ წყურვილი შეგიპყრობთ, და ჩემი მსახურნი გაიხარებენ და თქვენ შერცხვებით; ჩემი მსახურნი იმღერებენ გულის სიამით და თქვენ იყვირებთ გულის ტკივილით, და სულის გატეხისაგან აქვითინდებით. დაუტოვებთ თქვენს სახელს საწყევრად ჩემს რჩეულთ, და დაგხოცავთ თქვენ უფალი ღმერთი. და თავის მსახურთ უწოდებს სხვა სახელს. ვინც კურთხეულია ქვეყანაზე, იკურთხება ჭეშმარიტი ღმერთით; და დამფიცებელი ქვეყანაზე, დაიფიცებს ჭეშმარიტ ღმერთს, რადგან დავიწყებულია უწინდელი უბედურებანი და მიეფარა ჩემს თვალებს. რადგან, აჰა, მე შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას. და არ გაიხსენება წინანდელნი და არ ამოვა გულთან. მაგრამ გაიხარებთ და ილხენთ უკუნისამდე იმით, რასაც მე შევქმნი, რადგან მე ვქმნი იერუსალიმს ლხინად და მის ერს – სიხარულად. და მე მოვილხენ იერუსალიმში და გავიხარებ ჩემს ერში; და მეტად აღარ გაისმება მასში ტირილის ხმა და კივილის ხმა. მეტად აღარ იქნება იქ მცირეწლოვანი და მოხუცი, რომელიც ვერ ასრულებს თავის დღეებს, რადგან ყმაწვილი ასი წლისა მოკვდება და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ხის დღეებივით იქნება ჩემი ერის დღეები და თავიანთი ხელის ნაკეთებს გაცვეთენ ჩემი რჩეულნი. არ დაიქანცებიან ამაოდ და არ შობენ შფოთისათვის, რადგან უფლის კურთხეული თესლია ისინი და მათი შთამომავლობა მათთან ერთად. და იქნება, სანამ მომიხმობენ, პასუხს გავცემ, ჯერ ლაპარაკში იქნებიან, რომ მე გავიგონებ. მგელი და კრავი ერთად დაიმწყესებიან და ლომი, როგორც ხარი, შეჭამს თივას, გველი კი – მტვერი იქნება მისი საჭმელი: არ იბოროტებენ და არც ავნებენ რასმე მთელს ჩემს წმიდა მთაზე!“ – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: „ცა ჩემი ტახტია, დედამიწა კი ჩემი კვარცხლბეკი. და სად არის ის სახლი, რომელიც თქვენ უნდა ამიშენოთ? და სად არის ჩემი დასავანებელი ადგილი? ყოველივე ეს ჩემმა ხელმა შექმნა და გაჩნდა ყოველივე ეს!“ – სიტყვა უფლისა. – „და ამას მოვხედავ – დამორჩილებულს და სულით დაცემულს, აკანკალებულს ჩემს სიტყვაზე. (ურჯულო) ხარს რომ მიკლავს, თუნდაც კაცი დაეკლას, კრავს რომ მწირავს, თუნდაც ძაღლი შემოეწიროს, ძღვენს რომ აღმივლენს, თუნდაც ღორის სისხლი შემოეწიროს, გუნდრუკს რომ მიკმევს, თუნდაც კერპი ეკურთხებინოს. როგორც მათ თავად აირჩიეს თავიანთი გზები და სისაძაგლენი სურდა მათ სულს, ისე მეც ამოვირჩევ მათ აბუჩად აგდებას და იმას, რისაც ეშინიათ, მოვაწევ მათზე იმის გამო, რომ ვუხმობდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არ ისმინეს, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც მე არ მსურდა, ამოირჩიეს!“ ისმინეთ სიტყვა უფლისა და აკანკალდით მის სიტყვაზე: „თქვეს თქვენმა ძმებმა, მოძულეებმა, თქვენმა უარმყოფელებმა ჩემი სახელის გულისათვის: ‘ადიდოს უფალმა თავისი თავი და ჩვენ ვნახავთ თქვენს მხიარულებას!’ მაგრამ ისინი შერცხვებიან. ხმაურის ხმაა ქალაქიდან, ხმაა ტაძრიდან, ხმაა უფლისა, თავისი მტრებისათვის შურისმგებლისა. ჯერ არ უწვალია და უკვე შვა, ჯერ არ მოსვლია ტკივილები და უკვე დაბადა ვაჟი. ვის მოუსმენია ასეთი რამ? ვის უნახავს ამის მსგავსი? შეუძლია დედამიწას მშობიარობით წვალება და შობა ერთ დღეს? შობილა კი ერი ერთბაშად? რადგან იწვალა და შვა კიდეც სიონმა თავისი ძენი. მივაღწევინებ მშობიარობამდე და არ ვამშობიარებ?“ – ამბობს უფალი. – „მე შემიძლია გამოვიწვიო და შევწყვიტო შობა!“ – ამბობს შენი ღმერთი. – გაიხარეთ იერუსალიმთან ერთად გაიხარეთ მასთან სიხარულით ყველამ, ვინც მასზე მგლოვიარენი ხართ! რათა მოწოვოთ და გაძღეთ მისი ნუგეშისმცემელი ძუძუთი, რათა წოვოთ და დაამდეთ მისი დიდების დვრილისაგან. რადგან ასე თქვა უფალმა: და მოვარდნილ ღელესავით ხალხთა დიდებას; და გამოიკვებებით, ჩვილებივით იქნებით ტარებულნი და მუხლებზე ნალოლიავებნი. როგორც დედა სცემს ნუგეშს თავის შვილს, ისე მე გცემთ თქვენ ნუგეშს და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი. და დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, თქვენი ძვლები ბალახივით აბიბინდება და გამოეცხადება უფლის ხელი მის მსახურთ, და თავის მტრებს განურისხდება. რადგან უფალი ცეცხლში მოვა და გრიგალივითაა მისი ეტლები, რათა მიაქციოს მძვინვარებაში თავისი რისხვა და თავისი წყრომა ცეცხლის ალებში. რადგან უფალი განსჯის ცეცხლით და თავისი მახვილით და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი. ისინი, ვინც წმიდავდებიან და სუფთავდებიან ჭალებში წასასვლელად, ვინც მის შუაგულში ჭამენ ღორის ხორცს, სისაძაგლეს და თაგვებს, ერთიანად მოისპობიან!“ – სიტყვა უფლისა. – „მე ვიცი მათი საქმენი და ფიქრები. მოდის დრო ყველა ხალხისა და ყველა ენის შეკრებისა, და მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას. და მე მივცემ მათ ნიშანს და გავგზავნი მათგან გადარჩენილებს ხალხებთან თარშიშში, ფულში და ლუდში, მშვილდის დამჭიმველთ – თუბალში და იაბანში, შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი და არ უნახავთ ჩემი დიდება. და აუწყებენ ჩემს დიდებას ხალხებში. ისინი მოიყვანენ თქვენს ყველა ძმას ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისადმი, ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებითა და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში!“ – ამბობს უფალი. – „როგორც ისრაელიანებს მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლით უფლის სახლში. და მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად!“ – ამბობს უფალი. – „რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,“ – სიტყვა უფლისა, – „ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!“ – ამბობს უფალი. – „და გავლენ და დაინახავენ ჩემგან განდგომილ ადამიანთა გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და იქნებიან ისინი სისაძაგლედ ყოველი ხორციელისათვის!“ სიტყვა იერემიასი, ხილკიაჰუს ძისა, რომელიც ყანათოთელ მღვდელთაგან იყო ბენიამინის ქვეყანაში, რომელზეც იყო სიტყვა უფლისა იოშიას, ყამონის ძის, იუდას მეფის დღეებში, მისი მეფობის მეცამეტე წელს. და იყო იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის დღეებში, ციდკიაჰუს, იუდას მეფის იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის ბოლომდე, იერუსალიმის განდევნამდე მეხუთე თვეს. იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ; და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმიდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე.“ ვთქვი: „უფალო, უფალო, მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ.“ და მითხრა მე უფალმა: „ნუ იტყვი: ‘ყმაწვილი ვარ,’ რადგან ყველგან, სადაც კი მიგავლენ, წახვალ და ყოველივეს, რასაც გიბრძანებ, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!“ – სიტყვა უფლისა. და გამოიწვდინა უფალმა თავისი ხელი და შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა მე უფალმა: „აჰა, მე ჩაგიდევი ჩემი სიტყვები ბაგეში. ნახე, მე დაგაყენე შენ ამ დღეს ხალხებსა და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრა და შემუსრო, მოსპო და დაანგრიო, ააშენო და დარგო.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „რას ხედავ შენ, იერემია?“ და ვუთხარი მე: „ნუშის ხის კვერთხს ვხედავ მე.“ და მითხრა მე უფალმა: „კარგად ხედავ, რადგან მე ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეორედ ასე: „რას ხედავ შენ?“ და ვუთხარი: „მოთუხთუხე ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთისაკენ მიმართულს.“ და მითხრა მე უფალმა: „ჩრდილოეთიდან დაიწყება უბედურება ქვეყნის ყველა მცხოვრებზე. რადგან მე მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოების ყველა ტომს,“ – სიტყვა უფლისა, – „და მოვლენ და დადგამს თითოეული თავის ტახტს იერუსალიმის კარიბჭეთა შესასვლელში, და მის ყველა გალავანზე ირგვლივ და იუდას ყველა ქალაქზე. და წარმოვთქვამ მე ჩემს სამართალს მათზე მათი ყველა ბოროტმოქმედების გამო, რადგან დამტოვეს მე და სხვა ღმერთებს უკმევდნენ და თავიანთ ნახელავს სცემდნენ თაყვანს. შენ კი შემოისარტყლე წელი და ადექ და უთხარი მათ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებ, ნუ დაფრთხები მათ წინაშე, რომ მეც არ დაგაფრთხო. და მე გაქციე შენ დღეს გამაგრებულ ქალაქად და რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად მთელს ამ ქვეყანაზე – იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი მღვდლების და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ. და შეგებრძოლებიან ისინი, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან მე შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!“ – სიტყვა უფლისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი ასე: „წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად: ‘ასე თქვა უფალმა: მე მახსოვს შენი კეთილგანწყობილება ჩემდამი შენს სიყმაწვილეში; შენი ჩემდამი სიყვარული, როდესაც პატარძალი იყავი; უკან რომ მომდევდი უდაბნოში, დაუთესავ ქვეყანაში. უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყველა მისი შემჭმელი დადანაშაულდება, უბედურება მიეწევა მათ!“ – სიტყვა უფლისა. ისმინეთ სიტყვა უფლისა, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის ყველა საგვარეულოვ, ასე თქვა უფალმა: „რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ მე და მისდიეს ამაოებას და გახდნენ ამაონი? და არ თქვეს: ‘სად არის უფალი, რომელმაც გამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან? გვატარებდა ჩვენ უდაბნოში, მოშიშვლებულ და თხრილებიან ქვეყანაში, ურწყულ და აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის არ გაუვლია და სადაც არავინ სახლობს?’ და მოგიყვანეთ ნაყოფიერ ქვეყანაში, რათა გეჭამათ მისი ნაყოფი და მისი დოვლათი. მოხვედით და შებილწეთ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამკვიდრებელი სისაძაგლედ აქციეთ. მღვდლები არ კითხულობდნენ: ‘სად არის უფალი?’ და რჯულის დამჭერნი არ მიცნობდნენ მე, და მწყემსნი დანაშაულს ჩადიოდნენ ჩემს წინააღმდეგ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და ურგებებს ედევნებოდნენ. ამიტომ კიდევ დაგიწყებთ დავას თქვენ,“ – სიტყვა უფლისა, – „და თქვენს შვილთაშვილებსაც დავუწყებ დავას. რადგან დაიარეთ ქითიმელთა კუნძულები და ნახეთ და კედარში გაგზავნეთ, და ყურადღებით დააკვირდით და ნახეთ – ყოფილა კი ამის მსგავსი? განა გადაცვალა რომელიმე ხალხმა თავისი ღმერთები? თუმცა ისინი არ არიან ღმერთები. ჩემმა ხალხმა კი გადაცვალა თვისი დიდება ურგებში. გაიკვირვეთ ეს, ცანო, და შეძრწუნდით, აოხრდით ფრიად,“ – სიტყვა უფლისა. – „რადგან ორი სიბოროტე ჩაიდინა ჩემმა ერმა: მე, ცოცხალი წყლის წყარო, დამტოვეს, რათა თავიანთთვის ამოეკვეთათ ჭები, დაბზარული ჭები, რომლებიც ვერ დააკავებენ წყალს. მონაა ისრაელი, თუ მონის სახლშია დაბადებული, რატომ იქცა იგი ნადავლად? მასზე ღრიალებდნენ ლომის ბოკვერნი, გამოსცემდნენ თავიანთ ხმას და უდაბურად აქციეს მისი ქვეყანა, მისი ქალაქები გადამწვარი და უკაცრიელია. ნოფის და თახფანესეს ძეებმაც დაგიმსხვრიეს შენ კეფა. განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე შენი უფალი, შენი ღმერთი იმ დროს, როდესაც გზაზე მიჰყავდი? ახლა კი, რა გინდა შენ ეგვიპტის გზაზე? ნილოსის წყლის დალევა? რა გინდა აშურის გზაზე? ევფრატის წყლის დალევა? შენი ბოროტმოქმედება დაგსჯის შენ და შენი განდგომილებანი გამხილებს შენ. გაიგებ და დაინახავ, რა ცუდი და მწარეა, რომ დატოვე უფალი, შენი ღმერთი, და შიში არ გაქვს ჩემს წინაშე!“ – სიტყვა უფლისა, ყოვლადძლიერი ღმერთისა. – „რადგან ძველთაგან დალეწე შენი უღელი, დაწყვიტე შენი ბორკილები და თქვი: ‘არ ვემსახურები მეტად კერპებს,’ მაგრამ ყოველ მაღალ ბორცვზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ მეძავივით წვებოდი. მე კი დაგრგე, როგორც რჩეული ვაზი, როგორც ჭეშმარიტი თესლი, და როგორ გადამექეცი ველურ, უცხო რტოდ! ამიტომ კიდევაც რომ გაირეცხო გვარჯილით და მრავლად იხმარო შენ ნაცარტუტა, ლაქად დარჩება შენი ურჯულოება ჩემს წინაშე!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „როგორ იტყვი: ‘არ შევბილწულვარ, არ მივლია ბაყალთა კვალზე?’ შეხედე შენს გზას ხეობაში, შეიგნე რა ჰქენი შენ, მარდო აქლემო, მოწანწალევ შენს გზებზე. უდაბნოსთან შეჩვეულ კანჯარს, თავისი სულის ვნებით რომ ისუნთქავს ჰაერს, ვინ მოაბრუნებს მისი ავხორცობიდან? ყოველი მისი მძებნელი არ დაიღლება, იპოვნის მის თვეში. დაიცავი შენი ფეხები ფეხშიშვლობისგან და შენი ყელი – წყურვილისაგან. მაგრამ შენ თქვი: ‘უიმედოა! რადგან მიყვარს უცხონი და ვივლი მათ კვალზე.’ როგორც ქურდია შერცხვენილი, როცა წაასწრებენ, ისე შერცხვება ისრაელის სახლი, ისინი, მათი მეფენი, მათი მთავარნი და მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველნი, რომლებიც ეუბნებიან ხეს: ‘შენ მამა ხარ ჩემი!’ და ქვას: ‘შენ მშობე მე!’ რადგან ზურგი მაქციეს მე და არა პირი, ხოლო თავიანთი უბედურობის დროს ამბობენ: ‘ადექი და გვიხსენი ჩვენ!’ სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც გაიკეთე შენთვის? ადგნენ, აბა, თუ გიხსნიან შენი უბედურების ჟამს, რადგან შენი ქალაქების რიცხვისამებრ იყვნენ შენი ღმერთები, იუდა! რატომ დაობთ ჩემთან? თქვენ ყველამ ჩაიდინეთ დანაშაული ჩემს წინაშე,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „ამაოდ ვცემდი თქვენს ძეთ, დარიგება არ მიიღეს. თქვენმა მახვილმა, როგორც მომსპობმა ლომმა, შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი. თაობავ, შეიგნე უფლის სიტყვა. უდაბნო ვიყავი ისრაელისათვის თუ წყვდიადის ქვეყანა? რატომ თქვა ჩემმა ერმა: ‘დაგშორდით შენ, აღარ მოვალთ შენთან?’ განა დაივიწყებს ქალწული თავის მორთულობას? პატარძალი – თავის ბაფთებს? ჩემმა ხალხმა კი დამივიწყა მე – დღეებს არა აქვს რიცხვი. რა კარგად მართავ შენს გზას სიყვარულის ძებნაში! ამიტომ თვით ბოროტთაც ასწავლე შენი გზები. შენი სამოსელის კალთებზეც იქნა ნაპოვნი უდანაშაულო ღატაკთა სულების სისხლი; ხვრელებში არ გიპოვნია შენ ისინი, მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად, შენ თქვი: ‘რადგან უდანაშაულო ვარ, მიიქცა მისი რისხვა ჩემგან!’ მაგრამ აჰა, მე გაგასამართლებ შენ შენი ნათქვამის გამო: ‘არ შემიცოდავს!’ როგორ ამცირებ შენს თავს, შენს გზას რომ იცვლი. ეგვიპტისგანაც შერცხვები შენ, როგორც აშურისაგან შერცხვი. მისგანაც გამოხვალ შენ და ხელები თავზე გექნება შემოწყობილი, რადგან მოიძულა უფალმა შენი იმედები და არ გექნება მათთან წარმატება. ამბობს უფალი: „თუ კაცი გაუშვებს თავის ცოლს, მისგან წავა და სხვა კაცს გაჰყვება, განა კიდევ დაბრუნდება ეს კაცი იმ ცოლთან? განა სიბილწით არ შეიბილწება ის ქვეყანა? შენ კი მეძაობდი მრავალ საყვარელთან და ახლა ბრუნდები ჩემთან!“ – სიტყვა უფლისა. – „მიაპყარ შენი თვალები ხრიოკ მაღლობებს და ნახე, სად არ უმრუშიათ შენთან? გზებზე უჯექი მათ, როგორც არაბი უდაბნოში. და შებილწე შენ ქვეყანა შენი სიძვითა და შენი ბოროტებით. და შეკავებული იყო წვიმები და გაზაფხულის წვიმა არ იყო, მაგრამ შენ გქონდა მეძავი ქალის შუბლი – უკუაგდე სირცხვილი. განა ახლახან არ დამიძახე: ‘ჩემო მამავ, ჩემი სიყმაწვილის მეგობარი ხარ შენ. საუკუნოდ შეინარჩუნებს თავის რისხვას? ან სამარადისოდ შეინახავს?’ თქვი ეს და ჩაიდინე ბოროტებანი, როგორც კი შეგეძლო!“ და მითხრა მე უფალმა მეფე იოშიას დღეებში: „შენ ნახე, რაც გააკეთა განდგომილმა ისრაელმა? მიდიოდა ის ყველა მაღალ მთაზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ და იქ მეძაობდა. და ვთქვი მე: ‘ყოველივე ამის გაკეთების შემდეგ მობრუნდება ჩემსკენ!’ და არ მობრუნდა. და ნახა ეს მისმა მოღალატე დამ – იუდამ. და დავინახე, რომ ყოველივე იმის გამო, რომ იმრუშა განდგომილმა ისრაელმა, გავუშვი იგი და მივეცი მას გაყრის წერილი, არ შეეშინდა მის მოღალატე დას – იუდას, და წავიდა და ისიძვა მანაც. და თავისი თავქარიანი სიძვით შებილწა მან ეს ქვეყანა და მრუშობდა ის ქვასთან და ხესთან. და მაინც არ მობრუნდა ჩემსკენ მთელი გულით იუდა, მისი მოღალატე და, არამედ მხოლოდ თვალთმაქცურად!“ – სიტყვა უფლისა. და მითხრა მე უფალმა: „განდგომილი ისრაელის სული მოღალატე იუდაზე უფრო მართალია. წადი და გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: ‘მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! მე არ დავცემ ჩემს სახეს თქვენზე რისხვით, რადგან შემწყალებელი ვარ მე!’ – სიტყვა უფლისა. – „და არ შეგინახავ ბოროტებას საუკუნოდ. ოღონდ შეიცანი შენი ურჯულოება, რომ შენი უფალი ღმერთის მიმართ ჩაიდინე დანაშაული და გაჰფანტე შენი გზები უცხოებში, ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ და ჩემს ხმას არ მოუსმინეთ!“ – სიტყვა უფლისა. – „მობრუნდით, განდგომილო ძენო,“ – სიტყვა უფლისა, – „რადგან მე პატრონი ვარ თქვენი, აგიყვანთ თქვენ ერთი ქალაქიდან და ორი გვარიდან და მოგიყვანთ სიონში. და მოგცემთ თქვენ მწყემსებს ჩემი გულისამებრ და დაგმწყემსავენ თქვენ ცოდნითა და გაგებით. და როდესაც გამრავლდებით და ინაყოფიერებთ იმ დღეებში“, – სიტყვა უფლისა, – „აღარ იტყვიან მეტად: ‘კიდობანი უფლის აღთქმისა’ და არ მოუვათ გულში და არ გაიხსენებენ მას, და არ მოისაკლისებენ მას და აღარ გაკეთდება ის. იმ დროს იერუსალიმს უწოდებენ ‘უფლის ტახტს’ და ყველა ხალხები უფლის სახელით შეიკრიბებიან იერუსალიმში და აღარ ივლიან მეტად თავიანთი ბოროტი გულის შეუპოვრობით. იმ დღეებში წავლენ იუდას სახლის ძენი ისრაელის სახლთან ერთად და მივლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც მე დავუმკვიდრე თქვენს მამებს. და მე ვთქვი: ‘როგორ დაგაყენო ძეთა შორის და როგორ მოგცე შენ სანატრელი ქვეყანა, უმშვენიერესი სამკვიდრებელი ხალხებისა?’ და მიწოდებ მე: ‘ჩემო მამავ!’ და არ განდგები ჩემგან. მართლაც, როგორც ცოლი ღალატობს თავის ქმარს, ისე მიღალატეთ თქვენ, ისრაელის სახლო!“ – სიტყვა უფლისა. ხრიოკ მაღლობებზე ისმის ხმა, ისრაელის ძეთა მავედრებელი ტირილი, რადგან მათ გაიმრუდეს თავიანთი გზა, დაივიწყეს უფალი, მათი ღმერთი. „მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს განდგომას!“ აჰა, ჩვენ მოვედით შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი. მართლაც, მხოლოდ სიცრუეა ბორცვებიდან და ხმაური მთებიდან, მართლაც უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა. და სირცხვილი ჭამდა ჩვენი სიყმაწვილიდან ჩვენი მამების ნაჯაფარს, მათ ცხვარსა და მათ ძროხას, მათ ძეთ და მათ ასულთ. დავწვეთ სირცხვილში და ჩვენი შერცხვენა დაგვფარავს ჩვენ, რადგან უფალს, ჩვენს ღმერთს, შევცოდეთ ჩვენ და ჩვენმა მამებმა ჩვენი სიყმაწვილიდან, და დღემდე არ ვუსმენდით უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას.“ „თუ მობრუნდები, ისრაელ,“ – სიტყვა უფლისა, – „ჩემსკენ მობრუნდები, და თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს, მაშინ აღარ იხეტიალებ. და თუ დაიფიცებ: ‘როგორც ცოცხალია უფალი!’ ჭეშმარიტებაში, სამართალსა და სიმართლეში, მაშინ იკურთხებიან მასში ხალხები და მასშივე იქნებიან ქებულნი.“ რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას კაცებს და იერუსალიმს: „მოხანით თქვენთვის ანეული და ნუ დათესავთ ეკალთა შორის. წინადაიცვითეთ უფლისათვის და მოიცილეთ წინადაუცვეთლობა თქვენი გულისა, იუდას კაცებო და იერუსალიმის მკვიდრნო, ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი გულისწყრომა და არ აგიზგიზდეს ჩაუქრობლად თქვენი ბოროტი ნამოქმედარის გამო.“ აუწყეთ იუდაში და იერუსალიმში: „გამოაცხადეთ და თქვით, აახმიანეთ საყვირი ქვეყანაში, იყვირეთ მთელი ხმით და თქვით: შეგროვდით და წავიდეთ გამაგრებულ ქალაქებში. ‘სიონისკენ!’ აღმართეთ ალამი. გაიქეცით, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მომაქვს ჩრდილოეთიდან.“ ლომი გამოვიდა თავისი ტევრიდან, და ხალხების მომსპობი დაიძრა, გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გაატიალოს შენი ქვეყანა. აოხრდება შენი ქალაქები, გაუკაცრიელდება. ამის გამო შემოირტყით ძაძა, იგლოვეთ და იქვითინეთ: „რადგან უფლის რისხვის ალი არ მიქცეულა ჩვენგან.“ „და იქნება იმ დღეს,“ – სიტყვა უფლისა, – „ჩაკვდება მეფის გული და მთავართა გული, და შეძრწუნდებიან მღვდლები და წინასწარმეტყველნი გაოცდებიან. და ვთქვი მე: ‘ოი, უფალო ღმერთო! მართლაც შენ მოატყუე ეს ხალხი და იერუსალიმი, რომ უთხარი: ‘მშვიდობა გექნებათ თქვენ!’ მახვილი კი მისწვდა მათ სულს.’ იმ დროს ნათქვამი იქნება ამ ერისა და იერუსალიმის მიმართ: ‘მწველი ქარი მოდის უდაბნოს ხრიოკ მაღლობებიდან ჩემი ერის ასულის გზაზე – არც გასანიავებლად და არც გასაწმედად.’“ ქარი, ამათზე ძლიერი, მოვა ჩემთან. ახლა მეც წარმოვთქვამ განაჩენს მათზე. აჰა, ღრუბელივით ამოვა იგი და ქარიშხალივით მისი ეტლები. არწივებზე სწრაფნი არიან მისი ცხენები, ვაი ჩვენ, რადგან გავიძარცვეთ.“ გაირეცხე ბოროტისაგან შენი გული, იერუსალიმო, რათა გადარჩე. როდემდე იბუდებენ შენში შენი ბოროტეული ზრახვანი. რადგან ხმა აუწყებს დანიდან და უბედურებას აცხადებს ეფრემის მთიდან. შეახსენეთ ხალხებს, აჰა, გამოაცხადეთ, ალყის შემომრტყმელნი მოდიან შორეული ქვეყნიდან და თავიანთი ხმით აყრუებენ იუდას ქალაქებს. ‘როგორც ველის მცველნი, მის წინააღმდეგ არიან ირგვლივ, რადგან მე აღმიდგა,’ სიტყვა უფლისა. შენმა გზამ და შენმა საქმეებმა მოგიტანა შენ ესენი, ეს არის შენი ბოროტება, რარიგ მწარეა, რადგან მიაღწია შენს გულამდე. შიგანი ჩემი, შიგანი ჩემი! მე ვკანკალებ! მტკივა ჩემი გულის კედლები, მიკვნესის გული! არ დავდუმდები, რადგან საყვირის ხმა მესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა! უბედურება უბედურებას მოსდევს, რადგან გაიძარცვა მთელი ქვეყანა, უცებ გაიძარცვა ჩემი კარვები, წამში – ჩემი ფარდები. როდემდე უნდა ვუყურებდე ალამს, მესმოდეს რქის საყვირის ხმა? რადგან სულელია ჩემი ხალხი, მე არ მიცნობს, ბრიყვი შვილები არიან ისინი. უგნურნი არიან ისინი, მაგრამ ბრძენნი – საბოროტოდ, სიკეთის გაკეთება არ იციან. ვუყურებ ქვეყანას და აჰა, უსახურია და უდაბური, ცას – და არ არის მისგან ნათელი. ვუყურებ მთებს და აჰა, ირყევიან ისინი და ზანზარებს ყველა ბორცვი. ვუყურებ და აჰა, ადამიანი აღარ არის და ცის ყველა ფრინველი გაფრინდა, ვუყურებ და აჰა, ნაყოფიერი მხარე უდაბნოდ იქცა და ყველა მისი ქალაქი გაცამტვერდა უფლის წინაშე, მისი რისხვის ალის წინაშე. რადგან ასე თქვა უფალმა: ‘მთელი ქვეყანა გაუკაცრიელდება, მაგრამ ბოლომდე არ მოვსპობ. ამაზე იგლოვებს ქვეყანა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან მე წარმოვთქვი, მე ჩავიფიქრე არ ვინანებ და არ დავიხევ მისგან. მხედართა და მშვილდოსანთა ხმაზე გარბის მთელი ქალაქი, შევიდნენ უღრანებში და ავიდნენ კლდეებზე, მთელი ქალაქი მიტოვებულია და კაციშვილი არ ცხოვრობს მასში.“ შენ კი, გაძარცვულო, რას გააკეთებ? თუმცა ჩაიცმევ მეწამულს, თუმცა შეიმკობი ოქროს სამკაულებით, თუმცა გაიფართოვებ შენს თვალებს საგრემლით, ამაოდ ლამაზდები – შეგიზიზღეს საყვარლებმა, შენს სულს ეძიებენ. რადგან ხმა მესმა, თითქოს მშობიარე ქალისა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა. ქვითინით გაიწვდის ის თავის ხელებს: ‘ვაიმე, დაიღალა ჩემი სული მკვლელების წინაშე!’“ „გაიარ-გამოიარეთ იერუსალიმის ქუჩებში, გაიხედ-გამოიხედეთ და მოიკითხეთ მის მოედნებზე, და თუ იპოვით კაცს, სამართლის მქმნელს, ჭეშმარიტების მძებნელს, მაშინ მეც ვაპატიებდი მას. და თუ ამბობენ ისინი: ‘როგორც ცოცხალია უფალი!’ ნამდვილად ტყუილად იფიცებიან.“ უფალო, შენი თვალი ხომ ჭეშმარიტებისკენაა მიპყრობილი. შენ სცემ მათ, ისინი კი ვერ გრძნობენ, შენ სპობ მათ, მაგრამ არ სურთ დარიგების მიღება. გაიქვავეს პირისახე კლდეზე მეტად, არ სურთ მოქცევა. და მე ვთქვი ჩემთვის: „ესენი ხომ გლახაკები არიან, გასულელდნენ, რადგან არ იციან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის სამართალი. წავალ დიდებულებთან და ვილაპარაკებ მათთან, რადგან მათ იციან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის სამართალი.“ მაგრამ მათ ერთად დალეწეს უღელი, დაწყვიტეს ბორკილები. ამის გამო დასცემს მათ ლომი ტყიდან, ტრამალის მგელი გაძარცვავს მათ, ვეფხვი დაუდარაჯებს მათ ქალაქებს, ყველა იქიდან გამოსული დაიგლიჯება, რადგან გამრავლდა მათი დანაშაული, გაიზარდა მათი განდგომა. „როგორ გაპატიო ეს? შენმა ძეებმა დამტოვეს მე, და იფიცებდნენ ღმერთებს, რომელნიც არ არიან ღმერთები. როდესაც გავაძღე მე ისინი, მაშინ მრუშობდნენ და მეძავის სახლში იკრიბებოდნენ. ისინი გამძღარი, ატროყებული ცხენებივით არიან: ყოველი კაცი თავისი მოყვასის ცოლს ეჭიხვინება. და ამათ გამო არ დაგსჯით?“ – სიტყვა უფლისა, – „და ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული? ადით მის მწკრივებზე და მოსპეთ, მაგრამ სრულ მოსპობას ნუ იქმთ. ყლორტები მოაშორეთ, რადგან უფლისანი არ არის ისინი. რადგან მიღალატა მე ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა!“ – სიტყვა უფლისა. – „უფალზე ცრუობდნენ და ამბობდნენ: ‘არ არის ის და არ მოვა ჩვენზე უბედურება, და მახვილსა და შიმშილს არ ვიხილავთ.’ და წინასწარმეტყველნი ქარად იქცევიან და სიტყვა არ არის მათში. ასე დაემართება მათ.“ ამიტომ ასე თქვა უფალმა, მხედრობათა ღმერთმა: „რადგან თქვენ ამბობდით ასეთ სიტყვას, მე ვაქცევ შენს პირში ჩემს სიტყვებს ცეცხლად, ხოლო ამ ერს – შეშად, რომელსაც ის შთანთქავს! აჰა, მე მოვიყვან თქვენზე ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო!“ – სიტყვა უფლისა. – „ძლიერი ხალხია იგი, ძველი ხალხია იგი, ხალხი, რომლის ენა არ იცი შენ და ვერ გაიგებ, რას ილაპარაკებს. მისი კაპარჭი ღია საფლავივითაა, ყველანი მამაცი მეომარნი არიან. და შეჭამს ის შენს სამკალს და შენს პურს, შეჭამს შენს ძეთ და შენს ასულთ, შეჭამს შენს ცხვარსა და შენს ძროხას, შეჭამს შენს ვაზსა და შენს ლეღვს, მახვილით მოაოხრებს შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომლებზეც დაიმედებული ხარ. და იმ დღეებშიც,“ – სიტყვა უფლისა, – „არ მოგსპობთ თქვენ მთლიანად. და თუ იტყვით: ‘რის გამო გაგვიკეთა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა ეს ყოველივე?’ მაშინ უთხარი მათ: ‘როგორც თქვენ მიმატოვეთ მე და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს თქვენს ქვეყანაში, ასევე ემსახურებით უცხოებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ არის.“ აუწყეთ ეს იაკობის სახლში და გამოაცხადეთ ეს იუდაში ასე: ისმინეთ ეს, სულელო და უგუნურო ხალხო! თვალები აქვთ მათ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ მათ და ვერ ისმენენ. „განა ჩემი არ გეშინიათ?“ – სიტყვა უფლისა, – „ჩემს წინაშე არ თრთიხართ, რომელმაც დავდე ქვიშა ზღვის საზღვრად, საუკუნო მიჯნად, რომელსაც ვერ გადალახავს; და ბობოქრობენ მისი ტალღები, მაგრამ ვერ სძლევენ და ღრიალებენ, მაგრამ ვერ გადალახავენ მას. ამ ერს კი ურჩი და მეამბოხე გული ჰქონდა, განმშორდნენ ისინი და წავიდნენ. და არ თქვეს თავიანთ გულში: ‘გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს ჩვენ შემოდგომის წვიმას და გაზაფხულის წვიმას თავის დროზე, მკისათვის დადგენილ შვიდეულებს გვინახავს ჩვენ.’ თქვენმა ურჯულოებამ მიაქცია ესენი, და თქვენმა ცოდვებმა შეაკავეს თქვენგან ეს სიკეთე. რადგან ჩემს ერში მოიპოვებიან ბოროტეულნი, თავწახრით არიან ჩასაფრებულნი, როგორც ფრინველზე მონადირენი, დგამენ ხაფანგებს, რათა შეიპყრონ ადამიანები. როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ისე მათი სახლია სავსე სიცრუით. ამიტომ განდიდდნენ და გამდიდრდნენ ისინი, დასუქდნენ, დასქელდნენ, გადააჭარბეს ბოროტების საქმეში, სასამართლო საქმეს, ობლის საქმეს არ არჩევდნენ, რომ წარმატებულიყვნენ, და ღარიბთა უფლებას არ იცავდნენ. ამათ გამო არ დაგსჯი?“ – სიტყვა უფლისა, – „განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული? გასაოცარი და საშინელი ხდება ქვეყანაზე. წინასწარმეტყველნი ტყუილს წინასწარმეტყველებენ და მღვდლები ბატონობენ მათი ხელით, ჩემს ერს კი უყვარს ეს, მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?“ „თავი შეაფარეთ, ბენიამინის ძენო, იერუსალიმის შუაგულიდან, და თეკოაყში ჩაჰბერეთ საყვირს და ბეთ-ჰაქერემზე აღმართეთ ნიშანი, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან. მშვენიერი და ნებიერი მეჩვენებოდა მე სიონის ასული. მასთან მოვლენ მწყემსნი და მათი სამწყსონი, და გაშლიან მასზე ირგვლივ კარვებს და თითოეული თავის ნაკვეთზე დამწყესავს. მოემზადეთ მასთან საბრძოლველად, ადექით და ავიდეთ შუადღისას; ვაი ჩვენ, რადგან გადაიხარა დღე, რადგან წაგრძელდა საღამოს ჩრდილები. ადექით და ავიდეთ ღამით და მოვსპოთ მათი სასახლეები,“ რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „დაჩეხეთ ხეები და დაყარეთ იერუსალიმის წინ მიწაყრილი, ეს ქალაქი უნდა დაისაჯოს – მხოლოდ ძალადობაა მის შუაგულში. როგორც ჭა ამოანთხევს წყალს, ისე ამოანთხევს ის თავის სიბორორტეს, ძარცვა და ძალმომრეობა ისმის მასში, ჩემს წინაშე სნეულება და ჭრილობებია გამუდმებით. შეიგნე, იერუსალიმო, სანამ ზურგს შეგაქცევდეს ჩემი სული, სანამ გაქცევდე უდაბნოდ და უკაცრიელ ქვეყანად.“ – ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: – „ყურძენივით მოიმცვრევენ ისრაელის ნარჩენს; გაიწოდე ხელი ვაზისაკენ, როგორც ყურძნის მკრეფავმა.“ „ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინონ? აჰა, წინადაუცვეთელია მათი სასმენელნი და არ შეუძლიათ გაგონება. აჰა, უფლის სიტყვა შერცხვენად ჰქონდათ მათ, არ მოსწონდათ იგი. და მე გავივსე უფლის რისხვით, არ შემიძლია მისი შეკავება.“ „გადმოღვარე ქუჩებში ბავშვებზე და ერთად შეკრებილ ჭაბუკებზე, რადგან ქმარიც ცოლთან ერთად შეიპყრობა, მოხუცი – დღეებსავსესთან ერთად. და მათი სახლები სხვებს გადაეცემა, ყანებთან და ცოლებთან ერთად, რადგან გავიწვდი ჩემს ხელს ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე,“ – სიტყვა უფლისა. – „რადგან პატარიდან დიდამდე მათგან ყველანი ანგარებით არიან შეპყრობილი და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ტყუილის მოქმედია. ჩემი ხალხის ჭრილობას კი ადვილად კურნავენ, რომ ამბობენ: ‘მშვიდობა, მშვიდობა!’ მაგრამ არ არის მშვიდობა. რცხვენიათ კი მათ, სისაძაგლე რომ ჩაიდინეს? არც რცხვენიათ, არც აუგი იციან, ამიტომ დაეცემიან ისინი დაცემულთა შორის. იმ დროს, როდესაც მოვკითხავ მათ, წაიბორძიკებენ ისინი,“ – თქვა უფალმა. ასე თქვა უფალმა: „შეჩერდით გზებზე და გაიხედეთ, და გაიკითხეთ უძველესს ბილიკებზე – რომელი გზაა უკეთესი? – და იარეთ მასზე და მოუპოვეთ შვება თქვენს სულებს. მაგრამ მათ თქვეს: ‘არ ვივლით!’ და დაგიყენეთ დარაჯები; ყური დაუგდეთ საყვირის ხმას! მაგრამ მათ თქვეს: ‘არ დავუგდებთ ყურს!’ ამიტომ ისმინეთ, ხალხებო, და იცოდე, საზოგადოებავ, რაც მათში ხდება. ისმინე დედამიწავ, აჰა, მე მომაქვს უბედურება ამ ხალხთან – ნაყოფი მათი განზრახვისა, რადგან ჩემ სიტყვებს არ დაუგდეს ყური და ჩემი რჯული მოიძულეს. რისთვის მინდა მე გუნდრუკი, შებადან რომ მოდის და კეთილსურნელოვანი ლერწამი შორეული ქვეყნიდან? თქვენი სრულადდასაწველი მსხვერპლნი შეუწყნარებელია და თქვენი სამსხვერპლოები უამურია ჩემთვის.“ ამიტომ ასე თქვა უფალმა: „აჰა, მე ვუდებ ამ ხალხს დაბრკოლებებს და დაბრკოლდებიან მათზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი დაიღუპებიან.“ ასე თქვა უფალმა: „აჰა, ხალხი მოდის ჩრდილო ქვეყნიდან და დიდი ერი იღვიძებს ქვეყნის კიდეებიდან. მშვილდი და შუბი უჭირავთ მათ; სასტიკნი არიან და დაუნდობელნი, მათი ხმა ბობოქარ ზღვასავითაა და ცხენებზე ამხედრებული მოდიან; როგორც ერთი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, სიონის ასულო. ამბავი გვესმა მასზე და მოგვიდუნდა ხელები, გასაჭირმა შეგვიპყრო ისე, როგორც მშობიარე ქალი – ტკივილმა. ნუ გახვალთ მინდორში და გზაზე ნუ ივლით, რადგან მტერს მახვილი აქვს და საშინელებაა ყოველი მხრიდან. ჩემი ერის ასულო, შემოირტყი ძაძა და გაგორდი ნაცარში, იგლოვე, როგორც დედისერთაზე, მწარედ მოთქვი, რადგან უცებ დაგვეცემა მომსპობი. გამსინჯველად განგაწესე ჩემს ერში, სიმაგრედ, რომ შეიცნო და გასინჯო მათი გზა. ყველანი განდგომილნი არიან, ცილისწამებით მოსიარულენი, სპილენძი და რკინაა, ყველანი დამღუპველნი არიან. საბერველი დაიწვა, ტყვია შთაინთქა ცეცხლში, ამაოდ ადნობდა მდნობელი, და ბოროტნი არ გამოცალკევდნენ. საძულველ ვერცხლს უწოდებენ მათ, რადგან უფალმა მოიძულა ისინი. სიტყვა უფლისა, რომელიც ესმა იერემიას: „დადექი უფლის სახლის კარიბჭეში და დაიძახე იქ ეს სიტყვა და თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, ყველა იუდაელო, შემომსვლელნო ამ კარიბჭეებში, რომ თაყვანი სცეთ უფალს. ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი მოქმედებანი და დაგასახლებთ ამ ადგილზე. ნუ ხართ დანდობილნი ცრუ სიტყვებზე, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია ეს! მაგრამ თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს მოქმედებებს, თუ იქმთ სამართალს კაცსა და მის მოყვასს შორის, მწირს, ობოლსა და ქვრივს არ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით ამ ადგილზე, და თუ სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენს საუბედუროდ, მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მე მივეცი თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდე. აჰა, თქვენ დანდობილი ხართ ცრუ, უსარგებლო სიტყვებზე. როგორ! იპარავთ, კლავთ, მრუშობთ, ტყუილად იფიცებთ, ბაყალს უკმევთ და სხვა ღმერთებს მისდევთ, რომელთაც არ იცნობთ. და მერე მოდიხართ და დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, ჩემი სახელით რომ იწოდება, და ამბობთ: ‘გადავრჩით!’ რათა ისევ ჩაიდინოთ ყოველივე ეს სისაძაგლე? ავაზაკთა ბუნაგად იქცა თქვენს თვალში ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება! აჰა, მეც ვხედავ!“ – სიტყვა უფლისა. – „წადით ჩემს ადგილზე, რომელიც შილოშია, იქ, სადაც პირველად დავავანე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა გავუკეთე მას ჩემი ერის, ისრაელის, ბოროტმოქმედების გამო. ახლა კი, რადგან თქვენ ჩაიდინეთ ყველა ეს საქმე,“ – სიტყვა უფლისა, – „მე კი გეუბნებოდით თქვენ განთიადიდან, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, გიხმობდით და არ მპასუხობდით, ისევე მოვექცევი სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება და რომელზეც თქვენა ხართ დანდობილნი, და იმ ადგილს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს, როგორც მოვექეცი შილოს; და მოგისვრით თქვენ ჩემი პირიდან, როგორც მოვისროლე თქვენი ყოველი ძმა, ეფრემის ყველა თესლი. შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისათვის და ნუ აამაღლებ მათთვის ვედრებასა და ლოცვას, და ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ. განა ვერ ხედავ, რას აკეთებენ ისინი იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში? შვილები ხეებს აგროვებენ, მამები კი ცეცხლს აჩაღებენ; ქალები ცომს ზელენ, რომ დაამზადონ კვერები ცის დედოფლის საპატივცემოდ და ღვრიან შესაწირავს სხვა ღმერთებისათვის, რათა გამაბრაზონ მე. მაგრამ მე მაბრაზებენ ისინი,“ – სიტყვა უფლისა, – „თუ თავიანთ თავს – შესარცხვენად? ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა გადმოინთხევა ამ ადგილზე, ადამიანზე და საქონელზე, მინდვრის ხეზე და მიწის ნაყოფზე; და გაღვივდება და არ ჩაქრება.“ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „თქვენი სრულადდასაწველი მსხვერპლები დაუმატეთ თქვენს მსხვერპლებს და ჭამეთ ხორცი. რადგან მე არ ვეუბნებოდი თქვენს მამებს და არ ვუბრძანებდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოყვანის დღეს სრულადდასაწველისა და მსხვერპლის გამო, არამედ მხოლოდ ეს სიტყვა ვუბრძანე მათ, ასე: ‘გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ვიქნები თქვენი ღმერთი, და თქვენ იქნებით ჩემი ერი და ივლით ყველა იმ გზით, რომელსაც გიბრძანებთ თქვენ, რომ სასიკეთო იყოს თქვენთვის.’ მაგრამ მათ არ გაიგონეს და არ დამიგდეს ყური და იარეს თავიანთი გონებით, თავიანთი ბოროტი გულის შეუპოვრობით, და უკან იყვნენ და არა წინ. იმ დღიდან, როდესაც თქვენი მამები გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან, დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ; განთიადიდან ვგზავნიდი მათ. მაგრამ არ მისმინეს მე და არ დამიგდეს ყური, და გაიმაგრეს კისერი და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ. შენ კი ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; მოუხმობ მათ და არ გიპასუხებენ. უთხარი მათ: ‘ესაა ხალხი, რომელმაც არ ისმინა უფლის, მისი ღმერთის ხმა და არ მიიღო დარიგება; დაიკარგა ჭეშმარიტება და ამოიკვეთა მათი ბაგეებიდან. შეიჭერი თმები და გადაყარე და აამაღლე ხრიოკ მაღლობებზე მოთქმა, რადგან უფალმა მოიძულა და დატოვა მისი წყრომის თაობა. რადგან იუდას ძენი ბოროტს სჩადიან ჩემს თვალწინ,“ – სიტყვა უფლისა, – „თავიანთი სისაძაგლენი დააწყვეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შებილწონ. და ააშენეს გორაკები თოფეთისა, რომელიც ბენ-ჰინომის ჭალაშია, რათა დაეწვათ ცეცხლში თავიანთი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია და არც გამივლია გულში. ამიტომ მოდიან დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „და აღარ იტყვიან მეტად თოფეთს და ბენ-ჰინომის ჭალას, არამედ მკვლელობის ჭალას და დამარხავენ თოფეთში უადგილობის გამო. და იქნება ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ქვეყნის ცხოველთა საჭმელად, და აღარავინ იქნება მათი დამფრთხობი. და შევწყვეტ მე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში მხიარულების ხმას და ლხინის ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას, რადგან უდაბნოდ იქცევა ეს ქვეყანა. „იმ დროს,“ – სიტყვა უფლისა, – „ამოიღებენ მათი საფლავებიდან იუდას მეფეთა და მის მთავართა, მის მღვდელთა, მის წინასწარმეტყველთა და იერუსალიმის მცხოვრებთა ძვლებს. და მიმოფანტავენ მათ მზისა და მთვარისა და ცის მთელი მხედრობის წინ, რომლებიც უყვარდათ მათ და რომლებსაც ემსახურებოდნენ, და რომელთაც უკან მისდევდნენ, და რომელთაც ეძებდნენ და რომელთაც თაყვანს სცემდნენ; არ აიკრიფებიან ისინი და არ დაიმარხებიან. ნაგვად იქნებიან მიწის პირზე. და ყველა დანარჩენნი, ამ ბოროტი მოდგმიდან დარჩენილნი ყველა ადგილებზე, სადაც მე გავყრი მათ, სიკვდილს ამჯობინებენ სიცოცხლეს,“ – სიტყვა უფალ ცაბაოთისა. – „და ეტყვი მათ: ‘ასე ამბობს უფალი: ნუთუ დაეცემიან და ვერ ადგებიან, განდგომილნი არ მოიქცევიან? რატომ გამიდგა ეს ერი, იერუსალიმი, გამუდმებული განდგომით? ჩაჭიდებულნი არიან სიცრუეს და უარს ამბობენ მოქცევაზე. ყური მივუგდე და მოვისმინე: სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ნანობს თავის ბოროტებას. ამბობენ: რა გავაკეთე? თითოეული სირბილით ბრუნდება თავის გზაზე, როგორც ცხენი ისწრაფის ომში. ცაში ყარყატმაც კი იცის თავისი ვადები, და გვრიტი და მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოსვლის ჟამს, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის სამართალი. როგორ ამბობთ: ბრძენნი ვართ ჩვენ და უფლის რჯული ჩვენთანაა? მაგრამ აჰა, გააყალბა ის მწიგნობართა ცრუ კალამმა. შერცხვნენ ბრძენნი, შეძრწუნდნენ და შეპყრობილ იქნენ. აჰა, მოიძულეს მათ უფლის სიტყვა და რაღაა მათი სიბრძნე? ამიტომ მათ ცოლებს სხვებს გადავცემ, მათ ყანებს – უცხო მემკვიდრეებს, რადგან პატარიდან დიდამდე ყველანი ანგარნი არიან, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველანი ტყუილის მოქმედნი არიან. და იოლად კურნავენ ჩემი ერის ასულის ჭრილობას, რომ ამბობენ: ‘მშვიდობა, მშვიდობა!’ მაგრამ არაა მშვიდობა. არ რცხვენიათ, სისაძაგლე რომ ჩაიდინეს, არც რცხვენიათ, არც აუგი იციან. ამიტომ დაეცემიან ისინი დაცემულთა შორის; იმ დროს, როდესაც მოვიკითხავ მათ, დაეცემიან ისინი,“ – ამბობს უფალი. – „საბოლოოდ გავანადგურებ მათ,“ – სიტყვა უფლისა, – „ყურძენი არ იქნება ვაზზე და ლეღვი არ იქნება ლეღვის ხეზე, და ფოთოლი დაჭკნება და, რაც მივეცი მათ, გამოეცლებათ.“ „რატომ ვსხედვართ? შეიკრიბეთ და წავიდეთ გამაგრებულ ქალაქებში და იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვღუპა ჩვენ და გვასვა ჩვენ შხამიანი წყალი, რადგან შევცოდეთ უფალს. იმედი გვქონდა მშვიდობისა და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამისა და აჰა, საშინელება. დანიდან ისმის მისი ცხენების ფშვინვა, მის ულაყთა ჭიხვინის ხმისაგან მთელი დედამიწა ზანზარებს. და მოდიან ისინი და ჭამენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქსა და მასში მცხოვრებთ. რადგან მე მოგივლენთ გველებს, ასპიტებს, რომელთა წინააღმდეგაც არ არის შელოცვა, და დაგკბენენ თქვენ.“ – სიტყვა უფლისა. – „ვცდილობ დავძლიო სევდა, წუხს ჩემი გული. აჰა, მე მესმის ჩემი ერის ასულის ქვითინის ხმა შორეული ქვეყნიდან: განა არ არის უფალი სიონში? განა არც მისი მეფეა იქ? რატომ გამაბრაზეს თავიანთი კერპებით, უცხო ქვეყნის არარაობით? გავიდა მკა, მიილია ზაფხული, ჩვენ კი არა ვართ გადარჩენილნი. ჩემი ერის ასულის შემუსვრით მეც შევიმუსრე, დავბნელდი, შიშმა შემიპყრო. განა არ არის მალამო გილყადში? ან მკურნალი არ არის იქ? აბა, რატომ არ არის ჩემი ერის ასულის განკურნება?“ „ო, ნეტავ, ჩემი თავი წყალი იყოს და ჩემი თვალი ცრემლის წყარო! ვიტირებდი მე დღე და ღამე ჩემი ერის ასულის განსაკურნებლად! ო, ნეტავ, უდაბნოში თავშესაფარი მქონდეს მგზავრთათვის! დავტოვებდი ჩემს ერს და წავიდოდი მათგან, რადგან ყველანი მრუშები არიან, მოღალატეთა კრებული. ჭიმავენ თავიანთ ენას, თავიანთ ცრუ მშვილდს, და სიმართლისათვის კი არ გამაგრდნენ ქვეყანაზე, არამედ ბოროტებიდან ბოროტებაზე გადადიან და არ მცნობენ,“ – სიტყვა უფლისა. – „მოერიდეთ თითოეული თავის მოყვასს და ნურც ერთ ძმას ნუ ენდობით, რადგან ყოველი ძმა მზაკვრობს და ყოველი მოყვასი ცილისწამებას ავრცელებს. და ყოველი თავის მოყვასს დასცინის და სიმართლეს არ ლაპარაკობენ, მიაჩვიეს თავიანთი ენა სიცრუის ლაპარაკს, გადაიღალენ უსამართლობით. შენი საჯდომი სიცრუეშია, სიცრუის გამო უარს ამბობენ ჩემს ცნობაზე,“ – სიტყვა უფლისა. ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „აჰა, მე გამოვადნობ და გამოვცდი მათ, სხვა რა ვქნა ჩემი ერის ასულისთვის? მათი ენა ბასრი ისარია, მზაკვრობას ლაპარაკობს, პირით მშვიდობას ეუბნებიან თავიანთ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ. ამათ გამო არ დავსაჯო ისინი?“ – სიტყვა უფლისა, – „ასეთ ხალხებზე არ იძიებს შურს ჩემი სული? მთებზე ავამაღლებ ტირილს და ქვითინს და უდაბნოს საძოვრებზე – მოთქმას, რადგან აოხრდნენ ისინი უგამვლელოდ და არ ისმის სამწყსოს ხმა, ცის ფრინველიდან საქონლამდე დაიფანტნენ, წავიდნენ. და გავხდი იერუსალიმს ქვის გროვად, ტურების ბუნაგად და იუდას ქალაქებს გავხდი უდაბურს, უკაცრიელს.“ ვინ არის ის ბრძენი კაცი, რომ ეს გაიგოს? და ვის ელაპარაკა უფლის ბაგე, რომ გამოაცხადოს, თუ რისთვის დაიღუპა ქვეყანა, აოხრდა, როგორც უდაბნო, არავინ არის იქ გამვლელი. და თქვა უფალმა: „რადგან დატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მე მივეცი მათ და არ შეისმინეს ჩემი ხმა, და არ გაჰყვნენ მას, და დადიოდნენ თავიანთი გულის შეუპოვრობისა და ბაყალების კვალზე, როგორც მათმა მამებმა ასწავლეს მათ. ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „მე ვაჭმევ მათ, ამ ერს, აბზინდას და ვასმევ მათ შხამიან წყალს. და გავფანტავ მათ ხალხებში, რომლებსაც არ იცნობდნენ ისინი და არც მათი მამები, და მახვილს მივადევნებ უკან, სანამ არ ამოვწყვეტ.“ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „დაუკვირდით და მოუხმეთ მოტირალთ, რომ მოვიდნენ, და გაგზავნეთ ბრძენ ქალებთან, რომ ისინიც მოვიდნენ. იჩქარონ და აამაღლონ ჩვენზე მოთქმა, რომ ჩამოგვცვივდეს თვალებიდან ცრემლები და ჩვენი ქუთუთოებიდან წყალმა ჩამოწვეთოს. რადგან მოთქმის ხმა ისმის სიონიდან: ‘როგორ გავტიალდით, შევრცხვით მეტისმეტად! უნდა დავტოვეთ ქვეყანა, რადგან გამოგვყარეს ჩვენი საცხოვრებლებიდან!“ აბა, ისმინეთ, ქალებო, სიტყვა უფლისა, ყურად იღეთ სიტყვა მისი პირისა და ასწავლეთ თქვენს ასულთ მოთქმა და ერთმანეთს – გოდება: „რადგან ამოვიდა სიკვდილი ჩვენს სარკმლებზე, შემოვიდა ჩვენს სასახლეებში, რათა მოსპოს ბავშვები ქუჩაში და ჭაბუკნი მოედნებზე. თქვი: ასეთია სიტყვა უფლისა: ‘დაეყრებიან ადამიანთა გვამები, როგორც ნაკელი ყანაში და როგორც ძნა მომკელის უკან, და არავინ იქნება ამკრეფი.’“ ასე თქვა უფალმა: „თავს ნუ შეიქებს ბრძენი თავისი სიბრძნით და თავს ნუ შეიქებს ძლიერი თავისი ძალით, და თავს ნუ შეიქებს მდიდარი თავისი სიმდიდრით. არამედ მაქებელმა იმითი შეიქოს თავი, რომ მიხვდა და მიცნობს მე, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი!“ – სიტყვა უფლისა. – „აჰა, დღეები მოდის,“ – სიტყვა უფლისა, – „და დავსჯი მე ყველა ჩუჩით წინადაუცვეთელს: ეგვიპტესა და იუდას, ედომსა და ყამონის ძეთ, მოაბსა და ყველა თმაშეკრეჭილს, რომელნიც უდაბნოში ცხოვრობენ, რადგან ყველა ეს ხალხი წინადაუცვეთელია, მთელი ისრაელის სახლი კი გულით არის წინადაუცვეთელი.“ ისმინეთ სიტყვა, რომელიც უფალმა წარმოთქვა თქვენზე, ისრაელის სახლო! ასე თქვა უფალმა: „ნუ ისწავლით ხალხების გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რაკი ხალხებს ეშინიათ მათი. რადგან ხალხთა წეს-ჩვეულებანი არარაობაა, რადგან ხეს ჭრიან ტყეში, ცულით ამუშავებს მას ხუროს ხელი, ვერცხლითა და ოქროთი ალამაზებენ, ლურსმნებითა და ჩაქუჩით ამაგრებენ, რომ არ დაიშალოს. ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას გვანან ისინი და ლაპარაკი არ შეუძლიათ, დაატარებენ, რადგან თავად ვერ დადიან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერ იბოროტებენ, მაგრამ არც სიკეთის ქმნა შეუძლიათ.“ არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ შენ და დიდია შენი სახელი ძლიერებით. ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ! მხოლოდ შენ გეკუთვნის ეს; რადგან ხალხთა ყველა ბრძენს შორის და ყველა მათ სამეფოში არავინ არის შენი მგავსი. ყველანი ერთად გამოტვინდნენ და გასულელდნენ, შეგონება ამაოა, ხეა იგი. კილიტი ვერცხლი თარშიშიდანაა ამოტანილი და ოქრო – უფაზიდან, მჭედლისა და ხელით გამომდნობელის ნაკეთები, ცისფერი და მეწამულია მათი სამოსელი, ბრძენთა ნაკეთებია ყოველი. მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და საუკუნო მეფე, მისი რისხვისას დედამიწა იძრვის და ვერ დაუდგებიან ხალხები მის წყრომას. ასე უთხარით მათ: „ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და ქვეყანა, გაქრებიან ამ ქვეყნიდან და ცის ქვეშეთიდან.“ მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ცა. ხმას გამოსცემს და წყალი ხმაურობს ცაში და ღრუბლები ამოჰყავს მას ქვეყნის კიდიდან, ელვებს აგზავნის წვიმაში და ქარი გამოჰყავს მის საუნჯეთაგან. გამოტვინდა ყოველი კაცი უვიცობით, შერცხვენილია ყოველი ოქრომჭედელი თავის კერპთაგან, რადგან სიცრუეა მის მიერ გამოდნობილი და სული არ არის მათში. ფუჭია ისინი – საქმე ცთომილებისა, მათი განკითხვის დროს გაქრებიან ისინი. მათი მსგავსი არ არის იაკობის წილი, რადგან ის არის ყველაფრის გამომსახველი, ისრაელი კი მისი სამკვიდრებლის ტომია, ‘უფალი ცაბაოთია’ სახელი მისი. მოკრიფე ქვეყნიდან შენი ქონება, ალყაში მცხოვრებო. რადგან ასე ამბობს უფალი: „აჰა, მე მოვისვრი ამ ქვეყნის მცხოვრებთ ამჯერად და შევაჭირვებ მათ, რათა იპოვონ. ვაი მე, ჩემს უბედურებას! სასიკვდილოა ჩემი ჭრილობა. ვთქვი: ნამდვილად ჩემი კარავი გაძარცულია და ჩემი ყველა სიმი გაწყვეტილია, ჩემი ძენი გავიდნენ ჩემგან და აღარ არიან, აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების დამყენებელი. რადგან გამოტვინდნენ მწყემსები და არ მოიკითხეს უფალი. ამის გამო გაუგუნურდნენ და მთელი მათი სამწყსო გაიფანტა. ხმა დადის: აჰა, მოდის ის, და დიდი ხმაურია ჩრდილო ქვეყნიდან, რათა უდაბნოდ აქციოს იუდას ქალაქები, ტურების საბუდრად.“ ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს. დამსაჯე მე, უფალო, ოღონდ სამართლით და არა შენი რისხვით, რათა არ დამამცრო. გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ შენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ უხმობენ, რადგან შეჭამეს მათ იაკობი და მოსპეს ის და ააოხრეს მისი ბინა. სიტყვა უფლისა, რომელიც ესმა იერემიას: „ისმინეთ აღთქმის სიტყვები და ელაპარაკეთ იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთ. და უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ მოისმენს ამ აღთქმის სიტყვებს, რომელიც მე ვუბრძანე თქვენს მამებს ეგვიპტის ქვეყნიდან, რკინის ბრძმედიდან, მათი გამოყვანის დღეს, რომ ვუთხარი: ისმინეთ ჩემი ხმა და გააკეთეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. რათა აღვადგინო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, მადინებელს რძისა და თაფლისა, რომელსაც ფლობ დღეს.“ და მე ვუპასუხე: „ამენ, უფალო!“ და მითხრა უფალმა: „წარმოთქვით ყველა ეს სიტყვა იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში: ‘ისმინეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ ისინი. რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან ამ დღემდე, განთიადიდან ვაფრთხილებდი, უსმინეთ-მეთქი ჩემს ხმას. არ უსმინეს და არ დაუგდეს ყური, და დადიოდა თითოეული თავისი ბოროტი გულის შეუპოვრობით; და მე მოვაწიე მათზე ამ აღთქმის ყველა სიტყვა, რომელიც ვუბრძანე შესასრულებლად და არ შეასრულეს.“ და მითხრა უფალმა: „შეთქმულება აღმოჩნდა იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთა შორის. ისინი დაუბრუნდნენ თავიანთი მამების ურჯულოებას, რომლებმაც უარი თქვეს ჩემი სიტყვების მოსმენაზე, უკან გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, და ემსახურებოდნენ მათ. ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა დაარღვიეს ჩემი აღთქმა, რომელიც მე დავდე მათ მამებთან. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაწევ მათზე უბედურებას, რომლისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებენ, მაშინ შემომღაღადებენ, მაგრამ მე არ მოვუსმენ მათ. და წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მცხოვრებნი და შეჰღაღალებენ ღმერთებს, რომელთაც ისინი უკმევენ, მაგრამ ხსნით ვერ იხსნიან ისინი მათი უბედურების ჟამს. რადგან შენი ქალაქების რიცხვისამებრ გყავდა შენ ღმერთები, იუდასი და იერუსალიმის ქუჩების რიცხვისამებრ დასდეთ სამსხვერპლოები სასირცხვილოდ, სამსხვერპლოები ბაყალისათვის საკმევლად. ნუ ილოცებ ამ ერისათვის და ნუ აამაღლებ მათზე ვედრებასა და ლოცვას, რადგან არ მოვისმენ, როდესაც შემომღაღადებენ თავიანთი უბედურების ჟამს. რა უნდა ჩემს მეგობარს ჩემს ტაძარში, როცა ბოროტებას სჩადის? და სამსხვერპლო ხორცი ჩაგივლის გვერდზე, რადგან სიავეს რომ სჩადიხარ, მაშინ ხარობ. ამწვანებული, მშვენიერი და ლამაზნაყოფიანი ზეთისხე გიწოდა შენ სახელად უფალმა; დიდი ღრიანცელის ხმაზე წაეკიდა ცეცხლი მას და გაუფუჭდა რტოები. და უფალმა ცაბაოთმა, შენმა დამრგველმა, წარმოთქვა შენზე ბოროტი ისრაელის სახლისა და იუდას სახლის ბოროტების გამო, რომელსაც ჩემს გასაჯავრებლად აკეთებდნენ, ბაყალს რომ უკმევდნენ. უფალმა მაცოდინა და მე ვიცი ეს. მაშინ მიჩვენე შენ მათი ნამოქმედარი. მე კი დასაკლავად მიყვანილი უწყინარი კრავივით ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ჩემზე განიზრახეს ბნელი ზრახვა, რომ თქვეს: „შევმუსროთ ხე მისი პურით და მოვსპოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ მისი სახელი აღარ იხსენებოდეს მეტად.“ უფალო ცაბაოთ! სამართლიანო მოსამართლევ, გამომცდელო თირკმლებისა და გულისა, დამანახვე შენი შურისძიება მათზე, რადგან შენ მოგანდე ჩემი საქმე. ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთელ კაცებზე, შენი სულის მაძიებლებზე, რომლებიც ამბობენ: „ნუ წინასწარმეტყვლებ უფლის სახელით და არ მოკვდები ჩვენი ხელით.“ ამიტომ ასე ამბობს უფალი ცაბაოთი: „აჰა, მე დავსჯი მათ, ჭაბუკნი მახვილით მოკვდებიან, მათი ძენი და მათი ასულნი კი – შიმშილით. მათგან არავინ გადარჩება, რადგან უბედურებას მოვაწევ ყანათოთელ კაცებზე მათი დასჯის წელს.“ მართალი იქნები, უფალო, რადგან ვიდავე შენთან, მაგრამ ვილაპარაკებ სამსჯავროებზე. რატომაა ბოროტმოქმედთა გზა წარმატებული, ყველა მოღალატე მშვიდად არის? შენ დარგე ისინი, ფესვებიც კი გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოსა ხარ შენ მათ პირთან, მათი თირკმელებისგან კი შორსა ხარ. და შენ, უფალო, მიცანი მე, მნახე მე და გამოსცადე ჩემი გული, რომელიც შენთანაა, მორეკე ისინი, როგორც დასაკლავი ცხვარი და მოამზადე მოკვლის დღისათვის. როდემდე უნდა გლოვობდეს ქვეყანა? და ხმებოდეს ბალახი მთელი ველისა? მასში მცხოვრებთა ბოროტების გამო მოისრა საქონელი და ფრინველი, რადგან ამბობენ: „ის ვერ ნახავს ჩვენ ბოლოს.“ „თუ ქვეითებთან დარბოდი და მათ დაგქანცეს, როგორღა შეეჯიბრები ცხენებს? მშვიდობიან ქვეყანაში უსაფრთხოდ იყავი და როგორ მოიქცევი იორდანეს უღრანში? რადგან შენმა ძმებმაც და შენი მამის სახლმაც – მათაც გიღალატეს შენ, ისინიც ყვიროდნენ შენს უკან ხმამაღლა. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც კარგები გელაპარაკონ. მე დავტოვე ჩემი სახლი, მივატოვე ჩემი სამკვიდრებელი, ჩემი სულის სასურველი ჩემს მტრებს გადავეცი ხელთ. ჩემი სამკვიდრებელი ისე იქცა ჩემთვის, როგორც ლომი ტყეში, ხმა აიმაღლა ჩემზე; ამიტომ შევიძულე იგი. ჩემი სამკვიდრებელი მტაცებელ არწივად იქცა ჩემთვის – მტაცებელი ფრინველები არიან მის გარშემო. მიდით, შეჰყარეთ მინდვრის ყველა მხეცი, მოიყვანეთ მის შესაჭმელად. მრავალმა მწყემსმა ააოხრა ჩემი ვენახი, გათელა ჩემი ნაკვეთი, ჩემი სასურველი ნაკვეთი უკაცრიელ უდაბნოდ აქციეს. უკაცრიელად აქციეს, გლოვობს ჩემზე უკაცრიელი; გაუკაცურდა მთელი ქვეყანა, რადგან არავის მიაქვს გულთან.“ უდაბნოს ყველა ხრიოკ მაღლობზე მოვიდნენ მძარცველნი, რადგან უფლის მახვილი ჭამს ქვეყნის ერთი კიდიდან ქვეყნის მეორე კიდემდე ყველაფერს. არც ერთ ხორციელს არა აქვს მშვიდობა. ხორბალი დათესეს და ეკალი მოიმკეს, დაუძლურდნენ, მაგრამ ვერ ისარგებლეს. შეგრცხვეთ თქვენი მოსავლისა, უფლის რისხვის ალისა. ასე ამბობს უფალი ჩემს ყველა მეზობელზე, რომლებიც აზიანებენ სამკვიდრებელს, რომელიც მე დავუმკვიდრე ჩემს ერს, ისრაელს: „მე აღმოვფხვრი მათ მათი მიწიდან და იუდას სახლსაც აღმოვფხვრი მათ შორის. და როცა აღმოვფხვრი, კვლავ შევიწყნარებ მათ, და მოვიყვან თითოეულს თავის სამკვიდრებელზე და თითოეულს თავის ქვეყანაში. და თუ სწავლით ისწავლიან ჩემი ხალხის გზებს, დაიფიცონ ჩემი სახელით ‘ცოცხალია უფალი!’ როგორც ბაყალის დაფიცება ასწავლეს ჩემს ერს, მაშინ აშენდებიან ჩემს ერს შორის. თუ არ მომისმენენ, მაშინ აღმოვფხვრი ამ ხალხს და მოვსპობ!“ – სიტყვა უფლისა. ასე მითხრა უფალმა: „წადი იყიდე სელის სარტყელი, შემოირტყი წელზე და წყალში არ ჩადო.“ ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ და შემოვირტყი წელზე. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეორედ: „აიღე ეს სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს შემორტყმული; ადექი და წადი ევფრატში და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.“ და წავედი და დავმალე ევფრატში, როგორც მიბრძანა მე უფალმა. მრავალი დღის შემდეგ მითხრა მე უფალმა: „ადექი, წადი ევფრატში და აიღე იქიდან ის სარტყელი, რომლის იქ დამალვაც გიბრძანე.“ და წავედი მე ევფრატში და ამოვთხარე და ავიღე ის სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დავმალე იგი და აჰა, დამპალიყო სარტყელი, არაფრისათვის აღარ გამოდგებოდა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი. ეს არის, რაც თქვა უფალმა: „ასე დავალპობ იუდას სიამაყესა და იერუსალიმის დიდ სიამაყეს. ეს ბოროტი ერი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის მოსმენა, დადის თავის გულის შეუპოვრობით და მიჰყვება სხვა ღმერთებს, რათა ემსახუროს მათ და თაყვანი სცეს, იქნება, როგორც ეს სარტყელი, რომელიც არაფრისათვის აღარ გამოდგება. რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის წელს, ისე მინდოდა მომკროდა მე მთელი ისრაელის სახლი და მთელი იუდას სახლი,“ – სიტყვა უფლისა, – „რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს ერად, სახელად, საქებრად და მშვენებად. მაგრამ არ ისმინეს მათ. და უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ყველა ტიკჭორა ღვინით ივსება და გეტყვიან შენ: განა არ ვიცით, რომ ყველა ტიკჭორა ღვინით ივსება?’ უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, მე ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს და მეფეებს, მსხდომთ დავითის ტახტზე, და ყველა მღვდელს და წინასწარმეტყველს და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს სიმთვრალით. და მივლეწავ მათ ერთი-მეორეზე, მამებს და შვილებს ერთად,“ – სიტყვა უფლისა. – „არ შევიბრალებ და არ დავინდობ, და არ ვინანებ მათ გაწყვეტას!“ მოისმინეთ და გაიგონეთ: ნუ ამაღლდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს. მიაგეთ თქვენს უფალ ღმერთს პატივი, სანამ დაბნელდებოდეს და სანამ წაბორძიკდებოდეს თქვენი ფეხები წყვდიადის მთაზე. და დაელოდებით სინათლეს და ის გახდის მას სიკვდილის აჩრდილად და სიბნელედ აქცევს. და თუ არ მოისმენთ, მალულად იტირებს ჩემი სული თქვენი სიამაყის გამო, და აცრემლდება და ცრემლს წამოადენენ ჩემი თვალები, რადგან ტყვედ წაისხა უფლის სამწყსო. უთხარი მეფეს და დედოფალს: „ტახტიდან გადმოდით, რადგან თავიდან მოგეხადათ გვირგვინი თქვენი დიდებისა.“ სამხრეთის ქალაქები დაიკეტა და არავინაა გამღები: განიდევნა იუდა, მთლიანად, სრულად განიდევნა. მიაპყარით თქვენი თვალი და დაინახეთ ჩრდილოეთიდან მომავალნი – სადაა სამწყსო, რომელიც შენ მოგეცა, შენი ლამაზი ცხვარი? რას იტყვი, როდესაც მოგიხილავს იგი? განა შენ არ ასწავლე მათ შენზე მთავრობა? განა ტკივილები არ შეგიპყრობენ შენ, როგორც მშობიარე ქალს? და თუ იტყვი შენს გულში: „რატომ დამემართა ეს?“ შენი მრავალი ურჯულოების გამო ახდილია შენი კალთები, შებილწულია შენი ქუსლები. განა შეიცვლის ქუშელი თავის კანს და ვეფხვი თავის ლაქებს? მაშინ თქვენც შეძლებთ სიკეთის ქმნას ბოროტებას მიჩვეულნი. და მიმოვფანტავ მათ, როგორც უდაბნოს ქარით მიმობნეულ თივას. ეს არის შენი ხვედრი, ჩემგან გამოზომილი შენი წილი,“ – სიტყვა უფლისა, – „რადგან დამივიწყე მე და ტყუილზე იყავი მინდობილი. და მეც ავხადე შენი კალთები შენს პირისახემდე და გამოჩნდა შენი სიშიშვლე, შენი მრუშობა და შენი ჭიხვინი, უხამსობა შენი სიძვისა, ბორცვებზე მინდორში მე ვიხილე შენი საზიზღრობა. ვაი შენ, იერუსალიმო! არ განიწმიდები? მერე როდისღა?“ სიტყვა უფლისა იერემიასადმი გვალვაზე: „გლოვობს იუდა და მისი კარიბჭენი დაცარიელდა, დაბნელდა ქვეყანაზე და ამაღლდა იერუსალიმის კივილი. და მათმა დიდებულებმა გაგზავნეს თავიანთი ჭაბუკები წყალზე; მივიდნენ ღრმულებთან, ვერ იპოვეს წყალი, დაბრუნდნენ ცარიელი ჭურჭლებით დარცხვენილნი და გაწბილებულნი, და თავები დაიბურეს. რადგან მიწა დასკდა, წყალი რომ არ იყო ქვეყანაზე, შერცხვნენ მიწის მუშაკნი, თავები დაიბურეს. რადგან ირემმაც ველზე შობა და იქ დატოვა, რადგან არ იყო ბალახი. და კანჯარნიც იდგნენ ხრიოკ მაღლობებზე, ტურების მსგავსად ისუნთქავდნენ ჰაერს, დაებინდათ თვალები, რადგან არ იყო ბალახი. თუ ჩვენი ურჯულოება იმოწმება ჩვენს წინააღმდეგ, იმოქმედე, უფალო, შენი სახელის გულისათვის! გამრავლდა ჩვენი განდგომა, შეგცოდეთ ჩვენ. ისრაელის იმედო, მისო მხსნელო უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში და ღამის გასათევად მოსული სტუმარივით? რატომ ხარ კაცივით გაოგნებული, მამრივით, რომელსაც არ შეუძლია ხსნა? შენ კი ჩვენს შორის ხარ, უფალო, და შენი სახელი ჩვენზეა წოდებული. ნუ მიგვატოვებ!“ და ასე უთხრა უფალმა ამ ერს: „რადგან მათ უყვარდათ ხეტიალი და ფეხებს ვერ აკავებდნენ, ამიტომ უფალს არ სურს ისინი. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს მათ ცოდვებს.“ და მითხრა მე უფალმა: „ნუ ილოცებ ამ ერის სასიკეთოდ, რადგან თუ იმარხულებენ, არ მოვუსმენ მე მათ ვედრებას, თუ აღმივლენენ სრულადდასაწველსა და ძღვენს, არ ვინდომებ მათ. მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით შევმუსრავ მათ.“ და ვთქვი მე: „ოი, უფალო ღმერთო! აჰა, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: ‘არ ნახავთ მახვილს და შიმშილი არ გექნებათ, რადგან ჭეშმარიტ მშვიდობას მოგცემთ ამ ადგილას.“ და მითხრა მე უფალმა: „ტყუილს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი და არც მიბრძანებია მათთვის, და არც მილაპარაკნია მათთან; ტყუილ ხილვას და მკითხაობას, ამაოს და თავიანთი გულის ზრახვებს გიწინასწარმეტყველებენ ისინი. ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: ‘ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, მე არ გამომიგზავნია ისინი. თუმცა ამბობენ: მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო, მახვილითა და შიმშილით მოისპობიან ის წინასწარმეტყველნი!’ და ხალხი, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, დაეყრება იერუსალიმის ქუჩებში შიმშილისა და მახვილისგან. და არავინ იქნება მათი ცოლების, მათ ძეთა და მათ ასულთა დამმარხველი. და გადმოვღვრი მათზე მათ ბოროტებას. უთხარი მათ ეს სიტყვა: ‘მდიოდეს თვალზე ცრემლი ღამით და დღისით და არ შეწყდეს, რადგან დიდი დალეწვით დაილეწა ქალწული, ასული ჩემი ერისა, განუკურნებელი ჭრილობით. გამოვდივარ ველზე და ვხედავ მახვილით დახოცილთ, და შევდივარ ქალაქში და ვხედავ შიმშილით დასნეულებულთ, რადგან წინასწარმეტყველიც და მღვდელიც დაეხეტებიან ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობენ.“ მოძულებით მოიძულე იუდა, თუ სიონი შეზიზღდა შენს სულს? ისე რატომ გვცემე, რომ არა გვაქვს კურნება? ვთესავდით მშვიდობას და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს და – საშინელებაა. ვიცით, უფალო, ჩვენი ბოროტმოქმედება, ურჯულოება ჩვენი მამებისა, რადგან შეგცოდეთ შენ. ნუ უარგვყოფ შენი სახელის გულისათვის, ნუ შეარცხვენ ტახტს შენი დიდებისა, გაიხსენე და ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან. განა არის ხალხების კერპთა შორის მაწვიმებელი? ან ცას თუ მოაქვს თავისით თავსხმა? ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე. და მითხრა მე უფალმა: „თვით მოსე და სამუელიც რომ დადგნენ ჩემს წინაშე, არ იქნება ჩემი სული ამ ხალხთან. გაგზავნეთ ისინი ჩემი პირისაგან და წავიდნენ. და თუ გეტყვიან: ‘სად წავიდეთ?’ უთხარი მათ, რომ ასე თქვა უფალმა: ‘ვინც განწირულია სასიკვდილოდ, მოკვდეს, ვინც განწირულია მახვილისთვის, მახვილისთვის იყოს, ვინც განწირულია საშიმშილოდ, იშიმშილოს, და ვინც განწირულია დასატყვევებლად, დატყვევდეს!’ და მოვიკითხავ მათ ოთხი გვარით,“ – სიტყვა უფლისა, – მახვილით – მოსაკლავად, ძაღლებით – სათრევად, ცის ფრინველით და დედამიწის ცხოველით – შესაჭმელად და მოსასპობად. და გავხდი მათ შიშისზარად ქვეყნის ყველა სამეფოსთვის მენაშეს, ხიზკიაჰუს ძის, იუდას მეფის გამო იმაზე, რაც გააკეთა მან იერუსალიმში. რადგან ვინ შეგიბრალებს შენ, იერუსალიმო, და ვინ თანაგიგრძნობს, ვინ შემოუხვევს შენი მშვიდობის საკითხავად? შენ დამტოვე მე,“ – სიტყვა უფლისა, – „უკან წახვედი; და მე გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე მე მიტევებით. განიავებით გავანიავე ისინი ქვეყნის კარიბჭეებში, დავტოვე უშვილოდ, მოვსპე ჩემი ერი, თავიანთი გზებიდან კი არ მობრუნდნენ. გამიმრავლდა მე მისი ქვრივები ზღვის ქვიშაზე მეტად და მოვუყვანე მათ, ჭაბუკის დედას, მძარცველი შუადღისას, მოულოდნელად დავეცი მასზე ძრწოლა და ელდა. საცოდავია შვილის მშობელი, სულს ღაფავს; ჩაესვენა მისი მზე დღისით, შერცხვენილი და შეურაცხყოფილია; მათ ნარჩენს კი მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე,“ – სიტყვა უფლისა. ვაი მე, დედაჩემო, რადგან მშობე მე მთელი ქვეყნის მოცილედ და მოდავედ; არც გამისესხებია და არც ჩემთვის უსესხებიათ, მაგრამ ყველა მწყევლის მე. და თქვა უფალმა: „რომ არ გამეთავისუფლებინე სასიკეთოდ, უბედურობისა და გაჭირვების ჟამს მტერს არ შეგამთხვევდი. განა გატეხავს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს. შენს სიმდიდრესა და შენს საუნჯეს საძარცვავად მივცემ, უსასყიდლოდ. ყველა შენი ცოდვის გამო და ყველა შენს საზღვარში. და გადავიყვან შენს მტრებს ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან გაღვივდა ცეცხლი ჩემი რისხვისა, თქვენზე აღეგზნება.“ შენ იცი, უფალო! გამიხსენე და მომხედე მე და შური იძიე ჩემს გამო ჩემს მდევნელებზე! შენი სულგრძელობით ნუ წამიყვან მე, იცოდე, შენს გამო ვიტანდი სირცხვილს. შევიგნე მე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი, და შენი სიტყვები სიხარულად მექცა და გულის სიმხიარულედ, რადგან შენი სახელი მქვია მე, უფალო, ღმერთო მხედრობათა. არ ვმჯდარვარ მე მლაღობელთა წრეში და არ მიმხიარულია; შენი ხელის ქვეშ ვიჯექი მარტოდ, რადგან მრისხანებით გამავსე მე. რატომ არის ჩემი ტკივილი განუწყვეტელი და ჩემი ჭრილობა – განუკურნელი, რომ არ მიიღებს წამლობას? მატყუარა, არასაიმედო ხევად მექეცი. ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „თუ მოინანიებ, დაგაბრუნებ და ჩემს წინაშე იდგები. და თუ გამოიღებ ძვირფასს უფასურიდან, ჩემი პირივით იქნები. ისინი მობრუნდებიან შენსკენ, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ. და დაგდებ ამ ხალხის წინ მიუდგომელ სპილენძის გალავნად და შეგებრძოლებიან შენ, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან შენთანა ვარ, შენს სახსნელად და შენს გადასარჩენად!“ – სიტყვა უფლისა. – „და გადაგარჩენ ბოროტთა მუჭს და დაგიხსნი სასტიკთა ხელიდან.“ და იყო სიტყვა უფლისა: „ნუ მოიყვან ცოლს და ნუ გეყოლება ძენი და ასულნი; რადგან ასე თქვა უფალმა აქ შობილ ძეებსა და ასულებზე და დედებზე, რომელნიც მათ შობენ, და მათ მამებზე ამ ქვეყანაში: სნეულთა სიკვდილით მოკვდებიან და არ დაიტირებიან, და არ დაიმარხებიან, ნაკელად იქნებიან მიწის პირზე და მახვილითა და შიმშილით მოისპობიან, და მათი გვამები ცის ფრინველისა და მიწის ცხოველის საჭმელად იქნება.“ რადგან ასე თქვა უფალმა: „ნუ შეხვალ მგლოვიარეთა სახლში და ნუ წახვალ დასატირებლად, ნუ იტირებ მათ, რადგან ავკრიბე ჩემი მშვიდობა ამ ხალხისაგან,“ – სიტყვა უფლისა, – „შეწყალება და სიბრალული. და დაიხოცებიან დიდები და პატარები ამ ქვეყანაში და არ დაიმარხებიან, არ დაიტირებენ, არ ჩამოიხოკავენ და არ გაიკრეჭენ თმას მათთვის. არ გადატეხავენ მათთვის პურს გლოვის გამო მკვდარზე ნუგეშის საცემლად, არ შეასმევენ მათ ნუგეშის საცემ თასს მამაზე და დედაზე. ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად, საჭმელად და სასმელად.“ რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე შევწყვეტ თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში ამ ადგილიდან ლხენის ხმას და სიმხიარულის ხმას, და ნეფის ხმას და პატარძლის ხმას. როდესაც ეტყვი ამ ერს ყველა ამ სიტყვას და ისინი გკითხავენ შენ: ‘რისი გულისათვის თქვა უფალმა ჩვენზე ეს დიდი უბედურება, ან რა არის ჩვენი ურჯულოება და რა არის ჩვენი ცოდვა, რომლითაც შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს?’ მაშინ უთხარი მათ: ‘იმის გულისათვის, რომ თქვენმა მამებმა მიმატოვეს მე!’ – სიტყვა უფლისა, – ‘და უკან გაჰყვნენ სხვა ღმერთებს და ემსახურებოდნენ მათ და თაყვანს სცემდნენ მათ, მე კი მიმატოვეს და ჩემი რჯული არ დაიცვეს. თქვენ კი თქვენს მამებზე უარესად იქცევით და აჰა, თითოეული თავისი ბოროტი გულის შეუპოვრობას მიჰყვება, მე კი არ მისმენს. და გადაგყრით თქვენ ამ ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდით არც თქვენ და არც თქვენი მამები; და სამსახურს დაუწყებთ იქ სხვა ღმერთებს დღე და ღამე, რადგან არ მოგცემთ შეწყალებას.’ ამიტომ აჰა, დღეები მოდის,“ – სიტყვა უფლისა, – „და აღარ იტყვიან: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან,’ არამედ: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გააძევა ისინი!’ და მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამებს. და მე გავგზავნი ბევრ მეთევზეს,“ – სიტყვა უფლისა, – „და ითევზავებენ ისინი, და ამის შემდეგ გავგზავნი მრავალ მონადირეს და მოინადირებენ ისინი ყოველი მთის თავზე, ყოველი ბორცვის თავზე და კლდეთა ნაპრალებიდან, რადგან ჩემი თვალია ყველა მათ გზაზე, ვერ დაიმალებიან ჩემს წინაშე და არ დაიფარება მათი ურჯულოება ჩემს თვალთაგან. და გადავუხდი მათ ჯერ მათი ურჯულოების გამო, რადგან შებილწეს ჩემი ქვეყანა, თავიანთ სისაძაგლეთა გვამებით და თავიანთი საზიზღრობებით გაავსეს ჩემი სამკვიდრებელი.“ „უფალო ჩემო და ძალავ ჩემო, დასაყრდენო ჩემო და ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: ‘მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა – ამაო ღმერთები, რომელთაგანაც არ არის სარგებელი. გაიკეთებს ადამიანი თავისთვის ღმერთებს? ისინი არ არიან ღმერთები! ამიტომ მე ვასწავლი მათ ამჯერად და გამოვუცხადებ მათ ჩემს ხელს და ჩემს ძლიერებას, და გაიგებენ ისინი, რომ ჩემი სახელი უფალია.“ „იუდას ცოდვა რკინის კალმითაა დაწერილი, ალმასის წვეტითაა ამოჭრილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე. როგორც ახსოვთ თავიანთი შვილები ასევე თავიანთი სამსხვერპლოები და თავიანთი აშერები ამწვანებულ ხეებთან მაღალ ბორცვებზე. ჩემო მთავ მინდვრად, შენს დოვლათს და მთელ შენს საუნჯეს საძარცვავად მივცემ, შენს გორაკებს – ცოდვის წილ მთელ შენს საზღვრებში. და შენს გამო ჩამოეცლები შენს სამკვიდრებელს, რომელიც მე მოგეცი, და დაგამონებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ. რადგან გააღვივეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, უკუნისამდე იგიზგიზებს.“ ამბობს უფალი: „წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზეა დანდობილი და ხორცისგან მოიცემს ძალას, უფალს კი შორდება მისი გული. და იქნება შიშველივით ტრამალზე, ვერ იხილავს სიკეთის მოსვლას და იცხოვრებს გადაბუგულ უდაბნოში, მარილოვან ქვეყანაში, და ვერ დასახლდება. კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დანდობილი, უფალი იქნება მისი დასაყრდენი. და იქნება, როგორც ხე დარგული წყალთან, და ნაკადულთან გაუშვებს თავის ფესვებს, და არ შეშინდება, როცა პაპანება დადგება, და იქნება მისი ფოთლები ამწვანებული, და გვალვიან წელიწადში არ შეწუხდება და არ შეწყვეტს ნაყოფის გამოღებას. ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას? მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელთ, რათა მივაგო თითოეულს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.“ გუგულმა გამოჩეკა, თვითონ კი არ დაუდევს – ასეთია სიმდიდრის მომხვეჭელი, უსამართლოდ რომ იხვეჭს. თავისი დღეების შუაძალზე დაკარგავს მას, ბოლოს კი ბრიყვად დარჩება.“ დიდების ტახტი, პირველთაგან ამაღლებული, ადგილია ჩვენი საკურთხევლისა. იმედო ისრაელისა, უფალო, ყველა შენი მიმტოვებელი შერცხვება და ჩემგან განდგომილნი მიწაში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცოცხალი წყლის წყარო – უფალი. განმკურნე მე, უფალო და განვიკურნები, დამიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი საქებარი. აჰა, ისინი მეუბნებიან მე: „სად არის უფლის სიტყვა, მოვიდეს!“ მე არ გავურბოდი მწყემსობას შენს კვალზე და უბედურების დღე არ მსურდა, შენ იცი. ჩემი ბაგეებიდან გამოსული შენს თვალწინ იყო. ნუ გახდები ჩემი დამღუპველი, შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების დღეს. დაე, შერცხვნენ ჩემი მდევარნი და მე ნუ შევრცხვები, დაე, გატყდნენ ისინი და მე ნუ გავტყდები, მოაწიე მათზე უბედურების დღე და ორმაგი დალეწვით დალეწე ისინი. ასე მითხრა მე უფალმა: „წადი და დადექი ერის ძეთა კარიბჭეში, სადაც შემოდიან და საიდანაც გადიან იუდას მეფენი; და ასევე იერუსალიმის ყველა სხვა კარიბჭეში. და უთხარი მათ: ‘ისმინეთ სიტყვა უფლისა, იუდას მეფენო, ყველა იუდაელო და იერუსალიმის მკვიდრნო, შემომსვლელნო ამ კარიბჭეებში. ასე თქვა უფალმა: გაუფრთხილდით თქვენს სულებს და შაბათ დღეს ნუ იტვირთავთ ტვირთს, და ნუ შეიტანთ იერუსალიმის კარიბჭეებში. თქვენი სახლებიდან ნუ გამოიტანთ ტვირთს შაბათ დღეს და ნურაფერ საქმეს ნუ გააკეთებთ. წმიდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც ვუბრძანე თქვენს მამებს. მაგრამ მათ არ მისმინეს და არ დამიგდეს ყური, და გაიფიცხეს ქედები, რათა არ მოესმინათ და არ მიეღოთ დარიგება. მაგრამ თუ ყურადღებით მომისმენთ მე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘შაბათ დღეს არ შეიტანთ ტვირთს ამ ქალაქის კარიბჭეებში და წმიდაჰყოფთ შაბათ დღეს, არაფერ საქმეს არ გააკეთებთ ამ დღეს. მაშინ შემოვლენ ქალაქის კარიბჭეებში მეფენი და მთავარნი, იუდას კაცნი და იერუსალიმის მცხოვრებნი, და დასახლდება ეს ქალაქი საუკუნოდ. და მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, და ბენიამინის ქვეყნიდან და დაბლობიდან, და მთიდან და სამხრეთიდან, მოიტანენ სრულადდასაწველსა და მსხვერპლს და ძღვენს და გუნდრუკს, და მოიტანენ მადლობის მსხვერპლს უფლის სახლში. და თუ არ მომისმენთ მე, რომ წმიდაჰყოთ შაბათი დღე და არ იტვირთოთ ტვირთი შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში შესვლისას, მაშინ ცეცხლს დავანთებ მის კარიბჭეებში, რომელიც შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.“ სიტყვა, რომელიც იყო უფლისაგან იერემიას მიმართ: „ადექი და ჩადი მექოთნის სახლში და იქ გაუწყებ ჩემს სიტყვას!“ და მე ჩავედი მექოთნის სახლში და ის აკეთებდა თავის საქმეს ჩარხზე. და ჭურჭელი, რომელსაც ის აკეთებდა თიხისგან, გაფუჭდა მექოთნის ხელში. მიუბრუნდა და სხვა ჭურჭელი გააკეთა, როგორიც მოეწონა მექოთნეს გასაკეთებლად. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „განა ამ მექოთნესავით არ შემიძლია მოგექცეთ თქვენ, ისრაელის სახლო?“ – სიტყვა უფლისა, – „აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხართ თქვენ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო. ერთ წამს ვიტყვი რომელიმე ხალხზე ან სამეფოზე, რომ აღმოვფხრა იგი, გავაცამტვერო და მოვსპო; და ის ხალხი, რომელზეც ვთქვი ეს, თუ მიიქცევა თავის ბოროტებისგან, მაშინ ვინანებ და არ ვუზამ ბოროტებას, რომელიც განვუზრახე. ერთ წამს ვიტყვი რომელიმე ხალხზე და სამეფოზე, რომ ავაშენო იგი და დავრგო; და თუ ჩაიდენს ბოროტს ჩემს თვალში, არ გაუგონებს ჩემს ხმას, მაშინ მე ვინანებ იმ სიკეთეზე, რომელიც უნდა გამეკეთებინა მისთვის სასიკეთოდ. და ახლა, უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ‘ასე თქვა უფალმა: აჰა, მე მოგაწევთ თქვენ უბედურებას და ბოროტი განზრახვა განვიზრახე თქვენზე, მობრუნდით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი მოქმედებანი!’ იტყვიან ისინი: ‘ფუჭია! რადგან ჩვენს განზრახვას მივყვებით და თითოეული ჩვენი ბოროტი გულის შეუპოვრობით მოვიქცევით.’“ ამიტომ ასე თქვა უფალმა: „იკითხეთ ხალხებში, მოუსმენია ვინმეს ამის მსგავსი? ბევრი სისაძაგლენი ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა. განა დატოვებს ლიბანის თოვლი ჩემს ველებს, ან თუ შეწყდება უცხო ადგილებიდან მოწანწკარე ცივი წყლები? რადგან დამივიწყა მე ჩემმა ერმა, ამაო ღმერთებს უკმევენ, აბორძიკებენ ისინი მათ თავიანთ გზებზე, დატოვეს მუდმივი სავალი, რათა ევლოთ ბილიკებით, გაუკვალავი გზით, რათა გაეხადათ თავიანთი ქვეყანა უდაბურად, მუდმივ დასაცინად, რომ ყოველი მასზე გამვლელი გაოცდეს და თავი გაიქნიოს. აღმოსავლეთის ქარივით მიმოვფანტავ მათ მტრის წინაშე, ზურგს ვუჩვენებ მათ და არა პირს მათი უბედურების დღეს.“ და თქვეს მათ: „მოდით და შევკრათ პირი იერემიაზე, რადგან არ დაეკარგება რჯული მღვდელს, რჩევა – ბრძენს და სიტყვა – წინასწარმეტყველს. მოდით და დავცეთ ის ენით, რომ არ გავიგონოთ არც ერთი მისი სიტყვა.“ გამიგონე, უფალო და ისმინე ხმა ჩემს მოწინააღმდეგეთა. მიაგებენ კი კეთილის წილ ბოროტს? რადგან ორმოს უთხრიან ჩემს სულს. გაიხსენე, რომ მე ვიდექი შენს წინაშე, რათა კეთილი მელაპარაკა მათზე, რათა მიმექცია მათგან შენი გულისწყრომა. ამიტომ მიეც მათი შვილები შიმშილს და წამოაგე ისინი მახვილზე; დაე, დარჩნენ მათი ცოლები უშვილოდ და ქვრივებად, მათი კაცები იქნენ დახოცილნი, მათი ჭაბუკნი კი მახვილით დაეცნენ ომში. ისმოდეს კივილი მათი სახლებიდან, როდესაც უცებ მოვა მათზე რაზმი, რადგან თხრილს თხრიდნენ ჩემს შესაპყრობად და მახეს უგებდნენ ჩემს ფეხთ. შენ კი, უფალო, იცი მათი ყველა განზრახვა ჩემს სასიკვდილოდ; ნუ აპატიებ მათ ურჯულოებას და შენს წინაშე მათ ცოდვას ნუ წაშლი. დაე, დაემხონ ისინი შენს წინაშე, გაუსწორდი მათ შენი რისხვის ჟამს. ასე თქვა უფალმა: „წადი და იყიდე მექოთნის თიხის დოქი და წაიყვანე ვინმე ერის და მღვდლების უხუცესთაგან. და გადი ბენ-ჰინომის ჭალაში, რომელიც ხარშითის კარიბჭის შესასვლელშია, და წარმოთქვი იქ ის სიტყვები, რომლებსაც მე გეტყვი. და იტყვი: ‘ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო. ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე მომაქვს ამ ადგილზე ისეთი უბედურება, რომ ყოველი მისი მომსმენის ყური რეკვას დაიწყებს, იმის გამო, რომ დამტოვეს მე მათ და უცხოდ აქციეს ეს ადგილი და უკმევდნენ იქ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ არც ისინი და არც მათი მამები, და არც იუდას მეფენი; და იმის გამო, რომ გაავსეს ეს ადგილი უდანაშაულოთა სისხლით. და გააშენეს ბაყალის გორაკები, რათა ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ძენი ბაყალის სრულადდასაწველისათვის, რაც მე არ მიბრძანებია და არ მითქვამს, და გულშიც არ გამივლია. ამიტომ აჰა, მოდის დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „და ეს ადგილი აღარ იწოდება თოფეთად და ბენ-ჰინომის ჭალად, არამედ მკვლელობის ჭალად. და არაფრად ვაქცევ იუდასა და იერუსალიმის რჩევას ამ ადგილზე და მახვილით დავცემ მათ მათი მტრების წინ და მათი სულის მაძიებელთა ხელით, და მათ გვამებს საჭმელად მივცემ ცის ფრინველთ და მიწის ცხოველთ. და გავხდი ამ ქალაქს უკაცრიელად და დასაცინად, და ყოველი მასზე გამვლელი გაოცდება და დაუსტვენს ყველა მის წყლულზე. და შევაჭმევ მათ თავიანთ შვილთა ხორცს და თავიანთ ასულთა ხორცს, და თითოეული თავისი მოყვასის ხორცს შეჭამს ალყაში და გაჭირვებაში, რომლებშიც მოაქცევენ მათი მტრები და მათი სულის მაძიებელნი.’ და დალეწე დოქი შენთან მოსული კაცების თვალწინ, და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ასე დავლეწავ მე ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ლეწავენ მექოთნის ჭურჭელს, რომლის გამრთელებაც აღარ შეიძლება, და თოფეთში დაიმარხებიან დასამარხი ადგილების უკმარისობის გამო. ასე მოვექცევი ამ ადგილს,“ – სიტყვა უფლისა, – „და მის მკვიდრთ თოფეთივით ვაქცევ ამ ქალაქს. და იქნება იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლი თოფეთის ადგილივით შებილწული; ყველა ის სახლი, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ცის მთელ მხედრობას და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს.“ და მოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც ის გაგზავნა უფალმა, რომ ეწინასწარმეტყველა, და დადგა ის უფლის სახლის ეზოში და უთხრა მთელ ერს: „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აჰა, მე მომაქვს ამ ქალაქსა და მთელ მის ქალაქებზე ყველა ის უბედურება, რომელიც წარმოვთქვი მასზე, რადგან გაიფიცხეს მათ ქედი, რათა არ მოესმინათ ჩემი სიტყვები.“ და მოისმინა ფაშხურმა, მღვდელ იმერის ძემ – ის კი მთავარი ზედამხედველი იყო უფლის სახლში – ეს სიტყვები, რომელიც იერემიამ იწინასწარმეტყველა. და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და გააკრა ბოძზე, რომელიც ბენიამინის ზემო კარიბჭესთან იყო უფლის სახლში. მეორე დღეს გამოხსნა ფაშხურმა იერემია ბოძიდან და უთხრა მას იერემიამ: „ფაშხური კი არ გიწოდა შენ უფალმა, არამედ ‘საშინელება ირგვლივ,’ რადგან ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, მე მიგცემ შენ საშინელებად, შენ და ყველა შენს მოყვარულს, და მათი მტრების მახვილით დაეცემიან ისინი, და შენი თვალით დაინახავ ამას, და მთელს იუდას ბაბილონის მეფეს ჩავუგდებ ხელში, და ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით დასცემს მათ. და მივცემ ამ ქალაქის მთელ საუნჯეს, მთელ მის ნაჯაფარს და მთელ მის ძვირფასეულობას, იუდას მეფეთა მთელ საგანძურს მივცემ მათი მტრების ხელთ, და გაძარცვავენ მას და წაიღებენ, და ბაბილონში მიიტანენ. და შენ, ფაშხურ, და ყველა შენს სახლში მცხოვრები წახვალთ ტყვედ და ბაბილონში მიხვალ, იქ მოკვდები და იქ დაიმარხებით შენ და ყველა შენი მოყვარული, რომლებსაც ტყუილს უწინასწარმეტყველებდი. დამიყოლიე, უფალო და დაგყევი, შენ დამიჭირე მე და მძლიე; სასაცილო ვიყავი მთელი დღე, ყველა მე დამცინოდა. რადგან ყოველთვის, როცა ვიწყებ ლაპარაკს, ვკივი: „ძალადობა და ძარცვაა!“ ვყვირი, რადგან უფლის სიტყვა შერცხვენად და დაცინვად მექცა მთელ დღეს. და ვთქვი: „აღარ ვახსენებ მას და აღარ ვილაპარაკებ მისი სახელით,“ მაგრამ ჩემს გულში იყო აგიზგიზებული ცეცხლივით დამწყვდეული; დავიღალე მისი დაოკებით, მაგრამ ვერ შევძელი. რადგან მოვისმინე მე მრავალთა ცილისწამება, საშინელება ირგვლივ; დაასმინეთ და დავასმენთო! ყველა, ჩემი მშვიდობის კაცი, ჩემს სიკოჭლეს ან წაბორძიკებას დარაჯობს: „იქნებ წინდაუხედავად მოიქცეს და ჩვენ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთ მასზე.“ უფალი კი ჩემთანაა, როგორც მამაცი მებრძოლი. იმის გამო ჩემი მდევარნი წაიბორძიკებენ და ვერ მძლევენ მე; დიდად შერცხვებიან, რადგან ვერ მიაღწიეს წარმატებას, მათი მუდმივი სირცხვილი არ იქნება დავიწყებული. უფალო ცაბაოთ, მართლის გამომცდელო, მხედველო გონებისა და გულისა, ვიხილავ შენს შურისგებას მათზე, რადგან შენ მოგანდე ჩემი საქმე. უმღერეთ უფალს, აქეთ უფალი, რადგან გადაარჩინა გლახაკის სული ბოროტმოქმედთა ხელიდან. წყეული იყოს ის დღე, როდესაც დავიბადე! დღე, როდესაც მშობა დედაჩემმა, არ იყოს კურთხეული! წყეული იყოს კაცი, ვინც ამცნო მამაჩემს, რომ უთხრა: „ბავშვი შეგეძინა, ვაჟიშვილი!“ და სიხარულით გაახარა. და იყოს ის კაცი ქალაქებივით, რომლებიც უფალმა დააქცია და არ დაინანა, ისმინოს მან დილით კივილი და შუადღისას ქვითინი. იმის გამო, რომ არ მომკლა მე საშოში და არ იქცა დედაჩემი ჩემს სამარედ, მისი საშო კი – მუდმივ ორსულად. რატომ გამოვედი მე საშოდან? რომ ჯაფა და მწუხარება მეხილა და ჩემი დღეები სირცხვილში დასრულებულიყო? სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, უფლისაგან როდესაც ციდკიაჰუმ გაგზავნა მასთან ფაშხური, მალქიას ძე, და ცეფანია, მღვდელ მაყასეიას ძე: „შესთხოვე უფალს ჩვენზე, რადგან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი გვებრძვის ჩვენ. იქნებ უფალმა ჩვენთვის მოახდინოს ყველა თავის სასწაულთა მსგავსი, რომ უკუიქცეს ჩვენგან.“ და უთხრა მათ იერემიამ: „ასე უთხარით ციდკიაჰუს: ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აჰა, მე უკან მოვაქცევ საომარ იარაღებს, რომელიც თქვენს ხელთაა, რომლითაც თქვენ ეომებით ბაბილონის მეფეს და ქალდეველთ, რომელთაც ალყა შემოავლეს თქვენს გალავნებს. და შევკრებ მათ ამ ქალაქის შუაგულში. მე თვითონ ვიომებ თქვენთან ერთად გაწვდილი ხელით და ძლიერი მკლავით რისხვაში, გულისწყრომასა და დიდ მრისხანებაში. და დავცემ მე ამ ქალაქის მცხოვრებთ, ადამიანს და საქონელს; და დაიხოცებიან ისინი დიდი შავი ჭირით. და ამის შემდეგ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ჩავაგდებ ციდკიაჰუს, იუდას მეფეს და მის მსახურთ და ხალხს ამ ქალაქში – შავ ჭირს, მახვილს და შიმშილს გადარჩენილთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, ხელში, და მათ მტერთა ხელში, და მათი სულის მაძიებელთა ხელში; და დასცემს ის მათ მახვილის პირით, არ დაინდობს, არ შეიბრალებს და არ შეიწყალებს მათ.’ ამ ხალხს კი უთხარი: ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, მე ვიძლევი თქვენს წინაშე სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას. ამ ქალაქში მჯდომი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება, ხოლო ვინც გავა და თქვენზე გარსშემომდგარ ქალდეველთ ჩაბარდება, იცოცხლებს და ნადავლად ექნება მას თავისი სული. რადგან მე მოვაქციე ჩემი პირი ამ ქალაქის წინააღმდეგ საუბედუროდ და საბოროტოდ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ბაბილონის მეფის ხელთ გადაეცემა იგი და ცეცხლით გადაწვავს მას.’ იუდას მეფის სახლს კი: ‘ისმინეთ სიტყვა უფლისა! სახლო დავითისა! ასე თქვა უფალმა: დილითვე საჯეთ სამართალი და გადაარჩინეთ მძარცველის ხელით წართმეული, სანამ გამოვა ჩემი მრისხანება ცეცხლივით თქვენი ბოროტი ნამოქმედარის გამო, და აგიზგიზდება და არავინ იქნება ჩამქრობი. აჰა, შენზე მოვდივარ, ღელეში მჯდომო, ვაკის კლდევ!’ – სიტყვა უფლისა, – რომ ამბობთ: ‘ვინ დაგვესხმის და ვინ მოვა ჩვენს საცხოვრებელში?’ და მოგკითხავთ თქვენ თქვენი ნამოქმედარის ნაყოფისამებრ,“ – სიტყვა უფლისა, – „და ცეცხლს წავუკიდებ მის ტყეს და ირგვლივ ყველაფერს შეჭამს.“ ასე თქვა უფალმა: „ჩადი იუდას მეფის სახლში და ილაპარაკე იქ ეს სიტყვა, და თქვი: ისმინე სიტყვა უფლისა, დავითის ტახტზე მჯდომო, იუდას მეფევ, შენ და შენმა მსახურებმა და ამ კარიბჭეებში შემომსვლელმა შენმა ერმა! ასე თქვა უფალმა: ‘ქმენით სამართალი და სიმართლე, და დაიხსენით წართმეული მძარცველის ხელიდან, და მწირს და ობოლს და ქვრივს ნუ მოატყუებთ, ნუ გაძარცვავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე. რადგან, თუ შეასრულებთ ამ სიტყვას, მაშინ შემოვლენ ამ სახლის კარიბჭეებში მეფენი, დავითის ტახტზე მსხდომნი, ამხედრებულნი ეტლებზე და ცხენებზე, და მისი მსახურები და მისი ერი. და თუ არ მოისმენთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვიფიცავ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რომ ნანგრევებად იქცევა ეს სახლი.“ რადგან ასე თქვა უფალმა იუდას მეფის სახლზე: „შენ ჩემი ხარ ვით გილყადი, ლიბანის თხემი; მაგრამ უდაბნოდ, უკაცრიელ ქალაქებად გაქცევ შენ. და მოვუხმობ შენზე შემმუსვრელთ, თითოეულს თავისი იარაღით, და მოჭრიან ისინი შენს რჩეულ კედრებს და ცეცხლში ჩაყრიან. და მრავალი ხალხები გაივლიან ამ ქალაქზე და ეტყვიან ერთმანეთს: ‘რის გამო მოექცა უფალი ასე ამ დიდებულ ქალაქს?’ და ეტყვიან პასუხად: ‘იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის, აღთქმა და სხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და მათ ემსახურებოდნენ.’ ნუ იტირებთ მკვდარს და ნუ იგლოვებთ მას, იტირეთ წამსვლელი, რადგან აღარ დაბრუნდება, და აღარ იხილავს თავის მშობლიურ ქვეყანას. რადგან ასე თქვა უფალმა შალუმზე, იუდას მეფის იოშიას ძეზე, რომელიც თავისი მამის, იოშიას ნაცვლად მეფობდა და რომელიც გავიდა ამ ადგილიდან: ‘აღარ დაბრუნდება იგი იქ! რადგან იმ ადგილზე, სადაც დაასახლეს, იქ მოკვდება და ამ ქვეყანას ვეღარ იხილავს!’ ვაი იმას, ვინც უსამართლობით აშენებს თავის სახლს და უკანონოდ – თავის ქორედებს! თავის მოყვასს მუქთად ამუშავებს და მის გასამრჯელოს არ აძლევს მას. ვინც ამბობს: ‘ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ქორედებს, და გაჭრის თავისთვის სარკმელებს და კედრით შემოფიცრავს და სინგურით შეღებავს. იმით მეფობ, რომ კედარს ეტოქები. განა მამაშენი არ ჭამდა და არ სვამდა? მაგრამ სამართალსა და სიმართლეს იქმოდა და ამიტომაც ჰქონდა სიკეთე. ჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს განიკითხავდა, ამიტომაც კარგი იყო, განა ეს არ არის ჩემი შეცნობა?“ – სიტყვა უფლისა. – „რადგან შენი თვალი და შენი გული მხოლოდ შენს ანგარებაზეა მიპყრობილი, უდანაშაულო სისხლის დაღვრაზე ძარცვა-გლეჯაზე და ძალადობაზე.“ ამიტომ ასე თქვა უფალმა იეჰოიაკიმზე, იოშიას, იუდას მეფის ძეზე: „არ დაატირებენ მას: ‘ვაი, ჩემო ძმაო,’ ან ‘ვაი, ჩემო დაო!’ არ დაატირებენ მას: ‘ვაი, ბატონო!’ და ‘ვაი, მისი დიდებულება!’ ვირის დამარხვით დაიმარხება, ამოათრევენ მას და მოისვრიან იერუსალიმის კარიბჭეთა მიღმა. ადი ლიბანზე და იყვირე, და ბაშანზე გამოეცი შენი ხმა და ყაბარიმიდან იყვირე, რადგან დაილეწა ყველა შენი მოტრფიალე. მე გელაპარაკებოდი შენს კეთილდღეობაში, მაგრამ შენ თქვი: ‘არ მოვისმენ!’ ეს არის შენი გზა შენი სიყმაწვილიდან, რომ არ უსმენდი ჩემს ხმას. ყველა შენს მწყემსს ქარი დამწყესავს და შენი მოტრფიალენი ტყვედ წავლენ. მაშინ კი შერცხვები და შერცხვენილი იქნები ყველა ბოროტების გამო. ლიბანში მჯდომო, კედრებში დაბუდებულო, რა საცოდავი იქნები, როდესაც გეწევა ტანჯვა, როგორც მშობიარის ტკივილები. როგორც ცოცხალი ვარ,“ – სიტყვა უფლისა, – „რომ შენ, ქონია იოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, ბეჭედიც რომ იყო ჩემი მარჯვენა ხელისა, იქიდანაც კი მოგიძრობ. და მიგცემ შენი სულის მაძიებელთა ხელთ და მათ ხელთ, რომელთა წინაშეც თრთიხარ, და ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელთ და ქალდეველთა ხელთ. და გადაგყრით შენ და შენს დედას, რომელმაც შენ გშობა, სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხარ, მაგრამ იქ დაიხოცებით. იმ ქვეყანაში, სადაც დაბრუნებას ისწრაფვის მათი სული, არ დაბრუნდებიან ისინი. საზიზღარი დამსხვრეული ძეგლია ეს კაცი – ქონია – თუ უსარგებლო ჭურჭელი? რატომ არიან გადაყრილნი, ის და მისი თესლი და გადასროლილნი იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდნენ? ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ, ისმინე სიტყვა უფლისა! ასე თქვა უფალმა: ჩაწერეთ ეს კაცი უშვილოდ, ბედკრულ მამაკაცად თავის დღეებში, რადგან მისი თესლიდან ვერ აღზევდება დავითის ტახტზე მჯდომი და ხელმწიფე იუდაში.“ „ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს!“ – სიტყვა უფლისა. – ამიტომ ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ჩემი ერის დამმწყესავ მწყემსებზე: „თქვენ დაჰფანტეთ ჩემი ცხვარი, გარიყეთ და ყური არ უგდეთ მათ! მე მოგკითხავთ თქვენ თქვენი ბოროტი ნამოქმედარის გამო,“ – სიტყვა უფლისა. – მე შევკრებ ჩემი ცხვრის ნატამალს ყველა ქვეყნებიდან, სადაც გავაძევე ისინი და დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე და ინაყოფიერებენ და გამრავლდებიან. და დავაყენებ მათზე მწყემსებს, რომლებიც დამწყესავენ მათ. და აღარ შეშინდებიან მეტად და აღარ დაფრთხებიან, და აღარ დააკლდებათ მათ არაფერი.“ – სიტყვა უფლისა. – „აჰა, მოდის დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, და იმეფებს მეფე და მართლად მოიქცევა, და სამართალსა და სიმართლეს იქმს ქვეყანაზე. მის დღეებში იუდა ხსნილი იქნება და ისრაელი უსაფრთხოდ დასახლდება, და აი სახელი, რომელსაც უწოდებენ მას: ‘უფალი – ჩვენი სიმართლე!’ ამიტომ მოდის დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „და აღარ იტყვიან მეტად: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც ამოიყვანა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან!’ არამედ: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა და მოიყვანა ისრაელის სახლის თესლი ჩრდილო ქვეყნიდან და ყველა ქალაქიდან, სადაც გავაძევე ისინი, და იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე.“ წინასწარმეტყველთათვის: ჩემი გული შეიმუსრა ჩემში, შეიძრა ჩემი ყველა ძვალი, დავემსგავსე მთვრალს და ღვინით შეპყრობილ კაცს უფლის და მისი წმიდა სიტყვების გამო. რადგან მრუშებითაა სავსე ქვეყანა, რადგან წყევლის გამო გლოვობს ქვეყანა, გახმა უდაბნოს საძოვრები. მათი მისწრაფება ბოროტია და მათი ძალა უსამართლობაშია. „რადგან მლიქვნელობს წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც, ჩემს სახლშიც ვიპოვე მათი ბოროტება!“ – სიტყვა უფლისა. – „ამიტომ იქნება მათი გზა, როგორც მოლიპული ადგილები სიბნელეში, ხელს კრავენ მათ და დაეცემიან ისინი, რადგან მე მოვაწევ მათზე უბედურებას, მათი დასჯის წელს!“ – სიტყვა უფლისა. – „სამარიის წინასწარმეტყველებში სიბილწე დავინახე. ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და აცთუნებდნენ ჩემს ერს, ისრაელს. იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელებანი დავინახე: მრუშობდნენ და სიცრუეში დადიოდნენ, და ბოროტმოქმედთ უმაგრებდნენ ხელს, რათა არც ერთი არ მოქცეულიყო თავის ბოროტებიდან. ყველანი სოდომივით გახდნენ, მისი მცხოვრებნი კი – გომორასავით.“ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა წინასწარმეტყველებზე: „აჰა, მე ვაჭმევ მათ აბზინდას და ვასმევ მათ შხამიან წყალს, რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან გამოდის ცთუნება მთელს ქვეყანაზე.“ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც თქვენ გიწინასწარმეტყველებენ; ისინი გატყუებენ თქვენ, თავიანთი გულის ხილვას ლაპარაკობენ, და არა იმას, რაც უფლის პირიდანაა. ეუბნებიან ჩემს მაძაგებელთ, უფალმა თქვა: ‘მშვიდობა გექნებათ!’ და ყოველს, თავის გულის შეუპოვრობით მოსიარულეს, ეუბნებიან: ‘არ მოვა თქვენზე უბედურება!’ რადგან ვინ იდგა უფლის თათბირში და ვინ მოისმინა მისი სიტყვა? ვინ დაუგდო ყური მის სიტყვას და ვინ მოისმინა? აჰა, უფლის ქარიშხალი რისხვით გამოვიდა და ქარიშხალი ტრიალებს, ბოროტმოქმედთა თავზე დაეცემა. არ შებრუნდება უფლის რისხვა, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვებს, უკანასკნელ დღეებში მიხვდებით მას. მე არ გამომიგზავნია ეს წინასწარმეტყველნი თავად მორბოდნენ, მე არ მილაპარაკია მათთან, თავისით წინასწარმეტყველებდნენ. რომ მდგარიყვნენ ჩემს თათბირში აუწყებდნენ ჩემს სიტყვებს ჩემს ხალხს, და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და მათი ბოროტი ნამოქმედარიდან. მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი,“ – სიტყვა უფლისა, – „შორიდან კი ღმერთი არა ვარ? თუ ვინმე დაიმალება სამალავში, განა მე ვერ დავინახავ მას?“ – სიტყვა უფლისა, – „განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე?“ – სიტყვა უფლისა. – „მოვისმინე, რასაც ამბობენ წინასწარმეტყველნი, ჩემი სახელით ცრუ წინასწარმეტყველნი, რომ ამბობენ: ‘მე დამესიზმრა, მე დამესიზმრა!’ როდემდე იქნება ეს წინასწარმეტყველთა გულში, სიცრუეს რომ წინასწარმეტყველებენ და თავიანთ გულის ნაფიქრს რომ ქადაგებენ, რომელნიც ფიქრობენ დაავიწყონ ჩემს ხალხს ჩემი სახელი თავიანთი სიზმრებით, რომელსაც ისინი უყვებიან ერთი მეორეს, როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაყალის გამო? წინასწარმეტყველმა, რომელმაც სიზმარი ნახა, მოუთხროს სიზმარი, ხოლო მან, ვისთანაც ჩემი სიტყვაა, თქვას ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა. სად ბზე, სად ხორბალი?“ – სიტყვა უფლისა. – „ჩემი სიტყვა ხომ ცეცხლივითაა,“ – სიტყვა უფლისა, – „და ჩაქუჩივით ამტვრევს კლდეს! ამიტომ აჰა, მე ვარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ,“ – სიტყვა უფლისა, – „ჩემი სიტყვის ერთმანეთისაგან მპარავთა წინააღმდეგ. აჰა, მე ვარ იმ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, რომელნიც თავიანთ ენას იყენებენ და ამბობენ: ‘მან თქვა!’ აჰა, მე ვარ სიზმართ ამხსნელთა წინააღმდეგ,“ – სიტყვა უფლისა, – „რომლებიც მოუთხრობენ და აცთუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და თავიანთი თავქარიანობით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი და მე არ მიბრძანებია მათთვის, და არავითარი სარგებელი არ მოაქვთ მათ ამ ერისათვის,“ – სიტყვა უფლისა. – „და თუ გკითხავს შენ ეს ერი, ან წინასწარმეტყველი, ან მღვდელი: ‘რა არის უფლის ტვირთი?’ მაშინ უთხარი მათ: ‘რა ტვირთი? მე მიგატოვებთ თქვენ.’ – სიტყვა უფლისა. – „და წინასწარმეტყველი, მღვდელი ან ერი, ვინც იტყვის: ‘უფლის მისანი ვარ!’ დავსჯი მას და მის სახლს. ასე უთხარით ერთიმეორეს, ძმამ ძმას: ‘რა უპასუხა უფალმა?’ და ‘რა თქვა უფალმა?’ და უფლის ტვირთი აღარ ახსენოთ, რადგან ტვირთად ექნება კაცს თავისი სიტყვა, რადგან თქვენ დაამახინჯეთ ცოცხალი ღმერთის, უფალ ცაბაოთის, ჩვენი ღმერთის, სიტყვები. ასე უთხარი წინასწარმეტყველს: ‘რა გიპასუხა შენ უფალმა?’ და ‘რა თქვა უფალმა?’ და თუ იტყვით: ‘ტვირთი უფლისა,’ მაშინ ასე ამბობს უფალი, რადგან თქვენ თქვით ეს სიტყვა ‘ტვირთი უფლისა,’ მე კი გამოვგზავნე თქვენთან, რომ აღარ გეთქვათ: ‘ტვირთი უფლისა.’ ამიტომ დაგივიწყებთ თქვენ; მოგაცილებთ ჩემი პირიდან და მიგატოვებთ თქვენ და თქვენს ქალაქს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს. და მოვაწევ თქვენზე სამუდამო სირცხვილს და სამუდამო შერცხვენას, რომელიც არ დაივიწყება.“ მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გამოდევნა იექონია, იეჰოიაკიმის ძე, იუდას მეფე და იუდას მთავარნი, ხურონი და მჭედელნი იერუსალიმიდან და ბაბილონში მოიყვანა, უფალმა მიჩვენა: აჰა, ორი კალათა ლეღვებისა დგას უფლის ტაძრის წინ. ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვები იყო, როგორიც პირველნაყოფია ლეღვისა, ხოლო მეორე კალათაში – ძალიან ცუდი ლეღვები, რომელთა ჭამაც არ შეიძლებოდა მათი უვარგისობის გამო. და მითხრა მე უფალმა: „რას ხედავ, იერემია?“ და ვუთხარი მე: „ლეღვებს. კარგი ლეღვები ძალიან კარგებია და ცუდები – ძალიან ცუდები, რომელთა ჭამაც არ შეიძლება მათი უვარგისობის გამო.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: „როგორც ეს კარგი ლეღვებია, ისე კარგად ვიცნობ მე იუდას დევნილობას, რომელშიც გავგზავნე იგი ამ ადგილიდან ქალდეველთა ქვეყნად. და მე მივაპყრობ მათ ჩემს თვალთ სასიკეთოდ, დავაბრუნებ ამ ქვეყანაში და ავაშენებ მათ, არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი. და მე მივცემ მათ გულს ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი, და ისინი იქნებიან ჩემი ერი, და მე ვიქნები მათი ღმერთი და მთელი გულით მოიქცევიან ჩემსკენ. და ცუდ ლეღვებად, რომელთა ჭამაც არ შეიძლება მათი უვარგისობის გამო,“ ასე თქვა უფალმა, „ჩავთვლი ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, და მის მთავართ და იერუსალიმის ნატამალს, ამ ქვეყანაში დარჩენილს, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ. და ვაქცევ მათ საშინელებად, უბედურებად ქვეყნის ყველა სამეფოსათვის, შერცხვენად და იგავად, დასაცინად და დასაწყევლად ყველა ადგილებში, სადაც მე გავყრი მათ. და გავუგზავნი მათ მახვილს და შიმშილს და შავ ჭირს, სანამ არ ამოვწყვეტ იმ მიწიდან, რომელიც მივეცი მათ და მათ მამებს.“ სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ იუდას მთელ ერზე იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის მეოთხე წელს. და ის იყო პირველი წელი ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობისა. სიტყვა, რომელიც უთხრა წინასწარმეტყველმა იერემიამ იუდას მთელ ერსა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს: „იოშიას, იუდას მეფის ყამონის ძის მეცამეტე წლიდან დღემდე, აი უკვე ოცდასამი წელია, რაც იყო უფლის სიტყვა ჩემდამი, და მე გელაპარაკებოდით და თქვენ არ ისმენდით. და გზავნიდა უფალი თქვენთან ყველა თვის მსახურს, წინასწარმეტყველთ, განთიადიდან გზავნიდა და არ უსმენდით და არ უგდებდით ყურს. გეუბნებოდნენ: „მოიქეცით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და თქვენი ბოროტი ნამოქმედარიდან, და დასახლდით მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდე. და ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს, რათა ემსახუროთ და თაყვანი სცეთ მათ, არ გამაჯავროთ მე თქვენი ხელის ნაკეთებით და არ გიბოროტებთ. მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ მე!“ – სიტყვა უფლისა, – „რათა გაგეჯავრებინეთ თქვენი ხელის ნაკეთებებით ისევ თქვენდა საუბედუროდ.“ ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „იმის გამო, რომ არ ისმინეთ ჩემი სიტყვა, აჰა, გავგზავნი და წამოვიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს!“ – სიტყვა უფლისა, – „და ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და მოვიყვან მათ ამ ქვეყანაზე და მის მცხოვრებლებზე და ყველა ამ ხალხებზე ირგვლივ, გავანადგურებ მათ, გავხდი უკაცრიელად, დასაცინად და საუკუნო ნანგრევებად. და მოვსპობ მათგან სიხარულის ხმას და ლხენის ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილების ხმას და სანთლის შუქს. და მთელი ეს ქვეყანა გაოხრდება და გაუკაცრიელდება, და დაემსახურებიან ეს ხალხები ბაბილონის მეფეს სამოცდაათ წელს. და სამოცდაათი წლის გასვლისას დავსჯი მე ბაბილონის მეფეს და იმ ხალხს,“ – სიტყვა უფლისა, – „მათი ურჯულოების გამო, და ქალდეველთა ქვეყანას; და ვაქცევ მას საუკუნო უდაბნოდ. და ავასრულებ იმ ქვეყანაზე ყველა ჩემს სიტყვას, რომელიც წარმოვთქვი მასზე, ყოველივეს ჩაწერილს ამ წიგნში, რომელიც იწინასწარმეტყველა იერემიამ ყველა ხალხებზე. რადგან ისინიც ემსახურებოდნენ მათ, ბევრი ხალხები და დიდი მეფენი, და მივუზღავ მათ მათი საქმეებისა და მათ ხელთა ნაკეთების მიხედვით.“ რადგან ასე მითხრა მე უფალმა, ისრაელის ღმერთმა: „აიღე ეს თასი რისხვის ღვინით ჩემი ხელიდან და შეასვი ეს ყველა ხალხებს, რომლებთანაც გაგგზავნი შენ. და შესვამენ და აბობოქრდებიან და გაგიჟდებიან მახვილის გამო, რომელსაც მე მოვუვლენ მათ.“ და მე ავიღე უფლის თასი ხელიდან და შევასვი ყველა ხალხებს, რომლებთანაც მე გამგზავნა უფალმა. იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, და მის მეფეებს და მის მთავრებს, რათა მიმეცა ისინი ნგრევისა და თავზარდაცემისათვის, და წყევლისათვის, როგორც ეს დღეს არის, ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის მსახურთ, მის მთავრებს და მთელ მის ერს, და ყველა შერეულ ხალხს და ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს და ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, და აშკელონს, ღაზას და ყეკრონს და აშდოდის ნატამალს, ედომს და მოაბს, და ყამონის ძეთ, და ცორის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და იმ კუნძულთა მეფეთ, რომელნიც ზღვის გაღმა იყვნენ; დედანს, თემას და ბუზს, და ყველა საფეთქელშეკრეჭილს; და არაბეთის ყველა მეფეს და უდაბნოში დასახლებულ ყველა შერეული ხალხის მეფეებს; და ზიმრის ყველა მეფეს, ყელამის ყველა მეფეს და მიდიის ყველა მეფეს; ჩრდილოეთის ყველა მეფეს, მახლობელს და შორებელს; და მსოფლიოს ყველა სამეფოს, რომელიც მიწის პირზეა. და შიშაქის მეფე შესვამს მათ შემდეგ. და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა, რომ შესვამთ და დათვრებით, და ამოარწყევთ და დაეცემით, და არ ადგებით მახვილის გამო, რომელსაც მე მოვავლენ თქვენზე!’ და თუ უარს იტყვიან შენი ხელიდან თასის მიღებაზე, რომ შესვან, მაშინ უთხარი მათ: ‘ასე ბრძანა უფალმა ცაბაოთმა: შესვამთ!’ რადგან იმ ქალაქზე, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, მე ვიწყებ უბედურების მოწევას, და ნუთუ თქვენ არ დაისჯებით? არ დარჩებით დაუსჯელნი, რადგან მახვილს ვუხმობ მე ქვეყნის ყველა მცხოვრებზე!“ – სიტყვა უფალ ცაბაოთისა. – „და შენ იწინასწარმეტყველე მათზე ყველა ეს სიტყვა და უთხარი მათ: ‘უფალი სიმაღლიდან დაიგრგვინებს და მისი წმინდა სამყოფელიდან გამოსცემს ხმას, გრგვინვით დაიგრგვინებს თავის სავანეზე; როგორც საწნახელში ყურძნის მწურავი, შემოსძახებს დედამიწის ყველა მცხოვრებთა წინააღმდეგ. ხმაური მისწვდება ქვეყნის კიდეს, რადგან დავა აქვს უფალს ხალხებთან, განიკითხავს იგი ყველა ხორციელს, ბოროტმოქმედთ მახვილს გადასცემს იგი,’ – სიტყვა უფლისა.“ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, უბედურება გამოდის ხალხიდან ხალხისაკენ და დიდი ქარიშხალი აღიძვრის ქვეყნის კიდეებიდან. და იქნებიან იმ დღეს უფლის მიერ დახოცილნი ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, და არ დაიტირებიან ისინი არ აიკრიფებიან და არ დაიმარხებიან, ნაკელად იქნებიან მიწის პირზე. იქვითინეთ, მწყემსებო, და იკივლეთ, და ნაცარში იგორავეთ ფარის მეთაურნო, რადგან მოაწია დღეებმა თქვენი დაკვლისა და გაგფანტავთ და დაემხობით, როგორც ძვირფასი ჭურჭელი. არ ექნებათ თავშესაფარი მწყემსებს და გადარჩენა ფარის მეთაურებს. მწყემსთა ყვირილის და ფარის მეთაურთა ქვითინის ხმაა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვარს. და გაუდაბურდება მშვიდობიანი საძოვრები უფლის რისხვის გამო. ლომივით დატოვა მან თავისი ბუნაგი, რადგან გაუკაცრიელდა მათი ქვეყანა ამაოხრებლის რისხვისა და მისი რისხვის ალით.“ იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის დასაწყისში იყო უფლის სიტყვა. ასე თქვა უფალმა: „დადექი უფლის სახლის ეზოში და უთხარი იუდას ყველა ქალაქის მცხოვრებთ, მომსვლელთ უფლის სახლში თაყვანის საცემად, ყოველი ეს სიტყვა, რომელიც მე გიბრძანე, რომ გეთქვა მათთვის. არც ერთი სიტყვა არ დააკლო. იქნებ ისმინონ და მოიქცეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მე ვინანებ იმ უბედურებებს, რომელნიც განვიზრახე მათზე მოსაწევად მათი ბოროტი ნამოქმედარის გამო. უთხარი მათ: ასე თქვა უფალმა: ‘თუ არ მომისმენთ მე და არ ივლით ჩემი რჯულის მიხედვით, რომელიც მე მოგეცით თქვენ, არ შეისმენთ სიტყვებს ჩემ მსახურთა, წინასწარმეტყველთა, რომელთაც მე ვგზავნიდი და ვგზავნიდი თქვენთან, თქვენ კი არ უსმენდით, ამიტომ მე გავხდი ამ სახლს შილოსავით და ქვეყნის ყველა ხალხის საწყევლად გავხდი ამ ქალაქს!“ და უსმენდნენ მღვდელნი და წინასწარმეტყველნი, და მთელი ერი იერემიას, თუ როგორ ლაპარაკობდა ამ სიტყვებს უფლის ტაძარში. და როდესაც დაასრულა იერემიამ ყოველივეს ლაპარაკი, რაც უფალმა უბრძანა ეთქვა მთელი ერისათვის, მაშინ დაიჭირეს ის მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა და მთელმა ერმა, და უთხრეს: „უნდა მოკვდე! რატომ იწინასწარმეტყველე უფლის სახელით ასე: ‘შილოსავით იქნება ეს სახლი, ხოლო ეს ქალაქი დაცარიელდება, დარჩება უმოსახლოდ?’“ და მთელმა ერმა თავი მოიყარა იერემიასთან უფლის სახლში. და მოისმინეს იუდას მთავრებმა ეს სიტყვები და მეფის სასახლიდან უფლის სახლში ავიდნენ, და დასხდნენ უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში. და უთხრეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებს და მთელ ერს: „სასიკვდილო განაჩენი ამ კაცს, რადგან ამ ქალაქზე იწინასწარმეტყველა, როგორც თქვენი ყურებით მოისმინეთ!“ და უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელ ერს: „უფალმა გამომგზავნა, რომ მეწინასწარმეტყველა ამ სახლზე და ამ ქალაქზე ყველა ის სიტყვა, რომელიც თქვენ მოისმინეთ. და ახლა გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი ნამოქმედარი, და უსმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას, მაშინ გადაიფიქრებს უფალი იმ უბედურებას, რაც თქვენზე წარმოთქვა. მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ და მომექეცით ისე, როგორც კეთილად და სწორად მიგაჩნიათ თქვენს თვალში. მაგრამ ცოდნით იცოდეთ, რომ, თუ მომკლავთ, მაშინ უდანაშაულო სისხლს დაიდებთ თქვენზე და ამ ქალაქზე, და მის მცხოვრებლებზე, რადგან ნამდვილად უფალმა გამომგზავნა თქვენთან, რომ მეთქვა ყველა ეს სიტყვა თქვენს გასაგონად.“ მაშინ უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: „ეს კაცი არ იმსახურებს სასიკვდილო განაჩენს, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის, სახელით გველაპარაკებოდა ჩვენ.“ და წამოდგნენ კაცნი ქვეყნის უხუცესთაგან და უთხრეს მთელი ერის კრებულს: „მიქა მორეშეთელი წინასწარმეტყველებდა ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში და ასე უთხრა მთელს იუდას ერს: ‘ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: სიონი მინდორივით გადაიხვნება, და იერუსალიმი ქვის გროვად იქცევა, ტაძრის მთა კი – ტყიან სერებად.’ მაგრამ განა ხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ და მთელმა იუდას ერმა მოკლეს იგი? განა არ შეეშინდა მას უფლისა და შესთხოვა უფლის პირს, და გადაიფიქრა უფალმა ის უბედურება, რომელიც წარმოთქვა მათზე? ჩვენ კი თვითონ მოვაწევთ დიდ უბედურებას ჩვენს სულებზე!“ და სხვა კაციც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით – ურია, შემაყიას ძე კირიათ-იეყარიმიდან, და წინასწარმეტყველებდა იმ ქალაქზე და იმ ქვეყანაზე ყველა იმ სიტყვებით, რომლებითაც იერემია წინასწარმეტყველებდა. და ისმინა მისი სიტყვები მეფე იეჰოიაკიმმა და ყველა მისმა მხედართმთავარმა, და ყველა მთავარმა, და მოითხოვა მეფემ მისი მოკვლა. და გაიგო ეს ურიამ, და შეეშინდა, და გაიქცა და მივიდა ეგვიპტეში. და გაგზავნა მეფე იეჰოიაკიმმა ეგვიპტეში თავისი კაცები: ელნათან ყაქბორის ძე და მასთან სხვა კაცებიც. და მათ გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიუყვანეს მეფე იეჰოიაკიმს, და მან დასცა ის მახვილით, მისი გვამი კი დააგდო მდაბიოთა სასაფლაოზე.“ მაგრამ ახიკამ შაფანის ძის ხელი იყო იერემიასთან, რომ არ გადაეცათ იგი ერის ხალხის ხელთ მოსაკლავად. იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო იერემიასადმი უფლისაგან. ასე მითხრა მე უფალმა: „გაიკეთე თოკები და უღელი და დაიდე შენს კისერზე. და გაუგზავნე ისინი ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონის ძეთა მეფეს, ცორის მეფეს და ციდონის მეფეს წარგზავნილთა ხელით, რომლებიც იერუსალიმში იუდას მეფე ციდკიაჰუსთან მოვიდნენ. და უბრძანე მათ უთხრან თავიანთ ბატონებს: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘ასე უთხარით თქვენს ბატონებს: მე შევქმენი ეს ქვეყანა და ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მიწის პირზეა, ჩემი დიდი ძალით და ჩემი გაწვდილი მკლავით, და მე მივეცი მას, ვინც ღირსია ჩემს თვალში. და ახლა მე მივეცი ყველა ეს ქვეყნები ჩემს მსახურს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ხელში, და მინდვრის ცხოველნიც მივეცი მას, რომ ემსახურონ. და ყველა ხალხი დაემსახურებიან მას და მის შვილებს და მის შვილთაშვილებს, სანამ მოვა მისი ქვეყნისა და მისი ჟამი, და დაემსახურებიან მას მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფენი. და თუ რომელიმე ხალხი ან სამეფო არ დაემსახურება მას, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და არ მიუშვერს თავის კისერს ბაბილონის მეფის უღელს, მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი იმ ხალხს!“ – სიტყვა უფლისა, – „სანამ არ მოვსპობ მათ მისი ხელით. და თქვენ ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველთ და თქვენს ჯადოსნებს, და თქვენს მესიზმრეებს და თქვენს მკითხავებს და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან თქვენ ასე: ‘არ ემსახუროთ ბაბილონის მეფეს.’ რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოგაშორონ თქვენი მიწიდან, და მე გაგაძეოთ და დაიღუპოთ. ხოლო, რომელიც თავის კისერს მიუშვერს ბაბილონის მეფის უღელს და დაემსახურება მას, დავტოვებ თავის მიწაზე,“ – სიტყვა უფლისა, – „და დაამუშავებს მას და იცხოვრებს მასზე.“ და მე ვუთხარი ყველა ეს სიტყვა ციდკიაჰუს, იუდას მეფეს: „მიუშვირეთ თქვენი კისრები ბაბილონის მეფის უღელს და ემსახურეთ მას და მის ერს, და იცოცხლებთ. რატომ უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ერი მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით, როგორც უფალმა წარმოთქვა იმ ხალხზე, რომელიც ბაბილონის მეფეს არ დაემსახურება? ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც ასე გეუბნებიან თქვენ: ‘არ ემსახუროთ ბაბილონის მეფეს!’ რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი. რადგან მე არ გამომიგზავნია ისინი,“ – სიტყვა უფლისა, – „ტყუილს წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა მე გაგაძეოთ და დაიღუპოთ თქვენ და წინასწარმეტყველნი, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ. ხოლო მღვდლებს და მთელ ამ ერს მე ვეუბნებოდი, რომ ასე თქვა უფალმა: „ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც ასე გიწინასწარმეტყველებენ თქვენ: ‘უფლის ტაძრის მძიმე ჭურჭელი ახლა მალე დაბრუნდება ბაბილონიდან,’ რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი. ნუ მოუსმენთ მათ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და იცოცხლებთ. რატომ უნდა იქცეს ეს ქალაქი ნანგრევებად? და თუ წინასწარმეტყველნი არიან ისინი და თუ უფლის სიტყვაა მათთან, შესთხოვონ უფალ ცაბაოთს, რომ უფლის ტაძარში, იუდას მეფის სასახლეში და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელი არ იქნეს წაღებული ბაბილონში. რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა სვეტებზე, ზღვაზე და საფუძველზე და ამ ქალაქში დარჩენილ დანარჩენ ჭურჭელზე, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს არ წაუღია, როცა იექონია იეჰოიაკიმის ძე იუდას მეფე და იუდასა და იერუსალიმის ყველა წარჩინებული იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა. რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა, უფლის სახლში და იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭელზე: ‘ბაბილონში იქნება მიტანილი და იქ იქნება იმ დღემდე, სანამ მოვიკითხავ მათ,’ – სიტყვა უფლისა, – „და წამოვიღებ მათ და დავაბრუნებ ამ ადგილზე. და იყო იმავე წელს, იუდას მეფე ციდკიაჰუს მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს ხანანია ყაზურის ძემ, წინასწარმეტყველმა გაბაონიდან, მითხრა მე უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ერის თვალწინ: „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს! ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელ ჭურჭელს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა წაიღო ამ ადგილიდან და მიიტანა ბაბილონში. და იექონია იეჰოიაკიმის ძეს, იუდას მეფეს და ბაბილონში მისულ იუდას ყველა გადასახლებულს დავაბრუნებ ამ ადგილზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს!“ და უპასუხა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდელთა და უფლის სახლში მდგომი მთელი ერის თვალწინ; და თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: „ამენ! ქნას უფალმა ასე! აასრულოს უფალმა შენი სიტყვები, რომლებიც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და ყველა გადასახლებულის დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას. მხოლოდ მოისმინე ეს სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ერის გასაგონად. წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემზე წინ იყვნენ და შენზე წინ დიდი ხნით ადრე, უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სამეფოებს ომს, უბედურებასა და შავ ჭირს; წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასწარმეტყველებს, მხოლოდ წინასწარმეტყველური სიტყვის აღსრულებისას ცნობენ როგორც წინასწარმეტყველს, რომელიც ჭეშმარიტად უფალმა გამოგზავნა.“ მაშინ ჩამოიღო ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი წინასწარმეტყველ იერემიას კისრიდან და დალეწა. და თქვა ხანანიამ მთელი ერის თვალწინ: „ასე თქვა უფალმა: ‘ასევე დავლეწავ ნაბუქოდონოსორის უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის კისერზე!’“ და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავისი გზით. და იყო სიტყვა უფლისა იერემიასადმი მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა დალეწა უღელი წინასწარმეტყველ იერემიას კისერზე: „წადი და უთხარი ხანანიას, რომ ასე თქვა უფალმა: ‘შენ ხის უღელი დალეწე, ახლა გააკეთე მის ნაცვლად რკინის უღელი, რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: რკინის უღელი დავადგი მე ყველა იმ ხალხთა კისერზე, რათა ემსახურონ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და დაემსახურებიან, და მინდვრის ცხოველნიც მივეცი მას.“ და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: „ისმინე, ხანანიავ! უფალს არ გამოუგზავნიხარ შენ, და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს. ამიტომ ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, გადაგაგდებ მიწის პირიდან, ამ წელს მოკვდები, იმის გამო, რომ განდგომას ლაპარაკობდი უფლის წინააღმდეგ.’“ და მოკვდა ხანანია იმ წელს, მეშვიდე თვეს. ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა იერუსალიმიდან გადასახლებულ დანარჩენ უხუცესებს და მღვდლებს, და წინასწარმეტყველთ და მთელ ერს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იერუსალიმიდან ბაბილონში (ეს იყო მას შემდეგ, რაც იერუსალიმიდან გავიდნენ მეფე იექონია და დედამისი – დედოფალი, და იუდასა და იერუსალიმის საჭურისნი და მთავარნი, ხურონი და მჭედელნი.), ელყასა შაფანის ძის, და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც ციდკიაჰუმ, იუდას მეფემ, გაგზავნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონში, რომ ეთქვათ: „ასე ეუბნება უფალი ცაბაოთ, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, რომლებიც მე გადავასახლე იერუსალიმიდან ბაბილონში: ‘აიშენეთ სახლები და დასახლდით, და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი, მოიყვანეთ ცოლები და შობეთ ძენი და ასულნი, და მოუყვანეთ თქვენს ძეთ ცოლები და თქვენი ასულნი გაათხოვეთ, და შობონ მათ ძენი და ასულნი და გამრავლდით იქ და არ შემცირდეთ. და შესთხოვეთ მშვიდობა იმ ქალაქისათვის, სადაც გადაგასახლეთ თქვენ, და ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი მშვიდობით თქვენც გექნებათ მშვიდობა.’ რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘ნუ გაცთუნებენ თქვენ თქვენი წინასწარმეტყველნი, რომელნიც თქვენს შორის არიან, და თქვენი ჯადოსანნი, და ნუ დაუჯერებთ თქვენს სიზმრებს, რომელნიც გესიზმრებათ. რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი ჩემი სახელით: ‘მე არ გამომიგზავნია ისინი!’ – სიტყვა უფლისა. რადგან ასე თქვა უფალმა: ‘როდესაც ბაბილონს შეუსრულდება სამოცდაათი წელი, მოგიკითხავთ მე თქვენ და ავასრულებ თქვენზე ჩემს სასიკეთო სიტყვას, რათა დაგაბრუნოთ ამ ადგილას. რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი. და მომიხმობთ მე, და წახვალთ და შემევედრებით, და მე მოგისმენთ თქვენ. მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით. ნაპოვნი ვიქნები თქვენს მიერ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და დაგაბრუნებთ თქვენი ტყვეობიდან და შეგკრებთ ყველა ხალხიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგაძევეთ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და დაგაბრუნებთ იმ ადგილას, საიდანაც გადაგასახლეთ.’ რადგან ამბობთ თქვენ: ‘უფალმა დაგვიყენა ჩვენ წინასწარმეტყველნი ბაბილონში.’ რადგან ასე ამბობს უფალი დავითის ტახტზე მჯდომ მეფეზე და ამ ქალაქში მცხოვრებ მთელ ერზე, თქვენს ძმებზე, რომლებიც თქვენთან ერთად არ გავიდნენ გადასახლებაში, ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: ‘აჰა, მე გავგზავნი მათში მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს და ვაქცევ მათ გადამსკდარ ლეღვად, რომლის ჭამაც არ შეიძლება მისი უვარგისობის გამო. დავედევნები მათ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, და საშინელებად გავხდი მათ ქვეყნის ყველა სამეფოსათვის, საწყევლად და გასაოცებლად, თავზარდასაცემად, დასაცინად და შესარცხვენად ყველა ხალხში, რომლებშიც მე გავაძევე ისინი. იმის სანაცვლოდ, რომ არ უსმინე ჩემს სიტყვებს,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რომ ვუგზავნიდი და ვუგზავნიდი მათ ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველებს, მაგრამ თქვენ არ უსმინეთ მათ,’ – სიტყვა უფლისა. და ისმინეთ თქვენ სიტყვა უფლისა, ყველა გადასახლებულო, ვინც კი გაგაგზავნეთ იერუსალიმიდან ბაბილონში. ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა, ახაბზე, კოლაიას ძეზე და ციდკიაჰუზე, მაყასეიას ძეზე, რომლებიც ჩემი სახელით ტყუილს გიწინასწარმეტყველებდნენ: ‘აჰა, მე მივცემ მათ ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს ხელში და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ. და აღებული იქნება მათგან წყევლა იუდას ყველა გადასახლებულისათვის, რომლებიც ბაბილონში არიან: უფალმა გაგხადოს შენ ციდკიაჰუსავით და ახაბივით, რომელნიც ცეცხლზე შეწვა ბაბილონის მეფემ. იმის გამო, რომ საზიზღრობა ჩაიდინეს მათ ისრაელში და მრუშობდნენ ისინი თავიანთ მოყვასთა ცოლებთან და ტყუილს ამბობდნენ ჩემი სახელით, რომელიც მე არ მიბრძანებია. და მე ვარ მცოდნე და მოწმე!’ – სიტყვა უფლისა. და შემაია ნეხელამელს უთხარი: „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘იმის გამო, რომ შენი სახელით უგზავნიდი წერილებს იერუსალიმის მთელ ერს და ცეფანია მაყასეიას ძეს, მღვდელს და ყველა მღვდელთ, რომ: უფალმა დაგაყენა შენ მღვდლად იოეჰოიადაყის ნაცვლად, რომ გეზრუნა იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ უფლის ტაძარში ყოველი შეშლილი კაცისა და წინასწარმეტყველის ზედამხედველნი, და რომ გაგეკრა ის ბოძზე და ჩაგესვა საკანში. და ახლა რატომ არ დატუქსავთ იერემია ყანათოთელს, რომელიც თქვენ გიწინასწარმეტყველებდათ? იმიტომ, რომ ჩვენთანაც გამოგზავნა ბაბილონში სათქმელად: ხანგრძლივი იქნება დევნილობა; აიშენეთ სახლები და დასახლდით და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი.“ და წაიკითხა მღვდელმა ცეფანიამ ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველის გასაგონად; და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: „გაგზავნე, უთხრან ყველა გადასახლებულს: ‘ასე თქვა უფალმა შემაყია ნეხელამელზე: იმის გამო, რომ შემაყიამ გიწინასწარმეტყველათ თქვენ, მე კი არ გამომიგზავნია იგი, და დაგაიმედათ ტყუილზე, ამიტომ ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, მე დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის თესლს. არავინ არ ეყოლება მას ამ ერს შორის მცხოვრები და ვერ იხილავს ის სიკეთეს, რომელსაც მე ვუყოფ ჩემს ერს,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან განდგომას ლაპარაკობდა უფლის წინააღმდეგ!’“ სიტყვა უფლისა იერემიასადმი: „და თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘წიგნში ჩაიწერე ყველა ეს სიტყვა, რაც გითხარი. რადგან მოდიან დღეები,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და მე დავაბრუნებ ჩემ ერს – ისრაელსა და იუდას ტყვეობიდან. დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი მათ მამებს და დაიმკვიდრებენ მას,’“ სიტყვა უფლისა. ეს სიტყვებია, რომლებიც უფალმა უთხრა ისრაელსა და იუდას: „ასე ამბობს უფალი: ‘საშინელების ხმა მოვისმინეთ ჩვენ; შიშია და არა მშვიდობა. იკითხეთ და ნახეთ – განა შეუძლია შობა მამაკაცს? აბა, რატომ ვხედავ მამაკაცს ხელებით წელზე მშობიარე დედაკაცივით? და რატომ აქვთ ყველას სახე გაფითრებული? ვაი, რადგან დიდია ის დღე, არ არის მისი მსგავსი; გასაჭირის ჟამია ის იაკობისთვის, და მისგან გადარჩება. ‘და იქნება იმ დღეს,’ – სიტყვა უფალი ცაბაოთისა, – ‘დავლეწავ მის უღელს შენს კისერზე და დავწყვეტ შენს ბორკილებს, და აღარ ამსახურებენ მას მეტად უცხონი. და მოემსახურებიან ისინი უფალს, თავიანთ ღმერთს და დავითს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე დავუყენებ მათ. და ნუ გეშინია, იაკობ, ჩემო მსახურო!’ – სიტყვა უფლისა, – ‘და ნუ შეშინდები, ისრაელ, რადგან, აჰა, მე გიხსნი შენ შორეთიდან და შენს თესლს – მათი ტყვეობის ქვეყნიდან. და დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს წყნარად და მშვიდად და აღარავინ იქნება მისი შემშინებელი. რადგან შენთანა ვარ მე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რომ გიხსნა, რადგან ბოლოს მოვუღებ ყველას, რომლებშიც დაგფანტე შენ, მაგრამ შენ არ მოგიღებ ბოლოს და სამართლიანად დაგსჯი და უდანაშაულოდ არ შეგრაცხავ.’ რადგან თქვა უფალმა: ‘განუკურნელია შენი ჭრილობა, ძალზე მძიმეა შენი წყლული. არავინ განიკითხავს შენს საქმეს, შესახორცებელი წამალი არ არის შენთვის. ყველა შენმა მოყვარულმა დაგივიწყა, არ გკითხულობენ, რადგან მტრის ჭრილობით დაგჭერი მე, სასტიკი სატანჯველით – შენი მრავალი ურჯულოების გამო, რადგან მომრავლდა შენი ცოდვები. რას კივი შენს დალეწვაზე, განუკურნელია შენი სატკივარი შენი მრავალი ურჯულოების გამო, იმის გამო, რომ მომრავლდა შენი ცოდვები, მე მოგაწიე შენ ესენი. ამიტომ ყველა შენი მჭამელი შეიჭმება და ყველა შენი შემავიწროებელი ტყვედ წავა; და შენი ამაოხრებელი აოხრებული იქნება, და შენს მძარცველთ საძარცვავად მივცემ. რადგან მე მოგცემ შენ განკურნებას და შენი წყლულისაგან მოგარჩენ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან გაძევებული გიწოდეს შენ; ეს სიონია, არავინაა მისი მომკითხველი.’ ასე ამბობს უფალი: ‘მე დავაბრუნებ იაკობის კარვებს ტყვეობიდან და შევიწყალებ მის საცხოვრებლებს; და აშენდება ქალაქი თავის ადგილას და სასახლე თავის წესზე დადგება. და გამოვა მათგან სამადლობელი და თამაშის ხმა, გავამრავლებ მათ და არ შემცირდებიან, განვადიდებ მათ და არ დამცირდებიან. და იქნებიან მათი ძენი უწინდელივით, მისი თემი ჩემს წინაშე წარდგება და მე დავსჯი ყველა მის შემჭირვებელს. და იქნება მისი მეფე მისივე წრიდან და მისი ხელმწიფე მისივე წიაღიდან გამოვა. და მე მოვიახლოვებ მას და ის მოვა ჩემთან, რადგან ვინ არის ის, ვინც გაბედავს, რომ მომიახლოვდეს მე?’ – სიტყვა უფლისა. – ‘და თქვენ იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. აჰა, უფლის ქარიშხალი! რისხვა გამოვიდა, ქარიშხალი ტრიალებს; ბოროტმოქმედთ თავს დაატყდება. არ შებრუნდება უფლის მძვინვარება, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვებს; უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.’“ „იმ დროს,“ სიტყვა უფლისა, „მე ვეყოლები ღმერთად ისრაელის ყველა მოდგმას და ისინი მეყოლებიან მე ერად!“ და ასე ამბობს უფალი: „უდაბნოში ჰპოვა მადლი მახვილს გადარჩენილმა ხალხმა. მივდიოდი ისრაელის დასამყუდროებლად.“ შორიდან გამომეცხადა უფალი და მითხრა: „საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიზიდე წყალობით. კიდევ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა, კვლავ მორთავ შენს ბობღნებს და გამოხვალ მროკველთა გუნდში. კვლავ დარგავ შენ ვენახებს სამარიის მთებზე, დარგავენ დამრგველნი და მოისთვლიან. რადგან იქნება დღე, როცა ეფრემის მთაზე დაიძახებენ გუშაგნი: ‘ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.’“ რადგან ასე თქვა უფალმა: „სიხარულით უმღერეთ იაკობს და იკიჟინეთ ხალხების თავზე; გამოაცხადეთ, ადიდეთ და თქვით: ‘იხსენი, უფალო, შენი ერი, ნატამალი ისრაელისა!’ აჰა, მოვიყვან მათ ჩრდილო ქვეყნიდან და შევკრებ მათ ქვეყნის კიდეებიდან, მათში ბრმას და კოჭლს, ფეხმძიმეს და მშობიარეს ერთად, დიდი კრებული დაბრუნდება აქეთ. ტირილით მოვლენ ისინი და ვედრებით წავუძღვები მათ, მივიყვან სწორი გზით წყლის ნაკადულებთან. არ წაიბორძიკებენ იქ, რადგან მამად ვეყოლები მე ისრაელს, ეფრემი კი ჩემი პირმშოა.“ ისმინეთ სიტყვა უფლისა, ხალხებო, აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: ისრაელის გამფანტველი შეკრებს მას და დაიფარავს მას, როგორც მწყემსი თავის სამწყსოს! რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და იხსნა იგი მასზე ძლიერის ხელიდან. და მოვლენ ისინი და იმღერებენ სიონის მაღლობზე და ისწრაფებენ უფლის დოვლათისაკენ: პურისა და ღვინისაკენ, ზეთისაკენ, ცხვრისაკენ და ძროხისაკენ, და იქნება მათი სული უხვად მორწყული ბაღივით, და მეტად აღარ გაიტანჯებიან. მაშინ გამხიარულდება ქალწული გუნდში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად, და მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ და ვანუგეშებ მათ, და გავახარებ მათი დარდის შემდეგ. და გავაძღობ მღვდელთა სულს ქონით და ჩემი ერი ჩემი დოვლათით გაძღება!“ – სიტყვა უფლისა. თქვა უფალმა: „ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ტირილი, რახელი დასტირის თავის შვილებს; არ სურს ნუგეში შვილების გამო, რადგან აღარ არიან ისინი.“ თქვა უფალმა: „შეიკავე ხმა ტირილისაგან და თვალები ცრემლისაგან, რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს,“ – სიტყვა უფლისა, – „დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან. გქონდეს იმედი შენი მომავლისა,“ – სიტყვა უფლისა, – „დაუბრუნდებიან შენი ძენი თავიანთ საზღვრებს! მესმის, რომ ნაღვლობს ეფრემი: ‘შენ დამსაჯე მე და დავისაჯე, როგორც გაუწვრთნელი ხბო, დამაბრუნე და დავბრუნდები მე, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი. რადგან ჩემი დაბრუნების შემდეგ მოვინანიე, და მას შემდეგ, რაც გამოვიცადე, დავირტყი თეძოზე; შემრცხვა მე და თავი მომეჭრა კიდეც, რადგან ვატარებ ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს!’ განა ეფრემი ჩემი ძვირფასი ძე არ არის? განა ნებიერი ბავშვი არ არის? რადგან როცა კი მის წინააღმდეგ ვლაპარაკობ, მაინც ვზრუნავ მასზე. ამის გამო შფოთავს ჩემი შიგნეულობა მისთვის და სიბრალულით შევიბრალებ მას!“ სიტყვა უფლისა. „დაიყენე ბოძები, განალაგე გზის მაჩვენებლები, მიმართე შენი გული შარაგზას, გზას, რომლითაც დადიოდი. დაბრუნდი, ქალწულო ისრაელისა, დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს. როდემდე იხეტიალებ, განდგომილო ასულო? შექმნა უფალმა სიახლე ქვეყანაზე: დედაკაცი დაუწყებს დევნას მამაკაცს!“ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „კვლავ იტყვიან ამ სიტყვას იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ მათ: ‘გაკურთხოს შენ უფალმა, სიმართლის სავანევ, წმიდა მთაო!’ და კვლავ დასახლდებიან იუდაში და ყველა მის ქალაქში ერთად – მიწისმუშაკნი და მწყემსნი. რადგან წყურვილს მოვუკლავ დაქანცულ სულს და ავავსებ ყველა გაწვალებულ სულს.“ ამაზე გამომეღვიძა და გავახილე თვალი; და ძილი საამური იყო ჩემთვის. „აჰა, მოდის დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „და დავთესავ ისრაელის და იუდას სახლს ადამიანის თესლით და საქონლის თესლით. და როგორც ვფხიზლობდი მათზე, რომ აღმომეფხვრა და გამეცამტვერებინა, დამენგრია, მომესპო და მომეწია უბედურება, ასე ვიფხიზლებ მათზე, რომ ავაშენო და დავრგო.“ – სიტყვა უფლისა. – „იმ დღეებში აღარ იტყვიან მეტად: ‘მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო!’ რადგან ყოველი თავისი ურჯულოებით მოკვდება; ყოველ ადამიანს, რომელიც მკვახე ხილს შეჭამს, თავისი კბილი მოეკვეთება. აჰა, მოდის დღეები,’“ – სიტყვა უფლისა, – „და დავუდებ მე ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას, არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდე მათ მამებს იმ დღეს, როდესაც ხელი მოვკიდე მათ, რომ გამომეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, ჩემი აღთქმა, რომელიც მათ დაარღვიეს, მე კი ვპატრონობდი მათ,“ – სიტყვა უფლისა. – „რადგან ეს არის აღთქმა, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ,“ – სიტყვა უფლისა, – „მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად. და აღარ ასწავლის მეტად თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას ასე: შეიცანით უფალი! რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ვეცოდინები მე, – სიტყვა უფლისა, – რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებს აღარ გავიხსენებ მეტად. ასე თქვა უფალმა, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად, უბრძანებს მთვარეს და ვარსკვლავებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ შფოთავენ მისი ტალღები; უფალი ცაბაოთია მისი სახელი: „თუ შეიცვლება ეს განჩინებანი ჩემი პირიდან,“ – სიტყვა უფლისა, – „მაშინ შეწყვეტს ისრაელის თესლიც ხალხად ყოფნას ჩემს წინაშე სამუდამოდ.“ ასე თქვა უფალმა: „თუ გაიზომება ცა ზემოთ და გამოიკვლევა ქვეყნის საფუძველი ქვემოთ, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელის მთელ თესლს ყოველივე იმის გამო, რაც მათ გააკეთეს.“ – სიტყვა უფლისა. – აჰა, მოდიან დღენი,“ – სიტყვა უფლისა, – „და აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე. და საზომი ხაზი გამოვა მის პირდაპირ გარების ბორცვამდე და გოასკენ მოტრიალდება. და გვამთა და ფერფლის მთელი ხეობა და ყველა მინდორი კედრონის ხევამდე ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით – წმიდაა უფლისათვის, არ აღმოიფხვრება და არ დაინგრევა არასოდეს.“ და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ იუდას მეფის, ციდკიაჰუს მეფობის მეათე წელს. ეს იყო ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელი. მაშინ შემოარტყა ალყა ბაბილონის მეფის ლაშქარმა იერუსალიმს და იერემია წინასწარმეტყველი დაპატიმრებული იყო საყარაულო ეზოში, იუდას მეფის სახლთან რომ არის. იუდას მეფემ, ციდკიაჰუმ, დააპატიმრა იგი და უთხრა: „რატომ წინასწარმეტყველებ ასე: და თქვა უფალმა: აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს ხელში და ის დაიპყრობს მას. და იუდას მეფე ციდკიაჰუ ვერ დააღწევს თავს ქალდეველთა ხელს, რადგან გადაეცემა ბაბილონის მეფის ხელს და პირისპირ ილაპარაკებს მასთან, და თავისი თვალებით შეხედავს მის თვალებს. ბაბილონში წაიყვანს ის ციდკიაჰუს და იქნება იქ, სანამ არ გავიხსენებ მას,’ – სიტყვა უფლისა, – ‘თუ იბრძოლებთ ქალდეველებთან, წარმატებას ვერ მიაღწევთ.’“ და თქვა იერემიამ: „იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „აჰა, ხანამეელი, შენი ბიძის, შალუმის ძე, მოდის შენთან სათქმელად: ‘იყიდე შენთვის ჩემი მინდორი, რომელიც ყანათოთშია, რადგან გამოსყიდვის უფლების თანახმად შენ უნდა იყიდო.’ და მოვიდა ჩემთან ხანამეელი, ძე ჩემი ბიძისა, უფლის სიტყვისამებრ, საყარაულო ეზოში და მითხრა: ‘იყიდე ჩემი მინდორი, რომელიც ყანათოთშია, ბენიამინის ქვეყანაში, რადგან შენა გაქვს უფლება მემკვიდრეობისა და უფლება გამოსყიდვისა. იყიდე შენთვის!’ და მე მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო. და მე ვიყიდე ეს მინდორი ჩემი ბიძაშვილის ხანამეელისაგან, რომელიც ყანათოთშია, და ავუწონე მას ფული – შვიდი შეკელი და ათი ვერცხლი. და ჩავწერე წერილში და დავბეჭდე, და დავიმოწმე მოწმენი და ავწონე ფული სასწორით. ავიღე ნასყიდობის წერილი, როგორც დაბეჭდილი, რომელიც შეიცავდა პირობებსა და წესებს, ისევე ღია. და მივეცი ნასყიდობის წერილი ბარუქს, ძეს ნერიასი, ძისა მახსეიასი, ხანამეელის, ჩემი ბიძის ძის და ნასყიდობის წერილის დამწერ ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საყარაულო ეზოში ისხდნენ. და ვუბრძანე ბარუქს მათ თვალწინ ასე: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აიღე ეს წერილები, ეს ნასყიდობის წერილი, დაბეჭდილი და ეს ღია წერილი, და ჩადე ისინი თიხის ჭურჭელში, რათა გაძლოს მრავალ დღეს. რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „კიდევ იყიდიან სახლებს და მინდვრებს და ვენახებს ამ ქვეყანაში!“ და მას შემდეგ, რაც ნასყიდობის წერილი მივეცი ბარუქს, ნერიას ძეს, ასე ვევედრე უფალს: ‘ო, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცა და ქვეყანა შენი დიდი ძალითა და შენი გაწვდილი მკლავით, არაფერი არ არის შენთვის შეუძლებელი! შენ წყალობას იქმ ათასებისათვის და მამების ურჯულოებას მათ ძეთა წიაღში მიუზღავ მათ შემდეგ. შენ დიდო და ძლიერო ღმერთო, რომლის სახელიც უფალი ცაბაოთია. დიდი ხარ რჩევაში და ყოვლისშემძლე მოქმედებაში, შენი თვალი ღიაა ადამის ძეთა ყველა გზაზე, რათა მიუზღო თითოეულს თავისი გზებისამებრ, მათი მოქმედებათა ნაყოფისამებრ. რომელმაც მოიმოქმედე ნიშები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში დღემდე და ისრაელში და კაცთა მოდგმაში. და შეიქმენი სახელი, როგორც დღეს. და გამოიყვანე შენი ერი, ისრაელი, ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, და ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით და დიდი საოცრებით. და მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელიც შეჰფიცე მათ მამებს, რომ მისცემდი, ქვეყანა, მადინებელი რძისა და თაფლისა. და მოვიდნენ ისინი და დაიმკვიდრეს, მაგრამ არ ისმინეს შენი ხმა და შენს რჯულზე არ იარეს, და ყოველივე, რისი გაკეთებაც ბრძანე, არ გააკეთეს, და მოაწიე მათზე ყველა ეს უბედურება. აჰა, მიწაყრილები მოადგა ქალაქს მის დასაპყრობად და მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისაგან ღონემიხდილი ქალაქი მის წინააღმდეგ მებრძოლ ქალდეველთა ხელთ გადაეცა; და, რაც თქვი, სრულდება და შენ ხედავ ამას. და როგორც მითხარი მე, უფალო ღმერთო, ვიყიდე შენთვის მინდორი ვერცხლით და დავიმოწმე მოწმენი, ქალაქი კი ქალდეველთა ხელთ გადაეცა.“ და სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: „მე ვარ უფალი, ღმერთი ყველა ხორციელისა, განა ჩემთვის ძნელია რაიმე?“ ამიტომ ასე თქვა უფალმა: „აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ქალდეველთა ხელს და ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელს და ის დაიპყრობს მას. და მოვლენ ქალდეველნი, მებრძოლნი ამ ქალაქის წინააღმდეგ, და ცეცხლს წაუკიდებენ და გადასწვავენ მას და სახლებს, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ბაყალს და უღვრიდნენ საღვრელს უცხო ღმერთებს, რათა გავეჯავრებინეთ მე. რადგან ისრაელის ძენი და იუდას ძენი მხოლოდ ბოროტის მოქმედნი იყვნენ ჩემს თვალში მათი სიყმაწვილიდან, რადგან ისრაელის ძენი მხოლოდ მაჯავრებდნენ მე თავიანთი ხელის ნაკეთებით.“ – სიტყვა უფლისა. – „რადგან ჩემს რისხვად და ჩემს გულისწყრომად იყო ეს ქალაქი ჩემთვის იმ დღიდან, როდესაც ააშენეს ის და დღევანდლამდე, ისე, რომ მოვიშორებ მას ჩემი პირიდან. ისრაელის ძეთა და იუდას ძეთა ყველა ბოროტების გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს ჩემს გასაჯავრებლად, მათ, მათმა მეფეებმა, მათმა მთავრებმა, მათმა მღვდლებმა და მათმა წინასწარმეტყველებმა, იუდას კაცებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა. და ზურგი მომაქციეს მე და არა პირი; და კვლავ და კვლავ ვასწავლიდი მათ და არ შეისმინეს დარიგება. და სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დაადგეს მათ თავიანთი კერპები, რათა შეებილწათ იგი. და ააშენეს ბაყალის გორაკები, რომელიც ბენ-ჰიმონის ჭალაშია, რათა გაეტარებინათ ცეცხლში თავიანთი ძენი და თავიანთი ასულნი მოლოქისათვის, რაც მე არ მიბრძანებია მათთვის და გულშიც არ გამივლია გამეკეთებინა ეს სისაძაგლე იუდას საცთუნებლად. და ამიტომ ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: ‘ბაბილონის მეფის ხელს მიეცა ის მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით,’ აჰა, მე შევკრებ მათ ყველა ქვეყნიდან, სადაც გავაძევე ისინი ჩემი რისხვით და ჩემი გულისწყრომით და დიდი მძვინვარებით, და დავაბრუნებ მათ ამ ადგილას და დავასახლებ მათ უსაფრთხოდ. და მეყოლებიან ისინი ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად. და მივცემ მათ ერთ გულს და ერთ გზას, რათა ეშინოდეთ ჩემი ყოველთვის მათდა სასიკეთოდ და მათ ძეთა სასიკეთოდ მათ შემდეგ. და დავუდებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ არ შევბრუნდები მათგან, რათა ვუყო მათ სიკეთე და მივცე მათ გულებს ჩემი შიში და არ განდგნენ ჩემგან. გავიხარებ მათზე სიკეთის საქმნელად და დავრგავ მათ ამ ქვეყანაში მყარად მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით, რადგან ასე თქვა უფალმა: როგორც მოვუტანე ამ ერს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუტან მათ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც მე წარმოვთქვი მათზე. და იყიდიან მინდორს ამ ქვეყანაში, რომელზეც თქვენ ამბობთ: ცარიელია იგი, უკაცური და უსაქონლოა, ქალდეველთა ხელთაა გადაცემული. მინდვრებს ვერცხლით იყიდიან და ნასყიდობის წერილს დაწერენ, და დაბეჭდავენ და მოწმეებს დაიმოწმებენ ბენიამინის ქვეყანაში, იერუსალიმის გარეუბნებში და იუდას ქალაქებში, მთის ქალაქებში და დაბლობის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში, რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან.“ – სიტყვა უფლისა. და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ მეორედ, როდესაც ის ჯერ კიდევ დაპატიმრებული იყო საყარაულო ეზოში. „ასე თქვა უფალმა, რომელმაც შექმნა მიწა, რომელმაც გამოსახა, რათა დაემყარებინა იგი, უფალია სახელი მისი! ‘მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდს და მიუწვდომელს, რომლებიც არ იცოდი შენ, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფეთა სახლებზე, რომლებიც მიწაყრილთა და მახვილთა გამოა დანგრეული მათ მიერ, რომლებიც მოდიან ქალდეველებთან საბრძოლველად და იმ ადამიანთა გვამებით მათ ასავსებად, რომლებიც მე დავხოცე ჩემს რისხვასა და გულისწყრომაში, რომ დავუმალე ჩემი პირი ამ ქალაქს ყველა მათი ბოროტების გამო: აჰა, მე მოვუტან მათ მორჩენასა და განკურნებას, და მე განვკურნავ მათ და გავუხსნი მათ მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვეს, და დავაბრუნებ იუდას და ისრაელს ტყვეობიდან და ავაშენებ მათ, როგორც თავდაპირველად იყო. და განვწმედ მათ ყველა მათი ურჯულოებისაგან, რომლითაც მათ შესცოდეს ჩემს მიმართ, და მივუტევებ მათ დანაშაულს, რომლითაც მათ შესცოდეს ჩემს მიმართ და რომლითაც განმიდგნენ მე. და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც მოისმენენ ყველა ამ სიკეთეზე, რომელსაც მე ვიქმ, და შეშინდებიან და შეძრწუნდებიან ყველა სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მე მივუზღავ მას.’ თქვა უფალმა: ‘ამ ადგილას, რომელზეც თქვენ ამბობთ: აოხრებულია, უკაცრიელი და უსაქონლოა, კვლავ გაისმება იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, რომლებიც დაცარიელებული, უკაცრიელი, უმოსახლო და უსაქონლოა, მხიარულების ხმა და ლხენის ხმა, ნეფის ხმა და პატარძლის ხმა, ხმა მთქმელთა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მოიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან, როგორც თავდაპირველად იყო.“ – სიტყვა უფლისა. ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: ‘ამ ადგილას, რომელიც აოხრებული, უკაცრიელი და უსაქონლოა, და მის ყველა ქალაქში კიდევ იქნება ბინა მწყემსთა, რომლებიც დაყრიან ფარას. მთის ქალაქებსა და დაბლობ ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებსა და ბენიამინის ქვეყანაში, იერუსალიმის გარეუბნებში და იუდას ქალაქებში კიდევ გაივლის ცხვარი დამთვლელის ხელის ქვეშ,’ – სიტყვა უფლისა. ‘აჰა, მოდის დღეები,’ სიტყვა უფლისა, ‘და მე აღვადგენ იმ კეთილ სიტყვას, რომელიც მე წარმოვთქვი ისრაელის სახლზე და იუდას სახლზე. იმ დღეებში და იმ ჟამს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს, და ის იქმს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე. იმ დღეებში გადარჩენილი იქნება იუდა და იერუსალიმი უსაფრთხოდ დასახლდება. და აჰა, რას უწოდებენ მას: უფალია ჩვენი სიმართლე!’ რადგან ასე თქვა უფალმა: ‘არ დაელევა დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი კაცი, და ლევიან მღვდლებს არასოდეს დაელევათ ჩემს წინაშე კაცი, სრულადდასაწველის აღმვლენელი და ძღვენის მკმეველი და მსხვერპლის შემწირველი ყოველდღიურად.’“ და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: „ასე ამბობს უფალი: ‘თუ დაარღვევთ ჩემს აღთქმას დღისას და ჩემს აღთქმას ღამისას, რათა აღარ იყოს დღე და ღამე თავის დროზე, ჩემი აღთქმაც დაირღვევა დავითთან, ჩემს მსახურთან, რომ არ ჰყავდეს მას ძე მის ტახტზე სამეფებლად, და ლევიანებთან, მღვდლებთან, ჩემს მსახურებთან. როგორც აურაცხელია ცის მხედრობა და განუზომელია ზღვის ქვიშა, ისე გავამრავლებ დავითის, ჩემი მსახურის, თესლს და ლევიანებს, ჩემს მსახურთ.“ და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: „განა არ დაინახე, რას ლაპარაკობდა ეს ხალხი: ‘ორი მოდგმა, რომელნიც უფალმა ამოარჩია, მანვე უკუაგდო ისინი,’ და მოიძულეს ჩემი ხალხი, თითქოს არ ყოფილიყო ხალხი მათ წინაშე? ასე თქვა უფალმა: ‘რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღესთან და ღამესთან, განჩინებანი ცისა და ქვეყნისა, მაშინ იაკობისა და დავითის, ჩემ მსახურთა თესლსაც უკუვაგდებდი, არ ავიყვანდი ხელმწიფეებს მისი თესლიდან აბრაამის, ისაკისა და იაკობის თესლისათვის. მაგრამ დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან და შევიწყალებ!’“ სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი, და ქვეყნის ყველა სამეფო, რომლებიც მისი ხელისუფლების ქვეშ იყვნენ, და ყველა ერი იბრძოდნენ იერუსალიმისა და ყველა მისი ქალაქის წინააღმდეგ. „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘წადი და უთხარი ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, რომ ასე თქვა უფალმა: აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ბაბილონის მეფის ხელს და ცეცხლში დაწვავს მას. შენ თავს ვერ დააღწევ მისი ხელიდან, რადგან შეპყრობილი იქნები და მის ხელს გადაეცემი, და შენი თვალები ბაბილონის მეფის თვალებს შეხედავენ, და პირისპირ ილაპარაკებ მასთან. და ბაბილონში წახვალ.’ მხოლოდ ისმინე უფლის სიტყვა, ციდკიაჰუვ, იუდას მეფევ! ასე თქვა უფალმა შენზე: ‘მახვილით არ მოკვდები შენ! მშვიდობაში მოკვდები და, როგორც სწვავდნენ სურნელებას შენი მამებისათვის, პირვანდელი მეფეებისათვის, რომლებიც შენზე წინ იყვნენ, ისე დაწვავენ შენთვისაც და ვაი, ბატონოო, დაგატირებენ, რადგან მე წარმოვთქვი ეს სიტყვა,’“ – სიტყვა უფლისა. და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, ყველა ეს სიტყვა იერუსალიმში. ბაბილონის მეფის ლაშქარი კი იბრძოდა იერუსალიმის წინააღმდეგ და იუდას დარჩენილი ქალაქების წინააღმდეგ, და ლაქიშის წინააღმდეგ და აზეკას წინააღმდეგ, რადგან ესენიღა დარჩნენ იუდას ქალაქებიდან გამაგრებული ქალაქები. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიაჰუმ აღუთქვა მთელ ერს, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა, რომ თავისუფლებას მიანიჭებდა მათ; რომ უნდა გაეშვა თითოეულს თავისი მსახური და თითოეულს თავისი მხევალი, ებრაელი ქალი და კაცი, თავისუფლად, რათა აღარ დაემონებინა კაცს თავისი ძმა – იუდაელი. და ისმინეს ყველა მთავარმა და მთელმა ერმა, რომლებმაც კავშირი დადეს, რომ თავისუფლად გაუშვებდნენ თითოეულ თავის მსახურს და თითოეულ თავის მხევალს, რათა აღარ დაემორჩილებინათ მეტად, და გაიგონეს მათ და გაუშვეს ისინი. მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და დააბრუნეს თავიანთი მსახურები და მხევლები, რომლებიც თავისუფლად გაუშვეს, და დაიმორჩილეს ისინი მსახურებად და მხევლებად. და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ უფლისაგან: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე აღთქმა დავდე თქვენს მამებთან იმ დღეს, როდესაც ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამოვიყვანე ისინი, და ვუთხარი: ყოველი შვიდი წლის ბოლოს გაუშვით თითოეულმა თქვენი ძმა, ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ თქვენ. გემსახუროს ექვს წელიწადს, შემდეგ გაუშვით თქვენგან თავისუფლად! მაგრამ თქვენმა მამებმა არ მისმინეს მე და არ დამიგდეს ყური. დღეს კი, თქვენ დაბრუნდით და გააკეთეთ ის, რაც სწორია ჩემს თვალში, რომ გამოუცხადეთ თავისუფლება თითოეულმა თავის ძმას და აღთქმა დადეთ ჩემს წინაშე სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება. მაგრამ გადაიფიქრეთ და შებღალეთ ჩემი სახელი და დაიბრუნა თითოეულმა თავისი მსახური და თითოეულმა თავისი მხევალი, რომლებიც თქვენ გაუშვით თავისუფლად მათი სურვილისამებრ, და დაიმორჩილეთ ისინი, რომ ყოფილიყვნენ თქვენს მსახურებად და თქვენს მხევლებად.’ ამიტომ ასე ამბობს უფალი: ‘არ მისმინეთ მე, რომ თავისუფლება გამოგეცხადებინათ თითოეულს თავისი ძმისათვის და თითოეულს თავისი მოყვასისათვის. აჰა, თავისუფლებას გიცხადებთ თქვენ,’ სიტყვა უფლისა, ‘მახვილის, შავი ჭირისა და შიმშილისათვის, და შიშისზარად გაგხდით თქვენ ქვეყნის ყველა სამეფოსათვის. და მოვექცევი ხალხს, ჩემი აღთქმის დამრღვევთ, რომელთაც არ შეასრულეს სიტყვები ჩემი აღთქმისა, რომელიც მათ დადეს ჩემს წინაშე, როგორც იმ ხბოს, ორად რომ გააპეს მათ და მის ნაწილებს შორის გაიარეს. იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, საჭურისებსა და მღვდლებს, ქვეყნის მთელ ერს, ვინც გაპობილი ხბოს ნაწილებს შორის გაიარა, მივცემ მათი მტრებისა და მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და მათი გვამები ცის ფრინველთა და მინდვრის ცხოველთა საჭმელი გახდება. და ციდკიაჰუს, იუდას მეფეს და მის მთავრებს მივცემ მათ მტერთა, მათი სულის მაძიებელთა და ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელთ, რომელმაც უკან დაიხია თქვენგან. აჰა, მე ვუბრძანებ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისაკენ, და იბრძოლებენ მის წინააღმდეგ, და დაიპყრობენ მას და ცეცხლში დასწვავენ. იუდას ქალაქებს კი უდაბნოდ ვაქცევ.’“ სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, დღეებში: „წადი რეხაბელთა სახლში და ელაპარაკე მათ და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ ოთახში, და ასვი მათ ღვინო.“ და წავიყვანე მე იააზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმა, და მისი ყველა ძე და რეხაბელთა მთელი სახლი. და მოვიყვანე ისინი უფლის სახლში ხანანის, იგდალიაჰუს ძის, ღვთის კაცის, ძეთა, ოთახში, რომელიც მთავართა ოთახთან იყო მაყასეიას, შალუმის ძის, კარიბჭის დარაჯის, ოთახის ზემოთ. და დავაწყვე რეხაბელთა სახლის ძეთა წინ ღვინით სავსე თასები და ჭიქები, და ვუთხარი მათ: „შესვით ღვინო!“ მათ თქვეს: „ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან იონადაბმა, რეხაბის ძემ, ჩვენმა მამამ, გვიბრძანა: ‘ღვინო არ სვათ არც თქვენ და არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდე! სახლები არ აშენოთ, თესლი არ თესოთ. და ვენახი არ დარგოთ; და არაფერი იქონიოთ, მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღეების განმავლობაში, რათა იცოცხლოთ დიდხანს მიწის პირზე, რომელზეც თქვენ მდგმურობთ. და გავუგონეთ იონადაბის, რეხაბის ძის, ჩვენი მამის ხმას, ყოველივეს, რაც მან გვიბრძანა, რომ არ ვსვათ ღვინო მთელი ჩვენი დღეების განმავლობაში არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ძეებმა და არც ჩვენმა ასულებმა, არ ვაშენოთ სახლები ჩვენს სამოსახლოდ, არც ვენახი, არც მინდორი და არც თესლი არ გვქონდეს ჩვენ; და ვცხოვრობდით ჩვენ კარვებში და გავუგონეთ და გავაკეთეთ ყოველივე ისე, როგორც გვიბრძანა ჩვენ იონადაბმა, ჩვენმა მამამ. მაგრამ როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამ ქვეყანას მოადგა, ჩვენ ვთქვით: „მოდით, წავიდეთ იერუსალიმში, ვინაიდან უნდა გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქართ,“ და აჰა, დავსახლდით იერუსალიმში. და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: „ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: ‘წადი და უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: არ მიიღებთ დარიგებას, არ გაუგონებთ ჩემს სიტყვებს?’ – სიტყვა უფლისა. შეასრულეს იონადაბის, რეხაბის ძის, სიტყვები, რომელმაც უბრძანა თავის ძეთ, არ სვათ ღვინო; და არ სვამენ ღვინოს, რადგან გაიგონეს თავიანთი მამის ბრძანება. მაგრამ მე კვლავ და კვლავ გეუბნებოდით და არ მომისმინეთ! გიგზავნიდით და გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველთ, ამ სიტყვებით: ‘დაბრუნდით თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, გამოასწორეთ თქვენი ნამოქმედარი, ნუ გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რათა ემსახუროთ მათ, და დასახლდებით ამ მიწაზე, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს, მაგრამ არ დამიგდეთ ყური და არ მომისმინეთ. ხომ შეასრულეს იონადაბ რეხაბის ძის ძეებმა თავიანთი მამის ბრძანება, რაც უბრძანა მათ, ამ ერმა კი არ მომისმინა მე!’ ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: ‘აჰა, მე მოვაწევ იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა იმ უბედურებას, რომელიც წარმოვთქვი მათზე, რადგან ვეუბნებოდი მათ და არ მისმინეს, ვეძახდი მათ და არ მიპასუხეს.’“ და რეხაბელთა სახლს კი უთხრა იერემიამ: „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘იმის გამო, რომ გაუგონეთ იონადაბის, თქვენი მამის, ბრძანებას და დაიცავით მისი ყველა ბრძანება და შეასრულეთ ყოველივე ისე, როგორც გიბრძანათ თქვენ,’ ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘არ დაელევა იონადაბ რეხაბის ძეს ჩემს წინაშე მჯდომი კაცი არასოდეს.’“ და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის მეფობის მეოთხე წელს: „აიღე გრაგნილის წიგნი და დაწერე მასზე ყველა ის სიტყვა, რომელიც მე გითხარი შენ ისრაელზე და იუდაზე, ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც დაგელაპარაკე, იოშიას დღეებიდან დღემდე. იქნებ ისმინოს იუდას სახლმა ყველა იმ უბედურებაზე, რომელიც მე განვიზრახე, რომ დავათიო მათ, რათა მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, და მე ვაპატიებ მათ ურჯულოებასა და მათ ცოდვას.“ და მოუხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუქმა გრაგნილის წიგნში იერემიას პირით ნათქვამი უფლის ყველა სიტყვა, რომელიც მან უთხრა. და უბრძანა იერემიამ ბარუქს ასე: „მე დაპატიმრებული ვარ, არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა, წადი და უფლის სახლში მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები გრაგნილიდან, რომელიც შენ დაწერე ჩემი კარნახით, და თავიანთი ქალაქებიდან მოსული ყოველი იუდაელის გასაგონადაც წაიკითხე ისინი. იქნებ მიაღწიოს უფლის წინაშე მათმა ვედრებამ და მოიქცნენ ისინი, თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და გულისწყრომა, უფალმა რომ წარმოთქვა ამ ხალხზე.“ და ბარუქმა, ნერიას ძემ, გააკეთა ყოველივე ისე, როგორც უბრძანა იერემია წინასწარმეტყველმა, წაეკითხა წიგნიდან უფლის სიტყვები უფლის სახლში. და იყო, იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის მეფობის მეხუთე წელს, მეცხრე თვეს, მარხვა გამოაცხადეს უფლის წინაშე იერუსალიმისა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში მოსულმა მთელმა ერმა. და ხმამაღლა წაიკითხა ბარუქმა წიგნიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარია შაფანის ძის, მწერლის ოთახში, ზემო ეზოში, უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში მთელი ხალხის გასაგონად. და მოისმინა წიგნიდან მიქაიამ, ძემ გემარიასი, ძისა შაფანისა, უფლის ყოველი სიტყვა, და ჩავიდა მეფის სახლში, მწერლის ოთახში, და ისხდნენ იქ: ელიშამა მწერალი და დელაია შემაიას ძე, ელნათან ახბორის ძე, და გემარია შაფანის ძე, ციდკიაჰუ ხანანიას ძე, და ყველა მთავარი. და გადასცა მიქაიამ მათ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როდესაც ბარუქი წიგნს კითხულობდა ხალხის გასაგონად. და გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი ძე ქუშისა, ძისა შელემიასი, ძისა ნეთანიასი, სათქმელად: „გრაგნილი, რომელიც შენ წაიკითხე ხალხის გასაგონად, აიღე ხელში და წამოდი!“ და აიღო ბარუქ ნერიას ძემ გრაგნილი ხელში და მივიდა მათთან. და უთხრეს მას: „დაჯექ და წაიკითხე ჩვენს გასაგონად.“ და წაიკითხა ბარუქმა მათ გასაგონად. და როდესაც მოისმინეს მათ ყველა ეს სიტყვა, შიშით გადახედეს ერთმანეთს და უთხრეს ბარუქს: „გადავცემთ მეფეს ყველა ამ სიტყვას.“ და ჰკითხეს ბარუქს: „გვაუწყე, როგორ დაწერე ყველა ეს სიტყვა?“ და უთხრა მათ ბარუქმა: „თავისი პირით წარმომითქვამდა ამ სიტყვას, მე კი მელნით ვწერდი წიგნში.“ და უთხრეს მთავრებმა ბარუქს: „წადი, დაიმალეთ შენ და იერემია და ნურავის ეცოდინება, სად იმყოფებით.“ და მივიდნენ მეფესთან ეზოში, გრაგნილი კი შესანახად დატოვეს ელიშამა მწერლის ოთახში, და თქვეს მეფის გასაგონად ყველა ეს სიტყვა. და გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის წამოსაღებად და წამოიღო მან ელიშამა მწერლის ოთახიდან; და წაიკითხა იეჰუდიმ მეფის გასაგონად და მეფესთან მდგომი ყველა მთავრის გასაგონად. და იჯდა მეფე საზამთრო სახლში მეცხრე თვეს, და ცეცხლი ენთო მის წინ. და როდესაც იეჰუდი წაიკითხავდა სამ ან ოთხ სვეტს, მეფე ჭრიდა მას გრაგნილიდან მწერლის საჭრელი დანით და აგდებდა ცეცხლში, რომელიც ბუხარში იყო, სანამ მთელი გრაგნილი არ დაიწვა ბუხრის ცეცხლში. და არ შეშინდნენ და არ შემოიგლიჯეს თავიანთი ტანსაცმელი არც მეფემ და არც ერთმა მისმა მსახურმა, რომლებიც ისმენდნენ ყველა ამ სიტყვას. და ელნათანიც, დელიაც და გემარიაც ემუდარებოდნენ მეფეს, რომ არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ უსმინა მათ. და უბრძანა მეფემ იერახმეელს, მეფის ძეს, სერაია ყაზრიელის ძეს, და შელემია ყაბდიელის ძეს – დაეჭირათ მწერალი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია, მაგრამ უფალმა დამალა ისინი. და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დაწვა მეფემ გრაგნილი და ის სიტყვები, რომელიც ბარუქმა დაწერა იერემიას კარნახით: „ისევ აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყველა წინანდელი სიტყვა, რომელიც პირველ გრაგნილში იყო, და რომელიც იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ, დაწვა. და თქვი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე თქვა უფალმა: ‘შენ დაწვი ეს გრაგნილი და თქვი: რატომ დაწერე მასზე ასე: მოვა ბაბილონის მეფე და ააოხრებს ამ ქვეყანას და მოსპობს მისგან ადამიანსა და საქონელს?’ ამიტომ თქვა უფალმა იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: ‘არ ეყოლება მას დავითის ტახტზე მჯდომი, მისი გვამი კი ეგდება დღისით პაპანაქებაში და ღამით ყინვაში. მე კი დავსჯი მას და მის თესლს და მის მსახურთ მათი ურჯულოების გამო, და მოვაწევ მათზე, იერუსალიმისა და იუდას მცხოვრებლებზე ყველა იმ ბოროტებას, რაზეც ველაპარაკებოდი მათ და არ ისმინეს.’“ და აიღო იერემიამ სხვა გრაგნილი და მისცა ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მან დაწერა მასზე იერემიას პირით ნათქვამი ყველა სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ დაწვა ცეცხლში. და დაემატა მათ მრავალი მათი მსგავსი სიტყვა. და გამეფდა მეფე ციდკიაჰუ, იოშიაჰუს ძე, იეჰოიაკიმის ძის იექონიაჰუს ნაცვლად, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა იუდას ქვეყანაში. და არ ისმინეს მან და მისმა მსახურებმა და ქვეყნის ერმა უფლის სიტყვები, რომელიც იერემია წინასწარმეტყველის ხელით წარმოთქვა. და გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ იეჰუქალ შელემიას ძე და ცეფანია მაყასეია მღვდლის ძე იერემია წინასწარმეტყველთან, რომ ეთქვათ: „შეევედრე ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს.“ იერემია კი დადიოდა ხალხში და ჯერ არ იყო დაპატიმრებული. გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან; და ქალდეველებმა, იერუსალიმს რომ ადგნენ გარს, შეიტყვეს ეს ამბავი და უკუიქცნენ იერუსალიმისაგან. და იყო სიტყვა უფლისა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: უთხარით იუდას მეფეს, რომელიც თქვენ გგზავნით ჩემთან ჩემს შესაკითხავად: „ფარაონის ლაშქარი, რომელიც თქვენს დასახმარებლად გამოვიდა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში დაბრუნდება. და მობრუნდებიან ქალდეველნი და შეებრძოლებიან ამ ქალაქს და დაიპყრობენ მას და ცეცხლში დაწვავენ.’ ასე თქვა უფალმა: ‘ნუ მოიტყუებთ თქვენს თავს: წავლენ ჩვენგან ქალდეველნიო, რადგან არ წავლენ. რადგან, კიდევაც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა ლაშქარი, რომელიც თქვენ გებრძვით, და დარჩნენ მათგან კაცნი, მახვილით დაკოდილნი, ისინი აღდგებიან თითოეული თავისი კარვიდან და დაწვავენ ამ ქალაქს ცეცხლში.’“ და როდესაც ქალდეველთა ლაშქარი უკუიქცა იერუსალიმისაგან ფარაონის ლაშქრის გამო, გამოვიდა იერემია იერუსალიმიდან ბენიამინის ქვეყანაში წასასვლელად, რათა გასცლოდა იქიდან ხალხს. ბენიამინის კარიბჭეში იყო, რომ იქ ზედამხედველთა უფროსმა, სახელად ირიამ, ხანანიას ძის, შელემიას ძემ დაიჭირა იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: „ქალდეველებს უვარდები ტყვედ.“ და უპასუხა იერემიამ: „ტყუილია, მე არ ჩაუვარდები ქალდეველებს ტყვედ.“ მაგრამ არ უსმინა მას და დაიჭირა ირიამ იერემია და მიიყვანა მთავრებთან. და განრისხდნენ მთავრები იერემიაზე და სცემეს და ჩასვეს ის საპატიმროში, იონათან მწერლის სახლში, რადგან საპყრობილედ დაადგინეს იგი. და შევიდა იერემია დილეგში და თაღებში, და იჯდა იქ იერემია მრავალი დღე, გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ და წაიყვანეს იგი; და თავის სახლში მეფე ფარულად შეეკითხა მას: „არის რამე სიტყვა უფლისაგან?“ და უპასუხა იერემიამ: „არის!“ და უთხრა: „ბაბილონის მეფეს გადაეცემი ხელთ. უთხრა იერემიამ მეფე ციდკიაჰუს: „რა შევცოდე მე შენს წინაშე და შენს მსახურთა წინაშე და ამ ერის წინაშე, რომ საპყრობილეში ჩამსვით? სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომლებიც ასე გიწინასწარმეტყველებდნენ: ‘არ წამოვა ბაბილონის მეფე თქვენს წინააღმდეგ და ამ ქვეყნის წინააღმდეგ?’ ახლა კი, მისმინე, ბატონო მეფევ! და შეწყნარებულ იქნეს ჩემი ვედრება შენს წინაშე და ნუ დამაბრუნებ იონათან მწერლის სახლში, რათა არ მოვკვდე იქ.“ და ბრძანა მეფე ციდკიაჰუმ და გადასცეს იერემია ზედამხედველებს საყარაულო ეზოში და აძლევდნენ მას პურის კოკორს დღეში მცხობელთა ქუჩიდან ვიდრე ქალაქში პური არ გამოილია. და იჯდა იერემია საყარაულო ეზოში. და მოისმინეს შეფატი ამათანის ძემ, გედალი ფაშხურის ძემ, იუქალ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას ძემ ის სიტყვები, რომელთაც იერემია ეუბნებოდა მთელ ერს: „ასე თქვა უფალმა: ‘ამ ქალაქში მჯდომი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება, და ვინც ქალდეველებთან გავა, ცოცხალი დარჩება, და თავისი სული ექნება მას ნადავლად და იცოცხლებს იგი. ასე თქვა უფალმა: აუცილებლად გადაეცემა ეს ქალაქი ბაბილონის მეფის ლაშქარს ხელთ და იგი დაიპყრობს მას.“ და უთხრეს მთავრებმა მეფეს: „დაე, მოკლულ იქნეს ეს კაცი, რადგან ამით ის ძალას ართმევს ამ ქალაქში დარჩენილ მებრძოლ კაცთა ხელებს და მთელი ერის ხელებს, რომ ეუბნება მათ მსგავს სიტყვებს, რადგან ეს კაცი მშვიდობას კი არ მოითხოვს ამ ერისათვის, არამედ უბედურებას.“ და თქვა მეფე ციდკიაჰუმ: „აჰა, თქვენს ხელთაა იგი, რადგან მეფეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია თქვენს საწინააღმდეგოდ.“ და წაიყვანეს იერემია და ჩააგდეს მალქია უფლისწულის დილეგში, რომელიც საყარაულო ეზოში იყო, და ჩაუშვეს იერემია საბელებით, დილეგში კი წყალი არ იყო, არამედ ტალახი. და ჩაიძირა იერემია ტალახში. შეიტყო ეთიოპიელმა საჭურისმა ყებედ-მელექმა, რომელიც მეფის სასახლეში იმყოფებოდა, რომ დილეგში ჩასვეს იერემია; მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა. და გავიდა ყებედ-მელექი მეფის სახლიდან და უთხრა მეფეს ასე: „ჩემო ბატონო მეფევ, ამ კაცებმა ბოროტება ჩაიდინეს ყოველივე იმით, რაც გაუკეთეს იერემია წინასწარმეტყველს, რომელიც დილეგში ჩააგდეს. შიმშილით მოკვდება, რადგან აღარაა პური ქალაქში. და უბრძანა მეფემ ეთიოპიელ ყებედ-მელექს: „წაიყოლე ოცდაათი კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი დილეგიდან, სანამ არ მომკვდარა.“ და წაიყვანა ყებედ-მელექმა თავისთან ეს კაცები და მივიდა მეფის სახლში, საგანძურის ქვეშ, და აიღო იქიდან ძველი ძონძები და ჩვრები და ჩაუშვა ისინი იერემიასთან დილეგში საბელებით. და უთხრა ქუშელმა ყებედ-მელექმა იერემიას: „ამოიდე ძველი ძონძები და ჩვრები იღლიებში, საბელებს ქვეშ.“ და ასე გააკეთა იერემიამ. და ამოსწიეს იერემია საბელებით და ამოიყვანეს დილეგიდან და დაჯდა იერემია საყარაულო ეზოში. და გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ და მოუყვანეს იერემია წინასწარმეტყველი მას მესამე შესასვლელთან, რომელიც უფლის სახლშია, და უთხრა მეფემ იერემიას: „ერთ რამეს გკითხავ და ნურაფერს დამიმალავ!“ და უთხრა იერემიამ ციდკიაჰუს: „რომ გითხრა, ხომ მომკლავ? და კიდევაც რომ გირჩიო, მაინც არ მომისმენ“. და ფარულად შეჰფიცა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას ასე: „როგორც ცოცხალია უფალი, რომელმაც შეგვიქმნა ჩვენ ეს სული, რომ მე არ მოგკლავ და არ გადაგცემ იმ კაცთა ხელთ, რომელნიც შენს სულს ეძიებენ!“ და უთხრა იერემიამ ციდკიაჰუს: „ასე თქვა უფალმა, ღმერთმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘თუ გახვალ ბაბილონის მეფის მთავრებთან, მაშინ იცოცხლებს შენი სული და ეს ქალაქი არ დაიწვება ცეცხლში და იცოცხლებთ შენ და შენი სახლი. მაგრამ თუ არ გახვალ ბაბილონის მეფის მთავრებთან, მაშინ ეს ქალაქი ქალდეველთა ხელთ გადაეცემა და დაწვავენ მას ცეცხლში, და შენ თავს ვერ დააღწევ მათი ხელიდან.“ და უთხრა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას: „მეშინია იუდაელებისა, რომლებიც ქალდეველთ ჩაუვარდნენ, რომ არ გადამცენ მე მათ ხელში და არ შეურაცხმყონ მე.“ და თქვა იერემიამ: „არ გადაგცემენ! უსმინე უფლის ხმას, როგორც მე გეუბნები, და უკეთესი იქნება შენთვის და იცოცხლებს შენი სული. ხოლო თუ არ ისურვებ გასვლას, ეს არის სიტყვა, რომელიც მესმა უფლისაგან: ‘აჰა, ქალი, რომელიც იუდას მეფის სახლში დარჩა, გაყვანილი იქნა ბაბილონის მეფის მთავრებთან და იტყვიან ისინი: „მოგატყუეს შენ და გძლიეს შენმა მეგობრებმა, ხოლო როდესაც ტალახში ჩაგეფლო ფეხები, უკუიქცნენ ისინი.’“ და შენს ყველა ცოლს და შენს ძეთ ქალდეველებთან გაიყვანენ, და შენც თავს ვერ დააღწევ მათი ხელიდან, რადგან ბაბილონის მეფის ხელით იქნები დაჭერილი და ეს ქალაქი ცეცხლში დაიწვება.“ და უთხრა ციდკიაჰუმ იერემიას: „ნურავინ ნუ გაიგებს ამას და არ მოკვდები. მაგრამ მთავრებმა რომ გაიგონ, რომ მე გელაპარაკებოდი, რომ მოვიდნენ და გითხრან: ‘რა უთხარი მეფეს და რა გითხრა შენ მეფემ, ნუ დაგვიმალავ და არ მოგკლავთო,’ მაშინ უთხარი მათ: ‘მე ვევედრებოდი მეფეს, რომ არ დავებრუნებინე იონათანის სახლში, რათა იქ არ მოვმკვდარიყავი.’“ და მოვიდა ყველა მთავარი იერემიასთან და შეეკითხნენ მას, და მან აუწყა მათ ყოველივე, რაც მეფემ უბრძანა მას და მათ შეწყვიტეს მასთან ლაპარაკი, რადგან ვერაფერი ვერ შეიტყვეს. და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში იმ დღემდე, როდესაც დაპყრობილ იქნა იერუსალიმი. და იყო იქ, როდესაც დაპყრობილ იქნა იერუსალიმი. ციდკიაჰუს, იუდას მეფის მეფობის მეცხრე წლის მეათე თვეს მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი იერუსალიმთან და ალყა შემოარტყა მას. ციდკიაჰუს მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს, განგრეული იქნა ქალაქის კედელი. და მოვიდა ბაბილონის მეფის ყველა მთავარი და დასხდნენ საშუალო კარიბჭეში: ნერგალ-სარეცერი, სამგარ ნებუ-სარსექიმი, საჭურისთა უფროსი, ნერგალ-სარეცერი, გრძნეულთა უფროსი და ბაბილონის მეფის ყველა დანარჩენი მთავარი. და როდესაც ციდკიაჰუმ, იუდას მეფემ, და ყველა მებრძოლმა დაინახეს ისინი, გაიქცნენ და ღამით გავიდნენ ქალაქიდან ორ გალავანს შორის მდებარე კარიბჭის გზით, რომელიც მეფის ბაღთანაა. და გავიდა იგი ყარაბას გზით. და უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და დაეწიენ ციდკიაჰუს იერიხოს ტრამალზე, და აიყვანეს იგი და მიიყვანეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და გამოუტანეს განაჩენი. დახოცა ბაბილონის მეფემ რიბლაში ციდკიაჰუს ძენი მის თვალწინ; და ასევე იუდას ყველა წარჩინებული მოაკვლევინა ბაბილონის მეფემ. ციდკიაჰუს კი დასთხარა თვალები და გაუყარა ბორკილები, რომ წაეყვანათ იგი ბაბილონში. მეფის სახლი და ხალხის სახლები ცეცხლში დაწვეს ქალდეველებმა, იერუსალიმის კედლები კი დაანგრიეს. დანარჩენი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და ისინი, ვინც მის მხარეზე გადავიდნენ, და დანარჩენი ხალხი, ვინც დარჩა, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა. ღარიბი ხალხი, რომელთაც არაფერი გააჩნდათ, დატოვა ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, იუდას ქვეყანაში და მისცა მათ იმ დღეს ვენახები და ყანები. იერემიაზე კი ასე უბრძანა ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა ნებუზარადანს, მცველთა უფროსს: „აიყვანე იგი და თვალყური ადევნე მას და ცუდს ნურაფერს დაუშავებ, არამედ, როგორც გეტყვის, ისე მოექეცი მას. და გაგზავნა ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, და ნებუშაზბანმა, საჭურისთა უფროსმა და ნერგალ-სარეცერმა, მოგვთა უფროსმა და ბაბილონის მეფის ყველა მთავარმა.“ და გაგზავნეს და წამოიყვანეს იერემია საყარაულო ეზოდან და გადასცეს გედელიას, ძეს ახიკამისა, ძისა შაფანისა, რომ წაეყვანა იგი სახლში; და დარჩა იგი ხალხში. და სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან საყარაულო ეზოში მისი პატიმრობისას: „წადი და ასე უთხარი ქუშელ ყებედ-მელექს: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მოვაწევ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს საუბედუროდ და არა სასიკეთოდ, და ახდება შენს წინაშე იმ დღეს. და გადაგარჩენ შენ იმ დღეს!’ – სიტყვა უფლისა, – ‘და არ გადაეცემი იმ კაცთა ხელთ, რომლებისაც გეშინია. რადგან თავს დაგაღწევინებ შენ და მახვილით არ დაეცემი, და ნადავლად გექნება შენი სული, რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული!’“ – სიტყვა უფლისა. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან მას შემდეგ, რაც ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, გაათავისუფლა იგი რამადან და წაიყვანა ბორკილებგაყრილი ბაბილონში დასახლებულ ყველა იერუსალიმელ და იუდაელ გადასახლებულთა შორის. და გამოიყვანა მცველთა უფროსმა იერემია და უთხრა მას: „უფალმა, შენმა ღმერთმა წარმოთქვა ის უბედურება ამ ადგილზე. და მოაწია და შეასრულა უფალმა, რაც თქვა, რადგან შესცოდეთ თქვენ უფლის წინაშე და არ შეისმინეთ მისი ხმა, და გეწიათ თქვენ ეს. და ახლა, აჰა, დღეს გათავისუფლებ ბორკილებიდან, რომლებიც შენს ხელზეა; თუ მოინდომებ ჩემთან ბაბილონში წამოსვლას, წამოდი, და მე ვიზრუნებ შენზე. და თუ არ გსურს ჩემთან ბაბილონში წამოსვლა, ნუ იქმ. ნახე, მთელი ქვეყანა შენს წინაშეა, სადაც უმჯობესად და სწორად მიგაჩნია შენი წასვლა, იქ წადი.“ მანამდე კი, სანამ ის გაბრუნდებოდა, ნებუზარადანმა უთხრა: „ან დაბრუნდი გედალიაჰუსთან, შაფანის ძის ახიკამის ძესთან, რომელიც ბაბილონის მეფემ უფროსად დააყენა იუდას ქალაქებზე, და დარჩი მასთან ხალხში, ან სადაც სწორად მიგაჩნია შენი წასვლა, იქ წადი.“ და მისცა მას მცველთა უფროსმა საგზალი და საჩუქარი და გაისტუმრა. მოვიდა იერემია გედალიაჰუსთან, ახიკამის ძესთან, მიცფაში და დასახლდა მასთან ერთად ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის. და გაიგონა ყველა მხედართმთავრმა, რომლებიც ველზე იყვნენ, მათ და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ, ახიკამის ძე, დანიშნა განმგებლად ქვეყანაში და რომ მას ჩააბარა კაცები და ქალები და ბავშვები და ქვეყნის ღარიბები, რომელნიც არ იყვნენ ბაბილონში გადასახლებულნი. და მივიდნენ ისინი გედალიაჰუსთან მიცფაში: ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანანი და იონათანი, კარეახის ძენი, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათელი ეფაის ძენი და იეზანია მააქათელის ძე, ისინი და მათი კაცები. და შეჰფიცა გედალიაჰუმ, ახიკამ შაფანის ძის ძემ, მათ და მათ კაცებს ასე: „ნუ შეგაშინებთ ქალდეველთა სამსახური, დასახლდით ქვეყანაში და ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და კარგი იქნება თქვენთვის. მეც დავსახლდები მიცფაში, რომ წარვდგე ქალდეველთა წინაშე, რომლებიც ჩვენთან მოვლენ, თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო და ზაფხულის ნაყოფი და ზეთი, და ჩადეთ თქვენს ჭურჭელში და დასახლდით თქვენს ქალაქებში, რომლებიც თქვენ დაიკავეთ.“ და ასევე ყველა იუდაელმა, რომლებიც მოაბში, ყამონიანებში და ედომში და ყველა ქვეყანაში იყვნენ, გაიგონეს, რომ ბაბილონის მეფემ დატოვა იუდაელთა გადარჩენილი ნაწილი და რომ შაფანის ძის ახიკამის ძე გედალიაჰუ, დანიშნა მათზე. და დაბრუნდა ყველა იუდაელი ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც იყვნენ გაძევებულნი, და მოვიდნენ იუდას ქვეყანაში გედალიაჰუსთან, მიცფაში, და შეაგროვეს ძალზე ბევრი ღვინო და ზაფხულის ნაყოფი. და იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც ველზე იყვნენ, მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში. და უთხრეს მას: „იცი შენ, რომ ბაყალისმა, ყამონიანთა მეფემ, გამოაგზავნა შენს მოსაკლავად ისმაელ ნეთანიას ძე?“ მაგრამ არ ირწმუნა მათი გედალიაჰუმ, ახიკამის ძემ. და იოხანან კარეახის ძემ, ფარულად ასე უთხრა გედალიაჰუს მიცფაში: „გამიშვი და მოვკლავ ისმაელს, ნეთანიას ძეს, და კაციშვილი ვერ გაიგებს; რისთვის უნდა მოგისწრაფოს სიცოცხლე და დაიფანტოს შენთან შეკრებილი ყველა იუდაელი, და დაიღუპოს იუდას ნატამალი?“ და უთხრა გედალიაჰუმ, ახიკამის ძემ, იოხანანს, კარეახის ძეს: „ნუ იქმ ამ საქმეს, რადგან ტყუილს ამბობ ისმაელზე.“ და იყო მეშვიდე თვეს: ისმაელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, სამეფო თესლიდან, და მეფის დიდებულნი და ათი კაცი მასთან ერთად, მოვიდნენ მიცფას გედალიაჰუ, ახიკამის ძესთან, და ერთად ჭამეს იქ პური მიცფაში. და ადგა ისმაელ ნეთანიას ძე – ის და ათი კაცი, რომელიც მასთან იყო, და დასცეს გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, მახვილით; და მოკლა მან იგი, ვინც ბაბილონის მეფემ დანიშნა ქვეყანაში განმგებლად. და ასევე დახოცა ისმაელმა ყველა იუდაელი, რომლებიც მასთან, გედალიაჰუსთან, იყო მიცფაში, და ქალდეველნი, რომელნიც იქ იმყოფებოდნენ, მებრძოლი კაცები. მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც გედალიაჰუ მოკლეს, და არავინ იცოდა ამის შესახებ, მოვიდნენ კაცები შექემიდან, შილოდან და სამარიიდან, ოთხმოცი წვერგაპარსული და ტანსაცმელშემოგლეჯილი და დაკაწრული კაცი, ხელში კი ძღვენი და გუნდრუკი ჰქონდათ უფლის სახლში მისატანად. და გამოვიდა ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან მათ შესაგებებლად, მოდიოდა და ტიროდა; და როდესაც შეხვდა მათ, უთხრა: „მიდით გედალიაჰუ ახიკამის ძესთან.“ და ქალაქის შიგნით მათი შესვლისას ისმაელმა, ნეთანიას ძემ, დახოცა ისინი, და ჩაყარეს ორმოში მან და კაცებმა, რომლებიც მასთან იყვნენ. მაგრამ ათი კაცი იმყოფებოდა მათ შორის, რომლებმაც უთხრეს ისმაელს: „ნუ მოგვკლავ, რადგან ჩვენ საიდუმლო საუნჯენი გვაქვს მინდორში – ხორბლისა და ქერისა, ზეთისა და თაფლისა;“ და გაანება მან თავი და არ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად. ორმო კი, რომელშიც ისმაელმა ჩაყარა ყველა იმ კაცთა გვამები, რომლებიც დახოცა გედალიაჰუს გამო, სწორედ ის იყო, მეფე ასამ რომ გააკეთა ისრაელის მეფის ბაშას გამო. ის ორმო გაავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით. და დაატყვევა ისმაელმა ერის ყველა ნარჩენი, რომელიც მიცფაში იყო, მეფის ასულნი და მიცფაში დარჩენილი ხალხი, რომელებიც ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, ჩააბარა გედალიაჰუ ახიკამის ძეს და ტყვედ წაიყვანა ისინი ისმაელ ნეთანიას ძემ, და წავიდა, რომ ყამონიანებთან გადასულიყო. და გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა, რომლებიც მასთან იყვნენ, ყველა ის ბოროტება, რაც ისმაელ ნეთანიას ძემ ჩაიდინა, და გაიყვანეს ყველა კაცი და წავიდნენ ისმაელ ნეთანიას ძესთან საბრძოლველად და იპოვეს იგი დიდ წყლებთან, რომლებიც გაბეონშია, და გაიხარა მთელმა ხალხმა, რომელიც ისმაელთან იყო, როდესაც დაინახა იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ. და მთელი ხალხი, რომელიც ისმაელმა დაატყვევა მიცფადან, მოტრიალდა და დაბრუნდა და წავიდა იოხანანთან, კარეახის ძესთან. მაგრამ ისმაელ ნეთანიას ძემ რვა კაცით დააღწია თავი იოხანანისაგან და წავიდა ყამონიანებთან. მაშინ იოხანან კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა, რომლებიც მასთან იყვნენ, აიყვანეს მთელი ნარჩენი ხალხი მიცფადან, რომელიც ისმაელისაგან, ნეთანიას ძისაგან დააბრუნა მან მას შემდეგ, რაც მან მოკლა გედალიაჰუ ახიკამის ძე: მებრძოლი მამაკაცები და ქალები და ბავშვები და საჭურისნი, რომლებიც მან დააბრუნა გაბეონიდან. და წავიდნენ ისინი და დასახლდნენ გერუთ-გიმჰამში, რომელიც ბეთლემთან იყო, რათა წასულიყვნენ ეგვიპტეში ქალდეველთა გამო, რადგანაც ეშინოდათ მათი, ვინაიდან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალიაჰუ ახიკამის ძე, რომელიც ბაბილონის მეფემ დანიშნა ქვეყანაში. ამის შემდეგ მივიდა ყველა მხედართმთავარი და იოხანან კარიახის ძე და იეზანია ჰოშაყიას ძე, და მათთან ერთად მთელი ერი დიდიან პატარიანად და უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: „შეისმინე ჩვენი შენდამი მუდარა და შეევედრე ჩვენზე უფალს, შენს ღმერთს, მთელ ამ დარჩენილ ხალხზე, რადგან როგორც გვხედავს შენი თვალი, ცოტანი დავრჩით ბევრიდან, და გვაჩვენოს, შენმა ღმერთმა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ და საქმე, რომელიც უნდა გავაკეთოთ.“ და უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: „მოვისმინე და შევევედრები უფალს, თქვენს ღმერთს, თქვენი სიტყვისამებრ, და ყველაფერს, რასაც უფალი მიპასუხებს თქვენზე, გეტყვით თქვენ, არ დაგიმალავთ არაფერს.“ და მათ უთხრეს იერემიას: „უფალი იყოს ჩვენს ჭეშმარიტ და მტკიცე მოწმედ, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყოველივე იმას, რითაც უფალი, შენი ღმერთი, მოგავლენს ჩვენთან. კარგი იქნება თუ ცუდი, მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რომელთანაც ჩვენ გგზავნით შენ, რათა სასიკეთო იყოს ჩვენთვის, როდესაც მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას.“ ათი დღის ბოლოს იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ. და მოიხმო იოხანან კარიახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ, და მთელი ერი დიდიან პატარიანად. და უთხრა მათ: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, რომელთანაც გამგზავნეთ მე, რომ წარმედგინა მის წინაშე თქვენი მუდარა: ‘თუ დასახლდებით ამ ქვეყანაში, მაშინ მე აგაშენებთ თქვენ და არ დაგანგრევთ, დაგრგავთ და არ აღმოგფხვრით, რადგან ვნანობ მე იმ ბოროტების გამო, რომელიც მოვაწიე თქვენზე. ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან მე თქვენთანა ვარ, რომ გიხსნათ და გადაგარჩინოთ მისი ხელიდან. მე მოგცემთ წყალობას და ის შეგიწყალებთ თქვენ და დაგაბრუნებთ თქვენს მიწაზე. მაგრამ თუ იტყვით: „არ დავსახლდებით ამ ქვეყანაში“, რათა არ მოუსმინოთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას, იტყვით: „წავალთ ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც არ ვიხილავთ ომს და არ მოვისმენთ საყვირის ხმას, და პური არ მოგვშივდება და იქ დავსახლდებით,’“ – მაშ ისმინეთ უფლის სიტყვა იუდას ნატამალო, ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘თუ თქვენს პირს მიაქცევთ ეგვიპტეში წასავლელად და მიხვალთ იქ საცხოვრებლად, მაშინ მახვილი, რომლისაც გეშინიათ, მოგეწევათ თქვენ ეგვიპტის ქვეყანაში და შიმშილი, რომელიც თქვენ გაწუხებთ, დაგედევნებათ და იქ დაიხოცებით. და ყველა კაცი, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით მოკვდება, და არ ეყოლებათ მათ გადარჩენილი და თავდაღწეული იმ უბედურებისაგან, რომელსაც მე მოვაწევ მათზე.’ რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘როგორც ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა გადმოიღვარა იერუსალიმის მკვიდრებზე, ისე გადმოიღვრება ჩემი გულისწყრომა თქვენზე ეგვიპტეში თქვენი მისვლისას. და იქნებით თქვენ საწყევლად და საშინელებად, და საგინებლად და შესარცხვენად და ვეღარ იხილავთ მეტად ამ ადგილს. თქვენზე თქვა უფალმა, იუდას ნატამალო: ‘არ წახვიდეთ ეგვიპტეში,’ იცოდეთ, რომ გაგაფრთხილეთ თქვენ დღეს. რადგან თქვენ თვითონ აცთუნეთ თქვენი სული, რომ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან თხოვნით: ‘შეევედრე ჩვენზე უფალს, ჩვენს ღმერთს და ყოველივეს, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი იტყვის, გავაკეთებთ ჩვენ.’ და მე გითხარით დღეს თქვენ და არ მოუსმინეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას და ყოველივეს, რითაც მან გამომგზავნა თქვენთან. ახლა იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც თქვენ საცხოვრებლად გსურდათ წასვლა.“ და იყო, როდესაც იერემიამ დაასრულა ხალხისათვის მათი ღმერთის სიტყვების გადაცემა, ყველა იმ სიტყვისა, რომლითაც უფალმა, მათმა ღმერთმა, მიავლინა მათთან, მაშინ ყაზარია ჰოშაყიას ძემ და იოხანან კარიახის ძემ, და აგრეთვე ყველა ბოროტგანმზრახველმა კაცმა უთხრეს იერემიას: „ტყუილს ამბობ; უფალს, ჩვენს ღმერთს, არ მოუვლინებიხარ ამის სათქმელად: ‘არ წახვიდეთ ეგვიპტეში იქ საცხოვრებლადო!’ ბარუქ ნერიას ძეა რომ გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რათა გადაგვცეს ჩვენ ქალდეველთა ხელთ და დაგვხოცონ მათ ან გადაგვასახლონ ბაბილონში.“ არ ისმინეს იოხანან კარიახის ძემ და ყველა მთავარმა და მთელმა ერმა უფლის ხმა, დარჩენილიყვნენ იუდას ქვეყანაში. და წაიყვანა იოხანან კარიახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა იუდაელთა მთელი ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა ყველა ხალხიდან, რომლებთანაც გაძევებულნი იყვნენ ისინი, მამაკაცები, ქალები და ბავშვები, და მეფის ასულნი და ყველა სული, რომლებიც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, დატოვა გედალიაჰუსთან, შაფანის ძის, ახიკამის ძესთან, და მათთან ერთად იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქ ნერიას ძე. და წავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან არ ისმინეს უფლის ხმა, და მივიდნენ თახფანხესამდე. და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ თახფანხესში ასე: „აიღე ხელში დიდი ქვები და დამალე ისინი ალიზში იმ ადგილას, სადაც აგურს აკეთებენ, რომელიც ფარაონის სახლის შესასვლელშია, თახფანხესში, იუდაელ კაცთა თვალწინ, და უთხარი მათ: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მე მოვავლენ და მოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და დავდებ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე, და გადაჭიმავს თავის სამეფო კარავს მათზე. და მოვა ის და ააოხრებს ეგვიპტის ქვეყანას, ვინც სასიკვდილოა, მოკვდება, ვინც დასატყვევებელია, დატყვევდება, და ვინც მახვილისათვის არის, მახვილისთვის იქნება. და ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთთა სახლებს და ის დაწვავს მათ ან დაატყვევებს მათ კერპებს, და შეიფუთნება ეგვიპტის ქვეყნის ნადავლით, როგორც მწყემსი იფუთნება თავისი სამოსლით, და გამოვა იქიდან მშვიდობით, და დალეწავს მზის ტაძრის ძეგლებს, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაშია, და ეგვიპტის ღმერთების სახლებს ცეცხლში დაწვავს.“ სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ ეგვიპტის ქვეყანაში – მიგდოლსა და თახფანხესში, ნოფსა და ფათროსის ქვეყანაში დასახლებულ ყველა იეუდაელზე. „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘თქვენ იხილეთ ყველა ის უბედურება, რომელიც მე მოვაწიე იერუსალიმსა და იუდას ყველა ქალაქზე, და აოხრებულია დღეს ისინი და არავინ ცხოვრობს მათში, მათი იმ ბოროტების გამო, რომელიც ჩაიდინეს ჩემს გასაჯავრებლად, რომ დადიოდნენ საკმევლად, სამსახურად უცხო ღმერთებისა, რომლებსაც არ იცნობდნენ არც ისინი, არც თქვენ და არც თქვენი მამები. და მე კვლავ და კვლავ გიგზავნიდით ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ, რომ ეთქვათ: ‘ნუ გააკეთებთ ამ საზიზღრობას, რომელიც მე მძულს!’ მაგრამ მათ არ ისმინეს და არ დამიგდეს ყური, რომ მოქცეულიყვნენ თავიანთი ბოროტებიდან და არ ეკმიათ უცხო ღმერთებისათვის. და დაიღვარა ჩემი გულისწყრომა და ჩემი რისხვა გაღვივდა იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, და ნაოხარად და უდაბნოდ იქცნენ ისინი ამ დღეს. და ახლა ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘რატომ უკეთებთ დიდ ბოროტებას თქვენს სულებს, რომ მოისპოთ თქვენ – კაცი და ქალი, ბალღი და ძუძუმწოვარი იუდაელთა შორის, რათა აღარ დაიტოვოთ ნატამალი? რატომ მაგულისებთ თქვენი ხელების ნაკეთობით, რათა უკმიოთ უცხო ღმერთებს ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ საცხოვრებლად, რათა მოისპოთ თქვენ და საწყევლად და შესარცხვენად იქცეთ ქვეყნის ყველა ხალხში? განა დაგავიწყდათ თქვენი მამების ბოროტმოქმედებანი, იუდას მეფეთა ბოროტმოქმედებანი, მათი ცოლების ბოროტმოქმედებანი, თქვენი ბოროტმოქმედებანი და თქვენი ცოლების ბოროტმოქმედებანი, რომელნიც ჩაიდინეთ იუდას ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში? არ დამორჩილდნენ ისინი დღევანდლამდე და არ შეშინდნენ, და არ იარეს ჩემს რჯულზე და ჩემს კანონებზე, რომლებიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს. ამიტომ ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: ‘მე მოვაქცევ ჩემს პირს თქვენს წინააღმდეგ საუბედუროდ და მთელი იუდას მოსასპობად, და ავიყვან იუდაელთა ნატამალს, რომელთაც მიაქციეს პირი, რომ ეგვიპტის ქვეყანაში წასულიყვნენ საცხოვრებლად, და განადგურდებიან ყველანი, ეგვიპტის ქვეყანაში დაეცემიან მახვილით, შიმშილით განადგურდებიან ყველანი პატარიდან დიდამდე, მახვილითა და შიმშილით დაიხოცებიან და საწყევლად და საშინელებად, საგინებლად და შესარცხვენად გახდებიან. და დავსჯი ეგვიპტის ქვეყანაში დასახლებულთ, როგორც იერუსალიმი დავსაჯე: მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით. თავდაღწეული და გადარჩენილი არ ეყოლება იუდაელთა ნატამალს, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად, რომ შემდეგ დაბრუნდნენ იუდას ქვეყანაში, სადაც სულით ესწრაფვიან დაბრუნებას, რომ დასახლდნენ იქ. მაგრამ ვერ დაბრუნდებიან ისინი, გარდა იქიდან თავდაღწეულთა.’“ და კაცებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ უცხო ღმერთებს უკმევდნენ მათი ცოლები, და შეჯგუფული ქალების დიდმა ბრბომ და ეგვიპტის ქვეყანაში, ფათროსში დასახლებულმა მთელმა ხალხმა ასე უპასუხა იერემიას: „სიტყვას, რომელიც შენ გვითხარი უფლის სახელით, არ მოვისმენთ შენგან, რადგან გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენი პირიდან გამოვიდა, რომ ვუკმიოთ ცის დედოფალს და ვუღვაროთ მას საღვრელი, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამები, ჩვენი მეფენი და ჩვენი მთავარნი იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში; და პურით ვძღებოდით და კარგად ვიყავით, და უბედურება არ გვინახავს. მას შემდეგ კი, რაც შევწყვიტეთ ცის დედოფლის საპატივცემოდ გუნდრუკის კმევა და მისთვის საღვრელის ღვრა, მოგვაკლდა ყოველივე და მახვილითა და შიმშილით ვიღუპებით. და როდესაც ვუკმევდით ჩვენ ცის დედოფალს და საღვრელს ვუღვრიდით მას, განა ჩვენი კაცების თანხმობის გარეშე ვუკეთებდით მას კვერებს მისი გამოსახულებით და ვუღვრიდით საღვრელებს?“ და უთხრა იერემიამ მთელ ერს – მამაკაცებსა და ქალებს და მთელ ერს, მის მოპასუხეთ: „განა ეს კმევა, რომელსაც თქვენ ასრულებდით იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, თქვენ და თქვენი მამები და თქვენი მეფენი და თქვენი მთავრები და ქვეყნის ერი, არ გაიხსენა უფალმა და არ გაივლო გულში? და ვეღარ შესძლო უფალმა თქვენი ბოროტი ნამოქმედარისა და თქვენი სისაძაგლეების მეტად მოთმენა, რომელსაც თქვენ სჩადიოდით, და თქვენი ქვეყანა ნაოხარად და საშინელებად და საწყევლად და უკაცრიელად იქცა, როგორც დღესაა. იმის გამო, რომ უკმევდით და სცოდავდით თქვენ უფალს, და არ ისმინეთ უფლის ხმა, და მის რჯულზე და მის კანონებზე და მის მოწმობებზე არ იარეთ, ამის გამო გეწიათ თქვენ ეს უბედურება.“ და უთხრა იერემიამ მთელ ერს და ყველა ქალს: „ისმინეთ უფლის სიტყვა, ყველა იუდაელო, ვინც კი ეგვიპტის ქვეყანაში ხართ, ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘თქვენ და თქვენი ცოლები რასაც პირით ლაპარაკობდით, იმას თქვენი ხელებით ასრულებდით, რომ ამბობდით: შევასრულებთ, რაც აღვუთქვით, რომ ვუკმიოთ ცის დედოფალს და საღვრელი ვუღვაროთ მას! აღასრულებთ თქვენ თქვენს აღთქმებს და გააკეთებთ თქვენს აღთქმებს.’ ამიტომ ისმინეთ სიტყვა უფლისა, ყველა იუდაელო, დასახლებულო ეგვიპტის ქვეყანაში: ‘მე დავიფიცე ჩემი დიდებული სახელით,’ – სიტყვა უფლისა, – ‘თუ იქნება კიდევ ჩემი სახელი წარმოთქმული მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, იუდაელის პირით, რომელიც იტყვის: „როგორც ცოცხალია უფალი ღმერთი!“ მე ვიფხიზლებ მათზე საბოროტოდ და არა სასიკეთოდ, და ყოველი იუდაელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაშია, მახვილითა და შიმშილით ამოწყდება, სანამ მთლიანად არ მოისპობიან. და მახვილს თავდაღწეულნი მცირერიცხოვანნი ეგვიპტის ქვეყნიდან იუდას ქვეყანაში დაბრუნდებიან. და გაიგებს ეგვიპტის ქვეყანაში საცხოვრებლად მისული ყველა დანარჩენი იუდაელი თუ ვისი სიტყვა ასრულდება – ჩემი თუ მათი. აჰა, თქვენ ნიშანი,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რომ დაგსჯით თქვენ ამ ადგილზე, რომ იცოდეთ, რათა აღსრულებით აღსრულდება ჩემი სიტყვები თქვენზე საუბედუროდ.’ და ამბობს უფალი: ‘მე გადავცემ ეგვიპტის მეფეს ფარაონ ხოფრას მის მტერთა და მისი სულის მაძიებელთა ხელთ, როგორც ციდკიაჰუ, იუდას მეფე, გადავეცი ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორის, მისი სულის მაძიებელის ხელთ.’“ სიტყვა, რომელიც უთხრა იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს, როდესაც ის იერემიას პირით ნათქვამ ამ სიტყვებს სწერდა წინში იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის მეოთხე წელს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა შენზე, ბარუქ! შენ თქვი: ‘ვაი მე, რადგან დაუმატა უფალმა მწუხარება ჩემს სატკივარს, მოვიქანცე ვაებით და სიმშვიდე ვერ ვპოვე.’ ასე უთხარი მას: ასე თქვა უფალმა: ‘რაც მე ავაშენე, მევე ვანგრევ, და რაც მე დავრგე, მევე აღმოვფხვრი, და ასე იქნება მთელს ქვეყანაზე. შენ კი დიდს ითხოვ შენთვის. ნუ ითხოვ, რადგან მე მოვაწევ უბედურებას ყოველ ხორციელზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ!’“ სიტყვა უფლისა, რომელიც იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ ხალხებზე. ეგვიპტის მეფის ფარაონ ნექოს ლაშქარზე, რომელიც მდინარე ევფრატზე ქარქემიშში დაამარცხა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის მეოთხე წელს. „მოამზადეთ ფარი და აბჯარი და წადით ომში. შეკაზმეთ ცხენები და ამხედრდით, მხედრებო, და გამოეწყვეთ მუზარადებში, გალესეთ შუბები და ჩაიცვით ჯავშანი. რას ვხედავ მე? ისინი დაფრთხნენ, უკან იხევენ? მათი მამაცნი კი შეიმუსრნენ და გარბიან უკანმოუხედავად. საშინელებაა ირგვლივ!“ – სიტყვა უფლისა. – „ვერც ფეხმარდი გაიქცევა, ვერც მამაცი დააღწევს თავს, ჩრდილოეთით, მდინარე ევფრატთან, წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი. ვინაა ეს ნილოსივით რომ იწევს, ნიაღვრებივით ახმაურებს თავის წყლებს? ეგვიპტე ნილოსივით იწევს და ნიაღვრებივით ხმაურობენ მისი წყლები. და ამბობს ის: ‘მე წამოვიწევ და დავფარავ ქვეყანას, დავღუპავ ქალაქსა და მასში მცხოვრებთ. ამხედრდით ცხენებზე და, თქვენ ეტლებო, გაშმაგებით იქროლეთ და გამოდით, მამაცნო – ქუშ ლუდელნო, მშვილდის დამჭერნო და მომზიდველნო. ის დღე, უფალი ღმერთის, ცაბაოთის შურისგების დღეა, რათა შური იძიოს თავის შეჭირვებულებზე, და მახვილი შეჭამს და გაძღება და გამოთვრება მათი სისხლით, რადგან მსხვერპლშეწირვა ექნება უფალს, ღმერთს ცაბაოთს ჩრდილო ქვეყანაში მდინარე ევფრატთან. ადი გილყადზე და აიღე მალამო, ქალწულო, ეგვიპტის ასულო, ამაოდ ხმარობ წამლებს, კურნება არა გაქვს შენ. ისმინეს ხალხებმა შენი შერცხვენა და შენმა კივილმა აავსო ქვეყანა, რადგან მამაცი მამაცს შეეჯახა და ორივენი ერთად დაეცნენ.“ სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ეგვიპტის ქვეყნის დასამხობად ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე: „აუწყეთ ეგვიპტეში და ასმინეთ მიგდოლში, ასმენინეთ ნოფში და თახფანხესში და თქვით: ‘წამოდექი და მოემზადე, რადგან მახვილი შეჭამს შენს ირგვლივ ყველაფერს.’ რატომ წაილეკა შენი მამაცი? ვერ გაუძლო, რადგან უფალმა უკუაქცია. მომრავლდნენ უძლურნი, ერთმანეთზე ეცემოდნენ და ამბობდნენ: ‘ადექით და დავუბრუნდეთ ჩვენს ერს და ჩვენს სამშობლო ქვეყანას დამღუპველი მახვილისაგან. გაჰყვიროდნენ იქ: ‘ფარაონი, ეგვიპტის მეფე!’ მაგრამ ამაო ხმაურია, გადააცილა დათქმულ დროს. როგორც ცოცხალი ვარ მე,“ ამბობს მეფე, უფალი ცაბაოთია სახელი მისი, „რადგან როგორც თაბორი დგას მთებს შორის და როგორც ქარმელია ზღვასთან, ისე მოვა იგი. გადასახლების ჭურჭელი დაიმზადე, ეგვიპტეში მცხოვრებო ასულო, რადგან ნოფი აოხრდება და გაჩანაგდება, დარჩება მცხოვრების გარეშე. უმშვენიერესი დეკეულია ეგვიპტე, მაგრამ ჩრდილოეთიდან მოდის კრაზანა, მოდის. მისი დაქირავებულნიც მის შიგნით ნასუქალ ხბორებივით არიან, მაგრამ ისინიც უკუიქცნენ, ერთად გარბიან, ვერ დადგნენ, რადგან მათი დაღუპვის დღე მოვიდა მათზე, მათი დასჯის ჟამი. მისი ხმა გველის სისინის მსგავსი იქნება, რადგან ლაშქრით დადიან და ცულებით მოვიდნენ მასზე, ხის მჭრელებივით. აჩეხეთ მისი ტყე,“ – სიტყვა უფლისა, – „თუმცა აურაცხელია, რადგან კალიაზე მეტად გამრავლდნენ და სათვალავი არა აქვთ. შერცხვენილია ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს გადაეცა ხელში.“ და თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე დავსჯი ამონს თებეში და ფარაონს და ეგვიპტეს და მის ღმერთებს და მის მეფეებს, ფარაონს და მასზე დანდობილებს! და გადავცემ მათ მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელთ, და მის მსახურთა ხელთ და ამის შემდეგ დასახლდება ის, როგორც პირვანდელ დღეებში.“ – სიტყვა უფლისა. – „შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და ნუ დაფრთხები, ისრაელ, რადგან მე გიხსნი შენ შორიდან და შენ თესლს მისი ტყვეობის ქვეყნიდან. და დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს წყნარად და მშვიდად, და არ ეყოლება შემშინებელი. ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ,“ – სიტყვა უფლისა, – „რადგან მე შენთანა ვარ. მე მოვსპობ ყველა ხალხს, რომლებთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგსპობ, მხოლოდ მოგარჯულებ სამართლისამებრ, მაგრამ დაუსჯელს არ დაგტოვებ.“ სიტყვა უფლისა, რომელიც იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ ფილისტიმელებზე, სანამ ფარაონი ღაზას დაამარცხებდა. ასე თქვა უფალმა: აჰა, წყლები იწევენ ჩრდილოეთიდან და წამლეკავ ნიაღვრად იქცევიან, და წალეკავენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქს და მასში მცხოვრებთ. და იკივლებენ ადამიანები და იქვითინებს ქვეყნის ყველა მცხოვრები, მისი ძლიერი ცხენების თქარათქურის, მისი ეტლების გრიალის, მისი ბორბლების გრუხუნის გამო. მამები ვერ იხედებოდნენ უკან შვილებისაკენ, რადგან დაუსუსტდათ ხელები, მომავალი დღის გამო, როდესაც გაძარცვავენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ცორს და ციდონს ყველა დარჩენილი შემწე, რადგან გაძარცვავს უფალი ფილისტიმელთ, კრეტოსის კუნძულის ნატამალს. სიქაჩლე ეწია ღაზას, დაინგრა აშკელონი; ნატამალო მათი ხეობებისა, როდემდე დაიკაწრავ ფრჩხილებით თავს? ოი, უფლის მახვილო, სანამდე არ დაწყნარდები, დაბრუნდი შენს ქარქაშში, დამშვიდდი და გაყუჩდი! როგორ დაწყნარდები, როდესაც უბრძანა მას უფალმა, აშკელონისა და ზღვის სანაპიროს წინააღმდეგ, იქ განაწესა იგი.“ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა, მოაბზე: „ვაი ნებოს, რადგან გაიძარცვა, კირიათაიმი შერცხვენილი და დაპყრობილია, ციხე-სიმაგრე შერცხვენილი და დანგრეულია. აღარ არის მოაბის დიდება, ხეშბონში ბოროტება განიზრახეს მასზე! ‘მოდით და მოვკვეთოთ ხალხებიდან!’ შენც, მადმენო, გაყუჩდი, მახვილი მოგდევს უკან. ყვირილის ხმა ისმის ხორონაიმიდან: ‘გატიალება და დიდი ნგრევაა!’ დაინგრა მოაბი, კივილი ასმინეს მისმა პატარებმა. რადგან ლუხითის აღმართზე ტირილ-ტირილით ადის, და ხორონაიმის დაღმართზე შემჭირვებლებს ნგრევის კივილი ესმით: ‘გაიქეცით, იხსენით თქვენი სულები და ღვიასავით იქნებით უდაბნოში!’ რადგან შენ ესავდი შენს ნამოქმედართ და შენს საგანძურებს, შენც შეპყრობილი იქნები და ქემოში გადასახლებაში წავა თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად. და მძარცველი დაეცემა ყოველ ქალაქს, ქალაქი ვერ გადარჩება და ხეობა განადგურდება, როგორც უფალმა თქვა. მიეცით ფრთები მოაბს, რომ გაფრინდეს, მისი ქალაქნი კი უკაცრიელ უდაბნოდ იქცევიან. წყეული, ვინც უფლის საქმეს დაუდევრად აკეთებს და წყეული, ვინც თავის მახვილს აკავებს სისხლისაგან! მშვიდი იყო მოაბი თავისი სიყმაწვილიდან, და წყნარად იჯდა თავის ლექზე და არ გადაღებულა ჭურჭლიდან ჭურჭელში; და გადასახლებაში არ წასულა, ამიტომ შერჩა მას თავისი გემო და მისი სურნელი არ შეცვლილა. მაგრამ მოდის დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „და მე გავუგზავნი მას გადამღებელთ! გადაიღებენ მას, მის ჭურჭელს გამოაცარიელებენ და მის ქოთნებს დაამსხვრევენ. და შერცხვება მოაბი ქემოშის გამო, როგორც ისრაელის სახლი შერცხვა მათი იმედის, ბეთელის გამო. როგორღა ამბობთ: ‘მამაცნი ვართ და ომისათვის ძალმოსილნი?’ გაიძარცვა მოაბი და მტერი ავიდა მის ქალაქებში, და მისი რჩეული ჭაბუკნი დასაკლავად ჩავიდნენ,“ – სიტყვა მეფისა, უფალი ცაბაოთია სახელი მისი. – „მოახლოვდა მოაბის დაღუპვა და ძალზე ჩქარობს მისი უბედურება. დაიტირეთ, ყველამ, ვინც მის ირგვლივ არიან და ყველამ, ვინც კი მისი სახელი იცის, თქვით: ‘როგორ დაილეწა არგანი ძლიერებისა, კვერთხი დიდებისა?’ ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი ურწყულში, დიბონში მცხოვრებო ასულო, რადგან მოაბის მძარცველი ამოვიდა შენზე, დაანგრია შენი სიმაგრენი. დადექი გზასთან და უცქირე, ყაროყერის მცხოვრებო, ჰკითხე გაქცეულს და თავდაღწეულს: ‘რა მოხდა?’ შერცხვენილია მოაბი, რადგან გაცამტვერდა; იქვითინე და იკივლე, აუწყეთ არნონში, რომ გაიძარცვა მოაბი. და მსჯავრი მოვიდა ვაკის ქვეყანაზე, ხოლონზე, იაჰცაზე და მეფაათზე, და დიბონზე, ნებოზე და ბეთ-დიბლათაიმზე, და კირიათაიმზე, ბეთ-გამულზე და ბეთ-მაყონზე, და კერიოთზე, ბოცრაზე და მოაბის ქვეყნის ყველა შორეულ და მახლობელ ქალაქზე. მოკვეთილია მოაბის რქა და გადატეხილია მისი მკლავი,“ – სიტყვა უფლისა. – „დაათვრეთ იგი, რადგან უფლის წინააღმდეგ განდიდდა; და ტაშს შემოჰკრავს მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სასაცილო გახდება. სასაცილო არ იყო ისრაელი შენთვის? განა ის ქურდებში წაასწრეს, რომ როცა კი ლაპარაკობ მასზე, თავს აქნევ? დატოვეთ ქალაქები და კლდეებში დასახლდით, მოაბის მცხოვრებნო, და ნაპრალის პირას დაბუდებული მტრედივით იქნებით! გვესმა მოაბის ამპარტავნობა, მეტისმეტად ამაყია ის, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მისი სიამაყე და მისი დიდგულობა. მე ვიცი,“ – სიტყვა უფლისა, – „მისი მძვინვარება, მაგრამ ფუყეა იგი, არაფრის მაქნისია. ამიტომ ვიგოდებ მოაბზე და ყველა მოაბელზე ვიქვითინებ, კირ-ხერესის კაცებზე იკვნესებს ჩემი გული. იაყეზერზე მეტად ვიტირებ შენზე, სიბმას ვაზო, შენი ტოტები ზღვას გადასცდნენ, იაყეზერის ზღვას მისწვდნენ, შენი ზაფხულის ხილსა და შენს რთველს მძარცველი დაეცა. და წაერთვა სიხარული და ლხენა ქარმელს და მოაბის ქვეყანას და დავწრიტე ღვინო საწნახელში, აღარ დაწურავენ მხიარული ყიჟინით; აღარ ისმის მხიარული ყიჟინა. ხეშბონის კივილს ელყალემდე და იაჰაცამდე მისცემენ თავიანთ ხმას ცოყარიდან ხორონაიმამდე და ეგლათ-შელიშიამდე, რადგან ნიმრიმის წყლებიც დაიშრიტება. და მოვსპობ მოაბს,“ – სიტყვა უფლისა, – „მსხვერპლის აღმვლენელს მაღლობზე და თავისი ღმერთებისთვის საკმევლის მკმეველს. ამიტომ სტვირივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და კირ-ხერესის კაცებზე; ამიტომ მათი მოხვეჭილი სიმდიდრე დაიღუპა, რადგან ყოველი თავი გამელოტდა და ყველა წვერი გაპარსულ იქნა, ყველა ხელი დაიკაწრა და წელზე ძაძები შემოერტყათ. მოაბის ყველა ბანზე და მის მოედნებზე, ყველგან გოდებაა, რადგან დავამსხვრევ მოაბს, როგორც უსარგებლო ჭურჭელს!“ – სიტყვა უფლისა. – „როგორაა დამსხვრეული! იქვითინეთ! როგორ შეაქცია მოაბმა ზურგი! შერცხვენილია! და შეიქნა მოაბი სასაცილოდ და საშინელებად ყველას, ვინც მის ირგვლივაა.“ რადგან ასე თქვა უფალმა: „არწივივით დააფრინდება და ფრთებს გაშლის მოაბზე. შეპყრობილი იქნება ქალაქები და დაპყრობილი – ციხე-სიმაგრენი; და იმ დღეს მოაბი მშობიარე ქალის გულივით იქნება. და გაქრება მოაბი ერობიდან, რადგან უფალზე განდიდდა იგი. შიში და ხნარცვი და მახე თქვენზე, მოაბის მცხოვრებნო!“ – სიტყვა უფლისა. – „შიშისაგან გაქცეული ხნარცვში ჩავარდება და ხნარცვიდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან მოვაწევ მას, მოაბს, მათი განკითხვის წელს!“ – სიტყვა უფლისა. – „ხეშბონის ჩრდილში გაჩერდნენ უძლური ლტოლვილნი, რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან და ალი სიხონის წიაღიდან, და შეჭამა მან მოაბის კიდეები და თხემი შფოთიან ძეთა. ვაი შენ, მოაბ, დაიკარგა ხალხი ქემოშისა, რადგან ტყვედ არიან წაყვანილნი შენი ძენი და დატყვევებულნი არიან შენი ასულნი. მაგრამ დავაბრუნებ მოაბის ტყვეებს უკანასკნელ დღეებში!“ – სიტყვა უფლისა. აქ თავდება მოაბის განაჩენი. და თქვა უფალმა ყამონის ძეებზე: „არა ჰყავს ძენი ისრაელს? განა არა ჰყავს მემკვიდრე? რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი? მისი ხალხი მის ქალაქებში რატომ ცხოვრობს? მაგრამ მოდის დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „როდესაც ვასმენ ყამონის ძეთა რაბაში ბრძოლის განგაშს, და ის ნანგრევების გროვად იქცევა და მისი შემოგარენი ცეცხლში დაიწვება; და დაიმკვიდრებს ისრაელი თავის სამკვიდრებელს!“ – ამბობს უფალი. – „იქვითინე, ხეშბონ, რადგან გაიძარცვე, იყვირეთ, რაბას ასულნო, ჩაიცვით ძაძები, დაიტირეთ და იხეტიალეთ კედლებს შორის, რადგან მალქომი გადასახლებაში წავა თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად. რას ტრაბახობ ხეობებით? სისხლისგან იცლება შენი ხეობა, განდგომილო ასულო, რომ დანდობილხარ შენს საგანძურს: „ვინ მოვა ჩემთან?“ აჰა, მოვაწევ მე შენზე შიშს“, – სიტყვა უფლისა ღმერთისა ცაბაოთისა, – „ყველა შენს გარეშემოდან და გაძევებული იქნებით სათითაოდ და არავინ იქნება გადახვეწილის შემომკრებელი. და ამის შემდეგ დავაბრუნებ ყამონის ძეთ ტყვეობიდან!“ – სიტყვა უფლისა. და თქვა უფალმა ცაბაოთმა ედომზე: „აღარ არის სიბრძნე ბენიამინში? დაიკარგა გონიერთა რჩევა? დაჩლუნგდა მათი სიბრძნე? გაიქეცით, მიაქციეთ პირი, ღრმად ჩაჯექით, დედანის მცხოვრებნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი, როცა განვიკითხავ მას. ყურძნის მკრეფავნი რომ მოსულიყვნენ შენთან, განა არ დაგიტოვებდნენ მარცვლებს? ქურდები ღამით მხოლოდ სამყოფს დაიტაცებდნენ. რადგან მე გავაშიშვლე ესავი, გამოვაჩინე მისი საიდუმლო თავშესაფარი და ვეღარ შეძლებს დამალვას. გაფუჭებულია მისი თესლი, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. და აღარ იქნება იგი. დატოვე შენი ობოლნი და მე ვარჩენ მათ, და შენი ქვრივნი მომენდონ მე. რადგან ასე თქვა უფალმა: „აჰა, რომელთა განაჩენიც არ იყო ამ თასის შესმა, აუცილებლად შესვამენ და შენ დაუსჯელი დარჩები? დაუსჯელი არ იქნები, რადგან აუცილებლად შესვამ მას. რადგან ჩემს თავს ვიფიცებ,“ – სიტყვა უფლისა, – „რომ საშინელებად, შესარცხვენად, ოხრად და საწყევლად იქცევა ბოცრა, ხოლო ყოველი მისი ქალაქი – საუკუნო ნანგრევებად. ამბავი მესმა უფლისაგან და მაცნეა წარგზავნილი ხალხებში: „შეიკრიბეთ და შეუტიეთ მას, და აღდექით საბრძოლველად“! რადგან, აჰა, მცირედ გაქციე ხალხებში, საძულველად – ადამიანებში; გაცდუნა შენ შენმა კერპმა, შენი გულის ყოყოჩობამ, მოსახლევ კლდის ნაპრალებში, ჩაჭიდებულო ბორცვთა მწვერვალებს. არწივივით მაღლაც რომ გაიკეთო შენი ბუდე, იქიდანაც ჩამოგიყვან მე,“ – სიტყვა უფლისა. – „და იქცევა ედომი საშინელებად და ყოველი მასზე გამვლელი გაოცდება, და დაუსტვენს ყველა, ვინც შეხედავს მის წყლულებს. როგორც სოდომი და გომორა და მისი მეზობელი ქალაქები დაიქცა,“ – სიტყვა უფლისა, – „კაციშვილი არ იცხოვრებს იქ და ადამიანი არ დასახლდება მასში. აჰა, ლომივით დაეცემა იორდანეს უღრანიდან მტკიცე საცხოვრებლებს, მაგრამ მე წამში გავაქცევ მას იქიდან და ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი და ვინ დამიწესებს მე ჟამს და ვინ არის ის მწყემსი, ვინც მე დამიდგება წინ?“ ამიტომ ისმინეთ უფლის განგებულება, რაც ედომზე განაგო და მისი განზრახვა, რაც იემენის მცხოვრებლებზე განიზრახა: ყველაზე პატარა ბატკნები ათრევენ მათ და ააოხრებენ მათ საცხოვრებელს! მათი დაცემის ხმისაგან იზანზარებს მიწა, მათი ყვირილის ეხოს მეწამული ზღვა გამოსცემს. აჰა, არწივივით აიწევა და გაფრინდება, და გაშლის ფრთებს ბოცრაზე. და იქნება იმ დღეს ედომის მამაცთა გული მსგავსი მშობიარე ქალის გულისა.“ დამასკოზე. „სირცხვილი ხამათს და არფადს, რადგან ავი ამბავი ისმინეს, სულით დაეცნენ, ღელვაა ზღვაში, არ შეუძლია დაწყნარება. დაუძლურდა დამასკო, ზურგი აქცია გასაქცევად, ძრწოლამ შეიპყრო იგი, ტკივილმა და ტანჯვამ მოიცვა, როგორც მშობიარე. როგორ იქნა მიტოვებული დიდების ქალაქი, სატახტო ჩემი მხიარულებისა? ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და ყველა მეომარი გაყუჩდება იმ დღეს!“ – სიტყვა უფალ ცაბაოთისა. – „და ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.“ კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამხო. თქვა უფალმა: „ადექით, გაილაშქრეთ კედარზე და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძენი. მათ კარვებსა და მათ ცხვარს წაასხამენ ისინი. მათ ფარდებს და მთელ მათ ჭურჭელს და მათ აქლემებს წაიღებენ თავისთვის და დასძახებენ მათ: ‘საშინელებაა ყოველი მხრიდან!’ გაიქეცით, შორს წადით, ღრმად ჩაჯექით ხაცორის მცხოვრებნო,“ – სიტყვა უფლისა, – „რადგან განაჩენი დაასკვნა თქვენზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა და ავი განზრახვა განიზრახა თქვენზე. ადექით, გაილაშქრეთ, უზრუნველ, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხზე!“ – სიტყვა უფლისა. – „არც კარები აქვს მას და არც ბოქლომი, განმარტოებულადაა დასახლებული. და იქნება მათი აქლემები საძარცვავად და მათი ურიცხვი საქონელი ნადავლად. და გავანიავებ მათ საფეთქლებშეკრეჭილთ ყველა ქარისკენ, და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას!“ – სიტყვა უფლისა. – და იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად, საუკუნო უდაბნოდ; კაციშვილი არ იცხოვრებს იქ და ადამის ძე არ დასახლდება მასში. სიტყვა უფლისა ყელამზე, რომელიც იყო იერემიას მიმართ ციდკიაჰუს, იუდას მეფის მეფობის დასაწყისში: „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: ‘აჰა, მე გადავტეხავ ყელამის მშვილდს, საწყისს მათი ძლევამოსილებისა. და მოვაწევ ყელამზე ოთხ ქარს ცის ოთხი კიდიდან, და გავანიავებ მათ ყველა ამ ქარის მიმართ და არ იქნება ხალხი, რომელთანაც არ მივა გაძევებული ყელამელი. და შიშს დავცემ მე ყელამელთ მათი მტრების თვალწინ და მათი სულის მაძიებელთა თვალწინ, და მოვაწევ მათზე უბედურებას და ჩემს მძვინვარებას,“ – სიტყვა უფლისა, – „და დავადევნებ მათ უკან მახვილს, სანამ არ ამოვწყვეტ მათ. და დავდგამ ჩემს ტახტს ყელამში და მოვსპობ იქიდან მეფესა და მთავრებს,“ – სიტყვა უფლისა. – „მაგრამ ბოლოს დავაბრუნებ ყელამს ტყვეობიდან!“ – სიტყვა უფლისა. სიტყვა, რომელიც წარმოთქვა უფალმა ბაბილონზე და ქალდეველთა ქვეყანაზე წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით. „აუწყეთ და ასმინეთ ხალხებში, და აღმართეთ ალამი, ასმინეთ, ნუ დამალავთ და თქვით: ‘შეპყრობილია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მარდუქი, შერცხვენილია მისი კერპები, დალეწილია მათი ძეგლები!’ რადგან მის წინააღმდეგ აღდგა ხალხი ჩრდილოეთიდან, უდაბნოდ აქცევს მის ქვეყანას და არ იქნება მასში მცხოვრები; ადამიანიდან საქონლამდე – ყველა დაიძრა და წავიდა. იმ დღეებში და იმ დროს,“ – სიტყვა უფლისა, – „მოვლენ ისრაელის ძენი, ისინი და იუდას ძენი ერთად ივლიან ტირილით, და დაუწყებენ ძებნას უფალს, თავიანთ ღმერთს. სიონზე იკითხავენ, ამ გზას მიაქცევენ პირს: ‘მოდით შევუერთდეთ უფალს, საუკუნო აღთქმა არ იქნება დავიწყებული!’ გზააბნეული ცხვარი იყო ჩემი ერი, მათმა მწყემსებმა აცთუნეს ისინი, მთებისაკენ შეაბრუნეს, მთიდან ბორცვზე ხეტიალობდნენ, დაივიწყეს თავიანთი წამოსაწოლი. ყველა მათი მპოვნელი ჭამდა მათ და მათი მტრები ამბობდნენ: ‘არ ვართ დამნაშავე, რადგან შესცოდეს უფალს, სიმართლის სავანეს, და უფალს, მათი მამების იმედს.’ დაიძარით ბაბილონიდან და ქალდეველთა ქვეყნიდან გამოდით; და იქნებით, როგორც ვაცები ფარის წინამძღოლნი, რადგან აჰა, მე გამოვაღვიძებ და აღვძრავ ბაბილონზე ბრბოს დიდი ხალხისა ჩრდილოეთის ქვეყნიდან, და დაეწყობიან ისინი მის წინააღმდეგ და შეპყრობილ იქნება იგი; მისი ისრები მსგავსად ნაცადი მეომრისა, არ ბრუნდებიან ამაოდ. და ქალდეა ნადავლად იქცევა და გაძღება ყველა მისი მძარცველი,“ – სიტყვა უფლისა, – „რადგან გიხაროდათ და ილხენდით, წამგლეჯელნო ჩემი სამკვიდრებლისა; რადგან გასუქდით, როგორც დეკეული ბალახზე, და ჭიხვინებდით, როგორც ბედაურნი. დიდად შერცხვება თქვენი დედა, გაწითლდება თქვენი მშობელი; აჰა, ბოლო ხალხებისა – უდაბნო, ურწყული და ტრამალი. უფლის რისხვის გამო არ დასახლდება და უდაბნოდ იქცევა ერთიანად. ყოველი, ბაბილონზე გამვლელი, გაოცდება და დასცინებს მის ყველა ჭრილობას. ჩამწკრივდით ბაბილონის ირგვლივ, ყველა მშვილდის მომზიდველნო, ესროლეთ მას, ნუ დაინანებთ ისარს, რადგან შესცოდა მან უფალს. დასძახეთ მის წინააღმდეგ ირგვლივ, ხელი ჩაუშვა მან, ჩაიქცა მისი საფუძვლები, დაინგრა მისი გალავნები, რადგან უფლის შურისძიებაა ეს; შური იძიეთ მასზე, როგორც მოიქცა, ისე მოექეცით მას. მთესველი მოსპეთ ბაბილონიდან და ნამგლის დამჭერი მოსავლის აღებისას. ყოველი თავისი ერისაკენ მიბრუნდეს და ყოველი თავის ქვეყანაში გაიქცეს დამღუპველი მახვილისაგან. გაფანტული ცხვარია ისრაელი, ლომებმა გააძევეს იგი. პირველმა აშურის მეფემ შეჭამა იგი და ამ უკანასკნელმა, ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა ძვლები დაუმტვრია მას.“ ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც დავსაჯე მეფე აშურისა. და დავაბრუნებ მე ისრაელს თავის საძოვარზე და დამწყესავს ის ქარმელზე და ბაშანზე, და ეფრემისა და გილყადის ბორცვებზე გაძღება მისი სული. იმ დღეებში და იმ დროს,“ – სიტყვა უფლისა, – „მოიკითხავს ისრაელის ურჯულოებას და არ იქნება იგი, და იუდას ცოდვებს – და ვერ იპოვნიან, რადგან მივუტევებ მათ, ვისაც ცოცხლებში დავტოვებ. მერათაიმის ქვეყანაზე გაილაშქრე, მასზე და ფეკოდის მცხოვრებლებზე და ააოხრე და გაანადგურე ყველაფერი მათ შემდეგ,“ – სიტყვა უფლისა, – „და გააკეთე ყოველივე, როგორც მე გიბრძანე! ბრძოლის ხმაა ქვეყანაში და დიდი ნგრევა. როგორ გატყდა და დაიმტვრა ჩაქუჩი მთელი ქვეყნისა! როგორ იქცა ბაბილონი შიშისზარად ხალხებში? მახე დაგიგე და შეპყრობილ იქენ, ბაბილონო, შენ კი არ იცოდი. აღმოჩენილი და დაჭერილი ხარ, რადგან აუჯანყდი უფალს. გახსნა უფალმა თავისი საცავი და გამოიტანა ჭურჭელი თავისი რისხვისა, რადგან უფალს, ცაბაოთ ღმერთს საქმე აქვს ქალდეველთა ქვეყანაში. მოდით მასზე ყოველი კიდიდან, გახსენით მისი ბეღლები, გათელეთ იგი ზვინებივით და მოსრეთ სრულად, რათა არ დარჩეს მისგან ნატამალი. მახვილს მიეცით მისი ყველა მოზვერი, ჩავიდნენ დასაკლავად; ვაი მათ, რადგან მოვიდა მათი დღე, ჟამი მათი განკითხვისა. გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმაა ბაბილონის ქვეყნიდან, რათა სიონზე გამოაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისძიება მისი ტაძრის გამო. მოუხმეთ ბაბილონის წინააღმდეგ მრავალთ, ყველა მშვილდის მომზიდველს, ბანაკად შემოეწყვეთ მის ირგვლივ, რათა არ იყოს მისთვის ხსნა, მისი საქმისამებრ მიუზღეთ მას. როგორც მოიქცა, ისე მოექეცით, რადგან ბოროტი განიზრახა უფლის, ისრაელის წმიდის წინააღმდეგ. ამიტომ მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე დაეცემიან და ყველა მისი მებრძოლი დაიღუპება იმ დღეს.“ – სიტყვა უფლისა. – „აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ბოროტგანმზრახველო,“ – სიტყვა უფლისა, ცაბაოთ ღმერთისა, – „რადგან მოვიდა შენი დღე, ჟამი შენი განკითხვისა. და წაიბორძიკებს ბოროტგანმზრახველი და დაეცემა, და არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს დავანთებ მის ქალაქებში და შეჭამს ყოველივეს მის ირგვლივ.“ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ჩაგრულნი არიან ისრაელის ძენი და იუდას ძენი მათთან ერთად და ყველა მათ დამტყვევებელს მაგრად უჭირავთ ისინი, არ უნდათ მათი გაშვება. მაგრამ ძლიერია მათი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთია მისი სახელი, ის გაარჩევს მათ საქმეს, რათა დაამშვიდოს ქვეყანა და ააკანკალოს ბაბილონის მცხოვრებნი. მახვილი ქალდეველებზე,“ – სიტყვა უფლისა, – „და ბაბილონის მცხოვრებლებზე, მის მთავრებზე და მის ბრძენებზე; მახვილი მატყუარებზე და შეიშლებიან ისინი, მახვილი მის მამაცებზე და დაილეწებიან ისინი; მახვილი მის ცხენებზე და მის ეტლებზე და ყველა მის უცხოტომელ მებრძოლზე, რომლებიც მასში არიან, და დიაცებად იქცევიან ისინი, მახვილი მის საგანძურებს და დატაცებული იქნებიან. სიმშრალე მის წყლებს და ამოშრებიან ისინი, რადგან ქანდაკთა ქვეყანაა ის და შეიშლებიან ისინი კერპთა საფრთხობელებით. ამიტომ იცხოვრებენ იქ აფთარნი ტურებთან ერთად, და სირაქლემები იცხოვრებენ მასში! და აღარ დასახლდება არასოდეს და არ გაკაცრიელდება თაობიდან თაობამდე. როგორც ღვთისგან დაქცეული სოდომი და გომორა და მისი მეზობელი ქალაქები,“ – სიტყვა უფლისა, – „ასევე იქაც კაციშვილი არ იცხოვრებს და ადამის ძე არ დასახლდება მასში. აჰა, ერი მოდის ჩრდილოეთიდან, დიდი ხალხი, და მრავალი მეფე იღვიძებს ქვეყნის კიდეებიდან; მშვილდი და ლახვარი უჭირავთ მათ; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი, მათი ხმა ზღვასავით გრგვინავს და ცხენებზე არიან ამხედრებულნი; როგორც ერთი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო! მოესმა ბაბილონის მეფეს მათზე ამბავი და ხელები მოუდუნდა, ტანჯვამ და ტკივილმა შეიპყრო იგი მშობიარესავით. ლომივით ამოვა მტერი იორდანეს უღრანიდან მტკიცე საცხოვრებლებზე, მე წამში გავაქცევ მათ იქიდან და, ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ დამიწესებს ჟამს? და ვინაა ის მწყემსი, ვინც წინ დამიდგება მე?“ ამიტომ ისმინეთ უფლის გადაწყვეტილება, რაც ბაბილონზე გადაწყვიტა და მისი განზრახვები, რაც ქალდეველთა ქვეყანაზე განიზრახა. მართლაც ყველაზე პატარა ბატკნები ათრევენ მათ; მართლაც ააოხრებენ მათ საცხოვრებელს. ბაბილონის დაპყრობის ხმისაგან იზანზარებს ქვეყანა და კივილი გაისმება ხალხებში. და თქვა უფალმა: „მე აღვძრავ ბაბილონში და ქალდეაში მცხოვრებლებზე დამღუპველ ქარს. გავგზავნი ბაბილონში გამნიავებელს და გაანიავებენ მას, და გაატიალებენ მის ქვეყანას, რადგან ყოველი მხრიდან დაესხმიან თავს მისი უბედურების დღეს. ნუ მოზიდავს მომზიდველი თავის მშვილდს და ნუ გაამაყდება თავის ჯავშანში, და ნუ დაინდობთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ჯარი. და დაეცემიან მოკლულნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში, რადგან არ დაქვრივებულან ისრაელი და იუდა მათი უფლის, ცაბაოთ ღმერთისაგან, მათი ქვეყანა კი დანაშაულითაა სავსე ისრაელის წმიდის წინაშე. გაიქეცით ბაბილონიდან და თითოეულმა გადაარჩინოს თავისი სული, ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისგების ჟამია ეს უფლისათვის, მისაგებელს მიუზღავს მას. ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ხალხები ღვინოს, იმიტომ შეიშალნენ ხალხები. უცებ დაეცა ბაბილონი და დაილეწა, იქვითინეთ მასზე, მალამო აიღეთ მისი ჭრილობისათვის – იქნებ განიკურნოს. ვმკურნალობდით და ვერ განიკურნა; დავტოვოთ იგი და წავიდეთ ჩვენ-ჩვენს ქვეყანაში, რადგან ცას უწია მისმა განაჩენმა და ღრუბლებამდე ავიდა. უფალმა გამოამჟღავნა ჩვენი სიმართლე, მოდით და მოვუთხროთ სიონში საქმე უფლისა, ჩვენი ღმერთისა. გალესეთ ისრები, შეავსეთ კაპარჭები! გამოაღვიძა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო. ბაბილონის გალავნის წინააღმდეგ აღმართეთ ალამი, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ მცველნი, მოამზადეთ საფარი, რადგან განიზრახა უფალმა და კიდეც შეასრულებს, რაც თქვა ბაბილონის მცხოვრებლებზე. მრავალ წყლებზე დასახლებულო, მრავალი განძეულის მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი ანგარების წილისამებრ. დაიფიცა უფალმა ცაბაოთმა: „მართლაც გაგავსებ შენ ადამიანებით, როგორც კალიებით და საომარ ყიჟინას დაგძახებენ.“ მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, სამყარო განამტკიცა თავისი სიბრძნით და თავისი გონებით განავრცო ცა. როცა ხმას გამოსცემს, წყალი ხმაურობს ცაში და ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის ბოლოდან, ელვას წვიმად აქცევს და ქარი გამოჰყავს თავის საუნჯეთაგან. გონებაჩლუნგია ყოველი კაცი თავის ცოდნაში, სცხვენია ყოველ ოქრომჭედელს თავისი გამოჭედილი კერპისა, რადგან სიცრუეა მისი გამოდნობილი და სული არაა მათში. ამაოებაა ისინი – საქმენი ცთომილებისა, მათი განკითხვისას გაქრებიან ისინი. მათ არ ჰგავს იაკობის წილხვედრი, რადგან ყველაფრის შემქმნელია იგი, და მათ შორის თავისი სამკვიდრებელი ტომისაც – უფალი ცაბაოთია მისი სახელი. შენ ჩემი საბრძოლო კომბალი იყავი, საომარი იარაღი, და ვაცამტვერებდი შენით ხალხებს და ვსპობდი შენით სამეფოებს, ვაცამტვერებდი შენით ცხენსა და მის მხედარს, ვაცამტვერებდი შენით ეტლსა და მხედარს; ვაცამტვერებდი შენით კაცსა და ქალს, ვაცამტვერებდი შენით მოხუცსა და ყმაწვილს, ვაცამტვერებდი შენით ჭაბუკსა და ქალწულს; ვაცამტვერებდი შენით მწყემსსა და მის ფარას, ვაცამტვერებდი შენით მიწათმოქმედსა და მის უღლეულს, ვაცამტვერებდი შენით სარდლებს და გამგებლებს. და თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაიდინეს სიონის მიმართ!“ – სიტყვა უფლისა. – „აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, დამღუპველო მთავ,“ – სიტყვა უფლისა, – „დამღუპველო მთელი ქვეყნისა; და გავიწვდენ ხელს შენს წინააღმდეგ და დაგაგორებ კლდეებზე და მიგცემ ცეცხლმოკიდებულ მთას. და არ აიღებენ შენგან ქვას ქვაკუთხედისა და საძირკვლისათვის, რადგან საუკუნო უდაბნოდ იქცევი!“ – სიტყვა უფლისა. – „ალამი აღმართეთ ქვეყანაში, ჩაჰბერეთ საყვირს ხალხთა შორის, დარაზმეთ ხალხები, მოუხმეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, დააყენეთ მის წინააღმდეგ სპასპეტი, წამოაყენეთ ცხენები ბურძგლიან კალიასავით. დარაზმეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფენი და მისი ერისმთავრები, და ყველა მისი განმგებელი და მთელი მისი სახელმწიფო ქვეყანა. და ზანზარებს მიწა და თრთის, რადგან ბაბილონზე სრულდება უფლის განზრახვა: უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა. ბაბილონის მამაკაცებმა შეწყვიტეს ბრძოლა, ჩასხდნენ ციხე-სიმაგრეებში, გამოილია მათი ძალა, ქალებს დაემსგავსნენ; გადაწვეს მისი საცხოვრებლები, დაილეწა მათი ურდულები. მალემსრბოლი მალემსრბოლის შესახვედრად გარბის და მოამბე – მოამბის შესახვედრად, რათა აუწყონ ბაბილონის მეფეს, რომ დაპყრობილია მისი ქალაქი ყოველი კიდიდან, ფონები დაკავებულია და ტბის ლერწამნი ცეცხლით გადაწვეს, და მებრძოლნი გაიფანტნენ.“ რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „ბაბილონის ასული არის, როგორც კალო მისი ლეწვის ჟამს, ცოტაც და მოვა მისი გადახვნის ჟამიც. შემჭამა მე, დამღეჭა მე ბაბილონის მეფემ – ნაბუქოდონოსორმა – ცარიელ ჭურჭლად მაქცია! როგორც ვეშაპმა, გაივსო თავისი მუცელი ჩემი ტკბილეულით, ამომანთხია. მძლავრება ჩემზე და ჩემს ხორცზე ბაბილონზე იყოს,“ იტყვის სიონის მცხოვრები, „და ჩემი სისხლი იყოს ქალდეის მცხოვრებლებზე,“ იტყვის იერუსალიმი. ამიტომ ასე ამბობს უფალი: „მე გავარჩევ შენს საქმეს და შურს ვიძიებ შენს გამო, და ამოვაშრობ მის ზღვას და დავწრიტავ მის წყაროს. და იქცევა ბაბილონი ნანგრევების გროვად, ტურების ბუნაგად, შიშისზარად და დასაცინად, უკაცრიელად. ლომებივით ერთად დაიბუხუნებენ, ლომის ბოკვერებივით იღრიალებენ. მათი გახურებისას მოვუწყობ ნადიმს და დავათრობ მათ, რომ გამხიარულდნენ და დაიძინონ საუკუნო ძილით და აღარ გამოიღვიძონ.“ – სიტყვა უფლისა. – „ჩამოვიყვან მათ კრავებივით დასაკლავად, როგორც ვერძებს ვაცებითურთ. როგორ იქნა დაპყრობილი შეშაქი და დაჭერილ იქნა მთელი ქვეყნის დიდება! როგორ იქცა ბაბილონი ხალხებში შიშისზარად! ზღვამ აიწია ბაბილონზე, თავისი მრავალი ტალღით ფარავს მას. გაუკაცრიელდნენ მისი ქალაქები, ურწყულ და ტრამალ ქვეყნად იქცნენ, სადაც კაციშვილი არ დასახლდება და ადამის ძე არ გაივლის მასში. და მე განვიკითხავ ბელს ბაბილონში და გამოვაცლი გადაყლაპულს პირიდან. და აღარ ივლიან მისკენ ხალხები, ბაბილონის გალავანიც ჩამოიქცევა. გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ერო, და იხსენით თითოეულმა თავისი სული უფლის რისხვის ალისგან. არ დაუძლურდეს თქვენი გული ნუ შეგეშინდებათ ამბისა, ქვეყანაზე რომ ისმის; და მოვა ის ამბავი ერთ წელს, და მას შემდეგ სხვა ამბავიც მომდევნო წელს, და იქნება ძალადობა ქვეყანაში და ხელმწიფე ხელმწიფის წინააღმდეგ. ამიტომ აჰა, მოდის დღეები, როდესაც განვიკითხავ ბაბილონის კერპებს, და მთელი მისი ქვეყანა შერცხვება და ყველა მისი მოკლული დაეცემა მასში. და გაიხარებენ ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი,“ – სიტყვა უფლისა. – „როგორც ბაბილონმა დასცა, ისრაელის დახოცილნი, ბაბილონშიც დაეცემიან დახოცილნი მთელი ქვეყნისა. მახვილისაგან თავდაღწეულნო, წადით, ნუ დადგებით, შორიდან გახსოვდეთ უფალი, და იერუსალიმი გაიხსენეთ თქვენს გულში. შეგვრცხვა ჩვენ, რადგან ვისმინეთ გინება, აუგმა დაფარა ჩვენი პირი, რადგან უცხონი მოვიდნენ უფლის საკურთხეველში. ამიტომ მოდის დღეები,“ – სიტყვა უფლისა, – „და მე განაჩენს გამოვუტან მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში იკვნესებენ სასიკვდილოდ დაჭრილნი. კიდევაც რომ აიწიოს ბაბილონმა ცამდე და კიდევაც რომ გაამაგროს მაღალზე თავისი ძლიერება, მიუვლენ მას მძარცველნი ჩემგან,“ – სიტყვა უფლისა. – „კივილის ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი ნგრევა ქალდეველთა ქვეყნიდან. რადგან უფალი ძარცვავს ბაბილონს და ჩააწყვეტინებს მას მაღალ ხმას და იხმაურებენ მისი ტალღები დიდი წყლებივით და გაისმება ხმაური მათი ხმებისა. რადგან დაესხმის მას, ბაბილონს, მძარცველი და შეიპყრობიან მისი მამაცნი, დაილეწება მათი მშვილდები, რადგან ღმერთი, შურისგების უფალი, მიუზღავს მათ. დავათრობ მის მთავრებსა და მის ბრძენთ, მის გამგებლებს და მის სარდლებს, და მის მებრძოლებს და დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ,“ – სიტყვა მეფისა, უფალი ცაბაოთია მისი სახელი. ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ბაბილონის განიერი გალავნები საძირკვლამდე დაინგრევა და მისი მაღალი კარიბჭენი ცეცხლში დაიწვება; და ამაოდ იშრომებენ ხალხები და მხოლოდ ცეცხლისათვის დაშვრებიან ერები.“ სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა უბრძანა სერაიას, ძეს ნერაიასი, ძისა მახსეიასი, როდესაც ის იუდას მეფე ციდკიაჰუსთან ერთად წავიდა ბაბილონში მისი მეფობის მეოთხე წელს. და სერაია იყო მთავარი მესაწოლე. და ჩაწერა ერთ წიგნში ყველა ის უბედურება, რომელიც ბაბილონზე მოსახდენია, ბაბილონზე დაწერილი ყველა ის სიტყვა. და უთხრა იერემიამ სერაიას: „როდესაც ბაბილონში მიხვალ, მაშინ ნახავ და წაიკითხავ ყველა ამ სიტყვას. და იტყვი: ‘უფალო, შენ წარმოთქვი ამ ადგილზე, რომ ისე გაანადგურებ მას, რომ ვერავინ იცხოვრებს მასში ადამიანიდან საქონლამდე, რადგან საუკუნო უდაბნოდ იქცევა იგი.’ და როდესაც შენ დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი მას ქვა და ჩააგდე ევფრატში. და თქვი: ‘ასე ჩაიძირება ბაბილონი და აღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, რომელსაც მე მოვაწევ მასზე, და ქანცი გაუწყდებათ!’“ აქამდეა იერემიას სიტყვები. ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ მისი გამეფებისას და თერთმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო სახელად ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან. და სჩადიოდა ბოროტს უფლის თვალში, მსგავსად ყოველივე იმისა, რასაც იეჰოიაკიმი სჩადიოდა, რადგან უფლის რისხვის გამო ეწია ეს უბედურება იერუსალიმსა და იუდას, ვიდრე არ უკუაგდო მან ისინი თავისი პირიდან. და ციდკიაჰუ აღუდგა ბაბილონის მეფეს. მისი მეფობის მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს გამოვიდა იერუსალიმზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, ის და მთელი მისი ლაშქარი, და დაბანაკდა იგი მის წინ და ააშენებინა ირგვლივ ალყაშემოსარტყმელი კედელი. და იყო ქალაქი ალყაშემორტყმული მეფე ციდკიაჰუს მეფობის მეთერთმეტე წლამდე. მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და პური არ ჰქონდა ქვეყნის ერს. და გაინგრა ქალაქი და ყველა მებრძოლი გაიქცა, და ღამით გავიდა ქალაქიდან ორ გალავანს შორის მოქცეულ კარიბჭის გზით, რომელიც მეფის ბაღთან იყო, და წავიდნენ ყარაბას გზით; ქალდეველნი კი ქალაქის ირგვლივ იყვნენ დაბანაკებული. მაგრამ დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და დაეწია ციდკიაჰუს იერიხოს ტრამალებზე, და მთელი მისი ლაშქარი შემოეფანტა მას. და შეიპყრეს მეფე და მიიყვანეს ბაბილონის მეფესთან რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მან განაჩენი გამოუტანა ციდკიაჰუს. და დაკლა ბაბილონის მეფემ ციდკიაჰუს ძენი მის თვალწინ და იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში. ციდკიაჰუს კი დასთხარა თვალები და გაუყარა ბორკილები; და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ ბაბილონში და საპატიმროში ჩასვა სიკვდილის დღემდე. მეხუთე თვის მეათე დღეს – ეს იყო მეცხრამეტე წელი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობისა, – ნაბუზარადანი, მცველთა უფროსი, მოვიდა და წარსდგა ბაბილონის მეფის წინაშე იერუსალიმში. და დაწვა მან უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; და დიდებულთა ყველა სახლი ცეცხლში დაწვა. და დაანგრია ქალდეველთა მთელმა ლაშქარმა, რომელიც მცველთა უფროსს ახლდა, იერუსალიმის ირგვლივ ყველა გალავანი. და ღარიბი ხალხი და ქალაქში დარჩენილი ხალხის ნარჩენი და დანებებულნი, რომლებიც ბაბილონის მეფეს დანებდნენ, და ბრბოს ნარჩენი გაასახლა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა. ქვეყნის ღარიბთაგან ზოგიერთი კი მევენახეებად და მხვნელებად დატოვა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა. და სპილენძის სვეტები, რომელიც უფლის სახლს ჰქონდა, და საყრდენები და სპილენძის ზღვა, რომელიც უფლის სახლში იყო, დალეწეს ქალდეველებმა და მთელი მათი სპილენძი ბაბილონში წაიღეს. და ქვაბები და ნიჩბები, დანები და თასები, კოვზები და სპილენძის ყველა ჭურჭელი, რაც მსახურებისას იხმარებოდა, თან წაიღეს. და ფიალები და მაშები, თასები და ქვაბები, სასანთლეები, კოვზები და სათლები, ყველაფერი რაც ოქროსი ან ვერცხლის იყო, წაიღო მცველთა უფროსმა. ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი სპილენძის ხარი, რომლებიც საყრდენის ქვეშ იყო, რომელიც სოლომონ მეფემ გააკეთა უფლის სახლისათვის. ყველა ამ სპილენძის ჭურჭელს წონა არ ქონდა. სვეტების სიმაღლე იყო თვრამეტი წყრთა და თორმეტი წყრთა საბელი ევლებოდა გარშემო; კედელს სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა, ღრუ იყო. და მასზე სპილენძის გვირგვინი, და სიმაღლე ერთი გვირგვინისა – ხუთი წყრთა, და ბადე და ბროწეულები გვირგვინის ირგვლივ მთლიანად სპილენძისა, და ასეთივე მეორე სვეტი და ბროწეულები. და ოთხმოცდათექვსმეტი ბროწეული იყო გარედან, და ბროწეული ბადეზე ირგვლივ სულ ასი იყო. და წაიყვანა მცველთა უფროსმა ტყვეებად სერაია, მთავარი მღვდელი, და ცეფანია, მეორე მღვდელი და შესასვლელის სამი მცველი. ქალაქიდან აიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მებრძოლთა ზედამხედველი იყო, და მეფის წინაშე წარჩინებული შვიდი კაცი, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, და მხედართმთავრის მწერალი, ქვეყნის ერის აღმწერელი, და სამოცი კაცი ქალაქში მყოფი ქვეყნის ხალხიდან. და წაიყვანა ისინი ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, და მიიყვანა ისინი ბაბილონის მეფესთან რიბლაში. და სცემა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. და გადაასახლა მან იუდა თავისი მიწიდან. ეს არის ხალხის რაოდენობა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა: მეშვიდე წელს სამიათას ოცდასამი იუდაელი; თავისი მეფობის მეთვრამეტე წელს რვაასოცდათორმეტი სული იერუსალიმიდან. და ოცდამესამე წელს ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, გადაასახლა შვიდას ორმოცდახუთი სული იუდაელი: მთლიანად ოთხიათას ექვსასი სული. იუდას მეფის, იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვის მეხუთე დღეს ევილ მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი მეფობისას განადიდა იეჰოაქინი, იუდას მეფე, და გამოიყვანა იგი საპყრობილიდან. კეთილად ელაპარაკა მას და ტახტი დაუდგა იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მასთან იყვნენ ბაბილონში. გამოიცვალა იეჰოაქინმა თავისი საპატიმრო სამოსელი და ჭამდა პურს მეფის წინაშე მუდამ, მთელი სიცოცხლე. და ეძლეოდა მას თავისი მუდმივი არჩივი ბაბილონის მეფისაგან ყოველდღე მისი სიკვდილის დღემდე, მთელი სიცოცხლე. როგორ მარტოდ დამჯდარა ერთდროს ხალხმრავალი ქალაქი! შეიქნა როგორც ქვრივი ერთდროს უდიდესი ხალხთა შორის, ოლქებში მთავარი, დღეს მოხარკე გახდა. მწარედ ტირის ის ღამით, და მისი ცრემლები მის ღაწვებზეა. არ არის მისთვის ნუგეშისმცემელი, ყველა მისმა მეგობარმა, ყველა მისმა მოყვასმა უღალატა მას, მტრად გაუხდა. გადაიხვეწა იუდა ჩაგვრისა და დიდი ჯაფის გამო, დასახლდა ხალხებში, ვერ ჰპოვა სიმშვიდე, ყველა მისი მდევარი მისწვდა მას ვიწროებში. სიონის გზები მგლოვიარეა, რადგან არავინაა ზეიმზე მომსვლელი. აოხრდა მისი ყველა ჭიშკარი, ხვნეშიან მისი მღვდლები, კვნესიან მისი ქალწულები და მასაც სიმწარე აქვს. მისი შემჭირვებელნი თავში მოექცნენ, მისი მტრები არხეინობენ, რადგან უფალმა დაამწუხრა იგი მისი მრავალი დანაშაულის გამო, მისი ბავშვები ტყვეებად მიდიან მტრის წინ. და გაეცალა სიონის ასულს მთელი ბრწყინვალება, მისი მთავარნი იმ ირმებივით არიან, საძოვარი რომ ვერ იპოვეს და ღონემიხდილნი გარბიან მდევრის წინ. გაიხსენა იერუსალიმმა ჩაგვრისა და შეურაცხყოფის დღეებში ყველაფერი კარგი, რაც ჰქონდა მას ძველი დღეებიდან, როდესაც დაეცა მისი ერი მტრების ხელით და არ ჰყავდა მას მშველელი, და მისი მტრები იცინოდნენ მისი ნგრევისას. ცოდვით შესცოდა იერუსალიმმა, ამის გამო იქცა უწმიდურად, ყველა მისმა პატივისმცემელმა შეიძულა ის, რადგან იხილეს მისი სიშიშვლე. თავადაც ხვნეშის და უკან ტრიალდება. მისი ჭუჭყი მის კალთაზეა, არ გაიხსენა თავისი მომავალი და საოცრად დაეშვა ძირს, არა ჰყავს ნუგეშისმცემელი მას. „დაინახე, უფალო, ჩემი გასაჭირი, რადგან მედიდურობს მტერი.“ მტერმა გაიწვდინა თავისი ხელი მის ყველა საგანძურზე, რადგან დაინახა, რომ მის საკურთხეველში ხალხები შევიდნენ, რომლებზეც ბრძანე, რომ არ შესულიყვნენ შენს კრებულში. მთელი მისი ერი ხვნეშის პურის ძებნაში, საჭმელში აძლევენ თავიანთ ძვირფასეულობებს სულის მოსაბრუნებლად! „დაინახე, უფალო, და შეხედე, რადგან დავმცირდი!“ ეს არაფერია თქვენთან, გზაზე გამვლელნო? შეხედეთ და დაინახეთ, თუ არის სატკივარი მსგავსი ჩემი სატკივარისა, რომელიც მეწია მე, რომლითაც დამამწუხრა მე უფალმა თავისი მძვინვარე რისხვის დღეს? მაღლიდან გამოგზავნა ცეცხლი ჩემს ძვლებზე და მან სძლია მათ. მან გაუშალა ბადე ჩემს ფეხებს, უკან მიმაბრუნა, მიმცა მე აოხრებას და წუხილს დღე-ყოველ. უღელი ჩემი დანაშაულისა დამძიმდა მისი ხელით, დაიწნა, ამოვიდა ჩემს კისერზე, დაასუსტა მან ჩემი ძალა, მიმცა უფალმა მათ ხელთ, არ შემიძლია წამოდგომა. გათელა უფალმა ჩვენს შორის ყველა ძლიერი, მოუხმო ჩემს წინააღმდეგ კრებულს ჩემს ჭაბუკთა დასალეწად, როგორც საწნახელში, ისე დაწურა უფალმა ქალწული, იუდას ასული. ამაზე ვტირი მე, ჩემი თვალები იღვრება ცრემლად, რადგან გამშორდა ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომბრუნებელი. მიტოვებულნი არიან ჩემი ძენი, რადგან გაიმარჯვა მტერმა. გაიწვდინა სიონმა თავისი ხელნი – არავინ ჰყავს ნუგეშისმცემელი. უბრძანა უფალმა იაკობის მტრებს შემორტყმოდნენ მას; იერუსალიმი იქცა სისაძაგლედ მათ შორის. სამართლიანია უფალი, რადგან ავუჯანყდი მას! მოისმინეთ, ყველა ხალხებო, და დაინახეთ ჩემი სატკივარი: ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი ტყვეობაში წავიდნენ. ვუხმობდი ჩემს მოყვარულთ, მათ კი მომატყუეს მე, ჩემი მღვდლები და ჩემი უხუცესნი ქალაქში იხოცებოდნენ, როდესაც ეძებდნენ საჭმელს, რათა მოებრუნებინათ სული. დაინახე, უფალო, რადგან მიჭირს მე, მიდუღს შიგნეული, ჩემი გული გადამიტრიალდა შიგნით, რადგან ვიურჩე მე: გარედან მახვილი მკლავს, სახლში სიკვდილივითაა. გაიგონეს მათ, რომ ვხვნეში მე – არავინა მყავს ნუგეშისმცემელი. ყველა ჩემმა მტერმა გაიგო ჩემი უბედურება, გაიხარა, რომ შენ ჰქენი ეს. ნეტავ, მოგეყვანა დღე, რომელიც გამოცხადებული გაქვს, და ისინიც ჩემსავით იქნებოდნენ. მოვიდეს მთელი მათი ბოროტება შენს წინაშე და მოექეცი მათ ისე, როგორც მე მომექეცი მთელი ჩემი ცოდვების გამო, რადგან გახშირდა ჩემი კვნესა და წუხს ჩემი გული. როგორ მოქუფრა უფალმა თავისი რისხვით სიონის ასული, ზეციდან მიწაზე დააგდო ისრაელის მშვენება და არ გაიხსენა თავისი კვარცხლბეკი თავისი რისხვის დღეს. შეუბრალებლად მოსპო უფალმა იაკობის ყველა საცხოვრებელი, თავისი წყრომით დაანგრია იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწაზე დასცა, შებღალა სამეფო და მისი მთავარნი. შემუსრა თავისი გულისწყრომის რისხვით ყოველი რქა ისრაელისა, მტრის წინ უკან დააბრუნა თავისი მარჯვენა და გააღვივა იაკობში, როგორც ცეცხლის ალი, ირგვლივ ყველაფრის შემჭმელი. მოზიდა თავისი მშვილდი, როგორც მტერმა, აღმართულია მარჯვენა, როგორც მომხდურისა და დახოცა ყველა თვალის საამური, სიონის ასულის კარავში გადმოღვარა თავისი გულისწყრომა, როგორც ცეცხლი. გახდა უფალი, როგორც მტერი, მოსპო ისრაელი, მოსპო მისი ყველა სასახლე, დაანგრია მისი ციხე-სიმაგრენი და გაამრავლა იუდას ასულის გლოვა და ტირილი. ბაღივით გაძარცვა თავისი კარავი, ააოხრა თავისი შესაკრებელი ადგილი, დაავიწყა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, და მოიძულა თავისი წყრომის რისხვით მეფე და მთავარი. მიატოვა უფალმა თავისი სამსხვერპლო, მოიძულა თავისი ტაძარი, მტრის ხელთ გადასცა თავის სასახლეთა გალავნები, ხმა გამოსცეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს. განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, გაიწვდინა საბელი, არ შეაბრუნა ხელი მოსპობისაგან, და გლოვა დასცა მიწაყრილს და გალავანს, ერთად შეიმუსრენ ისინი. მიწაში ჩაიძირნენ მისი კარიბჭენი, მოსპო და დალეწა მისი ურდულნი, გაფანტა მისი მეფე და მისი მთავარნი უცხო ხალხებში, არაა რჯული, ვერც მისი წინასწარმეტყველნი პოულობენ წინასწარხილვას უფლისაგან. მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, მტვერი წაიყარეს თავზე, ძაძები შემოირტყეს; მიწისკენ დახარეს თავები იერუსალიმის ქალწულებმა. დამებინდა ცრემლებით თვალები, ამიდუღდა სული, მიწაზე იღვრება ჩემი გული ჩემი ერის ასულის უბედურების გამო, როდესაც ბავშვებსა და ჩვილებს გული მისდით შიმშილით ქალაქის მოედნებზე. ეტყვიან თავიანთ დედებს „სად არის პური და ღვინო?“ როდესაც გული მისდით ქალაქის ქუჩებში ვით მძიმედ დაჭრილს, როცა სულს ღვრიან დედის მკერდზე. რა დავამოწმო შენზე, ვის შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო, რადგან ზღვასავით დიდია შენი უბედურება? ვინ განგკურნავს შენ? შენი წინასწარმეტყველნი შენთვის წინასწარ ხედავდნენ ამაოს და ტყუილს, და არ ამხელდნენ შენს ურჯულოებას, რათა მოებრუნებინათ შენი ტყვეობა და წინასწარ ხედავდნენ შენთვის ამაო და მაცდუნებელ განგებებს. ტაშს უკრავდნენ გამვლელნი შენზე ყველა გზაზე, უსტვენდნენ და თავს აქნევდნენ იერუსალიმის ასულზე: „ნუთუ ეს არის ის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ: სრულყოფილი მშვენება და შვებაა მთელი ქვეყნისა?“ დააღო შენზე პირი ყველა შენმა მტერმა, უსტვენენ და კბილს აკრაჭუნებენ, ამბობენ: „გადავყლაპეთ ჩვენ იგი, ნამდვილად ეს დღეა, რომელსაც ველოდით, ვიპოვეთ, ვიხილეთ!“ აღასრულა უფალმა, რაც განიზრახა, აახდინა თავისი ნათქვამი, რომელიც ბრძანა ძველთაგანვე, დაანგრია და არ შეიბრალა, და გაახარა შენზე მტერი, აღამაღლა შენს მოწინააღმდეგეთა რქა. მათი გული უფალს შეჰკივის, სიონის ასულის გალავანო, ჩამოადინე ცრემლები მდინარესავით დილით და ღამით; ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას, ნუ შეწყდება ცრემლი შენი თვალის გუგაზე. ადექი, შეჰღაღადე ღამით საგუშაგოს დასაწყისში, წყალივით გადმოღვარე შენი გული უფლის წინაშე. მისკენ აღმართე შენი ხელები შენს ჩვილთა სიცოცხლისთვის, შიმშილისაგან სულს რომ ღაფავენ ყოველი ქუჩის თავში. დაინახე, უფალო, და შეხედე, ვისთვის გააკეთე ასე? განა ყოფილა რომ ქალები ჭამდნენ ნაყოფს თავიანთი მუცლისას, ჩვილებს, მათ მიერ გამოზრდილთ? განა ყოფილა, რომ უფლის ტაძარში კლავდნენ მღვდელსა და წინასწარმეტყველს? ქუჩებში წვანან ყმაწვილი და უხუცესი, ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად ამოხოცე. როგორც დღესასწაულის დღეს, მოუხმე ყოველი მხრიდან ჩემს დამაფრთხობელთ და არ იყო უფლის რისხვის დღეს არც გაქცეული და გადარჩენილი. ვისაც სათუთად ვუვლიდი და გამოვზარდე, ჩემმა მტერმა გაანადგურა. მე ვარ კაცი, მისი წყრომის კვერთხისაგან ჭირის მნახველი. მან წამიყვანა და მატარა ბნელში და არა ნათელში. მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ აბრუნებს თავის ხელს ისევ და ისევ მთელ დღეს. დააბერა ჩემი ხორცი და ჩემი კანი, დალეწა ჩემი ძვლები. შემომადგა მე და მომიცვა სიმწარითა და შეჭირვებით. ბნელში დამასახლა, როგორც საუკუნოდ მკვდარნი. ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გამოვიდე და დაამძიმა ჩემი ბორკილები. კიდევაც რომ ვიკივლო და ვუხმო მშველელს, ჩაახშობს ჩემს ვედრებას. თლილი ქვებით გადაღობა ჩემი გზები, გაამრუდა ჩემი ბილიკები. ჩასაფრებული დათვია ის ჩემთვის, ლომია შეფარებული. გააუკუღმართა ჩემი გზები და დამფლითა მე, დამდო მე ტიალად. მოზიდა თავისი მშვილდი და მე დამაყენა სამიზნედ ისრისა. გაატარა ჩემს თირკმელებში ძენი თავისი კაპარჭისა. სასაცილო გავხდი მთელი ჩემი ხალხისა, მათ საშაიროდ მთელ დღეს, სიმწარით გამაძღო, აბზინდით დამათრო. ხრეშით დამამტვრევინა კბილები, გამახვია ფერფლში. და მშვიდობისგან მიტოვებულ იქნა ჩემი სული, დამავიწყდა კეთილდღეობა. და ვთქვი მე: დაიკარგა ჩემი ძალა და ჩემი იმედი უფლისაგან. გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება და ტანჯვა და სიმწარე. იხსენებს და დამცირებულია ჩემში სული. ამას ვუპასუხებ ჩემს გულს, ამის გამო ვესავ, რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. განახლდებიან ისინი ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება. ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული, ამის გამო ვესავ მას. კეთილია უფალი მისი მოიმედისთვის, მისი მაძიებელი სულისთვის. სიკეთე მას, ვინც მდუმარედ ელოდება უფლისაგან ხსნას. სიკეთე კაცს, რომ ზიდა უღელი თავის სიყმაწვილეში, დაჯდეს მარტოდ და მდუმარედ, რადგან მან დაადო მას იგი. მტვერში დადოს ის თავისი ბაგე – იქნებ არის იმედი. ლოყა მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს შერცხვენით. რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ. რადგან, თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდევაც თავისი დიდი მოწყალებით. რადგან არა თავისი ნებით აყენებს ის ტანჯვას და ამწუხრებს ადამიანის ძეთ, რომ გათელოს თავის ფეხქვეშ ქვეყნის ყველა ტუსაღი, რომ გაამრუდოს კაცის სამართალი უზენაესის წინაშე, რომ გააბათილოს ადამიანი მის საქმეში – არ ხედავს ამას უფალი? ვინ არის, რომ თქვა და შესრულდა, განა უფალს არ უბრძანებია? განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე? რას ჩივის ცოცხალი ადამიანი? იჩივლოს კაცმა თავის ცოდვებზე. მოვძებნოთ ჩვენი გზა და გამოვიძიოთ და მოვბრუნდეთ უფლისაკენ. ავწიოთ ჩვენი გულები ხელებით ღმერთისაკენ ზეცაში. ჩვენ შევცოდეთ და ავჯანყდით, შენ არ გვაპატიე. შენ შეიმოსე რისხვით და გვდევნე, გვხოცავდი და არ გვიბრალებდი. შენ შეიმოსე ღრუბლით, რათა არ მოეღწია ჩვენს ლოცვას. ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხებს შორის. დააღო ჩვენზე პირი ყველა ჩვენმა მტერმა. შიში და ორმო გვხვდა წილად, ნგრევა და შემუსვრა. წყლის ნაკადულებად მდის ცრემლები თვალთაგან ჩემი ერის ასულის შემუსვრის გამო. ჩემი თვალი ცრემლსა ღვრის მუდმივად და განუწყვეტლივ, სანამ გადმოხედავს და დაინახავს უფალი ციდან. ჩემ თვალს ტანჯვა მოაქვს ჩემი სულისათვის ჩემი ქალაქის ყველა ასულის გამო. ჩიტივით მომინადირეს მე უმიზეზოდ ჩემმა მტრებმა. ჩემი ცხოვრება დილეგში დაღუპეს და ქვებს მესროდნენ მე. წყალმა გადამიარა თავზე, ვთქვი: „დავიღუპე“. შავეთის დილეგიდან ვუხმობდი შენს სახელს, უფალო. ისმინე ჩემი ხმა, ნუ მოარიდებ შენს ყურს ჩემს ღაღადს, ჩემს ამოსუნთქვას. მომიახლოვდი იმ დღეს, როდესაც მოგიხმე, ამბობდი: „ნუ გეშინია,“ შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს, შენ იხსენი ჩემი სიცოცხლე. დაინახე, უფალო, ხელმრუდეობა ჩემზე, განსაჯე ჩემი საქმე. დაინახე მთელი მათი შურისძიება, ყოველი მათი განზრახვა ჩემზე! ისმინე მათგან ლანძღვა, უფალო, ყოველი მათი განზრახვა ჩემს წინააღმდეგ. ბაგე ჩემს მომხდურთა და მათი ჩანაფიქრი ჩემს წინააღმდეგაა ყოველ დღე. შეხედე მათ დაჯდომისას და ადგომისას, დამცინიან მე თავიანთ სიმღერებში. მიუზღე მათ მისაგებელი, უფალო, მათი ხელის ნამოქმედარის მიხედვით. მიეცი მათ გულის ჯანღი, შენი წყევლა იყოს მათზე. დევნე ისინი რისხვაში და გაანადგურე უფლის ცის ქვეშ. ვაი, როგორ გაშავდა ოქრო, შეიცვალა ხალასი ოქრო, გადაყრილია წმიდის ქვები ყველა ქუჩის თავში. სიონის ძვირფასო ძენო, შეფასებულნო ბაჯაღლოთი, როგორ დაემსგავსნენ ისინი თიხის დოქებს, მექოთნის ხელით ნაკეთებს. ტურებიც კი იშიშვლებენ ძუძუს, აჭმევენ თავიანთ ლეკვებს! ჩემი ერის ასული კი გასასტიკდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში. ძუძუმწოვრის ენა წყურვილისაგან ეკრობა მის სასას, ჩვილნი პურს ითხოვენ, არავინაა მათთვის პურის მომტეხი. ნუგბართა მჭამელნი გულწასულნი არიან ქუჩებში, ძოწეულში გაზრდილნი ნეხვს ეხვევიან. და გადააჭარბა ჩემი ერის ასულის ურჯულოებამ სოდომის ცოდვებს, რომელიც მოისპო წამში და ხელი არ შეხებია მას. მისი მოწმიდარნი თოვლზე წმიდანი იყვნენ, რძეზე თეთრნი, მათი პირისახე მარჯანზე ღაჟღაჟა იყო, მათი აღნაგობა მსგავსი საფირონისა. მურზე შავი გახდა მათი სახე, ვერ იცნობიან ქუჩებში. მათი კანი მიახმა მათ ძვლებს, გაშრა, როგორც ხე. მახვილით დახოცილნი შიმშილით დახოცილებზე ბედნიერნი იყვნენ, ისინი ჭკნებოდნენ განგმირულნი მინდვრის ნაყოფის ნაკლებობით. შემბრალებელ ქალთა ხელები ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, ისინი მათთვის საჭმელი იყო ჩემი ასულის დაღუპვის დღეს. დაასრულა უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოღვარა თავისი რისხვის ალი, და დაანთო ცეცხლი სიონზე, რომელმაც შეჭამა მისი საძირკვლები. არ სწამდათ ქვეყნის მეფეებს და ქვეყნიერების არც ერთ მცხოვრებს, რომ შემაჭირვებელი და მტერი მოვიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებთან. მის წინასწარმეტყველთა ცოდვების გამო, მის მღვდელთა ურჯულოების გამო, რომ ღვრიდნენ მის შიგნით წმიდათა სისხლს. ისინი ბრმად ხეტიალობდნენ ქუჩებში, იბილწებოდნენ სისხლით ისე, რომ ვერავინ ეხებოდა მათ სამოსელს. „მომშორდი ბილწო!“ – უყვიროდნენ მათ. – „მომშორდით, მომშორდით, არ შემეხოთ!“ ასე ხეტიალობდნენ და დაწანწალებდნენ ისინი, ხალხებში კი ამბობდნენ: „აღარ იცხოვრებენ აქ.“ უფლის პირმა გაფანტა ისინი და აღარ შეხედავს მათ მეტად, მღვდლებს პატივს არ სცემდნენ ისინი, უხუცესებს არ ინდობდნენ, მოიქანცნენ ჩვენი თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში, ჩვენი საგუშაგო კოშკიდან ველოდით ხალხს, რომელმაც ვერ გვიხსნა. უსაფრდებოდნენ ჩვენს ნაბიჯებს, რომ არ გაგვევლო ჩვენს ქუჩებში, მოახლოვდა ჩვენი ბოლო, აივსო ჩვენი დღეები, რადგან მოვიდა ჩვენი ბოლო. ცის არწივებზე მსუბუქნი იყვნენ ჩვენი მდევარნი, მთებზე გვდევდნენ ჩვენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ. სუნთქვა ჩვენი ნესტოებისა, უფლის ცხებელი, გაება მათ მახეში, ვისზეც ვამბობდით: „მის ჩრდილში ვიცოცხლებთ ხალხთა შორის“. იმხიარულე და იხარე, ედომის ასულო, ყუცის ქვეყანაში მცხოვრებო, შენც შეგხვდება თასი, დათვრები და გაშიშვლდები. დასრულდა შენი ურჯულოება, სიონის ასულო, აღარ გაგდევნის მეტად, დაგსჯის შენი ურჯულოების გამო, ედომის ასულო, გამოაჩენს შენს ცოდვებს. გაიხსენე, უფალო, რა დაგვემართა ჩვენ, შეხედე და იხილე ჩვენი შერცხვენა. ჩვენი სამკვიდრებელი უცხოებს ერგოთ, ჩვენი სახლები – გადამთიელებს. დავობლდით, აღარ გვყავს მამა, ჩვენი დედები ქვრივებივით არიან. ჩვენი წყაროებიდან ვერცხლადა ვსვამთ, ჩვენი ხეებიც სასყიდლით გვხვდება. კისერში კვრით გვდევნიან; დავიქანცეთ, არ გვასვენებენ. ეგვიპტეს გავუწვდინეთ ხელი, აშურს – პურით გასაძღომად. ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ უკეთურებათა გამო ვიტანჯებით. მონები ბატონობენ ჩვენზე, არავინ არის, რომ დაგვიხსნას მათი ხელიდან. სულის გაწირვით საფასურად ვშოულობთ ჩვენს პურს, უდაბნოს მახვილის გამო. ღუმელივითაა გავარვარებული ჩვენი კანი შიმშილის ხვატით. გააუპატიურეს ქალები სიონში და ქალწულნი – იუდას ქალაქებში. მთავრებს მათი ხელებით ჰკიდებდნენ, უხუცესებს არ სცემდნენ პატივს. ჭაბუკნი დოლაბს ეზიდებოდნენ და ყმაწვილნი ხის ტვირთ ქვეშ ეცემოდნენ. უხუცესნი აიყარნენ კარიბჭეთაგან, შეწყვიტეს ჭაბუკებმა თავიანთი სიმღერა. შეწყდა მხიარულება ჩვენი გულისა, გლოვად იქცა ჩვენი ფერხული. დაცვივდა გვირგვინები ჩვენი თავებიდან, ვაი ჩვენ, შევცოდეთ! ამის გამო წუხდა ჩვენი გული, ამის გამო დაგვიბნელდა თვალები, რომ აოხრდა სიონის მთა, მელიები დადიან მასზე. შენ, უფალო, საუკუნოდ მყოფობ, შენი ტახტი იდგმება თაობიდან თაობამდე. რატომ დაგვივიწყე სამარადისოდ, დაგვტოვე ასე დიდხანს? მოგვაბრუნე, უფალო, შენსკენ და ჩვენც განაახლე ჩვენი დღეები, როგორც უწინ, ნუთუ საბოლოოდ მოგვიძულე და მეტისმეტად მრისხანებ ჩვენზე? როცა ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს მე დევნილთა შორის ვიყავი ქებარის მდინარის ნაპირზე, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ჩვენებანი. თვის მეხუთე დღეს, მეხუთე წელს მეფე იეჰოაქინის განდევნიდან იყო სიტყვა უფლისა მღვდელ ეზეკიელისადმი, ბუზის ძისა ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის ნაპირზე. და იყო იქ მასზე უფლის ხელი. და მე ვიხილე, აჰა, გრიგალი მოვიდა ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და აელვარებული ცეცხლი, და იყო კაშკაში მის ირგვლივ და მის შიგნიდან, როგორც ფოლადის ელვარება ცეცხლში. და მის შიგნიდან გადმოვიდნენ მსგავსნი ოთხი ცხოველისა. და მათი შესახედაობა ადამიანის მსგავსი იყო. და თითოეულ მათგანს ოთხი სახე და ოთხი ფრთა ჰქონდა. მათი ფეხები სწორი იყო და მათ ფეხთა ტერფი იყო მსგავსი ხბოს ფეხის ტერფისა. და ბრწყინავდნენ, როგორც ლაპლაპა სპილენძი. და ადამიანის ხელები იყო მათი ფრთების ქვეშ, ოთხივე მხარეზე. და სახე და ფრთები ოთხივეს ჰქონდათ. ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა. შესახედაობა მათი სახისა: სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს ჰქონდათ მარჯვნივ და სახე ხარისა – ოთხივეს მარცხნივ, და სახე არწივისა ჰქონდა ოთხივეს. მათი ფრთები გაყოფილი იყო ზევიდან, თითოეულს ორი ფრთა აერთებდა ერთმანეთთან და ორი ფარავდა მათ ტანს. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქ, საითაც სურვილი ჰქონდათ წასვლისა. მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას. შესახედაობა ამ ცხოველთა: მათი შესახედაობა – როგორც ცეცხლმოკიდებული ნაკვერცხლისა, მსგავსი ჩირაღდნებისა. ცეცხლი მიმოდიოდა ცხოველებს შორის და ბრწყინვა ჰქონდა ცეცხლს და ცეცხლიდან ელვა გამოდიოდა. ცხოველები გარბოდნენ იქით-აქეთ, მსგავსად ელვისა. და მე შევხედე ცხოველებს და აჰა, თითო ბორბალი იყო მიწაზე ცხოველებთან, ოთხივე სახისთვის. შესახედაობა ამ ბორბლებისა და მათი ნაკეთობა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს. მათი შესახედაობა და მათი ნაკეთობა ისეთი იყო, როგორც ბორბალში ჩადებული ბორბლისა. თავიანთი ოთხი მხრის მიმართულებით თავიანთი სვლით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სვლისას. და მათი ბორბლის ფერსოები მაღალი იყო და საშინელი. და მათი ბორბლის ფერსოები სავსე იყო თვალებით ოთხივეს გარშემო. და როდესაც ცხოველები მიდიოდნენ, ბორბლებიც მიდიოდნენ მათთან და ცხოველთა მიწიდან აწევისას, ბორბლებიც იწეოდნენ. საითაც გაიწევდა სული წასასვლელად, იქით მიდიოდნენ, სადაც არ უნდა გაეწია წასასვლელად, ბორბლებიც იწეოდნენ მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალი სული იყო ბორბლებში. მათი სვლისას მიდიოდნენ ისინიც და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი აწევით იწეოდნენ ბორბლები მიწიდან მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალი სული იყო ბორბლებში, ცხოველთა თავზე იყო ცის თაღის მსგავსი, როგორც საშინელი ყინული, გადმოხრილი მათ თავებზე მაღლიდან. თაღის ქვეშ მათი ფრთები გასწორებული იყო ერთიმეორესთან. ერთს ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთი მხრიდან და ერთს ორი ფრთა – მეორე მხრიდან. და მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც ხმა მრავალი წყლისა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა მათი სვლისას, ხმა ღრიანცელისა, როგორც ხმა ბანაკისა. გაჩერებისას კეცავდნენ თავიანთ ფრთებს. და ისმოდა ხმა თაღის ზემოდან, რომელიც მათ თავს ზემოთ იყო. გაჩერებისას კეცავდნენ თავიანთ ფრთებს. და თაღის ზემოთ, რომელიც თავსზეით ჰქონდათ, იყო მსგავსი საფირონის ქვისა, მსგავსი ტახტისა, და ამ ტახტის მსგავსზე იყო ადამიანის მსგავსი სახება, მის მაღლა. და მე ვიხილე თითქოსდა სინათლე, ცეცხლის სახებასავით მის შიგნით და ირგვლივ, მისი წელის სახებიდან და მაღლა. და მისი წელის სახებიდან და დაბლა ვიხილე ცეცხლის სახებასავით და ნათება იყო მის ირგვლივ. როგორც სახება ცისარტყელასი, რომელიც ღრუბელშია წვიმიან დღეს, ასეთი სახება ჰქონდა ამ ნათებას ირგვლივ. ეს იყო სახება მსგავსი უფლის დიდებისა. და როცა ვიხილე ეს, პირქვე დავემხე და მომესმა მოლაპარაკის ხმა. და მან მითხრა: „ძეო კაცისავ! დადექი ფეხზე და დაგელაპარაკები.“ და შემოვიდა ჩემში სული, როდესაც ის მელაპარაკებოდა, და დამაყენა ფეხზე, და მე ვუსმენდი ჩემთან მოლაპარაკეს. და მითხრა: „ძეო კაცისავ! მე გგზავნი ისრაელის ძეებთან, მეამბოხე ხალხთან, რომლებიც ამბოხდნენ ჩემს წინააღმდეგ. ისინი და მათი მამები სცოდავდნენ ჩემს წინააღმდეგ დღევანდელ დღემდეც კი. ეს ძენი სახეჯიუტნი და გულსასტიკნი არიან. მე გგზავნი მათთან და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა!’ და თუ მოისმენენ ან არა – რადგან მეამბოხე სახლია ისინი, მაინც მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. შენ კი, ძეო კაცისავ! ნუ შეგეშინდება მათი და მათი ლაპარაკისაც, თუმცა ძეძვები და ეკლები არიან შენთვის, და მორიელებზე ზიხარ. მათი ლაპარაკის ნუ შეგეშინდება და მათ სახეთაგან ნუ შეკრთები, რადგან მეამბოხე სახლია ისინი. და ეტყვი ჩემს სიტყვებს მათ, მოისმენენ თუ არ მოისმენენ, რადგან მეამბოხენი არიან ისინი. შენ კი, ძეო კაცისავ! მოისმინე, რასაც მე გეტყვი: ნუ იქნები მეამბოხე, როგორც მეამბოხე სახლი, გააღე შენი პირი და ჭამე, რასაც მე მოგცემ.“ და მე ვიხილე ხელი, გამოწვდილი ჩემსკენ და მასში – გრაგნილი წიგნისა. და მან გაშალა იგი ჩემს წინაშე. და ის გრაგნილი დაწერილი იყო წინა მხრიდან და უკანა მხრიდან. და ეწერა მასზე მოთქმა და კვნესა და ტირილი. და მან მითხრა მე: „ძეო კაცისავ, რასაც იპოვი, ჭამე, ჭამე ეს გრაგნილი და წადი, ელაპარაკე ისრაელის სახლს.“ და გავაღე მე პირი და მან შემაჭამა ეს გრაგნილი. და მითხრა მე: „ძეო კაცისავ! გამოკვებე შენი მუცელი და გაავსე შენი შიგნეული ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ შენ.“ და მე შევჭამე ის და მეტკბო პირში, როგორც თაფლი. და მითხრა მე: „ძეო კაცისავ! წადი, მიდი ისრაელის სახლში და ელაპარაკე მათ ჩემი სიტყვებით, რადგან არა გაურკვეველი მეტყველებისა და მძიმე ენის ხალხთან ხარ გაგზავნილი, არამედ ისრაელის სახლთან. არა მრავალ გაურკვეველი მეტყველებისა და მძიმე ენის ხალხებთან, რომელთა ლაპარაკსაც ვერ გაიგებ. იმათთან რომ გამეგზავნე, ისინიც კი მოგისმენდნენ შენ, მაგრამ ისრაელის სახლი არ ისურვებს მოგისმინოს, რადგან მათ არ სურთ ჩემი მოსმენა, რადგან მთელი ისრაელის სახლი შუბლსასტიკი და გულჯიუტია. აჰა, მე გავხადე შენი სახე მაგარი მათი სახეების პირისპირ, შენი შუბლი – მაგარი მათი შუბლების პირისპირ. ალმასივით, რომელიც ქვაზე მაგარია, გავხადე შენი შუბლი. ნუ შეგეშინდება მათი და ნუ შეკრთები მათ სახეთაგან, რადგან მეამბოხე სახლია ისინი.“ და მითხრა მე: „ძეო კაცისავ! ყოველი ჩემი სიტყვა, რომელსაც მე გეტყვი, შენს გულში მიიღე და შენი ყურით მოისმინე. და წადი, მიდი გადასახლებულებთან, შენი ხალხის შვილებთან, და ელაპარაკე მათ და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა – მოისმენენ თუ არ მოისმენენ.’“ და წამიყვანა მე სულმა და მომესმა ჩემს უკან ხმა, ძლიერი ხმაური: „კურთხეულია უფლის დიდება მისი ადგილიდან,“ და ხმა ცხოველთა ფრთებისა, რომლებიც ერთმანეთს ეხლებოდნენ, და ხმა ბორბლებისა მათ გვერდით და ხმა ძლიერი ხმაურისა. და სულმა ამიტაცა მე და წამიყვანა, და წავედი მე გამწარებული და გაჯავრებული სულით, და უფლის ხელი მტკიცედ იყო ჩემზე. და მოვედი გადასახლებულებთან თელ-აბიბში, მსხდომებთან მდინარე ქებართან, და სადაც ისინი ისხდნენ, იქ დავჯექი შვიდ დღეს მათ შორის გაოგნებული. და შვიდი დღის ბოლოს იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ: „ძეო კაცისავ! ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე და ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ ჩემგან. როდესაც მე ვეტყვი ბოროტმოქმედს: ‘მოკვდები!’ და შენ არ გააფრთხილებ მას მისი ბოროტი გზების გამო, რათა გადარჩეს, ის ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ. მაგრამ თუ გააფრთხილე ბოროტმოქმედი და ის არ მოიქცა თავისი ბოროტმოქმედებიდან და თავისი ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი. და თუ მართალი განდგება თავისი სიმართლიდან და იქმს უსამართლობას, მაშინ მე დავდებ მის წინაშე დაბრკოლებას და მოკვდება იგი, რადგან არ გააფრთხილე. ის თავის ცოდვაში მოკვდება და არ მოიხსენება მისი მართალი საქმენი, რომელნიც გაუკეთებია. მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ. შენ კი, თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ შესცოდოს, და არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გაფრთხილდა. შენ კი იხსნი შენს სულს.“ და იყო ჩემზე იქ ხელი უფლისა და მითხრა: „ადექი, გადი ხეობისაკენ და იქ დაგელაპარაკები.“ ავდექი და გავედი ხეობისაკენ და აჰა, უფლის დიდება იდგა იქ, მსგავსი დიდებისა, რომელიც ვიხილე მდინარე ქებარის ნაპირზე. და პირქვე დავემხე. და შემოვიდა ჩემში სული და დამაყენა ფეხზე, და მელაპარაკა და მითხრა: „წადი, ჩაიკეტე შენს სახლში. და შენ, ძეო კაცისავ! აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ ამით, და ვერ დააღწევ მათ თავს. და შენს ენას მივაკრავ შენს სასას და დამუნჯდები, და აღარ ეყოლები მათ მამხილებელ კაცად, რადგან მეამბოხე სახლია ისინი. და როცა დაგელაპარაკები, გავხსნი შენს პირს და ეტყვი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მსმენელმა ისმინოს! ვისაც არ სურს, ნუ მოისმენს, რადგან მეამბოხე სახლია ისინი!’“ „და შენ, ძეო კაცისავ, აიღე შენთვის აგური და დაიდე წინ და დახაზე მასზე ქალაქი იერუსალიმი. და გამოხატე მისი ალყა, ააშენე მის წინააღმდეგ სიმაგრე და აღმართე მის წინააღმდეგ მიწაყრილი, და განალაგე მის წინააღმდეგ ბანაკები, და შემოაწყვე მის წინააღმდეგ ირგვლივ კედლის სანგრევი მანქანები. შენ კი, აიღე შენთვის რკინის ტაფა და დადგი იგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის, და მიმართე შენი პირი მისკენ და ალყაში იქნება, და შემოარტყი ალყა. ეს იქნება ნიშანი ისრაელის სახლისათვის. და დაწექი მარცხენა გვერდზე და დადე ისრაელის სახლის ურჯულოება მასზე. და რამდენ დღესაც იწვები მასზე, იმდენ ხანს ატარებ მათ ურჯულოებას. და მე დაგიწესე მათი ურჯულოების წლები დღეების რიცხვის მიხედვით: სამას ოთხმოცდაათი დღე. და ატარებ ურჯულოებას ისრაელის სახლისა. და შეასრულე ეს და დაწექი მეორედ შენს მარჯვენა გვერდზე და ატარე ურჯულოება იუდას სახლისა ორმოც დღეს. ერთი დღე ერთი წლისთვის მოგეცი მე. იერუსალიმის ალყისაკენ მიმართე შენი პირი და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მასზე. და მე დაგადებ შენ ბორკილებს და ვერ გადატრიალდები ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე შენი ალყის დღეების დასრულებამდე. შენ კი, აიღე შენთვის ხორბალი და ქერი, ცერცვი და ოსპი, ფეტვი და ასლი და ჩაყარე ერთ ჭურჭულში და გაიკეთე ისინი შენ პურად. იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, რამდენსაც შენ იწვები შენს გვერდზე, სამას ოთხმოცდაათ დღეს, ჭამე იგი. საჭმელი, რომელსაც შენ შეჭამ, წონით ოც შეკელს დღეში, ჟამიდან ჟამზე ჭამე. და წყალი წყვით სვი, მეექვსედი ჰინი, ჟამიდან ჟამზე სვი. და ქერის კვერად ჭამე იგი და ადამიანის განავალში გამოაცხვე მათ თვალწინ.“ და თქვა უფალმა: „ასე შეჭამენ ისრაელის ძენი თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხებში, რომლებთანაც განვდევნი მათ.“ და ვთქვი: „ოჰ, უფალო, ღმერთო! აჰა, ჩემი სული არ შებილწულა და მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია ჩემი სიჭაბუკიდან დღემდე და ჩემს პირში არ ჩასულა ბინძური ხორცი.“ და მან მითხრა: „ნახე! მე მოგეცი შენ ძროხის სკორე ადამიანის განავალის ნაცვლად და მათზე მოამზადე შენი პური.“ და კიდევ მითხრა: „ძეო კაცისავ! აჰა, მე დავლეწავ პურის არგანს იერუსალიმში და ისინი შეჭამენ პურს წონით და დარდით, და წყალს წყვითა და სასოწარკვეთილებით შესვამენ. რათა მოაკლდეთ მათ პური და წყალი, და შეძრწუნდნენ კაცი და მისი მახლობელი და დალპნენ თავიანთ ურჯულოებაში.“ „შენ კი, ძეო კაცისავ! აიღე შენთვის მჭრელი მახვილი, დალაქთა სამართებელი აიღე შენთვის და გადაატარე შენს თავზე და შენს წვერზე და აიღე შენთვის ასაწონი სასწორი და გაანაწილე თმა. მესამედი კოცონზე დაწვი ქალაქის შუაგულში ალყის დღეების დასრულებისას. და აიღე მესამედი და მახვილით დაკეპე ქალაქის ირგვლივ, მესამედი ქარში გაფანტე და მე გავაშიშვლებ მახვილს მათ უკან. აიღე იქიდან მცირეოდენი და მიაბი ისინი შენი ტანსაცმლის კიდეს. და მათგან აიღე კიდევ და ჩაყარე ისინი ცეცხლში და დაწვი ისინი ცეცხლში და გამოვა იქიდან ცეცხლი მთელ ისრაელის სახლზე. და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ეს იერუსალიმია! ხალხებს შორის დავადგინე იგი და მის ირგვლივ – ქვეყნები. ის კი წინაღუდგა ჩემს სამართალს და შესცოდა სხვა ხალხებზე მეტად და წინაღუდგა ჩემს წესებს იმ ქვეყნებზე უარესად, რომლებიც მის ირგვლივაა, რადგან ჩემი სამართალი შეიჯავრეს და ჩემი წესებით არ იარეს.’ ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: რადგან თქვენს სიშმაგეში გადააჭარბეთ სხვა ხალხებს, რომლებიც თქვენს ირგვლივაა და ჩემი წესებით არ იარეთ და ჩემი სამართალი არ ჰყავით, და არც სხვა ხალხების სამართალი, რომლებიც თქვენს ირგვლივაა, არ ჰყავით. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მეც შენს წინააღმდეგ ვიქნები და შენს შიგნით ვყოფ სამართალს ხალხების თვალწინ. და გაგიკეთებ იმას, რაც არ გამიკეთებია და რის მსგავსსაც არ გავაკეთებ კვლავ ყველა შენი სისაძაგლის გამო. ამიტომ მამები შეჭამენ შვილებს შენს შორის და შვილები შეჭამენ თავიანთ მამებს, და ვყოფ შენში სამართალს და გავფანტავ მთელ შენს ნატამალს ყველა ქარისაკენ. ‘როგორც ცოცხალი ვარ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘მართლაც იმიტომ, რომ ჩემი საკურთხეველი შებილწე შენი ყოველი სისაძაგლით და შენი ყოველი საზიზღრობით, და მეც დაგამცირებ შენ და არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არც მე შეგიბრალებ. შენი მესამედი შავი ჭირით მოკვდება და შიმშილით დაიღუპება შენს შორის, მესამედი მახვილით დაეცემა შენს ირგვლივ, მესამედს ყველა ქარისკენ გავფანტავ და მახვილს გავაშიშვლებ მათ უკან. და დასრულდება ჩემი რისხვა და დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას მათზე, და დავწყნარდები და გაიგებენ, რომ მე, უფალი, ვლაპარაკობდი ჩემი ეჭვიანობისას, მათზე ჩემი რისხვის დასრულებისას. და მიგცემ შენ ასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, რომლებიც შენს ირგვლივაა, ყოველი გამვლელის თვალში. და იქნება ეს შესარცხვენად და დასაცინად, და მაგალითად და გასაოცებლად ხალხებისათვის, რომლებიც შენს ირგვლივაა, როდესაც ვყოფ შენში სამართალს გულისწყრომასა და რისხვაში და რისხვის საყვედურებში. მე, უფალმა, ვილაპარაკე. მათზე შიმშილის ულმობელი ისრების გაგზავნისას, რომლებიც დასაღუპავად იქნებიან, როდესაც გავგზავნი მათ თქვენს დასაღუპავად, და შიმშილს გავაძლიერებ თქვენზე და დაგილეწავთ თქვენ პურის არგანს. და გამოვგზავნი თქვენზე შიმშილს და მხეცებს, და დარჩები უშვილოდ, და შავი ჭირი და სისხლი გაივლის შენში, და მახვილს მოვაწევ შენზე. მე, უფალმა, ვილაპარაკე!’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ: „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი ისრაელის მთებისაკენ და უწინასწარმეტყველე მათ, და უთხარი: ‘მთანო ისრაელისა! ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე უთხრა უფალმა ღმერთმა მთებს, ბორცვებს, ხევებსა და ხეობებს: აჰა, მე მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო გორაკებს. და დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები და დაილეწება თქვენი მზის სვეტები და დაეცემიან თქვენი დახოცილები თქვენი კერპების წინ. და დავყრი ისრაელის ძეთა გვამებს მათი კერპების წინ და გავფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ. ყველა თქვენი საცხოვრებელი ქალაქი აოხრდება და გორაკები გატიალდება, რათა აოხრდეს და დაინგრეს თქვენი სამსხვერპლოები, და დაილეწოს და მოისპოს თქვენი კერპები და განადგურდეს თქვენი მზის სვეტები და აღმოიფხვრას თქვენი ქმნილებანი. და დაეცემიან დახოცილები თქვენს შორის და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი. და მე დავტოვებ ნარჩენს, გეყოლებათ თქვენ მახვილს გადარჩენილნი, როდესაც ქვეყნებში გაიფანტებით. და გამიხსენებენ მე თქვენი გადარჩენილები ხალხებში, სადაც იქნებიან დატყვევებულნი, როდესაც მე შევმუსრავ მათ მეძავ გულს, რომელიც განდგა ჩემგან, და მათ თვალებს, რომელნიც მეძაობდნენ თავიანთ კერპებთან. და შეზიზღდებათ საკუთარი თავი იმ ბოროტების გამო, რასაც ჩადიოდნენ მთელ თავიანთ სისაძაგლეებთან. და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, ამაოდ არ ვამბობდი, რომ მოვაწევდი მათ ამ უბედურებას.’“ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „შემოჰკარი ხელი და დააბაკუნე ფეხი და თქვი: ‘ოჰ, უბედურება!’ ისრაელის სახლის ყველა ბოროტეული სისაძაგლისათვის, რადგან დაეცემიან მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით. შორსმყოფი შავი ჭირით მოკვდეს და ახლომყოფი მახვილით დაეცეს, და გადარჩენილი და ალყაშემორტყმული შიმშილით მოკვდეს. და დავასრულებ ჩემს რისხვას მათზე. და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, როდესაც თქვენი დახოცილები დაეცემიან თავიანთ კერპებს შორის, თავიანთი სამსხვერპლოების ირგვლივ, ყველა მაღალ გორაკზე, ყველა მთის თხემზე და ყველა ამწვანებული ხის ქვეშ და ყველა დატოტვილი მუხის ქვეშ, ადგილას, სადაც მიჰქონდათ საყნოსავი კეთილსურნელება თავიანთი კერპებისათვის. და გავიწვდენ ჩემს ხელს მათზე და ვაქცევ იმ ქვეყანას ოხრად და ტიალად დიბლათაიმის უდაბნოზე უარესად, ყოველ მათ საცხოვრებელში და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ: „შენ კი, ძეო კაცისავ, თქვი: ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ისრაელის მიწას: ‘დასასრული! დასასრული მოვიდა ქვეყნის ოთხ კიდეზე. ახლა დასასრულია შენზეც. და გამოგიგზავნი ჩემს რისხვას შენ და განგსჯი შენი გზებისამებრ და აგკიდებ შენ ყველა შენს სისაძაგლეს. და არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ შეგიბრალებ, რადგან შენი გზებისამებრ მოგიზღავ! და შენი სისაძაგლენი შენში იქნება და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი!’“ და თქვა უფალმა ღმერთმა: „უბედურება, გაუგონარი უბედურება მოდის. დასასრული მოვიდა. მოვიდა დასასრული. გაფრთხილდი, გამოიღვიძა და შენზე მოდის! მოვიდა რიგი შენზე, ამ ქვეყნის მცხოვრებო, მოვიდა ჟამი, მოახლოებულია ეს დღე, შფოთისა და არა მთების მხიარული ყიჟინისა. ახლა მალე გადმოვანთხევ ჩემს გულისწყრომას შენზე და დავასრულებ ჩემს რისხვას შენს მიმართ, და განგსჯი შენი გზებისაებრ და აგკიდებ შენ ყველა შენს სისაძაგლეს. და არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ შეგიბრალებ, შენი გზებისამებრ მოგიზღავ. და შენი სისაძაგლენი შენში იქნება და გაიგებთ, რომ მე, უფალი გცემთ.“ გაფრთხილდით, ეს დღე მოდის, გამოვიდა ცისკარი, გამოჩნდა კვერთხი, აყვავდა მედიდურობა. ძალადობა აღდგა ბოროტმოქმედების კვერთხად. არ დარჩება არაფერი არც მათგან და არც მათი ქონებიდან და არც მათი ხმაურიდან, და არავინ იტირებს მათზე. მოვიდა ჟამი, დადგა ის დღე. მყიდველო, ნუ გიხარია და გამყიდველო, ნუ გლოვობ, რადგან რისხვაა მთელ მათ სიმრავლეზე. რადგან გამყიდველი გაყიდულს ვერ დაუბრუნდება, თუნდაც ცოცხლები დარჩნენ ისინი, რადგან წინასწარმეტყველური ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ შეიცვლება და თავისი ურჯულოებით თავის სიცოცხლეს ვერავინ ვერ გაამაგრებს. ჩაჰბერავენ საყვირს და მოამზადებენ ყველაფერს და არავინ იქნება ომში წამსვლელი, რადგან ჩემი წყრომაა მთელ მათ სიმრავლეზე. მახვილი გარეთაა, შავი ჭირი და შიმშილი კი სახლში. ვინც მინდორშია, მახვილით მოკვდება, და ვინც ქალაქშია, შიმშილი და შავი ჭირი შეჭამს მას. და მათ შორის გადარჩენილნი მთებისკენ წავლენ, როგორც ხეობის მტრედები – ყველა მკვნესარი, თითოეული თავისი ურჯულოების გამო. ყველა ხელი დასუსტდება და ყველა მუხლი გაწყალდება. ჩაიცვამენ ძაძას და აიტანს მათ კანკალი, და იქნება ყველას სახეზე სირცხვილი და მათ ყველას თავზე – სიქაჩლე, თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და მათი ოქრო სიბილწედ იქცევა, მათი ვერცხლი და მათი ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის წყრომის დღეს. სულს ვერ გაიძღობენ და ნაწლევებს ვერ ამოივსებენ, რადგან მათი ურჯულოების დაბრკოლება იყო. და მისი სამკაულის მშვენიერება სიამაყედ აქციეს და თავიანთი საძაგელი კერპები, თავიანთი საზიზღრობანი მისგან გააკეთეს, ამიტომ ვაქციე ის მათთვის სიბინძურედ. „ჩავაგდებ მათ უცხოთა ხელში საძარცვავად და ქვეყნის ბოროტმოქმედთ – ნადავლად და შესაბღალად. და მივატრიალებ ჩემს პირს მათგან, და შებღალავენ ჩემს საუნჯეს, და შემოვლენ მასში მოძალადენი და შებღალავენ მას. გააკეთე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი განაჩენით და ქალაქი სავსეა ძალადობით. მოვიყვან უბოროტესთ ხალხებიდან და დაიმკვიდრებენ მათ სახლებს. და გავაუქმებ მამაცთა სიამაყეს და შეიბღალებიან მათი სიწმიდენი. განადგურება მოდის და მოითხოვენ მშვიდობას, და არ იქნება. უბედურება უბედურებაზე მოვა და ამბავი ამბავზე იქნება, და მოითხოვენ ხილვას წინასწარმეტყველისაგან, და რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა – უხუცესს. მეფე იგლოვებს და მთავარი შიშით შეიმოსება, და ქვეყნის ხალხის ხელი აკანკალდება. მათი გზებისამებრ მოვექცევი მათ და მათი სიმართლისამებრ განვსჯი მათ. და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!’“ იყო მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს, როცა ვიჯექი მე ჩემს სახლში და იუდას უხუცესნი ისხდნენ ჩემს წინ. და დაეშვა იქ ჩემზე ხელი უფალი ღმერთისა. დავინახე და აჰა, სახება მსგავსი კაცისა. მისი წელის სახებიდან და დაბლა ცეცხლი იყო, მისი წელიდან და მაღლა როგორც ბრწყინვა, მსგავსი ელვარე ლითონისა. და მან გამოიწვდინა ხელის ხატება და ამწია თავის თმის ბოლოებით. და წამიყვანა მე სულმა მიწასა და ცას შორის და მიმიყვანა იერუსალიმში ღმერთის ხილვებში, ჩრდილოეთით მიმართულ შიდა კარიბჭის შესასვლელთან, იქ, სადაც იყო შურის კერპის სამყოფელი, შურის აღმძვრელი. და იქ იყო ისრაელის ღმერთის დიდება, როგორც ჩვენება, რომელიც ვიხილე ხეობაში. და მითხრა: „ძეო კაცისავ! მიაპყარი თვალი ჩრდილოეთის გზას.“ და მივაპყარი თვალი ჩრდილოეთის გზას და დავინახე სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ის შურის ძეგლი. და მითხრა: „ძეო კაცისავ! განა არ ხედავ რას აკეთებენ? დიდ სისაძაგლეს, რომელსაც ისრაელის სახლი აკეთებს აქ, რათა მოვშორდე ჩემს ტაძარს! მაგრამ წამომყევი და ნახავ სხვა დიდ სისაძაგლეებს.“ და მიმიყვანა ეზოს შესასვლელში და ვიხილე ერთი ხვრელი კედელში. და მითხრა: „ძეო კაცისავ! გამოთხარე კედელი.“ გამოვთხარე კედელი და ვნახე შესასვლელი. და მითხრა: „მიდი და ნახე ბოროტი სისაძაგლენი, რასაც ისინი სჩადიან აქ.“ და მივედი მე და ვნახე ყველანაირი გამოსახულება ქვეწარმავლისა და ბილწი ცხოველისა. ყველანაირი კერპი ისრაელის სახლისა ამოჭრილი იყო ირგვლივ მთელ კედელზე. სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან და იაზანიაჰუ შაფანის ძე იდგა მათ შორის. და იდგნენ ისინი კერპების წინაშე და თითოეულს თავისი სასაკმევლე ეჭირა ხელში და ხშირი ბოლქვები საკმევლისა ადიოდა მაღლა. და მითხრა: „ხომ ნახე, ძეო კაცისავ, რასაც ისრაელის სახლის უხუცესნი აკეთებენ სიბნელეში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ: ‘უფალი ვერ გვხედავს ჩვენ. დატოვა უფალმა ეს ქვეყანა!’“ და კიდევ მითხრა: „კიდევ დაბრუნდი და ნახავ დიდ სისაძაგლეებს, რომელთაც ისინი აკეთებენ.“ და მიმიყვანა მე უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან, რომელიც ჩრდილოეთისკენაა, და ვიხილე იქ ქალები მსხდომნი, მოტირალნი თამუზისათვის. და მითხრა: „ხომ ხედავ, ძეო კაცისავ? კიდევ წამოდი, ნახავ ამაზე დიდ სისაძაგლეებს.“ და მიმიყვანა მე უფლის სახლის შიდა ეზოსთან და დავინახე უფლის ტაძრის შესასვლელთან, დარბაზსა და სამსხვერპლოს შორის, ოცდახუთიოდე კაცი ზურგშექცევით მდგარი უფლის ტაძრისაკენ. მათი სახეები აღმოსავლეთით იყო მიმართული და თაყვანს სცემდნენ აღმოსავლეთით მზეს. და მითხრა: „ხომ ნახე, ძეო კაცისავ? ცოტაა იუდას სახლისათვის ამ სისაძაგლეთა კეთება, რომელსაც ისინი აკეთებდნენ აქ? რადგან აავსეს ეს ქვეყანა ძალადობით და მიიქცნენ ჩემს გასაწყრომად და აჰა, წკეპლა თავადვე მიაქვთ თავიანთ ცხვირთან. და მეც მივიქცევი გულისწყრომით, არ შეიცოდებს ჩემი თვალი და არ შევიბრალებ, და შეჰღაღადებენ ჩემს ყურებს დიდი ხმით და არ შევისმენ მათ.“ და შემოღაღადა ჩემს ყურებს დიდმა ხმამ: „მოიახლოვეთ ქალაქის დამსჯელნი და თითოეული თავისი გამანადგურებელი იარაღით ხელში!“ და აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, რომელიც ჩრდილოეთისკენაა მიმართული, და თითოეულს თავისი გამანადგურებელი იარაღი აქვს ხელში, და მათ შორის ერთი კაცი, სელით შემოსილი და მწერლის სამელნით წელზე, და მოვიდნენ და დადგნენ სპილენძის სამსხვერპლოსთან. და დიდება ისრაელის ღმერთისა ამოვიდა ქერუბიმიდან, რომელზეც იყო იგი, სახლის ზღურბლისაკენ და დაუძახა კაცს, შემოსილს სელით, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე. და უთხრა მას უფალმა: „გაიარე ქალაქის შიგნით, იერუსალიმის შიგნით, და ნიშნით დანიშნე ადამიანთა შუბლები, რომელნიც კვნესიან და ოხრავენ ყოველი სისაძაგლის გამო, რომელიც მის შიგნით ხდება.“ და ამათ უთხრა ჩემს გასაგონად: „გაიარეთ ქალაქში ამის უკან და ყველა დახოცეთ, ნუ შეიცოდებს თქვენი თვალი და ნუ შეიბრალებთ! მოხუცი, ჭაბუკი და ქალწული, ბავშვი და ქალი მოკალით. და ყოველ კაცს, რომელზეც ნიშანია, არ შეეხოთ. ჩემი ტაძრიდან დაიწყეთ.“ და დაიწყეს მოხუცი ადამიანებიდან, რომელნიც სახლის წინ იყვნენ. და უთხრა მათ: „შებილწეთ ეს სახლი და გაავსეთ ეზოები დახოცილებით. გამოდით!“ და გამოვიდნენ და დახოცეს ისინი ქალაქში. და როდესაც დახოცეს და მე დავრჩი, მაშინ პირქვე დავემხე და შევკივლე და ვთქვი: „ოჰ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაანადგურებ ისრაელის მთელ ნატამალს, რომ გადმოღვრი შენს რისხვას იერუსალიმზე?“ მითხრა: „ურჯულოება ისრაელის სახლისა და იუდასი მეტისმეტია. გაივსო ეს ქვეყანა სისხლით და ქალაქი სავსეა სიცრუით, რადგან თქვეს: დატოვა უფალმა ეს ქვეყანა და უფალი ვერ ხედავს. არ შეიცოდებს ჩემი თვალი და არ შევიბრალებ, მათსავე საქციელს დავატეხ თავს.“ და აჰა, ის კაცი, სელით შემოსილი და სამელნით წელზე, ასე უბრუნებს სიტყვას: „მე აღვასრულე, რაც შენ მიბრძანე.“ დავინახე, აჰა, ცის თაღზე, ქერუბიმების თავზე რომ არის, ვით საფირონის ქვა, ტახტის გამოსახულების მსგავსი ჩანდა მათზე. და ეუბნებოდა იმ კაცს, შემოსილს სელით: „მოდი ბორბლებს შორის ქერუბიმის ქვეშ და გაივსე მუჭები ცეცხლის ნაკვერცხლებით, რომლებიც ქერუბიმებს შორისაა, და მოისროლე ქალაქზე,“ და შევიდა იგი ჩემს თვალწინ. ქერუბიმები იდგნენ სახლის მარჯვნივ იმ კაცის შესვლისას და ღრუბელმა გაავსო შიდა ეზო. აიწია უფლის დიდება ქერუბიმიდან სახლის ზღურბლზე და გაივსო სახლი ღრუბლით და გაივსო ეზო უფლის დიდების ბრწყინვით. ხმა ქერუბიმების ფრთებისა ისმოდა გარეთა ეზომდე, როგორც ხმა ყოვლადძლიერი ღმერთისა, როდესაც ის ლაპარაკობს. და როდესაც მან უბრძანა კაცს, სელით შემოსილს: „აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმებს შორის!“ შევიდა იგი და დადგა ბორბალთან. მაშინ გამოიწვდინა ქერუბიმმა ხელი ცეცხლისაკენ, რომელიც ქერუბიმებს შორის იყო, და აიღო და მისცა მუჭში სელით შემოსილს, და აიღო მან და გავიდა. და უჩანდათ ქერუბიმებს გამოსახულება ადამიანის ხელისა მათ ფრთებქვეშ. და დავინახე ოთხი ბორბალი ქერუბიმებთან: ერთი ბორბალი ერთ ქერუბიმთან და ერთი ბორბალი მეორე ქერუბიმთან და შესახედაობა თვლებისა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. და გამოსახულება მათი – ერთი შესახედაობა ოთხივეს, როგორც ბორბალია ბორბლის შიგნით. სვლისას ოთხი მხრისაკენ მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სვლისას, რადგან იმ ადგილისაკენ მიდიოდნენ, საითაც თავი იყო მიმართული. და მთელი მათი ტანი და მათი ზურგი და მათი ხელები და მათი ფრთები და მათი ბორბლები სავსე იყო ირგვლივ თვალებით, მათი ოთხივე ბორბალი. და ბორბლები იწოდა ქარბორბალად, გავიგონე ჩემი ყურით. და ოთხი სახე თითოეულს, ერთი სახე – ქერუბიმის სახე, მეორე სახე – ადამიანის სახე, მესამე – ლომის სახე და მეოთხე – არწივის სახე. და აიწიენ ქერუბიმები. ეს ის ცხოველი იყო, რომელიც ვიხილე მდინარე ქებარის ნაპირზე. ქერუბიმების სვლისას ურმის ბორბლები მიდიოდნენ მათთან ერთად და, როდესაც ქერუბიმები ასწევდნენ თავიანთ ფრთებს, რომ აწეულიყვნენ მიწიდან. არ ტრიალდებოდნენ ბორბლები, ისინიც მათთან იყვნენ. მათი დადგომისას ისინიც დგებოდნენ და მათი აწევისას ისინიც იწევდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში. და გავიდა უფლის დიდება სახლის ზღურბლიდან და დადგა ქერუბიმებზე. და ასწიეს ქერუბიმებმა თავიანთი ფრთები და ამაღლდნენ მიწიდან ჩემს თვალწინ მათი გამოსვლისას და ბორბლებიც მათ კვალობაზე, და დადგა უფლის სახლის აღმოსავლეთის კარიბჭის შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მათ ზემოთ. ეს ის ცხოველია, რომელიც მე ვნახე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე ქებარის ნაპირზე და მივხვდი, რომ ქერუბიმებია ისინი. ოთხი სახე თითოეულს და ოთხი ფრთა თითოეულს და გამოსახულება ადამიანის ხელებისა მათი ფრთების ქვეშ. და შესახედაობა მათი სახეებისა – ეს ის სახეებია, რომელიც მე ვნახე მდინარე ქებარის ნაპირზე. მათი გამოსახულებაც და ისინიც – თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა. და ამიყვანა მე სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთითაა მიმართული. და კარიბჭის შესასვლელში იდგა ოცდახუთი კაცი, და მე დავინახე მათ შორის იააზანია, ძე ყაზურისა და ფელატია ძე ბენაიასი, ერის მთავარნი. და მითხრა: „ძეო კაცისავ! ესენი არიან ადამიანები, მზაკვრობის განმზრახველნი და ბოროტი რჩევის მრჩეველნი ამ ქალაქში, ამბობენ: ‘არ არის ახლოს დრო სახლების შენებისა, ეს ქალაქი ქვაბია, ჩვენ კი ხორცი.’ ამიტომ იწინასწარმეტყველე მათზე, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ!“ და გადმოვიდა ჩემზე სული უფლისა და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს უფალი: ‘სწორს ამბობ, სახლო ისრაელისა, და ვიცი თქვენი სულის ფიქრები. გაამრავლეთ თქვენი დახოცილები ამ ქალაქში და გაავსეთ მისი ქუჩები გვამებით.’ ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ‘თქვენი დახოცილები, რომლებიც თქვენ დააწყვეთ მასში, ხორცია, ეს კი ქვაბია, და თქვენ გამოგიყვანთ მისგან. მახვილის გეშინიათ თქვენ და მახვილს მოვაწევ თქვენზე!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „და გამოგიყვანთ მისგან და გადაგცემთ უცხოთა ხელთ და აღასრულებენ თქვენზე სამართალს. მახვილით დაეცემით ისრაელის საზღვარზე, განგსჯით თქვენ და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. არ იქნება ის თქვენთვის ქვაბი და თქვენ არ იქნებით მასში ხორცად, ისრაელის საზღვართან განგსჯით თქვენ, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, რადგან ჩემი წესებით არ იარეთ და ჩემი სამართალი არ აკეთეთ და არც იმ ხალხების სამართალი აკეთეთ, რომელნიც თქვენს ირგვლივ არიან.“ და როდესაც მე ვწინასწარმეტყველებდი, ფელატია ბენაიას ძე მოკვდა. პირქვე დავემხე და შევღაღადე დიდი ხმით და ვთქვი: „ოჰ, უფალო ღმერთო, ნუთუ საბოლოოდ მოსპობ ისრაელის ნატამალს?“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! შენს ძმებს, ჰო, შენს ძმებს, შენს ნათესავებს და მთელ ისრაელის სახლს, ყველას, რომელთაც უთხრეს იერუსალიმის მცხოვრებლებმა: ‘მოშორდით უფალს, ჩვენ მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ.’ ამიტომ თქვი: ‘ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუმცა მე მოვიშორე ისინი ხალხებში და გავფანტე ისინი ქვეყნებში, მე ვიქნები მათთვის მცირე საკურთხევლად ქვეყნებში, სადაც მივიდნენ ისინი.’ ამიტომ თქვი: ‘ასე ამბობს უფალი ღმერთი: შეგკრებთ თქვენ ხალხებიდან და შეგაგროვებთ თქვენ ქვეყნებიდან, სადაც განიფანტეთ თქვენ, და მოგცემთ ისრაელის მიწას. და მივლენ იქ და მოაცილებენ მას ყველა მის სისაძაგლეს. და მე მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ თქვენ, და ამოვაცლი ქვის გულს მათი ხორციდან და მივცემ მათ ხორცის გულს. რათა ჩემი წესებით იარონ და ჩემი სამართალნი დაიცვან და შეასრულონ ისინი. და იქნებიან ჩემს ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად. ხოლო ვისი გულიც მათი სიბილწისა და სისაძაგლისკენ მიილტვის, მათ საქციელს მათ თავებზევე მოვაწევ.“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და ასწიეს ქერუბიმებმა თავიანთი ფრთები ბორბლებითურთ და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მათზე მაღლიდან. და ავიდა უფლის დიდება ქალაქის შუაგულიდან და დადგა მთაზე, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთითაა. და სულმა ამიტაცა და მიმიყვანა გადასახლებულებთან ქალდეაში, ხილვაში ღმერთის სულით, და დამცილდა ხილვა, რომელიც ვიხილე. და მე ველაპარაკე გადასახლებულებს უფლის ყველა საქმეზე, რომელიც მახილვინა მე. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მეამბოხეთა სახლში ცხოვრობ შენ, რომელთაც თვალები აქვთ დასანახავად და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ მოსასმენად და არ ესმით, რადგან მეამბოხენი არიან ისინი. და შენ, ძეო კაცისავ, გაიკეთე შენთვის გადასახლების ბარგი და გადასახლდი დილით მათ თვალწინ. და გადასახლდი შენი ადგილიდან სხვა ადგილისაკენ მათ თვალწინ, იქნებ დაინახონ, რომ მეამბოხეთა სახლი არიან. და ამოიღე შენი ბარგი, როგორც ბარგი გადასახლებულისა, დღისით მათ თვალწინ, და გამოხვალ საღამოს მათ თვალწინ, როგორც გამოდიან გადასახლებაში წამსვლელნი. მათ თვალწინ გათხარე შენთვის კედელი და გაიტანე ბარგი იქიდან. მათ თვალწინ საკუთარი მხრებით ზიდე, სიბნელეში გაიტანე, სახე დაიფარე და არ დაინახავ ქვეყანას, რადგან სასწაულად მიგეცი შენ ისრაელის სახლს.“ და გავაკეთე ისე, როგორც ნაბრძანები მქონდა: ჩემი ბარგი, როგორც ბარგი გადასახლებულისა, გავიტანე დღისით და საღამოს გავთხარე ჩემთვის კედელი ხელით, სიბნელეში გავიტანე, მხრებით ვზიდე მათ თვალწინ. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი დილას: „ძეო კაცისავ! განა არ გითხრა შენ ისრაელის სახლმა, მეამბოხეთა სახლმა, რას აკეთებ შენ? უთხარი მათ: ‘ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს წინასწარმეტყველება ეხება იერუსალიმის მთავარს და მთელ ისრაელის სახლს, ყველას, ვინც იქ ცხოვრობს.’ თქვი: ‘მე სასწაული ვარ თქვენთვის.’ როგორც მე გავაკეთე, ისე გაუკეთებენ მათ: გადასახლებაში, ტყვეობაში წავლენ ისინი. და მთავარი, რომელიც მათ შორისაა, მხრებით ზიდავს სიბნელეში და გავა კედელში, რომელსაც გამოთხრიან, რათა გაიყვანონ იქიდან. სახეს დაიფარავს, რათა არ დაინახოს თვალით ეს ქვეყანა. და გავშლი მასზე ჩემს ბადეს და დაჭერილ იქნება ჩემს სათხეველში. და მოვიყვან მას ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას და იქ მოკვდება. და ყველას, ვინც მის ირგვლივ არის, შემწეთ და მთელ მის მხედრობას, გავანიავებ ყველა ქარის მიმართულებით, და მახვილს გავაშიშვლებ მათ უკან. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავფანტავ მათ ხალხებში და გავანიავებ მათ ქვეყნებში. და დავტოვებ მათგან რამოდენიმე კაცს, დავიფარავ მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისაგან, რათა მოუთხრონ მთელი თავიანთი სისაძაგლე ხალხებს, რომლებთანაც წავლენ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! შენი პური კანკალით ჭამე და შენი წყალი ცახცახით და დარდით სვი. და უთხარი ამ ქვეყნის ხალხს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა იერუსალიმისა და ისრაელის ქვეყნის მცხოვრებზე: თავის პურს დარდით შეჭამენ და თავის წყალს შიშით შესვამენ, რადგან დაცარიელდება მისი ქვეყანა მისი სისავსისაგან ყველა მასში მცხოვრების ძალადობის გამო. დასახლებული ქალაქები დაინგრევა და ქვეყანა უდაბნოდ იქცევა და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ეს რა იგავი გაქვთ თქვენ ისრაელის მიწაზე ნათქვამი: ‘გაივლის დღე და გაქრება ყველა წინასწარმეტყველება?’ ამიტომ უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა, ღმერთმა: გავაუქმე მე ეს იგავი და აღარ ილაპარაკებენ იგავებით ისრაელში. მაგრამ უთხარი მათ: მოახლოებულია ეს დღეები და სიტყვა ყოველი წინასწარხილვისა. რადგან აღარ იქნება არავითარი ცრუ წინასწარხილვა და პირმოთნე მკითხაობა ისრაელის სახლის შიგნით. რადგან მე, უფალი, ვიტყვი და სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, შესრულდება და აღარ გადაიდება, რადგან თქვენს დღეებში, მეამბოხეთა სახლო, ვიტყვი სიტყვას და შევასრულებ მას!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ისრაელის სახლი ამბობს: ‘ის ხილვა, რომელიც მან იხილა, მრავალი დღეებისაა და შორეულ დღეებზე წინასწარმეტყველებს.’ ამიტომ უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა, ღმერთმა: აღარ გადაიდება არც ერთი ჩემი სიტყვა, რადგან სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, შესრულდება!’“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველთა მიმართ და უთხარი თავიანთი გულიდან მოწინასწარმეტყველთ: ‘ისმინეთ სიტყვა უფლისა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი, არამზადა წინასწარმეტყველთ, რომელნიც თავიანთ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ. როგორც მელიები უდაბნოში, ისე იყვნენ შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელ. თქვენ არ გადიხართ დანგრეულ კედლებთან და ღობით არ ღობავთ ისრაელის სახლს, რათა დაუდგეს ბრძოლაში უფლის დღეს. ხედავენ ამაოს და სიცრუეა მკითხაობა, რომ ამბობენ: „უფალმა ბრძანა!“ მაგრამ უფალს არ გამოუგზავნია ისინი, და იმედი აქვთ, რომ ასრულდება სიტყვა. განა ამაო ხილვა არ იხილეთ და სიცრუეს არ მკითხაობდით, ამბობდით: უფლის სიტყვააო, მე კი არ მითქვამს. ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან სიტყვა თქვენი ამაოა და სიცრუე, იცოდეთ, ამიტომ თქვენს წინააღმდეგ ვარ!’ – ამბობს უფალი ღმერთი. და იქნება ჩემი ხელი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ამაოს იხილავენ და სიცრუეს მკითხაობენ, ჩემი ხალხის საბჭოში არ იქნებიან ისინი და ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე არ მოვლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი. იმის გამო, რომ შეცდომაში შეიყვანეს ჩემი ხალხი, რომ უთხრეს: ‘მშვიდობა’, მაგრამ არ არის მშვიდობა. ერთი აშენებს ტიხარს, სხვანი კი აბათქაშებენ მას უვარგისი ბათქაშით. უთხარი უვარგისი ბათქაშით მობათქაშეთ: ‘ჩამოწვება!’ იქნება კოკისპირული წვიმა და თქვენ, ქვებო სეტყვისა, ჩამოცვივდებით და ქარიშხალი გააპობს მას. და აჰა, ჩამოწვა კედელი. განა არ გეტყვიან თქვენ: სად არის ის ბათქაში, რომლითაც მოაბათქაშეთ? ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘გავაპობ ქარიშხლით კედელს ჩემს რისხვაში და კოკისპირული წვიმა ჩემს გულისწყრომაში იქნება და ქვები სეტყვისა – რისხვაში შესამუსრავად. და მე დავანგრევ იმ კედელს, რომელიც თქვენ მოაბათქაშეთ უვარგისი ბათქაშით, და დავამხობ მიწაზე და გამოჩნდება მისი საძირკველი. ჩამოწვება და დაიღუპებით მის ქვეშ და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. და დავასრულებ ჩემს რისხვას კედელზე და უვარგისი ბათქაშით მის მობათქაშეებზე და გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და აღარ არიან მისი მომბათქაშებელნი. ასეთებია ისრაელის წინასწარმეტყველნი, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ იერუსალიმზე და მხილველნი მისი მშვიდობის ხილვისა, როცა არ არის მშვიდობა!’“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. „და შენ, ძეო კაცისავ! მიაპყარ პირი შენი ხალხის ასულთ, რომელნიც წინასწარმეტყველებენ თავიანთი გულიდან, და იწინასწარმეტყველე მათზე და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ვაი, მკერავთ მისნური ღვედებისა ყოველი მაჯისთვის და მკეთებელთ გრძელი თავსაბურავებისა ყოველი თავისათვის, სულების მოსანადირებლად. ნუთუ ჩემი ხალხის სულებს მოინადირებთ და თქვენი სულები იცოცხლებენ? და შემაგინეთ მე ჩემი ხალხის წინაშე მუჭა ქერისა და პურის ნამცეცებისათვის, სულების მოკვლით, რომლებიც არ უნდა დაიხოცნენ და სულების გადარჩენით, რომლებმაც არ უნდა იცოცხლონ, თქვენი ტყუილებით ტყუილის ყურის მგდებელი ჩემი ერისადმი. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ‘აჰა, თქვენი მისნური ღვედების წინააღმდეგ ვარ, რომლითაც თქვენ ინადირებთ იქ იმ სულებს თქვენთან მოსაფრენად. და მე დავგლეჯ მათ თქვენი მკლავებიდან. და იმ სულებს, რომლებსაც თქვენ ინადირებთ, გავათავისუფლებ, რათა გაფრინდნენ. და დავგლეჯ თქვენს თავსაბურავებს და ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან, და აღარ იქნებიან მეტად თქვენს ხელში სანადიროდ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. რადგან მართლის გულს სიცრუით აწუხებთ მე კი არ დამიმწუხრებია იგი, და უმაგრებთ ბიწიერს ხელებს, რათა არ მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ამიტომ ამაოს აღარ იხილავთ და მკითხაობით აღარ იმკითხავებთ. და მე ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’“ მოვიდნენ ჩემთან კაცები ისრაელის უხუცესთაგან და დასხდნენ ჩემს წინაშე. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ამ კაცებმა აღმართეს თავიანთი კერპები თავიანთ გულებში და თავიანთი ურჯულოების დაბრკოლებად დადეს თავიანთ წინაშე. განა შევძლებ მე შევიწყნარო ისინი? ამიტომ ილაპარაკე მათთან და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც აღმართავს თავის გულში თავის კერპებს და დაბრკოლებას თავისი ურჯულოებისას დადებს თავის წინაშე და მივა წინასწარმეტყველთან, მე, უფალი შევიწყნარებ მას? როცა მოდის თავისი მრავალი კერპით, რათა მიხვდეს ისრაელის სახლი თავის გულში, რომ უცხონი გახდნენ ჩემთვის ყველანი თავიანთი კერპების გამო.’ ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: დაბრუნდით და მოიქეცით თქვენი კერპებისაგან და ყველა თქვენი სისაძაგლისაგან მოაბრუნეთ თქვენი პირი, რადგან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და მწირთაგან, რომელიც იცხოვრებს ისრაელში, და რომელიც უცხო გახდება ჩემთვის, და თავის კერპებს აღმართავს თავის გულში და თავისი ურჯულოების დაბრკოლებას დაიდებს თავის წინ, და მივა წინასწარმეტყველთან და შეეკითხება მას ჩემზე, მე, თავად უფალი, შევიწყნარებ? და მივაქცევ ჩემს პირს იმ კაცისაკენ და დავდებ მას ნიშნად და იგავად და მოვსპობ მას ჩემი ხალხიდან. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. და ეს წინასწარმეტყველი თუ ცდუნდება და იტყვის სიტყვას, განა მე, უფალმა ვაცდუნე ის წინასწარმეტყველი? და გავიწვდენ ხელს მასზე და მოვსპობ მას ჩემი ერიდან, ისრაელიდან. და იტვირთავენ ისინი თავიანთ ურჯულოებას და როგორიცაა ურჯულოება შემკითხველისა, ისეთი იქნება ურჯულოება წინასწარმეტყველისა. რათა აღარ განდგეს ჩემგან მეტად სახლი ისრაელისა და აღარ შეიბილწონ მეტად ყოველი თავიანთი დანაშაულით, და გახდნენ ჩემს ერად და მე ვიქნები მათთვის ღმერთად!’“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! რომელიმე ქვეყანამ რომ შესცოდოს ჩემს წინაშე და მიღალატოს, და მე გავიწვდინო ხელი მასზე და დავულეწო მას პურის არგანი, და მივუვლინო მას შიმშილი და მოვკვეთო მისგან ადამიანი და საქონელი, და რომ იყოს იქ ეს სამი კაცი: ნოე, დანიელი და იობი, ისინი თავიანთი სიმართლით მხოლოდ თავიანთ სულებს იხსნიან!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „ანდა ბოროტი მხეცი რომ მივუშვა იმ ქვეყანაში და უშვილო გახადოს, და უდაბნოდ გადაიქცეს, და არ იყოს გამვლელი იმ მხეცის გამო, ეს სამი კაცი იქ იყოს, ცოცხალი ვარ მე!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „ვერც ძეთ და ვერც ასულთ ვერ გადაარჩენენ, მარტო ისინი გადარჩებიან, ის ქვეყანა კი უდაბნოდ იქცევა. ან მახვილს მოვიტან იმ ქვეყანაზე და ვიტყვი: მახვილმა დაიაროს ამ ქვეყანაში და მოკვეთოს მისგან ადამიანი და საქონელი, ის სამი კაცი მასში, ცოცხალი ვარ მე!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „ვერ გადაარჩენენ ძეთ და ასულთ, რადგან მარტო ისინი გადარჩებიან. ან შავ ჭირს მოვუვლენ იმ ქვეყანას და დავანთხევ მასზე ჩემს რისხვას სისხლში მისგან ადამიანისა და საქონლის აღმოსაკვეთად. ნოე, დანიელი და იობი მასში, ცოცხალი ვარ მე“, – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „ვერც ძეს და ვერც ასულს ვერ გადაარჩენენ. ისინი თავიანთი სიმართლით გადაარჩენენ მხოლოდ თავიანთ სულებს.“ რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „თუმცა ჩემი ოთხი მძიმე სასჯელი: მახვილი და შიმშილი, ბოროტი მხეცი და შავი ჭირი მოვუვლინე იერუსალიმს მისგან ადამიანისა და საქონლის აღმოსაკვეთად, და აჰა, დარჩნენ მასში გადარჩენილნი, რომელნიც გამოყვანილი იქნებიან – ძენი და ასულნი. აჰა, გამოდიან თქვენკენ და დაინახავთ მათ გზასა და მათ მოქმედებას და ნუგეშცემული იქნებით უბედურების გამო, რომელიც მე მოვაწიე იერუსალიმზე, ყველაფრის გამო, რაც მე მოვაწიე მასზე. და განუგეშებენ თქვენ, რადგან დაინახავთ მათ გზასა და მათ მოქმედებას და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყოველივე, რაც მასში გავაკეთე.“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! რა უპირატესობა აქვს ვაზის ხეს რომელიმე ფოთლოვანი ხის წინაშე, ტყის ხეთა შორის რომ არიან? იღებენ მისგან მერქანს რაიმე ნაკეთობის გასაკეთებლად? თუ გამოიღებენ მისგან პალოს მასზე რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდად? აჰა, ცეცხლს მიეცა იგი შესაჭმელად, მისი ორივე ბოლო ცეცხლმა შეჭამა და შუაგული გამოეწვა – განა გამოსადეგია ის რაიმე ხელობისათვის? მაშინაც კი, როდესაც მთელი იყო, არ გამოდგებოდა ხელობისათვის, მით უფრო ახლა, როდესაც ცეცხლმა შეჭამა იგი და გამოიწვა, გამოდგება კიდევ ხელობისათვის?“ ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „როგორც ვაზის ხე ტყის ხეთა შორის ცეცხლს მივეცი შესაჭმელად, ასევე მივცემ იერუსალიმის მცხოვრებთაც. და მივაქცევ ჩემს პირს მათ წინააღმდეგ, ცეცხლიდან გამოვიდნენ და ცეცხლი შეჭამს მათ. მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მივაქცევ ჩემს პირს მათ წინააღმდეგ. და ავაოხრებ ამ ქვეყანას იმის გამო, რომ მღალატობდნენ!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! აუწყე იერუსალიმს მისი სისაძაგლენი. და თქვი: ‘ასე უთხრა უფალმა ღმერთმა იერუსალიმს: წარმოშობა შენი და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი ამორეველია და დედაშენი – ხეთელი. აჰა, შენი დაბადება: შენი დაბადების დღეს ჭიპი არ მოუჭრიათ შენთვის და წყლით არ განბანილხარ გასასუფთავებლად, და მარილით არ გაუხეხიხართ და სახვევებში არ გახვეულხარ. არავის თვალს არ შებრალებიხარ, რათა გაეკეთებინათ შენთვის ერთი ამათგანი სამოწყალოდ, და ეგდე მინდორში შენი სულის ზიზღში შენი დაბადების დღეს. და მე ჩაგიარე შენ და დაგინახე, ჩაფლული იყავი შენს სისხლში, და მე გითხარი შენს სისხლში მყოფს: ‘იცოცხლე!’ სიმრავლე, როგორც მინდვრის მცენარეს, მოგეც შენ, და გახდი ძვირფასი სამკაულივით! და დაგაჩნდა ძუძუები და სრულყოფას მიაღწიეს, თმა მოგეზარდა, შენ კი შიშველ-ტიტველი იყავი. და მე ჩაგიარე შენ და დაგინახე, და აჰა, შენი ასაკი სიყვარულის ასაკი იყო. და გადაგაფარე ჩემი კალთა და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმაში შემოვედი შენთან,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „და გახდი ჩემი. და დაგბანე წყლით, და ჩამოგრეცხე სისხლი და გცხე ზეთი. შეგმოსე ნაქარგი ქსოვილით და ჩაგაცვი ფეხზე ტარსიკონის ფეხსამოსი. და შემოგარტყი ბისონი და დაგფარე აბრეშუმით. შეგამკე სამკაულებით და გაგიკეთე სამაჯურები ხელებზე და ყელსაბამი ყელზე. გაგიკეთე რგოლი ცხვირზე და საყურეები ყურებზე და მშვენიერი გვირგვინი დაგადგი თავზე. და იმკობოდი ოქროთი და ვერცხლით. შენი სამოსელი ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი იყო. გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს ჭამდი. და დიდად, დიდად გალამაზდი და მიაღწიე მეფობას. და სახელი გაგივარდა ხალხებში შენი მშვენების გამო, რადგან სრულყოფილია იგი ჩემი დიდებულებით, რომელიც მე დავდე შენზე.“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „და შენ მიენდე შენს სილამაზეს და მეძაობდი შენი სახელით, და გადააღვარე შენი სიძვა ყველა გამვლელს, ვინც იქნებოდა. აიღე შენი სამოსელიდან და ააჭრელე შენთვის გორაკები და მეძაობდი მასზე, რის მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება. აიღე შენი მშვენიერი ნივთები ჩემი ოქროდან და ჩემი ვერცხლიდან, რომელიც მე მოგეცი შენ, და გაიკეთე მამაკაცთა გამოსახულებანი და მეძაობდი მათთან. აიღე სამოსელი შენი ნაქარგი ქსოვილისა და ჩააცვი მათ და ჩემი ზეთი და საკმეველი მოგქონდა მათ წინაშე. და ჩემი პური, რომელიც მე მოგეცი შენ, ფქვილი და ზეთი და თაფლი, რომელსაც მე გაჭმევდი, მიგქონდა მათ წინაშე კეთილსურნელოვან საყნოსავად!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „და აიყვანე შენი ძენი და შენი ასულნი, რომელიც მიშობე მე, და მსხვერპლად შესწირე კერპებს საჭმელად, თითქოს მცირე ყოფილიყო შენი მეძაობა. და კლავდი ჩემს ძეთ და გადასცემდი მათ ცეცხლში გასატარებლად. და მთელ შენს სისაძაგლესა და სიძვობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როდესაც შიშველ-ტატველი შენს სისხლში გორაობდი. და ყველა შენი ბოროტმოქმედების შემდეგ იყო – ვაი, ვაი შენ!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „რომ აიშენე საკერპო და გორაკი გაიკეთე ყველა ქუჩაზე. ყოველი გზის დასაწყისში ააშენე შენი გორაკი და არცხვენდი შენს სილამაზეს, გაუშლიდი შენს ფეხებს ყველა გამვლელს და ამრავლებდი შენს სიძვას. და მეძაობდი ეგვიპტის ძეებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და ამრავლებდი შენს სიძვას ჩემს გასაწყრომად. და აჰა, მოვიღერე ხელი შენზე და შეგიმცირე წილი. გადაგეცი შენს მოძულეთა ნებას, ფილისტიმელ ასულთ, რომელთაც რცხვენოდათ შენი გარყვნილი გზისა. და მეძაობდი აშურის ძეებთან გაუმაძღრობის გამო, მეძაობდი მათთან და ვერ გაძეხი. და გაამრავლე შენი სიძვანი ქანაანის ქვეყნიდან ქალდეველთა ქვეყნამდე და ვერ გაძეხი. როგორ გიდნებოდა გული,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „როდესაც სჩადიოდი ყოველივე ამას, ურცხვი მეძავი ქალის საქმეს. როდესაც აშენებდი შენს საკერპოს ყველა ქუჩის დასაწყისში და აკეთებდი შენს გორაკს ყველა ქუჩაში, მაშინ შენ არ იყავი მეძავივით, დასცინოდი სიძვის გასამრჯელოს. მრუშო ცოლო, თავისი ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ იღებ! ყველა მეძავს აძლევენ საჩუქარს, შენ კი შენს საჩუქრებს აძლევდი ყველა შენს საყვარელს და ქრთამავდი, რომ მოსულიყვნენ შენთან ყოველი მხრიდან და ესიძვათ შენთან. და შენს სიძვაში ქალთა საპირისპიროდ იქცევი: შენ კი არ გედევნებიან სამეძაოდ, შენ აძლევ საჩუქრებს, შენ არ გეძლევა საჩუქრები. პირუკუ იქცევი. ამიტომ, მეძავო, ისმინე სიტყვა უფლისა. ასე თქვა უფალმა ღმერთმა: რადგან გადმოღვარე შენი უწმიდურება და ახდილ იქნა შენი სიშიშვლე შენს სიძვაში შენს საყვარლებთან და შენი სისაძაგლის ყველა კერპთან, და შენს ძეთა სისხლის გამო, რომელიც მიეცი მათ, ამიტომ მე შევკრებ შენს ყველა საყვარელს, რომლებთანაც შენ ტკბებოდი და ყველას, ვინც შენ გიყვარდა, ყველას, ვინც შენ გძულდა, მე შევკრებ მათ შენს წინააღმდეგ ყოველი მხრიდან და ავხდი შენს სიშიშვლეს მათ წინაშე და დაინახავენ მთელ შენს სიშიშვლეს. და მე განგსჯი შენ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მიგცემ შენ სისხლიან რისხვასა და შურს. და მე მიგცემ შენ მათ ხელთ და დაანგრევენ შენს საკერპოს და დალეწავენ შენს მაღლობებს, და გაგხდიან სამოსელს და წაიღებენ შენს ჭურჭელს, შენს სამკაულებს და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს. და შეაგროვებენ შენს წინააღმდეგ ბრბოს და ჩაგქოლავენ ქვით და დაგჩეხავენ თავიანთი მახვილებით. და გადასწვავენ შენს სახლებს ცეცხლით, და დაგდებენ მსჯავრს მრავალი ქალის თვალწინ, და მე შევწყვეტ შენს მეძაობას და საჩუქრებსაც აღარ გაიღებ. დავაცხრობ ჩემს რისხვას შენზე და მოგშორდება ჩემი შური, და დავწყნარდები და აღარ განვრისხდები მეტად. იმის გამო, რომ არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაჯავრებდი ყოველივე ამით, მეც შენს საქციელს შენ თავზე მოვაწევ,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „რათა აღარ ჩაიდინო ეს გარყვნილება ყოველივე შენი სისაძაგლის შემდეგ. და ყოველი მეიგავე იტყვის შენზე იგავს: ‘რაც დედაა, ის შვილია.’ დედაშენის შვილი ხარ შენ, რომელსაც ეზიზღებოდა თავისი ქმარი და მისი ძენი, შენ და ხარ შენი დებისა, რომელთაც ეზიზღებოდათ თავიანთი ქმრები და მათი ძენი. თქვენი დედა ხეთელია და თქვენი მამა ამორეველი. შენი უფროსი და სამარიაა, ის და მისი ასულნი შენს მარცხნივ ცხოვრობენ და შენზე უმცროსი, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად. იმათი გზებით არ დადიოდი შენ და არც მათი სისაძაგლის მსგავსი ჩაგიდენია, რადგან მცირე იყო შენთვის, არამედ მათზე უზნეოდ იქცეოდი შენს ყველა გზაზე. ცოცხალი ვარ მე,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „განა აკეთებდნენ სოდომი, შენი და, ის და მისი ასულნი იმას, რასაც შენ და შენი ასულნი აკეთებდით? აჰა, ეს იყო ურჯულოება სოდომისა, შენი დისა – სიამაყე, პურით სიმაძღრე და სრული სიმშვიდე ჰქონდა მას და მის ასულთ, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ. და გადიდგულდნენ და სჩადიოდნენ სისაძაგლეს ჩემს წინაშე, და მე უარვყავი ისინი, როცა ეს დავინახე. სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ შეუცოდავს. გაამრავლე შენი სისაძაგლენი მათზე მეტად და ამართლებდი შენს დებს შენი ყველა სისაძაგლით, რომელსაც შენ სჩადიოდი. შენც ატარე შენი სირცხვილი, რომ კიცხავდი შენს დებს შენი ცოდვების გამო, რომლითაც შეიბილწე შენ მათზე მეტად. ისინი შენზე მართლები არიან; მაშ შერცხვი და ატარე შენი სირცხვილი, რომ ამართლებდი შენს დებს. და დავაბრუნებ მე მათ ტყვეებს, სოდომისა და მის ასულთა ტყვეებს, სამარიისა და მის ასულთა ტყვეებს, და შენს ტყვეებსაც მათ შორის, რათა ატარო შენი სირცხვილი და გრცხვენოდეს ყველაფრის, რაც გააკეთე მათ სანუგეშებლად. და შენი დები, სოდომი და მისი ასულნი, დაუბრუნდებიან თავიანთ პირვანდელს, სამარია და მისი ასულნი დაუბრუნდებიან თავიანთ პირვანდელს, შენც და შენი ასულნიც დაუბრუნდებით თქვენს პირვანდელს. განა არ იყო სოდომი, შენი და, სალაპარაკო შენს პირში შენი სიამაყის დღეებში? სანამ ჯერ კიდევ არ იყო გამომჟღავნებული შენი ბოროტმოქმედებანი, როგორც შენი შერცხვენის დღეებში, არამის ასულთა და მის ირგვლივ მყოფ, ფილისტიმელ ასულთა წინაშე, რომელთაც ყოველმხრივ მოგიძულეს შენ. შენი გარყვნილება და შენი სისაძაგლე ატარე ახლა!“ – სიტყვა უფლისა. რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „და მეც ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როდესაც აბუჩად აიგდე ფიცი აღთქმის დარღვევით. გავიხსენებ მე ჩემს აღთქმას შენთან, შენი სიყმაწვილის დროინდელს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას. და გაიხსენებ შენს გზებს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს დებს და შენს უმცროსებს მიიღებ და მე მოგცემ შენ ასულებად მათ, მაგრამ არა შენი აღთქმით. და მე აღვადგენ ჩემს აღთქმას შენთან და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი, რათა გაიხსენო და შეგრცხვეს და აღარ გქონდეს შენ მეტად გასახსნელი პირი შენი სირცხვილის გამო, როდესაც მოგიტევებ ყოველივეს, რაც გააკეთე.“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! გამოიცანი გამოცანა და უთხარი იგავი ისრაელის ხალხს. და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: დიდი არწივი, დიდფრთებიანი, გრძელნაკრტენიანი, ხშირბუმბულიანი, რომლის ბუმბულიც ნაირფერი იყო, მოვიდა ლიბანში და წაიღო კენწერო კედრისა. მოწყვიტა მისი მთავარი ყლორტი და წაიღო ქანაანის ქვეყანაში, მოვაჭრეთა ქალაქში დადო ის. და აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩადო დათესილ მინდორში, მოათავსა დიდ წყლებზე, როგორც ტირიფს რგავენ. აღმოცენდა იგი და შეიქნა განტოტილი ვაზი, დაბალი ტანისა, მისი ლერწები მისკენ იყო მიმართული და მისი ფესვებიც მის ქვეშ იყო, და შეიქნა ვაზი და წარმოქმნა ტოტები და გაუშვა რტოები. და იყო ერთი დიდი არწივი, დიდფრთებიანი და ხშირბუმბულიანი და ამ ვაზმა მიმართა თავისი ფესვები მისკენ და თავისი ლერწები მისკენ გაიშვირა, რათა მას მოერწყა იგი მისი ნარგავის კვალიდან. კარგ მინდორზე, დიდ წყლებთან იყო იგი დარგული, რომ გაეკეთებინა ტოტები და გამოეღო ნაყოფი, რომ ყოფილიყო საუცხოო ვაზი.’ უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აღორძინდები? განა მის ფესვებს არ ამოგლეჯს და მის ნაყოფს არ მოწყვეტს და არ გახმება იგი? ყველა ფოთოლი, რომელიც მასზე იზრდება, გახმება და არ იქნება საჭირო დიდი ძალა და მრავალი ხალხი, რათა აღმოფხვრან იგი მისი ფესვებითურთ. და აჰა, დარგულია, მაგრამ აღორძინდება? განა როცა შეეხება მას აღმოსავლეთის ქარი, გახმობით არ გახმება კვალზე, სადაც აყვავდა?’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „უთხარი მეამბოხე სახლს: ‘განა არ იცით რას ნიშნავს ეს?’ უთხარი: ‘აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს და წაიყვანა მისი მეფე და მისი მთავარნი, და მოიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში. და შემდეგ წაიყვანა სამეფო თესლიდან და დადო მასთან აღთქმა და დაადებინა მას ფიცი, და დიდებულნი ქვეყნისა წაიყვანა, რათა ყოფილიყო სამეფო დამდაბლებული და არ ამაღლებულიყო, მაგრამ დაეცვა მასთან კავშირი და გაეძლო. ხოლო ის აღუდგა მას, გაგზავნა თავისი წარგზავნილები ეგვიპტეში, რათა მიეცათ მისთვის ცხენები და ბევრი ხალხი, მაგრამ წარმატება ექნება? განა გადარჩება ამის გამკეთებელი? მან ხომ დაარღვია აღთქმა, და გადარჩება? ცოცხალი ვარ მე,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „მისი გამმეფებელი მეფის ადგილსამყოფელში, რომლის ფიციც აბუჩად აიგდო და რომელთანაც დაარღვია თავისი აღთქმა, თუ იმასთან არ მოკვდეს ბაბილონში! დიდი ლაშქრითა და დიდძალი კრებულით არ შეეწევა მას ფარაონი ამ ომში, როდესაც დაიყრება მიწაყრილი და აშენდება ციხე-სიმაგრე მრავალი სულის დასაღუპავად. აბუჩად აიგდო ფიცი აღთქმის დასარღვევად და აჰა, მისცა თავისი ხელი და ყოველივე ეს გააკეთა მან: ვერ გადარჩება.’“ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „ცოცხალი ვარ მე, ჩემს ფიცს, რომელიც აბუჩად აიგდო, და ჩემს აღთქმას, რომელიც დაარღვია, მოვაქცევ მის თავზე. და გავშლი მასზე ჩემს ბადეს და დაჭერილ იქნება ჩემს სათხეველში, და მოვიყვან მას ბაბილონში, და განვსჯი მას იქ მისი მუხთლობის გამო, რომლითაც მიმუხთლა მე. და ყველა მისგან გაქცეული მისი ყველა რაზმიდან მახვილით დაეცემიან და დარჩენილნი ყველა ქარისკენ განიფანტებიან. და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი ეს.“ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „და მე თვითონ მოვტეხ მაღალი კედრის კენწეროდან, მისი ზედა ყლორტებიდან მოვწყვეტ ნედლ ტოტს და მე თავად დავრგავ მაღალ და ციცაბო მთაზე. ისრაელის უმაღლეს მთაზე დავრგავ მას და გაუშვებს ტოტებს და გამოიღებს ნაყოფს, და გახდება დიდებული კედარი, და მის ქვეშ დაბინავდება ყველა ჩიტი, ყველა ფრთოსანი მის შტოთა ჩრდილში დაბინავდება. და გაიგებს ყველა მინდვრის ხე, რომ მე, უფალი, ვადაბლებ მაღალ ხეს, ვამაღლებ დაბალ ხეს, ვახმობ ნედლ ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთებ!’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „რა გაქვთ, როდესაც ყვებით ამ იგავს ისრაელის მიწაზე: ‘მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოჰკვეთაო?’ ცოცხალი ვარ მე,“ – სიტყვა უფლისა, – „თუღა გქონდეთ თქვენ სათქმელად ეს იგავი ისრაელში! ყველა სული ჩემია, როგორც სული მამისა, ისევე სული ძისა. შემცოდავი სული კი მოკვდება. და თუ კაცი მართალი იქნება და იქმს სამართალსა და სიმართლეს, მთებზე შეწირულისაგან არა ჭამს და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არა აქვს მიპყრობილი, და მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალთან არ წვება, არავის არ ჩაგრავს და თავის მევალეს ვალს უბრუნებს, ძარცვით არ ძარცვავს, თავის პურს მშიერს აძლევს და შიშველს სამოსით მოსავს. ვახშით არ აძლევს და სარგებელს არ იღებს, უსამართლობისგან ხელს იკავებს და კაცსა და კაცს შორის სწორ სამართალს აჩენს, ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რომ ქმნას ჭეშმარიტება – ის არის მართალი, სიცოცხლით იცოცხლებს,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „მაგრამ თუ შობს ავაზაკ ძეს, სისხლისმღვრელს, რომელიც ძმას გაუკეთებს ერთს ამათგან, და არც ერთი ამ კარგთაგანი არ გაუკეთებია, რადგან მთებზეც ჭამდა და მოყვასის ცოლსაც ბილწავდა, ღარიბსა და ღატავს ჩაგრავდა, ძარცვით ძარცვავდა, ვალს არ უბრუნებდა და კერპებისაკენ ჰქონდა მიპყრობილი თვალი, სისაძაგლეს სჩადიოდა, ვახშით აძლევდა და სარგებელს იღებდა – იცოცხლებს კი? არ იცოცხლებს, რაკი ყოველივე ამ სისაძაგლეს სჩადიოდა – სიკვდილით მოკვდება და მისი სისხლი მასზე იქნება. და აჰა, შვა ძე, რომელიც ხედავდა მამამისის ყოველ ცოდვას, რაც გაუკეთებია, ხედავდა და არ აკეთებდა მათ მსგავსს, მთებზე არ ჭამდა და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არ ჰქონდა მიპყრობილი, მოყვასის ცოლს არ ბილწავდა, არავინ დაუჩაგრავს, გირაოს არ იღებდა და ძარცვით არ ძარცვავდა, თავის პურს მშიერს აძლევდა და შიშველს სამოსით მოსავდა, ღარიბის ჩაგვრისაგან ხელს იკავებდა, ვახშსა და სარგებელს არ იღებდა, ჩემს სამართალს აკეთებდა და ჩემი წესებით დადიოდა – ის არ მოკვდება მამამისის ურჯულოების გამო, ის სიცოცხლით იცოცხლებს. მამამისი კი, რადგან ჩაგვრით ჩაგრავდა, ძარცვით ძარცვავდა ძმას და ბოროტებას სჩადიოდა თავის ხალხში, მოკვდება თავის ურჯულოებაში. თქვენ ამბობთ: რატომ არ ატარებს ძე მამამისის ურჯულოებას? ძე კი სამართალსა და სიმართლეს იქმოდა, ჩემს ყველა წესს იცავდა და ასრულებდა მათ – ის სიცოცხლით იცოცხლებს. ცოდვილი სული კი, მოკვდება. ძემ არ უნდა ატაროს თავისი მამის დანაშაული და მამამ – ძის ურჯულოება. მართლის სიმართლე მასზევე იქნება და ბოროტმოქმედის ბოროტმოქმედება – მასზე. ბოროტმოქმედი კი, თუ მოიქცევა ყველა თავისი ცოდვისგან, რომელიც ჩაიდინა, და დაიცავს ყველა ჩემს წესს და იქმს სამართალსა და სიმართლეს, სიცოცხლით იცოცხლებს, არ მოკვდება. ყველა მის დანაშაულს, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენებენ მას. თავისი სიმართლით, რომელსაც აკეთებდა, იცოცხლებს ის. განა მე ვისურვებ ბოროტმოქმედის სიკვდილს?“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „განა არ მინდა, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და იცოცხლოს? მართალი კი, თუ მიიქცა თავისი სიმართლიდან და სჩადის უსამართლობას, მსგავსს ყველა იმ სისაძაგლისა, რომელსაც ბოროტმოქმედი სჩადის – იცოცხლებს კი? ყოველ მის სიმართლეს, რომელიც გააკეთა, არ გაუხსენებენ. თავისი მუხთლობით, რომლითაც მუხთლობდა, და თავისი ცოდვით რომლითაც სცოდავდა, მოკვდება. და თქვენ ამბობთ: არ არის სწორი უფლის გზაო. მომისმინეთ, სახლო ისრაელისა, ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! თუ მართალი თავისი სიმართლიდან მიიქცევა და ჩაიდენს უსამართლობას და მოკვდება მათ გამო, თავის უსამართლობის გამო, რომელიც ჩაიდინა, მოკვდება იგი. და თუ ბოროტი თავისი ბოროტმოქმედებიდან, რომელიც ჩაიდინა, მოიქცა, და იქმს სამართალსა და სიმართლეს, ის თავის სულს აცოცხლებს. დაინახა და მოიქცა თავისი დანაშაულებებიდან, რომელნიც ჩაიდინა, ის სიცოცხლით იცოცხლებს, არ მოკვდება. ამბობს სახლი ისრაელისა: არ არის სწორი უფლის გზაო. ჩემი გზა არ არის სწორი, სახლო ისრაელისა? განა თქვენი გზები არის სწორი? ამიტომ თითოეულს თავისი გზის მიხედვით განგსჯით, ისრაელის სახლო.“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „მოინანიეთ და მოიქეცით თქვენი ყველა დანაშაულიდან და არ გექნებათ ურჯულოება დაბრკოლებად. განაგდეთ თქვენგან ყველა თქვენი დანაშაულება, რომლითაც თქვენ სჩადიოდით დანაშაულს, და შეიქმენით ახალი გული და ახალი სული, და რატომღა მოკვდებით, ისრაელის სახლო? რადგან მე არ მსურს მოკვდავის სიკვდილი,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „აბა, მოიქეცით და იცოცხლებთ!“ „შენ კი, მოთქმით იტირე ისრაელის მთავრებზე და თქვი: ‘რა არის დედაშენი? ძუ ლომი! ლომებს შორის იმყოფებოდა, ლომის ბოკვერებთან ზრდიდა, ამრავლებდა თავის ლეკვებს. და წამოაყენა ერთი თავის ლეკვთაგან, ლომის ბოკვერი გახდა იგი და ისწავლა ნადავლის დაგლეჯა, ადამიანს ჭამდა. და გაიგონეს მასზე ხალხებმა, მათ თხრილში იქნა ის შეპყრობილი და მიიყვანეს იგი კავებით ეგვიპტეში. და დაინახა მან, როცა უცდიდა, რომ დაიკარგა იმედი, და აიყვანა სხვა ერთი თავის ლეკვთაგანი, და ლომის ბოკვერად დასვა იგი. და დადიოდა ის ლომებს შორის, ლომის ბოკვერი გახდა და ისწავლა ნადავლის დაგლეჯა, ადამიანის ჭამა. და ანგრევდა მათ სასახლეებს და მათ ქალაქებს აოხრებდა და შეძრწუნდა ქვეყანა მისი ღრიალის ხმისაგან. და აღდგნენ მასზე ხალხები ირგვლივ ოლქებიდან და გაშალეს მასზე თავიანთი ბადე, და შეპყრობილ იქნა იგი მათ თხრილში. და ჩასვეს გალიაში კავებით და მიიყვანეს ის ბაბილონის მეფესთან. მოიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რათა აღარ გაგონილიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე. დედაშენი ვაზს ჰგავდა, დარგულს წყლის პირას, ნაყოფიერს, მრავალტოტიანი იყო წყალუხვობისგან. მაგარი ტოტები ჰქონდა მას ხელმწიფეთა კვერთხისათვის, და გაიზარდა მისი ტანი ხშირ ტოტებს შორის, და ჩანდა თავისი სიმაღლით და მრავალი ტოტით. მაგრამ აღმოიფხვრა რისხვით, მიწაზე იქნა დაგდებული და აღმოსავლეთის ქარმა გაახმო მისი ნაყოფი. დაიშალა და გახმა მისი მაგარი ტოტები, ცეცხლმა შეჭამა ისინი. ახლა უდაბნოშია დარგული, მშრალ და გვალვიან ქვეყანაში. და გამოვიდა ცეცხლი მისი ტოტის ღეროდან, შეჭამა მისი ნაყოფი და აღარ შერჩა მას მაგარი ტოტი ხელმწიფის კვერთხისათვის. ეს არის გოდება და დარჩა გოდებად.’“ და იყო მეშვიდე წელს, მეხუთე თვის მეათე დღეს, რომ მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან უფლის საკითხავად და დასხდნენ ჩემს წინ. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ილაპარაკე ისრაელის უხუცესებთან და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა, ღმერთმა: ჩემს საკითხავად მოხვედით თქვენ. ცოცხალი ვარ მე, თუ გაკითხვინეთ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „განსჯი მათ? განსჯი, ძეო კაცისავ? მათი მამების სისაძაგლენი აუწყე მათ. და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმ დღეს, როდესაც მე ამოვარჩიე ისრაელი და ავუწიე ჩემი ხელი იაკობის სახლის თესლს და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში და ავუწიე მათ ჩემი ხელი, ვუთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. იმ დღეს ავუწიე მათ ჩემი ხელი ფიცით, რომ გავიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც გამოვძებნე მათთვის – ქვეყანა მადინებელი რძისა და თაფლისა. ის ყველა ქვეყანაზე მშვენიერია. და ვუთხარი მათ: ყოველმა თქვენგანმა განაგდოს თავის თვალის სისაძაგლეები და ეგვიპტის კერპებით ნუ შეიბილწებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. მაგრამ ისინი აღმიდგნენ მე და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა. არც ერთმა არ განაგდო თავის თვალის სისაძაგლეები და ეგვიპტის კერპები არ მიატოვა, და მე ჩავითქვი, გადმომეღვარა ჩემი რისხვა და დამესრულებინა ჩემი წყრომა მათზე შიგ ეგვიპტის ქვეყანაში. მაგრამ მე ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იმ ხალხების თვალში, რომელთა შორისაც ისინი იმყოფებოდნენ, რომელთა თვალწინაც გამოვუცხადე მათ, რომ გამოვიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან. და მე გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან და მივიყვანე უდაბნოში. და მივეცი მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე მათ, რათა შეესრულებინა ისინი ადამიანს და ეცოცხლა მათით. და ჩემი შაბათებიც მივეცი მათ, რათა ყოფილიყვნენ ნიშნად ჩემსა და მათ შორის, რათა ცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი. მაგრამ ისრაელის სახლი აღმიდგა მე უდაბნოში, ჩემი წესებისამებრ არ იარეს და ჩემი სამართალი შეიზიზღეს, რომელიც უნდა შეესრულებინა ადამიანს და ეცოცხლა მით. და ჩემი შაბათები შებღალეს მეტისმეტად. და მე ჩავითქვი, გადმომეღვარა მათზე უდაბნოში ჩემი რისხვა, რათა ამომეწყვიტა ისინი. მაგრამ ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი. ავუწიე კიდეც ჩემი ხელი უდაბნოში, რომ არ მივიყვანდი მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი, მადინებელში რძისა და თაფლისა. ის ყველა ქვეყანაზე მშვენიერია. რადგან შეიზიზღეს ჩემი სამართალი და ჩემი წესებით არ იარეს და შებღალეს ჩემი შაბათები, რადგან კერპებს მისდევდა უკან მათი გულები. მაგრამ შეიბრალა ისინი ჩემმა თვალმა დასაღუპად და არ მოვსპე ისინი უდაბნოში. და მე ვუთხარი მათ ძეთ: თქვენი მამების წესებით არ იაროთ, მათი სამართალი არ დაიცვათ და მათი კერპებით არ შეიბილწოთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემი წესებით იარეთ და ჩემი სამართალი დაიცავით და შეასრულეთ ის. ჩემი შაბათები წმიდა ჰყავით და იქნება ისინი ნიშნად ჩემსა და თქვენს შორის, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. მაგრამ აღმიდგნენ მე ძენი, ჩემი წესებით არ იარეს და ჩემი სამართალი არ დაიცვეს, არ შეასრულეს ისინი, რომელთა შესრულებით ადამიანს უნდა ეცოცხლა. ჩემი შაბათები შებღალეს და ჩავითქვი, გადმომეღვარა მათზე ჩემი რისხვა, დამესრულებინა მათზე ჩემი წყრომა უდაბნოში. მაგრამ მე დავიფიცე და ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იგი იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი. თავად მეც ავუწიე მათ ხელი უდაბნოში, რომ გავფანტავდი მათ ხალხებში და გავაბნევდი ქვეყნებში. რადგან ჩემი სამართალი არ შეასრულეს და ჩემი წესები შეიზიზღეს, ჩემი შაბათები შებღალეს და თავიანთი მამების კერპების უკან იყო მათი თვალი. და თავად მეც მივეცი მათ ცუდი წესები და სამართალნი, რითაც ვერ იცოცხლებენ, და უწმიდურად გამოვაცხადე ისინი თავიანთი შესაწირავებით, საშოს ყოველი გამღების ცეცხლში გატარებით, რათა გაუკაცრიელებულიყვნენ, რათა გაეგოთ, რომ მე ვარ უფალი. ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ძეო კაცისავ! და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: კიდევ ამით მლანძღავდნენ მე თქვენი მამები, მუხთლობით მუხთლობდნენ ჩემს მიმართ. და მოვიყვანე ქვეყანაში, რომელზეც ავწიე ხელი, რომ მივცემდი მათ, და მათ დაინახეს ყოველი მაღალი ბორცვი და ყოველი ხშირტოტიანი ხე და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, და მაჯავრებდნენ იქ თავიანთი მსხვერპლით და დებდნენ იქ თავიანთ საყნოსავ კეთილსურნელებას და უღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს. და მე ვუთხარი მათ: რა არის ის გორაკი, სადაც თქვენ დადიხართ?’ გორაკი სახელად ეწოდება მას ამ დღემდე. და ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: განა თქვენი მამების გზით არ ბილწობთ და მათი სისაძაგლის კვალდაკვალ არ სიძვობთ? და თქვენი შესაწირავების მოტანით, თქვენს ძეთა ცეცხლში გატარებით არ იბილწებით მთელი თქვენი კერპებითურთ დღემდე? და მე გაკითხვინებთ თავს, ისრაელის სახლო? ცოცხალი ვარ მე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘არ გაკითხვინებთ თავს. და რაც თქვენ გუნებაში მოგივიდათ, არ იქნება, რომ ამბობთ: ‘ვიქნებით სხვა ხალხებივით, სხვა ქვეყნების ტომებივით ვემსახურებით ხესა და ქვას!“ ‘ცოცხალი ვარ მე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით და გადმოღვრილი რისხვით არ ვიმეფებ თქვენზე, გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც განიფანტეთ ძლიერი ხელით და გაწვდილი მკლავით და გადმოღვრილი რისხვით, და მიგიყვანთ ხალხების უდაბნოში და განგსჯით იქ პირისპირ. როგორც განვსაჯე თქვენი მამები ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ასევე განგსჯით თქვენ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘და გაგატარებთ კვერთხის ქვეშ და მოგიყვანთ აღთქმის ბორკილებით. და გამოვყოფ თქვენგან მეამბოხეებს და დამნაშავეთ ჩემს წინაშე. მათი საცხოვრებელი ქვეყნიდან გამოვიყვან მათ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!’ და თქვენ, სახლო ისრაელისა, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘თითოეული თავის კერპთან წავიდეს და ემსახუროს მას, და მერე, თუ არ მომისმენთ, ჩემს წმიდა სახელს მეტად ვეღარ შებღალავთ თქვენი საჩუქრებითა და თქვენი კერპებით. რადგან, ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე’, – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘იქ მემსახურებით მთელი სახლი ისრაელისა – ყველანი ქვეყანაზე. იქ მოვისურვებ მათ და იქ მოვითხოვ თქვენს შეწირულობებს და პირველნაყოფს თქვენი მოსავლისა ყველა თქვენი სიწმიდითურთ. საყნოსავ კეთილსურნელებად შეგიწყნარებთ თქვენ, როდესაც გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ, და წმიდად გამოვცხადდები თქვენში ხალხების თვალწინ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მიგიყვანთ თქვენ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომელზეც ავწიე ჩემი ხელი, რომ მივცემდი მას თქვენს მამებს! და გაიხსენებთ იქ თქვენს გზებს და ყველა თქვენს ნამოქმედარს, რომლითაც შეიბილწეთ, და შეგძაგდებათ თქვენი თავი ყველა იმ სიბოროტის გამო, რაც ჩაიდინეთ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მოგექცევით ჩემი სახელის გულისათვის, არა თქვენი ბოროტი გზებისა და თქვენი შერყვნილი ნამოქმედარისამებრ, ისრაელის სახლო!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი თემანის გზისაკენ და უქადაგე სამხრეთს და უწინასწარმეტყველე სამხრეთის ველის ტყეს. და უთხარი სამხრეთის ტყეს: ‘ისმინე სიტყვა უფლისა. ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ცეცხლს შეგინთებ და შეჭამს შენში ყველა ნედლსა და ყველა გამხმარ ხეს. არ ჩაქრება აალებული ალი და დაიხრუკება მასში მთელი ზედაპირი სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. და იხილავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა გავაღვივე ის და არ ჩაქრება!’“ და ვთქვი მე: „ოჰ, უფალო, ღმერთო, ისინი კითხულობენ ჩემზე: იგავებს ხომ არ ამბობსო?“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი იერუსალიმისაკენ და უქადაგე საწმიდრებს და უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას, და უთხარი ისრაელის მიწას: ‘ასე ამბობს უფალი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ: გამოვიღებ ჩემს მახვილს მისი ქარქაშიდან და მოვკვეთ შენგან მართალსა და ბოროტმომქმედს. რომ მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტმომქმედი, ამიტომ გამოვა ჩემი მახვილი მისი ქარქაშიდან ყველა ხორციელზე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. და მიხვდება ყველა ხორციელი, რომ მე, უფალმა, გამოვიღე ჩემი მახვილი მისი ქარქაშიდან, და აღარ ჩაბრუნდება უკან. და შენ, ძეო კაცისავ! ამოიხვნეშე წელმოწყვეტით და სიმწრით ამოიხვნეშე მათ თვალწინ. და რადგან გკითხავენ შენ: ‘რისთვის ხვნეში?’ და ეტყვი: ‘ხმის გამო, რომელიც მოდის – და დადნება ყოველი გული, და მოდუნდება ყოველი ხელი, და დაუძლურდება ყოველი სული, და ყველა მუხლები გაწყალდება. აჰა, მოდის და იქნება!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა: თქვი, მახვილი, მახვილი გალესილი და გაპრიალებული, რომ დახოცოს, იმისათვის გაილესა, რათა ელვა ჰქონდეს, გაპრიალდა! გვიხაროდეს ჩვენ, ჩემი ძის კვერთხმა მოიძულა ყველა ხე. და მიეცა გასაპრიალებლად, ხელში დასაჭერად. გაილესა ეს, მახვილი და გაპრიალდა იგი მკვლელის ხელში გადასაცემად. იკივლე და იტირე, ძეო კაცისავ! რადგან ის ჩემი ერის, ისრაელის ყველა მთავრის წინააღმდეგ არის! მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ერთან ერთად, ამიტომ ირტყი შენს ბარძაყზე. რადგან განსაცდელი იყო და რა არის, თუ კვერთხიც არ მოიძულა.“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და შემოჰკარი ხელი ხელს და გაორდება მახვილი მესამეგზის. განგმირულთა მახვილია ის, დიდის მოსაკლავი მახვილი, რომელიც გარს უვლის მათ. რათა დადნეს გული და გამრავლდეს დაბრკოლებანი, ყველა მათ კარიბჭეზე დავდე მე სასტიკი მახვილი – გაკეთებულია ელვასავით, გაპრიალებულია დასახოცავად. გაერთიანდი მარჯვნივ, გაემართე მარცხნივ, საითკენაც შენი პირია განკუთვნილი, და მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას, მე, უფალმა ვთქვი.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „და შენ, ძეო კაცისავ! დაადგინე შენთვის ორი გზა ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად. ორივენი ერთი ქვეყნიდან გამოვლენ, და ამოირჩიე ადგილი, ქალაქის გზის დასაწყისში ამოარჩიე. გზა დაადგინე მახვილის მოსასვლელად ყამონიანთა რაბასა და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში. რადგან დადგა ბაბილონის მეფე გზის გასაყართან, ორი გზის დასაწყისში, სამისნოდ: შეარხია ისრები, ჰკითხა თერაფიმებს, დახედა ღვიძლს. მის მარჯვენა ხელში იყო მისნობა – იერუსალიმი, დაედგა კედელსანგრევი მანქანები, გაეხსნა პირი სიკვდილისათვის, აეწია ხმა მხედრული შეძახილით, დაედგა კედელსანგრევი მანქანები კარიბჭეებთან, დაეყარათ მიწაყრილი, აეშენებინათ ციხე-სიმაგრენი. და იქნება ეს მათ თვალში, როგორც ფუჭი მკითხაობა, ფიცთა ფიცი აქვთ დადებული, მაგრამ ის ახსენებს იმ ურჯულოებას, რის გამოც დაჭერილ იქნებიან. და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან თქვენ გაიხსენეთ თქვენი ურჯულოება, როდესაც გამოამჟღავნეთ თქვენი დანაშაულებანი, რათა გეჩვენებინათ თქვენი ცოდვანი თქვენს ყველა ნამოქმედარში, ისე, როგორც თქვენ იყავით გახსენებულნი, ხელით იქნებით დაჭერილნი. და შენ, შებღალულო ბოროტმომქმედო, მთავარო ისრაელისა, რომლის დღეც მოვიდა უკანასკნელი სასჯელის დროს,’ და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მოიშორე დოლბანდი და ჩამოიღე გვირგვინი. ასე აღარ იქნება. დამდაბლებული ამაღლდება და ამაღლებული დამდაბლდება. ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას. არც ეს აღარ იქნება, სანამდე არ მოვა ის, ვისიც არის სამართალი – და გადავცემ მას.’ და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა ყამონიანებზე და მათ შერცხვენაზე’ – და თქვი: ‘მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაპრიალებულია ამოსაწყვეტად, რათა ელვასავით ელავდეს. როდესაც წინასწარ გეუბნებოდნენ შენ ამაოს, გიმკითხავებდნენ სიცრუეს, რათა დადებულიყავი დახოცილ ბოროტმომქმედთა კისრებზე, რომელთა დღეც მოვიდა უკანასკნელი სასჯელის დროს. ჩააბრუნე იგი თავის ქარქაშში. იმ ადგილას, სადაც შეიქმენი, შენი წარმოშობის ქვეყანაში განვსჯი. და გადმოვღვრი შენზე ჩემს რისხვას, ჩემი წყრომის ცეცხლს დავბერავ შენზე და მიგცემ შენ მძვინვარე, მკვლელობაში გაწაფულ ადამიანთა ხელთ. ცეცხლის შესაჭმელი იქნები შენ, შენი სისხლი ქვეყნის შიგნით იქნება. არ გაგიხსენებენ, რადგან მე, უფალმა, ვთქვი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „და შენ, ძეო კაცისავ! განსჯი სისხლიან ქალაქს? და გამოუცხადე მას მთელი მისი სისაძაგლე და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ქალაქო, თავის შიგნით სისხლის დამღვრელო, რათა მოვიდეს მისი ჟამი! და თავისთვის კერპების გამკეთებელო, რათა შეიბილწოს იგი! შენი სისხლით, რომელიც დაღვარე, დადანაშაულდი და შენი კერპებით, რომლებიც გააკეთე, შეიბილწე. და მოიახლოვე შენი დღეები და მიხვედი შენს წლებამდე. ამის გამო გადაგცემ შესარცხვენად ხალხებს და დასაცინად ყველა ქვეყანას. ახლობელნი და შორეულნი დაგცინებენ შენ, სახელშებილწულო, მრავალაურზაურიანო. აჰა, ისრაელის მთავარნი, თითოეული თავისი ძალით იყო შენში, რათა დაეღვარათ სისხლი. მამას და დედას არად აგდებენ შენში, მდგმურს ჩაგრავენ, ობოლს და ქვრივს ატყუებენ შენში. ჩემი სიწმიდენი აბუჩად აიგდე და ჩემი შაბათები შებღალე, ცილისმწამებელნი იყვნენ შენში, რათა დაეღვარათ სისხლი, და მთებზე ჭამდნენ შენში, გარყვნილებას ჩადიოდნენ შენში. მამის სიშიშვლეს აჩენდნენ შენში, არაწმიდა წიდოვანს ნამუსს ხდიდნენ, ერთი თავისი მოყვასის ცოლთან სჩადიოდა სისაძაგლეს, მეორე თავის რძალს ბილწავდა გარყვნილებით და სხვა – თავის დას, თავისი მამის შვილს ხდიდა ნამუსს. ქრთამს იღებდნენ შენში, რათა დაეღვარათ სისხლი. ვახშსა და სარგებელს იღებდი და ძალით ართმევდი შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „და აჰა, მე ხელი ხელს შემოვკარი შენი ანგარების გამო, რომელიც ჩაიდინე, და შენი სისხლის გამო, რომელიც დაიღვარა შენში. გაუძლებს შენი გული, ან მტკიცე იქნება ხელები იმ დღეებისათვის, როცა გაგისწორდები? მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთებ. და მე გაგფანტავ შენ ხალხებში და გაგაბნევ ქვეყნებში და მოვსპობ შენს სიბილწეს. და შეიბღალები ხალხების თვალწინ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი!“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ისრაელის სახლი ჩემთვის წიდად იქცა. ყველანი – სპილენძი, კალა რკინა და ტყვიაა ბრძმედში, ვერცხლის წიდად იქცნენ. ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან თქვენ ყველანი იქეცით წიდად, ამიტომ მე შეგაგროვებთ იერუსალიმში, როგორც აგროვებენ ვერცხლს და სპილენძს, რკინას, ტყვიასა და კალას ბრძმედის შიგნით, რათა გააღვივონ ცეცხლი მათ გამოსადნობად, ასე შეგაგროვებთ ჩემს რისხვასა და ჩემს წყრომაში და დაგდებთ და გამოგადნობთ. შეგკრებთ და გავაღვივებ თქვენზე ცეცხლს ჩემი წყრომისა და გადნებით მასში. როგორც ვერცხლი დნება ბრძმედის შიგნით, ისე გამოდნებით თქვენ მის შიგნით და მიხვდებით, რომ მე, უფალმა, გადმოვღვარე ჩემი რისხვა თქვენზე.’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! უთხარი მას: ‘შენ ხარ ქვეყანა განუწმედელი, წვიმით დაუნამავი რისხვის დღეს.’ მის წინასწარმეტყველთა შეთქმულებაა მის შიგნით, როგორც მბრდღვინავი ლომი, დამგლეჯი ნადავლისა. სულს ჭამდნენ, ქონება და ძვირფასეულობა მიჰქონდათ, ქვრივები მრავლდებოდნენ მის შიგნით, მისი მღვდლები ჩემს რჯულს აყალბებდნენ და ჩემს სიწმიდეებს ბღალავდნენ, წმიდასა და შებღალულს ვერ არჩევდნენ და შებილწულს და განწმედილს არ აცხადებდნენ და ჩემს შაბათებს თვალს არიდებდნენ, და მე ვიბღალებოდი მათ შორის. მისი მთავრები მის შიგნით, როგორც მგლები, გლეჯდნენ ნადავლს სისხლის დასაღვრელად, სულების დასაღუპავად, რათა მოეხვეჭათ ანგარება. მისი წინასწარმეტყველნი აბათქაშებდნენ მათ ამაო ხილვებით და უმკითხავებდნენ მათ სიცრუეს, ამბობდნენ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა!’ უფალს კი არ უთქვამს. ამ ქვეყნის ერი ჩაგრავდა და ძარცვავდა, ღარიბსა და ღატაკს ატყუებდა და მდგმურს ავიწროებდა უსამართლოდ. და მე ვეძიე მათში კაცი ღობის მომღობავი და ჩემს წინაშე ნანგრევებზე მდგომი ამ ქვეყნის გულისთვის, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვიპოვე. ამიტომ გადმოვღვრი მათზე ჩემს ბრაზს, ჩემი მძვინვარების ცეცხლში გავწყვეტ მათ, მათ ნამოქმედარს მათ თავზევე მოვაქცევ,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! იყო ორი ქალი, ასული ერთი დედისა. და მეძაობდნენ ისინი ეგვიპტეში, თავიანთ სიყმაწვილეშივე ისიძვეს. იქ დაუსრისეს მათ ძუძუები და დაუჭყლიტეს დვრილნი მათი ქალწულობისა. და სახელები მათი: დიდისა – ოჰოლა და მისი დისა – ოჰოლიბა. და ჩემები იყვნენ ისინი და მიშვეს ძენი და ასულნი. და სახელები კი მათი: სამარია არის ოჰოლა და იერუსალიმი – ოჰოლიბა. და მეძაობდა ოჰოლა, ჩემს ქვეშ მყოფი, და ეტრფოდა თავის საყვარლებს, აშურის მეომრებს, ცისფრით შემოსილ სპასპეტსა და ერისმთავრებს. ყველანი ლამაზი ჭაბუკები იყვნენ – მხედრები ცხენებზე ამხედრებულნი. და ისიძვა მათთან, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა, და ყველა მათი კერპით შეიბილწა. და თავისი სიძვა ეგვიპტეში არ მიატოვა, რადგან იწვნენ მასთან მის სიყმაწვილეში და მათ სრისეს მისი სიქალწულის დვრილები და დაღვარეს თავიანთი სიძვა მასზე. ამიტომ მივეცი მე იგი მისი საყვარლების ხელთ, აშურის ძეთა ხელთ, რომლებსაც ეტრფოდა. მათ გამოაჩინეს მისი სიშიშვლე, მისი ძენი და ასულნი წაიყვანეს, ის კი მახვილით მოკლეს, და გახდა მისი სახელი სირცხვილად ქალთა შორის და მსჯავრი დასდეს მას. და დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ და უფრო გახრწნა თავისი ტრფიალება, ვიდრე მისმა დამ, და თავისი სიძვით დის სიძვას გადააჭარბა. ისიც აშურის ძეთ ეტრფოდა, სპასპეტთა და ერისმთავართ, თავის ახლობლებს ბრწყინვალედ შემოსილთ, მხედრებს, ცხენზე ამხედრებულთ – ყველანი ლამაზი ჭაბუკები იყვნენ. და მე ვნახე, რომ შეიბილწა – ერთი გზა ჰქონდა ორივეს. მოუმატა თავის სიძვას: ნახა კაცები გამოხატულნი კედელზე, გამოსახულებანი ქალდეველთა, სინგურით დახატული, წელზე სარტყელშემორტყმულნი, თავზე დოლბანდჩამოშვებულნი, მსგავსნი მხედართმთავართა, შესადარნი ბაბილონის ძეთა, რომელთა მშობლიური ქვეყანა ქალდეაა. და მიეტრფო მათ თვალის ერთი შეხედვით და გაგზავნა მათთან მსტოვარნი ქალდეაში. და მივიდნენ მასთან ძენი ბაბილონისა სასიყვარულო სარეცელზე და შებილწეს იგი თავიანთი სიძვით. და შეიბილწა მათგან და განშორდა მათ მისი სული. და გამოაჩინა მან თავისი სიძვა და გამოაჩინა თავისი სიშიშვლე. და განშორდა ჩემი სული მას, როგორც განშორდა ჩემი სული მის დას. და ამრავლა მან თავისი სიძვა, იხსენებდა რა თავის სიყმაწვილის დღეებს, როდესაც მეძაობდა ეგვიპტის ქვეყანაში, და ეტრფოდა თავის სიყვარლებს, რომელთა ხორციც ვირების ხორცია და ცხენების ქუქუნია იმათი ქუქუნი. შენ მოგენატრა გარყვნილება შენი სიყმაწვილისა, როდესაც ეგვიპტელნი სრესდნენ შენი სიყმაწვილის ძუძუთა დვრილებს. ამიტომ, ოჰოლიბა, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე აღვძრავ შენს საყვარლებს შენზე, რომელთაც მოშორდა შენი სული და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან, ბაბილონის ძეთ და ყველა ქალდეველს, ფეკოდელს, შოაყელს და კოაელს, აშურის ყველა ძეს მათთან ერთად, ლამაზ ჭაბუკთ, სპასპეტთ და ერისმთავართ, მხედართმთავართ და სახელოვანთ, ყველას ცხენებზე მოჯირითეთ. და მოვლენ შენზე იარაღით, ეტლებით და ბორბლებით და ხალხთა კრებულით, დარაკით და ფარით, მუზარადს დაგახურავენ შენ, და მე მიგცემ მათ წინაშე სამსჯავროდ და დაგდებენ მსჯავრს თავიანთი სამართლით. და მოვაწევ ჩემს შურს შენზე და მოგექცევიან შენ რისხვით, ცხვირს და ყურებს მოგაცლიან და შენი შემდგომი მახვილით დაეცემა. შენს ძეთ და შენს ასულთ წაიყვანენ და შენს შემდგომს ცეცხლი შეჭამს. და გაგხდიან სამოსელს და წაიღებენ შენს მშვენიერ მორთულობას. და აღვკვეთავ შენს გარყვნილებას შენგან და შენს სიძვას ეგვიპტის ქვეყნიდან, და აღარ მოაპყრობ თვალებს მათ და ეგვიპტეს აღარ გაიხსენებ.’ რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მე გადაგცემ შენ იმათ ხელთ, რომელნიც შეიძულე, იმათ ხელთ, ვინც მოიშორა შენმა სულმა, მოგექცევიან შენ სიძულვილით და წაიღებენ მთელ შენს ქონებას, და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს, და გამოჩნდება სიშიშვლე შენი სიძვისა და შენი გარყვნილება და სიძვა. ეს დაგემართება შენ იმის გამო, რომ ხალხების კვალდაკვალ სიძვობდი, რომელთა კერპებით შეიბილწე. შენი დის გზაზე დადიოდი და მე მოგცემ შენ ხელთ მის ფიალას.’ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘შენი დის ფიალას შესვამ, ღრმასა და განიერს! იქნები სასაცილო და მასხარად აგდებული. ბევრის დამტევია იგი. სიმთვრალითა და ნაღველით გაივსები, ფიალა სასოწარკვეთილებისა და გატიალებისა, ფიალა შენი დის, სამარიისა. და შესვამ მას და ამოაშრობ, მის ნატეხებს გალოკავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი ეს!’ სიტყვა უფალი ღმერთისა. ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან შენ დამივიწყე და ზურგსუკან მომისროლე, ამიტომ შენც ატარებ შენს გარყვნილებას და შენს სიძვას.’“ და მითხრა უფალმა მე: „ძეო კაცისავ! მსჯავრს დასდებ ოჰოლასა და ოჰოლიბას და ეტყვი მათ თავიანთ სისაძაგლეებს? რადგან ისინი მრუშობდნენ და სისხლია მათ ხელებზე. თავიანთ კერპებთან მრუშობდნენ და თავიანთ ძეთ, რომელიც მიშვეს მე, ცეცხლში ატარებდნენ მათთვის შესაჭმელად. კიდევ ეს გამიკეთეს მე: შებღალეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შებღალეს. და როდესაც სწირავდნენ თავიანთ ძეთ თავიანთ კერპებს, იმავე დღეს მოდიოდნენ ჩემს საწმიდარში და ბღალავდნენ მას. აჰა, ასე იქცეოდნენ ისინი ჩემს სახლში. და კიდევ: გზავნიდნენ მოციქულებს კაცებთან, შორიდან მომსვლელებთან, მაცნეც იყო გაგზავნილი. და მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც შენ იბანებოდი, ილურჯებდი შენს თვალებს და იმკობოდი შესამკობელით. და ჯდებოდი ბრწყინვალე საწოლზე და გაწყობილი სუფრა იყო მის წინ და ჩემს საკმეველსა და ჩემს ზეთს დებდი მასზე. და ხმა უზრუნველი ბრბოსი გაისმოდა იქ. და კაცების უამრავ კრებულთან მოყვანილნი იყვნენ ლოთები უდაბნოდან. და იკეთებდნენ სამაჯურებს ხელებზე და მშვენიერ გვირგვინებს თავზე. და მე ვთქვი მრუშობით გაცვეთილზე: ‘ახლაც ისიძვებს ვინმე მასთან სიძვით?’ და თავადაც? და მოდიოდნენ მასთან, როგორც მიდიან მეძავ ქალთან. ისე მოდიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან. და მართალი კაცები კი – ისინი განსჯიან მათ მრუშობისა და სისხლისმღვრელობის სამართლით, რადგან მრუშნი არიან ისინი და სისხლია მათ ხელებზე. რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მიუშვი მათ წინააღმდეგ კრებული და მიეცი ისინი ძრწოლას და ძარცვა-გლეჯას! და ჩაქოლავს მათ კრებული ქვით და დაჩეხავენ მათ თავისი მახვილებით, მათ ძეთა და ასულთ დახოცავენ და მათ სახლებს ცეცხლში დაწვავენ. და შევწყვეტ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე და ყველა ქალი ისწავლის ჭკუას და არ მოიქცევიან თქვენი გარყვნილებისამებრ. და თქვენზევე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ თქვენს კერპთა ცოდვებს, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს: „ძეო კაცისავ! ჩაიწერე შენთვის ამ დღის სახელი, სწორედ ამ დღისა; ამ დღეს მოადგა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, და თქვი იგავი მეამბოხე სახლზე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: შემოდგი ქვაბი ცეცხლზე, შემოდგი და ჩაასხი მასში წყალი. ნაჭრებად ჩაყარე მასში, ყველა კარგი ნაჭერი, ბარკალი და ბეჭი, რჩეული ძვლებით გაავსე. რჩეული ცხვარი აიღე და ეს ძვლები შეუკეთე მის ქვეშ, აადუღე, რომ ძვლებიც მოიხარშოს მასში.’ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ვაი სისხლიან ქალაქს! ქვაბი, რომლის ჭუჭყიც არის მასში და მისი ჭუჭყი არ გადის მისგან, ნაჭერ-ნაჭერ ამოიღეთ, აურჩევლად, არ ყრილა მასზე წილი. რადგან მისი სისხლი მის შიგნით იყო. ურწყულ კლდეზე დადო ის, არ დაღვარა მიწაზე, რათა მტვრით დაეფარა იგი, რათა გამოეღვიძებინა რისხვა შურის საძიებლად. მე დავდე მისი სისხლი ურწყულ კლდეზე, რათა არ დაფარულიყო.’ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ვაი სისხლიან ქალაქს! მეც გავადიდებ კოცონს, გაამრავლე ხეები, დაანთე ცეცხლი, ჩახარშე ხორცი, აურიე ნახარში და ძვლებიც ჩაიწვება. და დადგი იგი მის ნაკვერცხალზე ცარიელი, რათა გაცხელდეს და მისი სპილენძიც გავარვარდეს, რომ გადნეს მის შიგნით მისი სიბილწე, მოთავდეს მისი ჭუჭყი. ძალა გამოილია და არ გამოვიდა მისგან მისი ბევრი ჭუჭყი, ცეცხლში იყოს მისი ჭუჭყი. შენს სიბილწეშია გარყვნილება, რადგან მე გწმედდი შენ და არ განიწმიდე შენი სიბილწისაგან, აღარ განიწმიდები მეტად, სანამ არ დავაცხრობ ჩემს რისხვას შენზე. მე, უფალმა, ვთქვი, მოვა და გავაკეთებ, არ შევცვლი და არ შევიბრალებ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯი შენ!“ – სიტყვა ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ერთი დარტყმით წავიყვან შენგან შენი თვალის სასურველს. მაგრამ არ დაიჩივლო და არ იტირო, და ცრემლი არ წამოგივიდეს. ამოიხვნეშე მდუმარედ, მკვდრებს გლოვას ნუ გაუმართავ, შენი თავსაბურავი შემოიხვიე და ფეხსაცმელი ჩაიცვი ფეხზე, და ულვაშს ნუ დაიფარავ და კაცთა პურს ნუ შეჭამ.“ ველაპარაკე ხალხს დილით და მოკვდა ჩემი ცოლი ღამით. და გავაკეთე დილით, როგორც მქონდა ნაბრძანები. და მითხრა მე ხალხმა: ‘ნუთუ არ გვეტყვი, რა არის ეს ჩვენთვის, რასაც შენ აკეთებ?’“ და მე ვუთხარი მათ: „სიტყვა უფლისა იყო ჩემდამი: ‘უთხარი ისრაელის სახლს, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, მე ვბღალავ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძალის სიამაყეს, თქვენი თვალების სასურველს და თქვენი სულის სალხენელს. თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, რომელნიც მიატოვეთ თქვენ, მახვილით დაეცემიან. და მოიქცევით ისე, როგორც მე მოვიქეცი. ულვაშს არ დაიფარავთ და კაცთა პურს არ შეჭამთ, და საბურველი უნდა გქონდეთ თავზე და ფეხსაცმელი – ფეხზე. ნუ დაიჩივლებთ და ნუ იტირებთ. და დალპებით თქვენს ურჯულოებაში და შეუღრენთ ერთმანეთს. და იქნება ეზეკიელი თქვენთვის მაგალითად ყველაფერში: რაც გააკეთა, თქვენც ასე გააკეთებთ. და მიხვდებით მისი მოსვლისას, რომ მე ვარ უფალი!’ და შენ, ძეო კაცისავ! განა იმ დღეს არ წავართმევ მათ ძალას, მათი სამკაულის სიხარულს, სასურველს მათი თვალებისა და უძვირფასესს მათი სულისა, მათ ძეს და მათ ასულს? და იმ დღეს არ მოვა შენთან გადარჩენილი, რათა ყურში ჩაგასმინოს ამბავი? იმ დღეს გაგეხსნება პირი გადარჩენილის დანახვისას და ილაპარაკებ, და აღარ დამუნჯდები მეტად, და იქნება მათთვის სასწაულად და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი, ყამონის ძეთაკენ, და იწინასწარმეტყველე მათზე. და უთხარი ყამონის ძეთ: ‘ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე თქვა უფალმა ღმერთმა: რადგანაც თქვი „ახი“ ჩემს საკურთხეველზე, რადგან შეიბღალა იგი, და ისრაელის მიწაზე, რადგან აოხრდა, და იუდას სახლზე, რადგან წავიდნენ გადასახლებაში, ამიტომ აჰა, მე მიგცემ შენ აღმოსავლეთის ძეთ მემკვიდრეობად, და გამართავენ შენში თავიანთ პალატებს და დადგამენ შენში თავიანთ საცხოვრებლებს, შეჭამენ შენს ნაყოფს და შენს რძეს. რაბას აქლემების საძოვრად მივცემ, და ყამონის ძეთ – ფარა რომ დაყაროს; და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი,’ რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან ტაშს უკრავდი და ფეხს აბაკუნებდი და ხარობდი მთელი შენი სულის ზიზღით ისრაელის მიწაზე, ამიტომ მე გავიწვდენ ხელს შენზე და მიგცემ ხალხებს გასაძარცვავად, და მოგკვეთავ ხალხებიდან, და მოგსპობ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი.’ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან ამბობენ მოაბი და სეყირი: აჰა, როგორც ყველა ხალხი, ისე სახლი იუდასი, ამიტომ აჰა, მე გავაშიშვლებ მოაბის ფერდებს ქალაქთაგან, მის სასაზღვრო ქალაქთაგან, ქვეყნის მშვენებათაგან – ბეთ-იეშიმოთისგან, ბაყალ-მეყონისგან და კირიათაიმისგან, აღმოსავლეთის ძეთათვის და მივცემ მას მემკვიდრეობად ყამონის ძეთ, რათა არ მოიხსენიონ ყამონის ძენი ხალხებში, და მოაბს დავდებ მსჯავრს და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.“ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „იმის გამო, რომ ედომმა შური იძია იუდას სახლზე და შესცოდა, შური იქნება ნაძიები მასზე!“ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „გავიწვდენ ჩემს ხელს ედომზე და მოვსპობ ადამიანსა და საქონელს, და მივცემ მას დასანგრევად; თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან. და აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვასამებრ და ჩემი გულისწყრომისამებრ, და გაიგებენ ჩემს შურისგებას!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „იმის გამო, რომ ფილისტიმელნი შურისძიებით იქცეოდნენ და სულის ზიზღით იძიებდნენ შურს მოსასპობად მარადიული მტრობით,’ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე გავიწვდენ ჩემს ხელს ფილისტიმელებზე და მოვსპობ კრეტელებს და გავანადგურებ ზღვის პირის ნატამალს, და აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას რისხვის სასჯელებით და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც ვიძიებ მათგან ჩემს შურს!’“ და იყო ეს მეთერთმეტე წელს, პირველ დღეს პირველი თვისა, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! იმის გამო, რომ ცორი ასე ამბობს იერუსალიმზე: ‘აჰა, დაილეწა კარნი ხალხთა, ჩემკენ მობრუნდა. მე გავივსები მისი აოხრებით;’ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, ცორო, და აღვძრავ შენზე მრავალ ხალხებს, როგორც ზღვა აღძრავს თავის ტალღებს, და დაანგრევენ ცორის გალავნებს და დააქცევენ მის კოშკებს, და გამოვგვი მის მტვერს მისგან და გადავაქცევ მას შიშველ კლდეებად. ბადეების გასაფენი ადგილი იქნება ის ზღვის შუაგულში, რადგან მე ვთქვი ეს!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘და იქნება იგი საძარცვავად ხალხებისათვის. და მისი ასულნი, რომელნიც მინდორში არიან, მახვილით დაიხოცებიან და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!’“ რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მე მოვიყვან ცორზე ჩრდილოეთიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მეფეთა მეფეს, ცხენებით, ეტლებითა და მხედრებით, კრებულითა და მრავალი ხალხით. შენს ასულებს მინდორში დახოცავს და დადგამს შენს წინააღმდეგ სათვალთვალო კოშკს, და დაყრის შენს წინააღმდეგ მიწაყრილს და აღმართავს შენს წინააღმდეგ ფარს. კედლის სანგრევ მანქანას დადგამს შენს კედლებთან და შენს გოდლებს თავისი მახვილით დალეწავს, მისი მრავალრიცხოვანი ცხენების მტვერი დაგფარავს შენ, მხედრის, ბორბლისა და ეტლის ხმა შეარყევს შენს კედლებს, როდესაც შემოვლენ შენს კარიბჭეში, როგორც შემომსვლელნი ზღუდეგარღვეულ ქალაქში. ფლიქვები მისი ცხენისა დაქელავენ შენს ყველა ქუჩას, შენი ხალხი მახვილით იქნება დახოცილი და შენი სიძლიერის ძეგლები მიწაზე დაემხობა. და გაძარცვავენ შენს დოვლათს, და გაქურდავენ შენს საქონელს, დაანგრევენ შენს კედლებს, შენს მშვენიერ სახლებს გააცამტვერებენ, და შენს ქვებს და შენი ხეების მტვერს წყალში ჩაყრიან. და შეწყვეტ შენი სიმღერების გუგუნს და ხმას შენი ქნარებისას ვეღარ მოისმენენ. გაქცევ შენ შიშველ კლდედ, ბადეების გასაფენი იქნები, აღარ აშენდები მეტად, რადგან მე, უფალმა, ვთქვი!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ცორს: „ნუთუ შენი დაცემის ხმისაგან, შენს შიგნით ხოცვა-ჟლეტისას დაღუპულთა კვნესისაგან არ შეძრწუნდებიან კუნძულები? ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ყველა მთავარნი და მოიხსნიან თავიანთ მოსასხამებს, და თავიანთ ნაქარგ სამოსელს გაიხდიან, შიშით შეიმოსებიან, მიწაზე დასხდებიან და შეძრწუნდებიან შენზე. და დაიწყებენ შენზე მოთქმას და გეტყვიან: ‘როგორ დაიღუპე, ზღვებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, რომელიც ძლიერი იყო ზღვაზე – ის და მისი მცხოვრებნი, რომელნიც შიშსა ჰგვრიდნენ ყველა მის მცხოვრებთ.’ ახლა, შეძრწუნდებიან ზღის კუნძულები, შენი დაცემის დღეს, და შეკრთებიან ზღის კუნძულები, რომელნიც ზღვაში არიან შენი დევნილობაში წასვლის გამო. რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: როდესაც გაქცევ აოხრებულ ქალაქად, მსგავსად ქალაქებისა, რომელნიც უკაცრიელია, როდესაც წამოიმართება შენზე უფსკრული და დაგფარავს ბევრი წყლები, და ჩაგიყვან საფლავში ჩასულებთან, უწინდელ ხალხთან, საფლავში ჩასულებთან, რათა არ დასახლდე, და მშვენებას მივცემ ცოცხალთა ქვეყანას. თავზარს დაგცემ შენ და აღარ იქნები, ძებნას დაგიწყებენ და ვეღარ გიპოვიან საუკუნოდ!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „და შენ, ძეო კაცისავ! დაიწყე მოთქმა ცორზე, და უთხარი ცორს, დასახლებულს ზღვის ნავსადგურებში, მრავალ კუნძულზე ხალხებთან მოვაჭრეს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ცორ, შენ ამბობ: სრულქმნილი მშვენება ვარ მე. ზღვის გულშია შენი საზღვრები, შენმა მშენებლებმა სრულქმნეს შენი მშვენება. სენირის კვიპაროსებისგან გაგიკეთეს ყველა ფიცარი. ლიბანიდან კედარი წამოიღეს, რომ გაეკეთებინათ შენთვის ანძა; ბაშანის მუხებიდან აკეთებდნენ შენს ბანს აპირკეთებდნენ სპილოს ძვლით ქითიმის კუნძულებიდან. ეგვიპტის მოქარგული ქსოვილისგან იყო რათა გქონოდა დროშად. ცისფერი და მეწამული ელიშას კუნძულებიდან იყო შენი გადასაფარებელი. ციდონის და არვადის მცხოვრებნი იყვნენ შენი მენიჩბენი, შენი ბრძენნი იყვნენ შენში, ცორ, ისინი იყვნენ შენი მესაჭენი. გებალის უხუცესნი და ბრძენნი იყვნენ შემკეთებელნი შენი ბზარებისა, ზღვის ყველა გემი და მათი მეზღვაურნი იყვნენ შენში, რათა წარემართათ შენი სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენს ლაშქარში, შენი ომის კაცნი, ფარსა და მუზარადს ჰკიდებდნენ შენში, ისინი გაძლევდნენ ბრწყინვალებას. არვადის ძენი და შენი ლაშქარი იყვნენ ირგვლივ შენს კედლებზე და გამადიმელნი იყვნენ შენს გოდლებში. თავიანთ ფარებს ჰკიდებდნენ ირგვლივ შენს კედლებზე, ისინი განასრულებდნენ შენს მშვენებას. თარშიში ვაჭრობდა შენთან ყოველგვარი დიდძალი სიმდიდრის გამო. ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას იძლეოდნენ შენს საქონელში. იავანი, თუბალი და მეშექი – ესენი იყვნენ შენი მეწვრილმანენი, ადამიანთა სულსა და სპილენძის ჭურჭელში გაძლევდნენ სანაცვლოს. თოგარმის სახლიდან ცხენებს, მხედრებს და ჯორებს იძლეოდნენ შენს საქონელში. დედანის ძენი იყვნენ შენი მეწვრილმანენი. მრავალი კუნძულის საქონელი იყო შენს ხელში, სპილოს ეშვებსა და შავ ხეს გიგზავნიდნენ ძღვნად, არამელნი იყვნენ შენთან მოვაჭრენი შენი ნაკეთობების სიმრავლის გამო. ზურმუხტს, მეწამულს და ნაქარგ ქსოვილს, ბისონს, მარჯანს და ლალს იძლეოდნენ შენს საქონელში. იუდა და ისრაელის ქვეყანა – ესენი იყვნენ შენი მეწვრილმანენი. მინითის ხორბალსა და პანაგს, თაფლს, ზეთსა და ბალსამონს გაძლევდნენ სანაცვლოდ. დამასკო იყო შენთან მოვაჭრე შენი მრავალი ნაკეთობის გამო. ყოველგვარი დიდძალი საქონლის გამო – ხელბონის ღვინითა და თეთრი მატყლით. ვედანი და იავანი უზალიდან შენს საქონელში გაძლევდნენ გამოყვანილ რკინას. დარიჩინი და კეთილსურნელოვანი ლერწამი გეძლეოდა სანაცვლოდ. დედანი ვაჭრობდა შენთან საცხენოსნო სამოსლით. არაბეთი და კედარის ყველა მთავარი – ისინი იყვნენ შენი ხელზე მოვაჭრენი კრავებით, ვერძებით და ვაცებით. ამით ვაჭრობდნენ შენთან. შებასა და რაემას ვაჭარნი – ისინი იყვნენ შენი მეწვრილმანენი. ყველანაირ საუკეთესო სურნელსა და ყოველ პატიოსან ქვას და ოქროს გაძლევდნენ შენს საქონელში. ხარანი, ქანე და ყედენი, მეწვრილმანენი შებასა და ქილმადისა იყვნენ შენი მეწვრილმანენი. ისინი იყვნენ შენი მეწვრილმანენი ბრწყინვალე ტანსაცმლით, ცისფერი წამოსასხამებით, ნაქარგი და მრავალფერი ქსოვილით, საბელებით შეკრული და ჩაწყობილი ფუთებით შენთან სავაჭროდ. თარშიშის ხომალდები იყვნენ შენი ქარავნები და გაივსე შენ და დამძიმდი ფრიად ზღვის გულში. ბევრ წყლებში მოგიყვანეს შენმა მ აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა შენ ზღვების გულში. შენი სიმდიდრე და შენი საქონელი, შენი სავაჭრო, შენი მეზღვაურნი და შენი მესაჭენი, შენი ბზარების შემკეთებელნი და შენი ვაჭრობის და ყველა მებრძოლი შენი, რომელიც შენშია და მთელი შენი კრებული, რომელიც შენშია ჩაცვივდებიან ზღვების გულში შენი დაცემის დღეს. შენს მესაჭეთა კივილისაგან შეირყევიან შემოგარენი. და მათი ხომალდებიდან ჩამოვლენ ყველანი – ყველა ზღვის მესაჭე დედამიწაზე დადგება. და მოასმენინებენ შენზე თავიანთი ხმით, და მწარედ აქვითინდებიან, და მტვერს დაიყრიან თავებზე და ნაცარში გაგორდებიან. დაიგლეჯენ შენს გამო თმებს სიქაჩლემდე და ჩაიცვამენ ძაძას და იტირებენ შენზე სულის სიმწარით და მწარე გოდებით. და აამაღლებენ შენზე ჭმუნვით გოდებას და იგოდებენ შენზე: „ვინ არის, როგორც ცორი, დუმილივით შუაგულ ზღვაში?“ როდესაც გადიოდა შენი საქონელი ზღვებიდან, აძღობდი ხალხებს შენი დიდძალი სიმდიდრით და შენი საქონლით ამდიდრებდი ქვეყნის მეფეებს. ახლა დალეწილი ხარ შენ ზღვებით ზღვის ჯურღმულებში, შენი ვაჭრობა და მთელი შენი კრებული შენში დაემხო. კუნძულთა ყველა მცხოვრები შეძრწუნდა და მათი მეფენი, შეშფოთება დაეტყოთ სახეზე. ვაჭარნი სხვა ხალხებში დაგცინოდნენ შენ, საშინელებად იქეცი და აღარ იქნები უკუნისამდე!’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! უთხარი ცორის მთავარს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: რადგან აღზევდა შენი გული და ამბობდი: „მე ვარ ღმერთი, ღმერთის სამყოფელში ვზივარ, ზღვების გულში!“ შენ კი ადამიანი ხარ და არა ღმერთი და გული ღმერთის გულს გაუთანაბრე. აჰა, შენ დანიელზე ბრძენი ხარ, არავითარი საიდუმლო არაა დაფარული შენგან, შენი სიბრძნით და შენი გონებით მოიხვეჭე ოქრო-ვერცხლი შენი საგანძურებისთვის, შენი დიდი სიბრძნით, ვაჭრობით გაამრავლე და აღზევდა შენი გული შენი დოვლათით.’ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუთანაბრე, ამიტომ აჰა, მე მოგისევ შენ უცხოებს, და იშიშვლებენ თავიანთ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ თქვენს ბრწყინვალებას. საფლავში ჩაგიყვანენ და მოკვდები დახოცილთა სიკვდილით ზღვების გულში. აბა, თუ იტყვი: „ღმერთი ვარ მე!“ შენი მკვლელის წინაშე? შენ კი ადამიანი ხარ და არა ღმერთი შენი მკვლელის ხელში. წინადაუცვეთელთა სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვთქვი’, – სიტყვა უფალი ღმერთისა.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! აამაღლე მოთქმა ცორის მეფეზე და უთხარი მას: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: შენ ბეჭედი ხარ სრულყოფისა, სავსე სიბრძნე და სრული მშვენება. ედემში, ღმერთის ბაღში იმყოფებოდი, ყოველი პატიოსანი ქვა იყო შენი შესამოსელი. ლალით, ტოპაზით და ალმასით, ქრიზოლითით, ონიქსით, იასპის ქვით, საფირონით, ზურმუხტით და ბივრილით და ოქროთი; იყო მოოჭვილი შენი დაირები და შენი სალამურები შენი შექმნის დღეს იქნენ ისინი დამზადებულნი. შენ ქერუბიმი ხარ, ცხებული, მე მიგიყვანე შენ ღმერთის წმიდა მთაზე, სადაც იყავი და ცეცხლის ქვებს შორის დადიოდი. უნაკლო იყავი შენს გზაზე შენი შექმნის სანამ არ აღმოჩნდა შენში უსამართლობა. შენს სავაჭროთა სიმრავლის გამო აივსო შენი შიგნეულობა ძალადობით და შესცოდე, და მე გადაგაგდე ღმერთის მთიდან და დაგღუპე შენ, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის. აღზევდა შენი გული შენი მშვენების გამო, მოსპე შენი სიბრძნე შენი ბრწყინვალების გამო, მიწაზე დაგანარცხე, მეფეთა წინაშე დაგსვი სანახაობად. შენი მრავალი ურჯულოების გამო, შენი ვაჭრობის უსამართლობით შებღალე შენი საწმიდარნი, და ამოვიღე ცეცხლი შენი შუაგულიდან, მან შეგჭამა შენ. და მე გაქციე შენ ფერფლად მიწაზე ყველა შენი დამნახველის თვალწინ. ყველა შენი მცნობელი ხალხებში საშინელებად იქეცი და აღარ იქნები უკუნისამდე.’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი ციდონის მიმართ და იწინასწარმეტყველე მასზე. და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ციდონო, და გამოვაცხადებ ჩემს დიდებას შენს შორის და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც აღვასრულებ მასში სამართალს და გამოვაცხადებ ჩემს სიწმიდეს მასში. და მოვუვლენ მას შავ ჭირს და სისხლს მის ქუჩებში, და დაეცემიან მის შიგნით დახოცილნი მასზე მიმართული მახვილით ყოველი მხრიდან. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. და აღარ ექნება ისრაელის სახლს მჩხვლეტავი ეკალი და მტკივნეული ხიწვი, ყველა მათ მოძულეთა შორის მათ ირგვლივ. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!’“ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „ოდესაც მე შევკრებ ისრაელის სახლს ხალხებიდან, რომლებშიც არიან გაფანტულნი, გამოვაცხადებ ჩემს სიწმიდეს მათში ხალხების თვალში და დასახლდებიან თავიანთ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს. და დასახლდებიან მასზე უსაფრთხოდ, და ააშენებენ სახლებს, და ჩაყრიან ვენახებს და იცხოვრებენ უსაფრთხოდ, როდესაც მე აღვასრულებ სამართალს ყველა მათ მოძულეზე მათ ირგვლივ, მაშინ მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.“ მეათე წელს, მეათე თვის მეთორმეტე დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მიმართე პირი ეგვიპტის მეფის, ფარაონის, მიმართ, და იწინასწარმეტყველე მასზე და მთელ ეგვიპტეზე, ელაპარაკე და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ, ფარაონო, ეგვიპტის მეფევ, დიდო ნიანგო, გაწოლილო მის მდინარეთა შორის, რომელიც ამბობ: ჩემია ჩემი მდინარე და მე წარმოვშვი იგი. და მე გაგიყრი ჩანგლებს ყბებში და მოგაკრავ შენი მდინარეების თევზებს შენს ქერცლებზე, და ამოგიყვან შენი მდინარეებიდან ყველა შენი მდინარის თევზითურთ, რომელნიც შენს ქერცლებს მიეკრობიან, და დაგაგდებ უდაბნოში, შენ და ყველა თევზს შენი მდინარეებისა. გაშლილ ველზე დაეცემი შენ, არ შეიკრიბები და არ შეგროვდები, მიწის მხეცებს და ცის ფრინველთ მიგცემ შესაჭმელად. და გაიგებს ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ მე ვარ უფალი, რადგან ისინი ლერწმის საყრდენი იყვნენ ისრაელის სახლისთვის. როდესაც ისინი გიჭერდნენ შენ ხელით, ტყდებოდი და უპობდი მათ მთელ ფერდს. და როდესაც გეყრდნობოდნენ შენ, იმტვრეოდი და არყევდი მათ წელს.’ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე მომაქვს შენზე მახვილი და მოვკვეთ შენგან ადამიანსა და საქონელს. და იქნება ეგვიპტის ქვეყანა აოხრებული და დანგრეული, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, თქვი: ‘ჩემია მდინარე და მე წარმოვშვი იგი! ამიტომ აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ და შენი მდინარეების წინააღმდეგ, და გავხდი ეგვიპტის ქვეყანას უდაბურად, უკაცრიელად, მიგდოლიდან სევენემდე და ქუშის საზღვრამდე. არ გაივლის მასში ადამიანის ფეხი და საქონლის ფეხი არ გაივლის მასში, და არ დასახლდება ორმოც წელიწადს. და გავხდი ეგვიპტის ქვეყანას უკაცრიელად უკაცრიელ ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები უდაბურ ქალაქებს შორის უკაცრიელი იქნება ორმოც წელიწადს. და გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და გავაბნევ ქვეყნებში.’ რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, რომლებშიც გაიფანტნენ ისინი. და დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს. და დავაბრუნებ მათ ფათროსის ქვეყანაში, მათი წარმოშობის ქვეყანაში, და იქნებიან იქ დამდაბლებულ სამეფოდ. სამეფოებს შორის იქნება დამდაბლებული და აღარ აღზევდება ხალხებზე, და მე შევამცირებ მათ, რათა არ იბატონონ ხალხებზე. და აღარ იქნება ისრაელის სახლისათვის იმედად, გამხსენებლად ურჯულოებისა, როდესაც მიმართავდნენ მას. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.’“ ოცდამეშვიდე წელს, თვის პირველ დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, აშრომებდა თავის ლაშქარს დიდი შრომით ცორის წინააღმდეგ. ყველა ქაჩლდებოდა და ყველა ბეჭი ტყავდებოდა, მაგრამ გასამრჯელო არ ჰქონდა მას და მის ლაშქარს ცორიდან იმ შრომისათვის, რასაც შრომობდა მის წინააღმდეგ. ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტის ქვეყანას, და წაიღებს ის მის ქონებას, მიიტაცებს მის ნადავლს, და გაძარცვავს მას და ექნება გასამრჯელო მის ლაშქარს. მისი შრომის გამო, რომელიც გასწია მან იქ, მივეცი მას ეგვიპტის ქვეყანა, რადგან მოქმედებდნენ ჩემთვის!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგცემ შენ ბაგეხსნილობას მათ შორის. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იქვითინეთ: ვაი იმ დღეს! რადგან ახლოს არის ის დღე და ახლოს არის დღე უფლისა, დღე ღრუბლიანი. დგება ხალხების ჟამი! და მოვა მახვილი ეგვიპტეზე და იქნება კრუნჩხვა ქუშში, როცა დაეცემიან ეგვიპტეში, წაიღებენ მის ავლა-დიდებას და დაანგრევენ მის საძირკვლებს. ქუში, ფუტი, ლუდი და მთელი არაბეთი, ლიბია და აღთქმის ქვეყნის ძენი მათთან ერთად, მახვილით დაეცემიან.’ ასე თქვა უფალმა: ‘დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნი და დამდაბლდება სიამაყე მისი ძლიერებისა, მიგდოლიდან სევენემდე მახვილით დაეცემიან!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘და გაუდაბურდება ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები უკაცრიელ ქალაქთა შორის და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც ცეცხლს მივცემ ეგვიპტეს და დაილეწება ყველა მისი შემწე. იმ დღეს გამოვლენ ჩემგან წარგზავნილნი რათა შეაშინონ უსაფრთხო ქუში. და იქნება მათში შიში ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოდის იგი.’ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘და მე ბოლოსმოვუღებ ეგვიპტის ხალხს ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელით. ის და მისი ხალხი მასთან ერთად, უსასტიკესნი ხალხთაგან, მოყვანილნი იქნებიან ამ ქვეყნის მოსასპობად, და გააშიშვლებენ მახვილებს ეგვიპტეზე, და გაავსებენ ქვეყანას დახოცილებით. და ამოვაშრობ მდინარეებს, და მივყიდი ამ ქვეყანას ბოროტთა ხელთ, და გავაუდაბურებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით! მე, უფალმა, ვთქვი.’ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘გავანადგურებ კერპებს და გავწყვეტ ცრუღმერთებს ნოფში, და მთავარი აღარ იქნება ეგვიპტის ქვეყნიდან, და შიშის ზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას. და გავაუდაბურებ ფათროსს, და ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს, და სამართალს აღვასრულებ თებეში. და გადმოვღვრი ჩემს რისხვას სინზე, აღმოვფხვრი ხალხმრავლობას თებეში. და ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ძრწოლით აწრიალდება ისინი და გაინგრევა თებე. ნოფს კი მტერი მოადგება დღისით. ჭაბუკნი ონისა და ფი-ბესეთისა და ტყვეობაში წავლენ. თახფანხესში დღე დაბნელდება, როცა დავლეწავ იქ ეგვიპტის უღელს. და შეწყდება მასში სიამაყე მისი ძლიერებისა, ღრუბელი დაფარავს მას და ტყვეობაში წავლენ მისი ასულნი. სამართალს აღვასრულებ ეგვიპტეზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.“ მეთერთმეტე წელს, პირველი თვის მეშვიდე დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მე გადავტეხე მკლავი ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და აჰა, არაა შეხვეული იგი, რათა მიეცეს განკურნება; არ შეკრულა, რომ გამაგრდეს მახვილის დასაჭერად. ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინააღმდეგ ვარ და გადავტეხ მის მკლავებს, მრთელსაც და გატეხილსაც, და გავაგდებინებ მახვილს ხელიდან. და გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და გავაბნევ ქვეყნებში, და გავამაგრებ ბაბილონის მეფის მკლავებს და მივცემ ჩემს მახვილს ხელში, ფარაონს კი გადავუტეხ მკლავებს და იკვნესებს სასიკვდილოდ დაჭრილის კვნესით მის წინაშე. და გავამაგრებ ბაბილონის მეფის მკლავებს და ფარაონის მკლავნი დაეშვებიან. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს ხელში და მოიღერებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე. და გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და გავაბნევ მათ ქვეყნებში, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!’“ მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველ დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მის ხალხს: ‘ვის ემსგავსები შენი სიდიადით? აჰა, აშური – კედარი ლიბანში, ლამაზტოტებიანი და მაჩრდილობელი ტყით, და ტანმაღალი, და ღრუბელთა შორის იყო მისი ვარჯი. წყალმა გაზარდა ის და ქვესკნელმა აამაღლა. მისი მდინარენი მისი ნარგავების ირგვლივ მიედინებოდნენ და თავის ნაკადულებს უგზავნიდა მინდვრის ყველა ხეს. ამის გამო ამაღლდა ტანით მინდვრის ყველა ხეზე და გახშირდა მისი რტოები. და დაგრძელდა მისი ტოტები ბევრი წყლისაგან, როცა გაუშვა ისინი. მის რტოებში იბუდებდა ცის ყველა ფრინველი, მისი ტოტების ქვეშ შობდა მინდვრის ყველა ცხოველი და მის ჩრდილში სხდებოდა ყველა მრავალრიცხოვანი ხალხი. და ლამაზი იყო თავისი სიდიადით, თავისი გრძელი ტოტებით, რადგან მისი ფესვი ბევრ წყლებში იყო. კედრებმა ვერ დაჩრდილეს ღვთის ბაღში, კვიპაროსები არ ჰგავდნენ მის ტოტებს და ჭადრები არ იყო მისი რტოებივით, ღვთის ბაღში არც ერთი ხე არ ჰგავდა მას თავისი მშვენებით. მშვენიერად შევქმენი იგი თავისი ხშირი ტოტებითურთ, და შურდა მისი სილამაზე ყველა ხეს ედემის ბაღში, ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმიტომ, რომ ტანით გამაღლდა და მოათავსა თავისი ვარჯი ღრუბლთა შორის და აღზევდა მისი გული მის სიმაღლეში, მე მივეცი იგი ძლიერ ხალხთა ხელს, გასაკეთებელს გაუკეთებს მას. მისი ბოროტების გამო გავაძევე. და მოკვეთეს უცხოებმა, სასტიკებმა ხალხთა შორის და მიატოვეს ის მთებსა და ყველა ხეობაში. და დაცვივდა მისი ტოტები და დაილეწა მისი რტოები ქვეყნის ყველა მდინარის კალაპოტებში, და გამოვიდა მისი ჩრდილიდან ქვეყნის ყველა ხალხი და მიატოვეს ის. მის დანაცემზე დაბინავდება ცის ყველა ფრინველი და მის ტოტებში იქნება მინდვრის ყველა ცხოველი. იმისათვის, რომ არ გაამაყდეს თავისი სიმაღლით წყლის არც ერთი ხე და არ უწვდინონ თავიანთი ვარჯი ღრუბელთა შორის, და არ დადგეს მათ წინაშე მათი სიმაღლის გამო არც ერთი წყლის მსმელი, რადგან ყველანი სიკვდილს გადაეცემიან ქვემო ქვეყანაში, საფლავში ჩასულ ადამის ძეთა შორის. ასე თქვა უფალმა ღმერთმა: შავეთში მისი ჩასვლის დღეს გლოვას გავმართავ, გადავუკეტავ მიწის ქვეშა წყლებს და შევაკავებ მის მდინარეებს, და შეჩერდებიან ბევრი წყლები, და მოვქუფრავ მისთვის ლიბანს, და მინდვრის ყველა ხე ჩამოხმება მის გამო. მისი დაცემის ხმაზე შევაზანზარებ ხალხებს, როდესაც ჩავიყვან მას შავეთში საფლავში ჩასულებთან, და ენუგეშება ქვეყანაში ედემის ყველა ხეს, ლიბანის რჩეულს და საუკეთესოს, ყველა დარწყულებულს. ისინიც მასთან ჩავლენ შავეთში მახვილით დახოცილებთან, და მისი შემწენიც ისხდებიან მის ჩრდილში ხალხებს შორის. ვის ჰგავდი პატივითა და სიდიდით ედემის ხეთა შორის? და ჩაყვანილ იქნები ედემის ხეებთან შავეთში, წინადაუცვეთელებთან დაწვები – მახვილით დახიცილებთან. ასე მოუვა ფარაონს და მთელ მის სიმრავლეს!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველ დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! წამოიწყე მოთქმა ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი მას: ‘ხალხთა ლომის ბოკვერს ჰგავდი, მაგრამ შენ ურჩხულივითა ხარ ზღვებში; და შენ მიაწყდი შენს მდინარეებს და აამღვრიე წყალი შენი ფეხებით, და აატალახე მათი მდინარენი.’ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘გავშლი შენზე ჩემს ბადეს მრავალი და ამოგიყვანენ ისინი ჩემი სათხევლით და მიგაგდებ ქვეყანაზე. მინდვრის პირას მიგატოვებ და დავაბინავებ შენზე ცის ყველა ფრინველს, და გავაძღობ შენით ქვეყნის ყველა ცხოველს. და დავყრი შენს ხორცს მთებზე და გავავსებ ხეობებს შენი გვამებით. მოვრწყავ ქვეყანას შენი სისხლით და კალაპოტები გაივსება შენით. და როდესაც ჩაქრები, მე დავფარავ ზეცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს. მზეს ღრუბლით დავფარავ და მთვარე არ გაანათებს თავისი ნათელით. სინათლის ყველა მანათებელს დაგიბნელებ ცაში და სიბნელეს დავამკვიდრებ შენს ქვეყანაზე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – შევაშფოთებ ბევრი ხალხის გულს, როდესაც მივიტან შენს განადგურებას ხალხებში, ქვეყნებში, რომლებიც შენ არ იცი. და გავაოგნებ შენზე ბევრ ხალხს და მათი მეფენი შეძრწუნდებიან შენს გამო, როდესაც მოვიქნევ ჩემს მახვილს მათ წინაშე, და იკანკალებს ყოველ წამს თითოეული თავისი სიცოცხლისთვის დაცემის დღეს.’ რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ბაბილონის მეფის მახვილი მოვა შენზე. მამაცთა მახვილით დავცემ შენს ურდოებს. ყველანი ისინი უსასტიკესნი არიან ხალხთა შორის, და გაძარცვავენ ეგვიპტის სიამაყეს და განადგურდება მთელი სიმრავლე მისი. მოვსპობ მთელს მის საქონელს ბევრ წყლებთან, და ადამიანის ფეხი აღარ აამღვრევს მათ მეტად და არც საქონლის ჩლიქები აამღვრევს მათ. მაშინ დავაფონებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘როდესაც უდაბურად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და დაცარიელდება ქვეყანა მისი სისავსისაგან, როდესაც განვგმირავ მასში ყველა მცხოვრებს, მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. გოდებაა ეს და გოდებენ მას ხალხთა ასულნი, გოდებენ, ეგვიპტესა და მის სიმრავლეზე გოდებენ მას,’“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. მეთორმეტე წელს, იმ თვის მეთხუთმეტე დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! იგლოვე ეგვიპტის სიმრავლე, ჩაიყვანე იგი და ასულნი ძლიერი ხალხებისა ქვემო ქვეყანაში საფლავად ჩასულებთან. ვის სჯობიხარ? ჩადი და დაწექი წინადაუცვეთელებთან. მახვილით დახოცილთა შორის დაეცემიან ისინი. მიცემულია მახვილს. წამოათრიეს ის და მთელი მისი სიმრავლე. ილაპარაკებენ უძლიერესნი ძლიერთა შორის შავეთიდან მასზე და მის შემწეებზე: ჩავიდნენ, დაწვნენ, წინადაუცვეთელნი, მახვილით დახოცილნი! იქაა აშური და მთელი მისი კრებული, მის ირგვლივ მისი საფლავებია, ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაცემულნი. რომელთაც მისცეს საფლავები ორმოთა კიდეებში და იყო მისი კრებული მისი საფლავების ირგვლივ. ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომელნიც შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას. იქაა ყელამი და მთელი მისი სიმრავლე – მისი საფლავების ირგვლივაა. ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაცემულნი, წინადაუცვეთელებთან რომ ჩავიდნენ ქვემო ქვეყანაში, შიშის ზარს რომ ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას და ატარეს თავიანთი შერცხვენა ჩასულებთან ერთად. დახოცილთა შორის მისცეს მას საწოლი, მთელ მის სიმრავლეს, მის ირგვლივ იყო მისი საფლავები, ყველანი წინადაუცვეთელნი იყვნენ, მახვილით დახოცილნი, რადგან შიშისზარი იყო მოგვრილი მათგან ცოცხალთა ქვეყანაში და ატარეს თავიანთი შერცხვენა საფლავში ჩასულებთან ერთად. დახოცილთა შორის მიეცა იგი. იქ არიან მეშექი, თუბალი და მთელი მისი სიმრავლე. მის ირგვლივაა მისი საფლავები, ყველანი წინადაუცვეთელნი არიან, მახვილით დახოცილნი, რადგან შიშისზარი იყო მოგვრილი მათგან ცოცხალთა ქვეყანაში. და არ დაწვებიან ისინი ძლიერებთან, წინადაუცვეთელთაგან დაცემულებთან, რომელნიც ჩავიდნენ შავეთში თავიანთი საომარი იარაღით და თავქვეშ ამოიდეს თავიანთი მახვილები და მათ ძვლებზე იყო მათი ურჯულოება, რადგან ძლიერთა შიშისზარი იყო ცოცხალთა ქვეყანაში. და შენ წინადაუცვეთელთა შორის დაილეწები და მახვილით დახოცილებთან დაწვები. იქაა ედომი, მისი მეფენი და ყველა მისი მთავარნი, რომელნიც თავიანთი ძლიერებით მიცემულნი არიან მახვილით დახოცილებთან. ისინი წინადაუცვეთელებთან და საფლავში ჩასულებთან დაწვებიან. იქ არიან უფლისწულნი ჩრდილოეთისა, ყველანი, და ყველა ციდონელი, რომელნიც ჩავიდნენ დახოცილებთან ერთად, შერცხვენილნი თავიანთი ზარდამცემი ძლიერების გამო. დაწვნენ ისინი, წინადაუცვეთელნი, მახვილით დახოცილებთან და ატარეს თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან. მათ იხილავს ფარაონი და ნუგეშცემული იქნება მთელი მისი სიმრავლის გამო – მახვილით დახოცილნი, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘რადგან მე მოვგვარე შიშისზარი ცოცხალთა ქვეყანას, დაწვება ის წინადაუცვეთელთა შორის მახვილით დახოცილებთან, ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე!’ სიტყვა უფალი ღმერთისა.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ელაპარაკე შენი ერის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ აღვმართავ მახვილს რომელიმე ქვეყანაზე და აიყვანს იმ ქვეყნის ხალხი ერთ კაცს თავისგან და დაიყენებენ მას გუშაგად, და დაინახავს ის მახვილს, აღმართულს ამ ქვეყანაზე, ჩაჰბერავს საყვირს და გააფრთხილებს იმ ერს, და მომსმენი მოისმენს საყვირის ხმას, მაგრამ არ გაფრთხილდება, მოვა მახვილი და წაიყვანს მას, მისი სისხლი მის თავზე იქნება. საყვირის ხმა მოისმინა მან და არ გაფრთხილდა – მისი სისხლი მასზე იქნება. ვინც გაფრთხილდება, გადაირჩენს თავს. გუშაგი კი, თუ დაინახავს მომავალ მახვილს და არ ჩაჰბერავს საყვირს და ხალხი არ გაფრთხილდება, მაშინ მოვა მახვილი და წაართმევს მათ სულს. ის მისი ურჯულოების გამო იქნება წაყვანილი, მის სისხლს კი გუშაგის ხელიდან მოვიკითხავ.’ შენ კი, ძეო კაცისავ, ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე და ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ ჩემგან. როდესაც ვეუბნები ბოროტმომქმედს: ‘ბოროტმომქმედო, მოკვდები!’ და შენ არ დაელაპარაკები მას გასაფრთხილებლად მისი გზის გამო, ის, ბოროტმომქმედი, თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ. მაგრამ თუ გააფრთხილე ბოროტმომქმედი მისი გზის გამო, რომ მოქცეულიყო მისგან, მაგრამ არ მოიქცა თავისი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი. და შენ, ძეო კაცისავ, უთხარი ისრაელის სახლს: ‘ასე ამბობდით თქვენ: რაკი ჩვენი დანაშაულნი და ჩვენი ცოდვანი ჩვენზეა და მასში ვლპებით, როგორღა ვიცოცხლებთ?’ უთხარი მათ: ‘ცოცხალი ვარ მე’, – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘არ მსურს მე ბოროტმომქმედის სიკვდილი, არამედ ბოროტმომქმედის მოქცევა მისი გზიდან, რომ იცოცხლოს მან. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და რატომღა მოკვდებით, ისრაელის სახლო? შენ კი, ძეო კაცისავ! უთხარი შენი ერის შვილებს: ‘მართალს მისი სიმართლე ვერ იხსნის დანაშაულის დღეს და ბოროტმომქმედს ბოროტმოქმედება ვერ დააბრკოლებს მისი ბოროტმოქმედებისგან მოქცევისას, და მართალი ვერ იცოცხლებს სიმართლით მისი ცოდვის დღეს.’ როდესაც ვეუბნები მართალს: ‘იცოცხლებ!’ და მას იმედი აქვს თავისი სიმართლისა და იქმს უსამართლობას, მისი სამართალი სულ არ გაიხსენება და მის უსამართლობაში, რომელიც ჩაიდინა, მოკვდება. და როდესაც ვეუბნები ბოროტმომქმედს: ‘მოკვდები!’ და ის მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალსა და სიმართლეს, ვალს დააბრუნებს ბოროტმომქმედი, წაგლეჯილს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის, უსამართლობას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და აღარ მოკვდება. ყველა მისი ცოდვა, რომელიც შესცოდა, აღარ გაეხსენება მას. სამართალსა და სიმართლეს იქმს, სიცოცხლით იცოცხლებს. მაგრამ ამბობენ ძენი შენი ერისა: ‘არ არის სწორი უფლის გზა!’ ეს მათი გზა არ არის სწორი. თუ მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ჩაიდენს უსამართლობას, მაშინ მოკვდება მასში. და როდესაც ბოროტმოქმედი თავისი ბოროტმოქმედებისგან მოიქცევა და იქმს სამართალსა და სიმართლეს, მათ გამო იცოცხლებს იგი. თქვენ კი ამბობთ: ‘არ არის სწორი უფლის გზა!’ მაგრამ თითოეულს თავისი გზისამებრ განგსჯით, ისრაელის სახლო.“ ჩვენი განდევნის მეთორმეტე წელს, მეათე თვის მეხუთე დღეს, მოვიდა ჩემთან გადარჩენილი იერუსალიმიდან, სათქმელად: ‘დაიქცა ქალაქი’. უფლის ხელი იყო ჩემზე იმ საღამოს გადარჩენილის მოსვლამდე და მან გამიხსნა ბაგე დილით მის მოსვლამდე ჩემთან, გამიხსნა ბაგე და აღარ ვიყავი მუნჯად. იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ამ ნაოხრებში მცხოვრებნი ისრაელის მიწაზე ასე ამბობენ: ‘ერთი იყო აბრაამი და დაიმკვირდა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ. ჩვენ მოგვეცა ეს ქვეყანა სამემკვიდრეოდ!’ ამიტომ უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: სისხლიანად ჭამთ და თქვენი თვალი თქვენი კერპებისაკენაა მიპყრობილი. სისხლს ღვრით და ამ ქვეყანას დაიმკვიდრებთ? თქვენს მახვილებს ეყრდნობით, სისაძაგლეს სჩადიხართ, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და ამ ქვეყანას დაიმკვიდრებთ?’ ასე უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ცოცხალი ვარ მე, თუ ისინი, რომელნიც ნაოხრებში არიან, მახვილით არ დაეცნენ! და მათ, ვინც გაშლილ ველზე არიან, მხეცებს მივცემ შესაჭმელად და ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვებულებში არიან, შავი ჭირით დაიხოცებიან. და უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ამ ქვეყანას, და შეწყდება მისი ძლიერების სიამაყე და გაუდაბურდება მთები ისრაელისა, რადგან არ იქნება გამვლელი. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ამ ქვეყანას მათი ყველა სისაძაგლის გამო, რაც ჩაიდინეს.’ და შენ, ძეო კაცისავ! ძენი შენი ერისა შენზე ლაპარაკობენ კედლებთან და სახლის შესასვლელებთან და ეუბნებიან ერთიმეორეს, თითოეული თავის ძმას: ‘მოდით და მოისმინეთ სიტყვა, რომელიც გამოვიდა უფლისაგან!’ და მოდიან შენთან, როგორც მოდის ერი, და სხდება შენს წინ ჩემი ერი და ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას, რადგან სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთი ბაგეებით. ანგარებას უკან მიჰყვება მათი გული. და აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის – ლამაზი ხმაა და კარგად უკრავს. ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას. და როდესაც მოვა ეს, აჰა, მოდის, მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! იწინასწამეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწამეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ვაი ისრაელის მწყემსებს, რომელნიც თავიანთ თავს მწყემსავენ. განა მწყემსებმა ცხვარი არ უნდა მწყემსონ? ქონს თქვენ ჭამთ, მატყლს იცვამთ და ჯანსაღ ცხვარს კლავთ, ცხვრის ფარას კი არ მწყემსავთ. სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით განაგებთ მათ. და დაიფანტნენ ისინი უმწყემსოდ და გახდნენ ველის ყველა მხეცის შესაჭმელნი. გზააბნეულია ჩემი ცხვარი ყველა მთაზე და ყველა მაღალ ბორცვზე და მთელი ქვეყნის პირზე დაიფანტა ჩემი ცხვარი და არ არის მომკითხავი და არც მძებნელი.’ ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა: ‘ცოცხალი ვარ მე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘იმის გამო, რომ ჩემი ცხვარი იყო გასაძარცვავად და ჩემი ცხვარი იყო ველის ყველა მხეცის შესაჭმელად უმწყემსოდ ყოფნის გამო და არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, და მწყემსეს ამ მწყემსებმა თავიანთი თავი და ჩემი ცხვარი არ მწყემსეს, ამიტომ, მწყემსებო,’ ისმინეთ სიტყვა უფლისა! ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მწყემსების წინააღმდეგ ვარ და მოვიკითხავ ჩემს ცხვრებს მათი ხელიდან, და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობიდან და აღარ დამწყემსავენ ის მწყემსები თავიანთ თავს, და ვიხსნი ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ იქნებიან მათ შესაჭმელად!’“ რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘თავად მე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვძებნი მას. როგორც ეძებს მწყემსი თავის ფარას თავის გაფანტულ ცხვარში ყოფნისას, ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და ვიხსნი მათ ყველა ადგილიდან, სადაც გაიფანტნენ ღრუბლიან და ნისლიან დღეს. და გამოვიყვან მათ სხვადასხვა ხალხებიდან და შევაგროვებ ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე, და დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებზე და ნაკადულებთან და ქვეყნის ყველა დასახლებაში. კარგ სამწყემსურში დავმწყემსავ მათ და ისრაელის მაღალ მთებში იქნება მათი საძოვარი. იქ დაწვებიან კარგ საძოვარზე და ნოყიერ სამწყემსურში დაიმწყემსებიან ისრაელის მთებზე. მე დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და დავაწვენ მათ საძოვრებზე!’“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘დაკარგულს მოვიკითხავ და გაბნეულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, მსუქანსა და მაგარს გავანადგურებ. მე დავმწყემსავ მათ სამართლიანად. თქვენ კი, ჩემო ცხვარნო!’ – ასე თქვა უფალმა ღმერთმა, – ‘მე განმკითხავი ვარ კრავსა და კრავს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის. განა ცოტაა თქვენთვის კარგ სამწყემსურზე მწყემსვა, რომ დანარჩენს თქვენს სამწყემსურზე ჰქელავთ ფეხებით, და დალექილ წყალს სვამთ და დარჩენილს ფეხებით ამღვრევთ? ჩემმა ცხვრებმა კი თქვენი ფეხებით გაქელილი უნდა ჭამონ და თქვენი ფეხებით ამღვრეული უნდა სვან?“ ამიტომ ასე უთხრა მათ უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე განვიკითხავ ჯანსაღ კრავსა და გამხდარ კრავს შორის. ვინაიდან გვერდსა და მხარს ჰკრავთ თქვენ და რქებით რქენთ ყველა სუსტს, სანამ არ გარეკავთ მათ გარეთ, მე კი ვიხსნი ჩემს ცხვრებს და აღარ იქნებიან მეტად ნადავლად, და განვიკითხავ კრავსა და კრავს შორის. და დავაყენებ მათზე ერთ მწყემსს – ჩემს მსახურს, დავითს, და ის დამწყემსავს მათ და ის იქნება მათი მწყემსი. და მე, უფალი, ვიქნები მათთვის ღმერთი და ჩემი მსახური დავითი – მთავარი მათ შორის. მე, უფალმა, ვთქვი. და მე დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას და მოვსპობ ბოროტ ცხოველს ამ ქვეყნიდან. და იცხოვრებენ უდაბნოში უსაფრთხოდ და ტყეებში დაიძინებენ. და მე ვაქცევ მათ და ჩემი ბორცვის შემოგარენს კურთხევად, და დავუშვებ წვიმას თავის დროზე და კურთხეული წვიმები იქნება ისინი. და გამოიღებს მინდვრის ხე თავის ნაყოფს და მიწა გამოიღებს მოსავალს. და იქნებიან თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც დავლეწავ მათი უღლის ბორკილებს და ვიხსნი მათ მათი დამმონებლების ხელიდან. და აღარ იქნებიან ხალხების ნადავლად და ქვეყნის მხეცები არ შეჭამენ მათ. იცხოვრებენ უსაფრთხოდ და არავინ იქნება მათი შემშინებელი. და აღვუდგენ მათ ახალ ნერგს სახელისათვის და აღარ იქნებიან შიმშილისაგან წარტაცებულნი ამ ქვეყანაში და აღარ დაითმენენ ხალხთაგან შეურაცხყოფას. და მიხვდებიან, რომ მე, მათი უფალი ღმერთი ვარ მათთან: ისინი კი, სახლი ისრაელისა ჩემი ხალხია!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘და თქვენ ჩემი ცხვარი ხართ, ცხვარი ჩემი სამწყსოსი – ადამიანები ხართ თქვენ, მე კი თქვენი ღმერთი!’“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი სეყირის მთას და იწინასწარმეტყველე მასზე. და უთხარი მას: ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, სეყირის მთავ, და გამოვიწვდენ ჩემს ხელს შენს წინააღმდეგ და გაქცევ ოხრად და ტიალად შენს ქალაქებს ნანგრევებად ვაქცევ და გატიალდები და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. იმის გამო, რომ შენ საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს გადასცემდი ისრაელის ძეთ მათი უბედურების ჟამს, უკანასკნელი ურჯულოების ჟამს, ამიტომ, ცოცხალი ვარ მე,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘სისხლად გაგცევ და სისხლი დაგედევნება. სისხლი არ გძულდა და სისხლი დაგედევნება შენ. და ვაქცევ სეყირის მთას ოხრად და ტიალად, და მოვკვეთ მისგან გამვლელსა და გამომვლელს. და გავავსებ მის მთებს დახოცილებით. შენს ბორცვებზე და შენს ხეობებში, და შენს ყველა კალაპოტში, მახვილით დახოცილები დაეცემიან. საუკუნო ოხრებას მიგცემ შენ და შენი ქალაქები არ დასახლდებიან, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. იმის გამო, რომ ამბობდი შენ: ‘ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა ჩემი იქნება და ჩვენ დავიმკვიდრებთ მათ!’ უფალი კი იქ იყო. ამიტომ, ცოცხალი ვარ მე!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘და მოგექცევი შენი რისხვისამებრ და შენი შურისამებრ, როგორც მოექეცი მათ შენი სიძულვილისამებრ და გამოვეცხადები მათ, როდესაც განგსჯი შენ. და მიხვდები, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, რომელიც წარმოთქვი ისრაელის მთების მიმართ: აოხრდნენ ისინი, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელად! და მედიდურობდით ჩემს წინააღმდეგ თქვენი პირით და ამრავლებდით სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ, მე მოვისმინე. ასე თქვა უფალმა ღმერთმა: როდესაც გაიხარებს მთელი ქვეყანა, უდაბურად გაქცევ შენ. როგორც ხარობდი შენ ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურებაზე, ისე მოგექცევი შენ: გაუდაბურდები, სეყირის მთავ და მთელო ედომო მთლიანად, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.“ „და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მთებზე და თქვი: ‘მთანო ისრაელისა, ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმის გამო, რომ მტერმა თქვა თქვენს წინააღმდეგ: „აჰა“, და ‘მარადიული მაღლობები ჩვენი გახდნენ,’“ ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმიტომ აგაოხრეს და ისწრაფვიან თქვენს გადაყლაპვას ყოველი მხრიდან, რათა გახდეთ მემკვიდრეობა ხალხის ნატამალისა და მიეცეთ სალაპარაკოდ და საჭორაოდ.’ ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ‘ასე უთხრა უფალმა ღმერთმა მთებსა და ბორცვებს, კალაპოტებსა და ხეობებს, აოხრებულ ნანგრევებსა და მიტოვებულ ქალაქებს, რომელნიც იყვნენ ნადავლად და დასაცინად იმ ხალხთა ნატამალისა, რომელნიც ირგვლივ არიან.’ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ხომ ჩემი რისხვის ცეცხლში ვამბობდი ამ ხალხების ნატამალზე და მთელ ედომზე, რომელთაც მიითვისეს ჩემი ქვეყანა მემკვიდრეობად მთელი გულის სიხარულით, სულის ზიზღით, რათა მისი სანახები გაძარცულიყო.’ ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებსა და ბორცვებს, კალაპოტებსა და ხეობებს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, ჩემი შურით და რისხვით ვამბობდი, რადგან ხალხთაგან შეურაცხყოფას ითმენდით!’ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მე ავწიე ჩემი ხელი, რომ ხალხები, რომელნიც თქვენს ირგვლივ არიან, ითმენენ თავიანთ შეურაცხყოფას. თქვენ კი, მთანო ისრაელისა, გაშლით თქვენს ტოტებს და თქვენს ნაყოფს მოუტანთ ჩემს ერს, ისრაელს, რადგან მალე მოვლენ. რადგან, აჰა, მე თქვენსკენ ვარ და მოგმართავთ თქვენ, და დამუშავდებით და დაითესებით. და გავამრავლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის სახლს, მთლიანად, და დასახლდება ქალაქები და ნანგრევები აშენდება. და გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და საქონელს და გამრავლდებიან და ინაყოფიერებენ. და დაგასახლებთ წინანდებურად და უკეთესად მოგექცევით, ვიდრე თქვენს დასაბამში, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. და გავატარებ თქვენზე ადამიანს, ჩემს ერს, ისრაელს და დაგიმკვიდრებენ და იქნები მათი წილი და მეტად აღარ იქნები უშვილო.’ და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან გეუბნებიან თქვენ: „ადამიანის მჭამელი ხარ შენ და შენი ერი უშვილო ჰყავი!“ ამიტომ ადამიანებს აღარ შეჭამ მეტად და შენს ერს აღარ დასტოვებ უშვილოდ!’ სიტყვა უფალი ღმერთისა. ‘და აღარ მოვასმენინებ შენზე ხალხთაგან ლანძღვას, და ხალხთაგან შეურაცხყოფას აღარ მოითმენ და შენს ერს აღარ დააბრკოლებ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! ისრაელის სახლმა, მცხოვრებმა თავის მიწაზე, შებილწა იგი თავისი მოქმედებით. როგორც უწმიდურება წიდოვანისა, ისეთი იყო მათი გზა ჩემს წინაშე. და გადმოვაღვარე ჩემი რისხვა მათ იმ სისხლის გამო, რომელიც დაღვარეს ქვეყანაზე და თავიანთი კერპებით შებილწეს იგი. და გავფანტე ისინი ხალხებში და განვაბნიე ქვეყნებში. მათი გზისამებრ და მათი მოქმედებისამებრ განვსაჯე ისინი. და მივიდნენ ისინი ხალხებთან, სადაც მოვიდნენ, და შებღალეს ჩემი წმიდა სახელი, რადგან ეუბნებოდნენ მათ: უფლის ერია ესენი და მისი ქვეყნიდან გამოვიდნენ. და შევიბრალე სახელი ჩემი წმიდასი, რომელიც შებღალა ისრაელის სახლმა ხალხებში, რომლებთანაც მივიდნენ. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისათვის, რომელიც შებღალეთ ხალხებში, რომლებთანაც მიხვედით. და მე გავწმედ ჩემს დიდებულ სახელს, შებღალულს ხალხებში, რომელიც შებღალეთ თქვენ მათ შორის. და მიხვდებიან ხალხები, რომ მე ვარ უფალი!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘როდესაც წმიდად გამოვცხადდები თქვენში მათ თვალწინ. და აგიყვანთ ხალხებიდან და შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. და გასხურებს წმიდა წყალს, და განიწმიდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმედთ თქვენ. და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში, ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი წესებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ. და დასახლდებით ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს მივეცი და იქნებით ჩემს ერად და მე ვიქნები თქვენს ღმერთად. მე გიხსნით თქვენ ყველა თქვენი სიბილწისაგან. მოვუხმობ ხორბალს და გავამრავლებ მას და არ მოვავლენ თქვენზე შიმშილს. გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა აღარ ითმინოთ შიმშილის სირცხვილი ხალხებში. და გაიხსენებთ თქვენს ბოროტ გზებს და თქვენს მოქმედებას, რომელიც უკეთურია, და შეგძაგდებათ თქვენი თავი თქვენი ურჯულოებისა და თქვენს სისაძაგლეთა გამო. თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘იცოდეთ თქვენ! შერცხვით და გაწბილდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო.’ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘იმ დღეს, როდესაც მე განგწმედთ თქვენი ყველა ურჯულოებისაგან და დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება ნანგრევები და ეს გაუდაბურებული მიწა დამუშავდება იმის ნაცვლად, რომ უდაბნო იყო ყოველი გამვლელის თვალში, და იტყვიან: ‘ეს გაუდაბურებული ქვეყანა ედემის ბაღად იქცა, და აოხრებული, გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები გამაგრდა და აშენდა. და მიხვდებიან ხალხები, რომლებიც თქვენს ირგვლივ დარჩებიან, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული, გავაშენე გაუდაბურებული! მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთე!’ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘კიდევ ამ სათხოვარს ავუსრულებ ისრაელის სახლს, რომ ცხვრის ფარასავით ვუმრავლებ მათ ადამიანებს. როგორც საღვთო ცხვარი, როგორც იერუსალიმის ცხვარი მის დღესასწაულებში, ისე იქნებიან გაუდაბურებული ქალაქები სავსე ადამიანთა სამწყსოთი, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.’“ იყო ჩემზე უფლის ხელი და გამომიყვანა მე უფლის სულით და დამსვა მე შუაგულ ველზე, და სავსე იყო იგი ძვლებით. და მომატარა მათ შორის ირგვლივ და ძალზე ბევრი იყო ისინი ველის პირზე და აჰა, ძალზე გამხმრები იყო. და მკითხა მან: „ძეო კაცისავ! გაცოცხლდებიან ეს ძვლები თუ არა?“ და ვუთხარი მე: ‘უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი!“ და მითხრა მან: ‘იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ: ‘გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა.’ ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ამ ძვლებს: ‘შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით თქვენ. მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’“ და ვიწინასწარმეტყველე მე, როგორც მქონდა ნაბრძანები. და მესმა ხმა, როდესაც ვწინასწარმეტყველებდი, და ხმაური, და მიუახლოვდნენ ძვლები ერთმანეთს, ძვალი თავის ძვალს. და დავინახე, აჰა, ამოვიდა მათზე ძარღვები და ხორცი და ტყავი გადაეფარა ზედ. სული კი არ იყო მათში. და მითხრა მე: ‘უწინასწარმეტყველე სულს, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ოთხი ქარიდან მოდი, სულო, და შთაბერე ამ მკვდრებს და გაცოცხლდებიან.’“ და მე ვიწინასწარმეტყველე, როგორც მქონდა ნაბრძანები, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ და დადგნენ ფეხზე – ძალზე, ძალზე დიდი ლაშქარი. და მითხრა მან: „ძეო კაცისავ! ეს ძვლები მთელი ისრაელის სახლია. აჰა, ამბობენ: ‘გაშრა ჩვენი ძვლები და დაიკარგა ჩვენი იმედი!’ ამიტომ იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ იქიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავხსნი თქვენს საფლავებს და როდესაც ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო! და ჩავდებ ჩემს სულს თქვენში და გაცოცხლდებით და დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე’, – სიტყვა უფლისა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: ‘და შენ, ძეო კაცისავ! აიღე შენთვის ერთი ჯოხი და დაწერე მასზე: ‘იუდას და ისრაელის ძეთ, გაერთიანებულთ მასთან,’ და აიღე მეორე ჯოხი და დაწერე მასზე: ‘ეფრემის ჯოხი, იოსებს და მთელ ისრაელის სახლს, გაერთიანებულს მასთან.’ და მიუსადაგე ისინი ერთიმეორეს ერთ ჯოხად და გახდებიან ერთნი შენს ხელში. და როდესაც გკითხავენ შენ ძენი შენი ერისა: ‘არ გაგვაგებინებ, რა გაქვს ეს?’ უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, მე ვიღებ იოსების ჯოხს, რომელიც ეფრემისა და მასთან გაერთიანებულ ისრაელის ტომთა ხელშია, და შევუერთებ მას იუდას ჯოხს და ვაქცევ მათ ერთ ჯოხად და გახდებიან ერთნი ჩემს ხელში.’ და ჯოხები, რომლებზეც შენ დაწერე, შენს ხელში იქნებიან მათ თვალწინ, და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე ავიყვან ისრაელის ძეთ ხალხებს შორის, რომლებთანაც წავიდნენ, და შევაგროვებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან მათ თავიანთ მიწაზე. და ვაქცევ მათ ერთ ხალხად ქვეყანაში, ისრაელის მთებში, და ერთი მეფე იქნება ყველასთვის მეფედ და აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ გაიყოფიან ორ სამეფოდ აღარასოდეს. და აღარ შეიბილწებიან კერპებით, თავიანთი სისაძაგლით და დანაშაულით და ვიხსნი მათ მათი ყველა საცხოვრებლიდან, სადაც შესცოდეს მათ, და განვწმედ მათ და იქნებიან ჩემს ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად. და ჩემი მსახური დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას, და ჩემი სამართლით ივლიან და ჩემს წესებს დაიცავენ და შეასრულებენ. და იცხოვრებენ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს, სადაც ცხოვრობდნენ თქვენი მამები, და დასახლდებიან მასზე ისინი და მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე. და დავითი, ჩემი მსახური იქნება მათი მთავარი საუკუნოდ. და დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას, საუკუნო აღთქმა იქნება მათთან, და დავამკვიდრებ მათ და გავამრავლებ, და დავდებ ჩემს საწმიდარს მათ შორის საუკუნოდ. და იქნება ჩემი სავანე მათზე, და ვიქნები მათთვის ღმერთად და ისინი ერად იქნებიან ჩემთვის. და მიხვდებიან ხალხები, რომ მე, უფალი, ვარ განმწმედელი ისრაელისა, როდესაც იქნება ჩემი საწმიდარი მათ შორის საუკუნოდ.’“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი გოგისკენ, მაგოგის ქვეყანაში, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესი მთავრისკენ და იწინასწარმეტყველე მასზე. და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესო მთავარო! და მოგატრიალებ შენ და გაგიყრი ჩანგლებს ყბებში და გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ყველას, დიდ ბრბოს აბჯრითა და ფარით, ყველა მათ, მახვილის დამჭერთ, სპარსეთს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ყველას ფარითა და მუზარადით, გომერს და მთელ მის რაზმს, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეგანიდან და მის ყველა რაზმს, მრავალ ხალხს შენთან ერთად. მზად იყავი და გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენთან შემოკრებილი, და იყავი მათი გუშაგი. მრავალი დღის შემდეგ იქნები გახსენებული, უკანასკნელ წლებში მოხვალ შენ მახვილისაგან თავდახსნილ, მრავალი ხალხით შეკრებილ ქვეყანაში, ისრაელის მთებზე, რომლებიც აოხრებულნი იყვნენ მუდამ, ის კი ხალხებიდან იქნა გამოყვანილი და უსაფრთხოდ ცხოვრობენ ყველანი. აღიმართები, მოხვალ როგორც ქარიშხალი, ღრუბელივით დაფარავთ ქვეყანას შენ და შენი ურდო და უამრავი ხალხები შენთან ერთად.“ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘და იმ დღეს აღგეძვრება ფიქრები გულში და განიზრახავ ბოროტ განზრახვას, და იტყვი: ‘გავილაშქრებ გაუმაგრებელ ქვეყანაზე, დავეცემი მშვიდად, უსაფრთხოდ მცხოვრებთ, რომლებიც უკედლებოდ ცხოვრობენ ყველანი და ურდულები და კარებები არა აქვთ, რათა გავძარცვო და მოვიხვეჭო, ვიალაფო და ჩემი ხელი მოვაქციო ახლად დასახლებულ ნანგრევებზე და ხალხებიდან შეგროვილ ერზე, რომელმაც შეიძინა ფარა და დოვლათი, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის ჭიპში.“ შება და დედანი და ვაჭარნი თარშიშისა და მისი ლომის ბოკვერნი გეტყვიან შენ: ‘ჩვენ გასაძარცვავად მოხვედი? ნადავლის მოსაპოვებლად შეკრიბე შენი კრებული, წასაღებად ვერცხლისა და ოქროსი, წასაყვანად ფარისა და დოვლათისა, დიდი ძარცვით საძარცვავად?’“ ამოტომ იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი გოგს: ‘თქვა უფალმა ღმერთმა: განა იმ დღეს, როდესაც ჩემი ერი, ისრაელი, უსაფრთხოდ იცხოვრებს, არ გეცოდინება ეს? და მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეგანიდან, შენ და ბევრი ხალხები შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდი კრებული და დიდძალი ლაშქარი. და აღიმართები ჩემს ერზე, ისრაელზე, როგორც ღრუბელი, რათა დაფარო ეს ქვეყანა. უკანასკნელ დღეებში მოხდება ეს და მე მოგიყვან შენ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა გამიცნონ მე ხალხებმა, როდესაც წმიდად გამოვცხადდები შენში მათ თვალწინ, გოგ!’ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘განა შენ ის არა ხარ, რომელზეც ვამბობდი მე პირვანდელ დღეებში ჩემს მსახურთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა ხელით, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ იმ დღეებში, რომ მიგიყვანდი მათ წინააღმდეგ. და იქნება იმ დღეს, გოგის მოსვლის დღეს ისრაელის მიწაზე,’ სიტყვა უფალი ღმერთისა, ‘აღიძვრება ჩემი რისხვა ჩემს გულისწყრომაში, და ჩემი შურით, ჩემი მძვინვარების ცეცხლით ვამბობ მე: ‘მართლაც იმ დღეს იქნება დიდი ძვრა ისრაელის მიწაზე. და შეირყევიან ჩემს წინაშე ზღვის თევზნი და ცის ფრინველნი, და მინდვრის ცხოველნი და ყველა ქვეწარმავალი, მცოცავნი მიწაზე, და ყოველი ადამიანი, რომელიც მიწის პირზეა. და ჩამოინგრევა მთები და ჩამოიქცევა ბილიკები და ყველა ზღუდე დაეცემა ქვეყანაზე. და მოვუხმობ მის წინააღმდეგ ჩემს ყველა მთაზე მახვილს,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘ერთმანეთის წინააღმდეგ იქნება მახვილი. და განვსჯი მას შავი ჭირით და სისხლით, წარმღვნელი წვიმით და ქვის სეტყვით. ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მასზე და მის რაზმებზე და მრავალ ხალხზე, რომელნიც მასთან არიან. და გამოვცხადდები დიდებით და სიწმიდით, და განვითქვები მრავალი ხალხის თვალწინ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.’“ „და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი: ასე თქვა უფალმა ღმერთმა: გაფრთხილდი, შენს წინააღმდეგ ვარ, გოგ, უმაღლესო მთავარო როშისა, მეშექისა და თუბალისა. და წაგათრევ და წაგიძღვები, და ამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეგანიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე. და დაგაგდებინებ მშვილდს შენი მარცხენა ხელიდან და შენს ისრებს – შენი მარჯვენა ხელიდან. ისრაელის მთებზე დაეცემი შენ და მთელი შენი რაზმები და ხალხები, რომლებიც შენთან არიან. მტაცებელ ფრინველს, ყველა ფრთოსანს და მინდვრის ცხოველს მიგცემ შესაჭმელად. მინდვრის პირზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, სიტყვა უფალი ღმერთისა. და მივუგზავნი ცეცხლს მაგოგსა და კუნძულებზე უსაფრთხოდ მცხოვრებთ, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. და ჩემს წმიდა სახელს გამოვაცხადებ ჩემს ერს შორის, ისრაელს შორის, და აღარ შეიბღალება ჩემი წმიდა სახელი, და მიხვდებიან ხალხები, რომ მე, უფალი, წმიდა ვარ ისრაელში. აჰა, მოდის და ახდება!’ სიტყვა უფალი ღმერთისა, ‘ეს ის დღეა, რომელზეც ვლაპარაკობდი. და გამოვლენ ისრაელის ქალაქების მცხოვრებნი და გააჩაღებენ ცეცხლს და დაწვავენ იარაღს, ფარსა და ჯავშანს, მშვილდსა და ისრებს, ხელის ჯოხებსა და შუბებს და გააჩაღებენ ყველაფერი ამით ცეცხლს შვიდ წელს. და აღარ გაზიდავენ მინდვრიდან და აღარ გაჩეხავენ ტყეებს, რადგან იარაღით გააჩაღებენ ცეცხლს. და გაძარცვავენ თავიანთ გამძარცველებს და წაართმევენ თავიანთ წამართმეველთ,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘და იმ დღეს მივცემ გოგს იქ ადგილს – საფლავს ისრაელში, ყობრიმის ხეობას ზღვის აღმოსავლეთით, და წინაღობად იქნება ის გამვლელთათვის. და დამარხავენ იქ გოგს და მთელ მის ხალხს და უწოდებენ ჰამონ-გოგის ხეობას. შვიდ თვეს მოუნდება მათ დამარხვას ისრაელის სახლი, რათა განწმიდოს ეს ქვეყანა. და დამარხავს მათ ამ ქვეყნის მთელი ერი. და იქნება მათთვის სახელად ჩემი დიდების დღე, უფალი ღმერთისა. და მუდმივ კაცებს დანიშნავენ, შემომვლელთ ამ ქვეყანაში, გამვლელთა დახმარებით დამარხავენ მიწის პირზე დარჩენილთ, რათა განწმიდონ იგი. შვიდი თვის ბოლოს დაიწყებენ ძებნას. და გაივლიან ქვეყანაში გამვლელნი და დაინახავს ვინმე ადამიანის ძვალს, დადგამს მის გვერდით ნიშანს, სანამ დამარხავენ მას მესაფლავენი ხამონ-გოგის ხეობაში, და ქალაქს უწოდებენ სახელად ხამონას, და განწმედენ ამ ქვეყანას.’ და შენ, ძეო კაცისავ! უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: უთხარი ჩიტს, ყოველ ფრთოსანს, და მინდვრის ცხოველს, შეგროვდით და მოდით, შეიკრიბეთ ყოველი მხრიდან ჩემს მსხვერპლთან, რომელსაც მე გწირავთ თქვენ, დიდ მსხვერპლს ისრაელის მთებზე, და შეჭამთ ხორცს და შესვამთ სისხლს. ძლიერთა ხორცს შეჭამთ და შესვამთ ამ ქვეყნის მთავართა სისხლს, ვერძთა, ბატკანთა და ვაცთა, მოზვერთა სისხლს – ყველას ბაშანში გამოკვებილთა. შეჭამთ გაძღომამდე ქონს და შესვამთ დათრობამდე სისხლს ჩემი მსხვერპლისა, რომელიც მსხვერპლად შემოგწირეთ თქვენ. და გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენით და ძლიერი მხედრებით და ყოველი მეომრით!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘და გამოვაჩენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყველა ხალხი ჩემს სამართალს, რომელიც აღვასრულე, და ჩემს ხელს, რომელიც დავდე მათზე. და მიხვდება ისრაელის სახლი, რომ მე ვარ მათი უფალი ღმერთი იმ დღიდან და შემდგომაც. და მიხვდებიან ხალხები, რომ თავისი ურჯულოების გამო განიდევნა ისრაელის სახლი: იმის გამო, რომ მიმუხთლეს და მე დავფარე ჩემი პირი მათგან და მივეცი ისინი შემჭირვებელთ და მახვილით დაეცნენ ყველანი. მათი სიბილწისამებრ და დანაშაულისამებრ მოვექეცი მათ და დავფარე ჩემი პირი მათგან.’“ ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ეხლა დავაბრუნებ იაკობს ტყვეობიდან და შევიწყნარებ მთელ ისრაელის სახლს, და მოშურნე ვიქნები ჩემი წმიდა სახელისა. და ატარებენ ისინი თავიანთ სირცხვილს და მთელ თავიანთ სიმუხთლეს, რომლითაც მიმუხთლეს მე, როდესაც დასახლდებიან თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ და არავინ იქნება მათი შემშინებელი. როდესაც დავაბრუნებ მათ ხალხებიდან და შევკრებ მათ მათი მტრების ქვეყნებიდან, და წმიდად გამოვცხადდები მათში მრავალი ხალხის თვალწინ, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი მათი ღმერთი, რომელმაც განვდევნე ისინი ხალხებისაკენ და შევკრიბე თავიანთ მიწაზე. და არ დავტოვებ იქ არც-ერთ მათგანს. და აღარ დავფარავ მეტად ჩემს პირს მათგან, რადგან გადმოვღვარე ჩემი სული ისრაელის სახლზე!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. ოცდამეხუთე წელს ჩვენი განდევნისა, წლის დასაწყისში, თვის მეათე დღეს, მეთოთხმეტე წელს ქალაქის დაცემის შემდეგ, ზუსტად იმ დღეს იყო ჩემზე ხელი უფლისა და მიმიყვანა მე იქ. ღმერთის ჩვენებებში მომიყვანა მე ისრაელის ქვეყანაზე და დამსვა ძალიან მაღალ მთაზე და მასზე იყო ქალაქის მსგავსი ნაშენები, სამხრეთის მხრიდან. და მიმიყვანა იქ და ვნახე კაცი, რომლის შესახედაობა სპილენძისავით იყო და ხელში საზომი ლერწამი ჰქონდა და იდგა იგი კარიბჭეში. და მელაპარაკა ის კაცი: „ძეო კაცისავ! ნახე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე და შენი გული დაუდე ყოველივეს, რასაც მე გიჩვენებ, რადგან მოყვანილი ხარ აქ, იმისათვის, რომ გიჩვენო. ყოველივე, რასაც შენ ნახავ, უთხრა ისრაელის სახლს. აჰა, გალავანი სახლის ირგვლივ გარედან და იმ კაცის ხელთ საზომი ლერწამი ექვსი წყრთისა, წყრთაში – წყრთა და მტკაველი. და გაზომა სიგანე ამ შენობისა – ერთი ლერწამი და სიმაღლე – ერთი ლერწამი. და მივიდა კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთის გზისაკენ იყო მიმართული, და ავიდა მის საფეხურებზე და გაზომა კარიბჭის ზღურბლი: ერთი ლერწამი სიგანე და მეორე ზღურბლი: ერთი ლერწამი სიგანე. და ოთახი – ერთი ლერწამი სიგრძე და ერთი ლერწამი სიგანე, და ოთახებს შორის – ხუთი წყრთა, და კარიბჭის ზღურბლი, რომელიც ჭიშკრის დარბაზის ახლოს იყო, შიგნით – ერთი ლერწამი. და გაზომა კარიბჭის დარბაზი შიგნით – ერთი ლერწამი. და გაზომა კარიბჭის დარბაზი – რვა წყრთა და მისი სვეტები – ორი წყრთა და ჭიშკრის დარბაზი შიგნით. და კარიბჭის ოთახი აღმოსავლეთის გზიდან: სამი – ერთ მხარეს და სამი – მეორე მხარეს. ერთი ზომა ჰქონდათ სამივეს, და ერთი ზომა სვეტებს ორივე მხრიდან. და გაზომა სიგანე კარიბჭის შესასვლელისა – ათი წყრთა. სიგრძე კარიბჭისა – ცამეტი წყრთა, და საზღვარი ოთახების წინ – ერთი წყრთა და ერთი წყრთაც იქიდან, და ოთახი – ექვსი წყრთა ერთი მხრიდან და ექვსი წყრთა – მეორე მხრიდან. და გაზომა მან ის კარიბჭე ერთი ოთახის სახურავიდან მეორის სახურავამდე; სიგანე – ოცდახუთი წყრთა, შესასვლელი შესასვლელის პირდაპირ იყო. და გაზომა მან სვეტები და კარიბჭის ეზოს სვეტისა: სამოცი წყრთა ირგვლივ. და შემოსასვლელის კარიბჭის წინა ნაწილიდან შიგნითა კარიბჭის დარბაზის წინა ნაწილამდე – ორმოცდაათი წყრთა. და სარკმელნი დახშულნი ოთახებსა და მათ სვეტებში კარიბჭის შიგნით ირგვლივ და ასევე დარბაზები, სარკმელნი ყოველი მხრიდან შიგნით და სვეტებზე – პალმები. და მიმიყვანა მე გარეთა ეზოში და ვნახე ოთახები და ქვაფენილი, დაგებული ეზოს ირგვლივ, ოცდაათი ოთახი ამ ქვაფენილზე. და ეს ქვაფენილი კარიბჭის გვერდებზე კარიბჭის სიგრძის შესაბამისად; ეს იყო ქვემო ქვაფენილი. და მან გაზომა სიგანე ქვემო კარიბჭის წინიდან შიგნითა ეზოს გარეთა მხარემდე: ასი წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით. გაზომა კარიბჭე გარეთა ეზოსი, რომელიც ჩრდილოეთის გზისკენაა მიმართული, მისი სიგრძე და სიგანე. და მისი ოთახები – სამი ერთი მხრიდან და სამი მეორე მხრიდან. სამი სვეტი და მისი დარბაზები იმავე ზომისა იყო, რაც პირველი კარიბჭისა, ორმოცდაათი წყრთა იყო მათი სიგრძე და ოცდახუთი წყრთა – მათი სიგანე. და მისი სარკმელნი, დარბაზები და პალმები იმ ჭიშკრის ზომისა იყო, რომელიც აღმოსავლეთის გზისკენ იყო მიმართული და შვიდი საფეხურით ადიოდნენ მასზე, და მათი დარბაზნი მათ წინაშე. და იყო კარიბჭე შიგნითა ეზოსი ჩრდილო კარიბჭის, ასევე აღმოსავლეთის პირისპირ. და გადაზომა ჭიშკრიდან ჭიშკრამდე ასი წყრთა. და წამიყვანა მან სამხრეთის გზაზე და ვნახე კარიბჭე სამხრეთის გზისა. და გაზომა მისი სვეტები და მისი დარბაზები – იგივე ზომები, რაც სხვა კარიბჭეებს ჰქონდათ. და ჰქონდა სარკმელნი მას და მის დარბაზებს ირგვლივ, იმ სარკმელთა მსგავსი. ორმოცდაათი წყრთა სიგრძე და სიგანე ოცდახუთი წყრთა, შვიდი საფეხური იყო მასზე ასასვლელი და მათი დარბაზები მათ წინაშე და პალმები – ერთი ერთი მხრიდან და ერთი მეორე მხრიდან, მის სვეტებზე. და იყო კარიბჭე შიგნითა ეზოსი სამხრეთის გზისაკენ. და გადაზომა იმ კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთის გზისაკენ – სულ ასი წყრთა. და შემიყვანა სამხრეთის კარიბჭით შიგნითა ეზოში, და გაზომა სამხრეთის კარიბჭე – იგივე ზომები, რაც სხვა კარიბჭეებისა. და მისი ოთახები, მისი სვეტები და მისი დარბაზები, იმავე ზომისა იყო. და ჰქონდა სარკმელები მას და მის დარბაზებს ირგვლივ, ორმოცდაათი წყრთა იყო სიგრძე და სიგანე – ოცდახუთი წყრთა. და დარბაზები ეზოს ირგვლივ – სიგრძე ოცდახუთი წყრთა და სიგანე ხუთი წყრთა. მისი დარბაზები გადიოდა გარეთა ეზოსაკენ; და პალმები იყო დახატული მის სვეტებზე და რვა საფეხური იყო მასზე ასასვლელი. და შემიყვანა აღმოსავლეთის კარიბჭით შიგნითა ეზოში და გაზომა ის კარიბჭე – იგივე ზომები, რაც სხვა კარიბჭეებისა. მისი ოთახები, მისი სვეტები და მისი დარბაზები იმავე ზომისა იყო. და სარკმელები მისი დარბაზების ირგვლივ – სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა. მისი დარბაზები გადიოდა გარეთა კარიბჭისაკენ. და მისი სვეტები პალმებით იყო მოხატულნი ორივე მხრიდან და რვა საფეხური ჰქონდა მასზე ასასვლელი. მომიყვანა მე ჩრდილოეთის კარიბჭესთან და გაზომა – იგივე ზომები იყო. მისი ოთახები, მისი სვეტები, მისი დარბაზები და სარკმელნი მის გარშემო იყო – სიგრძით ორმოცდაათი წყრთა და სიგანით ოცდახუთი წყრთა. მისი სვეტები მიმართული იყო გარეთა ეზოსაკენ. ისინი პალმებით იყო მოხატული ორივე მხრიდან და რვა საფეხური ჰქონდათ ასასვლელი. და სენაკი და მასში შესასვლელი იყო კარიბჭეთა სვეტებთან. იქ ასუფთავებდნენ სრულადდასაწველს. და კარიბჭის დარბაზში იყო ორი მაგიდა ერთი მხრიდან და ორი მაგიდა მეორე მხრიდან, რათა დაეკლათ მათზე სრულადდასაწველი და ცოდვის შესაწირავი და დანაშაულის შესაწირავი. და გვერდით, გარედან, ჩრდილო კარიბჭის შესასვლელში ასასვლელთან იდგა ორი მაგიდა, და ასევე მეორე გვერდზე, რომელიც კარიბჭის დარბაზს ჰქონდა, იყო ორი მაგიდა. ოთხი მაგიდა ერთი მხრიდან და ოთხი მაგიდა მეორე მხრიდან კარიბჭის გვერდით – სულ რვა მაგიდა, რომლებზეც უნდა დაეკლათ მსხვერპლი. და ოთხი მაგიდა სრულადდასაწველისათვის გამოთლილი ქვისაგან. სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა. მასზე აწყობდნენ იარაღს, რომლითაც უნდა დაეკლათ სრულადდასაწველი და სხვა მსხვერპლი. და ორმაგი კაუჭები, ერთი მტკაველი სიგრძისა, მიმაგრებული იყო სახლზე ირგვლივ. მაგიდებზე კი სამსხვერპლო ხორცი ეწყო. შიგნითა კარიბჭის გარედან იყო მომღერალთა ოთახები შიგნითა ეზოში, ჩრდილო კარიბჭის მხარეს, სამხრეთისკენ მიქცეული, და ერთი აღმოსავლეთის კარიბჭის მხარეს, ჩრდილოეთისკენ მიქცეული. და მითხრა მან: ‘ეს ოთახი, რომელიც სამხრეთისკენ არის მიქცეული მღვდლებისათვისაა, რომლებიც სახლის სამსახურს ეწევიან. ოთახნი მომღერლებისა და მღვდლებისათვის და სენაკი, რომელიც ჩრდილოეთისკენ იყო მიქცეული, მღვდლებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ეწევიან. ისინი ცადოკის ძენი იყვნენ, ლევის ძეთაგან, უფალთან ახლოს მყოფნი მის სამსახურად.’ და გადაზომა მან ოთხკუთხედი ეზო: სიგრძე ასი წყრთა და სიგანე ასი წყრთა. სამსხვერპლო სახლის წინ იყო. და მიმიყვანა სახლის დარბაზში და გადაზომა დარბაზის სვეტები: ხუთი წყრთა ერთი მხრიდან და ხუთი წყრთა მეორე მხრიდან. და კარიბჭის სიგანე სამი წყრთა ერთი მხრიდან და სამი წყრთა მეორე მხრიდან. დარბაზის სიგრძე იყო ოცი წყრთა და სიგანე თერთმეტი წყრთა; და ჰქონდათ საფეხურები, რომლითაც მასზე ადიოდნენ, და საყრდენები სვეტებთან, ერთი ერთი მხრიდან და ერთი მეორე მხრიდან. და მიმიყვანა მან ტაძარში და გაზომა სვეტები: ექვსი წყრთა სიგანე ერთი მხრიდან და ექვსი წყრთა სიგანე მეორე მხრიდან. ეს იყო სიგანე იმ კარვისა, სიგანე შესასვლელისა – ათი წყრთა და გვერდები შესასვლელისა – ხუთი წყრთა ერთი მხრიდან და ხუთი წყრთა მეორე მხრიდან. გაზომა მისი სიგრძე – ორმოცი წყრთა და სიგანე – ოცი წყრთა. და შევიდა ის შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტები – ორი წყრთა და შესასვლელი – ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგრძე – შვიდი წყრთა. და გაზომა მისი სიგრძე, რომელიც იყო ოცი წყრთა და სიგანე ოცი წყრთა, ტაძრის პირდაპირ. და მითხრა: ‘ეს წმიდათა წმიდაა.’ და გაზომა სახლის კედელი – ექვსი წყრთა და სიგანე გვერდითი ოთახისა – ოთხი წყრთა გარშემო, სახლის ირგვლივ. და გვერდითი ოთახები – გვერდი-გვერდ – ოცდაცამეტი და აღწევდნენ კედლამდე, რომელიც სახლს ჰქონდა ოთახებისათვის გარშემო, რათა ყოფილიყვნენ ერთმანეთს მიყრდნობილი, მაგრამ არ იყვნენ მიყრდნობილი სახლის კედელს. და ფართოვდებოდა და იხვეოდა მაღლა მიმავალი საფეხურები გვერდითა ოთახებისაკენ, რადგან დახვეული საფეხურები სახლისა მიიწევდნენ მაღლა-მაღლა, სახლის ირგვლივ, ამიტომ განიერდებოდა სახლის სიმაღლის კვალობაზე და, ამგვარად, ქვედა სართულიდან ზედაზე ადიოდნენ შუას საშუალებით. ვნახე, რომ სახლს ირგვლივ ჰქონდა შვერილი, საფუძველი გვერდითი ოთახებისა – მთელი ლერწამი, ექვსი წყრთა. გვერდითი ოთახების გარეთა კედლის სისქე იყო ხუთი წყრთა. ხოლო ხანი სახლის გვერდით ოთახებსა და სენაკებს შორის იყო ოცი წყრთა ირგვლივ. შესასვლელი გვერდითი ოთახისა გადიოდა დატოვებულ ადგილზე: ერთი შესასვლელი ჩრდილოეთით იყო და მეორე შესასვლელი – სამხრეთით. დატოვებული ადგილის სიგანე – ხუთი წყრთა ირგვლივ. ტაძრის დარბაზისაკენ მიქცეული შენობა, სამხრეთის მხარეს მდებარე: სიგანე იყო სამოცდაათი წყრთა. და შენობის კედელი – ხუთი წყრთა სიგანისა და მისი სიგრძე – ოთხმოცდაათი წყრთა. და მან გაზომა ეს სახლი: სიგრძე ასი წყრთა, და ტაძრის დარბაზი და მისი შენობა და მისი კედლები, სიგრძით ასი წყრთა. სიგანე სახლის წინა ნაწილისა და ტაძრის დარბაზისა აღმოსავლეთით – ასი წყრთა. გაზომა მან სიგრძე შენობისა ტაძრის დარბაზის პირდაპირ, რომელიც მის უკან იყო, და მისი დერეფნები ორივე მხრიდან – ასი წყრთა. და შიგნითა ტაძარი და ეზოს დარბაზები, ზღურბლები და დახშული სარკმელები და დერეფნები ირგვლივ, სამივე ზღურბლის საპირისპიროდ, ხის დაფები ირგვლივ და მიწიდან სარკმელებამდე. სარკმელები კი დახურული იყო. შესასვლელის ზემოდან და შიგნითა სახლამდე და გარეთ და ყველა კედლების ირგვლივ და გარეთ ყველაფერი თანაზომიერი იყო. და გამოხატული იყო ეს ქერუბიმები და პალმები. და პალმა იყო ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის და ორი სახე ჰქონდა ქერუბიმს: ადამიანის სახე იყო მიმართული პალმისაკენ ერთი მხრიდან და ლომის ბოკვერის სახე პალმისაკენ მეორე მხრიდან. ასე იყო გაკეთებული მთელ სახლში, ირგვლივ. მიწიდან შესასვლელის ზედა ნაწილამდე ქერუბიმები და პალმები გაკეთებული იყო ტაძრის კედლებზეც. ტაძრის კარის წირთხლი ოთხკუთხედი იყო. და წმიდის წინამო იმავე შესახედაობისა იყო. ხის სამსხვერპლო იყო სამი წყრთა სიმაღლით და მისი სიგრძე იყო ორი წყრთა. მისი კუთხეები, მისი საფუძველი და მისი კედლები ხისა იყო; და მითხრა მან: „ეს არის მაგიდა, რომელიც უფლის წინაშეა.“ ორი კარი ჰქონდათ ტაძარსაც და წმიდასაც. თითოეულ კარს ორი ფრთა ჰქონდა, ორივე ტრიალდებოდა. ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს. ტაძრის კარებზე ქერუბიმები და პალმები იყო გამოხატული, როგორც კედლებზე. ძელი დარბაზის წინ იყო, გარედან. და ცხაურიანი სარკმელნი და პალმები ორივე მხრიდან დარბაზის გვერდებზე და სახლის მონაშენები და ძელები. გამიყვანა მე გარეთა ეზოში ჩრდილოეთის გზით და მომიყვანა სენაკთან, რომელიც ტაძრის დარბაზის მოპირდაპირედ და ჩრდილოეთისაკენ მიქცეული შენობის პირისპირ იყო. ჩრდილოეთის შესასვლელის წინა მხარის სიგრძე ასი წყრთა იყო, სიგანე ორმოცდაათი წყრთა. ოც წყრთაზე შიგნითა ეზოში და ქვაფენილის გასწვრივ, გარეთა ეზოში, დერეფანი დერეფნის პირისპირ იყო სამ სართულზე. და სენაკთა წინ გასავლელი ათი წყრთა სიგანისა ეზოს შიგნით, გზა ერთი წყრთა და მათი შესასვლელები ჩრდილოეთით. ზედა სენაკები იყო მოკლე, რადგან დერეფნებს მათგან უფრო მეტი ადგილი ეჭირათ, ვიდრე ქვემო და შუა სართულებს შენობისას, რადგან სამსართულიანები იყო ისინი და არ ჰქონდათ სვეტები, მსგავსი ეზოს სვეტებისა, და ამის გამო დაშორებული იყო ქვემო და შუა სართულებს ნიადაგიდან. და ზღუდე, რომელიც გარედან იყო სენაკთა პირისპირ გარეთა ეზოსკენ. მისი სიგრძე – ორმოცდაათი წყრთა, რადგან სენაკთა სიგრძე, რომლებიც გარეთა ეზოში იყო, ორმოცდაათი წყრთა იყო, ხოლო ტაძრის პირდაპირ – ასი წყრთა. ამ სენაკთა ქვევით იყო შემოსასვლელი აღმოსავლეთით, გარეთა ეზოდან შესასვლელად. ეზოს ზღუდის სიგანეზე აღმოსავლეთით ტაძრის დარბაზის პირდაპირ და შენობის პირდაპირ სენაკები იყო. გზა მათ წინ იყო მსგავსი იმ სენაკებისა, რომლებიც ჩრდილოეთის გზაზე იყო: სიგრძით, სიგანით, და ყველა მათი შესასვლელ-გამოსასვლელით, და როგორიც იყო შესასვლელები სენაკებისა, რომლებიც სამხრეთის გზაზეა, ისეთივე შესასვლელი იყო გზის დასაწყისში. გზა ამბიონის ზღუდის წინ აღმოსავლეთით მათში შესასვლელად. და მითხრა მან: ‘ჩრდილოეთის სენაკები, სამხრეთის სენაკები, რომლებიც ტაძრის დარბაზის წინაა, წმიდა სენაკებია, სადაც მღვდლები ჭამენ, რომელნიც წმიდათა წმიდის უფალს უახლოვდებიან. იქ ინახავენ წმიდათა წმიდას და ძღვენს და ცოდვის შესაწირავს და დანაშაულის შესაწირავს, რადგან წმიდაა ეს ადგილი. როდესაც მოდიან მღვდლები, არ გადიან ისინი წმიდიდან გარეთა ეზოში და აქ აწყობენ თავიანთ სამოსელს, რომლითაც მსახურობენ, რადგან წმიდაა ისინი, და იცვამენ ისინი სხვა სამოსელს და მერე უახლოვდებიან იმას, რაც ხალხისთვის არის.“ დაასრულა მან შიგნითა სახლის გაზომვა და გამომიყვანა კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთითაა მიმართული, და გაზომა ის ირგვლივ. და გაზომა აღმოსავლეთის მხარე ლერწმის საზომით: ირგვლივ ხუთასი ლერწამი. გაზომა ჩრდილოეთის მხარე: ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით, ირგვლივ. სამხრეთის მხარე გაზომა: ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით. მიტრიალდა ზღვის მხარეს, გაზომა ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით. ოთხივ კუთხით გაზომა მან იგი, გალავანი მის ირგვლივ, სიგრძე – ხუთასი და სიგანე – ხუთასი, რათა გამოეცალკევებინა ერთმანეთისგან წმიდა და სადაგი. წამიყვანა მან ჭიშკართან, რომელიც აღმოსავლეთით იყო მოქცეული. და აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოვიდა აღმოსავლეთის გზიდან და მომესმა მისი ხმა, როგორც ხმა მრავალი წყლისა. და ქვეყანა განათდა მისი დიდებით. და ეს ჩვენება ისეთივე ჩვენება იყო, რომელიც მე ვიხილე, ისეთივე ჩვენება, რომელიც ვიხილე, როდესაც მოვედი ამ ქალაქის დასაღუპავად, და ჩვენებანი მსგავსი იმ ჩვენებისა, რომელიც მე ვიხილე მდინარე ქებართან. და პირქვე დავემხე. და უფლის დიდება შემოვიდა სახლში კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიქცეული. და ამიყვანა სულმა და შემიყვანა შიგნითა ეზოში. და აავსო უფლის დიდებამ სახლი და გავიგონე ვიღაც რომ მელაპარაკებოდა სახლიდან, კაცი კი ჩემს გვერდით იდგა. და მითხრა: „ძეო კაცისავ! აჰა, ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემი ტერფებისა, როდესაც მე დავივანებ ისრაელის ძეთა შორის საუკუნოდ, და აღარ შებილწავს ისრაელის სახლი ჩემს წმიდა სახელს, ისინი და მათი მეფენი თავიანთი სიძვითა და თავიანთ მეფეთა გვამებით, თავიანთი გორაკებით, თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან და თავიანთი წირთხლის ჩემს წირთხლთან გათანასწორებით, და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. ბილწავდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლით, რომელსაც სჩადიოდნენ ისინი და მოვსპე მე ისინი ჩემი რისხვით. ახლა მომაშორებენ თავიანთ სიძვასა და თავიანთ მეფეთა გვამებს, და დავივანებ მათ შორის საუკუნოდ. შენ, ძეო კაცისავ, აუწყე ისრაელის სახლს ამ სახლზე და შერცხვებათ თავიანთი ურჯულოებისა, და გაზომავენ ისინი შენობას. და თუ შერცხვებათ ყოველივესი, რაც ჩაიდინეს, გამოუცხადე მათ სახლის ნახაზი და მისი აგებულება, და მისი გასასვლელები და მისი შესასვლელები, და ყველა მისი ნახაზი და ყველა მისი წესი, და მთელი მისი რჯული და დაწერ მათ თვალწინ და დაიცავენ მთელ მის ნახაზს, და ყველა მის წესს და შეასრულებენ მათ. ეს არის სახლის რჯული: მთის თხემზე მთელი მისი საზღვარი ირგვლივ წმიდათა წმიდაა. აჰა, ეს არის სახლის რჯული. ეს არის სამსხვერპლოს ზომები წყრთითა და მტკაველით: საფუძველი – ერთი წყრთა, სიგანე – ერთი წყრთა და მისი საზღვარი, მის კიდეებზე ირგვლივ – ერთი მტკაველი. ეს არის სიმაღლე სამსხვერპლოსი. მიწის საფუძვლიდან დაბლა შვერილამდე – ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა, და მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე – ოთხი წყრთა და სიგანე – ერთი წყრთა. და სამსხვერპლოს კერა – ოთხი წყრთა და კერიდან და მაღლა – ოთხი რქა. და კერა – თორმეტი სიგრძით და თორმეტი სიგანით და ოთხკუთხედი მის ოთხივე მხარეს. და შვერილი – თოთხმეტი წყრთა სიგრძით, თოთხმეტი სიგანით მის ოთხივე მხარეს, და საზღვარი მის ირგვლივ – ნახევარი წყრთა, და საფუძველი მისი – წყრთა ირგვლივ; და მისი საფეხურები მიქცეული იყო აღმოსავლეთით.“ და მითხრა მან: „ძეო კაცისავ, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ესაა წესები სამსხვერპლოსი მისი გაკეთების დღისათვის, რათა აღავლინონ მასზე სრულადდასაწველი და მოაპკურონ მასზე სისხლი. და მისცემ ლევიან მღვდლებს, ცადოკის შთამომავალთ, ჩემთან დაახლოებულთ,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘თითო მოზვერს ცოდვის შესაწირავად. და აიღებ მისი სისხლიდან და უწევ მის ოთხ რქას და შვერილს ოთხივე კუთხეში და საზღვარზე ირგვლივ, და განწმედ მას ცოდვისგან და გამოისყიდი. და გაიყვან მოზვერს ცოდვის მსხვერპლად და დასწვავ მას სახლის დანიშნულ ადგილზე, საკურთხევლის გარეთ. და მეორე დღეს შესწირავ უმანკო თიკანს ცოდვის შესაწირავად და განწმედენ ცოდვისგან სამსხვერპლოს, როგორც განწმიდეს მოზვრით. როდესაც დაასრულებ განწმედას, შესწირავ უმანკო მოზვერსა და უმანკო ვერძს ფარიდან. და შესწირავ მათ უფლის წინაშე და მოაყრიან მათ მარილს მღვდლები და აღუვლენენ მათ სრულადდასაწველ მხვერპლად უფალს. შვიდი დღე შესწირე მსხვერპლი ცოდვისათვის, ერთი თხა დღეში და მოზვერი და უმანკო ვერძი ფარიდან. შვიდი დღე გამოისყიდონ სამსხვერპლო, სუფთაჰყონ და აკურთხონ იგი. და როდესაც დაასრულებენ ამ დღეებს, მერვე დღეს, და მერეც, მიიტანენ სამსხვერპლოზე მღვდლები თქვენს სრულადდასაწველთ და თქვენს სამშვიდობო შესაწირავებს; და მე შეგიწყნარებთ თქვენ!’ სიტყვა უფალი ღმერთისა.“ და დამაბრუნა მან საწმიდრის აღმოსავლეთისაკენ მიქცეული გარეთა კარიბჭის გზით და დახშული იყო იგი. და მითხრა მე უფალმა: ‘ეს კარიბჭე დახშული იქნება, არ გაიღება და კაცი არ შევა მასში, რადგან ისრაელის უფალი ღმერთი შევიდა მასში. და იქნება იგი დახშული. მთავარი კი – იგი იჯდება ვით მთავარი, რათა ჭამოს პური უფლის წინაშე. დარბაზის გზით მოვა და იმავე გზით წავა. და მომიყვანა მან ჩრდილოეთის კარიბჭის გზით სახლის წინ და დავინახე, რომ უფლის დიდებამ გაავსო ტაძარი უფლისა. და პირქვე დავემხე. და მითხრა უფალმა: „ძეო კაცისავ! დაუდე შენი გული და დაინახე შენი თვალებით, და გაიგონე შენი ყურებით ყოველივე, რასაც გეუბნები უფლის სახლის ყველა წესზე და მის რჯულზე, და დაუდე გული შენი ტაძარში შესასვლელს, საწმიდრის ყველა გასასვლელს. და ეტყვი ისრაელის მეამბოხე სახლს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: გეყოფათ თქვენ მთელი თქვენი სისაძაგლენი, სახლო ისრაელისა! როდესაც მოგყავდათ უცხოტომელნი წინადაუცვეთელნი გულით და ხორცით, რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს საწმიდარში, რომ შეებღალათ ჩემი სახლი, როდესაც მსხვერპლად მოგქონდათ ჩემი პური, ქონი და სისხლი და არღვევდით ჩემს აღთქმას მთელი თქვენი სისაძაგლეებით, არ ასრულებდით მოვალეობას ჩემს სიწმიდეთა მიმართ და მათ აყენებდით ჩემი საწმიდრის მოვალეობის აღმსრულებლებად.’ და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘არც ერთი უცხოელი, რომელიც ისრაელის ძეთა შორის ცხოვრობს წინადაუცვეთელი გულითა და წინადაუცვეთელი ხორცით, არ შემოვა ჩემს საწმიდარში. რადგან ლევიანები, რომელნიც მომშორდნენ ისრაელის განდგომისას, რომელნიც განდგნენ ჩემგან და მიჰყვებოდნენ უკან თავიანთ კერპებს, იტვირთავენ სასჯელს თავიანთი ურჯულოების გამო. და იქნებიან ისინი ჩემს საწმიდარში აღმსრულებლებად, ტაძრის კარიბჭეთა ზედამხედველებად და ტაძრის სამსახურის აღმსრულებლებად. ისინი დაკლავენ სრულადდასაწველს და მსხვერპლს ერისათვის და იდგებიან მათ წინაშე, რათა მოემსახურონ მათ. რადგან ისინი ემსახურებოდნენ მათ თავიანთი კერპების წინაშე და იყვნენ ისრაელის სახლისათვის დაბრკოლებად ურჯულოებისა, ამის გამო მე ავწიე ხელი მათზე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘და იტვირთავენ ისინი თავიანთ ცოდვებს.’ ვერ მომეახლებიან ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ და მიეახლონ ყოველ ჩემს სიწმიდეს, ჩემს წმიდათა წმიდას, და იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და თავიანთ სისაძაგლეს, რომელიც ჩაიდინეს. და დავაყენებ მათ სახლში მოვალეობის აღმსრულებლებად ყველა მისი სამსახურისა და ყველაფრისა, რაც მასში სრულდება. მღვდლები კი – ლევიანები, ცადოკის ძენი, რომელნიც ასრულებდნენ ჩემი საწმიდრის მოვალეობას, როდესაც განდგნენ ისრაელის ძენი ჩემგან, მომიახლოვდნენ მე, რათა მემსახურონ და იდგნენ ჩემს წინაშე, რათა შემომწირონ მე ქონი და სისხლი!“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – „ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და ისინი მოუახლოვდებიან ჩემს ტაბლას, რათა მემსახურონ მე და აღმისრულონ მოვალეობა. და როდესაც შევლენ შიგნითა ეზოს კარიბჭეში, ჩაიცვამენ სელის სამოსელს და არ იქნება მათზე მატყლი სამსახურისას შიგნითა ეზოს კარიბჭეში და სახლში. სელის კიდარი იქნება მათ თავზე და სელის წვივის სამოსელი იქნება მათ წელზე და არ შემოირტყამენ გამაოფლიანებელს. და როდესაც გამოვლენ გარეთა ეზოში ხალხთან, გაიხდიან თავიანთ სამოსელს, რომლითაც ისინი მსახურობენ, და დააწყობენ მათ წმიდას სენაკებში, და ჩაიცვამენ სხვა სამოსელს, რათა არ გადასდონ სიწმიდე ხალხს თავიანთი სამოსლით. და თავს არ გადაიპარსავენ, ქოჩორს არ დაიგრძელებენ და გაიკრეჭენ თავებს. და ღვინოს არ დალევს არც ერთი მღვდელი შიგნითა ეზოში შესვლისას. ქვრივი და ქმარგანაშვები არ უნდა შეირთონ ცოლად, არამედ მხოლოდ ქალწულნი ისრაელის სახლის თესლიდან და ქვრივი, რომელიც მღვდლისგან იქნება დაქვრივებული. ჩემს ერს ასწავლონ გარჩევა წმიდისა და სადაგისა და განსხვავება უსუფთაოსა და სუფთას შორის აუწყონ მათ. როცა დავის დროს დადგებიან განსასჯელად, ჩემი სამართლით განსაჯონ, და ჩემი რჯული და ჩემი წესები ჩემს ყველა დღესასწაულზე დაიცვან და ჩემი შაბათები წმიდაჰყონ. მკვდარ კაცთან არ მივიდნენ, რათა არ შეიბილწონ, არამედ მხოლოდ მამასთან და დედასთან, და ძესთან და ასულთან, ძმასთან და იმ კაცგაუკარებელ დასთან – ამათთან შეიძლება შეიბილწონ. და მისი განწმედის შემდეგ შვიდ დღეს გადაუთვლიან მას. და იმ დღეს, როდესაც შევა ის წმიდაში, შიგნითა ეზოში, რათა იმსახუროს წმიდაში, შესწირავს იგი თავისი ცოდვის მსხვერპლს,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘და ექნებათ მათ სამკვიდრებლად, რომ მე ვარ მათი სამკვიდრებელი; და საკუთრებას ნუ მისცემთ მათ ისრაელში, რადგან მე ვარ მათი საკუთრება. ძღვენი და მსხვერპლი ცოდვისა და დანაშაულისა ჭამონ, და ყოველი დარისხებული ისრაელში მათი იქნება. და ნათავარი ყოველი პირველნაყოფისგან და შეწირულებისგან, ყოველი თქვენი აღსამართისგან – მღვდელთათვის იქნება და ნათავარს თქვენი ცომეულისაგან მისცემთ მღვდლებს, რათა გადმოვიდეს კურთხევა თქვენს სახლზე. არავითარი მძორი და ნამხეცავი ფრინველისგან და პირუტყვისგან არ ჭამონ მღვდლებმა.“ „და როდესაც გაინაწილებთ ქვეყანას სამემკვიდრეოდ, შესწირეთ შესაწირავი უფალს, წმიდა ნაწილი მიწიდან, სიგრძე ოცდახუთი ათასი და სიგანე ათი ათასი. წმიდა იქნება იგი მთელ მის საზღვრებში ირგვლივ. იქიდან წმიდისა იქნება ხუთასი ხუთასზე – ოთხკუთხედი ირგვლივ და ორმოცდაათი წყრთა – მოედანი მის ირგვლივ. და ამ ზომიდან გადაზომავ სიგრძეს ოცდახუთ ათასს და სიგანეს ათი ათასს, და იქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა. წმიდა ნაწილი ამ მიწისა იქნება საწმიდრის მომსახურე მღვდლებისთვის, რომელნიც მიახლოვებულნი არიან, რომ ემსახურონ უფალს. და იქნება ის მათთვის ადგილი მათი სახლებისათვის და წმიდა ადგილი საწმიდრისათვის. და ოცდახუთი ათასი სიგრძე და ათი ათასი სიგანე იქნება სახლში მომსახურე ლევიანთათვის საკუთრებად – ოცი სენაკი. და ქალაქის საკუთრებად გაეცით: ხუთი ათასი სიგანით და სიგრძით ოცდახუთი ათასი წმიდის შესაწირავის პირდაპირ – მთელი ისრაელის სახლისათვის იქნება. და მთავრისათვის გაეცით წილი თითოეული მხრიდან წმიდას შესაწირავისა, და ქალაქის საკუთრებისაგან წმიდის შესაწირავის წინ და ქალაქის საკუთრების წინ ზღვის მხრიდან ზღვისაკენ და აღმოსავლეთის მხრიდან აღმოსავლეთით. და სიგრძე მისი თანაბარი იქნება ერთი ნაწილისა დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე. მის ქვეყნად იგი იქნება საკუთრებად ისრაელში და აღარ დაჩაგრავენ მთავარნი ჩემს ერს, და ქვეყანას მისცემენ ისრაელის სახლს, მათი ტომების მიხედვით. ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘საკმარისია თქვენთვის, ისრაელის მთავარნო! მოაშორეთ ძალადობა და ძარცვა, და სამართალი და სიმართლე ჰქენით, შეუწყვიტეთ გაძევებანი ჩემს ერს!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი გქონდეთ თქვენ. ეფა და ბათი ერთი ზომისა იყოს, რათა ჩაეტიოს ხომერის მეათედი ბათში და მეათედი ხომერისა საწყაულში. ხომერის მიხედვით იქნება მათი ზომა. და შეკელი – ოცი გერა. ოცი შეკელი, ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი იქნება თქვენთან ერთი მნა. ესაა შესაწირავი, რომელსაც შესწირავთ: მეექვსედს ეფასი ხორბლის ხომერიდან და მეექვსედს ეფასი ქერის ხომერიდან. და წესი ზეთისა: ზეთის ზომა ქორია, ქორის მეათედი ხომერიდან, მეათედი ქორისა ხომერია, რადგან ათი ქორია ხომერში. ერთი კრავი ყოველი ორასი ცხვრიდან, ისრაელის ნოყიერი საძოვრებიდან, ძღვნად და სრულადდასაწველ და სამშვიდობო შესაწირავად, რათა მიეტევოთ მათ,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – ‘ქვეყნის მთელმა ერმა უნდა მიუტანოს ეს შესაწირავი მთავარს ისრაელში. მთავარზე იქნება სრულადდასაწველნი და ძღვენი და საღვრელები დღესასწაულებში, ახალ მთვარობებში და შაბათებში. ისრაელის სახლის ყველა ზეიმებზე შეასრულებს ის ცოდვის შესაწირავს და ძღვენს, და სრულადდასაწველს და სამშვიდობოს, რათა მიეტევოს ისრაელის სახლს.’ და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘პირველი თვის პირველ დღეს აიღებ უნაკლო მოზვერს და გაწმედ ცოდვისგან საწმიდარს. აიღებს მღვდელი ცოდვის შესაწირავის სისხლისაგან და აპკურებს სახლის წირთხლს და სამსხვერპლოს შვერილის ოთხივე კუთხეს და შიგნითა ეზოს კარიბჭის წირთხლს. ასე გააკეთებს თვის მეშვიდე დღეს ყველასთვის, ვინც შესცოდავს უნებურად ან გულუბრყვილოდ, და ასე მიუტევებთ სახლს. პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს გექნებათ პასექი, შვიდდღიანი დღესასწაული, და ხმიადს შეჭამთ. იმ დღეს მთავარმა უნდა მოიტანოს თავისთვისა და ქვეყნის მთელი ერისათვის მოზვერი ცოდვის შესაწირავად. დღესასწაულის შვიდივე დღეს მიუტანოს სრულადდასაწველად უფალს დღეში შვიდი უნაკლო მოზვერი და შვიდი ვერძი შვიდი დღის განმავლობაში, და ცოდვის შესაწირავად დღეში ერთი თიკანი თხისა. მიიტანოს ეფა ძღვენი მოზვერზე და ვერძზე და ჰინი ზეთი ეფაზე. მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, დღესასწაულზე, შეასრულოს ყოველივე ეს შვიდი დღის განმავლობაში, იგივე ცოდვის შესაწირავი, იგივე სრულადდასაწველი, იგივე ძღვენი და იგივე ზეთი.’ „და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘შიგნითა ეზოს კარიბჭე, აღმოსავლეთით მიქცეული, დახშული იქნება საქმიანობის ექვსი დღის განმავლობაში, ხოლო შაბათ დღეს და ახალმთვარობის დღეს გაიღება. და მოვა მთავარი კარიბჭის დარბაზის გზით გარედან და დადგება კარიბჭის წირთხლზე, და შესწირავენ მღვდლები მის სრულადდასაწველს და მის სამშვიდობო შესაწირავს, და თაყვანს სცემს იგი კარიბჭის ზღურბლზე, და გავა და კარიბჭე არ დაიხშება საღამომდე. და თაყვანს სცემს ქვეყნის ხალხი უფლის წინაშე იმ ჭიშკრის შესასვლელში შაბათებსა და ახალმთვარობებში. და სრულადდასაწველი, რომელსაც შესწირავს მთავარი უფალს შაბათ დღეს, იქნება ექვსი უნაკლო ცხვარი და უნაკლო ვერძი, და ძღვენი ერთი ეფა ვერძზე, ძღვენი ცხვრებზე კი მისი ხელგაშლილობის მიხედვით, და ზეთი ჰინი საწყაულზე. ახალმთვარობის დღეს უნაკლო მოზვერი და უნაკლო ექვსი ცხვარი და ვერძი იქნება. და ერთ ეფას ვერძზე და ერთ ეფას მოზვერზე შეასრულებს ძღვენს და ცხვრებს, რამდენსაც გაიმეტებს მისი ხელი, და ზეთს ჰინის ეფაზე. და როდესაც მოვა მთავარი, კარიბჭის დარბაზის გზით მოვა და იმავე გზით გავა. და როდესაც მოვა ერი ქვეყნისა უფლის წინაშე ზეიმებში, თაყვანის საცემლად შემოსული ჩრდილოეთის კარიბჭის გზით, გავა სამხრეთის გზით. და შემომსვლელი სამხრეთის კარიბჭის გზით გავა ჩრდილოეთის კარიბჭით. არ მობრუნდება იმ კარიბჭის გზით, რომლითაც შემოვიდა, არამედ მოპირდაპირეთი გავა. და მთავარიც მათ შორის, მათი შემოსვლისას მოვა და მათი გასვლისას გავა. და დღესასწაულებში და ზეიმებში ძღვენი იქნება: ეფა მოზვერზე და ეფა ვერძზე და ცხვრებზე მისი ხელგაშლილობის მიხედვით, და ზეთი – ერთი ჰინი ეფაზე. და თუ აღასრულებს მთავარი სრულადდასაწველს ნებაყოფილობით ან სამშვიდობოს ნებაყოფილობით, გაუღებენ მას აღმოსავლეთით მიქცეულ კარიბჭეს და შეასრულებს იგი მის სრულადდასაწველს და მისი სამშვიდობო მსხვერპლს, როგორც ასრულებს შაბათის დღეს, და გავა და დახშავენ კარიბჭეს მისი გასვლის შემდეგ. უნაკლო ერთწლიანი ვერძით შეუსრულე სრულადდასაწველი ყოველდღე უფალს. ყოველ დილით შეასრულე ეს. და ძღვენი მოუტანე მას დილაობით მეექვსედი ეფასი და ზეთი მესამედი ჰინისა, რათა დანამოს ფქვილი განმტკიცული. ესაა ძღვენი უფლისა – საუკუნო წესი, სამუდამოდ. და მოამზადონ ვერძი და ძღვენი და ზეთი დილაობით – სამუდამო სრულადდასაწველი.’ და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘თუ მისცემს მთავარი საჩუქარს რომელიმეს თავის ძეთაგან, მის ძეთა მემკვიდრეობა იქნება იგი. ეს მათი საკუთრებაა მემკვიდრეობით. და თუ მისცემს ის თავისი სამკვიდრებლიდან თავის ერთ მსახურთაგანს, მაშინ მისი იქნება იგი განთავისუფლების წლამდე და დაუბრუნდება მთავარს. მხოლოდ მის ძეთ ექნებათ ის სამკვიდრებლად. ვერ აიღებს მთავარი ერის სამკვიდრებლიდან რაიმეს მათი საკუთრებიდან მათი გამოძევებით. მხოლოდ თავისი საკუთრებიდან დაუმკვიდრებს თავის ძეთ, რომ არავინ მოსცილდეს ჩემს ერში თავის საკუთრებას.’“ და მიმიყვანა შესასვლელთან, რომელიც კარიბჭის კუთხეშია, მღვდელთა წმიდა სენაკებთან, რომლებიც ჩრდილოეთითაა მიქცეული, და მიჩვენა იქ ადგილი კიდეზე, დასავლეთით, და მითხრა: ‘ეს არის ადგილი, სადაც მღვდლები მოხარშავენ დანაშაულისა და ცოდვის მსხვერპლს, სადაც გამოაცხობენ ძღვენს, რათა არ იქნეს გატანილი გარეთა ეზოში, რომ არ გადაედოს ერს სიწმიდე.“ და გამიყვანა გარეთა ეზოში და მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე. და იქ ვნახე ეზო ეზოს კუთხეში. ეზოს ოთხივე კუთხეში ჩაკეტილი ეზოები იყო, ორმოცი სიგრძით და ოცდაათი სიგანით. ერთი ზომა ჰქონდა მათ ოთხივე კუთხეს. და მწკრივი ქვებისა ირგვლივ, მათ ოთხივეს ირგვლივ, და სახარშავი, გაკეთებული რიგების ქვეშ ირგვლივ. და მითხრა: „ესაა სახარშავი სახლი, სადაც მოხარშავენ მსახურნი ერისგან შეწირულ მსხვერპლს.“ და დამაბრუნა სახლის შესასვლელში და ვნახე იქ წყალი, გამომდინარე სახლის ზღურბლის ქვეშიდან, აღმოსავლეთით, რადგან სახლი აღმოსავლეთით იყო მიქცეული და წყალი ჩამოდიოდა სახლის მარჯვენა მხარის ქვევიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით. და გამომიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭის გზით და გამატარა გარეთა გზით გარეთა კარიბჭესთან, გზით, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიქცეული და მოედინებოდა იქ წყალი მარჯვენა მხრიდან. როდესაც გადიოდა ეს კაცი აღმოსავლეთით, მას ხელში ზონარი ეჭირა და გაზომა ათასი წყრთა და გამატარა მე წყალში – მუხლისთავამდე იყო წყალი. და გაზომა ათასი და გამატარა წყალში – მუხლებამდე იყო წყალი, და გაზომა კიდევ ათასი და კვლავ გამატარა – წყალი ამჯერად წელამდე იყო. და კიდევ გადაზომა ათასი – და იყო ხევი, რომლის გადალახვა არ შემეძლო, რადგან აიწია წყალმა. წყალი საცურაო იყო, ხევი კი ვერ გადაილახებოდა. და მითხრა მან: „ნახე, ძეო კაცისავ?“ და წამიყვანა მან და დამაბრუნა ხევის ნაპირზე. და როდესაც დავბრუნდი, ვნახე მდინარის სანაპიროზე ძალზე ბევრი ხე ორივე მხრიდან. და მითხრა მან: ‘ეს წყლები გადიან აღმოსავლეთის მხარეში, ჩავლენ ტრამალზე და შევლენ ზღვიდან ზღვაში, იქ რომ არიან, და განიკურნება წყალი. და ყოველი სულიერი არსება, რომელიც იძვრის ყველგან, სადაც მივლენ ეს ხევები, იცოცხლებს და იქნება ძალზე მრავალი თევზი, რადგან მივლენ იქ ეს წყლები, და განკურნავენ, და ცოცხალი იქნება ყველაფერი, სადაც მივა ეს ხევი. და დადგებიან მასზე მეთევზენი: ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე ბადეთა გასაშლელი იქნება. იმავე ჯიშის იქნება მათი თევზები, როგორც დიდი ზღვის თევზია, ძალზე მრავალი. მისი ჭაობები და მისი ტბები არ განიკურნება – მარილისთვის მიეცემა. და ხევზე, მისი სანაპიროს ორივე მხარეს, ამოვა ყველანაირი ხე საჭმელის მომცემი, მისი ფოთლები არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა. ყოველ თვეს დამწიფდება ახალი ხილი, რადგან მისი წყლები საწმიდრიდან გამოდიან. და იქნება მისი ნაყოფი საჭმელად და მისი ფოთლები წამლად.“ და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ესაა საზღვარი, რომლითაც დაუნაწილებ ამ ქვეყანას ისრაელის თორმეტ ტომს: იოსებს ექნება ორი წილი და დაინაწილებთ მას, თითოეული თანაბრად. როდესაც ავწიე ჩემი ხელი, დავიფიცე მიმეცა თქვენი მამებისათვის და თქვენ გხვდათ წილად ეს ქვეყანა სამკვიდრებლად. ეს არის ამ ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთის მხარეს დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადის მიმართულებით, ხამათი, ბეროთა, სიბრაიმი, რომლებიც დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, რომელიც ხავრანის საზღვართანაა. იქნება საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე; დამასკოსა და ჩრდილოეთით ხამათის საზღვრამდე. და ეს არის ჩრდილოეთის საზღვარი. და აღმოსავლეთის საზღვარი – ხავრანს შორის და დამასკოს შორის და გილყადს შორის და ისრაელის ქვეყანას შორის, იორდანეზე, აღმოსავლეთის ზღვის საზღვრიდან გადაზომეთ. და ეს არის აღმოსავლეთის კიდე. და სამხრეთის საზღვარი – სამხრეთისაკენ თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, ხევის გაყოლებაზე დიდი ზღვისაკენ. და ეს არის სამხრეთის საზღვარი, სამხრეთით. და დასავლეთის საზღვარი – დიდი ზღვა, სამხრეთის საზღვრიდან ხამათში მიმავალ გზამდე. ეს არის დასავლეთის საზღვარი. გაინაწილეთ წილისყრით ეს ქვეყანა თქვენს შორის, ისრაელის ტომების მიხედვით. და როცა გაანაწილებთ წილისყრით მას სამკვიდრებლად თქვენთვის და თქვენს შორის მცხოვრებ მდგმურთათვის, რომელთაც თქვენს შორის შობეს შვილები. იქნებიან ისინი თქვენთან, როგორც მკვიდრნი ისრაელის ძეთა შორის. თქვენთან გაინაწილებენ წილისყრით სამკვიდრებლად ისრაელის ტომთა შორის. და იმ ტომში, რომელშიც მდგმური იცხოვრებს, იქ მისცემთ მას სამკვიდრებელს,“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. „და ესენია ტომთა სახელები: ჩრდილოეთის კიდედან ხეთლონის გზასთან ხამათის მიმართულებით ხაცარ-ყენონი – დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთით, ხამათის გვერდით. და ექნება მას აღმოსავლეთის კიდე დასავლეთით – დანს ერთი წილი. დანის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – აშერს ერთი წილი. აშერის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – ნაფთალს ერთი წილი. ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – მენაშეს ერთი წილი. და მენაშეს საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – ეფრემს ერთი წილი. და ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – რეუბენს ერთი წილი. და რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – იუდას ერთი წილი. და იუდას საზღვართან აღმოსავლეთი კიდიდან დასავლეთის კიდემდე იქნება შესაწირავი, რომელსაც შესწირავთ: ოცდახუთი ათასი სიგანით და სიგრძით, როგორც ერთი ნაწილი აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, და იქნება საწმიდარი მის შიგნით. და შესაწირავი, რომელსაც შესწირავთ თქვენს უფალს, იქნება სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი. და მათთვის, მღვდელთათვის, იქნება წმიდა შესაწირავი: ჩრდილოეთით – ოცდახუთი ათასი და დასავლეთით – სიგანე ათი ათასი და აღმოსავლეთით – სიგანე ათი ათასი და სამხრეთით – სიგრძე ოცდახუთი ათასი. და იქნება უფლის საწმიდარი მის შიგნით. ეს არის განწმედილ მღვდელთათვის, ცადოკის ძეთაგან, რომელთაც აღმისრულეს მოვალეობა, რომელნიც არ განმიდგნენ ისრაელის ძეთა განდგომისას, როგორც განმიდგნენ ლევიანები, იქნება მათთვის შესაწირავი ქვეყნის შესაწირავიდან წმიდათა წმიდა – ლევიანთა საზღვართან. და ლევიანთა მღვდელთა საზღვრის პირისპირ – ოცდახუთი ათასი სიგრძე და ათი ათასი სიგანე, მთელი სიგრძე ოცდახუთი ათასი და სიგრძე ათი ათასი. და ვერ გაყიდიან მისგან და ვერ გაცვლიან და ვერ გადასცემენ ქვეყნის ნათავარს, რადგან წმიდაა უფლისათვის. და დარჩენილი ხუთი ათასი სიგანით ოცდახუთი ათასი სიგრძით არის სადაგი ადგილი ქალაქისათვის, დასახლებისათვის და სანახებისთვის, და იქნება მის შიგნით ქალაქი. და ესაა მისი ზომები: ჩრდილოეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი, და სამხრეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი, და აღმოსავლეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი, და დასავლეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი. და იქნება სანახები ქალაქისა ჩრდილოეთით ორას ორმოცდაათი და სამხრეთით ორას ორმოცდაათი, აღმოსავლეთით ორას ორმოცდაათი და დასავლეთით ორას ორმოცდაათი. და დარჩენილი სიგრძე წმიდა შეწირულების პირისპირ – ათი ათასი აღმოსავლეთით და ათი ათასი დასავლეთით. და იქნება ეს წმიდა შეწირულების პირისპირ, და იქნება მისი მოსავალი ქალაქში მშრომელთა გამოსაკვებად. იმუშავებენ ქალაქში მშრომელნი ისრაელის ყოველი ტომიდან. მთელი შეწირულება – ოცდახუთი ათასი ოცდახუთ ათასზე, ოთხკუთხედად შესწირეთ წმიდის შესაწირავი ქალაქის საკუთრებასთან ერთად. დანარჩენი კი მთავრისათვის იქნება წმიდის შესაწირავის და ქალაქის საკუთრების ორივე მხრიდან, მოპირდაპირედ – ოცდახუთი ათასი შესაწირავის პირისპირ საზღვრამდე აღმოსავლეთით და დასავლეთით, ოცდახუთი ათასი დასავლეთის საზღვარზე იუდასა და ბენიამინის ნაწილების პირდაპირ – მთავრისათვის. და ექნება წმიდის შესაწირავი და სახლის საწმიდარი მის შიგნით. და ლევიანთა საკუთრებიდან და ქალაქის საკუთრებიდან იმ ნაწილის შიგნით, რომელიც მთავრისაა, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, მთავრისათვის იქნება. დანარჩენ ტომებს აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ბენიამინს ერთი. ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – სიმონს ერთი. სიმონის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ისაქარს ერთი. ისაქარის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ზებულუნს ერთი. ზებულუნის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – გადს ერთი. გადის საზღვართან სამხრეთის საზღვრისაკენ სამხრეთით იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლამდე, დიდ ზღვამდე. ეს არის ქვეყანა, რომელსაც გაანაწილებთ წილისყრით ისრაელის ტომთა სამკვიდრებლიდან და ესენია ქალაქის კარიბჭენი.“ – სიტყვა უფალი ღმერთისა. და ესენია ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხრიდან – ოთხი ათას ხუთასი ზომა. ქალაქის კარიბჭეები ისრაელის ტომთა სახელებით იწოდება: სამი კარიბჭე იქნება ჩრდილოეთით – რეუბენის კარიბჭე, იუდას კარიბჭე და ლევის კარიბჭე. და აღმოსავლეთის საზღვართან, ოთხი ათას ხუთასი ზომა – სამი კარიბჭე იქნება: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე. და სამხრეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი ზომა და სამი კარიბჭე იქნება: სიმონის კარიბჭე, ისაქარის კარიბჭე და ზებულუნის კარიბჭე. დასავლეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი – და მათი კარიბჭეები სამი: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე. ირგვლივ თვრამეტი ათასი. და ქალაქის სახელი იმ დღიდან ქნება – ‘უფალია იქ!’“ იეჰოიაკიმის, იუდას მეფის, მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას. ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე, და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი, და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული. უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელის ძეთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან. უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. განუწესა მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის სუფრიდან და იმ ღვინიდან, თავად რომ სვამდა. სამ წელიწადში უნდა გაწვთრთნილიყვნენ ისინი და ბოლოს მეფის სამსახურში ჩამდგარიყვნენ. მათ შორის იუდას ძეთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია. სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა: დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას – შადრაქი, მისაელს – მეშაქი, ყაზარიას – ყაბედ-ნეგო. დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, რომ არ გაუწმიდურებულიყო. მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთა მთავრის წინაშე. უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: „მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი საჭმელ-სასმელი განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტადაა გამხდარი, ამით თქვენ მე დამადანაშაულებთ მეფის წინაშე.“ უთხრა დანილმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია: „მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მსახურნი: საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად – წყალი. მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფაზე რომ იქნებიან. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მსახურთ“. დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა. ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფაზე რომ იყვნენ. ამიტომ მწდეს უკან მიქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო, ხოლო მათ მწვანილს აძლევდა. მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნსა და სიბრძნეში. დანიელს კი ამას გარდა გაეგებოდა ყველა ხილვა და სიზმარი. როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ მათ წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა. ელაპარაკა მათ მეფე და მათ შორის არავინ აღმოჩნდა დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიას ბადალი. და ჩადგნენ ისინი მეფის სამსახურში. გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ. და იყო იქ დანიელი კიროსის პირველ წლამდე. ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა. მოახმობინა მეფემ მოგვები, შემლოცველები, ჯადოქრები და ქალდეველები, რათა მეფისათვის აეხსნათ მისი სიზმრები. ისინიც მოვიდნენ და წარსდგნენ მეფის წინაშე. უთხრა მათ მეფემ: „სიზმარი დამესიზმრა და სული მიფორიაქებს და ამ სიზმრის გაგება მინდა.“ ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: „მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! უამბე შენი სიზმარი შენს მსახურთ და აგიხსნით მის აზრს.“ მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: „გამშორდა სიტყვა. თუ სიზმარს და მის ახსნას არ მეტყვით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა. თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ გამაგებინეთ სიზმარი და მისი ახსნა.“ მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: „უბრძანოს მეფემ თავის მსახურთ თავისი სიზმარი და ჩვენც ვიტყვით ახსნას.“ მიუგო მეფემ და თქვა: „ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ გამშორდა სიტყვა. თუ კი სიზმრის გაგებინება არ გინდათ ჩემთვის, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ.“ მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: „ქვეყანაზე არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისათვის ამ ბრძანების შესრულება რომ შეეძლოს, რადგან არც ერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე მოგვისგან, შემლოცველისაგან თუ ქალდეველისაგან. საქმე, მეფე რომ ითხოვს, იმდენად საძნელოა, რომ ვერავინ შეუსრულებს მეფეს იმ ღმერთების მეტი, რომლებიც ძე-ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ.“ ამან აღაშფოთა მეფე და ძლიერ განარისხა. ბრძანება გასცა ყველა ბაბილონელი ბრძენი დაეხოცათ. ბრძანება გამოვიდა, რათა ბრძენკაცები გაეჟლიტათ. დანიელს და მის მეგობრებსაც მოსაკლავად დაეძებდნენ. მაშინ დანიელმა საზრიანი და ბრძნული პასუხი გასცა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, რომელიც ბაბილონელი ბრძენკაცების დასახოცად იყო გამოსული. მიუგო და უთხრა არიოქს, მეფის მოხელეს: „რისთვის გამოვიდა მეფისგან ეგზომ მკაცრი ბრძანება?“ მაშინ ყველაფერი აუწყა არიოქმა დანიელს. წავიდა დანიელი მეფესთან და დრო დაანიშნინა, რომ სიზმრის ახსნა მიეცა მისთვის. მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ამხანაგებს – ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას ამცნო ეს ამბავი, რომ ზეციერი ღმერთისაგან გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გამო, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ. დანიელს ღამის ხილვაში გაეხსნა საიდუმლო და აკურთხა დანიელმა ზეციერი ღმერთი. ამეტყველდა დანიელი და თქვა: „კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა. იგი ცვლის დრო-ჟამს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ – ცოდნას. ააშკარავებს ღრმას და დაფარულს. იცის, რა იმალება ბნელში, და ნათელი მასშია დავანებული. ჩემი მამა-პაპის ღმერთო, გმადლობ და გაქებ. შენ მომეცი სიბრძნე და ძალა, შენ გამომიმჟღავნე ის, რასაც გევედრებოდით; რადგან შენ გაგვიმჟღავნე მეფის ამბავი.“ ამის შემდეგ მივიდა დანიელი არიოქთან, ვისთვისაც მეფეს ბაბილონელი ბრძენკაცების დასჯა ჰქონდა დავალებული, მიეახლა მას და ასე უთხრა: „ნუღარ დახოცავ ბაბილონელ ბრძენკაცებს, მეფესთან წამიყვანე და მე ავუხსნი მეფეს სიზმარს.“ მაშინ არიოქმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა დანიელი მეფეს და ასე უთხრა: „აჰა, ვნახე კაცი გადმოსახლებულ იუდაელთა შორის, რომელსაც შეუძლია აუხსნას მეფეს სიზმარი.“ მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად ხმობილს: „შეგიძლია გამაგებინო სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა იგი?“ მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: „ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და გრძნეულებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ შეუძლიათ. მაგრამ არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებში. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე: მეფეო, შენს სარეცელზე ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ, და საიდუმლოთა განმცხადებელმა ის გიჩვენა, რაც იქნება. ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ განმიცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვარ ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაგეგო შენი გულის ზრახვანი. აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს. უზარმაზარი იყო ის კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე. საშინელი შესახედავი იყო. ამ კერპს თავი წმიდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები – ვერცხლისა, მუცელი და თეძოები – სპილენძისა, წვივები – რკინისა, ფეხები – ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ თიხისა. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე შემდგარს, და შემუსრა იგი. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა. რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი კვალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპს რომ დაეჯახა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა. ეს არის სიზმარი. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე. მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენ ხარ ის ოქროს თავი. შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენსაზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება – სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს. მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა, ყველაფერს რომ ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც შემმუსვრელ რკინასავით ყოველივე ამას დააქუცმაცებს და შემუსრავს. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ – რკინისა, ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება: მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხასთან შერეული რკინა. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ – მყიფე. როგორც შენ თიხაში შერეული რკინა დაინახე, ისე შეერევიან ერთმანეთს კაცთა მოდგმის ძალით, მაგრამ ვერ მიეწებებიან ერთმანეთს, როგორც რკინა არ შეერევა თიხას. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება, რადგან შენ დაინახე, რომ ის ლოდი მთას ხელუკვრელად მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო, დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.“ მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა უფალია და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება.“ მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენთმთავრად დაადგინა. სთხოვა დანიელმა მეფეს და ბაბილონის ქვეყნის საქმეები შადრაქს, მეშექსა და ყაბედ-ნეგოს ჩააბარა. თვით დანიელი კი მეფის კარზე დარჩა. გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთა სიმაღლით და ექვსი წყრთა სიგანით. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე. ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის სატფურებაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და ქვეყანათა განმგებელნი იმ კერპის სატფურებაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე. მაშინ მაწვევარმა რიხიანად დაიძახა: „ხალხნო, ტომებო და ენანო. თქვენ გებრძანებათ! როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირის და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული. ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხებმა გაიგონეს საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა საკრავის ხმა, ყველა ხალხები, ტომები და ენები დაემხნენ და თაყვანი სცეს ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. ამ დროს იყო, რომ მოდგა ზოგიერთი ქალდეველი და იუდაელებს დაუწყეს ბრალის დადება. უამბეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს და უთხრეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, გუდასტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი. ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში. მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს კაცები არ დაემორჩილნენ შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე. მაშინ ნაბუქოდონოსორმა ბრძანა ბრაზითა და რისხვით შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები. მიუგო ნაბუქოდონოსორმა და უთხრა მათ: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე? ახლა კი მოემზადენით და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე, ხოლო თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?“ შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: „ნაბუქოდონოსორ, ჩვენ არ გვჭირდება მაგ ამბავზე პასუხის გაცემა. თუ ასე იქნება, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! თუ არა და, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე.“ მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო. შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდჯერ და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ ხოლმე. უბრძანა თავისი მხედრობის უძლიერეს ვაჟკაცებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. მაშინ ეს კაცები, თავიანთ ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოსელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომელნიც შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ჰყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა. ხოლო ეს სამნი: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ. მაშინ შეცბა მეფე ნაბუქოდონოსორი და მკვირცხლად წამოიჭრა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: „ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ცეცხლში?“ მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: „ჭეშმარიტად, მეფეო!“ მიუგო მან და თქვა: „აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის ძესა ჰგავს.“ მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შესძახა და უთხრა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მსახურნო, აქ მოდით!“ მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო გამოვიდნენ შუაგული ცეცხლიდან. შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟების ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც კი არ შეტრუსოდათ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და ნატისუსალიც კი არ ასდიოდათ. მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: „კურთხეულია ღმერთი შადრაქისა, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც მოავლინა თავისი ანგელოზი და იხსნა თავისი მსახურნი, რომლებიც მას მიენდვნენ, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი სხეულიც კი გადადეს, რათა თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ. ამიტომ ვიძლევი ბრძანებას: ყოველი ხალხი, ტომი ან ენა, რომელიც შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწოს, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცეს. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, ასე რომ შეეძლოს ხსნა.“ მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. „მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხებს, ტომებს, ენებსა და მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრებთ: „მშვიდობა გაგიმრავლდეთ!“ ნიშნები და სასწაულები, რომელნიც მაღალმა ღმერთმა ჩემზე მოახდინა, კეთილად მიმაჩნია, გაცხადებულ იქნას. რაოდენ დიდია მისი ნიშნები, რაოდენ ძლიერია მისი სასწაულები! მისი სამეფო საუკუნო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი თაობიდან თაობაშია! მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში. ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე. განკარგულება გავეცი, რომ ჩემთან მოეყვანათ ყველა ბაბილონელი ბრძენკაცი, რომ აეხსნათ სიზმარი. მაშინ მოვიდნენ ჯადოქრები, შემლოცველნი, ქალდეველნი და გრძნეულები. მოვუყევი სიზმარი, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ახსნა. ბოლოს მოვიდა დანიელი, რომელსაც ჩემი ღმერთის სახელისამებრ ბელტეშაცარი ერქვა და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. და ვუამბე მას სიზმარი და ვუთხარი: ‘ბელტეშაცარ, მოგვთა მთავარო! ვიცი, შენში წმიდა ღმერთების სულია და არანაირი საიდუმლო არ არის შენთვის საძნელო. აჰა, ხილვები ჩემი სიზმრისა, მე რომ ვნახე, და მითხარი მისი ახსნა. ჩემი თავის ხილვები ჩემს სარეცელზე ასეთი იყო: ვხედავ, აჰა, დედამიწის შუაში ხე დგას, დიდი სიმაღლისა. გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი კენწერო ცას მისწვდა და დედამიწის ყველა კუთხიდან მოჩანდა. ფოთლები მშვენიერი ჰქონდა და ნაყოფი მასზე ყველასათვის იყო საზრდო, მინდვრის მხეცები მის ძირას პოულობდნენ ჩრდილს და მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი. ვნახე ჩემი თავის ნახილვებში, ჩემს მან ომახიანად დაიძახა და თქვა: მოჭერით ეგ ხე, აკაფეთ ტოტები, დააცალეთ ფოთლები, გააბნიეთ მისი ნაყოფი. გაეცალონ მის ძირს მხეცები, ფრინველები – მის ტოტებს! ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ, რკინის და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის. ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს იგი და მხეცებთან ერთად მიწის ბალახში ჰქონდეს წილი. კაცის გული გამოეცვლება და მხეცის გული მიეცემა. შვიდი წელიწადი გადაუვლის მას. ეს სასჯელი არის მღვიძარეთა ბრძანებით, და წმიდათა სიტყვით რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე, ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს აღაზევებს მასზე. ეს სიზმარი ვნახე მე, ნაბუქოდონოსორმა. შენ კი, ბელტეშაცარ, უნდა ამიხსნა იგი, რადგან ჩემს სამეფოში არც ერთ ბრძენს არ შეუძლია მისი ახსნა, შენ კი შეგიძლია, რადგან შენშია წმიდა ღმერთების სული.’“ მაშინ დანიელი, რომლის სახელია ბელტეშაცარი, ერთხანს თავზარდაცემული იყო და ფაქრები აშფოთებდა. მიუგო მეფემ და უთხრა: „ბელტეშაცარ, ნუ გაშფოთებს ეს სიზმარი და მისი ახსნა.“ მიუგო ბელტეშაცარმა და უთხრა: „ჩემო ბატონო, შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტრებს მისი ახსნა. ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ იზრდებოდა, მაგრდებოდა, კენწეროთი ცას სწვდებოდა და მთელ დედამიწაზე რომ მოჩანდა, მშვენიერი ფოთლები, მრავალი ნაყოფი და ყველასათვის საზრდო რომ ჰქონდა, რომლის ქვეშაც ველის მხეცები იყვნენ და რომლის ტოტებზეც ცის ფრინველები ბუდობდნენ, ეს შენა ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული. შენი სიდიადე გაიზარდა და ცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი დედამიწის კიდეებს. მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: მოჭერით და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ რკინისა და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის, ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს და მინდვრის მხეცებთან ჰქონდეს წილი, ვიდრე შვიდი წელიწადი არ გადაუვლისო, ესაა მისი ახსნა, მეფეო, და ეს არის უზენაესის ბრძანება, რომელიც ჩემს მეფე-ბატონს დაატყდება თავს. მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი ბინა; ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ. ზეცის ცვარ-ნამით დასველდები და შვიდი ჟამი გადაივლის შენს თავზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს. ხოლო ხის მთავარი ფესვის დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სამეფო შეგრჩება, როცა შეიცნობ, რომ ცა ხელმწიფებს. ამიტომ, მეფეო, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა და შენი ცოდვები სიმართლით ჩამოიცილე, შენი უსამართლობანი კი – ღარიბებისადმი გულმოწყალეობით. ვინძლო გახანგრძლივდეს შენი სიმშვიდე.“ ახდა ყოველივე ეს მეფე ნაბუქოდონოსორზე. თორმეტი თვის შემდეგ, ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას, ალაპარაკდა მეფე და თქვა: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად?“ მეფეს ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა სიტყვა, რომ ზეციდან ხმა ჩამოისმა: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გაგშორდა სამეფო. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან გექნება ბინა, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი ჟამი გადაივლის შენს თავზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.“ მყისვე აღსრულდა ნაბუქოდონოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან. ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო. მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი – ფრინველის კლანჭებივით. „ის დღეები რომ ჩამოთავდა, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარადცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და მისი სამეფო თაობიდან თაობაშია. დედამიწის ყველა მკვიდრი არაფრად ითვლება. თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო? მაშინ დამიბრუნდა გონება, ჩემი სამეფოს სადიდებლად დამიბრუნდა ჩემი დიდება და ჩემი უწინდელი სახე. მაშინ მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდებულებმა და კვლავ დადგენილი ვიქენ ჩემს სამეფოზე და ჩემი სიდიადე უფრო მეტად მომესართა. ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზები – სამართლიანი, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი.“ მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს და იმ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს. ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა, რომ მოერთმიათ მისთვის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს, მამამისს, გამოტანილი ჰქონდა იერუსალიმის ტაძრიდან, რათა მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ესვათ. მაშინ მოიტანეს ის ოქროს ჭურჭლეული, რომელიც წამოღებული იყო ტაძრიდან, ღვთის სახლიდან, რომელიც იერუსალიმში იყო. იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები. სვამდნენ ისინი ღვინოს და ადიდებდნენ ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა. მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრებმა შეაშფოთეს. თეძოს სახსრები დაუდუნდა, მისი მუხლები ერთმანეთს ეხლებოდა. ხმამაღლა იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდეველები, მკითხავები მოეყვანათ, მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: „ვინც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე გახდება მთავარითა შორის.“ მაშინ მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მეფისათვის მისი მნიშვნელობის ახსნა ვერ შეძლეს. მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და სახეზე ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდებულებიც. მეფისა და დიდებულების ლაპარაკზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა და უთხრა: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაძრწუნებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება სახეზე ფერი! შენს სამეფოში ერთი კაცია, რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე – ღმერთების სიბრძნის დარი. მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა, მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და გრძნეულების მთავრად დააყენა. ეს იმიტომ, რომ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშაცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრის ახსნისა, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა. ახლა დანიელს დაუძახეთ და ის იტყვის ახსნას.“ მაშინ მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „შენა ხარ ის დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგან, რომელნიც მამაჩემმა – მეფემ იუდადან წამოასხა? შენზე გაგონილი მაქვს, რომ შენში ღვთის სულია და ნათელი, გონიერება და საკვირველი სიბრძნე მოიპოვება. ახლახან ბრძენკაცები და ჯადოქრები მყავდნენ მოყვანილნი ჩემს წინაშე წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ სიტყვის ახსნა. შენზე გაგონილი მაქვს, რომ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შეძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და მისი მნიშვნელობის ახსნას ჩემთვის, ძოწეულით შეიმოსები, ყელზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებ და სამეფოში მესამე გახდები მთავართა შორის.“ მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: „შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც ვაუწყებ. მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს, სამეფო, სიდიადე, პატივი და დიდება. ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო. ვინც მას უნდოდა, ჰკლავდა, ვინც მას უნდოდა, ცოცხალს ტოვებდა, ვისაც უნდოდა, აღამაღლებდა და ვინც მას უნდოდა, დაამდაბლებდა. მაგრამ, როდესაც გული აღუმაღლდა და სული ისე გაუმქისდა, რომ გაკადნიერდა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა. მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან დაიდო ბინა. ბალახს აჭმევდნენ, როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და, ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას. შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი. შენ თავი აღაზევე ზეციერი უფლის წინააღმდეგ. შენს წინაშე მოიტანეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით იქიდან ღვინოს. ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ. ის ღმერთი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე. მაშინ მოივლინა მისგან ხელის მტევანი და დაიწერა ეს წარწერა. აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: ‘მენე, მენე, თეკელ უფარსინ.’ აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე – აღრიცხა ღმერთმა შენი სამეფო და ბოლო მოუღო მას. თეკელ – სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი. ფერეს – გაიყო შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა იგი.“ მაშინ მეფე ბელშაცარმა ბრძანა და დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და გამოაცხადეს, რომ იგი სამეფოში მესამე მთავარი იქნებოდა. იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე. დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო. კეთილად მიიჩნია დარიოსმა თავის სამეფოში ასოცი სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ. მათ კი სამი მთავარი დაუყენა, მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა. მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად გამოირჩა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი. მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა. მაშინ ამ კაცებმა თქვეს: „დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთ.“ მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: „მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე! სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა გამოცემულიყო სამეფო დადგენილება და შემოღებულიყო მტკიცე აკრძალვა, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული. ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს აკრძალვა და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, მიდიელთა და სპარსელთა კანონისამებრ, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია.“ ამიტომ ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა სიგელსა და აკრძალვას. როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი იქნა ხელმოწერილი, შინ წავიდა. მისი ზემოთვალის სარკმლები იერუსალიმის მხარეს იყო გაღებული. დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ლოცულობდა და მადლს სწირავდა თავისი ღმერთის წინაშე, როგორც ამას მანამდე აკეთებდა. მაშინ ის კაცები მივიდნენ და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთის წინაშე წყალობას ითხოვდა. მერე ეახლენ და მეფეს მოახსენეს მეფის აკრძალვის თაობაზე: „განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში, შენს გარდა რომელიმე ღმერთს ან კაცს, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნება ჩაგდებული?“ მიუგო მეფემ და უთხრა: „ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია.“ მაშინ მიუგეს მათ და თქვეს მეფის წინაშე: „მეფეო, დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ ხელმოწერილ აკრძალვას. დღეში სამჯერ ითხოვს თავის სათხოვარს. ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა და დანიელის ხსნა ჩაიდო გულში. მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას. მაშინ ის კაცები მივიდნენ და უთხრეს: „იცოდე, მეფეო, მიდიელთა და სპარსელთა კანონია, რომ მეფის ყოველი აკრძალვა და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.“ მაშინ ბრძანა მეფემ და მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „დაე, იმ შენმა ღმერთმა გიხსნას, რომელსაც ემსახურები!“ მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს დაადეს თავზე. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო. მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა, თავშესაქცევი არ მოუტანიათ მის წინაშე, და ძილიც გაუკრთა. ალიონზე, განთიადისას, ადგა მეფე და სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა. ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით შესძახა მეფემ დანიელს და უთხრა: „დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, მუდამ რომ ემსახურები?“ მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც ბრალი არა მაქვს მე, მეფეო.“ მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და ბრძანა დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. არაფერი ვნებოდა, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა. მეფემ ბრძანა და მოიყვანეს ის კაცები, რომელთაც დანიელი დააბეზღეს, და ლომების ხაროში ჩაყარეს ისინი, მათი შვილები და ცოლები. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ებდღვნენ ლომები და ძვლები დაულეწეს. მაშინ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას – მთელი ქვეყნის მკვიდრებს – მისწერა: „მშვიდობა გაგიმრავლდეთ! ბრძანებას ვიძლევი, და შიშობდნენ დანიელის ღმერთის წინაშე, რადგან იგი ცოცხალი მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება უსასრულო. იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და მიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.“ წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის მეფობის დროს. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი თავის ხილვა თავისსავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი სიტყვები. დაიწყო დანიელმა და თქვა: „ღამით ჩემს ხილვაში ვხედავდი, აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისაგან განსხვავებული, ვეება მხეცი ამოვიდა. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, სანამ ფრთები დასწყდებოდა. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა. აჰა, სხვა მხეცი, მეორე, დათვის მსგავსი. იდგა ცალ გვერდზე და სამი ნეკნი ჰქონდა პირში, კბილებს შორის. უთხრეს მას: ‘ადექ, ჭამე ბევრი ხორცი!’ ამის შემდეგ ვიხილე და, აჰა, გამოჩნდა ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა. ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას. ამის შემდეგ ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში, აჰა, გამოჩნდა მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი, რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა. მე ვაკვირდებოდი ამ რქებს და აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი პირვანდელი რქა ძირიანად ამოვარდა მის წინაშე. და აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალების მსგავსი ჰქონდა და პირი – ამპარტავნულად მოლაპარაკე. ვიხილე, რომ ტახტრევნები დაიდგა და დაჯდა დღეებით ძველი. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და მისი თავის თმები მატყლივით სუფთა. მისი ტახტი ცეცხლის ალი იყო, მისი ეტლის ბორბლები – მოგიზგიზე ცეცხლი. მოედინებოდა ცეცხლის მდინარე და მისი წინიდან გამოდიოდა. ათასი ათასეული ემსახურებოდა მას და ათი ათასეული იდგა მის წინაშე. დასხდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები. მაშინ ვიხილე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ, მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ, მაგრამ სიცოცხლე გაუხანგრძლივდათ, ოღონდ ვადამდე და დრომდე. ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში, აჰა, დავინახე, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი დღეებით ძველთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა. შემიწუხდა სული მე, დანიელს, ჩემს სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაშფოთეს. მივუახლოვდი ერთ იქ მდგომთაგანს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობა. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივე ამის მნიშვნელობა: ‘ის ვეება მხეცები, რომლებიც ოთხნი არიან, ოთხი მეფეა, რომელნიც მიწიდან აღდგებიან. შემდეგ უზენაესის წმიდები მიიღებენ სამეფოს და დაეუფლებიან სამეფოს სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე.’ მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და მეტად საზარელი იყო, თავისი რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. და იმ ათ რქაზე, თავზე რომ ჰქონდა, და იმ სხვა რქაზე, რომელიც ამოვიდა და, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; ამ რქას ჰქონდა თვალები და პირი ამპარტავნულად მოლაპარაკე, და მისი შესახედაობა უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვებისა. ვიხილე ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ, სანამ დღეებით ძველი მოვიდოდა. მაშინ ეს სამსჯავრო უზენაესის წმიდებს გადაეცა. მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდები დაეუფლნენ. და მან ასე თქვა: „მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად. გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, გაქელავს და შემუსრავს მას. ხოლო ათი რქა ეს არის ათი მეფე, რომელიც ამ სამეფოდან აღდგება. მათ შემდეგ სხვა აღდგება. იგი განსხვავებული იქნება პირველთაგან და სამ მეფეს დაამდაბლებს. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდებს შეავიწროვებს. განიზრახავს დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას დროის, ორი დროისა და ნახევარი დროის მანძილზე. შემდეგ დასხდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, მის ბოლომდე მოსასპობად და დასაღუპავად. მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის წმიდების ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მას მოემსახურება და მას დაემორჩილება.’ აქ არის სიტყვის დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაშფოთა და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს ამბავი გულში დავიმარხე.“ მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, მას შემდეგ, რაც პირველად მეჩვენა. ვხედავდი ხილვაში და ჩემს ხილვაში სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ყელამის ქვეყანაში რომ არის. დავინახე ხილვაში, რომ მდინარე ულაის პირას ვიდექი. თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას, ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი. ერთი რქა მეორეზე გრძელია, და ის გრძელი უფრო გვიან ამოვიდა. დავინახე, ეს ერკემალი ირქინებოდა დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ. წინ ვერცერთი მხეცი ვერ უდგებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისგან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას სჩადიოდა და იზრდებოდა. როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ვაცი მოდიოდა, მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა საჩინო რქა ჰქონდა. მოვიდა იგი იმ ორრქიან ერკემალთან, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და თავისი ძალის მრისხანებით მიეჭრა მას. დავინახე, იგი მიუახლოვდა ერკემალს, რისხვა აეშალა მასზე, დაეტაკა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ წინაღდგომოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გაქელა, და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან. მაშინ ძალზე განდიდდა ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი საჩინო რქა ამოუვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით. ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით. იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გაქელა ისინი. იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დამხობილ იქნა მისი საწმიდარის ადგილი. მხედრობა მიცემულ იქნა მუდმივ მსხვერპლთან ერთად დანაშაულის გამო და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და მოქმედებდა და წარემართებოდა. გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ლაპარაკობდა: „როდემდე გასტანს ეს ხილვა მუდმივ მსხვერპლზე და გატიალების დანაშაულზე, საწმიდარზე და მხედრობაზე, რომელიც უნდა გაიქელოს?“ მითხრა: „ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანს და ამის შემდეგ აღდგება საწმიდარი.“ როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, ჩემს წინ ვიღაც იდგა, კაცის იერის მქონე. და შემომესმა კაცის ხმა შუაგულ ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: „გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!“ და მოვიდა იმ ადგილას, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: „იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა აღსასრულის ჟამს შეეხება.“ რომ მელაპარაკებოდა, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვე გართხმულს. მაშინ ის შემეხო და ჩემს ადგილას დამაყენა. და მითხრა: „აჰა, გამცნებ, რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს აღსასრულის დათქმულ ჟამს შეეხება. ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია, ხოლო ის ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა. ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა – ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ. მათი სამეფოს აღსასრულისას, როდესაც დამნაშავენი თავისას აღასრულებენ, აღდგება წინდაუხედავი და ორპირობაში გაწაფული. განმტკიცდება მისი ძლიერება, საკვირვლად გაანადგურებს და წარემართება და იმოქმედებს, და გაანადგურებს ძლიერებს და წმიდათა ერს. და თავისი მზაკვრობის მეშვეობით სიცრუეს წარმატებას მიაღწევინებს მის ხელში. განდიდდება იგი თავის გულში და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით. ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელზეც ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი.“ მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ვიავადე. მერე ავდექი და მეფის საქმეებს შევუდექი. გაკვირვებული ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერას მივმხვდარიყავი. პირველ წელს, დარიოს ქსერქსეს ძისა, მოდგმით მიდიელისა, რომელიც ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა, – მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებით გავიგე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი შეუსრულდებოდა იერუსალიმის ნანგრევებს. პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ, რათა პასუხი მომეძია ლოცვით და ვედრებებით, მარხვით, ჯვალოთი და ნაცრით. ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: „ჰოი, უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და საშინელო, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ! ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და წესებს. ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურებს – წინასწარმეტყველებს, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს და ქვეყნის ყველა ხალხს. უფალო, შენა გაქვს სიმართლე, ხოლო ჩვენ – სირცხვილი სახეზე, როგორც ამ დღეს, – იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელს ისრაელს, ახლობლებსა და შორებლებს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ სიმუხთლის გამო, რომლითაც შენ გიმუხთლეს. უფალო, სირცხვილი გვაქვს სახეზე ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე. უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის მოწყალება და პატიება, ჩვენ კი ავუჯანყდით მას. ყურს არ ვუგდებდით უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, რათა გვევლო მისი რჯულდებებით, თავისი მსახურების – წინასწარმეტყველების – ხელით რომ დაგვიდო წინ. მთელი ისრაელი გადავიდა შენი რჯულიდან და გადაუხვია, რათა შენი ხმა არ გაეგონა. ამიტომაც გადმოინთხა ჩვენზე ის წყევლა და ფიცი, რომელიც ღვთის მსახურის, მოსეს, რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას. შეასრულა მან თავისი სიტყვა, რომელიც ნათქვამი ჰქონდა ჩვენი და ჩვენი მსაჯულების წინააღმდეგ, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და თავს დიდი უბედურება დაგვატეხა. მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც იერუსალიმში მოხდა. როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს. მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევდრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო. უფალმა უდარაჯა ამ უბედურებას და თავს დაგვატეხა იგი. რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა თავის საქმეში, რაც გაუკეთებია, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას. ახლა კი, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი მაგარი ხელით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი მოიხვეჭე, როგორიც დღესა გვაქვს, შევცოდეთ ჩვენ და ურჯულოება ჩავიდინეთ. უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს – იერუსალიმს – შენს წმიდა მთას. რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების უკეთურების გამო არიან იერუსალიმი და შენი ერი შეგინებულნი ყველა ჩვენს გარეშემოთაგან. ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება და უფლის გულისთვის დაანათე შენი სახე შენს გაპარტახებულ საწმიდარს. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, აახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ეწოდება. რადგან ჩვენი სიმართლის გამო კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების გამო. უფალო, ისმინე! უფალო, გვაპატიე! უფალო ყური მოგვაპყარ და იმოქმედე და ნუ დააყოვნებ, შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო! რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.“ ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი და ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის, ისრაელის, ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის, წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე, ჯერ კიდევ ლოცვაში ვლაპარაკობდი, რომ კაცი გაბრიელი, ხილვაში რომ მყავდა ნანახი წინათ, სწრაფი ფრენით მომიახლოვდა მწუხრის მსხვერპლშეწირვის ჟამს. შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: „დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო. შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო, რადგან შენ სასურველი კაცი ხარ. გაიგე ეს სიტყვა და მიხვდი ხილვას. შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა. ოღონდ იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებულამდე, წინამძღვრამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით, ოღონდ ძნელბედობის ჟამს. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და არაფერი ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნით მოვა, ბოლომდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო ნახევარ შვიდეულში გააუქმებს მსხვერპლსა და ძღვენს. სიბილწეთა ტაძრის ფრთაზე იქნება გატიალების სიბილწე, ვიდრე აღსასრულამდე, და წინასწარგანსაზღვრული ეწევა გამტიალებელს.“ კიროსის, სპარსეთის მეფის, მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი იყო ეს სიტყვა და დიდ ომს შეეხებოდა. მან გაიგო სიტყვა და მიხვდა ხილვას. იმ დღეებში მე, დანიელი, სამი შვიდეულის მანძილზე მგლოვიარე ვიყავი. გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა. პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის, პირას ვიყავი. თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული. ტანი ქრიზოლითს მიუგავდა, სახე – ელვის შესახედაობას, თვალები – ცეცხლოვან ჩირაღდნებს, ხელ-ფეხი – პრიალა სპილენძს, სიტყვების ჟღერა – მრავალი ხალხის ხმას. მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს ხილვა, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი, თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ. მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად ხილვას, ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე. მისი სიტყვების ჟღერა შემომესმა და მისი სიტყვების ჟღერის გაგონებისთანავე ძილქუში დამეცა სახეზე, მიწაზე პირქვე გართხმულს. და აჰა, ხელი შემეხო და წამომაყენა მუხლებზე და ხელის გულებზე. მითხრა: „დანიელ, სასურველო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ უნდა გითხრა, და დადექი შენს ადგილას, რადგან შენთანა ვარ ახლა მოვლენილი. „ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი. მითხრა: „ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღვთის მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი. სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა და აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, და მე იქ დავრჩი სპარსეთის მეფეებთან. მოვედი, რომ გაგაგებინო, რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც იმ დღეებს შეეხება.“ როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე დავემხე და დავმუნჯდი. და აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს და მე გავხსენი ბაგე და ავმეტყველდი. ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: „ჩემო ბატონო, ამ ხილვის გამო ტკივილებმა შემიპყრეს და ძალა ვეღარ შევინარჩუნე. როგორ შეუძლია ჩემი ბატონის ასეთ მსახურს ელაპარაკოს ჩემს ასეთ ბატონს, რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სუნთქვა დამირჩა?“ მაშინ კვლავ შემეხო კაცის იერის მქონე და გამამაგრა. მითხრა: „ნუ გეშინია, სასურველო კაცო, მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი.“ როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი და ვუთხარი: „ილაპარაკე, ჩემო ბატონო, რადგან შენ გამამაგრე.“ მითხრა: „თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და რომ გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი. მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: არავინა მყავს, სიმტკიცეს რომ იჩენდეს მათ წინააღმდეგ, გარდა მიქაელისა, თქვენი მთავრისა. დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და მფარველად დავუდექი მას. ახლა ჭეშმარიტებას გეტყვი: აჰა, სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს. დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდი ხელმწიფებით იხელმწიფებს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხ ქარს გაუნაწილდება და არა მის შთამომავლობას, თუმცა არა იმ ხელმწიფებით, რომლითაც ის ხელმწიფებდა, რადგან წაერთმევა სამეფო და სხვების იქნება, არა მათი. გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ მასზე მეტად გაძლიერდება ერთ-ერთი მისი მთავართაგანი და ხელმწიფებას მოიხვეჭს. მისი ხელმწიფება დიდი ხელმწიფება იქნება. წლების მერე ისინი კავშირს შეკრავენ. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა წრფელი პირობის შესაკვრელად, მაგრამ ასული ვერ შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც მეფე და მისი მოდგმა გაძლებს. გადაცემულ იქნება ასული თავისი ამალით, თავისი შვილებითა და თავისი შემწითურთ იმ ხანებში. მისი ფესვიდან მორჩი ამოვა მის ადგილზე. გამოილაშქრებს ჯარის წინააღმდეგ და ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეში შეიჭრება. გაუსწორდება მათ და გაიმარჯვებს. თვით მის ღმერთებსაც კი ეგვიპტეში წაასხამს ტყვედ, ჩამოსხმული კერპებითა და ოქრო-ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეულითურთ, და წლობით ჩამოეხსნება ჩრდილოეთის მეფეს. ის კი გაილაშქრებს სამხრეთის სამეფოზე, მაგრამ უკან დაბრუნდება თავის ქვეყანაში. მისი ვაჟები იარაღს აისხამენ და დიდ ურდოს შეყრიან. ერთ-ერთი მათგანი წამოვა, წალეკავს და გადაივლის. მერე შემობრუნდება და მის ციხე-სიმაგრემდე იომებს. გამძვინვარდება სამხრეთის მეფე და გამოვა და შეებრძოლება მას, ჩრდილოეთის მეფეს, იგი დიდ ურდოს გამოიყვანს, მაგრამ ეს ურდო მის ხელში ჩავარდება. როდესაც ურდო წარიხვეტება, გადიდგულდება და ათი ათასებს დასცემს, მაგრამ ვერ გაძლიერდება. რადგან ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე დიდ ურდოს შეჰყრის და რამდენიმე წლის დასასრულს მოვა დიდი ურდოთი და დიდძალი სიმდიდრით. იმ ხანებში მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და მეამბოხენი წამოიმართებიან შენი ხალხიდან ხილვის აღსასრულებლად, მაგრამ წაიფორხილებენ ისინი. მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და ციხე-ქალაქს დაიპყრობს. სამხრეთის ძალები ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას და ვერც რჩეული ხალხი. აღარ იქნება ძალა წინააღმდეგობის გასაწევად. თავის ნებაზე მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ აღუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელში იქნება დაღუპვა. განიზრახავს, რომ გაილაშქროს მთელი თავისი სამეფოს ძლიერებით და თავისი მთავრებითურთ, და შეასრულებს კიდეც. და თავის ასულს ცოლად მისცემს მას, რათა დაღუპოს, მაგრამ არ მოხდება ეს და არც მისი იქნება. პირს კუნძულებისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს, მაგრამ ვინმე მთავარი აღკვეთს მის შერცხვენას, მაგრამ მისი შერცხვენა დაუბრუნდება მას. ამის შემდეგ თავისი ქვეყნის ციხე-სიმაგრეებისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიფორხილებს, დაეცემა და ვეღარ იპოვნიან. მის ნაცვლად ვიღაც დადგება, რომელიც გზირებს გაგზავნის მეფური ბრწყინვალებით, მაგრამ რამდენიმე დღეში დაიღუპება, თუმცა არც მრისხანებაში, არც ომში. მის ნაცვლად ათვალწუნებული კაცი დადგება, რომელსაც სამეფო პატივი არ ექნება მიღებული. იგი მშვიდობიანობაში მოვა და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს. წამლეკავი ურდოები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე თვით ღთქმის მთავარიც. რადგან მასთან კავშირის შეკვრის შემდეგ, მზაკვრულად იმოქმედებს, აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით. მშვიდობიანობისას შეიჭრება ქვეყნის ნაყოფიერ მხარეებში და ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს არ ჩაუდენიათ. ნაალაფარს, ნაძარცვ ქონებასა და დოვლათს გაუნაწილებს თავისიანებს, ციხე-სიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ დრომდე. აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით. სამხრეთის მეფეც დიდძალი და მეტისმეტად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მაგრამ მას ვერ გაუძლებს, რადგან ზრახვები იქნება განზრახული მის წინააღმდეგ. მისი თანამეინახენი შემუსრავენ მას. წაილეკება მისი ლაშქარი და მრავალი მოკლული დაეცემა. ორთავე მეფეს გულში მზაკვრობა ექნება. სიცრუეს ილაპარაკებენ ერთ სუფრაზე, მაგრამ ვერ წარემართებათ, რადგან აღსასრული კვლავ მოსასვლელია დათქმულ ჟამს. დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ის თავის ქვეყანაში, მაგრამ მისი გული წმიდა აღთქმის წინააღმდეგ ექნება მიმართული. შეასრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. დათქმულ ჟამს დაბრუნდება და მოვა სამხრეთში, მაგრამ პირვანდელივით არ იქნება ეს უკანასკნელი. ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი, დაბრუნდება და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და იმოქმედებს. დაბრუნდება და მიხედავს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ. წამოდგებიან მისგან ურდოები და შებილწავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და გააუქმებენ მუდმივ მსხვერპლს, და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ. აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ მზაკვრობით აცდუნებს, თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგება და იმოქმედებს. ჩემი ხალხიდან განბრძნობილნი კი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა კი ერთხანს ევნებიან მახვილით, ცეცხლით, ტყვეობითა და ძარცვით. დაცემისას მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ და მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცურად. ზოგიერთი განბრძნობილთაგანი დაეცემა, რათა გამოიბრძმედოს, გასუფთავდეს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ მოსასვლელია დათქმული დრო. თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: თავს აღიზევებს და განიდიდებს ყველა ღმერთზე და საკვირველებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ, და წარმატებული იქნება გულისწყრომის დასრულებამდე, რადგან ნაბრძანები აღსრულდება. იგი არც მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სანუკვარს და არც ყველა სხვა ღმერთს ჩააგდებს რამედ, რადგან ყველაზე განიდიდებს თავს. სამაგიეროდ ციხე-სიმაგრეთა ღმერთს განადიდებს, ღმერთს, რომელსაც მისი მამები არ იცნობდნენ, ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს. ისინი მოქმედებენ უმტკიცესი ციხე-სიმაგრეების წინააღმდეგ უცხო ღვთის შეწევნით, ვინც მას აღიარებს, დიდებას გაუმრავლებს, მრავალზე ახელმწიფებს და მიწებს დაურიგებს საზღაურად. აღსასრულის ჟამს სამხრეთის მეფე შეებმება მას და ქარტეხილივით ეკვეთება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. შეიჭრება ქვეყნებში, წალეკავს და გადაივლის. მივა მშვენიერ ქვეყანაში, და მრავალი მხარე დაეცემა. ესენი გადაურჩებიან მის ხელს: ედომი, მოაბი და ყამონის ძეთა დასაბამი. ხელს მოუღერებს ქვეყნებს და ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება. დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას. და ფეხდაფეხ მიჰყვებიან ლიბიელნი და ნუბიელნი. მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაწუხებს მას და დიდი რისხვით გამოვა მრავალთა გასაწყვეტად და გასაჟლეტად. დასცემს თავის სეფე-კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიატანს თავის ბოლომდე და ვეღარავინ უშველის მას. იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველად მდგომი. ისეთი ვაების დრო მოვა, ხალხის არსებობიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. და მრავალი მიწის მტვერში მიძინებულთაგანი გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის. განბრძნობილნი განათდებიან, როგორც ცის მყარის ნათება და მრავალთა სამართლისკენ მომაქცეველნი – როგორც ვარსკვლავები უკუნითი უკუნისამდე. შენ კი, დანიელ, დაფარე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალი დაიწყებს ძიებას და იმატებს ცოდნა.“ მაშინ მე, დანიელმა, გავიხედე და აჰა, ჩემს წინ ორი სხვა იდგა: ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლების ზევით რომ იდგა: „როდის იქნება ამ საკვირველებათა ბოლო?“ მოვუსმინე სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლების ზევით რომ იდგა. ზეცისკენ აღაპყრო მან მარჯვენა და მარცხენა და დაიფიცა მარადცოცხალი, რომ ეს იქნებოდა დათქმული ჟამისა და ჟამის ნახევრისთვის. და როდესაც გათავდება წმიდა ერის ძალის მუსვრა, ყოველივე ეს აღსრულდება. მოვისმინე, მაგრამ ვერ მივხვდი და ვუთხარი: „უფალო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ?“ თქვა: „წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები დაფარული და დაბეჭდილია ბოლო ჟამამდე. მრავალი გასუფთავდება, განსპეტაკდება და გამოიწრთობა. ხოლო უკეთურნი იუკეთურებენ და ვერც ერთი უკეთური ვერ მიხვდება, ხოლო განბრძნობილნი მიხვდებიან. მუდმივი მსხვერპლის გაუქმებისა და გატიალების სიბილწის დადგომიდან ათას ორას ოთხმოცდაათი დღე გავა. ნეტარია მომლოდინე და მიმღწევი ათას სამას ოცდათხუთმეტი დღისა! შენ კი გასწიე შენი აღსასრულისაკენ. განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა აღსასრულისას.“ უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების – ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დროს. როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა: „წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განადგურდა უფალი.“ წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული. დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი. უთხრა უფალმა: „დაარქვი სახელად იზრეყელი. რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა. იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.“ კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: „დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელის სახლს და არასოდეს შევუნდობ. იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის, ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.“ მოწყვიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი. თქვა უფალმა: „დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი), რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვარ თქვენი.“ ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან, ლოყამი (არა ჩემი ერი) ხართო, ეტყვიან, ცოცხალი ღვთის შვილები ხართო. შეიყრებიან ერთად იუდაელები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლენ ქვეყნიდან, რადგან დიდი იქნება იზრეყელის დღე. დაუძახეთ თქვენს ძმებს: „ყამი“ (ჩემი ერი) და თქვენს დებს: „რუხამა“ (შეწყალებული). „უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი. ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან. თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც დაბადების დღეს იყო. უდაბნოსავით ვაქცევ, უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით მოვკლავ. არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან გარყვნილების შვილები არიან. რადგან გარყვნილებას სჩადიოდა მათი დედა და თავს ირცხვენდა მათი მშობელი; რადგან თქვა: ‘გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელს.’ ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები. გაედევნება თავის სყვარლებს ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის. იტყვის: ‘წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავი.’ მან კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს; რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაყალს ახარჯავდა. ამიტომაც უკან წავიღებ და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას; წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა. ახლა კი გამოვააშკარავებ მის სირცხვილს და ვერავინ გამომტაცებს ხელიდან. გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს, ყველა დღესასწაულს; გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და გარეული მხეცები შეჭამენ მათ. მას მოვკითხავ ბაყალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა. – თქვა უფალმა. ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო. იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის (მწუხარების) ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა. იმ დღეს იქნება, – თქვა უფალმა, – რომ დამიძახებ: ჩემო ქმარო! და აღარ დამიძახებ: ჩემო ბაყალო! (ბატონო). მოვაშორებ მის ბაგეებს ბაყალთა სახელებს, რომ აღარ იხსენიებოდნენ თავიანთი სახელებით. დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას, და მშვიდობით დავანებებ მათ. და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით; დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს. იმ დღეს იქნება, რომ გავეხმიანები, – თქვა უფალმა, – გავეხმიანები ცას და ისიც გაეხმიანება მიწას; მიწა გაეხმიანება პურსა და ღვინოს და ზეთს, ხოლო ესენი გაეხმიანებიან იზრეყელს. და ჩემთვის დავთესავ მას ქვეყანაში და შევიწყალებ ლორუხამას (არაშესაწყალისს), ვეტყვი ლოყამს (არა ჩემს ერს) ჩემი ერი ხარ-მეთქი, და ის მეტყვის: ჩემი ხარ.’“ კვლავ მითხრა უფალმა: „წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე, როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისაკენ იყურებიან და ყურძნის კვერები უყვართ.“ ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და ერთ ლეთეხ ქერად, ვეუბნებოდი, დიდხანს დარჩი-მეთქი ჩემთან, ნუ იმრუშებ, სხვისი ნუ გახდები-მეთქი. მეც ასევე მოგექცევი-მეთქი. რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უსარდლოდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ, მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში. ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის ცოდნა მის ქვეყანაზე. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლისღვრას სისხლისღვრა მოსდევს. ამიტომაც მოთქვამს მიწა; ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ. არავინ იდაოს, არავინ იყოს მამხილებელი, რადგან შენი ერი მღვდელს ედავება. წაიფორხილებ დღისით, და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს. მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარჰყავი ღვთის ცოდნა, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობისაგან. დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს. რაც უფრო მრავლდებიან, მით უფრო სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად შევცვლი. ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისაკენ მიუწევთ გული. მღვდელი და ერი ერთი შეიქნა; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მათი საქმეების გამო. შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას, იბოზებენ და ვერ გამრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური. ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული. ჩემი ერი ხეზე მკითხაობს და მისი ტოტი უცხადებს მას, რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები. როგორ არ მოვკითხო შენს ასულებს, როცა ბოზობენ? და შენს რძლებს, როცა მრუშობენ? რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს, უმეცარი ხალხი კი იღუპება. თუ შენ ბოზობ, ისრაელო, იუდა მაინც ნუ შესცოდავს, ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში, ნუ დაიფიცებს: ცოცხალიმც არის უფალიო! რადგან ჯიუტი ფურივით ჯიუტია ისრაელი. როგორ აძოვოს ახლა ისინი უფალმა, როგორც ცხვარი, ვრცელ საძოვარზე? შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენით, იყოს მარტო. გამოუნელდებათ სიმთვრალე და ბოზობას იწყებენ, მიეჩვივნენ სირცხვილს მისი მთავრები. გაახვევს მათ ქარი თავის ფრთებში და მათ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლისა. ისმინეთ ეს, მღვდლებო! გაიგონეთ, ისრაელის სახლო! ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მახედ ექეცით მიცფას და თაბორს – მოსროლილ სათხევლად. თავიანთი მსხვერპლშეწირვებით ცოდვაში ჩაეფლნენ განდგომილნი, მაგრამ ყველას ვასწავლი ჭკუას. მე ვიცნობ ეფრემს, და ვერ დამემალება ისრაელი, რადგან შენც ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი. ჩადენილი საქმეები არ ანებებენ მათი რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალს ვერ ცნობენ. თავისი სიამპარტავნე ამხილებს ისრაელს; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდაც მათთან ერთად. თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან; განერიდა მათ. უღალატეს უფალს, რადგან უცხოთა შვილებს შობენ; ამიერიდან შეჭამს მათ მათი წილხვედრითურთ. ჩაჰბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთ-ავენში: მოგდევენ ბენიამინ! უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის შტოებში გამოვაცხადე ჭეშმარიტება. სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას. შეჭირვებულია ეფრემი, მსჯავრით დათრგუნული, რადგან აკრძალულისკენ ისურვა სიარული. ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მჭამელად – იუდას სახლს. დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შეძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ. რადგან მე ლომივით ვექცევი და ლომის ბოკვერივით – იუდას სახლს; დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის. წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან. წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას. ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე. შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის ცოდნას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს. რა გიყო, ეფრემ? რა გიყო იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება. ამიტომაც ვცემდი მათ და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა. რადგან თქვენი სიკეთე მახარებს უფლის ცოდნა და არა აღსავლენი. ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე. ბოროტმოქმედთა ქალაქია გილყადი, კვალსისხლიანი. ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან. სისაძაგლენი დავინახე ისრაელის სახლში: იქ არის ეფრემის გარყვნილება, ისრაელის უწმიდურება. შენზეც მოაწევს მკის ჟამი, იუდა, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ერს! როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურება და სამარიის ბოროტება, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; შემოდის ქურდი, ყაჩაღები დაძრწიან გარეთ! არც უფიქრიათ გულში, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება. ახლა გარემოუცავთ ისინი თავიანთ ავ საქმეებს, აჰა, ჩემს წინაშე არიან. თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით – მთავრებს. მრუშობენ ყველანი ხაბაზის გახურებულ თონესავით, რომელიც ანელებს ცეცხლს, სანამ ახალი ცომი არ გაფუვდება. ჩვენი მეფის დღეს მეფე კი მასხარებისაკენ იწვდის ხელს. რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისაგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით. ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, არავინ მიხმობს მათ შორის. ეფრემი შეერია ხალხებს, გადაუბრუნებელი კოკორივით შეიქნა. უცხო თესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია; ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია. მისი ამპარტავნება ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას. ბრიყვი და უგუნური მტრედივით იქცა ეფრემი; ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან. როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გაფრთხილებულნი იყვნენ თავიანთ კრებულში. ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ! გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინის გულისათვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ. მე დავმოძღვრე, ისინი კი ავს მიზრახავენ. მიიქცნენ, არამადლისაკენ; მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო; ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში. პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და რჯული დაარღვიეს. შემომღაღადებენ: „ღმერთო ჩემო! გიცანით ისრაელმა!“ უარყო ისრაელმა სიკეთე, მტერი დაედევნება მას. მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპავად. დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ როდემდის უნდა იყო უწმიდური? რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო. რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავი არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ. ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის. აშურში წავიდა გარეული ვირივით, მარტო რომ დადის; ეფრემი გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს. თუმცა გასცემდნენ ისინი ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ. რადგან ცოდვისათვის გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, ცოდვისათვის აქვს მას სამსხვერპლოები. დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი. მოაქვთ სამსხვერპლო ძღვენი ჩემთვის, მიკლავენ საკლავს და ხორცს თავადვე ჭამენ; უფალს არ ეთნევა ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან. დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს. ნუ ხარობ, ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღვთისაგან განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს. კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ. არ იცხოვრებენ უფლის მიწაზე: ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში. არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური საქელეხო პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მათთვის არის, და ვერ შევა უფლის სახლში. რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს? რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას, მაგრამ ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და მემფისი დამარხავს მათ; მისი ვერცხლის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ნარ-ეკალი ამოვა მის კარვებში. დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! სულელი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა? ეფრემის – ჩემი ღვთის ერის მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღვთის სახლში. ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს. ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამები; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს მისცეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ. ეფრემი – ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება! თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე! ეფრემი, როგორც დავინახე, მშვენიერ მდელოზეა დარგული ცორივით; მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს. მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი. გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი. დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს. მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას, და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან. რქაკეთილი ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები. ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს. რადგან ახლა ამბობენ, მეფე არა გვყავსო, რადგან უფლის არ გვეშინიაო; მეფემ კი, – რა უნდა გვიყოსო? მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში. შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბორების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით რომ ხარობდნენ; გამოიგლოვებენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას. თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა. გაქრება სამარია თავისი მეფითურთ, როგორც ქაფი წყლის ზედაპირზე. განადგურდება ავენის გორაკები – ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთ და ბორცვებს – თავზე დაგვემხეთო! გიბყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელო! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბყაში უკეთურების ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება. ჩემი ნებისამებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრმობილნი იქნებიან ორმაგი დანაშაულის გამო. გამოქნილი დეკეულია ეფრემი, კალოს ნაჩვევი; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გამოვქნავ ეფრემს: იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს. თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი; დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ. თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს. აურზაური ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, დედა აკუწეს შვილებთან ერთად. ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისათვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე. როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა ის, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე. უხმობდნენ მათ, ისინი კი გარბოდნენ მათგან, რომ მსხვერპლი შეეწირათ ბაყალებისათვის და კერპებისათვის საკმეველი ეკმიათ. მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ხელი მის მკლავში მქონდა ჩაჭიდებული, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვკურნავდი მათ. ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგამის ჩამომგდებივით ვიყავი მათთვის მათი ყბებიდან, მათზე ვიყავი გადმოხრილი და ვკვებავდი მათ. არ გაბრუნებულან ეგვეპტის ქვეყნისაკენ. მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მობრუნება. მახვილი დატრიალდება მის ქალაქში და მუსრს გაავლებს მის მრჩევლებს. შთანთქავს მათ ავი ზრახვების გამო. მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, მაღლისაკენ უხმობენ მას, მაგრამ არავინ აღამაღლებს. როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გადაგაგდო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა. აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძვრები ეფრემის დასაღუპავად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი, მე წმიდა ვარ თქვენში და რისხვით არ მოვალ. უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები. შიშით წამოვლენ, როგორც ჩიტები, ეგვიპტიდან და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, – ამბობს უფალი. შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით – ისრაელის სახლი; კიდევ მერყეობს იუდა უფლის წინაშე და წმიდას წინაშე, რომელიც ურყევია. ეფრემი მწყემსავს ქარს და ხორშაკს ედევნება; დღითიდღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი ეგვიპტეში მიაქვს. დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას. დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა. შეერკინა ანგელოზს და სძლია, ტიროდა და ემუდარებოდა. ბეთლემში გვიპოვის ჩვენ და იქ დაგველაპარაკება. უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი. შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მუდამ. ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს. თქვა ეფრემმა: „აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭე დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოს.“ მე, უფალი, ღმერთი ვარ თქვენი ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვების ქვეშ, როგორც დღესასწაულის დღეებში. მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ, და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავურად ვლაპარაკობდი. თუ იყვნენ კერპები გილყადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია ყანის ხნულებში. გაიქცა იაკობი არამის მინდვრებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის; ცოლის გულისთვის იცავდა ფარას. წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული. მწარედ გააჯავრა ეფრემმა თავისი უფალი, ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხვო საქმეებს. როცა დაძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაყალის გამო და მოკვდა. ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისაგან, ოსტატურად; კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს. ისინი ამბობენ მათზე: „კაცის შემწირველნი ხბორებს კოცნიანო!“ ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადენილი კვამლივით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა არავინაა მხსნელი. მე გცანი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე. როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე. მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე. ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ. თავი წაიწყმიდე, ისრაელო, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა! სად არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებზეც ამბობდით: „მომეცი მეფე და მთავრები?“ მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ გულისწყრომაში. შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები. მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კარებთან. ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისაგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს! თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო და დაწყდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა საგანძურს. მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ბავშვები, აიკუწებიან, და მათი ორსულნი გაიფატრებიან. მოიქეც, ისრაელო, შენი უფალი ღმერთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე. შეიგონეთ სიტყვები უთხარით, და ხბორებს ჩვენი ბაგეებით აგინაზღაურებთ. ვეღარ გვიხსნის აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი. განვკურნავ მათ განდგომას და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი. ვიქნები ცვარი ისრაელისათვის; აყვავდება, როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს. განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი. დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს. რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი. ვინც ბრძენია, შეიგრძნოს ეს, ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე; განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოელ ფეთუელის ძის მიმართ: ისმინეთ ეს, უხუცესებო! ყური დაუგდეთ ყველამ, ქვეყნის მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამების დროს? უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა – თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა კი – სხვა თაობას: მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა. გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს! რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი. კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს. გააჩანაგა ჩემი ვენახი და გაახმო ჩემი ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუთეთრდა ტოტები. იტირე ძაძით მოსილი ყმაწვილქალივით, თავისი სიქალწულის ქმარს რომ დასტირის! შეწყდა შესაწირავი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი. გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა წვენი, გახმა ზეთისხილი. გაწბილდნენ მხვნელები, მოთქვამენ მიწის მუშაკები პურზე და ქერზე, რადგან დაიღუპა სამკალი. გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი და ვაშლი და მთელი ხეხილი: ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს. შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და შეწყდა საღვრელი. დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი, უფლის, თქვენი ღვთის, სახლთან და უფალს შეღაღადეთ. ვაი, ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისაგან. განა ჩვენს თვალწინ არ შეწყდა საზრდო, და უფლის სახლში – სიხარული და ლხინი? ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები, რადგან გადახმა პურები. როგორ კვნესის პირუტყვი! როგორ ბღავის ნახირი! რადგან აღარა აქვთ საძოვარი; ცხვრის ფარაც შეშფოთებულია. შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა მინდვრის ხეები. ველის მხეცებიც შენ შემოგყურებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დააყვირეთ ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, ახლოვდება – დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ნისლიანი! დილის რიჟრაჟივით ეფინება მთებს უშტი და უშქარი, ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მომავალ თაობებში. მის წინ ცეცხლი ჭამს, მის უკან ალი ბუგავს; მის წინ მიწა ედემის ბაღივითაა, მის უკან უკაცრიელი უდაბნოა, ვერავინ დააღწევს თავს. ცხენების რემას ჰგვანან და მხედრებივით მიჰქრიან; ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელნი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული. მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის. ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით ადიან გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდებიან გზაში. ერთმანეთს არ ეხლებიან, თითოეული თავის ბილიკზე მიდის; შუბებზე ეცემიან, მაინც არ იხევენ უკან. ქალაქში ნავარდობენ, გალავანზე დარბიან, სახლებში იჭრებიან, სარკმლებიდან მიძვრებიან ქურდებივით. მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავებს ეკარგებათ შუქი. უფალმა გასცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე, რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის აღმსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას? „ახლაც“ – ამბობს უფალი: – „მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს“; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას. ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისათვის, თქვენი ღვთისათვის. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა. შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავის პალატიდან და პატარძალი – სანთიობოდან! ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: „შეიწყალე, უფალო, ერი შენი! ნუ გახდი სასირცხვოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა სად არისო მათი ღმერთი?“ გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს. მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: „აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხი ამით; სასირცხვოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში. ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს – დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვს ჩადენილი.“ ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა. ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს. სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის ადრეულ და გვიანა წვიმებს, წინანდებურად. გაივსება ბეღლები ხორბლით, გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით. აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა დიდმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ. ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის, სახელი, რომელიც საკვირვლად გექცევათ; და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს. გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი. ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე. თქვა: „უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს ისრაელიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი. სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს. ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის დარბაზებს. დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში“, – ამბობს უფალი. ასე თქვა უფალმა: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან დედაბუდიანად გადახვეწეს ისრაელი, რომ ედომს დარჩენოდა ქვეყანა. ცეცხლს წავუკიდებ ღაზას გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს. ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხის მპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი,“ – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ცორს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა. ცეცხლს წავუკიდებ ცორის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.“ ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული, მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში. ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.“ ასე თქვა უფალმა: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გილყადში, რომ გაეფართოვებინათ თავიანთი საზღვრები. ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს. ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად“, – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ: კირად გამოწვა ედომის მეფის ძვლები. ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე. ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად,“ – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდო უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მისდევდნენ. ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქავს იერუსალიმის დარბაზებს. ასე ამბობს უფალი: „სამ რამეს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს – წყვილი ხომალდისათვის. მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან შედიან ჩემი წმინდა სახელის შესალახავად. გირაოში წამოღებულ სამოსელზე გართხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან, და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში. გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს. იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოცი წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა. შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი, და შენს ყრმათა შორის – მოწმიდარნი. ასე არ იყო, ისრაელიანებო?“ – ამბობს უფალი. „თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო! აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჯეგავს. მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის. მშვილდის მპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს. გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს“, – ამბობს უფალი. ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე: „მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს. აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ? აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება? თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი ჰყავს შესაპყრობი? აბა, თუ გაებმება ჩიტი ბადეში, თუ მიწაზე მახე არ არის დაგებული? აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად? რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ. ლომი ბრდღვინავს – ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს – ვინ არ გაქადაგდება! გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: „შეიკრიბეთ სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა – მის წიაღში!’ არ იციან სიმართლის ქმნა“, – ამბობს უფალი, – „ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში.“ ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს.“ ასე ამბობს უფალი: „როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ისე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში – სარეცელზე. ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის ხალხს,“ ამბობს უფალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი: „რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწად დაემხობა. დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება,“ – ამბობს უფალი. ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ ბეჩავთ, ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს; „მოგვიტანე, რომ დავლიოთ!“ დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე: „და აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს თევზების ანკესებით. ერთმანეთის მიყოლებით გახვალთ კედლის განანგრევში და დააგდებთ სასახლეს,“ – ამბობს უფალი. – „წადით ბეთლემში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს – თქვენი მეათედები. შესწირეთ მადლი უფუარიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო“, – ამბობს უფალი ღმერთი. „აკაწკაწებული კბილები მოგეცით ყველა თქვენს ქალაქში, და უპურობა – ყველა თქვენს ადგილზე, მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ,“ – ამბობს უფალი. – „წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი უწვიმარი ხმებოდა. მიეხეტებოდა ორი-სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ,“ – ამბობს უფალი. „მუსრი გაგავლეთ ჟანგით და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვები და ზეთისხილი კალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ“, – ამბობს უფალი. – „შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს თქვენს ნაალაფარ ცხენებთან ერთად, და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ“ – ამბობს უფალი. – „დაგაქციეთ, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ,“ – ამბობს უფალი. – „ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელო, და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად, ისრაელო!“ რადგან, აჰა, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გამთელავი, უფალი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი! ისმინეთ ეს სიტყვა, თქვენზე რომ ვამბობ, როგორც საგოდებელს, ისრაელის სახლო! დაეცა, ვეღარ დგება ისრაელის ქალწული; მიწაზე გართხმულა, არავინაა მისი წამომყენებელი! რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: „ქალაქს, ათასის გამომყვანს, ასიღა შერჩა და ასის გამომყვანს ათიღა შერჩა ისრაელის სახლიდან.“ რადგან ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის სახლს: „მეძებეთ და ცოცხალი დარჩებით! ნუ ეძებთ ბეთელს და გილგალში ბეერ-შებაყში ნუ დაიარებით; რადგან დატყვევდება გილგალი და ბეთელი გაცამტვერდება. ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით, რომ ცეცხლივით არ წაეკიდოს იოსების სახლს შთასანთქმელად, რადგან არავინ იქნება ჩამქრობი ბეთელში. სამართალს აბზინდად რომ აქცევთ და სიმართლეს მიწად რომ თელავთ!“ რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი. დაქცევით დაატყდება თავს ძლიერს და ეწევა დაქცევა ციხე-სიმაგრეს. შეიძულეს სამსჯავროში მამხილებელი და წრფელად მოუბარი შეიძაგეს. ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს. რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ. ამიტომაც დუმს ბრძენი კაცი ასეთ დროში, რადგან ეს ცუდი დროებაა. ეძიეთ სიკეთე და არა ბოროტება, რათა ცოცხალი დარჩეთ; ცაბაოთ უფალიც თქვენთან იქნება, როგორც თქვენ ამბობთ. შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ; დაამკვიდრეთ სამსჯავროში სამართალი, ვინძლო შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა, იოსების ნატამალი! რადგან ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: „ყველა ქუჩაზე გლოვა იქნება, და იტყვიან ყველა შუკაში: ‘ვაი, ვაი!’ მოუხმობენ მიწის მუშაკს საგოდებლად და საგლოვად – მოტირალებს. ყველა ვენახში გლოვა იქნება, როცა მე გავივლი შენს წიაღში,“ – ამბობს უფალი. ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი. როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს დახვდება დათვი, ან სახლში მისული მიეყუდება კედელს და გველი უკბენს. განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში. „მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაული და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებზე! აღარ ვიღებ თქვენს აღსავლენებს და ძღვენს, ზედაც არ ვუყურებ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ. გამარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს. წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით. განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი ორმოცი წლის მანძილზე უდაბნოში, ისრაელის სახლო? დაატარებდით თქვენი მოლოქის და ქიუნის კარავს, თქვენს კერპებს და თქვენი ღმერთების ვარსკვლავს, თქვენსავე ნაკეთებს. ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ,“ – ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი. ვაი, უზრუნველთ სიონზე და უდარდელთ სამარიის მთაზე; სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი! მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გათში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები? ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები? ხომ არ გგონია, დააცდევინო უბედურების დღეს? ან დააჩქარო მძლავრობის სუფევა? განისვენებენ სპილოს ძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცელზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ. ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობლებად მოაქვთ თავი. სამსხვერპლო თასებიდან სვამენ ღვინოს, საუცხოო ზეთებს იცხებენ, არ ადარდებთ იოსების უბედურება. ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა შეწყდება. დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: „მძულს იაკობის ამპარტავნება და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს.“ მოხდება ისე, თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, დაიხოცებიან ყველანი. როცა ნათესავი ან ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის სახლის შიგნით მყოფს, თუ დაგრჩა ვინმეო, ისიც უპასუხებს: არავინო, უთხრას: „ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება.“ რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა სახლებს. თუ ურბენიათ ცხენებს კედლებზე, ან თუ უხნავთ ისინი ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი და აბზინდად – სიმართლის ნაყოფი. ჰე, ამაოებით მოხარულნო, რომ ამბობთ, განა ჩვენი ძალით არ შევიძინეთ რქებიო? რადგან აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო“, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, – და მიგკუწავს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე. ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლისას, და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვების შემდეგ. როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: „უფალო ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.“ გადაიფიქრა უფალმა, – არ მოხდებაო, – თქვა უფალმა. ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები. მე ვთქვი: „უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.“ გადაიფიქრა უფალმა: – არც ეს მოხდებაო, – თქვა უფალმა ღმერთმა. ასე მახილვინა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და შვეული უჭირავს ხელში. მითხრა უფალმა: „რას ხედავ, ამოს?“ ვუთხარი: „შვეულს“. თქვა უფალმა: „აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას. გაუკაცურდება ისაკის გორაკები და ისრაელის საწმიდარები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობყამის სახლის წინააღმდეგ.“ შეუთვალა ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, იერობყამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში. მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს; რადგან ასე ამბობს ამოსი: „მახვილით მოკვდება იერობყამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან.“ უთხრა ამაციამ ამოსს: „მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე. ბეთელში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი.“ მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: „მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინისწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომკრეფი. წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა: წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო. ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო. ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან.“ ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოწეული ხილით სავსე კალათა. მითხრა: „რას ხედავ, ამოს?“ ვთქვი: „მოწეული ხილით სავსე კალათას.“ მითხრა უფალმა: „მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ. მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს“, – ამბობს უფალი ღმერთი, – „უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრილი უხმოდ.“ ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა მშთანმთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო; რომ ამბობთ: „როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით, ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატაკნი, პურის განაცხრილი კი გავყიდოთ?“ დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება, „თუკი ოდესმე დავივიწყო ერთი მათი ნამოქმედარიც კი. ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? აიწევს ერთიანად მდინარესავით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით. „იმ დღეს იქნება,“ – ამბობს უფალი ღმერთი, – „რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას. დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო! აჰა, დგება დღეები“ – ამბობს უფალი ღმერთი, – „როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას. იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ. ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისაგან. სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: ‘ცოცხალია შენი ღმერთი, დანო, ცოცხალია, ბეერ-შებაყის გზაო,’ დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.“ ვიხილე უფალი, საკურთხეველთან მდგარი, და მითხრა: „დაჰკარი ბუდაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ უკანასკნელს კი მე მოვსრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება. შავეთშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან; ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ; ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად, და არა სასიკეთოდ.“ უფალი, ცაბაოთ ღმერთი თუ შეეხო მიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის ნილოსივით. ცაში ააგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს. უფალია მისი სახელი. „განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო?“ – ამბობს უფალი – „განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან? აჰა, უფალი ღვთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა, და აღვგვი მას პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს,“ – ამბობს უფალი. – „რადგან აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლს ყველა ხალხს შორის, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე. მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას. მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს; გარღვეულს დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო. რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, – ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი. „აჰა, დადგება დრო, – ამბობს უფალი, – როცა მხვნელი თავს და ყურძნის მწურავი – მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები დადნებიან. დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს. დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე, და აღარ აღმოიფხვრებიან რომელიც მივეცი მათ“, – ამბობს უფალი, შენი ღმერთი. ხილვა აბდიასი. ასე ბრძანა უფალმა ედომზე – ხმა მოგვწვდა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს, „ადექით, გავიდეთ მათთან საბრძოლველად! აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, აბუჩად ხარ აგდებული! შენმა მზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: „ვინ ჩამომაგდებს ძირს?’ არწივივით მაღლაც რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ“, – ამბობს უფალი. – „ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ღამის ყაჩაღები – ასე არ გაჩანაგდებოდი. მხოლოდ თავის სამყოფს მოიპარავდნენ ისინი. ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადაურჩებოდათ. როგორ გაძარცულა ესავი, როგორ გაუხვეტიათ მისი საგანძურები! საზღვრამდე მიგრეკავენ შენი მოკავშირენი, გიმუხთლებენ და დაგძალავენ შენი მოზავენი, შენს პურზე გამოზრდილნი მახეს დაგიგებენ (გონიერება არ არის მასში). განა ეს იმავე დღეს მოხდება, – ამბობს უფალი, – როცა ბრძენკაცებს მოვსპობ ედომში და გონიერებას – ესავის მთაზე? შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან ამოვარდება კაცის სახსენებელი ესავის მთაზე ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას, იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები. იმ დღეს, როცა მის წინაშე იდექი, როცა ურჯულოებმა ტყვედ წაასხეს მისი ერი, როცა უცხო თესლი შემოვიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე – შენც ერთი იმათგანი იყავი! არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის; არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი დაღუპვის დღეს, ჭირის დღეს არ უნდა გეტრაბახა. არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს. არ უნდა გეცქირა მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისათვის მისი დაღუპვის დღეს. არ უნდა მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად, არ უნდა გაგეცა მისი ნატამალი ჭირის დღეს. რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისათვის, როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან, სამაგიერო მოგეზღვება. როგორც თქვენ გისვამთ ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამს ყოველი ხალხი გამუდმებით; შესვამს და ამოხვრეპს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს. სიონის მთაზე მოვა ნატამალი და წმიდა იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს იაკობის სახლი. იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი – ალი, ხოლო ესავის სახლი – ნამჯა. მოედება და შთანთქავს მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა. სამხრეთი დაიმკვიდრებს ესავის მთას და ბარი – ფილისტიმელთა ქვეყანას. დაიმკვიდრებენ ეფრემის მხარეს და სამარიის მხარეს, ბენიამინი კი – გილყადს. ისრაელიანთა განთესილი ერი ცარფათამდე დაიმკვიდრებს ქანაანს, სეფარადში განთესილი იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს. ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსაკითხავად და უფლისა იქნება სამეფო. იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე: „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი.“ ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისაგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო. ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწილიყო ხომალდი. შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა. ზღვაში გადაყარეს, რაც რამ საქონელი ჰქონდათ ხომალდზე, რომ შეემსუბუქებინათ იგი. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და ეძინა. მივიდა მასთან ხომალდის უფროსი და უთხრა: „რას დაგიძინია? ადექი, შენც შეჰღაღადე შენს ღმერთს, ვინ იცის, შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ.“ თქვა ერთმანეთში ხალხმა: „მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში.“ ყარეს წილი და წილი იონას შეხვდა. ჰკითხეს: „გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში; რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა?“ მიუგო: „ებრაელი ვარ, მოშიში უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა.“ დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო? როცა გაიგეს, რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონ გამოუტყდათ. რადგან ზღვა კვლავინდებურად ღელავდა, ჰკითხეს: „რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაგვიწყნარდეს?“ მიუგო: „ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს.“ მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთს მისდგომოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აუბობოქრდათ. მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: „ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, მაგრამ ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო, როგორც გინდოდა.“ აიღეს და ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა. დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს. მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში. ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან. თქვა: „ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ როცა ღურღუმელში, ზღვის გულში, ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა ვთქვი: ‘გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება შენი წმიდა ტაძრის ხილვა?’ ყელამდე მომწვდა წყალი, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა, მთების ფესვებამდე ჩავედი, მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ჯოჯოხეთს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში. ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას! მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!“ უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა. იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე. „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.“ ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევე, სამი დღის სავალი. იარა იონამ ერთ დღეს ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.“ იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიანპატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: „არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. ვინ იცის, კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!“ შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო. ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა. ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: „ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას. ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.“ უთხრა უფალმა: „მაგრად გამწარდი?“ გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავს ზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა. მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ ღონემიხდილმა სიკვდილი ინატრა, თქვა: „ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.“ უთხრა ღმერთმა იონას: „მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო?“ მიუგო: „მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.“ უთხრა უფალმა: „შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოცი ათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია?“ უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორაშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების: იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიისა და იერუსალიმის გამო. ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს მიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს. მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი. იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკი? იერუსალიმი ხომ არა? ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვაზის ჩასაყრელ ადგილად, ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკველს. ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება, და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ. ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქმნებიან. ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი. რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან მიადგა იუდას; და ჩემი ერის კარიბჭესაც – იერუსალიმს – უწია. ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში. ჩაიარე შენთვის, შაფირელო, ვერ დააღწევს თავს ცაანანელი, ბეთ-ეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ. რადგან წუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე. შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი! ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს. აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს. ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება. თმა გადაიპარსე, გადაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო, სვავივით მოიტვლიპე, რადგან გადაასახლებენ შენგან. ვაი მათ, ვინაც ავსა და ბოროტს განიზრახავენ სარეცელზე მწოლნი, და რა ინათებს – განთიადზე – ისრულებენ მას, რადგან ძალა აქვთ ხელში! მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები – და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს. ამიტომ ასე ამბობს უფალი: „აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება. იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: ‘გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის წილი სხვამ მიიკუთვნა! როგორ გამცილდა! ჩვენს დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები.’ ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი. ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს. ნათქვამია, იაკობის სახლო: ‘განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები?’ განა კეთილი არ მოაქვს ჩემს სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა? ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი – ადრევე ხდიდით ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ. ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით. მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას. ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი. უწმიდურების გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი. ოჰ, ერთი მოიტყუებოდეს ქარისა და სიცრუის მადევარი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო! ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი. მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ, როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან. მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან კარიბჭეში, და უკანვე გამოვლენ. ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი – მათ სათავეში.“ და ვთქვი მე: „ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა? სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ. როცა ჭამენ ჩემი ხალხის ხორცს, ტყავს ხდიან, მათ ძვლებს ამტვრევენ და აქუცმაცებენ, როგორც ქოთანში, და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად.“ მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ. თავის სახეს უმალავს იმ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან. ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს. მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან. თუ ვინმემ რამე არ ჩაუდო პირში, ომს უცხადებენ. ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე – მისნობის გარეშე. მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ. გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს მოკუმავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი. მე კი აღვსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს – მისი ცოდვა. ისმინეთ ეს, იაკობის სახლის მთავარნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ. სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით – იერუსალიმს. მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ, უფალს ემყარებიან, ამბობენ: „განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწვევაო.“ ამიტომ შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი – ტყიან ბორცვად. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: „წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით.“ რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა. გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე. თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს – ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან. ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას. რაკი ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე. „იმ დღეს, – ამბობს უფალი, – შევკრებ კოჭლებს და თავს მოვუყრი განდევნილთ, რომელნიც მე გავაუბედურე. ნატამალად დავტოვებ კოჭლებს და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს. უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე. შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება, მეუფება დაუბრუნდება იერუსალიმის ასულს. ახლა რად გაჰყვირი? მეფე არ არის შენში? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვა დაგმართნია მშობიარესავით? იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ. ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი, მტრების ხელიდან გამოგიხსნის. ახლა კი უამრავი ხალხი გყავს შემოსეული და ამბობენ: ‘წაიბილწოს და ჭვრეტდეს სიონს ჩვენი თვალი.’ მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე. მიდექი და ლეწე, სიონის ასულო, რადგან რკინის რქებს დაგადგამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი – მთელი ქვეყნიერების უფალს. ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი. კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს. შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში, და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.“ ამიტომ მიუშვეს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს. დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან. დადგება და დამწყემსავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის, სახელის სიდიადით, და მობრუნდებიან, რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდე. და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში, და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში; მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს. დამწყემსავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისაგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და, როცა ჩვენს საზღვრებში შემოდგამს ფეხს. და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე. აღარ ექნება კაცის იმედი, და აღარ დაენდობა ადამიანებს. და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის, როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში – თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მხსნელი. აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე. „მაშინ იქნება, – ამბობს უფალი, – რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ. გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხე-სიმაგრეს. ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები. შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს, და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს. ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან, და დავაქცევ შენს ქალაქებს. რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა.“ ისმინეთ, რას ამბობს უფალი: „აღდექ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს! ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს. ჩემო ერო, რა გაგიკეთე, და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი. ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი – მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბილყამ ბეყორის ძე, შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.“ რით წარვდგე უფალთან და თაყვანივცე მაღალ ღმერთსო? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ხბორებით ხომ არ წარვდგეო? ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილ? ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე. უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და, ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის: „გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს. თუ არის კიდევ უკეთურის სახლში უკეთური განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? როგორ გავამართლო უკეთური სასწორი და ქისა – მატყუარა საწონით? რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით. მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ, და ცრუა მათი ენა მათ პირში. და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო. შეჭამ და ვერ ვაძღები, შიმშილი გექნება მუცელში. გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ – მახვილს მივცემ. დათესავ და ვერ მოიმკი, ზეთს გამოხდი და ვერ იცხებ, ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ. მოქმედებს თქვენში ყომრის წესები და ყოველი საქმე – ახაბის სახლისა; მისდევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო მისი მცხოვრებნი, და ჩემი ერის სირცხვილი იტვირთოთ.“ ვაგლახ, რომ ნარჩენი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მომმცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად, პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული. გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით; გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს; უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, წრფელი კი ძეძვზე უარესია. დადგება შენი მოთვალყურის დღე, შენი მონახულების დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი. ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს, შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი – რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი – თავის დედამთილს. კაცის მტრები არიან მისი შინაურები. მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს. შემიწყნარებს ჩემი ღმერთი. ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი! დავითმენ უფლის რისხვას, (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს. ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს. დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება. შენი კედლების აშენების დღე შენი რჯულის გავრცელების დღე იქნება. იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან; ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე. გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა მიზეზით, მათ ნამოქმედართა ნაყოფების მიზეზით. დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდროს ფარა, ტყეში მარტოდმარტო რომ ცხოვრობს, ქარმელს შორის! იბალახოს ბაშანში და გილყადში ძველებურად! გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი. დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ; მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა, და შენიც შეეშინდებათ. რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ; დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ მათ ცოდვას. დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს – სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამებს შეჰფიცე ძველთაგანვე. ნინევეს განაჩენი. ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი. იჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელია უფალი და რისხვიანი. შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს. სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს. გრიგალშია უფალი და ქარბორბალშია მისი სავალი. ღრუბელი მის ფერხთა მტვერია. დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს. გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი. მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები. წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი. ვინ გაუძლებს მის წყრომას? ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან. კეთილია უფალი – ციხე-სიმაგრე გასაჭირში, და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ. მოვარდნილი ღვართქაფივით წალეკავს მის ადგილს, და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში. რა განუზრახეთ უფალს? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი. რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და მომთვრალეთა მსგავსად დამთვრალნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით. შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი. ასე თქვა უფალმა: „თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან, გადაშენდებიან. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ. „ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადგას, და დავწყვეტ შენს ბორკილებს.“ ასე ბრძანა შენზე უფალმა: „აღარ მოშენდება შენი სახელი. გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან. საფლავს გაგიმზადებ, რადგან არარაობა ხარ.“ აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაცნედ! გამართე დღესასწაულები, იუდა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი, საბოლოოდ განადგურდა. შემართულია შენს თავზე ურო, დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიბე! რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს. წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლებს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები. დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ. გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ. გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე. გადაწყდა: გაშიშვლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ. წყლისგან დაიცალა, ნინევე – წყალსატევი, ისინი კი გარბიან. „დადექით! დადექით!“ მაგრამ არავინ ბრუნდება უკან. დაიტაცეთ ოქრო! დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი – ძვირფასი ნივთები. გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ. სად არის ლომთა ბუნაგი და – ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არ იყო დამაფრთხობელი? ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის, და აღრჩობს თავისი ძუსთვის, ნატაცებით ავსებს ბუნაგს და გამოქვაბულს – დაგლეჯილი ნადავლით. „აჰა, მითქვამს შენთვის,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება მოციქულთა ხმა.“ ვაი, სისხლიან ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას. შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი. მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა; უამრავ დახოცილ გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორთხილობენ მათ ცხედრებზე. ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით – ტომებს. „აჰა, მე შენ, – ამბობს რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს – შენი უტიფრობა. მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი. ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: ‘გაძარცვულია ნინევე,’ ვის დაენანება იგი? ვინ მოგიძებნო ნუგეშისმცემელი?“ რითი ჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი? ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს. ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს იყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილებს ადებდნენ. დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფარს დაუსწყებ ძებნას. შენი ციხე-კოშკები თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს. აჰა, შენი ერი საქალეა შენს წიაღში! ფართედ გაეღება შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს ურდულებს. მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა. იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით. მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია; კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება. შენი მოხელეები ბოცომკალს ჰგვანან; შენი იასაულები ჭრიჭინების გუნდისა, ცივ ამინდში ღობის ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს. ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები. არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე? განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა: როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველოდე? რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი. ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი. რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს, ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი. „შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებდით. რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, – ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი. ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი. დაჯირითობენ მისი მხედრები, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით. ერთიანად მოდის დასარბევად, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს. ამასხრებს მეფეებს და მთავრებს სასაცილოდ იგდებს. დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად. მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდავს. მისი ძალა მის ღმერთშია!“ განა უკუნისიდან არა ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი! საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული! სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა უკეთური ყლაპავს მართალს? ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით. ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს. ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი. ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის სათხეველს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით? ჩემს სადარაჯოზე დავდგები, და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე. მომიგო უფალმა და მითხრა: „ჩაწერე ხილვა, ქვის დაფებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება. აჰა, გაიბერა, ვერ გასწორდა მასში მისი სული. მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს. მატყუარა ღვინოსავითაა ამპარტავანი, არ მოისვენებს. ჯოჯოხეთივით გაიბერა სული და სიკვდილივით გაუმაძღარია. თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს. ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხარად აიგდებენ, იტყვიან: ‘ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს – როდემდის – და მონახვეჭით იმძიმებს თავს!’ ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ მათ კერძად იქცე? რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცვული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნისა, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ. ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან! სირცხვილი გადაუწყვიტე შენს ხალხს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე. რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან. ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს. განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღწვიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები? რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული? ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ სიშიშვლეს უყუროს! პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები. შენც სვი და გაშიშვლდი, შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება. რადგან ლიბანის თრგუნვა შენს თავზე გადმოვა და პირუტყვთა აკლება შეგაშინებს, რადგან კაცის სისხლი გაქვს დაღვრილი და ქვეყანა, ქალაქი და მისი მცხოვრებნი – დათრგუნული. რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს? მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები. ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას. უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია. დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე!“ აბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად. უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუაძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი გახსოვს შეწყალება. თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა – ფარანის მთიდან. დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა. დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება. შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი. შედგა და გათელა მიწა, გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები. გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი. განსაცდელში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები. ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს – შენი მძვინვარება და ზღვას – შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი? შენ გააშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა. დაგინახეს და შედრკნენ მთები. გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები. მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში. შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე. რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომით თელავ ხალხებს. შენი ერის გამოსახსნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად. ჭერი ჩაუნგრიე უკეთურის სახლს, საფუძვლიდან ქედამდე გააშიშვლე. თავი გაუპე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ყიჟინებდნენ, თითქოს ბედშავი იდუმალ ჩაეყლაპოს. შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები. გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყეს ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი. მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვად დაესხმიან. თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს. (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე). უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონიას, ძეს ქუშისა, ძისა გედალიაჰუსი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიაჰუსი – იუდას მეფისა – იოშიაჰუ ამონის ძის დროს. „ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან,“ – ამბობს უფალი, – „ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს უკეთურებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან,“ – ამბობს უფალი, – „ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს. მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და თავიანთ მეფეს იფიცავენ; მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ. იდუმე უფლის, ღვთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე. რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები. დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსლით შემოსილს. მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამვსებელს. გაისმება იმ დღეს,“ – ამბობს უფალი, – „გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა – საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი – მთაგორებიდან. ივალალეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი. სწორედ მაშინ იქნება, რომ ლამპრით მოვათვალიერებ იერუსალიმს, და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ, არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო. განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები. ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ. ჩაყრიან ვენახებს და მათ ღვინოს ვერ შესვამენ.“ ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა სულ მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ მაგარი ვაჟკაციც. რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე, ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ. ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს. მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით – მათი ხორცი. ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს. გონს მოდი, უსირცხვილო ხალხო. ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს. რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, აიყრება აშდოდი შუადღისას და ამოიძირკვება ყეკრონი. ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელ ხალხს! შენზეა უფლის სიტყვა, ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები. გადაიქცევა ზღვისპირეთი საძოვრებად, მწყემსთა ბინებად და ცხვრის ფარეხებად. იუდას სახლის ნატამალს ერგება ეს მხარე. იქ დაიწყებენ ძოვას, აშკელონის სახლებში წამოწვებიან საღამოჟამს, რადგან მოხედავს მათ უფალი და ტყვეობიდან დააბრუნებს. „მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან. ამიტომაც, ვფიცავ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, – რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები – გომორას, ჭინჭრიან ადგილს, და ჩემი ხალხის ნატამალი დაიმკვიდრებს მათ.“ ეს მოელით მათი ამპარტავნების გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული. „თქვენც, ქუშელებო, დაილახვრებით ჩემი მახვილით.“ გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს, და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით. ყოველთა მხეცთა ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე. მათი ხმა გაისმება სარკმლებში. ყორანი დაიყეფს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედრის კედლები. ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: ‘მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არის.’ როგორ გატიალდა! როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი კაცი, ვინც ჩაუვლის მას შორიახლოს, დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს. ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! არაფერს ისმენს, არ შეიგონებს, უფალს არ ესავს, თავის ღმერთს არ ეკარება. მისი მთავრები მბდღვინავი ლომებია მის შუაგულში, მისი მსაჯულები საღამოს მგლებია, დილისთვის ძვალსაც რომ არ ტოვებენ. ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი; მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ. სამართლიანია მის წიაღში უფალი, არ სჩადის სიმრუდეს; დილ-დილობით გააცხადებს თავის სამართალს და არ ბრკოლდება. მაგრამ უკუღმართმა არ იცის სირცხვილი. „გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხე-სიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარავინაა მცხოვრები. ვეუბნებოდი: ოღონდ გეშინოდეს ჩემი, მიიღე შეგონება-მეთქი. არ განადგურდებოდა მისი სამყოფელი, რამდენჯერაც არ უნდა დამესაჯა იგი. მაგრამ ბეჯითად რყვნიდნენ თავიანთ ზნეს. ამიტომაც მელოდეთ მე, – ამბობს უფალი, – იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა. რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ. ქუშის მდინარეთა გაღმიდან ჩემი გაფანტული ხალხი მომართმევს ძღვენს. იმ დღეს აღარავინ შეირცხვენს თავს შენი საქციელით, რითაც მცოდავდი, რადგან მაშინ მოვარიდებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს, რომ აღარ გამედიდურდე ჩემს წმიდა მთაზე. დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს. აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა. მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარ იქნება დამათრობელი.“ გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ. იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: „ნუ გეშინია!“ და სიონს: „ნუმც მოგეღლება მკლავი! უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო. შევკრებ დღესასწაულს მოწყვეტილთ: შენგან რომ გავიდნენ, სირცხვილი აწევთ ტვირთად. აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს. ვიხსნი ფეხკოჭლს, გაფანტულს თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში. იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე თავს ერთად მოგიყრით, მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ,“ – ამბობს უფალი. დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით იუდას განმგებელ ზერუბაბელ შეალთიელის ძის და მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ: „ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ‘ეს ხალხი ამბობს: ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი.’“ იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით: „იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?“ ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „დაუკვირდით თქვენს საქციელს. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. გახვრეტილი ქისისთვის იღებს მშრომელი შრომის საზღაურს.“ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „დაუკვირდით თქვენს საქციელს. ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები“ – ამბობს უფალი, – „ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ?“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი. გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს, ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.“ ისმინეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღვთის, ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღვთის, მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა. უთხრა ანგიამ, უფლის მოციქულმა, ხალხს უფლის მოციქულობის ძალით: „მე თქვენთანა ვარ“, – ამბობს უფალი. გააღვიძა უფალმა იუდას განმგებელ, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის, სახლში. მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს. მეშვიდე თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით: „უთხარი ზერუბაბელ შეალთიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს, და მთელს დანარჩენ ხალხს: ‘ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში! ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ!’ – ამბობს უფალი. – ‘გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! მთელი ქვეყნის ერო! – ამბობს უფალი, – და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ’, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ‘სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით, და ჩემი სული იმყოფებს თქვენს შორის. ნუ გეშინიათ.’ რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს და აღსრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ‘ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ‘პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი.“ მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის ხელით: „ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ‘ჰკითხე მღვდლებს რჯული: აჰა, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თავისი სამოსლის კალთით, შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს, თუ გახდება წმიდა?’“ მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: „არა.“ თქვა ანგიამ: „თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი?“ მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: „გაუწმიდურდება.“ მიუგო ანგიამ და უთხრა: „ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი. – ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია. ახლა დააკვირდით, რა ხდებოდა ძველად, ვიდრე ქვა ქვაზე დაიდებოდა უფლის ტაძარში. მივიდოდნენ ოცძნიან ზვინთან და აღმოჩნდებოდა ათი. მივიდოდნენ საწნახელთან ორმოცდაათი საწყაულის ამოსახაპავად და აღმოჩნდებოდა ოცი. გინადგურებდით მთელს ნამუშაკევს ხორშაკით, სიყვითლით და სეტყვით. და მაინც არ მოიქეცით ჩემსკენ,’ ამბობს უფალი. ‘დააკვირდით, რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით: თუღა დარჩა ბეღელში თესლი? აქამდე არ გამოუღია ნაყოფი ვაზს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს. ამიერიდან კი ვაკურთხებ.’“ მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს: „ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: ‘შევარყევ ცას და მიწას. დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ ხალხების სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ, და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით, იმ დღეს’, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ‘აგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძეო, ჩემო მორჩილო,’ – ამბობს უფალი, – ‘და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ’“, – ამბობს ცაბაოთ უფალი. დარიოსის მეორე წელს, მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი. „რისხვით განურისხდა უფალი თქვენს მამებს. უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘მოიქეცით ჩემსკენ’, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ‘და მეც მოვიქცევი თქვენსკენ’, – ამბობს ცაბაოთ უფალი. ‘ნუ იქნებით, როგორც თქვენი მამები, რომელთაც მოუწოდებდნენ წინანდელი წინასწარმეტყველნი, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: „მიიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან!“ მაგრამ არ მისმენდნენ და არ მიგონებდნენ,’ – ამბობს უფალი. – „სადღა არიან თქვენი მამები და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ? მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამებს? მოიქცნენ და თქვეს: ‘როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისე მოგვექცა ჩვენ.’“ მეთერთმეტე თვის, ანუ შებატის თვის, ოცდამეოთხე დღეს იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი. ვიხილე ღამით და აჰა, მხედარია წითელ ცხენზე და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში, მის უკან კი ცხენებია – წითლები, ზერდაგები და თეთრები. და ვთქვი: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“ მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: „მე გაჩვენებ, რა არიან ესენი.“ ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა: „ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად.“ მიუგეს უფლის ანგელოზს, მურტის ხეთა შორის მდგარს, და უთხრეს: „შემოვიარეთ ქვეყანა და აჰა, მშვიდად განისვენებს მთელი ქვეყანა. უფალი არ კეთილნებობს ხალხისადმი.“ მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: „ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც აგერ სამოცდაათი წელია შერისხული გყავს?“ მიუგო უფალმა ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა, კეთილი სიტყვები, ნუგეშის სიტყვები. მითხრა ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმის და სიონის მიმართ. დიდი რისხვით ვმრისხანებ თავგასულ ხალხზე. რადგან ოდნავ განვრისხდი და შეეწივნენ ისინი ბოროტებას.’ ‘ამიტომ ასე ამბობს უფალი: „მოწყალებით მოვბრუნდი იერუსალიმისკენ. მასში აიგება ჩემი სახლი,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „და ლარი გადაიჭიმება იერუსალიმზე.“’ ‘კიდევ მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: „კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.“’“ ავახილე თვალები და აჰა, ოთხი რქაა. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი?“ მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი.“ და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი. ვთქვი: „რის გაკეთებას აპირებენ ესენი?“ ასე მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი. ეს მჭედლები კი მოსულნი არიან დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად.“ ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში. ვკითხე: „სად მიდიხარ?“ მითხრა: „იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო, რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე.“ აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად. უთხრა მას: „გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი: გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო, მასში რომ არის. მე ვიქნები მისთვის, – ამბობს უფალი, – ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში. ჰოი, ჰოი, გაიქეცით ჩრდილოეთის ქვეყნიდან, – ამბობს უფალი, – რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, – ამბობს უფალი. ჰოი, სიონო, თავს უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ! რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარე მისი თვალის გუგის შემხებარეა. რადგან, აჰა, მოვუქნევ ხელს და მათი ყმების ნადავლად იქცევიან; მიხვდებიან, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა. იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში,“ – ამბობს უფალი. „მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს ამ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში.“ და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან. დაიმკვიდრებს უფალი იუდას თავის წილხვედრად წმიდა მიწაზე და კვლავ აირჩევს იერუსალიმს. იყუჩოს ყოველმა ხორციელმა უფლის წინაშე, რადგან, აჰა, გაიღვიძა მან თავის წმიდა სამყოფელში.“ დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი მის მოსაყივნებლად. უთხრა უფალმა სატანას: „გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?“ იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: „გახადეთ წვირიანი სამოსელი!“ უთხრა მას: „აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსლით შეგმოსავ.“ თქვა: „დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვან სამოსელი.“ უფლის ანგელოზი კი იდგა. გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის.“ ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები. რადგან, აჰა, მოვავლინებ ჩემს მორჩილს – მორჩს! რადგან აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს. იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.’“ მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი: „ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი და შვიდი საწრეტი ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი ჯამი მარჯვნივ, მეორე მის მარცხნივ.“ ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“ მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „განა არ იცი, რა არის ესენი?“ ვუთხარი: „არა-მეთქი, ჩემო ბატონო.“ მომიგო და მითხრა: „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს თავკიდურ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!“ იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: „ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს. და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში. უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ.“ მივუგე და ვუთხარი მას: „რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?“ მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: „რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილაკის გვერდით, საიდანაც ზეითუნის ზეთი იღვრება?“ მითხრა: „არ იცი, რა არის ესენი?“ ვუთხარი: „არა-მეთქი, ჩემო ბატონო.“ მითხრა: „ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.“ კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი. მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი მე: „აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით – ათი წყრთა.“ მითხრა: „ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი. რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად. გამოვიხმე, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას.“ გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს.“ ვუთხარი: „რა არის-მეთქი?“ მითხრა: „ეს საწყაული ჩანს.“ და თქვა: „ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე.“ აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში. თქვა: „ეს არის უკეთურება.“ და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედ. ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ. და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას შორის. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; „სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული?“ მითხრა: „შინეარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ. და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.“ კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი. მთები კი სპილენძისა იყო. პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი ცხენები. მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ულაყები, ნისლისფერნი. ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: „რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო?“ მომიგო ანგელოზმა და მითხრა: „ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან. მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ულაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან. ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს.“ უთხრა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა!“ და მოიარეს ქვეყანა. დამიყვირა და ასე დამელაპარაკა: „შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.“ იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: „აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან – ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასაგან და წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან. გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინები და დაადგი თავზე იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს. უთხარი: „ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘აჰა, კაცი – მორჩია მისი სახელი, რადგან თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის.’“ „გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, ტობიას, იედაყიას და ხენს, ცეფანიას ძეს, სამახსოვროდ უფლის ტაძარში. შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს.“ და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღვთის, ხმას. დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, – ქისლევის – ოთხში. გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე, და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: „ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევი?“ იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: „უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: ‘როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით? როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ? განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი დასახლებული და უზრუნველი იყო, როცა მისი ქალაქები მის გარშემო, სამხრეთი და დაბლობი დასახლებული იყო?’“ იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ ნათქვამი: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს. ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ, ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.’ მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს, რომ არ ესმინათ. გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა ხელით. ამიტომაც იყო დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან. და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას,“ ამბობს ცაბაოთ უფალი; – „გავფანტე ისინი ყველა ხალხს შორის, რომელსაც არ იცნობდნენ, და გატიალდა მიწა მათ შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და სანუკვარი ქვეყანა უდაბნოდ აქციეს.“ იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ნათქვამი. „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის მიმართ.’ „ასე ამბობს უფალი: ‘დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში. დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას – წმიდა მთა.’ „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა სიმრავლის გამო. ქალაქის მოედნები სავსე იქნება ბიჭებით და გოგონებით, ითამაშებენ მის მოედნებზე.’ „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘თუ ეს შეუძლებელია ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელია?’ – ამბობს ცაბაოთ უფალი. „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘მე დავიხსნი ჩემს ერს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის დასავლეთის ქვეყნიდან, და მივიყვან მათ და დავასადგურებ შუაგულ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები ჭეშმარიტებით და სიმართლით.’ „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს. რადგან ამ დღეებამდე არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით და ერთი-მეორეზე მყავდა მისეული ადამიანები. ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ‘რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს. და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას. და როგორც საწყევარად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით და საკურთხეველად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი.’ „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა განმარისხეს თქვენმა მამებმა, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და არ შევინანე, კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის. ნუ გეშინიათ! აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან, ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი,’ – ამბობს უფალი.“ იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად. ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ.’ „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა მცხოვრებნი. ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ. იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწრად უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ.“ ‘მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწროდ უფლის წინაშე.’ „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი.’“ განაჩენი. სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს), და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ცორზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ. აიშენა ცორმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო – ქუჩის ტალახივით. აჰა, უფალი ცარიელზე დატოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს, თავად კი ცეცხლში შთაინთქმება. იხილავს აშკელონი და შეეშინდება; ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი. გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. უცხო თესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტოვნებას. ბაგეებიდან ამოვგლეჯ სისხლს და მის სისაძაგლეებს – კბილებს შორიდან. ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება, როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი იებუსელის მსგავსად შეირაცხება. შემოვაკავებ ჩემს სახლს ლაშქრისგან დასაცავად, მიმსვლელ-მომსვლელისგან და აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ამიერიდან საკუთარი თვალით ვხედავ მას. იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ჭაკი ვირის ნაშიერზე. ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს – იერუსალიმიდან. შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე, და მდინარიდან – ქვეყნის კიდემდე. შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ. რადგან მშვილდივით მოვზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს. აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ! უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ, და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი. ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში. ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ. შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს, ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს. აივსებიან სასხურებელი თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით. იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას, რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე. ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს – ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს. შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს. უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში. რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი. „მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას – იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში. მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი, მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი ერთიანად. იქნებიან როგორც გმირები, ქუჩის ტალახს რომ თელავენ ბრძოლაში. იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გააწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ. გავაძლიერებ იუდას სახლს, და ვიხსნი იოსების სახლს, დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალე ისინი, და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვებინოს, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და შევისმინე მათი. გმირივით გახდება ეფრემი და გახალისდება მათი გული, თითქოს ღვინისაგან. დაინახავენ ამას მათი შვილები და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული უფალში. დავუსტვენ მათ და თავს მოვუყრი, რადგან გამოვისყიდე ისინი, და ბევრნი გახდებიან, როგორც ბევრნი იყვნენ. მე გავაბნიე ისინი ხალხებში და შორეულ ქვეყნებში გამიხსენებენ. იცხოვრებენ თავიანთ შვილებთან ერთად და დაბრუნდებიან. დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან და აშურიდან გამოვკრებ მათ. გილყადის ქვეყნად და ლიბანს მივიყვან მათ, და ადგილი არ ეყოფათ. ჩაივლის ზღვაზე სატანჯველი, და დაჰკრავს ზღვაში მის ტალღებს; ამოშრება ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება, და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს. გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით“ – ამბობს უფალი. გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები! ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი! გაისმის მწყემსთა ვალალების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა, რადგან გაიძარცვა იორდანეს დიდება! ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: „დამწყსე დასაკლავად განწირული ცხვარი, მყიდველნი რომ ხოცავენ განუკითხავად, მათი გამყიდველნი კი ამბობენ: კურთხეულია უფალი! გავმდიდრდიო. მათი მწყემსებიც არ ინდობენ მათ. რადგან მეც აღარ დავინდობ ამ ქვეყნის მცხოვრებთ, – ამბობს უფალი, – აჰა, ჩავუგდებ ყოველ კაცს თავის თვისტომს ხელში და თავის მეფეს ხელში, აიკლებენ ქვეყანას და მე არ დავიხსნი მათ მათი ხელიდან.“ დავმწყემსავ დასაკლავ ცხვარს, დაბეჩავებულ ცხვარს. ავიღებ ორ კომბალს, ერთს სიამეს ვუწოდებ, მეორეს საკვრელებს ვუწოდებ და დავმწყემსავ ცხვარს. ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, და მათი სულიც შემიძულებს მე. ვიტყვი: „აღარ დაგმწყემსავთ თქვენ. მოსაკვდომი მოკვდეს, გასაწყვეტი გაწყდეს, დანარჩენებმა ჭამონ ერთმანეთის ხორცი.“ ავიღებ კომბალს – სიამეს და გადავტეხავ, რათა გავტეხო ჩემი აღთქმა, რომელიც ყველა ხალხთან დავდევი. გატყდება იმ დღეს და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა. ვეტყვი მათ: „თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და, ნუ მომცემთ. და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.“ მითხრა უფალმა: „ჩაყარე ისინი საგანძურში – საუკეთესო საფასური, როგორც დავფასდი მათგან.“ მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში. გავტეხავ მეორე კომბალს – საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის. მითხრა უფალმა: „კიდევ აიღე უგუნური მწყემსის იარაღი. რადგან აჰა, დავაყენებ ამ ქვეყანაში მწყემსს. მიგდებულთ არ მიხედავს, პატარებს არ მოძებნის, დასახიჩრებულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვებავს. მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს. ვაი უმაქნის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს! მახვილი იქნება მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე. მთლიანად შეახმება მკლავი და დაევსება მთლიანად მარჯვენა თვალი!“ განაჩენი. სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი, რომელმაც გადაფინა ცა, დაამყარა მიწა და რომელმაც ჩაუდგა სული ადამიანებს მათ წიაღში: „აჰა, გავხდი იერუსალიმს სიბრუვის თასად ყოველი ხალხისთვის ირგვლივ და თვით იუდასთვის, როცა ალყაში მოექცევა იერუსალიმი. დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება. იმ დღეს, – ამბობს უფალი, – გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს. მაგრამ იუდაზე მექნება თვალი გახელილი, როცა ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ. იტყვიან იუდას ათასეულნი თავიანთ გულში: ‘ჩემი ძალა იერუსალიმის მცხოვრებნი არიან ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის შეწევნით.’ იმ დღეს გავხდი იუდას ათასეულთ ანთებულ ქურად ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხს ირგვლივ. იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილზე, იერუსალიმში. იუდას კარვებს იხსნის უფალი, რომ დავითის სახლის დიდებამ და იერუსალიმის მცხოვრებთა დიდებამ არ გადააჭარბოს იუდას დიდებას. იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მცხოვრებთ და ძაბუნი მათ შორის დავითივით იქნება იმ დღეს. დავითის სახლი კი ღმერთივით იქნება, უფლის ანგელოზივით იქნება მათ წინაშე. იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეტ ყოველი ხალხის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე. გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ. დაიტირებენ მას, როგორც მხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან. იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადად-რიმონისა მეგიდონის ხეობაში. იგლოვებს ქვეყანა – ყოველი საგვარეულო ცალკე: დავითის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე, ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე; ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე, შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე. ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.“ „იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად. იმ დღეს იქნება, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებდნენ, და წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან. თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო. და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა აქადაგდება. იმ დღეს იქნება, რომ შერცხვებათ წინასწარმეტყველთ – თითოეულს თავისი ხილვისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ შავი ბალნის შესამოსელს თვალის ასახვევად. იტყვიან: ‘არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი ვარ, რადგან ყმად ვარ ნაყიდი სიყმაწვილიდანვე.’ ეტყვიან: ‘ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე?’ მიუგებს: ‘ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.’ „მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს. მთელს ქვეყანაზე, – ამბობს უფალი, – ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება. გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმენდ, როგორც ვერცხლი იწმინდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება. მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ‘ეს არის ჩემი ერი.’ იტყვიან ისინი: ‘უფალია ჩემი ღმერთი.’“ აჰა, დადგება დღე უფლისაგან და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში. თავს მოვუყრი ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღებული იქნება ქალაქი, სახლები გაიძარცვება და ქალები გაუპატიურდებიან, ნახევარი ქალაქი ტყვედ წავა, დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან. გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს, როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს. შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით, შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა – აღმოსავლეთიდან დასავლეთით – და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა. მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი – სამხრეთისკენ. გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს. გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს. მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად. იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, იქნება სიცივე და ყინვა. იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე. მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი. იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი. ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ. ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება. იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება. ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრით. იერუსალიმი კი ამაღლდება და დარჩება თავის ადგილზე ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის ადგილამდე, კუთხის კარიბჭემდე, და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახლებამდე. იცხოვრებენ მასში და აღარ იქნება შეჩვენება, და მშვიდად იცხოვრებს იერუსალიმი. ეს იქნება სატანჯველი, რომელითაც დატანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე. ზეზეულად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში. იმ დღეს იქნება, რომ დიდი არეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან. ხელს ჩასჭიდებენ ერთიმეორეს და ერთის ხელი მეორის ხელის წინააღმდეგ აღიმართება. იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს. დახვავდება ყველა გარეშემო ხალხის დოვლათი – ოქრო-ვერცხლი და დიდძალი სამოსელი. ასეთივე იქნება სატანჯველი ცხენთა და ჯორთა, აქლემთა და სახედართა, ყოველი პირუტყვისა, რომელიც კი მათ ურდოებში იქნება. მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ. მოხდება ისე, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანისსაცემად, წვიმა არ იქნება მათზე. თუ ეგვიპტის ტომი არ ავა და არ შევა იქ, წვიმა არ იქნება მასზე. იქნება სატანჯველი, რითაც დატანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ. ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ. იმ დღეს იქნება წარწერილი ცხენთა ზანზალაკებზე: სიწმიდე უფალს. და ქვაბები უფლის სახლში შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე. ყოველი ქვაბი იერუსალიმში და იუდაში წმიდა იქნება ცაბაოთ უფლისათვის. მოვა ყოველი შემწირველი, აიღებს მათგან და მოხარშავს მათში. აღარ იქნება იმ დღეს ქანაანელი ცაბაოთ უფლის სახლში. განაჩენი. სიტყვა უფლისა ისრაელისადმი მალაქიას პირით: „მე შეგიყვარეთ თქვენ“, – ამბობს უფალი. თქვენ კი ამბობთ: „რისთვის შეგვიყვარე“? „განა ესავი იაკობის ძმა არ არის?“ – ამბობს უფალი, – „მაგრამ მე იაკობი შევიყვარე, ესავი კი შევიძულე და გავაუკაცრიელე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო.“ თუმცა ამბობს ედომი: „დარბეული ვართ, მაგრამ კვლავ ავაშენებთ ნაოხარს“. ცაბაოთ უფალი ასე ამბობს: „ისინი ააშენებენ და მე დავანგრევ. დაარქმევენ მათ ბოროტების მხარეს და ისეთ ხალხს, რომელსაც სამუდამოდ შემოსწყრა უფალი.“ იხილავენ ამას თქვენი თვალები და იტყვით: „იდიდა უფალმა ისრაელის საზღვრებს გარეთ.“ „‘შვილი პატივს სცემს მამას და ყმა – თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში?’ თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო, თქვენ კი ამბობთ: ‘რითი შეურაცხვყავით შენი სახელი?’ მოგაქვთ წაბილწული პური ჩემს სამსხვერპლოზე და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო. ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, ცუდი არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ცუდი არ არის? აბა, მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ან თუ კეთილად შემოგხედოს? – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ახლა კი შეევედრეთ ღმერთს, ვინძლო შეგიწყალოთ. როგორ შემოგხედოთ კეთილად, როცა ეს გამოდის თქვენი ხელიდან? – ამბობს ცაბაოთ უფალი. – რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი. რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავალიდან დასავალამდე. ყოველ ადგილს დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ, რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი შესაზიზღიაო საჭმელად. ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო. და გძულთ იგი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული. ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ – როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? – ამბობს უფალი. – წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასახიჩრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან დიდი მეფე ვარ მე, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში.“ „ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო. თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში. აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის სკორეს, თქვენი დღესასწაულების სკორეს, და თან წაიღებთ მას. მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის. რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს. ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში. მშვიდობით და სიწრფელით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან. რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი. თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში. განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვემუხანათებით ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამების აღთქმა? მუხანათობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელში და იერუსალიმში, რადგან შელახა იუდამ უფლის სიწმიდე, რომელიც უყვარდა, და უცხო ღმერთის ასულს ექმრო. მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს – მღვიძარს და ხმის გამცემს და ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი. აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან. თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო. არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან, და თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყმაწვილის ცოლს. რადგან მძულს გაყრა, – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, – და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანები. დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩანს უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არის სამართლის ღმერთიო?“ „აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა ტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი. განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი. მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარდასულ წელიწადებში. მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწამე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები და თქვენც არ დაილევით, იაკობის ძენო. თქვენი მამების დღეებიდან მოყოლებული არღვევდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცით ჩემსკენ და მეც მოვიქცევი თქვენსკენ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო? განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში. წყევლითა ხართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ერი. მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად. შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ მინდორში ვაზი,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები,“ – ამბობს უფალი; – „თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო? თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე? ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო.“ როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის. „ჩემი იქნებიან ისინი,“ – ამბობს უფალი, – „იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს. კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის. რადგან აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული, და ყველა ამპარტავანი და უკეთურობის მოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს. ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე. თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბორებივით. გათელავთ უკეთურთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც ვუბრძანე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი. აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე. ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით.“ წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები; იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი; რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი; სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე. იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან. სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა. ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია; ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია; ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია; იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ; ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი; ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური; ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი; ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე – თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე – თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე – თოთხმეტი თაობა. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა; ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი. როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის. შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.“ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, – რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“ სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო. როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.“ ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე. მათ კი უთხრეს მას: „იუდეის ბეთლემში. ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ: ‘და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს.’“ მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.“ მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო. ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს. როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.“ ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს. და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.“ ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი.“ ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ.“ ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში. ხოლო როცა გაიგო, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში, მამამისის, ჰეროდეს, ნაცვლად შეეშინდა იქ წასვლისა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში, მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა. იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში. ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი. ვინაიდან ეს არის ის, ვისზეც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ‘ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.’“ თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო საზრდოდ ჰქონდა კალიები და ველური თაფლი. მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი იორდანეს სანახები. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით? მაშ, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ. მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით. მისი ნიჩაბი მის ხელთაა. ის გაწმედს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.“ მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი. ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“ მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, რომ ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“ მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. უთხრა მას: „თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.“ უთხრა მას: „ასევე დაწერილია: ‘არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.’“ ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.“ მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“ მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას. გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის, რომელიც ამბობს: „ზებულუნის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა. ხალხმა, რომელიც ბნელში ისხდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ.“ იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.“ როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“ მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ. მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას. და მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში. მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან და იუდეადან და იორდანეს გაღმიდან. დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ. თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად. თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: ‘არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება.’ მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის – რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის – სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი. გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარეს. ასევე ნათქვამია: ‘ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.’ მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’ მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი. არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ‘ჰო’ ჰო! ‘არა’ არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.’ მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას. ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ. თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს. ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება. სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება? არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე? შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ? რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა! თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან. ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ. ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება. არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვს და გველი მიაწოდოს? ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს. ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი. შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას. ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს? ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს – კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ. ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.’ ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა.“ როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი. მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან. აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას.“ და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. და უთხრა მას იესომ: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.“ როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა და უთხრა: „უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება.“ უთხრა მას: „მე მოვალ და განვკურნავ მას.“ მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთე-მეთქი ეს! და აკეთებს.“ ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“ და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს.“ და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური. იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ. როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.“ თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა იესომ, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ. მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ.“ იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი.“ ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“ ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ. და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“ და უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო?“ მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან?“ როცა გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში, მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. და აჰა, მორთეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები შეევედრნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი.“ უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა. მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და, რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა. და ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და მივიდა თავის ქალაქში. აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დავრდომილი. როცა იესომ იხილა მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს: „გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.“ აჰა, ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა: „ღმერთსა გმობს ეს კაცი.“ იესომ დაინახა მათი ზრახვები და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს? რისი თქმა უფრო ადვილია: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ იმის თქმა: ადექი და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება აქვს, – ასე უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.“ ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს. იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი.“ ისიც წამოდგა და გაჰყვა მას. მოხდა ისე, რომ როცა ის სუფრასთან იჯდა სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და ჩამოჯდა იესოსა და მისი მოწაფეების გვერდით. ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.“ მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ. არავინ დააკერებს ძველ ტანისამოსს ახალთახალ ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსელს და უარესად გამოიხევა. არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც მოისპობა. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება.“ როცა მათ ამას ელაპარაკებოდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ესესაა მოკვდა, მაგრამ მოდი, შენი ხელი დაადე მას და გაცოცხლდება.“ წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც. აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლისდენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას. ვინაიდან თავისთვის ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. ხოლო იესო მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.“ და ქალი იმავე ჟამს განიკურნა. მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი. უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ და სასაცილოდ აიგდეს იგი. როცა ხალხი გაიყვანეს, ის შევიდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და წამოდგა გოგონა. და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი. როცა იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა აედევნა. ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, დავითის ძეო!“ სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და უთხრა მათ იესომ: „გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ უთხრეს მას: „კი, უფალო!“ მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“ და აეხილათ მათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: „იცოდეთ, არავინ გაიგოს.“ მათ კი, როცა გავიდნენ, მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი. ისინი რომ გავიდნენ, მოუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი. როცა ეშმაკი განიდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. გაკვირვებული ხალხი ამბობდა: ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარაო ისრაელში. ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებსო. დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას. ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.“ მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება. ესენია იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. ეს თორმეტი მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: „წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ. არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით. ნურც გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია. რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ, სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: ‘მშვიდობა ამ სახლს!’ თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, ჩამოიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს. აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი. მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა. მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი. საკმარისია მოწაფისათვის ისეთი იყოს, როგორც მისი მოძღვარია და მონისათვის – როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს არა? ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ. ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული – თავის დედისაგან და რძალი – თავის დედამთილისაგან. კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. თავისი სულის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას. ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს. ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს. ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს, მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.“ როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად. ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა, რომ ეთქვათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.“ როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ იგლოვეთ.’ მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: ‘აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.’ სიბრძნე კი საქმეებით მართლდება.“ მაშინ იწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალნი, იმის გამო, რომ არ მოინანიეს. „ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ. შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ.“ მაშინ თქვა იესომ: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. ჰე, მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება. ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს. მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“ იმხანად იესომ ყანებზე გადაიარა, შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება.“ მან კი უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს? როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს, არამედ მხოლოდდამხოლოდ მღვდლებს? ანდა არ ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები ტეხენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან? თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვეპლი,’ მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“ და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში. და აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“ ხოლო მან უთხრა მათ: „რომელიმე თქვენთაგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.“ მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესომ შეიტყო და იქაურობას გაეცალა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა, და აუკრძალა მათ ამის გახმაურება. რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს: „აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს. არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს და მის სახელს მიენდობიან წარმართები.“ მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა. მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: „ნუთუ ეს დავითის ძეა?“ ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს. იესომ როცა დაინახა მათი ფიქრები, უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავისთავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს. და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი. ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში. „ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები.“ მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან.“ ხოლო მან მიუგო პასუხად: „ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა. ვინაიდან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში. ნინევიელები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, ვინაიდან იგი მიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი. როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის ურწყულებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც.“ როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. ვიღაცამ უთხრა მას: „აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ.“ მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: „აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები; ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“ იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას. დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან, ისე რომ იგი შევიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა. ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი. ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!“ მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ მან პასუხად უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: ‘სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ. გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.’ ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს. ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი. ხოლო კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება. ხოლო, კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს.“ სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: ‘ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი?’ მან კი უთხრა მათ: ‘მტერმა კაცმა გააკეთა ეს.’ ხოლო მონებმა უთხრეს მას: ‘გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?’ მან თქვა: ‘არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ.’“ სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს.“ მერე სხვა იგავი უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და დაფარა სამ წყვა ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა.“ ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია.“ მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი.“ მან მიუგო და უთხრა: „კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა. საყანე კი სოფელია. კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი. ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი. მკა კი არის სოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან. ამიტომ, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება სოფლის დასასრულს. ვინაიდან მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს, და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს. კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს. კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი სახის თევზს იჭერენ. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან. ასევე იქნება სოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. თუ გაიგეთ ყოველივე ეს?“ – დიახო, – მიუგეს მას. მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი.“ იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გაეცალა. მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ თავიანთ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ეს სიბრძნე და სასწაულები? განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ყოველივე ეს?“ და შებრკოლდნენ მის გამო. იესომ კი უთხრა მათ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა.“ და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო. იმ დროს ესმა ჰეროდეს – ტეტრარქს – იესოს ამბავი. და უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ სასწაულნი მოქმედებენ მასში.“ ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას, გამო. ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას: შენთვის ნებადართული არ არის მისი ყოლა. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს. ამიტომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რაც არ უნდა ეთხოვა. ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: „მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.“ და შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა. და წარგზავნა და იოანესათვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში. და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა. და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და აუწყეს იესოს. ეს რომ იესომ მოისმინა, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და ეს რომ ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან. გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები. როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის.“ იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით საჭმელი.“ მათ უთხრეს: „ჩვენ აქ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს.“ მან უთხრა: „აქ მომიტანეთ.“ და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი. მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. როცა გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს. მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ.“ უთხრა: „მოდი!“ პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“ იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“ როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ.“ გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში. იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი, წარგზავნეს მთელს იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი. და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს: „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ.“ მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო? ვინაიდან ღმერთმა თქვა: ‘პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’ თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო, ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.’ ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან.“ მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: „ისმინეთ და შეიგნეთ: ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.“ მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: „იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით დაბრკოლდნენ?“ მან პასუხად უთხრა: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.“ პეტრემ პასუხად უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი.“ ხოლო მან უთხრა: „ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ? არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის? პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს.“ გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“ სიტყვაც არ გაუცია მას. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან მოგვყვირის ის ჩვენ.“ მან მიუგო და უთხრა: „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.“ დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანი სცა მას და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“ მან მიუგო და უთხრა: „არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“ დედაკაცმა უთხრა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა.“ მაშინ იესომ პასუხად უთხრა: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს.“ და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი. წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი. ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს. იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ.“ უთხრეს მას მოწაფეებმა: „უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?“ უთხრა მათ იესომ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი და მცირეოდენი თევზი.“ და უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლი შესწირა, დატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა. ნარჩენი ნატეხებისაგან კი შვიდი სავსე კალათა აკრიფეს. მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. და გაუშვა ხალხი. ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას ადგილებში. მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ციდან. მან მიუგო და უთხრა მათ: „საღამოხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო; დილით კი – დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი – არა? ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.“ და მიატოვა ისინი და წავიდა. გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. და იესომ უთხრა მათ: „იხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.“ ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: პური არ წამოგვიღიაო. იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: „რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პური და რამდენი გოდორი აიღეთ? აღარც ოთხი ათასის შვიდი პური და რამდენი კალათი აიღეთ? რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?“ მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას. ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“ მათ უთხრეს: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი – ელიაო და ზოგი – იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.“ უთხრა მათ: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“ სიმონ-პეტრემ უთხრა მას პასუხად: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია. მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.“ მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის ქრისტეა. მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“ ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკობ, არამედ კაცისაზე.“ მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ? ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს.“ ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი გასპეტაკდა როგორც ნათელი. და აჰა, გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“ ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. იესო მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ.“ თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი. და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.“ ჰკითხეს მას მოწაფეებმა: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს. თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა.“ მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდათ. და როცა ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება.“ მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. მიუგო იესომ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!“ შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“ მან უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.“ გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: „კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ. კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“ მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: „რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან, თუ უცხოთაგან?“ როცა თქვა: „უცხოთაგან“, იესომ უთხრა მას: „აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან. მაგრამ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე იგი, და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“ იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: „ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?“ იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა, და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში. და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს. ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ. ვაი სოფელს ცთუნებებისაგან, ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. თუ გაცდუნებს შენი ხელი ან შენი ფეხი, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში. იცოდეთ, არ უგულებელყოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში სულმუდამ ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. ვინაიდან კაცის ძე დაღუპულის სახსნელად მოვიდა. „რა გგონიათ თქვენ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა მთებში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს იმაზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი. „ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. „ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორნი თქვენგან შეთანხმდებიან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია. ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის.“ მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?“ უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ. ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი კაცსა მეფესა, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება. როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა. მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონას გამოსვლისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ‘ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?’ განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს.“ ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ის კურნავდა მათ იქ. და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსცდიდდნენ და ეკითხებოდნენ: „შეუძლია კაცს გაუშვას თავისი ცოლი ყოველგვარი მიზეზით?“ მან მიუგო და უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.’ ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ.“ უთხრეს მას: „აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრილობის წერილის მიცემა და გაშვება?“ უთხრა მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.“ უთხრეს მას მოწაფეებმა: „თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი.“ უთხრა მათ: „ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.“ მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ. იესომ უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი.“ და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან. აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: „მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ მან უთხრა მას: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები.“ ჰკითხა მას: „რომლები?“ იესომ უთხრა: „არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ, პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ ჭაბუკმა მას უთხრა: „ყოველივე ამას ვიცავდი. რაღა მაკლია კიდევ?“ უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.“ ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა. კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“ ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს, და თქვეს: „აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“ გადახედა მათ იესომ და უთხრა: „კაცთაგან ეს შეუძლებელია, ღვთისაგან კი ყოველივე შესაძლებელია.“ მაშინ პეტრემ პასუხად უთხრა მას: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?“ იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად. ყველა, ვინც მიატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები, ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი. „ვინაიდან ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს – სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად. მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში. მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთო. და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა. გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: ‘რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’ უთხრეს მას: ‘იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა.’ უთხრა მათ: ‘წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’ რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.’ მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. პიველადმოსულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს, ამბობდნენ: ‘ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ.’ მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, არ გაწყენინებ. განა დინარად არ მომირიგდი? აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’ ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი – ცოტა.“ იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლა თორმეტნი განცალკევებით და უთხრა მათ გზაში: „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღდელმთავრებსა და მწიგნობართ, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.“ მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა, თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანსა სცემდა და რაღაცას ითხოვდა მისგან. უთხრა მას: „რა გინდა?“ უთხრა მას: „თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე დასხდნენ ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში.“ მიუგო იესომ და უთხრა: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?“ უთხრეს მას: „შეგვიძლია.“ უთხრა მათ: „ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ.“ ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე. იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს. ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.“ როცა ისინი იერიხოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!“ ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“ იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“ უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“ შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას. როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე. უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ. და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ.“ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „უთხარით სიონის ასულს: ‘აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.’“ მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღვოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“ როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო? ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.“ შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!“ მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი. როცა დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ. უთხრეს მას: „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესომ უთხრა მათ: „ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება.’“ და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია. განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე.“ და მყისვე გახმა ლეღვი. დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: „რა უცბად გახმა ეს ლეღვი!“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.“ როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“ ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას? თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.“ მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. „აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’ მიუგო და უთხრა: ‘არ მინდა.’ ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ უთხრეს: „პირველმა.“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი. „მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად. მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო. მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’ და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს. აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?“ უთხრეს მას: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ.“ უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’? ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს. ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს.“ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა. ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’ მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ‘ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.’ და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა, უთხრა მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’ ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა.“ მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში. და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას. ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“ იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? მიჩვენეთ სახარკო მონეტა.“ და მიუტანეს მას დინარი. უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ უთხრეს მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა – ღმერთსა!“ ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არსებობსო, და ჰკითხეს მას: „მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას. ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა. ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა.“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღვთისაგან თქვენთვის თქმული: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?’ ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა.“ ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება. როცა ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას: „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“ მან უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’ ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“ როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: „დავითისა.“ უთხრა მათ: „აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს, როცა ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა კვარცხლბეკად’? თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?“ ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა. მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს. უთხრა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ. კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს; უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში, და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: ‘რაბი!’ თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ – ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ – ქრისტე. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება. „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად. ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო. უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს? და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო. ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს? ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა. და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც. და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში – განკითხვა, წყალობა და სარწმუნეობა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ. ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო! ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს. ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო! იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? „ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს, და თქვენ მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში. გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოჰკალით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ მოდგმას. „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ აოხრებული თქვენი სახლი. ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“ და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“ ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: ‘გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება. ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული. ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა – წამკითხველმა გაიგოს, – მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად. ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წასაღებად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები.“ „მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან: ‘იქ’, არ ერწმუნოთ. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით. ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები. და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, – ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება; ორნი ფქვავდნენ დოლაბზე: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი, და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა. „მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: ‘აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’ მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება.’ მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: ‘რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.’ როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’ ხოლო მან მიუგო და უთხრა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!’ ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე. „ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი და სხვას – ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო. ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო. ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ. მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ‘ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.’ უთხრა მას მისმა ბატონმა: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’ მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ‘ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე.’ უთხრა მას მისმა ბატონმა: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’ მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ‘ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.’ მიუგო მას მისმა ბატონმა და უთხრა: ‘ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’ „და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს – მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’ მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’ მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’ მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ.’ მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?’ მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’ და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.“ ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად.“ მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა. მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო? ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება. ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა? ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით. ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან, რაც ამან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად.“ მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი. მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი. უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ მან უთხრა: „წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.“ მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი. რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. და როცა ჭამდნენ, თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს.“ ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: „მე ხომ არა, უფალო?“ მან მიუგო და უთხრა: „ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩამოაწობს ჯამში, ის გამცემს. კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა, უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო.“ მიუგო იუდამ, მისმა გამცემმა, და უთხრა: „ნუთუ მე ვარ, რაბი?“ „შენ თქვი!“ – უთხრა მას. როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.“ აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.“ იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისაკენ. მაშინ უთხრა მათ იესომ: „თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები.’ ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გაგიძღვებით წინ გალილეისაკენ.“ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები.“ უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: „ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ უთხრა მას პეტრემ: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ.“ ასევე ამბობდა ყველა მოწაფე. მაშინ იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: „აქ ისხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე.“ თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა. მაშინ უთხრა მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.“ და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.“ მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „ნუთუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“ მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი.“ კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ. მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე მიეცემა ცოდვილებს ხელში. ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“ ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით!“ მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!“ და ეამბორა. ხოლო იესომ უთხრა მას: „რისთვის მოსულხარ, მეგობარო?“ მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს. და აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი მიჰყო, იშიშვლა მახვილი, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. მაშინ იესომ უთხრა მას: „თავის ადგილას ჩააბრუნე მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება. იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე წარმომიდგინოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც? აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ იმ ჟამს უთხრა იესომ ხალხს: „თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე. მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები.“ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა. იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს. ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა აღსასრული. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი, და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი და თქვეს: „ეს ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო.“ მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: „არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“ იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავრმა უთხრა მას: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“ უთხრა მას იესომ: „შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს.“ მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. რას ფიქრობთ?“ ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: „სიკვდილის ღირსია.“ მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში და ცემა, ზოგიერთნი სილას აწნავდნენ და ეუბნებოდნენ: „გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა?“ პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი.“ მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ლაპარაკობ.“ როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფთ: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო.“ მან კვლავ უარყო ფიცით: არ ვიცნობო ამ კაცს. ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად შენც მათგანი ხარ, ვინაიდან შენი კილო გამხილებს შენ.“ მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობო ამ კაცს. და მყისვე იყივლა მამალმა. და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. და გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. გათენებისას მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს – განმგებელს. როცა იუდამ, მისმა გამცემმა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს, და უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი.“ მათ უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი.“ და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: „არ იქნება ამის ტაძრის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.“ მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ვინც შეფასდა ისრაელიანთა მიერ, და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.“ ხოლო იესო წარსდგა განმგებლის წინაშე და ჰკითხა მას განმგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ იესომ უთხრა: „შენ ამბობ.“ და როცა ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერი უპასუხია. მაშინ უთხრა მას პილატემ: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?“ არც ერთ მის სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, ისე რომ ძალიან უკვირდა განმგებელს. დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა განმგებელს – ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ. ჰყავდათ მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული. როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“ ვინაიდან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. როცა ის სამსჯავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა შეუთვალა და უთხრა: „არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო.“ ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ. მიუგო განმგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ მათ უთხრეს: „ბარაბა.“ უთხრა მათ პილატემ: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: „ჯვარს ეცვას!“ ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“ მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ: „ჯვარს ეცვას!“ როცა პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.“ მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.“ მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი. მაშინ განმგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს. გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი. დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!“ და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს თავისივე სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ. როცა გამოდიოდნენ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი, და აიძულეს იგი, მისი ჯვარი ეტარებინა. მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და, რომ იგემა, შესმა არ ინდომა. ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი. ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას. თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება: „ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.“ მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი – მარცხნივ. გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას. ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღვთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან.“ ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას. ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს, ვინაიდან თქვა, ღვთის ძე ვარო.“ მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ასევე ლანძღავდნენ მას. ხოლო მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა. მეცხრე საათი იქნებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთან?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: ელიას უხმობსო. უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად. სხვები კი ამბობდნენ: „მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად.“ ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა. და აჰა, ტაძრის კრეტსაბმელი გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა მიწა, და კლდეები დასკდა. სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა. გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ. ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო.“ იქ იყო აგრეთვე შორიდან მაყურებელი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, იაკობისა და იოსების დედა მარიამი და ზებედეს ძეთა დედა. როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები. ისიც იესოს მოწაფე იყო. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ. აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში. და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა. იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ. მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან და თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება.“ უთხრა მათ პილატემ: „თქვენ გყავთ დაცვა. წადით და უსაფრთხო ჰყავით, როგორც იცით.“ ისინი წავიდნენ, სამარხი უსაფრთხო ჰყვეს: დაბეჭდეს ლოდი და დაცვა დაუყენეს. შაბათის გასულს, ერთშაბათის თენებისას, მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი – თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.“ ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. და აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: „გიხაროდეთ!“ ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. მაშინ უთხრა მათ იესომ: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ.“ როცა ისინი მიდიოდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა. ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: „თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა-თქო. და თუ ამას განმგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.“ მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე. ხოლო თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ. ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგს კი ეჭვი ეპარებოდა. მივიდა იესო მათთან და უთხრა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე. ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ.“ დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა. როგორც ესაია წინასწარმეტყველში სწერია: „აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.“ იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ. იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და ჭამდა კალიებსა და ველურ თაფლს. ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა. მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ.“ მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იოანეს მიერ იორდანეში. და უცბად, როცა წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცა და სული, მტრედივით გარდამომავალი მასზე. და ციდან იყო ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“ და უცბად წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში. უდაბნოში ორმოცი დღე იყო იგი და სატანისგან იცდებოდა. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ. მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მივიდა გალილეაში და ღვთის სახარებას ქადაგებდა და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.“ როცა გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. იესომ უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“ მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს ამზადებდნენ. მყისვე მოიხმო ისინი, და მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას. კაპერნაუმს მივიდნენ და მყისვე, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში, და იგი ასწავლიდა მათ. გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი. უცბად მათ სინაგოგაში მყოფმა, არაწმიდა სულით შეპყრობილმა, კაცმა იყვირა: „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ.“ იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“ არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან. ისე განცვიფრდნენ ყველანი, რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას? მისი ამბავი მყისვე მოედო გალილეის მთელ მხარეს. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად. სიმონის სიდედრი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მყისვე უთხრეს მასზე. მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ. საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო. მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან. ბევრი სნეული განკურნა სხვა და სხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ რთავდა ეშმაკებს, ელაპარაკათ, რადგან ისინი იცნობდნენ მას. განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას, და იქ ლოცულობდა. სიმონი და მასთან მყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას. იპოვეს იგი და უთხრეს: „ყველა შენ გეძებს.“ უთხრა მათ: „წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული.“ და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა. მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოუყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“ შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი და განიწმიდა. მკაცრად გააფრთხილა და მყისვე გაუშვა. უთხრა მას: „უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად.“ ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ისე გაახმაურა ეს ამბავი რომ, იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და ხმა დაირხა, რომ სახლშიაო. იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარში ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას. მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხს მოჰყავდა. და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა, ჩათხარეს ხვრელი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც დავრდომილი იწვა. იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“ იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა: „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“ იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა: „ასეთი რამ გულში რად გაივლეთ? რა უფრო ადვილია – თქმა დავრდომილისთვის: ‘შენი ცოდვები მოგეტევა’, თუ თქმა: ‘ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე’? ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ქვეყანაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს; შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“ ადგა, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“ კვლავ გავიდა ზღვაზე. და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ. გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა: „გამომყევი მე.“ ისიც ადგა და გაჰყვა მას. როცა მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას. და რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან?“ ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.“ იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მივიდნენ მასთან და უთხრეს: „რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ იესომ უთხრა მათ: „განა შეუძლიათ მარხულობა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხულობა, მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს. ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოიხევა. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.“ მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გადავლა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავების წყვეტა დაიწყეს. ფარისევლებმა უთხრეს მას: „აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული?“ უთხრა მათ: „არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდათ მას და მასთან მყოფთ? როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა?“ უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის. ამრიგად, კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“ და კვლავ შევიდა სინაგოგაში. და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. უთვალთვალებდნენ, შაბათ დღისითაც ხომ არ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. უთხრა ხელგამხმარ კაცს: „შუაში დადექი.“ მათ კი უთხრა: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული, თუ ბოროტისა? სულის ხსნა, თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი. იესომ რისხვით გადახედა მათ, მათი გულდახშულობით დამწუხრებულმა, და იმ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა და მოურჩა ხელი. ფარისევლები გამოსვლისთანავე შეითქვნენ ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი. იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და ციდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს, რაც მოიმოქმედა. და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა იგი, რადგან ბევრი განკურნა. ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რამ სნეულება სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას. არაწმიდა სულებიც, როგორც კი დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღვთისა!“ იესო მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი. და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და წავიდნენ მასთან. თორმეტი ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად, და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკთა გამოდევნის ხელმწიფება. და ამოარჩია თორმეტი: მეტსახელად მისცა სიმონს პეტრე; იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს „ქუხილის ძენი“; ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარა ჭამეს. მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: შეშლილიაო. იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: ბელზებელი ჰყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო. მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა? თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს. თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს; და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს. დაუდგა აღსასრული. ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ; ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია. რადგან ამბობდნენ: არაწმიდა სული ჰყავსო. მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო. პასუხად უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“ მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები. რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“ კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. მასთან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ იგი ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე. ბევრ რასმე ასწავლიდა იგი იგავებით და თავის მოძღვრებაში ამბობდა: „ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი სათესად. თესვისას ზოგი გზისპირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს. ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწას სიღრმე არ ჰქონდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი ეკლებში დავარდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგეს იგი და მან ნაყოფი ვეღარ გამოიღო. ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა ერთი – ოცდაათად, ერთი – სამოცად და ერთი – ასად.“ თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“ როცა იგი მარტო დარჩა, მათ, ვინც გარს ეხვია თორმეტთან ერთად, ჰკითხეს იგავზე. მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის. რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.“ უთხრა მათ: „ეს იგავი არ გესმით და როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს? მთესველი სიტყვას თესავს. ისინი კი იმ გზის პირას არიან, სადაც ითესება სიტყვა. როგორც კი მოისმენენ, მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას. ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით მიიღებენ მას. მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და, როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან. სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ, მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება. კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ და მიიღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი – ოცდაათად, სამოცად და ასად.“ უთხრა მათ: „განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დადგან? არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“ უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ. რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.“ თქვა: „ასეთია ღვთის სასუფეველი: კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში, ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ. რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში. რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ.“ თქვა: „რას შევუდაროთ ღვთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვთქვათ? იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის, დათესვის მერე კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ.“ მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ. იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს. იმავე დღეს, რომ მოსაღამოვდა, უთხრა მათ: „გადავცუროთ გაღმა.“ გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო. ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე ივსებოდა. ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“ წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა. და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“ და მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?“ გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში. ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან, არაწმიდა სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, უზენაესი ღვთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“ რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სულო!“ ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ უთხრა: „ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ.“ ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი. იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა. შეევედრნენ მას და უთხრეს: „მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში.“ დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. და მიაწყდა კოლტი კბოდედან ზღვას, ორიათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში. ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს და გამოვიდნენ, რომ ენახათ, რა მოხდა. მოვიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის შემოსილი და გონთმოსული, და შეშინდნენ. მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულს და ღორებს. და დაუწყეს ხვეწნა, გასცლოდა მათს საზღვრებს. როცა ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა. ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გიყო ღმერთმა და როგორ შეგიწყალა.“ და წავიდა და გამოაცხადა დეკაპოლისში, რაც გაუკეთა მას იესომ, და უკვირდა ყველას. და როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. და იყო ზღვის პირას. და აჰა, მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. და როცა დაინახა იგი, მის ფერხთით დაეცა. ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს.“ და წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედ აწყდებოდა. ერთმა ქალმა, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, უარეს დღეში ჩავარდნილიყო, მოისმინა იესოზე, ხალხში უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს. რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან. მყისვე იგრძნო იესომ, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?“ და უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ: ვინ შემეხოო?“ მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი. ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე უთხრა. მან კი უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან.“ ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“ იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს.“ არავისთვის დაურთავს ნება წაჰყოლოდა, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი – იაკობის ძმისა. მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არეულობაა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ. და შევიდა და უთხრა: „რაზე სწუხხართ და სტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ.“ ისინი კი დასცინოდნენ მას. მან ყველანი გამორეკა, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: „ტალითა კუმი!“ რაც ნიშნავს: გოგონა, შენ გეუბნები, ადექი! და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო. მათ დიდად გაუკვირდათ. მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის. და გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. და გაჰყვნენ თავისი მოწაფეებიც. შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: საიდანა აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი? და რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით? ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში. უთხრა მათ იესომ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა.“ ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ ორიოდე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა. უკვირდა მათი ურწმუნოება, დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ. და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი ორ-ორის დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე. და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა: არც პური, არც გუდა, არც სპილენძი სარტყლით. ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი. უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ. თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.“ და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება. სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სცხებდნენ ზეთს და ბევრ სნეულს კურნავდნენ. ესმა მეფე ჰეროდეს, ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი, და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში. ერთნი ამბობდნენ, რომ ელიაა. სხვები კი ამბობდნენ, რომ წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით.“ რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა იგი. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ გერგება შენი ძმისცოლი ცოლად.“ ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო. რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდებდა ყურს. დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ აზნაურებს. შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ.“ და აღუთქვა მას: „რაც გინდა მთხოვო, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი.“ გამოვიდა და უთხრა თავის დედას: „რა ვთხოვო?“ იოანე ნათლისმცემლის თავიო, უთხრა მან. და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი.“ შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, არ ისურვა მისი გაწბილება. მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა. და წავიდა იგი, მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა დედამისს მისცა. გაიგეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს. შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს. უთხრა მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ.“ ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. და წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით. დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ. გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება. უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიანი დროა. გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა-სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო.“ მაგრამ მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი.“ მათ უთხრეს: „წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?“ უთხრა მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს და უთხრეს: „ხუთი და ორიც თევზი.“ მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე. დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას. ყველამ ჭამა და გაძღა. დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან თორმეტი სავსე გოდორი აკრიფეს. პურისმჭამელი სულ ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო. მყისვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცავად. და როცა შესაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე. და დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობაზე წავიდა იგი მათკენ ზღვაზე სიარულით. და უნდოდა მათთვის გვერდი აევლო. ხოლო მათ, ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენება არისო, და შეჰყვირეს. ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა. „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ და ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი. და უფრო უკვირდათ, ჯერ პურების ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გონება დახშოდათ. გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მიწას, და ჩაუშვეს ღუზა. როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. შემოირბინეს მთელი ის ქვეყანა და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო. სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსლის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც. და შეიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი. და დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ბინძური, ესე იგი, დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს. რადგან ფარისეველნი და ყველა იუდეველი, იცავენ ძველების ჩვეულებას და ისე არ ჭამენ, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, ბაზრიდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ. და სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად: სასმისების, თასების, სპილენძის ქვაბების გავლება წყალში. და ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები ძველების გადმოცემისამებრ და ხელდაუბანელი ჭამენ პურს?“ მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც სწერია: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან. ამაოდ მეთაყვანებიან, ასწავლიან რა ადამიანთა მცნებებს და მოძღვრებებს.’ ღვთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ.“ უთხრა მათ: „კარგია, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ? მოსემ თქვა: ‘პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’ თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: კორბან, ესე იგი, ძღვენიო (ღმერთს), რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, – მას თქვენ ნებასა რთავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისათვის. აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ.“ მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა: „მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ: არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს. თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“ როცა ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას იგავზე. უთხრა მათ: „ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა? ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის ზარულში.“ მან ასე განწმიდა ყოველგვარი საკვები. შემდეგ უთხრა: „კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“ ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ წავიდა. და სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა. მაგრამ მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულიც უწმიდური სულით იგვემებოდა, მივიდა და დაემხო მის ფერხთით. ეს დედაკაცი კი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან. და უთხრა მას: „მოითმინე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“ მან მიუგო და უთხრა: „მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ მაგიდის ქვეშ ჭამენ შვილების ნამცეცებს.“ უთხრა: „მაგ სიტყვისათვის წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისაგან.“ და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო. კვლავ გამობრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა ციდონის გზით გალილეის ზღვისკენ, დეკაპოლისის საზღვრების გავლით. და მიუყვანეს მას ერთი ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას, ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა“, რაც არის: განიხსენ. და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა. უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ. მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს ასმენინებს და მუნჯებს ალაპარაკებს.“ იმ დღეებში დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ. მან მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ. მშივრები რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული.“ და მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: „საიდან შეიძლება ამდენი ხალხის უდაბნოში დაპურება?“ ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი.“ და უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. მათაც ჩამოურიგეს ხალხს. რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. აკურთხა და უბრძანა ისიც ჩამოერიგებინათ. ჭამეს და გაძღნენ. დარჩენილი ნატეხებისგან შვიდი კალათი აიღეს. ისინი კი ოთხი ათასამდე იყვნენ. და გაუშვა ყველანი. და მყისვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდნენ დალმანუთის მხარეში. და გამოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს დავა და მოსთხოვეს ციდან ნიშანი, რომ გამოეცადათ. სულით ამოიოხრა და თქვა: „რისთვის თხოულობს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა.“ და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა. და დაავიწყდათ პურის წაღება. ნავში კი ერთი პურის მეტი არა ჰქონდათ. დაარიგა ისინი და უთხრა: „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს.“ ისინი კი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: ალბათ იმიტომ, რომ პური არა გვაქვსო. იესო მიხვდა და უთხრა მათ: „რატომ ლაპარაკობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და ვერ შეგიგნიათ? გული გაგიქვავდათ? თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყური გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ? როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „თორმეტი.“ „როცა ოთხი ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „შვიდი.“ და უთხრა მათ: „როგორ ვერ მიხვდით?“ მივიდნენ ბეთსაიდაში და მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას. და ჩაჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელი და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“ მან აიხედა და თქვა: „ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს ვხედავ, ხეებივით.“ შემდეგ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და მას თვალისჩინი აღუდგა, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა. და გაისტუმრა შინ და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ.“ და დაწავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზადაგზა ელაპარაკებოდა იგი თავის მოწაფეებს და ეკითხებოდა: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ მათ უთხრეს: ამბობენ, იოანე ნათლისმცემელიო. სხვები – ელიაო, სხვები – ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო. და მან ჰკითხა მათ: „თქვენ რაღას იტყვით, ვინ ვარ მე?“ პეტრემ უთხრა: „შენ ქრისტე ხარ.“ და გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე. და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს, უარყოფილ იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს. და ცხადად ამბობდა სიტყვას. გვერდზე გაიხმო პეტრემ და დაუწყო კიცხვა. ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუწყრა და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ღვთისას რომ არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას.“ და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას. რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს? ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.“ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომელნიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს.“ ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე. და გაბრწყინდა მისი სამოსელი და ძალზე სპეტაკი გახდა, ისეთი, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუძს ისე გათეთრება. და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს. მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ სამ კარავს. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“ ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო. და გაჩნდა ღრუბელი, რომელმაც მოუჩრდილა მათ და იყო ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, ისმინეთ მისი!“ უეცრად მიმოიხედეს, მაგრამ ირგვლივ ვერავინ დაინახეს, გარდა იესოსი. როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე. ეს სიტყვა გულში ჩაიდეს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავსო მკვდრეთით აღდგომა. და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო? უთხრა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და ყოველივე მოაწესრიგოს. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი იტანჯოს და დამცირდეს? მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც დაწერილია მასზე.“ როცა მოწაფეებთან მივიდა, დაინახა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოდავე მწიგნობრები. და მყისვე დაინახა მთელმა ხალხმა და გაუკვირდათ. და მირბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ. ჰკითხა მათ: „რას ედავებით ამათ?“ ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვობის სული სჭირს. სადაც კი შეიპყრობს, ძირს ანარცხებს, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“ და მან მიუგო მათ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი.“ და მოუყვანეს მას. როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა. დაეცა მიწაზე, და გორავდა დუჟმორეული. და ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან. ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ, შეგვიბრალე“. იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“ ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“ როცა დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: „უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“ შესძახა და მაგრად შეანჯღრია იგი და გავიდა. ის კი მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც, რომ ის მოკვდა. იესომ დაუჭირა ხელი, წამოაყენა; და ისიც ფეხზე დადგა. შინ რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: „ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი?“ უთხრა მათ: „ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით.“ იქიდან წასულები გალილეაზე გადიოდნენ. არ უნდოდა, ვინმეს ეცნო. ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემულ იქნება კაცთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები და ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას. და მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაში?“ ისინი დუმდნენ, ვინაიდან გზაში ერთმანეთში მსჯელობდნენ: ვინ უფრო დიდიაო. და დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“ მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.“ უთხრა მას იოანემ: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება. და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება.“ იესომ თქვა: „ნუ უკრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუძს ჩემი ასე იოლად გმობა, ვინაიდან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის. ვინც წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური. ხოლო ვინც ერთ ამ მცირეთაგანს, ჩემი მორწმუნეებიდან, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ. „თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცხლში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ გაცდუნებს შენი ფეხი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი შეანელებთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში.“ და ადგა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, თავის ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ. მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: „თუ შეუძლია კაცს ცოლის გაშვება?“ და სცდიდნენ მას. მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?“ მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება.“ იესომ უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს. და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. ამრიგად, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.“ სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე. და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს.“ და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს. დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“ მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი. გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“ მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი.“ იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.“ ის შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა. იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში.“ მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“ იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“ შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.“ დაუწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მიწები, და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და მიწები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი.“ იერუსალიმს მიმავალ გზას რომ ადგნენ, წინ იესო მიუძღოდათ და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ დაუძახა თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას: „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ; შეურაცყოფენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება.“ და მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ.“ მან უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?“ მათ უთხრეს მას: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე – მარცხნივ, შენს დიდებაში.“ იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?“ მათ უთხრეს: „შეგვიძლია.“ იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით; მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია.“ და მოისმინა იმ ათმა და დაიწყეს დრტვინვა იაკობზე და იოანეზე. იესომ უხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე. მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს; ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა. რადგან ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.“ და მივიდნენ იერიხოს. იერიხოდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმაიოსი. როცა გაიგო, იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“ ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“ და შედგა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას.“ და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.“ მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. მიუგო მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს.“ იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე. როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გააგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: „წადით სოფელში, თქვენს წინ რომ არის. როგორც კი შიგ შეხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ. თუ ვინმემ გითხრათ: ამას რას შვრებითო? უთხარით, რომ უფალს სჭირდება და უმალ დაგიბრუნებს-თქო.“ წავიდნენ და იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი, და აუშვეს იგი. იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: „რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?“ მათ უთხრეს, როგორც იესომ უთხრათ, და მოეშვნენ მათ. და მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე. ბევრმა დაუფინა გზაზე მას თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები. წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი! კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“ და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და დაათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიანი იყო და თორმეტთან ერთად გავიდა ბეთანიისაკენ. მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი. არ იყო ლეღვობის დრო. მიუბრუნდა და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი!“ და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა. და მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო, და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა. არ ანებებდა, რაიმე გაეტარ-გამოეტარებინათ ტაძარზე. და ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „არ სწერია, ჩემი სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდებაო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ.“ გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით. როცა მოსაღამოვდა, გავიდნენ ქალაქიდან. დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო. და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება. როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.“ კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და, როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან. და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ იესომ უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა, მიპასუხეთ.“ ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რაღატომ არ იწამეთო მისი? ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო. და მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით.“ იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“ და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ვაზი ჩაყარა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და შიგ კოშკი ჩადგა. ჩააბარა იგი მიწისმუშაკებს და წავიდა. ჟამმა რომ მოაწია, ერთი მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ მიწისმუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად. მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს. სხვა გაგზავნა და მოკლეს ის. და კიდევ ბევრი სხვა. ზოგსა სცემეს და ზოგიც მოკლეს. ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა: ჩემი ძის მოერიდებათო. მიწისმუშაკებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. და შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახიდან. რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, ამოწყვეტს მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს. ნუთუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა; უფლისგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში’?“ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ. და მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში. მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“ მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო.“ მიუტანეს და მაშინვე უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ კეისრისაო, უთხრეს მას. იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა – ღმერთს.“ და უკვირდათ მისი. და მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას’. იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ. შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველას შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა. აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“ უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ძალნი ღვთისა?“ რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მაყვლის ბუჩქთან ღმერთმა მას: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?’ ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით.“ მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?“ მიუგო იესომ: „პირველი არის ‘ისმინე, ისრაელო! უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი უფალია. შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით.’ ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“ უთხრა მას იმ მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა, გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი. ეს ყოველ სრულადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია.“ იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღვთის სასუფევლისაგან.“ ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რამე ეკითხა. მიუგო იესომ და თქვა, როცა კვლავ ასწავლიდა ტაძარში: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა? თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.’ თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“ მრავალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით. და თქვა თავისი მოძღვრებიდან: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ; ხოლო სინაგოგებში – წინა რიგები და ნადიმებზე – წინა ადგილები. რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“ იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა. როცა ტაძრიდან გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: „შეხედე, მოძღვარო, რა ლოდებია და რა შენობები!“ იესომ უთხრა მას: „ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“ როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის გასწვრივ, ჰკითხეს მას განმარტოებით მყოფმა პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, და რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს?“ იესომ დაუწყო მათ ლაპარაკი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ. როცა მოისმენთ ომებზე და ომების ხმებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. „თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად. ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომე მოითმენს, გადარჩება. როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს იქ, სადაც არ ხამს, იუდეაში მყოფმა მთებს მიაშუროს; ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შევა შინ რაიმეს გამოსატანად; ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის გამოსატანად, ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს, ვინაიდან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და აღარც არასოდეს იქნება. უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია. მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, არ ერწმუნოთ. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ. თქვენ კი გაფრთხილდით. წინასწარ გითხარით ყველაფერი. მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით. მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე. „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და მიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. იფრთხილეთ, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა, ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.“ ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკვრობით და მოეკლათ. და ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, და ინახად იჯდა, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონის ჭურჭლით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი ძვირად ღირებული ნარდისა. და გატეხა მან ალებასტრონი და თავზე დაასხა მას. იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელიო? ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება? და კიცხავდნენ მას. იესომ თქვა: „მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მის მოსაგონებლად.“ იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი. მათ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი. უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავი იკვლებოდა, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ გაგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: ‘მოძღვარმა თქვა: სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, ჩემს მოწაფეებთან ერთად რომ ვჭამო პასექი?’ ის გიჩვენებთ ზემოთვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ.“ და გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი. რომ მოსაღამოვდა, თორმეტთან ერთად მოვიდა იგი. როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.“ ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: „მე ხომ არა ვარ?“ მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი. რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო.“ როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ – ეს ჩემი სხეულია!“ აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ. უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში.“ იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. უთხრა მათ იესომ: „ყველანი ცდუნდებით, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’ ხოლო ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში.“ პეტრემ უთხრა მას: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა!“ უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ.“ ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: თუნდაც რომ მოვკვდე შენთან ერთად, არ უარგყოფო. ასევე ამბობდნენ სხვებიც. მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვლოცულობ.“ და წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. და იწყო წუხილი და ურვა. უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ.“ ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი. თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ.“ მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „სიმონ, გძინავს? ვერ შესძელი, ერთ საათს გეფხიზლა? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური.“ კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა. მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ; და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის. და მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ. ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან, მწიგნობართაგან და უხუცესთაგან. მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ.“ როცა მოვიდა, მყისვე მიეჭრა მას და უთხრა: „რაბი!“ და ეამბორა. მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი. ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „განა ავაზაკი ვარ, მახვილებითა და კეტებით რომ მოხვედით ჩემს შესაპყრობად? ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ, დაე, აღსრულდეს წერილები.“ და მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ. ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა. მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. პეტრე შორიდან მიჰყვებოდა მას, თვით მღვდელმთავრის ეზომდე, და დაჯდა მსახურებთან და ცეცხლს მიეფიცხა. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ზოგნი წამოდგნენ და ცილს წამებდნენ მას, ამბობდნენ: ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა: მე დავანგრევ ამ ხელითქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო. მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. დადგა მღვდელმთავარი შუაზე და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“ ის დუმდა და არაფერს პასუხობდა. კვლავ ჰკითხა მას მღვდელმთავარმა: „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?“ იესომ თქვა: „მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს.“ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „რაღად გვინდა მოწმენი? თქვენ მოისმინეთ გმობა. რას იტყვით?“ მაშინ ყველამ დასდო მსჯავრი მას, როგორც სიკვდილის თანამდებს. ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება; სახე დაუბურეს და სცემდნენ, და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო, და მსახურნი სილას აწნავდნენ. როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი. დაინახა ცეცხლს მიფიცხებული პეტრე, დააკვირდა და უთხრა: „შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი.“ მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობო. და პეტრე გავიდა ეზოს გარეთ, და იყივლა მამალმა. მხევალმა დაინახა იგი და კვლავ უთხრა იქ მდგომებს: ესეც იმათთაგანიაო. მან კვლავ უარყო. მცირეხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი ხარ, კილოზეც გეტყობა.“ და დაიწყო მან თავის წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზეც მელაპარაკებითო. მყისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გაახსენდა და ატირდა. მყისვე დილაადრიანად მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს და შეკრეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს. და ჰკითხა მას პილატემ: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ.“ მღვდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას. პილატემ კვლავ ჰკითხა მას: „არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენს გაბრალებენ?“ მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აოცებდა პილატეს. დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, ვისზეც სთხოვდნენ. და იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ. ავიდა ხალხი და დაუწყო იმის თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ. პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“ ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი. მაგრამ მღვდელმთავრებმა ააგულიანეს ბრბო, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა: „რაღა ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?“ მათ კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!“ პილატემ უთხრა მათ: „რა ბოროტება ჩაიდინა?“ მაგრამ ისინი უფრო მეტად აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!“ პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ. ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი იმ ეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში, და შეკრიბეს მთელი რაზმი. შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი. და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს. როცა შეურაცყვეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს, და გამოიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ. აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომელიც მინდვრიდან მოდიოდა, ეზიდა მისი ჯვარი. და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. და მიაწოდეს მას მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო. და ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით – ვის რა ერგებოდა. მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი. იყო წარწერილი წარწერა მისი ბრალდებისა: „მეფე იუდეველთა.“ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა“. გამვლელები თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას და ამბობდნენ: „ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან!“ ასევე მღვდელმთავარნი, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.“ ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ.“ მასთან ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას. მეექვსე საათზე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე. მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე? იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: აჰა, ელიას უხმობსო იგი. ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად, თან ამბობდა: აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელადო. იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა. და ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, თავიდან ბოლომდე. როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: „ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო ეს კაცი.“ აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის მარიამ მაგდალელიც, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე, რომელნიც მაშინ, როცა ის გალილეაში იყო, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს. როცა მოსაღამოვდა, რაკი იყო პარასკევი, ანუ შაბათის წინადღე, მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღვთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო. დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: „დიდი ხანია მოკვდა?“ ეს რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს გვამი. და მან იყიდა ტილო, გარდმოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე. მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, – იესოს დედამ – დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი. შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს სურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. შვიდეულის პირველ დღეს, დილაადრიანად მივიდნენ სამარხთან, მზის ამოსვლისას. ერთმანეთში ამბობდნენ: ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ძალიან დიდი კი იყო. და შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსლით შემოსილი, და შეშფოთდნენ. მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს. მაგრამ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვით იგი გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის.“ გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან აცახცახებული და თავზარდაცემულნი იყვნენ. არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ. შვიდეულის პირველ დღეს ადრე აღმდგარი პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა. ისიც წავიდა და შეატყობინა მათ, ვინც მასთან იყვნენ ხოლმე – მგლოვიარეთ და მოტირალთ. ხოლო მათ, როცა მოისმინეს, რომ ცოცხალია და მარიამმა იხილა იგი, არ ირწმუნეს. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, როცა დაბისკენ მიდიოდნენ. ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც ამათი ირწმუნეს. მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი. უთხრა მათ: „მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება. ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი.“ ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღვთის მარჯვნივ. ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი სასწაულებით. ამინ. რაკი უკვე ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას, როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა, მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე, რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია. იუდეის მეფის, ჰეროდეს, დღეებში იყო მღვდელი ვინმე, სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან, ხოლო მისი ცოლი იყო აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. ისინი ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უმწიკვლოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით. მათ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი ბერწი იყო, და ორივენი უკვე ხანგადასულნი იყვნენ. ერთხელ, როცა თავისი ყოველდღიური რიგისამებრ, მსახურებდა ღვთის წინაშე, მღვდელთა სამსახურის წესით, მას წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში. უამრავი ხალხი ლოცულობდა გარეთ კმევის დროს, – ეჩვენა მას უფლის ანგელოზი, საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი. და შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას. უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს. გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალი გაიხარებს მისი შობით. ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე. მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისაკენ – მათი ღვთისაკენ. და ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გულები შვილთა მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი.“ უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: „რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია.“ მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: „მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინაშე მდგომელი. წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს. და აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროზე.“ ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება ტაძარში. როცა გამოვიდა, მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ანიშნებდა მათ და დარჩა უტყვად. და როცა დასრულდა მისი მსახურების დღენი, შინ წავიდა. იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა: „ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ადამიანთა თვალში.“ მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი. და შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის.“ ის შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება? და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს. და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“ უთხრა მარიამმა ანგელოზს: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილი იწოდება ღვთის ძედ. აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე. ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი.“ თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.“ და განეშორა მას ანგელოზი. „ადიდებს სული ჩემი უფალსა!“ ადგა მარიამი იმ დღეებში და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში. და შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს. როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში. და აღივსო ელისაბედი სულიწმიდით. და დაიძახა ხმამაღლა და თქვა: „კურთხეული ხარ დედათა შორის, და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ.“ და თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა. ვინაიდან დიდი საქმე მიყო ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი. და მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე. ქმნა სიმტკიცე თავისი მკლავით; გაფანტა ამპარტავანნი მათი გულისზრახვებთან ერთად; ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი; მშიერნი სიკეთით აღავსო და მდიდარნი ხელცარიელი გაუშვა; შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა, როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს – აბრაამს და მის მოდგმას საუკუნოდ.“ დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს და დაბრუნდა თავის სახლში. ელისაბედს კი დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი. და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ. მერვე დღეს მივიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მამამისის სახელი – ზაქარია. მიუგო დედამისმა და თქვა: „არა, იოანე ერქმევა მას.“ უთხრეს მას, რომ შენს ნათესაობაში არავინ არის, რომ ეგ სახელი ერქვას. ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა. და ფიცარი მოითხოვა და დაწერა: „იოანეა მისი სახელი.“ და ყველას გაუკვირდა ეს. უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და ადიდა ღმერთი. შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა. და ყოველივე ამაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო მთელი იუდეის მთიანეთში. ყველამ, ვინც მოისმინა ეს, გულში ჩაიდო და თქვა: „რა იქნება ეს ყრმა?“ და უფლის ხელი იყო მასთან. მამამისი ზაქარია აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რადგან მოხედა თავის ხალხს და გაუმზადა მას გამოსყიდვა. აღგვიდგინა რქა ხსნისა თავისი მსახურის, დავითის სახლში, როგორც ელაპარაკებოდა ძველთაგანვე თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან; წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას; ფიცს, რომლითაც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაამს, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ, ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლე. და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე.“ ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მსოფლიო. ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს.“ და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!“ როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ მომხდარი ამბავი, უფალმა რომ გვაუწყა.“ გაჩქარებულნი მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაში მწოლარე ყრმა. როცა დაინახეს, მოუთხრეს ამბავი, რაც ემცნოთ მათ ამ ყრმაზე. ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა, რასაც მწყემსები ეუბნებოდნენ მათ. მარიამმა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში. და დაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ემცნოთ მათ. და როცა შესრულდა რვა დღე, რათა წინადაეცვითათ მისთვის, დაერქვა მისი სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე. და როცა გასრულდა მათი განწმედის დღეები მოსეს რჯულისამებრ, აიყვანეს იგი იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად. როგორც უფლის რჯულში სწერია: „ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს, და შესწირონ მსხვერპლად, როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“ და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე. სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე. შევიდა სულით ტაძარში და, როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა მოქცეოდნენ მას რჯულის წესისამებრ, მან მიირქვა ყრმა მკლავებზე, ადიდა ღმერთი და თქვა: „ახლა კი გამიშვი, ბატონო, შენი მონა მშვიდობით, როგორც ნათქვამი გაქვს. ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა, რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე, წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდებად.“ იოსებს და მის დედას კი უკვირდათ მასზე ნათქვამი. და აკურთხა სიმონმა ისინი და უთხრა მარიამს, მის დედას: „აჰა, განწესებულია ეს მრავალთა დამხობად და აღდგენად ისრაელში და საცილობელ ნიშნად. და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები.“ და იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, თავისი ქალწულობის შემდეგ შვიდ წელიწადს ნაცხოვრები ქმართან. იყო იგი ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ. ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მასზე ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში. როცა აღასრულეს ყოველივე უფლის რჯულისამებრ, დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე. და დადიოდნენ მისი მშობლები ყოველ წელიწადს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. და როცა თორმეტი წლისა გახდა, ავიდნენ იერუსალიმში ჩვეულებისამებრ, სადღესასწაულოდ. ხოლო დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ დაბრუნდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში, და არ იცოდნენ იოსებმა და მისმა დედამ. ეგონათ, რომ მგზავრთა შორის იყო და ერთი დღის გზა რომ გაიარეს, დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. რომ ვერ იპოვეს იგი, დაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას. სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. და გაოცებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონებითა და პასუხებით. რომ დაინახეს იგი, გაუკვირდათ, და დედამისმა უთხრა მას: „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებთ.“ მან უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“ ხოლო მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რაც უთხრა მათ. და გაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე. ტიბერიოს კეისრის მთავრობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეაში, და ჰეროდეს ტეტრარქობისას გალილეაში, მისი ძმის, ფილიპეს, ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში, და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენეში, ანას და კაიაფას მღვდელმთავრობის დროს იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად, როგორც სწერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან.“ მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას? მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფნი და ნუ მოჰყვებით ერთმანეთში ლაპარაკს: მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, რომ ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.“ ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო? მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს.“ მოვიდნენ მებაჟენიც მოსანათლავად და უთხრეს მას: „მოძღვარო, რა ვქნათ?“ მან უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ.“ ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?“ უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით.“ როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, მიუგებდა და ეტყოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით, რომლის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში მოაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“ კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. ხოლო ჰეროდემ, ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის ჰეროდიას გამო და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა, ყველაფერს ამას ისიც მიუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა. როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“ თვით იესო, როცა იწყებდა, იქნებოდა ოცდაათი წლისა და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა, მათათისა, ლევისა, მალქისა, იანაისა, იოსებისა, მათითიასი, ამოცისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა, მახათისა, მათითიასი, შიმყისა, იოსებისა, იოდასი, იოხანანისა, რეშასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა, მალქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა, იესოსი, ელეაზარისა, იორიმისა, მათათისა, ლევისა, სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა, მალეასი, მინასი, მათათასი, ნათანისა, დავითისა, იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა, ყამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი, იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თერახისა, ნახორისა, სერუგისა, რეყუსი, ფელეგისა, ყებერისა, შალახისა, კენანისა, არფაქშადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, მეთუშელახისა, ხანოქისა, იერედისა, მაჰალალელისა, კენანისა, ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღვთისა. იესო, სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში და ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში, და მათი გასვლის შემდეგ მოშივდა. უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.“ მიუგო მას იესომ: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით.“ და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა ერთ წამში მსოფლიოს ყველა სამეფო. და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მათ დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ. თუ თაყვანსა მცემ, შენი იქნება ყოველივე!“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“ წაიყვანა იგი იერუსალიმს, დააყენა ტაძრის ფრთაზე და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს. ვინაიდან დაწერილია, რომ ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან’ და რომ ‘ხელში აყვანილი გატარონ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.’“ და მიუგო და უთხრა მას იესომ: „ნათქვამია: ‘არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.’“ და როცა დაამთავრა ყველა გამოცდა, ეშმაკი გაშორდა მას სხვა ჟამის მოლოდინში. დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს. ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებულ იყო ყველას მიერ. და მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, თავისი ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად. და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად.“ და დახურა წიგნი, გადასცა მსახურს და დაჯდა. ყველას თვალი სინაგოგაში მისკენ იყო მიპყრობილი. და დაუწყო ლაპარაკი მათ: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.“ და ყველამ დაუმოწმა მას და გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით და ამბობდნენ: „ეს იოსების ძე არ არის?“ უთხრა მათ: „ნამდვილად მეტყვით ამ ანდაზას: ‘მკურნალო, განიკურნე შენი თავი. ყველაფერი, რაც კი კაპერნაუმში მოხდა, როგორც გავიგეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში.’“ უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არაა მიღებული თავის სამშობლოში. ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე. და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა ციდონის ცარფათში. კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმენდილა, გარდა ნეემან სირიელისა.“ ეს რომ მოისმინეს სინაგოგაში მყოფთ, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ. წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან, და მიიყვანეს იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი. მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა. და ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა. სინაგოგაში იყო კაცი, უწმიდური სულით შეპყრობილი, და იყვირა ხმამაღლა: „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღვთის წმიდაო.“ იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან!“ და დასცა იგი ეშმაკმა მათ შუაში და გამოვიდა მისგან, და არაფერი უვნია მისთვის. ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“ და მოეფინა ხმა მის შესახებ იმ მხარის ყოველ ადგილს. ადგა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი შეპყრობილი იყო დიდი სიცხით და სთხოვეს მისთვის. და დაადგა თავზე და შერისხა სიცხე. მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ. მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სნეულებებით დაავადებულნი, მასთან მიიყვანა, და მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა. ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა!“ ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი. დღე რომ გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა და მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან. მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი.“ და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში. ერთხელ, როცა ხალხის ბრბო აწყდებოდა მას, რომ ღვთის სიტყვა მოესმინათ, და ის იდგა გენესარეთის ტბასთან, დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. როცა ლაპარაკი დაამთავრა, უთხრა სიმონს: „შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად.“ მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვით ვისვრი ბადეს.“ ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ. ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ. ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.“ რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზისჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს. ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და უთხრა სიმონს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა დამჭერი იქნები.“ მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას. ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. დაინახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“ და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი. და უბრძანა მას: „არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, როგორც დაუდგინა მათ მოსემ მოწმობად.“ და უფრო და უფრო ვრცელდებოდა სიტყვა მის შესახებ და დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან. ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა. ერთ დღეს, როცა ის ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომელნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან, და უფლის ძალა იყო მასთან განსაკურნავად, აჰა, კაცებმა საწოლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო, და ცდილობდნენ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვინათ. და რომ ვერ მოახერხეს მისი შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის საწოლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინ. რომ დაინახა მათი რწმენა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები.“ და იწყეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა ურთიერთშორის და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს? ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“ იესო მიხვდა მათ ზრახვებს, და მიუგო და უთხრა: „რას კითხულობთ თქვენს გულში? რა უფრო ადვილია, თქმა: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ თქმა: ადექ და გაიარე? რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, – ეუბნება დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექ, აიღე შენი საწოლი და შინ წადი.“ და მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს. და განცვიფრებამ შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და შეშინებულები ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთო დღეს. ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც იჯდა საბაჟოში, და უთხრა მას: „გამომყევი მე.“ მანაც მიატოვა ყოველივე, წამოდგა და გაჰყვა მას. და მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვანი, რომლებიც მათთან ერთად უსხდნენ სუფრას. მათი მწიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ და მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.“ მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც. შენები კი ჭამენ და სვამენ.“ იესომ უთხრა მათ: „როგორ აიძულებთ მექორწილეებს, იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.“ იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დახევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება. არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას. არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო.“ ერთხელ, შაბათს, ყანებზე გადავლა მოუხდა; და მისი მოწაფეები წყვეტდნენ თავთავებს, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ. ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?“ და მიუგო და უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მასთან მყოფებს? როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პურები და თავისთან მყოფთაც დაურიგა, რომლის ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა?“ და უთხრა მათ: „შაბათის ბატონიც არის კაცის ძე.“ და მოხდა, რომ ერთ სხვა შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. მწიგნობარნი და ფარისეველნი უთვალთვალებდნენ მას, აბა, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ეპოვათ როგორ დაედოთ ბრალი მისთვის. მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა: „ადექ და გამოდი შუაში!“ ისიც ადგა და დადგა შუაში. უთხრა იესომ მათ: „გეკითხებით თქვენ: შაბათ დღეს კეთილის კეთება შეიძლება თუ ბოროტისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?“ და თვალი მოავლო ყველას და უთხრა მას: „გაიწოდე შენი ხელი!“ ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი. ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის. იმ დღეებში წავიდა იგი მთაზე სალოცავად და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა. დღე რომ დადგა, დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომელთაც მოციქულები უწოდა: სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართოლომე, მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, მოშურნედ წოდებული. იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა. და ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე და ბევრი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, და ზღვისპირეთიდან – ტვიროსიდან და ციდონიდან, რომელნიც მოვიდნენ, რომ მისთვის მოესმინათ და თავიანთი სნეულებებისგან განკურნებულიყვნენ – უწმიდური სულით გატანჯულნიც – და იკურნებოდნენ. მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, ვინაიდან მისგან გამოდიოდა ძალა და ყველას კურნავდა. აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა: „ნეტარნი ხართ, გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი. ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ. ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო. გაიხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, ვინაიდან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, ვინაიდან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთ მათი მამები. მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა. ვაი თქვენ, მაძღარნო, აწ, ვინაიდან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ. ვაი თქვენ, როცა ყველანი კარგს ილაპარაკებენ თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთ მათი მამები. ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართვას, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ. ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ. როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რაღა მადლია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ იმდენივე. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც. იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი; მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.“ იგავიც უთხრა მათ: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან? მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ? ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველი, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი. არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს. ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა: ეკალზე ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს და არც მაყვლის ბუჩქებზე იკრიფება ყურძენი. კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი. რატომ მიწოდებთ: ‘უფალო, უფალო!’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით? ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაცა ჰგავს. იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო, ვინაიდან კარგად იყო ნაშენი. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და, როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ჩამოქცევა.“ როცა მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხის სასმენელთა მიმართ, შევიდა კაპერნაუმში. ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო, იესოზე რომ მოისმინა, გაგზავნა მასთან იუდეველთა უხუცესები სათხოვნელად, რათა მოსულიყო და განეკურნა მისი მონა. ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს მხურვალედ და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა.“ იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორი-ახლოს იყვნენ, როცა ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. რადგან მეც, ძალაუფლებას დამორჩილებულს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: ‘წადი!’ და მიდის. და სხვას: ‘მოდი!’ და მოდის. ჩემს მონას: ‘გააკეთე ეს!’ და აკეთებს.“ ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა თავის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.“ წარგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა. ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა, მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან. ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი.“ მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი, და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას. ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს“. ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს. აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს. იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხავად: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“ მივიდნენ ისინი მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“ იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა. მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვანები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.“ როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? მაშ, რის სანახავად გახვედით – კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან. რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’ ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესიც კი მასზე უფრო დიდია.“ მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც კი, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღვთის რჩევა მათ მიმართ და არ ინათლებოდნენ მისგან. მაშინ უფალმა თქვა: „ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისინი? ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ სტიროდით.’ ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა კაცის ძე და ჭამს და სვამს და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ.“ ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა მას, მასთან ეჭამა პური. შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას. იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით. და დადგა უკან, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი,“ მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო.“ თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს – ორმოცდაათი. მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?“ მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა.“ ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე.“ მიბრუნდა დედაკაცისაკენ და სიმონს უთხრა: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფერხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფერხთ. ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს.“ და უთხრა მას: „მიგეტევა შენი ცოდვანი.“ მასთან მსხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?“ მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით.“ ამის შემდეგ დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ, ასევე ზოგი დედაკაციც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი გავიდა; იოანა, ჰეროდეს მოურავის ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით. როცა დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან და ქალაქის ყველა მცხოვრები მიეახლა, მან დაიწყო იგავით ლაპარაკი: „გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაცვივდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივე აკლდა. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, ეკალი გაიზარდა და გააჩანაგა. ზოგი კი კარგ ნიადაგზე დაცვივდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო.“ ეს თქვა და დაიძახა: „ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“ ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი. მან თქვა: „თქვენ მოგეცათ, რომ იცოდეთ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი, ხოლო სხვებს იგავებით მიეცათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ. ეს იგავი კი ამას ნიშნავს: ის თესლი ღვთის სიტყვაა. გზასთან დაცვენილები კი ისინი არიან, ვისაც ესმით, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ იწამონ და არ გადარჩნენ. ესენი კი, კლდეზე რომ არიან, ისინია, ვინც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან. ხოლო ეკლებში ჩაცვენილნი ისინი არიან, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აჩანაგებენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება. ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.“ „არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შეედგას, არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს. ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა. ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ ექნება.“ მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ შეძლეს ახლოს მისვლა ხალხის გამო. შეატყობინეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ.“ მოხდა ისე, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, და უთხრა მათ: „გადავიდეთ ტბის გაღმა,“ და გაცურეს. როცა მიცურავდნენ, მას ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში იყვნენ. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით.“ და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ და ჩამოვარდა მყუდროება. უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?“ გადაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარეს არის. როცა გავიდა ხმელეთზე, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. მას ეშმაკები დაუფლებოდნენ დიდი ხანის წინ და არც სამოსელს იცვამდა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში. როგორც კი დაინახა იესო, დაიკივლა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო მაღალი ღვთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ.“ ვინაიდან უბრძანა არაწმიდა სულს ამ კაცისგან გამოსულიყო (ვინაიდან დიდ ხანს სტანჯავდა მას, ჰკრავდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი. მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკის მიერ უდაბნოებში). ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი,“ ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული. და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა. იქ იყო ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში, და მან დართო ნება. გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო. ეს ამბავი რომ დაინახეს მწყემსებმა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს. გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც გავიდნენ ეშმაკები. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იესოს ფერხთით, და შეეშინდათ. მხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული. ევედრებოდა გერასენელთა სანახების მთელი ხალხი, რათა გასცლოდა მათ, ვინაიდან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა. ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ, შეევედრა იესოს, თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა: „დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა.“ ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ. როცა იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას. და აჰა, მოვიდა კაცი სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფერხთით და ევედრებოდა, შინ გაჰყოლოდა. ვინაიდან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. იესო რომ მიდიოდა, ხალხი ზედ აწყდებოდა მას. იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა. უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა. თქვა იესომ: „ვინ შემეხო?“ როცა ყველამ იუარა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“ ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან.“ ქალმა, რაკი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა. უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!“ ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს.“ იესომ, ეს რომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება.“ სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა. ყველა მოთქვამდა და დასტიროდა მას, მან კი უთხრა: „ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, სძინავს მხოლოდ.“ ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო. ხელი ხელში ჩასჭიდა, შესძახა და თქვა: „გოგონავ, ადექ!“ და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა იგი და მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის. და გაუკვირდათ მის მშობლებს. მან უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ. მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, რომ განეკურნათ სნეულებანი. მიავლინა ისინი ღვთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად. უთხრა მათ: „არაფერი წაიღოთ გზაში, არც ხელჯოხი, არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ. რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად.“ წავიდნენ და იწყეს სოფელ-სოფელ სიარული, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ. მოისმინა ჰეროდემ – ტეტრარქმა, ყოველი მისი ნამოქმედარი, და გაოგნდა, ვინაიდან ერთნი იმას ამბობდნენ: იოანე აღდგაო მკვდრეთით, მეორენი – ელია გამოჩნდაო. სხვები ამბობდნენ: ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო მკვდრეთით. ჰეროდემ თქვა: „იოანეს მე მოვკვეთე თავი, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი რამ მესმის?“ და უნდოდა მისი ნახვა. დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს მას, რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი და განმარტოვდა, ბეთსაიდად წოდებული ქალაქისაკენ. შეიტყო დიდძალმა ხალხმა და გაჰყვა მას. ის ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე, ხოლო, ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, კურნავდა მათ. როცა დღემ იწყო გადახრა, მივიდნენ მასთან თორმეტნი და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით.“ უთხრა მათ: „მიეცით საჭმელი.“ მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გაგვაჩნია, თუ არ წავალთ და საჭმელს არ ვუყიდით მთელ ამ ხალხს.“ რადგან იქ ხუთი ათასამდე კაცი იქნებოდა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „დასხით ისინი ჯგუფებად, თითოში ორმოცდაათამდე იყოს.“ ასე მოიქცნენ და დასხეს ყველანი. მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. ყველამ ჭამა და გაძღა, ხოლო დარჩენილი ნატეხებით თორმეტი გოდორი გაავსეს. ერთხელ, როცა განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ მათ მიუგეს და თქვეს: იოანე ნათლისმცემელიო; სხვები – ელიაო, სხვები კი – ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო. იესომ უთხრა: „თქვენ კი რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?“ პეტრემ პასუხად უთხრა: „ღვთის ცხებული.“ მაგრამ მან აუკრძალა მათ. უბრძანა, არავისთვის გაემხილათ ეს. უთხრა მათ: „კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნეს უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს.“ ყველას გასაგონად კი ასე თქვა: „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს. ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას. რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელს სოფელს მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს? რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, რომ უკვე იხილავენ ღვთის სასუფეველს.“ ამ სიტყვებიდან რვა დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყოლა თან და მთაზე ავიდა სალოცავად. როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა და მისი სამოსელი თეთრად მოქათქათე შეიქნა. და აჰა, მასთან საუბრობდა ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია. ისინი გამოჩნდნენ დიდებით და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო. პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და, როცა გაეღვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი. ხოლო როცა ისინი შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას.“ ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა. ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მიუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ. ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ.“ ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა, ისინი კი დადუმდნენ და იმ დღეებში არავისთვის უთქვამთ, რაც იხილეს. მეორე დღეს, როცა მთიდან ჩამოვიდნენ, ბევრი ხალხი შეეგება მას. და აჰა, იმ ხალხში ვიღაც კაცმა შეჰყვირა: „მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, რადგან ეს ერთადერთი მყავს. სულსა ჰყავს შეპყრობილი; უეცრად წამოაყვირებს, აქეთ-იქით ახეთქებს მას, დუჟს ადენს, და როცა დააოსებს, ძლივსძლივობით გაეცლება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ გამოედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“ მიუგო იესომ და თქვა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მომიყვანე შენი ძე.“ ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაუწყო კრუნჩხვა. იესომ შერისხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას. ყველანი გაოცებულნი იყვნენ ღვთის სიდიადით. როცა ყველას უკვირდა ყოველივე, რასაც ის აკეთებდა, უთხრა თავის მოწაფეებს: „ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში.“ მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს, და იგი დაფარული იყო მათთვის, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას. და ეშინოდათ, ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების გამო. ერთი ფიქრი კი დაებადათ: ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის? იესომ, რომელიც ხვდებოდა მათი გულის ზრახვებს, მოიყვანა ბავშვი და თავის წინ დააყენა. უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს. ხოლო ვინც თქვენს შორის უმცირესია, ის არის დიდი.“ მიუგო იოანემ და თქვა: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და ჩვენ დავუშალეთ მას, რადგან არ დაგვყვება ჩვენ.“ უთხრა მას იესომ: „ნუ დაუშლით, ვინაიდან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენთანაა.“ როცა მოახლოვდა მისი ამაღლების დღეები, იბრუნა პირი იერუსალიმში ასასვლელად. წინდაწინ მიავლინა მაცნეები. და ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმში წასასვლელად. დაინახეს ეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ და უთხრეს: „უფალო, თუ გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა.“ მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ? ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!“ და წავიდნენ სხვა სოფელში. გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: „გამოგვყვები, სადაც კი წახვალ.“ იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები; კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“ მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი.“ სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი, ჩემს შინაურებს დავემშვიდობო.“ უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება.“ ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. წადით, აჰა გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს სთქვით: მშვიდობა ამ სახლს! თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ.’ ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: ‘თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი.’ გეუბნებით, სოდომს უფრო გაუადვილდება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქს. ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომელნიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ. მაგრამ ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდება განკითხვისას, ვიდრე თქვენ. შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს!“ სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“ მან კი უთხრა მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველი ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ. ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“ იმ დროს სულში გაიხარა იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე. ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა, ხოლო არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ განუცხადოს.“ მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა.“ აჰა, ერთი რჯულის მცოდნე, წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ მან უთხრა მას: „რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?“ მან მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“ მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ უპასუხა იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო. რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“ მან თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“ განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიწვია იგი სახლში. მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს.“ და უთხრა მას უფალმა პასუხად: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.“ ერთხელ, როცა იგი ერთ ადგილას ლოცულობდა, და დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს.“ უთხრა მათ: „როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღითი დღე. და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში.“ და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: ‘მეგობარო, მასესხე სამი პური. ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო.’ და მან შიგნიდან გამოსძახოს: ‘ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.’ გეუბნებით თქვენ: თუ არ ადგება და მეგობრობის გამო არ მისცემს პურს, მისი აბეზრობის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება. და მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც რეკს, გაუღებენ. რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს? ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს.“ დევნიდა იგი ეშმაკს კაცისაგან რომელიც მუნჯი იყო. და, როცა ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი. ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით, დევნისო ეშმაკებს. ზოგი კი გამოსაცდელად მოითხოვდა მისგან ნიშანს ციდან. ხოლო მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა გაყოფილი, გაპარტახდება და სახლი სახლზე დაემხობა. და თუ სატანა გაყოფილია თავისავე წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, ვითომც მე ბელზებულით ვდევნიდე ეშმაკებს. თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. და თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა, დაგდგომიათ ღვთის სასუფეველი. როცა ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის. ხოლო, როცა მასზე ძლიერი თავს დაესხმის და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიცა ჰქონდა, და ნადავლს დაარიგებს. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. როცა უწმიდური სული გამოვა ადამიანისგან, დადის ურწყულებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. მივა და იპოვის მას, დაგვილსა და მოვლილს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.“ სანამ ის ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აღიმაღლა ხალხიდან და წარმოთქვა: „ნეტარია მუცელი, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.“ მან კი თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას.“ როცა ხალხი მოაწყდა, და იწყო, მან ლაპარაკი: „ეს მოდგმა ბოროტი მოდგმაა: ითხოვს ნიშანს და ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა; ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ასევე იქნება ამ მოდგმისათვის ძე კაცისა. სამხრეთის დედოფალი წამოდგება სამსჯავროზე ამ მოდგმის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი. ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი.“ „არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს. სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია. ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის? თუ კი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, როგორც სანთელი ელვარებით გინათებდეს.“ ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური. შევიდა და სუფრას მიუჯდა. ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ მან არ დაიბანა ჭამის წინ. უთხრა მას უფალმა: „ახლა თქვენ, ფარისეველნო, სასმისსა და თეფშს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც? არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ. „მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გამოჰყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი ბოსტნეულის მეათედს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგეტოვებინათ. ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გიყვართ წინა ადგილზე ჯდომა სინაგოგებში და მოსალმებანი მოედნებზე! ვაი თქვენ, რადგან ხართ უჩინარი სამარხებივით, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!“ ამაზე ერთ-ერთმა რჯულის მცოდნემ უთხრა: „მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას.“ მან კი უთხრა: „ვაი თქვენც, რჯულის მცოდნენო, რომ აჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ. ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს! ამით თქვენ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ. ამიტომ თქვა ღვთის სიბრძნემ: ‘მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან,’ რათა მოიკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სოფლის შექმნიდან დაღვრილა – აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის დაიღუპა. აჰა, გეუბნებით, ამ მოდგმას მოჰკითხავენ. ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.“ როცა ამას ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და ბევრზე სალაპარაკოდ გამოწვევა. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და ბრალი დაედოთ მისთვის. ამასობაში ათასობით ხალხი შეიყარა, ისე რომ, ერთმანეთს თელავდნენ. ჯერ დაიწყო ლაპარაკი თავისი მოწაფეების მიმართ: „მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც პირმოთნეობაა. არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გახმაურდება. გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულსა კლავს და ამის მეტის არაფრის გაკეთება შეუძლია. მაგრამ გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ აქვს ხელმწიფება გეენაში ჩაგდებისა. აჰა, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ. ანდა, განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე. თქვენს თავზე თმებიც დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე. ხოლო, ვინც უარმყოფს ადამიანთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის წინააღმდეგ გმობა არ მიეტევება. როცა შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ, ვინაიდან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რაც უნდა ილაპარაკოთ.“ ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა.“ მან უთხრა მას: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?“ უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული.“ და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა, არაფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი?’ თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს, და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’ მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’ ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.“ უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი თავისათვის – რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის – რით შეიმოსოთ. ვინაიდან სული საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსელზე. დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს? რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? ჰოდა, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ. ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ სოფლის ყველა ხალხი. თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი. არამედ ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა. გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ ავნებს, ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება. „იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სასანთლენი თქვენი – ანთებული. თქვენ კი იყავით მსგავსნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როცა მოვა და დარეკს, იმწამსვე გაუღონ. ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ნახავს. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ის შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება. თუ მეორე და თუნდაც მესამე გუშაგობისას მოვიდა და ასე ნახა, ნეტარ არიან ის მონები. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირის გამოთხრას არ დაანებებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ ჟამზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა ძე კაცისა.“ უთხრა მას პეტრემ: „უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები, თუ ყველას?“ უფალმა უთხრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა? ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ნახავს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას. ხოლო თუ ეს მონა თავის გუნებაში იტყვის: აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლასო, და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმას და ლოთობას, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, და შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს. ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას მიიღებს. ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ. „ამქვეყნად ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა, რომ ენთოს. ნათლობით უნდა მოვინათლო, და როგორ ვარ შეჭირვებული, ვიდრე ეს აღსრულდება. გგონიათ, ვითომ ქვეყნად მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ: გასაყოფად. ვინაიდან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამი ორთაგან და ორი სამთაგან. გაიყოფა მამა ძისაგან და ძე – მამისაგან, დედა ასულისაგან და ასული – დედისაგან, დედამთილი – თავისი რძლისაგან და რძალი დედამთილისაგან.“ ხალხსაც უთხრა: „როცა დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, ამბობთ იმწამსვე: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება. ხოლო, როცა სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: სიცხე იქნებაო, და ხდება. თვალთმაქცნო! ცისა და მიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ? თავად რატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი? როცა შენს მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ ლეპტას არ გადაიხდი.“ ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთები და უამბეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „თქვენ გგონიათ, ვითომ ეს გალილეველები ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ევნენ? არა, გეუბნებით, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. ან რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც შილოახის კოშკი დაეცა ზედ და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, იერუსალიმში რომ ცხოვრობს? არა, გეუბნებით: მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!“ უთხრა ეს იგავი: „ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ ზედ ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა. უთხრა მევენახეს: ‘აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას?’ მან კი მიუგო და უთხრა მას: ‘ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს დავუყრიდე, იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მოჭრი მას.’“ ასწავლიდა მათ ერთ სინაგოგაში შაბათს. და აჰა, იქ იყო დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეპყრობილი იყო სნეულების სულით, და იყო დაკრუნჩხული და წელში ვერ იმართებოდა. დაინახა იგი იესომ, დაუძახა და უთხრა მას: „დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისაგან.“ დაადო ხელები და მაშინვე გაიმართა იგი, და ადიდებდა ღმერთს. განრისხდა სინაგოგის მთავარი, შაბათს რომ განკურნა იესომ, და უთხრა ხალხს: „ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება. ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს არა.“ მიუგო მას უფალმა და უთხრა: „თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად? ხოლო ეს აბრაამის ასულია, რომელიც უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრული ჰყავდა სატანას. შაბათ დღეს არ შეიძლებოდა გამოხსნილიყო ამ ხუნდებიდან?“ როცა ამას ლაპარაკობდა, ყველა მის მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის დიდებულებათა გამო, რასაც სჩადიოდა. ის ამბობდა: „რას შეჰგავს ღვთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი? იგი შეჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს.“ და კიდევ თქვა: „რას ვამსგავსო ღვთის სასუფეველი? იგი შეჰგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა.“ მიმოდიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმის გზას ადგა. ვიღაცამ უთხრა მას: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?“ მან კი უთხრა მათ: „იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. როცა სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე რეკვას და ეტყვით: ‘ბატონო, ბატონო, გაგვიღე!’ მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით თქვენ: ‘არ გიცნობთ, სადაურები ხართ.’ მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: ‘შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.’ და გეტყვით: ‘გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო.’ იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაამს და ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სასუფეველში, თქვენს თავს კი – გარეთ განდევნილებს. მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღვთის სასუფეველში. და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და არიან პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან.“ ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი ფარისეველთაგან და უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკვლა უნდა.“ და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ. მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, ვინაიდან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს! „იერუსალიმო, იერუსალიმო!“ „იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ. აჰა, სახლი აოხრებული გრჩებათ. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“ ერთხელ, როცა შევიდა იგი ფარისეველთა რომელიღაც მთავრის სახლში შაბათს პურის საჭმელად და ისინი უთვალთვალებდნენ მას, აჰა, მის წინაშე წარდგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული. მიუგო იესომ და უთხრა რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“ ისინი დუმდნენ. და შეეხო მას, განკურნა და გაუშვა. და მათ უთხრა: „რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ ამოიყვანს, შაბათი დღეც რომ იყოს?“ და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის მიცემა. უთხრა წვეულებს იგავი, როცა შეამჩნია, რომ წინა ადგილებს ირჩევდნენ, და უთხრა მათ: „თუ ვინმემ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული, რომ არ მოვიდეს შენი და მისი მაწვევარი და არ გითხრას: ‘დაუთმე ამას ადგილი!’ მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი. მაგრამ როცა მოგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მაწვევარი და გითხრას: ‘მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!’ მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე. ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.“ თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო, არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“ ეს რომ გაიგონა ერთმა მასთან მჯდომმა, უთხრა მას: „ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში.“ მან კი უთხრა მას: „ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია. პურობის დრომ რომ მოაღწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო. ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო; მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო; მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო. დაბრუნდა მონა უკან და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: ‘გადი სასწრაფოდ, ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები.’ და უთხრა მონამ: ‘ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი.’ და უთხრა ბატონმა მონას: ‘გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი, რადგან გეუბნებით: ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!’“ მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა: „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე. ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე. რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო? რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს, და იტყვის: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის განმზრახველი, ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათას მომხვდურს? თუ არა და, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიუგზავნის, და ზავსა სთხოვს. ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს, ჩემს მოწაფეობას. მარილი კარგია, მაგრამ, თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“ ახლოს მიდიოდა მასთან ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას. ფარისეველნი და მწიგნობარნი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო. უთხრა მათ ეს იგავი: „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის? რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო. თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ. „ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინეთ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? როცა იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო. თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო.“ თქვა: „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: ‘მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა.’ და მამამ გაუყო მათ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა. როცა გონს მოეგო, თქვა: ‘მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე, ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!’ ადგა და წავიდა თავის მამასთან. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა. ვაჟმა კი უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’ უთხრა მამამ თავის მონებს: ‘მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება. უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’ მან უთხრა მას: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’ ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა. მან მიუგო და უთხრა თავის მამას: ‘აგერ, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა. ხოლო, როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი.’ მან უთხრა მას: ‘შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი მაქვს, შენია. მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულებდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’“ უთხრა თავის მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა. დაიბარა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე.’ მნემ თქვა თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ.’ დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე. პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’ მან თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე – ორმოცდაათი.’ მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ მან თქვა: ‘ასი კოდი ხორბალი.’ მან უთხრა: ‘მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე – ოთხმოცი.’ შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში. და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში. მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა. ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? და თუ სხვისას არ უერთგულეთ, თქვენსას ვინ მოგცემთ? არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“ ყოველივე ეს ესმოდათ ფარისევლებსაც, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და დასცინოდნენ მას. და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან, რაც კაცთა შორის მაღალია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა. რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ყველა ძალით შედის მასში. უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან. ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.“ „იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში.’ უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი – სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.’ თქვა: ‘რაკი ასეა, გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში.’ ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’ უთხრა მას აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’ მან თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.’ უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.’“ უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა. ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.“ უთხრეს მოციქულებმა უფალს: „მოგვიმატე რწმენა.“ თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ. რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს – მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო? განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო? ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია. ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.“ ერთხელ იერუსალიმს მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ. ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“ ისინი რომ დაინახა, უთხრა: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს.“ როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ. ერთი მათგანი, რომ დაინახა განვიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო. მიუგო იესომ და თქვა: „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრა სადღა არის? როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“ უთხრა მას: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა.“ ჰკითხეს მას ფარისევლებმა: „როდის მოვა ღვთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ: „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არც იტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი.“ უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ. გეტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით. ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისა თავის დღეს. ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ. და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც: ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა. ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება. იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ გაბრუნდება. გაიხსენეთ ლოტის ცოლი. ვინც ცდილობს თავისი სული შეინარჩუნოს, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სულს, შეინარჩუნებს მას. თქვენ გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე: ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება. ორნი დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვნენ, მეორე დარჩება. ორნი იქნებიან მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება.“ მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?“ ხოლო მან უთხრა მათ: „ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.“ უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: ‘დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან.’ დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: ‘მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს.’“ თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“ ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი: „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად – ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’ ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’ თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“ მოუყვანეს მას ყრმებიც, რომ შეხებოდა მათ. ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, აჩერებდნენ მათ. იესომ დაუძახა მათ და თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა შიგ.“ ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“ მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი.“ ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი.“ ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო. შეხედა მას იესომ და თქვა: „რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში! ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“ მსმენელებმა თქვეს: „ვიღას შეუძლია გადარჩენა?“ მან თქვა: „კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია.“ თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ მან უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები, და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლე.“ წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე. რადგან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.“ მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს. იერიხოს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა. გამვლელი ხალხის ხმა გაიგონა და იკითხა: „რა ამბავია?“ უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდისო. მაშინ მან დაიყვირა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“ წინ მიმავალნი გაუწყრნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“ შეჩერდა იესო და ბრძანა, მასთან მოეყვანათ. როცა იგი მიუახლოვდა, ჰკითხა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ უთხრა: „უფალო, რომ თვალი ამეხილოს.“ იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ და იმწამსვე აეხილა. მიჰყვებოდა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს. შევიდა და გაიარა იერიხოზე. და აჰა, იყო კაცი ვინმე, სახელად ზაქე – მებაჟეთა უფროსი და მდიდარი. სურდა მას იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო. წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო. იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე.“ სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. ვინც კი დაინახა, ყველანი ბუზღუნს მოჰყვნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდაო. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ.“ უთხრა მას იესომ: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა. რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად.“ როცა ისინი ისმენდნენ ამას, მან დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მათ ეგონათ, უეცრივ გამოჩნდებოდა ღვთის სასუფეველი. ამის გამო თქვა: „ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო. მაგრამ მის მოქალაქეებს სძულდათ იგი და უკან ელჩობა დაადევნეს და დააბარეს: ‘არა გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზე’. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა ივაჭრა. მოვიდა პირველი და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო’. უთხრა მას: ‘კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება’. მოვიდა მეორე და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა’. მასაც უთხრა: ‘შენც ხუთ ქალაქზე იყავ’. მესამე მოვიდა და უთხრა: ‘ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული, ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს’. უთხრა მას: ‘შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესია. აბა, რაღატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?’ და იქ მდგომთ უთხრა: ‘წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს’. მათ უთხრეს: ‘უფალო, მას ათი მნა აქვს’. ‘გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაცა აქვს. ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე.’“ თქვა ეს და წინ წავიდა იერუსალიმში ასასვლელად. როცა მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, მიავლინა ორი მოწაფე. უთხრა მათ: „წადით მეზობელ სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ მჯდარა. აუშვით და მოიყვანეთ. თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ უშვებთო, ასე უთხარით: უფალს სჭირდება-თქო.“ წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა. და როცა ჩოჩორს უშვებდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ უშვებთ ამ ჩოჩორს?“ მათ თქვეს: „იმიტომ, რომ უფალს სჭირდება.“ მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო. როცა იგი მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა. როცა ზეთისხილის მთის დაღმართს მიუახლოვდა, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღვთის ქება-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს. ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“ ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს.“ მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ.“ როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო. და თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან. რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ გაიგე შენი მოხედვის ჟამი.“ შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა. უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს.’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი.“ და ასწავლიდა ყოველდღე ტაძარში. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი ცდილობდნენ მის დაღუპვას. მაგრამ ვერაფერი მოიგონეს, რა უნდა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას. ერთ დღეს, როცა ის ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიუცვივდნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად და უთხრეს მას: „გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ მიუგო და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით: იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?“ ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, იტყვის: მაშ, რაღატომ არ იწამეთო მისი? თუ ვიტყვით კაცთაგან, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.“ და მიუგეს: „არ ვიცით საიდან.“ იესომ უთხრა მათ: „მეც არ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“ დაუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწისმუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით. როცა დრო მოვიდა, მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწისმუშაკებმა სცემეს მას და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა. მასაც სცემეს, გალანძღეს და ხელცარიელი გაუშვეს. მერე მესამეც გაგზავნა. დაჭრეს იგი და გააგდეს გარეთ. მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: ‘როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ.’ მაგრამ მიწისმუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: ‘ეს მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება.’ გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი? მოვა, ამოწყვეტს იმ მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს ჩააბარებს.“ ვინც მოისმინეს, თქვეს: „ნუმც მოხდება.“ მან კი შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს ეს დაწერილი: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა’? ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილეწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.“ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი სწორედ ამ დროს შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. უთვალთვალებდნენ მას და მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და მთავრობისათვის და განმგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ. ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას. შეიძლება თუ არა მივცეთ ხარკი კეისარს?“ იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა: „მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და წარწერა?“ თქვეს: კეისრისაო. უთხრა მათ: „ჰოდა, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა – ღმერთს.“ ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ. მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. იყვნენ შვიდნი ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ. და მეორემაც და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არცერთს არ დარჩენია შვილები, და დაიხოცნენ. ბოლოს დედაკაციც მოკვდა. ჰოდა, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“ და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან; ხოლო ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის. ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როცა აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი. ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია.“ მიუგო ზოგიერთმა მწიგნობარმა და უთხრა: კარგად თქვიო, მოძღვარო. და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის, ხოლო მან უთხრა მათ: „როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა? თვითონ დავითი კი ამბობს წიგნში: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.’ აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“ და როცა მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე; რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“ აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო. თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო, ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.“ როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულებებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა: „დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს.“ ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?“ მან თქვა: „გაფრთხილდით, რომ არ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ. როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული.“ მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო – სამეფოს წინააღმდეგ. იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან. ამის უწინარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად. ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი, ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი. ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. და როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარსშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში. ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი. ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.“ უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს. როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული. ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება. ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან. „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად, რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე.“ დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამ-ღამობით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება. მთელი ხალხი დილიდან მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად. ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული. და დაეძებდნენ მას მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო. წავიდა, ელაპარაკა მღვედლმთავრებსა და მცველთა უფროსებს, როგორ მიეცა მათთვის იესო. მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ, მიეცათ მისთვის ვერცხლი. მანაც აღუთქვა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის. დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი. მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ.“ მათ უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოვამზადოთ?“ მან უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა, და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამოო პასექი? ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემოთვალს. იქ მოამზადეთ.“ წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი. როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად. უთხრა მათ: „სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში.“ აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის. რადგან გეტყვით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი.“ აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“ ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება. და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე; რადგან ძე კაცისა მიდის განჩინებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.“ და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას. ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად. მან კი უთხრა მათ: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს – მსახურივით. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური, თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი, რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.“ თქვა უფალმა: „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები.“ მან კი უთხრა მას: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც,“ ხოლო მან თქვა: „შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ.“ უთხრა მათ: „როცა ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ?“ თქვეს: არაფერიო. უთხრა მათ: „ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდა. ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს. თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემზე უნდა აღსრულდეს: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა.’ რადგან მას, რაც ჩემს შესახებაა, დასასრული აქვს.“ მათ თქვეს: „უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია.“ მან კი უთხრა მათ: „კმარა.“ გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.“ თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა. ამბობდა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“ ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა. ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა. ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები. უთხრა მათ: „რას გძინავთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.“ ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა ხალხი და მათ წინ მოუძღვის ერთი თორმეტთაგანი, სახელად იუდა, და მივიდა იესოსთან საამბორებლად. იესომ უთხრა მას: „იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?“ მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“ ერთმა მათგანმა დასცა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მიუგო იესომ და თქვა: „თავი დაანებეთ, საკმარისია!“ და შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი. უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მცველთა უფროსებს და უხუცესებს: „როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად? ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ. მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება.“ და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა. ერთმა მხევალმა იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო.“ მაგრამ მან უარყო და თქვა: „დედაკაცო, არ ვიცნობ იმას.“ ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ.“ მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ.“ თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ვიღაც სხვამ დაიწყო მტკიცება და ამბობდა: „ჭეშმარიტად, ესეც იმასთან იყო, ვინაიდან გალილეველია.“ თქვა პეტრემ: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ.“ და უცებ, როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა. და მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომ უთხრა: დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო, და გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა. ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას. თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა“? და კიდევ მრავალ სხვა გმობას ამბობდნენ მის წინააღმდეგ. როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესთა საბჭო, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში და უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი.“ უთხრა მათ: „რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ. ამიერიდან ძე კაცისა იქნება ღვთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე.“ თქვა ყველამ: „მაშ, შენა ხარ ძე ღვთისა?“ მან უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.“ მათ თქვეს: „მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან.“ და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რყვნის ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, თავის თავზე კი ამბობს ქრისტე მეფე ვარო.“ პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო მას და თქვა: „შენ ამბობ.“ პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში.“ მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე.“ პილატემ ეს რომ გაიგონა, იკითხა: „განა გალილეველია ეს კაცი?“ როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა. ჰეროდემ, იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხნიდან სურდა მისი ხილვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან. ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალს სდებდნენ მას. ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს. იმ დღეს პილატე და ჰეროდე დამეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთიმეორეს. პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს. და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის გამრყვნელი, და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას, და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“ მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ. მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო, რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის. პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება. მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ.“ მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“ ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ და მღვდელმთავრების ხმამ. და პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა: გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, იესო კი მათ ნებას გადასცა. როცა იგი მიჰყავდათ, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ. მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ. რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’ მაშინ ეტყვიან მთებს: ‘დაგვემხეთ ზედ!’ და ბორცვებს: ‘დაგვფარეთ ჩვენ!’ ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“ მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც – ორი ავაზაკი. როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“ და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული.“ ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან, ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“ მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის იუდეველთა მეფე.“ ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც.“ მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია.“ და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ.“ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“ დღის ექვსი საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე. დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო. და შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს.“ ეს თქვა და სული განუტევა. ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო.“ ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, რომ ხედავდა, რაც ხდებოდა, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. ყველა, ვინც მას იცნობდა, და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოჰყვნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას. აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს, მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. ის დღე პარასკევი იყო და შაბათი დგებოდა. უკან გაჰყვნენ დედაკაცებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი. ამის შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ. ერთშაბათს, უთენია მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ. და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული. მაგრამ რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს გვამი. ამის გამო შეფიქრიანდნენ და, აჰა, მათ წინაშე წარსდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსლით მოსილი. რაკი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს, მათ უთხრეს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო.“ და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი. მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ. ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და, რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული. და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო. ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ. მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი. უთხრა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში?“ ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი. მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: „ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?“ და უთხრა მათ: „რა მოხდა?“ მათ უთხრეს მას: „იესო ნაზარეველზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე, როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან იყვნენ სამარხთან და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო. ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისაკენ და მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც დედაკაცები ამბობდნენ. ის კი ვერ ნახეს.“ მან უთხრა მათ: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ! განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“ და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან. როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის. უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“ ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს. მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას. ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ. მაგრამ მან უთხრა: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“ ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები. რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რამე საჭმელი?“ მათ მიაწოდეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული. გამოართვა და შეჭამა მათ წინაშე. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ. უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.“ მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად და უთხრა მათ: „ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ. და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ.“ და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები, და აკურთხა ისინი. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში. მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. და სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს. იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთისაგან. სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა. იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.“ ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა. აჰა, მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა მიუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინ ხარ შენ?“ მან აღიარა და არ უარყო, აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე.“ და ჰკითხეს მას კვლავ: „მაშ ვინა ხარ? ელია ხარ?“ ამბობს: „არა ვარ.“ „წინასწარმეტყველი ხარ?“ მიუგებს: „არა.“ მაშინ უთხრეს მას: „ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?“ თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა.“ წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგან იყვნენ. და ჰკითხეს მას და უთხრეს: „აბა, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“ მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ. ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მის სანდლებზე თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ.“ ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა. მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა. ეს არის, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო-მეთქი. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს.“ მოწმობდა იოანე და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’ მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა.“ მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი.“ ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად დგახარ?“ ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ.“ წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი. ერთი ამ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს და გაჰყვნენ იესოს, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი. მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს). მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს, პეტრეს). მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და იპოვა ფილიპე. უთხრა მას იესომ: „გამომყევი“. ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან. ფილიპე შეხვდა ნათანაელს და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც დაწერეს რჯულში მოსემ და წინასწარმეტყველებმა: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან.“ უთხრა მას ნათანაელმა: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ უთხრა მას ფილიპემ: „წამოდი და ნახე“. იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა.“ ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ დაგინახე.“ მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტსაც იხილავ.“ ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და ჩამომავალთ.“ მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. და როცა ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება იესოს დედამისი: „ღვინო აღარა აქვთ.“ ეუბნება მას იესო: „რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა.“ ეუბნება დედამისი მსახურებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.“ იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისთვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა. ეუბნება მათ იესო: „დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები.“ და მათაც დაავსეს პირთამდე. და ეუბნება მათ: „ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“ და მიართვეს. როცა სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს და ეუბნება მას: „ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს.“ ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა. ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღეს. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკერმენი. გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, კერმის გადამცვლელებს კერმა დაუბნია და დახლები აუყირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად.“ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე.“ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“ უთხრეს იუდეველებმა: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა. ხოლო, როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. თვითონ იესო არ ენდობოდა მათ, ვინაიდან ყველას იცნობდა. არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა კაცის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო კაცში. იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს.“ ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?“ მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.“ ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: „როგორ შეიძლება მოხდეს ეს?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას. თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ? არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა. რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ. ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა. განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.“ ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეას ქვეყანაში, იქ დარჩა მათთან და ნათლავდა. იოანე კი ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ და ინათლებოდნენ. ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული. მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმედის გამო. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდენეს გაღმა, და ვისზეც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან.“ მიუგო იოანემ და თქვა: „ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული. თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინ. ვისაც საცოლე ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე. მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა. რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს. ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია. რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სულს. მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ. ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე.“ როცა შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს გაგებული ჰქონდათ, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო, (თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები), დატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. მას სამარიაზე უნდა გაევლო. მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს. იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა. მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: „წყალი დამალევინე,“ რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად. ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.) მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.“ ეუბნება მას ქალი: „ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი? ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.“ ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.“ ეუბნება მას: „წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ.“ მიუგო ქალმა და უთხრა: „მე არ მყავს ქმარი.“ ეუბნება მას იესო: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო, რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი.“ ეუბნება მას ქალი: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს.“ ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა. მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.“ ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.“ ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება.“ ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას. დატოვა თავისი ჭურჭელი ქალმა და წავიდა ქალაქში და ეუბნება ადამიანებს: „წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“ გამოვიდნენ ქალაქიდან და გაემართნენ მისკენ. ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“ მან უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.“ ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“ ეუბნება მათ იესო: „ჩემი საჭმელია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვა იმკისო. მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით.“ ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო. ამიტომ, როცა მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და იგი ორ დღეს დარჩა იქ. კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით. ქალს უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშარიტად ის არის სოფლის მხსნელი.“ ორი დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან გალილეაში. რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი. როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს. ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფის მოხელე, რომელსაც შვილი ჰყავდა ავად კაპერნაუმში. როგორც კი გაიგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო. უთხრა იესომ მას: „არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ.“ ეუბნება მას მეფის მოხელე: „უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ბავშვი არ მომკვდარა.“ ეუბნება მას იესო: „წადი, ცოცხალია შენი შვილი.“ ირწმუნა კაცმა, რაც იესომ უთხრა მას, და წავიდა. შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს, რომ ცოცხალია მისი ვაჟი. ჰკითხა, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს, რომ გუშინ მეშვიდე საათზე გაუარაო სიცხემ. ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როცა იესომ უთხრა: „ცოცხალია შენი შვილი.“ და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლმა. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა. ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმს. იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან, აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხაზდა ეწოდება, და ხუთი სტოა აქვს. იქ იწვა ძალიან ბევრი სნეული, ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ, რადგან უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა დროდადრო აუზში და ამღვრევდა წყალს. ხოლო მას შემდეგ, რაც წყალი აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. აქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სენით. იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია, და უთხრა: „გინდა, განიკურნო?“ მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის შემღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. მანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.“ ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე.“ და მაშინვე გაჯანსაღდა ეს კაცი. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს შაბათი იყო. უთხრეს იუდეველებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია. ნება არა გაქვს სარეცლის აღებისა.“ მან მიუგო მათ: „ვინც განმკურნა, მან მითხრა: აიღე შენი სარეცელი და გაიარეო.“ ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?“ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილას მყოფ ბრბოს შეერია. ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: „აჰა, შენ გაჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რამე უარესი არ დაგემართოს.“ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესოა მისი განმკურნებელი. იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა. იესომ მიუგო მათ: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ.“ ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს, ისეთებს რომ გაგიკვირდებათ. რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვისი გაცოცხლებაც სურს. რადგან მამა არავის განიკითხავს, არამედ მთელი განკითხვა ძეს გადასცა, რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, ის არც მამასა სცემს პატივს, მის მომავლინებელს. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე და განკითხვაზე არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე არის ახლა, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც მას მოისმენენ, იცოცხლებენ. რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. სამართლის გაჩენაშიც ხელმწიფება მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მქნელნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი – განკითხვის აღდგომისთვის. ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ, და ჩემეული განკითხვა სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. თუ მე ვმოწმობ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არაა ჭეშმარიტი. სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე. თქვენ გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება. თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ. იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში. მე კი მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა. და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობდა ჩემზე, თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც ხატი გიხილავთ მისი. მისი სიტყვა არა გაქვთ შეწყნარებული, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა. იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ. თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ. დიდებას არ ვღებულობ კაცთაგან, მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში. მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მღებულობთ. სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისაგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისაგან არ ეძებთ? ნუ გგონიათ, რომ მამის წინაშე მე დაგდებთ ბრალს. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიცა გაქვთ. რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემზე დაწერა. ხოლო, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორ იწამებთ ჩემს სიტყვებს?“ ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა. უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე. ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თორემ თავად კი იცოდა, რასაც მოიქმედებდა. მიუგო მას ფილიპემ: „ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს.“ ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა: „აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“ თქვა იესომ: „უთხარით ხალხს, დასხდნენ.“ ხოლო იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. როცა დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს.“ მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნამუსრევით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: „ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც სოფელში უნდა მოსულიყო.“ იესომ იცოდა, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად, რათა გაემეფებინათ იგი, და კვლავ განმარტოვდა მთაზე. როცა მოსაღამოვდა, ჩავიდნენ მისი მოწაფეები ზღვაზე. ავიდნენ ნავზე და გაემართნენ ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ჩამობნელებული იყო, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. ძლიერმა ქარმა დაუბერა და ზღვა აღელდა. ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ. ის კი ეუბნება მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“ უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი; და ნავი მაშინვე იმ ქვეყანაში გაჩნდა, სადაც მიდიოდნენ. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ, და რომ არც იესო ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს. სხვა ნავებიც მოვიდა ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. როცა დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმს იესოს საძებრად. და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: „რაბი, როდის მოხვედი აქ?“ მიუგო იესომ და უთხრა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ მე, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.“ უთხრეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, რომელიც მან მოავლინა.“ უთხრეს მას: „რა ნიშანს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.’“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. რადგან ღვთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სოფელს.“ უთხრეს მას: „უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური.“ უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება. მე კი გითხარით, რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებთ. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ. რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“ იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რადგან თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული.“ თქვეს: „ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘ყველა განისწავლება ღვთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის. ისე კი არაა, თითქოს ყველას ეხილოს მამა. ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური, ზეციდან გადმომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ.“ იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთში და ამბობდნენ: „როგორ შეუძლია, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე – მასში. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში. ეს არის ციდან ჩამოსული პური, ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.“ ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. ბევრი მისი მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა: „მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია ამის მოსმენა?“ იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ბუზღუნებდნენ თავისთვის ამის გამო, და უთხრა მათ: „ეს გაცდუნებთ თქვენ? თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც წინათ იყო? სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ.“ რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. და თქვა: „ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული.“ ამის შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას. მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ მიუგო მას სიმონ-პეტრემ: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა.“ მიუგო მათ იესომ: „თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია.“ თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან იგი, ერთი თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას. ამის შემდეგ იესო გალილეაში მიმოდიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რაკი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ. ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობა. უთხრეს მას მისმა ძმებმა: „წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე სოფელს.“ რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი. ეუბნება მათ იესო: „ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მოწეულია. სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. თქვენ ადით დღესასწაულზე. მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.“ ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში. მაგრამ როცა მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად. იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო? ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო. ოღონდ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ. უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის წერილები უსწავლელადო? მიუგო მათ იესომ და თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში. განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?“ მიუგო ხალხმა: „ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა – და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს. თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ხალხი განვკურნე შაბათს? ნუ განიკითხავთ გარეგნობით, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ.“ თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: „ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ? აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.“ შესძახა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: „მე მიცნობთ და იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა.“ ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ დამდგარიყო. ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: „როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“ მოისმინეს ფარისევლებმა ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა მასზე და მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა. თქვა იესომ: „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ.“ უთხრეს ერთმანეთს იუდეველებმა: „სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნეთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავლას? ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?“ დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“ ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო. ხალხიდან ბევრმა ამ სიტყვების გაგონებაზე თქვა: „ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია.“ სხვებმა თქვეს: „ეს ქრისტეა.“ სხვები ამბობდნენ: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე? განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“ და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო. ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა. მივიდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან და მათ უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“ მიუგეს მსახურებმა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“ მიუგეს მათ ფარისევლებმა: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ? ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი? მაგრამ ეს ხალხი, რჯულის უმეცარი, დაწყევლილია.“ ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო: „განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?“ მიუგეს და უთხრეს მას: „შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება.“ ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ. იესო წავიდა ზეთისხილის მთისკენ. დილით კი შებრუნდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა და მჯდომარე ასწავლიდა მათ. მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. ეუბნებიან მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო, ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!“ კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი, და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო, ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“ კვლავ ელაპარაკა მათ იესო და უთხრა: „მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“ უთხრეს მას ფარისევლებმა: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი.“ მიუგო იესომ მათ და უთხრა: „მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის არ განვიკითხავ. მე თუ განვიკითხავ, ჩემეული განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.“ თქვენს რჯულშიც სწერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი. უთხრეს მას: „სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ.“ ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი ჟამი. კვლავ უთხრა მათ იესომ: „მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ.“ თქვეს იუდეველებმა: „თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო?“ უთხრა მათ: „თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ. თქვენ სოფლისანი ხართ, მე კი სოფლისა არა ვარ. ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.“ უთხრეს მას: „ვინ ხარ შენ?“ უთხრა მათ იესომ: „თავიდანვე გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ: ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და განსაკითხველი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ სოფელზე“. ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ. უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი.“ როცა ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ მიუგეს მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?“ მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ; ძე რჩება საუკუნოდ. თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. მე იმას ვლაპარაკობ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ.“ მიუგეს და უთხრეს მას: „ჩვენი მამა აბრაამია!“ უთხრა მათ იესომ: „თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. ახლა კი ჩემს მოკვლას ეძებთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია. თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ.“ უთხრეს მას: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ ერთი მამა გვყავს – ღმერთი.“ უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ მე გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა. ხოლო, რაკი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არა გწამთ ჩემი. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ.“ მაშინ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“ მიუგო იესომ: „ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიომყობთ მე. თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე.“ უთხრეს მას იუდეველებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, არ იგემებსო სიკვდილს უკუნისამდე. განა შენ ჩვენს მამა აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. რა გგონია შენი თავი?“ მიუგო იესომ: „მე თუ ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო. თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვინახავ მის სიტყვას. აბრაამს, მამათქვენს, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.“ უთხრეს მას იუდეველებმა: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.“ მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან. მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. და შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას. სანამ სოფელში ვარ, სოფლის ნათელი ვარ.“ ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. უთხრა მას: „წადი და მოიბანე შილოახის საბანელში“ (რაც ნიშნავს, მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“ ერთნი ამბობდნენ: ეს სწორედ ისააო. სხვებმა თქვეს: არა, მაგრამ იმასა ჰგავსო. მან კი თქვა: მე ვარო. მაშინ უთხრეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“ მიუგო მან: „კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: ‘წადი შილოახს და მოიბანე.’ წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“ და უთხრეს მას: „სადაა იგი?“ ამბობს: „არ ვიცი.“ მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, წინათ რომ ბრმა იყო. შაბათი იყო ის დღე, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა. კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.“ თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: „ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ ინახავს.“ სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება. კვლავ ეუბნებიან ბრმას: „შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?“ მან თქვა, რომ წინასწარმეტყველიაო იგი. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს. და ჰკითხეს მათ: „ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“ მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა, მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. ხომ სრულწლოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.“ ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან უკვე შეთქმულიყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. ამიტომ უთხრეს მშობლებმა: სრულწლოვანია, მას ჰკითხეთო. მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: „მიაგე დიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.“ მიუგო მან: „არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.“ კვლავ უთხრეს მას: „რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“ მიუგო მათ: „მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“ მათ გალანძღეს იგი და თქვეს: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი.“ მიუგო კაცმა და უთხრა მათ: „საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა. ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს. საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს. ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა.“ მიუგეს და უთხრეს მას: „შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი. გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: „შენ გწამს ძე კაცისა?“ მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“ უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა.“ მან თქვა: „მწამს, უფალო.“ და თაყვანი სცა მას. და თქვა იესომ: „განსაკითხავად მოვედი ამ სოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.“ გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“ უთხრა მათ იესომ: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა გრჩებათ.“ „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი. მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს.“ ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა. კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ. მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს. „ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის. მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“ ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. თქვა ბევრმა მათგანმა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“ სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?“ მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა. და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში. შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: „როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად.“ მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე! მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ, როგორც გითხარით. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან. მე და მამა ერთი ვართ.“ კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად. მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“ მიუგეს მას იუდეველებმა: „კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს.“ მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ სწერია, რომ ‘მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ?’ თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა, მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა სოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი? თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ.“ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხლტა მათ ხელიდან. წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, და იქ დარჩა. ბევრნი მიდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყოო. და იქ ბევრი ერწმუნა მას. იყო ვინმე ავადმყოფი, ლაზარე ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის მართას სოფლიდან. ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისი თმებით შეუმშრალა. მისი ძმა ლაზარე იყო ავად. გაუგზავნეს მისმა დებმა კაცი და შეუთვალეს: „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა.“ მოისმინა იესომ და უთხრა: „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ძე ღვთისა.“ იესოს უყვარდა მართა, მისი და, და ლაზარე. როცა გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა. ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ისევ იუდეაში წავიდეთ.“ უთხრეს მას მოწაფეებმა: „რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“ მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ამ სოფლის ნათელს ხედავს. ღამით მოარული კი წაიბოძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში.“ ეს თქვა და მერე ეუბნება მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ.“ უთხრეს მოწაფეებმა მას: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება.“ იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ბუნებრივ ძილზე ამბობდა. მაშინ უთხრა მათ იესომ გაცხადებით: „ლაზარე მოკვდა. მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. მაგრამ მოდით, წავიდეთ მასთან.“ მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა თანამოწაფეებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ.“ იესო მივიდა და ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღის დამარხული იყო. ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმიდან, ასე თხუთმეტი სტადიონის მანძილზე. ბევრი მივიდა იუდეველთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო. რომ გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას. მარიამი კი შინ იჯდა. მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი.“ ეუბნება მას იესო: „აღდგება შენი ძმა.“ ეუბნება მას მართა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს.“ უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?“ ეუბნება მას: „ჰო, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, ამ სოფლად მომავალი.“ ეს რომ თქვა, წავიდა და თავის დას, მარიამს, მოუხმო და ჩუმად უთხრა: „მოძღვარი აქ არის და შენ გიხმობს.“ როგორც კი გაიგონა, სასწრაფოდ წამოდგა და მივიდა მასთან. იესო ჯერ დაბაში არ იყო შესული, იმავე ადგილზე იდგა, სადაც მართა შეეგება. იუდეველებმა, რომლებიც მასთან იყვნენ სახლში და ანუგეშებდნენ, როცა დაინახეს, რომ მარიამი სასწრაფოდ წამოდგა და გავიდა, გაჰყვნენ უკან, ეგონათ, სამარხისკენ მიდიოდა სატირლად. მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და, რომ იხილა იგი, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა.“ როცა იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და აღელდა. უთხრა: „სად დაასვენეთ იგი?“ ეუბნებიან: „უფალო, მოდი და ნახე.“ და აცრემლდა იესო. თქვეს იუდეველებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია!“ ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: „ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“ იესო კი, კვლავ შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“ ეუბნება მას იესო: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“ აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.“ ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი!“ და გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“ მაშინ ბევრმა იუდეველთაგან, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა ფარისევლებთან და უთხრა, რაც მოახდინა იესომ. შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულს ახდენს? თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც.“ ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: „თქვენ არაფერი გაგეგებათ, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს.“ ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის მოკვდებოდა. და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად. იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი. აღარ უვლია იესოს იუდეველთა შორის გაცხადებულად, არამედ გაეცალა იქაურობას უდაბნოს მახლობელ მხარეში, ქალაქში, ეფრემი რომ ეწოდება, და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ამ მხარიდან მრავალი ავიდა პასექამდე იერუსალიმში განსაწმედად. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ‘როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?’ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა განკარგულებები გასცეს, რომ ვინც შეიტყობდა, სად იყო იგი, ეცნობებინა, რათა შეეპყროთ. პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით. გაუმართეს მას პურობა იქ და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო. მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო. ამბობს იუდა ისკარიოტელი, ერთი მისი მოწაფეთაგანი, რომელსაც უნდოდა გაეცა იგი: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ჩაყრიდნენ, იღებდა. უთხრა იესომ: „დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი. რადგან ღარიბები ყოველთვის თქვენთანა გყავთ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.“ გაიგო დიდძალმა ხალხმა იუდეველთაგან, რომ ის იქ იყო, და მივიდნენ არა მარტო იესოს გულისთვის, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. გადაწყვიტეს მღვდელმთავრებმა ლაზარეც მოეკლათ, რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს. მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო იერუსალიმში მიდიოდა. აიღეს პალმის რტოები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, და მეფე ისრაელისა!“ იპოვა იესომ ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: „ნუ გეშინია, სიონის ასულო; აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი.“ ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როცა იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასე მოექცნენ მას. ემოწმებოდა ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე საფლავიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა. ამიტომ შეეგება მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა. ფარისეველებმა კი ერთმანეთს უთხრეს: „ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება.“ იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე. მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.“ ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა. შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს. იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს. ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ სოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! თუმცა ამისთვის მოვედი ამ ჟამს. მამაო, განადიდე სახელი შენი!“ მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ.“ იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს, ანგელოზი ელაპარაკებოდაო. მიუგო იესომ და თქვა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. ახლაა ამ სოფლის სამსჯავრო. ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება. და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ.“ ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა, თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს. მიუგო მას ხალხმა: „რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო. ვინაა ეს ძე კაცისა?“ უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“ ეს ილაპარაკა იესომ და წავიდა, და მათ თვალს მიეფარა. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას, რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?“ იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ: „მან თვალები დაუბრმავა მათ და გული დაუხშო, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.“ ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება, და ლაპარაკობდა მასზე. თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ. რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება. იესომ შესძახა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა, და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა. მე ნათელი მოვედი სოფელში, რომ არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან სოფლის განსაკითხად კი არ მოვედი, არამედ სოფლის სახსნელად. ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს. რადგან მე ჩემით კი არ მილაპარაკია, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ.“ პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი. სერობის დროს, როცა ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი, იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის, წამოდგა სერობიდან, გადაიძრო ზედა სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა. მივიდა სიმონ-პეტრესთან. ის კი ეუბნება: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ.“ ეუბნება მას პეტრე: „უკუნისამდე არ დამბან ფეხს.“ მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.“ ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხი კი არა, არამედ ხელიც და თავიც.“ ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.“ რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა. ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფერხნი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი. რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ. ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ‘ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი.’ ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს.“ ამის თქმის შემდეგ იესო სულით აღელდა, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.“ გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო. იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო. გადაიხარა იგი იესოს მკერდისკენ და ეუბნება: „უფალო, ვინაა იგი?“ მიუგებს იესო: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ.“ ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე.“ მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს. ზოგიერთმა იფიქრა, რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, იესო ეუბნება, სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის. ის კი, როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა. და იყო ღამე. როცა გავიდა, ამბობს იესო: „ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში. რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას. შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“ ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: „ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები.“ ეუბნება მას პეტრე: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის.“ მიუგო იესომ: „სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ. „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.“ ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“ ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი.“ ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“ ეუბნება მას იესო: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო? არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ. „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება. ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. კიდევ ცოტაც, და სოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები.“ ეუბნება მას იუდა, ისკარიოტელი კი არა: „უფალო, როგორ იქნება, რომ შენ თავად გამოგვეცხადები ჩვენ და არა სოფელს?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა. ამას გელაპარაკებოდით თქვენთან ყოფნისას, ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა. ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის. მაგრამ, რათა გაიგოს სოფელმა, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამამ მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან. „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი – თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით. „როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში. თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ. მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, თქვენ გამცნეთ. თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ თქვენ. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. „თუ თქვენ სოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა. თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ პატიება თავიანთი ცოდვებისათვის. ჩემს მოძულეს ჩემი მამაც სძულს. მე რომ არ გამეკეთებინა მათ შორის საქმეები, რაომელნიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვაც აღარ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც. მაგრამ აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: ‘უმიზეზოდ შემიძულეს.’ როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან – ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე. თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთანა ხართ. „ეს ყველაფერი გელაპარაკეთ, რათა არ დაბრკოლდეთ. სინაგოგიდან მოგკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება. ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე. მაგრამ ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა მოვა ჟამი, გაიხსენოთ, რომ მე გითხარით. ეს არ მითქვამს თავიდანვე, რადგან თქვენთან ვიყავი. ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა, და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება: ‘საით მიდიხარ შენ?’ მაგრამ მწუხარებით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო, ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს, სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ, განკითხვის გამო, რომ მთავარი ამ სოფლისა განკითხულია. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი. „ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივდივარ.“ ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთო. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო?“ ასე ლაპარაკობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობსო. მიხვდა იესო, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ, და უთხრა მათ: „იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, მე რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ, და კიდევ ცოტაც და, მიხილავთ-მეთქი? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივალალებთ, სოფელი კი გაიხარებს. თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა. დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა. ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა სოფელში. თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ. „იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს. ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის. ვინაიდან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოვედი. მამისგან გამოვედი და სოფელში მოვედი. კვლავ ვტოვებ სოფელს და მივდივარ მამასთან.“ უთხრეს მისმა მოწაფეებმა: „აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ. ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღვთისგან გამოხვედი.“ მიუგო მათ იესომ: „ახლა გწამთ? აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიფანტება. მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.“ ეს ილაპარაკა იესომ და ცას მიაპყრო თვალები და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს. მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე. შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. მათთვის გევედრები: სოფლისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი. და მე მათში განვდიდდი. მე აღარა ვარ სოფელში, მაგრამ ისინი არიან სოფელში. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც შენ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ. როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, მე დავიფარე, და მათგან არავინ დაღუპულა, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას სოფელში ვლაპარაკობ, რათა აივსნენ ჩემი სიხარულით. მე მათ მივეცი შენი სიტყვა და სოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან სოფლისანი, როგორც მე არა ვარ სოფლისა. არ გევედრები, რომ სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან. ისინი სოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ სოფლისა. განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა. როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში. ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებაში. „მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე. და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე სოფლის დაფუძნებამდე. მამაო მართალო, სოფელმა არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.“ ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა, სადაც ბაღი იყო, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. იუდამ კი წაიყვანა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან მხლებელნი, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურველით. იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა, და გამოვიდა და უთხრა მათ: „ვის ეძებთ?“ მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს.“ ეუბნება მათ: „მე ვარ.“ მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა. როცა უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ. კვლავ ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველს.“ მიუგო იესომ: „გითხარით, მე ვარ-მეთქი. მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ.“ რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიღუპავს.“ სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოსი ერქვა. უთხრა იესომ პეტრეს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში. სასმისი, რომელიც მამამ მომცა არ შევსვა?“ მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მხლებლებმა, შეიპყრეს იესო და შეკრეს და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს. ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო. იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად მღვდელმთავრის ეზოში შევიდა. პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, გამოვიდა, გადაულაპარაკა მეკარე ქალს და პეტრე შეიყვანა. ეუბნება პეტრეს მხევალი მეკარე: „განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?“ ეუბნება იგი: „არა ვარ.“ იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა. მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე. მიუგო მას იესომ: „მე აშკარად ველაპარაკებოდი სოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი მილაპარაკია. მე რას მეკითხები, ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი.“ ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა მსახურთაგანმა, იქ მდგომმა, გაარტყა იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ მღვდელმთავარს?“ მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რადა მცემ?“ ანამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან. სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“ უარყო და თქვა: „არა ვარ.“ მღვდელმთავრის ერთერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმის ნათესავმა, უთხრა: „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“ პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა. კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ. გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: „რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?“ მიუგეს და უთხრეს მას: „ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით.“ უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განიკითხეთ.“ უთხრეს მას იუდეველებმა: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს.“ რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. პილატე კვლავ შევიდა პრეტორიუმში, იესოს დაუძახა და უთხრა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ მიუგო იესომ: „შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“ მიუგო პილატემ: „განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა გაქვს ჩადენილი?“ მიუგო იესომ: „ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა. ჩემი მეფობა რომ ამ სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებელნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი მეფობა სააქაო არ არის.“ უთხრა მას პილატემ: „მაშ, მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: „შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი სოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას.“ ეუბნება მას პილატე: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს თქვა და კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: „ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“ კვლავ აყვირდნენ და თქვეს: „ეს კი არა, ბარაბა.“ ბარაბა კი ავაზაკი იყო. მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა. ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, და ძოწეული მოახურეს. მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ და სახეში სცემდნენ. კვლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: „აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.“ გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი, და უთხრა მათ პილატემ: „აჰა, კაცი!“ როცა იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მხლებლებმა, იყვირეს: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თავად წაიყვანეთ და აცვით ჯვარს, ვინაიდან მე ვერ ვპოულობ მასში ბრალს.“ მიუგეს მას იუდეველებმა: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ღვთის ძედ გაიხადა.“ როცა მოისმინა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა, კვლავ შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: „საიდან ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა მას. ეუბნება მას პილატე: „მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენს განტევებაზე და შენს ჯვარცმაზე?“ მიუგო იესომ: „არავითარი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, მაღლიდან თუ არ მოგეცა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს.“ ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეურჩება.“ პილატემ რომ ეს სიტყვები მოისმინა, იესო გარეთ გაიყვანა და დაჯდა მსაჯულის ტახტზე, ადგილზე, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბათა. პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა იუდეველებს: „აჰა, თქვენი მეფე.“ მათ კი იყვირეს: „შორს, შორს! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“ მიუგეს მღვდელმთავრებმა: „ჩვენ არ გვყავს მეფე, გარდა კეისრისა!“ მაშინ გადასცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო. თავად მოიკიდა ჯვარი და გავიდა თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია, სადაც ჯვარს აცვეს იგი, მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი – იესო. პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე“. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად. უთხრეს პილატეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა: „ნუ დაწერ: ‘იუდეველთა მეფე’, არამედ, როგორც თავად თქვა: ‘იუდეველთა მეფე ვარ’.“ მიუგო პილატემ: „რაც დავწერე, დავწერე.“ ჯარისკაცებმა, როცა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ წილად, თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თითო წილი, და ცალკე იყო კვართი. კვართი კი უკერველი იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება.“ რათა აღსრულებულიყო წერილი: „გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ჰყარეს ჩემს კვართზე.“ ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს. იდგნენ იესოს ჯვართან დედამისი, დედამისის და – მარიამ კლეოპასი – და მარიამ მაგდალელი. იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: „ქალო, აჰა, შენი ძე!“ მერე მოწაფეს ეუბნება: „აჰა, დედაშენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი. ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულებლად, თქვა: „მწყურია!“ იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს. როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა!“ და მიიდრიკა თავი და სული განუტევა. იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათს რომ არ დარჩენილიყო ჯვარზე (ის შაბათი კი დიდი დღე იყო), სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. მოვიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც. იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი. მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ. რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება.“ ასევე სხვა წერილიც ამბობს: „შეხედავენ მას, რომელსაც უგმირეს.“ ამის შემდეგ სთხოვა პილატეს იოსებ არიმათიელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარული, იუდეველთა შიშის გამო, ნება მიეცა მისთვის წაეღო იესოს ცხედარი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და წაიღო მისი ცხედარი. მოვიდა ნიკოდემოსიც, უწინ ღამით რომ ეწვია იესოს, და მოუტანა ასიოდე ლიტრა სმირნისა და ალოეს ნაზავი. აიღეს და შეახვიეს იესოს ცხედარი ტილოში სურნელებასთან ერთად, როგორც მიღებულია იუდეველებში დამარხვისას. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი – ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვენებინათ. იქ ჩაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი. ერთშაბათს, დილაადრიან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს.“ მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დაწყობილი ტილოები, მაგრამ არ შესულა. მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, და შევიდა სამარხში და დაინახა დაწყობილი ტილოები. სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველი რომ მივიდა, და იხილა და იწამა, რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. წავიდნენ კვლავ თავ-თავისთვის მოწაფეები. მარიამი კი იდგა სამარხთან, გარეთ და ტიროდა. და მტირიალი სამარხისაკენ დაიხარა, და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა. უთხრეს მას: „ქალო, რატომ სტირი?“ ეუბნება მათ: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს.“ ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. ეუბნება მას იესო: „ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“ ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს: მოძღვარო) ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.“ მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას. იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!“ ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. კვლავ უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.“ ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: „მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.“ თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მოვიდა. უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.“ მან უთხრა მათ: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ! რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: „მშვიდობა თქვენდა.“ მერე თომას ეუბნება: „მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.“ მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ ეუბნება მას იესო: „შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს.“ ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. ამის შემდეგ კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. ასე გამოეცხადა: ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მისი მოწაფეთაგანი. ეუბნება მათ სიმონ-პეტრე: „სათევზაოდ მივდივარ.“ უთხრეს მას: „ჩვენც წამოგყვებით.“ გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. უკვე გათენებული იყო და, იესო იდგა ნაპირზე, მოწაფეებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო. ეუბნება მათ იესო: „შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?“ მიუგეს მას: „არა.“ უთხრა მათ: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით.“ ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო. მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, ეუბნება პეტრეს: „ეს უფალია.“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა. სხვა მოწაფეები კი პატარა ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, ასე ორას წყრთაზე, და გამოათრიეს ბადე თევზიანად. ხმელეთზე რომ გადმოვიდნენ, ნახეს დაწყობილი ნაკვერცხლები და მათზე დადებული თევზი და პური. ეუბნება მათ იესო: „იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ.“ წავიდა სიმონ-პეტრე და ხმელეთზე გამოათრია ბადე, სავსე ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით და, სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა. ეუბნება მათ იესო: „მოდით, ისაუზმეთ.“ მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მკვდრეთით აღმდგარი. რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: „სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები.“ ეუბნება მას კვლავ მეორედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.“ ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ“? და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როცა დაბერდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს.“ ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: „მომყევი.“ მოტრიალდა პეტრე და დაინახა, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოსდევდა მათ. სწორედ ის, მისი მკერდისკენ რომ გადაიხარა სერობისას და უთხრა, უფალო, ვინ გაგცემსო? ეს რომ დაინახა პეტრემ, ეუბნება იესოს: „უფალო, ამას რა?“ ეუბნება მას იესო: „თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი.“ და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ, თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო? ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც, დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ. პირველი წიგნი, თეოფილე, მე შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ, იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც მან ამოირჩია, რომელთაც წარუდგა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ, მრავალი სარწმუნო ნიშნით. ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე. და შეკრიბა ისინი და უბრძანა: არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს, რაზეც უთხრა: „ჩემგან მოისმინეთ; ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით.“ ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“ უთხრა მათ: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.“ ეს თქვა და, სანამ ისინი უყურებდნენ მას, ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალს. როცა ისინი ხედავდნენ მის ცად ამაღლებას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით. უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ.“ მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზაზე. შესვლისთანავე ავიდნენ ზედათვალში, სადაც იმყოფებოდნენ პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა. ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან, და მის ძმებთან ერთად. იმ დღეებში წამოდგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის და თქვა (იქნებოდა იმ ადგილას სულ ასოცამდე კაცი): „კაცნო ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ დავითის პირით იუდაზე, რომელიც წაუძღვა იესოს შემპყრობლებს, ვინაიდან იგი ჩარიცხული იყო ჩვენთან და წილად ხვდა ეს სამსახური.“ მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად და, როცა დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის. ამგვარად, მათს საკუთარ ენაზე ეწოდა იმ მიწას ხაკელდამა, ანუ სისხლის ყანა. „ვინაიდან ფსალმუნთა წიგნში სწერია: ‘გატიალდეს მისი სახლ-კარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი’; და ‘მისი განსაგებელი სხვამ მიიღოს’. ამგვარად, ჯერ არს, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო, იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი მათგანი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე.“ და დააყენეს ორნი: იოსები, ბარშაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს, და მათია. ილოცეს და თქვეს: „უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე, რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკლდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო.“ და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიას, და მიეთვალა თერთმეტ მოციქულს. ორმოცდამეათე დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას. და იქმნა მოულოდნელად ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. ხოლო იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდეველნი, ღვთის მოშიში კაცები, ყველა ხალხთაგან, რომელნიც კი ცისქვეშეთში არიან. როცა ეს ხმაური მოხდა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე. ყველანი გაოგნებული იყვნენ და უკვირდათ, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით? პართნი და მიდიელნი, ყელამელნი, და მკვიდრნი შუამდინარეთისა, იუდეისა, კაბადუკიისა, პონტოსი და აზიისა, ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქებისა, და რომიდან ამოსულნი, იუდეველნი და რჯულშეცვლილნი, კრეტელნი და არაბები, ვუსმენთ მათ, ჩვენ-ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიად საქმეებზე.“ გაოგნდა ყველა და საგონებელში ჩაცვივდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ, ეს რას უნდა ნიშნავდეს?“ სხვები კი დაცინვით ამბობდნენ: ტკბილით არიან გამტყვრალნი. ხოლო თერთმეტთან ერთად მდგომი პეტრე წამოდგა, ხმა აღიმაღლა და უთხრა მათ: „იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრნო! იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს. ისინი არ არიან მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, ვინაიდან ახლა დღის მესამე საათია. მაგრამ ესაა ნათქვამი იოელ წინასწარმეტყველის მიერ: ‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და აწინასწარმეტყველდებიან. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.’ კაცნო ისრაელიანნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, დამტკიცებული ღვთისაგან თქვენთვის ძალით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენს შორის, როგორც თვითონვე იცით, იგი, ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარცნობით გადაცემული, ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეხსნა რა სიკვდილის ბორკილები, ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა. ვინაიდან დავითი ამბობს მასზე: ‘ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გამხიარულდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს. ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად. შენ შემაცნობინე ცხოვრების გზა, სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე.’ კაცნო ძმანო, აშკარად უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი. რაკი წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე, მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ არის ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. ამგვარად ღვთის მარჯვენით ამაღლებულმა, მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ. დავითი ხომ არ ამაღლებულა ზეცად, თვითონვე ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.’ ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.“ ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, კაცნო ძმანო?“ ხოლო პეტრემ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს. ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი.“ და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო. ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა სამი ათასამდე სული. და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, თანამოზიარობაში, პურის გატეხასა და ლოცვებში. ყოველი სული შიშით იყო მოცული და მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ქონებას და სარჩო-საბადს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, საჭიროებისამებრ. დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდელს მხიარულებით და გულუბრალოებით. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის თვალში მადლს ჰპოვებდნენ. უფალი კი ყოველ დღე უმატებდა დახსნილებს მათ რიცხვს. პეტრე და იოანე ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე. იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე საპყარი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. როცა დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე, და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“ იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა. უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე!“ მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი და წამოაყენა, და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები. წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს. და ხედავდა მთელი ხალხი მას, მოარულსა და ღვთის მაქებარს. იცნეს იგი, რომ ეს იყო ტაძრის მშვენიერ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად მჯდომი. ისინი შიშით აღვსილნი და გაოგნებულნი იყვნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა. და რაკი იგი ჩაბღაუჭებული იყო პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი განცვიფრებული მიაწყდა მათ სოლომონის სტოაში, როგორც იწოდება. დაინახა პეტრემ და უპასუხა ხალხს: „კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმიდით დავაწყებინეთ მას სიარული? აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა იგი აპირებდა მის გათავისუფლებას. თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის. სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. მისი სახელის რწმენით, მისმა სახელმა გაამაგრა ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ. ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს. ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც. აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები. რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან თქვენთვის წინასწარ განწესებული ქრისტე იესო, რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით. ვინაიდან მოსემ თქვა: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით. და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, მოიკვეთება ხალხიდან.’ ყველა წინასწარმეტყველნი, სამუელიდან და მას აქეთ, რამდენს ლაპარაკობდნენ და ასევე წინასწარ იუწყებოდნენ ამ დღეებზე. თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: ‘შენს თესლში იკურთხება მიწის ყოველი ტომი!’ ღმერთმა, აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმიდან.“ როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველნი, გაბრაზებულნი, ხალხს რომ ასწავლიდნენ და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. და დაადეს ხელები მათ და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, ვინაიდან უკვე საღამოვდებოდა. ბევრმა კი, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა. მათმა რიცხვმა ხუთი ათასამდე მიაღწია. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები, და ანა მღვდელმთვარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის მოდგმიდან. შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: „რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?“ მაშინ პეტრე აღივსო სულიწმიდით და უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო, თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი, ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა, და რომელიც ქვაკუთხედად იქცა. სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.“ როცა ხედავდნენ პეტრესა და იოანეს ესოდენ სიმტკიცეს და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნური და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. თანაც იცოდნენ, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ. ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საწინააღმდეგოს ვერაფერს ეუბნებოდნენ. უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა. ამბობდნენ: „რა ვუყოთ ამ ხალხს? მათი ხელით რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ. მაგრამ, უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.“ დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. მაგრამ პეტრემ და იოანემ მიუგეს და უთხრეს: „განსაჯეთ, მართებულია განა ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს? ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.“ ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად, ხალხის გამო, რადგან ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისათვის. ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელზეც მოხდა განკურნების სასწაული. ხოლო ისინი, ვინც გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარნი და უხუცესნი. მათ კი, რომ მოუსმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: „ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია; ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგე ალაპარაკე სულიწმიდით: ‘რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას? აღდგნენ მეფენი ქვეყნისა და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.’ ვინაიდან ნამდვილად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, რომ მოემოქმედათ ის, რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ზრახვამ. ახლა კი, დაინახე, უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა, მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა, როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.“ როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას. მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული და სული ჰქონდა, და არავინ თავის ქონებას არ უწოდებდა თავისას, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე. არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც მინდვრების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა და დებდა მოციქულთა ფერხთით და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა. ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, გაყიდა თავისი მინდორი, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო. ერთმა კაცმა კი, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან, ერთად გაყიდა მინდორი და გადამალა საფასურიდან, – ეს მისმა ცოლმაც იცოდა, – ხოლო რაღაც ნაწილი მოიტანა და დადო მოციქულთა ფერხთით. უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა მიწის საფასურიდან? განა რაც გქონდა, შენი არ იყო, და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“ ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ვინც ეს მოისმინა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა. წამოდგნენ ჭაბუკები, შესუდრეს იგი, გაიტანეს და დამარხეს. სამიოდე საათმა განვლო და შევიდა მისი ცოლიც, რომელმაც არ იცოდა რა მოხდა. ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?“ თქვა: „დიახ, ამდენად.“ პეტრემ უთხრა მას: „რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფერხნი, და შენც გაგიტანენ.“ დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს მოისმინა. მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ერთსულოვნად ყველანი სოლომონის სტოაში. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, შეერთებოდა მათ, მაგრამ აქებდა მათ ხალხი. სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი. ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს. ბევრნი მოდიოდნენ იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ. აღდგნენ მღვდელმათავარი და ყველა მასთან მყოფი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ. დაადეს ხელი მოციქულებს და საერთო საპატიმროში ჩასხეს. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა: „წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.“ ეს რომ მოისმინეს, განთიადისას შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანთა უხუცესების საბჭო და გაგზავნეს საპატიმროში მათ მოსაყვანად. მხლებელნი რომ მივიდნენ, ვერ ნახეს ისინი საპყრობილეში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს, უთხრეს: „საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი. რომ გავაღეთ, შიგ ვერავინ ვნახეთ.“ ეს სიტყვები რომ ესმათ ტაძრის მცველთა უფროსსა და მღვდელმთავრებს, საგონებელს მიეცნენ, რა უნდა მომხდარიყო. ვიღაც მივიდა და მოახსენა მათ: „აგერ ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ასწავლიან ხალხს.“ მაშინ წავიდა მცველთა უფროსი მხლებლებთან ერთად და მოიყვანა ისინი იძულების გარეშე, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო. მოიყვანეს სინედრიონის წინაშე და დააყენეს და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა და უთხრა: „სასტიკად აგიკრძალეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით. აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს ჩვენ.“ მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს. ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ მოჰკალით ძელზე დაკიდებით. იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება. და მოწმენი ვართ ამ სიტყვებისა ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც ღმერთმა მისცა თავის მორჩილთ.“ ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მოინდომეს მათი დახოცვა. წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივდებული, და ბრძანა, მოციქულები მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ. უთხრა მათ: „კაცნო ისრაელიანნო, დაფიქრდით ამ ხალხზე, რასაც უპირებთ მათ. ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი გაჰყვა მას. მაგრამ ის მოკლეს და, ყველა, ვინც მორჩილებდა მას, გაიფანტა და არარად იქცა. ამის შემდეგ, აღწერის დროს, აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი გაიყოლია. ისიც დაიღუპა, და ყველა, ვინც მას მორჩილებდა, გაიფანტა. ახლა გეუბნებით თქვენ: ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება, ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ.“ დაუჯერეს ეს და დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს. ხოლო ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს. ამ დღეებში, როცა მომრავლდნენ მოწაფეები, ატყდა გაბერძნებულთა დრტვინვა ებრაელობის წინააღმდეგ, ვინაიდან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება. მაშინ თორმეტმა მოიწვია მოწაფეთა სიმრავლე და უთხრა მათ: „არ შეგვშვენის ღვთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. ამოირჩიეთ ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი, ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი ვიყოთ ლოცვასა და სიტყვის მსახურებაში.“ მთელ სიმრავლეს მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენასი და გაიუდევებული ანტიოქიელი ნიკოლოზი. წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ. და ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას. სტეფანე კი, მადლით და ძალით აღსავსე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში. ადგნენ ზოგიერთები ეგრეთ წოდებულ ლიბერტინელთა, კვირინელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და კამათი დაუწყეს სტეფანეს, და ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა. მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსეს და ღვთის საგმობ სიტყვებს.“ ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს. წარმოუდგინეს ცრუ მოწმენი, რომლებიც ამბობდნენ: ეს კაცი დღენიადაგ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო. ვინაიდან ჩვენ მოვისმინეთ, როგორ ამბობდა, რომ ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცაო. უყურებდნენ მას ყველანი, სინედრიონში მსხდომნი, და ხედავდნენ მის სახეს, როგორც ანგელოზის სახეს. უთხრა მღვდელმთავარმა: „მართალია, რასაც ამბობენ?“ მან თქვა: „კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დასახლდებოდა, და უთხრა მას: ‘გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.’ მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დასახლდა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ. მასში ფეხის მოსაკიდებელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მისცემდა სამფლობელოდ მას და მის თესლს მის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი. ასე ელაპარაკა ღმერთი, რომ მისი თესლი მდგმურად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ მას და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს. ‘იმ ხალხს კი, ვისაც დაემონებიან, მე განვიკითხავ,’ – თქვა ღმერთმა, – ‘და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან და მომემსახურებიან ამ ადგილას.’ და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. მან შვა ისაკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს; ხოლო ისაკმა – იაკობი, იაკობმა – თორმეტი მამამთავარი. მამამთავრებს შეშურდათ იოსებისა და გაყიდეს იგი ეგვიპტეში, მაგრამ ღმერთი იყო მასთან და იხსნა იგი ყველა მისი გასაჭირიდან და უბოძა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინაშე, რომელმაც დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის განმგებლად. მოვიდა შიმშილი და დიდი გასაჭირი მთელ ეგვიპტესა და ქანაანში, და ჩვენი მამები ვერ შოულობდნენ საზრდოს. ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, გაგზავნა პირველად ჩვენი მამები. მეორედ ჩასვლისას გაუმჟღავნა იოსებმა თავი თავის ძმებს და ფარაონმა შეიტყო იოსების გვარტომობა. გაგზავნა იოსებმა და მოიწვია თავისი მამა იაკობი და მთელი თავისი სანათესაო, სამოცდათხუთმეტი სული. და ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში და გარდაიცვალა იგი, და ჩვენი მამებიც. გადმოასვენეს ისინი შექემს და ჩაასვენეს სამარხში, რომელიც აბრაამმა იყიდა ვერცხლის ფასად შექემში ემორის ძეთაგან. და როცა ახლოვდებოდა აღთქმის შესრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, ეს ხალხი მატულობდა ეგვიტეში და მრავლდებოდა, ვიდრე ეგვიპტეზე აღდგებოდა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს. ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, აიძულებდა ჩვენს მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ. ამ დროს დაიბადა მოსე და იყო სათნო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა. როცა გადააგდეს, აიყვანა იგი ფარაონის ასულმა და შვილად გაზარდა. და განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით. როცა ორმოცი წელი შეუსრულდა, გულით მოისურვა თავისი ძმების, ისრაელიანების, მონახულება. როცა დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა და იმ დაჩაგრულის შური იძია და განგმირა ეგვიპტელი. ეგონა, მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ. მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ისინი ჩხუბობდნენ, მათი შერიგება მოინდომა და უთხრა: ‘კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?’ მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ‘ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?’ ამ სიტყვებზე გაიქცა მოსე და გახდა მდგმური მიდიამის ქვეყანაში, სადაც შეეძინა ორი ვაჟი. როცა შესრულდა ორმოცი წელი, ეჩვენა მას სინაის მთის უდაბნოში უფლის ანგელოზი, ალმოდებული მაყვლოვანიდან. მოსემ დაინახა და განცვიფრდა ამ ხილვაზე. როცა დასაკვირვებლად მიუახლოვდა, იყო უფლის ხმა: ‘მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა.’ შეძრწუნდა მოსე და ვერ გაბედა დაკვირვება. უთხრა მას უფალმა: ‘გაიძრე ფეხსამოსი ფეხზე, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა. მე ვხედავ ჩემი ხალხის გაჭირვებას ეგვიპტეში და მესმის მისი კვნესა, და ჩამოვედი მათ გამოსახსნელად. ახლა წადი, მე მიგავლენ ეგვიპტეში.’ ეს ის მოსეა, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ‘ვინ დაგნიშნა მთავრად და მსაჯულადო?’ ღმერთმა მთავრად და მხსნელად ეს მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას მაყვლოვანში ეჩვენა. მან გამოიყვანა ისინი და ახდენდა სასწაულებს და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წელი. ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელიანებს: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ ღმერთი თქვენი ძმებიდან. მას უსმინეთ!’ ეს არის, ვინც იყო კრებულში უდაბნოდ ანგელოზთან ერთად, რომელიც მას ელაპარაკებოდა სინაის მთაზე, და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა; ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთი გულებით ეგვიპტისკენ მიიქცნენ. უთხრეს აარონს: ‘გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, ვინაიდან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა.’ და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას. ზურგი შეაქცია მათ ღმერთმა და ციური მხედრობის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნში სწერია: ‘თუ მოგიტანიათ ჩემთვის საკლავი და მსხვერპლი უდაბნოში ორმოც წელიწადს, სახლო ისრაელისა? დაატარებდით მოლექის კარავს და თქვენი ღმერთის რემფას ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რომ თაყვანი გეცათ მათთვის, და მეც გადაგასახლებთ ბაბილონს იქით.’ მოწმობის კარავი ჰქონდათ ჩვენს მამებს უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის თანახმად, რომელიც იხილა. მიიღეს იგი ჩვენმა მამებმა და იესოსთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ღმერთმა განდევნა ჩვენი მამების წინაშე. ასე იყო დავითის დღეებამდე. მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და სთხოვდა ნებას, რომ იაკობის ღვთისთვის სავანე ეპოვა. სახლი კი სოლომონმა აუგო მას. მაგრამ მაღალი არ არის ხელით ქმნილში დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: ‘ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა – ჩემს ფერხთა კვარცხლბეკი, – ამბობს უფალი, – როგორ სახლს ამიგებთ მე, ან რომელი ადგილია ჩემი დასასვენებლი ადგილი? განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?’ ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც. რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით, თქვენ, რომლებმაც მიიღეთ რჯული ანგელოზების განკარგულებით და არ დაიცავით იგი.“ ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე. ახედა მან ცას, აღსავსემ სულიწმიდით, და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგარი იესო. და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგარს.“ მაგრამ მათ ხმამაღალი ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ მას. და გაათრიეს ქალაქგარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა. რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.“ მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას.“ ეს თქვა და მიიძინა. სავლემ მოიწონა მისი მოკვლა. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველა, მოციქულთა გარდა, გაიფანტა იუდეასა და სამარიის მხარეებში. დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს იგი. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ. ამასობაში გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას. ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს. ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა, რასაც ფილიპე ლაპარაკობდა, უსმენდა და ხედავდა, რა ნიშნებს ახდენდა იგი. ვინაიდან მრავალთაგან, რომლებიც უწმიდური სულებით იყვნენ შეპყრობილნი, ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ. მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა. დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში. იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრევე ჯადოქრობას ეწეოდა და აოცებდა სამარიელ ხალხს, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება.“ ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოგნებდა მათ ჯადოქრობით. როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფევლსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და, მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, გაოგნებული იყო. გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე, რომლებიც ჩავიდნენ იქ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა. ვინაიდან მანამდე არცერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალ იესოს სახელით. მაშინ დაასხეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა. როცა დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დასხმით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ. თქვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა.“ პეტრემ უთხრა მას: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არ არის წრფელი ღვთის წინაშე. მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა, ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს.“ მიუგო სიმონმა და უთხრათ: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი ეწიოს თქვენი ნათქვამიდან.“ ხოლო როცა მათ დაამოწმეს და ილაპარაკეს უფლის სიტყვა, გამობრუნდნენ იერუსალიმისკენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ, იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის. უკაცრიელია იგი.“ ადგა და წავიდა, და აჰა, ერთი ეთიოპელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანის საცემად მოსულიყო იერუსალიმში, უკან ბრუნდებოდა და, თავის ეტლში მჯდომი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს.“ მიირბინა ფილიპემ და, როცა მოისმინა, რომ იგი ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, უთხრა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“ მან უთხრა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, ეს იყო: „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს ბაგე. დამცირებაში წაერთვა სამართალი და ვინ მოიკითხავდა მის წარმოშობას? რადგან ცოცხალთა ქვეყანას მოსწყდა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი.“ მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: „გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი. თავის თავზე, თუ სხვა ვინმეზე?“ გახსნა ფილიპემ ბაგეები, დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ. როცა გზა განაგრძეს, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?“ უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მიუგო და უთხრა მან: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.“ და უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი. როცა წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა ფილიპე წარიტაცა და ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა. წავიდა თავის გზაზე გახარებული. ფილიპე კი აღმოჩნდა აშდოდში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა. სავლე კი, რომელიც ჯერ კიდევ სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში. გზად მიმავალს, როცა დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად მოეფინა ნათელი ციდან და დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ თქვა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.“ შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: „რა გსურს, უფალო, რომ გავაკეთო?“ და უთხრა მას უფალმა: „ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რაც უნდა გააკეთო.“ კაცები კი, რომლებიც მასთან ერთად მიდიოდნენ, უსიტყვოდ იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელი მოჰკიდეს მას და შეიყვანეს დამასკოში. სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა. იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“ უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომესაც ჰქვია სწორი და იუდას სახლში იკითხე ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი. და იხილა მან ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი აეხილა.“ მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში. და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“ უთხრა მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე. მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისთვის.“ წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე, სადაც მიდიოდი, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.“ და მაშინვე, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა. და მიიღო საჭმელი და მომაგრდა. და დარჩა იგი დამასკოში მყოფ მოწაფეებთან რამდენიმე დღე. და სასწრაფოდ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის არის ძე ღვთისა. გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის კაცია, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?“ სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და განაცვიფრებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე. განვლო მრავალმა დღემ და იუდეველები შეითქვნენ მის მოსაკლავად. ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღედაღამ სდარაჯობდნენ კარიბჭესთან, რომ მოეკლათ იგი. აიყვანეს მოწაფებმა ღამით და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით. მივიდა იერუსალიმში და ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით. და დარჩა იგი მათთან. გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით. ლაპარაკობდა და ეპაექრებოდა კიდეც გაბერძნებულთ, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ. როცა შეიტყვეს ეს ძმებმა, წაიყვანეს იგი კესარიას და გაგზავნეს ტარსუსში. ამგვარად ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა. ერთხელ, ყველა ადგილის შემოვლისას, პეტრე მივიდა წმიდებთანაც, რომლებიც ლიდაში ცხოვრობდნენ. ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე. და უთხრა მას პეტრემ: „ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექ და გაისწორე ლოგინი.“ და მაშინვე წამოდგა. ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ. იყო იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა. იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედათვალში. ახლოს იყო ლიდა იაფოსთან და, მოწაფეებმა შეიტყეს პეტრე იქ არისო, და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა. ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როცა მივიდა, აიყვანეს ზედათვალში, და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უმზადებდა, სანამ მათთან იყო. გაუშვა გარეთ ყველანი პეტრემ, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და თქვა: „ტაბითა, ადექი!“ მან აახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი. ცნობილი გახდა ეს მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი. მან მრავალი ხანი დაჰყო იაფოში ვინმე სიმონთან, მეტყავესთან. იყო ერთი კაცი კესარიაში, სახელად კორნელიოსი, იტალიურად წოდებული კოჰორტის ასისთავი. კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო და მთელს თავის სახლთან ერთად, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე. იხილა მან ჩვენებაში ცხადად, ასე, დღის მეცხრე საათზე, ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიოს!“ შეხედა მას შეშინებულმა და თქვა: „რა არის, უფალო?“ მან უთხრა: „შენი ლოცვანი და მოწყალებანი ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლად. ახლა მიავლინე კაცები იაფოში და დაუძახე ვინმე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება. იგი სტუმრად არის ვინმე სიმონ მეტყავესთან, რომლის სახლი ზღვის პირასა დგას.“ როცა წავიდა მასთან მოსაუბრე ანგელოზი, მან დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ კეთილმსახურ მეომარს, რომელიც თან ახლდა, უამბო მათ ყოველივე და გაგზავნა იაფოში. მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, იქნებოდა ასე ექვსი საათი, რომ პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად. მოშივდა და ჭამა მოუნდა. ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, გარინდებამ მოიცვა იგი და იხილა გახსნილი ცა და გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა მიწაზე. მასში იყო მიწის ყოველნაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.“ პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.“ მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად“. ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცად ამაღლდა. როცა გულში ფიქრობდა პეტრე, თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, აჰა, კორნელიოსის გამოგზავნილი კაცები კითხულობდნენ სიმონის სახლს და ჭიშკართან იდგნენ. დაუძახეს და ჰკითხეს: „აქაა სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული?“ ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: „აგერ, სამი კაცი გეძებს შენ. ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ. ნუ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი.“ ჩავიდა პეტრე იმ კაცებთან და უთხრა: „მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“ მათ თქვეს: „ასისთავ კორნელიოსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები.“ მაშინ მიიწვია ისინი და უმასპინძლა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იაფოელი ძმაც თან ახლდა. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიოსი ელოდა მათ, შემოეკრიბა თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები. როცა შედიოდა პეტრე, კორნელიოსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც კაცი ვარ.“ და მასთან საუბრით შევიდა და მრავალი შეკრებილი ჰპოვა იქ, უთხრა მათ: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა შებილწული ან უწმიდური. ამიტომ, როცა მომიხმეს, უყოყმანოდ მოვედი. ამიტომ გეკითხებით: რა საქმეზე მომიხმეთ?“ კორნელიოსმა თქვა: „ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით. თქვა: ‘კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე. ახლა გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება: მეტყავე სიმონის სახლში დგას ზღვის პირას.’ მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები.“ გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით, ის არის ყოველთა უფალი. თქვენ იცით, რა მოხდა მთელს იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისღების შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე. როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან. ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე დაკიდებით. იგი ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი, არა მთელი ხალხისთვის, არამედ ღვთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეთათვის, ჩვენთვის, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ, რომ ის არის ღვთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას. ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა. მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ, რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ: „ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?“ უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს. გაიგეს მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდეაში იყვნენ, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. როცა პეტრე ავიდა იერუსალიმში, საყვედურობდნენ მას წინადაცვეთილები და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო. დაუწყო მათ პეტრემ განმარტება თანამიმდევრულად, როგორც მოხდა, და თქვა: „მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ვლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება: გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, ოთხი კიდით ეშვებოდა ზეციდან, და ჩემამდე დაეშვა. შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ მიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი. მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!’ ვთქვი: ‘არა, უფალო! რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი ჩასულა შებილწული და უწმიდური.’ მეორედ მომიგო ხმამ ციდან: ‘რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად.’ ეს მოხდა სამჯერ, და ყველაფერი ისევ ცად ამაღლდა. და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი. მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში. გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომარე ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ‘გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს. ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი.’ როცა ლაპარაკი დავიწყე, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველად. გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?“ ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.“ ხოლო დაფანტულები დევნისაგან, სტეფანეს გამო რომ მოხდა, მივიდნენ ფინიაკამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე, და ებრაელების გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას. იყვნენ მათგან ზოგიერთნი კვიპროსელნი და კვირენელნი, რომლებიც ანტიოქიაში მისვლისას ელაპარაკებოდნენ ბერძნებსაც და ახარებდნენ მათ უფალ იესოს. და იყო უფლის ხელი მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისაკენ. მიაღწია ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში. როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დარჩენილიყვნენ უფალში; ვინაიდან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე. და მრავალი ხალხი შეემატა უფალს. წავიდა ტარსუსში სავლეს საძებნელად და ნახა იგი, და ანტიოქიაში მოიყვანა. მოუხდათ მათ, რომ მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში, ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. და, პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები. იმ დღეებში მოვიდნენ მქადაგებელნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში. წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, გამოაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ მსოფლიოში, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს. ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, შეწევნა გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით. იმ ხანებში ხელი აღმართა მეფე ჰეროდემ ეკლესიის ზოგიერთ წევრზე საბოროტოდ, და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. როცა დაინახა, რომ ამით ასიამოვნა იუდეველებს, დააპატიმრა პეტრეც. უფუარობის დღეები იყო. შეიპყრო იგი და ჩასვა საპყრობილეში და უბრძანა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს. განზრახული ჰქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე. დამწყვდეული იყო პეტრე საპყრობილეში, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის. როცა დააპირა მისი გამოყვანა ჰეროდემ, იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ბორკილით შეკრულს. კართან მდგარი მცველები კი დარაჯობდნენ საპყრობილეს. და, აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და ნათელი გაბრწყინდა შენობაში. ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი ჩქარა!“ და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან. უთხრა მას ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები.“ ასეც გააკეთა. ეუბნება მას: „მოისხი შენი მოსასხამი და გამომყევი.“ გავიდა და გაჰყვა მას. არ იცოდა, რომ, რასაც ანგელოზი იქმოდა, ცხადი იყო, არამედ ფიქრობდა, რომ ჩვენებას ხედავდა. გასცდნენ პირველ და მეორე საგუშაგოს და მიუახლოვდნენ ქალაქში შესასვლელ დარკინულ კარიბჭეს, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. გავიდნენ და გაიარეს ერთი ქუჩა და ანგელოზი იმწამს განშორდა მას. გონს რომ მოეგო, თქვა პეტრემ: „ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყველაფრისაგან, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა.“ გონს მოსული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდე, კარის გასაღებად გამოვიდა. იცნო პეტრეს ხმა და ისე გაუხარდა, რომ ჭიშკარიც არ გაუღია, შინ შევარდა და შეატყობინა, რომ პეტრე იდგა ჭიშკართან. მათ უთხრეს მას: „შეიშალე?“ ის კი ამტკიცებდა თავისას. ხოლო მათ თქვეს: ეს მისი ანგელოზი იქნებაო. პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ. ანიშნა მათ ხელით, რომ გაჩუმებულიყვნენ და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილიდან, და თქვა: „შეატყობინეთ ეს იაკობსა და ძმებს.“ მერე გავიდა და სხვაგან წავიდა. როცა გათენდა ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა იმის გამო, თუ რა იქნა პეტრე. ჰეროდე კი ეძებდა მას და ვერ იპოვნა. დაჰკითხა მცველები და ბრძანა მათი წაყვანა დასახოცად. მერე იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა. ჰეროდე გულმოსული იყო ტვირელებსა და ციდონელებზე. ისინი კი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ითხოვდნენ მშვიდობას, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა. დაწესებულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო შესამოსელი, დაჯდა ტახტზე და მიმართა მათ. ხალხი კი ღაღადებდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“ უეცრად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა სული განუტევა. უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა. ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი სამსახური და გამობრუნდნენ იერუსალიმიდან. თან წამოიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული. იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ნიგერი ერქვა, ლუკიოს კვირენელი და მანაინი – ტეტრარქის – ჰეროდეს – ძუძუმტე, და სავლე. როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“ მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს. ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გასცურეს კვიპროსზე. სალამისში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში. იოანეც თან ჰყავდათ მსახურად. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი, მოგვი, ცრუწინასწარმეტყველი, იუდეველი, სახელად ბარიესუსი, რომელიც იყო პროკონსულ სერგის-პავლესთან, გონიერ კაცთან. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა. წინაღუდგა მათ ელიმას მოგვი, ვინაიდან ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან გადაეცდინა პროკონსული. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულიწმიდით, მიაპყრო მას მზერა და უთხრა: „ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ყოველგვარი სიბოროტით აღვსილო, ეშმაკის ძეო და ყოველივე მართლის მტერო, მოეშვები თუ არა უფლის სწორი გზების გამრუდებას? აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი: შენ დაბრმავდები და ერთხანს ვეღარ დაინახავ მზეს.“ და მყისვე დაეცა მას ჯანღი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. მაშინ დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა, და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა. პაფოსიდან გამგზავრებული, პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. ისინი კი პერგეს გავლით მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის შემდეგ სინაგოგის უფროსებმა მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „კაცნო ძმანო, თუ რამე მანუგეშებელი სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.“ ადგა პავლე, ხელით ანიშნა და თქვა: „კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ! ამ ერის, ისრაელის, ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის ქვეყანაში მდგმურობისას, და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან. და ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. მოსპო შვიდი ხალხი ქანაანის ქვეყანაში და მათ დაუმკვიდრა მათი ქვეყანა. ამის შემდეგ, ასე, ოთხას ორმოცდაათ წელიწადს აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე. მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე. მისი გადაყენების შემდეგ, მეფედ დაუყენა მათ დავითი, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ‘ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.’ მისი შთამომავლობისაგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო. მისი მოსვლის წინ იოანე უქადაგებდა მთელ ისრაელის ხალხს მონანიების ნათლისღებას. როცა ამთავრებდა თავის სარბიელს, იოანე ამბობდა: ‘ვინ გგონივართ მე? მე არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის ფეხზე სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ.’ კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და თქვენს შორის ღვთისმოშიშნო! თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა. ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ იცნეს იგი, დასაჯეს და ამით აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ყოველ შაბათს იკითხება. და რაკი ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა. როცა აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, ჩამოხსნეს ძელიდან და დაასვენეს სამარხში. ხოლო ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა მისი მოწამენი არიან ხალხის წინაშე. და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც მამებს მისცა, ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში სწერია: ‘ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.’ ხოლო რაკი მან აღადგინა მკვდრეთით, რათა ის აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მე მოგცემთ თქვენ დავითის სარწმუნო სიწმიდეებს, ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ‘ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.’ მაგრამ დავითმა, რომელიც მსახურებდა თავის თაობაში, ღვთის ნებით განისვენა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება. ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება. ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო ძმანო, რომ მისით ცოდვების მიტევება გეუწყებათ. ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მასში მართლდება ყველა მორწმუნე. გაფრთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული: ‘იხილეთ, მოძულენო, და განცვიფრდით და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის.’“ როცა იუდეველთა სინაგოგიდან გამოდიოდნენ, ხალხი ევედრებოდა მათ, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები კრებული რომ დაიშალა, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი მისდევდა პავლეს და ბარნაბას. ისინი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში. მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად. როცა იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ, და შეურაცხმყოფელად უარყოფდნენ იმას, რასაც პავლე ლაპარაკობდა. მხნეობა მოიკრიბეს ბარნაბამ და პავლემ გაბედეს და თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ. ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე.’“ ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის იყო განწესებული. მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა უფლის სიტყვა. ხოლო იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის მთავარნი, დაიწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გააძევეს ისინი თავიანთი საზღვრებიდან. მათ კი დაიბერტყეს ფეხის მტვერი და მივიდნენ იკონიაში. ხოლო მოწაფეები აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით. იგივე მოხდა იკონიაში: ისინი შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და იმგვარად ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა. ხოლო ურწმუნო იუდეველები აღიზიანებდნენ და აბოროტებდნენ წარმართთა სულებს ძმების წინააღმდეგ. თუმცა ისინი საკმაო ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებსა და ახდენდა სასწაულებს. გაიყო ქალაქის ერი: ერთნი იუდეველებს მიემხრნენ, სხვანი კი – მოციქულებს. როცა იუდეველები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად ცდილობდნენ, რომ შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი, მათ შეიტყეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში – ლუსტრასა და დერბეში, მათ შემოგარენში, და იქ ახარებდნენ. ერთი კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლუსტრაში, დედის მუცლიდანვე კოჭლი იყო და არასოდეს გაევლო. იგი ისმენდა პავლეს საუბარს. პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა. უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული. ხალხმა რომ დაინახა, თუ რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აღიმაღლა და ლუკაონურად თქვა: ღმერთები ადამიანებს დაემსგავსნენ და ჩვენთან ჩამოვიდნენო, და უწოდეს ბარნაბას ზევსი და პავლეს – ჰერმესი, ვინაიდან პავლე უფროსობდა სიტყვაში. ხოლო ქურუმმა ზევსის ტაძრისა, რომელიც იმ ქალაქის წინ იყო, ჭიშკართან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები და აპირებდა ხალხთან ერთად მსხვერპლის შეწირვას. ეს რომ გაიგონეს, მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ, შეჰყვირეს და თქვეს: „კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, და რაც მათ წიაღშია; რომელმაც წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერი, რომ თავისი გზებით ევლოთ, თუმცა უმოწმებლად არ დაუტოვებია თვისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს.“ ამას რომ ლაპარაკობდნენ, ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის. მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, დაარწმუნეს ხალხი და ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ. როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, წამოდგა და წავიდა ქალაქში. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა. სახარებას უქადაგებდნენ ამ ქალაქს, მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლუსტრას, იკონიას და ანტიოქიას. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს და შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა. ხელი დაასხეს მათ თითოეულ ეკლესიაში უხუცესებს და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. და გაიარეს პისიდია და მივიდნენ პამფილიაში. და იქადაგეს პერგეში სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში. იქიდან გასცურეს ანტიოქიაში, საიდანაც მიენდნენ ღვთის მადლს საქმისათვის, რომელიც შეასრულეს. მოვიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს. დაყვეს არამცირედი ხანი მოწაფეებთან. ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებითო. როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან. გააცილა ეკლესიამ და ფინიკიასა და სამარიაში გავლისას ისინი უამბობდნენ წარმართთა მოქცევაზე, და ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ. იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიიღეს ისინი ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით, წამოდგნენ ზოგიერთნი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მცნებად დადება, რომ დაიცვან მოსეს რჯული. შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად. ხანგრძილივი გამოძიების შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: „კაცნო ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. და გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ. განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როცა რწმენით განწმიდა მათი გულები. ახლა რატომ გამოსცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს, ვერც ჩვენ? მაგრამ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.“ ბევრი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. მათი დადუმების შემდეგ მიუგო იაკობმა და თქვა: „კაცნო ძმანო, მომისმინეთ: სიმონმა მოგვითხრო, როგორ მოხედა ღმერთმა პირველად წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის. ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: ‘ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ კარავს, დანგრეულს აღვადგენ და კვლავ ავაშენებ, რათა ეძიოს ადამიანთა ნატამალმა უფალი და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი. საუკუნითგან ღვთისთვის ცნობილია ყოველი მისი საქმე.’ ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავაბრკოლოთ ისინი, ვინც წარმართთაგან ღვთისკენ არიან მიქცეულნი, არამედ მივწეროთ მათ, რომ ერიდონ კერპებით შებილწულს, მრუშობას, დამღრჩვალს და სისხლს. ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.“ მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ ეკლესიასთან ერთად საჭიროდ მიიჩნიეს, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში მისავლენად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად: იუდა, რომელსაც ბარშაბა ეწოდა, და სილა – კაცები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ძმებს შორის. დაწერეს თავიანთი ხელით: „მოციქულები და უხუცესები, ძმები – ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულ ძმებს: გიხაროდეთ! რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აღგაშფოთეს თავიანთი სიტყვებით და სული შეგირყიეს, რადგან გითხრეს, უნდა წინადაიცვითოთ და რჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია, ერთსულოვნად საჭიროდ მივიჩნიეთ კაცების არჩევა თქვენთან მოსავლენად ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. ჩვენ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. საჭიროდ სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, დამღრჩვალსა და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“ წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს კრებული და გადასცეს წერილი. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს. დაყვეს იქ რამდენიმე ხანი და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან. ხოლო სილამ საჭიროდ მიიჩნია იქვე დარჩენა. პავლე და ბარნაბა შეყოვდნენ ანტიოქიაში, ასწავლიდნენ და ახარებდნენ ბევრ სხვასთან ერთად უფლის სიტყვას. რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა ბარნაბას პავლემ: „წავიდეთ კიდევ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა. ვნახოთ, როგორ არიან.“ ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, რომელსაც მარკოზი ერქვა. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ უნდა წაეყვანათ ის, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე. ჩამოვარდა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გაცურეს კვიპროსამდე. ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. მიმოდიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს. ჩავიდა დერბეს და ლუსტრას. და, აჰა, იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი, რომელზეც მოწმობდნენ ლუსტრელი და იკონიელი ძმები. პავლემ მოისურვა მასთან ერთად წასვლა. წაიყვანა და წინადაცვითა იუდეველთა გულისთვის, რომლებიც იმ ადგილებში იყვნენ, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო. ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები. ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენით და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი. გაიარეს მათ ფრიგია და გალატელთა ქვეყანა, და სულიწმიდისგან აკრძალული ჰქონდათ სიტყვის ქადაგება აზიაში. მივიდნენ მისიამდე და აპირებდნენ ბითვინიაში გამგზავრებას, მაგრამ იესოს სულმა არ გაუშვა ისინი. მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ. ღამით პავლეს ჩვენება ჰქონდა: წარუდგა ვიღაც მაკედონიელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე.“ ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე ვცადეთ მაკედონიაში გამგზავრება. ვფიქრობდით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა, გვეხარებინა მათთვის. გავცურეთ ტროადან და პირდაპირ გავეშურეთ სამოთრაკეში, ხოლო მეორე დღეს – ნეაპოლისში. იქიდან ფილიპეში, რომელიც მაკედონიის მთავარი ნაწილის ქალაქია, კოლონია. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე. შაბათ დღეს გავედით კარიბჭის გარეთ, მდინარის პირას, სადაც სალოცავი გვეგულებოდა. დავსხედით და ველაპარაკებოდით იქ შეკრებილ დედაკაცებს. ერთი დედაკაცი, სახელად ლიდია, ქალაქ თიატირადან, ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიში, ისმენდა. უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკევის მოსასმენად. როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, გვთხოვა და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.“ და დაგვიყოლია. როდესაც სალოცავში მივდიოდით, შეგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. იგი პავლეს და ჩვენ აგვედევნა, ყვიროდა და ამბობდა: ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენი ხსნის გზებსო. ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. პავლე ძალიან შეწუხდა, მიუბრუნდა სულს და უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან.“ და იმწამსვე გამოვიდა. დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ გაქრა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მიიყვანეს მოედანზე მთავრებთან. მთავრებს რომ წარუდგინეს, უთხრეს: „ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს. და გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, ვინაიდან რომაელები ვართ.“ და აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ. ხოლო მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის. ასეთი ბრძანება რომ მიიღო, მანაც შეყარა ისინი შიდა საპყრობილეში და ფეხებზე ხუნდები დაადო. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. უცერად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ, საპყრობილის საძირკველი შეირყა. მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასცვივდა ბორკილები. გამოეღვიძა საპყრობილის ზედამხედველს და დაინახა, რომ საპყრობილის კარი ღია იყო. იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ. პავლემ გამოსძახა ხმამაღლა და უთხრა: „შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, ვინაიდან ჩვენ ყველანი აქა ვართ.“ მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?“ ხოლო მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც.“ და უქადაგეს ღვთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს. და წაიყვანა ისინი იმ ღამეს, იმ საათშივე, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი. მიიყვანა ისინი თავის სახლში, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, რომ იწამა ღმერთი. რომ გათენდა, მთავრებმა გაგზავნეს მსახურნი და უთხრეს: „გაუშვი ის კაცები.“ შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და მშვიდობით წადით.“ მაგრამ პავლემ უთხრა მათ: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.“ მოახსენეს მსახურებმა მთავრებს ეს სიტყვები. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო. და მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილიდან და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ. გამოვიდნენ საპყრობილიდან და მივიდნენ ლიდიასთან, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და წავიდნენ. გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო. თავისი ჩვეულებისამებრ, პავლე შევიდა მათთან და სამი შაბათის განმავლობაში ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და რომ ეს ქრისტე იესოა, რომელსაც მე გახარებთო თქვენ. ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, ასევე ბევრი დიდგვაროვანი დედაკაცი. იუდეველები შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე. ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: „მსოფლიოს ამრევებმა აქაც მოაღწიეს, იასონმა შეიფარა ისინი. ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.“ ააშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს. მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი. ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბეროაში, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო. ბევრმა მათგანმა ირწმუნა, წარჩინებულ ბერძენ ქალთაგან და კაცთაგან არამცირედმა. როდესაც შეიტყვეს თესალონიკელმა იუდეველებმა, რომ ბეროაშიც ქადაგებდა პავლე ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ, ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი. მაშინ ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. გამცილებლებმა პავლე ათენამდე მიიყვანეს, და მიიღეს დავალება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ, რაც შეიძლება, მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ. ვიდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი გაუმართა მას. ერთნი ამბობდნენ: რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს. მეორენი ამბობდნენ: ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. შეიპყრეს იგი და მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: „შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის, შენგან ნაქადაგები, ეს ახალი მოძღვრება? ვინაიდან რაღაცას უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?“ ყველა ათენელს და იქ მცხოვრებ უცხოელს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე ახლის ლაპარაკი ან მოსმენა. დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: „კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ, ვინაიდან, როცა გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: ‘უცნობ ღმერთს’. მე გიქადაგებთ მას, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი. ვინძლო იგრძნონ იგი და იპოვონ, შორს როდია თითოელი ჩვენთაგანისაგან. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: ჩვენ მისი მოდგმა ვართო. და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს. მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც მსოფლიოს განიკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით, ყველას მისცა რწმენა, როცა იგი მკვდრეთით აღადგინა.“ ხოლო მკვდართა აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ: ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო. ასე გამოვიდა პავლე მათგან. ზოგიერთნი მიემხრნენ და ირწმუნეს – მათ შორის დიონისიოს არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და სხვებმაც მათთან ერთად. ამის შემდეგ პავლემ დატოვა ათენი და მივიდა კორინთოში. და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, ვინაიდან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გამოეძევებინათ, და მივიდა მათთან. და რაკი ერთი ხელობისანი იყვნენ, დარჩა მათთან და შრომობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო. ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს. როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან მოვიდნენ, მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ ქრისტეა იესო. მაგრამ როცა შეეწინააღმდეგნენ და გმობა დაუწყეს, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ.“ და წავიდა იქიდან და შევიდა ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტოსის, სახლში სინაგოგის გვერდით. კრისპოსმა კი, სინაგოგის მთავარმა, მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; და მრავალმა კორინთოელთაგან, როცა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა. უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები. ვინაიდან მე ვარ შენთან და ვერავინ გავნებს, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.“ დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს, და ასწავლიდა მათ შორის ღვთის სიტყვას. როცა გალიონი აქაიას მთავარი იყო, იუდეველები ერთსულოვნად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს სამსჯავროში, და თქვეს: „ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ სცენ თაყვანი ღმერთს.“ როცა პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: „იუდეველებო, რომ ყოფილიყო რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის, ხოლო, როდესაც სარჩელი ეხება თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, მე არ მსურს ვიყო ამის მსაჯული.“ და გამოყარა ისინი სამსჯავროდან. მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენესი და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს ესენი არ ადარდებდა პავლემ საკმაო ხანი რომ დაჰყო, გამოეთხოვა ძმებს და გასცურა სირიისაკენ, პრისკილასთან და აკვილასთან ერთად. მან კენქრეში გაიპარსა თავი, ვინაიდან აღთქმა ჰქონდა მიცემული. ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ეკამათა იუდეველებს. როცა მას სთხოვეს, რომ მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, არ დათანხმდა, არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: „მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო. თქვენთან ისევ დავბრუნდები, თუ ღმერთმა ინება.“ და გასცურა ეფესოდან. და ჩავიდა კესარიაში, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში ჩავიდა. დაჰყო რამდენიმე ხანი და წავიდა და რიგრიგობით მოიარა გალატელთა ქვეყანა და ფრიგია, და განამტკიცებდა მოწაფეებს. ერთი იუდეველი კაცი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი, ენამჭევრი კაცი და ძლიერი წერილებში, მივიდა ეფესოს. განსწავლული იყო უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, ოღონდ მარტო იოანეს ნათლისცემა იცოდა. მან გაცხადებულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ და თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა. ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მადლით მორწმუნეებს. ვინაიდან იგი ბეჯითად ამხილებდა იუდეველებს საჯაროდ, ადასტურებდა წერილების მიხედვით, რომ ქრისტეა იესო. კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარეები, ჩავიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: „თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?“ მათ მიუგეს: „არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.“ უთხრა: „რიღათი მოინათლეთ?“ მათ თქვეს: „იოანეს ნათლისცემით.“ თქვა პავლემ: „იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.“ მათაც გაიგეს და მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ. სულ იყო თორმეტიოდე კაცი. შევიდა სინაგოგაში და სამ თვეს გაცხადებულად საუბრობდა და ირწმუნებოდა ღვთის სასუფეველის შესახებ. მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს, და საჯაროდ ლანძღავდნენ უფლის გზას, მაშინ მან მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში. ასე გასტანა ორ წელიწადს, ისე რომ აზიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას – როგორც იუდეველები, ისე ბერძნები. ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით. ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებებს, და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან. შეეცადა ზოგიერთი მოხეტიალე შემლოცველი იუდეველიც უფალ იესოს სახელის ხსენებას ავი სულით შეპყრობილზე და ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. ამას აკეთედა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი. მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?“ და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა მათ, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ სახლიდან. ეს ცნობილი გახდა ყველა იუდეველისა და ბერძენისათვის, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ, და თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი. მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. ბევრმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი აღმოჩნდა. ასე იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის ძალისამებრ სიტყვა. როდესაც ეს აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო მაკედონიასა და აქაიას გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ ყოფნის შემდეგ რომიც უნდა მოვინახულო.“ გაგზავნა მაკედონიაში ორი თავისი მსახური – ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა. იმ ხანებში დიდი არეულობა მოხდა უფლის გზის გამო. იყო ერთი ვერცხლის მჭედელი, სახელად დემეტრე, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და არამცირედ საქმეს უჩენდა ხელოსნებს. შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: „კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა. ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში ამ პავლემ თავისი დარწმუნებით ამდენი ხალხი შეაცდინა. ასე ამბობს: ადამიანთა ხელითქმნილნი არ არიანო ღმერთები. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის ტაძარსაც აღარაფერი მნიშვნელობა ექნება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი აზია და მსოფლიო.“ ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ, მორთეს ყვირილი და ამბობდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“ მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს გაიოსი და არისტარქოს მაკედონელნი, პავლეს თანამგზავრები, და ერთსულოვნად გაეშურნენ თეატრონისაკენ. პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს. ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს არ გამოჩენილიყო თეატრონში. ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი – სხვას, ვინაიდან კრებული ჭრელი იყო და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი. ხალხიდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელიც იუდეველებმა წარადგინეს. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლებინა ხალხის წინაშე. როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველას ერთი ხმა აღმოხდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“ ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: „ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ეფესელთა ქალაქი მცველია დიდი არტემისისა და ცითმოვლენილისა? და რაკი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ. მოიყვანეთ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები. თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ გვაქვს სამსჯავროს შეკრებები და გვყავს პროკონსულები, და უჩივლონ ერთმანეთს. ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე გადაწყდება. ვინაიდან ჩვენ საფრთხე გვემუქრება, რომ დღევანდელი შფოთისთვის ბრალს დაგვდებენ, რაკი არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შეგვეძლოს.“ ეს თქვა და კრება დაითხოვა. ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაარიგა, დაემშვიდობა, გავიდა და მაკედონიისკენ გასწია. ის მხარეები რომ მოიარა და მრავალი სიტყვით დაარიგა, ელადაში მივიდა. იქ სამი თვე დაჰყო, ხოლო სირიაში გადაცურვა რომ დააპირა, იუდეველებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გზით დაბრუნებულიყო. თან ახლდნენ მას აზიამდე ბერეაელი სოპატრე, პიროსის ძე, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიოსი და ტიმოთე, აზიელთაგან – ტიქიკოსი და ტროფიმე. ისინი წინ წავიდნენ, რათა დაგვლოდებოდნენ ტროადაში. ჩვენ კი უფუარობის შემდეგ ფილიპედან გავცურეთ და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროადაში, სადაც შვიდი დღე დავყავით. შვიდეულის პირველ დღესვე, როცა მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე, რომელიც მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, ესაუბრებოდა მათ და შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა. ზედათვალში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილები, ბევრი სანთელი იყო. ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, რომელიც სარკმლის რაფაზე ჩამომჯდარიყო, რაკი პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ძილქუშმა მოიცვა და მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. ჩამოვიდა პავლე, გადაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანვეა.“ ავიდა ზევით და პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, და წავიდა. ის ყრმა კი ცოცხალი მოიყვანეს და არამცირედი ნუგეში ეცათ. ჩვენ წინ გავწიეთ ხომალდით და მივცურეთ ასონში, რათა პავლე წამოგვეყვანა იქიდან. ასე გვიბრძანა, რადგანაც თავად ფეხით აპირებდა ასვლას. როცა ჩვენ შეგვხვდა ასონში, წამოვიყვანეთ იგი და მივედით მიტილენეში. იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს დავდექით ხიოსის პირდაპირ, მეორე დღეს მივადექით სამოსს, დავყავით ტროგილიუმში და მომდევნო დღეს მივედით მილეტში. პავლემ გადაწყვიტა ეფესოსთვის გვერდი აექცია, რომ არ დაყოვნებულიყო აზიაში, ვინაიდან ჩქარობდა, უნდოდა ორმოცდაათობის დღეს იერუსალიმში ყოფილიყო. მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და დაიბარა ეკლესიის უხუცესები. როცა მოვიდნენ მასთან, უთხრა: „თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როცა აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი. ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელებით, რომელნიც შემემთხვა იუდეველთა შეთქმულებებით. არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ გამეცხადებინა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. და აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და რა შემემთხვევა, არ ვიცი. მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემს სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალ იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება. აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს. ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველას სისხლისაგან. ვინაიდან არ დამიტოვებია გაუცხადებელი ღვთის ყოველი ნება. გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ. ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს. ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრებელი ყველა განწმედილთან ერთად. არავისი არც ვერცხლი მინატრია, არც ოქრო, არც ტანისამოსი. თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს. ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.“ ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა. მაშინ დიდი ტირილი იყო ყველასთან, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და კოცნიდნენ. უფრო მეტად იმ სიტყვაზე წუხდნენ, რომ თქვა, ვეღარ იხილავთო ჩემ სახეს. და მიაცილეს იგი ხომალდამდე. როცა მათ დავშორდით, გადავცურეთ პირდაპირ და მივედით კოსში, ხოლო მეორე დღეს – როდოსს, და იქიდან – პატრაში. ვნახეთ ხომალდი, რომელიც ფინიკიაში მიდიოდა, ავედით და გავცურეთ. კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისაკენ გავცურეთ და ჩავედით ტვიროსში, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი. მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში. ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლ-შვილითურთ ქალაქგარეთ გამოგვაცილა და ზღვის ნაპირზე მუხლმოყრილებმა ვილოცეთ. ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ავედით ხომალდზე, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ. დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაისში ჩავედით, მოვიკითხეთ ძმები და ერთი დღე დავყავით მათთან. მეორე დღეს გამოვედით და მივედით კესარიას, და შევედით ერთ-ერთ შვიდთაგანის – ფილიპე მახარებლის – სახლში და დავრჩით მასთან. მას ჰყავდა ოთხი ქალიშვილი – გაქადაგებული ქალწულები. მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი. მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა: კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და წარმართებს მისცემენ ხელში.“ ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში. მაშინ მოგვიგო პავლემ და გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, არამედ იერუსალიმში სასიკვდილოდაც მზადა ვარ უფალ იესოს სახელისათვის.“ რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: „უფლის ნება იყოს!“ იმ დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმს. თან გამოგვყვა აგრეთვე ზოგიერთი მოწაფე კესარიიდან და მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია. იერუსალიმში მისულნი სიხარულით მიგვიღეს ძმებმა. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან და ყველა უხუცესიც მოვიდა. მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მოახდინა წარმართებს შორის მისი მსახურებით. ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის! და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან. შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონო. აბა, რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული. წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯები, რათა თავი გაიპარსონ, და გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას. ხოლო წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივწერეთ, მოერიდონ ნაკერპავებს, სისხლს, დამხრჩვალს და მრუშობას.“ მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა, მომდევნო დღეს შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, რომ დასრულდა განწმედის დღეები, როცა თითოეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი. როცა იწურებოდა შვიდი დღე, აზიელმა იუდეველებმა, ტაძარში რომ დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას. ყვიროდნენ: „კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან უქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ. ახლა ბერძნებიც კი შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.“ მასთან ერთად ქალაქში უნახავთ ტროფიმე ეფესელი და ჰგონებიათ, პავლემ შეიყვანაო ტაძარში. მთელი ქალაქი შეიძრა და შეგროვდა ხალხი. პავლე შეიპყრეს, გამოათრიეს ტაძრიდან და კარები მყისვე ჩაიკეტა. როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო. მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას. მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა ორი ჯაჭვით შეეკრათ, და კითხულობდა: ვინ არის და რა ჩაიდინაო? ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – მეორეს. ხოლო მან, რაკი ვერ შეძლო არეულობის გამო სინამდვილის გაგება, მისი ბანაკში წაყვანა ბრძანა. როცა კიბეებთან მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „სიკვდილი მაგას!“ ბანაკში რომ შეჰყავდათ, პავლემ უთხრა ათასისთავს: „შეიძლება ერთი რამ გითხრა?“ მან თქვა: „ბერძნული იცი? შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ შფოთი რომ ატეხა და ოთხი ათასი ყელისგამომღადვრელი უდაბნოში გაიყვანა?“ თქვა პავლემ: „მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, არცთუ უცნობი კილიკიის ქალაქის მოქალაქე. გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო.“ ნება რომ მისცა, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა და თქვა. „კაცნო, ძმანო და მამანო! მოისმინეთ ჩემი თავის მართლება თქვენს წინაშე.“ როცა გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, კიდევ უფრო გაყუჩდნენ. მან თქვა: „მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში გადავცემდი როგორც კაცებს, ასევე ქალებს. ამაში მღვდელმთავარიც დამემოწმება და მთელი უხუცესობა. მათგან ბარათებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისათვის და მივდიოდი, რომ იქაურებიც წამეყვანა დასასჯელად იერუსალიმში. მოხდა ისე, რომ როცა მივდიოდი და ვუახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ძლიერმა ნათელმა მომიცვა ციდან. დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე?’ მე მივუგე: ‘ვინა ხარ, უფალო?’ მან მითხრა: ‘მე ვარ, იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ სდევნი.’ ჩემთან მყოფებმა იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ. ვთქვი: ‘რა ვქნა, უფალო?’ უფალმა მითხრა: ‘ადექი და წადი დამასკოს და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული.’ რაკი იმ ნათლის დიდების გამო ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან მყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში. ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით, რომელსაც ემოწმებოდა იქ მცხოვრები ყველა იუდეველი, მოვიდა ჩემთან, დამადგა და მითხრა: ‘ძმაო სავლე, აგეხილოს თვალი!’ და მე იმ ჟამსავე დავინახე იგი. ხოლო მან მითხრა: ‘ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი კაცი და ისმინო ხმა მისი ბაგიდან. რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმისა, რაც ნახე და მოისმინე. ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.’ როცა იერუსალიმში დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, მოვხვდი ხილვაში. დავინახე იგი და მან მითხრა: ‘იჩქარე და გადი სწრაფად იერუსალიმიდან, ვინაიდან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე.’ და მე ვთქვი: ‘უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს. როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს.’ და მითხრა: ‘წადი, შორს მიგავლენ წარმართებთან.’“ ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, და აღიმაღლეს ხმა და თქვეს: „აღიგავოს ასეთი კაცი მიწისაგან, ვინაიდან არ არის სიცოცხლის ღირსი!“ როცა ისინი ყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ, ათასისთავმა ბრძანა ბანაკში შეეყვანათ იგი და უთხრა, შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რისთვის ყვიროდნენ ასე მის წინააღმდეგ. როცა გაჭიმეს ღვედებით, პავლემ უთხრა იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად გაშოლტოთ რომაელი კაცი?“ ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ათასისთავთან და მოახსენა და უთხრა: „რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი!“ მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: „მითხარი, რომაელი ხარ?“ მიუგო: „ჰო.“ მიუგო ათასისთავმა: „მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა.“ ხოლო პავლემ თქვა: „მე კი – დაბადებით.“ მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდნენ. ხოლო ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ იგი რომაელი ყოფილა, მან კი შეაბორკინა იგი. მეორე დღეს მოინდომა დანამდვილებით შეეტყო, რას აბრალებდნენ მას იუდეველები. შეხსნა მას ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავართა და მთელი სინედრიონის შეკრება. მოიყვანა პავლე და დააყენა მათ წინაშე. პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „კაცნო ძმანო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.“ მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა მისი სახეში ცემა. მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი გცემს შენ, შეფეთქილო კედელო! რჯულით განსაკითხად ზიხარ და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას.“ იქ მდგომებმა თქვეს: „ღვთის მღვდელმთავარს აგინებ?“ თქვა პავლემ: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია: ‘შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი.’“ პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკევლებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა, და დაიძახა სინედრიონში: „კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე, და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები.“ ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა, და გაიყო კრებული. ვინაიდან სადუკეველნი ამბობენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სულიო, ფარისევლები კი ერთსაც აღიარებენ და მეორესაც. ატყდა დიდი ხმაური, წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან, დაობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ. ან სული ელაპარაკებოდა მას, ან ანგელოზი. ღმერთს ნუ ებრძვით!“ რაკი დიდი შფოთი ატყდა, ათასისთავს შეეშინდა, რომ მათ არ გაეგლიჯათ პავლე, და ჯარისკაცებს უბრძანა შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ბანაკში წაეყვანათ. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „გამხნევდი, ვინაიდან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს დამოწმება.“ რომ გათენდა, იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და შეფიცეს ერთმანეთს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ. ორმოცზე მეტნი იყვნენ ისინი, ვინც შეითქვნენ. მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ. ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ უფრო წვრილად გინდათ გამოიკვლიოთ მისი საქმე. ჩვენ კი, ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.“ შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ბანაკში და აუწყა პავლეს. პავლემ გამოიძახა ერთი ასისთავთაგანი და უთხრა: „ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, რაღაც აქვს სათქმელი მისთვის.“ მანაც წაიყვანა იგი, მიიყვანა ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, სათქმელი აქვს შენთვის.“ ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: „რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?“ მან უთხრა: „იუდეველები შეთანხმდნენ, გთხოვონ შენ, რომ ხვალ გამოიყვანო პავლე სინედრიონში, თითქოს მათ სურდეთ უფრო წვრილად გამოიკვლიონ მისი საქმე. შენ ნუ დაუჯერებ მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ მათგან ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებულები არიან და შენს ბრძანებას ელიან.“ მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის გაუმხილო, რაც მე შემატყობინეო. გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: „მოამზადეთ ორასი ჯარისკაცი კესარიაში წასასვლელად, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი ღამის მესამე საათისათვის, მოიმარაგეთ პირუტყვები, რომ შესვან პავლე და მშვიდობით მიიყვანონ განმგებელ ფელიქსთან.“ მისწერა ამგვარი წერილი: „კლავდიუს ლუსია – უაღმატებულეს განმგებელს, ფელიქსს: იხარებდე! ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და განზრახული ჰქონდათ მოეკლათ იგი. მე მივედი ჯარისკაცებით და გამოვარიდე მათ, როცა გავიგე, რომ რომაელია. მინდოდა გამეგო, რაში სდებდნენ ბრალს, და მივუყვანე მათ სინედრიონში. გავიგე, რომ თავიანთი რჯულის საქმეში დაუდვიათ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინოს. როცა ცნობილი შეიქნა ჩემთვის რომ შეთქმულება იყო ამ კაცის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, მასზე ილაპარაკონ შენს წინაშე. იცოცხლე!“ ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრისში. მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და ბანაკში დაბრუნდნენ. მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ და განმგებელს გადასცეს წერილი, პავლეც წარუდგინეს მას. წაიკითხა წერილი და ჰკითხა, თუ რომელი მხრიდან იყო. როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა: „მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ.“ და ბრძანა ჰეროდესეულ პრეტორიუმში დაეკავებინათ. ხუთი დღის შემდეგ მივიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ვინმე რიტორ ტერტილოსთან ერთად, რომლებმაც განმგებელთან უჩივლეს პავლეს. როცა გამოიძახეს, ტერტილოსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა: „ყველგან და ყოველთვის მთელი მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენის წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს, და შენს მზრუნველობას ვუმადლით ცვლილებებს ამ ხალხისათვის, უაღმატებულესო ფელიქს. მაგრამ, ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოისმინო მოკლედ ნათქვამი შენთვის ჩვეული მოთმინებით. ეს კაცი ვცანით ჭირად და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღოლად, რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა, და შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა, მაგრამ ათასისთავი ლუსია მოვიდა და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან და უბრძანა მის ბრალმდებლებს შენთან მოსულიყვნენ, რათა შენ თავად შეგძლებოდა მისგან გაგეგო, რას ვდებთ ბრალად.“ იუდეველებმაც დაადასტურეს და თქვეს: ასეაო. მიუგო პავლემ, როცა განმგებელმა ანიშნა, ილაპარაკეო: „ვიცი, რომ მრავალი წელია, ამ ხალხის მსაჯული ხარ, და ამიტომ გულდაჯერებით დავიცავ ჩემს საქმეს. შენ შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანისსაცემად. არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, ან სინაგოგაში, ან ქალაქში. შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა ბრალს მდებენ. ამას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ეგენი მწვალებლობას უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებაშია დაწერილი. მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან. ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე. მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისათვის მოწყალებისა და შესაწირავის მოსატანად. ამგვარად მნახეს ტაძარში, განწმედილი, ბრბოსა და შფოთის გარეშე. აზიელ იუდეველთაგან იყვნენ ისინი, რომელნიც უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუ რამე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი, გარდა იმ ერთი სიტყვისა, რომელიც მე წამოვიძახე, მათ შორის მდგარმა: მკვდრეთით აღდგომისათვის განვიკითხები-მეთქი დღეს თქვენგან.“ ეს რომ მოისმინა ფელიქსმა, რაკი კარგად იცნობდა ამ გზას, ვადა გადაუდო მათ და უთხრა: როცა ათასისთავი ლუსია მოვა, მაშინ განვიხილავ თქვენს საქმესო. ასისთავს უბრძანა, დაეცვა იგი, მაგრამ ისე, რომ არ შეეწუხებინათ და მისიანთაგან არავისთვის აეკრძალათ მისი მომსახურება. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ფელიქსი და თან ახლდა თავისი მეუღლე დრუსილა, იუდეველი. მოუხმო პავლეს და უსმენდა მას ქრისტე იესოს სარწმუნოების შესახებ. როცა ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე, ფელიქსი შეშინდა და მიუგო: „ახლა წადი და, როცა მოვიცლი, დაგიძახებ.“ ამასთანავე იმედი ჰქონდა, რომ პავლესგან ფულს მიიღებდა, რომ გაეშვა იგი. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას. ორი წელი რომ გავიდა, ფელიქსს შემცვლელი მოუვიდა, პორკიოს ფესტოსი. ფელიქსს იუდეველების მომადლიერება უნდოდა და პავლე შებორკილი დატოვა. სამთავროში რომ მივიდა ფესტოსი, სამი დღის შემდეგ კესარიიდან იერუსალიმში ავიდა. აცნობეს მას მღვდელმთავარმა და იუდეველთა მთავრებმა თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და ევედრებოდნენ, სთხოვდნენ წყალობას, რათა გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლე კესარიაშია დაპატიმრებული და რომ მალე თვითონაც იქ მიემგზავრება. უთხრა მან: „ახლა რომელ თქვენგანსაც შეუძლია, წამომყვეს და, თუ რაიმე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდოს.“ მათ შორის ათი თუ რვა დღე დაჰყო და ჩამოვიდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა. როცა ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, ბევრი და მძიმე ბრალდება წაუყენეს, რომელთა დამტკიცება ვერ შესძლეს. პავლემ კი თავის გასამართლებლად თქვა: „არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ.“ ფესტოსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და მიუგო პავლეს და უთხრა: „გინდა იერუსალიმში ასვლა, რომ იქ განიკითხო ამის გამო ჩემს წინაშე?“ უთხრა პავლემ: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ყველაფერი ტყუილია, რაშიც ესენი ბრალს მდებენ, არავის შეუძლია, მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსაჯავროს მოვითხოვ.“ მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და მიუგო: „კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და კეისართანვე წახვალ.“ რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე ჩავიდნენ კესარიაში ფესტოსის მოსაკითხავად. და რაკი მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: „ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად, ვისზეც, იერუსალიმში ყოფნისას, შემომჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა. მის დასჯას მოითხოვდნენ ისინი. მათ მივუგე, რომ რომაელებს არ სჩვევიათ სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. როცა ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე დავჯექი მსაჯულის ადგილზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა. ბრალმდებლებმა, რომლებიც გარს შემოეხვივნენ, ვერცერთი ბრალდება ვერ წაუყენეს, რომელსაც მე ვვარაუდობდი. მაგრამ ისინი რაღაცას ედავებოდნენ მას სარწმუნოებაზე და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომლის შესახებაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო. ამ საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ სურდა იერუსალიმში წასულიყო და იქ განკითხულიყო ამისთვის? მაგრამ, რადგან პავლემ მოითხოვა, რომ კეისრის განსახილველად დაეტოვებინათ, მეც ვბრძანე დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ, ვიდრე კეისარს გავუგზავნიდი.“ აგრიპამ კი უთხრა ფესტოსს: მეც მინდა იმ კაცის მოსმენა. მან თქვა: „ხვალვე მოუსმენ მას.“ მეორე დღეს, როცა მოვიდნენ აგრიპა და ბერნიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. და თქვა ფესტოსმა: „მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც. ყვიროდნენ, მან მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო. მაგრამ მე ვცანი, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია და, რაკი თვითონ მოითხოვა კეისრის სამსჯავრო, გადავწყვიტე მისი გაგზავნა. დამაჯერებელი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს. ამიტომ მოვიყვანე ეგ თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა დაკითხვის შემდეგ მისაწერი მქონდეს. ვინაიდან უაზროდ მეჩვენება, პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული.“ აგრიპამ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო საკუთარ თავზე.“ მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა: „ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე იუდეველნი ბრალს მდებენ. მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადაო საკითხის მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო. ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ხალხში, იერუსალიმში გავატარე. ისინი კარგა ხანია, მიცნობენ, თუკი დამოწმება სურთ, რომ მე, როგორც ფარისეველი, ვცხოვრობდი ჩვენი სარწმუნოების უზუსტესი მოძღვრების მიხედვით. და ახლა ვდგავარ განსაკითხავად აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს, რომლის მიღწევის იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისათვის მდებენ ბრალს იუდეველები, მეფევ! დაუჯერებელი რატომ გგონია, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს? თავად, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ, და ასეც ვაკეთებდი იერუსალიმში: ბევრი წმიდა ჩავყარე საპყრობილეებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა, და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი, ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ და, მათზე მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც კი ვდევნიდი. ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და დავალებით. შუადღისას, მეფევ, გზაზე ვიხილე ნათელი ციდან, მზის უბრწყინვალესი ნათელი, რომელიც მოგვეფინა მე და ჩემს თანამგზავრებს. ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე? გაგიძნელდება საგმირისათვის წიხლის ცემა.’ მე ვთქვი: ‘ვინ ხარ შენ, უფალო?’ უფალმა თქვა: ‘მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. მაგრამ წამოდექი და დადექი ფეხზე, ვინაიდან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგაყენო მსახურად და იმის მოწამედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, რათა გიხსნა ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მიგავლენ მათი თვალების ასახელად და ბნელიდან ნათლისაკენ, და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’ ამიტომ, მეფე აგრიპავ, არ ვეურჩე ციურ ჩვენებას, არამედ პირველად დამასკოს მკვიდრთ და მერე იერუსალიმელებს და იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისაკენ მოქცევას, და მონანიების ღირს საქმეებს ვაკეთებდი. ამისათვის შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს. მაგრამ, ღვთის შეწევნით, მე დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ მცირესა და დიდს, არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და მკვდართაგან პირველი აღმდგარიყო, რომ ნათელი ეუწყებინა ამ ხალხისა და წარმართებისათვის.“ ასე რომ იცავდა თავს, ფესტოსმა ხმამაღლა თქვა: „სულელობ, პავლე! ბევრ სწავლას სისულელემდე მიჰყავხარ.“ პავლემ კი: „მე არ ვსულელობ, უაღმატებულესო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ. ვინაიდან ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა. წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს.“ აგრიპამ პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.“ პავლემ კი: „ღმერთს ვევედრები, რომ მალე თუ გვიან არა მარტო შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მე მისმენს, ისეთი გახდეს, როგორც მე ვარ, გარდა ამ ბორკილებისა.“ ეს რომ თქვა, მეფე და განმგებელი, ბერნიკა და მასთან მსხდომნი წამოიშალნენ, განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო. ხოლო აგრიპამ ფესტოსს უთხრა: „შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა.“ როცა გადაწყდა ჩვენი გადაცურვა იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს კეისრის ასისთავს, სახელად იულიოსს. ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქოს მაკედონოსი. მეორე დღეს ჩავედით ციდონს. იულიოსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო. იქიდან გავემგზავრეთ და კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო. განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და მივედით ლუკიას მირაში. იქ ნახა ასისთავმა ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა. მრავალ დღეს ნელა მივცურავდით ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო და ძლივს გავუსწორდით კნიდოსს და მივცურეთ კრეტესთან, სალმონის მხარეს. წვალებით რომ ჩავუარეთ მას, მივადექით ერთ ადგილს, რომელსაც კეთილი ნავსაყუდელი ეწოდება, რომლის ახლოს არის ქალაქი ლასეა. რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ და უთხრა: „კაცნო, მე ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა იქნება საზიანო და დიდად ზარალიანი არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისათვისაც.“ მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის უფროსს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. რადგან ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, უმრავლესობა რჩევას იძლეოდა გამგზავრებულიყვნენ იქიდან, რომ როგორმე ჩასულიყვნენ გამოსაზამთრებლად ფინიკიაში, კრეტეს ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული. როცა დაუბერა სამხრეთის ქარმა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, და აუშვეს ღუზა, და გაცურეს კრეტეს გასწვრივ. მაგრამ სულ მალე ამოვარდა ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა და გაიტაცა ხომალდი, რომელიც ვეღარ დაუდგა ქარს, და ჩვენც, ტალღებს მინებებულნი, მივქროდით. ჩავუქროლეთ რომელიღაც პატარა კუნძულს, რომელსაც ერქვა კლავდა, და ძლივძლივობით მოვახერხეთ ნავის დაკავება. მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდებს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სურტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ. რაკი ქარიშხალი კვლავ ბობოქრობდა, მეორე დღეს დაიწყეს ტვირთის გადაყრა. მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა. მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ძლიერი ქარიშხალი ცხრებოდა. ბოლოს, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა. დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: „კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტედან არ წამოვსულიყავით, აღარ ნახავდით ამ ზიანსა და ზარალს. ახლა კი გირჩევთ, გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა, რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები, და მითხრა: ‘ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.’ ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მე მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა. რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.“ მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ხმელეთს უახლოვდებოდნენ. გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა ოცი მხარი. შემდეგ მცირე მანძილზე კიდევ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა. შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ მოვხვედრილიყავით, კიჩოებიდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და გათენებას დაელოდნენ. როცა მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და ნავის ზღვაში ჩაშვება დაიწყეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზები, უთხრა პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს: თუ ისინი არ დარჩებიან ხომალდზე, თქვენ ვერ გადარჩებითო. მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს საბელი და ნავი ზღვაში ჩავარდა. როცა თენდებოდა, პავლე შეაგონებდა ყველას საჭმელი ეჭამათ და ეუბნებოდა: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელი ხართ და არაფერი არ გიგემიათ. ამიტომ გთხოვთ, ჭამოთ საჭმელი. ეს საჭიროა თქვენსავე გადასარჩენად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.“ ეს რომ თქვა, აიღო პური, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და დაიწყო ჭამა. მაშინ ყველანი გამხნევდნენ და იმათაც ჭამეს საჭმელი. ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით. როცა დაპურდნენ, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება. რომ გათენდა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი სანაპიროიანი ყურე შენიშნეს. სწორედ იქ აირჩიეს ხომალდის მიყენება, თუკი მოახერხებდნენ. მოხსნეს ღუზები და მიატოვეს ზღვაში, იმავე დროს ახსნეს საჭის თოკები. აუშვეს მცირე აფრა ქარის საწინააღმდეგოდ და ნაპირისკენ აიღეს გეზი. მიადგნენ მეჩეჩს და მასზე შეაჩერეს ხომალდი. ცხვირი უძრავად ჩაერჭო, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისაგან ილეწებოდა. ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, დაეხოცათ პატიმრები, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო. მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება. ბრძანა, ვინც ცურვა იცოდა, პირველი გადაშვებულიყო და გასულიყო ხმელეთზე. დანარჩენები კი – ზოგი ფიცრით და ზოგი ხომალდის ნამსხვრევებით. და ამგვარად ყველამ თავს უშველა ხმელეთზე. გადარჩენილებმა, მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა. კუნძულელებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გაგვიმასპინძლდნენ. როცა პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, მხურვალების გამო იქედნე გამოძვრა და ხელზე შემოეხვა მას. კუნძულელებმა რომ დაინახეს მის ხელზე შემოხვეული გველი, ერთმანეთს უთხრეს: „ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგან ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლეს არ ანებებს.“ მაგრამ მან ხელი დაიქნია და ქვეწარმავალი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ, თავად არაფერი ვნებია. ისინი კი ელოდნენ, რომ დასივდებოდა ან უცბად დაეცემოდა მკვდარი. მაგრამ რაკი დიდხანს ელოდნენ და ხედავდნენ, არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს: ეს ღმერთიაო. იმ არე-მარეში კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, ყანები ჰქონდა. მან მიგვიღო ჩვენ და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა. პოპლიოსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განიკურნა იგი. ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რამე სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ. მათ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს. სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ კუნძულზე გამოზამთრებული ალექსანდრიული ხომალდით, რომელიც დიოსკურების ნიშანს ატარებდა. სირაკუზაში ჩავედით და სამ დღეს დავყავით იქ. იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაჰქროლა და მეორე დღეს პუტეოლში მივედით, სადაც ვნახეთ ძმები და მათი თხოვნით შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში წავედით. იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედნამდე და სამდუქნამდე. ისინი რომ დაინახა პავლემ, ღმერთს მადლი შესწირა და გამხნევდა. როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ყოფილიყო მის მცველ ჯარისკაცთან ერთად. სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეიკრიბნენ, უთხრა მათ: „კაცნო ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა ჩვეულების საწინააღმდეგო, და პატიმრად გადამცეს იერუსალიმიდან რომაელთა ხელთ. მათ დამკითხეს და უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მქონდა. მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისათვის რაიმე ბრალი დამედო. ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, ვინაიდან ისრაელის სასოებისათვის მაქვს ეს ჯაჭვი შემოხვეული.“ მათ უთხრეს მას: „ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეადან, არც ვინმეს, მოსულ ძმათაგან, უცნობებია ან უთქვამს შენზე რაიმე ძვირი. ოღონდ ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრებას ყველგან ეწინააღმდეგებიან.“ დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში, და დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ და უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე და იესოზე არწმუნებდა მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან. ზოგმა დაიჯერა მისი ნალაპარაკევი, სხვებმა კი არ იწამეს. რომ ვერ შეთანხმდნენ და უნდა დაშლილიყვნენ, პავლემ თქვა ერთი სიტყვა: „კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით: ‘მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. ვინაიდან გასუქდა ამ ხალხის გული, და ყურებით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, რომ არ განვკურნო ისინი. ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს და მოისმენენ კიდეც.“ ეს რომ თქვა, იუდეველნი წავიდნენ და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში. პავლე მთელ ორ წელიწადს ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე სრულებით ცხადად, დაუბრკოლებლად. პავლე, ქრისტე იესოს მონა, მოწოდებული მოციქული, ამორჩეული ღვთის სახარებისათვის, რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში თავის ძეზე, რომელიც დავითის თესლისგან იშვა ხორციელად, განწესებულზე ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის, ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხები, რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი; ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარელთ, წოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან. პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეოხებით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ სოფელში. ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე გავბედნიერდე ღვთის ნებით თქვენთან მოსვლით, ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად. ესე იგი, თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთმანეთის რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც. მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. ამგვარად, ჩემი მხრით, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ. ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც. მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც სწერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.“ ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებითურთ, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები. რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის. და რაკი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად. აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით, ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ. ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი განმკითხველი იმასვე სჩადიხარ. ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩამდენთათთვის. შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს? თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ? ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას – რისხვასა და გულისწყრომას. ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტს სჩადის – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება. ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან რადგან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან, რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, – იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ. აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით, იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია. და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის. უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში. როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი? ქადაგებ: არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ? რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც სწერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში. ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცა. მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე, არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი და გულის წინადაცვეთა სულშია, არა ასოში. მისი ქება კაცთაგან კი არა, ღვთისგან არის. აბა, რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა: მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები, თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის რწმენას? არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი – ცრუ, როგორც სწერია: „რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, გამართლებული ხარ შენი განკითხვისას.“ ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? – ვლაპარაკობ ადამიანურად. არამც და არამც! სხვაგვარად როგორღა განიკითხოს ღმერთმა სოფელი? ვინაიდან, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მისი დიდებისათვის, რაღად ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი? მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია განკითხვა ასეთებზე. მერედა, რა? გვაქვს უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან. როგორც სწერია: „არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.“ ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე. იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა. ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში, რომ ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი. სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს – რწმენით. მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს. რა ვთქვათ, აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა ხორციელად მოიპოვა რაიმე? თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიდება მას, ოღონდ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან, რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.“ მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით. მაგრამ არა მოქმედს, რომელსაც სწამს იგი, ვინც ამართლებს უღვთოს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ. ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთი სიმართლეს უთვლის საქმეთაგან დამოუკიდებლად: „ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული. ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.“ მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთაზეა თუ წინადაუცვეთლობაზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ. როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს. ხოლო წინადაცვეთის ნიშანი მიიღო, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობაში ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ. ასევე წინადაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის, აბრაამის, რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა. ვინაიდან აბრაამს ან მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა ყოფილიყო სოფლის მემკვიდრე. თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა – უსარგებლო. ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, რადგან სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია. მაშ, რწმენით, რათა ყოფილიყო მადლით, რათა აღთქმა მტკიცე ყოფილიყო მთელი თესლისათვის. არა მარტო რჯულით თესლისათვის, არამედ რწმენით აბრაამის თესლისათვისაც, ვინც ყველა ჩვენგანის მამაა როგორც სწერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთს, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფად მოუწოდებს. რომელიც უსასოობაში ერწმუნა სასოებით, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი თესლი.“ არ დაუძლურებულა რწმენაში, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო. მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა. ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ. და არა მარტო მისი გულისათვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას, არამედ ჩვენი გულისთვისაც: ჩაგვეთვლება ჩვენც, იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენდა გამართლებად. და, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების სასოებით. და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას, ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ. ვინაიდან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განწესებულ ჟამს მოკვდა უკეთურთათვის. ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილთათვის, შესაძლოა, ვინმემ კიდევ გაბედოს სიკვდილი. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით. ვინაიდან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით. უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება. ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა. ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა სოფელში, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება. მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა. მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით. ხოლო ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ. რაღა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმრავლოს? არამც და არამც! ჩვენ, რომელნიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცოცხლოთ მასში? ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც, რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე. ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად. ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თავნი თქვენნი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს. ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ. მაშ, ახლა რა? ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც! ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის. ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ სახის მოძღვრებას, რომელსაც თქვენი თავი გადაეცით. გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით. ადამიანურად ვამბობ თქვენი ხორცის უძლურების გამო. როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისთვის, ასევე ახლა გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედელად. რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია. ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო – საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში. ანდა, განა არ იცით, ძმებო, – რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, – რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია? რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის დაკავშირებული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან. ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება. ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს. ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო. ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი. მაშ, რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით, ვინაიდან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: არ ისურვო. ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია. ხოლო მე ოდესღაც ვცხოვრობდი რჯულის გარეშე და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით. ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი იყოს მცნების მეშვეობით. რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ, რაც მძულს, იმას ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია. მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს, ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს. ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან. ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად. ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან – სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული. ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“ სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე, და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. ვინაიდან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის. ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ. ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა. ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამამართლებელი. ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის. ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? როგორც სწერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“ მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში, რომ დიდია ჩემდა მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა. ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისთვის, ჩემს ხორციელ თვისტომთათვის, რომელნიც ისრაელიანები არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმანი და რჯულმდებლობა, მსახურებანი და დაპირებანი. მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ. მაგრამ არა ისე, რომ ღვთის სიტყვა დაეცა, ვინაიდან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია. და ყველა, ვინც აბრაამის თესლია, როდია მისი შვილი, ვინაიდან ნათქვამია: „ისაკში იქნება წოდებული შენი თესლი.“ ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად. რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია: „ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე.“ არა მხოლოდ, არამედ როცა რებეკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა (ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო) არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს.“ როგორც სწერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.“ თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც! რადგან მოსეს ეუბნება: „ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ, და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ.“ ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე. ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ ქვეყანაზე.“ ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს. შენ მეტყვი: „აბა, რაღას გვდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგება წინ?“ ვინ ხარ შენ, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენი ასე? ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდბლად, ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც? როგორც ოსიასთანაც ამბობს: „არა-ჩემს ერს ვიტყვი ჩემს ერად და არა-საყვარელს – საყვარლად. და იმ ადგილზე, სადაც მათ ეთქვათ: ‘არა-ჩემი ერი ხართ თქვენ,’ – იქ ეწოდებათ ცოცხალი ღვთის ძენი.“ ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელიანთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, ნაწილი გადარჩება.“ რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი ქვეყანაზე. და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: „უფალ ცაბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით.“ მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე, სიმართლე რწმენისაგან. ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს. რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. შებრკოლდნენ შებრკოლების ქვაზე, როგორც სწერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ქვას და წატყუების კლდეს და, ყოველი, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება.“ ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ. ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადამი, ოღონდ არა შეცნობილად. რადგან ღვთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს. ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: „ნუ იტყვი შენს გულში: „ვინ ავა ზეცაში?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. მაგრამ რას ამბობს იგი? „ახლოა შენთან სიტყვა შენს ბაგეში და შენს გულში,“ ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ. იმიტომ რომ, თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. რადგან წერილი ამბობს: „არც ერთი მისი მორწმუნე არ შერცხვება.“ ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს. რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვისიც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც სწერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“ მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან. მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ მსოფლიოს მოედო მათი ხმა, და ქვეყნის კიდეებს – მათი სიტყვები. მაგრამ ვამბობ: ნუთუ ისრაელმა არ იცოდა? პირველი მოსე ამბობს: „მე შურს აღვძრავ თქვენში არა-ერით, გაგარისხებთ უგუნური ერით.“ ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: „მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა. გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა.“ ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ.“ მაშ, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს: „უფალო! შენი წინასწარმეტყველნი ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მარტო მე და ჩემს მოკვლას ცდილობენ.“ მაგრამ რას ეუბნება მას ღვთის პასუხი? „დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაყალის წინაშე.“ ასევე ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული. ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის. თორემ საქმეც აღარ არის საქმე. მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენებს კი გული დაეხშოთ. როგორც სწერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე.“ ხოლო დავითი ამბობს: „მათი სუფრა იყოს მახე, ბადე და საცდური და მათდა მისაგებელი, დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს.“ მაშ, ვამბობ: იმდენად უნდა წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური. და თუ მათი დაცემა სოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა სიმდიდრე, მით უმეტეს მათი სავსება. ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა. ვინაიდან, თუ მათი განდევნა სოფლის შერიგებაა ღმერთთან, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან? თუ პირველნაყოფი წმიდაა, მაშ, ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც. ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთის ხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ. შენ იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნოო! კეთილი. ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. ვინაიდან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს. ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ იდგები მის სახიერებაში, თუ არა და, შენც მოიკვეთები. და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა. ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს. რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: მანამდე ახლავს ნაწილობრივ სიბრმავე ისრაელს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან. ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც სწერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს.“ დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის; ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი, მამების გულისათვის. ვინაიდან უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება. ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობით, ისე, ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რომ ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ. ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს. ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი? ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიუზღოს? რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ. ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად, იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს. ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. ასევე ჩვენ, მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი. და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული, თუ ქადაგებაა – რწმენის მიხედვით, თუ მსახურებაა – მსახურებაში, თუ მოძღვარია – დამოძღვრაში, თუ გამამხნევებელია – გამხნევებაში, გამნაწილებელია – უბრალოებაში, წინამდგომია – სიბეჯითეში და მწყალობელია – მხიარულებაში. სიყვარული წრფელი იყოს. გძაგდეთ ბოროტი და მიეკვროდეთ კეთილს. ძმათმოყვარეობაში – ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით. იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით. სულით აღეგზნეთ. ემსახურეთ უფალს. იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი. მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას. ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით. მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ. ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთში. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი. ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან სწერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი.“ ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით. ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. რადგან მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი. არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. რადგან: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომო“ და სხვა რამ მცნებაც შედის ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა. მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით დრო, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით. რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე. ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის. ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. რადგან სწერია: „მე ცოცხალი ვარ, – ამბობს უფალი, – ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“ ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას განიკითხავდეთ, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია გაუწმიდურებული. მხოლოდ მისთვის არის გაუწმიდურებული, ვინც გაუწმიდურებულად ჩათვლის რაიმეს. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც შებრკოლებით ჭამს. უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება. გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა. ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მიდუმებული იყო, ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას. ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის. ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც სწერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე.“ რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება. ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ. რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა. ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად. ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული, და რათა წარმართებს განედიდებინათ ღმერთი წყალობისათვის, როგორც სწერია: „ამისათვის გაღიარებ წარმართებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს.“ და კვლავ ამბობს: „იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად.“ და კვლავ: „წარმართებო, აქებდეთ უფალს და, ხალხებო, ადიდებდეთ მას.“ და კვლავ, ესაია ამბობს: „იყოს იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, მისი სასოება ექნებათ წარმართებს.“ ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში. და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველი ცოდნით და შეგიძლიათ ერთმანეთის დარიგება. მაგრამ ცოტა გავკადნიერდი, როცა გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით, ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა წარმართთა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ განწმედილი. ამიტომ შემიძლია ვიამაყო ქრისტე იესოში ღვთის წინაშე. რადგან ისეთი რამის ლაპარაკს ვერ გავბედავ, რაც ქრისტეს არ გაეკეთებინოს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით, ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილირიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება. თანაც, ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე, არამედ როგორც სწერია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია, მიხვდებიან.“ ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა. ხოლო ახლა, როცა ჯერ კიდევ არა მაქვს ადგილი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად. რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების გაზიარება ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან. ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელადაც უნდა მოემსახურონ მათ. ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ. ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით. შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ჩემთვის ღვთისადმი ლოცვებში. რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში და წმიდათათვის სასიამოვნო იყოს ჩემი სამსახური იერუსალიმში. რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო თქვენთან. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ. აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური, რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც დასჭირდება თქვენთან, ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც. მოიკითხეთ პრისკა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც, და მათი საშინაო ეკლესიაც. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის. მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმული არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე. მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემი საყვარელი, უფალში. მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში, და ჩემი საყვარელი სტაქისი. მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს შინაურები. მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი. მოიკითხეთ ნარკისუსის შინაურები, უფალში მყოფნი. მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი. მოიკითხეთ საყვარელი პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში. მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედა მისი და ჩემი. მოიკითხეთ ასვინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მათთან მყოფი ძმები. მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი, და მათთან მყოფი ყველა წმიდა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია. შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი. ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენები იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი – ბოროტისათვის. ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ. მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი. მოკითხვას გითვლით უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი. მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მეგანძური ერასტოსი და ძმა კვარტოსი. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ. პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღვთის ნებით და ძმა სოსთენი, ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმენდილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს, ყველა ადგილას – მათთან და ჩვენთან: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, ღვთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში, იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით, რადგან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში, ისე, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში, ვინც განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე, რათა უმწიკვლო იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. სარწმუნოა ღმერთი, რომლისგანაც იქენით მოწოდებულნი მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის. ხოლო მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით. რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმანო, ქლოეს ხალხისგან, რომ თქვენს შორის დავაა. მე ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ? მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოზისა, რათა ვინმემ არ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლეთ. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე, რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ სანათლავად, არამედ სახარებლად – არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი. ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. რადგან სწერია: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ.“ სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა? ვინაიდან, რაკი ღვთაებრივ სიბრძნეში ვერ იცნო ღმერთი სოფელმა თავისი სიბრძნით, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა ხსნა ქადაგების უგუნურებით. რადგან იუდეველნი მოითხოვენ სასწაულებს და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას, ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს – ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს. რადგან უგნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და უძლურება ღვთისა – ადამიანებზე უძლიერესი. ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული. არამედ სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული, რომ არც ერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე. იმისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღვთისმიერ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად. რათა იყოს, როგორც სწერია: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს.“ და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო, მოვედი ღვთის მოწმობის საუწყებლად, არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით, რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა. და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშში და დიდ ძრწოლაში. და ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით. რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით. ოღონდ სიბრძნეს ვლაპარაკობთ სულიერად მოწიფულთა შორის, არა სოფლის სიბრძნეს, არც სოფლის მთავართა, წარმავალთა, არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს საიდუმლოებაში, დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის, რაც ვერავინ შეიცნო სოფლის მთავართაგან. ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს. მაგრამ, როგორც სწერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.“ ჩვენ კი გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით. ვინაიდან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღვთის სიღრმეებსაც. ვინაიდან, რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისა არავინ არაფერი იცის, გარდა ღვთის სულისა. ხოლო ჩვენ მივიღეთ არა სოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღვთისაგან ჩვენთვის მონიჭებული. და ამას ვლაპარაკობთ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან შესწავლილით. სულიერს სულიერით განვმარტავთ. აი, მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. ხოლო სულიერი განსჯის ყოველივეს, თავად კი არავისგან არ განისჯება. რადგან ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას? ჩვენ კი გვაქვს ქრისტეს აზრი. ხოლო მე, ძმანო, არ შემეძლო თქვენთან ლაპარაკი, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში. რძეს გასმევდით თქვენ და არა საჭმელს, ვინაიდან მაშინ არ შეგეძლოთ და ახლაც არ ძალგიძთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. ვინაიდან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით? რადგან, როცა ერთი ამბობს: მე პავლესი ვარო, ხოლო მეორე: მე აპოლოსისა ვარო, განა ხორციელნი არა ხართ? აბა, ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულს მისცა უფალმა. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. ხოლო თითოეული მიიღებს თავის საზღაურს თავისი შრომისამებრ. ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღვთის ყანა და ღვთის შენობა. მე, ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს მასზე. ვინაიდან არავის ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ძელს, ნამჯას, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის. ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდან. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ. ნურავინ იცდუნებთ თავს. თუ ვინმეს ამ სოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს. ვინაიდან ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენებს.“ და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.“ ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, ვინაიდან ყოველივე თქვენია. გინდ პავლე, გინდ აპოლოსი, გინდ კეფა, გინდ სოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მყოფადი – ყოველივე თქვენია. თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღვთისაა. ადამიანმა ისე შეგვრაცხოს ჩვენ, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნეები. და უფრო მეტიც, მნეთა შორის ეძებენ, რომ აღმოჩნდეს სარწმუნო ვინმე. ხოლო ჩემთვის უმნიშვნელოა, თქვენ განმსჯით მე, თუ ადამიანთა სამსჯავრო. მაგრამ მე ნამდვილად არ განვსჯი ჩემს თავს. ვინაიდან არაფერი ვიცი ჩემს თავზე, მაგრამ ამით არ ვმართლდები. ჩემი განმსჯელი ხომ უფალია. ამიტომ ნუ განსჯით უჟამოდ, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისაგან. და ეს, ძმანო, ნიმუშად დავუდე ჩემს თავს და აპოლოსს თქვენი გულისათვის, რათა ისწავლოთ ჩვენგან, რომ არ გადახვიდეთ დაწერილს და არ გაუყოყოჩდეთ ერთმანეთს. რადგან, ვინ განგასხვავებს? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს? დიახ, უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით. და ნეტა მართლა მეფობდეთ, რომ ჩვენც ვმეფობდეთ თქვენთან ერთად. რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. ვინაიდან სანახაობად გავხდით სოფლისათვის, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვისაც. ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისათვის, თქვენ კი ბრძენები ხართ ქრისტეში. ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. თქვენ დიდებულნი, ჩვენ კი უპატიონი. ჩვენ ამ ჟამამდე მშივრები და მწყურვლები ვართ, შიშვლები და ნაგვემნი, და მოხეტიალენი. ვშრომობთ, ჩვენი ხელებით ვმუშაობთ. გაგვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ. სახელს გვიტეხენ – ვეფერებით. და გავხდით განახვეტი სოფლისა, ყველაფრის ნაგავი აქამდე. თქვენდა შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს. ვინაიდან თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით. ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: მომბაძეთ მე. ამისათვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, და ის გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორ ვასწავლი ყოველ ადგილას, ყოველ ეკლესიაში. ზოგიერთები გაამპარტავნდნენ, თითქოს არ მოვიდოდე თქვენთან, მაგრამ მალე მოვალ თქვენთან, თუ უფალი ინებებს, და გამოვცდი არა ქედმაღლურ სიტყვებს, არამედ ძალას. რადგან ღვთის სასუფეველი არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში. რა გსურთ? არგნით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულით და თავმდაბლობის სულით? ხმა დადის საერთოდ, რომ მრუშობაა თქვენში, თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს. და თქვენ კიდეც ქედმაღლობთ იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ, რათა მოიკვეთოს თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი. თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. უკვე მსჯავრი დავდე მას, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა შეიკრიბებით ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით, ასეთი კაცი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს. არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? განწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც ხმიადები ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით. წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან. არა მარტო ამ სოფლის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, ვინაიდან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით სოფელს. არამედ გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ. ვინაიდან მე რატომ განვიკითხო გარეშეები? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ? გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენგან. ნუთუ ბედავს რომელიმე თქვენგანი, თავისიანთან დავა რომ აქვს, სამართლის ძიებას უსამართლოებთან და არა წმიდებთან? ნუთუ არ იცით, რომ წმიდები განიკითხავენ სოფელს? ხოლო თუ სოფელს განიკითხავთ, მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ? ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზები უნდა განვიკითხოთ? მით უმეტეს, ცხოვრებისეული რაღა გახდა! თქვენ კი, როცა ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ, თქვენს განმსჯელებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი, რომ შეეძლოს განკითხვა თავის ძმებს შორის? მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე. და ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ ნაწყენად დარჩენას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას? მაგრამ თქვენ უსამართლოდ ექცევით და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. საჭმელი მუცლისათვის, ხოლო მუცელი საჭმლისათვის. მაგრამ ღმერთი მოსპობს ერთსაც და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი – სხეულისათვის. ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ავიღებ ქრისტეს ასოებს და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც! ანდა, ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: „ორი ერთ ხორცად იქნება.“ ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთ სულად იქნება უფალთან. გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს. ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა. ხოლო იმის შესახებ, რაც თქვენ მომწერეთ: კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს დედაკაცს. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს. ცოლი არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი. ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ მარხვისა და ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით. ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით. ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღვთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი. ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ. თუ თავს ვერ იკავებენ, იქორწინონ, ვინაიდან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ. ხოლო დაქორწინებულებს ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლი არ გაეყაროს ქმარს. ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ქმარი ნუ დატოვებს თავის ცოლს. სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ დატოვებს ქმარს. ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. თორემ თქვენი შვილები არაწმიდები იქნებოდნენ, ახლა კი წმიდები არიან. მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგვიწოდა ღმერთმა. ვინაიდან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი? თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თვითოეული – როგორც უფალმა მოუწოდა. და ასე ვუწესებ მე ყოველ ეკლესიას. თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს. თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს. არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთლობა, არამედ ღვთის მცნებათა დაცვა. დაე, თითოეული დარჩეს იმ მოწოდებაში, რომლითაც მოუწოდეს. თუ მოწოდებული ხარ, როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია, ისარგებლო. ვინაიდან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია. მსგავსადვე მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა. ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები. ძმანო, თითოეული იმ მოწოდებით დარჩეს ღვთის წინაშე, რომელშიც მოწოდებული იყო. უქორწინებელთა შესახებ არა მაქვს ბრძანება უფლისაგან. მხოლოდ ჩემს რჩევას გაუწყებთ, რადგან შემიწყალა უფალმა, რომ მისი სარწმუნო ვიყო. მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ გასაჭირში ადამიანისათვის უმჯობესია დარჩეს, როგორც არის. თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ. ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ. ცოლიც რომ შეირთო, არ შესცოდავ. და, თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ და არ მეთმობით. ხოლო ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი; მოტირალნი, როგორც არა მოტირალნი; მოხარულნი, როგორც არა მოხარულნი; მქონენი, როგორც არა მქონელნი; სოფლით მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია სოფლის სახე. მე მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; ხოლო ცოლიანი სოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს. არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი სოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს. ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ რათა ღირსეულად და წრფელად ემსახუროთ უფალს, შფოთის გარეშე. თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი დანიშნული ქალწული სიყმაწვილის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე, დაქორწინდნენ. ხოლო ვინც თავისი გულით მტკიცედ დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულის დაცვა, კარგად იქცევა. ამიტომ, ვინც გაათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა. ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში. მაგრამ უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ჩემი რჩევით. ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული. ახლა ნაკერპავებზე. ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს. ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან. ამგვარად, ნაკერპავების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია სოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა. და თუ კიდევ არიან ეგრეთწოდებული ღმერთები ან ცაში, ან მიწაზე (რადგან არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი), ჩვენ კი ერთი მამა ღმერთი გვყავს, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველი და ჩვენც მის მიერ. თუმცა ყველას როდი აქვს ცოდნა. ზოგიერთები ჩვეულებით აქამდე ჭამენ კერპთაგან, როგორც ნაკერპავს და, ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბღალება. საჭმელი არ მიგაახლოვებთ ღმერთთან, ვინაიდან, თუ ვჭამთ, ვერაფერს ვიმატებთ, და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება. მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა ჭამისთვის? და დაიღუპება შენი ცოდნის მეოხებით შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. ამრიგად, შესცოდავთ რა ძმების მიმართ და დაჭრით მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესცოდავთ. ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, საუკუნოდ არ ვჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა. განა მე მოციქული არა ვარ? განა მე თავისუფალი არა ვარ? განა მე არ ვნახე ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში? თუ სხვებისათვის არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი ხართ უფალში. აი, რა პასუხს გავცემ ჩემს მკიცხველებს: განა არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება? განა არა გვაქვს უფლება, დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ? თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება, რომ არ ვმუშაობდეთ? რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს? განა ადამიანურად არ ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს? რადგან მოსეს რჯულში სწერია: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ ხარებზე ზრუნავს ღმერთი? თუ ნამდვილად ჩვენთვის ამბობს? დიაღაც ჩვენთვის სწერია. მხვნელმა უნდა ხნას იმედით, მლეწავმა კი – წილის იმედით. თუ სულიერი დაგითესეთ, განა დიდი ამბავია, რომ თქვენგან ხორციელი მოვიმკათ? თუ სხვებს ხელმწიფება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ხელმწიფება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას. ნუთუ არ იცით, რომ წმიდათა მსახურნი ტაძრისაგან ჭამენ? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს? ასევე უფალმა დაუწესა სახარების მქადაგებლებს სახარებისაგან ცხოვრება. ხოლო მე არც ერთი მათგანი არ გამომიყენებია. და ესეც იმიტომ კი არ დავწერე, რომ ასე ყოფილიყო ჩემთვის. ვინაიდან სიკვდილი მიჯობს, ვიდრე ვინმემ გააბათილოს ჩემი ქადილი. რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ. ვინაიდან თუ სურვილით ვაკეთებ ამას, საზღაური მქონია, ხოლო თუ სურვილის გარეშე, მხოლოდ მნეობა მქონია მონდობილი. მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, შემიძლია ვიქადაგო უსასყიდლოდ და არ ვიყენებ ჩემს უფლებას ხარებაში. ვინაიდან, ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა. იუდეველთათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ უმყოფელი, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა. ურჯულოთათვის – როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის ურჯულო, არამედ ქრისტეს რჯულიერი, რათა ურჯულოები შემეძინა. უძლურთათვის გავხდი უძლურივით, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მეხსნა როგორმე. და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე. განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადისა. ამიტომ მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვგვემდე. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე. არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში. და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე. მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა: ვინაიდან ისინი უდაბნოში დაეცნენ. ეს კი ჩვენთვის მაგალითი იყო, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც შენატროდნენ ისინი. არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც სწერია: „დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგნენ სათამაშოდ.“ ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა. ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა და ისინი გველებისაგან დაიღუპნენ. არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან. ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ სოფლის აღსასრულს. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს. არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას. როგორც გონიერებს გელაპარაკებით; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ. კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლის თანაზიარება არ არის? პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულის თანაზიარება არ არის? ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი – ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით. შეხედეთ ისრაელს ხორცის მიხედვით: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან? მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ რაიმეა კერპი, ან იმას, რომ რაიმეს ნიშნავს ნაკერპავი? არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ. არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი. არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც. ნუთუ ვბედავთ უფლის განრისხებას? განა მასზე ძლიერები ვართ? ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს. არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი. ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. რადგან უფლისაა მიწა და მისი სისავსე. ხოლო თუ მიგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც თქვენს წინ დააწყობენ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. ხოლო თუ ვინმე გეტყვით: ეს ნაკერპავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო, რადგან უფლისაა მიწა და მისი სისავსე. სინდისს ვამბობ არა შენსას, არამედ სხვისას. ვინაიდან რატომ იქნას განკითხული ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით? ხოლო თუ მადლიერებით ვჭამ, რაღად შევიბღალო იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ? ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად. ნუ შეურაცხყოფთ ნურც იუდეველებს, ნურც წარმართებს და ნურც ღვთის ეკლესიას. ისევე, როგორც მეც ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ. ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე – ქრისტესი. ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით. მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი და ქრისტეს თავი – ღმერთი. ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაფარული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს ირცხვენს. და ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, ვინაიდან ეს იგივეა, რომ გადაპარსული იყოს. ვინაიდან, თუ დედაკაცი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს. ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა. ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი – მამაკაცისაგან. ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცის გულისათვის, არამედ დედაკაცი – მამაკაცის გულისათვის. ამიტომ დედაკაცი ვალდებულია, თავზე ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზების გულისათვის. თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში. ვინაიდან, ისევე, როგორც დედაკაცი მამაკაცისაგან არის, მამაკაციც დედაკაცის მეოხებით არის. ხოლო ყოველივე ღვთისაგან არის. თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე თავდაუფარავად ლოცვა? ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის? მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული. და თუ ვინმე განიზრახავს იდაოს, ჩვენ არა გვაქვს ასეთი ჩვეულება, არც ღვთის ეკლესიებს. ხოლო ამას რომ გამცნებთ, არ გაქებთ, რომ იკრიბებით არა უმჯობესისათვის, არამედ უარესისათვის. ვინაიდან, ჯერ ერთი, გაგებული მაქვს, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფა არსებობს თქვენს შორის, რასაც ნაწილობრივ ვუჯერებ. ვინაიდან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ გამოცდილნი თქვენს შორის. როცა იკრიბებით ერთად, უფლის სერს არა ჭამთ. ვინაიდან ყველა წინასწარ ჭამს თავის საკუთარ სერს და ზოგი მშიერია და ზოგი მთვრალი. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის არ გაქებთ. ვინაიდან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად.“ ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ.“ რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს. ამიტომ, ვინც შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ არჩევს რა უფლის სხეულს. ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც მოკვდა. ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი. ხოლო მსჯავრდადებულნი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა სოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი. ამიტომ, ჩემო ძმანო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ. და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ. ახლა სულიერ ნიჭზე. არ მინდა, ძმანო, უცოდინარნი იყოთ. იცით, რომ როდესაც წარმართები იყავით, უტყვ კერპებთან დადიოდით, თითქოს ვიღაც გეწეოდათ. ამიტომ გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: შეჩვენებულიაო იესო. და არავის შეუძლია უფალი უწოდოს იესოს, თუ არა სულიწმიდით. სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით. ზოგს რწმენა – იმავე სულით და ზოგს – განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს – სასწაულთმოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს. რადგან, როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველები თუ ელინები, მონები თუ თავისუფლები, და ყველას ერთი სული გვისვამს. ვინაიდან სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი. ფეხმა რომ თქვას: მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? ანდა ყურმა რომ თქვას: მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა? და აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ნებავდა. და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული? აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. თვალი ვერ ეტყვის ხელს: არ მჭირდებიო. ვერც თავი ფეხს: არ მჭირდებითო. არამედ, სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან. ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ უფრო უხვად გარემოვიცავთ პატივით. და ჩვენს უსახურთ უფრო უხვად აქვთ სახიერება. ჩვენს სახიერებს არ სჭირდებათ პატივი. მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე. და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს. თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები. დააყენა ღმერთმა ეკლესიაში პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, მერე კურნებათა ნიჭები, შეწევნანი, მართვანი, სხვადასხვა ენები. ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია? ყველას სასწაულთმოქმედება აქვს? ყველას აქვს განკურნებათა ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ? ეშურეთ დიდ ნიჭებს და გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას. თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები. სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება. ვინაიდან ნაწილობრივი ვიცით და ნაწილობრივს ვწინასწარმეტყველებთ. და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება. როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვმსჯელობდი. როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე. ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი. ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია. ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ. ვინაიდან, ვინც ენით ლაპარაკობს, ის ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის. რადგან სულით ლაპარაკობს იგი საიდუმლოებებს. ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად. ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. მე მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით. და უფრო მეტად, რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აღშენდეს. ახლა კი, ძმანო, თუ მოვალ თქვენთან და ვილაპარაკებ ენებით, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ან მოძღვრებით? ასევე უსულო საგნები, რომლებიც ხმას გამოსცემენ – სტვირი ან ებანი, თუ ხმებში არ იძლევიან განსხვავებებს, როგორ შეიცნობა, რას უკრავენ სტვირზე ან ებანზე. საყვირიც თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად? ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკევი? ჰაერში ილაპარაკებთ. მაგალითად, რამდენი განსხვავებული სიტყვაა სოფელში და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო. ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე – უცხო ჩემთვის. ასევე თქვენც, როცა ეშურებით სულიერ ნიჭებს, ეცადეთ იუხვოთ ეკლესიის აღსაშენებლად. ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ, რათა განმარტოს კიდეც. ვინაიდან, როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა. მაშ, რა ვქნათ? ვილოცებ სულით და გონებითაც ვილოცებ. ვიგალობებ სულით და გონებითაც ვიგალობებ. ვინაიდან, თუ სულით აკურთხებ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე უმეცართაგანი ვინმე, თუ არ ესმის, რას ამბობ შენ? აი, შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება. ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი სიტყვა – ენებით. ძმანო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის გახდით ბავშვები, გონებისთვის კი სრულწლოვანნი იყავით. რჯულში სწერია: „სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს და მაინც არ მომისმენენ მე, ამბობს უფალი.“ ამიტომ ენა მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. და წინასწარმეტყველება ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის. და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხართო? მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის, და ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარულნი. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორის არის ღმერთი. მაშ, რაღა, ძმანო? როცა თქვენ იკრიბებით, ყოველს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად. თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი-დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს. თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს. წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ. თუ სხვას გამოეცხადება იქ მჯდომთაგანს, პირველი გაჩუმდეს, ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს. წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ. ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა, როგორც წმიდათა ყველა ეკლესიაში. დედაკაცებმა იყუჩონ ეკლესიებში, რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად იყვნენ, როგორც რჯულიც ამბობს. ხოლო თუ რამის შესწავლა სურთ, ჰკითხონ თავიანთ ქმრებს სახლში. ვინაიდან სამარცხვინოა დედაკაცისათვის ეკლესიაში ლაპარაკი. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია? თუ ვინმეს თავი წინასწარმეტყველი ეგონოს, ანდა სულიერი, დაე, გაიგოს, რომ რასაც მე თქვენა გწერთ, უფლის მცნებაა. ხოლო თუ ვინმე უვიცია, უვიცი იყოს. მაშ, ასე, ძმანო, ეშურეთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ. ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს. გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნებთ. ვინაიდან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, და რომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს. შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა. შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც. ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას. მაგრამ ღვთის მადლით ვარ, რაცა ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მომართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტს ვშრომობდი – არა მე, არამედ ღვთის მადლი, რომელიც ჩემთანაა. და აჰა, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ, და თქვენც ასე ირწმუნეთ. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღვთის ცრუ მოწმენი, რადგან დავამოწმებდით ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს. და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ. მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთა ნათავარი. ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ – მკვდრეთით აღდგომა. ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში. და თითოეული თავისი წესით: პირველად – ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას. მერე კი დასასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას. ვინაიდან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს. ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია. იმიტომ, რომ ყოველივე დაამორჩილა მის ფეხქვეშ. ხოლო როცა ნათქვამია, რომ ყოველივე მას დაემორჩილა, ცხადია, გარდა იმისი, რომელმაც მას დაუმორჩილა ყოველივე. და როცა ყოველივეს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში. თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომ ინათლებიან მკვდართათვის? და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში? ვფიცავ თქვენდამი ჩემს სიქადულს, ძმანო, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოში მაქვს, რომ ყოველდღე ვკვდები. თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“ ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს. გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სცოდავთ. ვინაიდან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს. მაგრამ იტყვის ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენო? უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა. და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც იქნება, არამედ შიშველ მარცვალს, ხორბლის იქნება თუ რომელიმე სხვისა. ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს. ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია, არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზისა სხვანაირი. არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა – სხვა. სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით. ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში. ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად.“ ხოლო უკანასკნელი ადამი – მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მიწიერი და შემდეგ სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი, ხოლო მეორე კაცი – ცისაგან. და როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას. აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და ეს მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.“ „სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“ სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე. რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, რამდენადაც ხეირი ნახოს, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მოვავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში. და თუ იქ ჩემი წასვლაც ღირს, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ. ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მაკედონიაზე გავივლი, ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო. თქვენთან კი, შესაძლოა, გავჩერდე, ან იქნებ გამოვიზამთრო, რათა გამაცილოთ იქ, სადაც წავალ, ვინაიდან ახლა არ მინდა თქვენი ნახვა გავლით, არამედ ვიმედოვნებ რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ უფალი ინებებს. ხოლო ეფესოში დავრჩები ორმოცდამეათე დღემდე, ვინაიდან ჩემთვის ღიაა ღვაწლის ფართე კარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან. და თუ ტიმოთე მოვა, ეცადეთ, რომ უშიშრად იყოს თქვენთან, ვინაიდან ის უფლის საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მე. ამიტომ არავინ უგულებელყოს იგი. გამოისტუმრეთ მშვიდობით, რათა მოვიდეს ჩემთან, ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად. რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწებოდი, რომ მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ არ ისურვა ახლა წამოსვლა. მაგრამ მოვა, როცა შეძლებს. იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით. ყოველივე თქვენი სიყვარულში იყოს. ხოლო შეგაგონებთ, ძმანო: ხომ იცით სტეფანას სახლობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი მიუძღვნეს წმიდათა მსახურებას. თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა. და აი, მიხარია სტეფანას, ფორტუნატეს და აქაიკოსის მოსვლა, ვინაიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა, და დაამშვიდეს ჩემი სულიც და თქვენიც. ამიტომ სცანით ასეთები. მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები. დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საშინაო ეკლესია. მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს, ხელით. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, იყოს შეჩვენებული. მარანათა! ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანის მიმართ ქრისტე იესოში. ამინ. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე – ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი არიან მრავლად ჩვენში, ასევე მრავლდება ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ. და აჰა, თუ გასაჭირში ვართ, ეს თქვენი ნუგეშისცემისა და ხსნისათვის არის, რომელიც ხდება იმავე ტანჯვათა თმენით, რომლითაც ჩვენც ვიტანჯებით. მტკიცეა ჩვენი სასოება თქვენს მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ტანჯვათა მონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემისაც. რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადავიტანეთ, რომ მეტისმეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის მოთმენა შეგვეძლო. ხოლო ჩვენ თავად გვქონდა სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს, რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და გვიხსნის, რომლის იმედი გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის, თქვენი ჩვენდამი შეწევნითი ლოცვითაც, რათა მრავალმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის, რომ მოგვენიჭა მადლი მრავალთა შუამდგომლობით. რადგან ეს ჩვენი ქადილი არის ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ჩვენ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით ვიქცეოდით სოფელში. განსაკუთრებით თქვენთან, არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღვთის მადლით. ვინაიდან სხვას არაფერს გწერთ თქვენ, თუ არა იმას, რასაც კითხულობთ, ანდა შეიცნობთ და რასაც, როგორც ვიმედოვნებ, ბოლომდე შეიცნობთ. როგორც ნაწილობრივ შეგვიცანით ჩვენ, რომ ჩვენ თქვენი დიდება ვართ, ისევე როგორც თქვენ იქნებით ჩვენი უფლის იესოს დღეს. და ამ ნდობით მინდოდა ჯერ თქვენთან მოსვლა, რათა მეორედ მიგეღოთ მადლი, და თქვენთან გავლით წავიდე მაკედონიაში, ხოლო მაკედონიიდან კვლავ თქვენთან დავბრუნდე და თქვენ გამისტუმროთ იუდეაში. ნაჩქარევი ხომ არ იყო ჩემი განზრახვა? ან იქნებ, რაც განვიზრახე, ხორციელად განვიზრახე. ასე, რომ ჩემი „ჰო, ჰო“, იგივეა, რაც „არა, არა“? მაგრამ მოწმეა ღმერთი, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ჰოც და არაც, ვინაიდან ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით ჩვენ – მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო „ჰოც“ და „არაც“, არამედ „ჰო“ იყო მასში, რადგან ღვთის ყველა აღთქმანი მასში „ჰო“ არის და მისით ითქმის „ამინი“ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ. ის, რომელიც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და რომელმაც გვცხო ჩვენ, ღმერთია, რომელმაც აღგვბეჭდა კიდეც და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი. და მე მოვუხმობ ღმერთს ჩემი სულის მოწმედ, რომ თქვენ გზოგავდით და აქამდე იმიტომ არ მოვდიოდი კორინთოში. არა იმიტომ, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ. მაგრამ ჩემთვის ასე გადავწყვიტე, აღარ მოვიდე თქვენთან დასამწუხრებლად. ვინაიდან თუ მე გამწუხრებთ, მაშ ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემგან. სწორედ ეს მოგწერეთ თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას არ მქონდეს წუხილი მათგან, ვისითაც უნდა გამეხარა. ხოლო ყველა თქვენგანში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყველა თქვენგანის სიხარულიცაა. ვინაიდან დიდი გულისტკივილითა და ნაღველით გწერდით და უამრავი ცრემლით, და არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის უზომო სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს. და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რამდენადმე გადაჭარბებულად რომ არ ვთქვა, თქვენ ყველანი. ასეთისათვის საკმარისია ეს სასჯელი მრავალთაგან. ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი. ამიტომ შეგაგონებთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ. ვინაიდან იმისთვისაც დავწერე, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა. და ვისაც თქვენ აპატიებთ რამეს, მეც, ვინაიდან მე თუ ვინმეს რაიმე ვაპატიე, თქვენი გულისათვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე. რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები. ხოლო მე, როცა ტროადაში მოვედი ქრისტეს სახარების გულისათვის, კარი ღია იყო ჩემთვის უფალში, მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე. გამოვემშვიდობე მათ და გავემართე მაკედონიისაკენ. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას, ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც. ზოგისთვის სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელია სასიცოცხლოდ. ვინაა ღირსი ამისათვის? ვინაიდან ჩვენ არ ვმეწვრილმანეობთ, როგორც მრავალნი, ღვთის სიტყვით, არამედ წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეში. ნუთუ კიდევ დავიწყოთ საკუთარ თავთა წარდგენა? ნუთუ საჭიროა ჩვენთვის, როგორც ზოგიერთებისათვის, წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან? თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც იცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი. თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან გაგზავნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფიცრებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე. ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ, არა იმიტომ, რომ ჩვენ ძალგვედვას ჩვენ თვითონ განვსაჯოთ რაიმე, ვითომც ჩვენგან იყოს და არა ღვთისაგან ჩვენი შემძლეობა. მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს. ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით გამოსახული, ისე დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო, რამდენად დიდი იქნება სულის მსახურების დიდება? ვინაიდან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვობს დიდებით სამართლიანობის მსახურება, რადგან ამრიგად განდიდებული არ ჩაითვლება დიდებულად ამ აღზევებულ დიდებასთან შედარებით. ვინაიდან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი აქვს დიდება მას, რაც რჩება. ამიტომ, რაკი ამდენი თავისუფლება გვაქვს, დიდი გაბედულებითაც ვმოქმედებთ. და არა როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელიანებს წარმავალი დიდების დასასრული. მაგრამ დაეხშათ მათ გონება, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე აუხდელი რიდე, რადგან იგი ქრისტეშია მოხსნილი. მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე, ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევიან, რიდე ეხდებათ. ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. ჩვენ კი ყველანი ახდილი სახით ვხედავთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, და გარდავისახებით იმავე სახედ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან. ამიტომ, რაკი ასეთი მსახურება გვაქვს, როგორიც გვეწყალობა, არ ვცხრებით, არამედ უარვყავით სასირცხვილოს დაფარვა და არა ცბიერი ქცევით და ღვთის სიტყვის დამახინჯებით, არამედ ჭეშმარიტების გამოჩენით წარვადგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისის მიმართ ღვთის წინაშე. და თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული, ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღვთის ხატია. ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს. ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის. ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მანვე გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღვთის დიდების ცოდნით იესო ქრისტეს სახეში. მაგრამ ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა გადამეტებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან. ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი. გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი. და მუდამ სხეულში ვატარებთ უფალ იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს. ვინაიდან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს მოკვდავ ხორცში გამოჩნდეს. ამიტომ ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, ხოლო თქვენში – სიცოცხლე. და რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, როგორც სწერია: „მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი,“ ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ. რაკი ვიცით, რომ, ვინც აღადგინა უფალი იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად. ვინაიდან ყოველივე თქვენთვის არის, რათა მრავლის მიერ მადლის გამრავლებით გავრცელდეს მადლიერება ღვთის სადიდებლად. ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე. ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის, როცა ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი – საუკუნო. რადგან ვიცით, რომ, როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი – კარავი, ღვთისაგან გვაქვს შენობა ცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო. ვინაიდან მართლაც ვოხრავთ და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას, თუ შემოსილნიც შიშვლები არ აღმოვჩნდით. ვინაიდან, მართლაც, ამ კარავში ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლის მიერ. სწორედ ამისათვის შეგვამზადა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სული საწინდრად. ამიტომ ყოველთვის მხნედა ვართ და ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან, ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით. მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავბინავდეთ. ამიტომ ვცდილობთ კიდეც, აქ ვიქნებით თუ იქ, მისთვის სასურველნი ვიყოთ. ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს. და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შთავაგონებთ, ღვთისთვის კი გაცხადებული ვართ. და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც გაცხადებული ვართ. ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ ჩვენს თავს, არამედ საბაბს გაძლევთ მოჰკვეხდეთ ჩვენით, რომ სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც ზერელედ იკვეხნის და არა გულით. ვინაიდან თუ გონს გადასულნი ვართ – ღვთისათვის, ხოლო თუ გონიერები – თქვენთვის. ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. ამიტომ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად. თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ. მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია. ყოველივე ღვთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება. იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა სოფელი და არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა. ამგვარად, ჩვენ ელჩები ვართ ქრისტესთვის, და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს. ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში. და ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი. ვინაიდან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე. ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს, არამედ ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი: დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში, სიწმიდეში, ცოდნაში, სახიერებაში, სულიწმიდაში და უანგარო სიყვარულში, ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, მარჯვენისა და მარცხენის სიმართლის იარაღით, დიდებასა და სირცხვილში, გმობით და ქებით, ვითომც მაცდურნი, მაინც ჭეშმარიტნი; როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ! როგორც დასჯილნი, მაგრამ არ ვკვდებით; როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონებელნი. ჩვენი ბაგე გახსნილია თქვენს მიმართ, კორინთელნო, და გაშლილია ჩვენი გული. თქვენ ვიწროთ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენშივეა სივიწროვე. ხოლო ამაზე სამაგიეროდ გეუბნებით, როგორც შვილებს: იყავით თქვენც გაშლილნი. ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით!“ – ამბობს უფალი. „უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე. შეგვითვისეთ, არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია, არავისგან გვიძებნია გამორჩენა. მსჯავრის დასადებად არ ვამბობ. რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან მოვკვდეთ და თქვენთან ვიცოცხლოთ. დიდი ნდობა მაქვს თქვენი, ბევრს ვიკვეხნი თქვენით. აღვსილი ვარ ნუგეშით, გულნაჯერი ვარ სიხარულით, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა. ვინაიდან, როცა მაკედონიაში მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ – ბრძოლები, შინ – შიში. მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით. და არა მარტო მისი მოსვლით, არამედ აგრეთვე ნუგეშით, რომლითაც ნუგეშცემული იყო იგი თქვენით, როცა გვიამბო თქვენს სიბეჯითეზე, თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და, ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე. ამიტომ, თუ კიდეც დაგამწუხრეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კინაღამ ვინანე, ვინაიდან ვხედავ, რომ ამ წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით. ახლა მე ვხარობ არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ დამწუხრდით მოსანანიებლად, რადგან დამწუხრდით ღვთის გულისათვის. ასე, რომ არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან. ვინაიდან ღვთის გულისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი, ხოლო სოფლის წუხილი სიკვდილს წარმოშობს. ვინაიდან იმან, ღვთის გულისათვის რომ დამწუხრდით, დახეთ, რამდენი რამ წარმოშვა თქვენში: როგორი სიბეჯითე, როგორი გამართლება, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი სასჯელი და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში. ამიტომ, თუ კიდეც მოგწერეთ თქვენ, არც შეურაცხმყოფელის გულისათვის და არც შეურაცხყოფილის გულისათვის, არამედ, რათა თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი გამოჩნდეს თქვენში ღვთის წინაშე. და ამიტომ ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით. ხოლო უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რომ თქვენ ყველამ დაამშვიდეთ მისი სული. თუ რამეში დავიკვეხე თქვენს შესახებ მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ. მაგრამ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი კვეხნა ტიტეს წინაშე. უფრო ძლიერდება მისი სიყვარული თქვენს მიმართ, იხსენებს რა ყველა თქვენგანის მორჩილებას და იმას, რომ მოშიშობით და თრთოლვით მიიღეთ იგი. ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ. და აჰა, გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლის შესახებ, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს. ვინაიდან, მიუხედავდ დიდი შევიწროებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში. ვინაიდან, ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც გულუხვნი იყვნენ. დიდი დაჟინებით გვთხოვეს მადლი და თანაზიარება წმიდათა მომსახურებაში. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ მათ საკუთარი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენ, ღვთის ნებით. ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაემთავრებინა თქვენთან ეს კეთილი საქმე. ხოლო როგორც სიუხვე გაქვთ ყველაფრით: რწმენით და სიტყვით, ცოდნით და ყოველგვარი სიბეჯითით და თქვენში ჩვენი სიყვარულით, ასე იუხვეთ ამ მადლშიც. ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ რათა სხვათა სიბეჯითით გამოვცადო თქვენი სიყვარულის სიწრფელეც. ვინაიდან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, თუმცა მდიდარი იყო, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. ჩემს რჩევას ვიძლევი ამაზე, რადგან სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის აღსრულება რაც შარშან წამოიწყეთ და ხალისითაც. ახლა კი დაასრულეთ კიდეც საქმე, რათა, რისი გაკეთებაც გულმოდგინედ გსურდათ, დაამთავროთ კიდეც თქვენი შეძლებისამებრ. ვინაიდან, როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს. არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისთვის. ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულებას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულება, რომ იყოს თანასწორობა. როგორც სწერია: „ვინც ბევრი აკრიფა, ზედმეტი არ ჰქონდა, ხოლო ვინც ნაკლები – არ აკლდა.“ და მადლობა ღმერთს, რომელიც ასეთსავე სიბეჯითეს აძლევს თქვენს მიმართ ტიტეს გულს. ვინაიდან მართლაც მიიღო ჩვენი შეგონება და მომეტებული სიბეჯითით და საკუთარი სურვილით წამოვიდა თქვენთან. მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის. გარდა ამისა, ის არჩეულია ეკლესიების მიერ ჩვენს თანამგზავრადაც ამ სამადლო საქმეში, რასაც ჩვენ ვემსახურებით თვით უფლის სადიდებლად და თქვენი გულმოდგინების შესაბამისად. ვფრთხილობთ, რომ არავინ გამოვიდეს ბოროტი საყვედურით ჩვენზე, როცა ესოდენ უხვია ეს შემოწირულება, რომელიც ჩვენი მსახურებით იქნა მოპოვებული. ვინაიდან ვცდილობთ კეთილისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც. გამოვგზავნეთ მათთან ერთად ჩვენი ძმა, რომლის სიბეჯითე მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, ხოლო ახლა უფრო მეტად ბეჯითია, რადგან დიდი ნდობა აქვს თქვენდამი. რაც შეეხება ტიტეს, ის ჩემი მეგობარი და თანამშრომელია თქვენთან. ხოლო რაც შეეხება ჩვენს ძმებს, ეკლესიების წარგზავნილნი და ქრისტეს დიდება არიან. ამიტომ უჩვენეთ და დაუმტკიცეთ მათ ეკლესიების წინაშე თქვენი სიყვარული და ის, რითაც ჩვენ ვიკვეხნით თქვენით. თუმცა ზედმეტია ჩემთვის მოგწეროთ წმიდანთა მომსახურებაზე, ვინაიდან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია მომზადებულია შარშანდლიდან. და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ, ხოლო ძმები გამოვგზავნე იმისათვის, რომ ფუჭი არ იყოს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში და რათა მზად იყოთ, როგორც ვთქვი, რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად და გპოვებენ მოუმზადებელთ, არ შევრცხვეთ, არ ვამბობ, თქვენ-მეთქი, რაკი ესოდენ დაბეჯითებით დავიკვეხეთ. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენი უკვე დაპირებული ძღვენი, რათა მზად იყოს, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება. ამასთან გეტყვით, ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის. თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს. ხოლო ღმერთს ძალუძს გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ, ყველაფერში მუდამ ყოველივეს საკმარისად მქონენი, მდიდარნი იყოთ ყოველ კეთილ საქმეში. როგორც სწერია: „გაფანტა, ღარიბებს დაურიგა, მისი სიმართლე რჩება საუკუნოდ.“ ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფთ: ყველაფერში გამდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისათვის, რაც ჩვენს მიერ ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს. ვინაიდან ამ საქმის სამსახური არა მარტო ავსებს წმიდათა ნაკლებობას, არამედ უხვობს კიდეც ღვთისადმი მრავალი მადლიერებით. ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილი აღიარებისათვის, აგრეთვე ხელგაშლილობისათვის მათთან და ყველასთან თანაზიარებაში. ხოლო ისინი, როცა ლოცულობენ თქვენთვის, შემოგნატრიან თქვენ ღვთის მადლისათვის, რომელიც თქვენში მომეტებულად არის. მადლობა ღმერთს მისი აურაცხელი ნიჭისათვის. თავად მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და კეთილგანწყობით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი – კადნიერი, – და გევედრებით, რომ ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთების მიმართ, ვისაც ჰგონია, თითქოს ხორცის მიხედვით დავდიოდეთ. ვინაიდან, თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად. იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად. და მზად ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა თქვენი მორჩილება აღსრულდება. შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინაშეა. ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე დაფიქრდეს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ. და თუ უფრო მეტად დავიკვეხნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა ასაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები. ამიტომ არ მოგეჩვენოთ, თითქოს გემუქრებოდეთ წერილებით. ამბობენ: წერილებში ის მძიმე და ძლიერიაო, მაგრამ როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობააო. დაე, იცოდეს ასეთმა, რომ, როგორებიც სიტყვებით ვართ წერილებში არყოფნისას, ისეთივე ვართ საქმეში თქვენთან ყოფნისას. ვინაიდან ვერ ვბედავთ დავუპირისპირდეთ, ანდა შევედაროთ იმათ, რომელთაც თავი მოაქვთ: ისინი უჭკუობით თავისი თავით ზომავენ თავს და თავიანთ თავს თავის თავთან ადარებენ. ხოლო ჩვენ უზომოდ არ დავიკვეხნით, არამედ იმ ზომით, რა ხვედრიც ღმერთმა გვიწილადა, რომ თქვენამდე მოვაღწიოთ. ვინაიდან, ჩვენ ხომ მეტისმეტად არ ვიძაბებით, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე, იმიტომ, რომ თქვენამდეც მოვაღწიეთ ქრისტეს სახარებით. უზომოდ არ ვიკვეხნით სხვისი შრომით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდის კვალობაზე უხვად გავადიდებთ თქვენში ჩვენს ხვედრს. რათა თქვენს იქითაც ვახაროთ და არ ვიკვეხნიდეთ იმით, რაც უკვე გამზადებულია სხვათა ხვედრში. ვინც იკვეხნის, უფლით დაიკვეხოს. ვინაიდან, ის კი არ არის მოწონებული, ვინც თავს იქებს, არამედ – ვისაც უფალი აქებს. ო, ნეტავ ოდნავ მაინც შეიწყნარებდეთ ჩემს სისულელეს! თუმცა მიწყნარებთ კიდეც. ვინაიდან თავგამოდებული ვარ თქვენს მიმართ ღვთიური თავგამოდებით, რადგან დაგწინდეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ სიწრფელესა და სიწმიდეს ქრისტეში. ვინაიდან, თუ მოვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით. რადგან ვფიქრობ, არაფერში ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს. და თუმცა სიტყვით უმეცარი ვარ, არა ცოდნით, მაინც ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენთვის. ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე თავის დამდაბლებით, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, რადგან უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას? სხვა ეკლესიებს ვართმევდი, ვიღებდი მათგან ქირას, რათა თქვენ მოგმსახურებოდით. ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მაკლდა კიდეც, არავინ შემიწუხებია. ვინაიდან ჩემს ნაკლულებას ავსებდნენ მაკედონიიდან მოსული ძმები და ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით თქვენ, და კვლავაც ვეცდები. ქრისტეს ჭეშმარიტებით, რომელიც ჩემშია, გეუბნებით, რომ ეს სიქადული არ წამერთმევა აქაიის მხარეებში. რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა უწყის! მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი მოვკვეთო მათ, ვინც საბაბს ეძებს, რათა ისინი ჩვენისთანანი აღმოჩნდნენ იმაში, რითაც იკვეხნიან. ვინაიდან ასეთები არიან ცრუ მოციქულნი, მზაკვარი მუშაკნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. და არ არის საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეთამებრ იქნება. კვლავაც ვიტყვი: ნურავინ ჩამთვლის უგუნურად. და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც ვიკვეხნო. რასაც ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე, არამედ თითქოს უგუნურებით, რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხი. ვინაიდან თქვენ, გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს. რადგან იწყნარებთ, თუ ვინმე დაგიმონებთ, თუ ვინმე შეგსანსლავთ, თუ ვინმე დაგიპყრობთ, თუ ვინმე გაყოყოჩდება, თუ ვინმე სახეში გცემთ. შესარცხვენად ვამბობ ამას, თითქოს დავუძლურდით. მაგრამ, თუ ვინმე გაკადნიერდება და რაიმეთი დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავკადნიერდები. ისინი ებრაელები არიან? მეც. ისრაელიანები არიან? მეც. აბრაამის თესლნი არიან? მეც. ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად. უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას. ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა. სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი, მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმათა შორის, შრომასა და გაჭირვებაში, გამუდმებულ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, გამუდმებულ მარხულობაში, ყინვასა და სიშიშვლეში. კიდევ გარდა სხვათა, დღითი-დღე რომ მიხდება: ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ავენთე? თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი. ღმერთმა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, კურთხეულმა უკუნითი უკუნისამდე, უწყის, რომ არ ვცრუობ. დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დარაჯობდა დამასკელთა ქალაქს, რათა შევეპყარი. სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით კედელზე და ხელიდან დავუსხლტი მას. მართლაც სასარგებლო არ არის ჩემთვის კვეხნა, ვინაიდან მივალ უფლის ხილვებთან და გამოცხადებებთან. ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ, არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, ატაცებულ იქნა მესამე ცამდე. ვიცი ასეთ კაცზე, სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, – რომ ის ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს. ასეთი კაცით დავიკვეხნი, ჩემი თავით კი არ დავიკვეხნი, მხოლოდ ჩემი უძლურებებით. ხოლო თუ მოვისურვებ დავიკვეხნო, უგუნური არ ვიქნები, ვინაიდან ჭეშმარიტებას ვიტყვი. მაგრამ თავს ვიკავებ, რათა არავინ ჩამთვალოს იმაზე მეტად, რასაც ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს. რათა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე. სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი. და მითხრა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი. უგუნური შევიქენი, რაკი ვიკვეხნი. თქვენ მაიძულეთ. თქვენ გევალებოდათ ჩემი ქება, ვინაიდან არაფრით ვარ აღმატებულ მოციქულებზე ნაკლები, თუმცა არაფერი ვარ. მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით. ვინაიდან რა გაკლიათ სხვა ეკლესიებთან შედარებით, გარდა იმისა, რომ მე არ დაგაწექით მძიმე ტვირთად? მაპატიეთ ეს დანაშაული. აჰა, მე მზად ვარ მესამედ მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, ვინაიდან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას. რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის. ხოლო მე ხალისით დავიხარჯები და გამოვიფიტები თქვენი სულებისათვის, თუმცა მიუხედავად ჩემი თქვენდამი დიდი სიყვარულისა, ნაკლებად გიყვარვართ. მაგრამ თუ ასეა და მე არ დაგიმძიმდით თქვენ, იქნებ, როგორც მატყუარამ, მზაკვრობით წარგიტაცეთ? ან ვეძიებდი ანგარებას ვინმეს მეშვეობით, რომელიც თქვენთან გამოვგზავნე? მე ვთხოვე ტიტეს და მასთან ერთად გამოვგზავნე ერთ-ერთი ძმა: განა გამოგიყენათ თქვენ ტიტემ? ერთი სულით არ დავდიოდით? ერთი გზით არ დავდიოდით? კიდევ ხომ არ ფიქრობთ, რომ თავს ვიმართლებდით თქვენთან? ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს აღსაშენებლადაა. ვინაიდან ვშიშობ, რომ, როცა მოვალ, გიპოვით თქვენ არა ისეთებს, როგორც მე მსურს, და თქვენც მიპოვით ისეთს, როგორც არ გსურთ, რათა არ იყოს თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, გულზვაობა და შფოთი. რათა, როცა კვლავ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენთან და არ ვიგლოვო მრავალნი, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რასაც სჩადიოდნენ. ეს მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი მოწმის ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა. მე წინასწარ ვეუბნებოდი და ახლაც ვეუბნები, როგორც თქვენთან მეორედ ყოფნისას, ისე ახლაც – არყოფნისას, მათ, ვინც ადრე შესცოდა, და ყველა სხვას, რომ, თუ კვლავ მოვალ, არავის დავინდობ, რაკი თქვენ ეძებთ იმის მტკიცებას, ლაპარაკობს ჩემში თუ არა ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენთვის, არამედ ძლიერია თქვენში. ვინაიდან, თუმცა უძლურებისგან იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღვთის ძალისგან. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღვთის ძალისგან თქვენთვის. საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, მაშ, გამოცდას ვერ უძლებთ. მაგრამ ვიმედოვნებ, ჩვენზე კი გაიგებთ, რომ არა ვართ გამოუცდელნი. ვლოცულობთ ღვთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისათვის, რომ ჩვენ გამოცდილნი გამოვჩნდეთ, არამედ რათა სიკეთეს აკეთებდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ. ვინაიდან არაფრის გაკეთება ძალგვიძს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისათვის. რადგან გვიხარია, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. ამაზე ვლოცულობთ კიდეც, თქვენს სრულყოფაზე. ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ძალაუფლებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად. მაშ, ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, მშვიდობიანნი, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ყველა წმიდა. მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ. პავლე მოციქული, არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტეს და მამა ღვთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი, და ჩემთან მყოფი ყველა ძმა – გალატიის ეკლესიებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩემი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, რომელმაც თავისი თავი გადასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღვთის ნებით, რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ სხვა სახარებაზე იმისგან, რომელმაც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. არ არსებობს სხვა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი. როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს. ახლა ადამიანებს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? აქამდე ისევ ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი. ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებდი, არ არის კაცთმიერი. ვინაიდან მეც არ მიმიღია და არ მისწავლია იგი კაცისაგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდეველობაში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. აღვემატებოდი იუდეველობაში მრავალ ჩემს ტოლს ჩემს ტომში, ვინაიდან ჩემი მამების გადმოცემების მოშურნე ვიყავი მეტისმეტად. ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით, გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, მყისვე როდი დავეთათბირე ხორცსა და სისხლს. არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. მერე, სამი წლის შემდეგ, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა. ხოლო რასაც მე თქვენ გწერთ, მართალია, და არ ვცრუობ ღვთის წინაშე. ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში. მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისათვის პირადად არ ვიყავი ცნობილი. მხოლოდ ის გაეგონათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა ახარებს იმ სარწმუნეობას, რომელსაც წინათ ებრძოდაო, და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო. მერე, თოთხმეტი წლის შემდეგ, კვლავ ავედი იერუსალიმში ბარნაბასთან ერთად. ტიტეც თან წავიყვანე. ავედი იქ გამოცხადებით და წარვუდგინე მათ სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებს შორის. განსაკუთრებით წარვუდგინე იგი წარჩინებულებს. ამაოდ ხომ არ დავრბივარ ან დავრბოდი. მაგრამ ჩემთან მყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა. ხოლო ცრუ ძმებს, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში, რათა დავემონებინეთ, ერთი საათიც კი არ დავუთმეთ და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცულიყო თქვენში. ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც რამედ ჩანან (როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩემთვის სულ ერთია – ღმერთი გარეგნობის მიხედვით არ განსჯის), ამ ხალხს მეტი არაფერი დაუკისრებია ჩემთვის. პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მონდობილი მაქვს ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს – წინადაცვეთილთათვის, ვინაიდან ის, ვინც პეტრესთან იღწვოდა წინადაცვეთილებთან მოციქულობაში, ჩემთანაც იღწვოდა წარმართებთან მოციქულობაში, და როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებიან, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას თანაზიარების მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან. ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი. როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, მე წინ აღვუდექი მას საჯაროდ, ვინაიდან მასზე საჩივარი იყო. ვინაიდან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით. მასთან ერთად პირფერობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე, რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ. მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ? ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან. მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება. ხოლო თუ ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც! ვინაიდან, თუ მე კვლავ ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით ჩემს თავს დამნაშავედ ვხდი. მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღვთისათვის ვიცოცხლო. მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გადასცა ჩემთვის. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან, თუ რჯულითაა სიმართლე, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე. ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ თქვენ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას, თქვენ, რომელთა თვალწინ აღიწერა ცხადად იესო ქრისტეს ჯვარცმა. მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ? ამაოდ იტანჯეთ ამდენი? ნეტა, მართლა ამაოდ! ვინც სული მოგცათ თქვენ და თქვენს შორის სასწაულებს ახდენდა, რჯულის საქმეებით აკეთებდა ამას თუ რწმენის შესმენით? როცა ღმერთი ირწმუნა აბრაამმა, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას. ამიტომ, გაიგეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის შვილები არიან. წერილმა, როცა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „და იკურთხება შენში ყველა ერი.“ ამიტომ ისინი, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან. ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი, ვინც არ შეასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს.“ ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან მართალი რწმენით იცოცხლებს. ხოლო რჯული რწმენით არ არის, მაგრამ, ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი დაკიდებული ძელზე,“ რათა აბრაამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რომ სულის აღთქმა მივიღოთ რწმენით. ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ უკუაგდებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს. ხოლო აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის თესლს. არ თქმულა: „შენს თესლთ“ – როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს“, რომელიც არის ქრისტე. ამას კი ვამბობ, რომ ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ აღთქმული გაუქმდეს. ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით. აბრაამს ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა. აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და გადაეცა იგი ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია. აბა, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმებს? არამც და არამც! ვინაიდან, თუ მოცემული იყო რჯული, რომელსაც ძალუძს ცხოველმყოფელობა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ. მაგრამ წერილმა ყველა მოამწყვდია ცოდვის ქვეშ, რათა მორწმუნეებს იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ აღთქმული. რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა. ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით. მაგრამ როცა რწმენა უკვე მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით. ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი. ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყოვლის პატრონია. არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იმყოფება იგი, მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე. ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, დამონებულნი ვყავდით ამ სოფლის წესებს. და როცა მოვიდა სისავსე ჟამსა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა, და დაემორჩილა იგი რჯულს რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა. და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო.“ ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ. ხოლო მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან. ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ წესებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ? დღეებს იცავთ თქვენ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს. ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენს შორის. იყავით ჩემისთანები, ვინაიდან მეც თქვენისთანა ვარ, ძმებო, გევედრებით. ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ ჩემთვის. ეს იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ თქვენ პირველად. თქვენ კი არ შეიძულეთ და არც უგულებელყავით ჩემი განსაცდელი ხორციელად, არამედ მიმიღეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო. სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვმოწმობ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით. მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით? კეთილად როდი მოშურნეობენ თქვენთვის, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა თქვენ თავი გამოიდოთ მათთვის. კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას. ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახება ქრისტე, მინდოდა თქვენთან ვყოფილიყავი და გამომეცვალა ჩემი კილო, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენს გამო. მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს? ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისგან და მეორე თავისუფლისგან. მაგრამ რომელიც მხევლისგან იყო, ის ხორციელად შობილი იყო, ხოლო რომელიც თავისუფლისგან – აღთქმის თანახმად. ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, მონობისათვის შობილი, რომელიც არის აგარი. ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა. რადგან დაწერილია: „იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს.“ და ჩვენ, ძმებო, ისაკის კვალზე აღთქმის შვილები ვართ. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულით შობილს, ასევეა ახლაც. მაგრამ წერილი რას ამბობს? „განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ დაიმკვიდრებს თავისუფლის ძესთან ერთად.“ ამრიგად, ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არ ვართ, არამედ თავისუფალისა. თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს. აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესაგან. და კიდევ ვუმოწმებ ყოველ ადამიანს, რომელიც წინადაიცვეთს, რომ ის ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს. თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს. ჩვენ კი სულით ველით სიმართლის სასოს რწმენისაგან. ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას. კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას? ეს დარწმუნება იმისაგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდებთ. მცირე საფუარი მთელ ცომს გააფუებს. თქვენი მწამს მე უფალში, რომ არ იფიქრებთ სხვანაირად, ხოლო თქვენი აღმაშფოთებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს. მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კი კვლავ ვქადაგებდი წინადაცვეთას? მაშინ ჯვრის ცდუნება შეწყდებოდა. ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი. ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ მაგრამ, თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ. აჰა, მე ვამბობ: მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ. და თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ. ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმასთან ერთად. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი. ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში. ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს. ვინაიდან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და არაფერიც არ არის, ის თავის თავს ატყუებს. ხოლო ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით. ვინაიდან ყველამ თავისი სატარებელი ატაროს. სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სიკეთეს უზიარებდეს დამმოძღვრელს. ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით. მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე ვაკეთოთ ყველამ, და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით. ნახეთ, რამხელა წერილი მოგწერეთ ჩემი ხელით. ხორცით განდიდების მსურველები გაიძულებენ წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იდევნებოდნენ. ვინაიდან თვით წინადაცვეთილებიც არ იცავენ რჯულს, ოღონდ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხონ. მე კი, თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც სოფელია ჯვარცმული ჩემთვის და მე სოფლისთვის. ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. ვინც ამ წესის მიხედვით მოიქცევიან, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღვთის ისრაელზე. ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო. ამინ. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში: მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა, როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ, თავისი მადლის დიდების საქებრად, რომლითაც მოგვმადლა თავის საყვარელში, რომლის მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით, რომელიც უხვად მოგვცა ყოველგვარი სიბრძნით და გონებით, რაკი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე სურვილით, რომელიც წინასწარ განიზრახა მასში სამნეოდ ჟამთა აღვსებისა რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც მიწაზეა. მასში არჩეულნი ვიქენით კიდეც მემკვიდრეებად, რისთვისაც წინასწარ განსაზღვრული ვიყავით მისი განზრახვით, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნებით, რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი. მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ სულიწმიდის მიერ აღთქმული, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია, საკუთრების გამოსასყიდად მისი დიდების საქებრად. ამიტომ მეც, როცა მოვისმინე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლობას თქვენთვის, გიხსენებთ ჩემს ლოცვებში, რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, და გაანათლოს თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის, და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც საქმით გვწამს მისი ძალის ძლიერება, რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა რა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი იწოდება არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც. და ყოველივე დაუმორჩილა მის ფერხთა ქვეშ და დაადგინა იგი ყველაფერზე – თავად ეკლესიისა, რომელიც მისი სხეულია, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში. და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ სოფლის ჟამისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს. ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად (მადლითა ხართ დახსნილნი), და თანააღგვადგინა და ცათა შინა თანადაგვსხა ქრისტე იესოში, რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს, ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ. ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები, რომელთაც წინადაუცვეთლებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ერქვათ წინადაცვეთილები ხორცის წინდაცვეთით, რაც ხელით სრულდებოდა, რომ იმ დროს თქვენ ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათაგან უცხონი, არ გაგაჩნდათ სასო და უღვთონი იყავით სოფელში. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით. ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა მდგარი ზღუდე. გააუქმა მტრობა თავისი ხორცით, მცნებათა რჯული – მცნებებით, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი კაცი, მშვიდობისმყოფელი. და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მტრობის მოკვდინებით მასში. მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ – შორებელთ და ახლობელთ, ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან. ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი, დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი, რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება უფალში წმიდა ტაძრად, რომელზეც შენდებით თქვენც ღვთის დასამკვიდრებლად სულში. ამისათვის მე, პავლე, ქრისტეს პატიმარი თქვენთვის, წარმართებისათვის. – როგორც თქვენ ისმინეთ ღვთის მადლის მნეობაზე, რომელიც მე დამევალა თქვენთვის, რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი, რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებია ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით. რათა წარმართებიც თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი ყოფილიყვნენ ქრისტეში ხარების მეშვეობით, რომლის მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალისხმევით. მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი – მეხარებინა წარმართთათვის ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში. რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით მთავრობათ და ხელმწიფებათ ეუწყოს ცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე მარადიული განჩინებით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომელშიც გვაქვს სითამამე და საიმედო მისადგომი მისი რწმენის მეშვეობით, ამიტომ გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ თქვენთვის ჩემი გასაჭირის გამო, რომელიც თქვენი დიდებაა. ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე, ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და ქვეყანაზე, რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად. ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენით თქვენს გულებში, და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში, რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, რა არის განი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ, მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ამიტომ შეგაგონებთ, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ, მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში. ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ. ამისათვის ამბობს: „ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს.“ ხოლო „ავიდა“ რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა? ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე. მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულეყოთ წმიდები მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შეცნობას სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას. რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით, არამედ, ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე; ვის მიერაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად. ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც წარმართები იქცევიან თავიანთი გონების ამაოებით, გონებადაბნელებულნი და ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე, რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი, ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება. მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი, და განახლებული ხართ თქვენი გონების სულით, და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით. ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თვითოეულმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, ვინაიდან ერთიმეორის ასოები ვართ. განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად. არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ. ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას, რომლითაც თქვენ აღბეჭდეთ გამოსყიდვის დღისათვის. ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად. ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი, რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღვთის სასუფეველში. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, ვინაიდან ამისათვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ. ვინაიდან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა. და მაინც, მხილებული ნათლით მჟღავნდება, ვინაიდან ყოველივე, რაც გამომჟღავნდება, ნათელია, ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“ მაშ, ფრთხლად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება. ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს და მამას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი. მაგრამ, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე. ასევე ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა. დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია „პატივი ეცი შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე.“ თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით. დაემორჩილეთ, მონებო, თქვენს ხორციელ უფალთ შიშითა და ძრწოლით, გულწრფელად, როგორც ქრისტეს, არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც სულით არსულებენ ღვთის ნებას და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს. იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს, უფლის მონა იქნება ის, თუ თავისუფალი. თქვენ კი, ბატონებო, მათაც ასევე მოექეცით, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა. და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გასძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად. და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით, და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმედგრით და ლოცვით ყველა წმიდისათვის, ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით გაცხადებით ვაუწყო, რომლის ელჩიცა ვარ, სახარების საიდუმლო, ბორკილდადებულმა, რათა გაცხადებით ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს. რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს გაუწყებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის სარწმუნო მსახური, რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რათა შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღვთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან. მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელებაში უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ. პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც ფილიპეში იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენს ყოველ გახსენებაზე. მუდამ, ჩემს ყველა ვედრებაში, სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისათვის, სახარებაში თქვენი თანაზიარებისათვის, პირველი დღიდან აქამომდე. დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა შეასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე. სწორედაც რომ მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ, ჩემს ბორკილებში და სახარების დაცვისას და განმტკიცებისას, ყველანი თანაზიარნი ხართ ჩემს მადლში. ვინაიდან ღმერთია ჩემი მოწამე, რომ ყველანი მიყვარხართ იესო ქრისტეს სიყვარულით. ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული ცოდნასა და ყოველ გრძნობაში, რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და დაუბრკოლებელნი ქრისტეს დღეს, სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ ღვთის სადიდებლად და საქებრად. ძმებო, მსურს იცოდეთ, რომ რაც თავს გადამხდა სახარების წარმატებას უფრო ემსახურნენ. ისე რომ, ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა მთელი პრეტორიისათვის და ყველა დანარჩენთათვის. უფალში ძმათა უმრავლესობა გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა ღვთის სიტყვა. თუმცა ზოგიერთნი შურიანობით და ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს, ზოგნი კი კეთილი ზრახვით. ესენი სიყვარულით, ვინაიდან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული. ზოგნი კი – ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რადგან ფიქრობენ დაამძიმონ ჩემი ბორკილები. მერედა რა? როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტე – რაღაც მიზეზით თუ გულწრფელად, მე ასეც მიხარია და კვლავაც გავიხარებ. ვინაიდან ვიცი, რომ ეს ჩემი ხსნა იქნება თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით, თანახმად მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში არ შევრცხვები, არამედ მთელი სიცხადით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით, ვინაიდან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები. თუ ხორციელი ცხოვრება ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არ ვიცი, რა ამოვირჩიო. მიზიდავს ორივე: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო. მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ვიქნები თქვენთან ყველასთან ერთად თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისათვის, რათა ჩემი მეშვეობით გამრავლდეს თქვენი ქება ქრისტე იესოში, როცა კვლავ მოვალ თქვენთან. ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა, ან როცა მოვალ და გნახავთ, ან თუ არ ვიქნები თქვენთან, მოვისმინო თქვენზე, რომ დგახართ ერთი სულით და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისათვის. ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს: ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა. ეს ღვთისაგან არის. ვინაიდან ქრისტეს გულისათვის მოგეცათ თქვენ არა მარტო რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც ისეთივე ღვაწლით, რომელიც ჩემში ნახეთ და რომელსაც ახლა ისმენთ ჩემზე. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანამოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება, შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი. არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც. თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია. რომელიც ღვთის ხატება იყო და, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას, არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელელმა, ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით. ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში, სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა დავიკვეხო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღვწოდი. და თუ ვიღვრები თქვენი რწმენის მსხვერპლად ღვთისმსახურებაში, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად. ასევე თქვენც იხარეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად. იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით. ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. იმიტომ, რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე მსახურობოდა ჩემთან ერთად სახარებისთვის. იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე. მჯერა უფლისა, რომ მეც მალე მოვალ თქვენთან. საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემს საჭიროებაში. რადგან ძალიან სურდა ყველა თქვენთაგანის ხილვა და ძალიან შეწუხდა, რომ შეიტყეთ მისი ავადმყოფობა. რადგან დაავადდა და სიკვიდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დართვოდა. ამიტომ ვიჩქარე მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც მომკლებოდა დარდი. აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს. ვინაიდან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი. ამრიგად, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. თქვენდამი მსგავსი რამის მოწერა საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა. ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ცუდ მუშაკებს, ერიდეთ წინადაცვეთას, ვინაიდან წინადაცვეთილობა ჩვენ ვართ – ღვთის მსახურნი სულით, ვადიდებთ ქრისტე იესოს და არ გვეიმედება ხორცი. თუმცა შემეძლო ხორცის იმედი მქონოდა. თუ სხვა ვინმე ფიქრობს ხორცის იმედზე, მე – მით უმეტეს. წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მე, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგანი, რჯულით ფარისეველი, მოშურნედ მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით, უმწიკვლოდ. მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენა, ღვთიური სიმართლე, რწმენის მიხედვით, რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, და მის სიკვდილს ვემსგავსო, რათა, როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივაღწიო, როგორც მე მომაღწია ქრისტე იესომ. ძმებო, არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის. ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში. ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ. ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ. ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველნი და უყურეთ მათ, ვინც ისე იქცევა, რისი ნიმუშიც ჩვენში გაქვთ. ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლა ცრემლებითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ. რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის შესაფერისად, ძალისხმევით, რაც შეაძლებინებს მას ყოველივე დაიმორჩილოს. აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულნო და გვირგვინნო, იდექით ასე უფალში, საყვარელნო. ევოდიას შევახსენებ და სვინტიქეს შევაგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში. შენ კი, ჩემო ერთგულო თანამშრომელო, შენც გთხოვ დაეხმარო მათ, რომელნიც იღწვოდნენ ჩემთან ერთად სახარებაში, კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია. მარადის იხარეთ უფალში და კიდევ ვიტყვი: იხარეთ! თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის. ახლოა უფალი. არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში. აბა ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ. რაც ჩემგან ისწავლეთ და მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან. მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვერ ახერხდებით. გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს. ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრება და ვიცი სიუხვეში ცხოვრებაც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში. ხოლო თქვენ კარგად მოიქეცით, ჩემი ჭირი რომ გაიზიარეთ. თქვენც იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დაწყებისას, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ჩემთან მიღება-გაცემაში, თქვენს გარდა. თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ, არა იმიტომ, რომ მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება. მივიღე ყოველივე და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტოსისგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი. ხოლო ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში. ხოლო ღმერთს და ჩვენს მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოს სახელით. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმანი. მოგიკითხავს ყველა წმიდა და უფრო მეტად კეისრის სახლიდან. უფალ იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან. ამინ. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე, კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ. რომ გვესმის თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყოველი წმიდის მიმართ, თქვენთვის ზეცაში გამზადებული სასოების გამო, რომელიც წინასწარ გესმათ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით, რომელიც მოვიდა თქვენთან ისევე, როგორც მთელ სოფელში, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება ისევე, როგორც თქვენს შორისაც იმ დღიდან მოკიდებული, რაც თქვენ ისმინეთ და შეიცანით ღვთის მადლი ჭეშმარიტებაში, როგორც ისწავლეთ ჩვენ საყვარელ თანამსახურ, ეპაფრასაგან, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს თქვენთვის, მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით. ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღვთის შეცნობაში ზრდით, მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელებაში სიხარულით. ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდანთა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა ნათელში, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომელშიც გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება, ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. იგი არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას. ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში. რადგან მასში მოიწონა მთელი სისავსის დამკვიდრება, რათა მისით შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცაში. თქვენც, რომელნიც ოდესღაც იყავით გაუცხოებულნი და გონებით მტრები თქვენი ბოროტი საქმეების გამო, ახლა შეგირიგათ მისი სხეულის ხორცში, მისი სიკვდილით, რათა წარგადგინოთ თავის წინაშე წმიდები, უბიწონი და უბრალონი. ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების სასოებას, რომელიც თქვენ ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე. ახლა კი ვხარობ ჩემი ტანჯვებით თქვენს გამო და ჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა, რომლის მსახურიც მე გავხდი საღვთო მნეობის მიხედვით, რომელიც ნაბოძები მაქვს თქვენი გულისთვის, აღსასრულებლად ღვთის სიტყვისა, საიდუმლოსი, რომელიც დაფარული იყო საუკუნეთა და თაობათაგან და ახლა გაემხილათ მის წმიდებს, რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის სიმდიდრე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართებს შორის, რაც არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება, რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ ყოველ ადამიანს და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში. ამისათვის მეც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში. მინდა, იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არ უხილავს ჩემი სახე. რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისათვის, რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი. ამას იმიტომ გეუბნებით, რათა არავინ შეგაცდინოთ მაცდური სიტყვით. ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში, ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ, და წარმატებულებმა მადლიერებაში. გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ სიბრძნისმოყვარებითა და ფუჭი ცდუნებით, კაცთამიერი გადმოცემისა და ამ სოფლის წესისამებრ და არა ქრისტესამებრ. ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე. და თქვენ სავსენი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია. თქვენ მასში წინადაცვეთილებიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით – ქრისტესეული წინადაცვეთით. მასთან ნათლისღებით დამარხულები მასთანვე აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით. თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგიტევათ ყველა შეცოდება. განჩინებებით წაშალა თანანადებთა ხელით წერილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა. განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი. სააშკარაოდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება. ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმელისა თუ სასმელისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისათვის. ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი – ქრისტესი. ნურავინ შეგაცდენთ სიმდაბლით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნებს თავისი ხორციელი გონებით. არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული, იზრდება ღვთისმიერი ზრდით. თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით ამ სოფლის წესებს, სოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ? ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები ნურაფერს, რაც იხრწნება ხმარებისაგან, კაცთა მცნებებისა და მოძღვრების თანახმად? ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სიბრძნეს ცრუთაყვანებით, სიმდაბლით და სხეულის დათრგუნვით, მაგრამ ყოველივე ეს არ არის გამიზნული ხორცის განცხრომის წინააღმდეგ. ამგვარად, თუ თქვენ აღდექით ქრისტესთან ერთად, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე. ვინაიდან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის, რომელთა შორისაც თქვენც დადიოდით, როცა მათ შორის ცხოვრობდით. ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა. ნუ ეცრუებით ერთმანეთის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლებულია ცოდნით მისი შემოქმედის ხატისამებრ, სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში. ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება. შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე – თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილების კავშირია. ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი. უფლის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს თქვენში სრული სიბრძნით. ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, სადიდებლით და სასულიერო საგალობლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით. და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ ჰმადლობდეთ მამა ღმერთს. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის. მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა. ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისაგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით. ხოლო, ვინც უსამართლოდ მოიქცევა, იგი მიიღებს თავისი უსამართლობისათვის. და არ არის მიკერძოება. ბატონებო, მიაგეთ მონებს რაც სწორი და სამართლიანია, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში. იბეჯითეთ ლოცვაში და ფხიზლად იყავით მასში მადლიერებით. ილოცეთ ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს სიტყვის კარი, რომ ვაუწყოთ ქრისტეს საიდუმლო, რომლისთვისაც შებორკილი ვარ, რათა გავაცხადო იგი, როგორც მმართებს, რომ ვაუწყო. სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ და მოივაჭრეთ ჟამი. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ. ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამშრომელი უფალში, რომელიც იმისათვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს ონისიმესთან, ერთგულ და საყვარელ ძმასთან ერთად, რომელიც თქვენიანია. ისინი გიამბობენ ყველა აქაურ ამბავს. მოკითხვას გითვლით არისტარქოსი, ჩემთან ერთად ტყვედ მყოფი, და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთო. ასევე იესო, რომელსაც იუსტოსს ეძახიან, ორივე წინადაცვეთილთაგანია. მხოლოდ ესენი იყვნენ ღვთის სასუფევლისთვის თანამშრომელნი, მე რომ მანუგეშებდნენ. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მსახური, რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა წარდგეთ მტკიცედ სრულნი და სავსენი ღვთის ყოველი ნებით. მე ვამოწმებ მასზე, რომ დიდი მოშურნეა თქვენთვის, აგრეთვე ლაოდიკიელთათვის და იერაპოლელთათვის. მოიკითხეთ საყვარელი მკურნალი ლუკა და დემასი. მოიკითხეთ ლაოდიკიელი ძმები, ნუმფა და მისი საშინაო ეკლესია. როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიიდან არის, თქვენც წაიკითხეთ. ასე უთხარით არქიპოსს: ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფლისგან მიიღე-თქო. მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან. ამინ. პავლე, სილოანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თვქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს მარადის ყველა თქვენგანისათვის და გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი, ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე, თქვენს იმედიან მოთმინებას, ვიცით რა თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელნო ძმანო. რადგანაც ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით, როგორც თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის. თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მობაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით. ისე, რომ გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში. ვინაიდან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყოველ ადგილას მისწვდა თქვენი რწმენა ღვთისადმი ისე, რომ აღარაფერი გვაქვს სათქმელი. რადგან თვითონ ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისაგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს, და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა, იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ. თქვენ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო. ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით. ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არ არის არც ცდუნება, არც უწმიდურება და არც ცბიერება. არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს. რადგან არასოდეს გვილაპარაკია მოსაფერებელი სიტყვებით, როგორც იცით, ანგარების მიზნით. ღმერთია მოწამე. არც ვეძიებთ კაცთაგან დიდებას – არც თქვენგან, არც სხვებისგან. თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეფოფინებს. ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ, გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის სახარებას. თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც, თუ რა წრფელად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენდამი – მორწმუნეთა მიმართ. რადგან, თქვენ იცით, როგორც მამა შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ. ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნეებში. რადგან თქვენ გახდით, ძმებო, იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მობაძვნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, იესევე, როგორც მათ – იუდეველთაგან, რომელთაც უფალი იესოც მოკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან, გვაბრკოლებენ წარმართებთან ლაპარაკში, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს, მაგრამ მიეწევათ რისხვა საბოლოოდ. ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი პირისხილვას. ამისათვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ, თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა. რადგან რა არის ჩვენი სასოება, ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი კვეხნის გვირგვინი? თუ არა თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას? ვინაიდან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული. ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, მოვისურვეთ ათენში მარტოდ დარჩენა და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური, და ჩვენი თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში, რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, თვითონ იცით, რომ ჩვენ საამისოდ ვართ დადგენილნი. ვინაიდან მაშინაც, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, წინასწარ გეუბნებოდით, ჭირი მოგველის-მეთქი, რაც ახდა კიდეც და თავადაც მოგეხსენებათ. ამიტომ ვეღარც მე შევძელი მეტის მოთმენა და გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ განგცადათ მაცდურმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა. ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან დაგვიბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ – თქვენი, მაშინ თქვენით ვინუგეშეთ თავი, ძმებო, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენის მეშვეობით. რადგან ახლა ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში. როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღვთის წინაშე, დღედაღამ მხურვალედ რომ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ, რაც აკლია თქვენს რწმენას. თვით ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ. უფალმა გაგიზარდოთ და გიმატოთ სიყვარული ერთმანეთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენდამი, რათა განმტკიცდეს თქვენი გული უმწიკვლოდ სიწმიდეში ჩვენი ღვთის და მამის წინაშე, როცა მოვა ჩვენი უფალი იესო ქრისტე ყველა თავის წმიდასთან ერთად. დაბოლოს, ძმებო, გევედრებით და შეგაგონებთ უფალ იესოში: ჩვენ გასწავლეთ თქვენ, როგორ გევლოთ ღვთის საამებლად, და აკი კიდევაც დადიხართ ასე, მაგრამ კიდევ წინ უნდა წახვიდეთ. რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალ იესოსგან, ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე იმის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ. ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურებისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ. ამიტომ ურჩი ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის წმიდა სულს. ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში. რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, უფრო და უფრო და გულმდგინედ ეცადოთ იყოთ მშვიდნი, აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით, როგორც ჩვენ გამცნეთ, რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეებთან და არაფერი გაგიჭირდეთ. გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც სასოება არ გააჩნიათ. ვინაიდან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად. რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით. ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო, რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა. ვინაიდან, როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს. მაგრამ, თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ დღე მპარავივით წამოგეწიოთ. ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი. ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან. მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის სასოების მუზარადი. რადგან ღმერთმა დაგვადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ. ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც. გთხოვთ, ძმებო, სცანით თქვენს შორის მშრომელნი და თქვენი წინამძღოლნი უფალში და თქვენი დამრიგებელნი. უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი მათი საქმის გამო. იყავით მშვიდობიანად ერთმანეთში. და აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურთ და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ. თვალი გეჭიროთ, არ მიაგო ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას. მუდამ ხარობდეთ; ილოცეთ განუწყვეტლივ; მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში; სულს ნუ ჩააქრობთ; წინასწარმეტყველებას ნუ გააბიაბურებთ; ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ; ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას. თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მთლიანად: სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისათვის. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც. ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის. მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით. გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა ძმას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ. პავლე, სილოანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვალდებულნი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, ძმებო, როგორც შეჰფერის, რადგან უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ისე რომ, თავადაც ვიკვეხნით თქვენით ღვთის ეკლესიებში თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც ითმენთ. ეს არის ღვთის სამართლიანი განკითხვის ნიშანი, რომ ღირსნი იქნებით ღვთის სასუფევლისა, რომლისთვისაც იტანჯებით კიდეც. რადგან სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, თქვენ კი, შეჭირვებულებს – შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებითურთ და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას, ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისგან. როცა ის მოვა, იმ დღეს, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და მიეგოს პატივი ყველა მორწმუნეს, რათა იწამოთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ იმ დღეს. ამიტომ ვლოცულობ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე. რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ კი მასში, ჩვენი ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით. აჰა, გთხოვთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეშფოთდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდაც ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე. არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს. განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა იცით, რა აკავებს მას, რომ გამოცხადდეს თავის დროზე. ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა შემკავებელი აკავებს, სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებისას, მას, რომლის მოსვლა სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე, რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა. ხოლო ჩვენ ყოველ ჟამს უნდა ვუმადლოდეთ ღმერთს თქვენი გულისათვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, რომ ღმერთმა დასაბამიდან ამოგირჩიათ დასახსნელად, სულის განწმედით და ჭეშმარიტების რწმენით, რისთვისაც მოგიწოდათ ჩვენი სახარებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღწევად. მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით. ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი, ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში. აბა, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და განდიდდეს, როგორც თქვენს შორის არის, რათა განვერიდოთ უწესო და ბოროტ ადამიანებს, ვინაიდან ყველაში როდია რწმენა. მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ თქვენ და დაგიცავთ ბოროტისაგან. ჩვენ კი გვჯერა თქვენს გამო უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რასაც გამცნებთ. უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულში და ქრისტეს მოთმინებაში. ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ. რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენს შორის. მუქთად არავისი პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით. არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ მაგალითად მოგვეცა. ვინაიდან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს,“ რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენს შორის უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად ფაციფუცობს. ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რათა მათ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური. თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენს სიტყვას ამ წერილით, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ. თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან. მოკითხვა ჩემი, პავლეს, ხელით, რაც ნიშანია ყოველ ჩემს წერილში. მე ასე ვწერ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ. პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ღვთის, ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი სასოების, იესო ქრისტეს ბრძანებით. ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. როცა მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვდი დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ არ ასწავლონ განსხვავებული რამ და არ შეაჩერონ ყურადღება ზღაპრებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მნეობას რწმენაში. ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით სიყვარული, რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ამაო ლაყბობისაკენ. რადგან სურთ რჯულის მასწავლებლები იყვნენ, არ კი გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კეთილი, თუ ვინმე ჯეროვნად იყენებს მას. ცნობილია, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და უწმიდურთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის, მეძავთა და მამათმავალთა, კაცის-მპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, ვინც საღ მოძღვრებას ეწინააღმდეგება, კურთხეული ღვთის დიდებული სახარების თანახმად, რომელიც მე მაქვს მონდობილი. ვემადლიერები მას, ვინც ძალა მომცა – ჩვენს უფალს ქრისტე იესოს, რომელმაც სარწმუნოდ მიმიჩნია და განმაწესა მსახურებად. მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცარი ვიყავი და ვიქცეოდი ურწმუნოებით. მაგრამ უფრო მეტად გაუხვდა ჩვენი უფლის მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში. სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა სოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ. სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჩემით პირველად ეჩვენებინა მთელი სულგრძელება მათდა სამაგალითოდ, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნეთი უკუნისამდე. ამინ. ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კეთილმა მეომარმა, გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი. მათგან არიან ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ დაგმონ. ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით, ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას. ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო, რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე, რომლისთვისაც მე დადგენილი ვარ მქადაგებლად და მოციქულად – ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში და არ ვცრუობ, – წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე. ასევე დედაკაცებიც, წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს. დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში სრული მორჩილებით. დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ იყოს მდუმარედ. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმიდეში კდემამოსილებით. სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს. ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, დამმოძღვრავი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო და ვერცხლის უყვარული, თავისი სახლის კარგი განმგებელი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. ვინაიდან: თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ აღმოჩნდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა სირცხვილში და ეშმაკის მახეში არ გაებას. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი, რათა წმიდა სინდისით ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და მერე, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ. ასევე მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი. დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი განმგებელი. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთთვის იმზადებენ კეთილ პატივს და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში. ამას გწერ შენ და, იმედი მაქვს, მალე მოვიდე შენთან. მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ცოცხალი ღვთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა სოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში. ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია, რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისაგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა. ვინაიდან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული, რადგან იწმიდება ღვთის სიტყვით და ლოცვით. თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი სწავლით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი. ოღონდ უწმიდურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვართე. ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც. ეს სიტყვა სარწმუნოა და ღირსია სრული მიღებისა. ვინაიდან იმისათვის ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით, რომ მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთს, რომელიც მაცხოვარია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა. ეს ამცნე და ასწავლე. თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში. ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას. ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით. ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება. გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც. ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი – როგორც ძმებს, დედაბრებს – როგორც დედებს, ყმაწვილქალებს – როგორც დებს, მთელი სიწმიდით. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან. ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის. ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთსაა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს. ავხორცი კი ცოცხლივ მკვდარია. ეს ამცნე, რათა უბიწონი იყვნენ. ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია. ქვრივად უნდა შეირაცხოს სამოც წლისაზე უხნესი, ერთი ქმრის ნაცოლარი, ცნობილი კარგი საქმეებით, თუ მას გამოუზრდია შვილები, უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, დახმარებია გაჭირვებულებს და მიჰყოლია ყოველგვარ კეთილ საქმეს. ახალგაზრდა ქვრივებს კი მოერიდე, ვინაიდან ეუფლებათ აღგზნება, ქრისტეს საწინააღმდეგო და გათხოვების სურვილი უჩნდებათ. ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა. და კიდევ: უსაქმურობაში ისწავლეს კარდაკარ სიარული, და არა მარტო უსაქმურნი არიან, არამედ ყბედებიც და ცნობისმოყვარენიც და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ შეშვენით. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და არ მისცენ მტრებს ლანძღვის არანაირი საბაბი. ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა. თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივები, დაეხმაროს მათ და ტვირთად არ დააკისრონ ეკლესიას, რათა მას შეეძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა. ხუცესნი, რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ, უფრორე კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით. ვინაიდან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა“. ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე. შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში. ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, დაიცვა ეს წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე და არაფერი გააკეთო მიკერძოებით. არავის დაასხა ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე. წმიდად შეინახე თავი. ნუღა სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო. ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარ ცხადია და სამსჯავროსკენ მიუძღვება წინ, ზოგიერთს კი უკან მიჰყვება. ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადია და, თუ არა, მაინც ვერ დაიმალება. მონებმა, რომლებიც უღელქვეშ იმყოფებიან, ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა ჩათვალონ თავიანთი პატრონები, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება. რომელთაც მორწმუნე პატრონები ჰყავთ, ნუ მოექცევიან მათ უპატიოდ, რახან ისინი ძმები არიან. არამედ უფრო მეტად ემსახურონ, ვინაიდან მორწმუნენი არიან და, საყვარელნი, და ქველმოქმედებას ეწევიან. ეს ასწავლე და შეაგონე. ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას, ის ამპარტავანია და არაფერი იცის, არამედ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი, ფუჭი კამათი გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს. მაინც დიდი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად. რადგან არც არაფერი მოგვიტანია სოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას. ხოლო გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს. შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე საუკუნო სიცოცხლეს, რომლისთვისაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე. ყოვლისმაცოცხლებელი ღმერთისა და, პონტოელი პილატეს დროს კეთილი აღსარების დამმოწმებლის, ქრისტე იესოს წინაშე დამიკისრებია შენთვის, დაიცვა მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ, ვიდრე ჩვენი უფალი იესო ქრისტე გამოჩნდებოდეს, რასაც თავის ჟამზე გვახილვინებს ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი, ერთადერთი, რომელსაც უპყრია უკვდავება, მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა. მას პატივი და საუკუნო მეუფება. ამინ. ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი. დაიუნჯონ საუნჯე მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე უწმიდურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან. ამინ. პავლე, ღვთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული, ქრისტე იესოში სიცოცხლის აღთქმისამებრ. ტიმოთეს, საყვარელ შვილს – მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც ვმსახურებ წმიდა სინდისით, წინაპართა კვალზე, რომ განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით. მენატრება შენი ნახვა, ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, რათა სიხარულით აღვივსო. ვიხსენებ შენს წრფელ რწმენას, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში და მწამს, რომ იგი შენშიც არის. ამ მიზეზით შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში. ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების. მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისათვის ღვთის ძალით, რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი ნებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინარეს. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება, რომლის მაცნედ, მოციქულად და მასწავლებლად ვარ დადგენილი. ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, ვინაიდან ვიცი, ვისაც ვერწმუნე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის. ჩაეჭიდე საღი სიტყვების მაგალითს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია. შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდით, რომელიც ჩვენშია დამკვიდრებული. შენ იცი ეს, რომ აზიაში მიმატოვა ყველამ, მათ შორის ფიგელოსმა და ერმოგენესმა. უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლს, ვინაიდან მან მრავალჯერ გამამხნევა და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა, არამედ რომში მოსული გულმოდგინედ მეძებდა და მომნახა. მისცეს მას უფალმა, რომ ჰპოვოს უფლის მიერ წყალობა იმ დღეს. ხოლო რაც ეფესოში სამსახური გაუწევია, შენ უკეთ იცი. ამიტომ, შენ, ჩემო შვილო, იყავ ძლიერი მადლში, რომელიც ქრისტე იესოშია. და რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა. იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა. არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედართმთავარს. ხოლო ვინმემ რომ იბრძოლოს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებს. მიწისმუშაკმა პირველმა უნდა იგემოს ნაყოფებისაგან. დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში. გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, ჩემი სახარების მიხედვით. რისთვისაც მე ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა შებორკილი არაა. ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ. თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ. თუ ჩვენ არა გვწამს, იგი მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან საკუთარ თავს ვერ უარყოფს. ეს შეახსენე მათ და დაუმოწმე ღვთის წინაშე, არ იკინკლაონ სიტყვების გამო, სრულიად უსარგებლოდ, მსმენელთა შესაცბუნებლად. ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად. მოერიდე უწმიდურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ. მათი სიტყვა ღია წყლულივითაა, რომელიც ჭამს ხორცს. ასეთები არიან ჰიმენევსი და ფილეტოსი, რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას, ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და ზოგიერთებს ურღვევენ რწმენას. ხოლო ღვთის მტკიცე საფუძველი დგას და აქვს ეს ბეჭედი: „იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“. დიდ სახლში არ არის მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, არამედ აგრეთვე ხისა და თიხისა, ზოგი საპატიოდ, ზოგი არასაპატიოდ. ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის. ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს. სულელურ და უმეცრულ პაექრობებს მოერიდე. იცოდე, რომ ისინი შეხლა-შემოხლით თავდება. ღვთის მონას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ მშვიდი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად, რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის მოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე. ზოგიერთი მათგანი იპარება სახლებში და აცდუნებს უგუნურ ქალებს, ცოდვებში ჩაფლულთ, და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით შეპყრობილთ, რომლებიც მუდამ სწავლობენ და ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შეცნობას. როგორც იანე და იამბრე წინააღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, გონებით გახრწნილი ადამიანები, რწმენაში უმეცარნი. მაგრამ ისინი მეტად ვეღარ წაიწევენ წინ, რადგან მათი უგუნურება თავს იჩენს ყველას წინაშე, ისევე როგორც იმათ დაემართათ. შენ კი მე მომყევი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, ჭეშმარიტებაში, დიდსულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში, დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში. რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა. და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება. ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან. შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენით. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული. ამრიგად, გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სასუფევლით. იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელებითა და სწავლებით. ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ. მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება. ვინაიდან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ, დადგა ჩემი წასვლის ჟამი. კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გაცხადებით მოსვლა. ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან. ვინაიდან დემამ შეიყვარა ეს საუკუნე, მიმატოვა მე და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი – გალატიას, ტიტე – დალმატიას. მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მჭირდება მსახურებისათვის. ტვიქიკოსი ეფესოში მივავლინე. მოსასხამი, რომელიც ტროაში დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა წამოხვალ, აგრეთვე წიგნებიც, მეტადრე პერგამენტები. მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მავნო. უფალმა მიუზღოს მის საქმეთა მიხედვით. შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან იგი ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სიტყვებს. ჩემი პირველი საპასუხო სიტყვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ. ხოლო უფალი ამომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა. მე თავი დავაღწიე ლომის ხახას. დამიხსნის უფალი ყოველი ბოროტისგან და დამიცავს თავისი ცათა სასუფევლისათვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მომიკითხე პრისკა და აკვილა და ონისიფორეს სახლი. ერასტოსი კორინთოში დარჩა, ხოლო ტროფიმოსი ავადმყოფი დავტოვე მელიტონში. ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი და კლავდია და ყველა ძმა. უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან. ამინ. პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღვთის რჩეულებს რწმენით და ჭეშმარიტების შეცნობით, ღვთისმოსაობის შესაბამისად, საუკუნო სიცოცხლის სასოებით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა უწინარეს საუკუნეთა. ხოლო თავის დროზე გამოაცხადა თავისი სიტყვა ქადაგებაში, რომელიც მომენდო მე ჩვენი მაცხოვარი ღვთის ბრძანებით. ტიტეს, ნამდვილ შვილს საერთო რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღვთისაგან და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოსაგან. იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე. თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი. ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის მნე, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარე, არამედ სტუმართმოყვარე, კეთილის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა, სარწმუნო სიტყვის მიმდევარი მოძღვრების მიხედვით, რომ შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და დაარწმუნოს მოკამათენი. ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან, რომლებსაც უნდა აეკრათ პირები. ისინი რყვნიან ყველა სახლს, ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებისთვის. ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა თქვა: „კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები“. ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით ამხილე ისინი მკაცრად, რათა ისინი საღნი იყვნენ რწმენაში. ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას. წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც. ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის. შენ კი ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას, რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში. ასევე მოხუცი დედაკაცებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი, რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს, უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, ოჯახზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. ჭაბუკებსაც შეაგონე, რომ თავშეკავებულნი იყვნენ. ყველაფერში გამოიჩინე თავი კეთილ საქმეთა მაგალითად: მოძღვრებაში – შეურყვნელობა, სიდინჯე, სიტყვა ნათელი, უკიცხველი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე. მონები თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ ყველაფერში, აამონ, სიტყვას ნუ შეუბრუნებენ, არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველაფრით შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება. ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ საუკუნეში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით. მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას, რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის რჩეული ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე. ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალით. ნურც ნურვინ უგულებელგყოს შენ. შეახსენე მათ: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ. ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ვცხოვრობდით ღვარძლით და შურით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი. ხოლო, როცა გაცხადდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს. სარწმუნოა სიტყვა. მე მსურს, რომ შენ მტკიცედ იდგე ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას. ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის. მოერიდე სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და დავას რჯულის თაობაზე, ვინაიდან უსარგებლო და ფუჭია. მწვალებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე. იცოდე, რომ ასეთი კაცი გაირყვნა და სცოდავს: მისმავე თავმა დასდო მას მსჯავრი. როცა გამოგიგზავნი არტემასს და ტვიქიკოსს, გამოეშურე ჩემსკენ ნიკოპოლისში, ვინაიდან იქ ვირჩიე დაზამთრება. დააჩქარე მათ გზაზე რჯულის მცოდნე ზენასი და აპოლოსი, რომ არაფერი აკლდეთ. ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ. ყველა ჩემთან მყოფი მოგიკითხავს შენ. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენით. მადლი თქვენთან ყველასთან. ამინ. პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი, და ძმა ტიმოთე, ფილიმონს – ჩვენს საყვარელსა და თანამშრომელს, და აპფიას, საყვარელ დას, და არქიპოსს, ჩვენს თანამებრძოლს, და შენს საშინაო ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობ ჩემს ღმერთს, ყოველთვის გიხსენებ ჩემს ლოცვებში, მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც შენ გაქვს უფალ იესოს და ყველა წმიდის მიმართ, რათა შენი თანაზიარება რწმენაში ქმედითი იყოს შეცნობისას ყოველი სიკეთისა, რომელიც თქვენშია, ქრისტესათვის, ვინაიდან მე დიდი სიხარული და ნუგეში მქონდა შენს სიყვარულში, რადგან შენით გახალისდნენ წმიდათა გულები, ძმაო. ამიტომ, რაკი ქრისტეში მაქვს დიდი სითამამე, რომ გიბრძანო, რაც ჯერ არს, სიყვარულით გთხოვ უფრო, არა ვინმე სხვა, არამედ მე, მოხუცებული პავლე, ახლა კი აგრეთვე ქრისტე იესოსთვის პატიმარი, გთხოვ ჩემს შვილზე, ონისიმოსზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში. იგი ოდესღაც გამოუსადეგარი იყო შენთვის, ახლა კი შენთვისაც და ჩემთვისაც გამოსადეგია, რომელსაც გიბრუნებ. ხოლო შენ მიიღე იგი, როგორც ჩემი გული. მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენს მაგივრად ემსახურა ჩემთვის სახარების ბორკილებში, მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი. ვინაიდან, იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი, უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის ხორციელადაც და უფალშიც. მაშ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, მიიღე ის, ვითომც მე ვიყო. თუ რამე გაწყენინა ან მართებს რაიმე, მე მომკითხე. მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით. მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ შენ თავად მოვალე ხარ ჩემი. მაშ, ასე, ძმაო, ვიხარებდე შენგან უფალში. გაახალისე ჩემი გული ქრისტეში. შენი მორჩილების სასოებით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ. ამასთან გამიმზადე ბინაც, ვინაიდან იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვების მეოხებით უკან დაგიბრუნდებით. მოგიკითხავენ შენ ეპაფრასი, ჩემი თანაპატიმარი ქრისტე იესოს გულისათვის, მარკოზი, არისტარქოსი, დემა, ლუკა – ჩემი თანამშრომლები. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან. ამინ. ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში, ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი. იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით. როდესაც მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა. ანგელოზებზე იმდენადვე უკეთესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა. ვინაიდან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ოდესმე: „ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ.“ ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“? ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს მსოფლიოში პირმშო, ამბობს: „დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა.“ ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ – მოგიზგიზე ცეცხლად.“ ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო შენ ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს თანამოზიარეებზე მეტად.“ და: „შენ დააფუძნე, უფალო, დასაბამად მიწა და ცა შენი ხელის ნამოქმედარია. ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე დაძველდება სამოსელივით. მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევა.“ ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად“? განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს? ამიტომ გვმართებს მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ. ვინაიდან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს, მაშ, როგორ გადავრჩებით უგულებელმყოფელნი ეგზომი ხსნისა? პირველად იგი უფლის მეშვეობით გამოცხადდა და გამგონეთა მეშვეობით განმტკიცდა ჩვენში, ღვთის მიერ ნიშების, სასწაულებისა და სხვადასხვა ძალთა დამოწმებით, და მისი ნებისამებრ სულიწმიდის განაწილებით. ვინაიდან, ანგელოზებს როდი დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი მსოფლიო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. სადღაც ვისმე დაუმოწმებია და უთქვამს, „რა არის კაცი, რომ გახსოვს? ანდა კაცის ძე, რომ მოინახულებ? ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგვირგვინე და დააყენე იგი შენს ხელთა ნაქმნარზე მაღლა; ყოველივე დაუმორჩილე მის ფერხთა ქვეშ.“ ხოლო, როცა ყოველივე დაუმორჩილა მას, არაფერი დაუტოვებია, მისთვის, რომ არ დაემორჩილებინა. ახლა კი ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს. მაგრამ ვხედავთ, რომ სიკვდილის განცდის გამო დიდებით და პატივით დაგვირგვინებულია იესო, რომელიც ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, რათა მას ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის. ვინაიდან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, რომ მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით. ვინაიდან განმწმედელი და განწმედილნიც ყველანი ერთისაგან არიან, ამიტომ არ რცხვენია, მათ ძმები უწოდოს, და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობ შენ.“ და კიდევ: „მივენდობი მას.“ და კიდევ: „აგერ, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა.“ რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ. ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაამის თესლს ღებულობს. ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად. ვინაიდან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ. ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს, რომელიც თავისი ამომრჩევლის ერთგულია, როგორც მოსე მთელს მის სახლში. ვინაიდან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის აღმშენებელს. ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია. თუ მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო, ხოლო ქრისტე – როგორც ძე მის სახლში; ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებას და სასოების სიამაყეს. ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს დრტვინვისას, სადაც გამომცადეს მე თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: ‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს მათ ჩემი გზა’. ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში’“. თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. ვიდრეღა ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც დრტვინვისას“. ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინვა იწყო? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან? მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვილებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში ჩაიყარა? ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს? და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნობის გამო. ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესასვლელად, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული. ვინაიდან სახარება ჩვენც გვეუწყა, როგორც მათ. მაგრამ მათთვის სარგებლობა არ მოუტანია მოსმენილ სიტყვას, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას. ხოლო სიმშვიდეში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში, თუმცა ღვთის საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ სოფლის დასაბამიდან“. ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაც ასე უთქვამს: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან“. და კვლავ იქვე: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. მაშ, რაკი ზოგს შეუძლია მასში შესვლა, ისინი კი, რომელთაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, – კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს, – „დღეს,“ ამბობს დავითით, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს“. ვინაიდან, იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ იგი აღარას იტყოდა სხვა დღეზე. ამისათვის კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის. ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა – თავისისაგან. მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ სიმშვიდეში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათი მაგალითისამებრ. ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს. არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს. და ახლა, როცა ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გაიარა ზეცა, იესო, ღვთის ძე, მტკიცედ გვეჭიროს აღსარება. ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის. ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღვთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის. მას ძალუძს შეიწყნაროს უმეცრები და გზასაცდენილები, ვინაიდან თვითონაც მოცულია უძლურებით. ამიტომ ვალდებულია, შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი – ხალხისთვისაც და თავისთვისაც. და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ვინც ღვთის მიერაა მოწოდებული, როგორც აარონი. ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: „ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ“. როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ მღვდელი ხარ საუკუნოდ მელქიცედეკის წესით“. მან თავის ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დასხნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო. და თუმცა ძე იყო, მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება. და იგი სრულქმნილი, საუკუნო ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისათვის, და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით. ბევრი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან ყურმძიმენი გახდით. ვინაიდან ამდენ ხანში თქვენ უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით. მაგრამ თქვენ ისევ ღვთის სიტყვათა პირველსაწყისების სწავლება გჭირდებათ. თქვენ მაგარი საჭმელები კი არა, რძე გჭირდებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგან ჩვილია. მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ; და კვლავ ნუ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას, ნათლობათა, ხელდასხმისა, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას. ამას გავაკეთებთ, თუ ღმერთი ნებას მოგვცემს. ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, გემო უნახეს ღვთის კეთილ სიტყვას და საუკუნო ძალებს, და მერე დაცემულნი კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი კვლავ ჯვარს აცვამენ ღვთის ძეს და აგინებენ. ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება – იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას. ხოლო, რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი. მისი ბოლო დაწვაა. მაგრამ, საყვარელნო, ჩვენ გვჯერა, რომ უკეთესნი ხართ და მიწევნულნი ხართ ხსნას, თუმცა ასე ვლაპარაკობთ. ვინაიდან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს. მაგრამ გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, სასოების სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე, რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელებით იმკვიდრებენ აღთქმებს. ვინაიდან ღმერთი, აძლევდა რა აღთქმას აბრაამს, რაკი არ შეეძლო, ვინმე თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა. უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ“. და ასე, სულგრძელებით მიაღწია აღთქმას. ადამიანები იფიცავენ უმეტესს და ფიცია მათი ყოველგვარი დავის დასასრულის დამამტკიცებელი. ამიტომ, როცა ღმერთს სურდა უპირატესად ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების შეურყევლობა, ფიცს მიმართა, რათა ორ შეურყეველ საქმეში, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, დიდი ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, რომელნიც გავეშურეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს, რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით სანდოა და მტკიცე და შედის ფარდის მიღმა, სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა უკუნისამდე მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით. ვინაიდან ეს მელქიცედეკი, შალემის მეფე, მაღალი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს, და აკურთხა იგი. იგი, რომელსაც აბრაამმა მეათედი უწილადა ყველაფრისაგან. პირველად მისი სახელი ნიშნავს: სიმართლის მეფეს, შემდეგ: შალემის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს. უმამო, უდედო, უგვარმტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ. შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა აბრაამმა უწილადა მეათედი ნადავლიდან. მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისაგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ. მან კი ვინც მათი გვარიდან არ არის, მიიღო მეათედი აბრაამისაგან და აკურთხა აღთქმის მქონე. ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება. აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი – ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია. და, ასე ვთქვათ, თვით ლევიმ, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაამის სახით გაიღო მეათედი. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მას მელქიცედეკი შეეგება. ჰოდა, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), მაშ, რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქიცედეკის წესით და სახელდება არა აარონის წესით? რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც. ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, რომლისაგანიც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს. ვინაიდან ცხადია, რომ ჩვენი უფალი აღმობრწყინდა იუდასაგან, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქიცედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არაა მღვდელი, არამედ შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით. ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით“. ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უძლურებისა და უსარგებლობის გამო, ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს. და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი – ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით’“. ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა. მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, მას კი, უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდლობა აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ. ასეთი მღვდელმთავარი შეგვფერის ჩვენ: წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული, რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. ვინაიდან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა. ვინაიდან რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდგომ დააყენა ძე უკუნისამდე სრულქმნილი. მთავარი, რაზედაც ლაპარაკია, ეს არის: გვყავს ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში. ის არის წმიდათა მსახური და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა. ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად. ამიტომ მასაც უნდა ჰქონდეს რაიმე მისატანი. და თუ დარჩებოდა მიწაზე, აღარ იქნებოდა მღვდელი, ვინაიდან აქ არიან მღვდლები, რომელნიც რჯულის თანახმად სწირავენ ძღვენს, რომლებიც ემსახურებიან ზეციურ სახესა და ჩრდილს, როგორც მოსეს ებრძანა, როცა იგი შეუდგა კარვის გასრულებას. „იხილე, – ეუბნება, – და გააკეთე ყოველივე იმის მსგავსად, რაც მთაზე გეჩვენა“. ახლა კი მან მიიღო უპირატესი მსახურება, რაკი იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია და უკეთეს დაპირებებზე არის დადგენილი. ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისათვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ. ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით: „აჰა, დადგება დღეები, ამბობს უფალი, და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა, რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი, ამბობს უფალი. აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს და თავის ძმას და არ ეტყვის: ‘შეიცანი უფალი’; რადგან ყოველი მათგანი, დიდიდან პატარამდე, შემიცნობს მე, რადგან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ“. რაკი თქვა: ახალიო, ამით დააძველა პირველი, ხოლო, რაც ძველდება და ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან. პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და ამა სოფლის წმიდა, ვინაიდან მოწყობილი იყო პირველი კარავი, რომელშიც იყო სასანთლე, ტაბლა და საწირი პური და რომელსაც წმიდა ეწოდებოდა; მეორე ფარდის მიღმა იყო კარავი, სახელწოდებით წმიდათა წმიდა, რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ტაკუკი, აარონის განედლებული კვერთხი და აღთქმის დაფები. ხოლო მათ ზემოთ დიდების ქერუბიმნი, რომელნიც უჩრდილავდნენ შენდობის ადგილს. ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ დაწვრილებით. ასეთნაირად მოწყობილ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა შესასრულებლად. ხოლო მეორეში – მარტო მღვდელმთავარი, წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისათვის და ხალხის უმეცრებისათვის. სულიწმიდა უჩვენებს ამით, რომ ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდაში, სანამ დგას პირველი კარავი. ეს არის აწმყო დროის იგავი, როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა, რაც საჭმელ-სასმელებითა და სხვადასხვა განბანებით, და ხორციელი წესებით, დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე. ხოლო ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი, არა ამნაირად შექმნილით, არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული, მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის. ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან საუკუნო მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული. ვინაიდან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილი. რადგან ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. მანამდე მას ძალა არა აქვს, ვიდრე მოანდერძე ცოცხალია. ამიტომ არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე. ვინაიდან მოსემ, როცა წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს. და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ“. მან კარავსაც და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი. თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება. ამგვარად, იმათი სახეები, რომლებიც ზეცაში არიან, უნდა წმიდავდებოდნენ ამით, თვით ზეციურნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით. რადგან არა ხელთქმნილ წმიდაში შევიდა ქრისტე, ჭეშმარიტის წინასახეში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ღვთის წინაშე ჩვენთვის. და არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდაში სხვისი სისხლით. მაშინ მას სოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად. და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა, ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად. რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთა აჩრდილი და არა თვით საგანთა ხატება, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები, თორემ შეწყვეტდნენ შესაწირავს, ვინაიდან შემწირველებს, თუ ერთხელ განიწმიდებოდნენ, აღარ ექნებოდათ ცოდვების არავითარი შეგნება. მაგრამ მათში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება. ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია. ამიტომ ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. სრულადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი. მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში სწერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’“. ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც სრულადდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი“, მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა კვარცხლბეკად იქცევიან. ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი. სულიწმიდაც გვიმოწმებს ჩვენ, ვინაიდან ნათქვამია: „აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათს გონებაში.“ „ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ.“ ხოლო, სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის. ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით, ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი, თავისი ხორცით, და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლზე, მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი. მტკიცედ მივყვეთ სასოების აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, რაც უფრო ატყობთ იმ დღის მოახლოებას. ვინაიდან, თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი. თუკი ვინმე, მოსეს რჯულის უარმყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით, როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყო მადლის სული? რადგან ჩვენ ვიცნობთ იმას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგება და მე მივუზღავ“. და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ერს“. საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა! გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის უდიდესი ღვაწლი. ერთი მხრივ, შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეული, მეორეს მხრივ კი, მათ თანაუგრძნობდით, ვისაც იგივე დაემართა. ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი საუნჯე. მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს. მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას. ხოლო ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად. ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. მასში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება. რწმენით შევიტყობთ, რომ საუკუნეები მოწყობილია ღვთის სიტყვით, რადგან წარმოიშვა უხილავისაგან. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ. რწმენით იქნა გადაყვანილი ხანოქი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, ვინაიდან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს. რწმენით მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული; ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მსჯავრი დასდო სოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით. რწმენით დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც სამემკვიდროდ უნდა მიეღო, და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა. რწმენით მდგმურობდა აღთქმულ ქვეყანაში, როგორც უცხოს, და კარვებში სახლობდა ისაკთან და იაკობთან – იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. ვინაიდან ელოდა საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია. რწმენით მიიღო სარამაც, უნაყოფომ, ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი. ამიტომ ერთისაგან და, ისიც ლამის მკვდრისაგან იშვა მრავალი, როგორც ცაში ვარსკვლავები და, როგორც უთვალავი ქვიშა ზღვის ნაპირზე. რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი, მხოლოდ შორიდან დაინახეს ისინი, ერწმუნენ მათ, და ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და მწირნი არიან ამ ქვეყანაზე. ხოლო ისინი, ვინც ამას ამბობდნენ, ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ. და თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო. მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური. ამიტომ ღმერთსაც არ ეთაკილება, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან მოუმზადა მათ ქალაქი. რწმენით მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა და, აღთქმათა მიმღებელმა, მხოლოდშობილი შესწირა. რომელზეც ნათქვამი იყო: „ისაკში დაგეწერება შთამომავლობა“. ვინაიდან მიიჩნია, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომ მიიღო იგი მაგალითის სახით. რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. რწმენით აკურთხა სათითაოდ იაკობმა იოსების ძენი და თაყვანი სცა ღმერთს თავის კვერთხს დაყრდნობილმა. რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ. რწმენით მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან სამ თვეს, ვინაიდან ხედავდნენ, რომ ბავშვი კარგი იყო, და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. რწმენით უარი თქვა მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. და ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას. ცხებულის გულისთვის დამცირება მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან ხედავდა საზღაურს. რწმენით დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო. რწმენით მოაწყო პასექი და სისხლის შეპკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს. რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, ხოლო ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ. რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ. რწმენით არ დაიღუპა ურწმუნოებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობიანად მიიღო მზვერავები. კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს. ცოლები აღდგომიდან ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ. ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, მახვილივთ იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროვებულნი, დათრგუნულნი. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი სოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, მიწის მღვიმეებსა და ხევხუვებში. ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, იმიტომ, რომ წინასწარ გაითვალისწინა ღმერთმა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ განსრულებულიყვნენ. ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ, რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“. თუ თქვენ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს. ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაც ყველასთვის საზიაროა, მაშინ თქვენ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. და კიდევ: თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიდნენ და გვეშინოდა მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? ისინი გვწვრთნიდნენ თვითნებურად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენი სარგებლობისათვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში. ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა. აბა, გამართეთ დაშვებული ხელები და მოკვეთილი მუხლები. მოასწორეთ გზები თქვენს ფერხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს. ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს. გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს. რათა არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი ან უწმიდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის უარი თქვა პირმშოობაზე. თქვენ ხომ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას. თქვენ არ მიახლოვებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აღგზნებულს, არც ბნელსა და წყვდიადს ან ქარიშხალს, არც საყვირის ხმას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, რომ მათთვის აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა, ვინაიდან აღარ შეეძლოთ იმ ნაბრძანების ატანა: „ცხოველიც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს.“ იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა: „შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ“. მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს – და აურაცხელ ანგელოზებს, კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხველ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს, და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს. ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მაუწყებელი, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციდან მაუწყებელს, რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა და რომელმაც ახლა მოგვცა ასეთი აღთქმა: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც“. ეს „კიდევ ერთხელ“ ნიშნავს შეძრულთა შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია. ამიტომ ჩვენ, შეუძრავ სასუფეველს რომ ვღებულობთ, ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით. რადგან ჩვენი ღმერთი შემჭმელი ცეცხლია. ძმური სიყვარული დარჩეს. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ. გაიხსენეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, რადგან თქვენ თვითონაც სხეულში იმყოფებით. ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს. თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?“ გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას. იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდეც. არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა ვინაიდან კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმელებით, საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. ვინაიდან ცხოველთა გვამებს, რომელთა სისხლი ცოდვათათვის შეაქვს მღვდელმთავარს წმიდაში, ბანაკს გარეთ წვავენ. ამიტომ იესოც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ იტანჯა. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა. ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, მომავალს ვეძებთ. მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის. მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის. ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ. უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო, სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად, თქვენში მისი მოსაწონის საქმნელად იესო ქრისტეს მიერ. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. გთხოვთ, ძმებო, შეიწყნარეთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ. იცოდეთ, გათავისუფლდა ჩვენი ძმა ტიმოთე და, თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ. მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღოლი და ყველა წმიდა. იტალიელები მოკითხვას გითვლიან. მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ. იაკობი, ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ. ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს. მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი. თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს. ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რაიმეს. ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყველა გზაზე. მაგრამ თავმდაბალი ძმა იქოს თავისი სიმაღლით, მდიდარი კი – თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის, როგორც ბალახის ყვავილი. რადგან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზებზე. ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო. ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა. მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის. ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი. ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს. ამიტომ, მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია. იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად. რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს. შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი. მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში. თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ მორწმუნეა და ენას არ ალაგმავს, არამედ თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი სარწმუნოება. წმიდა და შეუბღალავი საწმუნოება მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი სოფლისაგან. ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, დიდების რწმენა. რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, როცა შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „აქ დაბრძანდი კარგად.“ ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადექი, ანდა: აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო, განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუ-დი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ? ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა სოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სასუფევლის მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა? თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით? თუ ასრულებთ სამეუფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგს შვრებით. მაგრამ, თუ მიკერძოებით იქცევით, ცოდვას სჩადიხართ, რჯული გამხილებთ, როგორც რჯულის დამრღვევთ. რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. რადგან მთქმელმა: „არ იმრუშო!“ ესეც თქვა: „არ მოკლა!“ და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, დამნაშავეებს. ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა. რადგან, უწყალო მსჯავრი – უმოწყალოს. წყალობა აღემატება მსჯავრს. ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: „მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე“, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. მაგრამ იტყვის ვინმე: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი. მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.“ შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. გსურს, ამაო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია? განა ჩვენი მამა, აბრაამი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა. აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „და ერწმუნა აბრაამი ღმერთს.“ ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა. თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. ასევე რახაბ მეძავი. განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა? რადგან, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე. ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ, რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც. აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მთელ მათ სხეულს. აჰა, ხომალდები. როგორი დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ უნდა ატორტმანონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს. ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს. ენაც ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული. იგია მთელი სხეულის წამბილწავი და, ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი, თვით აღგზნებულია ჯოჯოხეთისაგან. რადგან ყოველგვარი ბუნება მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო. განა მოედინება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილი და მწარე? ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს – ლეღვი? ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოთმინებაში. მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეს არაა მადლით გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ ქვეყნიური, მიწიერი, ეშმაკისა. რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა. ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ. საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან. გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტს ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმანი დაიკმაყოფილოთ. მრუშნო, განა არ იცით, რომ სოფელთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც სოფელთან მეგობრობა სურს, იგი ღვთის მტერი ხდება. ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია ჩვენში დავანებულ სულს?“ მაგრამ მით უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომ ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“ ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო. დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული – მწუხარებად. დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ. ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის მძრახავი და თავისი ძმის განმსჯელი ძრახავს და განსჯის რჯულს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარა ხარ, არამედ განმკითხველი. ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ? ახლა თქვენ, ვინც ამბობთ: დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო, რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: „თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას გავაკეთებთ“, – ახლა თქვენი ამპარტავნებით პატივმოყვარეობთ. ყოველი ამგვარი ამპარტავნება ბოროტებაა. ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას. მოდით, ახლა თქვენც იტირეთ, მდიდრებო, და ივაგლახეთ იმ უბედურებაზე, თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ, და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის. აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს, და მომკელთა ღაღადი უფალ ცაბაოთის ყურამდე აღწევს. თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის გულები დაისუქეთ. თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოჰკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ. ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის ადრეული და გვიანი წვიმის მოსვლას. თქვენც ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა. ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ მსჯავრდადებულნი. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი. ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ, ტანჯვისა და სულგრძელების მაგალითად აიღეთ თქვენთვის. აჰა, ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და მწყალობელია უფალი. პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ‘ჰო’ იყოს ჰო და ‘არა’ არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ. ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს. არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას. ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა ქვეყნად წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს. კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი. ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს. პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული – რჩეულთ, პონტოს, გალატიის, კაბადოკიის, აზიისა და ბითვინიის განთესილობის ხიზნებს, მამა ღვთის წინასწარი განჭვრეტით და სულის მიერ განწმენდით, დამორჩილებად და იესო ქრისტეს სისხლის საპკურებლად – მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად, უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისათვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის, ღვთის ძალაში, რწმენით დაცულებო, ხსნისათვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად. ამაზე ილხინეთ, თუმცა ამჟამად მრავალგვარ განსაცდელში მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ, რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა, ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას. ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ გამოუთქმელი და დიდი სიხარულით, თქვენი რწმენით აღწევთ სულების ხსნას. ამ ხსნისთვის იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენთვის განკუთვნილ მადლზე წინასწარმეტყველებდნენ. იკვლევდნენ, რომელ და როგორ ჟამზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას. რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ეხლა გეუწყათ ციდან მოვლინებული სულიწმიდის მიერ, თქვენი მახარებლისგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები. ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ. როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს, არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან სწერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.“ თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად განიკითხავს თითოეულს საქმეთა მიხედვით, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი მწირობის ხანი. რაკი იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა, რომელიც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენი გულისათვის. რომელთაც მისით იწამეთ ღმერთი, ვინც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი. რაკი ჭეშმარიტებისადმი დამორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უთვალთმაქცო ძმათმოყვარებისათვის: სუფთა გულით შეიყვარეთ ერთმანეთი მტკიცედ. როგორც ხელახლად შობილნი არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის მიერ. რადგან ყოველი ხორციელი ბალახივითაა და ყოველი მისი დიდება ბალახის ყვავილივითაა. ბალახი გახმა და ყვავილიც დასცვივდა. ღვთის სიტყვა კი საუკუნოდ მყოფობს. ეს კი ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ. ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა. როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სუფთა სულიერი რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის. რადგან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი, რომელთანაც მიხვედით – ცოცხალ ლოდთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისაგან კი რჩეული და პატივცემულია. და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღვთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მეშვეობით. რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, რჩეულსა და ძვირფას ქვაკუთხედს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება.“ ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივია იგი, ურწმუნოთათვის კი ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა ქვაკუთხედად,’ და ‘შებრკოლების ქვად და წატყუების კლდედ’. ისინი ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის არიან განწესებულნი. თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ. ოდესღაც რომ არახალხი იყავით, ახლა ღვთის ხალხი ხართ. ოდესღაც რომ არაშეწყალებულნი იყავით, ახლა შეწყალებულნი ხართ. საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც მწირებსა და ხიზნებს, განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან. კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს. დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის, თუნდ მეფეს, როგორც უმაღლეს ხელისუფლებას, განმგებელთ, როგორც მის მოვლინებულთ, ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა სადიდებლად. რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება. იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ, არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა. ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით. მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი შიშით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებლებს, არამედ მრისხანეთაც. რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს. რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე. ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს; რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს; რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ. ცხვრებივით გზააბნეული იყავით და ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს. ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე გახდნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით. თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე. ღვთის მოსავი წმიდა ქალებიც ოდესღაც ასე იმკობდნენ თავს, თავიანთ ქმრებს დამორჩილებულნი, როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაამს, რომლის შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და ლანძღვას ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ. რადგან, ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას. ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფოდეს, რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ, ხოლო ღვთის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა. ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით? მაგრამ ნეტარნი ხართ თქვენ, რომ იტანჯოთ კიდეც სიმართლისათვის. მათი შიშით ნურც შეშინდებით და ნურც დაღონდებით. წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ. კეთილი სინდისი გქონდეთ, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი. რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია, კარგ საქმეთა გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტთა გამო. რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოიკლა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც, ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღვთის სულგრძელება კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს; რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით, რომელიც ღვთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი. რაკი ქრისტე ჩვენთვის იტანჯა ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან, ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა. რათა ხორცში დარჩენილი დრო განვლოთ არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით. რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში იქცეოდით წარმართთა ნებისამებრ, როცა ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და საძაგელ კერპთაყვანისმცემლობაში. ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ იმ უზომო გარყვნილებას, და გგმობენ. ისინი პასუხს აგებენ იმის წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს. რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა ღვთის კვალზე სულში იცოცხლონ. მაგრამ ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში. უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს. იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე. თვითოეული ერთმანეთს იმ ნიჭით ემსახურეთ, რაც მიგიღიათ, როგორც ღვთის მრავალგვარი მადლის კეთილმა მნეებმა. თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით. თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ. საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართოდეთ. არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას. თუ გაგლანძღავენ ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღვთისა თქვენზე ივანებს. მათით იგმობა, თქვენით კი იდიდება. ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. ხოლო თუ ვინმე იტანჯება, როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. რადგან დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა, და, თუ პირველად ჩვენგან დაიწყება, რაღა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს? თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება? ამიტომ ტანჯულებმაც ღვთის ნებისამებრ, თავიანთი სულები მიანდონ ჭეშმარიტ გამჩენს სიკეთის ქმნაში. თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გამოცხადდება. მწყემსეთ ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა, არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. ნუკი ეუფლებით ღვთის წილს, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის. და როდესაც მწყემსმთავარი გამოჩნდება, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს. ასევე, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. მაშ, დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. მღვიძარენი იყავითი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძწრის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინაღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება სოფელში. ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ. დიდება და ძალი მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სილოვანეს, როგორც ვფიქრობ, თქვენი ერთგული ძმის ხელით მოგწერეთ მცირე რამ თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ღვთის ეს მადლი, რომელშიც დგახართ, ჭეშმარიტია. მოკითხვას გითვლიან ბაბილონში თანაარჩეული ეკლესია და მარკოზი, ჩემი შვილი. ერთმანეთი მოიკითხეთ სიყვარულის ამბორით. მშვიდობა თქვენდა ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ. სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც მიიღეს იგივე ძვირფასი რწმენა, რაც – ჩვენ ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით: მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს ცოდნით, ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას. ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება და სათნოებას – ცოდნა, ცოდნას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული. ვინაიდან, თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ცოდნაში. ხოლო, ვისაც არ გააჩნია, ის ბრმაა და ბეცი, და დავიწყებული აქვს, რომ განწმედილია ძველი ცოდვებისგან. ამიტომ, ძმანო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ, ვინაიდან ასე უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის შესასვლელი. ამიტომ მუდამ შეგახსენებთ ამას, თუმცა იცით და მტკიცენი ხართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში. სწორად კი მივიჩნევ შეხსენებით გამოგაფხიზლოთ, ვიდრე ამ კარავში ვიმყოფები. რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას. ვინაიდან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა ბრძნული იგავების მოყოლით კი არ გაუწყეთ, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. ვინაიდან მან მამა ღვთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.“ ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმიდა მთაზე ვიყავით. ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში. ეს იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწრმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას. იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს. მრავალნი მიჰყვებიან მათს თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. ანგარების გამო ტყუილი სიტყვებით თქვენგან გამორჩენას მოძებნიან. დიდი ხანია, გამზადებულია მათი სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ თვლემს. რადგან, თუკი ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ ტარტაროზში ჩაყარა და წყვდიადის ჯურღმულებს გადასცა სამსჯავრომდე შესანახავად, არც პირველი სოფელი დაინდო: რვა სული შეინახა და მათ შორის ნოე – სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა სოფელს. სოდომსა და გომორას ქალაქებს მსჯავრი დასდო, ფერფლად აქცია და ამით გაკვეთილი მისცა მომავალ უღვთოებს, ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა, რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა. ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად, უპირატესად კი, ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა გმობის ურიდნი, მაშინ, როცა ანგელოზებიც კი, რომელნიც მათზე მაგარნი და ძლიერნი არიან, არ მიიტანენ უფლის წინაშე შეურაცხმყოფელ ბრალდებას თავიანთ თავზე. ისინი კი, როგორც უგნური ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთი გახრწნილებით დაიღუპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ, და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ყოველდღიური ფუფუნება ნეტარებად მიაჩნიათ. ბინძურნი და მანკიერნი, საკუთარი საცდურით ნებივრობენ, ნადიმობენ თქვენთან ერთად. მათი თვალები აღსავსეა მრუშებით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს და მათი გულები მიჩვეულნი არიან ანგარებას. წყევლა-კრულვის შვილნი არიან ისინი. მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბილყამ ბეყორის ძის გზას, რომელმაც შეიყვარა უკეთურების საზღაური, მაგრამ მხილებული იყო თავის ურჯულოებაში: უტყვი ვირი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე. ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები. მათთვის გამზადებულია საუკუნო წყვდიადი. ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ. თავისუფლებას პირდებთან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა. ვინაიდან, თუ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ცოდნით სოფლის სიბილწეებს ჩამოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან. იმ მართალი იგავისა არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის. ამას უკვე მეორე წერილს გწერთ, საყვარელნო, და ორთავეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წრფელ აზრს, რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი, გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ. უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. და ამბობენ: „სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული.“ ისინი განზრახ ივიწყებენ იმას, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნა ძველთაგანვე ცა და მიწა, წყლისაგან და წყალით; და რომ მაშინდელი სოფელი წარღვნის წყლით მოისპო. ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის. ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ყველა მივიდეს მოსანანიებლად. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირნი დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება. თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში, რაკი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან. ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე. ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარდგეთ მშვიდობით მის წინაშე, და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით, როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილშიც, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი, სხვა წერილების მსგავსად, ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპად. თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და ცოდნით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ. იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე, რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ; იმაზე, რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან. ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული. აჰა, ამბავი, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გაუწყებთ თქვენ: ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში. თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან, ბნელში კი დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტებით. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს, სისხლი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან. თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი სოფლის ცოდვების მიმტევებელი. იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ დავიცავთ მის მცნებებს. ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება. ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა. საყვარელნო! გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ. ძველი მცნება არის ის სიტყვა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან. ამასთანავე გწერთ ახალ მცნებასაც, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც. რადგან ბნელი მიდის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ბრწყინავს. ვინც ამბობს, რომ ნათელშია, თავისი ძმა კი სძულს, იგი კვლავ ბნელში იმყოფება. ვისაც თავისი ძმა უყვარს, იგი ნათელში რჩება და საცდური არ არის მასში. ის კი, ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელში იმყოფება და ბნელში დადის და არ იცის, საით მიდის, ვინაიდან სიბნელემ დაუბრმავა თვალები. თქვენ გწერთ, შვილნო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელისთვის. თქვენ გწერთ, მამანო, რადგან შეიცანით ის, რომელიც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკნო, რადგან სძლიეთ ბოროტს. მე მოგწერეთ თქვენ, ყრმანო, რადგან შეიცანით მამა. მოგწერეთ თქვენ, მამანო, რადგან თქვენ შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ ჭაბუკნო, რადგან ძლიერები ხართ, ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და სძლიეთ ბოროტს. ნუ შეიყვარებთ სოფელს, ნურც იმას, რაც სოფელშია. ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, სოფლისაგან არის. გადადის სოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია და, როგორც მოისმინეთ, რომ მოდის ანტიქრისტე და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები, ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია. ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი. თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი და ისიც, რომ ჭეშმარიტებისგან არავითარი სიცრუე არ არის. ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი. ყოველი, ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს. ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა. ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ. ხოლო ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან, თქვენშია და არავისგან სწავლა არ დაგჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი, რასაც იგი გასწავლით. მასში დარჩით. აბა, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვქონდეს გაბედულება და არ შერცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას. თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი. ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი. საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის. ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა. ყოველი ცოდვის ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის და ცოდვა ურჯულოებაა. თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა. ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგან არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი. ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი. ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი. ნუ გაგიკვირდებათ, ძმანო, თუ სძულხართ სოფელს. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია. ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის. ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული? ჩემო შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით. ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიწყნარებთ გულს. ვინაიდან, თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის. საყვარელნო! თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს, კადნიერება გვაქვს უფლის მიმართ. რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს. ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გადმოგვცა მცნება. მისი მცნებების დამცველი რჩება მასში, ის კი – მასში. ის რომ ჩვენში რჩება, გავიგებთ სულით, რომელიც მან მოგვცა. საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა სოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე სოფელშია. თქვენ ღვთისგან ხართ, შვილნო, და სძლიეთ მათ. რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც სოფელშია. ისინი სოფლისანი არიან, ამიტომაც სოფლისას ლაპარაკობენ და სოფელიც ყურს უგდებს მათ. ჩვენ ღვთისგან ვართ. ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს ჩვენ, ხოლო ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის – ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში. სიყვარულმა ჩვენში მიაღწია ისეთ სრულყოფას, რომ გულდაჯერება გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილ. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს? და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. სოფლის მძლეველი ჩვენი რწმენაა ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი, და ყველა, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს. ღვთის შვილნი რომ გვიყვარს, მაშინ ვგებულობთ, როდესაც გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია. ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა. ვინ არის სოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით. მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს, ვინაიდან სული ჭეშმარიტებაა. რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა. და ეს სამი ერთია. და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია. თუ ვღებულობთ კაცთა მოწმობას, ღვთის მოწმობა უფრო დიდია, ვინაიდან ეს არის ღვთის მოწმობა, რომლითაც დაამოწმა თავის ძეზე. ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე. ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს. ეს მოგწერეთ თქვენ, ღვთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ, ილოცოს-მეთქი. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა. ვიცით, რომ ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს; მაგრამ ის, ვინც ღვთისაგან იშვა, იცავს მას და ბოროტება ვერ ეკარება. ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი სოფელი ბოროტში ძევს. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ! უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომელნიც მიყვარს ჭეშმარიტებით, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც კი შეუცვნია ჭეშმარიტება, ჭეშმარიტებისათვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და უკუნისამდე იქნება ჩვენთან. იყოს თქვენთან მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღვთისაგან და მამის ძის, უფალ იესო ქრისტესგან, ჭეშმარიტებითა და სიყვარულით. ძალიან გავიხარე, რომ ვპოვე შენს შვილებში ჭეშმარიტებით მავალნი, როგორც მამისაგან მივიღეთ მცნება. ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, არა როგორც ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული კი ისაა, რომ ვიქცეოდეთ მის მცნებათა მიხედვით. ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან, რათა მისებრ ვიდოდეთ. რადგან სოფელში შემოვიდა მრავალი მაცდური, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ესენი არიან მაცდურნი და ანტიქრისტე. თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური. ყველას, ვინც განზე მიდის და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მოიკითხავთ მას. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა. ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული. მოგიკითხავენ შენი დისწულები რჩეულნი. ამინ. უხუცესი – საყვარელ გაიოზს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით. საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილი გზით გევლოს და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილად. ვინაიდან ძალიან გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და დაამოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით. არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან. საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყოველივეს, რასაც იქმ ძმებისათვის და უცხოთათვის, რომელთაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ, თუ ღვთის წინაშე ღირსეულად გამოისტუმრებ. ვინაიდან მისი სახელის გულისათვის წავიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან. ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ. მე მივწერე ეკლესიას, მაგრამ მათში პირველობის მოყვარე დიოტრეფე არ გვღებულობს ჩვენ. ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ თავის საქმეებს, რასაც ის აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის. და, თითქოს ეს არ კმაროდეს, ძმებსაც არ ღებულობს და მსურველებსაც უკრძალავს და სდევნის ეკლესიიდან. საყვარელო, ნუ ბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიბაძე. კეთილის მოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტის მოქმედს კი ღმერთი არ უხილავს. დემეტრეზე დაამოწმა ყველამ და თვით ჭეშმარიტებამაც. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია. ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მელნითა და კალმით მოგწერო. ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ. მშვიდობა შენდა! მოკითხვას გითვლიან მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელებით. ამინ. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა – მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის. გაგიმრავლდეთ წყალობა, მშვიდობა და სიყვარული. საყვარელნო! ძალიან მოწადინებული ვიყავი მომეწერა თქვენთვის ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ჩავთვალე მომეწერა თქვენთვის შეგონება, რომ იღწვოდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდებს გადაეცა. ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს მსჯავრდება, უღვთონი, რომელთაც ჩვენი ღვთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. მინდა შეგახსენოთ, უკვე ყველაფრის მცოდნეთ, რომ უფალმა იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი. ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ შემოინახა, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი. როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილი, ასევე დაემართებათ ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ. მიქაელ მთავარანგელოზმა ეშმაკთან პაექრობისას, როცა ედავებოდა მას მოსეს სხეულისთვის, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!“ ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნურმა პირუტყვებმა, იმით იხრწნიან თავს. ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან. საზღაურისათვის აჰყვნენ ბილყამის ცდომილებას და ჯიუტობით იღუპებიან, როგორც კორახი. ისინი ლაქებად არიან თქვენს სიყვარულის სერობებზე. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან და მასპინძლობენ თავიანთ თავს. ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან, შემოდგომის უნაყოფო ხენი – ორგზის მომკვდარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი, მძვინვარე ტალღები ზღვისა, თავისივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ. ხანოქმაც, ადამის შემდეგ მეშვიდემ, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: „აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად.“ რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ. ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი, რომელთა ბაგენი მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ, ანგარების გამო პირფერობენ. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწართქმული. ისინი გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი. ესენი არიან განმყოფელნი, მიწიერნი, სულის უქონელნი. ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით, დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან, წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის. ერთნი – დაეჭვებულნი შეიწყალეთ. სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით, სხვანი შიშით ამხილეთ და ხორცისგან გაბინძურებული პერანგი შეიზიზღეთ. ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე, ერთადერთ ბრძენს – ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეთი დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ. ამინ. გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მეშვეობით თავის მსახურს იოანეს, რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა და იესო ქრისტეს მოწმობა და, რაც იხილა. ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის შემნახველი, რადგან ახლოა ჟამი. იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის, და შვიდი სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან, და იესო ქრისტესაგან, რომელიც სარწმუნო მოწამეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და გაგვხადა ჩვენ სუფევად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის. მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და ატირდება მის წინაშე მიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ. „მე ვარ ანი და ჰოე, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.“ მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე გასაჭირში, სუფევასა და იესო ქრისტეს მოთმინებაში. ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის. მე ვიყავი სულში უფლის დღეს და ზურგსუკანიდან შემომესმა დიდი ხმა, საყვირის მსგავსი, რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოს, სმირნას, პერგამოს, თიატირას, სარდეს, ფილადელფიას და ლაოდიკიას“. მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე. შვიდი სასანთლის შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც ემოსა მოსასხამი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი. თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი. მისი ფეხები, როგორც მოელვარე სპილენძი, როგორც ქურაში გავარვარებული. მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური. მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი, მისი სახე იყო როგორც მზე, თავის სრულ ძალაში რომ ანათებს. როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი, და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი. ამიტომ დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ. შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში და შვიდი ოქროს სასანთლე: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე შვიდი ეკლესიაა. „ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უპყრია თავის მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის: ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებად უხმობენ, და არ არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად. გაქვს მოთმინება და გაიტანჯე ჩემი სახელის გულისათვის და არ დაქანცულხარ. მაგრამ შენს საწინააღდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. ამიტომ გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები. თუ არა და, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ. მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია. „სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა: ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა შენ მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან. „პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც ორლესული მახვილი აქვს: ვიცი, რომ იქ ცხოვრობ, სადაც სატანის ტახტია და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა ჩემი ერთგული მოწამის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლეს თქვენს შორის, სადაც სატანა სახლობს. მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან იქ შენთან, რომლებიც მისდევენ ბილყამის მოძღვრებას, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელიანები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემეძავათ. ასევე იმყოფებიან შენთან, რომლებიც მისდევენ ნიკოლაელთა მოძღვრებას, რომელიც მე მძულს. მაშ, მოინანიე, თუ არა და, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს მივცემ გადანახული მანანისაგან და მივცემ მის თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა. „თიატირას ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ძე ღვთისა, რომლის თვალები ცეცხლის ალს წააგავს და ფეხები მისი ელვარე სპილენძივითაა: ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია. მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ შენს დედაკაცს იეზაბელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველად უხმობს, ასწავლის და აცდენს ჩემს მსახურთ, რომ იმეძაონ და ნაკერპავი ჭამონ. მე მივეცი მას დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძაობა. აჰა, მე დავაგდებ მას სარეცელზე, ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მეძაობდნენ, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს. სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებს და გულს, და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ. ხოლო დანარჩენებს, რომლებიც თიატირაში იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იცის სატანის სიღრმეები, როგორც ისინი ამბობენ, არ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს. რაც გაქვთ, მხოლოდ ის გეჭიროთ, ვიდრე მოვიდოდე. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას წარმართებზე, – დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი, – ისევე, როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. „სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც აქვს შვიდი ღვთის სული და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი, რომ გაქვს სახელი, თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენები, სიკვდილთან ახლო მყოფნი, ვინაიდან ვერ დავინახე, რომ შენი საქმეები სრულყოფილი იყოს ჩემი ღვთის წინაშე. გაიხსენე, როგორ მიიღე და მოისმინე. დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ. თუმცა სარდეში გყავს რამდენიმე კაცი, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელნი და ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ღირსნი არიან. გამარჯვებული შეიმოსავს თეთრ სამოსლებს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. „ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის კლიტე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს, რადგან მცირე ძალა გაქვს. მაგრამ შენახე ჩემი სიტყვა და არ უარყო ჩემი სახელი. აჰა, გადმოგცემ იმათ სატანის საკრებულოდან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ და არ არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, ისე მოვუწყობ მათ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე. რაკი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე, რომ გამოსცადოს მიწის მკვიდრნი. აჰა, მოვალ მალე. გეპყრას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. გამარჯვებულს გავხდი სვეტად ჩემი ღვთის ტაძარში და იგი აღარ გავა გარეთ. დავაწერ მასზე ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. „ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ამინი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა: ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ო, ნეტავ ან ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. ვინაიდან შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. მე გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი შესამოსლები, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე. ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. აბა, ეშურე და მოინანიე. აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან. გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.“ ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც შემომესმა, საყვირივით დამელაპარაკა და მითხრა: „ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ“. მყისვე აღმოვჩნდი სულში და აჰა, ტახტი იდგა ცაში და ვიღაც იჯდა ტახტზე. ვინც იჯდა, შესახედაობით წააგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით წააგავდა ზურმუხტს. ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტებზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ. ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი ანთია, რომლებიც ღვთის შვიდი სულია. ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ – ოთხი ცხოველი, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე. პირველი ცხოველი ლომს ჰგავდა, მეორე ცხოველი ხბოს ჰგავდა, მესამე ცხოველს ადამიანივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი მფრინავ არწივს ჰგავდა. ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ და შიგნით თვალებით იყვნენ სავსენი. არც დღით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა“. როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომარეს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს. თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“. ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი. ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: „ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“ არავის შეეძლო არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გადაშლა ან მასში ჩახედვა. ბევრს ვტიროდი იმის გამო, რომ არ მოიძებნებოდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი. ერთმა უხუცესთაგანმა მითხრა: „ნუ სტირი, გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“. შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცხოველს შორის და უხუცესებს შორის იდგა კრავი, როგორც დაკლული, და მას ჰქონდა შვიდი რქა და შვიდი თვალი, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილი მთელ ქვეყანაზე. და მოვიდა და აიღო წიგნი ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან. და როცა მან აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ. ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმევლებით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია. გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან. და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს სამეფოდ და მღვდლებად, და იმეფებენ მიწაზე“. ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ, და მათი რიცხვი იყო ათიათასჯერ ათიათასი და ათასჯერ ათასი, რომლებიც დიდი ხმით ლაპარაკობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა“. და ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე“. და თქვა ოთხმა ცხოველმა: „ამინ“. ოცდაოთხი უხუცესი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე. ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და მომესმა, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ლაპარაკობდა: „მოდი“. შევხედე და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ჰქონდა მშვილდი და მიცემული ჰქონდა გვირგვინი. და გამოვიდა გამარჯვებული, რათა გაემარჯვა. როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“. გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი. მის მხედარს მიცემული ჰქონდა მიწიდან მშვიდობის წაღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ. მიცემული ჰქონდა დიდი მახვილი. როცა მესამე ბეჭედი ახსნა, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“. ვიხილე, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეპყრა. ოთხი ცხოველის შუაგულიდან მომესმა ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნურას ავნებ“. როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, მომესმა მეოთხე ცხოველის ხმა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“. შევხედე, და აჰა, ყვიციანი ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია. ჯოჯოხეთი მოყვებოდა მას და მიცემული ჰქონდათ ხელმწიფება მიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით. როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს მიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სისხლისათვის“. მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსელი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამორჩილნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს. როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, ვიხილე, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ბალნის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა. ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს გასცვივა მკვახე ლეღვი. ცა გაუჩინარდა დაგრაგნილი წიგნივით. ყოველი მთა და კუნძული დაიძრა თავისი ადგილიდან. მიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მიიმალნენ მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში. უთხრეს მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან. ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“ ამის შემდეგ ვიხილე მიწის ოთხ მხარეს მდგარი ოთხი ანგელოზი, რომელთაც ეპყრათ მიწის ოთხი ქარი, რომ არ ექროლა ქარს არც მიწაზე, არც ზღვაზე, არც რომელიმე ხეზე. ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლიდან ამომავალი, ცოცხალი ბეჭდის მქონე, და დიდი ხმით შესძახა ოთხ ანეგლოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისათვის, და უთხრა: „ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ბეჭდებს შუბლებზე დავასვამდეთ“. მომესმა ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი ბეჭედდასმული, ისრაელიანთა თითო ტომიდან თორმეტი ათასი; იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი; აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; ნეფთალის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი; სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის ტომიდან თორმეტი ათასი; ზებულუნის ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული. ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში. იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“ ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს. ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმაგრე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე. ამინ“. მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა: „ეს თეთრი სამოსლით შემოსილები ვინ არიან ან საიდან მოვიდნენ?“ მე ვუთხარი მას: „უფალო ჩემო, შენ იცი“. და მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით. ამიტომ არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში. და ტახტზე მჯდომარე გაშლის თავის კარავს მათზე. აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და არავითარი პაპანაქება. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს“. როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ცაში ასე ნახევარ საათს. ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ. და მიეცა მათ შვიდი საყვირი. მოვიდა სხვა ანგელოზი და დადგა სამსხვერპლოსთან და ოქროს საცეცხლური ეპყრა, და მიცემული ჰქონდა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ. ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელით ღვთის წინაშე. აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი ცეცხლით სამსხვერპლოდან და ჩამოაგდო მიწაზე. და იქმნა ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და მიწისძვრა. შვიდი ანგელოზი, რომელთაც შვიდი საყვირი ჰქონდათ, მოემზადა დასაყვირებლად. პირველმა დააყვირა საყვირს და წარმოიშვა სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი და გადმოგდებულ იქნა მიწაზე. მიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა. მეორე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და რაღაც მსგავსი ალმოდებული დიდი მთისა გადმოგდებულ იქნა ზღვაში. და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი. მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყლების წყაროებზე. ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა. წყლების მესამედი ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი. მეოთხე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მოისპო მზის მესამედი, მთვარის მესამედი და ვარსკვლავთა მესამედი, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ ენათებინა, ისევე როგორც ღამისას. ვიხილე და მოვუსმინე ერთ არწივს, რომელიც ცის შუაში დაფრინავდა და დიდი ხმით ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი მიწაზე მცხოვრებთ სამი ანგელოზის საყვირთა დანარჩენი ხმებისაგან, რომელთაც მოუწევთ დაყვირება“. მეხუთე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ვიხილე ციდან მიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის კლიტე. მან გახსნა უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ღუმლის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან. კვამლიდან გამოვიდნენ კალიები მიწაზე და მიეცა მათ ძალა, როგორც აქვთ ძალა მიწის მორიელთ. ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ მიწის ბალახეულობა, და არავითარი მწვანილეულობა და არავითარი ხე, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღვთის ბეჭედი. მიეცათ ნება მათ არ დაეხოცათ ისინი, არამედ მხოლოდ ეწამებინათ ხუთ თვეს. და ჰგავს მათი წამება წამებას მორიელისაგან, როდესაც უკბენს ადამიანს. იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ. შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს. მათ თავებზე გვირგვინები იყო, მსგავსი ოქროსი, და მათი სახეები – როგორც ადამიანთა სახეები. ჰქონდათ თმები, როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი კბილები იყო, როგორც ლომისანი. ჰქონდათ ჯავშანი, როგორც რკინისა, ხოლო მათი ფრთების ხმა, როგორც გრიალი მრავალი ეტლისა და ცხენისა, საომრად რომ მიიჩქარიან. ჰქონდათ კუდები, მსგავსნი მორიელთა, და ნესტრები. და მათ კუდებში იყო მათი ხელმწიფება ხუთ თვეს ადამიანთა საწამებლად. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია აბადონი, ხოლო ბერძნულად აქვს სახელი აპოლიონი. ერთი უბედურება წავიდა, აჰა, მოდის მის შემდეგ კიდევ ორი. მეექვსე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მომესმა ერთი ხმა ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამხსვერპლოს ოთხი რქისაგან, ეუბნებოდა მეექვსე ანგელოზს, რომელსაც ჰქონდა საყვირი: „ახსენი ოთხი ანგელოზი, რომლებიც დაბმულნი არიან დიდ მდინარე ევფრატზე.“ და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი. მზად იყვნენ ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელიწადს, ადამიანთა მესამედის ამოსაწყვეტად. ცხენოსანთა ჯარის რიცხვი იყო ორასი ათასჯერ ათასი და მოვისმინე მათი რიცხვი. ასეთ ჩვენებაში ვიხილე ცხენები და მხედრები, რომელთაც ჰქონდათ ცეცხლოვანი, ცისფერი და გოგირდოვანი ჯავშნები, და ცხენის თავები, როგორც ლომთა თავები, და მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. ამ სამი წყლულისაგან – ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რომლებიც მათ პირიდან გამოდიოდა, დაიხოცა ადამიანთა მესამედი ნაწილი. ვინაიდან ცხენთა ძალა მათ პირებსა და მათ კუდებშია. ხოლო მათი კუდები ჰგავდნენ გველებს და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ხალხს ვნებდნენ. დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარნი, რომ თაყვანი არ ეცათ ეშმაკებისათვის, ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისათვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული. არ მოინანიეს თავიანთი ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძაობა, არც თავიანთი ქურდობანი. ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით. მისი სახე იყო, როგორც მზე, და მისი ფეხები, როგორც ცეცხლის სვეტები. ხელთ ჰქონდა გადაშლილი პატარა წიგნი. მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა – მიწას. და დაიძახა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს, და როდესაც დაიძახა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი. როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა თავ-თავისი ხმით, ჩაწერა დავაპირე და ჩამომესმა ხმა ციდან, რომელმაც მითხრა: „დაბეჭდე, რასაც ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, და ნუ დაწერ ამას“. ანგელოზმა კი, რომელიც ვიხილე ზღვასა და მიწაზე მდგომი, ცისაკენ აღაპყრო თავისი მარჯვენა ხელი და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ დრო აღარ იქნება. ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, როგორც მან ახარა თავის მსახურთ – წინასწარმეტყველებს. ხმა, რომელიც მოვისმინე ციდან, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: „მიდი და აიღე გადაშლილი პატარა წიგნი, რომელიც იმ ანგელოზის ხელშია, ზღვასა და მიწაზე რომ დგას“. მივედი ანგელოზთან და ვუთხარი მას: „მომეცი მომცრო წიგნი“. მან მითხრა: „აიღე და შეჭამე იგი, და მწარეს გახდის შენს მუცელს, მაგრამ შენს პირში თაფლივით ტკბილი იქნება“. ავიღე პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბო პირში და, როცა შევჭამე იგი, მუცელი გამიმწარდა. მითხრეს: „შენ მოგიწევს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე“. მომეცა მე კვერთხის მსგავსი ლერწამი და ითქვა ჩემს მომართ: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო, და მასში თაყვანისმცემლები. ხოლო ტაძრის გარე ეზო გამორიცხე და არ გაზომო, ვინაიდან წარმართებს მიეცა იგი: ისინი ორმოცდაორ თვეს გათელავენ წმიდა ქალაქს. მივცემ ჩემს ორ მოწამეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოც დღეს ძაძებით მოსილნი.“ ესენია ზეთისხილის ხე და ორი სასანთლე, რომლებიც მიწის უფლის წინაშე დგას. თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ის უნდა მოიკლას. მათ აქვთ ხელმწიფება დაგმანონ ცა, რათა არ მოვიდეს წვიმა მათი წინასწარმეტყველების დღეებში. აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ აქციონ ისინი სისხლად და შემუსრონ მიწა ყოველგვარი წყლულით, როცა კი მოისურვებენ. როცა ისინი დაამთავრებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც. სამნახევარ დღეს ხალხთაგან და ტომთაგან, ენათაგან და ერთაგან უყურებენ მათ გვამებს და არ მისცემენ მათი გვამების სამარხში დაკრძალვის ნებას. მიწაზე მცხოვრებნი გაიხარებენ მათზე და იმხიარულებენ, და გაუგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს, ვინაიდან ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა მიწის მკვიდრთ. სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისაგან და ფეხზე დადგნენ. დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა. იყო დიდი ხმა ციდან, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ“. ისინი ღრუბლით ავიდნენ ზეცას და მათმა მტრებმა დაინახეს ისინი. იმავე საათს მოხდა მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაიქცა, და დაიღუპა მიწისძვრისაგან შვიდი ათასი კაცი. დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს. მეორე უბედურებამ გადაიარა და აჰა, მესამე უბედურება მოვა მალე. მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „სოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“. ღვთის წინაშე თავიანთ ტახტებზე მჯდომი ოცდაოთხი უხუცესი პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს. და თქვეს: „გმადლობთ შენ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიდი ძალა და გამეფდი. გამძვინვარდნენ წარმართები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა მკვდრები განკითხულ იქნენ და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – დიდებს და პატარებს, და მოსპო მიწის მომსპობნი“. გაიღო ღვთის ტაძარი ცაში და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში. და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა და დიდი სეტყვა. გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი – დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით. ფეხმძიმედ იყო და ყვიროდა, იტანჯებოდა მშობიარის ტკივილებით. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავებზე შვიდი ჯიღა. მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა მიწაზე. გველეშაპი კი დადგა დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა, როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ბავშვი. და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით. და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან. დედაკაცი კი გაიქცა უდაბნოში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ადგილი ღვთისაგან, რათა იქ გამოეკვებათ იგი ათას ორას სამოც დღეს. შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. მომესმა დიდი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ცაში: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე. გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს მათი სული თვით სიკვდილამდე. აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“. როცა გველეშაპმა დაინახა, რომ გადმოგდებულ იქნა მიწაზე, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა. მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში გასაფრენად, თავისი ადგილისაკენ, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მოშორებით. ამოუშვა გველმა თავისი პირიდან მდინარესავით წყალი დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი. მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს და დააღო მიწამ პირი და შთანთქა მდინარე, რომელიც გველეშაპმა ამოუშვა პირიდან. განრისხდა გველეშაპი დედაკაცზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა. დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. რქებზე – ათი გვირგვინი და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჰგავდა ავაზას. მისი ფეხები – როგორც დათვისა, მისი პირი – როგორც ლომის ხახა. მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება. ვიხილე, ერთი მის თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა და განცვიფრდა მთელი მიწა და უკან გაედევნა მხეცს. თაყვანი სცეს გველეშაპს, რადგან ხელმწიფება მისცა მხეცს. თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: „ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?“ მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი. მიეცა მას ხელმწიფება სამოქმედოდ ორმოცდაორ თვეს. გააღო მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე, ცაში დავანებულნი. ნება მიეცა მას, რომ ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე. მიეცა მას ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე. თაყვანი სცა მას მიწის ყველა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, რომელიც აქვს სოფლის დასაბამიდან დაკლულ კრავს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა. ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმიდათა მოთმინება და რწმენა. ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი. მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი. იგი მოქმედებდა პირველი მხეცის სრული ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა მიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა. ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე. აცდუნებდა მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნებოდა მიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და რომელიც გაცოცხლდა. მიეცა უფლება მხეცის ხატებისათვის სულის ჩასაბერად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას. აიძულა ყველა – პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები – მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი – მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. აქ არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი. ვიხილე: აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ასოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი. გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა. და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ. ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა მიწისაგან გამოსყიდული ასორმოცდაოთხი ათასისა. ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დედაკაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის. სიცრუე არ აღმოჩნდა მათ ბაგეში. ისინი უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე. ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, მიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად. ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“. სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: „დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძაობის ღვინო ასვა ყველა ხალხს“. მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და თქვა დიდი ხმით: „ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან, რომელიც მისი რისხვის თასში არის შემზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზებისა და კრავის წინაშე. მათი წამების კვამლი იდინებს უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.“ აქაა წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას. გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან. მათი საქმეები თან წაჰყვება მათ“. ვიხილე: აჰა, თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე კაცის ძის მსგავსი. თავზე ოქროს გვირგვინი ჰქონდა და ხელში – ბასრი ნამგალი. სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: „გაგზავნე შენი ნამგალი და მომკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი მიწაზე.“ ღრუბელზე მჯდომმა გადმოაგდო თავისი ნამგალი მიწაზე და მოიმკა მიწა. სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია, და მასაც ჰქონდა ბასრი ნამგალი. სამსხვერპლოდან გამოვიდა სხვა ანგელოზი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე, და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: „გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე მიწის ვაზის მტევნები, ვინაიდან დამწიფდა მათი მარცვლები.“ გადმოაგო ანგელოზმა თავისი ნამგალი მიწაზე და მოკრიფა მიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში. და დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახლიდან და მისწვდა ცხენების აღვირებასაც კი, ათას ექვსას სტადიონამდე. ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი შვიდი უკანასკნელი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის მძვინვარება. ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლნარევი, და მძლეველნი მხეცისა, მისი ხატებისა და მისი სახელის რიცხვისა. იდგნენ მინის ზღვაზე და ეპყრათ ღვთის ქნარები. გალობდნენ ღვთის მსახურის მოსეს გალობას და კრავის გალობას და ამბობდნენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო! წრფელი და ჭეშმარიტია შენი გზები, ხალხთა მეფეო! ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდნენ შენი სამართალნი“. ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, გაიხსნა მოწმობის სავანის ტაძარი ზეცაში. გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ნათელი სელის სამოსლით შემოსილი, რომელთაც მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ. ოთხ ცხოველთაგან ერთმა მისცა შვიდ ანგელოზს ოქროს თასი, ცოცხალი ღვთის მძვინვარებით სავსე უკუნითი უკუნისამდე. აივსო ტაძარი კვამლით ღვთის დიდებისა და მისი ძალისაგან, და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული. გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა შვიდ ანგელოზს: „წადით და მიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი“. წავიდა პირველი და გადმოღვარა მიწაზე თავისი თასი. და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს. გადმოღვარა მეორემ თავისი თასი ზღვაზე და იქცა სისხლად, როგორც მკვდრისაგან, და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში. გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცა სისხლად. გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე. ვინაიდან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და შენ მიეცი მათ სასმელად სისხლი, ვინაიდან დაიმსახურეს“. გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განკითხვანი“. გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და მიეცა მას, რომ ცეცხლით დაეწვა ადამიანები. იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს ამ წყლულებზე, და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის. გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იკვნეტდნენ. გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები. გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარეზე – ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან. ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, როგორც ბაყაყები. ესენი ეშმაკის სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის. აჰა, მოვდივარ, როგორც მპარავი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი. შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება. გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა“. იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა მიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა. დიდი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად და წარმართთა ქალაქები დაემხო და მოხსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი. ყველა კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა. ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ციდან ადამიანებზე. და გმობდნენ ადამიანები ღმერთს სეტყვის წყლულის გამო, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მისი წყლული. მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს ბევრ წყალზე მჯდომ დიდ მეძავზე, რომელთანაც მეძაობდნენ მიწის მეფეები და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ მიწის მკვიდრნი“. მან სულით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, მჯდარი ღვთისსაგმობი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან შავწითელ მხეცზე. დიაცი შემოსილი იყო პორფირით და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი თვლებით და მარგალიტებით. ხელთ ჰქონდა ოქროს სასმისი, მისი სიძვის სიბილწით და უწმიდურებით სავსე. მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწის სიბილწეთა დედა“. დავინახე, რომ დამთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და რომ ვუყურებდი, მიკვირდა დიდად. მითხრა ანგელოზმა: „რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, რომელიც მას ატარებს. მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის და ამოვა უფსკრულიდან და დასაღუპად წავა. მიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც სოფლის შექმნიდან არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა. აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის. მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება. მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა შვიდთა რიცხვიდან და დასაღუპად მიდის. ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები ერთი საათით. მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ. ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე, და მასთან მყოფი მოწოდებულნი რჩეულნი და სარწმუნონი არიან“. მითხრა მე: „ეს წყლები, რომლებიც შენ იხილე, სადაც მეძავი ზის, არის ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, ვინადან ღმერთმა გულებში ჩაუდოთ, რომ შეასრულონ მისი ნება, შეასრულონ ერთი ნება და მისცენ მათი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები. ხოლო დედაკაცი, რომელიც შენ იხილე, დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა მიწის მეფეებზე. ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ციდან ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა. მიწა განათდა მისი დიდებით. დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის თავშესაფრად, და ყოველი არაწმიდა და ბილწი ფრინველის თავშესაფრად. ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისაგან შესვა ყველა ერმა. მიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და მიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალისაგან გამდიდრდნენ“. გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან, ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი. მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით. სასმისში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ მას. რაზომადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმზომად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან ამბობდა თავის გულში: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო. ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას. „იტირებენ და იგლოვებენ მას მიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ნებივრობდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს. მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.’ მიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს, ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხეს და სპილოსძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს, დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ნახირსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სულებს. შენი სულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყოველი პოხიერი და ბრწყინვალე გაქრა შენგან და ვეღარავინ იპოვის მათ. ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომლებიც მისგან გამდიდრდნენ, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ. იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით შემკულო, რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე’. და ყოველი მესაჭე და ყველანი, ვინც ცურავს, და მეზღვაურები, ყოველი ზღვაზე მოსაქმე, შორს დადგა. რომ დაინახეს მისი ხანძრის კვამლი, შეჰყვირეს და თქვეს: ‘რომელი ქალაქი ჰგავს ამ დიდ ქალაქს?’ გადაიყარეს მტვერი თავზე და გაჰკიოდნენ ტირილით და მოთქმით: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობებით გამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გაპარტახდა. გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასაწრმეტყველნო, რადგან თქვენი სამართალი მოჰკითხა მათ ღმერთმა.’“ ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება. ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში. აღარ იქნება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, და დოლაბის ხმა აღარ გაისმება შენში. სასანთლის ნათელი აღარ გაგინათებს. აღარ გაისმება შენში მეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ მიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს. მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და მიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“. ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღვთისაა! რადგან ჭეშმარიტნი და სამართლიანნია მისი განკითხვანი, რადგან მან განიკითხა დიდი მეძავი, რომელმაც წარყვნა მიწა თავისი მეძაობით, და იძია თავისი მონების სისხლი მისი ხელიდან“. განმეორებით თქვეს: „ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე“. ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს და ამბობდნენ: „ამინ! ალილუია!“ ტახტიდან გამოვიდა ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველნი მისნი მსახურნი, მისნი მოშიშნი, პატარები თუ დიდები“. გავიგონე ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა და როგორც ბევრი წყლის ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი. გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა. მიეცა მას, რომ ჩაეცვა ნათელი და წმიდა ბისონი, ვინაიდან წმიდა ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა“. მითხრა მე: „დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო ნადიმზე მიწვეულნი“. მითხრა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“. დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია“. ვიხილე ცა გახსნილი, და თეთრი ცხენი და მისი მხედარი, წოდებული სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი ჯიღა ადგია და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის მეტმა არავინ იცის. მოსავს სისხლში ამოვლებული სამოსელი. და ეწოდება სახელად: „ღვთის სიტყვა“. ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი. მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს. მის სამოსელზე და მის თეძოზე აწერია სახელი: „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“. ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. დაიყვირა მან დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომლებიც დაფრინავდნენ ზეცის შუაგულში: „მოდით, შემოკრბით ღვთის დიდ სერობაზე, რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, მცირისა და დიდის ხორცი“. ვიხილე მხეცი და მიწის მეფენი და მათი ლაშქარნი შეკრებილნი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა. დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით, რომელიც ცხენზე მჯდომარის პირიდან გამოდიოდა, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით. ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში ჰქონდა უფსკრულის კლიტე და დიდი ჯაჭვი. შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი უნდა გათავისუფლდეს მცირე ხნით. ვიხილე ტახტები და მათზე მსხდომარენი, და მათ მიეცათ სამსჯავრო და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატებას და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს. სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში. მასზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს. როცა ათასი წელი შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილიდან და გამოვა, რათა შეაცდინოს ერები, მიწის ოთხივე კუთხეში გოგი და მაგოგი, შეკრიბოს ისინი საბრძოლველად, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა. გამოვიდნენ მიწის სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკს და საყვარელ ქალაქს. ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და დაიტანჯებიან დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე. ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები. და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები, და თითოეული განკითხულ იქნა მისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა. ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული. ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდნენ, და ზღვა აღარ იყო. ვიხილე წმიდა ქალაქი ახალი იერუსალიმი, რომელიც ღვთისაგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.“ თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის – ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია“. მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სასძლოს, კრავის ცოლს“. წამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე. მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ეშვებოდა ღვთისაგან, და ჰქონდა ღვთის დიდება. მისი შუქი მსგავსი იყო პატიოსანი თვლისა, როგორც იასპის ქვისა, ბროლივით გამჭვირვალესი. ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებზე თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა სახელები ისრაელიანთა თორმეტი ტომისა. სამი კარიბჭე აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე ჩრდილოეთიდან, სამი სამხრეთიდან და სამი დასავლეთიდან. ქალაქის გალავანს ჰქონდა თორმეტი საძირკველი და მათზე იყო კრავის თორმეტი მოციქულის სახელები. ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და მისი გალავნის გადასაზომად. ქალაქი ოთხკუთხედად იყო მდებარე და მისი სიგრძე იგივე იყო, რაც სიგანე. გაზომა მან ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას სტადიონზე. მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი იყო. გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა. მისი გალავანი იასპით იყო ნაგები, ხოლო ქალაქი იყო წმიდა ოქროსი, წმიდა მინის. ქალაქის გალავნის საძირკვლები მოპირკეთებული იყო ყოველნაირი ძვირფასი ქვებით. პირველი საძირკველი იყო იასპი, მეორე – საფირონი, მესამე – ქალკედონი, მეოთხე – ზურმუხტი, მეხუთე – სარდონიქსი, მეექვსე – სარდიონი, მეშვიდე – ქრიზოლითი, მერვე – ბივრილი, მეცხრე – ტოპაზი, მეათე – ქრისოპრასი, მეთერთმეტე – იაკინთი, მეთორმეტე – ამეთვისტო. თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტი იყო. ყოველი კარიბჭე თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქრო იყო, როგორც გამჭვირვალე მინა. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი. ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე, გასანათლებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე. ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებასა და პატივს. მისი კარიბჭენი დღისით არ დაიკეტება, რადგან ღამე არ იქნება იქ. მიიტანენ იქ ერების დიდებასა და პატივს. ვერ შევა მასში ვერაფერი უწმიდური და ვერცერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილი. მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით კრიალა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა, სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტ ნაყოფს, ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა. დაწყევლილი არაფერი აღარ იქნება, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურები მოემსახურებიან მას. იხილავენ მის სახეს და მისი სახელი შუბლზე ეწერებათ. ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც სასანთლის შუქი და არც მზის ნათელი, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე. და მითხრა მე: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. და წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე. აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს“. მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს. როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა. მითხრა მე: „ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი“. და მითხრა მე: „ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა ჟამი. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავნი და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყოველი მოყვარული და ჩამდენი სიცრუისა. მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი“. სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. ამის დამმოწმებელი ამბობს: „ჰე, მოვალ მალე!“ ამინ. მოდი, უფალო იესო. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველა წმიდასთან. ამინ.