თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე. და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი. და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან. და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს – ღამე. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე პირველი. და თქვა ღმერთმა: „იქმნას წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.“ და შექმნა ღმერთმა მყარი და გაჰყარა მყარს ქვემოთა წყლები მყარს ზემოთა წყლებისგან. ეს ასე იყო. და უწოდა ღმერთმა მყარს ცა. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეორე. და თქვა ღმერთმა: „შეგროვდეს წყლები ცისქვეშეთში ერთგან და გამოჩნდეს ხმელეთი.“ და იქმნა ასე. და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და წყალთა შესაკრებელს უწოდა ზღვა. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. და თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მომცემი, და ხენი ნაყოფიერნი მიწაზე, ყოველი მათგანი თავისი მსგავსი თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე.“ და იქმნა ასე. და აღმოაცენა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მომცემი თავისი სახის მიხედვით, და ხენი ნაყოფიერნი, თავისი მსგავსი თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მესამე. და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის ნიშნებად – დღეებისა და წელიწადებისა, და იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რომ გაანათონ მიწა.“ და იქმნა ასე. და გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი მნათობი – დღის განმგებლად, და მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები. და დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ ენათებინათ მიწა, განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეოთხე. და თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდეს წყალში სულდგმული, მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს.“ და იქმნა ასე. და შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულები და ყოველი სულდგმული, მცურავი, თავ-თავისი სახისდა მიხედვით, რაც კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი სახისდა მიხედვით. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: „მოშენდით და იმრავლეთ, და გაავსეთ ზღვის წყლები, და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე.“ და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეხუთე. და თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ სულდგმულნი თავ-თავისი სახისდა მიხედვით, პირუტყვი, ქვეწარმავალნი და მიწის მხეცები მათი სახისდა მიხედვით.“ და იქმნა ასე. და შექმნა ღმერთმა მხეცნი მიწისა თავ-თავისი სახისდა მიხედვით და პირუტყვი თავ-თავისი სახისდა მიხედვით, და ქვემძრომი თავ-თავისი სახისდა მიხედვით. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“ და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი. და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას, და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“ და თქვა ღმერთმა: „აჰა, გაძლევთ თქვენ ყოველ ბალახს, თესლის მქონეს, რაც კი მიწის ზურგზეა, და ყოველ ნაყოფიერ ხეს, თესლის მქონეს. ეს იყოს თქვენი საზრდო! ხოლო ყოველ მხეცს მიწისას, და ცის ყოველ ფრინველს და ყოველ არსებას მიწაზე, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად!“ და იქმნა ასე. და მიხედა ღმერთმა ყოველივეს, რაც შექმნა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. და იყო საღამო, და იყო დილა – დღე მეექვსე. და გასრულდა ცა და მიწა და ყოველი სამკაული მათი. და გაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რასაც აკეთებდა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რაც შექმნისას გააკეთა. ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას, არც მინდვრის ბუჩქი იყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი აღმოცენებულიყო მიწაზე, ვიდრე წვიმა არ მოიყვანა უფალმა ღმერთმა; და არც კაცი იყო, რომ დაემუშავებინა მიწა; მხოლოდ ნისლი ადიოდა წიაღიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს. და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. და აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი – ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. და მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას მთელ ქვეყანას, სადაც ოქროა. და ოქრო იმ ქვეყნისა კარგია. იქ არის სამყეც და ძვირფასი ქვაც. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელ ქუშის ქვეყანას. მესამე მდინარის სახელია ტიგროსი; იგი აღმოსავლეთით ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ევფრატი. და აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დასვა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. და უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეგიძლია ამ ბაღში, ოღონდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები.“ და თქვა უფალმა ღმერთმა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მის შესაფერ შემწეს.“ და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და მიიყვანა ადამთან, რათა ენახა, რას დაარქმევდა; და რომელ სულდგმულს რას უწოდებდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. და უწოდა ადამმა სახელები ყველა შინაურ პირუტყვს, ცის ფრინველთ და ველის ყველა ცხოველს, მაგრამ არ გამოუჩნდა შემწე – თავისი შესაფერი. და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ძილქუში ადამს და, როცა დაეძინა, ერთი ნეკნი გამოუღო და ის ადგილი ხორცით ამოუვსო. და ააშენა უფალმა ღმერთმა დედაკაცი იმ ნეკნისაგან, კაცს რომ გამოუღო, და მიუყვანა ადამს. და თქვა ადამმა: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცია ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ეწოდოს მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.“ ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ. და შიშველნი იყვნენ ორივენი, კაციც და მისი ცოლიც, და არ ერიდებოდათ. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველის ცხოველთა შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა. და უთხრა გველმა დედაკაცს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?“ და მიუგო დედაკაცმა გველს: „რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ დაიხოცებითო.“ და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ დაიხოცებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.“ დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი ჩანდა საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, და მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. და მისცა თავის ქმარს და კაცმაც შეჭამა. და აეხილათ თვალები ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. და გადააკერეს ლეღვის ფოთლები და წინსაფენები გაიკეთეს. და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის. და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „ადამ, სადა ხარ?“ და მიუგო ადამმა: „შენი ხმა გავიგონე ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.“ და ჰკითხა მან: „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხის ნაყოფი შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?“ და უთხრა ადამმა: „შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.“ და ჰკითხა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: „ეს რა ჩაიდინე?“ და თქვა დედაკაცმა: „გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.“ და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი შენი სიცოცხლე! მე მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენს მოდგმასა და დედაკაცის მოდგმას შორის: მისი მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; შენ კი მას ქუსლს დაუგესლავ!“ და დედაკაცს უთხრა: „სატანჯველს გაგიმრავლებ; ფეხმძიმობას გაგიძნელებ; ტანჯვით შობ შვილებს, ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.“ და ადამს უთხრა: „რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამაც მე აგიკრძალე, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით ღებულობდე მისგან საზრდოს მთელი შენი სიცოცხლე! და ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს მან და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო! პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი!“ და დაარქვა ადამმა თავის ცოლს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა. და უქმნა უფალმა ღმერთმა ადამს და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა ისინი. და თქვა უფალმა ღმერთმა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. ახლა, ვაითუ, გაიწოდოს ხელი და მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, შეჭამოს და მარადიულად იცოცხლოს!“ და გაუშვა ადამი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული. და განდევნა იგი, ედემის ბაღს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი დაუყენა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი გზის დასაცავად. და შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: კაცი შემეძინაო უფლის წყალობით. და შემდგომ შვა აბელი, მისი ძმა. და გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი – მიწის მუშა. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს. აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრის პირველმოგებულთაგან და მათი ლურთები. და მოეწონა უფალს აბელი და მისი ძღვენი, ხოლო კაენი და მისი ძღვენი არ მოეწონა. და ძალზე გამწარდა კაენი და სახე მოეღუშა. და ჰკითხა უფალმა კაენს: „რად გამწარდი, რად მოგიღუშავს სახე? თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, ცოდვა კართან გიცდის. შენსკენ მოილტვის, შენ კი იბატონე მასზე.“ და უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: „გავიდეთ ველად.“ და იყო, რომ ველად ყოფნისას აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე და მოკლა იგი. და ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“ უპასუხა მან: „არ ვიცი. მე ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?“ და უთხრა უფალმა: „ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან! ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან! დაშვრები მიწაზე და აღარ მოგცემს იგი თავის ღალას. დევნილი და მიუსაფარი იქნები ქვეყნად.“ და უთხრა კაენმა უფალს: „მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი. აჰა, მაძევებ დღეს მიწისაგან და შენ სახეს უნდა დავემალო! დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.“ და თქვა უფალმა: „ყოველი მკვლელი კაენისა შვიდგზის მიიღებს შურისგებას.“ და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რათა არ მოეკლა იგი ყოველ მის შემხვედრს. და გაშორდა კაენი უფლის სახეს და დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. და ააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა თავისი ძის სახელი – ენოქი. და შვა ენოქმა ყირადი; და ყირადმა შვა მეხუიაელი, და მეხუიაელმა შვა მეთუშაელი, და მეთუშაელმა შვა ლამექი. და მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი: ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს – ცილა. და შვა ყადამ იაბალი, რომლისგანაც წარმოსდგნენ კარვებში მცხოვრები მეჯოგენი. მის ძმას ერქვა იუბალი, რომლისგანაც წარმოსდგნენ ყველა მეჩანგენი და მესტვირენი. და შვა ცილამ თუბალ-კაენი, რომლისგანაც წარმოსდგნენ მჭედელნი ბრინჯაოსა და რკინისა. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა. და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: „ყადა და ცილა, ლამექის ცოლებო, ისმინეთ ჩემი და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი, რომელმაც დამჭრა და ყმაწვილი, რომელმაც დამარტყა. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაჩვიდმეტგზის მიეზღვებათ.“ და კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; და შვა ქალმა ვაჟი და უწოდა შეთი, რაც ნიშნავს: „მომმადლა ღმერთმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.“ და შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. იმ დროიდან დაიწყეს უფლის სახელის ხსენება. ეს არის წიგნი ადამის მოდგმისა; როცა ღმერთმა შექმნა კაცი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად „ადამიანი“ მათი შექმნის დღეს. ადამმა 130 წელი იცოცხლა და შეეძინა ძე, თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი. შეთის შობის შემდეგ ადამმა კიდევ იცოცხლა 800 წელი, და შვა ძენი და ასულნი. და სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო 930 წელი და მოკვდა. იცოცხლა შეთმა 105 წელი და შვა ენოში. იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ 807 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და სრული ხანი შეთისა იყო 912 წელი და მოკვდა. და იცოცხლა ენოშმა 90 წელი და შვა კენანი. იცოცხლა ენოშმა კენანის დაბადების შემდეგ 815 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და სრული ხანი ენოშისა იყო 905 წელი და მოკვდა. იცოცხლა კენანმა 70 წელი და შვა მაჰალალელი. იცოცხლა კენანმა მაჰალალელის დაბადების შემდგომ 840 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. სრული ხანი კენანისა იყო 910 წელი და მოკვდა. იცოცხლა მაჰალალელმა 65 წელი, და შვა იარედი. იცოცხლა მაჰალალელმა იარედის დაბადების შემდეგ 830 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. იცოცხლა მაჰალალელმა 895 წელი და მოკვდა. იცოცხლა იარედმა 162 წელი და შვა ენოქი. ენოქის დაბადების შემდეგ იცოცხლა იარედმა 800 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. სრული ხანი იარედისა იყო 962 წელი და მოკვდა. იცოცხლა ენოქმა 65 წელი და შვა მათუსალა. და დადიოდა ენოქი ღმერთის გზით მათუსალას დაბადების შემდეგ 300 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. სრული ხანი ენოქისა იყო 365 წელი. და დადიოდა ენოქი ღმერთის გზით; შემდეგ კი აღარსად იყო, რადგან აიყვანა იგი ღმერთმა. იცოცხლა მათუსალამ 187 წელი და შეეძინა მას ლამექი. იცოცხლა მათუსალამ ლამექის დაბადების შემდეგ 782 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. სრული ხანი მათუსალასი იყო 969 წელი და მოკვდა. იცოცხლა ლამექმა 182 წელი, და შვა ვაჟი. და დაარქვა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებსო ჩვენს საქმეებში და ჩვენს მძიმე ჯაფაში მიწაზე, რომელიც დაწყევლაო უფალმა. და იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ 595 წელი და შვა ძენი და ასულნი. სრული ხანი ლამექისა იყო 777 წელი და მოკვდა. 500 წლისა იყო ნოე, როცა შვა სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლებად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. და თქვა უფალმა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანზე საუკუნოდ, რადგან იგი ხორციელია, და იყოს მისი ხანი 120 წელი.“ გოლიათები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ ხანებში და მას შემდეგაც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც შვილებს უჩენდნენ მათ. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველთაგანვე. და იხილა უფალმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ მიწაზე, რომ მუდამჟამს ბოროტს განიზრახავდნენ გულში. და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და ნაღველი ჩაიდო გულში. და თქვა უფალმა: „მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი. ადამიანთან ერთად – პირუტყვს, ქვეწარმავალს და ცის ფრინველთ, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი.“ და მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი და უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში და ღმერთის გზით დადიოდა იგი. და შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. მაგრამ წაირყვნა მიწა ღვთის წინაშე და აღივსო იგი უსამართლობით. და იხილა ღმერთმა ქვეყანა რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა მიწაზე. და უთხრა ღმერთმა ნოეს: „მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო მიწა მათი უსამართლობით; და მე მოვსპობ მათ და მათთან ერთად მთელს დედამიწას. გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ შეფისე. ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით 300 წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით – 50 წყრთა, სიმაღლით – 30 წყრთა. სარკმელი გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაატანე. კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს, ქვედა, შუა და ზედა სართულები მოაწყვე შიგ. და მე მოვავლენ წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის მოსასპობად, რომელშიც სიცოცხლის სულია; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. მაგრამ დაგიდებ აღთქმას: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, და შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ. დედალ-მამალი იყოს! ფრინველისაგან მისი გვარისამებრ და პირუტყვისაგან მისი გვარისამებრ, მიწის ყოველი ქვეწარმავლისაგან მისი გვარისამებრ წყვილ-წყვილად შემოგყვნენ კიდობანში, რათა გადარჩნენ. და აიღე ყოველი საჭმელი, რაც იჭმება, და მოაგროვე შენთან და იყოს შენი და მათი საზრდო.“ და გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა, ყველაფერი ისე გააკეთა. და უთხრა უფალმა ნოეს: „შედით შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე მთელს ამ თაობაში! ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან – ორ-ორი, მამალი და დედალი; ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა იცოცხლოს მათმა ნაშიერმა მთელს დედამიწაზე. რადგან შვიდი დღის შემდეგ მოვიყვან წვიმას მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და მიწის პირისაგან წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.“ და ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა უბრძანა. 600 წლისა იყო ნოე, როდესაც წარღვნა დაიწყო დედამიწაზე. და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მის ძეთა ცოლები; წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი, წყვილ-წყვილად შევიდნენ ნოესთან კიდობანში მამალი და დედალი, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს. და შვიდი დღის შემდეგ წარღვნა დაიწყო დედამიწაზე. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს, ამოხეთქეს დიდი უფსკრულის წყაროებმა და გაიხსნა ცათა სარკმელნი. და აწვიმდა ქვეყანას 40 დღე და 40 ღამე. იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების სამი ცოლი მათთან ერთად, ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი შინაური პირუტყვი, ყოველგვარი ქვემძრომი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი. და შევიდა ნოესთან ერთად კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა. და მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელი და შევიდა კიდობანში, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის, და დაუგმანა მას კარი უფალმა. და 40 დღეს იყო წარღვნა მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი. და გაძლიერდა წყალი, და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. და მეტისმეტად მომძლავრდა წყალი მიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა ცისქვეშეთში. 15 წყრთით აიწია წყალმა მათზე მაღლა და დაფარა მთები. და დაიღუპა ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა მიწაზე: ფრინველთაგან, პირუტყვთაგან, ცხოველთაგან და ყოველ ქვეწარმავალთაგან, რომელიც მოძრაობს მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი. და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიხოცა. მიწის პირისაგან აღიგავა ყოველი არსება, რაც კი იყო – კაციდან პირუტყვამდე. ცოცხალი არსებანი ხმელეთზე და ცის ფრინველნი აღიგავნენ მიწის პირისაგან. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. და მატულობდა წყალი მიწაზე 150 დღე. და გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი მიწაზე, და იკლო წყალმა. და დაწყდა უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელნი. და შეწყდა წვიმა ცათაგან. და უკუიქცა წყალი მიწიდან, და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს. და გაჩერდა კიდობანი მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებზე. წყალი თანდათან იკლებდა მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები. 40 დღის დასასრულს გააღო ნოემ სარკმელი, კიდობანს რომ ჰქონდა დატანებული, და გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა ის და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწაზე. შემდეგ გაუშვა მტრედი, რომ გაეგო, თუ დაიკლო წყალმა მიწაზე. მაგრამ ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსაკიდი, და უკანვე მოუბრუნდა მას კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწაზე. და გაიწოდა ხელი ნოემ, და აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამო ჟამს და მას ზეთისხილის ახლადმოგლეჯილი რტო ეჭირა ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამწყდარიყო წყალი მიწაზე. და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან; და მტრედი აღარ დაბრუნდა მასთან. ნოეს დაბადებიდან 601 წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი მიწაზე. და ნოემ სახურავი ახადა კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი. და მეორე თვის ოცდამეშვიდე დღისთვის უკვე გამოშრა მიწა. და უთხრა ღმერთმა ნოეს: „გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები. გამოიყვანე ყოველი ცხოველი, რომლებიც შენთან არიან, ყოველ ხორციელთაგან, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, განაყოფიერდნენ და იმრავლონ.“ და გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი ძენი და მისი ცოლი და მის ძეთა ცოლები, და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი და ყოველი მოძრავი არსება, თავ-თავისი სახის მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან. და აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს; და მოიღო ყოველი წმიდა პირუტყვისგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და მიიტანა სრულადდასაწველ მსხვერპლად სამსხვერპლოზე. და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, თუმცა კი სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი მათი ზრახვა. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, როგორც ეს გავაკეთე. ვიდრე დედამიწა იარსებებს, არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.“ და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, და უთხრა: „მოშენდით, იმრავლეთ და აავსეთ მიწა. თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყოველ მხეცს, ცის ყოველ ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის მიწაზე. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთ მომიცია. ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება იყოს თქვენი საჭმელი; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ თქვენ ყველაფერს. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ. მე კი თქვენს სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველ მხეცს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატადაა შექმნილი ადამიანი. მოშენდით და იმრავლეთ, მოეფინეთ მიწას და გამრავლდით მასზე.“ და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად: „აჰა, მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან და თქვენს მოდგმასთან, და ყოველ ცოცხალ არსებასთან, რომელიც კი თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან, მიწის ყოველ ცხოველთან, რომელნიც თქვენთან არიან, კიდობნიდან ყოველ გამოსულთან. მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“ და თქვა ღმერთმა: „ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც მე ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, საუკუნოდ. ჩემი მშვილდი, ჩემი ცისარტყელა, ჩავდე ღრუბელში ჩემსა და ქვეყანას შორის აღთქმის ნიშნად. როცა ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და ღრუბელში გამოჩნდება ცისარტყელა, გავიხსენებ აღთქმას მე და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ იქნება წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად. და გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, და დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა.“ და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავადგინე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რაც კი მიწაზეა.“ ესენი იყვნენ ნოეს ძენი, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო მამა ქანაანისა. ეს სამნი იყვნენ ნოეს ძენი, და მათგან წარმოსდგა მთელი დედამიწის მკვიდრნი. დაიწყო ნოემ, მიწაზე შრომა და პირველი იყო, რომელმაც ვენახი გააშენა. და შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. და იხილა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და კარვიდან გამოსულმა შეატყობინა ეს თავის ორ ძმას. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი და მოისხეს მხრებზე. და უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე, პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. გამოფხიზლდა ნოე ღვინისგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე. და თქვა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მსახურთა მსახური იყოს!“ და კვლავ თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მისი მსახური იყოს ქანაანი! და განამრავლოს ღმერთმა იაფეთი, სემის კარვებში დაემკვიდროს! მისი მსახური იყოს ქანაანი!“ და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ 350 წელი. და იყო ნოეს სრული ხანი 950 წელი და მოკვდა. ეს არის ნოეს ძეთა – სემის, ქამისა და იაფეთის მოდგმა, რომლებმაც წარღვნის შემდეგ შვეს შვილები. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი. ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით თავ-თავის ხალხში. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი. ქუშმა შვა ნიმროდი, რომელიც პირველი გოლიათი იყო ქვეყანაზე. ძლიერი მონადირე იყო ნიმროდი უფლის წინაშე. ამიტომ არის ნათქვამი: „ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე.“ მის სამეფოს დასაწყისში შეადგენდა: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე – შინყარის მიწები. ამ ქვეყნიდან წავიდა ის აშურში, სადაც ააგო ნინევე, რეხობოთ-ირი, ქალახი, და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი. მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა, ფათრუსელთა, ქასლუხელთა (რომელთაგან ფილისტიმელნი წარმოიშვნენ) და ქაფთორელთა. ქანაანს ეყოლა ციდონი, მისი პირმშო, და ხეთი და იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშელნი, ხიველნი, ყარკელნი, სინელნი, არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. და მერე განითესნენ ქანაანელთა ტომები. და იყო ქანაანელთა საზღვარი ციდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით ლაშაყამდე. ესენი არიან ძენი ქამისა თავ-თავისი ტომებისა და ენების მიხედვით, თავ-თავის ქვეყანებში, თავ-თავის ხალხში. და სემსაც, ყებერის ყველა ძის მამას, იაფეთის უფროს ძმას, შეეძინა ძენი. სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი. არამის ძენი: ყუცი, ხული, გეთერი და მაში. არფაქშადს შეეძინა შელახი, და შელახს ყებერი. ყებერს ორი ძე შეეძინა: ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს დანაწილდა დედამიწა, მისი ძმის სახელი იყო იოკტანი. იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შელეფი, ხაცარმავეთი, იერახი, ადორამი, უზალი, დიკლა, ყობალი, აბიმაელი, შება, ოფირი, ხავილა და იობაბი. ყველა ესენი იოკტანის ძენი იყვნენ. და დაესახლნენ ისინი მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე. ესენი იყვნენ ძენი სემისა თავ-თავის საგვარეულოთა მიხედვით, ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში. ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განითესნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ. ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყნიერებას და ერთნაირი სიტყვები. და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის მიწაზე და იქ დამკვიდრდნენ. და უთხრეს ერთმანეთს: „მოდი, მოვჭრათ აგური და გამოვწვათ ცეცხლში.“ და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და კირის მაგივრად ფისი. და თქვეს: „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ზეცას მისწვდება. ასე შევიქმნათ სახელი, რომ არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე.“ ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები. და თქვა უფალმა: „ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. რაკი ეს საქმე წამოიწყეს, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აბა, ჩავიდეთ და ავრიოთ მათი ენა, რომ ვერ გაიგონ ერთმანეთის ენა!“ და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მთელი დედამიწის ზურგზე და მათ ვეღარ დაასრულეს ქალაქის შენება. ამიტომ ეწოდა იმ ქალაქს ბაბილონი, რადგან უფალმა იქ აღრია მათი ენა და გაფანტა ისინი დედამიწის ზურგზე. ეს არის სემის მოდგმა: 100 წლისა იყო სემი, როცა წარღვნიდან ორი წლის შემდეგ შვა არფაქშადი, და იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ 500 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 35 წლისა იყო არფაქშადი, როდესაც შეეძინა შელახი. და იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელი და მას კვლავ შეეძინა ძენი და ასულნი. 30 წლისა იყო შელახი, როდესაც შვა ყებერი. და იცოცხლა ყებერმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 34 წლისა იყო ყებერი, როდესაც შვა ფელეგი. და იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ 430 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 30 წლისა იყო ფელეგი, როდესაც შვა რეღუ. და იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ 209 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 32 წლისა იყო რეღუ, როდესაც შეეძინა სერუგი. და იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ 207 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 30 წლისა იყო სერუგი, როდესაც შვა ნახორი. და იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ 200 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. 29 წლისა იყო ნახორი, როდესაც შვა თერახი. და იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ 119 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი. და იცოცხლა თერახმა 70 წელი და შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი. და ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; და ჰარანმა შვა ლოტი. და მოკვდა ჰარანი თერახის, მამამისის სიცოცხლეშივე, თავისი შობის ქვეყანაში – ქალდეველთა ურში. მოიყვანეს აბრამმა და ნახორმა ცოლები. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს – მილქა, იგი იყო ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქასა და ისქას მამა. და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი. და წაიყვანა თერახმა აბრამი, თავისი ძე და ლოტი, ჰარანის ძე – თავისი შვილიშვილი და სარაი – თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის ცოლი, და მათთან ერთად გავიდა ქალდეველთა ურიდან, ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. და მივიდნენ ხარანამდე და იქ დასახლდნენ. იცოცხლა თერახმა 205 წელი და მოკვდა ხარანში. უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. და გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და კურთხევა იქნები შენ დედამიწის ყველა ტომებისთვის.“ და წავიდა აბრამი, როგორც უთხრა მას უფალმა, და მასთან ერთად წავიდა ლოტიც. 75 წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა. და წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, და ყველა მსახური, ვინც კი ხარანში შეიძინეს, და წაიღო მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ იქ. და გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემის მისადგომებამდე, მორეს მუხამდე. ქანაანელნი მკვიდრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს ნაშიერს მივცემ ამ ქვეყანას.“ და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. და გაემართა იქიდან მთიანეთსაკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და დადგა იქ კარავი. ბეთელი მას დასავლეთიდან ემხრობოდა, ხოლო ღაი – აღმოსავლეთიდან; და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს და უხმობდა უფლის სახელს. და დაიძრა აბრამი და გააგრძელა სვლა ნეგებისაკენ. და იყო შიმშილი იმ ქვეყანაში და ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში. და როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, აბრამმა უთხრა თავის ცოლს, სარაის: „ვიცი, შესახედავად რა ლამაზი ქალი ხარ! დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო, მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. ისე თქვი ვითომც ჩემი და ხარ, რათა კარგად მომეპყრონ შენს გამო, და გადავრჩე შენი წყალობით.“ და როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, ეგვიპტელებმა დაინახეს, რომ ის ქალი ფრიად მშვენიერი იყო. დაინახეს ის ფარაონის დიდებულებმაც, და აქეს იგი ფარაონის წინაშე; და წარადგინეს ის ქალი ფარაონის კარზე. და აბრამს კარგად ექცეოდა ის სარაის გამო; და აბრამს გაუმრავლდა ცხვარი და ძროხა, მსახურნი და მხევალნი, და ვირი და აქლემი. მაგრამ დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლეული სარაის, აბრამის ცოლის გამო. და მოიხმო ფარაონმა აბრამი, და უთხრა: „ეს რა მიყავი? რატომ არ გამიმხილე, თუ შენი ცოლი იყო ეს ქალი? რადა თქვი, ჩემი და არისო? და მე იგი ლამის ცოლად დავისვი! აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადით აქედან!“ და მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს აბრამი თავისი ცოლითა და მთელი თავისი საბადებლითურთ. და წამოვიდნენ აბრამი და თავისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებით ნეგებისაკენ, მათთან იყო ლოტიც. ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით. და გაემართა ნეგებიდან ბეთელისაკენ, სადაც უწინ მისი კარავი იდგა ბეთელსა და ღაის შორის, სადაც მან ადრე სამსხვერპლო ააგო, და სადაც მოუხმობდა უფლის სახელს. და ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა ცხვარი და ძროხა და ჰქონდა კარვები. და ვერ იტევდა მათ ქვეყანა ერთად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვეღარ ეტეოდნენ ერთად. და იყო დავა აბრამისა და ლოტის მწყემსებს შორის. ქანაანელები და ფერიზელები სახლობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ ჩვენ. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.“ აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა ცოყარამდე, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო ცოყარის მისადგომებამდე; ვიდრე უფალი მოსპობდა სოდომსა და გომორას, იყო იგი როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა მიწა. და ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა, და წავიდა ლოტი აღმოსავლეთისაკენ, და განცალკევდა კაცი თავისი ძმისაგან. აბრამი დასახლდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დასახლდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს. და უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: „აახილე თვალი და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. მთელს ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს მოდგმას გაძლევთ უკუნისამდე. და ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს მოდგმას. და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის აღრიცხვას, მაშინ შენი მოდგმაც აღირიცხება. ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას.“ და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუგო იქ სამსხვერპლო უფალს. შინყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა – ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა – ყელამის მეფემ და თიდყალმა – გოიმის მეფემ ბრძოლა გაუმართეს სოდომის მეფე ბერაყს, გომორას მეფე ბირშაყს, ადმას მეფე შინაბს, ცებოიმის მეფე შემებერს და ბელაყის ანუ ცოყარის მეფეს. ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა. 12 წელიწადი ემორჩილებოდნენ ისინი ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აუჯანყდნენ. მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და გაანადგურეს რეფაიმელნი ყაშთეროთ-კარნაიმში, ზუზიმელნი ჰამში, ემიმები შავე-კირიათაიმში, და ხორიელები სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან. და უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, ახლანდელ კადეშთან, და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, და აგრეთვე ამორეველნი – ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი. და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის, ანუ ცოყარის მეფეები, და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს – ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ. სიდიმის ველზე იყო ფისის უამრავი ორმო. და უკუიქცნენ სოდომისა და გომორას მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ. წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება და მთელი სარჩო, და წავიდნენ. და წაიყვანეს აბრამის ძმისწული ლოტიც, მცხოვრები სოდომში და მთელი მისი ქონება, და წავიდნენ. და მოვიდა ერთი გადარჩენილი კაცი და მოუტანა ამბავი ებრაელ აბრამს. მაშინ იგი ბინადრობდა მუხნარში, რომელიც ეკუთვნოდა ამორეველ კაცს, მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმას. ისინი აბრამის მოკავშირენი იყვნენ. როცა გაიგო აბრამმა, რომ მისი ძმისწული წაუყვანიათო ტყვედ, აღჭურვა თავის სახლში შობილი 318 მსახური და სდია მტერს დანამდე. და დაყო აბრამმა თავისი კაცები ღამით, და გაანადგურეს მტერი და სდიეს მათ ხობამდე, რომელიც დამასკოს მარცხნივაა. და დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, ქალებიცა და ხალხიც. და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე, რომელსაც სამეფო ველსაც უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ. და მელქიცედეკმა, სალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულ იყოს აბრამი ცისა და მიწის შემოქმედის, უზენაესი ღმერთის მიერ. და კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.“ და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი. და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: „მომეცი მე ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.“ მაგრამ უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „უფალს, უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს, თუ თითზე გადახვევა რამ ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი; გარდა იმისა, რაც ჩემმა მსახურებმა შეჭამეს, და რაც ჩემთან მყოფ კაცებს ერგოთ წილად – ყანერს, ეშქოლსა და მამრეს, წაიღონ მათ თავ-თავიანთი წილი.“ ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: „ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდი იქნება შენი საზღაური!“ და უთხრა აბრამმა: „უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე იმის სანაცვლოდ, რომ უშვილოდ გადავდივარ და ჩემი სახლი დამასკოელ ელიყეზერს რჩება?“ და კვლავ უთხრა აბრამმა: „შენ არ მოგიცია შთამომავალი და ჩემს სახლში შობილი მსახური ხდება ჩემი მემკვიდრე.“ და იყო სიტყვა უფლისა მის მიმართ: „არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.“ და გაიყვანა მან იგი გარეთ და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს მათი აღრიცხვა.“ და უთხრა: „ამდენი იქნება შენი მოდგმა.“ და ერწმუნა იგი უფალს, და უფალმა სიმართლეში ჩაუთვალა ეს აბრაამს. და უთხრა მან: „მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.“ ხოლო აბრამმა უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“ და უთხრა მას უფალმა: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, ერთი გვრიტი და ერთი მტრედის ხუნდი.“ და მიუყვანა მას ეს ყველაფერი, აბრამმა სიგრძეზე გაკვეთა და მიუწყო ისინი ერთმანეთს პირისპირ. მხოლოდ ფრინველები არ გაუკვეთია. და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორებს, მაგრამ აბრამმა მოუგერია ისინი. მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს. და ძრწოლამ და წყვდიადმა მოიცვა იგი. და უთხრა უფალმა აბრამს: „იცოდე, ხიზნად იქნება შენი მოდგმა სხვის ქვეყანაში. დაიმონებენ მათ და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელი. იმ ხალხს კი, ვისი მსახურნიც შეიქნებიან, მე განვსჯი. ამის შემდგომ კი დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან. და შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და ტკბილ სიბერეს მიწევნილი დაიმარხები. მეოთხე თაობაში მობრუნდება შენი მოდგმა აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.“ როდესაც მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, თითქოს ღუმელი აბოლდაო და ცეცხლის ალმა გაიარა გაკვეთილ ნაწილებს შორის. ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: „შენს მოდგმას ვაძლევ ამ ქვეყანას ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე: ქვეყანას კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა, ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა.“ და სარაის, აბრამის ცოლს, არ უშვია მისთვის. მას ჰყავდა ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი. და უთხრა სარაიმ აბრამს: „უფალმა დამხშა შვილიერებისაგან. შედი ჩემ მხევალთან. ეგებ გავშვილიანდე მისგან.“ და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები. და ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი ჰაგარი, თავისი მხევალი ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყანაში მისი დასახლების ათი წლისთავზე. და შევიდა აბრამი ჰაგართან და დაორსულდა ჰაგარი. და როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, თავისი ქალბატონის დამცირება იწყო. და უთხრა სარაიმ აბრამს: „შენი ბრალია ჩემი დამცირება: მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დამცირება დამიწყო. უფალმა განსაჯოს მე და შენს შორის.“ და უთხრა აბრამმა სარაის: „შენი მხევალი შენს ხელთაა, როგორც გენებოს, ისე მოექეცი.“ და დაუწყო სარაიმ ჩაგვრა ჰაგარს და გაექცა მას ჰაგარი. და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, შურის გზაზე, წყაროსთან. და ჰკითხა: „ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?“ და უპასუხა მან: „სარაის, ჩემს ქალბატონს, გავურბივარ.“ და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას.“ და კიდევ უთხრა: „ისე გავამრავლებ შენს მოდგმას, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღრიცხვა.“ და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „აჰა, ორსულად ხარ და შობ ძეს, და ისმაელს დაარქმევ მას სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას. იგი იქნება კანჯარივით კაცთა შორის; მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი იქნება მის წინააღმდეგ, თავისი ძმების პირისპირ იცხოვრებს იგი.“ და უწოდა ჰაგარმა მასთან მოლაპარაკე უფალს სახელად: „ელ-როი,“ რაც ნიშნავდა: ჩემი მხილველი ღმერთი ვიხილე მეც. ამიტომ უწოდა იმ ჭას ბეერ-ლახაი-როი. იგი მდებარეობს კადეშსა და ბერედს შორის. და უშვა ჰაგარმა აბრამს ძე. და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ძეს, რომელიც ჰაგარმა უშვა, ისმაელი. აბრამი იყო 86 წლისა, როდესაც ჰაგარმა მას ისმაელი უშვა. იყო აბრამი 99 წლისა, როცა გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. იარე ჩემს წინაშე და წრფელი იყავი. და დავდებ ჩემს აღთქმას მე და შენს შორის, და ძლიერ გაგამრავლებ.“ და დაემხო აბრამი პირქვე; და უთხრა მას ღმერთმა: „აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: შენ გახდები მრავალი ხალხის მამა! და ამიერიდან აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი, არამედ აბრაამი, რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ. და ძლიერ გაგამრავლებ და მრავალი ერი წარმოიშობა შენგან, და მეფენი წარმოიშობიან შენგან. და დავდებ აღთქმას მე და შენს შორის და შენს შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები. და მოგცემთ შენ და შენს მოდგმას, შენი ხიზნობის ქვეყანას – ქანაანის მთელს ქვეყანას – საუკუნო საკუთრებად და მე ვიქნები მათი ღმერთი.“ და შემდეგ უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა მოდგმამ თაობიდან თაობამდე. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა მე და თქვენს შორის და შენს მოდგმას შორის თაობიდან თაობამდე: წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა. დაიცვითეთ ჩუჩის წვერი, და იყოს ეს ნიშნად აღთქმისა მე და თქვენს შორის. რვა დღისამ დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამრმა თაობიდან თაობამდე, შინ შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგანი. წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა და შენმა ვერცხლით ნაყიდმა, და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად. და წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.“ და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, არამედ სარა იყოს სახელი მისი. ვაკურთხებ მას, და ძესაც შეგძენ მისგან, მე ვაკურთხებ მას და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.“ და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, გულში თქვა: „ნუთუ შვილი შეეძინება 100 წლის კაცს? ნუთუ შვილს დაბადებს 90 წლის სარა?“ და უთხრა აბრაამმა ღმერთს: „ნეტავ, ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!“ და უთხრა ღმერთმა: „სწორედ რომ სარა, შენი ცოლი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად ისააკს! და დავდებ მასთან და მის მოდგმასთან ჩემს აღთქმას საუკუნოდ. ისმაელზეც ვისმინე შენი თხოვნა და ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და გავამრავლებ მას დიდად. 12 მთავარი გამოვა მისგან და დიდი ერის მამამთავარი გახდება იგი. და ჩემს აღთქმას დავამყარებ ისააკთან, რომელსაც სარა გიშობს გაისად, დღეისსწორს.“ და დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი აბრაამთან და ამაღლდა მისგან. და აიყვანა აბრაამმა ისმაელი, თავისი ძე, და ყოველი თავის სახლში შობილი, და ყოველი ვერცხლით ნაყიდი, ყოველი მამრი თავისი სახლისა, და წინადაცვითა მათ სწორედ იმ დღეს, როგორც უთხრა მას ღმერთმა. აბრაამი იყო 99 წლისა, როდესაც დაიცვითა ჩუჩის წვერი. და ისმაელი, მისი ძე, 13 წლისა იყო, როდესაც აბრაამმა დაუცვითა მას ჩუჩის წვერი. სწორედ იმ დღეს წინადაიცვითეს აბრაამმა და მისმა ძემ, ისმაელმა, და მისი სახლის ყოველმა მამრმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა; ყველა ამათ მასთან ერთად წინადაიცვითეს. და გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან, კარვის წინ, შუადღის პაპანაქებაში მჯდომს. გაიხედა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო. დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და მდაბლად თაყვანი სცა მათ. და უთხრა: „ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ ჩაუვლი შენს მსახურს! მოვატანინებ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში. ლუკმა პურს მოვიტან და დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მსახურის კარზე გამოიარეთ!“ და უთხრეს: „გააკეთე, რასაც ამბობ!“ და სწრაფად მივიდა აბრაამი სარას კარავთან, და უთხრა: „აბა, საჩქაროდ სამი საწყაო გამტკიცული ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე!“ შემდეგ ნახირისკენ გაიქცა აბრაამი და აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს, და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის გამზადებას. გამოუტანათ ერბო და რძე, და გამზადებული ხბო, და წინ დაუწყო. ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, ვიდრე ისინი ჭამდნენ. და ჰკითხეს მას: „სად არის სარა, შენი ცოლი?“ და უპასუხა მან: „აქვეა, კარავში.“ შემდეგ უთხრა მას ერთმა მათგანმა: „გაისად ამ დროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან. და ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს.“ სარა კარვის კარს უკან იდგა და ყველაფერი ესმოდა. და მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი. დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას. და გაეცინა გულში სარას და თქვა: „რა სიამე უნდა განვიცადო, როცა უკვე დავბერდი? და ჩემი ქმარიც მოხუცებულია.“ და უთხრა უფალმა აბრაამს: „რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო? უფლისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას უკვე ძე ეყოლება.“ და უარყო სარამ და თქვა: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. და უპასუხეს მას: „არა, შენ გაიცინე!“ და ადგნენ იქიდან ეს კაცები, და მზერა მიაპყრეს სოდომს. და აბრაამი გაჰყვა მათ გასაცილებლად. და თქვა უფალმა: „დავუფარო აბრაამს, რის გაკეთებასაც ვაპირებ? აბრაამი ხომ დიდი და ძლიერი ხალხი გახდება, ქვეყნის ყველა ხალხი კურთხეული იქნება მისით, რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ – იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეჰპირდა.“ და თქვა უფალმა: „გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორაზე და ძალზე დამძიმდა მათი ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაღწია.“ და გაემართნენ ეს კაცები იქიდან სოდომისაკენ. აბრაამი კი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე. და მიეახლა აბრაამი უფალს და უთხრა: „ნუთუ მართალ კაცს უკეთურთან ერთად დაღუპავ? ეგების იყოს 50 მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს იქ მყოფი 50 მართლის გამო? შორს შენგან ეს საქმე, რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო, და მართალსაც ის ეწიოს, რაც უკეთურს! შორს შენგან! არ ეგების, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა უსამართლოდ განსაჯოს!“ და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.“ მიუგო მას აბრაამმა: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი მე, მტვერმა და ნაცარმა: ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ მაინც დაღუპავ ქალაქს?“ და უთხრა უფალმა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ იქ ორმოცდახუთს.“ და განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: „40 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გამო.“ და თქვა აბრაამმა: „ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: 30 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ იქ ოცდაათს.“ კვლავ უთხრა მას: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი. 20 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ დავღუპავ იმ ოცის გამო.“ და თქვა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: „10 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არც იმ ათის გამო დავღუპავ.“ და წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. და აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილზე. და მივიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და თაყვანი სცა მდაბლად. უთხრა: „აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში! ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ.“ და უთხრეს: „არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს!“ არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. და გაუმართა მათ ვახშამი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს მათ. ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელნი გარშემოერტყნენ სახლს, ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს: „სად არიან კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა მივუწვეთ!“ გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიხურა კარი, და უთხრა: „ნუ იზამთ უკეთურებას, ძმებო! აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელნიც ჯერ არ წოლილან კაცთან. მათ გამოვიყვან და უყავით, რაც გენებოთ, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი!“ მაგრამ უპასუხეს: „მოგვცილდი აქედან!“ და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე შემოხიზნულხარ აქ, და სამართალს გვისჯი? შენ მათზე უარესს გიზამთ!“ და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა. მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და კარები დაგმანეს. ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, დიდიან-პატარიანად სიბრმავე დაატეხეს და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში. ლოტის სტუმრებმა ჰკითხეს მას: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი – ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან, რადგან გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, იმის გამო, რომ უფლამდე მიაღწია მათზე სამდურავის ღაღადმა, და მოგვავლინა ჩვენ მის გასანადგურებლად!“ და გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, თავისი ასულების მთხოვნელთ, და უთხრა: „ადექით და გადით აქედან, რადგან უფალი განადგურებას უპირებს აქაურობას.“ სასიძოებს ეგონათ, ლოტი ხუმრობსო. განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი ამ სიტყვებით: „ადექ და წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, აქ რომ არიან, რათა არ გადაჰყვეთ ქალაქის ურჯულოებას!“ მაგრამ ფეხს ითრევდა ლოტი. მაშინ კაცებმა ჩასჭიდეს ხელი მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და გაიყვანეს ქალაქს გარეთ. როცა გამოიყვანეს ისინი გარეთ, უთხრა ერთ-ერთმა: „გადაირჩინე შენი სული, ნუ მიიხედავ უკან და ნუ გაჩერდები ამ არემარეზე! მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები!“ და უთხრა მათ ლოტმა: „არა, ბატონო! რადგან ჰპოვა თქვენმა მსახურმა მადლი შენს თვალში და დიდია შენი წყალობა, რომელიც მოიღეთ ჩემზე ჩემი სულის გადასარჩენად, ვერ შევეფარები მთას: ვაითუ, გადავაწყდე უბედურებას და მოვკვდე! აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.“ და უთხრა: „კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე. აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ!“ და ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი. და მივიდა ლოტი ცოყარს, როცა ამოვიდა მზე ქვეყანაზე. და აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორას გოგირდის ცეცხლი უფლისაგან. და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა. და უკან მოხედვისას, ლოტის ცოლი იქცა მარილის სვეტად. და ადგა აბრაამი დილაადრიანად და წავიდა იმ ადგილას, სადაც იდგა ის უფლის წინაშე. და როცა გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ, დაინახა: კვამლი ასდის მიწას მთელს არემარეზე, მსგავსად ღუმელიდან ამოვარდნილი ბოლისა. და როცა ამხობდა ღმერთი იმ არემარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი, და გაარიდა ლოტი დაქცევიდან, როცა სპობდა ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი. და ავიდა ლოტი ცოყარიდან, და დასახლდა მთაში თავის ორ ასულთან ერთად, რადგან ეშინოდა ცოყარში ცხოვრებისა. და დასახლდა მღვიმეში თავის ორ ასულთან ერთად. და უთხრა უფროსმა ასულმა უმცროსს: „მოხუცია მამაჩვენი და არ არის ქვეყანაზე მამაკაცი, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია. მოდი, შევასვათ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ და მივუწვეთ და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.“ და შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით და მივიდა უფროსი და მიუწვა თავის მამას. მას მისი არც დაწოლა გაუგია და არც ადგომა. მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: „აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩვენთან. შევასვათ მას ღვინო ამაღამაც. და მიდი, მიუწექი, და აღვადგინოთ მამაჩვენისგან შთამომავლობა.“ და ასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას. და დაწვა უმცროსი მასთან. ლოტს მისი არც დაწოლა გაუგია და არც ადგომა. და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავიანთი მამისაგან. და შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე. და უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონელთა მამა დღევანდლამდე. გაემგზავრა აბრაამი იქიდან ნეგების ქვეყნისაკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და ხიზნად ცხოვრობდა გერარში. და თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არისო იგი. და გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, და თავისთან მოაყვანინა სარა. და მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: „მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი.“ მაგრამ აბიმელექი არ მიჰკარებია მას და ამიტომ თქვა: „უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ? განა თავად არ მითხრა: ჩემი და არისო? და ქალმაც თვითონ თქვა, ჩემი ძმა არისო. წრფელია ჩემი გული და უდანაშაულოა ჩემი ხელი.“ და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: „მეც ვიცი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და მეც აგაშორე ცოდვას ჩემს წინაშე. ამიტომ არ მიგაკარე ამ ქალს. ახლა კი დაუბრუნე ცოლი ამ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია იგი და ილოცებს შენთვის, და გადარჩები. და თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ შენცა და შენიანებსაც.“ და ადგა აბიმელექი დილაადრიანად და მოიწვია ყველა თავისი მსახური, და გაიმეორა ყველა ეს სიტყვა მათ გასაგონად. მეტისმეტად შეშინდა ხალხი. და მოიხმო აბიმელექმა აბრაამი, და უთხრა: „ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე ისეთი, რომ ასეთ დიდ ცოდვაში გვაგდებდი მეცა და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არასდროს არავისთვის უქნიათ.“ და კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რას ფიქრობდი, ამას რომ სჩადიოდი?“ უპასუხა აბრაამმა: „მეგონა, არ იყო ღვთის შიში ამ მხარეში, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც შევირთე ცოლად. და როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი ამ ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: სადაც არ უნდა მოვხვდეთ, ჩემზე თქვი: ჩემი ძმა არის-თქო იგი.“ და მოარეკინა აბიმელექმა ცხვარ-ძროხა, მსახურნი და მხევალნი, და მისცა აბრაამს, და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი. და უთხრა აბიმელექმა: „აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გნებავს, იქ დასახლდი.“ და სარას უთხრა: „აჰა, მივეცი შენს ძმას ათასი შეკელი ვერცხლი. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველას წინაშე გამართლებული ხარ!“ და ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები, და მათ კვლავ იწყეს შობა, რადგან ყველასათვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო. და უფალმა გაიხსენა სარა და შეუსრულა, რაც აღუთქვა. დაორსულდა სარა და უშვა მოხუცებულ აბრაამს ძე უფლისგან დათქმულ დროზე. და დაარქვა აბრაამმა სახელად თავის ძეს ისააკი, რომელიც უშვა მას სარამ. და წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისააკი, თავისი ძე, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. 100 წლისა იყო აბრაამი, როცა მას ისააკი შეეძინა. და თქვა სარამ: „დასაცინი გამხადა მე ღმერთმა. ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.“ და კვლავ თქვა: „ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც გავუჩინე მისი სიბერის ძე.“ წამოიზარდა ბავშვი და ძუძუს მოსწყვიტეს. და აბრაამმა დიდი ძეობა გამართა იმ დღეს, როცა ისააკი ძუძუს მოსწყვიტეს. და დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი ჰაგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს. და უთხრა მან აბრაამს: „გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ გახდეს მხევლის ძე ისააკთან, ჩემს ძესთან, ერთად შენი მემკვიდრე.“ ძალზე შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ნუ დარდობ ყმაწვილზე და შენს მხევალზე. გაუგონე სარას, რასაც გეუბნება, რადგან ისააკი გააგრძელებს შენს მოდგმას; და ამ მხევლის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.“ ადგა აბრაამი დილაადრიანად, აიღო პური და წყლის ტიკჭორა და მისცა ჰაგარს, ზურგზე აჰკიდა და ბავშვიანად გაუშვა. და წავიდა ჰაგარი და გზააბნეული დახეტიალობდა ბეერ-შებაყის უდაბნოში. გაუთავდა წყალი ტიკჭორაში, ჰაგარს; დატოვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას, წავიდა და დაჯდა მოშორებით, საისრე მანძილზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა შორს და ხმამაღლა ტიროდა. და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა, და გადმოსძახა ღვთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ღმერთს შემოესმა შენი ძის ხმა იმ ადგილიდან, სადაც ის არის. ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში! მე მისგან წარმოვშობ დიდ ხალხს.“ და აუხილა ღმერთმა თვალი ჰაგარს და დაინახა მან წყლის ჭა, და წავიდა და აავსო ტიკჭორა წყლით, და დაალევინა თავის ყრმას. და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა და ცხოვრობდა უდაბნოში, და გახდა იგი მშვილდოსანი. ცხოვრობდა იგი ფარანის უდაბნოში; და მოუყვანა დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან. და მოხდა იმ დროს: აბრაამს ელაპარაკნენ აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი, და უთხრეს: „ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც შენ აკეთებ, ახლა შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ გვიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას. როგორც მე გექცეოდი კეთილად, შენც ისე მოგვექეცი მე და ამ ქვეყანას, რომელშიც ხიზნად ხარ.“ და უთხრა აბრაამმა: „გეფიცები!“ და უსაყვედურა აბრაამმა აბიმელექს წყლის იმ ჭის გამო, რომელიც მიიტაცეს აბიმელექის მსახურებმა. და უთხრა აბიმელექმა: „არ ვიცი, ვინ ქნა ეგ საქმე, შენ არაფერი გითქვამს ჩემთვის, მეც არაფერი მსმენია დღემდე.“ და მოლალა აბრაამმა ცხვარ-ძროხა და მისცა აბიმელექს, და შეკრეს მათ კავშირი. გამოარჩია აბრაამმა ფარიდან შვიდი კრავი ცალკე, და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რა არის ეს შვიდი კრავი, ცალკე რომ გამოარჩიე?“ მან უპასუხა: „მიიღე ეს შვიდი კრავი ჩემი ხელიდან იმის დასამოწმებლად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.“ ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს. და შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში, და აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. და დარგო იალღუნი აბრაამმა ბეერ-შებაყში, და იქ მოუხმო მან უფლის, საუკუნო ღმერთის სახელს. და დიდხანს ხიზნობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში. და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და მიუგო აბრაამმა: „აქა ვარ!“ და უთხრა მან: „წაიყვანე ისააკი, ძე შენი ერთადერთი, რომელიც გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც მე გეტყვი.“ და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი, თან წაიყოლა თავისი ორი მსახური ბიჭი და ისააკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: „თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.“ და აიღო აბრაამმა შეშა სრულადდასაწველისათვის და აჰკიდა ზურგზე ისააკს, თავის ძეს, და აიღო ხელში ცეცხლი და დანა. და ორივენი წავიდნენ ერთად. და უთხრა ისააკმა აბრაამს თავის მამას: „მამაჩემო!“ აბრაამმა მიუგო: „აქა ვარ, ჩემო შვილო!“ და თქვა ისააკმა: „ცეცხლი და შეშა მიგვაქვს, სრულადდასაწველი კრავი სადღა არის?“ და უთხრა აბრაამმა: „ჩემო შვილო, ღმერთი თავად გამონახავს კრავს სრულადდასაწველად.“ ორივემ ერთად გააგრძელეს გზა. და მივიდნენ იმ ადგილას, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისააკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოს შეშაზე. და გაიწოდა ხელი აბრაამმა, დანა აიღო შვილის დასაკლავად. და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: „აბრაამ, აბრაამ!“ მიუგო: „აქა ვარ!“ და უთხრა ანგელოზმა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან ახლა გავიგე, რომ ღვთისმოშიში ხარ, და შენი ერთადერთი ძე გაიმეტე ჩემთვის.“ და გაიხედა აბრაამმა და დაინახა, რომ ერთი ვერძი რქებით იყო გახლართული ჯაგებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავისი ძის ნაცვლად. და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად: უფალი გამოაჩენს; როგორც ამბობენ მას შემდეგ: უფლის მთაზე გამოჩნდებაო. და მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ზეციდან მეორედ, და უთხრა: „გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი, გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს მოდგმას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით! და დაიმკვიდრებს შენი მოდგმა თავისი მტრების კარიბჭეებს! და კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისათვის, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა!“ და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შებაყისაკენ. და სახლობდა აბრაამი ბეერ-შებაყში. და ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაამს, რომ მილქამაც უშვა ძენი ნახორს, აბრაამის ძმას: ყუცი, მისი პირმშო, და ბუზი, ყუცის ძმა, კემუელი – არამის მამა, ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი. ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას. მისმა ხარჭამაც, სახელად რეუმამ, შვა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მაყაქა. და იცოცხლა სარამ 127 წელი. და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყში, ეს არის ხებრონი, ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად. და ადგა თავისი მკვდრისაგან და ელაპარაკა ხეთელებს: „მწირად ვარ და ხიზნად მე თქვენთან. მომეცით მე საკუთარი სამარხი ადგილი თქვენს მიწაზე, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი.“ და მიუგეს ხეთელებმა აბრაამს: „მოგვისმინე ბატონო, ღვთის მთავარი ხარ შენ ჩვენს შორის! ჩვენს რჩეულ სამარხში დამარხე შენი მკვდარი, ჩვენგან არავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხად.“ ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ მიწის ხალხს, ხეთელებს. და ელაპარაკა მათ: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონს, ცოხარის ძეს, რომ მომცეს მახფელას მღვიმე, მისი მინდვრის ბოლოს რომ არის: სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, ჩემი საკუთრი სამარხი რომ მქონდეს.“ და ყეფრონი იჯდა ხეთელებს შორის, და მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთელთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის გასაგონად და უთხრა: „არა, ბატონო, მომისმინე: მინდორიც მომიცია და ის მღვიმეც, იქ რომ არის, ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია შენი მკვდრის დასამარხად!“ და თაყვანი სცა აბრაამმა ამ მიწის ხალხს. და ელაპარაკა ყეფრონს ხალხის გასაგონად: „იქნებ მოგესმინა ჩემთვის. საფასურს გაძლევ მინდვრისათვის; გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს.“ და პასუხად მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა: „ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა 400 შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა მე და შენს შორის? დამარხე შენი მკვდარი.“ და დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად – 400 შეკელი ვერცხლი სავაჭარო მაზანდით. და დაუმტკიცდა ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს ახლოს რომ არის, მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ყოველი ხე, იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ არის ირგვლივ, საკუთრებად აბრაამს ხეთელთა და სხვა ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მისული. და ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი, მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ახლოს. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყანაში. ასე დაუმტკიცდა აბრაამს ხეთელებისგან მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, სამარხად. და მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა. და უფალმა აკურთხა აბრაამი ყოველმხრივ. და უთხრა აბრაამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, რომლიც მთელ მის ქონებას განაგებდა: „ამომიდევი ხელი საზარდულს ქვეშ, და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ ცოლად არ მოჰგვრი ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ, არამედ წახვალ ჩემს მშობელ ქვეყანაში და მოჰგვრი ცოლს იქიდან ჩემს ძეს, ისააკს.“ და უთხრა მას მსახურმა: „რომ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა, მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც შენ გამოხვედი?“ და უთხრა მას აბრაამმა: „გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე. უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი სამშობლოდან, რომელიც მელაპარაკა მე და შემომფიცა და მითხრა, რომ ჩემს მოდგმას მისცემდა ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს, რომ წამოიყვანო ქალი იქიდან ჩემი ძისათვის. და თუ არ წამოგყვეს ქალი, მაშინ თავისუფალი იქნები შენ იმ ფიცისაგან, რომელიც მე შემომფიცე, ოღონდ ჩემი ძე არ დააბრუნო იქ.“ და ამოუდო ხელი საზარდულს ქვეშ მსახურმა აბრაამს, თავის ბატონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას. და გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან და გაუდგა გზას. მან თან წაიღო თავისი ბატონის განძეულთაგან და წავიდა არამ-ნახარაიმისაკენ – ნახორის ქალაქისაკენ. და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ საღამო ხანს ერთ ჭასთან, იმ დროს, როდესაც ქალები გამოდიან წყლის ამოსახაპად. და თქვა: „უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო! ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს და მადლი უყავი ჩემს ბატონს, აბრაამს! აჰა, მე ვდგავარ ჭასთან სადაც ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოდიან წყლის ამოსახაპად; და თუ მოხდა და ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, და ის მიტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მსახურის, ისააკისთვის რომ გყავს დანიშნული. და ამით მივხვდები, რომ წყალობა უყავ ჩემს ბატონს.“ მას ჯერ არ დაემთავრებინა სიტყვა, რომ მოვიდა მხარზე კოკაშემოდგმული რებეკა, რომლის მამა იყო ბეთუელი, რომელიც იყო ძე მილქასი და ნახორისა, აბრაამის ძმისა. ყმაწვილი ქალი ძალზე მშვენიერი იყო შესახედად; ქალწული იყო, მამაკაცი ჯერ არ გაჰკარებოდა. და ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა. და გაიქცა მსახური მის შესახვედრად, და სთხოვა: დამალევინეო ცოტა შენი კოკიდან. და უპასუხა მან: „დალიე, ჩემო ბატონო,“ და სწრაფად ჩამოიღო კოკა მხრიდან და დაალევინა. და რომ შეასვა, უთხრა: „შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.“ და უმალვე ჩამოცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. და უზიდავდა აქლემებს წყალს. და კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა მას გზა. და როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ნახევარი შეკელი წონის ოქროს რგოლი, და ათი შეკელის წონის ოქროს ორი სამაჯური. და ჰკითხა: „ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის?“ და უპასუხა მან: „ბეთუელის ასული ვარ, ნახორის ძისა, მილქამ რომ უშვა.“ და დაამატა: „ბზეცა და თივაც ბევრი გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც მოგვეძიება.“ და მუხლი მოიყარა იმ კაცმა, და თაყვანი სცა უფალს. და თქვა: „კურთხეულია უფალი, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო სიმართლე და სიყვარული ჩემს ბატონს. უფალმა პირდაპირ მომაყენა ჩემი ბატონის ძმების სახლს.“ და გაიქცა ყმაწვილი ქალი და ამცნო ეს ყველაფერი თავისი დედის სახლს. რებეკას ჰყავდა ძმა, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი იმ კაცისაკენ ჭასთან. და როცა იხილა რგოლი და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და როცა მოისმინა თავისი დის, რებეკას მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა ლაბანი იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას ჭის პირას. და უთხრა: „შინ წამოდი, უფლის კურთხეულო, რად დგახარ გარეთ? მე გაგიმზადე ბინა და აქლემების სადგომი.“ და შევიდა კაცი სახლში. მოხადა ლაბანმა აქლემებს საკაზმები და მისცა მათ ბზე და თივა, და მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მოუტანა. და გაუწყვეს სუფრა, რომ ეჭამა. მაგრამ მან თქვა: „ვერ შევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი ჩემს სათქმელს.“ და უთხრა ლაბანმა: „თქვი.“ და თქვა: „მე ვარ მსახური აბრაამისა. უფალმა დიდად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი. მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, ურიცხვი აქლემი და ვირი. და უშვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ძე ჩემს ბატონს, რომელსაც აბრაამმა მისცა მთელი თავისი საბადებელი. და დამაფიცა ჩემმა ბატონმა, არ მოუყვანოო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო, არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს. და ვუთხარი ჩემს ბატონს, რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი? და მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან. მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისაგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ. და თუ არ გამოგაყოლებენ ქალს, მაშინ თავისუფალი ხარ ჩემი ფიცისაგან.’ და მოვედი მე დღეს ჭასთან, და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ, აჰა, მე ვდგავარ ჭასთან და ყმაწვილ ქალს, რომელიც გამოვა ამოსახაპად, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან, და რომელიც მეტყვის: შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის ქალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალს ჩემი ბატონის შვილისთვის.’ და ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, დავინახე რებეკა მხარზე კოკაშედგმული. და ჩავიდა იგი ჭასთან და, რომ ამოხაპა, ვუთხარი, დამალევინე-მეთქი. და უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა. და ვკითხე მას: ვისი შვილი ხარ-მეთქი? და მითხრა: ბეთუელის ასული ვარ, ნახორის ძისა, მილქამ რომ უშვაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები. და მოვიყარე მუხლი, და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც წარმმართა ჭეშმარიტი გზით, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მის შვილს მივგვარო ცოლად. და ახლა მითხარით მე: მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი ბატონისთვის? თუ არა და ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.“ და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: „უფლისგან მოდის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს. აჰა, აქ არის რებეკა. წაიყვანე და წადი! და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს.“ როგორც კი ისმინა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მდაბლად. და ამოიღო აბრაამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და მისცა რებეკას. და მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები. და ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა, და ღამე გაათიეს. და ადგნენ დილით და თქვა აბრაამის მსახურმა: „გამიშვით ჩემს ბატონთან.“ მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: „დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათ დღეს მაინც, შემდეგ კი შეგიძლიათ წახვიდეთ.“ მაგრამ მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან სასიკეთოდ წარუმართავს უფალს ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან!“ და უთხრეს: „მოვუხმოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.“ და დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: „თუ წახვალ ამ კაცთან ერთად?“ და მან თქვა: „წავალ!“ და გაისტუმრეს რებეკა, თავიანთი და, თავისი ძიძითურთ, და აბრაამის მსახური და მისი კაცები. და დალოცეს რებეკა და უთხრეს: „ჩვენი და ხარ შენ. ბევრათასჯერ იმრავლე, თავის მტერთა ბჭენი დაიმკვიდროს შენმა მოდგმამ!“ და შესხდნენ რებეკა და მისი მხევლები აქლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს. და წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა. ხოლო ისააკი წამოსულიყო ბეერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგებში. და გავიდა ერთხელ ისააკი საღამო ხანს მინდორში ფიქრთგასართველად, და გაიხედა, და დაინახა მომავალი აქლემები. და გაიხედა რებეკამ, და დაინახა ისააკი და ჩამოხდა აქლემიდან. და უთხრა მსახურს: „ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესაგებებლად?“ და მიუგო მსახურმა: „ჩემი ბატონია ის.“ და აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა. და მოუთხრო მსახურმა ისააკს ყოველივე, რაც გააკეთა. და შეიყვანა იგი ისააკმა თავისი დედის, სარას, კარავში, და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა იგი. და დაუცხრა ისააკს დედის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი. და კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა. და მან უშვა მას: ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი. იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი. ძენი მიდიანისა: ეფა, ყეფერი, ენოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას შვილები იყვნენ. და მისცა აბრაამმა ისააკს მთელი თავისი ქონება. ხოლო თავის შვილებს, რომლებიც ხარჭასგან ჰყავდა, მისცა აბრაამმა საჩუქრები და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისააკს, თავის ძეს და გაუშვა აღმოსავლეთის ქვეყანაში. იციცხლა აბრაამმა 175 წელი. და გარდაიცვალა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და სიცოცხლით გამაძღარი. და შეერთო ის თავის წინაპართ. და დამარხეს იგი ისააკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, რომელიც მდებარეობს მამრეს ახლოს, მინდორზე, რომელიც ხეთელთაგან იყიდა აბრაამმა, იქ დაიმარხნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი. აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი, მისი ძე. და დასახლდა ისააკი ბეერ-ლახაი-როის გვერდით. ეს არის შთამომალობა ისმაელისა, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა აბრაამს ჰაგარმა, სარას ეგვიპტელმა მხევალმა. ეს არის ისმაელის ძეთა სახელები თავიანთ მოდგმათა მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, შემდეგ კედარი, აბდეელი და მიბსამი, მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. ესენი არიან ძენი ისმაელისა, და ეს იყო სახელები მათი მათ დაბებსა და ბანაკებში, 12 მთავარი თავ-თავისი ტომების მიხედვით. და იცოცხლა ისმაელმა 137 წელი და გარდაიცვალა, და შეერთო თავის წინაპართ. მისი მოდგმა სახლობდა ხავილადან შურამდე, რომელიც ეგვიპტის გასწვრივ იყო, აშურის მიმართულებით. ყველა ისინი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ. და აჰა, მოდგმა ისააკისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისააკი. და ისააკი იყო 40 წლისა, როცა შეირთო ცოლად რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა, ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და. და ევედრებოდა ისააკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. მაგრამ ეხლებოდნენ ძენი ერთმანეთს მის მუცელში, და მან თქვა: „თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ?“ და წავიდა უფალთან საკითხავად. და უთხრა მას უფალმა: „ორი ხალხია შენს მუცელში და ორი ტომი გამოვა შენი წიაღიდან, და ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემონება.“ და დაუდგა რებეკას ჟამი მშობიარობისა, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში. გამოვიდა პირმშო: მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი, და უწოდეს მას სახელად ესავი. მერე გამოვიდა მისი ძმა, რომელიც ხელით ებღაუჭებოდა ესავს ქუსლზე. და უწოდეს მას სახელად იაკობი. და 60 წლისა იყო ისააკი მათი შობისას. და როცა წამოიზარდნენ ყმაწვილები, გახდა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი კი სათნო კაცი იყო და იჯდა კარვებში. უყვარდა ისააკს ესავი, რადგან მისი ნანადირევი ეგემრიელებოდა. რებეკას კი იაკობი უყვარდა. ერთხელ, როცა იაკობმა შეჭამადი მოამზადა, ესავი დაღლილი დაბრუნდა ველიდან. და უთხრა ესავმა იაკობს: „შემახვრეპინე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ“ (ამიტომაც ეწოდა მას სახელად ედომი). და უთხრა იაკობმა: „დღესვე გაგიცვლი შენს პირმშოობაში.“ და თქვა ესავმა: „სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოობა?“ უთხრა მას იაკობმა: „შემომფიცე მე დღეს.“ და მანაც შეჰფიცა, რომ უთმობდა თავის პირმშოობას. და მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამადი, და ჭამა და სვა ესავმა, და ადგა და წავიდა. ასე არად ჩააგდო ესავმა თავისი პირმშოობა. და ჩამოვარდა შიმშილობა ქვეყანაში იმ ადრინდელი შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაამის დროს იყო. და წავიდა ისააკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში. გამოეცხადა მას იქ უფალი და უთხრა: „ნუ ჩახვალ ეგვიპტეში. იმ ქვეყანაში დასახლდი, რომელზეც მე გეტყვი. ხიზნობდე იმ ქვეყანაში და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს მოდგმას მოგცემთ მთელ ამ ქვეყნებს, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს. ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს მოდგმას, და მივცემ შენს მოდგმას მთელ ამ ქვეყნებს. და კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისთვის, რადგან შეისმინა აბრაამმა ჩემი სიტყვა და დაიცვა ყველა ჩემი მცნებანი და ბრძანებანი, ჩემი წესები და ჩემი რჯულდებები.“ და ცხოვრობდა ისააკი გერარში. ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა, რომ თავისი და იყო. რადგან ეშინოდა ეთქვა, ჩემი ცოლი არისო, რომ არ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან რებეკა ძალზე მშვენიერი შესახედავი იყო. და როცა ისააკი კარგა ხნის ნაცხოვრები იყო იქ, გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობებოდა ისააკი რებეკას, თავის ცოლს. და დაიბარა აბიმელექმა ისააკი და უთხრა: „ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი. რატომ თქვი, ჩემი და არისო?“ და უთხრა ისააკმა: „ვიფიქრე, მისი გულისთვის არ მომკლან-მეთქი.“ და უთხრა აბიმელექმა: „ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენიანი, და კიდეც გაგვრევდი ცოდვაში.“ უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: „ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება!“ და დათესა ისააკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმავე წელიწადს, რადგან აკურთხა იგი უფალმა. და გახდა ისააკი მდიდარი კაცი და უფრო და უფრო ივსებოდა ქონებით, და მეტისმეტად გამდიდრდა. და ჰყავდა მას ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს. და ყოველი ჭა, რომელიც კი ამოთხარეს მამამისის მსახურებმა აბრაამის სიცოცხლეში, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს. და უთხრა აბიმელექმა ისააკს: „გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი!“ და წავიდა ისააკი იქიდან, და დაბანაკდა გერარის ხეობაში, და იქ ცხოვრობდა. ისევ ამოიღო ისააკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა. და თხრიდნენ ისააკის მსახურები ხეობაში, და წააწყდნენ იქ გამდინარე წყლის ჭას. და შეედავნენ გერარელი მწყემსები ისააკის მწყემსებს: ჩვენიაო წყალი. და უწოდა სახელად იმ ჭას ყესეკი, რადგან ედავებოდნენ მას. და ამოთხარეს სხვა ჭა და მასზედაც დაობდნენ; ამიტომ უწოდა მას სახელად სიტნა. და გადაინაცვლა იქიდან, და ამოთხარა სხვა ჭა, და მასზე აღარ შედავებიან. ამიტომ უწოდა სახელად მას რეხობოთი და თქვა: „რაკი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამ ქვეყანაში.“ იქიდან ავიდა ბეერ-შებაყში. და გამოეცხადა მას უფალი იმ ღამით, და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი, და ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ და გაკურთხებ, და გაგიმრავლებ მოდგმას აბრაამის, ჩემი მსახურის გამო!“ და ააშენა იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. და გაშალა იქ თავისი კარავი, და ამოთხარეს იქ ჭა ისააკის მსახურებმა. მივიდა აბიმელექი მასთან გერარიდან, და მასთან ერთად ახუზათი, მისი მეგობარი, და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი. უთხრა მათ ისააკმა: „რისთვის მოხვედით ჩემთან, ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?“ მათ უთხრეს: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ უფალია შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და კავშირს შევკრავთ შენთან, რომ არ გვიბოროტო, რადგან ჩვენ არ დაგვიჩაგრიხარ, მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის, და მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ შენ!“ და გაუმართა ნადიმი მათ ისააკმა, და ჭამეს და სვეს. და ადგნენ დილაადრიანად, და შეჰფიცეს ერთმანეთს. და გაისტუმრა ისინი ისააკმა, და მშვიდობით წავიდნენ. იმავე დღეს მოვიდნენ ისააკის მსახურები და აუწყეს ჭის შესახებ, რომელიც მათ ამოთხარეს, და უთხრეს, წყალი ვიპოვეთო. და უწოდა მას შიბაყი. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღევანდლამდე. 40 წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერი ხეთელის ასული, და ბასემათი, ელონ ხეთელის ასული. და გაუმწარეს მათ სული ისააკს და რებეკას. და როცა დაბერდა ისააკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს და უთხრა: „შვილო ჩემო!“ და მან მიუგო: „აქა ვარ.“ და უთხრა ისააკმა: „აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები. ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე, და მომიმზადე კერძი, მე რომ მიყვარს. მომიტანე და შევჭამ, რომ გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, სანამ ცოცხალი ვარ.“ და ესმოდა რებეკას ისააკის ეს საუბარი ესავთან, თავის ძესთან. და გავიდა ესავი ველად სანადიროდ, ნანადირევის მოსატანად. ხოლო რებეკამ უთხრა იაკობს, თავის ძეს: „მე მოვისმინე, რომ მამაშენი ესავს, შენს ძმას ეუბნებოდა: მომიტანე ნანადირევი და მომიმზადე კერძი და შევჭამ, რომ გაკურთხოო უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ. ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი: წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე, რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი. და მიართვი მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ.“ უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: „ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ? რომ შემახოს ხელი მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში? კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.“ უთხრა მას დედამ: „ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიტანე.“ წავიდა ის, აიყვანა თიკნები, და მოჰგვარა დედას. და მოამზადა დედამისმა კერძი, ისააკს რომ უყვარდა. და აიღო რებეკამ თავისი უფროსი ძის, ესავის, ძვირფასი სამოსელი, შინ რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, თავისი უმცროსი ძე. ხელები და კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა. და მისცა იაკობს, თავის ძეს ხელში კერძი და პური, რომელიც მოამზადა. და მივიდა იგი მამასთან და უთხრა: „მამაჩემო!“ და უპასუხა მან: „აქა ვარ. რა იყო? რომელი ხარ, შვილო?“ და უთხრა იაკობმა მამას: „ესავი ვარ, შენი პირმშო; გავაკეთე, როგორც მითხარი. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა.“ და უთხრა ისააკმა თავის ძეს: „რა მალე გინადირია, შვილო?“ და თქვა: „იმიტომ რომ უფალი, შენი ღმერთი, შემეწია.“ და უთხრა ისააკმა: „მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო შვილო, მართლა ჩემი ძე ხარ შენ ესავი თუ არა?“ და მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისააკს. და შეახო ხელი მან, და თქვა: ხმა – იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია! და ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი. და თქვა: „მაშ შენა ხარ ჩემი ძე ესავი?“ მან უპასუხა: – „მე ვარ!“ უთხრა ისააკმა: „მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა.“ და მიაწოდა და შეჭამა. მიუტანა ღვინოც, და შესვა. და უთხრა ისააკმა, მამამისმა: „მომეახლე და მეამბორე, შვილო!“ და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოსა მან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა: „აჰა, სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა. და მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, და უხვად პური და ღვინო! და გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! იბატონე შენს ძმებზე და თაყვანი გცენ დედაშენის ძეთ. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხებელი შენი!“ როგორც კი დაასრულა ისააკმა იაკობის კურთხევა, და გავიდა იაკობი, დაბრუნდა ესავი, მისი ძმა, ნადირობიდან. მანაც მოამზადა გემრიელი საჭმელი და მიართვა მამამისს, და უთხრა: „ადექი მამაჩემო და ჭამე შენი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა!“ და უთხრა მას ისააკმა, მამამისმა: „რომელი ხარ შენ?“ და თქვა ესავმა: „მე ვარ შენი ძე, შენი პირმშო, ესავი.“ და შეძრწუნდა ისააკი და თქვა: „ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე, ვიდრე შენ მოხვიდოდი და კურთხეული ის იქნება!“ მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა. და უთხრა მამას: „მეც მაკურთხე, მამაჩემო!“ და უთხრა მან: „ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა.“ თქვა ესავმა: „ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია.“ და თქვა: „ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?“ და პასუხად უთხრა ისააკმა: „შენს ბატონად დავაყენე იგი და ყველა მისი ძმა მივეცი მას მსახურად, და პურითა და ღვინით ავავსე, და შენ რაღა გიყო, შვილო?“ და უთხრა ესავმა მამას: „ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო!“ და ხმამაღლა ატირდა ესავი. და მიუგო ისააკმა, მამამისმა: „ნაყოფიერი მიწისგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი და შორს ცის ცვარისგან. შენმა მახვილმა გარჩინოს და შენს ძმას ემსახურებოდე. დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს.“ და გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც იგი აკურთხა მამამ. და თქვა გულში: „ახლოვდება დღენი მამაჩემის გლოვისა და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს.“ და მიუტანეს რებეკას ესავის სიტყვები, თავისი უფროსი ძისა. და მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს, და უთხრა: „აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი! ახლა მომისმინე, შვილო, ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში. და ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი გაუვლის შენს ძმას. რომ დაცხრება რისხვა შენი ძმისა და დაივიწყებს, რაც უყავი მას, გამოვგზავნი ვინმეს და წამოგიყვან იქიდან. რატომ უნდა დაგკარგოთ ორივენი ერთ დღეს?“ და უთხრა რებეკამ ისააკს: „სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღასთვის მინდა სიცოცხლე?“ და მოუხმო ისააკმა იაკობს, აკურთხა და უბრძანა: „ცოლი ქანაანის ასულთაგან არ მოიყვანო. წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, და იქიდან მოიყვანე ცოლად ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგანი. ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს, განაყოფიეროს და გამრავლოს. მრავალი ხალხები გამოვლენ შენგან. და მოგცეთ აბრაამის კურთხევა შენ და შენს მოდგმას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.“ და გაუშვა ისააკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან ფადან-არამში, არამელი ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან. და დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისააკმა იაკობი და გაუშვა ფადან-არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან, და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა ფადან-არამში. და ისიც დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისააკს, ქანაანელი ქალები. და წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა მახალათი, ასული ისმაელისა, აბრაამის ძისა, დაი ნებაიოთისა ცოლად, დანარჩენი ცოლების გვერდით. და გავიდა იაკობი ბეერ-შებაყიდან და გაემართა ხარანისაკენ, და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად, რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო ერთი ქვა და დაიდო სასთუმლად, და დაწვა დასაძინებლად. ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება. ღვთის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან კიბეზე. და უფალი იდგა ზედ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისააკისა. ეს მიწა, სადაც წევხარ, შენთვისა და შენი მოდგმისთვის მომიცია. და ქვიშასავით გამრავლდება შენი მოდგმა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. კურთხევა იქნებით შენ და შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ტომისათვის. მე შენთან ვარ, და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ, რაც გითხარი.“ როცა გამოფხიზლდა იაკობი ძილისაგან, თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!“ და შეეშინდა და თქვა: „რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.“ და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ. და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. წინათ კი ლუზი ერქვა ამ ადგილს. და აღთქმა დადო იაკობმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიფარავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად, და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი, და ეს ქვა, ძეგლად რომ აღვმართე, იყოს ღვთის სახლი, და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი!“ და კვლავ დაადგა იაკობი გზას და წავიდა აღმოსავლელთა ქვეყნისაკენ. და მიმოიხედა და დაინახა ჭა ველზე, და მასთან ცხვრის სამი ფარა გაწოლილა, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარებს წყალს. დიდი ქვა ეფარა ჭას თავზე. და როცა მოგროვდებოდნენ იქ ფარები, გადააგორებდნენ ხოლმე მწყემსები ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს. და შემდეგ ისევ აფარებდნენ ჭას ამ ქვას. „სადაურები ხართ, ძმებო?“ – ჰკითხა იაკობმა მწყემსებს. და მიუგეს: „ხარანელები ვართ.“ და უთხრა: „თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს?“ თქვეს: „ვიცნობთ.“ და უთხრა მათ: „ხომ მშვიდობითაა?“ უპასუხეს: „მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოერეკება.“ თქვა: „ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა. დაარწყულეთ ცხვარი და წაასხით საძოვრად.“ თქვეს: „ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიკრიბება და არ გადმოაგორებენ ქვას ჭის პირიდან; მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.“ ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მათ იაკობი, რომ რახელმა მორეკა მამამისის ცხვარი, რადგან იგი მწყემსავდა ცხვარს. და როცა დაინახა იაკობმა რახელი, ლაბანის ასული, თავისი დედის ძმისშვილი, და ლაბანის, თავისი დედის ძმის ცხვარი, მივიდა და გადააგორა ქვა ჭის პირიდან, და დაარწყულა ლაბანის, თავისი დედის ძმის ცხვარი. და აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა. და ამცნო იაკობმა რახელს, რომ იგი მისი მამის დის, რებეკას, შვილი იყო. გაიქცა რახელი და მამას შეატყობინა. და როგორც კი გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და შინ შეიყვანა. და იაკობმა მოუთხრო ლაბანს მთელი ეს ამბავი. და უთხრა მას ლაბანმა: „ნამდვილად ჩემი სისხლი და ხორცი ხარ! და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.“ და უთხრა ლაბანმა იაკობს: „ჩემი ნათესავი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა უნდა იყოს შენი საზღაური?“ ორი ასული ჰყავდა ლაბანს, უფროსს სახელად ლეა ერქვა, უმცროსს – რახელი. სუსტი თვალები ჰქონდა ლეას, ხოლო რახელი მოხდენილი იყო ტანად და მშვენიერი შესახედად. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: „შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის.“ თქვა ლაბანმა: „მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე სხვა კაცს. დარჩი ჩემთან!“ და შვიდი წელი ემსახურებოდა იაკობი რახელისთვის. და ეს შვიდი წელი რამდენიმე დღედ ეჩვენებოდა იაკობს, ისე უყვარდა იგი. და უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან მოვიდა დრო და შევალ მასთან.“ შეკრიბა ლაბანმა მთელი იქაური ხალხი და გამართა ნადიმი. საღამო ჟამს აიყვანა ლეა, თავისი ასული, და შეიყვანა ის იაკობთან. და შევიდა იაკობი ლეასთან. და მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას, თავის ასულს, მხევლად. და ნახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან, და უთხრა ლაბანს: „ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?“ და თქვა ლაბანმა: „ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება. ბარემ გაასრულე საქორწინო შვიდი წელი და მერე რახელსაც მოგცემ იმ შრომისათვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს.“ იაკობიც ასე მოიქცა: გაასრულა ის შვიდი წელიც და ლაბანმა მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად. და მისცა ლაბანმა ბილჰა, თავისი მხევალი რახელს, თავის ასულს, მხევლად. შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც უყვარდა ლეაზე მეტად. და ემსახურებოდა ლაბანს მისთვის კიდევ შვიდ წელიწადს. როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო. დაორსულდა ლეა და შვა ძე და დაარქვა სახელად რეუბენი და თქვა: „დაინახა უფალმა ჩემი ტანჯვა, ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი.“ და კვლავ დაორსულდა და შვა ძე და თქვა: „დაინახა უფალმა, რომ მოძულებული ვარ და მომცა ეს ძეც.“ და უწოდა მას სახელად სიმეონი. და დაორსულდა კვლავ, და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ძე ვუშვი.“ ამიტომაც უწოდა სახელად ლევი. და კვლავ დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან განვადიდებ უფალს.“ ამიტომ უწოდა მას სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა. და დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. და უთხრა იაკობს: „მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.“ განურისხდა რახელს იაკობი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ მუცლის ნაყოფს მე გიბრკოლებდე?“ და უთხრა ქალმა: „აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა გავშვილიანდე მისგან.“ და მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად, და შევიდა იაკობი მასთან. და დაორსულდა ბილჰა და უშვა იაკობს ძე. და თქვა რახელმა: „განმსაჯა ღმერთმა და კიდეც შეისმინა ჩემი და მომცა ძე.“ ამიტომ დაარქვა სახელად მას დანი. და კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და უშვა მეორე ძე იაკობს. და თქვა რახელმა: „ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც.“ და დაარქვა ძეს სახელად ნაფთალი. და დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად. და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ძე. და თქვა ლეამ: „საბედნიეროდ!“ და უწოდა ვაჟს სახელად გადი. და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, მეორე ძე იაკობს. და თქვა ლეამ: „ნეტარი ვარ, რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები.“ და დაარქვა სახელად ძეს აშერი. გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორები, და მიართვა ისინი ლეას, თავის დედას. და უთხრა რახელმა ლეას: „მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.“ და უთხრა მან: „არ გეყო, რომ ქმარი წამართვი და ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?“ და უთხრა მას რახელმა: „კარგი, ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები.“ და როცა დაბრუნდა იაკობი ველიდან საღამო ჟამს, გამოეგება ლეა და უთხრა: „შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი ძის მანდრაგორებით.“ და დაწვა მასთან იგი იმ ღამეს. და უსმინა ღმერთმა ლეას და დაორსულდა, და უშვა მეხუთე ძე იაკობს. და თქვა ლეამ: „საზღაურად მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს.“ და უწოდა ბავშვს სახელად ისაქარი. და კვლავ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ძე. და თქვა ლეამ: „დიდებული საჩუქარი მარგუნა ღმერთმა! ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე ვუშვი მას.“ და დაარქვა სახელად ძეს ზებულუნი. შემდეგ შვა ასული და დაარქვა სახელად დინა. და გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა მას ღმერთმა და გაუხსნა საშო. და დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამაშორაო ღმერთმა შერცხვენას.“ და დაარქვა სახელად იოსები, და თქვა: სხვა ძესაც შემძენსო უფალი. მას შემდეგ, რაც შვა რახელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: „გამიშვი, რომ ჩემს მხარეში, ჩემს ქვეყანაში წავიდე. გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი.“ და უთხრა მას ლაბანმა: „ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! ნამკითხავები მაქვს, რომ შენს გამო მაკურთხა უფალმა.“ და კვლავ თქვა: „მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.“ და უთხრა მას იაკობმა: „შენ თავად უწყი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი ფარები ჩემს ხელში. რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და გაგიმრავლდა. და გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით. და როდისღა ვიზრუნო ჩემს სახლზე?“ და თქვა ლაბანმა: „რა მოგცე?“ და თქვა იაკობმა: „ნუ მომცემ ნურაფერს, თუ გამიკეთებ იმ საქმეს, რასაც გეტყვი, კვლავ დავმწყემსავ შენს ფარებს და მოვუვლი მათ. დღეს გავიაროთ შენს ფარებში. გამოარჩიე იქიდან ყველა ხატულა და ჭრელი ცხვარი, და ყველა შავი ცხვარი, და ჭრელი და ხატულა თხა – ეს იყოს ჩემი გასამრჯელო. ადვილად დარწმუნდები ჩემს სიმართლეში ხვალ, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: და თუ ნახავ, რომ მე გასამრჯელოში ამიყვანია ჩემთვის ხატულა, ჭრელი ან შავი ფერის ცხვრის ან თხის გარდა სხვა პირუტყვი, ნაქურდლად ჩამითვალე.“ და თქვა ლაბანმა: „კეთილი, ეგრე იყოს!“ და ცალკე გარეკა იმ დღეს ლაბანმა ყველა ხატულა და ჭრელი ვაცი, ყველა ხატულა და ჭრელი დედა ცხვარი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი, და თავის შვილებს ჩააბარა. და დასცილდა ის სამი დღის სავალზე იაკობს, რომელიც მწყემსავდა ლაბანის დანარჩენ ფარას. და აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და ჭადრის ნედლი წნელები, და ალაგ-ალაგ შემოჭრა ქერქი ისე, რომ თეთრი ზოლები გამოჩენილიყო. და დაჭრელებული წნელები ჩააწყო დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წყლის სასმელად და მოსული პირუტყვი ახურდებოდა ხოლმე. და ხურდებოდა ცხვარი ამ წნელებთან და შობდნენ ხატულა, ხალებიან და ჭრელ ბატკნებს. და გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს, და ლაბანის ხატულა და შავი ფარისაკენ უზამდა პირს. თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან. და ჯანსაღი ფარის ახურებისას ცხვრის თვალწინ ჩაყრიდა ხოლმე იაკობი წნელებს გეჯებში, რომ ახურებულიყვნენ ისინი. თუ ფარა სუსტი იყო, წნელებს არ ჰყრიდა გეჯებში. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს – ჯანსაღი. და დიდად გამდიდრდა იაკობი, და ჰყავდა მრავალი ცხვარი, მხევლები და მსახურები, აქლემები და ვირები. და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ: ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მისი ქონებით გამდიდრდაო. და სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორიც უწინ იყო. და უთხრა უფალმა იაკობს: „დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში, შენს სამშობლოში, და მეც შენთან ვიქნები.“ და გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, თავის ფარასთან. და უთხრა მათ: „ვხედავ, რომ მამათქვენს სახე შეეცვალა ჩემს მიმართ. მამაჩემის ღმერთი კი ჩემთან არის. თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურში. მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის. და როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, მთელი ფარა დაწინწკლულებს იგებდა. და თუ იტყოდა, ხატულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა. ასე წაართვა ღმერთმა ფარები მამათქვენს და მე მომცა. ფარის ახურების დრო იყო და ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ: ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელი, დაწინწკლულები და ხალებიანი იყვნენ. და მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: ‘იაკობ!’ და მე ვუპასუხე: ‘აქა ვარ.’ და თქვა: ‘აახილე თვალი და შეხედე – ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელია, დაწინწკლული და ხალიანი, რადგან ვხედავ ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც სვეტს სცხე ზეთი, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას.’“ და მიუგეს რახელმა და ლეამ მას: „ნუთუ კიდევ გვიძევს ჩვენ წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში? განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც მთლიანად შეჭამა? ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.“ და ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და თავისი ცოლები აქლემებზე, და გზას გაუყენა მთელი თავისი სამწყსო და მთელი თავისი დოვლათი, რომელიც მოიხვეჭა, თავისი საკუთარი ფარა, რაც შეიძინა ფადან-არამში, რათა წასულიყო ისააკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში. ლაბანი კი წასული იყო თავისი ცხვრის საპარსად; და რახელმა მოიპარა თავისი მამის საოჯახო კერპები. ასე გააცურა იაკობმა ლაბან არამელი – არ გაუმხილა, რომ გაურბოდა მას. და გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი ებადა. და ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი. მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა. თან წაიყვანა თავისი თანამოძმენი და სდია მას შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთებში არ წამოეწია. და გამოეცხდა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: „ფრთხილად იყავი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავს.“ და როცა დაეწია ლაბანი იაკობს, იაკობს გაშლილი ჰქონდა კარავი მთაზე, და ლაბანმაც გაშალა კარავი გალაადის მთაზე თავის თანამოძმეებთან ერთად. და ლაბანმა უთხრა იაკობს: „ეს რა ჰქენი? მომატყუე და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს მახვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ. უჩუმრად რატომ გაიპარე, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი. არ დამაცადე, ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა. უგუნურად მოიქეცი. გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე. ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო. ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?“ და პასუხად მიუგო იაკობმა ლაბანს: „შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს. და ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება! ჩვენს ძმათა წინაშე დაადე ხელი ყველაფერს, რაც შენია, და წაიღე.“ არ იცოდა იაკობმა, რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები. და შევიდა ლაბანი იაკობის კარავში და ლეას კარავში და ორივე მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა. და რახელმა აიღო საოჯახო ღმერთები და აქლემის უნაგირს ქვეშ ამოდო ისინი და ზედ დაჯდა. და გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერ იპოვა. და უთხრა რახელმა მამას: „ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესში ვდგავარ.“ და ეძება და ვერ იპოვა ლაბანმა კერპები. და განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. და მიუგო იაკობმა ლაბანს და უთხრა: „რა დავაშავე და რა შევცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ? ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ნივთები, რა იპოვნე შენი ნივთებიდან? დააწყვე აქ შენს და ჩემს ძმათა წინაშე და მათ განგვსაჯონ ჩვენ ორნი! ეს 20 წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია. ნამხეცავი შენთან არ მომიტანია – მე ვზარალობდი. მე მაზღვევინებდი დღისა და ღამის ნაქურდალს. დღისით ხორშაკი მწვავდა და ღამით ყინვა, და არ მიკარებია ძილი ჩემს თვალებს. ასე დავყავი 20 წელი შენს სახლში: გემსახურებოდი 14 წელი შენი ორი ასულისათვის, და ექვსი წელი შენი ცხვრებისათვის; შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო. რომ არ ყოფილიყო ჩემთან ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისააკისა, შენ ახლა ცარიელს გამისტუმრებდი. ჩემი ტანჯვა და ჩემი ხელების ჯაფა იხილა ღმერთმა და გამხილა წუხელ!“ და მიუგო ლაბანმა იაკობს: „ეს ქალები ჩემი ასულები არიან, და ეს ვაჟები ჩემი ძენი არიან, ეს ფარები ჩემი ფარებია. და ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. რა ვუყო ახლა ჩემს ასულებს ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს? მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ; და ის იყოს მოწმედ მე და შენს შორის.“ და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი ძეგლად. და უთხრა იაკობმა თავის ნათესავებს: „მოაგროვეთ ქვები.“ და აიღეს ქვები და აღმართეს ბორცვი, და ჭამეს იქ, ბორცვზე. და უწოდა ლაბანმა იმ ბორცვს იეგარ-საჰადუთა. და იაკობმა უწოდა მას გილეყადი. და თქვა ლაბანმა: „ეს ბორცვი იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის.“ და ამიტომ ეწოდა მას გილეყადი, და აგრეთვე მიცფა, რადგან თქვა ლიბანმა: „მეთვალყურეობდეს უფალი მე და შენს შორის, როცა მივეფარებით ერთმანეთის თვალს. თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან სხვა ცოლებს ჩემი ასულების გვერდით, რომც არავინ იყოს ჩვენთან, იცოდე, ღმერთია მოწმე მე და შენს შორის.“ და უთხრა ლაბანმა იაკობს: „აჰა, ეს ბორცვი და ეს ძეგლი, რომლებიც აღვმართე მე და შენს შორის! ეს ბორცვი იყოს მოწმე და ეს ძეგლი მოწმეა, რომ მე არასოდეს გადმოვლახავ შენკენ ამ ბორცვს, და არც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ ბორცვს და ამ ძეგლს საბოროტოდ. აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენს შორის, მათი მამების ღმერთმა.“ და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისააკის შიში. და შეწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეებს პურის საჭმელად; და მათ ჭამეს პური და გაათიეს მთაზე. და ადგა ლაბანი დილაადრიანად და აკოცა თავის შვილიშვილებს და თავის ასულებს, და აკურთხა ისინი, და წავიდა და დაუბრუნდა თავის მხარეს. და წავიდა იაკობი თავისი გზით და შემოხვდნენ მას ღვთის ანგელოზები. და თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: „ეს ღვთის ბანაკია, და უწოდა სახელად იმ ადგილს მახანაიმი.“ და გაგზავნა იაკობმა თავის წინ მაცნეები თავისი ძმის, ესავისაკენ, რომელიც ცხოვრობდა სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე და დააბარა მათ: „უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვცხოვრობდი მე და აქამდე დავყოვნდი. და მყავს მე ხარები და ვირები, ცხვარი და მსახურნი და მხევალნი, და ვაუწყებ ჩემს ბატონს, რომ მინდა ვპოვო მადლი მის თვალში.“ და დაბრუნდნენ მოციქულნი იაკობთან და აუწყეს: „ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის 400 კაცით შენს შესახვედრად.“ ძალზე შეეშინდა იაკობს და შეშფოთდა. და გაყო ხალხი, თან რომ ახლდა, აგრეთვე ცხვარ-ძროხა და აქლემები ორ ბანაკად. და თქვა: „თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს, მეორე გადარჩება.“ და თქვა იაკობმა: „ჩემი მამის, აბრაამის ღმერთო და ჩემი მამის, ისააკის ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სანათესაოს და შენს ქვეყანას, და სიკეთეს გიყოფო, ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მსახურს რომ უყავ. მე ხომ ერთი კომბლის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორი ბანაკი გავხდი. მიხსენ მე ჩემი ძმის, ესავის, ხელიდან, რადგან მეშინია მისი, ვაითუ მოვიდეს და ამოგვხოცოს ყველანი დედაშვილიანად. შენ კი ნათქვამი გაქვს: ‘სიკეთეს გიყოფ და გავხდი შენ თესლს ზღვის ქვიშასავით, რომელიც არ აღირიცხება სიმრავლის გამო.’“ და გაათია იქ ღამე. და გამოარჩია თავისი ქონებიდან საჩუქარი ესავისათვის, თავისი ძმისათვის: 200 დედალი თხა და 20 ვაცი, 200 დედა ცხვარი და 20 ვერძი, 30 მეწველი აქლემი თავის კოზაკებიანად, 40 ფური და 10 ხარი, 20 ჭაკი ვირი და 10 ჩოჩორი. და მისცა თავის მსახურებს ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: „იარეთ ჩემ წინ და დატოვეთ მანძილი ჯოგებს შორის.“ და უბრძანა პირველს: „როცა შეგხვდეს ესავი, ჩემი ძმა, და გკითხოს, ვისი ხარ და საით მიხვალ, და ვისია ეს სამწყსოო, უთხარი: იაკობისაა, შენი მსახურისა, ძღვნად გამოგზავნილი ჩემი ბატონის, ესავისათვის, და თავადაც უკან მოგვყვება-თქო.“ ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც მიდიოდა სამწყსოს უკან: ასე უთხარით ესავს, როცა შეხვდებით: „აჰა, შენი მსახური იაკობიც ჩვენს უკან მოდის-თქო,“ რადგან ფიქრობდა: ძღვენით, რომელიც ჩემ წინ მიდის, დავაცხრობო მის რისხვას, მერე კი, სახეზე რომ შევხედავ, იქნებ შემიწყალოსო. და წავიდა ძღვენი მის წინ; ის კი იმ ღამეს ბანაკში ათევდა. და ადგა იმავე ღამეს, გამოიყვანა თავისი ორი ცოლი, თავისი ორი მხევალი და თავისი 11 ძე და გადავიდა იაბოკის ფონზე. და წაიყვანა ისინი და გადაიყვანა მდინარეზე, და გადაიტანა, რაც კი ებადა. და უკან მობრუნებული იაკობი მარტო დარჩა. და ერკინებოდა მას ერთი კაცი განთიადამდე. და როცა დაინახა, რომ ვერ ერეოდა, შეეხო იგი მისი თეძოს სახსარს, და ეღრძო თეძოს სახსარი იაკობს მასთან ჭიდილისას. და იმ კაცმა უთხრა: „გამიშვი, უკვე თენდება.“ და უთხრა იაკობმა: „არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ!“ და უთხრა მან: „რა გქვია შენ?“ უპასუხა მან: „იაკობი.“ და უთხრა მას: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ერკინებოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!“ და ჰკითხა მას იაკობმა: „მითხარი შენი სახელი.“ და მიუგო მან: „რად კითხულობ ჩემს სახელს?“ და იქვე აკურთხა იგი. თქვა იაკობმა: „პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ და უწოდა იმ ადგილს ფენიელი. და ამოუბრწყინდა მას მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს. და კოჭლობდა იგი თეძოთი. ამიტომ არ ჭამენ ისრაელიანები დღემდე მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო ის იაკობის სახსარს თეძოს ძარღვზე. გაიხედა იაკობმა და ხედავს, რომ მოდის ესავი 400 კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს. წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები. თავად მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდზის მდაბლად თაყვანი სცა ძმას. გამოიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორივენი. გაიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები და თქვა: „შენი რა არიან ესენი?“ და თქვა იაკობმა: „შვილებია, ღმერთმა რომ უწყალობა შენს მსახურს.“ ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურთ ესავთან და თაყვანი სცეს. ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანი სცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანი სცეს. უთხრა ესავმა: „რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რომ შემომხვდა?“ უთხრა იაკობმა: „რათა მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.“ და უთხრა ესავმა: „მე არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.“ ხოლო უთხრა იაკობმა: „არა, თუ მადლი მიპოვია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს, და შენც წყალობით შემომხედე. მიიღე შენთვის გამოგზავნილი ჩემი კურთხევა, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს.“ არ მოეშვა და მანაც მიიღო. და უთხრა ესავმა: „დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.“ ხოლო მან უთხრა: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები და ცხვარიც და საქონელიც მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი. თავისი მსახურის წინ იაროს ჩემმა ბატონმა, მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გამოვყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემ ბატონთან მივიდოდე სეყირში.“ უთხრა ესავმა: „ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს.“ უთხრა იაკობმა: „რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.“ იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისაკენ. ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც მოუწყო კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი. და მივიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ. შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა. აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელ-ელოჰე-ისრაელი. და გამოვიდა იმ ქვეყნის ასულთა სანახავად დინა, ლეას ასული, რომელიც მან უშვა იაკობს. დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, და წაიყვანა ის, და დაწვა მასთან ძალით. და აღარ ისურვა დინასთან, იაკობის ასულთან, განშორება; შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ტკბილად ელაპარაკა მას. და უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: „ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი!“ იაკობმა გაიგო, რომ წაბილწეს დინა, მისი ასული. მაგრამ რაკი მისი ძენი მინდვრად იყვნენ საქონელში, ჩუმად იყო მათ მოსვლამდე. და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ. და როცა იაკობის ვაჟები მოვიდნენ მინდვრიდან და ეს გაიგეს, ძლიერ განრისხდნენ და შეწუხდნენ, რადგან სისაძაგლე გაუკეთა მან ისრაელს იაკობის ასულთან დაწოლით; არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: „მიეცით ცოლად თქვენი ასული, რადგან შექემს, ჩემს ძეს, მთელი სულით სურს იგი. დაგვიმოყვრდით, მოგვეცით ჩვენ თქვენი ასულები, ჩვენი ასულები კი თქვენ წაიყვანეთ. ჩვენთან დასახლდით, და ეს ქვეყანა თქვენ წინაშე იქნება. იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში.“ და უთხრა შექემმა დინას მამასა და მის ძმებს: „ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და, რასაც მთხოვთ, მოგცემთ. დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, და მოგცემთ, როგორც დამაკისრებთ, ოღონდ მომეცით ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.“ და ელაპარაკნენ იაკობის ძეები შექემს და მის მამას ხამორს მზაკვრულად, რადგან შებილწა შექემმა დინა, მათი და. და უთხრეს მათ: „ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინადაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან სამარცხვინო იქნებოდა ეს ჩვენთვის. მხოლოდ იმ პირობით დაგეთანხმებით, თუ ჩვენსავით წინადაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი. და მოგცემთ ჩვენს ასულებს, და ჩვენც მოვიყვანთ თქვენს ასულებს, და დავსახლდებით თქვენთან და გავხდებით ერთი ხალხი. და თუ არ დაგვეთანხმებით წინადაცვეთაზე, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ.“ და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს. არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. და იგი ყველაზე პატივცემული იყო მამის სახლში. და მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, თავიანთი ქალაქის კარიბჭესთან, და ელაპარაკნენ ქალაქის კაცებს და უთხრეს: „ეს კაცები მშვიდობიანად არიან ჩვენდამი: დასახლდებიან ამ მიწაზე და იშრომებენ აქ. ეს ქვეყანა გადაშლილია მათ წინაშე. მოვიყვანოთ მათი ასულები ჩვენი კაცებისთვის და ჩვენი ასულები მივცეთ მათ. მხოლოდ იმ პირობით დაგვეთანხმებიან ეს კაცები ჩვენთან ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინადაიცვეთს ჩვენში ყოველი მამრი, როგორც თავად არიან წინადაცვეთილები. მათი სამწყსო და მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ იქნება? ოღონდ დავეთანხმოთ მათ და ჩვენთან იცხოვრებენ.“ და გაუგონეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინადაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭიდან გამომსვლელმა. და მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ სტკიოდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ძემ: სიმეონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს ხელში მახვილი, უშიშრად მივიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყველა მამრი. ხამორი და მისი ძე შექემიც მახვილით დახოცეს და წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან. და მიადგნენ იაკობის ძენი დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი დის წაბილწვის გამო. წამოასხეს მათი ცხვარი და ძროხა და ვირები და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ. და მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები დაატყვევეს და დაიტაცეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ სახლებში. და უთხრა იაკობმა სიმეონსა და ლევის: „დამღუპეთ მე, რომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ – ქანაანელებსა და ფერიზელებს. ცოტა ხალხი მყავს, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომსპობენ. მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც ჩემთან ერთად.“ ხოლო მათ თქვეს: „ის კი შეიძლებოდა, მეძავივით რომ მოექცნენ ჩვენს დას?“ უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, წადი ბეთელს და იქ დასახლდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა ესავს, შენს ძმას, გაურბოდი.“ და უთხრა იაკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: „მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენში რომ არიან, და გასუფთავდით და გამოიცვალეთ სამოსელი. ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, და ავუგებ იქ სამსხვერპლოს ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს, და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე.“ და მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეებიც მოიხსნეს და ისიც მისცეს, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ. და აიყარნენ ისინი. და იყო ღვთის შიში გარშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ უკან იაკობის ძეთ. და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის. და ააშენა იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. და მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დაიმარხა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, რომელსაც უწოდეს ალონ-ბაქუთი. და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი. და უთხრა მას ღმერთმა: „იაკობი გქვია შენ, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, რადგან ისრაელი იქნება შენი სახელი!“ და უწოდა მას სახელად ისრაელი. და უთხრა მას ღმერთმა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან. ქვეყანას, რომელიც მივეცი აბრაამსა და ისააკს, შენ მოგცემ და შენს მოდგმას, შენს შემდეგ.“ და აღვიდა ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც იაკობს ელაპარაკებოდა. იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა მას, აღმართა იაკობმა სვეტი ქვისა და დაღვარა ზედ საღვრელი და დაასხა ზედ ზეთი. და უწოდა იაკობმა სახელად ბეთელი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა. და აიყარნენ ისინი ბეთელიდან. და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდე, რომ დაეწყო მშობიარობის ტკივილები რახელს და მძიმე მშობიარობა ჰქონდა. მშობიარობის ტკივილებისგან შეწუხებულს უთხრა ბებია ქალმა: „ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს.“ სიკვდილის პირას იყო რახელი და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა. და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, სადაც დღეს ბეთლემია. და აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. იქ არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე. და აიყარა ისრაელი და გაშალა თავისი კარავი ყედერის გოდოლს იქით. და ისრაელის სახლობისას ამ ქვეყანაში, ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან. და შეიტყო ეს ისრაელმა. და ჰყავდა იაკობს 12 ძე. ძენი ლეასაგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი. ძენი რახელისაგან: იოსები და ბენიამინი. ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი. და ძენი ზილფასგან, ლეას მხევლისაგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომელნიც შეეძინა მას ფადან-არამში. და მივიდა იაკობი ისააკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, ანუ ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაამი და ისააკი. და იყო ისააკი 180 წლის. და აღესრულა ისააკი და შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული. და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა. ეს არის ესავის ანუ ედომის მოდგმა: ესავმა მოიყვანა ცოლები ქანაანის ასულთაგან: ყადა, ასული ხეთელი ელონისა, და ოჰოლიბამა, ასული ყანასი, ხიველი ციბეყონის ძისა; და ბასემათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და. ყადამ უშვა ესავს ელიფაზი, ხოლო ბასემათმა შვა რეღუელი, და ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იაყლამი და კორახი. ესენი იყვნენ ესავის ძენი, რომელნიც მას შეეძინნენ ქანაანის ქვეყანაში. და აიყვანა ესავმა თავისი ცოლები და თავისი ძენი და ასულნი, და მთელი თავისი სახლეული, თავისი საქონელი და თავისი პირუტყვი, და მთელი თავისი ქონება, რომელიც შეიძინა ქანაანში, და წავიდა სხვა ქვეყანაში იაკობისგან, თავისი ძმისგან, რადგან დიდძალი დოვლათი ჰქონდათ და ვერ შეძლეს ერთად ცხოვრება. და ვერ დაიტია ისინი მათი ხიზნობის ქვეყანამ ჯოგების სიმრავლის გამო. და დასახლდა ესავი სეყირის მთაზე; ესავი იგივე ედომია. ეს არის ესავის, ედომელთა მამის მოდგმა, სეყირის მთაზე რომ მკვიდრობდნენ. ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა, რეღუელი, ძე ბასემათისა, ესავის ცოლისა, და ელიფაზის შვილები იყვნენ: თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი და კენაზი. და თიმნაყი იყო ხარჭა ელიფაზისა, ესავის ძისა, რომელმაც ელიფაზს უშვა ყამალეკი. ესენი იყვნენ ძენი ყადასი, ესავის ცოლისა. და ესენი იყვნენ რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი შვა ბასემათმა, ესავის ცოლმა. ხოლო ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა, ასულისა ყანასი, ძისა ციბეყონისა. და უშვა მან ესავს: იეყუში, იაყლამი და კორახი. და ესენი იყვნენ ესავის ძეთა თავკაცნი. ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი, თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთამი, თავკაცი ყამალეკი. ესენი იყვნენ ელიფაზის თავკაცნი ედომის ქვეყანაში; ესენი იყვნენ ძენი ყადასი. და ესენი იყვნენ ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი იყვნენ უხუცესნი რეღუელისა ედომის ქვეყანაში, რომლებიც იყვნენ ესავის ცოლის, ბასემათის ძენი. და ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაყლამი, თავკაცი კორახი, რომლებიც იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა. და ესენი იყვნენ ესავის ანუ ედომის ძენი და მათი თემები. და ესენი იყვნენ ძენი ხორიელი სეყირისა, იმ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბეყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელი თავკაცნი ედომის ქვეყანაში, სეყირის ძენი. ლოტანის ძენი იყვნენ ხორი და ჰემანი, ხოლო ლოტანის და იყო თიმნაყი. ესენი იყვნენ შობალის ძენი: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი. ესენი იყვნენ ციბეყონის ძენი: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც თბილი წყაროები იპოვა უდაბნოში, როდესაც მწყემსავდა თავისი მამის, ციბეყონის სახედრებს. ხოლო ყანას ძე იყო დიშონი და ოჰოლიბამა იყო ყანას ასული. ესენი იყვნენ ძენი დიშონისა: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი. ესენი იყვნენ ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი და ყაკანი. ესენი იყვნენ დიშანის ძენი: ყუცი და არანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბეყონი, თავკაცი ყანა, თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები თავიანთი თავკაცებითურთ სეყირის ქვეყანაში. და ესენი იყვნენ მეფენი, რომელნიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელიანებს მეფე ეყოლებოდათ: მეფობდა ედომში ბელაყი, ძე ბეყორისა. და მის ქალაქს დინჰაბა ერქვა. და მოკვდა ბელაყი, და მის ნაცვლად გამეფდა იობაბი, ძე ზერახისა, ბოცრადან. და მოკვდა იობაბი. და მის ნაცვლად გამეფდა ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან. და მოკვდა ხუშამი, მის ნაცვლად გამეფდა ჰადადი, ძე ბედადისა, მძლეველი მიდიანისა მოაბის ველზე. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი. და მოკვდა ჰადადი, და მის ნაცვლად გამეფდა სამლა, მასრეკადან. და მოკვდა სამლა, და მის ნაცვლად გამეფდა შაული, მდინარისპირა რეხობოთიდან. და მოკვდა შაული, და მის ნაცვლად გამეფდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა. და მოკვდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა, და მის ნაცვლად გამეფდა ჰადარი, და მისი ქალაქის სახელი იყო ფაყუ, ხოლო სახელი მისი ცოლისა მეჰეტაბელი, ასული მატრედისა, ასულისა მე-ზაჰაბისა. და ესაა ესავის თავკაცების სახელები მათი საგვარეულოთა, მათი ადგილების და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ყალვა, თავკაცი იეთეთი; თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი, თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი, თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი იყვნენ თავკაცნი ედომისა მათ საცხოვრებელთა მიხედვით მათ საკუთარ ქვეყანაში. და ესავი არის ედომის მამამთავარი. და ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში – ქანაანში. ეს არის იაკობის მოდგმის ამბავი: იყო იოსები 17 წლისა, როცა ფარას მწყემსავდა თავის ძმებთან ერთად, ეხმარებოდა თავისი მამის ცოლების – ბილჰასა და ზილფას ძეებს. და მიჰქონდა იოსებს ცუდი ამბები მათზე თავის მამასთან. ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და აჩუქა მას ჭრელი კვართი. და დაინახეს ძმებმა, რომ უყვარდა იგი მამას ყველა თავის ძეზე მეტად, და მოიძულეს იგი, და ამრეზილი ელაპარაკებოდნენ მას. და ნახა იოსებმა სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად შეიძულეს იგი. უთხრა მათ: „მოისმინეთ, აი, რა სიზმარი მესიზმრა: აჰა, ვითომც ძნებსა ვკონავთ შუა ნამკალში და წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა. და გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.“ და უთხრეს ძმებმა: „ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?“ და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვების გამო. კიდევ ნახა მან სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს: „აჰა, კიდევ ვნახე სიზმარი, ვითომც მზე და მთვარე და 11 ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.“ და როცა ეს უამბო თავის მამასა და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: „რა არის ეს სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ უნდა მოვიდეთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, და მდაბლად უნდა გცეთ თაყვანი?“ გაცხარდნენ ძმები, ხოლო მამამისმა გულში შეინახა ეს ამბავი. და წავიდნენ მისი ძმები შექემში თავიანთი მამის ფარის დასამწყემსად. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „შენი ძმები ხომ ცხვარს მწყემსავენ შექემში. მოდი, გაგაგზავნი მათთან.“ და უპასუხა მან: „მე მზადა ვარ!“ და უთხრა მას: „წადი და ნახე, თუ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და მომიტანე ამბავი.“ და გაგზავნა იგი ხებრონის ველიდან, და მივიდა შექემში. იპოვნა იგი ერთმა კაცმა ველზე გზაარეული და ჰკითხა მას: „რას ეძებ?“ მან თქვა: „ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი, სად აძოვებენ?“ და უთხრა იმ კაცმა: „აქედან დაიძრნენ, გავიგონე რომ ამბობდნენ, დოთანში წავიდეთო.“ და დაადგა იოსები თავისი ძმების კვალს, და იპოვნა ისინი დოთანში. დაინახეს იგი შორიდან და, ვიდრე მიუახლოვდებოდა მათ, განიზრახეს მისი მოკვლა. და უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, სიზმარა მოდის! მოდი ახლა და მოვკლათ, ჩავაგდოთ სადმე ჭაში, და ვთქვათ, რომ ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, როგორ ახდება მისი სიზმრები.“ და გაიგონა ეს რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა ძმებს: „ნუ წავართმევთ სიცოცხლეს! ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.“ ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა მამასთან. და როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, გახადეს მას ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა. აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. ის ჭა ცარიელი იყო, წყალი არ იდგა შიგ. ის იყო დასხდნენ ისინი პურის საჭმელად, რომ გაიხედეს და დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან. აქლემებს ეკიდათ გუნდრუკი, ბალზამი და საკმეველი ეგვიპტეში ჩასატანად. და უთხრა იუდამ ძმებს: „რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა? მოდით, მივყიდოთ ისმაელიანებს. ნუ იქნება მასზე ჩვენი ხელი, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი.“ და დაუჯერეს ძმებმა. ხოლო როცა ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან, და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. და მათ წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში. და მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და აჰა, აღარ არის ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა. და დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: „ბავშვი აღარ არის! რა ვქნა ახლა, სად წავიდე?“ და აიღეს ძმებმა იოსების კვართი, და ამოავლეს იგი დაკლული თხის სისხლში. და მიუტანეს მამას ეს კვართი და უთხრეს: „ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?“ და იცნო მამამ და თქვა: „ჩემი შვილის კვართია. მძვინვარე ნადირს შეუჭამია იგი! დაუგლეჯია იოსები!“ და შემოიხია იაკობმა სამოსელი, და შემოიხვია ძაძა წელზე, და დიდხანს გლოვობდა შვილს. და ადგნენ მისი ძენი და მისი ასულნი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინდომა მან ნუგეშისცემა, და ამბობდა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემ შვილთან შავეთში!“ და დიდხანს გლოვობდა მამა თავის ძეს. ხოლო მიდიანელებმა ეგვიპტეში მიჰყიდეს იოსები ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდაქართხუცესს. იმ ხანად იყო, რომ ჩამოსცილდა იუდა თავის ძმებს და დასახლდა ყადულამელი კაცის მეზობლად, რომლის სახელი იყო ხირა. და ნახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, და მოიყვანა ის და შევიდა მასთან. დაორსულდა ქალი და შვა ძე. და დაარქვა მას სახელად ყერი. და კვლავ დაორსულდა, და შვა ძე, და დაარქვა სახელად ონანი. და კვლავ შვა ძე, და დაარქვა მას სახელად შელახი. ქალი ქეზიბში იყო მისი შობის დროს. და მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად თამარი. მაგრამ ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში, და მოაკვდინა იგი უფალმა. და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას შთამომავლობა.“ მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ის მოდგმა, და ამიტომ, როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა ძმისთვის არ მიეცა მემკვიდრე. ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა უფალმა. და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: „წადი და ქვრივად იჯექი მამაშენის სახლში, ვიდრე გაიზრდებოდეს შელახი, ჩემი ძე.“ რადგან იფიქრა – მისი ძმებივით ესეც არ მოკვდესო. და წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში. განვლო მრავალმა დღემ და მოკვდა იუდას ცოლი, შუაყის ასული. როცა გამოიგლოვა იუდამ, ავიდა თიმნაში თავისი ცხვრის პარსვაზე, თავის ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან, ერთად. და აუწყეს თამარს: „შენი მამამთილი ამოდის თიმნაში ცხვრის საპარსად.“ და გაიძრო მან თავისი ქვრივობის სამოსელი, და ჩამოიფარა რიდე და დაიბურა. და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან დაინახა, რომ გაიზარდა შელახი, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს მას. და დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან რიდეთი ჰქონდა სახე დაფარული. გზაზე ჩავლისას მიუბრუნდა მას და უთხრა: „შემომიშვი შენთან.“ რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. და მან ჰკითხა: „რას მომცემ, რომ შემოხვიდე ჩემთან?“ უპასუხა: „თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან.“ და თქვა ქალმა: „წინდს თუ მომცემ, ვიდრე გამომიგზავნიდე?“ და თქვა იუდამ: „რა მოგცე წინდად?“ უთხრა ქალმა: „შენი ბეჭედი და თასმა და არგანი, ხელში რომ გიჭირავს.“ და მისცა მას ესენი იუდამ, და შევიდა მასთან; და დაორსულდა ის მისგან. ადგა ქალი და წავიდა, და მოიძრო თავისი საბურველი, და კვლავ შეიმოსა ქვრივობის სამოსლით. და გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რათა ქალისაგან დაებრუნებინა თავისი წინდი. მაგრამ ვერ იპოვა ყადულამელმა ქალი. და ჰკითხა იქაურ კაცებს: „სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?“ უპასუხეს: „აქ არ ყოფილა მეძავი.“ და დაბრუნდა იგი იუდასთან, და უთხრა: „ვერ ვიპოვე იგი. და იქაურმა კაცებმაც მითხრეს, რომ არ ყოფილაო აქ მეძავი.“ და თქვა იუდამ: „დავანებოთ თავი, დაიტოვოს ის წინდი, რომ დასაცინი არ გავხდეთ. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, შენ კი ვერ იპოვე ქალი!“ და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: „იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.“ და თქვა იუდამ: „გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.“ და როცა მოჰყავდათ იგი, შეუთვალა მან თავის მამამთილს: „იმ კაცისაგან ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის. აჰა, ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და არგანი.“ იცნო იუდამ, და თქვა: „მართალია ჩემთან თამარი, რადგან მე არ მივათხოვე შელახს, ჩემს ვაჟს.“ და აღარ შესულა იუდა თამართან. და მშობიარობის ჟამს აღმოჩნდა, რომ ტყუპები ჰყავდა მას მუცელში. და მშობიარობისას გამოყო ერთმა ხელი, და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა მას ამ სიტყვებით: „ეს გამოვიდა პირველი.“ მან უკან წაიღო ხელი და გამოვიდა მისი ძმა. და თქვა ბებიაქალმა: „როგორ გამოარღვიე ზღუდე?“ და უწოდეს მას სახელად ფერეცი. შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ხელზე ება მეწამული ძაფი, და უწოდეს მას სახელად ზერახი. ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ისმაელიანთაგან ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდაქართუხუცესმა, ეგვიპტელმა. და უფალი იყო იოსებთან, და ყველაფერში ხელი ემართებოდა. და ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში. და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი. და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი მას ჩააბარა. და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა შინ და გარეთ. და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა სასმელ-საჭმელისა. და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“ და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, მთელი თავისი საბადებელი ხელში ჩამაბარა. არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია მასთან დაწოლაზე და ყოფნაზე. ერთ დღეს იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე, როცა შინ არავინ იყო. ჩაებღაუჭა ქალი მის მოსასხამს, ამ სიტყვებით: „დაწექი ჩემთან!“ იოსებმა მას ხელში შეატოვა თავისი მოსასხამი და გარეთ გავარდა. როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა მოსასხამი და გარეთ გავარდა, დაუძახა თავისი სახლის კაცებს, და უთხრა: „ხედავთ, მოგვიყვანა მან ებრაელი კაცი ჩვენს დასაცინად! შემოვიდა ჩემთან დასაწოლად, მაგრამ ხმამაღლა ვიყვირე. და როცა გაიგონა ჩემი კივილი, შემომატოვა თავისი მოსასხამი, გარეთ გავარდა და გაიქცა.“ და ედო გვერდით იოსების მოსასხამი მისი ბატონის შინ დაბრუნებამდე, და მოუთხრო მას ეს ამბავი, ამ სიტყვებით: „შემოვიდა ჩემთან შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემს დასაცინად! და როცა ხმას ავუმაღლე და ვიკივლე, შემომატოვა თავისი მოსასხამი და გაიქცა!“ როცა მოისმინა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, ასე და ასე მომექცაო შენი მსახური, ძალზე განრისხდა იგი. და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეს, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იგი იქ, საპყრობილეში. მაგრამ უფალი იყო იოსებთან და მოჰფინა მას წყალობა, და კეთილად გამოაჩინა იგი საპყრობილის უფროსის თვალში. და ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, იოსებს და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა. საპყრობილის უფროსი აღარაფერზე ზრუნავდა, რადგან უფალი იყო იოსებთან და რასაც აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის ფარაონის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთი ბატონის, ეგვიპტის მეფის წინაშე. განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეს და მეპურეს. და ჩაყარა ისინი საპყრობილეში, მცველთა უფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დამწყვდეული. მცველთა უფროსმა მიუჩინა მათ იოსები, და ის ემსახურებოდა მათ. და ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში. ერთ ღამეს ესიზმრა ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი სიზმარი, ფარაონის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყვდეულნი. და მივიდა დილით მათთან იოსები და ნახა, რომ შეწუხებულები იყვნენ. და ჰკითხა მან ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის საპყრობილეში: „რატომ ჩამოგტირით სახე დღეს?“ და უთხრეს მას: „სიზმარი ვნახეთ და არავინაა, რომ აგვიხსნას.“ და უთხრა მათ იოსებმა: „განა ღვთისაგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ.“ და უამბო მწდემ თავისი სიზმარი იოსებს, და უთხრა: „ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ. და ვაზზე სამი ლერწია. და როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო კვირტები და დამწიფდა ყურძენი. და ფარაონის თასი მიპყრია ხელთ. და მოვწყვიტე მტევნები, ჩავწურე თასში და მივართვი ფარაონს.“ და უთხრა მას იოსებმა: „აჰა, მისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა. სამი დღის შემდეგ ფარაონი აგამაღლებს და დაგაბრუნებს შენს თანამდებობაზე. და ხელში მიაწვდი ფარაონს თასს უწინდებურად, როცა მისი მწდე იყავი. ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად წაგივა საქმე, მიყავი სიკეთე, და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან, რადგან მოპარული ვარ ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, დილეგში რომ ჩამაგდეს.“ და დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას: „მეც ვნახე სიზმარი: აჰა, სამი დაწნული კალათა მადგას თავზე, და ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი, და ფრინველები ძიძგნიან მას ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.“ და მიუგო იოსებმა და უთხრა: „ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა. სამი დღის შემდეგ ფარაონი შენც აგამაღლებს, ოღონდ ხეზე ჩამოკიდებით და ფრინველები გამოგიჭამენ ხორცს.“ მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ნადიმი თავის მსახურთ და გაიხსენა თავისი მწდე და მეპურე. და დააბრუნა მწდე თავისსავე ადგილზე, და იგი კვლავ აწვდიდა თასს ფარაონს; ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც აუხსნა მას იოსებმა. და არ გახსენებია მწდეს იოსები, დაივიწყა იგი. და ორი წლის თავზე დაესიზმრა ფარაონს: აჰა, დგას იგი ნილოსის პირას, და ნილოსიდან ამოდის კარგი შესახედავი, ხორცსავსე შვიდი ძროხა, და ბალახობენ ლელიანში. და აჰა, ამოჰყვება მათ ნილოსიდან კიდევ შვიდი სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი, და დგებიან იმ ძროხების გვერდით ნილოსის პირას. და შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა. და ამაზე გაეღვიძა ფარაონს. და დაიძინა და კვლავ ესიზმრა: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი. და აჰა, შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ. და გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი და ამაზე გაეღვიძა ფარაონს და მიხვდა, რომ ეს იყო სიზმარი. დილით შეშფოთდა მისი სული, იხმო ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები და ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს. და დაელაპარაკა მწდეთუხუცესი ფარაონს და უთხრა: „ჩემი ცოდვები მახსენდება დღეს. ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს, და გადამცა მე ტუსაღად მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად. და დაგვესისზმრა სიზმარი ერთ ღამეს მეც და მასაც, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი სიზმარი დაგვესიზმრა. იქ ჩვენთან ერთად იყო ერთი ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. და ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები, და აგვიხსნა მან ისინი საკუთრივ. და როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა.“ და მიავლინა ფარაონმა იოსების მოსახმობად. და ის სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. მან გაიპარსა, გამოიცვალა სამოსელი და წარუდგა ფარაონს. და უთხრა იოსებს ფარაონმა: „მესიზმრა მე სიზმარი, და არავინაა მისი ამხსნელი. და მე გავიგე შენზე, რომ იცი სიზმრების ახსნა.“ და მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა შემიძლია, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ.“ და უამბო ფარაონმა იოსებს: „სიზმარში ვნახე, აჰა, ვდგავარ მდინარის პირას. და აჰა, ნილოსიდან ამოდის შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა და ლელიანში დაიწყეს ძოვა. აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანი და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ. მთელ ეგვიპტეში მათზე უგვანო არაფერი მინახავს. და შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა. და ჩაინთქნენ მათ მუცლებში, და არ ეტყობოდათ, რომ ისინი ჩაინთქნენ მათ მუცლებში, და ისეთივე უსახონი დარჩნენ, როგორებიც იყვნენ, და გამომეღვიძა. და კვლავ ვიხილე სიზმარში: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი. და აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ. და ჩაყლაპეს ამ თავთავებმა ის შვიდი საღი თავთავი. და ვუამბე მე ეს გრძნეულებს, მაგრამ ვერავინ ამიხსნა.“ და უთხრა იოსებმა ფარაონს: „ამ სიზმრებს ერთი ახსნა აქვს, რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნობს ფარაონს: შვიდი საღი ძროხა შვიდი წელია, და შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელია; ეს ერთი სიზმარია. და შვიდი ძროხა, მჭლე და უგვანი, მათ შემდეგ ამოსული, შვიდი წელია. და შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელიწადია. ეს არის, რაც ფარაონს ვუთხარი; ღმერთმა უჩვენა ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს. და აი, მოდის დიდმოსავლიანი შვიდი წელი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში. და დადგება შიმშილობის შვიდი წელიწადი მათ შემდეგ და გაქრება ბარაქა ეგვიპტეში, და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას. და აღარავის ეცოდინება, რომ სიუხვე იყო ქვეყანაში, იმ შიმშილობის გამო, რომელიც შემდეგ დადგება, რადგან ის მეტისმეტად მძიმე იქნება. და რაკი გაუმეორდა სიზმარი ფარაონს, ეს ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილია ღვთისაგან ეს საქმე და ღმერთი დაააჩქარებს მის აღსრულებას. და ახლა გამონახოს ფარაონმა გამჭრიახი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას განმგებლად. ასე უნდა გააკეთოს ფარაონმა: ზედამხედველები დაადგინოს ქვეყანაში, რათა მოსავლის მეხუთედი ახდევინონ ხალხს შვიდ მოსავლიან წელიწადში. და დააგროვონ ამ მომავალი დოვლათიანი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ მარცვალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ, და გაუფრთხილდნენ. და იყოს ეს საზრდო ქვეყნისათვის მარაგად შვიდწლიანი შიმშილობის დროს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, და არ გაწყდება ქვეყანა შიმშილით.“ და მოეწონათ ნათქვამი ფარაონსა და მის მსახურთ. და უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: „ნუთუ ვიპოვით ჩვენ ისეთ კაცს, როგორიც ეს არის, რომელშიც ღვთის სულია?“ და უთხრა ფარაონმა იოსებს: „რაკი ღმერთმა გაუწყა ეს, აქ არავინაა შენზე გამჭრიახი და ბრძენი! შენ იქნები ჩემი სახლის გამგებელი და შენს ბაგეს დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. და მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.“ და უთხრა ფარაონმა იოსებს: „აჰა, დამიდგენიხარ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“ და წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა იოსებს ხელზე. და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს ჯაჭვი კისერზე. და ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით და ეყვირათ მის წინაშე: „დაიჩოქეთ!“ და დაადგინა იგი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე. და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ვარ ფარაონი და უშენოდ თითსაც ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.“ და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის – ფოტიფერაყის ასული. და ცნობილი გახდა იოსები ეგვიპტის მთელ ქვეყანაში. 30 წლისა იყო იოსები, როცა წარდგა ეგვიპტის ფარაონის წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა მთელი ეგვიპტის ქვეყანა. და სიუხვის შვიდწლეულში გამოიღო მიწამ დიდი მოსავალი. და შეაგროვა მან შვიდი წლის საზრდო – მოსავალი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში, და მოიმარაგა საზრდო ქალაქებში. თითოეულ ქალაქს თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა. და დაახვავა იოსებმა მარცვლეული ზღვის ქვიშასავით, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან აღარ იყო სათვალავი. შიმშილობის წლების დადგომამდე იოსებს შეეძინა ორი ვაჟი, რომლებიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა. და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მანაშე, რაც ნიშნავს: „დამავიწყა მე ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა და სახლი მამაჩემისა.“ და უწოდა მეორეს სახელად ეფრემი, რაც ნიშნავს: „ნაყოფიერ-მყო მე ღმერთმა ჩემი ტანჯვის ქვეყანაში.“ და გასრულდა შვიდი წელიწადი სიუხვისა, ეგვიპტის ქვეყანაში რომ იდგა. და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. და იყო შიმშილობა ყველა ქვეყანაში, ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური. და დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. და უთხრა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: „მიდით იოსებთან და, როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით.“ და იყო შიმშილობა მთელს მიწის პირზე და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში ძლიერდებოდა. და ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსებთან პურის საყიდლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელ ქვეყანაზე. და გაიგო იაკობმა, რომ იპოვება პური ეგვიპტეში, და უთხრა თავის ვაჟებს: „რას უყურებთ ერთმანეთს? გავიგე, რომ არის პური ეგვიპტეში. ჩადით იქ და იყიდეთ პური, რათა შიმშილით არ დავიხოცოთ!“ და ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში. და ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს, იფიქრა: უბედურება არ შეემთხვესო. და მივიდნენ ისრაელის ძენი პურის საყიდლად სხვა მიმსვლელთა შორის, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში. იოსები იყო იმ ქვეყნის განმგებელი. იგი ასყიდებდა მარცვლეულს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები მასთან და მდაბლად დაუკრეს თავი. დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო ისინი. მაგრამ არ გაუმხილა მათ თავი, და მკაცრად ელაპარაკა, და უთხრა: „საიდან მოხვედით?“ და უთხრეს: „ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად.“ იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი. და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა. და უთხრა მათ: „მსტოვრები ხართ თქვენ და ამ ქვეყნის დასაზვერად მოხვედით.“ უთხრეს მათ: „არა, ბატონო! საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი. ყველანი ერთი მამის შვილები ვართ, პატიოსანი ხალხი ვართ. მსტოვრები არ არიან შენი მსახურნი!“ უთხრა იოსებმა: „არა, ამ ქვეყნის დასაზვერად მოხვედით თქვენ!“ მათ უთხრეს: „12 ძმანი ვიყავით შენი მსახურნი, ერთი კაცის შვილები, ქანაანის ქვეყანაში. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი კი აღარა გვყავს.“ და თქვა იოსებმა: „ასეა, როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ-მეთქი. უნდა გამოგცადოთ, ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი, და მოიყვანოს თქვენი ძმა. დანარჩენები დატყვევებულები იქნებით. და შემოწმდება თქვენი სიტყვები. და თუ მართლები არა ხართ, მაშინ, ვფიცავ ფარაონს, მსტოვრები ყოფილხართ.“ და გაუშვა ისინი საპყრობილეში სამი დღით. და უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ასე გააკეთეთ და ცოცხლები დარჩებით. ღვთის მოშიში ვარ მე. თუ თქვენ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა იმ საპყრობილეში, სადაც თქვენა ხართ, თქვენ კი წადით, მიიტანეთ პური თქვენს დამშეულ სახლში. აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი.“ და ასეც მოიქცნენ. უთხრეს ერთმანეთს: „მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი.“ და მიუგო რეუბენმა და უთხრა მათ: „ხომ გეუბნებოდით, ნუ შესცოდავთ-მეთქი ბავშვის წინააღმდეგ, და არ გამიგონეთ. და აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.“ მათ არ იცოდნენ, რომ ესმოდა იოსებს მათი სიტყვები, რაკი თარჯიმანი იდგა მათ შორის. და მოცილდა მათ იოსები და ატირდა. მერე კვლავ მიუბრუნდა მათ და ელაპარაკა, სიმეონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა. და ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, მათი გადახდილი ფული მათ ტომრებში ჩაებრუნებინათ, და საგზალი მიეცათ. ასეც გააკეთეს. და აჰკიდეს პური სახედრებს და წავიდნენ. და გახსნა ერთმა თავისი ტომარა, რათა მიეცა საკვები სახედრისათვის ღამის თევისას, და დაინახა თავისი ვერცხლი ტომარაში. და უთხრა მან თავის ძმებს: „უკან დაუბრუნებიათ ჩვენი ვერცხლი, აი, ჩემს ტომარაშია.“ და გულები შეუკრთათ და ერთმანეთს კანკალით უთხრეს: „ეს რას გვიშვრება ღმერთი?“ და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში, და უამბეს მას ყოველივე, რაც შეემთხვათ, ამ სიტყვებით: „მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია. ვუთხარით: ‘არა ვართ მსტოვრები, პატიოსანი ხალხი ვართ; 12 ძმანი ვიყავით, ძენი მამაჩვენისა, ახლა ერთი გვაკლია, უმცროსი კი მამასთანაა, ქანაანის ქვეყანაში.’ გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: ‘ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური დამშეული თქვენიანებისთვის და წადით. მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ პატიოსნები ხართ და არა ხართ მსტოვრები. და დაგიბრუნებთ თქვენს ძმას, და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას.’“ ცლიდნენ ისინი თავიანთ ტომრებს, და აჰა, თითოეულის ვერცხლის ქისა ტომარაშია. და დაინახეს თავ-თავიანთი ვერცხლის ქისები, მათ და მათმა მამამ, და შეეშინდათ. და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: „შვილები წამართვით – იოსები აღარ მყავს! სიმეონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ. ყველაფერი თავს დამატყდა!“ და უთხრა რეუბენმა მამას: „ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო ბენიამინი! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ!“ უთხრა მას მამამ: „არ წამოვა თქვენთან ჩემი შვილი, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. და თუ შეემთხვევა ფათერაკი იმ გზაზე, რომელზეც დგახართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!“ შიმშილობა გაძლიერდა ქვეყანაზე. და როცა გაუთავდათ ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური, უთხრა მათ მამამ: „გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.“ და უთხრა მას იუდამ: „მკაცრად გაგვაფრთხილა ჩვენ იმ კაცმა და გვითხრა: თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო. თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს. თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.“ თქვა ისრაელმა: „მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?“ უთხრეს: „ჩაძიებით გვეკითხებოდა ის კაცი ჩვენზე და ჩვენს მოდგმაზე: ჯერ კიდევ ცოცხალია მამათქვენიო, კიდევ გყავთო ძმა? ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?“ და უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: „გამატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, და შიმშილით არ დავიხოცებით, – არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი! მე ვარ თავდები მისი, ჩემი ხელიდან მოითხოვე იგი. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე! რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით უკან დაბრუნებული.“ და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: „თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალზამი და თაფლი, საკმეველი და შტახსი, ფუსტუღი და ნუში. და ორმაგი ვერცხლი წაიღეთ თან. და თქვენს ტომრებში ნაპოვნი ვერცხლიც დაუბრუნეთ. ეგებ შეცდომა იყო. და თქვენი ძმაც წაიყვანეთ. ადექით და წადით იმ კაცთან. და ყოვლადძლიერმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ შებრალება იმ კაცის წინაშე, და გამოუშვას თქვენი სხვა ძმაც და ბენიამინიც. მე კი, როგორც ვიყავი შვილმკვდარი მამა, ისე შვილმკვდრად დავრჩები.“ და აიღეს კაცებმა ეს საჩუქარი და ორმაგი ვერცხლი, და თან წაიყვანეს ბენიამინი. და ჩავიდნენ ეგვიპტეში, და წარდგნენ იოსების წინაშე. და დაინახა იოსებმა მათთან ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: „მიიყვანე ეს ხალხი სახლში, და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან უნდა ჭამოს პური ამ ხალხმა შუადღისას.“ და გააკეთა იმ კაცმა ისე, როგორც იოსებმა უბრძანა, და მიიყვანა ისინი იოსების სახლში. და შეეშინდათ ძმებს იოსების სახლში რომ მიიყვანეს, თქვეს: „ვერცხლის გამო ვართ მოყვანილი, მაშინ რომ ტომრებში ჩაგვიდეს. და ცილს დაგვწამებენ და თავს დაგვესხმიან, რომ მონებად გაგვიხადონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.“ და მივიდნენ ისინი იოსების სახლის მოურავთან, და ელაპარაკნენ მას სახლის შესასვლელთან. და უთხრეს მას: „მოგვისმინე, ბატონო! ჩვენ უწინაც ჩამოვსულვართ აქ საზრდოს საყიდლად, და როცა მივედით ჩვენ ღამისსათევში და გავხსენით ჩვენი ტომრები, ვნახეთ ჩვენი ვერცხლი ჩვენსავე ტომრებში. და გიბრუნებთ მას ჩვენივე ხელით. და სხვა ვერცხლი ჩამოვიტანეთ ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ჩვენი ვერცხლი ჩვენს ტომრებში!“ და უთხრა მან: „მშვიდად იყავით, ნუ გეშინიათ! თქვენმა ღმერთმა, თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. რადგან მაშინ თქვენი ვერცხლი უკანვე დამიბრუნდა.“ და გამოიყვანა მათთან სიმეონი. და შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, და მისცა წყალი და დაიბანეს ფეხები. და მისცა საკვები მათ სახედრებს. და მოამზადეს ძღვენი შუადღისას იოსების მოსვლისათვის, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური. და მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი, ხელთ რომ ჰქონდათ, და თაყვანი სცეს მდაბლად. და მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: „ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, რომელზეც თქვენ მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?“ მათ უთხრეს: „მშვიდობით არის მამაჩვენი, შენი მსახური, ჯერაც ცოცხალია. და ქედი მოიხარეს ძმებმა და თაყვანი სცეს.“ და აღაპყრო იოსებმა თვალი, და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის ძე. და იკითხა: „ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მეუბნებოდით?“ და თქვა: „ღმერთი გწყალობდეს შენ, ჩემო შვილო!“ და ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, და ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა. დაიბანა პირი, გამოვიდა, და გაიმაგრა თავი. და ბრძანა: „მოგვიტანეთ საჭმელი.“ და მოართვეს მას ცალკე და იმათ – ცალკე, და მასთან მეინახე ეგვიპტელებს ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს პურის ჭამა ებრაელებთან. სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის. და დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოცებით უყურებდნენ ერთმანეთს კაცები. და უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს. და ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. და სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად. და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: „აავსე ამ კაცების ტომრები იმდენი საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შესძლებენ, და დაუდევი თითოეულს თავისი ვერცხლი ტომრის პირზე. და ჩემი ვერცხლის თასი ჩადევი უმცროსის ტომარაში, და იქვე ჩადე მის მიერ ხორბალში გადახდილი ვერცხლი.“ და მან გააკეთა ისე, როგორც იოსებმა ბრძანა. განთიადისას გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით. ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, რომ იოსებმა უთხრა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘ბოროტებით რატომ გადაუხადეთ-თქო სიკეთე? რად მოიპარეთ ვერცხლის თასი? ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი. ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ!’“ და დაეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები. და უპასუხეს მას: „რად ლაპარაკობს ჩემი ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მსახურები ამგვარი საქმის ჩადენისგან! ის ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ადრე ჩვენს ტომრებში, დაგიბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან, და ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?! თუ რომელიმე ჩვენგანს, შენს მსახურთაგანს, აღმოაჩნდება, მოკვდეს იგი, ჩვენ კი დავემონებით ჩვენს ბატონს!“ მან თქვა: „თქვენი სიტყვებისამებრ იყოს. ვისაც აღმოაჩნდება, იგი გამიხდეს მონად და დანარჩენები უდანაშაულო იქნებით.“ სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა, და მოხსნეს პირი. გაჩხრეკა უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. და აღმოჩნდა თასი ბენიამინის ტომარაში. და შემოიხიეს მათ სამოსელი მწუხარების ნიშნად, ხელახლა დატვირთეს თავიანთი სახედრები და უკან დაბრუნდნენ ქალაქში. და მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, ის ჯერ კიდევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე. უთხრა მათ იოსებმა: „ეს რა გააკეთეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი მისანი კაცი, როგორიც მე ვარ, ყოველივეს გამოიცნობდა?“ თქვა იუდამ: „რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ, რითი ვიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენი მსახურების დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.“ და თქვა იოსებმა: „ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან!“ და მიეახლა მას იუდა, და უთხრა: „გევედრები, ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მსახურს, რომ მოისმინოს ჩემი ბატონის ყურებმა. ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან შენ ფარაონის ტოლი ხარ! ჩემმა ბატონმა გვკითხა მის მსახურთ: მამა ან ძმა თუ გყავთო. და ვუთხარით ჩვენ ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ძე, უმცროსი ძმა, რომელსაც მოუკვდა ძმა და ისღა დარჩა თავისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს. და გვითხარი შენს მსახურთ: ჩამოიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო. და ვუთხარით ჩვენს ბატონს: ‘არ შეუძლია ყმაწვილს მამის მიტოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.’ მაგრამ შენ გვითხარი შენს მსახურთ: თუ არ ჩამომიყვანთ თქვენს უმცროს ძმას, თვალით ვერ მიხილავთო. ჩვენ მივედით მამაჩვენთან, შენს მსახურთან, და გადავეცით ჩემი ბატონის სიტყვები. და გვითხრა მამაჩვენმა: ‘დაბრუნდით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.’ ვუთხარით: ‘არ შეგვიძლია წასვლა, ხოლო თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან, მაშინ წავალთ, რადგან, ვერ შევხედავთ იმ კაცს თვალებში, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან.’ და გვითხრა შენმა მსახურმა, მამაჩვენმა: ‘თქვენ იცით, რომ ორი ძე მიშვა მე ჩემმა ცოლმა. წავიდა ერთი ჩემგან, და ვთქვი: ნამდვილად მხეცმა დაგლიჯა-მეთქი. იგი აქამდე აღარ მინახავს. და მიგყავთ ესეც და უბედურება შეემთხვევა გზაზე და სიმწარით ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში.’ და ახლა, როცა მივალთ შენს მსახურთან, მამაჩემთან, და ეს ყმაწვილი არ იქნება ჩვენთან, რომლის სულთანაც გადასკვნილია მისი სული, დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი, და მოკვდება, და სიმწარით ჩავიყვანთ შენი მსახურნი მამაჩვენის, შენი მსახურის, ჭაღარას შავეთში. რადგან შენმა მსახურმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამაჩემისგან, ვთქვი: თუ არ მოგიყვანე იგი, შემცოდე ვიყო-მეთქი მამის წინაშე მთელი სიცოცხლე. და ახლა მე, შენი მსახური, დავრჩები მონად ჩემ ბატონთან ამ ყმაწვილის ნაცვლად, ეს ყმაწვილი კი წავიდეს თავის ძმებთან ერთად, რადგან როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი არ იქნება ჩემთან? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, რომელიც მამაჩემს ეწევა!“ ვეღარ შეძლო იოსებმა თავის შეკავება მხლებელთა წინაშე და იყვირა: „გაიყვანეთ ჩემგან ყველანი!“ და უცხო არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს. და ხმამაღლა ატირდა, და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლმაც. და უთხრა თავის ძმებს: „მე ვარ იოსები. მაშ კიდევ ცოცხალია მამაჩემი?“ და ვერ შეძლეს მისთვის პასუხის გაცემა ძმებმა, რადგან შეცბნენ ისინი. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მომიახლოვდით!“ და მივიდნენ ისინი. და მან თქვა: „იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. ახლა ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა აქ ღმერთმა თქვენზე უწინ. რადგან ეს ორი წელი შიმშილობაა ქვეყანაზე, და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. მომავლინა ღმერთმა თქვენზე უწინ თქვენი ნატამალის გადასარჩენად ამ ქვეყანაზე და თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად დიდი ხსნის მეოხებით. თქვენ კი არ გამომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად, და მთელი ეგვიპტის ქვეყნის მთავრად. იჩქარეთ და ადით მამაჩემთან, და უთხარით მას: ‘ასე ამბობს შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის ბატონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები. და იცხოვრე გოშენის მხარეში, ახლოს იქნებით ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთაშვილები, შენი ცხვარი და ძროხა და ყველაფერი, რაც გაბადია. და აქ მე გარჩენ, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილობა, რათა არ გაჩანაგდეთ შენ და შენი სახლი და ყველაფერი, რაც გაბადია.’ ხომ ხედავენ თქვენი თვალები და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალები, რომ ჩემი ბაგეები გელაპარაკებიან თქვენ. უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. და იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი!“ და ყელზე გადაეჭდო თავის ძმას, ბენიამინს და ატირდა; და ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე. და გადაკოცნა ყველა ძმა, და ტიროდა მათთან ერთად. და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მას ძმები. მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. და ეამა ეს ფარაონსა და მის მსახურებს. და უთხრა ფარაონმა იოსებს: „უთხარი შენს ძმებს: ასე მოიქეცით-თქო: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და გასწიეთ ქანაანის ქვეყანაში. და წამოიყვანეთ თქვენი მამა და თქვენ-თქვენი სახლეული, და ჩემთან მოდით. და მოგცემთ ეგვიპტის ქვეყნის საუკეთესო მიწებს, და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი. შენ კი გებრძანა, რომ უთხრა მათ: ‘ასე გააკეთეთ, წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ეტლები თქვენი წვრილშვილისათვის და თქვენი ცოლებისათვის, და წამოიყვანეთ მამათქვენი და ჩამოდით; თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან მთელი ეგვიპტის ქვეყნის დოვლათი თქვენი იქნება.’“ და ასეც გააკეთეს ისრაელის ძეებმა. და მისცა მათ იოსებმა ეტლები და საგზალი ფარაონის ბრძანებისამებრ. თითოეულ მათგანს მისცა თითო ხელი სამოსელი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი. და მამამისს კი გაუგზავნა 10 სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და 10 ჭაკი ვირი, ხორბლითა და პურით დატვირთული, და საგზალი – მამამისის სამგზავროდ. და გაუშვა თავისი ძმები, და ისინიც წავიდნენ. და უთხრა მათ: „ნუ იდავებთ გზაში.“ და წავიდნენ ისინი ეგვიპტიდან, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან. და შეატყობინეს, რომ ცოცხალია იოსები, და რომ მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებელია. და გაოგნდა იგი, რადგან ვერ დაეჯერებინა მათი ნათქვამი. და გადასცეს მას იოსების ყოველი სიტყვა, და დაინახა მან ეტლები, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის სული. და თქვა ისრაელმა: „კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ ცოცხალი ვარ!“ და აიყარა ისრაელი, და თან წაიღო ყველაფერი, რაც ებადა, და მივიდა ბეერ-შებაყში, და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისააკის, ღმერთს. და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ხილვაში: „იაკობ! იაკობ!“ და თქვა: „აქა ვარ!“ და უთხრა მან: „მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში, და მევე გამოგიყვან უკან. და იოსები დაგიხუჭავს თვალებს თავისი ხელით.“ და აიყარა იაკობი ბეერ-შებაყიდან. და წაიყვანეს მისმა ძეებმა იაკობი, თავისი მამა, და თავიანთი წვრილშვილი და ცოლები ეტლებით, ფარაონმა რომ გამოგზავნა. და წამოასხეს თავიანთი საქონელი, წამოიღეს თავიანთი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში, და ჩავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად. თავისი ძენი და თავის ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, და მთელი თავისი მოდგმა თან ჩაიყვანა ეგვიპტეში. ეს არის ეგვიპტეში ჩასულ ისრაელის ძეთა სახელები: იაკობი და მისი ძენი. პირმშო იაკობისა რეუბენი, და ძენი რეუბენისა: ენოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. ძენი სიმეონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ძენი ლევისა: გერშონი, კოჰათი და მერარი. იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელახი, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი დაიხოცნენ ქანაანის ქვეყანაში. და ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული. ძენი ისაქარისა: თოლაყი, ფუვა, იაშუბი იობი და შიმრონი; ძენი ზებულუნისა: სერედი, ელონი და იახლეელი. ესენი იყვნენ ძენი ლეასი, რომელმაც უშვა იაკობს ფადან-არამში, და დინა, მისი ასული. მისი ძენი და ასულნი სულ იყვნენ 33 სული. ძენი გადისა: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი. ძენი აშერისა: იმნა, იშვა, იშვი და ბერიყა, და სერახი – მათი და; და ძენი ბერიყასა: ხებერი და მალქიელი. ესენი იყვნენ ძენი ზილფასი, რომელიც ლაბანმა მისცა ლეას, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს 16 სული. და რახელის ძენი, იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი. და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მანაშე და ეფრემი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა. ძენი ბენიამინისა: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი ესენი არიან რახელის ძენი, რომელნიც შეეძინნენ იაკობს, სულ 14 სული. ძე დანისა – ხუშიმი. ძენი ნაფთალისა: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი ესენი არიან ძენი ბილჰასი, რომელიც ლაბანმა გაატანა რახელს, თავის ასულს. და უშვა ისინი იაკობს – სულ შვიდი სული. ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი პირდაპირი შთამომავალნი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, სულ იყო 66 სული. იოსების ძენი, რომელნიც მას შეეძინა ეგვიპტეში, ორნი იყვნენ. და ყველა სული იაკობის სახლისა, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ ჩავიდნენ, 70 იყო. და წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ დახვედროდა მათ გოშენში, და მივიდნენ გოშენის მხარეში. აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეჭდო, და დიდხანს ტიროდა მასზე ყელგადაჭდობილი. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი შენ ცოცხალი გიხილე!“ და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: „წავალ და ვამცნობ ფარაონს, და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამის სახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ; ეს კაცები მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები, ცხვარი და ძროხა და ყველაფერი, რაც კი აქვთ, წამოასხეს-მეთქი. და როცა მოგიხმობთ ფარაონი და გკითხავთ, რა საქმიანობას ეწევითო, უთხარით: მესაქონლე ხალხი ვართ-თქო შენი მსახურნი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც. რათა დამკვიდრდეთ გოშენის მიწაზე, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი ცხვრის მწყემსი.“ და მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: „მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან თავიანთი ცხვარ-ძროხით და მთელი თავიანთი მონაგებით. და უკვე გოშენის მიწაზე არიან.“ და მან თავის ძმათაგან ხუთი კაცი წაიყვანა და წარუდგინა ფარაონს. და უთხრა ფარაონმა მის ძმებს: „რა საქმიანობას ეწევით?“ და უთხრეს ფარაონს: „მეცხვარეები ვართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა იყო.“ და კიდევ უთხრეს: „ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან არაა საძოვარი შენი მსახურთა ცხვრისათვის ქანაანში შიმშილობის გამო. და ახლა გთხოვთ მოგვცე ნება შენს მსახურთ, დავსახლდეთ გოშენის მიწაზე.“ და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მამაშენი და შენი ძმები მოვიდნენ შენთან. ეგვიპტის ქვეყანა შენს წინაშეა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ გეგულება მათ შორის უნარიანი კაცები, სარქლებად დაუდგინე ჩემს საქონელს.“ და მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარუდგინა ფარაონს, და აკურთხა იაკობმა ფარაონი. უთხრა ფარაონმა იაკობს: „რამდენი წლისა ხარ?“ უთხრა იაკობმა ფარაონს: „130 წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მოკლე და მძიმე იყო ჩემი სიცოცხლის წლები, და ვერ მიაღწიეს მათ ჩემი მამა-პაპის სიცოცხლის წლებს, ხიზნობაში რომ გაატარეს.“ და აკურთხა იაკობმა ფარაონი, და გამოვიდა მისაგან. და დაასახლა იოსებმა თავისი მამა და თავისი ძმები, და მისცა მათ საკუთრება ეგვიპტის ქვეყანაში, საუკეთესო ადგილას, რამზესის მიწაზე, როგორც ბრძანა ფარაონმა. და ამარაგებდა იოსები თავის მამასა და ძმებს, და მთელ მათ სახლს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით. და პური აღარ იყო მთელ ქვეყანაზე, ისე იმძლავრა შიმშილმა. და დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან. შეკრიბა იოსებმა მთელი ვერცხლი, რომელიც შემოდიოდა ეგვიპტესა და ქანაანის მიწაზე ხორბლის გაყიდვით, და შეიტანა ეს ვერცხლი ფარაონის სახლში. და გამოილია ვერცხლი ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან, და უთხრეს: „მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ ვერცხლის უქონლობის გამო?“ და უთხრა მათ იოსებმა: „წამოასხით თქვენი საქონელი და მე მოგცემთ თქვენი საქონლის საზღაურად, თუ გამოგელიათ ვერცხლი.“ და მოურეკეს მათ თავიანთი საქონელი იოსებს. და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრების, ძროხების და ვირების საფასურად. იმ წელიწადს პურით ამარაგებდა მათ მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ. და დასრულდა ის წელი. და მივიდნენ მასთან მეორე წელს, და უთხრეს მას: „არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ ვერცხლი გამოგველია და ჩვენი პირუტყვიც უკვე ჩვენს ბატონთანაა. არაფერი არ შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა. რატომ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ბარემ მიწიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს, მისი გახდება ჩვენი მიწაც. და მოგვეცი თესლი, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ, და მიწა არ გაუკაცრიელდეს.“ და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავიანთი მიწები, როცა შიმშილმა იმძლავრა მათზე. და გახდა მიწა ფარაონისა. და მონებად აქცია მან ხალხი ეგვიპტის კიდიდან კიდემდე. მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია იოსებს, რადგან დაწესებული იყო ქურუმთათვის ნაკვეთები ფარაონისაგან, და თავს ირჩენდნენ იმ ნაკვეთებით, ფარაონმა რომ მისცათ. ამიტომ არ გაყიდეს მათ თავიანთი მიწები. და უთხრა იოსებმა ხალხს: „აჰა, გიყიდეთ დღეს ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწებიც. აჰა, თესლი და დათესეთ მიწა. და როცა მოსავალს აიღებთ, მეხუთედი ფარაონს მიეცით და ოთხი წილი ყანების სათესად და საზრდოდ დაიტოვეთ თქვენთვის და მათთვის, ვინც სახლებში გყავთ, და თქვენი წვრილშვილისთვის.“ და თქვეს: „შენ იხსენი ჩვენი სიცოცხლე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.“ და დაადგინა იოსებმა კანონად ეგვიპტის მიწაზე დღემდე: მოსავლის მეხუთედი ფარაონს. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ იყო ფარაონისა. და დასახლდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის მხარეში. და დაეუფლნენ მას, და მოშენდნენ და ძალზე მომრავლდნენ. და იცოცხლა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში 17 წელი, და იყო მისი სიცოცხლის დღენი 147 წელი. და მოახლოვდა ჟამი ისრაელის სიკვდილისა, და უხმო თავის ძეს, იოსებს და უთხრა: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამომიდევი შენი ხელი საზარდულქვეშ და მიყავი წყალობა და ერთგულება: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში, რათა განვისვენო ჩემს მამებთან, წამასვენე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში.“ და უპასუხა იოსებმა: „გავაკეთებ შენი სიტყვისამებრ!“ და უთხრა: „შემომფიცე!“ და შეჰფიცა მან. და თაყვანი სცა ისრაელმა საწოლის თავზე. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს: „აჰა, ავად არის მამაშენი.“ და მან თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მანაშე და ეფრემი. და აუწყეს იაკობს: „აჰა, შენი ძე იოსები მოდის შენთან.“ და ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე. და უთხრა იაკობმა იოსებს: „ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა მე ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა. და მითხრა: ‘ნაყოფიერად გაქცევ და მოგამრავლებ, და გაქცევ ხალხების კრებულად. და მივცემ ამ ქვეყანას შენს თესლს შენს შემდეგ სამარადისო სამფლობელოდ.’ და ახლა შენი ორი ძე, რომლებიც შეგეძინა შენ ეგვიპტის ქვეყანაში ჩემს მოსვლამდე, ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მანაშე, ისევე როგორც რეუბენი და სიმეონი არიან ჩემები. და ნაშიერნი, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან. თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან ისინი მათ სამკვიდროში. მე ფადან-არამიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაზე, მცირე მანძილზე ეფრათამდე, და იქ დავმარხე იგი, ეფრათის გზაზე, რომელსაც ახლა ბეთლემი ჰქვია.“ და იხილა ისრაელმა იოსების ძენი, და თქვა: „ესენი ვინ არიან?“ და უთხრა იოსებმა: „ჩემი ძენი არიან ესენი, რომელნიც მომცა აქ ღმერთმა.“ და უთხრა მან: „მომიყვანე და ვაკურთხებ მათ!“ ისრაელს თვალები დამძიმებოდა სიბერისაგან და ვერ ხედავდა. და ახლოს მიუყვანა ისინი იოსებმა. და აკოცა მათ და გულში ჩაიკრა. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აღარ მეგონა, შენს სახეს თუ კიდევ ვიხილავდი, და, აჰა, ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა.“ და გადმოსვა იოსებმა ისინი მამის მუხლებიდან და თაყვანი სცა მას მდაბლად. და მოიყვანა ორივენი იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, და მანაშე – ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს, და მიიყვანა მასთან. და გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა, და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, და მარცხენა ხელი – მანაშეს. განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა პირმშო მანაშე იყო. და აკურთხა იოსები, და თქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღემდე, ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი და იწოდებოდნენ ისინი ჩემი სახელით და ჩემი მამების აბრაამისა და ისააკის სახელით, და დიდად გამრავლდნენ ისინი ქვეყნის გულში.“ და დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი, და შეწუხდა. და აიღო მამის ხელი, რათა გადაენაცვლებინა ის ეფრემის თავიდან მანაშეს თავზე. და უთხრა იოსებმა თავის მამას: „ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის, დაადე მას თავზე შენი მარჯვენა.“ მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც იქცევა ხალხად და ესეც განდიდდება. მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.“ და აკურთხა ისინი იმ დღეს, და უთხრა: „შენით აკურთხებს ისრაელი, ამ სიტყვებით: ‘ღმერთმა გაგხადოს როგორც ეფრემი და როგორც მანაშე!’“ და დააყენა ეფრემი მანაშეზე წინ. და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აჰა, მე ვკვდები, ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენი მამა-პაპის მიწაზე. შენს ძმებში უპირატესად შენთვის მომიცია ერთი ქედი რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით.“ და მოუხმო იაკობმა თავის ძეთ, და უთხრა: „შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! და უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს! რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა, დიდებული და შეუდრეკელი! დაუოკებელი ხარ წყალივით, მაგრამ ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი! სიმეონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის საწურველია მათი მახვილი. მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან თავიანთ რისხვაში მოკლეს კაცი და თავიანთი ბოროტი ჟინით გამოძარღვეს ხარი! წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია, და მათი წყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობის მიწებზე, და გავაბნევ ისრაელში! იუდა! განგადიდებენ შენი ძმები. შენ შემუსრავ მტერს, და გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი. ლომის ბოკვერი ხარ იუდავ! ნანადირევით კმაყოფილი აღმართულხარ, შვილო ჩემო. მიწოლილა, როგორც ლომი, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?! არ წაერთმევა კვერთხი იუდას და არც არგანი მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი, და დაემორჩილებიან მას ხალხები! ვაზზე უბია მას თავისი ჭაკი ვირი, ვენახის ლერწზე – თავისი ჩოჩრები. ღვინოში გაირეცხავს ის თავის ტანსაცმელს და ყურძნის სისხლში – სამოსელს. თვალები მისი ღვინოზე მუქია და კბილები მისი რძის უთეთრესი! ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დაემკვიდრება და ხომალდთა სანაპიროზე იქნება. და ციდონს მისწვდება საზღვარი მისი! ისაქარი ძვალმსხვილი ვირია, ბაკებში მწოლარე. და დაინახა, რომ კარგია მოსვენება, და რომ საამურია მიწა. წაუხრია მხრები სატვირთად და გახდა ხარკის მუშა! და დანი განსჯიდეს თავის ხალხს, როგორც ერთ ტომს ისრაელისა. და გველივით გაწვება დანი გზაზე და ასპიტივით ბილიკზე, დაგესლავს ცხენის ფლოქვებს. და გადაყირავდება მისი მხედარი! შენგან მოველი ხსნას, უფალო! გადს მოაწყდებიან ურდოები, მაგრამ ის თავად მისწვდება მათ ფეხდაფეხ. აშერის პური ყუათიანია და იგი გასცემს სამეფო ნუგბარს. ნაფთალი ლაღი ფურირემია, მომცემი კეთილთა ნაყოფთა. ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზია წყაროს თავზე, გალავანზეა გაშლილი მისი რქები! გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მას მოისარნი. შერჩა ძალა მშვილდისა, არ მოუდუნდა მკლავთა ძარღვები, იაკობის ღმერთისგან ძალამიცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელისა! მამაშენის ღმერთისაგან – შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან – გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით, მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა. და იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე. ბენიამინი მტაცებელი მგელია: ცისკრად ნანადირევს შეექცევა და საღამოთი ნადავლს ანაწილებს.“ ყველა ესენი ისრაელის 12 ტომია. და ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა, თითოეული თავისი კურთხევით. და უანდერძა მათ: „მე ვუერთდები ჩემს ხალხს, დამმარხეთ ჩემს მამა-პაპასთან, მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის, მღვიმეში, რომელიც მახფელას მინდორზეა, მამრეს ახლოს, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად. იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დამარხეს ისააკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავმარხე მე ლეა. ის მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.“ და დაასრულა იაკობმა ანდერძი შვილების მიმართ და აკრიბა ფეხები სარეცელზე, და აღესრულა, და შეერთო თავის მამებს. და გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა. და უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და მკურნალებმა შემურვეს ისრაელი. და გაუსრულდა მას 40 დღე, რამდენი ხანიც სჭირდებოდა შემურვას, და დასტიროდა მას ეგვიპტე 70 დღე. და განვლეს გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს: „თუკი რამ მადლი ვპოვე თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს, რომ მამაჩემმა დამაფიცა ამ სიტყვებით: ‘აჰა, მე ვკვდები. ჩემს სამარხში, რომელიც გავითხარე ქანაანის ქვეყანაში, იქ დამმარხეთ’. და ახლა წავალ და დავმარხავ მამაჩემს, და დავბრუნდები.“ და უთხრა ფარაონმა: „წადი და დამარხე მამაშენი, როგორც მან დაგაფიცა.“ და წავიდა იოსები მამის დასამარხად. და წაჰყვნენ მას ფარაონის მსახურნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი, და იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის მიწაზე. მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და ცხენოსნები, და შეიკრიბა ძალზე დიდი ბანაკი. და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, იორდანეს გაღმა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. და შვიდ დღეს გლოვობდა იოსები თავის მამას. და დაინახეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: „მძიმე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს.“ ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი. და აღუსრულეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უანდერძა მათ. და წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, და დამარხეს იგი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ახლოს, რომელიც საკუთრებად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ხეთელი ყეფრონისაგან. და დამარხა თავისი მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველა იმათთან ერთად, ვინც იყვნენ წასულნი მამამისის დასამარხად. და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მკვდარია მათი მამა, და თქვეს: „ვაითუ, გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით!“ და შეუთვალეს იოსებს: „მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ, ასე უთხარითო იოსებს: ‘გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. ამიერიდან აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს!’“ და ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს. და მოვიდნენ მისი ძმებიც და დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: „შენი მსახურები ვართ ჩვენ!“ და უთხრა მათ იოსებმა: „ნუ შიშობთ, მე ხომ ღმერთი არ ვარ? აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა. ახლა ნუღარ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.“ და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ. და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში თავისი მამის სახლთან ერთად. და იცოცხლა იოსებმა 110 წელი. და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. მანაშეს ძის, მაქირის შვილებიც იოსების მუხლებზე იშვნენ. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ თქვენ და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღუთქვა მან აბრაამს, ისააკს და იაკობს.“ და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!“ და მოკვდა იოსები 110 წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში. ესენია ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში (თითოეული თავისი სახლითურთ ჩავიდა): რეუბენი, სიმეონი, ლევი და იუდა, ისაქარი, ზებულუნი და ბენიამინი, დანი და ნაფთალი, გადი და აშერი. და ყოველი მათგანი გამოსული იყო იაკობის საზარდულიდან, 70 სული, ხოლო იოსები უკვე ეგვიპტეში იყო. და მოკვდა იოსები და ყველა მისი ძმა, და მთელი მათი თაობა. ხოლო ისრაელიანები მოშენდნენ და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აივსო მათით ის ქვეყანა. და დაჯდა ახალი მეფე ეგვიპტის ტახტზე, რომელმაც არაფერი იცოდა იოსების შესახებ, და უთხრა მან თავის ხალხს: „აი, ხალხი – ისრაელიანები, ჩვენზე მეტია და ძლიერი. მოდით, ბრძნულად მოვიქცეთ მათთან, თორემ უფრო გამრავლდებიან. და თუ რაიმე ომი ატყდა, ჩვენს მტრებს შეეკვრებიან, ბრძოლას დაგვიწყებენ და გავლენ ქვეყნიდან.“ და დაუყენეს ზედამხედველები, რათა დაეთრგუნათ ისინი მძიმე შრომით; და ააშენებინეს ფარაონის სამარაგო ქალაქები: ფითომი და რამზესი. მაგრამ რაც უფრო ტანჯავდნენ, მით უფრო მრავლდებოდნენ ისრაელიანები და ვრცელდებოდნენ. და შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე. და ამუშავებდნენ ეგვიპტელნი ისრაელიანებს უმოწყალოდ. და გაუმწარეს სიცოცხლე თიხაზე და აგურზე მძიმე შრომით, და ყოველგვარი სამუშაოთი მინდვრად, ყოველი საქმით, რის კეთებასაც უმოწყალოდ აიძულებდნენ. უბრძანა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს – შიფრასა და ფუყას: „როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ და თუ ვაჟია – მოკალით, თუ გოგოა – იცოცხლოს.“ შეეშინდათ ბებიაქალებს ღმერთისა და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხლად ტოვებდნენ ვაჟებს. დაიბარა ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები, და უთხრა: „ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რად ტოვებთ ვაჟებს?“ უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს, რომ ეგვიპტელ ქალებს არა ჰგვანან ებრაელი ქალები, რომ ამტანები არიან ისინი. და სანამ ბებიაქალი მივა მათთან, უკვე ნამშობიარები არიან. და სწყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, და მრავლდებოდა ხალხი და მეტად ძლიერდებოდა. და რადგან ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს, ღმერთმა ააშენა მათი ოჯახები. და უბრძანა ფარაონმა მთელ თავის ხალხს ასე: „ყველა ახალშობილი ბიჭი მდინარეში ჩააგდეთ, ხოლო ყველა გოგო ცოცხალი დატოვეთ.“ წავიდა ერთი კაცი ლევის სახლიდან და მოიყვანა ცოლად ლევის ასული. დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი. ნახა, რომ მშვენიერია ბიჭი და სამ თვეს მალავდა. როცა მეტი ვეღარ შეძლო მისი დამალვა, აიღო ჭილის კალათა და შეგოზა იგი კუპრით და ფისით, ჩააწვინა შიგ ბავშვი და მდინარის ნაპირას ჩადგა ლერწმოვანში. დადგა მისი და მოშორებით, რათა გაეგო, რა ბედი ეწეოდა ბავშვს. და აჰა, ფარაონის ასული ჩავიდა საბანაოდ მდინარეზე. ხოლო მისი მოახლეები მდინარის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ფარაონის ასულმა კალათა ლერწმოვანში და გაგზავნა თავისი მოახლე მის მოსატანად. და როდესაც კალათას ახადა, ნახა, რომ შიგ ბავშვი წევს და ტირის. შეებრალა ის და თქვა: „ებრაელის ბავშვი იქნება.“ და უთხრა ბავშვის დამ ფარაონის ასულს: „ხომ არ წავიდე და მოვიყვანო ძიძა ებრაელთაგან, რომ ძუძუ აწოვოს მაგ ბავშვს?“ წადიო, – უთხრა მას ფარაონის ასულმა. წავიდა გოგონა და მოიყვანა ბავშვის დედა. უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წაიყვანე ეს ბიჭი, ძუძუ აწოვე და მოგცემ გასამრჯელოს.“ და წაიყვანა ქალმა ბავშვი და ძუძუზე ჰყავდა. და როცა წამოიზარდა ბავშვი, მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა იგი, და უწოდა სახელად მოსე; რაც ნიშნავდა: „წყლიდან ამოვიყვანე იგი.“ ერთ დღეს, როცა გაიზარდა მოსე, გამოვიდა თავის მოძმეებთან და იხილა მათი მძიმე შრომა. და დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის მოძმეთაგანს. მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ ახლოს არავინ იყო, და მოკლა ის ეგვიპტელი და ქვიშაში ჩამალა. და გამოვიდა მეორე დღეს, და აჰა, ორი ებრაელი კაცი ჩხუბობს. და უთხრა მან დამნაშავეს: „რატომ სცემ შენს მოყვასს?“ მან კი უთხრა: „ვინ დაგაყენა ჩვენს უფროსად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოჰკალი?“ შეეშინდა მოსეს და თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულაო ეს ამბავი. როცა შეიტყო ფარაონმა ეს ამბავი, მოინდომა მოსეს მოკვლა. მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს და გაჩერდა მიდიანის ქვეყანაში, და ჩამოჯდა ერთ ჭასთან. შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. და მოსულიყვნენ ისინი და წყალს ხაპავდნენ ჭიდან და გეჯებს ავსებდნენ თავისი მამის ფარის სასმელად. და მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოექომაგა მათ, და დაურწყულა ფარა. და მივიდნენ ისინი რეღუელთან, თავიანთ მამასთან. და მან ჰკითხა მათ: „დღეს ასე ადრე რად მოსულხართ?“ და უთხრეს: „ეგვიპტელმა კაცმა გვიხსნა მწყემსთაგან. წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაგვირწყულა.“ უთხრა თავის ასულებს: „სად არის იგი? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, ჭამოს პური ჩვენთან.“ და გადაწყიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. და მან მიათხოვა მოსეს თავისი ასული – ციფორა. შვა ქალმა ვაჟი, და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რაც ნიშნავდა: „ხიზანი ვარ უცხო ქვეყანაში.“ გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა. და აკვნესდნენ ისრაელიანები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი გოდება ღმერთს. და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისააკისა და იაკობის მიმართ. და დაინახა ღმერთმა ისრაელის ძენი, და მოხედა მათ ღმერთმა. მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, ითროს, მიდიანელი მღვდლის, ცხვარს. წაასხა მან ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს. და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი, როგორც ცეცხლის ალი შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ ბუჩქი არ იწვის. თქვა მოსემ: „მივალ და ვნახავ, რა სასწაულია, რატომ არ იწვის ბუჩქი?“ დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად, დაუძახა მას ღმერთმა შუაგული მაყვლოვნიდან: „მოსე! მოსე!“ და მიუგო მან: „აქა ვარ.“ და უთხრა მას უფალმა: „ახლოს ნუ მოხვალ! გაიძვრე სანდლები ფეხთაგან, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა.“ და კვლავ უთხრა მან: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.“ და დაიფარა მოსემ სახე, რადგან შეეშინდა ღმერთის ხილვისა. და უთხრა უფალმა: „დავინახე ტანჯვა ჩემი ხალხისა ეგვიპტეში, და ვისმინე მისი კვნესა ზედამხედველთაგან. და რაკი ვიცი მისი სატკივარი, ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთაგან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან, და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი – ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა ქვეყანაში. ისრაელიანთა კვნესამ უკვე მოაწია ჩემამდე, და ვიხილე კიდეც მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელნი. ახლა კი წადი, მიგავლენ ფარაონთან, რომ გამოიყვანო ჩემი ხალხი, ისრაელიანები, ეგვიპტიდან.“ და უთხრა მოსემ ღმერთს: „მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან?“ და თქვა: „მე ვიქნები შენთან და ეს გექნება ნიშნად, რომ მე მიგავლინე: როცა გამოიყვან ამ ხალხს ეგვიპტიდან, ემსახურეთ ღმერთს ამ მთაზე.“ და უთხრა მოსემ ღმერთს: „კარგი, მივედი ისრაელის ძეებთან და ვუთხარი: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და მკითხეს, რა არის მისი სახელიო, რა ვუთხრა მათ?“ და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – ‘მე ვარ’ მგზავნის-თქო თქვენთან.“ კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: ‘უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისააკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან.’ ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე. წადი და შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: ‘უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა და მითხრა: მოგხედეთ თქვენ და დავინახე, რა ხდება თქვენს თავს ეგვიპტეში. და ვთქვი: წაგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი.’ მოისმენენ შენს სიტყვას, და მიხვალ ისრაელის უხუცესებითურთ ეგვიპტის მეფესთან, და ეტყვით: ‘უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა ჩვენ. გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.’ ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ ძლიერმა ხელმა არ აიძულა. და გავიწვდი ხელს, და ვგვემ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რომელთაც მოვახდენ იქ. მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი. მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წახვალთ, ხელცარიელნი არ წახვალთ. და ითხოვოს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი ხიზანი ქალისაგან ვერცხლისა და ოქროს ნივთები, და სამოსელი. და შემოსეთ თქვენი ძენი და ასულნი, და გაძარცვეთ ეგვიპტელნი.“ და თქვა მოსემ: „არ დამიჯერებენ, არ მოისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?“ უთხრა უფალმა: „რა გიჭირავს ხელში?“ მიუგო: „კვერთხი.“ და თქვა უფალმა: „დააგდე მიწაზე!“ და დააგდო ის მიწაზე და იქცა გველად, და გაერიდა მას მოსე. და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი და დაიჭირე იგი კუდით.“ მან გაიწოდა ხელი და დაიჭირა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში. – „ამით ირწმუნებენ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.“ და კვლავ უთხრა მას უფალმა: „ჩაიყავი ხელი უბეში!“ და მან ჩაიყო ხელი უბეში და, როდესაც უკან ამოიღო, მისი ხელი თოვლივით თეთრი იყო კეთრისგან. და უთხრა მან: „ჩააბრუნე ხელი უბეში!“ და ჩააბრუნა ხელი უბეში. და უკან რომ ამოიღო ხელი უბიდან, თავისი ფერი დაბრუნებოდა ხორცს. – „თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან. თუ არ ერწმუნენ ამ ორ სასწაულს და არ გაიგონეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და დაღვარე მიწაზე. და ის წყალი სისხლად იქცევა მიწაზე.“ და უთხრა მოსემ უფალს: „გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მსახურს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.“ და უთხრა უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან თვალხილულს, ან ბრმას, თუ არა მე, უფალი? ახლა წადი და მე ვიქნები შენთან და გასწავლი, რაც უნდა ილაპარაკო.“ უთხრა მოსემ: „გევედრები, უფალო! სხვა ვინმე მიავლინე.“ განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: „განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? მე ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს, და აჰა, იგი გამოვა შენს შესახვედრად, და როცა დაგინახავს, გულით გაიხარებს. შენ ილაპარაკებ მასთან და ეტყვი, რაც უნდა თქვას. და მე ვიქნები შენთან და მასთან, და გასწავლით, რაც უნდა გააკეთოთ. და ილაპარაკებს ის ხალხთან შენს ნაცვლად. და ის იქნება შენთვის ბაგე, და შენ იქნები მისთვის ღმერთი. და ეგ კვერთხი ხელში გეჭიროს, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.“ და წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა: „წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან, თუ არა.“ და უთხრა ითრომ მოსეს: „მშვიდობით გევლოს.“ და უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: „წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც შენს სიკვდილს ლამობდა.“ და ადგა მოსე, შესხა თავისი ცოლ-შვილი სახედარზე და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. და ეჭირა მოსეს ღვთის კვერთხი ხელში. და უთხრა უფალმა მოსეს: „იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელთ მოგეცი. მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ის ხალხს. და უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ჩემი პირმშო ძეა ისრაელი. და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი ძე, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!’“ გზაში, ღამისსათევში, დახვდა მოსეს უფალი და მოკვლა დაუპირა. და აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა დაუცვითა შვილს და შეახო მოსეს ფეხთ, და თქვა: „სისხლის სიძე ხარ ჩემი.“ და მოცილდა უფალი მას, და მაშინ ციფორამ თქვა: „სისხლის სიძე წინადაცვეთის გამო.“ და უთხრა უფალმა აარონს: „წადი, შეეგებე მოსეს უდაბნოში.“ წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა. და მოუთხრო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც იგი მოავლინა, და ყოველი სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა. და წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელის ძეთა ყველა უხუცესი. და მოუთხრო აარონმა ყოველი სიტყვა, რომელიც უთხრა უფალმა მოსეს, და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ. და ირწმუნა ხალხმა. და გაიგეს, რომ მოხედა უფალმა ისრაელის ძეთ და დაინახა მათი ტანჯვა. მუხლი მოიყარეს მათ და თაყვანი სცეს. მერე მივიდნენ მოსე და აარონი და უთხრეს ფარაონს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა დღესასწაული გამიმართონო უდაბნოში.“ და თქვა ფარაონმა: „ვინ არის უფალი, რომ ვისმინო მისი და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ!“ და უთხრეს: „ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა ჩვენ. გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით.“ და უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: „მოსე და აარონ! რად აცდენთ ხალხს თავიანთ საქმეს? გასწით თქვენს სამუშაოზე.“ და კვლავ თქვა ფარაონმა: „ბევრნი არიან ახლა ამ მიწის ხალხი და თქვენ აცდენთ მათ სამუშაოებისაგან.“ და უბრძანა ფარაონმა იმავე დღეს აღმასრულებლებს და ხალხის ზედამხედველებს ასე: „ამიერიდან ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს აგურის საკეთებლად, როგორც გუშინ და გუშინწინ აძლევდით; წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე. ხოლო აგურების რაოდენობა, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ აკეთებდნენ, იმდენივე დაუწესეთ, არ შეუმციროთ. თორემ მთლად გაზარმაცდნენ; დგანან და ყვირიან: წავალთ, ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო!“ დაუმძიმდეს შრომა მაგ ხალხს, საზრუნავი გაუჩნდეს, რომ ვეღარ მიუგდოს ყურს ცდუნების სიტყვებს. და გამოვიდნენ ხალხზე დაყენებული აღმსრულებელნი და ზედამხედველნი, და გამოუცხადეს ხალხს: „ასე თქვა ფარაონმა, აღარ მოგცემთო ბზეს. წადით, მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით, რადგან თქვენს სამუშაოს არაფერი მოაკლდება.“ და მოედო ხალხი ეგვიპტის მთელ ქვეყანას, რომ ბზის სანაცვლოდ ნამჯა შეეგროვებინათ. აღმსრულებელნი აჩქარებდნენ და ეუბნებოდნენ: „ყოველდღიურად ისევე შეასრულეთ თქვენი სამუშაო, როგორც მაშინ, როცა ბზე გეძლეოდათ.“ და სცემდნენ ისრაელიან ზედამხედველებს, რომელნიც დაუდგინეს ხალხს ფარაონის აღმსრულებლებმა, და ეუბნებოდნენ: „რატომ არ მოჭერით დაწესებული რაოდენობის აგური არც გუშინ და არც დღეს, რამდენსაც ადრე ჭრიდით?“ და მივიდნენ ისრაელიანი ზედამხედველნი და შეჰღაღადეს ფარაონს: „რად ექცევი ასე შენს მსახურებს? ბზე აღარ ეძლევათ შენს მსახურებს, აგურის მოჭრას კი სთხოვ. და, აჰა, სცემენ შენს მსახურებს. შენს ხალხზეა ცოდვა.“ და თქვა ფარაონმა: „უქნარები ხართ თქვენ, უქნარები! ამიტომ ამბობთ: წავალთ და მსხვერპლს შევწირავთო უფალს. ახლა კი გასწით და იმუშავეთ! ბზე არ მოგეცემათ, აგურის დაწესებული რაოდენობა კი უნდა ჩაგვაბაროთ!“ დაინახეს ისრაელიანმა ზედამხედველებმა, რომ გასაჭირში არიან, რადგან ებრძანათ, რომ არაფერი დააკლოთო ყოველდღიურად მოსაჭრელი აგურის რაოდენობასო. და როცა ფარაონისგან გამოვიდნენ, შეეყარნენ მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად იდგნენ. უთხრეს მათ: „უფალმა გიხილოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს და ჩვენს დასახოცად მახვილი მიეცით ხელში.“ მიუბრუნდა მოსე უფალს და თქვა: „უფალო, რად უყავი ბოროტი ამ ხალხს? რად გამომაგზავნე მე? მას აქეთ, რაც მე ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკა, გაუბოროტდა იგი ამ ხალხს, შენ კი არ იხსენი შენი ხალხი.“ უთხრა უფალმა მოსეს: „ახლა იხილავ, რასაც დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ებრაელები და მაგარი ხელი აიძულებს მას გაყაროს ისინი თავისი ქვეყნიდან.“ და ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: „მე ვარ უფალი! მე გამოვეცხადე აბრაამს, ისააკს და იაკობს ყოვლადძლიერ ღმერთად, ხოლო ჩემი სახელი – უფალი – არ გამიმხელია მათთვის. და დავუდე აღთქმა, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი. და მე ვისმინე კვნესა ისრაელიანთა, რომელნიც ეგვიპტელებს მონობაში ჰყავთ, და გავიხსენე ჩემი აღთქმა. ამიტომ ამცნე ისრაელიანთ: მე ვარ უფალი, მე გამოგიხსნით ეგვიპტელთა უღლიდან, და გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან. მე გიხსნით მოღერებული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით. მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი დამხსნელი ეგვიპტის უღლიდან. მე მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისააკს და იაკობს. და ახლა თქვენ გაძლევთ მას დასამკვიდრებლად. მე ვარ უფალი.“ ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეთ, მაგრამ მათ არ მოუსმინეს სულმოკლეობისა და მძიმე მონობის გამო. და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი, ელაპარაკე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.“ ხოლო მოსემ უპასუხა უფალს: „აჰა, მე ისრაელის ძეთ არ მომისმინეს და რას მომისმენს მე ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ?“ და ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უბრძანა მათ ისრაელიანთათვის და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისათვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან. ესენი არიან მთავრები თავ-თავიანთი მამის სახლებისა: ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი: ენოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი. ესაა რეუბენის საგვარეულო. ძენი სიმეონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი, და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმეონის საგვარეულო. ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი, კოჰათი და მერარი. იცოცხლა ლევიმ 137 წელი. ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმეყი, თავ-თავიანთი საგვარეულოებით. ძენი კოჰათისა: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და იცოცხლა კოჰათმა 133 წელი. ძენი მერარისა: მახლი და მუში. ესენია საგვარეულოები ლევისა მათი თაობების მიხედვით. მოიყვანა ყამრამმა ცოლად იოქებედი, თავისი მამიდა. და მან უშვა აარონი და მოსე. და იცოცხლა ყამრამმა 137 წელი. ძენი იცჰარისა: კორახი, ნეფეგი და ზიქრი. ძენი ყუზიელისა: მიშაელი, ელცაფანი და სითრი. მოიყვანა აარონმა ცოლად ელიშებაყი, ასული ყამინადაბისა, ნახშონის და; და მან უშვა მას ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. ძენი კორახისა: ასირი, ელკანა და აბიასაფი. ესენია კორახის საგვარეულოები. ელეაზარმა, აარონის ძემ, ცოლად მოიყვანა ფუტიელის ასულთაგანი და მან უშვა მას ფინეხასი. ესენია ლევიანთა მთავრები თავ-თავიანთი საგვარეულოებით. ეს ის აარონი და მოსეა, რომელთაც უთხრა უფალმა: „გაიყვანეთ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად.“ ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაეყვანათ ისრაელიანები ეგვიპტიდან, – ესენი იყვნენ მოსე და აარონი. იმ დღეს, როცა უფალი ელაპარაკებოდა მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხრა მას: „მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები.“ და თქვა მოსემ უფლის წინაშე: „აჰა, მე ენაბრგვილი ვარ, და როგორ მომისმენს მე ფარაონი?“ უთხრა უფალმა მოსეს: „იცოდე, ღმერთად დაგადგინე ფარაონზე და აარონი, შენი ძმა, შენი წინასწარმეტყველი იქნება. შენ იტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ, და აარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან. და მე გულს გავუსასტიკებ ფარაონს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში. არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი და ნახავს ეგვიპტე ჩემი ხელის ძალას, და დიდი სასჯელებით გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელიანთ, ეგვიპტის ქვეყნიდან. და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა მოვუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან მათგან ისრაელიანთ.“ ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ. მოსე იყო 80 წლისა, ხოლო აარონი 83 წლისა, როცა ფარაონს ელაპარაკნენ. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო, მაშინ უთხარი აარონს, აიღოს თავისი კვერთხი და დააგდოს ფარაონის წინაშე. და გველად იქცევა კვერთხი.“ და მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და მოიქცნენ ისე, როგორც უფალმა ბრძანა. და დააგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონისა და მისი მსახურების წინაშე, და იქცა იგი გველად. და უხმო ფარაონმა თავის ბრძენკაცებსა და მისნებს და გააკეთეს მათაც, ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავიანთი ჯადოსნობით. დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი, და იქცნენ ისინი გველებად. და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. და უთხრა უფალმა მოსეს: „გული გაუქვავდა ფარაონს, უარზეა გაუშვას ხალხი. წადი ფარაონთან დილით. აჰა, გამოვა წყალთან და შენც დახვდი მდინარის პირას და კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს. და უთხარი მას: უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა შენთან ამის სათქმელად: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში.’ და აჰა, არ ისმინე აქამდე. და ასე თქვა უფალმა: ‘ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი: აჰა, კვერთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ მდინარის წყალს, და იქცევა სისხლად. გაწყდება თევზი მდინარეში, აყროლდება მდინარე და ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი იმ წყალს.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი აარონს, აიღე-თქო შენი კვერთხი და მოუღერე ხელი ეგვიპტის წყალს, მდინარეებს და ნაკადულებს, და ჭაობებს და წყალთა ყოველ შესაკრებელს, და იქცევიან სისხლად, და სისხლი ჩადგება-თქო მთელი ეგვიპტის ქვეყანაში, თვით ხისა თუ ქვის ჭურჭელში.“ და ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფალმა ბრძანა. და აღმართა მან კვერთხი, და დასცა მდინარის წყალს ფარაონისა და მის მსახურთა თვალწინ, და იქცა სისხლად მდინარის მთელი წყალი. და თევზი მდინარისა გაწყდა და აყროლდა მდინარე, და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელნი მის წყალს. და დაგუბდა სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში. და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მოსეს და აარონს, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული. და თხრიდნენ ეგვიპტელნი მდინარის გაყოლებაზე ჭებს, რომ ეპოვათ სასმელი წყალი, რადგან ვეღარ სვამდნენ მდინარის წყალს. და შესრულდა შვიდი დღე მას მერე, რაც უფალმა მდინარეს დაჰკრა. და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ! და თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მე მოვწყლავ მთელ შენს ქვეყანას ბაყაყებით. და გაივსება მდინარე ბაყაყებით, და ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საწოლ ოთახს, შენს სარეცელს, შენს მსახურთა და შენი ხალხის სახლებს, შენს თონეებს და შენს ვარცლებს. და თვით შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მსახურს დაეხვევა ბაყაყი.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘მოუღერე შენი კვერთხი მდინარეებს, ნაკადულებს და ტბებს, და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.’“ და მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ ბაყაყები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა. და გააკეთეს იგივე გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე. მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: „შეევედრეთ უფალს, რათა მოგვაშოროს ბაყაყი მე და ჩემს ხალხს, და გავუშვებ ამ ხალხს, რომ შესწირონ მსხვერპლი უფალს.“ და უთხრა მოსემ ფარაონს: „მიბრძანე, როდის ვილოცო შენთვის, შენს მსახურთათვის და შენი ხალხისათვის, რომ მოგაშოროთ ბაყაყი შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ მდინარეში დატოვოს?“ და თქვა: „ხვალ.“ მოსემ უპასუხა: „იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არ არსებობს მსგავსი ჩვენი უფალი ღმერთისა. და მოგშორდებათ ბაყაყი შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს. მხოლოდ მდინარეში დარჩებიან.“ გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, ფარაონს რომ მიუსია. და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ. და დაიხოცა ბაყაყი სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში. და დაახვავეს ისინი გროვებად და ამყრალდა ქვეყანა. და იხილა ფარაონმა, რომ მოხდა შემსუბუქება, და გაისასტიკა გული და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს, მოიღეროს თავისი კვერთხი და დაჰკრას მიწის მტვერს, და გადაიქცევა მტვერი მუმლად მოედება მთელს ეგვიპტეს.“ ასეც გააკეთეს: და მოიღერა აარონმა კვერთხი და დაჰკრა მიწის მტვერს, და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყვს. მიწის მთელი მტვერი მუმლად იქცა ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე. იგივეს გაკეთება სცადეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით, რათა გამოეყვანათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს. და ეხვია მუმლი კაცსა და პირუტყვს. და უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: „ღვთის ხელია ეს!“ და გაისასტიკა გული ფარაონმა, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. და უთხრა უფალმა მოსეს: „ადექი დილაადრიან და წარუდექი ფარაონს. და როცა გამოვა წყალთან, უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ. თუ არ გაუშვებ ჩემს ხალხს, მოგისევთ შენ და შენს მსახურებს, შენს ხალხს, შენს სახლებს ბუზანკალს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და ის მიწაც, სადაც ისინი არიან. გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა იცოდე, რომ ქვეყნის შუაგულში ვარ მე, უფალი. გავარჩევ ერთმანეთისგან ჩემს ხალხს და შენს ხალხს. ეს ნიშანი ხვალ გამოჩნდება.’“ გააკეთა უფალმა, როგორც თქვა, და შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონის სახლს და მის მსახურთა სახლებს, და ეგვიპტის მთელ ქვეყანას. მოსრა ქვეყანა ბუზანკალმა. და მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ამ ქვეყანაში.“ და თქვა მოსემ: „არ ეგების ამის გაკეთება, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. მსხვერპლს რომ შევწირავთ მათ თვალწინ. განა არ ჩაგვქოლავენ? სამი დღის სავალზე წავალთ უდაბნოში და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც ის გვიბრძანებს.“ და თქვა ფარაონმა: „გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს, უდაბნოში. ოღონდ შორს ნუ წახვალთ. შეევედრეთ ჩემთვის!“ თქვა მოსემ: „აჰა, მე გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რათა განშორდეს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს ხვალვე. ოღონდ ნუღარ მოიტყუება ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად.“ გამოვიდა მოსე ფარაონისგან, და შეევედრა უფალს. და გააკეთა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ, და მოაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურთ და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა. მაგრამ ამჯერადაც გაიქვავა ფარაონმა გული და არ გაუშვა ხალხი. და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე თქვა-თქო უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს. თუ უარს იტყვი გაშვებაზე და კვლავ დააკავებ, აჰა, უფლის ხელი იქნება შენს საქონელზე, მინდვრად რომ გყავს – ცხენებზე, ვირებზე, აქლემებზე, ძროხაზე, ცხვარზე და თხებზე – გაჩნდება ძალზე მძიმე ჭირი. განარჩევს უფალი ისრაელიანთა საქონელს და ეგვიპტელთა საქონელს ერთმანეთისგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელიანთ.’“ და დანიშნა უფალმა ჟამი და თქვა: „ხვალ აღასრულებს ამ საქმეს უფალი ქვეყანაში.“ და აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და გაწყდა ეგვიპტელთა საქონელი, ხოლო ისრაელიანთა საქონელს არც ერთი სული არ დაჰკლებია. გაგზავნა ფარაონმა შესატყობად და აჰა, არც ერთი სული არ იყო დაღუპული ისრაელის საქონელიდან. გაქვავდა ფარაონის გული და არ გაუშვა ხალხი. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ. და მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას, და გამოაყრის კაცსა და პირუტყვს ჩირქოვანი მუწუკი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“ და აიღეს ქურის ნაცარი და წარდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია ის მოსემ ზეცისკენ და გამოაყარა ჩირქოვანი მუწუკი კაცსა და პირუტყვს. და ვერ შეძლეს გრძნეულებმა დგომა მოსეს წინაშე გამონაყარის გამო, რადგან გამონაყარი ჰქონდა მათაც და ყოველ ეგვიპტელს. და გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსესთვის. და უთხრა უფალმა მოსეს: „ადექი დილაადრიანად, წარუდექი ფარაონს და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს. თორემ ამჯერად ყოველგვარ სენს შევყრი შენს გულს, შენს მსახურებს და შენს ხალხს, რათა იცოდეთ, რომ არავინ არის ჩემი სწორი მთელს ქვეყანაზე, რადგან, ახლა რომ მომეღერებინა ჩემი ხელი, ხომ მოგსრავდით შენ და შენს ხალხს შავი ჭირით, და წარიხოცებოდით ამ ქვეყნიდან, მაგრამ იმისათვის დაგარჩინე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რომ ემცნოს ჩემი სახელი მთელ ქვეყანას. აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ მათ. აჰა, დავუშენ ხვალ ამ დროს ძალზე ძლიერ სეტყვას, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში აქამდე დღიდან მისი დაფუძნებისა.’“ ახლა კი გაგზავნე და შეკრიბე შენი ჯოგი და ყველაფერი, რაც მინდვრადა გყავს. ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც გარეთ დარჩება და ჭერს არ შეეფარება, დაისეტყვება და მოისპობა. და ვინც შეუშინდა უფლის სიტყვას ფარაონის მსახურთაგან, ჭერქვეშ შეაფარა თავისი მსახურები და პირუტყვი; ხოლო ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, მინდორში დატოვა თავისი მსახურები და საქონელი. და უთხრა უფალმა მოსეს: „ცისკენ მიაღერე ხელი და დაისეტყვება მთელი ეგვიპტე – ადამიანები, პირუტყვი და ბალახი ველისა ეგვიპტის ქვეყანაში.“ და მიაღერა მოსემ ცისკენ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა, და წამოვიდა ცეცხლი ქვეყანაზე და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა. მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა მასში, ძალზე ძლიერი იყო სეტყვა, მისი მსგავსი არ ყოფილა ეგვიპტელთა მთელ ქვეყანაში, იმ დღიდან, რაც იქ ხალხი დასახლდა. და გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე ყველაფერი, რაც კი გარეთ დარჩა, ადამიანიდან პირუტყვამდე. ბალახი ველისა გაანადგურა სეტყვამ, და ყოველი ხეც ველისა დალეწა. მხოლოდ გოშენის ქვეყანა, სადაც ისრაელიანები იყვნენ, არ დაისეტყვა. და გაგზავნა ფარაონმა და უხმო მოსეს და აარონს, და უთხრა: „შევცდი ამჯერად. უფალი მართალია, მე და ჩემი ხალხი კი – დამნაშავენი. შეევედრეთ უფალს და დაცხრეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ.“ უთხრა მას მოსემ: „ქალაქიდან გასვლისას გავიწვდი ხელებს უფლისაკენ, გრგვინვა დაცხრება და სეტყვა აღარ იქნება, რათა გაიგო, რომ უფლისაა ქვეყანა. მაგრამ შენ და შენს მსახურებს, ვიცი, ჯერაც არ შეგეშინდებათ უფალი ღმერთისა.“ სელი და ქერი განადგურდა, რადგან ქერი ამოთავთავებული იყო, სელი კი ყვაოდა. ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურდა, რადგან გვიანებია ისინი. და გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, და გაიწოდა ხელები უფლისაკენ. გრგვინვა და სეტყვა შეწყდა და წვიმა აღარ იღვრებოდა მიწაზე. და დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა და სეტყვა, და გრგვინვა, და კვლავ შესცოდა. და გაიქვავეს გული მან და მისმა მსახურებმა. გასასტიკდა გული ფარაონისა და არ გაუშვა ისრაელიანები, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს პირით. და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე მას და მის მსახურებს, რათა გამოვავლინო ჩემი სასწაულები მათ შორის. რათა უამბო შენს შვილსა და შვილთაშვილს, როგორ გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი.“ და მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან, და უთხრეს: „ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘როდემდის უნდა მეურჩებოდე? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს. თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, აჰა, ხვალვე კალიას მივუსევ შენს მიწა-წყალს. დაფარავს იგი მიწისპირს და შეუძლებელი იქნება ხილვა მიწისა, და შეჭამს გადარჩენილ ნატამალს, რაც სეტყვას გადაგირჩა; გადაჭამს ყველა ხეს, ველად რომ ხარობს. აავსებენ შენს სახლებს და შენს მსახურთა და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავთ შენს მამებს და შენს მამათა მამებს დღიდან ქვეყანაზე მათი მყოფობისა დღემდე.’“ გაბრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან. და უთხრეს ფარაონს მსახურებმა: „როდემდე იყოს იგი ჩვენთვის დაბრკოლებად? გაუშვი ეს ხალხი და ემსახურონ უფალს, თავიანთ ღმერთს. ნუთუ ჯერაც ვერ მიმხვდარხარ, რომ იღუპება ეგვიპტე?“ დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და მან უთხრა მათ: „წადით, ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს. ვინ და ვინ არიან გამსვლელნი?“ და თქვა მოსემ: „ჩვენი ჭაბუკებითურთ და ჩვენი მოხუცებითურთ წავალთ, ჩვენი ძეებითურთ და ჩვენი ასულებითურთ, ჩვენი ცხვარ-ძროხიანად, რადგან უფლის დღესასწაული გვაქვს.“ და უთხრა ფარაონმა მათ: „ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე გაგიშვათ თქვენი ბავშვებიანად. იცოდეთ, ბოროტს ეპირებით! ასე არ იქნება! მამაკაცები წადით და თაყვანი ეცით უფალს, რაკი ამას ესწრაფით.“ და გაყარეს ისინი ფარაონისგან. და უთხრა უფალმა მოსეს: „მოუღერე ხელი ეგვიპტის ქვეყანას კალიის გამოსახმობად, რათა შეესიოს იგი ეგვიპტეს და გადაჭამოს ყოველი ბალახი მიწისა და ყოველივე, რაც სეტყვას გადაურჩა.“ და მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და ადინა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად მთელს იმ დღესა და მთელ იმ ღამეს. დადგა დილა და აღმოსავლეთის ქარმა მოიყოლია კალია. შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის ყოველ კუთხეს. არც მანამდე ყოფილა ამდენი კალია და არც მერე იქნება. და დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა, და გადაჭამა მან ქვეყნის მთელი ბალახი და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა. და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე არ შერჩენილა სიმწვანე ხეს და ველის ბალახს. სასწრაფოდ უხმო ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და თქვენს წინაშე. ახლა ერთხელ კიდევ მომიტევეთ ჩემი ცოდვა და შეევედრეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რომ ამარიდოს ეს სიკვდილი.“ და გამოვიდა იგი ფარაონისგან, და შეევედრა უფალს. და შეაქცია უფალმა დასავლეთის ძალზე ძლიერი ქარი და წაიღო კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არსად დარჩენილა ეგვიპტის მიწა-წყალზე. და გაასასტიკა უფალმა ფარაონის გული, და არ გაუშვა ისრაელიანები. უთხრა უფალმა მოსეს: „მიაღერე ხელი ცისკენ, რომ სიბნელე დააწვეს ეგვიპტის ქვეყანას, უკუნი წყვდიადი.“ მიაღერა მოსემ ხელი ცისკენ და იყო უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში სამ დღეს. ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და არავინ დაძრულა ადგილიდან სამ დღეს. ყოველ ისრაელის ძეს კი ჰქონდა სინათლე თავის სადგომში. და მოიხმო ფარაონმა მოსე, და უთხრა: „წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი ცხვარი და ძროხა დარჩეს, თქვენი ბავშვები კი გამოგყვნენ.“ და უთხრა მოსემ: „შენც უნდა მოგვცე ჩვენს ხელთ სამსხვერპლოები და სრულადდასაწველები, რათა მსხვერპლად შევწიროთ ჩვენს უფალ ღმერთს. ჩვენი ჯოგებიც უნდა წამოვიდეს ჩვენთან ერთად, ჩლიქიც არ უნდა დარჩეს, და მათგან გამოვარჩევთ იქ შესაწირავს ჩვენი უფალი ღმერთისათვის. ვიდრე იქ არ მივალთ, არ ვიცით, რით ვემსახუროთ უფალს.“ და გაასასტიკა უფალმა ფარაონის გული, და არ ინება მათი გაშვება. და უთხრა მას ფარაონმა: „თავიდან მომწყდი და გაფრთხილდი, აღარ დამენახო, თორემ იმ დღესვე მოკვდები, რა დღესაც დამენახვები.“ და თქვა მოსემ: „სწორს ამბობ. მე აღარ დაგენახვები.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტეს. ამის მერე გაგიშვებთ აქედან ფარაონი. არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგყრით. დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისაგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისაგან ოქროსა და ვერცხლის ნივთები.“ უფალმა კეთილად გამოაჩინა თავისი ხალხი ეგვიპტელთა თვალში. და მოსეც დიდ კაცად შეირაცხა ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში. და თქვა მოსემ: „ასე ამბობს უფალი: ‘შუაღამისას მე გადავივლი მთელ ეგვიპტეს. და მოკვდება ყოველი პირმშო ვაჟი ეგვიპტის ქვეყანაში – ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავს რომ უზის; და ყოველი პირველმოგებული მამალი პირუტყვი. და ატყდება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება. მაგრამ ისრაელიანთ და მათ პირუტყვს ბეწვიც არ დააკლდება, რათა იცოდეთ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.’“ და უთხრა მოსემ ფარაონს: „მოვლენ ჩემთან შენი მსახურნი და თაყვანს მცემენ და იტყვიან: ‘გადით, შენ და მთელი შენს კვალზე მავალი ხალხი!’ და ამის შემდეგ გავალ.“ და გამოვიდა ფარაონისგან მოსე განრისხებული. და უთხრა უფალმა მოსეს: „არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში.“ მოსემ და აარონმა მოახდინეს ყველა ეს სასწაული ფარაონის თვალწინ. და გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელიანები თავის ქვეყნიდან. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: ეს თვე იყოს თქვენთვის თვეთა დასაბამი. პირველი იყოს ის თქვენთვის წელიწადის თვეებში. უთხარით ისრაელის მთელ თემს ასე: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლზე. და თუ სახლეულობა მცირეა და კრავს ვერ მოერევა შესაჭმელად, მაშინ მან და მისი კარის მეზობელმა სულადობისამებრ აიყვანონ. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია. თქვენი კრავი მამალი უნდა იყოს და უხინჯო, წელგამოვლილი. კრავის ნაცვლად შეგიძლიათ თიკანი აიყვანოთ. და თქვენთან გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე; და დაკლას ისრაელის თემის მთელმა კრებულმა მწუხრის ჟამს. და აიღონ მისი სისხლი და წააცხონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და კარისთავს, სადაც უნდა ჭამონ ის. ჭამონ ხორცი იმ ღამეს, ცეცხლზე შემწვარი. ხმიადები და მწარე მწვანილი მიატანონ. არა ჭამოთ უმად ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი, თავფეხიანად და გულ-ღვიძლიანად. დილისთვის ნუ მოირჩენთ, რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით. ასე ჭამეთ იგი: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გეცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. ეს უფლის პასექია. მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაში იმ ღამით და მოვაკვდინებ ყოველ ეგვიპტელ პირველშობილს კაციდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვსჯი. მე ვარ უფალი. და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. და თქვენ არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ. იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული თქვენი უფლისა თაობიდან თაობამდე. საუკუნო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული. შვიდ დღეს ხმიადი ჭამეთ. პირველი დღიდანვე მოიცილეთ საფუარი სახლებიდან, რადგან ვინც შეჭამს საფუარიანს, პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, ის სული მოიკვეთება ისრაელიდან. პირველ დღეს წმიდა კრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა კრება გექნებათ. არავითარი საქმე არ აკეთოთ იმ დღეებში. რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს. და დაიცავით უფუარობა, რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. და დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობამდე საუკუნო წესად. პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ. შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში, რადგან ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემიდან – ხიზანი იქნება ის თუ ქვეყნის მკვიდრი. საფუარიანი არაფერი ჭამოთ. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, ხმიადი ჭამეთ. და მოუხმო მოსემ ისრაელის ყოველ უხუცესს და უთხრა მათ: „აარჩიეთ კრავები თქვენ თქვენი საგვარეულოებისათვის და დაკალით პასექი. და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც თასშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს. არავინ გამოხვიდეთ სახლის კარიდან დილამდე. და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლზე და გვერდს ჩაუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრად. წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენს შვილთათვის უკუნისამდე. როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც ამბობდა, იქაც დაიცავით ეს მსახურება. და როცა გეტყვიან თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო? ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს და იხსნა ჩვენი სახლები.“ და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა. წავიდნენ და ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს. და იყო, შუაღამით მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ვაჟი ეგვიპტის ქვეყანაში, თავის ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე, და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული. ფეხზე დადგნენ იმ ღამით ფარაონი, მისი მსახურნი და მთელი ეგვიპტე, შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, მკვდარი რომ არ ჰყოლოდათ. და მოიხმო ფარაონმა მოსე და აარონი ღამითვე, და უთხრა მათ: „ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ყველა ისრაელიანი. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც თქვით. წაასხით თქვენი ცხვარი და ძროხა, როგორც თქვით, და წადით. და მეც დამლოცეთ.“ და აიძულებდნენ ეგვიპტელნი ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან. თორემ ყველანი დავიხოცებითო – ამბობდნენ ისინი. და წაიღო ხალხმა თავისი ცომი ვიდრე გაფუვდებოდა, და ვარცლები სამოსელში გამოიკრეს და ზურგზე ეკიდათ. და გააკეთეს ისრაელიანთ მოსეს სიტყვისამებრ, და ითხოვეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ნივთები, და სამოსელი. უფალმა კეთილად გამოაჩინა თავისი ხალხი ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. და ასე გაძარცვეს მათ ეგვიპტე. და აიყარნენ ისრაელიანები რამზესიდან სუქოთისკენ, დაახლოებით 600 ათასი ქვეითი მამაკაცი, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. მათთან ერთად გამოვიდა მრავალი უცხოტომელი, და გამოირეკეს ცხვარ-ძროხის დიდი ფარები და ჯოგი. და აცხობდნენ ეგვიპტიდან წამოღებული უფუარი ცომის კვერებს, რადგან ვერ გაფუვდა ცომი, რაკი გამოდევნეს ეგვიპტიდან და ვერ შეძლეს დაყოვნება და ვერც საგზალი გაიმზადეს. ისრაელიანთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი 430 წელია. 430 წლის დასასრულს, სწორედ იმ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან. მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად. სწორედ ეს ღამეა უფლისათვის მღვიძარებისა ისრაელიანთათვის თაობიდან თაობამდე. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აჰა, წესი პასექისა: არც ერთმა უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი. ყოველმა ნაყიდმა მონამ მაშინ ჭამოს იგი, თუ წინადაუცვეთ. ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს იგი. ერთ სახლში უნდა შეიჭამოს. არ გაიტანოთ ის ხორცი სახლიდან გარეთ და მისი ძვალი არ დაამტვრიოთ. ისრაელის მთელმა თემმა გააკეთოს ასე. თუ ვინმე უცხო შემოგეხიზნოს და უფლის პასექის გამზადება მოინდომოს, წინადაიცვითოს მასთან ყოველმა მამროვანმა და მაშინ შეუდგეს მის შესრულებას, და იქნება ქვეყნის მკვიდრივით. და არც ერთმა წინადაუცვეთელმა არ ჭამოს იგი. ერთი წესი ჰქონდეს მკვიდრსა და ხიზანს, თქვენში რომ დასახლდა. და ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს. სწორედ ამ დროს გამოიყვანა უფალმა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად დაწყობილნი. და უთხრა უფალმა მოსეს: შემომწირე ისრაელის ყოველი პირმშო, ადამიანთაგან ვიდრე პირუტყვამდე. ჩემია ისინი. და უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ეს დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან უფალმა გამოგიყვანათ იქედან ძლიერი ხელით. არ ჭამოთ ამ დღეს საფუარიანი. დღეს გამოდიხართ თქვენ, აბიბის თვეში. როცა შეგიყვანს შენ უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, რომელთა გამოც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, რომ მოგცემდა ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი, აღასრულე ეს მსახურება ამ თვეში: შვიდ დღეს ხმიადი ჭამე, ხოლო მეშვიდე დღე – უფლის დღესასწაულია; შვიდ დღეს ხმიადი ჭამე და ნუ გაიჩერებ შინ საფუარიან პურს; ნუ გექნება გაფუებული პური და საფუარი მთელ შენს საზღვრებში. და იმ დღეს ასე უთხარი შენს შვილს: ეს იმისთვის, რაც გამიკეთა უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას-თქო. და ეს იყოს შენთვის როგორც ნიშანი ხელზე და შუბლზე სამახსოვროდ, რათა უფლის რჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან. დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე. და როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში, როგორც შემოგფიცათ შენ და შენს მამებს, რომ მოგცემს მას შენ, – განუკუთვნე უფალს ყოველი პირმშო და ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა; მათგან მამალი უფალს შესწირე. და ყოველი პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით. და თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. შენი პირმშო ძე გამოისყიდე. და როცა შეგეკითხება მომავალში შენი შვილი, ‘ეს რა ნიშნავს?’ უთხარი: ‘ძლიერი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. და იყო, როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირველმოგებულამდე. ამიტომაც ვწირავ უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამალს, ხოლო ყოველ ჩემ პირმშო ძეს გამოვისყიდი.’ და ეს გქონდეს ნიშნად ხელზე და ბეჭდად შუბლზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.“ როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელების ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ის გზა. რადგან თქვა ღმერთმა: „რათა არ გადაიფიქროს გამოსვლა ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში.“ და შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გზით მეწამული ზღვისაკენ დარაზმულნი გამოვიდნენ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან. და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს დაფიცებული ჰყავდა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, თან წაიღეთ ჩემი ძვლებიო აქედან. და აიყარნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს პირას. უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით. და უთხრა უფალმა მოსეს: „ელაპარაკე ისრაელიანთ, რათა დაბრუნდნენ და დაიბანაკონ ფი-ჰახიროთის წინ, მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაყალ-ცეფონის წინ. მის გასწვრივ, ზღვასთან დაიბანაკეთ. და იფიქრებს ფარაონი ისრაელიანებზე, გზა აებნათ ამ ქვეყანაში, უდაბნომ მოიმწყვდიაო. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და უკან დაგედევნებათ, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონსა და მთელ მის ლაშქარზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი.“ ასეც მოიქცნენ ისინი. და ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი. შეეცვალათ გუნება ფარაონსა და მის მსახურთ ამ ხალხზე და თქვეს: „ეს რა ვქენით? რატომ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობიდან?“ და შეაბა ფარაონმა ცხენი ეტლში და თან გაიყოლა თავისი ხალხი. წაიყვანა 600 რჩეული ეტლი და ეგვიპტის ყველა ეტლი, და მათი მეთაურები ყველა მათგანზე. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და დაედევნა იგი ისრაელიანთ; ხოლო ისრაელიანები მაღალი ხელის შემწეობით გადიოდნენ. და დაედევნენ ეგვიპტელნი მათ უკან, და წამოეწივნენ დაბანაკებულთ ზღვასთან ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და მისი ჯარი, ფი-ჰახიროთთან, ბაყალ-ცეფონის წინ. ფარაონი მიუახლოვდა, გაიხედეს ისრაელიანთ და დაინახეს, რომ ეგვიპტელნი მოსდევენ უკან, ძლიერ შეეშინდათ და შეღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს. და უთხრეს მოსეს: „განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე დასახოცად? ეს რა გვიყავი, რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვეხსენი, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მონობაში ყოფნა გვირჩევნიაო?“ და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, მტკიცედ დადექით და იხილავთ უფლისაგან ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის. რადგან ეგვიპტელებს, დღეს რომ ხედავთ, ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „რას შემღაღადებ? უთხარი ისრაელიანთ, რომ აიყარონ. აღმართე შენი კვერთხი და გაიწოდე ხელი ზღვაზე, და გაიპობა იგი, და გავლენ ისრაელიანები ზღვაში მშრალი ფსკერით. მე გულს გავუსასტიკებ ეგვიპტელებს და დაგედევნებიან, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ლაშქარზე, მის ეტლებსა და მის მხედრებზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებსა და მის მხედრებზე.“ და დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და დაუდგა მათ უკან; და დაიძრა ღრუბლის სვეტი წინიდან, და დადგა მათ უკან. და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის – და იყო ღრუბელი და სიბნელე – და გაანათა ღამე, და არ მიახლოებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს. და აღმართა მოსემ ხელი ზღვაზე და მიდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს, და აქცია ზღვა ხმელეთად და გაიპო წყალი. და შევიდნენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში ხმელზე. და წყალი კედლად ედგათ მათ მარჯვნივ და მარცხნივ. დაედევნენ ეგვიპტელნი და შევიდნენ მათ კვალზე – ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, და მისი მხედრები შუაგულ ზღვაში. და იყო, დილის სახმილავზე მოხედა უფალმა ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლის და ღრუბლის სვეტიდან, და შეაძრწუნა ეგვიპტელთა ბანაკი. და დააძრო თვლები მათ ეტლებს და გაჭირვებით მართავდნენ ისინი. და თქვეს ეგვიპტელებმა: „გავერიდოთ ისრაელიანთ, რადგან მათ გამო გვებრძვის უფალი ეგვიპტელებს.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ზღვაზე, და მოიქცევიან წყლები ეგვიპტელებზე, მათ ეტლებსა და მათ მხედრებზე.“ და გაიწოდა მოსემ ხელი ზღვაზე, და მოიქცა ზღვა გამთენიისას თავის ადგილას და გარბოდნენ ეგვიპტელნი მისკენ. და ჩაყარა უფალმა ეგვიპტელნი შუაგულ ზღვაში. და მიიქცა წყალი, და დაფარა ეტლები და მხედრები, და ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ ისრაელიანთ. არ გადარჩენილა მათგან არც ერთი. ისრაელიანები მიდიოდნენ მშრალზე შუაგულ ზღვაში და წყლები კედლად ედგა მათ მარჯვნივ და მარცხნივ. და იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის პირას. და იხილა ისრაელმა რაც მოუვლინა უფალმა ეგვიპტელებს ძლიერი ხელით. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მსახური მოსე. მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელიანთ ეს საგალობელი უფალს: „ვუგალობ უფალს, რადგან იგი ძლიერ განდიდდა. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა. ჩემი ძალა და გალობაა უფალი, ის არის ჩემი მხსნელი, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ვადიდებ მას. უფალი მეომარია, უფალია სახელი მისი. ეტლები ფარაონისა და მისი ლაშქარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი დაიხრჩვნენ მეწამულ ზღვაში. მორევმა ჩაიხვია ისინი, ჩაიძირნენ ისინი სიღრმეში ლოდივით. მარჯვენა შენი, უფალო, განთქმულია ძალით, მარჯვენა შენი, უფალო, მტერს მუსრავს. და შენი განუზომელი სიდიადით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულთ. გამოაგზავნე შენი მძვინვარება და მან ნამჯასავით გადაბუგა ისინი. შენ დაჰბერე და აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ღვარები, მორევები გამყარდა შუაგულ ზღვაში. თქვა მტერმა: ‘დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს. ამით აივსება ჩემი სული, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ჩემი ხელი.’ შენ დაჰბერე და ზღვამ დაფარა ისინი. ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში. ვინ არის შენი სადარი ღმერთთა შორის, უფალო? ვინ არის შენი სადარი, სიწმიდით დიდებულო, საკვირველო ხოტბებით, მოქმედო სასწაულებისა? მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი. შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყოფელისკენ. ისმინეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელიშთიმის მკვიდრნი. მაშინ შეძრწუნდნენ მთავრები ედომისა, მოაბის მთავრები აიტანა ძრწოლამ. შეკრთა ყველა მცხოვრები ქანაანისა. დაეცათ მათ შიში და ძრწოლა. შენი მკლავის სიძლიერემ დაადუმა ისინი, როგორც ლოდი, სანამ გაივლიდეს შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლიდეს ეს ხალხი, რომელიც შენ გამოისყიდე. მიიყვანე ის და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შექმენ შენს დასავანებლად, უფალო, შენი ხელით დაფუძნებულ საწმიდარში, მეუფეო. უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე!“ როცა შევიდნენ ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ ზღვაში, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. და აიღო მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, დაფდაფი ხელში და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით. ასე შეუძახა მათ მირიამმა: „უგალობეთ უფალს, რადგან ძალზე განდიდდა იგი. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.“ აჰყარა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან, და გავიდნენ შურის უდაბნოში. და იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი. მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის წყალი. ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა. და შესჩივლა ხალხმა მოსეს: „რა დავლიოთ?“ შეღაღადა მოსემ უფალს, და უჩვენა მას უფალმა ძელი. და მან ჩააგდო იგი წყალში, და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა მას წესი და სამართალი, და იქ გამოსცადა იგი. და თქვა: „თუ გაგონებით გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში და შეისმენ მის მცნებებს, დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მე მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.“ და მივიდნენ ელიმში. იქ იყო 12 წყაროსთვალი და ფინიკის 70 ხე, და დაიბანაკეს იქ, წყლებთან. აიყარა ელიმიდან და მივიდა ისრაელიანთა მთელი თემი სინის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის შორისაა, ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს. და ებუზღუნებოდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესა და აარონს უდაბნოში. და უთხრეს მათ ისრაელიანთ: „ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან. და გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღიური ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, იდგებიან თუ არა ჩემს რჯულზე. მეექვსე დღეს კი, როცა მოამზადებენ მოგროვილს, იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც დღიურად ამზადებენ.“ და უთხრეს მოსემ და აარონმა ისრაელიანთ: „დღეს საღამოსვე გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან. და დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა მან. ჩვენ ვინა ვართ, რომ ჩვენ გვსაყვედურობთ?“ და თქვა მოსემ: „მოგცემთ თქვენ უფალი ხორცს საღამოთი საკვებად, დილას კი ძღომაზე – პურს, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩივლეთ.“ და უთხრა მოსემ აარონს: „უთხარი ისრაელიანთა მთელ თემს: ‘წარდექით უფლის წინაშე, რადგან მან ისმინა თქვენი ჩივილი.’“ და როცა ელაპარაკებოდა აარონი ისრაელიანთა მთელ თემს, ისინი შებრუნდნენ უდაბნოსაკენ, და აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში. და უთხრა უფალმა მოსეს: „ვისმინე მე ისრაელიანთა ჩივილი. ელაპარაკე მათ ასე: ‘საღამო ხანს შეჭამთ ხორცს, ხოლო დილით დაძღებით პურით. და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.’“ და მოფრინდა საღამო ხანს მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის ირგვლივ. როცა ცვარი აორთქლდა, დაინახეს, უდაბნო დაფარულია რაღაც წვრილი, ხაოიანი, ჭირხლის მსგავსით. და როცა დაინახეს ისრაელიანთ, უთხრეს ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ, რა იყო. და უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა. ეს არის რაც ბრძანა უფალმა: „აკრიფეთ თითოეულმა იმდენი, ვინც რამდენს შეჭამთ – ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ.“ და ასე მოიქცნენ ისრაელიანები და აკრიფეს, ზოგმა ბევრი და ზოგმა ცოტა. მაგრამ როცა აწყვეს ღომერით, არც ბევრის ამკრეფს ზედმეტი აღმოჩენია და არც ცოტას ამკრეფს დაჰკლებია რამე. თითოეულმა იმდენი აკრიფა, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა. და უთხრა მათ მოსემ: ნურავინ მოირჩენთ იქიდან დილამდე. მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა მოირჩინა ცოტაოდენი დილამდე. და დაეხვია მას მატლი და აყროლდა. და გაურისხდა მათ მოსე. და აგროვებდნენ მას დილაობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად. როგორც კი მზე დააცხუნებდა, დნებოდა ის. და მეექვსე დღეს აგროვებდნენ ორმაგ პურს, ორ-ორ ღომერს თითო სულზე. და მივიდნენ მთელი თემის მთავრები და აუწყეს მოსეს. და უთხრა მათ: „ეს არის, რაც თქვა უფალმა: ‘ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი. რასაც გამოაცხობთ, გამოაცხვეთ, და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ. და ყველაფერი, რაც მოგრჩებათ, გადადეთ დილამდე შესანახად.’“ და გადადეს იგი დილამდე, როგორც მოსემ ბრძანა, არ ამყრალებულა და არც მატლი გასჩენია. და თქვა მოსემ: „ჭამეთ იგი დღეს, რადგან უფლის შაბათია დღეს. დღეს ვერ იპოვით მას ველზე. ექვს დღეს კრიფეთ იგი, მეშვიდე დღეს კი შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს.“ და გავიდნენ მეშვიდე დღეს ზოგიერთები შესაგროვებლად და ვერაფერი ნახეს. და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა უარობდეთ ჩემი მცნებებისა და ჩემი რჯულდებების დაცვას? იცოდეთ, რადგან უფალმა მოგცათ თქვენ შაბათი, ამიტომ გაძლევთ მეექვსე დღეს პურს ორი დღისთვის. და იჯდეს თითოეული შინ, ნუღარავინ გამოვა შინიდან მეშვიდე დღეს.“ და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს. და უწოდა ისრაელის სახლმა ამ პურს მანანა. იგი ქინძის თესლის სიმსხო იყო, თეთრი, და თაფლის კვერის გემოს მქონე. და თქვა მოსემ, ასე ბრძანაო უფალმა: „შეინახეთ ერთი ღომერი მანანა, რათა იხილონ თქვენმა თაობებმა, თუ რა პურს გაჭმევდით უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.“ და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე ქილა და ჩადგი შიგ ერთი სავსე ღომერი მანანა, და დადგი იგი უფლის წინაშე თაობიდან თაობამდე შესანახად.“ და როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე დადგა იგი აარონმა მოწმობის კიდობნის წინ შესანახად. 40 წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას – ვიდრე მიაღწევდნენ აღთქმულ მიწას, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრებს არ მიადგნენ. ერთი ღომერი კი ეფის მეათედია. და აიყარა ისრაელიანთა მთელი თემი სინის უდაბნოდან სამგზავროდ, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში. და არ აღმოჩნდა სასმელი წყალი ხალხისათვის. და ედავებოდა ხალხი მოსეს, და უთხრეს: „მოგვეცი წყალი, რომ ვსვათ.“ და უთხრა მათ მოსემ: „რას მედავებით? რად ცდით უფალს?“ და სწყუროდა იქ ხალხს წყალი, და უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: „რისთვის გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საქონლის წყურვილით დასახოცად?“ და შეღაღადა მოსემ უფალს: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაიარე ხალხის წინ, წაიყვანე ისრაელიანთა უხუცესნი და შენი კვერთხი, რომელიც დაჰკარი მდინარეს, აიღე ხელში, და წადი. მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა იქიდან წყალი, და დალევს ხალხი.“ და ასე გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ. და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა, ისრაელიანთა დავის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი, თუ არ არის?“ და მოვიდა ყამალეკი, და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში. და უთხრა მოსემ იესოს: „გამოგვირჩიე კაცები და გადი, შეებრძოლე ყამალეკს. ხვალ მე გადმოვდგები ბორცვის თავზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში.“ და გააკეთა იესომ, როგორც უთხრა მას მოსემ, რომ შებრძოლებოდა ყამალეკს. და მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ. და როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი. და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, ძლევდა ყამალეკი. დაუმძიმდა მოსეს ხელები. აიღეს ლოდი და დაუდგეს ქვეშ, და ჩამოჯდა მასზე. ხოლო აარონმა და ხურმა შეაშველეს მას ხელები, ერთმა ერთი მხრიდან და მეორემ მეორე მხრიდან. და იყო მისი ხელები უდრეკი მზის ჩასვლამდე. და სძლია იესომ მახვილით ყამალეკსა და მის ხალხს. და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვროდ წიგნში და ჩაასმინე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.“ და ააშენა მოსემ სამსხვერპლო, და უწოდა მას სახელად „იაჰვე-ნისი“, რაც ნიშნავდა „უფალი ბაირაღია ჩემი.“ და თქვა მან: „ომი ექნება უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.“ და გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, ყოველი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როცა გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან. და წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც მოსემ მანამდე გაუბრუნა მამამისს, და ციფორას ორი ძე, რომელთაგან ერთის სახელი იყო გერშომი, რაც ნიშნავს: „ხიზანი ვიყავი უცხო ქვეყანაში,“ და სახელი მეორისა იყო ელიყეზერი, რაც ნიშნავს: „ღმერთი მამაჩემისა შემეწია და დამიხსნა მე ფარაონის მახვილისგან.“ და მივიდნენ ითრო, სიმამრი მოსესი, და მისი ძენი, და მისი ცოლი მოსესთან უდაბნოში, სადაც ის დაბანაკდა ღვთის მთასთან. და შეატყობინა მოსეს: „მე ვარ შენი სიმამრი ითრო, მოვდივარ შენთან, შენი ცოლითა და მისი ორი ვაჟიშვილითურთ.“ და მიეგება მოსე თავის სიმამრს, თაყვანი სცა და გადაკოცნა. მოიკითხეს ურთიერთი და შევიდნენ კარავში. და უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რაც დამართა უფალმა ფარაონს და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, და ყველა იმ გასაჭირზე, რაც მათ გზაზე შეემთხვათ, და როგორ იფარავდა მათ უფალი. გაიხარა ითრომ იმ სიკეთისათვის, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა ეგვიპტელთა ხელიდან. და თქვა ითრომ: „კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ თქვენ ეგვიპტელთა ხელიდან და ფარაონის ხელიდან. ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როცა ისინი კადნიერად ქედმაღლობდნენ მათზე.“ და აიღო ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი მსხვერპლი და საკლავები ღვთისთვის, და მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი პურის საჭმელად მოსეს სიმამრთან ღვთის წინაშე. მეორე დღეს კი დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად. და დილიდან საღამომდე გარს ერტყა მას ხალხი. და დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის და უთხრა: „ამას რას უკეთებ ხალხს? რად ზიხარ შენ მარტო, მთელი ხალხი კი დგას შენთან დილიდან საღამომდე?“ და უთხრა მოსემ თავის სიმამრს: „ხალხი ჩემთან მოდის ღვთისთვის მსჯავრის საკითხავად. როცა მათ რამე საქმე აქვთ, მოდიან ჩემთან და მეც განვსჯი მათ სამართალს, და ვაუწყებ მათ ღვთის წესებსა და მის რჯულდებებს.“ და უთხრა მოსეს მისმა სიმამრმა: „არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ. გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას. ახლა ისმინე ჩემი ხმა: გირჩევ, და ღმერთი იყოს შენთან. იყავი ხალხის შუამავალი ღმერთთან და წარუდგინე ღმერთს მათი საქმეები. განუმარტე მათ წესები და რჯულდებები, მიუთითე მათ გზა, რომლითაც უნდა იარონ, და საქმეები, რაც უნდა აკეთონ. ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი, და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. და განსაჯონ ხალხი ყოველთვის. და დიდი საქმეები შენ მოგახსენონ, და ყველა წვრილმანი საქმე თავად განსაჯონ. შემოგეშველონ, რომ შეგიმსუბუქდეს ტვირთი. თუ ასე გააკეთებ და ღმერთიც გიბრძანებს, მაშინ შენც გაუძლებ და მთელი ეს ხალხიც მშვიდობით მივა თავის ადგილზე.“ და ისმინა მოსემ თავისი სიმამრის და გააკეთა ყოველივე, რაც მან უთხრა. და ამოარჩია მოსემ უნარიანი კაცები ისრაელიანთაგან და დაუნიშნა ისინი მეთაურებად ხალხს ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. და განსჯიდნენ ისინი ხალხს ყოველ დროს. მძიმე საქმეს მოსეს მოახსენებდნენ, ხოლო წვრილმან საქმეებს თავად განსჯიდნენ. და გაისტუმრა მოსემ თვისი სიმამრი, და წავიდა ის თავის ქვეყანაში. ეგვიპტიდან ისრაელიანების გამოსვლის მესამე თვის პირველ დღეს მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში. აიყარნენ რეფიდიმიდან და მივიდნენ სინაის უდაბნოში, და დაბანაკდა იქ ისრაელი მთის პირდაპირ. და ავიდა მოსე ღმერთთან, და მოუხმო მას უფალმა მთიდან და უთხრა: „ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელიანთ: თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა ორბების ფრთებით მომყავდით ჩემთან. ამიერიდან, თუ შეისმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემი საუნჯე იქნებით ყველა ხალხთაგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფო და წმიდა ხალხი იქნებით ჩემთვის. აი, ამ სიტყვებს ეტყვი ისრაელიანთ!“ და მივიდა მოსე და მოუხმო ხალხის უხუცესებს, და გადასცა მათ ყველა ეს სიტყვა, რაც უფალმა უბრძანა. და ერთხმად მიუგო ხალხმა: „რაც უფალმა თქვა, ყველაფერს აღვასრულებთ.“ და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს. და უთხრა უფალმა მოსეს: „მე მოვალ შენთან ქუფრ ღრუბელში, რათა ისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და შენც გერწმუნოს საუკუნოდ.“ და როცა აუწყა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს, უთხრა უფალმა მას: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი. და მზად იყვნენ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე. და ხალხს გარშემო საზღვარი შემოუწერე და უთხარი: ‘მოერიდეთ მთაზე ასვლას და მისი კალთის მიკარებას. ყველას, ვინც მთას შეეხება, სიკვდილი არ ასცდება. ნუ შეეხებით მას ხელით, თორემ ჩაიქოლებით ან ისრით განიგმირებით. ვერც პირუტყვი და ვერც კაცი გადარჩება ცოცხალი.’ როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მათ მთაზე ასვლა.“ და ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან, და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი. და უთხრა მოსემ ხალხს: „ზეგისათვის მზად იყავით, ქალს არ გაეკაროთ.“ მესამე დღეს, გამთენიისას, იყო გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი ჩამოწვა მთაზე, და გაისმა ბუკის მეტად ძლიერი ხმა. და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი. და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას. ხოლო სინაის მთა მთლიანად ბოლავდა, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში. როგორც თონეს, ისე ასდიოდა კვამლი, და ძლიერად ირყეოდა მთა. და თანდათან ძლიერდებოდა ბუკის ხმა. ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა მას ღმერთი. და ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის თხემზე, და მოუხმო უფალმა მოსეს მთის თხემისკენ და ავიდა მოსე. და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩადი და გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრას მთაზე უფლის სახილველად, თორემ მრავალი დაეცემა მათგან. თვით მღვდლებიც, უფალთან მიახლოებისას, განიწმიდონ, რომ არ შემუსროს ისინი უფალმა.“ და უთხრა მოსემ უფალს: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაგვაფრთხილე, საზღვარი შემოავლეთ-მეთქი მთას და განწმიდეთ იგი.“ და უთხრა მას უფალმა: „ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ხოლო მღვდლები და ხალხი ნუ შეეცდებიან უფალთან ამოსვლას, თორემ შემუსრავს მათ იგი.“ და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და გადასცა მათ ეს. და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინო სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობამდე, და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის. არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ფუჭად, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს. დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდა-ყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია. არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდა-ყო იგი. პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. არა კლა. არ იმრუშო. არ იქურდო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც სხვა რამ, რაც შენი მოყვასისაა.“ და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს და ცეცხლის ალს, და ბუკის ხმას და აკვამლებულ მთას. და შეძრწუნდა ხალხი და დადგა მოშორებით. და უთხრეს მოსეს: „გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.“ და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.“ და იდგა ხალხი მოშორებით, და მივიდა მოსე ბნელ ღრუბელთან, სადაც ღმერთი იყო. და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელიანთ: ‘თქვენ დაინახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკებოდით. არ გააკეთოთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთები. ვერცხლის ან ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ. მიწისაგან გამიკეთე სამსხვერპლო და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველები და შენი სამშვიდობო მსხვერპლები, შენი ცხვარ-ძროხა; ყველგან, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მე მოვალ შენთან და გაკურთხებ. და თუ ქვის სამსხვერპლოს ამიგებ, არ ააშენო იგი გათლილი ქვით, რადგან როგორც კი კვერს მოუღერებ, წაბილწავ ქვას. და ნუ ახვალ საფეხურებით ჩემს სამსხვერპლოზე, რათა არ გამოჩნდეს მასზე შენი სარცხვინელი.’ და აჰა, კანონები, რომლებსაც წარუდგენ მათ: თუ ებრაელ მონას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს და მეშვიდე წელს გაათავისუფლე უსასყიდლოდ. თუ იგი მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, წავიდეს მასთან ერთად მისი ცოლიც. თუ მისი ბატონი შერთავს მას ცოლს, რომელიც მას ვაჟებს ან ასულებს გაუჩენს, მაშინ ცოლი და შვილებიც მისი ბატონისაა. თავად მარტო წავიდეს. ხოლო თუ მონა იტყვის: მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილები და არ მინდაო თავისუფლება, მაშინ მიიყვანოს იგი მისმა ბატონმა ღვთის სამსჯავროზე და მიაყენოს იგი კართან ან მის წირთხლთან და გაუხვრიტოს მისმა ბატონმა ყური სადგისით, და მისი მონა იქნება სამუდამოდ. და თუ გაყიდის კაცი თავის ასულს მხევლად, ეს ქალი ისე ვერ წავა, როგორც მონა მიდის. თუ თვალში არ მოუვიდა მის პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, მისცეს მას გამოსყიდვის ნება. უფლება არა აქვს მის პატრონს, რომ უცხო ხალხს მიჰყიდოს იგი, რადგან თავად უღალატა მას. ხოლო თუ დანიშნავს მას თავის ვაჟზე, მაშინ როგორც თავის ასულს, ისე მოექცეს. თუ თვითონ სხვას შეირთავს, მაშინ მას საზრდო, სამოსელი და თანაცხოვრება არ მოაკლოს. თუ ამ სამ რამეს არ გაუკეთებს, ქალს შეუძლია ვერცხლით გამოუსყიდველად წავიდეს. თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, მკვლელი უნდა მოიკლას. ხოლო თუ მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, არამედ ღმერთმა შეამთხვია, მაშინ დაგინიშნავ ადგილს, სადაც უნდა გადაიხვეწოს. და თუ ვინმე ბოროტი განზრახვით მოკლავს თავის მოყვასს, მაშინ ჩემს სამსხვერპლოსაც კი რომ მოეჭიდოს, წაიყვანეთ და მოაკვდინეთ. ვინც თავის მამას ან თავის დედას დაარტყამს, უნდა მოიკლას. ვინც მოიპარავს ადამიანს და გაყიდის, ან ვისაც ხელში აღმოაჩნდება მოპარული, უნდა მოიკლას. თავისი დედ-მამის მაგინებელი უნდა მოიკლას. თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთი მეორეს ქვას ან მუშტს დაჰკრავს, და თუ კაცი არ მოკვდება და ლოგინად ჩავარდება, მერე თუ ადგება იგი და ივლის გარეთ ყავარჯნით, მისი მცემელი არ უნდა დაისაჯოს, მხოლოდ მისი მოცდენისათვის უნდა გადაუხადოს და სავსებით განკურნოს იგი. და თუ კაცი კეტით სცემს თავის მონას ან მხევალს და ის მოკვდება მისი ხელით, მაშინ მან პასუხი უნდა აგოს. მაგრამ თუ ერთი ან ორი დღე იცოცხლა, მაშინ მასზე შური აღარ იძიოთ, რადგან ის მისი საკუთრებაა. თუ კაცები ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაეჯახებიან და ქალი ნაადრევად იმშობიარებს, მაგრამ უბედურება არ მოუვა, მაშინ დამნაშავემ ჯარიმა გადაიხადოს, რასაც მას დააკისრებს ქალის ქმარი, და რასაც მსაჯულები დაუდგენენ. ხოლო თუ უბედურება დატრიალდა, მაშინ მიეცი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ, დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ. და თუ კაცმა თვალში ჩაარტყას თავის მონას ან თავის მხევალს და დაუზიანოს, უნდა გაათავისუფლოს მისი თვალის წილ. და თუ კბილს ჩაუმტვრევს თავის მონას ან თავის მხევალს, გაათავისუფლოს მისი კბილის წილ. თუ ხარმა ურქინოს კაცს ან დედაკაცს და მოკლას იგი, ჩაიქოლოს ხარი და არ იჭამოს მისი ხორცი. ხოლო პატრონი ხარისა უდანაშაულოა. მაგრამ თუ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, და პატრონიც გაფრთხილებული ჰყავდათ, მაგრამ არ დაამწყვდია იგი და მოკლა ამ ხარმა კაცი ან ქალი, მაშინ ხარი ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოიკლას. თუ გამოსასყიდს დაუწესებენ, გაიღოს სიცოცხლის გამოსასყიდად, რასაც დაუწესებენ. თუ ვაჟს ან ასულს ურქინოს, იმავე კანონით მოექეცით მას. თუ მონას ურქინოს ხარმა, ან მხევალს, ხარის პატრონმა 30 შეკელი ვერცხლი გადაუხადოს მათ ბატონს, ხარი კი ჩაიქოლოს. და თუ ვინმე კაცმა ორმოს თავი გადახადოს, ან ამოთხაროს ორმო და არ დახუროს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდეს, ორმოს პატრონმა ვერცხლით აუნაზღაუროს პატრონს, მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩეს. და თუ ვინმეს ხარი მისი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ვერცხლი შუაზე გაიყონ, და მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ. ხოლო თუ ცნობილი იყო, რომ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, და არ დაამწყვდია მისმა პატრონმა, გადაიხადოს ხარის საფასური, მოკლული კი მას დარჩეს. თუ ვინმემ მოიპაროს ხარი ან ცხვარი და დაკლას ან გაყიდოს, ხუთი ხარი უნდა გადაიხადოს ხარის წილ, და ოთხი ცხვარი ცხვრის წილ. თუ სახლის გამოთხრაზე წაასწრებენ ქურდს და სცემენ ისე, რომ მოკვდება, ეს სისხლი არ მოიკითხება. მაგრამ თუ ეს მზის ამოსვლის შემდეგ მოხდა, მკვლელს სისხლი მოეკითხება. მპარავმა უნდა ზღოს ნაქურდალი. თუ არაფერი აქვს, გაყიდონ იგი ქურდობისთვის. თუ მის ხელში ცოცხლად აღმოჩნდება ნაქურდალი – ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს. თუ ვინმემ სხვისი მინდორი ან ვენახი წაახდინოს, ან გაუშვას თავისი პირუტყვი და მოაძოვოს სხვისი მინდორი, თავის საუკეთესო მინდვრიდან და საუკეთესო ვენახიდან უნდა ზღოს. თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენმა უნდა ზღოს. თუ ვინმემ თავის თვისტომს ფული ან რაიმე ნივთი მიაბაროს და ეს მოპარულ იქნეს იმ კაცის სახლიდან, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად ზღოს. ხოლო თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთის წინაშე წარდგეს და დაიფიცოს, რომ არ წასცდენია ხელი თავისი თვისტომის ქონებაზე. ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, ვირის, ცხვრისა თუ სამოსლის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელსაც პატრონი გამოუჩნდება, ამ ორის საქმე ღვთის წინაშე უნდა წარდგეს, ვისაც ღმერთი გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თავის ახლობელს. თუ ვინმე მიაბარებს თვისტომს ვირს, ხარს ან კრავს, ან რაიმე პირუტყვს, და თუ ის მოკვდა ან დაშავდა, ან მოიტაცეს და მნახველი არავინ იქნება, უფლის წინაშე ფიცი იყოს ორივეს შორის, რომ არ წასცდენია ხელი თავისი მოყვასის საკუთრებაზე. და მიიღოს ეს პატრონმა და არ აუნაზღაურდეს. ხოლო თუ მოჰპარეს, უზღოს მის პატრონს. თუ მას მხეცი დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად, და არ ზღოს. და თუ ვინმემ ითხოვოს თავისი მოყვასისგან პირუტყვი და ის დაშავდეს ან მოკვდეს, და პატრონი კი იქ არ იყოს, უნდა ზღოს, მაგრამ თუ მისი პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს. თუ დაქირავებული ჰყავდა, ქირა უნდა გადაიხადოს. თუ კაცმა შეაცდინოს ქალწული, რომელიც დანიშნული არ იყო, და დაწვეს მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს და ცოლად შეირთოს. თუ ქალიშვილის მამა უარზე დადგეს და მას არ მიათხოვოს, ვერცხლი მიუწონოს ამ კაცმა, როგორც ქალწულობის ურვადი. ჯადოქარს ნუ აცოცხლებ. ყველა, ვინც დაეცემა პირუტყვთან, უნდა მოკვდეს. ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს შესწირავს მსხვერპლს, უნდა მოისპოს. ხიზანს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში. ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ. თუ დაჩაგრავ, შემომღაღადებენ ისინი და შევისმენ მათ ჩივილს, რისხვით ავინთები და მახვილით დაგხოცავთ, ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ. თუ ვერცხლს ასესხებ ვინმეს ჩემი ხალხიდან, შენთან მყოფ ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ნუ დააკისრებ ვახშის გადახდას. თუ გირაოდ აიღებ შენი მოყვასის მოსასხამს, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე. იქნებ ის მისი ერთადერთი დასაბურავია. რა დაიფაროს, როცა დაიძინებს? ის შემომღაღადებს და მე მოვუსმენ, რადგან მოწყალე ვარ. ღმერთს ნუ დაგმობ და შენი ხალხის მთავარს ნუ დაწყევლი. შენი კალოს პირველნაყოფი და შენი საწნახლის პირველნაწური არ დამიგვიანო. პირმშო შენს ძეთაგან მე მომეცი. ასევე – შენი ხბო და შენი ცხვარი შვიდი დღე იყოს თავის დედასთან, ხოლო მერვე დღეს მე უნდა მომცე. წმიდა ხალხი უნდა იყოთ ჩემთვის: ველზე ნამხეცავი ხორცი არ ჭამოთ, ძაღლს მიუგდეთ. ნუ დაყრი ცრუ ხმებს; მხარს ნუ დაუჭერ უკეთურს ცრუ მოწმეობით. ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში. უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და არ გაამრუდო სამართალი; შეღავათს ნუ გაუწევ გლახაკს სამსჯავროში. თუ წააწყდები შენი მტრის ხარს ან ვირს, გზადაბნეულს, დაუბრუნე პატრონს. თუ დაინახო შენი მოძულის ტვირთქვეშ დაცემული ვირი, ნუ მიატოვებ, დაეხმარე მის აყენებაში. ნუ გაამრუდებ ღარიბი კაცის სამართალს დავისას. სიცრუეს განშორდი და უდანაშაულო და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან არ გავამართლებ ბოროტმოქმედს. და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულთ და აუკუღმართებს მართალთა საქმეს. ხიზანს ნუ შეავიწროებ. თქვენ იცით ხიზნის სული, რადგან ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. ექვსი წელი თესე შენი მიწა და აიღე მოსავალი, ხოლო მეშვიდე წელს არ დაამუშაო, მიაგდე, რათა შენი ხალხის ღარიბ-ღატაკებმა ჭამონ ნაგერალი და ნარჩენით გამოიკვებნენ ველის ცხოველები. ასევე დატოვე შენი ვენახი და ზეთისხილი. ექვს დღეს აკეთე შენი საქმე, და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა. ყველაფერი, რაც მე გითხარით, დაიცავით, და სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, ბაგეზე არ გაიკაროთ. წელიწადში სამგზის იდღესასწაულეთ ჩემი დღესასწაულები. დაიცავი უფუარობის დღესასწაული: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვის დაწესებულ ჟამს, რადგან ამ დროს გამოხვედი შენ ეგვიპტიდან. და ნუ მოვლენ ჩემს წინაშე ხელცარიელნი; და დაიცავი დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მკისა, რაც ყანაში დაგითესავს; აგრეთვე დღესასწაული კრეფისა წელიწადის მიწურულს, როცა მოისთვლი შენს ნაშრომს. წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი უფალი ღმერთის წინაშე. საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირავი პირუტყვის სისხლს, ნურც ჩემს სადღესასწაულო ქონს ნუ დატოვებ დილამდე. შენი მიწის საუკეთესო პირველნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში. აჰა, მე წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარავდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე. იფრთხილე მის წინაშე და შეისმინე მისი სიტყვა, ნუ ეურჩები მას, რადგან ის არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი სახელი. თუ კარგად მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს. როცა წაგიძღვება ჩემი ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან, და შევმუსრავ მათ, თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, და არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ დაანგრიე ისინი და შემუსრე მათი ძეგლები. და ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და ის გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს, და აგაცილებთ სნეულებას. არ იქნება მუცელმოწყვეტილი ან ბერწი შენს მიწაზე, და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს. წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, რომელთანაც შენ მიხვალ. შენი მტრების ზურგს გახილვინებ. და წინ წაგიმძღვარებ შიშს და გარეკავს ის ხიველებს, ქანაანელებს და ხეთელებს შენგან. არ მოგაშორებ მას ერთ წელიწადს, რომ არ მოოხრდეს ქვეყანა და არ მოგეძალოს ველის ნადირი. თანდათანობით მოგაშორებ მას, რომ მოშენდე და დაიმკვიდრო ქვეყანა. გავავლებ შენს საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, და უდაბნოდან მდინარემდე, როცა ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და შენ მოიშორებ მათ. ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს. არ იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები.“ უთხრა უფალმა მოსეს: „ამოდით უფალთან შენ და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის 70 უხუცესი, და თაყვანი ეცით შორიდან. მარტო მოსე მიეახლოს უფალს და ისინი არ მიეახლონ, და ხალხი არ ამოჰყვეს მას.“ და მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს ყოველი სიტყვა უფლისა და ყოველი მისი რჯულდება. და მიუგო მთელმა ხალხმა ერთხმად: „ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთ.“ და დაწერა მოსემ ყოველი სიტყვა უფლისა, და ადგა დილაადრიანად, და ააშენა სამსხვერპლო მთის ძირას და 12 სვეტი ისრაელის 12 ტომის რიცხვისამებრ. და წარავლინა მოსემ ჭაბუკი ისრაელიანები და აღუვლინეს სრულადდასაწველნი, და დაკლეს მოზვრები სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის. აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, და ნახევარი აპკურა სამსხვერპლოს. და აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს, და მათ თქვეს: „ყოველივეს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უფალმა ბრძანა.“ და აიღო მოსემ სისხლი და აპკურა ხალხს და თქვა: „აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა თქვენ, ყველა ამ სიტყვისამებრ.“ და ავიდნენ მოსე და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის 70 უხუცესი. და მათ იხილეს ღმერთი ისრაელისა; და იყო მის ფეხთა ქვეშ რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა და ცასავით კრიალა. ისრაელიანთაგან რჩეულებზე არ აღუმართავს ხელი ღმერთს: მათ იხილეს ღმერთი და ჭამეს და სვეს. და უთხრა უფალმა მოსეს: „ამოდი ჩემთან მთაზე და იყავი აქ. და მოგცემ შენ ქვის დაფებს, და რჯულსა და მცნებას, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.“ და ადგნენ მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე. და უთხრა უხუცესებს: „აქ დაგველოდეთ, ვიდრე დავბრუნდებით თქვენთან. და აჰა, აარონი და ხური თქვენთან არიან. ვისაც საქმე ექნება, მივიდეს მათთან.“ და ავიდა მოსე მთაზე და დაფარა მთა ღრუბელმა. და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე და ფარავდა ღრუბელი მას ექვს დღეს. და მოუხმო მან მოსეს მეშვიდე დღეს შუაგულ ღრუბლიდან. და სახე უფლის დიდებისა ისრაელიანთა თვალში იყო, როგორც ცეცხლი მოგიზგიზე მთის მწვერვალზე. და შევიდა მოსე შუაგულ ღრუბელში, და ავიდა მთაზე. და იყო მოსე მთაზე 40 დღე და 40 ღამე. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელიანთ, რომ ამიკრიფონ შესაწირავი. ყოველი კაცისგან, ვისაც გული ეტყვის, ამიკრიფეთ შესაწირავი. ესაა შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი, ბისონი და თხისური, ვერძის ტყავები დათრიმლული და გამოყვანილი ტყავები და აკაციის ხე, სანთებელი ზეთი, სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის. სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები. და გამიკეთონ მე საწმიდარი და დავივანებ მათ შორის. როგორსაც მე გიჩვენებ სავანის ნიმუშს და მთელი მისი მოწყობილობის ნიმუშს, ყველაფერი იმგვარად გააკეთეთ. გააკეთე კიდობანი აკაციის ხისგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე. და მოჭედე იგი ხალასი ოქროთი. შიგნიდან და გარედან მოჭედე იგი. და ზემოთ ირგვლივ შემოავლე ოქროს გვირგვინი. და ჩამოასხი მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი, და მიამაგრე ოთხ კიდეზე: ორი რგოლი ერთ მხარეს და ორი რგოლი – მეორე მხარეს. გათალე აკაციის ხის კეტები და მოჭედე ოქროს ფურცლით. და გაუყარე კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, რათა კიდობნის ტარება შეიძლებოდეს. კიდობნის რგოლებში კეტები მუდამ უნდა იყოს, არ უნდა მოშორდეს მას. და ჩადე კიდობანში მოწმობა, რომელსაც მოგცემ შენ. და გააკეთე სარქველი ხალასი ოქროსი: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე. და გააკეთე ორი ქერუბიმი: ოქროთი ჭედურად, სარქვლის ორივე კიდისათვის. და დასვი ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე და მეორე ქერუბიმი – მეორე კიდეზე. დასხით ქერუბიმები სარქვლის ორსავე კიდეზე. და იქნებიან ქერუბიმები ფრთაგაშლილნი ზემოთკენ, და ფრთებით დაფარავენ სარქველს. სახე ერთმანეთისკენ ექნებათ მიქცეული, სარქველს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები. და დააფარე სარქველი კიდობანს ზემოდან. და ჩადე კიდობანში მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ. და გამოგეცხადები შენ იქ და გელაპარაკები სარქველს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუაგულიდან, რომელნიც მოწმობის კიდობანზეა, ყოველივეზე რასაც გიბრძანებ შენ ისრაელიანთათვის. და გააკეთე ტაბლა აკაციის ხისგან: სიგრძე ორი წყრთა იყოს, სიგანე – ერთი წყრთა, სიმაღლე – ერთნახევარი წყრთა. და მოჭედე იგი ხალასი ოქროთი, და გაუკეთე ოქროს გვირგვინი ირგვლივ. გაუკეთე მას ირგვლივ ხელისდადების სიმაღლის ოქროვარაყის კედელი. და გაუკეთე ოქროს ოთხი რგოლი, და მიუმაგრე რგოლები ოთხ კუთხეზე მის ოთხ ფეხთან. კედელზე იყოს რგოლები კეტების გასაყრელად, რომ ტაბლის ტარება შეიძლებოდეს. და გამოთალე აკაციის ხის კეტები და მოჭედე ისინი ოქროფურცლით. და ამ კეტებით ატარონ ტაბლა. და გააკეთე მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ჯამები, და მისი ტოლჩები საღვრელისთვის, ხალასი ოქროსაგან გააკეთე ისინი. მუდამ ეწყოს ტაბლაზე საწინაშეო პურები ჩემს წინაშე. და გააკეთე სასანთლე ხალასი ოქროსაგან. მთლიანად ერთი ჭედურობით გაკეთდეს სასანთლე, მისი ღერო და მისი ტოტი, მისი თასები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე უნდა იყოს. ექვსი ტოტი გამოდიოდეს მისი ღეროდან: სამი ტოტი სასანთლისა ერთი მხრიდან და სამი ტოტი – მეორე მხრიდან. სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასევე ექვსსავე ტოტზე, რომლებიც გამოდიან სასანთლიდან. და თვით სასანთლის ღეროზე იყო ოთხი ნუშისებრი თასი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით. და კვირტი მისი ტოტების პირველი წყვილის ძირში, და კიდევ კვირტი მისი ტოტების შემდეგი წყვილის ძირში და კიდევ კვირტი მისი ტოტების ბოლო წყვილის ძირში სასანთლიდან გამომავალი ექვსი ტოტისათვის. მათი კვირტები და მათი ტოტები იქნება მისგანვე, მთლიანად ერთი ჭედურობით, ხალასი ოქროთი. და გააკეთე შვიდი კანდელი მისი და აანთე მისი კანდელები, რათა ანათებდეს მის წინ. და მისი მაშები, და მისი აქანდაზები იყოს ხალასი ოქროსი. ერთი ტალანტი ხალასი ოქროსგან გაკეთდეს იგი მთელ ამ ჭურჭელთან ერთად. და იცოდე, იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე ისინი, რომელიც მთაზე გიჩვენე. და გააკეთე სავანე გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართის ქსოვილის ათი ნაჭრისაგან. და ოსტატურად უნდა ამოქარგო ქერუბიმები მათზე. თითოეული ნაჭრის სიგრძე იყოს 28 წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყოს. ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერე, მეორე ხუთი ნაჭერიც – ერთმანეთს. და გაუკეთე ცისფერი კილოები განაპირა ნაჭერს კიდეზე, და ასევე გააკეთე მეორე ნაჭრის კიდეზე. 50 კილო გაუკეთე ერთი ნაჭრის კიდეზე, 50 კილო – მეორე ნაჭერს. კილოები მიესადაგონ ერთმანეთს. და გააკეთე 50 დუგმა ოქროსი, და შეაერთე ნაჭრები ურთიერთთან დუგმებით, და ერთიანი იქნება სავანე. და გააკეთე გადასაფარებელი თხისურისგან, სავანის გადასახურავად. 11 ასეთი გადასაფარებელი გააკეთე. სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყოს 30 წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა. თერთმეტივე გადასაფარებლი ერთი ზომისა იყოს. და შეაერთე ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი ცალკე, და ორად მოკეცე მეექვსე გადასაფარებელი კარვის წინა მხარეს. გაუკეთე 50 კილო ერთ გადასაფარებელს კიდეზე, და 50 მეორე გადასაფარებელს კიდეზე. გააკეთე ბრინჯაოს 50 დუგმა და გაუყარე დუგმები კილოებში, და შეაერთე სავანე, და ერთიანი იქნება. და ჩამოშვებული ნამეტი სავანის გადასაფარებლიდან, გადასაფარებლის ნამეტობის ნახევარი, სავანის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული. სავანის გადასაფარებლის სიგრძეზე მორჩენილი ნამეტი, ერთი წყრთა ერთი მხრიდან, გადაიჭიმოს სავანის გვერდებზე აქეთა და იქით, მის დასაფარავად. და გააკეთე საფარველი კარვისათვის ვერძის ტყავისა დათრიმლული და გამოყვანილი ტყავის საფარი ზემოდან. და გააკეთე კეტები სავანისათვის აკაციის ხისაგან. 10 წყრთა იყოს სიგრძე თითოეული ძელისა და წყრთანახევარი – სიგანე. ორ-ორი რიკი თითოეული ძელისათვის, ერთიმეორეზე მიერთებული. ასე გაუკეთე სავანის ყოველ ძელს. და გააკეთე კეტები სავანისათვის: 20 ძელი სამხრეთის მხარეს. და ვერცხლის 40 კვარცხლბეკი გაუკეთე ოცივე ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი ყველა სხვა ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის. და სავანის მეორე გვერდისათვის, ჩრდილოეთ მხარეს – 20 ძელი. და მათთვის ვერცხლის 40 კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ძელის ქვეშ. სავანის უკანა, დასავლეთი მხარისათვის, გააკეთე ექვსი ძელი. და ორი ძელი გააკეთე სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს. იყოს ისინი შეკრული ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით. ასე უნდა იყოს ორივე კუთხისათვის. და იქნება რვა ძელი და ვერცხლის 16 კვარცხლბეკი, ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ბოძისთვის. და გააკეთე ლარტყები აკაციის ხისაგან: ხუთი – სავანის ერთი გვერდის კეტებისათვის. და ხუთი ლარტყი სავანის მეორე მხარის კეტებისათვის, და ხუთი – სავანის უკანა მხარის კეტებისათვის, დასავლეთით. და შუათანა ლარტყი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე უნდა გასდევდეს ძელებს. მოავარაყე კეტები ოქროთი, და მათი რგოლები, ლარტყების გასაყრელები გააკეთე ოქროსი, და ლარტყებიც ოქროთი მოავარაყე. და ააგე სავანე იმ წესით, რომელიც მთაზე იხილე. და მოქსოვე ფარდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისა. ოსტატური ნაკეთობით ამოქარგონ იგი, ქერუბიმებით. და ჩამოკიდე იგი ოქროთი მოვარაყებულ აკაციის ოთხ ბოძზე, ოქროსი იყოს მათი დუგმები, ვერცხლის ოთხ კვარცხლბეკზე, და მიაბნიე ფარდა დუგმებს, და შეიტანე იქ, ფარდის მიღმა, მოწმობის კიდობანი. და ფარდა გამოჰყოფს თქვენთვის წმიდას წმიდათა წმიდისაგან. და დაახურე სარქვეველი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში. და დადგი ტაბლა ფარდის გარეთ და სასანთლე ტაბლის პირისპირ სავანის გვერდით, სამხრეთისაკენ, და დადგი ტაბლა ჩრდილოეთით. და ჩამოჰკიდე ფარდა სავანის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისა, მქარგავის ნაკეთობით. და გააკეთე ჩამოსაფარებლისათვის ხუთი სვეტი აკაციისა და მოავარაყე ისინი ოქროთი. და მათი დუგმები ოქროსი იყოს; და ჩამოასხი მათთვის ბრინჯაოს ხუთი კვარცხლბეკი. და გააკეთე სამსხვერპლო აკაციის ხისაგან ხუთი წყრთის სიგრძისა და ხუთი წყრთა სიგანისა. ოთხკუთხედი იყოს სამსხვერპლო, სამი წყრთის სიმაღლისა. და გაუკეთე მას რქები ოთხივკუთხივ, მისგანვე იყოს მისი რქები და მოჭედე იგი ბრინჯაოთი. და გაუკეთე მას ქოთნები ნაცრის ჩასაყრელად, ნიჩბები, სასხურებელნი, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა ნივთი ბრინჯაოსგან გააკეთე. და გაუკეთე მას ცხაური ბადისებრი ნახელავი ბრინჯაოსაგან, და ბადეზე გაუკეთე ბრინჯაოს ოთხი რგოლი მის ოთხ კიდეზე. და შედგი იგი სამსხვერპლოს ქვეშ და ბადე სამსხვერპლოს შუამდე სწვდებოდეს. და გაუკეთე აკაციის ხის კეტები სამსხვერპლოს, და მოჭედე ისინი ბრინჯაოთი. გაეყაროს მისი კეტები რგოლებში და იყოს ისინი სამსხვერპლოს ორივე გვერდზე, მის სატარებლად. ღრუ გააკეთე სამსხვერპლო, ფიცრებით. როგორც გიჩვენე მთაზე, ისე გააკეთონ. მოაწყვე სავანის ირგვლივ ეზო. სამხრეთის მხარეს ფარდა ჰქონდეს ეზოს გრეხილი ბისონისა, 100 წყრთის სიგრძისა ამ მხარეს, 20 სვეტზე გაჭიმული. სვეტები იდგეს ბრინჯაოს კვარცხლბეკებზე. სვეტების დუგმები და მარწუხები ვერცხლისა იყოს. და ასევე ჩრდილოეთის მხარის გასწვრივ, 100 წყრთის სიგრძის ფარდა. და სვეტები მისი – 20, და მათი კვარცხლბეკები – 20, ბრინჯაოსი. სვეტების დუგმები და მათი სალტეები ვერცხლისა იყოს. ეზოს სიგანეზე დასავლეთით – ფარდები 50 წყრთის სიგრძისა. მათი 10 სვეტი და 10 კვარცხლბეკი. და ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, – 50 წყრთა, 15 წყრთის სიგრძის ფარდები ერთი მხარისათვის სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. და მეორე მხარისათვის – 15 წყრთის სიგრძის ფარდები სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. და ეზოს ბჭისათვის ჩამოსაფარებელი – 20 წყრთა, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და ბისონისაგან, მქარგავის ნაკეთობა. ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი. ეზოს ირგვლივ ყოველი სვეტი შეერთდეს ვერცხლის სამაგრებით. მათი დუგმები ვერცხლისა იყოს, და მათი კვარცხლბეკები – ბრინჯაოსი. ეზოს სიგრძე 100 წყრთა, სიგანე – 50, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები ბისონისა, მათი კვარცხლბეკები – ბრინჯაოსი. სავანის მთელი სამსახურებელი ჭურჭელი და ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო ბრინჯაოსი უნდა იყოს. უბრძანე ისრაელიანთ მოგიტანონ სუფთად გამოხდილი ზეითუნის ზეთი გასანათებლად, რათა მუდამ ენთოს ლამპარი. საკრებულო კარავში, ჩამოსაფარებლის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ენთოთ იგი აარონსა და მის ძეთ ბინდიდან განთიადამდე უფლის წინაშე. ეს საუკუნო წესია ისრაელიანთა თაობებისათვის. და მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელიანთაგან, რათა მღვდლობა გამიწიონ აარონმა და მისმა ძეებმა: ნადაბმა, აბიჰუმ, ელეაზარმა და ითამარმა. და დაუმზადე წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად. და ელაპარაკე ყველა ხელოვან ოსტატს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აარონს, რათა ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი. და აჰა, სამოსელი, რაც უნდა დაუმზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. და დაუმზადონ წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, და მის ძეთ, რათა მღვდლობა გამიწიონ. აიღონ ოქრო, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი ნართი და ბისონი. და დაამზადონ ეფოდი ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან, ოსტატურად ნახელავი. ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა ჰქონდეს ორსავე ბოლოში, კიდეებზე, და იკვრებოდეს. და სარტყელი ეფოდისა, რომელიც მასზეა, იყოს ასეთივე ნახელავი – ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან. და აიღე სარდიონის ორი ქვა, და ამოკვეთე მათზე ისრაელიანთა სახელები. ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმომავლობის მიხედვით. ქვაზე მკვეთელის ხელოვნებით, როგორც ბეჭდის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორივე ქვაზე ისრაელიანთა სახელები. და ოქროს ბუდეებში ჩასვი. მიამაგრე ეს ორი ქვა ეფოდის სამხრეებზე – ისრაელიანთა სამახსოვრო ქვები. და ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ. ბუდეები ოქროსი გააკეთე, და ორი ძეწკვიც ხალასი ოქროსი, წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე ძეწკვები ბუდეებს. დაამზადე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია. ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართსა და გრეხილი ბისონისაგან დაამზადე იგი. ოთხკუთხედი იყოს იგი, ორკეცი, მტკაველი მისი სიგრძე და მტკაველი მისი სიგანე. ოთხრიგად გააწყვე მასზე ქვები თავის ბუდეებით: ლალი, ტოპაზი და ბივრილი – ერთი მწკრივი. მეორე მწკრივი: ზურმუხტი, საფირონი და ალმასი. მესამე მწკრივი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო. და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითი, სარდიონი, იასპი. ოქროს ბუდეებში უნდა ჩაისვას ისინი. ქვები 12 იყოს ისრაელიანთა სახელების მიხედვით, და თითოეულზე 12 ტომიდან თითოს სახელი იყოს ამოტვიფრული. გაუკეთეს სამკერდულს გრეხილი ძეწკვები წნული ნაკეთობით, ხალასი ოქროსი. და გაუკეთე სამკერდულს ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრე ორივე რგოლი სამკერდულის ორ კიდეს. და გაუყარე ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე. და მიამაგრე ორივე წნულის ორივე ბოლო ორივე ბუდეს, და მიაბი ეფოდის სამხრეებს წინიდან. და გააკეთე ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორ კიდეს, ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული. და გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ზემოთ, ეფოდის სარტყელზე. და მიამაგრონ სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იყოს ეფოდის სარტყელზე და მჭიდროდ ეკვროდეს სამკერდული ეფოდს. თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, თავის გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე. და ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი. და იქნება ისინი აარონის მკერდზე მისი მისვლისას უფლის წინაშე; და ატაროს აარონმა ისრაელიანთა განკითხვა თავის მკერდზე უფლის წინაშე მარადის. და დაამზადე მოსასხამი ეფოდისათვის მთლიანად ცისფერი. შუაში თავის გასაყოფი ჭრილი უნდა ჰქონდეს. არშია ჰქონდეს მის ჭრილს ირგვლივ, ნაქსოვისგან, ჯავშნის ჭრილივით ჰქონდეს მას, რომ არ გაიხეს. და ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართით. და ოქროს ეჟვნები შეაბი ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს ირგვლივ. ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე, ირგვლივ. იგი იყოს აარონზე მსახურებისას, რათა ისმოდეს მისი ხმა მისი შესვლისას წმიდაში უფლის წინაშე, და მისი გამოსვლისას, რომ ის არ მოკვდეს. და გააკეთე გვირგვინი ხალასი ოქროსი, და ამოკვეთე მასზე ბეჭდის ტვიფარივით: სიწმიდე უფლისა. და მიამაგრე იგი ცისფერი ზონრით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს იყოს იგი. იყოს ის აარონის შუბლზე, და იტვირთოს აარონმა ნაკლი შესაწირავთა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები და ყოველი მათი წმიდა საბოძვარისთვის, და იყოს იგი მის შუბლზე მუდამ, რათა სასურველი იყოს ისინი უფლის წინაშე. და მოქსოვე კვართი ბისონისა, და გააკეთე ბისონის თავსაბურველი, სარტყელიც გააკეთე, ნაყშიანი. დაუმზადე აარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი, და თავსამკაულნი გაუკეთე მათ სადიდებლად და დასამშვენებლად. შემოსე მათით აარონი, შენი ძმა, მისი ძენი მასთან ერთად, და სცხე მათ, და აუვსე მათ ხელი, და აკურთხე ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ. და დაუმზადე მათ სელის საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად. წელიდან წვივამდე უნდა იყოს. ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან წმიდაში მსახურებისთვის, რათა ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცნენ. ეს საუკუნო წესია მისთვის და მის შთამომავალთათვის მის შემდეგ. აი, რა უნდა გააკეთო შენ მათ გასაწმედად, რომ მღვდლობა გამიწიონ: აიყვანე ერთი მოზვერი და ორი უხინჯო ვერძი. და აიღე უფუარი პურები, ზეთში მოზელილი უფუარი კვერები და ზეთნაცხები უფუარი ხმიადები, ხორბლის გამტკიცული ფქვილისაგან გამოაცხვე ისინი. და მოათავსე ერთ კალათაში, და მოიტანე ისინი კალათით. და მოიყვანე მოზვერი და ორი ვერძი. აარონი და მისი ძენი მიაახლე საკრებულო კარვის კარს და განბანე ისინი წყლით. და აიღე სამოსელი და შემოსე აარონი კვართით და ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით. წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი. თავსაბურველი დაახურე თავზე და სიწმიდის გვირგვინი მიუმაგრე თავსაბურველზე. და აიღე მირონი, დაასხი მას თავზე და სცხე მას. და მიაახლე მისი ძენი და შემოსე ისინი კვართებით. და შემოარტყი სარტყელი აარონსა და მის ძეებს, და დაახურე მათ დოლბანდები, და იყოს მათი მღვდლობა საუკუნო წესად. და აუვსე ხელი აარონსა და მის ძეთ. და მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე. და დაკალი მოზვერი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. და აიღე მოზვრის სისხლი და თითებით სცხე სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი დაღვარე სამსხვერპლოს ძირში. და აიღე მთელი ქონი, რაც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათივე ქონითურთ და დაწვი სამსხვერპლოზე საკმევად. ხოლო მოზვრის ხორცი და მისი ტყავი და მისი ნეხვი დაწვი ცეცხლში ბანაკის გარეთ. ცოდვის მსხვერპლია იგი. და აიყვანე ერთი ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და მოაპკურე სამსხვერპლოს ირგვლივ. ვერძი ნაჭრებად აქენი და გარეცხე მისი შიგნეული და მისი კანჭები, და დაადე ისინი მის გაკვეთილ ნაწილებს და მის თავს. დაწვი საკმევად მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს უფლის სრულადდასაწველი მსხვერპლია, კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლია უფლისათვის. და აიყვანე მეორე ვერძი და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და სცხე აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მის ძეთა მარჯვენა ყურის ბიბილოებს, და მათი მარჯვენა ხელის ცერს და მათი მარჯვენა ფეხის ცერს. და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურე სისხლი. აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და მიაპკურე აარონსა და მის შესამოსელს, და მის ძეებსა და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განიწმიდება იგი და მისი შესამოსელი, და მის ძეთა შესამოსელი მასთან ერთად. და აიღე ვერძის ქონი და დუმა, და ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონის ბადე, და ორივე თირკმელი, და ქონი, რომელიც მათ აკრავს, და მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს ვერძი ხელავსებისაა), და ერთი მთელი პური, და ერთი ზეთიანი ნამცხვარი და ერთი კვერი ხმიადების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშეა. და დაუწყვე ყოველივე აარონს და მის ძეთ ხელისგულებზე, და შეარხიე ისინი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. და აიღე ისინი მათი ხელიდან და აკმიე სამსხვერპლოზე სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე. იგი საცეცხლო შესაწირავია უფლისა. და აიღე ხელავსების ვერძის მკერდი, რომელიც აარონისაა, და შეარხიე იგი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. და ეს იქნება შენი წილი. და განწმიდე მკერდი შესარხეველი შესაწირავისა და ბეჭი აღსამართავი შესაწირავისა, რომელიც შერხეულ და აღმართულ იქნა ხელავსების ვერძისა, რომელიც აარონისა და მისი ძეებისაა. და ეს იყოს აარონისა და მისი ძეებისთვის საუკუნო წესად ისრაელიანთაგან, რადგან ეს აღმართვაა და აღსამართავი შესაწირავი უნდა იყოს ისრაელიანთაგან. მათი სამშვიდობო მსხვერპლებიდან აღიმართოს იგი უფლისათვის. და წმიდა შესამოსელი, აარონს რომ ეკუთვნის, დარჩეს მის ძეებს მის შემდგომ, რათა მასში მიიღონ ცხება და ხელის ავსება. შვიდი დღე ემოსოს იგი მღვდელს, ვინც მის ნაცვლად იქნება მის ძეთაგან, რომელიც შევა საკრებულო კარვის წმიდაში მსახურებისთვის. ხელავსების ვერძი აიყვანე და მოხარშე მისი ხორცი წმიდა ადგილზე. და ჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა ხორცი ვერძისა და პური, რომელიც კალათშია, საკრებულო კარვის შესასვლელთან. და ჭამონ ის, რომლითაც მიღებული აქვთ მათ გამოსყიდვა ხელავსებისათვის და განწმედისათვის. უცხომ არ უნდა შეჭამოს, რადან წმიდაა იგი. და თუ დარჩება ხელავსების ხორცისაგან და პურისაგან დილამდე, მაშინ დაწვი მონარჩენი ცეცხლში. აღარ ჭამოთ, რადგან წმიდაა იგი. და ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის ძეებს, როგორც მე გიბრძანე: შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი. ცოდვის მოზვერი შესწირე ყოველდღე გამოსასყიდად და განწმიდე სამსხვერპლო შენი გამოსყიდვისას მასზე, და სცხე მას, რათა განწმიდო იგი. შვიდ დღეს ასრულებდე გამოსყიდვას სამსხვერპლოსთვის და განწმედდე მას. და იქნება სამსხვერპლო უწმიდესი. რაც კი მას მიეკარება, წმიდა გახდება ყველაფერი. აი რას შესწირავ სამსხვერპლოზე: წელგამოვლილ ორ კრავს ყოველდღე, მუდმივად. ერთი კრავი შესწირე დილით, ხოლო მეორე კრავი შესწირე საღამოთი, და მეათედი ეფა, გამტკიცული ფქვილი, მეოთხედ ჰინ ზეთში შერეული, და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად თითო კრავზე. მეორე კრავი შესწირე მწუხრის ჟამს, მსგავსად დილის შესაწირავისა, და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი უფალს კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად. ეს სრულადდასაწველი მუდმივად იყოს თაობიდან თაობამდე საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით თქვენ, რათა გელაპარაკო. იქ გამოვეცხადები ისრაელიანთ და განიწმიდება ეს ადგილი ჩემი დიდებით. და განვწმედ საკრებულო კარავს და სამსხვერპლოს, და აარონს და მის ძეებსაც განვწმედ, რათა მღვდლობა გამიწიონ. და დავივანებ ისრაელიანთა შორის და ვიქნები მათი ღმერთი. და შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. და გააკეთე სამსხვერპლო საკმევლის საკმევად. აკაციის ხისაგან გააკეთე იგი. სიგრძით ერთი წყრთა და სიგანით ერთი წყრთა. ოთხკუთხედი იყოს და სიმაღლე ორი წყრთა ჰქონდეს. სამსხვერპლოსთან მთლიანობაში იყოს რქები. მოჭედე იგი ხალასი ოქროთი – მისი სახურავი, მისი კედლები და მისი რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ. ოქროს ორი რგოლი გაუკეთე გვირგვინის ქვემოთ, ორთავე გვერდზე. და იქნება ისინი კეტების გასაყრელად, რათა მათი მეშვეობით ატარონ. გათალე კეტები აკაციის ხისაგან და მოჭედე ოქროთი. დადგი იგი ფარდის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის, სარქვლის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადები შენ. აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი. დილდილობით, კანდელთა მომზადების ჟამს აკმიოს იგი. და როცა აანთებს აარონი კანდელებს მწუხრის ჟამს, აკმიოს იგი. ეს იყოს მუდმივ საკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობამდე. ნუ დაყრით მასზე უცხო საკმეველს, ნურც სრულადდასაწველს და ნურც პურეულის ძღვენს, და საღვრელს ნუ დაღვრით მასზე. და შეასრულებს გამოსყიდვის წესს აარონი მის რქებზე წელიწადში ერთხელ. ცოდვის გამოსასყიდი სისხლით წელიწადში ერთხელ გამოისყიდის მასზე თაობიდან თაობამდე. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის. და უთხრა უფალმა მოსეს: როცა შეუდგები ისრაელიანთა აღრიცხვას მათი სათვალავის გასაგებად, მაშინ, აღრიცხვისას, მისცეს თითოეულმა გამოსასყიდი თავისი სულისა უფალს, და არ გაჩნდება მათში ჭირი აღრიცხვისას. ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, გაიღოს ნახევარი შეკელი საწმიდრის შეკელით, რომელიც იწონის 20 გერას. ნახევარშეკელი შესაწირავია უფლისა. ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, 20 წლიდან და ზევით, მიართვას შესაწირავი უფალს. მდიდარმა არ გადაამეტოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს, რასაც სწირავთ უფალს თქვენი სულების გამოსასყიდად. აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და მიეცი ის საკრებულო კარვის სამსახურისათვის. და ეს იქნება ისრაელიანთათვის სამახსოვროდ უფლის წინაშე თქვენი სულების გამოსასყიდად. და უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე ბრინჯაოს საბანელი და ბრინჯაოს კვარცხლბეკი მისთვის. და დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ. და აარონმა და მისმა ძეებმა განიბანონ მასში ხელ-ფეხი. საკრებულო კარავში შესვლისას განიბანონ წყლით, რათა არ დაიხოცონ, ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ მსახურებისათვის, უფლის საცეცხლო შესაწირავის საკმევად. და განიბანონ ხელ-ფეხი, რათა არ დაიხოცონ. საუკუნო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობამდე. და უთხრა უფალმა მოსეს: აიღე შენთვის საუკეთესო სურნელებანი: თხევადი მური 500 შეკელი და სურნელოვანი დარიჩინი მისი ნახევარი – 250, და სურნელოვანი ლერწამი – 250. კასია – საწმიდრის 500 შეკელი და ერთი ჰინი ზეითუნის ზეთი. და დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, მენელსაცხებლის ხელოვნებით შეზავებული. წმიდა მირონი იქნება იგი. და სცხე იგი საკრებულო კარავს და გამოცხადების კიდობანს, ტაბლას და ყოველ მის ჭურჭელს, და სასანთლეს და ყოველ მის ჭურჭელს, და საკმევლის სამსხვერპლოს, და სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და საბანელს და მის კვარცხლბეკს. და განწმიდე ისინი და ყველა გახდება წმიდათა წმიდა. განიწმიდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება. სცხე აარონსა და მის ძეებს, და განწმიდე ისინი, რათა მღვდლობა გამიწიონ. ისრაელიანთ კი უთხარი, რომ ეს იქნება ჩემთვის წმიდა საცხებელი ზეთი თაობიდან თაობამდე. უცხო კაცის სხეულს არ ეცხოს, და მის მსგავს ნაზავს ნუ გაიკეთებთ თქვენთვის. წმიდაა იგი, სიწმიდე იყოს თქვენთვის. ვინც შეაზავოს მისი მსგავსი და ვინც სცხოს იგი უცხოს, მოიკვეთოს თავისი ერისაგან.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „აიღე შენთვის სურნელებანი: შტახსი, შეხელეთი, ქალბანა. სურნელებანი და წმიდა გუნდრუკი ტოლად უნდა იყოს. და გააკეთე მათგან საკმევლის ნაზავი, მენელსაცხებლის ხელოვნებით შეზავებული, მარილნარევი, სუფთა, წმიდა. წვრილად დანაყე და დადე მოწმობის წინ საკრებულო კარავში, სადაც გამოგეცხადები. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის. არ დაამზადოთ ამგვარად შეზავებული საკმეველი მოსახმარად. სიწმიდედ გქონდეს იგი უფლისათვის. ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთოს თვისი ერიდან.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან. და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით, ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა. მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე. აჰა, მივუჩინე მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ: საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და სარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ნივთი კარვისა, ტაბლა და მისი ჭურჭელი და ხალასი ოქროს სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა, და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი, და საწესო შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთა შესამოსელნი სამღვდელმსახუროდ, მირონი და სურნელოვანი საკმეველი წმიდისათვის. როგორც მე გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „გამოუცხადე ისრაელიანთ ასე: ჩემი შაბათები დაიცავით, იგი ნიშანია მე და თქვენს შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი. დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის. მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს. შაბათობით საქმის მკეთებელი უნდა მოიკვეთოს თავის ხალხიდან. ექვს დღეს აკეთონ საქმე, მეშვიდე დღეს დასვენების შაბათია, უფლის წმიდა. ყველა, ვინც საქმეს გააკეთებს შაბათს, უნდა მოკვდეს. და დაიცვან ისრაელიანთ შაბათი, იზეიმონ შაბათი თაობიდან თაობამდე საუკუნო აღთქმად. ეს იყოს საუკუნო ნიშნად ჩემსა და ისრაელიანთა შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა. “ და მისცა მან მოსეს, როცა დაასრულა ლაპარაკი მასთან სინაის მთაზე, ორი დაფა მოწმობისა, ქვის დაფები, ღვთის თითით დაწერილი. როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთები, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა. და უთხრა მათ აარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან.“ და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან, და მიუტანეს აარონს. გამოართვა აარონმა და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრეთლით. და მათ თქვეს: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტიდან!“ როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო ხბოს წინ, და თქვა აარონმა: „უფლის დღესასწაულია ხვალ!“ და ადგნენ დილაადრიანად მეორე დღეს, და მოიტანეს სრულადდასაწველნი, და მიიყვანეს სამშვიდობო მსხვერპლები. და დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. და შემდეგ ადგნენ სალაღობოდ. და უთხრა უფალმა მოსეს: „აბა, ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ‘ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან.’“ და უთხრა უფალმა მოსეს: „ვხედავ მე ამ ხალხს და ჯიუტია იგი. ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი, შემდეგ კი გაქცევ შენ დიდ ხალხად.“ და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც ეგვიპტიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით გამოიყვანე? რად უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და გადაიფიქრე ამ ხალხის დაღუპვა. გაიხსენე აბრაამი, ისააკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ საუკუნოდ დაიმკვიდრონ.“ და გადაიფიქრა უფალმა ბოროტების გაკეთება, რომელზეც თქვა, რომ დაატეხდა თავის ხალხს. და მობრუნდა, და ჩავიდა მოსე მთიდან. და ქვის ორი დაფა მოწმობისა ეჭირა ხელში, თითოეულზე ორივე მხრიდან დაწერილი. ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები და წარწერაც ღვთის მიერ იყო ამოკვეთილი. და მოესმა იესოს ხმა მშფოთვარე ხალხისა, და უთხრა მოსეს: „საომარი ყიჟინაა ბანაკში.“ და თქვა მოსემ: „ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც დამარცხების ზარი, სიმღერის ხმა მესმის.“ როგორც კი მიუახლოვდა მოსე ბანაკს და იხილა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო და გაიქნია დაფები და მთის ძირას მიამსხვრია. აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ასვა ის წყალი ისრაელიანთ. და უთხრა მოსემ აარონს: „რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე?“ და უთხრა აარონმა: „რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი. მითხრეს: ‘გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება წინ, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, არ ვიცით რა შეემთხვა.’ და მე ვუთხარი მათ, ვისაც ოქრო აქვს, ჩამოიხსნას, და მე მომცეს-მეთქი. და ჩავყარე ის ცეცხლში და გამოვიდა ეს ხბო.“ და იხილა მოსემ, რომ მიშვებულია ეს ხალხი, რომ მიუშვა იგი აარონმა და მასხარად ასაგდები გახადა მტრის წინაშე. და დადგა მოსე ბანაკის კარიბჭესთან და თქვა: „ვინც უფლისაა, ჩემთან!“ და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე. და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი კარიბჭიდან კარიბჭემდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.“ მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, 3 ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს. და უთხრა მათ მოსემ: „ხელი აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ დღეს კურთხევა.“ მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: „დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო გამოვისყიდო თქვენი ცოდვა.“ და გაბრუნდა მოსე უფალთან, და უთხრა: „დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: გაიკეთეს ოქროს ღმერთი. ახლა თუ მიუტევებ მათ ამ ცოდვას? თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.“ უთხრა უფალმა მოსეს: „ვინც შემცოდა, მას ამოვშლი ჩემი წიგნიდან. ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითკენაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. და როცა განკითხვის ჟამი მოაწევს, დავსჯი მათ ამ ცოდვისათვის.“ და მოსრა უფალმა ხალხი ხბოსთვის, რომელიც აარონმა გააკეთა. და უთხრა უფალმა მოსეს: „წადით აქედან შენ და ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე, იმ ქვეყნისაკენ, რომელიც აღვუთქვი აბრაამს, ისააკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. წინ წაგიმძღვარებ ანგელოზს და გავდევნი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს. იარეთ იმ ქვეყნისაკენ, სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე აღარ ვივლი თქვენთან ერთად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ და, რომ არ მოგსპო გზაში.“ ისმინა ხალხმა ეს მრისხანე სიტყვა და იგლოვეს, არავინ მორთულა სამკაულებით. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელიანთ: ‘ჯიუტი ხალხი ხართ თქვენ. ერთი წამითაც რომ გავიაროთ თქვენს შორის, მოგსპობთ. ახლა მოიხსენით სამკაულები და მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.’“ ჩამოიხსნეს ისრაელიანთ სამკაულები ხორების მთასთან. და აიღო მოსემ კარავი და გაშალა თავისთვის ბანაკს გარეთ, მის მოშორებით, და უწოდა მას საკრებულო კარავი. და ყველა, ვინც ეძიებდა უფალს, გადიოდა საკრებულო კარავთან, ბანაკს გარეთ რომ იდგა. და როცა გამოდიოდა მოსე კარავთან, ადგებოდა მთელი ხალხი და ჩერდებოდა თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან, და თვალს ადევნებდა მოსეს, ვიდრე იგი კარავში შევიდოდა. როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ეშვებოდა სვეტი ღრუბლისა და იდგა კარვის შესასვლელთან, და უფალი ელაპარაკებოდა მოსეს. და ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს, და ადგებოდა მთელი ხალხი და თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს პირისპირ, როგორც კაცი ელაპარაკოს თავის მეგობარს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. ხოლო მსახური მისი იესო, ნავეს ძე, ჭაბუკი, არ შორდებოდა კარავს. და უთხა მოსემ უფალს: „შეხედე, შენ მითხარი, გაუძეხიო ამ ხალხს, და არ მაუწყე, ვის გამოგზავნი ჩემთან ერთად. შენ მითხარი, რომ სახელით მიცნობ და მადლიც მაქვს ნაპოვნი შენს თვალში. და თუ მართლაც მადლი მიპოვია შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში; და ნუ დაივიწყებ, რომ შენი ერია ეს ხალხი.“ თქვა უფალმა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ.“ უთხრა მოსემ: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან. რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? განა იმით არა, რომ ჩემთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი ჰპოვე ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.“ და თქვა მოსემ: „მახილვინე შენი დიდება.“ და თქვა ღმერთმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინაშე. და შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ, ვისაც შევიბრალებ.“ და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს.“ და თქვა უფალმა: „აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი ამ კლდეზე. როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში ჩაგაყენებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე ჩავივლიდე. როცა ხელს მოგაშორებ, იხილავ ჩემს ზურგს, ხოლო ჩემი სახე არ გამოჩნდება.“ უთხრა უფალმა მოსეს: „გამოთალე შენთვის პირველთა მსგავსი ქვის ორი დაფა და მე დავწერ ამ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე. იყავი მზად განთიადისას. დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის თხემზე დამიდგები. ნურავინ ამოგყვება და ნურც ნურავინ გამოჩნდება მთელ მთაზე, ნურც ცხვარი და ძროხა მოსძოვს ამ მთის ახლოს.“ და გამოთალა მოსემ ქვის ორი დაფა, იმ პირველთა მსგავსი. ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უფალმა უბრძანა. მას ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში. და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა მასთან იქ, და წარმოთქვა სახელი უფლისა. და გაიარა უფალმა მის წინ და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალებელი და მოწყალე, სულგრძელი და დიდმადლიანი, და ჭეშმარიტი, შემნახავი წყალობისა ათასეულებისათვის, შემნდობი ბრალისა, დანაშაულისა და ცოდვისა. ის დასასჯელს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე.“ მაშინვე მდაბლად მოიდრიკა მოსე და თაყვანი სცა. და თქვა: „თუ მადლი მიპოვია შენს თვალში, მეუფეო, აბა წამოვიდეს მეუფე ჩვენთან ერთად, რადგან ჯიუტია ეს ხალხი, შეგვინდე დანაშაული და ცოდვები, და გვაქციე შენს სამკვიდროდ.“ თქვა უფალმა: „აჰა, მე ვდებ აღთქმას. მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, რომელნიც არ მომხდარა მთელ დედამიწაზე არც ერთ ხალხში. და იხილოს ყოველმა ხალხმა, რომელთა შორისაც შენ ხარ, უფლის საქმე, რადგან ზარდამცემია, რასაც მე შენთვის გავაკეთებ. დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს: აჰა, მე გავრეკავ თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს. გაფრთხილდი, არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მკვიდრთ, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება. დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, დალეწეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები. თაყვანს არ უნდა სცემდეთ სხვა ღმერთს, გარდა უფალი ღმერთისა. შურისმგებელია მისი სახელი, შურისმგებელი ღმერთია იგი. არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მკვიდრთ, თორემ როცა იმეძავებენ თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ და შესწირავენ მსხვერპლს თავიანთ ღმერთებს, შენც მიგიწვევენ და შეჭამ მათ ნაკერპავს, მოიყვან მათ ასულებს შენი ვაჟებისთვის და რადგან მეძაობენ ისინი თავიანთი ღმერთების კვალზე, გარყვნიან შენს ვაჟებსაც თავიანთი ღმერთების კვალზე. ნუ გაიკეთებ ღმერთების ქანდაკებებს. უფუარობის დღესასწაული დაიცავი: აბიბის თვის დაწესებულ დროს შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, როგორც გამოგიცხადე, რადგან აბიბის თვეში გამოხვედი ეგვიპტიდან. შემომწირე ყოველი პირმშო ძე და ასევე ყოველი მამალი შენი ცხვარ-ძროხიდან, პირველმოგებული ხბოცა და კრავიც. პირველმოგებული ჩოჩორი გამოისყიდე კრავით და, თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. პირმშო შენს ძეთა შორის გამოისყიდე. და ნუ გამოჩნდებით ჩემს წინაშე ხელცარიელნი. ექვსი დღე იმუშავე და მეშვიდე დღეს დაისვენე. ხვნისა და მკის დროსაც შეისვენე. იზეიმე შვიდეულის დღესასწაული, ალოობის დაწყების დღესასწაული და რთვლობის დღესასწაული წლის დამლევს. წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი მეუფის, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე, რადგან გავდევნი ერებს შენგან და განვავრცობ შენს საზღვრებს, და ვეღარავინ მოინდომებს შენი ქვეყნის წართმევას, თუ გამოცხადდები უფლის, შენი ღმერთის წინაშე წელიწადში სამჯერ. საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირავის სისხლს, ნურც პასექის სადღესასწაულო ქონს ნუ დატოვებ დილამდე. შენი მიწის პირველნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „დაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს.“ და იყო იქ უფალთან 40 დღე და 40 ღამე. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია. და დაწერა ქვის დაფებზე აღთქმის სიტყვები – ათი მცნება. ორივე დაფა მოწმობისა ხელთ ეპყრა მოსეს სინაის მთიდან ჩამოსვლისას. და არ იცოდა მან, რომ ასხივებდა მისი სახე ღმერთთან ლაპარაკის გამო. იხილეს აარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე და აჰა, ასხივებდა მისი სახე, და ვერ გაბედეს მასთან მიახლოება. და მოუხმო მათ მოსემ და დაბრუნდნენ მასთან აარონი და თემის ყველა მთავარი, და ელაპარაკა მათ მოსე. შემდეგ მიეახლა ისრაელის ყველა ძე და ამცნო მათ ყველაფერი, რასაც ელაპარაკა უფალი მას სინაის მთაზე. და როცა დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი, დაიდო სახეზე რიდე. როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე მასთან სალაპარაკოდ, ჩამოიხსნიდა ხოლმე რიდეს გარეთ გამოსვლამდე. და გამოვიდოდა და ამცნობდა ისრაელიანებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა. და ხედავდნენ ისრაელიანები, რომ ასხივებდა მოსეს სახე, და კვლავ იდებდა მოსე რიდეს სახეზე, სანამ უფალთან სალაპარაკოდ შევიდოდა. და შეკრიბა მოსემ ისრაელიანთა მთელი თემი და უთხრა მათ: „აჰა, სიტყვები, რომელნიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად: ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის – უფლის დასვენების შაბათი. ყველა, ვინც ამ დღეს გააკეთებს საქმეს, მოკვდეს. ცეცხლსაც ნუ დაანთებთ თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს.“ და უთხრა მოსემ ისრაელიანთა მთელ თემს: „აჰა, სიტყვა, რომელიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად: გაიღეთ ძღვენი უფლისათვის. ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს საუფლო ძღვენი – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი, ბისონი და თხისური. ვერძის დათრიმლული ტყავი და გამოყვანილი ტყავი, აკაციის ხე, სალამპრე ზეთი, სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის, სარდიონის ქვები და ძვირფასი ქვები ეფოდისათვის და სამკერდულისათვის. და ყველა ხელოვანი ოსტატი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა: სავანე, მისი კარავი და მისი საფარველი, მისი დუგმები და მისი კეტები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები. კიდობანი და მისი კეტები, სარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა. ტაბლა თავისი კეტებით და ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პურები. სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, და მისი კანდელები და ზეთი სანათებლად. საკმევლის სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი, და ფარდა სავანის შესასვლელისთვის. სამსხვერპლო სრულადდასაწველისა და მისი ბადე ბრინჯაოსი, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი და მისი კვარცხლბეკი, ეზოს ფარდები, მისი სვეტები და მათი კვარცხლბეკები, ეზოს კარიბჭის ფარდა. სავანის პალოები და ეზოს პალოები და მათი საბელები. საწესო სამოსელი წმიდაში მსახურებისათვის და წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთათვის.“ და გამოვიდა ისრაელიანთა თემი მოსესგან. და მოვიდა ყოველი კაცი, ვისაც კი გულმა გაუწია და თითოეული, ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს შესაწირავი უფლისა საკრებულო კარვის გასამართავად და ყოველი მისი საჭიროებისათვის და სამსახურებელი შესამოსელისთვის. და მოდიოდნენ კაცები ქალებთან ერთად. ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები და საყურეები და ბეჭდები, და სამკაულები, ყოველგვარი ნივთი ოქროსი. თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის. და ყველას, ვისაც კი ჰქონდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი, ბისონი, თხისური და ვერძთა დათრიმლული ტყავი მოჰქონდა. ყველას, ვისაც კი შეეძლო ვერცხლის ან ბრინჯაოს შეწირვა, მიჰქონდა უფლის შესაწირავი. და ყველას, ვისაც კი ჰქონდა აკაციის ხეები რაიმე საქმისათვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა. ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი და ბისონი. და ყოველი დედაკაცი, ვისაც გული მიუწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს. მთავრებს მოჰქონდათ სარდიონის ქვები და ძვირფასი ქვები ეფოდისათვის და სამკერდულისათვის, სურნელება და სანათებელი ზეთი და ზეთი მირონისათვის და სურნელოვანი საკმევლისათვის. ისრაელიანებს, კაცსა თუ ქალს, ვისაც კი გული უწევდა მიეტანა ყოველი იმ საქმისათვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მოჰქონდათ ნებაყოფლობითი ძღვენი უფლისათვის. და უთხრა მოსემ ისრაელიანთ: შეხედეთ, მოუხმო უფალმა სახელით ბეცალელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან. და აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით, ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა, მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე. და უნარი სწავლებისა ჩაუდო მას გულში, მას და აჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან. აუვსო მათ გული სიბრძნით, რათა ეკეთებინათ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა და ხელოვანი მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერ ნართზე და ბისონზე. და ეკეთებინათ ყოველგვარი საქმე ოსტატისა და ხელოვნისა. ბეცალელს, აჰოლიაბს და ყველა ხელოვან ოსტატს უფალმა მიანიჭა სიბრძნე და გამჭრიახობა, რათა შეეცნოთ და ეკეთებინათ საწმიდრის ყველა სამუშაო, ყველაფერი ისე, როგორც უფალმა ბრძანა. და მოუხმო მოსემ ბეცალელს, აჰოლიაბს და ყველა ხელოვან ოსტატს, რომელთაც უფალმა უნარი მისცა, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა. ჩაიბარეს მოსესგან მთელი შემოწირულობა, რაც კი მოტანილი ჰქონდათ ისრაელიანთ საწმიდრის საქმის საკეთებლად. და კვლავაც მიჰქონდათ მასთან ნებაყოფლობითი ძღვენი ყოველ დილას. და მოვიდა ყველა ხელოვანი ოსტატი საწმიდრის ყოველი სამუშაოს საკეთებლად, თითოეული თავის სამუშაოზე, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო. და უთხრეს მოსეს: „ხალხს მოაქვს მეტი, ვიდრე საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა.“ მაშინ ბრძანა მოსემ და გამოაცხადეს ბანაკში: „ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდრისათვის შესაწირავად.“ და შეწყვიტა ხალხმა მოტანა. მარაგი საკმაო იყო ყველა საქმისათვის, რაც უნდა ეკეთებინათ, და ზედმეტიც კი დარჩა. ხელოვანმა ოსტატებმა, რომლებიც სავანის საქმეზე მუშაობდნენ, გააკეთეს ქსოვილის 10 ნაჭერი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა. ამოქარგეს ქერუბიმები მათზე ოსტატური ნაკეთობით. თითოეული ნაჭრის სიგრძე 28 წყრთა იყო, და სიგანე – ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყო. ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერეს, სხვა ხუთი ნაჭერიც – ერთმანეთს. და გაუკეთეს ცისფერი კილოები განაპირა ნაჭერს კიდეზე, და ასევე გააკეთეს მეორე ნაჭრის კიდეს. 50 კილო გაუკეთეს ერთი ნაჭრის კიდეს, 50 კილო – მეორე ნაჭრის კიდეს. კილოები ესადაგებოდნენ ერთმანეთს. და გააკეთეს 50 დუგმა ოქროსი, და შეაერთეს ნაჭრები ურთიერთთან დუგმებით, და მთლიანი გამოვიდა სავანე. და გააკეთეს გადასაფარებელი თხისურისგან, სავანის გადასახურავად. 11 ასეთი ნაჭერი გაამზადეს. სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყო 30 წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა. თერთმეტივე გადასაფარებლი ერთი ზომისა იყო. და შეაერთეს ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი ცალკე. და გაუკეთეს 50 კილო ერთ გადასაფარებელს კიდეზე, და 50 მეორე გადასაფარებელს კიდეზე. და გააკეთეს ბრინჯაოს 50 დუგმა სავანის შესაერთებლად, რათა ყოფილიყო ერთიანი. და გააკეთეს საფარველი კარვისათვის ვერძის დათრიმლული ტყავისა და გამოყვანილი ტყავის საფარი ზემოდან. და გააკეთეს კეტები სავანისათვის აკაციის ხისაგან. 10 წყრთა იყოს სიგრძე თითოეული ძელისა და წყრთანახევარი – სიგანე, ორ-ორი რიკი თითოეული ძელისათვის, ერთიმეორეზე მიერთებული. ასე გაუკეთეს სავანის ყოველ ძელს. და გააკეთეს კეტები სავანისათვის: 20 ძელი სამხრეთის მხარეს. და ვერცხლის 40 კვარცხლბეკი გააკეთეს ოცივე ძელის დასადგმელად: ორი კვარცხლბეკი თითო ძელისთვის, მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი ყველა სხვა ძელისთვის მისი ორი რიკისთვის. და სავანის მეორე გვერდისათვის, ჩრდილოეთ მხარეს, გაუკეთეს 20 ძელი და მათთვის ვერცხლის 40 კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ძელისთვის. სავანის უკანა, დასავლეთი მხარისათვის, გააკეთეს ექვსი ძელი. და ორი ძელი გააკეთეს სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს. იყო ისინი შეკრული ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით. ასე გაუკეთეს ორივეს ორივე კუთხეში. და იყო რვა ძელი და ვერცხლის 16 კვარცხლბეკი, ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელისთვის. და გააკეთეს ლარტყები აკაციის ხისაგან: ხუთი – სავანის ერთი გვერდის კეტებისათვის, და ხუთი ლარტყი სავანის მეორე მხარის კეტებისათვის, და ხუთი – სავანის უკანა მხარის კეტებისათვის, დასავლეთით. და გააკეთეს შუა ლარტყი კეტების ერთი ბოლოდან მეორემდე. მოჭედეს კეტები ოქროთი, ლარტყების გასაყრელი რგოლები ოქროსი გააკეთეს და ლარტყებიც ოქროთი მოჭედეს. და გააკეთეს ფარდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა, და გრეხილი ბისონისა. ოსტატური ნაკეთობით ამოქარგეს მასზე ქერუბიმები. და ჩამოკიდეს იგი ოქროთი მოჭედილ აკაციის ოთხ ბოძზე, მოჭედეს ისინი ოქროთი, ოქროსი იყო მათი დუგმები. და ჩამოასხეს მათთვის ოთხი კვარცხლბეკი ვერცხლისა. და გააკეთეს ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა, და გრეხილი ბისონისაგან, მქარგავის ნაკეთობით, და ხუთი სვეტი მათივე დუგმებით. და მოჭედეს მათი თავები და სალტეები ოქროთი. მათი ხუთი კვარცხლბეკი კი ბრინჯაოსაგან იყო. და გააკეთა ბეცალელმა კიდობანი აკაციის ხისგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე. და მოჭედა იგი ხალასი ოქროთი როგორც შიგნიდან, ისე გარედან, და გარს ოქროს გვირგვინი შემოავლო. და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი მისი ოთხი კიდისათვის. ორი რგოლი მის ერთ მხარეს და ორი რგოლი – მეორე მხარეს. და გააკეთა კეტები აკაციის ხისაგან და მოჭედა ისინი ოქროთი. და გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად. და გააკეთა სარქველი ხალასი ოქროსი: ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე. და გააკეთა ორი ქერუბიმი: ოქროთი გააკეთა ჭედურად სარქვლის ორივე კიდისათვის. ერთი ქერუბიმი ერთი კიდიდან და მეორე ქერუბიმი მეორე კიდიდან, სარქველიდან ამოიყვანა მან ქერუბიმები, მის ორივე კიდეზე. და იყვნენ ქერუბიმები ფრთაგაშლილნი ზემოთკენ, და ფარავდნენ ფრთებით სარქველს. სახეები ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიქცეული, სარქველს დაჰყურებდნენ ქერუბიმები. და გააკეთა ტაბლა აკაციის ხისაგან: სიგრძე ორი წყრთა იყო მისი, სიგანე – ერთი წყრთა, სიმაღლე – ერთნახევარი წყრთა. და მოჭედა იგი ხალასი ოქროთი, და შემოავლო ოქროს გვირგვინი ირგვლივ. და გაუკეთა მას ხელისდადების სიმაღლის ჩარჩო ირგვლივ და გაუკეთა ჩარჩოს ოქროს გვირგვინი გარშემო. და ჩამოასხა ოქროს ოთხი რგოლი, და მიუმაგრა ეს რგოლები ოთხ კუთხეზე მის ოთხ ფეხთან. კედელზე მიმაგრებული რგოლები კეტების გასაყრელად იყო, რომ ტაბლა ეტარებინათ. და გააკეთა კეტები აკაციის ხისაგან ტაბლის სატარებლად, და მოჭედა ისინი ოქროთი. და გააკეთა ხალასი ოქროს ჭურჭელი ტაბლისთვის: მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ტოლჩები და მისი ჯამები საღვრელის დასაღვრელი. და გააკეთა მან სასანთლე ხალასი ოქროსაგან ჭედურობით. მისი ღერო და მისი ტოტები, მისი თასები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე იყო. ექვსი ტოტი გამოდიოდა მისი ღეროდან: სამი ტოტი სასანთლისა ერთი გვერდიდან და სამი ტოტი – მეორე გვერდიდან. სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასევე ექვსსავე ტოტზე, რომელნიც გამოდიან სასანთლიდან. და თვით სასანთლის ღეროზე იყო ოთხი ნუშისებრი თასი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით. და კვირტი მისი ტოტების პირველი წყვილის ძირში, და კიდევ კვირტი მისი ტოტების შემდეგი წყვილის ძირში და კიდევ კვირტი მისი ტოტების ბოლო წყვილის ძირში. მათი კვირტები და მათი ტოტები მისგანვე იყო, მთლიანად ერთი ჭედურობით, ხალასი ოქროთი. და გააკეთა მისი შვიდი კანდელი თავისი მაშებითა და თავისი აქანდაზებით ხალასი ოქროსაგან. ერთი ტალანტი ხალასი ოქროსაგან გააკეთა ისიც და მთელი მისი ჭურჭელი. და გააკეთა საკმევლის სამსხვერპლო აკაციის ხისგან; ერთი წყრთა სიგრძე და ერთი წყრთა სიგანე ჰქონდა, ოთხკუთხედი იყო და ორი წყრთის სიმაღლის. სამსხვერპლოსთან მთლიანობაში იყო მისი რქები. და მოჭედა იგი ხალასი ოქროთი, მისი სახურავი და მისი გარშემო კედლები და მისი რქები. და ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლო. ოქროს ორი რგოლი გაუკეთა მას სალტეს ქვეშ ორსავე ფერდზე, მის ორივე მხარეს, კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ სამსხვერპლო. და გააკეთა კეტების აკაციის ხეთაგან და მოჭედა ისინი ოქროთი, და გაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, ხალასი საკმეველი, მენელსაცხებელთა ნახელავი. და გააკეთა სამსხვერპლო სრულადდასაწველისა აკაციის ხისაგან: სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, ოთხკუთხედი, სიმაღლით სამი წყრთა. და გაუკეთა რქები მას ოთხივ კუთხეზე, სამსხვერპლოსთან მთლიანობაში იყო მისი რქები. სამსხვერპლო მთლიანად მოჭედა ბრინჯაოთი. დაამზადა სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეულობა: ქვაბები, ნიჩბები, სასხურებლები, ჩანგლები და აქანდაზები. მთელი მისი ჭურჭელი ბრინჯაოსგან გააკეთა. და გააკეთა სამსხვერპლოსათვის ცხაური ბრინჯაოსაგან, ბადისებრი ნახელავი, ქვემოდან სამსხვერპლოს შუამდე. და ჩამოასხა ოთხი რგოლი ბრინჯაოს ცხაურის ოთხი კუთხისათვის კეტების გასაყრელად. და გათალა კეტები აკაციის ხისა და მოჭედა ისინი ბრინჯაოთი. და გაუყარა კეტები სამსხვერპლოს რგოლებში, რათა ეტარებინათ იგი მათი მეშვეობით. ღრუ გააკეთა იგი ფიცრებით. და გააკეთა ბრინჯაოს საბანელი და მისი კვარცხლბეკიც ბრინჯაოსი ქალების სარკეებით, რომლებიც მსახურებას ეწეოდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან. და მოაწყო ეზო სამხრეთ მხარეს. ეზოს ფარდა გრეხილი ბისონისა იყო, სიგრძით 100 წყრთა, მისი 20 სვეტი და მათი 20 კვარცხლბეკი ბრინჯაოსი იყო; დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები ვერცხლისა იყო. და ჩრდილოეთის მხრიდან ფარდა სიგრძით 100 წყრთა იყო. მისთვის გაკეთდა 20 სვეტი და მათი 20 კვარცხლბეკი ბრინჯაოსი იყო. დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები ვერცხლისა იყო. და დასავლეთის მხრიდან 50 წყრთის სიგრძის ფარდა ეკიდა კვარცხლბეკებზე დადგმულ 10 სვეტზე. სვეტების დუგმები და სალტეები ვერცხლისა იყო. აღმოსავლეთის მხარე 50 წყრთა იყო. კარიბჭის ერთ მხარეს 15 წყრთის სიგრძის ფარდა ეკიდა კვარცხლბეკებზე დადგმულ სამ სვეტზე. და მეორე მხარესაც ეზოს კარიბჭიდან ასევე 15 წყრთის სიგრძის ფარდა იყო სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. ეზოს ირგვლივ ყველა ფარდა გრეხილი ბისონისა იყო. სვეტების კვარცხლბეკები ბრინჯაოსი იყო, სვეტების დუგმები და სალტეები – ვერცხლისა, და მათი თავების ჭედურობაც ვერცხლისა იყო. და ვერცხლის სალტეებით იყო შეერთებული ეზოს ყოველი სვეტი. და ეზოს კარიბჭის ფარდა იყო ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქარგებიანი ქსოვილისა და გრეხილი სელისა სიგრძით 20 წყრთა, სიმაღლით ხუთი წყრთა მთელს სიგანეზე, ეზოს ფარდების მსგავსად. მისი ოთხი სვეტი და მათი ოთხი კვარცხლბეკი ბრინჯაოსი იყო; მათი დუგმები – ვერცხლისა და მათი თავების ჭედურობაც და სალტეებიც – ვერცხლისა იყო. სავანისა და ფარდების პალოები ეზოს ირგვლივ ბრინჯაოსი იყო. ეს არის აღრიცხვა სავანის, გამოცხადების სავანის ხარჯებისა, რაც დაანგარიშებულ იქნა მოსეს ბრძანებით, ლევიანთა მიერ, აარონის ძის, ითამარ მღვდლის ხელმძღვანელობით. ბეცალელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან, გააკეთა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს. მასთან იყო აჰოლიაბიც, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, მეჩუქურთმე, ოსტატი მქსოველი და მქარგავი ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და ბისონისა. მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყოველ საქმეზე, იყო შემოწირული ოქრო: 29 ტალანტი და 730 შეკელი, საწმიდრის შეკელით. ხოლო თემის აღწერისას შეგროვებული ვერცხლი შეადგენდა 100 ქანქარს და 1775 შეკელს, საწმიდრის შეკელით. სულზე თითო ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი, საწმიდრის შეკელით, ყველასგან, ვინც გაიარა აღრიცხვა, 20 წლიდან და ზევით, სულ 603550 კაცი. 100 ტალანტი ვერცხლი საწმიდრის და ფარდის კვარცხლბეკთა ჩამოსხმას მოხმარდა. 100 კვარცხლბეკი 100 ტალანტიდან, თითო ტალანტი კვარცხლბეკისათვის. 1775 შეკელი ვერცხლისაგან მან გააკეთა დუგმები სვეტებისათვის და მოჭედა მათი თავები და შეაერთა ისინი სალტეებით. შემოწირული ბრინჯაო იყო სულ 70 ტალანტი და 2400 შეკელი. გააკეთა მისგან საკრებულო კარვის შესასვლელის კვარცხლბეკები და ბრინჯაოს სამსხვერპლო, და ბრინჯაოს ცხაური მისთვის, და სამსხვერპლოს მთელი ჭურჭელი, კვარცხლბეკები ეზოს ირგვლივ და ეზოს კარიბჭისათვის, სავანისა და ფარდების ყოველი პალო ეზოს ირგვლივ. ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისაგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისათვის, და წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დაამზადა ეფოდი ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან. და გამოჭედეს ოქროს ფურცლები, და დაჭრეს ძაფებად, რათა შეეგრიხათ ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერ ნართთან და გრეხილ ბისონთან. და მოქსოვეს ოსტატურად. მისამაგრებელი სამხრეები გაუკეთეს მას. მის ორივე კიდეზე იყო შეერთებული. მასზე შემოსაკრავი სარტყელი იმავე მასალისა და ნაკეთობისა იყო: ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დაამუშავეს სარდიონის ქვები, ჩასხეს ისინი ოქროს ბუდეებში და ზედ ამოტვიფრეს ისრაელის ძეთა სახელები. და მიამაგრა ისინი ეფოდის სამხრეებს – ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვებად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და გააკეთა სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, მსგავსი ეფოდის ნაკეთობისა ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან. ოთხკუთხედი იყო იგი. ორკეცი გააკეთეს სამკერდული – სიგრძით მტკაველი და სიგანით მტკაველი, ორკეცი. და ოთხ რიგად განალაგეს მასზე ძვირფასი ქვები: ლალი, ტოპაზი და ბივრილი – ერთი რიგი. მეორე რიგი: ზურმუხტი, საფირონი და ალმასი. მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო. მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, სარდიონი და იასპი; ისინი ჩასხმული იყო ოქროს ბუდეებში. 12 ქვა იყო ისრაელის ძეთა სახელების მიხედვით, და თითოეულზე 12 ტომიდან თითოს სახელი იყო ამოტვიფრული. გაუკეთეს სამკერდულს გრეხილი ჯაჭვები წნული ნაკეთობით, ხალასი ოქროსი. და გააკეთეს ოქროს ორი ბუდე და ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრეს ორივე რგოლი სამკერდულის ორ კიდეს. და გაუყარეს ოქროს ორივე წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე. და ორივე წნულის ორივე ბოლო მიამაგრეს ორივე ბუდეს, და მიამაგრეს ისინი ეფოდის სამხრეებს წინიდან. და გააკეთეს ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრეს სამკერდულის ორ კიდეს იმ არშიაზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული. და გააკეთეს ოქროს ორი რგოლი და მიამაგრეს ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ზემოთ, ეფოდის სარტყელზე. და მიამაგრეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იყოს ეფოდის სარტყელზე და მჭიდროდ ეკვროდეს სამკერდული ეფოდს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და გაუკეთა მოსასხამი ეფოდისათვის, მთლიანად ცისფერი ქსოვილისაგან. თავის გასაყოფი ჭრილი მოსასხამს შუაზე ჰქონდა, ჯაჭვის პერანგის ჭრილივით, არშია გასდევდა ჭრილს ირგვლივ, რომ არ შემორღვეულიყო. და ამოქარგეს მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართით და გრეხილი ბისონით. და გააკეთეს ხალასი ოქროს ეჟვნები, და შეაბეს ეჟვნები ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს ირგვლივ. ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მსახურების მოსასხამის კალთებს ირგვლივ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. მოუქსოვეს კვართები ბისონისა აარონსა და მის ძეებს, და თავსაბურველი ბისონისა, და თავსამკაულნი ბისონისა, და სელის შარვალი გრეხილი ბისონისა, და სარტყელი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა, ნაქარგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და გაუკეთეს სიწმიდის გვირგვინი – ხალასი ოქროს ფირფიტა, და ამოკვეთეს მასზე წარწერა ბეჭდის ტვიფარივით: „სიწმიდე უფლისა.“ და მოაბეს მას ცისფერი ზონარი, რათა მიებნიათ იგი თავსაბურველზე ზემოდან, როგორც უბრძანმა უფალმა მოსეს. ასე დასრულდა საკრებულო სავანის მთელი სამუშაო. ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მიიტანეს მოსესთან სავანე და ყოველი მისი მოწყობილობა, მისი დუგმები, მისი კეტები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები, საბურველი ვერძთა დათრიმლული ტყავისა და საბურველი გამოყვანილი ტყავისა და ფარდა, კიდობანი მოწმობისა და კეტები მისი, და სარქველი, ტაბლა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პურები, ხალასი ოქროს სასანთლე, მისი კანდელები, ზედ გამწკრივებული კანდელები, და მთელი მისი მოწყობილობა და ზეთი სანათებლად, ოქროს სამსხვერპლო და საცხები ზეთი, და კეთილსურნელება საკმევლისა და ფარდა კარვის შესასვლელისა, ბრინჯაოს სამსხვერპლო და მისი ბრინჯაოს ცხაური, მისი კეტები და ყოველი მისი მოწყობილობა და საბანელი და მისი კვარცხლბეკი, ეზოს ფარდები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები, ეზოს კარიბჭის ფარდები, მისი საბელები და მისი პალოები და ყოველი მოწყობილობა სავანეში – საკრებულო კარავში მსახურებისათვის, საწესო სამოსელი წმიდაში მსახურებისათვის და წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთათვის. როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, ისე გააკეთეს ისრაელიანთ ყველაფერი. და ნახა მოსემ ყოველი საქმე, და აჰა, გაუკეთებიათ იგი. როგორც უბრძანა უფალმა, ისე გააკეთეს. და აკურთხა ისინი მოსემ. და უთხრა უფალმა მოსეს: პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე – საკრებულო კარავი. და დადგი იქ კიდობანი მოწმობისა, და ჩამოაფარე კიდობანს ფარდა. შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე რაც დასაწყობია, და შეიტანე სასანთლე და დადგი ზედ მისი კანდელები. და დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისათვის მოწმობის კიდობნის წინ, და ჩამოჰკიდე ფარდა სავანის შესასვლელთან. და დადგი სამსხვერპლო სრულადდასაწველისა სავანის – საკრებულო კარვის შესასვლელის წინ. და დადგი საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი. და მოაწყვე გარშემო ეზო ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს კარიბჭეზე. აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყოველივეს, რაც მასშია. წმიდა ჰყავ მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება. სცხე სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და წმიდა ჰყავ სამსხვერპლო, და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო. და სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და წმიდა ჰყავ იგი. და მიიყვანე აარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის შესასვლელთან და განბანე ისინი წყლით. და შემოსე აარონი წმიდა შესამოსლით, და სცხე მას და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს. და მისი ძენი მოიყვანე და შემოსე ისინი კვართებით. და სცხე მათ, როგორც სცხე მათ მამას, რათა მღვდლობა გამიწიონ, და იყოს მათი ცხება საუკუნო მღვდლობად მათი თაობიდან თაობამდე. და გააკეთა მოსემ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მას. მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველ დღეს აღიმართა სავანე. აღმართა მოსემ სავანე: დადგა მისი კვარცხლბეკები, აღმართა მისი კეტები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა მისი სვეტები. გადააფარა საფარველი სავანეს და დაადო საბურველი ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. აიღო მოსემ მოწმობა და ჩადო კიდობანში, და გაუყარა კეტები კიდობანს და დაახურა სარქველი კიდობანს ზემოდან. და შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა ფარდა და დაფარა კიდობანი მოწმობისა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დადგა ტაბლა საკრებულო კარავში, სავანის ჩრდილოეთ მხარეს, ფარდის გარეთ. და დააწყო მასზე პურები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დადგა სასანთლე სავანეში – საკრებულო კარავში ტაბლის პირისპირ, სავანის სამხრეთ მხარეს, და დადგა მასზე კანდელები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დადგა ოქროს სამსხვერპლო საკრებულო კარავში ფარდის წინ. და აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და ჩამოჰკიდა ფარდა სავანის შესასვლელში. და დადგა სრულადდასაწველის სამსხვერპლო სავანის – საკრებულო კარვის შესასვლელში, და აღავლინა მასზე სრულადდასაწველი და პურეულის ძღვენი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და დადგა საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხა შიგ წყალი განსაბანად, და განიბანდნენ მასში მოსე და აარონი და მისი ძეები ხელებსა და ფეხებს. საკრებულო კარავში შესვლისას, ან სამსხვერპლოსთან მიახლოებისას განიბანებოდნენ ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. და მოაწყო ეზო სავანესა და სამსხვერპლოს ირგვლივ, და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს კარიბჭეზე. და დაასრულა მოსემ საქმე. დაფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი, და უფლის დიდებამ აავსო სავანე. ვერ შევიდა მოსე საკრებულო კარავში, რადგან დაივანა მასზე ღრუბელმა და უფლის დიდებამ აავსო სავანე. როცა ასცილდებოდა სავანეს ღრუბელი, მაშინ აიყრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ. და თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ აიყრებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე არ ასცილდებოდა. უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, და ცეცხლი ენთო ღრუბელში ღამით ისრაელის მთელი სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე. მოუხმო უფალმა მოსეს, და უთხრა საკრებულო კარვიდან: მიმართე ისრაელიანთ და უთხარი: როდესაც ვინმე თქვენთაგანი შესწირავს უფალს პირუტყვს, შესწიროს ნახირიდან ან ფარიდან. თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მოიყვანოს უხინჯო მოზვერი საკრებულო კარვის კართან, რათა წყალობა ჰპოვოს უფლის წინაშე. დაადოს ხელი სრულადდასაწველ მსხვერპლს თავზე – და წყალობას ჰპოვებს ცოდვათა შესანდობად. და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; ხოლო აარონიანმა მღვდლებმა მიიტანონ სისხლი და დაღვარონ საკურთხევლის ირგვლივ, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთან არის. და გაატყაონ სრულადდასაწველი მსხვერპლი და ასო-ასო აქნან. და საკურთხეველზე ცეცხლი გააჩაღონ აარონიანმა მღვდლებმა და შეშა დააყარონ ცეცხლს. და დაალაგონ აარონიანმა მღვდლებმა აქნილი ნაჭრები, თავი და ქონი საკურთხევლის ცეცხლზე დაწყობილ შეშაზე. და შიგნეული და ფეხები გაირეცხოს; და მღვდელმა დაწვას ეს ყოველივე საკურთხეველზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლო მსხვერპლია, კეთილსურნელებაა უფლისათვის. ხოლო თუ მისი სრულადდასაწველი მსხვერპლი იქნება ცხვარი ან თხა, მოიყვანოს მამალი, უხინჯო. და დაკლას იგი სამსხერპლოს ჩრდილოეთ მხარეს, უფლის წინაშე, და აარონიანმა მღვდლებმა აპკურონ მისი სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. ასო-ასო აიქნას იგი, და დაალაგოს ის მღვდელმა საკურთხევლის ცეცხლზე დაწყობილ შეშაზე. შიგნეული და კანჭები წყლით გაირეცხოს; და მღვდელმა დაწვას ეს ყოველივე საკურთხეველზე. ეს სრულადდასაწველია, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებაა უფლისათვის. თუ ვინმეს უნდა, რომ სრულადდასაწველ მსხვერპლად ფრინველი შესწიროს უფალს, გვრიტი ან მტრედი მოიყვანოს. იგი მღვდელმა უნდა მიიყვანოს საკურთხეველთან, მოუგრიხოს კისერი და კვამლად აქციოს საკურთხეველზე; მისი სისხლი კი საკურთხევლის კედელს მიაწრიტოს; მოაცილოს ჩიჩახვი ბუმბულიანად და გადააგდოს საკურთხევლის აღმოსავლეთის მხარეს, ნაცრის გროვაზე; ფრთები გადაუმტვრიოს, არ კი მოაშოროს, და დაწვას ის მღვდელმა საკურთხევლის შეშის ცეცხლზე; ეს სრულადდასაწველია, საცეცხლო მსხვერპლია, კეთილსურნელებაა უფლისათვის. თუ ვინმე სწირავს პურეულ ძღვენს უფალს, მისი შესაწირავი გამტკიცული პურის ფქვილისა უნდა იყოს, და დაასხას მას ზეთი და დააყაროს საკმეველი. და მიუტანოს იგი აარონიან მღვდლებს, და აიღოს მღვდელმა იქიდან სავსე მუჭა ზეთიანი ფქვილისა საკმეველთან ერთად, და საკურთხეველზე დააკმიოს სამახსოვროდ, როგორც საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის. ხოლო რაც დარჩება პურეული ძღვენიდან, აარონისა და მისი ძეებისა იყოს. ეს უწმიდესია უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. თუ შესწირავ პურეულ ძღვენს ღუმელში გამომცხვრიდან, გამტკიცული პურის ფქვილით მოზელილი უფუარი პურები იყოს, ზეთში შერეული, უფუარი და ზეთნაცხები კვერები. თუ შენი შესაწირავი პურეული ძღვენი ტაფაზეა გამომცხვარი, მაშინ გამტკიცული პურის ფქვილისა უნდა იყოს, ზეთში მოზელილი და უფუარი. დაამტვრიე ის და დაასხი ზეთი. ეს არის პურეულის ძღვენი. თუ შენი შესაწირავი ტაფაზე გამომცხვარი პურეულის ძღვენია, მაშინ ის უნდა იყოს ზეთში მოზელილი გამტკიცული პურის ფქვილისაგან. მიართვი ამგვარად გამომცხვარი შენი ძღვენი უფალს და წარუდგინე იგი მღვდელს, და ის მიიტანს მას საკურთხეველთან. და აიღებს მღვდელი ამ მსხვერპლიდან ნაწილს სამახსოვრო მსხვერპლად და დააკმევს საკურთხეველზე; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსუნელება უფლისათვის. ხოლო პურეული ძღვენიდან დანარჩენი აარონისა და მისი ძეებისა იყოს. ეს უწმიდესია უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. არც ერთი ძღვენი, რომელსაც შესწირავთ უფალს, არ უნდა იყოს საფუარიანი, რადგან არც საფუარი და არც თაფლი არ უნდა დაწვათ უფლის საცეცხლო მსხვერპლად; პირველნაყოფთა შესაწირავად შეგიძლიათ შესწიროთ ისინი უფალს, მაგრამ საკურთხეველზე არ აიტანოთ, როგორც კეთილსურნელება. ყოველი შესაწირავი შენი პურეული ძღვენისა მარილით დაამარილე და არ დატოვო შენი მსხვერპლი შენი ღმერთის აღთქმის მარილის გარეშე. ყოველ შენს შესაწირავთან ერთად მარილიც შესწირე. თუ შესწირავ უფალს პურეულ ძღვენს პირველნაყოფთაგან – პირველ თავთავთაგან, ცეცხლზე მოხალული, დაღერღილი მარცვლით შესწირე შენს პირველნაყოფთა პურეული ძღვენი. დაასხი მას ზეთი, და დააყარე საკმეველი. ეს არის პურეული ძღვენი. და დაწვას მღვდელმა მისი სამახსოვრო შესაწირავი ღერღილისგან და ზეთისგან მთელი მისი საკმევლით, საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის. თუ სამშვიდობო მსხვერპლია მისი შესაწირავი და ნახირიდან თუ სწირავს მოზვერს ან დეკეულს, უხინჯო შესწიროს უფლის წინაშე. დაადოს ხელი თავის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და აარონიანმა მღვდლებმა სისხლი მოაპკურონ საკურთხევლის ირგვლივ. და შესწიროს სამშვიდობო მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, და მთელი ნაფერდლების ქონი. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ბარკლების ქონი, და ღვიძლის ყური, თირკმელებთან ერთად მოჰკვეთოს. აარონის ძეებმა დააკმიონ იგი საკურთხეველზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც ცეცხლზე დაყრილ შეშაზე აწყვია საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელება უფლისათვის. თუ მისი სამშვიდობო მსხვერპლი ფარიდან არის უფლისთვის შესაწირავად, უხინჯო ვერძი ან დედა ცხვარი შესწიროს. და თუ ცხვარს სწირავს ის თავის მსხვერპლად, უფლის წინაშე შესწიროს. დაადოს ხელი თავის მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ; და აარონის ძეებმა მოაპკურონ მისი სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. და შესწიროს სამშვიდობო მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად: მისი ქონი, მთელი დუმა, კუდუსუნითურთ მოჰკვეთოს; და ქონი, რომელიც შიგნეულს აკრავს, და მთელი მუცლის ქონი, ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ბარკლების ქონი, და ღვიძლის ყური, თირკმელებთან ერთად მოჰკვეთოს. და დააკმიოს იგი მღვდელმა საკურთხეველზე; ეს არის საცეცხლო მსხვერპლის ლუკმა უფლისათვის. და თუ თხა არის მისი სამსხვერპლო, მიიყვანოს ის უფლის წინაშე; და დაადოს ხელი მას თავზე და დაკლას საკრებულო კარვის წინ; და მოაპკურონ აარონის ძეთ მისი სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. და მიიტანოს თავისი მსხვერპლიდან, როგორც საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი მუცლის ქონი; ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ბარკლების ქონი, და ღვიძლის ყური, თირკმელებთან ერთად მოჰკვეთოს. და დააკმიოს მღვდელმა ის საკურთხეველზე. ეს არის საცეცხლო მსხვერპლის ლუკმა – კეთილსურნელება უფლისათვის. მთელი ქონი უფლისაა. ეს არის საუკუნო წესი თქვენი თაობებისთვის, ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და არავითარი სისხლი არა ჭამოთ. ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი ისრაელის ძეთ: თუ შესცოდოს ვინმემ უნებლიეთ უფალს, მისი რომელიმე მცნების დარღვევით და გააკეთოს ისეთი რამ, რაც აკრძალულია – თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და მისი დანაშაული ხალხს დააწვა, თავისი ცოდვისათვის მიიყვანოს ნახირიდან უფლის წინაშე უხინჯო მოზვერი, ცოდვის მსხვერპლად. მოზვერი საკრებულო კარვის კართან მიიყვანოს უფლის წინაშე; ხელი დაადოს თავზე და დაკლას უფლის წინაშე. და აიღოს ცხებულმა მღვდელმა მოზვერის სისხლი და შეიტანოს საკრებულო კარავში. დააწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის აპკუროს სისხლი უფლის წინაშე საწმიდრის ფარდის წინ. წაუსვას მღვდელმა სისხლი უფლის წინაშე საკმევლის საკურთხევლის რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია; მოზვერის მთელი დანარჩენი სისხლი დაასხას სრულადდასაწველის საკურთხევლის ძირას, საკრებულო კარვის შესასვლელთან რომ არის. და ამოაცალოს მთელი ქონი ცოდვის გამოსასყიდ შესაწირავ მოზვერს, ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი მუცლის ქონი, ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარკლების კუნთებზეა, და ღვიძლის ყური, თირკმელებითურთ მოკვეთოს ისე, როგორც მოიკვეთება სამშვიდობო შესაწირავის მოზვრიდან. და დაწვას ისინი მღვდელმა, სრულადდასაწველის საკურთხეველზე. ხოლო მოზვრის ტყავი და მთელი მისი ხორცი თავ-ფეხიანად, მისი შიგნეული ნეხვიანად, და მთელი ხორცი, რაც დარჩა, გაიტანოს ბანაკს გარეთ, სუფთა ადგილზე, სადაც იყრება ნაცარი, და დაწვას იგი შეშაზე ცეცხლით. სანაცრეზე დაწვან იგი. თუ ისრაელის მთელი თემი შესცოდავს, და დაიფარება ეს საქმე კრებულის თვალთაგან, და გააკეთებს უფლის რომელიმე მცნების საწინააღმდეგოს, ჩაიდენს რაიმე აკრძალულს, და დამნაშავე გახდება, როდესაც შეიტყობენ ცოდვას, რომლითაც შესცოდეს მათ, კრებულმა შესწიროს ნახირიდან მოზვერი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და მიიყვანონ იგი საკრებულო კარვის წინ. დაასხან თემის უხუცესებმა ხელები მოზვერს თავზე უფლის წინაშე, და დაკლან მოზვერი უფლის წინაშე, და შეიტანოს ცხებულმა მღვდელმა მოზვერის სისხლი საკრებულო კარავში, და დააწოს მღვდელმა თითი სისხლში და შვიდგზის მოაპკუროს უფლის წინაშე, ფარდის წინ, სისხლი წაუსვას საკმევლის საკურთხევლის რქებს, რომელიც საკრებულო კარავშია უფლის წინაშეა, და მთელი დანარჩენი სისხლი დაასხას სრულადდასაწველის საკურთხევლის ძირას, რომელიც საკრებულო კარვის შესასვლელთანაა. მთელი ქონი ამოაცალოს მას და დააკმიოს საკურთხეველზე; ამ მოზვერსაც იგივე გაუკეთონ, რასაც უკეთებენ ცოდვის გამოსასყიდ მოზვერს; და შენდობას გამოითხოვს მღვდელი და მიეტევებათ მათ. და გაიტანონ მათ მოზვერი ბანაკს გარეთ და დაწვან ისე, როგორც დაწვეს პირველი მოზვერი. ეს კრებულის ცოდვის მსხვერპლია. თუ მთავარი შესცოდავს უნებლიეთ და რაიმეს შეცდომით გააკეთებს უფლის, თავისი ღმერთის, მცნებათა დარღვევით, და ჩაიდენს რაიმეს, რაც აკრძალულია და დანაშაულია, ან მერე მიხვდება, რაც ჩაიდინა, მიიყვანოს თავისი მსხვერპლი – უხინჯო ვაცი, დაადოს ხელი ვაცს თავზე, და დაკლას იმ ადგილას, სადაც კლავენ სრულადდასაწველს უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლი არის ის. აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლი, თითი დააწოს და სცხოს სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს, დანარჩენი სისხლი დაასხას სრულადდასაწველის საკურთხევლის ძირას. მთელი მისი ქონი დააკმიოს საკურთხეველზე, როგორც სამშვიდობო მსხვერპლის ქონი, და შენდობას გამოითხოვს მღვდელი მისი ცოდვისათვის და ეპატიება მას. თუ ხალხიდან ვინმე ჩაიდენს უნებლიე ცოდვას და ამით უფლის რომელიმე მცნებას დაარღვევს, და იქმს რაიმე აკრძალულს, და დამნაშავე გახდება, ან, როდესაც მიხვდება თავის ცოდვას, რომლითაც შესცოდა, მიიყვანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უხინჯო დედალი თხა, თავისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, დაადოს ხელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს თავზე, და დაკლას ეს მსხვერპლი იმ ადგილას, სადაც სრულადდასაწველი მსხვერპლი იკვლება. აიღოს მღვდელმა მისი სისხლი თითით და წაუსვას სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს; და მთელი მისი დანარჩენი სისხლი დაასხას საკურთხევლის ძირას. მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთება ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა საკურთხეველზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას. თუ ცხვრის ფარიდან მიიყვანს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს, უხინჯო დედა ცხვარი იყოს. დაადოს ხელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს თავზე და დაკლას იგი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად იმ ადგილას, სადაც კლავენ სრულადდასაწველს. აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლის სისხლი თითით და წაუსვას სრულადდასაწველის საკურთხევლის რქებს, ხოლო მთელი დარჩენილი სისხლი დააცხას საკურთხევლის ძირას. მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთება სამშვიდობო მსხვერპლის ცხვრიდან, და დააკმიოს მღვდელმა ის უფლის საკურთხეველზე საცეცხლო მსხვერპლად; და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა, და მიეტევება მას. თუ ვინმემ მომხდარი დანაშაული იხილა ან გაიგონა, ან იცის და არ აცხადებს, საჯაროდ სათქმელი ფიცის შიშით, იგი იტვირთავს ცოდვას; თუ კაცი თავისდა უნებლიეთ შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს, ან უწმიდური მხეცის ან საქონლის ლეშს, ან უწმიდური ქვემძრომის მძორს, მაინც გაუწმიდურებულია და დამნაშავე; ან თუ ის თავისდა უნებურად შეეხება ადამიანის უწმიდურებას, რა უწმიდურებაც არ უნდა იყოს, რითაც იბილწებიან ადამიანები, და შემდეგ გაიგებს ამას, დამნაშავეა იგი. ან თუ ვისმე დაუფიქრებლად წასცდება ბაგიდან ფიცი, რომ სიკეთეს იზამს ან სიავეს (რაც არ უნდა წარმოთქვას ადამიანმა ფიცით დაუფიქრებლად) და ეს თავიდან გააზრებული არ ექნება მას, მაგრამ მერე მიხვდება, იგი დამნაშავეა ამ ფიცისთვის. და თუ დამნაშავეა ამათგან ერთ-ერთში, უნდა აღიაროს, რა შესცოდა, და შესწიროს თავისი ცოდვის მსხვერპლი უფალს, დედალი ცხვარი ან თხა ცოდვისათვის, და გამოითხოვს მღვდელი მისი ცოდვის შენდობას. და თუ ხელი არ მიუწვდება ცხვარზე, მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე. ერთი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, მეორე სრულადდასაწველად. მიიყვანოს ისინი მღვდელთან და მან შესწიროს ჯერ ცოდვის მსხვერპლი, და გადაუტეხოს კისერი კეფასთან, მაგრამ არ მოაცილოს თავი, მიაპკუროს ამ ცოდვის მსხვერპლის სისხლი საკურთხევლის კედელს, და დანარჩენი სისხლი დაწრიტოს საკურთხევლის ძირას; ეს არის ცოდვის მსხვერპლი. და მეორე შესწიროს სრულადდასაწველად, წესისამებრ, და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი ცოდვისათვის, რითაც შესცოდა, და მიეტევება მას. და თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე ან მტრედის ორ მართვეზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ერთი მეათედი ეფა გამტკიცული პურის ფქვილი, ზეთი არ დაასხას ზედ და ნუ დააყრის საკმეველს, რადგან იგი ცოდვის მსხვერპლია. მიუტანოს იგი მღვდელს, და აიღოს მისგან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვრო მსხვერპლად, და დააკმიოს სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად; ეს არის ცოდვის მსხვერპლი; და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი ცოდვისათვის, რითაც შესცოდა, და შეენდობა მას; და დანარჩენი ეკუთვნის მღვდელს, როგორც პურეული ძღვენი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს და უნებლიეთ შესცოდავს უფლის სიწმიდეთა წინააღმდეგ, მიიყვანოს თავისი დანაშაულის მსხვერპლად უფლისათვის უხინჯო ვერძი, შენი შეფასებით, რაც ეღირება საწმიდრის ვერცხლის შეკელით; ეს არის დანაშაულის მსხვერპლი. და რაც შესცოდა იმ სიწმიდეს, გადაიხადოს, და მეხუთედიც დაამატოს და მისცეს იგი მღვდელს, და მღვდელი გამოითხოვს შენდობას მისი დანაშაულისთვის ვერძის მსხვერპლით, და მიეტევება მას. და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენს რაიმეს უფლის მცნებების წინააღმდეგ, რის გაკეთებაც არ შეიძლებოდა, და ეს რომ არც სცოდნოდა, იგი მაინც დამნაშავეა და თავის ცოდვას იტვირთავს, მიუყვანოს მღვდელს დანაშაულის მსხვერპლად უხინჯო ვერძი, შენი შეფასებით, და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი შეცდომისათვის, რომელიც შესცოდა უცოდინრად, და ეპატიება მას. ეს არის მსხვერპლი დანაშაულისა, რა დანაშაულიც ჩაიდინა უფლის წინაშე. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: თუ ვინმე შესცოდავს და დანაშაულს ჩაიდენს უფლის წინაშე იმით, რომ უარს ეტყვის თავის მოყვასს შესანახად მიბარებულ ან გირაოდ მიცემულ ნივთზე, ან რაიმეს გამოსძალავს და წაართმევს თავის მოყვასს, ან თუ იპოვის მის დაკარგულს, დამალავს და ცრუდ დაიფიცავს ისეთ რამეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სცოდავს; თუ ასე შესცოდავს და დამნაშავე გახდება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა, ან გამოძალული, რაც გამოსძალა, ან მიბარებული, რაც მიაბარეს, ან დაკარგული, რაც იპოვა; ან სხვა ყველაფერი, რაზეც ცრუდ დაიფიცა, უნდა მთლიანად დააბრუნოს და მისი მეხუთედიც დაამატოს, და დანაშაულის მსხვერპლის შეწირვის დღეს იმას მისცეს, ვისაც ეკუთვნის; და თავისი დანაშაულის მსხვერპლად უნდა მიიყვანოს მღვდელთან უფლისათვის შენი შეფასებით უხინჯო ვერძი დანაშაულის მსხვერპლად. და გამოითხოვს მღვდელი მისთვის შენდობას უფლის წინაშე, და მიეტევება მას, რაც ჩაიდინა და რითაც დადანაშაულდა. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: ამცნე აარონს და მის ძეთ: ესაა წესი სრულადდასაწველისა: სრულადდასაწველი იყოს საკურთხევლის კოცონზე მთელ ღამეს, დილამდე, და საკურთხევლის ცეცხლი გიზგიზებდეს მასზე; და შეიმოსოს მღვდელმა სელის სამოსელი და შიშველ ტანზე სელისავე ქვედა საცვალი ჩაიცვას, და აიღოს ნაცარი, რაც სრულადდასაწველისგან დარჩა საკურთხეველზე, და დაყაროს იგი საკურთხეველთან. და გაიხადოს თავისი შესამოსელი და სხვა სამოსი ჩაიცვას, და გაიტანოს ნაცარი ბანაკს გარეთ, წმიდა ადგილზე. ცეცხლი საკურთხეველზე გიზგიზებდეს, არ ჩაქრეს. და მოუკიდოს მასზე მღვდელმა შეშებს დილაობით და ზედ დააწყოს სრულადდასაწველი და კვამლად აქციოს მასზე სამშვიდობო მსხვერპლი, და მასზე დააკმიოს სამშვიდობო მსხვერპლის ქონი; ცეცხლი მუდამ გიზგიზებდეს საკურთხეველზე, არ ჩაქრეს. აი წესი პურეული ძღვენისა: უფლის წინაშე მიიტანონ იგი აარონის ძეებმა საკურთხეველზე; და აიღოს მღვდელმა მუჭით პურეულის შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი თავისი ზეთით და საკმევლით, და დააკმიოს საკურთხეველზე: ეს არის კეთილსურნელება, სამახსოვროდ უფლის წინაშე; მისი დანარჩენი აარონმა და მისმა ძეებმა შეჭამონ; ხმიადი წმიდა ადგილას უნდა ჭამონ, საკრებულო კარვის ეზოში ჭამონ; არ გამოაცხონ საფუარით. ეს მივეცი მათ წილად ჩემი საცეცხლო მსხვერპლებიდან. უწმიდესია ის, ისევე როგორც ცოდვის მსხვერპლი და დანაშაულის მსხვერპლი. აარონის ძეთაგან ყოველმა მამრმა ჭამოს ის. ეს იყოს თქვენი მოდგმის საუკუნო არჩივი თაობიდან თაობამდე, უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყოველი, რომელიც მას შეეხება, განიწმიდება. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: ესა არის აარონისა და მის ძეთა მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს: მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის და ნახევარი საღამოსთვის. ტაფაზე ზეთში უნდა იყოს მომზადებული; კარგად გამომცხვარი უნდა მიიტანო, და ნაჭრებად დამტვრეული უნდა შესწირე იგი უფლისთვის კეთილსურნელებად. და მღვდელმა, აარონის ძეთაგან, აარონის მემკვიდრედ ცხებულმა, უნდა გააკეთოს ეს. ეს უფლისგან მოცემული საუკუნო წესია. მთლიანად უნდა დაიწვას ის. მღვდლისგან შეწირული ყოველი პურეული ძღვენი მთლიანად უნდა დაიწვას, არ უნდა შეიჭამოს. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი აარონსა და მის ძეებს: ესაა წესი ცოდვის მსხვერპლისა: იმ ადგილას, სადაც იკვლება სრულადდასაწველი, დაიკლას ცოდვის მსხვერპლიც უფლის წინაშე. უწმიდესია ის. მღვდელმა, რომელმაც ცოდვის მსხვერპლი შესწირა, უნდა ჭამოს ის. წმიდა ადგილზე შეიჭამოს, საკრებულო კარვის ეზოში. ყველა, ვინც იმ ხორცს შეეხება, განიწმიდება. და ვის სამოსელსაც მიეპკურება მისი სისხლი, წმიდა ადგილზე უნდა გარეცხოს. თიხის ჭურჭელი, რომელშიც ის მოიხარშა, უნდა დაიმსხვრეს; და თუ ბრინჯაოს ჭურჭელში მოიხარშა, მაშინ ის უნდა გამოირეცხოს და წყალი გამოევლოს. ყოველ მამრს მღვდლის ოჯახში შეუძლია ჭამოს ის. უწმიდესია ის უფლისათვის. და ყოველი ცოდვის მსხვერპლი, რომლის სისხლიც საკრებულო კარავში შეაქვთ, საწმიდარში შენდობის გამოსათხოვრად; ის არ უნდა შეიჭამოს; ცეცხლზე უნდა დაიწვას. ეს არის წესი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლისა: უწმიდესია ის. იმ ადგილას უნდა დაიკლას მსხვერპლი, სადაც სრულადდასაწველის მსხვერპლი იკვლება, და მისი სისხლი უნდა მოეპკუროს საკურთხევლის ირგვლივ. მისი ქონი მთლიანად უნდა იქნეს შეწირული: მთელი დუმა და მუცლის ქონი. ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, ქონი, რომელიც ბარკლების კუნთებზეა, და ღვიძლის ყური, თირკმელებიანად უნდა მოიკვეთოს. დააკმიოს ის მღვდელმა საკურთხეველზე საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი. ყოველმა მამრმა მღვდელთა მოდგმიდან უნდა ჭამოს ის. ის უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე. უწმიდესია ის. როგორც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს, ისე დანაშაულის მსხვერპლს ერთი წესი აქვს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისით აღასრულებს განწმედას. და თუ მღვდელი სწირავს ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის. და ყოველგვარი პურეულის ძღვენი, რაც ღუმელში ან ქოთანში, ან ტაფაზე ცხვება, მის მიმტან მღვდელს ეკუთვნის. ხოლო პურეულის ყოველი სხვა ძღვენი, ზეთში მოზელილი თუ მშრალი, აარონის ყველა ძეს, თანაბრად ეკუთვნის. ხოლო ესაა წესი სამშვიდობო მსხვერპლისა, რომელსაც სწირავენ უფალს: თუ ვინმეს სამადლობელოდ მოაქვს ის, სამადლობელო მსხვერპლის გარდა უნდა მოიტანოს უფუარი კვერები, ზეთში მოზელილი, და უფუარი ნამცხვრები ზეთწასმული, და ზეთში მოზელილი გამტკიცული პურის ფქვილის ნამცხვრები. მადლობის სამშვიდობო მსხვერპლთან ერთად ნამცხვრებს გარდა თავის შესაწირავად შესწიროს საფუარიანი პურის ნამცხვრებიც. შესწიროს ყოველი მსხვერპლიდან ერთი ნაწილი, როგორც უფლისადმი აღსამართავი; ის ეკუთვნის მღვდელს, რომელიც აპკურებს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს. და ხორცი სამადლობელო და სამშვიდობო მსხვერპლისა შეიჭამოს მისი შეწირვის დღესვე, მისგან არ დარჩეს არაფერი დილამდე. ხოლო თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს ის; და თუ რამ დარჩება მისგან, მეორე დღესაც შეიძლება მისი ჭამა. და თუ მაინც კიდევ დარჩება მსხვერპლის ხორცი, მესამე დღეს ცეცხლში უნდა დაიწვას. თუ მესამე დღეს შეჭამენ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, ეს არ იქნება კეთილსასურველი, და მის შემწირველს არაფერში ჩაეთვლება იგი: სისაძაგლეა იგი და მისი მჭამელი, ცოდვას დაიდებს. ხორცი, რომელიც მოხვდება რაიმე უწმიდურს, არ უნდა იჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას. ყოველმა სუფთამ შეიძლება ჭამოს სამსხვერპლო ხორცი. ხოლო ვინც შებილწულია და ჭამს სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, რომელიც უფალს ეკუთვნის, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან. და ვინც შეეხება რაიმე უწმიდურს – ადამიანურ სიბილწეს ან უწმიდურ პირუტყვს, ან რაიმე უწმიდურ ქვემძრომს, და შეჭამს უფლის კუთვნილ სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი ისრაელიანთ: არ ჭამოთ არავითარი ქონი ხარისა, ცხვრისა და თხისა. ქონი მძორისა და ნამხეცავისა შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა საქმეში. ჭამით კი არ ჭამოთ იგი. ყოველი მჭამელი იმ პირუტყვის ქონისა, რომელიც უფლის საცეცხლო მსხვერპლად შეიწირება, მოისპობა თავისი ხალხისაგან. არ ჭამოთ თქვენს სამყოფებში არავითარი სისხლი, არც ფრინველთა და არც პირუტყვთა. ყოველი, ვინც შეჭამს რაიმე სისხლს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი ისრაელის ძეთ: ვისაც თავისი სამშვიდობო მსხვერპლის უფლისათვის შეწირვა სურს, თვითონ უნდა მიართვას, რაც უფალს ეკუთვნის სამშვიდობო მსხვერპლიდან. თავისი საკუთარი ხელით მიართვას საცეცხლო მსხვერპლი უფალს; ქონი მკერდითურთ მიართვას, რათა მღვდელმა შეარხიოს მკერდი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. დააკმევს მღვდელი ქონს საკურთხეველზე და იყოს მკერდი აარონისა და მის ძეთათვის. მარჯვენა ბეჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღსამართავი მსხვერპლი თქვენი სამშვიდობო მსხვერპლიდან. ვისაც აარონიანთაგან საკრებულო კარავში შეაქვს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლი და ქონი, მისი ულუფა არის მარჯვენა ბეჭი. რადგან მე ისრაელიანთაგან ვიღებ სამშვიდობო მსხვერპლის შესარხეველ მკერდსა და აღსამართავ ბეჭს და ვაძლევ აარონ მღვდელსა და მის მოდგმას არჩივად, ეს იქნება საუკუნოდ მათი წილი ისრაელიანთაგან. ესაა აარონის წილი და მისი მოდგმის წილი უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან იმ დღიდან, რაც ისინი წარდგნენ უფლის წინაშე მღვდელობისათვის, რომელიც დააწესა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ეს არის წესი საუკუნოდ თაობიდან თაობამდე. ესა არის წესი სრულადდასაწველისა, პურეული ძღვენისა, ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის მსხვერპლისა, ხელავსებისა და სამშვიდობო მსხვერპლისა, რომელიც მისცა უფალმა მოსეს სინაის მთაზე, როცა უბრძანა ისრაელის ძეთ სინაის უდაბნოში თავიანთ მსხვერპლთა შეწირვა უფლისათვის. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: აიყვანე აარონი და მისი ძენი მასთან ერთად, და შესამოსელი და საცხებელი ზეთი, და ცოდვის მსხვერპლის მოზვერი, და ორი ვერძი, და კალათი უფუარი პურით. და შეკრიბე მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა, და შეიკრიბა თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და უთხრა მოსემ თემს: „ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა შესასრულებლად.“ და მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ძენი, და განბანა ისინი წყლით და შემოსა აარონი სელის კვართით, შემოარტყა სარტყელი და ჩააცვა ზედა სამოსელი, და გადააცვა ეფოდი, და შემოარტყა ეფოდის სარტყელი და იმით მიამაგრა ეფოდი. დაადო მას სამკერდული, და დაამაგრა ურიმი და თუმიმი. და დაადგა თავზე კიდარი, და კიდარზე წინა მხრიდან მიუმაგრა ოქროს ფირფიტა – სიწმიდის დიადემა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სცხო კარავს და ყოველივეს, რაც მასში იყო, და განწმიდა ის. და მიაპკურა მისგან საკურთხეველს შვიდჯერ და სცხო საკურთხეველსა და მის ყოველ ჭურჭელს, და მის საბანელს, და მის კვარცხლბეკს განსაწმედად. დაასხა აარონს საცხებელი ზეთი თავზე, და სცხო მას განსაწმედად. და მოიყვანა მოსემ აარონის ძენი და შემოსა ისინი კვართით, და შემოარტყა მათ სარტყლები, და დაადგა მათ თავსაბურავები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მოიყვანა მოზვერი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და დააწყვეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ცოდვის გამოსასყიდ მოზვერს თავზე. და დაკლა ის. და აიღო მოსემ სისხლი და წაუსვა საკურთხევლის რქებს ირგვლივ თითით, და წარხოცა ცოდვა სამსხვერპლოდან, და სისხლი დაღვარა საკურთხევლის საძირკველთან და განწმიდა იგი, რათა შეენდო მისთვის. და აიღო მოსემ მთელი მუცლის ქონი, და ღვიძლის ყური, და ორივე თირკმელი მათი ქონითურთ, და დააკმია საკურთხეველზე. და მოზვერი და მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი ნეხვი დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მოიყვანა ვერძი სრულადდასაწველად და დააწყვეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკლა მოსემ და მოაპკურა სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. ვერძი ასო-ასო აქნა, და დააკმია თავი და ნაჭრები და ქონი. და შიგნეული და ფეხები გარეცხა წყლით. და დაწვა მოსემ მთელი ვერძი საკურთხეველზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელებაა უფლისათვის, იგი საცეცხლო მსხვერპლია, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და მოჰგვარა მეორე ვერძი, ხელავსების ვერძი, და დააწყვეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. და დაკლა ის. და აიღო მოსემ მისი სისხლი და სცხო აარონს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელის ცერზე, და მარჯვენა ფეხის ცერზე. და მოიყვანა აარონის ძენი, და სცხო მოსემ სისხლი მათ მარჯვენა ფეხის ცერზე, და მოაპკურა მოსემ ეს სისხლი საკურთხევლის ირგვლივ. და აიღო ქონი და დუმა, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და ღვიძლის ყური და ორივე თირკმელი მათი ქონითურთ, და მარჯვენა ბეჭი. უფუარი პურების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იდგა, აიღო მან ერთი უფუარი პურის კვერი და ერთი ზეთიანი პურის კვერი, და ერთი ნამცხვარი, და დაადო ქონს და მარჯვენა ბეჭს. დაუწყო ეს ყველაფერი აარონსა და მის ძეებს ხელებზე და შეარხია ისინი შერხევით უფლის წინაშე. და აიღო მოსემ ეს მათი ხელიდან და დააკმია საკურთხეველზე სრულადდასაწველითურთ. ეს ხელავსების მსხვერპლია კეთილსურნელება, ეს საცეცხლო მსხვერპლია უფლისათვის. აიღო მოსემ მკერდი და მიიტანა და შეარხია იგი უფლის წინაშე. ხელავსების ვერძიდან იყო მოსესთვის ულუფა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სისხლი, რომელიც საკურთხეველზე იყო, და მიაპკურა აარონსა, და მის სამოსელს, და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განწმიდა აარონი, მისი სამოსელი და მისი ძენი და მის ძეთა სამოსელი მასთან ერთად. და უთხრა მოსემ აარონს და მის ძეთ: „მოხარშეთ ეს ხორცი საკრებულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ პურის მიტანებით, რომელიც ხელავსების კალათშია, როგორც მე მებრძანა, რომ აარონმა და მისმა ძეებმა ჭამონო ის. ხოლო ხორცისა და პურის ნარჩენები ცეცხლში დაწვით. საკრებულო კარვის შესასვლელს არ გაშორდეთ შვიდ დღეს, ვიდრე არ შესრულდება თქვენი ხელავსების დღეები. რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი ხელავსება. როგორც დღეს შესრულდა, ასეთი იყო უფლის ბრძანება თქვენს განსაწმედად. საკრებულო კარვის შესასვლელთან დარჩით შვიდი დღე და ღამე, და აღასრულეთ უფლის წესი, რათა არ დაიხოცნეთ; რადგან ასე მამცნო უფალმა.“ და აღასრულეს აარონმა და მისმა ძეებმა ყოველივე, რაც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით. და მერვე დღეს მოუხმო მოსემ აარონს და მის ძეებს და ისრაელის უხუცესებს და უთხრა აარონს: „მოიყვანე მოზვერი შენი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და ვერძი – სრულადდასაწველად, ორივე საღი, და შესწირე უფლის წინაშე. და ისრაელის ძეთ უთხარი: ‘მოიყვანეთ თიკანი ცოდვის მსხვერპლად და მოზვერი და კრავი წელგამოვლილები, ორივე უხინჯო, სრულადდასაწველად. მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რათა აღასრულო მსხვერპლშეწირვა უფლის წინაშე, და პურეულის ძღვენი, ზეთში მოზელილი, რადგან დღეს უფალი გამოგეცხადებათ თქვენ.’“ და მიიტანეს, რაც ბრძანა მოსემ, საკრებულო კარვის წინ, და მიეახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე. და თქვა მოსემ: „ესაა ის, რაც ბრძანა უფალმა, და გამოგეცხადებათ თქვენ დიდება უფლისა.“ და უთხრა მოსემ აარონს: „მიუახლოვდი საკურთხეველს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი, და შენი სრულადდასაწველი, და გამოითხოვე შენდობა შენთვის და შენი ხალხისთვის; და მიიტანე ხალხის შესაწირავი და გამოითხოვე შენდობა მათთვის, როგორც ბრძანა უფალმა.“ და მიუახლოვდა აარონი საკურთხეველს და დაკლა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. და მიუტანეს აარონს მისმა ვაჟებმა სისხლი და დააწო მან თითი და წაუსვა საკურთხევლის რქებს, და დანარჩენი სისხლი დაღვარა საკურთხევლის ძირას. ცოდვის მსხვერპლის ქონი და თირკმელები და ღვიძლის ყური დააკმია საკურთხეველზე, როგორც ამცნო უფალმა მოსეს. ხოლო ხორცი და ტყავი ცეცხლზე დაწვა ბანაკს გარეთ. და დაკლა აარონმა სრულადდასაწველი და მიართვეს მას აარონის ძეებმა სისხლი, და მან მოაპკურა იგი საკურთხევლის ირგვლივ. და მიართვეს მას სრულადდასაწველი ასო-ასო აქნილი, მასთან ერთად თავიც, და დააკმია მან საკურთხეველზე. გარეცხა შიგნეული და ფეხები და საკურთხეველზე დაწვა სრულადდასაწველთან ერთად. შესწირა ხალხის შესაწირავი: მოიყვანა თხა ერის ცოდვის გამოსასყიდად და დაკლა. ისიც შესწირა ცოდვისათვის, როგორც წინა. და მიიტანა სრულადდასაწველი და აღასრულა წესისამებრ. და მიიტანა პურეულის ძღვენი და აივსო პეშვი, და დააკმია საკურთხეველზე დილის სრულადდასაწველის შემდეგ. და დაკლა მოზვერი და ვერძი როგორც ხალხის სამშვიდობო მსხვერპლი. მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი და მოაპკურა იგი საკურთხევლის ირგვლივ; და მოართვეს მოზვრის ქონი და ვერძის დუმა და მუცლის ქონი, თირკმელები და ღვიძლის ყური. დაადეს ქონი მკერდზე, და დააკმია მან ქონი საკურთხეველზე. და მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა უფლის წინაშე შერხევით, როგორც უბრძანა მოსემ. და გაიწოდა აარონმა ხელები ხალხისკენ და აკურთხა ისინი, და ჩამოვიდა ცოდვის მსხვერპლის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვის შემდეგ. და შევიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარავში. და გამოვიდნენ, და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს. და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა საკურთხეველზე სრულადდასაწველი და ქონი; და იხილა მთელმა ხალხმა, და სიხარულის ყიჟინა დასცეს და პირქვე დაემხენ. და აიღეს აარონის ძეებმა: ნადაბმა და აბიჰუმ, თავ-თავისი საცეცხლურები, შიგ ჩაყარეს ცეცხლი და ზედ დააყარეს საკმეველი, და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ უბრძანებია მათ მათთვის. და გამოვარდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი, და დაიხოცნენ ისინი უფლის წინაშე. უთხრა მოსემ აარონს: „ეს არის ის, რაც თქვა უფალმა: ‘ჩემთან ახლოს მყოფთა მეშვეობით გამოვავლენ ჩემს სიწმიდეს და მთელი ხალხის წინაშე განვდიდდები.’“ და დუმდა აარონი. და მოუხმო მოსემ მიშაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის ძეთ, და უთხრა: „მიდით და გაიტანეთ თქვენი ძმები საწმიდრიდან ბანაკს გარეთ.“ მივიდნენ და გაიტანეს ისინი მათი სელის კვართებიანად ბანაკს გარეთ, როგორც მოსემ ბრძანა. და უთხრა მოსემ აარონსა და მის ძეთ: ელეაზარსა და ითამარს: „თმებს ნუ გაიგლეჯთ და სამოსელს ნუ შემოიხევთ, რათა არ დაიხოცოთ და რისხვა არ დაატყდეს მთელ თემს. მაგრამ თქვენს ძმებს, ისრაელის მთელ სახლს, შეუძლია იტიროს დამწვრები, რომლებიც უფალმა დაწვა. საკრებულო კარვის შესასვლელს არ მოსცილდეთ, რათა არ დაიხოცნეთ, რადგან უფლის საცხებელი ზეთით ხართ ცხებულნი.“ და მოიქცნენ ისინი მოსეს სიტყვისამებრ. და ელაპარაკებოდა უფალი აარონს და უთხრა: ღვინოსა და თაფლუჭს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი, როდესაც საკრებულო კარავში უნდა შეხვიდეთ, რათა არ დაიხოცოთ. ეს არის თქვენი საუკუნო წესი თაობიდან თაობამდე, რათა განასხვაოთ წმიდა უწმიდურისაგან უსუფთაო და სუფთა. და ასწავლოთ ისრაელიანთ ყოველი წესი, რომელიც უთხრა მათ უფალმა მოსეს მეშვეობით. უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის დარჩენილ შვილებს: „აიღეთ პურეული ძღვენი, რომელიც დარჩა უფლის საცეცხლო შესაწირავიდან და ჭამეთ უფუარი საკურთხეველთან, რადგან უწმიდესია ის. ჭამეთ ის წმიდა ადგილზე, რადგან შენი წილი და შენს ძეთა წილია ეს უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან, რადგან ასე მებრძანა მე. და მკერდი შესარხეველი, და ბეჭი აღსამართავი ჭამეთ სუფთა ადგილზე შენ, შენმა ძეებმა და შენმა ასულებმა შენთან ერთად. რადგან შენს წილად და შენი შვილების წილადაა მოცემული ეს ისრაელიანთა სამშვიდობო მსხვერპლთაგან. აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი უნდა მიიტანონ ქონის საცეცხლო მსხვერპლთან ერთად უფლის წინაშე შესარხევად, და იყოს ეს მარადიულ წილად შენთვის და შენს ძეთათვის შენთან ერთად საუკუნო წესად, როგორც ბრძანა უფალმა.“ და ცოდვის გამოსასყიდ ვაცს ეძებდა მოსე, მაგრამ იგი დამწვარი იყო. და განრისხდა იგი ელეაზარსა და ითამარზე, აარონის დარჩენილ ძეებზე: „რად არ ჭამეთ ცოდვის მსხვერპლი წმიდა ადგილზე? რადგან უწმიდესია იგი და მოგეცათ თქვენ, რათა წარიხოცოს თემის ცოდვები, მათ განსაწმედად უფლის წინაშე. აჰა, მისი სისხლი არ იქნა შეტანილი საწმიდარში. თქვენ უნდა გეჭამათ ის საწმიდარში, როგორც მე ვბრძანე.“ და უთხრა აარონმა მოსეს: „აჰა, დღეს შესწირეს მათ თავიანთი ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი უფლის წინაშე, და მაინც ეს შემემთხვა მე! თუ შევჭამ მე ცოდვის მსხვერპლს დღეს, ეს სათნო იქნება უფლის თვალში?“ და მოისმინა მოსემ და მოიწონა. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ: უთხარით ისრაელიანთ: აი, ეს ცხოველები გეჭმევათ მიწის ყოველ პირუტყვთაგან: ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი და იცოხნის, ჭამეთ. ხოლო არ ჭამოთ იმათგან, რომელნიც იცოხნიან და არა აქვთ გაყოფილი ჩლიქი. აქლემი, რადგან იგი იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის; კლდის ბოცვერი, რადგან იგი იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის; კურდღელი, რადგან იგი იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის; ღორი, რადგან მას აქვს გაყოფილი ჩლიქი, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის. მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდური არიან ისინი თქვენთვის. აი რა გეჭმევათ წყალში მცხოვრებთაგან: ყოველი, რომელსაც აქვს ფარფლი და ქერცლი წყალში, ზღვებში და მდინარეებში, შეგიძლიათ ჭამოთ. ხოლო ყოველი, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი ზღვებში და მდინარეებში, წყლის ყოველ ქვეწარმავალთაგან, ყოველ ცოცხალ არსებათაგან, რომელნიც წყალში არიან, უწმიდურია თქვენთვის. საძაგელნი უნდა იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ. ყოველი, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი წყალში, უსურმაგია თქვენთვის. ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ იჭმევა, საძაგელნი არიან ისინი: ორბი, შევარდენი და სვავი, ძერა და შევარდენი ყველა მისნაირი. ყოველი ყორანი ყველა მისნაირი, სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და ყველა მისნაირი, ბუკნაჭო, თევზიყლაპია და ბუკიოტი, ჭოტი, ვარხვი და სვავი, ყარყატი, ყანჩა ყველა მათნაირით, ოფოფი და ღამურა. ყოველი მწერი – მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე უსურმაგია თქვენთვის. ხოლო გეჭმევათ ყოველი მფრინავი და ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც აქვს წვივები მიწაზე სახტომად. ესენი გეჭმევათ ამათგან: კალია და ყველა მისნაირი, სოლამი და ყველა მისნაირი, ხარგოლი და ყველა მისნაირი, და ხაგაბი ყველა მისნაირით. ხოლო ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, უსურმაგია თქვენთვის. მათგან გაუწმიდურდებით. ყოველი, ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ვისაც რაიმე მოედება მათი მძორიდან, ყველამ გაირეცხოს სამოსი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი ჩლიქი აქვს, და არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის. ყველა, ვინც შეეხება მათ, გაუწმიდურდება. ყოველი თათებზე მავალი ცხოველი, უწმიდურია თქვენთვის. ვინც კი შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ვისაც რამე მოედება მათი მძორიდან, სამოსი გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. გაუწმიდურებული არიან ისინი თქვენთვის. აი, რა არის უწმიდური თქვენთვის მიწაზე მცოცავ არსებათაგან: თხუნელა, თაგვი და ყოველგვარი ხვლიკი, ანაკა, მსვენლომი, ძლოკვი, გეკონი და ქამელეონი, – ესენი უწმიდურები არიან თქვენთვის ყველა ქვეწარმავალთაგან. ყოველი, რომელიც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. და ყველაფერი, რასაც მოხვდება მათი მძორი, გაუწმიდურდება. ყოველი ხის ჭურჭელი ან ტანსაცმელი, ან ტყავი, ან ტომარა, და ყოველი საგანი, რომელიც გამოიყენება საქმეში, წყალში უნდა ჩაიდოს, და უწმიდური იქნება საღამომდე, ხოლო შემდეგ სუფთა იქნება. და ყოველი ჭურჭელი თიხისა, რომელშიც ჩავარდება რომელიმე მათგანი, ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ. ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმება, რომელშიც შეაღწია წყალმა ასეთი ჭურჭლიდან, გაუწმიდურდება. და ასევე ყოველი სასმელი, რომელიც იყო ყოველ ასეთ ჭურჭელში. ყველაფერი, რაზეც დაეცემა რაიმე მათი მძორისგან, გაუწმიდურდება. თონე და ქურა უნდა ჩაინგრეს: ისინი გაუწმიდურებული არიან და გაუწმიდურებული იქნებიან თქვენთვისაც. მხოლოდ წყარო და ჭა – წყალსატევი – დარჩება სუფთა. ხოლო ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურდება. თუ მოხვდა რაიმე მათი მძორისგან რომელიმე სათესლე მარცვალს, რომელიც ითესება, ის სუფთა დარჩება. მაგრამ თუ თესლს უკვე წყალი აქვს დასხმული და რაიმე დაეცემა მძორისაგან, გაუწმიდურებული იქნება თქვენთვის. თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ, და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე. მისი ლეშის მჭამელმა უნდა გაირეცხოს სამოსი და უწმიდური იქნება საღამომდე; და რომელმაც გაათრიოს მისი მძორი, უნდა გაირეცხოს სამოსი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყველაფერი, რაც კი მიწაზე დაძვრება, უსურმაგია, არ გეჭმევათ. არანაირი მუცელზე მხოხავი, არანაირი მრავალფეხა, არანაირი მიწაზე მძრომი არ გეჭმევათ, რადგან უსურმაგები არიან. ნუ წაიბილწავთ თავს ნურცერთი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით, და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან. რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, და ნუ შეიბილწავთ თავს ნურავითარი ქვეწარმავლით, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე. რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენი ღმერთი. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე. ესაა წესი პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომელნიც წყალში იძვრიან, და ყოველი არსებისა, რომელნიც მიწაზე ქვემძრომობენ, რათა სხვაობა იყოს უწმიდურსა და წმიდას შორის, და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება იჭამოს, და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა იჭამოს. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი ისრაელის ძეთ: თუ დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია ქალი; როგორც წიდოვნების დროს, ისე უწმიდურდება. მერვე დღეს წინადაცვითონ ბიჭს ჩუჩის ხორცი. 33 დღე იჯდეს ქალი თავისი სისხლის განწმედისათვის; არაფერს წმიდას არ შეეხოს და საწმიდარში არ მივიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღეები. თუ გოგოს შობს, მაშინ იგი უწმიდურია ორ კვირას, ისევე, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, და 66 დღე იჯდეს თავისი სისხლის განწმედისათვის. როცა დასრულდება მისი განწმედის დღეები ძისა ან ასულისათვის, მოიყვანოს წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად და მართვე მტრედისა ან გვრიტი ცოდვის შესაწირად საკრებულო კარვის შესასვლელთან, მღვდელთან; მღვდელი შესწირავს ამას უფლის წინაშე, გამოითხოვს მისთვის შენდობას და განიწმიდება ქალი წიდოვნებისგან. ეს არის ვაჟისა თუ გოგოს შობის წესი. თუ ქალს არ მიუწვდება ხელი კრავზე, მაშინ აიღოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე: ერთი სრულადდასაწველად, ხოლო მეორე ცოდვის მსხვერპლად; და შეუნდობს მას მღვდელი, და გასუფთავდება იგი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: თუ ადამიანს კანზე გამოაჩნდება სიმსივნე ან სირსველი, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა კეთროვან წყლულად, მიიყვანონ იგი მღვდელთან, აარონთან ან აარონიანთაგან ერთ-ერთ მღვდელთან. შეხედავს მღვდელი წყლულს და თუ წყლულზე თმა გათეთრებულია და წყლულის პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს წყლული კეთრისაა. ნახავს ამას მღვდელი და უწმიდურად ჩათვლის მას. თუ თეთრი ლაქაა მის კანზე და მისი პირი არაა კანში ჩაღრმავებული და არც თმაა მასზე გათეთრებული, მღვდელი განამარტოებს წყლულიანს შვიდი დღით; ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ისევეა, მაგრამ არ გავრცელებულა ტანზე, მაშინ კვლავ შვიდი დღით განამარტოოს. ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს მეორედ, და თუ წყლული ნაკლებ შეიმჩნევა და არ გავრცელებულა კანზე, მაშინ მღვდელი გამოაცხადებს მას სუფთად. სირსველია ეს. და გაირეცხოს მან სამოსი და სუფთა იქნება. და თუ სირსველი გავრცელდება კანზე მას შემდეგ, რაც მღვდელმა დაათვალიერა ის და სუფთად ჩათვალა, კვლავ უნდა ეჩვენოს მღვდელს. და თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელდა სირსველი კანზე, მაშინ მღვდელი მას უწმიდურად ჩათვლის; ეს უკვე კეთრია. თუ კეთროვანი წყლული აქვს ადამიანს, მაშინ იგი უნდა მიიყვანონ მღვდელთან. ნახავს მღვდელი და თუ სიმსივნე თეთრია და თმაც გათეთრებულია სიმსივნეზე და ხორცმეტებია სიმსივნეზე, მაშინ ეს ძველისძველი კეთრია მის კანზე და მას მღვდელი უწმიდურად ჩათვლის. არ განამარტოვებს მას, რადგან იგი უკვე უწმიდურია. და თუ კანის დაავადება აყვავებულია კანზე და ფარავს მთელ კანს – თავიდან ფეხებამდე – რის დანახვაც შეუძლია მღვდლის თვალს, და მღვდელი როცა ნახავს, რომ კეთრმა დაფარა მთელი სხეული, იგი ავადმყოფს მიიჩნევს დაავადებისაგან სუფთად, რადგან მთლად გათეთრდა; სუფთაა იგი. როცა გამოჩნდება მასზე ცოცხალი ხორცი, იგი უწმიდურია. როცა ნახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს, უწმიდურად ჩათვლის მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია; კეთრია იგი. თუ ცოცხალი ხორცი კვლავ გათეთრდა, მაშინ მივა ის მღვდელთან, შეხედავს მას მღვდელი და თუ ნახავს, რომ წყლული გათეთრებულია, მაშინ იგი სუფთად მიიჩნევს წყლულს; სუფთაა იგი. თუ ვინმეს კანზე ექნება ჩირქოვანი მუწუკი და განიკურნება, და ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე გაჩნდება თეთრი სიმსივნე ან თეთრწითელი ლაქა, გამოცხადდეს მღვდელთან. შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ ის კანშია ჩაღრმავებული, და მისი თმა გათეთრებულია, მაშინ იგი მას უწმიდურად მიიჩნევს. ეს კეთროვანი წყლულია, იგი ჩირქოვან მუწუკში აყვავდა. და თუ დაინახავს მღვდელი, რომ არაა მასზე თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ნაკლებ შესამჩნევია, მაშინ განამარტოვებს მას მღვდელი შვიდი დღით. თუ იგი მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს; წყლულია ეს. და თუ ეს ლაქა თავის ადგილზე რჩება და არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს. თუ ვინმეს კანზე აქვს სიდამწვრე და შეხორცებულ სიდამწვრეზე აღმოჩნდება თეთრწითელი ან თეთრი ლაქა, და დაინახავს მღვდელი, რომ თმა გათეთრდა ლაქაზე და მისი პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს კეთრია, ის სიდამწვრეზე აყვავებულა. მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს, იგი კეთროვანი წყლულია. და თუ მღვდელი დაინახავს, რომ არაა ლაქაზე თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ძლივს შეიმჩნევა, მღვდელი მას განამარტოებს შვიდი დღით. შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ ის მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მიიჩნევს მას მღვდელი უწმიდურად: კეთროვანი წყლულია ის. ხოლო თუ ლაქა რჩება თავის ადგილზე, არ ვრცელდება კანზე და იგი მცირედ შეიმჩნევა, მაშინ ეს სიმსივნე სიდამწვრისგანაა და მას მღვდელი სუფთად მიიჩნევს, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა. თუ მამაკაცს ან დედაკაცს ექნება წყლული თავზე ან წვერზე, ნახავს მღვდელი წყლულს და თუ მისი პირი ღრმად არის კანში და თმა მასზე მოყვითალო და თხელია, მღვდელი მას არაწმიდად მიიჩნევს: ქეცია იგი, თავის ან წვერის კეთრია. თუ მღვდელი ნახავს, რომ ქეცის წყლულის პირი კანში არ არის ჩაღრმავებული და შავი თმა არ არის მასზე, მან განამარტოოს ქეცით დაწყლულებული შვიდი დღით. და მეშვიდე დღეს ნახავს მღვდელი წყლულს და თუ არაა მასზე მოყვითალო თმა და პირი ქეცისა კანში არაა ჩაღრმავებული, გაიპარსოს. მაგრამ ქეცით დაავადებული ადგილი არ გაიპარსოს და მღვდელი განამარტოებს ქეცით დაავადებულს შვიდი დღით მეორედ. ნახავს მღვდელი ქეცს მეშვიდე დღეს და თუ ქეცი არ გავრცელებულა კანზე და მისი პირი არაა ჩაღრმავებული კანში, მაშინ მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს. გარეცხოს მან თავისი სამოსი და სუფთა იქნება. და თუ მეტად გავრცელდა ქეცი კანზე მისი გასუფთავების შემდეგ და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი მის კანზე, ნუ დაუწყებს ძებნას მოყვითალო თმას, უწმიდურია იგი. და თუ ქეცი დარჩა ხილულად და მასზე აღმოცენდა შავი თმა, ქეცი განკურნებულია. სუფთაა იგი და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს. თუ მამაკაცს ან დედაკაცს აღმოაჩნდება სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები, და დაინახავს მღვდელი მათი სხეულის კანზე თეთრ ფერმკრთალ ლაქებს, ეს არის ღია ფერის ქეცი, რომელიც აყვავდა კანზე. სუფთაა იგი. თუ ვინმეს თავზე თმა გასცვივდა, ეს სიმელოტეა. სუფთაა იგი. თუ თავის წინა ნაწილიდან მოხდა თმის გაცვენა, მაშინ მელოტია იგი, სუფთაა იგი; და თუ სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე იქნება თეთრწითელი წყლული, მაშინ ეს კეთრია, აყვავებულია მის სიმელოტეზე, ან მის თმაგაცვენილობაზე. შეხედავს მას მღვდელი, და აჰა, თუ თეთრწითელი წყლულის სიმსივნე მის სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე ისეთივეა შესახედაობით, როგორც კეთრი სხეულის კანზე, მაშინ ის კეთროვანია, უწმიდურია იგი. მღვდელმა უწმიდურად უნდა მიიჩნიოს ის. მას თავზე წყლული აქვს. რაც შეეხება კეთროვანს, რომელსაც ეს წყლული აქვს, მისი სამოსი უნდა დაიხეს, თავი გაუშიშვლდეს და ულვაშები დაიფაროს და დაიძახოს: „უწმიდური ვარ! უწმიდური ვარ!“ მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს მას, იგი უწმიდურია. უწმიდურია ის, განცალკევებით იცხოვროს თავის სადგომში ბანაკის გარეთ. და თუ სამოსზე იქნება კეთროვანი წყლული, მატყლის სამოსზე ან სელის სამოსზე, ან ქსელზე, ან სელისა, ანდა მატყლის მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, და თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსზე ან ტყავზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს წყლული კეთროვანია და უნდა აჩვენონ ის მღვდელს. ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით. ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს, და თუ გავრცელებულია წყლული სამოსზე ან მის ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს კეთრი გესლიანია. უწმიდური წყლულია იგი; დაწვას მან სამოსი, ან ქსელი, ან მისაქსელი მატყლის ან სელისა, ან რომელიმე საგანი ტყავისა, რაზეც იქნება ეს წყლული. რადგან ეს წყლული გესლიანია. ცეცხლში უნდა დაიწვას. თუ მღვდელი დაინახავს, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ მღვდელი უბრძანებს და გამორეცხავენ იმას, რაზეც წყლულია, და განამარტოებს მას შვიდი დღით მეორედ. ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ, და აჰა, წყლულს არ შეუცვლია თავისი სახე. და თუმცა არ გავრცელებულა წყლული, ის უწმიდურია, ცეცხლზე დაწვი იგი. ამოჭმული იქნება ის წაღმა თუ უკუღმა პირზე. თუ მღვდელი დაინახავს, რომ წყლული ნაკლებ შესამჩნევია მისი გამორეცხვის შემდეგ, ამოგლიჯოს იგი სამოსიდან, ან კანიდან, ან ქსელიდან, ან მისაქსელიდან. თუ იგი კვლავ გამოჩნდება სამოსზე, ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, იგი აყვავებულია. ცეცხლში დაიწვას იგი, რაზეც წყლულია. სამოსი ან ქსელი, ან მისაქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რომელსაც გარეცხავ, და რომელთაგან განშორდება წყლული, გაირეცხოს ხელმეორედ და გასუფთავდება. ეს არის წესი კეთროვანი წყლულისა, მატყლის ან სელის, ან ქსელის, ან სამოსის მისაქსელისა, ან ტყავის საგნისა მისი სუფთად ან უწმიდურად მიჩნევისათვის. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: ეს იქნება წესი კეთროვანისა მისი გასუფთავების დროს: იგი უნდა მიიყვანონ მღვდელთან; გავა მღვდელი ბანაკს გარეთ, და თუ ნახავს, რომ განიკურნა კეთროვანი კეთრისაგან, ბრძანებს, გასაწმიდავებლისთვის მოიყვანონ ორი ცოცხალი წმიდა ფრინველი, კედარის ხის ნაჭერი, ნართი ძოწეულის ფერისა და უსუპის კონა, და უბრძანებს მღვდელი და დააკვლევინებს ერთ ფრინველს გამდინარე წყლით სავსე თიხის ჭურჭელზე, აიღებს ცოცხალ ფრინველს, კედარის ხის ნაჭრის, ძოწეულის ფერის ნართს, უსუპის კონას და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში, მიასხურებს კეთრისაგან გაწმედილს შვიდგზის და გამოაცხადებს მას გაწმედილად და ცოცხალ ფრინველს ველზე გაუშვებს. განწმედილმა გაირეცხოს სამოსი, გაიკრიჭოს მთელი თმა და განიბანოს წყლით, და გახდება სუფთა; შემდეგ მივიდეს ბანაკში, მაგრამ კარვის გარეთ იცხოვროს შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიპარსოს მთელი თმა, თავი და წვერი, და წარბები, მთელი თმა გაიპარსოს, და გაირეცხოს სამოსი და განიბანოს სხეული წყლით, და ასე გახდება სუფთა. მერვე დღეს აიყვანოს ორი უხინჯო კრავი და ერთი წელგამოვლილი უხინჯოდედალი ცხვარი და ეფის სამი მეათედი წმიდა პურის გამტკიცული ფქვილი პურეულ ძღვნად, ზეთში შეზელილი, და ერთი ლოგი ზეთი. განმწმედი მღვდელი დააყენებს გასაწმენდს ამ შესაწირავით უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან; აიყვანს მღვდელი ერთ კრავს და შესწირავს მას დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად, და ერთ ლოგ ზეთთან ერთად აღმართავს უფლის წინაშე. და დაკლავს კრავს იმ ადგილას, სადაც კლავენ ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლსა და სრულადდასაწველს, წმიდა ადგილზე, რადგან მსგავსად ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის ეს მსხვერპლიც ეკუთვნის მღვდელს. უწმიდესია ის. აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლს და განსაწმედს სცხებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე; აიღებს მღვდელი ზეთს მისი ლოგიდან და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე; და დააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მარცხენა ხელისგულზეა უსხია და შვიდგზის მოაპკურებს თითით შვიდგზის უფლის წინაშე; დანარჩენ ზეთს, რომელიც ხელისგულზე უსხია, განსაწმედს სცხებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე, იქ, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია; ხოლო ნარჩენ ზეთს, რაც მღვდელს ხელისგულზე უსხია, განსაწმედს სცხებს თავზე და გამოითხოვს მისთვის შენდობას უფლის წინაშე. შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და განწმედს განსაწმედს მისი უწმიდურებისაგან; და მერე დაკლავს სრულადდასაწველს მსხვერპლს. და შესწირავს მღვდელი სრულადდასაწველს და პურეულ ძღვენს საკურთხეველზე; და განწმედს მას მღვდელი და სუფთა იქნება იგი. თუ ღარიბია იგი და ხელი არ მიუწვდება ამდენზე, აიყვანოს ერთი კრავი დანაშაულის მსხვერპლად, თავისი შენდობის შესარხევ მსხვერპლად, და ეფის მეათედი წმიდა პურის გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, პურეულ ძღვნად, და ერთი ლოგი ზეთი, და ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე, რაზეც მიუწვდება ხელი, და იქნება ერთი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი, ხოლო მეორე – სრულადდასაწველი. მიიტანოს ისინი თავისი განწმენდის მერვე დღეს მღვდელთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, უფლის წინაშე; და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის კრავს და ზეთის ლოგს და შეარხევს უფლის წინაშე, და დაკლავს კრავს დანაშაულის მსხვერპლად; და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის სისხლს, და წაუსვამს განსაწმედს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა, და მარჯვენა ფეხის ცერზე; დაისხამს მღვდელი ზეთს მარცხენა ხელისგულზე, და მარჯვენა თითით აპკურებს ზეთს, რაც მარცხენა ხელისგულზე უსხია, უფლის წინაშე შვიდგზის, და სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც ხელისგულზე უსხია, განსაწმედს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე, იქ, სადაც დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლი სცხია; ხოლო ნარჩენ ზეთს, რაც მღვდელს ხელისგულზე უსხია, იგი განსაწმედს თავზე სცხებს, და გამოითხოვს მისთვის შენდობას უფლის წინაშე. და გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც მიუწვდება ხელი: ერთს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, ხოლო მეორეს სრულადდასაწველად პურეულის ძღვენთან ერთად; და განწმედს მღვდელი განსაწმედელს უფლის წინაშე. ესაა წესი იმისთვის, ვისაც კეთროვანი წყლული აქვს და ვინც ხელმოკლეა თავის განწმენდისას. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: რაჟამს შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ დასამკვიდრებლად, და მე მოვგვრი კეთროვან წყლულს თქვენს სამფლობელო ქვეყანაში რომელიმე სახლს, და წავა ის, ვისიცაა სახლი, და განუცხადებს მღვდელს: თითქოს წყლული შევამჩნიეო ჩემს სახლში, უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, ვიდრე მივა იგი წყლულის სანახავად, რათა არ გაუწმიდურდეს ყოველივე, რაც სახლშია; და მერე მივა ის სახლის სანახავად. იხილავს წყლულს, და ნახავს, რომ წყლული სახლის კედლებზეა, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად. და თუ ის ჩაღრმავებულია კედლებში, გავა მღვდელი სახლიდან მისი შესასვლელისკენ და ჩაკეტავს სახლს შვიდი დღით. მეშვიდე დღეს კვლავ მივა, და თუ დაინახავს, რომ წყლული გავრცელებულა სახლის კედლებზე, უბრძანებს იგი და ამოტეხენ ქვებს, რომლებზეც წყლულია, და გადაყრიან ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე; სახლს ჩამოფხეკენ შიგნიდან მთლიანად, და გადაყრიან ჩამოფხეკილ ნაგავს ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. აიღებენ სხვა ქვებს და ჩადგამენ იმ ქვების ნაცვლად, მოზელენ სხვა ბათქაშს და გალესენ სახლს. თუ წყლული კვლავ გამოჩნდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოტეხეს, კედლები ჩამოფხიკეს და გალესეს, მივა მღვდელი და ნახავს, რომ წყლული გავრცელებულა სახლზე, ეს მწვავე კეთრია სახლში, და სახლი უწმიდურია; უნდა დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, მისი ხე-ტყე და მთელი მისი ნაშალი უნდა გაიტანონ ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. ყველა იმ სახლში შემსვლელი იმ დღეებში, როცა ის ჩაკეტილი იყო, უწმიდური იქნება საღამომდე. და ვინც იმ სახლში დაიძინებს ანდა საჭმელს შეჭამს, უნდა გაირეცხოს სამოსი. თუ მოვა მღვდელი და ნახავს, რომ წყლული სახლზე არ გავრცელდა სახლის გალესვის შემდეგ, ის სახლს სუფთად ჩათვლის, რადგან წყლული განიკურნა. აიღებს იგი სახლის გასაწმიდავებლად ორ ფრინველს, კედარის ხის რტოს, და ძოწეულის ფერის ნართს, და უსუპის კონას, და დაკლავს ერთ ფრინველს გამდინარე წყლით სავსე თიხის ჭურჭელზე, და აიღებს კედარის ხის რტოს და უსუპის კონას, და ძოწეული ფერის ნართს, და ცოცხალ ფრინველს, და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში და სასმელ წყალში, და შვიდგზის მოასხურებს სახლს. გაასუფთავებს სახლს ფრინველის სისხლით და გამდინარე წყლით, და ცოცხალი ფრინველით, და კედარის ხის რტოთი, უსუპის კონითა და ძოწეულის ფერის ნართით; და გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ ველზე, და შეუნდობს სახლს, და გასუფთავდება იგი. ეს არის წესი კეთრისა და ქეცისა და ყოველი წყლულისა. სამოსლისა და სახლის კეთრისა, სიმსივნისა, ქეცისა და ლაქებისა, რათა მიეთითოს, როდის არის ეს უწმიდურება და როდის სისუფთავე. ესაა კეთრის წესი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: დაელაპარაკეთ ისრაელიანთ და უთხარით: თუ კაცს თესლი სდის ასოდან, იგი უწმიდურია. იგი უწმიდურია როდესაც თესლი გამუდმებით ან შეკავებებით ჟონავს მისი ასოდან. ყოველი საწოლი, რომელზეც იწვა თესლმდინარი, უწმიდურია, და რომელზეც იჯდა – უწმიდურია. ვინც შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, იგი გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. და ვინც დაჯდება იმაზე, რაზეც იჯდა თესლმდინარი, მან უნდა გაირეცხოს თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, იგი გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. და ვინც თესლმდინარის სხეულს შეეხება უნდა გაირეცხოს სამოსი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. თუ მიაფურთხებს თესლმდინარი სუფთას, გაირეცხოს მან თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყოველი უნაგირი, რომლითაც მგზავრობდა თესლმდინარი, უწმიდურია. ყველა, ვინც შეეხება იმას, რაც თესლმდინარს ეგო ქვეშ, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. და ყველამ, ვისაც თესლმდინარი ხელდაუბანელად შეეხება, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, იგი გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. თიხის ჭურჭელი, რომელსაც შეეხება თესლმდინარი, უნდა დაიმსხვრეს, ხოლო ხის ჭურჭელი წყლით უნდა გამოირეცხოს. და როდესაც თესლმდინარი გაიწმიდება დინებისაგან, აღირაცხოს შვიდი დღე თავისი განწმედიდან და გაირეცხოს სამოსელი, და დაიბანოს სხეული გამდინარე წყლით და წმიდა იქნება ის. მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი და მივიდეს უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან, და მისცეს ისინი მღვდელს. მღვდელმა შესწიროს მათგან ერთი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად, და გაწმენდს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი თესლდენის გამო. მამაკაცმა, რომელსაც ძილში შეემთხვევა თესლდენა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული, და უწმიდური იქნება საღამომდე. ყოველი სამოსელი და ყოველი ტყავი, რომელზეც შეეხება თესლდენა, გარეცხილ უნდა იქნას წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. და როდესაც ქალთან დაწვება მამაკაცი და ხდება თესლდენა, ორივემ დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებულები იქნებიან საღამომდე. თუ ქალს სისხლდენა აქვს საშოდან, შვიდი დღე იქნება იგი ამ წიდოვანებაში, და ყოველი, ვინც შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ველაფერი, რაზეც ის დაწვება თავისი წიდოვანებისას, გაუწმიდურდება, და ველაფერი, რაზეც იგი დაჯდება, გაუწმიდურდება. ყველამ, ვინც კი შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. და ყოველმა, ვინც შეეხება იმ საგნებს, რაზეც წიდოვანი იჯდა, უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება ის საღამომდე. თუ რამე იდება საწოლზე ან იმ საგანზე, რაზეც ის წევს, და ამას ვინმე შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. თუ დაწვება მასთან კაცი და ქალის გამონადენი მოეცხება მას, ის კაცი გაუწმიდურებული იქნება შვიდი დღე. და ყოველი საწოლი, რომელზეც ის დაწვება, გაუწმიდურებული იქნება. თუ ქალს აქვს სისხლდენა მრავალი დღის განმავლობაში, არა მისი წიდოვანების დროს, ან თუ მას აქვს გამონადენი მის ჩვეულებრივ წიდოვანებაზე მეტხანს, მაშინ მისი უწმიდურების გამონადენის მთელი დროის განმავლობაში, ისევე, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, იგი გაუწმიდურებულია. ყოველი საწოლი, რომელზეც იგი დაწვება თავისი გამონადენის დროს, უწმიდურად ითვლება, როგორც მისი წიდოვანების დროს. ყველა, ვინც შეეხება მათ, გაუწმიდურებული იქნება; მან უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. და როცა ქალი გასუფთავდება გამონადენისგან, აღრიცხოს შვიდი დღე, და შემდეგღა იქნება სუფთა. მერვე დღეს უნდა აიყვანოს თავისთვის ორი გვრიტი, ან მტრედის ორი ხუნდი, და მიუყვანოს მღვდელს, საკრებულო კარვის შესასვლელთან; შესწირავს მღვდელი ერთ მათგანს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და მეორეს სრულადდასაწველად; და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურების გამო. ასე განაშორეთ ისრაელიანები მათი უწმიდურებისგან, რათა არ დაიხოცონ თავიანთი უწმიდურებით, თუ გააუწმიდურებენ ჩემს მოწმობის კარავს, რომელიც მათ შორისაა. ესაა რჯული თესლმდინარისა და წიდოვანისა, რაც აუწმიდურებს მათ, და ქალისა და კაცისა, რომლებიც დაწვებიან გაუწმიდურებულთან. ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა ისინი უცხო ცეცხლით მიუახლოვდნენ უფალს და დაიხოცნენ. და უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, მოერიდოს საწმიდარში წამდაუწუმ შესვლას ფარდის იქით კიდობნის სარქვლის წინ, რათა არ მოკვდეს, რადგან მე ღრუბლიდან გამოვჩნდები სარქველზე. ასე უნდა შევიდეს აარონი წმიდაში: მოზვერით ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და სრულადდასაწველი ვერძით. სელის განწმედილი კვართი ეცვას და სელისავე ნიფხავი, და სარტყელი სელისა შემოირტყას და კიდარი სელისა შემოიხვიოს, რადგან ეს წმიდა სამოსელია; და დაიბანოს მთელი ტანი წყლით და შეიმოსოს ისინი. ისრაელიანთა თემისგან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად. და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, და მიტევება ითხოვოს თავის თავისთვის და თავისი სახლისთვის. აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. და ყაროს აარონმა წილი ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი აზაზელისთვის. მიუყვანოს აარონმა უფლის წილხვდომილი ვაცი უფალს და შესწიროს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. და ვაცი, რომელიც გახდა აზაზელის წილი, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას აზაზელისთვის უდაბნოში. და მიიყვანოს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, და ითხოვოს შენდობა თავისთვის და თავისი სახლისთვის, და დაკლას მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და აიღოს სავსე საცეცხლური, ცეცხლისაგან საკურთხევლისა, რომელიც უფლის წინაშეა, და ორივე მუჭა აივსოს წმიდა კეთილსურნელოვანი საკმევლით და შეიტანოს ფარდის უკან; და დააყაროს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის ღრუბელმა კიდობნის თავსარქველი, რათა არ მოკვდეს აარონი. და აიღოს მოზვრის სისხლი და თითით მიაპკუროს თავსარქვლის წინა ზედაპირს და თავსარქველის წინ, შვიდგზის მიაპკუროს სისხლი თითით. და დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, და შეიტანოს მისი სისხლი ფარდის უკან, და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც გააკეთა მოზვერის სისხლით, და მოაპკუროს თავსარქველზე და თავსარქვლის წინ. ასე განწმიდოს საწმიდარი ისრაელიანთა უწმიდურებათა და მათ უსამართლოებათაგან, ყველა მათი ცოდვებისთვის. ასევე გააკეთოს საკრებულო კარვისთვის, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურებათა შუა. არავინ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის შედის შენდობისათვის საწმიდარში, მის გამოსვლამდე. და ასე განწმედს ის თავის თავსა და თავის სახლს, და ისრაელიანთა მთელ კრებულს. და გავა ის საკურთხეველთან, რომელიც უფლის წინაშეა, და განწმედს მას. და აიღებს მოზვრისა და ვაცის სისხლს და სცხებს საკურთხევლის რქებს ირგვლივ. მიაპკურებს მას სისხლს თითით შვიდგზის და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელიანთა უწმიდურებისგან. როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და საკურთხევლის განწმედას, უნდა მიიყვანოს მან ვაცი. და დაადოს აარონმა ორივე ხელი ვაცს თავზე, და აღიაროს მასზე ისრაელიანთა ყოველი უკანონობა, ყოველი დანაშაული და ყოველი ცოდვა, და ყოველივე ამ ცოდვებს დაჰკრებს ვაცის თავზე, და გაუშვებს საგანგებო კაცის ხელით უდაბნოში. და გაიყოლებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვებს; და გაუშვებენ ვაცს უდაბნოში. და შევა აარონი საკრებულო კარავში, და გაიხდის სელის სამოსელს, რომელიც წმიდაში შესვლისას შეიმოსა, და იქ დატოვებს. და წყლით განიბანს ტანს წმიდა ადგილზე, და შეიმოსავს თავის სამოსს, და გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის, და განწმედს თავის თავსა და ხალხს. ცოდვის მსხვერპლის ქონს იგი დააკმევს საკურთხეველზე. განტევების ვაცის წამყვანმა კაცმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და დაიბანოს ტანი წყლით, მას მხოლოდ ამის მერე შეუძლია ბანაკში შესვლა. მოზვერი და ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელთა სისხლი შეტანილ იქნა წმიდაში მის განსაწმედად, გაიტანონ ბანაკს გარეთ, და ცეცხლით დაწვან მათი ტყავები, მათი ხორცი და მათი ნეხვი. მათმა დამწველმა კაცმა უნდა გაირეცხოს სამოსი და წყლით განიბანოს ტანი და შემდეგ შევიდეს ბანაკში. იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვის მეათე დღეს, დაიმდაბლეთ მარხვით თქვენი სულები და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა. რადგან ამ დღეს მოხდება თქვენი განწმედა, რათა განიწმიდნეთ ყოველი თქვენი ცოდვისაგან, რათა განწმედილები იყვნეთ უფლის წინაშე. ეს არის თქვენი სრული დასვენების შაბათი, დაიმდაბლეთ თავი; ეს არის საუკუნო წესი. განწმედა უნდა აღასრულოს ცხებულმა მღვდელმა, რომელსაც აღუვსეს ხელი სამღვდელოდ მამამისის ნაცვლად. და შეიმოსავს იგი სელის შესამოსლებს, წმიდა შესამოსლებს, და განწმედს საწმიდარს, სადღესასწაულო კარავს და საკურთხეველს. და შეუნდობს მღვდლებს და მთელ კრებულსაც შეუნდობს. ეს იყოს თქვენს საუკუნო წესად ისრაელიანთა ყველა ცოდვის შესანდობად წელიწადში ერთხელ. და აარონმა გააკეთა ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: დაელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ, რომ ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა: ისრაელიანთა სახლიდან თუ ვინმე დაკლავს ხარს, ან კრავს, ან თხას ბანაკში, ან თუ ვინმე დაკლავს ბანაკს გარეთ, და არ მიიყვანს მას საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლისთვის წარსადგენად უფლის სავანის წინ, სისხლის დაღვრად შეერაცხოს ეს იმ კაცს: სისხლი დაღვარა მან. და მოიკვეთება ის კაცი თავისი ხალხის წიაღიდან, რათა მიიყვანონ ისრაელიანთ თავიანთი შესაწირავები, რომელთაც ისინი კლავენ ველად, რათა მიართვან ისინი საკრებულო კარვის შესასვლელთან მღვდელს უფლისათვის, და დაუკლან სამშვიდობო მსხვერპლად უფალს. და მოაპკურებს მღვდელი სამსხვერპლოს სისხლს უფლის საკურთხეველზე საკრებულო კარვის შესასვლელთან, და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისათვის, რათა არ შესწირონ კვლავ თავიანთ შესაწირავთაგან კერპებს, რომელთა კვალზეც ისინი მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის თაობიდან თაობამდე. და უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელიანთა სახლიდან და ხიზანთაგან, რომლებიც მათთან ხიზნობენ, აღავლენს სრულადდასაწველს ან საკლავს, და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს მას, რათა შესწიროს იგი უფალს, მოიკვეთება ის კაცი თავისი ხალხიდან. თუ ვინმე ისრაელიანთა სახლიდან და ხიზანთაგან, რომლებიც ხიზნობენ მათ შორის, შეჭამს რაიმე სისხლს, მივაქცევ ჩემს სახეს სისხლის მჭამლისკენ, და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან სიცოცხლე ყოველი ხორციელისა მის სისხლშია. მე თქვენ დაგიწესეთ სისხლის მიტანა საკურთხეველზე თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის; ეს სისხლი არის სიცოცხლე, სისხლი განწმედს სიცოცხლეს. ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: არც ერთმა თქვენთაგანმა არ უნდა ჭამოს სისხლი. და ასევე ხიზანმაც, რომელიც ხიზნობს თქვენთან, არ უნდა ჭამოს სისხლი. და თუ ვინმე ისრაელიანთაგან და ხიზანთაგან, რომელიც ხიზნობს თქვენთან, მოინადირებს ცხოველს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოადინოს და დაფაროს იგი მიწით. რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია, ამიტომ ვუთხარი ისრაელიანთ: არც ერთი ხორციელის სისხლი არ ჭამოთ-მეთქი, რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია; ყოველი მისი მჭამელი მოისპობა. ყოველმა, რომელიც შეჭამს მძორის და ნამხეცავის ხორცს, მკვიდრმა ან ხიზანმა, უნდა გაირეცხოს სამოსი და განიბანოს წყლით. და საღამომდე უწმიდური იქნება და მერე განიწმიდება. და თუ არ გაირეცხავს სამოსს და არ დაიბანს სხეულს, მაშინ თავად იტვირთავს თავის ცოდვას. ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: მიმართე ისრაელის ძეთ და უთხარი: მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. არ მოიქცეთ ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად, ვისთანაც ცხოვრობდით; და არც ქანაანის ქვეყნის ჩვეულებათა მსგავსად, სადაც მე მიმყავხართ თქვენ. მათი წესებით არ იცხოვროთ. აღასრულეთ ჩემი სამართალი, და დაიცავით ჩემი წესები, იცხოვრეთ მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, რომელთა აღსრულებით იცოცხლებს კაცი; მე ვარ უფალი. არავინ მიუახლოვდეს თავის სისხლით ნათესავს და არ ახადოს მისი სიშიშვლე; მე ვარ უფალი. სიშიშვლე მამისა შენისა და სიშიშვლე დედისა შენისა არ გამოაჩინო. იგი დედაა შენი, არ ახადო მისი სიშიშვლე. სიშიშვლე მამაშენის ცოლისა არ გამოაჩინო. მამაშენის სიშიშვლეა იგი. არ ახადო სიშიშვლე შენი დისა, მამაშენის ასულისა ან დედაშენის ასულისა, სახლში შობილისა თუ გარეთ შობილისა. სიშიშვლე შენი ძის ასულისა ან შენი ასულის ასულისა, არ ახადო მათი სიშიშვლე, რადგან შენი სიშიშვლეა ისინი. სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულისა, მამაშენისგან შობილისა, შენი და არის იგი, არ ახადო მისი სიშიშვლე. სიშიშვლე მამაშენის დისა არ ახადო, მამაშენის სისხლი და ხორცია იგი. სიშიშვლე დედაშენის დისა არ ახადო, რადგან დედაშენის ხორცია იგი. სიშიშვლე მამაშენის ძმისა არ ახადო: მის ცოლს არ მიუახლოვდე, შენი ძალუაა იგი. სიშიშვლე შენი რძლისა არ ახადო: შენი ძის ცოლია იგი. სიშიშვლე შენი ძმის ცოლისა არ ახადო: შენი ძმის სიშიშვლეა იგი. სიშიშვლე შენი ცოლის ასულისა არ ახადო, მისი ძის ასული და მისი ასულის ასული არ ითხოვო სიშიშვლის ასახდელად. ერთი ხორცისანი არიან ისინი. ეს გარყვნილება იქნება. ცოლის დას ნუ ითხოვ მისი სიშიშვლის ასახდელად ცოლის მეტოქედ მის სიცოცხლეში. ქალს წიდოვნების დროს ნუ მიუახლოვდები მისი სიშიშვლის ასახდელად. შენი მოყვასის ცოლთან არ დაწვე თესლის დასაღვრელად, რადგან გაუწმიდურდები მისით. შენს შთამომავალთაგან არ მისცე მოლეხისთვის ცეცხლში გასატარებელ მსხვერპლად, და ნუ შებღალავ ამით შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი. არ დაწვე მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან. ეს საძაგლობაა. არ დაეცე პირუტყვთან, რადგან გაუწმიდურდები მისით. ქალი არ დადგეს პირუტყვის წინ მასთან დასაცემად, ეს სისაძაგლეა. ნუ გაუწმიდურდებით ყოველივე ამით, რადგან ამით გაუწმიდურნენ ერები, რომელთაც თქვენგან ვდევნი მე. და გაუწმიდურდა ქვეყანა და დავსაჯე იგი თავისი ცოდვისათვის, და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი. და თქვენ დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალნი; ამ საძაგლობიდან ნურაფერს ნუ გააკეთებს მკვიდრი და ხიზანი, რომელიც ხიზნობს თქვენთან. რადგან ყოველი ეს საძაგლობა ჩაიდინეს ამ ქვეყნის მცხოვრებლებმა, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ; და შეიბილწა ქვეყანა; რომ არ ამოგანთხიოთ ქვეყანამ, თუ მას გააუწმიდურებთ, როგორც ამოანთხია მან ერი, რომელიც თქვენამდე იყო. რადგან მოისპობა ყოველი ამ სისაძაგლის ჩამდენი, მათი ხალხის წიაღიდან. დაიცავით ჩემი ბრძანებები, ნუ მოიქცევით იმ საძაგელი წესების მიხედვით, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, და არ გაუწმიდურდეთ მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: მიმართე ისრაელის ძეთა მთელ თემს და უთხარი მათ: წმიდა იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, ღმერთი თქვენი. თითოეულს თავისი დედ-მამის შიში და კრძალვა ჰქონდეს, და ჩემი შაბათები დაიცავით; მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი. პირს ნუ იბრუნებთ კერპებისაკენ და ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებთ; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. სამადლობელო მსხვერპლის შეწირვისას, ისე შესწირეთ, რომ უფლის წყალობა ჰპოვოთ. თქვენი მსხვერპლი იმ დღეს და მეორე დღეს უნდა შეჭამოთ, ხოლო რაც დარჩება მესამე დღემდე, ცეცხლში უნდა დაწვათ. თუ მესამე დღეს შეჭამთ, სისაძაგლე იქნება და არ შეგეწირებათ. მისი მჭამელი დამნაშავეა, რადგან უფლის სიწმიდე შებღალა, და მოისპობა თავისი ხალხიდან. როცა მომკით თქვენი მიწის სამკალს, არ მოასრულოთ სამკალი თქვენი ყანის კიდემდე და მკის დროს ჩაბნეულს ნუ აკრეფთ. თქვენს ვენახს ნუ მოიმცვრევთ და დაბნეულ მარცვალს ნუ აკრეფთ: ღარიბისა და ხიზანისათვის დატოვეთ ის; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. არ მოიპაროთ, არ იცრუოთ და არ მოატყუოთ ერთმანეთი. არ დაიფიცოთ ჩემი სახელი ტყუილზე, და არ შებღალოთ სახელი თქვენი ღმერთისა; მე ვარ უფალი. არ ავნო შენს მოყვასს და არც არაფერი წაგლიჯო, და მოჯამაგირის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ. ნუ გაქირდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საცდურს, არამედ გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი. სიცრუეს ნუ ჩაიდენ სამართალში, გლახაკს ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი. არ გაავრცელო ჭორი შენს ხალხში, და არ აღდგე შენი მოყვასის სისხლზე; მე ვარ უფალი. მტრობას ნუ ჩაიდებ გულში შენი ძმის მიმართ. ამხილე მოყვასი შენი, რომ არ დაგეკისროს ცოდვა მის გამო. არ იძიო შური და არ გქონდეს ღვარძლი შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი; მე ვარ უფალი. ჩემი წესები დაიცავით. შენი საქონელი არ შეაჯვარო სხვა ჯიშისას; და შენს მინდორში არ დათესო ორი სხვადასხვა ჯიშის თესლი; და არ ჩაიცვა სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი. თუ ვინმე დაწვეს ქალთან და იყოს იგი მხევალი, სხვა კაცის დანიშნული, მაგრამ ჯერ არ იყოს გამოსყიდული, ან გათავისუფლებული, მაშინ სასჯელი უნდა დაედოს მათ, მაგრამ არა სასიკვდილო, რადგან იგი არაა თავისუფალი. და მიიყვანოს იმ კაცმა თავისი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი უფლისათვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად. და გაწმედს მას მღვდელი დანაშაულისაგან ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა. როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რომელიმე მსხმოიარე ხეს, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთელად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთელად, არ უნდა იჭამოს. მეოთხე წელს ყოველი მისი ნაყოფი შეიწიროს უფლის სადიდებლად. მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი და შეკრიბეთ მისი მოსავალი; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. არაფერი ჭამოთ სისხლითურთ; არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ. არ შეიჭრათ თმის კიდე თავის ირგვლივ და არ წაიხდინო კიდე შენი წვერისა. არ დაისეროთ მკვდრისთვის სხეული და ნურც რაიმე ნიშნებს ამოისვირინგებთ; მე ვარ უფალი. ნუ მიუშვებ შენს ასულს საროსკიპოდ, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აღივსოს მრუშობით. ჩემი შაბათები დაიცავით და თაყვანი ეცით ჩემს საწმიდარს; მე ვარ უფალი. ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაუწმიდურდებით მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. ჭაღარას ფეხზე წამოუდექი და პატივი მიაგე მოხუცს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი. როცა შემოგეხიზნებათ ხიზანი თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროვოთ იგი. როგორც მკვიდრი თქვენს შორის, ისე იყოს ის თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. ნუ მოიტყუებთ ნურც სამართალში, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში. სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან. დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი; მე ვარ უფალი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი ისრაელის ძეთ: ყოველი კაცი ისრაელიანთაგან და ხიზანთაგან, რომელიც მკვიდრობს ისრაელში, ვინც მისცემს თავის შვილებს მოლეხს, სიკვდილით მოკვდება. ამ ქვეყნის ხალხმა ქვით ჩაქოლოს იგი. მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მოვსპობ მას მისი ხალხის წიაღიდან, რადგან მან მისცა თავისი თესლიდან მოლეხს, და ამით გააუწმიდურა ჩემი საწმიდარი და შებილწა ჩემი წმიდა სახელი. და თუ ამ ქვეყნის ხალხი აარიდებს თვალს მას, როცა იგი მისცემს თავისი თესლიდან მოლეხს, და არ მოკლავს მას, მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მის მოდგმას, და მოვსპობ მას და ყველას, ვინც მრუშობს მის კვალდაკვალ, და ყველა მემრუშეს, რომლებიც დადიან მოლეხის კვალდაკვალ, მოვსპობ მათი ხალხის წიაღიდან. და თუ ვინმე მიმართავს მესულთანეებს და მჩხიბავებს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, მე მივაპყრობ ჩემს სახეს და მოვკვეთ მას მისი ხალხიდან. განიწმიდენით და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რამეთუ მე ვარ უფალი, განმწმედელი თქვენი. ვინც თავის მამას და დედას შეუარცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო მან – მასზეა მისი სისხლი. ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, ორვე სიკვდილით უნდა მოიკლას, მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც. ვინც დაწვება თავისი მამის ცოლთან, თავისი მამის სიშიშვლე ახადა მან. სიკვდილით უნდა მოიკლან ორივენი. მათი სისხლი მათზეა. ვინც დაწვება თავის რძალთან, სიკვდილით უნდა მოიკლან ორივენი. რაც მათ ქნეს, სისაძაგლეა. მათზეა მათი სისხლი. თუ კაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან, სისაძაგლეს ჩაიდენს ორივე. სიკვდილით უნდა მოიკლან ისინი – მათი სისხლი მათზეა. თუ ვინმე შეირთავს ცოლად დედასა და შვილს, ურჯულოებას ჩაიდენს; ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად, რათა არ იყოს ურჯულოება თქვენს შორის. ვინც პირუტყვთან დაეცემა, სიკვდილით მოკალით ისიც და პირუტყვიც. ქალი თუ დაეცა პირუტყვთან, მოკალით ქალიც და პირუტყვიც, მათზეა მათი სისხლი. ვინმემ რომ შეირთოს თავისი და – ასული თავისი მამისა, ან ასული თავისი დედისა – და ნახოს მისი სიშიშვლე და ქალმაც ნახოს მისი სიშიშვლე, სიბილწეა ეს. და მოისპონ ისინი თავიანთი ხალხის ძეთა თვალწინ. სიშიშვლე თავისი დისა ახადა მან. სასჯელის ღირსია ის. ვინც დაწვება ცოლთან მისი წიდოვნების დროს და ახდის მის სიშიშვლეს, რაკი მან გააშიშვლა მისი წყარო, ხოლო ქალმა გამოაჩინა თავისი სისხლის წყარო, მოისპოს ორივე თავისი ხალხის წიაღიდან. სიშიშვლე დედის ან მამის დისა არავინ ახადოს, რადგან თავის ხორცს აშიშვლებს ის, სასჯელს იმსახურებენ ისინი. ვინც დაწვა თავისი ბიძის ცოლთან, მან თავისი ბიძის სიშიშვლე ახადა. თავიანთ ცოდვას იტვირთავენ ისინი, უშვილონი უნდა დაიხოცონ. ვინმემ რომ შეირთოს თავისი ძმის ცოლი, ეს შებილწვაა, სიშიშვლე თავისი ძმისა ახადა მან – უშვილონი უნდა დაიხოცონ. დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი, და აღასრულეთ ისინი, და არ ამოგანთხევთ თქვენ ქვეყანა, სადაც მე მიგიყვანთ საცხოვრებლად. არ მოიქცეთ იმ ერის წესებისამებრ, რომელსაც მე ვდევნი თქვენგან, რადგან ყოველივე ეს გააკეთეს მათ და მძაგს ისინი. გითხარით: თქვენ დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას თქვენ სამკვიდროდ, ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც ამოგარჩიათ თქვენ ყველა ერისაგან. განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და უწმიდური და წმიდა ფრინველი და არ შეიბილწოთ პირუტყვით და ფრინველით, და იმით, რაც ქვემძრომობს დედამიწაზე, რომელიც მე გამოვაცალკევე, როგორც უწმიდური. იყავით ჩემთვის წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და მე გამოგაცალკევეთ სხვა ერებისაგან, რათა ჩემი ერი იყოთ. მამაკაცი ან დედაკაცი თუ აღმოჩნდეს მესულთანე ან მჩხიბავი, უნდა მოკვდეს: ქვებით ჩაიქოლონ ისინი და მათზე იქნება მათი სისხლი. უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის ძეთ, და უთხარი: ნურავინ შეეხება თავისი ხალხის მკვდარს, რათა არ გაუწმიდურდეს. მხოლოდ თავისი ხორციელი ნათესავის: თავისი დედის და თავისი მამის, თავისი ვაჟის და თავისი ასულის, და თავისი ძმის, თავისი ქალწული ღვიძლი დის, რომელიც ჯერ კიდევ მასთან იყო, ან ახლობელი ქალის, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა, შეხება შეუძლია, არ გაუწმიდურდება. თავის ხალხში ვინმესთან შეხებით, ვინც არ უნდა იყოს ის, ნუ გაიუწმიდურებს კაცი თავს, რათა არ წაიბილწოს იგი. არ გადაიპარსონ თავი და წვერი არ დაიმოკლონ და არ დაისერონ ტანი. წმიდები უნდა იყვნენ ისინი თავიანთი ღმერთისათვის და არ შებღალონ თავიანთი ღმერთის სახელი, რადგან ისინი სწირავენ უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღმერთის პურს; ამიტომ უნდა იყვნენ წმიდები. მეძავი ქალი არ შეირთონ მათ, არც არა ქალწული, არც განქორწინებული; რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისათვის. წმიდად შერაცხე ისინი, რადგან შენს ღმერთს სწირავენ პურს. წმიდა იყვნენ ისინი შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი გამწმედი. თუ მღვდლის ასული თავს წაიბილწავს მრუშობით, თავისი მამის წამბილწველია – ცეცხლში დაიწვას იგი. თავის ძმებში მთავარი მღვდელი, რომელსაც თავზე ზეთი სცხეს და რომელსაც ხელი აღუვსეს, რომ შეიმოსოს წმიდა შესამოსელი, თავს ნუ გაიშიშვლებს და სამოსელს ნუ დაიპობს. მკვდარს არ უნდა მიუახლოვდეს იგი; თვით თავისი მამისა და თავისი დედის გვამითაც კი არ უნდა გაუწმიდურდეს. საწმიდრიდან არ უნდა გადიოდეს, რათა არ წაბილწოს საწმიდარი თავისი ღმერთისა, რადგან მისი ღმერთის საცხებელი ზეთით არის ცხებული; მე ვარ უფალი. ცოლად ქალწული შეირთოს. ქვრივი ან ქმარგაყრილი, ან მეძავი არ შეირთოს, არამედ ქალწული მოიყვანოს ცოლად თავისი ტომიდან. არ წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში, რადგან მე ვარ უფალი, მისი განმწმედელი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი აარონს: არავინ შენი თესლიდან თაობიდან-თაობამდე, რომელსაც ექნება ხინჯი სხეულზე, არ მივიდეს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად. არავინ, ვისაც ხინჯი აქვს ტანზე, არ მივიდეს: არც ბრმა, არც კოჭლი, არც მახინჯი; ან ფეხმოტეხილი ან ხელმოტეხილი, ან კუზიანი, ან ქონდრისკაცი, ან თვალზე ლიბრგადაკრული, ან ქეციანი, ან ყვერებდაჭყლეტილი. არავინ აარონ მღვდლის მოდგმიდან, ხინჯის მქონე, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო მსხვერპლთა შესაწირად; ხინჯიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად. ხოლო შეუძლია ჭამოს თავისი ღმერთისთვის შეწირული პური, როგორც წმიდიდან, ასევე წმიდათა წმიდიდან. მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და საკურთხეველს არ მიეახლოს, რადგან ხინჯი აქვს. არ წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი. და ეს გამოუცხადა მოსემ აარონსა და მის ძეთ და ისრაელის ყველა ძეს. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი აარონსა და მის ძეთ, რომ ეკრძალონ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს, და არ წაბილწონ ჩემი წმიდა სახელი იმით, რასაც მწირავენ; მე ვარ უფალი. უთხარი მათ: თქვენს თაობიდან თაობამდე, თუ ვინმე თქვენი შთამომავლებიდან მიეახლება სიწმიდეებს, რომლებსაც სწირავენ ისრაელიანები უფალს, იმ დროს, როცა ის გაუწმიდურებულია, მოისპობა ის ჩემს წინაშე; მე ვარ უფალი. არც ერთმა თესლიდან აარონ მღვდლისა, თუ ის კეთროვანია, ან აქვს გამონადენი, არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. და ვინც შეეხება მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც დაემართება თესლდენა, ან ვინც შეეხება რომელიმე ქვემძრომს, რომლისგანაც გაუწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას თავისი რომელიმე უწმიდურებით, – ვინც კი შეეხება ამას, უწმიდური იქნება საღამომდე, და არ შეიძლება ჭამოს სიწმიდეთაგან, სანამ ტანს არ განიბანს წყლით. და როცა ჩავა მზე და გასუფთავდება, შეუძლია ჭამოს სიწმიდეთაგან, რადგან ეს მისი საკვებია. მძორი და ნამხეცავი არ ჭამოს, რათა არ წაიბილწოს; მე ვარ უფალი. დაიცვან მათ ჩემი გაფრთხილებები, რათა არ მოიწიონ ცოდვა და არ დაიხოცნენ მასში, თუ წაბილწავენ ჩემს გაფრთხილებებს; მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი. და არც ერთმა უცხომ არ ჭამოს წმიდა, არც მღვდლის ხიზანმა და მოჯამაგირემ არ ჭამოს წმიდა. თუ მღვდელი შეიძენს მონას თავისი ვერცხლით, მას შეუძლია ჭამოს ის; აგრეთვე მის სახლში შობილთ შეუძლიათ ჭამონ მისი პური. თუ მღვდლის ასული უცხო მამაკაცს გაჰყვება ცოლად, ქალმა არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან. თუ მღვდლის ასული დაქვრივდება ან ქმართან გაყრილია და უშვილა და დაუბრუნდება თავის მამის სახლს, მაშინ, როგორც თავის სიყმაწვილეში, ისე ჭამოს თავისი მამის პური. მაგრამ არავის უცხოს არ შეუძლია ჭამოს იგი. თუ ვინმემ შეცდომით ჭამოს წმიდა, მან დაუბრუნოს მღვდელს წმიდა და მას დაურთოს მისი მეხუთედიც. არავინ წაბილწოს ისრაელიანთა წმიდა შესაწირავები, რომლებსაც ისინი სწირავენ უფალს, და არ დაიდონ დანაშაულის ბრალი, თუ შეჭამენ თავიანთ სიწმიდეებს, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: მიმართე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ: თუ ვინმე, ისრაელიანთა სახლიდან და ისრაელში ხიზანთაგან, შესწირავს მსხვერპლს ან თავისი რომელიმე აღთქმისათვის, ან ნებაყოფლობით, იმისთვის, რომ მსხვერპლი, რომელსაც სწირავენ უფალს სრულადდასაწველად, სათნო იყოს, უნდა იყოს ის უმანკო, მამალი, ნახირიდან, ცხვართაგან ან თხათაგან. არაფერი ხინჯის მქონე არ შესწიროთ, რადგან ამით თქვენ ვერ მოიპოვებთ წყალობას. თუ ვინმე შესწირავს უფალს სამშვიდობო მსხვერპლს აღთქმის აღსასრულებლად ან ძღვნისათვის ნახირიდან ან ფარიდან, შესაწირავი უნდა იყოს უმანკო, რათა სათნო იყოს იგი უფლისთვის. არავითარი ნაკლი არ უნდა ჰქონდეს მას. ბრმა ან სახიჩარი, ან დასერილი, ან დაზღმურდლული, ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს, და საცეცხლო მსხვერპლად არ მისცეთ ისინი საკურთხეველზე უფლისათვის. მოზვერი ან კრავი, რომელსაც მეტისმეტად გრძელი ან მოკლე ფეხები აქვს, შეგიძლიათ საკლავად შესწიროთ, ხოლო აღთქმისათვის კი სამწყალობნო არ იქნება. და პირუტყვი, რომელსაც აქვს გაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოხეული ყვერები არ შესწიროთ უფალს. თქვენს ქვეყანაში არ გააკეთოთ ეს. არც უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ თქვენს ღმერთს ასეთები, რადგან ნაკლი აქვთ. არ დამწყალობდებით. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: ხბო, კრავი ან თიკანი რომ დაიბადოს, შვიდი დღე იყოს დედასთან, მერვე დღიდან და მერე კი სათნოა უფლისთვის საცეცხლო მსხვერპლად. ნახირის ან ფარის პირუტყვი არ დაკლათ თავის ნაშობთან ერთად ერთ დღეს. როდესაც შესწირავთ სამადლობელო მსხვერპლს უფალს, შესწირეთ იგი ისე, რომ სამწყალობნო იყოს ეს თქვენთვის. იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან დილამდე; მე ვარ უფალი. დაიცავით ჩემი მცნებები და აღასრულეთ ისინი; მე ვარ უფალი. არ წაბილწოთ ჩემი წმიდა სახელი, რათა მე ვიყო ისრაელიანთა შორის წმიდა; მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი, თქვენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენთვის ღმერთი; მე ვარ უფალი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი მათ: ეს არის უფლის დღესასწაულები, რომლებსაც თქვენ უნდა უწოდოთ წმიდა შეკრებილობები; ეს არის ჩემი დღესასწაულები. ექვსი დღე აკეთე საქმე და მეშვიდე დღე კი შაბათია, დღე სრული დასვენებისა, წმიდა შეკრებილობისა. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ეს არის უფლის შაბათი ყველგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ესენია უფლის დღესასწაულები, წმიდა შეკრებილობები, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე: პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს დაბინდებისას – უფლის პასექია. და ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარობის დღესასწაულია უფლისათვის; შვიდი დღე ჭამეთ უფუარი. პირველ დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. არავითარი საქმე არ აკეთოთ. მიართვით უფალს საცეცხლო მსხვერპლი შვიდი დღის განმავლობაში. მეშვიდე დღეს კი კვლავ წმიდა შეკრებილობა გქონდეთ; არავითარი საქმე არ აკეთოთ. უთხრა უფალმა მოსეს: მიმართე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, და მომკით იქ სამკალს, თქვენი სამკალის პირველი ძნა მღვდელს მიართვით. და აღმართავს იგი ძნას უფლის წინაშე თქვენი წყალობისათვის. ეს გააკეთოს მღვდელმა ახლო შაბათის მეორე დღეს. შესწირეთ ძნის აღმართვის დღეს უმანკო წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად უფლისთვის, და მასთან პურეულის ძღვენი: ეფის ორი მეათედი ხორბლის გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, უფლისთვის საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად და მასთან ერთად ჰინის მეოთხედი საღვრელი ღვინო. არ ჭამოთ არც პური, არც მოხალული და არც ახალი მარცვლეული იმ დღემდე, ვიდრე არ მიართმევთ ამ ძღვენს თქვენს ღმერთს. ეს არის საუკუნო წესი თაობიდან თაობამდე, ყოველ თქვენს საცხოვრებელში. გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ აღმართვის ძნის მიტანის დღიდან, შვიდი სრული კვირა. ორმოცდამეათე დღეს – იმ დღეს, რომელიც მოსდევს მეშვიდე შაბათს, მიართვით უფალს ახალი პურეულის ძღვენი. თქვენ-თქვენი საცხოვრებლებიდან მიიტანეთ ორ-ორი პური აღსამართავად, რომელიც ეფის ორი მეათედი წმიდა პურის გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი და საფუარით გაფუებული, როგორც პირველნაყოფი უფლისათვის. შესწირეთ პურის გარდა შვიდი წელგამოვლილი კრავი, უმანკო, და ერთი მოზვერი, და ორიც ვერძი – ეს იქნება სრულადდასაწველი უფლისათვის, და პურეულის ძღვენი და მასთან ერთად საღვრელი, საცეცხლო მსხვერპლად, უფლისათვის კეთილსურნელებად. და მოამზადეთ ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად და ორი წელგამოვლილი კრავი სამშვიდობო მსხვერპლად. მღვდელმა უნდა მიიტანოს ის და შეარხიოს უფლის წინაშე, პირველნაყოფთა შესარხევ პურთან და კრავთან და თიკანთან ერთად, ეს იქნება უფლისათვის სიწმიდედ; ის მის მიმტან მღვდელს ეკუთვნის. მოიწვიეთ ხალხი ამ დღეს. წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს არის საუკუნო წესი თქვენს ყოველ საცხოვრებელში თქვენს თაობიდან თაობამდე. და როცა მომკით თქვენი მიწისას სამკალს, არ მომკოთ თქვენი ყანის კიდემდე, და თქვენს ნამკალში ჩაბნეული თავთავი არ აკრიფოთ: ღარიბს და ხიზნებს დაუტოვეთ; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი ისრაელიანთ: მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენების დღე, ბუკისცემის გახსენების დღე – წმიდა შეკრებილობილობა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: ამ მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს, წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ სული, და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. არავითარი საქმე არ აკეთოთ თვის ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა თქვენს შესანდობად უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე. ხოლო ყოველი, ვინც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოისპობა თავისი ხალხიდან. და ყველას, ვინც გააკეთებს რაიმე საქმეს ამ დღეს, მოვსპობ მისი ხალხის წიაღიდან. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. ეს უნდა იყოს საუკუნო წესად თქვენს თაობიდან თაობამდე, ყველგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ეს არის დასვენების შაბათი თქვენთვის, და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოს; საღამოდან მომდევნო საღამომდე იუქმეთ თქვენი შაბათი. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი ისრაელიანთ: ამავე მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს კარვობის დღესასწაულია, შვიდი საუფლო დღის განმავლობაში. პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა. არავითარი საქმე არ გააკეთოთ. შვიდი დღე სწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ და შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. სადღესასწაულო ზეიმია ეს, არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს. ესენია უფლის დღესასწაულები, რომლებიც თქვენ უნდა დანიშნოთ წმიდა შეკრებილობებისათვის, რათა საცეცხლო მსხვერპლი მიართვათ უფალს; სრულადდასაწველი, პურეულის ძღვენი, საკლავი მსხვერპლები და საღვრელი – თითოეული თავის დღეს, გარდა საუფლო შაბათებისა, გარდა თქვენი ძღვენისა, გარდა შეთქმული შესაწირავისა და გარდა ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელიც უფალთან მოგაქვთ ხოლმე. ხოლო მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა თქვენ აიღებთ მიწის მოსავალს, იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს. პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა. აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ნაყოფი კეთილი ხისა, ფინიკის, ტირიფისა და ძეწნის რტოები, და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე. და იდღესასწაულეთ ეს დღესასწაული უფლისათვის წელიწადში შვიდ დღეს. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობიდან თაობამდე. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი. კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე. ისრაელის ყოველმა მკვიდრმა იცხოვროს კარავში, რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ კარვებში დავამკვიდრე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. ასე გამოუცხადა მოსემ უფლის დღესასწაულების შესახებ ისრაელის ძეთ. ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: უბრძანე ისრაელის ძეთ და მოგართვან შენ წმიდად გამოხდილი ზეითუნის ზეთი, ლამპრის ასანთებად, რომ განუწყვეტლივ ენთოს ლამპარი. აარონმა დადგას იგი მოწმობის კიდობნის ფარდის გარეთ საკრებულო კარავში დადგას იგი აარონმა, რათა ის საღამოდან დილამდე გაუქრობლად ენთოს უფლის წინაშე; ესაა საუკუნო წესი თქვენს თაობიდან თაობამდე. წმიდა სალამპრეზე განალაგოს მან ლამპრები, რათა უფლის წინაშე მუდმივად ანათებდენ. აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე მისგან 12 კვერი. ეფის ორი მეათედი იყოს თითო კვერი. და დააწყვე ისინი უფლის წინაშე ორ წყებად, ექვს-ექვსი თითო წყებაში, წმიდა მაგიდაზე. დადე თითოეულ წყებაზე სუფთა საკმეველი. და იქნება პურთან ერთად სამახსოვრო შესაწირავი, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. შაბათობით უნდა ჰქონდეთ დაწყობილი მუდმივად უფლის წინაშე. ეს არის საუკუნო აღთქმა ისრაელიანთაგან. ეს იყოს აარონისა და მის ძეთათათვის, და მათ უნდა ჭამონ ის წმიდა ადგილზე, რადგან ეს უწმიდესია მისთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. ეს საუკუნო წესია. და გამოვიდა ისრაელის ძეთა შორის ისრაელიანი ქალის ძე, და იყო იგი ძე ეგვიპტელი კაცისა, და წაეჩხუბა ბანაკში ისრაელიანი ქალის ძე ისრაელიან კაცს. და დაწყევლა ისრაელიანი ქალის ძემ უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან (და სახელი მისი დედისა იყო შელომითი, ასული დიბრისა, დანის ტომიდან). და ჩასვეს ის საპყრობილეში, რომ განეკითხათ უფლის ბრძანებისამებრ. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: გაიყვანე დამაწყევარი ბანაკს გარეთ, და ყველამ, ვინც კი მოისმინა, დაადოს მას ხელი თავზე, და ჩაქოლოს მთელმა თემმა. უთხარი ისრაელიანთ: ყველა, ვინც დაწყევლის ღმერთს, ცოდვას ჩაიდენს. და ვინც დაგმობს უფლის სახელს, სიკვდილით მოკვდეს. ქვის ჩაქოლვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა. როგორც ხიზანი, ასევე მკვიდრი, უფლის სახელის გმობისათვის უნდა მოკვდეს! თუ ვინმე ცემით მოკლავს კაცს, სიკვდილით მოკვდეს იგი. პირუტყვის სასიკვდილოდ მცემელმა, უნდა ზღოს იგი: პირუტყვი პირუტყვის წილ. თუ ვინმე დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, ეგრევე უყონ მას. მოტეხილი მოტეხილის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ; როგორც ის დაასახიჩრებს ვინმეს, ისიც ისე დაასახიჩრონ. პირუტყვის მოკვლელმა უნდა ზღოს იგი, ხოლო ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. ერთი სამართალი გქონდეთ როგორც ხიზნისთვის, ასევე მკვიდრისთვის, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. ეს უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ. და გაიყვანეს დამაწყევარი ბანაკს გარეთ და ქვით ჩაქოლეს. ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ელაპარაკებოდა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა: მიმართე ისრაელიანთ და უთხარი: როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს; ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი სხალი შენი ვენახი, და აიღე მოსავალი, მეშვიდე წელი კი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, შაბათი უფლისა: ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა; შენს სამკალზე თავისით ამოსული არ მომკა და ყურძენი შენი გაუსხლავი ვაზისა არ მოისთვლა; ეს წელიწადი დასვენებისა იყოს მიწისათვის. და იყოს ის თქვენს საჭმელად, რასაც მოგცემთ მიწა შაბათის წელიწადს, შენთვის და შენი მონისთვის, და შენი მხევლისთვის, და შენი მოჯამაგირისთვის, და შენი ხიზნისთვის, რომლებიც შემოხიზნული არიან შენთან. მთელი მიწის ნაყოფი იყოს საკვებად შენი პირუტყვისა და ნადირისთვის, რომლებიც შენს მიწაზე დადიან. გადაითვალე შვიდი შაბათობის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, და იყოს დრო ამ შვიდი შაბათობის წლებისა 49 წელი. დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღეს ბუკისცემით აუწყე მთელ თქვენს ქვეყანას; და წმიდა ჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით. თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი. საიუბილეო იყოს თქვენთვის ეს ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც მომკათ, რაც თავისით ამოვა, და არ დაკრიფოთ ყურძენი გაუსხლავი ვაზიდან. რადგან ეს იუბილეა: წმიდა იყოს ის თქვენთვის; ველიდან ჭამეთ მისი ნაყოფი. ამ საიუბილეო წელს თითოეული დაუბრუნდით საკუთარ სამკვიდრებელს. და თუ მიჰყიდი რამეს შენს თვისტომს, ან იყიდი რამეს შენი თვისტომისაგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს. იუბილის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი თვისტომისგან, და მოსავლის აღების წლების ანგარიშით უნდა მოგყიდოს. რაც უფრო მეტი იქნება ეს წლები, მით უფრო გაზარდე ფასი, და რაც უფრო ნაკლები იქნება ეს წლები, მით უფრო შეამცირე ფასი, რადგან მოსავლის აღების ანგარიშით მოგყიდის. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს; გეშინოდეს შენი ღმერთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. აღასრულეთ ჩემი წესები, და დაიცავით ჩემი სამართალი და აღასრულეთ ის, და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად; რადგან მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, და შეჭამთ ძღომაზე, და იცხოვრებთ მშვიდად მასზე. თუ იკითხავთ: რა ვჭამოთო მეშვიდე წელს, თუ არ დავთესავთ და არ ავიღებთო მოსავალს? მე მოვავლენ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს, და იგი მოგცემთ სამი წლის მოსავალს. და დათესავთ მერვე წელს, მაგრამ შეჭამთ ძველი მოსავლიდან მეცხრე წლამდე. ვიდრე მოიწევა მისი მოსავალი, ჭამეთ ძველი. მიწა არ გაიყიდოს სამუდამოდ, რადგან მიწა ჩემია. თქვენ ხომ ჩემი ხიზნები ხართ. თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიწის გამოსყიდვის ნება დართეთ. თუ გაღარიბდება შენი ძმა და გაყიდის თავის სამკვიდრებელს, მივიდეს მისი ახლო ნათესავი მასთან და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული. თუ მას გამომსყიდველი არა ჰყავს, მაგრამ შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა და თვით ჰპოვებს გამოსყიდვის საშუალებას, გამოითვალოს გაყიდვიდან გასული წლები და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა, და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს. თუ ხელი არ მიუწვდა იმაზე, რამდენიც უნდა დაუბრუნოს მას, მის მიერ გაყიდული მიწა დარჩება მყიდველის ხელში საიუბილეო წლამდე, ხოლო საიუბილეო წელს ჩამოერთმევა მას და დაუბრუნდება თავის ძველ პატრონს. თუ ვინმე გაყიდის საცხოვრებელ სახლს გალავნიან ქალაქში, მისი გამოსყიდვა ნებადართულია გაყიდვიდან იმ წლის დასასრულამდე. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს. თუ არ იქნა გამოსყიდული წლის დასასრულამდე, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს და მის მოდგმას, არ ჩამოერთმევა მას საიუბილეო წელს. მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც არა აქვთ გალავანი, უნდა ჩაითვალოს იქაური მინდვრის თანაბრად: დასაშვებია მათი გამოსყიდვა და საიუბილეო წელს ისინი უბრუნდება ძველ პატრონს. ხოლო სახლები, რომლებიც ლევიანთა კუთვნილ ქალაქებშია, ყოველთვის შეიძლება გამოსყიდულ იქნას ლევიანთა მიერ. თუ ლევიანთაგან ვინმე არ გამოისყიდის, გაყიდული სახლი მათ სამფლობელო ქალაქში გადავა საიუბილეო წლისთვის, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათ სამკვიდრებლად მიიღეს ისრაელიანთა შორის. მათი ქალაქების მიმდებარე მინდვრები არ გაიყიდება, რადგან ეს მათი საუკუნო სამკვიდრებელია. თუ შენი მოძმე შენს გვერდით გაღარიბდება და ფეხზე ვეღარ დადგება, დაეხმარე მას, ხიზანია იგი თუ ახალმოსახლე, და იცხოვროს შენთან. არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი და გეშინოდეს შენი ღმერთისა; და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან. შენი ვერცხლი არ მისცე მას ვახშით და სარგებლით არ მისცე შენი პური. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოგცეთ ქანაანის ქვეყანა და ვიყო თქვენი ღმერთი. თუ გაღარიბდება შენი მოძმე და მოგეყიდება შენ, არ დაიმონო იგი მონური შრომით. როგორც დაქირავებული, როგორც ხიზანი იყოს ის შენთან; საიუბილეო წლამდე იმუშაოს შენთან, ხოლო შემდეგ გავიდეს შენგან თვითონ და ძენი მისნი მასთან ერთად. და დაუბრუნდეს თავის საგვარეულოს, და თავის მამათა სამკვიდრებელს კვლავ დაეუფლოს. რადგან ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან. არ გაბატონდე მათზე სისასტიკით და გეშინოდეს შენი ღმერთისა. შენი მონა და შენი მხევალი, რომლებიც გყავს, თქვენს გარშემო მყოფ ხალხებიდან იყვნენ; მათგან იყიდეთ მონა-მხევლები; და აგრეთვე ხიზანთა შვილებისგან, რომლებიც ხიზნობენ თქვენთან, მათგან იყიდეთ და მათი საგვარეულოსგან, რომლებიც თქვენთანაა, რომელნიც დაიბადნენ თქვენს ქვეყანაში, და ისინი იქნებიან თქვენი საკუთრება. მემკვიდრეობით შეგიძლიათ გადასცეთ ისინი თქვენს შვილებს თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ, საუკუნოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს მოძმეებში, ისრაელიანთა შორის, არავინ მბრძანებლობდეს ერთმანეთზე სისასტიკით. თუ მწირი ან ხიზანი ქონებას შეიძენს შენთან, და შენი მოძმე გაღარიბდება მის წინაშე და მიეყიდება მწირს, შენს ხიზანს, ან მწირის საგვარეულოს შთამომავალს, გაყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოსყიდვა, ერთ-ერთმა მის მოძმეთაგანმა გამოისყიდოს ის, ან ბიძამისმა, ან მისმა ბიძაშვილმა გამოისყიდოს ის; ან ვინმემ მისი სანათესაოდან უნდა გამოისყიდოს ის; ან, თუ შესაძლებლობა მიეცემა, თავად გამოისყიდოს თავი. უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა, საიუბილეო წლამდე. და ვერცხლი მისი ნასყიდობისა განაწილდეს წლების რიცხვზე. როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან. თუ კიდევ რჩება მრავალი წელი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ვერცხლი. და თუ მცირე ხანი დარჩა საიუბილეო წლამდე, მაშინ დაითვალოს წელთა რაოდენობა და მის მიხედვით დააბრუნოს თავისი გამოსასყიდი. როგორც დაქირავებული, ისე იყოს იგი მასთან წლიდან წლამდე, და არ მბრძანებლობდნენ მასზე სისასტიკით შენს თვალწინ. და თუ არ იქნა გამოსყიდული ამგვარად, მაშინ საიუბილეო წელს გავიდეს თავისუფალი თვითონ და მისი შვილები მასთან ერთად, რადგან ჩემი მონები არიან ისრაელიანები; ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. არ გაიკეთოთ კერპები, და ქანდაკებები და სვეტები არ აღიმართოთ, და გამოსახულებიანი ქვა არ დადგათ თქვენს ქვეყანაში სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. ჩემი შაბათები დაიცავით და მოწიწებით მოეპყარით ჩემ საწმიდარს. მე ვარ უფალი. თუ ივლით ჩემი წესებით და ჩემს მცნებებს დაიცავთ და აღასრულებთ, მე მოგივლენთ წვიმებს დროულად და მიწა გამოიღებს მოსავალს, და ხე ბაღ-ვენახთა მოგცემთ თავის ნაყოფს, რთვლობამდე გასტანს თქვენი კალოობა, და რთვლობა – ხვნა-თესვამდე; და შეჭამთ თქვენს პურს მაძღრისად, და იცხოვრებთ მშვიდად თქვენს ქვეყანაში. დავამყარებ მშვიდობას ქვეყანაში და მშვიდად და უშფოთველად დაწვებით. განვდევნი სასტიკ მხეცებს ქვეყნიდან. და მახვილი არ გადაივლის თქვენს ქვეყანაზე. განდევნით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით. ხუთი თქვენგანი განდევნის ასს და ასი თქვენგანი – 10 ათასს, და დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე მახვილით. მოგხედავთ თქვენ, და ნაყოფიერს გაგხდით და გაგამრავლებთ, და განვამტკიცებ ჩემს აღთქმას თქვენთან. ჭამეთ შარშან დაგროვილი, და გადაყარეთ ძველი, ახალს რომ მოკრებთ. ჩემს სავანეს თქვენში დავიდგამ, და არ მოგიძულებთ თქვენ ჩემი სული. ვივლი თქვენს შორის და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, და თქვენ იქნებით ჩემი ხალხი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონები. მე დავწყვიტე აპეურები თქვენი უღლისა და წამოგიყვანეთ თავაღმართულნი. თუ არ დამემორჩილებით და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებებს, და თუ უკუაგებთ ჩემს წესებს, თუ ჩემს სამართალს შეიძულებთ, არ აღასრულებთ ჩემს ყოველ მცნებას და ჩემს აღთქმას დაარღვევთ, მეც ასევე მოგექცევით თქვენ: მოვავლენ თქვენზე საშინელებას, მღიერებას და ციებ-ცხელებას, რომელნიც ქანცავენ თვალებს და აწამებენ სულს. ამაოდ დათესავთ თქვენს თესლს, რადგან თქვენი მტრები შეჭამენ მას. მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენსკენ და განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე, და იბატონებენ თქვენზე თქვენი მოძულენი, და გაიქცევით, თუმცა მადევარი არ გეყოლებათ. და თუ მაინც არ გამიგონებთ, შვიდჯერ გავზრდი სასჯელს თქვენი ცოდვების გამო. გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას და სპილენძად – თქვენს მიწას, ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე, რადგან არ გამოიღებს თქვენი მიწა თავის მოსავალს, და ხე თქვენი მიწისა არ გამოიღებს თავის ნაყოფს. და თუ მაინც წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ და არ მომისმენთ, შვიდმაგად გავზრდი თქვენს გვემას თქვენი ცოდვების გამო. მოგისევთ ველის ნადირს, რომლებიც მოსპობენ თქვენს შვილებს, და ამოგიწყვეტენ საქონელს, გამოგლევენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები. და თუ ამითაც არ გამოსწორდებით და განაგრძობთ წინააღმდეგობას, მეც ვიქნები თქვენს წინააღმდეგ და გგვემთ შვიდმაგად თქვენი ცოდვების გამო. მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებისათვის. და თუ დაიმალებით თქვენს ქალაქებში, მაშინ მოვავლენ შავ ჭირს თქვენში და მტრის ხელში ჩაცვივდებით. ისე გაგიქრობთ პურის სახსარს, რომ ათი ქალი გამოაცხობს თქვენთვის პურს ერთ თონეში, წონით მოგცემენ თქვენს პურს, ჭამთ და ვერ გაძღებით. და თუ ამის შემდეგაც არ გამიგონებთ და იქნებით ჩემს წინააღმდეგ, მეც წამოვალ სისასტიკით თქვენს წინააღმდეგ და დაგსჯით შვიდმაგად თქვენი ცოდვების გამო. თქვენი ვაჟებისა და ასულების ხორცს შეჭამთ. გავანადგურებ თქვენს მაღლობებს და დავაქცევ თქვენი მზის კერპებს, და დავყრი თქვენს გვამებს თქვენს დამსხვრეულ კერპებზე, და შეგიძულებთ ჩემი სული. უდაბნოდ ვაქცევ თქვენს ქალაქებს, და ავაოხრებ თქვენს საკურთხევლებს, და აღარ ვიყნოსავ თქვენს მსხვერპლთა კეთილსურნელებას. ავაოხრებ თქვენს ქვეყანას ისე, რომ გაოგნდებიან იქ ჩასახლებული თქვენი მტრები; გაგფანტავთ ხალხებს შორის და ვიშიშვლებ მახვილს თქვენს კვალდაკვალ; გადაიქცევა თქვენი ქვეყანა უდაბნოდ და თქვენი ქალაქები – ნანგრევებად. მაშინ აინაზღაურებს თავის შაბათებს მიწა უკაცრიელების ჟამს; და როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ დაისვენებს მიწა და იკმარებს თავის შაბათებს. თავისი უკაცრიელების ჟამს დაისვენებს იმდენს, რამდენიც არ დაუსვენია თქვენს შაბათებში, როცა თქვენ მკვიდრობდით იქ. და ვინც თქვენგან გადარჩება, გულებში შთავნერგავ სიმხდალეს მათი მტრების ქვეყანაში, და ფოთლის შრიალის ხმაც კი შეაშინებს მათ, და გაიქცევიან, როგორც გაურბიან მახვილს, და დაეცემიან, როცა არავინ იქნება მათი მადევარი. ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისაგან გაქცეულნი, თუმცა მდევნელი არავინ იქნება. და არ გექნებათ ძალა, რომ გაუძლოთ თქვენს მტერს. დაიღუპებით ხალხთა შორის და შთაგნთქავთ მიწა თქვენი მტრებისა. და თქვენგან გადარჩენილნი ჩამოხმებიან თავიანთი ცოდვებისაგან თქვენი მტრების ქვეყანაში, და თავიანთი მამების ცოდვების გამო ჩამოხმებიან. და აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და თავიანთი მამების ბრალს, რომ მიმუხთლეს, და რომ წავიდნენ ჩემს წინააღმდეგ. და მეც წავალ მათ წინააღმდეგ, და მივიყვან მათ მათი მტრების ქვეყანაში. მაშინ დაითრგუნება მათი წინადაუცვეთელი გული, მაშინ იგემებენ ისინი თავიანთ დანაშაულს. და გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, და ჩემს აღთქმას ისააკთან, და ჩემს აღთქმას აბრაამთან, და ამ ქვეყანასაც გავიხსენებ, როცა მიწა მიტოვებული იქნება მათგან და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებისთვის მათგან გაუკაცრიელების ჟამს, და იგემებენ თავიანთ დანაშაულს, რადგან სამართალი უკუაგდეს და ჩემი წესები მოიძულეს. და მაინც, მტრების ქვეყანაში მათი ყოფნისას არ მოვიბეზრებ და არ მოვიძულებ მათ იმ ზომამდე, რომ სრულიად მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. და გავიხსენებ აღთქმას მათ წინაპრებთან, რომლებიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ხალხების თვალწინ, რათა ვიყო მათი ღმერთი; მე ვარ უფალი. ესაა წესები და სამართალი და რჯული, რომელიც დაადგინა უფალმა ისრაელიანთა და მის შორის სინაის მთაზე, მოსეს მეშვეობით. და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: გამოუცხადე ისრაელიანთ და უთხარი: თუ ვინმე ასრულებს უფლისადმი მიცემულ აღთქმას, უნდა გადაიხადოს ადამიანის სიცოცხლის ღირებულებით, შენი შეფასებით 20 წლიდან 60 წლამდე მამაკაცის ფასი უნდა იყოს 50 შეკელი ვერცხლი, საწმიდრის შეკელით. და თუ ქალია, შენი შეფასება იყოს 30 შეკელი. თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის იყოს 20 შეკელი, ხოლო ქალისთვის 10 შეკელი. და თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, შენი შეფასება ბიჭისათვის იყოს ვერცხლის ხუთი შეკელი, ხოლო გოგოსთვის ვერცხლის სამი შეკელი. და თუ 60 წლისაა, ან უფრო მეტის, თუ მამაკაცია, შენი შეფასებით იყოს 15 შეკელი, ქალისთვის კი 10 შეკელი. თუ ღარიბია აღმთქმელი და არ ძალუძს გადახდა შენი შეფასების მიხედვით, წარუდგინონ მღვდელს და ის შეაფასებს. აღთქმის დამდების ქონების შესაბამისად შეაფასოს მღვდელმა. თუ ეს პირუტყვია, რასაც სწირავენ მსხვერპლად უფალს, ყველა შესაწირი წმიდა იყოს. არ შეიძლება შეიცვალოს იგი, არ იქნება შენაცვლება კარგისა ცუდით, ან ცუდისა კარგით; და თუ შეცვლის, შეიცვალოს პირუტყვი პირუტყვით, მაშინ იგი და მისი სანაცვლო წმიდა იყოს. თუ ეს რომელიმე უწმიდური პირუტყვია, რომელსაც არ სწირავენ მსხვერპლად უფალს, უნდა წარუდგინონ ეს უწმიდური პირუტყვი მღვდელს, შეაფასოს მან, კარგია თუ ცუდი, და როგორც შეაფასებს, ისე იყოს. თუ გამომსყიდველი გამოისყიდის მას, დაუმატოს მეხუთედი შენს შეფასებას. თუ ვინმე შესწირავს თავის სახლს სიწმიდედ უფალს, მღვდელმა შეაფასოს: კარგია თუ ცუდი, როგორც შეაფასებს მას მღვდელი, ისე იყოს. თუ შემწირველი თავის სახლს გამოისყიდის, დაუმატოს მეხუთედი ნაწილი ვერცხლისა შენს შეფასებას, და მისი იქნება. თუ ვინმე თავისი საკუთარი სამკვიდრებლიდან ყანას მიუძღვნის უფალს, შენი შეფასება მისი ნათესის შესაბამისი იყოს: ერთი ღომორი ქერის ნათესისთვის ვერცხლის 50 შეკელი. თუ საიუბილეო წლის წინ შეწირავს ვინმე თავის ყანას, მოხდეს შენი შეფასებისამებრ. თუ საიუბილეო წლის შემდეგ შეწირავს ვინმე თავის ყანას, მღვდელმა ვერცხლი დაიანგარიშოს საიუბილე წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით და გამოიქვითება მისი შეფასებიდან. და თუ მისი შემწირველი ყანას გამოსყიდვით გამოისყიდის, დაუმატოს ვერცხლის მეხუთედი ნაწილი შეფასებას და მას დარჩება ყანა. თუ არ გამოისყიდა ყანა, ან თუ მიჰყიდა ყანა სხვა კაცს, შემდეგ ვეღარ გამოისყიდის. საიუბილეო წელს, როცა ყანა უბრუნდება მის პატრონს, ის იქნება უფლის სიწმიდე, მსგავსად დარისხებული ყანისა; ის გახდება მღვდლის სამემკვიდრეო სამფლობელო. თუ ნაყიდ ყანას, რომელიც არაა მისი მფლობელობის ყანებიდან, ვინმე მიუძღვნის უფალს, მაშინ მღვდელმა გამოუანგარიშოს მას შეფასების ოდენობა საიუბილეო წლამდე, და მისცეს ვერცხლი ამ შეფასების მიხედვით იმავე დღეს, როგორც სიწმიდე უფლისა. საიუბილეო წელს კი უბრუნდება ყანა მას, ვისგანაც იყიდა, ვისაც ეკუთვნის იმ მიწის მფლობელობა. ყოველი შენი შეფასება იყოს საწმიდრის შეკელით – 20 გერა იყოს შეკელში. ხოლო პირველმოგებული პირუტყვისაგან, რომელიც პირმშოობით უკვე ეკუთვნის უფალს, მიძღვნა არავის არ შეუძლია: ნახირიდან იქნება თუ ფარიდან – უფლისაა. თუ ეს უწმიდური პირუტყვია, მაშინ გამოსყიდული იქნება შენი შეფასებისამებრ და დაემატება მას მისი მეხუთედი ნაწილი. და თუ არ გამოისყიდება, მაშინ გაიყიდოს შენი შეფასებით. ხოლო ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა თავისი საბადებლიდან – ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა. ყოველი დარისხებული, რაც დარისხებულია ადამიანისაგან, არ გამოისყიდება; სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ყოველი მეათედი მიწიდან: მიწის თესლისაგან, ხის ნაყოფისაგან, უფლისაა ის. ეს სიწმიდეა უფლისა. თუ ვინმე მოინდომებს, რომ გამოისყიდოს თავისი მეათედი, მაშინ მიუმატოს მის ფასს მეხუთედი ნაწილი. ყოველი მეათედი ნახირისა და ფარისა, ყოველი მეათე, რომელიც მწყემსის კომბლის ქვეშ გადის, უფლის სიწმიდეა, არ გაირჩეს კარგი და ცუდი, და არ შეიცვალოს იგი. თუ ვინმე შეცვლით შეცვლის მას, ისიც და მისი სანაცვლოც წმიდა იქნება და არ გამოისყიდება. ესაა მცნებანი, რომელნიც ამცნო უფალმა მოსეს ისრაელის ძეთათვის სინაის მთაზე. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, საკრებულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წელს, და უთხრა: აღრიცხეთ ისრაელიანთა მთელი თემი მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, ყოველი მამრი სათითაოდ, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელიანი შენ და აარონმა აღრიცხეთ მათი ლაშქრების მიხედვით. თითოეული ტომიდან თქვენთან იყოლიეთ თითო კაცი, თითოეული თავისი მამისსახლის თავკაცი. ეს არის სახელები იმ თავკაცებისა, რომელნიც იქნებიან თქვენთან ერთად: რეუბენიდან ელიცური, ძე შედეურისა; სიმეონიდან შელუმიელი, ძე ცურიშადაისა; იუდადან ნახშონი, ძე ყამინადაბისა; ისაქარიდან ნეთანელი, ძე ცუყარისა; ზებულუნიდან ელიაბი, ძე ხელონისა; იოსებიანთაგან: ეფრემიდან ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა; მანაშედან გამალიელი, ძე ფედაცურისა; ბენიამინიდან აბიდანი, ძე გიდეონისა; დანიდან ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა; აშერიდან ფაგეყიელი, ძე ყოქრანისა; გადიდან ელიასაფი, ძე დეუელისა; ნაფთალიდან ახირაყი, ძე ყენანისა. ესენი იყვნენ არჩეულნი თემიდან, თავკაცნი თავიანთი მამების შტოებისა, ისრაელის ათასისთავები. მოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, რომლებიც სახელებით იყვნენ ჩამოთვლილი, და შეკრიბეს მთელი თემი მეორე თვის პირველ დღეს, და გამოაცხადეს მათ თავიანთი წარმომავლობა, მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლებისა და სახელთა რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყველანი სათითაოდ. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღრიცხა მან ისინი სინაის უდაბნოში. სულ აღირიცხა რეუბენის, ისრაელის პირმშოს, შთამომავალთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ, 20 წლიდან და მათზე უფროსნი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, რეუბენის ტომში აღირიცხა 46500. სიმეონის ძეთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, სათითაოდ, ყოველი მამაკაცი 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. სიმეონის ტომში აღირიცხა 59300. გადიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, გადის ტომში აღირიცხა 45650. იუდას ძეთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, იუდას ტომში აღირიცხა 74600. ისაქარიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, ისაქარის ტომში აღირიცხა 54400. ზებულუნიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი ტომების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, ზებულუნის ტომში აღირიცხა 57400. იოსების ძეთაგან: ეფრემის ძეთაგან მათი საგვარეულოების, მათი ტომების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, ეფრემის ტომში აღირიცხა 40500. მანაშეანთაგან მათი საგვარეულოების, მათი ტომების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, მანაშეს ტომში აღირიცხა 32 200. ბენიამინიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, ბენიამინის ტომში აღირიცხა 35 400. დანიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, დანის ტომში აღირიცხა 62 700. აშერიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, აშერის ტომში აღირიცხა 41 500. ნაფთალიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, ნაფთალის ტომში აღირიცხა 53 400. ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა და ისრაელის მთავრებმა – თორმეტმა კაცმა – თითო კაცმა თითო ტომიდან. და ყველა აღრიცხული ისრაელიანი, მათი მამისსახლებიდან, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელიანი, და მთლიანად აღრიცხული იყო 603550. ლევიანები მათი მამის ტომების მიხედვით არ აღრიცხულან მათ შორის. უთხრა უფალმა მოსეს: მხოლოდ ლევის ტომი არ შეიტანო აღწერაში და არ აღრიცხო ისინი ისრაელიანთა შორის. არამედ დაადგინე ლევიანები საკრებულო კარვის მსახურებაზე, მთელ მის აღჭურვილობასა და ყოველივეზე, რაც მასშია. მათ ატარონ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, და ემსახურონ მას, და კარვის გარშემო დაბანაკდნენ. როცა საჭირო იქნება კარვის გადატანა, დაშალონ იგი ლევიანებმა; და კარვის შეჩერებისას დადგან ის ლევიანებმა, უცხო კი, ვინც მას გაეკარება, მოიკლას. დაიბანაკონ ისრაელიანებმა, თითოეულმა თავის ბანაკში და თითოეულმა თავის დროშასთან – თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით. ლევიანებმა კი დაიბანაკონ საკრებულო კარვის გარშემო, რათა არ მოვიდეს რისხვა ისრაელიანთა თემზე, და იდგნენ ლევიანები საკრებულო კარვის დარაჯად. და გააკეთეს ისრაელიანებმა ყველაფერი ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და ელაპარაკა უფალი მოსესა და აარონს, და უთხრა: ყოველმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის ნიშნებთან დაიბანაკოს; საკრებულო კარვის ირგვლივ დაიბანაკონ მათ. წინა მხარეს, აღმოსავლეთით, დაბანაკდეს იუდას ლაშქარი. იუდეანთა თავკაცი – ნახშონი, ძე ყამინადაბისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 74 600 კაცი. მის მომდევნოდ ისაქარის ტომი. მისი თავკაცი – ნეთანელი, ძე ცუყარისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 54 400 კაცი. შემდეგ ზებულუნის ტომი. ზებულუნიანთა თავკაცი – ელიაბი, ძე ხელონისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 57 400 კაცი. იუდას ტომში აღრიცხული მთელი ლაშქარი 186 400 კაცი. ისინი პირველნი უნდა გაემგზავრნენ. სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. რეუბენიანთა თავკაცი – ელიცური, ძე შედეურისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი – 46 500 კაცი. მის მომდევნოდ სიმეონის ტომი. სიმეონის ძეთა თავკაცი – შელუმიელი, ძე ცურიშადაისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 59 300 კაცი. შემდეგ გადის ტომი. გადიანთა თავკაცი – ელიასაფი, ძე რეღუელისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 45 650 კაცი. რეუბენის ბანაკში აღრიცხული მთელი ლაშქარი – 151 450 კაცი მეორენი უნდა გაემგზავრნენ. როცა დაიძვრება საკრებულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკთა შუაში იყოს, როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე გაემგზავრნენ, თითოეული თავის დროშასთან. დასავლეთით იყოს ეფრემის ლაშქარი თავისი რაზმებით. ეფრემიანთა თავკაცი – ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 40500 კაცი. მომდევნოდ მანაშეს ტომი. მანაშეანთა თავკაცი – გამალიელი, ძე ფედაცურისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 32200 კაცი. შემდეგ ბენიამინის ტომი. ბენიამინიანთა თავკაცი – აბიდანი, ძე გედეონისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 35400 კაცი. ყოველი აღრიცხული ეფრემის ბანაკში მთელი მათი ლაშქრით 108100 კაცი. ისინი მესამენი უნდა გაემგზავრნენ. დანის ბანაკის ჩრდილოეთით იყოს დანის ლაშქარი. დანიანთა თავკაცი – ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 62700 კაცი. მასთან დაიბანაკოს აშერის ტომმა. აშერიანთა თავკაცი – ფაგეყიელი, ძე ყოქრანისა. მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 41500 კაცი. შემდეგ ნაფთალის ტომი. ნაფთალიანთა თავკაცი – ახირაყი, ძე ყენანისა, მასთან აღრიცხული მისი ლაშქარი 53400 კაცი. ყოველი აღრიცხული დანის ბანაკში 157600 კაცი. ისინი უკანასკნელნი უნდა გაემგზავრნენ თავ-თავის ლაშქრებად. ეს იყო ისრაელიანთა აღრიცხვა მათი მამისსახლების მიხედვით. ყოველი აღრიცხული ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო 603550. ხოლო ლევიანები არ აღირიცხნენ ისრაელიანთა შორის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და გააკეთეს ისრაელიანებმა ყველაფერი ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ასე დაიბანაკეს თავიანთი დროშების მიხედვით და ასე გაემგზავრა თითოეული თავისი ტომის მიხედვით, თავის მამისსახლის მიხედვით. ეს არის აარონისა და მოსეს მოდგმა იმ დღისათვის, როდესაც უფალი ელაპარაკებოდა მოსეს სინაის მთაზე. ესაა აარონის ძეთა სახელები: პირმშო ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. ესაა აარონის ძეთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომელნიც სამღვდლოდ აკურთხა მან. დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა უცხო ცეცხლი შესწირეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში. და რაკი შვილები არ ჰყავდათ მათ, მღვდელმსახურება იწყეს ელეაზარმა და ითამარმა, თავიანთი მამის, აარონის, სიცოცხლეშივე. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: მიიყვანე ლევის ტომი და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რომ ემსახურონ მას. და ემსახურონ მას და მთელ თემს საკრებულო კარვის წინ, და შეასრულონ კარვის სამსახური, დაიცვან საკრებულო კარვის ყოველი ნივთი და ისრაელიანთა მცველებად იდგნენ, რათა შეასრულონ კარვის სამსახური. გადაეცი ლევიანები აარონსა და მის ძეებს. მას უნდა ჰყავდეს ისინი ჩაბარებული ისრაელიანთაგან. აარონსა და მის ძეებს ჩააბარე საკრებულო კარავი, რათა დაიცვან თავიანთი მღვდლობა და ყველაფერი, რაც სამსხვერპლოსია და ფარდის შიგნითაა, ხოლო უცხო, თუ ვინმე მიეკარება, მოიკლას. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: აჰა, მე ავიყვან ლევიანებს, ისრაელიანთაგან, ყოველი პირმშოს ნაცვლად, რომელიც გამოარღვევს დედის საშოს. ჩემები იქნებიან ლევიანები, რადგან ჩემია ყოველი პირმშო. იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში. ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან ისინი; მე ვარ უფალი. და ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა: აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლებისა და საგვარეულოების მიხედვით. ყოველი მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი აღრიცხე. აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც მიიღო ბრძანება. ესენი იყვნენ ლევიანები მათი სახელების მიხედვით: გერშონი, კოჰათი და მერარი. ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმეყი. კოჰათიანები თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და ძენი მერარისა თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: მახლი და მუში. ესაა ლევიანთა საგვარეულო მათი მამისსახლების მიხედვით. გერშონისაგან: ლიბნის საგვარეულო და საგვარეულო შიმყისა. ესაა გერშონის საგვარეულოები. აღირიცხა ყოველი მამრი ერთი თვისა და მათზე უფროსნი, სულ 7500. გერშონის საგვარეულოს უნდა დაებანაკებინა კარვის უკან, დასავლეთით. გერშონის მამისსახლების თავკაცი იყო ელიასაფი, ძე ლაელისა. გერშონიანებს ებარათ საკრებულო კარავი და მისი გადასახურავი და საკრებულო კარვის შესასვლელის ფარდა. ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს შესასვლელისა, რომელიც კარვისა და საკურთხევლის გარშემოა, და მისი საბელები ყოველი მათი აღჭურვილობით. კოჰათისაგან ყამრამის საგვარეულო და საგვარეულო იცჰარისა, საგვარეულო ხებრონისა და საგვარეულო ყუზიელისა. ეს იყო კოჰათის საგვარეულოები. ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, იყო 8600, საწმიდრის მოვალეობის შემსრულებლად. კოჰათიანთა საგვარეულოებს უნდა დაებანაკათ კარვის გვერდით, სამხრეთისაკენ. კოჰათიანთა საგვარეულოების მამისსახლების თავკაცი იყო ელიცაფანი, ძე ყუზიელისა. მათ ებარათ კიდობანი და ტაბლა, ლამპარი და სამსხვერპლოები და საწმიდრის ჭურჭელი, ფარდა და მსახურებისთვის საჭირო მთელი მოწყობილობა. ლევიანთა წინამძღოლთა თავკაცი იყო ელეაზარი, ძე აარონ მღვდლისა. იგი ზედამხედველობდა მათ, ვინც საწმიდრის სამსახურს ასრულებდა. მერარისაგან იყო საგვარეულო მახლისა და საგვარეულო მუშისა. ეს იყო საგვარეულოები მერარისა. ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, იყო 6 200. მერარის საგვარეულოების მამისსახლის თავკაცი იყო ცურიელი, ძე აბიხაილისა. მათ კარვის გვერდით უნდა დაებანაკათ, ჩრდილოეთით. მერარიანებს ებარათ კარვის ძელები, მისი საკეტურები, მისი სვეტები, მისი კვარცხლბეკები, მისი აღჭურვილობა და მათი ყოველი მოწყობილობა, ასევე სვეტები ეზოს გარშემო, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები და მათი საბელები. ხოლო სავანის წინ, აღმოსავლეთით, საკრებულო კარვის წინ, უნდა დაებანაკათ მოსეს, აარონსა და მის ძეებს, რომელთაც ევალებოდათ საწმიდრის დაცვა ისრაელიანთა შორის. და უცხო, ვინც კი გაეკარებოდა, უნდა მომკვდარიყო. ყოველი ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აარონმა მათი საგვარეულოებითურთ, ყოველი მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი იყო 22 ათასი. და უთხრა უფალმა მოსეს: აღრიცხე ყოველი პირმშო მამრი ისრაელიანთაგან, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, გადაითვალე ისინი სახელებით. და აიყვანე ლევიანები ჩემთვის, – მე ვარ უფალი, – ყოველი პირმშოს სანაცვლოდ ისრაელიანთაგან, და ლევიანთა საქონელი ისრაელიანთა ყოველი პირველმოგებული პირუტყვის სანაცვლოდ. აღრიცხა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას, ყოველი პირმშო ისრაელიანი. და იყო ყოველი პირმშო მამრი სახელთა რიცხვით, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, მათი აღწერით 22 273. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: აიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად, და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად, ჩემი არიან ლევიანები; მე ვარ უფალი. იმ 273 კაცის გამოსასყიდად, რომლითაც მეტობენ ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები, აიღე ხუთ-ხუთი შეკელი ყოველ სულზე, საწმიდრის შეკელით, რომელიც იწონის ოც გერას, მიეცი ეს ვერცხლი აარონს და მის ძეებს მათგან ზედმეტის გამოსასყიდად. და აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ლევიანთა მიერ შენაცვლებული რიცხვის ნამეტისაგან. ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო ეს ვერცხლი 1365 შეკელი, საწმიდრის შეკელით. და მისცა მოსემ ეს გამოსასყიდი ვერცხლი აარონსა და მის ძეებს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა მას. და ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: აღრიცხე კოჰათიანები ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, 30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეუძლია სამსახური საკრებულო კარავში. ესაა კოჰათიანთა სამსახური საკრებულო კარავში, წმიდათა წმიდისათვის. შევიდნენ აარონი და მისი ძენი ბანაკის აყრისას, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი ფარდა და დაფარონ იმით მოწმობის კიდობანი. და ზედ დააფარონ თახაშის ტყავის საბურველი, და ზემოდან გადააფარონ ლურჯი მატყლის ქსოვილი და გაუყარონ კეტები. საწინაშეო პურების ტაბლაზე გაშალონ ლურჯი მატყლის ქსოვილი და ზედ დააწყონ ჯამები, კოვზები, საწდეები და საღვრელი თასები. და მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე. და გაშალონ მასზე ჭიაფერი ქსოვილი, და დააფარონ მას თახაშის ტყავის საბურველი, და გაუყარონ კეტები. აიღონ ლურჯი მატყლის ქსოვილი და შეახვიონ სასანთლე და მისი კანდელები, და მისი მაშები, და მისი აქანდაზები, და მთელი ჭურჭელი ზეთისთვის, რომელსაც მისთვის იყენებენ. და მოათავსონ ის და მთელი მისი ჭურჭლეული თახაშის ტყავის გადასაფარებელში და ჩამოკიდონ ლატანზე. ოქროს სამსხვერპლოზე გაშალონ ლურჯი ქსოვილი, და დაბურონ ის თახაშის ტყავის გადასაფარებლით, და გაუყარონ კეტები. და აიღონ ყველა სამსახურებელი ჭურჭელი, რომლითაც მსახურებენ საწმიდარში, და დააწყონ ცისფერ გადასაფარებელზე და დაბურონ ისინი თახაშის ტყავის საბურველით და ჩამოკიდონ ლატანზე. გაასუფთაონ სამსხვერპლოს ნაცრისგან და გაშალონ მასზე ძოწეული ქსოვილი. და დააწყონ ზედ მთელი მისი ჭურჭელი, რომლითაც მსახურებენ მასზე: აქანდაზები, ჩანგლები და ნიჩბები, და სასხურებლები – სამსხვერპლოს მთელი აღჭურვილობა, და გაშალონ მასზე თახაშის ტყავის საბურველი და გაუყარონ კეტები. როცა აარონი და მისი ძენი დაასრულებენ საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლის დაბურვას ბანაკის აყრისას, მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდნენ კოჰათიანები ასაწევად. არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რათა არ დაიხოცონ. ესაა საკრებულო კარვის ტვირთი კოჰათიანთათვის. აარონ მღვდლის ძეს, ელეაზარს, ევალება ზედამხედველობა სალამპრე ზეთზე, კეთილსურნელოვან საკმეველზე, მუდმივ პურეულ შესაწირსა და საცხებელ ზეთზე, – ზედამხედველობა მთლიანად კარავზე და ყოველივეზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მის ჭურჭელზე. და ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: ნუ გადააშენებთ კოჰათის საგვარეულოთა შტოს ლევიანთაგან. ეს უნდა გააკეთოთ მათთვის, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცნენ, როდესაც მიუახლოვდებიან წმიდათა წმიდას; აარონი და მისი ძენი მივიდნენ და გაამწესონ კოჰათიანები თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთთან. და ნუ მივლენ საწმიდრის შებურვის სახილველად, რათა არ დაიხოცონ. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: აღრიცხე აგრეთვე გერშონიანები მათი მამისსახლებისა და მათი საგვარეულოების მიხედვით. 30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, აღრიცხე ყველა, ვისაც შეუძლია სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარვის საქმის საკეთებლად. ეს არის გერშონის მოდგმის საგვარეულოთა საშრომელი, რაც მათ უნდა აკეთონ და იტვირთონ: მათ უნდა ატარონ კარვის გადასაფარებლები, საკრებულო კარავი და მისი გადასაფარებლები, და თახაშის ტყავის საბურველი, რომელიც მასზეა დაფენილი, და საკრებულო კარვის შესასვლელის ფარდა. და ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს კარიბჭის შესასვლელისა, რომელიც საკრებულო კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივაა, და მათი საბელები, და მათი ყოველი სამსახურებელი ჭურჭელი, და ყოველივე, რაც აქვთ გასაკეთებელი, უნდა აკეთონ. აარონისა და მის ძეთა ბრძანებით უნდა სრულებოდეს გერშონიანთა ყველა საქმე – ყველაფრის ტარება და ყველაფრის კეთება. მათ ჩააბარე შესანახად ყველაფერი, რაც მათი სატარებელია. ესაა გერშონიანთა საგვარეულოს სამსახური საკრებულო კარავში, და მათი მოვალეობანი შესრულდეს აარონის ძის, ითამარის, ზედამხედველობით. მერარიანები მათი საგვარეულოების და მათი მამისსახლების მიხედვით აღრიცხე. 30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, აღრიცხე ისინი, ყოველი, ვისაც შუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულონ საკრებულო კარვის სამსახური. ესაა მათი ვალდებულება, რომ საკრებულო კარავში მთელი მათი სამსახურისას ატარონ კარვის ძელები, მისი საკეტურები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები. და ეზოს სვეტები, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები, და მათი საბელები, და მათი ყოველი აღჭურვილობა; სახელდებით აღრიცხეთ საგნები, რომლებიც მათ უნდა ატარონ. ეს არის მერარიანთა საგვარეულოების სამსახური. ყოველი მათი სამსახური საკრებულო კარავთან აარონ მღვდლის ძის, ითამარის, ხელქვევით არის. მოსემ და აარონმა და თემის თავკაცებმა აღრიცხეს კოჰათიანები მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, 30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყველა, ვისაც შეეძლება სამსახურში ჩადგომა კარვის საქმის საკეთებლად. და აღირიცხა მათი საგვარეულოების მიხედვით 2750 კაცი. ესენი იყვნენ აღრიცხულნი კოჰათის საგვარეულოდან, ყველანი, რომელნიც მუშაობდნენ საკრებულო კარავში, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელმძღვანელობით. და აღრიცხულნი გერშონის ძეთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, 30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში სამუშაოდ. მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით აღირიცხა 2630 კაცი. ესენი იყვნენ აღრიცხულნი გერშონიანთა საგვარეულოდან, ყველა, ვინც მსახურობდა საკრებულო კარავში, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით. და აღირიცხა მერარიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით, 30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა, საკრებულო კარვის საქმის საკეთებლად; და აღირიცხა მათი საგვარეულოების მიხედვით 3200 კაცი. ესენი იყვნენ აღრიცხულნი მერარის საგვარეულოდან, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, და მოსეს მეშვეობით. ყველა, ვინც აღრიცხეს მოსემ და აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, 30 წლიდან და ზევით 50 წლის ასაკამდე, ყველა, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში და ტვირთის ტარება, სულ აღირიცხა 8540 კაცი. უფლის ბრძანებით, მოსეს მეშვეობით აღრიცხეს ისინი – თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთის ზიდვაზე, და თითოეული აღირიცხა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „უბრძანე ისრაელიანთ, რომ გაიყვანონ ბანაკიდან ყოველი კეთროვანი და ყოველი ჩირქოვანი გამონადენის მქონე, და ყოველი მკვდართან შეხებით გაუწმინდურებული. კაციდან ქალამდე გაიყვანეთ; ბანაკის გარეთ გაიყვანეთ ისინი, რათა არ შებილწონ თავიანთი ბანაკები, სადაც მე ვმკვიდრობ.“ და ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. გაიყვანეს ისინი ბანაკს გარეთ. როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელიანები. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „უთხარი ისრაელიანთ: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს დანაშაულს ადამიანის წინაშე, შემცოდეა ის უფლის წინაშეც, და დადანაშაულდება ის სული, და აღიაროს ჩადენილი ცოდვა და ზღოს თითოეულმა სრულად, რაც წაუხდინა და დაუმატოს მეხუთედი და მისცეს მას, ვისაც დაუშავა. თუ იმ კაცს არა ჰყავს ნათესავი, ვისაც უნაზღაურდება წანახედი, მაშინ წანახედის საზღაური ეკუთვნის უფალს, მღვდლისა იყოს იგი, შენდობის ვერძთან ერთად, რითაც იგი შეუნდობს მას. ყოველი აღსამართავი მსხვერპლი ისრაელიანთა ყოველი შესაწირავისა, რასაც ისინი მღვდელს წარუდგენენ, მას ეკუთვნის. ვინმეს მიერ შემოწირული მას ეკუთვნის. თუ ვინმე რამეს მისცემს მღვდელს, მღვდლისაა.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „განუცხადე ისრაელიანთ და უთხარი მათ: თუ ვინმეს ცოლი გზას ასცდება და უღალატებს ქმარს, დაწვება ვინმე მასთან თესლის მიღვრით, და დაფარული იქნება ეს მისი ქმრისგან, და ფარულად შეიბილწება ის, და მოწმე მის წინააღმდეგ არ იქნება, რადგან ზედ არავის წაუსწრია, და ქმარს ეწვევა სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, ხოლო ცოლი შებილწულია; ან თუ ქმარს ეწვევა სული ეჭვიანობისა და იგი იეჭვიანებს ცოლზე, რომელიც არ არის შებილწული, მიიყვანოს ქმარმა ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირავი ცოლისათვის ეფის მეათედი ქერის ფქვილისა, ოღონდ არ დაასხას მას ზეთი და არ დააყაროს საკმეველი, რადგან ეს შესაწირავი ეჭვიანობისაა, ხსოვნის შესაწირავია, რომელიც გაახსენებს ცოდვას. და მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს მას უფლის წინაშე. აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით, და მიწას, რომელიც კარვის იატაკზეა და ჩაყრის მას წყალში. დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე, და თავსაბურველს მოხდის და დაუდებს მას ხელისგულზე ხსოვნის შესაწირავს, ეს ეჭვიანობის შესაწირავია. ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი – დამაწყევარი. და დააფიცოს იგი მღვდელმა და უთხრას ქალს: ‘თუ კაცი არ დაწოლილა შენთან, და თუ გზას არ აცდენილხარ შებილწვით შენი ქმრის უფლების ქვეშ მყოფი, უვნებელი იყავი ამ მწარე დამაწყევარი წყლისგან, – ხოლო თუ ქმრის უფლების ქვეშ მყოფი გზას ასცდი და შეიბილწე, და იწვა შენთან მამაკაცი, შენი ქმრის გარდა.’ და დააფიცოს მღვდელმა ეს ქალი წყევლის ფიცით, და უთხრას მას: ‘მიგცეს შენ უფალმა წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, რომ უფალმა დაგიდამბლაოს საშო და გაგისიოს მუცელი. შევა ეს დამაწყევარი წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დაგიდამბლაოს საშო!’ და იტყვის ქალი: ‘ამინ, ამინ!’ და ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში, და გადარეცხოს ის მწარე წყლით. ასვას ქალს მწარე დამაწყევარი წყალი და შევა მასში დამლახვრელი წყალი გამამწარებლად. გამოართვას მღვდელმა ქალს ხელიდან ეჭვიანობის შესაწირავი და შეარხიოს ეს შესაწირავი უფლის წინაშე, და მიიტანოს იგი სამსხვერპლოსთან, და აიღოს მღვდელმა ერთი პეშვი ამ შესაწირავისა, მისი სამახსოვროს ნაწილი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე, და შემდეგ ასვას ქალს ის წყალი. როდესაც შეასმევს მას ამ წყალს, თუ იგი შებილწულია და უღალატა ქმარს, ეს დამაწყევარი წყალი შევა მასში გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება საშო, და წყეული იქნება ეს ქალი თავის ხალხში. და თუ არაა შებილწული ეს ქალი და სუფთაა, უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით. ესაა წესი ეჭვიანობისა, როცა ქმრის უფლების ქვეშ მყოფი ქალი გზას ასცდება და შეიბილწება, ან როცა მამაკაცს დაეუფლება სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, მან უნდა მიიყვანოს ეს ქალი უფლის წინაშე, და გაუკეთოს მას მღვდელმა ყოველივე ამ წესისამებრ. და ქმარი თავისუფალი იქნება ცოდვისაგან, ხოლო იმ ქალის კისერზე იქნება მისი ცოდვა.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: განუცხადე ისრაელიანთ და უთხარი: თუ კაცი ან ქალი დადებს მოწმიდარობის აღთქმას, მან თავი წმიდად უნდა მიუძღვნას უფალს; ღვინისა და თაფლუჭისაგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინის და თაფლუჭის ძმარი არ იხმაროს, არც ყურძნის წვენი დალიოს, და არ ჭამოს არც ახალი ყურძენი და არც ჩამიჩი. მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში არაფერი არ ჭამოს, რაც კეთდება ყურძნისაგან, წიპწიდან ჩენჩომდე. თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს სამართებელმა არ გადაიაროს მის თავზე; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა. წმიდაა იგი და თმა მოიზარდოს თავზე. უფლის მოწმიდარობის დღეებში მკვდარს არ მიეკაროს. თავისი მამის და დედის, ძმისა და დის გამოც არ შეიბილწოს მათი სიკვდილის შემთხვევაში, რადგან მის კისერზეა ღმერთის მოწმიდარობა. მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში იგი წმიდაა უფლისათვის. თუ ვინმე მოკვდა მასთან უეცრად, და შეიბილწა მან თავისი მოწმიდარობის თმა, უნდა შეიკრიჭოს თავი და როცა ხელახლა განიწმიდება, უნდა შეიკრიჭოს თმა. თმა უნდა შეიკრიჭოს გაუწმიდურებიდან მეშვიდე დღეს, მერვე დღეს მიუყვანოს ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მღვდელს საკრებულო კარვის შესასვლელთან. და მოამზადებს მღვდელი ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს სრულადდასაწველად, და შეუნდობს მას, რაც შესცოდა მკვდართან მიკარებით, და განწმედს მას იმავე დღეს. და დაიწყოს მან უფლის მოწმიდარობა ხელახალი ვადით და მიიყვანოს წელგამოვლილი კრავი დანაშაულის მსხვერპლად. და წინა მოწმიდარობის დღეები გაუქმდება, რადგან შეიბილწა მისი მოწმიდარობა. ესაა წესი მოწმიდარობისა: მისი მოწმიდარობის დღეთა შესრულებისას იგი უნდა მიიყვანონ საკრებულო კარვის შესასვლელთან, და მსხვერპლს შესწირავს იგი უფალს: წელგამოვლილ უმანკო მამალ კრავს სრულადდასაწველად, და ერთწლიან უმანკო დედალ კრავს ცოდვის მსხვერპლად, და ერთ უხინჯო ვერძს სამადლობელო მსხვერპლად, ერთ კალათა ხორბლის გამტკიცული ფქვილის ხმიადებს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს, ზეთწაცხებულ უფუარ კვერებს, მათ პურეულ ძღვენსა და მათ საღვრელ ძღვენთან ერთად. ამას მღვდელი მიიტანს უფლის წინაშე, და შესწირავს მისი ცოდვისათვის და სრულადდასაწველად. შესწირავს ვერძს სამადლობელო მსხვერპლად უფლისათვის ერთ კალათა ხმიადებთან ერთად. ასევე მოამზადებს მღვდელი მის პურეულ ძღვენს და საღვრელ ძღვენს. და გადაიკრეჭს მოწმიდარი კარვის შესასვლელთან თმებს, შემდეგ აიღებს თავის მოწმიდარობის თმებს, და ჩაყრის ცეცხლში, რომელიც სამადლობელო მსხვერპლსა აქვს შენთებული. აიღებს მღვდელი ვერძის ბეჭს და ერთ უფუარ კვერს კალათიდან და ერთ უფუარ ნამცხვარს და დაუდებს მოწმიდარს ხელის გულებზე, მას შემდეგ რაც გაიკრეჭს ის თავის მოწმიდარობის თმას. და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე: სიწმიდეა იგი მღვდლისათვის, შესარხეველ მკერდსა და აღსამართავ ბეჭთან ართად. და შემდეგ შეიძლება დალიოს მოწმიდარმა ღვინო. ესაა წესი მოწმიდარისათვის, რომელმაც აღთქმა მისცა უფალს, და მისი მსხვერპლი უფლისადმი თავისი მოწმიდარობისთვის, გარდა იმისა, რაზეც ხელი მიუწვდება. თავისი აღთქმისამებრ, რაც აღუთქვა უფალს, ისე გააკეთოს, თავისი მოწმიდარობის წესისამებრ. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი აარონსა და მის ძეებს: ასე უნდა აკურთხოთ თქვენ ისრაელიანები და უთხრათ მათ: გაკურთხოს შენ უფალმა და დაგიცვას შენ! მოგფინოს უფალმა ნათელი თავისი სახისა და შეგიწყალოს შენ! მოაქციოს უფალმა თავისი სახე შენსკენ და მოგცეს მშვიდობა! ასე აღბეჭდავენ ისინი ჩემს სახელს ისრაელიანებზე – და მე ვაკურთხებ მათ. იმ დღეს, როდესაც მოსემ დაასრულა კარვის აღმართვა და ზეთი სცხო მას და აკურთხა იგი და მთელი მისი აღჭურვილობა, და საკურთხეველი მთელი მისი აღჭურვილობით, და ზეთი სცხო მას და აკურთხა ისინი, მიეახლნენ მას ისრაელიანთა თავკაცები, მათი მამისსახლების თავკაცები, ტომების თავკაცები, რომლებიც ზედამხედველობდნენ აღრიცხვას, და მიიტანეს შესაწირავი უფლის წინაშე: 6 მოჩარდახული ურემი და 12 ხარი, თითო ურემი ორი თავკაცისგან და თითო ხარი თითოზე, და წარადგინეს ისინი კარვის წინაშე. და უთხრა უფალმა მოსეს: გამოართვი, რათა იყოს ეს საკრებულო კარავის სამუშაოებისათვის. და გადაეცი ისინი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამუშაოს მიხედვით. აიღო მოსემ ურმები და ხარები, და გადასცა ლევიანებს. ორი ურემი და ოთხი ხარი მისცა გერშონიანებს, მათი სამსახურის მიხედვით. და ოთხი ურემი და რვა ხარი მისცა მერარიანებს, მათი სამსახურის მიხედვით, აარონ მღვდლის ძის, ითამარის, ზედამხედველობით. ხოლო კოჰათიანებს არ მისცა, რადგან მათი სამსახური იყო საწმიდრის ტარება; მხრებით უნდა ეტარებინათ ის. და მოიტანეს მსხვერპლი თავკაცებმა სამსხვერპლოს კურთხევისათვის, მისი ცხების დღეს, და წარადგინეს თავკაცებმა თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოს წინ. და უთხრა უფალმა მოსეს: თითო თავკაცმა თითო დღეს შესწიროს თავისი მსხვერპლი სამსხვერპლოს კურთხევისათვის. და პირველ დღეს თავისი მსხვერპლის შემწირველი იყო ნახშონი, ძე ყამინადაბისა, იუდას ტომიდან. მისი შესაწირავი იყო: ერთი ვერცხლის თასი, 130 შეკელის წონისა, ვერცხლის ერთი თასი 70 შეკელისა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, ათ შეკელიანი ოქროს ერთი სასაკმევლე, საკმევლით სავსე. ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს შესაწირავი იყო ნახშონისა, ყამინადაბის ძისა. მეორე დღეს შესწირა თავისი მსხვერპლი ნეთანელმა, ცუყარის ძემ, ისაქარის თავკაცმა. მან შესწირა თავისი შესაწირავი: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის მსხვერპლად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირავი ნეთანელისა, ცუყარის ძისა. მესამე დღეს შესწირა ზებულუნიანთა თავკაცმა, ელიაბმა, ხელონის ძემ; მისი შესაწირავი იყო: ერთი ვერცხლის ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის მსხვერპლად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიაბის, ხელონის ძისა. მეოთხე დღეს შესწირა რეუბენიანთა თავკაცმა ელიცურმა, შედეურის ძემ; მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირავი ელიცურის, შედეურის ძისა. მეხუთე დღეს შესწირა სიმეონიანთა თავკაცმა შელუმიელმა, ცურიშადაის ძემ; მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი შელუმიელისა, ცურიშადაის ძისა. მეექვსე დღეს შესწირა გადიანთა თავკაცმა ელიასაფმა, რეღუელის ძემ; მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვენად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო შესაწირავად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიასაფისა, რეღუელის ძისა. მეშვიდე დღეს შესწირა ეფრემიანთა თავკაცმა ელიშამაყმა, ყამიჰუდის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი, სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო შესაწირავი იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიშამაყისა, ყამიჰუდის ძისა. მერვე დღეს შესწირა მანაშეანთა თავკაცმა, გამალიელმა, ფედაცურის ძემ; მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე; ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად. და მისი სამადლობელო მსხვერპლი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი გამალიელისა, ფედაცურის ძისა. მეცხრე დღეს შესწირა ბენიამინიანთა თავკაცმა, აბიდანმა, გედეონის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო მსხვერპლად იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი აბიდანისა, გედეონის ძისა. მეათე დღეს შესწირა დანიანთა თავკაცმა ახიყეზერმა, ყამიშადაის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და მისი სამადლობელო მსხვერპლი იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირავი ახიყეზერისა, ყამიშადაის ძისა; მეთერთმეტე დღეს შესწირა აშერიანთა თავკაცმა, ფაგეყიელმა, ყოქრანის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო მსხვერპლად იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირი ფაგეყიელისა, ყოქრანის ძისა. მეთორმეტე დღეს შესწირა ნაფთალიანთა თავკაცმა ახირაყმა, ყენანის ძემ. მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად, ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე, ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად, ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად, და სამადლობელო მსხვერპლი იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ახირაყისა, ყენანის ძისა. ეს იყო სამსხვერპლოს განწმედის, მისი ცხების, დღის ძღვენი და შესაწირავი ისრაელის თავკაცთაგან: ვერცხლის 12 ლანგარი, ვერცხლის 12 ფიალა, ოქროს 12 სასაკმევლე; თითოეული ლანგარი – 130 შეკელიანი ვერცხლი, თითოეული ფიალა – 70 შეკელიანი ვერცხლი. მთელი ჭურჭლეულობის ვერცხლი – 2 400 შეკელი, საწმიდრის შეკელით. ოქროს 12 საკმევლით სავსე სასაკმევლე, თითოეული სასაკმევლე წონით ათი შეკელი, საწმიდრის შეკელით. სასაკმევლეები სულ იყო 120 შეკელის ოქრო. სრულადდასაწვევლად სულ იყო 12 მოზვერი ნახირიდან, 12 ვერძი, 12 წელგამოვლილი კრავი და მათი პურეულის ძღვენი, და 12 თიკანი ცოდვის მსხვერპლად. სულ იყო სამადლობელო მსხვერპლად 24 მოზვერი ნახირიდან, 60 ვერძი, 60 ვაცი და 60 წელგამოვლილი კრავი. ეს იყო ძღვენი სამსხვერპლოს კურთხევისა მისი ზეთისცხების შემდეგ. და როცა მოსე შედიოდა საკრებულო კარავში, რათა ელაპარაკეა უფალთან, მას ესმოდა ხმა, რომელიც ელაპარაკებოდა სჯულის კიდობნის სარქვლიდან, ორი ქერუბიმის შუადან, ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: დაელაპარაკე აარონს და უთხარი: როდესაც ლამპრებს აანთებ, სალამპრის წინ უნდა დაენთოს შვიდივე ლამპარი. და გააკეთა ასე აარონმა: სალამპრის წინ აანთო ლამპრები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. სალამპრე ოქროსგან იყო გამოჭედილი. ღეროდან შროშნებამდე ჭედური იყო. ისეთი გააკეთა მოსემ სალამპრე, როგორიც უჩვენა უფალმა მას. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: აიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და განწმიდე ისინი. და განწმედა ასე გააკეთე: აპკურე მათ განმწმედი წყალი და გაიპარსონ სამართებლით მთელი ტანი, და გაირეცხონ სამოსი, და განიწმიდებიან. და მოიყვანონ მოზვერი და მასთან ერთად მოიტანონ პურეულის ძღვენი ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა, და მეორე მოზვერი მოიყვანონ ცოდვის მსხვერპლად. მიიყვანე ლევიანები საკრებულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი თემი. მოიყვანე ლევიანები უფლის წინაშე, და დაასხან ისრაელიანებმა ხელები ლევიანებს. ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური. ლევიანები დაასხამენ ხელებს მოზვრებს თავზე, და შესწირე ერთი ცოდვისათვის, ხოლო მეორე სრულადდასაწველად უფლისათვის, ლევიანთა შესანდობად. და დააყენე ლევიანები აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე, და აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის. და გამოყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემები გახდნენ ისინი. მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები საკრებულო კარვის სამსახურში, როცა განწმედ მათ, და შესარხევი მსხვერპლივით წარადგენ; რადგან მე მებოძა ისინი ისრაელიანთაგან, და მე მივიკუთვნე ისინი ყოველი საშოს გამომრღვევი პირმშოს ნაცვლად. რადგან ჩემია ისრაელიანთა ყოველი პირმშო, კაციდან პირუტყვამდე; მას შემდეგ, რაც მოვსპე ეგვიპტელთა ყოველი პირმშო, ჩემთვის განვიკუთვნე ისინი, და ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად და საჩუქრად ვუბოძე ლევიანები აარონსა და მის ძეთ ისრაელიანთაგან, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური საკრებულო კარავში და შენდობა მოიპოვონ ისრაელიანთათვის, რათა არ იყოს ისრაელიანთა შორის მომსრველი სენი საწმიდართან მიახლოების გამო. და გააკეთეს ასე მოსემ და აარონმა და ისრაელიანთა მთელმა თემმა ლევიანთათვის. ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გააკეთეს მათთვის ისრაელიანებმა. განიწმიდნენ ცოდვისგან ლევიანები, გაირეცხეს სამოსი, და წარადგინა ისინი აარონმა შესარხევი შესაწირავივით უფლის წინაშე; და აღასრულა შენდობა მათთვის აარონმა, რათა განეწმიდა ისინი. და ამის შემდეგ შევიდნენ ლევიანები თავიანთი მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავში აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოექცნენ ისინი მათ. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: ესაა წესი ლევიანთათვის: 25 წლიდან და ზევით, შევლენ სამსახურისათვის, რათა იმსახურონ საკრებულო კარავში. მაგრამ 50 წლის ასაკში ისინი თავს დაანებებენ სამსახურს და აღარ იმუშავებენ. მათ შეუძლიათ მოეხმარონ თავიანთ ძმებს საკრებულო კარვის დაცვაში, მაგრამ ნუღარ იმსახურებენ. ასე განაგე ლევიანების მოვალეობის აღსრულების საქმე. და უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს: უთხარი ისრაელიანთ, აღასრულონ პასექი მისთვის დაწესებულ დროს; ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულეთ ის, დაწესებულ დროს, ყოველი მისი წესისა და რიგის დაცვით აღასრულეთ ის. და უთხრა მოსემ ისრაელიანთ, რომ აღესრულებინათ პასექი. და აღასრულეს მათ პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში. ყველაფერი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელიანებმა. და იყვნენ იქ ზოგიერთები, რომელნიც შებილწულნი იყვნენ მკვდარი ადამიანის გვამების შეხებით და არ შეეძლოთ პასექის აღსრულება იმ დღეს; და მივიდნენ ისინი მოსესა და აარონის წინაშე იმ დღეს, და უთხრეს მათ მას: „შებილწულნი ვართ მკვდარი ადამიანის გვამებთან შეხებით. რატომ უნდა მოვაკლდეთ და ვერ შევწიროთ შესაწირავი უფალს ისრაელიანთა შორის დანიშნულ დროს?“ და უთხრა მათ მოსემ: „მოიცადეთ, მოვისმენ, რას გიბრძანებთ უფალი.“ და უთხრა უფალმა მოსეს და თქვა: უთხარი ისრაელიანთ: თუ ვინმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავალი შეიბილწება გვამებთან შეხებით, ან თუ შორეულ გზაზე იქნება, მაინც აღასრულოს პასექი უფლისა. მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, აღასრულონ პასექი, ხმიადითა და მწარე მწვანილთ ჭამონ ის. არაფერი დატოვონ მისგან შეუჭმელი განთიადამდე, და მისი ძვლები არ დაამტვრიონ; აღასრულონ პასექი ყოველი წესის დაცვით. ხოლო ყოველი, რომელიც სუფთაა და გზად არ არის, და არ აღასრულებს პასექს, ის სული უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან უფლის შესაწირავი არ შესწირა დანიშნულ დროს, ცოდვა დაედება მას. თუ იცხოვრებს თქვენთან ხიზანი და აღასრულებს უფლის პასექს, წესისა და რიგისამებრ აღასრულოს ის. ერთი წესი გქონდეთ – ხიზნისათვისაც და ქვეყნის მკვიდრთათვისაც. კარვის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა საკრებულო კარავი, და ბინდიდან განთიადამდე ცეცხლივით მოჩანდა ის კარვის თავზე. და ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას დღისით და ცეცხლივით ჩანდა ღამით კარავზე. როცა ღრუბელი კარავს ასცილდებოდა, მაშინ აიყრებოდნენ ხოლმე გზის გასადგომად ისრაელიანები. და იმ ადგილზე, სადაც ჩერდებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკდებდნენ ხოლმე ისრაელიანები. უფლის ბრძანებით აიყრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები და უფლის ბრძანებითვე იბანაკებდნენ. მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ღრუბელი ეფინა კარავს, ისინიც იდგნენ. და მაშინაც, როცა ღრუბელი დიდხანს აყოვნებდა კარავზე, ისრაელიანები ასრულებდნენ უფლის ბრძანებას და არ აიყრებოდნენ ხოლმე. და როდესაც ღრუბელი კარავზე რამდენიმე დღეს აყოვნებდა, ისინი უფლის ბრძანებით იბანაკებდნენ და უფლის ბრძანებითვე აიყრებოდნენ ხოლმე. და ისეც ხდებოდა, რომ ღრუბელი აყოვნებდა ბინდიდან განთიადამდე, და დილას აიწევდა ღრუბელი, და ისინიც აიყრებოდნენ ხოლმე. დღე იქნებოდა თუ ღამე, როცა აიწევდა ღრუბელი, ისინიც აიყრებოდნენ ხოლმე. თუ ორი დღე, ან თვე, ან მთელი წელი აყოვნებდა ღრუბელი კარავზე, ისრაელიანებიც იდგნენ და არ დაიძვროდნენ. და როცა აიწევდა, ისინიც აიყრებოდნენ ხოლმე. უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებითვე აიყრებოდნენ ხოლმე, უფლის სამსახურს ასრულებდნენ. და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: გაიკეთე ვერცხლის ორი ბუკი, ჭედური გააკეთე ისინი, რათა გამოიყენო თემის მოსახმობად და ბანაკთა ასაყრელად. როდესაც ჩაჰბერავენ მათ, შეიკრიბება შენთან მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან. როდესაც ერთ ბუკს ჩაჰბერავენ, შეიკრიბებიან შენთან თავკაცები – ისრაელიანთა ათასისთავნი; როდესაც საგანგაშოს ჩაჰბერავთ, აიყრებიან ბანაკები, რომლებიც აღმოსავლეთით დგანან; როდესაც მეორედ ჩაჰბერავთ საგანგაშოს, აიყრებიან ბანაკები, რომლებიც სამხრეთით არიან დაბანაკებული. საგანგაშო უნდა ჩაჰბერონ მათ ასაყრელად. ხოლო როცა კრებულის შეკრება გახდება საჭირო, ჩაჰბერეთ ბუკი, მაგრამ არა საგანგაშო. აარონის ძეებმა – მღვდლებმა – უნდა ჩაჰბერონ ბუკები; და ეს იქნება სამუდამო წესად თქვენთვის და თქვენი მოდგმისათვის; როცა გახვალთ საომრად თქვენსავე ქვეყანაში მტრის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ გმტრობთ, მაშინ ჩაჰბერეთ ბუკებს საგანგაშოდ და გაგიხსენებთ უფალი, თქვენი ღმერთი, და გადაურჩებით თქვენს მტრებს; და თქვენი სიხარულის დღეს, და თქვენს დღესასწაულებზე, და თქვენს ახალმთვარობას დაჰბერეთ ბუკებს თქვენს სრულადდასაწველებზე და თქვენს სამადლობელო მსხვერპლებზე; და ეს იქნება თქვენს გასახსენებლად თქვენი ღმერთის წინაშე; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. და მეორე წლის, მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს აიწია ღრუბელი საკრებულო კარვიდან. და აიყარნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოდან, და შეჩერდა ღრუბელი ფარანის უდაბნოში. პირველად აიყარნენ ისინი უფლის ბრძანებით, მოსემ რომ გადმოსცა. იუდიანთა ბანაკის დროშა პირველი დაიძრა რაზმად და რაზმად; ლაშქრას სათავეში ედგა ნახშონი, ძე ყამინადაბისა. და ისაქარიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ნეთანელი, ძე ცუყარისა. და ზებულუნიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიაბი, ძე ხელონისა. შემდეგ დაშალეს კარავი, და აიყარნენ გერშონიანები და მერარიანები – კარვის მზიდველნი. დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, და მისი ლაშქარის მეთაური იყო ელიცური, ძე შედეურისა. სიმეონიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო შელუმიელი, ძე ცურიშადაისა. და გადიანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიასაფი, ძე რეღუელისა. შემდეგ აიყარნენ კოჰათიანები, საწმიდრის მზიდველნი; მათ მისვლამდე კარავი უკვე აღმართული იყო. და დაიძრა დროშა ეფრემიანთა ბანაკისა მათი ლაშქრით, და ლაშქრის მეთაური იყო ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა. მანაშეანთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო გამალიელი, ძე ფედაცურისა. და ბენიამინიანთა ლაშქრის მეთაური იყო აბიდანი, ძე გედეონისა. ბოლოს დაიძრა დროშა დანიანთა ბანაკისა, მათი ლაშქრით – ეს ბანაკი ყოველთვის უკანასკნელი იყო; და მისი ლაშქრის მეთაური იყო ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა. აშერის ტომის ლაშქრის მეთაური იყო ფაგეყიელი, ძე ყოქრანისა. და ნაფთალის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ახირაყი, ძე ყენანისა. ეს იყო ისრაელიანთა მგზავრობათა რიგი მათი ლაშქრების მიხედვით. ასე მგზავრობდნენ ისინი. უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: „ჩვენ მივემგზავრებით იმ ადგილისაკენ, რომელზეც უფალმა თქვა: მას მოგცემთო თქვენ. წამოდი ჩვენთან ერთად, და სიკეთეს გწევთ, რადგან უფალმა სიკეთე ილაპარაკა ისრაელზე.“ მაგრამ მან უპასუხა: „არ წამოვალ, მე წავალ ჩემს სამშობლო ქვეყანაში.“ უთხრა მოსემ: „ნუ მიგვატოვებ, რადგან შენ იცი, სად უკეთესია დაბანაკება უდაბნოში და შენ თვალი იქნები ჩვენთვის. თუ წამოხვალ ჩვენთან, მაშინ რა სიკეთესაც გვწევს უფალი, ჩვენც იმავეს გწევთ შენ.“ და იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე, და აღთქმის კიდობანი წინ მიუძღოდა მათ სამი დღის სავალზე, რათა აღმოეჩინა მათთვის დასავანებელი ადგილი. უფლის ღრუბელი უჩრდილებდა მათ დღისით, როცა მათი ბანაკი დაიძვროდა. და როდესაც დაიძვროდა კიდობანი, მოსე ამბობდა: „აღდეგ, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები და გაიქცევიან შენი მოძულენი შენი პირისაგან.“ და როცა ჩერდებოდა კიდობანი, მოსე ამბობდა: „დაბრუნდი, უფალო, ისრაელიანთა ათასეულებთან და ბევრეულებთან.“ და დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინავა უფლის გასაგონად, და ესმა ეს უფალს და აღეგზნო მისი რისხვა, და გაჩნდა იქ უფლის ცეცხლი, და შთანთქა ბანაკის განაპირი. და შეჰღაღადა ხალხმა მოსეს; და ილოცა მოსემ უფლის მიმართ და დაცხრა ცეცხლი. და უწოდეს სახელი იმ ადგილს თაბერაყი რადგან იქ აენთო უფლის ცეცხლი. ჭრელი ბრბო, მათ რომ გამოჰყვა ეგვიპტიდან, აჰყვა გულისთქმას; და მათთან ერთად ისხდნენ ისრაელიანები ტიროდნენ და ამბობდნენ: „ვინ გვაჭმევს აქ ხორცს? გვახსოვს თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე კიტრი და ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება შიმშილით, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.“ მანანა იყო როგორც ქინძის თესლი და თეთრი, შესახედად ჭირხლივით იფინებოდა ხალხი გადიოდა და აგროვებდა მას, და ფქვავდა დოლაბებზე, ან ნაყავდა როდინებში და ხარშავდა ქვაბებში, და მის კვერებს აცხობდა, გემო ზეთიანი კვერისა ჰქონდა. და როცა ღამით ნამი დააწვებოდა ბანაკს, მანანაც მაშინ გადმოდიოდა. მოსეს ესმოდა, რომ ხალხი ტიროდა თავიანთ ოჯახებში, თითოეული თავისი კარვის კართან. მაშინ აინთო რისხვა უფლისა ფრიად, და შეწუხდა მოსე. და უთხრა მოსემ უფალს: „რად უბოროტე შენს მსახურს ასე? რად ვერ ვპოვე წყალობა შენს თვალში, მთელი ამ ხალხის ტვირთი რომ მე ამკიდე? მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი მუცლით? მე ხომ არ მიშვია ისინი, რომ მეუბნები, ძიძასავით უბით წაიყვანეო იმ ქვეყანაში, მათ მამებს რომ აღუთქვიო ფიცით? სადა მაქვს ხორცი, რომ მივცე ამ ხალხს, რომ შემომტირიან და ამბობენ: ხორცი მოგვეცი, რომ ვჭამოთო? არ ძალმიძს მე მარტოს მთელი ამ ხალხის ტარება, რადგან მძიმეა ეს ჩემთვის. თუ შენს თვალში წყალობა მიპოვია, თუ ასე მექცევი, ბარემ მომკალი, რათა არ ვუყურებდე ჩემს გაჭირვებას.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „შემიკრიბე 70 უხუცესი ისრაელიანთაგან, რომელთაც ხალხის უხუცესებად და ზედამხედველებად იცნობ; მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ. ჩამოვალ და ვილაპარაკებ იქ შენთან, და ავიღებ იმ სულის ნაწილს, რომელიც შენზეა, და მათზე მოვავლენ, რათა ატარონ შენთან ერთად ხალხის ტვირთი, რომ შენ არ ატარო მარტომ. ხალხს კი უთხარი: ‘განიწმიდეთ ხვალისათვის და ხორცი გექნებათ საჭმელად, რადგან ტიროდით უფლის გასაგონად და ამბობდით: ვინ მოგვცემსო ხორცს საჭმელად? რა კარგად ვიყავითო ეგვიპტეში. მოგცემთ უფალი ხორცს საჭმელად, არა ერთ და ორ დღეს, არა ხუთ დღეს, და არა ათ დღეს, და არა ოც დღეს, არამედ მთელ თვეს, სანამ ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგეზიზღებათ, რადგან შეურაცხჰყავით უფალი, რომელიც თქვენს შორისაა, და მოსთქვამდით მის წინაშე და ამბობდით: რისთვის გამოვედითო ეგვიპტიდან?’“ და თქვა მოსემ: „600 ათასი ფეხოსანია ამ ხალხში, რომელთა შორისაც მე ვარ, და შენ ამბობ: მე მივცემო მათ ხორცს და მთელ თვეს ექნებათ საჭმელად. რამდენი ცხვარი და ძროხა უნდა დაუკლა მათ, რომ ეყოთ? ან იქნებ მთელი ზღვის თევზი შეუგროვო მათ, რომ ეყოთ?“ უთხრა უფალმა მოსეს: „ნუთუ მოკლეა ხელი უფლისა? ახლა იხილავ, ასრულდება თუ არა ჩემი სიტყვა.“ და გამოვიდა მოსე და მოუთხრო ხალხს უფლის სიტყვები, და შეკრიბა 70 კაცი ხალხის უხუცესთაგან, და დააყენა ისინი კარავთან. და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, და ელაპარაკა მას და აიღო ნაწილი იმ სულისა, რომელიც იყო მასზე, და მოჰფინა იგი 70 უხუცესს. და როცა დაივანა მათზე სულმა, იწყეს წინასწარმეტყველება, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეს. და დარჩა ორი კაცი ბანაკში; სახელი ერთისა იყო ელდადი, სახელი მეორისა – მედადი. და დაივანა მათზე სულმა. ისინი იყვნენ აღწერილთაგან, მაგრამ არ გასულან კარავთან. და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ ბანაკში. და მოირბინა ერთმა ჭაბუკმა, და აუწყა მოსეს და უთხრა: ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენო ბანაკში. და მიუგო იესო ნავეს ძემ, რომელიც მოსეს მსახური იყო სიყრმიდან, და უთხრა: „ბატონო ჩემო, მოსე, შეაჩერე ისინი.“ და უთხრა მას მოსემ: „ხომ არ ეჭვიანობ ჩემს გამო? ნეტავ უფლის მთელი ხალხი წინასწარმეტყველი იყოს, და უფალი თავის სულს მათაც მოჰფენდეს.“ და დაბრუნდნენ მოსე და ისრაელის უხუცესნი ბანაკში. და ამოვარდა ქარი უფლისაგან და მორეკა მწყერი ზღვიდან, და დაყარა იგი ბანაკთან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, თითქმის ორი წყრთის სისქეზე მიწის პირიდან. და ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და მთელ მეორე დღეს. ვინც ცოტას აგროვებდა, ათი ხომერი შეაგროვა. და შემოიწყვეს თავისთვის ის ბანაკის გარშემო. მაგრამ ხორცი ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ, ჯერ არ დაეღეჭათ, რომ უფლის რისხვა აინთო ხალხზე, და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს. და უწოდეს იმ ადგილს სახელად კიბროთ-ჰათაავა, რადგან იქ დაასაფლავეს სულსწრაფი ხალხი. და დაიძრა ხალხი კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისაკენ. და როცა ხაცეროთში იყვნენ, მირიამმა და აარონმა გაკილეს მოსე ქუშელი ცოლის გამო, რადგან ქუშელი ქალი შეირთო მან ცოლად. და თქვეს: „განა მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც კი არ გველაპარაკებოდა?“ და ესმა ეს უფალს. ხოლო მოსე იყო ძალზე თავმდაბალი კაცი დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანზე მეტად. უეცრად უთხრა უფალმა მოსეს, აარონსა და მირიამს: „გამოდით სამივე საკრებულო კარავთან.“ და გავიდა სამივე. და ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში, და დადგა კარვის შესასვლელთან, და მოუხმო აარონსა და მირიამს, და ორივე გავიდა. და უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე თქვენგანი უფლის წინასწარმეტყველი, მე, უფალი, ხილვაში ვეცხადები მას, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. მაგრამ ასე არაა ჩემს მსახურ მოსესთან; მას მინდობილი აქვს მთელი ჩემი სახლი. მასთან მე პირისპირ ვლაპარაკობ, ცხადლივ და არა იგავებით, უფლის სახეს ჭვრეტს იგი. და როგორ არ გეშინიათ ჩემი მსახურის, მოსეს, წინააღმდეგ ლაპარაკისა?“ და აღინთო რისხვა უფლისა მათ მიმართ, და წავიდა იგი. და ღრუბელი განშორდა კარავს. და აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. და შეხედა აარონმა მირიამს, და აჰა, კეთრი მოსდებია მას. და უთხრა აარონმა მოსეს: „გევედრები, ბატონო ჩემო, ნუ დაგვსჯი, ასე უგუნურად რომ მოვიქეცით და შევცოდეთ. ნუ დაემსგავსება მირიამი იმ მკვდარს, რომელიც თავისი დედის საშოდან მკვრადშობილი გამოდის.“ და შეჰღაღადა მოსემ უფალს: „ღმერთო, გევედრები, განკურნე იგი!“ მაგრამ უფალმა უთხრა მოსეს: „მამამისს რომ მისთვის სახეში შეეფურთხებინა, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? დაე, შვიდ დღეს დაიმალოს ბანაკს გარეთ, და შემდეგ დაბრუნდეს.“ და გაიყვანეს მირიამი ბანაკს გარეთ შვიდი დღით. და ხალხი მირიამის დაბრუნებამდე არ აყრილა, რომ გზას გასდგომოდა. შემდეგ დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან და დაბანაკდა ფარანის უდაბნოში. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „გაგზავნე კაცები და დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელიანებს. თითო კაცი გაგზავნე თითო ტომიდან, ტომთა თავკაცნი იყვნენ ისინი.“ და გაგზავნა ისინი მოსემ ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ. ყველა ისენი იყვნენ ისრაელიანთა თავკაცები. და აჰა, მათი სახელები: რეუბენის ტომიდან შამუაყი, ძე ზაქურისა. სიმეონის ტომიდან შაფატი, ძე ხორისა. იუდას ტომიდან ქალები, ძე იეფუნესი. ისაქარის ტომიდან იგალი, ძე იოსებისა. ეფრემის ტომიდან ჰოშეაყი, ნავეს ძე. ბენიამინის ტომიდან ფალტი, ძე რაფუსი. ზებულუნის ტომიდან გადიელი, ძე სოდისა. იოსების ტომიდან, გადი, ძე სუსისა – მანაშეს მხრიდან. დანის ტომიდან ყამიელი, ძე გემალისა, აშერის ტომიდან სეთური, ძე მიქაელისა. ნაფთალის ტომიდან ნახბი, ძე ვოფსისა. გადის ტომიდან გეუელი, ძე მაქისა. აჰა, სახელები კაცებისა, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად. და უწოდა მოსემ ჰოშეაყ ნავეს ძეს, იესო. როცა გააგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად, უთხრა მათ: „წადით ნეგებისაკენ და ადით მთაზე, და იხილეთ ქვეყანა, როგორია იგი, და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, ძლიერია თუ უძლური, მცირერიცხოვანია თუ მრავალრიცხოვანი? და როგორია ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კარგია თუ ცუდი? და როგორია ქალაქები, რომლებშიც ცხოვრობენ, ბანაკებში მკვიდრობენ თუ ციხე-სიმაგრეებში? და როგორია ნიადაგი, პოხიერია თუ მწირი? იზრდება იქ ხეები, თუ არა? იმარჯვეთ და წამოიღეთ იქაური ხილი“ (ეს ის დრო იყო, როცა ყურძენი მწიფს). და ავიდნენ ისინი და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე – ხამათის მისასვლელამდე. წავიდნენ ნეგებისაკენ და მივიდნენ ხებრონამდე; და მკვიდრობდნენ იქ ახიმანი, შეშაი და თალმაი, ყანაკის ნაშიერნი (ხებრონი ეგვიპტის ქალაქ ცოყანზე შვიდი წლით ადრე აშენდა). მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, და მოჭრეს იქ ვაზის რტო და ყურძნის ერთი მტევანი, და წამოიღო იგი ორმა კაცმა ხარიხაზე დაკიდული, ასევე წამოიღეს ბროწეული და ლეღვი. იმ ადგილს უწოდეს ნახალ-ეშქოლი, იმ მტევნის გამო, რომელიც იქ მოჭრეს ისრაელიანებმა. და 40 დღის შემდეგ, რაც მათ ქვეყანა დაზვერეს, უკან დაბრუნდნენ. და მოვიდნენ მოსესთან და აარონთან, და ისრაელიანთა მთელ თემთან ფარანის უდაბნოში – კადეშში, და მოუტანეს ამბავი მთელ თემს, და აჩვენეს მათ იმ ქვეყნის ხილი. და უამბეს: „მივედით იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიგვავლინეთ, და ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი, და აჰა, იქაური ხილი. ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებული აქვთ და ძალზე დიდი, ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ. ყამალეკი მკვიდრობს ნეგების ქვეყანაში, ხეთელნი, იებუსელნი და ამორეველნი მკვიდრობენ მთებში, ხოლო ქანაანელნი მკვიდრობენ ზღვისპირეთში და იორდანეს სანაპიროებზე.“ ქალებმა კი დაამშვიდა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა: „ავიდეთ და დავიმკვიდროთ იგი, რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა.“ ხოლო კაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ დასაზვერად, თქვეს: „ვერ შევძლებთ გასვლას იმ ხალხის წინააღმდეგ, რადგან ის ჩვენზე ძლიერია.“ ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში ქვეყანაზე, რომელიც დაზვერეს, და თქვეს: „ქვეყანა, რომელიც მოვიარეთ დასაზვერად, თავის მკვიდრთა მჭამელი ქვეყანაა. და მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზია. იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. ბუზები გვეგონა ჩვენი თავი და ასევე ვჩანდით მათ თვალშიც.“ ატეხა მოთქმა მთელმა თემმა და ტიროდა ხალხი იმ ღამეს; და დრტვინავდა ყოველი ისრაელიანი მოსეზე და აარონზე, და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ დავხოცილიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, ან ნეტავ ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით! რატომ მივყავართ უფალს იმ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი ცოლ-შვილი ტყვედ ჩავარდება? არ აჯობებს, რომ ისევ ეგვიპტეში დავბრუნდეთ?“ და უთხრეს ერთმანეთს: „ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში.“ და დაემხნენ მოსე და აარონი პირქვე ისრაელიანთა მთელი კრებულის წინაშე. და ქვეყნის მზვერავთაგან იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ შემოიხიეს სამოსელი და უთხრეს ისრაელის მთელ თემს: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ფრიად, ფრიად კარგი ქვეყანაა. თუ მოწყალეა ჩვენს მიმართ უფალი, მაშინ შეგვიყვანს იმ ქვეყანაში და მოგვცემს იმ მიწას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ იმ ქვეყნის ხალხისა, რადგან ჩვენი ლუკმაა ის; განშორდა მათ მათი მფარველი, ხოლო უფალი ჩვენს შორის არის. ნუ გეშინიათ მათი.“ და თქვა მთელმა თემმა: ჩავქოლოთო ესინი! მაშინ უფლის დიდება გამოჩნდა საკრებულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე. და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა მარისხებდეს ეს ხალხი? და როდემდე არ უნდა მერწმუნოს იგი ყველა იმ სასწაულის შემდეგ, რაც მათ შორის მოვახდინე? მოვსრავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ, შენგან კი შევქმნი ერს, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს.“ და უთხრა მოსემ უფალს: „გაიგებენ ეგვიპტელნი, რომელთაგანაც შენი ძლიერებით გამოიყვანე ეს ხალხი, და ეტყვიან იმ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ შენ, უფალი, თვალდათვალ ეცხადები და ღრუბელი შენი ადგას მათ, და ღრუბლის სვეტში წინ მიუძღვიხარ მათ დღისით, და ცეცხლის სვეტში – ღამით, და თუ შენ ერთიანად გაჟლეტ ამ ხალხს, მაშინ იტყვიან ერები, რომლებსაც სმენიათ შენი დიდება: ‘რაკი უფალმა ვერ შეძლო ამ ხალხის მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც მან ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დახოცა ისინი უდაბნოში.’ და ახლა, განდიდდეს ძალა უფლისა, როგორც შენ თქვი: ‘უფალი მრავლის მომთმენი და მრავალმოწყალეა, მიმტევებელია ბრალისა და დანაშაულისა, და არამც და არამც არ გაამართლებს დამნაშავეს, მამათა ცოდვას შვილების მესამე და მეოთხე თაობას მოჰკითხავს.’ გთხოვ, მიუტევო ეს დანაშაული ამ ხალხს შენი დიადი მოწყალებისამებრ, როგორც მიგიტევებია ამ ხალხისთვის ეგვიპტიდან ვიდრე აქამდე.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია შენი სიტყვისამებრ; მაგრამ მე ცოცხალი ვარ და უფლის დიდებით აღვსილია მთელი ქვეყანა, რომ ვერცერთი ამ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი სასწაულები, რაც მოვახდინე ეგვიპტეში და უდაბნოში, და ვინც მე ათჯერ გამომცადა და არ ისმინა ჩემი ხმა, ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. და ვერც ერთი ჩემი შეურაცხმყოფელი ვერ იხილავს მას. მხოლოდ ქალებს, ჩემს მსახურს, რაკი სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მიერთგულა, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც დადიოდა თვითონ, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას. ყამალეკელნი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: „როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი თემი ჩემს მიმართ? გავიგონე ისრაელიანთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ჩემს მიმართ. უთხარი მათ: ‘ცოცხალი ვარ მე!’ – ამბობს-თქო უფალი, – როგორც თქვენ ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით თქვენ. ამ უდაბნოში დაცვივა თქვენი გვამები და თქვენ ყველა, აღრიცხულნი მთელი თქვენი რიცხვიდან, 20 წლიდან და ზევით, რომლებიც დრტვინავდით ჩემზე, ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ იქ, გარდა ქალებისა, იეფუნეს ძისა, და იესოსი, ნავეს ძისა. თქვენს ბავშვებს კი, რომლებზეც ამბობდით: ნადავლად იქცევიანო, შევიყვან იქ, და შეიცნობენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ. და თქვენი გვამები დაცვივა ამ უდაბნოში. და თქვენი ძენი იხეტიალებენ უდაბნოში 40 წელიწადს და ეწამებიან თქვენი მეძაობისთვის, სანამ არ გაიხრწნება თქვენი გვამები უდაბნოში. იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით: 40 დღე, თითო წელი თითო დღეზე, თქვენი ცოდვებისათვის 40 წელი ეწამებით და გამოსცდით, თუ რას ნიშნავს ჩემგან მიტოვება. მე, უფალი, ვამბობ და ასე მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც ამბოხდა ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში დაასრულებენ ისინი სიცოცხლეს და აქ დაიხოცებიან.“ და ის კაცები, რომელნიც მიავლინა მოსემ ქვეყნის დასაზვერად, რომლებიც დაბრუნდნენ და აღაშფოთეს მის წინააღმდეგ მთელი თემი იმ ქვეყანაზე ცუდი ხმების დაყრით, ის კაცები, რომლებმაც ცუდი ხმები დაყარეს იმ ქვეყნის შესახებ, სენით დაიხოცნენ და უფლის წინაშე დაეცნენ. მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე გადარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომელნიც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული. როცა მოსე ამ სიტყვებს ელაპარაკებოდა ისრაელიანთ, ხალხი ძლიერ დამწუხრდა. ადგნენ დილაადრიანად და გაეშურნენ მთის თხემისაკენ და თქვეს: წავიდეთ იმ ადგილისაკენ, რომელზეც თქვა უფალმა, რადგან ჩვენ შევცოდეთო. ხოლო მოსემ უთხრათ: „რად გადადიხართ უფლის ბრძანებას? აქედან არაფერი გამოვა. ნუ ახვალთ, რომ არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე, რადგან უფალი თქვენს შორის არაა; რადგან ყამალეკნი და ქანაანელნი დაგიხვდებიან და მახვილით დაეცემით, რადგან ზურგი აქციეთ უფალს, და არ იქნება ის თქვენთან.“ მაგრამ ისინი გაკადნიერდნენ და ავიდნენ მთის თხემზე. ხოლო უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან. და ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იმ მთაზე, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: გამოუცხადე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე თქვენ დასამკვიდრებლად გაძლევთ, და მიიტანთ საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის – სრულადდასაწველს ან აღთქმულ საკლავს, ან სამოწყალოს, თქვენი დღესასწაულების დროს, უფლისათვის სურნელების საკმევად, ნახირიდან შესწირავთ თუ ფარიდან, შესწიროს შემწირავმა თავისი შესაწირავი უფალს: შესაწირავი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა – ეფის მეათედი, მოზელილი მეოთხედ ჰინ ზეთში. და მოიტანე ღვინო საღვრელად სრულადდასაწველთან ერთად და საკლავთან ერთად – მეოთხედი ჰინი თითო კრავზე. ხოლო როცა ვერძს შესწირავ, მასთან ერთად მიიტანე პურეულის შესაწირავი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა ეფის ორი მეათედი, მოზელილი ჰინის მესამედ ზეთში, და საღვრელად მიიტანე ღვინო ჰინის მესამედი კეთილსურნელებად უფლისათვის. და თუ მოზვერი მიგყავს სრულადდასაწველად ან საკლავ მსხვერპლად, აღთქმის აღსასრულებლად, ან სამადლობელო მსხვერპლად უფლისათვის, მოზვერთან ერთად უნდა მიიტანო ძღვენი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა ეფის სამი მეათედი, მოზელილი ნახევარ ჰინ ზეთში. და მიიტანე საღვრელი ღვინო ნახევარი ჰინი საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის. ასე გააკეთე ყოველი ზვარაკის, ვერძის, თიკნის ან კრავის შეწირვისას. რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით. ყოველმა მკვიდრმა ასე გააკეთოს ეს, როცა მიიტანს საცეცხლო მსხვერპლს კეთილსურნელებად უფლისათვის; და თუ თქვენი ხიზანი, ან სხვა ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობს თქვენთან, და მოიტანს საცეცხლო მსხვერპლს კეთილსურნელებად უფლისათვის, როგორც თქვენ აკეთებთ, მანაც ისე გააკეთოს. თქვენთვის, უფლის თემისთვის, და ხიზნისთვის, რომელიც თქვენშია, ერთი წესია, მარადიული წესი თქვენი თაობებისთვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც უფლის წინაშე. ერთი კანონი და ერთი სამართალი უნდა იყოს თქვენთვის და ხიზნისთვის, რომელიც შემოხიზნულია თქვენთან. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც მე მიმყავხართ, და შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, შესაწირავი უნდა აძლიოთ უფალს. პირველგამომცხვარი კვერი თქვენი ცომისა შესწირეთ შესაწირად. როგორც კალოს შესაწირავი, ისე შესწირეთ იგი. თქვენი პირველგამომცხვარი ცომისაგან აძლიეთ უფალს შესაწირავი თაობიდან თაობამდე. და თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ მცნებას, რომელიც უფალმა უთხრა მოსეს, ყოველივე, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს მეშვეობით, იმ დღიდან, რაც თქვენ და თქვენს მოდგმას გიანდერძათ უფალმა, და თუ თემის უყურადღებობით მოხდა ეს შეცდომა, მთელმა თემმა მოამზადოს ერთი მოზვერი სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლისათვის, და მისი პურეულის ძღვენი და მისი საღვრელი წესისამებრ, და ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად. და შეუნდოს მღვდელმა ისრაელიანთა მთელ თემს, და მიეტევება მათ, რადგან ეს შეცდომა იყო; და მათ მიიტანეს თავიანთი შესაწირავი უფლის წინაშე საცეცხლო მსხვერპლად და ცოდვის მსხვერპლად მათი შეცდომისათვის. და მიეტევება ისრაელიანთა მთელ თემსა და ხიზანს, რომელიც შეხიზნულია მათთან, რადგან მთელმა ხალხმა შეცდომით გააკეთა ეს. და თუ ერთი ვინმე შესცოდავს შეცდომით, შესწიროს წელგამოვლილი დედალი თიკანი. და შეუნდობს მღვდელი შეცდომით შემცოდეს უფლის წინაშე, შეუნდობს და ეპატიება მას. ისრაელიანი მკვიდრისთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენთანაა შემოხიზნული, ერთი წესი იყოს შეცდომის ჩამდენისათვის. ის კი, ვინც თავხედურად მოიქცევა, მკვიდრთაგან იქნება ის თუ ხიზანთაგან, და უფალს დაგმობს, მოიკვეთოს ის თავისი ხალხიდან, რადგან უფლის სიტყვა შეურაცხყო და მისი მცნება დაარღვია. შემუსვრით შეიმუსროს ის კაცი, მისი ცოდვა მის კისერზეა.“ როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს. და მათ, ვინც ის შეშის შემგროვებელი ნახეს, მიჰგვარეს ის მოსეს, აარონსა და მთელ თემს; და ჩასვეს ის საპყრობილეში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ უნდა მოქცეოდნენ მას. და უთხრა უფალმა მოსეს: „უნდა მოიკლას ეს კაცი. ქვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა ბანაკს გარეთ.“ გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკს გარეთ და ქვით ჩაქოლა; და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და უთხრა უფალმა მოსეს: „დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი, რომ გაიკეთონ ფოჩები სამოსის კალთებზე და ასე ატარონ თაობიდან თაობამდე, და ჩააწნან სამოსის კალთის ფოჩებში ლურჯი ძაფი. და გქონდეთ ის ფოჩები სამოსლის კალთებზე, რომ მის დანახვაზე გაიხსენოთ ყოველი მცნება უფლისა და აღასრულოთ ისინი და არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს, რომლებიც გიბიძგებენ მრუშობისაკენ, რათა გახსოვდეთ და აღასრულებდეთ ყოველ ჩემს მცნებას, და იყოთ წმიდები თქვენი ღმერთისათვის. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენი ღმერთი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“ და ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კოჰათის ძისა – ლევიანი, და დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა, და ონი, ძე ფელეთისა – რეუბენიანები, წარდგნენ მოსეს წინააღმდეგ და მათთან ერთად 250 კაცი ისრაელიანთაგან, თავკაცნი თემისა, საკრებულოში მიწვეულნი, ცნობილი კაცები. შეიკრიბნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მას: „გეყოფათ! რადგან მთელი თემი წმიდაა და მათ შორისაა უფალი! და რად აღზევდით თქვენ უფლის თემზე?“ მოისმინა ეს მოსემ და პირქვე დაემხო. და უთხრა კორახს და მთელ მის დასს: „დილით უფალი აუწყებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, რათა დაიახლოვოს, და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს. ასე მოიქეცით: აიღეთ თქვენი საცეცხლურები კორახმაც და მთელმა მისმა დასმა, და ხვალ ჩაყარეთ შიგ ცეცხლი, და დააყარეთ ზედ საკმეველი უფლის წინაშე; და ვისაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. გეყოთ, ლევიანებო!“ და უთხრა მოსემ კორახს: „აბა, ისმინეთ, ლევიანებო! ნუთუ ეს გეცოტავებათ, რომ გამოგყოთ ისრაელის ღმერთმა ისრაელიანთა თემიდან და დაგიახლოვათ, რათა შეგესრულებინათ უფლის კარვის სამსახური და მდგარიყავით თემის წინაშე მის მსახურებად? დაგიახლოვა შენ და შენთან ერთად ყველა შენი ძმა – ლევიანები – შენთან ერთად. და ახლა მღვდლობასაც ესწრაფით? ამიტომ შენ და მთელი შენი დასი შეთქმულხართ უფლის წინააღმდეგ. ვინ არის აარონი, რომ დრტვინავთ მის მიმართ?“ გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა, დასაძახებლად, მაგრამ მათ თქვეს: „არ მოვალთ! ნუთუ არ გეყო, რომ უდაბნოში დასახოცად გამოგვიყვანე ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა? და ახლა ისიც გინდა, რომ გაგვიბატონდე! არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც ველ-მინდვრები და ვენახები მოგიცია სამფლობელოდ. თვალები გინდა დაუბრმავო ამ ხალხს? არ წამოვალთ!“ ძალიან ეწყინა მოსეს, და უთხრა უფალს: „ნუ მიხედავ მათ ძღვენს. არც ერთი მათგანისათვის არ წამირთმევია სახედარი, და არც ერთი მათგანისთვის არ გამიკეთებია ბოროტი.“ და უთხრა მოსემ კორახს: „შენ და მთელი შენი დასი იყავით უფლის წინაშე ხვალ, შენ და ისინი, და აარონი. და აიღეთ თითოეულმა თქვენი საცეცხლურები და დააყარეთ მას საკმეველი, და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე – 250 საცეცხლური. და შენ და აარონმაც თქვენ-თქვენი საცეცხლურები მიიტანეთ.“ და აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩაყარა შიგ ცეცხლი, და დააყარა ზედ საკმეველი, და დადგნენ საკრებულო კარვის შესავალთან, ასევე მოსე და აარონიც. და შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან, და გამოეცხადა დიდება უფლისა მთელ თემს. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „გამოეყავით იმ თემს, და მე მოვსპობ მათ წამიერად.“ პირქვე დაემხნენ ისინი, და თქვეს: „ღმერთო, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთო, ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე რად მრისხანებ?“ და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ამ თემს: განერიდონ კორახის, დათანისა და აბირამის გარემოს.“ და ადგა მოსე, და წავიდა დათანთან და აბირამთან, და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები. და უთხრა მან თემს: „განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს, და ნუ შეეხებით ნურაფერს, რაც მათ ეკუთვნის, რათა არ დაიღუპოთ მთელი მათი ცოდვებით.“ და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავიანთი ცოლებით და ძეებით, და მცირეწლოვანი ბავშვებითურთ. და თქვა მოსემ: „ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა მე ყოველი ამ საქმის გასაკეთებლად, და რომ ეს არ მოდის ჩემი გულიდან. თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ყველა ადამიანი კვდება, და ყველა ადამიანის სასჯელი ეწევათ, არ ვყოფილვარ მე უფლის გამოგზავნილი. ხოლო თუ ახალ რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნით, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში, იცოდეთ, რომ უფალი დაუგმია ამ ხალხს.“ დაასრულა თუ არა ამ სიტყვების თქმა, მიწა გამოეცალა მათ ფეხქვეშ; დააღო მიწამ პირი, და შთანთქა ისინი და მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი, და მთელი მათი ქონება. და ჩაცვივდნენ ისინი და ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნოდათ, შავეთში, და დაფარა ისინი მიწამ, და გადაშენდნენ კრებულიდან. მთელი ისრაელი, რომელიც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე, შეშინებული: ვაითუ ჩვენც გვშთანთქასო მიწამ! და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს 250 კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი. და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ელეაზარ მღვდელს, აარონის ძეს, აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალიდან და ცეცხლი გადაყაროს გარეთ, რადგან ამ ცოდვილთა საცეცხლურები წმიდა გახდა მათი სიცოცხლის ფასად. მათი საცეცხლურებისგან გამოჭედონ ფურცლები სამსხვერპლოს გარემოსადებელად, რადგან მათ მიიტანეს ისინი უფლის წინაშე და წმიდა გახდა ისინი. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანთ.“ და აიღო ელეაზარ მღვდელმა ბრინჯაოს საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი, და გამოჭედეს მათგან სამსხვერპლოს მოსაპირკეთებელი ფირფიტები, რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა, რომ არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც უთხრა მას უფალმა მოსეს პირით. მეორე დღეს დრტვინავდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესა და აარონის წინააღმდეგ, და ეუბნებოდა: თქვენ გაწყვიტეთო უფლის ხალხი. და როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისაკენ და დაინახეს, რომ დაფარა ის ღრუბელმა, და გამოცხადდა უფლის დიდება. და მივიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარვის წინ. და უთხრა უფალმა მოსეს: „მოსცილდით ამ თემს და მოვსპობ მათ წამში.“ და პირქვე დაემხნენ ისინი. და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, და ჩაყარე შიგ ცეცხლი სამსხვერპლოდან, და დააყარე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისაგან, და იფეთქა შავმა ჭირმა.“ და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ იფეთქა შავმა ჭირმა ხალხში. და ჩაყარა საკმეველი საცეცხლურში და შეუნდო ხალხს. ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის და შეწყდა შავი ჭირი. და შეიმუსრა 12700 კაცი, კორახის გამო დახოცილთა გარდა. და დაბრუნდა აარონი მოსესთან საკრებულო კარვის კართან, მას შემდეგ, რაც შეწყდა შავი ჭირი. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: დაელაპარაკე ისრაელიანთ და გამოართვი მათ კვერთხები – თითო კვერთხი თითო ტომს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით; ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე. ხოლო აარონის სახელი წააწერე ლევის კვერთხს, რადგან ერთი კვერთხია მათი მამისსახლის თავკაცისათვის. დააწყვე ისინი საკრებულო კარავში სჯულის კიდობნის წინ, სადაც მე გამოგეცხადებით. და ვისაც მე ამოვირჩევ, მისი კვერთხი აყვავდება; და ასე დავაცხრობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენს წინააღმდეგ. უთხრა მოსემ ყოველივე ეს ისრაელიანთ, და მისცა მას ყველა თავკაცმა თითო კვერთხი, მათი ტომების მიხედვით, სულ 12 კვერთხი, და აარონის კვერთხი იყო მათ კვერთხებს შორის. და დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე საკრებულო კარავში. და მეორე დღეს შევიდა მოსე საკრებულო კარავში, და აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და გამოისხა ნუში. და გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლისაგან ყველა ისრაელიანს. ნახეს მათ და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი. და უთხრა უფალმა მოსეს: „დააბრუნე აარონის კვერთხი სჯულის კიდობნის წინ შესანახად, ნიშნად ჭირვეულ ძეთათვის, და შეწყდება მათი დრტვინვა ჩემზე, და აღარ მოისრებიან.“ და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა. და უთხრეს ისრაელიანებმა მოსეს: „აჰა, ვიხოცებით, იღუპება ყველა ჩვენგანი! ყველა, ვინც მიუახლოვდება უფლის კარავს, კვდება. ნუთუ ყველანი დასაღუპად ვართ განწირული?“ უთხრა უფალმა აარონს: „შენ და შენმა ძეებმა და შენმა მამისსახლმა შენთან ერთად უნდა იტვირთოთ შეცოდება საწმიდარში. და შენს ძეებთან ერთად უნდა იტვირთო დანაშაული თქვენს სამღვდელო მსახურებისას. შენი ძმები, ლევის ტომისა, გუნდი მამაშენისა შენ წაიყვანე, რათა შენთან იყვნენ განუყრელად და გემსახურონ, შენ და შენი ძენი კი საკრებულო კარვის წინ უნდა იყვნეთ. და ისინი უნდა გემსახურონ შენ და აღასრულონ კარვის მთელი სამსახური, ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდრის ჭურჭელსა და საკურთხეველს, რათა არ დაიხოცნეთ თქვენცა და ისინიც. თან გახლდნენ შენ, და აღასრულონ საკრებულო კარვის სამსახური, კარვის ყოველი სამუშაო. და უცხო კაცი არ უნდა მოგეკაროთ თქვენ. აღასრულეთ საწმიდრისა და სამსხვერპლოს სამსახური, რათა მეტად აღარ მოვიდეს რისხვა ისრაელიანებზე. აჰა, მე გამოვირჩიე შენი ძმები, ლევიანები, ისრაელიანთაგან, და მოგეცით თქვენ, ძღვნად უფლისა, რათა აღასრულონ საკრებულო კარვის სამსახური. ხოლო შენ და შენმა ძეებმა აღასრულეთ თქვენი მღვდლობა სამსხვერპლოს ყველა წესით და ფარდის მიღმა, და იმსახურეთ; მღვდლობა თქვენთვის მომინიჭებია. თუ უცხოელი მიუახლოვდება მსახურებას, უნდა მოკვდეს.“ უთხრა უფალმა აარონს: „აჰა, მე დაგავალე შენ მეთვალყურეობა ყოველ შემოწირულობაზე, ისრაელიანთა ყოველ წმიდა მსხვერპლზე, და მოგეცით სამღვდელო წილად შენ და შენს ძეებს საუკუნო წესით. აი, რა გეკუთვნის დიდი სიწმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი პურეულის ძღვენი და ყოველი მათი ცოდვის მსხვერპლი, და ყოველი მათი დანაშაულის მსხვერპლი, რასაც მე ისინი მომიძღვნიან; ესაა დიდი სიწმიდე შენთვის და შენს ძეთათვის. უწმიდეს ადგილზე ჭამეთ იგი; ყოველ მამრს შუძლია ჭამოს იგი. სიწმიდე იყოს ის შენთვის. ასევე გეკუთვნის შენ: წმიდა ძღვენი მათი შემოწირულობიდან, ისრაელიანთა ყოველი შესარხეველი მსხვერპლიდან შენ გაძლევ, შენს ძეებსა და შენს ასულებს შენთან ერთად სამარადისო წესად. შენს სახლში ყოველ სუფთას შეუძლია ჭამოს იგი. ყოველ შესაწირავს საუკეთესო ზეთისაგან, ყოველი საუკეთესო ღვინისაგან და საუკეთესო მარცვლეულისაგან, პირველმოწეულ ნაყოფთაგან, უფალს რომ უძღვნიან, შენ გაძლევ. და ყოველი პირველმოწეული ნაყოფი მათი მიწისა, როდესაც მიუტანენ უფალს, შენი იქნება. შენ სახლში ყოველ გასუფთავებულს შეუძლია ჭამოს იგი. ისრაელის მიწაზე ყფელაფერი დარისხებული შენ გეკუთვნის. ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც მიუძღვნიან უფალს, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. მაგრამ ადამიანთაგან პირმშო გამოსყიდულ უნდა იქნეს, და უწმიდური პირუტყვის პირველმოგებულიც გამოსყიდულ უნდა იქნეს. მისი გამოსასყიდია: ერთი თვის ასაკიდან გამოსასყიდი ფასი იქნება შენი შეფასების მიხედვით, ხუთ ვერცხლ შეკელად, საწმიდრის შეკელით – 20 გერაა. მაგრამ ძროხის, ცხვრის, ან თხის პირველმოგებულზე არ აიღო გამოსასყიდი: ისინი წმიდა ცხოველებია. მათი სისხლი მოაპკურე სამსხვერპლოზე და მათი ქონი დააკმიე საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის. და მათი ხორცი შენი იყოს ისევე, როგორც შესარხეველი მკერდი და მარჯვენა ბეჭი არის შენი. ყოველი წმიდა შესაწირავი, რასაც სწირავენ ისრაელიანები უფალს, შენთვის მომიცია, შენი ძეებისა და ასულებისათვის შენთან ერთად, საუკუნო წესად. ეს არის საუკუნო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვის და შენი შთამომავლობისათვის.“ და უთხრა უფალმა აარონს: „მათ ქვეყანაში ვერ დაიმკვიდრებ სამკვიდრებელს და წილი არ გექნება მათ შორის; მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრებელი ისრაელიანთა შორის. და ლევიანებს მე მივეცი ყოველი მეათედი ისრაელში სამკვიდრებლად, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც ისინი ასრულებენ საკრებულო კარავში. და ამიერიდან აღარ მიუახლოვდნენ ისრაელიანები საკრებულო კარავს, რომ არ დაიდონ ცოდვა და არ დაიხოცნენ. და ემსახურონ ლევიანები საკრებულო კარავს და იტვირთონ თავიანთი ცოდვები. ეს საუკუნო წესია თქვენთვის თაობიდან თაობამდე; და ისრაელიანთა შორის არ მიიღონ მათ სამკვიდრებელი, რადგან ისრაელიანთა მეათედი, რომელსაც შესაწირავად სწირავენ უფალს, მე ლევიანებს ვაძლევ სამკვიდროდ. ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის არ მიიღებთ-მეთქი სამკვიდრებელს.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „განუცხადე ლევიანებს და უთხარი მათ: ‘როდესაც აიღებთ ისრაელიანთაგან მეათედს, რომელიც მე მოგეცით მათგან სამკვიდროდ, შესწირეთ მისგან უფალს შესაწირავი – მეათედი მეათედიდიდან. და ჩაგეთვლებათ თქვენი შესაწირავი, როგორც მარცვლეული კალოდან და როგორც ღვინო საწნახლიდან. ეგრე შესწირეთ თქვენც შესაწირავი უფალს ყოველი თქვენი მეათედიდან, რასაც აიღებთ ისრაელიანთაგან, და მისცემთ მისგან უფლის შესაწირავს აარონ მღვდელს; ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, შესწირეთ უფალს, საუკეთესო ნაწილი უნდა შეიწიროს მისგან.’ და უთხარი მათ: ‘როცა შესწირავ საუკეთესოს მისგან, ეს ჩაეთვლება ლევიანთ, კალოს შემოსავლად და საწნახლის შემოსავლად. ჭამეთ ის ყოველ ადგილზე თქვენ და თქვენმა შვილებმა; რადგან ეს საზღაურია თქვენი სამსახურისათვის საკრებულო კარავში. და არ დაგედებათ ამისათვის ცოდვა, როცა შესწირავთ საუკეთესოს მისგან ღალად; და ისრაელიანთა შემოწირულობანი არ შებილწოთ და არ დაიხოცებით.’“ ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: „ეს არის წესი რჯულისა, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელიანთ, რომ მოგგვარონ შენ წითელი საღი დეკეული, რომელსაც არ ექნება ხინჯი, და უღელში არ ყოფილა შებმული. მიჰგვარეთ ის ელეაზარ მღვდელს, რომ გაიყვანოს ბანაკს გარეთ და დაკლან მის თვალწინ. და აიღოს ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი თითით და მოაპკუროს საკრებულო კარვის წინა მხარეს შვიდჯერ. და დაწვან დეკეული მის თვალწინ: მისი ტყავი, ხორცი და სისხლი მის ნეხვთან ერთად დაწვან; აიღოს მღვდელმა კედარის ხე და უსუპი, ასევე ჭიაფერი ნართი და დააყაროს ალმოდებულ დეკეულს. გაირეცხოს მღვდელმა შესამოსელი და წყლით დაიბანოს ტანი, და ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში, და შებილწული დარჩება მღვდელი საღამომდე. და დეკეულის დამწველმა გაირეცხოს სამოსელი წყლით და ტანი დაიბანოს წყლით; ის შებილწული დარჩება საღამომდე. შეაგროვოს ვინმე შეუბილწავმა კაცმა ფერფლი დეკეულისა და დაყაროს ბანაკს გარეთ, სუფთა ადგილას, და ის შეინახოს ისრაელიანთა თემმა გამასუფთავებელი წყლისთვის; ეს არის ცოდვის მსხვერპლი. დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა გაირეცხოს სამოსელი, და შებილწული დარჩება საღამომდე. და იყოს ეს ისრაელიანთათვის და მათთან მცხოვერბ ხიზანთათვის სამუდამო წესად. ვინც მკვდარი ადამიანის გვამს მიეკარება, შებილწული იქნება შვიდი დღე. მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გასუფთავდება იგი. და თუ ის არ გასუფთავდება მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება სუფთა. ყოველი, ვინც მიეკარება მკვდარი ადამიანის გვამს და არ გასუფთავდება, უფლის სავანეს შებილწავს იგი. მოიკვეთოს ეს პირი ისრაელიდან, რადგან გამასუფთავებელი წყალი არ ეპკურა მას, და შებილწულია ის, და მისი სიბილწე კვლავაც მასზეა. და ეს არის წესი: როდესაც ადამიანი კარავში მოკვდება, ყველა, ვინც შევა კარავში, და ყველა, ვინც კარავშია, შებილწული იქნება შვიდ დღეს. ასევე ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც თავდასარქვლული და პირმოკრული არაა, შებილწულია. და ყველა, ვინც შეეხება მინდორში მახვილით განგმირულს, ან მკვდარს, ან ადამიანის ძვალს, ან საფლავს, შებილწული იქნება შვიდ დღს. შებილწულისათვის აიღონ ცოდვის გამოსყიდვისათვის დამწვარი იმ დეკეულის ფერფლი და დაასხან მას წყაროს წყალი ჭურჭლით. და აიღოს ვინმე სუფთა ადამიანმა უსუპი, და ამოავლოს ამ წყალში, და აპკუროს კარავს, და ყოველ მის ჭურჭელს და ყველა ადამიანს, რომელიც იქ იქნება, და ყველას, ვინც შეხებია ადამიანის ძვალს, ან გვამს, ან საფლავს. აპკუროს სუფთამ შებილწულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და ასე გაასუფთავებს მას მეშვიდე დღეს. და გაირეცხავს სამოსელს, და წყლით დაიბანს ტანს, და უკვე სუფთა იქნება საღამოთი. და თუ ვინმე შეიბილწა და არ გასუფთავდა, უნდა მოიკვეთოს კრებულიდან, რადგან შებილწა უფლის საწმიდარი; გამასუფთავებელი წყალი არ პკურებია მას და შებილწულია იგი. იყოს ეს მათთვის სამუდამო წესად. და წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს თავისი სამოსელი; და ვინც გამასუფთავებელ წყალს შეეხება, შებილწული დარჩება საღამომდე. და ყველაფერი, რასაც შებილწული გაეკარება, შებილწული იქნება. და ვინც მას მიეკარება, შებილწული დარჩება საღამომდე.“ და მოვიდნენ ისრაელიანები, მთელი თემი, ცინის უდაბნოში პირველ თვეს, და დარჩა ხალხი კადეშში, და მოკვდა იქ მირიამი და იქვე დაეფლა. და არ ჰქონდა თემს წყალი, და შეითქვნენ ისინი მოსესა და აარონის წინააღმდეგ. და აუჯანყდა ხალხი მოსეს და უთხრა: „ნეტავ ჩვენც მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები დაიხოცნენ უფლის წინაშე! რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, რომ გავწყდეთ აქ ჩვენცა და ჩვენი საქონელიც? რად ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, იმისთვის, რომ მოგეყვანეთ ამ უვარგის ადგილას, რომელზეც არც ითესება, და არც ლეღვია და ვაზი, არც ბროწეული და წყალიც კი არაა დასალევად?“ და წავიდნენ მოსე და აარონი კრებულისაგან საკრებულო კარვის შესასვლელისკენ, და დაეცნენ პირქვე, და გამოეცხადა მათ დიდება უფლისა. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „აიღე კვერთხი, და შეკრიბეთ მთელი თემი შენ და აარონმა, შენმა ძმამ, და უთხარით კლდეს მათ თვალწინ, და მოგცემთ ის თავისგან წყალს. და ასე გადმოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან, და დაარწყულებ შენს თემსა და მათ პირუტყვს.“ აიღო მოსემ კვერთხი, რომელიც უფლის წინაშე იყო, როგორც მან უბრძანა. და შეკრიბეს მოსემ და აარონმა კრებული კლდესთან და უთხრა მათ: „ისმინეთ, მეამბოხეებო, ამ კლდისაგან ხომ არ გამოგიდინოთ წყალი?“ და აღმართა მოსემ ხელი, და დაჰკრა კლდეს თავისი კვერთხი ორჯერ. და წამოვიდა უხვად წყალი, და სვა თემმა და მათმა პირუტყვმა. მაგრამ უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „რადგან არ მერწმუნეთ მე, რომ გამომეჩინა ისრაელიანთა თვალში ჩემი სიწმიდე, თქვენ ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელსაც მათ ვაძლევ.“ ესაა მერიბას წყალი, სადაც დრტვინავდნენ ისრაელიანები უფალზე და სადაც გამოუჩინა მან მათ თავისი სიწმიდე. გაგზავნა მოსემ მოციქულები კადეშიდან ედომის მეფესთან ამ სიტყვებით: „ასე თქვა შენმა ძმამ, ისრაელმა: შენ იცი ყოველი სიძნელე, რომელიც ჩვენ თავს გადაგვხდა, ჩავიდნენ ჩვენი მამები ეგვიპტეში, და იქ ვცხოვრობდით დიდხანს, და ცუდად გვეპყრობოდნენ ეგვიპტელნი ჩვენცა და ჩვენს მამებსაც. და როდესაც შევღაღადეთ უფალს, ისმინა მან ჩვენი ხმა, და მოავლინა ანგელოზი და გამოგვიყვანა ეგვიპტიდან. და მოვედით კადეშში, შენს მოსაზღვრე ქალაქში. ნება მოგვეცი, გავიაროთ შენს ქვეყანაზე. არ გავივლით თქვენს ყანებსა და ვენახებზე, და არ დავლევთ თქვენი ჭების წყალს. სამეფო გზით ვივლით და არ გადავუხვევთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვარს.“ მაგრამ ედომმა შეუთვალა მას: „არ გაიარო ჩემს მიწაზე, თორემ მახვილით გამოვალ შენს წინააღმდეგ.“ უთხრეს მას ისრაელიანებმა: „ჩვენ წამოვალთ მთავარი გზით, და თუ შენ წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საზღაურს გადაგიხდით; სხვას არაფერს გთხოვთ, მხოლოდ ფეხით გავივლით.“ მაგრამ მან შეუთვალა: „არ გაიარო!“ და გამოვიდა ედომი ისრაელის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი, კარგად აღჭურვილი ლაშქრით. არ დათანხმდა ედომი, რომ გზა მიეცა ისრაელიანთათვის, რომ გაევლო მის საზღვრებში. და გვერდი აუარა მას ისრაელმა. დაიძრნენ კადეშიდან ისრაელიანები, და მივიდა მთელი თემი ჰორის მთასთან. და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე: „შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან იგი არ შევა იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი ისრაელიანთ, რადგან თქვენ არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან. წაიყვანე აარონი და ელეაზარი, მისი ძე, და აიყვანე ისინი ჰორის მთაზე. გახადე აარონს მისი შესამოსელი და შემოსე მით ელეაზარი, მისი ძე, რადგან აარონი შეეძინება თავის ხალხს და იქ მოკვდება.“ გააკეთა მოსემ ისე, როგორც უბრძანა უფალმა, და ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი თემის თვალწინ. გახადა მოსემ აარონს მისი შესამოსელი და შემოსა მით ელეაზარი, მისი ძე. და მოკვდა აარონი იქ მთის თხემზე, და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან. და იხილა მთელმა თემმა, რომ მოკვდა აარონი, და დასტიროდა აარონს ისრაელის მთელი სახლი 30 დღე. როდესაც გაიგო ქანაანელმა მეფემ, ყარადის, სამხრეთის მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით, შეებრძოლა იგი ისრაელს, და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა. და აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: „თუ ამ ხალხს ხელში ჩამიგდებ, მაშინ მე მათ ქალაქებს დავარისხებ.“ ისმინა უფალმა ისრაელის ხმა, და მისცა ქანაანელნი, და დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები, და უწოდეს სახელი იმ ადგილს ხორმა. და დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვისაკენ მიმავალი გზით, რათა გვერდი აევლოთ ედომის ქვეყნისთვის. და ხალხმა გამოავლინა სულმოკლეობა გზაზე. ალაპარაკდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: „რისთვის გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დავხოცილიყავით? რადგან აქ არ არის პური და არც წყალი, და შეგვძაგდა ეს უვარგისი საჭმელი.“ და მოუვლინა უფალმა ხალხს შხამიანი გველები, რომლებიც გესლავდნენ ხალხს, და ბევრი გაწყდა ისრაელში. მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: „შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ. შეევედრე უფალს, რომ მოგვაშოროს ეს გველები.“ და ილოცა მოსემ ხალხისათვის. და უთხრა უფალმა მოსეს: „გააკეთე ბრინჯაოს გველი და დაამაგრე იგი კეტზე, და ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი გადარჩება.“ გააკეთა მოსემ ბრინჯაოს გველი, და დაამაგრა კეტზე. და თუ გველი ვინმეს დაკბენდა, შეხედავდა იგი ბრინჯაოს გველს, ცოცხალი რჩებოდა. აიყარნენ ისრაელიანები და დაიბანაკეს ობოთში. და აიყარნენ ობოთიდან, და დაიბანაკეს ყიე-ყაბარიმის უდაბნოში, რომელიც მოაბის პირისპირაა, მზის აღმოსავლეთისკენ. იქიდან აიყარნენ და დაბანაკდნენ ზერედის ხევში. იქიდან აიყარნენ, გადაიარეს არნონის ხეობა და უდაბნოში დაიბანაკეს, რომელიც ესაზღვრება ამორეველთა სამფლობელოებს. (არნონი მოაბის საზღვარია მოაბსა და ამორეველთა სამფლობელოებს შორის. ამიტომაც ნათქვამია საუფლო ბრძოლების წიგნში: „და ვაჰები, სუფაში რომ არის, და ხეობები, და არნონი და ხეობათა კალთები, რომელიც ეშვებიან ყარისაკენ და ებჯინებიან მოაბის საზღვრებს.“) და იქიდან მათ გასწიეს ბეერისაკენ. ეს ის ჭაა, რომელზეც მოსეს უთხრა უფალმა: შეკრიბე ხალხი და მივცემო მათ წყალს. მაშინ იგალობა ისრაელმა ეს საგალობელი: „აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას! ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ხალხის თავკაცებმა კვერთხით – თავიანთი არგნებით!“ და უდაბნოდან გასწიეს მათანასაკენ; მათანადან ნახალიელისაკენ და ნახალიელიდან ბამოთისაკენ, ბამოთიდან გავიდნენ ღაიში, რომელიც მოაბის მიწაზეა, ფისგას მთის თხემზე, უდაბნოსკენ რომ იყურება. და გაუგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონს, ამორეველთა მეფეს, ამ სიტყვებით: „გავივლით შენს ქვეყანაზე. არ შევალთ არც ყანებში და არც ვენახებში, არ დავლევთ შენი ჭების წყალს, და ვივლით სამეფო გზით, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვრებს.“ მაგრამ სიხონმა თავის საზღვრებში გავლის ნება არ მისცა ისრაელს. და შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი, და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ უდაბნოში, და მივიდა იაჰაცში, და შეებრძოლა ისრაელს. მოსრა იგი ისრაელმა მახვილით, და დაეუფლა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე – ყამონელთა ტომებამდე, რადგან ყამონელთა ტომების საზღვარი გამაგრებული იყო. აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დასახლდა ამორეველთა ყველა ქალაქში, ხეშბონში და ყველა მის დაბა-სოფლებში. რადგან ხეშბონი იყო ამორეველთა მეფის, სიხონის, ქალაქი. და ის ებრძოდა მოაბის ყოფილ მეფეს, და წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე. ამიტომ ამბობენ მელექსენი: „შედით ხეშბონში, რათა აშენდეს! განმტკიცდეს ქალაქი სიხონისა! რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი – სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი. ვაი შენ, მოაბო! განადგურდი შენ, ქემოშის ხალხო! მისი ძენი ლტოლვილებად იქცნენ, და მისი ასულნი ამორეველთა მეფის, სიხონის, ტყვეებად. და ჩვენ განვგმირეთ ისინი. გაწყდა ხეშბონი დიბონამდე, და ნოფახამდე ავაოხრეთ, რომელიც მედების მახლობლადაა.“ და დასახლდა ისრაელი ამორეველთა ქვეყანაში. გაგზავნა მოსემ მსტოვრები იაყზერის დასაზვერად; და დაიპყრეს მათ მისი გარეუბნები, და განდევნეს ამორეველები, რომელნიც იქ იყვნენ. და შემობრუნდნენ ისინი და დაადგნენ ბაშანის გზას. და ედრეყიში გამოვიდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ბაშანის მეფე, ყოგი, და მთელი მისი ჯარი. და უთხრა უფალმა მოსეს: „ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ჯარი, და მთელი მისი ქვეყანა. მოექეცი ისე, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველთა მეფეს, რომელიც ხეშბონში ცხოვრობდა.“ და მუსრი გაავლეს მას და მის ძეებს და მთელ მის ჯარს, და არავინ დატოვეს ცოცხალი, და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა. აიყარნენ ისრაელიანები და დაბანაკდნენ მოაბის ველებზე, იორდანეს გადაღმა, იერიხოს გაღმა. და იხილა ბალაკმა, ციფორის ძემ, ყველაფერი, რაც უყო ისრაელმა ამორეველებს. ძალზე შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან იგი მრავალრიცხოვანი იყო. და დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე. და უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: „ახლა გააჩანაგებს ეს ხალხი ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივაა, როგორც ხარი აჩანაგებს მინდვრის ბალახს.“ იმჟამად მოაბის მეფე იყო ბალაკი, ძე ციფორისა. გაუგზავნა მან მოციქულები ბალაამს, ბეყორის ძეს, ფეთორში, რომელიც მდინარე ევფრატთანაა, ამავის ქვეყანაში, რათა მოეწვიათ იგი და ეთქვათ: „აჰა, ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. უკვე დაფარა მიწის პირი და ის ჩემს პირდაპირ დამკვიდრდა. და ახლა, მოდი, დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან იგი ჩემზე ძლიერია. ეგების შევძლო და განვდევნო ამ ქვეყნიდან, რადგან ვიცი, რომ ვისაც აკურთხებ, კურთხეული იქნება, და ვისაც დასწყევლი, წყეული იქნება.“ და წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები. მათ ხელთ ჰქონდათ სამისნოს საფასური და მივიდნენ ბალაამთან და გადასცეს მას ბალაკის სიტყვები. უთხრა მათ ბალაამმა: „გაათიეთ ეს ღამე აქ და გაგცემთ პასუხს, რასაც უფალი გამომიცხადებს. და დარჩნენ მოაბის თავკაცები ბალაამთან.“ მივიდა ღმერთი ბალაამთან და ჰკითხა: „ვინ არიან ეს კაცები შენთან?“ და უთხრა ბალაამმა ღმერთს: „მოაბის მეფეს, ბალაკს, ციფორის ძეს, გამოუგზავნია ისინი ჩემთან და შემოუთვლია: აჰა, ხალხმა, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, დაფარაო მიწის პირი. ახლა მოდი, დამიწყევლე ის; ეგების შევძლო შებრძოლება მასთან, რომ განვდევნოო.“ უთხრა ღმერთმა ბალაამს: „არ წაჰყვე მათ, არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი.“ და ადგა ბალაამი დილით და უთხრა ბალაკის თავკაცებს: „წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან უფალს არ სურს, რომ თქვენთან ერთად გამომიშვას.“ და ადგნენ მოაბელი თავკაცები, და დაბრუნდნენ ბალაკთან და უთხრეს: არ ნებავსო ბალაამს ჩვენთან წამოსვლა. კვლავ გაგზავნა ბალაკმა თავკაცები, უფრო მეტი და მათზე უფრო სახელოვანი. მივიდნენ ბალაამთან და უთხრეს მას: „ასე თქვა ბალაკმა, ციფორის ძემ: ‘ნუ იტყვი უარს ჩემთან მოსვლაზე, რადგან ძალიან დიდ პატივს გცემ, და ყველაფერს, რასაც მეტყვი, გავაკეთებ; წამოდი, დამიწყევლე ეს ხალხი.’“ და უპასუხა ბალაამმა ბალაკის მსახურებს: „თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც ნაკლებს ვიზამ და ვერც მეტს. ახლა დარჩით თქვენც აქ ამაღამ, და მე გავიგებ, რას გამომიცხადებს უფალი.“ მოვიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა მას: „თუ შენს მისაწვევად მოვიდნენ ეს კაცები, ადექ, გაჰყევი მათ; ოღონდ რასაც მე გეტყვი, მხოლოდ ის გააკეთე.“ ადგა ბალაამი დილით და შეკაზმა თავისი ჭაკი ვირი და წაჰყვა მოაბელთა თავკაცებს. და აღეგზნო რისხვა ღმერთისა, რადგან წავიდა იგი. და დადგა უფლის ანგელოზი გზაზე მის შესაჩერებლად. ხოლო იგი ამხედრებული იყო თავის ვირზე და თან ორი მსახური ახლდა. დაინახა ვირმა გზაზე მდგომი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში და გადაუხვია გზიდან, და წავიდა მინდორზე. ბალაამმა კი ვირს ცემა დაუწყო, რათა გზისკენ მოებრუნებინა. და დადგა უფლის ანგელოზი ვენახების ორღობეში: ღობე იყო ერთ მხარესაც და ღობე იყო მეორე მხარესაც. როცა დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი, კედელს აეკრა, და ზედ მიაჭყლიტა ბალაამის ფეხი. და მან კვლავ დაუწყო ცემა ვირს. და კვლავ გაიარა უფლის ანგელოზმა და დადგა ვიწრო ადგილზე, სადაც არ იყო ასაქცევი გზა, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი და ჩაიკეცა. და განრისხდა ბალაამი და ჯოხი დასცხო ვირს. და გაუხსნა უფალმა ბაგე ვირს და უთხრა მან ბალაამს: „რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედა მცემ?“ უთხრა ბალაამმა ვირს: „იმიტომ რომ აბუჩად ამიგდე. ხელში მახვილი რომ მქონოდა, ახლავე მოგკლავდი.“ და უთხრა ვირმა ბალაამს: „განა შენი ვირი არა ვარ, რითაც დადიხარ მთელი შენი ცხოვრება დღემდე? განა მჩვევია შენთან ასე მოქცევა?“ და უპასუხა მან: „არა.“ და აუხილა თვალი ბალაამს უფალმა, და იხილა მან გზაზე მდგომი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით. და მუხლი მოიყარა ბალაამმა და თაყვანი სცა პირქვე დამხობილმა. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „რისთვის სცემ ვირს მესამეჯერ? მე გამოვედი დასაბრკოლებლად, რადგან არ არის სწორი ეს გზა ჩემს წინაშე. დამინახა ვირმა და სამჯერ ამიქცია გზა. რომ არ გადაეხვია ჩემგან, მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი.“ და უთხრა ბალაამმა უფლის ანგელოზს: „შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ იდექი ჩემს გზაზე. და ახლა, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან დავბრუნდები.“ უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: „წაჰყევი ამ კაცებს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი.“ და წავიდა ბალაამი ბალაკის თავკაცებთან ერთად. და გაიგო ბალაკმა, რომ მოვიდა ბალაამი, და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბელთა ქალაქში, რომელიც არნონის საზღვართან მდებარეობს, ზედ საზღვარზე. და უთხრა ბალაკმა ბალაამს: „ხომ გამოგიგზავნე მოციქულები მოსაწვევად? რატომ არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენს პატივისცემას?“ და უთხრა ბალაამმა ბალაკს: „აჰა, მოვედი შენთან, მაგრამ განა შემიძლია ჩემით რაიმეს თქმა? რასაც ჩამიდებს ღმერთი ბაგეებში, იმას ვიტყვი.“ და გაჰყვა ბალაამი ბალაკს, და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში. და დაკლა ბალაკმა ზვარაკი და ცხვარი და გაუგზავნა ბალაამს და მის თავკაცებს. და დილით წაიყვანა ბალაკმა ბალაამი და აიყვანა ბამოთ-ბაყალზე, და იხილა იქიდან ისრაელის ხალხის ნაწილი. და უთხრა ბალაამმა ბალაკს: „ამიშენე აქ შვიდი საკურთხეველი და მომიმზადე შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.“ გააკეთა ბალაკმა, როგორც ბალაამმა უთხრა, და შესწირეს ბალაკმა და ბალაამმა თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ საკურთხეველზე. და უთხრა ბალაამმა ბალაკს: „დადექ შენს სრულადდასაწველთან, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი, და რასაც ის მაუწყებს, განგიცხადებ.“ და წავიდა იგი მოშიშვლებულ მაღლობზე. და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს, და ბალაამმა უთხრა მას: „მოვაწყვე შვიდი საკურთხეველი და აღვავლინე თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ საკურთხეველზე.“ ჩაუდო უფალმა სიტყვები ბალაამს ბაგეებში და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ეს სიტყვები.“ და დაბრუნდა მასთან, და აჰა, ის დგას თავის სრულადდასაწველთან მოაბის ყველა თავკაცთან ერთად. და წარმოთქვა ბალაამმა თავისი იგავი: „შუამდინარეთიდან მომიყვანა მე ბალაკმა, მოაბის მეფემ აღმოსავლეთის მთებიდან: წამოდი და დამიწყევლეო იაკობი, წამოდი და შეაჩვენეო ისრაელი. როგორ დავწყევლო? ღმერთი არ წყევლის მას. როგორ შევაჩვენო, რომ უფალს არ შეუჩვენებია. კლდეთა თხემებიდან ვხედავ მას და ბორცვებიდან დავცქერი მას: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება. ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ვინ დაითვლის ისრაელის მეოთხედს? მოკვდეს სული ჩემი მართალთა სიკვდილით, და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი.“ და უთხრა ბალაკმა ბალაამს: „ეს რა მიყავი? ჩემი მტრის დასაწყევლად მოგიყვანე, შენ კი აკურთხე იგი?“ და უპასუხა მან: „განა რასაც უფალი ჩამიდებს ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?“ და უთხრა მას ბალაკმა: „წამოდი ჩემთან სხვა ადგილას, საიდანაც მათ დაინახავ. მაგრამ შენ დაინახავ მხოლოდ ნაწილს, მთელს კი ვერ დაინახავ. და დამიწყევლე ისინი იქიდან.“ და წაიყვანა იგი ცოფიმის ველზე, ფისგას თხემზე, და ააგო შვიდი საკურთხეველი, და აღავლინა თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ საკურთხეველზე. და უთხრა მან ბალაკს: „დადექი აქ შენს სრულადდასაწველთან, მე კი იქ წავალ უფალთან შესახვედრად.“ შეხვდა უფალი ბალაამს, და ჩაუდო სიტყვები ბაგეებში და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ეს სიტყვები.“ და ის მივიდა მასთან, და ნახა, რომ იდგა იგი თავის სრულადდასაწველთან, და მოაბის თავკაცებიც მასთან იყვნენ. და უთხრა მას ბალაკმა: „რა ილაპარაკა უფალმა?“ და წარმოთქვა ბალაამმა თავისი იგავი: „ადექი, ბალაკ, და ისმინე და ყური მიგდე, ციფორის ძევ. ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის შვილია, რომ გადათქვას. იტყვის და არ გააკეთებს? ილაპარაკებს და არ აღასრულებს? აჰა, კურთხევა მებრძანა; მან აკურთხა, და მე ვერ შევცვლი. არ შეუმჩნევია მას სიცრუე იაკობში და არ დაუნახავს უკეთურება ისრაელში. უფალი, მისი ღმერთი, მასთანაა, და სამეფო ბუკის ჭექაა მასში. ღმერთმა გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან. ძალი გარეული ხარისა აქვს მას. რადგან არ არსებობს მისნობა იაკობის წინააღმდეგ და არ ჭრის ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. თავის დროზე იტყვიან იაკობსა და ისრაელზე: ნახეთ, რა მოიმოქმედაო ღმერთმა! აჰა, ხალხი ლომის ბოკვერივით გაიღვიძებს და ლომივით იბრდღვენს; და მანამ არ დაიძინებს, ვიდრე ნანადირევს არ შეჭამს და დახოცილთა სისხლს არ შესვამს.“ და უთხრა ბალაკმა ბალაამს: „ნურც დაწყევლი და ნურც აკურთხებ მას!“ და მიუგო ბალაამმა და უთხრა ბალაკს: „განა არ გითხარი, რომ რასაც უფალი მეტყვის, იმას გავაკეთებ-მეთქი?“ და უთხრა ბალაკმა ბალაამს: „წამოდი, სხვაგან წაგიყვან. იქნებ ინებოს ღმერთმა და დამიწყევლო იქიდან.“ და წაიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეღორის თხემზე, რომელიც გადმოჰყურებს უდაბნოს. უთხრა ბალაამმა ბალაკს: „ამიშენე შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.“ და გააკეთა ბალაკმა, როგორც ბალაამმა უთხრა, და აღავლინა თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე. და დაინახა ბალაამმა, რომ უფალს სურდა კურთხევა მიეცა ისრაელისათვის, და აღარ შეუდგა მისნობას, არამედ უდაბნოსაკენ იბრუნა პირი. გაიხედა ბალაამმა და დაინახა ტომებად დაწყობილი ისრაელი, და ღვთის სული გადმოვიდა მასზე. და წარმოთქვა ბალაამმა თავისი იგავი: „ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალახელილი კაცისა, ნათქვამი ღვთის სიტყვის გამგონისა, ხილვათა მხილველისა ყოვლადძლიერისაგან; ეცემა, მაგრამ თვალახელილია: რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი სადგომები, ისრაელ! როგორც გაშლილი მინდორ-ველი, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალოე, როგორც კედარნი წყლის ნაკადებთან: ცვარი მოსწვეთს მათი რტოებიდან, და მათი თესლი წყალუხვ ნაკადებთანაა. აგაგზე მეტად ამაღლდება მისი მეფე და უფრო აღზევდება მისი სამეფო! ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა იგი, გარეული ხარის ძალაა მისთვის, იგი შთანთქავს ხალხებს, რომლებიც მას მტრობენ, და მათ ძვლებს შემუსრავს, და განგმირავს თავისი ისრებით. ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით, და ლომის ბოკვერივით; ვინ წამოაგდებს მას? კურთხეულია შენი მაკურთხეველი, და წყეულია შენი მაწყევარი.“ რისხვით აინთო ბალაკი ბალაამის მიმართ, და ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა ბალაამს: „მე ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიხმე, შენ კი მესამეჯერ ლოცავ მას. ახლა კი გასწი, გაიქეცი აქედან შინისაკენ. მე ვიფიქრე, პატივს მოგაგებდი, მაგრამ აჰა, უფალი არ გაძლევს პატივს.“ და უთხრა ბალაამმა ბალაკს: „განა არ ვუთხარი შენს მოციქულებს, რომლებიც მომიგზავნე, რომ თუნდაც ოქრო-ვერცხლით სავსე სახლი მომცეეს-მეთქი ბალაკმა, ვერ გადავალ ჩემი უფლის ბრძანებას. ვერც კარგს გავაკეთებ და ვერც ავს ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, იმას ვიტყვი-მეთქი. და ახლა მე მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი და იქ გაგიცხადებ, ბოლოს რასაც უზამს ეს ხალხი შენს ხალხს.“ და წარმოთქვა მან თავისი იგავი: „ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალახელილი კაცისა; ნათქვამი ღვთის სიტყვათა მომსმენისა, უზენაესის ზრახვის შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისა, და რომელიც ეცემა, მაგრამ თვალახელილია: მე ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა, მას ვუყურებ მე, მაგრამ არა ახლოდან – ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან, და აღიმართება კვერთხი ისრაელისგან, და შემუსრავს მოაბის საზღვრებს, და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს. მის საკუთრებად იქცევა ედომი, და მისი მტრების საკუთრება იქნება სეყირი; და ისრაელი გამოაჩენს ძალას. დაეპატრონება იაკობისგან გამოსული, და გაჟლეტს ქალაქში გადარჩენილთ.“ და შეხედა მან ყამალეკს და წარმოთქვა თავისი იგავი, და თქვა: „ყამალეკი პირველია ხალხებს შორის, მაგრამ განადგურებაა მისი ბოლო.“ და შეხედა კენიელთ და წარმოთქვა თავისი იგავი: „ძლიერია შენი სამყოფელი, და კლდეზე დაგიდვია ბუდე, მაგრამ გაპარტახდება კაენი და მალე ტყვედ წაგიყვანს აშური.“ და წარმოთქვა ბალაამმა თავისი იგავი: „ვაი, ვაი, ვინ დარჩება ცოცხალი, როცა ამას მოახდენს ღმერთი? გამოვლენ გემები ქითიმიდან და დაიმორჩილებენ აშურს, და დაიმორჩილებენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან.“ და ადგა ბალაამი, და წავიდა და დაბრუნდა თავის ადგილას. და წავიდა ბალაკიც თავისი გზით. ცხოვრობდა ისრაელი შიტიმში, და დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელთა ასულებთან, რომლებიც იწვევდნენ ხალხს თავიანთი ღმერთების ნაკერპავებზე, და ჭამდა ხალხი და თაყვანს სცემდა მათ კერპებს. და მიეკრა ისრაელი ბაყალ-ფეღორს, და აღეგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე ყოველი თავკაცი ხალხისა და ჩამოკიდე ისინი მზეზე უფლის წინაშე“ და გადავა მძვინვარება უფლის რისხვისა ისრაელისაგან. და უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: „მოკლას თითოეულმა თავის კაცთაგან, ვინც კი ბაყალ-ფეღორს მიეკრა.“ და ერთხელ ერთი ისრაელიანი მოვიდა და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი, მოსეს თვალწინ და ისრაელიანთა მთელი თემის წინაშე, როდესაც ისინი იდგნენ და ტიროდნენ საკრებულო კარვის კართან. და როცა იხილა ფინეხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, ადგა შუა თემიდან და შუბი აიღო ხელში. მიჰყვა ისრაელიანს მის საწოლამდე და შუბით გაფატრა ორივე მუცელზე, ისრაელიანი და ის ქალი. და შეწყდა ისრაელიანთა მუსვრა. მუსვრის დროს გაწყდა 24 ათასი კაცი. უთხრა უფალმა მოსეს: „ფინეხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის, ძემ, დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელიანებზე, რადგან შური იძია ჩემს გამო მათზე. და არ მოვსპე მე ისრაელიანები ჩემი შურით. ამიტომ უთხარი მას: აჰა, მე ვაძლევ მას მშვიდობის აღთქმას. ეს იქნება მისთვის და მისი მოდგმისათვის მღვდლობის საუკუნო აღთქმა იმის სანაცვლოდ, რომ შური იძია თავისი ღმერთისათვის და გამოისყიდა ისრაელიანები.“ ხოლო სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოკლულ იქნა მიდიანელ ქალთან, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმეონიანთა შტოს თავკაცი. და სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, რომელიც იყო თავკაცი უბოთისა, მიდიანის ტომისა. უთხრა უფალმა მოსეს: „დაემტერეთ მიდიანელებს და მუსრი გაავლეთ, ვინაიდან მზაკვრობით გიმტრეს, როცა გაცდუნეს ფეღორით, და ქოზბით, მიდიანელი თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოკლულ იქნა მუსვრის დღეს ფეღორის გამო.“ ამ მუსვრის შემდეგ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს: „აღრიცხეთ ისრაელიანთა მთელი თემი 20 წლიდან და ზევით, მათი მამისსახლების მიხედვით, ყოველი ისრაელის ლაშქარში გამსვლელი.“ და უთხრეს მათ მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ: „აღრიცხეთ 20 წლიდან და ზევით,“ როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და ისრაელიანები, რომლებიც გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან, იყვნენ: რეუბენი, პირმშო ისრაელისა. რეუბენიანები: ენოქისაგან ენოქელთა საგვარეულო; ფალუსაგან ფალუელთა საგვარეულო; ხეცრონისაგან ხეცრონელთა საგვარეულო; ქარმისაგან ქარმელთა საგვარეულო. ესენია რეუბენიანთა საგვარეულოები; და სულ აღრიცხვით 43730. და ფალუს ძენი იყვნენ: ელიაბი; ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი და აბირამი. ეს ის საზოგადოების რჩეული დათანი და აბირამი იყვნენ, რომლებმაც აუტეხეს ჯანყი მოსეს და აარონს კორახის დასთან ერთად, როცა აუჯანყდნენ უფალს. და გახსნა მიწამ პირი და შთანთქა ისინი. და კორახიც დაიღუპა მათთან ერთად, როდესაც შთანთქა ცეცხლმა 250 კაცი. და მაგალითად იქცნენ ისინი სხვათათვის. ხოლო კორახის ძენი არ დახოცილან. აი სიმეონიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისაგან ნემუელის საგვარეულო; იამინისაგან იამინის საგვარეულო; იაქინისაგან იაქინის საგვარეულო, ზერახისაგან ზერახის საგვარეულო; შაულისაგან შაულის საგვარეულო. ეს არის სიმეონიანთა საგვარეულოები – 22200. გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ცეფონისაგან ცეფონის საგვარეულო; ხაგისაგან ხაგის საგვარეულო; შუნისაგან შუნის საგვარეულო; ოზნისაგან ოზნის საგვარეულო; ყერისაგან ყერის საგვარეულო; აროდისაგან აროდის საგვარეულო; არელისაგან არელის საგვარეულო. ესენია გადიანთა საგვარეულოები, სულ აღრიცხვით 40500. იუდიანები: ყერი და ონანი. და გარდაიცვალნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში. და ესენი იყვნენ იუდიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შელახისაგან შელახელთა საგვარეულო; ფერეცისაგან ფერეცის საგვარეულო; ზერახისაგან ზერახის საგვარეულო. ხოლო ფერეციანები იყვნენ: ხეცრონისაგან ხეცრონის საგვარეულო; ხამულისაგან ხამულის საგვარეულო. ესენია იუდას საგვარეულოები, სულ აღრიცხვით 76 500. ისაქარიანები მათი საგვარეულოების მიხედვით იყვნენ: თოლაყისაგან თოლაყის საგვარეულო; ფუვასაგან ფუვას საგვარეულო; იაშუბისაგან იაშუბის საგვარეულო; შიმრონისაგან შიმრონის საგვარეულო. ესენია ისაქარის საგვარეულოები, სულ აღრიცხვით 64 300. ზებულუნიანები მათი საგვარეულოების მიხედვით იყვნენ: სერედისაგან სერედის საგვარეულო; ელონისაგან ელონის საგვარეულო; იახლეელისაგან იახლეელის საგვარეულო. ესენია ზებულუნელთა საგვარეულოები, აღრიცხვით 60 500. იოსების ძენი მათი საგვარეულოების მიხედვით: მანაშე და ეფრემი. მანაშეანები: მაქირისაგან მაქირის საგვარეულო; და მაქირმა შვა გალაადი; გალაადისაგან გალაადის საგვარეულო. ესენია გალაადელები: იყეზერისაგან იყეზერის საგვარეულო; ხელეკისაგან ხელეკის საგვარეულო; ასრიელისაგან ასრიელის საგვარეულო; შექემისაგან შექემის საგვარეულო; შემიდაყისაგან შემიდაყის საგვარეულო; ხეფერისაგან ხეფერის საგვარეულო. ცელოფხადს, ხეფერის ძეს, არ ჰყავდა ძენი, მხოლოდ ასულნი ჰყავდა. ცელოფხადის ასულთა სახელები იყო: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. ესენია მანაშეს საგვარეულოები, აღრიცხვით 52 700. ესენი არიან ეფრემიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუთელახისაგან შუთელახის საგვარეულო; ბექერისაგან ბექერის საგვარეულო; თახანისაგან თახანის საგვარეულო. ესენი არიან შუთელახიანები: ყერანისაგან ყერანის საგვარეულო. ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, აღრიცხვით 32 500. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ბელაყისაგან ბელაყის საგვარეულო; აშბელისაგან აშბელის საგვარეულო; ახირამისაგან ახირამის საგვარეულო; შეფუფამისაგან შეფუფამის საგვარეულო; ხუფამისაგან ხუფამის საგვარეულო. ბელაყის ძენი იყვნენ: არდი და ნაყამანი; არდისაგან არდის საგვარეულო; ნაყამანისაგან ნაყამანის საგვარეულო. ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით, აღრიცხვით 45 600. დანის ძენი მათი საგვარეულოების მიხედვით: შუხამისაგან შუხამის საგვარეულო. და ესენია დანის საგვარეულოები. სულ შუხამის საგვარეულოში აღრიცხვით 64 400. აშერიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იმნასაგან იმნას საგვარეულო; იშვისაგან იშვის საგვარეულო; ბერიყასაგან ბერიყას საგვარეულო; ბერიყიანთაგან: ხებერისაგან ხებერის საგვარეულო; მალქიელისაგან მალქიელის საგვარეულო. სახელი აშერის ასულისა იყო სერახი. ესენია აშერიანთა საგვარეულოები, აღრიცხვით 53 400. ნაფთალიანები მათი საგვარეულოების მიხედვით იყვნენ: იახცეელისაგან იახცეელის საგვარეულო; გუნისაგან გუნის საგვარეულო; იეცერისაგან იეცერის საგვარეულო; შილემისაგან შილემის საგვარეულო. ესენია ნაფთალიანთა საგვარეულოები, აღრიცხვით 45 400. ეს არის აღრიცხულ ისრაელიანთა რაოდენობა: 601 730. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „ამათ დასამკვიდრებლად შენ უნდა დაუნაწილო ეს ქვეყანა მათი სახელების რიცხვის მიხედვით. გაზარდე მრავალრიცხოვან საგვარეულოთათვის მათი მიწის სამკვიდრებელი, ხოლო მცირერიცხოვანთათვის შეამცირე: თითოეულს მისი აღრიცხული რიცხვის მიხედვით მიეცი მისი სამკვიდრებელი. ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს მიწა, მათი მამების ტომთა სახელის მიხედვით უნდა მიიღონ სამკვიდრებელი. წილისყრით დანაწილდება მათი სამკვიდრებელი როგორც მრავალრიცხოვანთა, ისე მცირერიცხოვანთა შორის.“ აღირიცხნენ ლევიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისაგან გერშონის საგვარეულო, კოჰათისაგან კოჰათის საგვარეულო; მერარისაგან მერარის საგვარეულო. ესენია საგვარეულოები ლევისა: საგვარეულო ლიბნისა, საგვარეულო ხებრონისა, საგვარეულო მახლისა, საგვარეულო მუშისა, საგვარეულო კორახისა. კოჰათმა შვა ყამრამი. ყამრამის ცოლის ერქვა იოქებედი, ასული ლევისა, რომელიც მისმა ცოლმა ეგვიპტეში უშვა. იოქებედი ლევის შეეძინა ეგვიპტეში. იოქებედმა ყამრამს უშვა აარონი და მოსე და მათი დაი მირიამი. და შვა აარონმა ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. და დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე. და სულ აღრიცხვით ისინი იყვნენ 23 ათასი, ყოველი მამრი ერთი თვის ასაკიდან და ზევით, მაგრამ ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანებთან ერთად, რადგან არ მიეცათ მათ სამკვიდრებელი, როგორც ისრაელიანებმა მიიღეს. ეს იყო მოსესა და ელეაზარ მღვდლის აღრიცხვა, რომლებმაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველებზე, იორდანეს პირას, იერიხოს მახლობლად. მათგან არავინ ყოფილა მოსესა და აარონ მღვდლის მიერ აღრიცხულთა შორის, რომლებმაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში. რადგან თქვა უფალმა მათზე: „დაიხოცებიან ისინი უდაბნოში!“ და არ დარჩა მათგან არც ერთი, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა. და მოვიდნენ ასულნი ცელოფხადისა, ხეფერის ძისა, გალაადის ძისა, მაქირის ძისა მანაშეს ძისა, იოსების ძის საგვარეულოდან. მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. და წარდგნენ მოსეს წინაშე და ელეაზარ მღვდლის წინაშე, თავკაცთა და მთელი თემის წინაშე კარვის კართან ამ სიტყვებით: „მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა უფლის წინააღმდეგ ამბოხებულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვით მოკვდა. და ვაჟი არ ჰყავდა მას. რატომ უნდა გაქრეს მამაჩვენის სახელი თავისი საგვარეულოდან იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავდა? მოგვეცი ჩვენ სამკვიდრებელი მამაჩვენის ძმებს შორის.“ წარადგინა მოსემ მათი საქმე უფლის წინაშე. და უთხრა უფალმა მოსეს: „მართალს ამბობენ ასულნი ცელოფხადისა, მიეცი მათ საკუთარი სამფლობელო მათი მამის ძმათა შორის და გადაიტანე მათი მამის სამკვიდრებელი მათზე. და ისრაელიანებს განუცხადე: ‘თუ კაცი მოკვდება და ვაჟი არ ეყოლება მას, გადაიტანეთ მისი სამკვიდრებელი მის ასულზე. თუ არ ჰყავს ასული, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის ძმებს. თუ არ ჰყავს მას ძმები, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მისი მამის ძმებს. და თუ არ ჰყავს ძმები მის მამას, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის უახლოეს ნათესავს მისი საგვარეულოდან, და დაიმკვიდროს იგი. და ეს იყოს ისრაელიანთათვის სამართლის წესად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.’“ უთხრა უფალმა მოსეს: „ადი ყაბარიმის მთაზე და გადახედე ქვეყანას, რომელიც მე მივეცი ისრაელიანთ. და როცა იხილავ მას, შენც შეეძინები შენს მამებს, როგორც შეეძინა აარონი, შენი ძმა. რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში თემის დრტვინვის დროს, როცა ჩემი სიწმიდე უნდა გამოცხადებულიყო მათ თვალწინ წყლებთან.“ (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში.) და უთხრა მოსემ უფალს: „დაე უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, დაუდგინოს კაცი ამ თემს, რომელიც გამოვა მათ წინაშე და რომელიც შევა მათ წინაშე, რომელიც გაიყვანს მათ და რომელიც შემოიყვანს მათ, რათა არ იყოს უფლის თემი იმ ცხვარივით, რომელსაც არა ჰყავს მწყემსი.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე იესო, ძე ნავესი, კაცი, რომელშიც არის სული, და დაადე ხელი, დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი თემის წინაშე, და დამოძღვრე იგი მათ თვალწინ. და უწილადე შენი დიდება, რათა უსმინოს მას ისრაელიანთა მთელმა თემმა. მააგრამ ის უნდა იდგეს ელეაზარ მღვდლის წინაშე, რომელიც გამოიკითხავს მისთვის ურიმის სამართალს უფლის წინაშე; მისი ბრძანებით გავა და მისი ბრძანებით შემოვა ის, და ყოველი ისრაელიანთა მთელი თემი მასთან ერთად.“ და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა, და მოიყვანა იესო და წარადგინა იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი თემის წინაშე, დაასხა მას ხელები და დანიშნა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „უბრძანე ისრაელიანებს და უთხარი მათ, ნუ დაივიწყებენ, რომ თავის დროზე შემომწირონ საჩემო შესაწირავი, ჩემი პური, ჩემი საცეცხლო მსხვერპლი, საჩემო კეთილსურნელებად. და უთხარი მათ: ესაა საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ-თქო უფალს: ორი უხინჯო წელგამოვლილი კრავი, ყოველდღიურად, მუდმივი აღსავლენი, ერთი კრავი დილით და მეორე კრავი საღამო ხანს; და პურეულის საძღვნოდ – ეფის მეათედი ხორბლის გამტკიცული ფქვილი ჰინის მეოთხედ ზეთში მოზელილი. ეს – ყოველდღიური სრულადდასაწველია, როგორიც სინაის მთაზე იქნა შეწირული საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის კეთილსურნელებად. და მასთან ერთად საღვრელი ჰინის მეოთხედია ერთ კრავზე. საწმიდარში დაღვარე ღვინის საღვრელი უფლისათვის. მეორე კრავი საღამო ხანს შესწირე დილანდელი ძღვენითა და საღვრელით. შესწირე უფალს საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად. შაბათ დღეს შესწირე ორი უხინჯო წელგამოვლილი კრავი, და პურეულის ძღვენი ეფის ორი მეათედი ხორბლის გამტკიცული ფქვილი ზეთში მოზელილი, და მისი საღვრელი. ეს საშაბათო სრულადდასაწველია ყოველ შაბათს, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა და მისი საღვრელისა. თქვენი ახალმთვარობის პირველ დღეს შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს: ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი უხინჯო წელგამოვლილი კრავი და პურეულის ძღვნად ეფის სამი მეათედი ხორბლის გამტკიცული ფქვილი ზეთში მოზელილი, თითო მოზვერზე, და ეფის ორი მეათედი ხორბლის გამტკიცული ფქვილი ზეთში მოზელილი, თითო ვერძზე, და პურეულის საძღვნოდ თითო კრავზე ეფის ერთი მეათედი ხორბლის გამტკიცული ფქვილი ზეთში მოზელილი; ეს არის სრულადდასაწველი კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. მათი საღვრელი უნდა იყოს: ნახევარი ჰინი ღვინო მოზვერზე, ერთი მესამედი ჰინი ვერძზე და ერთი მეოთხედი ჰინი კრავზე. ეს არის სრულადდასაწველი ახალმთვარობას, წელიწადის ყოველ თვეს. და ერთი ვაცი შესწირეთ უფალს ცოდვის მსხვერპლად; ყოველდღიური სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს იგი, მის საღვრელთან ერთად. პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს უფლის პასექია. და იმავე თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია. შვიდი დღე ხმიადი უნდა ჭამოთ. პირველი დღე წმიდა შეკრებილობისაა; არავითარი საქმე არ აკეთოთ. და შესწირეთ საცეცხლო, სრულადდასაწველი მსხვერპლი უფალს: ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი უხინჯო წელგამოვლილი კრავი. და მათთან ერთად მოიტანეთ პურეულის ძღვენი: ხორბლის გამტკიცული ფქვილი ზეთში მოზელილი, ეფის სამი მეათედი მოზვერზე და ორი მეათედი ვერძზე, ეფის ერთი მეათედი მოიტანე თითოეულ იმ შვიდ კრავზე, და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, რათა მიგეტეოთ; გარდა დილის სრულადდასაწველისა, რაც ყოველდღიური სრულადდასაწველია, შესწირეთ ესენი. ასე მოიტანეთ შვიდეულის ყოველ დღეს: პური საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის; გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა და მისი საღვრელისა ესეც უნდა მოიტანოთ. და მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ, არავითარი საქმე არ აკეთოთ. და პირველნაყოფთა დღეს, როცა ახალი პურეულის ძღვენს შესწირავთ უფალს თქვენს შვიდეულებში, წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. არავითარი საქმე არ აკეთოთ. შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფალს: ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი უხინჯო წელგამოვლილი კრავი, და მათთან ერთად პურეულის ძღვენი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა ზეთში მოზელილი: ეფის სამი მეათედი თითო მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე, ერთი მეათედი თითოეულ იმ შვიდ კრავზე, და ერთიც ვაცი თქვენი მიტევებისთვის. ყოველდღიური სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენის გარდა შესწირეთ ესენი მათ საღვრელებთან ერთად. უხინჯონი უნდა იყვნენ ისინი. მეშვიდე თვის პირველ დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ბუკისცემის დღე იყოს ის თქვენთვის. და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფლისათვის: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი უხინჯო წელგამოვლილი კრავი. მათთან ერთად პურეულის ძღვენი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა ზეთში მოზელილი, ეფის სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე, და ერთი მეათედი თითოეულ იმ შვიდ კრავზე, და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, რათა მიგეტეოთ. გარდა ახალმთვარობის სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა, და მათი საღვრელებისა, რჯულის მიხედვით კეთილსურნელებად შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს. მეშვიდე თვის მეათე დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი სულები და არავითარი საქმე არ აკეთოთ. და შეწირეთ სრულადდასაწველი უფალს კეთილსურნელებად: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი უხინჯო წელგამოვლილი კრავი; მათთან ერთად პურეულის ძღვენი, ხორბლის გამტკიცული ფქვილი ზეთში მოზელილი, ეფის სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე, და ერთი მეათედი თითოეულ იმ შვიდ კრავზე. ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, თქვენს მისატევებლად, გარდა ცოდვის მსხვერპლისა და ყოველდღიური სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა. მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. არავითარი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს; და შესწირეთ უფალს სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი – კეთილსურნელებად: 13 მოზვერი, 2 ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი; მათი პურეულის ძღვენი სამი მეათედი ეფა ხორბლის გამტკიცული ფქვილი ზეთში მოზელილი, თითო მოზვერზე იმ ცამეტ მოზვერთაგან; ორი მეათედი თითო ვერძზე იმ ორ ვერძთაგან, და ეფის ერთი მეათედი თითო კრავზე იმ თოთხმეტ კრავთაგან. და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. მეორე დღეს შესწირე: 12 მოზვერი, 2 ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი; და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა. მესამე დღეს: 11 მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი, და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. მეოთხე დღეს: ათი მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი, და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. მეხუთე დღეს: ცხრა მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი, და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ. და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. მეექვსე დღეს: რვა მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი, და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ; და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელებისა. მეშვიდე დღეს: შვიდი მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი, და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. და მერვე დღეს დღესასწაული იყოს თქვენთვის: არავითარი საქმე არ აკეთოთ; შესწირეთ სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებაა უფლისათვის: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი უხინჯო წელგამოვლილი კრავი, და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრისათვის, ვერძისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ, და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა. ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებზე, გარდა თქვენი აღთქმისა და თქვენი ნებაყოფლობითი მსხვერპლისა: თქვენი სრულადდასაწველები და თქვენი პურეულის ძღვენი და თქვენი საღვრელები და თქვენი სამადლობელო მსხვერპლები.“ და უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, როგორც უფალმა უბრძანა მას. და უთხრა მოსემ ისრაელის ტომთა მეთაურებს: „ასე ბრძანა უფალმა: თუ კაცი აღუთქვამს აღთქმას უფალს, ან დაიფიცებს ფიცით, ან რაიმეს აღიკვეთს, მან არ უნდა გატეხოს თავისი სიტყვა. ყველაფერი, რაც მისი პირიდან გამოვა, უნდა შეასრულოს. ქალი თუ აღუთქვამს აღთქმას უფალს და რაიმეს აღიკვეთს თავისი მამის სახლში, ყმაწვილქალობისას, და მამამისი გაიგებს მის აღთქმას და მის აღკვეთას, რაც აღიკვეთა, და არაფერს ეტყვის მამა, მაშინ უნდა ასრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც აღუკვეთა თავის თავს. მაგრამ თუ დაუშლის მამა მას იმ დღეს, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და მისი აღკვეთა, რომელიც აღიკვეთა, ნუ ასრულდება და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა მას. თუ იგი გათხოვდება, და მასზე მისი აღთქმები დარჩება, ანდა მის ბაგეს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღიკვეთა, და როცა გაიგებს მისი ქმარი, და არაფერს იტყვის, მაშინ უნდა შესრულდეს მისი აღთქმები და მისი აღკვეთები, რაც აღიკვეთა. მაგრამ თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის მას, მაშინ მან უნდა გააუქმოს თავისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და მის ბაგეებს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღიკვეთა, და უფალი აპატიებს მას. ქვრივისა და ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველივე, რაც აღიკვეთა, უნდა შესრულდეს. და თუ ცოლი ქმრის სახლში დადებს აღთქმას, ან რასმე აღიკვეთს, და გაიგებს მისი ქმარი და არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, მაშინ უნდა შესრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც აღიკვეთა. მაგრამ თუ გააუქმებს მათ მისი ქმარი, როცა გაიგებს, მაშინ მის ბაგეთაგან წარმოთქმული ყოველი აღთქმა თუ აღკვეთა, ნუ შესრულდება. მისმა ქმარმა გააუქმა ისინი და უფალი აპატიებს ცოლს. ყოველ აღთქმას და ყოველ ფიცით აღკვეთას თავის დასათრგუნად მისი ქმარი ამტკიცებს და მისი ქმარი აუქმებს. მაგრამ თუ ქმარი არაფერს ამბობდა დღითი დღე, ამით დაამტკიცებს ყოველ მის აღთქმას, ან ყოველ მის აღკვეთას, რაც მასზეა. მან დაამტკიცა ისინი, რაკი არაფერი თქვა, როცა გაიგო. ხოლო თუ ქმარი გააუქმებს მათ მას შემდეგ, რაც გაიგო, მაშინ მასზე იქნება ცოლის ცოდვა. ეს ის წესებია, რომლებიც უფალმა ბრძანებით დაუდო მოსეს, ცოლ-ქმრის შესახებ, მამისა და მისი ასულის შესახებ, მისი ყმაწვილქალობისას, მამამისის სახლში.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „შური იძიე მიდიანელებზე ისრაელიანთა გამო და მერე შეეძინები შენს ხალხს.“ და უთხრა მოსემ ხალხს: „შეაიარაღეთ თქვენი ხალხი საომრად, რათა გაილაშქრონ მიდიანის წინააღმდეგ და უფლის შური მიაგონ მას. ათას-ათასი კაცი თითო ტომიდან, ისრაელის ყოველი ტომიდან გაგზავნეთ სალაშქროდ.“ და გაწვეულ იქნა ათასობით კაცი ისრაელიანთაგან, ათას-ათასი თითოეული ტომიდან, სულ 12 ათასი შეიარაღებული კაცი. გაგზავნა ისინი საომრად მოსემ, ათასეული ყოველი ტომიდან, აგრთვე ფინეხასი, ძე ელეაზარ მღვდლისა, სალაშქროდ საწმიდრის ჭურჭლითა და საყიჟინო ბუკებით ხელში. და გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, და მოსრეს ყოველი მამაკაცი. სხვა დახოცილებთან ერთად მათ დახოცეს მიდიანის მეფეები: ევი და რეკემი, ცური, ხური და რებაყი – მიდიანის ხუთი მეფე, და მოკლეს მახვილით აგრეთვე ბალაამიც, ძე ბეყორისა; დაატყვევეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და მათი ბავშვები, და მთელი მათი პირუტყვი, და მთელი მათი ჯოგები და მთელი მათი ქონება დაიტაცეს. ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა. და წამოიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაძარცვი, კაციდან პირუტყვამდე, და მოიყვანეს მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა თემთან ტყვეები, და მოიტანეს ნაძარცვი და ნადავლი ბანაკში, მოაბის ველებზე, რომელიც იორდანეს პირასაა, იერიხოს პირდაპირ. გამოვიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და თემის ყველა თავკაცი მათ შესახვედრად ბანაკს გარეთ. და განრისხდა მოსე მხედართმთავრებზე, ათასისთავებსა და ასისთავებზე, რომელნიც დაბრუნდნენ ლაშქრობიდან. უთხრა მათ მოსემ: „ყველა ქალი ცოცხალი დატოვეთ? აჰა, მათი მიზეზით იყო, რომ ბალაამის რჩევით ისრაელიანები განუდგნენ უფალს და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც ატყდა შავი ჭირი უფლის თემში. და ახლა მოკალით ყოველი ბიჭი, და ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს მამაკაცი. ხოლო ყოველი ქალი, რომელსაც არ შეუცვნია საწოლი მამაკაცისა, ცოცხალი დაიტოვეთ თქვენთვის. თქვენ კი ბანაკის გარეთ დაიბანაკეთ შვიდი დღე. ყველა, ვინც კაცი მოკლა, და ყველა, ვინც მოკლულს გაეკარა, გასუფთავდეს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს – თქვენცა და თქვენი ტყვეებიც. და ყოველი სამოსი და ტყავის ყოველი ნივთი და რაც თხისურისგანაა დამზადებული, და ხის ყოველი ჭურჭელი გაასუფთავეთ.“ უთხრა ელეაზარ მღვდელმა მეომრებს, ომში ნამყოფებს: „აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა უბრძანა მოსეს: ოქრო და ვერცხლი, ბრინჯაო, რკინა, კალა და ტყვია, ყოველი საგანი, რომელიც უძლებს ცეცხლს, ცეცხლში გაატარეთ და გასუფთავდება, მაგრამ გარდა ამისა, გამასუფთავებელი წყლითაც უნდა გასუფთავდეს. ხოლო ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ გაუძლებს, წყალში გაავლეთ. და გაირეცხეთ თქვენი სამოსი მეშვიდე დღეს, და გასუფთავდით და შემდეგ შედით ბანაკში.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „აღრიცხეთ ტყვედ შეპყრობილნი, კაციდან პირუტყვამდე, შენ და ელეაზარ მღვდელმა და თემის თავკაცებმა. და გაუყავით ნადავლი შუაზე ომში ნამყოფ მეომართ და მთელ თემს. აიღეთ ხარკი უფლისათვის ომში ნამყოფ მეომართაგან: თითო სული ხუთასზე, ადამიანთაგან და ნახირიდან, სახედართაგან და ცხვრიდან. მათი ნახევრიდან აიღე ეს და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო შესაწირავად. და ისრაელიანთა თემის ნახევრიდან აიღე თითო წილი ორმოცდაათზე ადამიანთაგან, ნახირიდან, სახედართაგან, ცხვარ-თხათაგან, ყოველი პირუტყვიდან, და მიეცი ისინი ლევიანებს, რომლებიც უფლის კარვის სამსახურს ეწევიან.“ და გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და იყო მეომართა მიერ ნაალაფარის გარდა ფარებიდან – 675 ათასი, ნახირიდან – 72 ათასი, სახედარი – 61 ათასი, და ქალები, რომელთაც არ ჰქონდათ შეცნობილი მამაკაცის საწოლი – 32 ათასი. ომში ნამყოფთა ნახევარი წილი ფარებიდან იყო 77 500. და უფლის სახარკო ამ ფარებიდან იყო 675. უფლის სახარკო 36 ათასიანი ნახირიდან იყო 72. უფლის სახარკო 30 500-იანი რემადან იყო 61. უფლის სახარკო 16 ათასი ადამიანიდან იყო 32. მისცა მოსემ ხარკი, უფლის შესაწირი ელეაზარ მღვდელს, როგორც უბრძანა უფალმა მას. და ისრაელიანთა ნახევრიდან, რომელიც გამოყო მოსემ მეომართაგან, ეს ნახევარი იყო თემისათვის: ფარებიდან – 77500, ნახირიდან – 36 ათასი, რემადან – 30500 სული, და ადამიანები 16 ათასი. აიღო მოსემ ისრაელიანთა ნახევრისაგან ერთი ორმოცდამეათედი წილი ადამინთაგან და პირუტყვთაგან, და მისცა ეს ლევიანებს, უფლის კარვის სამსახურის შემსრულებელთ, როგორც უბრძანა უფალმა მას. და მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასეულთა მეთაურები: ათასისთავები და ასისთავები, და უთხრეს: „შენმა მსახურებმა აღრიცხეს მეომრები, რომელნიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არ აკლია მათგან არც ერთი კაცი. და შევწირავთ შესაწირავს უფალს, ვინც რა იპოვა ოქროს ნივთებიდან – სალტეები, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამებ, ჩვენი სულების შენდობისათვის უფლის წინაშე.“ აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ეს ოქრო მათგან, ყოველი ეს სამკაული, ოსტატურად ნაკეთები. და მთელი ოქრო, რაც უფალს შესწირეს ათასისთავებმა და ასისთავებმა იყო 16750 შეკელი. მეომრებს კი, თითოეულს თავისი წილი ჰქონდათ დატაცებული. და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქრო ათასისთავებისაგან და ასისთავებისაგან და მიიტანეს საკრებულო კარავში უფლის წინაშე ისრაელიანთა სამახსოვროდ. რეუბენიანებს და გადიანებს დიდძალი საქონელი ჰყავდათ; და იხილეს, რომ ქვეყანა იაყზერისა და ქვეყანა გალაადისა ვარგოდა ფარებისათვის. მივიდნენ გადიანები და რეუბენიანები, და უთხრეს მოსეს და ელეაზარ მღვდელს და თემის თავკაცებს: ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, შებამი, ნებო და ბეყონი – ქვეყანა, რომელიც მოსრა უფალმა ისრაელის თემის წინაშე, კარგია ფარებისათვისა, შენს მსახურებს კი ფარები ჰყავთ. და კიდევ უთხრეს: „თუ მადლი ვპოვეთ შენს თვალში, მიეცი ეს ქვეყანა შენს მსახურთ სამფლობელოდ; ნუ გადაგვიყვან იორდანეს გადაღმა.“ მაგრამ უთხრა მოსემ გადიანთ და რეუბენიანთ: „თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ დარჩებით? რატომ უცრუებთ გულს ისრაელიანებს იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელიც მისცა მათ უფალმა? ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა გავგზავნე ისინი კადეშ-ბარნეაყიდან ქვეყნის დასაზვერად; და მივიდნენ ისინი ეშქოლის ხეობამდე და იხილეს ქვეყანა, და დაუშალეს ისრაელიანთ იმ ქვეყანაში შესვლა, რომელიც მისცა მათ უფალმა. აღეგზნო უფლის რისხვა იმ დღეს, დაიფიცა მან და თქვა: ვერ იხილავენ ეგვიპტიდან გამოსული კაცები, 20 წლისა და ზევით, იმ ქვეყანას, რომელზეც შევფიცე აბრაამს, ისააკს და იაკობს, რადგან არ დამემორჩილნენ მე, გარდა ქალებისა, კენიზელი იეფუნეს ძისა, და იესო ნავეს ძისა, რადგან ისინი დაემორჩილნენ უფალს. და აღეგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელიწადს, ვიდრე არ გადაშენდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში. და აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამების მაგიერ, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რათა კვლავ გააძლიეროთ უფლის მრისხანება ისრაელზე. თუ ზურგს შეაქცევთ უფალს, ის კვლავ მიატოვებს ისრაელიანთ უდაბნოში, და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს.“ და მივიდნენ ისინი მასთან, და უთხრეს: „ჩვენ აქ ავაშენებთ ცხვრის ფარეხებს ჩვენი ფარებისათვის და ქალაქებს – ჩვენი ბავშვებისათვის. ჩვენ თვითონ კი უმალ შევიარაღდებით და წავუძღვებით ისრაელიანთ, ვიდრე მათ თავ-თავიანთ ადგილას არ მივიყვანთ. ხოლო ჩვენი ბავშვები დარჩებიან გამაგრებულ ქალაქებში, ამ ქვეყნის მკვიდრთა საფრთხის გამო. არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს ყოველი ისრაელიანი თავის სამკვიდროს. რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იმას იქით, თუკი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთ მხარეს, შეგვხვდება სამკვიდრო.“ და უთხრა მათ მოსემ: „თუ გააკეთებთ ამას, თუ შეიარაღებულნი გახვალთ საომრად უფლის წინაშე, და თითოეული თქვენთაგანი შეიარაღებული გადავა იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ განდევნის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე, და თუ დაპყრობილი იქნება ქვეყანა უფლის წინაშე, მერე დაბრუნდით და უბრალონი იქნებით უფლისა და ისრაელის წინაშე, და თქვენი სამფლობელო იქნება ეს ქვეყანა უფლის წინაშე. თუ ასე არ გააკეთებთ, მაშინ შესცოდავთ უფალს და იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა მოგეწევათ. აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები თქვენი ფარებისათვის, ოღონდ ის, რაც თქვენი პირიდან გამოვიდა, შეასრულეთ.“ და უთხრეს მოსეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: „შენი მსახურნი ისე მოიქცევიან, როგორც ჩვენი ბატონი ბრძანებს. ჩვენი ბავშვები და ჩვენი ცოლები, ჩვენი ფარები და მთელი ჩვენი საქონელი დარჩება აქ, გალაადის ქალაქებში. ხოლო ყოველი შენი მსახური, საომრად შეიარაღებული უფლის წინაშე გავა ბრძოლაში, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი.“ და უბრძანა მათ შესახებ მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს, და ისრაელიანთა ტომთა მამამთავრებს, და უთხრა მათ მოსემ: „თუ გადავლენ გადიანები და რეუბენიანები თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად, შეიარაღებულნი უფლის წინაშე, და დაპყრობილ იქნება ის ქვეყანა თქვენს წინაშე, მაშინ მისცემთ მათ გალაადის ქვეყანას სამფლობელოდ; ხოლო თუ არ გადმოვლენ შეიარაღებულნი თქვენთან ერთად, მაშინ ისინიც მიიღებენ სამფლობელოს თქვენს შორის ქანაანის ქვეყანაში.“ მიუგეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: „როგორც უფალმა უთხრა შენს მსახურთ, ისე გავაკეთებთ. ჩვენ გადავალთ შეიარაღებულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში და ჩვენი სამკვიდრებლის სამფლობელო იორდანეს გამოღმა გვექნება.“ და მისცა მათ მოსემ, გადიანთ და რეუბენიანებს, და იოსების ძის, მანაშეს, ნახევარტომს, სამეფო სიხონისა, ამორეველთა მეფისა, და სამეფო ყოგისა, ბაშანის მეფისა, მიწა მისი ქალაქებითა და ამ ქვეყნის ქალაქების შემოგარენით. და ააშენეს გადიანებმა დიბონი, ყატაროთი, ყაროყერი, და ყათროთ-შოფანი, იაყზერი, იოგბეჰა, ბეთ-ნიმრა და ბეთ-ჰარანი, გამაგრებული ქალაქები მათი ფარეხებითურთ. და რეუბენიანებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე, კირიათაიმი, ნებო და ბაყალ-მეყონი, რომელთაც სახელები შეუცვალეს, და სიბმა; და უწოდეს სახელები ქალაქებს, რომელნიც მათ ააშენეს. წავიდნენ ძენი მაქირისა, მანაშეს ძისა, გალაადში და დაიპყრეს იგი, და განდევნეს ამორეველნი, რომელნიც იყვნენ იქ; და მისცა მოსემ გალაადი მაქირს, მანაშეს ძეს, და ის დამკვიდრდა იქ. იაირი, მანაშეს ძე, წავიდა და დაიპყრო მათი სოფლები, და უწოდა მათ იაირის სოფლები. და წავიდა ნობახი და დაიპყრო კენათი და მისი გარეუბნები და უწოდა მას ნობახი თავისი სახელის მიხედვით. ეს არის ისრაელიანთა ბანაკები, როცა გამოვიდნენ ისინი ეგვიპტიდან ლაშქარ-ლაშქარ მოსესა და აარონის წინამძღოლობით. მოსემ აღწერა მათი გამოსვლის ადგილები და მათი ბანაკები, უფლის ბრძანებით. და ეს არის მათი ბანაკები ამ გზაზე: რამზესიდან დაიძრნენ ისინი პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს, პასექის მეორე დღეს გამოვიდნენ ისრაელიანები, გაბედულად მთელი ეგვიპტის წინაშე. ხოლო ეგვიპტელნი მარხავდნენ თავიანთ პირმშოებს, რომელნიც უფალმა მოსრა, და მათ ღმერთებსაც მიაგო უფალმა სასჯელი. და აიყარნენ ისრაელიანები რამზესიდან და დაბანაკდნენ სუქოთში. აიყარნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში, რომელიც უდაბნოს განაპირას მდებარეობს. აიყარნენ ეთამიდან და დაბანაკდნენ ფი-ჰახიროთში, რომელიც ბაყალ-ცეფონის წინაა, და დაბანაკდნენ მიგდოლის წინ. აიყარნენ ფი-ჰახიროთიდან და გაიარეს შუაგულ ზღვაზე და გადავიდნენ უდაბნოში, და იარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში, და დაბანაკდნენ მარაში. აიყარნენ მარადან და მივიდნენ ელიმში. და ელიმში იყო 12 წყაროსთვალი და 70 ფინიკის ხე იდგა, და დაბანაკდნენ იქ. აიყარნენ ელიმიდან და დაბანაკდნენ მეწამულ ზღვასთან. აიყარნენ მეწამული ზღვიდან და დაბანაკდნენ სინის უდაბნოში. აიყარნენ სინის უდაბნოდან და დაბანაკდნენ დოფკაში. აიყარნენ დოფკადან და დაბანაკდნენ ალუშში. აიყარნენ ალუშიდან და დაბანაკდნენ რეფიდიმში, და იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისათვის. აიყარნენ რეფიდიმიდან და დაბანაკდნენ სინაის უდაბნოში. აიყარნენ სინაის უდაბნოდან და დაბანაკდნენ კიბროთ-ჰათაავაში. აიყარნენ კიბროთ-ჰათაავადან და დაბანაკდნენ ხაცეროთში. აიყარნენ ხაცეროთიდან და დაბანაკდნენ რითმაში. აიყარნენ რითმადან და დაბანაკდნენ რიმონ-ფერეცში. აიყარნენ რიმონ-ფერეციდან და დაბანაკდნენ ლიბნაში. აიყარნენ ლიბნადან და დაბანაკდნენ რისაში. აიყარნენ რისადან და დაბანაკდნენ კეჰელათაში. აიყარნენ კეჰელათადან და დაბანაკდნენ შეფერის მთაზე. აიყარნენ შეფერის მთიდან და დაბანაკდნენ ხარადაში. აიყარნენ ხარადადან და დაბანაკდნენ მაკჰელოთში. აიყარნენ მაკჰელოთიდან და დაბანაკდნენ თახათში. აიყარნენ თახათიდან და დაბანაკდნენ თერახში. აიყარნენ თერახიდან და დაბანაკდნენ მითკაში. აიყარნენ მითკადან და დაბანაკდნენ ხაშმონაში. აიყარნენ ხაშმონადან და დაბანაკდნენ მოსეროთში. აიყარნენ მოსეროთიდან და დაბანაკდნენ ბენე-იაყაკანში. აიყარნენ ბენე-იაყაკანიდან და დაბანაკდნენ ხორ-ხაგიდგადში. აიყარნენ ხორ-ხაგიდგადიდან და დაბანაკდნენ იოტბათაში. აიყარნენ იოტბათადან და დაბანაკდნენ ყაბრონაში. აიყარნენ ყაბრონადან და დაბანაკდნენ ყეციონ-გებერში. აიყარნენ ყეციონ-გებერიდან და დაბანაკდნენ ცინის უდაბნოში, ანუ კადეშში. აიყარნენ კადეშიდან და დაბანაკდნენ ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე. ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე უფლის ბრძანებით, და მოკვდა იქ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელიანთა გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვეს, თვის პირველ დღეს. აარონი იყო 123 წლისა, როცა მოკვდა ჰორის მთაზე. ესმა ქანაანს, ყარადის მეფეს, რომელიც ცხოვრობდა ნეგებში, ქანაანის ქვეყანაში, ისრაელიანთა მოსვლის შესახებ. აიყარნენ ჰორის მთიდან და დაბანაკდნენ ცალმონაში, აიყარნენ ცალმონადან და დაბანაკდნენ ფუნონში. აიყარნენ ფუნონიდან და დაბანაკდნენ ობოთში. აიყარნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, მოაბის საზღვარზე. აიყარნენ ყიიმიდან და დაბანაკდნენ დიბონ-გადში. აიყარნენ დიბონ-გადიდან და დაბანაკდნენ ყალმონ-დიბლათაიმში. აიყარნენ ყალმონ-დიბლათაიმიდან და დაბანაკდნენ ყაბარიმის მთებში, ნებოს წინ. აიყარნენ ყაბარიმის მთებიდან და დაბანაკდნენ მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ. დაბანაკდნენ იორდანესთან, ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველებზე. და უთხრა უფალმა მოსეს მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ: „დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როდესაც გადახვალთ იორდანეს გადაღმა ქანაანის ქვეყანაში, განდევნეთ თქვენგან ყველა მკვიდრი იმ ქვეყნისა და მოსპეთ მათი ღმერთების ყველა გამოსახულება, და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და ყველა მათი მაღლობი ააოხრეთ. და დაეუფლეთ ქვეყანას, და იცხოვრეთ მასში, რადგან თქვენ მოგეცით ეს ქვეყანა, რათა დაიმკვიდროთ იგი. დაიმკვიდრეთ ქვეყანა წილისყრით, თქვენი საგვარეულოების მიხედვით. მრავალრიცხოვანთ მეტი სამკვიდრო მიეცით და მცირერიცხოვანთ – ნაკლები. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ იყოს სამკვიდრო მისი; თქვენი მამების ტომთა მიხედვით დაიმკვიდრეთ. და თუ არ განდევნით იმ ქვეყნის მცხოვრებთ თქვენგან, მაშინ ისინი, რომელთაც დატოვებთ, ეკლად გექცევიან თვალებში და ნარად – ფერდებში, და შეგავიწროვებენ თქვენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ. და იმას გაგიკეთებთ თქვენ, რისი გაკეთებაც განზრახული მქონდა მათთვის.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „უბრძანე ისრაელიანთ და უთხარი მათ: მალე შეხვალთ თქვენ ქანაანის ქვეყანაში. და აჰა, ესაა ქვეყანა, რომელიც გერგებათ სამკვიდროდ, ქვეყანა ქანაანისა თავისი საზღვრებით. თქვენი იქნება სამხრეთის მხარე ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად, გექნებათ სამხრეთ საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, და გადაუხვევს საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისაკენ და გაივლის ცინისაკენ, და იქნება მისი გარე საზღვარი სამხრეთიდან კადეშ-ბარნეაყის მიმართულებით, და იგი გავა ხაცარ-ადარისაკენ და ჩაუვლის ყაცმონს. გადაუხვევს საზღვარი ყაცმონიდან ეგვიპტის ნაღვარევისაკენ და გავა ზღვის მიმართულებით. ხოლო დასავლეთის საზღვრად გექნებათ დიდი ზღვის სანაპირო. ეს იქნება თქვენთვის დასავლეთის საზღვარი. და ეს იქნება თქვენთვის ჩრდილოეთის საზღვარი: დიდი ზღვიდან გაატარეთ იგი ჰორის მთის მიმართულებით. ჰორის მთიდან გაატარეთ იგი ხამათისაკენ, და იყოს საზღვრის ბოლო ცედადთან. და გავა საზღვარი ზიფრონისაკენ, და იქნება მისი ბოლო ხაცარ-ყენანთან. ეს გექნებათ ჩრდილოეთის საზღვრად. და გაატარეთ საზღვარი აღმოსავლეთის საზღვარი ხაცარ-ყენანიდან შეფამისკენ, და დაეშვება საზღვარი შეფამიდან რიბლასაკენ, ყაინის აღმოსავლეთით, და დაეშვება საზღვარი და შეეხება ქინერეთის ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთიდან. და დაეშვება საზღვარი იორდანესაკენ და იქნება მისი ბოლო მარილოვან ზღვასთან. ეს იქნება თქვენი ქვეყანა მისი საზღვრებით ყოველი მხრიდან.“ და უბრძანა მოსემ ისრაელიანთ ასე: „აჰა, ქვეყანა, რომელსაც დაიმკვიდრებთ წილისყრით, რომლის მიცემაც ბრძანა უფალმა ცხრა ტომისათვის და მანაშეანთა ნახევარტომისათვის. რადგან რეუბენიანთა ტომმა თავისი გვარეულობების მიხედვით, და გადიანთა ტომმა თავისი გვარეულობების მიხედვით, და მანაშეს ნახევარტომმა მიიღეს თავიანთი წილი. ამ ორმა ტომმა და ნახევარტომმა მიიღეს თავიანთი წილი იორდანეს გაღმა, იერიხოს პირდაპირ, აღმოსავლეთით.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: „ეს არის იმ კაცთა სახელები, რომელნიც გაანაწილებენ ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იესო, ძე ნავესი. თითო ტომიდან თითო თავკაცი მოიყვანეთ ქვეყნის გასანაწილებლად. და ეს არის სახელები ამ კაცებისა: იუდას ტომიდან ქალები, იეფუნეს ძე; სიმეონიანთა ტომიდან შემუელი, ძე ყამიჰუდისა; ბენიამინის ტომიდან ელიდადი, ძე ქისლონისა; დანიანთა ტომიდან თავკაცი ბუკი, ძე იოგლისა; იოსებიანთაგან: მანაშეანთა ტომიდან თავკაცი ხანიელი, ძე ეფოდისა; ეფრემიანთა ტომიდან თავკაცი კემუელი, ძე შიფტანისა; ზებულუნიანთა ტომიდან თავკაცი ელიცაფანი, ძე ფარნაქისა; ისაქარიანთა ტომიდან თავკაცი ფალტიელი, ძე ყაზანისა; აშერიანთა ტომიდან თავკაცი ახიჰუდი, ძე შელომისა; ნაფთალიანთა ტომიდან თავკაცი ფედაჰელი, ძე ყამიჰუდისა.“ ესენი არიან ისინი, რომლებსაც უბრძანა უფალმა ქანაანის ქვეყნის განაწილება ისრაელიანთათვის. და ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ, და უთხრა: „უბრძანე ისრაელიანთ, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი სამკვიდრო სამფლობელოდან ქალაქები საცხოვრებლად. და აგრეთვე საძოვრები მიეცით ქალაქების ირგვლივ მათ. იქნება ქალაქები მათთვის საცხოვრებლად, ხოლო მათი საძოვრები იქნება მათი ცხვარ-ძროხისა და მათი სხვა პირუტყვისათვის. ქალაქების საძოვრები, რომლებსაც მისცემთ ლევიანებს, ქალაქის გარე კედლიდან ათას წყრთაზე გადიოდეს ირგვლივ. გაზომეთ ქალაქგარეთ აღმოსავლეთ მხარეს 2 ათასი წყრთა, და სამხრეთ მხარეს 2 ათასი წყრთა და დასავლეთ მხარეს 2 ათასი წყრთა, და ჩრდილოეთ მხარეს 2 ათასი წყრთა, ხოლო ქალაქი იყოს შუაში: ეს იქნება მათი საძოვრები ქალაქებთან. ქალაქებიდან, რომლებსაც თქვენ მისცემთ ლევიანებს, ექვსი იყოს თავშესაფარი ქალაქი, სადაც გაქცევას დაანებებთ მკვლელს. და მათ გარდა მიეცით სხვა 42 ქალაქი. ყველა ქალაქი, რომელიც თქვენ უნდა მისცეთ ლევიანებს, იყოს 48 ქალაქი თავის საძოვრებიანად. და ქალაქები, რომლებსაც მისცემთ მათ ისრაელიანთა სამფლობელოებიდან, აიღეთ მრავალრიცხოვან ტომთაგან მეტი, ხოლო მცირერიცხოვანთაგან ნაკლები. ყოველმა ტომმა თავისი სამკვიდრებლის მიხედვით უნდა მისცეს ლევიანებს თავიანთი ქალაქებიდან, რასაც დაიმკვიდრებენ. და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: განუცხადე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გადაღმა, ქანაანის ქვეყანაში, დაიგუეთ ქალაქები, რომლებიც თავშესაფარი ქალაქები იქნება თქვენთვის. და გაიქცევა იქ მკვლელი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა კაცი. ეს ქალაქები იქნება თქვენთვის თავშესაფრად შურის მაძიებლისაგან, რომ არ მოკლან მკვლელი, ვიდრე წარსდგება სამსჯავროზე თემის წინაშე. და ქალაქებიდან, რომლებსაც თქვენ მისცემთ, ექვსი ქალაქი თავშესაფრად იყოს თქვენთვის. სამი ქალაქი მიეცით იორდანეს გამოღმა მხარეს და სამი ქალაქი მიეცით ქანაანის ქვეყანაში. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი. ისრაელიანთათვის და ხიზნისთვის და ახალმოსახლესათვის იყოს ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად მათთვის, რათა შეძლოს იქ გაქცევა ყველამ, ვისაც უნებლიეთ შემოაკვდება კაცი. თუ ვინმე რკინის იარაღს დაარტყამს კაცს და მოკვდება იგი, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა დაისაჯოს მკვლელი. და თუ ვინმე ხელით დაარტყამს ვინმეს ქვას, რასაც შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს, და იგი მოკვდება, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა დაისაჯოს მკვლელი. ან თუ ვინმე ხის იარაღს დაარტყამს ხელით, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, და იგი მოკვდება, მაშინ ის მკვლელია. სიკვდილით უნდა დაისაჯოს მკვლელი. მესისხლეს თვით შეუძლია მოკლას მკვლელი; როგორც კი შეხვდება მას, თვითონ შეუძლია მისი მოკვლა. და თუ ვინმე სიძულვილით ხელს ჰკრავს ვინმეს, ან განზრახ რაიმეს სტყორცნის მას და იგი მოკვდება, ან თუ მტრობით დაარტყამს ხელს, და იგი მოკვდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს ის, რომელმაც დაარტყა მას, რადგან მკვლელია იგი; მესისხლეს შეუძლია მოკლას ეს მკვლელი, როცა შეხვდება მას. მაგრამ თუ უცაბედად, მტრობის გარეშე, ჰკრავს ხელს, ან ესვრის მას რაიმე საგანს განზრახვის გარეშე, ან რაიმე ქვას, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, უნებლიეთ მოახვედრებს მას და ის მოკვდება, თუმცა იგი არ იყო მისი მტერი და არც მისთვის ავის მოსურნე, მაშინ უნდა განსაჯოს თემმა მკვლელსა და მესისხლეს შორის ამ წესის მიხედვით; და უნდა იხსნას თემმა მკვლელი მესისხლის ხელიდან, და უნდა დააბრუნოს იგი თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, რათა დამკვიდრდეს იქ, ვიდრე მოკვდებოდეს წმიდა ზეთით ცხებული მღვდელთმთავარი. ხოლო თუ მკვლელი გავა თავშესაფარი საზღვრიდან, სადაც იგი გაიქცა, და მას ნახავს მესისხლე მისი თავშესაფარი ქალაქის საზღვრის გარეთ, სადაც იგი გაიქცა, და მოკლავს მესისხლე მკვლელს, მაშინ არაა მესისხლეზე სისხლი, რადგან თავის თავშესაფარ ქალაქში უნდა დამკვიდრებულიყო იგი, ვიდრე მღვდელმთავარი მოკვდებოდა. ხოლო მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს მკვლელი თავის სამფლობელოს. ეს გფონდეთ თქვენთვის სამართლის წესად თაობიდან თაობამდე, ყველგან სადაც კი იცხოვრებთ. ყველა, ვინც კაცს მოკლავს, მოწმეთა ჩვენების საფუძველზე უნდა მოიკლას. მაგრამ მარტო ერთი მოწმის მხილებით არავინ არ უნდა დაისაჯოს სიკვდილით. არ აიღოთ გამოსასყიდი მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილო დამნაშავეა, არამედ სიკვდილით უნდა დაისაჯოს. და არ აიღოთ გამოსასყიდი თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისთვის მის დასაბრუნებლად ქვეყანაში საცხოვრებლად, ვიდრე მღვდელმთავარი ცოცხალია. არ წაბილწოთ მიწა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, რადგან სისხლი ბილწავს მიწას, და მიწა ვერ გამოისყიდის მასზე დაღვრილ სისხლს, თუ არა მისი დამღვრელის სისხლით. და არ გააბინძუროთ მიწა, რომელზეც ცხოვრობთ, სადაც მე ვმკვიდრობ; რადგან მე, უფალი, ვმკვიდრობ ისრაელიანთა შორის.“ მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მანაშეანთა გვარის თავკაცნი იოსების ძეთა საგვარეულოდან და განაცხადეს მოსესა და ისრაელიანთა მამამთავრების წინაშე, და თქვეს: „ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რათა მისცეს ქვეყანა სამკვიდროდ წილისყრით ისრაელიანებს, და ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რათა მიეცა ცელოფხადის, ჩვენი ძმის, სამკვიდრებელი მისი ასულებისათვის; მაგრამ თუ ისინი მისთხოვდებიან ისრაელიანთა სხვა რომელიმე ტომის ძეებს, მაშინ მათი სამკვიდრებელი მოაკლდება ჩვენი მამების სამკვიდრებელს და მიემატება იმ ტომის სამკვიდრებელს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, ხოლო ჩვენს წილხვედრ სამკვიდროს მოაკლდება. და როცა იქნება ისრაელიანთა საიუბილეო წელი, მაშინ საბოლოოდ დარჩება მათი სამკვიდრო იმ ტომის სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, და ჩვენი მამების ტომის სამკვიდროს მოაკლდება მათი სამკვიდრებელი.“ და ამცნო მოსემ ისრაელიანებს უფლის ბრძანება: „მართალს ამბობს იოსებიანთა ტომი. ეს არის, რაც ბრძანა უფალმა ცელოფხადის ასულებზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ, რათა არ გადავიდეს ისრაელიანთა სამკვიდრებელი ტომიდან ტომზე; რადგან ისრაელიანთაგან თითოეული თავის მამათა ტომის სამკვიდროზე უნდა იყოს მიკრული. ყოველი სამკვიდრებლის მემკვიდრე ასული, ისრაელიანთა ტომთაგან, თავისი მამის ტომის საგვარეულოში უნდა გათხოვდეს, რათა ისრაელიანთაგან დაიმკვიდროს თავისი მამის სამკვიდრო. არ გადავიდეს სამკვიდრებელი ტომიდან სხვა ტომზე, რადგან ისრაელიანთა თითოეული ტომი თავის სამკვიდროზე უნდა იყოს მიკრული.“ როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე გააკეთეს ცელოფხადის ასულებმა. და მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოყა, ცელოფხადის ასულები, მისთხოვდნენ თავიანთ ბიძაშვილებს. იოსებიან-მანაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო. და ეს არის ბრძანებანი და წესები, რომელნიც ამცნო უფალმა ისრაელიანთ მოსეს მეშვეობით მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ. ეს არის სიტყვები, რომლებიც ელაპარაკა მოსე მთელ ისრაელს იორდანეს გაღმა, ყარაბას უდაბნოში, სუფის პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანსა, ხაცეროთსა და დი-ზაჰაბს შორის, რომელიც 11 დღის სავალზეა ხორებიდან, სეყირის მთის გავლით, კადეშ-ბარნეაყამდე. მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვის პირველ დღეს, უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა მათთვის სათქმელად. ეს იყო მას შემდეგ, რაც განგმირეს სიხონი, მეფე ამორეველთა, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში, და ყოგი, მეფე ბაშანისა, რომელიც მკვიდრობდა ყაშთაროთსა და ედრეყში. იორდანეს გაღმა, მოაბელთა ქვეყანაში, დაიწყო მოსემ განმარტება ამ რჯულისა და თქვა: უფალმა, ღმერთმა ჩვენმა, გვითხრა ხორებში: „გეყოთ ამ მთაზე ცხოვრება; გაბრუნდით და მოედეთ ამორეველთა მთას და მათი მეზობლების ქვეყნებს, მთასა და ბარს, დაბლობს, სამხრეთის ზღვის სანაპიროს, ქანაანელთა ქვეყანას და ლიბანს დიდ მდინარე ევფრატამდე. აჰა, გაძლევთ თქვენ ამ ქვეყანას. მიდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მოცემაც გულით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს, და მათ მოდგმას.“ და მე მაშინ ასე გითხარით: „არ შემიძლია მარტოს თქვენი ტარება! უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაგამრავლათ, და აჰა, დღეს ურიცხვნი ხართ, როგორც ცის ვარსკვლავები. უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, გამრავლოთ თქვენ ათასგზის მეტად, ვიდრე დღესა ხართ, და გაკურთხოთ, როგორც დაგპირდათ! მე მარტომ როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი და თქვენი ტვირთი და თქვენი შუღლი? ამოირჩიეთ თქვენი ტომებიდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ წინამძღვრებად.“ ამაზე თქვენ მიპასუხეთ: კარგ საქმეს გვთავაზობო. და ავიყვანე მთავრები თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და დაგინიშნეთ ისინი წინამძღვრებად, ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და თქვენი ტომების ზედამხედველებად. და მე ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს მაშინ: „მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად, როგორც ძმასა და ძმას შუა, ასევე მათსა და ხიზანთა შუა. ნუ იქნებით მიკერძოებულნი სასამართლოზე: ერთნაირად მოუსმინეთ ძლიერსა და სუსტს. ნუ შეუშინდებით კაცს, რადგან სამართალი ღვთისაა! საქმე, რომელიც გემძიმებათ, მე წარმომიდგინეთ, და მოვისმენ მას.“ იმჟამადვე გამცნეთ ყველაფერი, რაც უნდა შეგესრულებინათ. და ავიყარეთ ხორებიდან, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორეველთა მთისაკენ მიმავალ გზაზე, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე. და იქ გითხარით მე თქვენ: „თქვენ მოხვედით ამორეველთა მთამდე, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს. აჰა, გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი, ამ ქვეყანას. წადით, დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა ჩვენ უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა. ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით!“ მაგრამ თქვენ ყველანი მოხვედით ჩემთან და მითხარით: „გავგზავნით კაცებს ჩვენს წინ, რათა დაზვერონ ის ქვეყანა და მოგვიტანონ ამბავი იმ გზისა, რომლითაც უნდა ვიაროთ, და იმ ქალაქებისა, რომლებშიც შესვლა მოგვიწევს.“ მე მომეწონა ეს გეგმა, და ამოვირჩიე 12 კაცი, თითო ტომიდან თითო. და გაემგზავრნენ ისინი და გადაიარეს მთა, მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე და დაზვერეს იგი, და მოკრიფეს ხილი იმ ქვეყნისა, ჩვენ მოგვართვეს და ამბავი მოგვიტანეს: ნაყოფიერია ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევსო. მაგრამ თქვენ არ ინებეთ იქ ასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას, და დრტვინავდით თქვენს კარვებში, და ამბობდით: „ჩვენ უფალს ვძულვართ და იმიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ ამორეველთა ხელში ჩავეგდეთ დასაღუპად. სად უნდა წავიდეთ? ჩვენმა ძმებმა გული გაგვიტეხეს და გვითხრეს: იქაური ხალხი ჩვენზე ბრგეა და მაღალი, ცამდე აზიდული სიმაგრეებით გარშემორტყმული დიდი ქალაქები აქვთ და ყანაკელნიც ვიხილეთო იქ.“ მე გითხარით თქვენ: „ნუ ძრწით და ნუ გეშინიათ მათი. უფალი, თქვენი ღმერთი, წინ მიგიძღვით. ის იბრძოლებს თქვენთვის ისევე, როგორც ეგვიპტეში გააკეთა თქვენს თვალწინ, და ამ უდაბნოში, როგორც თავად იხილეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი, როგორც თავისი შვილი ატაროს კაცმა, ისე გატარებდათ მთელ გზაზე, რომელიც განვლეთ, ვიდრე მოხვიდოდით ამ ადგილამდე. ამის შემდეგაც არ ერწმუნეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა დასაბანაკებელი ადგილი მოენახა თქვენთვის, – ღამით ცეცხლივით მიდიოდა, რათა ეჩვენებინა თქვენთვის სწორი გზა, დღისით კი ღრუბლის სახით მიდიოდა.“ გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვები, განრისხდა და დაიფიცა: „ამ უკეთური თაობიდან ვერავინ იხილავს იმ კეთილ ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი თქვენს მამებს. მხოლოდ ქალებ იეფუნეს ძე იხილავს მას. მას და მის ძეთ მივცემ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე უფლის ერთგული იყო.“ მეც განმირისხდა უფალი თქვენს გამო და ასე მითხრა: „ვერც შენ შეხვალ იქ. იესო, ნავეს ძე, რომელიც შენს წინაშე დგას, შევა იქ. გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს ისრაელიანთ იმ ქვეყანას. და თქვენი ძუძუზე მყოფნი, რომლებზეც ამბობდით, მტრის ნადავლი გახდებიანო, და თქვენი ჩვილები, რომლებიც დღეს ავსა და კარგს ვერ არჩევენ, ისინი შევლენ იქ, და მათ მივცემ იმ მიწას, და ისინი დაიმკვიდრებენ მას. თქვენ კი მიბრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში, მეწამული ზღვის გზით.“ მაშინ თქვენ პასუხად მომიგეთ: „შევცოდეთ უფალს! წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც გვიბრძანა უფალმა, ღმერთმა ჩვენმა.“ და აისხით თითოეულმა თქვენი საჭურველი, და დაუფიქრებლად გადაწყვიტეთ მთაზე ასვლა. მაშინ მითხრა უფალმა, რომ თქვენთვის მეთქვა: „ნუ ახვალთ მთაზე და ნუ შეებრძოლებით, რადგან არა ვარ თქვენს შორის და დაგამარცხებთ მტერი!“ მე გადმოგეცით, მაგრამ არ ისმინეთ, წინ აღუდექით უფლის ბრძანებას, გაკადნიერდით და ახვედით მთებში. და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ ამორეველნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იქ, და დაგესივნენ, როგორც ფუტკარმა იცის, და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე. და როცა დაბრუნდით, ტიროდით უფლის წინაშე, მაგრამ ყურად არ იღო უფალმა თქვენი ქვითინი და არ შეისმინა თქვენი. და დიდხანს იყავით კადეშში, საკმაოდ დიდხანს. და გავბრუნდით, და გავწიეთ უდაბნოსაკენ მეწამული ზღვის გზით, როგორც მიბრძანა უფალმა. და დიდხანს ვუარეთ გარს სეყირის მთებს. და მითხრა მე უფალმა: „გეყოფათ ამ მთის შემოვლა, გადაუხვიეთ ჩრდილოეთისკენ. და ამ ხალხს გადაეცი: თქვენ გაივლით თქვენი ძმების, ესავიანთა, საზღვარზე, რომლებიც ცხოვრობენ სეყირში, და ეშინიათ თქვენი, მაგრამ გაფრთხილდით, ომს ნუ დაუწყებთ მათ! მათი მიწის ერთ ნატერფალსაც კი არ მოგცემთ მე, რადგან სეყირის მთა ესავს მივეცი სამკვიდროდ. საჭმელი იყიდეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ, წყალი იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით. რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაკურთხათ ყოველ თქვენს საქმეში, რაკი იცოდა ყოველი თქვენი გზა-კვალი ამ დიდ უდაბნოში. უკვე 40 წელია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არაფერი მოგკლებიათ.“ და ჩავუარეთ ჩვენს ძმებს, ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, ყარაბას გზით, ელათიდან და ყეციონ-გებერიდან, გადავუხვიეთ, და მოაბის უდაბნოს გზას დავადექით. და მითხრა მე უფალმა: „ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ დაუწყებ, არ მოგცემ მისი ქვეყნიდან სამკვიდრებელს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.“ უწინ ემიმები ცხოვრობდნენ იქ; ის იყო დიდი, ძლიერი და მრავალი ხალხი, როგორც ყანაკელები. რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც, როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელნი მათ ემიმებს უწოდებდნენ. უწინ სეყირში მკვიდრობდნენ ხორიელნი, რომლებიც ესავიანებმა იქიდან აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დასახლდნენ მათ ნაცვლად, – ისევე მოექცნენ, როგორც მოექცნენ ისრაელიანები თავიანთ სამკვიდრო ქვეყანას, რომელიც მისცა მათ უფალმა. „ახლა ადექით და გადალახეთ ზერედის ნაღვარევი!“ და გადავლახეთ ზარედის ნაღვარევი. და კადეშ-ბარნეაყიდან წასულებს, ვიდრე ზერედის ნაღვარევს მივადგებოდით, 38 წელი დაგვჭირდა; ამასობაში გაწყდა მეომარ კაცთა მთელი თაობა ბანაკში, როგორც დაფიცებული ჰქონდა უფალს მათთვის. უფლის ხელი მისწვდა მათ, რათა მთლიანად ამოეწყვიტა ისინი ბანაკში, და აკი გაწყდნენ კიდეც! და როცა მთლიანად მოისრა მეომარი კაცი, მითხრა მე უფალმა: „ახლა შენ გადიხარ მოაბის საზღვრებიდან, ყართან, და მიუახლოვდები ყამონიანთა ადგილებს, მაგრამ ნუ შეავიწროებ, ნუ წაეკიდები მათ, რადგან არ მოგცემ ყამონიანთა ქვეყნიდან სამკვიდროს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი სამკვიდროდ.“ რეფაიმთა ქვეყნად ითვლება ისიც. იქ რეფაიმები ცხოვრობდნენ უწინ. მაგრამ ყამონელნი მათ უწოდებენ ზამზუმიელებს. დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოვანი ხალხი იყო ყანაკელებივით, მაგრამ მოსპო ისინი უფალმა ყამონელთა თვალწინ და ყამონელნი დამკვიდრდნენ იქ და მათ ნაცვლად დასახლდნენ, უფალმა ისევე გააკეთა ყამონელთათვის, როგორც ესავიანთათვის, რომლებიც სეყირში ცხოვრობენ, როცა მოსპო მათ თვალწინ ხორიელნი და იქ მათ ნაცვლად დაამკვიდრა ესავიანები, რომლებიც დღევანდელ დღემდე იქ მკვიდრობენ. და ყავიმელნი, რომლებიც ცხოვრობდნენ ღაზის შემოგარენ სოფლებში, მოსრეს ქაფთორელებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქაფთორიდან და დასახლდნენ მათ ნაცვლად. „ადექით და გასწიეთ, – უთხრა უფალმა, – გადალახეთ არნონი ხეობა. აჰა, ხელთ ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა: იწყეთ იქ დამკვიდრება, და ეომეთ მას. დღეიდან შენს წინაშე შიშსა და ძრწოლას მოვგვრი ხალხებს მთელს ცისქვეშეთში; ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, თავზარი დაეცემა და ძრწოლა შეიპყრობს.“ და გავუგზავნე მოციქულნი კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს, სამშვიდობო სიტყვებით, ეთქვათ მისთვის: „გადავივლი შენს ქვეყანაზე, გზიდან არ გადავუხვევ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ; საჭმელი ვერცხლით მომყიდე და შევჭამ; წყალიც ვერცხლით მომეცი და შევსვამ. მხოლოდ ფეხი დამადგმევინე შენს მიწაზე – როგორც მომექცნენ მე ესავიანები, რომელნიც მკვიდრობენ სეყირში, და მოაბელები, რომლებიც მკვიდრობენ ყარში, – ვიდრე გადავალ იორდანეს გაღმა იმ ქვეყანაში, რომელიც უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მოგვცა ჩვენ.“ მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი გატარება იქ, რადგან გაუმძვინვარა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, სული და გაუჯიუტა გული, რათა თქვენს ხელში ჩაეგდო, როგორც დღეს ხედავ. და მითხრა უფალმა მე: „აჰა, მე ვიწყებ სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემას. იწყე მის ქვეყანაში დამკვიდრება.“ და გამოვიდა სიხონი ჩვენს შესახვედრად, ის და მთელი მისი ჯარი, საომრად იაჰაცში. და მოგვცა ის უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. და შევმუსრეთ ის და მისი ძენი და მთელი მისი ჯარი. და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი იმ დროს და დავარისხეთ ყველა ქალაქი, და ერთიანად მუსრი გავავლეთ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, ცოცხალი არავინ გაგვიშვია. მხოლოდ საქონელი დავიტაცეთ და ნადავლი იმ ქალაქებიდან, რომლებიც დავიპყარით. ყაროყერიდან, რომელიც არნონის ველის ზემოთაა, და ქალაქიდან, რომელიც ველზეა, გალაადამდე არ ყოფილა ჩვენთვის მიუდგომელი ქალაქი. ყველაფერი მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. მხოლოდ ყამონიანთა ქვეყანას არ დასცემიხარ, არც იაბოკის სანაპიროებს, არც მთის ქალაქებს და არც ყველა იმას, რაც არ ბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. და გადავუხვიეთ, და ავედით ბაშანის გზით. და გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ჩვენთან საომრად ედრეყში. და მითხრა უფალმა მე: „ნუ გეშინია მისი, რადგან მე ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ჯარი და მისი ქვეყანა. და ისე მოექცევი მას, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველთა მეფეს, რომელიც ხეშბონში ცხოვრობდა.“ და ხელში ჩაგვიგდო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგი, ბაშანის მეფე, და მთელი მისი ჯარი. და მოვსპეთ იგი ისე, რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი. და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი მაშინ; არ დარჩენილა ქალაქი, მათთვის რომ არ წაგვერთმია – ეს იყო 60 ქალაქი და მთელი არგობის მხარე და ყოგის სამეფო ბაშანში. ყველა ეს ქალაქი გამაგრებული იყო მაღალი გალავნებით, კარიბჭეებით და ურდულებით; ამას გარდა – მრავალი უგალავნო ქალაქი. შევმუსრეთ ისინი და დავარისხეთ – ისევე მოვექეცით, როგორც სიხონს, ხეშბონის მეფეს. იმ ქალაქებში ერთიანად შევმუსრეთ კაცი და ქალი, დიდი და პატარა. მაგრამ საქონელი და ნადავლი იმ ქალაქებისა დავიტოვეთ. და წავართვით იმ დროს ქვეყანა ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა – არნონის ველიდან ხერმონის მთამდე. (ციდონელები ხერმონს სირიონს უწოდებენ, ამორეველნი კი – სენირს). ავიღეთ ბარის ყველა ქალაქი და მთელი გალაადი, მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეყამდე, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში. რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთაგან. აჰა, მისი სარეცელი რკინის სარეცელია, ის ყამონიანთა რაბათშია: ცხრა წყრთაა მისი სიგრძე და ოთხი წყრთაა მისი სიგანე, მამაკაცის წყრთით. ეს ქვეყანა დავიპყარით მაშინ ყაროყერიდან, რომელიც არნონის დინებასთანაა; და ნახევარი გალაადის მთისა მისი ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადელებს მივეცი. დანარჩენი გალაადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მივეცი მანაშეს ნახევარტომს. (არგობის ყველა მიდამოს, მთელი ბაშანით, ძველად რეფაიმების ქვეყანას უწოდებდნენ. იაირმა, მანაშეს ძემ, დაიპყრო არგობის მთელი მხარე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრებამდე, და ბაშანს უწოდა თავისი სახელი: სოფლები იაირისა, როგორც ამ დღემდეა.) და მაქირს მივეცი გალაადი. ხოლო რეუბენის ტომსა და გადის ტომს მიწა მივეცი გალაადიდან არნონის ველამდე, ველის შუაწელამდე და მდინარე იაბოკამდე, რომლის იქითაც ყამონელები ცხოვრობენ. ასევე მათ მივეცი ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე – მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე, აღმოსავლეთით. და გიბრძანეთ მე თქვენ იმ დროს ასე: „უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. ყველა, ვისაც ბრძოლა შეუძლია, შეიარაღებულნი წინ გაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელიანთ. მხოლოდ თქვენი ცოლები, თქვენი პატარები და საქონელი – ვიცი, რომ უამრავი საქონელი გყავთ – დარჩნენ თქვენს ქალაქებში, რომლებიც მე მოგეცით. როცა დააბინავებს უფალი თქვენს ძმებს თქვენსავით და დაიმკვიდრებენ ისინიც ქვეყანას, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, აძლევს მათ იორდანეს გაღმა, მაშინ დაბრუნდით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მე მოგეცით.“ და იესოს ვუთხარი მაშინ: „შენი თვალით გაქვს ნანახი ყოველივე, რაც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. სწორედ იგივეს დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელზედაც შენ გადაივლი. ნუ გეშინიათ მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის.“ და ასე შევევედრე უფალს იმ დროს: „უფალო, უფალო, შენ მიჩვენე მე, შენს მსახურს, შენი დიდება და შენი ძლიერი მარჯვენა. რომელი ღმერთია ცასა და მიწაზე, რომელიც შეძლებდა ისეთ საგმირო საქმეებს, როგორსაც შენ სჩადიხარ? გთხოვ, გადამატარე მდინარე და მახილვინე ის კარგი ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა, და ის კარგი მთა, და ლიბანი!“ მაგრამ განრისხდა უფალი ჩემზე თქვენს გამო და არ ისმინა ჩემი, და მომიგო: „კმარა, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე. ადი ფისგას მწვერვალზე და გაიხედე დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, და დაინახე თვალით, რადგან არ გიწერია იორდანეს გაღმა გადასვლა. და უბრძანე იესოს, და გაამხნევე იგი და გაამაგრე, რადგან ის გაუძღვება ამ ხალხს და დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც შენ დაინახავ.“ და დავდექით ველზე, ბეთ-ფეღორის ახლოს. და ახლა ისმინე, ისრაელ, წესები და კანონები, რომელთაც მე დღეს გასწავლით თქვენ შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გაძლევთ თქვენ. ნურაფერს დაამატებთ იმას, რასაც მე გამცნებთ თქვენ, და ნურც მოაკლებთ, რათა დაიცვათ მცნებანი უფლისა, თქვენი ღმერთისა, რომელთაც მე გაუწყებთ. თქვენმა თვალებმა იხილეს, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს, რადგან ყოველი კაცი, რომელიც მიჰყვა ბაყალ-ფეღორს, მოსრა უფალმა, შენმა ღმერთმა, თქვენში. ხოლო თქვენ, ვინც მიელტვით უფალს, თქვენს ღმერთს, ყველანი ცოცხლობთ დღემდე. აჰა, მე გასწავლით თქვენ წესებსა და კანონებს, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღსასრულებლად იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ, რომ დაიმკვიდროთ; დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ესაა თქვენი სიბრძნე და თქვენი გონიერება იმ ხალხების თვალწინ, რომელნიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: „მხოლოდ ეს ხალხია დიდი, ბრძენი და გონიერი.“ რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ისე ახლოს იდგნენ მისი ღმერთები, როგორც ახლოსაა ჩვენთან უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი მოვუხმობთ მას? და განა არის სხვა დიდი ერი, რომელსაც ჰქონდეს ისეთი მართალი წესები და კანონები, როგორც მთელი ეს რჯულია, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ დღეს? მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი შენი სული, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რაც შენმა თვალებმა იხილეს, და გულიდან ნუ ამოგივარდება შენი სიცოცხლის მანძილზე. და აცოდინე იგი შენს ძეთ და შენს ძეთა ძეთ, ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იდექი ხორებთან, და მითხრა მე უფალმა: „შეკრიბე ხალხი ჩემს წინაშე, და გავაგონებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე, და ასწავლონ თავიანთ ძეებსაც.“ აჰა, თქვენ მიხვედით და დადექით მთის ძირას, მთა კი გიზგიზებდა ცეცხლის ალით, რომელიც ზეცამდე აღწევდა, და იყო წყვდიადი – ღრუბელი და კუნაპატი სიბნელე. და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგული ცეცხლიდან. სიტყვები გესმოდათ, მაგრამ ვერავითარ სახეს ვერ ხედავდით – მხოლოდ ხმა ისმოდა. და გამოგიცხადათ მან თავისი აღთქმა, ათი მცნება, რაც გიბრძანათ შესასრულებლად, და დაწერა ქვის ორ დაფაზე. მე მიბრძანა უფალმა იმ დროს მესწავლებინა თქვენთვის წესები და კანონები, რათა დაიცვათ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ. ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან, რათა არ წახდეთ და არ გაიკეთოთ ქანდაკება, მსგავსება რაიმე კერპისა, კაცს ან ქალს სახით, მსგავსება რაიმე ცხოველისა, რაც მიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, რაც ცაში დაფრინავს, მსგავსება მიწაზე მხოხავი ყოველგვარი ქვეწარმავლისა, სახე ყოველგვარი თევზისა, რაც წყალში ცურავს, მიწის სიღრმეში; რათა, როცა თვალს აღაპყრობთ ზეცისკენ და იხილავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს – მთელ ციურ ლაშქარს – არ შეცდეთ, თაყვანი არ სცეთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა, შეუქმნა ყველა ხალხებს მთელს ცისქვეშეთში. ხოლო თქვენ აგიყვანათ უფალმა და გამოგიყვანათ რკინის ბრძმედიდან – ეგვიპტიდან – რათა ყოფილიყავით მისი წილხვედრი ხალხი, როგორც აღსრულდა კიდეც. და უფალი მე გამირისხდა თქვენს გამო, და დაიფიცა, რომ მე ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ იმ მშვენიერ ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ. მე მოვკვდები ამ ქვეყანაში. მე ვერ გადავალ მდინარე იორდანეს გაღმა. ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ მშვენიერ ქვეყანას. გაფრთხილდით, რომ არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, და არ გაიკეთოთ კერპები, რაიმე გამოსახულებანი, როგორც გიბრძანათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მშთანთქმელი ცეცხლია, შურისმგებელი ღმერთია იგი. თუ გეყოლებათ შვილები და შვილიშვილები, და დაბერდებით ქვეყანაზე, და გაირყვნებით და გაიკეთებთ კერპს, რომელიც რაიმეს მიმსგავსება იქნება, და ჩაიდენთ ბოროტებას უფლის, თქვენი ღმერთის, თვალწინ მის გასარისხებლად, თქვენს წინაშე ვიმოწმებ ცასა და მიწას, რომ ამის გამო მალე გადაშენდებით, იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე; ვერ გაიხანგრძლივებთ დღეებს იმ მიწაზე, არამედ გადაშენდებით. და გაგფანტავთ უფალი ხალხებში, და დარჩებით მცირერიცხოვან ხალხად იმ ხალხებში, ვისთანაც მიგიყვანთ უფალი. და მოემსახურებით იქ კაცის ხელით ხისგან და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, ვერც ესმით, ვერც ჭამენ და ვრც იყნოსენ. და როცა იქ დაუწყებ ძებნას უფალს, შენს ღმერთს, იპოვი მას, თუ მოძებნი მას მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით. როცა გაგიჭირდება, როცა შორეულ მომავალ დღეებში, ყოველივე ეს გეწევა – მაშინ დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და გაიგონებ მის ხმას. რადგან მოწყალეა უფალი, შენი ღმერთი; არ მიგატოვებს და არ დაგღუპავს, და არ დაივიწყებს შენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც ფიცით აღუთქვა მათ. აბა ჰკითხე გარდასულ დღეებს, შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც ღმერთმა შექმნა ადამიანი მიწაზე, თუ მომხდარა ცის კიდით კიდემდე, რაიმე მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი? თუ სმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა, როგორც შენ გაიგონე, და ცოცხალი გადარჩი? თუ უცდია რომელიმე ღმერთს, მისულიყო და გამოეყვანა თავისთვის ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებითა და სასწაულებით, ბრძოლით, და ძლიერი ხელით, და აღმართული მკლავით, და დიდი საშინელებებით, როგორც მოიმოქმედა ყოველივე თქვენთვის უფალმა, თქვენმა ღმერთმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ? შენ გახილვინა, რათა გცოდნოდა, რომ მხოლოდ უფალია ღმერთი, და სხვა არავინ არის მის გარდა. ზეციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე, და მიწაზე გიჩვენა თავისი დიდი ცეცხლი, და მისი სიტყვები ისმინე ცეცხლის შუაგულიდან; და რაკი შეიყვარა მან შენი მამები და გამოირჩია მათი შთამომავალი მათ შემდეგ, და გამოგიყვანა თავისი დიადი ძალით ეგვიპტიდან, რათა განედევნა შენზე უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხები შენი პირისაგან, რათა მიეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ. დღეს შეიცანი და გულში ჩაიბეჭდე, რომ უფალი ღმერთია მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე, და სხვა არავინაა მის გარდა. დაიცავი მისი კანონები და მისი მცნებები, რომელთაც მე გიცხადებ დღეს, რათა კარგად იყოთ შენ და შენი ძენი შენს შემდგომ, და რათა გაიხანგრძლივო დღენი იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ. მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით, რათა იქ გაიქცეს მკვლელი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა თავისი მოყვასი, ვისი სიძულვილიც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ; გაიქცეს ერთ-ერთ მათგანში იმ ქალაქთაგან, და იქ გადარჩეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე – რეუბენისა იყო, რამოთი გალაადში – გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში – მანაშესი. ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელიანთ. ესენია მოწმობანი, წესები და სამართალი, რომელნიც გამოუცხადა მოსემ ისრაელის ძეთ ეგვიპტიდან გამოსვლისას, იორდანეს გაღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის ახლოს, ამორეველთა მეფის, სიხონის, ქვეყანაში, რომელიც ცხოვრობდა ხეშბონში, და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელიანებმა ეგვიპტიდან გამოსვლისას. და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა და ქვეყანა ყოგისა, ბაშანის მეფისა, ამორეველთა ორი მეფისა, რომელნიც იყვნენ იორდანეს გაღმა მხარეს, მზის აღმოსავლეთით, ყაროყერიდან, რომელიც არნონის სანაპიროზე მდებარეობს, და მიდის სირიონის მთამდე (ეს არის ხერმონი). და ასევე მთელ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, და ყარაბას ზღვამდე, ფისგას მთის ძირას. და მოუწოდა მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა მათ: ისმინე, ისრაელ, წესები და კანონები, რომელთაც მე ვიტყვი დღეს თქვენს გასაგონად. დაისწავლეთ ისინი და ეცადეთ მათი შესრულება. უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვიდო აღთქმა ხორების მთაზე. ჩვენს მამებთან კი არ დადო უფალმა ეს აღთქმა, არამედ ჩვენთან, ყველა ჩვენგანთან, ვინც აქ ცოცხლები ვართ დღეს. პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან. მე კი ვიდექი უფალსა და თქვენს შორის იმ დროს, რათა მეუწყებინა თქვენთვის სიტყვა უფლისა, რადგან გეშინოდათ ცეცხლისა და არ ასულხართ მთაზე. და მან მითხრა მე: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან: ნუ იყოლიებ სხვა ღმერთებს ჩემს გარდა. ნუ გაიკეთებ კერპებს და ნურც რაიმე სხვა მსგავსებას იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია მიწის სიღრმეში. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვებს შვილებს მოვკითხავ, ჩემი მტრების მესამე და მეოთხე თაობამდე, და ჩემს მოყვარულ და ჩემი მცნებების დამცველ ათასეულ თაობათა მწყალობელი. ნუ ახსენებ უფლის, შენი ღმერთის, სახელს ამაოდ, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მახსენებელი. დაიცავი შაბათის უქმე, რათა წმიდად შეინახო იგი, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველგვარი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე – უფლის, შენი ღმერთის, შაბათია, ამ დღეს არა საქმე არ აკეთოთ, არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა შენსავით დაისვენოს შენმა მსახურმა და შენმა მხევალმა. გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტელთა ქვეყანაში, და გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან ძლიერი ხელით და აღმართული მკლავით. ამისათვის გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დაიცვა შაბათი დღე. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, როგორც გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს. არა კლა. არ იმრუშო. არ იპარო. ცრუ მოწმედ არ დადგე შენი მოძმის წინააღმდეგ. არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.“ ეს სიტყვები უთხრა უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლისა და კუნაპატი სიბნელიდან დიდი ხმით, და სხვა მეტი არაფერი დაუმატებია ამ სიტყვებისთვის. და დაწერა ისინი ქვის ორ დაფაზე, და მომცა მე. და როცა მოისმინეთ ხმა სიბნელიდან, და მთა ცეცხლში იწვოდა, მაშინ მოხვედით ჩემთან ახლოს თქვენი ტომების მთავრები და თქვენი ერის უხუცესები და მითხარით: „აჰა, გვიჩვენა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და თავისი სიდიადე, და მისი ხმა მოგვესმა ცეცხლის შუაგულიდან. იმ დღეს ვიხილეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ადამიანი ცოცხალი გადარჩა. და ახლა რიღისთვის დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი! თუ ჩვენ კვლავ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, მაშინვე დავიხოცებით. რადგან რომელ ხორციელს შეუძლია, რომ მოისმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი გადარჩეს? შენ მიდი და მოისმინე, რას იტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და შემდეგ მოგვიყევი ჩვენ ყველაფერი, რასაც გეტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი. ჩვენ კი მოგისმენთ და შევასრულებთ.“ ისმინა უფალმა თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა: „ვისმინე ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდნენ. ყველაფერი სწორია, რაც შენ გელაპარაკნენ. ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და დაეცვათ ყველა ჩემი მცნება ყოველთვის, რათა კარგად ყოფილიყვნენ ისინი და მათი ძენი უკუნისამდე. წადი, უთხარი მათ, დაბრუნდნენ თავ-თავიანთ კარვებში. ხოლო შენ აქ დადექი ჩემთან, და მე გეტყვი ყველა მცნებას, წესებს და კანონებს, რაც უნდა ასწავლო მათ, რათა შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე დასამკვიდრებლად ვაძლევ მათ.“ ისე უნდა დაიცვათ შესასრულებლად, როგორც უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გიბრძანათ. ნუ გადაუხვევთ ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივ. იარეთ ყველა იმ გზით, რომელიც გამცნოთ თქვენმა ღმერთმა, რათა იცოცხლოთ და კარგად იყოთ, და დღეგრძელნი იყოთ იმ ქვეყანაში, რომელსაც დაეუფლებით. და აჰა, მცნებები, წესები და კანონები, რომლთა სწავლაც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რათა დაიცვათ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. რათა გეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, რომ დაიცვათ ყველა მისი წესი და მისი მცნება, რომელთაც მე გაუწყებთ თქვენ და თქვენს შვილებს, და თქვენს შვილიშვილებს, მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე, რათა იდღეგრძელოთ. მაშ ისმინე, ისრაელ, და მტკიცედ დაიცავი ეს ყოველივე შესასრულებლად, რათა კარგად იყო, და ძლიერ გამრავლდე, როგორც გითხრა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, რომ მოგცემო იმ ქვეყანას, სადაც მოედინებაო რძე და თაფლი. ისმინე, ისრაელ! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი! და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით. და იყოს ეს სიტყვები შენს გულში, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და მუდამ ელაპარაკე მათზე შინა ხარ თუ გარეთ, წევხარ, თუ დგახარ. და ნიშნად შეიბი ისინი მაჯაზე, და შუბლსაკრავით ატარე, და დააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამოც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდ და კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია, და ყოველნაირი სიკეთით სავსე სახლებს, რომლებიც შენ არ აგივსია დოვლათით, და ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ბაღ-ვენახებსა და ზეთისხილის ჭალებს, რომლებიც შენ არ გაგიშენებია. და შეჭამ იქ ძღომაზე, გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, და მას ემსახურე, და მისი სახელით ფიცულობდე. არ მიჰყვე უცხო ღმერთების კვალს, იმ ხალხების ღმერთებისა, რომლებიც თქვენს ირგვლივ სახლობენ, რადგან უფალი, შენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია; არ აღეგზნოს მისი, რისხვა შენზე და არ აღგგავოს მიწის პირისაგან. არ გამოსცადოთ უფალი, თქვენი ღმერთი, როგორც გამოსცადეთ იგი მასაში. მტკიცედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებები, მისი მოწმობანი და მისი წესები, რაც გიბრძანათ თქვენ. და სწორად და კეთილად მოიქეცით უფლის თვალში, რათა კარგად იყოთ, რომ მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ კარგი ქვეყანა, რომელიც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, რომ განდევნოს მთელი თქვენი მტრები თქვენი პირისაგან, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. თუ შეგეკითხება ხვალ შენი ძე და გეტყვის: „რა არის ეს მოწმობანი, წესები და კანონები, რაც გიბრძანათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა“ – ასე უპასუხე: „ფარაონის მონები ვიყავით ეგვიპტეში, და უფალმა გამოგვიყვანა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით. მოუვლინა უფალმა დიდი და საშინელი ნიშნები და სასწაულები და განსაცდელები ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლს ჩვენს თვალწინ. და ჩვენ გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ, რომ მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, რომელიც ფიცით აღუთქვა ჩვენს მამებს. და გვიბრძანა აღსრულება ყველა იმ წესისა, რათა გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, კარგად ვიყოთ დღენიადაგ, რომ ცოცხალი დავრჩეთ, როგორც ამ დღესა ვართ. და ჩვენ ჩაგვეთვლება სიმართლედ, თუ დავიცავთ შესასრულებლად ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე, როგორც მან გვიბრძანა.“ როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს იქიდან – ხეთელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს – შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და ძლიერს, და ხელში ჩაგაგდებინებს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო. არ დაუმოყვრდე მათ, შენი ასული არ მისცე მის ძეს და მისი ასული არ მოუყვანო შენს ძეს ცოლად; რადგან განაშორებენ შენს ძეს ჩემგან, და მსახურებას დაუწყებენ უცხო ღმერთებს, და აღიგზნება რისხვა უფლისა თქვენზე და სწრაფად გაგანადგურებთ. არამედ ასე მოექეცით მათ: დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და მათი ძეგლები დაამსხვრიეთ, მათი აშერები აკაფეთ, და მათი ქანდაკებები დაწვით ცეცხლში. რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლის, შენი ღმერთისათვის. შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყო მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არიან. მრავალრიცხოვნების გამო ვერ ამოგირჩევდათ თქვენ უფალი – თქვენ ხომ ყველა სხვა ხალხებზე მცირერიცხოვანი ხართ, არამედ, თქვენდამი მისი სიყვარულის გამო ამოგირჩიათ, და კიდევ იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, – აი ამიტომ გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის, ხელიდან. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ერთგული ღმერთი, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას მის მოყვარულთათვის და მის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე. და მიაგებს მის მოძულეებს მისაგებელს მათ დასაღუპად. არ დააგვიანებს, თავის მოძულეს პირადად მიუზღავს. მაშ დაიცავი მცნებები, წესები და კანონები, რომელთაც მე გაუწყებ დღეს შესასრულებლად. და თუ შეისმენთ ამ სამართალს და დაიცავთ და შეასრულებთ, უფალი, შენი ღმერთი, შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რაც შეჰფიცა შენს მამებს. და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; ცხვარ-ძროხის ნამატს იმ ქვეყანაში, რომელიც შენთვის მოსაცემად აღუთქვა შენს მამებს. კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად. თქვენში არ იქნება უნაყოფო, და არც თქვენს პირუტყვში – ბერწი. და აგაშორებს უფალი ყოველგვარ სატკივარს. არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რაც ნანახი გაქვს და იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს. და მოსპობ ყველა ხალხებს, რომელთაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს. არ დაინდოს შენმა თვალმა ისინი. და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის. თუ გონებაში გაგივლის: ჩვენზე მრავალრიცხოვანი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნასო? ნუ შეუშინდები მათ. გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს, გაიხსენე ის დიდი განსაცდელები, რაც იხილეს შენმა თვალებმა, და ნიშნები და სასწაულები, და ძლიერი ხელი და აღმართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, იგივეს გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხებს, რომლისაც გეშინია. კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ გაანადგურებს მათ, ვინც შენ გადაგირჩა და დაგემალა. ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთი, შენთან არის, დიადი და მრისხანე ღმერთი. თანდათანობით განდევნის უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს შენგან. შენ არ მოგეცა მათი სწრაფად მოსპობის ხელმწიფება, რათა არ აოხრდეს ის ქვეყანა და არ მოზვავდეს ველის ნადირი. და დაყრის მათ უფალი, შენი ღმერთი, და შეარყევს მათ დიდი შერყევით, ვიდრე ერთიანად არ განადგურდებიან. და ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს, და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთიდან. წინ ვერავინ დაგიდგება, ვიდრე არ გადააშენებ მათ. ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებები. ნუ ისურვებ წასაღებად, ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აკრავთ, რათა მახედ არ გექცეს, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის. და ნუ შეიტან სისაძაგლეებს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. შეიძულე და შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი. ყოველი მცნება, რომელსაც მე დღეს შენ გამცნებ, ეცადე, შეასრულო, რათა იცოცხლო და გამრავლდე, და მიხვიდე და დაიმკვიდრო ის ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს. გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს 40 წელიწადი უდაბნოში, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა შეეტყო, თუ რა გიდევს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა. და გათვინიერებდა, გაშიმშილებდა, გაჭმევდა მანანას, რაც არ იცოდით, რა იყო ის, არც შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. ტანზე სამოსელი არ გაგცვეთია და ფეხი არ გაგსივებია მთელი ამ 40 წლის მანძილზე. გახსოვდეს, რომ როგორც მამა წვრთნის თავის ძეს, ისე გწვრთნის შენ უფალი, შენი ღმერთი. და დაიცავი მცნებანი უფლისა, შენი ღმერთისა, რათა მისი გზებით იარო და გეშინოდეს მისი. რადგან უფალს, შენს ღმერთს, კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ, ქვეყანაში, სადაც წყლის ნაკადულები, წყაროები და მიწისქვეშა წყლები მოედინება მთასა და ბარში. ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში; ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მაძღრად გექნება პური, და არაფერი დაგაკლდება; ქვეყანაში, რომლის ქვები რკინაა და მისი მთებიდან მოიპოვებ სპილენძს. და როცა შეჭამ და გაძღები, აკურთხე უფალი, შენი ღმერთი, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა. და გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი, ღმერთი შენი, დაიცავი მისი მცნებები, მისი წესები და კანონები, რომელთაც მე დღეს გაუწყებ. და, როცა მაძღრისად შეჭამთ და აიშენებთ მშვენიერ სახლებს და შესახლდებით, და როცა გაიმრავლებ ცხვარსა და ძროხას, ბევრი გექნება ვერცხლი და ოქრო, და ყოველივე უხვად გექნება, არ გაამაყდე და არ დაივიწყო უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან; რომელმაც გატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, სადაც გესლიანი გველები, მორიელები და ხრიოკებია; სადაც არ იყო წყალი, მან კი სალი კლდიდან გამოადინა შენთვის წყალი; ის უდაბნოში გკვებავდა მანანით, რასაც არ იცნობდნენ შენი მამები, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა სიკეთე ექნა ბოლოს შენთვის; და რომ არ თქვა გულში: ჩემმა ძალამ და ჩემმა მტკიცე მკლავმა შემძინაო მე ეს ქონება! უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან იგი გაძლევს ძალას ქონების შესაძენად, რათა შეასრულოს თავისი აღთქმა, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს, როგორც დღემდე ასრულებს. და თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, და გაჰყვები უცხო ღმერთების კვალს და მოემსახურები, და თაყვანს სცემ მათ, დღეს ვფიცავ ცასა და მიწას, რომ უსათუოდ დაიღუპებით; იმ ხალხებივით, რომელთაც უფალი ღუპავს თქვენს წინაშე, თქვენც დაიღუპებით, თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას. ისმინე, ისრაელ, დღეს შენ გადალახავ იორდანეს, რათა მიხვიდე და დაიმორჩილო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, დაეპატრონო ზეცამდე გამაგრებულ დიდ ქალაქებს, დიდი და ახოვანი ხალხის – ყანაკელთა, მიწა-წყალს, რომლებიც იცი და რომლებზე ნათქვამიც გაგიგონია: წინ ვინ დაუდგებაო ყენაკის ძეთ? იცოდე, დღეს რომ უფალი, შენი ღმერთი, წინ გიძღვის, როგორც მშთანთქმელი ცეცხლი, ის გაანადგურებს მათ და მოდრეკს მათ შენს წინაშე, და შენ განდევნი მათ და ადრე და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა. ნუ იტყვი გულში, როცა განდევნის მათ უფალი, შენი ღმერთი, შენი პირისაგან: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო! რადგან ამ ხალხების უღვთოების გამო დევნის უფალი მათ თქვენი პირისაგან. შენი სიმართლის და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი უღვთოების გამო დევნის იმ ხალხს უფალი, შენი ღმერთი, შენი პირისაგან, რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს. იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად; არა, თქვენ ჯიუტი ხალხი ხართ. გახსოვდეს და ნუ დაივიწყებ, თუ როგორ არისხებდი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში იმ დღიდან, რა დღესაც გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, ვიდრე მოაღწევდი ამ ადგილამდე, გაუთავებლად რომ ეურჩებოდი უფალს. და ხორებშიც არისხებდით უფალს, და ისე განრისხდა უფალი თქვენზე, რომ ამოძირკვა დაგიპირათ. როცა მთაზე ავედი, რომ მიმეღო აღთქმის ქვის დაფები, იმ აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ, დავყავი მთაზე 40 დღე და 40 ღამე, პური არ მიჭამია და წყალი არ დამილევია. და მომცა უფალმა მე ორი ქვის დაფა, ღვთის თითით დაწერილი; და ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გითხრათ უფალმა მთაზე შუაგული ცეცხლიდან თქვენი შეკრების დღეს. 40 დღისა და 40 ღამის ბოლოს მომცა უფალმა ორი ქვის დაფა, აღთქმის დაფები. და მითხრა უფალმა: „ადექი და წადი აქედან მალე, რადგან წახდა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც მე ვუბრძანე მათ და გაიკეთეს ჩამოსხმული კერპი.“ და კვლავ მითხრა უფალმა: „ვიხილე მე ეს ხალხი, და აჰა, ურჩი ხალხია იგი. დამანებე და გავანადგურებ და წავშლი მათ სახელს ცისქვეშეთიდან, და შენგან მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხს შევქმნი.“ მოვბრუნდი და წამოვედი მთიდან. და ცეცხლი ეკიდა მთას, და აღთქმის ქვის ორი დაფა ორივე ხელით მომქონდა. და დავინახე, რომ თქვენ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, – გაიკეთეთ ჩამოსხმული ხბო, მალე გადაუხვიეთ გზიდან, რომელიც გიბრძანათ უფალმა. და მოვკიდე ხელი ქვის დაფებს და დავანარცხე ორივე ხელით და დავამსხვრიე თქვენს თვალწინ. და მე კვლავ დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, 40 დღე და 40 ღამე პური არ მიჭამია და წყალი არ დამილევია მთელი თქვენი ცოდვების გამო, რითაც შესცოდეთ უფლის თვალში, ბოროტების ჩასადენად და მის განსარისხებლად. რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომლითაც განრისხდა უფალი თქვენზე, რათა გაენადგურებინეთ. და ისმინა უფალმა ჩემი ამჯერადაც. და ძლიერ განრისხდა უფალი აარონზე და სურდა მისი დაღუპვა; და მაშინ მე კვლავ ვილოცე აარონისთვის. ავიღე თქვენი ნაცოდვარი – ხბო, თქვენ რომ გაგეკეთებინათ და დავწვი ცეცხლში, და დავნაყე და დავფქვი, მტვრად ვაქციე და მთიდან მომდინარე ნაკადულში ჩავყარე. თაბერაყში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში თქვენ არისხებდით უფალს. და როცა თქვენ გამოგაგზავნათ უფალმა კადეშ-ბარნეაყიდან ამ სიტყვებით: „ადით და დაიპყარით ქვეყანა, რომელიც მე მოგეცით,“ თქვენ წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას და არ ერწმუნეთ მას, და არ ისმინეთ მისი ხმა. ურჩნი იყავით თქვენ უფლის წინაშე იმ დღიდან, რაც მე გაგიცანით. და მე დამხობილი ვიყავი უფლის წინაშე 40 დღე და 40 ღამე, რადგან უფალმა თქვენი განადგურება გადაწყვიტა. და ვლოცულობდი უფლის მიმართ და ვამბობდი: „უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ხალხს და შენს სამკვიდროს, რომელიც შენ გამოისყიდე შენი დიდებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან ძლიერი ხელით! გაიხსენე შენი მსახურნი: აბრაამი, ისააკი და იაკობი! ნუ მიხედავ ამ ხალხის სიჯიუტეს და მის უკეთურებას, და მის ცოდვებს, რომ არ თქვას იმ ქვეყანამ, საიდანაც შენ გამოგვიყვანე: ვერ შეძლოო უფალმა მათი მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც აღუთქვა მათ, და მათი სიძულვილის გამო გამოიყვანა ისინი, რათა დაეხოცაო უდაბნოში. შენი ხალხია ის და შენი სამკვიდრო, რომელიც შენ გამოიყვანე შენი დიადი ძალით და შენი აღმართული მკლავით.“ და იმ დროს მითხრა მე უფალმა: „გამოთალე ორი ქვის დაფა იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი. და დავწერ ქვის დაფებზე იმ სიტყვებს, რომლებიც იყო პირვანდელ ქვის დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე. და კიდობანში ჩააწყვე ისინი.“ და გავაკეთე მე კიდობანი აკაციის ხისგან, და გამოვთალე ორი ქვის დაფა, პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. და ხელში ორი ქვის დაფა მეჭირა. და მან დაწერა ქვის დაფებზე პირვანდელი ნაწერის მსგავსად ათი მცნება, რომელნიც თქვა თქვენს მიმართ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან შეკრების დღეს, და მომცა მე ისინი უფალმა. და გამოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, და ჩავაწყვე დაფები კიდობანში, რომელიც გავაკეთე, და აწყვია იქ, როგორც მე მიბრძანა უფალმა. და ისრაელის ძენი გაემართნენ ბეეროთ-ბენე-იაყაკანიდან მოსერასაკენ. და იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე, ელეაზარი, გახდა მღვდელი. იქიდან გუდგოდასაკენ გაემგზავრნენ და გუდგოდადან იოტბათასაკენ, წყლის ნაკადთა ქვეყნისაკენ. იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი, რომ ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი უფლის წინაშე, ემსახურათ მისთვის და ეკურთხებინათ მისი სახელით, როგორც დღევანდლამდე არის. ამიტომაც არა აქვთ ლევიანებს წილი და სამკვიდრო თავის მოძმეებთან. თავად უფალია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა. და მე დავრჩი მთაზე მაშინდელივით 40 დღე და 40 ღამე. და მისმინა მე უფალმა ამჯერადაც და არ ისურვა შენი დაღუპვა. და მითხრა მე უფალმა: „ადექი და წინ წაუძეხი ამ ხალხს; დაე, მივიდნენ და დაიმკვიდრონ ის ქვეყანა, რომლის მიცემაც მე ფიცით აღვუთქვი მათ მამებს.“ და ახლა, ისრაელ, რას ითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მისი გზებით, გიყვარდეს ის, და ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით, დაიცვა მცნებანი უფლისა და მისი წესები, რომელთაც გიბრძანებ დღეს შენს სასიკეთოდ. უფლის, შენი ღმერთის, არის ცანი და ცანი ცათანი, მიწა და ყოველივე, რაც მასზეა. მხოლოდ შენი მამები შეიტკბო უფალმა და შეიყვარა ისინი, და გამოგარჩიათ თქვენ, მათი შთამომავლობა მათ შემდეგ ყველა ხალხიდან, როგორც ამ დღევანდელ დღეს. დაიცვითეთ გული და ნუღარ გაჯიუტდებით, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და მრისხანე ღმერთი, რომელიც მიუკერძოებელია და მოუქრთამავი; რომელიც ობოლსა და ქვრივს სამართალს უჩენს და უყვარს ხიზანი, აჭმევს და აცმევს მათ. და თქვენც გიყვარდეთ ხიზანი, რადგან თქვენ თვითონ ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, მას ემსახურებოდე, მას მიეკარი და მისი სახელით ფიცულობდე. იგია შენი დიდება და იგია შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის ის დიდი და მრისხანე საქმეები, რაც შენმა თვალებმა იხილეს. 70 სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლა უფალმა, შენმა ღმერთმა. და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და მუდამ იცავდე, რაც გიბრძანა დასაცავად; იცავდე მის წესებს და მის კანონებს და მის მცნებებს. გახსოვდეს ეს დღეს, რაც არ უნახავთ თქვენს ძეთ, რომელთაც არც იციან და არც უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი დიდება, მისი ძლიერი ხელი და მისი აღმართული მკლავი, მისი სასწაულები და მისი საქმენი, რაც ეგვიპტეში დააწია ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელ მის ქვეყანას, და რაც უყო ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და მის ეტლებს, როგორ შთაანთქმევინა ისინი მეწამული ზღვის წყალს, როცა ისინი დაგედევნენ; და მოსპო ისინი უფალმა დღემდე, და რასაც უდაბნოში გიშვრებოდათ, ვიდრე ამ ადგილს მოაღწევდით, და რაც მან უყო დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის ძეთ, როცა გააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი და მათი სახლები და მათი კარვები და მთელი სიმდიდრე, რაც კი ებადათ მთელს ისრაელში. რადგან თქვენმა თვალმა იხილა უფლის ყველა დიდი საქმეები, რაც მან მოიმოქმედა. მაშ დაიცავით ყველა მისი მცნება, რომელთაც მე გაუწყებთ დღეს, რათა გაძლიერდეთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადიხართ გაღმა; და რათა იდღეგრძელოთ იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს და მათ შთამომავლობას, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება. რადგან ქვეყანა, სადაც შენ მიდიხარ, რომ დაიმკვიდრო, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც თქვენ გამოხვედით, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც რწყავენ ბაღ-ბოსტანს. ხოლო ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადიხარ, მთა-ველიანი ქვეყანაა და წვიმის წყლით ჟივდება, ქვეყანა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი, ზრუნავს გამუდმებით. უფლის, შენი ღმერთის, თვალი ტრიალებს მასში წლიდან წლამდე. და თუ შეიგონებთ ჩემს მცნებებს, რომელთაც მე გიცხადებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულით და მთელი თქვენი სულით, მაშინ მივცემ თქვენს ქვეყანას თავის დროზე შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმებს. და თქვენც მოიწევთ თქვენს მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს. და შენს სერებზე გავაჩენ ბალახს შენი პირუტყვისათვის, – და აღარ იშიმშილებთ. მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ შეცდეს თქვენი გული და რომ არ გადაიხაროთ უცხო ღმერთებისაკენ, არ ემსახუროთ და არ ეთაყვანოთ მათ. თორემ აღეგზნება რისხვა უფლისა თქვენზე და დახშავს ცას, და არ მოვა წვიმა, და მიწა აღარ მოგცემთ ნაყოფს, და მალევე გადაშენდებით ამ მშვენიერი ქვეყნიდან, რომელსაც უფალი გაძლევთ თქვენ. და ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები გულსა და სულში, და შეიბით იგი ნიშნად მაჯაზე, და იყოს ის თქვენს შუბლსაკრავებში. და ასწავლეთ ის თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ მათ შინ და გარეთ, გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას. და წააწერეთ ის თქვენი სახლების წირთხლებსა და თქვენს კარიბჭეებს, რათა გამრავლდნენ თქვენი და თქვენი შვილების დღენი იმ მიწაზე, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, ვიდრე ცა და დედამიწას იარსებებს. რადგან, თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ ბრძანებას, რომელთაც ახლა მე გაუწყებთ შესასრულებლად, გეყვარებათ უფალი, თქვენი ღმერთი, და ივლით მისი გზით და მას მიეკვრებით, მაშინ განდევნის უფალი ყველა ამ ხალხს თქვენი პირისაგან და თქვენ დაეუფლებით თქვენზე მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ხალხებს. ყოველი ადგილი, სადაც თქვენ ფეხს დასცემთ, თქვენი იქნება – მთელი ქვეყანა უდაბნოდან ლიბანამდე, მდინარიდან – მდინარე ევფრატიდან – დასავლეთის ზღვამდე თქვენი სამფლობელო იქნება. წინ ვერავინ დაგიდგებათ. თქვენს შიშსა და ზარს დასცემს უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი დედამიწის ზურგს, სადაც კი ფეხს დასცემთ, როგორც მან აღგითქვათ. აჰა, მე დღეს გთავაზობთ კურთხევას – ან შეჩვენებას: კურთხევას – თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც მე გაუწყებთ დღეს, ხოლო შეჩვენებას – თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც მე გაუწყებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მაშინ აღავლინე კურთხევა გერიზიმის მთაზე და შეჩვენება – ღებალის მთაზე, რომლებიც აქვეა, იორდანეს გაღმა, მზის დასავლის გზისკენ, ქანაანელთა ქვეყანაში, რომლებიც ყარაბაში ცხოვრობენ, გილგალის ახლოს, მორეს მუხნარის ახლოს. რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ, და დაიმკვიდრებთ მას და იქ დასახლდებით, დაიცავით შესასრულებლად ყველა მცნება და სამართალი, რომელსაც მე გაუწყებთ თქვენ დღეს. აჰა, წესები და კანონები, რომელთაც უნდა ასრულებდეთ მთელი თქვენი დღე და მოსწრება იმ ქვეყანაში, სამკვიდროდ რომ მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, გაანადგურეთ ყველა ის ადგილი, სადაც ის ხალხები, რომელთაც თქვენ განდევნით, თავიანთ ღმერთებს ემსახურებოდნენ, მაღალ მთებსა და ბორცვებზე, და ყველა ფოთლოვანი ხის ძირას. და დააქციეთ მათი სამსხვერპლოები, და დალეწეთ მათი ძეგლები, და მათი აშერები დაწვით ცეცხლით, და მათი ღმერთების ქანდაკებები დაჩეხეთ და მოსპეთ მათი სახელი იქიდან. ხოლო ასე ნუ მოექცევით უფალს, თქვენს ღმერთს. მხოლოდ იმ ადგილს მიმართეთ და იქ მიდით, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი ერთ-ერთი ტომის სამკვიდროდან თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ. და იქ მიიტანეთ თქვენი სრულადდასაწველი და თქვენი საკლავი, თქვენი მეათედები, თქვენი ხელის აღსამართავი და თქვენი აღთქმული, თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირავები ცხვრისა და ფურის პირველმოგებული. და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე, და გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლმა თქვენი ნაამაგარით, რომელიც გიკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. არ გააკეთოთ ყოველივე ის, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ დღეს, – თითოეული ჩვენთაგანი თავის ჭკუაზე, რადგან ჯერ კიდევ არ შესულხართ იმ ქვეყანაში, სადაც მშვიდობიანად იცხოვრებთ, იმ სამკვიდროში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ. მაგრამ როცა გადახვალთ იორდანეს და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმკვიდრებთ, და სადაც დაგასვენებთ მტერთაგან, და უშიშრად იცხოვრებთ, მაშინ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, მიიტანეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ: თქვენი სრულადდასაწველი და თქვენი საკლავი, თქვენი მეათედები, და თქვენი ხელის აღსამართავები და ყოველი რჩეული თქვენს აღთქმულთაგან, რაც კი აღუთქვით უფალს. და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე თქვენ და თქვენმა ძეებმა, და თქვენმა ასულებმა, და თქვენმა მსახურებმა, და თქვენმა მხევლებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს კარიბჭესთან დგას (რადგან არა აქვს თავისი წილი და სამკვიდრო თქვენგან განსხვავებით). გაფრთხილდი, არ აღავლინო შენი სრულადდასაწველი ყველგან, სადაც თვალი მიგიწვდება, არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი შენს ერთ-ერთ ტომში; იქ აღავლინე შენი სრულადდასაწველი, და იქ გააკეთე ყველაფერი, რასაც მე გიბრძანებ. ოღონდ ყოველთვის, როცა გულით მოისურვებ, შეგიძლია, დაკლა საკლავი და უფლის, შენი ღმერთის, კურთხევით ჭამო ხორცი, რომელიც მან მოგცა შენს ქალაქებში. გაუწმიდურებულსაც და გასუფთავებულსაც შეუძლია ჭამოს, როგორც ჭამენ ქურციკს და როგორც ჭამენ ირემს. ოღონდ სისხლი არ ჭამოთ, ის წყალივით დაღვარეთ მიწაზე. არ შეგიძლია, ჭამო შენს ქალაქებში პურის, ღვინისა და ზეთის მეათედი და შენი ცხვრისა და ფურის პირველმოგებული, და ყოველი შენი აღთქმული შესაწირავი, რომელიც აღთქმული გაქვს – შენი ნებაყოფლობითი შესაწირავები და შენი ხელის აღსამართავი. არამედ მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ჭამეთ ის იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენმა ძემ და შენმა ასულმა, შენმა მსახურმა და შენმა მხევალმა, და ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქში ცხოვრობს. და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე მთელი შენი ნაამაგრით. იცოდე, არ მიატოვო ლევიანი, ვიდრე ცოცხლობ შენს მიწაზე. როდესაც გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვარს, როგორც გაუწყა და იტყვი: შევჭამო ხორცს, რადგან გული მიგივა ხორცის საჭმელად, მაშინ შენი გულის სურვილისამებრ ჭამე ხორცი. თუ შორს იქნება შენგან ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად, როგორც მე გიბრძანე, დაკალი შენი ზვარაკი ან ცხვარი, რომელიც მოგცა უფალმა, და ჭამე შენს ქალაქში, როცა მოგესურვება, ოღონდ, როგორც ქურციკსა და ირემს ჭამენ, ისე ჭამეთ ის; გაუწმიდურებულსაც და გასუფთავებულსაც შეუძლიათ ჭამონ ის. მხოლოდ მკაცრად ეკრძალე, რათა არა ჭამო სისხლი, რადგან სისხლი სულია და არ უნდა ჭამო სული ხორცთან ერთად. არ ჭამო ის, წყალივით დაღვარე მიწაზე; არ ჭამოთ ის, რათა კარგად იყვნეთ შენ და, შენს შემდეგ, შენი ძენი, რადგან იმას გააკეთებ, რაც სწორია უფლის თვალში. ოღონდ აიღე შენი წმიდა შესაწირავები, რაც გექნება, და შენი აღთქმული მსხვერპლები და მიდი იმ ადგილას, რომელსაც გამოარჩევს უფალი. და შესწირე შენი სრულადდასაწველი, ხორცი და სისხლი, უფლის, შენი ღმერთის, საკურთხეველზე. შენი სხვა მსხვერპლის სისხლი უნდა დაიღვაროს უფლის, შენი ღმერთის, საკურთხეველზე, ხორცი კი ჭამე. დაიცავი და გაიგონე ყველა ეს სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებ, რათა კარგად იყვნეთ შენ და შენი შვილები, შენს შემდეგ, უკუნისამდე, რადგან იმას გააკეთებ, რაც კარგი და სწორია უფლის, შენი ღმერთის თვალში. როდესაც მოსრავს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომლებთანაც შენ მიდიხარ, რომ განდევნო ისინი შენი პირისაგან, და განდევნი მათ, და დასახლდები მათ მიწაზე, გაფრთხილდი, არ გაება მახეში მას შემდეგ, რაც მოისპობიან შენი პირისაგან, და არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს და არ თქვა: როგორც ეს ხალხები ემსახურებიან თავიანთ ღმერთებს, მეც ისე მოვიქცევიო. და არ მოექცე უფალს, შენს ღმერთს, ასე, რადგან ყველა სისაძაგლეს, რაც უფალს სძულს, ისინი თავიანთ ღმერთებს უკეთებდნენ. ისინი თავიანთი ღმერთების გულისთვის იმასაც კი აკეთებდნენ, რომ ცეცხლში უწვავდნენ თავიანთ ძეებსა და ასულებს. ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებთ, შეასრულეთ. ნურც რამეს მიუმატებთ მას და ნურც რამეს მოაკლებთ. თქვენში რომ აღდგეს წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცეთ რაიმე ნიშანი ან სასწაული, და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც მან გაუწყათ, და თან გითხრათ: გავყვეთ სხვა ღმერთებსო (რომელთაც თქვენ არ იცნობთ) და ვემსახუროთო მათ, ყურს ნუ დაუგდებთ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის სიტყვებს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი სულითა და გულით; გაჰყევით უფლის, თქვენი ღმერთის, კვალს და გეშინოდეთ მისი. და დაიცავით მისი მცნებები, ისმინეთ მისი ხმა და ემსახურეთ მას, და მას მიეკარით. და ის წინასწარმეტყველი თუ სიზმართმხილველი უნდა მოიკლას, რადგან მან გირჩიათ განდგომა უფლის, თქვენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან და გამოგისყიდათ მონობის სახლიდან, რათა იმ გზიდან აეცდინეთ, რომელზეც გიბრძანათ სიარული უფალმა, თქვენმა ღმერთმა. და აღმოფხვერით ბოროტება თქვენი წიაღიდან. თუ წაგაქეზოს შენმა ძმამ – დედაშენის ნაშობმა – ან შენმა შვილმა, ან შენმა ასულმა, ან შენს მკლავზე მწოლმა ცოლმა, ან მეგობარმა, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს გერჩივნა, და საიდუმლოდ გითხრას: „წავიდეთ და ვემსახუროთ სხვა ღმერთებს“, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები იცნობდნენ, ღმერთებს იმ ხალხებისა, რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან – თქვენგან ახლოს თუ თქვენგან შორს, ქვეყნის კიდეებამდე, არ დათანხმდე და არ უსმინო მას. არ შეიბრალო, არ შეიბრალო იგი და არ დაინანო იგი, არამედ მოკალი. პირველი შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად და მერე მთელი ერის ხელი. ჩაქოლე იგი, და მოკვდეს, რადგან განზრახული ჰქონდა, ჩამოეცილებინე უფლის, შენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან – მონობის სახლიდან. მთელი ისრაელი მოისმენს ამას და შეშინდება, და შემდგომ აღარ ჩაიდენენ ასეთ ბოროტებას თქვენში. და თუ გაიგებთ, რომ რომელიმე თქვენს ქალაქში, რომელიც საცხოვრებლად მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გამოჩნდნენ უღირსი კაცები თქვენი წიაღიდან და შეაცდინეს ამ ქალაქის მცხოვრებნი ამ სიტყვებით: „წავიდეთ და ვემსახუროთ სხვა ღმერთებს.“ თქვენ კი არ იცნობთ იმ ღმერთებს, გამოიძიე, გამოიკვლიე და კარგად გამოიკითხე და, თუ ეს სრული სიმართლეა და ნამდვილად მოხდა ეს სისაძაგლე თქვენში, მახვილის პირით შემუსრე იმ ქალაქის მცხოვრებნი, და დაარისხე იგი და ყველაფერი, რაც მასშია, თვით პირუტყვიც გაჟლიტეთ ბასრი მახვილით. მთელი ნადავლი შეაგროვეთ ქალაქის შუა მოედანზე და ცეცხლით დაწვით ქალაქიცა და მთელი ის ნადავლიც, როგორც უფლის, შენი ღმერთის, სრულადდასაწველი მსხვერპლი. დაე საუკუნო ნანგრევებად დარჩეს ეს ქალაქი და აღარასოდეს აშენდეს. ნუ მიეკარება შენი ხელი იმ დარისხებულს, რათა მოიქცეს უფალი რისხვისაგან და მოგცეს წყალობა და შეგინდოს, და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს. და ასე იქნება, თუ მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, დაიცავ ყველა მის მცნებას, რომელთაც მე გაუწყებ დღეს, და გააკეთებ, რაც სწორია უფლის, შენი ღმერთის, თვალში. თქვენ ხართ ძენი უფლისა, თქვენი ღმერთისა. მკვდრის დატირებაზე ტანს ნუ დაისერავთ და თმას ნუ აიპარსავთ შუბლს ზემოთ. რადგან წმიდა ხალხი ხართ თქვენ უფლის, თქვენი ღმერთისათვის, და თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რომ მისი უნჯი ხალხი ყოფილიყავით, ყველა სხვა ხალხებს შორის დედამიწის ზურგზე. ისეთი არაფერი ჭამოთ, რაც უფლისთვის სისაძაგლეა. აი, ის ცხოველები, რომელთა ჭამაც შეგიძლიათ: ხარი, ცხვარი, თხა, ირემი, ქურციკი, შველი, არჩვი, ანტილოპა, კამეჩი და ნიამორი. და ყოველი ჩლიქგაყოფილი პირუტყვი, თუ გაცალკევებული აქვს ჩლიქები მთლიანად და იცოხნის, ის ჭამეთ. ოღონდ ამათგან (მცოხნელთაგან და ჩლიქგაყოფილთაგან) არ ჭამოთ აქლემი, კურდღელი და კლდის ბოცვერი, რადგან იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაცალკევებული, უწმიდურია ისინი თქვენთვის. და ღორი, რომელსაც ჩლიქი აქვს გაყოფილი, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის. მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორს ნუ მიეკარებით. და აი, რის ჭამა შეგიძლიათ იმათგან, რაც წყალშია: ჭამეთ ყოველი, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს; და ყოველი, რასაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი, არ ჭამოთ, უწმიდურია ის თქვენთვის. ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ. და აი, რა არ უნდა ჭამოთ ფრინველთაგან: ორბი, არწივი და სვავი, ძერა, შევარდენი, სონღული და მათნაირები, ყველა ყორანი მისი გვარობითურთ, სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და ყველა მისნაირი, ბუკიოტი, ბუკნაჭო, ჭოტი, ვარხვი, სვავი, თევზიყლაპია, ყარყატი, ყანჩა და მისნაირნი, ოფოფი და ღამურა. და ყოველი ფრთიანი მწერი უწმიდურია თქვენთვის, ნუ შეჭამთ. ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ. არ ჭამოთ არავითარი უსულადი ხიზანს მიეცი, რომელიც შენს კარიბჭეებშია, და ჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდეთ. თქვენ ხომ წმიდა ხალხი ხართ უფლის, თქვენი ღმერთისათვის. თიკანს ნუ მოხარშავთ თავისი დედის რძეში. ყოველ წელს უფლისათვის გადადე მეათედი მთელი შენი მოსავლისა, რაც მოგდის მინდორში, და იგი ჭამე უფლის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც უფალი ამოირჩევს თავისი სახელის იქ დასავანებლად: მიიტანე მეათედი შენი ხორბლისა, შენი ღვინისა და შენი ზეთისა, და შენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულისა, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის შიში სამუდამოდ. და თუ შორი გზა იქნება და ვერ შეძლებ მის ტარებას იქამდე, რადგან შორსაა შენგან ის ადგილი, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, თავისი სახელის იქ დასავანებლად, როცა გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, გადაცვალე ის ვერცხლზე, აიღე ის ვერცხლი და წადი იქ, რომელიც აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, და გადაცვალე ის ვერცხლი იმაზე, რასაც შენი სული მოისურვებს: ცხვარ-ძროხაზე, ღვინო-არაყზე და, და რასაც ისურვებ. და ჭამეთ იქ უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, და გაიხარეთ შენ და შენმა სახლმა. და არ დაივიწყო ლევიანები, რომელნიც შენს კარიბჭეებშია, რადგან მათ, შენგან განსხვავებით, არა აქვთ წილი და სამკვიდრო შენთან. ყოველი მესამე წლის ბოლოს აიღე მეათედი ამ წლის მოსავლიდან და მიიტანე ქალაქის კარიბჭეებში. და მოვიდნენ ლევიანები (რადგან შენგან განსხვავებით, არ გააჩნია თავისი წილი და სამკვიდრო); მოვიდნენ ხიზნები, ქვრივ-ობლები, რომლებიც შენს კარიბჭეებში არიან, და ჭამონ მაძღრისად, რათა აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, შენი ხელის ყოველი საქმე, რასაც აკეთებ. ყოველ მეშვიდე წელს გქონდეს პატიების წელი. პატიება ნიშნავს, რომ მევალემ უნდა აპატიოს თავის მოყვასს სესხი, რადგან პატიების წელი უფლის სახელით ცხადდება. უცხოელს შეგიძლია მოსთხოვო ვალი, მაგრამ შენს მოძმეს უნდა აპატიო. თუმცა, არავინ იქნება თქვენში გლახაკი, რადგან კურთხევით გაკურთხებს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, და დაიცავ შესასრულებლად ყველა იმ მცნებას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს. რადგან უფალი, შენი ღმერთი, გაკურთხებს შენ, როგორც გაუწყა, რომ შენ ასესხებ მრავალ ხალხებს, შენ კი არ ისესხებ. შენ იბატონებ ბევრ ხალხებზე, ისინი კი არ იბატონებენ შენზე. თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე ქალაქში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, ნუ გაიქვავებ გულს და ნუ გაძუნწდები შენი ღარიბი მოძმის მიმართ, არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება. გაფრთხილდი, რომ გულში უღირსი ფიქრი არ შეგეპაროს და არ თქვა: მოახლოვდაო მეშვიდე წელი, პატიების წელიწადი, და უარი არ უთხრა შენს გლახაკ მოძმეს, თორემ ის უფალს შესჩივლებს და ცოდვა დაგედება. მიცემით მიეცი მას, და რომ ასესხებ, გულს ნუ შეიწუხებ – და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ შენს საქმესა და ნაამაგარში. რადგან არ დაილევა გლახაკი შენს ქვეყანაში, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი უპოვარის მიმართ შენს ქვეყანაში. თუ მოგეყიდოს შენი ებრაელი მოძმე, ქალი ან კაცი, ექვსი წელი გემსახუროს, და მეშვიდე წელს გაათავისუფლე. და როცა გაათავისუფლებ, ხელცარიელი არ გაუშვა. დაასაჩუქრე შენი ფარიდან, შენი კალოდან და შენი საწნახლიდან; რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, მიეცი მას. გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვას დღეს. და თუ გეტყვის, რომ არ უნდა შენგან წასვლა, რადგან მან შეგიყვარა შენ და შეიყვარა შენი სახლი, და რომ, კარგად არის შენთან, მაშინ აიღე სადგისი, ყური მიადებინე კარებზე და გაუხვრიტე. და შენი მსახური იქნება სამუდამოდ. ასევე მოექეცი შენს მხევალსაც. ნუ გეძნელება მისი გათავისუფლება, რადგან მოჯამაგირის ორმაგი ქირა დაიმსახურა შენგან ექვს წელიწადში. და აკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ შენს საქმეს, რასაც ხელს მოჰკიდებ. შესწირე უფალს, შენს ღმერთს, ყოველი პირველმოგებული მამალი შენი ცხვარ-ძროხიდან. არ ამუშაო შენი პირველმოგებული სახარე და არ გაპარსო შენი ცხვრის პირველმოგებული. უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ჭამეთ იგი ყოველ წელიწადს შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი. და თუ რაიმე ხინჯი ექნება პირუტყვს – სიკოჭლე ან სიბრმავე, ან რაიმე ცუდი ნაკლი, ნუ შესწირავ უფალს, შენს ღმერთს. შენს კარიბჭეებში ჭამე იგი. გაუწმიდურებულსაც და გასუფთავებულსაც შეუძლია ჭამოს იგი ისევე, როგორც ქურციკი და ირემი. ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე მიწაზე. დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან, ღამით. და დაკალი საპასექო მსხვერპლი უფლის, შენი ღმერთისათვის, შენი ცხვარ-ძროხიდან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თავისი სახელის იქ დასავანებლად. არ მიატანო საპასექო მსხვერპლს საფუარიანი პური. შვიდ დღეს ჭამე ხმიადთან, გაჭირვების პურთან, ერთად, იმის სამახსოვროდ, რომ ნაჩქარევად გამოხვედით ეგვიპტის ქვეყნიდან, ასე გემახსოვრება ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე მთელი შენი სიცოცხლე. და არ იპოვებოდეს საფუარიანი მთელს შენს საზღვრებში ამ შვიდ დღეს. და დილამდე არ დარჩეს შეუჭმელი ის ხორცი, რომელსაც შენ მსხვერპლად შესწირავ პირველ საღამოთი. ნუ დაკლავ საპასექო მსხვერპლს შენს რომელიმე ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად – იქ დაკალი საპასექო მსხვერპლი საღამოს, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის ჟამს. და გაამზადე და ჭამე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, დილით კი გაბრუნდი და წადი შენი კარვებისაკენ. ექვს დღეს ჭამე ხმიადი და მეშვიდე დღეს დღესასწაულია უფლისა, შენი ღმერთისა. არანაირი საქმე არ აკეთო. შვიდი შვიდეული გადაითვალე, ნამგალს რომ შეიტანენ ყანაში იმ დღიდან დაიწყე შვიდეულების ათვლა, და გადაუხადე შვიდეულთა დღესასწაული უფალს, შენს ღმერთს, შენი ნებით და შენი შესაძლებლობით, რის გამოც გაკურთხებს შენ უფალი, შენი ღმერთი. და გაიხარეთ უფლის, შენი ღმერთის, წინაშე შენ და შენმა ძეებმა, შენმა ასულებმა, შენმა მსახურებმა, შენმა მხევლებმა და ლევიანმა, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, და ხიზანმა და ქვრივ-ობოლმა, რომელნიც თქვენში არიან, იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად. და გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში, და დაიცავი და შეასრულე ეს წესები. იზეიმე კარვობის დღესასწაული შვიდ დღეს, როცა მორჩები კალოობასა და ყურძნის წურვას. და გაიხარეთ ამ დღესასწაულზე შენ და შენმა ძეებმა, შენმა ასულებმა, შენმა მონა-მხევლებმა და ლევიანმა, რომელიც შენს კარზეა; შენმა ხიზანმა და ქვრივ-ობოლმა. შვიდ დღეს იდღესასწაულე უფლის, შენი ღმერთის სახელით, იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს იგი, რადგან გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, უხვი მოსავლითა და შენი ხელის ყოველი საქმის წარმატებით, და მუდამ გახარებული იქნები. წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყველა შენი მამაკაცი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილას, რომელსაც უფალი ამოირჩევს: უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე. და არავინ მოვიდეს უფლის წინაშე ხელცარიელი, ყველას ძღვენი გეჭიროთ ხელში უფლის, შენი ღმერთის კურთხევის კვალობაზე, როგორც მოუცია შენთვის. მსაჯულები და ზედამხედველები დაიყენე შენი ტომებიდან ყველა შენს ქალაქში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, რათა სამართლიანად განსაჯონ ხალხი. არ გაამრუდო სამართალი, მიკერძოება არ გამოიჩინო და ქრთამი არ აიღო, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და აუკუღმართებს მართალთა საქმეებს. სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს მიჰყევი, რათა იცოცხლო და დაიმკვიდრო ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს. არ დარგო ნერგი აშერასათვის, რა ხისაც არ უნდა იყოს, უფლის, შენი ღმერთის, საკურთხეველთან, რომელსაც შენ ააგებ. და არ აღიმართო სვეტი, რადგან სძულს იგი უფალს, შენს ღმერთს. არ შესწირო უფალს, შენს ღმერთს, ზვარაკი ან ცხვარი, რომელსაც რაიმე ხინჯი აქვს, როგორიც არ უნდა იყოს ეს ხინჯი, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის. თუ აღმოჩნდება თქვენში, შენს რომელიმე ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, მამაკაცი ან დედაკაცი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის, შენი ღმერთის თვალში და გადაუხვევს მის აღთქმას, წავა და მოემსახურება სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემს მათ: მზეს ან მთვარეს, ან მთელ ციურ მხედრობას, რაც მე არ მიბრძანებია, და გეუწყება და მოისმენ, კარგად გამოიძიე. და თუ ეს სიმართლეა, სრული ჭეშმარიტებაა, და ეს სისაძაგლე მოხდა ისრაელში, გაიყვანე შენს კარიბჭესთან ის მამაკაცი ან დედაკაცი, რომელმაც ეს ბოროტება ჩაიდინა და ჩაქოლე. ორი მოწმის, ან სამი მოწმის სიტყვით უნდა მოკვდეს, ვინც მოსაკლავია. ხოლო ერთი მოწმის სიტყვით არ შეიძლება მისი მოკვლა. პირველად მოწმის ხელი უნდა შეეხოს მას მოსაკლავად, და მერე მთელი ხალხის. და ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. თუ რაიმე მიზეზით გაგიძნელდა მკვლელობის, დავის და დასახიჩრების საქმეების გარჩევა შენს კარიბჭეებში, ადექი და ადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, რომლებიც იქნებიან იმ დღეებში, და ჰკითხე და გეტყვიან სამსჯავროს განაჩენს. და მოიქეცი იმ სიტყვისამებრ, რასაც გეტყვიან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, და ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან. მოიქეცი იმ რჯულისამებრ, რასაც გირჩევენ, და იმ სამართლისამებრ, რასაც გეტყვიან. არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გეტყვიან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ვინც თავხედურად მოიქცევა და არ მოუსმენს მღვდელს, რომელიც უფლის, შენი ღმერთის, მსახურია, ან მსაჯულს, სასიკვდილოდ გადაეცით; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან, და მთელი ხალხი გაიგებს ამას, შეშინდება და აღარ გაკადნიერდება. როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, და დაიმკვიდრებ მას, დასახლდები იქ და იტყვი: „დავიდგენ მეფეს, ყველა იმ ხალხებივით, ჩემს ირგვლივ რომ არიანო“, დაისვი მეფე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი; შენს მოძმეთაგან დაისვი მეფე; ნება არა გაქვს, უცხოელი დაისვა, რომელიც შენი მოძმე არ არის. მეფემ არ უნდა გაიმრავლოს ცხენები და უკან არ უნდა დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების ამოსარეკად, ვინაიდან უფალმა გითხრათ თქვენ: „აღარ დაბრუნდეთ ამ გზით.“ მან არ უნდა იყოლიოს ბევრი ცოლები, რომ არ გაირყვნას მისი გული. და ვერცხლი და ოქრო არ გაიმრავლოს მეტისმეტად. და როცა თავის სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს რჯულის წიგნი ლევიანი მღვდლებისაგან. და თავისთან იქონიოს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს შიში უფლისა, თავისი ღმერთისა, რომ დაიცვას ამ რჯულის ყოველი სიტყვა და შეასრულოს მისი წესები. რათა არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს და არ გადაუხვიოს მცნებას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დიდხანს იმეფონ მანაც და მისმა ძეებმაც ისრაელის მიწაზე. ლევიან მღვდლებს და ლევის მთელ ტომს, ისრაელიანთა სხვა ტომებივით არ ექნებათ წილი და სამკვიდრო ისრაელთან; მათი წილია საუფლო მსხვერპლი, და იმით უნდა იკვებონ. ლევის ტომს სამკვიდრო წილი არ ექნება თავის მოძმეთა შორის. თვით უფალია მათი სამკვიდრო, როგორც აუწყა მან მათ. აი რა უნდა განეკუთვნოს მღვდლებს ხალხისაგან, მათგან, ვინც მსხვერპლად სწირავს ხარს ან ცხვარს: თითოეულმა მისცეს მღვდელს ბეჭი, ყბები და კუჭი. პირველმოწეული მარცვლეული, ღვინო, ზეთი შენი მოსავლიდან, და აგრეთვე ცხვრის პირველგანაპარსიდან მიეცი მღვდელს, რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომიდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი ძენი სამუდამოდ. და თუ მოვა ლევიანი ისრაელის რომელიმე ქალაქიდან სადაც ის ცხოვრობდა, და მოვა თავისი სულის სურვილით იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, და იმსახურებს უფლის, შენი ღმერთის, სახელით, როგორც ყველა მისი მოძმე ლევიანი, რომლებიც იქ დგანან უფლის წინაშე, მანაც მათი თანაბარი წილი უნდა მიიღოს საკვებად, თუნდაც მამამისის გაყიდული ქონებიდან ჰქონდეს რაღაც საარსებო. როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ დაიწყო შენც იმ ხალხის მსგავსად სისაძაგლეების კეთება. ნუ იქნება თქვენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მისანი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნეული, მესულთანე, ჯადოქარი და მკვდართა გამომხმობი, ვინაიდან სისაძაგლეა უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, სდევნის მათ შენგან. უნაკლო იყავი უფალთან, შენს ღმერთთან, რადგან ის ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებსა და მისნებს უსმენენ. შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს, შენს ღმერთს. ჩემნაირ წინასწარმეტყველს აღგიდგენს შენ უფალი, შენი ღმერთი, შენი წიაღიდან, შენს მოძმეთაგან, მას უსმინე. რადგან, როცა შენ შესთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ხორებთან თავშეყრის დღეს: მეტს ნუღარ გავიგონებო უფლის, ჩემი ღმერთის, ხმას და ამ დიდ ცეცხლს ნუღარ ვიხილავ, რომ არ მოვკვდეო. მითხრა მე უფალმა: „კარგი ქნეს, ეს რომ გითხრეს შენ; შენნაირ წინასწარმეტყველს აღვუდგენ მათ ძმათა წიაღიდან, შენს მსგავსს, და ჩავუდებ ჩემს სიტყვას ბაგეებში, და ის ეტყვის მათ ყველაფერს, რასაც ვუბრძანებ. ხოლო ის, ვინც არ გაიგონებს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მე თვითონ დავსჯი მას. ხოლო წინასწარმეტყველი, რომელიც გათავხედდება და ჩემი სახელით იმას ილაპარაკებს, რისი თქმაც მე მისთვის არ მიბრძანებია, და რომელიც ილაპარაკებს სხვა ღმერთების სახელით, სასიკვდილოდ მიეცით ის წინასწარმეტყველი.“ და თუ იტყვი შენს გულში: „როგორ გავიგებ სიტყვას, რომელიც უფალს არ უთქვამს?“ თუ წინასწარმეტყველი ილაპარაკებს უფლის სახელით და არ ასრულდება ის სიტყვა და არ ახდება, მაშინ ის სიტყვა არ უთქვამს უფალს. იგი თავხედურად უთქვამს წინასწარმეტყველს, – ნუ შეგეშინდება მისი. როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანასაც შენ გაძლევს, და განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებში და მათ სახლებში, სამი ქალაქი გამოყავი შენს მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად; განიმზადე გზა და სამ ნაწილად გაყავი შენი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელსაც გიწილადებს უფალი, შენი ღმერთი. და ის ქალაქები იქნება თავშესაფარი მათთვის, ვისაც უნებლიე კაცისკვლა შეემთხვევა. და აი, რომელ მკვლელს შეუძლია თავი შეაფაროს იქ და გადარჩეს: იმას, ვისაც უნებლიეთ შემოაკვდება თავისი მოყვასი, რომლის მტრობაც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ; ანდა ვინც თავის მოყვასთან ერთად ტყეში წავიდა შეშის მოსაჭრელად და, ცული რომ მოუღერა ხეს მოსაჭრელად, ცულს ტარი გასძვრა, მოხვდა მის მოყვასს ნაჯახი და მოკლა; ის კაცი უნდა გაიქცეს ერთ-ერთ იმ ქალაქში, რათა გადაირჩინოს თავი, რომ შორი გზის გამო მესისხლე ცხელ გულზე არ გამოეკიდოს მკვლელს, არ მიეწიოს და არ მოკლას; ის კი სიკვდილს არ იმსახურებს, რადგან არ ჰქონია თავის მოყვასთან მტრობა არც გუშინ და არც გუშინწინ. ამიტომ გიბრძანე: სამი ქალაქი გამოყავი-მეთქი. და როცა გააფართოებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვრებს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს, და მოგცემს მთელ ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა მათ, თუ დაიცავ ყველა ამ მცნებებს, რომელთაც გიბრძანებ დღეს, რომ შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, და იარო მისი გზებით მთელი სიცოცხლე, იმ სამ ქალაქს კიდევ სხვა სამი ქალაქი მიუმატე. და ნუ დაიღვრება უცოდველი სისხლი შენს მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ, და არ იქნება შენზე სასისხლო ცოდვა. ხოლო თუ ვინმე შეიძულებს თავის მოყვასს და ჩაუსაფრდება მას, აღდგება მის წინააღმდეგ, სცემს და მოკლავს, და თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს, კაცები გაგზავნონ იმ ქალაქის უხუცესებმა, და მოაყვანინონ ის იქიდან, და გადასცენ მესისხლეს, რათა მოკლან. წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას, და ჩამორეცხე ისრაელს ის უცოდველი სისხლი და კარგი იქნება შენთვის. არ გადაწიო შენი მოყვასის მიჯნა, წინაპრებმა რომ დასვეს შენს სამკვიდროში, რომელსაც დაიმკვიდრებ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს. საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულის დასამტკიცებლად, და რაიმე ცოდვისათვის, რითაც შესცოდავს; ორი მოწმის პირით ან სამი მოწმის სიტყვით გადაწყდეს საქმე. თუ გამოვა ბოროტი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ, რათა რაიმე ბრალი დასწამოს მას, წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდელთა და მსაჯულთა წინაშე, რომლებიც იმჟამად იქნებიან, და კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა. და თუ ეს მოწმე ცრუ მოწმეა და ცილი დასწამა თავის მოძმეს, გაუკეთეთ მას, რისი გაკეთებაც ჰქონდა განზრახული თავისი მოძმისათვის. და ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. და სხვა დანარჩენები რომ გაიგებენ ამას, შეშინდებიან, და აღარ ჩაიდენენ ამგვარ ბოროტებას შენს წიაღში. წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ. როცა ომში გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ და დაინახავ ცხენებსა და ეტლებს და შენზე უამრავ ჯარს, ნუ შეუშინდები მათ, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან. და როცა ომს მიუახლოვდებით, მოდგეს მღვდელი და ხალხს ელაპარაკოს, და უთხრას მათ: „ისმინე, ისრაელ! თქვენ დღეს ებმებით ომში თქვენს მტრებთან. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნუ შეშინდებით, ან ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთან ერთად მოდის თქვენს მტრებთან საომრად, რათა გადაგარჩინოთ თქვენ.“ ზედამხედველებმა კი ასე უთხრან ხალხს: „თქვენს შორის ვინც ახალი სახლი აიშენა და ვერ მოასწრო მისი კურთხევა, წავიდეს და შინ დაუბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ აკურთხოს მისი სახლი; ვინც ვენახი გააშენა და ვერ მოასწრო ნაყოფის მოწევა, შინ წავიდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოისთვლას მისი ვენახი; ვინც ქალი დანიშნა და ჯერ არ შეურთავს, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ წაიყვანოს ის ქალი.“ და კიდევ ელაპარაკონ ზედამხედველები ხალხს და უთხრან: „ვინც მშიშარაა და ჯაბანი, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა თავისი გულივით არ გაუდედლოს თავის მოძმეებს გული.“ როცა ზედამხედველები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს, მაშინ დაუყენეთ სარდლები ხალხს მეთაურებად. როცა მიუახლოვდები ქალაქს საომრად, ჯერ ზავისაკენ მოუწოდე მას. თუ ზავზე დაგთანხმდეს და კარიბჭე გაგიღოს, მთელი ხალხი, ვინც კი იქ აღმოჩნდება, შენს ხარკს დაიდებს და ყმა გაგიხდება. და თუ არ დაგეზავა და ომი გაგიმართა, ალყა შემოარტყი, და როცა ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, მახვილის პირით განგმირე ყველა მისი მამაკაცი. მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და რაც ქალაქში იქნება, შეგიძლია ნადავლად დაიტაცო; ჭამე ნადავლი შენი მტრისა, რომელიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში. ასევე მოექეცი შენგან ძალზე დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის აქაურ ხალხებს. მხოლოდ იმ ქალაქებში, რომლებსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ, არ აცოცხლო არც ერთი სული. პირწმინდად მოსპე ისინი – ხეთელები და ამორეველები, ქანაანელები და ფერიზელები, ხიველები და იებუსელები – როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. რათა არ გასწავლონ ყველა იმ სისაძაგლეების კეთება, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი ღმერთებისათვის, და არ შესცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს. თუ დიდხანს გეყოლება ქალაქი ალყაში, რათა იომო მის წინააღმდეგ მის ასაღებად, ნუ გაკაფავ ხეებს მის ირგვლივ, რადგან მის ნაყოფს ჭამ, და არ უნდა მოჭრა, რადგან ხე ადამიანი ხომ არ არის, რომ გაგექცეს და ციხესიმაგრეს შეაფაროს თავი? მხოლოდ ის ხეები, რომლებიც იცი, რომ უნაყოფოა, შეგიძლია აჩეხო და ააგო მისგან სიმაგრე იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გეომება, ვიდრე არ დაიმორჩილებ. თუ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, ველზე დაგდებული მოკლული ნახო, და არავინ იცოდეს, ვინ მოკლა იგი, გამოვიდნენ შენი უხუცესები და შენი მსაჯულები და გადაზომონ მანძილი იმ ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა, და რომელი ქალაქიც ახლოს იყოს მოკლულთან, იმ ქალაქის უხუცესებმა გაიყვანონ დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და არც უღელში ყოფილა შებმული, და ჩაიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული ღრანტე ხევში, რომლის ნაპირებიც არ დამუშავებულა და არც დათესილა, და იქ გადაუმტვრიონ კისერი. და მოდგნენ ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას, და უფლის სახელით აკურთხევდნენ, და მათი პირით წყდებოდეს ყველა დავა და ყველა ზარალი, და მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა დაიბანოს ხელი ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე, და განაცხადონ და თქვან: „ჩვენს ხელს არ დაუღვრია ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ უხილავს; უფალო, შენ შეუნდე შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოსყიდული გყავს, და ნუ დატოვებ შენი ხალხის უდანაშაულო სისხლს ისრაელის წიაღში.“ და შეენდობათ მათ ეს სისხლი. უნდა მოიცილო უდანაშაულო სისხლი შენი წიაღიდან, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში. როცა გახვალ ბრძოლაში შენი მტრების წინააღმდეგ და ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი, და ტყვეებად წამოასხამ მათ, და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება იგი და ცოლად წაყვანას დაუპირებ, მიიყვანე შენს სახლში, და გადაიპარსოს ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები, გაიხადოს ტყვეობის სამოსელი და დაჯდეს შენს სახლში და ერთი თვე იტიროს თავისი მამა და თავისი დედა. მერე კი შედი მასთან და შეირთე, და გახდება ის შენი ცოლი. და თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი ის თავის ნებაზე, ოღონდ გაყიდვით არ გაყიდო ვერცხლზე, არავის დაუმონო, რაკი დამორჩილებული გყავს. თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება: ერთი საყვარელი, ხოლო მეორე საძულველი, და შესძენენ მას ვაჟებს: საყვარელი და საძულველი, პირმშოს კი საძულველი შობს, ძეებისთვის თავისი ქონების განაწილების დღეს მამას არ შეუძლია საყვარლის ძეს პირმშოობა არგუნოს საძულველის პირმშოს წინაშე, არამედ პირმშოდ აღიაროს საძულველის ძე, რათა მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც მას აბადია, რადგან იგი დასაბამია მისი ძალისა, მას ეკუთვნის პირმშოობის უფლება. თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავისი მამის ხმას და თავისი დედის ხმას, და თუმცა ტუქსავენ მას, მაგრამ ის არ უგონებს მათ, დაიჭირონ მამამ და დედამ და მიიყვანონ თავისი ქალაქის უხუცესებთან, თავის კარიბჭესთან. და უთხრან ქალაქის უხუცესებს: „ეს ჩვენი შვილი ჯიუტია და ურჩი, არ უსმენს ჩვენს ხმას, მსუნაგია და ლოთი!“ და ქვით ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყოველმა კაცმა, და მოკვდეს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, და მთელი ისრაელი გაიგებს ამას და შეშინდება. თუ კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე, მაგრამ არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ დამარხე იგი იმავე დღეს. რადგან ღვთისგან არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული, და ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ. შენი მოძმის დაკარგული ხარი ან ცხვარი რომ ნახო, დაიჭირე და პატრონს მიჰგვარე. ხოლო თუ იგი შენთან ახლოს არ ცხოვრობს, ან შენ ვერ იცნო, ვისია პირუტყვი, შინ წაიყვანე და იქ გყავდეს, ვიდრე შენი მოძმე მოიკითხავდეს, და მაშინ დაუბრუნე. ასევე მოექეცი მის სახედარს და ასევე მოექეცი მის სამოსელს, და ასევე მოექეცი შენი მოძმის ყველა დანაკარგს, რაც დაკარგა და შენ იპოვე, თვალს ნუ აარიდებ. შენი მოძმის გზაზე დავარდნილი სახედარი ან ხარი რომ ნახო, თვალი არ აარიდო, მოეხმარე შენს მოძმეს მის წამოყენებაში. დედაკაცმა არ ჩაიცვას მამაკაცის სამოსელი და არ შეიმოსოს კაცი ქალის სამოსლით, რადაგან სძულს უფალს, შენს ღმერთს, ყველა ამის მოქმედი. თუ გზად მიმავალი წააწყდები ხეზე ან მიწაზე ჩიტის ბუდეს, რომელშიც დედა ზის ბარტყებზე ან კვერცხებზე, ნუ დაიჭერ დედას და ბარტყებს. დედა გაუშვი, ბარტყები კი შინ წაასხი, რათა ხელი მოგემართოს და იდღეგრძელო. თუ ახალ სახლს იშენებ, ბანს მოაჯირი შემოარტყი, რათა არავინ გადმოვარდეს ბანიდან და სისხლი არ დაედოს შენს სახლს. ნუ დათესავ ვენახში სხვა თესლს, რომ არ გააუწმიდურო ნაყოფი თესლისა, რომელსაც დათესავ და ვენახის მოსავალიც. ნუ მოხნავ გუთანში ერთად შებმული ხარითა და ვირით. არ ჩაიცვა მატყლისა და სელის ნარევით ნაქსოვი სამოსელი. ფოჩები გაუკეთე შენი მოსასხამის ოთხივე კიდეს. თუ შეირთავს ვინმე ცოლს და შევა მასთან, და შემდეგ მოიძულებს მას იგი, ცილს დასწამებს და სახელს გაუტეხს და იტყვის: „ეს ქალი შევირთე, შევედი მასთან და ვერ ვპოვე მასში ქალწულობის ნიშნები,“ ყმაწვილი ქალის მამამ და დედამ გაუტანონ ყმაწვილი ქალის ქალწულობის ნიშნები ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან, და უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: „ჩემი ასული მივეცი მე ამ კაცს ცოლად და მან მოიძულა იგი, ცილი დასწამა და თქვა: ქალწული არ გამოდგაო შენი ასული; და აჰა, ნიშნები ჩემი ასულის ქალწულობისა.“ და გაშალონ სამოსელი ქალაქის უხუცესთა წინაშე. და აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა ქმარი და გვემონ იგი, და დააჯარიმონ 100 ვერცხლით და მისცენ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელიან ქალწულს. და დარჩება ქალი მის ცოლად: ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში. და თუ მართალი გამოდგა ეს სიტყვა და არ აღმოაჩნდა ქალწულობა ყმაწვილ ქალს, გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი თავისი მამის სახლის კართან და ჩაქოლონ ქალაქის ხალხმა, და მოკვდეს, რადგან სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა თავისი მამის სახლში. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაასწრეს, ორივე მოკლან – კაციც და ქალიც. ასე აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან. თუ კაცზე დანიშნულ ქალწულს ვინმე შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან, გამოიყვანეთ ორივე იმ ქალაქის კარიბჭესთან და ქვით ჩაქოლეთ, და მოკვდებიან – ქალწული იმისათვის, რომ არ მოუხმო საშველად, კაცი კი იმისათვის, რომ ნამუსი ახადა თავისი მოყვასის ცოლს. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. თუ მინდორში ნახავს კაცი დანიშნულ ქალწულს, ძალით დაიჭერს და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი, რომელიც ქალთან დაწვა; ქალწულს კი ნურაფერს უზამ. არა აქვს მას სასიკვდილო ცოდვა: რადგან ეს იმას ჰგავს, კაცი რომ დაესხას თავის მოყვასს და მოკლას იგი, რადგან კაცმა იგი მინდორში ნახა, ქალწულმა იკივლა, და იქ არავინ იყო მისი შემწე. თუ ნახავს კაცი ქალწულს, რომელიც არაა დანიშნული, დაიჭერს მას და დაწვება მასთან, და წაასწრებენ, მისცეს მასთან მწოლარე კაცმა ყმაწვილი ქალის მამას 50 ვერცხლი და ქალი გახდება იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში. არავინ შეირთოს თავისი მამის ცოლი რათა არ შეარცხვინოს თავისი მამა. უფლის საკრებულოში ვერ შევა საჭურისი და ვერც კვერცხებდაზიანებული. ბუში ვერ შევა უფლის საკრებულში; მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის საკრებულოში. ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის საკრებულოში; მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში, იმიტომ, რომ არ შემოგეგებნენ თქვენ პურითა და წყლით გზაზე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, და იმიტომ, რომ დაიქირავა შუამდინარეთის ფეთორელი ბალაამი, ძე ბეყორისა, შენს დასაწყევლად. და არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსმენა ბალაამისა, და წყევლა კურთხევად შეგიცვალა, რადგან შეგიყვარა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა. ნურასოდეს შენს იცოცხლეში ნუ ეძებ მათთვის მშვიდობასა და სიკეთეს. ნუ შეიძულებ ედომელს, რადგან ის შენი მოძმეა. ნუ შეიძულებ ეგვიპტელს, რადგან ხიზნად იყავი მის ქვეყანაში. ბავშვები, რომლებიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შევლენ უფლის კრებულში. როცა სალაშქროდ გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ და დაიბანაკებ, ერიდე ყოველგვარ ხინჯს. თუ ვინმე იქნება თქვენში, რომელიც სუფთა არ იქნება ღამის დინების გამო, გავიდეს ბანაკს გარეთ და უკან არ შემოვიდეს, საღამო ჟამს წყლით დაიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში. ადგილი იქონიე ბანაკს გარეთ, სადაც შეგეძლება გასვლა და მოსაქმება; ნიჩაბი გქონდეს სარტყელში და გარეთ მოსაქმებისას, მიწა ამოთხარე და ჩაფალი შენი განავალი; რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შენს ბანაკში, რათა გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. და იყოს შენი ბანაკი წმიდა, და არ იხილოს მან იქ რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს. არ გადასცე თავის ბატონს მონა, როცა მისგან გაქცეული თავს შემოგაფარებს. შენთან იცხოვროს, შენს წიაღში, იმ ქალაქში, რომელსაც ამოირჩევს, მის ერთ-ერთ ბჭესთან, სადაც მოეწონება. არ შეავიწროვო იგი. ნუ იქნება ტაძრის მეძავი ისრაელის ასულთაგან ნუ იქნება ტაძრის მსიძავი ისრაელის ძეთაგან. არავითარი აღთქმისათვის არ შეიტანო მეძავის გასამრჯელო და მსიძავის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის. არ მისცე შენს მოძმეს ვახშით არც ვერცხლი, არც სასმელ-საჭმელი, არც რაიმე ისეთი, რაც ვახშით გაიცემა. უცხოელს შეგიძლია ვახშით ასესხო, ხოლო შენს მოძმეს არ ასესხო ვახშით, რათა აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომელშიც შედიხარ დასამკვიდრებლად. თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, არ დაუყოვნო შესრულება, რადგან მოგკითხავს აღთქმულს უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება. და თუ არ მიგიცია აღთქმა, არ დაგედება ცოდვა. შენი პირიდან გამოსული სიტყვა დაიცავი, და შეასრულე, როგორც აღუთქვი უფალს, შენს ღმერთს, რაც ნებაყოფლობით აღუთქვი შენი პირით. თუ შეხვალ შენი მოყვასის ვენახში, ყურძენი ჭამე რამდენიც გინდა, ოღონდ კალათით არ წაიღო. თუ შეხვალ შენი მოყვასის ყანაში, ხელით რასაც გაგლეჯ, ის წაიღე, ოღონდ ნამგალს ნუ იხმარებ. თუ კაცი ცოლს შეირთავს, მაგრამ ქალი მადლს ვერ ჰპოვებს მის თვალში, რადგან სამარცხვინოს რასმე უპოვნის კაცი, დაუწეროს გაყრილობის ბარათი, ხელში მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან. და გავა ქალი მისი სახლიდან, წავა და გათხოვდება სხვა კაცზე. და თუ შეიძულა იგი ამ მეორე ქმარმაც, და დაუწერა მას გაყრილობის ბარათი, და მისცა მას და გაუშვა იგი თავისი სახლიდან, ან თუ მოკვდება ეს მეორე ქმარი, რომელმაც იგი ცოლად მოიყვანა, არ შეუძლია მის პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, კვლავ დაიბრუნოს ცოლად, მას შემდეგ, რაც წაიბილწა, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე, და ნუ გარყვნი ქვეყანას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ. თუ კაცს ახლად შერთული ცოლი ჰყავს, ნუ გავა ლაშქარში და ნურც ნურაფერი დაეკისრება. ერთი წელი თავისუფალი იყოს თავის სახლში და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც შეირთო. არავინ აიღოს გირაოდ დოლაბები (თუნდაც მხოლოდ ზედა), რადგან კაცის სულის დამგირავებელი იქნება იგი. თუ აღმოჩნდება კაცი, რომელმაც მოიტაცა თავისი მოძმე ისრაელიანი, დაიმონა და გაყიდა იგი, უნდა მოიკლას მომტაცებელი; ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. არ გამოგრჩეს კეთრის წყლული, რათა ზუსტად დაიცვა და შეასრულო ყველაფერი, რასაც გასწავლიან ლევიანი მღვდლები. რაც მე ვუბრძანე მათ, დაიცავით შესასრულებლად. გაიხსენე, თუ რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით. თუ შენს მოყვასს რაიმეს ასესხებ, არ შეხვიდე მის სახლში გირაოს ასაღებად. გარეთ დადექი და მოვალე თვითონ გამოგიტანს გირაოს. და თუ ის ღარიბია, ღამე არ დაიტოვო მისი გირაო; დაუბრუნე მზის ჩასვლამდე, რათა დაიძინოს თავის მოსასხამში; ის დაგლოცავს, და ეს სიკეთედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის, წინაშე. ნუ შეავიწროვებ მოჯამაგირეს, ღარიბს და გლახაკს, შენი მოძმეთაგანი იქნება იგი თუ შენი ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანაშია, შენს კარიბჭეებში; იმავე დღეს მიეცი თავისი გასამრჯელო, ვიდრე მზე ჩავა, რადგან ღარიბია და ნატრობს მისი სული მას; რათა არ შეჰღაღადოს უფალს შენზე და ცოდვა არ დაგედოს. მამები არ უნდა მოიკლან შვილების ცოდვებისათვის, და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო, არამედ თითოეული თავისი ცოდვის გამო მოიკლას. ნუ გაამრუდებ ხიზნისა და ობლის სამართალს, და ნუ აიღებ გირაოდ ქვრივის მოსასხამს. გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში და გიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან. ამიტომ გიბრძანებ ამის აღსრულებას. როცა მომკი ყანას და ძნა დაგავიწყდება ნამკალში, ნუ გაბრუნდები მის ასაღებად – ხიზნისათვის და ქვრივ-ობლისათვის იყოს ის, რათა გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, შენი ნაამაგარი. როცა ჩამობერტყავ ზეთისხილს, თუ რამ დარჩა ზედ, ნუღარ მიუბრუნდები – ხიზნისა და ქვრივ-ობლისათვის იყოს. როცა ვენახს დაკრეფ, ნუღარ მოიმცვრევ დარჩენილ ნაყოფს: ხიზნისა და ქვრივ-ობლისათვის იყოს. გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში. ამიტომ გიბრძანებ ამის აღსრულებას. თუ ორ კაცს რაიმე დავა ჩამოვარდებათ ერთმანეთში, სასამართლოს წინაშე წარდგნენ. და განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ და მტყუანს ბრალს დასდებენ; და თუ დამნაშავე გაჯოხვას იმსახურებს, წამოაქცევინოს მსაჯულმა და აცემინოს თავის თვალწინ მისი დანაშაულის კვალობაზე, სათვალავით. ორმოცჯერ დაარტყან, მეტი არა, თორემ, თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენი მოძმე შენს თვალში. კევრში შებმულ ხარს პირს ნუ აუკრავ. თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მკვდრის ცოლი გარეთ არ უნდა გათხოვდეს უცხო კაცზე, არამედ მისი მაზლი შევიდეს მასთან და შეირთოს იგი ცოლად, და შეუსრულოს მაზლობის წესი. და პირმშო, რომელსაც ქალი გააჩენს, ის აღუდგენს მკვდარი ძმის სახელს, რათა არ წარიხოცოს მისი სახელი ისრაელიდან. მაგრამ თუ არ ისურვებს მაზლი თავისი რძლის შერთვას, ქვრივი უხუცესებთან ავიდეს ქალაქის კარიბჭესთან და თქვას: არა სურსო ჩემს მაზლს სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არა სურს მას ჩემი შერთვაო. და დაიბარებენ მაზლს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან. და თუ ადგება ის და იტყვის: არ მსურს მისი შერთვაო, მივა მასთან რძალი უხუცესთა თვალწინ და გახდის ფეხსაცმელს ფეხზე და სახეში შეაფურთხებს, და ეტყვის: ამის ღირსია კაცი, რომელიც არ აშენებსო თავისი ძმის სახლს. და სახელად დაერქმევა მის მოდგმას „ფეხშველანი“ თუ კაცები წაიჩხუბებიან და ერთ-ერთის ცოლი ქმრის საშველად გავა და მოჩხუბარ კაცს სარცხვინელით დაითრევს, ხელის მტევანი მოკვეთე ქალს, წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას! ნუ გექნება ქისაში ორგვარი საწონი – სწორი და მრუდე. ნუ გექნება სახლში ორგვარი საწყაო – სწორი და მრუდე. საწონი სრული და სწორი გქონდეს, საწყაო სრული და სწორი გქონდეს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს, რადგან სძულს უფალს, შენს ღმერთს, ყველა უკანონობის მოქმედი. გაიხსენე, რა გიყო ყამალეკმა გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდი, როგორ დაგიხვდა გზაზე და კუდი მოგწყვიტა, როცა შენ დაღლილი და ღონემიხდილი იყავი, და არ შეეშინდა მას ღმერთისა. და როცა დაგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენი გარეშემო მტრისაგან იმ ქვეყნაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, წაშალე სახელი ყამალეკისა ცისქვეშეთში; არ დაგავიწყდეს! როდესაც შეხვალ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს და დაიმკვიდრებ მას და დასახლდები იქ, აიღე მიწის ყოველი პირველნაყოფი, რომელსაც მოისთვლი ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, ჩაალაგე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად. და მიდი მღვდელთან, რომელიც იმ ჟამად იქნება, და უთხარი: „ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ მე მოვედი იმ ქვეყანაში, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა ჩვენს მამებს.“ გამოგართმევს მღვდელი კალათას ხელიდან და დადგამს უფლის, შენი ღმერთის, საკურთხევლის წინ. და განაცხადებ და იტყვი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე: „მოხეტიალე არამელი იყო მამაჩემი და ჩავიდა ეგვიპტეში, და ხიზნობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხით, და გადაიქცა იქ დიდ ერად, ძლიერ და მრავალრიცხოვნად. ცუდად გვეპყრობოდნენ ჩვენ ეგვიპტელნი, და გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ, და შევღაღადეთ უფალს, ჩვენი მამების ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, და იხილა ჩვენი გაჭირვება, ჩვენი ჯაფა და ჩვენი ჩაგვრა, და გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით და აღმართული მკლავით, დიდი საშინელებით და ნიშნებით და სასწაულებით. და მოგვიყვანა ჩვენ ამ ადგილას, და მოგვცა ეს ქვეყანა, ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი. და ახლა კი, აჰა, მოვიტანე პირველმოწეული ნაყოფი მიწისა, რომელიც შენ მომეცი, უფალო!“ და დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს. და გაიხარე ლევიანთან და ხიზანთან ერთად, რომელიც შენს წიაღშია, ყოველი სიკეთით, რაც კი მოუცია უფალს, შენს ღმერთს, შენთვის და შენი სახლისათვის. როცა დაასრულო შენი მოსავლიდან ყოველი მეათედის გამოყოფა მესამე წელს – მეათედის წელს – მიეცი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, და მაძღრისად ჭამონ შენს კარიბჭეებთან. და თქვი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე: „გავიტანე სახლიდან წმიდა წილი და კიდეც მივეცი იგი ლევიანსა და ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ყოველივე იმ შენი ბრძანებებისამებრ, რომელნიც მამცნე. არ გადამიხვევია შენი მცნებებიდან და არ დამვიწყნია. არ მიჭამია ჩემი მწუხარებისას და არ გამომიყვია იგი გაუწმედურებისას, და მკვდრისთვის არ გამიცია. ვისმინე უფლის, ჩემი ღმერთის, ხმა და შევასრულე ყოველივე, რაც მიბრძანე. გადმოიხედე შენი წმიდა სავანიდან, ზეციდან, და აკურთხე შენი ერი, ისრაელი, და მიწა, რომელიც ჩვენ მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს, ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი.“ ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას. დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით. დღეს შენ აღიარე უფლის წინაშე, რომ შენი ღმერთია იგი, რომ ივლი მისი გზებით და დაიცავ მის წესებსა და მის მცნებებს, და მის სამართალს, და ყურად იღებ მის ხმას. და უფალმა აღგითქვა შენ დღეს, რომ შენ იქნები მისი რჩეული ერი, როგორც გელაპარაკა შენ, თუკი დაიცავ ყველა მის მცნებას, და რომ აგამაღლებს თავის გაჩენილ ყველა ხალხზე მეტი დიდებით, სახელითა და პატივით, რათა იყო წმიდა ერი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, როგორც მან თქვა. და უბრძანეს მოსემ და უხუცესებმა ისრაელიანთ: „დაიცავით ყოველი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს. და იმ დღეს, როდესაც გადახვალთ იორდანეზე, იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი გაძლევთ, აღმართეთ დიდი ლოდები, კირით შეათეთრეთ, და ზედ დააწერეთ ყოველი სიტყვა ამ რჯულისა, როგორც კი გადახვალთ იორდანეზე, იმ ქვეყანაში შესასვლელად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი გაძლევთ, სადაც მოედინება რძე და თაფლი, როგორც თქვა უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა. და როცა გადახვალთ იორდანეზე, დადგით ღებალის მთაზე ის ლოდები, რომლებზეც მე გიცხადებთ დღეს, და კირით შეათეთრეთ ისინი. და აუგე იქ საკურთხეველი უფალს, შენს ღმერთს, ქვის საკურთხეველი, კვერი არ მიაკარო ქვას. მთლიანი ქვებით ააგე უფლის, შენი ღმერთის, საკურთხეველი და აღუვლინე მასზე სრულადდასაწველები უფალს, შენს ღმერთს. და შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, და ჭამე იქ, და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე. და დაწერე ქვებზე ამ რჯულის ყველა სიტყვა გარკვევით.“ და უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელ ისრაელს: „გაიგონე და ისმინე, ისრაელ! დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის, ერი. და ისმინე უფლის, შენი ღმერთის, ხმა და შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე დღეს გიცხადებ.“ და უბრძანა მოსემ ხალხს იმ დღეს და უთხრა: „ესენი იდგნენ გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადახვალ იორდანეს: სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი. და ესენი იდგნენ ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულუნი, დანი და ნაფთალი. და ლევიანები ეტყვიან მთელს ისრაელს ხმამაღლა: ‘წყეულიმც იყოს კაცი, რომელმაც გააკეთოს ქანდაკი ან ჩამოსხმული კერპი, სისაძაგლე უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთები, და დადგას ფარულად!’ და მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს მაგინებელი თავისი მამისა და დედისა!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც მოყვასის მიჯნა გადასწიოს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც ბრმას აურიოს კვალი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც სამართალი გაუმრუდოს ხიზანსა და ქვრივ-ობოლს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც თავისი მამის ცოლთან დაწვეს, რადგან კალთა გადაუწია მამას.’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც პირუტყვთან დაეცეს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც თავის დასთან ან თავისი მამის ასულთან, ან თავისი დედის ასულთან დაწვეს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც თავის სიდედრთან დაწვეს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც ქრთამი აიღოს კაცის მოსაკლავად და უცოდველი სისხლის დასაღვრელად!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ ‘წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს რჯულის ამ სიტყვებს და არ შეასრულებს მათ!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მისი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს შენ უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხებზე მაღლა. და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და აღსრულდება, თუ მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას. კურთხეულიმც იყავ ქალაქში და კურთხეულიმც იყავ მინდვრად. კურთხეულიმც იყოს ნაყოფი მუცლისა შენისა და ნაყოფი შენი მიწისა, ნამატი შენი ცხვარ-ძროხისა. კურთხეულიმც იყოს შენი ბეღლები და შენი მარნები. კურთხეულიმც იყავ შინ შესული და კურთხეულიმც იყავ გარეთ გამოსული. დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან უკან. კურთხევით მოხედავს უფალი შენს ბეღლებსა და ყველა შენს საქმეს; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. დაგაყენებს შენ უფალი თავის წმიდა ერად, როგორც შემოგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს და ივლი მისი გზებით. და დაინახავენ ქვეყნის ყველა ხალხები, რომ უფლის სახელია შენზე, და შეეშინდებათ შენი. და გაგიმრავლებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფს იმ ქვეყანაში, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა შენს მამებს. გაგიხსნის უფალი თავის მადლიან საუნჯეს – ზეცას, რათა აწვიმოს შენს მიწაზე თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი საქმე. შენ მრავალ ხალხებს მიასესხებ, შენ კი არ ისესხებ. უფალი გაქცევს თავად, და არა ბოლოდ, და სულ მაღლა იქნები და ძირს არასდროს იქნები – თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც გიცხადებ დღეს დასაცავად და შესასრულებლად. არ გადაუხვიო არცერთ სიტყვას, რომელთაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ. თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა: წყეულიმც იყავ ქალაქად და წყეულიმც იყავ მინდვრად. წყეულიმც იყოს შენი ბეღლები და შენი მარნები. წყეულიმც იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, ნამატი შენი ცხვარ-ძროხისა. წყეულიმც იყავ შინ შესული და წყეულიმც იყავ გარეთ გამოსული. მოგივლენს უფალი წყევლას, არეულობას და წარუმატებლობას შენი ხელის ყოველ საქმეში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ მოისპობი და არ დაიღუპები ადრე და მალე შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მე მიმატოვე. მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ ამოიძირკვები იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. მოგსრავს უფალი ჭლექით და ციებ-ცხელებით, ანთებითა და ხურვებით, გვალვით, ხორშაკითა და სიყვითლით; და ეს უბედურებანი დევნას დაგიწყებენ, ვიდრე არ დაგღუპავენ. ცა თავზე ბრინჯაოდ გექცევა, და მიწა, რომელიც შენს ფერხთ ქვეშაა – რკინად. წვიმის წილ უფალი შენს მიწას მოსცემს ნაცარ-მტვერს ზეციდან და ზედ დაგივა, ვიდრე არ მოისპობი. დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე. ერთი გზით გახვალ მათ წინააღმდეგ და შვიდი გზით გამოექცევი მათ; და გაიფანტები ქვეყნის ყველა სამეფოში. და შენი გვამი ცის ფრინველთა და ტყის ნადირთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ გამოჩნდება მათი მომგერიებელი. მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომელთაც ვერ გაექცევი. მოგსრავს უფალი სიგიჟით და სიბრმავით, და შეშლილობით; და ივლი ხელის ცეცებით შუადღის გულზე, როგორც ბრმა დადის წყვდიადში; ხელი მოგეცარება შენს გზებზე და იქნები დათრგუნული და გაძარცვული მთელი შენი დღე და მოსწრება, და არ გეყოლება შემწე; ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან; სახლს აიშენებ და შიგ ვერ იცხოვრებ; ვაზს ჩაყრი და არ გეღირსება მისი მოსთვლა; შენს ხარს თვალწინ დაგიკლავენ და შენ ვერ შეჭამ მის ხორცს; სახედარს მოგტაცებენ და აღარ დაგიბრუნებენ; შენს ფარას შენი მტერი გაირეკავს და შემწე არ გეყოლება; შენს ძეთ და შენს ასულთ სხვა ხალხები, დაიმონებენ, თვალები დაგაწყდება დღედაღამ მათ გზაზე ყურებით და მკლავში აღარ გექნება ძალა; შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენს ნაოფლარს სხვა ხალხი შეჭამს, რომელსაც არ იცნობდი. და იქნები დღენიადაგ დათრგუნული და დამსხვრეული; და შეიშლები სანახავით, რასაც იხილავენ შენი თვალები; დაგიწყლულებს უფალი მუხლებსა და წვივებს, რომლისგანაც ვერ განიკურნები; ის წყლულები დაგფარავს თავით ფეხთამდე; და წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიდგენ, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები, და ემსახურები იქ სხვა ღმერთებს – ქვასა და ხეს; საფრთხობელად, თითით საჩვენებლად და სამასხროდ შეიქნები ყველა ხალხებში, სადაც კი წაგიყვანს უფალი. მრავალ თესლს გაიტან მინდორში და ცოტას მოიმკი, რადგან კალია გადაჭამს მას; ვენახს გააშენებ და დაამუშავებ, მაგრამ ვერ მოისთვლი და ღვინოს ვერ შესვამ, რადგან ყურძენს ჭია შეჭამს; ზეთისხილი გექნება მთელ მიწა-წყალზე და ზეთით ვერ გაიპოხები, რადგან უჟამოდ გასცვივა ნაყოფი; ძეებსა და ასულებს შობ და შენები არ იქნებიან, რადგან ტყვედ გაირეკავენ მათ; ყოველ შენს ხეს და შენი მიწის ნაყოფს კალია გადაჭამს; ხიზანი, რომელიც შენს წიაღშია, ამაღლდება, შენ კი დაბლა დაეშვები; ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას; ის თავი იქნება, შენ კი – ბოლო. და მოგეწევა ყოველი ეს წყევლა, და დაგედევნება ვიდრე არ მოისპობი, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის, ხმა და არ დაიცავი მისი მცნებები და მისი წესები, რომლებიც მან გამოგიცხადა. ნიშნებად და სასწაულებად იქნება ეს უკუნისამდე შენთვის და შენი თესლისთვის. და რაკი არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათით იყავი ჩაქცეული, შენს მტრებს მოემსახურები, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, წყურვილში, სიშიშვლე-სიტიტვლესა და ყოველგვარ გასაჭირში მყოფს; და ქედზე დაგადგამს რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს. უფალი მოგისევს ხალხს შორი ქვეყნის კიდეებიდან, რომლებიც ორბივით დაგაცხრებიან, და ეს იქნება ხალხი, რომლის ენასაც ვერ გაიგებ, მოძალადე ხალხი იქნება, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ჭაბუკები არ ებრალება. და შეჭამს იგი შენი საქონლის ნამატს და შენი მიწის ნაყოფს, სანამ არ მოისპობი ისე, რომ არ დაგიტოვებს არც პურს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირისა და ფარების ნამატს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს. და შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაამხობს შენს მაღალ და მტკიცე გალავნებს, რომელთა იმედიცა გაქვს. მთელს შენს ქვეყანას მოიქცევს ალყაში და ყველა შენს კარიბჭეს, მთელს შენს ქვეყანაში, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა. და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და გასაჭირში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი. თქვენში ნაფოფინები და ნებივრად გაზრდილი კაცი უმოწყალო თვალით დაუწყებს ყურებას თავის ძმას, თავის უბეში მყოფ ცოლს და თავის შვილებს, რომლებიც მას კიდევ შერჩა. არ მისცემს არც ერთ მათგანს თავისი შვილების ხორცს, რომელსაც თავად ჭამს, რადგან არ დარჩება მას არაფერი ალყასა და გასაჭირში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი ყველა შენს კარიბჭეში. თქვენში ნაზად და ნანებივრები ქალი, რომელსაც ნებივრობისა და სინაზის გამო მიწაზე ფეხი არ დაუკარებია, უწყალო თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ძეს და თავის ასულს, და თავის მომყოლს, რომელიც გამოდის მისი წიაღიდან, და თავის შვილებს, რომელთაც გააჩენს, რადგან ფარულად შეჭამს ყველაფერს გაჭირვებისას, როცა შეგავიწროვებს მტერი შენს კარიბჭეებში. თუ არ დაიცავ და არ შეასრულებ ამ რჯულის ყოველ სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი, რათა გაშინებდეს ეს დიდი და მრისხანე სახელი – უფალი, შენი ღმერთი, უფალი შეგყრით შენ და შენს შთამომავლობას გაუგონარ სატკივრებს, დიდ და უკურნებელ წყლულებს, ბოროტ და უკურნებელ სნეულებებს. და შემოგიქცევს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა, და შეგეყრება. აგრეთვე ყველა სნეულებასა და წყლულს, რომელიც არ სწერია ამ რჯულის წიგნში, მოგივლენს უფალი, სანამ არ მოისპობი. და მცირედნი დარჩებით, ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი რომ იყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის, ხმა. და როგორც ხარობდა უფალი თქვენს გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს უფალი, როცა დაგღუპავთ და მოგსრავთ და აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. და გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხებში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, და დაუწყებთ მსახურებას იქ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით შენ და შენი მამები – ქვასა და ხეს. და იმ ხალხშიც ვერ იგრძნობთ შვებას და ფეხს ვერ დაასვენებთ; და მოგცემს უფალი იქ მწუხარე გულს, თვალთა კლებას და სულის ჭმუნვას. ბეწვზე ეკიდება შენს წინ შენი სიცოცხლე, შიშში იქნები დღისით და ღამით და დაგეკარგება სიცოცხლის სასო. დილით იტყვი: ოჰ, ნეტავ საღამო იყოსო! და საღამოს იტყვი: ოჰ, ნეტავ დილა იყოსო! იმ შიშის გამო, რითაც სავსე გექნება გული და იმ სანახავის გამო, რასაც დაინახავ. და დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: აღარ იხილავ-მეთქი მას! და იქ თავს შეაძლევთ თქვენს მტრებს მსახურებად და მხევლებად, მაგრამ მყიდველი არავინ იქნება.“ აჰა, სიტყვები აღთქმისა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში. და მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: „ყველაფერი იხილეთ, რაც დამართა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს და ყველა მის მსახურსა და მთელ მის ქვეყანას თქვენს თვალწინ! ის დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები. მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალნი სახილველად და ყურნი მოსასმენად. და გატარებდი ორმოც წელიწადს უდაბნოში. არ გაგცვეთია ტანზე სამოსელი და ფეხზე – ხამლი. პური არ გიჭამიათ და ღვინო და თაფლუჭი არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. და აჰა, როცა თქვენ მოხვედით ამ ადგილას, ჩვენს წინააღმდეგ საომრად გამოვიდნენ: სიხონი – ხეშბონის მეფე და ყოგი – ბაშანის მეფე, და ჩვენ დავამარცხეთ ისინი. და ავიღეთ მათი ქვეყანა, და მივეცით ის სამკვიდროდ რეუბენის ტომს, გადის ტომსა და მანაშეს ნახევარტომს. დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რათა ხელი მოგემართოთ ყველა საქმეში, რასაც დაიწყებთ. ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე: თქვენი ტომების თავკაცნი, თქვენი უხუცესები, თქვენი განმკარგულებლები, მთელი ისრაელიანობა, თქვენი პატარები, თქვენი ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია – შეშის მჩეხავიდან წყლის მზიდავამდე, რათა შემოხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გიდებს დღეს, რათა დაგაყენოს დღეს თავის ერად. და თვითონ შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და როგორც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს. და მხოლოდ თქვენთან როდი ვდებ მე ამ აღთქმას და ამ ფიცს, არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე და მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან აქ დღეს. რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ჩვენ ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ გამოიარეთ. და თქვენ იხილეთ მათი სისაძაგლეები და მათი კერპები, რაც ჰქონდათ, ქვისა და ხისა, ვერცხლისა და ოქროსი. ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, ან საგვარეულო, ან ტომი, რომლის გულიც მიიქცევა დღეს უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს! ნუ იქნება თქვენში ფესვი შხამისა და ძიმწარის აღმომაცენებელი! ამ საწყევარი სიტყვების მომსმენი კაცი, თავს ნუ ინუგეშებს თავის გულში და ნუ იტყვის: მშვიდობა არ მომაკლდება, თუმცა კი ჩემი გულის ნებაზე დავდივარო. და ამგვარად ცოდვილი უცოდველს გადაიყოლებს. არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან აღეგზნება მაშინ უფლის რისხვა და მისი შური იმ კაცზე, და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი, და წაშლის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან. და გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის გრაგნილზე დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად. და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი ძენი, რომელნიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და იხილავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა, ნახავენ გოგირდსა და მარილს, ნახანძრალ მიწას, სადაც უკვე აღარაფერი დაითესება და არ აღმოცენდება არც ერთი ღერი ბალახი, როგორც დაიქცა სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც დააქცია უფალმა რისხვითა და წყრომით. და იტყვის ყველა ხალხი: ‘რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო მოხდა ეს დიდი რისხვა?’ და მიუგებენ: ‘იმიტომ, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, აღთქმა, რომელიც მან დაუდო მათ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოჰყავდა.’ და წავიდნენ და ემსახურნენო სხვა ღმერთებს, და თაყვანი სცეს მათ, – ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც უფალს არ უწილხვედრებია მათთვის. და აღიგზნო რისხვა უფლისა იმ ქვეყანაზე, რათა მოევლინა მასზე მთელი წყევლა, რომელიც ამ გრაგნილზეა დაწერილი. და განდევნა ისინი უფალმა მათი მიწიდან რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით. და გადაყარა სხვა ქვეყანაში, როგორც დღეს არიანო. დაფარული უფალს, ჩვენს ღმერთს, ეკუთვნის, გაცხადებული კი – ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყველა სიტყვა. და როცა აგიცხადდება ყველა ეს სიტყვა – კურთხევაცა და წყევლაც, რომლებიც გადმოვეცი შენს წინაშე, და მიიტან მას შენს გულთან, ყველა იმ ხალხებს შორის მყოფი, სადაც გაგდევნის უფალი, შენი ღმერთი, და მიუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას ყველაფერში, როგორც მე გამცნებთ დღეს, შენ და შენი ძენი მთელი გულით და მთელი სულით, მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს და შეგიწყალებს, და კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა. ცის კიდემდეც რომ იყო გაფანტული, იქიდანაც კი შემოგკრებს უფალი, შენი ღმერთი, და წამოგიყვანს. და მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელსაც ფლობდნენ შენი მამები, და შენც დაიმკვიდრებ მას. და სიკეთეს გიზამს და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად. და წინადასცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით, რათა იცოცხლო. და მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელ ამ წყევლას შენს მტრებზე და შენს მოძულეებზე, რომელნიც გდევნიდნენ შენ. შენ კი მოიქცევი და შეისმენ უფლის ხმას და შეასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს. და აღავსებს სიუხვით უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ – შენი მუცლის ნაყოფს, შენი პირუტყვის ნამატს, შენი მიწის მოსავალს სასიკეთოდ, რადგან უფალი კვლავ გაიხარებს შენით სასიკეთოდ, როგორც შენი მამებით ხარობდა, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა მისი მცნებანი და მისი წესები, რომლებიც დაწერილია ამ რჯულის გრაგნილზე, და თუ დაუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით. რადგან ეს მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, არ არის შენთვის ძნელი და მიუწვდომელი. ცაში არ არის იგი, რომ თქვა: ‘ვინ ავა ჩვენთვის ზეცაში და ვინ ჩამოგვიტანს მას, ვინ შეგვასმენს მას, რომ შევასრულოთ?’ არც ზღვის გაღმაა იგი, რომ თქვა: ‘ვინ გადალახავს ჩვენთვის ზღვას და წამოგვიღებს მას და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?’ რადგან ეს სიტყვა ძალზე ახლოსაა შენთან: ის შენს ბაგეებშია და შენს გულშია, რათა შეასრულო იგი. აჰა, დღეს მე დავდე შენს წინაშე სიცოცხლე და სიკვდილი, სიკეთე და ბოროტება. და გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, მისი წესები და კანონები, და იცოცხლებ და გამრავლდები, და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. ხოლო თუ გადაუხვევს შენი გული, და არ შეისმენ, და გზას ასცდები, და სხვა ღმერთებს სცემ თაყვანს და მოემსახურები მათ, მე დღეს გიცხადებთ, რომ დაიღუპებით და ვერ იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლისთვისაც გადადიხართ იორდანეზე, რათა მიხვიდეთ იქ მის დასამკვიდრებლად. მოწმეა დღეს თქვენს წინაშე ცა და დედამიწა, რომ სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინ, ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და შეეკვეთო მას. რადგან იგია შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელობა, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს.“ და წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელ ისრაელს, და უთხრა მათ: „120 წლისა ვარ მე დღეს. აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. და უფალმა მითხრა: ვერ გადახვალო შენ იორდანეზე. თქვენ თავად უფალი, თქვენი ღმერთი, გაგიძღვებათ წინ. ის გაანადგურებს იქ მცხოვრებ ხალხებს თქვენს წინაშე და დაგამკვიდრებთ იმ მიწაზე. იესო წაგიძღვებათ თქვენ, როგორც უფალმა თქვა. და ისევე მოექცევა უფალი იმ ხალხებს, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს – ამორეველთა მეფეებს – და მათ ქვეყანას, სადაც გაწყვიტა ისინი. და თქვენს ხელში ჩაყრის მათ უფალი, და თქვენ მოექეცით მათ ისე, როგორც მე გაუწყეთ. გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი, მოდის თქვენთან ერთად. ის არ დაგაგდებთ და არ მიგატოვებთ.“ და მოუხმო მოსემ იესოს და უთხრა მთელი ისრაელის წინაშე: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ამ ხალხს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს, და შენ დაუმკვიდრებ მათ იმ მიწას. თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.“ და დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი ლევიან მღვდლებს, რომლთაც უფლის აღთქმის კიდობნის ტარება ევალებოდათ, და – ისრაელის ყველა უხუცესს. და უბრძანა მოსემ მათ ასე: „მეშვიდე წელს, მიტევების წელიწადს, კარვობის დღესასწაულზე, როცა მთელი ისრაელი გამოცხადდება უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილას, რომელსაც უფალი ამოირჩევს, წაიკითხეთ ეს რჯული მთელი ისრაელის წინაშე მათ გასაგონად. შეკრიბე ხალხი: კაცები, ქალები და ბავშვები, და ხიზნები, რომლებიც შენს კარიბჭეებში არიან, რომ გაიგონონ და ისწავლონ, და ეშინოდეთ უფლისა, შენი ღმერთისა, და შეასრულონ და დაიცვან ამ რჯულის ყოველი სიტყვა. და მათმა შვილებმა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან ეს, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, დღენიადაგ, სანამ იცოცხლებთ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მოახლოვდა შენი სიკვდილის ჟამი. მოუხმე იესოს და დადექით საკრებულო კარავთან, და მე დავარიგებ მას.“ და წავიდნენ მოსე და იესო და დადგნენ საკრებულო კარავთან. და გამოეცხადა უფალი მათ კარავში, როგორც ღრუბლის სვეტი, და დადგა კარვის შესასვლელთან. და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, შენ მალე მიიძინებ შენს მამებთან, ეს ხალხი კი ადგება და სამეძაოდ აეკიდება იმ ქვეყნის უცხო ღმერთებს, რომელშიც ის შედის, და მე მიმატოვებს, და დაარღვევს ჩემს აღთქმას, რომელიც დავუდე მას. და აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, და მივატოვებ და დავუმალავ ჩემს სახეს, შთაინთქმება ის და შეემთხვევა მრავალი უბედურება და გაჭირვება. და იტყვის იმ დღეს: იმიტომ ხომ არ შემემთხვა ეს უბედურება, რომ ღმერთი არ არის ჩემშიო? და მე დავუმალავ ჩემს სახეს იმ დღეს ყველა იმ ბოროტების გამო, რომელსაც იზამენ, სხვა ღმერთებისკენ პირმიქცეულნი. და ახლა ჩაიწერეთ ეს გალობა, და ასწავლეთ ისრაელიანთ იგი, ჩაუდევი მათ ბაგეებში, რომ მემოწმებოდეს ეს სიმღერა ისრაელიანებთან, რადგან მე მათ შევიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და შეჭამენ ისინი და გაძღებიან და გასუქდებიან, და მიბრუნდებიან სხვა ღმერთებისკენ, და მათ მოემსახურებიან, და განმარისხებენ, და ჩემს აღთქმას დაარღვევენ. და, როცა შეემთხვევათ მათ მრავალი უბედურება და გაჭირვება, ეს სიმღერა მოწმედ იქნება მათ წინაშე, რადგან არ წაიშლება იგი მათი შთამომავლობის ბაგიდან; მე ვიცი მათი ზრახვა, რომელსაც ისინი განიზრახავენ დღეს, სანამ შევიყვანდე იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი.“ და ჩაწერა მოსემ ეს სიმღერა იმ დღეს და შეასწავლა იგი ისრაელის ძეთ. და უბრძანა უფალმა იესო ნავეს ძეს და უთხრა: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში, რომელიც მე მათ ფიცით აღვუთქვი, და მე ვიქნები შენთან.“ და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა გრაგნილში, ასე უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ: „აიღეთ ეს რჯულის გრაგნილი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით, და იყოს იქ მოწმედ თქვენს წინააღმდეგ. რადგან მე ვიცი თქვენი ურჩობა და თქვენი სიჯიუტე: და აჰა, როცა მე ვცხოვრობ თქვენთან დღეს, ეურჩებით უფალს, და რაღას იზამთ ჩემი სიკვდილის შემდეგ? შემიკრიბეთ თქვენი ტომების ყველა უხუცესი და თქვენი ზედამხედველნი და მე ვიტყვი მათ გასაგონად ამ სიტყვებს, და მათ წინააღმდეგ მოწმედ მოვიყვან ცასა და მიწას. მე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ გაირყვნებით და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელიც მე გიბრძანეთ. და შეგემთხვევათ უბედურება მომავალ დღეებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალწინ და განარისხებთ მას თქვენი ხელის ნამოქმედარით.“ და წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი კრებულის გასაგონად ამ სიმღერის სიტყვები ბოლომდე: „ისმინე, ცაო, რას ვამბობ! ისმინოს მიწამ სიტყვანი ჩემი პირისა! წვიმასავით წამოვა ჩემი სწავლება, ნამივით დაეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე და როგორც თქეში ბალახზე. ვადიდებ უფლის სახელს! დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს! სალი კლდეა იგი; სრულყოფილია საქმენი მისნი, და სამართლიანია ყოველი მისი გზა; სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა; მართალი და წრფელია იგი; შესცოდეს მას, მისმა ბიწიერმა შვილებმა. გარყვნილი და გზასაცდენილი მოდგმაა ის! ასე მიუზღავ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი, შენ ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა! გაიხსენე გარდასული დღეები და გონებით გადახედე წინა თაობათა წლებს. ჰკითხე მამაშენს და გიამბობს; შენს უხუცესთ და ისინი გეტყვიან. როცა უზენაესი სამკვიდროებს უნაწილებდა ხალხებს, როცა მან დააცალკევა ადამის ძენი, საზღვრები დაუდგინა ხალხებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ. რადგან უფლის წილი მისი ხალხია. იაკობი სამემკვიდრო ხვედრია მისი. უდაბურ ქვეყანაში იპოვა უფალმა ეს ხალხი, გადახრუკულ ტრამალზე. თავს ევლებოდა იგი, თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას; როგორც ორბი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დაჰბრუნავს მართვეებს, ფრთებს შლის, ზედ ისხამს მათ და ატარებს თავისი ფრთებით, ასე ატარებდა მათ უფალი – მარტო! უცხო ღმერთები არ ჰყოლია გვერდით. მან დაუმორჩილა მათ იმ ქვეყნის მთა-ბარი და კვებავდა მინდვრის ნაყოფით; პიტალო კლდეებიდან თაფლით და სალი კლდეებიდან ზეთით კვებავდა; ასმევდა ძროხის რძის ნაღებსა და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ყუათიან პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს. გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გათქვირდა, ჩამრგვალდა და დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი, მოიძულა თავისი გადარჩენის ბურჯი. შური აღუძრეს მას უცხო ღმერთებით, სისაძაგლეებით განარისხეს იგი: დემონებს – ცრუღმერთს – სწირავენ მსხვერპლს, და არა თავის ღმერთს, არამედ ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, რომელთა შიში არ ჰქონია თქვენს მამა-პაპას. კლდე, შენ რომ გაგაჩინა, აღარ გახსოვს, და დაივიწყე ღმერთი, შენი შემოქმედი. დაინახა უფალმა, და რისხვით მოიძულა თავისი ძენი და ასულნი. და თქვა: ‘დავუმალავ ჩემს სახეს და ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან უკუღმართი თაობაა ის, ძენი, რომლებშიც არ არის ერთგულება; მათ განმარისხეს თავისი არაღმერთით და გამამწარეს თავიანთი ამაოებით; და მეც განვარისხებ მათ არახალხით, უგუნური ხალხით გავამწარებ მათ. რადგან ცეცხლი გაჩაღდა ჩემი მრისხანებით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ნთქავს დედამიწას და მის ნაყოფს, და ბუგავს მთათა საფუძვლებს. თავზე დავატეხ მათ უბედურებას, მათზე გავცვეთ ჩემს ისრებს. დაძაბუნდებიან შიმშილით, შთაინთქმებიან ციებ-ცხელებითა და მომსვრელი სენით. მხეცის ეშვს მივუშვებ მათზე, და გესლით სავსე მიწის ქვეწარმავალთ. გარეთ მახვილმა მოსრას, შინ – ძრწოლამ ჭაბუკნი, ქალწულნი, ძუძუთა ყმაწვილნი, ჭაღარა მოხუცები. და ვთქვი: გავფანტავ-მეთქი მათ, წავშლი კაცთა მოდგმიდან მათ სახსენებელს, მტრის ღვარძლს რომ არ ვერიდებოდე, რომ მისი წინაღმდგომნი არ გაკადნიერდნენ და არ თქვან: დიდია ჩვენი ძალა, უფალს არ გაუკეთებიაო ეს ყველაფერი.’ რადგან ისრაელიანთ განსჯა აღარ აქვთ. სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს. ერთი როგორ განდევნის ათასს და ორნი როგორ გააქცევენ ათი ათასს? თუ მათმა კლდემ არ გაწირა, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში? რადგან მათი კლდე არ ჰგავს ჩვენს კლდეს. და თავად ჩვენი მტრები განსჯიან ამას. რადგან სოდომის ვენახებიდანაა მათი ვაზი, და გომორადანაა მათი ლერწი; მათი ყურძენი ნაღველივითაა და მწარეა მისი მტევანი. მათი ღვინო გველეშაპის გესლია და ასპიტთა უკურნებელი გესლი. ის ხომ ჩემთანაა დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი, მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა. რადგან თავად უფალი განიკითხავს თავის ერს და შეიწყალებს თავის მსახურთ, როცა დაინახავს, რომ ღონე მიხდილი აქვთ და აღარ არის აღარც მონა, აღარც აზატი. და იტყვის იგი: ‘სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომლითაც ისინი სასოობდნენ? რომლებიც ჭამდნენ მათ მსხვერპლთა ლურთებს და სვამდნენ მათი ზედაშეს ღვინოს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, მფარველად გაგიხდნენ! იხილეთ ახლა, რომ მე ვარ ერთი, და არ არის სხვა ღმერთი, ჩემს გარდა! მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და ვკურნავ, და ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან. რადგან ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: მე ცოცხალი ვარ უკუნისამდე! როცა გავლესავ ჩემს ელვარე მახვილს და ხელს მივყოფ განკითხვას, ჩემს მტრებს შურს მივაგებ და ჩემს მოძულეებს მივუზღავ. სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის მთავართა თავებით.’ წარმართნო, ადიდეთ მისი ერი; რადგან აიღებს თავის მონათა სისხლს, და შურს მიაგებს თავის მტრებს, და შეუნდობს თავის მიწას და თავის ერს.“ და მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა მათ გასაგონად. და მასთან იყო იესო, ნავეს ძე. და როცა დაასრულა მოსემ ყოველი ამ სიტყვის წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ, კვლავ უთხრა მათ: „გულში ჩაიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს, რათა უბრძანოთ თქვენს ძეებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა. რადგან ეს არ არის ფუჭი სიტყვა თქვენთვის, არამედ ეს არის თქვენი სიცოცხლე და ამით იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.“ და ელაპარაკა უფალი მოსეს იმავე დღეს და უთხრა: „ადი ყაბარიმის მთებში – ნებოს მთაზე, რომელიც მოაბის ქვეყანაშია, იერიხოს პირდაპირ, და გადახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც სამფლობელოდ ვაძლევ ისრაელიანთ. და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეეძინე შენს ერს, როგორც მოკვდა აარონი, შენი ძმა, ჰორის მთაზე, და შეეძინა თავის ერს, იმის გამო, რომ მიმტყუნეთ ისრაელიანთა შორის, მერიბათ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ არ მომეპყარით, როგორც წმიდას ისრაელის ძეთა შორის. რადგან შორიდან დაინახავ ქვეყანას, იქ კი ვერ შეხვალ, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელიანთ.“ ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელიანები თავისი სიკვდილის წინ. მან თქვა: „უფალი სინაიდან მოვიდა, სეყირიდან ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთიდან ამონათდა და გამოჩნდა წმიდათა ბევრეულით, მარჯვენით რჯულის შარავანდი ჰქონდა. უყვარს უფალს თავისი ხალხი! ყოველი წმიდა შენს ხელშია, უფალო, ყველა ისინი შენს ფეხებთან ტრიალებენ და ასრულებენ შენს ბრძანებებს. რჯული მოსემ მოგვცა, უძღვნა იგი იაკობის კრებულს. და დადგა მეფე იეშურუნის სათავეში, როცა შეიკრიბნენ ხალხის თავკაცნი, როცა ისრაელის ტომები შეიკრიბნენ. იცოცხლოს რეუბენმა და ნუ მოკვდება; და იყოს მისი ხალხი რიცხვმრავალი! და ეს თქვა იუდაზე: ‘ისმინე, უფალო, იუდას ხმა და მიიყვანე თავის ხალხთან იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის და მტერთაგან შემწედ შენ ეყოლები.’ და ლევიზე თქვა: ‘შენი თუმიმი და ურიმი დარჩეს შენს წმიდა კაცთან, რომელიც მასაში გამოსცადე, და ედავე – მერიბას წყლებთან, რომელიც ამბობს თავის მამასა და დედაზე: მე ისინი არ მინახავსო, ხოლო თავის ძმებზე: მე მათ არ ვიცნობო, და თავის ძეზე, ლევიანებზე: მე მისი არაფერი ვიციო. რადგან ისინი იცავენ შენს ნათქვამს და ინახავენ შენს აღთქმას, ასწავლიან შენს კანონებს იაკობს და შენს რჯულს აუწყებენ ისრაელს, საკმეველს დებენ შენს წინაშე და სრულადდასაწველს – შენს საკურთხეველზე. აკურთხე, უფალო, მისი ძალა, და კეთილად მოხედე მისი ხელის ნაღვაწს. წელი მოსწყვიტე მის მოწინააღმდეგეებსა და მოძულეებს, რომ ფეხზე ვეღარ დადგნენ.’ და ბენიამინზე თქვა: ‘უფლის საყვარელი უშიშრად ცხოვრობს! უფალი მფარველობს მას დღენიადაგ, და იგი დავანებულია უფლის ბეჭთა შორის.’ და იოსებზე თქვა: ‘უფალმა აკურთხა მისი მიწა მაღლით ცის მადლიანი ძღვენით – ნამით – და ძირს განრთხმული უფსკრულების ძღვენით, მზისგან მოცემული მადლიანი მოსავლითა და მთვარის მადლიანი ნაყოფით, და ძველი მთების პირველნაყოფით, და საუკუნო ბორცვების მადლით, და მიწის მადლით და მისი სისავსით. მაყვლოვანში დავანებულის წყალობა გადმოვიდეს იოსების თავზე და მის ძმათა შორის გამორჩეულის კეფაზე. მას პირველნაშობი კუროს ბრწყინვალება აქვს, რქანი მისნი, რქა გარეული ხარისა; მით დარქენს ის ხალხებს მთელი ქვეყნის კიდემდე, რომლებიც არიან ათიათასები ეფრემისა და ათასეულები მანაშესი.’ და ზებულუნზე თქვა: ‘იხარე, ზებულუნ, შენი გამოსვლისას; და, ისაქარ, იხარე შენს კარვებში! და მოიწვევენ მთაზე ხალხებს, იქ შესწირავენ სამართლის მსხვერპლს, რადგან ისინი ზღვათა სიუხვით საზრდოობენ და ქვიშაში დამარხული საგანძურებით.’ და გადზე თქვა: ‘კურთხეულია გადის განმვრცობი, ლომივით წევს და ბდღვნის ნადავლის თავ-ფეხს. და აირჩია თავისთვის საუკეთესო წილი, რადგან იქ იყო გადანახული რჯულმდებლის წილი. მოვიდა იგი ხალხის თავკაცებთან ერთად და აღუსრულა უფლის წესი და მისი სამართალი ისრაელს.’ და დანზე თქვა: ‘დანი ლომის ბოკვერია, ბაშანის მთებიდან გამოვარდნილი.’ და ნაფთალზე თქვა: ‘ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით. დასავლეთით და სამხრეთით დაემკვიდრება.’ და აშერზე თქვა: ‘კურთხეულია შვილთა შორის აშერი. თავისი ძმების სასურველი იქნება, დაე, ტერფები წმინდა ზეთში ჩადგას. რკინისა და ბრინჯაოსა იქნება შენი კარიბჭის ურდულები; სიბერე შენი იქნება ვითარცა სიჭაბუკე შენი.’ არ არის იეშურუნის ღმერთის სადარი, რომელიც ზეცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში – თავისი დიდებით. შენი თავშესაფარია ძველი ღმერთი, და მკლავი მარადიულისა საყრდენია შენი. მტრებს განდევნის შენი პირისგან და გეტყვის: მუსრი გაავლეო! უშფოთველად ცხოვრობს ისრაელი, მარტო ცხოვრობს იაკობი პურისა და ღვინის ქვეყანაში; ცვარს აფრქვევს მისი ზეცა. ბედი გქონია, ისრაელ! ვინ შეგედრება შენ, ერო, უფლის მიერ დაცულო, რომელიც შენი შეწევნის ფარია, და შენი დიდების მახვილი! შენი მტრები დაგემონებიან, და შენ ფეხით გადაჯეგავ მათი თაყვანისცემის გორაკებს.“ და ავიდა მოსე მოაბის ველებიდან ნებოს მთაზე, ფისგას თხემზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა. და უჩვენა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე, და მთელი ნაფთალი, და ქვეყანა ეფრემისა და მანაშესი, და მთელი ქვეყანა იუდასი, დასავლეთის ზღვამდე, და ნეგები და იერიხოს ხეობის შემოგარენი, ფინიკების ქალაქი, ცოყარამდე. და უთხრა უფალმა მას: „ეს არის ქვეყანა, რომელზეც შევფიცე აბრაამს, ისააკსა და იაკობს ასე: შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი მას. საკუთარი თვალით გახილვინე, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.“ და მოკვდა მოსე, უფლის მსახური, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ. და დამარხეს იგი მოაბის ქვეყანაში, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ველზე, და დღემდე არავინ იცის მისი საფლავი. მოსე იყო 120 წლისა, როცა მოკვდა. თვალთ არ დაკლებია და ძალა არ გამოლევია. და დასტიროდნენ ისრაელიანები მოსეს მოაბის ველებზე 30 დღე. და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები. და იესო, ნავეს ძე, აღივსო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ. და ემორჩილებოდნენ მას ისრაელიანები და ისე იქცეოდნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. და აღარ აღმდგარა წინასწარმეტყველი ისრაელში მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი, ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც მოავლინა უფალმა მოსე ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის, ფარაონის ყველა მსახურისა და მთელი მისი ქვეყნის წინააღმდეგ, იმ ძლიერი ხელით და ყოველი დიდი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ. მას შემდეგ, რაც უფლის მსახური მოსე მოკვდა, უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს: „მოკვდა ჩემი მსახური მოსე. ახლა ადექი და გადალახე იორდანე მთელ ხალხთან ერთად იმ ქვეყნისაკენ, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეთ. ყოველი ადგილი, რომელსაც თქვენ ფეხს დაჰკრავთ, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს: უდაბნოდან და ლიბანის მთებიდან ევფრატის დიდ მდინარემდე, ხეთელების მთელი ქვეყანა; და დიდ ზღვამდე, მზის დასავალამდე, იყოს თქვენი საზღვარი. ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან. არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ. გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ დაუნაწილებ ამ ხალხს იმ ქვეყანას, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. ოღონდ გამაგრდი და განმტკიცდი, რათა დაიცვა შესასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გიბრძანა შენ მოსემ, ჩემმა მსახურმა. ნუ გადაუხვევ მისგან ნურც მარცხნივ და ნურც მარჯვნივ, რათა ყველგან ხელი მოგემართოს, სადაც კი წახვალ. ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ სწერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი. აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.“ და უბრძანა იესომ ხალხის ზედამხედველთ ასე: „გაიარეთ შუა ბანაკში და უბრძანეთ ხალხს: ‘გაიმზადეთ საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გადალახოთ იორდანე, რათა მიხვიდეთ იმ ქვეყნის მისაღებად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ სამკვიდროდ.’ “ და რეუბენის ტომს, გადის ტომსა და მანაშეს ნახევარტომს უთხრა იესომ ასე: „გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მსახურმა: ‘უფალმა, თქვენმა ღმერთმა, დაგასვენათ თქვენ და მოგცათ ეს ქვეყანა.’ თქვენი ცოლები, თქვენი პატარები და თქვენი პირუტყვი დარჩეს აქ, იორდანეს გაღმა, მიწებზე, რომელიც მოგცათ მოსემ, – ხოლო თქვენ, მეომარნო, შეჭურვილნი წინ გაუძეხით საბრძოლო მწყობრით ისრაელიანთ. შეეწიეთ მათ, ვიდრე დაასვენებდეს უფალი თქვენს ძმებს, როგორც თქვენ დაგასვენათ, რათა დაიმკვიდრონ მათაც ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი აძლევს მათ. და მაშინ დაბრუნდებით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაისაკუთრებთ მიწას, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით.“ და მიუგეს იესოს ასე: „ყველაფერს, რაც გვიბრძანე, გავაკეთებთ, და ყველგან, საითკენაც მიგვავლენ, წავალთ. როგორც ვუსმენდით მოსეს, ისე მოგისმენთ შენც; ოღონდ უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან, როგორც მოსესთან იყო! ყოველი კაცი, რომელიც არ დაემორჩილება შენს ბრძანებას და არ შეისმენს ყველაფერს, რასაც უბრძანებ მას, უნდა მოიკლას. შენ კი გამაგრდი და განმტკიცდი.“ და გაგზავნა იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ფარულად ორი მსტოვარი და უთხრა: „წადით და დაზვერეთ ის ქვეყანა და იერიხო.“ და წავიდნენ ისინი და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის, სახლში და ღამე იქ გაათიეს. ამბავი მოუვიდა იერიხოს მეფეს: წუხელის ისრაელიანთაგან კაცები მოსულანო ქვეყნის დასაზვერად. და შეუთვალა იერიხოს მეფემ რახაბს: გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ და შენს სახლში რომ შემოვიდნენ, რადგან ჩვენი ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნიო. მაგრამ ქალმა დამალა ის ხალხი და მეფის კაცებს უთხრა: „მართლაც მოვიდნენ ჩემთან ვიღაც კაცები, მაგრამ მე არ ვიცი, სადაურები იყვნენ ისინი. და როცა კარიბჭე უნდა დაკეტილიყო, დაბინდებისას, წავიდნენ ისინი. მე არ ვიცი, საით წავიდნენ ისინი. თუ დროზე დაედევნებით, შესაძლოა, მალე წამოეწიოთ.“ მან კი ისინი ერდოზე აიყვანა იქ დაზვინულ სელის ჩალაში დამალა. მეფის მდევრები მათ დაედევნენ იორდანესაკენ მიმავალი გზით, ფონებისაკენ. კარიბჭე კი მდევრების გასვლისთანავე დახურეს. და ვიდრე ისინი დაიძინებდნენ, ავიდა მათთან ერდოზე, და უთხრა იმ კაცებს: „მე ვიცი, რომ თქვენ მოგცათ უფალმა ეს ქვეყანა, და თქვენმა შიშმა მოგვიცვა, და ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე. რადგან გაგონილი გვაქვს, როგორ დააშრო უფალმა მეწამული ზღვის წყლები თქვენს წინ, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, და რა უყავით იორდანეს გაღმელ ამორეველთა ორ მეფეს, სიხონს და ყოგს, როგორ შემუსრეთ ისინი. და როცა გავიგეთ, შედრკა ჩვენი გული და მხნეობა აღარავის შერჩა წინ რომ აღგიდგეთ, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ეს არის ღმერთი მბრძანებელი მაღლა ცათა, და დაბლა მიწაზე. და ახლა შემომფიცეთ უფალი, რომ როგორც მე მოგექეცით წყალობით, ასევე წყალობით მოექცევით მამაჩემის სახლს; და მომეცით მე სარწმუნო ნიშანი, რომ ცოცხლად დატოვებთ მამაჩემსა და დედაჩემს, ჩემს ძმებსა და ჩემს დებს, და ყველა მათ შინაურს, და ჩვენ გვიხსნით სიკვდილისაგან.“ და უთხრეს იმ კაცებმა: „თუ არ გათქვამ ამ ჩვენს ამბავს, ჩვენი სული თქვენს მაგიერ მიეცეს სიკვდილს, თუ როცა უფალი მოგვცემს ამ ქვეყანას, წყალობითა და ერთგულებით არ მოგექცეთ.“ და სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან ქალაქის გალავანში იყო მისი სახლი და გალავანში ცხოვრობდა ის. და უთხრა მათ: „მთისკენ წადით, მდევრები რომ არ გადაგაწყდნენ. სამი დღე იქ დაიმალენით, ვიდრე მდევრები არ დაბრუნდებიან უკან, და შემდეგ წადით თქვენს გზაზე.“ და უთხრეს მას იმ კაცებმა: „ჩვენ თავისუფალნი ვიქნებით ამ შენი ფიცისაგან, რითაც დაგვაფიცე, თუ, როცა ჩვენ ამ ქვეყანაში შემოვალთ, ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიშვი, სარკმელს არ ექნება გამობმული. მამაშენი და დედაშენი და შენი ძმები და მთელი შენი მამისსახლეული შეკრიბე შენთან სახლში. და ყველა, ვინც გარეთ გამოვა შენი სახლის კარიდან, მისი სისხლი მის თავზე იქნება, ხოლო ჩვენ თავისუფალი ვიქნებით. და ყველა, ვინც შენთან იქნება, შენს სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვისიმე ხელი შეეხოს მას. და თუ შენ გათქვამ ამ ჩვენს ამბავს, მაშინ თავისუფალნი ვიქნებით შენი ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.“ და მან თქვა: „იყოს თქვენი სიტყვისამებრ!“ და გაისტუმრა ისინი. და დაადგნენ ისინი გზას, და მან მიაბა მეწამული თოკი სარკმელს. და წავიდნენ და მივიდნენ მთაში და დაჰყვეს იქ სამი დღე, ვიდრე მდევარი გაბრუნდებოდა. და ეძებდა მდევარი მთელ გზაზე და ვერ იპოვეს ისინი. და დაბრუნდა ეს ორი კაცი, და ჩამოვიდნენ მთიდან და გავიდნენ და მივიდნენ იესო ნავეს ძესთან, და უამბეს მას ყველაფერი, რაც შეემთხვათ. და უთხრეს იესოს: „უფალმა ჩაგვიგდო ხელში მთელი ქვეყანა და ქვეყნის ყველა მკვიდრი შეძრწუნებულია ჩვენს წინაშე.“ და ადგა იესო დილაადრიან, და აიყარნენ შიტიმიდან და მივიდნენ იორდანესთან ის და ყველა ისრაელის ძე, და გაათიეს იქ, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ. და სამი დღის შემდეგ ზედამხედველებმა მოიარეს მთელი ბანაკი, და უბრძანეს ხალხს ასე: „როდესაც იხილავთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, რომლებიც მას ატარებენ, თქვენც აიყარენით თქვენი ადგილიდან და მათ მიჰყევით უკან. ოღონდ მანძილი იყოს თქვენსა და კიდობანს შორის 2 ათას წყრთამდე; ნუ მიუახლოვდებით მას, რათა იცოდეთ გზა, რომლითაც უნდა იაროთ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ.“ და უთხრა იესომ ხალხს: „განიწმიდენით, რადგან ხვალ უფალი მოიმოქმედებს თქვენს შორის სასწაულებს.“ და უთხრა იესომ მღვდლებს ასე: „აიღეთ აღთქმის კიდობანი და ამ ხალხის წინ იარეთ.“ და აიღეს აღთქმის კიდობანი და წავიდნენ ხალხის წინ. და უთხრა უფალმა იესოს: „ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, შენთანაც ისევე ვიქნები. და შენ უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტვირთელთ, ასე: ‘როგორც კი იორდანეს წყლის ნაპირს მიადგებით, შეჩერდით.’“ და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: „მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის, სიტყვები.“ და თქვა იესომ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და ის განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს. აჰა, აღთქმის კიდობანი მთელი ქვეყნის უფლისა გადალახავს თქვენს წინაშე იორდანეს. და ახლა ამოირჩიეთ 12 კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო კაცი თითო ტომიდან. როდესაც კიდობნის, მთელი ქვეყნის უფლის კიდობნის მტვირთელი მღვდლების ფეხის ტერფები ჩადგებიან იორდანეს წყლებში, წყალი გაიპობა: მათ ქვემოთა წყალი ჩაიწრიტება, ზემოდან მომდინარე წყალი კი შეჩერდება და კედლად შედგება.“ და აიყარა ხალხი თავისი კარვებიდან იორდანეს გადასალახავად, და აღთქმის კიდობნის მტარებელი მღვდლები გაუძღვნენ მათ წინ. ყანების მკის დრო იყო, როცა იორდანე წყალუხვია და ნაპირებზე გადმოდის. მაგრამ როგორც კი კიდობნის მტვირთველმა მღვდლებმა ფეხი ჩადგეს წყალში, ზემოდან მომდინარე წყლები შეჩერდა და კედლად აღიმართა – კარგა შორს, ადამთან, რომელიც ცართანის გვერდით მდებარეობს. და მარილოვანი ზღვისკენ მიმდინარე წყლები სრულიად ჩაიწრიტა, და ხალხმა იერიხოს პირდაპირ გადაიარა. და იდგნენ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მშრალზე, შუაგულ იორდანეში მყარად. და მთელი ისრაელი გადადიოდა მშრალზე, ვიდრე არ დაასრულა მთელმა ერმა იორდანეს გადალახვა. და როცა დაასრულა მთელმა ხალხმა იორდანეს გადალახვა, უფალმა უბრძანა იესოს: „ამოირჩიე ხალხიდან 12 კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან, და უბრძანე მათ ასე: ‘აიღეთ აქედან, შუაგული იორდანეს ამ ადგილიდან, სადაც მტკიცედ უდგათ მღვდლებს ფეხი, 12 ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევარში, სადაც ეს ღამე უნდა გაათიოთ.’ “ და მოუხმო იესომ თორმეტ კაცს, რომლებიც განაწესა ისრაელიანთაგან, თითოს თითო ტომიდან და უთხრა: „გაიარეთ უფლის, თქვენი ღმერთის, კიდობნის წინ, იორდანეს შუაგულამდე, და მხარზე შეიდოს თითოეულმა თქვენგანმა თითო ქვა, ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით, რათა ეს იყოს ნიშანი თქვენს შორის. როცა გკითხავენ თქვენი ძენი: რის ნიშნადა გაქვთო ეს ქვები? უთხარით: იმის ნიშნად-თქო, რომ შედგა იორდანეს წყალი უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, როცა ის მასზე გადაჰქონდათ. და გექნებათ ეს ქვები თქვენ, ისრაელიანთ, სამახსოვროდ უკუნისამდე.“ და ისე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც იესომ უბრძანა მათ: აიღეს შუაგული იორდანეს ფსკერიდან ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით 12 ქვა, როგორც უფალმა უთხრა იესოს, გადაიტანეს თავიანთ სათევარში და იქ დააწყვეს. (და 12 ქვა აღმართა იესომ შუა იორდანეში, იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტარებლებს, და იქ აწყვია ისინი დღემდე.) კიდობნის მტვირთველი მღვდლები იდგნენ შუაგულ იორდანეში, ვიდრე არ შესრულდა ყველა ის სიტყვა, რომელიც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს; და ამასობაში ხალხი გამალებული გადადიოდა მეორე ნაპირზე. როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ. და გადალახეს რეუბენის ძეთ და გადის ძეთ, და მანაშეს ნახევარმა ტომმა – იარაღასხმულებმა, ისრაელის ძეთა წინ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს. 40 ათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხოს ველზე საბრძოლველად. იმ დღეს განადიდა უფალმა იესო ისრაელიანთა თვალში. და ეშინოდათ მისი, როგორც ეშინოდათ მოსესი, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. და ასე უთხრა უფალმა იესოს: „უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტვირთელებს, ამოვიდნენ იორდანედან.“ და უბრძანა იესომ მღვდლებს: „ამოდით იორდანედან!“ და როგორც კი ამოვიდნენ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები, შუაგული იორდანედან, და როგორც კი ფეხი დადგეს მიწაზე, დაბრუნდა იორდანეს წყალი თავის ადგილას და დინება იწყო როგორც წინათ, და თავის სანაპიროთა დატბორვა. და ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს, და დაბანაკდა გილგალში, ქალაქ იერიხოს აღმოსავლეთით. და 12 ქვა, რომლებიც წამოიღეს იორდანედან, იესომ გილგალში აღმართა. და უთხრა ისრაელიანთ: „როცა მომავალში შეგეკითხებიან თქვენი ძენი: ეს რა ქვები არისო? მოუყევით, როგორ გადმოიარეს ისრაელიანებმა იორდანე მშრალზე. რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, რათა გადმოგევლოთ იგი, როგორც გააკეთა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვაზე, რომელიც დააშრო ჩვენს წინაშე, რათა გადმოგვევლო ჩვენ. რათა ქვეყნიერების ყველა ხალხებს სცოდნოდათ, რაოდენ ძლიერია უფლის მარჯვენა, და რათა მარად გეშინოდეთ თქვენი უფალი ღმერთისა.“ როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის ამორეველთა მეფეებმა, და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ დააშრო უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე ისინი გადალახავდნენ მას, გული შეუდრკათ და სული გაეპარათ ისრაელიანთა შიშით. იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: „გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინადაცვითე ისრაელიანთ.“ და გააკეთა იესომ კაჟის დანები, და წინადაცვითა ისრაელიანთ გიბეყათ-ჰაყარალოთთან. აი მიზეზი, რატომაც წინადაცვითა იესომ ისინი: ეგვიპტიდან გამოსული ყველა მამაკაცი, ვისაც ბრძოლა შეეძლო, უდაბნოს გზაზე, დაეცა ხეტიალისას ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი წინადაცვეთილი იყო, ხოლო ის ვინც უდაბნოში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ, არ იყო წინადაცვეთილი. რადგან ორმოც წელიწადს ხეტიალობდნენ ისრაელიანები უდაბნოში, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელთაც არ შეისმინეს უფლის ხმა, რომელმაც დაფიცა, რომ ისინი ვერ იხილავდნენ იმ ქვეყანას, რომელიც რძესა და თაფლს გამოადინებს, და რომელიც ფიცით აღუთქვა ჩვენს მამებს, რომ მოგვცემდა ჩვენ. და მათი ძენი, რომლებიც მათ ნაცვლად დაადგინა, წინადაცვითა იესომ, რაკი წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, რადგან გზაში წინადაცვეთა არ ხდებოდა. და როცა წინადაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე. და უთხრა უფალმა იესოს: „დღეს მე მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი!“ რის გამოც იმ ადგილს დღემდე ეწოდება გილგალი. და დაიბანაკეს ისრაელის ძეთ გილგალში, და შეასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს, საღამოს, იერიხოს ველებზე. და ჭამეს პასექის მეორე დღეს ამ ქვეყნის ნაყოფთაგან ხმიადი და ქუმელი იმავე დღეს. და შეწყდა მანანა მეორე დღეს, რაც ჭამეს მიწის ნაყოფი, და აღარ იყო ისრაელის ძეთათვის მანანა, და ჭამდნენ ქანაანის მიწის მოსავალს იმ წელს. და ერთხელ, როცა იესო იერიხოსთან იყო, აახილა თვალი და დაინახა მის წინ მდგომი კაცი, გაშიშვლებული მახვილით ხელში. და წავიდა იესო მისკენ, და ჰკითხა მას: „ჩვენი ხარ, თუ ჩვენი მტრებისა?“ და მან უთხრა: „არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი მე აქ.“ და დაემხო იესო მიწაზე, და თაყვანი სცა და უთხრა მას: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?“ და უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: „გაიძვრე ფეხზე ხამლები, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმიდაა.“ და ასეც მოიქცა იესო. ჩაიკეტა იერიხოს კარიბჭე და ჩარაზული იყო ისრაელის ძეთა შიშის გამო. არავინ გამოდიოდა იქიდან და არც ვინმე შედიოდა. და უთხრა უფალმა იესოს: „აჰა, შენ გაძლევ იერიხოს, მის მეფეს და მის მამაც მეომრებს. დაე თქვენმა მხედრობამ გარს შემოუაროს ქალაქს დღეში ერთხელ, ექვსი დღის მანძილზე. და შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს კი შვიდგზის შემოუარეთ ქალაქს, მღვდლებმა კი შვიდგზის დასცენ ბუკი. და როცა დასცემენ ვერძის რქის ბუკს და გაიგონებთ ბუკის ხმას, მთელმა ხალხმა დასცეს დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩაიქცევა ქალაქის კედლები, და ზედ ავა ხალხი თითოეული თავისი მხრიდან.“ და მოუხმო იესო ნავეს ძემ, მღვდლებს და უთხრა მათ: „წაიღეთ აღთქმის კიდობანი. შვიდმა მღვდელმა კი ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი უფლის კიდობნის წინ.“ და უთხრა ხალხს: „წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს და შეჭურვილებმა იარონ უფლის კიდობნის წინ.“ და როგორც კი იესომ ხალხს ეს უთხრა, ბუკსა სცა შვიდმა მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი, უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ. შეჭურვილი მებრძოლნი წინ მიუძღოდნენ მღვდლებს, რომლებიც ბუკსა სცემდნენ, და უკანანი კიდობანს უკან მიჰყვებოდნენ და წამდაუწუმ ბუკსა სცემდნენ. და ხალხს უბრძანა იესომ: „ნუ იყიჟინებთ და ნურავის გააგონებთ თქვენს ხმას, და სიტყვა არ დაგცდეთ ბაგეთაგან იმ დღემდე, ვიდრე მე არ გეტყვით: დაეცით-მეთქი ყიჟინა! და თქვენც მაშინ დასცემთ ყიჟინას.“ და გარს შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე; და მივიდნენ ბანაკში, და გაათიეს ბანაკში. და ადგა იესო დილაადრიანად, და წაიღეს მღვდლებმა კიდობანი უფლისა. და შვიდი მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი, უფლის კიდობნის წინ მიდიოდა, და მიმავალი ბუკსა სცემდა; შეჭურვილი მეომრები წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უკან მიჰყვებოდნენ უფლის კიდობანს და გზადაგზა ბუკსა სცემდნენ. და გარს შემოუარეს ქალაქს მეორე დღესაც ერთგზის, და დაბრუნდნენ ბანაკში. და ასე აკეთებდნენ ექვსი დღის მანძილზე. ხოლო მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და გარსშემოუარეს ქალაქს იმავე წესით შვიდგზის. და იყო მეშვიდე ჯერზე, როცა ბუკი დასცეს მღვდლებმა, მაშინ უთხრა იესომ ხალხს: „დაეცით ყიჟინა, რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ ეს ქალაქი! უფლისათვის დარისხებული უნდა იყოს ეს ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთანაა სახლში, უნდა დარჩნენ ცოცხალი, რადგან მან დამალა ჩვენი გაგზავნილი მსტოვრები. გაფრთხილდით, დარისხებული არაფერი აიღოთ! თორემ მთელ ისრაელიანთა ბანაკს მოაწევს დარისხება – უბედურებას დაატეხთ ყველას. მთელი ვერცხლი და ოქრო, ბრინჯაოსა და რკინის ჭურჭელი წმიდაა უფლისათვის, უფლის საუნჯეში უნდა შევიდეს ის.“ ხალხი ახმაურდა და ბუკებსაც ჩაჰბერეს. და როგორც კი ხალხმა საყვირის ხმა გაიგონა, დიდი ყიჟინა ატეხა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები; და ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი. და დაარისხეს ყველაფერი, რაც ქალაქში იყო: კაცი და ქალი, ჭაბუკი და ხნიერი, ხარი, ცხვარი, თხა და სახედარი. და უთხრა იესომ იმ ორ ჭაბუკს, ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასული: „მიდით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის და ყველა, ვინც მასთანაა, როგორც შეჰფიცეთ მას.“ და მივიდნენ ის ჭაბუკები, ქალაქის დასაზვერად რომ იყვნენ, და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, მისი ძმა და მთელი მისი ოჯახი, ყველა, ვინც მას ჰყავდა, და დატოვეს ისინი ისრაელის ბანაკს გარეთ. და ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, ბრინჯაოსა და რკინის ჭურჭელი შემატეს უფლის ტაძრის საუნჯეს. და მეძავი რახაბი და მამამისის სახლი და ყველა, ვინც მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ, და ის დარჩა ისრაელში ამ დღემდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იესომ გაგზავნა იერიხოს დასაზვერად. მაშინ დაიფიცა იესომ, ასე: „წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააგებს ამ ქალაქს – იერიხოს! თავის პირმშოზე დააფუძნოს მისი საძირკველი, და თავის უმცროსზე დადგას მისი კარიბჭე.“ და იყო უფალი იესოსთან, და განითქვა მისი სახელი მთელს იმ ქვეყანაში. მაგრამ ისრაელიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და დარისხებულიდან აიღეს. და წილი აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზერახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელიანებზე. და გააგზავნა იესომ კაცები იერიხოდან ღაისაკენ, ბეთ-ავენის მახლობლად რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით, და უთხრა მათ: „ადით და დაზვერეთ ქვეყანა.“ და ავიდნენ ის კაცები და დაზვერეს ღაი. და დაბრუნდნენ იესოსთან, და უთხრეს მას: „ნუ ავა მთელი ხალხი. 2-3 ათასი კაცი ავიდეს და საკმარისი იქნება, რომ შემუსრონ ღაი. ნუ გარჯი იქ მთელ ხალხს, რადგან ცოტანი არიან ისინი.“ და წავიდა იქ 3 ათასამდე კაცი, მაგრამ უკუექცნენ ღაის მცხოვრებთ. და დახოცეს მათგან ღაის კაცებმა 36 კაცი, და დაედევნენ ისინი ისრაელიანთ ქალაქის კარიბჭიდან შებარიმამდე და ხოცავდნენ გზადაგზა. და შეუდრკა ხალხს გული, შიშით მიელიათ. და შემოიხია იესომ სამოსელი, და დაემხო მიწაზე პირქვე უფლის კიდობნის წინ საღამომდე, ისრაელის უხუცესებთან ერთად, და თავზე მტვერსა და ნაცარს იყრიდნენ. და თქვა იესომ: „ვაი, უფალო ღმერთო! რისთვის გადმოალახინე ამ ხალხს ეს იორდანე, ნუთუ იმისთვის, რომ ამორეველთა ხელში ჩაგვეგდო თავი დასაღუპად? ნეტა იორდანეს გაღმა დავმკვიდრებულიყავით! ოჰ, უფალო, რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა თავის მტრებს ზურგი უჩვენა?! გაიგებენ ქანაანელნი და ქვეყნის ყველა მკვიდრი, და გარს შემოგვერტყმიან და ქვეყანაზე მოსპობენ ჩვენს სახსენებელს! და რა ელის შენს დიად სახელს?“ და უთხრა უფალმა იესოს: „ადექი, რას დამხობილხარ პირქვე? შესცოდა ისრაელმა და დაარღვია ჩემი აღთქმა, რაც ვუბრძანე მათ: აიღეს დარისხებულიდან, მოიპარეს, დამალეს და დადეს თავის ჭურჭელთან. და ამიტომაც წინ ვერ აღუდგნენ ისრაელის ძენი თავიანთ მტრებს, ზურგი უჩვენეს მტერს, რადგან თავად გახდნენ დარისხებულნი. და აღარ ვიქნები მე თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენს შორის დარისხებულს. ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: განიწმიდენით ხვალისათვის, რადგან ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: ‘დარისხებულია შენს შორის, ისრაელ! წინ ვერ აღუდგები შენს მტრებს, ვიდრე დარისხებულს არ მოიშორებ თავიდან!’ ხვალ დილით თითო-თითო ტომი მოდექით თქვენი ტომებიდან; და იმ ტომიდან, რომელზეც უფალი მიანიშნებს, თითო-თითო საგვარეულო მოდგეს; და იმ საგვარეულოდან, რომელზეც უფალი მიანიშნებს, თითო-თითო სახლი მოდგეს; და რომელ სახლზეც უფალი მიანიშნებს, თითო-თითო კაცი მოდგეს მისგან. და დარისხებულის აღებაში დაჭერილი დაიწვას ცეცხლში, ის და მთელი მისი საბადებელი, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უკეთურება ჩაიდინა ისრაელში.“ და ადგა იესო დილაადრიან და უბრძანა ისრაელიანთ მასთან მოსვლა ტომების მიხედვით, – და გამოჩნდა იუდას ტომი. უბრძანა იუდას ტომის საგვარეულოებს მოსვლა, და გამოჩნდა ზერახის საგვარეულო. და უბრძანა ზერახის საგვარეულოს კაცებს მოსვლა, და გამოჩნდა ზაბდი. და უბრძანა მისი სახლიდან კაცებს და გამოჩნდა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზერახისა იუდას ტომიდან. და უთხრა იესომ ყაქანს: „ჩემო შვილო, პატივი მიაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, და მადლი შესწირე მას და მიამბე, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ.“ და მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: „ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ასე და ასე გავაკეთე. და დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული მოსასხამი, და 200 შეკელი ვერცხლი და 50 შეკელიანი ერთი ოქროს ზოდი, და დავხარბდი და ავიღე. და, აჰა, მიწაში მაქვს დაფლული ჩემს კარავში, ვერცხლი კი მის ქვეშაა.“ და გაგზავნა იესომ მაცნეები და ისინიც გაიქცნენ კარვისაკენ. და აჰა, ნახეს დამალული მის კარავში, და ვერცხლი მის ქვეშ. და წამოიღეს ეს კარვიდან და მიუტანეს იესოს და ყველა ისრაელის ძეს, და დაყარეს იგი უფლის წინაშე. და წაიყვანა იესომ ყაქანი, ძე ზერახისა, ვერცხლით და მოსასხამით და ოქროს ზოდითურთ და მისი ძენი, და მისი ასულნი, და მისი ხარი, და მისი სახედარი, და მისი ცხვარი, და მისი კარავი, და მთელი მისი საბადებელი. და მთელი ისრაელი მასთან იყო, და წაიყვანეს ისინი ყაქორის ველზე. და უთხრა იესომ: „რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხოს შენ უფალმა უბედურება!“ და დაუშინა მას მთელმა ისრაელმა ქვა; და დაწვეს ისინი ცეცხლით და ჩაქოლეს ქვით. და აღმართეს მასზე დიდი გროვა ქვებისა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. და დაიცხრო უფალმა რისხვა. ამიტომაც ეწოდება დღემდე იმ ადგილს სახელად ყაქორის ველი. უთხრა უფალმა იესოს: „ნუ შეშინდები და ნუ შედრკები. თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი ღაიზე სალაშქროდ. ხელში ჩაგიგდებ ღაის მეფეს და მის ხალხს, მის ქალაქსა და მის ქვეყანას. და მოექეცი ღაის და მის მეფეს, როგორც მოექეცი იერიხოს და მის მეფეს, ნადავლი და პირუტყვი კი თქვენ გაინაწილეთ; საფარი მოაწყე ღაის გვერდით, ქალაქის მეორე მხარეს.“ და ადგა იესო და მთელი მებრძოლი ხალხი ღაიზე გასალაშქრებელად. და ამოირჩია იესომ 30 ათასი მამაცი მეომარი, გაგზავნა ისინი ღამით და ასეთი ბრძანება მისცა მათ: „იცოდეთ, საფარში უნდა ისხდეთ ქალაქის მეორე მხარეს და ძალიან არ უნდა მოშორდეთ მას. მზად ყოფნაში იყავით ყველა. და როცა მე ქალაქს მივადგები, ჩემთან მყოფი მთელი ხალხით, გამოვლენ ისინი ჩვენს დასახვედრად, როგორც მანამდე იყო, ჩვენ გავექცევით მათ. ისინი დაგვედევნებიან უკან, რაკი იფიქრებენ, რომ უწინდელივით გაგვირბიანო. ჩვენ კი მანამ გავექცევით, ვიდრე ქალაქს არ მოვწყვეტთ მათ. მაშინ ადგებით თქვენი საფარიდან და დაეუფლებით ქალაქს. და ხელში ჩაგიგდებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი. და როცა აიღებთ ქალაქს, ცეცხლს მიეცით ის; მოიქეცით უფლის სიტყვისამებრ. აჰა, მე გიბრძანებთ თქვენ.“ და გაგზავნა ისინი იესომ, და წავიდნენ საფარში, და ჩასხდნენ ბეთელსა და ღაის შუა, ღაის დასავლეთით. და გაათია იესომ ის ღამე ხალხში. და ადგა იესო დილაადრიანად და დაათვალიერა ხალხი, და ისრაელის უხუცესებთან ერთად ხალხს ღაისკენ წაუძღვა. და მთელი მეომრები, ვინც მასთან იყვნენ, ავიდნენ, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ღაის ჩრდილოეთით. ღარტაფი იყო ღაისა და მათ შორის. და გამოირჩია იესომ 5 ათასამდე კაცი, და ჩაასაფრა ბეთელსა და ღაის შუა, ქალაქის დასავლეთით. და მოიცვა ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო; ჩასაფრებული რაზმი კი ქალაქის დასავლეთით იყო. და გავიდა იესო იმ ღამეს შუაგულ ველზე. როგორც კი დაინახა ეს ღაის მეფემ, ქალაქის მამაკაცებმა ისწრაფეს, ადგნენ ადრიანად და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ დროს ყარაბას წინ. მან არ იცოდა, თუ მტერი იყო ჩასაფრებული ქალაქის უკან. და იესო და მთელი ისრაელი, თითქოს დამარცხდნენო მათ წინაშე, გაიქცნენ უდაბნოს გზით. და დასცა ყიჟინა მთელმა ხალხმა, რომელიც ღაიში იყო, რათა დადევნებოდა მათ, და გამოედევნენ იესოს და მოსწყდნენ ქალაქს. და კაცი არ დარჩენილა ღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გამოჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და ისრაელიანთ დაედევნენ უკან. და უთხრა უფალმა იესოს: „ღაის მოუღერე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან მას ხელში ჩაგიგდებ.“ და მოუღერა იესომ ქალაქს შუბი, ხელში რომ ეჭირა. და ჩასაფრებულები უმალ წამოიშალნენ თავიანთი ადგილებიდან და გაიქცნენ, როდესაც იესომ ხელი მოუღერა ქალაქს, შიგ შეიჭრნენ და აიღეს იგი; და აღარ დაუყოვნებიათ – ცეცხლს მისცეს ქალაქი. და უკან მოიხედეს ღაის მამაკაცებმა და დაინახეს ქალაქის კვამლი ზეცას რომ სწვდებოდა. და აღარ დარჩათ მათ გასაქცევი ადგილი არც იქით, არც აქეთ. და უდაბნოსაკენ გაქცეული ხალხი შემოუბრუნდა მდევრებს. და დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა აიღეს ქალაქი, და ქალაქს კვამლი ავარდა, მობრუნდნენ და მოსრეს ღაის მცხოვრებნი. და ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად, და ისრაელიანთა შორის მოექცნენ ღაის მკვიდრნი, აქედანაც და იქიდანაც. და მუსრეს ისინი ისრაელიანებმა, და არ გაუშვეს მათ გადარჩენილი და ლტოლვილი. და შეიპყრეს ღაის მეფე ცოცხლად და მიჰგვარეს იგი იესოს. და როცა მორჩა ისრაელი ღაის ყველა მკვიდრის დახოცვას ველზე, უდაბნოში, სადამდეც გაიტყუეს ისინი, და ყველანი დაეცნენ მახვილის პირით, შემობრუნდა მთელი ისრაელი ღაისაკენ და შემუსრეს ისიც მახვილით. და იმ დღეს სულ 12 ათასი კაცი და ქალი დაეცა ღაის მცხოვრებთაგან. და იესოს არ ჩამოუშვია ხელი, რომლითაც შუბი მოუღერა, ვიდრე არ მოსპო ღაის ყველა მცხოვრები. და იმ ქალაქისა მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა თავისთვის ისრაელმა, უფლის სიტყვისამებრ, რომელიც მან უბრძანა იესოს. და გადაწვა იესომ ქალაქი ღაი, საუკუნო ნანგრევებად და უკაცრიელ ადგილად აქცია, დღევანდლამდე. ღაის მეფე კი ჩამოჰკიდა ხეზე, საღამომდე. და მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ, და ხიდან ჩამოხსნეს მისი გვამი, ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს და ზედ ქვის დიდი ყორე აღმართეს რომელიც შემორჩენილია დღემდე. მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე, როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელიანებს. ისე ააგო, როგორც ეს სწერია მოსეს რჯულის წიგნში – „სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისგან, რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ.“ და აღუვლინეს მასზე სრულადდასაწველები უფალს, და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი. და გადააწერა იმ ქვებს მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მას ისრაელის ძეთა წინაშე. და მთელი ისრაელი, და მისი უხუცესნი, და ზედამხედველნი, და მისი მსაჯულნი იდგნენ კიდობნის აქეთ-იქით, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი ლევიანი მღვდლების პირდაპირ, როგორც ხიზანი, ისე მკვიდრი. მათი ნახევარი იდგა გერიზიმის მთის პირდაპირ, და მეორე მისი ნახევარი – ღებალის მთის პირდაპირ, როგორც ადრევე უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის ერის საკურთხებლად. და შემდეგ წაიკითხა იესომ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, რჯულის წიგნში ჩაწერილის მიხედვით. არ ყოფილა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, იესოს რომ არ წაეკითხა მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების და პატარებისა და ხიზნების წინაშე, რომელნიც მათ შორის იყვნენ მოსულნი. ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, მთასა და ბარში, დიდი ზღვის სანაპიროზე, ლიბანის ახლოს, ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხიველებმა და იებუსელებმა, თავი ერთად მოიყარეს, რომ შებრძოლებოდნენ იესოსა და ისრაელს ერთსულოვნად. როდესაც გაიგეს გიბეონის მკვიდრებმა, რა უყო იესომ იერიხოსა და ღაის, ცბიერად მოიქცნენ: წავიდნენ და დაიმზადეს საგზალი, და აჰკიდეს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეთქილი და გადაკერებული ტიკები, თავიანთ სახედრებს. ფეხზეც გაცვეთილი და დაკერებული ფეხსამოსი ეცვათ და ტანზეც გაცვეთილი სამოსელი ემოსათ. გამხმარი და დაობებული პური იყო მთელი მათი საგზალი. და მივიდნენ იესოსთან ბანაკში, გილგალში, და უთხრეს მას და მთელ ისრაელს: „შორი ქვეყნიდან მოვედით ჩვენ, და ახლა აღთქმა დაგვიდეთ.“ და უთხრეს ისრაელიანებმა ხიველებს: „როგორ უნდა დაგიდოთ აღთქმა? ერთიც ვნახოთ და, შენ ჩვენს შორისა მკვიდრობ?“ და უთხრეს იესოს: „შენი მსახურები ვართ.“ და ჰკითხა მათ იესომ: „ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?“ მათ უთხრეს: „ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მსახურნი, უფლის, შენი ღმერთის, სახელით, რადგან გვსმენია მისი ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა, და ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, რომელნიც იყვნენ იორდანეს გაღმა: სიხონს – ხეშბონის მეფეს, და ყოგს – ბაშანის მეფეს, რომელიც ყაშთაროთში მმართველობდა. და გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრმა ასე: ხელში აიღეთო საგზალი, წადით მათ შესახვედრად და უთხარით: ‘ჩვენ თქვენი მსახურები ვართ და ახლა დაგვიდეთ აღთქმა.’ ეს ჩვენი პური, ჯერ კიდევ თბილი იყო, როცა საგზლად წამოვიღეთ ჩვენი სახლებიდან იმ დღეს, თქვენთან წამოსასვლელად რომ გამოვედით, და ახლა ის გამხმარია და დაობებული. და ეს ღვინის ტიკები, რომ ავავსეთ, ახლები იყო, და აჰა, დასკდა. და ჩვენი სამოსელი და ფეხსაცმელი გაცვდა ძალიან შორი გზის გამო.“ და აიღეს ისრაელიანებმა მათი საგზალი ისე, რომ უფლისთვის არც კი უკითხავთ. და სამშვიდობო ზავი შეკრა მათთან იესომ და პირობა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა. და შეჰფიცეს მათ თემის მთავრებმაც. სამი დღე რომ გავიდა კავშირის შეკვრიდან, გაიგეს, რომ ისინი მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს უცხოვრიათ. და აიყარნენ ისრაელის ძენი, და მესამე დღეს მივიდნენ მათ ქალაქებში. მათი ქალაქები იყო: გიბეონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი. და არ მოსრეს ისინი ისრაელის ძეთ, რადგან თემის მთავრებმა უფალი, ისრაელის ღმერთი, დაუფიცეს. და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე. და უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: „ჩვენ მათ უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ და ამიტომ მათი ხელის ხლება არ შეგვიძლია. ასე მოვექცევით მათ: ცოცხლებს დავტოვებთ, რომ არ დაგვატყდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ მათ.“ და უთხრეს მათ მთავრებმა: „იცოცხლონ!“ იმ დღიდან შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად ჰყავთ ისინი მთელ თემს, როგორც მთავრებმა გადაუწყვიტეს მათ. და მოუხმო მათ იესომ, და უთხრა: „რატომ მოგვატყუეთ, რომ გვითხარით: ძალიან შორსა ვბინადრობთო თქვენგან, და ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ? წყეულიმც იყავით ამიერიდან! ნუ გამოილევა თქვენგან მსახური, შეშის მჭრელები და წყლის მხაპავი ჩემი ღმერთის ტაძრისთვის.“ და მიუგეს იესოს და უთხრეს: „რადგან გაგებით გაგებული ჰქონდათ შენს მსახურთ, რაც უბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსეს, თავის მსახურს, რათა მოეცა თქვენთვის მთელი ეს ქვეყანა და გაენადგურებინა ყოველი მკვიდრი ამ ქვეყნისა თქვენს წინაშე, შეგვეშინდა ჩვენი სიცოცხლის გამო თქვენს წინაშე და ეს საქმე მოვიმოქმედეთ. და აჰა, ახლა შენს ხელთა ვართ. როგორც გიჯობდეს და სამართლიანი იყოს შენს თვალში, ჩვენს მიმართ მოქცევა, ისე მოგვექეცი.“ და ასე მოექცა იგი მათ: იხსნა ისინი ისრაელის ძეთა ხელიდან, და არ დახოცეს ისინი. და დააყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისათვის და უფლის სამსხვერპლოსათვის დღევანდლამდე, იმ ადგილას, რომელსაც უფალი ამოირჩევდა. და როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ იესომ აიღო ქალაქი ღაი, დაარისხა იგი და გაანადგურა; და ისევე მოექცა ღაისა და მის მეფეს იესო, როგორც იერიხოსა და მის მეფეს; და რომ დაეზავნენ გიბეონელნი ისრაელს და დარჩნენ მათ შორის, ძლიერ შეშინდა ის, რადგან დიდი ქალაქი იყო გიბეონი, ერთ-ერთი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა იგი ღაის და მამაცი მეომრები ჰყავდა. ამიტომ შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს – ხებრონის მეფეს, ფირამს – იარმუთის მეფეს, იაფიაყს – ლაქიშის მეფეს და დებირს – ყეგლონის მეფეს, და უთხრა: „ამოდით ჩემთან და შემეწიეთ მე, და მოვსრათ გიბეონი, რადგან იგი დაეზავა იესოს და ისრაელიანთ.“ და შეიყარა და ავიდა ხუთი ამორეველი მეფე: იერუსალიმისა, ხებრონისა, იარმუთისა, ლაქიშისა და ყეგლონისა მთელი თავიანთი ლაშქრით, დაიბანაკეს გიბეონთან, და ბრძოლა გაუმართეს მას. და შეუთვალეს გიბეონის კაცებმა იესოს გილგალის ბანაკში, და უთხრეს: „ნუ აიღებ ხელს შენს მსახურებზე. ჩქარა ამოდი ჩვენთან და გვიხსენი და შეგვეწიე, რადგან შეიყარა ჩვენს წინააღმდეგ ყველა ამორეველი მეფე – მთის მკვიდრნი.“ და გავიდა იესო გილგალიდან მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხითა და მამაცი მებრძოლით. და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია მათი, რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი, წინ ვერ დაგიდგება ვერცერთი მათგანი.“ და ანაზდეულად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნამგზავრი. და თავზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და შემუსრა ისინი იესომ დიდი შემუსვრით გიბეონში. დაედევნა ბეთ-ხორონის აღმართზე და მუსრავდა ყაზეკამდე და მაკედამდე. და იყო, როცა ისინი ისრაელს გაურბოდნენ ბეთ-ხორონის ფერდობზე, უფალი დიდ ქვებს უშენდა ზეციდან მათ – და იხოცებოდნენ. ასე იყო თვით ყაზეკამდე. და ქვის სეტყვით დახოცილი უფრო მეტი იყო, ვიდრე ისინი, ვინც ისრაელიანთ მოსრეს მახვილით. მაშინ ელაპარაკა იესო უფალს იმ დღეს, როდესაც უფალმა ამორეველები ჩაუგდო ხელში ისრაელიანთ. და თქვა იესომ ისრაელის თვალწინ: „მზეო, შეჩერდი გიბეონზე და მთვარევ – აიალონის ველზე!“ და შეჩერდა მზე, და მთვარე დადგა, ვიდრე არ იძია ერმა შური თავის მტრებზე. და განა არ სწერია ეს სიმართლის წიგნში: და მზე იდგა შუაგულ ცაზე მთელ დღეს და ჩასვენებას არ ჩქარობდაო? და არ ყოფილა ასეთი დღე არც უწინ და არც მის შემდგომ, რომ ასე შეესმინოს უფალს კაცის ხმა, რადგან უფალი იბრძოდა ისრაელისთვის. და დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში. და გაიქცა ის ხუთი მეფე და დაიმალა მაკედას მღვიმეში. ამბავი მიუტანეს იესოს: ხუთი მეფე მაკედას მღვიმეში აღმოჩნდაო დამალული. და თქვა იესომ: „მიაგორეთ დიდი ლოდები მღვიმის პირს და კაცები დაუყენეთ ყარაულად. თქვენ ნუ შეჩერდებით, დაედევნეთ უკან თქვენს მტრებს და ზურგიდან შეუტიეთ, და ნუ დაანებებთ მათ თავიანთ ქალაქებში შესვლას, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა.“ და როცა მორჩნენ იესო და ისრაელის ძენი მათ მუსვრას საშინელი მუსვრით, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურეს, ხოლო გადარჩენილნი გაექცნენ მათ და შევიდნენ გამაგრებულ ქალაქებში. დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში მშვიდობიანად. კაციშვილმა ვერ დაძრა ენა ისრაელის ძეთა წინააღმდეგ. და თქვა იესომ: „გახსენით მღვიმის პირი და გამოიყვანეთ ჩემთან ის ხუთი მეფე მღვიმიდან.“ და გააკეთეს ასე, და გამოუყვანეს მას ის ხუთი მეფე მღვიმიდან: მეფე იერუსალიმისა, მეფე ხებრონისა, მეფე იარმუთისა, მეფე ლაქიშისა და მეფე ყეგლონისა. და როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელ ისრაელს და უთხრა მხედართმთავრებს, რომელნიც იყვნენ მასთან: „ახლოს მოდექით და ფეხი დაადგით ქედზე ამ მეფეებს.“ და ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს მათ ფეხი. და უთხრა იესომ თავის მხედართმთავრებს: „ნუ შეგეშინდებათ და ნურც შეძრწუნდებით, გაძლიერდით და განმტკიცდით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი თქვენ შეებრძოლებით.“ და შემდეგ განგმირა ისინი იესომ, და ჩამოკიდა ხუთ ხეზე. და ასე ეკიდნენ ისინი ხეებზე საღამომდე. და მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან, და გადაყარეს მღვიმეში, რომელშიც იმალებოდნენ, და დიდრონი ქვები მიაყარეს მღვიმის პირს. და ასეა დღევანდლამდე. და მაკედა აიღო იესომ იმავე დღეს, და მოსრა იგი და მისი მეფე მახვილის პირით; დაარისხა ისინი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. და მაკედას მეფეს ისე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა. და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად მაკედადან ლიბნასაკენ, და ბრძოლა გაუმართა ლიბნას. და ხელში ჩაუგდო უფალმა ისიც და მისი მეფეც ისრაელს. და განგმირა მახვილის პირით იგი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო; არავინ დაუტოვებია ცოცხალი. და მის მეფეს ისე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა. და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ლიბნადან ლაქიშისაკენ, და დაიბანაკეს მის ახლოს, და ბრძოლა გაუმართეს. და ხელში ჩაუგდო უფალმა ლაქიში ისრაელს და აიღო იგი მეორე დღეს, და მოსრა მახვილის პირით იგი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო, ისევე, როგორც ლიბნაში. და მაშინ გამოვიდა ჰორამი, მეფე გეზერისა ლაქიშის საშველად, და იესომ განგმირა იგი და მისი ხალხი ისე, რომ არავინ დაუტოვებია მათგან ცოცხალი. და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ლაქიშიდან ყეგლონისაკენ, და დაიბანაკა მის ახლოს, და ბრძოლა გაუმართა. და იმავე დღეს აიღო იგი, და მოსრა მახვილის პირით ყოველი სული, ვინც იქ იყო, და იმავე დღეს გაანადგურა ისე, როგორც ლაქიში. და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ყეგლონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა. აიღეს ხებრონი და მოსრეს იგი მახვილით მისი მეფითურთ, და ყველა მისი ქალაქი, და ყოველი სული, ვინც იქ იყო და არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი, როგორც ყეგლონში. მოსპეს იგი და ყოველი სული, ვინც იქ იყო. და მობრუნდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად დებირისაკენ, და ბრძოლა გაუმართა. და მან აიღო იგი, და მისი მეფეც და მისი ყველა ქალაქი, და განგმირა ისინი მახვილის პირით, და მოსპეს ყოველი სული, ვინც იქ იყო, არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი. როგორც მოექცნენ ხებრონს, ეგრე მოექცნენ დებირს და მის მეფეს, და ლიბნას და მის მეფეს. და მოსრა იესომ მთელი მთიანეთი, სამხრეთი მხარე, ვაკობი, ფერდობები და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი, და გაანადგურა ყოველი სული, როგორც უბრძანა ისრაელის უფალმა ღმერთმა. და მოსრა ისინი იესომ კადეშ-ბარნეაყიდან ვიდრე ღაზამდე, და მთელი ქვეყანა გოშენისა ვიდრე გიბეონამდე. და ყველა ეს მეფე და მათი ქვეყანა აიღო იესომ ერთ ჯერზე, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი, იბრძოდა ისრაელისთვის. და დაბრუნდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად გილგალის ბანაკში. და როცა გაიგო ეს იაბინმა, ხაცორის მეფემ, მაშინვე შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, და შიმრონისა და აქშაფის მეფეებს, და აგრეთვე მეფეებს, რომელნიც მკვიდრობდნენ ჩრდილოეთში, მთასა და ბარში, ქინერეთის სამხრეთით, და ყარაბაში, და ნაფოთ-დორში, დასავლეთით. ქანაანელებს, რომლებიც მკვიდრობდნენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს და იებუსელებს – მთაში, ხიველებს ხერმონის ძირას, მიცფას ქვეყანაში. და გამოვიდნენ ისინი და მთელი ბანაკი მათთან ერთად, მრავალრიცხოვანი ხალხი, იმ ქვიშასავით უთვალავი, ზღვის ნაპირზე რომაა; ძალზე მრავალი იყო ცხენი და ეტლი. და შეიყარა ყველა ეს მეფე, და მოვიდნენ, და დაიბანაკეს ერთად მერომის წყლებთან, რათა ისრაელს შებრძოლებოდნენ. და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია მათი, რადგან ხვალ, ამ დროისთვის, ყველა მათგანს შევმუსრავ ისრაელის წინაშე; მათ ცხენებს ძარღვები გადაუჭერით და მათი ეტლები ცეცხლში დაწვით.“ იესო თავისი ჯარით მოულოდნელად მიადგა მერომის წყლებს და თავს დაესხა მტერს. და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს. მოსრეს ისინი ისრაელიანებმა და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე, და თვით მიცფეს ველამდე აღმოსავლეთით, და მოსრეს ისინი, და არავინ დაუტოვებიათ მათგან ცოცხალი. და ისე მოექცა მათ იესო, როგორც უთხრა მას უფალმა: მათ ცხენებს ძარღვები გადაუჭრა და მათი ეტლები ცეცხლში დაწვა. მაშინვე გამობრუნდა იესო და დაიპყრო ხაცორი, და მახვილით განგმირა მისი მეფე. მახვილის პირით ამოხოცეს ისრაელიანებმა ყოველი სული ვინც კი ქალაქში ცხოვრობდა, დაარისხეს, ცოცხალი არავინ დატოვეს, ხაცორი კი ცეცხლით დაწვა იესომ. და ყველა მეფე და ამ მეფეთა ყველა ქალაქი ჩაიგდო ხელში იესომ, და გაანადგურა ისინი მახვილის პირით, და დაარისხა, როგორც უფლის მსახურის, მოსეს, ბრძანება იყო. ისრაელიანთ არ დაუწვავთ ბორცვებზე გაშენებული არც ერთი ქალაქი, გარდა ხაცორისა, მხოლოდ ის დაწვა იესომ. და ამ ქალაქების მთელი ნადავლი და პირუტყვი თავისთვის დაიტაცეს ისრაელიანებმა; ხოლო ყველა ადამიანი მოსრეს მახვილის პირით მათ, ვიდრე არ გაანადგურეს მთლიანად, ერთიც არ დაუტოვებიათ ცოცხალი. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, თავის მსახურს, ასევე უანდერძა მოსემ იესოს, და ასევე შეასრულა იესომ, ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია იმისაგან, რაც უბრძანა უფალმა მოსეს. და აიღო იესომ მთელი ეს მთიანი ქვეყანა და მთელი ნეგები, მთელი გოშენის მხარე, შეფელა, და ყარაბა, ისრაელის მთა და ბარი – ხალაკის მთიდან მოკიდებული სეყირისაკენ, ვიდრე ბაყალ-გადამდე, ლიბანის ველზე, ხერმონის მთის ძირას, და ყველა მათი მეფე შეიპყრო და მოსრა. დიდხანს ებრძოდა იესო ამ მეფეებს. არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელის ძეთ, ხიველების, გიბეონის მკვიდრთა, გარდა. ისრაელიანებმა ყველა ქალაქი ბრძოლით აიღეს. რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს, და ბრძოლით ხვდებოდნენ ისრაელს, იმისათვის, რომ მისცემოდნენ დარისხებას, და არ ჰქონოდათ შეწყალება, არამედ ისე მომსპარიყვნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. იმხანადვე გაილაშქრა იესომ ყანაკელთა წინააღმდეგ და ამოწყვიტა ისინი მთაში, ხებრონში, დებირში, ყანაბში და იუდასა და ისრაელის მთელ მთიანეთში; მათი ქალაქებიანად დაარისხა ისინი იესომ. არავინ დარჩენილა ყანაკელთაგან ისრაელიანთა ქვეყანაში, მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ ისინი. და დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც აღუთქვა უფალმა მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, მათი ტომებისათვის დასანაწილებლად. და მოისვენა ქვეყანამ ომისაგან. აი, იმ ქვეყნების მეფეები, რომლებიც მოსრეს ისრაელიანთ, და დაიმკვიდრეს მათი ქვეყანა იორდანეს გაღმა აღმოსავლეთისაკენ, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე, და მთელი ყარაბა აღმოსავლეთისკენ: ამორეველთა მეფე სიხონი, რომელიც ხეშბონში იჯდა და ეჭირა ქვეყანა ყაროყერიდან მოკიდებული, რომელიც არნონის ველის თავზეა და თვით არნონის ველი, გალაადის ნახევარი, ვიდრე იაბოკის ხევამდე, რომლის იქითაც ყამონელნი ცხოვრობენ; დაბლობი ქინერეთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე, ანუ მარილოვან ზღვამდე, აღმოსავლეთით ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფისგას კალთებამდე; ყოგის მიწა-წყალი, ბაშანის მეფისა, რეფაიმთა უკანასკნელი ნატამალისა, რომელიც მკვიდრობდა ყაშთაროთსა და ედრეყში. და განმგებლობდა ხერმონის მთაზე და სალქასა და მთელ ბაშანზე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე, და ნახევარი გალაადი, ხეშბონის მეფის, სიხონის, საზღვრამდე. მოსემ, უფლის მსახურმა, და ისრაელიანებმა მოსრეს ისინი; და მისცა იგი მოსემ, უფლის მსახურმა, რეუბენის ძეთ, გადის ძეთა და მანაშეს ნახევარტომს სამკვიდროდ. და აი, იმ ქვეყნის მეფენი, რომელნიც მოსრეს იესომ და ისრაელის ძეთ იორდანეს გაღმა, დასავლეთით, ლიბანის დაბლობზე, ბაყალ-გადიდან ლიბანის ველზე ვიდრე ხალაკის მთამდე, რომელიც სეყირისაკენაა გადაჭიმული (მთელი ეს მიწები იესომ მისცა ისრაელის ტომებს სამკვიდროდ: გაუნაწილა მათი დასების მიხედვით მთებიც, შეფელაც, იორდანეს ველიც, მთის კალთებიც, უდაბნოცა და ნეგებიც; ხეთელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა მიწები): იერიხოს მეფე – ერთი; მეფე ღაისა, რომელიც ბეთელის გვერდითაა – ერთი; მეფე იერუსალიმისა – ერთი; მეფე ხებრონისა – ერთი; მეფე იარმუთისა – ერთი; მეფე ლაქიშისა – ერთი; მეფე ყეგლონისა – ერთი; მეფე გეზერისა – ერთი; მეფე დებირისა – ერთი; მეფე გედერისა – ერთი; ხორმას მეფე – ერთი; მეფე ყარადისა – ერთი; მეფე ლიბნისა – ერთი; მეფე ყადულამისა – ერთი; მეფე მაკედასი – ერთი, მეფე ბეთელისა – ერთი; მეფე თაფუახისა – ერთი; მეფე ხეფერისა – ერთი; მეფე აფეკისა – ერთი; მეფე შარონისა – ერთი; მეფე მადონისა – ერთი; მეფე ხაცორისა – ერთი; მეფე შიმრონ-მერონისა – ერთი; მეფე აქშაფისა – ერთი; მეფე თაყანაქისა – ერთი; მეფე მეგიდოსი – ერთი; მეფე კედეშისა – ერთი; მეფე იოკნეყამისა, ქარმელში – ერთი; მეფე დორისა, ნაფათ-დორში რომ არის – ერთი; მეფე გოიმისა, გილგალში რომ არის – ერთი; მეფე თირცასი – ერთი. სულ 31 მეფე. უკვე მოხუცი იყო იესო და დღეებს გარდასული, როცა უთხრა მას უფალმა: „შენ უკვე მოხუცი ხარ და დღეებს გარდასული, დასამკვიდრებელი მიწა-წყალი კი ძალიან ბევრი დარჩა. აჰა, მიწები, რომლებიც დაუნაწილებელი დარჩა: ფილისტიმელთა მთელი მხარე და გეშურელთა მთელი ქვეყანა. მთელი მიწა-წყალი შიხორიდან, ეგვიპტის საზღვართან რომ არის, და ყეკრონის ჩრდილოეთ საზღვრამდე, ქანაანის ნაწილად ითვლება; იქვე ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზა, აშდოდი, აშკელონი, გათი და ყეკრონი. ეს არის ყავიმელთა მიწა-წყალი სამხრეთში. ეს ყოველივე ქანაანელთა მიწა-წყალია ციდონელთა მეყარადან აფეკამდე ედა ამორეველთა საზღვრებამდე. და გებალელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით, ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირიდან, ხამათის მისასვლელამდე. მთის ყველა მკვიდრი ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდე, ყველა ციდონელს განვდევნი ისრაელის ძეთა წინაშე. ოღონდ წილისყრით გაუნაწილე სამკვიდროდ ისრაელს, როგორც მე გიბრძანე. და ახლა გაუნაწილე ქვეყანა სამკვიდროდ ცხრა ტომსა და მანაშეს ნახევარტომს.“ მანაშეს ნახევარტომს (და მასთან ერთად რეუბენის ტომსა და გადის ტომს) უკვე მიღებული ჰქონდა თავიანთი სამკვიდრო მიწა, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, მის აღმოსავლეთით. უფლის მსახურმა მოსემ მისცა მათ მიწა-წყალი დაწყებული ყაროყერიდან, არნონის ველზე რომაა, და ქალაქი, რომელიც არნონის ველზეა, და მთელი ვაკე მედებადან ვიდრე დიბონამდე, და ყველა ქალაქი სიხონისა, ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში (ყამონელთა საზღვრამდე), ასევე გალაადი და მხარე გეშურელთა, და მაყაქათელთა, და მთელი ხერმონის მთა და მთელი ბაშანი ვიდრე სალქამდე (მთელი მიწა-წყალი ყოგისა, ბაშანის მეფისა, რომელიც მბრძანებლობდა ყაშთაროთსა და ედრეყში; ისღა იყო რეფაიმელთა უკანასკნელი ნატამალიდან). ეს მეფეები სძლია მოსემ და დაეპატრონა მათ მიწა-წყალს. და არ განუდევნიათ ისრაელიანთ გეშურელნი და მაყაქათელნი – ისინი დღემდე ცხოვრობენ ისრაელიანთა შორის. მხოლოდ ლევის ტომისთვის არ მიუცია მოსეს წილი. მათი წილი არის უფლის, ისრაელის ღმერთის, მსხვერპლები, როგორც უთხრა უფალმა მოსეს. და მისცა მოსემ რეუბენის ძეთა ტომს საგვარეულოების მიხედვით. მათი მიწა-წყალი იწყებოდა ყაროყერიდან, არნონის ველზე რომ არის, და ქალაქი, რომელიც არნონის ველზეა, და ასევე მთელი ვაკე, მედებამდე, ხეშბონი და ყველა ქალაქი, რომელიც მის გვერდითაა ვაკობზე, – დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი, იაჰცა, კედემოთი, მეფაყათი, კირიათაიმი, სიბმა, ცერეთ-შახარი, რომელიც ყემეკის მთაზეა, ბეთ-ფეღორი, ფისგას კალთები და ბეთ-იეშიმოთი – ვაკის ყველა ქალაქი და მთელი სამეფო სიხონისა, ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, რომელიც მოსრა მოსემ, ის და მიდიანელი სარდლები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რებაყი, მკვიდრნი ამ ქვეყნისა. და ბალაამი, ძე ბეყორისა, მისანი, მოკლეს ისრაელის ძეთ მახვილით, მათ მიერ სხვა მოკლულთა რიცხვში. და რეუბენის ძეთა საზღვრად იყო იორდანე. რეუბენის ძეთა წილ-ხვედრი იყო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები და მათი სოფლები. და გამოუყო მოსემ სამკვიდრო გადის ტომს, გადის ძეთ, მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო მათი სამკვიდრო იაყზერი, და გალაადის ყველა ქალაქი, და ყამონელთა ნახევარი ქვეყანა ვიდრე ყაროყერამდე, რაბას ახლოს რომ არის, და ხეშბონიდან ვიდრე რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, და მახანაიმიდან დებირის საზღვრამდე, და ველზე: ბეთ-ჰარამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი, ცაფონი და სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. იორდანე ესაზღვრებოდა მას ქინერეთის ზღვის კიდემდე, იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით. ეს იყო სამკვიდრო გადის ძეთა მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები და მათი სოფლები. და მისცა მოსემ მანაშეს ნახევარტომს სამკვიდრო, და ეს იყო მანაშეს ძეთა ნახევარტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო საზღვარი მათი: მახანაიმიდან მთელი ბაშანი, მთელი სამეფო ყოგისა, ბაშანის მეფისა, და ყველა სოფელი იაირისა, რომელიც ბაშანშია – 60 ქალაქი. და ნახევარი გალაადი, და ყაშთაროთი, და ედრეყი – ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში ერგოთ მანაშეს ძის, მაქირის, შთამომავლებს, მაქირის ძეთა ნახევარს, მათი საგვარეულოების მიხედვით. ეს არის, რაც გაანაწილა მოსემ მოაბის ვაკობზე, იორდანეს აღმოსავლეთით – იერიხოს მდინარისა. ლევის ტომისთვის არ მიუცია მოსეს სამკვიდრო. მათი სამკვიდრ – ასე უთხრა მათ მოსემ – თავად უფალი, ისრაელის ღმერთია. ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელის ძეთ ქანაანის ქვეყანაში, რაც დაუმკვიდრეს მათ ელეაზარ მღვდელმა და იესო ნავეს ძემ, და ისრაელის ძეთა ტომების მთავრებმა. წილისყრით დაუმკვიდრეს მათ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს პირით, ცხრა ტომსა და მანაშეს ნახევარტომს. რადგან მოსემ სამკვიდრო ორ ტომსა და მანაშეს ნახევარტომს იორდანეს გაღმა მისცა და ლევიანებისთვის არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის. რადგან იოსების ძენი ორ ტომად იყვნენ: მანაშედ და ეფრემად; და ამიტომ არ მიუციათ წილი ლევის ძეთათვის ქვეყანაში, არამედ მხოლოდ ქალაქები საცხოვრებლად მათი საძოვრებით მათი პირუტყვისათვის და მათი ქონებისათვის. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე შეასრულეს ისრაელის ძეთ და დაინაწილეს ქვეყანა. და მივიდნენ იუდას ძენი გილგალში იესოსთან, და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: „შენ იცი სიტყვა, რომელიც კადეშ-ბარნეაყში უთხრა უფალმა მოსეს, ღვთის კაცს, ჩემზე და შენზე. მე 40 წლისა ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მსახურმა, კადეშ-ბარნეაყიდან ქვეყნის დასაზვერად. და მივუტანე მას ამბავი, ჩემი გულისამებრ. და ჩემმა ძმებმა, რომელნიც ჩემთან ერთად დადიოდნენ, გული გაუტეხეს ხალხს. მე კი ბოლომდე მივყევი უფლის, ჩემი ღმერთის, კვალს. და დაიფიცა მოსემ იმ დღეს, ასე: ‘ქვეყანა, რომელსაც ფეხი დაადგი, შენი და შენი შვილების სამკვიდროდ იყოს უკუნისამდე, რადგან შენ გაჰყევი უფლის, ჩემი ღმერთის, კვალს.’ და აჰა, მაცოცხლა უფალმა მე, როგორც თქვა. 45 წელი გავიდა უკვე მას აქეთ, რაც ეს სიტყვა უთხრა უფალმა მოსეს, როცა ისრაელი უდაბნოში დადიოდა. და ახლა, აჰა, 45 წლისა ვარ. ჯერაც ისევე მაგარი ვარ დღეს, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ისეთივე ძალა მაქვს საბრძოლველად, რათა გავიდე და შემოვიდე. და ახლა, მომეცი ეს მთიანი ქვეყანა, როგორც უფალმა თქვა იმ დღეს, რადგან შენ ისმინე იმ დღეს, რომ იქ ყანაკელები არიან, დიდი და გამაგრებული ქალაქებით. ეგებ უფალი იყოს ჩემთან, და განვდევნო ისინი, როგორც უფალმა ბრძანა.“ და აკურთხა იგი იესომ, და მისცა ხებრონი ქალებს, იეფუნეს ძეს, სამკვიდროდ. ამიტომ არის ხებრონი კენიზელის ქალებ იეფუნეს ძის სამკვიდროდ დღევანდლამდე, რადგან იგი მიჰყვა უფლის, ისრაელის ღმერთის, კვალს. და უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა, რომელიც ყანაკელებს შორის დიდი კაცი იყო. და ქვეყანამ მოისვენა ომისაგან. იუდას ტომს – მთელ მათ საგვარეულოებს – წილისყრით ერგოთ სამკვიდრო, რომელიც უკიდურეს სამხრეთში ესაზღვრება ედომის მიწებსა და ცინის უდაბნოს. სამხრეთის საზღვარი ამ მიწა-წყლისა იწყებოდა მარილოვანი ზღვის კიდიდან (ზღვის სამხრეთი ყურიდან), სამხრეთით ის გადიოდა ყაკრაბიმის ზეგანისკენ, ცინს გასცდებოდა და ზევით მიიწევდა, კადეშ-ბარნეაყის სამხრეთით. შემდეგ საზღვარი გაივლიდა ხეცრონს, ადიოდა ადარასკენ, უხვევდა კარკაყასკენ, გაივლიდა ყაცმონს, გადიოდა ეგვიპტის ნაღვარევისკენ და ზღვამდე აღწევდა. ეს არის თქვენი სამხრეთის საზღვრაი. ხოლო აღმოსავლეთის საზღვარი იყო მკვდარი ზღვა, იორდანეს შესართავამდე. ჩრდილოეთის საზღვარი იწყებოდა მკვდარი ზღვის ყურედან (იორდანეს შესართავიდან), ადიოდა საზღვარი ბეთ-ხოგლამდე, გადადიოდა ბეთ-ყარაბას ჩრდილოეთით, ზემოთ ადიოდა ბოჰანის ტინამდე, რეუბენის ძისა, და აღწევდა საზღვარი დებირამდე ყაქორის ველიდან, და უხვევდა ჩრდილოეთით გილგალისკენ, რომელიც ადუმიმის მაღლობის ახლოს იყო, სამხრეთისკენ რომ გადიოდა ხეობიდან; და იქიდან გადადოდა ყენ-შემეშის წყლებისკენ და ყენ-როგელამდე აღწევდა. და ადიოდა საზღვარი ბენ-ჰინომის ველისკენ, იებუსის, ანუ იერუსალიმის სამხრეთით, და მიიწევდა საზღვარი იმ მთის თხემისაკენ, ჰინომის ველის დასავლეთით რომ არის, და რეფაიმთა ველის ჩრდილოეთით. და უხვევდა საზღვარი მთის თხემიდან ნეფთოახის წყაროს წყლებისკენ და გადიოდა ყეფრონის მთის ქალაქებისკენ, და უხვევდა საზღვარი ბაყალასაკენ ანუ კირიათ-იეყარიმისკენ. და უხვევდა საზღვარი ბაყალადან დასავლეთით, სეყირის მთისკენ, და გაივლიდა იეყარიმის ანუ ქესალონის მთის ჩრდილო კალთებს, და ეშვებოდა ბეთ-შემეშისაკენ, ჩაუვლი თიმნას, და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა შიქერონისაკენ, გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნეელამდე და საზღვარი ზღვამდე აღწევდა. დასავლეთის საზღვარი იყო დიდი ზღვა. და ეს არის იუდას ძეთა საზღვარი ირგვლივ, მათი საგვარეულოების მიხედვით. და ქალებს, იეფუნეს ძეს, მისცა წილი იუდას ძეთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის; და მისცა მას იესომ კირიათ-არბაყი, ყანაკელთა მამის, ანუ ხებრონი. და განდევნა იქიდან ქალებმა სამი ძე ყენაკისა: შეშაი, ახიმანი და თალმაი – ყანაკის ნაშობნი. და წავიდა იქიდან ქალები დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ. (უწინ დებირს კირიათ-სეფერი ერქვა.) და თქვა ქალებმა: „ვინც მოსრავს კირიათ-სეფერს და აიღებს, მას ცოლად მივცემ ყაქსას, ჩემს ასულს.“ და აიღო ქალაქი ღოთნიელმა, კენაზის ძემ, ქალების ძმამ, და მისცა მას ქალებმა ცოლად ყაქსა, თავისი ასული. მივიდა ახსა და ღოთნიელი დაიყოლია, რომ მისი მამისგან მიწის ნაკვეთი გამოეთხოვა. „რა გინდა?“ – ჰკითხა ქალებმა ახსას, როცა ის სახედრიდან ჩამოხდა. ყაქსამ უპასუხა: „მომეცი მე კურთხევა და რაკი მიწის ნაკვეთს ნეგებში მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი.“ და ქალებმა მისცა მას ზემო და ქვემო წყალსატევები. აი, იუდას ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო მათი ქალაქები იუდას ტომის სამკვიდროს კიდეზე, ედომის საზღვრისკენ, სამხრეთში: კაბცეელი, ყედერი, იაგური, კინა, დიმონა, ყადყადა, კედეში, ხაცორი, ითნანი, ზიფი, ტელემი, ბაყალოთი, ხაცორ-ხადათა, კერიოთ-ხეცრონი ანუ ხაცორი, ამამი, შემაყი, მოლადა, ხაცარ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფელეტი, ხაცარ-შუყალი, ბეერ-შებაყი, ბიზიოთია, ბაყალა, ყიიმი, ყეცემი, ელთოლადი, ქესილი, ხორმა, ციკლაგი, მადმანა, სანსანა, ლებაოთი, შილხიმი, ყაინი და რიმონი – სულ 29 ქალაქი თავისი სოფლებით. ბარში: ეშთაოლი, ცორყა, აშნა, ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი, ყენამი, იარმუთი, ყადულამი, სოქო, ყაზეკა, შაყარაიმი, ყადითაიმი, გედერა, გედეროთაიმი – სულ 14 ქალაქი თავისი სოფლებით. ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი, დილყანი, მიცფე, იოკთეელი, ლაქიში, ბოცკათი, ყეგლონი, ქაბონი, ლახმასი, ქითლიში, გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა და მაკედა – 16 ქალაქი თავისი სოფლებით. ლიბნა, ყეთერი, ყაშანი, იფთახი, აშნა, ნეციბი, კეყილა, აქზიბი, მარეშა – ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით. ყეკრონი თავისი ქალაქებითა და თავისი სოფლებით. ყეკრონიდან ზღვისკენ ყველაფერი, რაც აშდოდის მახლობლად იყო, მისი სოფლებით. აშდოდი, თავისი ქალაქებითა და სოფლებით; ღაზა, თავისი ქალაქებითა და სოფლებით ეგვიპტის ხევამდე; დიდი ზღვა თავისი სანაპიროთი. ხოლო მთაში: შამირი, იათირი, სოქო, დანა, კირიათ-სანა, ანუ დებირი, ყანაბი, ეშთემო, ყანიმი, გოშენი, ხოლონი და გილო – 11 ქალაქი თავისი სოფლებით. არაბი, დუმა, ეშყანი, იანუმი, ბეთ-თაფუახი, და აფეკა, ხუმტა, კირიათ-არბაყი ანუ ხებრონი და ციყორი – ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით. მაყონი, ქარმელი, ზიფი, იუტა, იზრეყელი, იოკდეყამი, ზანოახი, კაენი, გიბეყა და თიმნა – ათი ქალაქი თავისი სოფლებით. ხალხული, ბეთ-ცური, გედორი, მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელთეკონი – ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით. კირიათ-ბაყალი ანუ კირიათ-იეყარიმი და რაბა – ორი ქალაქი თავისი სოფლებით, უდაბნოში: ბეთ-ყარაბა, მიდინი, სექაქა, ნიბშანი, მარილის ქალაქი და ყენ-გედი – ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით. იუდას ძეთ ვერ წაართვეს იებუსელთ იერუსალიმი. და დღევანდლამდე ცხოვრობენ იებუსელნი იუდაელებთან ერთად იერუსალიმში. იოსების ძეთ წილისყრით ერგოთ სამკვიდრო, რომელიც იწყებოდა იორდანესთან – იერიხოს მდინარის (იერიხოს წყლების აღმოსავლეთით). იერიხოდან საზღვარი მიდიოდა უდაბნოზე გავლით, მთებში ბეთელისკენ. ბეთელიდან გადიოდა ლუზისკენ, შემდეგ მიემართებოდა არქელთა მხარეში, ყატაროთისკენ, შემდეგ მიდიოდა დასავლეთისკენ, ეშვებოდა იაფლეტელთა მხარისკენ, ქვემო ბეთ-ხორონის მიჯნამდე, გეზერისაკენ და ზღვამდე აღწევდა. იოსების მოდგმასაც – მანაშესა და ეფრემის შტოებს – გამოეყო სამკვიდრო. აი საზღვრები იმ მიწა-წყლისა, რომელიც ერგოთ ეფრემის ძეთა შთამომავლებს (ეფრემის საგვარეულოების მიხედვით). ყატაროთ-ადარიდან აღმოსავლეთით საზღვარი მიდიოდა ზემო ბეთ-ხორონისაკენ და აღწევდა ზღვას. ჩრდილოეთის საზღვარი – მიქმეთათი. აღმოსავლეთის საზღვარი უხვევდა თაანათ-შილოსაკენ, შემდეგ გადიოდა აღმოსავლეთით იანოახამდე, და იანოახიდან ეშვებოდა ყატაროთისა და ნაყარასაკენ, სწვდებოდა იერიხოს და ჩადიოდა იორდანემდე. თაფუახიდან საზღვარი მიიწევდა დასავლეთისკენ, ვადი კანასაკენ და ზღვამდე აღწევდა. ეს იყო სამკვიდრო ეფრემის ძეთა ტომისა მათი საგვარეულოების მიხედვით. ეფრემის ძეთათვის გამოყოფილი იყო ქალაქები მანაშეანთა შუა სამკვიდროში, ყველა ქალაქი თავისი სოფლებით, მაგრამ მათ არ განუდევნიათ გეზერიდან ქანაანელნი. და ცხოვრობენ ქანაანელნი ეფრემის წილ-ხვედრზე დღევანდლამდე, და მათი მოხარკენი არიან. ეს იყო მანაშეს ტომის წილი, რადგან ის იოსების პირმშო იყო. ხოლო მაქირს, მანაშეს პირმშოს, გალაადის მამას, ერგო გალაადი და ბაშანი, რადგან ის მეომარი კაცი იყო. და ერგოთ მიწები მანაშეს დანარჩენ ძეებსაც მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერის ძეთ, ხელეკის ძეთ, ასრიელის ძეთ, შექემის ძეთ, ხეფერის ძეთ და შემიდაყის ძეთ. ესენი არიან მანაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მათი საგვარეულოების მიხედვით. ხოლო ცელოფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მანაშეს ძეს არ ჰყავდა ძენი, არამედ ასულნი. და მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. და წარდგნენ ისინი ელეაზარ მღვდლის, იესო ნავეს ძისა და მთავართა წინაშე და თქვეს: „უფალმა უბრძანა მოსეს, რომ მოეცა ჩვენთვის სამკვიდრო ჩვენს მოძმეთა შორის.“ და მისცა მათ, უფლის ბრძანებისამებრ, სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის. და ერგო მანაშეს ათი ნაკვეთი, გარდა გალაადისა და ბაშანის მიწებისა, რაც იორდანეს გაღმა იყო. რადგან მანაშეს ძეთა ასულებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო მის ძეთა შორის. ხოლო გალაადის ქვეყანა ერგო მანაშეს დანარჩენ ძეებს. მანაშეს ძეთა საზღვარი გადიოდა აშერიდან მიქმეთათამდე, შექემის პირდაპირ რომ არის. იქიდან საზღვარი მიდიოდა მარჯვნივ, ყენ-თაფუახისკენ. მანაშეს ერგო თაფუახის ქვეყანა. ხოლო ქალაქი თაფუახი მანაშეს საზღვართან ეფრემის ძეთ ერგოთ. და ეშვებოდა საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ერგო ეფრემს, თუმცა მანაშეს ქალაქებს შორის მდებარეობდა. მანაშეს სამკვიდროს საზღვარი ხევის ჩრდილოეთ მხარეს იყო, და ზღვასთან წყდებოდა. სამხრეთით ეფრემისა იყო, ჩრდილოეთით – მანაშესი; ზღვა იყო მათი გამმიჯნავი. აშერს ისინი ეკვროდნენ ჩრდილოეთიდან, ისაქარს – აღმოსავლეთიდან. ისაქარისა და აშერის საზღვრებში მანაშეს ერგო ბეთ-შეანი, იბლეყამი, დორი ყენ-დორი, თაყანაქი და მეგიდო, მათ ირგვლივ მდებარე დაბებითურთ. მესამე ამ ქალაქთაგან ნაფეთ-დორში მდებარეობდა. მაგრამ მანაშეს შთამომავლებმა ვერ შეძლეს ამ ქალაქების დაუფლება, და დარჩნენ ქანაანელნი ამ მიწა-წყალზე საცხოვრებლად. და როცა მომძლავრდნენ ისრაელიანები, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, მათ მიწებს კი ვერ დაეუფლნენ. ელაპარაკნენ იოსების შთამომავალნი იესოს და უთხრეს: „რატომ მოგვეცი მხოლოდ ერთი წილი სამკვიდრო და მხოლოდ ერთი ნაკვეთი? ჩვენ ხომ მრავალრიცხოვანი ხალხი ვართ, რადგან ასე გვაკურთხა ჩვენ უფალმა!“ და უპასუხა მათ იესომ: „თუ მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ, ადით ტყეში და გატეხეთ იქ თქვენთვის ახო ფერიზელთა და რეფაიმელთა მიწაზე, რაკი ეფრემის მთა გევიწროვებათ.“ და უთხრეს იოსების მემკვიდრეებმა: „არ შეგვრჩება ეს მთა, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარში მცხოვრებ ქანაანელთ, იმათაც, ვინც ბეთ-შეანში არიან და მის სოფლებში, და იმათაც, ვინც იზრეყელის ველზე არიან.“ და უთხრა იესომ იოსების, ეფრემისა და მანაშეს სახლს ასე: „მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ და ძალაც დიდი გაქვთ, ამიტომ არ უნდა გქონდეთ ერთი წილი. მთა თქვენი იქნება, ტყიანი კია, მაგრამ ახოს გატეხავთ და თავიდან ბოლომდე თქვენი იქნება, რადგან განდევნით ქანაანელთ, თუმცა მათ რკინის ეტლები აქვთ; და თუმცა ისინი ძლიერნი არიან, მაინც დაიმკვიდრებთ მათ მიწა-წყალს.“ და შეიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი შილოში, და დაავანეს იქ საკრებულო კარავი, რადგან ქვეყანა უკვე მთლიანად დამორჩილებული იყო. და დარჩა ისრაელიანთაგან შვიდი ტომი, რომელთაც ჯერ მიღებული არ ჰქონდათ თავიანთი სამკვიდრო. და უთხრა იესომ ისრაელიანთ: „რაღას აყოვნებთ, რატომ არ მოდიხართ ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად, უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, რომ მოგცათ? გამოყავით თითო ტომიდან სამ-სამი კაცი, და მე გავგზავნი მათ, რათა მოიარონ ეს ქვეყანა. აღწერონ მათ იგი, რათა შესაძლებელი გახდეს მისი დანაწილება სამკვიდროებად, და დაბრუნდნენ ჩემთან. მათ იგი უნდა გაყონ შვიდ ნაწილად. იუდა დადგეს თავის საზღვარზე სამხრეთით; და იოსების სახლი თავის საზღვარზე დადგეს ჩრდილოეთით. და აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად, და აღწერილი მომიტანეთ მე. და მე გიყრით წილს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე. ლევიანთ არა მიეცემათ ნაწილი თქვენს მიწაზე, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამემკვიდრო; ხოლო გადის და რეუბენის ტომებმა და მანაშეს ნახევარმა ტომმა უკვე მიიღეს უფლის მსახურის, მოსესგან, თავიანთი სამკვიდრო იორდანეს აღმოსავლეთით.“ და ადგნენ ეს კაცები და წავიდნენ. და უბრძანა იესომ მიმავალთ, რომ აღეწერათ ქვეყანა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი, და დაბრუნდით ჩემთან. და აქ, შილოში, წილს გიყრით უფლის წინაშე.“ და წავიდნენ ის კაცები, მოიარეს ქვეყანა და ჩაწერეს ის წიგნში ქალაქების მიხედვით, შვიდ ნაწილად, და დაბრუნდნენ შილოს ბანაკში იესოსთან. იქ, შილოში, უყარა მათ წილი იესომ უფლის წინაშე და დაანაწილა ქვეყანა ისრაელიანთა ტომებს შორის. ბენიამინის ტომის მემკვიდრეთ მათ ყველა საგვარეულოს წილად ხვდა სამკვიდრო, რომელიც იუდასა და იოსების ძეთა სამკვიდროთა შორის იყო. მათი საზღვარი ჩრდილოეთით იწყებოდა იორდანედან და მიიწევდა იერიხოს ჩრდილოეთით, მიუყვებოდა მთას დასავლეთისკენ და თავდებოდა ბეთ-ავენის უდაბნოში. იქიდან საზღვარი გადიოდა ლუზისკენ, ლუზს, ანუ ბეთელს სამხრეთის მხრიდან უვლიდა და საზღვარი ეშვებოდა ყატაროთ-ადარისაკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით იყო. და მიიწევდა საზღვარი და უხვევდა დასავლეთით, მთის სამხრეთით, რომელიც ბეთ-ხორონის წინ იყო, და თავდებოდა კირიათ-ბაყალთან, ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდას ძეთა ქალაქთან. ეს იყო დასავლეთის მხარე. და სამხრეთის მხარე: კირიათ-იეყარიმის კიდედან გადიოდა საზღვარი ზღვისკენ და აღწევდა ნეფთოახის წყარომდე. იქიდან საზღვარი ეშვებოდა მთის ძირისაკენ, რომელიც ბენ-ჰინომის ველის წინაშე იყო, რეფაიმის ველზე ჩრდილოეთით, და ეშვებოდა ჰინომის ველზე, იებუსელთა სამხრეთით, და ჩადიოდა ყენ-როგელში. და უხვევდა ჩრდილოეთიდან, და გადიოდა ყენ-შემეშისაკენ, და მიემართებოდა გელილოთისკენ, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირისპირ იყო, და ეშვებოდა რეუბენის ძისა, ბოჰანის, ქვასთან. შემდეგ საზღვარი გადიოდა ბეთ-ყარაბას ჩრდილოეთით და ეშვებოდა იორდანეს ვაკეზე. შემდეგ საზღვარი მიჰყვებოდა ბეთ-ხოგლას ჩრდილოეთით, და თავდებოდა მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ კიდესთან (იორდანეს შესართავთან). ეს იყო სამხრეთის საზღვარი. აღმოსავლეთის საზღვარი იყო იორდანე. ეს იყო საზღვრები ბენიამინის ძეთა ყველა საგვარეულოს სამკვიდროსი. ეს იყო ქალაქები ბენიამინის ძეთა ტომისა – ყველა მათი საგვარეულოსი: იერიხო, ბეთ-ხოგლა, ყემეკ-კეციცი, ბეთ-ყარაბა, ცემარაიმი, ბეთელი, ყავიმი, ფარა, ყოფრა, ქეფარ-ყამონი, ყოფნი, გებაყი – 12 ქალაქი მათი დაბებითურთ; გიბეონი, რამა, ბეეროთი, მიცფე, ქეფირა, მოცა, რეკემი, ირფეელი, თარალა, ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბეყა, კირიათ-იეყარიმი – სულ 14 ქალაქი თავიანთი დაბებითურთ. ეს იყო სამკვიდრო ბენიამინის ძეთა, ყველა საგვარეულოსი. და მეორე წილი ხვდა სიმეონს, სიმეონის ტომის ყველა საგვარეულოს. და იყო მათი სამკვიდრო იუდას ძეთა სამკვიდროში. იგი შეიცავდა: ბეერ-შებაყს, მოლადას, ხაცარ-შუყალს, ბალას, ყეცემს, ელთოლადს, ბეთულს, ხორმას, ციკლაგს, ბეთ-მარქაბოთს, ხაცარ-სუსას, ბეთ-ლებაოთს და შარუხენს, სულ ცამეტ ქალაქს მათი დაბებითურთ; ყაინს, რიმონს, ყეთერს და ყაშანს – ოთხ ქალაქს მათი დაბებითურთ. და ყველა სოფელს, რომლებიც ამ ქალაქების ირგვლივ იყო, ბაყალათ-ბეერამდე და რამათ-ნეგებამდე, ეს იყო სამკვიდრო სიმეონის ძეთა ტომისა ყველა მათი საგვარეულოსათვის. იუდას ძეთა წილიდან გამოუყვეს სიმეონის ძეთ სამკვიდრო, რადგან დიდი წილი ჰქონდათ იუდაელთ; და დაიმკვიდრეს სიმეონის ძეთ მათ სამკვიდროში. მესამე წილი ერგო ზებულუნის ძეთ ყველა მათი საგვარეულოსათვის. მათი სამკვიდროს საზღვარი სარიდამდე აღწევდა. სარიდიდან საზღვარი მიდიოდა დასავლეთისაკენ, მარყალასაკენ, და ეკვროდა დაბეშეთსა და იმ ველს, იოკნეყამის წინ რომ არის. და სარიდიდან უხვევდა აღმოსავლეთისაკენ ქისლოთ-თაბორამდე, და გადიოდა დაბრათისკენ, და მიიწევდა იაფიაყისკენ. და იქიდან გადიოდა აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, გათ-ხეფერისკენ, ეთ-კაცინისკენ, და გადადიოდა რიმონისკენ და უხვევდა ნეყასაკენ. და უხვევდა ის საზღვარი ჩრდილოეთიდან ხანათონისკენ, და თავდებოდა იფთახ-ელის ველზე; ამ სამკვიდროში შედიოდა კატათი, ნაჰალალი, შიმრონი, იდალა და ბეთლემი – 12 ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს იყო ზებულუნის ძეთა და მათი სახლეულობების სამკვიდრო – ეს ქალაქები მათი დაბებითურთ. ისაქარს ერგო მეოთხე წილი – ისაქარის მოდგმის ყველა საგვარეულოსათვის. და მათ წილში შედიოდა იზრეყელი, ქესულოთი, შუნემი, ხაფარაიმი, შიონი, ანახარათი, რაბითი, კიშონი, ებეცი, რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი. და ეკვროდა საზღვარი თაბორს, შახაცუმას და ბეთ-შემეშს. საზღვარი თავდებოდა იორდანესთან: 16 ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს იყო სამკვიდრო ისაქარის ტომის ყველა საგვარეულოსი (ქალაქები და სოფლები მათ ირგვლივ). და ერგო მეხუთე წილი აშერის ძეთა ტომს – ყველა მის საგვარეულოს. და მათ სამკვიდროში შედიოდა ხელკათი, ხალი, ბეტენი, აქშაფი, ალამელექი, ყამყადი და მიშალი. მათი საზღვარი დასავლეთით აღწევდა ქარმელსა და შიხორ-ლიბნათს. მეორე მხარეს – აღმოსავლეთის მიმართულებით – საზღვარი მიდიოდა ბეთ-დაგონისაკენ, და აღწევდა ზებულუნისა და იფთახ-ელის ველის მიწებს ჩრდილოეთიდან. ამავე სამკვიდროში შედიოდა ბეთ-ყემეკი და ნეყიელი; შემდეგ საზღვარი გადიოდა ქაბულისაკენ ჩრდილოეთით; ამ სამკვიდროში შედიოდა აგრეთვე ყაბდონი, რეხობი, ხამონი და კანა. საზღვარი აღწევდა დიდ ციდონამდე, და უხვევდა რამასკენ, მიდიოდა ციხე-ქალაქ ცორამდე, იქიდან უხვევდა ხოსასკენ და თავდებოდა ზღვასთან. სამკვიდროში შედიოდა მახალები, აქზიბი, ყუმა, აფეკი და რეხობი – 22 ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს იყო აშერის ძეთა ტომის სამკვიდრო ყველა მათი საგვარეულოსათვის – ქალაქები მათი დაბებითურთ. ნაფთალის ძეთა შთამომავალთ – ნაფთალის ძეთა მოდგმის ყველა საგვარეულოს – მეექვსე წილი შეხვდა. და იწყებოდა მათი სამკვიდროს საზღვარი ხელეფიდან და ცაყანანიმის მუხიდან, ადამი-ნეკებისა და იაბნეელის გავლით ლაკუმამდე მიდიოდა და, თავდებოდა იორდანესთან. მეორე მხარეს – დასავლეთით – საზღვარი მიდიოდა აზნოთ-თაბორისკენ ხოლო იქიდან – ხუკოკისკენ. სამხრეთიდან მათი სამკვიდრო ესაზღვრებოდა ზებულუნს, დასავლეთიდან აშერს, ხოლო აღმოსავლეთიდან იორდანეს იუდას. მათ სამკვიდროშია ციხე-ქალაქები: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი, ქინერეთი, ადამა, რამა, ხაცორი, კედეში, ედრეყი, ყენ-ხაცორი, ირონი, მიგდალ-ელი, ხორემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში – 19 ქალაქი თავისი დაბებითურთ. ეს იყო ნაფთალის ტომის სამკვიდრო ყველა მათი საგვარეულოებისთვის – ქალაქები და დაბები მის ირგვლივ. დანის ძეთა ტომს მთელი მათი საგვარეულოებისთვის ერგო მეშვიდე წილი. და მათ სამკვიდროში იყო ცორყა, ეშთაოლი, ყირ-შემეში, შაყალაბინი, აიალონი, ითლა, ელონი, თიმნა, ყეკრონი, ელთეკე, გიბეთონი, ბაყალათი, იეჰუდი, ბენე-ბერაკი, გათ-რიმონი, მე-იარკონი და რაკონი და ასევე მიწები იაფოს პირდაპირ. და დანის ძეთა მოდგმამ დაკარგა თავისი სამკვიდრო. მაშინ წავიდნენ დანის ძენი და შეებრძოლნენ ლეშემს, აიღეს იგი და მოსრეს მახვილის პირით, და იქ დასახლდნენ. და უწოდეს ლეშემს დანი, მათი მამის, დანის, სახელის მიხედვით. ეს იყო დანის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით: ეს ქალაქები და მათი სოფლები. და როცა მორჩნენ ქვეყნის დამკვიდრებას მისი საზღვრებითურთ, მაშინ მისცეს ისრაელის ძეთ სამკვიდრო იესოს, ნავეს ძეს, მათ შორის. უფლის ბრძანებით მათ იესოს მისცეს ქალაქი თიმნათ-სერახი, რომელიც თავისთვის აირჩია იესომ ეფრემის მთაზე. და ააშენა ქალაქი და იქ დასახლდა. ესენი იყო სამკვიდროები, რომელნიც დაუმკვიდრეს ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ, და მთავრებმა ისრაელის ძეთა ტომებს წილისყრით შილოში, უფლის წინაშე, საკრებულო კარვის კარიბჭესთან. და ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას. და უთხრა უფალმა იესოს: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი: ‘გამოიყავით თავშესაფარი ქალაქები, რაზეც მე გელაპარაკეთ მოსეს პირით, რათა გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდება კაცი. და გქონდეთ მესისხლისაგან თავშესაფარად. და ვინც გაიქცევა ერთ-ერთ ასეთ ქალაქში, დადგეს ქალაქის კარიბჭის შესავალთან, და მოუყვეს იმ ქალაქის უხუცესთ, რაც მოხდა. ის უნდა შეუშვან ქალაქში და მისცენ საცხოვრებელი ადგილი. და თუ დაედევნება მას მესისხლე, ხელში არ ჩაუგდონ მას მკვლელი, რადგან უნებლიეთ შემოაკვდა მას თავისი მოძმე და არ ჰქონიათ მათ ადრე მტრობა. და იცხოვროს მკვლელმა ამ ქალაქში მანამ, ვიდრე არ წარსდგება თემის სამსჯავროს წინაშე განსაკითხავად, ანდა ვიდრე არ მოკვდება მღვდელმთავარი, რომლის დროსაც ეს ამბავი მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება მკვლელი და მივა თავის ქალაქში და თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც ის გაიქცა.’ “ და გამოყვეს თავშესაფარ ქალაქებად: კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბაყი, იგივე ხებრონი, იუდას მთებში; იორდანეს გაღმა, იერიხოს პირდაპირ აღმოსავლეთით გამოყვეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკობზე – რეუბენის ტომიდან, და რამოთი გალაადში – გადის ტომიდან და გოლანი ბაშანში – მანაშეს ტომიდან. ეს ქალაქები იყო განკუთვნილი ყველა ისრაელიანისთვის და ყველა მათთან მოსახლე ხიზნისათვის, რათა თავი შეაფაროს იქ ყველა უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს მესისხლის ხელით, ვიდრე თემს წარუდგებოდეს. და მივიდნენ ლევის ძეთა ტომის მთავარნი ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელიანთა ტომების მამისსახლთა მთავრებთან, და უთხრეს მათ შილოში, ქანაანის ქვეყანაში, ასე: „უფალმა გვამცნო მოსესგან, რომ ჩვენ მოგვეცემოდა ქალაქები საცხოვრებლად და მათი საძოვრები ჩვენი პირუტყვისათვის.“ და მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს თავიანთი სამკვიდროდან უფლის ბრძანებით ეს ქალაქები და მათი საძოვრები. და ერგოთ წილი კოჰათიანთა საგვარეულოებს; და შეხვდათ აარონ მღვდლის ძეთ, ლევის ძეთ, იუდას ტომიდან, სიმეონის ტომიდან და ბენიამინის ტომიდან, სულ 13 ქალაქი. და კოჰათის დანარჩენ ძეთ ეფრემის ტომის საგვარეულოებიდან, დანის ტომიდან და მანაშეს ნახევარტომიდან წილისყრით ერგოთ ათი ქალაქი. და გერშონის ძეთ – ისაქარის ტომის საგვარეულოებიდან, და აშერის ტომიდან, და ნაფთალის ტომიდან, და მანაშეს ნახევარი ტომიდან ბაშანში წილისყრით – 13 ქალაქი. მერარის ძეთ ერგოთ მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის ტომიდან, გადის ტომიდან და ზებულუნის ტომიდან – 12 ქალაქი. და მისცეს წილისყრით ისრაელის ძეთ ლევიანებს ეს ქალაქები და მათი საძოვრები, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით. ქვემოთ ჩამოთვლილია ქალაქები, რომლებიც გამოეყო ლევიანებს იუდასა და სიმეონის სამკვიდროთაგან; ეს ქალაქები მიეცათ აარონის შთამომავლებს, ლევიანებს კოჰათის საგვარეულოდან, რადგან პირველი წილი მათ ერგოთ. მისცეს კირიათ-არბაყი, ყენაკის მამისეული, იგივე ხებრონი, მისი საძოვრებით მის ირგვლივ იუდას მთაში. და ამ ქალაქის გარემო მინდვრები და სოფლები მისცეს ქალებს, იეფუნეს ძეს. აარონ მღვდლის შთამომავლებმა მიიღეს ხებრონი (თავშესაფარი ქალაქი) მისი მიმდებარე საძოვრებიანად, და აგრეთვე ლიბნა მისი საძოვრებიანად, იათირი და მისი საძოვრები, ეშთემოაყი და მისი საძოვრები, ხოლონი და მისი საძოვრები, დებირი და მისი საძოვრები, ყაინი და მისი საძოვრები, იუტა და მისი საძოვრები და ბეთ-შემეში და მისი საძოვრები – ცხრა ქალაქი ამ ორი ტომის სამკვიდროდან. ამას გარდა, ბენიამინის ტომის სამკვიდროდან მათ გამოეყოთ: გიბეონი და მისი საძოვრები, გებაყი და მისი საძოვრები, ყანათოთი და მისი საძოვრები, ყალმონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. აარონის მოდგმამ, მღვდლებმა, მთლიანად 13 ქალაქი მიიღო თავისი საძოვრებიანად. კოჰათის საგვარეულოდან გამოსულმა ლევიანთა დანარჩენმა სახლებმა ეფრემის სამკვიდროდან წილისყრით მიიღეს ქალაქები: შექემი – თავშესაფარი ქალაქი და მისი საძოვრები ეფრემის მთაზე, ასევე გეზერი და მისი საძოვრები, კიბცაიმი და მისი საძოვრები, ბეთ-ხორონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. ამას გარდა, დანის სამკვიდროდან: ელთეკე და მისი საძოვრები, გიბეთონი და მისი საძოვრები, აიალონი და მისი საძოვრები, გათ-რიმონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. და მანაშეს ნახევარი ტომის სამკვიდროდან: თაყანაქი და მისი საძოვრები, გათ-რიმონი და მისი საძოვრები – ორი ქალაქი. სულ ათი ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებითურთ კოჰათის საგვარეულოს დანარჩენ კომლებს. გერშონის საგვარეულოს ლევიანთა კომლებმა, მანაშეს ნახევარი ტომის სამკვიდროდან მიიღეს თავშესაფარი ქალაქი გოლანი ბაშანში და მისი მიმდებარე საძოვრები; მასთან ერთად ბეყეშთერა და მისი საძოვრები – სულ ორი ქალაქი; და ისაქარის სამკვიდროდან: კიშონი და მისი საძოვრები, დაბრათი და მისი საძოვრები, იარმუთი და მისი საძოვრები, ყენ-განიმი და მისი საძოვრები – ოთხი ქალაქი. და აშერის ტომიდან: მიშალი და მისი საძოვრები, ყაბდონი და მისი საძოვრები, ხელკათი და მისი საძოვრები, რეხობი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი; და ნაფთალის სამკვიდროდან თავშესაფარი ქალაქი კედეში გალილეაში და მისი საძოვრები, ხამოთ-დორი და მისი საძოვრები, კართანი და მისი საძოვრები – სულ სამი ქალაქი. სულ 13 ქალაქი ერგოთ გერშონის საგვარეულოების მეკომურთ მათი საძოვრებიანად. მერარის საგვარეულოს დანარჩენმა ლევიანთა კომლებმა ზებულუნის სამკვიდროდან მიიღეს: იოკნეყამი და მისი საძოვრები, კართა და მისი საძოვრები, დიმნა და მისი საძოვრები, ნაჰალალი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. ამას გარდა რეუბენის სამკვიდროდან მიიღეს: ბეცერი და მისი საძოვრები, იაჰცა და მისი საძოვრები, კედემოთი და მისი საძოვრები, მეფაყათი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი. და გადის სამკვიდროდან: რამოთი (თავშესაფარი ქალაქი) გალაადში და მისი საძოვრები, აგრეთვე მახანაიმი, ხეშბონი და იაყზერი მათი მიმდებარე საძოვრებიანად – სულ ოთხი ქალაქი. მთლიანად ლევიანთა დანარჩენმა კომლებმა – მერარის საგვარეულოს კომლებმა – წილისყრით მიიღეს 12 ქალაქი. ლევიანებმა ისრაელიანთა სამფლობელოებში მიიღეს 48 ქალაქი, მათი საძოვრებითურთ. ყველა ამ ქალაქთან ერთად ისინი ღებულობდნენ ქალაქის ირგვლივ მდებარე საძოვრებს. და მისცა უფალმა ისრაელიანთ მთელი ქვეყანა, რომლის მიცემაც შეჰფიცა მათ მამებს, და დაიმკვიდრეს იგი და იქ დასახლდნენ. და მისცა უფალმა მათ მშვიდობა ყოველი მხრიდან, როგორც შეჰფიცა მათ მამებს; და მათ მტერთაგან წინ ვეღარავინ აღუდგათ. ყველა მტერი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა. არ გაცუდებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც ისრაელის სახლს უთხრა უფალმა – ყველაფერი ახდა. მაშინ მოუხმო იესომ რეუბენელებს, გადელებს და მანაშეს ნახევარტომს, და უთხრა მათ: „თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც უფლის მსახური მოსე გიბრძანებდათ ხოლმე, მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით; არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები ამ მრავალი დღეების მანძილზე დღევანდლამდე, და იცავდით უფლის, თქვენი ღმერთის, ნაბრძანებს. ახლა კი, როცა დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის, შეგიძლიათ დაბრუნდეთ შინ, თქვენს სამფლობელოში, რომელიც მოგცათ უფლის მსახურმა მოსემ, იორდანეს გაღმა. ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გამცნოთ მოსემ, უფლის მსახურმა, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ ყველა მის გზაზე და დაიცვათ მისი მცნებანი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით.“ და აკურთხა ისინი იესომ და გაუშვა შინ, და წავიდნენ ისინი თავ-თავიანთი კარვებისაკენ. და მანაშეს ტომის ნახევარს მისცა მოსემ სამკვიდრო ბაშანში, ხოლო მის მეორე ნახევარს მისცა იესომ სამკვიდრო მათ ძმებთან ერთად იორდანეს გამოღმა, დასავლეთ მხარეს. და როცა გაუშვა ისინი იესომ თავ-თავიანთი კარვებისაკენ აკურთხა ისინი, და უთხრა მათ: „დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, და ერთობ დიდძალი პირუტყვით, ვერცხლით, ოქროთი, ბრინჯაოთი, რკინითა და უამრავი სამოსლით. გაუნაწილეთ მტერთაგან წამოღებული ნაალაფარი თქვენს ძმებს.“ და გაბრუნდნენ რეუბენის ძენი, გადის ძენი და მანაშეს ნახევარი ტომი ისრაელიანთაგან შილოდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, გალაადის ქვეყნისკენ, მათი სამკვიდრო ქვეყნისკენ, რომელიც დაიმკვიდრეს უფლის ბრძანებით, მოსემ რომ აუწყათ. და როცა მიადგნენ გელილოტს იორდანესთან, ქანაანის ქვეყანაში, იქ, იორდანესთან ააშენეს დიდი სამსხვერპლო რეუბენის, გადის და მანაშეს ნახევარმა ტომმა. და გაიგეს ისრაელიანთა დანარჩენმა ტომებმა, რომ რეუბენის ტომმა, გადის ტომმა და მანაშეს ნახევარმა ტომმა სამსხვერპლო ააშენეს ქანაანის საზღვარზე – გელილოტში იორდანეს სანახებში, ისრაელიანთა მხარეს. მაშინ ისრაელიანთა მთელი თემი შეიკრიბა შილოში, რათა გასულიყო მათ წინააღმდეგ საომრად. და გაუგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენის ტომს, გადის ტომსა და მანაშეს ნახევარტომს გალაადის მხარეში ფინეხასი, ელეაზარ მღვდლის ძე, გააყოლეს ათი მთავარი, თითო მთავარი თითო საგვარეულოზე ისრაელის შტოდან; საგვარეულოს თითოეული მთავარი ისრაელის ათასეულის უფროსი იყო. და მივიდნენ ისინი რეუბენისა და გადის ტომებთან და მანაშეს ნახევარტომთან გალაადის ქვეყანაში და უთხრეს: ასე ამბობს უფლის მთელი თემი: „ეს რა ღალატი ჩაიდინეთ ისრაელის ღმერთის წინაშე, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს, და სამსხვერპლო აიშენეთ და აუმხედრდით დღეს უფალს? ნუთუ არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმედილვართ, რის გამოც მომსვრელი სენი იყო უფლის თემში? და თქვენ დღეს აქცევთ ზურგს უფალს! და თუ თქვენ დღეს აუმხედრდებით უფალს, ხვალ განურისხდება იგი ისრაელის მთელ თემს! და თუ უწმიდური გეჩვენებათ თქვენი სამფლობელო ქვეყანა, მაშინ თქვენი უფლის სამფლობელო ქვეყანაში გადადით, სადაც დავანებულია უფლის სავანე, და დამკვიდრდით ჩვენს შორის, უფალს კი ნუ აუმხედრდებით და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოს გარდა, სხვა სამსხვერპლოს შენებით. განა ყაქან ზერახის ძე მარტო არ იყო, ღალატი რომ ჩაიდინა დარისხებულის გამო, მაგრამ რისხვა დაატყდა თავს მთელი ისრაელის თემს? მარტო ის არ მომკვდარა თავისი დანაშაულის გამო!“ და მიუგეს რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მანაშეს ნახევარტომის ძეთ და უთხრეს ისრაელის ათასისთავებს: „ღმერთების ღმერთმა უფალმა! ღმერთების ღმერთმა უფალმა უწყის და ისრაელმაც უწყოდეს. თუ უფლის წინააღმდეგ ასამხედრებლად და საღალატოდ მოვქცეულიყავით ასე, ამიერიდან ნუღარ დაგვიცავს უფალი! თუ სამსხვერპლო უფლისათვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებინოს, სრულადდასაწველის აღსავლენად, საძღვნოდ თუ სამშვიდობო მსხვერპლთათვის, მაშინ თავად უფალმა იძიოს შური ჩვენზე! არა, ჩვენ იგი სხვა მიზეზით ავაშენეთ. ჩვენ ვშიშობდით, რომ მომავალში თქვენს შვილებს არ ეთქვათ ჩვენი შვილებისთვის: ‘რა საერთო გაქვთ თქვენ უფალთან, ისრაელის ღმერთთან? საზღვრად იორდანე დადო უფალმა ჩვენსა და თქვენს შორის, რეუბენის ძენო და გადის ძენო, არა გაქვთო თქვენ წილი უფალში!’ – და აუკრძალავდნენ თქვენი ძენი ჩვენს ძეთ უფლის თაყვანისცემას. და ვთქვით: ავიშენოთო სამსხვერპლო არა სრულადდასაწველისთვის და არა საკლავისთვის, არამედ რომ მოწმე იყოს იგი თქვენსა და ჩვენს შორის და ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს მის წინაშე ჩვენი სრულადდასაწველებით და საკლავით და ჩვენი სამშვიდობო შესაწირავებით, რათა არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: წილი არა გაქვთო უფალში. და ვთქვით: თუ გვეტყვიან ჩვენ და ჩვენს თაობებს ხვალ ასე, ჩვენ ასეთ პასუხს გავცემთ: ‘აჰა, სახე უფლის სამსხვერპლოსი, რომელიც ჩვენმა მამებმა ააშენეს. იგი არაა სრულადდასაწველისთვის და საკლავთათვის არამედ, რათა მოწმე ყოფილიყო ჩვენსა და თქვენს შორის.’ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ უფალს ავმხედრებოდით და ზურგი შეგვექცია მისთვის და აგვეშენებინა სხვა სამსხვერპლო სრულადდასაწველისთვის, პურეულის ძღვნისათვის და საკლავისათვის უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი სავანის წინაა.“ და გაიგონეს ფინეხას მღვდელმა, თემის მთავრებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, სიტყვები რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მანაშეს ძეთ რომ თქვეს, და მოიწონეს. და უთხრა მღვდელმა ფინეხას, ელეაზარის ძემ რეუბენის ძეთ, გადის ძეთა და მანაშეს ძეთ: „დღეს შევიტყეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, ღალატი არ ჩაგიდენიათ უფლის წინაშე, და თქვენ იხსენით ისრაელის ძენი უფლის ხელიდან.“ და დაბრუნდნენ მღვდელი ფინეხას ელეაზარის ძე და მთავარნი, რეუბენის ძეთაგან და გადის ძეთაგან – გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყანაში, ისრაელიანებთან, და მოუტანეს მათ ამბავი. და მოიწონეს ეს ამბავი ისრაელიანთ, და აკურთხეს ღმერთი და აღარ უფიქრიათ რეუბენისა და გადის ტომებზე გალაშქრება. და უწოდეს რეუბენის ძეთ და გადის ძეთ იმ სამსხვერპლოს სახელი. თქვეს: „მოწმეა იგი ჩვენს შორის, რომ ჩვენი ღმერთი არის უფალი.“ მრავალმა ხანმა განვლო მას შემდეგ, რაც უფალმა მოასვენა ისრაელი ყველა მისი გარსმორტყმული მტრისაგან, და მოხუცდა იესო და დღეებით დაიღალა. მოუხმო იესომ მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის მთავრებს, მის მსაჯულებს, მის მოხელეებს და უთხრა მათ: „მე დავბერდი და დავიღალე დღეებით. თქვენ ნანახი გაქვთ ყველაფერი, რაც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მთელ ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, თავად იბრძოდა თქვენთვის. ნახეთ, წილისყრით ვარგუნე თქვენს ტომებს ჯერ კიდევ აქ დარჩენილი ხალხების მიწები სამკვიდროდ, იორდანედან დაწყებული დიდ ზღვამდე მზის დასავლამდე, როგორც იმ ხალხთა მიწები, რომლებიც მე გავანადგურე. და უფალი, თქვენი ღმერთი, თავად აყრის ამ ხალხებს – ის წაართმევს მათ მიწებს და თქვენ მოგცემთ, და თქვენ დაიმკვიდრებთ ამ ქვეყანას, როგორც აღგითქვათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. თქვენ კი მტკიცედ უნდა დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც ჩაწერილია მოსეს რჯულის წიგნში, ერთი ნაბიჯითაც არ უნდა გადაუხვიოთ მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა არ აღერიოთ იმ ხალხებს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, მათი ღმერთების სახელს ნუ ახსენებთ, ნურც დაიფიცავთ მათ, ნურც ემსახურებით და ნურც თაყვანს სცემთ. არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც დღემდე იქცეოდით. უფალმა აჰყარა თქვენი პირისაგან დიდი და ძლიერი ხალხები და დღემდე წინ ვერავინ აღგიდგათ. ერთი თქვენიანი ათასს განდევნის, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის, როგორც შეგპირდათ. მაშ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი. ხოლო თუ თქვენ მიიქცევით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენთან რომ დარჩნენ, და დაუმოყვრდებით მათ, და მიხვალთ თქვენ მათთან და ისინი – თქვენთან, იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი, აღარ აჰყრის ამ ხალხებს თქვენი პირისაგან, და იქნებიან ისინი თქვენთვის მახე და ხაფანგი, და მათრახი თქვენი ზურგისთვის, და ეკალი თქვენი თვალისთვის, ვიდრე არ გადაშენდებით ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. აჰა, მე მალე გავუდგები იმ გზას, რომელიც ყველას მოელის. და თქვენ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით შეიგნეთ, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ და არ გაცუდებულა მათგან არც ერთი სიტყვა. და როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც თქვენთვის ჰქონდა ნათქვამი უფალს, თქვენს ღმერთს, ასევე მოგივლენთ უფალი ყველა ბოროტ სიტყვას, ვიდრე არ მოგსპობთ ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, როგორც კი გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმას, თქვენ რომ აღგითქვათ, და წახვალთ და ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღეგზნება რისხვა უფლისა თქვენზე და უმალ გადაშენდებით ამ კეთილი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.“ და შეჰყარა იესომ ისრაელის ყველა ტომი შექემში, და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, და მის ერისთავებს, და მის მსაჯულებსა და მის მოხელეებს, და ისინი წარდგნენ ღვთის წინაშე. და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘დასაბამიდან მდინარის გაღმა ცხოვრობდნენ თქვენი მამები: თერახი, მამა აბრაამისა და მამა ნახორისა, და ემსახურებოდნენ სხვა ღმერთებს. და წამოვიყვანე თქვენი მამა, აბრაამი, მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, და გავამრავლე მისი თესლი, და მივეცი მას ისააკი, და ისააკს მივეცი იაკობი და ესავი. და მივეცი ესავს სეყირის მთა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში ჩავიდნენ. და გავაგზავნე მოსე და აარონი, და ვგვემე ეგვიპტე იმით, რაც მოვიმოქმედე მის შუაგულში, და მერე გამოგიყვანეთ თქვენ. და გამოგიყვანეთ თქვენ და თქვენი მამები ეგვიპტიდან. და როდესაც თქვენ ზღვას მოადექით, და ეგვიპტელნი, უკან რომ დაედევნენ თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით, და მეწამულ ზღვასთან რომ წამოეწივნენ, შეჰღაღადეს უფალს თქვენმა მამებმა, და მანაც მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შუა, და მოაქცია მათზე ზღვა, რომელმაც დაფარა ისინი. და თქვენმა თვალმა იხილა, რაც მოვიმოქმედე მე ეგვიპტეში. და თქვენ დიდხანს ცხოვრობდით უდაბნოში. და მოგიყვანეთ თქვენ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ იყო; მათ ბრძოლა გაგიმართეს, მაგრამ მე ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი; თქვენ დაიმკვიდრეთ მათი ქვეყანა, და მე აღვგავე ისინი თქვენგან. ადგა მოაბის მეფე ბალაკი, ძე ციფორისა, და შეებრძოლა ისრაელს, და მიავლინა და მოუხმო ბალაამ ბეყორის ძეს თქვენს დასაწყევლად. და არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ. და ასე გიხსენით მე მისი ხელიდან. თქვენ გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. და ბრძოლა გაგიმართეს თქვენ იერიხოს პატრონებმა: ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშელებმა, ხიველებმა და იებუსელებმა, და მე ხელში ჩაგიგდე ისინი. კრაზანები გამოვუშვი თქვენს წინ და მათ განდევნეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე – არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით. და მოგეცით თქვენ ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც თქვენ არ გიშენებიათ, და თქვენ ცხოვრობთ მათში. და საზრდოობთ ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ.’ მაშ გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; განიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ მხოლოდ უფალს. და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ: ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფალს მოვემსახურებით.“ და მიუგო ხალხმა, და თქვა: „ღმერთმა დაგვიფაროს, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ! რადგან უფალი არის ჩვენი ღმერთი, მან გამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, და ჩვენს თვალწინ მოიმოქმედა დიდი სასწაულები, და გვიცავდა მთელ გზაზე, რომელზეც დავდიოდით, და ყველა ხალხებში, რომელთა შორისაც ჩვენ გავიარეთ. და განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი.“ და უთხრა იესომ ხალხს: „ვერ შეძლებთ უფლის მომსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურისმგებელი ღმერთია იგი, არ გაპატიებთ თქვენს დანაშაულსა და ცოდვებს. თუ მიატოვებთ უფალს და მოემსახურებით უცხო ღმერთებს, კვლავ ბოროტებას დაგათევთ თავს უფალი. და მოგსპობთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ.“ და მიუგო ხალხმა იესოს: არა, რადგან უფალს უნდა ვემსახუროთო. და უთხრა იესომ ხალხს: „მოწმენი ხართ თქვენი თავისა, რომ თქვენ თვითონ ირჩევთ უფალს, რათა ემსახუროთ მას?“ და თქვეს: „მოწმენი ვართ!“ „მაშ განიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც ჯერ კიდევ თქვენთვის გყავთ, და მიაბრუნეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისაკენ.“ და უთხრა ხალხმა იესოს: „უფლის, ჩვენი ღმერთის, მსახურებაში ვიქნებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.“ ასე დადო იესომ აღთქმა იმ დღეს ხალხთან, და წესი და სამართალი მისცა მათ შექემში. და ჩაწერა იესომ ეს სიტყვები ღვთის რჯულის წიგნში, და აიღო დიდი ლოდი და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა. და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „აჰა, ეს ლოდი იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყველა სიტყვა, რომელიც უფალმა გვითხრა ჩვენ; და იქნება ის თქვენს წინააღმდეგ მოწმედ, თუ უარყოფთ თქვენს ღმერთს.“ და გაისტუმრა იესომ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში. და ამ ამბის შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა. და დამარხეს იგი მის სამკვიდრო მიწაზე, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით. და ემსახურებოდა ისრაელი უფალს იესოს მთელს დღეებში და უხუცესთა მთელს დღეებში, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერეც და, რომელთაც იხილეს უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა. და იოსების ძვლები, ისრაელის ძეებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დაკრძალეს შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან, ას კესიტად, და ერგო იოსების ძეთ სამკვიდროდ. და მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე, და დამარხეს იგი მისი ძის, ფინეხასის ბორცვზე, რომელიც მიეცა მას ეფრემის მთაში. იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: „ჩვენგან პირველი ვინ უნდა გავიდეს ქანაანელებთან საომრად?“ და თქვა უფალმა: „იუდა უნდა გავიდეს; აჰა, მას ვაძლევ ხელთ იმ მიწა-წყალს.“ მაშინ უთხრა იუდამ სიმეონს, თავის ძმას: „გამოდი ჩემთან ერთად ჩემს წილხვედრში და ვეომოთ ქანაანელთ; მე კი შენს წილხვდრში წამოვალ შენთან ერთად.“ და წავიდა სიმეონი მასთან ერთად. და გავიდა იუდა და უფალმა ხელში ჩაუგდო ქანაანელნი და ფერიზელნი. და მოსრა ისინი ბეზეკში – 10 ათასი კაცი. ბეზეკში ისინი შეეჯახნენ ადონი-ბეზეკს. შეებნენ მას და დაამარცხეს ქანაანელნი და ფერიზელნი. და გაიქცა ადონი-ბეზეკი და დაედევნენ უკან, შეიპყრეს იგი, და დააჭრეს ხელ-ფეხზე ცერის თითები. და თქვა ადონი-ბეზეკმა: „ხელ-ფეხზე ცერებდაჭრილი 70 მეფე ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამუსრევს. რასაც მე ვაკეთებდი, იგივე მომაგო მე ღმერთმა.“ და წაიყვანეს ის იერუსალიმში და იქ მოკვდა. შეუტიეს იუდას ძეთ იერუსალიმს და აიღეს იგი, და მოსრეს იგი მახვილის პირით, და ქალაქი ცეცხლს მისცეს. შემდეგ იუდას ძენი საომრად წავიდნენ ქანაანელებთან, რომლებიც მკვიდრობდნენ მთებში, ნეგებსა და ბარის დაბლობებში. და გაილაშქრა იუდამ ქანაანელებზე, ხებრონში რომ მკვიდრობდნენ (უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა) და დაამარცხეს მათ შეშაი, ახიმანი და თალმაი. და გაილაშქრეს იქიდან დებირის მკვიდრებზე (დებირს უწინ კირიათ-სეფერი ერქვა). და თქვა ქალებმა: „ვინც სძლევს კირიათ-სეფერს და აიღებს, მას ცოლად მივცემ ყაქსას, ჩემს ასულს.“ და აიღო იგი ღოთნიელმა, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძემ, და ცოლად მისცა მას ქალებმა ყაქსა, თავისი ასული. მივიდა ახსა და ღოთნიელი დაიყოლია, რომ მისი მამისგან მიწის ნაკვეთი გამოეთხოვა. „რა გინდა?“ – ჰკითხა ქალებმა ახსას, როცა ის სახედრიდან ჩამოხდა. და უთხრა ახსამ მამას: „მომეცი კურთხევა! და რაკი გვალვიან სამხრეთის მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი.“ და მისცა მას ქალებმა როგორც ზემო, ისე ქვემო წყალსატევები. და ძენი კენიელისა, მოსეს სიმამრისა, ამოჰყვნენ ფინიკების ქალაქიდან იუდას ძეებს იუდას უდაბნოში, რომელიც ყარადის სამხრეთითაა, და წავიდნენ და დაემკვიდრნენ იმ ხალხთან. და წავიდა იუდა სიმეონთან, თავის ძმასთან, ერთად და მოსრეს მათ ქანაანელნი, ცეფათის მკვიდრნი; და დაარისხეს ის ქალაქი, და უწოდეს იმ ქალაქს სახელად ხორმა. და აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, აშკელონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი. უფალი იყო იუდასთან და დაიმკვიდრა მან მთები, მაგრამ ბარელები ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ. და მისცეს ქალებს ხებრონი, როგორც მოსეს ჰქონდა ნათქვამი, და აჰყარა ქალებმა იქიდან სამი ძე ყანაკისა. ხოლო იებუსელები, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობდნენ, ვერ აჰყარეს ბენიამინის ძეთ, და დღევანდლამდე ცხოვრობენ იებუსელნი ბენიამინის მოდგმასთან ერთად იერუსალიმში. იოსების სახლმაც შეუტია ბეთელს, და უფალი იყო მასთან. იდგა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (ძველად ამ ქალაქს ერქვა ლუზი). და დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამოსული კაცი და უთხრეს: „გვიჩვენე, როგორ შევაღწიოთ ქალაქში და სიკეთეს გიზამთო სიკეთისათვის.“ და უჩვენა მან ქალაქის შესასვლელი; და მოსრეს ქალაქი მახვილის პირით, და ის კაცი და მთელი მისი სახლეული გაუშვეს. წავიდა ის კაცი ხეთელთა ქვეყანაში, და ააშენა ქალაქი, და სახელად უწოდა ლუზი. და შერჩა მას ეს სახელი დღევანდელ დღემდე. და მანაშეს არ აუყრია მკვიდრნი ბეთ-შეანისა და მისი სოფლებისა, და თაყანაქისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი დორისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი იბლეყამისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი მეგიდოსი და მისი სოფლებისა; და დარჩნენ ქანაანელნი ამ ქვეყანაში საცხოვრებლად. და როცა მომძლავრდა ისრაელი, ქანაანელნი მოხარკედ გაიხადა, აყრით კი არ აუყრია. და არც ეფრემს აუყრია ქანაანელნი, გეზერის მკვიდრნი, და ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის გეზერში. არც ზებულუნს აუყრია კიტრონისა და ნაჰალოლის მკვიდრნი; ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის და მოხარკედ გაუხდნენ. არც აშერს აუყრია ყაქოს და ციდონის, ახლაბის, აქზიბის, ხელბას, აფიკისა და რეხობის მკვიდრნი. და ცხოვრობდნენ აშერიანები ქანაანელთა შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი. არც ნაფთალის აუყრია ბეთ-შემეშის და ბეთ-ყანათის მკვიდრნი. და დაემკვიდრა ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის; და ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრნი მოხარკეებად გაუხდნენ. და მთებში შეკუნჭეს ამორეველებმა დანელები და ბარში აღარ უშვებდნენ. და დაიწყეს ამორეველებმა ხარ-ხერესის მთაზე ცხოვრება, აიალონსა და შაყალბიმში; მაგრამ დამძიმდა ხელი იოსების სახლისა და მოხარკეებად გაიხადა ისინი. და ამორეველთა საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა. და მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: „ამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს ფიცით შევფიცე და ვთქვი: ‘არ დავარღვევ თქვენთან დადებულ ჩემს აღთქმას უკუნისამდე, ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის მკვიდრებთან და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები.’ თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი ხმა. თქვენ კი რა ჩაიდინეთ?! და კიდევ ვთქვი: არ განვდევნი-მეთქი მათ თქვენგან, რათა ისინი მახედ გაგიხდნენ, ხოლო მათი ღმერთები – ხაფანგად.“ და როცა უფლის ანგელოზმა ეს სიტყვები უთხრა ისრაელის ძეთ, მთელი ხალხი ხმამაღლა ატირდა. და მათ იმ ადგილს სახელად ბოქიმი უწოდეს, რაც ნიშნავს მოტირალს, და შესწირეს იქ მსხვერპლი უფალს. მას შემდეგ, რაც იესომ დაითხოვა ხალხი, წავიდნენ ისრაელის ძენი თავ-თავისი წილხვედრის დასამკვიდრებლად, და უფალს ემსახურებოდა ხალხი იესოს მთელი სიცოცხლის მანძილზე და უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომლებიც იესოს შემდეგ ცხოვრობდნენ და რომელთაც ნანახი ჰქონდათ უფლის ყველა დიადი საქმე, რაც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა. ას ათი წლისა მოკვდა უფლის მსახური იესო ნავეს ძე. და დამარხეს იგი მის სამკვიდროში, თიმნათ-ხერესში, ეფრემის მთიანეთში რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით. და როცა ასევე მთელმა იმ თაობამაც თავისი მამების კვალზე გაიარა, და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არ იცნობდა უფალს და არ იცოდა ის საქმეები, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა, ისრაელიანთ უფლისთვის საძაგელ საქმეებს მიჰყვეს ხელი და ბაყალების მომსახურება იწყეს; მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, მათ ირგვლივ მოსახლე ხალხების ღმერთებს, და თაყვანს სცემდნენ მათ, და არისხებდნენ უფალს; მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთორეთებს. და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და მძარცველთა ხელში ჩააგდო ის და აძარცვინა მათ; და შემდეგ მტრებს ჩაუგდო ხელში, გარს რომ ერტყნენ, და ვერ გაუმკლავდნენ მტრებს. ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი წარმართავდა მათ საბოროტოდ, როგორც უთხრა მათ უფალმა და როგორც დაუფიცა. და დიდად შევიწროვებულნი იყვნენ ისინი. და დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულნი, რომლებიც იფარავდნენ მათ მძარცველთა ხელიდან. მაგრამ ისრაელიანებმა თავიანთი მსაჯულებისაც არ ისმინეს: უზნეობდნენ უცხო ღმერთების კვალზე – თაყვანს სცემდნენ მათ; მალევე გადაუხვიეს იმ გზას, რომლითაც დადიოდნენ უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები, ესინი იმათ მსგავსად არ იქცეოდნენ. და როცა უფალი უგზავნიდა მათ მსაჯულებს, თვით უფალი იყო იმ მსაჯულებთან და ისრაელიანთ მტრებისაგან ის იფარავდა მსაჯულის სიცოცხლეში, რადგან ებრალებოდა ისინი, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემაჭირვებელთა ხელში. მაგრამ, როგორც კი მოკვდებოდა მსაჯული, თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ ისრაელიანები – მიჰყვებოდნენ უცხო ღმერთების კვალს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ; არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს, თავს არ ანებებდნენ ურჩობის გზას. და კვლავ აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და თქვა: „რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი აღთქმა, რომელიც დავუდე მათ მამებს და არ ისმინა ჩემი ხმა, მეც აღარ ავყრი აქედან არავის იმ ხალხებიდან, რომლებიც აქ დარჩნენ იესოს სიკვდილის შემდეგ. რათა გამოვცადო მათ მიერ ისრაელის ძენი: დაიცავენ თუ არა უფლის გზას, და გაჰყვებიან თუ არა მას, როგორც მიჰყვებოდნენ მათი მამები.“ და დატოვა უფალმა ეს ხალხები, რომლებიც თავიდანვე არ აჰყარა, და არ ჩაუგდო ხელში იესოს. აი, ის ხალხები, უფალმა რომ დატოვა, რათა გამოეცადა მათ მიერ ის ისრაელიანნი, რომლებიც არ შესწრებიან ქანაანის დასაპყრობად გამართულ ომებს. მხოლოდ იმისათვის, რათა სცოდნოდათ და ესწავლათ ომი ისრაელის ძეთა შემდგომ თაობებს, რომელნიც უწინდელ ომებს ვერ მოესწრნენ: ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო, ადსევე ყველა ის ქანაანელნი, ციდონელნი და ხიველნი, ლიბანის მთიანეთში რომ მკვიდრობდნენ, ბაყალ-ხერმონის მთიდან ვიდრე ლებო-ხამათამდე. და იყვნენ ისინი დატოვებული, რათა მათ მიერ გამოეცადა ისრაელიანები, თუ დაემორჩილებოდნენ უფლის ბრძანებებს, რომლებიც მათ მამებს აუწყა მოსეს პირით. და ისრაელის ძენი დამკვიდრდნენ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა შორის; და შეირთეს მათი ასულნი ცოლებად, და თავიანთი ასულები მიათხოვეს მათ ძეებს, და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს. და ბოროტება ჩაიდინეს ისრაელის ძეთ უფლის თვალში: დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაყალებსა და აშერებს. და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელიანებზე და ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშყათაიმს, არამის მეფეს, და ემსახურობოდნენ ქუშან-რიშყათაიმს ისრაელის ძენი რვა წელი. და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და აღუდგინა უფალმა მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ეს იყო ღოთნიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე. და უფლის სული იყო მასზე, და ის იყო მსაჯული ისრაელისა. და გავიდა იგი საომრად, და ხელში ჩაუგდო მას უფალმა ქუშან-რიშყათაიმი, მეფე არამისა, და სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშყათაიმს. და მოისვენა ქვეყანამ 40 წელი. და მოკვდა ღოთნიელი, კენაზის ძე. და კვლავ დაიწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში, და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მეფე მოაბისა, ისრაელზე, რადგან ბოროტება ჩაიდინეს უფლის თვალში ისრაელის ძეთ. და მან შემოიკრიბა ყამონის ძენი და ყამალეკნი, და წავიდა და დაამარცხა ისრაელი, და დაიპყრო ქალაქი ფინიკოვანი. და ემსახურებოდნენ ისრაელის ძენი ყეგლონს, მოაბის მეფეს, 18 წელი. და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და მოუვლინა უფალმა მათ მხსნელად ეჰუდი, ძე გერასი, ბენიამინის ძეთაგან, ცაცია კაცი. და ხარკი გაუგზავნეს ისრაელის ძეთ მისი ხელით ყეგლონს, მოაბის მეფეს. და გაიკეთა თავისთვის ეჰუდმა ორლესული მახვილი, ერთწყრთიანი, და შეიბა იგი მოსასხამის ქვეშ, მარჯვენა თეძოზე. და მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს; და ყეგლონი ძალიან მსუქანი კაცი იყო. და როგორც კი ძღვენი მიართვეს, მაშინვე უკან გაისტუმრა მომტანები. თავად კი, გილგალთან რომ კერპებია, იქიდან უკან გამობრუნდა და უთხრა: „მეფეო, საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი.“ და ბრძანა ყეგლონმა: „ჩუმად!“ და ყველა კარისკაცი გარეთ გაიკრიფა. და შევიდა ეჰუდი მასთან; და იგი მარტო იჯდა ზემო საგრილებელ ოთახში. და უთხრა ეჰუდმა: „ღვთის სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი.“ და წამოდგა მეფე ტახტიდან. და გაიკრა ეჰუდმა მარცხენა ხელი მარჯვენა თეძოსთან შებმულ მახვილზე და მუცელში აძგერა. და წვერიან-ვადიანად ჩაიფლო მახვილი და გადაფარა ქონმა მახვილი, რადგან არ გამოუძვრია უკან მახვილი მუცლიდან. მერე გამოვიდა ტალანში ეჰუდი და გამოიკეტა კარი. და როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მეფის მონები და აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ზემო ოთახის კარი. თქვეს: მოსასაქმებლად ჩაიკეტებოდაო საგრილებელ ოთახში. იცადეს, ვიდრე არ შეფიქრიანდნენ. და აჰა, არ იქნა და არ გააღო მან ზემო ოთახის კარი. ამიტომ აიღეს გასაღები და გახსნეს კარი და აჰა, მათი ბატონი მიწაზე აგდია მკვდარი. ეჰუდმა სამშვიდობოს გააღწია, ვიდრე ისინი აყოვნებდნენ. იგი გასცდა გილგალის საკერპოებს და სეყირას შეაფარა თავი. და ეფრემის მთაში მისულმა ბუკსა ჰკრა და ჩამოვიდნენ მასთან ერთად ისრაელის ძენი მთიდან, და წაუძღვა წინ. და უთხრა მათ: „მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მოაბელნი, თქვენი მტრები.“ და გაჰყვნენ უკან, და გადაუჭრეს მოაბელებს იორდანეზე გადასასვლელი ფონები და აღარავინ გაატარეს. და მოსრეს მოაბელნი იმ დროს 10 ათასამდე კაცი, ყველა ძლიერი და მამაცი, და თავს ვერავინ უშველა. და იმ დღეს მოაბი ისრაელის მორჩილი გახდა; დამშვიდდა და მოისვენა ქვეყანამ 80 წელი. ეჰუდის შემდეგ იყო შამგარი, ძე ყანათისა, და მან მოსრა ფილისტიმელთა 600 კაცი ხარის საჩხვეპით; და მანაც იხსნა ისრაელი. და ეჰუდის სიკვდილის შემდეგ კვლავ იწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში. და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ქანაანის მეფეს, იაბინს, რომლის სატახტო გალაქი იყო ხაცორი. მისი მხედართმთავარი იყო სისერა, რომელიც იდგა ხაროშეთ-ჰა-გოიმში. და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, რადგან სისერას 900 რკინის ეტლი ჰქონდა, და ის სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეთ 20 წლის მანძილზე. და იმ ხანად დებორა, წინასწარმეტყველი ქალი, ცოლი ლაფიდოთისა, იყო ისრაელს მსაჯული. და იჯდა ის დებორას ფინიკის ქვეშ, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაზე; და ადიოდნენ მასთან ისრაელის ძენი განსასჯელად. და კაცები გაუგზავნა და ბარაკი, აბინოყამის ძე, დაიბარა კედეშ-ნაფთალიდან, და უთხრა მას: „აი, რა გიბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘წადი და დადექი თაბორის მთაზე 10 ათასი კაცით ნაფთალის ძეთაგან და ზებულუნის ძეთაგან. და მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისერას, იაბინის მხედართმთავარს, მის ეტლებსა და მის ჯარს, და ხელში ჩაგაგდებინებ მათ.’ “ და უთხრა დებორას ბარაკმა: „თუ წამომყვები, წავალ, და თუ არ წამომყვები, არ წავალ.“ და უთხრა დებორამ: „წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ ამ გზაზე, რომელსაც შენ დაადგები, შენი აღარ იქნება დიდება, რადგან დიაცის ხელში ჩააგდებს უფალი სისერას.“ და ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კედეშში. და მოუხმო ბარაკმა ზებულუნელთ და ნაფთალელთ კედეშში, და გაჰყვა მის კვალს 10 ათასი კაცი, და დებორაც წაჰყვა. და ხებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს მოყვრის, ხობაბის მოდგმას, და ცაყანანიმის მუხრანში გაეშალა კარვები, კედეშის მახლობლად. და შეატყობინეს სისერას, რომ ბარაკი, ძე აბინოყამისა თაბორის მთაზე იყო ასული. და იხმო სისერამ მთელი თავისი ეტლიონი – 900 რკინის ეტლი, და მთელი ხალხი, რომელიც მასთან იყო, ხაროშეთ-ჰა-გოიმიდან კიშონის ხევამდე. და უთხრა დებორამ ბარაკს: „ადექი, რადგან ეს ის დღეა, როცა ხელში ჩაგიგდო სისერა უფალმა. თვით უფალი წაგიძღვება წინ.“ და ჩავიდა ბარაკი თაბორის მთიდან და 10 ათასი კაცი ჩაჰყვა. და დააფრთხო უფალმა სისერა და მთელი მისი ეტლიონი, და მთელი ლაშქარი ბარაკის მახვილის პირით. და გადმოხტა სისერა ეტლიდან და ფეხით გაიქცა. ბარაკმა ხაროშეთ-ჰა-გოიმამდე სდია ეტლიონსა და ლაშქარს; და დაეცა სისერას მთელი ლაშქარი მახვილის პირით, ერთიც არ გადარჩენილა. და გაიქცა სისერა ფეხით იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის, კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფის, იაბინისა და კენიელი ხებერის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა. და გამოვიდა იაყელი სისერას შესახვედრად, და უთხრა მას: „მობრძანდი, ბატონო ჩემო, შემობრძანდი ჩემთან, ნუ გეშინია.“ და შევიდა სისერა მასთან კარავში, და დამალა იგი საფენის ქვეშ. და უთხრა მას სისერამ: „გეთაყვა, ცოტა წყალი დამალევინე, რადგან მწყურია.“ და მოხსნა იაყელმა რძის ტიკს პირი და დაალევინა, და ისევ დამალა სისერა. და სისერამ უთხრა მას: დადექი კარვის კართან, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ? უთხარი: არა-თქო. და იაყელმა, ხებერის ცოლმა, აიღო კარვის დასაჭიმი პალო, ხელში ურო დაიკავა და სისერას ფეხაკრეფით მიეპარა, რომელსაც დაღლილს ეძინა, და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწაზე დააჭედა, და მოკვდა სისერა. და აჰა, ბარაკი მოსდევს სისერას კვალს. გამოეგება იაყელი, და უთხრა: „მოდი, გაჩვენო კაცი, შენ რომ ეძებ.“ და შევიდა მასთან ბარაკი და აჰა, სისერა მკვდარი აგდია, საფეთქელში პალო ჩარჭობილი. და ღმერთმა იმ დღეს დაუმორჩილა იაბინი, მეფე ქანაანისა, ისრაელის ძეთ. და თანდათან დამძიმდა ისრაელიანთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოსპეს იგი. ასე იგალობეს იმ დღეს დებორამ და ბარაკმა, აბინოყამის ძემ: „წინამძღოლი რომ წინამძღოლობდა, ხალხი ნებით რომ სწირავდა თავს, აკურთხეთ უფალი! ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობებ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს. როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვენთებოდა, ღრეუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ. მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღმრთისა. შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს დაცარიელდა შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიგზით არჩევდნენ შემოვლას. სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი იყო ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში. ახლი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ უჩანს ფარ-შუბი 40 ათასს ისრაელში? ისრაელის წინამძღოლებთანაა ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებთან! აკურთხეთ უფალი! თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, გზებზე ქვეითად მავალნო, თქვით საგალობელი! იქ, სადაც დასარწყულებლად აგროვებენ ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა უფლის ერი! გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო! მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა უფალმა ხალხი; უფალმა დამიმორჩილა მამაცნი. ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც შენთანაა, შენს ხალხში; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულუნიდან – წინამძღოლთა კვერთხისმპყრობელნი. ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის ერთგულია ისაქარი – მის კვალდაკვალ მიიჭრა ველზე. რეუბენის შტოებში დიდი თათბირია. რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის შტოებში დიდი თათბირია! გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა. სიკვდილი არად მიაჩნია ზებულუნის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია. მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანაქში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ იალაფეს. ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისერას. კიშონის ხევმა წაიღო ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით! სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი ვაჟკაცების სრბოლისაგან. დაწყევლეთო მეროზი, – ამბობს ანგელოზი უფლისა, – დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენო უფლის საშველად, უფლის საშველადო ვაჟკაცებთან ერთად! კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს! წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე. მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენათი – უროს; მოუქნია სისერას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა. მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული. სარკმლიდან იყურება, კანკლედიდან გაჰკივის სისერას დედა: ‘რატომ იგვიანებს მისი მხედრობა, რამ შეაფერხა მისი ეტლის თვლები?’ პასუხობენ გონიერი სეფექალები, თვითონვე ამბობს თავისივე სიტყვების პასუხად: ‘ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფდნენ: თითო ან ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისერას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად ნაქსოვი, ტყვის ტანზე შემოძარცული.’ ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ!“ და დაისვენა ქვეყანამ 40 წელი. და როცა ისრაელის ძეთ იწყეს ისეთი საქმეების კეთება, რაც უფლისთვის სისაძაგლე იყო, უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი მიდიანს შვიდი წლით. დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, და ისრაელის ძეთ იწყეს გახიზვნა კლდის ნაპრალებში, გამოქვაბულებსა და მიუვალ ადგილებში. და როგორც კი ისრაელი ხვნა-თესვას მორჩებოდა, ამოდიოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი და აღმოსავლეთის ტომები, ბანაკებს აწყობდნენ მათ წინ, და აჩანაგებდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, და არ უტოვებდნენ საზრდოს ისრაელიანთ – არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს. რადგან ისინი ამოდიოდნენ თავიანთი ჯოგებითა და კარვებით. მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, ვერ დაითვლიდი ვერც მათ და ვერც მათ აქლემებს. მოდიოდნენ და ძარცვავდნენ ქვეყანას. და მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანელთაგან, და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს. და როცა შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს მიდიანის გამო, მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი კაცი, რომელმაც უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გამოგიყვანეთო ეგვიპტიდან, გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან; გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან, და განვდევნე ისინი თქვენგან, და მოგეცით მათი ქვეყანა, და გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, არ ირწმუნოთ-მეთქი ამორეველებისა, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ მკვიდრობთ, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა.“ და მოვიდა უფლის ანგელოზი, და დაჯდა ყოფრაში, მუხის ქვეშ, რომელიც ეკუთვნოდა იოაშს, აბიყეზერის შთამომავალს; და გედეონი, მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა გადაემალა მიდიანელთაგან. და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი, და უთხრა: „უფალი შენთანაა, მამაცო მებრძოლო!“ და უთხრა მას გედეონმა: „ვაგლახ, ჩემო ბატონო, თუ უფალი ჩვენთან არის, მაშ რაღათ დაგვემართა ეს ყოველივე? აბა სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ: ‘ეგვიპტიდან გამოგვიყვანაო უფალმა?’ ახლა კი მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო!“ მაგრამ მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: „წადი მაგ შენი ძალითა და იხსენ ისრაელი მიდიანის ხელიდან. მე გაგზავნი შენ.“ და უთხრა მას გედეონმა: „მომხედე, ჩემო ბატონო! როგორ ვიხსნი მე ისრაელს, როცა ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მანაშეს ტომში, და მეც ნაბოლარა ვარ მამაჩემის სახლში.“ და უთხრა მას უფალმა: „მე ვიქნები შენთან და ისე სძლევ მიდიანს, როგორც ერთ კაცს.“ და უთხრა მას გედეონმა: „თუ მე მადლი ვპოვე შენს თვალში, რაიმე ნიშანი მიჩვენე, რომ შენ მელაპარაკები. ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, და ძღვენს გამოვიტან და დავდებ შენს წინაშე.“ და მან უპასუხა: „აქ დაგიცდი, ვიდრე დაბრუნდები.“ და წავიდა გედეონი, და მოამზადა თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები. ხორცი კალათში ჩააწყო, და წვენი ქოთანში ჩაასხა და გამოუტანა მას მუხის ქვეშ, და მიართვა. და უთხრა მას ღმერთის ანგელოზმა: „აიღე ხორცი და ხმიადები და დააწყვე ამ კლდის თავზე და წვენი ზედ დაასხი.“ და ასეც მოიქცა გედეონი. და გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, შეახო ხორცსა და ხმიადებს და ავარდა ცეცხლი ტინიდან, და შთანთქა ხორცი და ხმიადები ცეცხლმა; და უფლის ანგელოზი თვალს მიეფარა. და მიხვდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და დაიჩივლა: „ვაგლახ მე, უფალო ღმერთო! პირისპირ ვიხილე უფლის ანგელოზი!“ და უთხრა მას უფალმა: „მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები.“ და სამსხვერპლო აუგო იქ გედეონმა უფალს, და უწოდა მას: „უფალი მშვიდობაა.“ იგი დღევანდელ დღემდე დგას აბიყეზერელთა ყოფრაში. და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „წაიყვანე მოზვერი მამაშენის ხარებიდან, და მეორე შვიდი წლის ზვარაკი; და დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, მამაშენს რომ აქვს, ხოლო აშერა, რომელიც მის გვერდითაა, აჩეხე. და აუგე უფალს, შენს ღმერთს, სამსხვერპლო ამ კლდის თავზე თავისი წესით, და მეორე ზვარაკი აღუვლინე სრულადდასაწველად იმ აშერას შეშით, რომელსაც აჩეხავ.“ და წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან, და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უთხრა; და რაკი თავისი მამისსახლის და ქალაქის მკვიდრების შიში ჰქონდა, ვერ გაბედა, დღისით გაეკეთებინა, ამიტომ ღამით გააკეთა. და ადგნენ დილით იმ ქალაქის მკვიდრნი და აჰა, ბაყალის სამსხვერპლო დანგრეულია და აშერა, მის გვერდით რომ იყო, აჩეხილი; მეორე ზვარაკი კი ახლადაგებულ სამსხვერპლოზე იწვის. და ჰკითხეს ერთმანეთს: ვინ ჩაიდინაო ეს საქმე? და გამოიძიეს და გამოიკვლიეს, და გაიგეს, რომ გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს. და უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: „გამოიყვანე შენი ძე, ის უნდა მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და მის გვერდით აშერა აჩეხა.“ და უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: „ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ უნდა იხსნათ იგი? ვინც მას გამოესარჩლება, იგი განთიადამდე მოკვდება. თუ ღმერთია იგი, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, როცა ანგრევენ მის სამსხვერპლოს!“ და იმ დღეს უწოდეს გედეონს იერუბაყალი, რაც ნიშნავს: „თავად ბაყალმა გასცეს პასუხი.“ ბაყალის სამსხვერპლო ხომ მან დაანგრია. და მთელი მიდიანი და ყამალეკი, და აღმოსავლეთის ტომები ერთად შეიყარნენ და მოვიდნენ და დაიბანაკეს იზრეყელის ველზე. და უფლის სულმა მოიცვა გედეონი: და მან ბუკსა ჰკრა და თავი მოიყარეს აბიყეზერელებმა მის უკან. მაცნეები დაგზავნა და მთელი მანაშეს ტომი მასთან მოვიდა; მაცნეები გაუგზავნა აშერის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებს – და ეს ტომებიც გამოვიდნენ საომრად. და უთხრა გედეონმა ღმერთს: „შენ მართლა აპირებ, ჩემი ხელით იხსნა ისრაელი, როგორც მპირდებოდი? აჰა, საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იქნება, მთელი მიწა კი მშრალი, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც ამბობდი.“ და ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიანად ადგა გედეონი, გამოწურა საწმისი და გამოადინა ნამი, წყლით სავსე ერთი თასი. და უთხრა გედეონმა ღმერთს: „ნუ აღიგზნება შენი რისხვა ჩემზე, თუ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მხოლოდ ერთხელ კიდევ გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი და მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.“ და ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს. მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო. და ადგა დილაადრიანად იერუბაყალი – იგივე გედეონი – და მასთან მყოფი მთელი მებრძოლი ხალხი, და ხაროდის წყაროსთან; მიდიანის ბანაკი იყო მის ჩრდილოეთით, მორეს ბორცვთან, ველზე. და უთხრა უფალმა გედეონს: „ბევრი ხალხი გყავს საიმისოდ, რომ მიდიანი ჩავუგდო მათ ხელში, რათა არ გაყოყოჩდეს ისრაელი ჩემზე, და არ მითხრას: მე ჩემმა ხელმა მიხსნაო. ახლა, მოდი, გამოუცხადე ხალხს ხმამაღლა და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს და წავიდეს-თქო გალაადის მთიდან.“ და გაბრუნდა ხალხიდან 22 ათასი, და 10 ათასი დარჩა. და უთხრა უფალმა გედეონს: „ხალხი მაინც ბევრია; ჩაიყვანე ისინი წყალზე და იქ გამოგირჩევ; და ვისზეც გეტყვი, ეს გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს; ხოლო ვისზეც გეტყვი: ეს არ გამოგყვეს-მეთქი, ნუ წამოვა.“ და ჩაიყვანა გედეონმა ხალხი წყალზე. და უთხრა უფალმა გედეონს: „ყველა, ვინც ძაღლივით ენით შესვლეპს წყალს, ცალკე დააყენე; ყველა, ვინც, დასალევად ჩაიმუხლება, ასევე გამოაცალკევე.“ და მსვლეპავთა რიცხვი, ვინც პეშვი პირთან მიიტანა, 300 კაცი იყო; და ყველა დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა წყლის დასალევად. და უთხრა უფალმა გედეონს: „ამ 300 კაცით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებ მიდიანს, და მთელი დანარჩენი ხალხი უკან გაბრუნდეს.“ და აიღეს მათ ხალხის საგზალი და რქის ბუკები; და დაიტოვა გედეონმა სამასი კაცი, ხოლო დანარჩენი ხალხი გაუშვა ბანაკში; და იყო მიდიანის ბანაკი მათ ქვემოთ, ველზე. და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „ადექი, ჩადი და დაეცი მათ ბანაკს, რადგან ხელში გაძლევ მათ. და თუ მარტოს გეშინია ჩასვლა, შენ და შენი მსახური ფურა ჩადით. და მოისმენ, რასაც ლაპარაკობენ, და ეს მკლავს გაგიმაგრებს და დაეცემი ბანაკს.“ და ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურა, იარაღასხმულთა განაპირა რიგებისაკენ, ბანაკში რომ იყვნენ. და მიდიანი, ყამალეკი და ყველა ძე აღმოსავლეთისა ველზე იყვნენ განლაგებულნი, კალიასავით ურიცხვნი; და მათ აქლემებს თვლა არ ჰქონდა, იმდენი იყვნენ, როგორც ქვიშა ზღვის პირას. და მოვიდა გედეონი. და აჰა, ერთი კაცი სიზმარს უყვება თავის მოყვასს და ეუბნება: „აჰა, სიზმარი მესიზმრა: ვითომც ქერის პური დაგორდა მიდიანის ბანაკისკენ, კარავს რომ მიაღწია, დაეჯახა და დასცა, თავდაყირა დააყენა კარავი, და დაემხო კარავი.“ მეორემ მიუგო და უთხრა: „ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მახვილი გედეონისა, იოაშის ძისა, ისრაელიანისა; მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.“ და როცა გედეონმა ამ სიზმრის მოყოლა და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს და აბრუნდა ისრაელის ბანაკში, და თქვა: „ადექით, რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის ბანაკი.“ და გაჰყო მან სამასი კაცი სამ რაზმად, და ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა ხელში, დოქებში კი ლამპრები იყო დამალული. და უთხრა მათ: „მიყურეთ და იგივე გააკეთეთ: აჰა, მივალ მე ბანაკთან, და მოიქეცით, როგორც მე მოვიქცევი! და დავცემთ ბუკს მე და ჩემთან მყოფნი; თქვენც ჩაჰბერეთ ბუკებს მთელი ბანაკის ირგვლივ და იყვირეთ: ‘უფლისათვის და გედეონისათვის!’ “ მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი 100 კაცი, როცა შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ, ატეხეს ბუკისცემა და დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ. და ბუკსა სცა სამივე გუნდმა და დალეწეს დოქები; მარცხენა ხელში ლამპრები ეჭირათ, ხოლო მარჯვენა ხელში ბუკები; ბუკსა სცემდნენ და გაჰყვიროდნენ: „მახვილი უფლისათვის და გედეონისათვის!“ თითოეული თავ-თავის ადგილას იდგა, ბანაკის ირგვლივ. და აირია მადიანელთა მთელი ბანაკი, ყვიროდნენ და მირბოდნენ. და ბუკსა სცა სამასმა კაცმა და უფალმა ერთმანეთზე აღამართინა მახვილი მადიანელთა მთელ ლაშქარს; და უკუიქცა ლაშქარი და მირბოდა ბეთ-შიტამდე ცერერასაკენ, აბელ-მეხოლას საზღვრამდე, ტაბათის მახლობლად. და დაძახილზე გამოვიდნენ ისრაელიანები ნაფთალიდან, აშერიდან და მთელი მანაშედან და დაედევნენ უკან მიდიანელთ. და გაგზავნა მოციქულები გედეონმა ეფრემის მთაში, შეუთვალა: „ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანელთ და გადაუჭერით წყალზე ფონები, დაიკავეთ იორდანეს ნაპირი ბეთ-ბარამდე!“ გამოვიდა მთელი ეფრემი და გადაუჭრეს ფონები მდინარეზე – დაიკავეს იორდანეს სანაპირო თვით ბეთ-ბარამდე. და შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი: ყორები და ზეები, და მოკლეს ყორები ყორების კლდესთან, ხოლო ზეები ზეების საწნახელთან, და დაედევნენ მიდიანელთ; და ყორებისა და ზეების თავები გედეონს მოუტანეს იორდანეს გაღმიდან. და უთხრეს მას ეფრემის კაცებმა: „ეს რა გააკეთე, რომ არ მოგვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი?“ და მაგარი ჩხუბი აუტეხეს. და უპასუხა გედეონმა მათ: „ახლა მე ისეთი რა გავაკეთე, რომ თქვენს საქმეებს გაუტოლდეს? ეფრემის მონამცვრევი რით არა სჯობს აბიყეზერის მიერ მოსთვლილს?“ ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები – ყორები და ზეები. განა გაუტოლდება ჩემი საქმეები თქვენს საქმეებს? მაშინ კი მოუბრუნდათ გული მასზე, როცა ეს სიტყვები უთხრათ გედეონმა. და მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა მან და მასთან მყოფმა მდევარში დაქანცულმა სამასმა კაცმა. და სთხოვა მან სუქოთის მცხოვრებთ: „მიეცით პურის კვერები იმ ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან დაქანცულები არიან, და მე მიდიანის მეფეებს მივდევ – ზებახსა და ცალმუნაყს.“ და უთხრეს სუქოთის მთავრებმა: „ვითომ ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელთა გყავდნენ, ისე გვთხოვ ჯარი დამიპურეთო!“ მიუგო გედეონმა: „მაშ კარგი. და როცა უფალი ზებახსა და ცალმუნაყს ხელში ჩამაგდებინებს, უდაბნოს ნარ-ეკლით დაგაფლეთთ ხორცს.“ და წავიდა იქიდან ფენუელისაკენ, და იგივე სთხოვა მათ; და ფენუელის მკვიდრებმაც იგივე მიუგეს, რაც სუქოთის მკვიდრებმა. და ფენუელის მკვიდრებსაც ასე უთხრა: „როცა გამარჯვებული შემოვიქცევი უკან, ნახავთ, როგორ დავმუსრავ ამ ციხე-კოშკს!“ ხოლო ზებახი და ცალმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით – 15 ათასამდე კაცით – აღმოსავლეთის ძეთა მთელი ლაშქრიდან რაც გადარჩა; დაღუპვით კი 120 ათასი მებრძოლი დაეცა. გედეონმა აღმოსავლეთიდან შემოუარა ნობახს და იოგბეჰას კარვებში მცხოვრებთა გზით და იმ დროს დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი. და გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, და ის კვალდაკვალ დაედევნა მათ, და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე – ზებახი და ცალმუნაყი. მთელი მათი ლაშქარი კი თავზარდაცემული გარბოდა. და ბრუნდებოდა ბრძოლის შემდეგ გედეონი, ძე იოაშისა, ხერესის მაღლობით. და შეიპყრო ერთი სუქოთელი ჭაბუკი და დაჰკითხა იგი. და ჩამოუწერა მან სუქოთის მთავრები და მისი უხუცესები – 77 კაცი. და მოვიდა სუქოთელებთან, და უთხრა: „აი, ზებახი და ცალმუნაყი, ამათ გამო იყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: ‘ვითომ ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელთა გყავდნენ, ისე გვთხოვ, ჯარი დამიპურეთო!’ “ და გამოიყვანა ქალაქის უხუცესნი და უდაბნოს ნარ-ეკლით ლეწა სუქოთელები. ფენუელის ციხე-კოშკი დაანგრია და იმ ქალაქის მკვიდრნი გაჟლიტა. და უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: „როგორები იყვნენ ის კაცები, თაბორზე რომ დახოცეთ?“ და მიუგეს მათ: „შენნაირები იყვნენ, თვალად მეფისწულებს ჰგავდნენ.“ და თქვა გედეონმა: „ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. ვფიცავ უფალს, თქვენ რომ ისინი გეცოცხლებინათ, აღარც თქვენ დაგხოცავდით.“ და უთხრა მან იეთერს, თავის პირმშოს: „ადექი, დახოცე ესენი!“ და ვერ იშიშვლა ბიჭმა მახვილი, რადგან შეშინდა, რაკი ჯერ კიდევ პატარა იყო. და უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: „ადექ და შენ დაგვხოცე, რადგან რაც კაცია, მისი ძალღონეც ის არის.“ და ადგა გედეონი და დახოცა ზებახი და ცალმუნაყი, და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს. და უთხრეს ისრაელის კაცებმა გედეონს: „იხელმწიფეთ ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელთა ხელიდან.“ და უპასუხა მათ გედეონმა: „მე არ ვიხელმწიფებ თქვენზე და არც ჩემი ძე იხელმწიფებს თქვენზე; უფალი იხელმწიფებს თქვენზე.“ და უთხრა მათ გედეონმა აგრეთვე: „თხოვნით ერთსა გთხოვთ: თითოეულმა თითო საყურე მომცეს თავის ნადავლიდან“ (რადგან ოქროს საყურეებს ატარებდნენ, ვინაიდან ისმაელიანები იყვნენ). და მათ უთხრეს: „მოგცემთ.“ და გაშალეს წამოსასხამი, და თითოეულმა თითო საყურე დააგდო თავისი ნაალაფარიდან. და წონა ოქროს საყურეებისა, მან რომ გამოითხოვა, იყო 1700 ოქროს შეკელი, გარდა მიდიანის მეფისაგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდლებისა, ძოწეულისა და გულქანდებისა, მათს აქლემებს ყელზე რომ ეკიდათ. და გააკეთა მისგან გედეონმა ეფოდი, და დადო იგი თავის ქალაქში, ყოფრაში; და მეძაობდა იქ მთელი ისრაელი იმის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლს. და დამორჩილდა მიდიანი ისრაელის ძეთ, და მეტი აღარ წამოუყვიათ მათ თავი, და მოისვენა ქვეყანამ 40 წელი გედეონის სიცოცხლეში. და წავიდა იერუბაყალი, იოაშის ძე, და თავის სახლში დამკვიდრდა. ხოლო გედეონს ჰყავდა 70 ღვიძლი შვილი, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა მას. და მისმა შექემელმა ხარჭამაც ვაჟი გაუჩინა; და დაარქვა მას სახელად აბიმელექი. და მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში, და დაიმარხა მისი მამის, იოაშის, სამარხში – აბიყეზერის ყოფრაში. გედეონი რომ მოკვდა, ისევ დაიწყეს ისრაელის ძეთ მეძაობა ბაყალის კვალზე და ღმერთად გაიხადეს ბაყალ-ბერითი. და აღარ გაიხსენეს ისრაელის ძეთ უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან. და არც იერუბაყალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი, მთელი იმ სიკეთისათვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს. და წავიდა აბიმელექ იერუბაყალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, და ელაპარაკა მათ და თავისი დედის მამისსახლის მთელ საგვარეულოს, და უთხრა: „უთხარით ყველა შექემელს: ‘რა გირჩევნიათ, მთელი 70 კაცი – იერუბაყალის ყველა ძე – ხელმწიფებდეს თქვენზე, თუ მე, ერთი კაცი, ვიყო თქვენი ხელისუფალი?’ და გახსოვდეთ, შექემელნო, რომ მე ვარ თქვენი სისხლი და ხორცი.“ და მისმა დედის ძმებმა ჩაასმინეს ყველა შექემელს ყველა ეს სიტყვა; და გადაიხარა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ძმა არისო ჩვენი. და მისცეს მას 70 ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან, და დაიქირავა ამით აბიმელექმა უღირსი და თავზეხელაღებული კაცები, და უკან გაჰყვნენ მას. და მივიდა თავისი მამისსახლში, ყოფრაში, და ერთ ქვაზე დააკლა თავისი ძმები, ძენი იერუბაყალისა, 70 კაცი, და მხოლოდ იოთამი გადარჩა, იერუბაყალის უმცროსი ვაჟი, რადგან დამალვა მოასწრო. და თავი მოიყარა ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან დადგმულ სვეტთან, შექემში რომ არის. და როცა ეს ამბავი შეატყობინეს იოთამს, წავიდა და გადმოდგა გერიზიმის მთის თხემზე, ხმა აღიმაღლა და დაიძახა: „ისმინეთ ჩემი, შექემელებო, რათა ღმერთმა თქვენ მოგისმინოთ!“ ერთხელ როგორღაც შეიკრიბნენ ხეები, რომ თავისთვის მეფე დაესვათ, და უთხრეს ზეთისხილს: იმეფეო ჩვენზე; და უთხრა მათ ზეთისხილმა: „მივატოვო ჩემი სიმსუყე, რომლითაც ღმერთსა და კაცს განადიდებენ, და ხეებს გადავყვე?“ მაშინ უთხრეს ხეებმა ლეღვს: მოდი და შენ იმეფეო ჩვენზე. და უთხრა მათ ლეღვმა: „მივატოვო ჩემი სიტკბოება და ჩემი ნაყოფი და ხეებს გადავყვე?“ და უთხრეს ხეებმა ვაზს: მოდი და შენ იმეფეო ჩვენზე. და უთხრა მათ ვაზის ლერწმა: „დავთმო ჩემი წვენი, გამხარებელი ღვთისა და კაცისა, და ხეებს გადავყვე?“ ბოლოს ყველა ხემ კვრინჩხს მიმართა: მოდი და შენ იმეფეო ჩვენზე. და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: „თუ თქვენ მართლაც თქვენს მეფედ გინდათ ჩემი ცხება, მოდით და შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს, ხოლო თუ არ დამადგენთ თქვენს მეფედ – ამოვარდება კვრინჩხის ბუჩქიდან ცეცხლი და შთანთქავს ლიბანის კედრებს!“ „აბა, დაფიქრდით, სწორად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაყალს და მის სახლს? მისი ღვაწლის სანაცვლოდ ეს ეკუთვნოდა? მამაჩემი თქვენი გულისთვის იბრძოდა, თავი გაწირა, და გიხსნათ მიდიანის ხელიდან; თქვენ კი დღეს წინ აღუდექით მამაჩემის სახლს და ერთ ქვაზე დააკალით მისი ძენი, 70 კაცი, და აბიმელექი, მისი ხარჭის ძე, შექემელებზე გაამეფეთ, რადგან თქვენი მოძმეა იგი. და თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით იერუბაყალს და მის სახლს, მაშინ იხარეთ აბიმელექით და მანაც იხაროს თქვენით; თუ არა და, ამოვარდეს ცეცხლი აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი; ამოვარდეს ცეცხლი შექემელთაგან და მილოს სახლიდან და შთანთქას აბიმელექი!“ და გაიქცა იოთამი და წავიდა ბეერისაკენ, და იქ დამკვიდრდა თავისი ძმის, აბიმელექისგან შორს. და მთავრობდა აბიმელექი ისრაელზე სამი წელი. და ღმერთმა განხეთქილების სული გამოგზავნა აბიმელექსა და შექემელებს შორის, და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს, რათა მოწეულიყო იერუბაყალის 70 ძის მიმართ ჩადენილი ბოროტების სამაგიერო და მათი სისხლი მოჰკითხოდა აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომელთაც ხელი გაუმაგრეს აბიმელექს თავისი ძმების დახოცვაში. და მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, და ძარცვავდნენ ყველას, ვინც მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა. და მოახსენეს ეს ამბავი აბიმელექს. და მოვიდნენ გაყალი, ძე ყებედისა, და მისი ძმები, და დადიოდნენ შექემში; და მას მიენდვნენ შექემელნი. და გავიდნენ მინდორში, მოკრიფეს ყურძენი, დაწურეს და ზეიმი გამართეს. შევიდნენ თავიანთი ღმერთის ტაძარში და ჭამდნენ და სვამდნენ, და წყევლიდნენ აბიმელექს. და თქვა გაყალ ყებედის ძემ: „ვინ გდია აბიმელექი? და რა არის შექემი! მას უნდა ვეყმოთ? განა იერუბაყალის ძე არ არის ის, და განა ზებული არ არის მისი მოურავი? ისინი უნდა ემსახურებოდნენ ხამორს, შექემის მამას! აბიმელექს რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ ჩვენ? ეს ხალხი რომ ჩემს ხელთ იყოს, მე გავათავისუფლებდი მათ აბიმელექისგან! და გამოიწვია მან აბიმელექი: შეკრიბე შენი ჯარი და გამოდიო საომრად!“ ზებულმა, ქალაქის მთავარმა, გაიგო გაყალ ყებედის ძის ნალაპარაკევი და რისხვით აღეგზნო. და ფარულად გაუგზავნა მოციქულები აბიმელექს ყარუმაში და შეუთვალა: „აჰა, მოვიდა გაყალი, ძე ყებედისა, თავის ძმებთან ერთად შექემში და ქალაქი უნდათ აგიმხედრონ. და ახლა, ამაღამვე, ადექით შენ და შენთან მყოფი ხალხი და ველზე ჩაუსაფრდით. და განთიადისას, მზის ამოსვლისთანავე, ადექი დილაადრიან და დაეცი ქალაქს; და წამოვა გაყალი მასთან მყოფი ხალხით შენს დასახვედრად და ხელში ჩაიგდებ მათ.“ და ადგა ღამე აბიმელექი და მთელი მასთან მყოფი ხალხი, და ოთხ რაზმად ჩასაფრდა შექემთან. და გამოვიდა გაყალი, ძე ყებედისა, და დადგა ქალაქის კარიბჭესთან; და გამოვიდა საფარიდან აბიმელექი თავის ხალხთან ერთად. გაყალმა, ხალხი რომ დაინახა, უთხრა ზებულს: „შეხედე, ხალხი ეშვება მთათა თხემებიდან.“ და უთხრა მას ზებულმა: „მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება.“ და კვლავ ალაპარაკდა გაყალი და თქვა: „ხალხი ეშვება მაღლობიდან, და ერთი რაზმი მოდის მისანთა მუხის გზიდან.“ და უთხრა მას ზებულმა: „განა შენ არ ამბობდი: ვინ არის აბიმელექი, რომ მას ვემონებოდეთო? აგერ, ეს ხალხია, შენ რომ დასცინოდი! გადი და შეები მათ!“ და გაუძღვა გაყალი შექემელებს და შეება აბიმელექს. აბიმელექმა გააცია ისინი და ქალაქის კარიბჭემდე სდია. მრავალი დახოცილი შექემელი დაეცა კარიბჭემდე. ამის შემდეგ დარჩა აბიმელექი ყარუმაში; და განდევნა ზებულმა გაყალი და მისი ძმები, რათა არ ეცხოვრათ შექემში. მეორე დღეს შექემელნი კვლავ გამოვიდნენ ქალაქიდან. და შეიტყო ეს ამბავი აბიმელექმა. და გაიყვანა მან თავისი ხალხი და გაჰყო ისინი სამ რაზმად, და ველზე ჩასაფრდა. და ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, დაესხა მათ თავს და მთლიანად მოსრა. აბიმელექი და მისი რაზმები კი წინ გაიჭრნენ და შედგნენ ქალაქის კარიბჭესთან, ხოლო ორი რაზმი შეესია ყველას, ვინც ველზე იყო, და ხოცავდა მათ. აბიმელექი კი მთელი დღე ებრძოდა ქალაქს, ქალაქი აიღო, და გაწყვიტა მთელი ხალხი. მან დაანგრია შექემი და მის ადგილას მარილი დათესა. და შეიტყვეს ეს ამბავი შექემის გოდოლის მცხოვრებთ და შეცვივდნენ ელ-ბერითის სახლის გოდოლში. და მოხსენდა აბიმელექს, ერთად შეიყარაო შექემის გოდოლის ყველა მკვიდრი. და ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, და აიღო აბიმელექმა ცული ხელში და მოჭრა ტოტი, და ასწია იგი და გაიდო მხარზე, და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: „ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე გააკეთეთ.“ მოჭრა მთელმა ხალხმა, თითოეულმა თითო ტოტი, და გაჰყვა აბიმელექს, და შემოუწყვეს ისინი გოდოლს და ცეცხლს მისცეს გოდოლი და შიგ მყოფნი. და ამოწყდა შექემის ყველა მკვიდრი, თითქმის ათასამდე კაცი და ქალი. და წავიდა აბიმელექი თებეცში, და ალყა შემოარტყა თებეცს და დაიპყრო იგი. მტკიცე გოდოლი იყო შუა ქალაქში და იქ გაიქცა ყველა, კაცი თუ ქალი, და ყველა მკვიდრი ქალაქისა, და ჩაიკეტეს კარი და ავიდნენ გოდლის ბანზე. და მივიდა აბიმელექი გოდოლთან, და შეუტია და მიადგა გოდლის შესასვლელს, რათა დაეწვა იგი ცეცხლით. და ამ დროს ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი დასცა მაღლიდან აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია. აბიმელექმა უმალ თავისი საჭურველთმტვირთველი იხმო და უთხრა: „იშიშვლე მახვილი და მომკალი, რომ არა თქვან ჩემზე, დედაკაცმა მოკლაო.“ და უგმირა მას მისმა საჭურველმტვირთველმა, და მოკვდა აბიმელექი. და როცა დაინახეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. ასე მიუზღო სამაგიერო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისათვის, რაც მან თავის მამის მიმართ ჩაიდინა, თავისი 70 ძმის დახოცვით. და შექემელებზე მოაწია ღმერთმა ყველა მათი ბოროტება. და ეწიათ მათ იოთამ იერუბაყალის ძის წყევლა. აბიმელექის შემდგომ აღდგა თოლაყი, ძე ფუვასი, ძისა დოდოსი, ისაქარის ტომისა, ისრაელის გამომხსნელად. იგი ცხოვრობდა შამირში, ეფრემის მთაზე. და განსჯიდა ისრაელს 23 წელიწადს, და მოკვდა და დაიმარხა შამირში. მის შემდგომ გამოჩნდა გალაადელი იაირი და განსჯიდა ისრაელს 22 წელი. და ჰყავდა მას 30 ვაჟი, და ყოველ მათგანს თავისი სახედარი ჰყავდა; და ჰქონდათ მათ 30 ქალაქი, დღემდე ხავოთ-იაირად წოდებული, გალაადის ქვეყანაში რომ არის. და მოკვდა იაირი და დაიმარხა კამონში. და კვლავ იწყეს ისრაელის ძეთ უფლის თვალში საძაგელი საქმეების კეთება: ემსახურებდნენ ბაყალებს და ყაშთორეთებს, არამისა და ციდონის ღმერთებს, მოაბისა და ყამონელთა ღმერთებს, და ფილისტიმელთა ღმერთებს; და მიატოვეს უფალი და აღარ ემსახურებოდნენ მას. და აღეგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ჩაყარა ისინი ფილისტიმელთა და ყამონელთა ხელში. და იმ წლიდან მოკიდებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისრაელის ძეთ 18 წლის მანძილზე; ყოველი ისრაელის ძე დაიმონეს, ვინც იორდანეს გაღმა ცხოვრობდა ამორეველების ქვეყანაში – გალაადში რომ არის. და გადალახეს ყამონის ძეთ იორდანე, რომ იუდას, ბენიამინისა და ეფრემის სახლს შებრძოლებოდნენ, და ძლიერ გაუჭირდა ისრაელს. და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს და უთხრეს: „შეგცოდეთ შენ, რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაყალებს!“ და უთხრა უფალმა ისრაელის ძეთ: „ხომ დაგიხსენით ეგვიპტელთაგან, ამორეველთაგან, ყამონელთაგან, ფილისტიმელთაგან, და ციდონელები, ყამალეკი, და მაყონი, გავიწროებდნენ თქვენ; და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათ ხელთაგან? მაგრამ თქვენ მიმატოვეთ და ემსახურებოდით სხვა ღმერთებს, ამიტომ აღარ გიხსნით თქვენ. წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს, მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!“ და უთხრეს ისრაელის ძეთ უფალს: „შევცოდეთ ჩვენ! და გვიყავი, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.“ და განიშორეს უცხო ღმერთები და ემსახურებოდნენ უფალს. და ვეღარ გაუძლო უფლის სულმა ისრაელის ტანჯვა-წამების ყურებას. და შეიყარნენ ყამონელები და გალაადში დაბანაკდნენ. ისრაელის ძენიც შეიყარნენ და დაბანაკდნენ მიცფაში. და გალაადის ხალხმა და მთავრებმა უთხრეს ერთმანეთს: „ვინც პირველი შეებრძოლება ყამონელებს, ის იყოს გალაადის მკვიდრთა წინამძღოლი.“ იფთახ გალაადელი მამაცი ვაჟკაცი იყო. მეძავი დიაცის ვაჟი იყო ის. გალაადმა შვა იფთახი. და გალაადს სხვა ძენიც ჰყავდა თავისი ცოლისგან. და დაიზარდნენ მისი ცოლის ძენი, და მათ გააძევეს იფთახი და უთხრეს: „შენ არ დაიმკვიდრებ მამაჩვენის სახლს, რადგან სხვა ქალის ძე ხარ.“ და გაერიდა იფთახი თავის ძმებს და დამკვიდრდა ტობის ქვეყანაში. ნაძირალებმა მოიყარეს თავი იფთახთან და მისი მეთაურობით თავდასხმებს აწყობდნენ. გამოხდა ხანი და ყამონის ძენი ისრაელს შეებრძოლნენ. და როცა ყამონის ძეთ ომი გაუმართეს ისრაელიანებს, წავიდნენ გალაადის უხუცესები, რათა იფთახი მოეყვანათ ტობის ქვეყნიდან. და უთხრეს იფთახს: „მოდი, გახდი ჩვენი მეთაური და შევებრძოლოთ ყამონის ძეთ.“ და უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: „თქვენ ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ მამაჩემის სახლიდან და ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ?“ და უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: „ახლა იმიტომ მოვბრუნდით შენთან, რომ წამოგვყვე და შეებრძოლო ყამონის ძეთ, და გალაადის ყველა მკვიდრის მეთაური გახდე.“ და უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: „თუ თქვენ დამაბრუნებთ ყამონის ძეებთან საომრად და უფალი ხელში ჩამიგდებს მათ, კვლავაც ვიქნები თქვენი მეთაური?“ და უპასუხეს მას გალაადის უხუცესებმა: „უფალი იყოს მოწმე ჩვენს შორის, რომ ისე მოვიქცევით, როგორც შენ იტყვი.“ და წავიდა იფთახი გალაადის უხუცესებთან ერთად, და ის დაადგინა ხალხმა თავის მეთაურად და წინამძღვრად. და გაიმეორა იფთახმა ყველა თავისი სიტყვა უფლის წინაშე მიცფაში. და გაუგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონის ძეთა მეფეს და შეუთვალა: „რა გვაქვს მე და შენ გასაყოფი, რომ მომიხდი ჩემს ქვეყანაში საომრად?“ და ყამონის ძეთა მეფემ იფთახის მოციქულებს ასე დააბარა: „რადგან ისრაელმა ჩემი ქვეყანა დაიკავა, როცა ეგვიპტიდან გამოვიდა – არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე – ახლა მშვიდობიანად დამიბრუნე ის და დაგეხსნები.“ და კვლავ მიუგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონის ძეთა მეფეს, რათა ეთქვათ: „ასე ამბობს იფთახი: არ დაუკავებია ისრაელს მოაბის ქვეყანა და ყამონის ძეთა ქვეყანა, რადგან ეგვიპტიდან რომ გამოვიდნენ, იარა ისრაელმა უდაბნოში მეწამულ ზღვამდე, და კადეშს მიადგა. მაშინ გაუგზავნა ისრაელმა მოციქულნი ედომის მეფეს და სთხოვა: გამატარეო შენს ქვეყანაზე, მაგრამ არ ისმინა ედომის მეფემ; და აგრეთვე მიუგზავნა მოაბის მეფეს და არც მან ინება; და ისრაელი კადეშში დამკვიდრდა. და წავიდა უდაბნოში და შემოუარა ედომის ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, და მივიდა მოაბის ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან; და დაიბანაკა არნონის გაღმა, და ფეხი არ შეუდგამთ მოაბის მიწა-წყალზე, რადგან არნონი იყო მოაბის საზღვარი. და გაუგზავნა ისრაელმა მოციქულნი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, და უთხრა შეუთვალა: გთხოვ, შენს ქვეყანაზე გამატარეო. და სიხონმა არ გაატარა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. და სიხონმა შეკრიბა მთელი თავისი ხალხი, და დაიბანაკეს იაჰცაში, და შეებრძოლნენ ისრაელიანთ. და უფალმა, ისრაელის ღმერთმა, სიხონი და მთელი მისი ხალხი ხელში ჩაუგდო ისრაელს, და მოსრეს ისინი. და დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა; და დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე. და უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ასე აჰყარა ამორეველები თავისი ხალხის, ისრაელის, პირისაგან და შენ გინდა დაიმკვიდრო იგი? განა იმას არა ფლობ, რაც ქემოშმა, შენმა ღმერთმა, დაგიმკვიდრა? ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს, ჩვენს ღმერთს, დაუმკვიდრებია ჩვენთვის. და ახლა, რითი სჯობიხარ ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? მას ხომ ისრაელთან არც პაექრობით უპაექრია და არც ბრძოლით უბრძოლია? უკვე სამასი წელია, რაც ისრაელი მკვიდრობს ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, და ყველა ქალაქში, არნონის გაღმა-გამოღმა, იმხანადვე რატომ არ დაიბრუნე ისინი? მე შენთვის არ შემიცოდავს, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საომრად. განსაჯოს უფალმა, მსაჯულმა ისრაელის ძეთა და ყამონის ძეთა შორის!“ და არ მოისმინა ყამონის ძეთა მეფემ იფთახის სიტყვა, რომელიც მან შეუთვალა. და იყო იფთახზე სული უფლისა, და გაიარა იფთახმა გალაადი და მანაშე, და გაიარა გალაადის მიცფე, და გალაადის მიცფედან წავიდა ყამონის ძეთა წინააღმდეგ. და აღუთქვა იფთახმა აღთქმა უფალს, და თქვა: „თუ ყამონის ძეთ ხელში ჩამიგდებ, მაშინ ასე იქნება: ვინც ჩემი სახლის კართან პირველი გამომეგებება, როდესაც ყამონის ძეთაგან გამარჯვებული დავბრუნდები, უფლისა იყოს იგი და აღვავლენ მას სრულადდასაწველ მსხვერპლად.“ და მივიდა იფთახი ყამონის ძეებთან საომრად, და ხელში ჩააგდებინა ისინი უფალმა. და მოსრა ისინი ყაროყერიდან, ვიდრე მინითის შესასვლელამდე, 20 ქალაქი, და ვიდრე აბელ-ქერამიმამდე, ძალზე დიდი მოსვრით; და დამორჩილებულ იქნენ ყამონის ძენი ისრაელის ძეთა წინაშე. და მივიდა იფთახი მიცფას, თავის სახლში. და აჰა, მისი ასული გამოეგება სიმღერითა და როკვით; მხოლოდ ის ერთი ჰყავდა მას, იფთახს მის გარდა არც ვაჟი ჰყოლია არც ასული. და მის დანახვაზე იფთახმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „ვაიმე, ჩემო ასულო! უბედურებით გამაუბედურე; და შენ იქმენ ჩემს მჭუნვარებად; და ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვეღარ გადავთქვამ!“ და ასულმა უთხრა მას: „მამაჩემო, შენ თუ უფლის წინაშე ბაგე გახსენი, მიყავ, როგორც შენმა ბაგემ წარმოთქვა, რადგან უფალმა შური გაძიებინა შენს მტრებზე, ყამონის ძეებზე.“ და უთხრა მამამისს: „ეს ერთი რამ შემისრულე: გამიშვი ორი თვით; წავალ და მთებში ავალ, რათა ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირო ჩემი ქალწულობა.“ და უთხრა მას იფთახმა: „წადი.“ და გაუშვა იგი ორი თვით. და წავიდა ის თავის დობილებთან და დასტიროდა მთაში თავის ქალწულობას. და ორი თვის ბოლოს დაბრუნდა თავის მამასთან, და ისიც იმ აღთქმისამებრ მოიქცა, რომელიც აღთქმული ჰქონდა. და მას მამაკაცი არ შეუცვნია. ეს წესად დაიდო ისრაელში: წლიდან წლამდე ისრაელის ძეთა ასულნი მიდიოდნენ, რათა დაეტირებინათ იფთახ გალაადელის ასული, წელიწადში ოთხ დღეს. და ამის შემდეგ შეიყარნენ ეფრემის კაცები და გადავიდნენ ცაფონში, და უთხრეს იფთახს: „რატომ წახვედი საომრად ყამონის ძეებთან და ჩვენ არ დაგვიძახე, რომ შენთან წამოვსულიყავით? სახლკარიანად გადაგბუგავთ!“ და უთხრა იფთახმა მათ: „მე და ჩემს ხალხს დიდი მტრობა გვქონდა ყამონის ძეებთან და მე დაგიძახეთ, მაგრამ თქვენ არ მიხსენით მათი ხელიდან. და როცა დავინახე, რომ თქვენ ჩემი მხსნელები არ იყავით, საფრთხეში ჩავიგდე თავი და წავედი ყამონის ძეთა წინააღმდეგ და ხელში ჩამაგდებინა ისინი უფალმა. და რატომ გამოხვედით დღეს ჩემთან საომრად?“ და შეკრიბა იფთახმა ყველა მკვიდრი გალაადისა და შეება ეფრემს და მოსრეს გალაადის მკვიდრებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ: „თქვენ ეფრემიდან ხართ გადმოხვეწილნი, გალაადი კი ეფრემის შორისაა და მანაშეს შორისაა.“ და გადაუჭრეს გალაადელებმა ეფრემს იორდანეს ფონები და, როდესაც იტყოდა ეფრემის ლტოლვილთაგანი: გაღმა გადამიშვითო, ჰკითხავდნენ: ეფრათელი ხომ არა ხარო? და თუ მიუგებდა: არაო! ეტყოდნენ: აბა თქვი – „შიბოლეთ“, და თუ სწორად ვერ გამოთქვამდა და იტყოდა „სიბოლეთ!“ იჭერდნენ და კლავდნენ იორდანეს ფონებთან. და დაეცა იმ დროს ეფრემიდან 42 ათასი კაცი. და განსჯიდა იფთახი ისრაელს ექვსი წელი. და მოკვდა გალაადელი იფთახი და დაიმარხა გალაადში მისსავე ქალაქში. და განსჯიდა იფთახის შემდეგ ისრაელს იბცან ბეთლემელი. და ჰყავდა მას 30 ძე და 30 ასული. მან გაათხოვა თავისი ასულები და 30 ქალიშვილი მოუყვანა თავის ძეებს; და შვიდ წელიწადს განსჯიდა ისრაელს. და მოკვდა იბცანი და დაიმარხა ბეთლემს. და მის შემდეგ ისრაელს განსჯიდა ელონ ზებულუნელი. ათ წელიწადს განსჯიდა იგი ისრაელს. და მოკვდა ელონ ზებულუნელი, და დაიმარხა აიალონში, ზებულუნის ქვეყანაში. და მის შემდეგ ისრაელს განსჯიდა ყაბდონი, ძე ჰილელისა, ფირყათონელი. და ჰყავდა მას 40 ძე და 30 შვილიშვილი 70 სახედარზე ამხედრებულნი. და რვა წელიწადი განსჯიდა ისრაელს. და მოკვდა ყაბდონი, ძე ფირყათონელი ჰილელისა, და დაიმარხა ფირყათონს, ეფრემის ქვეყანაში, ყამალეკელთა მთაზე. ისრაელიანები კვლავაც უკუღმართად იქცეოდნენ უფლის თვალში; და უფალმა ფილისტიმელთა ხელში ჩაყარა ისინი ორმოც წელიწადს. და იყო მაშინ ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, და სახელად მანოახი ერქვა; და ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა. და გამოეცხადა უფლის ანგელოზი ამ ქალს და უთხრა: „აჰა, შენ, ბერწი ხარ და შვილი არ გაგიჩენია, მაგრამ დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; და ახლა გაფრთხილდი, არ სვა ღვინო და თაფლუჭი, უწმიდური არაფერი ჭამო. რადგან დაორსულდები და ვაჟი გაგიჩნდება, და სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ის ყრმა საშოდანვე, და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“ და მოვიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: „ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზის იერი ჰქონდა, ძალზე საპატიო; არ მიკითხავს მისთვის სადაურობა, და არც თვითონ მითხრა თავისი სახელი. და მითხრა: დაორსულდები და ვაჟს გააჩენო. არ სვა ღვინო და თაფლუჭი, და უწმიდური არაფერი ჭამოო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ის ყრმა მუცლად ყოფნიდან სიკვდილამდეო.“ და ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს, და თქვა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც შენ მოავლინე, კიდევ ერთხელ გვეწვიოს და გვასწავლოს, თუ რა ვუყოთ იმ ყრმას, რომელიც გაჩნდება.“ და უსმინა ღმერთმა მანოახს, და ხელახლა მოვიდა ღვთის ანგელოზი ამ ქალთან, როცა ის ყანაში იყო, და მანოახი, მისი ქმარი, მასთან არ იყო. და სწრაფად გაიქცა ქალი შეატყობინა თავის ქმარს: „აჰა, გამომეცხადა ის კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან.“ და ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს და მივიდა იმ კაცთან და უთხრა: „შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკე?“ და უთხრა: „მე ვარ.“ და უთხრა მანოახმა: „ახლა, შენი სიტყვა რომ ახდება, როგორი უნდა იყოს ამ ყრმის ცხოვრების წესი და საქმე?“ და უფლის ანგელოზმა უთხრა მანოახს: „ერიდოს ყველაფერ იმას, რაც ქალს ვუთხარი. და ვაზისაგან მოწეულს არაფერს გაეკაროს, ღვინო არა სვას და თაფლუჭი, უწმიდური არაფერი ჭამოს. ყველაფერი, რაც ქალს ვამცნე, შეასრულოს.“ და უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: „ნება გვიბოძე დაგაყოვნოთ და თიკანი მოგიმზადოთ.“ და უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: „რომც დამაყოვნო, შენს პურს მაინც არ გავტეხ. თუ სრულადდასაწველის გამზადება გინდა, აღავლინე.“ არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო ის. და ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: „სახელად რა გქვია? რომ, როცა შენი სიტყვა ახდება, განგადიდოთ.“ და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „რისთვის მეკითხები სახელს? საკვირველია იგი.“ და აიღო მანოახმა თიკანი და პურეულის ძღვენი და ქვაზე აღუვლინა უფალს, და მან სასწაული მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ. როცა სამსხვერპლოდან ალი ზეცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. და, ეს რომ დაინახეს, მანოახი და მისი ცოლი პირქვე დაემხნენ მიწაზე. გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახსა და მის ცოლს. და მაშინ მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი. და უთხრა მანოახმა თავის ცოლს: „სიკვდილით მოვკვდებით, რადგან ღმერთი ვიხილეთ.“ და უპასუხა ცოლმა: „უფალს ჩვენი სიკვდილი რომ ნდომოდა, არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან სრულადდასაწველსა და პურეულის ძღვენს, და არ დაგვანახვებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერ ამას.“ და შობა იმ ქალმა ძე, და უწოდა მას სახელად სამსონი. და წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა. და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში – ცორყასა და ეშთაოლს შორის. და ჩავიდა სამსონი თიმნათში, და ნახა თიმნათში ერთი ქალი ფილისტიმელთა ასულთაგან. შინ დაბრუნდა და უთხრა თავის მამასა და დედას: „ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელთა ასული; მომიყვანეთ იგი ცოლად.“ და უთხრეს მას მამამისმა და დედამისმა: „ნუთუ ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, რომ მიდიხარ ცოლის მოსაყვანად წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან?“ და უთხრა სამსონმა მამას: „მომიყვანე, რადგან ის მომივიდა თვალში.“ და მამამისმა და დედამისმა არ იცოდნენ, რომ უფლისაგან იყო ეს, და რომ ის საბაბს ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ; და იმ დროს ფილისტიმელნი ბატონობდნენ ისრაელზე. და ჩავიდნენ სამსონი, მამამისი და დედამისი თიმნათში, და თიმნათის ზვრებს რომ მიადგნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მორბის მათკენ. და გადმოვიდა სამსონზე უფლის სული, და მან ისე გახლიჩა ბოკვერი, როგორც კაცმა თიკანი გახლიჩოს, და ხელში არაფერი სჭერია. მამამისისა და დედამისისათვის არ უთქვამს, რა გააკეთა. და ჩავიდა და ელაპარაკა იმ ქალს, და თვალში მოუვიდა იგი სამსონს. და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა; და გადაუხვია ლომის მძორის სანახავად და აჰა, ლომის ტანში ფუტკრის გუნდი და თაფლია. და პეშვით გამოიღო თაფლი. და მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. და წამოეწია თავის მამას და დედას, და მისცა მათ ეს თაფლი და ჭამეს. და არ უთქვამს, ლომის ჩონჩხიდან რომ იყო გამოღებული. და მივიდა მამამისი ქალთან, და სამსონმა იქვე ლხინი გამართა, როგორც ჭაბუკები იქცევიან ხოლმე. და როცა ნახეს, რომ სამსნი მოვიდა, მოყვრებმა 30 კაცი მოიწვიეს სამსონის მაყრად. და უთხრა მათ სამსონმა: „გამოსაცნობად ერთ გამოცანას გეტყვით; თუ ამ შვიდდღიანი ლხინის განმავლობაში გამოიცნობთ და ამოხსნით მას, 30 არდაგსა და 30 კვართს მოგცემთ. და თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით 30 არდაგი და 30 ხელი ტანსაცმელი.“ და უთხრეს მას: „თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ.“ და უთხრა მათ: „მჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი; ძლიერისაგან გამოვიდა ტკბილი.“ და სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა. და მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: „დაიყოლიე შენი ქმარი, გვითხრას ამ გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?“ და ატირდა სამსონის ცოლი მის წინაშე, და უთხრა: „შენ გძულვარ და არ გიყვარვარ, ჩემი ხალხის ძეებისათვის გამოცანა მიგიცია, ახსნას კი არ მეუბნები.“ და მან უპასუხა: „მამაჩემისა და დედაჩემისათვის არ მითქვამს და შენ გითხრა?“ და ტიროდა ცოლი მის წინაშე შვიდი დღე, რამდენ ხანსაც ის ლხინი გრძელდებოდა. და მეშვიდე დღეს კი უთხრა თავის ცოლს გამოცანის ახსნა, რადგან იძულებული გახდა. მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა გამოცანა. და ქალაქის მკვიდრებმა მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე უთხრეს სამსონს: „რა არის თაფლზე უტკბესი და ლომზე უძლიერესი?“ და უთხრა მათ: „ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას.“ და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და ჩავიდა აშკელონში და დახოცა 30 იქაური კაცი, და წამოიღო დავლა და ჩამოურიგა ტანსაცმელი გამოცანის გამომცნობთ. და აღიგზნო მისი რისხვა და წავიდა თავისი მამისსახლში. სამსონის ცოლი კი ქმრის მაყარმა შეირთო. რამდენიმე ხნის შემდეგ წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად ალოობის დროს და თან ერთი თიკანი წაიყვანა. და თქვა: შევალო ჩემს ცოლთან სანთიობოში, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა. და უთხრა მას ქალის მამამ: „ვიფიქრე, სიძულვილით მოიძულე იგი და შენს მაყარს მივათხოვე. აჰა, მისი უმცროსი და, მასზე ლამაზია; მის ნაცვლად ეგ წაიყვანე ცოლად.“ და უთხრა მათ სამსონმა: „დამნაშავე ვიქნები ამიერიდან ფილისტიმელებს რომ ავი საქმეები დავმართო?“ წავიდა სამსონი, დაიჭირა 300 მელა, ორ-ორი კუდებით გადაასკვნა, სკვნილში თითო ჩირაღდანი ჩაატანა; ცეცხლი მოუკიდა ჩირაღდნებს და გაუშვა ფილისტიმელთა ყანებში და გადაწვა ზვინები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები. და იკითხეს ფილისტიმელებმა: ეს ვინ ჩაიდინაო? და უთხრეს: სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მიათხოვესო მის მაყარს. და ავიდნენ ფილისტიმელნი და ცეცხლში დაწვეს ის ქალი და მამამისი. და უთხრა მათ სამსონმა: „რაკი ასე იქცევით, შურს ვიძიებ თქვენზე და მერე მოვისვენებ.“ უმსხვრია მათ წვივები და თეძოები და ჩავიდა და ყეტამის კლდის ეხს შეაფარა თავი. და ავიდნენ ფილისტიმელნი და დაიბანაკეს იუდაში და დაიკავეს ლეხი. და ჰკითხეს იუდას კაცებმა: რად ამოხვედითო ჩვენთან? და უთხრეს: „სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა მას ისევე მოვექცეთ, როგორც ჩვენ მოგვექცა.“ და მივიდა 3 ათასი კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან და უთხრეს სამსონს: „ვითომ არ იცოდი, რომ ფილისტიმელნი ბატონობენ ჩვენზე? ეს რა გვიქენი?“ და უპასუხა მათ სამსონმა: „როგორც მე მომექცნენ, მეც ისე მოვექეცი მათ.“ და უთხრეს მას: „შენს შესაპყრობად ჩამოვედით, რათა გადაგცეთ ფილისტიმელებს.“ და უთხრა მათ სამსონმა: „შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.“ და უთხრეს მას: „არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს, მოკვლით კი არ მოგკლავთ.“ და შეკრეს იგი ორი ახალი თოკით, და წაიყვანეს იქიდან. როდესაც მივიდა ის ლეხამდე, ფილისტიმელნი ღრიანცელით შემოეხვივნენ მას. და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და საბელები, რითაც მკლავები ჰქონდა შეკრული, სელივით დაიწვა გასცვივდა ხელებიდან. სამსონმა დაინახა, რომ იქვე ვირის ყბა ეგდო, დასწვდა, აიღო და ათასი კაცი მოკლა იმით. და თქვა სამსონმა: „ვირის თავყბით ვირთა დასიო, ვირის ყბით ვხოცე ათასიო.“ და ეს რომ თქვა, გადააგდო ვირის ყბა და უწოდა იმ ადგილს რამათ-ლეხი. ძალიან მოსწყურდა და უხმო უფალს: „შენ მოიმოქმედე ეს დიდი ხსნა შენი მსახურის ხელით; და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე, და წინადაუცვეთლებს ჩავუვარდე ხელში?“ და ღმერთმა იქვე გააჩინა ნაპრალი და გადმოხეთქა იქიდან წყალმა. დალია სამსონმა წყალი, სული მოითქვა და გამოცოცხლდა. ამისთვის ეწოდა იმ ადგილს სახელად ყენ-ჰაკორე, რომელიც დღემდეა ლეხში. და სამსონი ისრაელის მსაჯული იყო ფილისტიმელთა ბატონობის დღეებში მთელი 20 წლის მანძილზე. და ჩავიდა სამსონი ღაზაში, და იქ ერთი მეძავი ქალი ნახა, და შევიდა მასთან. და უთხრეს ღაზელებს: სამსონი მოსულაო აქ. ღაზელები გარს შემოადგნენ იმ ადგილს და მთელი ღამე უდარაჯებდნენ სამსონს ქალაქის კარიბჭესთან. მთელი ღამე მდუმარედ ისხდნენ და ფიქრობდნენ: მოვიცადოთ სანამ ინათებს და მერე მოვკლათო. სამსონს შუაღამემდე ეძინა; შუაღამისას ადგა, ხელი მოხვია ქალაქის კარიბჭის ორივე წირთხლს, საკეტურებიანად მოგლიჯა, ზურგზე დაიდო და აიტანა მთის თხემზე, ხებრონის გადაღმა. შემდეგ მას ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხეობაში; ქალს სახელად ერქვა დალილა. და მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „შეუჩნდი და ათქმევინე, რაშია მისი დიდი ძალის საიდუმლო, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად და შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ იგი; და თითოეული ჩვენგანი ათას ვერცხლს მოგცემთ.“ უთხრა სამსონს დალილამ: „მითხარი, რა არის შენი დიდი ძალის საიდუმლო, და რითი შეიძლება შენი შეკვრა, კაცმა რომ დაგიმორჩილოს?“ და უთხრა მას სამსონმა: „შვიდკეცი ახალი, ჯერ გამოუმშრალი ძარღვებით რომ შემკრან, დავსუსტდები და ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსი გავხდები.“ ფილისტიმელთა მთავრებმა დალილას მიუტანეს შვიდკეცი, ახლადამოცლილი ძარღვები, და იმით შეკრა მან სამსონი; ოთახში კი ხალხი ჩაასაფრეს. და უთხრა დალილამ მას: „ფილისტიმელები დაგესხნენ, სამსონ!“ და ისე დაწყვიტა სამსონმა ის ძარღვები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ მოედება. და მაინც ვერ გაიგეს მისი ძალის საიდუმლო. და უთხრა დალილამ სამსონს: „აჰა, ხომ მომატყუე და გამაწბილე, ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შეკვრა?“ და უთხრა მას სამსონმა: „თუ მე ახალი, უხმარი საბელებით შემკრავენ, მაშინ დავსუსტდები და ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსი გავხდები.“ და აიღო დალილამ ახალი საბელები, შეკრა იგი და უთხრა: „ფილისტიმელნი მოგადგნენ, სამსონ!“ (ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული). და მან ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე. და უთხრა დალილამ სამსონს: „აქამდე მატყუე და მაწბილე, ეხლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?“ და უთხრა სამსონმა მას: „თუ ჩემი თავის შვიდ ნაწნავს საძახველში ჩაგრეხ და პალოზე მიაბამ, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი გავხდები.“ მას რომ ეძინა, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახველში ჩაგრიხა; მიაბა პალოზე და უთხრა: „ფილისტიმელნი მოგადგნენ, სამსონ!“ და გამოერკვა ძილიდან და საძახველის პალოც ამოგლიჯა და ნაძახიც. და უთხრა მას დალილამ: „როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, რაშია შენი ძალა.“ რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული. და გაუმხილა მას ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა, და უთხრა მას: „სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი ვარ დედაჩემის მუცლიდანვე; თავი, რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება და უბრალო ადამიანის მსგავსი გავხდები.“ და დაინახა დალილამ, რომ მან გული გაუხსნა. კაცი, გააგზავნა და მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: „ახლა კი ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა.“ და ავიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს საკუთარი ხელით. და კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, და მოუხმო კაცებს, და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; და დაიწყო ქალმა მისი მოთრგუნვა, და გამოეცალა სამსონს ძალა. და თქვა დალილამ: „ფილისტიმელნი მოგადგნენ, სამსონ!“ და გაიღვიძა მან და თქვა: „გავალ წინანდებურად და თავს დავიხსნი.“ და არ იცოდა, რომ უფალმა პირი იბრუნა მისგან. და შეიპყრეს იგი ფილისტიმელებმა, და თვალები დასთხარეს, და წაიყვანეს იგი ღაზაში, და ბრინჯაოს ჯაჭვებით შეკრეს. და აფქვევინებდნენ საპყრობილეში. ამასობაში იწყო მისმა თმამ წამოზრდა მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა. და შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისათვის, თავიანთი ღმერთისათვის, და ემხიარულათ, რადგან ამბობდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდოო ჩვენი მტერი, სამსონიო. და უყურებდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს, რადგან ამბობდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდოო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის მაოხარი, ის, ვინც მრავალი ჩვენგანი გაწყვიტაო. და კარგ გუნებაზე რომ დადგნენ, თქვეს: მოუხმეთ სამსონს. დაე, გაგვართოსო. და მოუხმეს სამსონს საპყრობილიდან, და ართობდა მათ; და დააყენეს იგი სვეტებს შორის. და უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელსაც ხელით დაჰყავდა: „ხელი შემავლებინე იმ სვეტებისთვის, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო მათ.“ და სახლი სავსე იყო კაცებითა და ქალებით; იქ მოეყარა თავი ფილისტიმელთა ყველა მთავარს, და ერდოზე 3 ათასამდე კაცი და ქალი იყო, და ერთობოდა სამსონის დაცინვით. და შეჰღაღადა სამსონმა უფალს, და თქვა: „უფალო ღმერთო, გამიხსენე, და ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად, რომ შური ვიძიო ფილისტიმელებზე ჩემი თვალების გამო.“ და მოეჭიდა სამსონი ორივე შუათანა სვეტს, რომლებზედაც სახლი იდგა, და მიეყრდნო მათ – ერთს მარჯვენა ხელით და მეორეს მარცხენა ხელით, და თქვა სამსონმა: „მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად!“ და მოზიდა სვეტები მთელი ძალით, და ჩამოემხო სახლი მთავრებსაც და მთელ ხალხს, ვინც შიგ იყო. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი. და ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლი, წამოასვენეს იგი, და დამარხეს ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის, სამარხში. და იგი განსჯიდა ისრაელს 20 წელიწადი. და იყო კაცი ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა მიქა. და უთხრა მან თავის დედას: „შენ რომ 1100 შეკელი ვერცხლი დაგეკარგა და დაიწყევლე ჩემს გასაგონად, აჰა, ეს ვერცხლი ჩემთან არის ჩემი აღებულია.“ და თქვა დედამისმა: „კურთხეულ იყავ, შვილო ჩემო, უფლის მიერ!“ და დაუბრუნა მან 1100 ვერცხლი თავის დედას. და თქვა დედამისმა: „შემიწირავს ჩემი ხელით ეს ვერცხლი უფლისათვის, ჩემი ძის სახელზე, რათა გაკეთდეს მისგან ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი.“ – აჰა, გიბრუნებ შენს ვერცხლს! – და დაუბრუნა ვერცხლი დედას. და აიღო დედამისმა 200 ვერცხლი და მისცა ოქრომჭედელს, და მან ჩამოასხა ქანდაკი. და იმ დღიდან იდგა იგი მიქას სახლში. ამ კაცს, მიქას, ჰქონდა თავისი ღვთის სახლი. და გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი. და მან ერთ-ერთი თავისი ვაჟი ქურუმად დაიდგინა. იმ ხანად მეფე არ ჰყავდა ისრაელს; ვისაც როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა. და იყო ერთი ყმაწვილი წარმოშობით იუდას ბეთლემელი, იუდას ტომიდან, და ლევიანი იყო იგი და იქ ბეთლემის ხიზანი იყო. მან იუდას ბეთლემი დატოვა და გზას გაუდგა – რათა იქ შეხიზნულიყო, სადაც ადგილს ნახავდა. და მიადგა მიქას სახლს ეფრემის მთაში, თავისი გზით მიმავალი. და ჰკითხა მას მიქამ: „საიდან მოდიხარ?“ და უთხრა: „ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, და მივდივარ, რომ ხიზნად დავდგე, სადაც ადგილს ვნახავ.“ და უთხრა მას მიქამ: „დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, ასევე სამოსელსა და საზრდოს.“ და დაყაბულდა ლევიანი დარჩენილიყო იმ კაცთან, და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი მისი ძეთაგანი. და აკურთხა მიქამ ლევიანი, და გახდა ეს ყმაწვილი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში. და თქვა მიქამ: „ახლა კი ვიცი, რომ სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად.“ იმ ხანებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა. და იმ ხანებში დანის ტომი ეძებდა თავის დასამკვიდრებელ ადგილს, რადგან მას იმ დღემდე არ ერგო წილხვედრი ისრაელის ტომთა შორის. და გაგზავნეს დანის ძეთ თავისი ტომიდან ხუთი კაცი, ძლიერი ვაჟკაცები ცორყადან და ეშთაოლიდან, რათა დაეზვერათ ქვეყანა და გამოეკვლიათ. უთხრეს: „წადით, გამოიკვლიეთ ქვეყანა.“ და მივიდნენ ეფრემის მთაზე მიქას სახლთან, და იქ გაათიეს. მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ლევიანი ყმაწვილის ხმა და შევიდნენ იქ, და უთხრეს მას: „აქ ვინ მოგიყვანა, აქ რას აკეთებ, აქ რა გინდა?“ და უთხრა მათ: ასე და ასე მომექცაო მიქა: დამიქირავა და მისი მღვდელი გავხდიო. და უთხრეს მას: „ჰკითხე ღმერთს, რომ ვიცოდეთ, ხელი თუ მოგვემართება იმ გზაზე, რომელსაც ვადგავართ?“ და უთხრა მათ მღვდელმა: „წადით მშვიდობით; უფალს თვალი უჭირავს თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ.“ და წავიდა ეს ხუთი კაცი და მივიდა ლაიშში და ნახა იქ მყოფი ხალხი, უზრუნველად მცხოვრები, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი; ქვეყანაზე არვინ აწუხებდა მათ, არავინ იყო მათი ბატონი; ციდონელთაგან შორს ცხოვრობდნენ, და მეზობლებთან საქმე არ ჰქონდათ. და მივიდნენ ისინი თავიანთ მოძმეებთან ცორყასა და ეშთაოლში, და უთხრეს მათ მოძმეებმა: „რა ამბავი მოგაქვთ?“ და მათ თქვეს: „ავდგეთ და გავილაშქროთ მასზე, რადგან ვნახეთ ის ქვეყანა და ძალიან კარგია იგი. რა გულ-ხელი დაგიკრეფიათ? ნუღარ დააყოვნებთ, წადით იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად. მიხვალთ და წააწყდებით უზრუნველ ხალხს. გაშლილი ქვეყანაა. ღმერთს თქვენთვის მოუცია. ისეთი ადგილია, ქვეყანაზე არაფერი რომ არ აკლია.“ და დაიძრნენ იქიდან, დანის ძეთა საგვარეულოდან, ცორყადან და ეშთაოლიდან, 600 კაცი საბრძოლო იარაღით შეჭურვილი. და ავიდნენ და კირიათ-იეყარიმში – იუდაში – დაიბანაკეს. ამიტომ ეძახიან ამ ადგილს დღევანდლამდე დანის ბანაკს. ეს ადგილი კირიათ-იეყარიმის გადაღმა იყო. და იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ. და უთხრა იმ ხუთმა კაცმა, ლაიშის ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასულნი, თავის მოძმეებს: „თქვენ იცით, რომ აქ ერთ-ერთ სახლში აქვთ ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? და ახლა მოიფიქრეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ.“ და გადაუხვიეს იქით, და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მოიკითხეს იგი მშვიდობით. დანის ტომელთაგან 600 კაცი საბრძოლო იარაღით შეჭურვილი კარიბჭის შესასვლელთან იდგა. და წავიდა ის ხუთი კაცი, ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი კარიბჭის შესასვლელთან იდგა საბრძოლო იარაღით შეჭურვილი 600 კაცის გვერდით. და ისინი შევიდნენ მიქას სახლში და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი, და ჩამოსხმული კერპი. და ჰკითხა მათ მღვდელმა: „რას აკეთებთ?“ და უთხრეს მას: „გაჩუმდი, პირზე ხელი დაიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გიჯობს: ერთი კაცის სახლის მღვდლობა, თუ ისრაელის ტომისა და მოდგმის მღვდლობა?“ და გაიხარა მღვდლის გულმა, და აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს. და მეომრებმა გზა განაგრძეს. თავიანთი ოჯახები, ქონება და ჯოგები წინ გაუშვეს. ის იყო გასცდნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და წამოეწივნენ დანის ძეთ. დაჰკივლეს დანის ძეებს. და მოუბრუნდნენ დანის ძენი და უთხრეს მიქას: „რა დაგემართა, რა გაყვირებს?“ და თქვა: „მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით! აღარაფერი დამიტოვეთ! როგორღა მეუბნებით, რა დაგემართაო?“ და უთხრეს მას დანის ძეთ: „აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ დაგეცემიან გააფთრებული კაცები, ჩვენს შორის რომ არიან, და შენს თავსაც დაღუპავ და შენიანებსაც.“ და წავიდნენ დანის ძენი თავიანთი გზით. დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი, გატრიალდა და შინ დაბრუნდა. და მათ წაიღეს, რაც გაკეთებული ჰქონდა მიქას. და წაიყვანეს მისი მღვდელი, და მივიდნენ ლაიშში, მშვიდ და უზრუნველ ხალხთან, და მოსრეს ისინი მახვილის პირით და ქალაქი გადაწვეს ცეცხლით. და არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან შორს იყო ციდონისაგან, კაციშვილთან არ ჰქონდათ საქმე. და იყო ველზე, რომელიც ბეთ-რეხობთანაა. და ააშენეს მათ ქალაქი და დამკვიდრდნენ მასში. და უწოდეს ქალაქს სახელად დანი, მათი მამის, დანის, სახელობაზე, რომელიც ისრაელს შეეძინა. თუმცა ქალაქს თავდაპირველად ლაიში ერქვა. და აღმართეს დანის ძეთ ქანდაკი; და იონათანი, ძე გერშომისა, მანაშეს ძისა, იგი და მისი ძენი დანის ძეთა ტომის მღვდლები იყვნენ იმ ქვეყნის გადასახლების დღემდე. და ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი იმ ხნის მანძილზე, სანამ ღვთის სახლი შილოში იყო. იმ დღეებში, როცა ისრაელს მეფე ჯერ კიდევ არ ჰყავდა, ერთი ლევიანი ცხოვრობდა ეფრემის მთის შორეულ ფერდობზე. და ხარჭა მოიყვანა მან იუდას ბეთლემიდან. წაეჩხუბა მას ხარჭა, და დაბრუნდა მამისსახლში, იუდას ბეთლემში, და იყო იქ ოთხი თვე. და ადგა მისი ქმარი და დაადგა მის კვალს, რათა დაეყვავებინა და შინ დაებრუნებინა. თან მსახური ბიჭი და წყვილი სახედარი წაიყვანა. შეიყვანა ქალმა იგი თავისი მამისსახლში. დაინახა იგი ამ ყმაწვილი ქალის მამამ და სიხარულით გამოეგება. და არ გაუშვა იგი სიმამრმა, ამ ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა მასთან სამი დღე. და ჭამდნენ და სვამდნენ და ღამეს იქვე ათევდნენ. და მეოთხე დღეს ადგნენ დილაადრიანად, და იგი მოემზადა წასასვლელად. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: „ჯერ პური გატეხე, ცოტა დანაყრდი და მერე წადი.“ და დასხდნენ ორივენი, ერთად ჭამეს და სვეს. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ იმ კაცს: „მოდი, გაათიე ღამე აქ, მოილხინოს შენმა გულმა.“ და ადგა კაცი წასასვლელად, მაგრამ კვლავ სთხოვა სიმამრმა, და მან ისევ იქ გაათია ღამე. და ადგა და მოემზადა წასასვლელად დილაადრიანად მეხუთე დღეს. და უთხრა მას ყმაწვილი ქალის მამამ: „მოდი, ცოტა დანაყრდი და შეიცადე, ვიდრე მზე გადაიხრებოდეს. და ჭამეს ორთავემ და სვეს.“ და ადგა ის კაცი, რომ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურთან ერთად. და უთხრა მას მისმა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: „აჰა, დღე უკვე საღამოსკენ იხრება! ამაღამაც დარჩით. დღე სადაცაა მიიწურება, აქ გაათიეთ ღამე და მოილხინოს შენმა გულმა; ხვალ ადექით დილაადრიანად შენ და შენი მსახური გაუდექით თქვენს გზას, და წადით შინისაკენ.“ მაგრამ არ ისურვა ამ კაცმა ღამის კიდევ იქ გათევა, ადგა და წავიდა; და მივიდა იებუსამდე, იერუსალიმი რომ არის; და თან ახლდა თავისი ხარჭა და წყვილი კეხდადგმული სახედარი. იებუსს რომ მიადგნენ, დღე თითქმის მიწურული იყო. და უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: „წავიდეთ, და შევუხვიოთ იებუსელთა ამ ქალაქში და იქ გავათიოთ ღამე.“ და უთხრა მას მისმა ბატონმა: „ნუ შევუხვევთ იმ უცხოტომელთა ქალაქში, რომელნიც ისრაელის ძენი არ არიან, და ბარემ გიბეყამდე ვიაროთ.“ და უთხრა თავის მსახურს: „გავწიოთ და მივადგეთ რომელიმე ადგილს და გიბეყაში ან რამაში გავათიოთ ღამე.“ და გასწიეს და წავიდნენ, და ბენიამინის გიბეყას მახლობლად თავზე შემოაღამდათ. და გადაუხვიეს იქით, რათა ღამის გასათევად გიბეყაში შესულიყვნენ. და მივიდა იგი და დაჯდა ქალაქის მოედანზე, რადგან ღამის გასათევად შინ არავინ შეუშვა ისინი. და აჰა, საღამო ხანს ერთი ბერიკაცი ბრუნდებოდა თავისი სამუშაოდან, მინდვრიდან; და ეს კაცი ეფრემის მთიდან იყო და გიბეყაში ცხოვრობდა. ამ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინის ძენი იყვნენ. და აახილა თვალი, და დაინახა მგზავრი ქალაქის მოედანზე. და უთხრა ამ ბერიკაცმა: „საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?“ და მან უპასუხა: „ჩვენ იუდას ბეთლემიდან მოვდივართ და მივდივართ ეფრემის მთის კალთებამდე, რადგან იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი წასული და ახლა უფლის ტაძრისაკენ მივდივარ; და შინ არავინ შემიშვა. ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის, აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც, და ამ მსახური ბიჭისთვისაც, არაფერი მაკლია.“ და უთხრა მას ბერიკაცმა: „მშვიდობა შენდა, რაც კი რამ გაკლია, ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს.“ და შინ შეუშვა, და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს. როცა ისინი თავიანთ გულს ახარებდნენ, აჰა, ქალაქის მკვიდრნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ იმ სახლს და უთხრეს სახლის პატრონს, ბერიკაცს: „გამოიყვანე, შენს სახლში რომ კაცი შემოვიდა, რომ შევიცნოთ იგი.“ და გამოვიდა მათთან კაცი, სახლის პატრონი, და უთხრა: „არა, ჩემო ძმებო, გევედრებით, ნუ უზამთ ბოროტებას, რაკი ეს კაცი ჩემს სახლში შემოვიდა; ნუ ჩაიდენთ ამ უხამსობას. აჰა, ჩემი ქალწული ქალიშვილი და ამ კაცის ხარჭა, იმათ გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით მათ, რაც გენებოთ; და ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ უხამს საქმეს.“ მაგრამ მათ ამის გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ იმ კაცმა ხელი მოჰკიდა თავის ხარჭას და გარეთ გამოუყვანა მათ. შეიცნეს იგი, მთელი ღამე აწვალებდნენ მას, დილამდე, და გაუშვეს ცისკრის მოახლოებაზე. და მოვიდა ქალი განთიადისას, და დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი ბატონი იდგა, და იქ ეგდო, ვიდრე არ ინათა. და ადგა დილით მისი ბატონი და გააღო სახლის კარი, და გამოვიდა, რომ თავის გზას დასდგომოდა. და აჰა, მისი ხარჭა სახლის კართან აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი. და მან უთხრა: „ადექი და წავიდეთ;“ მაგრამ პასუხი არ მიუღია. თავისი ხარჭა სახედარს გადაჰკიდა, ადგა და შინისკენ გასწია. შინ რომ მივიდა, აიღო დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას და ასო-ასო დაჭრა, თორმეტ ნაწილად, და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში. და ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: „მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდე. ჩაუფიქრდით, ითათბირეთ და თქვით.“ და გამოვიდა ყველა ისრაელის ძე, და შეიკრიბა თემი, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებაყამდე, და გალაადის ქვეყანა, უფლის წინაშე მიცფაში. და გამოცხადნენ მეთაურები მთელი ერისა, ისრაელის ყოველი ტომისა, ღვთის ერის კრებულში, 400 ათასი ქვეითი, მახვილის ამომწვდელი კაცი. და შეიტყვეს ბენიამინის ძეთ, ისრაელის ძეთა ასვლა მიცფაში. და თქვეს ისრაელის ძეთ: „თქვით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?“ და მიუგო ლევიანმა კაცმა, მოკლული ქალის ქმარმა: „ბენიამინის გიბეყაში მივედი ჩემს ხარჭასთან ერთად ღამის გასათევად. და აღდგნენ ჩემზე გიბეყას მკვიდრნი, და გარს შემოერტყნენ იმ სახლს ღამით და მოკვლა დამიპირეს, ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი. და ავიღე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი იგი და ისრაელის სამკვიდრებლის ყველა მხარეში დავაგზავნე, რადგან უხამსობა ჩაიდინეს ისრაელში. აჰა, თქვენ ყველამ, ისრაელის ძენო, განიხილეთ ეს საქმე და აქვე გადაწყვიტეთ!“ და ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: „არავინ არ წავა თავის კარავში და არავინ არ გაბრუნდება შინ. და აჰა, რა უნდა ვუყოთ ახლა გიბეყას: წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე. ისრაელის თითეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ, ათასიდან – ასი, 10 ათასიდან – ათასი, ხალხისათვის საგზალი მოვატანინოთ, რომელიც, ბენიამინის გიბეყაზე წავლენ, დასაჯონ ისინი იმ უხამსობის გამო, რაც ისრაელში ჩაიდინეს!“ და ისრაელის ყველა კაცი შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ, ერთი კაცივით გაერთიანდნენ. და გაგზავნეს ისრაელის ტომებმა კაცები ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს: „ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში? და ახლა მოგვეცით ის გარყვნილი ხალხი, გიბეყაში რომ გყოლიათ, რათა დავხოცოთ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან.“ მაგრამ არ ინებეს ბენიამინის ძეთ თავიანთ მოძმეთა, ისრაელის ძეთა, ხმის გაგონება. და შეიკრიბნენ გიბეყაში ბენიამინის ძენი თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელის ძეებთან. და აღირიცხნენ ბენიამინის ძენი იმ დღეს ქალაქთაგან 26 ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი; მათ გარდა გიბეყას მკვიდრთაგან 700 რჩეული კაცი აღირიცხა. მთელი ამ ხალხიდან 700 რჩეული კაცი ცაცია იყო. თითეულ მათგანს თმის ღერისთვისაც რომ ესროლა შურდულით ქვა, არ ააცდენდა. და ისრაელის ძენი, ბენიამინის გარდა, 400 ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი აღირიცხა, ყველა მათგანი მებრძოლი იყო. და ადგნენ ისინი და ავიდნენ ბეთელში, და დაეკითხენ ღმერთს და თქვეს ისრაელის ძეთ: „რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინის ძეებთან საომრად?“ და უთხრა მათ უფალმა: „იუდა წაგიძღვებათ წინ!“ და ადგნენ ისრაელის ძენი დილით და დაიბანაკეს გიბეყასთან. და გავიდნენ ისრაელის კაცები ბენიამინთან საომრად, და დადგნენ ისრაელის კაცები საბრძოლო წყობით გიბეყას მახლობლად. და გამოვიდნენ ბენიამინის ძენი გიბეყადან, და დასცეს იმ დღეს 22 ათასი ისრაელის კაცი მიწაზე. და მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა, და კვლავ დადგა საბრძოლო წყობით იმ ადგილას, სადაც წინა დღეს იდგნენ. და წავიდნენ ისრაელის ძენი და ტიროდნენ უფლის წინაშე საღამომდე, და ეკითხებოდნენ უფალს: „ისევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საომრად?“ და თქვა უფალმა: „გადით მათ წინააღმდეგ.“ და მიუახლოვდნენ ისრაელის ძენი ბენიამინის ძეებს მეორე დღეს, და გამოვიდა ბენიამინი გიბეყადან მათ წინააღმდეგ მეორე დღეს, და დასცეს მიწაზე ისრაელის ძეთაგან კიდევ 18 ათასი კაცი, ყველა მახვილის ამომწვდელი. და გაემართა მთელი ისრაელიანობა და მთელი ერი, და მივიდა ბეთელში, და ტიროდნენ უფლის წინაშე. დასხდნენ იმ დღეს და საღამომდე იმარხულეს; და აღავლინეს სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირავები უფლის წინაშე. და ჰკითხეს ისრაელის ძეთ უფალს (იმ ხანებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა და ფინეხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა მის წინ მსახურობდა): „ისევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საომრად, თუ შევწყვიტოთ?“ და უთხრა მათ უფალმა: „გადი. ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას.“ და ხალხი ჩაასაფრა ისრაელმა გიბეყას ირგვლივ. და გაილაშქრეს ისრაელის ძეთ ბენიამინის ძეების წინააღმდეგ მესამე დღეს, და წინანდებურად საბრძოლო წყობით დადგნენ გიბეყას წინ. და გამოვიდნენ ბენიამინის ძენი ერის წინააღმდეგ, შორს გასცდნენ ქალაქს და იწყეს უწინდებურად მუსრის გავლება გზებზე, რომელთაგან ერთი ბეთელისკენ მიდის, მეორე – გიბეყასაკენ, და ველზე ისრაელის ოცდაათამდე კაცი მოკლეს. და თქვეს ბენიამინის ძეთ: „პირვანდელის მსგავსად ეცემიან ჩვენს წინაშე.“ ისრაელის ძეთ კი თქვეს: „გავიქცეთ და გამოვიტყუოთ ისინი ქალაქიდან გზებზე.“ და ადგა ისრაელის ყველა კაცი თავ-თავისი ადგილიდან და განლაგდა ბაყალ-თამარში, და ისრაელის ჩასაფრებული ხალხი გამოვიდა თავისი ადგილიდან, გებაყის დასავლეთიდან. და მიადგა გიბეყას 10 ათასი რჩეული კაცი მთელი ისრაელიდან, და სასტიკი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ბენიამინის ძეთ არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ. და განგმირა უფალმა ბენიამინი ისრაელის წინაშე, და მოსპეს ისრაელის ძეთ ბენიამინის ძეთაგან იმ დღეს 25100 კაცი, ყველა მახვილის ამომწვდელი. და იხილეს ბენიამინის ძეთ, რომ დამარცხდნენ; და ადგილი უტიეს ისრაელის კაცებმა ბენიამინს, რადგან იმედი ჰქონდათ ჩასაფრებული ხალხისა, გიბეყას მახლობლად რომ ჰყავდათ ჩაყენებული. და ჩასაფრებულები გაეჩქარნენ და ეკვეთნენ გიბეყას, შეიჭრნენ და მახვილის პირით მოსრეს მთელი ქალაქი. ისრაელის კაცებს კი ჩასაფრებულ ხალხთან ნიშნად ჰქონდათ დათქმული, რომ ქალაქიდან კვამლის დიდ სვეტს აადენდნენ. და როცა უკან დაიხიეს ისრაელის კაცებმა ბრძოლაში და იწყო ბენიამინმა მუსვრა, და დახოცა ისრაელის ოცდაათამდე კაცი და თქვა: „ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე, როგორც პირველი ბრძოლის დროს.“ მაშინ კვამლი აღიმართა ქალაქზე სვეტივით. მოიხედა ბენიამინმა უკან და აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი. და გამობრუნდნენ ისრაელის კაცები, ბენიამინის კაცები კი შედრკნენ, რადგან დაინახეს, რომ თავს უბედურება დაატყდათ. და გაექცნენ ისინი ისრაელის კაცებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ომი მაინც წამოეწიათ. და ქალაქიდან გამოსულებმა მოსპეს ისინი თავიანთ შორის. და გარს შემოერტყნენ ბენიამინს, სდიეს მას მენუხამდე, და ჟლიტეს თვით გიბეყას აღმოსავლეთამდე. და დაეცა ბენიამინისაგან 18 ათასი კაცი, ყველა მამაცი ვაჟკაცი. და მობრუნდნენ და უდაბნოსაკენ, რიმონის კლდისაკენ, გაქუსლეს. გზადაგზა 5 ათასი კაცი კიდევ დახოცეს; და სდიეს გიდომამდე, და მოსრეს მათგან 2 ათასი კაცი. და მთლიანად იმ დღეს ბენიამინიდან 25 ათასი დაეცა, მახვილის ამომწვდელი ყველა მამაცი ვაჟკაცი. და 600 კაცი მობრუნდა და გაიქცა უდაბნოსაკენ, რიმონის კლდისკენ, და იქ იყვნენ რიმონის კლდეში ოთხი თვე. და ისრაელის კაცები კვლავ მიუბრუნდნენ ბენიამინის ძეთ და მოსრეს ისინი მახვილის პირით: მთელი ქალაქი და პირუტყვი, და რაც კი იქ იყო. ასევე ყველა ქალაქი, რაც მათ დაუხვდათ, ცეცხლში დაწვეს. და დადეს ისრაელის კაცებმა მიცფაში ფიცი, და თქვეს: „არც ერთმა ჩვენგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინელთ.“ და მოვიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე იქ ისხდნენ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ, და თქვეს: „უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ასეთი რამ ისრაელში, რომ დღეს ერთი ტომი მოაკლდა ისრაელს?“ და მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი და ააგო იქ სამსხვერპლო, და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირავები. და თქვეს ისრაელის ძეთ: „ვინ არ მოვიდა კრებულში უფლის წინაშე ისრაელის ტომთაგან?“ რადგან დიდი ფიცი ჰქონდათ დადებული იმათზე, ვინც არ ავიდოდა უფლის წინაშე მიცფაში, და ნათქვამი ჰქონდათ მათზე, რომ უნდა მოეკლათ. და ინანეს ისრაელის ძეთ ბენიამინის, თავიანთი ძმის, გამო და თქვეს: „მოიკვეთა დღეს ერთი ტომი ისრაელიდან. როგორ მოვექცეთ დანარჩენებს ცოლების თაობაზე, ჩვენ ხომ უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ მივათხოვებდით მათ?“ და თქვეს: „ვინმე ხომ არ დარჩა მოუსვლელი ისრაელის ტომთაგან უფლის წინაშე მიცფაში?“ და აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გალაადის იაბეშიდან უფლის წინაშე ბანაკში, იმ შეკრებაზე. და როცა აღირიცხა ხალხი, აჰა, არავინ იყო გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან. და გაგზავნა მათთან თემმა 12 ათასი კაცი, მამაცი ვაჟკაცები, და უბრძანა: „წადით და მახვილის პირით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი დედაწულიანად. და აჰა, როგორ უნდა მოიქცეთ: მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოსპეთ.“ და ნახეს გალაადის იაბეშის მკვიდრთ შორის 400 ქალწული ქალი, რომელთაც მამაკაცის საწოლი არ იცოდნენ, და მოიყვანეს ისინი შილოს ბანაკში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია. და სიტყვა შეუთვალა მთელმა თემმა; ელაპარაკნენ რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინის ძეთ და მშვიდობა გამოუცხადეს. და დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინის ძენი და მისცეს მათ ქალები, რომლებიც ცოცხლად დატოვეს გალაადის იაბეშის ქალთაგან; მაგრამ ყველას არ შეხვდა. და ხალხს დაენანა ბენიამინი, უფალმა ნაპრალი რომ გააჩინა ისრაელის ტომებში. და თქვეს თემის უხუცესებმა: „როგორ მოვექცეთ დანარჩენებს, ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდა ბენიამინს.“ და თქვეს: „სამემკვიდრეო მიწები უნდა მიეცეს ბენიამინიდან გადარჩენილებს, რათა ტომი არ გაქრეს ისრაელიდან. მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებთ, რადგან ფიცი დადეს ისრაელის ძეთ და თქვეს: წყეულიმც იყოს ვინც ქალი მისცესო ბენიამინელთ.“ და თქვეს: „აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება შილოში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით არის, იმ გზის აღმოსავლეთით, რომელიც ბეთელიდან შექემისაკენ მიემართება და ლებონას სამხრეთით მდებარეობს.“ და უბრძანეს ბენიამინის ძეთ: „წადით და ჩასაფრდით ვენახებში. თვალი გეჭიროთ და აჰა, შილოელი ასულები საფერხულოდ გამოვლენ, მაშინ გამოდით ვენახებიდან და თითოეულმა გაიტაცეთ საცოლე შილოელ ასულთაგან, და წადით ბენიამინის ქვეყანაში. და როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: ‘მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება ხოლმე. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი თქვენ იქნებოდით.’“ და ბენიამინის ძენიც ასე მოიქცნენ: მოიყვანეს ცოლები თავიანთი რიცხვის მიხედვით, რომელნიც მეფერხულეთაგან გაიტაცეს, მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ სამკვიდრებელში და ააშენეს ქალაქები, და იქ ცხოვრობდნენ. და წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელის ძენი; და დაბრუნდა თითოეული თავის ტომში და თავის საგვარეულოში. და გავიდა იქიდან თითოეული თავის სამკვიდრებელში. იმ ხანად მეფე არ ჰყავდა ისრაელს; ვისაც როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა. მსაჯულთა მმართველობის ხანაში ისრაელის მიწაზე შიმშილი დაიწყო, და ერთი კაცი თავისი ცოლითა და ორი ვაჟითურთ იუდას ბეთლემიდან მოაბელთა ველებზე წავიდა, რათა ხიზნად ეცხოვრა იქ. იმ კაცს ელიმელექი ერქვა, მის ცოლს – ნაყომი, ხოლო ვაჟებს – მახლონი და ქილიონი; ისინი ეფრათელნი იყვნენ იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ ისინი მოაბის ველებზე და იქ დასახლდნენ. მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა ის თავის ორ ვაჟთან ერთად. მათ ცოლებად მოაბელი ქალები მოიყვანეს; ერთს ერქვა ყორფა, ხოლო მეორეს – რუთი. ისინი იქ ათიოდე წელი ცხოვრობდნენ. დაიხოცნენ ის ორნიც: მახლონი და ქილიონი, და დარჩა ის ქალი თავისი ვაჟებისა და ქმრის გარეშე. და როცა ნაყომიმ მოაბის ველებზე შეიტყო, რომ უფალმა მოხედა თავის ხალხს და მისცა მოსავალი, ადგა თავის რძლებიანად და მოაბის ველებიდან უკან დასაბრუნებლად გაემზადა. გავიდა ის თავის რძლებთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა. და, როცა ისინი იუდას ქვეყნისაკენ დასაბრუნებელ გზაზე გავიდნენ, უთხრა ნაყომიმ თავის ორივე რძალს: „წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედების სახლში! დაე, უფალმა სიკეთით გადაგიხადოთ თქვენი ამაგი გარდაცვლილებზე და ჩემზე რომ გამოიჩინეთ. დათხოვდით და შვება გაპოვნინოთ უფალმა თქვენ-თქვენი ქმრების სახლებში!“ და გადაკოცნა ისინი; და აღიმაღლეს მათ ხმა და ატირდნენ, და უთხრეს: „ჩვენ შენთან ერთად უნდა წამოვიდეთ შენს ხალხთან.“ ნაყომიმ კი მიუგო: „უკან გაბრუნდით, ჩემო შვილებო! რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ? წადით, გაბრუნდით, ჩემო შვილებო; რადგან მე უკვე ხნიერი ვარ საიმისოდ, რომ ქმარი ვიყოლიო; კიდევაც რომ გამეფიქრა, ძალა მაქვს-მეთქი და ამაღამვე რომ დავწოლილიყავ ქმართან და ვაჟები დამჩენოდა, განა მათ დაზრდას დაელოდებოდით და არ გათხოვდებოდით? არა, ჩემო შვილებო, ეს ჩემთვის გაცილებით უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან უფალმა სატანჯველში ჩამაგდო!“ მათ კვლავ აღიმაღლეს ხმა და ატირდნენ. შემდეგ ყორფა გამოეთხოვა თავის დედამთილს, რუთი კი არ მოშორებია. ნაყომიმ კი უთხრა: „შეხედე, შენი მაზლის ცოლი თავის ხალხს და თავის ღმერთს უბრუნდება; შენც მიჰყევი მას.“ მაგრამ რუთმა მიუგო: „ნუ მაიძულებ შენს მიტოვებას და უკან გაბრუნებას, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ მოვდივარ, და სადაც შენ იქნები, მეც იქ ვიქნები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი იქნება ჩემი ღმერთი. სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები, და იქვე მინდა დავიმარხო. დაე, უფალმა დამსაჯოს და უარესიც მომიზღოს, თუ სიკვდილის მეტმა რამემ გაგვყაროს.“ და, რაკი ნაყომიმ დაინახა, რომ რუთს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მასთან ერთად წასვლა, აღარ უცდია გადათქმევინება. და ასე იარა ამ ორმა ერთად, ვიდრე ბეთლემს მიაღწევდნენ, ხოლო როცა ბეთლემში მივიდნენ, მთელი ქალაქი აჩოჩქოლდა და ქალები იძახოდნენ: ნაყომი დაბრუნებულაო. მაგრამ მან უთხრა მათ: „ნუღარ დამიძახებთ მე ნაყომის, მარა დამიძახეთ, რადგან ყოვლადძლიერმა ბევრი სიმწარე მარგუნა. სავსე წავედი და უფალმა ცარიელი დამაბრუნა. რატომღა მეძახით ნაყომის, როცა უფალმა დამამდაბლა, და ყოვლადძლიერმა უბედურება დამატეხა?“ დაბრუნდა ნაყომი თავის მოაბელ რძალთან, რუთთან, ერთად, რომელიც მოაბელთა ქვეყნიდან წამოჰყვა მას. როცა ისინი ბეთლემში მოვიდნენ, ქერების მკა იწყებოდა. ნაყომის ერთი სახელგანთქმული მდიდარი ნათესავი ჰყავდა თავისი ქმრის, ელიმელექის, საგვარეულოდან – სახელად ბოყაზი. მოაბელმა რუთმა უთხრა ნაყომის: „ნება მომეცი, წავიდე მინდორში და თავთავი ავკრიფო მათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვპოვებ.“ „წადი, ჩემო შვილო,“ – მიუგო ნაყომიმ. წავიდა რუთი მინდორში და კრეფდა თავთავს მომკელთა კვალდაკვალ. და აღმოჩნდა, რომ ის მინდორი ეკუთვნოდა ბოყაზს, ელიმელექის ნათესავს. და, აჰა, ბოყაზი მოვიდა ბეთლემიდან და მომკელებს მიმართა: „უფალი გწყალობდეთ!“ მათ უპასუხეს: „გაკურთხოს უფალმა!“ ბოყაზმა ჰკითხა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელთ: „ვისია ეს ყმაწვილი ქალი?“ მსახურმა, რომელიც მომკალთ ადგა თავზე, უპასუხა: „ეს ყმაწვილი ქალი მოაბელია, რომელიც ნაყომისთან ერთად არის მოსული მოაბის ველებიდან. გვთხოვა, ნება მომეცით, ჩაბნეული თავთავი ავკრიფოო მომკელთა კვალდაკვალ. მოვიდა და დილიდან აქამდე წუთით არ შეუსვენია.“ მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: „მომისმინე, ჩემო შვილო, თავთავის ასაკრეფად აქედან ნუღარსად წახვალ. აქ დარჩი ჩემს მსახურ ქალებთან ერთად. ხომ ხედავ ამ ყანას, ესენი რომ მკიან, იარე მათ უკან. მე ბიჭებსაც ვუბრძანე, არ დაგიშალონ; როცა მოგწყურდეს, მიდი და წყალი იმ ჭურჭლიდან დალიე საიდანაც ჩემი მსახურები იღებენ.“ მაშინ რუთმა თავი დახარა მიწამდე და თაყვანი სცა მას და უთხრა: „რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ ასე კეთილად მიმიღე, მე ხომ უცხო ტომის ქალი ვარ?“ ბოყაზი კი მიუბრუნდა და უთხრა: „ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ; როგორ დატოვე მამაშენი, დედაშენი და შენი სამშობლო ქვეყანა, და მოხვედი ხალხში, რომელსაც ადრე არც კი იცნობდი. უფალმა, ისრაელის ღმერთმა, რომლის ფრთებქვეშ შესაფარებლადაც მოხვედი, სრულად გადაგიხადოს მაგ სიკეთისათვის.“ უთხრა რუთმა: „მადლი მიპოვია შენს თვალში, ჩემო ბატონო, ვინაიდან მანუგეშე და გულითადად დამელაპარაკე, როგორც შენს მხევალს, თუმცა მე შენი მხევლობის ღირსიც არა ვარ.“ სამხრობისას ბოყაზმა რუთს დაუძახა: „მოდი, აქ ჭამე პური და ძმარში ამოაწე ლუკმა.“ მივიდა რუთი და დაჯდა მომკელთა გვერდით. ბოყაზმა მას ქუმელი მიაწოდა. ჭამა რუთმა, დანაყრდა და ცოტაოდენი კიდევაც დარჩა. შემდეგ რუთი თავთავის ასაკრეფად ადგა. ბოყაზმა კი თავის ბიჭებს უბრძანა: „ძნებს შორისაც აკრიფოს, ნუ დაუშლით; ხელეურებიდანაც დაყარეთ ხოლმე და დატოვეთ, რომ აკრიფოს, ნუ დაამადლით.“ ასე კრეფდა ის საღამომდე თავთავს ყანაში; შეგროვილი გამოფშვნიტა და ერთ ეფამდე გამოუვიდა ქერის მარცვალი. აიღო თავისი ტვირთი რუთმა და ქალაქში დაბრუნდა. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. რუთმა მას ის საჭმელიც მისცა, რაც სამხრობისას დაიტოვა. და ჰკითხა მას მისმა დედამთილმა: „სად ჰკრეფდი დღეს, სად შრომობდი? დალოცვილი იყოს, ვინც შენ კეთილი თვალით შემოგხედა!“ რუთმა უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: „იმ კაცს, ვისთანაც მე დღეს ვიმუშავე, ბოყაზი ჰქვია.“ ხოლო ნაყომიმ უთხრა თავის რძალს: „უფალმა დალოცოს ის, რადგან წყალობა არ მოაკლო არც ცოცხლებს და არც მკვდრებს.“ და უთხრა ნაყომიმ რუთს: „ჩვენი ახლობელია ის კაცი.“ და თქვა მოაბელმა რუთმა: „მან ისიც მითხრა, ჩემს მსახურებთან დარჩი, სანამ მკას დამიმთავრებენო.“ უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: „კარგია, ჩემო შვილო, რომ მის მსახურ ქალებთან ერთად ივლი, რათა არავის გადააწყდე სხვა ყანაში!“ დარჩა რუთი ბოყაზის მსახურ ქალებთან ერთად, კრეფდა თავთავს, ვიდრე ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა, და ცხოვრობდა თავის დედამთილთან ერთად. და უთხრა მას ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: „ჩემო, ასულო, მინდა მყუდრო ადგილი მოგიძებნო, სადაც კარგად იქნები. აჰა, ჩვენი ნათესავი ბოყაზი, რომლის მხევლებთანაც ნამყოფი ხარ, ამაღამ ქერს ანიავებს კალოზე. დაიბანე, იცხე და გამოეწყვე საგარეო სამოსელში და მერე ადი კალოზე. მაგრამ არ დაენახო იმ კაცს, ვიდრე ჭამა-სმას არ მორჩება. ხოლო როცა ის დასაძინებლად დაწვება, გაიგე ის ადგილი, სადაც დაწვება, მიდი, გადახადე ფეხებზე და შეუწექი. და ის თავად გეტყვის, როგორ უნდა მოიქცე.“ უთხრა: „რაც მითხარი ყოველივეს შევასრულებ.“ და ავიდა იგი კალოზე და ისე მოიქცა, როგორც მისმა დედამთილმა უბრძანა. და როცა ბოყაზი ჭამა-სმას მორჩა და იმხიარულა, წავიდა და დაწვა ძნების ზვინებში. უჩუმრად მივიდა რუთი, ფეხებზე გადახადა და შეუწვა. და შუაღამისას შეკრთა კაცი, წამოიწია, და, აჰა, ფეხებთან ქალი უწევს. და თქვა: „ვინა ხარ?“ და უთხრა მან: „რუთი ვარ, შენი მხევალი. გადმოაფარე შენს მხევალს შენი კალთა, რადგან გამომხსნელი ხარ ჩემი.“ და უთხრა ბოყაზმა: „კურთხეულ იყავი უფლისაგან, ჩემო ასულო! შენ ახლა პირვანდელზე მეტი სიკეთე გამოიჩინე, რომ ვინმე ჭაბუკს არ გამოეკიდე, არც ღარიბს და არც მდიდარს. და ახლა, ჩემო ასულო, ნუ გეშინია, ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ხალხმა იცის ჩემს ქალაქში, რომ ღირსეული ქალი ხარ. ახლა, მართალია, შენი გამომხსნელი ვარ, მაგრამ სხვა, ჩემზე ახლობელი გამომხსნელიცა გყავს. გაათიე ეს ღამე აქ. და დილით, თუ ის მოინდომებს შენს გამოხსნას, ხომ კარგი, მას შეუძლია ამის გაკეთება; ხოლო თუ შენს გამოხსნას არ ისურვებს, მაშინ მე გამოგიხსნი, უფალს ვფიცავ. იწექი აქ დილამდე!“ და ეძინა რუთს მის ფერხთით დილამდე. და ადგა რუთი დილაბნელზე ისე, რომ არ შეუცვნიათ ერთმანეთი. და უთხრა მას ბოყაზმა: „არავინ გაიგოს, ქალი რომ ამოვიდა კალოზე.“ და უთხრა მან რუთს: „მოიტანე ეგ მოსასხამი და გაშალე.“ და მანაც გაშალა. და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაო ქერი და ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა. ხოლო რუთი თავის დედამთილთან დაბრუნდა, რომელმაც ჰკითხა: „რა იყო, ჩემო ასულო?“ და მან მოუთხრო ყოველივე, რაც იმ კაცმა გაუკეთა, და უთხრა: „ეს ექვსი საწყაო ქერი მომცა და მითხრა, ხელცარიელი ნუ წახვალო დედამთილთან.“ ხოლო მან უთხრა: „დაელოდე, ჩემო ასულო, ვიდრე შეიტყობდე, თუ რით დამთავრდება საქმე; რადგან ეს კაცი არ მოისვენებს, ვიდრე დღესვე არ დაასრულებს ყველაფერს.“ გავიდა ბოყაზი კარიბჭესთან, და იქ ჩამოჯდა. და, აჰა, იმ გამომხსნელმა ჩამოიარა, ვისზეც, ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა ბოყაზმა: „მოდი, ჩემო კეთილო, და აქ ჩამოჯექი!“ და ისიც მივიდა და ჩამოჯდა. და მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: „აქ ჩამოსხედით.“ და დასხდნენ ისინი. და უთხრა მან გამომხსნელს: „ნაყომი, რომელიც მოაბის ველებიდან დაბრუნდა, ჰყიდის მინდვრის ნაკვეთს, რომელიც ჩვენს ძმას, ელიმელექს ეკუთვნოდა. მე გადავწყვიტე, შენს ყურამდე მომეწვდინა ეს ამბავი და მეკითხა: თუ გინდა მისი გამოხსნა, იყიდე ის ამ მოქალაქეებისა და ჩემი ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. ხოლო თუ არ გინდა მისი გამოხსნა, მაშინ მითხარი მე, რომ ვიცოდე, რადგან შენს მეტს არავის არა აქვს გამოხსნის უფლება, და შენს შემდეგ კი მე ვარ.“ და უთხრა მან: „თანახმა ვარ გამოვიხსნა.“ და თქვა ბოყაზმა: „იმ დღეს, რა დღესაც მინდორს იყიდი ნაყომისგან, მოაბელი რუთიც, გარდაცვლილის ცოლიც უნდა გამოისყიდო და ცოლად შეირთო, რათა სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში.“ და უპასუხა მან: „ვერ გამოვისყიდი, ვაითუ, დავაქციო ჩემი სამკვიდრებელი. უიკეთესია შენ გამოიხსნა, რაც ჩემი გამოსახსნელია, რადგან მე ვერ გამოვიხსნი.“ ძველთაგან ასეთი ჩვეულება ჰქონდათ ისრაელში: გამოხსნაზე, გაცვლაზე, ან რაიმე საქმის დადასტურებაზე: ერთი გამომხსნელი ან გამცვლელი გაიძრობდა ფეხსაცმელს და მეორეს მისცემდა; ეს მოწმობის ნიშანი იყო ისრაელში. და უთხრა იმ გამომხსნელმა ბოყაზს: „შენთვის გამოისყიდე!“ და გაიძრო ფეხსაცმელი. და უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: „დღეს თქვენა ხართ მოწმენი, რომ გამოვისყიდე ნაყომისგან, რაც ელიმელექს, ქილიონს და მახლონს ეკუთვნოდათ. ასევე მოაბელი რუთი, მახლონის ქვრივი, გამოვისყიდე ცოლად, რათა სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდრებელში, და რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის მოძმეთა შორის და მისი ქალაქის კარიბჭიდან; ამის მოწმენი თქვენა ხართ დღეს.“ და უთხრეს კარიბჭესთან მდგომმა მთელმა ხალხმა და უხუცესებმა: „მოწმენი ვართ! უფალმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და ლეა, რომელთაც ააშენეს ისრაელის სახლი; სიმდიდრე შეგძენოდეს ეფრათაში და ბეთლემში იდიდოს შენმა სახელმა. და გახდეს შენი სახლი, როგორც სახლი ფერეცისა, რომელიც უშვა თამარმა იუდას, იმ მოდგმიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისგან.“ და წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. და როცა შევიდა მასთან, მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ვაჟი, და ეუბნებოდნენ დედაკაცები ნაყომის: „კურთხეულია უფალი, რომელმაც არ მოგიშალა გამომხსნელი ნათესავი დღეს! იდიდოს მისმა სახელმა ისრაელში! ის იქნება შენი განმაახლებელი და შენი სიბერის მზრუნველი. რადგან იგი გიშვა შენმა რძალმა, რომელსაც უყვარხარ და, რომელიც შვიდ ვაჟიშვილზე მეტია შენთვის.“ და მიირქვა ნაყომიმ ყმაწვილი, უბით ატარებდა, და გახდა მისი გამდელი. და სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს და ამბობდნენ: ვაჟი შეეძინაო ნაყომის. და დაარქვეს მათ სახელად ყობედი, რომელიც მამაა იესესი, დავითის მამისა. აჰა, შთამომავლობა ფერეცისა: ფერეცმა შვა ხეცრონი, ხეცრონმა შვა რამი, რამიმ შვა ყამინადაბი, ყამინადაბმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი, სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი, ყობედმა შვა იესე, იესემ შვა დავითი. იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთებიდან, რომელსაც ერქვა ელკანა, ძე იეროხამისა, ძისა ელიჰუსი, ძისა თოხუსი, ძისა ცუფისა ეფრათელისა. და ორი ცოლი ჰყავდა მას. ერთს ერქვა ხანა, მეორეს – ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო. ყოველწლიურად ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან ცაბაოთ უფლისათვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად შილოში, სადაც ყელის ორი ვაჟი: ხოფნი და ფინეხასი, უფლის მღვდლები იყვნენ. იმ დღეს, როცა ელკანას უწევდა მსხვერპლის შეწირვა, იგი წილს აძლევდა ხოლმე ფენინას, თავის ცოლს, და მის ვაჟებსა და ასულებს. ხანას კი განსაკუთრებულ ნაჭერს უძღვნიდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა კი საშო დაეხშო მისთვის უფალს. და ამის გამო ხანას მისი მოზიარე ფენინა თავს აბეზრებდა და აღიზიანებდა. ასე ხდებოდა ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა. ფენინა ამწარებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა. და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „ხანა, რატომ ტირი და რატომ არაფერს ჭამ? რასა დარდობს შენი გული? ათ შვილს გერჩივნოს ჩემი თავი!“ შილოში პურობის შემდეგ ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარსდგა. ყელი მღვდელი უფლის ტაძრის ზღურბლთან საკარცხულზე იჯდა. სულგამწარებული შეევედრა იგი უფალს და ცხარედ ატირდა. აღთქმა დაუდო და უთხრა: „ცაბაოთ უფალო, თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს უწყალობებ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად. ვიდრე ცოცხალი იქნება, სამართებელი არ შეეხება მის თავს.“ და აკვირდებოდა ყელი მღვდელი უფლის წინაშე დიდხანს მლოცველი ქალის ბაგეებს. რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა, მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებდა და ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ყელიმ. უთხრა მას: „სანამ უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისგან!“ ხოლო ხანამ მიუგო: „არა, ჩემო ბატონო; მე ერთი სულგამწარებული ქალი ვარ. ღვინო და თაფლუჭი არ მისვამს, უფლის წინაშე განვჰფენ ჩემს სულს; უღირსი დედაკაცი არ გეგონოს შენი მხევალი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს.“ მიუგო ყელიმ და უთხრა: „მშვიდობით გევლოს, დაე, ისრაელის ღმერთმა ისმინოს შენი ვედრება და აგისრულოს სათხოვარი.“ უთხრა ქალმა: „მადლი უპოვია შენს მხევალს შენს თვალში.“ და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია სახე უწინდებურად დამწუხრებული. მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ ისინი, თაყვანი სცეს უფალს, დაბრუნდნენ რამაში, მივიდნენ შინ და შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და მოხედა უფალმა ხანას. დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და სახელად სამუელი უწოდა, რადგან ამბობდა ის: უფალს გამოვთხოვეო იგი. წავიდა მისი ქმარი ელკანა მთელი თავისი სახლეულითურთ უფლისადმი ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად. მაგრამ ხანა არ წასულა, რადგან უთხრა თავის ქმარს: „როცა ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, მაშინ წავიყვან, და წარსდგება ის უფლის წინაშე და სამუდამოდ იქ დარჩება.“ მიუგო ელკანამ, მისმა ქმარმა, და უთხრა: „ისე გააკეთე, როგორც გენებოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე, რადგან აგისრულა უფალმა თავისი სიტყვა.“ დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა. როცა ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, შილოში. თან ერთი სამწლიანი ზვარაკი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა; და მივიდა უფლის სახლში – შილოში; ჯერ ჩვილი იყო ყმაწვილი. დაკლეს ზვარაკი და მიუყვანეს ყელის ყმაწვილი. მიესალმა ქალი ყელი მღვდელს: „იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი შენს ახლოს და უფალს ვევედრებოდი. ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და აჰა, ამისრულა უფალმა, რასაც ვთხოვდი. ამიტომაც უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე.“ და თაყვანი სცა იქ უფალს. ლოცულობდა ხანა და ამბობდა: „ხარობს ჩემი გული უფალში; გავძლიერდი ჩემს ღმერთში; ხმა ავიმაღლე ჩემი მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით. არავინ არის უფალივით წმიდა; რადგან არავინაა შენს გარდა; და არ არის ჩვენი ღმერთივით მყარი კლდე. ვეღარ ილაპარაკებთ მედიდურად და აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგეებიდან, რადგან უფალი არის ყოვლისმცოდნე ღმერთი, ის განსჯის ყოველ საქმეს. ძლიერთა მშვილდი დალეწილია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ. მაძღარნი პურისათვის საშოვარზე დადიან, მშიერნი კი აღარ შიმშილობენ; ბერწმა შვიდი შვა, მრავალშვილიანი კი ჩამოჭკნა. უფალი მოაკვდინებს და უფალი აცოცხლებს; შავეთში ჩაყვანაცა და ამოყვანაც მის ხელთ არის. უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს; გლახაკს მიწა-მტვრიდან წამოაყენებს, უპოვარს სანაგვიდან აღამაღლებს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; დიდების ტახტს დაუმკვიდრებს მათ, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძვლები და სამყარო მათზე დაამყარა. ღვთისმოსავთა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი. უფალი შემუსრავს თავის მოწინააღმდეგეთ და მეხად დაატყდება მათ. უფალი განსჯის ქვეყნის კიდეებს და თავის მეფეს ძალას შემატებს, და თავის ცხებულს ძლიერებით შემოსავს.“ წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი უფალს ემსახურებოდა ყელი მღვდლის წინაშე. ხოლო უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები: არ ცნობდნენ უფალს და არც მღვდლობის მოვალეობას ხალხის წინაშე. როცა კი ვინმე მსხვერპლს შესწირავდა, მოვიდოდა ხორცის ხარშვისას მღვდლის ბიჭი სამკაპით ხელში, ჩაჰკრავდა ავაზანში ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც ჩანგალს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, შილოში ყველა მიმსვლელს. უფრო მეტიც: ქონის დაწვამდეც მოდიოდა მღვდლის ბიჭი და ეუბნებოდა მსხვერპლის მომტანს: „შესაწვავი ხორცი მომეცი მღვდლისთვის, უმი, რადგან მოხარშულს არ მიიღებს.“ თუ ეტყოდა ვინმე: ქონს აკმევენ და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებდა: „არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.“ ძალზე დიდი იყო ამ ყმაწვილების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდნენ ისინი უფლის ძღვენს. სამუელი კი მსახურებდა უფლის წინაშე; და ბიჭუნას სელის ეფოდი ემოსა. სამუელს პატარა წამოსასხამს უქსოვდა ხოლმე დედა და ამოჰქონდა, როცა ქმართან ერთად მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა ყოველწლიურად. აკურთხა ყელიმ ელკანა და მისი ცოლი და უთხრა: „უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას აღთქმულის სანაცვლოდ, რომელიც შენ აღუთქვი უფალს.“ და შემდეგ ისინი შინ დაბრუნდნენ. მოხედა უფალმა ხანას: დაორსულდა იგი და კიდევ შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფალთან იზრდებოდა. ძალზე მოხუცი იყო ყელი. ესმოდა ყველაფერი: როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმ ქალებთან, რომლებიც საკრებულო კარვის კართან მსახურებისთვის იკრიბებოდნენ. იგი ეუბნებოდა მათ: „რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან ხმები მომდის თქვენს უკეთურ საქციელზე; ნუ იზამთ, შვილებო! კარგი არ მესმის თქვენზე; უფლის ერს გზიდან აცდენთ. თუ კაცმა კაცს შესცოდა, შეევედრებიან ღმერთს ცოდვილისთვის, თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვიღას შეევედრება?“ არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან უფალმა ინება მათი დაღუპვა. ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მადლი ემატებოდა უფლისა და ხალხის წინაშე. მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘განა მე არ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას? დიახ, ის გამოვარჩიე ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი; ასე გაბოროტებით ფეხით რატომ თელავთ ჩემს მსხვერპლსა და შესაწირავს, მე რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის საუკეთესო ნაჭრებით?’ ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ნათქვამი მქონდა, რომ უკუნისამდე ივლიდა ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან კი,’ – ამბობს უფალი, – ‘არამც და არამც, რადგან ჩემს მადიდებელს განვადიდებ, ჩემი მოძულენი კი დამცირდებიან. აჰა, მოაწევს ჟამი და უნდა მოვკვეთო შენი ძალა და მამაშენის სახლის ძალა ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში. და დაინახავ შენს მოდავეს საწმიდარში, მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც ისრაელში მოხდება, და შენს სახლში მოხუცებული აღარასოდეს იქნება. ყველას არ მოგიკვეთთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს; მაგრამ შენი სახლის მთელი ნამატი გაწყდება დავაჟკაცების ასაკში. აჰა, ნიშანი, რომელიც აღსრულდება შენს ორ ძეზე – ხოფნიზე და ფინეხასზე – ერთ დღეს დაიხოცებიან ორივენი. დავიდგენ ჩემთვის სარწმუნო მღვდელს, რომელიც იმას გააკეთებს, რაც ჩემს გულსა და სულშია. და მე მას ავუშენებ მტკიცე სახლს, რათა მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს. და მივა მასთან, ვინც შენს სახლში გადარჩება, და თაყვანს სცემს მას ერთი ვერცხლისა და პურის ნატეხისათვის, და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ სამსახური, რომ ლუკმა პური ვჭამოო.’“ ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ყელის წინაშე. იმ დღეებში იშვიათობას წარმოადგენდა უფლის სიტყვა. ხილვები არ იყო ხშირი. ერთხელ, როცა ყელი თავის ადგილზე იწვა – უკვე თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა. ღვთის სანთელი ჯერ არ ჩამწვარიყო. და სამუელი იწვა საწმიდარში, უფლის კიდობნის ახლოს. და დაუძახა უფალმა სამუელს. და გაეპასუხა ის: „აჰა, მე აქა ვარ!“ და მიირბინა ყელისთან და უთხრა: „აჰა, მოვედი, რომ დამიძახე.“ ხოლო მან უთხრა: „არ დამიძახიხარ, წადი და დაიძინე.“ ისიც წავიდა და დაწვა. კვლავ მოუწოდა უფალმა: „სამუელ!“ ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, მოვედი, რომ დამიძახე.“ ხოლო მან უთხრა: „არ დამიძახიხარ, შვილო, წადი და დაწექი.“ ჯერ არ იცნობდა სამუელი უფალს, რადგან ჯერ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა. მესამედ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა ის, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, მოვედი, რომ დამიძახე.“ მიხვდა ყელი, რომ უფალი უხმობდა ყმაწვილს. და უთხრა ყელიმ სამუელს: „წადი და დაწექი. და თუ ის დაგიძახებს, ასე უპასუხე: მიბრძანე, უფალო, რადგან გისმენს-თქო შენი მსახური.“ წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილას. მოვიდა უფალი და დადგა, და კვლავ დაუძახა წეღანდელივით: „სამუელ, სამუელ!“ და უთხრა სამუელმა: „ბრძანე, რადგან გისმენს შენი მსახური!“ და უთხრა უფალმა სამუელს: „აჰა, ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომლის მსმენელსაც ყურები დაუყრუვდება. იმ დღეს აღვასრულებ ყელიზე ყველაფერს, რაც მისი სახლის წინააღმდეგ ვთქვი თავიდან ბოლომდე. ხომ გამოვუცხადე, რომ საუკუნოდ დავსჯიდი მის სახლს იმ უკეთურების გამო, რომლის შესახებაც მან იცოდა – უკეთურობდნენ მისი ძენი და მან არ ალაგმა ისინი. ამიტომაც დავუფიცე ყელის სახლს, არც მსხვერპლით და არც პურეულის ძღვენით არ გამოისყიდება-მეთქი უკუნისამდე მისი სახლის უკეთურება.“ გათენებამდე იწვა სამუელი და მერე გააღო უფლის ტაძრის კარი. სამუელს ეშინოდა, რომ ყელისთვის გაემხილა ეს ხილვა. და დაუძახა ყელიმ სამუელს და უთხრა: „სამუელ, შვილო!“ მან მიუგო: „აჰა, აქა ვარ.“ უთხრა ყელიმ: „მითხარ ის სიტყვა, რაც შენს მიმართ იყო წუხელ და ნურაფერს დამიმალავ, თორემ ღმერთი ამას და ამას გიზამს და უარესსაც, თუ დამიმალავ და არ მიამბობ ყველაფერს, რაც შენ გითხრეს.“ უამბო სამუელმა ყველაფერი და არაფერი დაუმალავს მისთვის. ხოლო ყელიმ თქვა: „უფალია ის, იყოს მისი ნებისამებრ.“ იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. არ გაცუდებულა არც ერთი ის სიტყვა, რაც უფალმა უთხრა სამუელს. შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბეერ-შებაყამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველი გახდა. კვლავ გამოცხადდებოდა ხოლმე უფალი შილოში მას შემდეგ, რაც სამუელს მოევლინა უფლის სიტყვით. მოედო სამუელის ამბავი მთელს ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საომრად და დაიბანაკა ებენყეზერთან. ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ. გაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ. გაჩაღდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან; 4 ათასამდე კაცი დაეცა ბრძოლის ველზე. ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: „რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ შილოდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრის ხელიდან.“ გაგზავნა ხალხმა შილოში და მოიტანეს იქიდან ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი. ყელის ორი ვაჟი: ხოფნი და ფინეხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს. როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში მოვიდა, მთელმა ისრაელმა ისე ხმამაღლა შესძახა, რომ მიწა შეიძრა. და როცა მოესმათ ფილისტიმელებს ამ შეძახილის გუგუნი, თქვეს: „ეს რა გუგუნია ებრაელთა ბანაკში?“ და როცა შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოვიდა ბანაკში, შეეშინდათ ფილისტიმელებს, რადგან ისინი ამბობდნენ: ღმერთი მოვიდაო ბანაკში! და დასძენდნენ: „ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამ უწინ არ მომხდარა. ვაი ჩვენ! ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთების ხელიდან? ეს ის ღმერთები არიან, ეგვიპტელებს რომ მუსრი გაავლეს უდაბნოში ყოველგვარი სასჯელით. გამაგრდით და ვაჟკაცურად იდექით, ფილისტიმელებო, რომ არ დაემონოთ ებრაელებს, როგორც თქვენ გემონებიან ისინი. ვაჟკაცურად დადექით და შეებრძოლეთ.“ და შეებრძოლნენ ფილისტიმელები, და დამარცხდა ისრაელი, და ყველა თავის კარავში გაიქცა. მეტისმეტად დიდი იყო მარცხი: 30 ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიანთაგან. დაიხოცა ყელის ორივე ძე: ხოფნი და ფინეხასი; და წაიღეს ღვთის კიდობანი. გამოიქცა ერთი ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა შილოში, სამოსელშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი. როცა ის მოვიდა, ყელი საკარცხულზე იჯდა ქალაქის კარიბჭესთან, გულშეწუხებული ღვთის კიდობნის გამო და გზას აყურადებდა. მოვიდა კაცი ქალაქში და მოიტანა ამბავი, და ამოიგმინა მთელმა ქალაქმა. ამ გოდების ხმის გაგონებაზე თქვა ყელიმ: „ეს რა ხმაურია?“ მალე მივიდა ის კაცი ყელისთან და ყველაფერი აუწყა. 98 წლისა იყო მაშინ ყელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა და ვეღარაფერს ხედავდა. და უთხრა იმ კაცმა ყელის: „ისრაელიანთა ბანაკიდან მოვდივარ გამოქცეული.“ ყელიმ ჰკითხა: „რა მოხდა, შვილო?“ მიუგო მაცნემ და უთხრა: „ისრაელი გაექცა ფილისტიმელებს. სასტიკად განადგურდა ხალხი, შენი ორი ვაჟი: ხოფნი და ფინეხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.“ როგორც კი ახსენა მან ღვთის კიდობანი, ყელი საკარცხულიდან ბჭისკენ გადავარდა ზურგით, ხერხემალში გადატყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს იყო ყელი ისრაელის მსაჯული. მისი რძალი, ფინეხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, და როცა გაიგო ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან ის იყო უწია მშობიარობის ტკივილებმა. როცა კვდებოდა, თავზე მდგომი ქალები ეუბნებოდნენ: „ნუ გეშინია, რადგან ვაჟი შეგეძინა.“ მაგრამ ის ვეღარ პასუხობდა მათ, რადგან გულთან ვეღარაფერი მიჰქონდა. და უწოდა დედამ ვაჟს სახელად იქაბოდი, რაც ნიშნავს – განეშორაო დიდებულება ისრაელს! – ღვთის კიდობნის წაღებისა და მისი მამათილისა და ქმრის სიკვდილის გამო თქვა ეს. და კვლავ თქვა: „განეშორა დიდებულება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი.“ წაიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენყეზერიდან აშდოდში მიიტანეს. აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და შეიტანეს დაგონის ტაძარში, და გვერდით დაუდგეს დაგონს. და როცა მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ აშდოდელები, ნახეს, რომ უფლის კიდობნის წინ პირქვე გდია დაგონი. ააყენეს დაგონი და კვლავ თავის ადგილას დადგეს. და როცა ადგნენ შემდეგ დღეს დილაადრიანად, ნახეს, რომ პირქვე გდია დაგონი უფლის კიდობნის წინ. დაგონის მოგლეჯილი თავი და ხელ-ფეხი ყრია ზღურბლთან, მარტო ტანიღა შერჩენია. ამიტომაც ერიდებიან აშდოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძარში შემსვლელნი დაგონის ზღურბლზე დაბიჯებას დღემდე. დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე – ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელს აშდოდსა და მის შემოგარენში. როცა ხედავდნენ აშდოდის მკვიდრნი, რაც ხდებოდა, ამბობდნენ: „არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან მძიმეა მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.“ მათ გაგზავნეს და შეკრიბეს თავისთან ყველა ფილისტიმელი მთავარი და იკითხეს: „რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს?“ მათ თქვეს: „გათში წაიღეთ ისრაელის ღვთის კიდობანი.“ და გადაიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი გათში. მას შემდეგ, რაც მიიტანეს იგი, უფლის ხელი იყო ქალაქზე, ატყდა დიდი ჩოჩქოლი; გვემა უფალმა ქალაქის მკვიდრნი დიდიან-პატარიანად, და ბუგრები გამოაჩნდა ხალხს. და გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონს. როცა მივიდა ყეკრონში ღვთის კიდობანი, აყვირდნენ ყეკრონელები და ამბობდნენ: „მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!“ შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა ყველა მთავარი და თქვეს: „დააბრუნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი თავის ადგილას, რომ არ ამოგვხოცოს ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!“ რადგან მომაკვდინებელი შიშის ზარი იყო მთელს ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა მათზე უფლის ხელი. და ის, ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრით იგვემებოდა, და ცას სწვდებოდა ქალაქის ღაღადისი. შვიდ თვეს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში. მოიხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: „რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილას.“ მათ მიუგეს: „თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ცარიელს ნუ გაგზავნით, არამედ შესწირეთ ისრაელის ღმერთს დანაშაულის მსხვერპლი. მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გეშვებათ მისი ხელი.“ მათ კი თქვეს: „რა უნდა შევწიროთ დანაშაულის მსხვერპლად?“ მიუგეს: „ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი და ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთი სასჯელია თქვენზე და თქვენს მთავრებზე. ჩამოასხით თქვენი ბუგრების მსგავსი ბუგრები და თქვენი თაგვების მსგავსი თაგვები, რომლებიც აჩანაგებენ ქვეყანას და პატივს მიაგებთ ამით ისრაელის ღმერთს. ეგებ შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებსა და თქვენს ქვეყანაზე. ეგვიპტელებისა და ფარაონის მსგავსად რატომ ისასტიკებთ გულს? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი გაამწარა ისინი უფალმა? ახლა ადექით და ერთი ახალი ურემი გააკეთეთ. გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდგმელი ფური და შეაბით ურემში, მათი ხბორები კი მოაშორეთ და შინ დატოვეთ; აიღეთ უფლის კიდობანი და ურემზე შედგით. ყუთში ოქროს ნივთები ჩააწყვეთ, რომელთაც დანაშაულის მსხვერპლად ატანთ და გვერდით მიუდგით კიდობანს. მერე გაუშვით, და წავიდეს საითაც უნდა. თვალი გააყოლეთ და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას მოუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება; თუ არა და, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით დაგვტეხია თავს ეს ამბავი.“ ასეც მოიქცნენ: გამოარჩიეს ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს. ხბორები კი შინ დაამწყვდიეს. ურემზე შედგეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს თაგვებითა და თავიანთი ბუგრებით. პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ ფურები. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ბღაოდნენ, არც მარჯვნივ გადაუხვევიათ, არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები მისდევდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე. ბეთ-შემეშელნი ამ დროს პურს მკიდნენ მინდორში. და როცა გაიხედეს და კიდობანი დაინახეს, გაუხარდათ მისი დანახვა. ბეთ-შემეშელი იოშუაყის ყანაში შევიდა ურემი და იქ გაჩერდა. დიდი ლოდი იდო იქ. მათ ურემი შეშად დაჩეხეს და ფურები სრულადდასაწველ მსხვერპლად აღუვლინეს უფალს. უფლის კიდობანი და სკივრი, რომელიც მასთან ერთად იდო და რომელშიც ოქროს ნივთები ელაგა, ლევიანებმა გადმოიღეს და იმ დიდ ლოდზე დადგეს. ბეთ-შემეშელებმა იმავე დღეს მოიტანეს სრულადდასაწველი და საკლავი დაუკლეს. ეს რომ დაინახა ფილისტიმელთა ხუთმა მთავარმა, იმავე დღეს გაბრუნდა უკან ყეკრონისაკენ. აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის მსხვერპლად: ერთი აშდოდისათვის იყო, ერთი – ღაზასთვის, ერთი – აშკელონისთვის, ერთი – გათისთვის, ერთიც – ყეკრონისთვის. იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვისამებრ, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს – ციხესიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე, და დიდ ლოდამდე, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, და ის დღემდე ბეთ-შემეშელი იოშუაყის მინდორში იმყოფება. და უფალმა მოსრა ბეთ-შემეშელნი იმის გამო, რომ მათ ჩაიხედეს უფლის კიდობანში. და მოსრა ხალხიდან 70 კაცი. მოთქვამდა ყველა, რადგან დიდი მოსვრით მოსრა უფალმა ხალხი. და თქვეს ბეთ-შემეშელებმა: „ვინ დაუდგება უფალს, ამ წმიდა ღმერთს? და ვისთან წავა ის ჩვენგან?“ გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმელებს და შეუთვალეს: „ფილისტიმელებმა დააბრუნეს უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთ.“ მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, ბორცვზე რომ დგას, და განაწესეს მისი ძე – ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად. გავიდა ხანი, ოცმა წელმა განვლო კირიათ-იეყარიმში კიდობნის დასვენებიდან, და მოენატრა უფალი მთელს ისრაელის სახლს. და ელაპარაკა სამუელი მთელს ისრაელის სახლს და უთხრა: „თუ მთელი გულით გსურთ მოიქცეთ უფლისაკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და ყაშთორეთები; გულები მიმართეთ უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ და მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთა ხელიდან.“ მოიშორეს ისრაელიანთ ბაყალები და ყაშთორეთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ. და თქვა სამუელმა: „შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და თქვენთვის შევევედრები უფალს.“ შეიკრიბნენ მიცფაში, და ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე, და მარხულობდნენ იმ დღეს და ამბობდნენ: „შევცოდეთ უფალს.“ და განსჯიდა სამუელი ისრაელიანთ მიცფაში. როცა შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელიანები მიცფაში იყვნენ შეკრებილი, დაიძრნენ მათი მთავრები ისრაელიანთა წინააღმდეგ. ეს რომ გაიგეს ისრაელიანთ, შეუშინდნენ ფილისტიმელებს. უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: „ნუ დადუმდები და ნუ შეგვიწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღვთისადმი ვედრებას, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“ აიყვანა სამუელმა ძუძუთა კრავი და მთლიანად შესწირა სრულადდასაწველად უფალს, და შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და უსმინა მას უფალმა. როდესაც სამუელი უფალს სწირავდა სრულადდასაწველს, ფილისტიმელები მოდგნენ ისრაელთან საომრად; და იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე და შეაძრწუნა ისინი ისე, რომ იძლივნენ ისრაელიანთა წინაშე. გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან და დაედევნენ ფილისტიმელებს, და მუსრი გაავლეს მათ – ვიდრე ბეთ-ქარის ბოლომდე. და აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და შენს შორის, და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენყეზერი, და თქვა: აქამდე შეგვეწიაო უფალი. დაცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელთა წინააღმდეგ სამუელის სიცოცხლეში. დაუბრუნდა ისრაელს ის ქალაქები, რომლებიც ფილისტიმელებმა წაართვეს მათ, ყეკრონიდან გათამდე, და გამოგლიჯა ისრაელმა თავისი საზღვრები ფილისტიმელებს. და იყო მშვიდობა ისრაელსა და ამორეველთა შორის. და განსჯიდა ისრაელს სამუელი მთელი სიცოცხლის მანძილზე. და დადიოდა იგი წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალსა და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყველა იმ ადგილას. ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელიანთ. და იქაც აუგო მან სამსხვერპლო უფალს. როცა მოხუცდა სამუელი, მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა ისრაელზე. სახელი მისი პირმშოსი იყო იოელი, ხოლო მეორეს აბია ერქვა; ბეერ-შებაყში იყვნენ ისინი მსაჯულებად. მაგრამ არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას: ანგარებას მისდევდნენ, ქრთამებს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ. შეიკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი და მიადგა სამუელს რამაში, და უთხრეს: „აჰა, შენ მოხუცდი და შენი შვილები არ მიჰყვებიან შენს გზებს; დაგვისვი ახლა მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია წესად.“ არ მოეწონა ეს სიტყვა სამუელს, რაკი მათ თქვეს, მეფე მოგვეცი, რომელიც ჩვენ გაგვსჯისო. მაშინ ილოცა სამუელმა უფლის მიმართ. უთხრა უფალმა სამუელს: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს, რათა არ ვიმეფო მათზე. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც. ახლა გაუგონე მათ ხმას; ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელიც მათზე იბატონებს.“ გადასცა სამუელმა უფლის ყველა სიტყვა ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ. და უთხრა: „აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც თქვენზე იბატონებს: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის საომარ ეტლებთან დაიყენებს და თავის მხედრებად იყოლიებს, და ირბენენ მისი ეტლის წინ; და დააყენებს მათ ათასისთავებად და ერგასისთავებად; თავისი მინდვრების მხვნელებად და მომკელებად; თავისი საბრძოლო საჭურვლისა და ეტლების მკეთებლებად. წაიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და ხაბაზებად. წაგართმევთ საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის კარისკაცებს გადასცემს. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან, და თავის საჭურისებს და მსახურებს დაურიგებს. წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე მოიმსახურებს. წაასხამს მეათედს თქვენი ფარებიდან და თქვენც მისი მონები გახდებით. და როცა გმინვა აღმოგხდებათ თქვენი არჩეული მეფის გამო, აღარ გიპასუხებთ უფალი.“ მაგრამ არ დაუჯერა ხალხმა სამუელს და თქვა: „არა და არა, მეფე უნდა გვყავდეს, ჩვენც სხვა ხალხების მსგავსად ვიქნებით: ჩვენი მეფე განგვსჯის, ის გვიწინამძღვრებს და ჩვენთან ერთად იბრძოლებს!“ მოისმინა სამუელმა ხალხის ყოველი სიტყვა და აუწყა უფალს. მაგრამ უფალმა უთხრა სამუელს: „ყურად იღე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე!“ და უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: წადითო, თქვენ-თქვენს ქალაქებში! იყო ერთი კაცი ბენიამინის ტომიდან, სახელად კიში, ძე აბიელისა, ძისა ცერორისა, ძისა ბექორათისა, ძისა აფიახისა, ძისა ვინმე ბენიამინელისა – ძლიერი ვაჟკაცი. მას ჰყავდა მშვენიერი ვაჟი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო. ერთი თავით მაღალი ჩანდა ხალხში. და დაეკარგა ჭაკი ვირები კიშის, საულის მამას, და უთხრა კიშიმ საულს, თავის ვაჟს: „წაიყვანე რომელიმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები.“ და გადაიარა მან ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მხარე, მაგრამ ვირები ვერ იპოვეს; მოიარეს შაყალიმის მხარე და არც იქ იყვნენ; მოიარა ბენიამინის მხარე და ვერ იპოვეს. როცა ისინი ცუფის მხარეში მივიდნენ, საულმა უთხრა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: „მოდი, გავბრუნდეთ უკან. დაავიწყდებოდა მამაჩემს ვირები და ჩვენი დარდი ექნება.“ ხოლო მან მიუგო: „აჰა, ღვთისკაცია ამ ქალაქში, პატივცემული კაცია; რასაც იტყვის, ყველაფერი მართლდება. წავიდეთ ახლა იქით, ეგებ გვასწავლოს, რა ვიღონოთ.“ საულმა უთხრა მსახურს: „რომ წავიდეთ, რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარ დაგვრჩა, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთისკაცს რომ მივუტანოთ. რა გაგვაჩნია?“ კვლავ მიუგო მსახურმა საულს: „აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს, მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.“ (უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: მოდი, წავიდეთ მისანთანო, რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველს ეძახიან, უწინ მისანს უხმობდნენ.) და უთხრა საულმა თავის მსახურს: „კარგი აზრია, წამოდი, წავიდეთ.“ და წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი იყო. როდესაც ქალაქის აღმართი აიარეს, წყლის ამოსახაპად მომავალი ქალწულები შემოხვდნენ. ჰკითხეს: მისანი თუ არისო აქ სადმე? მიუგეს მათ: „აქვეა, ახლოში, ოღონდ იჩქარეთ, ახლახან ამოვიდა ქალაქში, რადგან დღეს მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს გორაკზე. როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე გორაკზე არ ასულა საჭმელად, რადგან ხალხი არაფერს შეჭამს მის მისვლამდე. მან უნდა აკურთხოს სამსხვერპლო, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ჭამას მოწვეულები. ახლა წადით, რადგან სწორედ მოასწრებთ მის ნახვას.“ და როცა ავიდნენ ქალაქში, შიგ შესვლისას, აჰა, გორაკისაკენ მიმავალი სამუელი წამოვიდა მათ შესაგებებლად. საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისთვის: „ხვალ ამ დროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხრიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლად. იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთა ხელიდან, რადგან მოვხედე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.“ როცა დაინახა სამუელმა საული, უთხრა უფალმა: „აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე; ის უწინამძღვრებს ჩემ ერს.“ შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და უთხრა: „მითხარი, სად არის აქ მისნის სახლი?“ მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: „მე ვარ მისანი. წამიძეხი გორაკისაკენ, რადგან დღეს ჩემთან ერთად უნდა ჭამო პური; დილით კი გაგიშვებ, ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს. ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?“ მიუგო საულმა და უთხრა: „განა მე ბენიამინელი არა ვარ, ისრაელის უმცირესი ტომიდან და განა ჩემი საგვარეულო ერთი უმცირესთაგანი არაა ბენიამინის ტომის ყველა საგვარეულოს შორის? რისთვის მეუბნები ამას?“ და წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური და შეიყვანა დარბაზში და 30 წვეული კაცის თავში დასხა. უთხრა სამუელმა მზარეულს: „გამოიტანე ის ნაჭერი, რომელიც მოგეცი და რომელზეც გითხარი, შენთვის გადაიდე-მეთქი.“ აიღო მზარეულმა მთელი ბეჭი, გამოიტანა და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: „ეს არის, რაც დარჩა; წინ დაიდე და ჭამე, რადგან სწორედ იმ დროს გადავინახე შენთვის, როცა ვთქვი, ხალხი უნდა მოვიწვიო-მეთქი.“ და პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად. და ჩამოვიდნენ ისინი გორაკიდან ქალაქში და ერდოზე ელაპარაკა საულს. ადგნენ დილაადრიანად. და როცა ირიჟრაჟა, დაუძახა სამუელმა საულს ერდოზე და უთხრა: „ადექი, უნდა გაგისტუმრო.“ და ადგა საული და გარეთ გავიდნენ ორივენი – ის და სამუელი. როცა ქალაქის ბოლოზე ჩადიოდნენ, სამუელმა უთხრა საულს: „უბრძანე, დაწინაურდეს მსახური, შენ კი მცირეხანს შეჩერდი, რომ გაუწყო, რაც ღმერთმა თქვა.“ და მსახურიც წავიდა წინ. აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა საულს, ეამბორა და უთხრა: „აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად. ახლა, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვრებში რომ არის, ცელცახში, რომლებიც გეტყვიან: ‘იპოვნეს ვირები, რომლების საძებრადაც შენ წახვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს ვირები და შენზე დარდობს: რა ვუყო ჩემ შვილსო?’ და როცა გასცდები ამ ადგილს და თაბორის მუხასთან მიხვალ, იქ შემოგხვდება ბეთელისკენ ღმერთთან მიმავალი სამი კაცი. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს – ტიკით ღვინო. მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს შემოგთავაზებენ, რომლებიც უნდა მიიღო მათი ხელიდან. ამის შემდეგ გიბეყათ-ელოჰიმზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას გორაკიდან ჩამომავალი წინასწარმეტყველთა გუნდი შემოგხვდება, რომელთაც წინ მოუძღვებიან ქნარის, დაფდაფის, სტვირისა და ებნის დაკვრით, თავად კი ქადაგებენ. უფლის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად გაქადაგდები, სხვა კაცად გადაიქცევი. როცა ყველა ეს ნიშნები აგიცხადდება, ისე მოიქეცი, როგორც მოახერხებ, რადგან ღმერთია შენთან. ჩემზე წინ უნდა ჩახვიდე გილგალში და მეც მალე ჩამოვალ შენთან, რათა შევწირო სრულადდასაწველი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გაუწყებ, რაც უნდა გააკეთო.“ როგორც კი გატრიალდა საული სამუელისაგან წასასვლელად, სხვა გული ჩაუდო მას ღმერთმა და ყველა ნიშანი აუცხადდა იმავე დღეს. ბორცვზე ასვლისას გამოემართა მისკენ წინასწარმეტყველთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა. ყველა, ვინც მანამდე იცნობდა მას და ხედავდა ქადაგად დაცემულს, ამბობდა: „რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც გაქადაგდა?“ თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: „ვინ არის მათი მამა?“ ასე გაჩნდა გამოთქმა: „ნუთუ საულიც გაქადაგდა?“ როცა გაასრულა ქადაგება, გორაკზე ავიდა. ჰკითხა საულის ბიძამ მას და მის მსახურს: „სად იარეთ?“ მათ მიუგს: „ვირების საძებნელად; და როცა იმედი გადავიწყვიტეთ, რომ ვერ ვიპოვნიდით, სამუელთან წავედით.“ და თქვა საულის ბიძამ: „მომიყევი, რა გითხრათ სამუელმა.“ უთხრა საულმა თავის ბიძას: „გამოგვიცხადა, იპოვნესო ვირები.“ ხოლო მეფობის ამბავი, სამუელმა რომ უთხრა, არ გაუმხელია მისთვის. მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში და უთხრა ისრაელიანთ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: ‘მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა სამეფოს ხელიდან, რომელიც კი გჩაგრავდათ;’ თქვენ კი დღეს უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ყველა უბედურებისა და გასაჭირისგან, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვისვიო! აბა, დადექით უფლის წინაშე თქვენ-თქვენი ტომებისა და საგვარეულოების მიხედვით.“ როცა სამუელმა უბრძანა ისრაელის ყველა ტომს სათითაოდ მოახლოება, ბენიამინის ტომს ხვდა წილი მისასვლელად. და როცა ბენიამინის ტომს უბრძანა მისვლა საგვარეულოების მიხედვით, მატრის საგვარეულოს ხვდა წილი; და როცა მატრის საგვარეულოს უბრძანა მიახლოება კაცით-კაცამდე, საულს, კიშის ძეს ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს. კვლავ შეეკითხნენ უფალს: „კიდევ დარჩა კაცი მოსასვლელი?“ თქვა უფალმა: „აჰა, აღალს ეფარება.“ გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. და როცა ის ხალხში ჩადგა, ერთი თავით მაღალი იყო სხვებზე. და უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: „ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი.“ და შესძახა ხალხმა: „დღეგრძელი იყოს მეფე!“ გამოუცხადა სამუელმა ხალხს მეფის უფლებები და ჩაწერა წიგნში და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი, ყოველი მათგანი თავ-თავის სახლში. საულიც წავიდა თავისი სახლისაკენ, გიბეყაში. მას თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებსაც ღმერთი შეეხო. ხოლო უმაქნისი ხალხი კი ამბობდა: ეგ ჩვენ როგორ გვიხსნისო? და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. საული კი თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. გამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა იაბეშ-გალაადს. და უთხრეს იაბეშელმა კაცებმა ნახაშს: „შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.“ უთხრა მათ ნახაშ ყამონელმა: „ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.“ უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: „შვიდი დღის ვადა მოგვეცი, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელს ისრაელის მხარეში, და თუ არავინ იქნა ჩვენი მშველელი, გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ.“ მივიდნენ მოციქულები საულის გიბეყაში და თქვეს ყოველივე ხალხის გასაგონად. ხმა აღიმაღლა მთელმა ხალხმა და იწყო ტირილი. აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოერეკება მინდვრიდან. „რა მოუვიდა ხალხს, რა ატირებთ?“ – იკითხა საულმა. და მიუგეს იაბეშელთა ნათქვამი. ამ სიტყვების გაგონებაზე ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი. ადგა და აკუწა უღელი ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, და უბრძანა ეთქვათ: „ვინც საულსა და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვათ მის ხარებს.“ უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდა, როგორც ერთი. საულმა აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელიანები 300 ათასი მამაკაცი იყო, იუდას კაცები – 70 ათასი. უთხრეს მოსულ მოციქულებს: „ასე უთხარით იაბეშ-გალაადის კაცებს: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, თქვენი ხსნა იქნება-თქო.“ როდესაც მოვიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელთ, გაიხარეს მათ. და თქვეს იაბეშელებმა: „ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და, რაც გენებოთ, ის გვიყავით.“ მეორე დღეს სამ რაზმად დაჰყო საულმა ხალხი და დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი. უთხრა ხალხმა სამუელს: „ვინ ამბობდა: ‘ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე?’ მოგვეცი ის კაცები, რომ დავხოცოთ.“ საულმა კი თქვა: „ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოუვლინა უფალმა დღეს ისრაელს.“ უთხრა სამუელმა ხალხს: „წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა.“ წავიდა მთელი ხალხი გილგალში, და იქ უფლის წინაშე გაამეფეს საული, და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი უფლის წინაშე. და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყოველმა ისრაელიანმა. უთხრა სამუელმა მთელს ისრაელს: „აჰა, შევისმინე თქვენი და როგორც მითხარით, დაგისვით მეფე. ამიერიდან თქვენი მეფე წაგიძღვებათ წინ. მე დავბერდი და გავჭაღარავდი; ჩემი ძენი თქვენთან არიან. მე მიგიძღოდით წინ ჩემი სიყმაწვილიდან დღემდე. აჰა, მე აქ ვარ, და მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამირთმევია, თუ ვინმე შემივიწროებია, თუ ვინმე დამიჩაგრავს; თუ ვინმეს ხელიდან ქრთამი ამიღია, თვალი რომ დამეხუჭა მის საქმეზე, მსურს უკან დავუბრუნო.“ უთხრეს: „არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმეს ხელიდან აგიღია რაიმე.“ მან თქვა: „უფალი იყოს მოწმე თქვენს შორის, და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში.“ და თქვა ხალხმა: „იყოს მოწმე!“ და მიუგო სამუელმა ხალხს: „სწორედ უფალი იყოს მოწმე, უფალი, რომელმაც მოსე და აარონი დაადგინა, და თქვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა. აქეთ მოდექით, რომ თქვენთან ერთად განვსაჯო უფლის წინაშე ყველა მისი სიკეთე, რაც მან თქვენზე და თქვენს მამებზე მოიმოქმედა. მას შემდეგ, რაც იაკობი მივიდა ეგვიპტეში და თქვენმა მამებმა შეჰღაღადეს უფალს, მოავლინა ღმერთმა მოსე და აარონი თქვენი მამების ეგვიპტიდან გამოსაყვანად და ამ ადგილას დასასახლებლად. მაგრამ როცა დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი, ხელში ჩაუგდო ისინი სისერას, ხაცორის მხედართმთავარს, და ჩაუგდო ხელში ფილისტიმელებს, და ჩაუგდო ხელში მოაბელთა მეფეს, რომელნიც ებრძოდნენ მათ. მაგრამ როცა შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: ‘შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაყალებსა და ყაშთორეთებს; ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით,’ მოავლინა უფალმა იერუბაყალი და ბარაკა, და იფთახი და სამუელი. ის გიფარავდათ გარეშემო მტრების ხელთაგან და უსაფრთხოდ ცხოვრობდით. მაგრამ როცა დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე, ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ, მითხარით: არა, მეფემ იმეფოსო ჩვენზე! მაშინ, როცა უფალი ღმერთი მეფობდა თქვენზე. ახლა, აჰა, აქ არის თქვენი მეფე, რომელიც აირჩიეთ და მოითხოვდით; აჰა, მოგცათ უფალმა მეფე. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის ხმას და წინ არ აღუდგებით მის ბრძანებებს, თუ თქვენცა და თქვენი მეფეც, თქვენზე რომ ხელმწიფებს, მიჰყვებით უფალს, თქვენს ღმერთს, უფლის ხელი აღარ აღიმართება თქვენს წინააღმდეგ. თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და წინ აღუდგებით უფლის ბრძანებებს, უფლის ხელი იქნება თქვენი და თქვენი მამების წინააღმდეგ. ახლა კი დადექით და შეხედეთ, რა დიდ საქმეს აღასრულებს უფალი თქვენს თვალწინ. ალოობა ხომ არ არის ახლა? მაგრამ მე შევთხოვ უფალს და მოავლენს ჭექა-ქუხილსა და წვიმას, და გაიგებთ და ნახავთ, რა დიდი ბოროტება ჩაიდინეთ უფლის თვალში, როცა მეფე მოითხოვეთ.“ შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა მთელ ხალხს უფლისა და სამუელის. და უთხრა ხალხმა სამუელს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მსახურთა გულისათვის, რომ არ გავწყდეთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.“ უთხრა სამუელმა ხალხს: „ნუ გეშინიათ, უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება; ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი გულით ემსახურეთ მას. ნუ მიიქცევით კერპებისაკენ, რადგან უსარგებლონი არიან ისინი; ვერ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან. უფალი კი არ მიატოვებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან ინება უფალმა, რომ თავის ერად ამოერჩიეთ თქვენ. მე კი, ნუმც შემეცოდოს უფლისათვის, ნუმც შემეწყვიტოს თქვენს გამო ვედრება მისთვის. მე დაგაყენებთ თქვენ სასიკეთო და სწორ გზაზე. ოღონდ გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ ჭეშმარიტებით და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის. თუ მაინც არ აიღებთ ხელს ბოროტების კეთებაზე, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.“ საული იყო... წლისა, როცა გამეფდა და... წელი მეფობდა ისრაელზე. გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში 3 ათასი კაცი. 2 ათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთელის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან – ბენიამინის გიბეყაში. დანარჩენი ხალხი კი თავ-თავის კარვებში გაუშვა. გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ იონათანმა გაანადგურა გებაყში მდგარი ფილისტიმელი მეციხოვნენი. საულმა ბრძანა, ბუკი დაებერათ მთელს ქვეყანაში და გამოეცხადებინათ: ისმინონო ებრაელთ! და გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა მეციხოვნენი, და მტრად ექცა ისრაელი ფილისტიმელთ, და შეიყარა მთელი ხალხი საულთან გილგალში. და შეიკრიბნენ ფილისტიმელები ისრაელის წინააღმდეგ საომრად – 30 ათასი საომარი ეტლი, 6 ათასი ცხენოსანი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ფეხოსანი; ამოვიდნენ ისინი და ბეთ-ავენის აღმოსავლეთით, მიქმაშში დაბანაკდნენ. როცა დაინახეს ისრაელიანთ, რომ გაუჭირდათ – რადგან ხალხი ძლიერ შეშინებული იყო, – მიიმალნენ მღვიმეებში, კლდის ნაპრალებში, კლდის ნახეთქებში, ორმოებსა და ჯურღმულებში. ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გალაადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგალში იყო; და მთელი ხალხი, ვინც მას გაჰყვა, დამფრთხალი იყო. შვიდ დღეს იცადა მან, სამუელის მიერ დათქმულ ვადამდე, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში, ხალხი კი ეფანტებოდა. და თქვა საულმა: „მომიყვანეთ სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი!“ და აღავლინა სრულადდასაწველი. ის იყო დაასრულა სრულადდასაწველის აღვლენა, და აჰა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად. სამუელმა კი უთხრა: „ეგ რა ჰქენი?“ მიუგო საულმა: „დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროზე, ფილისტიმელები კი მიქმაშში არიან შეკრებილნი; ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი ჯერ არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს; თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე სრულადდასაწველი.“ უთხრა სამუელმა საულს: „უგუნურად მოქცეულხარ, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება; რაც მან გიბრძანა, არ შეასრულე; უფალი ხომ უკუნისამდე განამტკიცებდა შენს მეფობას ისრაელზე. ამიერიდან ვეღარ გაძლებს შენი მეფობა; გამოძებნის უფალი თავისი გულის სასურველ კაცს და თავისი ხალხის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი უფალის ნაბრძანები არ დაიცავი.“ ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბეყაში. და დაითვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი – ექვსასამდე კაცი. საული და მისი ძე – იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გებაყში დადგნენ, ფილისტიმელები კი მიქმაშში დაბანაკდნენ. გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ქვეყნის დასარბევად სამი რაზმი. ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, შუყალის ქვეყნისკენ, მეორე რაზმი ბეთ-ხორონის გზას დაადგა, მესამე – ცებოყიმის ველისკენ მიმავალ გზას, უდაბნოზე რომ გადის. მჭედელი აღარ იყო მთელს ისრაელის ქვეყანაში, რადგან ფილისტიმელებს ეშინოდათ, ებრაელებმა მახვილები ან შუბები არ გაიკეთონო. ამიტომ მთელი ისრაელი ფილისტიმელებთან ჩადიოდა, თუკი ვინმეს სახნისი, თოხი, ცული ან ნამგალი ჰქონდა გამოსაკვერი. ორი მესამედი შეკელი ღირდა სახნისის, თოხის, ცულის ან ნამგლის ალესვა. როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ საულისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები და შუბები. მხოლოდ საულსა და მის ძეს – იონათანს აღმოაჩნდათ. და გაემართა ფილისტიმელთა მოწინავე რაზმი მიქმაშის ვიწრო გზებისაკენ. გამოხდა ხანი და ერთ დღეს უთხრა იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გავიდეთ ფილისტიმელთა მეციხოვნე ბანაკთან, გაღმა რომ არის.“ მამისთვის კი არაფერი უთქვამს. საული გიბეყას ბოლოში იმყოფებოდა, ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას. თან ახლდა ხალხი – ექვსასამდე კაცი, და ახია, ძე ახიტუბისა, ძისა იქაბოდისა, ძისა ფინეხასისა, ძისა ყელისა – უფლის მღვდელი რომ იყო შილოში და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი. და იმ ვიწროებს, საიდანაც იონათანს სურდა ფილისტიმელთა მეციხოვნეებთან გასვლა, აქეთ-იქიდან ორი ფრიალო კლდე ეკრა, ერთს ერქვა ბოცეცი, მეორეს – სენე. ერთი კლდე ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული, მიქმაშიდან, მეორე – სამხრეთის, გებაყიდან. და უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა მეციხოვნეებთან, იქნებ უფალმა მოიმოქმედოს ეს ჩვენთვის და გაგვამარჯვებინოს, რადგან უფლისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს ხსნა, ბევრი ხალხით მოხდება ეს თუ მცირეთი.“ და უთხრა მას მისმა საჭურველთმტვირთველმა: „გააკეთე, რასაც გული გკარნახობს, წადი, აჰა, მეც შენთანა ვარ, როგორც შენი გული.“ და თქვა იონათანმა: „აჰა, ჩვენ გავალთ მაგ ხალხთან და დავენახვებით მათ. თუ ასე გვეტყვიან: შეიცადეთ, ვიდრე ჩვენ თქვენთან მოვალთო, ადგილზე გავჩერდეთ და ნუ ავალთ მათთან. და თუ ასე გვეტყვიან: ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია ისინი უფალს. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი.“ და როცა დაენახვნენ ორივენი ფილისტიმელთა მეციხოვნეებს, თქვეს ფილისტიმელებმა: „აჰა, ებრაელები გამოდიან ხვრელებიდან, სადაც იმალებოდნენ.“ და გაეხმაურნენ მეციხოვნენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: „ამოდით ჩვენთან, რაღაცას გეტყვით!“ და უთხრა იონათანმა საჭურველთმტვირთველს: „მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს.“ და ცოცვით ავიდა ზევით იონათანი, უკან მისი საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. და ეცემოდნენ ფილისტიმელები იონათანის წინაშე. მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან ხოცავდა მათ. ეს პირველი შეტაკება იყო, რომლის დროსაც ოცამდე კაცს გაავლეს მუსრი იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე. და შიშმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; თვით მარბიელნიც კი შეძრწუნდნენ, და შეიძრა მიწა და უფლის შიშმა დაისადგურა. და საულის გუშაგებმა ბენიამინის გიბეყადან შეამჩნიეს ჩოჩქოლი ფილისტიმელთა ბანაკში. და უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: „მოძებნეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან!“ და როცა მოძებნეს, აჰა, არც იონათანი ჩანს და არც მისი საჭურველთმტვირთველი. და უთხრა საულმა ახიას: „ღვთის კიდობანი!“ რადგან ისრაელიანთა შორის იყო იმ დროს ღვთის კიდობანი. და ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: „დაუშვი ხელი!“ და ყიჟინა დასცეს საულმა და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა, და როცა ისინი ბრძოლის ველზე გავიდნენ, აჰა, ყოველი მახვილი აღმართულა თანამოძმის თავზე; დიდი არეულობაა. მაშინ ის ებრაელები, უწინ რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან თან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელიანთ შეუერთდნენ, რომელნიც საულსა და იონათანს ახლდნენ. ეფრემის მთებში მიმალულმა ისრაელიანებმა რომ გაიგეს ფილისტიმელების უკუქცევა, ისინიც თავისიანებს შემოუერთდნენ ბრძოლაში. იხსნა იმ დღეს უფალმა ისრაელი; და ბეთ-ავენამდე მიაღწია ბრძოლამ. გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დაარისხა საულმა ხალხი და თქვა: „წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, ვიდრე შურს არ ვიძიებ მტრებზე.“ და მთელ ხალხს ლუკმა არ შეუჭამია. და მთელი ხალხი ტყისკენ წავიდა, და აჰა, გოლეულია ველზე. და როცა ხალხი გოლეულს გაუსწორდა, აჰა, თაფლი მოდის ღვარად, მაგრამ თითი არავის გაულოკავს დარისხების შიშით. იონათანს არ იცოდა, რომ მამამისმა ხალხი დაარისხა, გაიწოდა ჰოროლი, ხელთ რომ ეკავა, ბუნით ჩააწო გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი; და გამოიხედა თვალში. და მიუგო ერთმა კაცმა და უთხრა: „ფიცით დაარისხა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს, ვინც რაიმე შეჭამოსო დღეს! და დაიქანცა ხალხი.“ და თქვა იონათანმა: „გააწამა მამაჩემმა ქვეყანა! ხომ ხედავთ, თვალში გამოვიხედე, როგორც კი ეს ცოტა თაფლი გავსინჯე. რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააყრევინა?! უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!“ და მუსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი. და დაეცა ხალხი ნადავლს, გამოირეკა ცხვარ-ძროხა, ხბორები, იქვე კლავდნენ და სისხლიანად ჭამდნენ ხორცს. და შეატყობინეს საულს და უთხრეს: „აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს ხორცს.“ მან თქვა: „ცოდვა გაქვთ ჩადენილი; ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი.“ და კვლავ თქვა საულმა: „გადით ხალხში და უთხარით, რომ მომიყვანოს ყოველმა მათგანმა თავისი ხარი და თავისი ცხვარი, აქ დაკლან და ჭამონ, ასე აღარ შესცოდავთ უფალს სისხლიანად ჭამით.“ და მოჰყავდა მთელ ხალხს, ყოველ მათგანს, ღამით, რაც ხელთ ჰყავდა და იქ კლავდა. და აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც მან უფალს აუგო. და თქვა საულმა: „დავესხათ ფილისტიმელებს ამ ღამით და გათენებამდე ვარბიოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს.“ და უთხრეს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.“ ხოლო მღვდელმა თქვა: „ჯერ ღმერთს დავეკითხოთ.“ და დაეკითხა საული ღმერთს: „დავესხა ფილისტიმელებს? თუ ჩაყრი მათ ისრაელიანთა ხელში?“ მაგრამ იმ დღეს მან პასუხი ვერ მიიღო. და თქვა საულმა: „აქ შეიკრიბეთ, ხალხის მთავრებო, და გაარკვიეთ, ვის კისერზეა დღევანდელი ცოდვა; რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, რომ თუ ჩემს ძეს, იონათანს აწევს ეს ცოდვა, იგი უნდა მოიკლას!“ მაგრამ არავის გაუცია მისთვის პასუხი. და უთხრა საულმა მთელს ისრაელიანთ: „თქვენ ერთ მხარეს დადექით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით.“ და მიუგო ხალხმა: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.“ და მიმართა საულმა უფალს: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, პასუხს რატომ არ აძლევ დღეს შენს მსახურს? მე მაწევს ცოდვა, თუ ჩემს ძეს, იონათანს, უფალო ღმერთო ისრაელისა, მოგვეცი ნიშნად ურიმი; ხოლო თუ ის შენს ხალხს, ისრაელიანთ აწევს, მოგვეცი ნიშნად თუმიმი.“ და წილი იონათანს და საულს ხვდა, ხალხი კი გაუშვეს. და თქვა საულმა: „წილი გვიყარეთ მე და ჩემს ძეს, იონათანს.“ და წილი იონათანს ხვდა. და უთხრა საულმა იონათანს: „გამომიტყდი, რა ჩაიდინე?“ და გამოუტყდა იონათანი და უთხრა: „ხელთ რომ ჰოროლი მეკავა, იმისი ბუნით ცოტაოდენი თაფლი გავსინჯე. და აჰა, მე მზადა ვარ სასიკვდილოდ.“ და თქვა საულმა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!“ მაგრამ უთხრა ხალხმა საულს: „ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა ის დღეს.“ ასე იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი. და შეწყვიტა საულმა ფილისტიმელთა დევნა; და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ქვეყანაში. და როცა განამტკიცა საულმა თავისი მეფობა ისრაელზე, ბრძოლა დაუწყო ირგვლივ ყველა თავის მტერს: მოაბს, ყამონელთ, ედომს, ცობას მეფეებსა და ფილისტიმელებს; და საითკენაც გაიწევდა, ყველგან იმარჯვებდა. და მოიკრიბა დიდი ძალი და დაამარცხა ყამალეკი, და იხსნა ისრაელი მძარცველთა ხელიდან. საულის ძენი იყვნენ: იონათანი, იშვი და მალქი-შუაყი. მის ორ ასულს ერქვა: პირმშოს – მერაბი, უმცროსს – მიქალი. საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი – აბნერი, ძე ნერისა, მისი ბიძისა. კიში – საულის მამა და ნერი – აბნერის მამა, აბიელის შვილები იყვნენ. სასტიკი ბრძოლები იყო ფილისტიმელებთან საულის დროს. და სადაც დაინახავდა საული მაგარსა და გულად ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა. და უთხრა სამუელმა საულს: „უფალმა გამომაგზავნა, რომ მისი ერის, ისრაელის მეფედ მეცხე. ახლა ისმინე უფლის სიტყვები. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘გავიხსენე, რაც ყამალეკმა გაუკეთა ეგვიპტიდან გზადმომავალ ისრაელიანთ. ახლა წადი და დაეცი ყამალეკს და გაუნადგურე მთელი სარჩო-საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.’“ და შეჰყარა საულმა ხალხი, და აღრიცხა ტელაიმში – 200 ათასი ქვეითი და 10 ათასი იუდას ტომისა. მიადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა. და უთხრა საულმა კენელებს: „ადექით და განუდექით, გამოეყავით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენც არ გაგანადგუროთ, რადგან სწყალობდით ეგვიპტიდან გამომავალ მთელს ისრაელს.“ და განუდგნენ კენიელები ყამალეკს. და დაეცა საული ყამალეკს და სდია ხავილადან შურამდე, ეგვიპტის აღმოსავლეთით რომ არის. და ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილის პირით მოსპო. დაინდეს საულმა და მისმა ხალხმა აგაგი, რჩეული ცხვარ-ძროხა, ბაღ-ვენახები, და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო, და რისი განადგურებაც არ მოინდომეს. ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს. და იყო უფლის სიტყვა სამუელის მიმართ ნათქვამი: „ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს.“ და დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეჰღაღადებდა უფალს. და ადგა დილაადრიანად სამუელი საულთან შესახვედრად. და ეუწყა სამუელს, რომ საული ქარმელში ყოფილა, იქ სვეტი აღუმართავს თავისთვის, და იქიდან გამობრუნებული გილგალში ჩასულა. მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: „კურთხეული ხარ უფლისაგან! მე აღვასრულე უფლის სიტყვა.“ და თქვა სამუელმა: „რა არის? ცხვრის ბღავილი და ძროხის ზმუილი ყურში რომ ჩამესმის?“ და მიუგო საულმა: „ყამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ხალხმა რჩეული ცხვარი და ძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის შეეწირათ. დანარჩენი გავანადგურეთ.“ და უთხრა სამუელმა საულს: „მათქმევინე, რაც უფალმა მითხრა წუხელ.“ და უთხრა საულმა მას: ილაპარაკეო. და თქვა სამუელმა: „მაშინაც ხომ უღირსად მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა? დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: ‘წადი და დაარისხე შემცოდე ყამალეკი. ებრძოლე მას, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ!’ რად არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დაიტაცეთ ნადავლი და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?“ და უთხრა საულმა სამუელს: „მე დავმორჩილდი უფლის ხმას და წავედი იმ გზით, რომელზეც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი გავანადგურე. ხალხმა წამოასხა ნადავლიდან ცხვარი და ძროხა, დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში“ და თქვა სამუელმა: „ნუთუ სრულადდასაწველნი და მსხვერპლები ისევე ეამება უფალს, როგორც მოსმენა მისი სიტყვისა? მოსმენა მსხვერპლებზე უკეთესია და მორჩილება – ვერძის ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა მისნობა და ურჩობა; ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.“ უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე, რომ განვერიდე უფლის სახეს და გადავუხვიე შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და მის ხმას გავუგონე. ახლა შემინდე ჩემი ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს.“ და უთხრა სამუელმა საულს: „არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ.“ შებრუნდა სამუელი წასასვლელად და მოეჭიდა საული მისი მოსასხამის კალთას და გაიგლიჯა ის. და უთხრა მას სამუელმა: „გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს. და არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი არ არის ის, რომ გადაიფიქროს.“ და თქვა საულმა: „შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესთა და ისრაელის წინაშე მაინც დამდე პატივი და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს.“ და გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს. და თქვა სამუელმა: „მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე.“ მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი. და იფიქრა აგაგმა: ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილიო. მაგრამ სამუელმა უთხრა: „როგორც უშვილოდ დატოვა შენმა მახვილმა ქალები, ასევე უშვილო დარჩება დედაშენი ქალთა შორის!“ და აჩეხა აგაგი სამუელმა გილგალში უფლის წინაშე. და წავიდა სამუელი რამას, საული კი თავის სახლში დაბრუნდა, საულის გიბეყაში. და აღარ უნახავს სამუელს საული თავისი დარჩენილი სიცოცხლის დღეებში, მაგრამ წუხდა კი მასზე. უფალიც ნანობდა, საული რომ გაამეფა ისრაელზე. და უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდის უნდა წუხდე საულზე? მე ხომ განვაყენე იგი ისრაელის მეფობისგან? აავსე რქა ზეთით და წადი; ბეთლემელ იესესთან გაგზავნი, რადგან მის ძეთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.“ და თქვა სამუელმა: „როგორ წავიდე? საულმა რომ გაიგოს, მომკლავს.“ და უთხრა უფალმა: „თან წაიყვანე ერთი დეკეული ნახირიდან და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად მოვედი-თქო. მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო, ზეთს სცხებ მას, ვისზეც გეტყვი.“ უფლის სიტყვისამებრ მოიქცა სამუელი და მივიდა ბეთლემს. ძრწოლით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: „ხომ მშვიდობაა?“ და უპასუხა მან: „მშვიდობაა! მსხვერპლი მინდა შევწირო უფალს, ამიტომ მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით.“ განწმიდა სამუელმა იესე და მისი ძენი და მსხვერპლთან მიიწვია. და როცა მივიდნენ, შეხედა მან ელიაბს და გაიფიქრა: „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული!“ და უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას, ნურც მის ახოვანებას, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან უფალი ადამიანი როდია, რომ თვალადობით განსჯიდეს, არამედ გულს უყურებს კაცისას.“ და მოუხმო იესემ აბინადაბს და სამუელის წინ გაატარა. და თქვა მან: „არც ეს აურჩევია უფალს.“ და ჩამოატარა იესემ შამა, და თქვა სამუელმა: „არც ეს არის უფლის რჩეული.“ ასე ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ძე სამუელის წინაშე, მაგრამ უთხრა სამუელმა იესეს: „ამათგან არც ერთი არ აურჩევია უფალს.“ და ჰკითხა სამუელმა იესეს: „სულ ეს არიან შენი ყმაწვილები?“ და თქვა მან: „კიდევ დარჩა ამათ გარდა უმცროსი, მაგრამ ის ცხვარსა მწყემსავს.“ და უთხრა სამუელმა იესეს: „გააგზავნე და მოაყვანინე, რადგან მის მოსვლამდე ინახით ვერ დავსხდებით.“ გააგზავნა იესემ და მოაყვანინა ის. წითური იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და სანდომიანი სახე. და უთხრა უფალმა სამუელს: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.“ და აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და წავიდა რამას. და განეშორა საულს უფლის სული და აწვალებდა ბოროტი სული უფლისაგან. და უთხრეს მისმა მსახურებმა საულს: „აჰა, ბოროტი სული გაშფოთებს შენ ღმერთისაგან. უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მსახურთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი; და როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღმერთისაგან, ის დაუკრავს და შვება მოგეცემა.“ და უთხრა საულმა თავის მსახურთ: „მომიძებნეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს ქნარზე, და მომიყვანეთ.“ და მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „აჰა, მინახავს ბეთლემელი იესეს ვაჟი, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვამჭევრი და ლამაზი, უფალია მასთან.“ და გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და დააბარა: გამომიგზავნე დავითი, შენი ვაჟი, ცხვარში რომ გყავსო. და აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი თიკანი და გაატანა დავითს, თავის ძეს, საულთან. და მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. და ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა. და გაუგზავნა საულმა იესეს კაცები, რომ ეთქვათ: „დარჩეს ჩემთან დავითი, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.“ და როცა კი შემოაწვებოდა ბოროტი სული ღმერთისაგან საულს, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა, და შვებას გრძნობდა საული და უკეთ ხდებოდა, და შორდებოდა ბოროტი სული. და შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი, და შეიკრიბნენ იუდას სოქოში და დაიბანაკეს სოქოსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში. ასევე საული და ისრაელიანებიც შეიყარნენ და დაბანაკდნენ მუხის ველზე, და დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საომრად. ფილისტიმელები ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები – მეორე მთისა, მათ შუა კი ღელე იყო. და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. სიმაღლე ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა, თავზე ბრინჯაოს მუზარადი ეხურა და ჯაჭვის ჯავშანი ეცვა. ჯავშნის წონა 5 ათასი შეკელი იყო. ფეხებზე ბრინჯაოს საბარკულები ეკეთა და მხარზე ბრინჯაოს ჰოროლი გაედო. და მისი შუბის ბუნი საქსელე ლილვის სიმსხო იყო, ხოლო შუბის პირი ექვსას რკინის შეკელს იწონიდა. მას წინ ფარისმტვირთველი მოუძღოდა. და მოდგა იგი და უკიოდა ისრაელიანთა რაზმებს: „რატომ გამოხვედით საომრად? მე ფილისტიმელთათვის ვიბრძვი, თქვენ კი საულის მონები ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი, ჩამოვიდეს ჩემთან; თუ ის გაიმარჯვებს ჩემთან ბრძოლაში და დამამარცხებს, ჩვენ თქვენი მსახურნი გავხდებით. თუ მე გავიმარჯვებ მასთან ბრძოლაში და დავამარცხებ, თქვენ გაგვიხდებით მონებად და მსახურებად.“ და კვლავ დასძინა ფილისტიმელმა: „სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს! გამომიყვანეთ კაცი ვინმე და გვაბრძოლეთ ერთმანეთთან.“ როცა გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელიანებმა ფილისტიმელის ეს მუქარა, დაფრთხნენ და მეტისმეტად შეშინდნენ. დავითი იყო ძე იმ იუდას ბეთლემელი ეფრათელისა, რომელსაც სახელად იესე ერქვა და რომელიც რვა ვაჟის მამა იყო. ყველაზე ხნიერი მოხუცი იყო ის კაცი საულის დღეებში. და წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ძე. ომში წასული მისი ვაჟების სახელები იყო: პირმშოსი – ელიაბი, მომდევნოსი – აბინადაბი, მესამესი – შამა. დავითი კი ნაბოლარა იყო; სამი უფროსი ძმა რომ საულს წაჰყვა, დავითი საულისგან ბეთლემში დაბრუნდა, რათა მამამისის ცხვარი ემწყემსა. 40 დღის განმავლობაში გამოდიოდა დილა-საღამოს ის ფილისტიმელი. და უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: „აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური, და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში. ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე. და ნახე, მშვიდობით თუ არიან და მოიტანე მათი ამბავი.“ საული და ისინი, და ისრაელის ყველა მამაკაცი მუხის ველზე იყვნენ და ემზადებოდნენ ფილისტიმელებთან საომრად. დილაადრიანად ადგა დავითი, ფარა ყარაულს ჩააბარა, ტვირთი აიღო და წავიდა, როგორც იესემ უბრძანა, და მიადგა ბანაკს. ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას იწყებდა. და დაეწყვნენ ისრაელიანები და ფილისტიმელები, რაზმი რაზმის პირისპირ. და ჩააბარა დავითმა თავისი ტვირთი აღალის გუშაგს და მიაშურა რაზმს. მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები. ის მათთან ლაპარაკში იყო, რომ, აჰა, გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი, სახელად გოლიათი, გათელი ფილისტიმელი. ფილისტიმელთა ლაშქრის წინ დაიწყო სიარული და წინანდებურად ალაპარაკდა. დავითმა ყველაფერი გაიგონა. და როგორც კი დაინახეს ეს კაცი, დაფრთხნენ ისრაელიანები, რადგან მეტისმეტად შეშინდნენ. და ამბობდა ერთი ისრაელიანი: „ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? ისრაელის ლაშქრის შესარცხვენად არის გამოსული. ვინც მას სძლევს, დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზატებს ისრაელში.“ და ჰკითხა დავითმა მის ახლოს მდგარ კაცებს: „რა ბედი ეწევა კაცს, ვინც ამ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს ააცილებს ისრაელიანთ? რადგან ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ცოცხალი ღვთის რაზმებს?“ უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: „ასეთი და ასეთი ბედი ეწევა კაცს, ვინც მას დაამარცხებს.“ და გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი, და განურისხდა მას და უთხრა: „რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის უბადრუკი ფარა უდაბნოში? კარგად ვიცი შენი ამპარტავნებისა და ავგულობის ამბავი, რადგან შენი თავნებობით ხარ ბრძოლის საყურებლად წამოსული!“ და უპასუხა დავითმა: „ისეთი რა გავაკეთე ახლა? მხოლოდ ერთი სიტყვა არა ვთქვი?“ და სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იგივე იკითხა. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს. და გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს; და მოაყვანინა იგი საულმა. და უთხრა დავითმა საულს: „გული ნურავის შეუდრკება მის წინაშე. წავა შენი მსახური და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.“ და უთხრა საულმა დავითს: „ვერ გახვალ საომრად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ყმაწვილი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმიდანვე.“ და უთხრა დავითმა საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარას მწყემსავდა; და როცა დამეცემოდა ლომი ან დათვი და ფარიდან ცხვარს მომტაცებდა, გავეკიდებოდი, დავეცემოდი და ნადავლს პირიდან ვგლეჯდი. ხოლო თუ შემომიტევდა, ყბებში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მსახური. ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს.“ და თქვა დავითმა: „უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისა და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან.“ და უთხრა საულმა დავითს: „მიდი, უფალი იყოს შენთან!“ და შემოსა საულმა დავითს თავისი საკუთარი აბჯარი და დაადგა თავზე მუზარადი ბრინჯაოსი, და ჯავშანი ჩააცვა. და შემოირტყა დავითმა საულის მახვილი აბჯარს ზემოდან და სიარული ვეღარ შეძლო, რადგან მიჩვეული არ იყო ამგვარ აღჭურვილობას. და უთხრა დავითმა საულს: „არ შემიძლია ამით სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი.“ და ჩამოიხსნა ისინი დავითმა. და აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაიყარა მწყემსის გუდაში, რომელიც თანა ჰქონდა. და შურდულით ხელში გავიდა ფილისტიმელთან. და გამოვიდა ფილისტიმელიც, წამოვიდა დავითისაკენ და უახლოვდებოდა; წინ ფარისმტვირთველი მოუძღოდა მას. და დაინახა ფილისტიმელმა დავითი და სასაცილოდ აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და თვალად ლამაზი შესახედავი. და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ძაღლი ხომ არა ვარ, კეტით რომ გამოდიხარ ჩემთან.“ და დაწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთის სახელით. და უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველსა და ველის ნადირს მივცე შენი ხორცი საჯიჯგნად.“ და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით, რომელიც შენ შეურაცხევ. დღეს ჩაგაგდებს უფალი ჩემს ხელში, და დაგამარცხებ; თავს მოგაცლი, და შენს მძორს და ფილისტიმელთა მხედრობის მძორებს ცის ფრინველთ და მიწის მხეცებს მივცემ საჯიჯგნად, და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ისრაელს ჰყავს ღმერთი; და შეიტყობს მთელი ეს კრებული, რომ უფალი არა მახვილითა და შუბით იხსნის, და, რომ უფლისა არის ეს ბრძოლა, და ის ჩაგვიგდებს ხელში თქვენს თავს.“ როცა აღიმართა ფილისტიმელი და წამოვიდა და უახლოვდებოდა დავითს, ისწრაფა დავითმა და გაიქცა მწყობრისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად. ჩაყო ხელი დავითმა გუდაში, ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს. შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი. და სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით. დაამარცხა და მოკლა იგი. და მახვილი არ სჭერია დავითს ხელში. მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს, აიღო მისი მახვილი, ქარქაშიდან ამოაძრო და მოკლა იგი და მოსჭრა თავი. და როცა დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, გაიქცნენ. მაშინ წამოიშალნენ ისრაელისა და იუდას კაცები, საბრძოლო ყიჟინა ატეხეს და სდიეს ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე. და გზაზე ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმიდან გათამდე, და ყეკრონამდე. და მობრუნდნენ უკან ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი. და აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და წაიღო იერუსალიმში, მისი საჭურველი კი თავის კარავში დააწყო. როცა დაინახა საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ მიმავალი დავითი, უთხრა აბნერს, თავის მხედართმთავარს: „ვისი შვილია ეს ყმაწვილი, აბნერ?“ და უთხრა აბნერმა: „შენს სიცოცხლეს ვფიცავ, არ ვიცი, მეფეო.“ თქვა მეფემ: „იკითხე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი.“ და როცა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ უკან ბრუნდებოდა, ხელი მოჰკიდა მას აბნერმა და წარუდგინა საულს. და ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა. უთხრა საულმა: „ვისი ძე ხარ, ყმაწვილო?“ უთხრა დავითმა: „შენი მსახურის, იესეს ძე ვარ, ბეთლემელის.“ და როცა დავითმა დაამთავრა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული მის სულს, და შეიყვარა იგი იონათანმა, როგორც თავისი საკუთარი სული. და წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ დაანება მამის სახლში დაბრუნება. და შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი, როგორც თავისი საკუთარი სული. და განიძარცვა იონათანმა თავისი მოსასხამი და მისცა დავითს; მისცა აგრეთვე თავისი ჯაჭვ-ჭური, თავისი მახვილი და თავისი მშვილდ-კაპარჭი, და მთელი თავისი საჭურველი თავისი სარტყლიანად. გონივრულად იქცეოდა დავითი ყველგან, სადაც კი გააგზავნიდა მას საული. და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად და ყველას მოეწონა ეს ამბავი – ხალხსაც და საულის მსახურებსაც. და როცა ისინი და დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერითა და როკვით, დაფდაფებითა და მხიარული შეძახილებით. სიმღერით გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები და ამბობდნენ: „შემუსრა საულმა ათასები, დავითმა – 10 ათასები!“ და ძალიან განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები, და თქვა: „დავითს 10 ათასები მისცეს, მე კი – ათასები, მეფობაღა აკლია!“ და იმ დღიდან მოყოლებული ალმაცერად უყურებდა საული დავითს ბოლომდე. მეორე დღეს დაეცა საულს ბოროტი სული ღვთისაგან და გაშმაგდა იგი თავის სახლში. დავითი კი, ჩვეულებრივ, ქნარზე უკრავდა; საულს შუბი ეპყრა ხელთ. და ესროლა საულმა შუბი დავითს, იფიქრა, კედელს მივაგმირავო, მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი. და დაუშინდა საული დავითს, რადგან უფალი იყო დავითთან, მას კი განეშორა. და განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. და გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე. ჭკვიანურად წარმართავდა თავის საქმეებს დავითი, და უფალი იყო მასთან. და ხედავდა საული, რომ ძალზედ გონიერი იყო დავითი, და ეშინოდა მისი. მთელს ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან გამოდიოდა და შედიოდა მათ წინაშე. და უთხრა საულმა დავითს: „აჰა, ჩემი უფროსი ასული – მერაბი მინდა ცოლად მოგცე, ოღონდ მამაცად მეყოლე და გადაიხადე უფლის ომები.“ საული ფიქრობდა, ჩემს ხელს არ ავღმართავ მის წინააღმდეგ, დაე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზეო. და უთხრა დავითმა საულს: „ვინ ვარ მე? და რას წარმოადგენს ჩემი მოდგმა – მამაჩემის გვარი – ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“ მაგრამ როცა დადგა დრო, როდესაც საულის ასული – მერაბი დავითისთვის უნდა მიეთხოვებინათ, მეხოლათელ ყადრიელს გააყოლეს. და შეუყვარდა დავითი მიქალს, საულის ასულს. და როცა ამცნეს საულს, მოეწონა მას ეს ამბავი. და თქვა საულმა: „მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს მას და მისწვდეს ფილისტიმელთა ხელი.“ უთხრა საულმა დავითს: „მეორეთი დამესიძები მე დღეს.“ და უბრძანა საულმა თავის მსახურთ: „საიდუმლოდ ჩააგონეთ დავითს და უთხარით, მოსწონხარ მეფეს და მის მსახურებსაც უყვარხარ, დაესიძე-თქო მეფეს.“ და მიიტანეს საულის მსახურებმა დავითის ყურამდე ეს სიტყვები. და თქვა დავითმა: „ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ერთი უპოვარი და უბირი კაცი ვარ.“ და აცნობეს მისმა მსახურებმა საულს: ასე ლაპარაკობსო დავითი. და თქვა საულმა: „ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს-თქო მეფეს, გარდა ფილისტიმელთა 100 ჩუჩისა, რათა შური მიეგოთ მეფის მტრებს.“ რადგან საული ფიქრობდა, რომ დავითი ფილისტიმელთა ხელით დაეცემოდა. და აცნობეს საულის მსახურებმა დავითს ეს სიტყვები და მოეწონა დავითს, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო. ჯერ დათქმული დრო არ გასულიყო, რომ ადგა დავითი და წავიდა თავის კაცებთან ერთად, და მოსრა 200 ფილისტიმელი. და მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მიათხოვა საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად. და დაინახა საულმა და მიხვდა, რომ უფალი იყო დავითთან. და უყვარდა იგი მიქალს, საულის ასულს. და კიდევ უფრო შეეშინდა საულს დავითისა და სამუდამო მტრად გადაეკიდა. გამოდიოდნენ ფილისტიმელთა სარდლები საომრად, და როცა კი გამოვიდოდნენ, დავითი საულის ყველა მსახურზე გონივრულად იქცეოდა, და დიდად განითქვა მისი სახელი. და ეუბნებოდა საული იონათანს, თავის ძეს, და ყველა თავის მსახურს, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი და შეატყობინა იონათანმა დავითს და უთხრა: „შენი მოკვლა უნდა მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, სადმე დაიმალე. მე კი გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები; შენზე ჩამოვუგდებ სიტყვას მამაჩემს; გავიგებ, რა უდევს გულში და შეგატყობინებ.“ გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან, და უთხრა: „ნუ დაიდებს მეფე თავისი მსახურის, დავითის ცოდვას, რადგან არაფერი დაუშავებია მას შენს წინაშე. სიკეთის მეტი არა უქნია რა შენთვის. თავი სასიკვდილო საფრთხეში ჩაიგდო და ფილისტიმელი მოკლა, და კიდეც დიდი ხსნა მოუტანა უფალმა ისრაელს. და ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლის დაღვრით და უმიზეზოდ რატომ უნდა მოკლა დავითი?“ და გაუგონა საულმა იონათანის ხმას და დაიფიცა: ცოცხალი უფალია მოწმე, არ მოკვდებაო დავითი! და მოიხმო იონათანმა დავითი და შეატყობინა ყველაფერი. და მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, და ძველებურად იყო ის მის წინაშე. კვლავ დაიწყო ომი, გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი, და გაურბოდნენ მას ფილისტიმელნი. და იყო ბოროტი სული უფლისაგან საულზე, და ის შინ იჯდა შუბით ხელში, დავითი კი იქვე სიმებზე უკრავდა ხელით. და უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს შეერჭო შუბი. დავითი კი გაიქცა და გადაურჩა სიკვდილს იმ ღამით. და მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით. და შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, და უთხრა: თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენო. და სარკმლიდან ჩაუშვა მიქალმა დავითი. და წავიდა იგი, გაიქცა და გადარჩა. აიღო მიქალმა თერაფიმი და საწოლზე დადო, სასთუმლად თხისური დაუგო და სამოსლით დაბურა. და გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად. მიქალმა კი თქვა: ავად არისო. და გაგზავნა საულმა გზირები დავითის სანახავად და თქვა: „თავის საწოლიანად წამოიყვანეთ, რათა მოვკლათ.“ და მივიდნენ გზირები და აჰა, თერაფიმია საწოლზე და თხისური უგია სასთუმლად. მაშინ უთხრა საულმა მიქალს: „ასე რატომ მომატყუე და რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო?“ და უთხრა მიქალმა საულს: „მითხრა: გამიშვი, თორემ მოგკლავო!“ გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. და მივიდა სამუელთან რამაში და ყველაფერი უამბო, რაც საულმა გაუკეთა. მაშინ წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში დადგნენ. და შეატყობინეს საულს და უთხრეს: აჰა, ნაიოთში არისო დავითი, რამაში. და გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად. როცა იხილეს მათ გაქადაგებული წინასწარმეტყველთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აღივსნენ საულის გზირებიც და გაწინასწარმეტყველდნენ. როცა ეს შეატყობინეს საულს, მან სხვა გზირები გაგზავნა, მაგრამ ისინიც გაწინასწარმეტყველდნენ; მესამედ გაგზავნა საულმა გზირები და ისინიც გაწინასწარმეტყველდნენ. საული თავად გაემართა რამას და, ერთ დიდ ჭასთან რომ მივიდა, სექუში, იკითხა: „სად არიან სამუელი და დავითი?“ მიუგეს: „ნაიოთში არიან, რამაში.“ და გაემართა ის ნაიოთისკენ, რამას; და მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაწინასწარმეტყველდა გზაში, ვიდრე მივიდოდა ნაიოთში, რამას. მანაც შემოიძარცვა სამოსელი და ქადაგებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო მიწაზე მთელი ის დღე და მთელი ის ღამე, ამიტომაც ამბობენ მას შემდეგ: მაშ, საულიც გაწინასწარმეტყველდაო? და გაიქცა დავითი ნაიოთიდან რამას, მივიდა და უთხრა იონათანს: „რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავად რომ დამდევს?“ და უთხრა მას იონათანმა: „შორს შენგან! შენ არ მოკვდები! ყური მიგდე: დიდი საქმე იქნება თუ მცირე, მამაჩემი ისე არ აკეთებს, მე თუ არ გამიმხილა. რატომ დამიმალავდა მამაჩემი ამას? ეს არ მოხდება.“ და კვლავ ფიცულობდა დავითი და ამბობდა: „კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში და ამიტომ იფიქრა, ნუ გაიგებს იონათანი, რომ არ შეწუხდესო. ისე დღეგრძელობა უფალს და დღეგრძელობა შენ, რომ ერთი ნაბიჯიღა არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის.“ და უთხრა იონათანმა დავითს: „რასაც შენი გული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის.“ და უთხრა დავითმა იონათანს: „აჰა, ხვალ ახალმთვარობაა, მე მევალება პურობაზე მეფესთან ჯდომა. გამიშვი, რომ ველად დავიმალო ზეგ საღამომდე. და თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა წასვლა მთხოვა ბეთლემში, თავის ქალაქში, რადგან ყოველწლიური მსხვერპლთშეწირვა აქვს-თქო მის საგვარეულოს. თუ თქვა: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა, იცოდე, ცუდი საქმე აქვს გადაწყვეტილი. წყალობა უყავ შენს მსახურს, რაკი უფლის აღთქმით მიგიღივარ შენი მორჩილი: თუ დანაშაული ჩამიდენია, ბარემ შენ მომკალ, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?“ და თქვა იონათანმა: „შორს შენგან! როგორ არ გაგაგებინებ, თუ შევიტყვე, რომ ცუდ საქმეს გიპირებს მამაჩემი?“ და უთხრა დავითმა იონათანს: „ვინ მეტყვის, მრისხანე პასუხი თუ გაგცა მამაშენმა?“ და უთხრა იონათანმა დავითს: „წამოდი, ველად გავიდეთ.“ და გავიდა ორივე მინდვრად. და უთხრა იონათანმა დავითს: „უფალი, ისრაელის ღმერთი იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს შევიტყობ მამაჩემისაგან, როგორი თვალით გიყურებს, ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე, ასე და ასე უყოს უფალმა იონათანს და უარესიც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო. და თუ ცოცხალი ვიქნები, მადლი მიყავი შენც უფლის გულისათვის და თუ მოვკვდი, უკუნისამდე ნუ მოაკლებ შენს წყალობას ჩემს სახლს; ნურც მაშინ, როცა აღგვის უფალი სათითაოდ დავითის მტრებს პირისაგან მიწისა.“ და დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან და თქვა: „დავითის მტრებს მოსთხოვოს პასუხი უფალმა!“ და კვლავ დაიფიცა იონათანმა თავისი სიყვარული დავითისადმი, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი. და უთხრა იონათანმა: „ხვალ ახალმთვარობაა, მოგისაკლისებენ, რადგან ცარიელი იქნება სუფრასთან შენი ადგილი. ამიტომ ზეგამდე მოიცადე და მერე წადი იქითკენ, სადაც ადრე იმალებოდი, და ეზელის ლოდთან ჩაჯექი. სამ ისარს გამოვტყორცნი იმ მხარეს, ვითომც მიზანში ვისვრი. და ბიჭს გამოვგზავნი და ვეტყვი: წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ გამოვძახებ ბიჭს: აჰა, შენთან ახლოს ყრია ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობა ყოფილა შენს თავს, ცუდი არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები! და თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით ყრია-მეთქი ისრები! წადი, რადგან უფალი გიშვებს. იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენს შორის უკუნისამდე.“ დაიმალა დავითი მინდორში. და დადგა ახალმთვარობა, და დაჯდა პურობად მეფე. და იჯდა მეფე თავის ადგილზე, კედელთან, როგორც ყოველთვის. და ადგა იონათანი და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო. არაფერი უთქვამს მეფეს იმ დღეს, რადგან იფიქრა, შემთხვევა არისო, რომ განუწმედელი იქნებაო დავითი, ალბათ არ განწმედილაო. ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. და უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: „რატომ არ მოვიდა პურობად იესეს ძე არც გუშინ და არც დღეს?“ და მიუგო იონათანმა საულს: „ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი. და მითხრა: ‘გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ მიმიწვია და, თუ მადლი მიპოვია შენს თვალში, წავალ, რომ მოვინახულო ჩემი ძმები.’ და ამიტომ არ მოსულა მეფის პურობაზე.“ და განურისხდა საული იონათანს და უთხრა: „უკუღმართო და ურჩო ძეო, განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ძეს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად, რადგან, ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გააგზავნე მასთან და აქ მომიყვანე, რადგან უნდა მოკვდეს!“ და მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: „რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?“ და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. და მიხვდა იონათანი, რომ მამამისს მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი დავითის მოკვლა. და ადგა იონათანი სუფრიდან განრისხებული და ლუკმა არ უჭამია ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ შეურაცხყო მამამისმა. დილით, დათქმულ დროს, გავიდა იონათანი მინდორში დავითთან, ყმაწვილი მსახურიც თან იახლა. და უთხრა ყმაწვილს: „გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ ვისვრი.“ და გაიქცა ბიჭი. და ისროლა იონათანმა ისრები ისე, რომ ყმაწვილს გადააცილა. და მივიდა ყმაწვილი იმ ადგილას, სადამდისაც მიაწვდინა იონათანმა ისრები, და დაუყვირა იონათანმა ბიჭს და უთხრა: „ცხვირწინ გიგდია ისარი, რას უდგეხარ?“ და კვლავ დაუძახა იონათანმა ყმაწვილს და უთხრა: „სწრაფად! იჩქარე! რასა დგახარ!“ და აკრიფა ყმაწვილმა იონათანის ისრები და მივიდა თავის ბატონთან. ბიჭი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო მისახვედრი ეს ამბავი. და მისცა იონათანმა ბიჭს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: „წადი, ქალაქში წაიღე!“ ბიჭი წავიდა, ხოლო დავითი ადგა სამხრეთის მხრიდან, და პირქვე დაეცა და სამგზის თაყვანი სცა. მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ ერთად. დავითი უფრო მეტად ტიროდა. და უთხრა იონათანმა დავითს: „მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორივემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის, უკუნისამდე!“ და ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა. და მივიდა დავითი ნობში ახიმელექ მღვდელთან. შეშინებული გამოეგება ახიმელექი დავითს და უთხრა: „მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?“ და მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: „საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გაგზავნი და რასაც გავალებო. ამიტომაც ამა და ამ ადგილას დავიბარე ხალხი. და ახლა, რაც ხელთ გაქვს, მომეცი: ხუთიოდე პური, და თუ სხვაც რაიმე მოგეძიება.“ და მიუგო აბიმელექმა დავითს და უთხრა: „ჩვეულებრივი პური არა მაქვს ახლა ხელთ, მხოლოდ წმიდა პური მაქვს. ოღონდ თუ ქალებს არ გაჰკარებიან ეს ჭაბუკები.“ მიუგო დავითმა მღვდელს და უთხრა: „ქალები აკრძალული გვქონდა მას შემდეგ, რაც გზას ვადგავარ, და ჩემი მსახურების ჭურჭლებიც წმიდაა; ეგ პურიც სადაგად ჩაითვლება, რადგან დღეს ხომ ახალი უნდა იკურთხოს ჭურჭელში.“ და მისცა მას მღვდელმა წმიდა პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საწინაშეო პურებისა, რომლებიც აელაგებინათ უფლის სახის წინაშე, რათა მათ ნაცვლად ახალი პურები დაეწყოთ. და იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე საულის ერთი მსახურთაგანი, კაცი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების სარქალი. და უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არ გაქვს აქ ხელთ შუბი ან მახვილი? რადგან არც მახვილი წამომიღია და არც სხვა რამ საჭურველი, ისე სასწრაფო იყო მეფის დავალება.“ და უთხრა მღვდელმა: „იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხის ველზე რომ დაამარცხე. აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს.“ და თქვა დავითმა: „იმას არაფერი შეედრება, მომეცი.“ და ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მივიდა გათის მეფე აქიშთან. უთხრეს აქიშის მსახურებმა მას: „ეს დავითი არ არის იმ ქვეყნის მეფე? ეს ის არ არის, რომელსაც როკვით უმღეროდნენ: საულმა სძლია ათასებს, დავითმა – 10 ათასებსო?“ და გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა. სახე შეიშალა დავითმა მათ წინაშე, თავი მოიგიჟიანა: ალაყაფის კარებსა კაწრავდა და წვერებზე დუჟი ჩამოსდიოდა. და უთხრა აქიშმა თავის მსახურთ: „ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი, რისთვის მოიყვანეთ ჩემთან? შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგეყვანათ და ეგიჟათ ჩემს წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?“ და წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის მღვიმეს შეაფარა თავი. და გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ მასთან. და იკრიბებოდა მასთან ყოველი შეჭირვებული, ყოველი დავალიანებული, ყოველი სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან 400 კაცი. და წავიდა იქიდან დავითი მიცფეში, მოაბელთა ქვეყანაში. და უთხრა მოაბელთა მეფეს: „შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გავიგებ, რას მიპირებს ღმერთი.“ და მიიყვანა ისინი მოაბელთა მეფის წინაშე. და დარჩნენ ისინი მასთან, ვიდრე დავითი იმ თავშესაფარში იმყოფებოდა. უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: „ნუ დარჩები ამ კლდეებში, ადექი და იუდას ქვეყანაში წადი.“ და წავიდა დავითი და მივიდა ხერეთის ტყეში. და შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავისი ხალხითურთ. საული მაშინ გიბეყაში იჯდა, მთაზე, იალღუნის ქვეშ, ხელში შუბი ეჭირა და თავს მსახურები ადგნენ. უთხრა საულმა მასთან მყოფ მსახურთ: „ისმინეთ, ბენიამინელნო, ნუთუ ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს, ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად, ჩემს წინააღმდეგ რომ შეითქვით ყველანი და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან? რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მსახურს, როგორც დღეს გაცხადდა?“ და მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მსახურებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: „მე ვნახე იესეს ძე, როცა ნობში მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან, რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, და საზრდოც მისცა და ფილისტიმელი გოლიათის მახვილიც.“ და გააგზავნა მეფემ და დაიბარა ახიმელექ მღვდელი, ძე ახიტუბისა, და მამამისის მთელი სახლი და ნობში მყოფი მღვდლები. და მოვიდნენ მეფესთან ყველანი. და უთხრა საულმა: „ყური მიგდე, ახიტუბის ძევ!“ და მიუგო: „გისმენ, ჩემო ბატონო.“ და უთხრა საულმა: „რად შეჰკარით კავშირი ჩემს წინააღმდეგ შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო და რომ ის აღდგა ჩემს წინააღმდეგ და მეურჩება, როგორც დღეს გაცხადდა?“ და მიუგო ახიმელექმა მეფეს: „ვინ არის დავითივით ერთგული შენს მსახურთა შორის? მეფის სიძე, შენი მსახური და შენს სახლში პატივდებული? განა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? შორს ჩემგან! ნურაფერში დაადანაშაულებს მეფე თავის მსახურს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი არ იცის შენმა მსახურმა, არც მცირე, არც დიდი.“ და თქვა მეფემ: „ახიმელექ, სიკვდილით უნდა მოკვდე შენ, შენ და მამაშენის მთელი სახლი!“ და უთხრა მეფემ მცველებს, მის წინაშე რომ იდგნენ: „წადით და დახოცეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითის მხარეს არიან, იცოდნენ, რომ გარბოდა და არ შემატყობინეს.“ მაგრამ არ უნდოდათ მეფის მსახურთ ხელი აღემართათ უფლის მღვდლების დასახოცად. და უთხრა მეფემ დოეგს: „შენ წადი და დახოცე მღვდლები.“ და წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და მოკლა იმ დღეს სელის ეფოდით შემოსილი 85 კაცი. და მახვილის პირით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი; კაცი და ქალი, ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები, აგრეთვე ხარი, სახედარი და ცხვარი გაჟლიტა მახვილის პირით. და გადარჩა მხოლოდ ახიმელექის, ახიტუბის ძის, ერთი ძე, სახელად აბიათარი, და გაიქცა იგი დავითთან. და აუწყა აბიათარმა დავითს, რომ დახოცა საულმა უფლის მღვდლები. და უთხრა დავითმა აბიათარს: „მივხვდი იმ დღეს, როცა დოეგ ედომელი იქ იყო, რომ უეჭველად ამბავს მიუტანდა საულს, ჩემზეა მამაშენის სახლის მთელი სისხლი. ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია, ვინც ჩემს სიცოცხლეს ეძებს, ის შენს სიცოცხლესაც ეძებს. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება.“ და შეატყობინეს დავითს: ფილისტიმელები დაესხნენ კეყილას და კალოებს აჩანაგებენო. და დაეკითხა დავითი უფალს: „წავიდე და დავესხა ფილისტიმელებს?“ და მიუგო უფალმა დავითს: „წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს, და იხსნი კეყილას.“ მაგრამ უთხრეს დავითს მასთან მყოფმა კაცებმა: „ჩვენ აქ, იუდაშიც შიშითა ვართ და კეყილაში როგორღა წავიდეთ ფილისტიმელთა ურდოს წინააღმდეგ?“ და კვლავ დაეკითხა დავითი უფალს. და მიუგო მას უფალმა: „ადექი და ჩადი კეყილაში, რადგან ხელში უნდა ჩაგიგდო ფილისტიმელები.“ და წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილას და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს; გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს ისინი. და იხსნა დავითმა კეყილას მკვიდრნი. როცა აბიათარი, ახიმელექის ძე, დავითთან გამოიქცა კეყილასაკენ, თან ეფოდი წამოიღო. და აცნობეს საულს, რომ კეყილაში იყო დავითი მისული. და თქვა საულმა: „ხელში ჩამიგდო იგი ღმერთმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიმწყვდია თავი.“ და საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილაში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები. და შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული და უთხრა აბიათარ მღვდელს: „მოიტანე ეფოდი!“ და თქვა დავითმა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ნამდვილად შეიტყო შენმა მსახურმა, რომ კეყილასაკენ მოდის საული, რათა ჩემს გამო გაანადგუროს ქალაქი; თუ მიმცემენ მათ ხელს კეყილას მოქალაქენი? თუ ჩამოვა საული აქ, როგორც შეიტყო შენმა მსახურმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა, გაუცხადე შენს მსახურს.“ და მიუგო უფალმა: „ჩამოვა.“ და თქვა დავითმა: „თუ გადაგვცემენო კეყილას მოქალაქენი მე და ჩემს კაცებს საულს?“ და თქვა უფალმა: „გადაგცემენ.“ და აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე რომ იყვნენ, და გავიდნენ კეყილადან, და იარეს, საითაც შეძლეს სიარული. ხოლო როცა ამცნეს საულს, რომ კეყილადან გაიქცაო დავითი, შეჩერების ნიშანი მისცა. დავითი უდაბნოს მიუვალ ადგილებს აფარებდა თავს და შემდეგ მთას – ზიფის უდაბნოში. და ეძებდა მას საული დღენიადაგ, მაგრამ უფალმა ხელში არ ჩაუგდო ის. და დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა დავითი ზიფის უდაბნოში, ერთ ტყეში. და ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით, და უთხრა: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ პირველი კაცი ვიქნები; მამაჩემმა, საულმა კარგად იცის ეს.“ და შეკრეს კავშირი ორივემ უფლის წინაშე. დარჩა დავითი ტყეში და იონათანი შინ დაბრუნდა. და მივიდნენ ზიფელები საულთან გიბეყაში და უთხრეს: „ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ტყეში, ხაქილას ბორცვზე, რომელიც იეშიმონის ხელმარცხნივაა. ახლა შენი ნებაა, მეფეო, ჩამოხვალ თუ არა, ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს ჩავუგდოთ იგი ხელში.“ და თქვა საულმა: „უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ! წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალიერ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, რომ დიდი ცბიერი ვინმეა. ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ, და მე წამოგყვებით და თუ ამ ქვეყანაში არის სადმე, სათითაოდ იუდას ყველა სამთავროს ჩხრეკაც რომ დამჭირდეს, მაინც მოვძებნი.“ და ადგნენ და წავიდნენ საულზე ადრე ზიფში. ხოლო დავითი და მისი კაცები ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ყარაბაში, იეშიმონის მარცხნივ. და წავიდა საული საძებნელად თავისი კაცებითურთ. და შეატყობინეს დავითს, და მივიდა იგი კლდესთან და დადგა მაყონის უდაბნოში. და შეიტყო ეს საულმა და დაედევნა დავითს მაყონის უდაბნოსაკენ. მიდიოდა საული მთის ერთ მხარეს, ხოლო დავითი თავისი კაცებითურთ მთის მეორე მხარეს. და გამალებით გაურბოდა დავითი საულს, ხოლო საული და მისი კაცები ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი კაცებისთვის და შეეპყროთ ისინი. მაგრამ მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: „საჩქაროდ დაბრუნდი, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას.“ მიანება თავი საულმა დავითის დევნას და გაემართა ფილისტიმელებთან შესახვედრად. ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სელაყ-ჰამახლეკოთი. და აიყარა დავითი იქიდან და ყენ-გედის მიუვალ ადგილებში ჩაჯდა. როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, ყენ-გედის უდაბნოშიაო დავითი. და აიყვანა საულმა ისრაელიანთაგან 3 ათასი რჩეული ვაჟკაცი და წავიდა დავითისა და მისი კაცების საძებრად სანიამორეს კლდეებში. და მივიდა ცხვრის ფარეხებთან, გზისპირას, სადაც მღვიმე იყო, და შევიდა შიგ საული მოსასაქმებლად, დავითი და მისი კაცები კი იქვე ისხდნენ მღვიმის სიღრმეში. და უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: „აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა: აჰა, ხელთ მოგცემ შენს მტერს, რომ შენი ნებისამებრ მოექცეო.“ და წამოდგა დავითი და ფარულად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. მერე კი გული ეტკინა დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. და უთხრა თავის ხალხს: „უფალმა მაშოროს, რომ ასეთი რამ გავაკეთო და ხელი აღვმართო ჩემს ბატონზე, უფლის ცხებულზე, რადგან უფლის ცხებულია იგი.“ და ამ სიტყვებით შეაკავა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. ადგა და გამოვიდა საული მღვიმიდან და წავიდა თავისი გზით. და ადგა ამის შემდეგ დავითიც და გამოვიდა მღვიმიდან, და დაუძახა საულს და უთხრა: „მეფე-ბატონო!“ უკან მოიხედა საულმა. მიწად დაიხარა დავითი და თაყვანი სცა. და უთხრა დავითმა საულს: „რატომ უგდებ ყურს ხალხის სიტყვებს, რომლებიც გეუბნებიან: აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი? ახლა ხომ შენი თვალით ხედავ, რომ დღეს შენი თავი მომცა უფალმა მღვიმეში, და კიდეც მეუბნებოდნენ, რომ მომეკალი, მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი: ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი იგი. აჰა, შეხედე ახლა, მამაჩემო, და ნახე შენი მოსასხამის კიდე, ხელში რომ მიჭირავს, შენი მოსასხამის კალთას რომ მოვაჭერი, შენ კი არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და ვერაგობა. არც შემიცოდავს შენს წინაშე, შენ კი ჩემს სულს დაეძებ დასაღუპად. უფალი იყოს მსაჯული შენსა და ჩემს შორის. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ. როგორც ძველი იგავი ამბობს: ‘ბოროტისგან ბოროტება გამოდის.’ მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ. ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნის? მხოლოდ ერთ მკვდარ ძაღლს, რაღაც რწყილს! უფალი იყოს მსაჯული და მან განგვსაჯოს მე და შენ. ის დაინახავს და განიკითხავს ჩემს სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან.“ და როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: „ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო?“ – ხმა აღიმაღლა საულმა და ატირდა. და უთხრა დავითს: „მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით მოგაგებდი. და დღესაც გამოაჩინე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩამაგდო შენს ხელში, არ მომკალი. კაცი რომ თავის მტერს შეხვდება, განა მშვიდობის გზაზე გაუშვებს? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი. ახლა კი მჯერა, რომ მეფობით იმეფებ, და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო. ახლა კი უფლის სახელით შემომფიცე, რომ ჩემს შემდეგ არ ამოძირკვავ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის სახლში.“ და შეჰფიცა დავითმა საულს. და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი კაცები მტკიცე კლდეებს შეეფარნენ. მოკვდა სამუელი და შეიკრიბა მთელი ისრაელი. დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სამკვიდროში – რამაში. ადგა დავითი და ჩავიდა ფარანის უდაბნოში. იყო კაცი ვინმე მაყონში და ფარები ქარმელში ედგა. ძალზე მდიდარი იყო ის კაცი: ჰყავდა 3 ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა. სახელად ამ კაცს ნაბალი ერქვა, მის ცოლს – აბიგაილი. კეთილგონიერი და ლამაზი შესახედავი იყო ის ქალი, ხოლო კაცი – უკმეხი და ავისმქნელი. ქალების გვარიდან იყო იგი. და როცა შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვრის პარსვა აქვსო ნაბალს, გაგზავნა ათი ჭაბუკი და უთხრა მათ: „ადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით. და უთხარით ასე: ‘იცოცხლე, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს სარჩო-საბადებელს; გავიგე, რომ პარსვა გაქვს. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან ერთად; არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკლებიათ იმ ხნის მანძილზე, ვიდრე ქარმელში იყვნენ. ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სიხარულის დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მსახურთ და შენს შვილს – დავითს.’“ და მივიდნენ დავითის კაცები და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები დავითის სახელით და დაელოდნენ. მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ და უთხრა: „ვინ არის დავითი? ვინ არის იესეს ძე? დღეს გამრავლდნენ მსახურნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან. ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი, და მივცე კაცებს, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?“ უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურნი, მივიდნენ დავითთან და მოახსენეს ყოველივე. და უთხრა დავითმა თავის კაცებს: „ყველამ შეიბით მახვილი წელზე!“ და ყველამ შეიბა მახვილი. შეიბა დავითმაც თავისი მახვილი. და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი, 200 კაცი აღალთან დარჩა. და მიუტანა ამბავი აბიგაილს, ნაბალის ცოლს ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა, მაგრამ მან აბუჩად აიგდო ისინი. ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ, არაფერი დაგვკლებია ველზე მათთან ერთად ყოფნისას. ზღუდედ გვედგნენ დღისით და ღამით, როცა მათ სიახლოვეს ვმწყემსავდით ფარებს. და ახლა აწონ-დაწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის ჩვენს ბატონსა და მთელს მის სახლს. თავად ხომ უგვანი კაცია, მასთან ლაპარაკი არ შეიძლება.“ და ისწრაფა აბიგაილმა: აიღო 200 პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი შემწვარი ცხვარი, ხუთი საწყაო ქუმელი, 100 მტევანი ჩამიჩი, 200 აცმა ლეღვის ჩირი და აჰკიდა სახედრებს. და უთხრა თავის მსახურებს: თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით. არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის. და როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ, და შეეგება მათ აბიგაილი. და თქვა დავითმა: „ტყუილად ვიცავდი ამ კაცის სარჩო-საბადებელს უდაბნოში. არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა. ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც, თუ ყოველივე იმისგან, რაც ნაბალს ეკუთვნის, თუნდაც ერთი კაცი დავტოვო ცოცხალი დილამდე.“ როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო მის წინაშე და თაყვანი სცა მდაბლად. ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: „ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული. ნება მიეცი შენს მხევალს, გითხრას სათქმელი, და ისმინე მისი სიტყვები. ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უგვან კაცს, ნაბალს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია. ნაბალი ჰქვია მას და სიბილწით არის სავსე. მე, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები. ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო, უფალმა შეგაკავოს სისხლისღვრისა და შურისგებისაგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები და ავის განმზრახველნი ჩემი ბატონის წინააღმდეგ. აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუძღვნია ჩემი ბატონისთვის, რათა მიეცეს ჩემი ბატონის მხლებლებს, მას რომ ემსახურებიან. მიუტევე დანაშაული შენს მხევალს. ნამდვილად მტკიცე სახლს აუგებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან უფლის ომებს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ იქნება შენში მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე. და თუნდაც აღდგეს კაცი და გდევნოს და ეძიოს სული შენი, სიცოცხლის საკვრელით იქნება შეკრული უფალთან, შენს ღმერთთან, ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით გასტყორცნის. და როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყოველგვარ სიკეთეს, რასაც იგი დაგპირდა, და ისრაელის მთავრად და წინამძღვრად დაგადგენს, აღარ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა სისხლი ამაოდ და შური რომ არ იძია. და სიკეთეს უყოფს უფალი ჩემს ბატონს, და მაშინ გამიხსენებ შენს მხევალს.“ და უთხრა დავითმა აბიგაილს: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგაგზავნა დღეს; და კურთხეულია შენი გონიერება და კურთხეული ხარ შენ, რომ არ მიმიშვი სისხლისღვრამდე და შურისგებამდე. მაგრამ, გეფიცები უფალს, ისრაელის ღმერთს, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, შენ რომ არ აჩქარებულიყავ და არ მოსულიყავ ჩემს შესახვედრად, ერთ კაცსაც არ დავუტოვებდი ცოცხლად დილამდე ნაბალს.“ და მიიღო დავითმა მისი ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მას და უთხრა: „მშვიდობით დაბრუნდი შინ. ხომ ხედავ, ვისმინე შენი ხმა და პატივი მივაგე შენს სახეს.“ და როცა მივიდა აბიგაილი ნაბალთან, აჰა, მას ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი, და ხარობდა ნაბალის გული და ძალიან ნასვამიც იყო. და არაფერი უთქვამს მისთვის დილამდე აბიგაილს, ხმა-კრინტი არ დაუძრავს. მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო ცოლმა. და გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და გაქვავდა კაცი. ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი. როცა გაიგო დავითმა, ნაბალი მოკვდაო, თქვა: „კურთხეულია უფალი, რომ მიუზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მსახური ბოროტის ქმნას! ნაბალს მისივე ბოროტება დაატეხა უფალმა თავს.“ მაშინ გააგზავნა დავითმა აბიგაილთან და დაავალა ეთქვათ, რომ ცოლად თხოულობდა მას. და როცა მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში, დაელაპარაკნენ და გამოუცხადეს: „დავითმა გამოგვაგზავნა შენთან, რომ ცოლად წაგიყვანოს!“ ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანი სცა და თქვა: „აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ფეხები დაბანოს ჩემი ბატონის მსახურთ.“ და ისწრაფა აბიგაილმა: ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მხევალი წაიყოლა, მიჰყვა დავითის მოციქულებს და გახდა მისი ცოლი. და იზრეყელიდან ახინოყამი მოიყვანა დავითმა, და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები. ხოლო საულმა მიქალი, თავისი ასული, დავითის ცოლი, გალიმელ კაცს, ფალტი ლაიშის ძეს შერთო. მივიდნენ ზიფელები საულთან გიბეყაში სათქმელად: „ნუთუ არ იცი, რომ დავითი ხაქილას ბორცვზე იმალება, იეშიმონის პირისპირ რომ არის?“ ადგა საული და დაეშვა ზიფის უდაბნისკენ 3 ათასი რჩეული ისრაელი ვაჟკაცითურთ, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში. და დაბანაკდა საული ხაქილას ბორცვზე იეშიმონის წინ, გზის პირას. ხოლო დავითი უდაბნოში იყო და ხედავდა, რომ მოდიოდა მის კვალზე საული უდაბნოში. და გაგზავნა დავითმა მზვერავები და შეიტყო, რომ ნამდვილად მოსულა საული. ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული. და დაინახა დავითმა ის ადგილი, სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული კარავში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო განლაგებული. ჰკითხა დავითმა ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას: „ვინ ჩამყვება საულთან მის ბანაკში?“ უთხრა აბიშაიმ: „მე ჩაგყვები.“ და მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან; და აჰა, ხედავენ, წევს და სძინავს საულს კარავში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში, აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან. და უთხრა აბიშაიმ დავითს: „ღმერთმა ჩაგიგდო ხელში შენი მტერი; ნება მომეცი, ახლა თავისივე შუბით ერთი დაკვრით დავაკლა მიწას, მეორე აღარ დამჭირდება.“ და უთხრა დავითმა აბიშაის: „ნუ დაღუპავ მას, რადგან ვინც უფლის ცხებულზე ხელს აღმართავს, დაუსჯელი არ დარჩება.“ და თქვა დავითმა: „უფალს ვფიცავ, თავად უფალი დაღუპავს მას: ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან ბრძოლაში წავა და იქ დაიღუპება. უფალმა მაშოროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი ავღმართო. ახლა აიღე ეგ შუბი და მათარა, თავთით რომ უწყვია, და წავიდეთ.“ და აიღო დავითმა შუბი და მათარა, თავთით რომ ეწყო საულს და წავიდნენ. არავის დაუნახავს, არავის გაუგია, არც არავის გაღვიძებია; ყველას ეძინა, რადგან უფლმა ძილქუში დასცა მათ. და როცა გადავიდა დავითი გაღმა, გორაზე დადგა შორს, ისე, რომ დიდი მანძილი იყო მათ შორის. და გასძახა დავითმა საულის ხალხსა და აბნერ ნერის ძეს: „ხმა გამეცი, აბნერ!“ გამოეპასუხა აბნერი და უთხრა: „ვინა ხარ, რომ ასე დაჰყვირი მეფეს?“ უთხრა დავითმა აბნერს: „კაცი ხომ ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი? მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს მეფე-ბატონს? ვიღაც მოსულა შენი მეფე-ბატონის მოსაკლავად. ვერ აკეთებ კარგ საქმეს, უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს მეფე-ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა, აბა მოათვალიერეთ, რა იქნა მეფის შუბი და მათარა, თავთით რომ ეწყო მას?“ და იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: „ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო?“ და უთხრა დავითმა: „ჩემი ხმაა, მეფე-ბატონო!“ და კვლავ თქვა: „რისთვის დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს? რა გავაკეთე ისეთი? რა ბოროტება უქნია ჩემს ხელს? ახლა ისმინოს მეფე-ბატონმა მისი მსახურის სიტყვები: თუ უფალმა წაგაქეზა ჩემს წინააღმდეგ, კეთილსურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი, ხოლო თუ ადამიანებმა – წყეულიმც იყვნენ ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ წილი არ მქონოდა უფლის სამკვიდროში, და მითხრეს: წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო. ნუ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთი ბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებზე ნადირობენ მთებში.“ და თქვა საულმა: „შევცოდე, დაბრუნდი, შვილო დავით, მეტს აღარ გიბოროტებ, რადგან არ გასწირე დღეს ჩემი სიცოცხლე. მე კი უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცოდავდი.“ და მიუგო დავითმა და უთხრა: „აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე მსახურთაგანი და წაიღოს. უფალი მიუზღავს ყველას მისი სიმართლისა და ჭეშმარიტების სანაცვლოდ. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი. აჰა, როგორც დღეს არ გავიმეტე შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე, და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირიდან.“ და უთხრა საულმა დავითს: „კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შეძლებ შესაძლებელს.“ და წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ალაგას. და თქვა დავითმა გულში: „ერთ დღეს მაინც ჩამიგდებს საული ხელთ; თუკი სიკეთე არ მიწერია აქ, მაშინ სიცოცხლის დასახსნელად აჯობებს, ფილისტიმელთა ქვეყანას შევაფარო თავი, და საულიც აღარ დამიწყებს ძებნას, და მეც გადავურჩები მას.“ და ადგა დავითი და 600 კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გათის მეფესთან. და დარჩა დავითი აქიშთან გათში თავისი კაცებითურთ: ისინი თავ-თავისი ოჯახებით, დავითი – მისი ორი ცოლით – იზრეყელელი ახინოყამით და ქარმელელი აბიგაილით, ნაბალის ქვრივით. და როცა შეატყობინეს საულს, გათში გაიქცაო დავითი, მეტად აღარ უძებნია იგი. და უთხრა დავითმა აქიშს: „თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი ქვეყნის რომელიმე ქალაქში, რომ ვიცხოვრო იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მსახური შენს გვერდით, სამეფო ქალაქში?“ და მისცა მაშინ აქიშმა ციკლაგი. ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს. ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში. ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გირზელებს და ყამალეკელთ, რადგან ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე იმ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი. და აოხრებდა დავითი მთელს იმ ქვეყანას, ცოცხალს არ ტოვებდა არც კაცს და არც ქალს; მოერეკებოდა ცხვარსა და ძროხას, ჯორ-აქლემებს, მოჰქონდა სამოსელი; და ბრუნდებოდა აქიშთან. და ეტყოდა აქიში: „სად არბევდით დღეს?“ მიუგებდა დავითი: იუდას სამხრეთითო, – ან: იერახმეელელთა სამხრეთითო, – ან: კენიელთა სამხრეთითო. არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და გათში არ მოჰყავდა, რადგან ფიქრობდა: „არ ილაპარაკონ ჩვენზე: ასე იქცეოდა დავითი და ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.“ მიენდო აქიში დავითს და ფიქრობდა: თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და სამუდამო მსახურად გამიხდებაო. იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად. და უთხრა აქიშმა დავითს: „იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალთ შენ და შენი კაცები საომარ ბანაკში.“ უთხრა დავითმა აქიშს: „კეთილი, ახლა ნახავ, რისი გაკეთება ძალუძს შენს მსახურს.“ და უთხრა აქიშმა დავითს: „ამიტომაც გნიშნავ ჩემს მცველად სამუდამოდ.“ და მოკვდა სამუელი და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, და დამარხეს იგი რამაში, თავის ქალაქში. და მოსრა საულმა თავის ქვეყანაში ყოველი მესულთანე და მჩხიბავი. როცა შეიყარნენ ფილისტიმელები და მივიდნენ და შუნემში დაბანაკდნენ, საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს. როცა დაინახა საულმა ფილისტიმელთა ლაშქარი, შეეშინდა და ძლიერ შეუქანდა გული. და დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს არც სიზმრად, არც ურიმითა და არც წინასწარმეტყველთა პირით. და უთხრა საულმა თავის მსახურთ: „მომიძებნეთ ვინმე მესულთანე დედაკაცი, რათა მივიდე მასთან და ვამკითხვინო.“ და უთხრეს მსახურებმა: „აქ, ყენ-დორში არის მესალთუნე დედაკაცი.“ სხვა სამოსელი გადაიცვა საულმა, რომ ვერ ეცნოთ მეფე, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ დედაკაცთან ღამით, და უთხრა: „დაეკითხე გარდაცვლილთა სულებს და ამომიხმე, ვისაც გეტყვი.“ და უთხრა დედაკაცმა: „კარგად უწყი, რაც გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპად?“ უფალი დაუფიცა საულმა: „ცოცხალ ღმერთს გეფიცები, ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.“ და თქვა დედაკაცმა: „ვინ გამოგიხმო?“ უთხრა: „სამუელი გამომიხმე.“ და როცა დაინახა დედაკაცმა სამუელი, ხმამაღლა იყვირა და უთხრა საულს: „რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!“ და უთხრა მას მეფემ: „ნუ გეშინია! რას ხედავ?“ უთხრა დედაკაცმა: „ღმერთის მსგავსს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.“ ჰკითხა: „როგორ გამოიყურება?“ თქვა: „მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, გრძელი მოსასხამი ახვევია.“ მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო ის, და მიწაზე დაუკრა თავი და თაყვანი სცა. და უთხრა სამუელმა საულს: „რისთვის შემაწუხე? რატომ ამომიყვანე?“ და უთხრა საულმა: „ძალიან მიჭირს, ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მაძლევს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში, ამიტომ გამოგიხმე, რომ მაუწყო, როგორ მოვიქცე.“ და უთხრა სამუელმა: „მე რაღას მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა? ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაცა ბრძანა ჩემი პირით: ხელიდან წაგართმევს სამეფოს და მისცემს შენს მოყვასს – დავითს. რაკი არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე, ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. და ისრაელსაც შენთან ერთად ჩააგდებს უფალი ფილისტიმელთა ხელში. ხვალ ჩემთან იქნებით შენცა და შენი შვილებიც. ისრაელის ბანაკსაც ჩააგდებს უფალი ფილისტიმელთა ხელში.“ უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, ძლიერ შეეშინდა სამუელის სიტყვებისა; ძალაც გამოლეული ჰქონდა, რადგან მთელი ის დღე და ის ღამე არაფერი ეჭამა. და მივიდა დედაკაცი საულთან და როცა დაინახა, რომ ძლიერ იყო იგი შეშფოთებული, უთხრა: „აჰა, ისმინა შენი ხმა შენმა მხევალმა, ხიფათში ჩაიგდო თავი და შეასრულა შენი ბრძანება. ახლა შენც ისმინე შენი მხევლის ხმა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, რომ გზაზე წასასვლელი ძალა მოგეცეს.“ იუარა საულმა და თქვა: „არ შევჭამ.“ და როცა არ მოეშვნენ მისი მსახურნი და დედაკაციც, დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა. დედაკაცს სახლში ნასუქალი ხბო ჰყავდა, სასწრაფოდ დაკლა, ფქვილი აიღო, ცომი მოზილა, ხმიადები გამოაცხო და წინ გაუშალა საულსა და მის მსახურთ. და როცა ჭამეს, ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ. და შეჰყარეს ფილისტიმელებმა მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში, ხოლო ისრაელმა იზრეყელის წყაროსთან დაიბანაკა. ფილისტიმელთა მთავრები თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ მოდოდნენ. დავითი და მისი ხალხი კი უკან მიჰყვებოდა აქიშს. და თქვეს ფილისტიმელთა მთავრებმა: „აქ რა უნდათ ამ ებრაელებს?“ და უთხრა აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: „ეს ხომ დავითია, ისრაელის მეფის, საულის მსახური. წელიწადზე მეტია, რაც ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის მისი გამოქცევის დღიდან დღემდე.“ და ბრაზობდნენ მასზე ფილისტიმელი მთავრები, და უთხრეს: „უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი. დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაც გაგიწესებია. ნუ წამოგყვება ბრძოლაში, რომ ბრძოლის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავისი ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით? ეს ხომ ის დავითია, რომელსაც ცეკვით გამოსული ქალები უმღეროდნენ: მოსრა საულმა ათასები, დავითმა კი 10 ათასებიო?“ და მოუხმო აქიშმა დავითს და უთხრა: „უფალს ვფიცავ, პატიოსანი კაცი ხარ და მახარებს შენი შესვლა და გამოსვლა ჩემს ბანაკში, რადგან ვერავითარი ბოროტება ვერ აღმოვაჩინე შენში ჩემთან შენი მოსვლის დღიდან, მაგრამ მთავრებს არ მოუხველ თვალში. და ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც ფილისტიმელთა მთავრებს თვალში არ მოუვათ.“ და უთხრა დავითმა აქიშს: „რა გავაკეთე, ან რა შენიშნე ისეთი შენს მსახურს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ არ წავიდე და არ ვიბრძოლო ჩემი მეფე-ბატონის მტრებთან?“ მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: „ვიცი, რომ კარგი ხარ. ღვთის ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ: ნუ წამოგვყვებაო ბრძოლაში. და ახლა ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მსახურნი, შენ რომ თან მოგყვნენ, ადექით ადრიანად და, როცა ალიონი დაიძვრება, უკან გაბრუნდით.“ და ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში, ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისაკენ წავიდნენ. სანამ მესამე დღეს დავითი და მისი კაცები ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკნი ნეგებიდან დაესხნენ ციკლაგს, გაანადგურეს და გადაწვეს. და იქ მყოფი ქალები კი, დიდიან-პატარიანად, ტყვედ წაასხეს, არავინ მოუკლავთ, და წავიდნენ თავიანთი გზით. და მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ: გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ წაუსხამთ. და ხმა აღიმაღლეს დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ, ვიდრე ძალი შესწევდათ. ტყვედ იყო წაყვანილი დავითის ორივე ცოლიც: იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი აბიგაილი. და ძლიერ შეშფოთებული იყო დავითი, რადგან მისი ჩაქოლვა გადაეწყვიტა ხალხს. გამწარებული იყო ხალხი თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო. მაგრამ უფლით, თავისი ღმერთით გაიმხნევა დავითმა თავი. და უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: „მომიტანე ეფოდი!“ და მიუტანა აბიათარმა ეფოდი დავითს. და დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა: „დავედევნო იმ ურდოს? მივეწევი?“ და მოხსენდა: „დაედევნე, დაეწევი და წაართმევ.“ და წავიდა დავითი 600 კაცით და მიადგა ბესორის ნაღვარევს. დაღლილები იქვე, ადგილზე დარჩნენ. დავითი დაედევნა 400 კაცითურთ. დარჩა 200 კაცი, რომელთაც დაღლილობის გამო ვერ შეძლეს ბესორის ნაღვარევის გადალახვა. იპოვეს მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი და მიიყვანეს დავითთან, და მისცეს პური და შეჭამა, და წყალიც დაალევინეს. და მისცეს ლეღვის ჩირი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო. და უთხრა მას დავითმა: „ვისი ხარ და სადაური?“ თქვა: „ეგვიპტელი ყრმა ვარ, ერთი ყამალეკელის მსახური. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან მესამე დღეა, ავადა ვარ. ჩვენ დავარბიეთ ქერეთის სამხრეთი, იუდას მხარე, ქალების სამხრეთი, ციკლაგი კი ცეცხლით გადავწვით.“ და უთხრა დავითმა: „ჩამიყვან იმ ურდომდე?“ თქვა ეგვიპტელმა: „ღმერთი შემომფიცე, რომ არ მომკლავ და ჩემს ბატონს არ გადამცემ, და ჩაგიყვან იმ ურდომდე.“ და ჩაიყვანა. და აჰა, ყამალეკელთ მოუცავთ მთელი ის მხარე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო. და ჟლეტდა მათ დავითი გარიჟრაჟიდან მეორე დღის საღამომდე. არავინ გადარჩენილა 400 ჭაბუკის გარდა, რომლებიც მოახტნენ აქლემებს და გაქუსლეს. უკან წაართვა დავითმა ყამალეკელთ ყველაფერი, რაც წაღებული ჰქონდათ; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა. და არაფერი დაჰკარგვიათ – არც მცირე, არც დიდი; არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან; არც ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ ყამალეკელთ; ყველაფერი დაიბრუნა დავითმა. და წამოასხა დავითმა მთელი მათი ცხვარ-ძროხა; მოერეკებოდნენ ამ საქონელს თავიანთი პირუტყვის წინ და ამბობდნენ: დავითის ნადავლიაო ეს! და მივიდა დავითი იმ ორას კაცთან, რომელთაც ვერ შეძლეს დავითს გაჰყოლოდნენ და ბესორის ნაღვარევთან რომ დატოვა მან. და გამოვიდნენ ისინი დავითისა და მასთან მყოფი ხალხის მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მოიკითხა. ასე ამბობდა ზოგიერთი ბოროტი და უგვანი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული: „რაკი არ წამოგვყვნენ, ნურაფერს გავუნაწილებთ იმ ნადავლიდან, ჩვენ რომ დავიბრუნეთ უკან, მხოლოდ თავიანთი ცოლ-შვილი წაასხან და წავიდნენ.“ და თქვა დავითმა: „ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა. ვინ დაგეთანხმებათ ამ საქმეზე? რადგან, რა წილიც ნაომარ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს აღალთან დარჩენილს, თანაბრად უნდა გაინაწილონ.“ ასე იყო იმ დღიდან და შემდგომაც. ასე დაადგინა დავითმა წესად და რჯულად ისრაელისათვის დღემდე. და მივიდა დავითი ციკლაგში, და დააგზავნა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებისთვის, თავისი მეგობრებისთვის და შეუთვალა: „აჰა, კურთხევა თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან.“ ასევე მათთვისაც, ვინც ბეთელში, ნეგების რამოთში და იათირში იყო; ვინც ყაროყერში, სიფმოთში, ეშთემოაყში იყო; ვინც რაქალში, ვინც იერახმეელელთა და კენიელთა ქალაქებში იყო; ვინც ხორმაში, ბორ-ყაშანში, ყათაქში იყო; ვინც ხებრონში იყო – ყველა ადგილისთვის, სადაც კი დავითსა და მის კაცებს ევლოთ. და გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს, და გაურბოდნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს, და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი. როცა მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს, დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქი-შუაყი – საულის ძენი. გაცხარდა ბრძოლა საულთან. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს. და უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ წინადაუცვეთელები და არ მომკლან, და არ შეურაცხმყონ.“ მაგრამ უარი თქვა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა თავისი მახვილი და ზედ დაეგო. და როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო თავის მახვილს და მოკვდა მასთან ერთად. იმ დღეს ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ძე, მისი საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი კაცი. და, როცა დაინახეს ველს გაღმა და იორდანეს გაღმა მცხოვრებმა ისრაელიანთ, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და დაიხოცნენ საული და მისი ძენი, დატოვეს ქალაქები და თავადაც გაიქცნენ. და მივიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ. მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვად და ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ძე. თავი მოაჭრეს მას, და საჭურველი აჰყარეს, და დაგზავნეს კაცები მთელს ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი თავიანთი საკერპოებისათვის და ხალხისათვის. და დადეს მისი საჭურველი ყაშთორეთების ბომონში, ხოლო მისი გვამი ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს. და გაიგეს იაბეშ-გალაადელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელები საულს, და ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, მთელი ღამე იარეს, აიღეს საულისა და მის ძეთა გვამები ბეთ-შანის კედლიდან და მოიტანეს იაბეშში, და დაწვეს; და აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ. და შვიდ დღეს იმარხულეს. საულის სიკვდილის შემდეგ, ყამალეკზე გამარჯვებიდან დაბრუნებული დავითი ორ დღეს დარჩა ციკლაგში, აჰა, მესამე დღეს მოვიდა საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი. დავითს რომ მიუახლოვდა, მიწაზე დაეცა და თაყვანი სცა. და უთხრა მას დავითმა: „საიდან მოდიხარ?“ უპასუხა: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.“ უთხრა დავითმა: „რა მოხდა? მიამბე!“ თქვა კაცმა: „ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან. ჩვენიანიც ბევრი დაეცა და დაიხოცა. საულიცა და მისი ძე იონათანიც დაიხოცნენ.“ უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: „როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?“ თქვა ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: „გილბოაყის მთაზე მოვხვდი შემთხვევით და ვხედავ, თავის შუბზეა საული დაყრდნობილი. და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებოდნენ მას. უკან მოიხედა, დამინახა და დამიძახა. ვუთხარი: ‘გისმენ, ბატონო!’ მითხრა: ‘ვინ ხარ?’ ვუთხარი: ‘ყამალეკელი ვარ.’ მითხრა: ‘მოდი დროზე და მომკალი, რადგან სიკვდილის ალმური მტანჯავს და სული კი ჯერ არ ამომხდომია.’ და დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც აღარ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. და მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, და სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.“ ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა. და ასე გააკეთა ყველამ, ვინც მასთან იყო. და მოთქვამდნენ და ტიროდნენ, და საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ძის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ. უთხრა დავითმა ამბის მომტან ყმაწვილკაცს: „სადაური ხარ?“ მიუგო: „ხიზნის შვილი ვარ, ყამალეკელისა.“ უთხრა მას დავითმა: „როგორ გაბედე და ხელი აღმართე უფლის ცხებულის მოსაკლავად?“ და დაუძახა დავითმა ერთ თავის მოყმეთაგანს და უთხრა: „აქ მოდი და მოკალი ეს კაცი!“ და დაჰკრა, და მოკვდა იგი. და მიაძახა მას დავითმა: „შენს თავზეა შენი სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული.“ ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და იონათანზე, მის ძეზე. და ბრძანა, რომ ესწავლებინათ იუდას ხალხისთვის საგალობელი მშვილდზე, როგორც სწერია იაშირის წიგნში. მან თქვა: ო, ისრაელო, შენს მაღლობებზე შეიბღალა შენი მშვენება! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები! ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ აშკელონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა; არ იზეიმონ წინადაუცვეთელთა ასულებმა. გილბოაყის მთებო! არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები, რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცთა ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო საული ზეთით ცხებული! განგმირულთა უსისხლოდ, ძლიერთა გულ-ღვიძლის გაუგლეჯად არ დაცემულან იონათანის ისრები, არც საულის ხმალი ჩაგებულა ქარქაშში სისხლის დაუთხევლად! საული და იონათანი, საყვარელნი და სანატრელნი, სიცოცხლეში განუშორებელნი, სიკვდილშიც არ განეშორნენ; ორბთა უსწრაფესნი, ლომზე ძლიერნი. ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, ვინც ძოწეულითა და ძვირფასეულით გმოსავდათ, თქვენი სამოსლის ოქრომკედით დამამშვენებელი. როგორ დაეცნენ ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე. ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავი ჩემთვის. შენი სიყვარული ჩემდამი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე ქალის სიყვარული. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ გაცვდა საჭურველი! ამის შემდეგ დაეკითხა დავითი უფალს, და უთხრა: „შევიდე იუდას რომელიმე ქალაქში?“ და უთხრა უფალმა: „შედი.“ უთხრა დავითმა: „სად შევიდე?“ მან უთხრა: „ხებრონში.“ და წავიდნენ იქ დავითი და მისი ორივე ცოლი: იზრეყელელი ახინოყამი და აბიგაილი, ნაბალის ქვრივი, ქარმელელი. და თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა მათი სახლებიანად, და დასახლდნენ ხებრონის ქალაქებში. მოვიდნენ იუდაელნი და დავითი მეფედ სცხეს იუდას სახლზე. და შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებმა უკვე დამარხესო საული. და გაგზავნა მოციქულები დავითმა გალაადის იაბეშელებთან და შეუთვალა: „კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ მიაგეთ თქვენს ბატონს – საულს – და დამარხეთ. უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისთვის, თქვენ რომ გააკეთეთ. ახლა მკლავნი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით, რადგან მკვდარია თქვენი პატრონი, საული, და მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.“ ხოლო აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშ-ბოშეთი, საულის ძე, და გადაიყვანა მახანაიმში, და გაამეფა გალაადზე, და აშურელებზე, და იზრეყელზე, და ეფრემზე, და ბენიამინზე, და მთელს ისრაელზე. 40 წლისა იყო იშ-ბოშეთი, საულის ძე, როცა გამეფდა ისრაელზე, და ორ წელიწადს იმეფა. მხოლოდ იუდას სახლი გაჰყვა დავითს. და იყო დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე შვიდი წელი და ექვსი თვე. და გამოვიდა აბნერი, ნერის ძე, იშ-ბოშეთის, საულის ძის მსახურებთან ერთად მახანაიმიდან გიბეონისაკენ. გამოვიდა იოაბ ცერუიას ძეც დავითის მსახურებთან ერთად, და შეეყარნენ ისინი ერთმანეთს გიბეონის ტბორთან, და გამაგრდნენ: ერთნი ტბორს იქითა ნაპირას, მეორენი – აქეთა ნაპირას. და უთხრა აბნერმა იოაბს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე.“ მიუგო იოაბმა: „გამოვიდნენ!“ და ადგა და გამოვიდა 12 ბენიამინელი იშ-ბოშეთის, საულის ძის მხრიდან და 12 დავითის მსახურთა მხრიდან. და ჩაავლეს ერთმანეთს თავში ხელი და მახვილები ჩასცეს ფერდში, და დაეცნენ ერთად. და ეწოდა მას შემდეგ იმ ადგილს ხელკათ-ჰაცურიმი, რომელიც გიბეონთან არის. და გაიმართა იმ დღეს უსასტიკესი ბრძოლა, და იძლივნენ აბნერი და ისრაელიანები დავითის მსახურთა მიერ. იქ იყო ცერუიას სამი ძე: იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ხომ ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი ველზე. და გამოუდგა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, კვალდაკვალ მისდევდა აბნერს. უკან მოიხედა აბნერმა და უთხრა: „ყასაელი ხარ?“ და თქვა: „მე ვარ.“ და უთხრა აბნერმა: „გადაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი.“ მაგრამ ყასაელმა არ ინდომა და არ ჩამოეცალა მას. და კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: „ჩამომცილდი, თუ არ გინდა, რომ მიწას დაგაკლა! რა პირითღა უნდა შევხედო მერე იოაბს, შენს ძმას?“ მაგრამ არ მოინდომა მან ჩამოცილება, და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. და ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა. და დაედევნენ იოაბი და აბიშაი აბნერს. და მზის ჩასვლისას იმ ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ არის, გიბეონის უდაბნოს გზაზე. და შეიყარნენ ბენიამინის ძენი აბნერთან, ერთი რაზმი შეადგინეს და ერთი ბორცვის თავზე დადგნენ. და გასძახა აბნერმა იოაბს: „როდემდე უნდა ჭამოს მახვილმა? ნუთუ არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? როდემდე არ უნდა უბრძანო შენს ხალხს, თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას?“ და უთხრა იოაბმა: „ღმერთია მოწამე, შენ რომ არ გამოგეწვია, დილიდანვე მოეშვებოდა ხალხი თავისი ძმების დევნას.“ და დაჰბერა ბუკი იოაბმა და შედგა მთელი ხალხი, და აღარ დაედევნა ისრაელიანთ და აღარც ერთმანეთს შებრძოლებიან. და აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე მიდიოდნენ ყარაბაზე, და გავიდნენ იორდანეს გაღმა, გაიარეს მთელი ხეობა და მიაღწიეს მახანაიმს. და იოაბმა, როცა აბნერის დევნიდან დაბრუნდა, შეჰყარა მთელი ხალხი. დავითის მსახურთაგან აკლდა მხოლოდ 19 კაცი და ყასაელი. ხოლო დავითის მსახურებმა ბენიამინის ძეთაგან და აბნერის მებრძოლთაგან დახოცეს 360 კაცი. და წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში. და იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და გამთენიისას ჩააღწიეს ხებრონში. და იყო ხანგრძლივი განხეთქილება საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფრო და უფრო სუსტდებოდა. და შეეძინა დავითს ხებრონში ვაჟები: მისი პირმშო იყო ამნონი, იზრეყელელი ახინოყამისგან; მეორე – ქილეაბი, აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისაგან; მესამე – აბესალომი, ძე მაყაქასი, გეშურის მეფის, თალმაის ასულისა; მეოთხე – ადონია, ხაგითის შვილი; მეხუთე – შეფატია, აბიტალის შვილი; მეექვსე – ითრეყამი, ყეგლასაგან, დავითის ცოლისაგან. ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს. საულის სახლსა და დავითის სახლს შორის განხეთქილებისას აბნერს საულის სახლის მხარე ეჭირა. და ჰყავდა ხარჭა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. და უთხრა იშ-ბოშეთმა აბნერს: „რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?“ ძლიერ განარისხეს იშ-ბოშეთის ამ სიტყვებმა აბნერი და თქვა: „განა მე ძაღლის თავი ვარ, იუდას რომ ვეწინააღმდეგები დღეს, სიკეთეს რომ ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის ძმებსა და მოყვასთ, და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში? და ახლა ამ ქალზე მდებ ბრალს? ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს, და კიდევ უარესიც დამართოს, თუ ისე არ მოვიქცე, როგორც შეჰფიცა დავითს უფალმა: მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავითის ტახტს დავადგენო ისრაელსა და იუდაზე, დანიდან ბეერ-შებაყამდე.“ და სიტყვა ვეღარ შეუბრუნა მან აბნერს, რადგან ეშინოდა მისი. და გაუგზავნა აბნერმა მოციქულები დავითს, და დააბარა ეთქვათ: „ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? შეკარი კავშირი ჩემთან, და, აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რათა მოგემხროს მთელი ისრაელი.“ და თქვა: „კეთილი, შევკრავ შენთან კავშირს, ოღონდ ერთი პირობით, ჩემს სახეს ვერ იხილავ, თუ მიქალი, საულის ასული არ მოგიყვანია ჩემთან, როცა ჩემს სანახავად მოხვალ.“ მოციქულები დავითმაც გაუგზავნა იშ-ბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: „მომეცი ჩემი ცოლი – მიქალი, რომელიც 100 წინადაუცვეთელი ფილისტიმელის ჩუჩების ფასად დავწინდე.“ და გაგზავნა კაცი იშ-ბოშეთმა მის წამოსაყვანად ქმრისგან, ფალტიელ ლაიშის ძისაგან. და წამოჰყვა მას ქმარი და ტირილით მოაცილებდა ბახურიმამდე. აქ კი უთხრა აბნერმა: „წადი, გაბრუნდი.“ და ისიც გაბრუნდა. დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესებს და უთხრა: „უწინაც გინდოდათ, რომ დავითი თქვენი მეფე ყოფილიყო. ახლა იმოქმედეთ, რადგან უთხრა უფალმა დავითს: ‘ჩემი მსახურის, დავითის ხელით უნდა ვიხსნა ჩემი ერი, ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან.’“ ამასვე ელაპარაკა აბნერი ბენიამინელთაც. და მერე წავიდა დავითთან ხებრონში, იმის სათქმელად, რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელ სახლს. და მივიდა აბნერი დავითთან ხებრონში, თან 20 კაცი ახლდა. ნადიმი გაუმართა დავითმა აბნერს და იმ კაცებს, რომლებიც მას ახლდნენ. და უთხრა აბნერმა დავითს: „ავდგები და წავალ და შევუკრებ ჩემს მეფე-ბატონს მთელს ისრაელს, რათა აღთქმა დაგიდონ და ყველაზე იმეფო შენი გულისწადილისამებრ.“ და გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით. და აჰა, დაბრუნდნენ სათარეშოდ გასული დავითის მსახურნი და იოაბი და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი უკვე აღარ იყო დავითთან ხებრონში, რადგან დავითმა გაუშვა ის, და ისიც წავიდა მშვიდობით. როცა მოვიდა იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი, აცნობეს იოაბს: „მოვიდა აბნერი, ნერის ძე მეფესთან, და მან გაუშვა იგი, და ისიც წავიდა მშვიდობით.“ მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „ეს რა ჰქენი? აჰა, მოსულა შენთან აბნერი! რატომ გაუშვი და დაანებე, რომ წასულიყო? შენ ხომ იცნობ აბნერს, ნერის ძეს, შენს მოსატყუებლად მოვიდა, რათა გაიგოს შენი გამოსვლა და შენი შესვლა და ყველაფერი გამოიძიოს, რასაც აკეთებ.“ და როგორც კი გამოვიდა იოაბი დავითისგან, კაცები დაადევნა აბნერს. სირას ჭიდან გამოაბრუნეს მათ იგი. დავითმა კი არაფერი იცოდა ამის შესახებ. და როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომც განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჰკრა მახვილი. და მოკვდა ის ყასაელის, იოაბის ძმის სისხლის საზღაურად. და როცა შემდეგ ეს გაიგო დავითმა, თქვა: „უბრალონი ვართ მე და ჩემი სამეფო უფლის წინაშე უკუნისამდე აბნერის, ნერის ძის სისხლში; დაატყდეს იგი იოაბის თავს და მამამისის მთელ სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელჯოხიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!“ ხოლო იოაბმა და აბიშაიმ, მისმა ძმამ, იმის გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე აბნერს, რომ მან მოკლა ყასაელი, მათი ძმა გიბეონთან ბრძოლაში. და უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელ ხალხს: „შემოიხიეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი.“ მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა კუბოს. და როცა მათ დამარხეს აბნერი ხებრონში, ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე და ტიროდა მთელი ხალხი. და წარმოთქვა მეფემ თავისი საგოდებელი და თქვა: „განა უგუნურის სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი? ხელები შეკრული არა გქონია, არც ფეხებზე გდებია ხუნდები; და შენ დაეცი, როგორც ეცემიან ავაზაკთა ხელით!“ – და კიდევ უფრო მეტად ატირდა ხალხი. ჯერ ისევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდა დავითს. იფიცავდა დავითი და ამბობდა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამ.“ და მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა. და გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა იმ დღეს, რომ მეფისგან არ მოდიოდა აბნერის, ნერის ძის მკვლელობა. და უთხრა მეფემ თავის მსახურთ: „იცით, რამხელა სარდალი და რა დიდი ვაჟკაცი დაეცა დღეს ისრაელში? მე დღეს ჯერაც სუსტი ვარ, თუმცა ცხებული ვარ მეფედ. ეს ხალხი კი, ცერუიას ძენი, ჩემზე ძლიერნი არიან. უფალმა მიუზღოს ბოროტმოქმედს მისი ბოროტების სანაცვლო!“ და როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, მხნეობა წარეკვეთა, და მთელი ისრაელიც შეშფოთდა. ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს რაზმის მეთაურებად: ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს – რექაბი, რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ძეთაგან, რადგან ბეეროთიც ბენიამინს ეთვლებოდა. თავად ბეეროთელნი გითაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ ხიზნობენ. და იონათანს, საულის ძეს, ერთი კოჭლი ძე ჰყავდა. ხუთი წლის იყო იგი, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან, და ხელში აიტაცა იგი ძიძამ და გაიქცა. როცა გარბოდა, ხელიდან გაუვარდა ბიჭი და დაკოჭლდა. სახელად მას მეფიბოშეთი ერქვა. და წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ძენი: რექაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშ-ბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღისით. და აჰა, რექაბი და მისი ძმა ბაყანა შევიდნენ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი და მიიმალნენ. როცა ისინი სახლში შევიდნენ, იშ-ბოშეთს თავის საწოლ ოთახში ეძინა ლოგინზე; მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. და წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს ყარაბას გზაზე. და მიუტანეს იშ-ბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აჰა, იშ-ბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის ძისა, რომელსაც შენი მოკვლა უნდოდა, შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულზე და მის ნაშიერებზე.“ და მიუგო დავითმა რექაბს და ბაყანას, მის ძმას, ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, და უთხრა: „უფალს ვფიცავ, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისგან! თუკი მაცნე, რომელმაც მაუწყა და მითხრა: ‘აჰა, მოკვდა საული!’ და კეთილის მაცნე ეგონა თავი, შევიპყარ და მოვკალი ციკლაგში, იმის ნაცვლად, რომ სამახარობლო მიმეცა, რას იმსახურებენ ის ბოროტი კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლზე, მოკლეს? ახლა განა თქვენს ხელს არ უნდა მოვკითხო მისი სისხლი, და არ უნდა აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან?“ და უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი; ხელ-ფეხი დააჭრეს და ტბორზე გადმოჰკიდეს ხებრონში. ხოლო იშ-ბოშეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს, ხებრონში. და მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონში და ასე უთხრეს: „აგერ, ძვალი და ხორცი ვართ შენი. გუშინაც და გუშინწინაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ გამოგყავდა და შეგყავდა ისრაელი, და უფალმა გითხრა: შენ უნდა დამწყსო ჩემი ერი, ისრაელი, და შენ უნდა იყოო ისრაელის წინამძღოლი.“ როცა მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს, დადო დავითმა მათთან აღთქმა ხებრონში უფლის წინაშე. და სცხეს დავითს ისრაელის მეფედ. 30 წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა, და 40 წელი იმეფა. ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე; იერუსალიმში კი 33 წელი მეფობდა მთელს ისრაელსა და იუდაზე. და როცა გაილაშქრეს მეფე დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმზე იმ ქვეყნის მკვიდრთა, იებუსელთა წინააღმდეგ, ასე უთხრეს დავითს: „ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლებიც კი გაგაქცევენ უკან,“ – ეს ნიშნავდა: აქ ვერ შემოვაო დავითი. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხესიმაგრე: ეს არის დავითის ქალაქი. და თქვა იმ დღეს დავითმა: „იებუსელთა ყოველმა მძლეველმა სატევრით მოსრას კოჭლებიც და ბრმებიც – დავითის მოძულენი.“ ამიტომაც ამბობენ: „კოჭლი და ბრმა ვერ შევაო სახლში.“ და დადგა დავითი ციხესიმაგრეში, და უწოდა მას დავითის ქალაქი. და ააშენა დავითმა ირგვლივ მილოდან და შიგნით. და წარემართებოდა დავითს და აღემატებოდა, რადგან უფალი, ცაბაოთ ღმერთი იყო მასთან. და გამოუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, დესპანი დავითს და კედარის ხე-ტყე, ხუროები, ქვისმთლელები, და აუშენეს მათ სახლი დავითს. და მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი მეფობა თავისი ერის – ისრაელის გამო. და კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ. და კიდევ შეეძინა დავითს ძენი და ასულნი. ეს არის მათი სახელები, რომლებიც იერუსალიმში შეეძინა მას: შამუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი, იბხარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი, ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფელეტი. როცა შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითს, დაიძრნენ მთელი ფილისტიმელნი დავითის საძებნელად. შეიტყო ეს დავითმა და მიუვალ ადგილას ჩავიდა. მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ. და დაეკითხა დავითი უფალს: „გავიდე ფილისტიმელებზე? ხელში ჩამიგდებ მათ?“ უთხრა უფალმა დავითს: „გადი, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“ და მივიდა დავითი ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ; და თქვა: „წალეკა უფალმა ჩემი მტერი ჩემგან, როგორც წყალდიდობამ.“ ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაყალ-ფერაციმი. და იქ მიატოვეს მათ თავიანთი კერპები, ხოლო დავითმა და მისმა კაცებმა აიღეს ისინი. და კვლავ მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ. და დაეკითხა დავითი უფალს, და მან უთხრა: „პირისპირ ნუ მიეჭრები, ზურგიდან მოუარე და თუთის ჭალის მხრიდან მიადექი. როგორც კი თუთის ხეთა კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ჯარების შესამუსრად.“ ისე გააკეთა დავითმა, როგორც უბრძანა უფალმა, და გებაყიდან გეზერამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელებს. და კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ვაჟკაცი ისრაელში, 30 ათასი. და მთელი თავისი ხალხითურთ ადგა დავითი და წავიდა იუდას ბაყალედან, რათა იქიდან ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელიც იწოდება ცაბაოთ უფლის სახელით, რომელიც ქერუბიმებზე ზის. და დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და გამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ დგას. აბინადაბის ვაჟებს: ყუზას და ახიოს მოჰყავდათ ახალი ურემი. და როცა მოჰყავდათ ღვთის კიდობნით დატვირთული აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ არის, ახიო წინ მოუძღვოდა კიდობანს. ხოლო დავითი და მთელი ისრაელიანები უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, სანგებსა და წინწილებს. და როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან ურემი გადახარეს ხარებმა. და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან. და შეწუხდა დავითი, რომ განგმირა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება იმ ადგილს ფერეც-ყუზა. და შეეშინდა დავითს იმ დღეს უფლისა და თქვა: „როგორ შემოვა ჩემთან უფლის კიდობანი?“ და აღარ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის წაღება თავისთან, დავითის ქალაქში, და გათელი ყობედ-ედომის სახლისკენ გაახვევინა. და დარჩა სამ თვეს უფლის კიდობანი გათელი ყობედ-ედომის სახლში. და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლი. როცა შეატყობინეს დავით მეფეს, რომ აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელი, წავიდა დავითი და სიხარულით წამოასვენა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან დავითის ქალაქში. და როცა უფლის კიდობნის მტვირთავნი ექვს ნაბიჯს გადადგამდნენ, იგი მსხვერპლად სწირავდა თითო ხარსა და ცხვარს. და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, როკავდა დავითი უფლის წინაშე. და სელის ეფოდი ემოსა დავითს. ყიჟინითა და ბუკის ბერვით მიასვენებდნენ უფლის კიდობანს დავითი და ისრაელის მთელი სახლი. და როცა უფლის კიდობანი შევიდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოიხედა მიქალმა, საულის ასულმა, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და გულში დასცინა მას. და მიიტანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე შუა კარავში, რომელიც მისთვის მოაწყო დავითმა. და შესწირა დავითმა უფალს სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. როცა მორჩა დავითი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვას, ცაბაოთ უფლის სახელით დალოცა ერი. და ჩამოურიგა მთელს ერს, ისრაელის მთელს კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო კვერი ჩამიჩისა. მერე თავ-თავის სახლებში წავიდა მთელი ხალხი. როცა დაბრუნდა დავითი თავისი სახლის დასალოცად, გამოეგება მიქალი, საულის ასული, და უთხრა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა თავის მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე.“ და უთხრა დავითმა მიქალს: „უფლის წინაშე, რომელმაც მე მამჯობინა მამაშენსა და მთელ მის სახლს, როცა ამომირჩია უფლის ერის, ისრაელის წინამძღოლად, იმ უფლის წინაშე სიხარულით ვიხტუნებ და ვიროკებ, და მე მსურს უფრო დავმცირდე, ვიდრე ახლა ვარ და დავმდაბლდე ჩემს თვალში; და უფრო დიდებული გამოვჩნდე იმ მხევალთა წინაშე, შენ რომ ახლა ახსენე.“ ხოლო მიქალი, საულის ასული, ისე მოკვდა, რომ შვილი არ შესძენია. მას შემდეგ, რაც დაემკვიდრა მეფე თავის სახლში და მოასვენა იგი უფალმა გარეშემო მტრებისგან, უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: „აჰა, შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი კარავში ასვენია.“ და უთხრა ნათანმა მეფეს: „გააკეთე, რასაც გული გეტყვის, რადგან შენთან არის უფალი.“ მაგრამ იმავე ღამით იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა: „წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს დასავანებლად? მე არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან მოყოლებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიყვანე, მუდამ კარავსა და სავანეში ვტრიალებდი დღემდე. სადაც კი მივლია ისრაელიანთა შორის, თუ ერთხელ ერთი სიტყვა მაინც წამომცდენია ისრაელის რომელიმე ტომის წინაშე, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, და მითქვამს: კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?’ ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს – დავითს: ‘ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი. ყველგან თან გდევდი, სადაც კი მიდიოდი, და ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე, და განვადიდე შენი სახელი, მსგავსად ამ ქვეყნის დიადთა სახელისა; და ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნებ მას, და იცხოვრებს იგი მშვიდად თავის ადგილზე, და მეტად აღარ შეშფოთდება, და ბოროტების ძენი აღარ შეაჭირვებენ მას უწინდებურად. მას შემდეგ, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოვასვენე ყველა მტრისგან. უფალი გატყობინებს, რომ მას სურს აგიგოს სახლი. როცა აღივსებიან შენი დღეები და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც შენი საზარდულიდან გამოვა, და მის მეფობას განვამტკიცებ. და ის ამიშენებს მე ტაძარს და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს საუკუნოდ. მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. თუ შემცოდავს, კაცთა წესით ვგვემ და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით. თუმცა არ მოვუშლი მას ჩემს წყალობას, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენი სახის წინაშე; არამედ მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო უკუნისამდე ჩემი სახის წინაშე. მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე.’“ ეს სიტყვები და ეს ხილვა გაუზიარა ნათანმა დავითს. და მივიდა მეფე დავითი და წარსდგა უფლის წინაშე და თქვა: „ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო, და რა არის ჩემი სახლი, რომ ასე განმადიდე? ესეც გემცრო თვალში, ჩემო უფალო ღმერთო, და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ღმერთო! და კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო! შენი სიტყვისა და შენი გულისთქმისამებრ მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რათა ამცნო შენს მსახურს. ამიტომაც დიდი ხარ შენ, უფალო, ჩემო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი, და არ არის ღმერთი შენს გარდა, ყოველივე იმის თანახმად, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ. და ვინ არის შენი ხალხის, ისრაელის მსგავსი? ის ერთადერთია დედამიწაზე, რომლისთვისაც მოვიდა ღმერთი, რომ თავის ხალხად დაეხსნა და განედიდებინა თავისი სახელი და დიდი და საშინელი ამბები გექნა შენი ერის წინაშე, რომელიც შენთვის დაიხსენ ეგვიპტისგან, წარმართთაგან და მათი ღმერთებისგან. შენ აირჩიე შენს ერად ისრაელი, რათა უკუნისამდე შენი ერი ყოფილიყო და შენ, უფალო, მისი ღმერთი გახდი! და ახლა უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე შენი აღთქმისამებრ და აღასრულე შენი სიტყვა, შენს მსახურსა და მის სახლზე თქმული, რათა განდიდდეს შენი სახელი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთი არისო ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მსახურის, დავითის სახლი! რადგან შენ იყავი, ყოვლისმპყრობელო უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მსახურს და უთხარი: სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მსახურს, ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ. ახლა, უფალო ღმერთო, შენა ხარ ის ღმერთი, რომლის სიტყვებიც ჭეშმარიტია, და შენი მსახურისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული. ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი საუკუნოდ!“ ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები და დაიმორჩილა ისინი. და გამოგლიჯა დავითმა ხელიდან ფილისტიმელებს მეთეგ-ამა. და დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და საბლით გაზომა: ორი საბელი დასახოცად გადაზომა, ერთი საბელი – ცოცხლად დასატოვებლად. და გახდნენ მოაბელები დავითის მორჩილნი და ხარკს უხდიდნენ მას. და დაამარცხა დავითმა ცობას მეფე ჰადადყეზერი, რეხობის ძე, როცა ის მდინარე ევფრატზე თავისი ბატონობის აღსადგენად მოდიოდა. და წაართვა მას დავითმა 1700 მხედარი და 20 ათასი ქვეითი. და ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ 100 ეტლისთვის დაიტოვა ისინი. და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის, ჰადადყეზერის დასახმარებლად. და მუსრი გაავლო დავითმა არამელთა 22 ათას კაცს. და ჩააყენა დავითმა მეციხოვნენი შუა დამასკოს არამში. და გახდნენ არამელები დავითის მორჩილნი და აძლევდნენ ხარკს. საითაც კი გაიხედავდა დავითი, ყველგან ამარჯვებინებდა მას უფალი. აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადადყეზერის კაცებს რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში ამოიტანა. დიდძალი ბრინჯაო წამოიღო დავითმა ბეტახიდან და ბეროთაიდან – ჰადადყეზერის ქალაქებიდან. როცა შეიტყო თოყიმ, ხამათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადადყეზერის მთელ ძალებს, გაგზავნა თავისი ძე იორამი დავით მეფესთან მოსაკითხად და მადლობის სათქმელად, რომ შეებრძოლა ჰადადყეზერს და სძლია მას, რადგან ჰადადყეზერს ომი ჰქონდა თოყისთან. იორამს მასთან მიჰქონდა ვერცხლის, ოქროსა და ბრინჯაოს ჭურჭელი, ეს ჭურჭელიც უფალს შესწირა მეფე დავითმა იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა: არამელთ, მოაბელთ, ყამონიანებს, ფილისტიმელთ, ყამალეკს, აგრეთვე ცობას მეფე ჰადადყეზერს, რეხობის ძეს. გაითქვა სახელი დავითმა მარილოვან ველზე 18 ათასი ედომელის დამარცხებით. მან მეციხოვნენი ჩააყენა ედომში; მთელს ედომში აყენებდა მეციხოვნეებს, და გახდა მთელი ედომი დავითის მორჩილი. და უფალი ყველგან შეეწეოდა დავითს, საითაც კი წავიდოდა. და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე, და კანონსა და სამართალს აძლევდა მთელ თავის ხალხს. იოაბი, ძე ცერუიასი, ჯარის სარდალი იყო, და იოშაფატი, ძე ახილუდისა – მემატიანე. ცადოკი, ძე ახიტუბისა და ახიმელექი, ძე აბიათარისა, მღვდლები იყვნენ; სერაია – მწიგნობარი; ბენაია, ძე იეჰოიადაყისა, ქერეთელებს და ფელეთელებს განაგებდა; დავითის შვილები კი ეზოსმოძღვრები იყვნენ. და ფიქრობდა დავითი: „ნუთუ აღარავინ დარჩა საულის სახლიდან, რომ წყალობა მივაგო იონათანის გამო?“ და ჰყავდა საულის სახლს მსახური, სახელად ციბა; და მოიხმეს იგი დავითთან და უთხრა მეფემ: „შენა ხარ ციბა?“ და მან თქვა: „გახლავარ, შენი მსახური!“ ჰკითხა მეფემ: „აღარავინ დარჩა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა მივაგო?“ და მიუგო ციბამ მეფეს: „კიდევ ჰყავს ერთი კოჭლი ძე იონათანს.“ და ჰკითხა მას მეფემ: „სად არის?“ და მიუგო ციბამ: „მაქირის, ყამიელის ძის სახლშია, ლო-დებარში.“ და გაგზავნა დავით მეფემ და მოაყვანინა იგი მაქირის, ყამიელის ძის სახლიდან, ლო-დებარიდან. და მოვიდა მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა, დავითთან, და პირქვე დაემხო მის წინაშე, და თაყვანი სცა. უთხრა დავითმა: „მეფიბოშეთ!“ მიუგო მან: „გახლავარ, შენი მსახური!“ და უთხრა დავითმა: „ნუ გეშინია, წყალობას მოგაგებ მამაშენის, იონათანის გამო; დაგიბრუნებ პაპაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.“ და თაყვანი სცა და უთხრა: „ვინა ვარ მე, შენი მსახური, რომ ყურადღების ღირსი გახადე ერთი ჩემნაირი მკვდარი ძაღლი?“ მოუხმო მეფემ ციბას, საულის მსახურს, და უთხრა: „საულისა და მთელი მისი სახლის სარჩო-საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია. მაშ, დაუმუშავეთ მას თავისი მიწები შენ, შენმა შვილებმა და შენმა მსახურებმა, და მიართვით მისი ნაყოფი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის ძეს თავისი ლუკმა. თუმცაღა, ამისდა მიუხედავად, მეფიბოშეთი, შენი ბატონის ძე, მუდამ ჩემი პურისმტე იქნება ჩემს სუფრაზე.“ 15 ძე და 20 მსახური ჰყავდა ციბას. და უთხრა ციბამ მეფეს: „ყველაფერს, რასაც ჩემი მეფე-ბატონი უბრძანებს თავის მსახურს, შეასრულებს შენი მსახური!“ და ჭამდა მეფიბოშეთი პურს დავითის სუფრაზე, როგორც ერთი უფლისწულთაგანი. პატარა ბავშვი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. ყველა, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდა, მეფიბოშეთს ემსახურებოდა. და ცხოვრობდა მეფიბოშეთი იერუსალიმში, რათა მუდამ სამეფო სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი. ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და მის ნაცვლად მისი ძე ხანუნი გამეფდა. და თქვა დავითმა: „წყალობას მივაგებ ხანუნს, ნახაშის ძეს, იმ წყალობისათვის, რომელიც მომაგო მამამისმა.“ და გააგზავნა დავითმა თავისი მსახურნი, მისასამძიმრებლად მამამისის გამო. და როცა მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონიანთა ქვეყანაში, ყამონის მთავრებმა უთხრეს ხანუნს, თავიანთ ბატონს: „ნუთუ გგონია, რომ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ ქალაქის დასაზვერად გამოგიგზანა დავითმა ხალხი, დასათვალიერებლად და დასაქცევად?“ და ადგა ხანუნი და დავითის მსახურთ ცალი წვერი ჩამოჰპარსა, შემოაჭრა ნახევარი სამოსელი თეძოებამდე და ისე გაუშვა. და როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. და ბრძანა მეფემ ეთქვათ მათთვის: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ, და მერე მობრუნდით.“ ნახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს, და კაცები გაგზავნეს, რომ დაექირავებინათ არამელები ბეთ-რეხობიდან და არამელები ცობადან 20 ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასაგან ათასი კაცი და ტობიდან 12 ათასი კაცი. როცა ეს შეიტყო დავითმა, გაგზავნა იოაბი რჩეულთა მთელი ლაშქრით. და გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საომრად კარიბჭის შესასვლელთან. ხოლო ცობასა და რეხობის არამელები, და ტობისა და მაყაქას კაცები ცალკე დადგნენ ველზე. და როცა დაინახა იოაბმა, რომ მტრის ჯარები წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანთაგან ურჩეულესნი და გააწყო არამელთა პირისპირ. დანარჩენი ხალხი აბიშაის, თავის ძმას ჩააბარა და მანაც გააწყო ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ. და თქვა: „თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები; თუ ყამონიანები გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად. მამაცად იყავი, და მტკიცედ ვიდგეთ ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი ღმერთის ქალაქისთვის, დაე, უფლის ნებისამებრ იქნეს ყოველივე.“ და გავიდა იოაბი და ხალხი, რომელიც მასთან იყო, არამელთა წინააღმდეგ საომრად, და უკუიქცნენ არამელნი. და როცა ყამონიანთ დაინახეს, რომ არამელები გარბოდნენ, თავადაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. და გამობრუნდა იოაბი ყამონიანთაგან და იერუსალიმში მივიდა. როცა დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, ერთად შეიკრიბნენ. და გააგზავნა ჰადადყეზერმა და მოუწოდა არამელთ, რომლებიც მდინარის გაღმა იყვნენ, და ისინიც მოვიდნენ ხელამში. ხოლო მათ შობაქი, ჰადადყეზერის მხედართმთავარი მიუძღოდა. როდესაც შეატყობინეს ეს დავითს, მანაც მთელი ისრაელი შეკრიბა, და გადალახა იორდანე და მივიდა ხელამს. და დაეწყვნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ. გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არამელთაგან 700 ეტლოსანი და 40 ათასი მხედარი. მახვილი უგმირა შობაქს, მათ მხედართმთავარს, და იქვე მოკვდა იგი. და როცა ჰადადყეზერის ქვეშევრდომმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. ხოლო არამელებმა ვეღარ გაბედეს, რომ მიხმარებოდნენ ყამონიანთ. ერთი წლის შემდეგ, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი მისი მსახურებითურთ და მთელი ისრაელი. და გაანადგურეს ყამონიანები და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. საღამო ჟამს ადგა დავითი თავისი მოსასვენებლიდან და სამეფო სახლის ერდოზე იწყო სეირნობა. და იქიდან დაინახა ბაღში მობანავე ქალი. ქალი ძალზე მშვენიერი იყო. და გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: „ის არის ბათშებაყი, ელიყამის ასული, ცოლი ურია ხეთელისა.“ და გააგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. და მოვიდა ქალი. და დაწვა დავითი მასთან და როცა განიწმიდა ქალი თავისი უწმიდურებისაგან, დაბრუნდა თავის სახლში. და როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: „ფეხმძიმედა ვარ.“ და შეუთვალა დავითმა იოაბს: გამომიგზავნეო ურია ხეთელი. და გამოუგზავნა იოაბმა დავითს ურია ხეთელი. როცა მოვიდა მასთან ურია ხეთელი, გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ჯარისა და ბრძოლის მსვლელობის ამბავი. უთხრა დავითმა ურიას: „შინ წადი და ფეხი დაიბანე.“ გავიდა ურია მეფის სახლიდან და მეფის სუფრიდან საჭმელი გააყოლეს უკან. ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის კარისკაცებთან ერთად, შინ არ წასულა. და როცა შეიტყო დავითმა, რომ ურია შინ არ წასულა, უთხრა მას: „ხომ ნამგზავრი იყავი, რატომ არ წახვედი შინ?“ და უთხრა ურიამ დავითს: „როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, შინ როგორ წავიდე? როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენს სიცოცხლეს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს!“ და უთხრა დავითმა ურიას: „დღესაც დარჩი აქ და ხვალ გაგაგზავნი.“ და დარჩა ურია იერუსალიმში ის ორი დღე. და მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა მის წინაშე, და დაათრო იგი. და საღამოთი გავიდა, რომ თავისი ბატონის მსახურებთან ერთად დაეძინა თავის საგებელზე. შინ არ წასულა. და დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელითვე გაუგზავნა. წერილში ასე ეწერა: „დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რათა გაიგმიროს და მოკვდეს.“ და როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი ხალხი იყო. და გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. და დაეცნენ დავითის მსახურნი და მოკვდა ურია ხეთელიც. და გააგზავნა იოაბმა მოციქული მეფესთან ბრძოლის მთელი მსვლელობის შესატყობინებლად; და უბრძანა: „ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი. და, თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: ‘რატომ მიადექითო ქალაქს ასე ახლოს საომრად? განა არ იცოდით, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას? ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე და მოკვდა იგი თებეცში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს?’ უთხარი: ურია ხეთელიც მოკვდა-თქო, შენი მსახური.“ და წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა. და უთხრა მაცნემ დავითს: „როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ. და მშვილდოსნებმა ისრები დაუშინეს გალავნიდან შენს მსახურთ და ზოგნი დაიხოცნენ მეფის მსახურთაგან, მოკვდა ურია ხეთელიც, შენი მსახური.“ და უთხრა დავითმა მოციქულს: „ასე უთხარი იოაბს: ნუ გაწუხებს ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ფხრეწს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაანგრიე-თქო; ასე გაამხნევე იოაბი.“ როცა შეიტყო ურიას ცოლმა, რომ ქმარი მოუკვდა, დაიტირა იგი. და როცა გლოვის დღეები გავიდა, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და ცოლად დაისვა; და უშვა ქალმა ძე. და ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა, არ მოიწონა უფალმა. და მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და როცა მივიდა ის მასთან, უთხრა: „ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, ერთი – მდიდარი და მეორე – ღარიბი. მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა; ღარიბს ერთი ბატკნის მეტი არაფერი გააჩნდა, რომელიც პატარა იყიდა და გამოკვება. და გაიზარდა ის მასთან და მის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასით სვამდა, მის უბეში ეძინა, და მასაც თავისი ასულივით ჰყავდა. მაგრამ როცა ერთხელ მდიდარ კაცს ერთი ვინმე მგზავრი ეწვია, ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად და მის გასამასპინძლებლად, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და მოუმზადა სტუმარს.“ დიდად განრისხდა დავითი იმ კაცზე და უთხრა ნათანს: „უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი კაცი! ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და ასე შეუბრალებლად მოიქცა.“ და უთხრა ნათანმა დავითს: „შენა ხარ ის კაცი. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე გცხე მეფედ ისრაელზე, მე დაგიხსენი საულის ხელიდან, მე მოგეცი შენი ბატონის სახლი და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები შენს წიაღში, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და, თუ ეს არ კმაროდა, კიდევ მეტს დაგიმატებდი. რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და გააკეთე ის, რაც ბოროტებაა მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ქვრივი; ის კი ყამონიანთა მახვილით მოჰკალი. ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს უკუნისამდე, რადგან უგულებელმყავ და ურია ხეთელის ქვრივი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა.’ ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მახლობელს მივცემ, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან; თუმცა შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზისით გავაკეთებ ამას.’“ და უთხრა დავითმა ნათანს: „შევცოდე უფლის წინაშე.“ და უთხრა ნათანმა დავითს: „უფალმა მოგიტევა შენი ცოდვა: შენ არ მოკვდები. ოღონდ, რაკი ამ საქციელით უფლის ლანძღვის საბაბი მიეცი მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა.“ და წავიდა ნათანი თავის სახლში. და შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი. ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, და მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს განმარტოებული. და დაადგნენ თავზე მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ შეწყვიტა მარხვა და არ ჭამა პური. მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი. ვერ გაბედეს დავითის მსახურებმა მოეხსენებინათ ბავშვის სიკვდილის ამბავი, რადგან ასე ფიქრობდნენ: „ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით, და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას აუტეხს თავს.“ და დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მსახურნი. მიხვდა დავითი, რომ ბავშვი მომკვდარიყო, და უთხრა თავის მსახურთ: „მოკვდა ბავშვი?“ უთხრეს: „მოკვდა.“ და ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა და ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა და წავიდა უფლის სახლში და თაყვანი სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და ჭამა. უთხრეს მისმა მსახურებმა: „რას ნიშნავს ეს შენი საქციელი? სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა, წამოდექი და პური ჭამე?“ მან თქვა: „ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი, რადგან ვფიქრობდი: ვინ იცის? იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადამირჩეს-მეთქი ბავშვი. ახლა, როცა ის მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? შევძლებ მის უკან დაბრუნებას? მე ადვილად წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.“ და როცა ანუგეშა დავითმა ბათშებაყი, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. და შვა ქალმა ვაჟი, და უწოდა დავითმა სახელად სოლომონი. უფალმა შეიყვარა იგი და გააგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და მან უფლის სიტყვისამებრ სახელად უწოდა იედიდია. ებრძოდა იოაბი ყამონიანთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი. და გამოუგზავნა იოაბმა დავითს მოციქულნი და შემოუთვალა: „ვებრძვი რაბას და ხელში მაქვს ჩაგდებული ქალაქის წყალსატევი. ახლა შეკრიბე დანარჩენი ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ, თუ მე ავიღებ ქალაქს, ჩემი სახელი დაერქმევა.“ და შეკრიბა დავითმა მთელი ხალხი და წავიდა რაბასკენ, თავს დაესხა და დაიპყრო. და აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი ქვებით მოჭედილი, და თავზე დაიდგა. და აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და აგურის კეთება დააკისრა. ქალაქი კი მიწასთან გაასწორა ხერხებით, რკინის ქანჩებითა და ცულებით. ასე მოექცა ყამონიანთა ყველა ქალაქს და კვლავ დაბრუნდნენ დავითი და მთელი ხალხი იერუსალიმში. ამის შემდეგ მოხდა ეს: დავითის ძეს, აბესალომს, ლამაზი და ჰყავდა, სახელად თამარი. და შეუყვარდა იგი ამნონს, დავითის ძეს. ისე გაუჭირდა ამნონს, რომ დასნეულდა თავისი დის – თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და შეუძლებლად მიაჩნდა ამნონს, რომ რაიმეს გაკეთებას მოახერხებდა მასთან. ჰყავდა მეგობარი ამნონს, სახელად იონადაბი, შიმეყას ძე, დავითის ძმისწული. და ძალზე ცბიერი კაცი იყო იონადაბი. და უთხრა მას: „რა მოგდის, დღითი დღე რომ ხმები, უფლისწულო, არ მეტყვი?“ და უთხრა ამნონმა: „თამარი მიყვარს, აბესალომის, ჩემი ძმის და.“ და უთხრა მას იონადაბმა: „ჩაწექი ლოგინში და თავი მოიავადმყოფე; როცა მამაშენი მოვა შენს სანახავად, უთხარი: ჩემი და თამარი მოვიდეს ჩემთან და პური მაჭამოს; ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელით ვჭამო-თქო.“ და ჩაწვა ამნონი და თავი მოიავადმყოფა. მოვიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ამნონმა მეფეს: „მოვიდეს ჩემი და თამარი, ჩემს თვალწინ გამოაცხოს ორიოდე კვერი, რომ მისი ხელით ვჭამო.“ და გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: „მოდი შენი ძმის, ამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე.“ წავიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის სახლში. და იწვა ამნონი, როცა აიღო ქალმა ფქვილი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო კვერები. და აიღო ტაფა და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. და თქვა ამნონმა: „გაიყვანეთ ყველანი!“ და გავიდა ყველა. მაშინ უთხრა ამნონმა თამარს: „უკანა ოთახში წაიღე საჭმელი და შევჭამ შენი ხელით.“ და აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი კვერები და უკანა ოთახში გაუტანა თავის ძმას, ამნონს. და როცა მიაწოდა, რომ ეჭამა, ხელი სტაცა ამნონმა ქალს და უთხრა: „მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო!“ და უთხრა ქალმა: „ნუ, ჩემო ძმაო! ნუ შეურაცხმყოფ! ასე არ იქცევიან ისრაელში! ნუ იზამ ამ სისაძაგლეს! სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი საძაგელი კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. სთხოვე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს.“ არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება ამნონს. და დაიმორჩილა იგი და პატივი აჰხადა მას. ძლიერ შესძულდა იგი ამნონს, იმ სიყვარულზე ძლიერი იყო ეს სიძულვილი. და უთხრა ამნონმა: „ადექი, წადი აქედან.“ მან კი უთხრა: „რასაც შენ ახლა მიკეთებ, უფრო დიდი უსამართლობაა, ვიდრე ის, რაც ადრე მიყავ.“ მაგრამ არ უნდოდა მას მისი მოსმენა. დაუძახა ჭაბუკს, რომელიც მისი მსახური იყო და უთხრა: „გაიყვანე ეს დიაცი აქედან და მიუხურე კარი.“ (ჭრელი სამოსელი ეცვა მას, რადგან ასეთი მოსასხამით იმოსებოდნენ მეფის გაუთხოვარი ასულები.) და გაიყვანა იგი მსახურმა და მიუხურა კარი. და დაიყარა თამარმა ნაცარი თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი სამოსელი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-გოდებით წავიდა. და უთხრა მისმა ძმამ – აბესალომმა: „შენი ძმა ამნონი ხომ არ იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის, გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს.“ და დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში მიტოვებული. როდესაც გაიგო დავით მეფემ ეს ამბავი, ძლიერ განრისხდა. ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ამნონი მისი საქციელის გამო, დის, თამარის შეურაცხყოფისათვის. გავიდა ორი წელი და ცხვრის პარსვა ჰქონდა აბესალომს ბაყალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად რომ არის, და ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა. და მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: „მპარსველები ჰყავს შენს მსახურს. თუ მეფეს სურს, მსახურებთან ერთად ეწვიოს მას.“ მაგრამ მეფემ უთხრა აბესალომს: „არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, არ დაგამძიმებთ.“ ჩააცივდა, მაგრამ არ ინება მან წასვლა, კურთხევით კი აკურთხა. და თქვა აბესალომმა: „თუ ასეა, მაშინ ჩემი ძმა ამნონი წამოვიდეს.“ და უთხრა მეფემ: „რისთვის წამოვიდეს?“ და ჩააცივდა აბესალომი და მეფემაც გაუშვა ამნონი და სხვა უფლისწულები. და უბრძანა აბესალომმა თავის მსახურთ: „ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით: დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი. ნუ შეგეშინდებათ, რადგან მე გიბრძანებთ ამას! აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.“ და აბესალომის ბრძანებისამებრ მოექცნენ მისი მსახურნი ამნონს. წამოიშალნენ უფლისწულები, შესხდნენ თავიანთ ჯორებზე და გაქუსლეს. ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, როცა ამბავი მიუვიდა დავითს, რომ დახოცაო აბესალომმა უფლისწულები და ერთიც არ გადარჩენილაო. და ადგა მეფე, ტანზე დაიპო სამოსელი და დაჯდა მიწაზე. მისი მსახურნიც სამოსელშემოგლეჯილნი დადგნენ მის ირგვლივ. და თქვა იონადაბ შიმეყას ძემ, დავითის ძმისწულმა: „ნუ ფიქრობს ჩემი ბატონი, რომ ყველა ჭაბუკი, მეფის ძე მოკლეს, რადგან მხოლოდ ამნონია მკვდარი. აბესალომის პირით გადაწყდა ეს იმ დღიდან, როცა შეურაცხჰყო ამნონმა მისი და – თამარი. ნუ მიაქვს გულთან ჩემს მეფე-ბატონს ეს ხმა, თითქოს ყველა უფლისწულია მკვდარი, რადგან მხოლოდ ამნონია მოკლული.“ და გაიქცა აბესალომი. და გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით. და უთხრა იონადაბმა მეფეს: „აჰა, მოდიან უფლისწულები. როგორც გეუბნებოდა შენი მსახური, ისეც მოხდა.“ და როცა დაასრულა სათქმელი, აჰა, უფლისწულებიც მოვიდნენ; ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ. და დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეცა და მისი მსახურებიც. და გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაისთან, ყამიჰუდის ძესთან, გეშურის მეფესთან. დღენიადაგ იგლოვდა დავითი თავის შვილს. აბესალომი გაიქცა გეშურს და დაჰყო იქ სამი წელი. და შეწყვიტა აბესალომის დევნა დავითმა, რადგან გაუქარდა მწუხარება ამნონის სიკვდილის გამო. და შეიტყო იოაბმა, ცერუიას ძემ, რომ მეფეს გული მოუბრუნდა აბესალომზე. და გაგზავნა იოაბმა კაცი თეკოაყში და ერთი ჭკვიანი ქალი მოაყვანინა იქიდან, და უთხრა: „თავი მოიმგლოვიარე, ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთს ნუ იცხებ და დიდი ხნის მგლოვიარე ქალივით იყავი; მიდი მეფესთან და უამბე ასე და ასე.“ და დაარიგა იოაბმა ქალს, რაც უნდა ეთქვა. და შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: „მიშველე, მეფეო!“ ჰკითხა მეფემ: „რა მოგსვლია?“ ქალმა უთხრა: „ქვრივი ქალი ვარ, ქმარი მომიკვდა; ორი ვაჟიშვილი ჰყავდა შენს მხევალს. მინდორში წაეკიდნენ ერთმანეთს, გამშველებელი არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა. და აჰა, აღდგა შენი მხევლის წინააღმდეგ მთელი ნათესაობა და მეუბნებიან: ‘მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოვკლათ ძმის სულის წილ, რომელიც მან მოკლა, და თვით მემკვიდრეც კი მოვუსპოთ.’ ამ ნაპერწკალსაც ჩამიქრობენ, რომელიც დამრჩა, და სახელს და შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე.“ და უთხრა მეფემ ქალს: „წადი მშვიდად შინ. ბრძანებას გავცემ შენს შესახებ.“ და უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: „ჩემზე, მეფე-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უბრალოა.“ და უთხრა მეფემ: „აქ მომიყვანე შენი მოდავე და ვეღარ გაბედავს შენს შეწუხებას.“ და უთხრა მან: „ახსენე, მეფეო, უფალი, შენი ღმერთი, ვინძლო არ გამრავლდნენ სისხლისმაძიებელნი და არ დამიღუპონ შვილი.“ მეფემ უთხრა: „უფალს ვფიცავ, შენი შვილის თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე.“ და უთხრა ქალმა: „ერთი სიტყვაც ათქმევინე მეფე-ბატონისთვის შენს მხევალს.“ და უთხრა: „თქვი.“ უთხრა ქალმა: „რატომ ფიქრობ ასე ღვთის ერის წინააღმდეგ? საკუთარ თავს ამტყუნებს ამის მთქმელი მეფე, რადგან თავის განდევნილს უკან არ აბრუნებს. რადგან ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით ვეღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს, და იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ. ახლა მოვედი, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფე-ბატონს, რადგან ხალხი მაშინებს. იფიქრა შენმა მხევალმა: ვეტყვი მეფეს, იქნებ აღასრულოს მან თავისი მხევლის სათხოვარი, რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს.“ და თქვა შენმა მხევალმა: „ნუგეში იქნება ჩემთვის მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.“ და მიუგო მეფემ ქალს და უთხრა: „ერთ რამეს გკითხავ და ნუ დამიმალავ.“ და უთხრა ქალმა: „ბრძანოს მეფე-ბატონმა.“ და თქვა მეფემ: „იოაბის ხელი ხომ არ ურევია შენთან ერთად ამ საქმეში?“ და მიუგო ქალმა და უთხრა: „მეფე-ბატონს ვფიცავ, თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვიოს ვინმემ მეფე-ბატონის ნათქვამს. სწორედ შენმა მსახურმა იოაბმა დამარიგა და მან ჩააგონა შენს მხევალს ეს სიტყვები. იგავის სახე რომ მიეცა ამ საქმისთვის, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს ხვდება ამ ქვეყანაზე.“ და უთხრა მეფემ იოაბს: „რაკი შენ მოგიწყვია ეს საქმე, წადი და დააბრუნე ყმაწვილი აბესალომი.“ და პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანი სცა მეფეს და მადლი მოახსენა. და უთხრა იოაბმა: „ახლა სჯერა შენს მსახურს, რომ მადლი მიპოვია ჩემი მეფე-ბატონის თვალში, რადგან აღასრულა მეფემ თავისი მსახურის სათხოვარი.“ და ადგა და წავიდა იოაბი გეშურს და მოიყვანა აბესალომი იერუსალიმში. და თქვა მეფემ: „დაბრუნდეს თავის სახლში, ოღონდ ვერ იხილავს ჩემს სახეს.“ და დაბრუნდა აბესალომი თავის სახლში და ვერ იხილა მეფის სახე. და არავინ იყო აბესალომივით ლამაზი და ქებული კაცი მთელს ისრაელში, თავით ფეხთამდე უნაკლო იყო. როცა თავს გაიკრეჭდა, – ის კი ყოველ წელს იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა, – მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით. და შეეძინა აბესალომს სამი ძე და ერთი ასული – სახელად თამარი. ძალიან ლამაზი შესახედაობის ქალი იყო იგი. ორ წელს ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში, მაგრამ მეფის სახე არ უხილავს. დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან მისაგზავნად, მაგრამ არ ინდომა იოაბმა მისვლა. მეორედ დაიბარა, არც ახლა ინდომა მისვლა. და უთხრა მან თავის მსახურთ: „მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის, ქერი უთესია იქ, მიდით და გადაწვით.“ და გადაბუგეს ის ყანა აბესალომის მსახურებმა. ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: „რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მსახურებმა?“ უთხრა აბესალომმა იოაბს: „აჰა, დაგიბარე და შემოგითვალე: მოდი-მეთქი, მინდოდა მეფესთან გამეგზავნე და ეს მეთქმევინებინა: რისთვის მოვედი გეშურიდან? მიჯობდა იქ დავრჩენილიყავი. ახლა მინდა მეფის სახე ვიხილო. თუ დამნაშავე ვარ, ბარემ მომკალი.“ მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა. და უხმო მეფემ აბესალომს. ისიც მივიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანი სცა და აკოცა მეფემ აბესალომს. ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლები და ცხენები და 50 მალემსრბოლი. და ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის გზასთან და ყველას, ვისაც კი საჩივარი ჰქონდა და მეფესთან მოდიოდა სამართლის საძებრად, თავისთან იხმობდა და ეუბნებოდა: „რომელი ქალაქიდან ხარ?“ და როცა ეტყოდნენ: ისრაელის ამა და ამ ტომიდან არისო შენი მსახური, ეტყოდა აბესალომი: „სასიკეთო და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე!“ და დასძენდა აბესალომი: „ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.“ თაყვანის საცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა, მოეხვეოდა და აკოცებდა. ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელის ძეს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. და ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული. და ოთხი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: „წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც დადებული მაქვს, რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავო უფალს.“ და უთხრა მეფემ: „მშვიდობით გევლოს!“ და ადგა და წავიდა ხებრონს. მაცნეები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა ტომში და შეუთვალა: „ბუკის ხმის გაგონებისთანავე გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდაო ხებრონში!“ ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან, და ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ რა ხდებოდა. და გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი, დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან – გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. და განმტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ. მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: „აბესალომს მიემხრო მთელი ისრაელი.“ და უთხრა დავითმა თავის მსახურთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: „ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და არ შეგვიპყროს, და უბედურება არ დაგვათიოს თავს, მახვილს არ მისცეს ქალაქი.“ და უთხრეს მეფის მსახურებმა მეფეს: „გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და აჰა, ჩვენც აქა ვართ, შენი მსახურნი.“ და გავიდა მეფე და ფეხით მიჰყვა მას მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სახლის საპატრონოდ. და როცა გავიდა მეფე, ფეხდაფეხ მიჰყვა მას მთელი ხალხი, და დადგნენ ერთ განაპირა სახლში. მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მსახურნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გათელები – 600 კაცი, გათიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს. და უთხრა მეფემ ითაი გათელს: „შენ რაღას მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და შენი ადგილიდან გადმოხვეწილი. გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გაიძულო ჩვენთან ერთად წამოსვლა? მე წავალ, სადაც იქნება; შენ კი გაბრუნდი და უკან გააბრუნე შენი ძმები. წყალობა და ჭეშმარიტება იყოს შენთან!“ მიუგო ითაიმ მეფეს და უთხრა: „უფალს და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ: სადაც არ უნდა იყოს ჩემი მეფე-ბატონი, სიკვდილსაცა და სიცოცხლეშიც, შენს გვერდით იქნება შენი მსახური.“ და უთხრა დავითმა ითაის: „წამოდი და იარე.“ და წაჰყვა ითაი გათელი და მთელი მისი ხალხი და მთელი მისი წვრილფეხობა, ვინც კი მასთან იყო. და ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა, ვიდრე ეს ხალხი ჩაივლიდა. და გადალახა მეფემაც კიდრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას. და აჰა, ცადოკს და მასთან ერთად ყველა ლევიანს მოჰქონდათ ღვთის აღთქმის კიდობანი. და დაასვენეს ღვთის კიდობანი. და მაღლობზე იდგა აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან. და უთხრა მეფემ ცადოკს: „დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის ადგილსამყოფელს. და თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ? მიყოს, რასაც ინებებს.“ და უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: „აბა, მშვიდობით დაბრუნდი ქალაქში, ახიმაყაცი, შენი ძე, და იონათანი, აბიათარის ძე, თქვენი ორივე შვილი თქვენთან ერთად; იცოდეთ, უდაბნოს ვაკობზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან.“ და გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ. ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას ფეხშიშველი და თავდაბურული; ადიოდა და ტიროდა; და ასევე მასთან მყოფი მთელი ხალხი თავდაბურული მოთქმა-გოდებით ადიოდა. და როცა შეატყობინეს დავითს: ახითოფელიც შეთქმულებაში არისო აბესალომთან, დავითმა თქვა: „უფალო, სიგიჟედ აქციე ახითოფელის თათბირი.“ და მიაღწია დავითმა მთის თხემამდე, სადაც თაყვანი სცა ღმერთს, და აჰა, მოდის ხუშაი არქელი, ღვთის ერთგული, სამოსელშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი. და უთხრა დავითმა: „თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები, ხოლო თუ ქალაქში გაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მსახური ვარ, მეფევ; როგორც აქამდე მამაშენის მსახური ვიყავი, ამიერიდან შენი მსახური ვარ-თქო, ამით გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს. განა შენთან არ იქნებიან იქ მღვდლები: ცადოკი და აბიათარი? და ყველაფერს, რასაც გაიგონებ მეფის სასახლეში, ცადოკსა და აბიათარს – მღვდლებს – შეატყობინებ. იქა ჰყავთ მათ ორი ვაჟი: ცადოკს – ახიმაყაცი და აბიათარს – იონათანი. მათ მიერ მომაწვდენთ ყველა ამბავს, რასაც გაიგებთ.“ და მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში. სმთის თხემს რომ ცოტაზე ჩამოსცდა, დავითს ციბა შემოხვდა, მეფიბოშეთის მსახური, წყვილი სახედრით, რომელთაც ეკიდათ 200 პური, 100 მტევანი ჩამიჩი, 100 გალა ლეღვის ჩირი და ერთი ტიკი ღვინო. და უთხრა მეფემ ციბას: „რად გინდა ესენი?“ და უთხრა ციბამ: „სახედრები – მეფის სახლისთვის საფერხედ, პური და ხილი – მსახურთათვის საჭმელად, ღვინო – უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთა სასმელად.“ და უთხრა მეფემ ციბას: „სად არის შენი ბატონის ძე?“ და მიუგო ციბამ: „იერუსალიმში დარჩა, რადგან ფიქრობს, დღეს მაინც დამიბრუნებსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს.“ და უთხრა მეფემ ციბას: „შენთვის მომიცია მეფიბოშეთის მთელი სარჩო-საბადებელი.“ და თქვა ციბამ: „თაყვანს გცემ, დაე, მადლი ვპოვო შენს თვალში, მეფე-ბატონო!“ ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, აჰა, გამოდის იქიდან საულის სახლის ნათესავი კაცი, სახელად შიმეყი, გერას ძე, მოდის და მოიწყევლება. ის ქვებს ესროდა დავითს და მის მსახურებს, თუმცა ხალხი მეომრებითურთ მის მარჯვნივ და მის მარცხნივ იყვნენ. ასე სწყევლიდა მას შიმეყი: „განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო! შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლადაც გამეფდი, და შენს ძეს – აბესალომს ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ!“ უთხრა აბიშაიმ, ცერუიას ძემ მეფეს: „რისთვის წყევლის ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!“ და უთხრა მეფემ: „რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ იწყევლება, იქნებ უფალმა უბრძანა, დასწყევლეო დავითი. ვინ ეტყვის: ასე რატომ აკეთებო?“ და უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა მის მსახურს: „როცა ჩემი ძე, ჩემი საზარდულიდან გამოსული, მოსაკლავად მომდევს, ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს; ალბათ უფალმა ასე უბრძანა მას. ეგებ მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს.“ და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმეყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა. მეფე და მასთან მყოფი ხალხი გადავიდნენ იორდანეზე დაღლილ-დაქანცულნი და იქ მოითქვეს სული. ხოლო აბესალომი და მთელი ისრაელიანები შევიდნენ იერუსალიმში, ახითოფელიც მათთან იყო. და როცა მივიდა ხუშაი არქელი, დავითის მეგობარი აბესალომთან, უთხრა მას: „დღეგრძელობა მეფეს! დღეგრძელობა მეფეს!“ და უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?“ უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთან ვარ და მასთან დავრჩები. ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისევე გემსახურები.“ და უთხრა აბესალომმა ახითოფელს: „გვირჩიე, რა გავაკეთოთ.“ და უთხრა ახითოფელმა აბესალომს: „შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან და გამხნევდებიან შენი მომხრეები.“ და გაშალეს კარავი აბესალომისთვის ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ. ახითოფელის მიერ გაცემული რჩევები იმხანად ისე ითვლებოდა, როგორც ღმერთისთვის ნაკითხი რამ. ასეთი იყო ახითოფელის ყოველი რჩევა დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც. და უთხრა ახითოფელმა აბესალომს: „შემარჩევინე 12 ათასი კაცი, ავდგები და ამაღამვე დავედევნები დავითს. თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია. შიშის ზარს დავცემ და გაეფანტება მთელი ხალხი, ვინც მასთან არის, და მოვკლავ მარტოდ დარჩენილ მეფეს. და შენსკენ მოვაქცევ მთელ ხალხს, და როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.“ და მოეწონათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას. და თქვა აბესალომმა: „ხუშაი არქელსაც მოუხმეთ, მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.“ როცა ხუშაი მივიდა აბესალომთან, უთხრა აბესალომმა: „ასე და ასე ლაპარაკობს ახითოფელი; მოვიქცეთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ თქვი რამე.“ მიუგო ხუშაიმ აბესალომს: „არ ივარგებს ამჯერად ახითოფელის თათბირი.“ და თქვა ხუშაიმ: „ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან და გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი ველზე. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად არ დარჩებოდა ღამით. აჰა, ახლა, ალბათ, რომელიმე მღვიმეში ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა: დამარცხდაო აბესალომის ხალხი, მაშინ უმამაცესნიც კი, რომელნიც ლომგულები არიან, შედრკებიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები; ამიტომ გირჩევ, შემოიკრიბო მთელი ისრაელი, დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საომრად. მივადგეთ მას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს დავეცეთ, როგორც ცვარი ეცემა მიწას, და ერთ კაცსაც არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან. თუ რომელიმე ქალაქში ჩაიკეტება, მთელი ისრაელი თოკებს შემოარტყამს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ, ისე, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას.“ და თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელის ძემ: „ხუშაი არქელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს.“ უფალმა გადაწყვიტა, ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის. და უთხრა ხუშაიმ ცადოკ და აბიათარ მღვდლებს: „ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიე. ახლა საჩქაროდ გაუგზავნეთ და შეუთვალეთ დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ ღამეს, გაღმა გადი-თქო, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხიც.“ როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მხევალი და უთხრა, წასულიყვნენ და ეცნობებინათ დავით მეფისთვის, რადგან ქალაქში გამოჩენა არ შეეძლოთ მათ. მაგრამ დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა აბესალომს, მაგრამ საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მივიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში, რომელსაც ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ. და ადგა იმ კაცის ცოლი და ქვეშსაფენი გადააფარა ჭას და ზედ ბურღული დააყარა. და დაიფარა კვალი. როცა აბესალომის მსახურნი მივიდნენ ამ ქალთან სახლში და იკითხეს: „სად არიან ახიმაყაცი და იონათანი?“ ქალმა უთხრა: „წყალს გაღმა გავიდნენ.“ და ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ. მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს დავით მეფეს. უთხრეს: „ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩია თქვენზე ახითოფელმა.“ და ადგა დავითი და მთელი მისი ხალხი და გადავიდნენ იორდანეზე. განთიადამდე არავინ დარჩენილა იორდანეს გაღმა გაუსვლელი. და როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი, გაემზადა და შინ წავიდა, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა თავის სახლს და თავი ჩამოიხრჩო. და მოკვდა და თავისი მამის საძვალეში დამარხეს. ამასობაში დავითი მივიდა მახანაიმში, ხოლო აბესალომმა გადალახა იორდანე და უკან მიჰყვა მას მთელი ისრაელი. იოაბის ნაცვლად ყამასა დააყენა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იშმაყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან. და დაიბანაკეს ისრაელმა და აბესალომმა გალაადის მიწაზე. როცა დავითი მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ რაბადან, ყამონიანთაგანმა და მაქირ ყამიელის ძემ ლო-დებარიდან და ბარზილაი გალაადელმა როგელიმიდან ქვეშაგებელი, თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი, ფქვილი და ქუმელი, ცერცვი და ოსპი, თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალნი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან. აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი, და დაუყენა მათ ათასისთავები და ასისთავები. და სამ ჯგუფად დაყოფილი ჯარი ასე გაანაწილა: ერთი მესამედი იოაბს ჩააბარა, ერთი მესამედი – აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, დანარჩენი მესამედი – ითაი გათელს. და უთხრა მეფემ ხალხს: „მეც თქვენთან გამოვალ.“ ხოლო ხალხმა მიუგო: „არ გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ უკუვიქეცით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ; ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ ჩაგვაგდებენ რამედ. შენ კი 10 ათასს ჩვენისთანას უდრი, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ქალაქიდან მოგვეშველები.“ და უთხრა მათ მეფემ: „როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი.“ და დარჩა კარიბჭესთან მეფე, ვიდრე ხალხი ასეულებად და ათასეულებად გადიოდა. და უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის, და უთხრა: „დამიზოგეთ ყმაწვილი აბესალომი.“ და მთელმა ხალხმა მოისმინა მეფის ეს ნათქვამი, რაც აბესალომზე უბრძანა მეფემ ყველა სარდალს. გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში. და იძლია ისრაელის ხალხი დავითის მსახურთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს და გაწყდა 20 ათასი კაცი. და მოედო ბრძოლა მთელს იმ მხარეს, და ტყემ იმ დღეს უფრო მეტი ხალხი მოსრა, ვიდრე მახვილის პირმა. და შეეყარა აბესალომი დავითის მსახურთ. აბესალომი ჯორზე ამხედრებული გარბოდა. როცა ჯორმა ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გაირბინა, აბესალომი თმებით წამოედო მუხის ტოტებს და ჰაერში დარჩა ტოტებზე ჩამოკიდებული, ჯორი კი გაიქცა. ეს დაინახა ერთმა კაცმა და იოაბს შეატყობინა: აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებულიო. და უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: „თუ დაინახე, რატომ ადგილზევე არ დააკალ მიწას? ჩემზე იქნებოდა ათი შეკელი ვერცხლი და ერთი სარტყელი.“ და უთხრა იმ კაცმა იოაბს: „ათასი შეკელი ვერცხლიც რომ მომცენ, ხელს მაინც არ აღვმართავ უფლისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაის და ითაის, დამიზოგეთო ყმაწვილი აბესალომი. კიდეც რომ რაიმე მექნა მისი სიცოცხლის საზიანოდ, სიცრუე არ დაიფარებოდა და მეფესაც არაფერი გამოეპარებოდა, შენ კი განზე განმიდგებოდი.“ და უთხრა იოაბმა: „ტყუილად ვკარგავ შენთან დროს!“ სამი ისარი აიღო და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე. მერე გარს შემოადგა აბესალომს ათი ჭაბუკი – იოაბის საჭურველთმტვირთველნი – და ბოლომდე მოაკვდინეს იგი. და დასცა იოაბმა ბუკი და უკან მობრუნდა ისრაელიანთა მადევარი ხალხი, რაკი იოაბმა შეაკავა ისინი. და აიღეს აბესალომი, ჩააგდეს ტყეში ერთ დიდ ორმოში და ზედ დიდძალი ქვა-ღორღი დაახვავეს. მერე თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ ისრაელიანები. აბესალომს თავის სიცოცხლეშივე ჰქონდა აღმართული ძეგლი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო, და თავისი სახელი უწოდა ძეგლს, და დღემდე ეწოდება მას აბესალომის ძეგლი. და უთხრა იოაბს ახიმაყაცმა, ცადოკის ძემ: „გავიქცევი და ვახარებ მეფეს, რომ უფალმა თავისი სამართლით დაიხსნა მისი მტრების ხელიდან.“ და უთხრა იოაბმა: „ვერ იქნები დღეს კარგი მახარობელი. სხვა დღეს შეგიძლია მიუტანო კარგი ცნობა. დღეს ვერ მიუტან კარგ ამბავს, რადგან უფლისწული მოკვდა.“ და უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: „წადი, მოახსენე მეფეს, რაც დაინახე.“ თაყვანი სცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა. და კვლავ უთხრა ახიმაყაცმა, ცადოკის ძემ, იოაბს: „რა იქნება, რომ ქუშელს გავეკიდო უკან?“ და უთხრა იოაბმა: „რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? კარგი სამახარობლო არ გერგება.“ „რაც უნდა მოხდეს,“ – თქვა მან, – „მაინც გავიქცევი.“ და უთხრა: „გაიქეცი.“ და გაიქცა ახიმაყაცი ხეობის გზით და დაასწრო ქუშელს. დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა, ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; გაიხედა და თვალი მოავლო ირგვლივ. აჰა, ვიღაც კაცი მარტო მორბის. შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. და თქვა მეფემ: „თუ მარტოა, კარგი მახარობელი იქნება.“ ის თანდათან ახლოვდებოდა. და დაინახა გუშაგმა, რომ კიდევ მორბის სხვა კაცი და ჩამოსძახა კარისმცველს და უთხრა: „აჰა, კაცი მორბის მარტო.“ და თქვა მეფემ: „ესეც კარგი მახარობელია.“ და თქვა გუშაგმა: „მე ვატყობ, რომ პირველი კაცი ცადოკის ძე, ახიმაყაცი უნდა იყოს.“ მეფემ თქვა: „კარგი კაცია და კარგი ამბავიც უნდა მოჰქონდეს.“ შესძახა ახიმაყაცმა და უთხრა მეფეს: „მშვიდობა!“ და მდაბლად თაყვანი სცა მეფეს და უთხრა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელთაც ხელი აღმართეს ჩემს მეფე-ბატონზე.“ და ჰკითხა მეფემ: „ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი აბესალომი?“ და უთხრა ახიმაყაცმა: „დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი მეფის მსახურს და შენს მსახურს აგზავნიდა, და ვერ მივხვდი, რა იყო.“ და თქვა მეფემ: „განზე გადი და იქ დადექი.“ განზე გავიდა ისიც და დადგა. ახლა ქუშელი მოვიდა და თქვა ქუშელმა: „სასიხარულო ამბავი მომაქვს მეფე-ბატონისთვის! უფალმა დაგისაჯა დღეს შენი მოწინააღმდეგენი.“ და უთხრა მეფემ ქუშელს: „ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი აბესალომი?“ და უთხრა ქუშელმა: „ისე მეფე-ბატონის მტრები იყვნენ და შენს საბოროტოდ აღმდგარნი, როგორც ის ყმაწვილია!“ და შეშფოთდა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. როცა მიდიოდა, ასე ამბობდა: „შვილო აბესალომ! შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!“ და მოახსენეს იოაბს, მეფე ტირის, აბესალომს იგლოვსო. გლოვად გადაექცა იმ დღეს გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან შეიტყვეს, რომ მეფე შვილს გლოვობდა. ხალხი იმ დღეს ფარულად მოიპარებოდა ქალაქში, როგორც მოიპარებიან ხოლმე ბრძოლის ველიდან უკუქცეული, შერცხვენილი მებრძოლები. სახე დაეფარა მეფეს და ხმამაღლა მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ! აბესალომ, შვილო, შვილო!“ და მივიდა იოაბი მეფესთან სახლში და უთხრა: „სირცხვილში ჩაყარე დღეს შენი მსახურნი, რომელთაც გადაგირჩინეს დღეს შენი ძენი, შენი ასულები, შენი ცოლები და ხარჭები. შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია, რადგან დღეს გვაჩვენე, რომ არაფრად აგდებ სარდლებსა და მსახურთ. დღეს გავიგე, რომ გერჩივნა აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით. ახლა ადექი და გადი, გაამხნევე შენი მსახურნი, რადგან, თუ არ გახვედი, უფალს ვფიცავ, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს, და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია.“ და ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. და აუწყეს მთელს ხალხს: აჰა, კარიბჭესთან ზისო მეფე. და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელიანები თავ-თავის კარვებში გაიქცნენ. ასე განსჯიდა მთელი ხალხი ისრაელის ყველა ტომში: „მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და გაგვათავისუფლა ფილისტიმელთაგან, ახლა კი თავად გაექცა ქვეყნიდან აბესალომს. ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ, ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?“ დავით მეფემ შეუთვალა ცადოკსა და აბიათარ მღვდლებს: „ასე უთხარით იუდას უხუცესებს: ‘რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, რადგან მთელი ისრაელის სიტყვა უკვე მიუვიდაო მეფეს შინ? ჩემი ძმები ხართ თქვენ, ჩემი სისხლი და ხორცი, და რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?’ ყამასას უთხარით: ‘განა ჩემი სისხლი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა, და უარესიც დამმართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი მხედართმთავარი სამუდამოდ.’“ ერთი კაცივით გადაიბირა მან მთელი იუდა და მათაც შეუთვალეს მეფეს: „დაბრუნდი მთელი შენი მსახურებიანად.“ და დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდაელნი მივიდნენ გილგალს, რომ მიგებებოდნენ მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანათ იგი. შიმეყი, გერას ძე, ბენიამინელი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად; მას თან ახლდა ათასი ბენიამინიელი კაცი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური, თავის 15 შვილითა და 20 მსახურითურთ, და გადმოლახეს იორდანე მეფის თვალწინ. და გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლეული და კეთილი სამსახური გაეწიათ მეფისთვის. და როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმეყი, გერას ძე განერთხა მის წინაშე. და უთხრა მეფეს: „ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებს, რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმს ტოვებდა მეფე-ბატონი, და გულში ნუ ჩაიდებ ამას, მეფევ, რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შესცოდა. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რათა მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს.“ და მიუგო აბიშაიმ, ცერუიას ძემ, და თქვა: „ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმეყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?“ და თქვა დავითმა: „რა გვაქვს ჩვენ საერთო, ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგახართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოიკლას დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?“ და უთხრა მეფემ შიმეყის: „არ მოკვდები.“ და შეჰფიცა მას მეფემ. და ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაშზე უზრუნავს და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე. და როცა გავიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: „რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?“ და თქვა: „მეფე-ბატონო, ჩემმა მსახურმა მომატყუა. ეუბნებოდა მას შენი მსახური: ‘სახედარი შემიკაზმე, რომ შევჯდე და მეფეს გავყვე-მეთქი, რადგან კოჭლია შენი მსახური.’ და ცილი დასწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან. მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს! განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეებთან დასვი სუფრაზე შენი მსახური. ახლა რაღა უფლება მაქვს, მეფესთან ვჩიოდე?“ და უთხრა მეფემ: რატომღა ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი მიწები. და უთხრა მეფეს მეფიბოშეთმა: „ყველაფერი წაიღოს, რაკიღა მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში.“ ბარზილაი გალაადელიც ჩამოვიდა როგელიმიდან და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინა მეფე იორდანეს გაღმა. ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, 80 წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო. და უთხრა მეფემ ბარზილაის: „წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.“ და უთხრა ბარზილაიმ მეფეს: „კიდევ რამდენია ჩემი სიცოცხლის დღენი, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს? 80 წლისა ვარ ახლა; განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დააწვეს შენი მსახური ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს? კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მსახური იორდანეს გაღმა. ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე? ნება დართე შენს მსახურს, უკან დაბრუნდეს, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მსახური ქიმჰამი წამოჰყვება ჩემს მეფე-ბატონს და მოექეცი, როგორც გენებოს.“ უთხრა მეფემ: „წამომყვეს ქიმჰამი, და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება, და რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ.“ და გავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, და გადავიდა მეფეც. და გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დალოცა და ისიც დაბრუნდა თავის მხარეში. და გაემართა მეფე გილგალისკენ და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ნახევარი აცილებდა მეფეს. და აჰა, მოვიდა მთელი ისრაელი მეფესთან და უთხრა მეფეს: „რატომ დაგისაკუთრეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა, და გადაიყვანეს მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს გაღმა?“ მიუგო მთელმა იუდამ ისრაელიანთ: „იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია მეფე. რად გაბრაზებთ ეს ამბავი? განა მეფე გვარჩენს ჩვენ, განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?“ და მიუგეს ისრაელიანებმა იუდას კაცებს და უთხრეს: „ჩვენა ვართ მეფის ათი წილი, დავითიც უფრო მეტად ჩვენ გვეკუთვნის, ვიდრე თქვენ. რატომ დაგვამცირეთ? განა პირველმა ჩვენ არა ვთქვით სიტყვა ჩვენი მეფის დასაბრუნებლად?“ მაგრამ ისრაელიანებზე უფრო მტკიცედ ლაპარაკობდნენ იუდას კაცები. და მოხვდა იქ ერთი უგვანი კაცი, სახელად შებაყი, ბიქრის ძე, ბენიამინელი; ბუკი დაჰბერა მან და გამოაცხადა: „არა გვაქვს წილი დავითთან, არა გვაქვს წილი იესეს ძესთან! ყველა თავის კარვებისაკენ, ისრაელიანებო!“ და ზურგი აქცია დავითს ისრაელმა და გაჰყვნენ შებაყს, ბიქრის ძეს, ხოლო იუდა არ მოშორებია თავის მეფეს იორდანედან იერუსალიმამდე. და დაბრუნდა მეფე იერუსალიმში თავის სახლში. და გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა, სახლის საპატრონოდ რომ ჰყავდა დატოვებული და მოათავსა განსაკუთრებულ სახლში დაცვის მიჩენით, და არჩენდა მათ, მაგრამ არ შედიოდა მათთან. და გამოკეტილნი იყვნენ სიკვდილის დღემდე, და ქვრივებივით ცხოვრობდნენ. და უთხრა მეფემ ყამასას: „სამ დღეში შემიყარე იუდა და შენც აქ მეახლე.“ და წავიდა ყამასა იუდას მოსახმობად, მაგრამ გადააცილა მისთვის დაწესებულ ვადას. მაშინ უთხრა დავითმა აბიშაის: „აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყი, ბიქრის ძე. წაიყვანე შენი ბატონის მსახურნი და დაედევნე, რათა გამაგრებული ქალაქები არ იპოვოს და არ მიეფაროს ჩვენს თვალთაგან.“ და გაჰყვა მას იოაბის ხალხი, და ქერეთელნი და ფელეთელნი, და გავიდა ყველა მამაცი იერუსალიმიდან შებაყის, ბიქრის ძის მდევრად. გიბეონში დიდ ლოდთან რომ მივიდნენ, ყამასა წარუდგა მათ. იოაბი აბჯარში იჯდა და ხმალი ერტყა, რომელიც თეძოზე დასთრევდა ქარქაშით, რომლიდანაც იოლი ამოსაძრობი იყო. და უთხრა იოაბმა ყამასას: „ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?“ და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად. და ვერ დაიცვა თავი ყამასამ მახვილისაგან, იოაბს რომ ეჭირა ხელში, და ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაუცია, მკვდარი იყო. და დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს. თავზე ედგა მოკლულს იოაბის მსახურთაგანი და ამბობდა: ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა, იოაბს გაჰყვესო! სისხლში მოსვრილი ეგდო ყამასა შუა გზაზე. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გზიდან გადაათრია ყამასა მინდორში, და მოსასხამი წააფარა, რადგან ხედავდა, რომ ყველა ჩერდებოდა, ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს. და როცა გზიდან გადაათრიეს ის, ყველანი იოაბს გაჰყვნენ, რათა შებაყ ბიქრის ძეს დასდევნებოდნენ. მან კი ისრაელის ყველა ტომი გაიარა აბელ-ბეთ-მაყაქამდე. შეიკრიბა ყველა ბერიელი და გაჰყვა მას. როცა მოვიდა იოაბის ხალხი, მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთ-მაყაქაში. და აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, ცდილობდა კედლის განგრევას. და დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქის კედლიდან: „მომისმინეთ! მომისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი!“ და მიუახლოვდა მას იოაბი და თქვა დედაკაცმა: „შენა ხარ იოაბი?“ მიუგო: „მე ვარ.“ უთხრა: „ყური უგდე შენი მხევლის სიტყვას.“ და თქვა: „გისმენ.“ უთხრა დედაკაცმა: „ასე იტყოდნენ ძველად: ვისაც კითხვა სურს, აბელში იკითხოსო. – და ისე წყვეტდენ საქმეს. მე ისრაელის ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი ქალაქთაგანი ვარ. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელისა? რატომ სპობ უფლის სამკვიდროს?“ მიუგო იოაბმა და უთხრა: „შორს, შორს ჩემგან მისი ნგრევა და განადგურება! აქ სხვა ამბავია: ერთმა კაცმა ეფრემის მთიდან, სახელად შებაყ ბიქრის ძემ, ხელი აღმართა მეფე დავითზე. მხოლოდ ის მოგვეცით და დავეხსნები ქალაქს.“ და უთხრა დედაკაცმა იოაბს: „კეთილი. გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს.“ და მივიდა დედაკაცი ხალხთან თავისი გონივრული სიტყვით. და მოკვეთეს თავი შებაყ ბიქრის ძეს და გადაუგდეს იოაბს. და ბუკსა სცა მან, და ყველანი მოსცილდნენ ქალაქს და თავ-თავის კარვებში მიმოიფანტნენ. ხოლო გაბრუნდა იოაბი იერუსალიმში მეფესთან. იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელ ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე – ქერეთელებსა და ფელეთელებს; და ადორამი ხარკის აკრეფას განაგებდა. და იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო; შევა მწიგნობარი იყო, ცადოკი და აბიათარი კი – მღვდლები, იაირელი ყირაც მღვდელი იყო დავითთან. დავითის დღეებში ზედიზედ სამ წელიწადს შიმშილობა იყო ქვეყანაში. და დაეკითხა დავითი უფალს. და უთხრა უფალმა: „საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, გიბეონელნი რომ გაწყვიტაო.“ დაიბარა მეფემ გიბეონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არა ისრაელიანები, არამედ დარჩენილ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ შურის გამო. და უთხრა დავითმა გიბეონელებს: „რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა და აკურთხოთ უფლის სამკვიდრო?“ და უთხრეს გიბეონელებმა: „არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მისი სახლისგან. არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში.“ და თქვა მეფემ: „რასაც იტყვით, აგისრულდებათ.“ და უთხრეს მეფეს: „რაკი გვანადგურებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან, უნდა ჩაგვაბარონ შვიდი კაცი მის ძეთაგან და ჩვენ ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე საულის გიბყაში, უფლის მთაზე.“ მეფემ თქვა: „ჩაგაბარებთ.“ და დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა, და უფლის ფიცის გამო, რომელიც დაიდო მათ შორის – დავითსა და იონათან საულის ძეს შორის. და წამოიყვანა მეფემ ორი ძე რიცფასი, აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი; და წამოიყვანა ხუთი ძე მიქალისა, საულის ასულისა, რომლებიც მან უშვა ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს. და ხელთ მისცა გაბაონელებს, რომელთაც ისინი ჩამოჰკიდეს მთაზე უფლის წინაშე. და დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი ქერების მკის პირველ დღეებში. და აიღო რიცფამ, აიას ასულმა ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე. და უგერიებდა გვამებს დღისით ცის ფრინველებს და ღამით ველის ნადირს. და შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, აიას ასულმა, საულის ხარჭამ. და წავიდა დავითი და წამოიღო საულის ძვლები და მისი ძის, იონათანის ძვლები გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთ-შანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოჰკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა საული გილბოაყში. და ამოიტანა იქიდან საულის ძვლები და მისი ძის, იონათანის ძვლები; და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლები. და დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, კიშის, მისი მამის სამარხში. და ყველაფერი შეასრულეს, რაც ბრძანა მეფემ. ამის შემდეგ მოიღო ღმერთმა ქვეყანაზე მოწყალება. და კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. და გამოვიდა დავითი თავისი მსახურებითურთ. და შეებრძოლნენ ისინი ფილისტიმელებს. და მოიქანცა დავითი. მაშინ იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც 300 შეკელიანი ბრინჯაოს შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა. და მიეშველა მეფეს აბიშაი, ცერუიას ძე, და დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა. მაშინ დავითის კაცებმა დააფიცეს ის და უთხრეს: „აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საომრად, რომ არ ჩააქრო ისრაელის ლამპარი.“ ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო. კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან, და ელხანანმა, იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გათელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი საქსელე ლილვის სიმსხო იყო. კიდევ მოხდა ბრძოლა გათში, და იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ესხა – სულ 24. ისიც რაფას ნაშიერი იყო. და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათანმა, შიმეყას ძემ, დავითის ძმისწულმა. ეს ოთხნი იყვნენ რაფას ნაშიერთაგან გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ. და წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან. და თქვა: „უფალი კლდე და ციხესიმაგრეა ჩემი, მხსნელია ჩემი! ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ. ფარია ჩემი და თავშესაფარი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენ მოძალადისაგან! უფალს, დიდებულს, შევღაღადე და მტრებს გადავურჩი. რადგან მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, დაღუპვის ნიაღვრებმა შემაშინეს. შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს. ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს, ჩემს ღმერთს შევძახე, და ისმინა მის ტაძარში ჩემი ხმა, და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი. შეიძრა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი იძვროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აღეგზნო იგი. ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და შემჭმელი ცეცხლი – მისი ბაგეებიდან, მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ. და მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა, ღრუბელი მოექცა ფეხქვეშ. და ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და ქარის ფრთებზე გამოჩნდა. კარვად წყვდიადი, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი მოიბურა. მისი ბრწყინვალებით გიზგიზებდნენ ცეცხლის ნაკვერცხლები. ზეციდან დაიქუხა უფალმა, და უზენაესმა ხმა გამოსცა. ისრები სტყორცნა და მიმოფანტა ჩემი მტრები, დაიგრგვინა და გზა-კვალი აუბნია მათ. გამოჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან. ხელი გადმოყო ზეგარდმო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა. მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაგან ძლეული ვიყავ. ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი. ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო. მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლისამებრ და ჩემი ხელების სიწმინდისამებრ გადამიხადა. რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისათვის არ შემიცოდავს. რადგან მისი მცნებები წინ მედო, და მისი წესებისთვის არ გადამიხვევია. წრფელი ვიყავ მის მიმართ, და ცოდვას გავურბოდი. და გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ, და სიწმიდისაებრ მის თვალში. მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ, უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ! და უკუღმართთან – მისი ცბიერებისამებრ. დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, და მედიდურებს მზერით აცამტვერებ. უფალო, ლამპარი ხარ ჩემი! უფალი ნათელია ბნელში. რადგან შენთან ერთად ურდოებს შევებმები, ჩემს ღმერთთან ერთად გალავანს გადავევლები. წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი, რადგან არვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა. ვინ არის კლდე, გარდა ჩვენი ღვთისა? ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი და გზის წრფელად წარმმართველი. ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და სიმაღლეებზე მაყენებს მტკიცედ. ბრძოლისთვის გამიწრთვნის ხელებს, და ბრინჯაოს მშვილდს მოჭიმავს ჩემი მკლავი. ხსნის ფარს შენ მაძლევ, და შენი წყალობა განმადიდებს. შენ მიფართოებ ნაბიჯს, და არ მებორძიკება ფეხები. მტერს ვედევნები მოსასპობად, და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ. ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, და ჩემს ფერხთით ეცემიან. შენ შემომსარტყლავ ძალას საომრად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს წინააღმდგომთ. მტრის ზურგს მიჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს. შველას ითხოვენ, მაგრამ არა ჩანს მხსნელი; უფალს მოუხმობენ, მაგრამ პასუხს არ იძლევა. მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვთელავ და ვჯეგავ. შენ დამიხსენი ჩემს მეამბოხეთაგან, შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება. უცხოთესლნი მეთნევიან, ჩემი ხმის გაგონებაზე მემორჩილებიან. უცხოთესლნი უძლურდებიან, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან. ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს ჩემი დამცველი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, თავშესაფარი ჩემი ხსნისა, ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი; მტერთაგან ჩემი გამრიდებელი, და ჩემს მოჯანყეებზე ჩემი ამამაღლებელი, მოძალადეთაგან ჩემი მფარველი! ამიტომ გადიდებ, შენ, უფალო, ხალხთა შორის და შენს სახელს ვუგალობ. ხსნის გოდოლია იგი თავისი მეფისთვის, მწყალობელი – თავისი ცხებული დავითისთვის და მისი მოდგმისა უკუნისამდე.“ ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმოვანმა მგალობელმა: „უფლის სული მეტყველებს ჩემი პირით; და ჩემს ენაზეა მისი სიტყვა. მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, ნათება ნაწვიმარზე, მიწიდან აბიბინებული ბალახი. განა ასეთი არ არის ჩემი სახლი ღმერთის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ჩემი შველა? განა მისით არ მისრულდება ჩემი ნატვრა? უკეთურნი ეკლებივით აღმოიფხვრებიან, ხელით რომ არ აიღება. ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.“ ესენია დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე მოკლა. მის შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვით იწვევდნენ საომრად შეკრებილ ფილისტიმელებს. ისრაელიანები გამოვიდნენ მათ წინააღმდეგ, და შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს მანამდე, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. და მხოლოდ იმისთვის გამოჰყვა მას ხალხი, რომ მკვდრები ეძარცვათ. მის შემდეგ შამა აგეს ძე, ჰარარელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები ლეხში, იყო იქ მინდვრის ნაკვეთი, სადაც ოსპი ეთესა, და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან. და ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას. მუსრი გაავლო ფილისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა. და ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათ მეთაურთაგანნი და მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში ალოობისას, ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი. დავითი მაშინ კლდის სიმაგრეში იყო, ხოლო ფილისტიმელების მეციხოვნეები ბეთლემში იდგნენ. და მოსწყურდა დავითს და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?“ და გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მიუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი შესმა და უფლის წინაშე დაღვარა. და თქვა: „შორს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ და არ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ეს საქმეები ჰქონდათ ჩადენილი ამ სამ მოყმეს. აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ოცდაათის თავი იყო. 300 კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. და ჰქონდა მას სახელი იმ სამთა შორის. ოცდაათს შორის მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა; ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცის ძე, კაბცეელელი. მან დაამარცხა ორი ძე მოაბელი არიელისა. ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლობის დროს. მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა. ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამთა მოყმეთა შორის; 30დან გამოირჩეოდა, თუმცა იმ სამს ვერ გაუტოლდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა; ოცდაათს შორის იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა; ელხანანი, ბეთლემელი დოდოს ძე; შამა ხაროდელი, ელიკა ხაროდელი; ხელეც ფალტიელი; ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი; აბიყეზერ ყანათოთელი; მებუნაი ხუშათელი; ცალმონ ახოხელი; მაჰარაი ნეტოფათელი; ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი; ითაი რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან; ბენაია ფირყათონელი; ჰიდაი გაყაშის ხევიდან; აბი-ყალბონ ყარბათელი; ყაზმავეთ ბარხუმელი; ელიახბა შაყალბონელი; იაშენის ძეთაგან, იონათანი; შამა ჰარარელი; ახიამ შარარის ძე, ჰარარელი; ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი; ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი. ხეცრო ქარმელელი; ფაყარაი არბელი; იგალ ნათანის ძე ცობადან; ბანი გადელი; ცელეკ ყამონელი; ნახარაი ბეეროთელი, იოაბის, ცერუიას ძის, საჭურველმტვირთველი; ყირა ითრელი; გარებ ითრელი; ურია ხეთელი – სულ 37. კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ, და ათქმევინა: „წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.“ და უთხრა მეფემ იოაბს, თავისი ლაშქრის მხედართმთავარს, რომელიც მასთან იყო: „შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბეერ-შებაყამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.“ და უთხრა იოაბმა მეფეს: „უფალმა, შენმა ღმერთმა შემატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?“ და იძალა მეფის სიტყვამ იოაბსა და ლაშქრის მხედართმთავრებზე. და გავიდნენ მეფისგან იოაბი და მხედართმთავრები ისრაელიანთა აღსარიცხად. და გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებარეობს, იაყზერის პირდაპირ. და მივიდნენ გალაადში და კადეშში თახთიმ-ხოდშის მხარეში, იქიდან წავიდნენ დან-იაყანში და ციდონის მიდამოებში. მივიდნენ ცორის ციხესიმაგრესთან და მოიარეს ხიველთა და ქანაანელთა ყველა ქალაქი და გავიდნენ იუდას ნეგებში ბეერ-შებაყთან. და მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და 20 დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ. და მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის გრაგნილი; და აღმოჩნდა ისრაელში 800 ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში – 5 ათასი კაცი. და გულმა გაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ხალხი. და უთხრა დავითმა უფალს: „დიდად შევცოდე, იმით, რაც გავაკეთე. ახლა გევედრები შენ, უფალო, მიუტევე შეცოდება შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.“ და დილით, როცა ადგა დავითი, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს, დავითის მისანს: „წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სამს შემოგთავაზებ, ერთ-ერთი აირჩიე, რომ დაგსაჯო.’“ და მივიდა გადი დავითთან და გამოუცხადა ეს ამბავი: „რა გიჯობს: შვიდწლიანი შიმშილი შენს ქვეყანაში, სამი თვის ლტოლვილება შენი მტრებისგან და მათგან შენი დევნა, თუ შავი ჭირი სამ დღეს შენს ქვეყანაში? ახლა იფიქრე და აწონ-დაწონე, რა პასუხი მივუტანო ჩემს მომავლინებელს.“ და უთხრა დავითმა გადს: „მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.“ და მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში იმ დილიდან დათქმულ დრომდე, და გაწყდა დანიდან ბეერ-შებაყამდე 70 ათასი კაცი. ხოლო როცა გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის დასაღუპად, უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის დამღუპველ ანგელოზს: „კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი!“ იებუსელი არავნას კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი. და უთხრა დავითმა უფალს ხალხის შემმუსვრელი ანგელოზის დანახვისას: „აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!“ და მივიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: „წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო არავნა იებუსელის კალოზე.“ და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა. და გამოიხედა არავნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მსახურნი, და გამოვიდა არავნა და მდაბლად თაყვანი სცა მეფეს. და თქვა არავნამ: „რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მსახურთან?“ უთხრა დავითმა: „შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაგებად, რათა განერიდოს ხალხს ჟამიანობა.“ და უთხრა არავნამ დავითს: „აიღოს და აღავლინოს ჩემმა მეფე-ბატონმა, რაც ნებავს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად, აჰა, კევრი და ხარების უღლები სამსხვერპლო შეშად. ყველაფერ ამას უძღვნის, მეფეო, არავნა მეფეს.“ და უთხრა არავნამ მეფეს: „უფალი, შენი ღმერთი გწყალობდეს!“ და უთხრა მეფემ არავნას: „არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან. ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთად მიღებულ სრულადდასაწველს.“ და იყიდა მეფემ კალო და ხარები 50 შეკელ ვერცხლად. და აუგო დავითმა იქ უფალს სამსხვერპლო, აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი, და შეიწყალა უფალმა ქვეყანა და განერიდა ჟამიანობა ისრაელს. როცა მოხუცდა მეფე დავითი და სიბერით გაცვდა, თბილი საბნებიც კი აღარ ათბობდა. და უთხრეს მისმა მსახურებმა: „გამოუძებნონ ჩვენს მეფე-ბატონს ახალგაზრდა ქალწული ქალი, რომ წარდგეს მეფის წინაშე და მოუაროს მას და გვერდში დაუწვეს, ასე თუ გათბება ჩვენი მეფე-ბატონი.“ და დაუწყეს ძებნა ლამაზ ყმაწვილ ქალს მთელს ისრაელში და მონახეს შუნამელი აბიშაგი, და მიჰგვარეს მეფეს. ძალზე ლამაზი იყო ყმაწვილი ქალი და გახდა იგი მეფის მომვლელი და ემსახურებოდა მას, მაგრამ მეფეს არ შეუცვნია ის. გამედიდურდა ადონია, ხაგითის შვილი, და ამბობდა: მე უნდა ვიმეფოო. გაიჩინა ეტლები და მხედრები, და 50 მალემსრბოლი. და არ უსაყვედურია მამამისს, ასე რატომ იქცევიო? თვალტანადი ყმაწვილი იყო ის; აბესალომის მომდევნოდ ეყოლა იგი დედამისს. იოაბთან, ცერუიას ძესთან და აბიათარ მღვდელთან ჰქონდა საქმე დაჭერილი და ისინი ეხმარებოდნენ ადონიას. ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმეყი, რეყი და დავითის მოყმენი მხარს არ უჭერდნენ ადონიას. და დახოცა ადონიამ ცხვრები, ხარები, ნასუქალი ხბორები ზოხელეთის ლოდთან, ყენ-როგელის მახლობლად რომ არის, და მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები და იუდაელი კაცები, მეფის მსახურნი, ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, და მამაცი მოყმენი და სოლომონი, თავისი ძმა, არ მოუწვევია. და უთხრა ნათანმა ბათშებაყს, სოლომონის დედას: „გაიგე, რომ გამეფდა ადონია, ხაგითის ძე, ჩვენმა ბატონმა დავითმა კი არაფერი იცის? ახლა, მოდი, ერთ რამეს გირჩევ: უშველე თავს და სოლომონს, შენს შვილს. წადი, შედი დავით მეფესთან და უთხარი: ‘განა შენ არ იყავი, მეფე-ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს: შენი ვაჟი სოლომონი იმეფებს ჩემს შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე, მაშ რატომ გამეფდა ადონია?’ და აჰა, ვიდრე შენ მეფესთან იმასლაათებ, მეც შემოვალ და სიტყვას შეგაწევ.“ და შევიდა ბათშებაყი მეფესთან ოთახში. ძალზე მოხუცი იყო მეფე და შუნამელი აბიშაგი უვლიდა მას. თავი დახარა ბათშებაყმა და თაყვანი სცა მეფეს. და უთხრა მეფემ: „რა გინდა?“ და უთხრა: „ჩემო მეფე-ბატონო, ხომ შეჰფიცე შენს მხევალს უფლის, შენი ღმერთის სახელით: სოლომონი, შენი ვაჟი გამეფდება ჩემს შემდეგ და ჩემს ტახტზე ის დაჯდებაო? ახლა, აჰა, ადონია გამეფდა, შენ კი, მეფე-ბატონო, არაფერი გაგიგია. დაკლა მრავლი ხარი, მსუქანი მოზვერი და ცხვარი, და მოიწვია ყველა უფლისწული და აბიათარ მღვდელი და მხედარმთავარი იოაბი; ხოლო შენი მსახური სოლომონი არ მოუწვევია. შენ კი, ჩემო ბატონო, მეფე ხარ, და შენსკენაა მოპყრობილი მთელი ისრაელის თვალი, რომ გამოუცხადო, ვინ ავა ჩემი მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ. თორემ, როცა განისვენებს მეფე-ბატონი თავის მამებთან, დამნაშავენი გამოვალთ მე და ჩემი შვილი სოლომონი.“ და აჰა, ვიდრე ელაპარაკებოდა მეფეს, ნათან წინასწარმეტყველიც მოვიდა. მოახსენეს მეფეს და უთხრეს: „აჰა, ნათან წინასწარმეტყველი.“ შევიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანი სცა მას; და თქვა ნათანმა: „მეფე-ბატონო, შენა თქვი, რომ ჩემს შემდეგ ადონია გამეფდეს და ჩემს ტახტზე დაჯდესო? რადგან ჩამოვიდა დღეს, დაკლა მრავალი ხარი, ნასუქალი მოზვერი და ცხვარი, და მოიწვია ყველა უფლისწული, მხედართმთავრები და აბიათარ მღვდელი. ახლა იქ არიან და ჭამენ და სვამენ მის წინაშე. გაჰყვირიან: ‘დღეგრძელობა მეფე ადონიას!’ არ მივუწვევივარ არც მე, შენი მსახური, არც ცადოკ მღვდელი, არც ბენაია იეჰოიადაყის ძე, და არც სოლომონი, შენი მსახური. თუ მეფე-ბატონისგან მოდის ეს ბრძანება, რატომ არ მაუწყე შენს მსახურს, თუ ვინ უნდა დამჯდარიყო მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ?“ და მიუგო მეფე დავითმა და უთხრა: „ბათშებაყს დამიძახეთ!“ და შევიდა ბათშებაყი მეფესთან და წარუდგა მას. და დაიფიცა მეფემ და თქვა: „მოწმე იყოს უფალი, რომელმაც მიხსნა ყველა გაჭირვებიდან, რომ როგორც შემოგფიცე უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემს შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემს ნაცვლად, ასე გავაკეთებ დღეს.“ და დაბლა დახარა თავი ბათშებაყმა, და თაყვანი სცა მეფეს და უთხრა: „უკუნისამდე იცოცხლოს ჩემმა მეფე-ბატონმა დავითმა!“ და თქვა მეფე დავითმა: „მომიხმეთ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი და ბენაია იეჰოიადაყის ძე.“ და ისინიც წარდგნენ მეფის წინაშე. და უთხრა მათ მეფემ: „იახლეთ თქვენი ბატონის მსახურნი, შესვით ჩემი ძე სოლომონი ჩემს ჯორზე და გიხონში ჩაიყვანეთ. და იქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. და დაჰბერეთ ბუკსა და გამოაცხადეთ: უკუნისამდე ცხონდეს მეფე სოლომონი! და ამოჰყევით მას და მოვა და დაჯდება ჩემს ტახტზე; ის იმეფებს ჩემს ნაცვლად; მას ვუანდერძე მე ისრაელისა და იუდას წინამძღვრობა.“ და მიუგო ბენაია იეჰოიადაყის ძემ მეფეს და თქვა: ამინ! ასევე ბრძანოს უფალმა, ჩემი მეფე-ბატონის ღმერთმა! როგორც ჩემს მეფე-ბატონთან იყო უფალი, ასევე იყოს სოლომონთანაც. ჩემი მეფე-ბატონის, დავითის ტახტზე მეტად აამაღლოს მისი ტახტი. და ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, და შესვეს სოლომონი მეფე დავითის ჯორზე და გიხონისაკენ წაიყვანეს. და გამოიტანა მღვდელმა ცადოკმა კარვიდან ზეთის რქა და დაასხა სოლომონს. და დაჰბერეს ბუკსა და შესძახა მთელმა ხალხმა: „დღეგრძელი იყოს სოლომონ მეფე!“ უკან მოჰყვებოდა მთელი ხალხი სოლომონს, სტვირებს უკრავდნენ და ხარობდნენ დიდი სიხარულით, მიწა ირყეოდა მათი ყიჟინით. ის იყო მორჩნენ პურობას ადონია და მისი სტუმრები, რომ მოესმათ ეს ყიჟინა. და როცა გაიგონა იოაბმა ბუკისცემის ხმა, იკითხა, რა ხმაურიაო ქალაქში? ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, და აჰა, მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის ძე. და თქვა ადონიამ: „შემოდი, რადგან ღირსეული კაცი ხარ და ალბათ, კარგი ამბავიც მოგაქვს.“ და მიუგო იონათანმა ადონიას: „ვაგლახ, რომ არა! სოლომონი გაამეფა დავითმა, ჩვენმა მეფე-ბატონმა, და გააყოლა მას მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელები და ფელეთელები და შესვეს იგი მეფის ჯორზე, და მეფედ სცხეს იგი ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა გიხონში, და გახარებულნი ამოვიდნენ იქიდან, და შეიძრა ქალაქი, ეს ის ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ. უკვე ზის სოლომონი სამეფო ტახტზე. და მივიდნენ კიდეც და მიულოცეს მეფის მსახურებმა ჩვენს ბატონს, დავით მეფეს, და უთხრეს: ‘ადიდოს ღმერთმა სახელი სოლომონისა, შენი ძისა, შენს სახელზე მეტად, და აღამაღლოს მისი ტახტი შენს ტახტზე მეტად.’ და წამოიწია მეფე თავის საწოლზე და თაყვანი სცა. და ასე თქვა მეფემ: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა დღეს ტახტის მემკვიდრე და ჩემი თვალით მახილვინა.“ და შეეშინდათ ადონიას წვეულთ, წამოიშალნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ. ხოლო ადონიამ სოლომონის შიშით სამსხვერპლოს მიაშურა და მის რქებს მოეჭიდა. ეს შეატყობინეს სოლომონს და უთხრეს: „აჰა, შეეშინდა ადონიას სოლომონ მეფის, და აჰა, სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა და ამბობს: ‘შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა, რომ მახვილით არ მომკლავსო მის მსახურს.’“ და თქვა სოლომონმა: „თუ წრფელად მოიქცევა, მისი ერთი ბეწვიც არ დავარდება მიწაზე, მაგრამ თუ მზაკვრობა გაივლო გულში, მოკვდება.“ და გაგზავნა სოლომონ მეფემ ხალხი და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან. და როცა მოვიდა, თაყვანი სცა მეფე სოლომონს. და უთხრა სოლომონმა: წადიო შენს სახლში. და როცა მოახლოვდა დავითის სიკვდილის დღეები, ეს უანდერძა მან თავის ძეს, სოლომონს: „მე მივდივარ მთელი ქვეყნიერების გზით, განმტკიცდი და მამაცად იყავი; და ემსახურე უფალს, შენს ღმერთს, იარე მის გზებზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც წერია მოსეს რჯულში, რათა ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს იზამ; რათა აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი ყოველი სიტყვა, რომ თუ შენი ძენი დაიცავენო თავიანთ გზას და ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით ივლიან ჩემს წინაშე, არ დაილევაო შენიანი კაცი ისრაელის ტახტზე. შენც იცი, რა გამიკეთა იოაბმა, ცერუიას ძემ; რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს: აბნერ ნერის ძესა და ყამასა იეთერის ძეს; როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა, და უბრალო სისხლით დაისვარა თავისი სარტყელი და ხამლნი. სიბრძნით მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის სიბერეს შავეთში. ხოლო ბარზილაი გალაადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას, აბესალომს გავურბოდი. აჰა, შენთან არის შიმეყი, გერას ძე, ბახურიმელი ბენიამინის ძეთაგანი; ის იყო, მწარედ რომ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი; მაგრამ ის იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესაგებებლად, და მეც უფლის სახელით შევფიცე და ვუთხარი, მახვილით არ მოგკლავ-მეთქი. შენ კი ნუ დატოვებ დაუსჯელს, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რათა სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში.“ და განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში. დავითის მეფობის ხანგრძლივობა ისრაელზე 40 წელი იყო – ხებრონში შვიდ წელიწადს მეფობდა, იერუსალიმში – ოცდაცამეტს. და დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ძლიერ განიმტკიცა მეფობა. და მივიდა ადონია, ხაგითის ძე, ბათშებაყთან, სოლომონის დედასთან; და უთხრა ბათშებაყმა: „ხომ სამშვიდობოდ მოსულხარ?“ და მიუგო ადონიამ: „სამშვიდობოდ.“ და დასძინა: „საქმე მაქვს შენთან.“ და უთხრა: „თქვი.“ და თქვა: „შენ იცი, რომ მე მეკუთვნოდა მეფობა, და მე შემომყურებდა მთელი ისრაელი, რომ მეფე გავმხდარიყავი, მაგრამ მეფობამ ჩამიარა და ჩემს ძმას ერგო, რადგან უფლისგან ჰქონდა მიცემული. ახლა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან და ნუ გამაწბილებ.“ მიუგო ქალმა: „თქვი.“ და თქვა: „უთხარი სოლომონ მეფეს, შენ უარს არ გეტყვის, რომ არ გამაწბილოს და ცოლად მომცეს შუნამელი აბიშაგი.“ და თქვა ბათშებაყმა: „კარგი, დაველაპარაკები მეფეს.“ და მივიდა ბათშებაყი სოლომონთან, რომ ადონიაზე დალაპარაკებოდა. და წამოდგა მეფე მის წინაშე და თაყვანი სცა მას, და დაჯდა თავის ტახტზე. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი, და მის მხარმარჯვნივ დაჯდა იგი. და უთხრა: „ერთი მცირე სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ.“ უთხრა მეფემ: „მთხოვე, დედაჩემო, არ გაგაწბილებ.“ და უთხრა: „მიეცი ცოლად შუნამელი აბიშაგი შენს ძმას, ადონიას.“ უთხრა მეფემ: „რატომ მთხოვ ადონიასთვის აბიშაგ შუნამელს? ბარემ სამეფოც მოითხოვე მისთვის, რაკი ჩემი უფროსი ძმაა, და თავის მხარეზე ჰყავს აბიათარ მღვდელი და იოაბ ცერუიას ძე.“ და დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი, და თქვა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ეს სიტყვა ადონიას! ახლა კი, – ვფიცავ უფალს, რომელმაც განმამტკიცა და დამსვა დავითის, მამაჩემის ტახტზე, რომელმაც სახლი ამიშენა დაპირებისამებრ, რომ დღესვე მოკვდება ადონია.“ და გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია, იეჰოიადაყის ძე. და დაჰკრა მან, და მოკვდა იგი. აბიათარ მღვდელს კი უთხრა მეფემ: ყანათოთს წადი, შენს მამულში. სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან შენ გიტარებია უფლის კიდობანი დავითის, მამაჩემის წინაშე და ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა. და მოკვეთა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც თქვა მან ყელის სახლზე შილოში. და მიუვიდა ხმა იოაბს (და რაკი იოაბი ადონიას მიემხრო და აბესალომს არ მიმხრობია), გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა. და შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკენ გაიქცა იოაბი და, აჰა, სამსხვერპლოსთან დგასო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია, იეჰოიადაყის ძე, და უთხრა: „მიდი და მოკალი.“ და მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: „გამოდი, რადგან ასეთია მეფის ბრძანება.“ და თქვა იოაბმა: „არა, აქ უნდა მოვკვდე.“ და მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი: ასე და ასე თქვა იოაბმა, და ასე და ასე მიპასუხაო. და უთხრა მეფემ: „ისე გააკეთე, როგორც თავად თქვა: მოკალი და დამარხე, და ჩამოგვრეცხე მეცა და მამაჩემის სახლსაც უბრალო სისხლი, იოაბმა რომ დაღვარა. უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისათვის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის უჩუმრად: აბნერ ნერის ძე, ისრაელის მხედართმთავარი და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი. და იყოს მათი სისხლი იოაბისა და მისი შთამომავლების თავზე საუკუნოდ, ხოლო დავითს და მის შთამომავლობას, და მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან უკუნისამდე.“ და წავიდა ბენაია, იეჰოიადაყის ძე, თავს დაესხა იოაბს და მოკლა. და დამარხეს იგი თავის სახლში, უდაბნოში. და დანიშნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე მის ნაცვლად ჯარის სარდლად, ხოლო აბიათარის ნაცვლად ცადოკ მღვდელი დაადგინა მეფემ. და გაგზავნა მეფემ და მოიხმო შიმეყი და უთხრა: „აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე აქ, და ნურსად ნუ გახვალ აქედან. რომელ დღესაც გახვალ და კიდრონის ხევს გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება. შენს თავზე იქნება შენი სისხლი.“ და უთხრა შიმეყიმ მეფეს: „კეთილი, როგორც ბრძანა მეფე-ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მსახური.“ და დიდხანს ცხოვრობდა შიმეყი იერუსალიმში. სამი წლის შემდეგ გაექცა შიმეყის ორი მსახური აქიშთან, მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმეყის და უთხრეს: გათში არიანო შენი მსახურნი. ადგა შიმეყი, სახედარი შეკაზმა, და წავიდა გათისკენ აქიშთან, თავის მსახურთა საძებრად. დაბრუნდა შიმეყი და თან მოიყვანა გათიდან თავისი მსახურნი. და შეატყობინეს სოლომონს, რომ იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმეყი და უკან მობრუნდაო. და გააგზავნა კაცები მეფემ, მოიხმო შიმეყი და უთხრა: „ხომ დაგაფიცე უფლის სახელით და გაგაფრთხილე: თუ გასულხარ და სადმე წასულხარ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი. შენ მიპასუხე: კეთილი, მესმისო. რატომ არ შეინახე ჩემი ბრძანება, რაც უფლის წინაშე გიბრძანე ფიცით?“ და უთხრა მეფემ შიმეყის: „შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობაც გაგიკეთებია დავითისთვის, მამაჩემისთვის. ახლა შენს თავზე მოაქცევს უფალი შენს ავკაცობას! ხოლო კურთხეულ იყოს მეფე სოლომონი, და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!“ და უბრძანა მეფემ ბენაიას, იეჰოიადაყის ძეს, ისიც წავიდა და დაჰკრა შიმეყის, და მოკვდა იგი. და განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში. დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და ცოლად მოიყვანა მისი ასული, და შეიყვანა დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის ტაძარს და ზღუდეს იერუსალიმის ირგვლივ. ოღონდ ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს, რადგან იმ ხანობამდე ჯერ კიდევ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე. და შეიყვარა სოლომონმა უფალი, და მამამისის – დავითის წესზე დადიოდა; ოღონდ ისიც გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. და წავიდა მეფე გიბეონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული სრულადდასაწველი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე. და გამოეცხადა გიბეონში უფალი სოლომონს ღამით სიზმრად და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე.“ და უთხრა სოლომონმა: „დიდად სწყალობდი შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე. და შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე. ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა. შენს რჩეულ ხალხს შორის არის შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო. და მიანიჭე შენს მსახურს გონიერი გული, რათა განაგოს შენი ერი და გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისგან. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?“ და ძლიერ მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი. და უთხრა მას ღმერთმა: „იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე დღეგრძელი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხად, აჰა, გავაკეთებ შენი სიტყვისამებრ: მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ, შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილიყოს, და არც შენს შემდეგ გამოჩნდება ვინმე. და რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესა და დიდებას; ისე რომ, შენს სიცოცხლეში არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი. და თუ ივლი ჩემი გზით და დაიცავ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი აკეთებდა, დღეგრძელობასაც მოგცემ.“ და გაეღვიძა სოლომონს, და აჰა, ესეც სიზმარი. და მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე და შესწირა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. მერე ნადიმი გაუმართა თავის მსახურთ. მაშინ მოვიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და მის წინაშე დადგა. და თქვა ერთმა: „მომისმინე, ბატონო: მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ; ამ სახლში ვიმშობიარე მის თვალწინ. ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც. ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა იქ. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სახლში. და მომკვდარა ღამით ამ ქალის ბავშვი, რადგან ძილში ზედ დასწოლია. ამდგარა შუაღამისას, ჩემი ბავშვი აუცლია გვერდიდან, როცა მე, შენს მხევალს, მეძინა, და თავის უბეში ჩაუწვენია, ხოლო თავისი მკვდარი ბავშვი ჩემს უბეში ჩამოუწვენია. ავდექი ადრიანად, რათა ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის, და აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ბავშვი ის არ იყო, რომელიც მე ვშობე.“ და თქვა მეორე ქალმა: „არა! ცოცხალია ჩემი შვილი, შენი შვილია მკვდარი!“ ის კი ამბობდა: „არა! შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილია ცოცხალი!“ ასე დაობდნენ ისინი მეფის თვალწინ. და თქვა მეფემ: „თითოეული თქვენგანი ამტკიცებს, რომ ცოცხალი მისი შვილია, მკვდარი კი მეორისა.“ და ბრძანა მეფემ: „მახვილი მომიტანეთ!“ და მიართვეს მახვილი მეფეს. და თქვა მეფემ: „ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ნახევარი ერთ ქალს მიეცით, ნახევარი – მეორეს.“ და მიმართა მეფეს იმ ცოცხალი ბავშვის დედამ, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი შვილის გამო: „არა, ჩემო ბატონო, ოღონდ ნუ მოკლავთ ბავშვს და დაე, მაგას ჰყავდეს!“ მეორე კი ამბობდა: „რახან ეგრეა, გაჭერით! ნურც მე მერგება და ნურც შენ!“ მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: „ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის ცოცხალი ბავშვის დედა!“ და გაიგო მთელმა ისრაელმა მეფის მიერ გამოტანილი განაჩენის ამბავი. და ეშინოდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე შეეწეოდა მას სამართლის გაჩენაში. და მეფობდა სოლომონი მთელს ისრაელზე. და ესენი არიან მისი მთავრები: ცადოკ მღვდლის ძე ყაზარია; ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი – მწიგნობრები; იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე; ბენაია იეჰოიადაყის ძე – მხედართმთავარი; ცადოკი და აბიათარი – მღვდლები; ყაზარია ნათანის ძე – მოურავთა ზედამხედველი, ზაბუდ ნათანის ძე – მღვდელი, მეფის მეგობარი; ახიშარი – სასახლის ზედამხედველი, ადონირამ ყაბდას ძე – ხარკის განმგებელი. 12 მოურავი ჰყავდა სოლომონს მთელს საისრაელოში, ისინი სარჩოთი ამარაგებდნენ მეფესა და მის სახლს. თითოეული წელიწადში ერთი თვის მანძილზე უზიდავდა სარჩოს. აი მათი სახელები: ბენ-ხური – ეფრემის მთაზე; ბენ-დეკერი – მაკაცსა და შაყალბიმში, ბეთ-შემეშში, ელონსა და ბეთ-ხანანში; ბენ-ხესედი – არუბოთში. მისი იყო სოქო და ხეფერის მთელი მხარე; ბენ-აბინადაბი – მთელს ნაფათ-დორზე. სოლომონის ასული, ტაფათი ჰყავდა ცოლად. ბაყანა ახილუდის ძე – თაყანაქსა და მეგიდოში და მთელს ბეთ-შეანში, ცართანთან ახლოს რომ არის, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან ვიდრე აბელ-მეხოლამდე და თვით იოკმეყამის გაღმა მხარემდე. ბენ-გებერი – გალაადის რამოთში. მისი იყო შენები იაირისა, მანაშეს ძისა, გალაადსა და არგობის მხარეში, ბაშანში რომ არის; 60 დიდი ქალაქი, გალავნიანი და ბრინჯაოს საკეტებიანი. ახინადაბ ყიდოს ძე – მახანაიმში; ახიმაყაცი – ნაფთალის მხარეში. მასაც სოლომონის ასული, ბასემათი ჰყავდა ცოლად. ბაყანა, ხუშაის ძე – აშერსა და ბეყალოთში. იოშაფატი, ფარუახის ძე – ისაქარში. შიმეყი, ელას ძე – ბენიამინის მხარეში. გებერი, ხურის ძე – გალაადის ქვეყანაში, სიხონის, ამორეველთა მეფის, ქვეყანაში, და ყოგის, ბაშანის მეფის, ქვეყანაში. მხოლოდ ერთი მოურავი იყო ამ ქვეყანაში. მაგრამ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იყო იუდა და ისრაელი. ჭამდნენ, სვამდნენ და ხარობდნენ. და ეპყრა სოლომონს ყველა სამეფო მდინარე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. და უგზავნიდნენ ძღვენს და ემორჩილებოდნენ სოლომონს მთელს მის სიცოცხლეში. სოლომონის ყოველდღიური სარჩო იყო: 30 ქორი გამტკიცული ფქვილი და 60 ქორი შერეული ფქვილი, 10 ზუარაკი და 20 ნაიალაღარი ხარი, 100 ცხვარი; ამას გარდა ნანადირევი ირმები და ქურციკები, არჩვები და ნაკვები შინაური ფრინველები. რადგან ის ბატონობდა მდინარე ევფრატის მთელს გამოღმა მხარეზე, თიფსახიდან ღაზამდე, და ევფრატის გამოღმელ ყველა მეფეზე; და მშვიდობიანად იყო ირგვლივ ყველა ქვეყანასთან. უშიშრად ცხოვრობდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი თავისი ვაზის ხეივნებისა და ლეღვის ჩრდილებში, დანიდან ბეერ-შებაყამდე. და ჰქონდა სოლომონს 4 ათასი თავლა ეტლის ცხენებისათვის და სადგომი 12 ათასი მხედრისათვის. და ამარაგებდნენ ის მოურავები მეფე სოლომონს ყოველივეთი, რაც საჭირო იყო მისი სუფრისთვის, თითოეული თავის განკუთვნილ თვეში, და არაფერს აკლებდნენ. მოჰქონდათ ქერი და თივა ცხენებისთვის და ბედაურებისთვის, თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილას. და მისცა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის სანაპიროს ქვიშასავით ვრცელი გონება. სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლეთის ბრძენთა მთელ სიბრძნეს და ეგვიპტელთა მთელ სიბრძნეს. ყველა ადამიანზე ბრძენი იყო იგი: ეთან ეზრახელზე, ჰემანზე, ქალქოლზე და დარდაყ მახოლის ძეზე; და განითქვა მისი სახელი ყველა ხალხში, ვინც კი ირგვლივ სახლობდა; მან წარმოთქვა 3 ათასი იგავი და შეთხზა 1005 გალობა. ლაპარაკობდა ხეებზე – ლიბანის კედრიდან დაწყებული უსუპამდე, კედელზე რომ იზრდება; ლაპარაკობდა ცხოველებსა და ფრინველებზე, ქვემძრომებსა და თევზებზე. მოდიოდა ყველა ჯურის ხალხი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, ქვეყნის ყველა სამეფოდან, ვისაც კი გაგონილი ჰქონდა მისი სიბრძნის ამბავი. და გაუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, თავისი მსახურნი სოლომონს, რადგან გაიგო, რომ იგი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად; ხოლო ხირამი მთელი სიცოცხლის მანძილზე დავითთან მეგობრობდა. და შეუთვალა სოლომონმა ხირამს: „შენ იცი, რომ მამაჩემმა დავითმა ვერ შეძლო აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღმერთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარს, ვიდრე უფალმა მის ფერხთა ქვეშ არ დათრგუნა ისინი. ახლა კი ჩამოაგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ხიფათი მელის რაიმე. და, აჰა, ვფიქრობ, ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღვთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს. ახლა ბრძანე, რომ კედარის ხე-ტყე მომიჭრან ლიბანში, ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან, და მე მოგცემ შენს მსახურთა გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან იცი შენ, რომ ციდონელებივით ჩვენში ხე-ტყეს ვერავინ ჭრის.“ როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: „აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი ამოდენი ხალხის სამართავად.“ და შეატყობინა ხირამმა სოლომონს: „მოვისმინე, რაც შემომითვალე; შეგისრულებ კედარისა და კვიპაროსის ხე-ტყის სურვილს. ჩემი მსახურნი ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, და ტივებად დავაცურებ ზღვით იმ ადგილამდე, სადაც დამითქვამ. იქ დავშლით ტივებს და იქიდან გაზიდავთ. ოღონდ შენ შემისრულე სურვილი: სარჩოთი მომიმარაგე სახლი.“ და უგზავნიდა ხირამი სოლომონს მისი სურვილის თანახმად კედარისა და კვიპაროსის ხე-ტყეს. ხოლო სოლომონი უგზავნიდა ხირამს 20 ათას ქორ ხორბალს მისი სახლის სარჩოდ და ოც ქორ ზეითუნის დაწმენდილ ზეთს. ამას უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე. და მისცა უფალმა სიბრძნე სოლომონს, აღთქმისამებრ. მშვიდობა სუფევდა ხირამსა და სოლომონს შორის, და კავშირი შეკრეს მათ ერთმანეთთან. და დაადო ბეგარა სოლომონმა მთელს ისრაელს; 30 ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე. და აგზავნიდა მათ ლიბანში – თვეში 10 ათას კაცს, მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს – თავის სახლებში. ადონირამი განაგებდა ბეგარას. სოლომონს ჰყავდა 70 ათასი მტვირთავი და 80 ათასი ქვის მჭრელი მთაში, გარდა 3300 თავკაცისა, რომლებიც სამუშაოებზე ჰყავდა მიჩენილი სოლომონს მუშების ზედამხედველებად. და ბრძანა მეფემ, რომ მოეზიდათ და დიდი, გათლილი ქვებით ჩაეყარათ სახლის საძირკველი. და თლიდნენ სოლომონის ხელოსნები, ხირამის ხელოსნები და გებალელები, და ამზადებდნენ ხე-ტყესა და ქვას სახლის ასაგებად. ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, რომელიც არის მეორე თვე, სოლომონი შეუდგა უფლის ტაძრის შენებას. სახლი, რომელსაც სოლომონი უშენებდა უფალს, სიგრძით 60 წყრთა იყო, სიგანით – 20 წყრთა, სიმაღლით – 30 წყრთა. ტაძრის წინა დერეფანი სიგრძით 20 წყრთა იყო, ტაძრის სიგანის შესაბამისად, ხოლო სიგანე – ათი წყრთა. და გაუკეთა სახლს ცხაურიანი, ყრუ სარკმლები. მიადგა სახლის კედლებს ირგვლივ სართულები, ტაძრისა და დაბირის ირგვლივ კედელი შემოარტყა და მის მთელს სიგრძეზე სენაკები ჩააშენა. ქვედა სართული ხუთი წყრთა იყო სიგანით, შუა – ექვსი წყრთა სიგანით, ხოლო მესამე – შვიდი წყრთა სიგანით, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ სახლის კედლებს ხარაჩოები არ მიჰკარებოდა. სახლს ზოდებად მოჭრილი ქვით აშენებდნენ. შენებისას არც ჩაქუჩის, არც კვერის და არც სხვა რაიმე რკინის იარაღის ხმა არ ისმოდა შენებისას. შუა სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა. დახვეული კიბით ადიოდნენ შუამდე და შუადან – მესამეზე. და დაასრულა ტაძრის შენება და კედარის ფიცრითა და კოჭებით გადახურა სახლი. სართულები მიუშენა მთელ ტაძარს, თითო ხუთი წყრთის სიმაღლისა, და კედარის ძელებით მიამაგრა სახლს. და გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა და უთხრა: „აჰა, შენ აშენებ ამ სახლს; და თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ, დაიცავ და გაჰყვები ჩემს ბრძანებებს, მაშინ შეგისრულებ სიტყვას, რომელიც დავითს, მამაშენს მივეცი, და დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არ მივატოვებ ჩემს ერს, ისრაელს.“ და აგებდა სოლომონი სახლს და დაასრულა იგი. კედარის ფიცრებით მოაპირკეთა სახლის კედლები შიგნიდან – იატაკიდან ჭერამდე; ლამფა ხისა გააკრა და იატაკი კვიპაროსის ფიცრისა დააგო. ტაძრის უკანა მხარეს, გვერდითი კედლიდან ოც წყრთაზე გააკეთა შუა კედელი, და ააკრა კედლებსა და ჭერს კედარის ფიცარი და განაკუთვნა იგი დაბირისთვის, წმიდათა წმიდისათვის. 40 წყრთა იყო სახლი, ანუ ტაძრის ნაწილი დაბირის წინ. სახლის შიგნით, კედარის ფიცრებზე კიტრები და გაშლილი ყვავილები იყო ამოჩუქურთმებული. იქ ყველაფერი კედრით იყო დაფარული, ქვა არ ჩანდა. შუა სახლში მოაწყო დაბირი, რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი დაედგა. დაბირის სიგრძე 20 წყრთა იყო, სიგანე – 20 წყრთა, სიმაღლე – 20 წყრთა. წმიდა ოქროთი მოჭედა იგი, ოქროთივე მოჭედა კედარის სამსხვერპლო. და მოჭედა შიგნიდან სახლი წმიდა ოქროთი სოლომონმა, და გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი მოჭედა. სახლი მთლიანად ოქროთი მოჭედა, სახლი და მთელი სამსხვერპლო, დაბირის წინ რომ იდგა, ოქროთი მოჭედა და გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, სიმაღლით თითოეული ათი წყრთა იყო. ერთი ფრთა ხუთი წყრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა. ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე. ათი წყრთა იყო მეორე ქერუბიმიც. ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა. ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც. დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში. გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს, ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა, მეორე ქერუბიმისა – მეორე კედელს, ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ. ოქროთი მოჭედა ქერუბიმები. სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ – შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი ამოაჩუქურთმა. სახლის იატაკიც ოქროთი მოჭედა, შიგნითაც და გარეთაც. დაბირში შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი, რომლის ჩარჩო და წირთხლები კედლის სიმაღლის მეხუთედი იყო. ზეთისხილის ხის ორ კარედზე ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები ამოაჩუქურთმა და ოქროთი მოჭედა. მოჭედა ქერუბიმებიც და ფინიკის ხეებიც. ტაძრის შესასვლელთანაც ასევე გააკეთა ზეთისხილის ხის ოთხკუთხა წირთხლები. და კვიპაროსის ხის ორი კარედი. ერთი კარედის ორივე ფრთა იკეცებოდა, მეორე კარედის ორივე ფრთაც იკეცებოდა. და ამოაჩუქურთმა ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები და ოქროთი დაფერა ჩუქურთმის ღარები. და მოაწყო შიდა ეზო სამი წყება თლილი ქვისა და ერთი წყება კედარის ძელებისაგან. მეოთხე წელს, ზივის თვეში ჩაყარეს უფლის ტაძრის საძირკველი. მეთერთმეტე წელს, ბულის თვეში, რომელიც არის მერვე თვე, გაასრულა სახლი ყოველი წესისა და რიგის მიხედვით. შვიდ წელიწადს აშენებდა სახლს. ხოლო თავის სახლს ცამეტ წელიწადს აშენებდა სოლომონი და დაასრულა თავისი სახლი. და ააშენა სახლი ლიბანის ხე-ტყით: სიგრძით – 100 წყრთა, სიგანით – 50 წყრთა, სიმაღლით – 30 წყრთა. ოთხ რიგ კედარის სვეტებზე იყო დადგმული, კედარისავე კოჭები იყო სვეტებზე გადებული. კედარისა იყო ჭერი, 45 სვეტზე ეწყო კოჭები, 15 სვეტი იყო თითო რიგში. სარკმლის წირთხლები სამ რიგად იყო; და სარკმლებიც სამ რიგად ისხდა, სარკმელი სარკმლის პირდაპირ. ყველა კარი და მისი წირთხლი ოთხკუთხა ძელებით იყო ნაკეთები, ასევე სარკმლებიც, ერთმანეთის პირდაპირ რომ იყო, სამ წყებად. სვეტებიანი კარიბჭე გააკეთა სიგრძით 50 წყრთა და სიგანით – 30, მის წინ სხვა კარიბჭე სვეტებითა და ზღურბლით. ააგო სატახტო კარიბჭე, სადაც მსჯავრი გამოჰქონდა; სამსჯავრო კარიბჭე გააკეთა და კედრით მოაპირკეთა იატაკიან-ჭერიანად. ასევე იყო აგებული მისი საცხოვრებელი სახლი მეორე ეზოში, კარიბჭის უკან. ფარაონის ასული რომ ჰყავდა ცოლად მოყვანილი სოლომონს, მის სახლსაც ასეთი კარიბჭე გაუკეთა. ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი, ხერხით დახერხილი ძვირფასი ქვით იყო აგებული, როგორც შიგნით, ისე გარეთ – საძირკვლიდან თავხემდე, და გარეთ დიდ ეზომდე. საძირკველში ეწყო ძვირფასი დიდი ქვები, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი. ხოლო ზემოთ კედელი ზომაზე გათლილი ძვირფასი ქვებისა და კედარისა იყო. დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვითა და ერთი წყება კედარის მორებით. ასევე უფლის ტაძრის შიდა ეზო და სახლის კარიბჭე. და გაგზავნა კაცი მეფე სოლომონმა და მოაყვანინა ცორიდან ხირამი, რომლის დედა ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან, ხოლო მამა – ცორელი ბრინჯაოს ოსტატი. მომადლებული ჰქონდა ხირამს სიბრძნე, გამჭრიახობა და ცოდნა ბრინჯაოს ნახელავის გასაკეთებლად. მივიდა სოლომონ მეფესთან და ყველა სამუშაო შეუსრულა. და გააკეთა ბრინჯაოს ორი სვეტი – ერთის სიმაღლე 18 წყრთა იყო, 12 წყრთა ლარი სწვდებოდა გარშემო თვითეულ სვეტს. ორი ბუღაური ჩამოასხა ბრინჯაოსგან სვეტების თავზე დასადგმელად, ერთი ბუღაურის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო, მეორე ბუღაურის სიმაღლეც ხუთი წყრთა იყო. და გაუკეთა სვეტის თავზე დასადგმელ ბუღაურებს დაწნული ცხაურები და ჯაჭვისებური ჯინჯილები: შვიდი – ერთ ბუღაურს, შვიდი – მეორეს. და გააკეთა სვეტები და შემოავლო ირგვლივ თითო ცხაურს ორ წყებად ბროწეულები სვეტების თავზე დადგმული ბუღაურების მოსართავად. კარიბჭის სვეტების ბუღაურები შროშანის სახის იყო, ზომით ოთხ-ოთხი წყრთა. ორ სვეტზე შედგმულ ბუღაურებს შემოვლებული ჰქონდა 200 ბროწეული, ზემოთკენ, მუცლის პირდაპირ, რომელიც ცხაურის მხარეს იყო. და აღმართა სვეტები ტაძრის კარიბჭეში. აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი. სვეტის თავებზე შროშნები იყო გამოსახული. და დასრულდა სვეტების სამუშაო. და ჩამოასხა ბრინჯაოს ზღვა, მთლიანად მრგვალი, გარედან გარე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, 30 წყრთის სიგრძის ლარი სწვდებოდა ირგვლივ. ირგვლივ კიდეზე, ქვემოდან, კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა გარშემო შემოვლებული ათ-ათი თითო წყრთაზე, და ორ წყებად გარს ერტყა. კიტრები ერთად იყო ჩამოსხმული. თორმეტ ხარზე იყო შედგმული. სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი – დასავლეთით, სამი – სამხრეთით და სამი – აღმოსავლეთით. ზღვა ზედ ედგათ და ზურგები შიგნით ჰქონდათ მიქცეული. კედლის სისქე მტკაველი ჰქონდა, მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჰგავდა. 2 ათას ბათს იტევდა. და გააკეთა მან ბრინჯაოს ათი კვარცხლბეკი, თითოეული კვარცხლბეკის სიგრძე ოთხი წყრთა იყო, სიგანე – ოთხი წყრთა, სიმაღლე – სამი წყრთა. კვარცხლბეკი ამგვარად იყო გაკეთებული: დაფები ჰქონდა მათ, ჩარჩოში ჩატანებული. ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე ლომები, ხარები და ქერუბიმები იყო გამოსახული, ასევე ჩარჩოებზე – ლომებსა და ხარებს ქვემოთ და ზემოთ – ყვავილების ასხმული კონები. ბრინჯაოს ოთხ-ოთხი ბორბალი და ბრინჯაოს ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს. მის ოთხსავე კუთხეზე იყო შვერილები. საბანელის ქვეშაც ჩამოსხმული შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე – ყვავილწნულები. მისი ჭრილი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე ერთ წყრთას შეადგენდა, ჭრილი მრგვალი იყო, როგორც ამგვარი ნაკეთობა არის ხოლმე – წყრთა-ნახევარი. ჭრილზე ჩუქურთმები იყო. მისი კედლები ოთხკუთხედი იყო, არა მრგვალი. ოთხი ბორბალი ჰქონდა კედლებს ქვემოთ, და ბორბლების ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე – ერთ-ნახევარი წყრთა იყო. ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებული, ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები მთლიანად ბრინჯაოთი იყო ჩამოსხმული. ოთხი შვერილი ჰქონდა ყოველი კვარცხლბეკის ოთხსავე კუთხეს, კვარცხლბეკთან ერთად იყო ჩამოსხმული. კვარცხლბეკის თავზე იყო წრე ნახევარი წყრთა სიმაღლისა, კვარცხლბეკის სახელურები და კედლები მისივე მასალისგან იყო. და ამოკვეთა სახელურების ფიცრებსა და მის კედლებზე ქერუბიმები, ლომები და ფინიკის ხეები ერთმანეთის დაშორებით, ირგვლივ – ყვავილწნულები. ასეთი ათი კვარცხლბეკი გააკეთა, ყველა ერთიანად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდა, ერთი სახე. და გააკეთა ბრინჯაოს ათი საბანელი, თითოეული ორმოც ბათს იტევდა, ოთხი წყრთა იყო თითოეული საბანელი, ყოველი საბანელი კვარცხლბეკზე იდგა. ხუთი კვარცხლბეკი სახლის მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი – სახლის მარცხენა ფრთაზე, ზღვა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სახლის მარჯვენა მხარეს მოათავსა. გააკეთა ხირამმა საბანლები, აქანდაზები და სასხურებლები, და მოათავა ყველა სამუშაო, რასაც უკეთებდა იგი მეფე სოლომონს უფლის სახლში. ორი სვეტი და სვეტების თავზე დასადგმელი ბუღაურები მისი ორი ბალიშითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი ბუღაურების მოსართავად. 400 ბროწეული ორი ცხაურისთვის, ბროწეულების ორი რიგი თითოეულ ცხაურს, სვეტებზე დასადგმელი ბუღაურის ბალიშების მოსართავად. ათი კვარცხლბეკი, ათი საბანელი კვარცხლბეკებზე შესადგმელი. ერთი ზღვა და 12 ხარი ზღვის ქვეშ. ქვაბები, აქანდაზები და სასხურებლები – ყველა ეს ჭურჭელი, რომელიც ხირამმა გაუკეთა მეფე სოლომონს უფლის სახლში, გაპრიალებულ ბრინჯაოს წარმოადგენდა. იორდანეს მხარეში ჩამოასხმევინა ისინი მეფემ, აყალო მიწაში, სუქოთსა და ცართანს შორის. და დააწყო სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი თავ-თავის ადგილას. ვერ გაირკვა ბრინჯაოს წონა მათი სიმრავლის გამო. და გააკეთა სოლომონმა ყოველი ჭურჭელი, რაც უფლის ტაძრისთვის იყო განკუთვნილი: ოქროს სამსხვერპლო და ოქროსავე ტაბლა, რომელზედაც საწინაშეო პურები ეწყო. ბაჯაღლო ოქროს სასანთლეები: ხუთი მარჯვენა მხარეს, ხუთიც მარცხენა მხარეს, დაბირის წინ, ყვავილებით, სანთურებითა და ოქროს მაშებითურთ. ბაჯაღლო ოქროს ტაშტები, დანები, სასხურებლები, საჭდეები, საცეცხლურები; და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლიდან წმიდათა წმიდაში შესასვლელი კარებისთვის, ტაძარში შესასვლელი კარებისთვის. და მოთავდა ყოველი სამუშაო, რაც უფლის სახლში შეასრულა მეფე სოლომონმა; და მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის შემოწირულობა: ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი და დააწყო უფლის ტაძრის საგანძურებში. მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლების უფროსები თავისთან იერუსალიმში, რათა გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან. და შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი ეთანიმის, ანუ მეშვიდე თვეში, დღესასწაულის დროს. და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა; და ასწიეს მღვდლებმა კიდობანი, და წაასვენეს უფლის კიდობანი და საკრებულო კარავი და საწმიდრის მთელი ჭურჭელი, რაც კარავში იყო; წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა. მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება კიდობნის წინ მიდიოდნენ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარსა და ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო. და დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის განკუთვნილ ადგილას, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ, რადგან ფრთები ჰქონდათ გაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილას, და ზემოდან ფარავდნენ კიდობანსა და მის ხარიხებს. კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მათი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან, დაბირის წინ, და არ ჩანდა გარედან. ისინი დღემდე იქ არის. სხვა არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, მოსემ რომ შიგ ჩააწყო ხორებზე ყოფნისას, როცა უფალმა აღთქმა დადო ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას. და როცა გამოვიდნენ მღვდლები საწმიდრიდან, ღრუბელმა აავსო უფლის სახლი. და იქ ვეღარ დადგნენ მღვდლები მსახურებაზე ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ დაფარა სახლი. მაშინ თქვა სოლომონმა: „ბნელში დავანება ინება უფალმა; მე სახლი აგიშენე სავანედ; ადგილი, სადაც სამარადისოდ დაიმკვიდრებ.“ პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის მთელი კრებული. ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული. და თქვა სოლომონმა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და ახლა თავისი ხელით შეასრულა, რასაც ის ამბობდა: ‘იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელი, მის არც ერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი; მე იერუსალიმი ავირჩიე, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი; და ავირჩიე დავითი, რომ მას ემეფა ჩემს ერზე, ისრაელზე.’ გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე. და უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: ‘შენ გულში გაქვს ჩემს სახელზე სახლის აშენება; კარგია, გულში რომ გაქვს; ოღონდ შენ კი არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული, ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’ და აღასრულა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექ დავითის, მამაჩემის ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ბრძანა უფალმა, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე ტაძარი. და მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩვენს მამებთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა.“ და დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ზეცაში და არც დაბლა დედამიწაზე. შენ ინახავ აღთქმას და სიყვარულს შენს მსახურთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე; შენ შეუსრულე სიტყვა შენს მსახურს, მამაჩემ დავითს, და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენმა ბაგეებმა ბრძანეს. ახლაც შეუნახე, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მსახურს, მამაჩემ დავითს შენი ნათქვამი სიტყვა, რაც უთხარი: ‘არ დაგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომი, ოღონდ დაიცვან შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარ ჩემს წინაშე.’ ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მსახურს, მამაჩემ დავითს რომ უბრძანე. ნუთუ ნამდვილად დაიმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ გიტევენ შენ ცანი და ცანი ცათანი, მაშ როგორღა დაგიტევს ეს ჩემი აშენებული ტაძარი? მოხედე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მსახური. თვალი გეჭიროს ამ სახლზე დღისით და ღამით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახლი; რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მსახური. ისმინე შენი მსახურისა და შენი ერის, ისრაელიანთა ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას. ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე. როცა შესცოდავს ვინმე თავის მოძმეს და ფიცით დააფიცებენ მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში, მაშინ მოუსმინე ზეციდან და სამართალი გაუჩინე შენს მსახურთ; მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი; და მართალი გაამართლე, რომ მისი სიმართლისამებრ მიეზღოს. როცა დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, და როცა მობრუნდება შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში, მაშინ მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, და დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამებს მიეცი. როცა დაიხურება ცა და აღარ იწვიმებს მათი შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, მაშინ მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდებები შენს მსახურთ და შენს ერს, ისრაელს, დააყენე ის სასიკეთო გზაზე, რომელზედაც მართებთ სიარული, აწვიმე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიეცი შენს ერს. შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყნის კარიბჭეებს, უბედურება მოხდება რამე თუ სნეულება, ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას თითოეული ადამიანისა, მთელი შენი ერის, ისრაელისა, როცა იგრძნობს გასაჭირს თითოეული თავის გულში და ხელს გაიშვერს ამ სახლისკენ, შენ მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, და მიუტევე და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები, რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული, რათა მუდამ ეშინოდეთ შენი, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამებისთვის მიგიცია. უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანთაგანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო, რადგან გაგებული ექნება შენი დიდი სახელის, მაგარი ხელისა და მოღერებული მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში, მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რათა იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს; იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, მე რომ ავაშენე. როცა გავა მტერთან საომრად შენი ერი, იმ გზით, რომელზედაც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე, მაშინ მოუსმინე ზეციდან მათ ლოცვასა და ღაღადისს და სამართალი გაუჩინე. როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, და გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში და იტყვიან: შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო, როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, მაშინ მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, მათ ლოცვა-ვედრებას და სამართალი გაუჩინე. და მიუტევე შენს ერს შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალული აღუძარ მათ დამატყვევებლებს, რომ შეიბრალონ ისინი, რადგან შენი ერია ის და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმლიდან გამოიყვანე. თვალღია იყავ შენი მსახურის ვედრების მიმართ და შენი ერის, ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა კი შემოგღაღადებენ. რადგან შენ განიკუთვნე ისინი შენს სამკვიდროდ დედამიწის ყველა ერისგან, როგორც უბრძანე შენი მსახურის, მოსეს პირით, როცა ეგვიპტიდან გამოგყავდა ჩვენი მამები, უფალო ღმერთო!“ როცა დაასრულა სოლომონმა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო ზეცისკენ ხელაპყრობილი. იდგა და აკურთხებდა ისრაელიანთა მთელ კრებულს და ხმამაღლა ამბობდა: „კურთხეულია უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო; ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მსახურის, მოსეს პირით რომ ბრძანა. ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამებთან იყო, ნუ მიგვატოვებს და ნუ გაგვწირავს; და მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რათა ვიაროთ მის ყოველ გზაზე და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამებისთვის დაუდგენია. ახლოს იყოს ეს ჩემი სიტყვები, რომლითაც უფალს ვევედრები, უფალთან, ჩვენს ღმერთთან, დღითა და ღამით, რომ მარადღე აჩენდეს სამართალს მისი მსახურისთვის და მისი ერისთვის, ისრაელისთვის, რათა გაიგოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ ღმერთია უფალი და სხვა არვინაა მის მეტი. იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესებზე და დაიცვათ მისი შეგონებები.“ და შესწირა მსხვერპლი უფალს მეფემ და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა. და სამშვიდობო მსხვერპლად შესწირა უფალს სოლომონმა 22 ათასი ხარი და 120 ათასი ცხვარი. აკურთხა უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა. ამავე დღეს აკურთხა მეფემ შუა ეზო უფლის ტაძრის წინ. რადგან აღავლინა სრულადდასაწველი, შესწირა პურეულის ძღვენი და სამშვიდობო მსხვერპლის ქონები, რადგან უფლის წინ მდგარი ბრინჯაოს სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, პურეულის ძღვენსა და სამშვიდობო მსხვერპლის ქონებს. და დღესასწაულობდა იმჟამად უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე სოლომონი და მასთან ერთად მთელი ისრაელი – დიდი კრებული ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე – შვიდ დღესა და კიდევ შვიდ დღეს, სულ 14 დღე. და მერვე დღეს გაისტუმრა ხალხი, და დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მსახურს, და ისრაელს, თავის ერს. როცა დაასრულა სოლომონმა უფლის ტაძრისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა, მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გიბეონში გამოეცხადა. და უთხრა უფალმა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი. მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე. ჩემი თვალი და გული სამარადჟამოდ აქ იქნება. შენ კი, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა წმიდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აღასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს, მაშინ მე განვამტკიცებ შენს ტახტს ისრაელში საუკუნოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის მითქვამს: არ დაილევა-მეთქი შენგან ისრაელის ტახტზე მჯდომელი. მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და წესებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ მე აღვგვი ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მას მივეცი, მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემს სახელზე ვაკურთხე, და ისრაელი სხვა ხალხების საიგავო და დასაცინი გახდება. ყველა, ვინც ჩაუვლის ამ მაღალ სახლს, შეძრწუნდება და დაუსტვენს და იტყვის: ასე რატომ მოექცაო უფალი ამ ქვეყანას და ამ ტაძარს? და ეტყვიან: ‘იმად, რომ დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამები, სხვა ღმერთებს მოეჭიდნენ, და თაყვანს მათ სცემდნენ და ემსახურებოდნენ, – ამიტომ დააწია უფალმა ყველა ეს უბედურება.’“ 20 წლის თავზე დაასრულა სოლომონმა ორი სახლის – უფლის ტაძრისა და მეფის სახლის – შენება, მშენებლობისთვის ხირამი, ცორის მეფე, უგზავნიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხე-ტყეს და ოქროს, მისი სურვილისამებრ. და მისცა მეფე სოლომონმა ხირამს 20 ქალაქი გალილეის მხარეში. გავიდა ხირამი ცორიდან სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი. და თქვა: „ეს რა ქალაქები მოგიცია, ძმაო?“ და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა; და ასე ეწოდება მათ დღემდე. და მოართვა ხირამმა მეფეს 120 ტალანტი ოქრო. ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის ტაძრის, თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის შენებისთვის. და ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა ცეცხლით. და ამოხოცა ქანაანელები, ქალაქში მცხოვრებნი, ხოლო იგი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს. და ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი, ბაყალათი, თამარი ქვეყნის უდაბნოში, სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი სოლომონს ჰქონდა, მეეტლეთა ქალაქები, მხედრიონთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც სურდა იერუსალიმსა და ლიბანში, და მთელ თავის სამფლობელოში. მთელი ხალხი, ვინც კი დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა, მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანთ, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე. ისრაელიანთაგან არავისთვის დაუდვია სოლომონს ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მსახურებად, მეთაურებად და მხედართმთავრებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად. 550 კაცი ჰყავდა სოლომონს სამუშაოების ზედამხედველებად, რომელნიც უძღვებოდნენ მუშა ხალხს. ფარაონის ასული ავიდა დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა მას სოლომონმა; შემდეგ ააშენა მან მილო. წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი სრულადდასაწველ და სამშვიდობო მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა, და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. და ასე დასრულდა სახლის შენება. ხომალდი ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, მეწამული ზღვის ნაპირას, ედომის ქვეყანაში. და გაგზავნა ხირამმა ხომალდით თავისი მსახურნი, ხომალდის ოსტატები, ზღვის მცოდნენი სოლომონის მსახურებთან ერთად; და მივიდნენ ისინი ოფირში და წამოიღეს იქიდან 420 ტალანტი ოქრო და მოართვეს მეფე სოლომონს. მისწვდა შებას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი. მოვიდა იერუსალიმში დიდი ამალით, აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები. და მოვიდა სოლომონთან და ემასლაათა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა. ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი. ნახა შებას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე, და ნახა მისი აშენებული სახლი; მისი სუფრის სანოვაგე; მის მსახურთა გალიაკები, მათი ჩასაცმელ-დასახურავი, მათი წესი და რიგი; მისი მწდენი; მისი სრულადდასაწველი მსხვერპლი, რომელსაც აღავლენდა უფლის სახლში და გაოგნებულმა უთხრა მეფეს: „მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენს საქმეებსა და შენს სიბრძნეზე. სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა. ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერები არიან ეს შენი მსახურნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს. კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა ისრაელის ტახტზე დაესვი. უფალს, საუკუნო სიყვარულის გამო ისრაელისადმი, დაუდგენიხარ მეფედ სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.“ და უბოძა მეფეს 120 ტალანტი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი თვლები. მეტჯერ აღარ შემოსულა იმდენი ნელსაცხებელი, რამდენიც შებას დედოფალმა უბოძა მეფე სოლომონს. ხირამის ხომალდმაც, რომელიც ოქროს ეზიდებოდა ოფირიდან, მოიტანა ოფირიდანვე დიდძალი სანდალოზის ხე და თვალ-მარგალიტი. და გაუკეთა მეფემ სანდალოზის ხის მოაჯირები უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს; გააკეთა ებნები და ქნარები მგალობელთათვის. მეტად აღარ შემოუტანიათ და მას მერე არავის უნახავს იმდენი სანდალოზის ხე. და მისცა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს ყველაფერი, რაც კი მან ინება და სთხოვა, გარდა იმისა, რაც თავისით ჰქონდა ნაჩუქარი, როგორც მეფე სოლომონს ეკადრებოდა. და უკან გაბრუნდა და წავიდა იგი თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად. 666 ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად, იმას გარდა, რაც შემოდიოდა მოქარავნეთაგან, ვაჭართაგან, არაბთა მეფეებისა და მხარეთა განმგებლებისაგან. და გააკეთა მეფე სოლომონმა 200 დიდი ფარი ოქროთი ნაჭედი. 600 შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. და 300 პატარა ფარი ოქროთი ნაჭედი, სამი მანა ოქრო დასჭირდა თითოეულ ფარს. და დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში. და გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი დაფერა. ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, საზურგეს ზემოდან მომრგვალებული იყო, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს ორი ლომი ედგა გვერდით. ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა 12 ლომი იდგა. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ. სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ლიბანის მაღნარის სახლში მთელი ჭურჭელი სუფთა ოქროსი იყო; ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან ვერცხლი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს. რადგან მეფის თარშიშული ხომალდები ხირამის ხომალდებთან ერთად გადიოდნენ ზღვაში. სამ წელიწადში ერთხელ შემოდიოდნენ თარშიშული ხომალდები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, და მოჰყავდათ ყაფუზუნები და ფარშევანგები. ქვეყნიერების ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი დოვლათითა და სიბრძნით. მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა. ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროს ჭურჭელი და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები, ასე იყო წლიდან წლამდე. თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს; და ჰყავდა 1400 ეტლი და 12 ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებსა და იერუსალიმში, თავისთან. მეფემ ისე გააკეთა, რომ ვერცხლი იერუსალიმში ქვასავით ეყარა, ხოლო კედარი – სიკომორივით, შეფელაში რომ ხარობს. სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი, მეფის ვაჭრები ყიდულობდნენ კევეში ფულით. ეტლები 600 შეკელ ვერცხლად ამოჰქონდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები – 150 ვერცხლად. ასევე მიჰქონდათ თავიანთი ხელით ეს ყოველივე ხეთელთა და არამის მეფეებისთვისაც. გარდა ფარაონის ასულისა, მეფე სოლომონმა შეიყვარა მრავალი უცხოელი ქალი – მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები – იმ ხალხთა ქალები, რომელთა შესახებ ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელიანთათვის: „ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისაკენ.“ მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით. და ჰყავდა 700 ცოლი დედოფლად და 300 ხარჭა. და გარყვნეს მისი გული ცოლებმა. და როცა ხანში შევიდა, მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისაკენ. და ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც მამამისის, დავითის გული. და შეუდგა სოლომონი ციდონელთა ღმერთის – ყაშთორეთის და ყამონელთა სიბილწის – მილქომის კვალს. ბოროტებას სჩადიოდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი. მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლეხს, ყამონიანთა სიბილწეს. ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გამო, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავ-თავიანთ ღმერთებს. და განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე, ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას, და უბრძანა, არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს, მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება. და უთხრა უფალმა სოლომონს: „იმის გამო, რომ ასე იქცევი: არ ასრულებ ჩემს აღთქმას და წესებს, რომლებიც გამცნე, წაგართმევ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს; ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას მამაშენის, დავითის გამო. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან. მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ; ერთ ტომს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მსახურის გამო და იერუსალიმის გამო, რომელიც მე ავირჩიე.“ და გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს – ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა მოდგმისა. როცა დავითი ედომში იყო, და როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხად და ერთიანად გაწყვიტა მამაკაცები ედომში, – რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და ისრაელიანები, ვიდრე არ მოსპეს მამაკაცის სახსენებელი ედომში, – მაშინ გაიქცა ეს ჰადადი ეგვიპტეში, და მასთან ერთად რამდენიმე ედომელი, მამამისის მსახურნი; ჰადადი მაშინ პატარა ბიჭი იყო. და აიყარნენ მიდიანიდან და მივიდნენ ფარანს, და წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მივიდნენ ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან. ჰადადი შევიდა ფარაონთან, და მისცა მან სახლი და მიწა მას, და სარჩოც დაუნიშნა. და დიდი მადლი ჰპოვა ჰადადმა ფარაონის თვალში, ისე რომ მან მიათხოვა ცოლად თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და. და უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი – გენუბათი. თახფენესმა ბავშვი ფარაონის სახლში გაზარდა. და ცხოვრობდა გენუბათი ფარაონის შვილებთან ერთად. და როცა მიუვიდა ამბავი ეგვიპტეში ჰადადს, რომ განისვენა დავითმა თავის მამებთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი, უთხრა ჰადადმა ფარაონს: გამიშვი, ჩემს ქვეყანაში წავალო. და უთხრა ფარაონმა: „რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში რომ განიზრახეო წასვლა?“ და მიუგო მან: „არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი.“ კიდევ გაუჩინა სოლომონს ღმერთმა მტერი – რეზონი, ძე ელიადაყისა, რომელიც გაექცა თავის ხელმწიფეს, ცობას მეფე ჰადადყეზერს. შემოიკრიბა ხალხი და გახდა მძარცველთა მეთაური, ხოლო მას შემდეგ, რაც დავითმა ჰადადყეზერს სძლია, რეზონი დამასკოში გაეშურა, აიღო ის და დამასკოს მეფე გახდა. ისრაელის მტერი იყო იგი სოლომონის სიცოცხლეში, იმ ხანად, როცა ისრაელს ჰადადიც მტრობდა. მას სძულდა ისრაელი და არამზე მეფობდა. იერობოყამ ნებატის ძემაც, ეფრათელმა ცერედადან, სოლომონის მსახურმა, რომლის დედა იყო ცერუაყი, ქვრივი ქალი, აღმართა ხელი მეფეზე. აი, რის გამო მოხდა, ხელი რომ აღმართა მეფე სოლომონზე: მილოს აშენებდა სოლომონი, დანგრეულს აღადგენდა დავითის, მამამისის, ქალაქში. მამაცი კაცი იყო იერობოყამი. და დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი, და ზედამხედველად დაუყენა იოსების სახლიდან გამოყვანილ ბეგრის ხალხს. ისე მოხდა იმხანად, რომ გასული იყო იერუსალიმიდან იერობოყამი და შეხვდა გზად შილოელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ეხვია. ამ ორის მეტი არავინ იყო მინდვრად. და აიღო ახიამ თავისი ახალი მოსასხამი და თორმეტ ნაჭრად დახია. და უთხრა იერობოყამს: „აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აჰა, მე სამეფოს ვგლეჯ სოლომონს ხელიდან და შენ გაძლევ მის ათ შტოს. მას ერთი შტო დარჩება ჩემი მსახურის, დავითის გამო და იერუსალიმის გამო, ქალაქისა, რომელიც ავირჩიე მე ისრაელის ყველა შტოდან. ეს იმიტომ, რომ დამივიწყეს და თაყვანს სცემენ ყაშთორეთს – ციდონელთა ღმერთს, ქემოშს – მოაბის ღმერთს, და მილქომს – ყამონელთა ღმერთს. არ იარეს ჩემს გზაზე, რომ სიმართლე ექნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესი და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი იცავდა. და არ ვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებსა და წესებს. მის შვილს გამოვგლეჯ ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ მის ათ შტოს. ხოლო მის შვილს ერთ შტოს მივცემ, რათა სამარადჟამოდ დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემს წინაშე, იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად. ახლა შენ ამყავხარ, რათა იმბრძანებლო ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს, და რომ ისრაელის მეფე გახდე. და თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ, და ივლი ჩემს გზაზე, თუ გააკეთებ ჩემს მოსაწონს, დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური, დავითი აკეთებდა, მაშინ შენთან ვიქნები, აგიშენებ მტკიცე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს. და მოვთრგუნავ ამის გულისთვის დავითის მონაგარს, ოღონდ არა სამარადჟამოდ.’“ და ცდილობდა სოლომონი იერობოყამის მოკვლას, მაგრამ ადგა და გაიქცა იერობოყამი ეგვიპტეში, შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე. სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნე, სოლომონის საქმეთა წიგნშია აღწერილი. ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში მთელს ისრაელზე იყო 40 წელი. და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში, და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე რეხობოყამი. და წავიდა რეხობოყამი შექემში, რადგან იქ იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად. ეს ამბავი იერობოყამ ნებატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას შეიტყო, სადაც სოლომონ მეფის მიერ იყო დევნილი; და დაბრუნდა იერობოყამი ეგვიპტიდან. გაუგზავნეს მას კაცები და მოიწვიეს; მოვიდნენ იერობოყამი და ისრაელის მთელი კრებული და ასე უთხრეს მეფე რეხობოყამს: „მძიმე უღელი დაგვადგა მამაშენმა. ახლა შენ მაინც შეგვიმსუბუქე მამაშენის კირთები და მძიმე უღელი, მან რომ დაგვადგა, და მაშინ გაგიხდებით მსახურებად.“ და უთხრა მათ: „ახლა წადით და სამი დღის შემდეგ მოდით ჩემთან.“ და წავიდა ხალხი. და რჩევა ჰკითხა მეფე რეხობოყამმა უხუცესებს, რომლებიც სოლომონის სიცოცხლეში მის წინაშე იდგნენ და უთხრა: „როგორ მირჩევდით, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?“ ელაპარაკნენ ისინი მას და უთხრეს: „თუ დღეს მაგ ხალხის მსახური იქნები, მოემსახურები და დააკმაყოფილებ მათ, ლმობიერ სიტყვებს ეტყვი, მაშინ ისინი შენი მსახურნი იქნებიან სამარადჟამოდ.“ ყური არ უგდო უხუცესების რჩევას და რჩევა ჭაბუკებს დაეკითხა, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და გარს ეხვივნენ. და უთხრა მათ: „რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან: შეგვიმსუბუქეო მამაშენის მძიმე უღელი?“ და ელაპარაკნენ ჭაბუკები, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და უთხრეს: „ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გელაპარაკა და გითხრა: უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და ახლა შენ უნდა შეგვიმსუბუქოო: მამაჩემის წელზე მსხვილია ჩემი ნეკათითი; ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით-თქო!“ და მოვიდნენ იერობოყამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რეხობოყამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს – სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან. მკაცრად მიმართა მეფემ ხალხს; მან ყური არ ათხოვა უხუცესთა რჩევას. ახალგაზრდების რჩევის თანახმად დაელაპარაკა მათ და უთხრა: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უარესად დაგიმძიმებთ მას; ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“ და არ მოუსმინა მეფემ ხალხის სათხოვარს, რადგან ასეთი იყო უფლის ნება – უნდა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოყამ ნებატის ძისთვის ახია შილოელის პირით. და ნახა მთელმა ისრაელმა, რომ არ მოუსმინა მათ მეფემ. და სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: „დავითთან ჩვენ რა გვესაქმება? საერთო რა გვაქვს იესეს ძესთან?! თქვენ თქვენი კარვებისკენ გასწით, ისრაელიანებო! ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!“ – და თავ-თავისი კარვებისაკენ წავიდა ისრაელი. მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზეღა მეფობდა რეხობოყამი. და გაგზავნა მეფე რეხობოყამმა ადორამი, ხარკის ამკრეფი, მაგრამ ქვა დაუშინეს მას ისრაელიანებმა, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ შეხტა ეტლზე მეფე რეხობოყამი, რათა იერუსალიმისკენ გაქცეულიყო. და განუდგა ისრაელი დავითის სახლს, და ასეა ეს დღემდე. როცა შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ ეგვიპტიდან დაბრუნდაო იერობოყამი, კაცები გაუგზავნეს, საკრებულოში დაიბარეს და გაამეფეს მთელს ისრაელზე. ერთადერთი იუდას ტომი შერჩა დავითის სახლს. და მივიდა რეხობოყამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდას მთელი სახლიდან და ბენიამინის შტოდან 180 ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელის სახლს და დაებრუნებინათ მეფობა სოლომონის ძის – რეხობოყამისათვის. და გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს: „ასე უთხარი რეხობოყამს, სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდასა და ბენიამინის მთელს სახლს და დანარჩენ ხალხს: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუ გახვალთ საომრად თქვენს ძმებთან, ისრაელიანებთან; შინ გაბრუნდით ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი.’“ და დაიჯერეს უფლის სიტყვა და უფლის სიტყვისამებრ გაბრუნდნენ უკან. და ააშენა იერობოყამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა. და ამბობდა თავის გულში იერობოყამი: კვლავ დაუბრუნდება მეფობა დავითის სახლს. თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად იერუსალიმში დაიწყო სიარული უფლის სახლში, გული მოუბრუნდებათ მათ თავისი ბატონის, იუდას მეფის, ეხობყამისკენ, მე მომკლავენ და რეხობოყამთან, იუდას მეფესთან დაბრუნდებიან. და ითათბირა მეფემ, და გააკეთა ორი ოქროს ხბო. და უთხრა ხალხს: „გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.“ და ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა. ეს იყო ცოდვის დასაბამი. და დაიწყო ხალხმა სიარული იმ ხბორების თაყვანის საცემად თვით დანამდე. და ააშენა გორაკზე ბომონი და განაწესა ხალხიდან გამოყვანილი მღვდლები, რომლებიც ლევიანები არ იყვნენ. და დააწესა იერობოყამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე გააკეთა ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ მის მიერ გაკეთებული ხბორებისთვის. და დაუდგინა ბეთელში მღვდლები მაღლობებს, რომლებიც აღმართა. და სამსხვერპლოზე, რომელიც ბეთელში ააგო, მსხვერპლი შესწირა მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია; და დაუწესა დღესასწაული ისრაელიანთ, და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად. და აჰა, იუდადან ბეთელში მოვიდა ღვთისკაცი უფლის შეგონებით, როცა იერობოყამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად. და მიმართა უფლის სიტყვა სამსხვერპლოს და თქვა: „სამსხვერპლო, სამსხვერპლო! ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი, და მსხვერპლად შეგწირავს ის გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს აკმევენ შენზე, და შენზე დაწვავს ადამიანთა ძვლებს.’“ და იმავე დღეს ნიშანიც გაუცხადა და უთხრა: „აი, ნიშანი იმისა, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვები: ‘აჰა, დაიშლება ეს სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია.’“ როცა გაიგონა მეფემ ღვთისკაცის სიტყვები, სამსხვერპლოს რომ უთხრა ბეთელში, ხელი გამოიშვირა იერობოყამმა სამსხვერპლოდან და ბრძანა: შეიპყარითო! და უმალ გაუშეშდა გაშვერილი ხელი და ვეღარ შეძლო მოხრა. და დაინგრა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის სიტყვით. და მიუგო მეფემ და უთხრა ღვთისკაცს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელის მოხრა შევძლო.“ შეევედრა ღვთისკაცი უფალს და შეძლო მეფემ ხელის მოხრა ძველებურად. და უთხრა მეფემ ღვთისკაცს: „შინ წამომყევი და დანაყრდი; თან საჩუქარიც მინდა მოგცე.“ და უთხრა ღვთისკაცმა მეფეს: „ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს დავლევ ამ ადგილას, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ იქ და წყალს ნუ დალევ, და ნურც იმ გზით დაბრუნდები, რომლითაც მოხვედიო.“ და სხვა გზით დაბრუნდა უკან. იმ გზით არ წასულა, რომლითაც მოვიდა ბეთელში. ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში. მოვიდნენ მისი შვილები და უამბეს ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა გააკეთა იმ დღეს ბეთელში. და მეფესთან მისი ნალაპარაკევიც უამბეს მამას. შეეკითხა მამა: რომელი გზით წავიდაო? და დაანახეს შვილებმა ის გზა, რომლითაც იუდადან მოსული ღვთისკაცი წავიდა. და უთხრა შვილებს: „შემიკაზმეთ სახედარი.“ და შეუკაზმეს სახედარი და ზედ შეჯდა და გაჰყვა ღვთისკაცს. მუხის ქვეშ მჯდომარე იპოვა იგი და უთხრა: „შენა ხარ ის ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული?“ და მიუგო: „მე ვარ.“ და უთხრა: „შინ წამომყევი და ჭამე პური.“ და თქვა: „ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან მოვალ, ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს დავლევ ამ ადგილას, რადგან უფლის სიტყვით მაქვს ნაბრძანები: ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს დალევ იქ, და ნურც იმ გზით გაბრუნდები, რომლითაც მიხვედიო.“ და უთხრა: „მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ. ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პურიც ჭამოს და წყალიც დალიოსო,“ – იცრუა მან. და დაბრუნდა იგი მასთან ერთად, პურიც ჭამა მის სახლში და წყალიც დალია. სუფრას რომ უსხდნენ, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც გამოაბრუნა იგი, და უთხრა მან იუდადან მოსულ ღვთისკაცს: „ასე ამბობს უფალი: რაკი უფლის სიტყვას გადახვედი და არ შეასრულე მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს, ჰქონდა შენთვის ნაბრძანები, არამედ გაბრუნდი, პური ჭამე და წყალი დალიე იმ ადგილას, რომელზეც გიბრძანა: ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს დალევო, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამების სამარხებში.“ შემდეგ კი, როცა პური ჭამა და წყალი დალია მან, სახედარი შეუკაზმა წინასწარმეტყველს, რომელიც წეღან გზიდან გამოაბრუნა. და წავიდა და შემოეყარა გზად ლომი და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი და სახედარი ედგა გვერდით, და ლომიც იდგა გვამთან. დაინახა ჩამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და იქვე მდგომი ლომი, მივიდნენ და მიიტანეს ამბავი ქალაქში, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა. და გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან გამოაბრუნა ის კაცი და თქვა: „ეს ის ღვთისკაცია, უფლის ბრძანებას რომ გადავიდა; უფალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუტორავს და მოუკლავს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.“ და თავის შვილებს უთხრა: „შემიკაზმეთ სახედარი.“ და შეუკაზმეს. და წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული მისი გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან. ლომს არც გვამი შეუჭამია და არც სახედარი დაუტორავს. და აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, გადაჰკიდა სახედარს და უკან წამოიღო. და მოვიდა ქალაქში მოხუცი წინასწარმეტყველი, რათა დაეტირა და დაემარხა იგი. და ჩაასვენა გვამი თავის სამარხში და დასტიროდა მას: ვაი, ძმაო ჩემოო! და როცა დამარხა, უთხრა თავის შვილებს: „როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია, მისი ძვლების გვერდით დაასვენეთ ჩემი ძვლები, რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით მიმართა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.“ ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობოყამს ბოროტ გზაზე სიარული, და კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს; ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი. ეს იყო მიზეზი, რომ ცოდვაში ჩავარდა იერობოყამის სახლი, რომ მოისპო და წარიხოცა პირისაგან მიწისა. იმ ხანად დასნეულდა იერობოყამის ძე – აბია. და უთხრა ცოლს იერობოყამმა: „ადექი და გადაიცვი, რათა ვერ გიცნონ, იერობოყამის ცოლი რომ ხარ, და წადი შილოში. იქ არის წინასწარმეტყველი ახია; მან მე მიწინასწარმეტყველა, ამ ერის მეფე გახდებიო. მიართვი იმ ღვთის კაცს ათი პური, კვერები ბავშვებისათვის და ერთი ქილა თაფლი. მიდი და ის გეტყვის, რა მოუვა ბავშვს.“ ასე გააკეთა იერობოყამის ცოლმა: ადგა და წავიდა შილოში, და მივიდა ახიას სახლში. მაგრამ ვეღარ ხედავდა ახია, რადგან სიბერის გამო თვალისჩინი წართმეოდა. უფალმა უთხრა ახიას: „აჰა, იერობოყამის ცოლი მოდის, თავისი ავადმყოფი ბავშვის ამბავი რომ გკითხოს; ასე და ასე ელაპარაკე; როცა შემოვა, სხვა ვინმედ მოგაჩვენებს თავს.“ როცა გაიგონა ახიამ კართან მომდგარი ქალის ფეხის ხმა, დაუძახა: „შემოდი, იერობოყამის ცოლო! სხვა ვინმედ რად გვაჩვენებ თავს? მძიმე ამბავი უნდა გამცნო. წადი, უთხარი იერობოყამს: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე აღგაზევე შენ ამ ერში და ისრაელის ერისმთავრად დაგადგინე; მე გამოვგლიჯე დავითის სახლს მეფობა და შენ მოგეცი, თუმცა არ ჰგავხარ ჩემს მსახურს, დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა და მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც ჩემს თვალში სიწრფელე იყო. შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა: წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს გასარისხებლად; თავად მე კი ზურგი მადრიკე. ამიტომ აჰა, უბედურებას დავატეხ იერობოყამის სახლს და ამოვძირკვავ ყველა კაცს, ყმასა და ისრაელში დარჩენილ აზატს და გავხვეტ იერობოყამის სახლს, როგორც ნაგავს გახვეტენ ხოლმე პირწმინდად. ვინც ქალაქში მოუკვდება იერობოყამს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან;’ ასე ბრძანა-თქო უფალმა. ახლა ადექი და შინ წადი; როგორც კი ფეხს შეადგამ ქალაქში, ბავშვი მოგიკვდება. და დაიტირებს მთელი ისრაელი და დამარხავენ. ეგ ერთადერთი იქნება იერობოყამის მთელი სახლიდან, ვინც საფლავში დაიმარხება, რადგან მხოლოდ მასში აღმოჩნდა რაღაც სიკეთე უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე. უფალი აღიდგენს ისრაელზე თავის სასურველ მეფეს, რომელიც დასცემს იერობოყამის სახლს იმ დღეს; თუმცა, რატომ ახლავე არა? და დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი ლერწამს, წყალში რომ ირყევა, და აღმოფხვრის ისრაელიანთ ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამებს მისცა, და მდინარის გაღმა გადარეკავს მათ, რადგან აშერები გაიჩინეს უფლის გასარისხებლად. და გასწირავს ისრაელს იერობოყამის გამო, თავადაც რომ სცოდა და ისრაელიც შეიყვანა ცოდვაში.“ და ადგა იერობოყამის ცოლი და წავიდა, და მივიდა თირცაში. და ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდა, მოკვდა ყმაწვილი. და დამარხეს ის, და დაიტირა მთელმა ისრაელმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს თავისი მსახურის, ახია წინასწარმეტყველის პირით. იერობოყამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ხანი იერობოყამის მეფობისა იყო 22 წელი. და განისვენა მან თავის მამებთან, და მის ნაცვლად ნადაბი გამეფდა, მისი ძე. ხოლო რეხობოყამი, სოლომონის ძე, იუდაში მეფობდა. 41 წლისა იყო რეხობოყამი, როცა გამეფდა, და ჩვიდმეტ წელს იმეფა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ისრაელის ყველა შტოდან ამოირჩია უფალმა თავისი სახელის იქ დასამკვიდრებლად. დედამისს ერქვა ნაყამა, ყამონელი ქალი იყო ის. ბოროტებას სჩადიოდა იუდა უფლის თვალში, და თავიანთ მამებს გადაამეტეს ცოდვებში, რითაც გულისწყრომით ავსებდნენ უფალს. ყოველ მაღალ ბორცვზე ააგეს სვეტები და მოაწყვეს აშერები და ბომონები დაბურული ხეების ქვეშ. ტაძრის მსიძავნიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც განდევნა უფალმა ისრაელიანთაგან. რეხობოყამის მეფობის მეხუთე წელს ეგვიპტის მეფე შიშაკი თავს დაესხა იერუსალიმს. და წაიღო უფლის ტაძრისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო, წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთებინა. მათ ნაცვლად მეფე რეხობოყამმა ბრინჯაოს ფარები დაამზადებინა და ისინი დაცვის უფროსებს ჩააბარა, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ. როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მცველებს მიჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველთა ოთახში. რეხობოყამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. რეხობოყამი და იერობოყამი მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე ებრძდნენ ერთმანეთს. განისვენა რეხობოყამმა თავის მამებთან, და დაიმარხა თავისი მამების გვერდით დავითის ქალაქში. დედამისი იყო ნაყამა, ყამონელი ქალი. და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე – აბიამი. იერობოყამ ნებატის ძის მეფობის მეთვრამეტე წელს აბიამი გამეფდა იუდაზე. სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული. და დადიოდა ყველა იმ ცოდვით, რასაც მის წინ მამამისი სჩადიოდა, და არ იყო სრულად მინდობილი მისი გული უფლისადმი, როგორც მისი წინაპრის, დავითის გული. უფალმა, მისმა ღმერთმა, დავითის გამო მისცა მას ლამპარი იერუსალიმში, რომ დაუსვა ძე მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი. რადგანაც სწორად იქცეოდა დავითი უფლის თვალში და მთელს მის სიცოცხლეში არ გადასულა ყოველივე იმას, რაც მან აღუთქვა მას, გარდა ურია ხეთელის ამბისა. გამუდმებული ბრძოლა იყო რეხობოყამსა და იერობოყამს შორის. აბიამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერელი. ბრძოლა იყო გაჩაღებული აბიამსა და იერობოყამს შორის. და განისვენა აბიამმა თავის მამებთან, და დამარხეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე – ასა გამეფდა. ისრაელის მეფის, იერობოყამის მეფობის მეოცე წელს იუდაზე გამეფდა ასა და 41 წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისს, აბესალომის ასულს, მაყაქა ერქვა. უფლის მოსაწონად იქცეოდა ასა დავითის, მამამისის მსგავსად. გაყარა ტაძრის მსიძავნი ქვეყნიდან და ერთიანად მოიშორა კერპები, რომლებიც მის მამებს ჰქონდათ გაკეთებული. თვით დედამისი, მაყაქაც კი ჩამოაშორა დედოფლობას, რადგან კერპი ჰქონდა დადგმული აშერასთვის. აჩეხა ასამ მისი კერპი და კიდრონის ხევში დაწვა. გორაკები კი არ მოუშორებია, თუმცა სრულად იყო ასას გული მინდობილი უფლისადმი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. და შეიტანა უფლის სახლში თავისი შეწირული და მამამისის შეწირული ნივთები – ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. გამუდმებული ბრძოლა იყო ასასა და ისრაელის მეფე ბაყაშას შორის მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე. და გავიდა ისრაელის მეფე – ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და იწყო რამას შენება, რათა არავინ გამოეშვა ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შეეშვა მასთან. და აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი უფლის ტაძრის საგანძურსა და სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი და ხელში მისცა თავის მსახურთ, და გააგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ხეზიონის ძის, ტაბრიმონის ძესთან, არამის მეფესთან, დამასკოში რომ ცხოვრობდა, და შეუთვალა: იყოს კავშირი მე და შენს შორის, როგორც იყო მამაჩემსა და მამაშენს შორის; აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს; გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, რათა ჩამომეხსნას. და დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას, და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. და დალაშქრა ყიონი, დანი, აბელ-ბეთ-მაყაქა, მთელი ქინერეთი და ნაფთალის მთელი მხარე. ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და თირცაში დაბრუნდა. და მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელს იუდას და გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რასაც სამშენებლოდ იყენებდა ბაყაშა. და ააშენა ამით მეფე ასამ ბენიამინის გებაყი და მიცფა. ასას ყველა დანარჩენი საქმეები და ყველა მისი გმირობა და ყველაფერი, რაც გააკეთა, ქალაქები რომ ააშენა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი, გარდა იმისა, რომ სიბერეში ფეხები სტკიოდა. განისვენა ასამ თავის მამებთან და დაიმარხა მათ გვერდით დავითის, მამამისის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე – იოშაფატი გამეფდა. ისრაელზე იერობოყამის ძე ნადაბი გამეფდა ასას, იუდას მეფის მეორე წელს, და ორი წელი მეფობდა ისრაელზე. ცუდს აკეთებდა იგი უფლის თვალში, და მიჰყვებოდა მამამისის გზას და მის ცოდვებს, და ისრაელსაც აცდუნებდა. აუჯანყდა მას ბაყაშა, ახიას ძე, ისაქარის სახლის შვილი, და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმის გიბეთონში, როცა ნადაბი და მთელი ისრაელი გიბეთონს ედგნენ ალყად. მოკლა იგი ბაყაშამ იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა. გამეფდა თუ არა, მუსრი გაავლო იერობოყამის მთელ სახლს. ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობოყამს, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც მან თავისი მსახურის, შილოელი ახიას პირით ბრძანა, იერობოყამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელიც აცდუნა, როცა გულისწყრომით აავსო უფალი, ისრაელის ღმერთი. ნადაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეში არის ჩაწერილი. და გამუდმებული ომი იყო ასასა და ისრაელის მეფეს, ბაყაშას შორის. იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს გამეფდა ბაყაშა, ახიას ძე მთელს ისრაელზე თირცაში და 24 წელი იმეფა. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობოყამის გზას და მის ცოდვებს, და ისრაელსაც აცდუნებდა. იყო უფლის სიტყვა ხანანის ძის, იეჰუს მიმართ ბაყაშაზე: „მიწის მტვრიდან აგამაღლე და ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლად დაგადგინე, მაგრამ რაკი იერობოყამის გზას მიჰყვები, აცდუნებ ჩემს ერს, ისრაელს, და მაბოროტებ მათი ცოდვებით, აჰა, მოვსპობ ბაყაშას და მის სახლს, და იმავეს დავმართებ შენს სახლს, რაც იერობოყამ ნებატის ძის სახლს დავმართე. ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ მას; ვინც ველად მოუკვდება – ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.“ ბაყაშას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, და გმირობანი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. განისვენა ბაყაშამ თავის მამებთან, და დაიმარხა თირცაში; და მისი ძე, ელა გამეფდა მის ნაცვლად. წინასწარმეტყველ იეჰუს, ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშასა და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში აკეთებდა იგი, რომ აბოროტებდა თავისი ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობოყამის სახლს, რის გამოც მოისპო იგი. იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეექვსე წელს გამეფდა ელა, ბაყაშას ძე, ისრაელზე თირცაში, და ორ წელს იმეფა. და აუჯანყდა მისი მსახური ზიმრი, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაური. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის, არცას სახლში, და როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფე ასას ოცდამეშვიდე წელს და მის ნაცვლად გამეფდა. როგორც კი გამეფდა და დაჯდა მის ტახტზე, მუსრი გაავლო ბაყაშას მთელ სახლს, ერთი კაციც არ დაუტოვა ცოცხალი, არც მისი ნათესავი და არც მისი მეგობარი. და მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ბაყაშაზე იეჰუ წინასწარმეტყველის პირით, ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ბაყაშამ და ელამ ჩაიდინეს, და იმის გამოც, რომ აცდუნებდნენ ისრაელს და თავიანთი კერპებით აბოროტებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს. ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. იუდას მეფის, ასას ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი და იმეფა შვიდ დღეს თირცაში. ამ დროს იყო, რომ შემოადგა ხალხი ფილისტიმის გიბეთონს. როცა შეიტყო მოალყე ხალხმა, რომ ზიმრი აჯანყდა და მეფე მოკლაო, ბანაკად მყოფმა ისრაელიანებმა იმავე დღეს ისრაელზე მხედართმთავარი ყომრი გაამეფეს. და დაიძრა ყომრი და მთელი ისრაელი მასთან ერთად გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს თირცას. როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებულია ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის პალატში და თავზე გადაიწვა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი, იმ ცოდვების გამო, რასაც სჩადიოდა, ბოროტს რომ აკეთებდა უფლის თვალში, რომ მიჰყვებოდა იერობოყამის გზას და მის ცოდვებს, რომელთაც იერობოყამი აკეთებდა ისრაელის საცდუნებლად. ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ჩაწერილია ისრაელის მეფეთა მატიანეში. მაშინ გაიყო ისრაელის ერი ორ ნაწილად: ხალხის ერთი ნაწილი თიბნის, გინათის ძის მხარეზე იყო, რათა გაემეფებინათ იგი, მეორე ნაწილი ყომრის უჭერდა მხარს. და სძლია ყომრის მომხრე ხალხმა თიბნი გინათის ძის მომხრე ხალხს. მოკვდა თიბნი და გამეფდა ყომრი. იუდას მეფე ასას ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტ წელს იმეფა. ექვს წელს თირცაში მეფობდა იგი. და იყიდა ყომრიმ სამარიის მთა შემერისგან ორ ტალანტ ვერცხლად და გააშენა ეს მთა, და მთის პატრონის, შემერის სახელზე, თავის გაშენებულ ქალაქს სამარია უწოდა. ბოროტებას სჩადიოდა ყომრი უფლის თვალში და გადაამეტა ბოროტებაში ყველას, ვინც მის წინ იყო. და მიჰყვებოდა იერობოყამ ნებატის ძის გზას და მის ცოდვებს, რომლითაც აცდუნა იერობოყამმა ისრაელი და თავისი კერპებით გააბოროტა უფალი, ისრაელის ღმერთი. ყომრის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, რაც ჩაიდინა, ჩაწერილია ისრაელის მეფეთა მატიანეში. და განისვენა ყომრიმ თავის მამებთან. და დაიმარხა სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე ახაბი გამეფდა. და გამეფდა ისრაელზე ახაბი, ყომრის ძე, იუდას მეფის, ასას ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა ახაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში 22 წელი. ბოროტებას სჩადიოდა ახაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მის წინ იყო. და არ იკმარა იერობოყამ ნებატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული და მოიყვანა ცოლად იეზებელი, ციდონელთა მეფის – ეთბაყალის ასული, და დაუწყო ბაყალს მსახურება და თაყვანისცემა. და აღუმართა სამსხვერპლო ბაყალს ბაყალის ბომონში, რომელიც სამარიაში ააშენა. და მოაწყო ახაბმა აშერა, და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აბოროტებდა ახაბი უფალს, ისრაელის ღმერთს. მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხო. თავის პირმშოზე, აბირამზე დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით. და უთხრა ელია თიშბელმა, გალაადის მცხოვრებმა, ახაბს: „ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით.“ და გამოეცხადა უფლის სიტყვა: „წადი აქედან და აღმოსავლეთისაკენ იარე და ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს პირდაპირ რომ არის. ამ ხევის წყალი სვი, ყორნებს კი მე ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ იქ.“ წავიდა ის და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს პირდაპირ რომ არის. და მოჰქონდათ დილა-საღამოს ყორნებს მისთვის პური და ხორცი, წყალს კი ხევისას სვამდა. გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყანაზე. და იყო უფლის სიტყვა მის მიმართ: „ადექი და წადი ციდონის ცარეფათში, და იქ დარჩი. მე ერთ იქაურ ქვრივ დედაკაცს შევუთვალე, რომ საჭმელი გაძლიოს.“ და ადგა და წავიდა ცარეფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, ქვრივი დედაკაცი შეშას აგროვებს. დაუძახა და უთხრა: „ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო.“ და როცა ის ამოსახაპად წავიდა, მან მიაძახა: პურის ნატეხიც გამოაყოლეო. და თქვა მან: „უფალს, შენს ღმერთს ვფიცავ, რომ ერთი ხმიადიც არ გამაჩნია, მხოლოდ ერთი მუჭა ფქვილი თუ მექნება საფქვილეში და ცოტაოდენი ზეთი – საზეთეში. აგერ, ორ გუდურა ფიჩხს შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი ბიჭისთვის; იმას შევჭამთ და მერე, ალბათ, შიმშილით დავიხოცებით.“ და უთხრა ელიამ: „ნუ გეშინია, წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი; ოღონდ ჯერ ჩემთვის გამოაცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ რამეს, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანსო ამ მიწაზე.“ და წავიდა დედაკაცი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა. და ჭამდა თვითონ, მისი სახლიც და ელიაც ერთხანს. ფქვილი საფქვილეში არ ილეოდა და ზეთი დოქში არ იკლებდა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას პირით. ამ ამბების შემდეგ ავად გახდა იმ დედაკაცის – ოჯახის უფროსის ბიჭი. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, იმდენად რომ, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. და უთხრა დედაკაცმა ელიას: „რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ეტყობა, ჩემი ცოდვების მოსაკითხად და ჩემი ბიჭის მოსაკლავად მოხვედი.“ და უთხრა მან დედაკაცს: „მომეცი შენი ვაჟი.“ და უბიდან გამოართვა დედას ბავშვი, და ზემოთვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა. და შეჰღაღადა უფალს და უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მწირადა ვარ, ბოროტს უზამ და შვილს მოუკლავ?“ და სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ყრმის სული მასში.“ და ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და ჩაბრუნდა ყრმაში მისი სული, და გაცოცხლდა იგი. აიყვანა ელიამ ყრმა და ჩამოიყვანა ზემო თვალიდან, მიაწოდა დედას და უთხრა: „ნახე, ცოცხალია შენი ძე.“ და უთხრა დედაკაცმა ელიას: „ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და შენს ბაგეებში ჭეშმარიტად უფლის სიტყვაა.“ კარგა ხანმა გაიარა და მესამე წელს იყო უფლის სიტყვა ელიას მიმართ: „წადი, ეჩვენე ახაბს, და მეც ვაწვიმებ დედამიწაზე.“ და წავიდა ელია, რომ სჩვენებოდა ახაბს. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. და დაუძახა ახაბმა ყობადიაჰუს, სასახლის მოურავს – ძალზე ღვთისმოშიში იყო ყობადიაჰუ. როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ჟლეტდა, წაიყვანა ყობადიაჰუმ 100 წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა მღვიმეებში და პურითა და წყლით არჩენდა მათ. და უთხრა ახაბმა ყობადიაჰუს: „წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ღელეები; იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი, რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები და არ გაგვიწყდეს პირუტყვი.“ და დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო: ახაბი მარტო წავიდა ერთი გზით, და ყობადიაჰუ მეორე გზით წავიდა მარტო. გზად რომ იყო ყობადიაჰუ, აჰა, ელია შემოეყარა, იცნო და დაეცა მის წინაშე და უთხრა: „ნუთუ შენ ელია ხარ, ჩემო ბატონო?“ უთხრა: „მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს: აქ ელია არის-თქო.“ და უთხრა ყობადიაჰუმ: „რა დავაშავე, რომ შენი მსახური ახაბის ხელში გინდა ჩააგდო მოსაკლავად? უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი ან სამეფო, სადაც შენს მოსაძებნად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. და როცა ეუბნებოდნენ, აქ არ არისო, ის იმ სამეფოსა და ხალხისგან ფიცით მოითხოვდა იმის დადასტურებას, რომ სინამდვილეში ვერ გიპოვეს. ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, რომ ელია აქ არისო. როცა გაგშორდები, მაშინ გაგიტაცებს უფლის სული, და არ მეცოდინება – საით; და თუ მივალ შესატყობინებლად ახაბთან, და ვერ გიპოვნის, მომკლავს შენს მსახურს; შენი მსახური კი ყმაწვილკაცობიდანვე ღვთის მოშიშია. განა არ მოგითხრეს ჩემს ბატონს, რაც გავაკეთე, როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა, როგორ ვმალავდი უფლის ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მღვიმეებში და პურითა და წყლით ვარჩენდი? ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, რომ ელია აქ არისო. ხომ მომკლავს!“ და თქვა ელიამ: „ვფიცავ ცაბაოთ უფალს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას.“ და წავიდა ყობადიაჰუ ახაბის შესახვედრად და შეატყობინა. და წამოვიდა ახაბი ელიას შესახვედრად. როცა დაინახა ახაბმა ელია, უთხრა: „შენ აქა ხარ, ისრაელის ამრევო?“ და თქვა ელიამ: „მე კი არ ვაშფოთებ ისრაელს, არამედ შენ და მამაშენის სახლი, იმით, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაყალებს გაჰყევით. ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი და ბაყალის წინასწარმეტყველნი – 450 კაცი და აშერას წინასწარმეტყველნი – 400 კაცი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ.“ და დაგზავნა ახაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შეკრიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე. და მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: „როდემდის უნდა იცვლიდეთ აზრს? თუ უფალი არის ღმერთი, მას გაჰყევით, ხოლო თუ ბაყალია, მას გაჰყევით.“ სიტყვა არ დაუძრავს ხალხს. და უთხრა ელიამ ხალხს: „მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი 450 კაცია. მოგვეცით ორი მოზვერი. ერთი მაგათ ამოირჩიონ; შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოაწყონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვაწყობ და ცეცხლს არ შევუნთებ. მოუხმეთ თქვენი ღმერთის სახელს, და მეც მოვუხმობ უფლის სახელს. და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ღმერთი ის იქნება.“ და მიუგო მთელმა ხალხმა და თქვა: „კეთილი.“ და უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: „ამოირჩიეთ რომელიმე მოზვერი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ.“ და გამოიყვანეს მათ მოზვერი, რომელიც ერგოთ და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე მოუწოდებდნენ ბაყალის სახელს და ეძახდნენ: „ხმა გაგვეცი, ბაყალ!“ მაგრამ არც ხმა იყო საიდანმე და არც – პასუხი. და ხტოდნენ ისინი სამსხვერპლოს წინ, რომელიც მათ ააგეს. შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ: „მაგრად უყვირეთ! რადგან ღმერთია იგი; ალბათ ფიქრებშია ან რაიმე უჭირს, ან გზაშია. იქნებ სძინავს კიდეც და ეგრე გაიღვიძებს!“ დიდი ხმით გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ, ისე ისერავდნენ კანს მახვილებითა და ლახვრებით, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე. შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგებდნენ საღამოს მსხვერპლშეწირვამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი. და უთხრა ელიამ მთელ ხალხს: „ახლოს მოდით.“ და მივიდა მასთან მთელი ხალხი. და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს აღდგენა. აიღო ელიამ 12 ლოდი, იაკობის ძეთა შტოების რიცხვის მიხედვით, რომლის მიმართაც იყო უფლის სიტყვა: ისრაელი იყოსო სახელი შენი. და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე. სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი საწყაო მარცვლის ტევადობის თხრილი და დააწყო შეშა, შუა გაკვეთა მოზვერი და შეშაზე დააწყო. და თქვა: „აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით სრულადდასაწველ მსხვერპლსა და შეშას.“ და თქვა: „გაიმეორეთ.“ და გაიმეორეს. და თქვა: „მესამედ გადაასხით.“ მათაც გადაასხეს მესამედ. და ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ერთი ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მსახური ვარ და შენი სიტყვისამებრ გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.“ და გადმოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა სრულადდასაწველი მსხვერპლი, შეშა, ქვები და ტალახი, ამოაშრო წყალი, თხრილში რომ იდგა. და როცა ეს დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შესძახა: „ჭეშმარიტად ეს არის უფალი ღმერთი!“ და უთხრა მათ ელიამ: „შეიპყარით ბაყალის წინასწარეტყველნი! არავინ გაგექცეთ.“ და შეიპყრეს, და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა. და უთხრა ელიამ ახაბს: „წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.“ და წავიდა ახაბი, რომ ეჭამა და ესვა, ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე დაიხარა და სახე მუხლებში ჩარგო. და უთხრა თავის მსახურს: „წადი, ზღვისკენ გაიხედე.“ წავიდა ის და გაიხედა. და თქვა: „არაფერი ჩანს.“ და უთხრა ელიამ: „შვიდგზის გააკეთე ასე.“ მეშვიდე ჯერზე თქვა: „აჰა, მუშტისოდენა პატარა ღრუბელი ამოდის ზღვიდან.“ და თქვა ელიამ: „წადი, უთხარი ახაბს: შეაბი ეტლი და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო.“ ამასობაში ცა მოიქუფრა ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა ხშირი წვიმა. და ჩაჯდა ეტლში ახაბი და იზრეყელისკენ გაემართა. და იყო ხელი უფლისა ელიასთან. და შეისარტყლა წელი და ახაბის წინ მირბოდა იზრეყელამდე. და უამბო ახაბმა იეზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, რომ მან მახვილით ამოხოცა წინასწარმეტყველნი. მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექცე, როგორც შენ მოექეცი თითოეულ იმათგანს.“ შეეშინდა ელიას, ადგა და წავიდა, რათა თავი გადაერჩინა. და მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და დატოვა იქ თავისი მსახური. თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, და მივიდა ერთი წნორნარის ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა, სიკვდილი ინატრა და თქვა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ.“ და მიწვა და მიეძინა წნორნარის ბუჩქის ძირას. და აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: „ადექი, ჭამე.“ გაიხედა ელიამ, და, აჰა, გამომცხვარი კვერი და წყლის დოქი უდგას თავით. და შეჭამა, დალია და ისევ დაიძინა. მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან წინ დიდი გზა გაქვს.“ და ადგა, ჭამა, სვა და ამ საჭმლით მომაგრებულმა 40 დღე და 40 ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე. შევიდა ერთ მღვიმეში და იქ დაიღამა. და, აჰა, უფლის სიტყვა იყო მის მიმართ და უთხრა: „აქ რა გინდა, ელია?“ და მიუგო მან: „ცაბაოთ უფალი ღმერთის მოშურნე ვარ, მაგრამ დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი, მე ერთი დავრჩი, მაგრამ დამეძებენ, რათა სული ამომხადონ.“ ხოლო მან უთხრა: „გარეთ გამოდი და დადექი მთაზე უფლის წინაშე.“ და, აჰა, ჩაიარა უფალმა; და უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსვრელი; მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარს მოჰყვა მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი; მიწისძვრას მოჰყვა ცეცხლი; მაგრამ არც ცეცხლში იყო უფალი. და ცეცხლს მოჰყვა ხმა ნელი ნიავისა. ეს რომ გაიგონა ელიამ, თავისი ხალენით დაიფარა სახე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. და აჰა, ხმა იყო მასთან და უთხრა: „აქ რა გინდა, ელია?“ და თქვა: „ცაბაოთ უფალი ღმერთის მოშურნე ვარ, მაგრამ დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, და დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი, მაგრამ დამეძებენ, რათა სული ამომხადონ.“ და უთხრა უფალმა: „წადი, გაბრუნდი შენი გზით უდაბნოზე და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ. და იეჰუს, ნიმშის ძეს, სცხე ისრაელზე სამეფოდ. ელისეს კი, შაფატის ძეს, აბელ-მეხოლადან რომ არის, სცხე, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად. და ასე მოხდება: ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება, იეჰუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება, ელისე მოკლავს მას. დავიტოვებ ისრაელში 7 ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის.“ და წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე, შაფატის ძე, როცა ის ხნავდა; 12 უღელი ხარი ება და თავად ედგა მეთორმეტეს. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი ხალენი. მიატოვა ხარები, გამოეკიდა ელიას და უთხრა: „გამიშვი, ვეამბორო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები.“ უთხრა: „წადი და უკანვე დაბრუნდი, მე ხომ არ გაკავებ?“ და მოცილდა მას, და აიღო და დაკლა უღელი ხარი, უღელს მოუკიდა და შეწვა ხორცი, და გაუნაწილა ხალხს, და მათაც ჭამეს. თავად კი ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა. ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, შეკრიბა მთელი თავისი საომარი ძალები, თან იახლა 32 მეფე, და ცხენებითა და ეტლებით დაიძრა, შემოადგა სამარიას და ბრძოლა გაუმართა. და გაუგზავნა მოციქულები ახაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში, და შეუთვალა: „ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ჩემია შენი ვერცხლი და შენი ოქრო, ჩემები არიანო შენი ცოლები და შენი რჩეული ძენი.“ და მიუგო ისრაელის მეფემ და უთხრა: „შენი სიტყვისამებრ იყოს, ჩემო მეფე-ბატონო! მეც შენი ვარ და ყოველივე, რაც გამაჩნია, შენია.“ კვლავ მოვიდნენ მოციქულები და თქვეს: „ასე ამბობს ბენ-ჰადადი: მე შემოგითვალე: მომეცი-მეთქი შენი ვერცხლი და შენი ოქრო, შენი ცოლები და შენი ძენი; ხვალ ამ დროს გამოგიგზავნი ჩემს მსახურთ, რათა დაათვალიერონ შენი სახლი და შენი მსახურების სახლები; და რაც მოეწონებათ, აიღონ და წამოიღონ.“ და მოუხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის მთელ უხუცესობას და უთხრა: „ნახეთ და შეიგნეთ, რომ ცუდ ამბავს გვიპირებს ეს კაცი, რადგან ჩემი ცოლების, ჩემი ვაჟების და ჩემი ოქრო-ვერცხლის წასართმევად გამოგზავნა ხალხი, მე უარი არ მითქვამს მისთვის.“ და უთხრა მთელმა უხუცესობამ და მთელმა ერმა: „ყურს ნუ დაუგდებ და ნურც დათანხმდები.“ და უთხრა მან ბენ-ჰადადის მოციქულებს: „ასე უთხარით ჩემს მეფე-ბატონს: რაც პირველად შემოუთვალე შენს მსახურს, იმას კი გავაკეთებ, მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია.“ და წავიდნენ მოციქულები და მიუტანეს პასუხი. და შეუთვალა ბენ-ჰადადმა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ ეყოს სამარიის მიწის თითო პეშვი მათ, ვისაც წინ მოვუძღვივარ.“ და უპასუხა ისრაელის მეფემ: „სარტყლის შემორტყმისას ტრაბახს სარტყლის შემოხსნისას ტბაბახი სჯობს.“ და გაიგონა ეს შემონათვალი სიტყვა ბენ-ჰადადმა, რომელიც მეფეებთან ერთად ჩარდახში სვამდა და უთხრა თავის მსახურთ: „შემოეწყვეთ!“ ისინიც შემოეწყვნენ ქალაქს. და აჰა, მიუახლოვდა ერთი წინასწარმეტყველი ახაბს, ისრაელის მეფეს, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? ხელში ჩაგაგდებინებ დღეს ყველას, რათა იცოდე, რომ მე უფალი ვარ.’“ და თქვა ახაბმა: „ვისი წყალობით?“ და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘მხარეთა მთავრების მსახურთა წყალობით.’“ და თქვა: „ვინ წამოიწყებს ბრძოლას?“ და თქვა: „შენ.“ და დათვალა მხარეთა მთავრების მსახურნი და აღმოჩნდა 232 კაცი, მათ მერე დათვალა მთელი ხალხი, ყველა ისრაელიანი – 7 ათასი კაცი. შუადღისას გავიდნენ, როცა ბენ-ჰადადი სვამდა და თვრებოდა ჩარდახში თავის თანამდგომ 31 მეფესთან ერთად. პირველად მხარეთა მთავრების მსახურნი გავიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და ამბავი მოუტანეს: ხალხი გამოდისო სამარიიდან. და თქვა: „თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულნი, ცოცხლად შეიპყარით. თუ საომრად არიან გამოსულნი, ასევე შეიპყარით ცოცხლად.“ გამოვიდნენ ქალაქიდან მხარეთა მთავრების მსახურნი და ლაშქარი, მათ რომ მიჰყვებოდა უკან. ყველამ თავ-თავისი მეტოქე დასცა ძირს. უკუიქცნენ არამელები და დაედევნა მათ ისრაელი. და გაიქცა ცხენით ბენ-ჰადადი, არამის მეფე, მხედრებთან ერთად. და გამოვიდა ისრაელის მეფე და დასცხო ცხენებსა და ეტლებს. და დიდი გამარჯვება მოიპოვა არამზე. და მიუახლოვდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: „წადი, გამაგრდი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წელიწადი შემობრუნდება და დაგესხმის თავს არამის მეფე.“ და უთხრეს მისმა მსახურებმა არამის მეფეს: „მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუ ვაკეზე შევებრძოლებით, უსათუოდ ვძლევთ. აბა, ასე მოიქეცი: თავ-თავის ადგილებს მოაშორე მეფეები და მათ ნაცვლად ერისმთავარნი დააყენე. შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. ვაკეზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავამარცხებთ.“ ყურად იღო მათი სიტყვა და ასე გააკეთა. და როცა მობრუნდა წელიწადი, დაათვალიერა თავისი ლაშქარი არამის მეფემ და გაემართა აფეკისკენ ისრაელის ძეებთან საომრად. და დაეწყვნენ ისრაელიანებიც, საგზალი მიიღეს და მათ შესახვედრად დაიძრნენ. თხის ორი ჯოგივით დაიბანაკეს ისრაელიანთ მათ პირისპირ, ხოლო არამელებმა დაფარეს მიწა. და გამოჩნდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი თქვეს არამელებმა უფალზე, მთების ღმერთი არისო და ვაკეების ღმერთი არ არისო, მთელ ამ ურიცხვ ლაშქარს ხელში ჩაგაგდებინებ, რათა იცოდეთ, რომ უფალი ვარ.’“ ასე იყვნენ დაბანაკებულნი ერთმანეთის პირისპირ შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა და გაწყვიტეს ისრაელიანთ არამელნი – 100 ათასი ქვეითი ერთ დღეს. დანარჩენები ქალაქ აფეკში გაიქცნენ, დანარჩენი 27 ათასი კაცი კი კედელმა დაიტანა. ბენ-ჰადადიც გაიქცა, ქალაქში მივიდა და ერთი ოთახიდან მეორეში იმალებოდა. და უთხრეს მისმა მსახურებმა: „გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები; წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე საბლებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან, ვინძლო ცოცხლები დაგვტოვოს.“ წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე საბლები დაიდეს, და მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: „შენი მსახური ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო.“ და თქვა: „ჯერ კიდევ ცოცხალია? ის ჩემი ძმა არის.“ და ინიშნეს ეს ამ კაცებმა, არ დაიბნენ და სასწრაფოდ მიუგეს: „შენი ძმა არის ბენ-ჰადადი.“ და თქვა მეფემ: „წადით და მოიყვანეთ.“ და გამოვიდა მასთან ბენ-ჰადადი და ეტლზე დაისვა იგი მეფემ. და უთხრა: „დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა. იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი ხელშეკრულების დადებით გაგისტუმრებ.“ დაუდო ხელშეკრულება და გაისტუმრა. და უთხრა ერთმა წინასწარმეტყველთა დასიდან მეორეს უფლის სიტყვით: მცემეო. და არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა. და უთხრა: „რაკი არ გაიგონე უფლის ხმა, აჰა, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს.“ წავიდა მისგან კაცი, შემოეყარა ლომი და მოკლა. და მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: მცემეო. მაგრად სცემა იმ კაცმა და დააწყლულა. და წავიდა წინასწარმეტყველი და დახვდა მეფეს გზაზე, სახეზე რიდე ჰქონდა აფარებული. და როცა გამოიარა მეფემ, შეჰბღავლა მან მეფეს და უთხრა: „შუაგულ ბრძოლაში იყო შენი მსახური, როცა ვიღაც უცნობმა მომიყვანა კაცი და მითხრა: უყარაულე ამ კაცს; თუ დაიკარგა, შენი სული მისი სულის წილ იყოს, ანდა ერთი ტალანტი ვერცხლი გადაიხადეო. და გაერთო საქმით შენი მსახური და, აჰა, სადღაა ის კაცი.“ და უთხრა მას ისრაელის მეფემ: „შენ თავად გამოგიტანია განაჩენი საკუთარი თავისათვის.“ და მყისვე გადაიძრო რიდე სახეზე და იცნო ისრაელის მეფემ, წინასწარმეტყველი დაინახა მასში. და უთხრა წინასწარმეტყველმა: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი ხელიდან გაუშვი ჩემი დარისხებული კაცი, იყოს შენი სული მისი სულის წილ, და შენი ხალხი – მისი ხალხის წილ.’“ და წავიდა ისრაელის მეფე შინისაკენ დამწუხრებული და შეშფოთებული და მივიდა სამარიას. და იყო ამ ამბების მერე: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, ახაბის, სამარიის მეფის სასახლესთან. და ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: „დამითმე შენი ვენახი, საბოსტნედ მექნება, რადგან ჩემს სახლთან არის. სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ, ანდა, თუ გინდა, მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდი.“ და უთხრა ნაბოთმა ახაბს: „უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!“ და მოვიდა შინ ახაბი დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვის გამო, იზრეყელელმა ნაბოთმა რომ უთხრა, ვერ მოგცემ ჩემი მამების სამკვიდროსო. და ჩაწვა საწოლში და პირი კედლისკენ ქნა, პურიც არ უჭამია. შევიდა მასთან იეზებელი, მისი ცოლი, და დაელაპარაკა: „რამ დაგინაღვლიანა სული, რომ პურს არა ჭამ?“ და უთხრა: „ველაპარაკე იზრეყელელ ნაბოთს და ვუთხარი: დამითმე შენი ვენახი ვერცხლად, ან, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი. უარით გამომისტუმრა.“ და უთხრა იეზებელმა, მისმა ცოლმა: „ახლა დაამტკიცე, რომ ისრაელის მეფე ხარ! ადექი, პური ჭამე და გული გაიმხიარულე, და მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს.“ და დაწერა წერილები ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა წერილები უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში. ასე ჩაწერა წერილებში: „გამოაცხადეთ მარხვა და ხალხის თავში დასვით ნაბოთი. წინ დაუსვით ორი ბოროტი კაცი, რომ ცილი დასწამონ მას და უთხრან: შენ იყავი, ღმერთსა და მეფეს რომ აგინებდიო! და გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რათა მოკვდეს.“ ისე გააკეთეს იმ ქალაქის კაცებმა – უხუცესებმა და წარჩინებულებმა, რომელნიც მის ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორც შეუთვალა მათ იეზებელმა, როგორც მან ჩაწერა მათთვის დაგზავნილ წერილებში. და გამოაცხადეს მარხვა და ხალხის თავში დასვეს ნაბოთი. და გამოვიდა ორი ბოროტი კაცი და წინ დაუსხდნენ. ცილი დასწამეს ამ ბოროტმა კაცებმა ნაბოთს ხალხის წინაშე: შეაგინაო ნაბოთმა ღმერთსა და მეფეს. გაიყვანეს ქალაქს გარეთ, ჩაქოლეს და მოკვდა იგი. და შეუთვალეს იეზებელს: ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდაო. როცა გაიგო, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, უთხრა იეზებელმა ახაბს: „ადექი, დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომ არ უნდოდა შენთვის მოეყიდა, რადგან აღარ არის ცოცხალი ნაბოთი, მკვდარია ის.“ როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა, რათა ჩასულიყო იზრეყელელი ნაბოთის ვენახში და დაპატრონებოდა. და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ: „ადექი და დახვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად. და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები?’ და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ.’“ და უთხრა ახაბმა ელიას: „მაინც მომაგენი, ჩემო მტერო!“ და თქვა: „მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტი გაგეკეთებინა უფლის თვალში. ამას ამბობს უფალი: აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს ისრაელში, ყმა იქნება თუ აზატი. ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც მოვექეცი იერობოყამ ნებატის ძის სახლს, ბაყაშა ახიას ძის სახლს, იმ ჯავრის გამო, რომ შეაცდინე ისრაელი. და იეზებელზეც თქვა უფალმა: ძაღლები შეჭამენო იეზებელს იზრეყელის გალავანთან. და ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.“ (ჯერ არავინ ყოფილა, რომელსაც ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იეზებელი, ცოლი მისი. დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა). როცა გაიგონა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი, მარხულობდა და ჯვალოში ეძინა, დადიოდა დამწუხრებული. და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ: „ხედავ, როგორ მოდრკა ახაბი ჩემს წინაშე? და რაკი ასე მოიქცა, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში; მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს.“ ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის. მესამე წელს წავიდა იუდას მეფე იოშაფატი ისრაელის მეფესთან. და უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: „იცით თუ არა, რომ ჩვენ გვეკუთნის გალაადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.“ და უთხრა მან იოშაფატს: „წამომყვები გალაადის რამოთისათვის ბრძოლაში?“ და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?“ და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „აბა, ჯერ დაეკითხე დღეს უფლის სიტყვას.“ და შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი, ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: „გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო?“ მათ თქვეს: „გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.“ და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მისი საშუალებით დავეკითხოთ უფალს?“ და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქაია იმლას ძეა ის.“ და თქვა იოშაფატმა: „ნუ ამბობ ასე, მეფეო.“ და უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია იმლას ძე.“ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი შესამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის ტახტებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე. და გაიკეთა ცედეკია ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა: „ასე ამბობს უფალი: შენ ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებო.“ ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: „მიუხდი გალაადის რამოთს, გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს მას უფალი.“ ასე ეუბნებოდა მიქაიას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: „აჰა, მეფის სასიკეთოს ერთხმად ამბობენ წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო რამ.“ და თქვა მიქაიამ: „უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს.“ და მივიდა მეფესთან. უთხრა მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?“ და უთხრა: „გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს მას უფალი.“ და უთხრა მეფემ: „კიდევ ერთხელ დაგაფიცო, რომ სხვას არაფერს მეტყვი, გარდა სიმართლისა უფლის სახელით?“ და თქვა: „ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, დაბრუნდნენო მშვიდობით თავიანთ სახლებში.“ და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ იწინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.“ და თქვა მიქაიამ: „აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ. და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში?’ ერთი ამას ამბობდა, მეორე – იმას. და გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ ჰკითხა უფალმა: ‘რითი?’ და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში.’ და თქვა უფალმა: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა; წადი, ასე გააკეთე.’ აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.“ და მიეჭრა ცედეკია ქენაყანას ძე და ლოყაში გაარტყა მიქაიას, და თქვა: „როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?“ და თქვა მიქაიამ: „კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.“ და თქვა ისრაელის მეფემ: „შეიპყარით მიქაია და მიჰგვარეთ ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს, და უთხარით: ასე ამბობს-თქო მეფე: საპყრობილეში ჩააგდეთ ეს კაცი ცოტაოდენი პურისა და წყლის გარდა არაფერი მისცეთ, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.“ და თქვა მიქაიამ: „თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით.“ და თქვა: „ხალხნო, მისმინეთ ყველამ!“ და წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე, გალაადის რამოთზე. და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ისე გავალ საომრად. შენ შენი სამოსელი გეცვას.“ და გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საომრად. და უბრძანა არამის მეფემ მეეტლეთა მეთაურებს, 31 კაცს, ვინც მას ჰყავდა: „ნუ შეებრძოლებით ნურც პატარას, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.“ როცა დაინახეს მეეტლეთა მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე, და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. და იყვირა იოშაფატმა. როცა მიხვდნენ მეეტლეთა მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას. ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. და უთხრა თავის მეეტლეს: „გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.“ გახურდა ბრძოლა იმ დღეს. და ეტლზე იდგა ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ, და მოკვდა საღამო ხანს. და წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლში. და გაისმა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: „ყველა თავის ქალაქისკენ! ყველა თავის ქვეყნისკენ!“ და მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას, და დამარხეს მეფე სამარიაში. და გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე, სადაც სიძვის დიაცებიც იბანდნენ და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს უფლის სიტყვისამებრ. ახაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა – სპილოს ძვლის სახლი, რომელიც ააშენა, ქალაქები, რომელნიც გააშენა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა ახაბმა თავის მამებთან და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე ახაზია. იოშაფატი, ასას ძე, გამეფდა იუდაზე ახაბის, ისრაელის მეფის მეოთხე წელს. 35 წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და 25 წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა შილხის ასული. ყველაფერში მამამისის, ასას გზას ადგა იგი, არ გადაუხვევია მისგან, და უფლის მოსაწონად იქცეოდა; ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული, ხალხი ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა. ზავი ჰქონდა იოშაფატს ისრაელის მეფესთან. იოშაფატის დანარჩენი საქმენი, მისი გმირობა, რაც ჩაიდინა, და როგორ იბრძოდა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ტაძრის მსიძავთა ნატამალნი, მისი მამის, ასას დრომდე რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა მიწის პირისაგან. მეფე არ იყო ედომში, მხოლოდ მეფის დანიშნული ზედამხედველი იყო. ათი თარშიშული ხომალდი ააგო იოშაფატმა ოფირში წასასვლელად და ოქროს მოსატანად, მაგრამ არ მიუღწევიათ მათ, რადგან ყეციონ-გებერშივე დაიმსხვრა ისინი. მაშინ უთხრა ახაზიამ, ახაბის ძემ, იოშაფატს: იარონო ჩემმა მსახურებმა შენს მსახურებთან ერთად ხომალდებით. მაგრამ იოშაფატმა არ მოინდომა. და განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამების გვერდით დავითის, მამამისის ქალაქში, და მის ნაცვლად გამეფდა იორამი, მისი ძე. ახაზია ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში, იოშაფატის, იუდას მეფის მეჩვიდმეტე წელს, და ისრაელზე იმეფა ორი წელი. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, და დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობოყამის, ნებატის ძის გზაზე, რომელმაც აცდუნა ისრაელი. და ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა მას, და განარისხა უფალი, ისრაელის ღმერთი, როგორც მამამისი აკეთებდა. და განუდგა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ. და გადმოვარდა ახაზია სარკმლიდან თავისი ზემოთვალისა, სამარიაში რომ ჰქონდა, და დასნეულდა. და გაგზავნა მოციქულები და დააბარა: წადით და დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგანო? უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: „წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან, მიდიხართ სამკითხაოდ?’ ამიტომაც ასე ამბობს უფალი: ‘ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ და წავიდა ელია. და დაბრუნდნენ მოციქულები მეფესთან და უთხრა მათ: „რატომ დაბრუნდით?“ და უთხრეს: „კაცი გამოვიდა ჩვენს შესახვედრად და გვითხრა: ‘წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგაგზავნათ, და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან აგზავნი საკითხავად? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ ჰკითხა მათ: „როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“ და უთხრეს მას: „ბანჯგვლიანია ის კაცი და წელზე ტყავის ქამარი არტყია.“ და თქვა: „ეს ელია თიშბელია.“ და მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და როცა ის მასთან ავიდა, აჰა, მთის თხემზე ზის ელია. და უთხრა მას: „ღვთისკაცო! მეფე გიბრძანებს: ძირს ჩამოდიო.“ და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული. და კვლავ მიუგზავნა მეფემ სხვა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და უთხრა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: სასწრაფოდ ჩამოდიო.“ და მიუგო ელიამ და უთხრა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათეულიც.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათეული. და მესამედ მიუგზავნა მეფემ ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და უთხრა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათის, შენი მსახურის, სიცოცხლეს შენს თვალში. აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.“ და უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: „ჩაჰყევი, ნუ გეშინია მისი.“ და ადგა ელია და ჩავიდა მასთან ერთად მეფესთან. და უთხრა მას: „ასე ამბობს უფალი: რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან გააგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხებოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები.“ და მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, როგორც თქვა ელიამ. და მის ნაცვლად იორამი, ახაზიას ძმა გამეფდა იუდას მეფის, იოშაფატის ძის – იორამის მეორე წელს, რადგან მას ძე არ ჰყოლია. და ახაზიას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ელისესთან ერთად. და უთხრა ელიამ ელისეს: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ ბეთელში. გამოვიდნენ ბეთელის წინასწარმეტყველთა ძენი ელისესკენ და უთხრეს: „იცი, რომ დღეს უფალი წაიყვანს შენს ბატონს შენგან, ზემოთ?“ ელისემ უთხრა: „ვიცი, ვიცი; თქვენ იყუჩეთ.“ და კვლავ უთხრა მას ელიამ: „ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხოში მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ იერიხოში. და მიადგა ელისეს იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთა გუნდი და უთხრეს: „იცი, რომ დღეს უფალი წაიყვანს შენს ბატონს შენგან, ზემოთ?“ ელისემ უთხრა: „ვიცი, ვიცი; თქვენ იყუჩეთ.“ და უთხრა მას ელიამ: „აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მაგზავნის უფალი.“ მაგრამ ელისემ უპასუხა: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ მე შენ არ მიგატოვო.“ და წავიდნენ ორივენი. და წამოვიდა 50 კაცი წინასწარმეტყველთა ძეთაგან და მოშორებით დადგა, მათ პირდაპირ. ეს ორნი კი იორდანეს პირას იდგნენ. და აიღო ელიამ თავისი ხალენი, დაახვია და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ. როცა გაღმა გავიდნენ, უთხრა ელიამ ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან.“ და თქვა ელისემ: „სული, შენში რომ არის, ორმაგად გადმოვიდეს ჩემზე.“ და უთხრა: „ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებისას, აგისრულდება, თუ ვერა და, არ აგისრულდება.“ და როცა მასლაათით მიდიოდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. და უყურებდა ელისე და მისძახოდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ!“ და მეტად აღარ დაუნახავს იგი. და ხელში აიღო თავისი სამოსელი და ორად გაგლიჯა. და აიღო ხალენი, ელიას რომ ჩამოუვარდა, და უკან გაბრუნდა და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა. და აიღო ხალენი, ელიას რომ ჩამოუვარდა, დაჰკრა წყალს და თქვა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?“ და როცა დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი, გაღმა გავიდა ელისე. და შორიდან დაინახეს იგი იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთ და თქვეს: „ელიას სული გადმოვიდა ელისეზე.“ და მიეგებნენ და მიწამდე დაუკრეს თავი. და უთხრეს: „აჰა, 50 მარჯვე კაცი გვყავს შენს მსახურთ. თუ გინდა, წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში ან ხევში ჩამოაგდო.“ და მიუგო ელისემ: „ნუ გაგზავნით.“ არ მოეშვნენ, და თავი რომ მოაბეზრეს, უთხრა: გაგზავნეთო. და გაგზავნეს 50 კაცი. და სამ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. და მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხოში იჯდა. და უთხრა მან: „ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ-მეთქი.“ და უთხრეს იმ ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: „კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩვენი ბატონი, მაგრამ ცუდი წყალია აქ და უნაყოფო მიწა.“ და თქვა: „მომეცით უხმარი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ.“ და მისცეს. ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, და თქვა: „ასე ამბობს უფალი: მე ვკურნავ ამ წყალს; ამიერიდან აღარ მოიტანსო ის სიკვდილსა და უნაყოფობას.“ და დღემდე განკურნებულია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან. ელისე იქიდან ბეთელისაკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: „ქაჩალ, ქაჩალ გაიქეც!“ ელისემ უკან მოიხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით დასწყევლა. და გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაფლითეს მათგან 42 ბავშვი. და იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა. და იორამ ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იუდას მეფის – იოშაფატის მეთვრამეტე წელს და 12 წელი იმეფა. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, თუმცა არა მამამისივით და დედამისივით: მან მოგლიჯა ბაყალის ქანდაკი, მამამისმა რომ აღმართა. მაგრამ მიწებებული იყო და არ განრიდებია ცოდვებს იერობოყამისა, ნებატის ძისა, რომელმაც აცდუნა ისრაელი. და მოაბის მეფე მეშაყი დიდძალი ცხვრის პატრონი იყო და უგზავნიდა ისრაელის მეფეს 100 ათას კრავსა და 100 ათას გაუპარსავ ვერძს. და ახაბის სიკვდილის შემდეგ განუდგა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს. მაშინ გამოვიდა იორამ მეფე სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი. და გავიდა და შეუთვალა იოშაფატს, იუდას მეფეს: განმიდგა მოაბის მეფე და ხომ არ გამოხვალო ჩემთან ერთად მოაბის წინააღმდეგ? და შემოუთვალა იუდას მეფემ: „გამოვალ. როგორც შენ, ისე მე, როგორც შენი ხალხი, ისე ჩემი ხალხი, როგორც შენი ცხენები, ისე ჩემი ცხენები.“ და თქვა იორამ მეფემ: „რომელი გზით წავიდეთ?“ და თქვა იოშაფატ მეფემ: „ედომის უდაბნოს გზით.“ და გავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე. და იტრიალეს შვიდი დღე და ვერ ნახეს საკმარისი წყალი ლაშქრისთვის და პირუტყვისთვის, უკან რომ მოჰყვებოდათ. და თქვა ისრაელის მეფემ: „აჰა, შეგვყარა უფალმა ეს სამი მეფე, რათა მოაბის ხელში ჩაგვაგდოს.“ და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ უფლისთვის ვაკითხვინოთ?“ და მიუგო ისრაელის მეფის ერთმა მსახურმა და უთხრა: „არის აქ ელისე, შაფატის ძე, რომელიც ხელზე წყალს უსხამდა ელიას.“ და თქვა იოშაფატმა: „უფლის სიტყვაა მასთან.“ და ჩავიდნენ მასთან ისრაელის მეფე, და იოშაფატი, და ედომის მეფე. და უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: „რა გინდა ჩემგან? წადი მამაშენის წინასწარმეტყველებთან და დედაშენის წინასწარმეტყველებთან.“ და თქვა ისრაელის მეფემ: „არა, იმისთვის შეგვყარა უფალმა ეს სამი მეფე, რომ მოაბის ხელში ჩაგვაგდოს.“ და თქვა ელისემ: „ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც მე ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, პატივს რომ არ ვცემდე იოშაფატს, იუდას მეფეს. ახლა, მომიყვანეთ მეჩანგე.“ და როცა უკრავდა მეჩანგე, უფლის ხელი შეეხო ელისეს. და თქვა ელისემ: „ასე ამბობს უფალი: ‘თხრილები თხრილებზე დათხარეთ ამ ველზე.’ რადგან ასე ამბობს უფალი: ‘ვერ დაინახავთ ქარს და ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ველი, თქვენცა სვით და თქვენმა პირუტყვმაც.’ მხოლოდ ამას არ იკმარებს უფალი; მოაბსაც ჩაგაგდებინებთ ხელში. და შემუსრავთ ყველა გამაგრებულ ქალაქს და ყველა რჩეულ ქალაქს, და ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროსთვალს ამოავსებთ, და საუკეთესო მიწებს ქვით აავსებთ.“ დილით, პურეულის ძღვენის მიტანისას, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე და წყლით დაიფარა მიწა. და როცა გაიგო მოაბმა, რომ დაიძრნენ მეფეები მათთან საომრად, ყველამ თავი მოიყარა, სარტყლის შემომრტყმელმაც და უხნესებმაც, და დადგნენ საზღვართან. დილაადრიანად ადგნენ ისინი, და როცა მზე წყალზე გაბრწყინდა, მოაბელებს შორიდან ეს წყალი წითლად მოეჩვენათ სისხლივით. და თქვეს: „ეს სისხლია, დატაკებიან მეფეები ერთმანეთს და დაუხოციათ. აბა, შენია ნადავლი, მოაბო!“ და მიადგნენ ისრაელის ბანაკს. და შეუტია ისრაელმა და დასცხო მოაბს და უკუაქცია, მისდევდნენ და ჟლეტდნენ მოაბელებს. ქალაქები დაანგრიეს; საუკეთესო მიშებში თითო კაცმა თითო ქვა ისროლა და ქვით აავსო. და ყველა წყაროსთვალი ამოავსეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს. ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ კირ-ხარესეთში. შემოადგნენ მეშურდულენი და დააქციეს. დაინახა მოაბის მეფემ, რომ დამარცხდა ბრძოლაში, და გაიყოლა 700 კაცი, მახვილის ამომწვდელი, რომ ედომის მეფისკენ გაეღწია, მაგრამ ვერ შეძლეს. და მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო, და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირა გალავანზე. ძლიერ შეზარა ამან ისრაელი, და მოსცილდნენ იქაურობას და თავისი ქვეყნისკენ გაბრუნდნენ. წინასწარმეტყველის ძეთაგან ერთის ცოლმა ტირილით შეჰღაღადა ელისეს: „მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; და შენ იცი, რომ უფლისმოშიში იყო შენი მსახური. ახლა მოდის მევახშე და ჩემს ორივე ბავშვს მონებად მართმევს.“ და უთხრა ელისემ: „რა გიყო? მითხარი, რა გაბადია შინ?“ ქალმა მიუგო: „სახლში არაფერი აქვს შენს მხევალს, გარდა მცირეოდენი ზეთისა დოქში.“ და უთხრა მას ელისემ: „წადი და ჭურჭელი ინათხოვრე მეზობლებისგან; ცარიელი ჭურჭელი ბევრი დააგროვე. მერე მიდი, შინ ჩაიკეტეთ შენ და შენი შვილები და დოქიდან გადმოასხით ჭურჭლებში ის ზეთი, ვიდრე ყველას გაავსებთ; სავსეები გვერდზე გადააწყვე.“ წავიდა ქალი და შინ ჩაიკეტა თავის შვილებთან ერთად; ისინი აწვდიდნენ ცარიელ ჭურჭელს, ის კი ასხამდა. და როცა ჭურჭლები დაივსო, უთხრა ვაჟიშვილს: „კიდევ მომაწოდე ჭურჭელი.“ მან უთხრა: „ცარიელი ჭურჭელი აღარ არის.“ და ზეთიც შეწყდა. და მივიდა და უამბო ღვთისკაცს. და უთხრა მან: „წადი, გაყიდე ზეთი და ვალი გაისტუმრე; დანარჩენით თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა.“ ერთ დღესაც შუნემში გაიარა ელისემ. იქ ერთი მდიდარი ქალი ცხოვრობდა, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი; და რამდენჯერაც ჩაივლიდა, მუდამ შეუხვევდა ხოლმე იქ პურის საჭმელად. და უთხრა ქალმა თავის ქმარს: „ნამდვილად ვიცი, რომ წმიდაა, აქეთ რომ ღვთისკაცი დადის. მოვუწყოთ მცირე კუთხე ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი; და, როცა ჩვენთან შემოივლის, იქ შევიდეს.“ ერთ დღესაც შეიარა მათთან; შევიდა ზემოთვალში და დაწვა. და უთხრა ელისემ გეხაზის, თავის მსახურ ბიჭს: დაუძახეო ამ შუნამელ ქალს. მანაც დაუძახა და ეახლა ქალი. და უთხრა ელისემ მსახურ ბიჭს: „უთხარი მას: აჰა, შენ რომ ასე ზრუნავ ჩვენზე, რა შეგვიძლია გაგიკეთოთ? ხომ არ დაველაპარაკოთ-თქო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს?“ და უთხრა ქალმა: „არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ.“ და თქვა ელისემ: „მაინც რა უნდა გავუკეთო?“ და უთხრა გეხაზიმ: „მართლა, შვილი არა ჰყავს და მისი ქმარი კი მოხუცია.“ და თქვა მან: „დაუძახე აქ.“ მანაც დაუძახა და კარებში გაჩერდა ქალი. და თქვა ელისემ: „გაის ამ დროს ჩახუტებული გეყოლება ვაჟიშვილი.“ და თქვა ქალმა: „არა, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს.“ მართლაც დაორსულდა ქალი და წლის სწორზე შვა ძე, როგორც უთხრა მას ელისემ. გაიზარდა ბავშვი და ერთ დღესაც წავიდა მამამისთან სამკალში. უეცრივ უთხრა მამას: „ვაი, ვაი, თავი მტკივა!“ და უთხრა კაცმა მსახურ ბიჭს: „დედას წაუყვანე!“ და წაიყვანა და მიუყვანა დედას. დედას შუადღემდე კალთაში ეჯდა და მოკვდა. ავიდა ქალი ზემოთვალში და ღვთისკაცის საწოლზე დააწვინა ბავშვი, კარი გამოიკეტა და გარეთ გავიდა. და დაუძახა ქმარს და უთხრა: „გამომიგზავნე ერთი ვინმე მსახური და ერთი ვირი, ღვთისკაცთან წავალ და ისევ დავბრუნდები.“ და უთხრა: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალმთვარობაა და არც შაბათი.“ მაგრამ მან უთხრა: „შენ დადუმდი, მშვიდობა არის.“ და შეკაზმა ქალმა ვირი და უთხრა მსახურ ბიჭს: „წინ წაუძეხი და იარე; და გზაზე ნუ გამაჩერებ, თუ მე არ გიბრძანო.“ წავიდნენ და მივიდნენ ღვთისკაცთან, ქარმელის მთაზე. და როცა შორიდან მოჰკრა თვალი ქალს ღვთისკაცმა, უთხრა გეხაზის, თავის მსახურს: აგერ, ის შუნამელი ქალი. აბა გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: ხომ მშვიდობით არის-თქო შენი ქმარი და ხომ მშვიდობით არის-თქო შენი შვილი. და მიუგო ქალმა: მშვიდობით არიანო. და როცა ავიდა ქალი ღვთისკაცთან მთაზე, მუხლებზე მოეხვია. მივარდა გეხაზი, რომ მოეშორებინა ის, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: „თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, უფალმა კი დამიმალა ეს და არ გამოუცხადებია ჩემთვის.“ და თქვა ქალმა: „განა მე ვთხოვდი შვილს ჩემს ბატონს? შენ ხომ გეუბნებოდი: ნუ მომატყუებ-მეთქი?“ და უთხრა გეხაზის: „სარტყელი შემოირტყი წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. შემხვედრს არავის მიესალმო; თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე, და სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი.“ და თქვა ყმაწვილის დედამ: „უფლისა და შენმა სიცოცხლემ, რომ არ დაგეხსნები!“ და ადგა ელისე და გაჰყვა ქალს. მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე არგანი დაადო ბავშვს, მაგრამ არ ისმოდა ხმა და ჩამიჩუმი. და უკან გაბრუნდა მის შესახვედრად და მოახსენა: არ იღვიძებს ბავშვი. და შევიდა სახლში ელისე, და, აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე. და შევიდა, მიიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი. ზედ დააწვა ბავშვს, პირი პირზე დაადო, თვალი – თვალზე, ხელის მტევნები – ხელის მტევნებზე და გადაერთხა ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული. ერთი გაიარ-გამოიარა ოთახში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოდან. შვიდჯერ დააცემინა ბავშვმა, და გაახილა თვალი. და დაუძახა მან გეხაზის და უთხრა: „მოუხმე იმ შუნამელს!“ და მოუხმო. და მივიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: „წაიყვანე შენი შვილი.“ და მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანი სცა; და აიყვანა თავისი შვილი და გავიდა. და დაბრუნდა ელისე გილგალში. შიმშილობა იყო იმ ქვეყანაში. და წინ დაუსხდნენ მას წინასწარმეტყველთა ძენი. და უთხრა მან მსახურ ბიჭს: „დადგი დიდი ქვაბი და კერძი მოუხარშე წინასწარმეტყველთა ძეთ.“ და გავიდა ერთი მათგანი ველზე საკმაზის მოსაკრეფად, იპოვა ველური ვაზი და დაკრიფა მთელი კალთა ისრიმი; მოვიდა და ჩააჭრა შეჭამადის ქვაბში – მათ კი არ იცოდნენ, რა იყო. და დაუსხეს კაცებს საჭმელად. და როცა ჭამდნენ შეჭამადს, იყვირეს და თქვეს: „სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!“ და ვეღარ შეჭამეს. და თქვა მან: „მომეცით ფქვილი.“ ჩაყარა ქვაბში და უთხრა გეხაზს: „დაუსხი ხალხს, ჭამონ.“ ცუდი აღარაფერი იყო ქვაბში. და მოვიდა ვიღაც კაცი ბაყალ-შალიშადან და მოუტანა ღვთისკაცს პირველნაყოფი: ქერის 20 პური და ნედლი თავთავი გუდით. და თქვა ელისემ: „მიეცი ხალხს, ჭამონ.“ და თქვა მისმა მსახურმა: „ეს რა უნდა გაუხდეს ამ ას კაცს?“ და უთხრა: „მიეცი ხალხს, ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: ჭამენ და კიდეც მორჩებათო.“ და დაუსხა. გაძღნენ და კიდეც მორჩათ, უფლის სიტყვისამებრ. ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად პატივდებულ კაცად ჰყავდა მიღებული თავის ბატონს, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო ნაყამანი, მაგრამ კეთროვანი. და როცა სათარეშოდ იყვნენ გასული არამელები, ტყვედ წაიყვანეს ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა, რომელიც ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა. და უთხრა მან თავის ქალბატონს: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ის განკურნავდა მას კეთრისაგან.“ და მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: ასე და ასე ამბობსო ისრაელის ქვეყნიდან ტყვედ წამოყვანილი გოგონა. და უთხრა არამის მეფემ ნაყამანს: „წადი და მე წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან.“ წავიდა და თან წაიღო 10 ტალანტი ვერცხლი, 6 ათასი შეკელი ოქრო და 10 ხელი ტანსაცმელი. და მიართვა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: „ამ წერილთან ერთად გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისაგან.“ და როცა წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, სამოსელი დაიპო და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის: კეთრისგან განმიკურნეო ეს კაცი. იცოდეთ, საბაბს ეძებს იგი ჩემს წინააღმდეგ.“ და როცა გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი დაიპოო ისრაელის მეფემ, შეუთვალა: „რისთვის დაიპე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და დარწმუნდება, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში.“ და მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და თავისი ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა. გამოუგზავნა ელისემ მსახური და შემოუთვალა: წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნებიო. და გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: „აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის, სახელს ახსენებს, ადგილზევე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი. განა დამასკოს მდინარეები: აბანა და ფარფარი ისრაელის მთელს მდინარეებს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებდი და ვერ გავსუფთავდებოდი?“ და გატრიალდა და წავიდა განრისხებული. და მიეახლნენ მისი მსახურნი, დაელაპარაკნენ და უთხრეს: „ჩვენო მამავ, საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, უნდა შეასრულო, როცა გეუბნება: ‘იბანე და განიწმიდებიო.’“ და ჩავიდა, და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში, როგორც ღვთისკაცმა უთხრა, და ჩვილი ბავშვივით განუახლდა სხეული და განიწმიდა. და დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა. და მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: „აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან.“ და თქვა: „ვფიცავ უფალს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ მივიღებ.“ და აიძულებდა აღებას, მაგრამ ვერ დაიყოლია. და თქვა ნაყამანმა: „თუ ასეა, მომცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი შენმა მსახურმა. ეს ერთი რამ მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა ჩემი ბატონი რიმონის სახლში თაყვანის საცემად, დაეყრდნობა ჩემს ხელს და მეც მომიწევს თაყვანისცემა რიმონის სახლში, ჰოდა, რიმონის სახლში თაყვანისცემისას აპატიოს ეს შენს მსახურს.“ და უთხრა: „მშვიდობით იარე.“ წავიდა ის და მცირე მანძილზე გასცდა მას. და თქვა გეხაზიმ, ელისეს მსახურმა: „აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მისი მოტანილი ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.“ და დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევდა, ეტლიდან გადმოვიდა, შეეგება და ჰკითხა: „ხომ მშვიდობა არის?“ და უპასუხა: „მშვიდობა არის! ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ‘ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან, იქნებ ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინაო მათთვის.’“ და თქვა: ნაყამანმა: „ორი ტალანტი აიღე ბარემ.“ დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად მისცა წასაღებად თავის ორ მსახურს. და როცა ის მივიდა ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. და უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც. ის კი მივიდა და გამოცხადდა ბატონთან. და უთხრა ელისემ: „საიდან მოდიხარ, გეხაზი?“ და თქვა: „არსად არ წასულა შენი მსახური.“ და უთხრა: „განა ჩემი გული შენ არ მოგყვებოდა, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და შეგეგება? განა იმის დროა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე სამოსელს, ზეთისხილის ხეებსა და ვენახებს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს? დაე, შენ და შენს შთამომავლობას გადაგედოთ ნაყამანის კეთრი საუკუნოდ.“ და გამოვიდა მისგან გეხაზი კეთრით გათეთრებული, როგორც თოვლი. და უთხრეს წინასწარმეტყველთა ძეებმა ელისეს: „აჰა, გვევიწროვება ეს ადგილი, სადაც შენს წინაშე ვცხოვრობთ. იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ და იქ ავიშენებთ სადგომს საცხოვრებლად.“ და უთხრა მან: ჩადითო. და უთხრა ერთმა: „იქნებ მოიღო წყალობა და შენც წამოგვყვე შენს მსახურთ.“ წამოგყვებითო, – უპასუხა მან. და წაჰყვა მათ. ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხეების ჭრას. ერთ მათგანს, მორს რომ ჭრიდა, ცულის ტარი წაუძვრა და ცული წყალში ჩაუვარდა, და იყვირა: ვაი, ბატონო! ნათხოვარი მქონდაო! და უთხრა ღვთისკაცმა: „სად ჩაგივარდა?“ და უჩვენა ადგილი. ღვთისკაცმა ნაფოტი აიღო და ისროლა იქითკენ, და ამოტივტივდა ცული. და თქვა: ამოიღეო. გაიწოდა მან ხელი და აიღო. ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მსახურებთან: ამა და ამ ადგილას დავბანაკდებიო. და შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს: მოერიდე ამ ადგილას გავლას, არამელები არიანო შემოპარული. და გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა; და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ. და შეაშფოთა არამის მეფის გული ამ ამბავმა, უხმო თავის მსახურთ და უთხრა: „არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?“ და თქვა მსახურთაგან ერთმა: „არავინ, მეფე-ბატონო! ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ.“ და თქვა: „წადით და გაიგეთ, სად არის ის. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ.“ და შეატყობინეს: დოთანში არისო. და გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. და მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს. ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური და გამოვიდა გარეთ; და, აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. და უთხრა მისმა მსახურმა ბიჭმა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?“ და თქვა: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.“ და ილოცა ელისემ და თქვა: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.“ და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით. და როცა მისკენ დაეშვნენ არამელები, ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: „დააბრმავე ეს ხალხი!“ და დააბრმავა უფალმა ისინი ელისეს სიტყვისამებრ. და უთხრა მათ ელისემ: „აქ არ არის ის გზა და არც ის ქალაქი. გამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ.“ და წაუძღვა სამარიამდე. და როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: „უფალო! აუხილე თვალი ამათ, რომ დაინახონ.“ აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან. უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: „დავხოცო, ჩემო მამავ?“ და უთხრა: „არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.“ და გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს და სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. და ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები. ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას. და დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. და სანამ ალყაში იყო, ვირის თავი 80 ვერცხლი ღირდა, ხოლო კაბიწის მეოთხედი მტრედის სკინტლი – ხუთი ვერცხლი. და გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰღაღადა ერთმა ქალმა: „მიშველეო, მეფე-ბატონო!“ და უთხრა: „თუ უფალმა არ გიშველა, მე რით გიშველო? კალოთი თუ საწნახლით?“ უთხრა მას მეფემ: „რა დაგემართა?“ უთხრა: ამ ქალმა მითხრა: მომეციო შენი შვილი, დღეს ის შევჭამოთ, ხვალ – ჩემიო. და მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. და ვუთხარი მეორე დღეს: მომეცი, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი. მან კი გადამალა თავისი შვილი. და როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, სამოსელი დაიპო და გალავანზე გავიდა. და დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცებზე. და თქვა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ საღამომდე თავი შერჩეს მხრებზე ელისე შაფატის ძეს!“ ელისე კი იჯდა თავის სახლში და უხუცესები უსხდნენ გვერდით. და გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი, და ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: „ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!“ და ვიდრე მათ ელაპარაკებოდა, აჰა, მოვიდა მოციქულიც, და თქვა ელისემ: „აჰა, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან?“ და თქვა ელისემ: „ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს ერთი საწყაო გამტკიცებული ფქვილი ერთი შეკელი ეღირებაო, ორი საწყაო ქერიც – ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთანო.“ და მიუგო კარისკაცმა, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა ღვთისკაცს: „აჰა, სარკმლებიც რომ გახსნას უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი რამ?“ და თქვა ღვთისკაცმა: „აჰა, შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.“ ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „რისთვის ვსხედვართ აქ და სიკვდილს ველოდებით? თუ ქალაქში წასვლას გადავწყვეტთ, შიმშილობაა ქალაქში და იქ დავიხოცებით; თუ აქ დავრჩებით, მაინც დავიხოცებით. მოდით, ავდგეთ და არამელთა ბანაკში ჩავიდეთ; თუ ცოცხალი დაგვტოვეს, ხომ კარგი, თუ დაგვხოცეს, დავიხოცოთ.“ და ადგნენ გარიჟრაჟზე, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. და მიადგნენ არამელთა ბანაკის ნაპირს. და აჰა, კაციშვილი არ იყო იქ. უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისათვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა, და უთქვამთ ერთმანეთისთვის: „ალბათ ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები, რათა თავს დაგვესხან.“ და ამდგარან და გაქცეულან დილის ბინდბუნდში, მიუტოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად. და მიადგნენ ეს კეთროვნები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. და ჭამეს და სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. და მობრუნდნენ და სხვა კარავში შევიდნენ, და იქიდანაც აიღეს და წამოიღეს და დამალეს. და უთხრეს ერთმანეთს: „ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე სასიხარულო უწყების დღეა, თუ გავჩუმდით და გათენებამდე ვიცადეთ, ბრალს დაგვდებენ. წამოდი, წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ.“ და მივიდნენ და გამოიძახეს კარიბჭის გუშაგები და უამბეს და უთხრეს: „არამელთა ბანაკში მივედით, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო იქ, ადამიანის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ცხენები და ვირები დაგვხვდა დაბმული, და კარვები ხელუხლებლად.“ და დაუძახეს მათ გუშაგებს და მათაც მიიტანეს, ამბავი მეფის სახლში. და ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მსახურთ: „გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. და ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ. ისინი აპირებენ, რომ როგორც კი ქალაქიდან გავალთ, ცოცხლად შეგვიპყრონ და ქალაქში შემოიჭრნენ.“ მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და თქვა: „გამოიყვანონ ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან ხუთი – აჰა, ისინი იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, ქალაქში რომ დარჩა; აჰა, იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, რომელიც დაილია. გავგზავნოთ და ვნახოთ.“ და გაიყვანეს ორი წყვილი ცხენი ეტლში შებმული. და გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და თქვა: „წადით და ნახეთ.“ და იორდანემდე მიჰყვნენ მათ, და აჰა, მთელი გზა მოფენილია სამოსლითა და ნივთებით, არამელებს რომ დაბნეოდათ ფაციფუცში. გამობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს. და გამოეფინა ხალხი და გაძარცვეს არამელთა ბანაკი. ერთი საწყაო გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი გახდა, ორი საწყაო ქერიც – ერთი შეკელი, მსგავსად უფლის სიტყვისა. კარიბჭესთან დააყენა მეფემ კარისკაცი, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა. და გადათელა კარისკაცი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მივიდა მეფე. ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: „ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან ერთი საწყაო გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი საწყაო ქერიც – ერთი შეკელი.“ და მიუგო მაშინ კარისკაცმა და თქვა: „აჰა, სარკმლებიც რომ გახსნას უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი?“ ღვთისკაცმა კი მიუგო: „შენი თვალით იხილავ, ჭამით კი ვერ შეჭამ.“ და ასეც აუხდა. და გადათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა. ელისემ უთხრა დედაკაცს, რომელსაც შვილი გაუცოცხლა: „ადექი და წადი შენი ოჯახით და დადექი სადმე მწირად, სადაც შეძლებ, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.“ და ადგა ის დედაკაცი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი ოჯახით და შვიდ წელიწადს მწირობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში. და როცა შვიდმა წელმა გაიარა, დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მოვიდა მეფესთან თავისი სახლ-კარისა და საყანის გამოსათხოვად. ამ დროს ელაპარაკებოდა მეფე გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს, და უთხრა: „მიამბე ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.“ და როცა უყვებოდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი, აჰა, ის დედაკაცი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, ეხვეწებოდა მეფეს თავისი სახლ-კარისა და საყანის გამო. და თქვა გეხაზიმ: „მეფე-ბატონო, ეს სწორედ ის დედაკაცია, და სწორედ ეს არის მისი ძე, ელისემ რომ გააცოცხლა.“ და გამოჰკითხა მეფემ დედაკაცს და მანაც უამბო ყოველივე. და მისცა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: „დაუბრუნეთ მთელი მისი საკუთრება და მინდვრის მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა მან, დღევანდელ დღემდე.“ და მივიდა ელისე დამასკოში, როცა ავად იყო ბენ-ჰადადი, არამის მეფე. და მოახსენეს და უთხრეს: ღვთისკაციაო მოსული. და უთხრა მეფემ ხაზაელს: „აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს. და უფალთან აკითხვინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?“ და წავიდა ხაზაელი მისაგებებლად. და ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც კი საუკეთესო იყო დამასკოში, 40 აქლემის ტვირთი. და მივიდა, და წარუდგა მას და თქვა: „შენმა ძემ – ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არაო ამ სენისგან?“ და უთხრა ელისემ: „წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ მახილვინა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.“ და მიაშტერა ელისემ მას მზერა და დიდხანს იყო ასე, ვიდრე არ შეაშფოთა იგი; და ატირდა ღვთისკაცი. და თქვა ხაზაელმა: „რატომ ტირის ჩემი ბატონი?“ და თქვა: „იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელიანთ: ცეცხლს მისცემ მათ ციხესიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაჰკვეთ მათ ორსულ დედაკაცებს.“ და თქვა ხაზაელმა: „ვინ ძაღლი გდია შენი მსახური, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს?“ და თქვა ელისემ: „შენი თავი მიჩვენა უფალმა არამის მეფედ.“ და წავიდა ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. და ჰკითხა: რა გითხრაო ელისემ? თქვა: შენზე მითხრა, გამოჯანმრთელდებაო. და აიღო მეორე დღეს მაქმანი, წყალში დაასველა და სახეზე დაადო მას. და მოკვდა ბენ-ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად ხაზაელი. ისრაელის მეფე იორამ ახაბის ძის მეხუთე წელს, იუდას მეფის, იოშაფატის შემდეგ გამეფდა იორამ იოშაფატის ძე, იუდას მეფე. 32 წლისა იყო, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა ახაბის სახლი, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად, და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მსახურის გამო, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რომ მისცემდა ლამპარს მას მის შთამომავლობაში სამარადისოდ. მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე. და გაემართა იორამი ცაყირისკენ მთელი თავისი ეტლიონით; და ადგა ღამით და სძლია ედომელებს, და ეტლის მეთაურებს, გარს რომ ეხვივნენ. და გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში. და განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმ ხანადვე განდგა ლიბნაც. იორამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იორამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, ახაზია, გამეფდა. ისრაელის მეფის, იორამ ახაბის ძის მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე. 22 წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა; და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ღათალია, ისრაელის მეფის, ყომრის, ასული. ახაბის სახლის გზით დადიოდა იგი და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ახაბის სახლი, რადგან ახაბის სახლის სიძე იყო. და წავიდა იგი იორამ ახაბის ძესთან ერთად ხაზაელთან, არამის მეფესთან საომრად გალაადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი. და მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში მოეშუშებინა ჭრილობა, არამელებმა რომ მიაყენეს რამაში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი. ელისე წინასწარმეტყველმა მოუხმო წინასწარმეტყველთა ერთ-ერთ ძეს და უთხრა: „შეიბი სარტყელი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და წადი გალაადის რამოთში. და როცა იქ მიხვალ, მოძებნე იეჰუ, იოშაფატ ნიმშის ძის ძე და მიდი და წამოაყენე მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვანე; და აიღე ზეთის ჭურჭელი და ზეთი დაასხი თავზე, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘მე გცხებ ისრაელის მეფედ.’ შემდეგ გააღე კარი, გაიქეცი და არ მოიცადო.“ და წავიდა ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გალაადის რამოთში. მივიდა, და, აჰა, სხედან მხედართმთავრები, და უთხრა: „სიტყვა მაქვს შენთან, მეთაურო.“ და თქვა იეჰუმ: „რომელ ჩვენგანთან?“ და თქვა: შენთანო, მხედართმთავარო. და ადგა, და შევიდა სახლში. და დაასხა ზეთი თავზე და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის მეფედო. შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა სისხლი და უფლის ყველა მსახურის სისხლი, იეზებელის ხელით რომ დაეცნენ. და განადგურდება ახაბის მთელი სახლი, და ამოვუძირკვავ ახაბს კაცს, და ყმასა და აზატს ისრაელში. და ვაქცევ ახაბის სახლს იერობოყამ ნებატის ძის სახლივით, და ახიას ძის, ბაყაშას სახლივით. იეზებელს კი ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ დამარხავს მას.“ და გააღო კარი და გაიქცა. და გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან, და უთხრეს: „ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი?“ და უთხრა მათ: „თქვენ იცით ეს კაციც და მისი ნალაპარაკევიც.“ და თქვეს: „ტყუილია, გვითხარი.“ და თქვა: „ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედო.“ და საჩქაროდ დაავლეს ხელი თავიანთ მოსასხამებს, და ზედ საფეხურებზე დაუფინეს, და ბუკსა ჰკრეს და გამოაცხადეს: გამეფდაო იეჰუ! აუჯანყდა იეჰუ, იოშაფატ ნიმშის ძის ძე იორამს; ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფე ხაზაელს უდარაჯებდა გალაადის რამოთში. თავად იორამ მეფე უკან დაბრუნდა, რათა იზრეყელში მოეშუშებინა არამის მეფე ხაზაელთან ბრძოლის დროს არამელთა მიერ მიყენებული ჭრილობები. და თქვა იეჰუმ: „თუ თანახმა ხართ, ნურავის გაუშვებთ ქალაქიდან იზრეყელში ამბის წასაღებად.“ და ამხედრდა იეჰუ და გასწია იზრეყელისაკენ, რადგან იქ იწვა იორამი; და იუდას მეფე ახაზიაც იქ იყო მისული იორამის სანახავად. ებგური იდგა კოშკზე იზრეყელში. და დაინახა, იეჰუს ჯარი რომ მოდიოდა, და თქვა: „ჯარსა ვხედავ!“ და თქვა იორამმა: „ადექი და გააგზავნე მხედარი შესახვედრად, და იკითხოს: ‘ხომ მშვიდობა არის?’“ და წავიდა მხედარი მისაგებებლად და უთხრა: „მეფე კითხულობს, ხომ მშვიდობა არისო?“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.“ შეატყობინა ებგურმა მეფეს: „მივიდა ის მათთან, მაგრამ უკან აღარ ბრუნდება.“ და გაგზავნა მან მეორე მხედარი. ისიც მივიდა მათთან და თქვა: „ასე ამბობს მეფე, ხომ მშვიდობა არისო?“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.“ შეატყობინა ებგურმა მეფეს: „მივიდა ის მათთან და უკან აღარ ბრუნდება. ჯარის წინამძღოლი კი საქციელით იეჰუ უნდა იყოს, ნიმშის ძე, რადგან გამალებული მოქრის.“ და თქვა იორამმა: შემიბითო ეტლი! და შეუბეს ეტლი. და გავიდნენ იორამი, ისრაელის მეფე, და ახაზია, იუდას მეფე, თავ-თავისი ეტლებით. და გავიდნენ იეჰუს შესახვედრად, და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის მინდორზე. და როცა დაინახა იორამმა იეჰუ, თქვა: „ხომ მშვიდობაა, იეჰუ?“ და თქვა: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იეზებელის გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?“ და უკან გატრიალდა იორამი და გაიქცა, და უთხრა ახაზიას: „ღალატია, ახაზია!“ და მოზიდა მშვილდი იეჰუმ, და ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. და ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა. და უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: „აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის მინდორში. და გაიხსენე, ორივე რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, ახაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა: ‘განა ნაბოთისა და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ?’ – ამბობს უფალი. აიღე და გადააგდე მინდორში, უფლის სიტყვისამებრ.“ ეს რომ დაინახა იუდას მეფე ახაზიამ, ბეთ-ჰაგანისკენ გაიქცა. და გაეკიდა იეჰუ და თქვა: „მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე.“ და დაჰკრეს მას გურის მაღლობზე, იბლეყამთან რომ არის. და გაიქცა ის მეგიდოსაკენ და იქ მოკვდა. და წაასვენეს მისმა მსახურებმა იერუსალიმს და დამარხეს იგი თავის სამარხში, მის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. ახაბის ძის, იორამის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია იუდაში. და მივიდა იეჰუ იზრეყელში და, როცა მოესმა ამბავი იეზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში. და შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ქალმა თქვა: „ხომ მშვიდობითაა ზიმრი, თავისი ბატონის მკვლელი?“ ახედა სარკმელს კაცმა და დაიძახა: „ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ?“ და გადმოხედა მას ორმა-სამმა საჭურისმა. და თქვა: „გადმოაგდეთ ქალი!“ და გადმოაგდეს. და მიესხა მისი სისხლი კედელს და ცხენებს. და გადათელეს მათ იგი. და მივიდა იეჰუ, და ჭამა და სვა, და თქვა: „მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მაინც მეფის ასულია.“ და წავიდნენ მის დასამარხად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისი, თავის ქალისა და ხელ-ფეხის მეტი. და დაბრუნდნენ და მოახსენეს. და თქვა იეჰუმ: „ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მსახურის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იეზებელს.“ და ეგდება იეზებელის გვამი იზრეყელის ველზე, როგორც ნეხვი მინდორში, ისე რომ ვერავინ იტყვის: აი, ეს არისო იეზებელი. ახაბს 70 შვილი ჰყავდა სამარიაში. და დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებსა და ახაბის შვილების გამზრდელებს. წერილში ნათქვამი იყო: „ახლა, როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონის ძენი, თქვენს ხელთ არის ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი. ჰოდა, ამოირჩიეთ თქვენი ბატონის ძეთაგან უკეთესი, ვინც თქვენ მოგწონთ, და დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის.“ და დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: „აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ?“ და შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: „შენი მსახურნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით. არავის გავამეფებთ, როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.“ და მისწერა მათ მეორე წერილი: „თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონის ძეთა თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში მოდით ჩემთან.“ უფლისწულები – 70 კაცი – ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ. როცა წერილი მოუვიდათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს – 70 კაცი. კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს იეჰუს. და მივიდა მოციქული და მოახსენა: „მოიტანეს უფლისწულთა თავები.“ და თქვა: „ორ გროვად დაყარეთ კარიბჭის შესასვლელთან დილამდე.“ დილა იყო, რომ გამოვიდა, დადგა და უთხრა მთელ ხალხს: „თქვენ უბრალონი ხართ. აჰა, მე ავუჯანყდი ჩემს ბატონს, მე მოვკალი, მაგრამ ესენი ვინ დახოცა? ამიერიდან იცოდეთ, რომ უფლის არც ერთი სიტყვა, რაც უბრძანებია მას ახაბის სახლზე, ფუჭად არ ჩაივლის. აღასრულა უფალმა, რაც ბრძანა თავისი მსახურის, ელიას პირით.“ და ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი ახაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები, არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი. და ადგა და წავიდა და მივიდა სამარიაში. გზაში, ბეთ-ყეკედთან, მწყემსთა ბინებთან, შეხვდა იეჰუ იუდას მეფის, ახაზიას ძმებს და თქვა: „ვინა ხართ?“ და თქვეს: „ახაზიას ძმები ვართ. მეფისა და დედოფლის შვილების ამბის გასაგებად მივდივართ.“ და თქვა: „ცოცხლად შეიპყარით!“ შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს ბეთ-ყეკედში, 42 კაცი, ერთიც არ დატოვეს ცოცხალი. და წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბს, რექაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა. მიესალმა და უთხრა: „ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი?“ და თქვა იონადაბმა: „წრფელია. წრფელია და მომეცი ხელი.“ და მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე. და თქვა: „წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი.“ და დასვეს ეტლზე. და მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა ახაბს სამარიაში. და ბოლომდე გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის. და შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: „ცუდად ემსახურებოდა ახაბი ბაყალს, იეჰუ უფრო მეტად მოემსახურება მას. ახლა შემიყარეთ ბაყალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაყალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი.“ ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ ბაყალის თაყვანისმცემლების ამოსაწყველად. და თქვა იეჰუმ: გამოაცხადეთო ბაყალის დღესასწაული! და გამოაცხადეს. და დაგზავნა იეჰუმ მთელს ისრაელში; და მოვიდა ბაყალის ყველა მსახური, კაციშვილი არ დარჩენილა მოუსვლელი. და შევიდნენ ბაყალის სახლში და კიდით კიდემდე გაივსო ბაყალის სახლი. და უთხრა სამოსლის მცველს იეჰუმ: „გამოუტანე სამოსელი ბაყალის ყველა მსახურს.“ მანაც გამოუტანა შესამოსელი. და შევიდა იეჰუ იონადაბ რექაბის ძესთან ერთად ბაყალის სახლში და უთხრა ბაყალის მსახურებს: „მიათვალ-მოათვალიერეთ, რომ არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაყალის მსახურები უნდა იყვნენ აქ.“ შეუდგნენ მსხვერპლისა და სრულადდასაწველის შეწირვას. და გარეთ დააყენა იეჰუმ 80 კაცი და უბრძანა: „იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ.“ და როცა დასრულდა სრულადდასაწველის შეწირვა, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: „წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ.“ და მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა. თავად კი იმ ქალაქისკენ წავიდნენ, სადაც ბაყალის სახლი იყო. და გამოიტანეს ბაყალის სახლიდან ბაყალის ქანდაკებები და დაწვეს. და დაამსხვრიეს ბაყალის ქანდაკი, და დაანგრიეს ბაყალის სახლი და სანაგვე ადგილად აქციეს დღესაქამომდე. ასე გადააშენა იეჰუმ ბაყალი ისრაელიდან. ოღონდ იერობოყამ ნებატის ძის ცოდვებისათვის, რითაც მან აცდუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბორებისთვის, ბეთელსა და დანში რომ იდგა. და უთხრა უფალმა იეჰუს: „იმის გამო, რომ სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და ყველაფერი აღასრულე ახაბის სახლზე, რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე.“ მაგრამ მთელი გულით არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის, რჯულს. არ დაუნებებია თავი იერობოყამის ცოდვებისთვის, რომლებითაც აცდუნა მან ისრაელი. იმ ხანებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ირაელისთვის; სძლია ისრაელს ხაზაელმა მთელს მის საზღვრებზე და წაართვა მზის აღმოსავლეთით იორდანედან გალაადის მთელი მხარე, გადის, რეუბენის, მანაშეს მიწები ყაროყერიდან დაწყებული, არნონის ხეობაში რომ არის, გალაადი და ბაშანი. და იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ყველა მისი გმირობა ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იეჰუმ თავის მამებთან. და დამარხეს სამარიაში. და მის ნაცვლად მისი ძე – იეჰოახაზი გამეფდა. სულ 28 წელი იმეფა იეჰუმ ისრაელზე სამარიაში. როცა დაინახა ღათალიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი შვილი, ადგა და ამოწყვიტა მთელი სამეფო მოდგმა. მაგრამ იოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, აიყვანა იოაში, ახაზიას ძე, და მოიპარა დასახოცად განწირულ უფლისწულთაგან; და მის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალეს ღათალიასგან, და ვერ მოკლეს. ექვს წელს მალავდნენ იმასთან ერთად უფლის სახლში, მაშინ როცა ღათალია მეფობდა ქვეყანაზე. მეშვიდე წელს დაიბარა იეჰოიადაყმა მცველთა და მალემსრბოლთა ასისთავები და შეიყვანა ისინი უფლის სახლში, და აღთქმა მოსთხოვა მათ, და დააფიცა უფლის სახლში და აჩვენა მეფის ძე. და უბრძანა მათ და უთხრა: „აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თქვენგან მესამედმა, შაბათს მომსვლელთაგან, მეფის სასახლეში უნდა იყარაულოს. (მესამედმა – სურის კარიბჭესთან, მესამედმაც – კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან რომ არის). მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში. თქვენგან ორმა ნაწილმა, შაბათს გამომსვლელთაგან, უფლის სახლში უნდა იყარაულოს მეფის წინაშე. გარს შემოერტყით მეფეს იარაღით ხელში და, ვინც რიგებში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს მისი გამოსვლისას და შესვლისას.“ ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც უბრძანა მათ იეჰოიადაყ მღვდელმა, და წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი – შაბათს მომსვლელნი, შაბათს გამსვლელებთან ერთად – და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ. და დაურიგა მღვდელმა ასისთავებს მეფე დავითის შუბები და ფარები, უფლის სახლში რომ იყო. და დადგნენ მალემსრბოლები იარაღით ხელში სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ. და გამოიყვანა მღვდელმა მეფის ძე, დაადგა სამეფო გვირგვინი და დასცა დასტური, და გაამეფეს და სცხეს, და ტაშს უკრავდნენ და ამბობდნენ: „დღეგრძელი იყოს მეფე!“ და შემოესმა ღათალიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში. და დაინახა წესისამებრ სვეტთან მდგარი მეფე, და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით. მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. და დაიპო სამოსელი ღათალიამ და იყვირა: „ღალატია! ღალატი!“ და უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს – მხედართმთავრებს, და უთხრა: „გარეთ გაიყვანეთ ღათალია და ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით,“ რადგან მღვდელმა იფიქრა, უფლის სახლში არ მოკლანო. გზა მისცეს და წავიდა სასახლისკენ ცხენთა შესასვლელით და იქ მოკლეს. და დადო იეჰოიადაყმა აღთქმა უფალს, მეფესა და ერს შორის, რათა საუფლო ერი ყოფილიყო; და – მეფესა და ერს შორის. და შევიდა მთელი ქვეყნის ერი ბაყალის სახლში და დაანგრია იგი სამსხვერპლოიანად, და დალეწა მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. და დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე. და წამოიყვანა ასისთავები, სასახლის მცველები, მალემსრბოლები და ქვეყნის ერი და მათაც გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მცველთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ; და მეფეთა ტახტზე დაჯდა იგი. და გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღათალია მახვილით მოკლეს სამეფო სახლში. შვიდი წლისა იყო იეჰოაში, როცა გამეფდა. იეჰუს მეშვიდე წელს გამეფდა იეჰოაში და 40 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ციბია ბეერ-შებაყიდან. სწორედ იქცეოდა უფლის თვალში იეჰოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ მღვდელი იეჰოიადაყი მოძღვრავდა მას. ოღონდ გორაკები არ ყოფილა გაუქმებული. კვლავაც იქ სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. და უთხრა იეჰოაშმა მღვდლებს: „მთელი ფული, რაც შეიწირება უფლის ტაძრისადმი – ფული თითოეული ასაკსრული კაცისა, რომელიც უკვე სულად ირაცხება, და ფული, რომელსაც გამოიმეტებს კაცის გული უფლის ტაძრისათვის, აიღონ მღვდლებმა თავისთვის თავ-თავისი ნაცნობებისაგან და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რასაც შესაკეთებელს აღმოაჩენენ.“ და როცა მეფე იეჰოაშის ოცდამესამე წელს მაინც არ ჰქონდათ შეკეთებული მღვდლებს ყველაფერი, რაც შესაკეთებელი იყო უფლის სახლში, დაუძახა მეფე იეჰოაშმა იეჰოიადაყ მღვდელს და სხვა მღვდლებს და უთხრა: „რატომ არ შეგიკეთებიათ სახლი? მეტად ნუღარ აიღებთ თქვენი ნაცნობებისგან ფულს, არამედ სახლის შესაკეთებლად მიეცით ის.“ და შეთანხმდნენ მღვდლები, აღარ აეღოთ ვერცხლი სახლის შესაკეთებლად. და აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი კიდობანი, ზემოდან ნახვრეტი გაუკეთა და სამსხვერპლოს მარჯვნივ დადგა, საიდანაც უფლის სახლში შემოდიოდნენ. და მასში ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში შემოტანილ მთელ ფულს. და როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ფული დაგროვდა ყუთში, მოვიდოდნენ მეფის მწიგნობარი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ფულს. და ხელში აბარებდნენ დათვლილ ფულს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. და ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს – უფლის სახლში მომუშავეთ, ქვისმთლელებს და ქვითხუროებს. ყიდულობდნენ ხე-ტყეს და თლილ ქვას უფლის ტაძრის შესაკათებლად, და ყველაფერს, რაც გასამაგრებლად იყო საჭირო. ოღონდ უფლის ტაძრისთვის საჭირო ვერცხლის თასები, მაშები, სასხურებლები, საყვირები, ოქროსა და ვერცხლის ყოველგვარი ჭურჭელი არ მზადდებოდა უფლის სახლში შემოსული ფულით, რადგან სამუშაოთა მწარმოებლებს ეძლეოდათ, რომ ამით შეეკეთებინათ უფლის სახლი. და ანგარიშს არ სთხოვდნენ იმ პირებს, რომელნიც სამუშაოთა მწარმოებლებს აბარებდნენ ხელში ფულს, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ. დანაშაულის მსხვერპლის ფული და ცოდვის გამოსასყიდი ფული არ შემოდიოდა უფლის სახლში. მღვდლებს ეკუთვნოდა იგი. მაშინ გაემართა სალაშქროდ ხაზაელი, არამის მეფე, ომი დაიწყო გათის წინააღმდეგ და აიღო იგი. და იერუსალიმზე გალაშქრებაც განიზრახა ხაზაელმა. და აიღო იეჰოაშმა, იუდას მეფემ, მთელი შემოწირულობა, რაც შემოწირული ჰქონდათ ტაძრისთვის იოშაფატს, იორამს და ახაზიას, მის მამებს, იუდას მეფეებს, თავისი შემოწირულობაც და მთელი ოქროულობა, რაც კი მოიპოვებოდა უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში, და გაუგზავნა ხაზაელს, არამის მეფეს. და ისიც გაეცალა იერუსალიმს. იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და აღდგნენ მისი მსახურნი და შეითქვნენ მის წინააღმდეგ, და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას ჩასავალთან. მისმა მსახურებმა, იოზაქარ შიმეყათის ძემ და იეჰოზაბად შომერის ძემ მოკლეს იგი. და მოკვდა და დამარხეს მის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე, ამაცია გამეფდა. იუდას მეფის, იოაშ ახაზიას ძის ოცდამესამე წელს გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა 17 წელი. ბოროტებას ჩადიოდა უფლის თვალში და მიჰყვებოდა იერობოყამ ნებატის ძის ცოდვების კვალს, რომელმაც აცდუნა ისრაელი, და არ განრიდებია მათ. და აღეგზნა უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ და ჩაყარა ისინი არამის მეფის, ხაზაელისა და ხაზაელის ძის, ბენ-ჰადადის ხელში დიდი ხნით. და შეევედრა იეჰოახაზი უფალს და უსმინა მას უფალმა, რადგან დაინახა ისრაელიანთა გასაჭირი, თუ როგორ აჭირვებდა მათ არამის მეფე. და მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი, და დააღწიეს თავი არამის ბატონობას, და იწყეს ცხოვრება ისრაელიანთ თავ-თავის კარვებში, როგორც წინათ ცხოვრობდნენ. ოღონდ არ განრიდებიან იერობოყამის სახლის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ისრაელი; მისდევდნენ მათ და აშერაც კვლავინდებურად იდგა სამარიაში. 50 ცხენოსანი, 10 საომარი ეტლი და 10 ათასი ქვეითიღა შერჩა იეჰოახაზს, რადგან გაანადგურა მათი საომარი ძალები არამის მეფემ და მიწის მტვერივით გადათელა. იეჰოახაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, და მისი გმირობანი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იეჰოახაზმა თავის მამებთან, და დამარხეს იგი სამარიაში. და მის ნაცვლად მისი ძე, იოაში, გამეფდა. იუდას მეფე იოაშის ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იეჰოაშ იეჰოახაზის ძე ისრაელზე სამარიაში და 16 წელი იმეფა. ბოროტებას იქმოდა უფლის თვალში; არ მიუტოვებია ცოდვები იერობოყამ ნებატის ძისა, რომელმაც აცდუნა ისრაელი, არამედ მისდევდა იმ ცოდვებს. იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, იუდას მეფეს, ამაციას რომ ეომებოდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იოაშმა თავის მამებთან, და დაჯდა მის ტახტზე იერობოყამი. და იოაში სამარიაში დაიმარხა ისრაელის მეფეთა გვერდით. და დასნეულდა ელისე და მოკვდა კიდეც იმ სენით. და ჩავიდა მასთან იოაში, ისრაელის მეფე, თავზე დასტიროდა და ეუბნებოდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ!“ და უთხრა ელისემ: „აიღე მშვილდ-ისარი!“ მანაც აიღო მშვილდ-ისარი. და უთხრა ისრაელის მეფეს: „დაადე ხელი მშვილდს!“ მანაც დაადო ხელი. და ელისემ მეფის ხელზე დააწყო ხელები. და თქვა: „გააღე აღმოსავლეთის სარკმელი!“ და გააღო. და თქვა ელისემ: „სტყორცნე!“ და სტყორცნა. და თქვა: ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ. თქვა: „აიღე ისრები!“ და აიღო. და უთხრა ისრაელის მეფეს: „დაჰკარი მიწას!“ სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა. გაუბრაზდა ღვთისკაცი და უთხრა: „ხუთგზის ან ექვსგზის რომ დაგეკრა, საბოლოოდ სძლევდი არამს. ახლა სამგზის სძლევ არამს.“ და მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. და მოაბის ურდოები დაეცნენ ქვეყანას მომდევნო წლის დამდეგს. ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ, და აჰა, როცა დაინახეს მარბეველნი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში; და როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა. ხაზაელი, არამის მეფე, აჭირვებდა ისრაელიანთ იეჰოახაზის მეფობის მთელს ხანში. და შეიბრალა ისინი უფალმა და შეიწყალა, და მოხედა მათ აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან დადებული აღთქმის გამო, და არ ინება მათი მოსპობა. და თავიდან არ მოუშორებია ისინი დღესაქამომდე. და მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე, და მის ნაცვლად მისი ძე ბენ-ჰადადი გამეფდა. და უკანვე დაიბრუნა იეჰოაშ იეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძისგან ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამის, იეჰოახაზისთვის. სამგზის სძლია მას იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები. ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის მეორე წელს გამეფდა ამაცია, იოაშის ძე, იუდას მეფე. 25 წლისა იყო, როცა გამეფდა და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იეჰოყადინი. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი წინაპარი დავითი. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მამამისი იოაში. ოღონდ გორაკები არ იყო ჯერ კიდევ გაუქმებული. და გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. და როცა განიმტკიცა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი. მკვლელთა შვილები კი არ დაუხოცია, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო, და შვილები მამათა გამო არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისათვის უნდა დაისაჯოს სიკვდილით.“ მან სძლია 10 ათას ედომელს მარილოვან ველზე და ბრძოლით აიღო სელაყი და სახელად უწოდა იოკთეელი, როგორც დღევანდლამდე რჩება. მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები ისრაელის მეფეს, იეჰოაშს, იეჰუს ძის იეჰოახაზის ძეს, და შეუთვალა: „მოდი, პირისპირ შევხვდეთ.“ და შეუთვალა იეჰოაშმა, ისრაელის მეფემ, ამაციას, იუდას მეფეს: „ლიბანის ძეძვის ბუჩქმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ‘ცოლად მიათხოვეო შენი ასული ჩემს ვაჟს’; მაგრამ ჩაიარა ლიბანის მხეცმა და გადათელა ძეძვი. შენ დაგიმარცხებია ედომელნი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი შინ. რატომ ტეხ შფოთს შენს საუბედუროდ? შენც დაეცემი და იუდაც – შენთან ერთად.“ მაგრამ ყური არ ათხოვა ამაციამ. მაშინ გამოვიდა იეჰოაში, ისრაელის მეფე, და შეხვდნენ პირისპირ ის და იუდას მეფე ამაცია ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის. და დამარცხდნენ იუდაელნი ისრაელიანებთან ბრძოლაში და თავიანთ კარვებში გაიფანტნენ. ხოლო იუდას მეფე ამაცია, ძე იეჰოაშისა, ახაზიას ძისა, შეიპყრო ისრაელის მეფე იეჰოაშმა ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე 400 წყრთის სიგრძეზე; და წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის ტაძრისა და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, და წაასხა მძევლები და გაბრუნდა სამარიაში. იეჰოაშის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, რომ ესხმოდა ამაციას, იუდას მეფეს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იეჰოაშმა თავის მამებთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით, და მის ნაცვლად მისი ძე იერობოყამი გამეფდა. ისრაელის მეფის, იეჰოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ 15 წელი იცოცხლა იუდას მეფე ამაცია იოაშის ძემ. ამაციას დანარჩენი საქმენი იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. აუჯანყდნენ მას იერუსალიმში და მან თავი შეაფარა ლაქიშს. და მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს. და წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს იერუსალიმში თავისი მამების გვერდით, დავითის ქალაქში. გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყაზარია, 16 წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციას ნაცვლად გაამეფეს. მან აღადგინა ელათი და კვლავ დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ თავის მამებთან. იუდას მეფის, იეჰოაშის ძის, ამაციას მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობოყამი, იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და 41 წელი იმეფა. ბოროტებას სჩადიოდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობოყამ ნებატის ძის ცოდვები, რომელმაც აცდუნა ისრაელი. მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან ყარაბას ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის პირით. რადგან დაინახა უფალმა ისრაელის ძალზე მძიმე გაჭირვება. და არ დარჩენილა არც ყმა და არც აზატი, და არ ჰყავდა შემწე ისრაელს. და არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის ამოძირკვა ცისქვეშეთიდან და იერობოყამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი. იერობოყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც გააკეთა და მისი გმირობანი, როგორ იბრძოდა და როგორ დაუბრუნა ისრაელს დამასკო და ხამათი, იუდას რომ ეჭირა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა იერობოყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან, და მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა. ისრაელის მეფის, იერობოყამის, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია, იუდას მეფის, ამაციას ძე. 16 წლისა იყო, რომ გამეფდა და 52 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია. უფლის მოსაწონად იქცეოდა, ისევე როგორც მამამისი ამაცია. ოღონდ, გორაკები არ მოუსპია, და გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს. და დასაჯა უფალმა მეფე და სიკვდილამდე კეთროვანი იყო, და ცხოვრობდა განცალკევებულ სახლში. იოთამი, მეფის ძე, სასახლეს ზედამხედველობდა და განსჯიდა ქვეყნის ერს. ყაზარიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა ყაზარიამ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავის მამებთან დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე, იოთამი გამეფდა. იუდას მეფის, ყაზარიას ოცდამეთვრამეტე წელს იერობოყამის ძე ზაქარია გამეფდა ისრაელზე სამარიაში და ექვსი თვე იმეფა. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები აკეთებდნენ. და არ განრიდებია იერობოყამ ნებატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ისრაელი. და აუჯანყდა მას შალუმი, იაბეშის ძე, დაჰკრა და მოკლა იგი, და გამეფდა მის ნაცვლად. დანარჩენი, რაც ზაქარიაზე არის ნათქვამი, იხილე ისრაელის მეფეთა მატიანეში. ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც მან იეჰუს გამოუცხადა: „მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ძენი ისრაელის ტახტზე.“ და ახდა კიდეც. შალუმ, იაბეშის ძე, გამეფდა იუდას მეფის, ყუზიას ოცდამეცხრამეტე წელს, და ერთ თვეს მეფობდა სამარიაში. და წამოვიდა მენახემი, თირცელი გადის ძე, და მოადგა სამარიას, და დაამარცხა შალუმი, იაბეშის ძე სამარიაში და მოკლა იგი, და გამეფდა მის ნაცვლად. შალუმის დანარჩენი საქმენი და მისი აჯანყების ამბავი, რომელიც მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო. და მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული, რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი. იუდას მეფის, ყაზარიას ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა ისრაელის მეფე მენახემი, გადის ძე, და ათი წელი იმეფა სამარიაში. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, და არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობოყამ ნებატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ისრაელი. და მოვიდა ქვეყანაში ფული, აშურის მეფე. და მისცა მენახემმა ფულს ათასი ტალანტი ვერცხლი, რათა ყოფილიყო მისი მფარველობის ქვეშ და მტკიცედ სჭეროდა ხელში მეფობა. და დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელიანთ, ყველა შეძლებულ კაცს – ყოველ კაცზე 50 შეკელი ვერცხლი – აშურის მეფისთვის მისაცემად. და უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იმ მიწაზე. მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა მენახემმა თავის მამებთან. და მის ნაცვლად გამეფდა მისი ძე ფეკახია. იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია, მენახემის ძე, ისრაელზე, სამარიაში და ორი წელი იმეფა. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, და არ განრიდებია იერობოყამის, ნებატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ისრაელი. და აუჯანყდა მას ფეკახი, რემალიას ძე, მისი კარისკაცი, მიუხდა სამარიაში, სასახლის სიმაგრის წინ, არგობსა და არიესთან ერთად, თან 50 გალაადელი იახლა; მოკლა იგი და მის ნაცვლად გამეფდა. ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკახი რემალიას ძე, ისრაელზე სამარიაში და 20 წელი იმეფა. და ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, და არ განრიდებია ნებატის ძის – იერობოყამის ცოდვებს, რომელმაც აცდუნა ესრაელი. ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათ-ფილესარი, აშურის მეფე, და აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გალაადი და გალილეა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და ტყვედ წაასხა აშურში. და აუჯანყდა ჰოშეაყი, ელას ძე, ფეკახს, რემალიას ძეს, და სძლია და მოკლა, და გამეფდა მის ნაცვლად იოთამის, ყუზიას ძის მეოცე წელს. ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ისრაელის მეფის, ფეკახის, რემალიას ძის მეორე წელს გამეფდა იოთამი, ყუზიას ძე, იუდას მეფე. 25 წლისა იყო, როცა გამეფდა, და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული. უფლის მოსაწონად იქცეოდა, სწორედ ისე, როგორც მამამისი, ყუზია იქცეოდა. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. ჯერაც გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და იქ აკმევდა საკმეველს. მან აღადგინა უფლის ტაძრის ზემო კარიბჭე. იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. იმ დღეებში შეუჩინა უფალმა იუდას რეცინი, არამის მეფე, და ფეკახი, რემალიას ძე. და განისვენა იოთამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით თავისი მამის, დავითის ქალაქში; და მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა. ფეკახის, რემალიას ძის მეჩვიდმეტე წელს გამეფდა ახაზი, იუდას მეფის, იოთამის ძე. 20 წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა, და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. სწორად არ იქცეოდა უფლის, თავისი ღვთის თვალში, არა ჰგავდა მამამისს, დავითს. და დადიოდა ისრაელის მეფის, იერობოყამ ნაბატის ძის გზით; თავისი შვილიც კი გაატარა ცეცხლში იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც უფალმა ისრაელიანთაგან აჰყარა. მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი დაბურული ხის ქვეშ. მაშინ აღდგნენ რეცინი, არამის მეფე, და ისრაელის მეფე ფეკახი, რემალიას ძე, იერუსალიმის წინაააღმდეგ საომრად, მოიმწყვდიეს ახაზი ალყაში, ქალაქის აღება უნდოდათ, მაგრამ ვერ სძლიეს. იმხანად დაუბრუნა რეცინმა, არამის მეფემ, ელათი არამს და აჰყარა იუდაელნი ელოთიდან. და შევიდნენ ედომელები ელოთში და დღემდე იქ ცხოვრობენ. და გაუგზავნა ახაზმა თიგლათ-ფილესარს, აშურის მეფეს, მოციქულები და შეუთვალა: „შენი მსახური და შენი შვილი ვარ მე. მოდი და მიხსენი არამის მეფისა და ისრაელის მეფისგან, რომელნიც აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ.“ და აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რაც კი უფლის ტაძრისა და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს. და ისმინა მისი აშურის მეფემ, მოადგა დამასკოს, აიღო იგი და ხალხი კირში გადაასახლა, ხოლო რეცინი მოკლა. და წავიდა მეფე ახაზი აშურის მეფის, თიგლათ-ფილესარის მისაგებებლად დამასკოში, და ნახა სამსხვერპლო, დამასკოში რომ იყო, და გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი მისი ნაგებობის გეგმა. და ააშენა ურია მღვდელმა სამსხვერპლო იმგვარი, როგორი გეგმაც მეფე ახაზმა გაუგზავნა დამასკოდან; და ისევე გააკეთა სხვა ყველაფერი ურია მღვდელმა მეფე ახაზის დამასკოდან დაბრუნებამდე. და დაბრუნდა მეფე დამასკოდან, და იხილა მეფემ სამსხვერპლო, და მიეახლა მეფე სამსხვერპლოს, და მიიტანა მსხვერპლი. და დაწვა მასზე თავისი სრულადდასაწველი და პურეულის შესაწირავი, და დაღვარა თავისი საღვრელი, და თავისი სამშვიდობო მსხვერპლის სისხლი ასხურა სამსხვერპლოს. ბრინჯაოს სამსხვერპლო კი, უფლის წინაშე რომ იდგა, გადაანაცვლა ტაძრის წინა მხრიდან, სამსხვერპლოსა და უფლის ტაძარს შუა ადგილიდან, და მოათავსა ამ სამსხვერპლოს გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს. და უბრძანა მეფე ახაზმა მღვდელ ურიას: „დიდ სამსხვერპლოზე დაწვი დილის სრულადდასაწველი და საღამოს პურეულის ძღვენი, მეფის სრულადდასაწველი და მისი პურეულის ძღვენი, ქვეყნის მთელი ერის სრულადდასაწველი, მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელი. ყოველი სრულადდასაწველის სისხლი და ყოველი საკლავის სისხლი ასხურე მას. ბრინჯაოს სამსხვერპლოს კი მე მივხედავ.“ ყველაფერი ისე გააკეთა ურია მღვდელმა, როგორც უბრძანა მეფე ახაზმა. და მოაძრო ახაზ მეფემ ფიცრები კვარცხლბეკებს და მოხსნა მათგან საბანელი, და ჩამოიღო ზღვა ბრინჯაოს ხარებიდან, რომლებზეც იდგა ის, და ქვის იატაკზე დადგა. გააუქმა საშაბათო ტალანი, ტაძართან რომ იყო აშენებული, და გარეთა სამეფო შესასვლელი უფლის ტაძრისკენ მოაქცია აშურის მეფის საამებლად. ახაზის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა ახაზმა თავის მამებთან, და დაიმარხა მამათა გვერდით დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე, ხიზკია გამეფდა. იუდას მეფის, ახაზის მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყი, ელას ძე, ისრაელზე სამარიაში და ათი წელი იმეფა. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, თუმცა არც ისე, როგორც მისი წინამორბედი მეფეები ისრაელისა, მასზე უწინ რომ იყვნენ. მის წინააღმდეგ წამოვიდა შალმანესერი, აშურის მეფე, და გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და უხდიდა ხარკს. და შეამჩნია აშურის მეფემ ჰოშეაყში ღალატი, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი ეგვიპტის მეფე სოს, და ხარკს აღარ უხდიდა აშურის მეფეს ყოველწლიურად. და დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა. და წამოვიდა აშურის მეფე მთელ ქვეყანაზე, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა. ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, და გადაასახლა ისრაელიანები აშურში, და დაასახლა ისინი ხალახსა და ხაბორში, მდინარე გოზანთან, და მიდიის ქალაქებში. და როცა შესცოდეს ისრაელიანთ უფალს, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და ეგვიპტელთა მეფის, ფარაონის ხელიდან, და თაყვანისცემა დაუწყეს უცხო ღმერთებს, და აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელთაგან, და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ, და იწყეს უჯერო საქმეები ისრაელიანთ უფლის, თავიანთი ღმერთის მიმართ, და ააგეს გორაკები ყველა ქალაქში, საყარაულო გოდლიდან მოყოლებული გამაგრებულ ქალაქამდე, და დაიდგეს ქანდაკებები და აშერების ძეგლები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი დაბურული ხის ქვეშ, და საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე, იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ბოროტებას იქმოდნენ უფლის გასარისხებლად, და ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს: „ნუ გააკეთებთო ამას!“ – აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით და ეუბნებოდა: „მოიქეცით თქვენი ბოროტი გზიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამებს და რომელიც თქვენც გადმოგეცით ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით.“ არ შეისმინეს და გაჯიუტდნენ მათი მამებივით, რომელთაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი; და შეიძულეს მისი წესები და მისი აღთქმა, რომელიც მან დაუდო მათ მამებს, და მისი გამოცხადებები, რითაც იგი აფრთხილებდა მათ. და მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. და წაბაძეს მეზობელ ხალხებს, რომლებზეც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად. და დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, და ჩამოასხეს ხბოს ორი გამოსახულება, და მოაწყვეს აშერა, და თაყვანს სცემდნენ ცის მხედრობას, და ბაყალს ემსახურებოდნენ, ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ძეებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, მისნობდნენ და აღარ ერიდებოდნენ ბოროტის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად. მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელიანთ, და თავიდან მოიშორა ისინი. მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა შერჩა. არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებებს და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც ისინი იქცეოდნენ. და შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, და მოდრიკა იგი, და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან. და როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოყამ ნებატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოყამმა ისრაელი უფალს და დიდად აცდუნა. და დადიოდნენ ისრაელის ძენი იერობოყამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ, ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მსახურ წინასწარმეტყველთა პირით. და გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში და დღემდეა იქ. და გადმოიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან, სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. და დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში. და რაკი არ ემორჩილებოდნენ უფალს იქ ცხოვრების პირველ ხანებში, უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ. და უთხრეს აშურის მეფეს: „ხალხმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იცის იმ ქვეყნის ღმერთის წესი, ამიტომაც მან მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ.“ და ბრძანა აშურის მეფემ და თქვა: „გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იმათგან, ვინც იქიდან გადაასახლეთ; წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის წესი.“ და წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ, როგორ უნდა ეცათ თაყვანი უფლისათვის. მაგრამ თავ-თავისი ღმერთები გაიკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგეს გორაკთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი. თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ. ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა – ნერგალი, ხამათელებმა – აშიმა, ყავიმელებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი. ხოლო სეფარვაიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისთვის და ყანამელექისთვის – სეფარვაიმის ღმერთებისთვის. და ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში. უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი. და დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ; არ მისდევენ იმ წესებს, კანონებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი უწოდა სახელად. და დაუდო უფალმა აღთქმა და ამცნო და უთხრა: „ნუ გეშინიათ უცხო ღმერთების, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ სწირავთ. მარტოოდენ უფლისა გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და აღმართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, მას სცემდეთ თაყვანს და სწირავდეთ მსხვერპლს. და დღენიადაგ იცავდეთ წესებს, მსჯავრს, რჯულსა და მცნებებს, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ. ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ. მხოლოდ უფლის, თქვენი ღმერთის გეშინოდეთ და ის გიხსნით ყველა თქვენი მტრების ხელიდან.“ მაგრამ არ უსმინეს და წინანდებურად იქცეოდნენ. – ეს ხალხები უფალსაც მიაგებდნენ პატივს და, იმავდროს, კერპებსაც ემსახურებოდნენ; როგორც მამები იქცეოდნენ, ისე იქცევიან მათი შვილები და შვილიშვილები დღემდე. ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მესამე წელს გამეფდა ხიზკია, იუდას მეფის, ახაზის ძე. 25 წლისა იყო, როცა გამეფდა, და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ზაქარიას ასული აბი. სწორად იქცეოდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა. მან გააუქმა გორაკები და დალეწა სვეტები, და აჩეხა აშერა და დაამტვრია ბრინჯაოს გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეხუშთანს უწოდებდნენ. უფალს, ისრაელის ღმერთს ესავდა იგი; და არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება. და მიეწება იგი უფალს, და არ განდგომია მას, და იცავდა მის მცნებებს, მოსეს რომ ამცნო უფალმა. და უფალი იყო მასთან: და, სადაც კი წავიდოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. განუდგა იგი აშურის მეფეს, და აღარ ემსახურებოდა. მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე, საებგურო გოდლიდან ვიდრე გამაგრებულ ქალაქებამდე. მეფე ხიზკიას მეოთხე წელს, (ეს იყო, ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელი), წამოვიდა სამარიაზე შალმანესერი, აშურის მეფე, და ალყა შემოარტყა მას. და აიღო იგი სამი წლის შემდეგ; ხიზკიას მეექვსე წელს, ესე იგი, ისრაელის მეფის, ჰოშეაყის, მეცხრე წელს აიღეს სამარია. და გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელიანები აშურში, და დაასახლა ხალახსა და ხაბორში, გოზანის მდინარესთან, და მიდიის ქალაქებში. იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, თავისი ღვთის ხმა და დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მსახურმა; არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ. ხიზკიას მეთოთხმეტე წელს შეუტია აშურის მეფე სენახერიბმა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქს და ხელთ იგდო ისინი. და შეუთვალა ხიზკიამ, იუდას მეფემ, აშურის მეფეს ლაქიშში: „დამნაშავე ვარ, გაბრუნდი ჩემგან; რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ.“ და დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, 300 ტალანტი ვერცხლი და 30 ტალანტი ოქრო. და გასცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის ტაძრისა და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა. იმ ხანად შემოაძრო ხიზკიამ უფლის ტაძრის კარებებს და მათ წირთხლებს ოქრო, რომლითაც თავად ხიზკიამ, იუდას მეფემ მოაჭედინა ისინი, და მისცა აშურის მეფეს. და გაგზავნა აშურის მეფემ ლაქიშიდან თართანი, რაბსარისი და რაბშაკე დიდძალი ჯარით მეფე ხიზკიასთან იერუსალიმში. და წავიდნენ და მივიდნენ იერუსალიმში და დადგნენ ზემო ტბორის წყალსადენთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე რომ არის. და დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიას ძე, მწიგნობარი შებნა და მემატიანე იოახ ასაფის ძე. და უთხრა მათ რაბშაკემ: „უთხარით ხიზკიას: ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, მეფე აშურეთისა: რისი იმედი გაქვს, ასე რომ სასოებ? ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობდი: თათბირი და სიმამაცე უნდაო ბრძოლას. შენ კი ვისი იმედით განმიდექი? დანდობილხარ მაგ გადამსხვრეულ ლერწმის ჯოხს, ეგვიპტეს, რომელსაც, თუ კაცი დაეყრდნობა, ხელში შეერჭობა და მტევანს გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს. ხოლო თუ მეტყვით: უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები ხიზკიამ გააუქმა და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცითო თაყვანი იერუსალიმში? ახლა მოდი, და დაუზავდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს. 2 ათას ცხენს მე მოგცემდი, მაგრამ მოგეძებნება კი მათზე შესასხდომად მხედრები? როგორ გააბრუნებ თუნდაც ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმცირეს მსახურთაგან, როცა ეგვიპტის ეტლებისა და ცხენების იმედითა ხარ? მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: შეუტიე მაგ ქვეყანას და გაანადგურეო.“ უთხრეს ელიაკიმ ხილკიას ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „ელაპარაკე შენს მსახურთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდეურად ნუ გველაპარაკები იმ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან.“ და უთხრა მათ რაბშაკემ: „მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამსხდარან, რომ თქვენთან ერთად ჭამონ თავისი სკორე და სვან თავისი ფსელი.“ და დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდეურად და თქვა: „ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა! აშურის მეფისა! ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიამ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდანო. ნუ გაიმედებთ ხიზკია უფლით და გეუბნებათ: გვიხსნისო უფალი და ხელთ არ ჩაუგდებსო ამ ქალაქს აშურის მეფეს. ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გამოდით ჩემთან, დაე ჭამოს თითოეულმა ნაყოფი თავისი ვაზისა და თავისი ლეღვისა, და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭისა, ვიდრე მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ უსმენთ ხიზკიას, რადგან გაცდუნებთ, რომ გეუბნებათ: უფალი გვიხსნისო. როდის უხსნიათ ღმერთებს თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან? სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენაყისა და ღივას ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან? რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?“ და დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისაგან ჰქონდათ ნაბრძანები: „არ გასცეთო პასუხი.“ და მივიდნენ სასახლის მოურავი, ელიაკიმ ხილკიას ძე, მწიგნობარი შებნა და იოახ ასაფის ძე – მემატიანე, ხიზკიასთან, შემოხეული ტანისამოსით და მოახსენეს მეფე რაბშაკეს სიტყვები. როცა ეს გაიგონა ხიზკიამ, სამოსელი შემოიხია, ჯვალო ჩაიცვა და უფლის სახლში მივიდა. და გაგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, მწიგნობარი შებნა და ძაძებით მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაისთან, ამოცის ძესთან. და ასე უთხრეს მას: „ასე ამბობს ხიზკია: გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღეა ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა. ეგებ ისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა რომ გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.“ და მივიდნენ მეფე ხიზკიას მსახურნი ესაიასთან. და უთხრა მათ ესაიამ: „ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინია იმ სიტყვებისა, რომლებიც მოისმინე, რომლებითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი. აჰა, მე მოვუვლენ სულს და მოისმენს ამბავს, და თავის ქვეყანაში გაბრუნდება, და მისსავე ქვეყანაში მახვილით დავცემ.“ და დაბრუნდა რაბშაკე, და აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა იგი. თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც გაიგო. მას უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. და ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიას და დააბარა მათ: „ასე უთხარით ხიზკიას, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, და ფიქრობ: არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში. ხომ გსმენია, რაც უყვეს აშურის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ მოსპეს ისინი; და შენ გინდა გადარჩე? აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავისი ხალხი, რომლებსაც მუსრი გაავლეს ჩემმა მამებმა? თუ იხსნეს გოზანი, ხარანი, რეცეფი და ძენი ყედენისა, თელასარში რომ არის? სად არის მეფე ხამათისა და მეფე არფადისა და მეფე ქალაქ სეფარვაიმის, ჰენაყისა და ღივასი?“ და გამოართვა ხიზკიამ წერილი მოციქულებს და წაიკითხა; ავიდა ხიზკია უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი. და ილოცა ხიზკიამ უფლის წინაშე და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო, შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენ შეჰქმენ ცა და დედამიწა. ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე! თვალი გაახილე, უფალო, და იხილე! ისმინე სენახერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის საგინებლად რომ შემოთვალა! მართალია, უფალო, მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები, და ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს; რადგან ღმერთები კი არ იყვნენ ისინი, არამედ – ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით ნაკეთები საგნები. ახლა კი გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ, უფალო, ერთადერთი ღმერთი ხარ.“ და შეუთვალა ესაიამ, ამოცის ძემ ხიზკიას და დააბარა ეთქვათ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სენახერიბის წინააღმდეგო. ეს არის სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: დაგცინის, გამასხრებს ქალწული, ასული სიონისა. თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა. ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა? და ვისზე მიმართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე! შენი მოციქულების პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ‘ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის თხემზე, ლიბანის ფერდობზე, და გავჩეხე მისი მაღალი კედრები, რჩეული კვიპაროსები, და შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში, და ამოვთხარე და შევსვიო უცხო წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები.’ ნუთუ არ გსმენია, რომ ეს ძველთაგანვე გავამზადე, რომ წინარე დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები. მათი მცხოვრებნი დაძაბუნდნენ, და შეშინდნენ და სირცხვილში არიან, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, მომკამდე ატკრეცილი თავთავივით. ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები. იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურს შენი ამპარტავნება, ნესტოებში კაუჭს გაგიყრი და ყბებში ლაგამს ამოგდებ, და იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი. და ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს – ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, და ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ მათი ნაყოფი. კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და მაღლა გამოიბამს ნაყოფს. რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი, და ნატამალი – სიონის მთიდან. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას. ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ‘ვერ შევა ამ ქალაქში, ისრებს ვერ დაუშენს, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული, და მიწაყრილს ვერ აღუმართავს წინ. უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა. და ვერ შევა ამ ქალაქში,’ – ამბობს უფალი, – ‘მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის.’“ იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში 185 ათასი კაცს. და ადგნენ დილით, და აჰა, მკვდარი იყო ყველა. და აიყარა, და წავიდა, და გაბრუნდა სენახერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში. ერთხელ, როცა ლოცულობდა ნისროქის, თავისი ღმერთის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და სარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე – ესარხადონი გამეფდა. იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია, და მივიდა მასთან ესაია, ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები და ვერ განიკურნებიო.“ ხიზკიამ კედლისკენ მიაბრუნა პირი და ევედრებოდა უფალს და ამბობდა: „უფალო! გაიხსენე, წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში!“ – და მწარედ ატირდა ხიზკია. შუა ეზოს არ გასცილებოდა ესაია, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა: „გაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ერის წინამძღოლს, ასე ამბობს-თქო დავითის, მამაშენის ღმერთი: ‘შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი. აჰა, განგკურნავ; ზეგ უფლის სახლში წახვალ; და კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს, და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, და დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მსახურის გულისთვის.’“ და თქვა ესაიამ: „მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი.“ და მოიტანეს და წყლულზე დაადეს, და განიკურნა. და უთხრა ხიზკიამ ესაიას: „რა იქნება იმის ნიშნად, რომ განმკურნავს უფალი, და რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?“ და თქვა ესაიამ: „ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?“ და თქვა ხიზკიამ: „ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა. არა, უკან დაბრუნდეს ათი საფეხურით.“ და შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა, და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, სადაც ჩამოდიოდა იგი ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით. ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადანმა, ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ ხიზკიას წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკია. და მოუსმინა ხიზკიამ მათ და დაათვალიერებინა მთელი თავისი სალარო, ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთები, არსენალი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა მთელ მის სახლსა და სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინა მათთვის ხიზკიას. და მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და უთხრა: „რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“ და თქვა ხიზკიამ: „შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.“ და თქვა: „რა ნახეს შენს სახლში?“ და თქვა ხიზკიამ: „ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.“ და უთხრა ესაიამ ხიზკიას: „ისმინე უფლის სიტყვა: აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამებს დღემდე მოუანაგრებიათ, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩებაო, – ამბობს უფალი. – და ზოგიერთს შენს ძეთაგან, რომლებიც შენგან გამოვლენ, წაიყვანენ და საჭურისებად დააყენებენ ბაბილონის მეფის კარზე.“ და უთხრა ხიზკიამ ესაიას: „უფლის სიტყვა, რაც შენ წარმოსთქვი, კარგია.“ და თქვა: „მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება ჩემი სიცოცხლის მანძილზე.“ ხიზკიას დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, აგრეთვე ტბორი და წყალსადენი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა ხიზკიამ თავის მამებთან. და მის ნაცვლად გამეფდა მისი ძე – მანაშე. მანაშე 12 წლისა იყო, როცა გამეფდა; და 50 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხეფციბა. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში მსგავსად იმ ხალხების სიბილწისა, რომლებიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. და ისევ ააგო გორაკები, ხიზკიამ, მამამისმა რომ მოსპო; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს და მოაწყო აშერა, როგორც ახაბს, ისრაელის მეფეს ჰქონდა გაშენებული; თაყვანს სცემდა მთელს ციურ მხედრობას და ემსახურებოდა მათ. და ააშენა სამსხვერპლოები უფლის სახლში, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს: იერუსალიმში დავიდებო ჩემს სახელს. და აუშენა სამსხვერპლოები მთელ ციურ მხედრობას უფლის ტაძრის ორსავე ეზოში. და ცეცხლში გაატარა თავისი შვილი, და მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა მესულთანენი და მჩხიბავნი. და ბევრ უკუღმართობას აკეთებდა უფლის თვალში მის გასარისხებლად. და გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითსა და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს; აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მის მამებს, ოღონდ მოიქცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, და თანახმად რჯულისა, მოსემ, ჩემმა მსახურმა რომ დაუწესა მათ.“ მაგრამ არ ისმინეს, და აცდუნა ისინი მანაშემ და იმ ხალხებზე მეტ ბოროტებას იქმოდნენ, რომლებიც ამოწყვიტა უფალმა ისრაელიანთა სახის წინაშე. და ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით: „იმის გამო, რომ მანაშემ, იუდას მეფემ, ეს სიბილწენი ჩაიდინა, გადააჭარბა ბოროტის ქმნაში ამორეველებს, მასზე უწინ რომ იყვნენ, და იუდაც აცდუნა თავისი კერპებით, ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ყურები ჟუილს დაუწყებს იმის გამგონეს. სამარიის ლარს და ახაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე, და პირწმინდად ამოვრეცხავ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი, ამორეცხავს და გადმოაპირქვავებს. და მივატოვებ ჩემი წილხვედრის ნარჩომს და მტრებს ჩავუგდებ ხელში, და საძარცვავად და დასატაცებლად შეიქმნებიან მათი მტრებისთვის. რადგან ბოროტებას იქმოდნენ ჩემს თვალში და მარისხებდნენ იმ დღიდან, რაც მათი მამები გამოვიდნენ ეგვიპტიდან, დღევანდლამდე.“ და უბრალო სისხლიც ბევრი დაღვარა მანაშემ, იმდენი, რომ პირთამდე აავსო იერუსალიმი, გარდა იმ ცოდვისა, იუდა რომ აცდუნა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა. მანაშეს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, მისი ცოდვები, რაც კი შეუცოდავს, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და განისვენა მანაშემ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი სასახლის ბაღში, ყუზას ბაღში. და მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა. 22 წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო მეშულემეთი, იოტბაელი ხარუცის ასული. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, მანაშე იქცეოდა. და ყველაფერში იმ გზას ადგა, რომლითაც მამამისი დადიოდა, და ემსახურებოდა იმ კერპებს, რომელთაც მამამისი ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა; და დაივიწყა უფალი, თავისი მამების ღმერთი, და უფლის გზით არ დადიოდა. აუჯანყდნენ ამონს მისი მსახურები და საკუთარ სახლში მოკლეს მეფე. მაგრამ ხალხმა დახოცა მეფე ამონის წინააღმდეგ აჯანყებულნი; და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა. ამონის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და დამარხეს იგი თავის სამარხში, ყუზას ბაღში; და მის ნაცვლად მისი ძე იოშია გამეფდა. რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა, და 31 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისს ერქვა იედიდა, ბოცკათელი ყადაიას ასული იყო. უფლის მოსაწონად იქცეოდა და ყველაფერში დავითის, მამამისის გზას მიჰყვებოდა: არც მარჯვნივ გადახრილა და არც – მარცხნივ. იოშიამ თავისი მეფობის მეთვრამეტე წელს გაგზავნა უფლის სახლში შაფან მწიგნობარი, მეშულამის ძის, აცალიას ძე, და უთხრა: „ადი მღვდელმთავარ ხილკიასთან და დაათვლევინე უფლის სახლში შემოსული მთელი ფული, რაც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან, ხელში ჩააბარონ სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი, მათ კი დაურიგონ უფლის ტაძრის მუშებს, გარღვეულ კედლებს რომ ამაგრებენ, ასევე ხუროებს, მშენებლებსა და ქვითხუროებს, და მათ, ვინც ხე-ტყესა და გათლილ ქვას ყიდულობს სახლის შესაკეთებლად. ოღონდ ნუ მოეთხოვებათ ხელში ჩათვლილი ვერცხლის ანგარიში, რადგან ისინი პატიოსნად იქცევიან.“ და უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ შაფან მწიგნობარს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.“ მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან. და მოვიდა შაფან მწიგნობარი მეფესთან და მოახსენა ამბავი და უთხრა: „გადმოყარეს შენმა მსახურებმა უფლის სახლში მოძიებული ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი.“ და ამცნო შაფან მწიგნობარმა მეფეს: „წიგნი მომცაო მღვდელმა ხილკიამ.“ და წაიკითხა მეფის წინაშე შაფანმა. და როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, სამოსელი დაიპო. უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, და ახიკამ შაფანის ძეს, და ყაქბორ მიქაიას ძეს, და შაფან მწიგნობარს და ყასაიას, მეფის მსახურს: „წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ხალხსა და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების შესახებ, რადგან დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს, რაც ჩვენთვის იყო დაწერილი.“ და მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი, შალუმი, ძე თიკვასი, ძისა ხარხასისა, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმის მეორე უბანში ცხოვრობდა, და დაელაპარაკნენ მას. და უთხრა ქალმა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგაგზავნათ, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს. რაკი დამივიწყეს და საკმეველს უკმევდნენ უცხო ღმერთებს, რომ გავერისხებინე თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ჩემი რისხვა მოედება ამ ადგილს და არ ჩაქრება. იუდას მეფეს კი, რომელმაც უფალთან საკითხავად გამოგაგზავნათ, უთხარით: ასე ამბობს-თქო ისრაელის ღმერთი: რაკი შეისმინე ეს სიტყვები: რადგან გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებთ, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, და სამოსელი დაიპე და ტიროდი ჩემს წინაშე, მეც შევისმინე შენი, – ბრძანებს უფალი. ამიტომაც, აჰა, წაგიყვან შენს მამებთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარეში, და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო ამ ადგილს.“ და მიუტანეს მეფეს ეს ამბავი. და მოუწოდა მეფემ, რათა შეკრებილიყო მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი. და ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყველა მცხოვრები მასთან ერთად, და მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ხალხი, დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს. და შედგა მეფე თავის საყდარზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის მცნებებს, მის მოწმობებსა და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. და მოიწონა აღთქმა მთელმა ხალხმა. და გამოატანინა მეფემ მღვდელმთავარ ხილკიას, მეორე ხარისხის მღვდლებსა და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაყალისთვის, აშერასათვის და მთელი ციური მხედრობისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ველზე, ხოლო ნაცრის წაღება ბეთელში ბრძანა. და გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის სანახებში, და გუნდრუკს უკმევდნენ ბაყალს, მზესა და მთვარეს, ცთომილთა და მთელ ციურ მხედრობას. და გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ხევისკენ, და დაწვა კიდრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია, და მისი ფერფლი მდაბიოთა სასაფლაოზე დაყარა. და დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი მსიძავთა სახლები, სადაც დედაკაცები სამოსელს უქსოვდნენ აშერას. და გამოყარა იუდას ქალაქებიდან ქურუმები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ქურუმები გუნდრუკს, გებაყიდან ბეერ-შებაყამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი ქალაქის მთავრის, იოშუაყის, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე – ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ. თუმცა გორაკთა ქურუმები არ აღავლენდნენ უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში, მაგრამ ხმიადებს კი ჭამდნენ თავიანთ ძმებთან ერთად. და წაბილწა თოფეთი, ბენ-ჰინომის ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლეხისთვის თავისი ძე ან ასული. და გაუშვა ცხენები, რომლებსაც იუდას მეფეები მზეს უძღვნიდნენ უფლის სახლში, შესასვლელის წინ, საჭურის ნათან-მელექის პალატთან, ფარურიმში, მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა. სამსხვერპლოებიც ახაზისეული სამყოფლის ბანზე, იუდას მეფეებმა რომ აღმართეს, და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მანაშემ უფლის ტაძრის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კიდრონის ხევში ჩაყარა მათი ფერფლი. და წაბილწა გორაკები, იერუსალიმის წინ რომ არის, განადგურების მთის მარჯვნივ, სოლომონ მეფემ რომ მოუწყო ყაშთორეთს, ციდონელთა სიბილწეს, ქემოშს, მოაბის სიბილწეს, და მილქომს, ყამონიანთა სისაძაგლეს. და დალეწა სვეტები და გაჩეხა აშერები, ადამიანის ძვლებით აავსო მათი ადგილი. ასევე დაანგრია ბეთელის სამსხვერპლო, იერობოყამ ნებატის ძის, ისრაელის მაცდუნებლის მოწყობილი გორაკი; და ცეცხლს მისცა ის სამსხვერპლო და გორაკი დაანგრია და დაწვა ის გორაკი, გააცამტვერა, და დაწვა აშერა. და გაიხედა იოშიამ და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო, და გააგზავნა და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები, და სამსხვერპლოზე დააწვევინა, და ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც გამოცხადებული ჰქონდა ღვთისკაცს, რომელმაც წინასწარ აუწყა ეს ამბები. და თქვა მან: „ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ?“ და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეტყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს.“ და თქვა: „მოასვენეთ, ნურავინ დაძრავს მის ძვლებს.“ ასე დაიცვეს მისი ძვლები და ძვლები წინასწარმეტყველისა, რომელიც სამარიიდან მოდიოდა ხოლმე. ასევე გორაკთა ყველა ბომონი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში. სამსხვერპლოებზე დაკლა გორაკთა ქურუმები, ვინც კი იქ იყო, და ზედ დაწვა ადამიანთა ძვლები, და იერუსალიმში დაბრუნდა. და უბრძანა მეფემ მთელ ერს და უთხრა: „მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში სწერია!“ რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში. მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს უფლისათვის მომზადდა ეს პასექი იერუსალიმში. ასევე მესულთანეები, მჩხიბავები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვა მღვდელმა ხილკიამ. არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი ძალით, მოსეს მთელი რჯულით რომ ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი; არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი. მაგრამ არ შებრუნებულა უფალი დიდი რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე, ყველა იმ წყენის გამო, რითაც მანაშემ განარისხა იგი. და თქვა უფალმა: „იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე; არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, და სახლს, რომელზეც ვთქვი: იქ იქნება-მეთქი ჩემი სახელი.“ იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ მდინარე ევფრატზე. და გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად, და დანახვისთანავე მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში. და წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში, და მის სამარხში დამარხეს. და გამოიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზ იოშიას ძე, და სცხო ზეთი და მამამისის ნაცვლად გაამეფა. 23 წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხამუტალი, ლიბნელი იერემიას ასული. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, თავისი მამების მსგავსად. და დაიჭირა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა, და დააკისრა ქვეყანას 100 ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო. და გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის იოშიას ნაცვლად და დაარქვა სახელად იეჰოიაკიმი. იეჰოახაზი კი აიყვანა და ეგვიპტეში წაიყვანა, სადაც ის მოკვდა. ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს; ოღონდ ქვეყანაზე გაანაწილა ფარაონის ბრძანებისამებრ მისაცემი ვერცხლი. ქვეყნის ხალხში თითოეულს მისი შეძლების მიხედვით დააკისრა ფარაონ ნექოსათვის მისაცემი ვერცხლი. 25 წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და 11 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ზებუდა, რუმელი ფედაიას ასული. და ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, მსგავსად მისი მამებისა. მის დღეებში გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მსახური სამი წლის მანძილზე. მერე კი კვლავ განუდგა. მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონიანთა ურდოებს; უსევდა იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით. უფლის ბრძანებით მოეწეოდა ხოლმე ეს იუდას, რათა თავიდან მოეშორებინა იგი მანაშეს ცოდვების გამო, და ყოველივე იმისათვის, რაც მან ჩაიდინა. და იმ უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი. უფალმა არ ინება მისი პატიება. იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამებთან და მის ნაცვლად იეჰოიაქინი, მისი ძე გამეფდა. და მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა, ეგვიპტის ნაღვარევიდან მდინარე ევფრატამდე. 18 წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ნეხუშთა, იერუსალიმელი ელნათანის ასული. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, მსგავსად მამამისისა. მაშინ დაიძრა ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ლაშქარი იერუსალიმისაკენ და ქალაქი ალყაში მოექცა. და მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ქალაქს, როცა მის მოლაშქრეებს ალყაში ჰყავდათ ქალაქი მოქცეული. და გავიდა იეჰოიაქინი, იუდას მეფე, ბაბილონის მეფესთან, და გავიდნენ დედამისიც, მისი მსახურნიც და დიდებულნიც, და კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ თავისი მეფობის მერვე წელს. და გაზიდა იქიდან უფლის ტაძრის განძეული და მეფის სახლის განძეული, და დაამსხვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გააკეთა სოლომონმა, ისრაელის მეფემ უფლის ტაძარში. და გაასახლა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი – 10 ათასი კაცი იყო გასახლებული – ყველა ხურო და მჭედელი; არავინ დარჩენილა, ქვეყნის ღარიბთა გარდა. და გადაასახლა იეჰოიაქინი ბაბილონს, და მეფის დედა, და მეფის ცოლები, და მისი საჭურისნი, და ძლიერნი ქვეყნისანი წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში დასასახლებლად. ყველა მეომარი – 7 ათასი კაცი, ხელოსნები და მშენებლები – 100 კაცი, ყველა ვაჟკაცი, ომის შემძლე, წაასხა ბაბილონის მეფემ ბაბილონში დასასახლებლად. და დასვა მეფედ ბაბილონის მეფემ იოიაქინის ნაცვლად მისი ბიძა, მათანია, და სახელად ცედეკია უწოდა. 21 წლისა იყო ცედეკია, როცა გამეფდა, და 11 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხამუტალი, ლიბნელი იერემიას ასული. ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში მსგავსად იეჰოიაკიმისა. და მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. და განუდგა ცედეკია ბაბილონის მეფეს. თავისი მეფობის მეცხრე წლის, მეათე თვის, მეათე დღეს, წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ; შემოადგა მას და მიწაყრილები მოუწყო ირგვლივ. და იყო ალყაში ქალაქი მეფე ცედეკიას მეთერთმეტე წლამდე. მეოთხე თვის მეცხრე დღეს შიმშილი გაძლიერდა ქალაქში, და აღარაფერი ჰქონდა ხალხს საჭმელად. და გატყდა ქალაქი, და გაიქცნენ მეფე და მისი მხედრობა ღამით ორ კედელს შუა კარიბჭისკენ მიმავალი გზით, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ცედეკიამ მიმართა დაბლობისაკენ მიმავალ გზას. და დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს, და მიეწივნენ იერიხოს დაბლობზე და მთელი ლაშქარი გაეფანტა მას. შეიპყრეს მეფე და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, და მსჯავრი დაადეს: თვალწინ დაუკლეს ძენი ცედეკიას, ხოლო თავად მას თვალები დასთხარეს, ბრინჯაოს ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს. მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე წელი, იერუსალიმში მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მსახური, და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა. და დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს ახლდა. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ, სხვადასხვა ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ქონდაქართუხუცესმა ნებუზარადანმა; და ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა. და ბრინჯაოს სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, და კვარცხლბეკები და ბრინჯაოს ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და ბრინჯაო ბაბილონში წაიღეს. ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, ბრინჯაოს მთელი ჭურჭელი, ღვთისმსახურებისას რომ იყენებდნენ, წაიღეს. სასაკმევლეები და სასხურებლები, რაც ოქროსი და ვერცხლისა იყო, ქონდაქართუხუცესმა წაიღო. წყვილი სვეტიც, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის ტაძრისთვის, – აუწონავი იყო ბრინჯაო, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული. 18 წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ ბრინჯაოს გვირგვინი ჰქონდა. და სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე. ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო, ყველაფერი ბრინჯაოსა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად. და გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანია და ზღურბლის სამი მცველი. ქალაქიდან გამოიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მეომრებს ზედამხედველობდა, და ხუთი კაცი, წინაშე მდგომელნი მეფისა, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავრის მწიგნობარი, რომელიც იწერდა ჯარში ჩასარიცხად ხალხს, და 600 კაცი ხალხიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ. და წაიყვანა ისინი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში. და დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა რიბლაში, ხამათის მხარეში. და აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან. იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხზე კი, რომელიც იქ დატოვა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად დანიშნა გედალია, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა. როცა გაიგეს მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალია დანიშნაო უფროსად, მასთან მივიდნენ მიცფაში. ესენი იყვნენ: ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანან კარეახის ძე, სერაია, ნეტოფათელი თანხუმეთის ძე, იააზანია მაყაქათელის ძე და მათი ხალხი. და შეჰფიცა გედალიამ მათ და მათ ხალხს და უთხრა: „ნუ გეშინიათ ქალდეველთა მორჩილებისა, დასახლდით ქვეყანაში და ემსახურეთ ბაბილონის მეფეს, და კარგი იქნება თქვენთვის.“ მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი, ათი კაცითურთ, და მოკლა გედალია და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ გედალიას. და ადგა მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და მხედართმთავრები, და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით. იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს, საპყრობილიდან იპატივა იოიაქინი, იუდას მეფე. და კეთილად ელაპარაკა და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც ბაბილონში ჰყავდა მას. და გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა იგი პურს მთელი სიცოცხლე. და მისი სარჩო, სამუდამო სარჩო, ეძლეოდა მეფისაგან ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლის მანძილზე. ადამი, შეთი, ენოში, კენანი, მაჰალალელი, იარედი; ენოქი, მათუსალა, ლამექი, ნოე, სემი, ქამი და იაფეთი. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. გომერის ძენი: აშქენაზი, დიფათი და თოგარმა. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და როდანიმი, ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი. ქუშმა შვა ნიმროდი, რომელიც პირველი გოლიათი იყო ქვეყანაზე. მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა, ფათრუსელთა, ქასლუხელთა (რომელთაგან ფილისტიმელნი წარმოიშვნენ) და ქაფთორელთა. ქანაანს ეყოლა ციდონი, მისი პირმშო, და ხეთი, იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშელნი, ხიველნი, ყარკელნი, სინელნი, არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი. არფაქშადს შეეძინა შელახი, და შელახს ყებერი. ყებერს ორი ძე შეეძინა: ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს დანაწილდა დედამიწა, მისი ძმის სახელი იყო იოკტანი. იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შელეფი, ხაცარმავეთი და იერახი, ადორამი, უზალი, დიკლა, ღებალი, აბიმაელი, შება, ოფირი, ხავილა და იობაბი; ყველა ესენი იოკტანის ძენი იყვნენ. სემი, არფაქშადი, შელახი; ყებერი, ფელეგი, რეღუ, სერუგი, ნახორი, თერახი; აბრამი, იგივე აბრაამი. აბრაამის ძენი: ისააკი და ისმაელი. ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, აბდეელი, მიბსამი, მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. ესენი არიან ისმაელის ძენი. კეტურას, აბრაამის ხარჭას, ძენი: მან შვა ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი. იოკშანის ძენი: შება და დედანი. მიდიანის ძენი: ეფა, ყეფერი, ენოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი არიან. აბრაამმა შვა ისააკი. ისააკის ძენი: ესავი და ისრაელი. ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი. ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი, ყამალეკი. რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბეყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი. ლოტანის ძენი: ხორი, ჰომამი. ლოტანის და იყო თიმნაყი. შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ღებალი, შეფი, ონამი. ციბეყონის ძენი: აია და ყანა. ყანას ძე: დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი, ქერანი. ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშანის ძენი: ყუცი და არანი. აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყანაში რომ მეფობდნენ, მანამდე ვიდრე ისრაელიანთა ქვეყანაში გამოჩნდებოდნენ მეფეები: ბელაყი, ძე ბეყორისა. მის ქალაქს დინჰაბა ერქვა. და როცა ბელაყი მოკვდა, მის ნაცვლად გამეფდა იობაბი, ბოცრელი ზერახის ძე. და მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად გამეფდა ხუშამი – თემანელთა ქვეყნიდან. და მოკვდა ხუშამი და მის ნაცვლად გამეფდა ჰადადი, ძე ბედადისა (იმ ბედადისა, რომელმაც მოაბის ველზე მიდიანელნი გაანადგურა), მისი სატახტო ქალაქის სახელი იყო ყავითი. და მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად გამეფდა სამლა მასრეკელი. და მოკვდა სამლა და მის ნაცვლად გამეფდა მდინარისპირა რეხობოთელი შაული. და მოკვდა შაული და მის ნაცვლად გამეფდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა. და მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად გამეფდა ჰადადი. მისი სატახტო ქალაქის სახელი იყო ფაყუ. სახელი მისი ცოლისა მეჰეტაბელი, ასული მატრედისა, ასული მე-ზაჰაბისა. და მოკვდა ჰადადი. ედომის მთავრები იყვნენ: თიმნაყი, ყალვა, იეთეთი, ოჰოლიბამა, ელა, ფინონი, კენაზი, თემანი, მიბცარი, მაგდიელი, ყირამი – ესენი იყვნენ ედომის მთავრები. ესენი არიან ისრაელიანები: რეუბენი, სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი, დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი. იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელახი; ქანაანელი შუაყის ასულისაგან მას ეს სამნი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი, ბოროტი იყო უფლის წინაშე, ამიტომ მოაკვდინა იგი უფალმა. თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზერახი. იუდას სულ ხუთი ძე ჰყავდა. ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული. ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი – ხუთნი. ქარმის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გატეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია. ეთანის ძე ყაზარია. – და ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინა: იერახმეელი, რამი და ქელუბაი. რამმა შვა ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი – იუდას ძეთა წინამძღოლი, ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე, იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე – აბინადაბი, მესამე – შიმეყა, მეოთხე – ნეთანელი, მეხუთე – რადაი, მეექვსე – ოცემი, მეშვიდე – დავითი. მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბიშაი, იოაბი და ყასაელი – სამნი. აბიგაილმა შვა ყამასა. ყამასას მამა იყო იეთერი, ისმაელიანი. ქალებ ხეცრონის ძეს, თავისი ცოლის, ყაზუბასგან, შეეძინა იერიყოთი. ესენი არიან მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი. და მოკვდა ყაზუბა და ქალებმა ცოლად შეირთო ეფრათა, და ეფრათამ უშვა მას ხური. ხურს შეეძინა ური, ურს შეეძინა ბეცალელი. მერე ხეცრონმა ცოლად შეირთო მაქირის, გალაადის მამის ასული. მაშინ ხეცრონი 60 წლისა იყო. და მან უშვა მას სეგუბი. სეგუბმა შვა იაირი. გალაადის ქვეყანაში მას 23 ქალაქი ჰქონდა. გეშურმა და არამმა წაართვეს მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად – სულ 60 ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის, მაქირის ძენი არიან. ქალებ-ეფრათში ხეცრონის სიკვდილის შემდეგ ხეცრონის ცოლმა, აბიამ, უშვა მას აშხური – თეკოაყის მამა. იერახმეელის, ხეცრონის პირმშოს, ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია. იერახმეელს სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყატარა, ის იყო ონამის დედა. იერახმეელის პირმშოს, რამის, ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი. ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იადაყი. შამაის ძენი – ნადაბი და აბიშური. აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი. ნადაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა. აფაიმს ჰყავდა ძე – იშყი, იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი. იადაყის, შამაის ძმის, ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა. იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმეელის ძენი იყვნენ. შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშანს ეგვიპტელი ყმა ჰყავდა, სახელად იარხაყი. შეშანმა თავისი ასული თავის ყმას იარხაყს მისცა ცოლად. და უშვა მას ყათაი. ყათაიმ შვა ნათანი, ნათანმა შვა ზაბადი, ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი, ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა ხალეცი, ხელეცმა შვა ელყასა, ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი, შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი. იერახმეელის ძმის, ქალების ძენი: პირმშო – მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის, ძენი. ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი. შემაყმა შვა რახამი, იორკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი. შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა. ქალების ხარჭას, ეფას, შეეძინა: ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი. იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ეფა და შაყაფი. ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა. და შვა მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა – შევა. ქალების ასული იყო ყაქსა. ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურას ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა, სალმა, მამა ბეთლემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გედერისა. შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები: ჰაროე, ხაცი, მენუხოთი. კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრელი, ფუთელი, შუმათელი და მიშრაყელი. მათგან გამოვიდნენ ცორყათელნი და ეშთაოლელნი. სალმას ძენი: ბეთლემი, ნეტოფათელი, ყატაროთ-ბეთ-იოაბი, მანახთელთა ნახევარი, და ცორყელნი. იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმეყათელნი, სუქათელნი, ესენი კენიელნი არიან, ბეთ-რექაბის მამის, ხამათის, შთამომავლები. ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინენ მას: პირმშო ამნონი, ახინოყამ იზრეყელელისგან, მეორე – დანიელი, აბიგაილ ქარმელელისაგან. მესამე – აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი. მეოთხე – ადონია, ხაგითის ვაჟი. მეხუთე – შეფატია, აბიტალისაგან, მეექვსე – ითრეყამი, ყეგლასგან, თავისი ცოლისაგან. ექვსნი შეეძინენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე იქ იმეფა, 33 წელი კი იერუსალიმში. ესენი შეეძინენ იერუსალიმში: შიმეყა, შობაბი, ნათანი, სოლომონი – ოთხნი, ბათშუაყისგან, ყამიელის ასულისაგან. იბხარი, ელიშამაყი, ელიფელეტი, ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი, ელიშამაყი, ელიადაყი, ელიფელეტი – ცხრანი. სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა. თამარიც მათი და იყო. სოლომონის ძე რეხობოყამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი, მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში, მისი ძე ამაცია, მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი, მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკია, მისი ძე მანაშე, მისი ძე ამონი, მისი ძე იოშია. იოშიას ძენი: პირმშო – იოხანანი, მეორე – იეჰოიაკიმი, მესამე – ცედეკია, მეოთხე – შალუმი. იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ცედეკია. იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შეალთიელი, მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამაყი, ნედაბია. ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმეყი. ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი, ხაშუბა, ოჰელი, ბერექია, ხასადია, და იუშაბ-ხესედი – ხუთნი. ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია, რეფაიას ძენი, არნანის ძენი, ყობადიას ძენი, შექანიას ძენი. და შექანიას ძე შემაყია. შემაყიას ძენი: ხატუში, იგალი, ბარიახი, ნეყარია, შაფატი – ექვსნი. ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი – სამნი. ელიოყენაის ძენი: ჰოდავიაჰუ, ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი, იოხანანი, დელაია, ყანანი – შვიდნი. იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ხური და შობალი. შობალის ძემ, რეაიამ, შვა იახათი, იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. ესენი არიან ცორყათელთა საგვარეულონი. აი ყეტამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში. მათ დას ჰაცელელფონი ერქვა. ფენუელი, გედორის მამა და ყეზერი, ხუშას მამა, ესენი არიან ხურის ძენი, ეფრათას პირმშოსი, ბეთლემის მამისა. აშხურს, თეკოაყის მამას, ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაყარა. ნაყარასგან შეეძინა: ახუზამი, ხეფერი, თემნი და ჰაახაშთარი. ესენი იყვნენ ნაყარას ძენი. ხელას ძენი: ცერეთი, იეცხარი და ეთნანი. კოცმა შვა ყანუბი და ცობება და ჰარუმის ძის, ახარხელის, საგვარეულონი. იაყბეცი თავის ძმებზე უფრო პატივდებული იყო. იაყბეცი დედამისმა დაარქვა, ასე თქვა: რადგან ტკივილით გავაჩინეო. მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: „ნეტა მაკურთხებდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო.“ და მისცა ღმერთმა, რასაც ითხოვდა. ხოლო ქელუბმა, შუხას ძმამ, შვა მეხირი, ეშთონის მამა. ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და ყირ-ნახაშის მამა თეხინა. ესენი არიან რექას მცხოვრებნი. კენაზის ძენი: ღოთნიელი და სერაია. ღოთნიელის ძე იყო ხათათი და მეყონათაი. მეყონოთაიმ შვა ყოფრა. სერაიამ შვა იოაბი, მამა ხუროთა ველისა, რადგან ხუროები იყვნენ. იეფუნეს ძის, ქალების, ძენი: ყირუ, ელა და ნაყამი; ელას ძე იყო კენაზი. იეჰალელის ძენი: ზიფი და ზიფა, თირია და ასარელი. ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი. იეთერმა შვა მირიამი, შამაი და იშბახი, ეშთემოაყის მამა. იეჰუდიას, მის ცოლს, შეეძინა იერედი – მამა გედორისა, და ხებერი – მამა სოქოსი, და იეკუთიელი – მამა ზანოახისა. ესენი არიან ძენი ბითიასი, ფარაონის ასულისა, რომელიც შეირთო მერედმა. მისი ცოლის, ჰოდიას, კეყილის მამის – ნახამის დის ვაჟები: კეყილას მამა გარმელი და ეშთემოაყ მაყაქათელი. შიმონის ძენი: ამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშყის ძენი: ზოხეთი და ბენ-ზოხეთი. იუდას ძის, შელახის ვაჟები: ყერი – ლექას მამა, ლაყადა – მარეშას მამა და მესელეთა საგვარეულოები ბეთ-აშბეაყიდან. იოკიმი და ქოზებას კაცები, იოაში და სარაფი მოაბსა და იაშუბი-ლახემს ფლობდნენ. ეს ძველი ამბებია. ისინი მეთუნეები იყვნენ და. ნეტაყიმსა და გედერაში სახლობდნენ, მეფესთან ცხოვრობდნენ და მისთვის შრომობდნენ. სიმეონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და შაული; მისი ძე შალუმი, მისი ძე მიბსამი, მისი ძე მიშმაყი. მიშმაყის ძენი: მისი ძე ხამუელი, მისი ძე ზაქური, მისი ძე შიმეყი. შიმეყის 16 ვაჟი და ექვსი ქალი ჰყავდა. მის ძმებს ბევრი ვაჟები არ ჰყოლიათ და არც მათი საგვარეულო იყო იუდას ძეთა საგვარეულოსავით მრავალრიცხოვანი. ისინი ცხოვრობდნენ ბეერ-შებაყში, მოლადასა და ხაცარ-შუყალში, ბილჰაში, ყეცემში, თოლადში, ბეთუელში, ხორმაში, ციკლაგში, ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირსა და შაყარაიმში. აჰა, მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე. მათი დასახლებები: ყეტამი, ყაინი, რიმონი, თოქენი, ყაშანი – ხუთი ქალაქი. ასევე ყველა ის სოფლები, რომლებიც ამ ქალაქებს ეკვროდა ვიდრე ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა. მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე, იოელი და იეჰუ, ძე იოშიბიასი, სერაიას ძისა, ყასიელის ძისა. ელიოყენაი, იაყაკობა, იეშოხაია, ყასაია, ყადიელი, იეშიმიელი, ბენაია. ზიზა, ძე შიფყისა, ძისა ალონისა, ძისა იედაიასი, ძისა შიმრისა, ძისა შემაყიასი. ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავ-თავიანთი საგვარეულოების მთავრები იყვნენ. მათი მამისსახლი ძალიან გაიზარდა. მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრების საძებნელად და პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს. ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო, რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ. ისინი, სახელებით რომ იყვნენ ჩამოწერილნი, იუდას მეფის ხიზკიას დღეებში მოვიდნენ, და გაანადგურეს მათი კარვები და იქ მყოფი მეყუნიმელნი. იმ დღეს ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ნაცვლად დასახლდნენ, რადგან იქ იყო მათი ცხვრის საძოვრები. მათგან – სიმეონის ძეთაგან – 500 კაცი სეყირის მთისკენ გაეშურა იშყის ძეთა: ფელატიას, ნეყარიას, რეფაიას და ყუზიელის მეთაურობით. და გაანადგურეს ყამალეკის დარჩენილი ნატამალი და დღემდე იქ ცხოვრობენ. ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი; იგი პირმშო იყო, მაგრამ, როცა მამის სარეცელი შებილწა, მისი პირმშოობა გადაეცა, ისრაელის ძის, იოსების ძეთ, თუმცა არა იმისათვის, რომ პირმშოდ ჩაწერილიყვნენ; იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებზე გადავიდა. აი ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი: ენოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი. აი იოელის მოდგმა: მისი ძე იყო შემაყია, მისი ძე – გოგი, მისი ძე – შიმეყი, მისი ძე – მიქა, მისი ძე – რეაია, მისი ძე – ბაყალი, მისი ძე – ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფე თილგათ-ფილნესერმა, ის იყო რეუბენის ძეთა წინამძღოლი. მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: უფროსი იეყიელი, ზაქარია, ბელაყი, ძე ყაზაზისა, ძე შემაყისა, ძე იოელისა. იგი ყაროყერში ცხოვრობდა, ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე. აღმოსავლეთით ცხოვრობდა მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდათ გალაადის ქვეყანაში. საულის დროს ისინი აგარიანელებს ეომებოდნენ, რომლებიც მათ მოსპეს და დასახლდნენ მათ კარვებში, გალაადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში. გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ ბაშანის ქვეყანაში სალქამდე, უფროსი – იოელი, მომდევნონი: შაფამი, იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ. მათი ძმები, თავ-თავიანთი მამისსახლიდან: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაყქანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა. აჰა, ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახის ძისა, გალაადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა. ახი, ძე ყაბდიელისა, ძე გუნისა, მათი მამისსახლის თავკაცი. ისინი ცხოვრობდნენ გალაადში, ბაშანსა და მის კუთვნილ ქალაქებში, ასევე შარონის მთელ სანახებში თვით საზღვრის პირამდე. ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამის, დროს და იერობოყამის, ისრაელის მეფის, დროს. რეუბენის ძეებში, გადის ძეებში და მანაშეს ნახევარტომში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით 44760 გამოდიოდა საომრად. ისინი ეომებოდნენ აგარიანელთ, იეტურს, ნაფიშს და ნოდაბს. შეწევნა მიიღეს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელში ჩაიგდეს აგარიანელები, მთელი მათი სარჩო-საბადებლითურთ, რადგან ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა მათ, რაკი მასზე იყვნენ მინდობილნი. და წამოასხეს მათი პირუტყვი: 50 ათასი აქლემი, 250 ათასი წვრილფეხა, 2 ათასი ვირი და 100 ათასი ტყვე; მრავალი განგმირული დაეცა! რადგან ღვთისაგან იყო ის ომი! და სახლობდნენ რეუბენის ძენი აგარიანთა ადგილებში, მათს ტყვეობამდე. და მანაშეს ნახევარტომიც დასახლდა იმ ქვეყანაში: ბაშანიდან ბაყალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი. აი მათი მამისსახლთა თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი – მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლის სახელოვანი თავკაცები. როცა მათ ზურგი აქციეს მამათა ღმერთს და გზააბნეულნი გაჰყვნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა, მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის, სული და აშურის მეფის თილგათ-ფილნესერის სული და გადაასახლა რეუბენის ძენი, გადის ძენი და მანაშეს ნახევარტომი, და ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში, და მდინარე გოზანთან, დღემდე. ლევის ძენი: გერშონი, კოჰათი და მერარი. კოჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. ყამრამის ძენი: აარონი, მოსე, მირიამი. აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, ელეაზარმა შვა ფინეხასი, ფინეხასმა შვა აბიშუაყი, აბიშუაყმა შვა ბუკი, ბუკმა შვა ყუზი, ყუზიმ შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი, მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი. ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა ახიმაყაცი, ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი. იოხანანმა შვა ყაზარია, – ეს იმ ტაძრის მღვდელი იყო, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში. ყაზარიამ შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი, ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი, შალუმმა შვა ხილკია, ხილკიამ შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა სერაია, სერაიამ შვა იეჰოცადაკი. იეჰოცადაკი ტყვედ წაიყვანეს, როცა უფალმა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით გაასახლა. ლევის ძენი: გერშომი, კოჰათი და მერარი; გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმეყი. კოჰათის ძენი: ყამრამი იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით. გერშომის ძე იყო ლიბნი, მისი ძე იყო იახათი, მისი ძე იყო ზიმა, მისი ძე იყო იოახი, მისი ძე იყო ყიდო, მისი ძე იყო ზერახი, მისი ძე იყო იეათრაი. ხოლო კოჰათის ძე იყო ყამინადაბი, მისი ძე იყო კორახი, მისი ძე იყო ასირი, მისი ძე იყო ელკანა, მისი ძე იყო ებიასაფი, მისი ძე იყო ასირი, მისი ძე იყო თახათი, მისი ძე იყო ურიელი, მისი ძე იყო ყუზია, მისი ძე იყო შაული. ელკანას ძენი იყვნენ: ყამასაი და ახიმოთი. ახიმოთის ძე იყო ელკანა, მისი ძე იყო ცოფაი, მისი ძე იყო ნახათი, მისი ძე იყო ელიაბი, მისი ძე იყო იეროხამი, მისი ძე იყო ელკანა. ხოლო სამუელის ძენი იყვნენ: იოელი – პირმშო და მისი მომდევნო აბია. მერარის ძე იყო მახლი, მისი ძე იყო ლიბნი, მისი ძე იყო შიმეყი, მისი ძე იყო ყუზა, მისი ძე იყო შიმეყა, მისი ძე იყო ხაგია, მისი ძე იყო ყასაია. აჰა, ისინი, რომლებიც მგალობლებად დაადგინა დავითმა უფლის სახლში, მას შემდეგ, რაც კიდობანი დაასვენა იქ. ისინი სადღესასწაულო კარავთან ასრულებდნენ სამსახურს გალობით, სანამ სოლომონი იერუსალიმში უფლის ტაძარს აშენებდა. ისინი თავიანთი სამსახურის წესისამებრ იდგნენ. აჰა, ისინი, ვინც სამსახურს ეწეოდნენ, და მათი ძენი: კოჰათის ძეთაგან იყო ჰემანი – მგალობელი, იოელის ძე, ძისა სამუელისა, ძისა ელკანასი, ძისა იეროხამისა, ძისა ელიელისა, ძისა თოახისა, ძისა ცუფისა, ძისა ელკანასი, ძისა მახათისა, ძისა ყამასაისი, ძისა ელკანასი, ძისა იოელისა, ძისა ყაზარიასი, ძისა ცეფანიასი, ძისა თახათისა, ძისა ასირისა, ძისა ებიასაფისა, ძისა კორახისა, ძისა იცჰარისა, ძისა კოჰათისა, ძისა ლევისა, ძისა ისრაელისა, და მისი ძმა ასაფი, მის მარჯვნივ იდგა. და იყო ასაფი ბერექიას ძე, შიმეყას ძისა, ძისა მიქაელისა, ძისა ბაყასეიასი, ძისა მალქიასი, ძისა ეთნისა, ძისა ზერახისა, ძისა ყადაიასი, ძისა ეთანისა, ძისა ზიმასი, ძისა შიმეყისა, ძისა იახათისა, ძისა გერშომისა, ძისა ლევისა. მერარის ძენი, მათი ძმები, მარცხნივ რომ იდგნენ: ეთან კიშის ძე, ძისა ყაბდისა, ძისა მალუქისა, ძისა ხაშაბიასი, ძისა ამაციასი, ძისა ხილკიასი, ძისა ამცისა, ძისა ბანისა, ძისა შემერისა, ძისა მახლისა, ძისა მუშისა, ძისა მერარისა, ძისა ლევისა. მათი ძმები – ლევიანები – ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ გამწესებულნი. აარონი და მისი ძენი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე და საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ, წმიდათა წმიდაში ყველა საქმეს აკეთებდნენ და ყველაფერს ისე ასრულებდნენ ისრაელის განსაწმედად, როგორც ბრძანა ღვთის მსახურმა მოსემ, აჰა, ესენი არიან აარონის ძენი: მისი ძე იყო ელეაზარი, მისი ძე იყო ფინეხასი, მისი ძე იყო აბიშუაყი, მისი ძე იყო ბუკი, მისი ძე იყო ყუზი, მისი ძე იყო ზერახია, მისი ძე იყო მერაიოთი, მისი ძე იყო ამარია, მისი ძე იყო ახიტუბი, მისი ძე იყო ცადოკი, მისი ძე იყო ახიმაყაცი. ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით ერგოთ აარონის ძეთ, კოჰათელთა საგვარეულოდან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ. და მისცეს მათ ხებრონი, იუდას ქვეყანაში, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ. ამ ქალაქის მინდორ-ველი და სოფლები ქალებს მისცეს, იეფუნეს ძეს. აარონის ძეთ მისცეს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი, ლიბნა თავისი სანახებით, იათირი და ეშთემოაყი თავისი სანახებით, ხილენი თავისი სანახებით, დებირი თავისი სანახებით, ყაშანი თავისი სანახებით, ბეთ-შემეში თავისი სანახებით. ბენიამინის ტომიდან: გებაყი თავისი სანახებით, ყალემეთი თავისი სანახებით, ყანათოთი თავისი სანახებით. მათ საგვარეულოებში სულ 13 ქალაქი იყო. ხოლო დანარჩენი კოჰათიანებს, ამ ტომის საგვარეულოდან, მანაშეს ნახევარტომის ნახევრიდან ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით. გერშომიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოების მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალისა და მანაშეს ტომებიდან 13 ქალაქი ერგოთ ბაშანში. მერარიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოების მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულუნის ტომებიდან 12 ქალაქი შეხვდათ წილისყრით. ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებით ისრაელის ძეებმა ლევიანებს. წილისყრით მისცეს იუდას, სიმეონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ. კოჰათიანთა საგვარეულოებმა თავიანთი სასაზღვრო ქალაქები ეფრემის ტომისაგან მიიღეს. მათვე მისცეს თავშესაფარი ქალაქები: შექემი – ეფრემის მთაზე, თავისი სანახებით, გეზერი თავისი სანახებით, იოკმეყამი თავისი სანახებით, ბეთ-ხორონი თავისი სანახებით, აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით. მანაშეს ნახევარტომიდან – ყანერი თავისი სანახებით და ბალაამი თავისი სანახებით მისცეს კოჰათიანთა დანარჩენ საგვარეულოებს. გერშომიანებს, მანაშეს ნახევარტომის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავისი სანახებით და ყაშთაროთი თავისი სანახებით. ისაქარის ტომიდან მისცეს კედეში თავისი სანახებით, დაბრათი თავისი სანახებით, რამოთი თავისი სანახებით, ყანემი თავისი სანახებით. აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავისი სანახებით, ყაბდონი თავისი სანახებით. ხუკოკი თავისი სანახებით, რეხობი თავისი სანახებით. ნაფთალის ტომიდან მისცეს კედეში გალილეაში თავისი სანახებით, ხამონი თავისი სანახებით და კირიათაიმი თავისი სანახებით. დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს რიმონო თავისი სანახებით და თაბორი თავისი სანახებით. იორდანეს გადაღმა, იერიხოსთან, იორდანეს აღმოსავლეთით რეუბენის ტომიდან მისცეს: ბეცერი უდაბნოში თავისი სანახებით, და იაჰცა თავისი სანახებით. კედემოთი თავისი სანახებით და მეფაყათი თავისი სანახებით. გადის ტომიდან მისცეს რამოთი გალაადში თავისი სანახებით, და მახანაიმი თავისი სანახებით, და ხეშბონი თავისი სანახებით და იაყზერი თავისი სანახებით. ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუვა, იაშუბი, შიმრონი – ოთხნი. თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, იერიელი, იახმაი, იბსამი, შემუელი – თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავ-თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი 22600 იყო. ყუზის ძე იყო იზრახია. და იზრახიას ძენი იყვნენ: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია – სულ ხუთი თავკაცი. თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამიისსახლიდან 36 ათასი მებრძოლი გამოჰყავდათ ომში, რადგან მათ ბევრი ცოლები და ძენი ჰყავდათ. მათი ძმები, ისაქარის ყველა საგვარეულოს მაგარი ვაჟკაცები, 87 ათასნი იყვნენ. ყველანი საგვარტომო ნუსხაში იყვნენ ჩაწერილნი. ბენიამინის ძენი იყვნენ: ბელაყი, ბექერი და იედიყაელი – სამნი. ბელაყის ძენი იყვნენ: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, იერიმოთი, ყირი – ხუთნი, მამისსახლის თავკაცები. საგვარტომო ნუსხაში 22034 არის ჩაწერილი. ბექერის ძენი: ზემირა, იოყაში, ელიყეზერი, ელიოყენაი, ყომრი, იერემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი. ყველა ესინი ბექერის ძენი არიან. საგვარტომო ნუსხაში ისინი თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცების მიხედვით არიან ჩაწერილნი – სულ 2200 ძლიერი მებრძოლი. იედიყაელის ძენი: ბილჰანი. ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი. ყველა ესენი იედიყაელის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან 17200 მებრძოლი გამოდიოდა საომრად. შუფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო. ნაფთალის ძენი: იახციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ. მანაშეს ძენი იყვნენ: ასრიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ უშვა; მასვე ეყოლა მაქირი – გალაადის მამა. მაქირმა ცოლები მოუყვანა ხუფიმს და შუფიმს. მათ დას მაყაქა ერქვა, ვაჟს – ცელოფხადი. ცელოფხადს ასულები ჰყავდა. მაყაქამ, მაქირის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შერეში ერქვა. მისი ვაჟები იყვნენ: ულამი და რეკემი. ულამის ძე – ბედანი. აჰა, ძენი გალაადისა, მაქირის ძისა, მანაშეს ძისა. მისმა დამ, ჰამოლექეთმა, შვა იშჰოდი, აბიყეზერი და მახლა. შემიდაყის ძენი იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიყამი. ეფრემის ძენი იყვნენ: შუთელახი – მისი ძე იყო ბერედი, მისი ძე იყო თახათი, მისი ძე იყო ელყადა, მისი ძე იყო თახათი, მისი ძე იყო ზაბადი, მისი ძე იყო შუთელახი – და ყეზერი და ელყადი. ისინი გათელებმა ამოხოცეს, ამ ქვეყნის მკვიდრებმა, რადგან ისინი პირუტყვის წასართმევად დაესხნენ თავს. დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა და მის სანუგეშებლად მისი ძმები მოვიდნენ. და შევიდა იგი თავის ცოლთან; დაორსულდა ის და ბიჭი შვა. მამამ მას სახელად ბერიყა დაარქვა, რადგან მის სახლში უბედურება მოხდა. შეერა მისი ასული იყო, შეერამ ააშენა ზემო და ქვემო ბეთ-ხორონი და უზენ-შეერა. მისი ძე იყო რეფახი, და აგრეთვე რეშეფი, მისი ძე იყო თელახი, მისი ძე იყო თახანი, მისი ძე იყო ლაყდანი, მისი ძე იყო ყამიჰუდი, მისი ძე იყო ელიშამაყი, მისი ძე იყო ნავე, მისი ძე იყო იესო. მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო ბეთელი და მისი დაბა-სოფლები. აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით ყაიამდე და მის დაბა-სოფლებამდე. მანაშეს ძეთა ხელში იყო: ბეთ-შეანი თავისი დაბა-სოფლებით, თაყანაქი თავისი დაბა-სოფლებით, მეგიდო თავისი დაბა-სოფლებით, დორი თავისი დაბა-სოფლებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსების, ისრაელის ძის, ძენი. აშერის შვილები იყვნენ: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი და სერახი. ბერიყას ძენი იყვნენ: ხებერი და მალქიელი, ბირზაითის მამა. ხებერმა შვა იაფლეტი, შომერი, ხოთამი და მათი და შუაყა. იაფლეტის ძენი იყვნენ: ფასაქი, ბიმჰალი და ყაშვათი; ესენი არიან იაფლეტის ძენი. შემერის ძენი იყვნენ: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი. მისი ძმის, ჰელემის ძენი იყვნენ: ცოფახი, იმნაყი, შელეში და ყამალი. ცოფახის ძენი იყვნენ: სუახი, ხარნეფერი, შუყალი, ბერი და იმრა, ბეცერი და ჰოდი, შამა და შილშა, ითრანი და ბეერა. იეთერის ძენი იყვნენ: იეფუნე, ფისფა და არა. ყულას ძენი იყვნენ: არახი, ხანიელი და რიცია. ყველა ესენი აშერის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები, რჩეული და ძლიერი მებრძოლები, მთავართა თავკაცები. მათ საგვარტომო ნუსხაში რიცხვით 26 ათასი ომში მებრძოლი კაცია ჩაწერილი. ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე – აშბელი, მესამე – ახარახი, მეოთხე – ნოხა, მეხუთე – რაფა. ბელაყს ჰყავდა ძეები: ადარი, გერა, აბიჰუდი, აბიშუაყი, ნაყამანი, აჰოაჰი, გერა, შეფუფანი, ხურამი, ესენი არიან ეჰუდის ძენი – მამისსახლთა თავკაცები, რომელნიც გებაყში ცხოვრობდნენ და მანახათში გადაასახლეს. ნაყამანი, ახია და გერა, რომელმაც გადაასახლა ისინი; მას შეეძინა ყუზა და ახიხუდი. შახარაიმს მოაბის ქვეყანაში შეეძინა შვილები მას შემდეგ, რაც თავისი ცოლები, ხუშიმი და ბაყარა გაუშვა. ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა: იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი, იეყუცი, საქია და მირმა. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები. და ხუშიმისაგან მას ეყოლა აბიტუბი და ელფაყალი. ელფაყალის ძენი იყვნენ: ებერი, მიშყამი და შემედი. ამან ააშენა ონო და ლოდი თავისი დაბა-სოფლებიანად. ბერიყა და შემაყი მამისსახლთა თავკაცები იყვნენ და აიალონში ცხოვრობდნენ, მათ განდევნეს გათელები. ახიო, შაშაკი, იერემოთი, ზებადია, ყარადი, ყედერი, მიქაელი, იშფა, იოხა ბერიყას ძენი იყვნენ. ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხებერი, იშმერაი, იზლია, იობაბი ელფაყალის ძენი იყვნენ. იაკიმი, ზიქრი, ზაბდი, ელიყენაი, ცილთაი, ელიელი, ყადაია, ბერაია, შიმრათი შიმეყის ძენი იყვნენ. იშფანი ებერი, ელიელი, ყაბდონი, ზიქრი, ხანანი, ხანანია, ყელამი, ყანთოთია, იფდეია, ფენუელი შაშაკის ძენი იყვნენ. შამშერაი, შეხარია, ღათალია, იაყარეშია, ელია, ზიქრი იეროხამის ძენი იყვნენ. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, მთავარნი თავ-თავიანთ გვარ-ტომში. ესენი იერუსალიმში ცხოვრობდნენ. გიბეონში ცხოვრობდა მამა გიბეონელთა, რომლის ცოლსაც მაყაქა ერქვა; მისი პირმშო ძე იყო ყაბდონი, მას მოსდევდნენ ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი, გედორი, ახიო, ზექერი. ხოლო მიკლოთმა შვა შიმეა. ისინი ცხოვრობდნენ იერუსალიმში თავიანთი ძმების გვერდით. ნერიმ შვა კიში, კიშიმ შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი. იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა. მიქას ძენი იყვნენ: ფითონი, მელექი, თარეაყი, ახაზი. ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი, ზიმრიმ შვა მოცა, მოცამ შვა ბინყა. მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელყასა, მისი ძე იყო აცელი. აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა. აი მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეყარია, ყობადია და ხანანი – ყველა ესენი აცელის ძენი არიან. მისი ძმის, ყეშეკის, ძენი იყვნენ: მისი პირმშო ულამი, მეორე – იეყუში, მესამე – ელიფელეტი. ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ, მშვილდოსნები და 150 შვილისა და შვილიშვილის პატრონები. ყველა ესენი ბენიამინის ძეთაგან იყვნენ. მთელი ისრაელი აღნუსხეს თავიანთი გვარტომობის მიხედვით და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს. იუდაელნი კი ბაბილონის ტყვეობით დასაჯა უფალმა მათი ურჯულოების გამო. პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: მღვდლები, ლევიანები, ტაძრის მსახურნი და სხვა ისრაელიანები. იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მანაშეს ძეთაგან. იუდას ძეთაგან: ყუთაი, ძე ყამიჰუდისა, ძე ყომრისა, ძე იმრისა, ძე ბანისა, – იუდას ძის, ფერეცის მოდგმიდან; შელახისაგან იყვნენ: მისი პირმშო ყასაია და მისი ძენი; ზერახის ძეთაგან იყვნენ: იეყუელი და მისი ძმები – 690. ბენიამინის ძეთაგან იყვნენ: სალუ, ძე მეშულამისა, ჰოდავიას ძისა, ძისა ჰასენუასი, და იბნეია ძე იეროხამისა, და ელა, ძე ყუზისა, მიქრის ძისა, მეშულამი, ძე შეფატიასი, ძე რეღუელისა, ძე იბნიასი. მათი ძმები თავ-თავიანთ გვარ-ტომთა მიხედვით 956-ნი იყვნენ. ყველა ეს ვაჟკაცი მამისსახლის თავკაცი იყო. მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი, იაქინი, ყაზარია, ძე ხილკიასი, მეშულამის ძისა, ცადოკის ძისა, მერაიოთის ძისა, ახიტუბის ძისა – ღვთის სახლის წინამძღვარი; ყადაია, ძე იეროხამისა, ძისა ფაშხურისა, ძისა მალქიასი, და მაყასაი ძე ყადიელისა, ძისა იახზერასი, ძისა მეშულამისა, ძისა მეშილემითისა, ძისა იმერისა. მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები იყვნენ ღვთის სახლის სამსახურში ნაცადი 1760 კაცი. ლევიანთაგან: შემაყია, ძე ხაშუბისა, ძისა ყაზრიკამისა, ძისა ხაშაბიასი – მერარიანთაგან; და ბაკბაკარი, ხერეში და გალალი და მათანია, ძე მიქასი, ძისა ზიქრისა, ძისა ასაფისა, და ყობადია, ძე შემაყიასი, ძისა გალალისა, ძისა იედუთუნისა, და ბერექია ძე ასასი, ძისა ელკანასი, რომელიც ცხოვრობდა ნეტოფათელთა დაბაში. ხოლო კარიბჭის მცველნი იყვნენ: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი; მათი ძმა შალუმი თავკაცი იყო, და დღემდე ის დგას სამეფო კარიბჭეში, აღმოსავლეთით. ესენი იყვნენ ლევიანთა ბანაკის კარიბჭის მცველნი. შალუმი, ძე კორესი, ძისა ებიასაფისა, ძისა კორახისა, და მისი ძმები. მისი მამისსახლიდან, კორახელნი, სამსახურს ეწეოდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ; ხოლო მათი მამები უფლის ბანაკთან მისასვლელს დარაჯობდნენ; ფინეხას ელეაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო. ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო. ზღურბლების მცველებად ამორჩეულნი მთლიანად 212 იყო; ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავიანთ დაბა-სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. დავითმა და სამუელ მხილველმა დააყენეს ისინი მათი ერთგულების გამო. ისინი თავიანთ ძეებთან ერთად დარაჯობდნენ უფლის ტაძრის (კარვის) კარიბჭეებს. კარისმცველები ოთხივ მხრივ იდგნენ: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ, რათა დროდადრო შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან. რადგან კარიბჭეების მცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ. ისინი ღვთის სახლის ირგვლივ ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება. ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ. მათგან ზოგიერთებს დაევალათ ზრუნვა ჭურჭლეულობაზე და ყველა სხვა წმიდა ნივთებზე; გამტკიცულ ფქვილზე, ღვინოზე, ზეთზე, გუნდრუკსა და სურნელებებზე. მღვდელთა ზოგიერთი ძე კი სანელსაცხებლე ზეთს ხარშავდა სულნელებათაგან. მათითიას, ერთ-ერთ ლევიანთაგანს, შალუმ კორახელის პირმშოს, ტაფებზე მომზადება მიენდო. ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კოჰათიანთაგან, საწინაშეო პურის ცხობა ჩააბარეს, რათა ყოველ შაბათს მოემზადებინათ. ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლთა თავკაცები, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან გათავისუფლებულნი იყვნენ, რადგან ისინი დღე და ღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული. ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცები, თავ-თავიანთ გვარ-ტომთა თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ. გიბეონში ცხოვრობდა გიბეონის მამა იეყიელი. მის ცოლს სახელად მაყაქა ერქვა. მისი ძე, პირმშო ყაბდონი, მერე – ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი, გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი. მიკლოთმა შვა შიმეამი. ისინი თავიანთი ძმების მეზობლად, თავიანთ ძმებთან ერთად ცხოვრობდნენ იერუსალიმში. ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული. საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი. იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა. მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თახრეაყი და ახაზი. ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა, მოცამ შვა ბინყა; მისი ძე იყო რეფაია, მისი ძე იყო ელყასა, მისი ძე იყო აცელი. აცელს ექვსი ძე ჰყავდა. აი მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეყარია, ყობადია, ხანანი – ესენი არიან აცელის ძენი. და შეებრძოლნენ ფილისტიმელები ისრაელს და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს. და გილბოაყის მთაზე დაეცნენ ძლეულნი, და მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს იონათანი, აბინადაბი და მალქი-შუაყი – საულის ძენი. და გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს. და უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირველს: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ ის წინადაუცვეთელნი და არ შეურაცხმყონ.“ და ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო თავისი მახვილი და ზედ დაეგო. როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა. და ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟი და მთელი მისი სახლეული. როცა ველზე მყოფმა ისრაელიანებმა დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და, რომ დაიხოცნენ საული და მისი ძენი, დააგდეს თავიანთი ქალაქები და გადაიხვეწნენ. და მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ. მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი ძენი, გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი კერპებისა და ხალხისათვის. მისი საჭურველი თავიანთი ღმერთის ტაძარში დააწყვეს, ხოლო მისი თავის ქალა დაგონის სახლზე მიაჭედეს. როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს, ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, და წამოიღეს საულისა და მისი ძეების გვამები და მიიტანეს იაბეშში, და დამარხეს მათი ძვლები იაბეშში, მუხის ქვეშ. შემდეგ კი შვიდი დღის მანძილზე მარხულობდნენ. ასე მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რომლითაც ღალატობდა უფალს და უფლის სიტყვას არ იცავდა და საკითხავად მესულთანეს მიმართავდა. უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს, მისცა. შეიკრიბა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი სისხლი და ხორცი ვართ. გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ გამოგყავდა და შეგყავდა ისრაელი, უფალმა, შენმა ღმერთმა, გითხრა: შენ დამწყემსავო ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნებიო ჩემი ერის, ისრაელის, მთავარი.“ და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონში და შეკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე, და სცხეს დავითს მეფედ ისრაელზე უფლის სიტყვისამებრ სამუელის ხელით. და გაილაშქრეს დავითმა და ისრაელიანთ იერუსალიმისკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი, იმ ქვეყნის მკვიდრნი. და უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს: აქ ვერ შემოხვალო. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხესიმაგრე, რომელიც დავითის ქალაქია. და თქვა დავითმა: „ვინც პირველი შემუსრავს იებუსელთ, ის იქნება თავკაცი და მხედართმთავარი.“ ყველაზე უწინ ცერუიას ძე, იოაბი ავიდა და გახდა მთავარი. და დადგა დავითი იმ ციხესიმაგრეში. ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი. მან შემოაშენა ქალაქი გარშემო – მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი დანარჩენი ქალაქი აღადგინა. და სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და ცაბაოთ უფალი იყო მასთან. აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში, ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ. აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშობეყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი. მან თავისი შუბით ერთ ჯერზე 300 კაცი მოკლა; მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდო ახოხელისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომლებიც დავითს ახლდნენ ფეს-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ. იყო იქ ნაქერალი. და როცა უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან, ისინი ჩადგნენ შუა მინდორში, ებრძოდნენ ფილისტიმელთ, დაიცვეს მინდორი – დიდი გამარჯვება მოუტანა მათ უფალმა. 30 თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული. მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა მეციხოვნე ბანაკი ბეთლემში იდგა. და მოსწყურდა დავითს და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?“ და გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და დავითს მიუტანეს. არ ინდომა დავითმა მისი შესმა და უფალს დაუღვარა. და თქვა: „შორს ჩემგან, ღმერთო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ და აღარ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე. აბიშაი, იოაბის ძმა, ამ ოცდაათში პირველი იყო. მან 300 კაცს შეერკინა თავისი შუბით და ერთიანად განგმირა. მას მეტი სახელი ჰქონდა ამ ოცდაათში, მათზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა. ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მოქმედი, იგი კაბცეელიდან. იყო. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; თოვლი რომ მოვიდა, იმ დღეს ორმოში ლომს ჩაუხტა და მოკლა. მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა, რომელსაც საქსელავი ღერძის სისხო შუბი ეჭირა. ის კეტით მიუხტა ეგვიპტელს, ხელიდან გამოსტაცა შუბი და მისივე შუბით განგმირა. ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა ოცდაათ მოყმეს შორის. ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა; დავითმა ის თავის მცველთა მეთაურად დანიშნა. მებრძოლთა მეთაურები იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანანი, ბეთლემელი დოდოს ძე, შამოთ ჰარორელი, ხელეც ფელონელი, ყირა, ყიკეშის ძე, თეკოაყელი, აბიყეზერ ყანათოთელი, სიბექაი ხუშათელი, ყილაი ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, ითაი, რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან, ბენაია ფირყათონელი, ხურაი გაყაშის ხევიდან, აბიელ ყარბათელი, ყაზმავეთ ბახარუმელი, ელიახბა შაყალბონელი. ჰაშემ გიზონელის ძენი; იონათან შაგეს ძე, ჰარარელი, ახიამ საქარის ძე, ჰარარელი, ელიფალ ურის ძე, ხეფერ მექერათელი, ახია ფელონელი, ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი ეზბაის ძე, იოელ, ნათანის ძმა, მიბხარ ჰაგრის ძე, ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი, ყირა ითრელი, გარებ ითრელი, ურია ხეთელი, ზაბად ახლაის ძე, ყადინა შიზას ძე, რეუბენელი, რეუბენის ძეთა თავკაცი, და 30 მასთან ერთად. ხანან მაყაქას ძე, იოშაფატ მითნელი, ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეყიელი – ხოთამის ძენი – ყაროყერელნი. იედიყაელ შიმრის ძე, მისი ძმა იოხა, მისი ძმა თიციელი, ელიელ მახაველი, იერიბაი, იოშავია – ელნაყამის ძენი – და ითმა მოაბელი. ელიელი, ყობედი, იაყასიელ მეცობაელი. აჰა, ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა ის ჯერ კიდევ ემალებოდა საულს, კიშის ძეს. ისინი იმ მოყმეთა შორის იყვნენ, რომლებიც დავითს შეეწეოდნენ ბრძოლაში. მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, ორივე ხელით ქვისა და ისრის მტყორცნელნი, საულის მოძმე ტომელნი – ბენიამინელნი: პირველი ახიყეზერი და იოაში – შემაყა გიბეყათელის ძენი, იეზიელი და ფელეტი – ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ – ყანათოთელნი, იშმაყია გიბეონელი – ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბად გედერელი, ელყუზაი, იერიმოთი, ბეყალია, შემარია, შეფატია ხარუფელი, ელკანა, იშია, ყაზარელი, იოყეზერი, იაშობეყამი – კორახელნი; იოყელა და ზებადია, იეროხამ გედორელის ძენი. გადელებს ჩამოშორდნენ და დავითთან მივიდნენ უდაბნოს საფარში მამაცი მოყმენი, საომრად გაწვრთნილი ვაჟკაცები, ფარ-შუბით შეიარაღებულნი, სახით ლომის მსგავსნი და მთის არჩვივით სწრაფნი. მეთაური – ყეზერი, მეორე – ყობადია, მესამე – ელიაბი, მეოთხე – მიშმანა, მეხუთე – იერემია, მეექვსე – ყათაი, მეშვიდე – ელიელი, მერვე – იოხანანი, მეცხრე – ელზაბადი, მეათე – იერემია, მეთერთმეტე – მაქბანაი. ესენი იყვნენ გადიანები, მხედართმთავრები; ყველაზე ნაკლები ასსა უფროსობდა, ყველაზე დიდი – ათასს. მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდის ხოლმე. მათ აღმოსავლეთით და დასავლეთით განდევნეს ამ ველების მკვიდრნი. ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მივიდნენ დავითთან საფარში. და გამოეგება მათ დავითი, და გამოელაპარაკა და უთხრა: „თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოხვედით ჩემთან, გიერთგულებთ. თუ იმისთვის მოხვდით, რომ ჩემი მტრის ხელს მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამების ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.“ მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური, და თქვა: „მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო! მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს დამხმარეთ, რადგან ღმერთია შენი შემწე!“ და მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა. მანაშიანებიც მიემხრენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი, ასე თქვეს: ჩვენდა საზიანოდ საულს, თავის ბატონს, მიემხრობაო. როცა ციკლაგს მივიდა, მანაშეანებიც შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ, ცილთაი – მანაშელთა ათასისთავები. ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და მხედართმთავრები იყვნენ. ყოველდღიურად მიედინებოდნენ დავითთან, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით გაიზრდებოდა. აჰა, რიცხვი იმ საომრად შეჭურვილი მეთაურებისა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ საულის სამეფო გადაეცათ მისთვის. იუდას ძენი, ფარ-შუბის მტვირთველნი, 6800 იყო საომრად. სიმეონის ძეთაგან 7100 მამაცი მოყმე იყო. ლევის ძეთაგან – 4600. ხოლო იეჰოიადაყს, აარონელთა წინამძღოლს, თან 3 700 ახლდა. ცადოკს, მამაც ყმაწვილს, და მის მამისსახლს 22 მეთაური ჰყავდა. საულის ძმები, ბენიამინის ძეთაგან, 3 ათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა. ეფრემის ძენი 20800 იყო – მამაცი მოყმენი და თავიანთ მამისსახლთა სახელოვანი ვაჟკაცები. მანაშეს ნახევარტომიდან 18000 იყო, რომელნიც სახელებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ. ისაქარის ძეთაგან 200 მეთაური იყო. რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელიანთ. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით მოქმედებდა. ზებულუნის ტომიდან გამოდიოდა და საომრად იყო დარაზმული ყოველგვარი საბრძოლო აღჭურვილობით 50 ათასი კაცი, რათა ერთსულოვნად დახმარებოდნენ დავითს. ნაფთალის ტომიდან ათასი მთავარი იყო, 37 ათასი ფარ-შუბოსნის თანხლებით. დანის ტომიდან იყო 28600 საომრად დარაზმული. აშერიდან საომრად 40 ათასი საომრად დარაზმული გიმოდიოდა. იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიანთაგანნი, გადელნი, მანაშეს ნახევარტომელნი, ყველანაირი საბრძოლო საჭურველით, სულ 120 ათასი. ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად. სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მოემზადებინათ მათთვის. ასევე მათ მეზობლებს ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით სურსათ-სანოვაგე: პური, ცომეული, ლეღვის ჩირი, ჩამიჩი, ღვინო, ზეთი; მოუდიოდათ უამრავი ცხვარ-ძროხა; რადგან სიხარული იყო ისრაელში. და ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და ყველა მთავარს. და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ თქვენ თანახმა იქნებით და, თუ ეს უფლის, ჩვენი ღმერთის, ნება იქნება, ხალხი გავაგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებთან, მღვდლებთან და ლევიანებთან მათს ქალაქებსა და სოფლებში, რათა შემოგვიერთდნენ, და ჩვენთან გადმოვასვენოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.“ და თქვა მთელმა კრებულმა: ასე იყოსო, ვინაიდან ამის გაკეთება ხალხმა მართებულად ჩათვალა. და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომებამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსასვენებლად. და ავიდა დავითი მთელ ისრაელთან ერთად ბაყალაში, კირიათ-იეყარიმში, იუდაში რომ არის, რათა იქიდან წამოესვენებინათ ღვთის კიდობანი, ქერუბიმებზე მჯდომი უფალი ღმერთისა, კიდობანი, რომელიც მისი სახელით იწოდება. და შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოასვენეს აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და მისი ძმა ახიო მოჰყვებოდნენ. დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალით. და მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს. როცა ქიდონის კალოსთან მოვიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან ურემი დააყირავეს ხარებმა. და აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის შეშველების გამო, და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე. და შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა. და შეეშინდა დავითს ღვთისა იმ დღეს და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი?“ და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისათნ მიტანა დავითის ქალაქში და გათელი ყობედ-ედომის სახლისკენ გადაახვევინა მას. სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გათელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი სარჩო-საბადებელი. გაუგზავნა ხურამმა, ცორის მეფემ, დავითს მოციქულები და კედარის ხე-ტყე, კალატოზები და ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად. და მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ, და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის, გამო. და კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ შეეძინა მას ძენი და ასულნი. აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი, იბხარი, ელიშუაყი, ელფალეტი, ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი, ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფელეტი. და შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი, და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. შეიტყო ეს დავითმა და გამოვიდა მათ წინააღმდეგ. და მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ. დავითი ღმერთს დაეკითხა: „გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში?“ და უთხრა მას უფალმა: „გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“ და ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში, და იქ სძლია დავითმა ფილისტიმელნი და თქვა დავითმა: „წალეკა ღმერთმა ჩემი მტრები ჩემი ხელით, როგორც ღვართქაფმა.“ ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბაყალ-ფერაციმი. და იქ მიატოვეს ფილისტიმელებმა თავიანთი კერპები. დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი. და კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე განლაგდნენ. და კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. და უთხრა ღმერთმა: „პირდაპირ ნუ მიადგები მათ, გარს მოუარე და თუთის ხეების მხრიდან მიდი. და, როგორც კი თუთების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრად.“ ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა უბრძანა, და გიბეონიდან გეზერამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს. დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხებს. და აიშენა დავითმა სახლები თავის ქალაქში და მოამზადა ადგილი ღვთის კიდობნისათვის და კარავი დაუდგა მას. მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის მტარებლებად და მუდმივ მსახურებად. და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული. და შეკრიბა დავითმა აარონიანები და ლევიანები. კოჰათის ძეთაგან: მთავარი ურიელი და მისი მოძმენი – 120 კაცი; მერარის ძეთაგან: მთავარი ყასაია და მისი მოძმენი – 220 კაცი; გერშომის ძეთაგან: მთავარი იოელი და მისი მოძმენი – 130 კაცი; ელიცაფანის ძეთაგან: მთავარი შემაყია და მისი მოძმენი – 200 კაცი; ხებრონის ძეთაგან: მთავარი ელიელი და მისი მოძმენი – 80 კაცი; ყუზიელის ძეთაგან: მთავარი ყამინადაბი და მისი მოძმენი – 112 კაცი; და მოუხმო დავითმა მღვდლებს: ცადოკსა და აბიათარს, და ლევიანებს: ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს და ყამინადაბს, და უთხრა: „თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლთა თავკაცები; განიწმიდენით თქვენ და თქვენი ძმანი, და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის, კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილზე; და რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხებოდით მას.“ და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი. და ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები მათთვის უფლის სიტყვისამებრ, კეტებით შეიდგეს მხრებზე. დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით და წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ. და დააყენეს ლევიანებმა: ჰემან იოელის ძე, მის მოძმეთაგან ასაფ ბერექიას ძე, ხოლო მათი ძმების, მერარის ძეთაგან, ეთან კუშაიას ძე. მათთან ერთად მათი მეორე რიგის მოძმენი: ზაქარია, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, ბენაია, მაყასეია, მათითია, ელიფელეჰუ, მიკნეია და კარისმცველნი: ყობედ-ედომი და იეყიელი; მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი ბრინჯაოს წინწილებს ახმიანებდნენ. ხოლო ზაქარია, ყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასეია და ბენაია – ქნარებს ქალწულურ ჰანგზე. ხოლო მათითია, ელიფელეჰუ, მიკნეია, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზია – ებნებს, რვასიმიანს, სალოტბაროდ. ხოლო ქენანია, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო. ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ. ხოლო მღვდლები შებანია, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასაი, ზაქარია, ბენაია და ელიყეზერი საყვირებს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იეხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ. და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსასვენებლად ყობედ-ედომის სახლიდან. ღვთის შეწევნით იყო რომ გადაასვენეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ზვარაკი და შვიდი ვერძი შესწირეს. დავითს ბისონის მოსასხამი ეხვია და აგრეთვე ყველა კიდობნის მატარებელ ლევიანს, ასევე მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა. მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკისცემით, საყვირების, წინწილების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით. და როცა უფლის აღთქმის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მეფე დავითი მოთამაშე და მროკველი და გულში დასცინა. მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს მოწყობილი; და სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირეს ღმერთს. დაამთავრა დავითმა სრულადდასაწველის და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით დალოცა ერი და ჩამოურიგა ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის ნაჭერი და თითო კვერი ჩამიჩისა. და დააყენა დავითმა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა. ასაფი, მათი მეთაური იყო; ასაფის შემდეგ მეორე იყო ზაქარია. იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაია, ყობედ-ედომი და იეყიელი – ბობღნებსა და ქნარებზე უკრავდნენ, ხოლო თვითონ ასაფი წინწილების დამკვრელი იყო. მღვდლებს: ბენაიასა და იახაზიელს კი საყვირები შეუჩერებლივ უნდა ეყვირებინათ ღვთის აღთქმის კიდობნის წინაშე. იმ დღეს პირველად ბრძანა დავითმა, რომ ასაფსა და მის ძმებს ქება ეძღვნათ უფლისათვის; ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი. უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე. დაიკვეხეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მეძიებელთა. ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი; ეძიეთ პირი მისი მარადის. გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი. შთამომავალნო ისრაელისა, მისი მსახურისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო. ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. ახსოვს საუკუნოდ აღთქმა თვისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა ათასი თაობისთვის, რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი – ისააკთან. და დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს – საუკუნო აღთქმად. უთხრა: „შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.“ როცა ისინი, თითზე ჩამოსათვლელნი, ცოტანი და იქ შეხიზნულნი, იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან – სხვა ერთან, უფალი არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და მიუთითა მათზე მეფეებს: „არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.“ უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ამახარობლეთ დღითი დღე ხსნა მისმიერი. მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს – მისი სასწაულები. რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის. რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შექმნა. მშვენიერება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში. შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში. ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: „უფალი მეფობს!“ იხმაურებს ზღვა და სავსება მისი, გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი უფლის წინაშე, რადგან მოვა ის ქვეყნიერების განსასჯელად. აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი. რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. და თქვით: „გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნო შენი ქება-დიდებით. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე!“ და მიუგო ერმა: „ამინ! დიდება უფალს!“ და დატოვა დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდმივად, ყოველდღიურად, და ყობედ-ედომი და მისი ძმები, 68 კაცი, და ყობედ-ედომი, იედუთუნის ძე და ხოსა – კარისმცველებად, მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გიბეონში რომ ბორცვია, იქ დააყენა, რომ მუდამ, დილა-საღამოობით, სრულადდასაწველი აღევლინათ უფლისათვის სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე, და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს. მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი. მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი – კარიბჭესთან. ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. და დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა. როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა ნათან წინასწარმეტყველს: „შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი კარავში ასვენია.“ უთხრა ნათანმა დავითს: „ყოველივე, რაც გულში გაქვს, გააკეთე, რადგან ღმერთი შენთანაა.“ იმ ღამეს იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა: წადი, უთხარი ჩემს მსახურს, დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: „შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს დასავანებლად მე ხომ არ ვიმყოფებოდი სახლში იმ დროიდან, რაც ისრაელი გამოვიყვანე, და დღემდე, კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვარ. ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისათვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი? ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს, დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლი ყოფილიყავი. ყველგან შენთან ვიყავი, სადაც არ უნდა წასულიყავ, ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე. განვადიდე შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე. ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად. იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ერს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი. და როცა დრო მოვა და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომ შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ. ის ამიშენებს სახლს და მე განვამტკიცებ მის ტახტს უკუნისამდე, მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი. და დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში უკუნისამდე, მყარი იქნება მისი ტახტი უკუნისამდე.“ მთელი ეს სიტყვები და ეს ხილვა გადასცა ნათანმა დავითს. და მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: „ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო? და რა არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე? ესეც გეცოტავა თვალში ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვამ დაპირებას შენი მსახურის სახლს? შენ მიმზერ, როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო, ღმერთო ჩემო. კიდევ რა უდნა გითხრას დავითმა, შენი მსახურის დიდებისათვის? შენ თავად იცნობ შენს მსახურს. უფალო, შენი მსახურისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოაცხადო მთელი შენი სიდიადე. უფალო, არავინაა შენი მსგავსი; არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ. თუ არის ამ ქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის, მსგავსი, რომელსაც მოვლენოდეს ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდოს იგი, რომ ექციოს თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადოს და ჩაედინოს დიადი და საკვირველი ამბები, ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც გამოიხსენ ეგვიპტიდან და ხალხებისაგან? შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო უკუნისამდე და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი. ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მსახურზე და მის სახლზე, განმტკიცდეს უკუნისამდე, და ქენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს. განმტკიცდეს და იდიდოს შენმა სახელმა უკუნისამდე, რათა თქვან: ‘ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა, ღმერთობს ისრაელზე!’ და შენი მსახურის, დავითის სახლი მტკიცე იყოს შენს წინაშე, რადგან შენ გამოუცხადე, ღმერთო, შენს მსახურს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მსახურს ელოცა შენს მიმართ. ახლა, უფალო, ღმერთი ხარ შენ და სასიკეთოდ ელაპარაკე შენს მსახურს. ახლა შენ დალოცე შენი მსახურის სახლი, რათა საუკუნოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება საუკუნოდ.“ ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, და დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა მათ გათი თავისი დაბა-სოფლებითურთ. და დაამარცხა მოაბიც. და გახდნენ მოაბელნი დავითის მსახურნი და მოხარკენი. და დაამარცხა დავითმა ჰადადყეზერი, ცობას მეფე, ხამათში, როცა ის ევფრატზე ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა, და წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, 7 ათასი ცხენოსანი და 20 ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს მყესები გადაუჭრა დავითმა, 100 ეტლი დატოვა მათგან. და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადადყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან 22 ათასი კაცს. და დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და გახდნენ არამელები დავითის მსახურნი და მოხარკენი. სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა. და აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადადყეზერის მსახურებს რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა. დიდძალი ბრინჯაო წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადადყეზერის ქალაქებიდან, რისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა ბრინჯაოს ჭურჭელი. და შეიტყო თოყუმ, ხამათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადადყეზერს, და ცობას მეფეს, და გაგზავნა თავისი ძე ადორამი დავით მეფესთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადადყეზერს და სძლია, რადგან თოყუს მოსისხლე იყო ჰადადყეზერი; თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი. მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს: ედომს, მოაბს, ყამონელთ, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა. აბიშაი ცერუიას ძემ 18 ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე, და დააყენა ედომში ხელისუფალნი და გახდა მთელი ედომი დავითის მსახური. და ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს. და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ხალხს. იოაბ ცერუიას ძე, სარდალი იყო, ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე; ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო შავშა მწერალი იყო. ბენაია იეჰოიადაყის ძე ქერეთელებსა და ფელეთელებს განაგებდა; ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით. ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე, ნახაში, ყამონის ძე, და მის ნაცვლად გამეფდა მისი ძე. და თქვა დავითმა: „წყალობას ვუზამ ხანუნს, ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა.“ და გაგზავნა დავითმა მოციქულები სანუგეშებლად მამის გამო; და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონიანთა ქვეყანაში, ხანუნთან, სამძიმარზე. და უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს: „გგონია მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი სამძიმარზე? იქნებ იმისათვის გამოგზავნა მან თავისი მსახურნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?“ და შეიპყრო ხანუნმა დავითის მსახურნი, წვერები დაპარსა, წელამდე სანახევროდ შემოაჭრა სამოსელი და გაისტუმრა. და წავიდნენ ისინი. და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი, და გაგზავნა მან ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ ისინი. და შეუთვალა მათ მეფემ: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.“ და დაინახეს ყამონიანთ, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გააგზავნეს ხანუნმა და ყამონიანთ ათასი ტალანტი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარეთიდან, მაყაქას არამიდან და ცობადან. და იქირავეს 32 ათასი ეტლი და მეფე მაყაქა თავისი ხალხით, რომლებიც მივიდნენ და მედებას წინ დაბანაკდნენ. და შეიკრიბნენ ყამონიანები თავიანთი ქალაქებიდან და საომრად გამოემართნენ. და შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ. და გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საომრად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ ველად. როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანთა შორის ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ. დანარჩენი ხალხი კი თავის ძმას, აბიშაის ჩააბარა, რათა ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ გაწყობილიყვნენ. და თქვა: „თუ არამელები მე მძლევენ, შენ მომეშველები, ხოლო თუ ყამონელები შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად. გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისათვის. და უფალმა ქნას, რასაც ინებებს.“ და გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საომრად და უკუიქცნენ არამელები. როცა ყამონიანთ დაინახეს, რომ არამელები გარბოდნენ, თავადაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეიკეტნენ. ხოლო იოაბი იერუსალიმში დაბრუნდა. და დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებიან ისრაელთან და კაცები გაუგზავნეს მდინარისგაღმელ არამელებს და გადმოიყვანეს. მათ წინამძღოლობდა ჰადადყეზერის მხედართმთავარი შოფახი. და შეატყობინეს ეს დავითს და მანაც შეყარა მთელი ისრაელი. გადალახა იორდანე, და მივიდა მათთან და გაეწყო მათ წინააღმდეგ. ბრძოლა გაუმართა დავითმა არამელებს და ისინიც შეებნენ მას. და გაექცნენ არამელები ისრაელს. და დაუხოცა დავითმა არამელებს 7 ათასი ეტლოსანი და 40 ათასი ქვეითი. და მათი მხედართმთავარი შოფახიც მოკლულ იქნა. როცა ჰადადყეზერის მსახურებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონიანთა დახმარება. ერთი წლის თავზე, მეფეთა საომრად გამოსვლის ჟამს, იოაბი ლაშქარს წაუძღვა და ყამონელთა ქვეყანა გაანადგურა; მივიდა და რაბას შემოადგა; ხოლო დავითი იერუსალიმში დარჩა. და სძლია იოაბმა რაბას და დაანგრია. და მოხადა დავითმა მათ მეფეს გვირგვინი, და ნახა, რომ ერთი ტალანტი ოქროს წონა ჰქონდა და ძვირფასი თვლებით იყო მოოჭვილი. თავზე დაიდგა იგი – და აურაცხელი ნადავლი წამოიღო ქალაქიდან. და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და მათი დახოცვა დაიწყო ხერხებით, რკინის საცეხვებითა და რკინის ცულებით. ასე მოექცა დავითი ყამონიანთა ქალაქს და დაბრუნდა იერუსალიმში თავისი მეომრების თანხლებით. ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რეფაიმელთა ერთი შთამომავალი. და მშვიდობა ჩამოვარდა მათ შორის. და კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გათელი გოლიათის ძმა, რომლის შუბის ბუნი საქსელე ლილვის სიმსხო იყო. და კვლავ ატყდა ომი გათში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა – სულ 24. ისიც გოლიათთა ნაშიერი იყო. და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან შიმეყას ძემ – დავითის ძმისწულმა. ესენი შეეძინნენ რაფას გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ. სატანა აღდგა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად. და უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და წარმომიდგინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.“ და თქვა იოაბმა: „რამდენიც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. მეფე-ბატონო, განა ყველა ისინი, ჩემი ბატონის მსახურნი არ არიან? მაშ ამას რაღად ითხოვს ჩემი ბატონი? რატომ უნდა დადანაშაულდეს ისრაელი?“ მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. და წავიდა იოაბი და მთელი ისრაელი მოიარა, და იერუსალიმში დაბრუნდა. და მიართვა იოაბმა დავითს მეკომურთა სია და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი, ხოლო იუდაში 470 ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი. ლევიანები და ბენიამინი მათთან ერთად არ აღურიცხავს მას, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა. ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი. და უთხრა დავითმა ღმერთს: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.“ და დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის ნათელმხილველს, და უთხრა: „წადი და დაელაპარაკე დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ იმით დაგსაჯო.’“ და მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ამოირჩიე: სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის დევნილობა მტრისაგან და მისი მახვილის მოწევნა, თუ სამი დღის მანძილზე უფლის მახვილი, შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში?“ და უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდაც კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.“ და მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და 70 ათასი კაცი გაწყვიტა. და გაგზავნა ღმერთმა იერუსალიმში ანგელოზი, რათა მოესპო იგი. და როდესაც მან განადგურება იწყო, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი!“ უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა. გაიხედა და დაინახა დავითმა ცასა და დედამიწას შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში გაშიშვლებული მახვილი რომ ეჭირა იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი სახეშებურვილნი, პირქვე დაემხნენ. და უთხრა დავითმა ღმერთს: „ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო! ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად.“ და უთხრა უფლის ანგელოზმა გადს დავითისთვის სათქმელად: ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე. და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი. და გამოიხედა ორნანმა, დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ლეწავდა. და მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად სცა თაყვანი დავითს. და უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალო და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ ზედ, თავის ფასში მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამიანობა.“ და უთხრა ორნანმა დავითს: „აიღოს და გააკეთოს მეფე-ბატონმა, რაც ნებავს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად მომირთმევია, კევრები – შეშად, ხორბალი – საძღვნო მსხვერპლად; ყველაფერ ამას მუქთად ვიძლევი.“ და უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ ფასად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა სრულადდასაწველს.“ ამ ადგილის საფასურად დავითმა 600 შეკელი ოქრო მისცა ორნანს. იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, და მიიტანა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა. და უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგო. იმ დროს, როცა დავითმა დაინახა, რომ უფალმა უპასუხა ორნან იებუსელის კალოზე, იქ შესწირა მსხვერპლი. უფლის კარავი, მოსემ რომ გააკეთა უდაბნოში, და სრულადდასაწველის სამსხვერპლო იმჟამად ორივე გიბეონის ბორცვზე იდგა. და არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის საკითხავად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის შიში ჰქონდა. და თქვა დავითმა: „აჰა, უფალი ღმერთის სახლი და აჰა, სამსხვერპლო ისრაელის სრულადდასაწველისთვის.“ და ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისათვის, რომლებიც ისრაელის ქვეყნად იყვნენ, და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვა დაეთალათ. დიდძალი რკინა გაიღო დავითმა კარიბჭის ლურსმნებისა და კაუჭების დასამზადებლად, დახარჯულ ბრინჯაოს ხომ წონა არა ჰქონდა. არც კედარის მორებსა ჰქონდა თვლა, რადგან ციდონელები და ცორელები უზიდავდნენ დავითს. და თქვა დავითმა: „ჩემი ძე სოლომონი ყმაწვილია და სუსტი, უფლისთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ ყველაფერს მოვამზადებ მისთვის.“ და ბევრი მარაგი გაამზადა დავითმა სიცოცხლეში. და დაუძახა სოლომონს, თავის ძეს, და უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის სახლის აგება უანდერძა. და უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: „შვილო, გულით მეწადა უფალი ღმერთის სახელისათვის სახლი ამეგო. მაგრამ უფლის სიტყვა იყო ჩემდამი ნათქვამი: ‘ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გადაგიხდია, ამიტომ შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე ქვეყნად ჩემს წინაშე. აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ მას, ამიტომაც სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს. ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, და განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელში უკუნისამდე.’ ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, შენი ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა უფალმა შენზე. უფალმა მოგცეს აზრი და გონიერება, და დაგაყენოს ისრაელზე, რათა დაიცვა შენი უფალი ღმერთის რჯული. მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისათვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შეშინდები და გული არ გაიტეხო. აჰა, ჩემი რუდუნებით უფლის ტაძრისათვის გავამზადე 100 ათასი ტალანტი ოქრო, მილიონი ტალანტი ვერცხლი, ბრინჯაოსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც გავამზადე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო. ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის ოსტატები. ოქროს, ვერცხლს, ბრინჯაოს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.“ და ბრძანა დავითმა, რომ ისრაელის ყველა მთავარი მიხმარებოდა მის ძეს, სოლომონს: „განა თქვენთან არ არის უფალი, ჩვენი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ირგვლივ მშვიდობა? მან ჩემს ხელში ჩაყარა ამ ქვეყნის მკვიდრნი, და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფლისა და მისი ერის წინაშე. ახლა კი გაუხსენით თქვენი გული და სული უფალს, თქვენს ღმერთს. ადექით და დაიწყეთ უფლის, ღვთის საწმიდრის შენება, რათა უფლის აღთქმის კიდობანი და ღვთის ჭურჭლეული უფლის სახელზე აგებულ სახლში გადაასვენოთ.“ მოხუცდა დავითი და გაძღა წლებით, და თავისი ძე, სოლომონი, დასვა ისრაელის მეფედ. და შეკრიბა ისრაელის მთავრები, მღვდლები და ლევიანები. და აღრიცხეს ლევიანები 30 წელს გადაცილებული ლევიანები. და გამოვიდა სულ 38 ათასი კაცი. აქედან 24 ათასი უფლის ტაძრის საქმეს უძღვებოდა, 6 ათასი კი მოხელეები და მსაჯულები იყვნენ. კარისმცველი 4 ათასი იყო, 4 ათასი კი უფალს ადიდებდა იმ საკრავებით, რომლებიც დავითმა გააკეთა. და დაყო დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კოჰათის და მერარის ძეთა დასებად. გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმეყი; ლაყდანის ძენი: უფროსი იეხიელი, ზეთამი და იოელი – სამნი. შიმეყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ჰარანი – სამნი. ესენი არიან ლაყდანის მამისსახლთა თავკაცები. შიმეყის ძენი: იახათი, ზინა, იეყუში და ბერიყა. ესენი არიან შიმეყის ძენი – ოთხნი. იახათი უფროსი იყო, ზიზა – მომდევნო; იეყუშსა და ბერიყას ძალიან ცოტა შვილები ჰყავდათ, ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ. კოჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი – ოთხნი. ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის გამოირჩა, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი სამარადისოდ, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ. მოსე ღვთისკაცი იყო და მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს. მოსეს ძენი: გერშომი, ელიყეზერი. გერშომის ძე: შებუელი – უფროსი. ელიყეზერის ძე: რეხაბია – უფროსი. ელიეზერს მეტი შვილი არც ჰყოლია, რეხაბიას ძენი კი ძალიან გამრავლდნენ. იცჰარის ძე: შელომითი – უფროსი. ხებრონის ძენი: იერია – უფროსი, ამარია – მეორე, იახაზიელი – მესამე, იეკამეყამი – მეოთხე, ყუზიელის ძენი: მიქა – უფროსი, იშია – მეორე. მერარის ძენი: მახლი და მუში; მახლის ძენი: ელეაზარი და კიში. ელეაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა – ბიძაშვილებმა – შეირთეს. მუშის ძენი: მახლი, ყედერი და იერემოთი – სამნი. აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის ტაძრის სამსახურს უძღვებოდნენ, 20 წელს გადაცილებულნი. რადგან თქვა დავითმა: „უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი უკუნისამდე. და აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლის ტარება.“ დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს 20 წელს გადაცილებული ლევიანები, რათა ისინი მდგარიყვნენ აარონის ძეთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური. და ეზრუნათ საწინაშეო პურზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის ზომა-წონაზე, დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე, და ყველა სრულადდასაწველზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დაწესებული, უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად, რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდრის შესახებ და დადგენილება აარონის ძეთა – მათი ძმების – შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად. ეს იყო აარონის ძეთა დასები. აარონის ძენი იყვნენ: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. ნადაბი და აბიჰუ მამაზე ადრე დაიხოცნენ; ორივე უძეოდ გადაეგნენ. ელეაზარი და ითამარი გახდნენ მღვდლები. და გაამწესა დავითმა ცადოკი, ელეაზარის ძეთაგან, და ახიმელექი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავიანთ სამსახურში, თავ-თავიანთი მოვალეობის მიხედვით. და აღმოჩნდა, რომ ელეაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში, და დაანაწილეს მათ ისინი: ელეაზარის ძეთა მამისსახლს 16 თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლს – რვა. ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები და ღვთისმსახურები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ. და აღნუსხა ისინი შემაყია ნეთანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელექ აბიათარის ძის წინაშე, მღვდელთა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე. ერთი მამისსახლი ელეაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს. და პირველი წილი იეჰოიარიბს შეხვდა, მეორე – იედაყიას, მესამე – ხარიმს, მეოთხე – სეყორიმს, მეხუთე – მალქიას, მეექვსე – მიამინს, მეშვიდე – ჰაკოცს, მერვე – აბიას, მეცხრე – იესოს, მეათე – შექანიას, მეთერთმეტე – ელიაშიბს, მეთორმეტე – იაკიმს, მეცამეტე – ხუფას, მეთოთხმეტე – იეშებაბს, მეთხუთმეტე – ბილგას, მეთექვსმეტე – იმერს, მეჩვიდმეტე – ხეზირს, მეთვრამეტე – ჰაფიცეცს, მეცხრამეტე – ფეთახიას, მეოცე – ეზეკიელს, ოცდამეერთე – იაქინს, ოცდამეორე – გამულს, ოცდამესამე – დელაიას, ოცდამეოთხე – მაყაზიას. ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის, მიერ რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა, უბრძანა მას. ლევის დანარჩენ ძეთაგან იყვნენ: ყამრამის ძეთაგან – შუბაელი, შუბაელის ძეთაგან – იეხდეია, რეხაბიანთაგან – რეხაბიას ძეთაგან იშია იყო თავკაცი. იცჰარელთაგან – შელომოთი, შელომოთის ძეთაგან – იახათი. ხებრონის ძეთაგან – იერია, ამარია – მეორე, იახაზიელი – მესამე, იეკამეყამი – მეოთხე. ყუზიელის ძეთაგან – მიქა, მიქას ძეთაგან – შამირი. მიქას ძმა იყო იშია. იშიას ძეთაგან – ზაქარია. მერარის ძენი: მახლი და მუში. იაყაზიას ძეთაგან: ბენო. მერარის ძენი იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოჰამი, ზაქური და ყიბრი. მახლისგან: ელეაზარი, რომელსაც ვაჟები არ ჰყოლია. კიშისგან: კიშის ძე იერახმეელი. მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერიმოთი. ესენი არიან ლევიანები, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით. მამისსახლთა თავკაცებმა უმცროსი ძმების თანასწორად ყარეს წილი თავიანთი ძმების – აარონიანების – მსგავსად, მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდლებისა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე. დავითმა და მისი ჯარების მთავრებმა ამოირჩიეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი განსაკუთრებული სამსახურისთვის, რომელთაც უნდა ეწინასწარმეტყველათ და დაკრათ ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე. აი მათი რიცხვი და მოვალეობა. ასაფის ძენი: ზაქური, იოსები, ნეთანია, ასარელა. ასაფის ძეთა ლოტბარი თვით ასაფი იყო. იგი წინასწარმეტყველებდა და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. იედუთუნისგან იყვნენ იედუთუნის ძენი: გედალია, ცერი, ესაია, ხაშაბია, მათითია, შიშა – ეს ექვსნი, თავიანთი მამის, იედუთუნის, ხელქვევით იყვნენ, რომელიც ბობღანზე ასრულებდა უფლის ქება-დიდებას. ჰემანისგან – ჰემანის ძენი: ბუკია, მათანია, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი, იოშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი. ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის ნათელმხედველი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს 12 ვაჟი და სამი ასული მისცა. ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის მსახურებისათვის. ასაფი, იედუთუნი და ჰემანი უშუალოდ მეფისაგან იღებდნენ ბრძანებებს. უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად 288 იყო. სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, ოსტატმა და შეგირდმა. პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისთვის; მეორე – გედალიას; ის, მისი ძმები და შვილები თორმეტნი იყვნენ. მესამე – ზაქურს, მისი ძენი, და ძმები თორმეტნი იყვნენ. მეოთხე – იეცერს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი იყვნენ. მეხუთე – ნეთანიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეექვსე – ბუკიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეშვიდე – იესარელას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მერვე – ესაიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეცხრე – მათანიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეათე – შიმეყის, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეთერთმეტე – ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეთორმეტე – ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეცამეტე – შუბაელს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეთოთხმეტე – მათითიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეთხუთმეტე – იერემოთს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეთექვსმეტე – ხანანიას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეჩვიდმეტე – იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეთვრამეტე – ხანანის, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეცხრამეტე – მალოთის, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. მეოცე – ელიათას, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. ოცდამეერთე – ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. ოცდამეორე – გიდალთის, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. ოცდამესამე – მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. ოცდამეოთხე – რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი თორმეტნი იყვნენ. კარისმცველთა დასები: კორახელთაგან: მეშელემია, კორეს ძე, ასაფის ძეთაგან. მეშელემიას ძენი იყვნენ: ზაქარია – პირმშო, იედიყაელი – მეორე, ზებადია – მესამე, იათნიელი – მეოთხე, ყელამი – მეხუთე, იეჰოხანანი – მეექვსე, ელიეჰოყენაი – მეშვიდე. ყობედ-ედომის ძენი: შემაყია – პირმშო, იეჰოზაბადი – მეორე, იოახი – მესამე, საქარი – მეოთხე, ნეთანელი – მეხუთე, ყამიელი – მეექვსე, ისაქარი – მეშვიდე, ფეყულთაი – მერვე, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი. მის ძეს, შემაყიას, ვაჟები ჰყავდა, რომლებიც მამისსახლს განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. შემაყიას ძენი იყვნენ: ყოთნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი და მისი ძმები, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქია. ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებიანად და ძმებიანად მაგარი ვაჟკაცები იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ 62 ჰყავდა. მეშელემიას 18 ძე და ძმა ჰყავდა – მაგარი ვაჟკაცები. ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები იყვნენ: უფროსი შიმრი იყო – თუმცა პირმშო არ ყოფილა – მამამისმა არგუნა მას უფროსობა; ხილკია მომდევნო იყო, ტებალია – მესამე, ზაქარია – მეოთხე. ხოსას სულ 13 ძე და ძმა ჰყავდა. კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს, დაევალათ დაცვა, თავიანთ ძმებთან ერთად, უფლის სახლში სამსახურისთვის. ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით. აღმოსავლეთის მხარე შელემიას ერგო წილად. მის ვაჟს, ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას ჩრდილოეთის მხარე შეხვდა. ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო, მის ძეებს – საკუჭნაოებთან. შუფიმსა და ხოსას დასავლეთის მხარე შეხვდათ, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას. აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით – დღეში ოთხი, სამხრეთით – დღეში ოთხი, საკუჭნაოებთან – ორ-ორი. ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად ფარბართან – ორნი. აჰა, კორახისა და მერარის ძეების კარისმცველთა დასები, ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შეწირული ნივთების საგანძურს დარაჯობდა. ლაყდანის ძენი, გერშონელთა შთამომავალნი ლაყდანისგან. ისინი იყვნენ მამისსახლთა თავკაცები იეხიელთაგან. იეხიელის ძენი: ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის ტაძრის საგანძურს დარაჯობდნენ ყამრამელებთან, იცჰარელებთან, ხებრონელებთან და ყუზიელებთან ერთად. შებუელი ძე გერშომისა, მოსეს ძისა, საგანძურის მთავარი ზედამხედველი იყო. მის ძმას, ელიყეზერს, ერთი ძე ჰყავდა – რეხაბია; მისი ძე იყო ესაია, მისი ძე იყო იორამი, მისი ძე იყო ზიქრი, მისი ძე იყო შელომითი. ეს შელომოთი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა მთელ შეწირულ განძეულს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შეწირეს. ომის ნაალაფრიდან სწირავდნენ ისინი უფლის ტაძრის შესაკეთებლად. ყველაფერი, რაც სამუელ მხილველმა, საულ კიშის ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო. იცჰარელთაგან ქონანია და მისი ძენი ისრაელიანთა საგარეო სამსახურში იყვნენ განწესებულნი მოხელეებად და მსაჯულებად. ხებრონელთაგან: ხაშაბია და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, 1700 სული, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანეს გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისათვის. ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად, თავიანთ მოდგმასა და მამისსახლში, დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში. მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, 2700 იყვნენ – მამისსახლის თავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მანაშეს ნახევარტომში გაამწესა ღვთისა და მეფის ყველა საქმეზე. ესენი არიან ისრაელიანები მათი რიცხვის მიხედვით, თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები და მათი მოხელეები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი 24 ათასისგან შესდგებოდა. პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იაშობეყამ ზაბდიელის ძე; მის დასში 24 ათასი იყო. იგი იყო ფერეცის შთამომავალი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის უფროსი. მეორე თვის დასზე იყო დოდაი ახოხელი, მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მის დასში 24 ათასი იყო. მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენაია, იეჰოიადაყ მღვდლის ძე, მის დასშიც 24 ათასი იყო. ეს ბენაია ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო. მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასაელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასშიც 24 ათასი იყო. მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამჰუთ იზრახელი. მის დასშიც 24 ათასი იყო. მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი, მის დასშიც 24 ათასი იყო. მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. მერვე თვეში მერვე იყო სიბექაი ხუშათელი, ზერახელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანათოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზერახელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემელთაგან, მის დასშიც 24 ათასი იყო. მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ღოთნიელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო. ისრაელის შტოებზე: რეუბენის ძეთა წინამძღოლი იყო ელიყეზერ ზიქრის ძე; სიმეონიანთა – შეფატია მაყაქას ძე; ლევიანებისა – ხაშაბია კემუელის ძე; აარონიანთა – ცადოკი; იუდასი – ელიჰუ, დავითის ძმათაგანი; ისაქარისა – ყომრი, ძე მიქაელისა; ზებულუნისა – იშმაყია, ყობადიაჰუს ძე; ნაფთალისა – იერიმოთი, ყაზრიელის ძე; ეფრემის ძეთა – ჰოშეაყ ყაზაზიას ძე, მანაშეს ნახევარტომისა – იოელ ფედაიას ძე; მანაშეს ნახევარტომისა გალაადში – იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა – იაყასიელ აბნერის ძე; დანისა – ყაზარელი, იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი. 20 წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა. იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შეიტანეს. სამეფო საუნჯეებზე დაყენებული იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე. ხოლო იმ საუნჯეებზე, რომლებიც მინდორში, ქალაქებსა და ციხესიმაგრეებში იყო – იონათან ყუზიას ძე. მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ – ყეზრი, ქელუბის ძე. ვენახებზე – შიმეყი რამათელი, ყურძნისა და ღვინის მარაგებზე – ზაბდი შიფმელი; ზეთისხილსა და სიკომოროებზე, დაბლობში რომ იყო – ბაყალ-ხანან გედერელი; ზეთის მარაგზე – იოყაში. ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ იმწყემსებოდა – შიტრაი შარონელი, ნახირზე ხეობებში – შაფატ ყადლაის ძე, აქლემის ჯოგებზე – ობილ ისმაელიანი; სახედართა რემებზე – იეხდეია მერონოთელი; ცხვრის ფარებზე – იაზიზ აგარელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ, იონათანი, დავითის ბიძა, მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი. იეხიელი ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო. ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო; ხუშაი არქელი – მეფის მეგობარი იყო. ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენაიას ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი. და შეყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი. შტოთა მთავარნი, დასების მეთაურები, მეფის სამსახურში მყოფნი, ათასისთავები, ასისთავები, მეფისა და მის ძეთა მთელი მამულებისა და ჯოგების მოურავები, მისი საჭურისნი და ყველა მაგარი ვაჟკაცი. და ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: „ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა მოსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისათვის, და ჩვენი ღმერთის კვარცხლბეკი, და მოვემზადე ასაშენებლად, მაგრამ ღმერთმა მითხრა: ‘სახლს ნუ ააშენებ ჩემს სახელზე, რადგან მეომარი კაცი ხარ და ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი.’ თუმცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან მე ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი საუკუნოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან კი მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან კი ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე. ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს – ისრაელის ტახტზე. და მითხრა: ‘შენი ძე, სოლომონი, ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ჩემს ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა. უკუნისამდე გავამყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და რჯულდებას, როგორც დღემდე იცავდა.’ ახლა კი მთელი ისრაელის უფლის კრებულის თვალწინ ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა ამ სიმდიდრით სავსე მიწას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ იგი საუკუნოდ, ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან მამაშენის ღმერთი და მთელი სულითა და გულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც; ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს. ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ იდექი და აკეთე.“ და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, საგანძურებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა. ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა უფლის ტაძრის ეზოებისთვის, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახისთვის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისთვის. მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის ტაძრის სამსახურის ყველა საქმისთვის, უფლის ტაძრის მსახურების საჭირო მთელი ჭურჭლისთვის, ოქროულობა ოქროს წონით, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის, ვერცხლის ყველა ჭურჭლისთვის, წონასთან ერთად, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის. წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრების წონის აღნიშვნით; ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონის აღნიშვნით, როგორც თითოეული სასანთლის მსახურებაში გამოყენების წესია. საკურთხი პურების ტაბლებისათვის საჭირო ოქროს წონა და ყველა სხვა ტაბლებისათვის, ასევე ვერცხლის ტაბლებისათვის. ხალასი ოქრო ჩანგლებისათვის, ჯამებისათვის, ოქროს ფიალებისათვის, თითოეული ფიალის წონის აღნიშვნით, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონის აღნიშვნით. საკმევლის სამსხვერპლოსათვის გაწმედილი ოქრო წონის აღნიშვნით, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, გაშლილი ფრთებით რომ ფარავენ უფლის აღთქმის კიდობანს. „ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, – თქვა დავითმა, – მან ჩამაგონა შენების ყოველი წვრილმანი.“ და უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: „მტკიცედ იდექ და გამხნევდი, და შეუდექი საქმეს. ნუ შიშობ, და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის ტაძრის სამსახურის ყველა საქმეს. აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. მხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. მთავრები და მთელი ერი შენს ყველა ბრძანებაზეა.“ და უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: „სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც ღმერთმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფალი ღმერთისთვის. რაც შემეძლო, ყველაფერი მოვამზადე უფლის ტაძრისთვის: ოქრო – ოქროს ნივთებისათვის, ვერცხლი – ვერცხლის ნივთებისათვის, ბრინჯაო – ბრინჯაოს ნივთებისათვის, რკინა რკინეულისათვის, ძელი ძელეულისათვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და უამრავი მარმარილოს ლოდები. ამასთან ერთად, ჩემი უფლის ტაძრის სიყვარულის გამო მაქვს საკუთარი ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული: 3 ათასი ტალანტი ოქრო, ოფირის ოქრო, 7 ათასი ტალანტი გამოხურვებული ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად, ოქროს ნივთებისათვის, ვერცხლის ნაკეთობებისათვის და ყველა საოქრომჭედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?“ და გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა მთავრებმა, ისრაელის შტოთა მთავრებმა, ათასისთავებმა და მეფის მოურავებმა. და გამოიღეს უფლის ტაძრის სამსახურისთვის 5 ათასი ტალანტი ოქრო, 10 ათასი დრამა ოქრო, 10 ათასი ტალანტი ვერცხლი, 18 ათასი ტალანტი ბრინჯაო, 100 ათასი ტალანტი რკინა. ვისაც კი ძვირფასი ქვები აღმოაჩნდა, უფლის ტაძრის საგანძურისთვის ჩააბარეს იეხიელ გერშონელს. ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან მთელი გულით სწირავდნენ უფალს, ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა. და აკურთხა დავითმა უფალი, მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: „კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაელისა და ჩვენი მამების, უკუნითი უკუნისამდე! შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცასა და მიწაზე! შენია, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად! სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელთაა ყოველივეს განდიდება და განმტკიცება. აწ გაქებთ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს. ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ. ვინაიდან მწირნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამების მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო. უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმრავლე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი. ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილავი და სიმართლისმოყვარე ხარ. ეს ყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ხალხს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის. უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და ისრაელისა – ჩვენს მამათა – სამარადისოდ დაიცავი ეს შენი ხალხის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები. და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი მრთელი გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე დავიჭირე თადარიგი.“ და უთხრა დავითმა მთელ კრებულს: „აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი!“ და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავის მამათა ღმერთი. და დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალსა და მეფეს. მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები, და სრულადდასაწველი აღუვლინეს: ათასი მოზვერი, ათასი ვერძი, ათასი კრავი, თავისი საღვრელით, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის. იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონი გაამეფეს – დავითის ძე. უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს, ხოლო ცადოკი – მღვდლად. და დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის, ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა მას. ყველა მთავარი, მოყმე და მეფე დავითის ყველა ძე დაემორჩილა სოლომონ მეფეს. და დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია. და დავითი, იესეს ძე, მეფობდა მთელ ისრაელზე. და ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, 33 – იერუსალიმში. და მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. და მის ნაცვლად სოლომონი, მისი ძე, გამეფდა. დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მხილველის, ნათან წინასწარმეტყველის და გადი მხილველის სიტყვებშია აღწერილი. მთელს მის მეფობასთან, მის სიქველესთან და იმ ამბებთან ერთად, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყანათა სამეფოებს გადახდა. განმტკიცდა სოლომონი, დავითის ძე, თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი, იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი. და მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებსა და მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს. და გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გიბეონშია, რადგან იქ იყო სადღესასწაულო კარავი, მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გააკეთა უდაბნოში. ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადმოტანილი იმ ადგილას, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში დადგა მისი კარავი. აგრეთვე ბრინჯაოს სამსხვერპლო, ბეცალელმა, ხურის ძის ურის ძემ რომ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. და მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა. და იქ სოლომონმა უფლის წინაშე, ბრინჯაოს სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარვის წინ რომ არის, ათასი სრულადდასაწველი აღავლინა. იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე.“ და უთხრა სოლომონმა ღმერთს: „დიდად სწყალობდი მამაჩემს, დავითს, მის ნაცვლად კი მე გამამეფე. უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი, რაკიღა ქვიშასავით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე. ბარემ სიბრძნე და ცოდნაც მომეცი, რომ შევდიოდე და გამოვდიოდე ხალხის წინაშე, რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი ესოდენ მრავალრიცხოვანი?“ და უთხრა უფალმა სოლომონს: „რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული, და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ სიბრძნე და ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. და ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონიათ და არც შენს შემდეგ ექნება ვინმეს.“ გიბეონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი იერუსალიმში საკრებულო კარვიდან და მეფობდა ისრაელზე. და თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს, ჰყავდა 1400 ეტლი და 12 ათასი ცხენოსანი. და განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. ოქრო-ვერცხლი ქვიშასავით ეყარა იერუსალიმში, ხოლო კედარი – სიკომორის ხესავით, დაბლობებში რომ იზრდება. სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო ამოყვანილი. მეფის ვაჭრები კევეში ყიდულობდნენ ფულით. ეტლები 600 ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები – 150 ვერცხლად. ამავე ფასში მოჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც. და ბრძანა სოლომონმა სახლის აშენება უფლის სახელზე და სამეფო სასახლისა თავისთვის. და აღრიცხა სოლომონმა 70 ათასი მტვირთავი, 80 ათასი ქვის მფლეთელი მთებში და 3600 მათი ზედამხედველი. და შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ცორის მეფეს: „როგორც დავითთან, მამაჩემთან, აკეთებდი და კედარის ხე-ტყეს უგზავნიდი მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, რომელშიც ის ცხოვრობდა, – აჰა, მე მსურს უფლის, ჩემი ღმერთის, სახელზე სახლი ავაშენო, მის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურების მუდამჟამს მისართმევად, სრულადდასაწველის აღსავლენად დილა-საღამოს, შაბათობით, ახალ მთვარობასა და ჩვენი უფლის დღესასწაულებზე, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს. და ის სახლი, უფლისათვის რომ მსურს ავაშენო, დიდი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია. ვის შესწევს ძალი, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა უფალს ცანი და ცათა-ცათანი ვერ იტევენ? ან მე ვინა ვარ, რომ შემეძლოს მისი სახლის აშენება? გარდა მის წინაშე, საკმევლის საკმევი ალაგისა? ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომლებიც დავითმა, მამაჩემმა, მოამზადა. ლიბანიდან გამომიგზავნე კედარის ხე-ტყე, კვიპაროსის და სანდალოზის მორები, რადგან ვიცი, რომ შენმა მსახურებმა იციან ლიბანის ხეების ჭრა და აჰა, ჩემი ხალხი შენს ხალხთან ერთად იქნება, რათა უხვად დამიმზადონ ხე-ტყე, რადგან სახლი, მე რომ ვაშენებ, დიდებული და მშვენიერი უნდა იყოს. აჰა, ვაძლევ ტყის მკაფავებს, შენს მუშებს, ხე-ტყეს რომ მიმზადებენ, 20 ათასი ქორ ხორბალს, 20 ათას ქორ ქერს, 20 ათას ბათ ღვინოსა და 20 ათას ბათ ზეთს.“ და უპასუხა ხურამმა, ცორის მეფემ, წერილით, რომელიც გამოუგზავნა სოლომონს: „რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მის მეფედ.“ კიდევ ეს მოსწერა ხურამმა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი ძე უბოძა, რომელიც აშენებს სახლს უფლისთვის და სამეფო სასახლეს თავისთვის. ახლა კი გიგზავნი ბრძენსა და გამოცდილ კაცს – ხურამ-აბის, ჩემს მრჩეველს, დანელი ქალის ძეს, მამით ცორელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, ქვის, ხის, ძოწეულის და ლურჯი ნართების, სელისა და ყირმიზის დამუშავება; იცის ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად. ახლა გამოუგზავნოს ჩემმა ბატონმა ის ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო, თავის მსახურთ რომ შეჰპირდა. ჩვენ კი ლიბანში მოვჭრით ხე-ტყეს, რამდენიც დაგჭირდება, და ზღვაზე ტივებით დავაცურებთ იაფოსაკენ, იქიდან კი იერუსალიმს აზიდეთ.“ და აღრიცხა სოლომონმა ყველა ხიზანი, ვინც კი ისრაელის ქვეყნად მამამისის, დავითის აღრიცხვის შემდეგ მოსულიყო, და აღმოჩნდა 153600 კაცი. მათგან 70 ათასი მტვირთავად გაამწესა, 40 ათასი – ქვის მფლეთელად მთაში, 3600 – ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ. და შეუდგა სოლომონი უფლის ტაძრის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც უფალმა უჩვენა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე. სოლომონი შენებას შეუდგა მეორე თვის მეორე დღეს, თავისი მეფობის მეოთხე წელს. აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით 60 წყრთა იყო, ძველი საზომით, სიგანით – 20 წყრთა. სტოა, სიგრძეზე რომ გასდევდა ტაძარს, მისი სიგანის შესაბამისად, 20 წყრთა იყო, სიმაღლით – 120. შიგნიდან ხალასი ოქროთი მოჭედა. კვიპაროსის ხის პანელები შემოაკრა დიდ დარბაზს, საუკეთესო ოქროთი მოფურცლა და ზედ ფინიკები და ჯაჭვები მოაჭედინა. ძვირფასი ქვებით დაამშვენა დარბაზი. ოქრო კი სულ ფარვაიმული იყო. ოქროთი მოჭედა დარბაზი ძელები, ზღურბლები, კედლები და კარებები, კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა. და გააკეთა წმიდათა წმიდა. მისი სიგრძე, სახლის სიგანის შესაბამისად, 20 წყრთა იყო, და სიგანეც 20 წყრთა და 600 ტალანტი საუკეთესო ოქროთი დაფარა იგი. ლურსმნები, წონით ხუთი შეკელი, ოქრო იყო. ქორედიც ოქროთი მოჭედა. წმიდათა წმიდაში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი მოჭედა ისინი. ქერუბიმების ფრთები სიგრძით 20 წყრთა იყო, ერთის ფრთა ხუთი წყრთა იყო და ოთახის კედელს სწვდებოდა, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო, და მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა. მეორე ქერუბიმის ფრთაც ხუთი წყრთა იყო, და დარბაზის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც ხუთი წყრთა იყო, და პირველი ქერებუმის ფრთას ეხებოდა. ამ ქერუბიმების ფრთები 20 წყრთაზე იყო გაშლილი, ისინი ფეხზე იდგნენ და სახე დარბაზისაკენ ჰქონდათ მიქცეული. და გააკეთა ლურჯი ფარდა, ძოწეული და მეწამული ნართისაგან, და ბისონისაგან, და ზედ ქერუბიმები გამოსახა. სახლის წინ 30 წყრთის სიმაღლის ორი სვეტი დადგა, თითოეულს თავზე ხუთწყრთიანი ბუღაური ედგა. და დაწნა ჯაჭვები და ბუღაურებზე მიამაგრა. გააკეთა 100 ბროწეული და ჯაჭვებზე ჩამოკიდა. ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ. მარჯვენას იაქინი დაარქვა, მარცხენას – ბოყაზი. და გააკეთა ბრინჯაოს სამსხვერპლო სიგრძით 20 წყრთა, სიგანით 20 წყრთა, და ჩამოასხა ბრინჯაოს ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, 30 წყრთა ლარი სწვდებოდა გარს. ეს ზღვა იდგა ხარების ქანდაკებებზე, რომლებიც ათ წყრთაზე ორ რიგად გარს ერტყმოდა მას და მასთან ერთ მთლიანობაში იყო ჩამოსხმული. იმ თორმეტ ხართაგან სამი ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, სამი – დასავლეთისკენ, სამი – სამხრეთისკენ, სამი – აღმოსავლეთისკენ. ზღვა ზედ ედგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული. სისქე ერთი ნები ჰქონდა, პირზე კანტი შემოავლო თასივით; გაშლილ შროშანს მიემგვანებოდა; 3 000 ბათს იტევდა ის. და გააკეთა ათი საბანელი. ხუთი მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი – მარცხენაზე, რომ მათში განბანილიყვნენ, – და სრულადდასაწველ საკლავსაც მასში ავლებდნენ. ხოლო ზღვა მღვდელთა განბანისთვის იყო განკუთვნილი. და გააკეთა ათი ოქროს სასანთლე მათი ფორმის შესაფერისი და ტაძარში დაალაგა – ხუთი მარჯვნივ და ხუთი – მარცხნივ. და გააკეთა ათი ტაბლა და ტაძარში დააწყო. – ხუთი მარჯვნივ და ხუთი – მარცხნივ. და გააკეთა ოქროს 100 ფიალა. და მოაწყო მღვდელთა ეზო, და დიდი ეზო, და ეზოს კარები, და ბრინჯაოთი მოჭედა ისინი. ზღვა მარჯვენა მხარეს დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით. და გააკეთა ხურამმა ქვაბები, აქანდაზები და ფიალები. და მოამთავრა სოლომონის სამუშაო ღვთის სახლში. ორი სვეტი და სვეტებზე დასადგმელი ბუღაურები, და ორი ცხაური ბუღაურებზე შემოსაკვრელად, და 400 ბროწეული ცხაურებისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისათვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების მოსართავად. და გააკეთა კვარცხლბეკები, კვარცხლბეკებზე საბანლები დადგა. ერთი ზღვა და 12 ხარი მის ქვეშ. ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის ტაძრისათვის, მბზინვარე ბრინჯაოსა იყო. იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცერედას შორის. და გააკეთა სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი, ძალზე ბევრი, ისე, რომ არავინ იცოდა ბრინჯაოს წონა. და გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომლებზედაც საწინაშეო პურები ეწყო; ხალასი ოქროს სასანთლეები და ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ. ყვავილები, ლამპრები და მაშები ოქროსი იყო, ყველაფერი ხალასი ოქროსი, დანები, ფიალები, კოვზები, საცეცხლურები – ხალასი ოქროსი. ასევე ტაძრის კარები: წმიდათა წმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო. დაამთავრა ყველა საქმე, რასაც უფლის ტაძრისათვის აკეთებდა სოლომონი; და მოიტანა მამამისისგან შემოწირული: ვერცხლი, ოქრო და ყოველგვარი სხვა ჭურჭელი, და ღვთის სახლის საგანძურში დააწყო, მაშინ შეკრიბა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და ტომთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლთა თავკაცი, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან. და შეიყარა სოლომონ მეფესთან მთელი ისრაელი სადღესასწაულოდ მეშვიდე თვეში, და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და ლევიანებმა ასწიეს კიდობანი, და წაასვენეს კიდობანი და სადღესასწაულო კარავი და ყველა წმიდა ჭურჭელი, კარავში რომ ინახებოდა. და წაასვენეს ისინი მღვდლებმა და ლევიანებმა. მეფე სოლომონი და მთელი ისრაელის კრებული, რომელიც მასთან შეიკრიბა კიდობნის წინ, მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებსა და კურატებს, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა. და დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი მისთვის განკუთვნილ ადგილზე ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ, რადგან ფრთები ჰქონდათ გაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე, და ზემოდან ფარავდნენ კიდობანს და მის კეტებს. კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მითი ბოლოები კიდობანს სცდებოდა, დაბირის წინ, გარეთ კი არ ჩანდა, და დღემდე იქ არის ისინი. არაფერი არ იყო კიდობანში გარდა ორი ქვის დაფისა, მოსემ რომ ჩააწყო ხორების მთაზე, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ. და გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან, რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა, განურჩევლად დასებისა; ასევე ყველა მგალობელი ლევიანი: ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ძენი და მათი ძმანი – სელით შემოსილნი, წინწილებით, ქნარებით, ებნებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი, მათთანვე 120 მესაყვირე მღვდელი, ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ, და როცა იქუხა საყვირების და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: „რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“ მაშინ უფლის სახლი ღრუბელმა აავსო, და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო ღვთის სახლი. მაშინ თქვა სოლომონმა: „ბნელში დავანება ინება უფალმა. სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად.“ პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. და ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული. და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა, რასაც ამბობდა: ‘იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არც ერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი, და არც არავინ ამირჩევია ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად, მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე, დასადგენად.’ გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე. და უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: ‘კარგია, რომ გულში გაქვს ჩემს სახელზე სახლის აშენება, მაგრამ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული, ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’ და დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე ავაშენე სახლი. და დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელიანთ რომ დაუდო.“ და დადგა უფლის სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის კრებულისაკენ პირშექცევით და ხელები აღაპყრო, – რადგან სოლომონმა გააკეთა ბრინჯაოს კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა, და შედგა მასზე, და მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ზეცისკენ, და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი სხვა ღმერთი, არც ცაში და არც ქვეყნად, შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მსახურთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. შენ შეუნახე სიტყვა შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, და დღეს შენმა ხელებმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები. ახლაც შეუნახე, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: ‘არ გამოგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომი, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.’ ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მსახურს, მამაჩემს, დავითს რომ უბრძანე. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს დედამიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? მოხედე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს შენი მსახური, რომ თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მსახური. და ისმინე შენი მსახურისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას, ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე. თუ შესცოდავს ვინმე თავის თვისტომს და ფიცით დააფიცებენ მას, და ეს ფიცი აღსრულდება შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში, მაშინ მოუსმინე ზეციდან და სამართალი გაუჩინე შენს მსახურთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, მართალი კი გაამართლე, რომ მისი სიმართლისამებრ მიეზღას. თუ დამარცხდება შენი ერი, ისრაელი, შენი მტრის მიერ, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე კი მოიქცევა შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში, მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს; დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამებს მიეცი. როცა დაიკეტება ცა და აღარ იწვიმებს შეცოდების გამო, შენს წინაშე რომ ჩაიდინეს, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდება შენს მსახურთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, რომლითაც სიარული მართებთ, და აწვიმე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიეცი შენს ერს. თუ შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან: თუ მტერი შემოადგება ქვეყანას მის კარიბჭეებს, ან: რაიმე უბედურება, თუ სნეულება, ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება ადამიანისგან და მთელი შენი ერისგან, ისრაელისგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას და ხელს გამოიწვდის ამ სახლისაკენ, ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, და მიუტევე; მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ შენ, რომელმაც უწყი მათი გულები, რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გულები, რათა მუდამ შენი შიში ჰქონდეთ, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენს მამებს მიეცი. იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერიდან, ისრაელიდან, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და შემართული მკლავის გამო, და მოვა და ილოცებს ამ ტაძართან. ისმინე ზეციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის, მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე. როცა მტერთან საომრად გავა შენი ერი, დაადგება გზას, რომელზეც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი ამ ქალაქისაკენ პირშემოქცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე, მაშინ ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე. როცა შეგცოდებენ, – რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, – განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: ‘შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთ,’ და როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირმოქცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩინე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა. ახლა კი, ღმერთო ჩემო, თვალღია იყავ და ყურმახვილი ამ ადგილას ლოცვის მიმართ; ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისაკენ, შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა, და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ. უფალო ღმერთო! პირს ნუ შეაქცევ შენს ცხებულს, გაიხსენე დავითის, შენი მსახურის, მიმართ სიქველენი.“ როგორც კი დაასრულა სოლომონმა ლოცვა, ცეცხლი გადმოეშვა ზეციდან და შთანთქა სრულადდასაწველი და მსხვერპლები, და უფლის დიდებამ აავსო სახლი. ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო სავსე უფლის სახლი. როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხენ, ქვაფენილზე და თაყვანი სცეს, და მადლობდნენ უფალს, „რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!“ და შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ერმა. და შესწირა სოლომონმა 22 ათასი ხარი და 120 ათასი ცხვარი. ასე აკურთხეს მეფემ და მთელმა ერმა ღვთის სახლი, მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებელ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი მეფე დავითის მიერ გაკეთებული საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი მეოხებით; მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ მათ გვერდით, და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი. და განწმიდა სოლომონმა უფლის ტაძრის შუა ეზოც, რადგან მიიტანა იქ სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლის ლურთები, რადგან სოლომონის გაკეთებულმა ბრინჯაოს სამსხვერპლომ ვეღარ დაიტია სრულადდასაწველი და პურეულის ძღვენი და ლურთები. შვიდდღიანი დღესასწაული გადაიხადა მაშინ სოლომონმა. მთელი ისრაელი – დიდძალი ხალხი – შეიკრიბა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე. მერვე დღეს გამართეს საზეიმო წვეულება, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს კურთხევას და შვიდ დღეს – დღესასწაულს. მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს – თავის ერს. და დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. და ყოველივე გულუხვად გაიღო უფლის ტაძრისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად. ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირ სახლად. თუ ცას დავხშავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს, და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ზეციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათს ქვეყანას. ახლა თვალს დავიჭერ და ყურს მივაპყრობ ლოცვა-ვედრებას ამ ადგილიდან რომ აღევლინება. ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის მარად სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველ ცისმარე დღეს ჩემი თვალი და გული, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი, დადიოდა, და ყველაფერს აღასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, თუ დაიცავ ჩემს წესსა და სამართალს, განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს, აღვუთქვი და ვუთხარი: არ გაგიწყდება-მეთქი ხელმწიფე ისრაელში. მაგრამ თუ განმიდგებით და მიატოვებთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, ამოვძირკვავ ისრაელიანთ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც განვწმიდე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემს თვალთაგან, საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხთა შორის. და ყველა, ვინც კი ჩაუვლის ერთდროს აღზევებულ ამ სახლს, გაოგნდება და იტყვის: ‘ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?’ და უპასუხებენ: ‘რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მოეჭიდნენ სხვადასხვა ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ, ამიტომ დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.’“ ოცი წლის თავზე, როცა დაასრულა სოლომონმა უფლის ტაძრისა და თავისი სახლის შენება, გააშენა მან ის ქალაქებიც, რომლებიც ხურამმა მისცა მას, და ისრაელიანები ჩაასახლა იქ. და გაილაშქრა სოლომონმა ხამათ-ცობაზე და დაიპყრო იგი. გააშენა თადმორი უდაბნოში და ყველა ის სამარაგო ქალაქი, ხამათში რომ დააფუძნა. გააშენა ზემო ბეთ-ხორონი და ქვემო ბეთ-ხორონი, თავისი გალავნებით, კარიბჭეებითა და ხანდაკებით გამაგრებული ქალაქები; ბაყალათი და სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს; საეტლო ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი გაშენებაც უნდოდა იერუსალიმში, ლიბანსა და მთელ თავის სახელმწიფოში. ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ხეთელთაგან, ამორეველთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა, და მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანთ, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე. ისრაელიანთაგან კი არავინ დაუყენებია სოლომონს თავის ბეგარაზე, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მცველთა მეთაურებად, თავისი ეტლებისა და მხედრების მეთაურებად. 250 კაცი ჰყავდა მეფე სოლომონს ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც ხალხს უძღვებოდნენ. ფარაონის ასული სოლომონმა დავითის ქალაქიდან გადაიყვანა სახლში, რომელიც მას აუშენა, რადგან თქვა: „არ უნდა ცხოვრობდეს ჩემი ცოლი დავითის, ისრაელის მეფის, სახლში, რადგან წმიდაა ის ადგილი, სადაც უფლის კიდობანი შევიდა.“ მაშინ დაიწყო სოლომონმა უფლისთვის სრულადდასაწველის შეწირვა უფლის სამსხვერპლოზე, რომელიც სტოასთან ააგო, რათა როგორც ეს ჩაწერილი იყო მოსეს რჯულში, მსხვერპლის ყოველდღიური აღვლენა; დაცვა შაბათებისა და ახალმთვარობებისა და წელიწადში სამი დღესასწაულისა: უფუარობის, შვიდეულთა და კარვობის ზეიმისა. დავითის, თავისი მამის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩააყენა მღვდელთა დასები მათს მსახურებაში, ლევიანები მათს სამსახურში, რათა სადიდებელი ეთქვათ და მღვდლებთან ერთად ემსახურათ ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე ყველა კარს თავისი კარისმცველები მიუჩინა, თავ-თავისი დასების მიხედვით, რადგან ასე ბრძანა დავითმა, ღვთისკაცმა. არ უღალატიათ მეფის ბრძანებისათვის, რომელიც ეხებოდა მღვდლებსა და ლევიანებს, სხვა საქმეებსა და საგანძურებს. ასე ჰქონდა სოლომონს აწყობილი ყველა საქმე, საძირკვლის ჩაყრიდან დაწყებული, ვიდრე უფლის სახლი ბოლომდე არ გასრულდა. მაშინ წავიდა სოლომონი ზღვისპირეთში, ყეციონ-გებერსა და ელოთში, ედომის ქვეყანაში. ხურამმა თავის მსახურთა ხელით ხომალდები და თავისი ზღვისმცოდნე მსახურნი გაუგზავნა და ჩავიდნენ ისინი სოლომონის მსახურებთან ერთად ოფირში, და 450 ტალანტი ოქრო წამოიღეს იქიდან და მეფე სოლომონს მოუტანეს. შებას დედოფალმა შეიტყო სოლომონის ამბავი და მოვიდა იერუსალიმში, რომ იგავებით გამოეცადა იგი. მოვიდა დიდძალი ამალით; აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, უამრავი ოქრო და ძვირფასი თვლები; მოვიდა მასთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა სათქმელად. ყველა კითხვაზე გასცა პასუხი მეფემ. არაფერი იყო სოლომონისთვის ისეთი გაუგებარი, რომ პასუხი ვერ მიეცა. და დაინახა შებას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე; ნახა მისი აშენებული უფლის სახლი; მისი სუფრის სანოვაგე; მის მსახურთა საცხოვრებლები, მის მსახურთა პატივი და ჩაცმულობა; მისი მწდეები და მათი შესამოსელი; მისი კიბეები, რითაც ის უფლის სახლში ადიოდა, და გაოგნებული დარჩა. და უთხრა მეფეს: „მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე. სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე: აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე. ყველაფერს გადააჭარბა, რაც გაგონილი მქონდა. ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერნი არიან შენი მსახურნი, მუდამ შენს წინაშე რომ ტრიალებენ და ისმენენ შენს სიბრძნეს. კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის, მეფედ. შენი ღმერთის ისრაელისადმი სიყვარულის გამო დაგაყენა მასზე მეფედ, მის განსამტკიცებლად საუკუნოდ და სამართლისა და კანონის გასაჩენად.“ და უბოძა მეფეს 120 ტალანტი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი ქვები. არ იყო ისეთი ნელსაცხებელი, შებას დედოფალს მეფე სოლომონისათვის რომ არ ებოძებინა. ხურამისა და სოლომონის მსახურებმა ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდაზოლის ხეები და ძვირფასი ქვებიც ჩამოიტანეს. და გააკეთა მეფემ სანდალოზის ხისაგან უფლის ტაძრისათვის და სამეფო სახლისათვის კიბეები; ებნები და ქნარები – მგალობელთათვის, რის მსგავსიც მანამდე არასდროს უნახავთ იუდას ქვეყანაში. და უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს ყველაფერი მისთვის სასურველი, რაც კი მან ითხოვა, იმაზე მეტიც კი, რაც მან მოართვა მეფეს; და უკან გაბრუნდა ის და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მსახურებიანად. 666 ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად. ამას გარდა მოგზაურებს, ვაჭრებს, არაბთა მეფეებსა და მხარეთა განმგებლებსაც შემოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი. და გააკეთა მეფე სოლომონმა 200 ფარი ოქროთი ნაჭედი. 600 შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. და გააკეთა 300 პატარა ფარი ოქროთი ნაჭედი, 300 შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. და დააწყო ისინი მეფემ ლიბანის ხე-ტყით ნაგებ სახლში. და გააკეთა მეფემ სპილოსძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი მოჭედა. ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა ტახტს მიდგმული, საჯდომის ორსავე მხარეს მკლავები ჰქონდა, ხოლო მკლავებს თითო ლომი ედგა გვერდით. ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, 12 სხვა ლომი იდგა. მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის ხე-ტყის სახლში რჩეული იყო. ვერცხლმა და ბრინჯაომ ფასი დაკარგა სოლომონის დროს, რადგან მეფის ხომალდები ხურამის მსახურებთან ერთად თარშიშისკენ მიცურავდნენ; თარშიშული ხომალდები სამ წელიწადში ერთხელ ბრუნდებოდნენ და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი და სპილოსძვალი; მოჰყავდათ ყაფუზუნები და ფარშევანგები. და განდიდდა მეფე სოლომონი ქვეყნის ყველა მეფეზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით. ამ ქვეყნად ყველა მეფე ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინა მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა. და ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები ყოველწლიურად. სოლომონს 4 ათასი თავლა ჰქონდა, ჰყავდა ეტლები და 12 ათასი ცხენოსანი, განლაგებული ჰყავდა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებსა და იერუსალიმში, თავისთან. მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ყველა მეფეზე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე. ვერცხლის ფასი უბრალო ქვის ფასს გაუთანაბრდა იერუსალიმში, ხოლო კედარისა – სიკომოროს ხეს, დაბლობებში რომ იზრდება. სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და ყველა ქვეყნიდან იყო მოყვანილი. სოლომონის დანარჩენი ამბები – პირველნი და უკანასკნელნი – სწერია ნათან წინასწარმეტყველის მატიანეში, ახია შილოელის წინასწარმეტყველებაში, იეყდო მხილველის ხილვაში, იერობოყამ ნებატის ძეს რომ შეეხება. და იმეფა სოლომონმა იერუსალიმში მთელს ისრაელზე 40 წელი. და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში; მის ნაცვლად რეხობოყამი, მისი ძე გამეფდა. და წავიდა შექემში რეხობოყამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელიანობა მის გასამეფებლად. როცა ეს ამბავი შეიტყო იერობოყამ ნებატის ძემ, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც სოლომონ მეფისაგან იყო გაქცეული, უკან დაბრუნდა ეგვიპტიდან. შეუთვალეს და დაიბარეს იგი. და მოვიდა იერობოყამი და მთელი ისრაელი და ასე უთხრეს რეხობოყამს: „უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადგა, და დაგემორჩილებით.“ ხოლო მან უთხრა მათ: „წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან.“ და წავიდა ხალხი. რჩევა ჰკითხა მეფე რეხობოყამმა უხუცესებს, რომლებიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: „როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?“ ელაპარაკნენ მას და უთხრეს: „თუ კეთილი იქნები ამ ხალხისთვის, აამებ მათ და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მსახურნი იქნებიან ისინი.“ არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და რჩევა მოყმეთ ჰკითხა, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და ემსახურებოდნენ. და უთხრა მათ: „რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქე მამაშენმა რომ უღელი დაგვადგაო?“ და ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: „ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება: უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და შენ უნდა შეგვიმსუბუქოო; მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკა თითი. ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ მას! თუ მამაჩემი შოლტებითა გსჯიდათ, მე მორიელებით დაგსჯით-თქო.“ და მივიდნენ იერობოყამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რეხობოყამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს: „სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან.“ და მკაცრი პასუხი გასცა მათ მეფემ: ყური არ ათხოვა მეფე რეხობოყამმა უხუცესთა რჩევას. მოყმეთა რჩევისამებრ ელაპარაკა მათ და უთხრა: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ; ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით.“ არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოყამ ნებატის ძისათვის, ახია შილოელის პირით. და როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: „რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისაგან? თქვენ-თქვენი კარვებისაკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენს სახლს, დავით!“ და წავიდ-წამოვიდა ისრაელი თავ-თავის კარვებში. მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზე შერჩა მეფობა რეხობოყამს. და გაგზავნა მეფე რეხობოყამმა ჰადორამი, ხარკის ამკრებთა უფროსი, მაგრამ ქვით ჩაქოლეს ისრაელიანთ, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ შეხტა მეფე რეხობოყამი ეტლზე და იერუსალიმში გაიქცა. და განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა დღემდე. და მივიდა რეხობოყამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდას და ბენიამინის მთელი სახლი – 180 ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს რეხობოყამისათვის მეფობის დასაბრუნებლად. და გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს: „უთხარი რეხობოყამს, სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს და ბენიამინის მთელ სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუ გახვალთ საომრად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი.’“ და ისმინეს უფლის სიტყვა და იერობოყამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ. რეხობოყამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხესიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში. მან გაამაგრა: ბეთლემი, ყეტამი და თეკოაყი, ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი, გათი, მარეშა, ზიფი, ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა, ცორყა, აიალონი, ხებრონი – გამაგრებული ქალაქები – იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა. და გაამაგრა ეს ციხესიმაგრეები, და ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი. და ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი. მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაელში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას. ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოყამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას. და დაიყენა იერობოყამმა მღვდლები გორაკებზე, ციკნებისათვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთებინა. მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ იერუსალიმში, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის, თავიანთი მამების ღმერთისათვის. და გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რეხობოყამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელიწადს დადიოდა იგი დავითისა და სოლომონის გზით. რეხობოყამმა ცოლად შეირთო მახალათი, რომლის მამა იყო იერიმოთ დავითის ძე, დედა კი – ელიაბ იესეს ძის ასული აბიხაილი. და შეეძინა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი. მის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული, რომელმაც მას უშვა: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი. რეხობოყამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა მაყაქა, აბესალომის ასული (მას 18 ცოლი და 60 ხარჭა ჰყავდა. და შეეძინა 28 ვაჟი და 60 ქალი). და დააყენა ძმებში უფროსად რეხობოყამმა აბია, მაყაქას ვაჟი, რადგან მისი გამეფება ეწადა. გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. და უხვად მისცა სარჩო და მრავალი ცოლი შერთო. როცა განმტკიცდა რეხობოყამის მეფობა და გაძლიერდა, მაშინ მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა. რეხობოყამის მეფობის მეხუთე წელს წამოვიდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმზე, რადგან შესცოდეს უფალს. მოვიდა 1200 ეტლით, 60 ათასი მხედრით, ურიცხვი ხალხით ეგვიპტიდან: ლიბიელები, სუქიმელები და ქუშელები, აიღო მან იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმს მიადგა. მაშინ წინასწარმეტყველი შემაყია მივიდა რეხობოყამთან და იერუსალიმში თავშეყრილ იუდას მთავრებთან, რომლებიც შიშაკს გაექცნენ და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი: რაკი თქვენ მიმატოვეთ, ახლა მეც მიგატოვებთო შიშაკის ხელში.“ და დამორჩილდნენ ისრაელის მთავრები და მეფე და თქვეს: „მართალია უფალი!“ და როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: „დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით. მაგრამ მისი ყმები გახდებიან, რათა იცოდნენ, როგორია ჩემი ყმობა და ამქვეყნიური მეფეების ყმობა.“ და მოვიდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმში და წაიღო უფლის ტაძრისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო, წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა. და გააკეთა მეფე რეხობოყამმა მათ ნაცვლად ბრინჯაოს ფარები და ჩააბარა მცველთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ. და ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მცველები მოაცილებდნენ ამ ფარებით და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველთა ოთახში. და რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაღუპა იგი. იუდაშიც კეთილი ამბები იყო. და განმტკიცდა მეფე რეხობოყამი იერუსალიმში. 41 წლისა იყო რეხობოყამი, როცა გამეფდა, და 17 წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც უფალმა თავისი სახელის სამკვიდრებლად ამოირჩია ისრაელის ყველა ტომში. დედამისი იყო ნაყამა, ყამონელი. რეხობოყამი ბოროტებას აკეთებდა, რადგან მთელი თავგამოდებით არ ეძებდა უფალს. რეხობოყამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით; აგრეთვე ის ბრძოლები, რაც რეხობოყამსა და იერობოყამს შორის წარმოებდა მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე. და განისვენა რეხობოყამმა თავის მამებთან, და დამარხეს დავითის ქალაქში; მის ნაცვლად მისი ძე, აბია, გამეფდა. იერობოყამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე. იგი სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, დედამისი იყო მიქაია, ურიელის ასული, გიბეყადან. და იყო ომი აბიასა და იერობოყამს შორის. აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან 400 ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობოყამი კი მათ წინააღმდეგ საომრად 800 ათასი რჩეული მეომრით გამოვიდა. და დადგა აბია ცემარაიმის მწვერვალზე, ეფრემის მთებში რომ არის, და თქვა: „მისმინეთ, იერობოყამ და მთელო ისრაელო! განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს საუკუნო აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე საუკუნოდ? და მაინც აღდგა იერობოყამ ნებატის ძე, დავითის ძის, სოლომონის მსახური, და გაილაშქრა თავისი ბატონის წინააღმდეგ. და შემოიკრიბა თავის ირგვლივ უღირსი, უგვანი ხალხი, და გამაგრდნენ რეხობოყამის, სოლომონის ძის წინააღმდეგ. რეხობოყამი ყმაწვილი იყო და გულდედალი, ამიტომ ვერ გაუძლო მათ. ახლა თქვენ ფიქრობთ, გაუმკლავდეთ უფლის სამეფოს, რომელიც დავითის ძეთა ხელშია? თქვენ ჩვენზე ბევრად მეტნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბორები, იერობოყამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ. განა თქვენ არ გამორეკეთ უფლის მღვდლები – აარონის ძენი და ლევიანები? განა თქვენ არ იყავით, რომ სხვა ქვეყნების ხალხთა მსგავსად მღვდლები გაიჩინეთ? ყველა, ვინც თავის საკურთხებლად მოდის ხბოთი და შვიდი ვერძით, ცრუღმერთის მღვდელი ხდება. ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი, გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები საქმეზე დგანან. დილა-საღამოს უფლისთვის სრულადდასაწველს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, შესაწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეებზე, ღამ-ღამობით რომ ენთოს, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი. აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მჭექარე საყვირები თქვენს წინააღმდეგ დასაჭექებლად; ისრაელის ძენო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამების ღმერთთან ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი.“ ამასობაში იერობოყამმა უკან ჩაუსაფრა ხალხი; თვით იუდაელთა წინ იყვნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ. თვალი მოავლო იუდამ, და აჰა, წინიდან და უკნიდან ომია გაჩაღებული. მაშინ მოუხმეს მათ უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს. საომარი კიჟინა დასცეს იუდაელებმა. და როდესაც კიჟინა დასცეს, ღმერთმა დაამარცხა იერობოყამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე. და გაექცნენ ისრაელიანები იუდას, მაგრამ ღმერთმა მათ ხელში ჩაყარა ისინი. და სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით, 500 ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან. და მოდრკნენ ისრაელიანები, ხოლო იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს. და გაედევნა აბია იერობოყამს და წაართვა ქალაქები: ბეთელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრონი თავისი დაბებით. და ვეღარ მოიკრიბა იერობოყამმა ძალა აბიას დღეებში, და დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი. აბია კი განმტკიცდა და 14 ცოლი შეირთო. და შეეძინა 22 ძე და 16 ასული. აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში. და განისვენა აბიამ თავის მამებთან, და დამარხეს დავითის ქალაქში; მის ნაცვლად ასა გამეფდა, მისი ძე. ასას დროს ათ წელიწადს მოსვენებული იყო იუდას ქვეყანა. კეთილად იქცეოდა და სწორად იქცეოდა ასა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში: მოშალა უცხო ღმერთების სამსხვერპლოები და მაღლობები, შემუსრა ქანდაკებები და აჩეხა აშერები. და უთხრა იუდას, გამოეძია უფალი, თავისი მამების ღმერთი, და შეესრულებინა მისი რჯული და მცნებები. და გააუქმა იუდას ყველა ქალაქში სამსხვერპლო მაღლობები და მზის სვეტები. და მოისვენა სამეფომ მის ხელში. და ააგო იუდაში გამაგრებული ქალაქები, რადგან მოსვენებული იყო ქვეყანა და არც ომი ჰქონია იმ წლებში, რაკი უფალმა სიმშვიდე მისცა. და უთხრა იუდას: „ავაშენოთ ეს ქალაქები და გარს გალავნები, კოშკები, კარიბჭეები და ბურჯები შემოვავლოთ. ქვეყანა კვლავ ჩვენს ხელშია, რადგან გამოვიძიეთ უფალი, ჩვენი ღმერთი. გამოვიძიეთ და ირგვლივ სიმშვიდე გვიბოძა.“ და დაიწყეს შენება და ხელი მოემართათ. ასას ჯარი ჰყავდა: 300 ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და 240 ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. და წამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი ათასჯერ ათასიანი ჯარით, 300 ეტლით და მარეშას მოადგა. და გამოვიდა ასა მის წინააღმდეგ საომრად და დაეწყვნენ ცეფათას ხეობაში, მარეშას ახლოს. და უხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე, უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლებს კაცი!“ და შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი. და გაედევნენ ასა და მასთან მყოფი ხალხი, გერარამდე. და დაეცნენ ქუშელნი, არავინ გადარჩენილა ცოცხალი, რადგან გატყდნენ უფლის წინაშე და მისი მხედრობის წინაშე; და დიდძალი ნადავლი იგდო იუდამ ხელთ. და გაანადგურეს ქალაქები გერარის ირგვლივ, რადგან უფლის შიშმა მოიცვა ის მხარე. და გაძარცვეს ყველა ქალაქი იუდაელებმა, რადგან იქ ბევრი იყო საალაფო. პირუტყვის სადგომებიც გაანადგურეს, და უამრავი ცხვარი და აქლემი გამოირეკეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ. მაშინ ყაზარია ყოდედის ძეზე გადმოვიდა ღვთის სული, და გამოეგება იგი ასას და უთხრა: „მისმინეთ, ასავ, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ მას, იპოვით; თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ. დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, დამმოძღვრავი მღვდლისა და რჯულის გარეშე. გასაჭირში იყო და მოუხმო უფალს, ისრაელის ღმერთს. და ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი. იმ ხანებში არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოთი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში. ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი – ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი უბედურებით. თქვენ კი განმტკიცდით და მხრებს ნუ ჩამოყრით, რადგან თქვენი საქმისამებრ მოგეზღვებათ.“ ხოლო როცა ასამ მოისმინა ეს სიტყვები და აზარიას, ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. და განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის ტაძრის წინ რომ არის. და შემოიკრიბა მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მანაშესგან და სიმეონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეს ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან უფალი იყო. ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში, შეიყარნენ ისინი იერუსალიმს. და მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან 700 ხარი და 7 ათასი ცხვარი. და აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, მთელი გულითა და მთელი სულით. და ყველა, ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო – დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი, თუ ქალი. და ეფიცებოდნენ უფალს დიდი ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით. და ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძიებდნენ მას და ისიც გამოუჩნდა მათ; და უბოძა უფალმა სიმშვიდე ყოველი მხრიდან. მაყაქას, თავის დედასაც კი, ჩამოართვა დედოფლობა ასამ, რადგან აშერასათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. და აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კიდრონის ხევში დაწვა. ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულიად მინდობილი უფალს მთელი მისი სიცოცხლე. და შეიტანა ღვთის სახლში მამამისისა და მის მიერ შეწირული ნივთები: ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. და ომებიც აღარ ყოფილა ასას მეფობის ოცდამეათე წლამდე. ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ამხედრდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და იწყო რამას შენება, რათა ასასთან, იუდას მეფესთან შეწყვეტილიყო მისვლა მოსვლა. და გამოიტანა ასამ ვერცხლი და ოქრო უფლის ტაძრისა და მეფის სახლის საგანძურიდან და გაუგზავნა ბენ-ჰადადს, არამის მეფეს, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა: „იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო. აჰა, გიგზავნი ვერცხლსა და ოქროს, რათა კავშირი გაწყვიტო ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება ის მე.“ და დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები, ვინც ჰყავდა, ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ. და დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-მაიმი, და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი. ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა თავისი საქმე. და შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამადან ქვა და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. და ააშენა ამით გებაყი და მიცფა. იმ დროს მივიდა იუდას მეფე ასასთან ხანან მხილველი და უთხრა: „არამის მეფეს რომ მიენდე და არ მიენდე უფალს, შენს ღმერთს, ამის გამო გადაურჩა არამის ჯარი შენს ხელს. განა ქუშელთა და ლიბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაყარა ისინი შენს ხელში; რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.“ და განურისხდა ასა მხილველს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო მისი ნათქვამის გამო; სხვა მრავალი ადამიანიც დაიჩაგრა მაშინ. ასას პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში. თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუავადდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს. და განისვენა ასამ თავის მამებთან, და მიიცვალა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს. და დამარხეს მის სამარხში, თავისთვის რომ გაიმზადა, დავითის ქალაქში. და დაასვენეს იგი სარეცელზე, რომელიც აავსეს საამო სურნელებებითა და მენელსაცხებლეთა ხელობით დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლებით. და დაუნთეს მას დიდზე დიდი კოცონი. მის ნაცვლად მისი ძე იოშაფატი გამეფდა. ძალა მოიკრიბა ისრაელიანთა წინააღმდეგ იოშაფატმა. და ჩააყენა ჯარი იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში. მცველები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის ქალაქებში, რომელიც მამამისმა ასამ დაიპყრო. და უფალი იყო იოშაფატთან, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაყალები არ უძებნია. და ეძიებდა თავისი მამის ღმერთსა და მის მცნებებს ასრულებდა და არ იქცეოდა ისრაელიანთა მსგავსად. და გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. და მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა. და გული მიეცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში. თავისი მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნეთანელი და მიქაია იუდას ქალაქების დასამოძღვრად. მათ თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობ-ადონია და მათვე გააყოლა მღვდლები: ელიშამაყი და იორამი. და მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. და მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი. უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს. ფილისტიმელთ იოშაფატთან მოჰქონდათ ძღვენი და ვერცხლით იხდიდნენ ხარკს; ასევე არაბებსაც მოჰყავდათ 7 700 ვერძი და 7 700 ვაცი. და თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. და ააშენა იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები. დიდძალი მარაგი ჰქონდა იუდას ქალაქებში, და მებრძოლი ხალხი, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა იერუსალიმში. აჰა, მათი ჩამონათვალი მამისსახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: თავკაცი ყადნა, მას ჰყავდა 300 ათასი მაგარი ვაჟკაცი; მის მერე იყო თავკაცი იეჰოხანანი. მას 280 ათასი ჰყავდა; მის მერე იყო ამასია, ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს, მასთან იყო 200 ათასი მაგარი ვაჟკაცი; ბენიამინს ჰყავდა მამაცი ვაჟკაცი ელიადაყი და მასთან ერთად 200 ათასი ფარ-შუბოსანი კაცი; მის მერე იყო იეჰოზაბადი და მასთან ერთად 180 ათასი აღჭურვილი მებრძოლი. აჰა, ისინი, ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, მათ გარდა, მეფემ იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში რომ ჩააყენა. უხვად ჰქონდა დოვლათი და პატივი იოშაფატს, და დაუმოყვრდა იგი ახაბს. რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა ახაბთან სამარიაში და მრავალი ცხვარ-ძროხა დაუკლა ახაბმა მას და იმ ხალხს, თან რომ ახლდნენ. და მან დაიყოლია იგი გალაადის რამოთზე გასალაშქრებლად. და უთხრა ახაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: „წამომყვები გალაადის რამოთზე?“ და უთხრა: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? შენთან ვარ ბრძოლაში.“ და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „აბა, დაეკითხე დღეს, რას იტყვის უფალი.“ და შეკრიბა ისრაელის მეფემ ოთხასამდე წინასწარმეტყველი და უთხრა მათ: „გავილაშქროთ გალაადის რამოთზე, თუ თავი შევიკავოთ?“ უთხრეს: „გაილაშქრე, ღმერთი მეფის ხელში ჩაყრის მათ.“ და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხო?“ უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. ის არის მიქაია იმლას ძე.“ თქვა იოშაფატმა: „ნუ ამბობს ასე მეფე.“ და უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია იმლას ძე.“ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის ტახტებზე, კალოზე, სამარიის კარიბჭესთან და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე. და გაიკეთა ცედეკია ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘ამით შენ ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.’“ ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: „მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი მას.“ ასე ეუბნებოდა მიქაიას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: „აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი, შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს; შენცა თქვი რამ სასიკეთო.“ და თქვა მიქაიამ: „უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს.“ და მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?“ თქვა: „გაილაშქრე და გაიმარჯვებ, თქვენს ხელში ჩაცვივდებიან.“ და უთხრა მეფემ: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?“ და უთხრა: „ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მთებზე მიმოფანტული, და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ მათ, დაე მშვიდობით დაუბრუნდნენ თავ-თავიანთ სახლებს.’“ და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.“ და თქვა მიქაიამ: „აბა, ისმინეთ უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი, და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში – მარჯვნივ და მარცხნივ. და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთს?’ ერთი ერთს ამბობდა, მეორე – მეორეს. და გამოვიდა სული, და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ და უთხრა უფალმა: ‘რითი?’ და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მის წინასწარმეტყველთა ბაგეებში.’ და თქვა უფალმა: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.’ აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.“ მიეჭრა ცედეკია ქენაყანას ძე და სილა გააწნა მიქაიას, და უთხრა: „როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სიტყვამ და შენში მეტყველებს?“ და თქვა მიქაიამ: „მაშინ ნახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალად.“ და თქვა ისრაელის მეფემ: „შეიპყარით მიქაია და მიჰგვარეთ ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს. და უთხარით, ასე ამბობს-თქო მეფე: ‘საპყრობილეში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.’“ და თქვა მიქაიამ: „თუ მშვიდობით მობრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით.“ და თქვა: „ხალხნო, ისმინეთ ყველამ!“ და წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე. და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ისე გავალ საომრად. ჩაიცვი შენი სამოსელი.“ და გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდნენ საომრად. არამის მეფემ უბრძანა ეტლების მეთაურებს, ვინც ჰყავდა: „ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.“ და როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს: ეს უნდა იყოსო ისრაელის მეფე. და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. და შეღაღადა იოშაფატმა და უფალი შეეწია – ღმერთმა მოაშორა მას მომხდურნი. და როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ ის არ იყო ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას. ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. და უთხრა თავის მეეტლეს: „გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.“ და გახურდა ომი იმ დღეს და დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ საღამომდე და მოკვდა მზის ჩასვლისას. და დაბრუნდა იოშაფატი, იუდას მეფე, თავის სახლში მშვიდობით, იერუსალიმში. და გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: „განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს. თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გულით განეწყვე ღვთის საძიებლად.“ და ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში, და კვლავ გავიდა ხალხში ბეერ-შებაყიდან ეფრემის მთამდე და მოაქცია იგი უფლისაკენ, მამათა ღმერთისაკენ, და დააყენა მსაჯულები ქვეყანაში, იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში, ყოველ ქალაქში. და უთხრა მსაჯულებს: „დაუკვირდით, რას აკეთებთ, რადგან კაცისათვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლისათვის. იგი თქვენთან არის სამსჯავროზე. უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან არ არის უფალთან, ჩვენს ღმერთთან, უსამართლობა, არც თვალთმაქცობა და არც ანგარება.“ იოშაფატმა იერუსალიმში უფლის მსჯავრის გამოსატანად და დავის გადასაწყვეტად დააყენა ლევიანთაგან მღვდელნი და ისრაელის მამისსახლთა თავკაცები და დაბრუნდნენ იერუსალიმს. და უბრძანა მათ და უთხრა: „ასე აკეთეთ საქმე უფლის მოშიშებით, ჭეშმარიტებითა და ერთგულებით. ყველა სადაო საქმე, რომელიც კი შემოვა თქვენთან თქვენს მოძმეთაგან, თავიანთ ქალაქებში რომ ცხოვრობენ, სასისხლო იქნება ეს თუ რჯულის, მცნების, წესებისა და კანონების საქმე, გააფრთხილეთ, რომ უფალს არ შესცოდონ და თქვენც, თქვენს ძმებთან ერთად უფლის რისხვა არ დაიტეხოთ. ასე გააკეთეთ და არ შესცოდავთ. აჰა, მღვდელმთავარი ამარია გეყოლებათ ყველა საუფლო საქმეში, ზებადია ისმაელის ძე კი, იუდას სახლის წინამძღოლი, ყველა სამეფო საქმეში. ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენს წინაშე. მტკიცედ იდექით და იმოქმედეთ და კეთილთან იქნება უფალი.“ ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბის ძენი და ყამონელები, მეყუნიმელნიც მათთან იყვნენ იოშაფატის წინააღმდეგ საომრად. და მოვიდნენ და ამბავი მოუტანეს იოშაფატს და უთხრეს: „დიდი ურდო გადმოვიდა შენს წინააღმდეგ საომრად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცაცონ-თამარში არიან, ანუ ყენ-გედიში.“ და შეშინდა იოშაფატი და საკითხავად უფალს მიმართა. და მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა. და შეიკრიბა იუდა უფლისგან სათხოვრად. იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფალთან შესავედრებლად. და წარდგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლში, ახალი ეზოს წინ, და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არ არის ძალა და სიმტკიცე? და ვერც ვერავინ აღგიდგება წინ. განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენი ერის, ისრაელის, თვალწინ? განა შენ არ მიეცი იგი საუკუნოდ შენი მოყვასის, აბრაამის მოდგმას? და დამკვიდრდნენ იქ, და საწმიდარი ააშენეს შენს სახელზე და თქვეს: ‘თუ თავს რამე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება, მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენს წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში, და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი.’ აჰა, ახლა ყამონიანები და მოაბი, სეყირის მთიელები, მათს ქვეყანაზე გავლის ნება რომ არ დართე უფალო ისრაელიანთ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი, აჰა, სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ მოვიდნენ ჩვენი სამკვიდრებლის წასართმევად, რომელიც შენ დაგვიმკვიდრე. ღმერთო ჩვენო, განა შენ არ დაადებ მათ სასჯელს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენსკენაა ჩვენი თვალი მოპყრობილი!“ მთელი იუდა უფლის წინაშე იდგა თავიანთი ჩვილებით, ქალებითა და ვაჟებით. მაშინ გადმოვიდა შუაგულ კრებულში უფლის სული იახაზიელზე, ზაქარიას ძეზე, ძისა ბენაიასი, ძისა იეყიელისა, ძისა მათანიასი, ლევიანზე ასაფიანთაგან, და თქვა: „ყური მიგდეთ, იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო, მეფე იოშაფატ! ასე გეუბნებათ უფალი: ‘ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს. ხვალ დაეშვით მათკენ. აჰა, ისინი ციცის მაღლობზე ამოდიან, ხევის ბოლოში წააწყდებით მათ, იერუელის უდაბნოს წინ. ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით და დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო!’ ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან.“ და პირქვე დაემხო იოშაფატი მიწაზე, და მთელი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი უფლის თაყვანისცემად. და წამოიმართნენ ლევიანები კოჰათიანთაგან და კორახიანთაგან, რათა მაღალი ხმით ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა. და ადგნენ დილაადრიანად და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას დადგა იოშაფატი და თქვა: „მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო, დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით, გწამდეთ მის წინასწარმეტყველთა და მოგემართებათ ხელი.“ და დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეიარაღებულთა წინ მავალთ და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“ იმ დროს, როცა დაიწყეს ყიჟინა და სიმღერა, უფალმა შფოთში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული მოაბელნი, ყამონიანები და სეყირის მთიელები და გაანადგურა. აღდგნენ ყამონიანები, და მოაბის ძენი სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად, და როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად. და ავიდნენ იუდაელნი უდაბნოს ბორცვზე, და გადახედეს ურდოს, და აჰა, გვამები ყრია მიწაზე და აღარავინ გადარჩენილა. და მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისათვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. და იმდენი შეიგროვეს, რომ ვეღარ მიჰქონდათ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო. მეოთხე დღეს კურთხევის ველზე შეიკრიბნენ, რადგან იქ აკურთხეს უფალი. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს კურთხევის ველს. და გამობრუნდა მთელი იუდა და იერუსალიმი იოშაფატის მეთაურობით, რათა გახარებულები დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, რადგან უფალმა გაახარა ისინი მტრებზე. და შევიდნენ იერუსალიმში ქნარებით, ბობღნებითა და საყვირებით უფლის ტაძრისაკენ. და შიში დაეცა ქვეყანათა ყველა სამეფოს, როცა გაიგეს, რომ ისრაელის მტრებს უფალი ებრძოდა. და მოისვენა იოშაფატის სამეფომ, სიმშვიდე უბოძა მას ყოველი მხრიდან მისმა ღმერთმა. და მეფობდა იოშაფატი იუდაზე. 35 წლისა გამეფდა იოშაფატი და 25 წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზუბა, შილხის ასული. ასას, თავისი მამის, გზას ადგა და არ უხვევდა მისგან. სწორად იქცეოდა უფლის თვალში. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამების ღმერთისაკენ. იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, ჩაწერილია იეჰუ ხანანის ძის მატიანეში, რომელიც შეტანილია ისრაელის მეფეთა წიგნში. ამის შემდეგ იოშაფატმა, იუდას მეფემ, კავშირი შეკრა ახაზიასთან, ისრაელის მეფესთან, რომელიც ბოროტს აკეთებდა. მასთან კავშირი იმიტომ შეკრა, რომ ხომალდები აეგო თარშიშში წასასვლელად. და გააკეთეს ხომალდები ყეციონ-გებერში. და იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიყეზერ დოდავაჰუს ძემ, მარეშელმა, და თქვა: „რაკი კავშირი შეჰკარი ახაზიასთან, ამიტომ უფალი ჩაფუშავს შენს საქმეს.“ და დაილეწა ხომალდები და ვეღარ შეძლეს თარშიშში წასვლა. განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიმარხა მათ გვერდით დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად იორამი, მისი ძე, გამეფდა. და ჰყავდა მას ძმები, იოშაფატის ვაჟები: ყაზარია, იეხიელი, ზაქარია, ყაზარია, მიქაელი, შეფატია, ესინი არიან იოშაფატის, ისრაელის მეფის, ძენი. და მისცა მათ მამამ მრავალი საჩუქარი – ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, იუდას გამაგრებულ ქალაქებთან ერთად; სამეფო კი იორამს გადასცა, რადგან იგი პირმშო იყო. და დაიჭირა მამამისის სამეფო იორამმა და, როცა გაძლიერდა, მახვილით დახოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავრები. 32 წლისა იყო იორამი, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა ახაბის სახლი, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში. მაგრამ არ უნდოდა უფალს დავითის სახლის დაქცევა იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეჰპირდა, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ. მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს სხვა მეფე. და გაემართა იორამი თავისი მხედართმთავრებით და მთელი თავისი ეტლიონით. და ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ, და ეტლიონთა მეთაურებს. და განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე; იმხანადვე განუდგა ლიბნაც იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამების ღმერთი. მანაც მოაწყო მაღლობები იუდას მთებში და გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა. და წერილი მოუვიდა მას ელია წინასწარმეტყველისაგან, რომელშიც ეწერა: „ასე ამბობს უფალი, მამაშენის, დავითის, ღმერთი: იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის, იოშაფატის და იუდას მეფე ასას, გზას, არამედ ისრაელის მეფეთა გზით წახვედი, გარყვენი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი ახაბის სახლის გარყვნილების მსგავსად, თანაც შენზე უკეთესი შენი ძმები – მამაშენის სახლი – ამოწყვიტე, აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და შენს ცოლებს და მთელ შენს სარჩო-საბადებელს. შენ კი მძიმე სენს შეგყრის, ნაწლავთა სენს, ისე რომ ნაწლავები სნეულებით დღე და დღე გადმოგცვივა.“ და აღძრა უფალმა იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სული, ქუშელთა მეზობლად რომ ცხოვრობენ; და გაილაშქრეს იუდაზე, და შეიჭრნენ მასში და ხელში ჩაიგდეს მთელი ქონება, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, აგრეთვე მისი ვაჟები და ცოლები. ძე აღარ დარჩა, გარდა იეჰოახაზისა, მის ძეთა შორის უმრწემესისა. ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით. ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გადმოსცვივდა ნაწლავები სენისაგან და საშინელი ტანჯვებით მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კეთილსურნელების კოცონი, როგორც მის მამებს უნთებდნენ. 32 წლისა იყო როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არავის დანანებია. და დამარხეს დავითის ქალაქში, სამეფო სამარხში. და გაამეფეს იერუსალიმის მცხოვრებლებმა მის ნაცვლად ახაზია, მისი უმცროსი ძე, რადგან უფროსები ბანაკში შემოჭრილმა არაბებმა ამოხოცეს. და გამეფდა ახაზია, იუდას მეფის, იორამის, ძე. 42 წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღათალია, ყომრის ასული. ახაზიაც ახაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა უღმერთოების კეთებას. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, ახაბის სახლის მსგავსად, რადგან, მისდა საუბედუროდ, მამამისის სიკვდილის შემდეგ მისი მრჩეველნი ისინი იყვნენ. იგი მათი რჩევით გაჰყვა იორამ ახაბის ძეს, ისრაელის მეფეს, არამის მეფე ხაზაელთან საომრად გალაადის რამოთში. და დაჭრეს არამელებმა იორამი. და მობრუნდა ის, რომ იზრეყელში მოეშუშებინა ჭრილობები, რაც რამაში მიაყენეს, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი. იორამთან მისვლა ღვთისაგან იყო ახაზიას დასაღუპად: რადგან მისვლისთანავე იორამთან ერთად გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძის წინააღმდეგ, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად. როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმისწულები, ახაზიას რომ ემსახურებოდნენ, და ყველანი დახოცა. და მოაძებნინა ახაზიაც და შეიპყრეს იგი სამარიაში სადაც იმალებოდა, და მიჰგვარეს იეჰუს. და მოკლეს ის და დამარხეს, რადგან თქვეს: „შვილია იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძიებდა უფალს.“ აღარავინ დარჩა ახაზიას სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა. რადგან ღათალიამ, ახაზიას დედამ, როცა დაინახა, რომ მოკვდა მისი ძე, ადგა და გაწყვიტა იუდას სახლის მთელი სამეფო მოდგმა. აიყვანა იეჰოშაბეყათმა, იორამ მეფის ასულმა, იოაში, ახაზიას ვაჟი, თავის ძიძასთან ერთად, რადგან იეჰოშაბეყათი, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლი, ახაზიას და იყო, და საწოლ ოთახში გადამალა ღათალიასაგან და ვერ მოკლეს იგი. და ექვს წელიწადს იმალებოდა იოაში მათთან ღვთის სახლში, ვიდრე ღათალია ქვეყნის დედოფალი იყო. მეშვიდე წელს ძალი მოიცა იეჰოიადაყმა და დაუკავშირდა ასისთავებს: ყაზარია იეროხამის ძეს, ისმაელ იეჰოხანანის ძეს, ყაზარია ყობედის ძეს, მაყასეია ყადაიაჰუს ძეს და ელიშაფატ ზიქრის ძეს. და წავიდნენ ისინი იუდაში, შეკრიბეს ლევიანები იუდას ყველა ქალაქში და ისრაელის ტომთა მთავრები და იერუსალიმში მოვიდნენ. აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში. და უთხრა მათ იეჰოიადაყმა: „აჰა, უფლისწული უნდა გამეფდეს, როგორც უფალმა ბრძანა დავითის ძეებზე. აი, რა უნდა გააკეთოთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან ზღურბლთა მცველები იქნებიან; ერთი მესამედი მეფის სასახლეში იქნება; ერთი მესამედი – საძირკვლის კარიბჭეში, დანარჩენი ხალხი კი – უფლის ტაძრის ეზოებში. არავინ შევიდეს სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს. და გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში, და, ვინც ტაძარში შევა, უნდა მოიკლას. იყავით მეფესთან შესვლისას და გამოსვლისას.“ ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და ყოველმა იუდაელმა, როგორც იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა მათ; წაიყვანეს თავ-თვისი ხალხი შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამომსვლელებთან ერთად, რადგან იეჰოიადაყ მღვდელს არ გაუუქმებია დღითი-დღედი მსახურება. და დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში, და დააყენა მთელი ხალხი, თითოეული თავისი იარაღით ხელში, ტაძრის მარჯვენა ფრთიდან მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან, მეფის ირგვლივ. და გამოიყვანეს უფლისწული, დაადგეს გვირგვინი და მისცეს მოწმობა. და გაამეფეს იგი და სცხეს იეჰოიადაყმა და მისმა ძეებმა და თქვეს: „იცოცხლოს მეფემ!“ და შემოესმა ღათალიას ხალხის ჩოჩქოლი, რომ მორბოდნენ და ადიდებდნენ მეფეს, და გავიდა ხალხთან უფლის ტაძრისაკენ. და, აჰა, დაინახა შესასვლელთან თავის სვეტთან მდგარი მეფე; მეფის გვერდით მისი მხედართმთავრები და მესაყვირენი იყვნენ, ქვეყნის მთელი ხალხი ხარობდა და საყვირებს უბერავდა; მგალობელნი კი სამუსიკო საკრავებით ქება-დიდებას უძღვნიდნენ. და დაიპო სამოსელი ღათალიამ და იყვირა: „ღალატია, ღალატი!“ და გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, მხედართმთავრები და უთხრა: „გარეთ გაიყვანეთ და ვინც უკან გაჰყვება მახვილით მოკალით!“ – რადგან იფიქრა: „უფლის ტაძარში არ მოკლანო.“ გზა მისცეს და, როცა მივიდა ტაძრის ცხენთა კარიბჭესთან, იქ მოკლეს. და დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავის თავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ. და შევიდა მთელი ხალხი ბაყალის სახლში და დაანგრიეს თავისი სამსხვერპლოიანად, და დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. უფლის ტაძრის საქმენი იეჰოიადაყმა იმ ლევიან მღვდლებს ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა სიხარულითა და გალობით უფლისთვის სრულადდასაწველის შესაწირად, როგორც მოსეს რჯულში სწერია, დავითის განაწესის მიხედვით. და ჩააყენა მცველები უფლის ტაძრის კარებში, რათა რაიმეთი გაუწმიდურებული არავინ შესულიყო. და წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ერისმთავრები, ქვეყნის მთელი ერი, და გაჰყვა მეფეს უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სასახლემდე, და დასვეს მეფე სამეფო ტახტზე. და გამხიარულდა ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღათალია მახვილით მოკლეს. შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და 40 წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბეერ-შებაყელი. სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში. ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა, და შეეძინა ძენი და ასულნი. ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის ტაძრის შეკეთება. და შეკრიბა მღვდლები და ლევიანები და უთხრა: „დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი აკრიბეთ წლიდან წლამდე უფლის ტაძრის შესაკეთებლად, დააჩქარეთ ეს საქმე!“ მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს. და დაიბარა მეფემ იეჰოიადაყი, მათი თავკაცი, და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვ ლევიანებს, რომ იუდასგან და იერუსალიმისაგან აკრიბონ ის გადასახადი, რომელიც მოსემ, უფლის მსახურმა, და ისრაელის კრებულმა დაადგინეს სადღესასწაულო კარვისათვის?“ რადგან ურჯულო ღათალიამ და მისმა ვაჟებმა დააზიანეს ღვთის სახლი და უფლის ტაძრის მთელი შემოწირულობა ბაყალებს მოახმარეს. და ბრძანა მეფემ და გააკეთეს ერთი ყუთი და დადგეს იგი უფლის სახლის შესასვლელთან, გარეთ, და გამოაცხადეს იუდაში და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოეტანათ ის შესაწირავი, რაც მოსემ, ღვთის მსახურმა, დაუწესა ისრაელიანთ უდაბნოში ყოფნისას. და გაიხარა ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. და მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო. როცა ლევიანთა ხელით კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ, რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ ყუთს, მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე აკეთებდნენ ყოველ ცისმარე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს. და აბარებდნენ ამას მეფე და იეჰოიადაყი უფლის ტაძრის სამუშაოთა შემსრულებლებს. ისინი ქირაობდნენ ქვისმთლელებსა და ხუროებს უფლის ტაძრის გასამაგრებლად. და იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. და აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს. როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. და დაამზადეს მისგან ტაძრისთვის ჭურჭლეული – სამსახურებელი და სრულადდასაწველისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუდამ აღავლენდნენ სრულადდასაწველს უფლის სახლში. და დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით, და მოკვდა. 130 წლისა იყო, როცა მოკვდა. და დამარხეს იგი დავითის ქალაქში, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისათვის. იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ. და მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. და განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო. და მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ. ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი, და შედგა იგი ხალხის წინ შემაღლებაზე და თქვა: „ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებათ; რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.“ აუჯანყდნენ ზაქარიას და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის ტაძრის ეზოში. და არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ძე. და როცა კვდებოდა, თქვა: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!“ წელიწადი რომ შემოიქცა, წამოვიდა მის წინააღმდეგ არამის ლაშქარი, შეიჭრა იუდაში და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი. და მთელი ნაალაფარი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს. მცირეოდენი ხალხით მოვიდა არამის ლაშქარი, მაგრამ უფალმა მათ ხელში დიდძალი ლაშქარი ჩააგდო, რადგან მიატოვეს უფალი, მამათა ღმერთი. და მსჯავრი დასდეს იოაშს. და როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, აუჯანყდნენ მას მისი მსახურნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლი რომ აეღოთ და თავისსავე საწოლში მოკლეს. და მოკვდა იგი და დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში. აჰა, მის წინააღმდეგ აჯანყებულნი: ზაბადი, ძე შიმეყათისა, ყამონელი დიაცისა, და იეჰოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა. მისი ვაჟების, მასზე თქმული მრავალი ნაქადაგარის და ღვთის სახლის შეკეთების ამბავი მეფეთა წიგნის საკითხავშია ჩაწერილი. მის ნაცვლად ამაცია, მისი ძე, გამეფდა. 25 წლისა იყო ამაცია, როცა გამეფდა, და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადინი, იერუსალიმელი ქალი. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არა მთელი გულით. და, როცა განიმტკიცა მეფობა, დახოცა თავისი მსახურნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი, მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცია, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო, და შვილები – მამების გამო, არამედ ყველა თავისი დანაშაულის გამო უნდა მოიკლას.“ და შეკრიბა ამაციამ იუდა და დააყენა მამისსახლების, ათასისთავების და ასისთავების მიხედვით მთელი იუდა და ბენიამინი. და აღრიცხა 20 წლის ასაკს გადაცილებულნი და გამოვიდა 300 ათასი ლაშქარში გამსვლელი რჩეული ვაჟკაცი, და ფარ-შუბოსანი. ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისაგან 100 ათასი მამაცი მებრძოლი. და მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: „მეფეო, ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, არც ერთთან ეფრემის ძეთაგან. მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.“ და უთხრა ამაციამ ღვთის კაცს: „ას ქანქარს რაღა ვუყო, რომელიც უკვე მივეცი ისრაელის მოქირავნეებს?“ და თქვა ღვთისკაცმა: „უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს.“ და გამოაცალკევა ამაციამ ჯარი, ეფრემიდან რომ მოუვიდა, თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად. ძალიან განრისხდნენ იუდაზე და გაცეცხლებულნი დაბრუნდნენ თავ-თავიანთ ადგილას. და ძალი მოიცა ამაციამ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისაკენ და 10 ათასი სეყირის ძე ამოხოცა. 10 ათასი კაცი ცოცხლად ჩაიგდეს ტყვედ და წამოასხეს იუდას ძეთ. და აიყვანეს კლდის თავზე და გადმოყარეს კლდიდან. და ყველანი ერთიანად დაიხოცნენ. ხოლო ლაშქარი, რომელიც ამაციამ უკან გააბრუნა, რომ საომრად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე და 3 ათასი კაცი დახოცეს და დიდძალი ნაძარცვი დახვეტეს. და, როცა დაბრუნდა ამაცია ედომელების განადგურების შემდეგ, წამოიღო სეყირიანთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა. და სცემდა მათ თაყვანს და უკმევდა. და განურისხდა უფალი ამაციას და მოუვლინა წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: „რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომელთაც ვერ იხსნეს თავისი ხალხი შენი ხელიდან?“ და როცა ამას ეუბნებოდა, უპასუხა მეფემ: „რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე, რომ თავი არ მოაკვლევინო!“ გაჩერდა წინასწარმეტყველი და თქვა: „ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ეს გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა.“ და ითათბირა ამაციამ, იუდას მეფემ, და კაცი გაუგზავნა იოაშს, იოახაზ იეჰუს ძის ვაჟს, ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: „მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.“ და შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ, ამაციას, იუდას მეფეს: „ლიბანის ძეძვმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ‘ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ძეს.’ მაგრამ ჩაიარა ლიბანის ნადირმა და გადათელა კვრინჩხი. შენ ამბობ: ‘ედომი დავამარცხე,’ და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენს სახლში, რატომ ატეხე შფოთი? შენც დაეცემი და შენთან ერთად იუდაც.“ ყური არ ათხოვა ამაციამ, რადგან ღმერთს ასე უნდოდა, რომ მტერს ჩავარდნოდა ხელში, რადგან ედომელთა ღმერთებს შეუდგა. და გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე, და მოსინჯეს ერთმანეთი ამაციამ და იუდას მეფემ ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის. და დამარცხდა იუდა ისრაელის ძეებთან და თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ. ხოლო ამაცია, იუდას მეფე, ძე იოაშისა, ძისა იეჰოახაზიასა, შეიპყრო იოაშმა, ისრაელის მეფემ, ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს, და დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე 400 წყრთის სიგრძეზე. და გაზიდა მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, და მეფის სახლის საგანძურიც. და აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიაში. ისრაელის მეფის, იოაშ იეჰოახაზიას ძის, სიკვდილის შემდეგ 15 წელი იცოცხლა ამაციამ, იოაშის ძემ, იუდას მეფემ. ამაციას დანარჩენი საქმეები – პირველნი და უკანასკნელნი – იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. მას შემდეგ, რაც ამაცია უფალს განუდგა, იერუსალიმი აუჯანყდა მას და მან თავი ლაქიშს შეაფარა. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს. და წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს თავის მამათა გვერდით იუდას ქალაქში. და გამოიყვანა მთელმა იუდამ ყუზია, 16 წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციას, ნაცვლად გაამეფა. მან აღადგინა ელოთი და დაუბრუნა იუდას, მას შემდეგ, რაც განისვენა მეფე ამაციამ თავის მამებთან. 16 წლისა გამეფდა ყუზია და 52 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაცია, მამამისი, იქცეოდა, და ეძიებდა ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია წინასწარმეტყველი, საღვთო ხილვებში განბრძნობილი. ვიდრე ეძიებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას. და გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. და დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები, და ქალაქები გააშენა აშდოდსა და ფილისტიმში. ღმერთი შეეწეოდა ყუზიას ფილისტიმელების, გურ-ბაყალში მცხოვრები არაბებისა და მეყუნელთა წინააღმდეგ. ყამონელნი ძღვენს უგზავნიდნენ ყუზიას და მისმა სახელმა ეგვიპტის საზღვრებამდე მიაღწია, რადგან მეტად გაძლიერდა იგი. და ააგო ყუზიამ გოდოლნი იერუსალიმში კუთხის კარიბჭის თავზე და ველის კარიბჭეზე და კუთხეში, და გაამაგრა ისინი. და ააგო გოდოლნი უდაბნოშიც და მრავალი ჭა ამოთხარა, რადგან ბევრი ცხვარ-ძროხა ჰყავდა დაბლობებსა და ვაკეებზე. მიწისმუშაკნი და მევენახენი კი მთებში და ქარმელში ჰყავდა, რადგან მიწის მოყვარული იყო. ყუზიას მებრძოლი ჯარი ჰყავდა, რომელიც გუნდ-გუნდად გამოდიოდა ომში და აღნუსხული იყო მათი რიცხვის მიხედვით იეყიელ მწერლისა და მაყასეია ზედამხედველის ხელით, და ხანანიას, მეფის ერთ-ერთი კარისკაცის, ხელმძღვანელობით. მამისსახლთა თავკაცების, მაგარ ვაჟკაცთა, სრული რიცხვი იყო 2 600. მათ ხელში იყო 307 500 კაცისგან შემდგარი ლაშქარი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა მეფის დასახმარებლად მტრების წინააღმდეგ. და დაუმზადა ყუზიამ მთელ ლაშქარს ფარები, შუბები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, მშვილდები და შურდულის ქვები. და ააწყო იერუსალიმში გონიერი ოსტატების მიერ მოფიქრებული მანქანები, რომ დაედგათ გოდლებსა და კუთხეებში დიდრონი ისრებისა და ლოდების სატყორცნად. შორს გაითქვა სახელი, რადგან საოცრად შეეწეოდა უფალი, ვიდრე გაძლიერდებოდა, და, როცა გაძლიერდა, გაამპარტავნდა და თავის დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე. და მიჰყვა უკან მღვდელი ყაზარია და მასთან ერთად უფლის მღვდლები – 80 მაგარი ვაჟკაცი. ისინი წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიას და უთხრეს: „შენ არ გეკუთვნის, ყუზია, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონის ძეთ, რომელნიც მკვმევლებად არიან ნაკურთხი. გამოდი საწმიდრიდან, რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისაგან.“ და განრისხდა ყუზია, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად. და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან. და მიიხედეს მისკენ ყაზარია მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. და სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას. სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ყუზია, და ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. და იოთამი, მისი ძე, განაგებდა მეფის სახლს და განიკითხავდა ქვეყნის ერს. ყუზიას დანარჩენი ამბები – პირველნი და უკასკნელნი – აღწერა წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ. და განისვენა ყუზიამ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი მამების გვერდით, მეფეთა სამარხავ მინდორზე, რადგან ამბობდნენ: კეთროვანიაო. მის ნაცვლად მისი ძე, იოთამი, გამეფდა. იოთამი 25 წლისა იყო, როცა გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული. და სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, ყუზია, იქცეოდა. ოღონდ ტაძარში არ შესულა. ხალხი კი ძველებურად სცოდავდა. და ააგო უფლის ტაძრის ზემო კარიბჭე და ყოფელის კედელიც ბევრგან აღადგინა. და იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი – ციხესიმაგრეები და გოდლები. ყამონელთა მეფეს ებრძოდა და სძლია მას. ყამონელთ იმ წელიწადს 100 ტალანტი ვერცხლი, 10 ათასი ქორი ხორბალი და 10 ათასი ქორი ქერი მისცეს. ამდენსავე აძლევდნენ ყამონიანები მეორე და მესამე წელს. და გაძლიერდა იოთამი, რადგან თავის გზებს უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე წარმართავდა. იოთამის დანარჩენი ამბები, ყველა მისი ომი და ნამოქმედარი ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში. 25 წლისა იყო იოთამი, როცა გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. და განისვენა იოთამმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა. 20 წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და 16 წელი იმეფა იერუსალიმში. სწორს არ აკეთებდა უფლის თვალში, მამამისის, დავითის, მსგავსად არ იქცეოდა; დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით და ბაყალების ქანდაკებებიც კი ჩამოასხა; და საკმეველს აკმევდა ბენ-ჰინომის ველზე; და ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ფოთლოვანი ხის ძირას. და ჩააგდო იგი უფალმა, მისმა ღმერთმა, არამის მეფის ხელში. და დაამარცხეს იგი, და მრავალნი დაატყვევეს და დამასკოში წაასხეს. გარდა ამისა, ისრაელის მეფის ხელშიც ჩააგდო, რომელმაც სასტიკად დაამარცხა. ფეკახ რემალიას ძემ ერთ დღეში 120 ათასი ამოხოცა იუდაში – ყველა კარგი ვაჟკაცი, რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. ზიქრიმ, ეფრემელმა გოლიათმა, დახოცა უფლისწული მაყასეია, სახლთუხუცესი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის შემდეგ პირველი კაცი. და ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა თავიანთ მოძმეთაგან 200 ათასი ქალი, ძე და ასული. დიდძალი ნადავლი წაართვეს და სამარიაში მიიტანეს ნაალაფარი. იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. და გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: „აჰა, განრისხებულია უფალი, თქვენი მამების ღმერთი, იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ამოწყვიტეთ ისინი ისეთი სიცოფით, რომელიც ცას მისწვდა. ახლა კი ფიქრობთ, რომ ყმებად და მხევლებად გაიხადოთ იუდას ძენი და იერუსალიმი! განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე? ახლა კი გამიგონეთ და დააბრუნეთ ტყვეები, თქვენი მოძმეებისგან რომ წამოასხით, თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ.“ წინ აღუდგნენ ეფრემის ძეთა თავკაცები: ყაზარია იეჰოხანანის ძე, ბერექია მეშილემოთის ძე, ხიზკია შალუმის ძე და ყამასა ხადლაის ძე ომიდან დაბრუნებულთ, და უთხრეს: „ნუ შემოიყვანთ აქ ტყვეებს, რადგან დანაშაული გვაქვს უფლის წინაშე ჩადენილი, თქვენ კი გინდათ, რომ კიდევ შემატოთ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულებს, რადგან დიდია ჩვენი დანაშაული და რისხვა ისრაელზე.“ და მიატოვეს მხედრებმა ტყვეები და ნაალაფარი მხედართმთავრებისა და კრებულის წინაშე. და ადგნენ სახელებით მოხსენებული ეს კაცები, მოჰკიდეს ხელი ტყვეებს და, ვინც კი შიშველი იყო მათგან, ყველა შემოსეს იმ ნაალაფარით; შემოსეს და ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს. ზეთი სცხეს, მერე სახედრებზე შესხეს ყველა დაუძლურებული და მიაცილეს იერიხომდე, ფინიკების ქალაქამდე, მათ მოძმეებამდე. თვითონ კი სამარიაში დაბრუნდნენ. იმ დროს მეფე ახაზმა მოციქულები გაუგზავნა აშურის მთავრებს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის, და კვლავ მოვიდნენ ედომელები, და დაამარცხეს იუდა და ტყვეები წაასხეს. ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს და დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გედეროთი, სოქო და მისი დაბები, თიმნა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ. ასე დაამდაბლა უფალმა იუდა ახაზის, იუდას მეფის, გამო, რადგან გარყვნა მან იუდა და ცოდვით სცოდავდა უფალს. და მიუხდა მას თილგათ-ფილნესერი, აშურის მეფე, და დახმარების ნაცვლად შეავიწროვა იგი. რადგან გაძარცვა ახაზმა უფლის სახლი, მეფის სახლი, და მთავრები, და მისცა აშურის მეფეს, მაგრამ არა თავისდა შესაწევად. თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე ახაზი. და მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რაკი ფიქრობდა, რომ მათ დასცეს იგი, და ამბობდა: „არამის მეფეთა ღმერთები ეხმარებიან არამელთ, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიან.“ მაგრამ ისინი მისი და მთელი ისრაელის დასამხობად იყვნენ გამზადებულნი. და მოაგროვა ახაზმა ღვთის სახლის ჭურჭელი და მთლიანად დალეწა, და დაკეტა უფლის სახლის კარებები, და სამსხვერპლოები დაიდგა იერუსალიმის ყველა კუთხეში. იუდას ყველა ქალაქში მაღლობები მოაწყო კერპებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამების ღმერთი. დანარჩენი მისი ამბები და ყველა მისი ნამოქმედარი – პირველნი და უკანასკნელნი – იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. და განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დამარხეს იერუსალიმში, ოღონდ ისრაელის მეფეთა სამარხში არ ჩაუსვენებიათ. მის ნაცვლად კი მისი ძე, ხიზკია, გამეფდა. ხიზკია 25 წლისა გამეფდა და 29 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბია, ზაქარიას ასული. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, იქცეოდა. მან თავისი მეფობის პირველი წლის პირველივე თვეში გააღო უფლის ტაძრის კარებები და განაახლა ისინი; და მოიყვანა მღვდლები და ლევიანები და აღმოსავლეთის მოედანზე მოუყარა თავი. და უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამების ღმერთის, სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან. რადგან შესცოდეს ჩვენმა მამებმა, ბოროტად იქცეოდნენ უფლის, ჩვენი ღმერთის, თვალში და მიატოვეს იგი, პირი აარიდეს უფლის სავანეს და ზურგი შეაქციეს, დაგმანეს კარიბჭის კარებები და ჩააქრეს სასანთლენი, აღარც საკმეველი აკმიეს და აღარც სრულადდასაწველი აღუვლინეს საწმიდარში ისრაელის ღმერთს. უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს და სამარცხვინოდ იქცა, მოსაოხრებლად და დასასტვენად, როგორც თქვენი თვალით ხედავთ. აჰა, მახვილით დაეცნენ ჩვენი მამები; ჩვენი ძენი და ასულნი და ცოლები ტყვეებად არიან ამის გამო. ახლა გულით მწადია აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი რისხვა. ჩემო შვილებო, ნუ იქნებით დაუდევარნი, რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა თავის წინაშე დაეყენებინეთ, რომ სამსახური გაგეწიათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმევლები ყოფილიყავით.“ და ადგნენ ლევიანები: მახათ ყამასაის ძე, იოელ ყაზარიას ძე – კოჰათის ძეთაგან; მერარის ძეთაგან: კიში, ძე ყაბდისა, და ყაზარია, ძე იეჰალელელისა; გერშონის ძეთაგან: იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე; ელიცაფანის ძეთაგან: შიმრი და იეყიელი; ასაფის ძეთაგან: ზაქარია და მათანია; ჰემანის ძეთაგან: იეხიელი და შიმეყი; იედუთუნის ძეთაგან: შემაყია და ყუზიელი. და შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის ტაძრის დასასუფთავებლად. და შევიდნენ მღვდლები უფლის სახლში, რათა გაეწმიდათ, და გამოხვეტეს ყოველგვარი უწმიდურება, რაც კი უფლის ტაძარსა და მის ეზოში ნახეს. და გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ, კიდრონის ხევში გადასაყრელად. პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს გაწმენდა. თვის მერვე დღეს კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ და რვა დღე წმინდეს უფლის სახლი და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს მოათავეს. და შევიდნენ მეფე ხიზკიასთან და მოახსენეს: „გავასუფთავეთ, უფლის მთელი სახლი, სრულადდასაწველის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭელი, საწინაშეო პურების მაგიდა და მთელი მისი ჭურჭელი; ასევე ყველა ის ჭურჭელი, რომელიც მეფე ახაზმა თავის მეფობაში შეაგინა თავისი ურჯულოებით, ჩვენ მოვამზადეთ და წმიდავყავით და აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინ აწყვია ის.“ დილაადრიანად ადგა მეფე ხიზკია, შეკრიბა ქალაქის მთავრები და უფლის სახლში ავიდა. შვიდი ზვარაკი, შვიდი ვერძი, შვიდი კრავი და შვიდი ვაცი მიიყვანეს სამეფოს, საწმიდრისა და იუდას ცოდვისთვის, და აარონის ძეთ – მღვდლებს – უბრძანა მათი აღვლენა უფლის სამსხვერპლოზე. და დაკლეს ზვარაკები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს აპკურეს; და დაკლეს ვერძები და სისხლი სამსხვერპლოს აპკურეს; და დაკლეს კრავები და სისხლი სამსხვერპლოს აპკურეს. და მორეკეს ცოდვის განტევების ვაცები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დააწყვეს მათ. და დაკლეს ისინი მღვდლებმა და განწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისათვის ბრძანა მეფემ სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლის აღვლენა. და დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ებნებითა და ქნარებით, დავითისა და გადის – მეფის მხილველის – და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მის წინასწარმეტყველთაგან. ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით. და გასცა ბრძანება ხიზკიამ, რომ აღევლინათ სრულადდასაწველი სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო სრულადდასაწველის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი საყვირების ხმა დავითის, ისრაელის მეფის, საკრავების თანხლებით. და მთელი კრებული თაყვანს სცემდა; მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდა. ასე გრძელდებოდა სრულადდასაწველის აღვლენის დამთავრებამდე. სრულადდასაწველს რომ მორჩნენ, მეფემ და ყველა მასთან მყოფმა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. მეფე ხიზკიამ და მთავრებმა უთხრეს ლევიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მხილველის სიტყვებით, და ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს. და მიუგო ხიზკიამ და თქვა: „ახლა თქვენ უკვე ნაკურთხი ხართ უფლისათვის; მოდით და შემოსწირეთ საკლავები და სამადლობელო ძღვენი უფლის სახლში.“ და შესწირა კრებულმა საკლავები და სამადლობელო ძღვენი, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა – სრულადდასაწველიც. იმ სრულადდასაწველთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: 70 ზვარაკი, 100 ვერძი, 200 კრავი; ყოველივე ეს უფლისათვის იყო სრულადდასაწველად. სულ შეწირულ იქნა: 600 ზვარაკი და 3 ათასი ცხვარი. ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და ვეღარ აუდიოდნენ ყველა სრულადდასაწველის გატყავებას, ამიტომ მათი მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და მღვდლები არ განიწმიდნენ, რადგან ლევიანები უფრო გულმოდგინეობდნენ განსაწმედად, ვიდრე მღვდლები. თანაც უამრავი იყო სრულადდასაწველი სამშვიდობო მსხვერპლის ქონთან და სრულადდასაწველის საღვრელთან ერთად. და ასე აღდგა უფლის ტაძრის სამსახური. და გაიხარა ხიზკიამ და მთელმა ერმა იმის გამო, რომ ასე განაწყო უფალმა ხალხი, რადგან ეს მოულოდნელად მოხდა. და შეუთვალა ხიზკიამ მთელს ისრაელს და იუდას, წერილები მისწერა ეფრემსა და მანაშეს, რათა მოსულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლისათვის, ისრაელის ღმერთისათვის, პასექის გასამართად. და გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ. რადგან იმჟამად არ შეეძლოთ თავის დროზე გადახდა, რაკი მღვდლები არ იყვნენ განწმედილნი საკმარისი რაოდენობით, და ჯერ არც ხალხი იყო თავმოყრილი იერუსალიმში. სწორად ჩათვალეს ეს მეფემ და მთელმა კრებულმა. და დაადგინეს, ხმა გაევრცელებინათ მთელ ისრაელში, ბეერ-შებაყიდან დანამდე, რომ მოსულიყვნენ და პასექი გადაეხადათ უფლისათვის, ისრაელის ღმერთისათვის, იერუსალიმში, რადგან დიდხანს არ ჰქონდათ გადახადილი იმ დროს, როცა დაწესებული იყო. და მოიარეს მალემსრბოლელებმა მეფისა და მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს ხალხს: „ისრაელიანებო, დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისააკის და ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, რაც აშურის მეფეთა ხელს გადაურჩით. ნუ იქნებით თქვენი მამებისა და მოძმეთა მსგავსნი, რომელთაც შესცოდეს უფალს, თავიანთი მამების ღმერთს და, როგორც ხედავთ, მანაც გასწირა ისინი გასაპარტახებლად. ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი, თქვენი მამების მსგავსად; დაემონეთ უფალს, მოდით მის საწმიდარში, რომელიც მან საუკუნოდ განწმიდა; ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა. თუ დაუბრუდნებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები მათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, თქვენი ღმერთი. ზურგს აღარ შეგაქცევთ, თუ დაუბრუნდებით მას.“ და დადიოდნენ მალემსრბოლნი ქალაქიდან ქალაქში, ეფრემის, მანაშესა და ზებულუნის ქვეყანაში, მაგრამ დასცინოდნენ მათ და აბუჩად იგდებდნენ. მხოლოდ ზოგიერთნი მოდრკნენ აშერში, მანაშესა და ზებულუნში და მოვიდნენ იერუსალიმს. იუდაზეც იყო ღვთის ხელი მათზე, რათა ერთი ფიქრი ჰქონოდათ, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისამებრ. და დიდძალი ხალხი მოაწყდა იერუსალიმს მეორე თვეს უფუარობის დღესასწაულზე. მრავლის უმრავლესი იყო კრებული. და ადგნენ და მოაშორეს სამსხვერპლოები, იერუსალიმში რომ იყო. ასევე ყველაფერი, რაზეც საკმეველს უკმევდნენ, აიღეს და კიდრონის ხევში გადაყარეს. და დაკლეს საპასექო კრავი მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. და შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, განიწმიდნენ და სრულადდასაწველი მიიტანეს უფლის სახლში. და დადგნენ თავ-თავის ადგილას მათი წესისამებრ, მოსეს, ღვთისკაცის, რჯულის მიხედვით. მღვდლები აპკურებდნენ სისხლს, რომელსაც ლევიანთა ხელიდან იღებდნენ. მრავლად იყვნენ კრებულში განუწმედელნი, ამიტომ დაკლეს ლევიანებმა საპასექო კრავები ყველა გაუწმიდურებულისთვის, რათა უფლისათვის განეწმიდათ ყველა გაუწმიდურებული. თუმცა ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემისგან, მანაშესგან, ისაქარისგან და ზებულუნისგან არ განწმედილა, მაინც ჭამეს პასექი, წერილის საწინააღმდეგოდ, რადგან ასე ილოცა მათთვის ხიზკიამ: „სახიერმა უფალმა მიუტეოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა უფალი ღმერთი, თავისი მამების ღმერთი, თუმცა კი საწმიდრის წესით არ განწმედილა.“ და უსმინა უფალმა ხიზკიას და მიუტევა ხალხს. ისრაელიანთ და იმათ, ვინც კი იერუსალიმში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული დიდის სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის სადიდებელი საკრავებით. გულითადად ელაპარაკა ხიზკია ყველა ლევიანს, რომელიც კეთილი გონებით ემსახურებოდა უფალს. შვიდი დღე ჭამდნენ სადღესასწაულოს, სწირავდნენ სამშვიდობო მსხვერპლს და მადლობდნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს. და გადაწყვიტა მთელმა კრებულმა, რომ მომდევნო შვიდი დღეც ეზეიმათ, და ეს შვიდი დღეც სიხარულში გაატარეს, რადგან ხიზკიამ, იუდას მეფემ, კრებულისთვის გაიღო ათასი ზვარაკი და 7 ათასი ცხვარი, მთავრებმა გაიღეს კრებულისთვის ათასი ზვარაკი, 9 ათასი ცხვარი, და განიწმიდა მრავალი მღვდელი. და ხარობდა იუდას მთელი კრებული, მღვდლები და ლევიანები, ისრაელიდან მოსული მთელი კრებული, ისრაელის ქვეყნიდან მოსული ხიზნები და იუდას მკვიდრნი. ისეთი დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რომლის მსგავსი სოლომონის, დავითის ძის, ისრაელის მეფის დღეების მერე არ ყოფილა იქ. და წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი, მოსმენილ იქნა მათი ხმა, და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფელამდე ზეცაში. ყოველივე ეს რომ დამთავრდა, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დალეწეს სვეტები, გაჩეხეს აშერები, დაანგრიეს მაღლობები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემში, მანაშეში – ერთიანად. და დაბრუნდა ყველა ისრაელიანი თავ-თავის სამკვიდრებელში, თავის ქალაქში. და დააყენა ხიზკიამ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავისი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად ან ლევიანებად სრულადდასაწველისა და სამშვიდობო მსხვერპლის შესაწირავად, უფლის ბანაკის კარიბჭეში საქებრად და სადიდებლად. და დააწესა მეფემ წილი თავისი ქონებიდან, სრულადდასაწველისათვის: სრულადდასაწველისათვის დილისა და სრულადდასაწველისათვის მწუხრისა და სრულადდასაწველთათვის შაბათებისა და ახალმთვარობებისა და დღესასწაულებში, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი. და უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული, როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელიანთ მარცვლეულის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის მოსავლის პირველნაყოფი, და სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს. იუდას ქალაქებში მცხოვრებმა ისრაელიანებმა და იუდაელებმა ასევე მორეკეს მეათედი ცხვარ-ძროხისა და მოიღეს მეათედი შენაწირიდან, რომელიც უფლისთვის, თავიანი ღმერთისთვის ჰქონდათ მიძღვნილი. მოიტანეს და გროვად დაახვავეს. მესამე თვეში დაიწყეს შეგროვებულის დახვავება და მეშვიდე თვეში დაამთავრეს. და მოვიდნენ ხიზკია და მთავრები, და ნახეს ხორაგი და აკურთხეს უფალი და მისი ერი – ისრაელი. ჰკითხა ხიზკიამ მღვდლებსა და ლევიანებს ხორაგის თაობაზე. და უთხრა მას ყაზარია მღვდელმთავარმა, ცადოკის სახლის პირველმა კაცმა: როცა დაიწყეს უფლის სახლში ძღვენის მოტანა, ძღომაზე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ერი, და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა. და თქვა ხიზკიამ, ბეღლები მოემზადებინათ უფლის სახლში. და მოამზადეს. და შეზიდეს ბეღლებში ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქონანია, მისი ძმა შიმეყი მეორე კაცი იყო. იეხიელი, ყაზაზია, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქია. მახათი და ბენაია მეთვალყურენი იყვნენ ქონანიასა და შიმეყის, მისი ძმის, ხელქვეით, მეფე ხიზკიასა და ყაზარიას, უფლის ტაძრის წინამძღვრის ბრძანებით. კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და წმიდათა წმიდა შეწირულობა. მის ხელქვევით მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იესო, შემაყია, ამარია, შექანია, რომ პატიოსნად გაენაწილებინათ მოძმეთათვის, მათი დასებისდა მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის, გარდა საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილთა, სამი წლის ასაკიდან მოყოლებული ყველა მამაკაცისთვის, უფლის სახლში ყველა მომსვლელისა ყოველდღიურ საქმეზე, მათი სამსახურისთვის მათი თანამდებობისდა მიხედვით, საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის, მათ მამისსახლთა მიხედვით, 20 წლის ასაკს გადაცილებულ ლევიანთათვის, მათი თანამდებობისა და დასების მიხედვით. საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა მათი წვრილშვილისთვის, ცოლებისთვის, ვაჟებისთვის და ასულებისთვის, მთელი კრებულისთვის, რადგან პატიოსნად განიწმიდნენ წმიდა მსახურებისათვის. ხოლო აარონის ძეთათვის – მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ, ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის. ასე გააკეთა ხიზკიამ მთელ იუდაში, და იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით გააკეთა უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე. ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა. ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სენახერიბი, აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქებს. მათ გატეხას ფიქრობდა. როცა დაინახა ხიზკიამ, რომ მოვიდა სენახერიბი და იერუსალიმზე ლაშქრობას აპირებს, გადაწყვიტა თავის მთავრებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, ამოევსოთ წყლის სათავეები, რომლებიც ქალაქგარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ. შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს: „რატომ უნდა ნახონო მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?“ მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები. მხედართმთავრები დაუყენა ხალხს, შემოიკრიბა ისინი ქალაქის კარიბჭის მოედანზე და გაამხნევა: „განმტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო დიდი ძალაა, ვიდრე მასთან. მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეწიოს და იომოს ჩვენს ბრძოლებში.“ და გამხნევდა ხალხი ხიზკიას, იუდას მეფის, სიტყვებზე. ამის შემდეგ სენახერიბმა, აშურის მეფემ, რომელიც მთელი თავისი ძალებით ლაქიშის წინ იდგა, გაუგზავნა თავისი მსახურნი იერუსალიმში ხიზკიას, იუდას მეფეს, და მთელ იუდას, იერუსალიმში მყოფს, რომ ეთქვათ: „ასე ამბობს სენახერიბი, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვთ, იერუსალიმის ციხესიმაგრეში რომ ჩამსხდარხართო? განა ხიზკია არ გაცდუნებთ, რომ შიმშილითა და წყურვილით ამოგხადოთ სული, როცა გეუბნებათ: ‘უფალი, ჩვენი ღმერთი, გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან?’ განა მაგ ხიზკიამ არ დაანგრია მისი გორაკები და სამსხვერპლოები? განა ასე არ უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ‘ერთი სამსხვერპლოს წინაშე უნდა სცეთ თაყვანი, და მასზე უნდა აკმიოთ საკმეველი?’ განა არ იცით, რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამებმა ქვეყნის ყველა ხალხებს? განა შეძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა, რომ ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები? რომელი იყო ჩემი მამებისგან განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი, თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან?“ ახლა არ მოგატყუოთ ხიზკიამ და არ გაცდუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას, რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შეძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამების ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნითო ჩემი ხელიდან. კიდევ ელაპარაკნენ მისი მსახურნი უფლის, მათი ღმერთის, წინააღმდეგ და მისი მსახურის, ხიზკიას, წინააღმდეგ. უფლის, ისრაელის ღმერთის, სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: „როგორც ქვეყნიერების ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც ხიზკიას ღმერთი იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან.“ ხმამაღლა უყვიროდნენ ებრაულად იერუსალიმელთ, გალავანზე მყოფთ, რომ შეეშინებინათ და თავზარი დაეცათ, და აეღოთ ქალაქი. ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნიერების ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილებზე. ამის გამო ილოცეს მეფე ხიზკიამ და წინასწარმეტყველმა ესაია ამოცის ძემ, და ცას შეჰღაღადეს. მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და მეთაური. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და, როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი საზარდულიდან გამოსულმა შვილებმა მახვილით განგმირეს იქ. იხსნა უფალმა ხიზკია და იერუსალიმის მკვიდრნი აშურის მეფის – სენახერიბის – და ყველას ხელიდან, და დაიფარა ყოველი მხრივ. მრავალს მოჰქონდა იერუსალიმში ძღვენი უფლისათვის და რჩეული საჩუქრები იუდას მეფე ხიზკიასთვის. მას შემდეგ ამაღლდა იგი ყველა ხალხების თვალში. იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი. მაგრამ არ მიაგო ხიზკიამ სანაცვლო, მის მიმართ გამოჩენილი სიკეთისთვის, რადგან გამედიდურდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდასა და იერუსალიმზე. და, როცა დაიცხრო ხიზკიამ მედიდურება – თვითონ და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრმა – აღარ დასტყდომიათ თავს ღვთის რისხვა ხიზკიას დღეებში. დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა ხიზკიას. საგანძურები მოიწყო ვერცხლისთვის, ოქროსთვის, პატიოსანი ქვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისათვის და ყოველგვარი ძვირფასი ნივთისათვის; ბეღელ-მარნები აიშენა მიწის ნაყოფისთვის: პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის; ბაკები – ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები – ცხვრის ფარებისთვის; ქალაქებიც ააშენა თავისთვის; ცხვარ-ძროხა მრავლად ჰყავდა, რადგან ღმერთი მას დიდძალ დოვლათს აძლევდა. მანვე გადაკეტა გიხონის ზემო წყაროების სათავეები და ქვემოთ ჩამოიყვანა წყალი, დავითის ქალაქის დასავლეთ მხარეს; წარმატება ჰქონდა ხიზკიას ყველა საქმეებში. ხოლო როცა ბაბილონის მთავრები აგზავნიდნენ მასთან მოციქულებს, რათა გამოეძიებინათ მისგან მის ქვეყანაში მომხდარი სასწაულები, მიუშვა იგი ღმერთმა, რომ გამოეცადა და სცოდნოდა ყოველი მისი გულისნადები. ხიზკიას დანარჩენი საქმენი და მისი სიკეთენი აღწერილია წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის, ხილვაში, და იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში. და განისვენა ხიზკიამ თავის მამებთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების გვერდით. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე, მანაშე. 12 წლისა იყო მანაშე, როცა გამეფდა და 55 წელი იმეფა იერუსალიმში. და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. მან კვლავ აღადგინა სამსხვერპლო მაღლობები, მამამისმა ხიზკიამ რომ მოსპო; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს; გააკეთა აშერები და თაყვანს სცემდა ცის მხედრობას და ემსახურებოდა მათ. ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: „იერუსალიმში საუკუნოდ იქნებაო ჩემი სახელი.“ აუგო სამსხვერპლოები ცის მხედრობას უფლის ტაძრის ორთავე ეზოში. ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს ბენ-ჰინომის ველზე, მკითხაობდა, მისნობდა, ჯადოსნობდა, დაადგინა მესულთანეები და მჩხიბავები. ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის გასარისხებლად. და დადგა ჩამოსხმული კერპი ღვთის სახლში, იმ სახლში, რომელზეც ეუბნებოდა ღმერთი დავითს და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებო ჩემს სახელს, აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მის მამებს დავუდგინე, ოღონდ უნდა შეასრულონ, რაც ვუბრძანე, თანახმად მთელი რჯულისა, წესებისა და მცნებებისა, მოსეს მიერ რომ მიეცათ.“ მაგრამ აცდუნა მანაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე. ელაპარაკა უფალი მანაშესა და მის ხალხს, მაგრამ არ შეისმინეს. ამიტომ მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მანაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბაბილონს წაიყვანეს. გასაჭირში მყოფი მანაშე შეევედრა უფალს, თავის ღმერთს, და ძლიერ მოდრკა თავის მამათა წინაშე. ილოცა ღმერთის მიმართ და მანაც შეივედრა იგი; შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში, დააბრუნა. მიხვდა მანაშე, რომ თვით ღმერთია უფალი. ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა. და ჩააყენა მხედარათმთავრები იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში. მოაშორა უცხო ღმერთები და კერპები უფლის ტაძარს, ასევე ყველა საკერპო, უფლის ტაძრის მთაზე რომ ააგო იერუსალიმში, და ქალაქგარეთ გადაყარა. განაახლა უფლის სამსხვერპლო, და შესწირა მასზე სამშვიდობო და სამადლობელო მსხვერპლი, და უბრძანა იუდაელთ, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის. მაგრამ ხალხი მაინც სამსხვერპლო მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ მხოლოდ უფალს, თავის ღმერთს. მანაშეს დანარჩენი ამბები, მისი ლოცვა თავისი ღმერთის მიმართ, და იმ მხილველთა სიტყვები, რომელნიც მას უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელით ელაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. და მისი ლოცვა და როგორ უსმინა მას უფალმა, და მთელი მისი ცოდვები და უკეთურება, რასაც აკეთებდა, სამსხვერპლო მაღლობები რომ მოაწყო და აშერები და კერპები რომ აღმართა, ყველაფერი (თვით იქამდე, ვიდრე მოინანიებდა), ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი. განისვენა მანაშემ თავის მამებთან, და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად მისი ძე, ამონი, გამეფდა. 22 წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, მანაშე იქცეოდა. მამამისის მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და ემსახურებოდა. აღარ მოდრკა უფლის წინაშე, როგორც მანაშე, მამამისი, მოდრკა, არამედ უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაულები. შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მსახურნი და თავისავე სახლში მოკლეს იგი. ხალხმა ამოწყვიტა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია, გაამეფა. რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა და 31 წელიწადი იმეფა იერუსალიმში. სწორედ იქცეოდა უფლის თვალში და დავითის, მამამისის, გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც – მარცხნივ. თავისი მეფობის მერვე წელს, ჯერ კიდევ ყმაწვილი რომ იყო, ძიება დაუწყო დავითის, მამამისის, ღმერთს. მეთორმეტე წელს კი შეუდგა იუდასა და იერუსალიმის გაწმედას მაღლობებისაგან და აშერებისაგან, გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპებისაგან. მის წინაშე დაანგრიეს ბაყალების სამსხვერპლოები. აჩეხა სამზეო სვეტები, მათ ზემოთ რომ იყო აღმართული, დალეწა აშერები და გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპები მტვრად აქცია და იმათ სამარხებს გადააყარა, ვინც მსხვერპლს სწირავდნენ მათ. მათსავე სამსხვერპლოზე დაწვა მათი ქურუმების ძვლები და გაწმიდა იუდა და იერუსალიმი. მანაშეს, ეფრემისა და სიმეონის ქალაქებში, ნაფთალიმდე, ირგვლივ მათ ნაოხარებში დაანგრია სამსხვერპლოები და აშერები, მტვრად აქცია კერპები და აჩეხა სამზეო სვეტები მთელს ისრაელის ქვეყანაში და იერუსალიმში დაბრუნდა. თავისი მეფობის მეთორმეტე წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა და უფლის სახლი გაწმინდა, უფლის, თავისი ღმერთის, სახლის შესაკეთებლად გაგზავნა შაფან აცალიას ძე, ქალაქის თავი მაყასეია და მწერალი იოახ იოახაზის ძე. მივიდნენ ხილკია მღვდელმთავართან და მისცეს უფლის სახლში შეგროვილი ვერცხლი, რომელიც ლევიანებმა და ზღურბლის მცველებმა აკრიფეს მანაშეს, ეფრემის, სხვა ისრალიანების, მთელი იუდასა და ბენიამინის ხელიდან და დაბრუნდნენ იერუსალიმს. ხელში ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ისინი აძლევდნენ მას სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში მუშაობდნენ მის შეკეთებასა და გამაგრებაზე. ისინი კი ურიგებდნენ ხუროებსა და მშენებლებს, რათა ეყიდათ გათლილი ქვები და მორები კოჭებისთვის და სახლების გადასახურავად, იუდას მეფეებმა რომ დაანგრიეს. ხალხი პატიოსნად ასრულებდა სამუშაოს. თავზე ეყენათ იახათი და ყობადიაჰუ – ლევიანები მერარიანთაგან, ზაქარია და მეშულამი – კოჰათიანთაგან, და ლევიანები, ყველანი, ვინც საკრავების დაკვრაში იყვნენ გაწაფულნი. მტვირთავებზეც იყვნენ დადგენილნი და თვალყურს ადევნებდნენ ყველა სამუშაოს შემსრულებელს და ყველა საქმეს. ლევიანთაგან იყვნენ: მწერლები, ზედამხედველები და კარისმცველები. როცა უფლის სახლში მიტანილი ვერცხლი გამოჰქონდათ, ხილკია მღვდელმა მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა. უთხრა ხილკიამ შაფან მწერალს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.“ და ჩააბარა ხილკიამ წიგნი შაფან მწერალს. შაფან მწერალმა მეფეს წაუღო წიგნი, თან ამბავი მიუტანა და უთხრა: „ყველაფერს აკეთებენ შენი მსახურნი, რაც დავალებული აქვთ. გადმოყარეს ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში აღმოჩნდა, და ხელში ჩააბარეს ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს.“ ამბავი მიუტანა შაფან მწერალმა მეფეს და უთხრა: „წიგნი მომცა მღვდელმა ხილკიამ.“ და წაიკითხა მეფის წინაშე. როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, სამოსელი შემოიხია. და უბრძანა მეფემ ხილკიას, ახიკამ შაფანის ძეს, ყაბდონ მიქას ძეს, შაფან მწერალს, ყასაიას, მეფის მსახურს: „წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში და იუდაში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვეს ჩვენმა მამებმა უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.“ წავიდნენ ხილკია და, ვისაც მეფემ უბრძანა, ხულდა წინასწარმეტყველთან, ცოლთან შალუმისა, ძისა თოკჰათისა, ძისა ხასრასი, სამოსლის მცველისა (ქალი იერუსალიმის მეორე ნაწილში ცხოვრობდა) და ელაპარაკნენ ამის თაობაზე. უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: უთხარით იმ კაცს, ვინც ჩემთან გამოგაგზავნათ: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘აჰა, უბედურებას დავატეხ იმ ადგილს, მის მკვიდრებს კი – იმ წყევლა-კრულვას, რაც ამ წიგნში სწერია, იუდას მეფის წინაშე რომ წაიკითხეს. რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უკმიეს საკმეველი ჩემს გასარისხებლად თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამიტომ ჩემი რისხვა გადმოიღვრება იმ ადგილზე და აღარ დაცხრება. იუდას მეფეს კი, უფლის საძიებლად რომ გამოგაგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ სიტყვათა თაობაზე, შენ რომ მოისმინე: რაკი გული მოგილბა და თავი მოიდრიკე ღვთის წინაშე, რაც მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილისა და მისი მკვიდრების თაობაზე, და მოდრკი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და ტიროდი ჩემს წინაშე, მეც ამიტომ შეგიწყნარე, – ამბობს უფალი. – აჰა, მოგასვენებ შენს მამებთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხო.’“ მიუტანეს მეფეს სიტყვა. დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდასა და იერუსალიმის უხუცესობა. ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა. დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად. დაუდგინა იგი ყველას, ვინც იერუსალიმსა და ბენიამინში იმყოფებოდნენ. და იქცეოდნენ იერუსალიმის მკვიდრნი ღმერთის, მათი მამების ღმერთის, აღთქმის თანახმად. განაგდო იოშიამ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეყნიდან და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა. თავის დღეში აღარ განდგომიან უფალს, თავიანთი მამების ღმერთს. გადაუხადა იოშიამ პასექი უფალს იერუსალიმში, და დაკლეს საპასექო კრავი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეებზე და ამხნევებდა უფლის ტაძრის სამსახურისთვის. და უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხი: „დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონმა, დავითის ძემ, ისრაელის მეფემ რომ ააშენა. რად გინდათ მისი მხრებით ტარება? ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს, და მის ერს – ისრაელს. მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის, განწესების მიხედვით და სოლომონის, მისი ძის, განწესების მიხედვით. დადექით საწმიდარში თქვენი მოძმეების – ერის შვილობის – მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით და ლევიანთა მამისსახლების დასების მიხედვით. დაკალით საპასექო კრავი და განიწმიდენით, და მოუმზადეთ ის თქვენს ძმებს, რათა მოსეს მიერ გადმოცემული უფლის სიტყვისამებრ მოიქცეთ.“ უბოძა იოშიამ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იყო, კრავები და თიკნები, ყველაფერი საპასექო მსხვერპლისთვის – რიცხვით 30 ათასი და ზვარაკებიც 3 ათასი. ეს მეფის ქონებიდან იყო. და მისმა მთავრებმა ნებაყოფლობით უბოძეს ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებს. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა – ღვთის სახლის წინამძღვრებმა – მღვდლებს საპასექოდ მისცეს 2600 კრავი და 300 ზვარაკი. ქონანიამ, შემაყიამ, ნეთანელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა და იოზაბადმა – ლევიანთა მთავრებმა – ლევიანებს საპასექო მსხვერპლად უძღვნეს 5 ათასი კრავი და 500 ზვარაკი. ასე დაწესდა ღვთისმსახურება. და მღვდლები თავიანთ ადგილებზე დადგნენ და ლევიანები – თავ-თავიანთ დასებში მეფის ბრძანების მიხედვით. და კლავდნენ საპასექო კრავებს, მღვდლები სისხლს ხელით იღებდნენ ლევიანთაგან და აპკურებდნენ, და ლევიანები ატყავებდნენ. და გამოაცალკევეს, რაც სრულადდასაწველისთვის იყო, რომ გაენაწილებინათ ერის შვილების მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით, რათა ისე შეეწირათ მსხვერპლი უფლისათვის, როგორც მოსეს წიგნში სწერია. ასევე აკეთებდნენ ზვარაკების შეწირვისასაც. შეწვეს საპასექო კრავი ცეცხლზე, წესის მიხედვით; ხოლო რაც გაწმედილი იყო ქვაბებსა და სიავებში მოხარშეს და სწრაფად ჩამოურიგეს ხალხს. შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვისაც მოამზადეს; რადგან მღვდლები – აარონიანები – მწუხრამდე სწირავდნენ სრულადდასაწველსა და ლურთებს, ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის – აარონის ძეთათვის. და მგალობელნი – ასაფის ძენი – თავის ადგილას იდგნენ, როგორც დაწესებული იყო დავითის, ასაფის, ჰემანის და მეფის მხილველის იედუთუნის მიერ. კარისმცველნიც იდგნენ ყოველ კარში, მათ არ უხდებოდათ თავიანთი ადგილის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები მათთვისაც ამზადებდნენ. ასე დაწესდა იმ დღეს უფლის ყველა სამსახური, რომ პასექი გადაეხადათ და სრულადდასაწველი აღევლინათ უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიას ბრძანებისამებრ. შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს. სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ გადაეხადათ ისრაელში ასეთი პასექი. ისრაელის არც ერთ მეფეს არ გადაუხდია ასეთი პასექი, როგორც იოშიამ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, იქ მყოფმა ისრალიენებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა რომ გადაუხადეს უფალს. იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. ყოველივე ამის შემდეგ, როგორც კი იოშიამ მოაწესრიგა უფლის სახლი, გამოხდა ეგვიპტის მეფე ნექო, საომრად, მდინარე ევფრატზე, ქარქემიშთან და გამოვიდა იოშია მის შესახვედრად. მოციქულები გამოუგზავნა ნექომ და შემოუთვალა: „რა საქმე გვაქვს ერთმანეთთან მე და შენ, იუდას მეფევ? დღეს შენს წინააღმდეგ არ წამოვსულვარ, არამედ იმ სახლის წინააღმდეგ, რომელსაც ვეომები. ღმერთმა მიბრძანა, რომ ვიჩქარო, ჩამოეცალე ღმერთს, თან რომ მახლავს, რომ არ დაგღუპოს.“ პირი არ იბრუნა მისგან იოშიამ და შეიჭურვა მის წინააღმდეგ საომრად; არ შეისმინა ღმერთისგან შთაგონებული ნექოს სიტყვები; და გავიდა მეგიდოს ველზე საომრად. სტყორცნეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიას და დაჭრეს. უთხრა მეფემ თავის მსახურთ: „გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი.“ ჩამოსვეს მისმა მსახურებმა ეტლიდან, აიყვანეს მის მეორე ეტლზე და იერუსალიმში წაიყვანეს. მოკვდა იგი და თავისი მამების სამარხში დაიმარხა. მთელმა იუდამ და იერუსალიმმა დაიტირა იგი. გამართა გოდება იერემიამ იოშიაზე. ყველა მგალობელი კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს, და აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი. იოშიას დანარჩენი საქმენი და მისი სიქველენი, უფლის რჯულში ჩაწერილის თანახმად აღსრულებულნი, და მისი საქმენი – პირველნი და უკანასკნელნი – იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. გამოიყვანა ხალხმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, და მამამისის ნაცვლად გაამეფა იერუსალიმში. იოახაზი 23 წლისა იყო, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში; გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში და დააკისრა ქვეყანას 100 ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო. ეგვიპტის მეფემ მის ნაცვლად მისი ძმა, ელიაკიმი, გაამეფა იუდაში და იერუსალიმში, და იეჰოიაკიმად შეუცვალა სახელი. მისი ძმა იოახაზი კი შეიპყრო ნექომ და ეგვიპტეში წაიყვანა. იეჰოიაკიმი 25 წლისა იყო, როცა გამეფდა და 11 წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. მოუხდა მას ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და დაადო ბორკილები ბაბილონში წასაყვანად. და წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის ტაძრის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის საკერპოში, ბაბილონში. იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და სიბილწენი, რაც ჩაიდინა, და რაც მის წინააღმდეგ აღმოჩნდა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა. იეჰოიაქინი 18 წლისა იყო, როცა გამეფდა და სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა ის უფლის თვალში. ხოლო წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბრძანა მისი გადაყვანა ბაბილონში და უფლის ტაძრის ძვირფასი ჭურჭლის გადატანა, ხოლო იუდასა და იერუსალიმზე მისი ძმა, ცედეკია, გაამეფა. ცედეკია 21 წლისა იყო, როცა გამეფდა, და 11 წელიწადი იმეფა იერუსალიმში. იგი უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში, და არ მოდრკა იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც მას იმას ელაპარაკებოდა, რაც მისთვის უფალს ჰქონდა ნათქვამი. და განუდგა იგი მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ, რომ მოქცეულიყო. ასევე იუდას ყველა დიდებული და მღვდლები, და ხალხი მრავალს სცოდავდნენ წარმართთა ყველა სისაძაგლის კვალობაზე, და ბილწავდნენ უფლის ტაძარს, რომელიც გაწმინდა მან იერუსალიმში. უფალი, მათი მამების ღმერთი, ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა პირით, რადგან ებრალებოდა თავისი ერი და თავისი სამყოფელი. მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ ღვთის მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ხალხს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა. და მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდრის სახლში; არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა – ყველანი მის ხელში ჩაყარა. ღვთის სახლის მთელი ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის ტაძრის განძეულობა, მეფისა და მთავრების განძეულობითურთ ერთიანად ბაბილონში გაზიდა. გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა. მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა და გახდნენ მისი და მის ძეთა მსახურნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე, ვიდრე აღსრულდებოდა უფლის სიტყვა იერემიას პირით ნათქვამი: ვიდრე ქვეყანა თავის შაბათებს იზეიმებსო. მთელს გაუკაცრიელების ხანაში შაბათობდა, ის, ვიდრე 70 წელი არ შესრულდა. სპარსეთის მეფის, კიროსის პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით: „ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნის ყველა სამეფო მე მიბოძა უფალმა, ცათა ღმერთმა, და დამავალა მისთვის სახლის აგება იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის, უფალი, მათი ღმერთი, იყოს მათთან და ავიდნენ ისინი იქ!“ სპარსეთის მეფის, კიროსის, მეფობის პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, გააღვიძა უფალმა სული კიროსისა, სპარსეთის მეფისა, და მისცა ბრძანება, გამოეცხადებინათ მთელ მის სამეფოში წერილობითაც და სიტყვითაც: „ასე ბრძანებს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნიერების ყველა სამეფონი მე მომცა უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას ტაძარი იერუსალიმში, იუდაში. ვინც კი არის თქვენს შორის მისი ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან, ავიდეს იერუსალიმს, იუდაში, და აშენოს უფლის, ტაძარი, ისრაელის ღმერთისა – იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია. და ყველა დანარჩენს ყველგან, სადაც ის ცხოვრობს, ხელი შეუწყოს იმ ადგილის ხალხმა ვერცხლით, ოქროთი და სხვა ქონებით; პირუტყვითა და ნებაყოფლობითი ძღვენით უფლის ტაძრისთვის, რომელიც იერუსალიმში არის.“ და ადგნენ იუდასა და ბენიამინის მამისსახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, და ყველა, ვისაც კი სული გაუღვიძა ღმერთმა, რათა ასულიყვნენ უფლის ტაძრის ასაშენებლად, რომელიც იერუსალიმშია. გარდა იმისა, რაც ტაძარში შეწირულობა შედიოდა, ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა, ეხმარებოდა მათ ყველაფრით: ვერცხლით, ოქროთი და სხვა ქონებით, პირუტყვითა და ძვირფასი საგნებით. ხოლო მეფე კიროსმა ბრძანა, გამოეტანათ უფლის ტაძრის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა ოდესღაც წაიღო იერუსალიმიდან და თავისი ღმერთის ტაძარში დააწყო. და გამოიტანა ის კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატე მოლარეთუხუცესის ხელით, და თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდას მთავარს. და აი, მათი რაოდენობა: ოქროს ლანგარი – 30, ვერცხლის ლანგარი – 1000, დანა – 29, ოქროს ბარძიმი – 30, ვერცხლის ორმაგი ბარძიმი – 410 და სხვადასხვა ჭურჭელი – 1000. ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი სულ 5400 იყო. ეს ყოველივე წამოიღო შეშბაცარმა, როცა გადასახლებულები ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნეს. ესენი არიან იუდას ქვეყნის მცხოვრებნი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მიერ ბაბილონში გადასახლებულ ტყვეთაგან რომ დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში, რომელნიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყელაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაყანასთან ერთად. აჰა, ისრაელიან მამაკაცთა რიცხვი: ფარყოშის ძენი – 2 172, შეფატიას ძენი – 372, არახის ძენი – 775, ფახათ-მოაბის ძენი, იესოს ძეთაგან და იოაბის ძეთაგან – 2 812, ყელამის ძენი – 1 254, ზათუს ძენი – 945, ზაქაის ძენი – 760, ბანის ძენი – 642, ბებაის ძენი – 623, ყაზგადის ძენი – 1 222, ადონიკამის ძენი – 666, ბიგვაის ძენი – 2 056, ყადინის ძენი – 454, ატერის ძენი ხეზეკიად წოდებულის – 98, ბეცაის ძენი – 323, იორას ძენი – 112, ხაშუმის ძენი – 223, გიბარის ძენი – 95, ბეთლემელი კაცები – 123, ნეტოფაელი კაცები – 56, ყანათოთელი კაცები – 128, ყაზმავეთის ძენი – 42, კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის ძენი – 743, რამას და გებაყის ძენი – 621, მიქმაშელი კაცები – 122, ბეთელელი და ღაიელი კაცები – 223, ნებოს ძენი – 52, მაგბიშის ძენი – 156, ყელამის სხვა ძენი – 1 254, ხარიმის ძენი – 320, ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი – 725, იერიხოელი კაცები – 345, სენაას ძენი – 3 630, მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან – 973, იმერის ძენი – 1 052, ფაშხურის ძენი – 1 247, ხარიმის ძენი – 1 017, ლევიანები: იესოს და კადმიელის ძენი, ჰოდავიას ძეთაგან – 74; მგალობელნი: ასაფის ძენი – 128; კარისმცველთა ძენი: შალუმის, ატერის, ტალმონის, ყაკუბის, ხატიტას და შობაის სულ – 139; ტაძრის მსახურთა ძენი: ციხას, ხაშუფას, ტაბაყოთის, კეროსის, სიაყას, ფადონის, ლებანას, ხაგაბას, ყაკუბის, ხაგაბის, შამლაის, ხანანის, გიდელის, გახარის, რეაიას, რეცინის, ნეკოდას, გაზამის, ყუზას, ფასეახის, ბესაის, ასნას, მეყუნიმის, ნეფისიმის, ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის, ბაცლუთის, მეხიდას, ხარშას, ბარკოსის, სისერას, თემახის, ნეციახის და ხატიფას ძენი; სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, ჰასოფერეთის, ფერუდას, იაყალახის, დარკონის, გიდელის, შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ჰაცებაიმის და ამის ძენი; სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა ძენი – 392. და ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადანიდან, იმერიდან, მაგრამ ვერ შეძლეს გაერკვიათ მათი მამისსახლები და მოდგმა ისრაელიდან თუ იყო. დელაიას, ტობიას და ნეკოდას ძენი – სულ 652. და მღვდლების ძეთაგან: ძენი ხაბაიასი, ჰაკოცისა, ბარზილაისა, რომელმაც გალაადელი ბარზილაის ასულთაგანი შეირთო ცოლად და მათივე სახელი ეწოდა, ესენი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო ნუსხას და ვერ იპოვეს, ამიტომაც მღვდლობიდან ამოირიცხნენ. და უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ დიდი სიწმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით. მთელი კრებული ერთად შეადგენდა 42 360, გარდა მათი მსახურებისა და მათი მხევლებისა, ესენი იყვნენ 7 337; და მათ შორის – 200 მგალობელი კაცი და ქალი. მათი ცხენები – 736, ჯორები – 245, მათი აქლემები – 435, სახედრები – 6 720. და მამისსახლთა თავკაცებმა უფლის სახლთან მისვლისას, იერუსალიმში, ნებაყოფლობით შესწირეს ღვთის სახლს, რათა აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე. თავიანთი შეძლებისამებრ საგანძურში შეიტანეს სამუშაოებისათვის: 61 ათასი დრაქმა ოქრო, 5 ათასი მინა ვერცხლი და 100 ხელი სამღვდელო სამოსელი. და დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები და მდაბიონი იერუსალიმში, ხოლო მგალობლები, კარისმცველები, სატაძრო მსახურნი – თავ-თავის ქალაქებში, და დანარჩენი ისრაელიანები – თავ-თავის ქალაქებში. და, როცა დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე თავიანთ ქალაქებში ცხოვრობდნენ, შეიკრიბა მთელი ხალხი იერუსალიმში, როგორც ერთი კაცი. და ადგნენ იესო იოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები და ზერუბაბელი, შეალთიელის ძე, და მისი ძმები, და აუგეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს, რათა მასზე აღევლინათ სრულადდასაწველი, როგორც სწერია მოსეს, ღვთისკაცის, რჯულში. და დადგეს სამსხვერპლო თავის საძირკველზე – რადგან შიში ჰქონდათ სხვა ქვეყნების ხალხისა – და იწყეს მასზე უფლისადმი დილისა და საღამოს სრულადდასაწველის აღვლენა. და მართავდნენ კარვობის დღესასწაულს, როგორც დაწერილია, და სწირავდნენ დღიურ სრულადდასაწველს განსაზღვრულ რიცხვში, ყოველი დღის წესისამებრ. და ამის შემდეგ სწირავდნენ ყოველდღიურ სრულადდასაწველს, და ახალმთვარობის მსხვერპლს, და უფლისადმი მიძღვნილ ყოველ წმიდა დღესასწაულზე, და, ამას გარდა, ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობით რაიმე მოჰქონდა უფლისათვის. მეშვიდე თვის პირველი დღიდანვე დაიწყეს უფლისათვის სრულადდასაწველის აღვლენა. ხოლო უფლის ტაძრის საძირკველი ჯერაც არ ჰქონდათ ჩაყრილი. და მისცეს ვერცხლი ქვისმთლელებს და ხუროებს – სასმელ-საჭმელი, და ზეთი – ციდონელებს და ცორელებს, რათა მოეზიდათ კედარის მორები ზღვით ლიბანიდან იაფოში, იმ ნებართვით, რომელიც მისცა მათ სპარსეთის მეფე კიროსმა. და იერუსალიმში ღვთის სახლთან მათი მისვლის მეორე წლის მეორე თვეს შეუდგნენ საქმეს ზერუბაბელ შეალთიელის ძე, იესო იოცადაკის ძე და დანარჩენი მათი ძმები, მღვდლები და ლევიანები, რომლებიც ტყვეობიდან დაბრუნდნენ იერუსალიმში; და დააყენეს ლევიანები, 20 წლიდან და ზევით, უფლის ტაძრის სამუშაოების ზედამხედველებად. და დადგნენ იესო და მისი ძენი და მისი ძმები, და კადმიელი და მისი ძენი, ძენი იუდასი, როგორც ერთი კაცი, ღვთის სახლში მომუშავეთა ზედამხედველებად, ასევე ხენადადის ძენი, მათი ძენი და მათი ძმები – ლევიანები. და როცა მშენებლებმა უფლის ტაძრის საძირკველი ჩაყარეს, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით, და ლევიანები, ასაფის ძეთაგან, წინწილებით, რათა ედიდებინათ უფალი დავითის, ისრაელის მეფის, წესის მიხედვით. და შეჰღაღადეს მონაცვლეობით უფალს გალობით: „აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილია, რადგან საუკუნოა წყალობა მისი ისრაელზე!“ და მთელი ხალხი უფლის ტაძრის დაფუძნების გამო მაღალი ხმით ამბობდა უფლის ქება-დიდებას. და მრავალნი მღვდელთაგან და ლევიანთაგან, მამისსახლთა თავკაცთაგან, და მოხუცებულთაგან, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირველი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველს უყრიდნენ ტაძარს, ბევრმა კი სიხარულის ყიჟინა დასცა. და ხალხი ვეღარ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმას, რადგან ხალხი დიდი ხმით გუგუნებდა და შორს ისმოდა მათი ხმა. და გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულნი ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს, და მივიდნენ ისინი ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან, და უთხრეს: „ჩვენც თქვენთან ერთად გვინდა ვაშენოთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ესარხადონის, დღეთაგან, რომელმაც აქ ამოგვიყვანა.“ და უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის მამისსალთა დანარჩენმა თავკაცებმა: „არ შეიძლება, რომ თქვენ და ჩვენ ერთად ვაშენოთ ჩვენი ღვთის სახლი, რადგან მხოლოდ ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის კიროსს, სპარსთა მეფეს.“ და იქაური ხალხი ხელს უშლიდა იუდაელთ და აბრკოლებდა ტაძრის შენებაში. და იწყეს მათ წინააღმდეგ მრჩევლების მოსყიდვა, რათა ჩაეშალათ მათი განზრახვა სპარსეთის მეფე კიროსის დღეებიდან დარიოსის გამეფებამდე. და, როცა ახაშვეროში გამეფდა, მისი მეფობის დასაწყისში მათ დაწერეს ცილისწამება იუდასა და იერუსალიმის მოსახლეობაზე. და არტაქსერქსეს დღეებში მისწერეს სპარსეთის მეფეს, არტაქსერქსეს, ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და სხვა მათმა თანამზრახველებმა. წერილი დაწერილი იყო არამეული ასოებით არამეულ ენაზე. რეხუმ მრჩეველმა და შიმშაი მწიგნობარმა მეფე ართახშასთას ერთი ასეთი წერილი მისწერეს იერუსალიმის წინააღმდეგ: „ჩვენ, რეხუმ მრჩეველმა და შიმშაი მწიგნობარმა და სხვა თანამოაზრეებმა, მსაჯულებმა, განმგებლებმა, მწიგნობრებმა, და ხელისუფლებმა, ერექელებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, ანუ ყელამელებმა, და დანარჩენმა ხალხმა, რომელნიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ოსნაფარმა და დაასახლა სამარიის ქალაქებში და სხვა ქალაქებში ევფრატის გაღმა...“ – და აი, რა იყო შემდეგ ნათქვამი იმ წერილში, რომელიც მათ გაუგზავნეს მას: „მეფე ართახშასთას, შენი მსახურნი, ადამიანები, რომლებიც მდინარის გაღმა ცხოვრობენ და სხვანი. მეფემ უნდა იცოდეს, რომ იუდაელნი, რომელნიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან ამოვიდნენ, იერუსალიმში, და აშენებენ ამ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს; კედლები აჰყავთ და ბურჯებს ამაგრებენ. ახლა იცოდეს მეფემ, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები დამთავრდა, ისინი გადასახადს, ხარკსა და ბეგარას აღარ გადაგიხდიან და სამეფო ხაზინა დაზარალდება. ახლა, რაკი ჩვენ მეფის სასახლის მარილი გვაქვს ნაჭამი, მეფის ზარალის შორიდან ყურება არ შეგვიძლია, ამიტომ ვუგზავნით მეფეს უწყებას და ვატყობინებთ: მოჩხრიკონ შენი მამების მატიანეში, – და შენ ნახავ და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მეამბოხე ქალაქია და საზიანოა მეფეთათვის და ქვეყნისათვის; და რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა აქ, ამიტომაც იქნა ეს ქალაქი განადგურებული. და ახლა ვატყობინებთ ჩვენს მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები დამთავრდა, მდინარის გაღმა სამფლობელო აღარ შეგრჩება.“ მეფემ ასეთი პასუხი გამოუგზავნა მათ: „რეხუმ მრჩეველს, შიმშაი მწიგნობარს და მათ სხვა თანამოაზრეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამარიასა და ევფრატის გაღმა მხარის დანარჩენ ქალაქებში: მშვიდობა იყოს თქვენთან! წერილი, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ, სიტყვა-სიტყვით წაიკითხეს ჩემს წინაშე. და ჩემი ბრძანებით გამოჩხრიკეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს და ამბოხება და არეულობა ხდებოდა იქ. და ძლიერი მეფენი განაგებდნენ იერუსალიმს, და ეპყრათ მათ მდინარის მთელი გაღმა მხარე და გადასახადებს, ხარკსა და ბეგარას იღებდნენ იქიდან. ახლა გაეცით ბრძანება, რომ შეწყვიტონ მუშაობა ამ ხალხმა, რათა არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გამოვა ბრძანება. და ფრთხილად იყავით, არაფერი გამოგეპაროთ ამ საქმეში, თორემ დიდი ზარალი იქნება და სამეფო დაზიანდება.“ როგორც კი მეფე ართახშასთას წერილი წაიკითხეს რეხუმისა და შიმშაი მწიგნობრისა და მათ თანამოაზრეთა წინაშე, დაუყოვნებლივ წავიდნენ ისინი იერუსალიმში იუდაელებთან და იძულებით შეაჩერებინეს სამუშაოები. მაშინ შეწყდა ღმერთის ტაძრის შენება იერუსალიმში და გაჩერებული იყო, სპარსეთის მეფის, დარიოსის, მეფობის მეორე წლამდე. წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარია ყიდოს ძემ იუდასა და იერუსალიმში მცხოვრებ იუდაელებს ისრაელის ღმერთის სახელით უწინასწარმეტყველეს. მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იესო იოცადაკის ძე, და შეუდგნენ ღმერთის ტაძრის შენებას იერუსალიმში. და მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი, რომელნიც განამტკიცებდნენ მათ. მაშინ მოვიდნენ მათთან მდინარისგაღმელი განმგებელი თათენაი და შეთარ-ბოზენაი, და მათი თანამოაზრენი და უთხრეს მათ: „ვინ მოგცათ ბრძანება ამ ტაძრის აშენებისა და ამ კედლების დასრულებისა?“ მაშინ ვუთხარით მათ იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აგებდნენ. და მათი ღვთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, და მათაც არ შეუწყვეტინებიათ მათთვის მუშაობა, ვიდრე შეტყობინება მიუვიდოდა დარიოსს და ვიდრე საპასუხო წერილს მიიღებდნენ ამ საქმეზე. აი, პირი იმ წერილისა, რომელიც მეფე დარიოსს გაუგზავნეს თათენაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, და შეთარ-ბოზენაიმ და მათმა თანამოაზრე აფარსახელმა ხელისუფლებმა, რომლებიც იმ დროს მდინარის გღმა იყვნენ. შეტყობინებაში, რომელიც მათ გაუგზავნეს, ნათქვამი იყო: „მშვიდობა ნუ მოაკლოს მეფე დარიოსს! უწყოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღვთის სახლთან. იგი შენდება თლილი ქვით და კედლებში ჩამოგანულ მორებს ატანენ, მუშაობა მათ ხელში სწრაფად და გამართულად მიდის. ჩვენ ვკითხეთ მათ უხუცესებს და ასე ვუთხარით: ‘ვინ მოგცათ ამ სახლის შენებისა და ამ კედლების ამოყვანის ბრძანება?’ და გამოვიკითხეთ მათი სახელები, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელებიც, ვინც სათავეში უდგანან მათ. მათ კი ასეთი პასუხი გაგვცეს: ‘ჩვენ ვართ მსახურნი ცისა და მიწის ღმერთისა; თავიდან ვაშენებთ ტაძარს, რომელიც მრავალი წლის წინ იდგა აქ, და რომელიც ისრაელის დიდმა მეფემ ააგო და სრულქმნა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამებმა განარისხეს ცათა ღმერთი, მან ბაბილონის მეფის, ქალდეველი ნაბუქოდონოსორის, ხელში ჩაყარა ისინი, რომელმაც ეს ტაძარი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა. მაგრამ ბაბილონში კიროსის გამეფის პირველივე წელს მეფე კიროსმა გასცა ბრძანება ამ ღვთის სახლის აშენებისა. და ღვთის სახლის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რაც ნაბუქოდონოსორმა გაზიდა იერუსალიმის ტაძრიდან და წაიღო ბაბილონის ტაძარში, უკან გამოიტანა კიროს მეფემ და გადასცა იგი შეშბაცარს, რომელიც მხარის განმგებლად დასვა მან. და უთხრა მას: აიღეო ეს ჭურჭელი, წადი და წაიღე იერუსალიმის ტაძარში, და აშენდეს ღვთის სახლი თავის ადგილზეო. მაშინ მოვიდა ის შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს იერუსალიმში; და იმ დღიდან მოკიდებული აქამდე შენდება ის, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა.’ და ახლა, თუ მეფე ინებებს, მოჩხრიკონ მეფის საგანძური იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის აშენებისა იერუსალიმში, და მეფის ის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე გამოგვიგზავნონ.“ მაშინ დარიოს მეფემ გასცა ბრძანება, გადაესინჯათ საგანძურთსაცავები ბაბილონში, სადაც წიგნებიც უნდა ყოფილიყო. და იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: „ძეგლის-წერა – მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს მეფე კიროსმა გასცა ბრძანება ღვთის სახლის იერუსალიმში ხელახლა აშენების თაობაზე: დაე აშენდეს ტაძარი იმ ადგილას, სადაც მსხვერპლს სწირავენ, და მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს მას. სიმაღლე მისი 60 წყრთა იყოს, სიგანე მისი – 60 წყრთა; სამი რიგი დიდი გათლილი ქვა ეწყოს, და ერთი რიგი – ჩამოგანული მორი; ხარჯები კი მეფის სასახლიდან გაიცეს. ღვთის სახლის ჭურჭელიც, ოქროსი და ვერცხლისა, რაც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან იქნას დაბრუნებული თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში, და ღვთის სახლში იქნას დაბინავებული. და ახლა, თათენაი, მდინარისგაღმელო განმგებელო, შეთარ-ბოზენაი, შენი თანამდგომი მდინარისგაღმელი აფარსახელებიანად, დაეხსენით მათ! დაანებეთ ღვთის სახლზე მუშაობა! იუდას განმგებელმა და მათმა უხუცესებმა ააშენონ ეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილას. და ვიძლევი ბრძანებას იმის თაობაზე, კერძოდ, რით უნდა შეეწიოთ იუდას უხუცესებს, ღვთის სახლის შენებაში: სამეფო ქონებიდან – მდინარისგაღმა მხარის ხარკიდან – დაუყოვნებლივ აიღეთ და მიეცით იმ ხალხს, რათა სამუშაოები არ შეჩერდეს. და რამდენიც საჭიროა, მოზვრები იქნება, თუ ვერძები, თუ კრავები ცათა ღმერთისათვის სრულადდასაწველის აღსავლენად; ასევე ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი, როგორც იერუსალიმის მღვდლები იტყვიან, მიეცეს მათ ყოველდღიურად, შეუფერხებლივ, რათა მათ შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლები ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მის ძეთა დღეგრძელობისათვის. და ვბრძანებ, რომ თუ ვინმე შეცვლის ამ ბრძანებას, გამოიღონ მისი სახლის თავხე, აღმართონ და ზედ მიალურსმონ იგი, ხოლო მისი სახლი ნანგრევებად აქციონ; და ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, ვინც ხელს აღმართავს ამ ბრძანების შესაცვლელად, ან ამ ღვთის სახლის საზიანოდ, რომელიც იერუსალიმშია. მე, დარიოსმა, გავეცი ეს ბრძანება; დაე, ზედმიწევნით შესრულდეს იგი!“ მაშინ თათენაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზენაიმ და მათმა თანამოაზრეებმა, დარიოს მეფის მიერ გამოგზავნილი სიტყვისამებრ, ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეს. და იუდას უხუცესნი აშენებდნენ და ხელი ემართებოდათ თანახმად წინასწარმეტყველ ანგიასა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველებისა. და ააშენეს და დაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ და სპარსეთის მეფეების: კიროსის, დარიოსისა და ართახშასთას ბრძანებისამებრ. და დასრულდა ეს ტაძარი ადარის თვის მესამე დღეს; ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი. და ისრაელის ძეთ, მღვდლებმა, ლევიანებმა და დანარჩენმა ტყვედნამყოფმა ხალხმა სიხარულით აღასრულეს ღვთის სახლის კურთხევა. და შესწირეს ღვთის ამ სახლის კურთხევისათვის 100 მოზვერი, 200 ვერძი, 400 კრავი, და 12 ვაცი – ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით – მთელი ისრაელის ცოდვათა განსატევებლად. და დააყენეს მღვდლები თავიანთი ხარისხის მიხედვით და ლევიანები თავიანთი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისათვის იერუსალიმში, როგორც დაწესებულია მოსეს წიგნში. და აღასრულა ტყვედნამყოფმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. რადგან განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ, და დაკლეს საპასექო მსხვერპლი ყველა ტყვედნამყოფი ხალხისთვის, თავიანთი მოძმე მღვდლებისა და თავისთვის. ჭამდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ისარელიანები და ყველა, ვინც განუდგა მათთან ერთად ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს. და იზეიმეს უფუარობის დღესასწაული შვიდ დღეს, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რათა მკლავი განემტკიცებინა მათთვის ისრაელის უფალი ღმერთის ტაძრის შენების საქმეში. და ამ ამბების შემდეგ სპარსეთის მეფის, ართახშასთას, მეფობაში ეზრა, ძე სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხილკიასი, ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა, ძისა ამარიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა, მერაიოთისა, ძისა ზერახიასი, ძისა ყუზისა, ძისა ბუკისა, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინეხასისა, ძისა ელეაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა, – ეს ეზრა, რომელიც გამოვიდა ბაბილონიდან, იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. და მისცა მას მეფემ ყოველივე, რაც ითხოვა, რადგან უფლის, მისი ღმერთის, ხელი იყო მასზე. ართახშასთა მეფის მეფობის მეშვიდე წელს იერუსალიმში დაბრუნდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისმცველთაგან და ტაძრის მსახურთაგან ზოგიერთები. და მივიდა ეზრა იერუსალიმში მეფის მეშვიდე წლის მეხუთე თვეს. რადგან მან პირველი თვის პირველ დღეს დაიწყო გამოსვლა ბაბილონიდან და მეხუთე თვის პირველ დღეს დაბრუნდა იერუსალიმში, რადგან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე. რადგან ეზრამ გულს-იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში. და აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას, რომელიც იყო მღვდელი, მწიგნობარი, განსწავლული უფლის მცნებების და მის წესთა მოძღვარი ისრაელში: „ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრა მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის მწიგნობარს, სრული მშვიდობა! მე ვბრძანე, რომ თუ ვინმეს, ჩემს სამეფოში მყოფ ისრაელიანთა მღვდლებსა და ლევიანთ სურთ იერუსალიმში წასვლა, შენთან ერთად წამოვიდნენ. რადგან შენ იგზავნები მეფისა და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა იხილო იუდასა და იერუსალიმში როგორ სრულდება შენი ღმერთის რჯული, რომელიც შენ ხელთა გაქვს; და რომ წაიღო იქ ვერცხლი და ოქრო, რომელიც მეფემ და მისმა მრჩევლებმა შესწირეს ისრაელის ღმერთს, რომლის სავანეც იერუსალიმშია, და მთელი ვერცხლი და ოქრო, რასაც შენ შეაგროვებ მთელი ბაბილონის მხარეში, იმ ერისკაცთა და მღვდელთა შემოწირულობასთან ერთად, რაც ნებაყოფლობით შესწირეს თავიანთი ღვთის სახლს იერუსალიმში. ამიტომ დაუყოვნებლივ იყიდე ამ ვერცხლით ზვარაკები, ვერძები და კრავები, აგრეთვე პურეულის შესაწირავი მათთან ერთად, და საღვრელი მათთვის, და მიიტანე ის თქვენი ღვთის ტაძრის სამსხვერპლოზე იერუსალიმში. და დანარჩენი ვერცხლითა და ოქროთი, თქვენი ღმერთის ნებით შენ და შენმა მოძმეებმა ის გააკეთეთ, რასაც კეთილგონივრულად ჩათვლით. და ჭურჭელი, რომელიც შენი ღმერთის ტაძრის მღვდელმსახურების აღსასრულებლად მიიღე, უკლებლივ მიიტანე იერუსალიმის ღმერთის წინაშე. და დანარჩენი, რაც საჭიროა შენი ღვთის ტაძრისათვის, რასაც შენ საჭიროდ ჩათვლი, გაეცი სამეფო საგანძურებიდან. და მე, მეფე ართახშასთა, ვიძლევი განკარგულებას მდინარისგაღმელ ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც მოგთხოვთ ეზრა მღვდელი, ცათა ღმერთის მწიგნობარი, დაუყოვნებლივ მიეცით: ვერცხლი 100 ტალანტი, ხორბალი 100 ქორი, ღვინო 100 ბათი, ზეთიც 100 ბათი, ხოლო მარილი, რამდენიც საჭირო იქნება. ყოველი, რაც ნაბრძანებია ცათა ღმერთისაგან, აღსრულდეს ზუსტად ცათა ღმერთის ტაძრისათვის, რათა არ დაატყდეს რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულთ. და გაცნობებთ, რომ არც ერთ მღვდელს, ლევიანს, მგალობელს, კარისმცველს, ტაძრის მსახურს, და ვინც ამ ღვთის სახლს ემსახურება, არ უნდა დაეკისროს ხარკი, გადასახადი და ბეგარა. ხოლო შენ, ეზრა, შენი ღვთის სიბრძნისამებრ, რაც შენ გაგაჩნია, დანიშნე მმართველნი და მსაჯულნი, რათა განსაჯონ მთელი მდინარისგაღმელი ხალხი და ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის კანონები, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ. და ვინც არ აღასრულებს შენი ღვთის სჯულსა და მეფის კანონებს, დაუყოვნებლივ აღასრულონ მასზე სამართალი: სიკვდილი ან განდევნა, ფულადი გადასახადი ან დაპატიმრება.“ კურთხეულ იყოს უფალი, ჩვენი მამების ღმერთი, რომელმაც მეფეს შთააგონა, რომ უფლის ტაძარი იერუსალიმში ასე დიდებულად შეემკო, და ჩემსკენაც მომართა მოწყალება მეფისა, მისი მრჩევლებისა და მამაცი მთავრებისა; და მეც გავმაგრდი, რადგან უფლის, ჩემი ღმერთის, ხელი იყო ჩემზე; და შევკრიბე ისრაელიანთა მთავრები, რათა ჩემთან ერთად დაბრუნებულიყვნენ. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები და მათი გვარ-ტომისანი, რომელნიც წამოვიდნენ ჩემთან ერთად ბაბილონიდან ართახშასთას მეფობაში: ფინეხასის ძეთაგან – გერშომი; ითამარის ძეთაგან – დანიელი; დავითის ძეთაგან – ხატუში; შექანიას ძეთაგან და ფარყოშის ძეთაგან – ზაქარია და მასთან მითვლილი 150 მამაკაცი; ფახათ-მოაბის ძეთაგან – ელიეჰოყენაი, ზერახიას ძე და მასთან ერთად 200 მამაკაცი; ზათუს ძეთაგან – შექანია, იახაზიელის ძე და მასთან ერთად 300 მამაკაცი; ყადინის ძეთაგან – ყებედი, იონათანის ძე და მასთან ერთად 50 მამაკაცი; ყელამის ძეთაგან – ესაია, ღათალიას ძე და მასთან ერთად 70 მამაკაცი; შეფატიას ძეთაგან – ზებადია, მიქაელის ძე და მასთან ერთად 80 მამაკაცი; იოაბის ძეთაგან – ყობადია, იეხიელის ძე და მასთან ერთად 218 მამაკაცი; ბანის ძეთაგან – შელომითი, იოსიფიას ძე და მასთან ერთად 160 მამაკაცი; ბებაის ძეთაგან – ზაქარია, ბებაის ძე და მასთან ერთად 28 მამაკაცი; ყაზგადის ძეთაგან – იოხანანი, ჰაკატანის ძე და მასთან ერთად 110 მამაკაცი; ადონიკამის ძეთაგან – უკანასკნელნი, და აჰა, მათი სახელები: ელიფელეტი, იეყიელი და შემაყია და მათთან ერთად 60 მამაკაცი; ბიგვაის ძეთაგან – ყუთაი და ზაქური, და მათთან ერთად 70 მამაკაცი. და შევკრიბე ისინი მდინარესთან, რომელიც ერთვის აჰავას, და ვიდექით იქ სამი დღე. ვნახე ხალხი და სამღვდელოება, მაგრამ მათ შორის ლევიანთაგან იქ ვერავინ ვიპოვე. და დავიბარე ელიყეზერი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი – თავკაცები, და იოიარიბი და ელნათანი – ბრძენკაცები. გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას მხარის საზოგადოების მთავართან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის ძმებს, ტაძრის მსახურებს, ქასიფიას მხარეში მყოფთ, რათა მოეყვანათ ჩვენთვის მსახურნი ჩვენი ღმერთის ტაძრისათვის. რადგან კეთილი ხელი ჩვენი ღმერთისა ჩვენზე იყო, მათ მოიყვანეს ჩვენთან ერთი გონიერი კაცი მახლის ძეთაგან, ლევის ძისა, ისრაელის ძისა, სახელად შერებია, და მისი ვაჟები და სხვა 18 კაცი; და ხაშაბია, და მასთან ესაია მერარის ძეთაგან, მისი ძმები და მისი ვაჟები – 20 კაცი. და ტაძრის მსახურთაგან, რომლებიც დავითმა და მისმა მთავრებმა ლევიანებს მისცეს მსახურებად – 220 ტაძრის მსახური; ყველა მათგანი თავისი სახელით იყო ჩაწერილი. და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე, რათა მისთვის გვეთხოვა უსაფრთხო მოგზაურობა ჩვენთვის და ჩვენი წვრილშვილისა და მთელი ჩვენი მონაგარისათვის, რადგან შემრცხვა მეთხოვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები, გზაზე მტრისაგან თავდასაცავად, რადგან ნათქვამი გვქონდა მისთვის: ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც განუდგება მას! და ვიმარხულეთ და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს, და შეისმინა მან ჩვენი. და გამოვყავი 12 კაცი მღვდლების უფროსთაგან: შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან. და ავუწონე მათ ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი, ჩვენი ღვთის სახლის შეწირულობა, რაც შესწირეს მეფემ, მისმა მრჩევლებმა, მთავრებმა და იქ მყოფმა მთელმა ისრაელიანებმა. და მივუწონე მათ ხელში 650 ტალანტი ვერცხლი, ვერცხლის ჭურჭელი – 100 ტალანტისა და 100 ტალანტი ოქრო; და ოქროს 20 თასი ათას დრაქმიანი და წმინდა ბრინჯაოს ორი საუკეთესო ჭურჭელი, რომელთაც ოქროს ფასი აქვს. და ვუთხარი მათ: „თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის და ეს ჭურჭელიც წმიდაა; და ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შეწირულობაა უფლის, თქვენი მამების ღმერთისადმი. ფრთხილად იყავით და მოუფრთხილდით ამას, ვიდრე მიუწონიდეთ მღვდლების უფროსებს, ლევიანებს და ისრაელის მამისსახლთა უფროსებს იერუსალიმში, უფლის ტაძრის საგანძურში.“ და ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა ვერცხლი და ოქრო, და ჭურჭელი წონით, რათა წაეღოთ იერუსალიმში, ჩვენი ღვთის სახლში. და დავიძარით მდინარე აჰავადან იერუსალიმში წასასვლელად პირველი თვის მეთორმეტე დღეს; და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე და გვიხსნიდა ჩვენი მტრის ხელიდან და გზაში ჩასაფრებულთაგან. და მივედით იერუსალიმში, და დავყავით იქ სამი დღე. და მეოთხე დღეს ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი ჩვენი ღვთის სახლში ხელში მივუწონეთ მერემოთს, ურია მღვდლის ძეს; და მასთან ერთად იყო ელეაზარ ფინეხასის ძე; და მათთან ერთად იყვნენ იოზაბადი, იესოს ძე, და ნოყადია ბინუის ძე – ლევიანები. ყველაფერი დაითვალა და აიწონა, და ჩაიწერა მთელი ის წონა. ტყვეობიდან დაბრუნებულმა გადანასახლებმა ხალხმა სრულადდასაწველი შესწირეს ისრაელის ღმერთს: 12 მოზვერი, მთელი ისრაელისათვის, 96 ვერძი, 77 კრავი, 12 ვაცი ცოდვის მსხვერპლად; ყოველივე ეს უფლისათვის სრულადდასაწველად. და გადასცეს მეფისნაცვლებს და მდინარისგაღმელ განმგებელთ მეფის ბრძანება; და ისინიც ხელს უწყობდნენ ხალხსა და ღვთის სახლს. და ეს ყოველივე რომ დასრულდა, მეახლნენ მე მთავრები და მითხრეს: „ისრაელიანები, მღვდლები და ლევიანები არ განდგომიან უცხოთესლთა – ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზელთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს, რადგან მათ მათი ასულები მოიყვანეს ცოლებად და თავის ძეებსაც მოყჰგვარეს; და შეერია წმიდა თესლი უცხოთესლს; და ამ ურჯულოებაში უმთავრესად წარჩინებულთა და წინამძღოლთა ხელი ერია.“ ეს ამბავი რომ გავიგე, შემოვიხიე სამოსელი და მოსასხამი, ვიგლეჯდი თმა-წვერსა და გაოგნებული ვიჯექი. და ჩემთან თავი მოიყარა ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის სიტყვებისა ტყვედყოფილთა ურჯულოების გამო; მე კი ვიჯექი გაოგნებული საღამოს მსხვერპლშეწირვამდე. და საღამოს მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი გლოვის ადგილიდან, და ჩემი შემოხეული სამოსლითა და მოსასხამით დავემხე მუხლებზე და ხელი აღვაპყარ უფლის, ჩემი ღმერთის, მიმართ და ვთქვი: „ღმერთო ჩემო! მრცხვენია და მერიდება, რომ სახე მოვაპყრო შენსკენ, რადგან ჩვენი ურჯულოებანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას სწვდება. ჩვენი მამების დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვართ; და ჩვენი ურჯულოების გამო ჩვენ, ჩვენი მეფენი და ჩვენი მღვდლები უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში ჩავცვივდით, მახვილის ქვეშ და ტყვეობაში; სხვისი სათარეშო და დასაცინი გავხდით – როგორც დღესა ვართ. და ახლა წამიერად მოიღო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ჩვენზე წყალობა და დატოვა ჩვენი ნატამალი და მოგვცა დასამკვიდრებელი თავის წმიდა ადგილზე, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში. რადგან მონები ვართ ჩვენ და ჩვენს მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს და განავრცო ჩვენზე წყალობა სპარსეთის მეფეთა წინაშე, რომ გავეცოცხლებინეთ, რომ აღგვემართა ჩვენი ღმერთის სახლი; აღგვედგინა ნანგრევებიდან, რომ ზღუდე გვქონოდა იუდასა და იერუსალიმში. და ახლა რაღა გვეთქმის, ღმერთო ჩვენო, ამის შემდეგ? რადგან მივატოვეთ შენი მცნებანი, შენი მსახურების, შენი წინასწარმეტყველების, პირით რომ გვაუწყე და გვითხარი: ‘ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდური ქვეყანაა იმ ქვეყნების ხალხების უწმიდურებისა და სიბილწის გამო, რომელთაც კიდით კიდემდე აავსეს იგი თავიანთი სიბინძურით. და ახლა თქვენი ასულები არ გაატანოთ მათ ძეებს და მათი ასულები არ მოუყვანოთ თქვენს ძეებს. არ ეძებოთ მათი მშვიდობა და სიკეთე უკუნისამდე, რათა გაძლიერდეთ და ჭამოთ იმ ქვეყნის დოვლათი და სამარადისოდ დაუმკვიდროთ იგი თქვენს ძეებს.’ და ყოველივე ამის შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა ჩვენი ავი საქმეებისა და ჩვენი დიდი დანაშაულის გამო, რადგან შენ, ღმერთო ჩვენო, იმაზე ნაკლებად დაგვსაჯე, ვიდრე ამას ჩვენი უკეთურებანი იმსახურებდნენ, და მოგვმადლე ამგვარი ხსნა. ნუთუ კვლავ დავარღვევთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით ამ ბილწ ხალხებს? მაშინ ხომ განგვირისხდები მოსასპობად ისე, რომ ჩვენი აღარც ნატამალი იქნება და აღარც ვინმე გადარჩენილი. უფალო, ღმერთო ისრაელისა! სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ნატამალი ვართ დღესდღეობით. აჰა, ჩვენ შენს წინაშე ვართ ჩვენი დანაშაულიანად, თუმცა ყოველივე ამის შემდეგ, უღირსნი ვართ, რომ შენს წინაშე ვიდგეთ.“ და როცა ეზრა უფლის ტაძრის წინ მუხლმოყრილი ლოცულობდა ტირილით და აღსარებას ამბობდა, თავი მოიყარა მის გარშემო ისრაელიანთა დიდძალმა კრებულმა: კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა, რადგან ხალხიც მწარედ ტიროდა. და მიუგო ყელამელმა შექანიამ, იეხიელის ძემ, და უთხრა ეზრას: „დანაშაული ჩავიდინეთ ჩვენი ღმერთის წინაშე და უცხოელი ქალები დავისვით ცოლებად ამ ქვეყნის ხალხთაგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არის იმედი ისრაელიანთათვის ამ საქმეში! ახლა აღთქმა დავუდვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებსა და მათგან შობილ ბავშვებს ჩემი უფლისა და ჩვენი ღმერთის მცნებების მოშიში ხალხის რჩევით, – იყოს, როგორც რჯული ამბობს. ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ. გამხნევდი და იმოქმედე!“ და ადგა ეზრა და სთხოვა მღვდლების, ლევიანებისა და მთელი ისრაელის უფროსებს, მიეცათ ფიცი, რომ ასე იზამდნენ. და მათ დადეს ფიცი. და ადგა ეზრა ღვთის ტაძრიდან და წავიდა იეჰოხანანის, ელიაშიბის ძის, სენაკისაკენ, და მივიდა იქ. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია, რადგან ტყვედნამყოფი ხალხის ურჯულოებას გლოვობდა. და გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა ტყვედნამყოფს, რათა იერუსალიმში მოეყარათ თავი. და ყველას, ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, მთავართა და უხუცესთა გადაწყვეტილებით ჩამოერთმეოდა მთელი ქონება და მოიკვეთებოდა ტყვედნამყოფთა კრებულიდან. და სამ დღეში იერუსალიმში თავი მოიყარა ბენიამინისა და იუდას ყველა მამაკაცმა; ეს იყო მეცხრე თვის მეოცე დღეს. ისხდა მთელი ხალხი ღვთის ტაძრის მოედანზე და კანკალებდა, როგორც ამ ამბის, ისე თავსხმა წვიმის გამო. და ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: „თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ და უცხოთესლთა ქალები დაისხით ცოლებად, რითაც გაზარდეთ ისრაელის დანაშაული. და ახლა მოინანიეთ უფლის, თქვენი მამების ღმერთის, წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს.“ და მიუგო მთელმა კრებულმა და უთხრა დიდი ხმით: „ისე იქნება, როგორც შენ თქვი! მაგრამ ხალხი ბევრია და წვიმიანობის დროა, და აღარ შეგვიძლია გარეთ დგომა; თანაც ეს ერთი-ორი დღის ამბავი არ არის, რადგან ჩვენ ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში. დადგნენ ჩვენი თავკაცები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ყველა, ვისაც ჩვენ ქალაქებში უცხოელი ცოლები ჰყავთ, მოვიდნენ დანიშნულ დროზე თავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე აგვცილდება ჩვენი ღვთის რისხვა ამ ამბის გამო.“ მხოლოდ იონათან ყასაელის ძე და იახზეია თიკვას ძე გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ; მეშულამი და ლევიანი შაბეთაი უჭერდნენ მათ მხარს. ასე გააკეთეს ტყვეობიდან დაბრუნებულებმა. ეზრა მღვდელმა ამისთვის გამოარჩია კაცები, თავ-თავისი მამისსახლების მიხედვით, და ყველა მათგანი თავისი სახელით იყო ჩაწერილი. და დასხდნენ ისინი მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გამოსაძიებლად. და მორჩნენ პირველი თვის პირველი დღისათვის ყველა იმ მამაკაცის საქმეს, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ. სამღვდელოთა შთამომავლებში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძის ძენი და მისი ძმები: მაყასეია, ელიყეზერი, იარიბი და გედალია; მათ ხელი მისცეს იმის დასტურად, რომ გაუშვებდნენ ცოლებს, და რომ თავისი დანაშაულის გამო ვერძებს შესწირავდნენ ცოდვის მსხვერპლად. და იმერის ძეთაგან: ხანანი და ზებადია; და ხარიმის ძეთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი, ყუზია; და ფაშხურის ძეთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელყასა; და ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმეყი, კელაია, იგივე კელიტა, ფეთახია, იუდა და ელიყეზერი; და მგალობელთაგან: ელიაშიბი; და კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ხური; და ისრაელიანთაგან, – ფარყოშის ძენი: რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია, ბენაია; ყელამის ძეთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ელია; ზათუს ძეთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბადი, ყაზიზა; ბებაის ძეთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი, ყათლაი; ბანის ძეთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი, იერემოთი; და ფახათ-მოაბის ძეთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მანაშე; ხარიმის ძეთაგან: ელიყეზერი, იშია, მალქია, შემაყია, შიმყონი, ბენიამინი, მალუქი, შემარია; ხაშუმის ძეთაგან: მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მანაშე, შიმეყი; ბანის ძეთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი, ბენაია, ბედია, ქელუჰი, ვანია, მერემოთი, ელიაშიბი, მათანია, მათენაი და იაყასუ, ბანი, ბინუი შიმეყი, შელემია, ნათანი, ყადაია, მაქნადებაი, შაშაი, შარაი, ყაზარელი, შელემია, შემარია, შალუმი, ამარია, იოსები, ნებოს ძეთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია. ყველა ამათ უცხოელი ცოლები ჰყავდათ. ზოგიერთებს მათი ცოლებიდან შვილებიც შესძენოდათ. ეს არის ნეემიას, ხაქალიას ძის, ამბავი. მეოცე წელს ქისლევის თვეში, სატახტო ქალაქ შუშანში რომ ვიყავი, ხანანი, ერთ-ერთი ჩემი მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი მოვიდა იუდეიდან, და ვკითხე მათ დარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და – იერუსალიმზე. და მითხრეს მე: „დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადაურჩნენ იქ, თავიანთ ქვეყანაში, დიდ უბედურებასა და გასაჭირში არიან; იერუსალიმის კედელი დარღვეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლით არის გადაბუგული.“ ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი; ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე, და ვეუბნებოდი: „გემუდარები, უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიდებულო და შიშის მომგვრელო, რომელიც აღთქმასა და წყალობას უნახავ შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამცველთ! ყური შენი სმენად იყოს და თვალი შენი – ხილვად, რათა შეისმინო შენი მსახურის ლოცვა, ახლა დღედაღამ რომ ლოცულობს შენს წინაშე ისრაელის ძეთათვის, შენს მორჩილთათვის, და აღიარებს ისრაელიანთა ცოდვებს, რომლითაც შენ შეგცოდეს. მე და ჩემმა მამისსახლმაც შეგცოდეთ. დავაშავეთ შენს წინაშე. არ ვასრულებდით იმ მცნებებს და წესებს და სამართალს, რაც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს. გაიხსენე სიტყვა, რომელიც აღუთქვი მოსეს, შენს მსახურს: თუ მიღალატეთ, ხალხებში გაგფანტავთ, ხოლო თუ მოიქცევით ჩემსკენ და დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდეც რომ იყოთ გაფანტულნი, იქიდან შეგაერთებთ და მოგიყვანთო იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო. ისინი ხომ შენი მსახურნი არიან და შენი ერი, რომელიც გამოისყიდე შენი დიდი ძალითა და მტკიცე მარჯვენით. გევედრები, უფალო, შენი ყური სმენად იყოს შენი მსახურის ლოცვისა და შენს მსახურთა ლოცვების მიმართ, რომელთაც სწადიათ შენი სახელის მოწიწება და ახლა გემუდარები, ხელი მოუმართე შენს მსახურს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე!“ – მაშინ მე მეფის ღვინის მწდე ვიყავი. და ერთხელ, ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეფობის მეოცე წელს, ღვინო იდგა მის წინ; ავიღე ეს ღვინო და მივართვი მეფეს; და მწუხარე სახით ვიდექი მის წინაშე, და მკითხა მეფემ: „რატომა გაქვს სახე სევდიანი? ცხადია, რომ ავად არა ხარ! ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა სევდა გულისა?“ და ძალზე შევშინდი. და ვუთხარი მეფეს: „იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სახე სევდიანი, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების საფლავები მეგულება, დანგრეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლშია დაბუგული?“ და მითხრა მეფემ: „ახლა რას ითხოვ?“ და ვილოცე ცათა ღმერთის მიმართ. და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს და, თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენს წინაშე, გამიშვი იუდაში, ჩემი მამების საძვალეთა ქალაქში, და ხელახლა გავაშენებ მას.“ და მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალიც ეჯდა გვერდით: „რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?“ და არ დაუშლია მეფეს ჩემთვის წასვლა და გამიშვა, რაკი მე დრო დავუთქვი. და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა მათ გზა მომცენ, ვიდრე იუდას მივაღწევდე. და ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხესიმაგრის კარიბჭეებისთვის, რომელიც ღვთის სახლთანაა, და ქალაქის კედლისათვის, და სახლისათვის, რომელშიც მე შევალ.“ და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე. და მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ მხედარმთავრები და მხედრები გამომაყოლა. და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და დიდად ეწყინათ, რომ ისრაელის ძეთათვის სიკეთის საძიებლად მოვიდა კაცი. და მივედი იერუსალიმში, და ვიყავი იქ სამი დღე. და ავდექი ღამით რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის არ მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ღმერთმა გულში იერუსალიმისათვის, და არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რომელზეც ვიყავი ამხედრებული. და გავედი ღამით ნაღვარევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისაკენ, და დავათვალიერე იერუსალიმის დარღვეული კედლები, მისი ცეცხლში გადაბუგული კარიბჭეები. და გავიარე წყაროს კარიბჭისა და მეფის აუზისაკენ, თუმცა არ იყო ადგილი, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რომელზეც ვიყავი ამხედრებული. და ასე ავუყევი ღამით ხევს, დავათვალიერე კედელი, უკან გამოვბრუნდი, მივედი ნაღვარევის კარიბჭესთან, და შინ დავბრუნდი. ქალაქის მოხელეებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებელთ ჯერ არ ვუმხელდი. და მხოლოდ ვუთხარი: თქვენ ხედავთ-მეთქი, რა უბედურ დღეში ვართ, როგორაა იერუსალიმი მოოხრებული და როგორ არის ცეცხლში დაბუგული მისი კარიბჭენი; წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი. და ვაუწყე მათ ჩემი ღვთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, მეფეს რომ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი. და თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთო. და ხელი განიმტკიცეს სასიკეთოდ. და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და გეშემ არაბმა, და დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: „ამას რას შვრებით? მეფეს უჯანყდებით?“ და ვუპასუხე მათ: „ცათა ღმერთი შეგვეწევა. და ჩვენ, მისი მსახურნი, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ კი იერუსალიმში არა გაქვთ წილი, არც უფლება და არც სახსენებელი.“ და ადგნენ ელიაშიბი, დიდი მღვდელი, და მისი მღვდელი ძმები, და აღადგინეს ცხვრის კარიბჭე: მათ განათლეს ის და კარი შეაბეს, და განათლეს მეას გოდლიდან ხანანელის გოდლამდე. და მის გვერდით აშენებდნენ იერიხოელნი, ხოლო მათ გვერდით აშენებდა ზაქურ იმრის ძე. და თევზთა კარიბჭეს აშენებდნენ ჰასენაას ძენი; მათ გადახურეს იგი და კარები შეაბეს თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით. მათ გვერდით კედელს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ძისა ჰაკოცისა. მათ გვერდით ამაგრებდა მეშულამი, ძე ბერექიასი, ძისა მეშეზაბელისა; მათ გვერდით ცადოკ ბაყანას ძე ამაგრებდა. მათ გვერდით ამაგრებდნენ თეკოაყელები, მაგრამ მათი დიდებულნი კი ქედს არ იდრეკდნენ, რომ თავიანთი უფალი ღმერთისთვის ეშრომათ. ძველ კარიბჭეს ამაგრებდნენ იოიადაყი, ძე ფასეახის, და მეშულამი, ძე ბესოდეიასი; მათ გადახურეს იგი და ჩაუყენეს კარები თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით. მათ გვერდით ამაგრებდნენ მელატია გიბეონელი და იადონ მერონოთელი, გიბეონისა და მიცფას მკვიდრები, რომელნიც მდინარისგაღმელ განმგებელს ემორჩილებოდნენ. მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე – ოქრომჭედელი; და მის გვერდით ამაგრებდა ხანანია, რომელიც მენელსაცხებელთაგან იყო, და აღადგენდნენ იერუსალიმს ფართო კედლამდე. მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარსამთავროს მთავარი. და მის გვერდით ამაგრებდა იედაია, ძე ხარუმაფისა – თავისი სახლის წინ. და მის გვერდით ამაგრებდა ხატუშ ხაშაბნეიას ძე. მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახათ-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი. და მის გვერდით ამაგრებდა შალუმი, ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარსამთავროს მთავარი, ის და მისი ასულები. ნაღვარევის კარიბჭე გაამაგრეს ხანუნმა და ზანოახის მკვიდრებმა; მათ ააშენეს იგი, კარები შეაბეს თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით; და მათვე გაამაგრეს სიგრძით ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე. და სანაგვის კარიბჭე გაამაგრა მალქიამ, რექაბის ძემ, ბეთ-ჰაქერემის სამთავროს მთავარმა; მან ააშენა იგი და შეაბა კარები თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით. წყაროსთვალის კარიბჭეს ამაგრებდა შალუმი, ქოლ-ხოზეს ძე, მიცფას სამთავროს მთავარი; მან აღადგინა და გადახურა იგი, შეაბა კარები თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით. მანვე ააშენა კედელი შელახის აუზთან, მეფის ბაღის წინ დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე. მის იქით ამაგრებდა ნეემია, ყაზბუკის ძე, ბეთ-ცურის ნახევარსამთავროს მთავარი, დავითის საფლავის მოპირდაპირე მხარემდე, და ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე. მის იქით გაამაგრეს ლევიანებმა რეხუმის, ბანის ძის, ხელმძღვანელობით და მის გვერდით გაამაგრა ხაშაბიამ, კეყილას ნახევარსამთავროს მთავარმა, თავისი სამთავროს სახელით. მის იქით ამაგრებდნენ მათი ძმები, ბინუი ხენადადის ძის, კეყილას ნახევარსამთავროს მთავრის ხელმძღვანელობით. მის გვერდით – ყეზერ იესოს ძემ, მიცფას სამთავროს მთავარმა, გაამაგრა კედლის მეორე უბანი აიარაღის საწყობის ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან. მის იქით თავგამოდებით ამაგრებდა მეორე უბანს ბარუქი, ზაბაის ძე, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე. მის იქით მეორე უბანს ამაგრებდა მერემოთი, ურიას ძე, ძისა ჰაკოცისა – ელიაშიბის სახლის კარიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე. მის იქით სანახებში მცხოვრებმა მღვდლებმა გაამაგრეს. მის იქით, თავიანთი სახლის წინ, ამაგრებდნენ ბენიამინი და ხაშუბი; მათ იქით თავის სახლთან გაამაგრა ყაზარიამ მაყასეიას ძემ, ძისა ყანანიასი; მათ შემდეგ გაამაგრა ბინუი ხენადადის ძემ, მეორე უბანი – ყაზარიას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე. მის იქით ფალალ უზაის ძე ამაგრებდა კუთხისა და იმ გოდლის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც მეფის ზემო სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მის იქით ფედაია ფარყოშის ძე ამაგრებდა. ტაძრის მსახურებმა კი, ყოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭისა და გამოშვერილი გოდლის წინ, აღმოსავლეთით. მათ იქით მეორე მხარეს თეკოაყელები ამაგრებდნენ დიდი გამოშვერილი გოდლის პირდაპირ ყოფელის ზღუდემდე. ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლებმა გაამაგრეს – თითოეულმა თავისი სახლის წინ. მათ იქით გაამაგრა ცადოკმა, იმერის ძემ, თავისი სახლის წინ. და მის იქით გაამაგრა შემაყია შექანიას ძემ, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველმა. მის იქით ხანანია შელემიას ძემ და ხანუნ ცალაფის მეექვსე ძემ გაამაგრეს მეორე უბანი; მის იქით ამაგრებდა მეშულამ ბერექიას ძე თავისი ბინის წინ. მის იქით გაამაგრა მალქიამ, ცორფის ძემ, ტაძრის მსახურთა და ვაჭართა სახლამდე, სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, კუთხის ზემოთვალამდე. ამ ზემოთვალსა და ცხვრის კარიბჭეს შორის გაამაგრეს ოქრომჭედლებმა და ვაჭრებმა. როცა სანბალატმა გაიგო, რომ კედელს ვაშენებთ, ძალიან გაცხარდა, ბევრი იჯავრა და მასხრად აიგდო იუდაელები. თავისი მოძმეებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: „რასა შვრებიან ეს საცოდავი იუდაელები? ნუთუ მისცემენ მათ ამის უფლებას? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ ქვებს გააცოცხლებენ დანაცრებული ნანგრევებიდან?“ და ტობია ყამონელმა, რომელიც მის გვერდით იყო, თქვა: „როგორც არ უნდა აშენონ, ერთი მელაც კი რომ მიადგეს მათ ქვის კედელს, ისიც კი დააქცევს.“ ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან დასაცინი და შეურაცხნი გავხდით! მათი ლანძღვა მათვე მიუბრუნე, და მიეცი ისინი საკიცხელად თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში! და ნუ დაფარავ მათ დანაშაულს; და შენს წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხჰყოფდნენ ისინი მშენებლებს. და ავაშენეთ ქალაქის კედელი, და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე. და ჰქონდა ხალხს საქმის გულმოდგინება. და როცა გაიგეს სანბალატმა, ტობიამ და არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა, რომ გრძელდებოდა იერუსალიმის კედლების აღდგენა და მისი ბზარების გამთელება, ძალიან გაცხარდნენ. და ყველანი შეითქვნენ, რათა საომრად მოსულიყვნენ იერუსალიმში და არეულობა ჩამოეგდოთ იქ. და ჩვენ ვევედრებოდით ჩვენს ღმერთს, და დაცვა გვეყენა მათ წინააღმდეგ დღედაღამ. და თქვეს იუდაელებმა: „წელში გაწყდნენ მზიდავები, ნაგავი კი ბევრია; ჩვენ ვეღარ ავაშენებთ კედელს.“ ხოლო ჩვენი მტრები კი ამბობდნენ: „ვერც გაიგებენ და ვერც შეამჩნევენ, ისე გავჩნდებით მათ შორის და ისე გავავლებთ მუსრს და სამუშაოებს შევაწყვეტინებთ.“ და როცა მათ ახლოს მცხოვრები იუდაელები მოდიოდნენ და დღეში ცხრაჯერ მაინც გვიმეორებდნენ: ყოველი მხრიდან დაგვესხმიანო თავს, – მაშინ ჩავაყენე ხალხი დაბლობებში, კედლის გარეთ ღია ადგილებში, და დავაყენე ხალხი საგვარეულოთა მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით. და შევხედე, წამოვდექი და ვუთხარი დიდებულებს და მოხელეებს და დანარჩენ ხალხს: „ნუ გეშინიათ მათი; გაიხსენეთ უფალი, დიდი და შიშის მომგვრელი, და იბრძოლეთ თქვენი ძმების, თქვენი ძეების და ასულების, თქვენი ცოლებისა და სახლ-კარისათვის.“ და როგორც კი ჩვენმა მტრებმა გაიგეს, რომ ჩვენ ვიცით მათი ამბავი და, რომ ღმერთმა ჩაშალა მათი განზრახვა, ყველანი დავბრუნდით კედელთან, თითოეული თავის საქმეზე. და იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი ჭაბუკების ნახევარი მუშაობდა, მეორე ნახევარს კი ტანზე აბჯარი ეცვა, ხელში შუბები, ფარები და მშვილდები ეჭირათ. მთავრები კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ. კედლის მშენებლები აშენებდნენ, მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალით იარაღი ეჭირათ. და თითოეულ მშენებელს წელზე მახვილი ერტყა და ისე აშენებდა. გვერდით კი მებუკე მყავდა. და ვუთხარი დიდებულებს, მოხელეებს და დანარჩენ ხალხს: „საქმე დიდი და ვრცელია, ჩვენ კი კედელზე ვართ შემოფანტულნი და ერთმანეთსა ვართ მოშორებულნი, ამიტომ საიდანაც ბუკისცემის ხმას გაიგონებთ, იქ მოგროვდით ჩვენთან; ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის.“ ასე ვაკეთებდით საქმეს; ნახევარს კი ალიონის დაძვრიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე შუბი ეჭირა. მაშინ იყო, რომ ვუთხარი ხალხს: თითოეულმა თავის მსახურთან ერთად ღამე გაათიოს იერუსალიმში. ასე რომ ღამით ჩვენთან ერთად იყარაულებდნენ, დღისით კი იმუშვებდნენ. და არც მე და არც ჩემი ძმები, არც ჩემი მსახურნი, არც მცველები, თან რომ დამყვებოდნენ, ტანსაცმელს არ ვიხდიდით; თითოეულს ხელში თავისი მახვილი გვეჭირა, მაშინაც კი, როდესაც წყალზე მივდიოდით. დიდი დრტვინვა ატყდა ხალხში და მათ ცოლებში თავიანთ იუდაელ მოძმეთა წინააღმდეგ. და იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ: ჩვენ, ჩვენი ძენი და ჩვენი ასულნი ბევრნი ვართ და პური გვინდა ვიშოვოთ, რომ ვჭამოთ და ვიცოცხლოთო. და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ: ჩვენს მინდვრებს, ვენახებს და სახლებს ვაგირავებთ, რათა ხორბალი ვიშოვოთო შიმშილობის ჟამს. და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ: „ჩვენი მიწებისა და ჩვენი ვენახების დაგირავებით ფულს ვშოულობთ მეფისთვის ხარკის გადასახდელად. და ჩვენი ხორციც ისეთივეა, როგორც ჩვენი მოძმეებისა. და ჩვენი ძენი ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ ჩვენ გვიხდება ჩვენი ძეებისა და ასულების მონებად მიცემა და ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია. ხელში ძალა გამოგვეცალა და ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს რჩებათ.“ ძალიან გავცეცხლდი, როდესაც მათი დრტვინვა და ეს სიტყვები მოვისმინე. მაგრამ გულმა მიკარნახა და ვეჩხუბე დიდებულებს, მოხელეებს და ვუთხარი მათ: „თქვენი მოძმეებისაგან ვახშს იღებთ.“ და მოვიწვიე მათ წინააღმდეგ დიდი კრებული. და ვუთხარი მათ: „ჩვენ გამოვისყიდეთ სხვა ხალხებს მიყიდული ჩვენი იუდაელი ძმები, როგორც შეგვეძლო, თქვენ კი საკუთარ ძმებს ჰყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ.“ და დუმდნენ ისინი და სიტყვას ვეღარ პოულობდნენ. და ვთქვი: „არ არის კარგი ეს საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ! განა ღვთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისგან და მტრებისგან დაცინვა აიცილოთ? მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურნი სესხად ვაძლევთ ვერცხლს და ხორბალს. მოდით, ვაპატიოთ მათ ეს ვალი. დღესვე დაუბრუნეთ მათ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, და სარგებელი ვერცხლის, ხორბლის, ღვინის და ზეთის, რასაც მათგან ითხოვდით.“ და თქვეს: „დავუბრუნებთ და აღარ მოვთხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ.“ და მღვდლებს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რომ იმ სიტყვისამებრ მოქცეულიყვნენ. და დავიბერტყე მოსასხამის კალთა და ვთქვი: „ასე გაიბერტყოს ყოველი ის კაცი თავისი სახლიდან და თავისი მონაგარიდან, ვინც არ შეასრულებს ამ სიტყვას, და ასე იყოს გაბერტყილი და გამოცარიელებული.“ და თქვა მთელმა კრებულმა: „ამინ!“ და ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა. აგრეთვე იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე – 12 წლის განმავლობაში – მე და ჩემს ძმებს განმგებლის პური არ გვიჭამია. განმგებლები, ჩემამდე ვინც იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და 40 შეკელის გარდა, პურსა და ღვინოსაც ართმევდნენ. მათი მსახურნიც ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ მე ასე არ მოვქცეულვარ ღვთის მოშიშობის გამო. თანაც მე გადაგებული ვიყავი კედლის შენებაზე. მინდვრებს აღარ ვყიდულობდით და ყველა ჩემი მსახური იქ იყრიდა თავს სამუშაოდ. 150 კაცი მესხდა სუფრაზე – იუდაელები და მოხელეები, გარდა ჩვენს გარშემო მცხოვრებ ხალხებიდან მოსულთა. აი, რა მზადდებოდა ერთი დღისათვის: ერთი ხარი, ექვსი რჩეული ცხვარი, ასევე ფრინველს ამზადებდნენ ჩემთან; და ყოველ ათ დღეში ყველანაირი ღვინო მოჰქონდათ უხვად. მაგრამ განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო. ყველაფერი სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო, რაც ამ ხალხისათვის გამიკეთებია. და როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და დანარჩენმა ჩვენმა მტრებმა გაიგეს, რომ ავაშენეთ კედელი და არ დარჩენილა მასში ბზარი, – თუმცა იმ ხანად კარებები ჯერ კიდევ არა მქონდა ჩაყენებული კარიბჭეებში, სანბალატმა და გეშემმა მომიგზავნეს მსახური და შემომითვალეს: წამო, ონოს ხეობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთო. მათ განზრახული ჰქონდათ ჩემთვის ბოროტება გაეკეთებინათ. მაგრამ მე მოციქულები გავუგზავნე და შევუთვალე: „დიდ საქმეს ვაკეთებ და ვერ ჩამოვალ. რატომ უნდა შეჩერდეს საქმე, თუ მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ?“ და ოთხჯერ მომიგზავნეს ამ სიტყვით და მეც იგივე პასუხი დავუბრუნე. და ამავე სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა. და ეწერა მასში: „ხალხებში ხმა დადის და გეშემიც ამბობს, რომ შენ და იუდაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული, ამისათვის აშენებ კედელს. და შენ მათი მეფე იქნები, ამავე ხმების თანახმად. და წინასწარმეტყველნიც დაგიყენებია, რათა იერუსალიმში იქადაგონ შენზე და თქვან: მეფე არისო იუდაში! და ახლა მეფის ყურამდე მივა ეს ხმები. ამიტომ მოდი და მოვილაპარაკოთ.“ მე კაცი გავუგზავნე და შევუთვალე: „ასეთი რამ, რასაც შენ ამბობ, არ ყოფილა, რადგან შენი ჭკუიდან ჩმახავ მაგას!“ ყველანი ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ, ფიქრობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვერ დაასრულებენო. მაგრამ ახლა უფრო განვამტკიცე ჩემი ხელები. შემაყიას, დელაიას, მეჰეტაბელის ძის, ვაჟს მივაკითხე და შინ იყო ჩაკეტილი; და მითხრა: „წავიდეთ ღვთის სახლში, შიგ ტაძარში, და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; და ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად.“ მაგრამ მე ვუთხარი: „ჩემისთანა კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ან ჩემისთანა კაცი თავის გადასარჩენად ტაძარში როგორ უნდა შევიდეს? მე არ შევალ.“ მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. თუმცა კი წინასწარმეტყველურად მელაპარაკა, და, რომ ტობიასა და სანბალატს ჰყავდათ იგი მოსყიდული. მოსყიდული იმისთვის იყო, რომ შემშინებოდა, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაცინად გამოიყენებდნენ. გაიხსენე, ღმერთო ჩემო, ტობია და სანბალატი მათი საქმეებისამებრ; და აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და დანარჩენი წინასწარმეტყველნი, რომელთაც ჩემი დაშინება სურდათ. და დასრულდა კედელი ელულის ოცდახუთში – 52 დღეში. ეს რომ ყველა ჩვენმა მტერმა გაიგო და ყველა ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა ხალხმა დაინახა, ძალიან დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ღვთის შეწევნით გაკეთდა ეს საქმე. იმავე დღეებში იუდას დიდებულთა მრავალ წერილს ღებულობდა ტობია და ისინი ღებულობდნენ მის წერილებს. რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო და მის ძეს, იეჰოხანანს, ცოლად ჰყავდა მეშულამის, ბერექიას ძის, ასული. და მის კეთილ საქმეებზე ჩემს წინაშე ლაპარაკობდნენ. ჩემი სიტყვები მასთან მიჰქონდათ. ტობია კი წერილებს მიგზავნიდა დასაშინებლად. კედელი რომ აშენდა, კარებები შევაბით და გავამწესე კარისმცველები, მგალობელნი და ლევიანები, და ვუბრძანე ხანანის, ჩემს ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რადგან ის სანდო კაცი იყო და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში, და ვუთხარი მათ: არ გააღონ იერუსალიმის ბჭენი ვიდრე მზე არ დააცხუნებს, და სანამ ისინი დგანან საგუშაგოზე, მანამ დაკეტონ და ურდულით დაგმანონ კარნი. და იერუსალიმის მკვიდრთაგან დააყენეთ, თითოეული თავის საგუშაგოზე და თითოეული თავისი სახლის წინ. და ქალაქი ვრცელი და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში, და არც სახლები იყო აშენებული. ჩემმა ღმერთმა გულში ჩამიდო, რათა შემეკრიბა დიდებულები და მოხელეები და ხალხი აღსანუსხავად. და მივაგენი იერუსალიმში პირველად ამოსულთა საგვარტომო წიგნს, და ვნახე მასში ჩაწერილნი: ქვეყნის ის მკვიდრნი, რომელნიც გადასახლებულ ტყვეებიდან ამოვიდნენ, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და დაბრუნდნენ ისინი იერუსალიმში და იუდაში – თითოეული თავის ქალაქში, რომელნიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანისთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან. ეს არის ისრაელი ხალხის მამაკაცთა რიცხვი: ფარყოშის ძენი – 2172; შეფატიას ძენი – 372; არახის ძენი – 652; ფახათ-მოაბის ძენი, იესოსა და იოაბის ძეთაგან – 2818; ყელამის ძენი – 1254; ზათუს ძენი – 845; ზაქაის ძენი – 760; ბინუის ძენი – 648; ბებაის ძენი – 628; ყაზგადის ძენი – 2322; ადონიკამის ძენი – 667; ბიგვაის ძენი – 2067; ყადინის ძენი – 655; ატერის ძენი ხიზკიას სახლიდან – 98; ხაშუმის ძენი – 328; ბეცაის ძენი – 324; ხარიფის ძენი – 112; გიბეონელი კაცები – 95; ბეთლემისა და ნეტოფას მკვიდრნი – 188; ყანათოთის მკვიდრნი – 128; ბეთ-ყაზმავეთის მკვიდრნი – 42; კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის მკვიდრნი – 743; რამას და გებაყის მკვიდრნი – 621; მიქმაშის მკვიდრნი – 122; ბეთელისა და ღაის მკვიდრნი – 123; სხვა ნებოს მკიდრნი – 52; სხვა ყელამის მკვიდრნი – 1254; ხარიმის ძენი – 320; იერიხოს ძენი – 345; ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი – 721; სენაას ძენი – 3930. მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან – 973; იმერის ძენი – 1052; ფაშხურის ძენი – 1247; ხარიმის ძენი – 1017. ლევიანები: იესოს ძენი კადმიელის სახლიდან, ჰოდევას ძენი – 74. მგალობელნი: ასაფის ძენი – 148. კარის მცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ხატიტას ძენი, შობაის ძენი, – 138. ტაძრის მსახურნი: ციხას ძენი, ხაშუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი, ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, შალმაის ძენი, ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი, რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, ბესაის ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფუშესიმის ძენი, ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი, ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი, ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თემახის ძენი, ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი. სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერიდას, იაყალას, დარკონის, გიდელის, შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ჰაცებაიმის და ამონის ძენი. სოლომონისა და ტაძრის მსახურთა ძენი – სულ 392. და ესენი იყვნენ ამოსულნი თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან, მაგრამ ვეღარაფერი თქვეს თავიანთ მამისსახლზე და მოდგმაზე ისრაელიდან თუ იყვნენ ისინი: დელაიას ძენი, ტობიას ძენი, ნეკოდას ძენი – 642. მღვდელთაგან: ხაბაიას ძენი, ჰაკოცის ძენი, ძენი ბარზილაისა, რომელმაც მოიყვანა ცოლი გალაადელი ბარზილაის ასულთაგან და მათ სახელზე დაეწერა. ამათ ეძებეს თავიანთი საგვარტომო ნუსხის ჩანაწერი და ვერ იპოვეს, და განიკვეთნენ მღვდლობიდან. და განმგებელმა გააფრთხილა ისინი, რომ არ ეჭამათ დიდი სიწმიდიდან, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით. მთელი კრებული ერთიანად იყო – 42360 კაცი, გარდა მონებისა და მხევლებისა, რომლებიც იყვნენ 7337; მათ ჰყავდათ მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები – 245. მათ ჰყავდათ 736 ცხენი, 245 ჯორი, 435 აქლემი, 6720 სახედარი. და საგვარეულოთა უფროსთაგან ზოგიერთმა სამუშაოსთვის წილი გაიღო. განმგებელმა შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, 50 თასი და 530 სამღვდელო კვართი. მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსათვის 20 ათასი დრაქმა ოქრო და 2200 მინა ვერცხლი. და რაც დანარჩენმა ხალხმა შესწირა იყო: 20 ათასი დრაქმა ოქრო და 2 ათასი მინა ვერცხლი და 67 სამღვდელო კვართი. და დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, კარის მცველნი, მგალობელნი, ნაწილი ხალხისა, ტაძრის მსახურნი და მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში. და დადგა მეშვიდე თვე და ისრაელის ძენი თავიანთ ქალაქებში იყვნენ. და შეიკრიბა მთელი ერი, როგორც ერთი კაცი, იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ არის, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც გამოუცხადა უფალმა ისრაელს. და მოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა მამაკაცებისაგან, დედაკაცებისაგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა, ეს იყო მეშვიდე თვის პირველ დღეს. და კითხულობდა მას მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, განთიადიდან შუადღემდე, მამაკაცთა და დედაკაცთა და ყველა მათ წინაშე, ვისაც აღქმა შეეძლო; და მთელი ერის ყური მიპყრობილი იყო რჯულის წიგნისაკენ. და იდგა ეზრა მწიგნობარი ფიცრის შემაღლებაზე, რომელიც ამ ამბის გამო გაემართათ. მას მარჯვნივ ედგნენ მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია, ზაქარია, მეშულამი და მაყასეია; მარცხნივ – ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი და ხაშბადანა. და გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან ის მთელ ხალხზე მაღლა იდგა; და როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი წამოუდგა. და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდი ღმერთი, და მიუგო მთელმა ხალხმა აღპყრობილი ხელებით: „ამინ! ამინ!“ მერე მათ მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს უფალს მიწაზე დამხობილებმა. და იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბეთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე. და კითხულობდნენ ისინი წიგნიდან, ღვთის რჯულიდან, გარკვევით, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს. და განმგებელმა ნეემიამ, ეზრამ – მღვდელმა და მწიგნობარმა – და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, განუცხადეს მთელ ერს: „ეს დღე წმიდა არის უფლისთვის, თქვენი ღვთისათვის, ნუ გლოვობთ და ნუ ტირით!“ რადგან მთელი ხალხი ტიროდა, რჯულის სიტყვებს რომ ისმენდა. და უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ ქონიანი და დალიეთ ტკბილი და იქიდან წილობები იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის; და ნუ სწუხხართ, რადგან სიხარული უფლის წინაშე სიმტკიცეა თქვენი.“ და ლევიანები აწყნარებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: „დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხხართ.“ და წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, და წილობების დასაგზავნად და დიდი მხიარულების საყოფად, რადგან შეისმინეს სიტყვები, მათ რომ აუწყეს. და მეორე დღეს ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი მთელი ხალხის საგვარეულოთა უფროსებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა, რათა მათთვის აეხსნა რჯულის სიტყვები. და ნახეს დაწერილი რჯულში, რომელიც უფალმა მისცა ხალხს მოსეს მიერ, რომ ისრაელის ძეთ კარვებში უნდა ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულისას, და რომ გამოეცხადებინათ და ასეთი ხმა დაერხიათ ყველა თავიანთ ქალაქში და იერუსალიმში: „გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილისა და ველური ზეთისხილის რტოები, მირტის, პალმისა და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით.“ და გავიდა ხალხი და მოიტანა და გაიკეთა თავისთვის კარვები – თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე. და გადანასახლებმა მთელმა კრებულმა გააკეთა კარვები და დასახლდა მათში, რადგან იესო ნავეს ძის დღეთაგან იმ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ, და იყო ძალზე დიდი სიხარული. დღითი დღე კითხულობდა იგი ღვთის რჯულის წიგნს – პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი საზეიმო შეკრებულობა ჰქონდათ, წესისამებრ. ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები, იწყეს მარხვა, ძაძები ჩაიცვეს და თავზე იყრიდნენ მტვერსა და ნაცარს. გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხოთესლს და ადგნენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და თავიანთი მამების უკუღმართობა. და იდგნენ თავიანთ ადგილებზე და კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს მეოთხედი დღე, მეორე მეოთხედი დღე კი აღსარებას ამბობდნენ, და თაყვანსა სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს. და დადგნენ ლევიანთა შემაღლებაზე იესო, ბანი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია, ბანი და ქენანი და შეჰღაღადეს უფალს, თავიანთ ღმერთს. და თქვეს ლევიანებმა – იესომ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ, ფეთახიამ: „ადექით! აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე! კურთხეული იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებას აღემატება! შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ; შენ შეჰქმენ ცა და ცანი ცათანი და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი. შენა ხარ ის უფალი ღმერთი, აბრამი რომ ამოირჩიე და გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან, და მას სახელად აბრაამი უწოდე. და ჰპოვე მისი გული სარწმუნო, წინაშე შენსა და აღთქმა დაუდე, რომ მის მოდგმას მისცემდი ქვეყანას ქანაანელთა, ხეთელთა და ამორეველთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა. და შენ შეასრულე შენი სიტყვა, რადგან მართალი ხარ. შენ დაინახე ჩვენი მამების გაჭირვება ეგვიპტეში, და შეისმინე მათი ღაღადი მეწამულ ზღვაზე. შენ მიეცი ნიშნები და სასწაულები ფარაონის, მისი ყველა მსახურისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ კადნიერად ექცეოდნენ მათ, და შენ სახელი გაითქვი დღევანდელ დღემდე. შენ გააპე მათ თვალწინ ზღვა, და მათაც შუა ზღვაში გაიარეს, როგორც ხმელეთზე; მათი მდევრები კი ისე ჩაძირე მორევში, როგორც ლოდი აბობოქრებულ წყლებში. შენ დღისით ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ წინ, და ღამით ცეცხლის სვეტით, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ. შენ ჩამოხვედი სინაის მთაზე და ზეციდან ელაპარაკე მათ, და მიეცი მათ სწორი სამართალი და ჭეშმარიტი რჯული, კეთილი წესები, და მცნებები. შენ გააცანი მათ შენი წმიდა შაბათი; და შენ მიეცი მათ მცნებები, წესდებები და რჯული, შენი მსახურის, მოსეს, ხელით. შენ აძლევდი მათ პურს ზეციდან შიმშილის მოსაკლავად, შენ გადმოუდინე მათ წყალი კლდიდან წყურვილის დასაცხრობად. და უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომელზეც შენ აღმართე ხელი და ფიცით აღუთქვი, რომ მათ მისცემდი. მაგრამ ჩვენი მამები გაკადნიერდნენ, გაიფიცხეს ქედი და ყური არ ათხოვეს შენს მცნებებს. და არც გაგონება ინებეს და არც შენი საოცარი საქმეები გაიხსენეს, მათ შორის რომ მოახდინე. გაიფიცხეს ქედი, დაიყენეს ბელადი, რათა მონობას დაბრუნებოდნენ ამბოხებით. მაგრამ შენა ხარ ღმერთი შემნდობი, მოწყალე და შემბრალე. ნელი რისხვაში და უხვი სიყვარულში, ამიტომ შენ არ მიგიტოვებია ისინი. თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და თქვეს: ესაა შენი ღმერთი, რომელმაც ამოგიყვანაო ეგვიპტიდან. დიდი საგმობი საქმეები ჩაიდინეს მათ. მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში: დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდათ გზაზე საწინამძღვროდ და ღამით ცეცხლის სვეტი იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ. და შენი კეთილი სული მიანიჭე მათ შესაგონებლად, და შენი მანანა არ მოგიშორებია მათი პირისათვის, და წყალს აძლევდი წყურვილის მოსაკლავად. და ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში, – არ აკლდათ არაფერი; სამოსელი არ გასცვეთიათ და ფეხები არ დასიებიათ. და მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, და დაუნაწილე მათ ყველა კუთხე და ისინიც დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ბაშანის მეფის, ყოგის, ქვეყანას. შენ გაამრავლე ცის ვარსკვლავებივით მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ნათქვამი გქონდა მათი მამებისათვის, რომ მიიყვანდი მის დასაპატრონებლად. და მოვიდნენ ძენი, და დაეპატრონენ ქვეყანას. და შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი, ქანაანელნი, და ხელში ჩაუგდე მეფეებიანად და იმ ქვეყნის ხალხებიანად, რათა მათ თავიანთ ნებაზე მოქცეოდნენ. და დაიპყრეს მათ ციხე-ქალაქები, პოხიერი მიწა, დაეპატრონენ ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლებს, კლდეში ამოკვეთილ ჭებს, ვენახებს, ზეთისხილითა და ხეხილით სავსე ბაღებს. მრავლად; და ჭამეს და გაძღნენ, და გასუქდნენ, და მიეცნენ განცხრომას შენი დიდი სიკეთის წყალობით. და მაინც ურჩობდნენ და ამბოხიც კი მოგიწყვეს, შენი რჯული ზურგს უკან მოისროლეს, და დახოცეს ის შენი წინასწარმეტყველები, რომელნიც აფრთხილებდნენ მათ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად საგმობ საქმეებს ჩადიოდნენ. ამიტომაც ჩაყარე ისინი მტრების ხელში, რომლებიც ავიწროვებდნენ მათ. თავიანთი შეჭირვების ჟამს ისინი შენ შემოგღაღადებდნენ და შენც ზეციდან უსმენდი და შენი დიდი სიბრალულისამებრ მხსნელებს უგზავნიდი, და ისინიც იხსნიდნენ მათ მათი მტრების ხელიდან. მაგრამ როგორც კი სულს მოითქვამდნენ, ისევ ბოროტის კეთებას იწყებდნენ შენს წინაშე. და შენ კვლავ მტრის ხელში ყრიდი მათ და ისინიც ბატონობდნენ მათზე; და კვლავ შემოგღაღადებდნენ, და შენც ზეციდან ისმენდი და იხსნიდი მათ შენი სიბრალულისამებრ მრავალგზის. და აფრთხილებდი მათ, რათა შენი რჯულისაკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი კადნიერად იქცეოდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინააღმდეგ, რომელთა აღსრულებითაც უნდა იცოცხლოს კაცმა; აიჩეჩეს ჯიუტი მხრები და გაიფიცხეს ქედი და არაფერს ისმენდნენ. შენ სულგრძელი იყავ მათ მიმართ მრავალი წელი და აფრთხილებდი შენი სულით, შენი წინასწარმეტყველების მეშვეობით მაგრამ მათ ყურად არ იღეს და ამიტომ ჩაყარე ისინი ქვეყნის ხალხების ხელში. და მაინც შენი დიდი სიბრალულის გამო არ მოსპე და არ მიატოვე ისინი, რადგან მოწყალე და შემბრალებელი ღმერთი ხარ. ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, თვალში ნუ გეცოტავება ის გაჭირვება, რაც ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამებს და ჩვენს ხალხს შეემთხვა აშურის მეფეთა დღეთაგან ამ დღემდე. შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, რადგან შენ სწორად იქცეოდი, ჩვენ კი ურჯულოებას ვიქმოდით. და ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავარნი, ჩვენი მღვდლები და ჩვენი მამები არ ასრულებდნენ შენს რჯულს და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და შენს შეგონებებს, რომლებითაც შეაგონებდი მათ. ისინი თავიანთ სამეფოშიც კი, მიუხედავად იმ დიდი სიკეთისა, შენ რომ უწყალობე მათ, მიუხედავად იმ ვრცელი და პოხიერი მიწისა, შენ რომ წინ გადაუშალე, არ გემსახურებოდნენ და უკუღმართი საქმეებისაგან უკან არ იხევდნენ. და, აჰა, დღეს ჩვენ მონები ვართ იმ ქვეყანაში, ჩვენს მამებს რომ უბოძე, რათა მისი ნაყოფითა და მისი დოვლათით ესაზრდოვათ, დამონებული ვართ. მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისთვისაა, რომლებიც ჩვენ დაგვიდგინე ჩვენი ცოდვების გამო; ისინი ეპატრონებიან ჩვენს სხეულებსაც და ჩვენს პირუტყვსაც, თავიანთ ნებაზე. დიდ გაჭირვებაში ვართ. და ყოველივე ამის გამო ჩვენ ვდებთ მტკიცე აღთქმას წერილობით. ჩვენმა მთავარებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა ბეჭედი დაუსვეს.“ აჰა, ისინი, ვინც ბეჭდები დაუსვეს: ნეემია ხაქალიას ძე – განმგებელი, ცედეკია, სერაია, ყაზარია, იერემია, ფაშხური, ამარია, მალქია, ხატუში, შებანია, მალუქი, ხარიმი, მერემოთი, ყობადია, დანიელი, გინეთონი, ბარუქი, მეშულამი, აბია, მიამინი, მაყაზია, ბილგაი, შემაყია – ესენი მღვდლები იყვნენ. და ლევიანები: იესო აზანიას ძე, ბინუი ხენადადის ძე, კადმიელი. და მათი ძმები: შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი, მიქა, რეხობი, ხაშაბია, ზაქური, შერებია, შებანია, ჰოდია, ბანი, ბენინუ. ხალხის თავკაცები: ფარყოში, ფახათ-მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი, ბუნი, ყაზგადი, ბებაი, ადონია, ბიგვაი, ყადინი, ატერი, ხიზკია, ყაზური, ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი, ხარიფი, ყანათოთი, ნებაი, მაგფიყაში, მეშულამი, ხეზირი, მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი, ფელატია, ხანანი, ყანაია, ჰოშეაყი, ხანანია, ხაშუბი, ჰალოხეში, ფილხა, შობეკი, რეხუმი, ხაშაბნა, მაყასეია, ახია, ხანანი, ყანანი, მალუქი, ხარიმი და ბაყანა. და დანარჩენი ხალხი, მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, ტაძრის მსახურები და ყველა სხვა ქვეყნების ხალხებს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისაკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, მათი ძეები, მათი ასულები ყველა მცოდნე და გამგები შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ დიდებულებს, და წყევლითა და ფიცით შეიკრნენ, რათა ევლოთ ღვთის რჯულით, რომელიც მოსეს, ღვთის მსახურის, ხელით იყო მოცემული, და დაეცვათ და შეესრულებინათ უფლის, ჩვენი ღმერთის, ყველა მცნება, მისი სამართალი და მისი წესები, და რათა არ მიგვეცა ჩვენი ასულები სხვა ქვეყნის ხალხებისთვის და არც მათ ასულებს შევართვევინებდით ჩვენს ძეებს. და რათა ქვეყნის სხვა ხალხთაგან, რომელთაც შაბათობით მოაქვთ გასაყიდად საქონელი და ყველანაირი საზრდო, არაფერი შეგვეძინა შაბათსა და წმიდა დღეს; და ყოველ მეშვიდე წელს თანანადები მიგვეტევებინა. და წესად დავიდეთ, რომ წელიწადში გაგვეღო შეკელის მესამედი ჩვენი ღვთის სახლის სამსახურისათვის: საწინაშეო პურისათვის, ყოველდღიურ პურთათვის და მუდმივი ძღვენისათვის, მუდმივი სრულადდასაწველისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისათვის, დღესასწაულებისათვის და წმიდა ნივთებისათვის, ისრაელის ცოდვის გამომსყიდველი მსხვერპლებისა და ჩვენი ღვთის სახლის ყოველნაირი საქმისათვის. და წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირავი შეშის მოზიდვაზე, რათა ღვთის სახლში ეზიდათ მამისსახლთა მიხედვით დაწესებულ დროს, წლითიწლობით უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოზე დასაწვავად, როგორც რჯულში სწერია. და ჩვენ ვიკისრეთ ჩვენი მიწის პირველნაყოფისა და ყოველი ხეხილის პირველნაყოფის წლითიწლობით უფლის სახლში მიტანა, ასევე ჩვენი ძეებიდან პირმშოების, ჩვენი პირუტყვიდან პირველმოგებულებისა, როგორც რჯულში სწერია, და ჩვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულების მიყვანა მღვდლებთან, ღვთის სახლში რომ მსახურობენ. ასევე ჩვენი პირველი ცომისა, ჩვენი შესაწირავისა, ყველა ხეხილის ნაყოფისა, მაჭრისა და ზეთისა მღვდლებთან, ღვთის სახლის ოთახებში მიტანა. ასევე ჩვენი მიწიდან მეათედისა ლევიანთათვის; სწორედ ეს ლევიანები არიან, მეათედს რომ იღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან. აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ლევიანები მეათედს მიიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღვთის სახლის საგანძურის ოთახებში მიიტანენ, რადგან ისრაელის ძეთ და ლევიანებმა ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ხორბლის შესაწირავი, ღვინო და ზეთი. იქ არის საწმიდრის ჭურჭელი, და იქ არიან მღვდლები და ტაძრის მსახურები, კარისმცველები და მგალობლები. და არ მივატოვებთ ჩვენი ღვთის სახლს. და დასახლდნენ ერისმთავრები იერუსალიმში, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ყარა, რათა ათეულიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრა დანარჩენი – სხვა ქალაქებში. და აკურთხა ხალხმა ყველა ისინი, ვინც საკუთარი სურვილით დასახლდნენ იერუსალიმში. და ესენი არიან მხარეთა მთავრები, რომლებიც იერუსალიმში დასახლდნენ, ხოლო იუდას ქალაქებში – თითოეული თავის სამკვიდრებელში და თავის ქალაქში: ისრაელის ძენი, მღვდლები და ლევიანები, ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა შთამომავალნი. იერუსალიმში დასახლდნენ იუდას ძეთაგან და ბენიამინის ძეთაგან. იუდას ძეთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალელის ძე – ფერეცის ძეთაგან. და მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, შელახის ძე. ფერეცის ძენი, იერუსალიმში რომ სახლობდნენ, 468 იყვნენ, მამაცი ვაჟკაცები. აჰა, ბენიამინის ძენი: სალუ მეშულამის ძე, იოყედის ძე, ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე, მის შემდეგ გაბაი და სალაი – 928. და იოელ ზიქრის ძე მათი უფროსი იყო; იუდა ჰასენუას ძე კი ქალაქში მეორე კაცი იყო. მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი, სერაია ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის უფროსი. და მათი ძმები, რომელნიც სახლის საქმეს ასრულებდნენ – 822. და ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე, და მისი ძმები, მამისსახლთა თავკაცები – 242. და ყამაშაი ძე ყაზარელისა, ახზაის ძე, მეშილემოთის ძე, იმერის ძე. და მათი ძმები, მამაცი მეომრები – 128. და მათ თავკაცობდა ზაბდიელი, ჰაგედოლიმის ძე. და ლევიანთაგან – შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბუნის ძე. და შაბეთაი და იოზაბადი, ლევიანთა თავკაცთაგან, ღვთის სახლის გარე სამუშაოების გამრიგე. და მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე – ლოცვისას კურთხევის მთავარი დამწყები, და ბაკბუკია, მის ძმათაგან მეორე, და ყაბდა შამუაყის ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე. წმიდა ქალაქში სულ 284 ლევიანი იყო. და კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ – 172. და დანარჩენი ისრაელის ძენი, მღვდლები, ლევიანები იუდას ყველა ქალაქში სახლობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში. და ტაძრის მსახურნი ყოფელში სახლობდნენ, და მათ თავკაცობდნენ ციხა და გიშფა. და ლევიანთა უფროსი იერუსალიმში იყო ყუზი, ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი – იმ ასაფიანთაგან, მგალობლებად რომ იყვნენ ღვთის სახლში სამსახურისას, რადგან მათზე გაცემული იყო მეფის განკარგულება და დაწესებული იყო ყოველდღიური სარჩო მგალობელთათვის. და ფეთახია, ძე მეშეზაბელისა, ზერახის ძეთაგან, იუდას ძისა, მეფის მარჯვენა ხელი იყო ყველა სახალხო საქმეში. და იუდას ძეთაგან სოფლად თავიანთ ველებზე დასახლდნენ: კირიათ-არბაყში და მის სოფლებში, დიბონში და მის სოფლებში, იეკაბცეელში და მის სოფლებში; იესოში, მოლადაში, ბეთ-ფელეტში; ხაცარ-შუყალში, ბეერ-შებაყში და მის სოფლებში; ციკლაგში, მექონაში და მის სოფლებში; ყენ-რიმონში, ცორყაში, იარმუთში, ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში; ლაქიშში და მის ველებზე; ყაზეკაში და მის სოფლებში. და დაიბანაკეს ბეერ-შებაყიდან ჰინომის ველამდე. ბენიამინის ძენი დასახლდნენ გებაყიდან მოკიდებული მიქმაშსა და ყაიაში, და ბეთელსა და მის სოფლებში; ყანათოთში, ნობში, ყანანიაში, ხაცორში, რამაში, გითაიმში, ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში, ლოდში და ონოში და ხელოსანთა ხეობაში. და იუდას ლევიანთაგან ზოგიერთი ბენიამინს მიეკედლა. ესენი იყვნენ მღვდლები და ლევიანები, რომელნიც ამოვიდნენ იერუსალიმს ზერუბაბელ შეალთიელის ძესთან და იესოსთან ერთად: სერაია, იერემია, ეზრა, ამარია, მალუქი, ხატუში, შექანია, რეხუმი, მერემოთი, ყიდო, გინეთოი, აბია, მიამინი, მაყადია, ბილგა, შემაყია, იოიარიბი, იედაყია, სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია – ესენი იყვნენ მღვდლების თავკაცები და მათი ძმები იესოს დღეებში. და ლევიანები: იესო, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა. მათანია თავის ძმებთან ერთად ხელმძღვანელობდა სამადლობელო საგალობლებს. და ბაკბუკია და ყუნი თავიანთი ძმებითურთ მოპირდაპირე მხარეს გუშაგობდნენ. და იესომ შვა იეჰოიაკიმი, და იეჰოიაკიმმა შვა ელიაშიბი, და ელიაშიბმა შვა იოიადაყი, და იოიადაყმა შვა იონათანი და იონათანმა – იადუაყი. და იეჰოიაკიმის დღეებში მამისსახლთა თავკაცები იყვნენ მღვდლები: სერაიას სახლიდან მერაია, იერემიას სახლიდან – ხანანია, ეზრას სახლიდან – მეშულამი, ამარიასთან – იეჰოხანანი, მალუქის სახლიდან – იონათანი, შებანიას სახლიდან – იოსები. ხარიმის სახლიდან – ყადნა, მერაიოთის სახლიდან – ხელკაი. ყიდოს სახლიდან – ზაქარია, გინეთონის სახლიდან მეშულამი, აბიას სახლიდან – ზიქრი, მინიამინის სახლიდან და მოყადიას სახლიდან – ფილტაი, ბილგას სახლიდან – შამუაყი, შემაყიას სახლიდან იონათანი, იოიარიბის სახლიდან – მათენაი, იედაყიას სახლიდან – ყუზი, სალაის სახლიდან – კალაი, ყამოკის სახლიდან – ებერი, ხილკიას სახლიდან – ხაშაბია, იედაყიას სახლიდან – ნეთანელი. ლევიანები, მამისსახლთა თავკაცები ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანის და იადუაყის დღეებში იქნენ ჩაწერილნი, ნუსხაში, ხოლო მღვდლები კი დარიოს სპარსელის მეფობისას. ლევის ძენი, მამისსახლის თავკაცები, ჩაწერილნი იქნენ მატიანეთა წიგნში იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე. და ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია და იესო კადმიელის ძე და მათი ძმები, მათივე მოპირდაპირე მხარეს იყვნენ, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის, ბრძანებისამებრ. მათანია, ბაკბუკია, ყობადია, მეშულამი, ტალმონი, ყაკუბი – კარისმცველნი იყვნენ, და კარიბჭეთა ზღურბლებთან ყარაულობდნენ. ესენი იყვნენ იეჰოიაკიმის იესოს ძის, იოცადაკის ძის დღეებში, და ნეემია განმგებლისა და ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დღეებში. და იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველგან მათ ადგილებში, რათა იერუსალიმში ამოეყვანათ, რომ ეზეიმათ კურთხევა სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით. და შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათის სოფლებიდან. და ბეთ-გილგალიდან, გებაყისა და ყაზმავეთის ველ-მინდვრებიდან, რადგან მგალობლებს სოფლები ჰქონდათ გაშენებული იერუსალიმის სანახებში. და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, და განწმიდეს ხალხი და კარიბჭენი და კედელი. და ავიყვანე იუდას მთავარნი კედელზე, და დავაყენე ორი დიდი მადლისმწირველი გუნდი. ერთი მარჯვენა მხარეს, კედლის თავზე, გაუყვა გზას, სანაგვის კარიბჭისაკენ. და მათ უკან მისდევდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი, და ყაზარია, ეზრა და მეშულამი, იუდა, ბენიამინი, შემაყია და იერემია, და მღვდლების ძეთაგან საყვირებით: ზაქარია იონათანის ძე, შემაყიას ძე, მათანიას ძე, მიქაიას ძე, ზაქურის ძე, ასაფის ძე. და მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნეთანელი, იუდა და ხანანი, ღვთისკაცის, დავითის, სამუსიკო საკრავებით; წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღვოდა. წყაროსთვალის კარიბჭესთან, მათ მოპირდაპირე მხარეს ავიდნენ დავითის ქალაქის კიბეებზე, კედლის ასასვლელთან, დავითის სახლის ზემოდან წყლის კარიბჭემდე, აღმოსავლეთით. მეორე მადლისმწირველი გუნდი მარცხენა მხარეს მიიკვლევდა გზას და მეც და ნახევარი ხალხი მას მივდევდით კედელზე – ღუმელთა გოდლიდან სქელ კედლამდე. ეფრემის კარიბჭეზე, და ძველ კარიბჭეზე და თევზის კარიბჭეზე, და ხანანელის გოდოლზე, და ასეულის გოდოლზე გავლით ცხვრის კარიბჭემდე; და შედგნენ დილეგის კარიბჭესთან. და დადგა ორივე მადლისმწირველი გუნდი ღვთის სახლში და მეც იქ დავდექი მოხელეთა ნახევრის თანხლებით. და იქ იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია, ხანანია თავიანთი საყვირებით; და აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელეაზარი, ყუზი, იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყეზერი; და მგალობლებმა დააგუგუნეს გალობა იეზრახიას ლოტბარობით. და შესწირეს იმ დღეს დიდძალი მსხვერპლი. ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი; ხარობდნენ ქალები და ბავშვებიც. იერუსალიმის სიხარულის ხმა შორს გაისმოდა. იმავ დღეს კაცები მიუჩინეს ოთახებს, განკუთვნილთ საკუჭნაოთათვის, პირველნაყოფთათვის, მეათედისათვის, რათა იქ დაეხვავებინათ ქალაქების ყანებიდან მოტანილი წილი, რომელიც რჯულით იყო დაწესებული მღვდლებისა და ლევიანებისათვის. რადგან ხარობდა იუდა, უყურებდა რა სამსახურად მდგომ მღვდლებსა და ლევიანებს, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთი ღვთის სამსახურს და განწმედის სამსახურს. ასევე იქცეოდნენ მგალობლები და კარისმცველები დავითისა და მისი ძის, სოლომონის, მიერ დადგენილი წესის თანახმად. რადგან ძველთაგან, დავითისა და ასაფის დღეებში იყვნენ განწესებულნი მგალობელთა ლოტბარნი და მაშინვე დაწესდა ღვთის საგალობლები. და მთელი ისრაელი ზერუბაბელის დღეებში და ნეემიას დღეებში აძლევდა წილს დღითი დღე მგალობლებს და კარისმცველებს, ისინი წილს აძლევდნენ ლევიანებს, ლევიანები კი წილს აარონიანებს აძლევდნენ. იმ დღეს წაკითხულ იქნა მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და ნახეს მასში დაწერილი, რომ ყამონელი და მოაბელი უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში, რადგან არ შეეგებნენ ისინი ისრაელის ძეთ პურითა და წყლით, არამედ მოისყიდეს ბალაამი მათ წინააღმდეგ, რათა დაეწყევლა ისინი, მაგრამ ჩვენმა ღმერთმა ის წყევლა კურთხევად აქცია. და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოყვეს ყოველი შერეული ხალხი ისრაელიდან. და ამის წინ ელიაშიბ მღვდელმა, ტობიას ახლობელმა, ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე მიჩენილმა, ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც უწინ ინახავდნენ ხოლმე საძღვნოს, საკმეველს, ჭურჭლეულს, ხორბლის, მაჭრის და ზეთის მეათედს, რაც დაწესებული იყო ლევიანთათვის, მგალობელთათვის, კარისმცველთათვის და მღვდლების შესაწირავისათვის. ამ დროს მე იერუსალიმში არ ვიყავი, რადგან ბაბილონის მეფის ართახშასთას 32-ე წელს ვეახელი მეფეს. რამოდენიმე ხნის შემდეგ დავეთხოვე მეფეს. დავბრუნდი იერუსალიმს და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით. ძალიან მეწყინა ეს და ოთახიდან გამოვყარე ტობიას სახლის ყველა ნივთი. და ვუბრძანე, გამოესუფთავებინათ ის ოთახები. და დავაბრუნე იქ ღვთის სახლის ჭურჭელი, პურეულის საძღვნო და გუნდრუკი. და შევიტყვე, რომ ლევიანებს თავიანთი წილი არ ეძლეოდათ და ლევიანები და მგალობელნი, რომლებიც საქმეს უძღვებოდნენ, გადახვეწილები იყვნენ თავ-თავიანთ მინდვრებში. და ვეჩხუბე მოხელეებს და ვუთხარი: „რატომ არის მიტოვებული ღვთის სახლი?“ და შევკრიბე ისინი, და დავაყენე თავ-თვიანთ ადგილებზე. და მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეთის ნაათალის მოტანა საკუჭნაოებში. საკუჭნაოების მეუნჯეებად დავნიშნე შელემია მღვდელი, ცადოკ მწიგნობარი და ფედაია ლევიანი, და მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურისა, მათანიას ძისა, რადგან ისინი სანდოებად იყვნენ მიჩნეული, და მათი მოვალეობა იყო ძმებისათვის განაწილება. ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წაშლი ქველ საქმეებს, ღვთის სახლისათვის და მისი სამსახურისათვის რომ გამიკეთებია. და იმ დღეებში დავინახე, რომ იუდაში შაბათობით ყურძენს წურავდნენ საწნახელში; ძნას ეზიდებოდნენ; სახედრებს ჰკიდებდნენ, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყველანაირ საპალნეს, და ყველაფერი ეს მოჰქონდათ იერუსალიმში შაბათ დღეს. და გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა ხორაგეულს ჰყიდდნენ. და ცორელები სახლობდნენ იერუსალიმში და მოჰქონდათ თევზი და ყოველნაირი გასაყიდი და შაბათობით ასყიდებდნენ იუდაელებს, თვით იერუსალიმშიც კი. და ვეჩხუბე იუდას დიდებულებს და ვუთხარი მათ: „რა არის ეს ბოროტი საქმე, თქვენ რომ სჩადიხართ და ბღალავთ შაბათ დღეს? განა ასე არ იქცეოდნენ თქვენი მამები, და განა ჩვენმა ღმერთმა არ მოავლინა ყველა ეს უბედურება ჩვენზე და ამ ქალაქებზე? თქვენ კი შაბათის შებღალვით უმატებთ მის რისხვას ისრაელზე!“ როდესაც იერუსალიმის კარიბჭესთან ჩამობნელდა, შაბათის დადგომამდე, ვუბრძანე კარებები ჩაეკეტათ და განკარგულება გავეცი, არ გაეღოთ ისინი, ვიდრე შაბათის მომდევნო დილა არ დადგებოდა. და ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებთან, რომ ტვირთი არ შემოსულიყო შაბათ დღეს. სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე. და გავაფრთხილე ისინი და ვუთხარი მათ: „რად ათევთ ღამეს ქალაქის კედლის წინ? თუ კიდევ ასე მოქცეულხართ, ხელს აღვმართავ თქვენზე.“ და მას აქეთ აღარ მოსულან შაბათობით. და ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ, მოსულიყვნენ და დაეცვათ კარიბჭეები, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე შენი დიდი წყალობისამებრ. იმავე დღეებში ვნახე იუდაელები, რომელთაც აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები ჰყავდათ მოყვანილი. და ამიტომაც მათი ძენი ნახევრად აშდოდურად ლაპარაკობდნენ ან სხვადასხვა ხალხთა ენებზე, და იუდეური ლაპარაკი არ შეეძლოთ. ვეჩხუბე მათ, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ კაცს და ვაგლიჯე თმა, ღმერთი დავაფიცე და ვუთხარი: „არ გაატანოთ თქვენი ასულები მათ ვაჟებს და ნურც თქვენს ვაჟებს მოუყვანთ მათ ასულებს და ნურც თქვენ მოიყვანთ! ამ ამბებზე არ იყო, რომ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? მრავალ ხალხს შორის არ ყოფილა ისეთი მეფე, და უყვარდა იგი თავის ღმერთს და დაადგინა იგი ღმერთმა მეფედ მთელ ისრაელზე, მაგრამ ისიც აცდუნეს უცხოელმა ქალებმა! სად გაგონილა ამდენი ბოროტრბის კეთება და ამოდენა ცოდვის ჩადენა ჩვენი ღმერთის წინააღმდეგ, უცხოელ ცოლებთან წოლით?“ იეჰოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავრის ძის ვაჟთაგან ერთ-ერთი იყო ხორონელი სანბალატის სიძე; თავიდან მოვიშორე იგი. გაუხსენე მათ, ღმერთო ჩემო, რადგან მათ შებღალეს მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა. და განვწმიდე ისინი ყოველივე უცხოურისაგან და დავუწესე მოვალეობანი მღვდლებს და ლევიანებს, თითოეულს თავისი საქმე. ვიზრუნე შეშისა და პირველნაყოფების დაწესებულ დროზე მოტანისათვის. გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ! ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა, რომელიც 127 ქვეყანაზე მეფობდა ინდოეთიდან ვიდრე ქუშამდე. როდესაც ის თავის სამეფო ტახტზე იჯდა ციხე-ქალაქ შუშანში, თავისი მეფობის მესამე წელს მან ნადიმი გაუმართა ყველა თავის მთავარსა და კარისკაცს. სპარსეთისა და მიდიის მხედართმთავრები, დიდებულები და სამთავროთა განმგებლებიც მის წინაშე ისხდნენ. იგი უჩვენებდა თავისი სამეფოს დიდ სიმდიდრეს და თავისი სიდიადის ბრწყინვალებას და მშვენიერებას მრავალ დღეს, 140 დღეს. ეს დღეები რომ ჩათავდა მეფემ ყველა იმ ხალხს, ვინც, სატახტო ქალაქ შუშანში იმყოფებოდა, დიდიდან პატარამდე, შვიდდღიანი ნადიმი გაუმართა მეფის სასახლის ბაღში. მარმარილოს სვეტებს შორის ვერცხლის რგოლებზე ბისონის ძოწეული ზონრებით თეთრი და ცისფერი ფარდები ეკიდა; ოქროსა და ვერცხლის ტახტები იდგა მწვანე, თეთრ, ყვითელ და შავ მარმარილოს იატაკზე. სასმელს ოქროს აზარფეშებით სვამდნენ, ნაირ-ნაირი სასმისებით; სამეფო ღვინო უხვად იყო, მეფის სიუხვისამებრ. და სვამდნენ წესიერად, დაუძალებლად, რადგან ასე ჰქონდა დადგენილი მეფეს თავისი სახლთუხუცესებისათვის, რათა თითოეულის სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ. და ვაშთი დედოფალმაც გამართა ბანოვანთათვის ნადიმი მეფე ახაშვეროშის სასახლეში. და მეშვიდე დღეს, როცა ღვინით მოილხინა მეფის გულმა, მან უბრძანა მეჰუმანს, ბიზთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს – შვიდ საჭურისს, რომელნიც მეფე ახაშვეროშის წინაშე მსახურობდნენ, მოეყვანათ მეფის წინაშე ვაშთი დედოფალი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და მთავრებისათვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი სანახავი იყო იგი. მაგრამ არ ინება ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, რაც საჭურისთა პირით ეუწყა მას. ძლიერ გაგულიდა მეფე და რისხვით აენთო. და ჰკითხა მეფემ დრო-ჟამთა მცოდნე ბრძენკაცებს, რადგან მეფეს ჩვეულებად ჰქონდა, რჩევა ეკითხა რჯულისა და სამართლის ყოველი მცოდნისათვის; რომელთა შორისაც იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი – სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის პირის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი: რჯულის მიხედვით, რა უნდა ვუყოთო ვაშთი დედოფალს, რომ არ შეასრულაო მეფე ახაშვეროშის ბრძანება, რაც საჭურისთა პირით ეუწყაო? და თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: არა მარტო მეფის წინაშე დააშავაო ვაშთი დედოფალმა, არამედ ყველა მთავრისა და ხალხის წინაშეც, ვინც კი მეფე ახაშვეროშის სამეფოებში ცხოვრობენ. რადგან მიუვათ დედოფლის ამბავი ქალებს და ისინიც აითვალწუნებენ თავიანთ ქმრებს და იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა ბრძანა მის წინაშე მოეყვანათ ვაშთი დედოფალი, მაგრამ არ ეახლაო იგი. და დღესვე სპარსეთისა და მიდიის ბანოვანები, რომელნიც შეიტყობენ დედოფლის ამბავს, ასევე შეეპასუხებიან მეფის ყველა მთავარს, ბევრი დამცირება და წყენა შეგვხვდება. თუ მეფე ინებებს, გასცეს მეფური ბრძანება და ჩაიწეროს იგი სპარსეთისა და მიდიის რჯულში და არ შეიცვალოს, რომ ვაშთი აღარ შევიდეს მეფე ახაშვეროშის წინაშე; ხოლო მისი დედოფლობა მეფემ სხვას გადასცეს, მასზე უკეთესს. როცა გაიგებენ მეფის ამ დადგენილებას, რომელიც გავრცელდება მთელ მის სამეფოში, თუმცა კი უვრცელესია იგი, ყველა ცოლი, ბანოვანიდან დაწყებული მდაბიომდე, პატივისცემით მოეპყრობა თავის ქმარს. და მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, და მოიქცა მეფე მემუქანის სიტყვისამებრ, და დაუგზავნა წერილები თავის სამთავროებს – თითეულ სამთავროს თავისი დამწერლობით, თითეულ ხალხს თავის ენაზე, რათა ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში, და რომ ეს ყველას გამოსცხადებოდა მის ბუნებით ენაზე. ამ ამბების შემდეგ, როდესაც რისხვა დაუცხრა მეფე ახაშვეროშს, გაიხსენა მან ვაშთი და ის, რაც მან ჩაიდინა და, რაც მას გადაუწყდა. და თქვეს მეფის კაცებმა, რომლებიც მას ემსახურებოდნენ: მოუძებნონ მეფეს ლამაზი და ნორჩი ქალწულები. და დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რომ თავი მოუყარონ ყველა ლამაზსა და ნორჩ ქალწულს შუშანში, სატახტოში, სადიაცო სახლში და ჩააბარონ ჰეგაის, მეფის საჭურისს, ქალთა მცველს, და მიეცეთ მათ თავიანთი ფერუმარილი. და იმ ყმაწვილქალმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლადო. მოეწონა ეს სიტყვა მეფეს და ასეც მოიქცა. იყო ერთი იუდაელი კაცი შუშანში, სატახტო ქალაქში, სახელად მორდექაი, ძე იაირისა, ძისა შიმეყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი, რომელიც გადასახლებულ იქნა იერუსალიმიდან იმ ტყვეებთან ერთად, რომელნიც გადასახლებული იყვნენ იუდას მეფე იექონიასთან ერთად, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, გადაასახლა. და იგი იყო გამდელი ჰადასასი, ანუ ესთერისა, თავისი ბიძაშვილისა, რადგან არ ჰყავდა ესთერს არც მამა და არც დედა. ეს ყმაწვილქალი, ტანადი და პირმშვენიერი იყო და როცა დედ-მამა დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა. როცა მეფის ბრძანება და განკარგულება გამოცხადდა და თავი მოუყარეს მრავალ ყმაწვილქალს შუშანში, სატახტო ქალაქში, და ჩააბარეს ჰეგაის. მაშინ ესთერიც წაიყვანეს მეფის სახლში და ჩააბარეს ქალთა მცველს. ყმაწვილქალი მოეწონა მას და მადლი ჰპოვა მის წინაშე. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის კუთვნილი ფერუმარილი და მისი წილი საზრდო, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და გადაიყვანა ის და მისი მხევლები სადიაცო სახლის საუკეთესო სამყოფელში. ესთერს არ გაუმხელია თავისი ერი და თავისი სამშობლო, რადგან იგი მორდექაის ჰყავდა დარიგებული, რომ არ უნდა ეთქვა. და ყოველდღე დადიოდა მორდექაი სადიაცო სახლის ეზოს წინ, რათა გაეგო, როგორ იყო ესთერი და რა ხდებოდა მის თავს. როცა მოუწევდა ყოველ ყმაწვილქალს რიგი მეფე ახაშვეროშთან შესასვლელად, 12 თვის ბოლოს, როგორც დაწესებული იყო ქალებისათვის, რადგან ასე სრულდებოდა მათი დაზელვის დღეები: ექვსი თვე სურნელოვანი ზეთით და ექვსი თვე ნელსაცხებლებით და სხვადასხვა სადიაცო ფერუმარილით, მიდიოდა ყმაწვილქალი მეფესთან და ყველაფერს, რისი წაღებაც არ უნდა ეთხოვა მას, ატანდნენ სადიაცო სახლიდან მეფის სახლში. საღამოს შედიოდა ის და დილით ბრუნდებოდა მეორე სადიაცო სახლში შაყაშგაზის, მეფის საჭურისის, ხარჭათა მცველის, ხელქვეით; ვერ შევიდოდა ის მეფესთან მეტჯერ, თუ მეფე არ ისურვებდა მას და არ დაუძახებდა სახელდებით. და როდესაც ესთერს, მორდექაის ბიძის – აბიხაილის ასულს, რომელიც მორდექაის ჰყავდა ნაშვილები, მეფესთან შესვლის რიგმა მოუწია, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც მეფის საჭურისმა, ქალთა მცველმა, ჰეგაიმ ურჩია. და ესთერმა წყალობა ჰპოვა ყველა მისი მნახველის თვალში. და მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს. და ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და მან წყალობა და მადლი ჰპოვა მის წინაშე ყველა ქალწულზე მეტად. და დაადგა მან თავზე სამეფო გვირგვინი და გაადედოფლა იგი ვაშთის ნაცვლად. და გამართა მეფემ დიდი ნადიმი, ესთერის ნადიმი, ყველა თავისი მთავრისთვის და მსახურისთვის, და შეუმსუბუქა გადასახადები სამთავროებს, და გასცა საჩუქარები მეფური სიუხვით. და როდესაც მეორედ მოუყარეს თავი ქალწულებს, მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი. ესთერი ჯერ კიდევ არ ამხელდა თავის სამშობლოს და ერს, როგორც მორდექაის ჰყავდა დარიგებული; და მორდექაის სიტყვას ესთერი ისევე ასრულებდა, როგორც მაშინ, როდესაც მის მეურვეობაში იყო. და იმ დღეებში, როდესაც მორდექაი მეფის კარიბჭესთან იჯდა, ბიგთანა და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები, გაჯავრდნენ და განიზრახეს მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა. შეიტყო ეს ამბავი მორდექაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ესთერმა კი მეფეს მოახსენა მორდაქაის სახელით. და გამოძიებულ იქნა ეს საქმე და დადასტურდა, და ორივენი ხეზე ჩამოჰკიდეს. და ჩაიწერა ეს მატიანის წიგნში მეფის წინაშე. ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა განადიდა ჰამანი, ჰამედათა აგაგელის ძე, აღაზევა იგი და დაუდგა ტახტი ყველა იმ მთავარზე მაღლა, ვინც კი ჰყავდა. და მეფის ყველა მსახური, ვინც კი მეფის კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასეთი იყო მეფის ბრძანება. მორდექაი კი არც უჩოქებდა და არც თაყვანს სცემდა. და ეუბნებოდნენ მორდექაის მეფის მსახურნი, რომელნიც მეფის კარიბჭესთან იყვნენ: მეფის ბრძანებას რატომ არ ემორჩილებიო? დღითი დღე რომ ეუბნებოდნენ და ყურს არ უგდებდა მათ, ჰამანს მიუტანეს ამბავი, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა თავის სიტყვაზე მორდექაი, რადგან მას ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდაელი იყო. და დაინახა ჰამანმა, რომ მორდექაი არ უჩოქებს და არ სცემს თაყვანს მას, და აღივსო ჰამანი რისხვით. ითაკილა მარტო მორდექაიზე აღემართა ხელი, რადგან მისთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომელ ერს ეკუთვნოდა მორდექაი. გადაწყვიტა ჰამანმა გაენადგურებინა მთელი იუდაელობა, მორდექაის ერი, ახაშვეროშის მთელ სამეფოში. და პირველ თვეში, რომელიც არის თვე ნისანისა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ყრიდნენ ფურს, ანუ წილს დღითი დღე და თვიდან თვემდე, მეთორმეტე თვემდე, რომელიც არის თვე ადარისა. და უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: არის ერთი ხალხი განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისაგან, და არ ასრულებენ მეფის კანონებს, და არ შეშვენის მეფეს მათი დატოვება. თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. 10 ათას ტალანტ ვერცხლს მივუწონი ხელში მეფის მოურავებს, რათა მეფის საგანძურებში შეიტანონ. და წაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ის ჰამანს, ჰამედათა აგაგელის ძეს, იუდაელთა მტერს. და უთხრა მეფემ ჰამანს: ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოიქეცი, როგორც შენ გენებოსო. და მოუხმეს მეფის მწიგნობრებს პირველი თვის მეცამეტე დღეს და ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს და სამთავროთა განმგებლებს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და დაიბეჭდა მეფის ბეჭდით. და დაუგზავნეს წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროს, რათა გაეწყვიტათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე; ბალღები და ქალები ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც არის თვე ადარისა და დაეტაცათ მათი ქონება. ბრძანების ნუსხები, როგორც კანონი, უნდა დაეგზავნათ ყველა სამთავროში, რათა მზად ყოფილიყვნენ ამ დღისათვის. მალემსრბოლებმა სწრაფად წაიღეს მეფის განკარგულება და გაცემულ იქნა ბრძანება შუშანში, სატახტო ქალაქში; და დასხდნენ სმად მეფე და ჰამანი; შუშან-ქალაქი კი შეძრული იყო. როცა მორდექაიმ შეიტყო ყველაფერი, რაც მოხდა, შემოიხია სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო, თავზე მიწა-მტვერი გადაიყარა, შუაქალაქში გავიდა და ხმამაღლა მოთქვამდა გამწარებული და მეფის კარიბჭემდე მივიდა, რადგან არ შეიძლებოდა მეფის კარიბჭეში ჯვალოთი შესვლა. ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და განკარგულება მივიდა, დიდი გლოვა, მარხვა, გოდება და ქვითინი ჰქონდათ; ბევრი ძაძებსა და მიწა-მტვერში იჯდა. და მივიდნენ ესთერის მხევლები და მისი საჭურისები და მოახსენეს მას ეს ამბავი. ძლიერ შეძრწუნდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მორდექაი და გაეხადა ჯვალო, მაგრამ მან არ მიიღო. და მოუხმო ესთერმა ჰათაქს, მეფის საჭურისს, რომელიც მას ემსახურებოდა და უბრძანა, წასულიყო მორდექაისთან და გაეგო, რა იყო ეს და რის გამო. და გავიდა ჰათაქი მორდექაისთან, ქალაქის მოედანზე, მეფის კარიბჭის წინ. და მოახსენა მას მორდექაიმ ყოველივე, რაც შეემთხვა და ვერცხლის ზუსტი თანხის ამბავი, რომლის მეფის საგანძურებში შეტანაც ჰქონდა აღთქმული ჰამანს იუდაელთა მოსასპობად. და გადასცა ნუსხა განკარგულებისა, შუშანში რომ იყო გამოსული მათ ამოსაწყვეტად, რათა ეჩვენებინა იგი ესთერისათვის, ეუწყებინა მისთვის და ებრძანებინა, რომ მისულიყო მეფესთან, შევედრებოდა მას და წყალობა გამოეთხოვა მისგან თავისი ერისთვის. და მივიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მორდექაის ნათქვამი. და უთხრა ესთერმა ჰათაქს და მორდექაისთან დააბარა: მეფის ყველა მსახურმა და მის სამთავროთა ხალხმა იცის, რომ ყოველი კაცისთვის თუ ქალისთვის, ვინც კი მეფისგან მოუხმობლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი კანონია – სიკვდილი, ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩება, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე 30 დღეა, რაც მეფესთან მისასვლელად არ ვყოფილვარ დაძახებული. და მიუტანეს მორდექაის ესთერის ნათქვამი. და მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ შეუთვალა: არ გეგონოს, მეფის სახლიდან მხოლოდ შენ გადარჩე იუდაელთაგან, რადგან ახლა თუ დადუმდები, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა, შენ და შენი მამის სახლი კი დაიღუპებით. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დღისათვის ეწიე შენ დედოფლობას? მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის: წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელ იუდაელობას და იმარხულეთ ჩემთვის; და ნუ ჭამთ და ნუ სვამთ სამ დღეს, ნურც ღამით და ნურც დღისით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად; ასე წავალ მეფესთან, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება. და, თუ დავიღუპები, დავიღუპო! და წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაარიგა. მესამე დღეს შეიმოსა ესთერი დედოფლურად და დადგა მეფის სასახლის შიდა ეზოში, მეფის სახლის წინ. მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ. და, როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგარი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაუწოდა მეფემ მას ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, და მიუახლოვდა ესთერი და კვერთხის თავს შეეხო. და უთხრა მას მეფემ: რა იყო, დედოფალო ესთერ? და რა სათხოვარი გაქვს? თუნდაც ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მოგეცემა! და უთხრა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, მობრძანდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას. და ბრძანა მეფემ: სასწრაფოდ დამიძახეთ ჰამანს, რათა შესრულდეს ესთერის სიტყვა! და მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერს ჰქონდა მომზადებული. და უთხრა მეფემ ესთერს ღვინის სმის დროს: რა არის შენი სათხოვარი? მოგეცემა. რა არის შენი სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება! და მიუგო ესთერმა: ეს არის ჩემი სახვეწარი და სათხოვარი: თუ მადლი მიპოვია მეფის თვალში და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და ჩემი სახვეწრის აღსრულებას, მოვიდეს მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც მათ მოვუმზადებ, და ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ! და გავიდა ჰამანი იმ დღეს მხიარული და გულსავსე, მაგრამ როგორც კი ჰამანმა მეფის კარიბჭესთან თვალი მოჰკრა მორდექაის, რომელიც არ წამომდგარა მის წინაშე და არც განძრეულა, რისხვით აღეგზნო ჰამანი მორდექაის მიმართ. მაგრამ შეიკავა თავი ჰამანმა და მივიდა თავის სახლში და დაიბარა თავისი მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი. და მოუთხრო მათ ჰამანმა ამბავი თავისი დიდი დოვლათის, თავისი უამრავი ვაჟისა და ყოველივე იმისა, რითაც განადიდა იგი მეფემ და აღაზევა მეფის მთავრებზე და მსახურებზე. და თქვა ჰამანმა: დედოფალ ესთერს არავინ მოუწვევია მეფესთან ერთად თავის მომზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი და მე ხვალაც მიწვეული ვარ მასთან მეფესთან ერთად. და ეს ყოველივე არაფრად მიღირს მანამ, სანამ იუდაელ მორდექაის ვხედავ მეფის კარიბჭესთან მჯდარს. და უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და ყველა მისმა მეგობარმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოახრჩონ მორდექაი, მერე წადი მეფესთან ერთად ნადიმზე მხიარული. და მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი. იმ ღამეს ძილი გაუკრთა მეფეს. და ბრძანა მოეტანათ ყოველდღიური ამბების ჩანაწერების წიგნი, და როდესაც ის წაკითხულ იქნა მეფის წინაშე, აღმოჩნდა ჩანაწერი თუ როგორ ამხილა მორდექაიმ ბიგთანა და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველნი, რომელთაც მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჰქონდათ განზრახული. და თქვა მეფემ: რა პატივი და დიდება მიაგესო მორდექაის ამისათვის? და მოახსენეს მეფეს მისმა მსახურებმა: მას არაფერი რგებიაო. და იკითხა მეფემ: ვინ არისო ეზოში? ხოლო ჰამანი იყო მოსული მეფესთან იმის სათქმელად, რომ ჩამოეხრჩოთ მორდექაი მისთვის გამზადებულ ძელზე. და მოახსენეს მეფის მსახურებმა მას: აჰა, ჰამანი დგასო ეზოში. და ბრძანა მეფემ: შემოვიდესო. და შევიდა ჰამანი, და ჰკითხა მას მეფემ: რა ვუყოთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს? და გაიფიქრა ჰამანმა გულში: ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემიო? და უთხრა მეფეს: იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს, უბოძონ სამეფო მოსასხამი, რომელიც ემოსა მეფეს, და ცხენი, რომელზეც იგი იჯდა, როცა გვირგვინი უკურთხეს. ხელში მისცენ მოსასხამი და ცხენი მეფის ყველაზე დიდებულ მთავარს; შემოსონ ის კაცი, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს; გაატარონ ცხენით ქალაქის მოედანზე და იყვირონ მის წინაშე: ასე ექცევიან მას, ვისაც მეფე მიაგებსო პატივს! და უბრძანა მეფემ ჰამანს: ახლავე აიღეო მოსასხამი და ცხენი, როგორც თქვი, და ასე მოექეცი მორდექაის, იუდაელს, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლოო შენს ნათქვამს. და აიღო ჰამანმა მოსასხამი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ამხედრებული გაიყვანა ქალაქის მოედანზე და მის წინაშე ყვიროდა: ასე ექცევიან მას, ვისაც მეფე მიაგებსო პატივს! და დაბრუნდა მორდექაი მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი გაეშურა შინისაკენ, დამწუხრებული და თავდაბურული. და უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს, და ყველა თავის მეგობარს, ყველაფერი, რაც მას შეემთხვა. და უთხრეს მას მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: თუ მორდექაი, რომლის გამოც ემხობი, იუდაელთა მოდგმისაა, მაშინ ვერ დასძლევო მას, უსათუოდ დაემხობიო მის წინაშე. ისინი ჯერ კიდევ ამას ელაპარაკებოდნენ, რომ მოვიდნენ მეფის საჭურისები და დააჩქარეს ჰამანი, ესთერის მიერ მომზადებულ ნადიმზე წასასვლელად. და ეწვივნენ მეფე და ჰამანი დედოფალ ესთერს ნადიმზე. და ჰკითხა მეფემ ესთერს მეორე დღესაც, ღვინონასვამმა: რა სათხოვარი გაქვს, დედოფალო ესთერ? და შეგისრულდება! და რა სახვეწარი გაქვს? და ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მიიღებ. და მიუგო დედოფალმა ესთერმა და უთხრა: თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში, მეფეო, და თუ ინებებს მეფე, მომცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში. რადგან გაყიდულნი ვართ ჩვენ – მე და ჩემი ერი – გასაწყვეტად, დასახოცად და დასაღუპად. მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, დავდუმდებოდი, მაგრამ მტერი ვერ ზღავს მეფის ზარალს. და თქვა მეფე ახაშვეროშმა და ჰკითხა დედოფალ ესთერს: ვინ არის ის და სად არის, ვინც გაბედა ამის ჩადენა? და თქვა ესთერმა: მოქიშპე და მტერი ეს ბოროტი ჰამანია! ელდა ეცა ჰამანს მეფისა და დედოფლის წინაშე. ადგა განრისხებული მეფე ნადიმიდან და გავიდა სასახლის ბაღში; ჰამანი კი დარჩა, რათა სიცოცხლის შენარჩუნება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისაგან, რადგან ხედავდა, რომ მისი დაღუპვა გადაწყვეტილი იყო მეფისაგან. და როდესაც მეფე დაბრუნდა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში, ჰამანი იმ სარეცელზე დამხობილი დაუხვდა, რომელზეც ესთერი იყო. მეფემ თქვა: დედოფალზეც ძალადობს ჩემთან სახლშიო? სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და მაშინვე დაუფარეს სახე ჰამანს. და ხარბონამ, ერთმა საჭურისთაგანმა, მეფის წინაშე განაცხადა: აჰა, ჰამანის სახლთან დგას ის ძელი, ჰამანმა რომ მოუმზადა მორდექაის, მეფისთვის კეთილის მსურველს, 50 წყრთაა სიმაღლით! და თქვა მეფემ: ჩამოჰკიდეთ მასზე! და ჩამოჰკიდეს ჰამანი იმ ძელზე, მორდექაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული და დაცხრა მეფის რისხვა. იმავე დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს იუდაელთა მტრის, ჰამანის, სახლი. მორდექაი კი ეახლა მეფეს, რადგან გაუმხილა ესთერმა, ვინც იყო იგი მისი. და წაიძრო მეფემ თავისი ბეჭედი, ჰამანისთვის ჩამორთმეული, და მისცა მორდექაის. ხოლო ესთერმა მორდექაი ჰამანის სახლის მოურავად დააყენა. კვლავ დაელაპარაკა მეფეს ესთერი, ფეხებში ჩაუვარდა და ატირდა; ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის ბოროტი განზრახვა, რომელიც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა ჩაფიქრებული. და გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი; და წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე. და თქვა: თუ მეფე ინებებს, და თუ მე წყალობა მიპოვია მის წინაშე, და თუ ეს საქმე სწორია მეფის წინაშე და მეც მოსაწონი ვარ მის თვალში, დაიწეროს ბრძანება, რომელიც გააუქმებს ჰამანის, ჰამედათა აგაგელის ძის, მიერ შეთხზულ წერილებს, რომლებიც მან დაწერა იუდაელთა მოსასპობად, რომელნიც მეფის ყველა სამთავროში ცხოვრობენ. რადგან, როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა დაატყდეს? როგორ ვუყურო ჩემი სამშობლოს დაღუპვას?! და უთხრათ მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და იუდაელ მორდექაის: აჰა, ხომ მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, ჰამანი კი ძელზე ჩამოჰკიდეს, რადგან მან იუდაელებზე აღმართა ხელი. და თქვენ დაწერეთ მეფის სახელით იუდაელებზე, რაც გაგიხარდებათ, და მეფისავე ბეჭდით დაბეჭდეთ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი. მაშინ მოუხმეს მეფის მწიგნობრებს მესამე თვის, ანუ სივანის თვის ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მორდექაიმ იუდაელებს, სატრაპებს, განმგებლებს, სამთავროთა მთავრებს ინდოეთიდან ქუშამდე, 127 სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით, ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თავიანთ ენაზე. და მან დაწერა მეფე ახაშვეროშის სახელით, და დაბეჭდა მეფის ბეჭდით, და დააგზავნა წერილები სამეფო ბედაურებზე ამხედრებული მალემსრბოლების ხელით, ის, რომ მეფე ნებას აძლევდა იუდაელებს, რომელ ქალაქებშიც არ უნდა იყვნენ, რათა შეიკრიბნენ და დაიცვან თავი; გაწყვიტონ, დახოცონ და დაღუპონ იმ ხალხისა და სამთავროს ყოველი მძლავრი, რომელიც მტრობს მათ; მათი ბალღებიცა და ქალებიც არ დაინდონ, და მათი მონაგარი მიიტაცონ, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში ერთი დღის განმავლობაში – მეთორმეტე თვის, ანუ ადარის მეცამეტე დღეს. წერილის პირი უნდა გადაეცათ, როგორც კანონი, ყველა სამთავროში, მთელი ხალხისათვის გამოსაცხადებლად, რომ იუდაელები მზად ყოფილიყვნენ ამ დღისათვის, თავიანთ მტრებზე შურისსაძიებლად. და სამეფო ბედაურებზე ამხედრებულმა მალემსრბოლებმა მეფის ბრძანებით აჩქარებულებმა და გამალებულებმა გაჰქუსლეს. განკარგულება, სატახტო ქალაქ შუშანშიც, იქნა გამოცხადებული. და მორდექაი გამოვიდა მეფისაგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო სამოსლით, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეულის მოსასხამით. შუშან-ქალაქი კი ზეიმობდა და ხარობდა. და იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და პატივი. ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და განკარგულება, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ნადიმი და დღეობა. ქვეყნის ბევრი მცხოვრები იუდაელი გახდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი. და მეთორმეტე თვეში, რომელიც არის ადარის თვე, მეცამეტე დღეს, როდესაც დადგა ჟამი მეფის ბრძანებისა და განკარგულების აღსრულებისა, იმ დღეს, როცა იუდაელთა მტრებს იმედი ჰქონდათ მათ დაეუფლებოდნენ, პირუკუ მოხდა იუდაელები დაეუფლნენ თავიანთ მტრებს, შეიკრიბნენ იუდაელები თავიანთ ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ მათთვის ავის მაძიებლებზე. წინ ვერავინ აღუდგა მათ, რადგან მათმა შიშმა მოიცვა მთელი ხალხი. და სამთავროთა მთავრები, სატრაპები, განმგებლები, მეფის საქმის აღმასრულებლები შეეწეოდნენ იუდაელებს, რადგან მორდექაის შიშს შეეპყრო ისინი. რადგან დიდი იყო მორდექაი მეფის სახლში და მისწვდა მისი ამბავი ყველა სამთავროს, რადგან უფრო და უფრო დიდი ხდებოდა ეს კაცი. და დასცხეს იუდაელებმა ყველა თავიანთ მტერს მახვილით, ხოცვითა და ჟლეტით, როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ თავიანთ მტრებს. და შუშანში, სატახტო ქალაქში, იუდაელებმა დახოცეს და მოსპეს 500 კაცი. და ფარშანდათა, დალფონი, ასფათა, ფორათა, ადალია, არიდათა, ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიზათა – ჰამან ჰამედათას ძის ათი ვაჟი დახოცეს, დასატაცებლად კი ხელი არ გაუწვდიათ. და იმ დღესვე შეატყობინეს მეფეს შუშანში, სატახტო ქალაქში, დახოცილთა რიცხვი. და უთხრა მეფემ ესთერ დედოფალს: შუშანში, სატახტო ქალაქში, იუდაელებმა დახოცეს და მოსპეს 500 კაცი და ჰამანის ათი ვაჟი; მეფის სხვა სამთავროებში რაღას იზამდნენ! კიდევ რა არის შენი სათხოვარი? მოგეცემა. კიდევ რა არის შენი სახვეწარი? აგისრულდება! და თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, ხვალაც დაანებონ იუდაელებს, რომელნიც შუშანში ცხოვრობენ, ამ დღევანდელი განკარგულებისამებრ იმოქმედონ და ჰამანის ათი ვაჟი ძელზე ჩამოჰკიდონ. და ბრძანა მეფემ ასე გაეკეთებინათ. და განკარგულება გასცეს შუშანში და ჩამოჰკიდეს ჰამანის ათი ვაჟი. და შეიკრიბნენ შუშანში მცხოვრები იუდაელები ადარის თვის მეთოთხმეტე დღესაც და დახოცეს შუშანში სამასი კაცი, დასატაცებლად კი ხელი არ გაუწვდიათ. და დანარჩენმა იუდაელებმა, მეფის სამთავროებში რომ იყვნენ, რათა თავი დაეცვათ და მტრებისაგან მოესვენათ, დახოცეს 75 ათასი, დასატაცებლად კი ხელი არ გაუწვდიათ. ეს მოხდა ადარის თვის მეცამეტე დღეს და მის მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ნადიმისა და სიხარულის დღედ აქციეს. იუდაელები, რომელნიც შუშანში ცხოვრობდნენ, იკრიბებოდნენ მეცამეტე და მეთოთხმეტე დღეს, ხოლო მეთხუთმეტე დღეს ისვენებდნენ, ნადიმისა და სიხარულის დღედ გაიხადეს. ამიტომ არის, რომ სოფლელი იუდაელებისთვის, რომელნიც უგალავნო დაბებში ცხოვრობენ, ადარის თვის მეთოთხმეტე დღე სიხარულის, ნადიმის, დღეობისა და ერთმანეთისათვის საჩუქრების გაგზავნის დღეა. და დაწერა მორდექაიმ ეს ამბები და დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში მცხოვრებს, ახლო მყოფსა და შორს მყოფს, რათა ეკისრათ და ყოველწლიურად აღენიშნათ ადარის თვის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღე, რადგან იმ დღეებში მოისვენეს იუდაელებმა თავიანთი მტრებისაგან, და იმ თვეში შეეცვალათ მწუხარება სიხარულად და გლოვა – დღესასწაულად. რათა ექციათ ეს დღეები ნადიმისა და სიხარულის, ერთმანეთისათვის საჩუქრების გაგზავნის და ღარიბების მოკითხვის დღედ. და იუდაელთ მიიღეს ის, რისი გაკეთებაც თავად დაიწყეს, და რასაც სწერდა მათ მორდექაი. რადგან ჰამან ჰამედათა აგაგელის ძეს, ყველა იუდაელის მოძულეს, ჩაფიქრებული ჰქონდა იუდაელების მოსპობა და ფური, ანუ წილი ყარა, რათა გაეწყვიტა და დაეღუპა ისინი. მაგრამ როცა ესთერი მეფეს წარუდგა, მეფემ მაშინვე გასცა წერილობითი განკარგულებები, რათა ჰამანის ავი ზრახვა, რაც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა ჩაფიქრებული, მის თავზე მოქცეულიყო და ძელზე ჩამოეკიდათ იგი და მისი ძენი. ამიტომ უწოდეს იმ დღეებს ფურიმი, ფურის სახელი. ამიტომ, თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და საკუთარი თვალით ნანახისა, და თანახმად იმისა, რაც მათ შეემთხვათ, დაუდგინეს იუდაელებმა თავიანთ თავს და თავიანთ შთამომავლობას და ყველას, მათთან შეხიზნულებს, რომ მოუშლელად, ყოველწლიურად ეზეიმათ ეს ორი დღე დაწესებულისამებრ და დათქმულ დროს. ეს დღეები უნდა ხსომებოდათ და ეზეიმათ ყველა თაობაში, ყველა საგვარეულოში, ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში. და ფურიმის დღეეები არ უნდა გაუქმებულიყო იუდაელთა შორის, და არ უნდა გამქრალიყო შთამომავლობაში მათი ხსოვნა. და წერდნენ ესთერ დედოფალი, აბიხაილის ასული, და მორდექაი იუდაელთა მთელი ძალისხმევით, რათა ეკისრათ შესრულება მეორე წერილისა ფურიმის თაობაზე. დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, ახაშვეროშის სამეფოს ას ოცდაშვიდსავე სამეფოში, მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიტყვები, რათა დაეცვათ ფურიმის ეს დღეები თავის დროზე, როგორც მორდექაი იუდაელს და ესთერ დედოფალს ჰქონდათ დაწესებული; როგორც მათ ჰქონდათ დაწესებული თავიანთი თავისთვის და თავიანთი შთამომავლობისათვის, – მარხვისა და მოთქმის წესები. და ესთერის ბრძანებამ დააწესა ფურიმის ადათ-წესები და ჩაწერილ იქნა წიგნში. და ხარკი დააკისრა მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს. და მისი ძლიერებისა და გმირობის ყველა საქმე, მორდექაის დიდების ამბავი, რომელიც განადიდა მეფემ, განა მიდიისა და სპარსეთის მეფეთა მატიანეთა წიგნებში არ არის ჩაწერილი? რადგან იუდაელი მორდექაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდი კაცი იყო იუდაელთა შორის, და სანატრელი თავის მრავალრიცხოვან მოძმეთათვის; სიკეთის მაძიებელი თავისი ერისათვის, მშვიდობისმეტყველი მთელი თავისი მოდგმისათვის. ცხოვრობდა ყუცის ქვეყანაში კაცი, სახელად იობი. და იყო ის უმწიკვლო და მართალი, ღვთისმოშიში და უკეთურებას განრიდებული კაცი. და შეეძინა მას შვიდი ძე და სამი ასული. და ჰყავდა საქონელი: 7 ათასი ცხვარი, 3 ათასი აქლემი, 500 უღელი ხარი, 500 ჭაკი ვირი, და უამრავი მსახური; და იყო ეს კაცი ყველაზე სახელგანთქმული აღმოსავლეთის მკვიდრთა შორის. მისი ძენი მონაცვლეობით მართავდნენ ნადიმს თავიანთ სახლებში და სტუმრობდნენ ერთმანეთს. და წარგზავნიდნენ და იწვევდნენ სამ დასაც, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ. ნადიმის დღეები რომ დამთავრდებოდა, იობი წარგზავნიდა და განწმედდა მათ: ადგებოდა დილაადრიან და სრულადდასაწველს აღავლენდა მათი რიცხვის მიხედვით, რადგან ამბობდა იობი: „ეგებ შესცოდეს ჩემმა შვილებმა და დაგმეს ღმერთი თავინთ გულში.“ ყოველთვის ასე იქცეოდა იობი. ერთ დღეს მივიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად, და ეშმაკიც მივიდა მათ შორის. ჰკითხა უფალმა ეშმაკს: „საიდან მოდიხარ?“ მიუგო ეშმაკმა უფალს: „ქვეყნაზე აღმა-დაღმა ხეტიალიდან.“ და კვლავ ჰკითხა უფალმა ეშმაკს: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: უმწიკვლო და მართალი, ღვთისმოშიში და უკეთურებას განრიდებული.“ ეშმაკმა კი მიუგო უფალს: „მერედა განა ტყუილად არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არა გყავს იგი ყოველმხრივ დაცული, მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? შენგან არის კურთხეული მისი ნახელავი, ხოლო მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელ მის საბადებელს, თუ პირში გმობას არ დაგიწყებს.“ და უთხრა უფალმა ეშმაკს: „აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი, ოღონდ თავად მას ნუ შეეხები!“ და გაშორდა ეშმაკი უფალს. ერთ დღეს, როცა მისი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ თავიანთი უფროსი ძმის სახლში, მაცნე მივიდა იობთან და უთხრა: „ხარები ხნავდნენ, სახედრები კი მათ გვერდით ძოვდნენ; და დაეცნენ შებაელნი მათ და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი.“ ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და უთხრა: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან, ცხვარი და მსახური ბიჭები გადაბუგა და შთანთქა. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი.“ ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა კიდევ სხვა და უთხრა: „ქალდეველნი დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და გაირეკეს ისინი, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი.“ ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა კიდევ სხვა და უთხრა: „შენი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ თავიანთი უფროსი ძმის სახლში, და ამ დროს დიდი ქარი მოვარდა უდაბნოდან, ეკვეთა სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხოთ ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი.“ ადგა იობი, შემოიხია სამოსი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა, და თქვა: „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.“ ყოველივე ამაში არ შეუცოდავს იობს, ღმერთის აუგი არ დასცდენია. ერთ დღესაც მივიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად, და ეშმაკიც მივიდა მათ შორის. ჰკითხა უფალმა ეშმაკს: „საიდან მოდიხარ?“ მიუგო ეშმაკმა უფალს: „ქვეყნაზე აღმა-დაღმა ხეტიალიდან.“ და კვლავ ჰკითხა უფალმა ეშმაკს: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: უმწიკვლო და მართალი, ღვთისმოშიში და უკეთურებას განრიდებული. იგი კვლავ ინარჩუნებს უმწიკვლოებას, შენ კი მაქეზებდი მის წინააღმდეგ, რომ უმიზეზოდ დამეღუპა იგი.“ ეშმაკმა კი მიუგო უფალს: „ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლისათვის ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, და შეახე მის ძვალსა და რბილს, თუ პირში გმობას არ დაგიწყებს.“ და უთხრა უფალმა ეშმაკს: „აჰა, შენს ხელთ იყოს იგი, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.“ და განშორდა ეშმაკი უფალს და შეჰყარა იობს საშინელი წყლულები ფეხის ტერფიდან თხემამდე. აიღო იობმა კეცის ნატეხი წყლულების მოსაფხეკად და ნაცარში ჩაჯდა. მაშინ უთხრა მას ცოლმა: „შენ კიდევ მტკიცედ დგახარ შენს უმწიკვლოებაში? დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ მან კი მიუგო: „უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ. თუ სიკეთეს ვიღებთ ღმერთისგან, განსაცდელი აღარ უნდა მივიღოთ?“ არც ყოველივე ამაში შეუცოდავს იობს თავისი ბაგეებით. როდესაც იობის სამმა მეგობარმა შეიტყო ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს, გამოვიდნენ თავიანთი ადგილებიდან: ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი, შეიკრიბნენ ერთად, რათა მასთან მისულიყვნენ თანაგრძნობის გამოსახატავად და სანუგეშებლად. და შორიდან რომ დაინახეს, ვერ იცნეს იგი, ხმამაღალი ტირილი მორთეს. შემოიხიეს სამოსი, და თავს ზევით მტვერი გადაიყარეს. ისხდნენ მასთან ერთად მიწაზე შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატანჯველი. ამის შემდგომ გახსნა იობმა ბაგე და დაწყევლა თავისი გაჩენის დღე. და თქვა იობმა: „დაიქცეს ის დღე, მე რომ დავიბადე, და ის ღამე, მე რომ ჩავისახე! დაე, დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას ღმერთმა ზეგარდმო და აღარ ინათოს მასზე ნათელმა! სიკვდილის ბნელმა და წყვდიადმა მოიცვას ის, ღრუბლებმა დაფარონ, შეაძრწუნოს ის დღის სიშავემ! დაე, უკუნეთმა შთანთქას ის ღამე, არ ჩაითვალოს წლის დღეთა შორის; და, არც თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს! აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ისმოდეს მხიარული შეძახილები. დღის მაწყევრებმა დაწყევლონ იგი, მათ, რომელთაც ძალუძთ ლევიათანის გამოღვიძება! დაე, დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, და ვერ იხილოს სხივი ცისკრისა. რადგან დედაჩემის საშოშივე არ ჩამიკეტა მან კარი, და არ განმარიდა ამ სატანჯველს. რატომ არ მოვკვდი გაჩენისთანავე, მუცლიდან გამოსვლისთანავე რად არ გავთავდი? რატომ მიმიღეს მე მუხლებმა, და რად მაწოვეს ძუძუ? მაშინ ხომ ვიწვებოდი დამშვიდებული, მოსვენებული ვიქნებოდი ძილში, ქვეყნიერების მეფეებთან და მრჩევლებთან, სასახლეებს რომ აღადგენენ თავისთვის. ან მთავრებთან, რომელნიც ოქროთი და ვერცხლით ივსებენ სახლებს. ან რატომ არ დამმარხეს და არ გადამმალეს უდღეური ჩვილივით, ნათელი რომ არ უნახავს? ბოროტნი იქ აღარ შფოთავენ, და მოქანცულნი განისვენებენ იქ. იქ მშვიდად არიან ტუსაღები და ზედამხედველთა ხმა არ ესმით მათ. მცირენი და დიდნი იქ არიან, და მონა თავისუფალია თავისი ბატონისაგან. რისთვის მიეცა ტანჯულს ნათელი, და სულგამწარებულს – სიცოცხლე, – მათ, რომელნიც სიკვდილს ნატრობენ და ვერ პოულობენ, თუმცა დამარხულ განძზე მეტად ეძებენ, რომელნიც უზომოდ გახარებულნი და აღტაცებულნი არიან საფლავის პოვნით? რისთვის მიეცა ნათელი იმ კაცს, ვისი გზაც დაფარულია და რომელიც ყველმხრივ შებორკა ღმერთმა? რადგან ოხვრა მქცევია საზრდოდ, და ჩემი ქვითინი წყალივით იღვრება. რადგან მეწია შიში, რომელიც მზარავდა, და რაც მაძრწუნებდა, ის დამემართა. აღარ მაქვს სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება, – მხოლოდ ვაება.“ მაშინ მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა: „სიტყვა რომ შემოგბედოთ, ხომ არ აღშფოთდები? მაგრამ ვის შეუძლია ლაპარაკისგან თავის შეკავება? აჰა, შენ ბევრს არიგებდი ჭკუას, და დაუძლურებულ მკლავებს აღონივრებდი; შენი სიტყვა წაქცეულს ფეხზე აყენებდა და აკანკალებულ მუხლებს განამტკიცებდა. მაგრამ ახლა, – შენ დაგიდგა ჯერი და გაბეზრდი, განსაცდელი გეწია და შეძრწუნდი, განა ღვთის შიში არა გაქვს ნუგეშად და შენს გზათა სიმართლე – იმედად? გაიხსენე, განა დაღუპულა ვინმე უდანაშაულოდ, ან სადმე მართალნი თუ ამომწყდარან? რაც მე მინახავს, სიავის მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან. ღმერთის ამოსუნთქვისაგან იღუპებიან ისინი, დაუბერავს იგი და აღგვის პირისაგან მიწისა. ღრიალი ლომისა წყდება და ლომის ბოკვერთ კბილები უცვდებათ. ლომი იღუპება უნადავლოდ, და ძუ ლომის ბოკვერნი იფანტებიან. იდუმალად მეუწყა მე სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში. ღამეულ ხილვათა ფიქრებში გართული, როცა კაცთ ძილქუში ეცემათ, შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო, და ყველა ძვალი ამიცახცახდა. სახეზე სუნთქვამ გადამიქროლა და სხეულზე თმები ყალყზე დამიდგა. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, ჩემს თვალწინ რაღაც ხატება იყო; დუმილი და აჰა, ხმა მესმა: შეიძლება მოკვდავი ღმერთზე მართალი იყოს? შეიძლება კაცი წმიდა იყოს თავისი შემოქმედის წინაშე? თავის მსახურებსაც კი არ ენდობა ის, და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს! რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ გაუდგამთ საძირკველი, ჩრჩილივით რომ იმუსრებიან, განთიადიდან საღამომდე ძლივს რომ ცოცხლობენ და შეუმჩნევლად იღუპებიან? აჰა, გაწყვეტილია მათი კარვის საბელი მათში, სიბრძნის გარეშე კვდებიან ისინი. აწ მოუხმე; არის ვინმე, ვინც პასუხს გაგცემს? ან ანგელოზთაგან ვის მიმართავ? ჭეშმარიტად, უგუნურს ჯავრი ჰკლავს, და ბრიყვს შური ღუპავს. ვნახე უგუნური ფესვგადგმული და მყისვე დავწყევლე მისი სამკვიდრო. შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან გათელავენ, და არავინ ეყოლებათ მოსარჩლე. სამკალს დამშეულნი შეუჭამენ, ეკლებიდანაც კი ააცლიან და მწყურვალნი შთანთქავენ მათ დოვლათს. რადგან სიავე მტვრიდან არ მოდის და არც სატანჯველი აღმოცენდება მიწიდან. რადგან ადამიანი ტანჯვისთვის იბადება, და როგორც ნაპერწკალი, ისწრაფვის ზევით! მაგრამ მე ისევ ღმერთს დავეკითხებოდი და ღმერთს მივანდობდი ჩემს საქმეს, ის არის შემოქმედი დიადი და შეუცნობელი საქმეებისა, საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი. წვიმას მოავლნენს ხმელეთზე, და წყლებს აგზავნის ველებზე. აღამაღლებს დამდაბლებულთ და შვებას ჰგვრის მგლოვიარეთ. ის ამსხვრევს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ აღწევენ საწადელს. იჭერს ბრძენკაცებს მათსავე ცბიერებაში, და მზაკვართა ხრიკები ფუჭი ხდება. დღისით ისინი წყვდიადს აწყდებიან; შუადღისას ხელისცეცებით დადიან, როგორც ღამეში. ის იხსნის ღატაკს მათი ბასრი ენებისგან და ძლიერთა ხელიდან. ასე რომ, უმწეოს იმედი აქვს, ხოლო უსამართლობა პირს იხშავს. აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ამიტომ ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ! რამეთუ, თვითონ ლახვრავს და თვითონვე ახვევს, წყლავს, მაგრამ მისივე ხელები კურნავენ. ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის შენ, და მეშვიდედ არ შეგემთხვევა ბოროტება. შიმშილობის ჟამს სიკვდილისაგან გიხსნის, ხოლო ბრძოლის ჟამს – მახვილისაგან. დაგიფარავს ენით გამათრახებისაგან, და არ შეგეშინდება უბედურებისა, როცა ის მოვა. უბედურებასა და შიმშილზე გაგეცინება, და ნადირისა არ შეგეშინდება. რადგან შენი მინდვრები გაწმენდილი იქნება ქვებისგან, და მოსვენებული იქნები გარეული ცხოველებისგან. გეცოდინება, რომ მშვიდობაა შენს კარავში, თვალს გადაავლებ შენს სამყოფელს და დანაკლისი არ გექნება. დაინახავ, რომ მრავალრიცხოვანია შენი მოდგმა, და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი. ისეთი დღესრული ჩახვალ საფლავში, როგორც პურის ძნა, თავის დროზე რომ იმკება. აჰა, ეს გამოვიკვლიეთ და ეს არის ჭეშმარიტება, შეისმინე და შენთვის იცოდე.“ მაშინ მიუგო იობმა და უთხრა: „ჩემი ჯავრი რომ აწონილიყო, და ჩემი უბედურება სასწორზე რომ დადებულიყო, მაშინ იგი ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა, და ამიტომაც არის ნაჩქარევი ჩემი სიტყვები. რადგან ჩამერჭო ყოვლადძლიერის ისრები და მათ შხამსა სვამს ჩემი სული; საშინელებანი დამატყდა თავს ღმერთისაგან. განა ყროყინებს კანჯარი, თუ ბალახი აქვს? განა ბღავის ხარი თავის საკვებთან? განა იჭმევა უგემური რამ მარილის გარეშე? ან და რამე გემო თუ აქვს კვერცხის ცილას? გული არ მიმდის მათზე; საძულველია ჩემთვის ლუკმაც კი. ნეტავ ახდებოდეს ჩემი ნატვრა, და იმედს გამიმართლებდეს ღმერთი! ნეტა, ინებებდეს ღმერთი და შემმუსრავდეს! გამოიწვდიდეს ხელს და მომკვეთდეს! ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში, და განვმტკიცდებოდი უმოწყალო სატკივარში, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები. რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? და რა არის ჩემი ბოლო, რომ დავითმინო? განა ქვასავით მტკიცეა ჩემი ძალა? განა ბრინჯაოსია ხორცი ჩემი? ჭეშმარიტად, აღარ არის შეწევნა ჩემთვის. წარკვეთილი მაქვს ყოველგვარი სასოება. ვინც მეგობრისადმი არ არის მოწყალე, მას ყოვლადძლიერის შიში არა აქვს. ჩემი მოძმენი მუხანათობენ, როგორც ხევების ნაკადულები, ის ნაკადულები, უკვალოდ რომ უჩინარდებიან, ყინულისაგან რომ ამღვრეულან და ჩამდნარი თოვლით აზვირთებულან. მაგრამ როგორც კი მზე დააჭერს, მაშინვე ქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე უჩინარდებიან. ქარავნები გეზს იცვლიან, გადიან უდაბურ ადგილებში და იღუპებიან. თემას ქარავნები ეძიებენ წყალს, და შებას მოგზაურებს იმედი აქვთ. გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შეძრწუნდნენ. ახლა ასეთივე გამოუსადეგარნი გახდით თქვენ ჩემთვის, იხილეთ საშინელება და შეძრწუნდით. გითხარით განა: ‘რამე მომიტანეთ,’ ან ‘თქვენი დოვლათიდან ჩემთვის ქრთამი გაეცით?’ ან: ‘დამიხსენით მტრის ხელიდან და მჩაგვრელთა ხელიდან გამომისყიდეთ?’ ამიხსენით და დავდუმდები, გამაგებინეთ, რა შემეშალა. როგორი მწარეა წრფელი სიტყვა! მაგრამ რას მემართლება თქვენი საყვედური? ნუთუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მისაყვედუროთ, თითქოს სასოწარკვეთილის სიტყვები ქარისთვის გასატანებელი იყოს? თქვენ ობოლზეც კი წილის ყრა შეგიძლიათ და გაჰყიდით საკუთარ მეგობარს. ახლა კი მოწყალება მოიღეთ და მომხედეთ, და ნახეთ, რომ არ ვცრუობ თქვენს წინაშე. მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნებით უსამართლონი. მობრუნდით, ჩემი სიმართლე კვლავაც ჩემშია! განა არის ჩემს ენაზე უსამართლობა, და ჩემი სასა ვერ შეიგრძნობს უბედურებას? განა კაცის ცხოვრება მძიმე სამსახურივით არაა ამქვეყნად? განა მისი ყოფა მოჯამაგირის ყოფას არა ჰგავს? როგორც მონას სწყურია ჩრდილი, როგორც მოჯამაგირე ელის თავის გასამრჯელოს, ასე მხვდა წილად ამაოების თვენი, და მწუხარების ღამენი მომეთვალა. ვწევარ და ვამბობ: ‘როდის ავდგები?’ მაგრამ გრძელია ღამე, და ბორგვით ვიღლები განთიადამდე. ჩემი ხორცი მატლებით და მიწის მტვრით შეიმოსა, ჩემი კანი სკდება და იხრწნება. ჩემი დღენი ჯარაზე სწრაფად ბრუნავენ და უიმედოდ იწურებიან. გახსოვდეთ, ერთი ამოსუნთქვაა ჩემი სიცოცხლე; არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის ხილვად. თვალები, რომელნიც მხედავენ, ვეღარ მიხილავენ, თვალებს მომაპყრობთ, მაგრამ მე უკვე აღარ ვიქნები! როგორც ღრუბელი ქრება და უჩინარდება, ისე შავეთს ჩასული კაცი უკან არ ამოდის, შინ აღარასდროს ბრუნდება, და აღარ არის მისი ხსოვნა მის მხარეში. ამიტომაც არ დავდუმდები, ვილაპარაკებ შეჭირვებული სულით, ვიღაღადებ სულგამწარებული. განა ზღვა ვარ ან ზღვის ურჩხული, მეთვალყურე რომ მომიჩინე? როცა ვამბობ: ‘მანუგეშებს ჩემი საწოლი, და ჭმუნვას შემიმსუბუქებს ჩემი სარეცელი,’ მაშინ მაძრწუნებ სიზმრებით და მაშინებ ხილვებით. ისე რომ, ჩემი სული უმალ დახრჩობასა და სიკვდილს ირჩევს, ვიდრე ამ სხეულში ყოფნას. მომძულდა სიცოცხლე! მუდამ ხომ არ ვიცოცხლებ. დამეხსენ, რადგან ერთი ამოსუნთქვაა ჩემი დღეები. რა არის ადამიანი, ასე რომ განადიდებ? მისკენ რომ მიგიპყრია გულისყური? ყოველ დილას რომ დახედავ და სცდი ყოველ წამს? როდემდე არ მომაშორებ მზერას? როდემდე არ დამეხსნები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო? მე თუ შევცოდე, შენ რა გავნე, ადამიანთა ზედამხედველო? რად მაქციე შენს სამიზნედ და რად ვიქეც შენს ტვირთად? რატომ არ მომიტევებ ცოდვას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან მალე ჩავწვები მიწაში; ძებნას დამიწყებ, მაგრამ აღარ ვიქნები!“ მაშინ მიუგო ბილდად შუხელმა: „როდემდე ილაპარაკებ ასე? შენი პირიდან გამოსული სიტყვები ცარიელი ქარია! ნუთუ ღმერთი გაამრუდებს სამართალს, და ყოვლადძლიერი გაამრუდებს სიმართლეს? თუ შენმა შვილებმა შესცოდეს მის წინაშე, მან ისინი გადასცა მათსავე ურჯულოებას. შენ რომ ღმერთი გეძებნა და ყოვლადძლიერს შევედრებოდი, წრფელი რომ ყოფილიყავი, ახლა იფხიზლებდა ის შენთვის და აღგიდგენდა შენი სიმართლის ადგილს. და თუ შენი დასაწყისი მცირე იყო, შენი დასასრული დიდად გაიზრდება. ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების ნაკვლევი. რადგან გუშინდელნი ვართ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე. განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან? და გულიდან არ ამოიღებენ სიტყვებს? ნესტის გარეშე თუ იზრდება ჭილი? უწყლოდ თუ ამოდის ლერწამი? იგი ჯერ ნორჩია და მოუჭრელი, და მაინც ყველა ბალახზე ადრე ჭკნება. ასევეა ყველას ბილიკები, ვინც ღმერთს ივიწყებს. და უღვთოთა იმედი გაქარწყლდება. რადგან წარიკვეთება მათი სასო და მათი იმედი ობობის ქსელს დაემსგავსება. მიეყდნობა თავის სახლს, ის კი ვერ გაუძლებს, მოეჭიდება მას და ვერ დაიჭერს. ცოდვილი ნედლია მზის ამოსვლამდე, ბაღნარზეა გადმოშლილი მისი ყლორტები. ქვების გროვაშია ჩახლართული მისი ფესვები, ქვის ლოდებშია ჩაჭედილი. მაგრამ თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, ბაღი უარყოფს მას: არასოდეს მინახიხარო. აჰა, ეს არის მისი გზის სიხარული, მიწიდან კი სხვა აღმოცენდება. ხედავ, ღმერთი არ მოიძულებს უმანკოს, და არ შეეწევა ბოროტმოქმედებს. კვლავ აგივსებს პირს სიცილით, და ბაგეებს აგივსებს სიხარულის ყიჟინით. შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიან და ურჯულოთა კარავი აღარ იქნება!“ მაშინ მიუგო იობმა და თქვა: „ჭეშმარიტად ვიცი, რომ ასეა, როგორ გამართლდება კაცი ღმერთის წინაშე? ვინმემ ღმერთთან კამათი რომ მოინდომოს, ათასში ერთზეც ვერ გასცემს პასუხს. გულით ბრძენია და ძალით ძლიერი, ვინ გაჯიუტებია მას და გადარჩენილა? მთებს ისე უცვლის ადგილს, რომ მათ არც იციან. იგი ამხობს მათ თავისი რისხვით, ატორტმანებს დედამიწას თავისი ადგილიდან და მისი სვეტები ირყევიან. უბრძანებს მზეს და არ აღმოხდება, და ვარსკვლავებს ასვამს ბეჭედს. მარტო თვითონ ჭიმავს ზეცას და ზღვის ტალღებზე დადის. იგია შემოქმედი დიდი დათვისა, ორიონისა, ხომლისა და სამხრეთის პალატებისა. იგი ქმნის გამოუკვლეველ დიდებულებას და ურიცხვ საკვირველებას. აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და ვერ დავინახავ, ჩაივლის და ვერ აღვიქვამ მას. აჰა, გაიტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებ? ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, რაჰაბის შემწენი მის ქვეშ დაემხობიან. როგორ უნდა შევეპასუხო მას, როგორ შევარჩიო ჩემი სიტყვები? მართალიც რომ ვიყო, ვერ შევეპასუხები, ჩემს მსაჯულს შევევედრები. მისთვის რომ მომეხმო და პასუხი გაეცა, არ დავიჯერებდი, რომ მან ისმინა ჩემი ხმა. გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს. სულს არ მათქმევინებს, მავსებს სიმწარით. თუ საქმე ძალაშია, აჰა, ის ძლიერია, და თუ საქმე სამართალშია, ვინ მოჰკითხავს მას პასუხს? მართალიც რომ ვიყო, ჩემივე პირი გამამტყუნებს, უმწიკვლოც რომ ვიყო, მაინც ბრალს დამდებს. უდანაშაულო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა. სულერთია; ამიტომ ვამბობ: უდანაშაულოსა და დამნაშავეს ერთნაირად ანადგურებს იგი. როდესაც მისი მათრახი უეცრად კლავს, იგი დასცინის უბრალოთა განსაცდელს. დედამიწა ურჯულოთა ხელშია, ის თვალს უხვევს მის მსაჯულებს. თუ ის არა, მაშ ვინ? ჩემი დღეები მალემსრბოლზე უსწრაფესია, მიექანებიან, სიკეთეს ვერ ხედავენ. მიჰქრიან ლერწმის ნავებივით, ორბივით, თავის მსხვერპლს რომ აცხრება. თუ ვიტყვი: ‘დავივიწყებ ჩემს ჩივილს, მოვეშვები პირქუშობას და გავმხნევდები,’ მაშინებს ყველა ჩემი სატკივარი, ვიცი, რომ არ გამამართლებ. მე გავმტყუნდები! ამაოდ რად უნდა გავისარჯო? თუნდაც თოვლის წყლით განვიბანო თავი, და აბრეშუმზე შევიწმინდო ხელები, მაინც წუმპეში ჩამძირავ და ჩემსავე სამოსს შევზიზღდები. რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არ არის, რომ პასუხი გავცე და სამსჯავროში ერთად წავიდეთ. არ არსებობს ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს ხელი. თუ განმარიდებდა ჩემგან თავის კვერთხს, და მისი შიში არ შემაძრწუნებდა, მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა, რადგან მე ასეთი არა ვარ ჩემში. შესძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე. გასაქანს მივცემ ჩემს წუხილს, ვილაპარაკებ ჩემი სულის სიმწარით, ვეტყვი ღმერთს: ‘ნუ გამამტყუნებ, გამაგებინე, რისთვის მედავები? კარგია, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენს ხელთა ქმნილება და ურჯულოთა ზრახვას სინათლეს ჰფენ? ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები? ნუთუ შენი დღეები ადამიანის დღეებივითაა? ნუთუ კაცის დღეებივითაა შენი წლები, ჩემს ბრალს რომ ეძებ და ჩემს ცოდვას იკვლევ? თუმცა იცი, რომ დამნაშავე არა ვარ, და არავინაა შენი ხელიდან ჩემი დამხსნელი. შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ერთიანად, ყოველმხრივ, და შენვე მანადგურებ? აბა, გაიხსენე, თიხასავით რომ შემქმენი, და ისევ მტვრად მაქცევ? განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე? ტყავით და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე, სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენმა ზრუნვამ შეინარჩუნა ჩემი სული. მაგრამ ეს გქონდა გულში დაფარული, ვიცი, რომ ეს იყო შენი მიზანი. რომ შეგცოდო, შენ დამიდარაჯდები და არ მომიტევებ დანაშაულს. თუ დამნაშავე ვარ, ვაი ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავი ვერ ამიწევია! რადგან სავსე ვარ შერცხვენით. შეხედე ჩემს სივაგლახეს. წამოვიწევი და ლომივით ნადირობ ჩემზე, და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე, ახალ-ახალი მოწმეები გამოგყავს ჩემს წინააღმდეგ და აძლიერებ შენს რისხვას ჩემზე. ახალ-ახალი ჯარები ენაცვლებიან ერთმანეთს ჩემს წინააღმდეგ. დედის საშოდან რისთვის გამომიყვანე? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე. ვყოფილიყავი, როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი. განა მცირე არაა ჩემი დღეები? მომეშვი, რომ ცოტათი მაინც დავმშვიდდე, სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და წყვდიადის ქვეყანაში, წყვდიადის ქვეყანაში, სიკვდილის აჩრდილის წყვდიადში, სადაც ქაოსია, და სადაც ნათელი წყვდიადს ემსგავსება.’“ მაშინ მიუგო ცოფარ ნაყამათელმა: „ნუთუ სიტყვათა სიმრავლე უპასუხოდ დარჩება? ნუთუ მრავალსიტყვაობა გამართლდება? ნუთუ შენი ფუჭსიტყვაობა დაადუმებს მამაკაცებს? ნუთუ დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი? შენ ამბობდი: ‘ხალასია ჩემი განსჯა და სუფთა ვარ შენს თვალში!’ ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ, და გაგიცხადებდეს თავისი სიბრძნის საიდუმლოებებს! რადგან მრავალმხრივია სიბრძნე და, იცოდე, რომ ღმერთი შენთვის ივიწყებს ზოგიერთ შენს შეცოდებას. შეგიძლია ჩასწვდე ღმერთის სიღრმეს? მისწვდე ყოვლადძლიერის საზღვარს? იგი ზეცაზე მაღალია – რას იზამ? ქვესკნელზე ღრმაა – რას გაიგებ? ზომით იგი დედამიწის უგრძესია და ზღვაზე უვრცესია. თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, წინ ვინ აღუდგება? რადგან ის სცნობს ცბიერ ადამიანებს და როცა უსამართლობას ხედავს, განა ყურადღებას არ მიაპყრობს? ცარიელი თავის განსწავლა ისევე შეუძლებელია, როგორც კანჯრის ჩოჩრის მოთვინიერება. თუ შენ განაწყობ შენს გულს და მისკენ გაიწვდი ხელს, თუ შენს ხელში უსამართლობაა და განიშორებ მას, რომ შენს კარვებში არ დაივანოს უსამართლობამ, მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება, დაივიწყებ შენს ტანჯვას, და როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ. შენი სიცოცხლე შუადღეზე ნათელი გახდება, და ბნელი დილასავით განათდება. იმედიანად იქნები, რადგან არის სასოება. მიმოიხედავ და იმედით დაწვები. და დაივანებ, და არავინ იქნება შენი შემწუხებელი, და მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას. ურჯულოთა თვალნი კი დაივსებიან, დაეკარგებათ თავშესაფარი, და მათი სასოება მხოლოდ სულის განტევება იქნება.“ მაშინ მიუგო იობმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ხალხი მხოლოდ თქვენა ხართ, და სიბრძნე თქვენთან ერთად მოკვდება. მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. ვინ არ იცის ეს ყოველივე? მოყვასის დასაცინი შევიქენი, მე, ღვთისმხმობელი და მისგან პასუხის მიმღები. დასაცინი შევიქენი, კაცი მართალი და უდანაშაულო. გალაღებული კაცისთვის სამარცხვინოა მარცხი, ფეხდასხლეტილის ხვედრი კი უბედურებაა. მყუდროება სუფევს მძარცველთა კარვებში, უშიშრად არიან ღვთის განმარისხებელნი, მათი ხელებია მათი ღმერთი. ჰკითხე პირუტყვს და ის გასწავლის, ცის ფრინველს და ის გეტყვის. გაესაუბრე მიწის მცენარეებს და ისინი გასწავლიან, და მოგახსენებენ ზღვის თევზები. ვინ არ იცის მათ შორის, რომ უფლის ხელმა შექმნა ეს ყველაფერი? მის ხელთაა ყველა სულდგმულის სული, და ყოველი ძეხორციელის სუნთქვა. განა ყური არ განარჩევს სიტყვებს? განა სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს? განა სიბრძნე მოხუცებშია და გონება – დღეგრძელებში? ღმერთთანაა სიბრძნე და ძალა, მასთანაა რჩევა და გონება. აჰა, დაანგრევს და ვერავინ ააშენებს, დაამწყვდევს და ვერავინ გამოიხსნის. აჰა, შეაკავებს წყლებს და დაშრებიან, გამოუშვებს მათ და გადათელავენ მიწას. მასთანაა ძალა და ნამდვილი სიბრძნე, მისია მოტყუებული და მომტყუებელი. ტყვედ მიჰყავს მრჩეველნი და მსაჯულებს აბრიყვებს. ბორკილებს ხსნის მეფეებს და წელზე სარტყელს არტყამს. ფეხშიშველი მიჰყავს მღვდლები, და ამხობს ძლიერებს. ართმევს მეტყველებას თავდაჯერებულთ და გამჭრიახობას – უხუცესებს. დამცირებას ანთხევს დიდებულებზე და ძლიერთა სარტყელს ასუსტებს. აცხადებს სიბნელის იდუმალებებს და სიკვდილის აჩრდილი სინათლეზე გამოჰყავს. განადიდებს ერებს და ანადგურებს, განავრცობს ერებს და მიუძღვის მათ. გონებას ურევს ქვეყნის თავკაცებს და უგზო-უკვლოდ ახეტიალებს უდაბნოში. ხელის ცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ და მთვრალებივით დაბორიალობენ! აჰა, ეს ყოველივე ჩემმა თვალმა იხილა, ჩემმა ყურმა ისმინა და შეიგნო. რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები. მაგრამ მე დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, და ჩემს საბუთებს მოვახსენებდი ღმერთს. თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალები ხართ! ნეტავ დუმილით მაინც დადუმდებოდეთ! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე. გთხოვთ, ისმინეთ ჩემი საბუთები და ისმინეთ ჩემი ბაგეების საჩივარი! ღმერთის გულისათვის იტყვით ტყუილს? მისი გულისთვის იტყვით სიცრუეს? მიკერძოებას გამოიჩენთ მის მიმართ? ღმერთს გამოესარჩლებით? კარგი იქნება, რომ გამოგააშკარავოთ მან? კაცი კაცს რომ ატყუებს, ისე მოატყუებთ მას? ნამდვილად გაგკიცხავთ ის თქვენ, მიკერძოებას თუ გამოიჩენთ მალულად. ნუთუ არ შეგეშინდებათ მისი სიდიადისა და მისი შიში თავს არ დაგატყდებათ? თქვენი შეგონებანი ნაცრის არაკებია, თქვენი სიმაგრეები თიხის სიმაგრეებია. დადუმდით ჩემს წინაშე და მალაპარაკეთ, და მერე, რაც მომივა, მომივიდეს. კბილით ვზიდავ ჩემს ხორცს და ხელში დავიჭერ ჩემს სიცოცხლეს. რომ მომკლას კიდეც, მაინც მისი იმედი მექნება, მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე. ესეც ჩემი ხსნა იქნება, რადგან უღვთო კაცი ვერ მივა მის წინაშე. სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს! აჰა, სამსჯავროსთვის გამიმზადებია ჩემი სარჩელი! ვიცი, რომ გავმართლდები. ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და მოვკვდებოდი! ოღონდ ორ რამეს ნუ მიზამ, და შენს სახეს არ დავემალები: შენი ხელი ამარიდე და შენი შიშის ზარი ნუ შემაძრწუნებს. მაშინ მიხმე და პასუხს გაგცემ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე! რამდენი ბრალი და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა! რად მალავ სახეს? შენს მტრად რადა მთვლი? მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და ხმელ ჩალას სდევნი? რადგან მწარე ამბებს წერ ჩემს წინააღმდეგ და მიმკვიდრებ სიჭაბუკის ცოდვებს, ხუნდებში მაყოფინებ ფეხებს, უდარაჯებ ყველა ჩემს გზას, და ჩემს ნაკვალევს იკვლევ. კაცი კი იხრწნება, როგორც დამპალი რამ, როგორც ჩრჩილისგან დაჭმული სამოსელი. ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით. ყვავილივით იფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გადაივლის და კვალს არ ტოვებს. და მაინც თვალს აპყრობ მას, და სამსაჯავროში მიგყავარ შენთან? ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? ვერავინ! თუ მისი დღეები განსაზღვრულია, თუ მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, თუ საზღვარი დაუდე მას და ვერ გადავა, დაეხსენი, მოისვენოს, ვიდრე დღიურ მუშასავით დაამთავრებდეს თავის დღეს. რადგან ხესაც აქვს იმედი, რომ თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება. თუ ფესვი მიწაში დაუბერდა და ღერო მტვერში ჩაუკვდა, წყლის სუნზე კვლავ გაყვავილდება და ნერგივით ყლორტებს გამოიყრის. კაცი კი კვდება და უძლურდება, სულს განუტევებს ადამიანი და სადღა არის? როგორც წყალი გაედინება ტბიდან, და მდინარე იწრიტება და შრება, ასევე ადამიანებიც წვებიან და ვეღარ დგებიან. ვერ გაიღვიძებენ, ვიდრე არ გაქრება ცანი, ძილისაგან ვერ გამოფხიზლდებიან. ნეტავ შავეთში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე დაცხრებოდა შენი რისხვა, დრო დაგენიშნა ჩემთვის და შემდეგ გაგხსენებოდი. თუ მოკვდა ადიმიანი, განა გაცოცხლდება? მთელი ჩემი მსახურების დღეებში დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ხსნა. დამიძახებდი და გიპასუხებდი, მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება, რადგან ჩემს ნაბიჯებს დაითვლიდი, მაგრამ ჩემს ცოდვებს არ უთვალთვალებდი. ჩაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი დანაშაული, და ჩემს ბრალს შენ წარხოცავდი. მაგრამ როგორც ჩამოქცეული მთა იშლება და კლდე ცურდება თავისი ადგილიდან, როგორც ქვებს ცვეთს წყალი, როგორც მისი ნიაღვრები წალეკავენ მიწას, ასევე წარხოცავ შენ კაცთა იმედს. სძლევ მათ სამუდამოდ და მიდიან, სახეს შეუცვლი და უშვებ. პატივში იქნებიან მათი შვილები, მათ კი არ ეცოდინებათ; დამცირდებიან ისინი, ისინი კი ვერ მიხვდებიან. მათ მხოლოდ საკუთარი ხორცი სტკივათ, და საკუთარ თავს გლოვობენ ისინი!“ მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა: „განა თავქარიანად უნდა პასუხობდეს ბრძენკაცი? განა აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს? უსარგებლო მსჯელობით და სიტყვებით უნდა დაობდეს, რომლებშიც არავითარი სიკეთე არ არის? შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას, და აბრკოლებ ლოცვას ღმერთის წინაშე, რადგან შენი უკეთურება წვრთნის შენს ბაგეს და ცბიერთა ენა აგირჩევია. შენივე პირი გამტყუნებს, მე კი არა, და შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ. პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ? ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია? ისეთი რა იცი, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ? რას ხვდები ისეთს, ჩვენ რომ ვერ მივმხვდარვართ? ჩვენს შორის თმაჭაღარაც არის და მოხუცებულიც, მამაშენს რომ აღემატება დღეებით. მცირეა შენთვის ღვთის ნუგეში და თვინიერი სიტყვა, შენთან მოუბარი? სხვაგან რად მიგიწევს გული, და რად ახამხამებ თვალებს? ღმერთის წინააღმდეგ რომ მიმართავ შენს სულს და ასეთი სიტყვები ამოგდის პირიდან? რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს, ან მართალი იყოს ქალის ნაშობი? აჰა, თავისი წმიდებსაც არ ერწმუნება იგი, და მის თვალში ზეცაც კი არ არის სუფთა, მეტადრე საძაგელი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას! გეტყვი და მომისმინე, ნანახს მოგიყვები, რაც ბრძენკაცებს სმენიათ და რაც არ დაუმალავთ მათთვის მამებს. მათ, მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, და არ გაუვლია უცხოს მათ შორის. იტანჯება ურჯულო მთელი თავისი დღე და მოსწრება, და წელთა რიცხვი დაფარულია მტარვალისათვის, შიშის ზარია მათ ყურებში, მშვიდობის დროსაც მათ ესხმის დამღუპველი. არ სწამთ მათ, რომ წყვდიადიდან დაბრუნდებიან, განწირულნი არიან მახვილისათვის. დაწანწალებენ ლუკმაპურისთვის, მაგრამ სად არის? იციან, რომ შავი დღე შერჩებათ ხელში. აძრწუნებთ მათ ვიწროება და გასაჭირი, სჯაბნიან მათ, მსგავსად საომრად გასული მეფისა. რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართეს ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდნენ. უტევდნენ მას ჯიუტად, თავისიანთი სქელკოპებიანი ფარით, რადგან ქონით დაიფარეს სახე და ქონი მოიდეს თეძოებზე. იცხოვრებენ აოხრებულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც დასანგრევადაა განწირული. ვერ გამდიდრდებიან და ვერ გაძლებს მათი დოვლათი, და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში მათი მონაპოვარი. ვერ გაექცევიან წყვდიადს, ალი დააჭკნობს მათ ყლორტებს, და მათ ყვავილს ქარი წაიღებს. ნუ ირწმუნებენ ამაოებას ისინი, თავს ნუ მოიტყუებენ, რადგან ამაოება იქნება მათი საზღაური. უდროოდ გათავდებიან და მათი ტოტები ვერ ამწვანდება. ჩამოიბერტყავენ ვაზივით შემჭკნარ ისრიმს, და ზეთისხილივით, ყვავილს რომ ჩამოყრის, რადგან ბერწია უღვთოთა კრებული, და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს. მუცლად იღებენ სალმობას და შობენ სიავეს და მათი გული ამზადებს სიცრუეს.“ და მიუგო იობმა და თქვა: „ამისთანები ბევრი მსმენია, ამაო ნუგეშისმცემელნი ხართ თქვენ ყველანი! ნეტა მოეღება ბოლო ქარივით სიტყვებს? რა გაიძულებს ასეთ ლაპარაკს? მეც შემეძლო თქვენსავით მელაპარაკა, ჩემს ადგილზე თქვენ რომ ყოფილიყავით. თავს მოვუყრიდი სიტყვებს თქვენს წინააღმდეგ, და თავის ქნევას დავიწყებდი, გაგამხნევებდით ჩემი პირით, და ჩემს ბაგეთა მოძრაობა დაგიამებდათ ტკივილს. თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები, განა გამშორდება? მაგრამ ახლა მან სრულიად დამქანცა. მან გაანადგურა მთელი ჩემი ახლობლები. გამიჩინა ნაოჭები, რომლებიც მოწმობენ ჩემს წინააღმდეგ, წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ ჩემი სიმჭლევე, და იგი მოწმობს ჩემს წინააღმდეგ. რისხვით დამფლითა და შემიძულა, კბილებს მიღრჭენს, ჩემი მტერი თვალებს აკვესებს ჩემზე, პირი აქვთ ჩემზე დაღრენილი, მაგინებენ და სახეში მცემენ, ერთად შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ. მიმცა მე ღმერთმა უსამართლოებს, და ურჯულოთა ხელში ჩამაგდო. მშვიდად ვიყავი და დამამსხვრია; ჩამავლო კისერში ხელი და გადამამტვრია, და თავის სამიზნედ დამსვა. გარს მეხვევიან მისი მოისრები. ის სერავს ჩემს თირკმელებს და არ მიბრალებს, ანთხევს ჩემს ნაღველს მიწაზე. ლეწვით მლეწავს და მლეწავს, მეომარივით მეკვეთება. ძაძა გადავიკერე კანზე და მიწის მტვერში ამოვიგანგლე რქა. სახე ალეწილი მაქვს ტირილისაგან და სიკვდილის აჩრდილია ჩემს წამწამებზე. თუმცა არაა ძალადობა ჩემს ხელებში და ჩემი ლოცვაც წმიდაა. მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს, და ნუ იქნება დაფარული ჩემი მოთქმა. ახლა კი, აჰა, ცაშია ჩემი მოწმე, ჩემი ქომაგი მაღალთა შინაა. ჩემი მეგობრები ჩემი მკიცხველები არიან, ღვთის მიმართ ღვრიან ჩემი თვალები ცრემლს, რათა განსაჯოს მან კაცსა და ღმერთს შორის, როგორც ადამიანსა და მის მოყვასს შორის, რადგან რამდენიმე წელიწადში გათავდება ჩემს წელთა რიცხვი და დავდგები უკანმოუქცეველ გზაზე. სული შემემუსრა, ჩამიქრა დღეები, გათხრილია საფლავი ჩემთვის. გარს მახვევიან მქირდავნი! ჩემი თვალები მათი შემოტევისგან ღამეს თეთრად ათენებენ. მომხედე, შენვე გამიწიე თავდებობა შენს წინაშე. სხვა ვინ დამიდგება თავდებად? შენ დახურე მათი გული გონიერებისთვის, და ამიტომაც არ გაამარჯვებინებ მათ. ვინც მეგობრებს ასმენს ანგარებით, მის შვილებს თვალები დაევსებათ. ხალხის საიგავოდ გამხადა, და მათ დასაცინად ვიქეცი. თვალთ დამიბნელდა დარდისაგან, და აჩრდილს დაემსგავსნენ ჩემი სხეულის ასოები. განცვიფრდებიან ამის გამო წრფელნი, და მართალი ურჯულოზე აღდგება. მართალი განაგრძობს თავის გზას, და ხელწმიდა კაცი უფრო განმტკიცდება. თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი, ბრძენს მაინც ვერ ვიპოვი თქვენს შორის. ჩემმა დღეებმა განვლეს, ჩაიფუშა ჩემი ზრახვები – ჩემი გულის ფიქრები. ისინი ღამეს დღედ აქცევენ, ამბობენ: ‘ახლოა ნათელი ბნელთან.’ თუ ველი შავეთს, როგორც ჩემს სახლს, თუ ბნელში დავაგე ჩემი ლოგინი, თუ ჩავძახი საფლავს: ‘შენ მამა ხარ ჩემი!’ ჭიას ვეუბნები: ‘ჩემი დედა ხარ და ჩემი და ხარ!’ მაშინ სადღაა ჩემი სასოება? ვინღა იხილავს ჩემს სასოებას? თან ჩამომყვება ის შავეთში? ერთად ჩავალთ მიწაში?“ მაშინ მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა: „როდემდე ინადირებთ სიტყვებზე? დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ. რატომ გვთვლი პირუტყვებად და გონებაჩლუნგებად? საკუთარმა რისხვამ გსურს დაგფლითოს? შენი გულისთვის ხომ არ იქნება მიტოვებული მიწა, და დაიძრება კლდე თავისი ადგილიდან? ურჯულოთა ნათელი იშრიტება და არ ელვარებს ალი მათი ცეცხლისა. მათ კარავში ნათელი ბნელდება და მათი სანთელი მათ თავზე ქრება. მოკლდება მათი ძლიერების ნაბიჯები, და საკუთარი რჩევა ამხობს მათ, რადგან ფეხებით ბადეში იხლართებიან და მახეში აბიჯებენ. მარყუჟი ქუსლით იჭერს მათ, და მახე იხელთებს მათ. დამალულია მიწაზე მათთვის საბელი, დაგებულია ხაფანგი მათ ბილიკზე. ყოველი მხრიდან აფრთხობენ მათ საშინელებები, და ფეხდაფეხ მისდევენ მათ. შიმშილი ძალას აცლის, დაღუპვა მზადაა, მათ გვერდითაა. კანს უჭამთ ნაწილ-ნაწილ, ასოებს უჭამთ სიკვდილის პირმშო. ამოიძირკვებიან საიმედო კარვიდან, და საშინელებათა მეფესთან წაჰგვრიან მათ. მათ კარავში აღარაფერი რჩება, მათ საბინადროს გოგირდი გადაეყრება. ქვეშ ფესვები უხმებათ, მაღლიდან ტოტები უჭკნებათ. ქრება მათი სახსენებელი ქვეყნიდან, და სახელი აღარა აქვთ ქუჩაზე. განდევნილნი არიან ნათლიდან ბნელში, წუთისოფელს მოწყვეტილნი. არც ნაშიერი, არც შთამომავალი არ ეყოლებათ თავის ხალხს შორის. არც ნამატი დაურჩებათ საბინადროში. მათი ბედის გამო განცვიფრდებიან დასავლეთში, და აღმოსავლეთში მყოფთ შეიპყრობს ძრწოლა. სწორედ ასეთია უღვთოთა საცხოვრებლები და ასეთია მათი ადგილი, ვინც ღმერთს არა სცნობს.“ მაშინ მიუგო იობმა და თქვა: „როდემდე უნდა მიწუხებდეთ სულს და მთრგუნავდეთ სიტყვებით? უკვე ათჯერ შეურაცხმყავით, და არ გრცხვენიათ, რომ მძრახავთ. თუ მე მართლა შევცდი, ჩემი შეცდომა ჩემთანვე რჩება. თუ თქვენ მართლა ჩემზე დიდად მოგაქვთ თავი და ჩემს შერცხვენას ჩემს წინააღმდეგ საბუთად აქცევთ, იცოდეთ, რომ ღმერთმა ჩამაგდო განსაცდელში და გამხვია თავის ბადეში. აჰა, ვღაღადებ: ‘ძალადობაა!’ მაგრამ პასუხს არავინ მაძლევს, შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი. მან გადამიღობა გზა და ვეღარ გადავსულვარ, მან მოჰფინა ჩემს ბილიკებს ბნელი. შემომაძარცვა ჩემი დიდება, და თავიდან გვირგვინი მომხადა. ყოველმხრივ დამაქცია და უკვე მივდივარ, ხესავით ამომიძირკვა სასოება. აღაგზნო ჩემზე თავისი რისხვა. და თავის მტრად შემრაცხა. ერთად მომადგნენ მისი ურდოები, ალყა შემომარტყეს და ჩემი კარვის ირგვლივ დაიბანაკეს. ჩემი ძმები ჩამომაშორა, და ჩემი ნაცნობები გამიუცხოვდნენ. მახლობლები განმიდგნენ და ნაცნობებმა დამივიწყეს. ჩემ სახლში მოსული სტუმრები და ჩემი სახლის მხევლები ხიზნად მთვლიან, მათ თვალში უცხო გავხდი. ჩემს მსახურს ვეძახი და არ მპასუხობს; ვევედრები მას ჩემი პირით. ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს, და ჩემი სიმყრალე – დედაჩემის ძეთ. ბავშვებმაც შემიზიზღეს მე, წამოვდგები და აბუჩად მიგდებენ. მომიძულეს ჩემმა სანდო მეგობრებმა და ვინც მიყვარდა, ზურგი მაქცია. ჩემი ტყავი და ხორცი ძვალს მიეკრა, ცარიელი ღრძილებიღა დავრჩი. შემიწყალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე! რატომ მდევნით თქვენც, როგორც ღმერთი? და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით? ნეტავ ჩაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ წიგნში ჩაიბეჭდებოდეს, რკინისა და ტყვიის საჭრეთლით კლდეზე ამოიკვეთებოდეს სამარადისოდ! რადგან მე ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი მხსნელი და საბოლოოდ მიწაზე წამოიმართება. მას შემდეგ, რაც ასე შემომეძარცვება კანი ჩემი ხორციდან, ვიხილავ ღმერთს, მე თავად ვიხილავ მას ჩემს გვერდით და ჩემი თვალები დაინახავენ მას და არა სხვისი. დამელია გული ჩემს წიაღში. თუ იტყვით: ‘აი, როგორ ვდევნით მას!’ და: ‘საქმის ფესვი ნაპოვნია მასში!’ გეშინოდეთ მახვილისა, რადგან რისხვას მოაქვს მახვილით სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!“ მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა: „მომხედე! მაიძულებენ ჩემი ფიქრები პასუხს, და ამის გამოა, რომ ვჩქარობ; რადგან ჩემს შეურაცხმყოფელ შენიშვნას ვისმენ, და ჩემი გონების სული მათქმევინებს პასუხს. ხომ იცი ეს ძველთაგან, მას აქეთ, რაც ადამიანი დამკვიდრდა მიწაზე, რომ ურჯულოთა ლხენა ხანმოკლეა, და უღვთოს სიხარული – წამიერი. თუნდაც ცად ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს, თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ, და მისი მნახველნი იკითხავენ: ‘სადაა იგი?’ სიზმარივით გაფრინდება და ვერავინ იპოვის, ღამეულ ჩვენებასავით გაუჩინარდება. თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას, და ვეღარც მისი ადგილი დაინახავს მას. მისი ძენი ღარიბ-ღატაკთა მომადლიერებას ეცდებიან, და საკუთარი ხელით დააბრუნებენ დოვლათს. მათი ძვლები, სავსე სიჭაბუკით, მათთან ერთად იქცევიან მტვრად. თუმცა ბოროტება ეტკბილებათ პირში და ენის ქვეშ ინახავენ, თუმცა ზოგავენ მას, არ გადმოაგდებენ და პირში იჩერებენ, მაინც გადაექცევათ საჭმელი სიმწარედ მუცელში, ასპიტთა შხამად მათ ნაწლავებში. ყლაპავენ დოვლათს, მაგრამ ამოანთხევენ, ღმერთი გამოუდევნის მათ მუცლიდან. ასპიტთა შხამს შეისრუტავენ, უნასის ენა მოჰკლავს მათ. ვერ იხილავენ ნაკადულებს, მდინარეებს, თაფლისა და ერბოს მდინარეებს. დააბრუნებენ ნაოფლარს და ვერ ჩაყლაპავენ. ნავაჭრის დოვლათიდან ვერ ნახავენ კმაყოფილებას. რადგან ჩაგრავდნენ და ივიწყებდნენ ღარიბ-ღატაკებს, სახლს ანგრევდნენ და არ აშენებდნენ. ვინაიდან არ ასვენებდათ მუცელი, მათთის სასურველს ვერაფერს გადაარჩენენ. არაფერი მორჩენიათ შეუსანსლავი, ამიტომ ვერ გასტანს მათი კეთილდღეობა. თავიანთი სისავსის სიუხვეში ვიწროდ იქნებიან, ყოველი გატანჯული ხელი მისწვდება მათ. მუცელს რომ ამოიყორავენ, ღმერთი მოუვლენს მათ თავისი რისხვის ცეცხლს და აწვიმებს მათზე. გაექცევიან რკინის იარაღს, – განგმირავს მათ ბრინჯაოს მშვილდი. გამოიძრობენ და გამოვა მათი სხეულიდან ისარი, და ელვა გამოვა მათი ნაღველადან, თავზარი დაეცემა მათ. სრული წყვდიადი იქნება მათი განძი. შეჭამს მათ დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მათი კარვის ნარჩენებს. გააცხადებს ზეცა მათ დანაშაულს და მიწა აღდგება მათ წინააღმდეგ. მათი სახლის დოვლათი გადაივლის და წაილეკება მისი რისხვის დღეს. ეს არის წილი ურჯულო კაცისა, ხვედრი, ღმერთის მიერ ნაბრძანები.“ მაშინ მიუგო იობმა და თქვა: „სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, ეს იყოს თქვენი ნუგეშისცემა ჩემთვის. ჯერ მე მათქმევინეთ და როცა ვიტყვი, მერე დამცინეთ. განა ადამიანს ვემდური? სულმოკლე ხომ არა ვარ? შემომხედეთ და განცვიფრდით, და პირზე აიფარეთ ხელი. ამაზე ფიქრიც კი მზარავს, და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს. რატომ არის, რომ ცოცხლობენ ურჯულონი, სიბერეს აღწევენ და ძალით მძლავრობენ? მათსავე სიცოცხლეში მათ წინაშე გამყარებულია მათი მოდგმა, და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა. მათი სახლები დაცულია შიშისგან და არც ღვთის კვერთხია მათზე. მათი კურო ამაკებს და არ ააცდენს, მათი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს. ფარასავით უშვებენ თავიანთ ბალღებს, და კუნტრუშობენ მათი პატარები. მღერიან დაირაზე და ქნარზე და მხიარულობენ სალამურის ხმაზე. კეთილდღეობაში ატარებენ დღეებს, და მშვიდად ჩადიან შავეთს. ღმერთს ეუბნებიან: ‘ჩამოგვშორდი, არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზები. რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? და რას გვარგებს, რომ ვემუდაროთ?’ აჰა, განა მათი კეთილდღეობა მათ ხელთ არ არის? – ურჯულოთა რჩევა შორს არის ჩემგან! ხშირად ყოფილა, რომ ჩამქრალა ურჯულოთა სანთელი? რამდენჯერ სწვევიათ მათ უბედურება? თავისი რისხვის ჟამს უნაწილებს ღმერთი მათ სატანჯველს? არიან ისინი ჩალის წველივით ქარის წინაშე და ქარიშხლისაგან მოტაცებული ბზესავით? შენ იტყვი: ‘ღმერთი სატანჯველს უნახავს მათ შვილებს.’ – დაე, თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ იწვნიონ! იხილონ მათმა თვალებმა უბედურება და თავად შესვან ყოვლადძლიერის რისხვა. რადგან რაღა ენაღვლებათ თავისი სახლი სიკვდილის შემდეგ, როცა მათი თვეების რიცხვი შეწყდება? განა ღმერთს ჭკუა ესწავლება, ის ხომ ზენას განიკითხავს? ზოგი სრული კეთილდღეობის ჟამს კვდება, სრულიად მშვიდი და უზრუნველი. მისი წიაღი სავსეა რძით და მისი ძვლები სავსეა ტვინით. ზოგი კი სულგამწარებული კვდება, ისე, რომ არ უნახავს სიკეთის გემო. ერთად წვანან მიწაში და ჭიები ფარავენ მათ. მე ვიცი თქვენი ფიქრები და მზაკვრობანი, რითაც ძალადობთ ჩემზე, რადგან ამბობთ: ‘სად არის დიდებულის სახლი, და სად არის ურჯულოს კარავი?’ განა არ გიკითხავთ გზად ჩამვლელთათვის, და არ გსმენიათ მათი მოწმობები, რომ წარწყმედის დღეს დაზოგილია ბოროტი, გარიდებულია რისხვის დღეს? ვინ ამხელს მათ პირში მათი გზის გამო, და ვინ მიუზღავს მათ ნამოქმედარისთვის? სამარემდის მიასვენებენ და დარაჯს მიუჩენენ მათ საფლავს. ტკბილად მიიღებენ ველის გორახები, მრავალი კაცი გააცილებს მათ ცხედარს, და წინაც მრავალი წაუძღვებათ. როგორღა მანუგეშებთ ფუჭი სიტყვებით? თქვენი პასუხები სიცრუედ რჩება!“ მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა: „რას არგებს ღმერთს კაცი? განა ბრძენიც კი თავის თავს არა რგებს? რა აზრი აქვს ყოვლადძლიერისთვის, შენ თუ მართალი ხარ? და რას მოუტანს მას, თუ წრფელია შენი გზები? განა შენი ღვთისმოშიშების გამო გყვედრის შენ და შედის შენთან სამსჯავროში? განა დიდი არაა შენი ბოროტება? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს? რადგან არაფრის გულისთვის ართმევდი გირაოს შენს ძმებს, და შიშველ-ტიტვლებს ხდიდი ტანსაცმელს. წყურვილით დატანჯულს წყალს უკავებდი და მშიერს პურს არ აწვდიდი. განა ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა, და წარჩინებული უნდა მკვიდრობდეს მასზე? ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლებს მკლავებს უმსხვრევდი. ამიტომ გახვევიან გარს მახეები და გაკრთობს ანაზდეული შიში. იქნებ ბნელა და ვეღარ ხედავ, და წყლის ნიაღვარმა დაგფარა? განა ღმერთი ცათა მწვერვალზე არ არის? ახედე ვარსკვლავებს, რა მაღალნი არიან! და შენ ამბობ: ‘რა იცის ღმერთმა? ბნელ ღრუბელთაგან განიკითხავს? ღრუბელნი საფარველად აქვს და ვერ იხედება, ცის კაბადონზე დადის.’ ნუთუ იმ ძველ გზას ადგახარ, ავკაცნი რომ დადიოდნენ, რომელნიც უდროოდ იქნენ წარტაცებულნი, რომელთა საძირკველიც მდინარემ გადარეცხა? ისინი ეუბნებოდნენ ღმერთს: ‘გაგვეცალე!’ და: ‘ყოვლადძლიერი რას გვარგებს?’ მან კი სიკეთით აუვსო მათ სახლები. მაგრამ ურჯულოთა რჩევა შორსაა ჩემგან! უყურებენ მართალნი და ხარობენ და უმწიკვლონი დასცინიან მათ. ამბობენ: ‘აჰა, გამწყდარა ჩვენი მტერი და მათი ნარჩენი ცეცხლმა შთანთქა.’ დაუახლოვდი მას – და იყავი მშვიდობით; ასე მოვა სიკეთე შენთან. მიიღე მისი პირიდან რჯული და მისი სიტყვები გულში ჩაიმარხე. თუ დაუბრუნდები ყოვლადძლიერს, კვლავ აშენდები, განაშორე უსამართლობა შენს კარავს. თუ შენს ოქროს მტვერში ჩაყრი, და ოფირის ოქროს – ხევების ლოდებში. და თუ ყოვლადძლიერი იქნება შენი ოქრო, და ძვირფასი ვერცხლი იქნება შენთვის, მაშინ დატკბები ყოვლადძლიერში და ღმერთს მიაპყრობ სახეს. ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და აღასრულებ შენს აღთქმებს. რასაც გადაწყვეტ, აგისრულდება, და შენს გზაზე ნათელი იბრწყინებს. როცა დაგამდაბლებენ, იტყვი: ‘ამაღლება’ და ის იხსნის თვალდახრილს. ის გადაარჩენს დამნაშავესაც; და გადარჩება ის შენს ხელთა სიწმიდით.“ მაშინ მიუგო მას იობმა და თქვა: „დღესაც მწარე ჩივილია ჩემი სიტყვა; მისი ხელი ძიმედ მაწევს ჩემი კვნესის მიუხედავად. ნეტავი მაცოდინა, სად ვიპოვო იგი და მიმაღწევინა მის სამყოფელამდე, წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და საბუთებით ავივსებდი პირს. გავიგებდი სიტყვებს, რასაც მომიგებდა, და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა. თავისი დიდი ძალით ხომ არ გამიმართავდა პაექრობას? არა! მხოლოდ ყურს დამიგდებდა. იქ მართალი შეძლებდა თავის მართლებას მის წინაშე – და მე სამუდამოდ დავიხსნიდი თავს მსაჯულისაგან. აჰა, წინ მივდივარ – და იგი არ ჩანს, უკან მივდივარ, კვლავაც ვერ ვხედავ. მარცხნივ ვეძებ, და ვერ ვხედავ, მარჯვნივ შევბრუნდები და კვლავ დაფარულია. მაგრამ მან იცის ჩემი გზა-კვალი, და როდესაც გამომცდის, ოქროსავით გამოვალ. ჩემი ტერფი ჩაეჭიდა მის კვალს, მის გზას ვიცავდი განუხრელად. მის ბაგეთა მცნებებისგან არ გადამიხვევია, მისი პირის სიტყვებს საკუთარზე მეტად ვიცავდი. მაგრამ იგი უცვლელია და ვინ შემოაბრუნებს მას? რასაც მისი ხელი მოისურვებს, იმას აკეთებს. რადგან ის აღასრულებს, რაც დაადგინა ჩემთვის, და მრავალი ასეთი განზრახვა აქვს მას. ამიტომ ვკრთი მის წინაშე, ჩავუკვირდები და მეშინია მისი. ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და ყოვლადძლიერმა შემაძრწუნა მე. მაგრამ სიბნელემ ვერ მომკვეთა და წყვდიადმა არ დამფარა მე. რატომ არ ადგენს ყოვლადძლიერი სამსჯავრო ვადებს ცოდვილთათვის, და მისი მცოდნენი რატომ ვერ ხედავენ მის დღეებს? ურჯულონი საზღვრებს ანაცვლებენ, იტაცებენ ფარებს და მწყემსავენ მათ. ობოლთა სახედრებს ერეკებიან, ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ; გაჭირვებულს გზიდან აგდებენ, და იმალებიან ქვეყნის ღარიბნი. როგორც უდაბნოში კანჯრები, მძიმედ შრომობენ, საკვებს ეძებენ ტრამალში თავიანთი ბავშვებისათვის. სხვის ყანაში მკიან და ურჯულოს ვენახს იმცვრევენ. შიშვლად ათევენ, უმოსასხამოდ და არა აქვთ დასაფარებელი ყინვაში. მთების თქეშში ილუმპებიან, და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან. ძუძუს სწყვეტენ ობოლს, და მიჰყავთ ღარიბისაგან გირაოდ. შიშველნი დაწანწალებენ უსამოსოდ, და დამშეულნი ძნებს მიათრევენ. მათ კედლებში ზეითუნის ზეთს ხდიან, საწნახლებში წურავენ ყურძენს, თავად კი სწყურიათ. ქალაქიდან მომაკვდავნი გმინავენ და დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათ ვედრებას. არიან ნათლის წინააღმდეგ მეამბოხენი, რომლებიც არ ცნობენ მის გზებს და არ დგანან მის გზაზე. განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდობს. მრუშის თვალი ბინდის მოლოდინში ამბობს: ‘კაცის თვალი ვერ მიხილავს.’ და სახეზე საფარველს იფარებს. ბნელში ძირს უთხრიან სახლებს, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი, რადგან წყვდიადი მათთვის დილაა, რადგან შეუამხანაგდნენ წყვდიადის საშინელებებს. მსუბუქნი არიან ისინი წყლის ზედაპირზე, დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, მუშაკი არ გაუხვევს მათი ვენახებისკენ. გვალვა და ხორშაკი შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი – ცოდვილებს. დაივიწყებს მათ დედის საშო; ჭია შეჭამს მათ, აღარავის გაახსენდებიან, ასე ხესავით გადატყდება უკეთურება. ისინი ბოროტად ექცევიან ბერწ ქალს, უშვილოს, და ქვრივს სიკეთეს არ უკეთებენ. ღმერთი სიცოცხლეს უხანგრძლივებს ძლიერთ თავისი ძალით, წამოდგებიან, თუმცა იმედი გადაწურული ჰქონდათ. იგი აძლევს მათ სიმშვიდეს და აქვთ საყრდენი, და თვალი მათ გზებზე უჭირავს. მცირე ხნით აღზევდებიან და აჰა, აღარ არიან. დამდაბლდებიან, დაეცემიან, როგორც ყველანი, და თავთავივით მოიკვეთებიან. ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიბათილებს სიტყვას?“ და მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა: „უფლება და შიში არის ღმერთთან, მშვიდობას ამკვიდრებს თავის სიმაღლეებში. თუ აქვს რიცხვი მის მხედრობას? და ვისზე არ ამოდის მისი ნათელი? რა გაამართლებს კაცს ღმერთის წინაშე? და რა განწმედს ქალის ნაშობს? მთვარე არ ნათობს და ვარსკვლავნი არ არიან სუფთანი მის თვალში. მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამიანის ძე, რომელიც მატლია!“ მაშინ მიუგო იობმა და თქვა: „როგორ შეეწიე უძლურს! როგორ იხსენი უმწეო მკლავი! როგორ დაარიგე სიბრძნეს მოკლებული! რამდენი სიბრძნე გისწავლებია! ვინ გათქვევინა ეს სიტყვები, და ვისი სული გამოდიოდა შენგან? ლანდები ძრწიან ქვეშეთში, წყალნი და მისი მკვიდრნი. გაშიშვლებულია შავეთი ღმერთის წინაშე და არა აქვს საფარველი აბადონს. მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არარაობაზე დაჰკიდა დედამიწა. იგი კრავს წყლებს თავის ღრუბლებში, და არ სკდება ღრუბელი მათ ქვეშ. იგი უბურავს სავსე მთვარეს პირს, თავისი ღრუბელი მასზე განართხო. წყლის ზედაპირზე წრე შემოავლო ნათლისა და ბნელის საზღვრამდე. ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის რისხვაზე. თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გონებით შემუსრა რაჰაბი. მისი სულით ცა გამშვენიერდა, მისმა ხელმა განგმირა გაქცეული გველი. აჰა, ესენია მისი გზების კიდენი. და რა მცირე ჩურჩული გვესმის მასზე! ვინ შეიცნობს მისი ძლიერების გრგვინვას?“ კვლავ განაგრძო იობმა თავისი სათქმელი და თქვა: „ვფიცავ ღმერთს, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლადძლიერს, რომელმაც სული გამიმწარა. რადგან, ვიდრე ჩემი სუნთქვა ჩემშია და ღვთის სული ჩემს ნესტოებშია, ჩემი ბაგეები არ იტყვიან ტყუილს და ჩემს ენას არ დასცდება სიცრუე. ღმერთმა დამიფაროს, ვთქვა, რომ მართლი ხართ! სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას! ჩემი სიმართლე მტკიცედ მიჭირავს და არ გავუშვებ ხელს. არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება. მტერი ჩემი იყოს ურჯულოსავით, და მოწინააღმდეგე ჩემი უკეთურივით. რადგან რა არის უღვთოს იმედი, როცა ღმერთი მოიკვეთს მას, როდესაც ღმერთი წარსტაცებს სულს? განა შეისმენს მის ღაღადს ღმერთი, როცა მას გასაჭირი ეწევა? ინეტარებს განა ყოვლადძლიერში და ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით? მე თქვენ გასწავლით ღმერთის ხელის შესახებ, რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავფარავ. აჰა, თქვენ ყველას ნანახი გაქვთ და მაშ რაღად ლაპარაკობთ ასე? ასეთია ურჯულო კაცის ხვედრი ღმერთთან, და მტარვალთა ხვედრი, ყოვლადძლიერისაგან რომ ერგებათ: თუ ვაჟები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისათვის, და მისი შთამომავალნი პურით ვერ გაძღებიან. მის შთამომავალს სიკვდილი დაასამარებს, და მათი ქვრივები ვერ დაიტირებენ მათ. თუნდაც მტვერივით დააგროვოს ვერცხლი და თიხასავით დააგროვოს სამოსი, ის კი მოამზადებს, მაგრამ მართალი შეიმოსავს, ვერცხლი კი უდანაშაულოს ერგება წილად. ობობასავით იშენებს სახლს, და დარაჯივით იკეთებს ქოხს. წვება მდიდარი და არაფერი აკლია, თვალებს გაახელს და აღარაფერი აქვს. დაატყდება საშინელებანი ნიაღვარივით, და ღამით გრიგალი გაიტაცებს მას. წაიღებს მას აღმოსავლეთის ქარი, და წარხვეტს მას მისი ადგილიდან. და მოისვრის მას და არ შეიბრალებს. განა გაექცევა მის ხელს? ხალხი ტაშს შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მას თავისი ადგილიდან. ვერცხლს საბადო აქვს და ოქროს ადგილი, სადაც წმენდენ მას. რკინას მიწიდან იღებენ, სპილენძს კი მადნიდან ადნობენ. ზღვარი დაუდო ადამიანმა ბნელს და ქვეყნის კიდემდე ეძებს მადანს წყვდიადსა და ბნელში. გათხარა მაღაროები ხეობაში, შორს, უკაცრიელ, მივიწყებულ ადგილებში. გამოკიდებულნი არიან მემაღაროელები ხალხისგან შორს და ქანაობენ იქ. ხოლო მიწა – მისგან აღმოცენდება პური, მისი ქვეშეთი კი ამობრუნებულია, თითქოს ცეცხლისგან. მისი ქვები საფირონის ადგილია და მისი მტვერი ოქროს შემცველია. ის გზა არ იცის არც ერთმა მტაცებელმა ფრინველმა, და შევარდნის თვალსაც არ დაუნახავს. ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს მასზე არ გაუვლია. ადამიანი კაჟზე იწვდის ხელს, მთლიანად აყირავებს მთებს. კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს სჭვრეტს მისი თვალი. მდინარეთა დინებას აკავებს, და დამალული სინათლეზე გამოაქვს. მაგრამ სად მოიპოვება სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი? არ იცის მისი ფასი ადამიანმა, და ცოცხალთა ქვეყანაში არ მოიპოვება ის. უფსკრული ამბობს ‘ის ჩემში არ არის!’ და ზღვაც ამბობს: ‘ჩემთან არ არის!’ არ გაიცვლება ხალას ოქროში, და არ აიწონება ვერცხლი მის საფასურად. არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსითა და საფირონით. ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი, და ვერც ბაჯაღლოს ჭურჭელში გაიცვლება. მარჯანი და ბროლი არც არის სახსენებელი, სიბრძნის მოხვეჭა მარგალიტთა უმჯობესია. ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, ხალასი ოქროთი ვერ შეფასდება. საიდან მოდის სიბრძნე? ან სად არის გონების ადგილი? იგი დამალულია ყოველი ცოცხალის თვალთაგან, და დაფარულია ცის ფრინველთაგან. აბადონი და სიკვდილი ამბობენ: ‘ყური მოგვიკრავს მისთვის!’ ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი, რადგან ის გაჰყურებს ქვეყნის კიდეებს, და ჭვრეტს მთელ ცისქვეშეთს. როდესაც ქარს წონას უწესებდა იგი და წყალს საწყაოთი წყავდა, როდესაც წვიმას წესს უდებდა და მეხისცემას – გზა-სავალს, მაშინ იხილა იგი და გამოაცხადა, დაადგინა და გამოიკვლია, და უთხრა ადამიანს: ‘ჭეშმარიტად, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისაგან განრიდებაა გონიერება.’“ და განაგრძო იობმა თავისი სათქმელი და თქვა: „ნეტავ ისე ვიყო, როგორც წარსულ თვეებში, როგორც იმ დღეებში, როცა მიცავდა ღმერთი; როცა მისი ლამპარი თავს დამნათოდა, და მის შუქზე ბნელში ვიკვლევდი გზას. როგორც ვიყავი ჩემი შემოდგომის დღეებში, როცა ღვთის მეგობრობა ადგა ჩემს კარავს; როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი, და გარს ჩემი შვილები მეხვივნენ; როცა ჩემს ტერფებს რძეში ვიბანდი, და კლდე ღვარად ადენდა ჩემთვის ზეთის ნაკადებს; როდესაც გავდიოდი ქალაქის კარიბჭესთან, ვემზადებოდი მოედანზე დასაჯდომად, დამინახავდნენ ჭაბუკები და იმალებოდნენ, ხოლო მოხუცები წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ; მთავარნი თავს იკავებდნენ სიტყვის თქმისაგან და პირზე ხელს იფარებდნენ; დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა. ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა, რადგან ვიხსნიდი ღატაკს, შველას რომ ითხოვდა, და ობოლს, შემწე რომ არ ჰყავდა. კურთხევა განწირულისა ჩემზე მოდიოდა, და ქვრივის გულს ვახარებდი. სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი. ბრმისათვის თვალები ვიყავი, და კოჭლისთვის – ფეხები; გლახაკისთვის მამა ვიყავი; და ჩემთვის უცნობი საქმეს ვიძიებდი. უკეთური კაცისთვის ყბები დამილეწავს, და მოტაცებული კბილებიდან გამომიგლეჯია. მაშინ ვფიქრობდი: ‘ჩემს საბუდარში მოვკვდები და ქვიშასავით იმრავლებენ ჩემი დღეები. ჩემი ფესვი გადგმულია წყლებისაკენ და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე. ჩემი დიდება კვლავ აღდგება და ხელში მშვილდი განმიახლდება.’ მისმენდნენ და მელოდნენ, და ჩემს რჩევაზე დუმდნენ; ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს ამბობდნენ, და მათზე ეწვეთებოდა ჩემი ნათქვამი; წვიმასავით მელოდნენ, და როგორც გაზაფხულის წვიმას, პირს მიშვერდნენ; გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, და ჩემი სახის ნათელი არ მოუქუფრავთ. გზას ვურჩევდი მათ და მთავრად ვიჯექი; და ვიყავი, როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი! ახლა კი დამცინიან ჩემზე უმცროსები, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებშიც კი არ გავრევდი. რისთვის მინდა მათი ხელების ძალა? ძალგამოცლილები, სიდუხჭირითა და შიმშილით ღონემიხდილნი გარბიან გვალვიან ტრამალებში, უდაბნოსა და ხრიოკებში. მწარე ბალახებს წიწკნიან ჯაგებთან და წნორნარის ფესვი მათი პურია. ხალხიდან აძევებენ მათ, და როგორც ქურდს, ისე მიჰკივიან; აწყდებიან ხევ-ხუვებს, მიწის მღვიმეებს და კლდის ნაპრალებს. ბუჩქებს შორის ყროყინებენ სახედრებივით, ჯაგნარებში შეყუჟულან, – ძენი უგუნურთა და ძენი უსახელოთა, ქვეყნიდან განდევნილნი. ახლა კი გავხდი მათი სამღერელი და მათი საანდაზო. მიზიზღებენ, გამირბიან და ჩემი სახის წინ ფურთხს არ ზოგავენ. რადგან მან ახსნა ჩემი საბელი, პირწინ დამიგდეს ჩემი აღვირი. მარჯვნივ ბრბო აღმიდგა, ფეხი დამიბრკოლეს, ჩემს წინააღმდეგ წარმართეს თავიანთი დამღუპველი გზები. მათ აანგრიეს ჩემი ბილიკი, სარგებლობენ ჩემი უიღბლობით, და არავინ აკავებს მათ. როგორც ფართე მოედანზე, ისე მოექანებიან ქარიშახლივით. საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით მიქრის ჩემი დიდება და ღრუბელივით გადავიდა ჩემი კეთილდღეობა. აწ ჩემში დაიღვარა ჩემი სული, ჩამიგდეს ხელში გაჭირვების დღეებმა. ღამ-ღამობით ძვლები მტეხავს, და ტკივილი, მე რომ მწიწკნის, არ მიამდება. ტანჯვით ვიხდი სამოსს, კვართის საყელოსავით მიჭერს. მისროლა ლაფში და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს. შველას გთხოვ და პასუხს არ მაძლევ. მე ვდგავარ და შენ თვალს არ მაცილებ. სასტიკი გახდი ჩემს მიმართ, და მდევნი მე შენი ხელის ძალით. ქარზე შემომსვამ, მაიძულებ, გავინავარდო. მაცამტვერებ ქარის ღრიალში, ასეა, ვიცი, სიკვდილისკენ წამიყვან, ყოველი ცოცხალის შესაკრებელი სახლისკენ. ნანგრევებში მყოფს ხელს არვინ უწვდის, დაღუპვის პირას ვინც ითხოვს შველას. განა არ მიტირია ბედშავზე? სული არ შემწუხებია გაჭირვებულზე? მაგრამ როდესაც სიკეთის იმედი მქონდა, ბოროტება მეწია, ნათელს ველოდი და ბნელი მეწია, გულ-ღვიძლი მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვა-წამების დღეები დამიდგა. ჩაშავებული დავიარები, უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ. ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად სირაქლემებს. კანი გამიშავდა და ძვლები მივარვარებს სიცხისაგან. გოდებად იქცა ჩემი ქნარი, და მოტირალთა ხმად – ჩემი სალამური. აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულს არ შევხედავდი. და რა არის ჩემი წილხვედრი მაღლიდან ღმერთისაგან, ან სამკვიდრო ყოვლადძლიერისაგან ზესკნელიდან? განა დაღუპვა უკეთურისათვის არ არის, და ავბედობა ბოროტმოქმედთათვის? განა არ ხედავს ის ჩემს გზებს, და არ ითვლის ჩემს ყოველ ნაბიჯს? თუ სიცრუით მევლოს და სამზაკვროდ ამჩქარებოდეს ფეხი, ამწონოს მე მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლობა. თუ გზიდან გადაეხვიოს ჩემს ტერფს, ან თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული, და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს, მაშინ, დაე, მე ვთესო და სხვამ ჭამოს, და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი. თუ ჩემი გული ოდესმე ცდუნებულიყოს დედაკაცისაგან, და ჩემი მოყვასის კართან მეთვალთვალოს, მაშინ სხვას უფქვას ჩემმა ცოლმა, და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე. რადგან ეს მრუშობაა და დასასჯელი დანაშაული. რადგან ეს ცეცხლი იქნებოდა აბადონამდე შთამნთქმელი, და ძირამდე დასწვავდა მთელ ჩემს მოსავალს. თუ ოდესმე ჩემი მსახურისა და მხევლისთვის სამართალზე უარი მეთქვას, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან, მაშინ რას ვიზამ, როცა ღმერთი აღდგება? როცა მომკითხავს, რა პასუხს გავცემ? განა მან, ვინც დედის მუცელში შემქმნა, მანვე არ შექმნა ისინი? განა ჩვენ ერთმა ღმერთმა არ გამოგვსახა საშოში? თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს, ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს, – მისი ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ის ჩემთან, როგორც მამასთან, და დედის მუცლიდანვე ვიცავდი ქვრივს; თუ მენახოს უსამოსლობით სიკვდილის პირას, ან გლახაკი უმოსასხამოდ, და მის საზარდულს არ დაველოცე და არ გამთბარიყო ჩემი ცხვრის მატყლით, თუ ობოლზე ხელი აღმემართოს, როცა კარიბჭესთან მცველებს ვხედავდი, მაშინ ზურგს მოსწყდეს ჩემი მხარი და მკლავი იდაყვში გადამიტყდეს! რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიმძიმეს ვერ გავუძლებ. განა მიმიჩნევია ოქრო საიმედოდ, ან ბაჯაღლო ოქრო ხსნად დამისახავს? განა გამიხარია იმით, რომ დიდძალი სიმდიდრე მაქვს? რომ ჩემმა ხელმა ბევრი მოიხვეჭა? რომ დამენახა მზე ან მთვარე დიდებულად მოარული, და იდუმალ ცდუნებულიყო ჩემი გული და ჩემს ბაგეებს ჩემი ხელისთვის ეკოცნათ, ესეც განსასჯელი დანაშაული იქნებოდა, რადგანაც მაღალი ღმერთის უარმყოფელი ვიქნებოდი. განა გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება? ან მიზეიმია მის ცუდ ამბავზე? არ ჩამიდენინებია ცოდვა ჩემი სასისთვის, და წყევლით არ მითხოვია დაღუპვა მისი სულისა. განა არ უთქვამთ ჩემი კარვის კაცებს: ‘ვინ არ გამძღარა მისი ხორცით?’ მწირს გარეთ არ გაუთევია, კარი ღია მქონდა მგზავრისთვის. განა დამიფარავს ჩემი დანაშაული ადამივით, უბეში შემემალა ჩემი შეცოდება? მაშინ შემაკრთობდა ხალხის სიმრავლე და საგვარეულოს გაკიცხვა შემაშინებდა, დავდუმდებოდი და გარეთ არ გავიდოდი. ნეტავ ვინმე მომისმენდეს! აჰა, ესაა ჩემი ნიშანი! ყოვლადძლიერმა პასუხი გამცეს! ნეტავ საჩივრის წიგნი მომცა, ჩემი მოშუღლის ხელით ნაწერი! მაშინ მე ზურგით ვატარებდი მას, გვირგვინივით შემოვიხვევდი, მოვახსენებდი ჩემს ყოველ ნაბიჯს, და როგორც მთავარს, ისე ვეახლებოდი. თუ ჩემზე ჩემს მიწას დაუჩივლია და ხნულები ატირებულიყვნენ, თუ მუქთად მიაჭამი მისი მოსავალი ან მის მეპატრონეთა სული შემიწუხებია, მაშინ ნაცვლად ხორბლისა ძეძვი ამოვიდეს, და ნაცვლად ქერისა – ღვარძლი!“ ამით დასრულდა იობის სიტყვები. და შეწყვიტა სამმა კაცმა იობისათვის პასუხის გაცემა, რადგან მართალი იყო იგი თავის თვალში. მაშინ განრისხდა ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან. განრისხდა იობზე იმის გამო, რომ მან თავი ღმერთზე მართლად ჩათვალა. ხოლო თავის სამ მეგობარზე ის იმის გამო განრისხდა, რომ თუმცა საპასუხო ვერ უპოვნეს, მაგრამ მაინც იობი გაამტყუნეს. ელიჰუ იცდიდა, რომ იობს დალაპარაკებოდა, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით. რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის პირს პასუხი არ ჰქონდა, განრისხდა. და მიმართა ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ, და უთხრა: „წლებით მე უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მომეხსენებინა. მე ვთქვი: დღეებმა უნდა ილაპარაკონ და სიბრძნე წელთა სიმრავლემ უნდა ასწავლოს-მეთქი. მაგრამ კაცში იმყოფება სული, და სუნთქვა ყოვლადძლიერისა მას აგონიერებს. დღეგრძელნი ყოველთვის როდი არიან ბრძენნი, და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს. ამიტომ ვამბობ: მისმინეთ, რათა მეც ვთქვა ჩემი აზრი. ვუცდიდი მე თქვენს სიტყვებს, ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას, როცა სათქმელს ეძებდით. გაკვირდებოდით თქვენ, და აჰა, არ იყო თქვენს შორის მამხილებელი, პასუხი რომ მიეგო იობისთვის. ნუ იტყვით: ‘სიბრძნე ვიპოვეთ, ღმერთი მოიგერიებს მას და არა კაცი.’ არ მოუმართავს მას ჩემს წინააღმდეგ სიტყვები, და არც მე მივმართავ მას თქვენი სიტყვებით. სასო წარეკვეთათ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სიტყვები; უნდა ველოდო, რადგან შეწყვიტეს ლაპარაკი, რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ? გავცემ მეც ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს. რადგან სავსე ვარ სიტყვებით, სული შიგნიდან მაწვება. აჰა, ჩემი შინაგანი მაჭარივითაა, რომელსაც თავი დაუცეს და ხეთქავს ახალ ტიკს. ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა: გავხსნი ბაგეებს და ვუპასუხებ. პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ ვემლიქვნელები. რადგან მე მლიქვნელობა არ ვიცი – უმალ ჩემმა გამჩენმა წამიყვანოს! ახლა კი ისმინე, იობ, ჩემი ნათქვამი და ყური მიუგდე ჩემს ყოველ სიტყვას. აჰა, ვხსნი ბაგეებს, ლაპარაკობს ჩემი ენა ჩემს სასაში. ჩემი გულის სიწრფოებაა ჩემი სიტყვები, ჩემს ბაგეთა ცოდნას ნათლად გადმოსცემენ ისინი. ღვთის სულმა შემქმნა და ყოვლადძლიერის სუნთქვა მასულდგმულებს. თუ შეგიძლია, მიპასუხე: დაალაგე სიტყვები და დაიცავი თავი. აჰა, მეც შენისთანა ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი. აჰა, ჩემმა შიშმა არ უნდა შეგაძრწუნოს, და არც ჩემმა ხელმა უნდა დაგამძიმოს. აკი ასმენდი შენ ჩემს ყურს და მე გავიგონე შენი სიტყვების ხმა: ‘სუფთა ვარ მე და უცოდველი, უმწიკვლო ვარ და არა მაქვს ბრალი. აჰა, საბაბი მინახა, თავის მტრად შემრაცხა. ხუნდებში მაყოფინებს ფეხებს, და ჩემს ყოველ გზას უთვალთვალებს!’ აი, ამაში არა ხარ მართალი, მე გპასუხობ, რომ კაცზე დიდია ღმერთი. რად ედავები მას? ის პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე. ერთხელ იტყვის ღმერთი, და, თუ ვერავინ შენიშნა, მეორედაც. სიზმარში, ღამეულ ხილვაში, როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ, როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ, მაშინ ხსნის იგი ადამიანთა ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას, რომ აარიდოს ადამიანი უკეთურ საქმეს, და დაიფაროს კაცი ამპარტავნებისაგან; რომ იხსნას მისი სული შავეთისაგან, და მისი სიცოცხლე – მახვილით დაღუპვისაგან. კაცი სატკივრით ისჯება თავის საწოლზე, დაუამებელი ტკივილით მისი ძვლებისა; შესძაგდება მის სიცოცხლის პური და მის სულს – საყვარელი საჭმელი. გაქრება მისი ხორცი, უხილავი გახდება, და ამოასხდებიან ძვლები, რომელნიც არ ჩანდნენ. და მიაწევს მისი სული ხარომდე და მისი სიცოცხლე – სიკვდილის წლებამდე. მაშინ, თუ ჰყავს მას მეოხი ანგელოზი, ათასში ერთი, რომ განაცხადოს ადამიანის სიალალმართლე, შეიწყალებს მას და იტყვის: ‘იხსენი იგი, დაიფარე იგი საფლავში ჩასვლისაგან. მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!’ მაშინ მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება, მისი სიყმაწვილის დღეები დაუბრუნდება. ილოცებს ღმერთის მიმართ და ისიც შეიწყალებს, და სიხარულით შეხედავს მის სახეს, და დაუბრუნებს კაცს მის სიმართლეს. იგი იმღერებს კაცთა წინაშე და იტყვის: ‘ვცოდე მე და სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომეგო საკადრისად. მან გამოისყიდა ჩემი სული ხაროში ჩასვლისგან, და ჩემი სიცოცხლე ნათელს იხილავს,’ აჰა, ყოველივე ამას ღმერთი ორგზის, სამგზის უკეთებს ადამიანს, რათა დააბრუნოს მისი სული ხაროდან, და გაანათლოს სიცოცხლის ნათელით. გამიგონე, იობ, ისმინე ჩემი, დადუმდი და მე ვილაპარაკებ. თუ სათქმელი გაქვს, მიპასუხე, ილაპარაკე, რადგან შენი გამართლება მწადია; თუ არა და, ისმინე ჩემი, დადუმდი, და მე გასწავლი სიბრძნეს.“ და განაგრძო ელიჰუმ და თქვა: „ისმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები, მცოდნენო, ყური დამიგდეთ! რადგან ყური გამოცდის სიტყვებს, როგორც სასა გემოს უგებს საკვებს. ავირჩიოთ, რაც სამართლიანია. ჩვენს შორის გავარკვიოთ, რა არის კეთილი. რადგან იობმა თქვა: ‘მართალი ვარ და ღმერთმა წამართვა ჩემი სამართალი. ტყუილი ვთქვა ჩემს სამართალზე? მოუშუშებელია ჩემი იარა, თუმცა უდანაშაულო ვარ!’ ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას წყალივით რომ სვამდეს? ავისმოქმედთა გუნდს რომ მისდევდეს? და უკეთურ ხალხთან იაროს? რადგან მან თქვა: ‘არაფრად არგია კაცს, რომ ღმერთს აამოს.’ ამიტომ ისმინეთ ჩემი, გულისხმიერნო კაცნო! შორს არის ღმერთი ბოროტებისაგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისაგან! რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და კაცს მისი გზისამებრ მიაგებს. ჭეშმარიტად, ღმერთი არ იქმს ბოროტს და ყოვლადძლიერი არ ამრუდებს სამართალს! ვინ ჩააბარა მას მიწა? ან ვინ მიანდო მას მთელი სამყარო? თუ თავისკენ მიაპყრობს თავის გულისყურს, უკანვე წაიღებს თავის სულსა და სუნთქვას, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და ადამიანი მტვრად მიიქცევა. თუ შეგიძლია, ისმინე ეს, ყური უგდე ჩემი სიტყვების ჩქამს! ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? და ნუთუ ბრალს დასდებ ძალმოსილ მართალს? ვინ ეუბნება მეფეს: ‘არამზადავ!’ და დიდგვაროვანს: ‘უკეთურო!’; ვინ არ მიჰკერძავს მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ მიიჩნევს, რადგან ყველანი მის ხელთა ქმნილებანი არიან? ერთ წამში იხოცებიან ისინი; შუაღამისას ტორტმანებს ხალხი და იღუპება, და წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე, რადგან მისი თვალები ადამიანის გზებს დასცქერის და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს. არ არსებობს არც ბნელი და არც წყვდიადი, სადაც დაიმალებოდა ავისმოქმედი; რადგან იგი არ უწესებს კაცს ვადას ღმერთთან სამსჯავროზე მისასვლელად. ის მუსრავს ძლიერთ განუკითხავად და სხვებს აყენებს მათ ნაცვლად, რადგან იცის მათი ნამოქმედარი. ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან; უკეთურთ დალახვრავს სხვათა თვალთა წინ. რადგან განუდგნენ მას და არ შეიმეცნეს მისი გზები. მასთან მივიდა ღატაკთა ღაღადი, და დაჩაგრულთა ღაღადი მისწვდა მას. როცა ის დუმს, ვინ არის მისი ბრალმდებელი? როცა სახეს იფარავს, ვინ არის მისი მხილველი? იქნება ეს ერი, თუ ერთი კაცი? – რათა არ იმეფოს უღვთო ადამიანმა, ხალხის მახეში გამბმელმა. ვინმეს თუ უთქვამს ღმერთისათვის: ‘მე მოვიხადე სასჯელი, აღარ შევცოდავ, შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ. თუ უკეთურება ჩამიდენია, მეტს აღარ ვიზამ’. განა შენი განსჯით უნდა მიუზღავდეს იგი, რადგან შენ მას ეწინააღმდეგები? შენ უნდა აირჩიო და არა მე. მაშ თქვი, რაც იცი. მეტყვიან გულისხმიერი კაცები და ბრძენნი, მე რომ მისმენენ: ‘უაზროდ ლაპარაკობს იობი და მის სიტყვებს გონიერება აკლია.’ ერთი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ავკაცთა მსგავსად რომ პასუხობს! რადგან თავის ცოდვას უმატებს ამბოხს, ხელს ხელზე შემოჰკრავს ჩვენს შორის და სიტყვას ამრავლებს ღვთის წინააღმდეგ!“ განაგრძო ელიჰუმ და თქვა: „ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ: ‘ღმერთზე მართალი ვარ?’ რომ ამბობ: ‘რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობა?’ მე გიპასუხებ შენ და შენს მეგობრებსაც, შენთან ერთად რომ არიან: ახედე ზეცას და იხილე, შეხედე ღრუბლებს – ისინი შენზე მაღლაა. თუ შენ შესცოდე, რას დაუშავებ ამით მას? თუ შენს დანაშაულს გაამრავლებ, ამით რას უზამ მას? თუ შენ მართალი ხარ, რას შემატებ მას? ან რას მიიღებს შენი ხელიდან? მხოლოდ შენისთანა კაცზე მოქმედებს შენი უკეთურება, და ადამის ძეზე – შენი სიმართლე. ბევრი ჩაგვრისაგან ღაღადებს ხალხი, შველას ითხოვენ ძლიერის მკლავიდან. და არავინ ამბობს: ‘სად არის ღმერთი, ჩემი გამჩენი, ძალის მომძღვნელი ღამით, რომელიც გვწვრთნის ჩვენ მიწის მხეცებზე მეტად, და განგვაბრძნობს ჩვენ ცის ფრინველებზე მეტად?’ ღაღადებენ იქ ისინი და ის პასუხს არ სცემს, ავკაცთა ამპარტავნების გამო. ნამდვილად, ამაო ღაღადს არ შეისმენს ღმერთი და ყოვლადძლიერი არ მოხედავს მას. თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ საკითხი მის წინაშეა, დაელოდე მას. და ახლა, რაკი მისი რისხვა არ სჯის, და ყურადღებას არ აქცევს სისულელეს, ამაოდ ხსნის ბაგეს იობი, და უაზროდ ხარჯავს სიტყვებს.“ და განაგრძო ელიჰუმ და თქვა: „ცოტა დამაცადე და გაჩვენებ, რადგან კიდევ არის ღმერთის სახელით სათქმელი სიტყვები. შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს გამჩენს მივაგებ სიმართლეს, რადგან ნამდვილად არ არის ცრუ ჩემი სიტყვები, ცოდნაში სრული შენს წინაშეა. აჰა, ძლიერია ღმერთი, და არავინ სძულს. ის სიბრძნის ძალითაა ძლიერი. იგი ცოცხალს არ გაუშვებს უკეთურს, და ჩაგრულთ მიაგებს სამართალს; თვალს არ აშორებს თავის მართალს და მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ, და აღზევდებიან ისინი. და თუ მათ ბორკილები ადევთ და ტანჯვის საკვრელით არიან შეკრულნი, განუცხადებს მათ თავიანთ ნამოქმედარს და დანაშაულს, რადგან გაამპარტავანდნენ ისინი. გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რათა სიავისგან უკუმოიქცნენ. თუ შეისმენენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს – ნეტარებაში. ხოლო თუ არ შეისმენენ, მახვილით დაეცემიან და უგუნურებაში ამოხდებათ სული. გულმრუდნი აღძრავენ რისხვას, შველას არ ითხოვენ მისგან, როდესაც ბორკილს ადებს მათ. სიჭაბუკეშივე კვდება მათი სული, და მათი სიცოცხლე თავდება სირცხვილში. ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით, და დათრგუნვის ჟამს უხსნის მას ყურებს. და შენც გამოგიყვანდა შეჭირვების პირიდან სიფართოვეში, სადაც არაა სივიწროვე, და შენი სუფრაც სავსე იქნებოდა ცხიმით. შენ კი სავსე ხარ უკეთურთა სასჯელით, მსჯავრი და სამართალი დაგაცხრა შენ. ფრთხილად იყავი, გულისწყრომამ სასაცილო არ გაგხადოს, დიდმა გამოსასყიდმა არ გადაგხაროს. ყვირილი გიშველის განა გასაჭირში, ან მთელი შენი ძალისხმევა? ნუ ინატრებ იმ ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან, იფრთხილე, არ მოიქცე ავკაცობისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ. აჰა, ღმერთი მაღალია თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი? ვის დაუწესებია მისთვის გზა და ვის უთქვამს: ‘უკეთურება გაქვს ჩადენილი?’ გახსოვდეს, რომ უნდა ადიდო მისი საქმენი, რომელთაც ხალხი უგალობს. ყველა ადამიანს უნახავს ისინი, კაცი შორიდანვე ამჩნევს მათ. აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, მის წელთა რიცხვი აურაცხელია. ის აკავებს წყლის წვეთებს, და ისინი ნისლიდან ასხურებენ წვიმას, ღრუბლები ღვრიან მას, უხვად ესხურება ადამიანს. თუ მიხვდება ვინმე ღრუბლების განფენილობას, მისი კარვის ჭექა-ქუხილს? აჰა, ის განფენს მასზე თავის ელვას, დაფარავს იგი ზღვის ფესვებს, რადგან ამით მართავს ხალხებს, უხვად იძლევა საზრდოს. ხელებს ელვით იფარავს, უბრძანებს მას სამიზნისაკენ. მისი ქუხილი ამას იუწყება, და ჯოგიც გრძნობს წინასწარ გრიგალის ამოვარდნას. ესეც აძრწოლებს ჩემს გულს, და ამოვარდა თავისი ბუდიდან. მოსმენით ისმინეთ მისი გრგვინვის ხმა და გუგუნი, მისი პირიდან გამომავალი. მთელ ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება. ამის შემდეგ მისი ხმა დაიჭექებს, დაიქუხებს დიდებულ ხმაზე, და არა წყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ხმა. გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიად საქმეებს, რომელთა შეცნობაც ჩვენ არ შეგვიძლია. რადგან თოვლს ეუბნება: ‘დაეფინე მიწას!’ და უბრძანებს წვიმის თქეშსა და ძლიერ თავსხმას. იგი ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რათა იცოდეს ყველა კაცმა მისი საქმენი. მხეცი საფარველში მიდის და თავის ბუნაგში ივანებს. სამხრეთიდან გამოდის გრიგალი და ჩრდილოეთიდან – ყინვა. ღვთის სუნთქვა იძლევა ყინულს, და წყალთა სივრცე იყინება. იგი სინოტივით ავსებს ქუფრ ღრუბელს, ღრუბელი ფანტავს მის ელვას. ისინი იცვლიან მიმართულებას, ბრუნავენ მისი განგებით, რათა აღასრულონ ყოველი მისი ბრძანება მთელ ქვეყნიერებაზე. ან დასასჯელად, ან თავისი ქვეყნისთვის, ან წყალობისათვის გამოაჩენს მას. ყურად იღე ეს, იობ, დადექ და დააკვირდი ღვთის სასწაულებს. იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი, და როგორ გამოასხივებს ელვას თავისი ღრუბლიდან? იცი ქუფრ ღრუბელთა განფენილობის ამბავი, და სასწაულები, რომელთაც იქმს ცოდნაში სრული? რა ახურებს შენს სამოსს, როცა ქვეყანა ირინდება სამხრეთის ქარში? შეგიძლია განფინო ცანი მასავით, მტკიცე, სარკესავით ჩამოსხმული? გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერს ვაწყობთ სიბნელის გამო. მოხსენდება მას, რომ მე ვლაპარაკობ? ვინმე გაბედავს და მოინდომებს მისგან შთანთქმას? ახლა ვერავინ ხედავს ნათელს, ცათა შინა მოკაშკაშეს, მაგრამ როცა ქარი გადაივლის, გააკრიალებს მათ. ჩრდილოეთიდან მოდის ოქროს ციალი. ღმერთის ირგვლივ საზარელი ბრწყინვალებაა. ყოვლადძლიერი! ვერ ვწვდებით მას. დიდია ის ძალით; თავისი მსჯავრით და დიადი სიმართლეთ ის არავის ჩაგრავს. ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს; ზედ არ უყურებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია.“ მაშინ მიუგო უფალმა იობს ქარიშხლიდან და უთხრა: „ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის? წელი შემოისარტყლე ვაჟკაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი: სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ? ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? როცა ღრუბელი მივეცი მას სამოსად და წყვდიადი – სახვევად? როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი? და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’ ოდესმე თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი, რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი ჩამოებერტყა მისგან? იგი იცვლება, როგორც თიხა საბეჭდავის ქვეშ, და ისინი დგანან, როგორც სამოსელი. და წაერთმევათ უკეთურთ ნათელი, შემართული მკლავი შეიმუსრება. თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე? თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს? თუ გამოგიკვლევია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი? სად არის გზა ნათლის სავანისა? და სად არის წყვდიადის ადგილი? რომ მიაღწიო მის საზღვარს და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს. იცი შენ, რადგან მაშინ დაიბადე, და დიდია რიცხვი შენი დღეებისა! თუ შესულხარ თოვლის საგანძურებში, და სეტყვის საგანძურები თუ გიხილავს, ძნელბედობისთვის რომ მოვიმარაგე, ბრძოლისა და ომის დღისათვის? რა გზით ნაწილდება ნათელი, და როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი მიწაზე? ვინ გახსნა კალაპოტი ნიაღვრისათვის და გზა – ჭექა-ქუხილთათვის, რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე და უდაბნოში, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ არის? რათა გააძღოს უდაბური და ხრიოკი და აღმოაცენოს მწვანე ბალახი. თუ ჰყავს წვიმას მამა? ან ვინ დაბადა ნამის წვეთები? ყინული ვისი საშოდან გამოვიდა? და ციური ჭირხლი ვინ დაბადა? წყალი ქვასავით იყინება, და იკვრის უფსკრულის ზედაპირი. თუ შეკრავ ხომლის საკვრელებს ან ორიონის საბელებს თუ გახსნი? თუ ამოიყვან თანავარსკვლავედს თავის დროზე, და თუ წარუძღვები დათვს თავის ბელებთან ერთად? თუ იცი ცათა კანონები? ან თუ დაადგენ მის წესს მიწაზე? ღრუბელს თუ მიაწვდენ ხმას, რათა წყლის თქეშმა დაგფაროს? ელვებს თუ წარავლენ, რომ წავიდნენ და გითხრან: ‘აქა ვართ?’ ვინ ჩადო გულში სიბრძნე? და ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა? ვისა აქვს სიბრძნე ღრუბლების დასათვლელად, და ვინ წამოაქცევს ცის რუმბებს, როცა მტვერი შენივთდება და გოროხები ერთმანეთს ეწებება? შეგიძლია ლომს მსხვერპლი მოუნადირო, და შიმშილი მოუკლა ლომის ბოკვერებს, როცა ბუნაგებში გაწოლილან ან თავიანთ საფარში წვანან? საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან, და საზრდოს საძიებლად დაძრწიან? თუ იცი ნიამორთა დაბადების ჟამი? თვალს თუ ადევნებ ფურ-ირემთა მშობიარობას? აღრიცხავ მათ თვეთა აღვსებას? და თუ იცი ჟამი მათი მოგებისა? ჩაიმუხლებენ, დაყრიან ნაშიერთ, შობის ტკივილისგან თავისუფლდებიან; კაჟდებიან მათი ნუკრები, ველად იზრდებიან, გადიან და აღარ ბრუნდებიან. ვინ გაუშვა კანჯარი ნებაზე? და ვინ ახსნა კანჯარს საკვრელი? რომელსაც მე სახლად ტრამალი მივეცი და სამყოფლად – მლაშობი? ის არად აგდებს ქალაქის გნიასს, არ ესმის მენახირის შეძახილები. მთებში საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს. ინებებს გარეული ხარი შენს სამსახურს? თუ გაათევს შენს ბაგაზე? გარეულ ხარს სახნავში თუ შეაბამ აპეურით? თუ დაგიფარცხავს ის ველებს შენს უკან? დაენდობი მას, რაკი დიდია მისი ძალა? მიანდობ სამუშაოს? თუ გჯერა, რომ თესლს დაგიბრუნებს და შენს კალოზე მოგიგროვებს? შენ მიეცი სირაქლემას მხიარულად მოფრიალე ფრთა და ყანჩას ნაკრტენი და ბუმბული? რადგან ის თავის კვერცხებს მიწაზე ტოვებს და მათ მტვერში ათბობს, და ავიწყდება, რომ ფეხით შეიძლება დალეწონ და ველის მხეცებმა გათელონ. ულმობლად ექცევა ის თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ იყვნენ, ამაო გარჯა არ ენაღვლება. რადგან ღმერთმა დაავიწყა მას სიბრძნე და წილად არ არგუნა გონება. რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მის მხედარს. შენ მიეცი ცხენს ძლიერება? შენ შემოსე ფაფარით მისი კისერი? შენ ახტუნავებ მას კალიასავით? მისი მჭახე ჭიხვინი ზარდამცემია! მიწას თხრის ის ველზე და ხარობს ძლიერებით, და მძლავრად ეგებება იარაღს. შიშს დასცინის და არ კრთის და მახვილისგან პირს არ იბრუნებს. მის თავზე ჩხრიალებს კაპარჭი, ელავს შუბი და ჰოროლი. შმაგად და მძვინვარედ ნთქავს მიწას და არ წყნარდება საყვირის ხმაზე. ბუკის ცემაზე ამბობს: ‘აჰა!’ და შორიდან იყნოსავს ბრძოლას, სარდალთა შეძახილსა და ყიჟინს. შენი სიბრძნით არის, ქორი რომ ნავარდობს და სამხრეთისკენ შლის ფრთებს? შენი ბრძანებით ფრენს ორბი აღმა და მაღლა იკეთებს თავის ბუდეს? კლდეზე ბუდობს და ღამეს ათევს კლდის ქიმსა და სიმაგრეზე. იქიდან ეძებს თავის საზრდოს; მისი თვალები შორიდან ჭვრეტენ მას, მისი მართვენი სისხლს სვამენ, და სადაც ლეშია, იქ არის ისიც.“ და მიმართა უფალმა იობს და თქვა: „გაბედავს სხვისი შეცდომის მაძიებელი შეედავოს ყოვლადძლიერს? ღმერთის მამხილებელმა პასუხი უნდა გასცეს!“ მიუგო იობმა უფალს და უთხრა: „აჰა, არარაობა ვარ მე, რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიფარებ. ერთხელ ვთქვი და აღარას ვიტყვი მეორედ, და აღარას დავძენ.“ და მიუგო უფალმა იობს ქარიშხლიდან და უთხრა: „შემოისარტყლე წელი ვაჟკაცურად, შეგეკითხები და მითხარი. ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე გამამტყუნებ, რათა თავად გამართლდე? ნუთუ ღვთისდარი მკლავი გაქვს, და მისი მსგავსი ხმით შეგიძლია ჭექა? აბა, მოიკაზმე დიდებითა და სიდიადით, შარავანდი და ბრწყინვალება შეიმოსე. გადმოაფრქვიე მძვინვარება შენი რისხვისა, დახედე ქედმაღალს და დაამდაბლე. დახედე ყოველ ქედმაღალს, დაამცირე და გათელე უკეთურნი მათსავე ადგილზე. ჩამარხე მტვერში ერთიანად, მათი სახე ქვესკნელში მობურე. მაშინ მეც ვაღიარებ, რომ გიხსნის შენი მარჯვენა. აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ხარივითა ძოვს ბალახს. აჰა, მის წელშია მისი ძალა და მისი ღონე მისი მუცლის კუნთებში. კედარივით დრეკს თავის კუდს, ბარძაყის ძარღვები გადაგრეხილი აქვს, მისი ძვლები ბრინჯაოს მილებია. მისი სახსრები რკინის წნელებივითაა. ის პირველია ღვთის ქმნილებათაგან, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს. რადგან მთები აძლევენ საზრდოს, და იქ შეიქცევს თავს ველის ყოველი ცხოველი. ლოტოსებს ქვეშ გაწოლილა, ლერწმისა და ჭაობის საფარში. ლოტოსები ჩრდილს ჰფენენ მას, გარს ძეწნები ახვევია. აჰა, წყალს სვამს მდინარისას და არ ჩქარობს, არ კრთება, მშვიდადაა, მის პირს იორდანეც რომ მიასკდეს. ვინ შეიპყრობს მას? ვინ გაუხვრეტს ცხვირს ჩანგლებით? თუ ამოათრევ ლევიათანს ანკესით და საბელით თუ დაუბამ ენას? ლერწამს თუ გაუყრი მას ცხვირში და კაუჭით თუ გაუხვრეტ ყბას? თუ განამრავლებს ის შენს მიმართ ვედრებას და ტკბილად თუ დაგელაპარაკება? თუ დაგიდებს აღთქმას, და საუკუნო მონად გაიხდი? თუ ეთამაშები მას, როგორც ჩიტს და თუ დაუბამ მას შენს გოგონებს? თუ ივაჭრებენ მასზე მოვაჭრენი თუ გაყოფენ მას ვაჭართა შორის? თუ აუვსებ მას კანს ისრებით და თავს – ბარჯებით? დაადე მას შენი ხელი, გახსოვდეს ბრძოლა; და აღარ შეცდები! აჰა, გაცრუვდა შენი იმედი; მის შეხედვაზეც კი დაეცემი. რომელი მამაცი გააღვიძებს მას? ვინ დაუდგება წინ? ვინ გამოიწვევს და გადაურჩება? – ვინ მთელ ცისქვეშეთში? არ დავდუმდები მისი სხეულის კიდურებზე, მის ძლიერებაზე, მის მოხდენილ აღნაგობაზე. ვინ მოხდის მას მოსასხამს? ვინ შეაღწევს მის ორკეც აბჯარში? მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა! მისი ზურგი ფარების წყებაა, მჭიდრო ბეჭდით შეკრული. ერთი მეორეზეა და ქარი ვერ ატანს მათ შორის: ერთმანეთზე არიან მიწებებულნი, შეიკვრნენ და ვეღარ დაშორდებიან. მისი ცხვირის ცემინება ნათელს აკვესებს და მისი თვალები ცისკრის წამწამებივითაა. მისი სახიდან ჩირაღდნები გამოდის და ცეცხლის ნაპერწკალები ცვივა. მისი ნესტოებიდან კვამლი გამოდის, როგორც ათუხთუხებული ქვაბიდან და ცეცხლმოკიდებული ლერწმიდან. მისი სუნთქვა ნაკვერცხლებს აღვივებს, და მისი პირიდან ალი იფრქვევა. მის ქედზე ძალა ათენებს, და მის წინაშე ცეკვავს ძრწოლა. მისი ხორცის ნაწილები შეწებებულია ერთმანეთს, მტკიცედ ასხია მას, უძვრელად. მისი გული ქვასავით მტკიცეა. და ქვედა დოლაბივით მაგარია. მის წამომართვაზე ძრწიან ღმერთები. სწვდება მას მახვილი, მაგრამ ვერას აკლებს, ვერც შუბი, ლახვარი და ჰოროლი. რკინა ჩალად უჩანს, ბრინჯაო ფუტურო ხედ. ვერ გააქცევს მას ისარი, თივასავითაა მისთვის შურდულის ქვები. ბზედ უჩანს მას ლახტი და დასცინის ჰოროლის ზუზუნს. ქვემოდან წამახული კეცის ნატეხები აქვს, კევრივით არის გაწოლილი საფლობში, ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის ქვაბად აქცევს. თავის უკან ბილიკს ანათებს, უფსკრული ჭაღარად ჩანს. არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშარი ქმნილება. ყოველივე მაღალს ხედავს: ის მეფობს ყოველ ქედმაღალზე.“ და მიუგო იობმა უფალს: „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება. ვინაა ეს, განგებას რომ აბნელებს და არაფერი ესმის? ასე ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი. მისმინე და მე ვილაპარაკებ, შეგეკითხები, და მაცოდინე. ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ. ამიტომ თავს ვიდრეკ და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში.“ და მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა მან ელიფაზ თემანელს: „აღეგზნო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე. ახლა კი წაიყვანეთ შვიდი ხბო და შვიდი ვერძი, და მიდით იობთან, ჩემს მსახურთან, და აღავლინეთ თქვენთვის სრულადდასაწველი. და ჩემი მსახური იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან მის ლოცვას მივიღებ, რათა თქვენი უტიფრობისამებრ არ მოგექცეთ, რადგან ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.“ და წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალმა უბრძანა მათ. და მიიღო უფალმა იობის ლოცვა. და აღუდგინა უფალმა იობს უწინდელი წარმატება, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრებისათვის. ორმაგად მიუმატა უფალმა ყოველივე, რაც ებადა იობს. და მივიდა მასთან ყველა მისი ძმა და ყველა მისი და, და ყველა მისი უწინდელი ნაცნობ-მეგობარი, და ჭამეს მასთან პური მის სახლში. და მათ უთანაგრძნეს მას და ანუგეშეს ყველა იმ უბედურების გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას, და თითოეულმა მისცა თითო ქესიტა და თითო ოქროს ბეჭედი. და აკურთხა უფალმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას 14 ათასი ცხვარი, 6 ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი. და ჰყავდა მას შვიდი ძე და სამი ასული. და დაარქვა ერთს სახელად იემიმა, მეორეს – კეციყა და მესამეს – კერენ-ჰაფუქი. და არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა ტურფა ქალები მთელს ქვეყანაზე. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმათა შორის. და იცოცხლა იობმა ამის შემდეგ 140 წელი და იხილა მან თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა. და მოკვდა იობი დღეებით სავსე. შოშანისებურად. გალობა ბედნიერებისა. ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას, არ დგას ცოდვილთა გზაზე, არ ზის ავყიათა საკრებულოში, არამედ უფლის რჯულია მისი სიამე და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება, და ყოველი მისი საქმე წარმატებულია. უღმრთონი კი ასე არ არიან, ბზეს წააგვანან ქარისგან აღგვილს. ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, და ვერც ცოდვილნი – მართალთა კრებულში. რადგან უფალია მართალთა გზის მფარველი, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება. რატომ ბობოქრობენ ერები და ერები იზრახავენ ამაოებას? დასხდნენ ამა ქვეყნის მეფენი და წარჩინებულნი და შეითქვნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ: „დავგლეჯთ მათ სადავეებს და მოვიშორებთ მათ ხუნდებს.“ მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. მაშინ ეტყვის რისხვით და მრისხანებით შეაძრწუნებს: „მე თვით ვაკურთხე ჩემი მეფე სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე.“ გაუწყებთ უფლის განწესებას: უფალმა მითხრა: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ქვეყნის კიდეებს – სამფლობელოდ, დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ მათ.“ ახლა კი გონს მოდით, მეფენო! გაფრთხილდით, ქვეყნის მმართველნო! ემსახურეთ უფალს შიშით, შეჰღაღადეთ ძრწოლით! თაყვანი ეცით ძეს, რომ არ განრისხდეს და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღეგზნება მისი რისხვა. ნეტარია ყველა, მასზე მინდობილი. ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა აბესალომს, თავის ძეს. უფალო! როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები! მრავალნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ; მრავალია, ვინც ამბობს ჩემს შესახებ: „არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისაგან!“ მაგრამ შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, დიდება ჩემი და ჩემი თავის ამმაღლებელი. ვღაღადებ უფალის მიმართ და ის მპასუხობს თავისი წმიდა მთიდან. ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალია ჩემი შემწე. ვერ შემაშინებს ხალხის სიმრავლე, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან. აღსდეგ, უფალო! მიხსენ, ღმერთო ჩემო! რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, კბილებს უმუსრავ ბოროტებს. უფლისგან არის ხსნა; შენი კურთხევა იყოს შენს ერზე! გუნდის ლოტბარს. დავითის საგალობელი. ფსალმუნი. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო! შენ მიბოძე გასაქანი შევიწროების ჟამს. შემიწყალე მე და ისმინე ჩემი ლოცვა! შვილნო კაცისა! როდემდე იქნება თქვენი გული დამძიმებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? უწყოდეთ, რომ უფალი იქმს სასწაულებს თავისი ერთგულისათვის, უფალი ისმენს, ოდეს მოვუხმობ მას. რისხვისას ნუ შესცოდავთ: განსაჯეთ გულში თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ. შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და მიენდეთ უფალს. მრავალნი ამბობენ: ნეტავ გამოგვიჩნდეს სიკეთე! გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო! შენ უბოძე ჩემს გულს სიხარული უფრო მეტი, ვიდრე მათ აქვთ პურისა და მაჭრის სიუხვისას. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ ერთადერთი, უფალო, მამყოფებ უშიშრად. ლოტბარს. სალამურზე. დავითის ფსალმუნი. ყურად იღე, უფალო, ჩემი სიტყვები, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას. ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო! შენს მიმართ ვლოცულობ, უფალო! განთიადზე გესმის შენ ჩემი ხმა, განთიადზე ვამზადებ ჩემს მსხვერპლს და გელოდები. რადგან შენ არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი; ცოდვილი ვერ დაისადგურებს შენთან; ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს უსამართლობის ჩამდენნი. შენ ანადგურებ სიცრუის მთქმელებს; სისხლისმსმელებს და მაოხრებლებს განიშორებს უფალი. მე კი შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს – შენდამი შიშით. უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემს მტერთა გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე. რადგან არ არის ჭეშმარიტება მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები – მაცდუნებელნი. განსაჯე ისინი, ღმერთო, დაე დაღუპონ ისინი მათმა ზრახვებმა; მათი ცოდვების სიმრავლის გამო განიშორე ისინი, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ. ყველა შენზე მონდობილმა კი იხაროს, იმხიარულოს უკუნისამდე; შენ დაიცავ მათ, გაიხარებენ შენით შენი სახელის მოყვარულნი. რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, ჯავშანივით მოსავ მას შენი წყალობით. რვაძალიან საკრავზე. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ, და შენი რისხვით ნუ დამსჯი მე. შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები. ჩემი სულიც შეძრწუნებულია; მაგრამ შენ, უფალო – როდემდე? შემობრუნდი, უფალო, იხსენ ჩემი სული, მიხსენ შენი წყალობისათვის. რადგან არ არის შენი ხსოვნა სიკვდილში; ვინ შეგასხამს შავეთში ქება-დიდებას? მოვიქანცე ჩემი ვაებით, ყოველღამ ვასველებ ჩემს ბალიშს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს. დამეშრიტა წუხილით თვალნი, გადმომცვივდა მტრების სიმრავლისაგან. განმშორდით, უსამართლობის ყოველნო მომქმედნო! რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას. გაწბილდება და შეძრწუნდება ყველა ჩემი მტერი; უკუიქცევიან უეცარი შერცხვენისაგან. გალობა დავითისა, ბენიამინელი ქუშის სიტყვების გამო რომ უმღერა უფალს. უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი; მიხსენ ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე, რათა არ დაგლიჯონ, ვითარცა ლომებმა, სული ჩემი, დაფლითონ და არ იყოს მხსნელი. უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ ჩავიდინე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან, თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით მივუზღე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, – დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი, და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, წამოიმართე გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართლის დასადგენად, რომელიც შენ დადე მცნებად. გარს შემოიხვიე გუნდი ხალხებისა, მათ ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე! უფალი განსჯის ხალხებს; განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო! ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს. ღმერთი მართალი მსაჯულია, არ ჩქარობს რისხვას. მაგრამ თუ არ მორჯულდა, შერისხავს; გალესავს მახვილს, მშვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს; მომაკვდინებელ იარაღს ამზადებს, ცეცხლს უკიდებს ისრებს. აჰა, შეხედე: ბოროტს ჩაესახა სიმრუდე, დაორსულდა უკუღმართობით და შვა სიცრუე. ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა და თვითონ ჩავარდა. მისი ავგულობა მის თავს დაუბრუნდება და მისი ბოროტება – მის თხემს დაეცემა. ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესის სახელს. გუნდის ლოტბარს. გითითის ხმაზე. ფსალმუნი დავითისა. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე! შენი დიდება იგალობება ცათა ზემოთ ჩვილთა და ძუძმწოვართა ბაგეებიდანაც კი. შენ განამტკიცე ციხე-ბურჯი შენი მტრების წინააღმდეგ, რათა დაადუმო შენი მტერი და მეამბოხე. როს ვუმზერ შენს ზეცას – შენს თითთა ქმნილებას, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე – რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე ადამისა, რომ ზრუნავ მასზე? დიდად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე შენი ხელის ქმნილებებზე; ყოველივე დაუმორჩილე მას – ყველა პირუტყვი – წვრილფეხა და მსხვილფეხა, და ასევე ნადირი ველისა, ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ. უფალო, ჩვენო მბრძანებელო, რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე! გუნდის ლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე. ფსალმუნი დავითისა. მადლობას შეგწირავ შენ, უფალო, მთელი გულით, ვაუწყებ მთელ შენს სასწაულებს. ვიხარებ და ვილხენ შენით, ვუგალობებ შენს სახელს, უზენაესო. როდესაც დაბრუნდნენ ჩემი მტრები უკან, დამარცხდნენ და დაიღუპნენ შენს წინაშე; რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო. განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი წაშალე უკუნითი უკუნისამდე. მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ, შენ დაანგრიე მათი ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება. უფალი კი ტახტზე ზის უკუნისამდე. სამართლისათვის დაადგინა მან თვისი ტახტი. სიმართლით განსჯის სამყაროს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით. უფალი არის ჩაგრულის შემწე, დასაყრდენი გასაჭირის ჟამს. შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს. უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს! აუწყეთ მისი საქმენი ხალხებს! რადგან ის იძიებს მათ სისხლს, ახსოვს ისინი, არ ივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას. შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება მოძულეებისაგან, გამომაბრუნე სიკვდილის კარიბჭიდან, რათა ვაუწყო შენი ქება, სიონის ასულის კარიბჭეებთან ვიხარო შენმიერი ცხონებით. ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ მიერ გამზადებულ ბადეში გაება მათივე ფეხი. გაცხადდა უფალი, ქმნა სამართალი; ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. ჩაცვივდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთში, ყველა ერები, რომელნიც ივიწყებენ ღმერთს. სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, არც უპოვართა იმედი დაიღუპება სამარადისოდ. აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; გაასამართლე ერები შენს წინაშე. შიშის ზარი დაეცი მათ, უფალო! დაე შეიტყონ ერებმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები არიან ისინი! რატომ დგახარ, უფალო, შორს? რატომ მარიდებ თვალს გაჭირვების ჟამს? ქედმაღლად დევნიან ბოროტნი ღატაკთ; დაე შეპყრობილ იქნენ მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, და ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. ბოროტი თავისი ქედმაღლობით არ ეძიებს მას, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი. წარმატებულია მისი გზა ყოველ ჟამს; მიუწვდომელია შენი სამართალი მისთვის; სულის შებერვით ამარცხებს თავის მტრებს. ამბობს თვის გულში: არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე. მისი პირი სავსეა წყევლით, სიცრუით და ჩაგვრით; მისი ენა – სიმრუდე და უკუღმართობაა. ჩასაფრდება ეზოებს უკან, სამალავიდან კლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ, უდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში, უსაფრდება საწყალს მოსატაცებლად; მოიტაცებს, ოდეს მოიმწყვდევს თავის ბადეში. მოიზნიქება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს. ამბობს თვის გულში: დაივიწყა ღმერთმა, სახე დამალა, ვერ იხილავს ვერასოდეს. აღსდექ, უფალო! ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს. რად უგულებელყოფს ბოროტი ღმერთს და ამბობს თვის გულში, რომ არ მოჰკითხავ? მაგრამ შენ ხედავ; ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ ხარ ობოლის შემწე. გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი! გამოიძიე მისი ბოროტება, სანამ ვეღარც ერთს ვეღარ იპოვი! უფალი ხელმწიფეა უკუნითი უკუნისამდე, აღიგვებიან წარმართნი მისი ქვეყნიდან. უფალო, ისმინე მორჩილთა გოდება, შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური; მიეც სამართალი ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ თესონ ადამიანებმა შიში ქვეყანაზე. დავითის საგალობელი. რვაძალიან საკრავზე. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. უფალს ვარ მინდობილი; როგორ ეუბნებით ჩემს სულს: „ფრინველივით გაფრინდი მთაზე;“ რადგან აგერ, ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე ამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს. თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ქნას? უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები ჭვრეტენ, მისი ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს. უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს. აწვიმებს ბოროტებზე ცეცხლსა და გოგირდს; ქარბორბალაა მათი ხვედრი. რადგან მართალია უფალი; მას უყვარს სიმართლე. გულწრფელნი იხილავენ მის სახეს. გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. მიხსენ, უფალო! რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან. ტყუილს ეუბნება მეგობარი მეგობარს, ქლესა ტუჩებით ორპირად ლაპარაკობს; მოსპოს უფალმა ქლესა ბაგეები, გოროზად მოლაპარაკე ენები, რომელნიც ამბობენ: „ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენნი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?“ ღარიბთა კვნესისა და ჩაგრულთა გმინვის გამო აღვდგები, – ამბობს უფალი, – ვუბოძებ შველას, ვისაც სწყურია იგი. უფლის სიტყვები – წმიდა სიტყვებია, ქურაში გამოდნობილი ვერცხლი, შვიდჯერ გაწმენდილი. უფალო, შენ დაიფარავ მათ, დაიცავ მათ ამ მოდგმისაგან უკუნისამდე. ირგვლივ მიმოდიან ბოროტნი, რადგან საქებარი გახდა ბოროტება კაცთა მოდგმაში. გუნდის ლოტბარს. დავითისა. როდემდე უფალო? ნუთუ სამუდამოდ დამივიწყებ? როდემდე დაფარავ შენს სახეს ჩემგან? როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ვატარო გულში დღენიადაგ? როდემდე იქნება მტერი ჩემზე აღზევებული? გადმომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ. თორემ იტყვის ჩემი მოძულე: მე ვძლიე მას. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი. ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, გაახარე შენი ხსნით ჩემი გული! ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს, ვუგალობებ უფლის სახელს, ჩემს მოწყალეს! ფსალმუნი. დავითისა. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი.“ გაირყვნენ, სისაძაგლეს ჩადიან; არავინ არის სიკეთის მქმნელი. უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილთ, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს, ყველამ უარყო, ერთიანად გაიხრწნა ყველა; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის. ნუთუ ვერ შეუგნიათ უწესობის ჩამდენთ, ჩემი ხალხის პურივით მჭამელთ, უფალს რომ არ უხმობენ? იქ შეკრთებიან ისინი შიშით, სადაც არ არის შიში, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია. თქვენ დასცინეთ საწყალის გეგმებს, მაგრამ უფალია მისი მფარველი. ოჰ, რომ მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელზე! როცა უფალი დააბრუნებს თავის ხალხს, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი! ძეგლისწერა დავითისა. უფალო! ვინ დაივანებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე? ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ამბობს თვის გულში; ვინც ფლობს თავის ენას, ავს არ მიაგებს მოყვასს და აუგს არ ამბობს მეზობლებზე; ვის თვალშიც დამცირებულია საძაგელი, ხოლო უფლის მოშიშებს პატივს მიაგებს; თუ დაიფიცებს, თუნდაც თავის საზიანოდ, – არ შეცვლის; ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოს საწინააღმდეგოდ არ იღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაიფორხილებს. ძეგლისწერა დავითისა. დამიფარე, უფალო ღმერთო, რადგან შენზე ვარ მონდობილი. ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი უფალი! არ არის ჩემთვის სიკეთე შენს გარეშე! წმიდებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან არის ყველა ჩემი სურვილი. დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისაკენ ისწრაფვის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს. ჩემი მემკვიდრეობა და თასი უფალია; შენს ხელშია ჩემი ხვედრი. მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის. ვაკურთხებ უფალს, რომელმაც დამარიგა; ღამ-ღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი. უფალი მუდამ ჩემს თვალწინაა; რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი. ამიტომ ხარობს ჩემი გული და ილხენს ჩემი სული; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედიანად. რადგან შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას. მასწავლე გზა ცხოვრებისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, ნეტარებაა შენს მარჯვენაში – უკუნისამდე! გუნდის ლოტბარს. უფლის მსახურის, დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ ამ გალობის სიტყვები მაშინ, როცა უფალმა იხსნა ყველა მისი მტრისა და საულის ხელთაგან. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, ჩემს ლოცვას უბიწო ბაგეთაგან. შენგან გამოვიდეს ჩემი სამართალი, შენმა თვალებმა განმჭვრიტონ სწორად! თუ გასინჯავ ჩემს გულს, მომინახულებ ღამით, გამომცდი, ვერ იპოვი ბოროტს ჩემში. არ შემიცოდავს ჩემი პირით სხვა ხალხის მსგავსად. თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან შენს ბაგეთა სიტყვის თანახმად, გავამყარე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, არ გადაუხვევიათ ჩემს ტერფებს. მოგიხმობ, რადგან შენ მომისმენ მე, ღმერთო; ყური მომაპყარ, ისმინე ჩემი სიტყვები. გვიჩვენე შენი გასაოცარი წყალობა, შენი მარჯვენით მოშუღლეთაგან შენს მოიმედეთა მხსნელო. დამიფარე თვალისჩინივით, შემიფარე შენი ფრთების ქვეშ, ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან. ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ, ყოველ ნაბიჯზე აწ გარს მერტყმიან, მითვალთვალებენ, რათა ძირს დამცენ. ლომივით, მსხვერპლი რომ სწყურია, საფარში მჯდომი ლომის ბოკვერივით. აღსდექ, უფალო, წინ გადაუდექ, დააჩოქე! იხსენი ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით. იმ კაცთაგან – შენი ხელით, უფალო, – ამქვეყნიურ კაცთაგან, რომელთაც წილი ამ ცხოვრებაში აქვთ, რომელთა მუცლებსაც ავსებ შენი საგანძურებიდან; დაე გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ შვილებს დაუტოვონ. მე კი სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი ხატების მზერით. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი უფლის მსახურის, დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ ეს სიტყვები, როდესაც უფალმა იხსნა იგი ყველა თავისი მტრებისა და საულის ხელთაგან. და თქვა: შეგიყვარებ შენ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო. უფალი არის ჩემი კლდე და სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი, ღმერთი ჩემი, – ჩემი კლდე, თავშესაფარი, ფარი ჩემი და ჩემი ხსნის რქა, საყრდენი ჩემი. ქებით მოვუხმობ უფალს, მტრებისგან მიხსნის ის. გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს უკუღმართმა ნაკადებმა. ჯოჯოხეთის ბორკილებში მოვექეც და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა. გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და მოვუწოდებდი ჩემს ღმერთს. ისმინა ჩემი ხმა თავისი ტაძრიდან და მის ყურს მისწვდა ჩემი ღაღადი. შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა საფუძვლები; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი. აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, მომსვრელი ცეცხლი მის ბაგეთაგან, ნაკვერცხლები აღმოენთნენ მისგან. დახარა ცანი და გადმოვიდა, მის ფერხთა ქვეშ – ნისლია უკუნი. ქერუბიმებზე ამხედრდა და გამოფრინდა, გამოეშურა ქარის ფრთებით. წყვდიადი თავის საფარველად აქცია; ქუფრ მძიმე ღრუბლებში გამოეხვია. მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერცხლები. დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, უზენაესმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერცხლებით. გაუშვა ისრები და მიმოფანტა და განაბნია ელვა მრავალი. გამოჩნდნენ წყარონი წყალთა, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძვლები შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლაზე. გამომიწოდა ხელი სიმაღლიდან, ამომიყვანა; მრავალ წყალთაგან გამომიხსნა. დამიხსნა ძლიერი მტრისაგან, ჩემს მოძულეთაგან, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ. აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი. გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიხსნა, რადგან ვუყვარვარ მე. მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემს ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა. ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე; ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია. უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან. ამიტომ მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემს ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე. გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს – გულმართლად; ჭეშმარიტს ჭეშმარიტად ექცევი, უკუღმართს – უკუღმართად; რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ. ანთებს ჩემს ლამპარს უფალი; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს. აჰა, შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს. უმწიკვლოა გზა ღვთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასთვის, ვინც მას მიენდობა. რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა? ღმერთი შემომსარტყლავს ძალით და სწორ გზას მიბოძებს. ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და სიმაღლეებზე მაყენებს მტკიცედ. ომს ასწავლის ჩემს ხელებს, და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს. შენ მომეცი ფარი შენი ხსნისა, შემეწიე შენი მარჯვენით; შენ განმადიდე შენი წყალობით; გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ, და ჩემი ფეხი აღარ წაბორძიკებულა. დავედევნები ჩემს მტრებს, წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ. დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემს ფერხთა ქვეშ განერთხმებიან. რადგან შენ შემომსარტყლე ძალით საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ. ჩემს მტრებს ზურგი აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვიტე ჩემი მოძულენი. აღაღადნენ, მაგრამ მშველელი არ ჰყავთ; უფლის მიმართ, – და არ პასუხობს. გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში. შენ მიხსენი ხალხთა დავისგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება. ყურის მოკვრითაც მმორჩილებენ, უცხო ტომები პირფერობენ ჩემთან. უცხო ტომები დაფნენხნენ და თრთიან თავიანთ სიმაგრეებში. უკვდავია უფალი! დიდებულია სიმაგრე ჩემი! ამაღლდეს ღმერთი – ჩემი მშველელი, ღმერთი, რომელმაც შური იძია ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს. ჩემი მხსნელია მტრებისაგან, შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღსდგა ჩემს წინააღმდეგ; შენ მიხსენი უკეთურ კაცთაგან. ამისთვის გადიდებ ერებს შორის, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ. ამრავლებს ის შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისათვის, დავითისა და მისი მოდგმისათვის – საუკუნოდ. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, მის ხელთა საქმეებს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, და ღამე ღამეს უმხელს აზრს, არ არის ენა და არცა სიტყვა, სადაც არ ისმის მათი ხმა. მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხმა და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მზეს დაუდგა კარავი მათში. ვითარცა ნეფე, გამოდის ის საქორწინო ტავხტრევანიდან; ვითარცა გმირი, ხარობს ის გარბენას გზისას. ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა – ცათა კიდემდე, ვერაფერი ემალება მის მხურვალებას. რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, სიბრძნეს ანიჭებს გულუბრყვილოებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ. სასურველნი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. შენი მორჩილი მათით არის განათლებული; დიდია საზღაური მათი დაცვისთვის. ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომანი თვისნი? განმწმიდე მე დაფარულთაგან. უნებლიე ცოდვებს განაშორე მსახური შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე! მაშინ უმწიკვლო ვიქნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას. დაე, იყოს შენთვის სასურველი ჩემი პირის სიტყვანი და ჩემი გულის ზრახვანი, უფალო, ბურჯო და მხსნელო ჩემო. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. გისმინოს უფალმა გაჭირვების დღეს! დაგიცვას შენ იაკობის ღმერთის სახელმა! გამოგიგზავნოს შემწეობა სიწმიდიდან და სიონიდან განგამტკიცოს შენ! გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყე იყოს მისთვის სრულადდასაწველი შენი! გიბოძოს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი! გავიხარებთ შენი გამარჯვებით, და ჩვენი ღმერთის სახელით ავაფრიალებთ დროშებს; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა! ახლა მივხვდი, რომ იხსნის უფალი თავის ცხებულს; მისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით. ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით ვიქადით. ისინი მოიდრიკებიან და დაეცემიან, ჩვენ კი წამოვდგებით და წელში გავიმართებით. მიეც მეფეს გამარჯვება, უფალო! გვისმინე, როდესაც შემოგღაღადებთ. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. უფალო, შენი ძლიერებით ხარობს მეფე და შენი შველით ილხენს დიდად! შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და მის ბაგეთა თხოვნა არ უკუაგდე. რადგან შენ შეაგებე მას კეთილი კურთხევა, ბაჯაღლო ოქროს გვირგვინი დაადგი თავზე. სიცოცხლე გთხოვა და უბოძე მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე. დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და მშვენიერება მიანიჭე მას. შენ უბოძეb მას კურთხევებს სამარადჟამოდ, ლხენას ანიჭებ მას შენთან ყოფნის სიხარულით. რადგანაც უფალზე არის მინდობილი მეფე, უზენაესის მოწყალებით არ დაეცემა. შენი ხელი მისწვდება ყველა შენს მტერს, შენი მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს. ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი გამოჩენის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ცეცხლი შთანთქავს მათ. შენ მათ ნაშიერს წარხოცავ ქვეყნიდან და მათ მოდგმას კაცთა ძეთაგან. თუ სიავეს განიზრახავენ შენს წინააღმდეგ, ბოროტს დაგეგმავენ, ვერაფერს გახდებიან. ვინაიდან შენ უკუაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი პირისკენ. ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას. გუნდის ლოტბარს. ცისკრის აღმობრწყინებისას. ფსალმუნი დავითისა. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შემოგღაღადებ, მაგრამ შორს არის ჩემგან შველა. ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მპასუხობ, ღამით – და არ არის სიმშვიდე ჩემთვის. შენ კი, წმიდა ხარ და მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. შენ გესავდნენ ჩვენი მამები, გესავდნენ და იხსენი კიდეც. შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენი იმედი ჰქონდათ და არ გაწბილდნენ. მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა. ყველა, ვინც მხედავს, დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ: „უფალს მიენდო, მაშ მანვე იხსნას, მან უშველოს თავის სასურველს!“ შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე. შენი იმედი მქონდა დედის მუცლიდან; დედის წიაღიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი. ნუ განმშორდები, რადგან ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის. გარს შემომერტყნენ ძლიერი ხარები, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს. პირს აღებენ ჩემს წინააღმდეგ, მსხვერპლს დადევნებული და მბრდღვინავი ლომივით. ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში. გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა, ჩამიყვანე სიკვდილის მტვერში. გარს შემომეხვივნენ ძაღლები; ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა, გამიხვრიტეს ხელნი და ფერხნი. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; მომჩერებიან ნიშნის მოგებით. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს იყრიან ჩემს კვართზე. მაგრამ შენ, უფალო, ნუ განმშორდები! სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე! გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლთაგან ჩემი სიცოცხლე! მიხსენი ლომის ხახისაგან და გარეული ხარების რქისგან! ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის გადიდებ შენ. უფლის მოშიშნო, ადიდეთ იგი! პატივი მიაგოს მას იაკობის ჩამომავლობამ და გეშინოდეს მისი, ისრაელის მთელო მოდგმავ! რადგან არ დაამცირა და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, არ მოარიდა პირი თვისი, უსმინა მას, როს მოუხმობდა. მინდა შეგასხა ხოტბა მრავალთა კრებულში, მის მოშიშთა წინაშე გადავიხდი აღთქმულს. შეჭამენ ღატაკნი და გაძღებიან, ადიდებენ უფალს მისი მაძიებლები; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა! გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს მას ყველა ტომი წარმართებისა. რამეთუ უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი. თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა ამაყი, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თვისი სულის ხსნა. შთამომავლობა ემსახურება მას; მოუთხრობს მომავალ თაობებს უფლის შესახებ. აუწყებენ მის სიმართლეს ხალხს, ჯერ არ შობილს, იმას, რაც მოიმოქმედა უფალმა. ფსალმუნი. დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წარმიძღვება. სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისათვის. სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. შენ გააწყვე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირამდე. ასე, სიკეთე და წყალობა მახლავს თან მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი. ფსალმუნი. დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი. რადგან ზღვებზე დააფუძნა და მდინარეებზე მოაწყო იგი. ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს, ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და სიმართლის წყალობას მხსნელი ღმერთისაგან. ასეთია მის მაძიებელთა თაობა, ვინც ეძიებს შენი სახის ხილვას, ღმერთო იაკობისა! მაღლა ასწიეთ, კარიბჭენო, თქვენი თავები! და აიწიეთ, ბჭენო მარადნო! რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი – მტკიცე და ძლიერი, უფალი – ომში ძლევამოსილი. მაღლა ასწიეთ, კარიბჭენო, თქვენი თავები! და აიწიეთ, ბჭენო მარადნო! რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი ძალთა, ის არის მეფე დიდებისა. ფსალმუნი დავითისა. შენსკენ აღვაპყრობ, უფალო, ჩემს სულს. ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ აზეიმებ მტერს ჩემზე. ნუ შერცხვება ნურავინ, ვინც შენ გსასოებს. შერცხვნენ ფუჭად შემცოდველნი. შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენი იმედი მაქვს მთელი დღე. გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა. ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო! კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ კვლავ აბრუნებს ცოდვილთ გზაზე. შეუძღვება თავმდაბალთ სამართალში და გზას ასწავლის მორჩილთ. ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის. შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი. ვინ არის კაცი, მოშიში უფლისა? მას უჩვენებს გზას, რომელიც უნდა აირჩიოს. მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას. საიდუმლო უფლისა – მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ. ჩემი თვალები მუდამ უფლისკენ არის მიმართული, მახისაგან იხსნის იგი ჩემს ფეხებს. გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოსული ვარ და ბედუკუღმართი. განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენ ჩემი გასაჭირისგან. შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და შემინდე ყველა ჩემი შეცოდება. მოხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე. დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი; ნუ შევრცხვები, რადგან შენ გესავ. უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რადგან შენა ხარ ჩემი იმედი. იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირისგან. ფსალმუნი დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან სიწრფელით დავდივარ ჩემს გზაზე, უფალზე ვარ მინდობილი, არ წავბორძიკდები. გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი. რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვები შენს ჭეშმარიტებას. არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ. შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები. ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო. რომ ვიღაღადო მადლიერებით და ვაუწყო ყველა შენი საოცრება. უფალო, მიყვარს მშვენება შენი სახლისა და ადგილი, სადაც დავანებულია შენი დიდება. ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს სისხლისმსმელებთან, რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით. ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენ და შემიწყალე მე. სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს. ფსალმუნი დავითისა. უფალი არის ჩემი სინათლე და ხსნა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა: ვისგან შევძრწუნდე? თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემს ჩასანთქმელად, მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვით წაბორძიკდებიან და დაეცემიან. ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მექნება. ერთსა ვთხოვ უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში მთელი სიცოცხლე, ვუმზერდე უფლის მშვენიერებას და მის ტაძარში დავდიოდე. რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამიცავს თავისი კარვის საფარქვეშ, კლდეზე ამამაღლებს. ახლა კი მაღლა აღვმართავ თავს გარს შემოხვეული მტრების ზემოთ და შევწირავ მის კარავში ქების მსხვერპლს, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს. ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ, შემიწყალე და მიპასუხე! შენგან თქვა ჩემმა გულმა: ეძიეთ ჩემი სახე! შენს სახეს მოვძებნი, უფალო. ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს; ჩემი შემწე იყავი უწინ; ახლაც ნუ მკრავ ხელს და ნუ მიმატოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო! რადგან მიმატოვა ჩემმა დედ-მამამ; მაგრამ უფალი მიმიღებს მე. მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო. ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ; რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ. მწამს, რომ ვიხილავ უფლის სიკეთეს ცოცხალთა ქვეყანაში! მიენდე უფალს, გამხნევდი და გაიმაგრე გული, ელოდე უფალს! ფსალმუნი დავითისა. მოგიხმობ შენ, უფალო, ბურჯო ჩემო, ნუ დადუმდები ჩემთვის! ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემსგავსო საფლავში ჩასულებს. ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როს ხელებს აღვაპყრობ შენი წმიდა ტაძრისაკენ. ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელებთან, რომელნიც მოყვასთან მშვიდობიანად ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ. მიუზღე მათ მათი საქმეებისამებრ, აზღვევინე მათი ბოროტმოქმედებისამებრ; მათ ხელთა საქმისამებრ მიუზღე მათ, აზღვევინე დამსახურებული. რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა საქმენი. ის დაანგრევს მათ და აღარ აღაშენებს. კურთხეულია უფალი, რადგან ისმენს ჩემი ვედრების ხმას. უფალი ძალაა ჩემი და ფარი ჩემი; მას ესავდა ჩემი გული; დამეხმარა და გაიხარა ჩემმა გულმა, ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას. უფალი ძალაა თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია. იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო, მწყემსე ისინი და აამაღლე უკუნისამდე! ფსალმუნი დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ძალა და დიდება. უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით. ხმა უფლისა წყლებზე, დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის ხმა მრავალ წყალზე. ხმა უფლისა ძლიერია, ხმა უფლისა ბრწყინვალეა. ხმა უფლისა ამსხვრევს კედრებს; ამსხვრევს ლიბანის კედრებს უფალი. ათამაშებს ლიბანს ხბოსავით, და სირიონს – მარტორქის შვილივით. ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს. ხმა უფლისა არყევს უდაბნოს; არყევს უფალი კადეშის უდაბნოს. ხმა უფლისა ამშობიარებს ირმებს; აშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ღაღადებს: დიდება! უფალი ზის წარღვნაზე, ზის უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე. დაე უფალმა უბოძოს ძალა თავის ხალხს! აკურთხოს უფალმა თავისი ხალხი მშვიდობით! ფსალმუნი. ქება ტაძრის განახლებისა. დავითისა. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და არ გაახარე ჩემზე მტრები. უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ განმკურნე მე. უფალო, შენ ამოიყვანე ჩემი სული ჯოჯოხეთიდან, გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ. უგალობეთ უფალს, მისო წმიდებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა. რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო გულმოწყალება – მთელი სიცოცხლე; თუ ღამით გლოვა დაისადგურებს – ცისკრის ჟამს მხიარულება მოვა. და ვთქვი მე ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე. შენი სურვილით, უფალო, დამადგინე მთასავით მკვიდრად; დაფარე შენი სახე და – შევძრწუნდი. შენ მოგიხმე, უფალო, და ჩემს მეუფეს შევევედრე: რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს? უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი. შენ ჩემი წუხილი როკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემომსარტყლე. ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება. უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გადიდებ უკუნისამდე! გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. შენში ვეძებ ხსნას, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი. მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე და ბურჯი, ციხესიმაგრე ჩემს დასახსნელად. რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის მიჩვენე გზა და გამიძეხი. გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი. შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო. შენ შეიძულე ფუჭი კერპების თაყვანისმცემლები მე კი უფალს მივენდე. ვილხენ და ვიხარებ შენი წყალობით, რადგან შენ იხილე ჩემი სისაწყლე, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა. და არ მიმეცი მტრის ხელს; ფართოდ დაამკვიდრე ფერხნი ჩემნი. შემიწყალე, უფალო, რადგან მიჭირს, დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები – გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები დაიფშხვნა. ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენ, მეზობელთათვის – ძრწოლა, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავს, გარბის ჩემგან. გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე. რადგან მესმის ცილისწამება მრავალთა, შიშია ყოველი მხრიდან! ისინი შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს, მე კი შენი იმედი მაქვს, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი. შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენ ჩემს მტერთა და მდევნელთა ხელთაგან. უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით. უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ. დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ჯოჯოხეთში. დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც ქედმაღლად ლაპარაკობენ მართალზე, ამპარტავნებით და სიძულვილით. რაოდენ მრავალი სიკეთე გაქვს, უფალო, შენს მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე. შენ იფარავ მათ შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, იცავ მათ ენით გამომწვეული დავიდარაბისგან. კურთხეულია უფალი, რადგან მომივლინა თავისი საკვირველი წყალობა გამაგრებულ ქალაქში. და მე ვფიქრობდი ძრწოლით: მოწყვეტილი ვარ შენს თვალთაგან. მაგრამ შენ ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმე საშველად. შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამპარტავნებს. გამხნევდით და გული გაიმაგრეთ, ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ. მოძღვრება. დავითისა. ნეტარია, ვისაც მიეტევა დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ მოჰკითხავს, და ვის სულშიც არ არის სიყალბე. როდესაც ვდუმდი ჩემს ცოდვებზე, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. ცოდვა ჩემი გაუწყე, და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.“ ამიტომ, დაე ილოცოს შენს მიმართ ყველა ღვთისმოსავმა შეწყნარების ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას. შენა ხარ ჩემი მფარველი, გაჭირვებისგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. გასწავლი და დაგაყენებ გზაზე, რომელზეც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე. ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი ან ჯორი უგუნური. ლაგამი და აღვირია მათი შემკავებელი, სხვაგვარად ვერ მიუახლოვდები. მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული. იხარეთ უფლის მიერ და ილხინეთ, მართალნო; იზეიმეთ, გულით მართლებო! ღვთის სადიდებული გალობა იხარეთ უფლით, მართალნო! გულწრფელებს შეშვენით ქება. ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებანით უგალობეთ მას! უგალობეთ მას გალობა ახალი, კეთილად ააწყვეთ ჰანგი მოძახილით. რადგან სწორია უფლის სიტყვა და ყოველი მისი საქმე ჭეშმარიტია. უყვარს მას სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა; უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების სუნთქვით მთელი მისი კრებული. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყალნი ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები. ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან სამყაროს ყოველი მკვიდრი. რადგან მან თქვა და მსწრაფლ შეიქმნა, მან ბრძანა და არსებობს. უფალი ჩაშლის ერების ზრახვებს, ხალხების ჩანაფიქრს გააცამტვერებს. აზრი უფლისა იდგება მარადიულად, თაობიდან თაობამდე – გულისზრახვანი მისნი. ნეტარია ერი, ვისი ღმერთიც არის უფალი, ხალხი – მისგან მემკვიდრედ ამორჩეული! ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ძეს კაცისა. თავისი საბრძანებლიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს. ის ქმნის თვითოეულის გულს და სწვდება ყველა მათ საქმეს. მეფეს ვერ იხსნის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ გადაარჩენს დიდი ძალა. უიმედოა ცხენი შველისთვის, მთელი მისი ძალა ვერ იხსნის მას. აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს, რომ იხსნის მათ სულს სიკვდილისაგან და ასაზრდოებს შიმშილის ჟამს. ჩვენი სამშვინველი მოელის უფალს, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი. აჰა, მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან გვწამს მისი წმიდა სახელი. იყოს ჩვენზე შენი წყალობა, უფალო, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს. დავითისა. როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე, განიდევნა და წავიდა. ვადიდებ უფალს ყოველ ჟამს, მარად იქნება მისი ქება ჩემს ბაგეებზე. უფლით იქადის ჩემი სული; ისმინონ მშვიდებმა და გაიხარონ. ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად, ვადიდოთ მისი სახელი ერთად! მოვიძიე უფალი და მიპასუხა მან და მიხსნა ყველა განსაცდელისგან. უმზირეთ მას და გასხივოსნდით; არასოდეს არ შერცხვება პირი თქვენი. აგერ გლახაკმა მოუხმო მას და უფალმა ისმინა მისი და ყველა გასაჭირისგან იხსნა იგი. დაივანებს უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და იხსნის მათ. განიცადეთ და ნახეთ, რომ კეთილია უფალი! ნეტარია ის, ვინც მასზეა მინდობილი. გეშინოდეთ უფლისა, წმიდანო მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მის მოშიშთ! ლომის ბოკვერები იტანჯებიან და შიმშილობენ, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ. მოდით, შვილებო, მისმინეთ! უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ. ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? შეიკავე შენი ენა სიავისაგან და ბაგენი შენნი – ცბიერ სიტყვათაგან. ერიდე ბოროტებას და ჰქმენ სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას. უფლის თვალები მიპყრობილია მართალთაკენ და მისი ყურები – მათი ღაღადისაკენ. პირი უფლისა – ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი. მართალნი მოუხმობენ და ისმენს უფალი, იხსნის მათ ყველა გასაჭირისგან. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის ის. მრავალია სიძნელე მართლისა; მაგრამ ყველაფრისაგან იხსნის უფალი. ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება. მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი დაიგმობიან. იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულებს, არ განისჯება მასზე მინდობილი. დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, შეებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ! აიღე ფარი და საჭურველი, და აღსდექ ჩემს შესაწევნად! იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს! უთხარი ჩემს სამშვინველს: „შენი მხსნელი ვარ!“ შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სიკვდილის მაძიებელნი; უკუიქცნენ და გაწბილდნენ ჩემთვის სიავის მსურველნი! შეიქნენ, ვითარცა მტვერი ქარის წინაშე, უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი! იყოს მათი გზა ბნელი და მოლიპული, უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ! რადგან უმიზეზოდ დამიგეს მახე, უმიზეზოდ გაუთხარეს ორმო ჩემს სამშვინველს. ეწიოს მათ უეცარი უბედურება! მახეში, რომელიც მოამზადეს, გაებან თვითონ, დასაღუპავად ჩაცვივდნენ შიგ! მაშინ ჩემი სამშვინველი გაიხარებს უფლით, ილხენს მისი შემწეობით. ყოველი ჩემი ძვალი იტყვის: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი, შენი, რომელიც იხსნი საწყალს ძლიერისგან, ღარიბს და ღატაკს – მძარცველისაგან? აღსდგნენ ჩემს წინააღმდეგ ავი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მეკითხებიან. სიკეთის წილ ბოროტებით მიზღავენ, ჩემი სულის დაობლება სურთ. მე კი მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი, მაგრამ ჩემი ლოცვა უკან მიბრუნებოდა. ისე ვწუხდი, როგორც მეგობრისა ან ძმისთვის, დედას რომ დასტირის კაცი, ისეთი თავდახრილი და მგლოვიარე. ისინი კი ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ, იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი, და არ ვიცი, რატომ; სულს მიფლეთდნენ და არ მეშვებოდნენ. პირფერი მანჭვითა და დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ. უფალო, როდემდე უყურებ ამას? მიხსენ გაპარტახებისაგან, ლომებისაგან იხსენ ჩემი სიცოცხლე! მადლობას შემოგწირავ დიდ კრებულში, ხალხთა სიმრავლეში შეგასხამ ხოტბას. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ნუ ანიშნებენ უმიზეზოდ ჩემი მოძულენი თვალით ერთმანეთს. რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ, არამედ ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას განიზრახავენ. ფართოდ აღებენ პირს ჩემზე, ყვირიან: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა. შენ ხომ იხილე, უფალო, ნუ დადუმდები! უფალო, ნუ განმერიდები მე; აღსდეგ, გამოიღვიძე ჩემს დასაცავად, ჩემი დავის გასარჩევად, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო! გამასამრთლე შენი სიმართლით, უფალო, ჩემო ღმერთო, და ნუ გაიხარებენ ჩემზე! ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! სწორედ ასე გვენება! ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი! შერცხვეს და გაწბილდეს ყველა, ვისაც ჩემი ავი უხარია; სირცხვილით შეიმოსოს, ვინც მე მედიდურად მექცევა! იგალობონ და იხარონ ჩემი გამართლების მსურველებმა და თქვან მარადჟამს: დიდია უფალი, მისი მორჩილისათვის მშვიდობის მსურველი! ჩემი ენა კი იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ. გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილის, დავითისა. ბიწიერება ელაპარაკება ცოდვილებს გულების სიღრმეში; არ არის შიში ღმრთისა მათ თვალთა წინაშე. რადგან ეპირფერებიან საკუთარ თავს, რათა მათი ურჯულოება არ გამოჩნდეს და არ შეიძულონ. მათ ბაგეთა სიტყვები სიავე და სიყალბეა, ბრძნული და კეთილი საქციელი არა სჩვევიათ. უსამართლობას იზრახავენ თავიანთ სარეცელზე, უკეთურ გზას ადგებიან, ბოროტს არ თაკილობენ. უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი – ღრუბლებამდე. სიმართლე შენი, ვითარცა მთები ღმერთისა, სამართალი შენი – ღრმა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ იხსნი, უფალო. რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო! ადამის ძენი შენს ფრთებქვეშ აფარებენ თავს. დაპურდებიან შენი სახლის სიუხვით და შენს სიტკბოთა ნაკადებიდან შეასმევ მათ. რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს. მოჰფინე წყალობა შენი შენს აღმსარებლებს, და შენი მხსნელი სიმართლე გულწრფელებს! ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა, ნურც ბოროტთა ხელი განმდევნის მე. იქ არიან განრთხმულნი უსამართლობის მოქმედნი, დაენარცხნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა. დავითისა. ნუ შეგეხარბება ბოროტმოქმედებისა, ნურც უკანონობის ჩამდენთა შეგშურდება შენ, რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; მაშინ დამკვიდრდები ქვეყანაზე და იქნები უსაფრთხოდ. უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს. წარმართე უფლისკენ შენი სავალი გზა, მიენდე მას და ის აღასრულებს. გამოავლენს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით. დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. მოეშვი რისხვას და მიატოვე გულისწყრომა! ნუ გამძვინვარდები, არ გაბოროტდე. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან, ხოლო უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. კიდევ ცოტა, და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იქ. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. ავი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ. მაგრამ უფალი დასცინის მას, ვინაიდან ხედავს, რომ მოდის მისი დღე. მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბ-ღატაკი და მოსპონ გზიანები. მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდი შეიმუსრება. მართლის მცირედი სჯობია უკეთურთა დიდ სიმდიდრეს. რადგან უკეთურთა მკლავები შეიმუსრება, მართალთა შემწე კი უფალია. იცის უფალმა უცოდველთა დღენი, მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება; არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან. ბოროტნი კი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, მსგავსად მინდვრის ბალახისა, გაქრებიან, კვამლივით გაქრებიან. ბოროტი სესხულობს და არ იხდის, მართალი კი შემბრალებელია და გასცემს. რადგან უფლის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ წყეულნი კი ამოწყდებიან. უფლის მიერ წარიმართება კაცის ნაბიჯები, და გაამყარებს მას, ვის გზასაც შეიყვარებს. კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან უფალს მტკიცედ უჭირავს მისი ხელი. ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, და მისი მოდგმა – პურზე ხელგაწვდილი. ის ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია. ერიდე ბოროტს და ქმენ სიკეთე და იარსებებ სამარადჟამოდ. რადგან უფალს უყვარს სამართალი; არ მიატოვებს თავის წმიდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან, ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იქნებიან მასზე უკუნისამდე. მართლის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ამბობს. მისი ღმერთის რჯული მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები. ბოროტი უთვალთვალებს წმიდას და მის მოკვლას აპირებს. მაგრამ უფალი არ მიატოვებს მას მის კლანჭებში და არ გაამტყუნებს მას სამსჯავროზე. მიენდე უფალს, დარჩი მის გზაზე და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა; იხილავ უკეთურთა განადგურებას. მინახავს ბოროტი გამძვინვარებული, ფესვგადგმული, ვითარცა ლიბანის კედარი. მაგრამ ჩავაიარე, და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ ვპოულობ. დაუკვირდი უმანკოს და უმზირე მართალს, რადგან მშვიდობიან კაცს ეკუთვნის მომავალი. ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება. მართალთა შველა კი უფლისგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს. ეხმარება მათ უფალი და იხსნის; იხსნის ბოროტთაგან და შველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი. ფსალმუნი დავითისა. გასახსენებელი. უფალო, შენი რიხსვით ნუ მამხილებ, და ნუ დამსჯი განრისხების ჟამს! რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე. აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; აღარ არის სისაღე ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო. რადგან ცოდვანი ჩემნი ასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთად დამძიმდნენ ჩემზე. აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურების გამო. წელში მოვიხარე, დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები. რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივარით. უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი, ჩემი ოხვრა დაფარული არ არის შენგან. ჩემი გული თრთის, ძალღონემ დამტოვა, ჩემს თვალთა სინათლე – აღარც ის არის ჩემთან. მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ახლობლები შორს განმიდგნენ. მახეს მიგებენ ჩემი სულის მაძიებლები, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ ჩემს დასაღუპად და მთელ დღეს მზაკვრობას განიზრახავენ. მე კი არ მესმის, ვითარცა ყრუს და ვითარცა მუნჯს, პირს რომ ვერ აღებს. დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ შეუძლიათ პასუხის გაცემა. მაგრამ მე შენ გელოდები, უფალო, შენ მიპასუხებ, უფალო, ღმერთო ჩემო. გევედრები: ნუ გაახარებ მათ ჩემზე, თუ ფეხი გადამიბრუნდა, ნუ გააბატონებ ჩემზე! რადგან მარცხი მემუქრება და ჩემი სატკივარი მუდამ ჩემთანაა. ჩემს ბრალს ვაცხადებ, ვწუხვარ ჩემი ცოდვის გამო. უსამართლოდ გადამტრებულები კი ძლიერდებიან, მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი. კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ. ნუ მიმატოვებ, უფალო! ღმერთო ჩემო, ნუ განმშორდები! გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მხსნელო ჩემო! გუნდის ლოტბარს, იედუთუნს. დავითის ფსალმუნი. ვთქვი: „დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით; ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტნი იმყოფებიან ჩემს სიახლოვეს.“ მთლიანად დავმუნჯდი, დავდუმდი, მშვიდობას ვიცავდი, მაგრამ ვაება გამიძლიერდა. გახურდა გული ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; მაშინ დავიწყე ლაპარაკი ჩემი ენით: „მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული, ჩემი დღეების ხანგრძლივობა, მაუწყე, რა არის ჩემი ბედისწერა! აჰა, გოჯებით მომეცი დღენი, ჩემი სიცოცხლის ხანი არაფერია შენს წინაშე; ჭეშმარიტად, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე! ჭეშმარიტად, აჩრდილივით დაეხეტება ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება! ახლა კი, რას ველი, უფალო? შენა ხარ ჩემი იმედი. მიხსენ ყოველი ჩემი ბრალისაგან, ნუ გამხდი ბრიყვის სალანძღავად!“ დავდუმდი, ბაგეებს ვეღარ ვხსნი, რადგან ასე ჰქმენ შენ. ამარიდე სასჯელი შენი; გავილიე შენი ხელის დარტყმებისაგან. თუ ცოდვის მხილებით დასჯი ადამიანს, ჩრჩილივით შეჭამ ყველა მის სურვილს; ჭეშმარიტად, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი! ისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ნუ დადუმდები ჩემი ცრემლების მიმართ, რადგან მწირი ვარ შენი, ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი. მზერა მომაცილე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავალ და აღარ ვიქნები! გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს; ყური მომაპყრო და შეისმინა ჩემი ვედრება, ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, განამტკიცა ნაბიჯნი ჩემნი, მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა ჩვენი ღმერთის სადიდებლად. მრავალნი იხილავენ და შეშინდებიან, და მიენდობიან უფალს. ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, ვინც არ მისდევს კადნიერთ და გზას არ ასცდება ცრუ ღმერთების მოყვარულთა მსგავსად. შენ გაამრავლე, უფალო, ღმერთო ჩემო, შენი სასწაულები და შენი ჩანაფიქრები ჩვენთვის; ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე; – მაგრამ ძნელია სათქმელად. მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; მაგრამ ყური გამიმახვილე; სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია; მაშინ ვთქვი: „აჰა, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე. შენი სურვილის შესრულება მწადია, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.“ შენს სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს, აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი. შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში; შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი; შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულის წინაშე. უფალო, ნუ მომაკლებ შენს წყალობას; შენი მადლი და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე! რადგან გარს მერტყმის აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი, აღარ ძალმიძს მე გზის დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გული ჩამწყდა. ისურვე, უფალო, ჩემი ხსნა! უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე! დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სიცოცხლის დაღუპვის მაძიებელნი, უკუიქცნენ და წახდნენ ჩემი ავის მდომნი; დაე, შეძრწუნდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო! გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძიებს; შენი ხსნის მოყვარულებმა თქვან მუდამ: დიდია უფალი! ხოლო მე კი ღარიბ-ღატაკი ვარ; მაგრამ უფალი ფიქრობს ჩემზე. შენა ხარ ჩემი დამხმარე და მხსნელი, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ! გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. კურთხეულია, ვინც ფიქრობს ღატაკზე; უბედურების დღეს იხსნის მას უფალი. უფალი დაიცავს და აცოცხლებს მას; ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; შენ არ გადასცემ მას მტრების სურვილისამებრ. უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შეცვლი შენ ავადმყოფობის ჟამს. მე კი ვთქვი: უფალო, შემიწყალე, განმკურნე, რადგან შეგცოდე. ჩემი მტრები ავს ამბობენ ჩემზე: როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი? ვინმე თუ მოვა ჩემს სანახავად, ცარიელ სიტყვებს ამბობს; მისი გული კი სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება. ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ჩემი მოძულენი; ყველაზე უარესს ისურვებენ ჩემთვის. ამბობენ: სასიკვდილო სენი დაეუფლა მას; ვინც ერთხელ დაწვა, ვეღარ წამოდგება! ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ქუსლი აღმართა ჩემზე. ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ. იმით გავიგე, რომ გიყვარვარ, რომ მტერმა არ გაიხარა ჩემზე. ჩემი უბიწოებისათვის შემეწიე და შენს წინაშე დამაყენე სამარადისოდ. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, უკუნითი უკუნისამდე! ამინ, ამინ. გუნდის ლოტბარს. მოძღვრება კორახის ძეთა. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადებისკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ო ღმერთო! ცოცხალი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას? ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, როს მეუბნებოდნენ გამუდმებით: სად არის ღმერთი შენი? როდესაც სული მეღვრება, მახსენდება, როგორ ვიდოდი ხალხის გუნდში, როგორ მივუძღვოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდს მხიარულებისა და მადლიერების ხმით. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს. დაღვრემილია სული ჩემი; ამიტომ გიხსენებ იორდანეს მიწიდან და ხერმონის მწვერვალებიდან, მიცყარის მთიდან. უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი ჩანჩქერების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა. დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას, და ღამით ვუგალობებ მას, ეს არის ჩემი ლოცვა ჩემი ცოცხალი ღმერთის მიმართ. ვუთხარი ღმერთს, ჩემს სიმტკიცეს: რად დამივიწყე? რატომ უნდა ვიარო მგლოვიარე გულით, მტრისგან გათელილმა? ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავენ ჩემი მტრები, მეუბნებიან ყოველდღე: სად არის ღმერთი შენი? რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს; რადგან კვლავაც ვადიდებ მას, – ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს. განმიკითხე, ღმერთო, გამომესარჩლე, მიხსენ ცბიერ და უღმერთო კაცთაგან. რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა; რად მიმატოვე? რატომ უნდა ვიარო მგლოვიარემ, მტრისგან გათელილმა? გამოგზავნე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი, რათა წარმიძღვნენ მე და მიმიყვანონ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან! მაშინ მივალ ღმერთის საკურთხეველთან, ჩემი უშრეტი სიხარულის ღმერთთან; გადიდებ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო! რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს; რადგან კვლავაც ვადიდებ მას, – ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს. გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა მოძღვრება. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, რა საქმენი მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში. შენი ხელით განდევნე წარმართნი, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე, ისინი კი გააფართოვე. ვინაიდან მათ ხმლით კი არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და არც მათ მკლავებს მოუტანია მათთვის გამარჯვება, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე. შენა ხარ ჩემი ხელმწიფე და ჩემი ღმერთი, შენ უბოძებ შველას იაკობს. შენით ვანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით ვთრგუნავთ ჩვენს მოდავეებს. რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ვერც ჩემი მახვილი მიხსნის, არამედ შენ გვიხსენი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენი მოძულეები შეარცხვინე. ღმერთით ვიქადოდით დღეყოველ და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე. მაგრამ მიგვატოვე და დაგვამცირე, და არ გამოხვედი ჩვენს მხედრობასთან. უკუგვაქციე მტრისაგან, და მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ. მიგვეცი, როგოც ცხვარი, შესაჭმელად, გაგვფანტე ერებს შორის. გაყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, არ იდავე მათ ფასზე. მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად – ირგვლივ მყოფთ. იგავად გვაქციე ერებს შორის, თავის საქნევად ხალხებს შორის. დღეყოველ ჩემი აუგი ჩემს წინაშეა, და სირცხვილი მიფარავს სახეს დამცინავისა და მაგინებელის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლისაგან. ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, თუმცა არ დაგვივიწყებიხარ, და არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა. არ უკუქცეულან ჩვენი გულები, და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი ბილიკიდან. და მაინც შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე წყვდიადის ჩრდილი. ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისაკენ, განა ღმერთი არ გვაზღვევინებდა ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა. შენი გულისთვის გვხოცავენ ყოველდღე; დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნიეს. გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო? გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ! რატომ იფარავ სახეს და ივიწყებ ჩვენს მწუხარებას და გასაჭირს? რადგან ჩვენი სული მტვრამდეა დამდაბლებული, მიწას განერთხა ჩვენი სხეული. აღსდექ! გამოეშურე ჩვენს საშველად! გვიხსენი შენი წყალობისათვის! გუნდის ლოტბარს. შოშანისებურად. კორახის ძეთა. მოძღვრება; გალობა სიყვარულისა. აღივსო ჩემი გული კეთილი სიტყვებით; ჩემი სიმღერა მეფეს ეკუთვნის; ჩემი ენა კალამია ხელოვანი მწერლისა. ადამის ძეთა შორის უმშვენიერესი ხარ, მადლი იღვრება შენს ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე. შეიბ მახვილი წელზე, გმირო, შენი დიდებით და მშვენიერებით! შენი დიდებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლისათვის, გვაჩვენოს საოცრებანი მარჯვენამ შენმა! შენი ისრები წამახულია, გულში ერჭობიან მეფის მტრებს, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ. ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა. სამართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე მეტად. მთელი შენი სამოსი – ვითარცა მური, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან ქნართა ხმა გაგამხიარულებს შენ. მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული. მისმინე, ასულო, მოიხედე და მომაპყარ ყური. დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა. დატკბება მეფე შენი მშვენებით. რადგან ის არის შენი უფალი, თაყვანი ეცი მას. ასული ცორისა ძღვენით მოვა შენთან; ხალხთა მდიდარნი ყოველგვარი განძით; დიდებულია მეფის ასული მთლიანად შიგნით; ოქრონართისაა მისი სამოსი. მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; უკან მოჰყვებიან ქალწულნი, დობილნი მისნი. სიხარულით და ლხენით შედიან მეფის სასახლეში. შენს წინაპართა ადგილას იქნებიან შენი ძენი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ ქვეყანაზე. დავაფუძნებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიტომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე. გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ყალამოთის ხმაზე. გალობა. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, სწრაფი შემწე გასაჭირში. ამიტომ არ შეგვეშინდება, ქვეყნიერებაც რომ შეიცვალოს, მთები რომ იძრნენ ზღვათა შუაგულში. თუნდ იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები ირყეოდნენ მათი მღელვარებისგან. არსებობს მდინარე, რომლის ნაკადებიც ახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას. ღმერთი მის შუაგულშია; ის არ შეიძვრის, განთიადზევე მოვა ღმერთი მის დასახმარებლად. ღრიალებენ ერები, ზანზარებენ სამეფონი; როდესაც ის ხმას გამოსცემს, ლღვება დედამიწა. ძალთა უფალი ჩვენთანაა; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა. ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდემდე, მშვილდს მუსრავს და შუბს ამსხვრევს, ეტლებს ბუგავს ცეცხლით. შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი: ამაღლებული ერებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე. ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა ფსალმუნი. ერნო ყოველნო, შემოჰკართ ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს სიხარულის გალობით! რადგან საშიშია უფალი უზენაესი – დიადი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა. დაგვიმორჩილა ხალხები, და ერები – ჩვენს ფერხთა ქვეშ. ამოგვირჩია სამკვიდრებელი, მშვენება იაკობისა, რომელიც შეიყვარა. ამაღლდა ღმერთი შეძახილით, უფალი – საყვირის ხმაზე. ხოტბა შეასხით, ღმერთს, უგალობეთ! ხოტბა შეასხით, ჩვენს მეფეს, უგალობეთ! რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; ხოტბა შეასხით გალობით! ღმერთი მეფობს ერებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე. ხალხთა მთავარნი შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად! გალობა; ფსალმუნი კორახის ძეთა. დიდია უფალი, და დიდად საქებარი ღმერთის ქალაქში! მისი წმიდა მთა მშვენივრადაა აღმართული, სიხარულია მთელი ქვეყნიერებისა; მთა სიონისა, ჩრდილოეთ მხარეს, ქალაქია დიდი მეფისა. ღმერთი თავის სიმაგრეებში გამოგვეცხადა, ვითარცა საიმედო მცველი. რადგან აგერ, შეიკრიბნენ მეფენი და მოვიდნენ ერთად. მაგრამ რომ ნახეს, განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაიქცნენ. ძრწოლამ შეიპყრო, იკლაკნებიან მშობიარესავით. აღმოსავლეთის ქარით შემუსრე შენ თარშიშის ხომალდები. როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში. ღმერთმა დააფუძნა ის უკუნისამდე. ვფიქრობდით, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში. ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სავსეა გამარჯვებით შენი მარჯვენა. დაე იხაროს სიონის მთამ! იმხიარულონ იუდას ქალწულებმა შენი სიმართლის გამო! მიეახლეთ ყოველი მხრიდან და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები. გული მიაპყარით მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას, რომ ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი სამარადჟამოდ. ის იქნება ჩვენი წინამძღოლი უკუნითი უკუნისამდე. გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. ისმინეთ ეს, ყოველნო ერნო, ყური მოაპყართ, ქვეყნიერების ყველა მცხოვრებნო: უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად! ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს, ჩემი გულის განსჯა – გონიერებას. ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას. რად უნდა შემეშინდეს უბედურების ჟამს, როცა ჩემი მოდავეების ბოროტება გარს შემომეხვევა, რომელთაც თავიანთი ძალის იმედი აქვთ და უხვი სიმდიდრით იკვეხნიან? ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს. რადგან ძვირია მისი სულის გამოსახსნელი, ვერ გადაიხდის იმდენს უკუნისამდე, რომ ცოცხალი დარჩეს სამარადისოდ და აცდეს საფლავი. აჰა, დაინახავს, რომ ბრძენნიც იხოცებიან, ისევე, როგორც ბრიყვნი და სულელნი, და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ. საფლავებია მათი სამუდამო სახლი, მათი საცხოვრებელი თაობათა მანძილზე; თუმცა საკუთარ სახელებს უწოდებდნენ თავიანთ მამულებს. ვერ შეინარჩუნებს ადამიანი პატივს; დასაკლავი პირუტყვის მსგავსია იგი. ასეთია გზა უგუნურთა და თვითკმაყოფილთა დასასრული. ცხვრებივით ჯოჯოხეთის კერძნი არიან; სიკვდილი იქნება მათი მწყემსი, პირდაპირ საფლავში ჩაეშვებიან, მათი კვალიც კი აღარ დარჩება, ჯოჯოხეთი იქნება მათი სადგომი. ხოლო ჩემს სულს ღმერთი დაიხსნის ჯოჯოხეთიდან, რადგან მიმიღებს მე. ნუ შეგეშინდება, თუ კაცი გამდიდრდა, თუ გამრავლდა მისი სახლის დიდება. რადგან, როცა მოკვდება, თან ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება. თუმცა სიცოცხლეში თავს ბედნიერად თვლის, – რადგან აქებენ იმას, ვინც კეთილს უკეთებს საკუთარ თავს. ის მივა თავისი მამების მოდგმასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს. ვერ შეინარჩუნებს ადამიანი პატივს; დასაკლავი პირუტყვის მსგავსია იგი. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთა, უფალმა, დაილაპარაკა და მოუწოდებს ქვეყნიერებას მზის აღმოსავლიდან დასავალამდე. სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი. მოდის ჩვენი ღმერთი და არ არის მდუმარე; მის წინაშე შთანმთქმელი ცეცხლია, მის ირგვლივ – ძლიერი ქარიშხალი. მოუწოდებს ზეცას და დედამიწას თავისი ხალხის განსასჯელად: შემოიკრიბეთ ჩემი ერთგულნი, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე! ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს, რადგან თვით ღმერთია მსაჯული! ისმინე, ჩემო ხალხო, და გეტყვი; ისრაელო, მე ვმოწმობ შენს წინააღმდეგ: მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი. მსხვერპლისათვის კი არ გსაყვედურობ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა. არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც ვაცებს შენი ფარეხებიდან. რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, ათასობით მთის პირუტყვი. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან. თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია სამყარო და სავსება მისი. განა ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლსა ვსვამ? შესწირე ღმერთს მადლობის მსხვერპლი და აღუსრულე უზენაესს აღთქმანი შენნი. მომიხმე გაჭირვების დღეს, გადაგარჩენ და შენ განმადიდებ. ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: რა უფლებით ქადაგებ ჩემს წესებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა? მაშინ როდესაც გძულს დარიგება და უკუისვრი ჩემს სიტყვებს? ქურდს რომ დაინახავ, მასთან გარბიხარ, და გარყვნილებთან დაიდე წილი. პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა სიყალბეს თხზავს. დაჯდები და შენი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ, დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ. ამას ჩადიოდი და მე ვდუმდი; გეგონა, რომ შენი მსგავსი ვარ; აწ კი გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ. ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებელნო, თორემ მოგსპობთ და აღარ იქნება მშველელი! მადლობის მსხვერპლის შემომწირავი განმადიდებს მე, სწორ გზაზე მდგომს ვუჩვენებ მე შველას ღმრთისას! გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, რაც ბათშებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი სათნოებისამებრ, შენი მრავალმოწყალებით წაშალე ჩემი დანაშაული. სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე მე! რადგან ვიცი ჩემი დანაშაული, და ჩემი ცოდვა მუდამ ჩემს თვალწინაა. შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება შენს თვალ წინ ჩავიდინე, ამიტომ მართალია შენი მსჯავრი და სწორია შენი სამართალი. აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა დედაჩემი ჩემზე. აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით, შენ მასწავლი დაფარულ სიბრძნეს. მასხურე მე უსუპით და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად განვსპეტაკდები. აღმავსე ლხენითა და სიხარულით, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე. აარიდე სახე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. წმიდა გული შეჰქმენ ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განმიახლე ჩემს სხეულში. ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმინდის სულს. დამიბრუნე შენი ხსნის სიხარული, და მძლავრი სულით განმამტკიცე. მაშინ ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს, და ცოდვილნი შენთან დაბრუნდებიან. მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს ხსნას. უფალო, გახსენი ჩემი ბაგენი, და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას. რადგან მსხვერპლი არა გსურს, და სრულადდასაწველს არ ინებებ. შესაწირავი ღმერთისა არის სული მოდრეკილი; მოდრეკილსა და მორჩილ გულს არ დაამცირებ, ღმერთო. სიკეთე უყავ შენი კეთილგანწყობით სიონს, აღადგინე გალავნები იერუსალიმისა. მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს და სრულადდასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს. გუნდის ლოტბარს. მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს, რომ დავითი ახიმელექის სახლში მივიდა. რატომ იქადი, ძლიერო, ბოროტებით? ღმერთის წყალობა საუკუნოა! გალესილი სამართებელივით დაღუპვას იზრახავს შენი ენა და თხზავს სიცრუეს; გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად. სიცრუე მეტად, ვიდრე სიმართლე; გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენავ მზაკვარო! ამიტომ დაგცემს ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს შენი კარვიდან, ამოგძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, დასცინებენ უკეთურს და იტყვიან: აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და თავის ბოროტებაში გამაგრდა. ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხილის ხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე. გადიდებ მუდამ შენი საქმეებისთვის, და ვაღიარებ შენს სახელს შენს წმიდათა წინაშე, რადგან კეთილია იგი. გუნდის ლოტბარს. მახალათის ხმაზე. მოძღვრება დავითისა. ამბობენ უგუნურნი თავიანთ გულებში: არ არის ღმერთი! გაირყვნენ, სისაძაგლეს ჩადიან; აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი. ღმერთი ზეციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რათა იხილოს, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს. ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი, ერთიც არ არის! ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მოქმედებმა, ჩემს ხალხს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ, ღმერთს კი არ უხმობენ? იქ შეშინდებიან ისინი შიშით, სადაც არ არის შიში; რადგან ღმერთი განაბნევს შენს წინააღმდეგ ამხედრებულთა ძვლებს; შერცხვებიან, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი. ნეტავ მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი. გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალებაო. ღმერთო, შენი სახელით მიხსენი, და შენი ძალით გამასამართლე! ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა; ყური მოაპყარ სიტყვებს ჩემი პირისა! რადგან ქედმაღალნი აღიძრნენ ჩემზე, მოძალადენი ეძიებენ ჩემს სულს; არა ჰყავთ ღმერთი თავიანთ წინაშე. აჰა, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთი აძლევს ჩემს სულს სიმტკიცეს. ის მიაგებს ბოროტებას ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი. ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კეთილია იგი! რადგან შენ მიხსენი ყოველგვარი გასაჭირისგან, და თვალმა ჩემმა იხილა ჩემი მტრების დაცემა. გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა, ნუ დაემალები ჩემს ვედრებას! ყური მომაპყარ და მიპასუხე; მწუხარება დამეუფლა, გონება დავკარგე მტრის ხმისაგან, ბოროტთა შევიწროებისაგან, რადგან სიმრუდეს მაბრალებენ და სიძულვილით მირისხდებიან. ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით, სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს. შიში და ძრწოლა დამეუფლა და შიშის ზარი მიპყრობს. და ვამბობ: ო, რომ მქონოდა მტრედის ფრთები! გავფრინდებოდი და სიმშვიდეს მოვიპოვებდი; შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას; ვიჩქარებდი, რომ მეპოვა თავშესაფარი მრისხანე ქარიშხლისაგან. ჩაშალე მათი გეგმები, უფალო, დაყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში. დღედაღამ გარს უვლიან მის კედლებს, სიმრუდე და უბედურებაა მასში, ნგრევაა მის შუაგულში, არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა. ვინც მე მლანძღავს, ჩემი მტერი არ არის – ამას ავიტანდი; ჩემი მოძულენი კი არ განდიდებულან ჩემზე – მათ დავემალებოდი; არამედ ეს შენ ხარ, კაცი, ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი, ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მეგობრულად. დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ გულში. მე კი ღმერთს მოვუხმობ, და უფალი მიშველის. საღამოს, დილით და შუადღისას შევევედრები და შევტირებ და ის შეისმენს ჩემს ხმას. მშვიდობით გადაარჩენს ჩემს სულს მათგან, მე რომ მებრძვიან, რადგან ბევრნი არიან ჩემზე აღმდგარნი. შეისმენს ღმერთი, მოათვინიერებს მათ დასაბამიდან მყოფი; რადგან არ არის ცვლილება მათში და არა აქვთ შიში ღმერთისა. მან ხელი გაიწოდა მისთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ, აღთქმა დაარღვია. ქონზე ჩვილია მისი ბაგენი, გულში კი ომი აქვს; ზეთზე რბილია მისი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია. მიანდე უფალს შენი ბედი და ის განგამტკიცებს, არასოდეს არ დაუშვებს მართლის წაბორძიკებას. ღმერთო, შენ ჩაიყვან მათ უძირო უფსკრულში; სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ვერ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს. მე კი შენ გესავ. გუნდის ლოტბარს. მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის ძეგლისწერა, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში. შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი. ჩემი მტრები მთრგუნავენ ყოველდღიურად, მრავალი მეომება ამპარტავნებით. საშიშროების დღეს შენ მოგენდობი – ღმერთს, რომლის სიტყვასაც ვადიდებ; ღმერთს ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი? დღენიადაგ ამახინჯებენ ჩემს სიტყვებს; ავია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მიმართ. გროვდებიან, მისაფრდებიან, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან. ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ხალხები, ღმერთო! ჩემი ხეტიალი აღრიცხული გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები, – განა შენს წიგნში არ არიან ისინი? უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის. ღმერთს, რომლის სიტყვასაც ვაქებ, უფალს, რომლის სიტყვასაც ვადიდებ, ღმერთს მივენდე – არ მეშინია; რას მიზამს კაცი? ჩემს აღთქმებს შენდამი აღვასრულებ, ო ღმერთო; მადლიერების მსხვერპლს შემოგწირავ. რადგან შენ იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, ჩემი ფეხი – წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუქით. გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის ძეგლისწერა, როცა საულს გაექცა მღვიმეში. შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული; შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გასაჭირი გადაივლიდეს. მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც თავის ნებას აღასრულებს ჩემზე. გამომიგზავნის ზეციდან ხსნას, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას. ჩემი სული ლომების შუაგულშია, რომლებიც ხარბად შთანთქამენ ადამიანს, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია, ენა კი ბასრი მახვილი. ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო! მთელს დედამიწაზე იყოს შენი დიდება! ბადე გაამზადეს ჩემს ფერხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; წინ ორმო გამითხარეს, მაგრამ თვით ჩაცვივდნენ შიგ. წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული! გიმღერებ და გიგალობებ! გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო! გამოიღვიძე, ჩანგო და ქნარო! გამოვაღვიძებ ცისკარს! განგადიდებ ხალხებს შორის, უფალო, გიგალობებ ერებში. რადგან ზეცამდეა შენი წყალობა, და ღრუბლებამდე – შენი ჭეშმარიტება. ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო! მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება! გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ,“ დავითის ძეგლისწერა. განა მართლა სიმართლეს ამბობთ, ღმერთებო? სისწორით სჯით ადამის ძეებს? არა, გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენს ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე. გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას ასცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქმნელნი. მათი გესლი მსგავსია გველის გესლისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიხშობს, რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, არც დაბრძენებულ მისანთ-მისნისა. ღმერთო, შენ შეუმუსრე კბილები პირში! ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო! დაე გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როდესაც ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით. ლოკოკინასავით დაუძლურდნენ, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილონ მზე. ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები აალებულ კვრინჩხს, უმიც და გამომცხვარიც ქარში წარიხვეტოს. გაიხარებს მართალი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში. იტყვიან კაცნი: აი, ნაყოფი მართლისა! ჭეშმარიტად არსებობს ღმერთი, განმსჯელი ქვეყნიერებისა! გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის ძეგლისწერა, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის სათვალთვალოდ, რომ მოეკლათ იგი. მიხსენ მტრებისგან, ღმერთო ჩემო! დამიცავი მოდავეთაგან! მიხსენ სიმრუდის მოქმედთაგან, სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე. რადგანაც აჰა, უთვალთვალებენ ჩემს სულს; სასტიკი ხალხი იკრიბება ჩემს წინააღმდეგ, უფალო, თუმცა არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება; გამორბიან და ემზადებიან. გამოიღვიძე ჩემს საშველად და მომხედე! შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ერებს; არ დაინდო არც ერთი ღალატით მზრახველი უკანონობისა. ყოველ საღამოს ბრუნდებიან, ძაღლებივით ყმუიან და გარს უვლიან ქალაქს. აჰა, ანთხევენ პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო? მაგრამ შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ერებს. ძალავ ჩემო, მე შენ მოგმართავ, რადგან შენა ხარ, ღმერთო, ჩემი სიმაგრე. ღმერთი, ჩემი მწყალობელი, წინ წარმიძღვება; ღმერთი მიჩვენებს მტრებზე გამარჯვებას. ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ხალხმა, გაფანტე შენი ძალით და დაამდაბლე, უფალო, ფარო ჩვენო! რადგან მათი პირის ცოდვა არის მათი სიტყვა, დაე გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობით, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის, მოსპე რისხვით, მოსპე ერთიანად, ამით შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობში, ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, ძაღლებივით იყმუვლონ და გარს შემოუარონ ქალაქს. დაე, იწანწალონ საჭმლისათვის და მშივრებმა ათიონ ღამე. მე კი შენს სიძლიერეს ვუმღერებ, დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს. სიმტკიცევ ჩემო, შენ გიგალობებ; რადგან ღმერთია ჩემი მტკიცე ბურჯი, ღმერთი, ჩემი მწყალობელი. გუნდის ლოტბარს. შუშან ყედუთზე. დავითის ძეგლისწერა; შესწავლისათვის. როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს, და დაუბრუნდა იოაბი და გაანადგურა 12 ათასი ედომელი მარილოვან ველზე. ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და გაგვაპარტახე რისხვით; – კვლავ აღგვადგინე! შენ შეაზანზარე მიწა, შუა გაჰკვეთე; გაამრთელე მისი ნაპრალები, რადგან ზანზარებს! შენ აჩვენე შენს ხალხს სიძნელე, გვასვი ღვინო შეძრწუნებისა. შენ მიეცი დროშა შენს მოშიშთ, რათა ჭეშმარიტებისათვის ააფრიალონ. გვიხსენ შენი მარჯვენით და გვიპასუხე, რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს! ღმერთმა თქვა თავისი სიწმიდეში: „ვიზეიმებ! დავყოფ შექემს, და სუქოთის დაბლობს დავანაწილებ. ჩემია გალაადი და ჩემია მანაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავისა, იუდა – კვერთხია ჩემი; მოაბი ჩემი საბანელია, ედომს დავაღირებ ჩემს ხამლს; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.“ ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიძღვება ედომში? ნუთუ შენ არა, ღმერთო, ნუთუ მიგვატოვე? არ გამოდიხარ, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან? მოგვმადლე შველა მტრებთან ბრძოლაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისგან! ღმერთით ვიქმთ დიდ საქმეებს, რადგან ღმერთი დაამხობს ჩვენს მტრებს. გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. დავითისა. ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას. ქვეყნის კიდიდან შემოგღაღადებ გულგათანგული. სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეღ! რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი, მტრისგან დამცველი. დამამკვიდრდე შენს კარვებში სამარადისოდ! დამიფარე შენი ფრთების ქვეშ! რადგან შენ, ღმერთო, ისმინე ჩემი აღთქმანი; შენ მიბოძე შენი სახელის მოშიშთა სამკვიდრო. შესძინე დღეები მეფის დღეებს, წლები მისი იყოს თაობიდან თაობამდე! დაე იჯდეს ის ტახტზე მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება ფარავდეს მას! ასე ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, და აღვასრულებ ჩემს აღთქმებს დღენიადაგ. გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთს ელის მდუმარედ სული ჩემი; მისგან არის ჩემი ხსნა. მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი მაღალი კოშკი; არ დავეცემი. როდემდე დაესხმით თავს ადამიანს, შეეცდებით მის წაქცევას, როგორც დაკიდული კედლისა, მორყეული ყორისა? განიზრახეს სიმაღლიდან მისი გადმოგდება; მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. მხოლოდ ღმერთს ელოდება ჩემი სული მდუმარედ; რადგან მისგან არის ჩემი იმედი. მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე; არ დავეცემი. ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; ღმერთი არის ჩემი კლდე და თავშესაფარი. მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე! ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. არარაობა არიან მდაბიონი, ცრუობენ დიდების მქონენი; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთად არარაობაზე ნაკლები იქნება. ნუ დაამყარებთ იმედს მძარცველობაზე, მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ დოვლათი გაიზრდება, გულს ნუ მიაპყრობთ მას. ერთხელ თქვა ღმერთმა, ორჯერ მოვისმინე, რომ ღმერთისაა ძალა. და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი საქმისამებრ. ფსალმუნი დავითისა, იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი; შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს, შენსკენ მოილტვის ჩემი სხეული, როგორც უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე; ასე გიხილე სიწმიდეში; ვიხილე შენი ძალა და დიდება შენი. რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ. ამიტომ გადიდებ მთელი სიცოცხლე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს. ქონითა და სიმსუქნით დამსუყდა სული ჩემი; აღფრთოვანებული ბაგეებით გაქებს პირი ჩემი, – როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, და მთელ ღამეებს ვფიქრობ შენზე; რადგან შენ იყავ დამხმარე ჩემი, შენს ფრთათა ჩრდილქვეშ ლხენით გიმღერი. შენ მოგტმასნია სული ჩემი; შენი მარჯვენაა ჩემი საყრდენი. ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, უფსკრულში ჩავლენ! მახვილის წერა გახდებიან, ტურების კერძი შეიქნებიან! მეფე კი გაიხარებს ღმერთით; განდიდდება ყველა, ვინც მას იფიცებს; სიცრუის მთქმელთა პირი კი დაიგმანება. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვის ხმა; დაიცავი ჩემი სიცოცხლე მტრის შიშისაგან. დამიფარე ვერაგთა იდუმალ ზრახვათაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. რომელნიც ენას მახვილივით ილესავენ, მწარე სიტყვას ისარივით მიმიზნებენ, რათა საფარიდან მესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ისვრიან და არ ეშინიათ. ძალას იკრებენ ავი საქმისთვის, თათბირობენ მახეების დასაგებად, ამბობენ: ვინ შეგვამჩნევს? სიმრუდეს ფიქრობენ: ჩვენ მზადა ვართ, საიდუმლოდ აღვასრულებთ ჩვენს გეგმას. – რადგან შიგანი კაცისა და გული ღრმაა! მაგრამ ესვრის ღმერთი მათ ისარს, უეცრად დაწყლულდებიან. მათი ენების გამო დაანარცხდებს მათ; თავს ჩაქინდრავს ყოველი მათი მხილველი. მაშინ შეშინდებიან კაცნი, გამოაცხადებენ ღმერთის ნამოქმედარს და მის საქმეს ჩაუკვირდებიან. გაიხარებს მართალი უფალში და მიენდობა მას, და განდიდებიან გულმართლები. გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. გალობა. შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე; შენ აღგისრულებენ აღთქმებს, შენ, შემსმენო ლოცვისა! შენთან მოვა ყველა ხორციელი. ჩადენილმა ცოდვებმა დაგვჯაბნეს, შენ შეგვინდობ ჩვენს დანაშაულს. ნეტარია, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოებში! გავძღებით შენი სახლის, შენი წმიდა ტაძრის სიკეთით! დანაშაულზე ხსნით გვპასუხობ, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა სასოებავ; შენ დადგი მთები შენი ძალით, გარს შემოირტყი ძლიერებით; შენ აწყნარებ ზღვათა ღრიალს, ტალღების ხმაურს, ერების მღელვარებას. აძრწუნებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები; დილას და საღამოს აღვიძებ შენს სადიდებლად. კეთილად იხსენებ მიწას და რწყავ, დიდად ამდიდრებ მას; ნაკადი ღვთისა სავსეა წყლით; აძლევ ადამიანებს პურს, რადგან ასე მოამზადე იგი. მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ. აკურთხებ წელიწადის გვირგვინს შენი სიკეთით, შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება. წვეთავენ უდაბნოს საძოვრები, ქედები ლხენით იმოსებიან. საძოვრები ცხვრით აჭრელდებიან, დაბლობები მარცვლით იფარება; ღაღადებენ და მღერიან სიხარულით. გუნდის ლოტბარს. გალობა ფსალმუნისა. შეჰღაღადე ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ! უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, ხოტბა შეასხით მის დიდებას. უთხარით ღმერთს: რა საოცარია შენი საქმენი, შენი ძალის სიდიადეს ქვეშ ეგებიან შენი მტრები. მთელი ქვეყნიერება თაყვანს გცემს შენ; მთელი დედამიწა გადიდებს შენ; ხოტბას ასხამს შენს სახელს! მოდით, იხილეთ ღმერთის საქმენი; შემაძრწუნებელია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე. ზღვა ხმელეთად აქცია; მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო. გაბატონებულია თავისი ძალით საუკუნოდ, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს, ურჩნი ნუ გაამაყდებიან! ადიდეთ, ერებო, ღმერთი ჩვენი, აღავლინეთ ხმა მისი ქებისა, ვინც შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და ფეხი ჩვენი დაიცვა წაბორძიკებისაგან. რადგან შენ, ღმერთო, გამოგვცადე, გადაგვადნე, როგორც ვერცხლს ადნობენ. მოგვაქციე ბადეში, ჩაგვრის ტვირთი აგვკიდე ზურგზე. დაგვასვი თავზე კაცი; გაგვატარე ცეცხლსა და წყალში, მაგრამ ბოლოს გაგვიხალვათე. მოვალ შენს სახლში საცეცხლო მსხვერპლით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს, რომლებიც წარმოთქვეს ჩემმა ბაგეებმა, და ჩემმა პირმა აღგითქვა გასაჭირში. მსუყე სრულადდასაწველს ამოგიტან საკმევლითა და ვერძებით, შემოგწირავ ხბორებს და ვაცებს. მოდით, ისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა ქმნა ჩემი სულისთვის. მას შევღაღადე ჩემი ბაგეებით, და ხოტბა შევასხი ჩემი ენით. სიმრუდე რომ შეემჩნია ჩემს გულში, არ შეისმენდა უფალი. მაგრამ მისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას. კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა! გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი გალობისა. დაე შეგვიწყალოს და გვაკურთხოს ღმერთმა, გამოგვიბრწყინოს თავისი სახე, რათა შეიცნონ შენი გზები ქვეყნიერებაზე და შენი მხსნელი ძალა ყველა ერს შორის. დაე გადიდონ ხალხებმა, ღმერთო, დაე გადიდოს ყველა ხალხმა! იხარონ და ილხინონ ხალხებმა, რადგან განსჯი მათ სისწორით, და ქვეყანაზე წარმართავ მათ. გადიდონ ერებმა, ღმერთო, გადიდონ ხალხებმა ერთიანად! მიწამ მოგვცა ნაყოფი თავისი; ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა, გვაკურთხა ჩვენ. გვაკურთხა ღმერთმა; ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე! გუნდის ლოტბარს. დავითისა. ფსალმუნი საგალობელისა. დაე აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები, და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან! როგორც კვამლი იფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დნება ცეცხლზე, ისე დაიღუპონ ბოროტნი ღმერთის სახის წინაშე! ხოლო მართლებმა გაიხარონ, ილხინონ ღმერთის წინაშე, სიხარულით იზეიმონ! ადიდეთ ღმერთი, უგალობეთ მის სახელს! მოუმზადეთ გზა მას, ვინც უდაბნოებს სერავს; უფალია მისი სახელი; ილხინეთ მის წინაშე! მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა არის ღმერთი თავის წმიდათა წმიდაში; ღმერთი ბინას აძლევს ეულებს, გამოჰყავს ტყვეები საპყრობილედან, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან. ღმერთო, როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, დედამიწა იძრა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის სახის წინაშე; ეს სინაიც ირყეოდა წინაშე ღმერთისა, ისრაელის ღმერთისა. ბარაქიან წვიმას აწვიმებდი, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და როდესაც უძლურდებოდა, შენ ამაგრებდი. შენმა სამწყსომ იქ ჰპოვა ბინა; შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ო ღმერთო. უფალი იძლევა სიტყვას, დიდია ამ სიტყვის მახარობელთა გუნდი: „ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან! შინ მყოფი ქალები კი ნადავლს იყოფენ.“ მაშინაც კი, როდესაც ცხვრის ბაკებში წევხართ – მტრედის ფრთები ვერცხლით არის დაფარული და მისი ნაკრტენი მოოქროვილია. როცა ყოვლადძლიერმა გაფანტა იქ მეფეები, დაითოვლა ცალმონი. ბაშანის მთაო, მთაო ღმერთისა, მწვერვალმრავალო მთაო, მთაო ბაშანისა! რატომ შეჰყურებთ შურით, მწვერვალებით მდიდარო მთებო, მთას, რომელიც ღმერთმა ისურვა სამოსახლოდ, რომელსაც უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ? ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები; მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდა ადგილას. შენ ახვედი მაღლა, დაატყვევე ტყვეობა, მიიღე ძღვენი კაცთა შორს, რათა ურჩებთანაც დაისადგუროს უფალმა ღმერთმა. კურთხეულ არს უფალი, რომელიც ყოველ დღე ზრუნავს ჩვენზე, ღმერთი, ჩვენი მხსნელი. ჩვენი ღმერთი არის ღმერთი დამხმარე, და უფალი ღმერთის ხელში არის ხსნა სიკვდილისაგან. მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს მტრებს, აჯაგრულ კეფას – დანაშაულის გზით მოსიარულეს. თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ მათ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან, რათა ჩადგათ თქვენი ფეხები მტრების სისხლში, და თქვენმა ძაღლებმა ჩაყონ შიგ ენა; ნახეს შენი შესვლა, ღმერთო, შესვლა ჩემი ღმერთისა, ჩემი მეფისა, წმიდაში. წინ მგალობლები, უკან – მემუსიკენი, შუაში – მედაირე ქალწულები. კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი, უფალი, წყარო ისრაელისა! იქ ბენიამინი – უმრწემესი – წინ მიუძღვით; იუდას მთავრები გუნდად, ზებულუნის მთავრები, ნაფთალის მთავრები. შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის. შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, ძღვენს მოგართმევენ მეფენი. შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხბორებით, ხალხი, რომელიც იქადის ვერცხლის ზოდებით. მიმოფანტე ომის მოყვარული ხალხები. ბრინჯაოს მოიტანენ ეგვიპტიდან, ქუში გაიწოდებს ხელს ღმერთისაკენ. უმღერეთ ღმერთს ქვეყნიერების სამეფონო, უგალობეთ დიდება უფალს, ამაღლებულს ძველთუძველეს ცათა ცაში! აჰა, ის გამოსცემს თავისი ძლიერების ხმას. მიანიჭეთ სიძლიერე ღმერთს! მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე – ღრუბლებში. საოცარი ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში. ღმერთი ისრაელისა – ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს თავის ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი! გუნდის ლოტბარს. შოშანისებურად. დავითისა. მიხსენი, ღმერთო! რადგან ყელამდე მომადგა წყალი. ჩავიძირე გაუვალ ლაფში, არ არსებობს ფეხის დასადგამი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო. მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში. უმიზეზოდ მოძულე მეტი მყავს, ვიდრე თმა თავზე. გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, უნდა დავაბრუნო. ღმერთო, შენ უწყი ჩემი უგუნურება; ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან. ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, ღმერთო, უფალო, ღმერთო ძალთაო; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო შენი მაძიებელნი, ღმერთო ისრაელისა. რადგანაც შენთვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე. შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის, უცხო – დედაჩემის შვილთათვის. რადგან შენი სახლის შურმა შემჭამა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს. როდესაც ვტიროდი ჩემი სულის მარხვით, მათი სალანძღავი გავხდი; როცა ჩავიცვი სამოსად ძაძა, იგავად ვიქეცი მათთვის. ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი, და ჩემზე მღერიან ღვინის მსმელები. მე კი შენს მიმართ ვლოცულობ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე. მიხსენ ჭაობისაგან, რომ არ დავინთქა; გადამარჩინე მოძულეთაგან და წყლის სიღრმეთაგან. ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა, ნუ ჩამყლაპავს მორევი, ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა. მიპასუხე, უფალო, რადგან კეთილია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე. ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; მსწრაფლ მიპასუხე. მოუახლოვდი ჩემს სულს, გამომიხსენი; გამომისყიდე ჩემი მტრების გამო! შენ იცი ჩემი ლანძღვა, გაწბილება და შერცხვენა ჩემი; შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები. დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული, ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობს და არავინ იყო, მანუგეშებელს, – და ვერ ვპოვე. შეურიეს ჩემს საჭმელში ნაღველი, წყურვილის დროს ძმარი შემასვეს. იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგი და მშვიდად მყოფთათვის – მახე. დაუბნელდეთ მათ თვალები და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე. გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება, და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ. სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი! ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენგან დაჭრილის სატკივარს ამრავლებენ. დაურთე მათ სასჯელი სასჯელზე; ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში. ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან, მართლებთან ნუ ჩაიწერებიან. ხოლო მე ღატაკი და დავრდომილი ვარ; შენმა შველამ, ღმერთო, ამამაღლოს მე! შევაქებ ღმერთის სახელს გალობით, განვადიდებ მადლიერებით. ეს უფრო სათნო იქნება უფლისთვის, ვიდრე ხარი ან ხბო რქიანი და ჩლიქიანი. ნახონ მოკრძალებულებმა და გაიხარონ, გაცოცხლდეს გული თქვენი, მაძიებელნო ღმრთისა. რადგან უსმენს ღატაკს უფალი და არ უგულებელყოფს თავისიანებს ტყვეობაში. განადიდოს იგი ცამ და დედამიწამ, ზღვებმა და ყოველმა, რაც მათში მოძრაობს. რადგან იხსნის ღმერთი სიონს და აღადგენს იუდას ქალაქებს, იქ დასახლდებიან და დამკვიდრდებიან მისი მსახურნი. მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას, და მისი სახელის მოყვარულნი იცხოვრებენ მასში. გუნდის ლოტბარს. დავითისა. გასახსენებელი. ისწრაფე, ღმერთო ჩემო, ჩემს სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად! დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი; უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემთვის სიავის მსურველნი! დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო! ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს! ვისაც უყვარს შენი ხსნა, დაე თქვას მუდამ: დიდია ღმერთი! ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ! ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ, უფალო, ნუ დააყოვნებ! მე შენ გესავ, უფალო, ნუ შევრცხვები უკუნისამდე! შენი სიმართლით მიხსენ და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე! იყავ ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, ჩემი ხსნის ბურჯი, რადგან შენა ხარ ჩემი კლდე და სიმაგრე ჩემი. ღმერთო ჩემო, მიხსენ ბოროტის ხელისაგან, უკანონობის მოქმედის და მძარცველის ხელისგან. რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასოება ყრმობიდანვე. შენზე ვიყავი დაყრდნობილი დედის მუცლიდან, შენ გამომიყვანე დედის წიაღიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ. საოცრებასავით ვარ მრავალთათვის; მაგრამ შენ ხარ ჩემი მტკიცე თავშესაფარი. სავსეა ჩემი პირი შენი ქებით, და შენი დიდებით ყოველ ჟამს. ნუ უკუმაგდებ სიბერის დროს, უძლურებისას ნუ მიმატოვებ. რადგან მოითათბირეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად იზრახავენ ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულნი. ამბობენ: ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი. ღმერთო, ნუ გამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევად გამოეშურე. დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მაშფოთებელნი; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებელნი. ხოლო მე მსურს მარად მოველოდე და ვამრავლებდე შენს დიდებას. ჩემი ბაგენი შენს სიმართლეზე ილაპარაკებენ ყოველდღე, შენმიერ შველაზე, რომელთა რიცხვიც არ ვიცი. შევალ განსჯაში უფლის ძლიერებაზე, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას. ღმერთო, შენ მმოძღვრავდი ყრმობიდანვე და დღემდე ვაუწყებ შენს საოცრებებს. მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდეც ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს მკლავს და შენს სიძლიერეს ყველა მომავალ თაობას. შენი ძალა და შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, შენ ჰქმენ დიადი საქმენი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი? შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლებ, დედამიწის უფსკრულიდან კვლავ ამომიყვან. შენ გაამრავლებ ჩემს დიდებას და მობრუნდები ჩემს სანუგეშებლად. და მეც მადლობას შემოგწირავ ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო, გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა. იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ იხსენი. ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს; რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი. სოლომონისთვის. ღმერთო, მიეც შენი სამართალი მეფეს, და შენი სიმართლე – მეფის ძეს. რათა სიმართლით გასაჯოს შენი ხალხი, და შენი ღატაკნი – სამართლიანად! მთები მშვიდობას მოუტანენ ხალხს, და ბორცვები – სამართლიანობას. გაასამართლებს ის ხალხის ღატაკთ, იხსნის შვილს ღარიბისას და დაჩაგრავს მჩაგვრელს. შენი შიში ჰქონდეთ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე! ემსგავსოს ის წვიმას, რომელიც მოდის მოთიბულ ბალახზე, წვეთებს, მიწას რომ ალბობენ. გაიფურჩქნოს მის დღეებში სიწმინდე, გამრავლდეს მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს! იბატონოს მან ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე! ქედი მოიდრიკონ მის წინაშე უდაბნოს მცხოვრებლებმა, და მისმა მტრებმა მტვერი ალოკონ! თარშიშისა და კუნძულთა მეფეებმა ხარკი მოუტანონ მას, შებასა და სებას მეფეებმა ძღვენი მოართვან! ყველა მეფემ თაყვანი სცეს მას, და ყველა წარმართი დაემორჩილოს. რადგანაც იგი იხსნის ღარიბს, როდესაც შეჰღაღადებს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სიცოცხლეს დაიხსნის. იხსნის მათ სიცოცხლეს ვერაგობისა და ძალადობისგან, ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში. დღეგრძელი იყოს! მიართვან მას შებას ოქრო. დღენიადაგ ილოცონ მისთვის, ყოველდღე აკურთხონ ის! იყოს სიუხვე პურისა დედამიწაზე, ამაღლდეს თავთავი მთის წვერებამდე, ლიბანივით ამაღლდეს ნაყოფი მისი; აყვავდნენ კაცნი ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე! იყოს მისი სახელი უკუნისამდე; ვიდრე მზე არსებობს, იდიდოს მისი სახელი! იკურთხოს მასში ქვეყნიერების ყოველი ტომი, ყოველმა ერმა კურთხეული უწოდოს მას! კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, მხოლოდ ის იქმს სასწაულებს! კურთხეულ იყოს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, აივსოს მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ! დამთავრდა ლოცვები დავითისა, იესეს ძისა. ფსალმუნი ასაფისა. ჭეშმარიტად, კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ. მე კი – კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები! რადგან შემშურდა უგუნურთა, როდასაც დავინახე ბოროტთა კეთილდღეობა. რადგან არა აქვთ შეჭირვება, ჯანსაღი და მრთელია მათი გვამი. არ იტანჯებიან სხვა კაცთა მსგავსად, სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ. ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნება და ძალადობით, როგორც სამოსელით, არიან მოსილნი. სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები სიბრიყვით აევსოთ. ავად და დამცინავად ლაპარაკობენ, ძალადობით იმუქრებიან. მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება. ამიტომ მისი ხალხიც აქეთ მიიქცევა და სვამენ წყალს სავსე თასიდან. ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? განა უზენაესს შეუძლია გაგება? აჰა, ესენი არიან ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს. ამაოდ გამისუფთავებია გული, დამიბანია ხელები სიწმიდით, რადგან გვემა იყო ჩემი ხვედრი ყოველდღე, და ვიტანჯებოდი ყოველ დილით. რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი. მაგრამ როდესაც ვფიქრობდი, თუ როგორ გამეგო ეს – ძნელი ჩანდა ეს ჩემს თვალში – ვიდრე მოვიდოდი ღმერთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს. ნამდვილად მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხავ. როგორ მეყსეულად ნადგურდებიან, აღიგვებიან შიშის ზარისგან! როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, ისე დაამცირებ მათ სახეებს, უფალო, როცა გამოფხიზლდები. როდესაც გული მიმწარდებოდა და შიგანი მეფლითებოდა, უმეცარი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე. მაგრამ მაინც მე მუდამ შენთან ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. შენი რჩევით მიმიძღვები წინ, შემდგომ კი პატივში მიმიღებ. ვინ არის ჩემთვის ზეცაში შენს გარდა? შენს გარდა არავინ მსურს არც დედამიწაზე. ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; მაგრამ ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე. რადგან აჰა, შენგან განშორებულნი დაიღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც გიორგულებს. ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან სიახლოვე; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვაუწყო ყველა შენი საქმე. მოძღვრება. ასაფისა. ღმერთო, რატომ მიგვატოვე სამუდამოდ, რატომ აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე? გაიხსენე შენი თემი, ადრევე რომ შეიძინე, ტომი, რომელიც იხსენი შენს სამკვიდროდ! გაიხსენე მთა სიონისა, რომელზედაც შენი სავანეა. წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისაკენ; ყველაფერი მოსპო მტერმა ტაძარში! შენი მოდავენი ღმუიან შენს წმიდა ადგილას; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ. ცულები ჩაასვეს ხის ჩარჩოებს, და ახლა ამსხვრევენ მის ჩუქურთმებს ერთიანად უროთი და ცულით. ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი. თქვეს თავიანთ გულში: გავანადგურებთ მათ ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო ქვეყანაზე. ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარა გვყავს წინასწარმეტყველი, არავინ არის ჩვენს შორის მცოდნე იმისა, თუ როდემდე გაგრძელდება ასე. ღმერთო, როდემდე უნდა დაგვცინოს მტერმა? ნუთუ სამარადჟამოდ დაგმობს მოშუღარი შენს სახელს? რატომ სწევ ხელს უკან და ფარავ შენს მარჯვენას? გამოიღე უბიდან და მოსპე! მაგრამ ღმერთი ჩემი მეფეა ძველთაგანვე, შველისა და ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე. შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, მიუმტვრიე თავები წყლის ურჩხულებს; შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად უდაბნოს მხეცებს. შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი. შენია დღე, ღამეც შენია; შენ დაადგინე მთვარე და მზე. შენ დასდე ქვეყნიერების ყველა საზღვარი, ზაფხულ-ზამთარი შენ დაადგინე. უფალო, გაიხსენე ეს: როგორ გაგინებს შენ მტერი, და არამზადა ხალხი როგორ ლანძღავს შენს სახელს. მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ. გაიხსენე შენი აღთქმა; რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით. ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებული, დაე ღარიბ-ღატაკნი აქებდნენ შენს სახელს! აღდეგ, ღმერთო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე ყოველდღიური შენი ლანძღვა არამზადებისაგან! ნუ დაივიწყებ შენს მოდავეთა ხმას; შენი მტრის ღრიალს, მუდამ რომ ამოდის! გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ.“ ფსალმუნი ასაფისა. გალობა. გმადლობთ, ღმერთო, გადიდებთ შენ, რადგან ახლოსაა შენი სახელი, შენი საოცრებანი გვეუწყა ჩვენ. როცა მოვა შესაფერი დრო, გავასამართლებ სისწორით. როცა ირყევა დედამიწა ყველა მისი მცხოვრებით, მე ვამაგრებ მის სვეტებს. ვეუბნები ამპარტავნებს: ნუ იქადით! და ბოროტებს: ნუ აიმაღლებთ რქას! ნუ აღმართავთ თქვენს რქას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავანი ქედით. რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან და არც უდაბნოდან არის კაცის ამაღლება. არამედ ღმერთია მსაჯული, რომელიც ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს. რადგან უფლის ხელშია თასი, რომელშიც დუღს ღვინო, ნარევით სავსე, ის ასხამს იქიდან, და ყოველნი ბოროტნი ამა ქვეყნისა შესვამენ მას და გამოსცლიან. ხოლო მე მარადის ვაუწყებ, ვუგალობებ დიდებას იაკობის ღმერთს. ბოროტთა რქები ერთიანად შეიმუსრება, მართალთა რქები კი ამაღლდება! გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, დიდია ისრაელში მისი სახელი. სალემშია მისი კარავი, ხოლო მისი სავანე სიონშია. იქ შემუსრა მან მშვილდის ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. დიდებული ხარ შენ, და უფრო ბრწყინვალე, ვიდრე მთები სალოცავი. გულმაგრები გაძარცვეს; ჩათვლიმეს, ჩაეძინათ, მეომრებს ხელებმა უმტყუნეს. შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ცხენსაც და მხედარსაც. საშიში ხარ შენ! ვინ შეძლებს დადგეს შენს წინაშე განრისხების ჟამს? ზეციდან შეგვასმინე შენ სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა, როდესაც აღსდგა ღმერთი განსჯისათვის, ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის დასახსნელად. ადამიანის რისხვა გადაიქცევა მადლიერებად, ხოლო რისხვის ნატამალს შენ მოთოკავ. აღუთქვით და აღუსრულეთ აღთქმანი უფალს, თქვენს ღმერთს, მის ირგვლივ ყველამ ძღვენი მიართვას საშიშს, ის ამდაბლებს მთავრებს, შიშის ზარს სცემს მეფეებს ამა ქვეყნისა. გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ასაფის ფსალმუნი. ჩემი ხმა ღმერთის მიმართაა და მე შევღაღადებ მას; ჩემი ხმა ღმერთის მიმართაა და ის მომისმენს. ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ; ღამღამობით გაწვდილია ჩემი ხელი და არ ივანებს, უარყოფს ნუგეშს სული ჩემი. ვიხსენებ ღმერთს და ვკვნესი, ვფიქრობ, და უძლურდება სული ჩემი. თვალიც არ მომახუჭინე, შევძრწუნდი და ხმას ვეღარ ვიღებ. ვიგონებ ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს; ვიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულს ვესაუბრები, სული ჩემი ეძიებს პასუხს: ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მომისურვებს? ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, სამარადჟამოდ დასრულდა მისი აღთქმანი? სამუდამოდ დაივიწყა შეწყალება ღმერთმა? უარყო რისხვით სიბრალული? და ვთქვი: ჩემი უბედურება უზენაესის მარჯვენის შეცვლაა. გავიხსენებ უფლის საქმეებს, ჭეშმარიტად გავიხსენებ შენს ძველ სასწაულებს. ჩავუკვირდები ყველა შენს საქმეს, დავფიქრდები შენს ნამოქმედარზე. ღმერთო, წმიდაა შენი გზა! რომელი ღმერთია შენსავით დიდი? შენა ხარ ღმერთი, სასწაულთმოქმედი; შენ გამოავლინე ერებზე ძლიერება შენი. შენი მკლავით გამოიხსენი შენი ერი – იაკობისა და იოსების ძენი. როდესაც გიხილეს წყლებმა, ღმერთო, როდესაც გიხილეს წყლებმა, შეძრწუნდნენ, ზღვათა უფსკრულებიც კი შეიძრნენ. გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, დაიქუხეს ცათა, შენმა ისრებმა იელვეს. შენი გრგვინივის ხმამ დაიგრგვინა ცის თაღზე – გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა. ზღვაში გაიარა შენმა გზამ და შენმა ბილიკმა – დიდ მდინარეებში, და მაინც შენი კვალი უცნობი დარჩა. ფარასავით მიუძღოდი შენ შენს ხალხს მოსესა და აარონის ხელით. მოძღვრება; ასაფისა. ისმინე, ჩემო ხალხო, რჯული ჩემი; ყური მოაპყარ ჩემს ბაგეთა სიტყვებს. მისმინეთ, იგავების საუწყებლად გავხსნი ბაგეებს, ავამეტყველებ ბნელ გამოცანებს უძველეს დროთა, რაც გვსმენია და გაგვიგია, რაც უამბიათ ჩვენთვის ჩვენს მამებს, არ დავუმალავთ ამას მათ შვილებს, ვაუწყებთ მომავალ თაობას ჩვენი უფლის დიდებულ საქმეებს, მის ძლიერებას და სასწაულებს, რომელნიც მან ქმნა. რადგან დაუდგინა წესდება იაკობს და დაუდო რჯული ისრაელს, დაუწესა იგი ჩვენს მამებს მათ შვილთათვის საუწყებლად; რათა შეიტყოს მომავლმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან და გაუცხადონ თავიანთ შვილებს, რომ ღმერთზე უნდა დაამყარონ იმედი, არ დაივიწყონ საქმენი ღმრთისა და დაიცვან მისი მცნებანი; არ დაემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილსა და ურჩ თაობას, თაობას, რომელმაც არ მოამზადა გული თავისი და არ უერთგულა ღმერთს სულით. ძენი ეფრემისა, მშვილდით აღჭურვილნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს, რადგან არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს. დაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა. მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა მან სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე. გააპო ზღვა და შიგ გაატარა, კედლად წამომართა წყლები, დღისით ღრუბელით მიუძღოდა მათ, და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით. გააპო კლდენი უდაბნოში და მისცა მათ წყალი ვით უფსკრულის წყალსატევიდან. გადმოადინა კლდის ნაკადები, მდინარესავით წარმოადინა წყლები. ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, ეურჩებოდნენ უზენაესს უდაბნოში. სცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, მოითხოვდნენ საკვებს თავიანთი სულისათვის. ლაპარაკობდნენ ღმერთის წინააღმდეგ, ამბობდნენ: განა შეძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას? აჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოდინდა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცითაც მოამარაგებს თავის ხალხს? ესმა უფალს და განრისხდა, მოედო ცეცხლი იაკობს, რისხვა აღიმართა ისრაელზე, რადგან არ ერწმუნენ ღმერთს და მისი ხსნის იმედი არ ჰქონდათ. და მაინც უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან, და გახსნა ცათა ბჭენი; გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ, და ციური პური მისცა მათ. ანგელოზთა პურს ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად. აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი, აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა – ფრთოსანი ფრინველი. ჩამოყარა მათ ბანაკთან, მათი საცხოვრისების გარშემო. ჭამეს და გაძღნენ, შეუსრულა სურვილი მათი. მაგრამ ჯერ კიდევ არ გამძღარიყვნენ, საჭმელი ჯერ კიდევ პირში ჰქონდათ, რომ ღვთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები, და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა. და მაინც შესცოდეს კიდევ, და არ ირწმუნეს მისი სასწაულები. მაშინ დაასრულა მათი დღეები ფუჭად და მათი წლები – ძრწოლით. როდესაც ხოცავდა, მაშინ ეძიებდნენ მას და კვლავ ბრუნდებოდნენ ღმერთისაკენ. იხსენებდნენ, რომ ღმერთია მათი სიმაგრე, და უზენაესი ღმერთია მათი მხსნელი. მაგრამ ელაქუცებოდნენ პირით, და ცრუ იყო მათი ენის სიტყვები; რადგან არ იყო მათი გული წრფელი მის მიმართ და არ იყვნენ ერთგულნი მისი აღთქმისა. მაგრამ მან, გულმოწყალემ, შეუნდო მათ ცოდვა და არ მოსპო, მრავალჯერ უკუაგდო თავისი რისხვა და არ აღაგზნო მთელი თავისი გულისწყრომა. რადგან ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი, ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ დაბრუნდება. რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს იგი უკაცრიელ ადგილას. და სცდიდნენ ღმერთს ისევ და ისევ, შეურაცხყოფდნენ ისრაელის სიწმიდეს. არ ახსოვდათ ხელი მისი, დღეები, როცა დაიხსნა მტრისგან; როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები, და საოცრებანი ცოყანის ველზე; როცა გადააქცია სისხლად მდინარენი და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ. მიუსია ბუზანკალი მათ დასაკბენად და – ბაყაყი მათ დასაღუპად. და მისცა მუხლუხოს მათი მოსავალი, და მათი ნაჯაფი – კალიას; სეტყვით მოსრა ვენახი მათი, და სიკომორო მათი – თრთვილით; მისცა სეტყვას მათი პირუტყვი, და ხორშაკ ქარებს – ჯოგები მათი; მოუვლინა მათ თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გასაჭირი, როს წარუგზავნა უკეთური ანგელოზები; გზა გაუკვალა თავის მრისხანებას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი სიცოცხლე ჭირს მისცა; განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი – ქამის კარვებში. ცხვარივით გაირეკა თავისი ხალხი, და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა. ფხიზლად უძღოდა მათ და შიში არ ჰქონდათ, მათი მტრები კი ზღვამ ჩაიტანა. მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიპოვა მისმა მარჯვენამ. განდევნა მათ წინ ხალხები, გაუნაწილა მათ მიწები სამკვიდრებლად, დაასახლა მათ კარვებში ისრაელის ტომები. კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, და მისი მცნებანი არ დაიცვეს. უკან იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით. განარისხეს თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური. ისმინა ღმერთმა და განრისხდა და სრულიად მოიძულა ისრაელი. მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული. და ტყვედ გასწირა სიმაგრე თვისი და დიდება თვისი მტერს ჩაუგდო ხელთ. გასწირა მახვილისათვის თავისი ხალხი, თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა. მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა, და მისმა ქალწულებმა ვერ ისმინეს საქორწილო სიმღერა. მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ, მათმა ქვრივებმა ვერ დაიტირეს. მაგრამ გაიღვიძა უფალმა, ვითარცა მძინარემ, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა; და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიაგო მათ. უარყო იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ გამოირჩია. გამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარს. მოაწყო თავისი ტაძარი ცასავით, და დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა იგი. ამოირჩია დავითი, თავისი მონა და წამოიყვანა ცხვრის ფარეხებიდან. ცხვრის მწველავთაგან წამოიყვანა ის, რათა ემწყემსა იაკობი – ერი თავისი – და ისრაელი, თავისი წილხვედრი. და მწყემსა ისინი წრფელი გულით და მარჯვე ხელით უძღოდა მათ. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, ერები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში; შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს. მისცეს შენს მსახურთა გვამები ცის ფრინველებს საჯიჯგნად, შენთა წმიდათა სხეულები – მიწის ნადირებს. წყალივით დაღვარეს მათი სისხლი იერუსალიმის გარშემო, და დამმარხავი არავინაა. სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისთვის, მასხარად ასაგდები და დასაცინი – ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის. როდემდე უფალო? ნუთუ შენი რისხვა სამუდამოა? სამუდამოდ იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი? გადმოღვარე შენი რისხვა ერებზე, რომლებიც არ გიცნობენ, და სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ მოუხმობენ! რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს. ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავძაბუნდით. გვიშველე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის გადაგვარჩინე, შეგვინდე ცოდვები შენი სახელის გულისათვის! რატომ უნდა თქვან ერებმა: სად არის მათი ღმერთი? დაე ჩვენს თვალწინ ცნობილი გახდეს ერებს შორის შენს მსახურთა დათხეული სისხლის შურისძიება! მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ, შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სიკვდილის შვილებს! დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო! ხოლო ჩვენ – შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი – მადლობას შემოგწირავთ მარადჟამს; თაობიდან თაობებს მოვუთხრობთ შენს დიდებას. გუნდის ლოტბარს. შოშანისებურად. ასაფისა. ფსალმუნი. ყური მომაპყარ, მწყემსო ისრაელისა, წინ რომ უძღოდი იოსებს, ვითარცა ცხვარს! ქერუბიმებზე ამხედრებულო, გამოგვეცხადე. ეფრემის, ბენიამინისა და მანაშეს წინაშე აღაგზნე შენი ძალა და გამოეშურე ჩვენს სახსნელად! ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; დაე გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით! უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვის მიმართ? გამოკვებე ისინი ცრემლიანი პურით და შეასვი თასი, ცრემლებით სავსე. დაგვსვი გასაკიცხად ჩვენს მეზობლებში, და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ. ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, დაე გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით! ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ერები და დანერგე ის; გაწმინდე ადგილი მის წინ, გაადგმევინე ფესვები და აავსო ქვეყანა. მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა რქებმა – მაღალი კედრები; რქები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე – ტოტები თვისი. რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი, ისე რომ ყოველი გამვლელი ძარცვავს მას? ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირნი კორტნიან მას. შემობრუნდი, ღმერთო ძალთაო! გადმოგვხედე ზეციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს. გაამაგრე ის, რაც დანერგა შენმა მარჯვენამ, ყლორტი, შენთვის რომ გააძლიერე! დაწვეს ცეცხლით, აკაფეს; შენი სახის რისხვით იღუპებიან. იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე! ჩვენ კი არასდროს არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ! უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, დაე გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით! გუნდის ლოტბარს, გითითის ხმაზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას; სიხარულით შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს! აამაღლეთ სიმღერა, დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად. ჩაჰბერეთ ბუკს ახალმთვარეობისას, სავსე მთვარეზე, ჩვენს დღესასწაულზე. რადგან ეს არის კვალი ისრაელისა, წესდება იაკობის ღმერთისა. ეს დაადგინა მან მოწმობად იოსებისთვის, რაჟამს გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ იცოდა, ისმინა: „მოვხსენი ტვირთი მხრებიდან, ხელები გავუთავისუფლე გოდრისაგან. გაჭირვებაში მომიხმე და გიხსენი, გიპასუხე ქუხილის იდუმალი საუფლოდან, გამოგცადე მერიბას წყლებზე. ისმინე, ჩემო ხალხო, და გიმოწმებ! ისრაელო, თუ მომისმენ მე! არ იყოს შენში სხვა ღმერთი, თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს. მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე პირი შენი და მე აღვავსებ მას. მაგრამ არ ისმინა ჩემმა ხალხმა ჩემი ხმა, და ისრაელი არ დამემორჩილა. მაშინ მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, დაე იარონ თავიანთ ნებაზე. ჩემს ხალხს რომ ესმინა ჩემი და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო, მალე მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი. უფლის მოძულენი ლიქნას დაუწყებდნენ და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო. ნოყიერი ხორბლით გამოვკვებავდი და კლდის თაფლით გავაძღობდი.“ ფსალმუნი ასაფისა. უფალი დადგა ღმერთთა კრებულში, ღმერთებს შორის ქმნა სამართალი: როდემდე განიკითხავთ უსამართლოდ და მიემხრობით ბოროტთ? განიკითხეთ გლახაკი და ობოლი, მიეცით სამართალი ღარიბსა და ღატაკს. გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით. არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა. მე ვთქვი: ღმერთები ხართ თქვენ, და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი. მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები და დაეცემით, როგორც ერთი მთავართაგანი. აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ერს! გალობა. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, ნუ დადუმდები, ყურს ნუ დაიხშავ და ნუ დამშვიდდები! რადგან აჰა, შენი მტრები ღრიალებენ, და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს. შენი ხალხის წინააღმდეგ საიდუმლოდ მზაკვრობენ და თათბირობენ მათ წინააღმდეგ, შენ რომ იფარავ. თქვეს: მოდით, ამოვძირკვოთ ისინი, როგორც ერი და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა! მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა; ედომის ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა; გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ცორელებთან ერთად. აშურიც მათ დაუკავშირდა, და შეიქნენ მკლავნი ლოტის ძეთათვის. ჰქმენ ისინი, როგორც მიდიანი, როგორც სისერა, როგორც იაბინი კიშონის ხევზე; რომლებიც განადგურდნენ ყენ-დორში, გადაიქცნენ მინდვრის სასუქად. დამართე მათ დიდებულებს იგივე, რაც ყორებს და ზეებს, რაც ზებახს და ცალმუნაყს, და ყველა მათ მთავარს, რომელნიც ამბობდნენ: დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი ღვთისა. ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში; როგორც ცეცხლი წვავს ტყეს, და ალი ბუგავს მთებს, ისე დაედევნე მათ შენი რისხვით, და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი! აავსე მათი პირი სირცხვილით, რათა ეძიონ შენი სახელი, უფალო. შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამუდამოდ, შერცხვენილნი დაიღუპონ. მიხვდნენ, რომ შენი სახელია უფალი, და მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყანაზე. გუნდის ლოტბარს. გითითის ხმაზე. კორახის ძეთა. ფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა! ნატრობს და ელტვის ჩემი სული უფლის ეზოებს; გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან ცოცხალ ღმერთს. ჩიტიც კი პოულობს ბინას და მერცხალი ბუდეს, რომ ჩასხას თავისი ბარტყები შენს საკურთხევლებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო! კურთხეულ არიან შენს სახლში მკვიდრნი, მარადჟამს შენი მადიდებელნი იქნებიან ისინი! ნეტარ არიან კაცნი, რომელთა ძლიერებაც შენშია, რომელთა გულშიც სიონისკენ აღმავალი გზაა. ხრიოკ ველზე გავლისას მას წყაროდ გადააქცევენ, კურთხევით დაფარავს მათ ადრეული წვიმა. ძლიერებიდან ძლიერებისკენ ივლიან, ღმერთის წინაშე გამოცხადდებიან სიონში. უფალო, ღმერთო ძალთაო, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა! იხილე ჩვენი ფარი, იხილე, ღმერთო, მოხედე შენი ცხებულის სახეს! რადგან ერთი დღე შენს ეზოებში სჯობს სხვაგან ათასს; ჩემი ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტთა კარვებში ბინადრობას. რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლისა და ღირსების მომნიჭებელია უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ. უფალო ძალთა! კურთხეულია კაცი, შენზე მონდობილი! გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. უფალო, შენ მოწყალე იყავი შენი ქვეყნისათვის, შენ აღადგინე კეთილდღეობა იაკობისა, მიუტევე ურჯულოება შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. შენ აგვარიდე შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება. მოგვაქციე ჩვენ, ჩვენი ხსნის ღმერთო, და წარხოცე შენი რისხვა ჩვენზე! ნუთუ სამუდამოა შენი მრისხანება, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს რისხვას ჩვენზე? ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ხალხმა იხაროს შენით? გვიჩვენე, უფალო, წყალობა შენი და გვიბოძე შემწეობა შენი. მე კი შევისმენ, რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას ეტყვის ის თავის ხალხს, თავის წმიდებს, და ისინი აღარ დაუბრუნდებიან უგუნურებას. მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში. წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა ეამბორებიან ერთიმეორეს. ჭეშმარიტება აღმოცენდება დედამიწიდან და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს. აჰა, უფალი გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა გამოსცემს ნაყოფს. სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს. ლოცვა დავითისა. ყური მომაპყარ, უფალო და მიპასუხე, რადგან ღარიბი და ღატაკი ვარ მე. დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ მე; იხსენ მორჩილი შენი, რომელიც შენ გესავს. შენ ხარ ჩემი ღმერთი; შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე. გაახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყრობ ჩემს სულს. რადგან კეთილი და შემბრალე ხარ შენ, უფალო, და დიდად მოწყალე ყველასთვის, ვინც შენ მოგიხმობს. ისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარა, ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან შენ მიპასუხებ მე. არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, და არც მსგავსი საქმეთა შენთა. ყოველი ერი, შექმნილი შენგან, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს; რადგან დიდი ხარ და სასწაულთმოქმედი, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი. მასწავლე, უფალო, შენი გზა, რათა ვიარო შენი ჭეშმარიტებით. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით. მადლობას გწირავ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და ვადიდებ შენს სახელს უკუნისამდე. რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, შენ იხსენი ჩემი სული შავეთის უფსკრულთაგან. ღმერთო! ამპარტავანნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა კრებული ეძიებს ჩემს სულს, და არად შეგრაცხეს თავიანთ წინაშე. შენ კი, უფალო, შენ ხარ ღმერთი შემბრალე და მადლმოსილი, ნელი რისხვაში, დიდად მოწყალე და ჭეშმარიტი. მოიქეც ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი ძალა შენს მორჩილს და იხსენ ძე შენი მხევლისა. მიჩვენე ნიშანი შენი სიკეთისა, რათა იხილონ ჩემმა მოძულეებმა და შერცხვნენ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და მანუგეშე მე. კორახის ძეთა. ფსალმუნი. გალობა. წმიდა მთაზე დგას მისი დაფუძნებული ქალაქი, უყვარს უფალს სიონის ბჭენი იაკობის ყველა სამყოფელზე მეტად. ქება-დიდებას გიძღვნიან შენ, ღმერთის ქალაქო. რაჰაბსა და ბაბილონს ვახსენებ მათ შორის, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ცორი ქუშთან ერთად: ეს დაიბადა იქ – ამბობენ ისინი. სიონზე კი იტყვიან: ესა და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი. უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. როკავენ და მღერიან: „ყველა ჩემი წყარო შენშია.“ გალობა. ფსალმუნი კორახის ძეთა. გუნდის ლოტბარს. მახალათის ხმაზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. უფალო, ღმერთო ჩემი ხსნისა, შენს წინაშე ვღაღადებ დღისით და ღამით! მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას! რადგან აღივსო წუხილით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება. შევირაცხე მათ გვერდით, ვინც სამარეში ჩადის, შევიქენი, ვითარცა კაცი უძლური, მკვდრებს შორის ჩაგდებული, განგმირული, სამარეში მდებარე, ვისაც აღარც იხსენებ, რადგან შენი ხელით არის განგმირული. მომათავსე ქვესკნელის ორმოში, წყვდიადსა და სიღრმეში. თავს დამატყდა შენი რისხვა, და ყველა შენმა ტალღამ ჩემზე გადაიარა. შენ განმაშორე ჩემი ნაცნობნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დატყვევებული ვარ და ვერ გამოვდივარ. თვალი დამებინდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს. განა მკვდრებისთვის იქმ სასწაულებს? განა მიცვალებულნი წამოდგებიან და მადლობას შემოგწირავენ? განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე, და ჯოჯოხეთში – შენს ჭეშმარიტებაზე? განა შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს – დავიწყების ქვეყანაში? მე კი, უფალო, შენ გევედრები, განთიადისას ჩემი ლოცვა წინ გეგებება. რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, შენი პირისახე დაფარე ჩემგან? საწყალი და ტანჯული ვარ ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ; დავუძლურდი. თავზე გადამიარა შენმა რისხვამ, შიშის ზარმა გამანადგურა. მთელი დღე წყალივით გარს მივლიდნენ, გარს მერტყმოდნენ ყველანი ერთად. შენ განმაშორე მოყვასი და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან. მოძღვრება. ეთან ეზრახელისა. მარადჟამს ვუგალობებ უფლის წყალობებს, თაობებს აუწყებს შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირი. რადგან ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდება წყალობა შენი, ცათა შინა განამტკიცებ ჭეშმარიტებას შენსას. შენ თქვი: „შევკარ პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მსახურს: ‘უკუნისამდე დავადგენ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს.’“ განადიდებენ ზეცანი შენს საოცრებებს, უფალო, შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში! რადგან ვინ შეედრება ზეცაში უფალს, ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილთა შორის? დიდებულია ღმერთი წმიდათა კრებულში, და საშიშია ყველასთვის ირგვლივ. უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მძლავრი? შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა! შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, შენ ამშვიდებ აბობოქრებულ ტალღებს. დაამსხვრიე რაჰაბი, როგორც განგმირული; ძლიერი მკლავით გაფანტე მტრები. შენია ცანი, დედამიწაც შენია; სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე. ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერიან. შენია მკლავი მაგარი; ძლიერია ხელი შენი, მაღალია მარჯვენა შენი. სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება შენი სახის წინაშე დადიან. კურთხეულია ხალხი, რომელიც სცნობს საზეიმო ხმებს, რომელნიც შენი სახის შუქით დადის, უფალო; ვინც შენი სახელით ილხენს ყოველდღე და შენს სიმართლეს ადიდებს. რადგან შენა ხარ დიდება მათი ძალისა, და შენი ნებით ამაღლდება ჩვენი რქა. რადგან უფალი არის ჩვენი ფარი და ისრაელის წმიდა – მეუფე ჩვენი. მაშინ დაელაპარაკე ხილვით შენს წმიდას და უთხარი: „ვუბოძე დახმარება გმირს; ავამაღლე რჩეული ხალხისაგან; ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, და ჩემი წმიდა ზეთი ვცხე მას. ჩემი ხელი წარმართავს მას, და ჩემი მკლავი განამტკიცებს მას. ვერ დაჯაბნის მას მტერი, და ვერც ურჯულოების ძე დაჩაგრავს მას. მოვსრავ მის წინაშე მის მოდავეთ, და მის მოძულეებს დავამხობ; ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით ამაღლდება ღირსება მისი. ზღვას გადავაწვდენ მის ხელს, და მდინარეებს – მის მარჯვენას. ის მომიხმობს: ‘შენ მამა ხარ ჩემი, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა.’ და მეც პირმშოდ დავადგენ მას, ქვეყნიერების მეფეებზე აღმატებულებას ვუბოძებ, უკუნისამდე შევუნარჩუნებ წყალობას ჩემსას, და ჩემი აღთქმა მტკიცე იქნება მისთვის. დავამკვიდრებ უკუნისამდე მის ნაშიერს და მის ტახტს, ვითარცა დღეებს ზეცათა. თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვნენ, თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ, კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით – შეცოდებას. მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ერთგულებას. არ უარვყოფ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს. ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით; არ ვეცრუები დავითს. მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს წინაშე; დამკვიდრდება მთვარესავით უკუნისამდე, და იქნება ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში.“ მაგრამ ახლა მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე! უგულებელჰყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი; მოშალე ყველა ზღუდენი მისნი; ნანგრევებად აქციე მისი სიმაგრენი. ძარცვავს მას ყველა გამვლელ-გამომვლელი, მეზობლის დასაცინი გახდა; მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი. დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე გამარჯვებით ომში; გააცამტვერე სიწმიდე მისი და ტახტი მისი მიწასთან გაასწორე; შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. როდემდე დაგვეფარები, უფალო? ნუთუ მარადჟამს იგიზგიზებს ცეცხლივით შენი რისხვა? გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; როგორ ამაოებად შეჰქმენი ყოველი ძე კაცისა! ვინ არის კაცი, რომ სიკვდილი არ იხილოს, და იხსნას სული თვისი ჯოჯოხეთის ხელთაგან? სად არის შენი ძველი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით? გაიხსენე, უფალო, შენს მორჩილთა დამცირება, უბით რომ ვატარებ ძლიერ ხალხთაგან. როგორ მწყევლიან შენი მტრები, უფალო, როგორ წყევლიან შენი ცხებულის კვალს. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე! ამინ, ამინ! ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! შენ იყავი ჩვენი თავშესაფარი თაობებიდან თაობებამდე. ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, თვით უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი. კვლავ მტვრად აქცევ კაცს და ამბობ: დაბრუნდით, ძენო კაცთანო! რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, ან ერთი გუშაგობა ღამისა. ღვართქაფივით გააქანებ მათ, სიზმარს ემსგავსებიან, ბალახს, რომელიც ფერს იცვლის ყოველ დილით: დილას ყვავის და განახლდება, საღამოს კი ჭკნება და ხმება. რადგან დავილიეთ შენი რისხვით და შენმა გულისწყრომამ შეგვაძრწუნა. ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო შეცოდებანი – შენი სახის შუქის წინ. რადგან ყველა ჩვენი დღე განილევა შენი რისხვით, ისე მიდის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნთქვა. ჩვენს წელთა რიცხვი 70 წელია, ჯანმაგრობის დროს კი – 80 წელი; და ამათგან უმეტესი ჯაფაა და არარაობა, სწრაფად მიქრიან და ჩვენც იქით მივფრინავთ. ვინ იცის შენი რისხვის ძალა, და შენი მძვინვარება შენი შიშისამებრ? გვასწავლე ჩვენს დღეთა დათვლა, რათა შევიძინოთ გული სიბრძნისა. მობრუნდი, უფალო, – როდემდე ვიქნებით მიტოვებულნი? – ნუგეში ეცი შენს მორჩილებს! გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, რათა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა. გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ დაგვტანჯე, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ. იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება – მათმა შვილებმა. იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე! უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლადძლიერის ჩრდილქვეშ განისვენებს. ეტყვის უფალს: „ჩემი ფარი და სიმაგრეა ღმერთი ჩემი, რომელსაც ვესავ.“ ის გიხსნის მონადირის მახისაგან, მომსრავი ჭირისაგან; ბუმბულს გადაგაფარებს, და მის ფრთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება. არ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი – დღისით გაფრენილი, შავი ჭირი – ბნელში მოარული, სენი – შუადღისას მძვინვარე. დაეცემა შენს გვერდით ათასი და 10 ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება. მხოლოდ შენი თვალით შეხედავ და დაინახავ საზღაურს ბოროტთა. რადგან შენა ხარ, უფალო, ჩემი თავშესაფარი, – შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი, არ შეგემთხვევა სიავე, წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს. რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან შენ ყველა შენს გზაზე. ხელში აყვანილს გატარებენ, ფეხი რომ არ წამოჰკრა ქვას. ლომსა და ასპიტს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ. რაკი შემიყვარა, ვიხსნი მას, დავიფარავ, რადგან შეიცნო სახელი ჩემი. მომიხმობს და ვუპასუხებ, მასთან ვიქნები გასაჭირში; გამოვიხსნი და განვადიდებ. დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას ვუჩვენებ ჩემსას. ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია, მადლი შევწიროთ უფალს, და ვუგალობოთ დიდება შენს სახელს, უზენაესო! ვაუწყოთ დილ-დილობით შენი წყალობა და შენი ერთგულება – ღამ-ღამობით. ათსიმიანსა და ჩანგზე, ქნარზე გალობით. რადგან შენ გამახარე, უფალო, შენი საქმეებით, შენს ხელთა საქმეს ვუმღერებ ლხენით. რაოდენ ღრმაა შენი ზრახვანი, უფალო, რაოდენ დიდია შენი საქმენი! უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას, რადგან თუმცა ბოროტნი ყვავიან ბალახივით, და სიმრუდის მოქმედნი იფურჩქნებიან, ისინი დაიღუპებიან სამუდამოდ. შენ კი მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო! რადგანაც, შენი მტრები, უფალო, რადგანაც აგერ შენი მტრები დაიღუპებიან, განიბნევა ყველა სიმრუდის მოქმედი. მაგრამ შენ აამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქასავით, ახალ ზეთს მცხებ მე. ჩემი თვალი იხილავს ჩემი მტრების დაცემას, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები. წმიდანნი კი ფინიკივით გაიფურჩქნებიან, ლიბანის კედარივით წამოიმართებიან. უფლის სახლში არიან დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში ყვავიან; სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს, წვნიანსა და ხასხასას; რათა გაცხადდეს, რომ მართალია უფალი; ის არის ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა. უფალი მეფობს, დიდებითაა მოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; მტკიცედ დააფუძნა სამყარო, არ შეირყევა. მტკიცედ დგას შენი ტახტი დასაბამიდან; მარადისობიდან ხარ შენ. აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, ხმა აიმაღლეს მდინარეებმა, აღმართეს მდინარეებმა ტალღების ღრიალი; უფალი მაღალი უფრო ძლიერია, ვიდრე ღრიალი წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღებზე ძლიერია უფალი! მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად; შენს სახლს შეშვენის სიწმინდე, უფალო, სამარადჟამოდ. უფალო, ღმერთო შურისგებისა, ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი! წამოიმართე, ქვეყნიერების მსაჯულო, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს! ვიდრემდე იზეიმებენ, უფალო, ბოროტნი, ვიდრემდე უნდა ილხენდნენ ბოროტნი? სიცრუეს ამბობენ ქედმაღლად, ტრაბახობენ სიმრუდის მოქმედნი. ჩაგრავენ შენს ხალხს, უფალო, ტანჯავენ შენს სამკვიდროს. ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ჟლეტენ. ამბობენ: ვერ იხილავს უფალი, ვერც გაიგებს ღმერთი იაკობისა. გონს მოდით, უგუნურნო ხალხისა! უმეცარნო, როდის დაბრძენდებით? ყურის დამნერგავს განა არ ესმის? თვალის შემქმნელი განა ვერ ხედავს? ერთა გამრიგე განა ვერ ამხილებს – ის, ვინც აწვდის ადამიანს ცოდნას? უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რომ ამაოა ისინი. ნეტარია კაცი, რომელსაც სწვრთნი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი. შენ ასვენებ მას ავი დღეებისაგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს. რადგან არ გასწირავს უფალი თავის ხალხს და თავის სამკვიდროს არ მიატოვებს; რადგან სამართალი დაბრუნდება მართლებთან, და მას გაჰყვება ყველა გულმართალი. ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებს? მხარში ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ? უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ცოტაც და, დასახლდებოდა ჩემი სული დუმილის ქვეყანაში. როდესაც ვთქვი: „მომიცურდა ფეხი,“ შენმა წყალობამ განმამტკიცა, უფალო. როცა ზრუნვით მევსება გული, შენი ნუგეში მიამებს სულს. ნუთუ შემოგიერთდება უკუღმართობის ტახტი, უსამართლობას რომ სჩადის შენი რჯულის წინააღმდეგ? ილაშქრებენ მართლის სულზე, და წმიდა სისხლს ბრალში ხვევენ. მაგრამ უფალი არის ჩემი მტკიცე სიმაგრე, ღმერთია ჩემი თავშესაფრის კლდე. უკან მიუბრუნებს მათ თავიანთ უსამართლობას და მათი სიავისათვის მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი! მოდით, ვუგალობოთ უფალს, სიხარულით შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს! სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე, და სიხარულის ხოტბა შევასხათ მას. რადგან უფალი არის დიადი ღმერთი, დიადი მეფე, ყველა ღვთაებაზე აღმატებული; მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია. მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთიც მის ხელთა ქმნილებაა. მოდით, თაყვანი ვცეთ და შევუვრდეთ, მუხლი მოვიდრიკოთ უფლის, ჩვენი შემოქმედის წინაშე! რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი – მისი სამწყსოს ხალხი ვართ და ცხვარი მისი სამწყემსი. ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა! ნუ გაისასტიკებთ გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს მასას უდაბნოში როდესაც გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს – თუმცა იხილეს ჩემი საქმენი. ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ, და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან ჩემი გზები. ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, ახარეთ დღითი დღე ხსნა მისმიერი. აუწყეთ ერებს მისი ღირსება, ყველა ხალხებს – მისი სასწაულები! რადგან დიდია უფალი და ღირსსაქები მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის. რადგან ერების ყველა ღმერთები კერპებია, ხოლო უფალმა შექმნა ცანი. ღირსება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიმძლავრე და მშვენება – მის ტაძარში. შესწირეთ უფალს, ტომებო ერთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება! შესწირეთ უფალს მისი სახელის დიდება. წაიღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში! თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! უთხარით ერებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით. გამხიარულდნენ ცანი და ილხინოს ქვეყანამ; იხმაუროს ზღვამ და სავსებამ მისმა. გაიხაროს ველმა და ყოველმა, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტყისანი უფლის წინაშე, რადგან ის მოდის, რადგან ის მოდის ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს – თავისი ჭეშმარიტებით. უფალი მეფობს; იხაროს ქვეყნიერებამ, ილხინოს მრავალმა კუნძულმა! ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ, სიმართლესა და სამართალზე არის დაფუძნებული მისი ტახტი. ცეცხლი დადის მის წინაშე, სწვავს მის მტრებს ყოველი მხრიდან. მისი ელვანი ანათებენ სამყაროს; ხედავს ქვეყანა და ძრწის. მთები ცვილივით დნებიან უფლის წინაშე, მთელი ქვეყნიერების უფლის წინაშე. ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს, ყველა ხალხებმა იხილეს დიდება მისი. შერცხვენილია ქანდაკების ყველა მსახური, ყველა, ვინც ფუჭი კერპებით იქადის; ყველა ღმერთი მუხლს იდრეკს მის წინაშე. ესმის სიონს და უხარია, და ილხენენ იუდას ასულნი, შენ სამართალთა გამო, უფალო! რადგან შენ, უფალო, უზენაესი ხარ მთელ ქვეყანაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე. უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება! ის იცავს მის წმიდათა სიცოცხლეს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ. ნათელი იღვრება მართალთათვის და გულწრფელთათვის – მხიარულება. იხარეთ, მართალნო, უფლით, მადლი შესწირეთ მის წმიდა სახელს! ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა მან! გამარჯვება მოუტანა მას მისმა მარჯვენამ და წმიდა მკლავმა. გააცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, სიმართლე თვისი გადაშალა ერების თვალწინ. გაუხსენა თავისი წყალობა და ჭეშმარიტება ისრაელის სახლს; დედამიწის ყველა კუთხემ იხილა ჩვენი ღმერთის გამარჯვება. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყანავ! შესძახეთ სიხარულით, უგალობეთ დიდება! უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და გალობის ხმით! რქითა და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ აღფრთოვანებით მეუფეს, უფალს! ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისნი მკვიდრნი! მდინარეებმა ტაში შემოჰკრან, იხარონ მთებმა ერთობლივად უფლის წინაშე, რადგანაც მოდის ქვეყნიერების განსასჯელად. განსჯის მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს – სისწორით. უფალი მეფობს; შეძრწუნდნენ ხალხები! ქერუბიმებზეა ამხედრებული, შეიძრეს ქვეყანა. დიდია უფალი სიონში, მაღალია ყველა ხალხებზე. აქონ შენი სახელი, დიდი და საშიში – წმიდაა იგი! სიძლიერეს მეფისას უყვარს სამართალი. შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე სრულჰქმენ იაკობში. აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის ფერხთა საყრდენს! წმიდაა იგი! მოსე და აარონი იყვნენ მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის, ისინი უხმობდნენ უფალს და ის პასუხობდა მათ. ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკებოდა მათ; დაიცვეს მათ მისი მცნებანი და წესდება, მათთვის მიცემული. უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ პასუხობდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, მაგრამ შურისმგებელი მათი შეცდომებისთვის. აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას! რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი! ფსალმუნი. სახოტბო. შეჰღაღადეთ სიხარულით უფალს, ყველა ქვეყნებო! ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით! უწყოდეთ, რომ უფალი ღმერთია; მისი შექმნილები ვართ და არა თვით ჩვენი, მისი ხალხი ვართ და ცხვრები მისი სამწყსოსი. შედით მის კარიბჭეებში მადლის შეწირვით, მის ეზოებში – ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი! რადგან კეთილია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება მისი. დავითის ფსალმუნი. წყალობისა და სამართლის შესახებ ვიმღერებ; შენ შეგასხამ ხოტბას, უფალო! ვიფიქრებ უბიწო გზაზე: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უმანკოებით ჩემს სახლში. თვალწინ არ დავიყენებ არაფერს უკეთურს; დამნაშავეთა საქმე მოვიძულე, არ მომეკარება. მრუდე გული შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ მინდა ვცნობდე. მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს არ მოვითმენ. თვალს მივაპყრობ მართლებს ქვეყნისა, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით დადის, ის იქნება ჩემი მსახური. ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქმნელი; სიცრუის მთქმელი ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ. დღითიდღე მოვსპობ ქვეყანაში ყველა ბოროტს, რათა განიდევნოს უფლის ქალაქიდან ყოველი სიმრუდის მოქმედი. ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, და ჩემი ღაღადისი მოვიდეს შენთან! ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური; ოდეს მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე! რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღენი და ჩემი ძვლები ვარვარებს, როგორც კოცონი. ბალახივით დაჭკნა და გახმა ჩემი გული, მავიწყდება ჩემი პურის ჭამა. ჩემი კვნესის ხმისაგან ხორცს მიჰკვრია ჩემი ძვლები. დავემსგავსე უდაბნოს ფრინველს, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანგრევებში. ძილი გამიტყდა და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე. ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმაქიქებლები საწყევლად იყენებენ ჩემს სახელს; რადგან პურივით ვჭამდი ნაცარს და ჩემს სასმელს ცრემლით ვაზავებდი შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო; რადგან ამიყვანე და დამანარცხე. ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და ბალახივით ვხმები. შენი არსება კი, უფალო, საუკუნოა, შენი ხსენება – თაობიდან თაობამდე. შენ აღსდგები და შეიწყალებ სიონს, რადგან ჟამია შეწყალებისა. აჰა, მოვიდა აღთქმული ჟამი! რადგან უყვართ შენს მსახურთ მისი ქვები და მისი მიწა ენანებათ. შეეშინდებათ ერებს უფლის სახელისა და ამა ქვეყნის ყველა მეფეს შენი დიდების. როდესაც აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი დიდებით; მოხედავს გულმოდრეკილთა ლოცვას და არ უკუაგდებს მათ ვედრებას. დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის, და ხალხი, რომელიც დაიბადება, ადიდებს უფალს. რადგან მან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან, მოიხილა უფალმა ზეციდან ქვეყანა, რათა შეესმინა პატიმრის კვნესა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი. რათა აუწყონ სიონს უფლის სახელი და ქება მისი იერუსალიმს, როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის მსახურებისთვის. გაასავათა მან გზაში ჩემი ძალა, შეამცირა ჩემი დღენი. ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ ჩემი დღეების ნახევარს! თაობიდან თაობამდეა შენი წლები. ძველთაგან დააფუძნე დედამიწა, და შენს ხელთა ქმნილებაა ზეცა. ისინი გარდავლენ, შენ კი იქნები; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან, სამოსელივით გამოიცვლი მათ და გაქრებიან. შენ კი იგივე ხარ, და შენი წლები არ დაილევა! იცხოვრებენ უსაფრთხოდ შენს მსახურთა ძენი და შთამომავალი მათი დამკვიდრდება შენს წინაშე. დავითისა. ადიდე, სულო ჩემო, უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო, მისი წმიდა სახელი! ადიდე, სულო ჩემო, უფალი, არ დაივიწყო მთელი მისი სიკეთე! ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა, საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, წყალობისა და შებრალების გვირგვინის დამდგმელი, სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, არწივივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა. სიმართლეს და სამართალს იქმს უფალი ყველა ჩაგრულისათვის. აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანთ – თვისი საქმენი. შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. სამუდამოდ არ გაწყრება და არც მისი რისხვა არის საუკუნო. არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგებს და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხდის. რადგან როგორც ცა მაღალია დედამიწაზე, ასევე დიდია წყალობა მისი მოშიშთა მიმართ; როგორც შორს არის აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე განგვაშორა მან დანაშაულნი ჩვენნი. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარებს უფალი მის მოშიშებს; ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ; ბალახივით არის დღენი კაცისა; ველის ყვავილივით აყვავდება; მაგრამ ქარი გადაუქროლებს და აღარ არის, მისმა ადგილმა აღარაფერი იცის მის შესახებ; ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ, და მისი სიმართლე – შვილთაშვილებზე; მათზე, ვინც იცავს თავის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და აღასრულებს მათ. ცაში დაიდგა ტახტი უფალმა, და მეუფება მისი განაგებს ყოველივეს. ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის აღმსრულებელნო, მორჩილნო მისი სიტყვისა! ადიდეთ უფალი, ყოველნო დასნო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების აღმსრულებელნო! ადიდეთ უფალი, ყოველნი საქმენი მისნი, მისი მეუფების ყოველ ადგილას! ადიდე, სულო ჩემო, უფალი! აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად. ღირსებითა და დიდებითა ხარ მოსილი. გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა კარავივით, ვინც წყლებზე ააგო ზესართულები, ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე. რომელმაც ქმნა ქარები თავის ანგელოზებად, და ცეცხლი და ალი – თავის მსახურებად. დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე. უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები; შენი რისხვისგან გარბიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. ადიან მთანი, ჩადიან ველები, იმ ადგილას, სადაც დაუდგინე. საზღვარი დაუდე – ვერ გადალახავენ, ვეღარ დაბრუნდებიან დედამიწის დასაფარად. მიუშვი წყაროები ხევებში, რათა მთებს შორის იდინონ; რომ დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, კანჯრებმა მოიკლან წყურვილი. ცის ფრინველნი დამკვიდრებულან მათთან, ტოტოებიდან ხმიანობენ. რწყავ მთებს შენი ზესართულებიდან; შენს საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა. აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეებს – ადამიანის მსახურებისთვის, რათა გამოიღოს საკვები მიწიდან, და ღვინო, რათა გაამხიარულოს გული კაცისა, საცხებელმა გააბრწყინოს სახე მისი, და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა. გაძღნენ წყლით უფლის ხეები და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა. ჩიტები იდებენ იქ ბუდეს: კვიპაროსები ყანჩას სახლია. მთანი მაღალნი – ქურციკთათვის, კლდენი – კურდღელთა თავშესაფარი. შექმენ მთვარე ჟამთათვის; მზემ იცის თავისი დასავლის ჟამი. ჩამოაწვენ ბნელს და დგება ღამე, მაშინ ამოძრავდება ტყის ყველა ნადირი. ლომის ბოკვერები ბრდღვინავენ ნადავლისათვის, მოითხოვენ ღმერთისგან საკვებს. ამობრწყინდება მზე და გროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში წვებიან. გადის ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე. რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი ქმნილებებით. ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, ცხოველნი – მცირენი დიდებთან ერთად. იქ ხომალდები დადიან; ლევიათანი – ეს შენ შექმენი გასართობად. ყველა შენგან მოელის საზრდოს თავთავის დროზე. მისცემ და აიღებენ, გახსნი შენს ხელს – გაძღებიან სიკეთით. დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – იხოცებიან, კვლავ მტვრად მიიქცევიან; გაგზავნი შენს სულს – წარმოიქმნებიან, და განაახლებ პირს მიწისას. იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე! იხაროს უფალმა თავისი ქმნილებით! დახედავს დედამიწას და ათრთოლდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან! ვუგალობებ უფალს მთელი ჩემი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. სათნო იყოს მისთვის ჩემი ფიქრები! გავიხარებ უფალში. გაქრნენ ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი ნუღარ იქნებიან! აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ალელუია! ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ერებს მისი საქმენი. ადიდეთ იგი, უგალობეთ მას, აუწყეთ მისი სასწაულები! განდიდდით მისი წმიდა სახელით! გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა! ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის! გაიხსენეთ მისი საოცარი საქმენი, სასწაულები და მის ბაგეთა მსჯავრნი! თესლო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო! ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი; მთელ ქვეყნიერებაზეა მისი სამართალნი. ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომელიც დაადგინა ათას თაობამდე, რომელიც დაუდო აბრაამს, რომელიც შეჰფიცა ისააკს. რაც დაუდგინა იაკობს წესად, და ისრაელს – სამარადჟამო აღთქმად. უთხრა: „შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას შენი მემკვიდრეობის წილად.“ როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი და იქაური ხიზნები, როდესაც გადიოდნენ ერთი ერიდან მეორესთან, ერთი სამეფოდან მეორეში, არავის ანებებდა მათ დაჩაგვრას, და ამუნათებდა მათ გამო მეფეებს: „არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არაფერი ავნოთ.“ და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა. გაგზავნა მათ წინ კაცი, მონად გაიყიდა იოსები. გატანჯეს ბორკილებით ფერხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს, ვიდრე ასრულდებოდა მისი ნათქვამი; უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი. გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი; ხალხთა გამგებელმა გამოიხსნა იგი. დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებლად მთელი თავისი მონაგარისა. რათა მოქცეოდა მის მთავრებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი. მაშინ მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, ხიზანი გახდა იაკობი ქამის ქვეყანაში. და ააღორძინა ღმერთმა თავისი ხალხი ფრიად და გაამრავლა მის მტრებზე მეტად, მოაქცია მათი გული უფლის ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ მზაკვრობის განსაზრახად. გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, და აარონი, რომელიც ამოირჩია. ქმნეს მათში მისი სასწაულები, საოცრებანი მოიმოქმედეს ქამის ქვეყანაში. მიავლინა წყვდიადი და იქმნა ღამე, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე. აქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები. აავსო მათი ქვეყანა ბაყაყით, თვით მეფეთა პალატებიც კი. თქვა და მოვიდა ბუზანკალი, მკბენარი – მთელს მათ საზღვრებში. წვიმის მაგიერ სეტყვა გაუგზავნა, ალმოდებული ცეცხლი – მათ ქვეყანას. მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი, და დალეწა ხეები მათ საზღვრებში. თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი, და გადაჭამეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადასანსლეს მთელი ნაყოფი მათი მინდვრისა. მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა. გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური. გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდა მათი შიში. გადააფარა ღრუბელი საჩრდილობლად და ცეცხლი – ღამის გასანათებლად. ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი. გახსნა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა ნაკადებად უდაბნოში მდინარედ. რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა აბრაამის, თავისი მორჩილის, მიმართ. გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით. მისცა მათ წარმართთა ქვეყნები, და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ. რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს დაემორჩილონ. ალელუია! ადიდეთ უფალი! მადლი შესწირეთ უფალს, რადგან კეთილია; წყალობა მისი მარადიულია! ვის ძალუძს აუწყოს უფლის სიძლიერე, გამოთქვას მისი ქება-დიდება? ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს! გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობისას, მომხედე შენმიერი შველით, რათა ვიხილო სიკეთე შენს რჩეულთა, გავიხარო შენი ერის სიხარულით, და ვიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად. შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ. ვერ შეიცნეს ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და აგიმხედრდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე. მაგრამ მან იხსნა ისინი თავისი სახელის გულისათვის, რათა შეეცნოთ ძლიერება მისი. შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და გაატარა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში. იხსნა მოძულის ხელიდან და განარინა მტრის ძალისაგან. წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ დარჩენილა. მაშინ ირწმუნეს მისი სიტყვები, იმღერეს მისი ქება. მაგრამ აჩქარდნენ, დაივიწყეს მისი საქმენი, არ დაელოდნენ მის რჩევას. აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას. და შეუსრულა თხოვნა მათი, მაგრამ მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს. როდესაც შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდის აარონის მიმართ, გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა. მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს. გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს ჩამოსხმულ კერპს. გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველი ხარის გამოსახულებაში. დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდ საქმეთა მოქმედი ეგვიპტეში, საოცრებათა მოქმედი ქამის ქვეყანაში, საშინელებათა მეწამულ ზღვაზე. წარმოთქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა მისი რისხვა, და აღარ მოესრა ისინი. შემდეგ კი დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს სიტყვები მისი. დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას. მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში და გაეფანტა მათი ნაშიერი ერებს შორის და განებნია ისინი ქვეყნებში. დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდრების შესაწირავი. განარისხეს თავიანთი მოქმედებით; და თავს დაატყდათ მომსვრელი სენი. წამოდგა ფინეხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსვრელი სენი. ჩაეთვალა მას ეს სიმართლედ თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ. განარისხეს მერიბას წყლებზე და დაისაჯა მოსე მათ გამო, რადგანაც სული გაუმწარეს და აჩქარებული სიტყვა გამოთქვა თავისი ბაგეებით. არ მოსპეს ერები, როგორც უფალმა უბრძანა მათ, აირივნენ წარმართებში და ისწავლეს მათი საქმეები. ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ იქცნენ მათთვის. სწირავდნენ თავიანთი ძეებს და ასულებს დემონებს. დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით. შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით. მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი. ხელში ჩაუგდო ისინი ერებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი. ავიწროებდნენ მათ მტრები, და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით. მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი უჯანყდებოდნენ თავიანთი ზრახვებით, და დამდაბლდნენ ბრალით. და მაინც მოხედა მათ გაჭირვებას, როცა ისმინა მათი ღაღადი. გაიხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალებით. აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათ დამტყვევებელს შორის. გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე წარმართთაგან, რათა მადლი შევწიროთ შენს წმიდა სახელს და განვდიდეთ შენი ქება-დიდებით! კურთხეულ არის უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი! მადლი შესწირეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ასე სთქვან დახსნილებმა უფლის მიერ, რომელნიც იხსნა მტრის ხელთაგან და გამოკრიბა ისინი ქვეყნებიდან – აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. აებნათ მათ გზა უკაცრიელ უდაბნოში, დაბა ვერ ჰპოვეს დასამკვიდრებლად; შიოდათ და სწყუროდათ, სული მისდიოდათ. მაშინ შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გასაჭირისგან იხსნა ისინი. დააყენა სწორ გზაზე, რათა მისულიყვნენ დასახლებულ ქალაქში. დაე, შესწირონ უფალს მადლი წყალობისათვის, საოცრებათათვის ადამის ძეთა მიმართ! რადგან გააძღო მან სული მწყურვალი, და სული მშიერი აავსო სიკეთით. ისხდნენ ისინი ბნელში და სიკვდილის წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა, რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის მცნებებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ. მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და იხსნა ისინი ურვისაგან. გამოიყვანა ბნელიდან და სიკვდილის წყვდიადიდან, ბორკილები მათი დაწყვიტა, დაე, შესწირონ უფალს მადლი წყალობისათვის, საოცრებათათვის ადამის ძეთა მიმართ! რადგან შემუსრა ბჭენი რვალისა და დაფშვნა ურდულნი რკინისა. ბრიყვნი თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ, ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და მიუახლოვდნენ სიკვდილის კარიბჭეს. შეჰღაღადეს უფალს გაჭირვების ჟამს და ურვისგან იხსნა ისინი. მოუვლინა სიტყვა თავისი და განკურნა ისინი, იხსნა ისინი საფლავებიდან. დაე, აქონ უფლის წყალობა და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ! შესწირონ შესაწირავები ქებისა და აუწყონ მისი საქმეები გალობით! ზღვაში ხომალდებით მოგზაურებმა, დიდ წყლებზე საქმის აღმსრულებლებმა, რომელთაც ნახეს უფლის საქმენი და მისი საოცრებანი სიღრმეებში. ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი, და ზეაღიმართებიან ზვირთები, ავლენ ზეცამდე, ჩავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დაილევა. წრიალებენ და ირყევიან, ვითარცა მთვრალნი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა. მაგრამ შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გამოიყვანა ისინი ურვიდან. დააწყნარა ზღვის ღელვა და დაადუმა მისი ტალღები. გამხიარულდნენ, რადგან დაწყნარდნენ; და წარუძღვა ნანატრ ადგილას, დაე, აქონ უფლის წყალობა და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, დაე, აღამაღლონ ის ხალხის კრებულში და მოხუცებულთა შესაკრებელში ხოტბა შეასხან! აქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს – ურწყულად. ნაყოფიერ მიწას – ბიცად, მის მკვიდრთა უკეთურების გამო. აქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას – წყაროს წყლად. ასახლებს იქ მშიერთ, და აფუძნებენ ისინი დასახლებულ ქალაქს; თესავენ მინდვრებს და აშენებენ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ; აკურთხებს მათ და მრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს. როდესაც დამცირდებიან და მოიდრიკებიან ჩაგვრის, სალმობათა და გასაჭირისგან, სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ; ღარიბს კი გამოიყვანს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს. ნახავენ წრფელნი და გაიხარებენ, და ყოველი ურჯულოება აიკრავს პირს. ვინც ბრძენია და დაიცავს ამას, ის გულისხმას ჰყოფს უფლის წყალობას. გალობა. ფსალმუნი. დავითისა. მზად არის ჩემი გული, ღმერთო, მსურს გაქო და გიგალობო; გამოიღვიძე, სულო ჩემო! გამოიღვიძე, ჩანგო და ქნარო! გამოვაღვიძებ ცისკარს! გადიდებ, უფალო, ხალხებს შორის, გიგალობებ ერებს შორის, რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი. ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს შენი დიდება! რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენ შენი მარჯვენით და მიპასუხე! ღმერთმა თქვა თავის სწმიდეში: ვიზეიმებ! გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ. ჩემია გალაადი, ჩემია მანაშე, ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა – კვერთხი ჩემი. მოაბი ავზია ჩემი განსაბანი, ედომს მისწვდებიან ხამლნი ჩემნი, ფილისტიმს დავკივლებ. ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ? ნუთუ შენ არა, ღმერთო, ნუთუ მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან? მოგვეც შეწევნა გასაჭირში, რადგან ამაოა შველა კაცთაგან! ღმერთით შევქმნით ლაშქარს, ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს. გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები. რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით. სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან. ჩემი სიყვარულის წილ გადამემტერნენ, მე კი ვლოცულობ. მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი – ჩემი სიყვარულის წილ. ამბობენ: „დააყენე ბოროტი მასზე, და ბრალმდებელი დადგეს მის მარჯვნივ. განკითხვისას გამოვიდეს მტყუანი, და მისი ლოცვა ცოდვად შეერაცხოს! იყოს დღეები მისი მცირე, და მისი ქონება სხვამ მოიხვეჭოს. დარჩნენ მისი შვილები ობლად და მისი ცოლი – ქვრივად. იხეტიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ, ითხოვდნენ პურს მათი ნანგრევებიდან. მოვალემ მიითვისოს, რაც გააჩნია, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი. ნუ ეყოლება მოწყალე, და ნურც შეიწყალებენ მის ობლებს! მოისპოს მისი შთამომავლი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მისი სახელი. გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება! იყოს უფლის თვალის წინ მუდამ, მოისპოს ქვეყნიერებიდან მისი სახსენებელი! რადგან არ გახსენებია წყალობის ქმნა, და სდევნიდა ღარიბ-ღატაკსა და გულდაჩაგრულს მოსაკლავად. შეიყვარა წყევლა – მასვე მიუვიდეს! არ ისურვა კურთხევა – განშორდეს მას! შეიმოსა წყევლით, როგორც სამოსელით, შევიდეს წყევლა, როგორც წყალი, მის შინაგანში, და როგორც ზეთი – მის ძვლებში! იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი, რომელსაც იცვამს, და ვითარცა სარტყელი, გარს რომ ირტყამს.“ ასეთი იყოს მისაგებელი უფლისა ჩემს მაბეზღართა და ჩემს სულზე ავის მთქმელთა მიმართ! ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კეთილია წყალობა შენი, გადამარჩინე! რადგან ღარიბი და ღატაკი ვარ მე და გული ჩემი შეძრწუნდა გვამსა ჩემსა. ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, დავილიე, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით. ჩემი მუხლები დაუძლურდნენ მარხვისაგან, ზეზეურად ჩამოვხმი; შევიქენ მათი სალანძღავი; თავს აქნევდნენ ჩემი დამნახავნი. შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო! მიხსენი შენი წყალობით. დაე, გაიგონ, რომ შენი ხელია ეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს, უფალო. დაე დამწყევლონ, შენ კი მაკურთხებ; აღდგებიან ჩემზე და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს. შეიმოსონ ჩემი მაბეზღარნი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი! ხმამაღლა შევაქებ უფალს ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას, რადგან გვერდით დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სულის განმსჯელთაგან. დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა უფალს ჩემსას: „იჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა ქვეშ.“ კვერთხს შენი ძალისა გამოგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის. შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს. წმიდა ბრწყინვალებით, განთიადის საშოდან, ვითარცა ცვარი, დაიბადება სიჭაბუკე შენი. დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით. უფალი შენს მარჯვინივაა, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს. განსჯის ერებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე. ნაკადულიდან დალევს გზაში; ამიტომ მაღლა ასწევს თავს. ალელუია! მადლობას შევწირავ უფალს მთელი გულით მართალთა საკრებულოსა და თემში. დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მათ მოყვარულთათვის. დიდებული და ბრწყინვალეა მისი საქმე, სიმართლე მისი მარადიულია. სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი; მოწყალე და შემბრალეა უფალი. აძლევს საზრდოს თავის მოშიშებს, ახსოვს მარადის თავისი აღთქმა. აჩვენა თავის ხალხს თავის საქმეთა ძალა, როდესაც მისცა მათ წარმართთა მემკვიდრეობა. მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მისი მცნება, მტკიცეა უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებული ჭეშმარიტებასა და სისწორეზე. ხსნა მოუვლინა თავის ხალხს, მცნებად დაუდო საუკუნოდ თავისი აღთქმა; წმიდა და საშიშია სახელი მისი! სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია. ალელუია! ნეტარ არს კაცი, მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული. მძლავრი იქნება ქვეყანაზე მისი შთამომავლობა; მართალის მოდგმა დაილოცება. სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში, მისი სიმართლე მარადიულია. წრფელთ გამოუბრწყინებს სიბნელეში ნათელს, მოწყალე, შემბრალე და მართალი. კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი – სამართლიანად წარმართავს თავის საქმეებს; რადგან მართალი უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნო იქნება მისი სახსენებელი. ცუდი ამბავი არ შეაშინებს, მტკიცეა მისი გული, უფალზე მინდობილი. იმედიანია მისი გული; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს. განაბნია, მისცა ღატაკთ; სიმართლე მისი მარადიულია, მისი რქა ამაღლებულია დიდებით. ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტთა საწადელი განადგურდება. ალელუია! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი! კურთხეულ იყოს უფლის სახელი ამიერიდან უკუნისამდე! მზის აღსავლიდან დასავალამდე იდიდოს უფლის სახელი! მაღალია ყველა ერებზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება! ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, რომელიც ასე მაღლაა დამკვიდრებული, რომელიც დაბლა დასცქერის ცასა და მიწას? ის წამოაყენებს მტვრიდან საწყალს, სკორედან აღამაღლებს ღატაკს, რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან; რომელიც ბერწს დაამკვიდრებს სახლში, რათა იყოს შვილებით ბედნიერი დედა. ადიდეთ უფალი! როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა – უცხოენოვანი ერისაგან, გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი – მისი სამფლობელო. ზღვამ დაინახა და ილტვოდა, იორდანე უკან გაბრუნდა; მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი ხტოდნენ კრავებივით. რა დაგემართა, ზღვაო, რომ ილტვი, და, იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი? მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით, ბორცვებო, რატომ ხტით კრავებივით? უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე, რომელმაც აქცია კლდე წყალსატევად, კაჟი – წყაროს წყლად! ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობითა და შენი ჭეშმარიტებით. რატომ უნდა თქვან ერებმა: სად არის მათი ღმერთი? ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა. მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ, ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებელნი, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. ისრაელო, მიენდე უფალს! – ის არის მათი შემწე და ფარი. აარონის სახლო, მიენდე უფალს! – ის არის მათი შემწე და ფარი. მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს! – ის არის მათი შემწე და ფარი. უფალს ვახსოვართ – გვაკურთხებს! აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს! აკურთხებს უფლის მოშიშებს, დიდსა და მცირეს. დაე, გამრავლოთ უფალმა თქვენ და თქვენი შვილები. კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ. ცანი – ცანია უფლისა, ხოლო ქვეყანა მისცა კაცთა შვილებს. მკვდრები კი არ აქებენ უფალს, და არც მდუმარებაში ჩასულნი, არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი! მიყვარს უფალი, რადგან ისმენს ჩემს ხმასა და ჩემს ვედრებას; მან მომაპყრო მე ყური, ამიტომ მთელი ჩემი დღენი მუდამ მოვუხმობ მას. გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა, გასაჭირსა და მწუხარებაში ჩავვარდი. მოვუხმობ უფლის სახელს: „გევედრები, უფალო, იხსენ სული ჩემი!“ მოწყალეა უფალი და მართალი, შემბრალეა ღმერთი ჩვენი. იცავს უფალი გულუბრყვილოებს; ოდეს დავუძლურდი, მან მიშველა მე. დაუბრუნდი, სულო ჩემო, სიმშვიდეს შენსას, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ! რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი – ცრემლთაგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისაგან; ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში. მწამდა მაშინაც, როდესაც ვამბობდი: „დავიტანჯე, ფრიად დავიტანჯე.“ ვთქვი შეძრწუნებისას: „ყოველი კაცი ცრუა!“ რით მივაგო უფალს ყველაფრისათვის, რაც მე მომაგო? თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ; ჩემს აღთქმებს უფლისადმი აღვასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე. ძვირფასია უფლის თვალში სიკვდილი მის წმიდათა. უფალო, შენი მორჩილი ვარ; მსახური ვარ შენი, ძე შენი მხევლისა, შენ გახსენი ჩემი ბორკილები. შენ შემოგწირავ მადლობის მსხვერპლს და უფლის სახელს მოვუხმობ. ჩემს აღთქმებს უფლისადმი აღვასრულებ მთელი ხალხის წინაშე, უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი! ადიდეთ უფალი, ყოველნო ერნო! ადიდეთ იგი, ხალხნო ყოველნო! რადგან დიადია ჩვენს მიმართ წყალობა მისი, და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ადიდეთ უფალი! ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! თქვას ისრაელმა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“ თქვას აარონის სახლმა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“ თქვან მოშიშებმა უფლისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“ გაჭირვებიდან მოვუხმე უფალს; სიფართოვით მიპასუხა უფალმა. უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი? უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიზეიმებ ჩემს მტრებზე. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე. ყოველნი თესლ-ტომნი გარს შემომერტყნენ; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ. გარს შემომერტყნენ, გარემომიცვეს, უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ. გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; აბრიალდნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ. ძლიერად მკრეს ხელი ძირს დასაცემად, მაგრამ უფალი შემეწია მე. ჩემი ძალა და გალობაა უფალი, ის არის ჩემი მხსნელი. ხმა სიმღერისა და შეწევნისა მართალთა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის! უფლის მარჯვენა მაღალია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის! არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვაუწყებ უფლის საქმეებს. დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა. გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათში, ვადიდებ უფალს! ეს არის კარიბჭე უფლისა! მართალნი შევლენ შიგ. მადლობას გწირავ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი ხსნა! ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა; უფლისაგან არის ეს; საოცარია ეს ჩვენს თვალში. ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში! გევედრებით, უფალო, გვიხსენი! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან. ღმერთია უფალი და გვინათებს ჩვენ. მიაბით მსხვერპლი საბლით სამსხვერპლოს რქებზე. ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ! ღმერთო ჩემო, მადლობას გწირავ! ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ანბანთქება. ნეტარ არიან, ვისი გზაც უბიწოა, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე. ნეტარ არიან მის მცნებათა დამცველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას. სიავკაცე არ ჩაუდენიათ, არამედ მის გზას ადგანან! შენ უბრძანე მათ შენს განწესებათა დმტკიცედ დაცვა. ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენს წესდებათა დასაცავად! მაშინ აღარ შემრცხვება, ოდეს შევხედავ ყოველ შენს მცნებას. განგადიდებ გულის სიწრფელით, როს მასწავლი სამართალს შენი სიმართლისა. შენს წესებს დავიცავ; ნუ მიმატოვებ საბოლოოდ! რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაცვით მისი შენი სიტყვისამებრ! მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენს მცნებათაგან! გულს ჩავიმარხე შენი სიტყვები, რომ არ შეგცოდო. კურთხეული ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი. ჩემი ბაგეებით ვაუწყებ შენი პირის ყველა სამართალს. შენს მცნებათა გზაზე ვხარობ, ვითარცა სრულ სიმდიდრეში მყოფი. შენს მცნებებზე ვიფიქრებ და დავუკვირდები შენს გზებს. შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვებს. კეთილი უყავ შენს მორჩილს, რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა. აღმიხილე თვალნი, რათა ვჭვრეტდე შენი რჯულის საოცრებებს! მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს! მოითენთა ჩემი სული შენი სამართლის წადილით ყოველჟამს. შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენს მცნებათაგან. ამაცილე შერცხვენა და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი! თუმცა დასხდნენ მთავარნი ჩემს წინააღმდეგ სათათბიროდ, შენი მორჩილი შენს წესებს განსჯის. შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი. დალეთ მტვერს მიეკრა სიცოცხლე ჩემი; გამაცოცხლე შენი სიტყვისამებრ! როდესაც გიცხადებდი ჩემს გზებს, მპასუხობდი; მასწავლე წესები შენი! შენი ბრძანებების გზა შემაგნებინე და ვიფიქრებ შენს საოცრებებზე. ნაღველმა დაადნო ჩემი სული, განმამტკიცე შენი სიტყვისამებრ! გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე! გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე. მივეკარ შენს მცნებებს, უფალო, ნუ გამაწბილებ! შენი მცნებების გზით ვირბენ, როდესაც განავრცობ ჩემს გონებას! მასწავლე, უფალო, გზა შენთა წესთა, და დავიცავ მათ ბოლომდე. გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით. დამაყენე შენს მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი. მიდრიკე ჩემი გული შენს მოწმობათაკენ და არა ანგარებისკენ. მოარიდე ჩემი თვალი ამაოების მზერას; შენი გზით მაცოცხლე! განუმტკიცე შენს მონას სიტყვა შენი, რადგან შენი მოშიშია იგი. ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია! აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე! მოვიდეს ჩემზე შენი წყალობა, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ! მაშინ პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს, რადგან შენი სიტყვის იმედი მაქვს. ნუ წაართმევ ჩემს ბაგეებს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი! დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი. ვაუწყებ შენს მოწმობებს მეფეთა წინაშე და არ შემრცხვება. გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს; ხელებს აღვაპყრობ შენს მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და დავუკვირდები შენს წესებს. გაუხსენე შენს მსახურს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე! ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში, რადგან შენი ნათქვამი მაცოცხლებს. ამპარტავანნი დამცინიან მეტისმეტად; მაგრამ მე არ გადავუხვევ შენი რჯულისგან. ოდეს ვიხსენებ შენს სამართალს, უფალო, რომელიც უკუნისიდანაა, ვიქარვებ დარდს. თავზარი მეცემა ურჯულოთა გამო, რომლებიც ტოვებენ შენს რჯულს. სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში. ვიხსენებ ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავ შენს რჯულს. ეს წყალობაა ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი. უფალია ჩემი ხვედრი; ვთქვი: „უფალო, დავიცავ შენს სიტყვებს!“ გევედრები მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ. ოდეს ვფიქრობ ჩემს გზებზე, ვაბრუნებ ფეხს შენი მცნებებისაკენ. ვჩქარობ და არ ვაყოვნებ შენს მცნებათა დაცვას. თუმცა საბელებივით გარს შემომერტყნენ ბოროტნი, შენს რჯულს არ ვივიწყებ. შუაღამისას ვდგები შენს სადიდებლად, შენი მართალი განსჯების გამო. თანაზიარი ვარ ყველა შენი მოშიშისა, ვინც იცავს შენს მცნებებს. შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება; მასწავლე შენი წესდებანი. შენ კეთილი ქმენ შენი მორჩილისათვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ. მასწავლე მე კეთილი განსჯა და აზრი, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი. ვიდრე დავიტანჯებოდი, ვცდებოდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ. კეთილი ხარ და კეთილს იქმ, მასწავლე წესები შენი. ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე კი მთელი გულით ვიცავ შენს ბრძანებებს. დამსუყდა ქონივით მათი გული, მე კი შენი რჯულით ვხარობ. კარგია ჩემთვის, რომ დავიტანჯე, ამ გზით ვისწავლი წესდებებს შენსას. უმჯობესია ჩემთვის შენი პირის რჯული, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი. შენმა ხელებმა შემქმნეს და ჩამომაყალიბეს; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს. მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მონდობილი. ვიცი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე მე. დაე იყოს შენი წყალობა ჩემს სანუგეშოდ, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს. მოვიდეს ჩემთან შენი წყალობა და ვიცოცხლებ! რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი. შერცხვნენ ამპარტავანნი, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; მე კი შენს ბრძანებებს დავუკვირდები. დაბრუნდნენ ჩემთან შენი მოშიშნი, რათა შეიცნონ შენი მცნებები. იყოს ჩემი გული უბიწო შენს სამართალში, რათა არ შევრცხვე. დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული. შენი სიტყვის იმედი მაქვს. დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: როდის მანუგეშებ მე? ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, და მაინც შენი წესები არ დავივიწყე. რამდენი უნდა დაითმინოს შენმა მორჩილმა? როდის განსჯი ჩემს მდევნელთ? გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ისინი არ მიჰყვებიან შენს რჯულს. ყველა შენი მცნება ჭეშმარიტია; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე. ლამის გამანადგურეს მიწაზე; და მაინც არ მივატოვე შენი ბრძანებები. შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ შენი პირის მოწმობებს. უფალო, უკუნისამდეა შენი სიტყვა დაფუძნებული ზეცაში. თაობიდან თაობამდეა წყალობა შენი! დაამყარე ქვეყანა და მტკიცედ დგას. შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველი არსი შენ გმსახურებს. შენი რჯული რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში. უკუნისამდე არ დავივიწყებ შენს ბრძანებებს, რადგან მათით მასულდგმულებდი. შენი ვარ; მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი! მიდარაჯებენ ბოროტნი, რომ დამღუპონ; მე კი შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები. ყოველგვარი სრულქმნილების მინახავს ბოლო; შენი მცნებანი კი ვრცელია ფრიად. რარიგად მიყვარს შენი რჯული! ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ. ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებებით; რადგან მარადის ჩემთანაა ისინი. ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი საფიქრალია ჩემი. მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ. ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა. არ გადავუხვევ შენს განწესებებს, რადგან შენ განმსწავლე. რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის! შენი ბრძანებებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა. სანთელია ჩემი ფეხისთვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის. დავიფიცე და ავასრულე, მივდევ შენს მართალ განსჯებს. დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ! ჩემი ქების მსხვერპლი ისურვე, უფალო, და შენი სამართალნი მასწავლე. სული ჩემი ჩემს ხელისგულზეა მუდამ, შენს რჯულს არ ვივიწყებ. დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია. დავიმკვიდრე შენი მოწმობანი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია. მოვდრიკე გული ჩემი შენს წესთა შესასრულებლად საუკუნოდ, სამარადისოდ. ბოროტგანმზრახველნი შევიძულე, და შენი რჯული შევიყვარე. თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი; შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. შორს ჩემგან, უკეთურნო, რათა დავიცვა მცნებანი ჩემი ღმერთისა! შემეწიე შენი სიტყვისამებრ, რათა ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს! განმამტკიცე, რათა გადავრჩე, და ყოველთვის დავუკვირდები შენს წესდებებს. შენ მოსპე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან ამაოა მათი ხრიკები. როგორც წიდა, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე შენი მცნებები. ძრწის შენი შიშით ჩემი სხეული და შიში მაქვს შენი განკითხვებისა. ვქმენ სამართალი და სიმართლე; ნუ შემატოვებ ჩემს მჩაგვრელებს. გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ არ დამჩაგრონ ამპარტავნებმა. დადნენ ჩემი თვალნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში. ჰქმენ შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესდებანი შენნი მასწავლე. მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიცნო მოწმობანი შენნი. ჟამია უფლის მოქმედებისა – რადგან დაარღვიეს რჯული შენი! ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად; ამიტომ წარვმართავ ჩემს ნაბიჯებს შენი მცნებებით; მძულს ყოველი გზა სიცრუისა. საოცარია მოწმობანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი. საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, გონიერებას ანიჭებს მიამიტებს. პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი. მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერებათ შენი სახელის მოყვარულთ. ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვისამებრ და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს. მიხსენ ადამიანის ჩაგვრისაგან, რათა შევძლო შენი ბრძანებების დაცვა. შენი სახე გამოუბრწყინე შენს მორჩილს და მასწავლე წესდებანი შენი. ცრემლთა ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს. მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია განსჯანი შენნი. შენ გვამცნე სიმართლით შენი მოწმობანი და ჭეშმარიტია მეტად. დამღრღნა ეჭვმა, რადგან ივიწყებენ შენს სიტყვებს ჩემი მტრები. ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი. მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ. შენი სიმართლე მარადიული სიმართლეა, და რჯული შენი ჭეშმარიტია. განსაცდელი და გასაჭირი წამომეწია; მაგრამ შენი ბრძანებანი სიხარულია ჩემთვის. სიმართლეა შენი მოწმობანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ! მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესდებებს დავიცავ. შენ მოგიხმობ, მიხსენი, და დავიცავ შენს მოწმობებს. გარიჟრაჟამდე ვდგები და ვღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. ჩემმა თვალებმა ასწრებენ ღამის სადარაჯოს, რათა დავუკვირდე შენს აღთქმას. ისმინე ჩემი ხმა მოწყალედ, უფალო, შენი სიმართლით მაცოცხლე. მომიახლოვდნენ ჩემთვის ავისმზრახველნი; შენი რჯულისაგან შორს დგანან ისინი. მაგრამ შენ ახლოს ხარ, უფალო, და ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა. ადრიდანვე შევიტყვე შენს მოწმობათა შესახებ, რადგან სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი. მოხედე ჩემს ტანჯვას და მიხსენი, რადგან შენს რჯულს არ ვივიწყებ! გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი სიტყვისამებრ მაცოცხლე. შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესდებებს არ ეძიებენ. უხვია შენი წყალობანი, უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე. ბევრია ჩემი მდევარი და მოდავე; მე კი შენი მოწმობებისათვის არ გადამიხვევია. ვხედავ განდგომილთ და ზიზღი მიპყრობს, რადგან შენს სიტყვებს არ იცავენ. ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი; უფალო, შენი წყალობისამებრ მაცოცხლე. დასაბამი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა შენი სამართლის ყველა განწესება. მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ; მაგრამ შენი სიტყვების კრძალვა აქვს ჩემს გულს. ვხარობ შენს სიტყვაზე, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა. მძულს და მძაგს სიცრუე; შენი რჯული კი მიყვარს. დღეში შვიდგზის გაქებ შენი მართალი სამსჯავროსათვის. დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება. იმედი მაქვს შენი შეწევნისა, უფალო, და შენს ბრძანებებს ვასრულებ. იცავს ჩემი სული შენს მოწმობებს; მე ისინი მიყვარს ძალიან. ვიცავ შენს ბრძანებებს და მოწმობებს. რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა. მოაღწიოს ჩემმა ღაღადმა შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვისამებრ განმსწავლე! მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, მიხსენი შენი აღთქმისამებრ! წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესდებანი შენნი. აუწყებს ჩემი ენა შენს სიტყვებს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა. იყოს შენი ხელი ჩემს შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე. ვნატრობ შენს შველას, უფალო, და შენი რჯული საამოა ჩემთვის. იცოცხლოს ჩემმა სულმა, რათა გაქოს შენ, და შენი განგება შემეწიოს. დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან შენი მცნებანი არ დავივიწყე! გალობა აღსავალთა. მოვუხმობ უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს, რათა მიპასუხოს: იხსენ, უფალო, ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისგან! რა მოგეცემა შენ და რას შეიძენ, ენავ მზაკვარო? მეომრის წამახული ისრებს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად! ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, კედარის კარვებთან ვბინადრობ! დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მათთან, ვისაც სძულს მშვიდობა. მე მშვიდობა მსურს, მაგრამ როდესაც დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან! გალობა აღსავალთა. თვალებს მივაპყრობ მთებს: საიდან მოვა შეწევნა ჩემი? ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა. არ წააბორძიკებს შენს ფეხს, არ წათვლემს დამცველი შენი. აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა. უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენს მარჯვნივ. დღისით მზე არ გავნებს, და ღამით – მთვარე. უფალი დაგიცავს ყველა სიავისაგან, დაიცავს შენს სულს; უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე. გალობა აღსავალთა. დავითისა. გავიხარე, როდესაც მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ. დგანან ჩვენი ფერხნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო! იერუსალიმი ნაგებია, ვითარცა ქალაქი მტკიცედ შეკრული, სადაც ადიან ტომნი, ტომნი უფლისა – მოწმობა ისრაელისა, – სამადლობელად უფლის სახელისა. რადგან იქ დგას ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა. ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის! დაე დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი! იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, უსაფრთხოება – შენს ციხესიმაგრეებში! ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო ვამბობ: მშვიდობა შენდა! ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ. გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყრობ თვალებს, მკვიდრო ზეცათა! აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონის ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ასევე ჩვენი თვალნი მიპყრობილია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს. შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით! მეტისმეტად აღივსო ჩვენი სული მდიდართა ყვედრებით და ამპარტავანთაგან ჩაგვრით. გალობა აღსავალთა. დავითისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან – თქვას ისრაელმა – უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცნი, მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე. მაშინ წყლები წაგვლეკავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს; გადაუვლიდნენ ჩვენს სულს ბობოქარი წყლები. კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათ კბილთათვის. ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახიდან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით! ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია – ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილნი სიონის ურყევი მთასავით არიან, რომელიც დგას უკუნისამდე. როგორც იერუსალიმს არტყია ირგვლივ მთები, ისე უფალი თავისი ხალხის გარშემოა ამიერიდან უკუნისამდე. რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე. სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს! ხოლო გულარძნილობისკენ გადახრილებს განდევნის უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად. მშვიდობა ისრაელს! გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნა უფალმა ტყვეები სიონისა, თავი სიზმარში გვეგონა. მაშინ აივსო სიცილით ჩვენი ბაგეები და ჩვენი ენა – გალობით; მაშინ ამბობდნენ ერებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთვის. დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთვის, – გავმხიარულდით. დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ნეგების მიწაზე. ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს თავისი ძნები. გალობა აღსავალთა. სოლომონისა. თუ უფალი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ იცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვის პურს, რადგან ძილს ანიჭებს ის თავის საყვარელს. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება მტრებთან კარიბჭეში ლაპარაკისას. გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და დადის მისი გზებით! შენს ხელთა შრომის ნაყოფს შეჭამ შენ, ნეტარება და სიკეთე გექნება შენ! ცოლი შენი, ვითარცა მსხმოიარე ვაზი შენი სახლის კედლებში; შენი შვილები, ვითარცა ზეთისხილის ნორჩი ხეები შენი სუფრის გარშემო. ასე მიიღებს კურთხევას კაცი, მოშიში უფლისა! გაკურთხოს უფალმა სიონიდან, იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე! იხილე შვილნი შვილთა შენთანი! მშვიდობა ისრაელს! გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან – თქვას ისრაელმა, – მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს; ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გრძელი კვლები გაჰყავდათ. უფალი სამართლიანია; დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა. დაე შერცხვნენ და უკუიქცნენ ყოველნი მოძულენი სიონისა! იყვნენ ისინი, ვითარცა ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე ხმება, რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკალი და იღლიას – ძნის შემკვრელი; რომელთაც არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენზე! გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით! გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ, უფალო. უფალო, ისმინე ჩემი ხმა! გთხოვ, მომაპყარ შენი ყური ჩემი ვედრების ხმის შესასმენად! თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? მაგრამ შენგან არის შენდობა, რათა გეკრძალონ. მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული, მის სიტყვას ველოდები. სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას, უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას. ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია ხსნა მისმიერი. ის დაიხსნის ისრაელს ყველა მის ცოდვათაგან. გალობა აღსავალთა. დავითისა. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; არც ჩემთვის ზედმეტად დიადისა და მიუწვდომლისაკენ მივლია. არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას. ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი ყრმა, ისეა ჩემში ჩემი სული. ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე. გალობა აღსავალთა. გაიხსენე დავითი, უფალო, და ყოველი ურვა მისი. როგორ შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს: არ შევალ ჩემი სახლის კარავში, არ ავალ ჩემს სარეცელზე, არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და რულს ჩემს წამწამებს, ვიდრე არ ვიპოვი ადგილს უფლისათვის, სავანეს იაკობის ძლიერისათვის. აჰა, გვესმა მასზე ეფრათაში; ვპოვეთ იგი იაყარის ველზე! მივიდეთ მის სადგომში, თაყვანი ვცეთ მის ფერხთა საყრდენს! აღსდექ, უფალო, და მიდი შენს განსასვენებელში, შენ და კიდობანი შენი ძლიერებისა! შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და იხარონ შენმა წმიდებმა. შენი მორჩილის, დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს. შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად და არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე! თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მოწმობებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე ისხდებიან შენს ტახტზე.“ რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდროდ თავისთვის. ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი. მის საზრდოს კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით. მის ღვთისმსახურთ შევმოსავ შეწევნით და მისი წმიდები სიხარულით გაიხარებენ. აქ აღმოვაცენებ დავითის რქას, გავამზადებ სინათლეს ჩემი ცხებულისათვის. მის მტრებს სირცხვილით შევმოსავ, ხოლო მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი! გალობა აღსავალთა. აჰა, რა კარგია და რა საამურია, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები! როგორც ძვირფასი ზეთი თავზე, წვერებზე რომ ჩამოსწვეთს, აარონის წვერზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოსწვეთს, ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთაზე მოსული! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა – სიცოცხლე უკუნისამდე. სიმღერა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც დგახართ უფლის სახლში ღამღამობით! აღაპყრეთ ხელნი თქვენნი წმინდა ადგილისაკენ და ადიდეთ უფალი! გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა! ალელუია! ადიდეთ სახელი უფლისა! ადიდეთ, მსახურნო უფლისა, რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა! ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან მოწყალეა! რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი – თავის წარჩინებულად. რადგან ვიცი, რომ დიდია უფალი; ჩვენი უფალი ყველა ღმერთზე დიდია. ყოველივეს, რაც სურს, იქმს უფალი, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებსა და უფსკრულებში. ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან. მან მოსრა პირმშო ეგვიპტისა – ადამიანიდან პირუტყვამდე. მოავლინა ნიშნები და სასწაულები შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონისა და მის მსახურეთა წინააღმდეგ. მან მოსრა მრავალი თესლ-ტომი და დახოცა ძლიერი მეფენი: სიხონი – მეფე ამორეველთა, ყოგი – მეფე ბაშანისა, და ყველა მეფე ქანაანისა. და მისცა მათ ქვეყანა სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს – თავის ხალხს. უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა. რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს. წარმართთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ; ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, სუნთქვაც არა აქვს მათ ბაგეებს. მათი მსგავსნი იქნებიან მათი შემქმნელნი და ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. ისრაელის სახლო, აკურთხე უფალი! აარონის სახლო, აკურთხე უფალი! ლევის სახლო, აკურთხე უფალი! უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი! კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი! მადლი შესწირეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მადლი შესწირეთ ღმერთს ღმერთთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მადლი შესწირეთ უფალს უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მარტოდმარტო მოქმედს დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ცათა შემქმნელს გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც დედამიწა განავრცო წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც შექმნა დიდი მნათობები, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მზე – სამართავად დღისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მთვარე და ვარსკვლავები – ღამის სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც განგმირა ეგვიპტელნი თავიანთი პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ორად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და გაატარანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელიც წინ უძღოდა თავის ხალხს უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! სიხონი – მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ყოგი – მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და მისცა მათი ქვეყანა სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მადლი შესწირეთ ცათა ღმერთს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, როდესაც ვიგონებდით სიონს. ძეწნებზე, იქ რომ დგანან, ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები. რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიმღერის სიტყვები და ჩვენმა მჩაგვრელებმა – მხიარულება: „გვიმღერეთ სიმღერა სიონისა!“ როგორ უნდა გვემღერა სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე? თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა! მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ იერუსალიმი არ დავაყენო ჩემი სიხარულის სათავეში! გაუხსენე, უფალო, ედომელთა შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ის ძირისძირამდე! ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც ჩვენ მოგვაწიე! ნეტარი იქნება, ვინც შეიპყრობს შენს ჩვილებს და კლდეს შეანარცხებს! დავითისა. მადლობას გწირავ, უფალო, მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ! თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს, და მადლობას ვწირავ შენს სახელს შენი წყალობისა და ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე ყველაფერზე მეტად შენი სახელი და სიტყვა შენი. რა დღესაც მოგიხმობდი, შენ მპასუხობდი; მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე. განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ შენს ბაგეთა ნათქვამს. და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია დიდება უფლისა. რადგან მაღალია უფალი და თავმდაბალს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს. თუნდაც საფრთხეში გავიარო, შენ მე დამიცავ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი. უფალი თავის მიზანს აღასრულებს ჩემზე; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; ნუ მიატოვებ ხელთა შენთა ქმნილებას. გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. უფალო, შენ გამომცადე და შემიცან მე. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და როდის ვდგები; შეიცნობ ჩემს ზრახვებს შორიდან. ჩემს სვლასა და ჩემს წოლას შენ განსაზღვრავ, და ყველა ჩემი გზა შენ გამოიკვლიე. თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად. უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი. მაოცებს – როგორ შემიცან ასე; მაღალია, ვერ შევწვდები ამას. საით წაუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში თუ ავალ, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავალ – იქაც ხარ შენ! ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი! თუ ვიტყვი: ვაი თუ ბნელმა დამფაროს, – ღამეც კი სინათლედ გადაიქცევა ჩემს ირგვლივ. სიბნელეც არაა წყვდიადი შენთვის, და ღამე დღესავით განათდება; რადგან სიბნელეც სინათლეა შენთვის! რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედის წიაღში. გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი! კარგად ვიცი ეს მე. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი მიწის წიაღში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილი იყო ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი. რაოდენ ძვირფასია შენი ზრახვანი ჩემთვის, ღმერთო! რაოდენ დიდია მათი რიცხვი! თუ დავთვლი, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძებ და, ისევ შენთან ვარ! ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს! ნეტავ გამშორდნენ სისხლისმსმელები! ავს რომ ამბობენ შენზე და ბოროტად სარგებლობენ შენი სახელით. განა არ უნდა მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოდავეებს არ უნდა ვედაო? სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, და მტრებად მექცნენ მე. გამომცადე, ღმერთო, და შეიცან ჩემი გული; შემამოწმე და შეიცან ჩემი აზრები. იხილე, ბოროტების გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეხი მარადიულ გზაზე! გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. მიხსენ, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე! რადგან ბოროტებას იზრახავენ ისინი გულში და ყოველდღე საომრად ემზადებიან. გველივით მოილესეს ენები, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელისაგან, მოძალადე კაცთაგან დამიფარე, რომელთაც განიზრახეს ჩემი ნაბიჯების დაბრკოლება! გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. – ვუთხარი უფალს: „ჩემი ღმერთი ხარ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა!“ უფალო, ღმერთო ჩემო, ძალავ ჩემი ხსნისა! შენ დაიფარე ჩემი თავი ბრძოლის დღეს! ნუ აღასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, დაფაროს ჩემს გარემომცველთა თავი მათ ბაგეთა ბოროტებამ; გავარვარებული ნაკვერჩხლები დაეფრქვეთ თავზე, ჩაინთქნენ ისინი ღრმა ორმოში, რომ ვეღარ წამოდგნენ! ავსიტყვა კაცი ნუ გაძლებს ქვეყანაზე, მოძალადე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად! ვიცი, რომ განიკითხავს უფალი გლახაკს და მისცემს სამართალს უპოვართ. ხოლო მართალნი მადლს შესწირავენ შენს სახელს, და წრფელნი დამკვიდრდებიან შენს წინაშე. ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ! ისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ! წარემართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი, ჩემს ხელთა აღპყრობა იყოს საღამოს მსხვერპლი! დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაიცავი ბაგენი ჩემნი. არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისაკენ, ბოროტ საქმეთა ჩასადენად ურჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათი სუფრიდან! დაე, დამსაჯოს მართალმა: ეს წყალობაა; დაე, მამხილოს: ეს რჩეული ზეთია ჩემი თავისათვის, არ ავნებს ჩემს თავს, რადგან ჩემი ლოცვა მუდამ ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული. დაიმსხვრნენ კლდის ქიმებზე მსაჯულნი მათნი. მაშინ მიხვდებიან, რომ უფლის სიტყვა ჭეშმარიტია. როგორც დალეწილი წისქვილის ქვა მიწაზე, ისე განიბნევა მათი ძვლები შეოლის ყბაში. რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ, ნუ დატოვებ დაუცველს ჩემს სულს! დამიფარე მახისაგან, რომელიც დამიგეს და ურჯულოთა ხაფანგისაგან. დაე გაებნენ თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე. მოძღვრება დავითისა, მისი მღვიმეში ყოფნის დროს. ლოცვა. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, გამოვთქვამ ჩემს გასაჭირს მის წინაშე. როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი! გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე. ვიმზირები მარჯვნივ და ვუყურებ, მაგრამ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემზე. ამიტომ მოგიხმობ, უფალო; ვამბობ: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში. ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემს მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი არიან! გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი! გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგან კეთილს მომაგებ. ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება! მიპასუხე შენი ჭეშმარიტებით, შენი სიმართლით! ნუ შეხვალ სამართალში შენს მსახურთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერავინ. რადგან დევნა მტერმა ჩემი სული, მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში დიდი ხნის მკვდრების მსგავსად. ამიტომ შეწუხდა ჩემში სული ჩემი, გული ჩემი დანაღვლიანდა ჩემში. ვიხსენებ ძველ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, ვუკვირდები შენი ხელის საქმეებს. ვიწვდი ხელებს შენსკენ; ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. მსწრაფლ მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია! ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემსგავსები საფლავში ჩასულებს. მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენი იმედი მაქვს. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რადგან შენსკენ აღვაპყრობ ჩემს სულს. მიხსენ ჩემს მტერთაგან, უფალო; შენთან ვაფარებ თავს! მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი! შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის გზაზე! შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო! შენი სიმართლით გამოიყვანე გასაჭირიდან ჩემი სული! შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე შენი მორჩილი ვარ. დავითისა. კურთხეულ არს უფალი, კლდე ჩემი, რომელიც ასწავლის ჩემს ხელებს ბრძოლას, ჩემს თითებს – ომს. მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ, რომელიც მიფარავს, მიმორჩილებს ჩემს ხალხს. უფალო, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი, ძე ადამისა, რომ რაიმედ მიიჩნევ? ადამიანი ჰგავს ამოსუნთქვას, მისი დღეები – ვითარცა ჩრდილი გარდასული. უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი! შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ! გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ! გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენ და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელთაგან, რომელთა ბაგენი ტყუილს ამბობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ. ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ, შენა ხარ მეფეთათვის ძლევის მიმნიჭებელი, შენ იხსნი დავითს, შენს მსახურს. მიხსენ მე მსახვრალი მახვილისაგან. გადამარჩინე უცხოთესლთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ამბობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. დაე ჩვენი ძენი ნერგებივით იყვნენ სიჭაბუკეში; იყვნენ ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის მშვენივრად თლილი სვეტები. ჩვენი ბეღლები სავსე იყოს მოსავლით; ჩვენი ცხვრები ათასობდნენ და 10 ათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე. ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ, არ იყოს არც ზარალი და არც დანაკლისი და არც გოდება ჩვენს ქუჩებში! ნეტარ არს ხალხი, რომელიც ასეა ნაკურთხი! ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია! ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო და მეფეო ჩემო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. დიდია უფალი და ქებულია ფრიად, სიდიადე მისი მიუწვდომელია. თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეს აუწყებენ. შენს დიად მშვენებას, შენს დიდებას, შენს საოცარ საქმეებს დავუკვირდები. შენს საზარელ სიძლიერეზე ილაპარაკებენ, და მე შენს სიდიადეს ვაუწყებ. შენი მრავალი სიკეთის დიდებას წარმოთქვამენ, და შენს სიმართლეს უმღერებენ. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. კეთილია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობა ყველა მის ქმნილებაზეა. მადლობას მოგიძღვნის შენ, უფალო, ყველა შენი ქმნილება, და შენი წმიდანნი დაგლოცავენ შენ. შენი მეფობის დიდებას აუწყებენ, და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ, რათა ამცნონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე და ბრწყინვალე დიდება შენი მეუფებისა. შენი მეფობა – მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა – თაობებში. უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა. ყველას თვალები შენ შემოგცქერის და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. გახსნი შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს. მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში. ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადს ისმენს და შველის მათ. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს. ხოტბას უფლისა აუწყებს პირი ჩემი, და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე! ადიდეთ უფალი! ადიდე, სულო ჩემო, უფალი! ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ! ნუ დაამყარებთ იმედს მთავრებზე, ადამის ძეებზე, რომელთაც არ შეუძლიათ შველა, როდესაც ამოუვათ სული, დაუბრუნდებიან მიწას; იმ დღესვე განქარდება მისი გეგმები. ნეტარ არს, ვისი შემწეცაა ღმერთი იაკობისა, ვინც უფალზე, მის ღმერთზე ამყარებს იმედს, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია; რომელიც იცავს ერთგულებას უკუნისამდე; იქმს სამართალს ჩაგრულთათვის, აძლევს პურს მშივრებს, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს. უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი აღმართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი. უფალი იცავს ხიზნებს; ქვრივ-ობლებს ამხნევებს, ბოროტთა გზებს კი ანადგურებს. იმეფებს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონო, თაობიდან თაობამდე. ადიდეთ უფალი! ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა: რადგან სასურველია და შეშვენის ქება-დიდება. უფალი აღაშენებს იერუსალიმს, კრებს განდევნილებს ისრაელისა. კურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს უხვევს მათ. იგი განსაზღვრავს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს. დიდია უფალი და ძალმოსილი, მისი გონიერება განუზომელია. ამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტებს კი ამდაბლებს მიწამდე. უმღერეთ უფალს მადლობის გალობით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით! ის ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს; აძლევს საზრდოს პირუტყვს და ყორნის ბახალებს, რომელნიც მოუხმობენ მას. არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს. სათნო არიან უფლისათვის მისი მოშიშნი, მისი წყალობის მოიმედენი. აქე, იერუსალიმო, უფალი! ადიდე შენი ღმერთი, სიონო! რადგან ის ამაგრებს შენი ჭიშკრების ურდულებს, ის აკურთხებს შენს ძეებს. ამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს. წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად რბის ბრძანება მისი. წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლად მიმოფანტავს. გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ? მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს ქარს და წყლებს აღმოადენს. ამცნობს თავის სიტყვას იაკობს, წესებს და სამართალს თვისას – ისრაელს. არ უქმნია ეს არც ერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი! ადიდეთ უფალი! ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი მაღლთა შინა! ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო; ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო! ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ; ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო! ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და მისნო წყალნო, რომელნიც ხართ ცათა ზემოთ! ადიდონ სახელი უფლისა! რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ, და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე; მისცა წესი და ვერვინ გადაუხვევს. ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ზღვის ურჩხულნო და ყოველნო უფსკრულნო! ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო! მთანო და ბორცვნო, მსხმოიარე ხეებო და კედარნო ყოველნო! მხეცნო და პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრინველნო ფრთოსანნო! მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ტომნო, მთავარნო და ყოველნო მმართველნო ქვეყნისა! ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად! ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში. მან აამაღლა რქა თავისი ერისა, დიდება ყოველი მისი წმიდისა, ისრაელის ძეთა, ხალხისა, რომელიც ახლოს არის მასთან. ადიდეთ უფალი! ადიდეთ უფალი! უგალობეთ უფალს გალობა ახალი, დიდება მისი წმიდათა კრებულში! იხაროს ისრაელმა თავისი შემოქმედით, იზეიმონ სიონის ძეებმა თავიანთი მეუფით! განადიდონ მისი სახელი როკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას! რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს თავმდაბლებს გამარჯვებით. იმხიარულონ წმიდებმა ღირსებით, იღაღადონ სიხარულით თავიანთ სარეცლებზე. ღმერთის განდიდება იყოს მათ ხორხში და ორლესული მახვილი მათ ხელში. რათა შური იძიონ ერებზე, დასაჯონ ტომები, შეკრან მათი მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი – რკინის ხუნდებით. განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი! დიდებაა ის ყველა მისი წმიდისათვის. ადიდეთ უფალი! ადიდეთ უფალი! ადიდეთ ღმერთი თავის სიწმიდეში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების სიმყარეში! ადიდეთ იგი მის მძლავრ საქმეთათვის, ადიდეთ იგი მისი უსაზღვრო სიდიადით! ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით! ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებნით და სტვირით! ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი წკრიალა წინწილებით! ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი! ადიდეთ უფალი! იგავნი სოლომონისა, დავითის ძისა, ისრაელის მეფისა. შესაცნობად სიბრძნისა და შეგონებისა, გონიერ ნათქვამთა შესამეცნებლად; ბრძნული ქცევის, სიმართლის, სამართლისა და სიწრფელის სწავლების მისაღებად; ბრიყვთათვის გონიერების, ყმაწვილთათვის ცოდნისა და სიფრთხილის მისანიჭებლად. ისმინოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, გონიერმა კი გამჭრიახობა შეიძინოს, რომ მიხვდეს იგავებსა და ანდაზებს, ბრძენთა სიტყვებსა და გამოცანებს. უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება. ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ გადახვალ, რადგან ისინი ბრწყინვალე გვირგვინია შენს თავზე და მშვენიერი სამკაული შენს ყელზე. შვილო ჩემო, თუ ცოდვილნი ეცდებიან გაცდუნონ, ნუ გაჰყვები მათ. თუ გეტყვიან: „წამოდი ჩვენთან, ჩავუსაფრდეთ სისხლის საღვრელად, უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოთ, და ცოცხლად გადავყლაპოთ ისინი, როგორც შავეთმა საფლავში ჩამავალნი, ყოველგვარ სიმდიდრეს მოვიხვეჭთ, ჩვენს სახლებს ნაყაჩაღარით ავავსებთ; წილი დაიდე ჩვენთან, საერთო ქისა გვექნება ყველას!“ შვილო ჩემო, ნუ ივლი მათი გზით, ფეხი მოარიდე მათ ბილიკებს, რადგან მათი ფეხი საბოროტოდ რბის და სისხლის დათხევას ესწრაფვის; ამაოდ უგებენ ფრინველს მახეს, თუ მისი მახვილი თვალი ხედავს მას. თავიანთი სისხლის დასაღვრელად არიან ჩასაფრებულნი და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან ისინი. ასეთია ყველა უძღები მომხვეჭლის გზები: საკუთარ თავს ღუპავენ ისინი. სიბრძნე ქუჩებში ღაღადებს და მოედნებზე იმაღლებს ხმას; ხალხმრავალ ადგილებში ქადაგებს, ქალაქის კარიბჭის ზღურბლთან ამბობს თავის სათქმელს: „როდემდის უნდა უყვარდეთ უგუნურებს სიბრიყვე? როდემდის უნდა ტკბებოდნენ თავქარიანები თავქარიანობით? და როდემდის უნდა სძულდეთ სულელებს ცოდნა? დაუბრუნდით ჩემს შეგონებებს, აჰა, გამოგითქვამთ ჩემს გულისთქმას, გაუწყებთ ჩემს სიტყვებს. მე მოგიხმობდით, თქვენ კი ყურს არ მიგდებდით; ხელს გიწვდიდით, მაგრამ გამგონე არავინ იყო. თქვენ უგულებელყავით ყველა ჩემი რჩევა და ჩემი შეგონებები არ ისურვეთ. ამიტომ მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე; გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ. როცა ქარიშხალივით დაგაცხრებათ ძრწოლა და უბედურება გრიგალივით დაგატყდებათ თავს, როდესაც გეწევათ უბედურება და გასაჭირი, მაშინ მომიხმობენ და მე არ ვუპასუხებ; ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვიან. რაკი მოიძულეს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს, არ ინდომეს ჩემი რჩევა, მოიძულეს ყველა ჩემი შეგონება, – იგემებენ თავიანთი გზის ნაყოფს და თავიანთი ბოროტი ზრახვებით გაძღებიან. რადგან ბრიყვებს მათი განდგომა მოკლავს და ქარაფშუტებს – მათი დაუდევრობა. ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და არ ექნება უბედურების შიში.“ შვილო ჩემო, თუ მიიღებ ჩემს ნათქვამს და ჩემს მცნებებს დაიუნჯებ, ყურადღებით თუ მოუსმენ სიბრძნეს, შენს გულს მიაპყრობ გონიერებას, თუ გონებას მოუხმობ და აიმაღლებ ხმას საზრიანობისთვის, თუ მიელტვი მას, როგორც ვერცხლს, და ეძიებ მას, როგორც დაფარულ საუნჯეს, მაშინ შეიგნებ უფლის შიშსა და უფლის შეცნობას ჰპოვებ. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისგანაა ცოდნა და გონიერება. ის აგროვებს საზრიანობას პატიოსანთათვის, ის ფარია უბიწოდ მავალთათვის, ის იცავს სამართლის გზებს და წმიდათა ბილიკებს უფრთხილდება. მაშინ შეიცნობ სამართალსა და სიმართლეს და პატიოსნებას – სიკეთის ყველა ბილიკს. მაშინ შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს, განსჯა დაგიფარავს და საზრიანობა დაგიცავს, რათა გიხსნას ბოროტი გზისაგან, სიცრუის მეტყველი კაცისაგან, მათგან, რომელნიც ტოვებენ სწორ გზებს, რათა იარონ სიბნელეში, რომლებიც ხარობენ ბოროტმოქმედებით და ილხენენ ბოროტი უკუღმართობით, რომელთა გზები მრუდეა და რომელთა ბილიკები უკუღმართია; მაშინ გადარჩები უცხო ქალისაგან, მრუშისაგან, რომელიც მლიქვნელი ენით გხიბლავს, რომელმაც დატოვა თავისი სიჭაბუკის მეგობარი და თავისი ღმერთის აღთქმა დაივიწყა, რადგან მისი სახლი სიკვდილის მახეა და მისი ბილიკები შავეთის აჩრდილებისკენ მიემართება. ვერც ერთი იქ ჩასული უკან ვერ ბრუნდება და ვეღარ ჰპოვებს სიცოცხლის გზას. ამიტომ იარე კეთილთა გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო. რადგან წრფელნი ქვეყანას დაიმკვიდრებენ და უბიწონი დარჩებიან მასში; ბოროტნი კი ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან. შვილო ჩემო, ჩემს სწავლებას ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა, რადგან დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებსა და მშვიდობას შეგმატებენ შენ. წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, შეიბი ისინი ყელზე და დაიწერე გულის ფიცარზე, მაშინ ჰპოვებ წყალობასა და სიკეთეს ღმერთისა და კაცის თვალში. მიენდე უფალს მთელი გულით და შენს გონებას ნუ დაენდობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი იგი, და ის წარმართავს შენს ბილიკებს. ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში; გეშინოდეს უფლისა და განერიდე ბოროტებას. მკურნალი იქნება ეს შენი სხეულისთვის და ძალას შემატებს შენს ძვლებს. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებით და მთელი შენი ჭირნახულის პირველნაყოფით, და გაივსება შენი ბეღლები ჭერამდე და მაჭარი აქაფდება შენს საწნახელებში. უფლის წვრთნას, შვილო ჩემო, ნუ უკუაგდგებ და მის შეგონებას ნუ მოიძულებ; რამეთუ ვინც უყვარს, იმას სჯის უფალი, როგორც მამა – საყვარელ შვილს. ნეტარია სიბრძნის მპოვნელი და გონიერების მომხვეჭელი! რადგან სიბრძნის მოხვეჭა ვერცხლის მოხვეჭას სჯობს, და მისი ქონა ხალასი ოქროს ქონას აღემატება. თვალ-მარგალიტზე უფრო ძვირფასია იგი და არაფერი სანატრელი არ შეედრება მას. დღეგრძელობაა მის მარჯვენაში, მის მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი. მისი გზები საამურია, და მისი ყველა ბილიკი მშვიდობაა. სიცოცხლის ხეა იგი მის მსასოებელთათვის; ნეტარია, ვინც მას არ დასთმობს. სიბრძნით დააფუძნა უფალმა დედამიწა, გონებით განამტკიცა ცანი. მისი სიბრძნით უფსკრულები გაიხსნა და ღრუბელნი ცვარს აპკურებენ. შვილო ჩემო! ნუ დაიფარება ეს შენს თვალთაგან; შეინარჩუნე გონიერება და განსჯა. და იქნებიან ისინი სიცოცხლე შენი სულისა და სამკაული შენი ყელისა. მაშინ ივლი უსაფრთხოდ შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება. როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი ძილით დაიძინებ. ნუ შეგაკრთობს უეცარი შიში და ნურც ქარიშხალი, რომელიც ბოროტეულთ ატყდება თავს, რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და დაიცავს შენს ფეხს მახისაგან. ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც სჭირდება, თუ შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება. ნუ ეტყვი მოყვასს: წადი და ხვალ მოდი და მაშინ მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს. ნუ განიზრახავ შენი მოყვასისათვის ბოროტს, თუ ის მოგენდო და ცხოვრობს შენთან. ნუ შეედავები ადამიანს უმიზეზოდ, თუ ბოროტი არ შეუმთხვევია შენთვის. ნუ შეგშურდება მოძალადისა და ნუ აირჩევ ნურც ერთს მის გზათაგან; რადგან სისაძაგლეა უფლის წინაშე მზაკვრობა, წრფელებს კი დაიახლოვებს იგი. უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, ხოლო მართალთა საცხოვრისს აკურთხებს იგი. მკრეხელებს დასცინის, თავმდაბლებს კი მადლს აძლევს იგი. ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ხოლო ბრიყვთა ხვედრი დამცირებაა. ისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, ჭკუა რომ ისწავლოთ. რადგან კარგ შეგონებებს გაძლევთ ის; ნუ მიატოვებთ ჩემს მოძღვრებას, რადგან მეც შვილი ვიყავი ჩემი მამისა, ნებიერი ჩემი დედისა, მამა მასწავლიდა და მეუბნებოდა: „მიიღოს შენმა გულმა ჩემი სიტყვები, დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ. შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, ნუ დაივიწყებ და ნუ გადაუხვევ ჩემს ნათქვამს. ნუ განაგდებ სიბრძნეს და ის შეგეწევა შენ, გიყვარდეს იგი და ის დაგიცავს შენ. სიბრძნის სათავეა სიბრძნის შეძენა, ყოველგვარი საუნჯის ფარდად გამჭრიახობა შეიძინე. განადიდე იგი და აგამაღლებს შენ, პატივს მოგაგებს, თუ შეიტკბობ მას. ის დაგადგამს მადლის გვირგვინს, დიდების შარავანდედით შეგამკობს შენ.“ ისმინე, შვილო ჩემო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიმრავლდება შენი სიცოცხლის წლები. მე გასწავლე სიბრძნის გზა და სწორი გზა მიგითითე. გზაში არ დაგიმოკლდება ნაბიჯი და გაქცეული არ წაიბორძიკებ. კრძალვით მოეპყარ ჩემს დარიგებას, ნუ მიატოვებ, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი. უკეთურთა კვალზე ნუ ივლი და ბოროტთა გზას ნუ დაადგები, ჩამოსცილდი მას და ნუ გაივლი მასზე, გადაუხვიე და გაიარე. რადგან არ დაიძინებენ ისინი, ბოროტება თუ არ ჩაიდინეს, და ძილი გაუკრთებათ, თუ ვინმე არ აცდუნეს, რადგან უღმრთოების პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ. მართალთა კვალი განთიადის ნათელივითაა, რომელიც თანდათან ძლიერდება დღის დადგომამდე. უღმრთოთა გზა კი წყვდიადია, არ იციან, სად წაიბორძიკებენ. შვილო ჩემო, ჩემს სიტყვებს უსმინე და ჩემს ნათქვამს მოაპყარ ყური; ნუ მოიშორებ მათ, გულის წიაღში დაიმარხე, რადგან ისინი სიცოცხლეა მათი მპოვნელისათვის და კურნებაა მთელი მისი სხეულისათვის. ყველა დასაცავზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები. მოიცილე სიცრუე ბაგეთაგან და მზაკვრობა ენისაგან. დაე, შენმა თვალებმა წინ იყურონ, და შენი წამწამები არ დახარო. სწორად წარმართე შენი ნაბიჯები და ყველა შენი გზა უსაფრთხო იქნება. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ და ფეხი შენი განარიდე ბოროტებას. შვილო ჩემო, უსმინე ჩემს სიბრძნეს და ყური მიაპყარ ჩემს სწავლებას, რათა შეინარჩუნო გონიერება და შენმა ბაგეებმა დაიმარხონ ცოდნა. რადგან თაფლი მოსწვეთს უცხო ქალის ბაგეთაგან და ზეთივით ნაზია მისი სიტყვები, ბოლოს კი აბზინდაზე უმწარესი გახდება და ბასრი, ვით ორლესული მახვილი. მისი ფეხი სიკვდილისკენ მიდის, შავეთისკენ მიემართება, სიცოცხლის გზაზე ვერ დადის, გზა-კვალი არეული აქვს, ვეღარას აგნებს. მაშ მისმინეთ, შვილებო და ნუ უკუიქცევით ჩემს სიტყვათაგან. შორს დაიჭირე თავი მისგან და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები, რათა არ მისცე სხვებს შენი ღირსება და წლები შენი სიცოცხლისა – დაუნდობელთ, რათა არ აღივსონ სხვები შენი ძალით, და შენი ნაოფლარით არ გაივსოს უცხოთა სახლები. და აკვნესდები ბოლოს, როცა ძვალ-ტყავად იქცევი, და იტყვი: „რად მოვიძულე დარიგება და შეგონება რად შეიძაგა ჩემმა გულმა? რად არ ვუსმინე ჩემს მწვრთნელთა ხმას, რად არ მივაპყარ ყური დარიგებებს? განადგურების პირასა ვარ თემისა და ხალხის წინაშე.“ სვი წყალი შენი ჭიდან და შენი წყაროდან. რად უნდა იდინონ შენმა წყაროებმა ქუჩებში და ნაკადულებმა – მოედნებზე? მხოლოდ შენი იყოს ისინი და უცხო ნურავინ ჩაგეზიარება. კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარე შენი სიჭაბუკის მეუღლით, საყვარელი შვლითა და ტურფა ნიამორით. მისმა მკერდმა მოგიკლას წყურვილი მარადჟამ, მისი სიყვარულით ტკბებოდე მუდამ! რატომ გიტაცებს, შვილო ჩემო, უცხო ქალი და რატომ ეხვევი უზნეოს მკერდს? რამეთუ უფლის თვალწინაა კაცის გზები, და ის ხედავს მის ყოველ ნაბიჯს. საკუთარი ავკაცობა შეიპყრობს უკეთურს და თავისი ცოდვის ბორკილებში გაიხლართება; მოკვდება უგუნურებით, უზომო სიბრიყვით დაიკარგება. შვილო ჩემო, თუ თავდებად დაუდექი შენს ახლობელს, თუ ხელი მიეცი სხვისთვის, – მახეში გაები შენი სიტყვით, შენი ბაგეთა ნათქვამის ტყვედ ქცეულხარ. ეცადე, შვილო ჩემო, და რაღაც იღონე, რომ გადარჩე შენი მეზობლის ხელიდან: წადი, იჩქარე, შეეხვეწე, არ მოეშვა; თვალი არ მოხუჭო, ძილი არ მიაკარო შენს ქუთუთოებს, იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირისაგან და ვით ფრინველმა ფრინველთა მჭერისგან. მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის გზებს და ისწავლე სიბრძნე. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი და არც ბატონი. ზაფხულში იმზადებს საზრდოს და მოსავლის აღებისას აგროვებს საკვებს. როდემდე იწვები, მცონარავ? როდის გეღირსება გაღვიძება? ცოტას კიდევ იძინებ, ცოტას წასთვლემ, კიდევ იქნები გულხელდაკრეფილი, და თავს დაგადგება სიღატაკე მაწანწალასავით, და გაჭირვება – ყაჩაღივით. კაცი უგვანი და უსამართლო სიცრუეს ვერ იშლის, თვალებს ჭუტავს, ფეხს იცვლის, ხანაც თითებს იშვერს. მანკიერია მისი გული, ბოროტს განიზრახავს ყოველ ჟამს, განხეთქილებას თესავს. ამიტომ ანაზდად ეწევა უბედურება და უკურნებელი მარცხი. ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ამპარტავანი მზერა, ცრუ ენა, უცოდველი სისხლით დასვრილი ხელი, ბოროტ ზრახვათა მზრახველი გული, ბოროტებისკენ მორბენალი ფეხი, ცრუ და მზაკვარი მოწმე, და ძმათა შორის შუღლის მთესავი. დაიცავი, შვილო ჩემო, მცნება მამისა, და დედის დამოძღვრას ნუ გადახვალ. გულზე დაიბნიე სამუდამოდ და ყელზე შემოიხვიე; სიარულისას გიწინამძღვრებენ, ძილში დაგიფარავენ და გამოღვიძებულს კეთილად გესაუბრებიან. რადგან მცნება ლამპარია, სწავლა – სინათლეა, ხოლო შეგონება სიცოცხლის გზაა. ისინი დაგიფარავენ ავი ქალისაგან, უცხო ქალის დაშაქრული ენისაგან. გულში ნუ ჩაგეჭრება მისი მშვენება, და ნუ დაგატყვევებს თავისი წამწამებით, რადგან მეძავის ფასი ნატეხი პურია, სხვისი ცოლი კი მთელი შენი სიცოცხლის მომნადირებელია. ვინ გამოიკრავს ცეცხლს უბეში, სამოსელი რომ არ დაეწვას? თუ გაივლის ვინმე ნაკვერცხლებზე ფეხების დაუწველად? ასევეა სხვის ცოლთან მიმსვლელიც, დამნაშავე იქნება მისი მიმკარებელი. არ შეიზიზღებენ ქურდს, რომელიც ლუკმაპურს იპარავს მშიერი; მაგრამ თუ წაასწრებენ პარვაზე, შვიდმაგად ახდევინებენ, მთელ ქონებას ართმევენ. ვინც ქმრიან ქალთან მრუშობს, უგუნურია. თავს იღუპავს ამის ჩამდენი. გვემასა და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი ვერ წარიხოცება. რადგან ეჭვიანობა ქმარს განარისხებს, და არ დაინდობს ის შურისგების დღეს. არ მიიღებს გამოსასყიდს და არ მოლბება, რაც უნდა აძლიო. შვილო ჩემო, დაიცავი ჩემი სიტყვები და დაიუნჯე ჩემი მცნებები. თვალისჩინივით დაიცავი ჩემი მცნებები და ჩემი რჯული და იცოცხლე. დაიბნიე თითებზე და დაიბეჭდე გულის ფიცარზე. უთხარი სიბრძნეს: „ჩემი და ხარ შენ,“ და საუკეთესო მეგობრად გაიხადე გონიერება, რათა დაგიფარონ მათ სხვისი ცოლისაგან, უცხო ქალისაგან, რომელიც დაშაქრული ენით ცდილობს მოხიბვლას. ერთხელ, როცა ჩემი სახლიდან დარაბაში გავიჭვრიტე, ბრიყვთა შორის დავინახე, ჭაბუკთა შორის შევნიშნე უგუნური ყმაწვილი, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა მისი სახლის კუთხესთან და იმ ქალის სახლისაკენ წავიდა საღამოს მწუხრში, ღამის სიბნელესა და წყვდიადში. და აჰა, გამოდის ქალი მის შესახვედრად, მეძავის სამოსითა და მზაკვარი გულით. თავხედია ის და თავშეუკავებელი, ფეხი შინ არ უჩერდება: ხან ქუჩაშია, ხან მოედნებზე და ყოველ კუთხესთანაა ჩასაფრებული. აჰა, დაიჭირა, ჰკოცნის და ურცხვი სახით ეუბნება: „სამადლობელო მსხვერპლი მქონდა შესაწირი, დღეს შევასრულე ჩემი აღთქმა, ამიტომ გამოვედი შენს შესახვედრად, შენი სახის საძებრად და გიპოვე კიდეც; საფენები დავაგე ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ფერადი ქსოვილი; ჩემს საწოლს მური ვაპკურე, ალოე და დარიჩინი. შემოდი, გავძღეთ დილამდე სიყვარულით, დავტკბეთ ალერსით, რადგან ჩემი ქმარი შინ არ არის, შორ გზაზეა წასული, ფულით სავსე ქისა აიღო ხელში და მხოლოდ სავსე მთვარეობისას დაბრუნდება შინ.“ და აცდუნა თავისი სიტყვებით, თავისი დაშაქრული ენით მოხიბლა იგი. მაშინვე გაჰყვა ყმაწვილი, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შეპყრობილი ცხოველი, სანამ ისარი არ გაუვლის ღვიძლში, ფრინველივით მიისწრაფვის ის მახისკენ და არ იცის, რომ თავს იღუპავს. ახლა კი მისმინეთ, ჩემო შვილებო, მომისმინეთ მე და ყური დაუგდეთ ჩემს ბაგეთა ნათქვამს: ნუ მიბრუნდება თქვენი გული მისი გზებისკენ, ნუ იხეტიალებთ მის ბილიკებზე, რადგან მრავალი განგმირული დასცა მან და რიცხვი არა აქვს მის მსხვეპლთ. მისი სახლი შავეთის გზაა, მკვდართა სავანეში ჩამავალი. განა სიბრძნე არ ღაღადებს? განა გონიერება არ იმაღლებს ხმას? სიმაღლეებზე, გზის პირას, გზაჯვარედინებზე დგას იგი, გვიხმობს ქალაქის კარიბჭეებთან, შესასვლელებთან მოგვიწოდებს: „ხალხნო, თქვენ მოგიხმობთ ჩემი ხმა, ადამიანთა მიმართაა იგი. განისწავლენით უგუნურნო და შეიმეცნეთ სიბრძნე, უმეცარნო; ისმინეთ ჩემი, რადგან სასიკეთოდ გიხმობთ და სიმართლე მოდის ჩემს ბაგეთაგან; რამეთუ ჭეშმარიტებას იტყვის ჩემი პირი და უკეთურება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის. სამართლიანია ჩემი პირის ყოველი სიტყვა, არაა მათში მზაკვრობა და სიცრუე. ყოველი მათგანი სანდოა გამგებისათვის და სწორია ცოდნის მაძიებელთათვის. მიიღეთ ჩემი დარიგება ვერცხლის ნაცვლად, და ცოდნა რჩეული ოქროს წილ. რადგან სიბრძნე სჯობს თვალ-მარგალიტზე და ვერაფერი სანატრელი ვერ შეედრება მას. მე, სიბრძნე, ვმკვიდრობ გონიერებასთან და მოვიპოვებ ცოდნას და განსჯას. უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; ამპარტავანება და ქედმაღლობა, უკეთურების გზა და სიცრუის მეტყველი ბაგენი მძულს მე. ჩემია რჩევა და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა; ჩემი მეშვეობით მეფობენ მეფენი და ხელისუფალნი აწესებენ სამართალს. ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი, ქვეყნის ყოველი მოსამართლე. მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მპოულობენ ჩემი მძებნელნი. ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე. ჩემი ნაყოფი ხალას ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან. სიმართლის გზით დავდივარ, სამართლის ბილიკებით, რათა გავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები. უფალმა შემქმნა თავისი გზის დასაწყისში, ყველა თავის ქმნილებამდე, იმ ჟამითვე. უწინარეს საუკუნეთა აღმოვცენდი, ჟამთ უწინარეს, ქვეყნიერების დასაბამს. უფსკრულთა უწინარეს გავჩნდი, მაშინ, როცა წყალუხვი წყაროებიც ჯერ არ იყო; მე დავიბადე მთების დაფუძნებამდე, ბორცვთა აღმართვამდე, როცა ჯერ კიდევ არ შეექმნა უფალს მიწა და ველ-მინდვრები, სამყაროს დასაბამი მტვერი. როცა ის განამზადებდა ცათა, მე მასთან ვიყავ. როცა წრეს ავლებდა უფსკრულის პირზე, როცა ღრუბელთა ზემოთ ზესკნელს ამყარებდა, როცა ამაგრებდა უფსკრულთა ნაკადებს, როცა ზღვებს წესს უდგენდა, რათა წყლებს არ გადაელახათ ნაპირები, როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა, მე ვიყავ მის წინაშე აღმშენებლად და ყოველდღიურ სიხარულად, ვხარობდი მის წინაშე ყოველ ჟამს, ვხარობდი სამყაროში მის მიწაზე, და ადამის მოდგმა იყო ჩემი სიხარული. და ახლა, მისმინეთ, შვილებო, ნეტარია, ვინც ჩემს გზებს იცავს! ისმინეთ ჩემი შეგონება, იყავით ბრძენნი და ნუ განუდგებით მას. ნეტარია კაცი, რომელიც მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და მელოდება ჩემს ზღურბლთან. რადგან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და მოიხვეჭა უფლის წყალობა; ხოლო ჩემი შემცოდე თავის თავს ავნებს; ყოველ ჩემს მოძულეს სიკვდილი უყვარს.“ სიბრძნემ სახლი აიშენა და გათალა მისი შვიდი ბოძი, დაკლა სამსხვერპლო, ღვინო გააზავა და ტაბლა გაამზადა. დაგზავნა თავისი მხევლები, ქალაქის მაღლობებიდან იძახის: „უგუნურებო, აქეთ შემოუხვიეთ!“ ბრიყვებს ეუბნება: „მოდით, ჭამეთ პური და სვით ღვინო, ჩემი შეზავებული. დატოვეთ უგუნურება და იცოცხლებთ, და იარეთ გონიერების გზით.“ ღთისმგმობის დამრიგებელს დამცირება არ ასცდება, უკეთურის მამხილებელს – შეურაცხყოფა. ნუ ამხილებ ურჯულოს, რათა არ შეგიძულოს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს. დაარიგე ბრძენი და უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას გაიმრავლებს. უფლის შიში სიბრძნის დასაბამია, სიწმიდის შეცნობა – გონიერება. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღეები და სიცოცხლის წლები შეგემატება. თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, და თუ ღვთისმგმობი ხარ, შენვე აგებ პასუხს. სულელი ქალი ლაქლაქაა, უზრდელია და უვიცი. ჯდება თავისი სახლის ზღურბლთან, სკამზე ან ქალაქის მაღლობებზე, რათა დაუძახოს გამვლელთ, თავიანთი გზით სწორად მავალთ: „ბრიყვებო, აქეთ გადმოუხვიეთ!“ უგუნურს კი ეუბნება: „მოპარული წყალი ტკბილია და ჩუმად შეჭმული პური – გემრიელი.“ მათ არ იციან, რომ ის მათ მკვდართა აჩრდილებთან ეპატიჟება, რომ მისისტუმრები – შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან. ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის საწუხარია. უკეთურთა საუნჯენი უსარგებლოა, სიმართლე კი სიკვდილისაგან იხსნის. უფალი არ დაამშევს მართალის სულს, უკეთურთა სიხარბეს კი უკუაგდებს. ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი კი ამდიდრებს. ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, სამკალში მძინარა კი შემარცხვენელია. უფლის კურთხევაა მართლის თავზე, უკეთურთა ბაგენი კი ძალადობას ქადაგებენ. მართლის ხსოვნა კურთხეულ იქნება, ხოლო უკეთურთა სახელიც კი იხრწნება. გულით ბრძენი რჩევებს მიიღებს, სულელურად მოლაქლაქე კი უბედურებას გადაეყრება. სწორი გზით მოარული უშიშრად ივლის, გზის გამმრუდებელი კი გამომჟღავნდება. თვალის ჩამკვრელს წუხილი მოაქვს, ბრიყვულად მეტყველი კი უბედურებას გადაეყრება. მართლის ბაგენი სიცოცხლის წყაროა, უკეთურთა ბაგენი კი ძალადობას ქადაგებენ. სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. გონიერის ბაგეებზე სიბრძნეა, უგუნურის ზურგს კი წკეპლა ელის. ბრძენი ცოდნას იუნჯებს, სულელის სიტყვები კი დაღუპვას აახლოებს. მდიდრის ქონება მისთვის ციხე-სიმაგრეა, ხოლო ღარიბთა სიღატაკე დამღუპველია მათთვის. მართლის შრომა სიცოცხლისთვისაა, უკეთურის მონახვეჭი კი – ცოდვისათვის. შეგონებათა დამცველი სიცოცხლის გზით დადის, მისი უკუმგდებელი კი გზააბნეული დაეხეტება. სიძულვილს ვინც მალავს, ცრუ ბაგეები აქვს, ჭორების დამყრელი კი სულელია. მრავალსიტყვაობისას ცოდვა გარდაუვალია, გონიერი კი ბაგეებს ალაგმავს. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, უკეთურის გონება კი არად ფასობს. მართლის ბაგენი მრავალთ მწყემსავენ, სულელნი კი უჭკუობით იხოცებიან. უფლის კურთხევა ამდიდრებს მართალს და მწუხარება არ ეწევა მას. ავის ქმნა ბრიყვის გასართობია, ხოლო სიბრძნე – გონიერის. რაც უკეთურს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი წადილი აუსრულდება. გადაივლის ქარიშხალი და აღარ დარჩება უკეთური, მართალი კი საუკუნოდ დაფუძნდება. რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა მცონარა მისი დამსაქმებლისთვის. უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, უკეთურთა სიცოცხლე კი მოკლეა. მართალთა სასოებას სიხარული მოსდევს, უკეთურთა იმედი კი დაიღუპება. გზა უფლისა სიმტკიცეა მართალთათვის, ხოლო ავისმქნელთ ანადგურებს უფალი. მართალი არ შეირყევა უკუნისამდე, უკეთურნი კი ვერ დაიმკვიდრებენ ქვეყანას. მართლის პირს სიბრძნე მოაქვს, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება. მართალთა ბაგეებიდან სიკეთე მოედინება, ბოროტთა პირიდან კი უკუღმართობა. მრუდი სასწორი სძულს უფალს, ზუსტი საწონები კი – სათნოა მისთვის. ამპარტავნებას დამცირება მოჰყვება, სიბრძნე კი თვინიერებთან არის. გულმართალთ უბიწოება წარმართავს, ვერაგებს კი მათივე ცბიერება ღუპავს. სიმდიდრე უსარგებლოა სასჯელის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისაგან. სიმართლე წარმართავს უბიწოს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურების მსხვერპლია. გულით წრფელთ მათი სამართლიანობა იხსნის, მზაკვართ კი მათივე ზრახვები დაატყვევებს. უკეთურ ადამიანთა სიკვდითან ერთად ისპობა მათი იმედები და უღმრთოთა სასოება ქარწყლდება. მართალი უბედურებას აირიდებს, უკეთური კი ჩავარდება მასში. უღმერთო თავისი ენით ღუპავს მოყვასს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან. მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი და უკეთურთა დაღუპვისას ზეიმობს. წრფელთა კურთხევით ამაღლდება ქალაქი, უკეთურთა პირით კი ინგრევა. ვინც მოყვასს ამცირებს, სულელია, გონიერი კაცი კი დუმს. ორპირი კაცი საიდუმლოს გასცემს, ერთგული კი საიდუმლოს ინახავს. გონიერი წარმართვის გარეშე ერი იღუპება, მრავალი მრჩეველი კი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უცხოს თავმდები საკუთარი თავის მტერია, ის კი, ვინც თავმდებად არ დგება, უსაფრთხოდ არის. სათნო ქალი პატივს იხვეჭს, უკეთური კი სირცხვილს მოიგვრის. მოწყალე კაცი სიკეთეს მიუზღავს თავის სულს, უმოწყალო კი თავს იღუპავს. უღმერთო ნამდვილ ჯილდოს ვერ მიიღებს, მოწყალების მთესველი კი ჭეშმარიტ საზღაურს ეწევა. სიმართლეს კაცი სიცოცხლისკენ მიჰყავს, ბოროტების მადევარს კი სიკვდილი ელის. გულმრუდნი სძულს უფალს, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის. იცოდე, უკეთურს სასჯელს არ ასცდება, მართალნი კი გადარჩებიან. ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი იგივეა, რაც ღორის დინგზე წამოცმული ოქროს რგოლი. მართალთა საწადელი კეთილად ბოლოვდება, ურჯულოთა მოლოდინი – რისხვით. ზოგი უხვად გასცემს და უფრო ემატება, ზოგი კი თავს იკავებს გაცემისაგან და მაინც აკლდება. ქველმოქმედი გამდიდრდება, და ვინც სხვას ასმევს, მწყურვალი არ დარჩება. ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კი კურთხევაა. ვინც სიკეთეს ეძიებს, მადლს ჰპოვებს, ბოროტების მაძიებელს კი ბოროტება ეწევა. თავისი სიმდიდრით დაიმედებული დაეცემა, მართალნი კი მწვანე ფოთლებივით გაიშლებიან. თავისი სახლის გამჩანაგებელი ქარს დაიმკვიდრებს, ხოლო სულელი – ბრძენის მონობას. მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ძალადობა კი სიცოცხლეს სპობს. მართალს ამქვეყნად მიეზღვება, და მითუმეტეს მიეზღვება საკადრისი უკეთურსა და ცოდვილს! ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, უგუნურს კი სძულს მხილება. კეთილი უფლის მადლს მოიხვეჭს; ავის განმზრახველს კი შეაჩვენებს ის. უკეთურებით ადამიანი ვერ დაფუძნდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია. ღირსეული ქალი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი ხრწნაა მის ძვლებში. მართალთა ფიქრები სამართლისკენაა, უკეთურთა ზრახვანი კი ვერაგობისკენ. უკეთურთა სიტყვები ბოროტი მახეა, მართალთ კი მათი პირი იხსნის. დაემხობიან უკეთურნი და აღარ იქნებიან; მართალთა სახლი კი იდგება. გონიერებისათვის აქებენ კაცს, გულმრუდი კი სძაგს ხალხს. ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი ჯობს თავმომწონეს, მაგრამ ულუკმაპუროს. მართალს პირუტყვიც ებრალება; უკეთურთა გული კი სასტიკია. ვინც თავისას ხნავს და თესავს, არ დაიმშევა; უაზრო მიზნების მადევარი კი უგუნურია. უკეთურის წადილია უკეთური ნადავლი; მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს. ბოროტეულს თავისი ბაგენი უგებენ მახეს; მართალი კი გასაჭირს დააღწევს თავს. თავის ბაგეთა ნაყოფი კაცს სიკეთით გააძღობს, და ხელით გარჯა აუნაზღაურდება მას. ბრიყვს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას უსმენს. ბრიყვი გაბრაზებას ვერ მალავს, გონიერი კი ფარავს წყენას. პატიოსანი კაცის სიტყვა სიმართლეა სამსჯავროში; ცრუმოწმის სიტყვა კი ცბიერებაა. ზოგი ფუჭსიტყვა ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით გჩხვლეტდეს; ბრძენთა ენა კი კურნებაა. მართალი ბაგეები მარად რჩება, ცრუ ენა კი წამიერია. ცბიერებაა ავკაცთა გულში, მშვიდობისმყოფელთ კი სიხარული აქვთ. ზიანი არ მოუვა მართალს, უკეთურთ კი უბედურება ავსებთ. ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ერთგული კი სასურველია მისთვის. გონიერი ადამიანი ფარავს ცოდნას, უგუნური გონება კი სისულელეებს მოჰფენს ქვეყანას. ბეჯითი ხელი იბატონებს; ზარმაცს კი ბეგარა დაედება. დარდი გულს ამძიმებს, კეთილი სიტყვა კი ახარებს მას. მართალი მოყვასის გზის მანათობელია, უკეთურთა გზა კი მაცდუნებელია. ზარმაცი სარგებელს ვერ ნახავს, ბეჯითი კი გამდიდრდება. სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და ამ ბილიკებზე არ არის სიკვდილი. ბრძენ შვილს უყვარს მამის შეგონება, თავხედი კი ყურს არ უგდებს მხილებას. გონიერი თავის ბაგეთა სიტყვების კეთილ ნაყოფს იგემებს, უღმრთოთა მისწრაფება კი ბოროტებას იმკის. ვინც თავის ბაგეებს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს, ყბედს კი უბედურება ელის. ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითის სული კი აღივსება. მართალს სძულს ცრუ სიტყვა, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა. უბიწოს სიმართლე იცავს მის გზაზე, უკეთურს კი ცოდვა ღუპავს. ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და არაფერი აქვს, ზოგი კი – ღარიბად და დიდი ქონება აქვს. მდიდარს სიმდიდრე სიცოცხლის გამოსასყიდად შეიძლება დასჭირდეს, ღარიბს კი ეს საფრთხე არ ემუქრება. მართალთა ნათელი ბრწყინავს, უკეთურთა სანთელი კი ქრება. ამპარტავნება წარმოშობს შუღლს, ხოლო სადაც რჩევაა, იქ სიბრძნეა. ქარით მოტანილი ქონება მცირდება, შრომით შემკრებელი კი ამრავლებს მას. აუხდენელი იმედი გულს ქანცავს, აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა. ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება, მცნების მოშიში კი საზღაურს მიიღებს. ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახისგან გამრიდებელი. კეთილგონიერება მადლის მომცემია, ორგულთა გზა კი წარწყმედაა. ყოველი გონიერი საზრიანად მოქმედებს, უგუნურნი კი სისულელეს ამჟღავნებენ. უკეთურ მაცნეს უბედურება მოაქვს, ერთგულ მოამბეს კი – კურნება. სიღარიბე და დამცირება ეწევა მას, ვინც დარიგება უკუაგდო; ხოლო შეგონების დამცველი პატივში იქნება. აღსრულებული სურვილი სულს ეამება, რეგვენს კი სძაგს ბოროტებისაგან განდგომა. ბრძენთან ერთად მავალი დაბრძენდება, უგუნურთა მეგობარი კი დაზარალდება. ცოდვილებს ბოროტება თან სდევთ, მართალთ კი კეთილდღეობა მიეზღვებათ. კეთილი კაცი შვილთაშვილთ მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლთათვის ინახება. ღარიბთა ყანებშიც შეიძლება კარგი მოსავალი მოვიდეს, მაგრამ უსამართლობით დაეკარგოს. ვინც თავისი შვილისთვის წკეპლას ზოგავს, სძულს ის, ხოლო ვისაც უყვარს შვილი, ბეჯითად წვრთნის მას. მართალი ძღომაზე ჭამს, უკეთურთა მუცელი კი ცარიელია. ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას. სწორი გზით მავალს ეშინია უფლისა; გზის გამამრუდებელი კი გმობს მას. სულელის სიტყვები მისი დამსჯელი წკეპლაა, ბრძენთ კი მათი ბაგენი იცავენ. სადაც ხარები არ არიან, იქ ბაგა ცარიელია, დიდი მოსავალი კი ხარის ძალითაა. სარწმუნო მოწმე არ ცრუობს, ცრუ მოწმე კი ტყუილებით სუნთქავს. ღვთის მგმობი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერი კი ადვილად იძენს ცოდნას. განერიდე ბრიყვს, ჭკვიანურ სიტყვას ვერ მოისმენ მისი პირიდან. გონიერთა სიბრძნე საკუთრი გზის ცოდნაა, უგუნურს კი უგუნურება აცდენს გზას. ბრიყვნი იცინიან დანაშულზე, მაგრამ უფლის მადლი წრფელთა შორისაა. მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, და ვერც მის სიხარულს გაინაწილებს სხვა. უკეთურთა სახლი დაემხობა, მართალთა კარავი კი აყვავდება. არის გზა, რომელიც სწორად ეჩვენება კაცს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა. ზოგჯერ სიცილის დროსაც შეიძლება კაცს გული სტკიოდეს და მხიარულების ბოლო სევდა იყოს. გარყვნილ კაცს თავისი გზების შესაბამისად მიეზღვება, კეთილს – მისი საქმეების შესაფერად. სულელი ყოველ სიტყვას იჯერებს, გონიერი კი თავის ნაბიჯებს ზომავს. ბრძენი ფრთხილობს და გაურბის ბოროტებას; ბრიყვი კი თავგასული და წინდაუხედავია. გულფიცხ კაცს სისულელე წასცდება, ავისგანმზრახველს კი სიძულვილი ელის. უგუნურებს სისულელე ამშვენებს, გონიერთ კი ცოდნის გვირგვინი ამკობთ. ბოროტნი კეთილთა წინაშე მოიდრეკენ ქედს, უკეთურნი – მართალთა კარიბჭეებთან. ღარიბი თავისიანსაც სძულს, მდიდარს კი მრავალი მეგობარი ჰყავს. მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია. განა ავისმზრახველთა გზა-კვალი არეული არ არის? კეთილგანმზრახველთ კი წყალობა და ჭეშმარიტება ახლავთ. ყოველ გარჯაში მატებაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვთ. ბრძენთა გვირგვინი მათი სიბრძნეა, ბრიყვებს კი სიბრიყვე ამშვენებთ. მართალი მოწმე სიცოცხლეს იხსნის, ცრუ კი მოღალატეა. უფლის მოშიშს, მტკიცე სიმაგრე აქვს, და მისი ძენიც დაცულნი იქნებიან. უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან მხსნელი. ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, ხოლო ხალხის შემცირება კი მმართველის დაღუპვას იწვევს. ნელი რისხვაში დიდად გონიერია, ფიცხი კი სისულელეს ამჟღავნებს. ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გონება, შფოთვა კი ძვალთა ხრწნაა. გლახაკის მჩაგვრელი მათ შემოქმედს შეურაცხყოფს, ღატაკის შემწყალე კი უფლის მადიდებელია. უკეთურს მისი ბოროტება დაამხობს, მართალს კი უბიწოება იცავს. გონიერის გულში სიბრძნეა დავანებული, ბრიყვთა გული კი მას არ იცნობს. სიმართლე აღაზევებს ერს, ცოდვა კი ხალხის გაჩანაგებაა. გონიერი მსახურის ხვედრი მეფის წყალობაა; შემარცხვენელს კი მისი რისხვა ელის. მშვიდი პასუხი რისხვას აცხრობს, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი ბრაზს იწვევს. ბრძენთა ენა ცოდნის სიკეთეს გვიჩვენებს, უმეცართა პირი კი სისულელეს აფრქვევს. უფლის თვალი ყველაფერს სწვდება; ის ხედავს ბოროტთაც და კეთილთაც. მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვარი კი სულის შემმუსვრელია. სულელი აბუჩად იგდებს მამის დარიგებას; შეგონების დამცველი კი წარმატებულია. მართლის სახლში დიდძალი განძია, უკეთურის მონახვეჭს კი უბედურება მოსდევს. ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ეს არ შეუძლია ბრიყვთა გონებას. უკეთურთა მსხვერპლი სისაძაგლეა უფლის წინაშე, მართალთა ლოცვა კი სათნოა მისთვის. უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის გზით მოარული კი უყვარს მას. გზას აცდენილი მკაცრ სასჯელს მიიღებს, მხილების მოძულე კი დაიღუპება. შავეთი და ჯოჯოხეთი ღიაა უფლის წინაშე, მით უფრო – ადამიანთა გული! ურჯულოს სძულს მხილება, ბრძენთან არ წავა იგი. მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის სევდა კი გულგატეხილობას იწვევს. გონიერი გული ცოდნას ეძებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება. ღატაკის ყოველი დღე სევდით არის სავსე, გულმხიარულს კი მუდამ ზეიმი აქვს. სჯობს მცირე უფლის შიშით, ვიდრე დიდი საუნჯე ელდით და შფოთვით. სჯობს ბოსტნეული და სიყვარული, ვიდრე მსუქანი ხარი და სიძულვილი. ფიცხი შფოთს ტეხს, სულგრძელი კი შუღლს აქრობს. ზარმაცის გზა ეკალ-ბარდებიანია, პატიოსანთა გზა კი ფართოა. ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი კი დედის შემარცხვენელია. სისულელე უგუნურის სიხარულია, გონიერი კი სწორი გზით დადის. რჩევის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალ მრჩეველს კი წარმატება მოაქვს. სწორი პასუხი ადამიანის სიხარულია, რა კარგია დროზე ნათქვამი სიტყვა! გონიერის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა ქვევით შავეთს განერიდოს. ამპარტავანთა სახლს ანგრევს უფალი, ქვრივის საზღვრებს კი ამაგრებს. ბოროტთა განზრახვანი სისაძაგლეა უფლის წინაშე, მართალთა სიტყვები კი საამოა მისთვის. უსამართლო მოგებას დახარბებული თავის სახლს ანგრევს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს. მართლის გული პასუხს წონის, უკეთურთა პირი კი ბოროტებას აფრქვევს. უფალი შორსაა უკეთურთაგან, მართალთა ლოცვას კი შეისმენს. თვალთა სინათლე გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს. მაცოცხლებელი მხილების შემწყნარებელი ყური ბრძენთა შორის დაივანებს. სწავლის უარმყოფელს თავისი სული სძულს, მხილების შემწყნარებელი კი გონიერებას იხვეჭს. უფლის შიში სიბრძნის სწავლაა და მორჩილება წინ უძღვის დიდებას. გულის ზრახვანი კაცისგანაა, პასუხი კი უფლისგან მოდის. კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი წონის სულს. მიანდე უფალს შენი საქმენი და შენი გეგმები აღსრულდება. უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისათვის შექმნა, თვით უკეთურიც კი – უბედური დღისათვის. ყველა ქედმაღალი სძულს უფალს; ნამდვილად ვერ გაექცევიან ისინი სასჯელს. წყალობითა და პატიოსნებით განიწმიდება ცოდვა; და უფლის შიშით განუდგება კაცი სიავეს. როდესაც მოსაწონია უფლისთვის კაცის გზები, მტრებსაც კი დაუშოშმინებს მას. სჯობს სიმართლით მცირედი უსამართლობით მონახვეჭ მრავალს. ადამიანი ირჩევს გზას, უფალი კი წარმართავს მის ნაბიჯებს. შთაგონებული სიტყვაა მეფის ბაგეებზე, სამსჯავროში არ შესცოდავს მისი პირი. სწორი სასწორი და საწონები უფლისაა. სძაგთ მეფეებს ბოროტმოქმედება, რამეთუ სამართლით ფუძნდება ტახტი. სათნოა მეფისათვის მართალი ბაგენი და წრფელად მოუბარი უყვარს მას. მეფის გულისწყრომა სიკვდილის მაცნეა, ხოლო ბრძენკაცი დააცხრობს მას. მეფის სახის ნათელი სიცოცხლეა, მისი წყალობა კი გაზაფხულის წვიმის მომტანი ღრუბელივითაა. სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია და გონიერების მოპოვება – ვერცხლზე. მართალთა გზა ბოროტებისგან გარიდებულია; თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს იცავს. ამპარტავნება წინ უსწრებს დაღუპვას, და ქედმაღლობა – დაცემას. ღატაკთან ერთად სულიერი მორჩილება გერჩივნოს ამაყის ნადავლში მოწილეობას. საქმეში ფრთხილი სიკეთეს ჰპოვებს, უფალს მინდობილი ბედნიერია. გულით ბრძენს გონიერს უწოდებენ და ტკბილი ბაგენი დამარწმუნებელია. სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მფლობელისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა. ბრძენის გული გონიერს ხდის მის მეტყველებას, და მის ბაგეებს დამარწმუნებლობას მატებს. საამო სიტყვა გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ხორცის კურნება. არის გზა, რომელიც სწორი ჰგონია კაცს, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა. მადა მშრომელის მამოძრავებელია, შიმშილი უბიძგებს შრომისაკენ. უღირსი კაცი ბოროტებას იზრახავს და მის ბაგეებზე მწველი ცეცხლი გიზგიზებს. უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ჭორის გამავრცელებელი მეგობრების გამყრელია. მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე აყენებს; ვინც თვალს ჭუტავს, უკუღმართობას ზრახავს, ვინც ტუჩებს იკვნეტს – სიავე მოაქვს. ჭაღარა დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე მოიპოვება იგი. ნელი რისხვაში ძლიერს სჯობს, ხოლო ვინც საკუთარ თავს დაიურვებს – ქალაქის დამპყრობს. წილისყრა კალთიდან ხდება, მაგრამ გადაწყვეტა უფლისგანაა. ერთი ლუკმა ხმელი პური და სიმშვიდე სჯობს საკლავით სავსე სახლს, სადაც უთანხმოებაა. გონიერი მსახური იბატონებს ბატონის შემარცხვენელ შვილზე, და წილს დაიდებს მემკვიდრებს შორის როგორც ერთი ძმათაგანი. ოქრო და ვერცხლი ბრძმედში გამოიწრთობა, გულებს კი უფალი გამოსცდის. ბოროტმოქმედი ურჯულოთა ბაგეებს უგდებს ყურს, და ცრუ – უხამს ენას. ვინც ღარიბს აბუჩად იგდებს, თავის გამჩენს გმობს. მოძმის უბედურებით მოხარულს სასჯელი არ ასცდება. შვილთა შვილები მოხუცთა გვირგვინია; შვილთა დიდება – მათი მშობლებია. უგუნურს არ უხდება რჩეული სიტყვები, კიდევ უფრო ნაკლებად ესადაგება კეთილშობილს ყალბი მეტყველება. ქრთამი ჯოჯოხეთის გამნათებელი ჰგონია მის გამღებს: საითაც მიმართავს, წარმატების იმედი აქვს. ვინც წყენას ივიწყებს, ის მეგობრობას განამტკიცებს, ხოლო ვინც წყენას აღრმავებს, მეგობრებს კარგავს. საყვედური გონიერზე უფრო ღრმად მოქმედებს, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა. ბოროტი მხოლოდ შფოთს დაეძებს, მაგრამ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება მის წინააღმდეგ. სჯობს ბელდაკარგული დათვი გადაეყაროს კაცს, ვიდრე სისულელეში გახლართული ბრიყვი. ბოროტება არ მოშორდება მის სახლს, ვინც სიკეთეს ბოროტებით იხდის. დავის დასაწყისი წყლის გადმოხეთქვას ჰგავს; შეწყვიტე დავა, ვიდრე გაჩაღდება. უკეთურის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივე საძაგელია უფლის წინაშე. რად უნდა ქონება ბრიყვს სიბრძნის შესაძენად? მას ხომ მის შესათვისებლად გონება არ ერჩის! მეგობარს ყოველთვის უყვარხარ და ძმა გასაჭირისთვის არის შობილი. უჭკუო კაცი თავდებად უდგება მოყვასს. ვისაც ჩხუბი უყვარს, ცოდვა უყვარს, ვინც მაღლა სწევს კარს, დაღუპვას ეძებს. ბოროტი გული სიკეთეს ვერ ჰპოვებს და ენამრუდი უბედურებაში ჩავარდება. ბრიყვი შვილი მშობლის დარდია, სულელის მამა ვერ გაიხარებს. მხიარული გული აჯანმრთელებს, დავრდომილი სული კი ძვლებს ფიტავს. უკეთური ქრთამს უბიდან იღებს, რათა სიმართლის გზები გაამრუდოს. გონიერი სიბრძნეს შეჰყურებს, ბრიყვი კი თვალებს ქვეყნის კიდემდე აცეცებს. ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის მწუხარება. არ არის კარგი მართალის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის. სიტყვაძუნწი კაცი გონიერია, და თავშეკავებული – გაგების უნარის მქონე. მდუმარე სულელიც ბრძნად მოგეჩვენება, ენის მომთოკველი კი – გონიერად. თავკერძა კაცი თავის სურვილებს მიჰყვება, ყოველ საღ აზრს ეწინააღმდეგება. ბრიყვი გაგებას არ ცდილობს, არამედ მხოლოდ თავისი აზრების გამოხატვა უნდა. უკეთურებას გაკიცხვა მოჰყვება, და უღირსობას – შერცხვენა. კაცის სიტყვები ღრმა მორევია; სიბრძნის წყარო კი – მორაკრაკე ნაკადული. არ არის კარგი უკეთური კაცისადმი მიკერძოება და არც მართლის გამტყუნება სამსჯავროზე. ბრიყვის ენა შუღლს იწვევს, მისი ბაგენი – აყალ-მაყალს. ბრიყვის ენა მისი დაღუპვაა, და მისი ბაგე – მისი სულის მახე. ჭორიკანას სიტყვები ნუგბარივითაა და მუცლამდე აღწევს. გულარხეინი საქმეში დამანგრეველის ძმაა. უფლის სახელი – ძლიერი გოდოლია, მართალი შეაფარებს თავს და სამშვიდობოზეა. მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია, მაღალი დამცველი კედელივითაა. ქედმაღლობა წინ უსწრებს დამხობას, მორჩილება კი წინ უძღვის დიდებას. ვინც კითხვის დამთავრებას არ უცდის და ისე იძლევა პასუხს, სულელია და თავს ირცხვენს. კაცის სული უძლებს სენს, მაგრამ სულის შემუსვრას ვინ გადაიტანს? გონიერის გული ცოდნას იძენს, და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს. ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს. პირველი მოდავე მართალი ჩანს სარჩელში, მაგრამ მოდის მისი მოსარჩლე და ყველაფერი იცვლება. წილისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერ მეტოქეებს არიგებს. შეურაცხყოფილი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია, და ასეთი მოდავე ციხე-სიმაგრის ურდულივითაა ჩაკეტილი. კაცი თავისი სიტყვების ნაყოფით ივსებს სტომაქს, თავის ბაგეთა მოსავლით ძღება. სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია, და ლაპარაკის მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს. ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლის მადლი მოიხვეჭა. ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს. ზოგი მეგობრის მეგობრობა თვალთმაქცობაა, ზოგი მეგობარი კი ძმაზე ძვირფასია. უმწიკვლოდ მავალი ღატაკი სჯობს ცრუსა და თანაც უგუნურს. სურვილი ცოდნის გარეშე ცუდია, ფეხს ვინც ააჩქარებს, კვალი აერევა. კაცს საკუთარი უგუნურება ღუპავს, მაგრამ მისი გული უფალს ემდურის. სიმდიდრე კაცს მეგობრებს მატებს, უქონელი კი იმათაც კარგავს, ვინცა ჰყავს. ცრუმოწმე დაუსჯელი არ დარჩება და სიცრუის მთქმელი ვერ გადარჩება. ბევრი ეძებს წყალობას დიდებულთაგან და უხვად გამცემთან ყველა მეგობრობს. ღარიბი მის ძმებსაც კი სძულთ, კიდევ უფრო გაურბიან მას მეგობრები! ეძახის და არ აქცევენ ყურადღებას. სიბრძნის მოპოვება საკუთარი თავის სიყვარულს ნიშნავს; ვინც გონიერებას იცავს, სიკეთეს ჰპოვებს. ცრუ მოწმე დაუსჯელი არ დარჩება და ტყუილის მთქმელი დაიღუპება. ბრიყვს არ შეჰფერის ფუფუნება, კიდევ უფრო ნაკლებად მონას – ბატონობა მთავრებზე. გონიერება ადამიანს სულგრძელს ხდის და მისი ღირსება წყენის დავიწყებაა. ლომის ბრდღვინვას ჰგავს მეფის რისხვა, მისი წყალობა კი ცვარ-ნამის მსგავსია. ბრიყვი შვილი მამის უბედურებაა, ჭირვეული ცოლი კი სახურავიდან წყლის შეუწყვეტელი წანწკარი. სახლი და ქონება მამის მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისგანაა. მცონარება ძილს ჰგვრის კაცს და უქნარა სული იშიმშილებს. მცნების დამცველი იცოცხლებს, ხოლო ვინც უფლის გზებს აბუჩად იგდებს – მოკვდება. ღატაკის გამკითხველი უფალს აძლევს სესხს და ის მიაგებს მას სამაგიეროს. გაწვრთენი შვილი, სანამ დროა და ნუ დააღუპვინებ თავს. გულბოროტი და ბრაზიანი მკაცრად დასაჯე, თუ დაინდობ, კვლავ მოგიწევს დასჯა. ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა მოიპოვო სიბრძნე სამომავლოდ. მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლისგან განსაზღვრული ასრულდება. კაცის სიკეთე მისი მოწყალე გულია; და ღატაკი სჯობს მატყუარას. უფლის შიში მაცოცხლებელია, მისი მოშიში კმაყოფილი იქნება და არ ეწევა ბოროტი. ზარმაცს ხელი ჯამში აქვს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება. უკეთურს ურტყი და გულუბრყვილოც გაიგებს; შეაგონე გონიერს და ჭკუას ისწავლის. მამის მაგინებელი და დედის გამძევებელი შერცხვენისა და ყვედრების ღირსია. ნუ უგულვებელყოფ, შვილო ჩემო, შეგონებას, რათა გონიერი სიტყვები არ დაგეკარგოს. უღირსი მოწმე სამართალს დასცინის, და უკეთურთა პირი უსამართლობას ნთქავს. უზნეოთათვის სასჯელი მზადაა და რეგვენთა ზურგისთვის – სახრე. ღვინო კაცს მასხარად აქცევს, მაგარი სასმელი – შფოთს ატეხინებს და მისით გზას აცდენილი უჭკუოა. მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვას ჰგავს და ვინც მას განარისხებს, თავს საფრთხეში იგდებს. შუღლის აღკვეთა ღირსეული საქციელია, სულელი კი შფოთის ამტეხია. ზარმაცი თავის დროზე არ ხნავს, მკის დროს კი დაფაცურდება, მაგრამ რას მოიმკის? კაცის გულის ზრახვები ღრმა მორევია, გონიერი კაცი კი ამოზიდავს მათ. ბევრი იქადის თავისი სიკეთით, მაგრამ საიმედო ადამიანს სად ნახავ? ნეტარია მისი მოდგმა, ვინც მართალია და უზაკველად ატარებს ცხოვრებას; მეფე, რომელიც მსაჯულის ტახტზე ზის, ყოველგვარ ბოროტებას აქარწყლებს თვალის გადავლებით. ვის შეუძლია თქვას: „მანკიერება არ არის ჩემს გულში, მე განვიწმიდე ჩემი ცოდვებისაგან?“ მრუდე საწონი და მრუდე ადლი – ერთიც და მეორეც სძულს უფალს. ბავშვებიც კი ამჟღავნებენ თავს თავიანთი საქციელით, სწორი თუ არასწორი მოქმედებით. გამგონე ყური და დამნახავი თვალი – ორივე უფლის შექმნილია. ძილისგუდა ნუ იქნები და არ გაღატაკდები. თვალს ნუ მოხუჭავ და პური გექნება. „არ ვარგა, არ ვარგა“ – ამბობს მყიდველი, – ცოტას გაივლის და ნავაჭრით ტრაბახობს. არსებობს ოქრო და მრვალი თვალ-მარგალიტი, მაგრამ ყველაზე დიდი განძი მცოდნე ბაგეებია. აიღე მისი სამოსი, ვინც უცხოს დაუდგა თავდებად; გამოართვი უცხოელისთვის მიცემული გირაო. არამად ნაშოვნი პური ეტკბილება კაცს, ბოლოს კი ბელტებით აევსება პირი. გეგმები რჩევით მწიფდება; ომიც სიბრძნით უნდა მომზადდეს. ჭორიკანა საიდუმლოს გამცემია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაიკარებ. დედ-მამის მაგინებელს სანთელი ჩაუქრება უკუნეთ ღამეში. ნაჩქარევად მოპოვებული სამკვიდრო ბოლოს უკურთხეველი დარჩება. ნუ იტყვი: „მივაგებ ბოროტს სანაცვლოს“, უფალს მიენდე და ის დაგეხმარება. ყალბი საწონები სძულს უფალს, და მრუდი სასწორი არ არის კარგი. კაცის ნაბიჯებს უფალი წარმართავს; მაშ როგორ გაიგებს ადამიანი საკუთარ გზა-კვალს? მახეა კაცისთვის ნაჩქარევი სიტყვები: „ეს წმიდაა“ და დაუფიქრებლად მიცემული აღთქმა. ბრძენი მეფე გაფანტავს უკეთურთ და კევრით გალეწავს მათ. კაცის სული უფლის სანთელია, აშუქებს გულის ყველა კუთხე-კუნჭულს. მოწყალება და სიმართლე იცავენ მეფეს, და სამართალი განამტკიცებს მის ტახტს. ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა, მოხუცთ კი ჭაღარა ამშვენებთ. დარტყმა და ჭრილობა ბოროტისგან განმწმედია, გვემა კი კაცის შინაგანს ასუფთავებს. მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიმართავს მას. კაცის ყველა გზა სწორია მის თვალში, ხოლო გულს უფალი წონის. სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლშეწირვაზე სასურველია უფლისათვის. მედიდური თვალი და ამპარტავანი გული, ეს უკეთურთა ლამპარი – დიდი ცოდვაა. ბეჯითის ზრახვანი მატებას იწვევს, ხოლო დაუდევრისა – კლებას. სიცრუით სიმდიდრის მოხვეჭა წარმავალი ორთქლია და სიკვდილის მახე. უკეთურთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან ისინი უარს ამბობენ სამართლის ქმნაზე. მრუდეა დამნაშავეს გზა, ხოლო სუფთა კაცისა – წრფელი. სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას. უკეთურის სულს ბოროტება სწადია; მოყვასი მის თვალში წყალობას ვერ პოულობს. უზნეო როდესაც ისჯება, გულუბრყვილო ბრძენდება, ბრძენი კი შეგონებით იძენს ცოდნას. მართალი აკვირდება უკეთურის სახლს; ის დაეცემა და განადგურდება. ვინც ღარიბთა კვნესას წაუყრუებს, ერთ დღეს ისიც აკვნესდება, მაგრამ არავინ შეიწყნარებს. ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს, რისხვას კი უბეში ჩადებული ქრთამი. სამართლის ქმნა სიხარულია მართლისათვის და შიშის ზარი – ბოროტთათვის. გონიერ გზას აცდენილი კაცი მკვდართა კრებულში განისვენებს. სიამეთა მოყვარული გაღატაკდება, ღვინისა და ფერ-უმარილის მოყვარული ვერ გამდიდრდება. ბოროტი მართლის გამოსასყიდია და მზაკვარი – გულწრფელისა. უდაბნოში ცხოვრება სჯობს ანჩხლ და კაპას ცოლთან ყოფნას. ძვირფასი განძი და ნელსაცხებელი ბრძენის სახლში რჩება, ბრიყვი კი ფლანგავს მათ. სიმართლისა და მოწყალების მიმდევარი კაცი სიცოცხლესა და პატივს ჰპოვებს. ბრძენი დაიპყრობს ძლიერთა ქალაქს და დაანგრევს მათ საიმედო სიმაგრეს. ბაგისა და ენის შემაკავებელი, თავს იცავს უბედურებისაგან. „დამცინავს“ უწოდებენ ზვიადსა და ამპარტავანს, ის ქედმაღალი სიამაყით მოქმედებს. ზარმაცს მისი სურვილები დაღუპავს, რადგან მისი ხელი უარს ამბობს გარჯაზე. მას ყოველდღე ხარბად სწადია რაღაც, მართალი კი გასცემს და არ ზოგავს. უკეთურთა მსხვერპლი სისაძაგლეა, მით უფრო, თუ ცბიერებით არის შეწირული. ცრუ მოწმე დაიღუპება, ხოლო ვინც თავისი ყურით მოსმენილს ამბობს, მუდამ ილაპარაკებს. უკეთური კაცი კარგი კაცის ნიღაბს ირგებს, წრფელი კი თავის გზას უკვირდება. არც სიბრძნე და არც გონება, არც რჩევა არ არგებს არავის, თუ ის უფლის საწინააღმდეგოა. ცხენს ბრძოლის დღისათვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა. კეთილი სახელი სიმდიდრეზე უკეთესია და ადამიანთა კეთილგანწყობა – ოქროსა და ვერცხლზე. მდიდარი და ღატაკი ერთად შეიყრებიან – ორივე უფლის ქმნილებაა. გონიერი ხედავს საფრთხეს და გაერიდება, ბრიყვები კი არ ეპუებიან და ისჯებიან. თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური არის სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლე. ეკალი და მახეა უკეთურის გზაზე, ფრთხილი კი გაერიდება მათ. ყმაწვილი თავიდანვე სწორად გაწვრთენი და სიბერეშიც არ გადაუხვევს გზიდან. მდიდარი ღატაკებზე მბრძანებლობს და მოვალე მონაა მევალისა. უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის და მისი მრისხანების კვერთხი გადაიმსხვრევა. გულმოწყალე კურთხეული იქნება, რადგან ლუკმა გაუყო ღარიბს. გააგდე თავხედი და გაჰყვება შუღლი; დავას და ლანძღვას ბოლო მოეღება. ვისაც სუფთა გული აქვს და კეთილი ენა, მეფის მეგობარი გახდება. უფლის თვალები ცოდნას მფარველობენ, ორპირის ნათქვამს კი უკუაგდებენ. მცონარა ამბობს: ლომია გარეთ, შუა მოედანზე მომკლავს. როსკიპის პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული შიგ ჩავარდება. ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს, მაგრამ აღმზრდელის წკეპლა გამოდევნის მას. ვინც ღარიბ-ღატაკს ავიწროებს გასამდიდრებლად და ვინც მდიდარს აძლევს – ორივე დაკარგავს. ყური დამიგდე და ისმინე ბრძენთა სიტყვები, და მოაპყარ გული ჩემს სწავლებას, რადგან ის სიამეს მოგგვრის, თუკი შენში დაიმარხავ და მუდამ პირზე გეკერება. დღეს გაუწყებ მე შენ მათ, რათა სასოება გქონდეს უფლისა. განა არ მოგწერე 30 შეგონება, სადაც ნახავდი რჩევებსა და ცოდნას, რათა მეჩვენებინა შენთვის, რა არის ჭეშმარიტი და მართალი, რათა გადასცე ჭეშმარიტების სიტყვები შენს მომავლინებელთ? ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღარიბია, და ნუ დაჩაგრავ უბედურს კარიბჭესთან, რადგან უფალი გამოესარჩლება მათ, და მათი გაძარცვისათვის სიცოცხლეს წაგართმევს. ნუ დაუმეგობრდები გულმწყრალს და გულფიცხელ კაცს ნუ გაეკარები, რომ არ აჰყვე მის გზებს და მახე არ დაუგო შენს სულს. ნუ იქნები მათ შორის, ვინც ხელს აძლევს და თავდებად უდგება მოვალეებს. რადგან თუ ვერაფრით გადაიხდი, რატომ იგდებ თავს იმ დღეში, რომ ქვეშაგებიც გამოგაცალონ? ნუ გადასწევ ძველ საზღვარს, შენმა მამებმა რომ დადეს. თუ გინახავს თავისი საქმის ოსტატი? ის მეფეთა წინაშე წარსდგება და არ მოემსახურება მდაბიოთ. თუ მთავართან დაჯდები პურის საჭმელად, კარგად დააკვირდი, რა გიდევს წინ; თავი შეიკავე, თუ მსუნაგი ხარ. ნუ მიეძალები მასპინძლის ნუგბარს, რადგან მაცდური პურია. ძალ-ღონეს ნუ შეალევ გამდიდრებას, მოიშორე ამაზე ფიქრი. გაიხედავ და აღარ არის, რადგან ორბივით ფრთებს შეისხამს და ზეცაში აფრინდება. ნუ შეჭამ მოშურნესთან პურს, და გულით ნუ ისურვებ მის საჭმელებს, რადგან რასაც ამბობს, იმას არ ფიქრობს: „ჭამე და სვიო“, გეუბნება, მისი გული კი სხვას ამბობს. რაც ჭამე, უკან ამოარწყევ და ფუჭად დახარჯავ თავაზიან სიტყვებს. ბრიყვის გასაგონად ნუ ილაპარაკებ, რადგან აბუჩად აიგდებს შენს გონივრულ სიტყვებს. ნუ შეცვლი ძველ საზღვრებს და ობოლთა ყანებში ნუ შეხვალ, რადგან მათი გამომსყიდველი ძლიერია, ის იდავებს მათ დავას შენთან. გული მიაპყარ დარიგებას და ყური – ცოდნის სიტყვებს. ნუ მოაკლებ წვრთნას შენს შვილებს; წკეპლა არ მოკლავს მათ. წკეპლის ცემით შენ მის სულს სიკვდილისაგან იხსნი. შვილო, თუ დაბრძენდება შენი გული, ჩემი გულიც გაიხარებს, ჩემი გული გაიხარებს, როდესაც შენი პირიდან სიმართლეს გავიგებ. ნუ შეშურდება შენს გულს ცოდვილისა, არამედ უფლის შიში გქონდეს მუდამ, რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა. ისმინე, შვილო, და იყავი ბრძენი, და მიმართე შენი გული სარწმუნო გზაზე. ნუ იქნები მემთვრალეთა და ხორცით გაუმაძღართა შორის, რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და ძილის მოყვარული ჩაიცვამს ძონძებს. უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და ნუ მოიძულებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება. სიმართლე შეიძინე და აღარ გაყიდო; შეიძინე სიბრძნე, შეგონება და გონიერება. ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით. გაიხარონ შენმა მამამ და დედამ – შენმა მშობელმა. მომეცი, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა დაიცვან ჩემი გზა. მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა სხვისი ცოლი. ყაჩაღივით გისაფრდება და მოღალატეებს ამრავლებს ხალხში. ვინ გმინავს? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უდანაშაულო ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ დადის. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეს, აზარფეშაში ნაპერწკლებს რომ ისვრის და მორაკრაკებს; შემდეგ კი გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს; შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით. იტყვი: „მცემდნენ და არ მტკიოდა, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდი; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებ სასმელს.“ ნუ შეგშურდება ბოროტებისა და ნუ ისურვებ მათთან ყოფნას, რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გონება და მათი ბაგენი მავნებლობაზე ლაპარაკობენ. სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით მტკიცდება; ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო სიმდიდრით. ბრძენი მეომარი ღონიერზე ძლიერია და მცოდნე კაცი – ძალ-ღონით სავსეზე. გონივრულად წარმართე ომი და ხსნა მრჩეველთა სიმრავლის წყალობით გექნება. სულელი ძნელად მისწვდება სიბრძნეს, კარიბჭესთან ენას ვერ დაძრავს. სიავის განმზრახველს ბოროტმოქმედი ჰქვია. ბრიყვის განზრახვა ცოდვაა და უზნეო კაცი სიძულვილს იმკის. თუ გასაჭირის დღეს დაეცემი, უძლური ყოფილხარ. იხსენ სასიკვდილოდ წაყვანილნი და ნუ მიატოვებ სასიკვდილოდ განწირულთ; თუ იტყვი: „ჩვენ ხომ არ ვიცოდით,“ – განა გულთამხილავი ვერ გაიგებს? შენი სულის მფარველმა განა არ იცის და არ მიუზღავს ადამიანებს მათი საქმისამებრ? ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია იგი და გოლეულიც ეტკბობა შენს სასას. ასეთივეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათის: თუ იპოვი, მომავალი გექნება და შენი იმედი არ გაწბილდება. ნუ ჩაუსაფრდები, უკეთურო, მართლის სახლს, თავს ნუ დაესხმი მის სამყოფელს, რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც ადგება, უკეთურნი კი დაიღუპებიან. შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ, და ფეხს რომ წაიტეხავს, ნუ გაიხარებს შენი გული, თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდება მის თვალში, და მოაქცევს მისგან თავის რისხვას. ნუ გაეჯიბრები ბოროტმოქმედთ და ნუ შეგშურდება უკეთურთა, რადგან მომავალი არა აქვს ბოროტებას; უკეთურთა სანთელი ჩაქრება. გეშინოდეს, შვილო, უფლისა და მეფისა, და მეამბოხეებში ნუ გაერევი, რადგან უცაბედად მოვა მათგან დაღუპვა, და ვინ იცის, რა უბედურებას დაგატეხენ? ესეც ბრძენთა ნათქვამია: მიკერძოებით განსჯა ცუდია. ვინც დამნაშავეს ამართლებს, ხალხი დასწყევლის და ერი შეაჩვენებს; ხოლო დამნაშავეთა განმსჯელნი სათნო იქნებიან და მათზე კეთილი კურთხევა გადმოვა. ვინც მართალ სიტყვას ამბობს, ის პირზე კოცნის. ჯერ გარეთ მოათავე შენი საქმე, მინდვრად ხვნა-თესვას მორჩი და მერე ააშენე სახლი. ნუ დადგები შენი მოძმის წინააღმდეგ ცრუ მოწმედ, შენი ენა ნუ იტყვის სიცრუეს. ნუ იტყვი: „როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევი, რაც გამიკეთა, იმას გავუკეთებ.“ ზარმაცი კაცის ყანასთან გავიარე და მცონარას ვენახთან, და აჰა, მთლად ღვარძლით იყო სავსე, ეკალ-ბარდებს დაეფარა მთლიანად და ღობე მორღვეულიყო. და ეს რომ ვნახე, ჩავფიქრდი და ჭკუა ვისწავლე: ცოტას წაუძინებ, ცოტას წასთვლემ, თავქვეშ ამოიწყობ ხელებს, და სიღატაკე ყაჩაღივით დაგადგება თავს და სიღარიბე – იარაღასხმული მეომარივით. ესეც სოლომონის იგავებია, იუდას მეფის, ეზეკიას ვეზირების შეკრებილი: საქმეთა დაფარვა ღმერთის დიდებაა, საქმის გამოკვლევა კი – მეფის დიდება. ისევე როგორც ზეცის სიმაღლე და მიწის სიღრმე, მეფეთა გულიც შეუცნობელია. მოაშორეთ წიდა ვერცხლს და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს. მოაშორეთ მეფეს უკეთური და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება. ნუ განიდიდებ თავს მეფის წინაშე და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები; სჯობს გითხრან: „ზემოთ ამოდი“, ვიდრე დაგამცირონ დიდებულის წინაშე. როგორც კი რაღაცას დაინახავ, უმალ ნუ გაიქცევი სასამართლოში, თორემ ბოლოს რას იზამ, შენი მეზობელი თუ შეგარცხვენს? დავით კი ედავე შენს მეზობელს, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გასცემ, თორემ ვინც გაიგებს, გაგკიცხავს და სახელი გაგიტყდება. მოსწრებული სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებს ჰგავს. ოქროს საყურეა და ბაჯაღლოს სამკაული ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის. რაც თოვლის სიგრილე იქნებოდა მკის დროს, ის არის ერთგული მაცნე მისი გამგზავნისათვის, ის მას სულს უგრილებს. ფუჭი ძღვენით მოტრაბახე კაცი იგივეა, რაც ღრუბელი და ქარი წვიმის გარეშე. მოთმინებით შეიძლება მთავრის მოდრეკა, და წყლიანი ენა ძვალს დაამსხვრევს. თაფლს თუ იპოვი, ზომაზე ჭამე, თორემ მუცლის გვრემით უკან ამოარწყევ. ფეხი დააძვირე შენი მოძმის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს. კაცი, რომელიც ცრუდ მოწმობს მოყვასის წინააღმდეგ, შუბი, მახვილი და ბასრი ისარია. როგორც ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი, ასევე არ არის სანდო ღალატიანი კაცი გასაჭირში. სიცივეში ტანსაცმლის წაგლეჯას და ჭრილობაზე ძმრის დასხმას ჰგავს ნაღვლიანისთვის მხიარული სიმღერის მღერა. თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ სწყურია, წყალი მიაწოდე, რადგან ამით ნაკვერცხლებს შეაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ. ჩრდილოეთის ქარი თავსხმას იწვევს და ენის აყოლა – მრისხანე მზერას. სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად ცხოვრებას. რაც ცივი წყალია მწყურვალისათვის, ის არის კარგი ამბავი შორი ქვეყნიდან. რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო, და რაღა ბოროტის წინაშე წაფორხილებული მართალი. ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი, და არც ზედმეტი დიდების ძიება. რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ მართავს. ისევე, როგორც თოვლი ზაფხულისთვის და წვიმა მკისთვის, ასევე შეუფერებელია ბრიყვისთვის პატივი. ბეღურას გაფრენისა და მერცხლის ნავარდივით ასცდება კაცს უმიზეზო წყევლა. მათრახი – ცხენისთვის, ლაგამი – ვირისთვის, სახრე – ბრიყვისთვის. ნუ უპასუხებ ბრიყვს მისი სირეგვნისამებრ, რათა არ დაემსგავსო მას. უპასუხე ბრიყვს მისი სიბრიყვის შესაბამისად, თორემ თავი ბრძენი ეგონება. ვინც ბრიყვს აგზავნის მაცნედ, ფეხქვეშ მიწას იცლის და თავს გასაჭირში იგდებს. რაღა კოჭლის ფეხები და რაღა ბრიყვის ბაგეზე იგავი. ბრიყვისთვის პატივის მიგება იგივეა, რაც მიბმული ქვის შურდულით სროლა. რაღა ძეძვის ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში. ბრიყვისა და გზად გამვლელის დამქირავებელი ჰგავს მოისარს, განურჩევლად ყველას რომ ესვრის. როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ისე იმეორებს ბრიყვი თავის სისულელელეს. გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენი ჰგონია? ბრიყვს მეტი ფასი აქვს, ვიდრე მას. ზარმაცი ამბობს: „ლომია გზაზე! ლომია ქუჩაში!“ კარი თავის ანჯამაზე ბრუნავს, ზარმაცი – თავის საწოლზე. ზარმაცი ჯამში ჰყოფს ხელს, პირთან მიტანა კი ეზარება. საკუთარ თვალში ზარმაცი გონიერი პასუხების გამცემ შვიდ ბრძენზე ბრძენია. რაღა კაცი, რომელმაც ძაღლს ყურებში წაავლო ხელი და რაღა სხვის ჩხუბში ჩარეული. რაღა გიჟი, რომელიც ისვრის მუგუზლებს, ისრებს და სიკვდილს, და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თვის მოყვასს და ამბობს: „გეხუმრეო.“ სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ქრება; სადაც ენის მიმტანი არ არის, შუღლს ბოლო ეღება. ნახშირი – ნაკვერცხლისათვის, შეშა – ცეცხლისათვის, შარიანი კაცი შუღლისათვის. ენატანიას სიტყვები ნუგბარივითაა და მუცლის წიაღამდე აღწევენ. როგორც წიდიანი ვერცხლი თიხის ჭურჭელზე, ისეა ფარისეველი ენა და ბოროტი გული. ენით თავს მოაჩვენებს მტერი, გულში კი მზაკვრობა უდევს. ნუ ენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან შვიდი სიბილწეა მის გულში. თუმც სიძულვილს პირფერობით ფარავს, მისი ბოროტება კრებულში გამომჟღავნდება. ვინც ორმოს თხრის, შიგ ჩავარდება, ვინც ქვას ზემოთ აისვრის, მასვე დაუბრუნდება. ცრუ ენას სძულს თავისი მსხვერპლი და მლიქვნელი პირი დამხობას ამზადებს. ნუ იქადი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი, ეს დღე რას მოიტანს. ნუ შეიქებ თავს, სხვამ შეგაქოს; სხვამ, და არა შენმა ბაგეებმა. ლოდი მძიმეა და არც ქვიშაა მსუბუქი, ხოლო სულელის რისხვა ორივეზე მძიმეა. მრისხანება სისასტიკეა, ბრაზი – წამლეკავი, შურს კი ვინ აღუდგება წინ? ცხადი მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს. მეგობრის სილა გერჩივნოს მტრის კოცნას. მაძღარი თაფლსაც დაიწუნებს, მშიერს კი მწარეც ტკბილი ჰგონია. სახლიდან გადახვეწილი კაცი მსგავსია ბუდემოშლილი ჩიტისა. ზეთი და საკმეველი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის რჩევა უფრო ტკბილია. შენს მეგობარსა და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ, და შენი ძმის სახლში ნუ წახვალ შენი გასაჭირის დღეს. კარის მეზობელი გერჩიოს შორს მყოფ ძმას. დაბრძენდი, შვილო, და გამიხარე გული; და მეც სათქმელი მექნება მოწინააღმდეგისთვის. გონიერი ხედავს საფრთხეს და იმალება, გულუბრყვილო კი ჯიქურ მიდის და ისჯება. აიღე მისი მოსასხამი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად, და უცხოტომელის წილად გაცემული გირაოც. ხმამაღალი მისალმება დილაუთენია წყევლად ჩაეთვლება მიმსალმებელს. რაღა ცივი წვიმა და რაღა ანჩხლი ცოლი; მისი შემკავებელი ქარს აკავებს და მუჭით ზეთს იჭერს. რკინა რკინას ლესავს და კაცი კაცს. ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს და ბატონის მომვლელს პატივი არ მოაკლდება. როგორც წყალში ირეკლება კაცის სახე, ისე ირეკლება გული – გულში. როგორც შავეთი და ჯოჯოხეთი ვერ გაძღება, ისე – კაცის თვალი. ვერცხლი ბრძმედში იწრთობა გამოხურვებით, ოქრო – ქურაში, კაცი კი ქებით გამოიცდება. ფილაშიც რომ ნაყო სულელი, სიბრიყვეს ვერ მოაცილებ. იცოდე შენი სამწყსოს ზნე და იზრუნე ფარაზე, რადგან საუკუნო არა არის სიმდიდრე და მუდამ არც გვირგვინი გადადის თაობიდან თაობაზე. ბალახი ჭკნება, მაგრამ ამოიწვერება ახალი ჯეჯილი, და გადაითიბება მთის კალთები; გეყოლება ცხვარი სამოსისათვის და თხა – მინდვრის საფასურისთვის, თხის რძე საკმარისი გექნება სახლეულისა და მონა-მხევალთა სარჩენად. ბოროტნი მაშინაც გარბიან, როცა არავინ მისდევთ; მართალნი კი ლომივით უშიშარნი არიან. ამბოხის დროს მმართველები მრავლდებიან, ხოლო გონიერ და მცოდნე კაცთა ხელში ხანგრძლივი სტაბილობაა. ღატაკი, რომელიც ჩაგრავს ღატაკს, წვიმის თქეშია, ნათესს რომ სპობს. რჯულის დამტოვებელნი უღვთოს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ებრძვიან ურჯულოს. ბოროტთ არ ესმით, რა არის სამართალი, უფლის მაძიებელთ კი ყველაფერი იციან. თავისი სიმართლით მავალი ღარიბი სჯობს მრუდე გზით მავალ მდიდარს. რჯულის დამცველი გონიერი ძეა; ხარბებთან დამეგობრებული კი მამის შემარცხვენელია. ვინც ქონებას ვახშითა და სარგებლით იმრავლებს, ღატაკთა მწყალობლისთვის აგროვებს მას. ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა. ვინც წრფელებს აცდუნებს და ბოროტი გზისკენ უბიძგებს, თავად ჩავარდება თავის ამოთხრილ ორმოში; ხოლო უბიწონი სიკეთეს დაიმკვიდრებენ. მდიდარ კაცს ბრძენი ჰგონია თავი, მაგრამ მას გონიერი უპოვარი ამხელს. მართალთა აღზევება დიდი ზეიმია, უკეთურთა აღზევებისას კი ხალხი იმალება. საკუთარ დანაშაულთა დამფარველს ხელი არ მოემართება, ვინც აღიარებს და მიატოვებს ცოდვას, შეიწყალებული იქნება. ნეტარია ფრთხილი კაცი, ხოლო ვინც გულს გაისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება. უკეთური ბატონი ღატაკთათვის მბრდღვინავი ლომია და მღრინავი დათვი. უგუნური მთავარი სასტიკი მოძალადეა, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება. კაცის სისხლით დამძიმებულმა სამარემდე ირბინოს, ნურავინ დაეხმარება მას. უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, ხოლო ღვლარჭნილი გზით მავალი კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა. თავისი მიწის მხვნელ-მთესველი მაძღარი იქნება; ამაო საქმეთა მადევარი კი სიღარიბით აივსება. ერთგული კაცი კურთხევითაა მდიდარი, გამდიდრების მოსწრაფე კი დაუსჯელი არ დარჩება. პირმოთნეობა კარგი არ არის: პირმოთნე ლუკმა პურისთვისაც კი შესცოდავს. ხარბი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, ის კი არ იცის, რომ გაჭირვება ემუქრება. მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ მადლს ჰპოვებს, ვიდრე პირმოთნე. ვინც დედ-მამას ძარცვავს და ამბობს: „ეს დანაშაული არ არის,“ მარცველთა თანაზიარია. ხარბი მუდამ შუღლს ეძებს, უფალს მინდობილი კი გამდიდრდება. საკუთარი თავის იმედით მყოფი ბრიყვია, სიბრძნით მავალი კი გადარჩება. ღარიბის გამკითხავი არ გაღარიბდება, ხოლო ვინც გაჭირვებულს თვალს არიდებს, წყევლა-კრულვით აივსება. უკეთურთა აღზევებისას ხალხი იმალება, ხოლო მათი წარწყმედისას მართალნი ძლიერდებიან. თუ მრავალგზის მხილებული მაინც ქედფიცხელობს, ანაზდეულად გადატყდება და არ იქნება მისთვის კურნება. მართალთა აღზევებისას ხალხი ხარობს; უკეთურთა ბატონობისას კი გმინავს. სიბრძნის მიმდევარი მამას ახარებს; მეძავთა ამყოლი კი ქონებას ანიავებს. მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას; მძიმედ დამბეგრავი კი ამხობს მას. მოყვასთან მლიქვნელი, მახეს უგებს მას ფეხქვეშ. ბოროტი კაცი დანაშაულის ხაფანგში ებმება, ხოლო მართალი მღერის და ხარობს. მართალმა იცის ღატაკთა უფლებები, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა. თავქარიანები ცეცხლს უკიდებენ ქალაქს, ხოლო ბრძენნი უკუაქცევენ რისხვას. სულელ კაცთან მოდავე ბრძენკაცს, ბრაზობს თუ იცინის, სულერთია, არ ექნება მოსვენება. სისხლის მოყვარულებს სძულთ უბიწო, წრფელნი კი ზრუნავენ მასზე. ბრიყვი მთელ თავის რისხვას გამოხატავს, ბრძენი კი თავს იკავებს. თუ მმართველი სიცრუეს ყურს მიუგდებს, მისი ყველა მსახური უკეთური იქნება. ღატაკს და თაღლითს ერთი აქვთ საერთო: თვალის ჩინს ორივეს უფალი აძლევს. მეფე, რომელიც სამართლიანად ასამართლებს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს. წკეპლას და შეგონებას სიბრძნე მოაქვს, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია. უკეთურთა მმრთველობისას დანაშაული მრავლდება; მაგრამ მართალნი იხილავენ მათ დამხობას. გაწვრთენი შვილი და შვებას მოგგვრის. სიამეს მიანიჭებს შენს გულს. თუ გამოცხადებები არ არის მაღლიდან, ხალხი თავს იშვებს; ნეტარია რჯულის დამცველი. სიტყვით ვერ გაწვრთნი მონას, რადგან კიდევაც რომ გაიგოს, არ დაგიჯერებს. გინახავს სიტყვაჩქარი კაცი? ბრიყვის მეტი იმედი გქონდეს, ვიდრე ამგვარი კაცისა. მონას თუ სიყრმიდანვე გაანებივრებ, მემკვიდრედ გაგიხდება. მრისხანე კაცი შუღლს თესავს, და გულფიცხი ბევრს ცოდავს. ქედმაღლობას დამცირება მოსდევს, თვინიერებას კი დიდება მოაქვს. ქურდის მოზიარე თავის მოძულეა; ესმის როგორ წყევლიან ქურდს, მაგრამ არ ამხელს. კაცის შიში მახეა, უფალს მინდობილი კი ხელშეუხებელია. მრავალი ეძებს ბატონის მოწყალე სახეს, მაგრამ კაცის ბედი უფლის ხელთაა. მართალთათვის საზიზღრობაა უსამართლო კაცი, ხოლო უკეთურთათვის სწორი გზით მავალია საზიზღრობა. სიტყვები აგურისა, იაკეს ძისა, მისნისა, თქმული ითიელის, ითიელის და უქალისადმი: ყველაზე უმეცარი ვარ კაცთაგან და ადამიანური გონება არ გამაჩნია; არ მისწავლია სიბრძნე და ღვთიურისა არაფერი გამეგება. ვინ ავიდა ზეცაში და ვინ ჩამოვიდა? ვინ შეაგროვა ქარი მუჭებით? ვინ გამოიკრა წყალი კვართში? ვინ დაადგინა მიწის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი? ღმერთის ყოველი სიტყვა ხალასია; ფარია მასზე მინდობილთათვის. ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, რათა არ გამხილოს და ცრუ არ გამოდგე. ორ რამეს გთხოვ, უარს ნუ მეტყვი, სანამ ცოცხალი ვარ: განმაშორე ტყუილი და სიყალბე, ნუ მომცემ ნურც სიღარიბეს და ნურც სიმდიდრეს, მაკმარე პური ჩემი არსობისა, რათა გამძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა: „ვინ არის უფალი?“ ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო სახელი ჩემი ღმერთისა. ნუ დასწამებ ცილს მონას თავისი ბატონის წინაშე, თორემ მოგეწევა მისი წყევლა. არიან ისეთნი, ვინც მამას სწყევლის და დედას არ ლოცავს; არიან საკუთარ თვალში სუფთანი, მაგრამ განუბანელი თავიანთი სიბინძურისაგან; არიან კაცნი – როგორი ამპარტავანნი, რა ქედმაღალი მზერის! არიან კაცნი, რომელთა კბილები მახვილებია, ღოჯები დანებია, ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად ამქვეყნად. წურბელას ორი ასული ჰყავს: „მომე, მომე!“ ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არასდროს იტყვიან: „კმარა“ შავეთი და უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასდროს არ ამბობენ: „კმარა!“ მამის დამცინავ და დედის ურჩ ყვავ-ყორანი ამოკორტნის თვალებს და ორბის მართვენი შეჭამენ. სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ არ ვიცი: არწივის გზა ცაში, გველის გზა კლდეზე, ხომალდის გზა შუაგულ ზღვაში და კაცის გზა ქალწულისაკენ. ასეთია გზა მრუში ქალისა: შეჭამს, პირს მოიწმენდს და ამბობს: „ცუდი არაფერი გამიკეთებია.“ სამი რამ არყევს მიწას და ოთხი ვერ აუტანია: გამეფებული მონა, მაძღარი ბრიყვი, კახპას გათხოვება და ქალბატონის ადგილს რომ იჭერს მისი მხევალი. ოთხი რამ არის მცირე დედამიწაზე, მაგრამ ისინი ბრძენზე ბრძენნი არიან: ჭიანჭველა სუსტია, მაგრამ ზაფხულშივე იმზადებს საზრდოს; კლდის ბოცვერი ძლიერი არ არის, მაგრამ კლდეზე იდგამს სახლს; მეფე არა ჰყავთ კალიებს, მაგრამ მწყობრად გამოდიან; ხვლიკს ხელით დაიჭერ, მაგრამ მეფის სასახლეშიც კი ცხოვრობს. სამნი გამართულნი დააბიჯებენ და ოთხნი მარჯვედ დადიან: ლომი უძლიერესია მხეცთა შორის და გზიდან არავის ჩამოეცლება; ამაყი ვაცი და მეფე, ლაშქარს რომ მიუძღვის. თუ სისულელით თავი აიმაღლე ან ბოროტება განიზრახე, პირი მოკუმე, რადგან რძის დღვება კარაქს იძლევა, ცხვირის ქექვა – სისხლი გადმოადენს და რისხვის გადმონთხევა კი შუღლს წარმოშობს. იტყვანი მეფე ლემუელისა, მისნისა, რომლებსაც ასწავლიდა დედამისი: რაო, ჩემო შვილო, რაო, შვილო ჩემი მუცლისა? რაო, შვილო ჩემი აღთქმებისა? ნუ შეალევ ქალებს შენს ძალას და შენს გზებს – მეფეთა დამღუპველ დიაცებს! მეფეებს არ შეჰფერით, ლემუელ, მეფეებს არ შეჰფერით ღვინის სმა, და არც მთავრებს – თაფლუჭზე მიძალება, თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონებს, გაამრუდებენ ჩაგრულთა სამართალს. მიეცით ძლიერი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – გამწარებულს. დალიოს და დაივიწყოს თვისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს. გახსენი პირი მუნჯებისთვის, ყველა მიტოვებულისთვის სამართლის გასაჩენად. გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი ღარიბ-ღატაკთა უფლებები. ვინ იპოვის გამრჯე ცოლს? ობოლ მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. ენდობა მას მისი ქმრის გული და არ მოაკლდება შემოსავალი. ის მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს ქმარს და არა ვნებას. მატყლს და სელს მოიპოვებს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელით. სავაჭრო ხომალდივით არის იგი – შორიდან ეზიდება საზრდოს. გათენებამდე დგება და საკვებს უმზადებს ოჯახს და საქმეს უნაწილებს მხევალთ. შეარჩევს მიწას და შეიძენს, თავისი ხელით აშენებს ვენახს. ძალას შემოირტყამს წელზე და მკლავს გაიმაგრებს. ხედავს თავისი შრომის ნაყოფს და ღამით არ ქრება მისი სანთელი. ჯარას აბრუნებს და თითისტარს ატრიალებს. გლახაკთან ხელგაშლილია და მკლავს აშველებს დავრდომილს. არ აშინებს ყინვა, რადგან მთელი ოჯახი თბილად ჰყავს შემოსილი. ფარდაგებს იკერავს და სელითა და ძოწეულით იმოსება. მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან და ქვეყნის უხუცესებს შორის ზის. სელის სამოსს კერავს და ყიდის; სარტყლებს ვაჭრებს ატანს გასაყიდად. ძალით და ღირსებით არის მოსილი და ხვალინდელ დღეს ღიმილით ხვდება. პირს სიბრძნით ხსნის და მადლიან დარიგებებს წარმოსთქვამს მისი ენა. კარგად უძღვება საოჯახო საქმეებს და მუქთა პურს არ ჭამს. დგებიან მისი შვილები და ლოცავენ დედას; ქმარიც დგება და აქებს მას: „მრავალი ქალი მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!“ მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია. მიაგეთ მას მისი გარჯის ნაყოფი და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან. სიტყვანი ეკლესიასტესი, ძისა დავითისა, მეფისა იერუსალიმში. ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა! ყოველივე ამაოებაა! რა სარგებელი აქვს კაცს მთელი იმ ჯაფიდან, მზისქვეშეთში რომ ეწევა? თაობა მიდის და თაობა მოდის, ქვეყანა კი სამუდამოდ რჩება. მზე ამოდის და მზე ჩადის, და იმ ადგილს უბრუნდება, საიდანაც ამოვიდა. სამხრეთისაკენ მიქრის ქარი, შემობრუნდება და ჩრდილოეთისაკენ მიიქცევა; ტრიალებს, ტრიალებს ქარი და თავის წრეებზე ბრუნდება. ყველა მდინარე ზღვისკენ მიედინება, ზღვა კი არ ივსება; საითკენაც მიედინებოდნენ მდინარეები, კვლავაც იქით მიედინებიან. ყოველი საქმე მომქანცველია, უფრო მეტად, ვიდრე სიტყვას ძალუძს ამის გამოთქმა; თვალი ვერასდროს ძღება ხილვით, და ვერც ყური ივსება სმენით. რაც ყოფილა, ისევ ის იქნება, და რაც მომხდარა, იგივე მოხდება: არაფერია ახალი მზისქვეშეთში. განა არის ისეთი რამ, რაზეც იტყოდნენ: „ნახე, ეს სიახლეა!“ ესეც ყოფილა წინა საუკუნეებში, ჩვენამდე რომ იყო. არ დარჩენილა გარდასულთა ხსოვნა, და არც მათ შემდგომთ გაიხსენებს მათ უკან მყოფი. მე, ეკლესიასტე, ვმეფობდი ისრაელზე იერუსალიმში. გულმოდგინედ ვიწყე სიბრძნით ძიება და განსჯა იმისა, რაც ხდება ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამიანებს აღსასრულებლად. და ვიხილე ყოველი საქმე, რაც მომხდარა მზისქვეშეთში, და აჰა, ყოველივე ამაოებაა და დევნა ქარისა. გამრუდებულს ვერ გაასწორებ, და რაც გარდავიდა, ვეღარ აღრიცხავ. ვუთხარი ჩემს გულს: „აჰა, დიდი სიბრძნე მოვიპოვე და აღვემატე ყველა ჩემზე უწინარეს მყოფს იერუსალიმში. და ეზიარა ჩემი გული უამრავ სიბრძნესა და ცოდნას.“ და განვაწყვე ჩემი გონება, რათა შემეცნო სიბრძნე და შემეცნო სიშლეგე და სისულელე. და გავიგე, რომ ესეც დევნაა ქარისა. რადგან დიდ სიბრძნეში დიდი დარდია და ცოდნის გამრავლება წუხილს ამრავლებს. ვუთხარი ჩემს თავს: „მოდი, გამოვცდი სიამეს, რათა გავიგო, რა მოაქვს მას.“ მაგრამ ესეც ამაოება იყო. სიცილზე ვთქვი: „სისულელეა.“ და სიამეზე: „რის მაქნისია?“ ვიფიქრე, ღვინით გამეხალისებინა ჩემი სხეული, გონებას კი სიბრძნით ეფხიზლა; უგუნურებაც გამომეცადა, რათა მეხილა, რისი კეთება არის სასიკეთო კაცთათვის ცისქვეშეთში მათი სიცოცხლის დათვლილ დღეებში. დიდი საქმენი ვქმენ: ავიგე სახლები და გავაშენე ვაზი; გავიშენე ბაღები და წალკოტები და დავრგე იქ ყოველგვარი ხეხილი. მოვაწყვე წყალსატევები ნორჩი ტევრების მოსარწყავად. შევიძინე მონა-მხევალნი და შინ შობილი მონაც მრავლად მყავდა. ცხვარ-ძროხა უფრო მეტი მყავდა, ვიდრე მათ, ვისაც ჩემზე წინ უმეფია იერუსალიმში. მოვიხვეჭე ოქრო და ვერცხლი და უამრავი განძი ყოველთა მეფეთაგან და მხარეთა. გავიჩინე მგალობლები, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი – მშვენიერი ხარჭანი. და განვდიდდი და გავმდიდრდი, გადავაჭარბე ყველას, ჩემზე ადრე მყოფს იერუსალიმში; და ჩემი სიბრძნეც არ მტოვებდა მე. და რასაც თვალი მომთხოვდა, არაფერზე ვიხევდი უკან; არცერთი სიამე არ მოვაკელი ჩემს გულს, რადგან ხარობდა იგი ჩემი ნაღვაწით, და ეს იყო საზღაური ჩემი შრომისა. და გადავხედე ყველა ჩემს საქმეს, რაც გააკეთეს ჩემმა ხელებმა, ყველეფერს, რაც შრომით შევქმენი, და ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო, და სარგებელი ვერაფერი დავინახე მზისქვეშეთში. და ვიწყე განსჯა სიბრძნისა, სიშლეგისა და უგუნურებისა. რა უნდა გააკეთოს კაცმა, ვინც მოვა მეფის შემდგომ? მხოლოდ ის, რაც უკვე გაკეთებულია. და დავინახე, რომ უპირატესობა აქვს სიბრძნეს სიბრიყვესთან, ისევე როგორც სინათლეს – სიბნელესთან. ბრძენის თვალი მხედველია, ბრიყვი კი სიბნელეში დაეცეცება; თუმცა იმასაც მივხვდი, რომ ერთი ბოლო აქვთ ერთსაც და მეორესაც. და ვუთხარი ჩემს გულს: „რაც ბრიყვს მოელის, მეც იგივე მელის, მაშ რიღასათვის ვიყავი ბრძენი?“ და გულსავე ვუთხარ, რომ ესეც ამაოება ყოფილა; რადგან მარადიული არ იქნება ხსოვნა ბრძენისა, ისევე როგორც ხსოვნა ბრიყვისა; მომავლის დღენი ყველაფერს დავიწყებას აძლევენ. ვაგლახ, რომ ერთნაირად კვდებიან ბრიყვიც და ბრძენიც! და შევიძულე ცხოვრება, რადგან მწუხარე აღმოჩნდა ყველა საქმე, რაც მზისქვეშეთში ხდება, რადგან ყოველივე ამაოებაა და დევნა ქარისა. და შემძულდა მთელი ჩემი ნაღვაწი, რაც ვიღვაწე მზისქვეშეთში, რადგან უნდა დავუტოვო კაცს, რომელიც ჩემს შემდეგ მოვა. ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური, რომელიც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაღვაწს, ჩემი შრომითა და სიბრძნით რომ მოვიპოვე მზისქვეშეთში. და აჰა, ესეც ამაოებაა. და გულგატეხილად შევაქციე ზურგი მთელ ჩემს ნაღვაწს მზისქვეშეთში. რადგან ისე ხდება, რომ ადამიანი შრომობს ბრძნულად, ცოდნით და ნიჭიერებით, და ნაღვაწი კი სხვას ხვდება წილად, რომელსაც ამაზე არ უშრომია. და ესეც ამაოებაა და დიდი ბოროტება. რადგან რა რჩება ადამიანს მთელი თავისი შრომიდან და თვისი გულისსწრაფვიდან, მზისქვეშეთში რომ იღწვის იგი? დღენი მისნი ტანჯვითაა სავსე, საზრუნავი მისი – წუხილია; ღამითაც არ ისვენებს, უშფოთავს გული. აჰა, ესეც ამაოებაა. განა უკეთესი არ არის კაცისთვის, რომ ჭამოს და სვას და დაიტკბოს სული თავისი შრომით? და დავინახე, რომ ესეც ღვთის ხელთაა; რადგან ვის შეუძლია ჭამოს და დატკბეს მის გარეშე? რადგან ადამიანს, რომელიც კეთილია მის წინაშე, აძლევს ის სიბრძნეს, ცოდნას და სიხარულს; ცოდვილს კი აძლევს საზრუნავს – შეკრიბოს და მოაგროვოს, რათა მისცეს მას, ვინც კეთილია უფლის წინაშე. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ყოველ მოვლენას თავისი ჟამი ცისქვეშეთში: ჟამი დაბადებისა და ჟამი გარდაცვალებისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის აღმოფხვრისა; ჟამი მოკვდინებისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა; ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვა-თამაშისა; ჟამი ქვათა გაფანტვისა, და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი შეხვედრისა, და ჟამი განშორებისა; ჟამი ძებნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა; ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა, და ჟამი საუბრისა; ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა. რასა რგებს მშრომელს მისი ნაშრომი? მე ვიხილე საქმენი, რომელიც ღმერთმა მიუჩინა ადამიანებს შესასრულებლად. ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა, მშვენიერია თავისი დროის შესაფერად; და თუმცა მარადიულის შეცნობის უნარი მიანიჭა მან კაცთა გონებას, მაგრამ ისე, რომ ვერ შეიცნოს ღმერთის ნამოქმედარის თავი და ბოლო. ვიცი, რომ არაფერია კაცთათვის იმაზე კარგი, რომ იბედნიერონ და იხარონ სანამ ცოცხლობენ. და თუ ვინმე ჭამს და სვამს და სიკეთეს ხედავს მთელ მის ნაღვაწში, ეს ღვთისგან აქვს მას ნაბოძები. ვუწყი, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, მარადიულად იარსებებს – ვერც დაემატება რაიმე და ვერც მოაკლდება; და ეს იმისთვის მოაწყო ღმერთმა, რათა შიში ჰქონდეთ მის წინაშე. რაც არის, ის უკვე იყო; და რაც იქნება, ისიც უკვე იყო ადრე, და ღმერთი გამოიძიებს უკვე გარდასულს. და კიდევ ვიხილე მზისქვეშეთში: მართლმსაჯულების ადგილას – უსამართლობა; სამართლიანობის ადგილას – უკანონობა. ვთქვი ჩემს გულში: მართალს და მტყუანს ღმერთი განსჯის, რადგან მან განსაზღვრა ჟამი ყოველი საგნისა და ყოველი საქმისა. ვთქვი მე ჩემს გულში კაცთა მოდგმაზე: ასე გამოსცდის ღმერთი მათ, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. რადგან ხვედრი ადამიანთა და ხვედრი პირუტყვთა ერთი და იგივეა: როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც. და ერთი სუნთქვა უდგას ყველას, და არა აქვს ადამიანს უპირატესობა პირუტყვზე, რამეთუ ყოველივე ამაოებაა. ყოველივე ერთი ადგილისკენ მიდის: ყველაფერი მტვერია და ყველაფერი მტვრად იქცევა. ვინ უწყის, ადის კი ზევით სული კაცისა, ხოლო პირუტყვისა – ქვევით, ქვესკნელისაკენ? და ვიხილე, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე იხაროს ადამიანმა თვისი საქმით, რადგან ესაა მისი ხვედრი. და ვინ დაანახვებს მას, რა მოხდება მის შემდეგ? და კიდევ ვიხილე ყოველი ძალადობა, რომელიც ხდება მზისქვეშეთში: ვნახე ცრემლი ჩაგრულთა და ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ მათ; და ძალა მათ მჩაგვრელთა ხელთ იყო, მათ კი არ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. დიდი ხნის მკვდარნი უფრო ბედნიერად შევრაცხე, ვიდრე ჯერაც ცოცხალნი. ხოლო ორივეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერ არ შობილა, რომელსაც არ უხილავს ის ბოროტება, მზისქვეშეთში რომ ხდება. და ისიც ვიხილე, რომ ყოველი სიბეჯითე და მოხერხება საქმეში მხოლოდ კაცთა შორის ერთურთის შურით არის გამოწვეული. ესეც ამაოებაა და დევნა ქარისა. ბრიყვს გულზე ხელები დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს. ერთი მუჭა სიმშვიდე სჯობს ტანჯვით სავსე მთელ კალთა ფუჭ საზრუნავსა და ქარის დევნას. და კვლავ ვიხილე ამაოება მზისქვეშეთში: ესენი არიან მარტოხელანი: არც ძე ჰყავთ, არც ძმა, ბოლო კი არ უჩანს მათ ჯაფას, მაგრამ მათი თვალი ვერ ძღება სიმდიდრით. „ვისთვისა ვშრომობ“, კითხულობენ ისინი, „და რისთვის ვაკლებ ჩემს სულს სიამეს?“ – ესეც ამაოებაა და ფუჭი საქმე. ორის ყოფნა სჯობს ერთისას, რადგან უკეთესი საზღაური მიეზღვება მათ გარჯას. რადგან თუ დაეცემა ერთი, მეორე წამოაყენებს მეგობარს; მარტომყოფი კი თუ დაეცა, ვინ წამოაყენებს მას? თუ ორნი დაწვებიან, თბილად იქნებიან. მარტომყოფს კი ვინ გაათბობს? ერთის ძლევა იოლია, ორს კი ძალუძს გამკლავება. სამმაგი ბაწარი დიდხანს ძლებს. ღარიბი და გონიერი ჭაბუკი სჯობს მოხუცებულ უგუნურ მეფეს, რომელსაც აღარ ესმის შეგონება. ჭაბუკი შეიძლება სატუსაღოდან გამოვიდეს და მეფე გახდეს, თუმცა ღატაკად იყო შობილი იმ სამეფოში. ვიხილე, რომ ყოველ მცხოვრებს, ვიდრე ის მზისქვეშეთში დადის, მიჰყვება ყრმა, რომელიც მის ადგილს დაიჭერს. დასასრული არ უჩანდა მთელ იმ ხალხს, ვისაც ის წინამძღოლობდა. მაგრამ არც მათ შემდგომნი მოიპოვებენ სიხარულს. ჭეშმარიტად, ესეც ამაოებაა და დევნა ქარისა. დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როდესაც ღმერთის სახლისაკენ მიემართები; არჩიე მოსმენა უგნურთა მსხვერპლშეწირვას, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან. ენა ნუ გაგისწრებს წინ და გული ნუ აგიჩქარდება ღმერთის წინაშე სიტყვის სათქმელად, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი – მიწაზე. ამიტომ შეიკავე თავი მრავალსიტყვაობისაგან. ბევრ საზრუნავს სიზმრები მოსდევს, ბრიყვის ხმას კი მრავალსიტყვაობა ახლავს. თუ აღთქმას მისცემ ღმერთს, ნუ დააყოვნებ აღსრულებას, მას არ უყვარს უგუნურნი; დროზე აღასრულე შენი აღთქმა. ჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ აღასრულო. ნუ დაგცდება პირიდან ისეთი სიტყვა, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; და ნუ იტყვი ანგელოზის წინაშე: შევცდიო. ნუ განარისხებ ღმერთს შენი სიტყვებით, რათა არ დაღუპოს მან შენი ხელით შექმნილი. სიზმრების სიმრავლეს ამაოება და მრავალსიტყვაობა მოსდევს. გეშინოდეს ღმერთის! თუ იხილავ სადმე ღატაკთა ჩაგვრას და სამართლისა და სიმართლის შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უმზერს უფრო მაღალი, ხოლო მათ ზემოთ კიდევ უფრო მაღალი არის. მიწის ნაყოფი საერთოა, გადახნულ მიწას კი მეფემ უნდა მიხედოს. ვერცხლისმოყვარე ვერ გაძღება ვერცხლით, და ვერც ფუფუნების ტრფიალი აღივსებს საწყაულს. ესეც – ამაოებაა! დოვლათი რომ იზრდება, მჭამელთა რიცხვიც იზრდება. რა სარგებელი აქვს პატრონს, გარდა მათი ყურებისა? ტკბილია მშრომელის ძილი, ბევრს შეჭამს თუ ცოტას; მდიდარს კი სიმაძღრე ძილს უფრთხობს. მძიმე სატკივარი ვიხილე მზისქვეშეთში: სიმდიდრე – პატრონის მიერ დამარხული თავის საუბედუროდ. დაეკარგა სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და მისი შვილი ხელცარიელი დარჩა; შიშველი გამოვიდა დედის მუცლიდან და შიშველი წავა, ამაოდ ჩაივლის მისი შრომა, ვერას წაიღებს თან! და ესეც მტანჯველი ბოროტებაა: როგორც მოვიდა, ისე წავა; და რას მიიღებს ქარის დევნით?! მთელი მისი სიცოცხლის დღეებს ბნელში ამოჭამს დარდსა და ვაებაში. და დავინახე, რა არის კეთილი და შესაფერი: ჭამა, სმა და სიამე საკუთარი შრომის ნაყოფით, რასაც კაცი აკეთებს მზისქვეშეთში თავისი სიცოცხლის იმ დათვლილ დღეებში, რომელსაც ღმერთი გვაძლევს; რადგან ესაა ჩვენი წილხვედრი. თუ ღმერთი კაცს აძლევს სიმდიდრეს და ქონებას, რათა ისარგებლოს და მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი შრომით – ეს ღმერთის ნაბოძებია. ის აღარ დარდობს თავისი სიცოცხლის გარდასულ დღეებზე, რადგან ღმერთი აძლევს მას გულის სიხარულს. არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და მრავლად არის კაცთა შორის: ზოგ კაცს ღმერთი აძლევს სიმდიდრეს და ქონებას და პატივს და არაფერს აკლებს, რასაც ისურვებს, მაგრამ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მოიხმაროს ეს ყველაფერი, არამედ სხვა მოიხმარს მათ. ესეც ამაოებაა და უბედურება. კაცმა რომ შვას ასი შვილი და მრავალ წელს იცოცხლოს, თუ მის სულს სიკეთე არ უგემია და საფლავიც არ ეღირსა, მე ვიტყვი: დედის მუცელს რომ მოსწყვეტოდა, ის ჯობდა. რადგან ამაოებაში მოდის და ბნელში მიდის და წყვდიადი შთანთქავს მის სახელს. რადგან მუცელს მოწყვეტილს მზე არც უხილავს და არც არაფერი გაუგია; იმ კაცზე უფრო მოსვენებულია. თუ ვერაფერი სიკეთე ნახა, ორჯერ ათასი წელიც რომ ეცხოვრა, რა ბედენაა, ბოლოს განა ყველა ერთად არ შეიყრება? კაცთა მთელი შრომა მათი პირისთვისაა, მაგრამ მადა აღუვსებელია. რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან რა სარგებელი აქვს ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას? სჯობს თვალით ნანახი, ვიდრე ნაოცნებარი – ესეც ამაოებაა და დევნა ქარისა. ყველაფერს, რაც შეიქმნა, უკვე სახელიც მიეცა დიდი ხანია; ისიც ცნობილია, რა არის კაცი: თავისზე ძლიერთან დავა არ ძალუძს. რაც მეტია სიტყვები, მით დიდია ამაოება. მაშ რა სარგებელი აქვს კაცს მათგან? ვინ უწყის, რა არის უკეთესი კაცისთვის მისი ამაო ცხოვრების დათვლილ დღეებში, რომელნიც აჩრდილივით ქრებიან? ვინ ეტყვის კაცს, რა იქნება მის შემდეგ მზისქვეშეთში? კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე – გაჩენის დღეს. ქორწილში წასვლას სატირალში წასვლა სჯობს, რადგან ეს არის ბოლო ყოველი კაცისა, ცოცხალს უნდა ახსოვდეს ეს. მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სევდიანი სახე გულს ალმობიერებს. ბრძენთა გული სატირალშია, ბრიყვთა გული კი – ქორწილში. სჯობს ბრძენმა შეგრისხოს, ვიდრე ბრიყვმა გაქოს. ცეცხლზე დაყრილი ფიჩხის ტკაცუნია ბრიყვის სიცილი; ესეც ამაოებაა. ჩაგვრა ბრძენს უგუნურს გახდის, და ქრთამი კი გულს რყვნის. საქმის ბოლო მის დასაწყისს სჯობს, მოთმინება კი – ქედმაღლობას. ნუ ეშურები გულისწყრომას, გულისწყრომა უგუნურთა უბეში ბუდობს. ნუ იტყვი: წარსული აწყმოს რად სჯობდაო? რადგან სიბრძნე აკლია ამ კითხვას. სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის. სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც, მაგრამ ცოდნის უპირატესობა ის არის, რომ სიბრძნე სიცოცხლეს ანიჭებს მის მფლობელს. შეხედე ღმერთის საქმეებს: ვინ შეძლებს გაასწოროს, რაც მან გაამრუდა? კეთილდღეობისას გაიხარე და ძნელბედობისას იფიქრე; ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა, ისე რომ კაცი ვერ მისწვდება იმას, რაც მოხდება შემდგომში. ყოველივე ვიხილე ჩემი ამაოების დღეებში: მართალი დაღუპულა თავის სიმართლეში და უკეთური დღეგრძელობს თავის ბოროტებაში. ნუ იქნები ზედმეტად მართალი და ნურც ზედმეტად დაბრძენდები, ნუ დაიღუპავ თავს. ნუ იქნები მთლად უღმრთო და ნურც მთლად ბრიყვი, რათა მშვიდობით გალიო შენი სიცოცხლის დღენი. უმჯობესია, ერთიც იყო და მეორეც; არც ერთი უარყო და არც მეორე; რადგან ღვთისმოშიში ყველაფერს გაუძლებს. სიბრძნე კაცს ათ ხელისუფალზე ძლიერად აქცევს, ქვეყნად რომ მბრძანებლობენ. არ არის ქვეყანაზე მართალი კაცი, მხოლოდ სიკეთეს რომ იქმოდეს და არ სცოდავდეს. ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გაიგონო, როგორ გაძაგებს შენი მონა; შენმა გულმა ხომ იცის, რომ შენც ბევრს აძაგებ. სიბრძნით გამოვცადე ეს ყოველივე და ვთქვი: დავბრძენდები-მეთქი, მაგრამ შორსაა ის ჩემგან! რაც არის, ის შორსაა და მიწის უფსკრულებშია, ვინ მისწვდება მას? გულში ჩავიდე, შემეცნო, შემესწავლა და გამომეკვლია, რა არის სბრძნე და გონიერება, რათა გამეგო, რომ უკეთურება სიბრიყვეა და უგუნურება – შეშლილობა. მივხვდი, რომ სიკვდილზე მწარეა დიაცი, რადგან ის ხაფანგია, მისი გული ბადეა და მისი ხელები – ბორკილები. უფლის სათნო გადაურჩება მას, ცოდვილს კი გააბამს მახეში. აი, რას მივხვდი, – თქვა ეკლესიასტემ, – ერთი მეორის მიყოლებით, ხანგრძლივი კვლევით – რასაც ჩემი გონება კვლავაც ეძებდა, მაგრამ ვერ ვპოვე. ათასში ერთი მამაკაცი ვნახე, მაგრამ ქალი მათ შორის – ვერც ერთი. და აჰა, მხოლოდ ეს ვპოვე: ღმერთმა ადამიანები მართლად შექმნა, მათ კი მრავალი თავსატეხი გაიჩინეს. ვინაა ბრძენის მსგავსი? და ვინ შეიცნობს საგანთა ბუნებას? ადამიანის სიბრძნე ანათებს მის სახეს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს. აღასრულე მეფის ბრძანება, რადგან ღმერთისთვის გაქვს მიცემული ამის აღთქმა. ნუ იჩქარებ მისი პირისგან წასვლას და ნუ დადგები ჯიუტად ბოროტ საქმეზე, რადგან რასაც ის ინებებს, გააკეთებს. ვინაიდან მეფის სიტყვა ძალმოსილია; ვინ შებედავს უთხრას: რას აკეთებო? ბრძანების დამცველი შარში არ გაეხვევი; სამართლის დრო და ჟამი იცის ბრძენის გულმა. ვინაიდან ყველაფერს თავისი ჟამი და წესი აქვს, კაცის უბედურება კი ის არის, რომ მან არ იცის, რა მოხდება; რადგან ვინ ეტყვის მას, რა იქნება? კაცი ვერ შეაჩერებს ქარს, ვერ განაგებს თავისი სიკვდილის დღეს; ბრძოლის ველს ვერ დაუსხლტება ჯარისკაცი, უკეთურებით თავს ვერ გადაირჩენს. ყოველივე ვიხილე და გული მივაპყარ ყოველ საქმეს, რაც მზისქვეშეთში მომხდარა. ის დროც ვნახე, როდესაც კაცი კაცზე ბატონობდა და ბოროტებას შეამთხვევდა. ისიც ვიხილე, როგორ მარხავდნენ უკეთურთ და წმიდა ადგილიდან როგორ ბრუნდებოდნენ უკან; და ივიწყებდა ბოროტეულთ ქალაქი. და ესეც ამაოებაა. რაკი მსწრაფლ არ ისჯება ბოროტი საქმეები, ამიტომ მიუწევს კაცს გული ბოროტებისკენ. თუმცა ვხედავ, რომ ცოდვილი ასჯერ სჩადის ბოროტებას და მაინც დიდხანს ცოცხლობს, – მე მაინც ვიცი, რომ მიეგებათ მადლი ღვთისმოშიშთ, რომელთაც ეშინიათ ღვთისა. არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღემოკლე იქნება ყველა, ვისაც ღმერთის არ ეშინია. არის ამაოება, რომელიც ხდება ქვეყნად: მართლებს ბოროტეულთა საქმეთამებრ მიეგებათ; და არიან ბოროტეულნი, რომელთაც მართალთა საქმეთაებრ მიეგებათ. და მე ვთქვი: ესეც ამაოებაა. და შევაქე მოლხენა, რადგან არაფერია უკეთესი კაცისთვის მზისქვეშეთში, ვიდრე სმა-ჭამა და განცხრომა. ეს ახლავს მას შრომასთან ერთად მთელი მისი დღენი, რომლებიც მისცა მას ღმერთმა მზისქვეშეთში. და როდესაც გული მივაპყარ იმას, რომ შემეცნო სიბრძნე და მომეხილა ყოველი საქმე, რაც ქვეყნად ხდება, დღედაღამ თვალის მოუხუჭავად, მაშინ ვიხილე ღმერთის ყოველი საქმე, და ის, რომ კაცი ვერ მისწვდება იმას, რაც ხდება მზისქვეშეთში: რამდენსაც არ უნდა დაშვრეს კაცი და ეძიოს, ვერას მიხვდება. თუნდაც რომ თქვას ბრძენმა, რომ ყოველივე იცის, ვერას მიხვდება. ყოველივე ეს ჩავიდე გულში და გამოვიკვლიე, რომ მართალნი და ბრძენნი და მათი საქმენი ღმერთის ხელთაა. კაცმა არ იცის, წინ რა ელოდება – სიყვარული თუ სიძულვილი. და ყველაფერი, რაც ემართება ამაოებაა; ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალსა და უკუღმართს, კეთილსა და ბოროტს, სუფთას და უწმინდურს, მსხვერპლის შემწირავსა და მსხვერპლის არ შემწირავს, კეთილსა და ბოროტს, მოფიცარსა და ფიცის მოშიშს. ესაა ცუდი მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; კაცთა გულები აღივსო ბოროტებით, და სიშლეგე ბუდობს მათ გულებში მთელი სიცოცხლე; მერე კი სიკვდილი მოდის. და ვიდრე ცოცხლობს კაცი, ნუგეშად აქვს: ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს სჯობიაო. რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა უკვე დავიწყებას მიეცა. გაქრა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ აღარასოდეს წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება. მაშ მიდი და ლხენით ჭამე შენი პური და უდარდელად სვი შენი ღვინო, რადგან ღმერთმა მოიწონა შენი საქმენი. ქათქათა სამოსელი გეცვას ყოველდღე, და ნელსაცხებელი არ მოიკლო თავზე. საყვარელ ცოლთან სიამტკბილობით გაატარე ამაო დღენი, ღმერთმა რომ მოგცა მზისქვეშეთში, – ეს არის შენი წილი მზისქვეშეთში რუდუნებისთვის. აკეთე, რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელს, რადგან არც საქმე, არც ფიქრი, არც ცოდნა, და არც სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ. ისიც ვიხილე მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს. რადგან კაცმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახლართული თევზივით და მახეში გაბმული ჩიტივით იქნება იგი შეპყრობილი ავბედით ჟამს, უეცრად რომ დაუდგება. კიდევ ასეთი სიბრძნე ვიხილე მზისქვეშეთში და დიდად ჩავთვალე ის: იყო პატარა ქალაქი და მცირე ხალხი ცხოვრობდა მასში. და აჰა, მოადგა მას დიდი მეფე და შემოარტყა მძლავრი ალყა. მაგრამ მოიძებნა იქ ღატაკი ბრძენი და მან გაადარჩინა ქალაქი სიბრძნით, მაგრამ არავის აღარ გახსენებია ის ღატაკი. და ვთქვი მე: „სიბრძნე სჯობს სიმამაცეს. მაგრამ ღატაკის სიბრძნეც აბუჩადაა აგდებული და მის სიტყვას არავინ უსმენს.“ ბრძენის მშვიდად თქმული სიტყვა სჯობს მმართველის ყვირილს. სიბრძნე სჯობს ხმალ-ხანჯლის ქნევას, მაგრამ ერთ ცოდვილს ბევრის დაღუპვა შეუძლია. მკვდარი ბუზები ამყრალებენ მენელსაცხებლის სურნელოვან ზეთს; მცირე სიბრიყვეს შეუძლია გადაწონოს სიბრძნე და ღირსება. ბრძენის გული მარჯვნივ იხრება, ბრიყვის გული კი – მარცხნივ. რა გზასაც არ უნდა გაუდგეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველა ხედავს, რომ სულელია. თუ ბატონი გაგირისხდა, ნუ გაექცევი, რადგან მომთმენს ბევრს აპატიებენ. არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში, რომელიც მოდის ხელისუფლის შეცდომისაგან: უგუნური დიდ სიმაღლეზე აჰყავთ, მდიდრები კი დაბლა სხედან. ვიხილე მონები ცხენებზე, მთავრები კი მონებივით ფეხით მოარულნი. ვინც ორმოს თხრის, თავად ჩავარდება შიგ, ხოლო ვინც ზღუდეს გამოანგრევს, მას გველი უკბენს. ქვისმთლელს ქვა დაეცემა და ხის მჭრელს ხისგან ემუქრება საფრთხე. თუ ცული დაგიჩლუნგდა, გალესე, თორემ ჯაფა დაგადგება; საქმე ჭკუით უნდა აკეთო. თუ შეულოცველს უკბინა გველმა, შემლოცველი ვეღარ უშველის. ბრძენის სიტყვებს მისთვის პატივი მოაქვს, უგუნურს კი მისი ბაგეები ღუპავენ. მისი სიტყვები უგუნურებით იწყება და ავი სიშლეგით მთავრდება. ბრიყვი ბევრს ლაყბობს. მაგრამ არავინ იცის, რა იქნება და ვინ იტყვის, რა მოხდება შემდგომ? უგუნურთა შრომა ქანცავს მათ, რადგან ქალაქის გზაც კი არ იციან. ვაი ქვეყანას, რომლის მეფეც ყრმაა, მისი მთავარნი კი დილას ჭამით იწყებენ. ნეტარება შენ, ქვეყანავ, როდესაც შენი მეფე კეთილშობილია, ხოლო შენი მთავრები თავის დროზე ჭამენ ძალ-ღონის მოსაკრებად და არა სიმთვრალისთვის. სიზარმაცით ჭერი ჩამოწვება და გულხელდაკრეფით წყალი ჩამოვა სახლში. ნადიმი გასართობად ეწყობა; ღვინო ახალისებს სიცოცხლეს, ფული კი ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. გულშიც კი ნუ გაივლებ მეფის წყევლას, შენს მოსასვენებელშიც ნუ აგინებ მდიდარს; თორემ ცის ფრინველი მიუტანს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს შენს სიტყვებს. წყალს გაატანე შენი პური, გავა ხანი და უკან დაგიბრუნდება. გაანაწილე შენი ქონება შვიდ ან რვა ნაწილადაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოხდება ქვეყანაზე. ღრუბლები ივსებიან, წვიმას ღვრიან მიწაზე. როდესაც ხე წაიქცევა, სამხრეთით დაეცემა თუ ჩრდილოეთით, იქვე დარჩება, სადაც დაეცემა. ქარის მაყურებელი ვერ დათესავს და ღრუბლების შემყურე ვერ მომკის. როგორც არ იცი ქარის გზა და როგორ ისახება ძვლები ორსულის მუცელში, ისე ვერ შეიცნობ ღმერთის საქმეს, რომელიც ყოველივეს ქმნის. დილით დათესე და საღამოს ხელს ნუ გააჩერებ, რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა: ეს თუ ის, თუ ორივე ერთნაირად სიეთეს მიიტანს. ტკბილია სინათლე და თვალისთვის საამურია მზის ჭვრეტა. თუნდაც მრავალი წელი იცხოვროს კაცმა და იხაროს ყოველი წლით, ახსოვდეს, რომ შავი დღეებიც მრავლად იქნება; და ყველაფერი, რაც მოვა, ამაოებაა. იხარე, ყრმაო, სიყმაწვილეში, გამხიარულოს გულმა ჭაბუკობის ხანს, მიჰყევი შენი გულის გზებს და შენს თვალთა სურვილს; მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამისთვის ღმერთი წარგადგენს სამსჯავროზე. გადაიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე ტკივილი, რადგან ბავშვობაცა და სიყმაწვილეც ამაოებაა. გახსოვდეს შენი გამჩენი სიჭაბუკეში, სანამ არ მოსულა გასიჭირის დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: „აღარ არის სიამე მათში ჩემთვის;“ სანამ არ დაბნელებულა მზე და სინათლე და მთვარე და ვარსკვლავები, და ღრუბლები არ დაბრუნებულან წვიმის შემდეგ, იმ დღემდე, ვიდრე არ შეკრთებიან სასახლის მცველნი და ძლიერი მამაკაცები არ მოიხრებიან; მეწისქვილე ქალები შეწყვეტენ მუშაობას, რადგან მცირედნიღა დარჩებიან; ვიდრე თვალები დაებინდებათ სარკმლიდან მჭვრეტელთ; ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის რაკუნი, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა; როდესაც ადამიანს შეაშინებს სიმაღლე და გზებზე შიში დაივანებს, აყვავდება ნუში, დამძიმდება კალია და დაცხრება ვნებები, – რადგან მიდის ყოველი კაცი თავის საუკუნო სახლში და უკან მიჰყვებიან მოტირალნი; ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და დაიმსხვრეოდეს ოქროს აზარფეშა, კოკა გატყდებოდეს წყალზე და დაიშლებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაზე; ვიდრე მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორიც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაგვბერა. ამაოებათა ამაოება, – თქვა ეკლესიასტემ, – ყოველივე ამაოებაა! იმას გარდა, რომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც ასწავლიდა. წონიდა, იკვლევდა, სწავლობდა და თხზავდა მრავალ იგავს. ეძებდა ეკლესიასტე სასურველ სიტყვებს და წრფელად ჩაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები. ბრძენთა სიტყვები დეზებივითაა, ჩაჭედილი ლურსმნების მსგავსია იგავთა კრებული, რომელიც ერთი მწყემსისაგან არის შთაგონებული. და კიდევ, შვილო ჩემო, გაფრთხილდი: ბევრი წიგნების წერას არა აქვს ბოლო და ბევრი ფიქრი ასუსტებს სხეულს. მაშ მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გეშინოდეს ღმერთისა და დაიცავი მისი მცნებები, რადგან სულ ესაა ადამიანის მოვალეობა. რადგან ყველა საქმეს ღმერთი მიიტანს სამსჯავროზე, ყოველივე დაფარულსაც – კარგი იქნება ის თუ ცუდი. ქებათა ქება სოლომონისა. დაე მომიძღვნას მან მე თავის ბაგეთა ამბორი! რადგან ღვინოზე ტკბილია შენი სიყვარული, სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი, და სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამიტომ შეგიყვარეს შენ ქალწულებმა. თან წარმიტაცე და გავიქცეთ ერთად. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებთ და ვიშვებთ შენით, ვაქებთ შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსეულად შეგიყვარეს შენ! შავგვრემანი ვარ და მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისანო, ვით კედარის კარვები და სოლომონის კრეტსაბმელნი. ნუ უყურებთ, რომ შავგვრემანი ვარ, რამეთუ მზისგან ვარ დამწვარი. ძენი დედისა ჩემისანი გამირისხდნენ, ვენახის მცველად დამაყენეს, მაგრამ ვენახი ჩემი ვერ დავიცავი. მითხარ, შენ, რომელიც შეიყვარა ჩემმა სულმა, სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რად ვიხეტიალო შენი მეგობრების ფარებში? თუ არ იცი, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები. ფარაონის ეტლში შებმულ მერანს გამსგავსე, სატრფოვ ჩემო! მშვენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკული, და ყელი – მარგალიტების მძივებით მორთული. ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულს. როდესაც ინახით იჯდა მეფე, სურნელს აკმევდა ჩემი ნარდიონი. საყვარელი ჩემი მურის ჭურჭელია – ჩემთანაა, ჩემს ძუძუთა შორის ისვენებს. ვამსგავსე ჩემი სატრფო ყენ-გედის ვენახების ინის მტევანს. აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედები ბუდობენ შენს თვალებში. აჰა, მშვენიერი ხარ, საყვარელო ჩემო, და სანატრელი! ხასხასა მოლია ჩვენი სარეცელი! კედარისაა ჩვენი სახურავი, ჭერი კი – კვიპაროსისა. მე ვარ ნარგიზი შარონისა და შროშანი ველთა. როგორც შროშანი ეკალთა შორის, ისეთია ჩემი სატრფო ასულთა შორის! როგორც ვაშლის ხე ტყის ხეთა შორის, ისეთია ჩემი საყვარელი ჭაბუკთა შორის. დიდი სიამით დავჯექ მის ჩრდილში; ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას. შემიყვანა მან ღვინის სახლში და სიყვარულის ალამი დამადგა თავზე. განმამტკიცეთ ყურძნით, გამომაცოცხლეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან. ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მისი მარჯვენა მეხვეოდეს! გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისანო, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ. არ შეაშფოთოთ, არ გამოაფხიზლოთ სიყვარული, ვიდრე თავად არ ინებებს! აჰა, გაისმის ხმა ჩემი სატრფოსი, აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე. ვამსგავსე საყვარელი ჩემი ქურციკსა და შვლის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენი ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და დარაბებში ილანდება. მომმართავს სატრფო ჩემი და მეუბნება: ადექ, საყვარელო, მშვენიერო ჩემო, და წამომყევი, რადგან, აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ღვარებისა გარდავიდა, გაგვშორდა. ყვავილები ამოიწვერნენ მიწის პირზე, მოიწია ჟამი გალობისა და გვრიტის ღუღუნი ისმის ჩვენს მხარეში. ლეღვმა გამოიღო ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებას აკმევს; ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამომყევი! კლდეებში შეხიზნულო ჩემო მტრედო! მიჩვენე შენი სახე, მასმინე შენი ხმა! რამეთუ ტკბილია შენი ხმა და სახე შენი მშვენიერი. დაგვიჭირეთ მელიები, პატარა მელიები, ვენახის გამჩანაგებლები, რადგან აყვავდა ჩვენი ვენახები. ჩემი საყვარელი ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყესავს შროშანთა ველებზე. სანამ დღე სუნთქავს და ჩრდილები გარბიან, მობრუნდი, საყვარელო ჩემო, მსგავსად ქურციკისა და შვლის ნუკრისა ნაპრალოვან მთებზე. ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე საყვარელი ჩემი სულისა, ვეძებე და ვერ ვიპოვე. „ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი ჩემი სულის საყვარელს.“ ვეძებე და ვერ ვიპოვე. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი: „ხომ არ გინახავთ ჩემი სულის სატრფო?“ ცოტას გავშორდი და ვიპოვე საყვარელი ჩემი სულისა. დავიჭირე და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევიყვანე დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში. გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისანო, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ შეაშფოთოთ, არ გამოაფხიზლოთ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს! ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით კვამლის სვეტი, კმეული მურითა და გუნდრუკით და მენელსაცხებელთა ნელსაცხებელთა სურნელით? აჰა, სოლომონის სარეცელი! დგას მის გარშემო 60 ძლიერი ძლიერთაგან ისრაელისა. მახვილამოწვდილნი დგანან; ბრძოლაში ნაცადნი არიან; თითოეულს ხმალი აკრავს წელზე ღამეულ საფრთხეთა გამო. ლიბანის ნაძვის ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა; სვეტები ვერცხლისა გაუკეთა, საზურგე – ოქროსი, საჯდომი – ძოწეულისა, სიყვარულით რომ მოჰქარგეს იერუსალიმის ასულებმა. გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინით, რომელიც დედამ დაადგა მას მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს. რა მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, რა მშვენიერი ხარ! შენი თვალები მტრედებია შენი პირბადის ქვეშ; შენი დალალები არვეა თხათა, გალაადის მთიდან რომ ეშვება. კბილნი შენნი – გაპარსული ცხვრების ფარაა, საბანელიდან ამომავალი, თითოეულ მათგანს ტყუპი მოჰყვება და ბერწი არ არის მათ შორის. ბაგენი შენნი ძოწის ძაფის მსგავსია, და შენი პირი – საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ. შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის, ათასი ფარი ჰკიდია მასზე – ძლევამოსილთა ყველა ფარი. მკერდი შენი ტყუპი თიკანია ნიამორისა, შროშანთა ველზე რომ ძოვენ. ვიდრე ბინდი ჩამოწვებოდეს და ჩრდილები გაქრებოდნენ, მე ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე. ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, ნაკლი არა გაქვს! წამომყევი ლიბანიდან, ჩემო პატარძალო! დაეშვი ამანას მწვერვალიდან, სენირისა და ხერმონის მწვერვალიდან, ლომთა ბუნაგთა და ჯიქთა მთებიდან. შენ დაატყვევე ჩემი გული, დაო ჩემო, პატარძალო ჩემო, ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი გულქანდით. რა საამურია შენი ალერსი, პატარძალო ჩემო, დაო ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი – ღვინოზე უმჯობესია, შენი სამოსის სურნელი უმჯობესია ყოველ საკმეველთა. გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, ჩემო პატარძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსის სურნელი ლიბანის სურნელია! ბაღი ხარ დახშული, პატარძალო ჩემო, დაო ჩემო, ჭა ხარ დაგმანული, წყარო დაბეჭდილი. შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით – ინითა და ნარდიონით, ნარდიონით და ზაფრანით, სურნელოვანი ლერწმითა და დარიჩინით, ყოველგვარი გუნდრუკის ხეებითურთ, მურით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით. წალკოტთა წყარო ხარ, ჭა ხარ ცხოველი წყლისა და ლიბანიდან მორაკრაკე ნაკადულები. აღსდექ ჩრდილოეთიდან, ქარო, მომეახლე სამხრეთის ქარო, მოჰბერე ჩემს წალკოტს, მიმოიფრქვეს მისი სურნელი! მოვიდეს თავის წალკოტში საყვარელი ჩემი და იგემოს მისი რჩეული ნაყოფი! მოვდივარ ჩემს ბაღში, პატარძალო ჩემო და დაო ჩემო; ვკრებ მურსა და ჩემს სურნელებას. მივირთმევ ფიჭას ჩემსას და თაფლს ჩემსას, ვსვამ ღვინოს ჩემსას და რძეს ჩემსას. მიირთვით, მოყვასნო, სვით და დათვერით სიყვარულით! მე მეძინა, ჩემს გულს კი ეღვიძა. აჰა, მესმის ხმა ჩემი საყვარელისა, კარზე კაკუნი: „გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, სრულქმნილო ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები – ღამის წვეთებმა.“ გახდილი მაქვს სამოსელი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო? ჩემმა საყვარელმა შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა შიგნეული. ავდექი, რომ გამეღო ჩემი საყვარლისათვის; ხელებიდან წვეთავდა მური, თითებიდან ეწვეთებოდა მური კარის სახელურს. გავუღე კარი ჩემს საყვარელს, მაგრამ გაბრუნდა ჩემი საყვარელი და წავიდა. სული დამელია მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი; ვუხმობდი და არ მაგონებდა. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს. მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა. გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისანო, თუ იპოვით ჩემს საყვარელს, რას ეტყვით მას? უთხარით, რომ დავსნეულდი სიყვარულით. რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, უმჯობესო ასულთა შორის? რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, ასე რომ გვაფიცებ? თეთრ-ყირმიზია საყვარელი ჩემი, 10 ათასთაგან გამორჩეული. თავი მისი ოქროა რჩეული, მისი კულულები შავი ყორანივითაა. თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, კოხტად რომ სხედან ბუდეში. ღაწვები მისი სურნელოვან მცენარეთა კვლებია, საამო სურნელის მფრქვევნი; მისი ბაგეები შროშანებია, წვეთავს მათგან მდინარი მური. ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი სპილოს ძვლის ჭურჭელია, საფირონებით მოჭედილი. წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული. მისი სახე ლიბანის მსგავსია, და დიდებული, როგორც კედარი. მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი – ყოვლად სანატრელი. ეს არის საყვარელი ჩემი, ეს არის სატრფო ჩემი, ასულნო იერუსალიმისანო! სად წავიდა საყვარელი შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა საყვარელი შენი? მოვძებნით შენთან ერთად. თავის წალკოტში ჩავიდა საყვარელი ჩემი, სურნელოვან კვლებში, სამწყემსად თავის ფარისა, შროშანთა დასაკრეფად. მე ჩემი საყვარლისა ვარ და ჩემია საყვარელი ჩემი, რომელიც მწყემსავს შროშანთა ველზე. მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი – იერუსალიმივით! საშინელი – ბაირაღებით მორთული ბანაკივით! მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები, თხათა არვეა, გალაადიდან დაშვებული. კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელიდან ამომავალი; თითოეულს ტყუპი ციკანი მოჰყვება და ბერწი არ არის მათ შორის. ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ. 60 დედოფალია, 80 – ხარჭა, და ურიცხვი – ქალწული; ის კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უნაკლო ჩემი; ის ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ის ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს. დედოფლებმა და ქალწულებმა – და ხოტბა შეასხეს მას. „ვინ არის იგი, ცისკარივით გაბრწყინვებული, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი, როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?“ ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული. არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ჩემი უფლისწულის დიდებულ ეტლში. მობრუნდი, მობრუნდი, სულამით! მობრუნდი, მობრუნდი, რომ დავტკბეთ შენი ხილვით! რად უნდა უმზიროთ სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხულს? რა მშვენიერია შენი ფეხები სანდლებში, მთავართა ასულო! თეძოთა მოყვანილობა ყელსაბამს მიგიგავს, ოსტატის შექმნილს. ჭიპი შენი მრგვალი თასია სურნელოვანი ღვინით აღსავსე; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშნებით გარემოცული. მკერდი შენი ტყუპი თიკანია ნიამორისა. შენი ყელი სპილოს ძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭესთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული. თავი შენი შენს ტანზე ქარმელის მთაა და ნაწნავნი შენნი ძოწეულია, მეფე კი მათი ტყვეა. რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით! შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი მკერდი – ვაზის მტევნები. ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები-მეთქი; შენი მკერდი ვაზის მტევნებივითაა და შენი ნესტოების სურნელი – ვით ვაშლის სურნელი. შენი კოცნა ღვინოა კეთილი, – ის ჩემი საყვარლისაკენ მიედინება, ბაგეთა დამატკბობელი. მე ჩემი საყვარლისა ვარ და ჩემსკენ მოილტვის ისიც. მოდი, საყვარელო ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლად ვათიოთ ღამე. ავდგებოდით სისხამ დილით ვენახების მოსახილველად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლებიან ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგიძღვნიდი. სურნელებას დააფრქვევდნენ მანდრაგორები; ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ – ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, საყვარელო ჩემო. ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუს მწოველი! შემოგხვდებოდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ. წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში შეგიყვანდი; შენ მასწავლიდი, მე კი სურნელოვან ღვინოს – ჩემი ბროწეულის წვენს – შეგასმევდი. მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი! გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისანო, არ შეაშფოთოთ, არ გამოაფხიზლოთ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებებს! ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი საყვარლის მხარს დაყრდნობილი? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა შენ დედამ შენმა, იქ გშვა შენ მშობელმა შენმა. დამდე, როგორც ბეჭედი, შენს მკერდზე, როგორც სამკლაური – შენს მკლავზე; რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული, ჯოჯოხეთივით სასტიკია ეჭვი; მისი ისრები ცეცხლის ისრებია; მრისხანე ცეცხლის ალია ის. ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარეები ვერ წარხოცავენ მას. კიდეც რომ შესთავზოს კაცმა მთელი თავისი სახლის დოვლათი სიყვარულის წილ, არავინ დათანხმდება ამაზე. პატარა და გვყავს და ჯერ არ დაკოკრებია მკერდი. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი? ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავაშენებდით; კარი რომ იყოს, კედარის ფიცრებით მოვჭედავდით. მე ზღუდე ვარ და გოდლებივითაა ჩემი მკერდი; ამიტომაც მოწიფული ვჩანვარ მის თვალში. ჰქონდა ბაალ-ხამონში ვენახი სოლომონს და ჩააბარა მცველებს ეს ვენახი. თითოეულს ათასი ვერცხლი უნდა მოეტანა ყურძნის სანაცვლოდ. ჩემი ვენახი კი ჩემთანაა. ათასი შენი იყოს, სოლომონ, და 200 – ნაყოფთა მცველებისა. ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას – მეც მასმინე! გაიქეცი, საყვარელო ჩემო! ემსგავსე ქურციკსა და შვლის ნუკრს სურნელთა მთებზე. ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, რომელიც იხილა იუდეასა და იერუსალიმზე, იუდას მეფეების: ყუზიას, იოთამის, ახაზისა და ხიზკიას დღეებში. ისმინე ცაო და ყურადიღე, მიწაო, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი დავზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ. ხარი იცნობს თავის ბატონს და ვირი – თავისი პატრონის ბაგას; ისრაელი კი ვერ ცნობს, ჩემი ერი ვერ იგებს. ვაი, ცოდვილო ხალხო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა მოდგმავ, წარწყმედილო ძენო! მათ მიატოვეს უფალი, ისრაელის წმიდა ღმერთი დაგმეს, განუდგნენ! რამდენიღა უნდა გცემონ, ურჩობას რომ აგრძელებთ? თავი მთლიანად დაგისნეულდათ და გული დაგიუძლურდათ. თავით ფეხთამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, სალბუნით დაუამებელი. აოხრებულია თქვენი ქვეყანა, ცეცხლითაა გადამწვარი თქვენი ქალაქები; თქვენს მინდვრებს თქვენს თვალწინ ჭამენ უცხონი; ყველაფერი გაუდაბურებულია, როგორც უცხოთა შემოსევებისას. და დარჩა სიონის ასული, როგორც კარავი ვენახში, როგორც ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი. ცაბაოთ უფალს რომ მცირე ნატამალი არ დაეტოვებინა ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით, გომორას დავემსგავსებოდით. ყურად იღეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის რჯულს, თქვე გომორას ხალხო! რად მინდა მე თქვენი შესაწირავები? – ამბობს უფალი, – გავძეხი სრულადდასაწველი ვერძებით და მსუქანი მოზვრების ლურთებით; აღარ მსურს კურატების, ცხვრებისა და ვაცების სისხლი. როდესაც მოდიხართ ჩემს წინაშე წარსადგომად, ვინ დაგავალათ, რომ ჩემს ეზოებს თელავთ? არ მომიტანოთ მეტად ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ახალმთვარობების და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები მძულს – ურჯულოება და დღესასწაული?! თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა ისინი, დავიღალე მათი ზიდვით. და, როცა ხელს გამომიშვერთ, მე თვალს აგარიდებთ, და რამდენიც არ უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ, რადგან სისხლითაა დასვრილი თქვენი ხელები. განიბანეთ, განიწმიდეთ, მოაშორეთ თქვენი ბოროტი საქმეები ჩემს თვალთაგან, შეწყვიტეთ ბოროტება. ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძიეთ სამართალი; გაამხნვეთ ჩაგრული, სამართლიანად განიკითხეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს. მოდით და ვიკამათოთ, – ამბობს უფალი. – ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გახდება. თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ, მაგრამ თუ უარს იტყვით და ურჩობას გასწევთ, მახვილით მოისპობით, რადგან უფლის პირმა თქვა ეს. როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სავსე იყო სამართლიანობით, სიმართლე დაივანებდა იქ, ახლა კი მკვლელები არიან. შენი ვერცხლი წიდად იქცა, შენი ღვინო გაწყალდა. შენი მთავარნი განდგომილნი არიან და მპარავთა მეგობრები. ქრთამები უყვართ და საზღაურს ელტვიან, ობოლს არ განიკითხავენ სამართლიანად და ქვრივის საჩივარს არ უყურებენ. ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: რისხვას გადმოვანთხევ ჩემს მოწინააღმდეგეებზე და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე! ხელს შემოგიბრუნებ და გამოგადნობ, გაგწმედ ხენჯისგან, და მოგაცილებ ყველა მინარევს. და დაგიბრუნებ შენს მსაჯულებს, როგორც თავდაპირველად იყო და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში იყო; ამის შემდეგ გეწოდება შენ სამართლიანობის ქალაქი, სარწმუნო დედაქალაქი. სიონი სამართლით გამოისყიდება და მისკენ მოქცეულნი – სიმართლით. ყველა განდგომილი და ცოდვისმქნელი ერთად შეიმუსრება და უფლის მიმტოვებელნი მოისპობიან. რადგან შერცხვებით მუხათა გამო, რომლებსაც თქვენ შენატროდით, და შერცხვებათ ბაღებისა, რომლებიც თქვენ ამოირჩიეთ; რადგან იქნებით შიშველ მუხასავით და უწყლო ბაღივით. და ძენძად იქცევა ძლიერი, და მისი საქმე – ნაპერწკლად; და ორივე ერთად აბრიალდება, და ჩამქრობი არავინ იქნება. ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, იუდასა და იერუსალიმზე. და იქნება, რომ უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის ტაძრისა, ყველა მთების სათავეში დადგება ის და ამაღლდება და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა წარმართი. და დაიძვრებიან მრავალი ხალხები მისკენ და იტყვიან: „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში, ის გვასწავლის თავის გზებს, და ვივლით მისი ბილიკებით.“ რადგან სიონიდან გამოვა რჯული, და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. და განიკითხავს ის ერებს, და ამხილებს მრავალ ხალხებს; ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს – ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან. სახლო იაკობისა, მოდით და ვიაროთ უფლის ნათელში! მაგრამ შენ მიატოვე შენი ხალხი, სახლი იაკობისა, რადგან მისნობენ აღმოსავლეთის მსგავსად და ჯადოსნობენ ფილისტიმელთა და უცხოტომელთა მსგავსად; და მიეწებნენ უცხოტომელთა შვილებს. და გაივსო მისი ქვეყანა ვერცხლითა და ოქროთი, და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურს; აივსო მათი ქვეყანა ცხენებით, ბოლო არა აქვს მის ეტლებს. და გაივსო მისი ქვეყანა კერპებით, თავიანთი ხელით გაკეთებულს სცემენ თაყვანს, იმას, რაც მათმა ხელებმა გააკეთეს. და დამდაბლდა ადამიანი და დამცირდა კაცი; და შენ ნუ შეუნდობ მათ. კლდეთა მღვიმეებში შეასწარ და მიწაში დაემალე უფლის შიშსა და მისი დიდებულების ბრწყინვალებას. ადამიანის ზვიადი მზერა დამდაბლდება, და კაცთა ამპარტავანება დამცირდება, მხოლოდ უფალი განდიდდება იმ დღეს. რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალსა და ამპარტავანს და ყოველ აღზევებულს, და დამცირდება ის; ლიბანის ყველა მაღალ და აზიდულ კედარს, ბაშანის ყველა მუხას; ყველა მაღალ მთას, ყველა შემაღლებულ ბორცვს; ყველა მაღალ გოდოლს, და ყველა გამაგრებულ გალავანს; და თარშიშის ყველა ხომალდს, და ყველა მათ სასურველ ნივთს. დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა, და დამცირდება კაცთა ამპარტავანება, მხოლოდ უფალი განდიდდება იმ დღეს. ერთიანად გაქრებიან კერპები. ადამიანები კლდეთა მღვიმეებსა და მიწის ნაპრალებში შეიხიზნებიან უფლის შიშით, და მისი დიდების ბრწყინვალებისაგან, როდესაც ის წამოიმართება ქვეყნიერების შესაზარად. იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა. და შეიხიზნებიან კლდეთა მღვიმეებსა და მიწის ნაპრალებში, შეიხიზნებიან უფლის შიშისაგან და მისი დიდების ელვარებისაგან, როდესაც ის წამოიმართება ქვეყნიერების შესაზარად. ნუ მიენდობით ადამიანს, სული რომ ნესტოებში უდგას, რადგან რაღა ღირსება აქვს მას? რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმსა და იუდას არძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა, მამაც მეთაურსა და მებრძოლს, მსაჯულსა და წინასწარმეტყველს, მისანსა და უხუცესს, ორმოცდაათის თავსა და დიდებულს, მრჩეველს, ბრძენ გრძნეულსა და ოსტატ ჯადოქარს. და დავაყენებ ყმაწვილებს მათ მეთაურებად და ბავშვები იბატონებენ მათზე. ხალხი ერთმანეთს დათრგუნავს, თითოეული – თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და უღირსი – პატივდებულს. დაიჭერს კაცი თავის ძმას თავისი მამის სახლში და ეტყვის: „სამოსელი გაქვს, გახდი ჩვენი უფროსი და იყოს ეს ნანგრევები შენს ხელთ!“ ხოლო ის მაშინათვე უპასუხებს ფიცით: „ვერ ვიქნები მე ხალხის მკურნალი, როცა ჩემს სახლში არც პურია და არც სამოსელი, ნუ დამაყენებთ მე ხალხის მთავრად!“ რადგან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რაკი მათი სიტყვა და საქმე უფლის წინააღმდეგაა, უპატიებელი მისი დიდების თვალში. მათი სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ, და თავიანთ ცოდვებს ღიად აცხადებენ, როგორც სოდომელნი, არ ფარავენ; ვაი, მათ სულს, რადგან თავს ბოროტება მიაგეს! უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რადგან თავის შრომის ნაყოფს შეჭამს. ვაი ურჯულოს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს! ბავშვები არიან ჩემი ხალხის მჩაგვრელნი, ქალები ბატონობენ მათზე; ჩემო ხალხო, შენი მეგზურები გაცდუნებენ და გზა-კვალს გირევენ. აღდგა უფალი სამსჯავროზე – და დგას ხალხთა განსასჯელად. უფალი მსჯავრს სდებს მისი ხალხის უხუცესებს და მთავრებს: თქვენ ააოხრეთ ვენახი; ღარიბ-ღატაკთა ნაძარცვით სავსეა თქვენი სახლები. რატომ ავიწროებთ ჩემს ხალხსა და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ? – ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი. და თქვა უფალმა: „რადგან გამედიდურდნენ სიონის ასულნი და დადიან ყელმოღერებით და ურცხვი მზერით, გამოდიან ცუნდრუკით და ფერხთა რგოლების ჟღარუნით, თხემებს გაუქაჩლებს უფალი სიონის ასულთ და გაუშიშვლებს სარცხვინელს.“ იმ დღეს შემოაცლის მათ უფალი ფეხსამკაულ შიბებს, შუბლსაკრავებსა და ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებსა და პირბადეებს, თავსაბურავებს, ხელსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს, ბეჭდებსა და ნესტოს რგოლებს, მოხდენილ ტანსაცმელსა და მოსასხამებს, ხელმანდილებსა და ქისებს, სარკეებს, პერანგებს, დოლბანდებსა და ხალათებს. და იქნება სუნამოს ნაცვლად – სიმყრალე, სარტყლის ნაცვლად – ჯვალო, კულულთა ნაცვლად – სიქაჩლე, მშვენიერი მოსასხამის ნაცვლად – ჯვალო, სილამაზის ნაცვლად – დაღი. შენი ვაჟკაცები მახვილით დაეცემიან და შენი მამაცები – ბრძოლის ველზე. და მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას მისი ბჭენი; თავად კი მტვერსა და ნაცარში იჯდება იავარქმნილი. და ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს სამოსელს ჩავიცვამთ, ოღონდ შენი სახელით ვიაროთ, სირცხვილი ჩამოგვრეცხე.“ იმ დღეს უფლის ყლორტი იქნება მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი – ღირსებად ისრაელის გადარჩენილ ძეთათვის. მაშინ სიონის ნატამალი და იერუსალიმის გადარჩენილნი წმიდად იქნებიან წოდებულნი; ყველა, ვინც ჩაწერილია სიცოცხლისათვის იერუსალიმში. როცა ჩამორეცხავს უფალი სიონის ასულებს სისაძაგლეს და იერუსალიმის წიაღს სისხლს მოჰბანს სამსჯავროსა და ცეცხლის სულით, და შექმნის უფალი სიონის მთის ყველა ადგილზე და მის შესაკრებლებზე ღრუბელს და კვამლს დღისით და კაშკაშა ცეცხლის ნათებას – ღამით, რადგან მთელ დიდებაზე იქნება გავალაკი. და კარავი იქნება მათ საჩრდილობლად დღის ხვატში, და თავშესაფრად და დასაცავად ავდარსა და წვიმაში. ვუმღერებ ჩემს სატრფოს ჩემი ტრფობის სიმღერას მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს სატრფოს პოხიერ გორაკზე. ღობე შემოავლო და ქვა აკრიფა, ვაზი ჩაყარა რჩეული და კოშკი ააგო შუაგულ ზვარში, საწნახელიც ამოკვეთა შიგ და ესავდა რჩეული ყურძენის მტევნებს, მაგრამ მან კრიკინა მოისხა. და ახლა, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხნო, გთხოვთ განმსაჯოთ: მეტი რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისათვის და რა არ გავუკეთე მას? რატომ ველოდი რჩეულ ყურძენს, როცა მან კრიკინა მოისხა? და ახლა გეტყვით, რასაც ვუზამ ჩემს ვენახს: ღობეს მოვარღვევ და გახდება საძოვარი, ზღუდეს მოვანგრევ და გასაჯეგი გახდება. ოხრად დავაგდებ და აღარც გაისხვლება და აღარც გაითოხნება; ნარ-ეკლი მოედება და ღრუბლებს ვუბრძანებ, არ აწვიმონ მასზე წვიმა. ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლია, და იუდას ხალხი ნერგია მისი სიამისა; და ესავდა ის სამართალს და, აჰა, – ძალადობაა! ესავდა სიმართლეს და, აჰა, – სასოწარკვეთის ხმაა! ვაი თქვენ, სახლზე სახლს რომ მიიტაცებთ და მინდორზე მინდორს რომ იმატებთ და სხვას ადგილი აღარ რჩება, თითქოს მხოლოდ თქვენ უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაზე. ჩემს გასაგონად თქვა ცაბაოთ უფალმა: მრავალი ასეთი სახლი დაიცლება – დიდი და ლამაზი – გამოცარიელდება. რადგან ათი ქცევა ვენახი ერთ ბათსაც ვერ გამოიღებს და ხომერი თესლი ეფასაც ვერ გამოიღებს. ვაი მათ, დილაადრიან სასმელს რომ ეძებენ და გვიან ღამემდე უსხედან – ღვინო აღაგზნებს მათ. და ქნარი და ებანი, დაფი და სტვირი, და ღვინოა მათ ნადიმებზე; და უფლის საქმეს არ უყურებენ, და მის ხელთა ქმნილებას ვერ ხედავენ. უგონობის გამო განიდევნება ჩემი ხალხი; მისი ღირსეულნი შიმშილით გაწყდებიან, მისი ბრბო კი – წყურვილით. ამიტომ გააფართოვა შავეთმა ხახა და დააფჩინა პირი; და იქ ჩავა მისი ბრწყინვალება, მისი ხმაურიანი და ხალისიანი ბრბო. დამდაბლდება ადამიანი და დამცირდება კაცი, და ქედმაღალნი დახრიან თვალებს. და აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე, და წმიდა ღმერთი სიწმიდეს გამოაჩენს სამართალში. და აქ, როგორც საძოვარზე, დაიმწყემსება ცხვარი; და ბატკნები საკვების ძებნას ნანგრევებში დაიწყებს. ვაი, მათ, ვინც ამაოების საბელებით მიითრევენ ურჯულოებას, და საურმე ჭაპნებით – ცოდვას; რომელნიც ამბობენ: „ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ; მოვიდეს და აღსრულდეს რჩევა ისრაელის წმიდა ღმერთისა, აი მაშინ კი დავრწმუნდებით.“ ვაი მათ, რომელნიც ავს კარგს უწოდებენ და კარგს – ავს, სიბნელეს სინათლედ თვლიან და სინათლეს – სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლიან და ტკბილს – მწარედ. ვაი მას, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია და გონიერი – თავისი ჭკუით. ვაი მათ, ღვინის სმით რომ ვაჟკაცობენ და მამაცობენ თაფლუჭის დაყენებით; ქრთამით დამნაშავის გამამართლებელთ და ალალმართლის გამამტყუნებელთ. ამიტომ, როგორც ბზეს შეჭამს ცეცხლის ენა და თივა ჩაიფერფლება ალში, მათი ფესვი ჩალპება და მათ ყვავილს ქარი წაიღებს, რადგან უკუაგდეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის ნათქვამი არაფრად მიიჩნიეს. ამიტომ აენთება უფლის რისხვა მის ხალხზე, და ხელს მოუღერებს ის თავის ხალხს და დაჰკრავს ისე, რომ შეიძვრიან მთები; და მათი მძორები სკორესავით ეყრება ქუჩებში, მაგრამ მაინც არ დაცხრება მისი რისხვა და მისი ხელი ისევ იქნება დაღერებული მათზე. და ბაირაღს აუწევს შორეულ ხალხებს, და სტვენით ნიშანს მისცემს ქვეყნის განაპირას მცხოვრებთ, – და, აჰა, სწრაფად და მსუბუქად მოვლენ ისინი. მათგან არავინ იქნება არც დაღლილი და არც დაქანცული; არც ჩასთვლემს ვინმეს და არც ჩაეძინება; სარტყელი არავის შეეხსნება წელზე და ფეხსაცმლის თასმა არავის გაუწყდება. მათი ისრები წამახულია და მათი ყველა მშვილდი მოჭიმულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟივითაა და მათ ეტლთა ბორბლები გრიგალივითაა. მათი ღრიალი ლომის ღრიალია; და ღრიალებენ ისინი, ვით ლომის ბოკვერნი. და დაიღმუვლებენ ისინი და დაიტაცებენ ნადავლს, წაათრევენ და ვერავინ გამოგლეჯთ. იმ დღეს მათი ღმუილი საკბილოზე იქნება ზღვის ღმუილივით. დახედავ მიწას და დაინახავ წყვდიადსა და ნაღველს, და ღრუბლები დაფარავენ სინათლეს. მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე მაღალ და აღზევებულ ტახტზე მჯდომი უფალი, მისი სამოსლის კალთები მთელს ტაძარს ავსებდა. თავით სერაფიმები ედგნენ; ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა თითოეულს: ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. და ასე გასძახოდნენ ერთიმეორეს: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ცაბაოთ, სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით!“ და ზანზარებდა კარის წირთხლები მათი ძახილის ხმაზე, და ტაძარი აივსო საკმევლით. და ვთქვი: „ვაი მე, დავიღუპე! რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეუფე იხილეს, ცაბაოთ უფალი.“ და მოფრინდა ჩემთან ერთი სერაფიმი, ხელში ნაკვერჩხალი ეჭირა, რომელიც მაშით აიღო სამსხვერპლოდან. და შემახო ბაგეებზე და თქვა: „აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეებს და მოგცილდა შენი ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა.“ და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ გავაგზავნო? ვინ იქნება ჩვენი მაცნე?“ და ვთქვი: „მე გამაგზავნე!“ და თქვა მან: „წადი და უთხარი ამ ხალხს: ‘სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხედვით დაინახავთ და ვერ მიხვდებით!’ გულით უგრძნობნი გახდა ეს ხალხი, ყურთ დაეცოთ და თვალი დაევსოთ, რათა თვალით ვერ იხილონ და ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ მიხვდნენ, და არ შემობრუნდენ და არ განიკურნონ.“ და ვკითხე მე: „როდემდის, უფალო?“ და თქვა მან: „მანამდე, ვიდრე უმკვიდროდ დარჩენილი ქალაქები გაუდაბურდება, სახლები გამოცარიელდება და მინდორ-ველები ოხრად დარჩება, უფალი განდევნის ადამიანებს და ამ ქვეყანაში დიდი უდაბურება გამეფდება. და თუ დარჩება ამ მიწაზე ხალხის მეათედი მაინც, კვლავ წამოვა განადგურება; როგორც მძლავრ მუხას რომ მოჭრიან და მაინც რჩება მისი ძირკვი, ისე იქნება ამ ქვეყნის წმიდა თესლი – მისი ძირკვი.“ იუდას მეფის, ახაზის, იოთამის ძის, ყუზიას ძის დღეებში იყო, რომ გამოვიდნენ არამელთა მეფე რეცინი და ისრაელის მეფე ფეკახი, რემალიას ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საომრად, მაგრამ ვერ დაიპყრეს. და ეუწყა დავითის სახლს ასე: ეფრემის მიწაზე დაბანაკდაო არამი. და გული შეერყა ახაზსა და მის ხალხს, როგორც ხეები ირყევიან ტყეში ქარისაგან. და უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ახაზის შესახვედრად ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა ველის გზაზე რომ არის, და უთხარი მას: „მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები, ნუ წახდები იმის გამო, რომ რისხვით აინთო ეს ორი მხრჩოლავი მუგუზალი – არამელი რეცინი და რემალიას ძე. იმის გამო, რომ ბოროტი განიზრახეს შენს წინააღმდეგ არამელებმა, ეფრემელთ და რემალიას ძემ, როცა თქვეს: ‘ავიდეთ იუდაში და შევაშინოთ ის, და დავიმორჩილოთ, და დავსვათ იქ მეფედ ტაბეელის ძე.’ მაგრამ ასე ამბობს უფალი ღმერთი: არ გამოვა! ასე არ მოხდება! რადგან არამზე დამასკო მბრძანებლობს, დამასკოზე კი – რეცინი. კიდევ 65 წელი – და გაქრებიან ეფრემელნი. ეფრემზე მბრძანებლობს სამარია და სამარიაზე – რემალიას ძე. თუ თქვენი რწმენა მერყევია, თქვენც მერყევნი ყოფილხართ.“ კვლავ ლაპარაკობდა უფალი ახაზთან და უთხრა: „მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ნიშანი: ქვესკნელიდან ან მაღლა ზეციდან.“ და თქვა ახაზმა: „არ ვკითხავ და არ გამოვცდი უფალს.“ მაშინ ესაიამ თქვა: „ისმინე, დავითის სახლო, არ გეყოთ ადამიანები რომ გასარჯეთ, ახლა ჩემი ღმერთის გარჯაც გინდათ? ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს. სანამ ისწავლიდეს ბოროტისა და კეთილის გარჩევას, მისი საჭმელი ნაღები და თაფლი იქნება. და კიდევ, ვიდრე ისწავლიდეს ის ბოროტისა და კეთილის გარჩევას, იმ ორი მეფის მიწაზე, რომლებისაც შენ გეშინია, კაცი აღარ დარჩება. უფალი მოაწევს შენზე და შენს ხალხზე და შენი მამისსახლზე ისეთ დღეებს, როგორიც არ ყოფილა იუდასაგან ეფრემის განდგომის შემდეგ – აშურის მეფეს მოგივლენს.“ იმ დღეს იქნება რომ სტვენით მოუხმობს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა, და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია, და მოფრინდებიან და შეესევიან დაცლილ ველებსა და კლდეთა ნაპრალებს და ყოველ ეკლიან ბუჩქსა და ყოველ ღელეს. იმ დღეს უფალი მოავლენს თქვენზე მდინარის გაღმიდან აშურის მეფისგან ნაქირავებ სამართებელს და გაგპარსავთ თავსა და ფეხის ბალანს, და წვერსაც მოგაკვეცთ. და იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულსა და ორ ცხვარს. და იმდენს მოიწველიან ისინი, რომ ნაღებით გამოიკვებება ის, და ყველა ამ ქვეყანაზე გადარჩენილს ნაღები და თაფლი ექნება საკვებად. და მაშინ იქნება, რომ ნავენახარი, სადაც ათასი ვაზი ათას ვერცხლად ფასობდა, ნარ-ეკლით დაიფარება. მშვილდ-ისრით ივლიან იქ ადამიანები, რადგან მთელი ქვეყანა ნარ-ეკლით იქნება დაფარული. იმ ფერდობებზე აღარ გახვალ, რომლებსაც თოხით ანარნარებდი, რადგან შეგეშინდება ნარ-ეკლისა და ჯაგნარის; საძოვრად გარეკავენ იქ ცხვარ-ძროხას, და საქონელი გადაჯეგავს მას. და მითხრა უფალმა: „აიღე დიდი დაფა და დაწერე ზედ გარკვევით: ‘მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზ.’“ და ავიყვანე სარწმუნო მოწმენი: ურია მღვდელი და ზაქარია იებერექიას ძე. და მივუწექი ქადაგ ქალს; დაორსულდა ის და ძე გამიჩინა. და მითხრა უფალმა: „სახელად დაარქვი მას მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზ, რადგან, სანამ ყმაწვილი შეძლებს თქვას: ‘მამა’ ან ‘დედა’, დამასკოს სიმდიდრესა და სამარიის ნადავლს წაიღებენ აშურის მეფის წინაშე.“ და კვლავ მითხრა მე უფალმა: „იმის გამო, რომ ხალხმა მოიძულა შილოახის მდორე წყალი და შეხარიან რეცინსა და რემალიას ძეს, უფალი მიუგდებს მათ დიდი მდინარის უზღვავ და მქუხარე წყლებს – აშურის მეფეს და მთელ მის ძალას – და აიწევს მისი კალაპოტი, გადმოხეთქავს და წალეკავს მთელ სანაპიროებს. წარღვნასავით მოვა, იუდას წალეკავს, ყელამდე იქნება, ფრთებით დაფარავს მთელს შენს ქვეყანას, ემანუელ!“ აბობოქრდით, ხალხებო, და თრთოდეთ! ყურად იღე, ქვეყნის კიდით-კიდევ! ბრძოლისთვის განემზადეთ და თრთოდეთ! ბრძოლისთვის განემზადეთ და თრთოდეთ! ბჭობდეთ, მაგრამ დაირღვევა თქვენი თათბირი, სიტყვა თქვით, მაგრამ არ შესრულდება, რადგან ჩვენთანაა ღმერთი! აი რა მითხრა მე უფალმა, როცა ხელით შემეხო და მარიგებდა, რომ არ მევლო ამ ხალხის გზებით. მან მითხრა: „შეთქმულებას ნუ დაარქმევთ ყოველივე იმას, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას უწოდებს. და ნურც იმისი შეგეშინდებათ, რისიც მათ ეშინიათ, და ნურც შეძრწუნდებით. წმიდად შერაცხეთ ცაბაოთ უფალი, მისი შიშის ზარი გცემდეთ. ის იქნება სიწმიდე და დაბრკოლების ქვა, ქვა, რომელსაც ფეხს წამოჰკრავს ისრაელიანთა ორივე სამეფო; მახე და ბადე იქნება ის იერუსალიმის მკვიდრთათვის. მრავალნი წაიბორძიკებენ მასზე, დაეცემიან, ჩაცვივიან და შეპყრობილ იქნებიან. შეკარი ეს მოწმობა, ბეჭედი დაასვი ამ დარიგებას, იყოს ეს ჩემს მოწაფეთათვის.“ უფლის იმედით ვიქნები, თუმცა მან გარემიიქცია სახე იაკობის სახლისგან. და მე ვესავ უფალს. აჰა, მე და ბავშვები, რომლებიც მომცა მე უფალმა, როგორც ნიშნები და სასწაულები ისრაელიანთათვის ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული. თუ გეტყვიან: რჩევისთვის მიმართეთო მკვდრის გამომძახებელთ და გრძნეულთ, მოჩურჩულეთ და მობუტბუტეთ – განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ გამოჰკითხავს მკვდართა მეშვეობით ცოცხალთათვის? რჯულსა და მოწმობას ვფიცავ, უეჭველად ასე გეტყვიან, მაგრამ ასეთ სიტყვას ძალა არა აქვს. და ჩაივლის იქ სასოწარკვეთილი და მშიერი და განრისხებული დასწყევლის თავის მეფესა და თავის ღმერთს, და აიხედავს ზემოთ, ან მიწას დახედავს და, აჰა, ყველგან ვაება და წყვდიადი. უკუნეთში არიან განდევნილი. მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულუნის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, გაღმა-იორდანეს და წარმართთა გალილეას. ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი სინათლე; ნათელი გამოუბრწყინდათ წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებთ. შენ მიეცი მათ დიდი სიხარული, უძღვენი დიდი მხიარულება: ხარობენ ისინი შენს წინაშე, როგორც მხირულობენ მოსავლის აღებისას, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას. უღელი მისი ტანჯვისა, ტვირთი, მათ მხრებს რომ აწვა, სახრე ზედამხედველისა – ეს ყველაფერი შენ შემუსრე, როგორც მიდიანის დღეს. რადგან ბრძოლაში ნატარები ყოველი ფეხსაცმელი, ხმაურით რომ დააბიჯებდა და სისხლით დასვრილი მუნდირი ცეცხლის კერძი გახდება. რადგან ყრმა შეგვეძინა, ძე გვებოძა! და მის მხრებზეა ძალაუფლება; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველმოქმედს, ძლევამოსილ ღმერთს, საუკუნო მამას, მშვიდობის მეუფეს, მისი მტკიცე ხელმწიფება და კეთილდღეობა არ დასრულდება: ის დააფუძნებს და გაამყარებს დავითის ტახტსა და სამეფოს სამართლიანობითა და ჭეშმარიტებით ამიერიდან და სამარადისოდ. ცაბაოთ უფლის შური იზამს ამას. სიტყვა მიავლინა უფალმა იაკობის წინააღმდეგ და სიტყვა ისრაელს ეწია! და გაიგებს მთელი ხალხი ეფრემისა და სამარიის მცხოვრებნი, გაზვიადებულნი და გადიდგულებულნი რომ ამბობენ: „დაინგრა აგურის კედლები, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ; სიკომორი გაიჩეხა და კედარით შევცვლით მათ.“ და აღძრავს უფალი მის წინააღმდეგ რეცინის მტრებს და მის მოშურნეებს შეაგულიანებს: არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან, და შეჭამენ ისინი ისრაელს შეუბრალებლად! მაგრამ მაინც არ დაცხრება მისი რისხვა, მისი ხელი კვლავ მოღერებული იქნება მათზე. იგი ურტყამდა მათ, მაგრამ ხალხი არ შებრუნდა მისიკენ, არ მოუხმობდა ცაბაოთ უფალს. და წააცლის უფალი ისრაელს თავსაც და კუდსაც, გაკაფავს ფინიკსაც და ლერწამსაც ერთ დღეს. თავი – უხუცესნი და წარჩინებულნი არიან, ხოლო კუდი – წინასწარმეტყველნი, რომლებიც სიცრუეს ქადაგებენ. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან. ამის გამო მის ჭაბუკებზე არ გაიხარებს უფალი, და მის ობლებსა და მის ქვრივებს არ შეიწყალებს; რადგან ყველა ურჯულო და უკეთურია, და ყოველი ბაგე სიცრუეს ამბობს; ამიტომაც არ შებრუნდება მისი გულისწყრომა, მისი ხელი კვლავ დაღერებულია მათზე. ცეცხლივით გიზგიზებს ურჯულოება, ჭამს ეკალ-ბარდებს, ძეძვისა და ქაცვის ჯაგნარს, ცეცხლს უკიდებს უღრან ტყესა და ამოდის კვამლის ბოლქვები. ცაბაოთ უფლის წყრომისაგან იბუგება მიწა: ხალხი ცეცხლის ლუკმა გახდა, ადამიანები აღარ ინდობენ ერთმანეთს. მარჯვნივ შეჭამენ და მშივრები დარჩებიან, მარცხნივ მოჭამენ და ვერ გაძღებიან. ყოველი მათგანი თავისი მკლავის ხორცსა ღრღნის! მანაშე ეფრემსა ჭამს, ეფრემი – მანაშეს, და ორივე ერთად – იუდას. მაგრამ არც ამის გამო შებრუნდა მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ დაღერებულია. ვაი უსამართლო კანონებს გამომცემთ და სასტიკი გადაწყვეტილებების გამომტანთ, ვინც ღარიბებს სამართალს უმრუდებენ და უფლებებს ართმევენ ჩემი ერის გაღატაკებულ შვილებს! ქვრივებს იტაცებენ, ობლებს სძარცვავენ! მაგრამ რას გააკეთებთ იმ დღეს, როცა სასჯელი თავს დაგატყდებათ? როცა ქარიშხალი მოვარდება შორიდან? ვისთან გაიქცევით შემწეობისათვის, სად გადამალავთ თქვენს სიმდიდრეს? მუხლებზე დადგომა მოგიწევთ ტყვეთა შორის ან დაეცემით დახოცილთა შორის! მაგრამ ამითაც არ დაცხრება უფლის რისხვა და მისი ხელი კვლავაც მოღერებული იქნება თქვენზე. ვაი აშურს, ჩემი მრისხანების კვერთხს! ჯოხი მის ხელში ჩემი რისხვის იარაღია! აშური მივავლინე უღმრთო ხალხზე, მივმართე ტომისკენ, რომელზეც მე ვმრისხანებდი, რათა გააცამტვეროს, გაძარცვოს, გადათელოს ქუჩის ტალახივით. მაგრამ მას ეს არ სურს, ამაზე არ ფიქრობს, მისი გული სხვას იზრახავს – მან განიზრახა გაანადგუროს და მოსპოს მრავალი ხალხები. რადგან ის ამბობს: „განა ყველა ჩემი მთავარი მეფე არ არის? განა ქარქემიშივით არ არის ქალნო? განა არფადივით არ არის ხამათი? განა დამასკოსავით არ არის სამარია? მე დამემორჩილნენ სამეფოები, რომელთაც უფრო მეტი კერპები აქვთ, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიას; მე იერუსალიმსაც და მის კერპებსაც ისე მოვექცევი, როგორც სამარიასა და მის კერპებს!“ და როდესაც დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, იგი სამაგიეროს მიუზღავს აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს – მის ქედმაღლურ მზერას. რადგან ის ამბობს: „ჩემი ხელის ძალით და ჩემი სიბრძნით გავაკეთე ეს, რადგან გონიერი ვარ! მე წავშალე ხალხთა საზღვრები, დავიტაცე მათი საგანძურები, ისე გადმოვყარე ტახტებიდან მბრძანებელნი, როგორც ველურმა ბუღამ. მე დავეუფლე ხალხების დოვლათს, თითქოს ჩიტის ბუდე ჩამომეშალოს, საბუდარში მიტოვებულ კვერცხებს რომ აგროვებენ, ისე შევაგროვე ქვეყნიერების სამეფოები. ფრთა არავის შეურხევია, ნისკარტი არ გაუღია, არ დაუჟღურტულებია.“ განა შეუძლია გაუყოყოჩდეს ცული მჩეხავს? თუ გაუდიდგულდება ხერხი მხერხავს? თუ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს? კეტი თუ აღიმართება თავისით, თითქოს ხე არ იყოს? ამიტომ ცაბაოთ უფალი დაასუსტებს მის გოლიათებს, და დასწვავს მათ დიდებას, როგორც კოცონზე. და თვით უფალი, ნათელი ისრაელისა, ცეცხლად იქცევა მაშინ, თვით ის, ისრაელის წმიდა ღმერთი, ცეცხლის ალად იქცევა – და ერთ დღეში მოსპობს მას და გადაბუგავს მის ეკალ-ბარდებს. მისი მშვენიერი ტყეები და ბაღ-ვენახები გატიალდება, ცოცხალი აღარაფერი გადარჩება იქ – ასე ტოვებს ავადმყოფს სიცოცხლე. ცოტა ხეებიღა გადარჩება იქ: ყმაწვილიც კი აღნუსხავს მათ. და იქნება იმ დღეს: ისრაელის ნატამალი, იაკობის ძეთა ნატამალი, აღარ დაეყრდნობა მას, ვინც გვემა იგი, არამედ დაეყრდნობა უფალს, ისრაელის წმიდა ღმერთს, და მისი ერთგული იქნება. ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ძეთა ნატამალი დაუბრუნდება ძლიერ ღმერთს. ო ისრაელ! თუმცა შენ მრავალი ხარ ზღვის ქვიშასავით, მხოლოდ ნატამალი დაბრუნდება: გადაწყვეტილია განადგურება – გადამეტებული შურისგება! ცაბაოთ უფალი აღასრულებს მთელს ქვეყანაზე დამუქრებულ სასჯელს. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებნო! ნუ გეშინიათ აშურისა, რომელიც ჯოხით გცემთ, და სახრეს გიღერებთ, როგორც უწინ ეგვიპტელნი. სულ ცოტაც და გადაივლის ჩემი წყრომა, და ჩემი რისხვა შებრუნდება აშურეთისკენ, რათა დაღუპოს იგი. და აღმართავს მასზე ცაბაოთ უფალი შოლტს, როგორც ყორების კლდესთან შემუსრა მიდიანელნი, კვერთხს აღმართავს ზღვაზე, როგორც ოდესღაც ეგვიპტეზე. და იქნება იმ დღეს: ჩამოიხსნება თქვენი მხრებიდან ტვირთი, მან რომ მოგკიდათ, უღელი, ქედზე რომ დაგადგათ, დაილეწება.“ სამარიიდან მოდის ის. მან ჩაუარა ყაიათს, გადაიარა მიგრონზე, მიქმაშში დააყენა თავისი აღალი. მათ გაიარეს ვიწროები, გებაყში გაათიეს ღამე. შეიძრა რამა, საულის გიბეყადან ხალხი გაიქცა. ხმამაღლა იყვირე, გალიმის ასულო! ეს ყვირილი მოისმინე, ლაიშავ, და საბრალო ყანათოთო! ხალხით დაიცალა მადმენა, გებიმელებმა თავს უშველეს. მტერი დღეს დადგება ნობთან, ხელს მოუღერებს სიონის მთას, იერუსალიმის ბორცვს. აი მეუფე, ცაბაოთ უფალი, რტოებს ჩამოგლეჯს – საშინელია მისი ძალა, ტანმაღალნი გაიჩეხნენ და აღზევებულნი დაეცნენ. რკინით იჩეხება ტყის უღრანები და ლიბანის მშვენება წახდა. და გამოვა ყლორტი იესეს მოჭრილი ძირკვიდან და ნორჩი ამონაყარი მისი ფესვებიდან. და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა. უფლის მოშიშება აავსებს მას. დანახულით არ განსჯის, და გაგონილით არ გადაწყვეტს. ღარიბთა საქმეებს პატიოსნად განსჯის, და სისწორით განიკითხავს ამ ქვეყნის ჩაგრულთ. ქვეყანას დასჯის თავისი სიტყვების კვერთხით, თავის ბაგეთა ქარით მოკლავს უკეთურს. შემოისარტყლება ჭეშმარიტებით და სიმართლე იქნება მისი სარტყელი. მგელი იცხოვრებს კრავთან ერთად, ჯიქი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო და ლომი ერთად გამოიკვებებიან, და პატარა ბიჭი დამწყემსავს მათ. ძროხა და დათვი ერთად დაიმწყემსება, და მათი შვილები გვერდი-გვერდ წამოწვებიან, და ლომი ხარივით დაიწყებს ჩალის ჭამას. ძუძუთა ბავშვი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ბიჭუნა ხელს ჩაყოფს გველგესლას ბუნაგში. არ იბოროტებენ და არ იბილწებენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, რადგან ქვეყანა აივსება უფლის ცოდნით, როგორც წყალი ავსებს ზღვას. და იქნება იმ დღეს: იესეს ფესვი ბაირაღად იდგება ხალხთათვის, და მისკენ გაემართებიან ერები; მისი ქვეყანა იქნება დიდებაში. და იქნება იმ დღეს: უფალი მეორედ გაიწვდენს ხელს და დაიბრუნებს თავისი ხალხის ნატამალს, დაიბრუნებს გადარჩენილთ აშურიდან, ეგვიპტიდან, ფათროსიდან და ქუშიდან, ყელამიდან და შინყარიდან, ხამათიდან და ზღვისპირეთის მიწიდან. ბაირაღს აღუმართავს ერებს, შეკრებს ისრაელიდან დევნილთ, და იუდადან გაფანტულთ შემოიკრებს ქვეყნის ოთხივე კიდიდან. დაცხრება ეფრემის სიძულვილი, გაქრება იუდას მტრობა: ეფრემი აღარ შეიძულებს იუდას და იუდა აღარ დაემტერება ეფრემს. და დააცხრებიან ისინი ფილისტიმელთა ქვეყანას დასავლეთში, და ერთიანად ყველას გაძარცვავენ, ვინც აღმოსავლეთში ცხოვრობს. ედომსა და მოაბს ხელს დაადებენ, და ყამონელნი დაემორჩილებიან მათ. მაშინ უფალი ამოაშრობს ეგვიპტის ზღვის ყურეს, ხელს დააღერებს მდინარეზე, და გაგზავნის იქ თავის ძლიერ ქარს, და დაყოფს მდინარეს შვიდ ნაკადად, რომლის გადალახვაც ფეხგაუხდელად იქნება შესაძლებელი. და გზას გაუშლის წინ თავისი ხალხის ნატამალს, მათ, ვინც გადარჩა, – გზას აშურიდან, ისე, როგორც მისცა ისრაელიანთ ეგვიპტიდან მათი გამოსვლის დღეს. და იტყვი იმ დღეს: გადიდებ შენ, უფალო! შენ მრისხანებდი ჩემზე, მაგრამ შენი რისხვა დაცხრა და შენ დამამშვიდე მე. აჰა, ღმერთია ჩემი მხსნელი! მას მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან უფალია ჩემი ძლიერება, ის არის ჩემი ძალა! ის არის ჩემი მხსნელი. და თქვენ სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან. და იტყვით იმ დღეს: ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, ხალხებს აუწყეთ მისი საქმენი; შეახსენეთ, რომ დიადია მისი სახელი! უგალობეთ უფალს, დიდია მისი საქმენი! განთქმულია მთელს ქვეყანაზე! ილხინეთ და იმხიარულეთ, სიონის მცხოვრებნო: დიდია შენს შორის ისრაელის წმიდა ღმერთი! წინასწარმეტყველება ბაბილონზე, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ. შიშველ ბორცვზე აღმართეთ ბაირაღი, ხმამაღლა გასძახეთ, მათ; ხელი დაუქნიეთ: დაე, შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით. მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, აღეგზნო ჩემი რისხვა, და მოვუხმე ჩემს გმირებს, ჩემი სიამაყით მოზეიმეთ. დიდი გუგუნია მთებში – მსგავსად მრვალრიცხოვანი ხალხისა, ერთად შეკრებილთა, ხალხთა და სამეფოთა, ცაბაოთ უფალი ათვალიერებს საბრძოლო ლაშქარს. მოდიან შორეული ქვეყნიდან, ცის კიდიდან უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად. ღაღადებდით, რადგან მოახლოებულია უფლის დღე, ყოვლადძლიერის ნებით გამოგზავნილი ეს დღე, განადგურებას მოიტანს. ამიტომ ყოველი მარჯვენა დაუძლურდება და ყოველი კაცის გული დადნება. შიში დაეცემა ყველას, ტანჯვა და ტკივილები შეიპყრობს მათ, მშობიარესავით გაწამდებიან, განკრთომილნი შეხედავენ ერთმანეთს, აეჭარხლებათ სახეები. აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, გულისწყრომითა და რისხვით, რათა იავარჰყოს ქვეყანა, მოსპოს მისი ცოდვილნი. ცის ვარსკვლავები და თანავარსკვლავედნი აღარ გამოსცემენ ნათელს, ჩაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე არ მოაფენს ნათელს. მე დავსჯი ქვეყნიერებას ცოდვებისათვის, უკეთურთ – მათი დანაშაულებისათვის, ბოლოს მოვუღებ ბოროტისმზრახველთა ზვიადობას და მტარვალთა ამპარტავნებას დავცემ. ისე ვიზამ, რომ კაცი ბაჯაღლოზე იშვიათი იყოს და ადამიანი – ოფირის ოქროზე. ვაიძულებ ცას, შეიძრას, და დედამიწა შეზანზარდება თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლიის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს. და მაშინ ადამიანები გაიქცევიან დამფრთხალი ქურციკებივით, მეცხვარის გარეშე დარჩენილი გაფანტული ცხვრებივით, და თითოეული თავის ხალხს მიაშურებს და თითოეული თავის ქვეყანას. ყოველი, ვისაც წამოეწევიან, ხანჯლით განიგმირება, და ყოველი, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დაეცემა. მათ ჩვილებს თვალწინ დაუხოცავენ, სახლებს გაუძარცვავენ, და მათ ცოლებს ნამუსს ახდიან. აჰა, მე აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომელთაც ვერცხლი არაფრად უღირთ და ოქრო არ ახარებთ. ჭაბუკებს მშვილდით შემუსრავენ; და მუცლის ნაყოფს არ შეიბრალებენ, და ყმაწვილებს არ დაზოგავს მათი თვალი. და ბაბილონს, სამეფოთა მშვენებას, ქალდეველთა სიამაყის სახელსა და დიდებას, დაამხობს ღმერთი, ვითარცა დაამხო სოდომი და გომორა. აღარასოდეს დასახლდება იგი და თაობიდან თაობამდე არავინ იცხოვრებს იქ, არაბნი არ გაშლიან იქ კარვებს, და მწყემსები არ დაყრიან იქ თავიანთ ფარებს. ბუნაგს გაიჩენენ იქ უდაბნოს მხეცები, მათი სახლები ბუკიოტებით გაივსება, სირაქლემები დაიდებენ ბინას და ჭინკები იხტუნავებენ იქ. აფთრები იჩხავლებენ მის კოშკებში, და ტურები იკივლებენ დიდებულ სასახლეებში. ახლოს არის მისი ჟამი და მისი დღეები დათვლილია. უფალი შეიწყნარებს იაკობს, კვლავ აირჩევს ისრაელს და დააბრუნებს ისრაელიანთ თავიანთ მიწაზე; უცხოტომელნი შეუერთდებიან მათ და იაკობის ძეთ მიეტმასნებიან. ხალხები იაკობის ძეთ დააბრუნებენ თავიანთ სამშობლოში, და იქ, უფლის მიწაზე, ისრაელის მოდგმა ამ ხალხს თავის მონებად და მხევლებად აქცევს. დაატყვევებენ ისინი მათ, ვისი ტყვეებიც თავად იყვნენ და იხელმწიფებენ მათზე, ვინც მათ ჩაგრავდნენ. და იქნება იმ დღეს, როცა დაგასვენებს უფალი ტანჯვა-წამებისა და შიშისაგან, და მძიმე ჯაფისაგან, რომლითაც დამონებული იყავი, მაშინ წარმოსთქვამ შენ ამ დამცინავ სიმღერას ბაბილონის მეფეზე და იტყვი: აღარ არის მჩაგვრელი! და, აჰა, ბოლო მისი მრისხანებისა! გადატეხა უფალმა არგანი ბოროტეულთა, კვერთხი მბრძანებელთა, რისხვით რომ აყენებდა ხალხებს დარტყმას დარტყმაზე, ერებს რომ სჯიდა განრისხებული, უწყალოდ რომ ავიწროვებდა. ისვენებს მთელი დედამიწა, მშვიდადაა, მხიარული სიმღერები გაისმის. კვიპაროსებიც შეგხარიან, ლიბანის კედრები ამბობენ: რაც შენ დაზიანდი, ხის მჭრელი არ გამოჩენილაო აქ. ქვემოთ შეიძრა შავეთი შენს გამო, რომ შეგეგებოს შენი მისვლისას; შენთვის გამოაღვიძა მიძინებულნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; თავიანთი ტახტებიდან წამოაყენა ხალხთა ყველა მეფე. ყველანი მოგიგებენ და გეტყვიან: „ახლა შენც ჩვენსავით უძლური ხარ, ჩვენ დაგვემსგავსე.“ შავეთში ჩაეშვა შენი დიდება და ჟღერა შენი ებნებისა, შენი საწოლი ჭია-მატლისაა, ჭია-მატლისაა შენი საბანიც. როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ, მიწას დაენარცხე, ხალხთა მძლეველო! შენ კი ფიქრობდი: „ზეცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავებს ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს, და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილოეთის კიდეებზე. მაღალ ღრუბლებზე ავალ, უზენაესს დავემსგავსები!“ მაგრამ შავეთში ხარ ჩაგდებული, იქ, გათხრილ სამარეში. ყველა, ვინც შენ დაგინახავს, დაგაკვირდება და იტყვის: „ნუთუ ეს ისაა, ძრწოლას რომ ჰგვრიდა ქვეყანას, სამეფოებს რომ ანგრევდა? ქვეყნიერება რომ უდაბნოდ აქცია, ქალაქები – ნანგრევებად, ტყვეებს რომ უკან არ აბრუნებდა?“ ხალხების ყველა მეფე პატივით განისვენებს, თითოეული თავის სამარხში. შენ კი უსამაროდ ხარ დატოვებული, დაგდებული, როგორც დამპალი ტოტი. შენ წევხარ მკვდრებში, მახვილით აჩეხილთა შორის, რომლებსაც ქვის ორმოებში ყრიან. შენს გვამს ფეხით თელავენ. სხვებს დამარხავენ, შენ კი არა, რადგან შენ ააოხრე შენი ქვეყანა, გაწყვიტე შენი ხალხი. ბოროტმოქმედთა თესლი ნუმც მოიხსენება საუკუნოდ. სასაკლაო გაუმზადეთ მის ძეთ მათი მამების ურჯულოების გამო, თორემ მთელ დედამიწას დაიპყრობენ ისინი და ქვეყანა აივსება მათი ქალაქებით. მე აღვდგები მათ წინააღმდეგ! – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და აღარ დარჩება ბაბილონს აღარც სახელი და აღარც კვალი, აღარც ბავშვები და აღარც მისი მოდგმა! – ამბობს ცაბაოთ უფალი. და ვაქცევ ბაბილონს ზღარბთა სოროებად და ჭაობებად, და განადგურების ცოცხით გამოვხვეტავ! – ამბობს ცაბაოთ უფალი. და დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: როგორც მე ჩავიფიქრე, ყველაფერი ისე იქნება, და როგორც მე განვიზრახე, ისე აღსრულდება. შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე! ჩემი ხალხი გადაიგდებს მის უღელს და მისი ტვირთი მათ მხრებს ჩამოეხსნება. ესაა განაჩენი, გადაწყვეტილი მთელი ქვეყნის მიმართ და ესაა ხელი, დაღერებული ყველა ხალხებზე. ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა – ვინ დაარღვევს მის გადაწყვეტილებას? დაღერებულია მისი ხელი – ვინ შეაჩერებს მას? მეფე ახაზის სიკვდილის წელს იყო ეს წინასწარმეტყველება: ნუ გიხარია, ფილისტიმელთა ქვეყანავ, რომ დაიმსხვრა თქვენი მგვემელი კვერთხი! რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველია. ღატაკთა შვილები საზრდოს ჰპოვებენ ჩემს ველზე და ღარიბნი სამშვიდობოს დაიმყუდროვებენ; შიმშილით ამოვწყვეტ შენს ფესვს და მოვსპობ შენს ნატამალს. მოთქვამდეთ, კარიბჭენო! გოდებდე, ქალაქო! ძრწოდე, ფილისტიმელთა ქვეყანავ! რადგან ჩრდილოეთიდან კვამლი დაიძრა: მეომრები მოდიან და არავინ დატოვებს რიგებს. რას ეტყვიან წარმართთა მაცნეებს? ეტყვიან, რომ უფალმა სიონი დააფუძნა და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ხალხის ჩაგრულნი. წინასწარმეტყველება მოაბზე. ერთ ღამეში გაძარცვული ყარ-მოაბი დადუმდა. ერთ ღამეში გაძარცვული კირ-მოაბი დადუმდა. მისი მცხოვრებნი ავიდნენ ტაძარში, დიბონის მცხოვრებნი ტირილით მივიდნენ საწმიდარში. ნებოსა და მედებზე მოთქვამენ მოაბელნი. თავები გადაპარსული აქვთ, წვერები – მოკვეცილი. ქუჩებში ჯვალოთი დადიან, მოსთქვამენ ბანებზე, ტირიან მოედნებზე, ცრემლად იღვრებიან. ხეშბონისა და ელყალეს ზარი იაჰაცამდე აღწევს. მოაბის მებრძოლნიც თრთიან, გული უშფოთავს მოაბს. გული მიკვნესის მოაბზე. მოაბის ლტოლვილნი ცოყარში მოვიდნენ, ყეგლათ-შელიშიაში. ტირილით ადიან ლუხითის აღმართზე, ხორონაიმის გზაზე მოთქმით ტირიან თავიანთ უბედურებაზე. ნიმრიმის წყლები დაშრა, ბალახი გაჭკნა, ჯეჯილი ჩალპა, სიმწვანე გაქრა. მოაბელთ გადააქვთ თავიანთი მონაგარი, თავიანთი სიმდიდრის ნარჩენები, გადადიან ძეწნათა ხევზე. მოაბელთა კივილი ქვეყნის საზღვრებამდე ისმის, ეგლაიმამდე აღწევს მისი გმინვა, ბეერ-ელიმამდე. დიმონის წყლები სისხლით გაივსო. მაგრამ მე ამას არ ვაკმარებ დიმონს: ლომებს მივუსევ გადარჩენილ მოაბელთ, მთელი ქვეყნის ნატამალს. კრავები გაუგზავნეთ საჩუქრად ქვეყნიერების მბრძანებელს სელაყიდან უდაბნოს გზით სიონის ასულის მთაზე. ბუდემოშლილი ფრინველებივით იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებთან. „მიეცი რჩევა, ქმენი სამართალი, გადმოაფარე შენი ჩრდილი შუადღის ხვატში, როგორც ღამით; დაიფარე ლტოლვილი, ნუ გასცემ დევნილს. შეიხიზნე მოაბის ლტოლვილნი; შეიფარე ყაჩაღებისაგან!“ ვიდრე არ შემწყდარა მძლავრობა, ვიდრე ბოლო არ მოღებია ყაჩარობას, ვიდრე არ გადაშენებულა დამთრგუნველი ამ ქვეყნიდან; და წყალობით არ დამყარებულა ტახტი, და მასზე, დავითის კარავში, სამარადისოდ არ დამჯდარა მსაჯული – რათა ქმნას სამართალი და ესწრაფოდეს მართალ განკითხვას. ვისმინეთ ჩვენ მოაბის მზვაობრობა, მეტისმეტი ზვიადობა, მისი ამპარტავნება, მისი მძვინვარება, ამაო ტრაბახი. ამიტომ მოუწია მოაბელს მოაბელის დატირება, – ქვითინებს მთელი მოაბი; უბედურნო, როგორ მოსთქვამთ კირ-ხარესეთის ტკბილეულზე! ხეშბონის ვენახები წახდა, წახდა სიბმას ვაზი! ოდესღაც ხომ ამ ვაზის ღვინით თვრებოდნენ ქვეყნის მეუფენი, იაყზერს რომ სწვდებოდა და იმას იქითაც – უდაბნოს აღწევდა. ზღვამდე იფურჩქნებოდა მისი რქები. იაყზერთან ერთად ვიგლოვებ მე სიბმას ვაზებზე. ჩემი ცრემლებით მოვრწყავ ხეშბონსა და ელყალეს! რადგან შენს რთველსა და ალოობაში აღარ გაისმის მხიარული ყიჟინა. შეწყდა მხიარულება და სიხარული ნაყოფიერ მიწაზე; ვენახებში აღარ მღერიან და აღარ ისმის მხიარული შემოძახილი; საწნახელში ღვინოს აღარ დაწურავს მეზვრე, რადგან მე შევაწყვეტინე მხიარული ხმები. ამიტომაც ქნარივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და ჩემი სული – კირ-ხერესზე. გამოჩნდებიან მოაბელნი თავის საწმიდარში, ძალას არ დაიშურებენ; მივლენ თავის ტაძარში სალოცავად, მაგრამ აღარაფერი ეშველებათ. ეს არის სიტყვა, რომელიც რახანია წარმოთქვა უფალმა მოაბზე. ახლა კი ასე ამბობს უფალი: „სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, შერცხვება მოაბის დიდება, მიუხედავად მათი დიდი სიმრავლისა; გადარჩება მხოლოდ მცირე ნატამალი – უმნიშვნელო და უძლური.“ წინასწარმეტყველება დამასკოზე. ქალაქი დამასკო გაქრება, ნანგრევებად იქცევა. ყაროყერის ქალაქებს მიატოვებენ სამუდამოდ, ცხვრის ფარების საძოვრებად იქცევა, დაეყრებიან და არავინ იქნება მათი წამომშლელი. აღარ ექნება ეფრემს ციხესიმაგრეები, აღარ დასხდებიან მეფეები დამასკოში. არამის ნატამალსაც იგივე დაემართება, რაც ისრაელიანთა დიდებას, – ამბობს ცაბაოთ უფალი. და იქნება იმ დღეს: დაკნინდება იაკობის დიდება, გამოიფიტება მისი გაფუებული ტანი. ყანის მკას დაემსგავსება ეს ყოველივე: მომკელის მარჯვენა რომ გადამკის ყანას, რეფაიმის ველზე რომ მოიმცვრევენ ჩაბნეულ თავთავს. გადარჩებიან მხოლოდ ცოტანი. ზეთისხილის ხის ბერტყასავით იქნება, როცა ბერტყის შემდეგ აქა-იქ თითო-ოროლა ნაყოფი რჩება კენწეროზე, ოთხი-ხუთი ცალი ტოტებზე, – ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა. იმ დღეს მიმართავს ადამიანი თავის შემოქმედს, თვალს მიაპყრობს ისრაელის წმიდა ღმერთს. და აღარ შეხედავს თავისი ხელით ნაგებ სამსხვერპლოებს, თვალს მოარიდებს იმას, რაც მისმა ხელმა გააკეთა: აშერას სვეტებს და სასაკმევლეებს. იმ დღეს დაიცლება მათი გამაგრებული ქალაქები – როგორც მიატოვეს ისრაელიანთა წინაშე ხიველებმა და ამორეველებმა ყველაფერი, და დაიწყება დიდი გავერანება. დაგავიწყდა ღმერთი, ის ვინც შენი მხსნელია. აღარ გახსოვს შენი სიმტკიცის კლდე. ნეტარების ბაღებს აშენებ და უცხოური ვაზი ჩაგიყრია. რა დღესაც დარგავ, იმავე დღეს იზრდებიან – ნარგავები დილიდანვე ყვავიან, მაგრამ შენი მოსავალი გაქრება, როდესაც დადგება ტანჯვის დღე, უკურნებელი ტკივილების დღე. ვაი, ხმაურს უზღვავი ხალხისა! – ხმაურობენ ზღვის ხმაურით. ვაი, ხალხების ღრიალს! – ღრიალებენ ადიდებული მდინარის ღრიალით. ტომები ღრიალებენ, როგორც დიდი წყლები ღრიალებენ; მაგრამ როცა ის მათ დაემუქრება, გაიქცევიან შორს, და გაიხვეტებიან, როგორც ქარი მიანიავებს ბზეს გორდაგორ, და როგორც მტვერს – ქარბორბალა. დადგება მწუხრი და, აჰა, დაეცემა შიშისზარი და განთიადამდე ვეღარ გაძლებს. ასეთია ჩვენს მძარცველთა წილი და ჩვენს მაოხრებელთა ხვედრი. ვაი, ფრთებმოშრიალე ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა რომ არის! ელჩებს რომ აგზავნის ზღვით, და მდინარეებზე – ჭილის ნავებით. წადით, მკვირცხლო მოციქულნო, ბრგე და უწვერულ ერთან, დასაბამიდან დღესაქამომდე ხალხთა დამთრგუნველთან და გადამთელავთან, რომლის ქვეყანასაც მდინარეები სერავენ! ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო და ყველა ბინადარო! როცა ბაირაღი აღიმართება მთებზე – დაინახავთ, და როცა რქის საყვირი ახმიანდება – გაიგონებთ! რადგან ასე მითხრა მე უფალმა: მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი განსასვენებელი ადგილიდან, როცა მზე გამობრწყინდება და ხვატი ჩამოდგება, როცა ალოობის პაპანაქებაში ცვარის ღრუბელი ჩამოეშვება. რადგან რთვლობის წინ, როცა ყვავილობა დამთავრებულია და მტევანი მწიფობას იწყებს, უფალი დანით აკაფავს ლერწმებს და რქებს მოაშორებს ვაზს. ყველაფერი მტაცებელ ფრინველებს მთებზე და ველის ნადირს დარჩება; გაიზაფხულებენ მასზე მტაცებელი ფრინველები და მიწის ყველა ცხოველი დაიზამთრებს იქ. მაშინ ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს, ცაბაოთ უფლის ადგილას, სიონის მთაზე, ბრგე და უწვერული ერი, დასაბამიდან დღესაქამომდე ხალხთა დამთრგუნველი და გადამთელავი, რომლის ქვეყანასაც მდინარეები სერავენ. წინასწარმეტყველება ეგვიპტეზე. აჰა, უფალი დაბრძანებულა სწრაფ ღრუბლებზე და მიჰქრის ეგვიპტეში, და შეიძვრებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე, და ეგვიპტის გული გაირინდება. მე ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე; და შეებრძოლება ძმა ძმას და მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს. დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში; ჩავშლი მის განზრახვას. კერპებს, მჩხიბავებს და გარდაცვლილთა სულებს დაუწყებს ძებნას სამკითხაოდ. მრისხანე მბრძანებლის ხელში ჩავყრი ეგვიპტელთ, სასტიკი მეფე იქნება მათი მბრძანებელი! – ამბობს ცაბაოთ უფალი. და ამოშრება წყალი ზღვაში, მდინარე დაიწრიტება და დაშრება. ამყრალდებიან მდინარეები, დაიწრიტებიან და დაშრებიან ეგვიპტის მდინარეები, ლერწამი და ჭილი დაჭკნება. გაშიშვლდება მინდვრები, მდინარის მთელი სანაპირო და მთელი ნათესები გადახმება, განიავდება და გაქრება. დაღონდებიან მებადურები: ცრემლად დაიღვრება მდინარეში ანკესის ყველა ჩამშვები, ქანცი გაუწყდება წყალზე ბადეების გამშლელს. დანაღვლიანდებიან სელის მრთველნი და თეთრი ტილოს მქსოველნი. დაიმსხვრევა მათი დაზგები, ქირის მუშები დამწუხრდებიან. შეიშალნენ ცოყანის მთავრები: ფარაონის ბრძენ მრჩეველთა თათბირი გაცუდდა! როგორ ეტყვით ფარაონს: „მე ბრძენთა ძე ვარ, ძე უწინდელ მეფეთა?“ სად არიან ისინი? სად არიან შენი ბრძენნი? ახლა გითხრან მათ და შეიტყონ, რა გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს! გაბრიყვდნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუვდნენ ნოფის მთავარნი, გზა-კვალი აურიეს ეგვიპტეს მისი ტომების მთავრებმა. უფალმა დაუბნელა მათ გონება, და მათ მთლად გადარიეს ეგვიპტე: ახლა ეგვიპტე მთვრალსა ჰგავს, თავის ნარწყევში რომ დააბიჯებს. და არ იქნება ეგვიპტეში საქმე, რის გაკეთებასაც შეძლებს თავი და კუდი, ფინიკის ფოთოლი და ლერწამი. იმ დღეს ეგვიპტელები ქალებს დაემსგავსებიან, დაფრთხებიან და შეეშინდებათ ცაბაოთ უფლის მოღერებული ხელისა. და იქნება იუდას მიწა შიშის ზარი ეგვიპტისათვის; ყოველი, ვინც მას გაიხსენებს, აკანკალდება ცაბაოთ უფლის განაჩენით, რაც მან განაჩინა მასზე. იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს, ერთ მათგანს ყირ-ჰერესს უწოდებენ. იმ დღეს უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში იქნება და უფლის სვეტი – მის საზღვრებთან. და იქნება ის ნიშნად და მოწმობად ცაბაოთ უფალზე ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, და ის გამოუგზავნის მათ მხსნელსა და ქომაგს და უშველის მათ. და გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს; და ეგვიპტელნი შეიცნობენ უფალს იმ დღეს, და მოიტანენ მსხვერპლსა და ძღვენს, და აღთქმას აღუთქვამენ უფალს და კიდეც აღასრულებენ. და დაჰკრავს უფალი ეგვიპტეს; დაჰკრავს და განკურნავს; და მოიქცევიან ისინი უფლისაკენ, და ის შეისმენს მათ ვედრებას, და განკურნავს მათ. იმ დღეს ეგვიპტიდან აშურისაკენ იქნება დიდი გზა, და ივლიან აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი – აშურში; და ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად თაყვანს სცემენ უფალს. იმ დღეს ისრაელი მესამე სახელმწიფო იქნება – გაუთანასწორდება ეგვიპტესა და აშურს. კურთხევა იქნება დედამიწის შუაგულში. ცაბაოთ უფალი ასე აკურთხებს მათ: „კურთხეულ იყოს ჩემი ხალხი – ეგვიპტელნი და ჩემი ხელის ნაკეთები – აშური და ჩემი სამკვიდრებელი – ისრაელი.“ იმ წელს, როდესაც აშდოდს მოადგა თართანი, აშურის მეფის, სარგონის, მიერ გამოგზავნილი, და შეებრძოლა აშდოდს და დაიპყრო იგი, სწორედ მაშინ უთხრა უფალმა ესაიას, ამოცის ძეს: „წადი, ჯვალო მოიხსენი წელიდან და ხამლი გაიხადე ფეხზე.“ სწორედ ასე გააკეთა მან – დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი. და თქვა უფალმა: „როგორც ჩემი მონა ესაია დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ნიშნად და სასწაულად იყოს ეგვიპტისა და ქუშისთვის. ასე გაირეკავს აშურის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან და ქუშიდან გადასახლებულთ, ყმაწვილებსა და მოხუცებულთ, ტიტველთ, ფეხშიშველთ და დუნდულგაშიშვლებულთ – ეგვიპტის შესარცხვენად. მაშინ შეძრწუნდებიან და შერცხვებათ მათი სასოების, ქუშის გამო და მათი საკვეხური ეგვიპტის გამო. და იტყვიან იმ დღეს ამ ზღვისპირეთის მცხოვრებნი: ‘აი, რა დაემართა ჩვენს იმედს, მათგან, ვისკენაც გავრბოდით შემწეობისათვის აშურის მეფისაგან გადასარჩენად! რა უნდა გვეშველოს ახლა?’“ წინასწარმეტყველება ზღვისპირეთის უდაბნოზე. როგორც გრიგალები მძვინვარებენ სამხრეთზე, ისე მოდის ის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან. სასტიკი ხილვა მეჩვენა მე: მოღალატე ღალატობს და მძარცველი ძარცვავს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდია! ახლა ბოლოს მოვუღებ ყველა მის ოხვრას. ამის გამო ჩემი წელი კანკალმა მოიცვა, ტკივილებმა შემიპყრო მე, მსგავსად მშობიარის ტკივილებისა, მოვიკრუნჩხე გაგონილისაგან, შევძრწუნდი ნახულისაგან. გული მითრთის, შიში მზარავს; სიამის ღამე საშინელებად მექცა. ტაბლა გააწყვეს, ნოხები დააგეს, ჭამენ და სვამენ. ადექით, მთავრებო, ფარები გაპოხეთ! ასე მითხრა უფალმა: „მიდი, დააყენე მზირი, რათა გაუწყოს, რასაც ხედავს. და დაინახავს ის წყვილ-წყვილად მომავალ მხედრებს, და ხალხს ჯორ-აქლემებზე ამხედრებულთ. ყურადღებით იყოს, დიდი გულისყურით.“ და ლომივით იყვირა მზირმა: „უფალო, საგუშაგოზე ვიდექი დღისით და ღამით. აჰა, მოდის ეტლიონი, დაწყვილებული ცხენოსნები!“ და შემდეგ შესძახა: „დაეცა, დაეცა ბაბილონი! მისი კერპები დაიმსხვრა, მიწაზე ყრია დანარცხებული.“ ოჰ, ჩემო კალოზე გალეწილო და განიავებულო ხალხო! რაც ვისმინე მე ცაბაოთ უფლის, ისრაელის ღმერთისაგან, ახლა გაუწყებთ მე თქვენ. წინასწარმეტყველება დუმაზე. სეყირიდან მეძახიან: „გუშაგო, ღამის რა ჟამია? გუშაგო, ღამის რა ჟამია?“ გუშაგი პასუხობს: „გათენება ახლოვდება, მაგრამ ჯერ ისევ ღამეა! თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ, კვლავ მოდით.“ წინასწარმეტყველება არაბეთზე. არაბეთის ჩირგვნარებში გაათიეთ ღამე დედანელთა ქარავნებო! თემას ქვეყნის მცხოვრებნო, მწყურვალს მიაწოდეთ წყალი; გაქცეულებს გამოუტანეთ პური! რადგან მახვილს გაურბიან ისინი, ამოწვდილ მახვილს, მოჭიმულ მშვილდს და ომის სიმძიმეს. ასე მითხრა მე უფალმა: „ერთი წელიც მოქირავნის წლებით და გაქრება მთელი დიდება კედარისა. ცოტანიღა გადარჩებიან კედარის მშვილდოსანთაგან.“ ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. წინასწარმეტყველება ხილვათა ხეობაზე. რა დაემართათ შენს მცხოვრებთ, რომ მთლიანად ერდოებზე გამოშლილან? ხმაურით სავსე, მშფოთვარე ქალაქო, მოზეიმე ქალაქო! შენი დამარცხებულნი მახვილით არ დაცემულან და არც ბრძოლაში დაღუპულან. ყველა შენი მხედართმთავარი ერთად გაიქცა, მშვილდები დაყარეს, ტყვედ ჩაცვივდნენ; ყველა, ვინც გადარჩა, ერთად არიან დატყვევებულნი, თუმცა შორს გარბოდნენ ისინი. ამიტომ ვთქვი მე: პირი შემაქციეთ, მწარედ უნდა ვიტირო. ნუ შეეცდებით ჩემს ნუგეშისცემას, ჩემი ერის ასულის შემუსვრის გამო. რადგან აურზაურის, მარცხის და დაბნეულობის დღეა ცაბაოთ უფალისაგან ხილვათა ველზე! კედელს ანგრევენ და ყვირილი მთის მწვერვალამდე აღწევს. ყელამის მებრძოლებმა კაპარჭები მოიმარჯვეს, საომარი ეტლები და მხედრები გაემზადნენ ბრძოლისათვის, კირელმა მებრძოლებმა ფარები ასწიეს. შენი ულამაზესი ველები სავსეა ეტლებით, მხედრები კარიბჭის პირდაპირ დაეწყვნენ. ახდილია იუდას საფარველი! იმ დღეს თქვენ შეხედეთ მაღნარის სასახლის საჭურველს. თქვენ იხილეთ, რომ მრავალი ნაპრალია დავითის ქალაქის კედლებში, და აგროვებდით წყალს ქვემო ტბორში; და ათვალიერებდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით ზოგიერთს გალავნის გასამაგრებლად. და მოაწყვეთ წყლის საცავი ორ კედელს შუა ძველი საგუბრის წყლისთვის. მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, ძველთაგან მის დამსახველს. მოუხმობს ცაბაოთ უფალი იმ დღეს სატირლად და საგლოვად, თმის გადასაპარსად და წელზე ჯვალოს შემოსასარტყლად. მაგრამ თქვენ ილხენთ და მხიარულობთ, კლავთ ზვარაკებსა და ყელს ჭრით ცხვრებს, ჭამთ ხორცსა და სვამთ ღვინოს. ამბობთ: ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებითო. და ყურში გამიმხილა ცაბაოთ უფალმა: „არ მიგეტევებათ თქვენ ეს ურჯულოება სიკვდილამდე!“ თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა. ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: წადი და უთხარი ამ სამეფოს ეზოსმოძღვარს – შებნას: რა გაქვს აქ და ვინა გყავს აქ, რომ ამოგიკვეთავს შენთვის სამარხი? – ის კვეთს თავის სამარხს მაღლობზე, კლდეში ჭრის თავის სავანეს. აჰა, უფალი მოგისვრის შენ, როგორც მოისვრის ძლიერი კაცი და დაგჭმუჭნის, დაგგორგლავს და მოგისვრის ვრცელ ქვეყანაში. იქ იქნება შენი და შენი ბრწყინვალე ეტლების ბოლო, შემარცხვენელო შენი ბატონის სახლისა! გადაგისვრი შენი ადგილიდან და შენი მდგომარეობიდან დაგამხობ. და იქნება იმ დღეს: მოვიხმობ ჩემს მონას ელიაკიმს, ხილკიას ძეს, და შევმოსავ შენი სამოსით, და შენს ქამარს შემოვარტყამ წელზე, და შენს ხელმწიფებას გადავცემ მას; და იქნება ის იერუსალიმის მცხოვრებთა და იუდას მოდგმის მამა. გადავკიდებ მხარზე დავითის სახლის გასაღებს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს, გააღებს და ვერავინ დაკეტავს. პალოსავით ჩავარჭობ მას მყარ ადგილზე, და იქნება ის თავისი მამისსახლისათვის დიდების ტახტი. და ჩამოჰკიდებენ მას მამამისის სახლის მთელ დიდებას – მოდგმას და ნაშიერს, სახლის მთელ ჭურჭელს – თასიდან დაწყებული უკანასკნელ ჭინჭილამდე. იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – მოირყევა მყარ ადგილზე ჩარჭობილი პალო, გადატყდება და დაეცემა, და მოწყდება ტვირთი, რომელიც მას აწვა, რადგან უფალმა თქვა ეს. წინასწარმეტყველება ცორზე. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან ცორი გაპარტახდა, აღარც სახლია, აღარც სახლში შესასვლელი. ქითიმის ქვეყნიდან დაბრუნებულებმა შეიტყვეს ეს ამბავი. იგლოვეთ, ზღვისპირეთის მკვიდრნო, ციდონის ზღვაოსანი ვაჭრები გამდიდრებდნენ შენ. დიდი წყლებით მოდიოდა შიხორის მარცვლეული, ნილოსის სანაპიროების სამკალი იყო მისი მოსავალი, სხვადასხვა ხალხებიდან ნაყიდი. გრცხვენოდეს, ციდონო! ასე ამბობს ზღვა, ზღვისპირეთის სიმაგრე: „არ განმიცდია მშობიარობის ტკივილები, არ მიშვია და არ გამიზრდია ჭაბუკნი, არ აღმიზრდია ქალწულები.“ როდესაც ცორის ამბავს შეიტყობენ ეგვიპტელნი, ძრწოლა შეიპყრობთ. გადადით თარშიშში! იქვითინე, ზღვისპირეთის ტომო. ნუთუ ესაა თქვენი მხიარული ქალაქი, რომლის დასაბამი ძველისძველია? მისი ფეხები შორეთში დაატარებენ მას. ვინ გადაუწყვიტა ეს ცორს, ქალაქს, რომელიც გვირგვინებით ამკობდა მეფეებს, რომლის სოვდაგარნიც მბრძანებლობდნენ, რომლის ვაჭრებსაც პატივით ეპყრობოდა მთელი ქვეყანა? ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა, შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი დიდებისა, დაემცირებინა ქვეყნის ყველა ღირსებანი. გაეშურე შენი ქვეყნისკენ, თარშიშის ასულო! რადგან აღარაა ნავსაყუდელი. უფალმა ხელი დაუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხესიმაგრენი. მან თქვა: ვეღარ გაიხარებ ამიერიდან, შერცხვენილო ქალწულო, ციდონის ასულო! ადექი, გადადი ქითიმში, მაგრამ არც იქ გექნება მოსვენება. აჰა, ქალდეველთა ქვეყანა – ეს ხალხი უწინ არ იყო. აშურმა მისცა ის უდაბნოს ველურ არსებებს. აშურელებმა მიაყენეს მას საბრძოლო კოშკები, დაანგრიეს, გააცამტვერეს მისი ციხესიმაგრეები. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან თქვენი სიმაგრე შემუსრულია. და მოხდება იმ დღეს, დავიწყებული იქნება ცორი 70 წელიწადს – ერთი მეფის ცხოვრების დღეების კვალობაზე; 70 წლის ბოლოს დაემართება ცორს ის, რაც მეძავის სიმღერაშია: აიღე ქნარი, შემოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძაო! ტკბილად დაუკარი, ბევრი იმღერე, იქნებ გაგიხსენონ შენ! 70 წლის შემდეგ მოხედავს უფალი ცორს. და ისევ დაუბრუნდება ცორი თავის სიძვის გასამრჯელოს და იმეძავებს ქვეყნის ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე. მაგრამ მისი ნავაჭრი და მისი მოგება მიძღვნილი იქნება უფლისადმი; არ დაგროვდება საგანძურებსა და საწყობებში, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსნენ. აჰა, უფალი გააპარტახებს დედამიწას და უნაყოფოდ აქცევს მას; სახეს შეუცვლის და გაფანტავს მის მცხოვრებთ. ერთი ბედი ელის ერსა და ბერს, მონასა და მის ბატონს, მხევალსა და მის ქალბატონს, მყიდველსა და გამყიდველს, გამსესხებელსა და მსესხებელს, მევახშესა და მოვალეს. გაპარტახდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა თქვა ეს სიტყვა. გლოვობს, იღუპება ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყნიერება, იღუპებიან ქვეყნის ძლიერნი. დედამიწა შეიბილწა მის მკვიდრთა მიერ, რადგან გადაუხვიეს რჯულს, შეცვალეს წესი, დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. ამის გამო წყევლა ჭამს დედამიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ ქრებიან ქვეყნის მკვიდრნი, სულ ცოტაღა დარჩა ხალხი. მაჭარი დამწარდა, გახმა ვაზი, ოხრავს ყველა გულმხიარული, შეწყდა დაფდაფებით ლხინი, მიწყდა მოლხინეთა ჟრიამული, გაცუდდა ქნარების ჟღერა. სიმღერით აღარ სვამენ ღვინოს; ემწარებათ თაფლუჭი მის მსმელებს. დანგრეულია დაცლილი ქალაქი, დაიკეტა ყველა სახლი, ვეღარ შეხვალ. ღვინოზე ტირიან ქუჩებში; ჩაჟამდა ყოველგვარი მხიარულება; განიდევნა ქვეყნიდან სიხარული. გაუდაბურდა ქალაქი. ნანგრევებად იქცა კარიბჭე. რადგან ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხებს შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყისას, როგორც მომცვრევისას, როცა მთავრდება მოსავლის აღება. ხმამაღალი, მხიარული ხმა ისმის – დასავლეთში უფლის დიდებას უმღერიან. აქეთ უფალი, აღმოსავლეთის მკვიდრნო! ზღვისპირეთის მკვიდრნო ადიდეთ უფლის სახელი, ისრაელის ღმერთისა. ქვეყნის კიდიდან ვისმინეთ სიმღერა: დიდება მართალს! და მე ვამბობ: ვაგლახ მე! ვაგლახ მე! ვაი მე! მზაკვარნი მზაკვრობენ, ზაკვით იმოსებიან მზაკვარნი. შიში, ორმო და მახეა შენთვის, ქვეყნის მკვიდრო! შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, და ხაროდან ამოსული მახეში გაებმება; რადგან გახსნილია ცის სარკმელნი და ქვეყნის საფუძვლები ირყევიან. ძლიერ დაილეწა ქვეყანა, სრულად დაიმსხვრა ქვეყანა, საშინლად შეირყა ქვეყანა. მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და აკვანივით ირწევა; ცოდვამ დაამძიმა; დაეცემა და ვეღარ აღდგება. და იქნება იმ დღეს: დასჯის უფალი ზეცაში ციურ მხედრობას და მიწაზე მიწის მეფეებს. ტყვეებს ერთად შეკრებენ, და ორმოში ჩაყრიან, ჩაკეტავენ, და მრავალი დღის შემდეგ მოვა სასჯელი. გაწბილდება მთვარე და შერცხვება მზეს, როცა ცაბაოთ უფალი გამეფდება სიონის მთაზე და იერუსალიმში. და თავის დიდებას მოუვლენს თავის უხუცესთ. უფალო, შენა ხარ ჩემი ღმერთი! აღგამაღლებ შენ, ვადიდებ შენს სახელს, რადგან საოცრება მოიმოქმედე – ის იყო შენი ჩანაფიქრი შორეული დროიდან, და ახლა შენ გამოაჩინე ჭეშმარიტება. შენ აქციე ქალაქი ქვა-ღორღის გროვებად, გამაგრებული ქალაქი – ნანგრევებად, უცხოტომელთა სასახლეები აღარაა ქალაქში, აღარ აღდგება უკუნისამდე. ამიტომ გადიდებს შენ ძლიერი ერი, სასტიკ ტომთა ქალაქები ძრწიან შენს წინაშე. რადგან შენ ხარ საწყლის თავშესაფარი, თავშესაფარი გლახაკისა გაჭირვების ჟამს. შენ ხარ საფარი ქარიშხლით დევნილთა, ჩრდილი პაპანაქებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა ქარიშხალს ჰგავდა კედელზე მიმწყდარს. როგორც ხვატმა უდაბნოში, შენ ჩაახშე მტრების გნიასი; როგორც ხორშაკი ღრუბლების ჩრდილში, ისე დაითრგუნა მოძალადეთა ზეიმი. ცაბაოთ უფალი გამართავს ამ მთაზე ხალხებისთვის უხვ ნადიმს, მსუყე საჭმელებით, წკრიალა ღვინოებით. და გააქრობს ამ მთაზე საფარველს ყველა ხალხებისა, ყველა ტომებს რომ ბურავს. შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყოველ სახეს, და სირცხვილს მოხოცავს თავის ერს მთელს ქვეყანაზე; რადგან ასე ამბობს უფალი. და იტყვიან იმ დღეს: აჰა, ის, ჩვენი ღმერთია! მას მოველოდით; და მან გვიხსნა ჩვენ. ეს არის უფალი, მისი გვეიმედებოდა; ვილხინოთ და ვიხაროთ, რადგან გვიხსნა მან. რადგან დაადგება უფლის ხელი ამ მთას და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც ჩალა ითელება სანეხვეზე. და გაშლის მოაბი ხელებს მის წიაღში, როგორც მოცურავე საცურაოდ; მაგრამ უფალი დაამდაბლებს მის სიამაყეს მისი ხელის ცბიერებასთან ერთად. და შენს გამაგრებულ მაღალ კედლებს ჩამოშლის, მიწაზე დაანარცხებს, გააცამტვერებს. იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდაში: გამაგრებული ქალაქი გვაქვს! ხსნა მოგვენიჭა ჩვენ, ის ზღუდეა ჩვენთვის და მიწაყრილი. გახსენით კარიბჭე! შემოვიდეს მართალი, რწმენის დამცველი ხალხი. სულით ძლიერთ, შენ გაუგზავნი კეთილდღეობას, რადგან შენზეა მონდობილი. მიენდეთ უფალს უკუნითი უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე. მან დაამხო მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო, მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა. ფეხი თელავს მას, ბეჩავთა ფეხი, ღატაკთა ტერფები. მართლის გზა მოსწორებულია. უფალო, შენ ასწორებ მართალთა სავალს. შენი სამართლის გზებზე შენი იმედით ვიყავით უფალო; შენი სახელისა და შენი ხსოვნისაკენ იყო ჩვენი სულის წადილი. ჩემი სამშვინველით ვისწრაფოდი შენსკენ ღამით, და ჩემი სულით გეძებდი ჩემში განთიადიდან: რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამართლიანობას სწავლობდნენ ქვეყნიერების მკვიდრნი. თუ შეწყალებული იქნებიან ბოროტნი, აღარ ისწავლიან სამართლიანობას. მართალთა ქვეყანაში უსამართლოდ მოიქცევიან და არ დაინახავენ უფლის სიდიადეს. უფალო! აღმართული იყო შენი ხელი, მაგრამ ისინი არ უყურებდნენ მას; დაინახავენ და შერცხვებათ შენი ერის მოძულეთ; ცეცხლი შეჭამს შენს მტრებს. უფალო! შენ გვაძლევ მშვიდობას, რადგან ყველა ჩვენი საქმეები შენ მოიმოქმედე. უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვებიც ბატონობდნენ ჩვენზე, ჩვენ კი სხვა არავინ ვიცით, შენს სახელს ვადიდებთ. მიძინებულნი ვერ გაცოცხლდებიან; აჩრდილები ვერ აღდგებიან: შენ დასაჯე და გაანადგურე ისინი, მოსპე მათი სახსენებელი. შენ გაამრავლე ხალხი, უფალო! შენ გაამრავლე ხალხი, შენ განდიდდი, განავრცე ქვეყნის კიდეები. უფალო! როცა გასაჭირი დგება, შენ დაგეძებთ; როდესაც სასჯელს გვიმზადებ, შიში და ძრწოლა გვიპყრობს. მსგავსად ფეხმძიმისა, მშობიარობის მოახლოებისას რომ იტანჯება და კივის ტკივილებისაგან, ასე ვართ შენს წინაშე, უფალო! ფეხმძიმედ ვიყავით, ვიტანჯეთ, მაგრამ მხოლოდ ქარი ვშობეთ; ხსნა ვერ მოვუტანეთ ქვეყანას, ქვეყნიერების მკვიდრი არ დაიბადებიან. გაცოცხლდებიან შენი მიძინებულნი. აღდგებიან გარდაცვლილთა გვამები. გამოიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვრის ბინადარნო, რადგან შენი ცვარი ნათლის ცვარია! მიწა მკვდრებს გამოუშვებს. წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს საკნებში და კარი ჩაიკეტე! ერთი წამით დაიმალე, სანამ რისხვა გადაივლიდეს. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, რათა მოძებნოს მიწის მკვიდრთა ბოროტება. და მიწა გამოაჩენს მასზე დათხეულ სისხლს, და ვეღარ დაფარავს მასზე დახოცილთ. იმ დღეს დასჯის უფალი თავისი სასტიკი, დიდი და მაგარი მახვილით ლევიათანს, მოსრიალე გველს, ლევიათანს, დაკლაკნილ გველს, და მოკლავს ზღვის ურჩხულს. იმ დღეს იმღერებთ მასზე – მშვენიერ ვენახზე: მე, უფალი, მისი მცველი ვარ, ყოველ წამს ვრწყავ მას; დღითა და ღამით ვიცავ მას, რათა არავინ შემოიჭრას. რისხვა არ არის ჩემში, მაგრამ თუ ვინმე ნარ-ეკალს დაყრის ჩემს წინ, შევებრძოლები მას, ერთიანად გადავბუგავ. უკეთესია, დაცვა ეძებოს ჩემგან და მშვიდობის პირობა დადოს ჩემთან, დამიზავდეს. დადგება დღე და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და გაიკვირტება ისრაელი, და გაავსებს ქვეყნიერებას თავისი ნაყოფით. თუ უგვემია უფალს ისრაელიანები, როგორც გვემდა მათს მგვემელთ? თუ დაუხოცავს მას იმდენი ისრაელიანი, რამდენიც მათი მტრებისგანაა დახოცილი? მიბრუნდი მათ წინააღმდეგ და მიუვლინე უბედურება – გაძევება. შორს გაიტაცა უფლის მძვინვარე ქროლვამ, აღმოსავლეთის ქარის მსგავსმა. ამით წარიხოცება იაკობის ურჯულოება; და ეს იქნება ნაყოფი მისი ცოდვის მიტევებისა: როცა სამსხვერპლოთა ლოდებს იგი კირქვასავით დაფშვნის, როცა აღარ იქნება აშერები და მზის კერპები. რადგან გამაგრებული ქალაქი დაიცლება, საცხოვრებლები მიტოვებული და მიგდებული იქნება უდაბნოსავით. ხბო დაიწყებს იქ ძოვნას და იქ დაიდებს ბინას, და დაიწყებს ყლორტების კორტნას. როდესაც გახმება მისი ამონაყარი, მოამსხვრევენ, ქალები მოვლენ და დაწვავენ მას; რადგან ეს ხალხი უგონოა. ამიტომაც მათი შემოქმედი არ შეიბრალებს მათ, მათი შემქმნელი არ შეიწყალებს მათ. და იქნება იმ დღეს, რომ გალეწავს უფალი მთელ ძნას, დიდი მდინარიდან ეგვიპტის ნაღვარევამდე, და თქვენ, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით. და იქნება იმ დღეს, რომ ბუკს დასცემენ და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანაში გაძევებულნი, და თაყვანს სცემენ უფალს იერუსალიმის წმიდა მთაზე. ვაი, გვირგვინს, რომლითაც ამყობენ მთვრალი ეფრემელნი, დამჭკნარ ყვავილს, ეფრემის მშვენებასა და დიდებას, ყვავილს, რომელიც ამაღლებულა ღვინით ძლეულთა პოხიერი ველის თხემზე. აჰა, უფლის ძლიერი გოლიათი, მსგავსი თავსხმისა და სეტყვის თქეშისა, გამანადგურებელი ქარიშხლისა, აბორგებული მდინარეების წყლებისა, მიწაზე დაანარცხებს მას თავისი ხელით. ფეხით გაითელება მემთვრალე ეფრემელთა სიამაყის გვირგვინი, იგივე დაემართება მისი დიდებული მშვენიერების დამჭკნარ ყვავილს, პოხიერი ველის თხემზე რომ არის, რაც ზაფხულის ნაადრევ ლეღვს, რომელსაც მისი მნახველი მოწყვეტს და უმალ შეჭამს. იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება გვირგვინი და მშვენიერება, დიდების ჯიღა თავისი ერის ნატამალისთვის. უფალი იქნება სიმართლის სული სასამართლოში მჯდომისათვის, და სიმამაცე კარიბჭეზე მომწყდარი მტრის მომგერიებელთათვის. მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და ფეხი ერევათ თაფლუჭისაგან. მღვდელიცა და წინასწარმეტყველიც ფეხზე ვეღარ დგანან მათრობელასგან, სძლიათ ღვინომ, გონება აურიათ თაფლუჭმა, ბანცალებენ ხილვებისას, ენა ებორკებათ განკითხვისას. რადგან ტაბლები სავსეა ნარწყევით, აღარ დარჩა სუფთა ადგილი. ამბობენ: ვინ უნდა დამოძღვროსო მაგისთანამ ცოდნით? ვის უნდა განუმარტოსო მოსმენილი? რძეს გადაჩვეულ ჩვილებს? ძუძუს მოწყვეტილთ? რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ. ასევე გაურკვეველ ენაზე და უცხო კილოზე ილაპარაკებს უფალი ამ ხალხთან დღეიდან. უწინ ის ამბობდა: „აქ თქვენ დასვენება გელით, დაე დაღლილებმა დაისვენონ. აქ მშვიდი ადგილია.“ მაგრამ მათ არ სურდათ მოსმენა. და ასეთი იქნება მათთვის უფლის სიტყვა: რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ... და წავლენ ისინი, დაეცემიან, დაილეწებიან, მახეში გაებმებიან, ტყვეობა მოუწევთ. ისმინეთ უფლის სიტყვა, მოლაყბენო, იერუსალიმელთა განმგებელნო. თქვენ ამბობთ: ჩვენ კავშირი შევკარითო სიკვდილთან და სიკვდილის სამეფოსთან დავდეთო ხელშეკრულება. როდესაც წამლეკავი წარღვნა გადაივლის, ჩვენ ვერ მოგვეწევა, რადგან სიცრუე გავიხადეთო თავშესაფარად და ტყუილიაო ჩვენი საფარველი. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „აჰა, ქვა დავდე სიონში, საიმედო ქვა, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი, ვინც მას დაენდობა, არ შეირყევა. მე დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს – შვეულად, და წარხვეტავს სეტყვა სიცრუის თავშესაფარს, და სამალავს წყალი წარღვნის. დაირღვევა თქვენი კავშირი სიკვდილთან და ხელშეკრულება სიკვდილის სამეფოსთან ვერ გაძლებს. და როდესაც წამლეკავი წარღვნა გადმოივლის, გზას გამოიკვლევს თქვენსკენ. როცა კი გადმოივლის, წაგიღებთ – დილა იქნება, შუადღე, თუ საღამო! როცა ამ ამბავს შეიტყობთ, კანკალი შეგიპყრობთ.“ რადგან მოკლე იქნება საწოლი, რომ ფეხი გაშალოთ, და საბანი – ვიწრო, რომ შიგ გაეხვიოთ. რადგან აღდგება უფალი და იბრძოლებს, როგორც ფერაციმის მთაზე და, როგორც გიბეონის ველზე. და, უჩვეულო საქმეებს სჩადის და არნახულ საქმეებს მოიმოქმედებს. მაშ, ნუ მკრეხელობთ, რათა არ დამძიმდეს თქვენი ბორკილები, რადგან მე ცაბაოთ უფლისაგან მოვისმინე, რომ მთელ ქვეყანას განადგურება ელის. ყური მომაპყარით და ისმინეთ ჩემი ხმა; ყურადღებით იყავით და შეისმინეთ ჩემი ნათქვამი. განა მხვნელი, როცა თესვის დრო დგება, მაშინა ხნავს, მაშინა ფარცხავს თავის მიწას? განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მიმოფანტავს სოინჯს და თესავს კვლიავს, ხორბალს და ქერს თავის ადგილზე და ასლს ყანის კიდეებზე? ესა აქვს წესად დადებული, მისმა ღმერთმა დამოძღვრა ასე. რადგან ზოგი ჯიში კევრითა და ურიკით არ ილეწება – სახრითა და ჯოხებით ბერტყავენ. ხორბლისა და ქერის ძნას კევრით ლეწენ, მაგრამ ძნა რომ მობზევდება, კევრს აჩერებენ, რომ კევრის კოხებმა და ცხენის ფლოქვებმა მარცვალი არ დააზიანონ. ესეც ცაბაოთ უფლისაგან გამოდის. საოცარია მისი რჩევა, დიდია მისი სიბრძნე. ვაი, არიელ, არიელ, დავითის ქალაქო! დრო გაივლის წლითიწლობით, დღესასწაულს მოჰყვება დღესასწაული. მე შევაჭირვებ არიელს, და გამეფდება იქ ვაი და ვიში; და იქნება ის ჩემთვის არიელი. დავბანაკდები შენს ირგვლივ, გოდლებს ავაგებ შენს გარშემო, საალყო სიმაგრეებს აღგიმართავ წინ. დაბლა, მიწაში აღმოჩნდები, იქიდან ილაპარაკებ, მიწა-მტვრიდან გაისმება შენი ნათქვამი და, როგორც ხმა გარდაცვლილისა, მიწიდან გაისმება, ჩურჩულივით წამოვა შენი სიტყვები მიწა-მტვრიდან. მტვრის კორიანტელივით მრავალი მტერი მოგადგება და ბზესავით ურიცხვი – მრისხანე ურდო; უეცრად მოხდება ეს, წამიერად. ცაბაოთ უფალი გამოგეცხადება ქუხილით, მიწისძვრითა და დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და შემჭმელი ცეცხლით. და, როგორც სიზმარი, როგორც ღამის მოჩვენება იქნება არიელთან მებრძოლი ხალხების სიმრავლე, და ყველა მის წინააღმდეგ გალაშქრებულის, მის სიმაგრეთა წინააღმდეგ გამოსულთა და მის შემავიწროებელთა, როგორც მშიერს ესიზმრება, რომ ვითომ ჭამს, მაგრამ როცა გამოიღვიძებს, ხედავს, რომ შია; როგორც მწყურვალს ესიზმრება, რომ ვითომ სვამს, მაგრამ როცა გამოიღვიძებს, ხედავს, რომ დაქანცულია და ყელი უშრება. ასე მოუვა ყველა ურდოებს, სიონის მთის წინააღმდეგ გალაშქრებულთ. შეყოვნდით და გაოცდით: მათ სხვებიც დააბრმავეს და თავადაც დაბრმავდნენ; მთვრალები არიან, მაგრამ არა ღვინით, – ბარბაცებენ, მაგრამ არა სასმელით. რადგან გადმოგაღვარათ უფალმა ძილქუშის სული და თვალი დაგიხუჭათ, წინასწარმეტყველნო, გონება დაგიხშოთ, მისნებო. ყოველგვარი ხილვა თქვენთვის გახდა, როგორც სიტყვები ბეჭედდასმული გრაგნილისა, რომელსაც აძლევენ წერა-კითხვის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხეო; მაგრამ ის პასუხობს: „არ შემიძლია, რადგან ბეჭედდასმულია.“ და გადასცემენ იმ გრაგნილს წერა-კითხვის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხეო; მაგრამ ის პასუხობს: არ ვიციო წერა-კითხვა. და თქვა უფალმა: ეს ხალხი მხოლოდ სიტყვით არის ჩემთან ახლოს, მხოლოდ სიტყვით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. მათი შიში ჩემს წინაშე – მხოლოდ მცნებაა, კაცთაგან რომ აუთვისებიათ. ამიტომ, აჰა, კვლავ მოვახდენ ამ ხალხზე გასაოცარ, არნახულ საქმეებს. და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე, გონება არ შერჩებათ გონიერთ. ვაი მათ, ვინც ღრმად დამალვას ფიქრობენ, რათა უფალს დაუმალონ თავისი განზრახვა, წყვდიადში აკეთებენ თავის საქმეებს და ამბობენ: ვინ დაგვინახავსო? რა უგუნურებაა! განა მეთუნე და თიხა ერთია? განა ნაკეთობა იტყვის თავის გამკეთებელზე: არ გავუკეთებივარო? და ქმნილება იტყვის თავის შემქმნელზე: არაფერი გაეგებაო? ცოტაც, სულ ცოტაც და ლიბანი ბაღნარად იქცევა, და ბაღნარი, ტყედ არ დაფასდება. იმ დღეს ყრუები გაიგონებენ გრაგნილიდან ამოკითხულ სიტყვებს, და ბრმათა სიბნელითა და წყვდიადით დახშული თვალები იხილავენ. წამებულნი მეტად და მეტად გაიხარებენ უფალში, და ღარიბ-ღატაკნი ისრაელის წმიდაში იზეიმებენ. რადგან აღარ იქნება მტარვალი, და ბოლო მოეღება მაგინებელს, და მოისპობიან ურჯულოებისთვის თავდადებულნი, სიტყვით რომ აცდუნებენ ადამიანს და კარიბჭესთან მოსულ მომჩივანს მახეს უგებენ, და მართალს დევნიან. ამიტომ ასე ამბობს იაკობის სახლზე უფალი, აბრაამის გამომსყიდველი: აღარ მოუწევს იაკობს შერცხვენა და ამიერიდან აღარ გაუფითრდება მას სახე. რადგან როცა თავისთან დაინახავს თავის შვილებს, ჩემს ხელთა ქმნილებას, – და ყველა ისინი წმიდა ჰყოფენ ჩემი სახელის სიწმიდეს, წმიდა ჰყოფენ იაკობის წმიდა ღმერთს, ისრაელის ღმერთის წინაშე შეშინდებიან. სულით ცთომილნი გონს მოეგებიან და ჭირვეულნი დაიმოძღვრებიან. ვაი, გაურჩებულ შვილებს, – ამბობს უფალი, – რჩევებს მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას, კავშირებს კრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ. მე არ მეკითხებიან და ისე მიდიან ეგვიპტეში, რათა განმტკიცდნენ ფარაონის ძალით, და ეგვიპტის ჩრდილს შეაფარონ თავი. მაგრამ ფარაონის მფარველობა სირცხვილად გექცევათ, ეგვიპტის ჩრდილში თავშეფარება – დამცირებად. რადგან მისი მთავარნი უკვე ცოყანში არიან, მისმა მოციქულებმა ხანესამდე მიაღწიეს. მაგრამ ყველა ისინი შერცხვენილი არიან იმ ხალხის გამო, რომელიც ვერ შეეწევა მათ; რადგან ის ხალხი ვერც დაეხმარება მათ და ვერც გვერდში დაუდგება; მხოლოდ სირცხვილს აჭმევს და სამასხროდ გახდის. წინასწარმეტყველება სამხრეთის პირუტყვებზე. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომები, ასპიტები და მფრინავი ურჩხულები, სახედრებზე აკიდებული მიაქვთ მათ თავიანთი დოვლათი, და აქლემთა კუზით – თავიანთი საუნჯე გამოუსადეგარ ხალხთან. ეგვიპტის შემწეობა კი ამაო და ფუჭია; ამიტომაც შევარქვი მას: „უქმად მოქადული.“ ახლა მიდი და დაუწერე მათ ეს დაფაზე, და წიგნში ამოკვეთე, რომ დარჩეს უკუნითი უკუნისამდე. რადგან ურჩი ხალხია ის, ცრუ ძენი; ძენი, რომელთაც არ სურთ უფლის რჯულის მოსმენა, რომლებიც მისნებს ეუბნებიან: ნუ მისნობთო! და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთო სიმართლეს, გვითხარით რამ საამებელი, გვიწინასწარმეტყველეთ რამ სამხიარულო. გადადექით გზიდან, გადაუხვიეთ ბილიკიდან; თვალიდან მოგვაშორეთ ისრაელის წმიდა. ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა ღმერთი: რაკი თქვენ შეიძულეთ ეს სიტყვა და მიენდეთ ტყუილსა და სიცრუეს, ამიტომ ეს ურჯულოება თქვენთვის იქნება მუქარა, როგორც მაღალ კედელზე გაჩენილი ბზარი, რომელიც დაარღვევს მას ერთ წამში, ანაზდეულად ჩამოაქცევს. რომლის ჩამოქცევა მეყსეულად მოვა. და უფალი დაამსხვრევს მას, როგორც ლეწავენ თიხის ჭურჭელს, ნამსხვრევებად, რომ აქცევენ შეუბრალებლად ისე, რომ არ მოინახება იმ ნამსხვრევებში ნატეხი, კერიდან ცეცხლის ასაღებად, ან საგუბრიდან წყლის ამოსახაპად. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: თქვენი გადარჩენა ის იქნება, რომ დაბრუნდეთ და მშვიდად იყოთ. თქვენი ძალა სიმყუდროვესა და იმედით ყოფნაშია. მაგრამ თქვენ ეს არ ისურვეთ. და ამბობდით: არა, ცხენებით გავქუსლავთო, – ამიტომაც გაქუსლავთ; ჩვენ სწრაფი ცხენებით გავჭენდებითო, – ამიტომაც სწრაფნი იქნებიან თქვენი მდევარნი. თუ ერთი დაგემუქრებათ, ათასნი გაიქცევით, ხუთნი დაგემუქრებიან და ყველანი გაიქცევით; ხოლო ვინც თქვენგან გადარჩება, როგორც ჭოკი ისე დარჩება მთის თხემზე, როგორც ბაირაღი ბორცვზე. მაგრამ უფალი დროს უცდის და შეგიწყალებთ, აღდგება და გიხსნით, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა მისი მოიმედე. სიონის ხალხო, და იერუსალიმში მცხოვრებნო, გაშრება თქვენი ცრემლები. როცა ხსნისთვის შეღაღადებთ, უფალი გიშველით. უმალ გიპასუხებთ, როგორც კი თქვენი ხმა მისწვდება. და მოგცემთ უფალი გაჭირვებაში პურს და სიმძიმილში წყალს. და თქვენი მოძღვრები აღარ დაიმალებიან, და თქვენი თვალით იხილავთ თქვენს მოძღვარს. როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ გზიდან, ხმას გაიგონებთ ზურგიდან: „აი გზა, მას გაჰყევით!“ სიბილწედ შერაცხავთ თქვენი ძეგლების ვერცხლის პერანგებს და თქვენი კერპების ოქროს სამოსელს; მიმოფანტავთ მათ, როგორც სიბინძურეს; და ეტყვით მათ: აქედან მოშორდითო! და მისცემს უფალი წვიმას შენს თესლს, რომელსაც მიწაზე დათესავ. და შენ მოგცემს პურს – მიწის მოსავალს – უხვსა და ყუათიანს; შენი სამწყსო იმ დღეს გაშლილ ველებზე იბალახებს. შენი გუთნის ხარი და ვირი მარილიან ბზეს შეჭამს, ნიჩბითა და ფიწლით განიავებულს. და ყოველი მაღალი მთიდან და ყოველი მაღალი ბორცვიდან ნაკადულები გადმოხეთქენ, დიდი შემუსვრის დღეს, როცა გოდლები დაეცემიან. და იქნება მთვარის ნათელი, როგორც მზის ნათელი, და მზის ნათელი შვიდმაგად იბრწყინებს, შვიდი დღის ნათელივით, იმ დღეს, როდესაც უფალი შეუხვევს მოტეხილს თავის ხალხს და ჭრილობებს განუკურნავს. აჰა, უფლის სახელი მოდის შორიდან, გიზგიზებს მისი რისხვა, გაუსაძლისია, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით და მისი ენა დამბუგავი ცეცხლივითაა. მისი სუნთქვა მოვარდნილი ღვართქაფივითაა, ყელამდე რომ უწვდენს, რათა გაცხრილოს ხალხები სიკვდილის ცხრილში, ლაგამი ამოსდოს ხალხებს რომ წარმართოს ცდუნებათაკენ. იმღერებთ, როგორც წმიდა დღესასწაულის ღამეს, და გულით იხარებთ, როგორც უფლის მთისაკენ მიმავალი ხარობს სალამურის ხმაზე, ისრაელის კლდეზე რომ ადის. იქუხებს უფლის მრისხანე ხმა, და თავის შემართულ მკლავს გამოაჩენს მძვინვარე რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, მეხისტეხასა და თავსხმაში, და მბუგავი ცეცხლის ალში, ქარიშხალსა და ქვის სეტყვაში. უფლის ხმა შეარყევს აშურს, უფალი კვერთხით ჰგვემს მას. ყოველი დარტყმა სასჯელის კვერთხისა, რომელსაც უფალი დასცემს მას, დაფდაფთა და ქნართა ხმის თანხლებით იქნება; და ის ბრძოლით წავა მის წინააღმდეგ. დიდი ხანია მზადაა დაკრძალვის კოცონი, გამზადებულია მეფის მისაღებად: დიდი კოცონია გაწყობილი ღრმა ორმოში – ცეცხლი მზადაა, მოგროვებულია ბევრი შეშა. უფლის სუნთქვა გააჩაღებს მას, მსგავსი გავარვარებული გოგირდის ნაკადივით. ვაი მათ, ვინც ეგვიპტეში ჩადიან შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების იმედით, რამეთუ მრავლადაა ის, და იმედით მხედრებისა, რადგან მძლავრნი არიან ისინი, ისრაელის წმიდა ღმერთს კი არ უყურებენ, უფალს არ ეკითხებიან რჩევას. მაგრამ ის ბრძენია; და მოაწევს უბედურებას, და თავის სიტყვებს არ გააუქმებს; წინ აღუდგება ბიწიერთა სახლს და ავისმოქმედთა შემწეთ. მაგრამ ეგვიპტელნი ადამიანები არიან და არა ღმერთები, და მათი ცხენები ხორცია და არა სული; უფალი ხელს მოუღერებს და წაბორძიკდება შემწე, დაეცემა შეწევნილიც, და ყველანი ერთად დაიღუპებიან. რადგან ასე მითხრა მე უფალმა: როგორც ლომი და როგორც ლომის ბოკვერი ბრდღვინავენ თავის ნადავლზე, თუნდაც მთელი მწყემსობა დაჰკიოდეს, მათი ხმებისაგან არ დაფრთხებიან და მათ სიმრავლეს არ შეუშინდებიან, ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონისთვის და მისი მთისთვის. როგორც ფრინველი – ბარტყებს, ისე გადაეფარება ცაბაოთ უფალი იერუსალიმს, დაიცავს და უშველის, დაინდობს და გადაარჩენს. ისრაელიანებო, მიუბრუნდით იმას, ვისაც ისე ჯიუტად განუდექით. რადგან იმ დღეს გადაყრის ყოველი კაცი თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, თქვენმა ხელებმა რომ გააკეთეს თქვენივე ცოდვისათვის. აშურელნი დაეცემიან მახვილით, მაგრამ არა კაცის მახვილით! მახვილი მოსრავს მათ, მაგრამ არა ადამიანის მახვილი! – ის გაექცევა მახვილს, მისი ჭაბუკები კი ტყვედ ჩაცვივიან. შიში შეაზანზარებს მის სიმაგრეებს და ჩამოიშლებიან ისინი: მისი მთავარნი საბრძოლო ბაირაღების დანახვაზე დაფრთხებიან, – ამბობს უფალი, ვისი ცეცხლიც სიონზე გიზგიზებს და სახმილი – იერუსალიმში. აჰა, სამართლიანად იმეფებს მეფე და მთავარნი სიმართლით იმთავრებენ. ყოველი მათგანი იქნება, როგორც საფარი ქარში და თავშესაფარი გრიგალში; როგორც წყლის ნაკადები ნაგვალ მიწაზე, როგორც ჩრდილი მაღალი კლდისა მოღალულ მიწაზე. აღარ დაებინდებათ მხილველთ თვალები და მსმენელთ აღარ დაეცმებათ ყურთ. და ქარაფშუტათა გული ცოდნას ეზიარება, და ენაბრგვილნი მკაფიოდ ამეტყველდებიან. უგუნურს აღარ დაერქმევა ღირსეული და გაიძვერაზე არ იტყვიან პატიოსანიაო, რადგან უგუნური სისულელეს როშავს და სიავეს განიზრახავს; უკეთურია მისი საქციელი და უკუღმართად ლაპარაკობს უფალზე. მშიერს ლუკმას უქრობს და მწყურვალს წყალს ართმევს. გაიძვერას იარაღი ბოროტეულია; ვერაგობას განიზრახავს, რომ უპოვარი ცრუ სიტყვით დაღუპოს, თუნდაც ის უპოვარი მართალი იყოს. ქველი კი სიქველეზე ფიქრობს, და თავის სიქველეზე დგას. წამოდექით უზრუნველო ქალებო, ისმინეთ ჩემი ხმა! უდარდელო ასულნო, ყური მოაპყარით ჩემს სიტყვებს! წელიწადი და რამდენიმე დღე და შეძრწუნდებით, უდარდელნო: რადგან აღარ იქნება რთველი, ალოობა აღარ დადგება. გეშინოდეთ, უზრუნველნო, შეძრწუნდით, უდარდელნო, გაიხადეთ და გაშიშვლდით და ჯვალო შემოირტყით წელზე. ძუძუები გამოითქვიფეთ გულით სასურველი ხოდაბუნებისა და ნაყოფიერი ვენახების გამო. ჩემი ხალხის ველ-მინდვრები გაივსება ეკალ-ნარით, და ზეიმით სავსე ქალაქის სიხარულით სავსე სახლებიც; რადგან დაიცლება სასახლეები, ობლად დარჩება ხმაურიანი ქალაქი, ბორცვი და საგუშაგო კოშკი გავერანდება უკუნისამდე – კანჯართა სალაღობოდ და ფარების სადგომებად, სანამ არ მოგვეფინება სული მაღლიდან და უდაბნო ბაღნარად არ იქცევა, და ბაღნარი ტყედ არ შეირაცხება. და დაივანებს უდაბნოში სამართალი და სამართლიანობა – ნაყოფიერ მიწაზე. და იქნება სიმართლის საქმე იქნება მშვიდობა, და სამართლიანობის ნაყოფი – სიმშვიდე და უსაფრთხოება უკუნისამდე. მაშინ ჩემი ხალხი დამკვიდრდება მშვიდობიან სავანეებში, უსაფრთხო დაბებსა და მშვიდ ნავთსაყუდლებში. გამანადგურებელი სეტყვა დაატყდება ტყეს და ქალაქი მიწასთან გასწორდება. ნეტარება გელით წყლის პირას მთესველთ, ყველგან დამწყემსავთ თქვენს ხარსა და სახედარს. ვაი შენ, მარბეველო, რომელიც არ დარბეულხარ, გამცემო, რომელიც არ გაცემულხარ! დაამთავრებ რბევას და შენც დაგარბევენ, ბოლო მოგეღება. უფალო! შეგვიწყალე, რამეთუ შენით ვსასოებთ; მკლავი განგვიმტკიცე ყოველ დილით და გვიხსენი გაჭირვების ჟამს. შენს მრისხანე ხმაზე გაიქცევიან ერები, შენს შემართვაზე გაიფანტებიან ტომები. აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი, კალიების გუნდივით დაესხმიან მას თავს. მაღალია უფალი, რადგან მაღლის მკვიდრია, ის აავსებს სიონს სამართლითა და სიმართლით. და დადგება შენი უსაფრთხო ჟამი, სიუხვე ხსნისა, სიბრძნისა და ცოდნისა; უფლის შიში შენი საუნჯეა. აჰა, მათი რაინდები ყვირიან ქუჩებში; მშვიდობის მაცნენი მწარედ ტირიან. დაიცალა გზები; აღარ ჩანს მგზავრი; დაირღვა შეთანხმებები, მოწმე ათვალწუნებულია, პატივს აღარავის სცემენ. გლოვობს, მწუხარებს დედამიწა, ხმება; შერცხვენილია ლიბანი, ჩამოჭკნა; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, ფოთოლი დასცვივდა ბაშანსა და ქარმელს. „ახლა ავდგები, – ამბობს უფალი, – ახლა განვდიდდები, ახლა აღვზევდები. თივით ორსულნო, ჩალას შობთ, თქვენი სუნთქვა თქვენვე გშთანთქავთ, როგორც ცეცხლი. და დაიწვებიან ადამიანები, კირივით გახდებიან, აკაფული ძეძვივით ჩაიფერფლებიან ცეცხლში. ისმინეთ, შორს მყოფნო, რას მოვიმოქმედებ მე; და თქვენ, ახლო მყოფნო, შეიცანით ჩემი ძალა.“ სიონზე შეშინდნენ ცოდვილები; შიშის ზარი დაეცათ უკეთურთ: „რომელი ჩვენგანი დაუდგება შემჭმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი დაუდგება მარადიულ ხანძარს?“ ის ვინც სიმართლით დადის და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს; ვისაც სძულს ძარცვით მონახვეჭი, ვინც ხელს არ ჰკიდებს ქრთამს, ყურს იცობს, რათა არ ესმოდეს სისხლისღვრის ამბები, და თვალს ხუჭავს, რათა არ ხედავდეს ბოროტებას; ის სიმაღლეებში დაივანებს; შეუმართებელი კლდეებია მისი თავშესაფარი; თავისი პური მიეცემა, თავისი წყალი არ შეუწყდება. შენი თვალები მეფეს იხილავენ მის ბრწყინვალებაში; შორეულ ქვეყანას იხილავენ. შენი გული გაიხსენებს მხოლოდ საშინელებებს და იტყვი: „სადაა ახლა ის, ვინც თვლიდა და სწონიდა? სადაა ის, კოშკებს რომ ითვლიდა?“ გამძვინვარებულ ხალხს აღარ იხილავ, ხალხს, რომლის ლაპარაკიც მძიმე და გაუგებარია. შეხედე სიონს, ჩვენი სადღესასწაულო შეკრებების ქალაქს! შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მყუდრო სავანეს, შეურყეველ კარავს; მისი პალოები არასოდეს მოირყევა და არც ერთი მისი საბელი არ გაწყდება. იქ ჩვენთან იქნება დიადი უფალი, მდინარეთა და ფართო არხების ნაცვლად, სადაც ნიჩბიანი ხომალდი არ შემოვა და დიდი გემი არ გაივლის მასში. რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ. მოეშვა შენი საბელები, ვეღარ აკავებენ თავის ფუძეზე ანძას, აფრას ვეღარ ჭიმავენ. მაშინ განაწილდება დიდი ნადავლი, ხეიბარნიც დაიწყებენ ალაფობას. და აღარ იტყვის მკვიდრი: ავად ვარო! იქ მცხოვრებ ხალხს მიეტევება ცოდვები. მოდექით, წარმართნო, და მოისმინეთ; ტომებო, ყურად იღეთ! დაე, მოისმინოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყნიერებამ და ყოველმა, რაც მასზე ცოცხლობს! რადგან უფალი მრისხანებს ყველა წარმართზე და წყრება – მთელ მათ მხედრობაზე. დაარისხა ისინი, გაწირა დასაკლავად. მათი დახოცილნი მიტოვებულ იქნებიან, მათი გვამები აყროლდება, მთებს მორწყავს მათი სისხლი; დალპება ცის მხედრობა, ცა ეტრატივით დაიგრაგნება, და მთელი მისი მხედრობა ჩამოცვივა, როგორც ფოთოლი სცვივა ვაზს, და როგორც დამჭკნარი ფოთოლი სცვივა ლეღვს. ცაში გამოჩნდება ჩემი მახვილი; ედომს დააცხრება – სასჯელს აღასრულებს იმ ხალხზე, რომელიც დასაღუპად დავარისხე. უფლის მახვილი სისხლშია დასვრილი! კრავების, ვაცების სისხლსა და ვერძთა თირკმელების ქონში ცურავს: მსხვერპლს სწირავენ უფალს ბოცრაში, დიდი დაკვლებია ედომელთა მიწაზე. მათთან ერთად ხოცავენ გარეულ ხარებს და მოზვრებს და უშობელებს, მიწა დათვრება სისხლით, და ნიადაგი ქონით გაიპოხება. შურისძიების დღე აქვს უფალს, საზღაურის წელი სიონის გამო. და იქცევა მისი მდინარეები ფისად და მისი ნიადაგი – გოგირდად. და მისი მიწა გავარვარებულ ფისად გადაიქცევა. არც ღამით, არც დღისით არ ჩაქრება; საუკუნოდ იდენს მისი კვამლი; თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება ყოველთვის. უკუნეთიდან უკუნისამდე არავინ გაივლის იქ. და დაიმკვიდრებენ მას ვარხვი და ზღარბი; ჭოტი და ყორანი დაიბუდებენ მასზე; და გადაიზომება ის მოოხრების ლარით და უკაცრიელების შვეულით. მისი დიდებულნი გამოაცხადებენ, რომ იქ აღარაა სამეფო. და მისი მთავარნი არარაობად იქცევიან. მის სასახლეებში ეკალ-ბარდი აღმოცენდება, ციხესიმაგრეებში – ჭინჭარი და კუროსთავი; და იქნება ის ტურების ბუნაგი, სირაქლემათა საყუდელი. და შეხვდებიან იქ უდაბნოს მხეცები აფთრებს, ჭინკები ერთმანეთს გასჩხავლებენ. იქ დაივანებს ალი და ჰპოვებს მშვიდ ადგილს. იქ დაიბუდებს ბუ, კვერცხებს დადებს და ბარტყებს გამოიყვანს, და შემოიკრებს ჩრდილში. იქ შეგროვდებიან ძერებიც, წყვილ-წყვილად მოფრინდებიან. მოძებნეთ უფლის წიგნში, წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება იქ, სათითაოდ საძებარნი არ იქნებიან, რადგან უფლის ბაგეებმა ასე უბრძანა მათ, მისი სუნთქვა შეკრებს მათ იქ. ყველა მათგანს თავად უყრის წილს და საზომი ლარით გაუნაწილებს იმ მიწას მათ და მარად დაიმკვიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე დაეპატრონებიან მას. გაიხარებს უდაბნო და ხრიოკი მიწა, გამხიარულდება ვრცელი ქვეყანა და შროშანივით აყვავდება. თვალისწარმტაცად აყვავდება და იხარებს; ლიბანის დიდებულებას შეიძენს, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალებას; ისინი იხილავენ უფლის დიდებას, ჩვენი ღმერთის სიდიადეს. განიმტკიცეთ ჩამოყრილი მკლავები და დასუსტებული მუხლები გაიმაგრეთ. უთხარით სულმოკლეთ: „განმტკიცდით, ნუ შეშინდებით; აჰა, თქვენი ღმერთი, შურისგება მოვა – ღვთის საზღაური, ის მოვა და გიხსნით.“ მაშინ აეხილებათ თვალი ბრმებს და ყრუთ ყურები გაეღებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება; რადგან უდაბნოში წყლები ამოხეთქავენ და მწყურვალ მიწაზე – ნაკადები. და იქცევა უდაბნოს წყლის მირაჟები ტბებად და მწყურვალი მიწა – წყლის ნაკადებად; ტურების სანებივრო ბუნაგი ლერწმითა და ლელით გადამწვანდება. შარაგზა იქნება იქ, და წმიდათა გზა დაერქმევა მას: უწმიდური არ გაივლის მასზე; განწმედის გზაზე მავალისთვის იქნება იგი; ამ გზით მავალნი – გამოუცდელნიც კი – არ შეცდებიან. არ იქნება იქ ლომი და ნადირი ვერ ავა იქ; ვერ გაიჭაჭანებს, და ივლიან მხოლოდ გადარჩენილნი. და დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი, ავლენ სიონში მხიარული შეძახილებით. საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე; ლხინსა და სიხარულს ეწევიან, დარდი და ოხვრა გაქრება. ხიზკიას მეფობის მეთოთხმეტე წელს აშურის მეფე სენახერიბი მიადგა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქს და დაიპყრო. და გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმში მეფე ხიზკიასთან დიდი ლაშქრით; და დაიბანაკა მან ზემო ტბორის წყალსატევთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე. და გამოვიდნენ მასთან ეზოსმოძღვარი ელიაკიმ ხილკიას ძე, შებნა მწიგნობარი და იოახი, ასაფის ძე – მემატიანე. და უთხრა მათ რაბშაკემ: „უთხარით ხიზკიას: ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, მეფე აშურისა: რისი იმედითა ხარ? მე ვფიქრობ, რომ ეგ შენი იმედი მხოლოდ ფუჭი სიტყვებია, ომისთვის კი გონება და ძალაა საჭირო, ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ გადამიდექი? აჰა, შენ ფიქრობ ეგვიპტეს დავეყრდნობიო, ამ გადატეხილ ლერწმის ჯოხს, რომელსაც, თუ ვინმე დაეყრდნობა, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს; ასეა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველა მისი მოიმედისათვის. და თუ მეტყვი, ჩვენი უფალი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის მაღლობები და სამსხვერპლოები გაანადგურა ხიზკიამ და ამცნო იუდასა და იერუსალიმს: მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცითო თაყვანი? ახლა, აბა, დაენიძლავე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს და მე შენ მოგცემ 2 ათას ცხენს, თუ მოაგროვებ იმდენ მხედარს, რომ მათზე შეაჯინო? მაშ, როგორ გინდა მოიგერიო ჩემი ბატონის ერთი, თუნდაც ყველაზე სუსტი, მეთაური მის მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლებისა და ცხენების იმედითა ხარ? და ახლა განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას ასაოხრებლად? უფალმა მითხრა მე: გაილაშქრე ამ ქვეყანაზე და ააოხრეო იგი.“ და უთხრეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „გველაპარაკე შენს მონებს არამეულად, რადგან გვესმის, და ნუ დაგველაპარაკები იუდეურად, იმ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ სხედან.“ და უთხრა მათ რაბშაკემ: „განა მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან გამომაგზავნა ჩემმა ბატონმა ამ სიტყვების სათქმელად? არამედ გალავანზე მყოფ ხალხთანაც, მათაც ხომ თქვენთან ერთად უნდა ჭამონ თავიასი განავალი და სვან თავიასი შარდი?“ და ადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდეურად და თქვა: „ისმინეთ სიტყვები დიდი მეფისა, აშურის მეფისა! ასე ბრძანებს მეფე: ნუ გაცდუნებთ თქვენ ხიზკია, რადგან ვერ დაგიხსნით ის თქვენ. ნუ გაიმედებთ უფლით ხიზკია, რომ გეუბნებათ: ‘უფალი გვიხსნის ჩვენ; ხელში არ ჩაუგდებს ამ ქალაქს აშურის მეფეს.’ ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამნებდით მე და გამოდით ჩემთან, დაე ჭამოს თითოეულმა ნაყოფი თავისი ვაზისა და თავისი ლეღვისა, და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭისა, სანამ არ მოვსულვარ და არ წამიყვანიხართ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ხილისა და ვენახების ქვეყანაში. ნუ გაცდუნებთ ხიზკია, რომ ამბობს: უფალი გვიხსნისო ჩვენ! რომელი ხალხების ღმერთებმა იხსნეს თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან? სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს მათ სამარია ჩემი ხელიდან? ამ ქვეყნების ღმერთებიდან რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან? რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?“ მაგრამ ისინი დუმდნენ და კრინტი არ დაუძრავთ, რადგან ასეთი იყო მეფის ბრძანება: არ უპასუხოთო მას! მივიდნენ ეზოსმოძღვარი ელიაკიმი, ხილკიას ძე, მწიგნობარი შებნა და მემატიანე იოახ ასაფის ძე, ხიზკიასთან შემოხეული ტანსაცმლით და გადასცეს რაბშაკეს სიტყვები. და როდესაც მოისმინა ეს მეფე ხიზკიამ, შემოიხია ტანსაცმელი და ჯვალოთი შემოსილი მივიდა უფლის ტაძარში. და გაგზავნა ეზოსმოძღვარი ელიაკიმი, მწიგნობარი შებნა და უხუცესი მღვდლები, ჯვალოთი ჩაცმულნი, წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან. და უთხრეს მას: „ასე თქვა ხიზკიამ: უბედურების, დასჯისა და შეგინების დღეა ეს დღე, რადგან მშობიარობის სალმობა დაიწყო, მაგრამ ღონე არაა შობისა. იქნებ მოისმინოს შენმა უფალმა ღმერთმა რაბშაკეს სიტყვები, რომელიც მისმა ბატონმა, აშურის მეფემ, შემოთვალა ცოცხალი ღმერთის საგინებლად და იმ სიტყვებით სათრევად, რომლებიც მოისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა; აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.“ მივიდნენ მეფე ხიზკიას მსახურნი ესაიასთან, და უთხრა მათ ესაიამ: „ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინია იმ სიტყვებისა, რომლებიც მოისმინე, რომლებითაც მე მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი. აჰა, მე მივუვლენ მას სულს, მოისმენს ამბავს და დაბრუნდება თავის მიწაზე, და მახვილით დავცემ მის ქვეყანაში.“ რადგან შეეტყო, რომ ლაქიშიდან აიყარაო მეფე, დაბრუნდა რაბშაკე და ნახა, რომ აშურის მეფე ლიბნას ებრძოდა. და ქუშის მეფეზე, თირჰაკაზე შეიტყო აშურეთის მეფემ: გამოვიდაო შენთან საომრად. გაიგო და გაგზავნა მაცნენი ხიზკიასთან და დააბარა: „ასე უთხარით ხიზკიას, იუდას მეფეს: ნუ გაცდუნებს შენი ღმერთი, რომლის იმედიც გაქვს და ფიქრობ: არ ჩაუვარდებაო იერუსალიმი აშურის მეფეს ხელში. აჰა, შენ გაგონილი გექნება, რაც აშურის მეფეებმა უყვეს მთელ ქვეყნებს, რომ ცეცხლსა და მახვილს მისცეს ის. შენ რა გიხსნის? თუ იხსნეს ისინი ღმერთებმა იმ ხალხებისა, რომლებიც ჩემმა მამებმა ააოხრეს? თუ იხსნეს გოზანი და ხარანი, რეცეფი, და ყედენელნი – თელასარში რომ ცხოვრობდნენ? სად არიან ახლა ხამათის, არფადის და ქალაქ სეფარვაიმის მეფეები? სად არიან ჰენაყისა და ღივას მეფეები?“ გამოართვა ხიზკიამ გრაგნილი მაცნეებს და წაიკითხა. მერე ავიდა უფლის ტაძარში და გაშალა იგი უფლის წინაშე. და ევედრებოდა ხიზკია უფალს და ამბობდა: „ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისაო, ქერუბიმებზე მჯდომო! მხოლოდ შენა ხარ ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი; შენ შეჰქმენი ცა და მიწა. ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და მოიხილე! ისმინე სიტყვები სენახერიბისა, რომელმაც გამოგზავნა მაცნეები ცოცხალი ღმერთის საგინებლად. ეს მართალია, უფალო, რომ აშურის მეფეებმა გაანადგურეს ყველა ქვეყანა და მათი მიწა-წყალი; ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები; თუმცა ისინი ღმერთები არ იყვნენ, არამედ ადამიანის ხელით ნაკეთები ხე და ქვა, ამიტომაც გაანადგურეს ისინი. და ახლა, ჩვენო უფალო ღმერთო, გვიხსენ მისი ხელიდან; და შეიტყობს ქვეყნის ყველა სამეფო, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი ღმერთი!“ და გაგზავნა ესაიამ, ამოცის ძემ, ხიზკიასთან მაცნენი და შეუთვალა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, პასუხად იმისა, რასაც მევედრებოდი სენახერიბის, აშურის მეფის, წინააღმდეგ, – აი, სიტყვა, რომელსაც ამბობს უფალი მასზე: აბუჩად აგიგდებს, დაგცინებს, ქალწული, ასული სიონისა! თავს გააქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა. ვის ძრახავდი და ვის აგინებდი? და ვისზე აიმაღლე ხმა? შენ ზემოდან დაჰყურებდი ისრაელის წმიდას. შენი მონების პირით აგინებდი უფალს და ამბობდი: ‘ჩემი მრავალი ეტლით ავედი მთების სიმაღლეზე, ლიბანის კალთებზე და ავჩეხე მისი მაღალი კედრები, მისი რჩეული კვიპაროსები, მივაღწიე მის მწვერვალამდე, მის უღრან ტევრამდე. ჭები დავთხარე და ვსვი წყალი, და ჩემი ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის ყველა მდინარე.’ განა არ გსმენია, რომ ადრიდანვე ვამზადებდი ამას? და, რაც ძველთაგანვე მქონდა დასახული, ახლა მოვაწიე იმით, რომ ციხე-ქალაქებს ანადგურებ შენ, ნანგრევების გროვებად აქცევ. და მათ მცხოვრებთ ღონე მიეხადათ, ძრწიან და შერცხვენილნი სხედან; ხორშაკით გამომხმარ მინდვრის ბალახს დაემსგავსნენ, მწვანე მოლს, ერდოებსა და კლდეებზე მოდებულ ხავსს. ვიცი შენი ჯდომა და დგომა, შენი გამოსვლა და შესვლა, და შენი გაცოფება ჩემს წინააღმდეგ. რადგან შენ გაცოფებულხარ ჩემს წინააღმდეგ და შენი ურდოების ხმაურმა ამოაღწია ჩემს ყურამდე, ნესტოებში ჩემს რგოლს გაგიყრი და ჩემს ლაგამს ამოგდებ ყბებში, და უკან გაგაბრუნებ იმავე გზით, რომლითაც მოხვედი. და ეს იქნება, ეზეკია, ნიშანი შენთვის: ამ წელს ნაგერალი ჭამეთ, და მომდევნო წელს – ველურად გაზრდილი; მესამე წელს კი დათესეთ და მომკეთ, გააშენეთ ვენახები და ჭამეთ მათი ნაყოფი. იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი კვლავ გაიდგამს დაბლა ფესვს და ნაყოფს გამოიღებს მაღლა. რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნატამალი და გადარჩენილი – სიონის მთიდან ჩამოვლენ, ცაბაოთ უფლის რისხვით აღსრულდება ეს. ამიტომ ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ ამოვა ის ამ ქალაქში და ვერ ისვრის აქ ისარს, ვერ მიადგება მას ფარით და ვერ მიწაყრილს ვერ მოაწყობს მის წინ. იმავე გზით გაბრუნდება უკან, რომლითაც მოვიდა, და ვერ შემოვა ის ამ ქალაქში, – ამბობს უფალი. – მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემთვის და ჩემი მსახურის, დავითისთვის.“ გავიდა უფლის ანგელოზი და დასცა აშურელთა ბანაკში 185 ათასი მებრძოლი. ადგნენ დილით და, აჰა, ირგვლივ უსულო გვამები ყრია. აიყარა და წავიდა სენახერიბი, აშურის მეფე და ცხოვრობდა ნინევეში. და ერთხელ, როდესაც თაყვანს სცემდა ნისროქს, თავის ღმერთს, მის სახლში, ადრამელექმა და სარეცერმა, მისმა ძეებმა, დასცეს ის მახვილით, და გაიქცნენ არარატის ქვეყანაში, და მის ნაცვლად გამეფდა ესარხადონი, მისი ძე. იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია. და მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია, ამოცის ძე, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო.“ მაშინ ხიზკიამ პირი კედლისაკენ ქნა და შეევედრა უფალს; „გაიხსენე, უფალო, რომ შენს წინაშე ჭეშმარიტებით და ერთგულებით დავდიოდი, და იმას ვაკეთებდი, რაც შენ მოგწონდა.“ და მწარედ ატირდა ხიზკია. და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: „მიდი და უთხარი ხიზკიას: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: მე ვისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლები, და, აჰა, მე ვუმატებ შენი სიცოცხლის დღეებს კიდევ თხუთმეტ წელიწადს. აშურის მეფის ხელიდან გიხსნით მე – შენცა და ამ ქალაქსაც. და ეს იყოს იმის ნიშნად უფლისაგან, რომ იგი შეასრულებს იმ სიტყვას, რომელიც მან თქვა: აჰა, ათი საფეხურით უკან დავაბრუნებ ჩრდილს, რომელიც ახაზის კიბის საფეხურებზე ჩავიდა.“ და დაბრუნდა მზე უკან: ჩრდილმა ათი საფეხურით აიწია, იმავე საფეხურებით, რომლებზეც ის იყო ჩამოსული. ლოცვა ხიზკიასი, იუდას მეფისა, როდესაც განიკურნა ავადმყოფობისაგან: ვთქვი: ჩემი დღეების შუაძალზე მივადექი შავეთის კარიბჭეებს, მომაკლდება დანარჩენი წლები. ვთქვი: ვეღარ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაზე! ვეღარც ადამიანს ვიხილავ წუთისოფელში. ჩემი სავანე აყრილი და წაღებულია, როგორც მწყემსის კარავი; ჩემი სიცოცხლე ავახვიე, როგორც მქსოველმა მოქსოვილი ტილო; დგიმის ძირშივე მომკვეთს უფალი. დღითა და ღამით მიღებდა ბოლოს. განთიადამდე ვითხოვდი შველას, მაგრამ უფალი ლომივით მილეწავდა ძვლებს, დღითა და ღამით მიღებდა ბოლოს. მერცხალივით ვჟიოდი, წეროსავით ვყიოდი, მტრედივით ვკვნესოდი, დაღლილი თვალებით შევყურებდი ზეცას: უფალო, გამიჭირდა, მომეშველე! რა მეთქმის? – როგორც მითხრა, ისე აღასრულა. სულგამწარებული ვიხეტიალებ მთელი ჩემი სიცოცხლის წლები. უფალო! ასე ცოცხლობენ ადამიანები და ასეთია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ განმკურნავ მე და შენ მაცოცხლებ მე. კეთილდღეობა არა მხვდომია მე წილად, არამედ სიმწარე, დიდი სიმწარე. შენ იხსენი ჩემი სული სიკვდილისა და გახრწნის სამარიდან, შენ მოისროლე ჩემი ცოდვები ზურგს უკან. შავეთი არ გაქებს შენ, სიკვდილი არ შეგასხამს ხოტბას, სამარხებში ჩასულნი არ სასოობენ შენი ჭეშმარიტებით. ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი გადიდებს შენ, როგორც მე გადიდებ დღეს. მამა მოუყვება შვილებს შენს ჭეშმარიტებას. უფალი მიხსნის მე! და სიმღერებს ვიმღერებთ სიმთა ჟღერით უფლის ტაძარში მთელი ჩვენი სიცოცხლე. და თქვა ესაიამ: „მოუტანონ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადონ და გადარჩება.“ თქვა ხიზკიამ: „რა ნიშნით ვინიშნებ, რომ კვლავ ავალ უფლის ტაძარში?“ იმ დროს გაუგზავნა მეროდაქ-ბალადანმა, ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, წერილი და საჩუქრები ხიზკიას, რადგან შეიტყო, რომ ავად იყო და გამოჯანმრთელდაო. გაიხარა ხიზკიამ მათი მოსვლით, და უჩვენა მათ თავისი საგანძურების სახლი, ოქრო-ვერცხლი და ნელსაცხებლები, და ძვირფასი ზეთები, მთელი თავისი არსენალი, და ყველაფერი, რაც მის საგანძურებში მოიპოვებოდა, არაფერი დარჩენილა ისეთი, რომ არ ეჩვენებინა მათთვის ხიზკიას თავის სახლსა და საბრძანებელში. მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და უთხრა: „რა ილაპარაკეს იმ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“ და უპასუხა მას ხიზკიამ: „შორი ქვეყნიდან მოვიდნენ ჩემთან, ბაბილონიდან.“ და ჰკითხა ესაიამ: „რა ნახეს მათ შენს სახლში?“ და უპასუხა ხიზკიამ: „ყველაფერი ნახეს, რაც ჩემს სახლშია; არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.“ და უთხრა ესაიამ ხიზკიას: „ისმინე სიტყვა ცაბაოთ უფლისა: აი, მოდის დღეები, და წაიღებენ ბაბილონში ყველაფერს, რაც შენმა მამებმა დააგროვეს ამ დღემდე. არაფერი დარჩება! – თქვა უფალმა. და ზოგიერთს შენს ძეთაგან, რომლებიც შენგან გამოვლენ, წაიყვანენ და საჭურისებად დააყენებენ ბაბილონის მეფის კარზე.“ და უთხრა ხიზკიამ ესაიას: „კეთილია უფლის სიტყვა, რომელიც შენ თქვი, რადგან მშვიდობა და სიმტკიცე ჩემს დღეებში მაინც იქნება.“ ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ერი! – ამბობს თქვენი ღმერთი. – გული მოუოხეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ტყვეობა, რომ გამოსყიდულია მისი ცოდვები, რადგან ორმაგად მიუზღო უფალმა ყველა მისი ცოდვების გამო. ხმა მღაღადებლისა: „უდაბნოში განუმზადეთ გზა უფალს, ბილიკები მოუსწორეთ ტრამალებზე ჩვენს ღმერთს! ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, ფერდობები დავაკდება და მთაგრეხილები – დასწორდება. გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს ამას ყოველი ხორციელი ერთად, რადგან უფლის ბაგემ თქვა ეს.“ ხმა ამბობს: „უქადაგე!“ მე ვკითხე: „რა ვუქადაგო?“ – „უქადაგე, რომ ყოველი ხორციელი ბალახია და მთელი მისი მშვენება – მინდვრის ყვავილი. ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როდესაც უფალი დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი! ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი მარად რჩება.“ მაღალ მთაზე ადი, სიონო, მაცნეო სიხარულისა! იერუსალიმ, მაცნეო სიხარულისა, დაიგრგვინე! აღიმაღლე, ნუ ძრწი! დასძახე იუდას ქალაქებს: „აჰა, თქვენი ღმერთი!“ აჰა, მოვა უფალი ღმერთი, ძლიერია იგი, და იხელმწიფებს მისი მარჯვენა! აჰა, მასთანაა მისი ჯილდო და მისი გარჯის ნაყოფი მის წინაშეა. ის დამწყემსავს თავის ფარას, როგორც მწყემსი; თავისი მარჯვენით შეკრებს კრავებს და უბით ატარებს, წინ წაუძღვება ბატკნის დედებს. ვის ამოურწყავს ზღვა მუჭით და გადაუზომია ცა მტკავლით, ვის ჩაუტევია საწყაოში ქვეყნიერების ქვიშა და სასწორის პინებით ვის აუწონია მთები და ბორცვები? ვის წარუმართავს უფლის სული? და ვის დაუმოძღვრავს იგი თავისი რჩევით? ვისთვის უთხოვია მას რჩევა და ვინ განაბრძნო იგი? ვინ დააყენა ის სიმართლის გზაზე? ვინ აღჭურვა ის ცოდნით, და ვინ მიუთითებს გონიერების გზისაკენ? აჰა, მთელი ხალხები, ისე არიან უფალთან, როგორც ერთი წვეთი სავსე კოკასთან, როგორც სასწორის პინაზე დარჩენილი მტვერი; აჰა, კუნძულებს მტვერივით ახვეტავს უფალი. ლიბანის ტყეები არ ეყოფა სამსხვერპლო ცეცხლად და მისი პირუტყვი – სრულადდასაწველად. მთელი ხალხები არარაობაა მის წინაშე, ფუჭად და ამაოდ შეირაცხებიან მის თვალში. მაშ ვის მიამგვანებდით ღმერთს? რა მსგავსებას მოუძებნიდით მას? კერპი ხომ ხელოსნის ჩამოსხმულია, ოქრომჭედელი ოქროთი ჭედავს მას და ვერცხლის შიბებით ამკობს. ვინც ვერ გასწვდება ასეთ შესაწირავს, ულპობელ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს ეძებს, რათა გამოახარატებინოს ისეთი კერპი, ურყევად რომ იდგება. ნუთუ არ იცით? ნუთუ არ გსმენიათ? ნუთუ არ გეუწყათ დასაბამიდან? ნუთუ ვერა სცანით დედამიწის საფუძვლები? უფალი ზის დედამიწის კამარაზე, ხოლო დედამიწის მკვიდრნი კალიებს ჰგვანან მის წინაშე. მან გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და საცხოვრებელი კარავივით გაშალა. ის მეუფეებს არაფრად აქცევს და ქვეყნის მსაჯულთ – არარაობად. ის იყო დაინერგნენ, ის იყო დაითესნენ, ის იყო მიწაში გაიდგეს ფესვი, და როგორც კი დაჰქროლა უფალმა მათ, გახმნენ და ქარიშხალმა ბზესავით წაიღო ისინი. „ვის მიმამსგავსებთ მე, ვინ შემედრება მე?“ – ამბობს წმიდა. აღაპყრეთ თვალი ზეცაში და იხილეთ – ვინ შექმნა ისინი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს ეს ციური მხედრობა, ყველას მათი სახელით მოუხმობს. ყველა გამოდის – ერთიც არ დააკლდება – ასეთია მისი ძალა და ძლევამოსილება. რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან, და ჩემი სამართალი განუკითხავიაო ღვთისაგან? განა არ იცი? განა არ გსმენია, რომ მარადიული უფალი ღმერთი, შემქმნელი ქვეყნიერების კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება? მიუწვდომელია მისი გონება. ის აძლევს ძალას დაღლილს და დაქანცულს სიმტკიცეს მატებს. იღლებიან ჭაბუკნი და იქანცებიან, ყმაწვილნი ეცემიან, ხოლო უფლის მოსავნი ძალას განიახლებენ; ფრთებს გაშლიან ორბებივით, მორბენალნი არ დაიქანცებიან, მავალნი არ დაიღლებიან. დადუმდით ჩემს წინაშე, კუნძულებო! ხალხებმა ძალი განიახლონ; ახლოს მოდგნენ და თქვან: ერთად მივიდეთო სამსჯავროზე. ვინ აღძრა აღმოსავლეთიდან სიმართლის კაცი, ვინ მოუხმო, რომ მას მიჰყოლოდა, მის წინაშე მიიყვანა ხალხები და დაუმონა მეფენი? თავისი მახვილით გააცამტვერა ისინი, თავისი მშვილდით მიმოფანტა, როგორც ქარი ანიავებს ბზეს. ის მიერეკება მათ, მშვიდობით მიდის გზაზე, რომელზედაც არასოდეს დაუდგამს ფეხი. ვინ მოიმოქმედა და აღასრულა ეს? თაობათა გამომხმობმა დასაბამით. მე ვარ უფალი, – პირველი და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვიქნები. დაინახეს კუნძულებმა და შეშინდნენ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოდგნენ. თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და თავის ძმას განამტკიცებს: „ნუ შედრკები!“ მჭედელი ჩამომსხმელს ამხნევებს, უროთი მბეგველი – გრდემლზე კვერის დამკვრელს, ნაწიბურზე ამბობს: კარგიაო! და კერპს ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ დაიშალოს. ხოლო შენ, ისრაელ, ჩემო მსახურო იაკობ, რომელიც მე ამოგირჩიე, თესლო ჩემი საყვარელი აბრაამისა, შენ, რომელიც აგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი კუთხეებიდან მოგიხმე, გითხარი: „ჩემი მსახური ხარ შენ!“ მე ამოგარჩიე შენ და უკუ არ გაგდე, ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით. აჰა, შერცხვებიან და გაწბილდებიან შენი მოძულენი; არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან შენი მოშუღარნი. ძებნას დაუწყებ და ვერ ჰპოვებ მათ, შენს შეურაცხმყოფელთ; არაფრად და არარაობად იქცევიან შენთან მებრძოლნი. რადგან მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი გეუბნები: ნუ კრთი, მე შეგეწევი! ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ციცქნა ისრაელო, მე შეგეწევი შენ! – ამბობს უფალი, და შენი გამომსყიდველი, ისრაელის წმიდა ღმერთი! აჰა, შენა ხარ ჩემი ახლად მოკოხილი კევრი; შენ გალეწავ მთებს და დაფშვნი, ბორცვებს ბზესავით აქცევ. გაანიავებ და ქარი წაიღებს მათ, ქარიშხალი მიმოფანტავს, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდა ღმერთი იქნება შენი დიდება. ღარიბ-ღატაკნი წყალს ეძებენ და არ არის, ენა გაუშრათ წყურვილისაგან. მაგრამ მე, უფალი, ღმერთი ისრაელისა ვუპასუხებ მათ, არ მივატოვებ. ხრიოკ გორაკებზე წყლის ნაკადებს გადმოვადენ და ველ-მინდვრებზე – ნაკადულები ამოხეთქს, უდაბნოს ტბები დაფარავს და გამოგოლვილი მიწა წყლით გაძღება. უდაბნოში კედარს ვახარებ, აკაციას, მირტსა და ზეთისხილს; კვიპაროსთან ერთად ჭადარსა და ფიჭვს გავაშენებ ტრამალებზე, რათა ნახონ და გაიგონ, და მიხვდნენ და დაიჯერონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა ეს, და ისრაელის წმიდა ღმერთმა შექმნა ეს ყოველივე. გაგვაცანით თქვენი სარჩელი, – ამბობს უფალი, – მოიტანეთ თქვენი მტკიცებულებანი, – ამბობს იაკობის მეფე. მოვიდნენ და გვითხრან, რა მოხდება; წინასწარ გვითხრან რაიმე, ვიდრე ის არ მომხდარა, და გულისხმავყოფთ და გავიგებთ მის დასასრულს. ან მომავალზე გვასმინონ რამე წინასწარ, წინასწარ გვაუწყეთ, რა მოხდება, და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ; ქმენით სიკეთე, ან ბოროტება, რათა გაოცებით შევხედოთ და ერთად ვნახოთ. მაგრამ ფუჭნი ხართ თქვენ, და თქვენი საქმეებიც არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით. აღვძარი იგი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; მან აღმოსავლეთიდან მოუხმო ჩემს სახელს! ტალახივით ჩაზელს ის ხელმწიფეთ, როგორც მეთუნე თიხას. ვინ გამოაცხადა თავდაპირველად ეს, რომ გვცოდნოდა, და ადრიდანვე რომ მანამდე დიდი ხნით ადრე გვეთქვა: „ის მართალი იყო?“ მაგრამ არავის გამოუცხადებია, არავის გაუგებინებია, არავის გაუგია თქვენი ნათქვამი. მე პირველმა ვაუწყე სიონს: „აჰა, ისინი!“ მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს. გავიხედე და არავინ იყო; არავინ იყო მათგან მრჩეველი, რომ მეკითხა და გაეცა პასუხი. აჰა, არარანი არიან ისინი, ფუჭია მათი საქმეები; ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული კერპები. აი ჩემი მონა, რომელიც ხელით მიჭირავს, ჩემი რჩეული, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. დავდებ მე მასზე ჩემს სულს და სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს. არ იყვირებს და არ აღიმაღლებს ხმას, ქუჩაში ვერავინ მოისმენს მის ხმას. დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს; სწორ სამართალს გააჩენს. არ დაცხრება და არ გატყდება, ვიდრე არ დაამყარებს ქვეყნად სამართალს. მის განგებულებას მოელიან კუნძულები. ასე ამბობს უფალი ღმერთი, რომელმაც შექმნა ზეცა და განფინა იგი; შექმნა დედამიწა მისი აღმონაცენითურთ; მისცა სუნთქვა ხალხს და სული – ქვეყნად მოარულთ. მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელში გწვდები და დაგიცავ, დაგადგენ აღთქმად ხალხისთვის და წარმართთა სინათლედ, რათა აუხილო ბრმებს თვალები, რათა პატიმარნი ამოიყვანო საპყრობილიდან, და წყვდიადიდან – ბნელში მსხდომნი. მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი. არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას და ჩემს ქებას – კერპებს. აჰა, ახდა უწინ ნაუწყები, ახალსაც გაუწყებთ; ვიდრე ის მოხდებოდეს, მე გაუწყებთ. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, ქება შეასხით მას ქვეყნის კიდეებიდან, თქვენ, ზღვაზე მავალთ და მთელმა მისმა სისავსემ, კუნძულებმა და მათმა მობინადრეებმა. დაე, აღავლინონ ხმა უდაბნომა და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარელნი მკვიდრობენ; იგალობონ კლდეებში მცხოვრებთ, და მთათა მწვერვალებიდან დასჭექონ! დიდება მიაგებონ უფალს და მისი ქება კუნძულებზე აუწყონ. უფალი მამაცი მეომარივით გამოვა; მებრძოლივით შურით აღივსება; შემოსძახებს და დასცემს საბრძოლო ყიჟინას, და ძალას გამოიჩენს თავისი მტრების წინააღმდეგ. დიდხანს ვდუმდი, ჩუმად ვიყავი, ვითმენდი; ახლა მშობიარესავით ავკივლდები, დავამსხვრევ და ვშთანთქავ ყოველივეს. გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მთელ მათ სიმწვანეს, მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ, ტბებს ამოვაშრობ. ვატარებ ბრმებს იმ გზით, რომელიც მათ არ იცოდნენ, მათთვის უცნობი ბილიკებით წავიყვან, მათ წინაშე სიბნელეს სინათლედ ვაქცევ და ოღრო-ჩოღროებს – ვაკეებად. ეს არის საქმეები, რომელთაც გავაკეთებ და არ მივატოვებ. უკან დაიხევენ და დიდი სირცხვილით შერცხვებიან კერპებით მოიმედენი, რომლებიც ეუბნებიან კერპებს: „თქვენა ხართ ჩვენი ღმერთები.“ ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, უყურეთ, რომ დაინახოთ. ვინ არის ისე ბრმა, როგორც ჩემი მონა? და ყრუ, როგორც ჩემი გაგზავნილი მაცნე? ვინ არის ისე ბრმა, როგორც მახლობელი ჩემი, ისე ბრმა, როგორც უფლის მონა? იყურები, მაგრამ ვერ ამჩნევ, აყურადებ, მაგრამ ვერ ისმენ. უფალმა ინება თავისი სიმართლისათვის განედიდებინა და დიდებულ-ეყო რჯული; მაგრამ ეს გაძარცული და დარბეული ხალხია, გამოქვაბულებში არიან შეყრილნი და საპყრობილეებში ჩაკეტილნი; აყაჩაღებდნენ და არ იყო მშველელი, ძარცვავდნენ და არავინ იყო მთქმელი: დაუბრუნეთო! რომელმა თქვენგანმა გაიგონა ეს? ყური ვინ მიაპყრო და ვინ მოისმინა მომავალი? ვინ მისცა იაკობი დასარბევად, და ისრაელი – გასაძარცვად? განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? მათ არ ისურვეს მისი გზით სიარული, და მისი რჯული არ ისმინეს. და გადმოღვარა უფალმა მათზე თავისი რისხვა – ომის მრისხანება! ცეცხლი შემოუნთო მათ ირგვლივ, მაგრამ მათ ვერაფერი გაიგეს, იწვოდნენ, მაგრამ გონთ ვერ მოეგნენ. მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინია, რადგან მე გამოგისყიდე, მოგიწოდე შენი სახელით; ჩემი ხარ შენ. როდესაც გაივლი წყლებში, მე შენთანა ვარ, მდინარეებში გატოპავ და ვერ წაგლეკავენ ისინი. ცეცხლში გაივლი და არ დაიწვები, მისი ალი არ მოგედება. რადგან მე ვარ უფალი შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მხსნელი; შენს გამოსასყიდში ეგვიპტე მივეცი, ქუში და სება – შენს სანაცვლოდ. ძვირფასი ხარ შენ ჩემს თვალში, შეუფასებელი და მე შეგიყვარე შენ, სხვა ადამიანებს გავიღებ შენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს შენი სიცოცხლის ფასად. ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს თესლ-ტომს და დასავლეთიდან შემოგიკრებ შენ. ჩრდილოეთს ვეტყვი: ‘მომეცი ისინი!’ და სამხრეთს: ‘ნუ დამიკავებ მათ!’ მოიყვანეთ ჩემი ძენი შორეთიდან და ჩემი ასულნი – ქვეყნის კიდეებიდან, ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ვინც ჩემი დიდებისათვის გავაჩინე; ვინც გამოვსახე და შევქმენი!“ გამოიყვანეთ ხალხი, რომელთაც არც თვალი აკლიათ და არც ყური, მაგრამ ბრმანი და ყრუნი არიან. ყველა ხალხები ერთად უნდა შეიკრიბნენ და უნდა შეერთდნენ ტომები; მათგან წინასწარ ვინ გვითხრა, ვინ გვაუწყა ის, რაც აღსრულდა? წარმოადგინონ მოწმენი, რომ თავი იმართლონ, რათა მათმა მსმენელმა თქვას: „მართალია!“ „თქვენ ჩემი მოწმენი ხართ! – ამბობს უფალი, – და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვარჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ მე, და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ: ჩემამდე არ ყოფილა სხვა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ უფალი და არ არის ჩემს გარდა სხვა მხსნელი. მე ვთქვი და გიხსენი, და გამოგიცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი! – ამბობს უფალი, – რომ მე ვარ ღმერთი; და ძველთაგან – ეს მე ვარ! და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. რაც მე მოვიმოქმედე, ვინ შეცვლის მას?“ ასე ამბობს უფალი, თქვენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: „თქვენი გულისათვის გავგზავნი მე ბაბილონში და დავუმტვრევ საკეტურებს და დავამხობ ქალდეველებს, თავიანთი ხომალდებით რომ მედიდურობდნენ. მე, ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის გამჩენი, თქვენი მეფე.“ ასე ამბობს უფალი, ზღვაზე გზის გამხსნელი და ძლიერ წყლებზე – ბილიკისა, რომელმაც გამოიტყუა ეტლები და ცხენები, ძლიერ მეომართა ურდოები; ერთიანად ჩაწვნენ ისინი, ვეღარ ადგნენ, დაიშრიტნენ, პატრუქივით ჩაქრნენ. ნუ გაიხსენებთ წარსულს და მომავალზე ნუ იფიქრებთ! რადგან მე შევქმნი ახალს, ახლა გამობრწყინდება იგი, ნუთუ ვერ შეამჩნევთ? უდაბნოში გავიყვან გზას, ტრამალებზე წყლის ნაკადებს ვადენ. თვით ველის მხეცნიც კი განმადიდებენ – ტურები და სირაქლემები, როცა მივუშვებ უდაბნოში წყალს და ტრამალებზე წყლის ნაკადებს ამოვახეთქინებ, რათა წყალი ვასვა ჩემს რჩეულ ხალხს. ეს ხალხი მე ჩემთვის შევქმენი, რათა თქვას ჩემი სადიდებელი. მაგრამ შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, ჩემთვის არ დაქანცულხარ, ისრაელ! არ მოგიყვანია ჩემთვის კრავები სრულადდასაწველად და მსხვერპლებით არ გიცია პატივი; ძღვნით არ მიმსახურებიხარ და არც გუნდრუკის კმევით მომიღლიხარ. ოქროზე არ გიყიდია ჩემთვის სურნელოვანი ლერწამი, და შენი სამსხვერპლოს ლურთებით არ გაგიძღვივარ, შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით, მქანცავდი შენი დანაშაულებებით. მე ვარ, მე ის ვარ, ვინც ჩემი გულისათვის წარვხოცავ შენს დანაშაულებებს, და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ. მომაგონე, განვიკითხოთ ერთმანეთი! ილაპარაკე, რათა გამართლდე! შენმა მამამთავარმა შესცოდა და შენი შუამავლები გადამიდგნენ. შენმა მთავრებმა შეაგინეს ჩემი საწმიდარი და მივეცი იაკობი წარსაწყმედელად, და ისრაელი – საგინებლად. და ახლა ისმინე, იაკობ, მონაო ჩემო, და ისრაელ, ჩემო რჩეულო! ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და გამომსახველი, დედის მუცლიდან შენი შემწე: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ; და შენ, იეშურუნ, რომელიც მე აგირჩიე; მე გადმოვადენ წყლებს მწყურვალ მიწაზე და ნაკადებს – გამომხმარ ბელტებზე; ჩემს სულს მოვაფენ შენს თესლ-ტომზე, და ჩემს კურთხევას – შენს მოდგმაზე. და აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ძეწნები წყლის პირებზე. ერთი იტყვის: „მე უფლისა ვარ!“ მეორე იაკობის სახელით ივლის, სხვა ხელზე დაიწერს: „მე უფლისა ვარ“ და სახელად ისრაელი დაერქმევა. ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი გამომხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის სხვა ღმერთი. ვინ არის ჩემი მსგავსი? დაე წარმოთქვას, გამოაცხადოს და მიამბოს დალაგებულად ყოველივე იმ დღიდან, რაც შევქმენი ძველი ხალხი; ანდა მომავალი გითხრან მოსვლამდე. ნუ გეშინიათ და ნუ ფრთხით! მე ხომ ძველთაგან გაუწყეთ ყოველივე, მოგიყევით, და თქვენ ხართ ჩემი მოწმენი. განა არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა? არა, არავითარი სხვა კლდე მე არ ვიცი. კერპების ყოველი მკეთებელი არარაობაა და თვით კერპები და მათი მოყვარულნიც უსარგებლონი არიან; მათი მოწმენი ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს ხვდებიან – ამიტომაც შერცხვენილნი იქნებიან. ვინ გამოსახავს ღმერთებს, და ვინ ჩამოასხავს კერპებს, რომელნიც სრულიად უსარგებლონი არიან? კერპების ყველა თანამდგომი შერცხვება; მათი გამკეთებლები ხომ ადამიანები არიან და სხვა არაფერი; შეიკრიბოს ყველა და ერთად დადგნენ – შეშინდებიან და ყველა შერცხვება. მჭედელი რკინის ნაკეთობას ნაკვერჩხლებზე ახურებს, კვერით ჭედავს. შრომობს ოსტატის ძლიერი მაჯა; ჭამის დროც არა აქვს, იქანცება, წყალი ვერ დაულევია – ბოლოს ძალაც ეცლება. ხურო ლარს გაჭიმავს, მონიშნავს ხეს, ხელეჩოთი თლის, საჭვრეთლით ამუშავებს, აგლუვებს, კაცის სახეს აძლევს, აკოხტავებს, რათა დადგას სახლში. გაჩეხავს კედრებს, ირჩევს ძელქვას ან მუხას; ინიშნავს ხეებს ტყეში, დრომდე უცდის მათ დაზრდას; ან რგავს ფიჭვს, რომელსაც წვიმები ზრდიან. სწვავს კაცი ხეს, ეზიდება, რათა გათბეს. აჩაღებს კერიას, აცხობს პურს; კერპებსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, გამოჩორკნის ხის კერპს და ქედს უხრის მას. ნახევარ ხეს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხარშავს ხორცს და მიირთმევს. თბება და ამბობს: „ოჰ, გავთბი, ცეცხლმა გააკაშკაშა აქაურობა!“ მორის ნარჩენისგან ღმერთი გამოჩორკნა, თავის კერპად, ქედს უხრის მას, თაყვანს სცემს და ევედრება მას და ამბობს: „დამიფარე, რადგან ჩემი ღმერთი ხარ შენ!“ ამ ხალხს არაფერი ესმის, ვერაფერს ხვდება; მან დაუხშო მას ხედვა, რომ ვერაფერი დაინახოს, და – გული, რომ ვერაფერს მიხვდეს. არავინ დაფიქრებულა, გონება არავის ჰყოფნის, რომ თქვას: „იმ ხის ნახევარი ცეცხლში დავწვი მის ნაკვერჩხალზე პური გამოვიცხვე, ხორცი შევიწვი და შევჭამე. მისი მონარჩენით ნუთუ სისაძაგლე უნდა გამოვჩორკნო, ხის ნაგლეჯს უნდა ვეთაყვანო?“ ფერფლსა მწყემსავს ის, მოტყუებულმა გულმა გზა-კვალი აურია. სულს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: „ჩემს მარჯვენაში მხოლოდ სიცრუეა!“ გახსოვდეს, იაკობ, და გახსოვდეს, ისრაელ, რადგან ჩემი მონა ხარ; მე გამოგსახე: ჩემი მონა ხარ ისრაელ! ვერ დაგივიწყებ, ისრაელ! წარვხოცე მე, როგორც ნისლი, შენი დანაშაულებანი და როგორც ჯანღი – შენი ცოდვები! მობრუნდი ჩემსკენ, რადგან მე გამოგისყიდე შენ! გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! შემოსძახეთ, მიწის უფსკრულნო! დასჭექეთ მხიარულად, მთებო! შენც, ტყეო და შენმა ყველა ხემ! რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და ისრაელში განდიდდა. ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი: „მე ვარ უფალი, ყოვლისშემოქმედი, ცის გარდამრთხმელი, დედამიწის დამგები, რომელიც არარაობად აქცევს ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნებს და ააშკარავებს მისანთა შეშლილობას, უკან ახევინებს ბრძენთ და მათ ცოდნას სისულელედ აქცევს, თავისი მსახურის სიტყვას აღასრულებს, და თავის მოციქულთა რჩევას განასრულებს, ვინც ამბობს იერუსალიმზე: ‘დასახლდება’ და იუდას ქალაქებზე – ‘აშენდება, და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!’“ ის ეუბნება უფსკრულს: „ამოხმი! და შენს ნაკადებს მე ამოვაშრობ!“ ვინც ამბობს კიროსზე: „მწყემსია ჩემი! და ჩემს ყველა სურვილს ის აღასრულებს!“ და ეუბნება იერუსალიმს: „აშენდები!“ და ტაძარს – „კვლავ აღიმართები!“ ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: შენი მარჯვენა მე მიჭირავს, რათა დაგიმორჩილო ხალხები, სარტყლები შევხსნა მეფეებს წელზე, რათა გაიღოს შენს წინაშე ყველა კარი და კარიბჭენი აღარ დაიკეტოს. მე წაგიძღვები და მთებს დავავაკებ, ბრინჯაოს კარებებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ. და მოგცემ შენ ბნელში დაცულ საუნჯეთ და საიდუმლოდ დამარხულ თვალ-მარგალიტს, რათა მიხვდე, რომ მე, უფალი, მოგიხმობ სახელით, მე, ისრაელის ღმერთი! ჩემი მონის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე ჩემი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა შენ არ მიცნობდი მე. მე ვარ უფალი, და სხვა არავინაა, ჩემს გარდა არ არიან სხვა ღმერთები; თუმცა შენ მე არ მიცნობდი, მაგრამ მე მაინც შემოგარტყი სარტყელი, რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთში და დასავლეთში, რომ არავინაა ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინაა. მე გამვსახავ ნათელს და ვქმნი ბნელს, ვაგზავნი მშვიდობას და უბედურებას მოვავლენ; მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას. ჩამოასხურე, ზეცავ, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე გადმოღვარონ; გაიხსნას მიწა და გამოიღოს ხსნა, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად. მე, უფალმა, შევქმენი ეს ყოველივე. ვაი, თავის უფალთან მოშუღარს, ერთ ნატეხს თიხის ნამსხვრევთაგან! განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: რას აკეთებო? ან შენი ნაკეთობა თუ გეტყვის: ხელი არ გივარგაო? ვაი, მას, ვინც თავის მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეო ქვეყანაზე? ან დედას: რისთვის ეწამეო ჩემი შობით? ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა ღმერთი, მისი გამომსახველი: „ჩემს მომავალ ძეებზე მეკითხებით და ჩემი ხელის ნაკეთებზე მიმითითებთ? მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე; ჩემმა ხელებმა, გარდაართხეს ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე. მე აღვძარი კიროსი სიმართლით და მის ყველა გზებს მე მოვასწორებ. ის ააშენებს ჩემს ქალაქს და ჩემს დევნილთ ის გაუშვებს უსასყიდლოდ!“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. ასე ამბობს უფალი: „ეგვიპტის ჭირნახული, ქუშის ნავაჭრი და საბეანელნი – ტანადი ხალხი, შენთან გადმოვლენ და შენი იქნებიან; შენ შემოგიდგებიან, ბორკილასხმულნი წამოვლენ და შენ გცემენ თაყვანს, შენ მოგძახებენ: ‘მხოლოდ შენთან არის ღმერთი და სხვა ღმერთები არ არის!’“ ჭეშმარიტად შენა ხარ დაფარული ღმერთი, ისრაელის ღმერთი, მხსნელი. შერცხვებიან და გაწბილდებიან ყველანი. ერთიანად ჩაცვივიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი. უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებით და არ გაწბილდებით უკუნითი უკუნისამდე. რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი, (ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი; მან დაამყარა იგი; იმად არ შეუქმნია, რომ უკაცრიელი ყოფილიყო, არამედ დასასახლებლად გამოსახა): – „მე ვარ უფალი, და სხვა არ არის! ფარულად არ მილაპარაკია დედამიწის ბნელ ადგილზე; არ მითქვამს მე იაკობის თესლ-ტომისთვის: ამაოდ მეძებეთ-მეთქი. მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, ჭეშმარიტების გამომცხადებელი. შეიკრიბეთ და მოდით, ერთად მოდექით, წარმართთაგან გადარჩენილნო! არაფერი იციან მათ, თავიანთ ხის კერპს რომ ატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელსაც არ შეუძლია მათი ხსნა. გამოაცხადეთ და თქვით, ითათბირეთ ერთმანეთში. ვინ გვასმინა მოსახდენი ძველთაგან, წინასწარ ვინ თქვა ეს? განა მე არა, უფალმა? და არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა, ღმერთი მართალი და მხსნელი ღმერთი არაა ჩემს მეტი. მოიქეცით ჩემსკენ და გადარჩებით, დედამიწის ყოველო კიდევ, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა ღმერთი. ჩემს თავს ვიფიცებ: ჩემი პირიდან სიმართლე გამოდის, გადაუთქმელი სიტყვა, რომ ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყოველი ენა. იტყვიან ჩემზე: მხოლოდ უფალშიაო სიმართლე და ძალა.“ შერცხვენილნი წარდგებიან უფლის წინაშე ისინი, ვინც მას მტრობდნენ. უფლის წყალობით გამართლდება და განდიდდება ისრაელის მთელი მოდგმა. ჩაიღუნა ბელი, მოიხარა ნებო; მათი კერპები პირუტყვსა და სასაპანლე ცხოველებს აჰკიდეს; მძიმედ დააწვა თქვენი ტვირთი დაღლილ პირუტყვს. წელში გაწყდნენ, დაცვივდნენ; ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა, და თვითონაც ტყვეობაში წავიდნენ. მისმინეთ, იაკობის ძენო, ისრაელიანთა ნატამალო, თქვენ, რომელთაც შობიდანვე მე გატარებდით, ხელში აყვანილს გატარებდით თქვენი დაბადების დღიდან: თქვენს სიბერემდე მე იგივე ვიქნები, გაჭაღარავდებით და მე კვლავ გატარებთ; მე შეგქმენით დ მე გატარებთ, მე დაგიფარავთ და გადაგარჩენთ. ვის მიმამსგავსებთ და შემადარებთ, ვის გამიტოლებთ, რომ მივემსგავსო? ოქროს და ვერცხლს წამოყრიან ქისიდან და სასწორზე წონიან; ქირაობენ ხელოსანს, რომ ღმერთი ჩამოუსხას მისგან, შემდეგ ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ მას. გაიდებენ მხარზე, ატარებენ, და მის ადგილზევე დადგამენ. დგას და არ იძვრის ადგილიდან, უყვირიან და პასუხს არ აძლევს ის მათ, ვერ იხსნის მათ გასაჭირში. გაიხსენეთ ეს და გულთან მიიტანეთ, ცოდვილნო. გაიხსენეთ, რა იყო თავდაპირველად, დასაბამიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა ღმერთი, და არ არის ჩემი მსგავსი. დასაბამიდანვე ვიუწყები, რაც ბოლოს უნდა მოხდეს, და ძველთაგანვე – რაც ჯერ არ მომხდარა, ვამბობ: ჩემი განაზრახი აღსრულდება, და ყოველ ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ. მზის აღმოსავლეთიდან მოვუხმე მტაცებელ ფრინველს – შორეული ქვეყნიდან მოვუხმე მას, ჩემი განზრახვის აღმსრულებელს; მე ვთქვი და მოვაწევ კიდეც ამას, მე დავსახე და აღვასრულებ კიდეც! მისმინეთ მე, გულქვანო, სიმართლეს განშორებულნო: მე მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის ის და ჩემი ხსნა არ დაახანებს. და მივაგებ სიონს ხსნას და ისრაელს – ჩემს დიდებას. ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ქალწულო, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო, რადგან მეტად აღარ გიწოდებენ შენ ნაზსა და სათუთს. აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი, მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები, გაიშიშვლე წვივები, გადაიარე მდინარეები. გამოჩნდება შენი სიშიშვლე და დანახულ იქნება შენი სირცხვილი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაბრკოლებს, – ჩვენი მხსნელი ისრაელის წმიდა ღმერთია. ცაბაოთ უფალია მისი სახელი. უხმოდ იჯექი და ჩაიძირე წყვდიადში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გიწოდებენ სამეფოთა დედოფალს. მე განვურისხდი ჩემს ხალხს, გავანადგურე ჩემი სამკვიდრებელი და შენ ჩაგიგდე ხელში ისინი, მაგრამ შენ არ მოიღე მათზე წყალობა, მოხუცს მეტისმეტად დაუმძიმე უღელი. შენ ამბობდი: საუკუნოდ ვიქნებიო დედოფალი! არ მიიტანე ეს ამბები შენს გულთან, არ გიფიქრია, ბოლო რა იქნებოდა. ახლა კი, ისმინე, ფუფუნების მოყვარულო, უზრუნველად რომ ცხოვრობ და გულში ფიქრობ: „სხვა არავინაა ჩემს გარდა; არ დავქვრივდები და შვილები არ დამეკარგებიან.“ მაგრამ გეწვევა ეს ორივე ერთ დღეს, უეცრივ: ძეთა დაკარგვაცა და სიქვრივეც; სრულად დაგატყდება თავს, ვერ გიშველის შენი ურიცხვი გრძნეულებები, შენი მაგარი ჯადოები. რადგან დაიმედებული ხარ ბოროტის ქმნაზე, შენ გაიძახი: „ვერავინ მხედავს!“ შენმა სიბრძნემ და შენმა ცოდნამ გაცდუნა; შენ ამბობ გულში: „მე ვარ და არავინ არის ჩემს გარდა!“ თავს დაგატყდება საშინელება, შენ ვერ გაიგებ, საიდან მოდის ის; და დაგეცემა უბედურება, ვერ შეძლებ მის უკუგდებას; უეცრივ მოვა შენს თავს განადგურება, რასაც არ ელი. იდექი ახლა შენს გრძნეულებებზე და შენს უამრავ ჯადოქრობაზე, რაზეც ზრუნავდი შენი სიყმაწვილიდან; იქნებ გიშველოს, იქნებ გაუმაგრდე. დაქანცული ხარ მრავალი თათბირებით; დაე, მოდგნენ ცისმზომელნი, ვარსკვლავთმეტყველნი, ახალმთვარეთა მაუწყებელნი, და გიხსნან იმისგან, რაც უნდა დაგატყდეს თავს. აჰა, ჩალასავით გახდნენ, ცეცხლმა შთანთქა ისინი, თავი ვერ დააღწიეს ალს, ნაკვერჩხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი – მის პირას ჩამოსაჯდომად. ასეთები გახდნენ შენთვის ისინი, რომლებთანაც შრომობდი, ვისთანაც ვაჭრობდი სიყმაწვილიდან; ყველა თავისი გზით წახეტიალდა; აღარავინაა შენი მხსნელი! ისმინეთ, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო და იუდას თესლიდან გამოსულნო; ისინი უფლის სახელს იფიცავენ და ისრაელის ღმერთს მოუხმობენ, მაგრამ შორს არიან ჭეშმარიტებისა და სიმართლისაგან, რადგან წმიდა ქალაქიდან წარმოშობილს უწოდებენ თავს და დანდობილნი არიან ისრაელის ღმერთზე, რომლის სახელია ცაბაოთ უფალი. რაც ადრე იყო, დიდი ხნით ადრე ვაცხადებდი; ჩემი პირიდან გამოვიდა ის, მე ვიტყოდი და უცბად ვიქმოდი, და ყოველივე სრულდებოდა. მე ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერში, ბრინჯაოსია შენი შუბლი. ამიტომაც ვიდრე ეს მოვიდოდა, დიდი ხნით ადრე გიცხადებდი, გაუწყებდი, რომ არ გეთქვა: „ჩემმა ქანდაკმა გააკეთა ეს, და ჩემმა ჩამოსხმულმა კერპმა მიბრძანა, რომ ასე იქნებოდა!“ შენ მოგისმენია, – ახლა იხილე ეს ყველაფერი! ნუთუ არ აღიარებ ამას? ახლა მე გაუწყებ შენ ახალს და დაფარულს, რაც არ იცოდი. ახლა მოხდა ის, და არა დიდი ხნის წინ, და არა გუშინ; დღემდე არ გსმენია შენ ეს, ვერ იტყვი: „აჰა, მე ვიცოდი ეს!“ არც გსმენია და არც იცოდი, არც უწინდლიდან იყო გახსნილი შენი ყური; რადგან ვიცოდი, მიღალატებდი, ვიცოდი, რომ დედის მუცლიდანვე შემცოდე გერქვა. ჩემი სახელის გულისათვის ვიცხრობდი რისხვას, და ჩემი დიდების გულისათვის ვიოკებდი თავს, რომ არ მომესპე. აჰა, მე გამოგადნე, მაგრამ არა როგორც ვერცხლი – წამების ბრძმედში გამოგცადე. ჩემი თავისთვის, მხოლოდ ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რადგან, როგორ უნდა შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ დავუთმობ. მისმინე მე, იაკობ და ისრაელ, ჩემგან წოდებულო: მე იგივე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი. ჩემმა ხელმა დააფუძნა დედამიწა, და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა; მე მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან. შეგროვდით ყველა და ისმინეთ! მათგან ვინ იწინასწარმეტყველა ეს? უფალმა შეიყვარა იგი; ის შეასრულებს უფლის ნებას ბაბილონზე, და მისი მკლავი ქალდეველებზე აღიმართება. მე, მე ვთქვი და მე მოვუხმე მას, მე მოვიყვანე ის და იგი გაიმარჯვებს. მომიახლოვდით მე, ისმინეთ ეს: მე თავიდანვე ფარულად არ ვლაპარაკობდი; იმ დროიდანვე, რაც ეს ხდებოდა, მე იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა აქ მომავლინა. ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა ღმერთი: მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, სასიკეთოდ რომ გმოძღვრავს და მიგიძღვის იმ გზაზე, რომელზეც უნდა დადიოდე. ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იდენდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე – ზღვის ტალღებივით. ქვიშასავით მრავალი იქნებოდა შენი თესლი, და შენი წიაღის ნაშიერნი მისი კენჭებივით. არ ამოიკვეთებოდა და არ წაიშლებოდა მისი სახელი ჩემს წინაშე. გამოდით ბაბილონიდან, გაიქეცით ქალდეველთაგან! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, აუწყეთ ეს, გაავრცელეთ ქვეყნის კიდემდე, თქვით: გამოისყიდაო უფალმა თავისი მონა იაკობი! არ მოსწყურებიათ, როცა მიჰყავდა ისინი უდაბნოს გზით: კლდიდან უდინა მათ წყალი, გააპო კლდე და გადმოჩქეფა წყალმა. „არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის!“ – ამბობს უფალი. მისმინეთ მე, კუნძულებო, და ყურად იღეთ, შორეულო ხალხებო: უფალმა დედის მუცლიდან მომიხმო მე, დედაჩემის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი. და დასდო ჩემი პირი ბასრი მახვილივით; თავის ხელის ჩრდილში შემიფარა მე, და დამდო მე წამახულ ისრად, თავის კაპარჭში დამმალა მე და მითხრა: „ჩემი მსახური ხარ შენ, ისრაელ, რომელშიც გავბრწყინდები!“ მე ვუთხარი: „ამაოდ დავშვერი, ფუჭად და ტყუილად დავხარჯე ჩემი ძალა, მაგრამ ჩემი სამართალი უფალთანაა და ჩემი საზღაური – ჩემს ღმერთთან!“ და ახლა თქვა ჩემმა უფალმა, დედის მუცლიდან თავის მსახურად ჩემმა გამომსახველმა, რათა მივაბრუნო მისკენ იაკობი, და ისრაელი მასთან შეიკრიბოს, რათა პატივდებული ვიყო უფლის თვალში, და ჩემი ღმერთი იყოს ჩემი ძალა. და თქვა მან: არ „კმარა, რომ იქნები ჩემს მსახურად იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალთა დასაბრუნებლად. მე გაგხდი შენ ხალხების სინათლედ, რათა ჩემი ხსნა დედამიწის კიდემდე იყოს.“ ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: „მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისარელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია.“ ასე ამბობს უფალი: „სასურველ დროს გისმინე შენ და ხსნის დღეს შეგეწიე; დაგიცავ და გაგხდი ერის აღთქმად, რათა აღადგინო ქვეყანა და მემკვიდრეთ დაუმკვიდრო აოხრებული სამკვიდროები, რომ უთხრა ტყვეთ: ‘გამოდით!’ და იმათაც, ვინც ბნელშია: ‘გამოჩნდით!’“ გზისპირებზე გამოიკვებებიან, და ყოველ ქაჩალ ბორცვზე იქნება მათი საძოვარი. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, და არ დაჰკრავს მათ ხორშაკი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს. ჩემს ყველა მთას გზად ვაქცევ, და ჩემი ბილიკები აიწევა. აჰა, ესენი შორიდან მოვლენ და, აჰა, ესენი – ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, ესენი კი – სიენეს ქვეყნიდან. იმხიარულეთ, ცანო, და ილხინე, დედამიწავ! და შემოსძახეთ, მთებო, სიმღერა, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ერი და თავის დაჩაგრულთ შეიბრალებს. და თქვა სიონმა: „დამტოვა მე უფალმა და დამივიწყა მე უფალმა!“ განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ! მე ხომ ჩემს ხელის გულებზე გამოგხაზე, შენი ზღუდენი მუდამ ჩემს წინაშეა. ისწრაფიან შენსკენ შენი მშენებელნი, შენი დამარბეველნი და ამაოხრებელნი გავლენ შენგან. მოავლე ირგვლივ თვალი და დაინახე; ყველანი შეიკრიბნენ, მოდიან შენთან. ცოცხალი ვარ, – ამბობს უფალი, – რადგან მათ ყველას სამკაულებივით შეიმოსავ, პატარძალივით მოირთვები. რადგან შენი ნანგრევები და გაუდაბურებული ადგილები, შენი დარბეული ქვეყანა ახლაც კი ძლიერ ვიწრო იქნება საცხოვრებლად, და შენი ჩამყლაპავნი მოგშორდებიან შენ. კვლავ იტყვიან შენს გასაგონად შენი დაკარგული შვილების წილ ახლად შეძენილნი: „ვიწროა ჩემთვის ეს ადგილი, გაიწიე, რომ დავსახლდე!“ და შენ იტყვი შენს გულში: „ვინ მიშვა მე ესენი? მე ხომ შვილმკვდარი დედა ვიყავი, უნაყოფო, დევნილი და უკუგდებული? ვინ დაზარდა ესენი? მე ხომ მარტო დავრჩი, სად იყვნენ ესენი?“ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე აღვმართავ ჩემს ხელს ხალხებისაკენ, და ერების წინაშე გამოვუტან ჩემს ალამს ტომებს და ისინი მოიყვანენ შენს ვაჟებს კალთით, და შენს ასულთ მხრებით! მეფენი იქნებიან შენი გამზრდელნი და მათი დედოფალნი – შენი ძიძები. პირქვე დაემხობიან შენს სათაყვანოდ, და შენს ფერხთა მტვერს ალოკავენ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი, რომ არ შერცხვებიან ჩემი მოიმედენი! განა წაერთმევა ნაალაფარი ძლიერს, ან წაართმევს ვინმე გამარჯვებულს ტყვეებს? რადგან ასე ამბობს უფალი: ძლიერსაც წაერთმევა ტყვეები და სასტიკის ნადავლიც გადარჩება, რადგან მე თავად გავუმართავ დავას შენს მოდავეს, და შენს ვაჟებს მე ვიხსნი. ვაჭმევ შენს შემჭირვებელთ თავიანთ ხორცს, და, როგორც ტკბილი ღვინით, დათვრებიან ისინი საკუთარი სისხლით. და შეიტყობს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და შენი გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი. ასე ამბობს უფალი: სად არის გაყრილობის ბარათი, რომლითაც მე დედათქვენი გავუშვი? ან რომელი ჩემი მევახშისთვის მიმიყიდიხართ ვალში? არა, თქვენ თქვენი ურჯულოების გამო ხართ გაყიდულნი, და დედათქვენიც თქვენი დანაშაულის გამო არის გაშვებული. მოვედი და რატომ არავინ არის, ვიძახი და რატომ არავინ იძლევა პასუხს? განა დამოკლდა ჩემი ხელი გამოსყიდვისთვის, ნუთუ აღარ არის ჩემში ძალა ხსნისა? მე ხომ ჩემი მუქარით ზღვას ვაშრობ, უდაბნოდ ვაქცევ ველ-მინდვრებს, სადაც მდინარეები მიედინებოდნენ, თევზი იხოცება წყურვილით და ყროლდება უწყლობით. მე ზეცას წყვდიადით ვფარავ და ძაძებით ვბურავ. უფალმა ღმერთმა მომცა მე ბრძენთა ენა, რომ შევძლო დაღლილის გამხნევება სიტყვით. ყოველ დილით მაღვიძებს ის მე, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მოვისმინო, როგორც ბრძენნი ისმენენ. უფალმა ღმერთმა გამიხსნა მე ყური, და მე არ გავუძალიანდი, უკან არ დავიხიე. ზურგი მივუშვირე ჩემს მგვემელთ და ყბები – ვინც წვერებს მაგლეჯდნენ. სახეს არ ვიფარავდი გინებისა და ფურთხისაგან. ცაბაოთ უფალი მეხმარება მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ, ამიტომ გავიკაჟე სახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები. მიახლოვდება ჩემი გამამართლებელი: ვინ არის, რომ მედავება? ერთად დავდგეთ! ვინ არის ჩემი მომჩივანი? მოვიდეს ჩემთან. აჰა, ცაბაოთ უფალი მეხმარება მე: ვინ უნდა გამამტყუნოს? ყველა ისინი სამოსელივით დაიძენძებიან, ჩრჩილი შეჭამს მათ. ვინ არის თქვენგან, ვისაც ეშინია უფლისა, ვინც უსმენს მისი მსახურის ხმას? ვინ დადის ბნელში და ნათელს ვერ ხედავს, უფლის სახელს ესავს და მინდობილია თავის ღმერთს. აჰა, ცეცხლის გამჩაღებელნო, ალმოდებული ისრებით აღჭურვილნო, იარეთ თქვენი ცეცხლის ალში და ხანძრებში, თქვენ რომ დაანთეთ! ჩემი ხელიდან მიიღებთ ამას; ტანჯვით დაიხოცებით. მისმინეთ მე, სიმართლის მწყურვალნო, უფლის მაძიებელნო! შეხედეთ კლდეს, რომლისგანაც ხართ გამოკვეთილნი, და ნაპრალის სიღრმეს, რომლისგანაც ხართ ამოყვანილნი. შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს გამჩენს; რადგან იმ ერთს მოვუხმე, ის ვაკურთხე და ის გავამრავლე. რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს; ედემივით აქცევს მის უდაბნოს და მის ტრამალს – უფლის წალკოტივით, სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და გალობის ხმები. მისმინე, ჩემო ერო, და ჩემო ტომო, ყური მიგდე! რადგან ჩემგან გამოვა რჯული და ჩემს სამართალს ხალხებს სინათლედ დავუდგენ. ახლოვდება ჩემი სიმართლე; მოაწია ჩემმა ხსნამ და ჩემი მარჯვენა განსჯის ხალხებს. მე დამენდობიან კუნძულები და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ. მაღლა ზეცას მიაპყარით თვალი და დაბლა დედამიწას დახედეთ, რადგან ზეცა კვამლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაიძენძება, და მისი მცხოვრებნიც მკბენარივით გაწყდებიან, ჩემი ხსნა კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი სიმართლე არ შეწყდება. მისმინეთ მე, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთაც ჩემი რჯული გულში გაქვთ. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ დაგაფრთხობთ. რადგან, როგორც ტანსაცმელს, ჩრჩილი შეჭამს მათ, და როგორც მატყლს – მატლი, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი ხსნა – თაობიდან თაობაში გადავა. გაიღვიძე, გაიღვიძე, ძალი შეიმოსე, უფლის მარჯვენავ! გაიღვიძე, როგორც ძველ დროში, შორეულ თაობებში! განა შენ არ შემუსრე რაჰაბი, შენ არ განგმირე ურჩხული? განა შენ არ ამოაშრე ზღვა, წყლები დიდი უფსკრულისა? ზღვის სიღრმენი გზად არ აქციე გამოხსნილთა გასავლელად? და დაბრუნდებიან უფლის მიერ გამოსყიდულნი და მოვლენ სიონში სიმღერით, და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავს. შვებას და სიხარულს ეწევიან ისინი: ოხვრა და ვარამი განქარდება. მე ვარ, მე თავად თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ გეშინია მოკვდავი კაცისა? და ადამის ძისა, რომლის სიცოცხლეც ბალახივითაა? დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი, ცათა გარდამრთხმელი და დედამიწის დამფუძნებელი. და დღენიადაგ გეშინია შემაჭირვებლის რისხვისა, რომელიც შენს მოსასპობად ემზადებოდა. მაგრამ სადღაა შენი შემაჭირვებლის რისხვა? მალე გათავისუფლდება დატყვევებული, არ მოკვდება დილეგში, არ მოაკლდება პური. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ის ვინც ზღვას დაატეხს ქარიშხლებს და აღმუვლებს მის ზვირთებს; ის, ვისი სახელიც ცაბაოთ უფალია. მე ჩავდებ ჩემს სიტყვებს შენს ბაგეებში და ჩემი ხელების ჩრდილით დაგფარავ შენ, რათა მოვაწყო ზეცა და დავაფუძნო დედამიწა, და ვუთხრა სიონს: „ჩემი ერი ხარ შენ!“ გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ადექი, იერუსალიმ, შენ, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი! თრობის თასი ბოლომდე გამოცალე. არა ჰყავდა მას წინამძღოლი მის ნაშობ ძეთა შორის; არა ჰყავდა ხელის შემშველებელი ძეთა შორის, რომლებიც მან დაზარდა. ეს ორივე შენ გეწია – ვის დაენანები? – ძარცვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი – ვინ განუგეშოს შენ? შენი ძენი დაუძლურდნენ, ყოველი ქუჩის კუთხე-კუნჭულებში ყრიან, როგორც ბადეში გაბმული არჩვები, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღმერთის მუქარით. ამიტომ ისმინე ეს, წამებულო და უღვინოდ მთვრალო! ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და ღმერთი შენი, მოსარჩლე თავისი ხალხისა: „აჰა, ხელიდან გართმევ თრობის თასს, ჩემი რისხვის ფიალას, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი. და ხელთ მივცემ მას შენს მტანჯველთ, რომლებიც გეუბნებოდნენ: პირქვე დაემხე, რათა შენს ზურგზე გადავიაროთო! და შენ შენი ზურგი მიწასავით დააგე, და ქუჩასავით – გამვლელ-გამომვლელთათვის.“ გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე შენი ძალა, სიონ! შეიმოსე შენი დიდების სამოსი, იერუსალიმ, წმიდა ქალაქო! რადგან ვეღარ გაივლის შენს ქუჩებში წინადაუცვეთელი და უწმიდური. ჩამოიბერტყე მტვერი; ადექი, დატყვევებულო იერუსალიმ, ქედზე შეიხსენი ჯაჭვები, დატყვევებულო სიონის ასულო! რადგან ასე ამბობს უფალი: მუქთად იყავით მიცემულნი და ვერცხლით არ გამოისყიდებით. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ერთ დროს მწირობად ჩავიდა ჩემი ერი ეგვიპტეში; შემდეგ კი აშურმა უსამართლოდ დაიმონა იგი. ახლა რა დამრჩენია აქ? – ამბობს უფალი, – როცა ჩემი ხალხი მუქთად არის დატყვევებული, მისი მთავრები გოდებენ, – ამბობს უფალი, – და დღენიადაგ გაუთავებლად იბღალება ჩემი სახელი. ამიტომ შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს; ამიტომ სწორედ იმ დღეს შეიცნობს, რომ მე იგივე ვარ, ვინც თქვა: „აჰა, მე აქა ვარ!“ რა საამოა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა, მშვიდობის მაუწყებლის, სიკეთის მაცნის, ხსნის მოამბის, რომელიც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“ ხმა გაისმა შენი გუშაგებისა – მათ ხმა აღიმაღლეს, და ყველამ ერთად შეჰყიჟინა, რადგან თავისი თვალით ხედავენ უფლის დაბრუნებას სიონში. მხიარულად შემოსძახეთ ყველამ ერთად, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ერი, გამოისყიდა იერუსალიმი. დაიკაპიწა უფალმა წმიდა მკლავები ყველა ხალხების თვალწინ; და დაინახავს დედამიწის ყოველი კიდე ხსნას ჩვენი ღმერთის მიერ. გაშორდით, გაშორდით, გამოდით იქიდან, ნუ შეეხებით უწმიდურს, გამოდით იქიდან, განიწმიდეთ, უფლის ჭურჭლის მტვირთველნო! მაგრამ გამოსვლისას არ იჩქარებთ და არც სირბილით ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ, და თქვენს უკან მცველად იგივე იქნება – ისრაელის ღმერთი. აჰა, წარემართება ჩემს მონას, აღიმართება, აიწევა და დიდად ამაღლდება. მრავალი მისი მნახველი განცვიფრდა, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე ისე, როგორც არავისი, და მისი იერი ადამის ძისას აღარ ჰგავდა. აჰა, გაოცდებიან მრავალი ხალხები, მისი შემხედვარე მეფენი დადუმდებიან მის წინაშე, როცა იხილავენ იმას, რაც არავის უამბია მათთვის, და რაც არ სმენიათ, იმას გაიგებენ. ვინ დაიჯერა უწყება, რაც ჩვენგან გაისმა? ვის გამოეცხადა უფლის მარჯვენა? ამოიზარდა, როგორც მორჩი უფლის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია მას და არც მშვენება, რომ შეგვეხედა მისთვის, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და დასნეულებული. სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით. მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ დასჯილი და დამცირებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენი ცოდვების გამო, და ტანჯული ჩვენი უკეთურების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ჩვენ ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვები. ის ევნო და თავისი ნებით ეწამა და არ გაუხსნია ბაგე; როგორც ცხვარი ისე მიჰყავდათ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მისი მპარსველის წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგეები. შეიპყრეს ის და სამსჯავროს გადასცეს; ვის ადარდებდა მისი ბედი? მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან, განიგმირა ჩემი ხალხის დანაშაულის გამო. სამარხი ბოროტმოქმედთა გვერდით მიუჩინეს, მაგრამ მდიდართან დაიკრძალა, რადგან არ ჩაუდენია ცოდვა, და სიცრუე არ იყო მის ბაგეებში. მაგრამ უფალმა ინება მისი შემუსვრა, და მან მისცა იგი დასატანჯად; როცა მისი სული მიიტანს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს თავის მონაგარს, გაუგრძელდება დღეები და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება. თავისი სულის ნაღვაწს კმაყოფილებით იხილავს; თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს მართალი ჩემი მონა, და მათ ცოდვებს ის იტვირთავს. ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და ცოდვილებს გამოესარჩლა. გაიხარე, ბერწო, უშობელო; შესძახე და იკიჟინე უტანჯველო მშობიარობით; მიტოვებულს მეტი ძენი ეყოლება, ვიდრე ქმრიანსო, – ამბობს უფალი. განავრცე ადგილი შენი კარვისა და შენი ჩარდახების ფარდაგები გააფართოვე; ნუ ერიდები, დააგრძელე შენი საბელები და ღრმად დასხი შენი პალოები, რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი და შენი მოდგმა ხალხებს დაიპყრობს და გაუკაცრიელებულ ქალაქებს დაასახლებს. ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ შეძრწუნდები, რადგან არ გაილანძღები: დაგავიწყდება სიჭაბუკის დღეთა დაცინვა, და შენს სამარცხვინო დაქვრივებას არ გაიხსენებ. რადგან შენი შემქმნელი ქმარია შენი; ცაბაოთ უფალია მისი სახელი; და შენი მხსნელი – ისრაელის წმიდა; ქვეყნიერების ღმერთი ეწოდება მას. რადგან როგორც მიტოვებულ და სულგამწარებულ ქალს, ისე მოგიხმობს შენ უფალი, და როგორც სიყრმის ცოლს, რომელიც მოძულებული ჰყავდა ქმარს! – ამბობს შენი ღმერთი. მცირე ხნით მიგატოვე, მაგრამ დიდი მოწყალებით შეგკრებ შენ. რისხვის გზნებაში დაგიფარე დროებით ჩემი სახე, მაგრამ საუკუნო წყალობით შეგიწყალებ! – ამბობს შენი მხსნელი უფალი. რადგან ეს ჩემთვის ნოეს წყლებივით არის: როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები მეტად აღარ გადაუვლიან დედამიწას, ისე დავიფიცე, რომ აღარ განვრისხდე შენზე და არ გაგკიცხო. რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ მოგცილდება შენ, და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, – ამბობს შენი მწყალობელი უფალი. წამებულო, ქარიშხლით წაღებულო, უნუგეშებელო! აჰა, შემოგიშენებ კედლებს ანთრაკის ქვით და საძირკვლად საფირონს დაგიდებ. ბადახშით გაგიკეთებ ქონგურებს და კარიბჭეებს – ლალის ქვით, და შენს ყველა ზღუდეს – პატიოსანი ქვით. შენს ყველა ძეს უფალი განსწავლის და დიდი იქნება მათი კეთილდღეობა. სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები ჩაგვრისაგან, არ შეძრწუნდები და შიშის ზარი არ აგიტანს შენ. აჰა, მოგიხდებიან, მაგრამ არა ჩემგან; ვინც კი შეგებრძოლება, შენს წინ დაეცემა. მე გავაჩინე მჭედელი, რომელიც ნახშირს აღვივებს ცეცხლში და იარაღს ჭედავს თავისი საქმისათვის; და მე ვქმნი დამღუპველს, რომელსაც განადგურება მოაქვს. ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ რომ იჭედება, გაცუდდება; და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარსდგება სამსჯავროში, შენ დასძლევ. ეს არის ხვედრი უფლის მონათა, და მათი გამართლება ჩემგან არის, – ამბობს უფალი. წყლებთან მოდით მწყურვალნო! თქვენც უვერცხლონო, მოდით, მიიღეთ საჭმელი და ჭამეთ. მოდით და მიიღეთ ღვინო და რძე უვერცხლოდ და უსასყიდლოდ. რატომ უწონით ვერცხლს იმაში, რასაც პურს ვერ დაარქმევ? რატომ აძლევთ თქვენი კირთებით ნაშოვნს იმაში, რაც მაწიერი არ არის? მე თუ მომისმენთ, ნუგბარს შეჭამთ, და სიმსუყეში განცხრება თქვენი სული. ყური მომაპყარით და მოდით ჩემთან, მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული; და დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, როგორც სარწმუნო წყალობას, დავითს რომ აღვუთქვი. აჰა, ერების მოწმედ განვაწესე იგი, ხალხების წინამძღოლად და მბრძანებლად. აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობდი, მოუხმობ შენ! და ხალხები, რომელნიც არ გიცნობდნენ, მოგაშურებენ, შენი უფალი ღმერთის და ისრაელის წმიდის გამო, რადგან მან განგადიდა შენ. ეძიეთ უფალი, ვიდრე შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ მას, სანამ ახლოსსა. დატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ცოდვილმა – თავისი ზრახვები; დაუბრუნდეს უფალს და ის შეიწყალებს მას; მიუბრუნდეს ჩვენს ღმერთს, რადგან მრავალმოწყალეა ის. ჩემი ფიქრები თქვენი ფიქრები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის, – ამბობს უფალი. – როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ისე ჩემი გზებია თქვენს გზებზე მაღლა, და ჩემი ზრახვებია – თქვენს ზრახვებზე მაღლა. რადგან, როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან აღარ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს. ასევეა ჩემი სიტყვაც, რომელიც გამოდის ჩემი ბაგეებიდან, – ის უკან არ მიბრუნდება უნაყოფოდ, რადგან იმას აკეთებს, რაც მე მწადია, და იმას აღასრულებს, რისთვისაც მე მივავლენ მას. სიხარულით გახვალთ, და მშვიდობის გზით ივლით. მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და ველის ყველა ხე ტაშს დაგიკრავთ. ძეძვის ნაცვლად კვიპაროსები დაიზრდება და ქაცვის წილ – მირტი. და იქნება ეს უფლის დიდების საუკუნოდ წარუშლელ ნიშნად. ასე ამბობს უფალი: „დაიცავით რჯული და ქმენით სამართალი, რადგან ახლოსაა ჩემი ხსნა, და ჩემი სიმართლე გაცხადდება. ნეტარია კაცი, ვინც ამას მისდევს, და ადამის ძე, ვინც მას შეითვისებს; ვინც იცავს შაბათს და ხელს არ იწვდის სიავის საქმნელად.“ ნუ იტყვის უფალთან შემოერთებული უცხოტომელის ძე: უფალმა სრულიად გამმიჯნაო თავისი ერისაგან; და ნუ იტყვის საჭურისი: მე ხომ გამხმარი ხე ვარო! რადგან ასე ამბობს უფალი: „საჭურისებს, რომლებიც ჩემს შაბათებს იცავენ, ჩემს საწადელს ირჩევენ და ჩემს აღთქმას ინახავენ, მე მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებში ადგილსა და სახელს უკეთესს, ვიდრე ჩემს ვაჟებსა და ასულებს; საუკუნო სახელს მივცემ მათ, რომელიც არასოდეს წაიშლება. და ასევე, უფალთან შემოერთებულ უცხოტომელთ, რომლებიც ემსახურებიან მას და უყვართ უფლის სახელი, რათა იყვნენ მისი მსახურნი; ყველას, შეუბღალავად რომ იცავს შაბათს, და ჩემს აღთქმას მოჭიდებულთ. მე მოვიყვან მათ ჩემს წმიდა მთაზე და გავახარებ ჩემს სამლოცველო სახლში; მათი სრულადდასაწველები და შესაწირავები სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა ყველა ხალხებისათვის.“ ამბობს უფალი ღმერთი, გაფანტულ ისრაელიანთა შემკრები: „მასთან შეკრებილებთან კიდევ სხვებსაც შევკრებ.“ მოდით, ველის ნადირებო, ტყის მხეცებო, მოდით და ჭამეთ! გუშაგნი აქ ბრმები არიან, უგუნურნი, ყველა მათგანი მუნჯი ძაღლია, არ შეუძლია ყეფა, ძილისგუდები არიან, დაბლა ყრიან, თვლემა უყვართ. სულხარბი ძაღლები არიან, რომლებიც ვერ ძღებიან; მწყემსები არიან, უგონონი, ყველა თავისი გზით გაემართა, თითოეული – თავის ანგარებას ეძებს. და ამბობენ: „მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ სასმელით, დღესაც გვეყოფა და ხვალისთვისაც ბევრი დარჩება!“ კვდება მართალი და არ არის კაცი, გულთან რომ მიიტანოს ეს; მადლის კაცები წარიტაცებიან და არავის ესმის, რომ ბოროტების მიზეზით წარიტაცება მართალი. ის გადის სამშვიდობოს; სწორი გზით მავალნი საკუთარ სარეცლებზე დაისვენებენ. მოახლოვდით აქ, გრძნეული ქალის ძენო, მრუშისა და მეძავის თესლნო. ვის დასცინით? ვისზე მოგირღვევიათ პირი, წაგიგრძელებიათ ენა? თქვენ ხომ ცოდვის ძენი ხართ, სიცრუის თესლი! მუხათა შორის აღგეძვრებათ თქვენი გულისთქმა, ყოველი მწვანე ხის ქვეშ, თქვენს ბავშვებს კი მსხვერპლად სწირავთ კლდეთა ნაპრალებში! ხევის სიპ ქვებშია შენი წილი, ისინია შენი ხვედრი. სწორედ მათ უღვრიდი შენ საღვრელს, მიართმევდი ძღვენს. როგორ მოვითმინო ეს დამშვიდებით? მაღალ და აღმართულ მთაზე მოაწყვე შენი საწოლი, იქაც ადიხარ მსხვერპლის შესაწირად. კარსა და წირთხლებს უკან დასდე შენი სამახსოვრო ნიშნები; რადგან ჩემგან გაიშიშვლე თავი და მაღლა ახვედი, გააფართოვე შენი საწოლი და კავშირი შეჰკარი მათთან, მათი საწოლიც შეიყვარე და იხილე მათი კაცობა. ეცხადებოდი მეფეს ნელსაცხებლებით პოხილი, და აუხვებდი შენს ნელსაცხებლებს, და გზავნიდი შენს მაცნეებს შორეთამდე და ქვესკნელამდე იმდაბლებდი თავს. შენი გრძელი გზა გქანცავდა, მაგრამ არ გითქვამს: იმედი დავკარგეო; შენს სხეულში სიცოცხლეს გრძნობდი, ამიტომაც არ დაძაბუნდი. ვის უფრთხოდი და ვისი შეგეშინდა, როცა მღალატობდი და აღარ გახსოვდი? გულთან რომ არ მიმიტანე? რაკი დიდხანს ვდუმდი, ალბათ ამიტომ არ გეშინოდა ჩემი. მე გამოვაცხადებ შენს სიმართლეს და შენს საქმეებს, და სიკეთეს არ მოგიტანენ ისინი. როცა აყვირდები, მაშინ გიშველოს შენი კერპების კრებულმა! მაგრამ მათ ყველას ქარი წაიღებს, მსუბუქი ქროლვაც კი, ჩემი მოიმედე კი დაიმკვიდრებს მიწას, და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება. და თქვა: „მოასწორეთ, მოასწორეთ, გაამზადეთ გზა, მოაშორეთ დაბრკოლება ჩემი ხალხის გზიდან!“ რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდა სახელიანი: „მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთანაც, რათა გავაცოცხლო გლახაკთა სული და გავაცოცხლო ტანჯულთა გული. რადგან საუკუნოდ არ ვიდავებ და არც უკუნისამდე ვიმრისხანებ მე, რადგან დაუძლურდება ჩემს წინაშე სული და სამშვინელნი, მე რომ შევქმენი. მათი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე ისინი, დავმალე სახე და ვმრისხანებდი; ის კი, განდგომილი, მიდიოდა თვისი გულის გზით. მისი გზები ვიხილე მე, განვკურნავ მას და წავიყვან, ვანუგეშებ და გავამართლებ მგლოვიარეს. და გავაჩენ მათ ბაგეებში ქების სიტყვას. მშვიდობა, მშვიდობა – შორებელსა და ახლობელს! – ამბობს უფალი. – მე განვკურნავ მათ!“ ბოროტეულნი კი აღელვებულ ზღვას ჰგვანან, რომელიც ვერ ცხრება, და ანთხევს მისი წყალი შლამსა და ტალახს. „არაა მშვიდობა ბოროტეულთათვის,“ – ამბობს ჩემი ღმერთი. იყვირე მთელი ხმით, თავს ნუ დაზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა, და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს – მისი ცოდვები. ისინი ყოველდღე მეძიებენ მე და სურთ ჩემი გზების ცოდნა, როგორც ერი, რომელიც სიმართლეს იქმს და თავისი ღმერთის სამართალს არ ივიწყებს; მეკითხებიან მე მართალ სამართალზე, ღმერთთან სიახლოვე სწადიათ მათ. რატომ ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავო? რატომ მოვიდრეკთ სულს, თუკი არ გვამჩნევო? – აჰა, თქვენი მარხვის დღეს აღწევთ თქვენს საწადელს და მძიმე შრომას მოითხოვთ სხვათაგან. თქვენ ხომ დავისთვის და ჩხუბისათვის მარხულობთ, და იმისათვის, რომ დაურიდებლად ურტყათ სხვებს. ნუ იმარხულებთ, როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა. განა ასეთია ის მარხვა, რომელიც მე ამოვარჩიე, დღე, როცა ადამიანი სულს იტანჯავს, როცა თავს იდრეკს ლერწამივით, და ძაძასა და ნაცარს იფენს ქვეშ? ამას უწოდებ მარხვასა და უფლის საწადელ დღეს? აი მარხვა, რომელიც ამოვარჩიე: გახსენი ხუნდები უსამართლობის, შეხსენი აპეურები უღელს, ჩაგრულნი გაათავისუფლე და ყველა უღელი დალეწე; გაუნაწილე შენი ლუკმა მშიერს და ღარიბნი და მწირნი შემოიყვანე სახლში; შიშველს რომ ნახავ, შემოსე, და შენს სისხლსა და ხორცს ნუ დაემალები. მაშინ ცისკარივით აკიაფდება შენი ნათელი, და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება, წინ წაგიძღვება შენი სიმართლე, და უფლის დიდება გარემოგიცავს. მაშინ მოუხმობ და უფალი გიპასუხებს; შეჰღაღადებ და ის გეტყვის: „აქა ვარ!“ როცა მოიცილებ უღელს, თითის მიშვერას და ძვირის თქმას, და მისცემ მშიერს შენს სულს და წამებულის სულს გააძღობ, მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წყვდიადი შუადღესავით იქნება. წინ წაგიძღვება უფალი მუდამ და დააკმაყოფილებს შენს სულს გვალვებში, შენს ძვლებს გაამაგრებს და იქნები, როგორც მორწყული ბაღი და როგორც წყარო, რომლის წყლებიც არასდროს დაშრება. საუკუნო ნანგრევებზე კვლავ ააშენებ ქალაქებს: შენ აღადგენ მრავალ თაობათა საფუძვლებს, და დაგერქმევა ნანგრევთა აღმდგენელი, ხალხთა გზების განმაახლებელი. თუ დააკავებ შაბათს შენს ფეხს შენი სურვილის შესრულებისაგან, ჩემს წმიდა დღეს, და უწოდებ შაბათს – შვებას, უფლის წმიდა დღეს, განდიდებულს და განადიდებ მას იმით, რომ არ გააკეთებ შენს ჩვეულ საქმეებს, არ ეძიებ საწადელს და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები, მაშინ გაიხარებ უფალში, მე აგიყვან დედამიწის სიმაღლეებზე და გამოგკვებავ იაკობის, შენი მამის, წილხვედრით, რადგან უფლის ბაგეებმა ბრძანა ეს. აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას; და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს. რადგან თქვენმა უკეთურებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთი, და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა. რადგან თქვენი ხელები დასვრილია სისხლით და თქვენი თითები – უკეთურებით; თქვენი ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ, თქვენი ენა ტყუილს წარმოთქვამს. არავინ იმაღლებს ხმას სიმართლისთვის, არავინ იცავს ჭეშმარიტებას; ამაოთი იმედოვნებენ და სიცრუეს ლაპარაკობენ, ფეხმძიმდებიან სიავით და შობენ ბოროტებას. ასპიტის კვერცხებს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. მათი კვერცხის მჭამელი მოკვდება, და თუ ვინმე გატეხს, იქედნე გამოძვრება. მათი ქსელი გამოუსადეგარია სამოსლად, და თავიანთი ნაკეთობით ვერ დაიფარავენ თავს. მათი საქმეები უსამართლო საქმეებია, და ძალმომრეობაა მათ ხელებში. ფეხები ბოროტებისაკენ გაურბით, და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად ისწრაფიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და გაპარტახებაა მათ ბილიკებზე. მშვიდობის გზები არ იციან მათ, და სამართალი არაა მათ ბილიკებზე; მათი გზები გამრუდებულია, და იმ გზებზე მავალმა არავინ იცის მშვიდობა. ამიტომაა რომ გაგვშორდა სამართალი და სიმართლე ვერ გვეწვევა ჩვენ; სინათლეს ველით, მაგრამ ბნელში ვართ, ველით გამობრწყინებას, მაგრამ წყვდიადში დავდივართ. ბრმებივით ხელის შეხებით მივყვებით კედელს და როგორც უთვალისჩინონი, ხელის ცეცებით დავდივართ; ვბორძიკობთ შუადღისას, როგორც ბინდში, ვართ ცოცხალთა შორის – როგორც მკვდრები. დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და ვკვნესით მტრედებივით; მოველით სამართალს და არ ჩანს, მოველით ხსნას – და შორსაა ჩვენგან. რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენს წინაშე, და ჩვენი ცოდვები მოწმობენ ჩვენს წინააღმდეგ; რადგან ჩვენი დანაშაული ჩვენთანაა და ჩვენი შეცოდებანი ჩვენ ვიცით. ღალატი და თვალთმაქცობა ჩავიდინეთ უფლის წინაშე, და განვუდექით ჩვენს ღმერთს; ვლაპარაკობდით სიავესა და ღალატზე, ჩავისახავდით და გულიდან წარმოვთქვამდით ცრუ სიტყვებს. უკან დაიხია სამართალმა, და შორს განდგა სიმართლე, რადგან წაბორძიკდა ჭეშმარიტება მოედანზე, და პატიოსნება ვეღარ შემოდის. აღარ არის ჭეშმარიტება და ბოროტისაგან გამდგარი შეურაცხყოფილია. დაინახა უფალმა ეს და შესძაგდა მის თვალს, რომ არ არის სამართალი. დაინახა, რომ არ არის კაცი, და გაოცდა, რომ არ იყო დამცველი; და მიეშველა უფალს მისი მკლავი და მისი სიმართლე შეუდგა საყრდენად. და შეიმოსა უფალმა სიმართლე, როგორც ჯავშანი, და ხსნის მუზარადი თავის თავზე; და შეიმოსა შურისგების სამოსელი ტანსაცმლად და მრისხანება მოისხა მოსასხამივით. შურისგების მიხედვით მიუზღავს იგი თავის მოწინააღმდეგეთ – მრისხანებით, თავის შემჭირვებელთ – შურისგებით, კუნძულებს სამაგიეროს მიუზღავს. და შეეშინდებათ უფლის სახელისა დასავლეთში და მისი დიდებისა მზის აღმოსავლეთში. თუ მტერი მოვა ნიაღვარივით, უფლის ქარის ქროლვა გადენის მას. და მოვა მხსნელი სიონისა და ცოდვას განრიდებულ იაკობის ძეთა, – ამბობს უფალი. – და ეს არის ჩემი აღთქმა მათთან, – ამბობს უფალი: – ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩაგიდე ბაგეებში, არ განდგებიან შენი ბაგეებიდან, არც შენი მოდგმის ბაგეებიდან, არც შენს მოდგმათა მოდგმის ბაგეებიდან, ამიერიდან და უკუნისამდე, – ამბობს უფალი. ადექი, განათდი, იერუსალიმ, რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება შენზე ამობრწყინდა. რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს დედამიწას, და ბნელი – ხალხებს; შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება შენზე გამოჩნდება. და მოვლენ ხალხები შენს ნათელზე და მეფენი – შენი სხივების ნათებაზე. თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი იკრიბებიან, შენთან მოდიან; შენი ძენი შორიდან მოდიან და შენი ასულნი მხრებით მოჰყავთ. მაშინ დაინახავ და გაიხარებ, აგიძგერდება გული და გაგეხსნება, რადგან შენსკენ მოიქცევა ზღვის სიმდიდრე, ხალხთა დოვლათი შენთან მოვა. აქლემთა სიმრავლე დაგფარავს შენ – მიდიანისა და ეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოიტანენ და უფლის დიდებას გააცხადებენ. კედარის მთელ ფარებს შენთან მორეკავენ; ვერძნი ნებაიოთისა შენს ხელთ იქნებიან: სასურველ მსხვერპლად ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე, და ჩემი დიდების სახლს გავუთქვამ სახელს. ვინ არიან ესენი, რომ ღრუბლებივით დაცურავენ, და ფრენენ, როგორც მტრედები, თავიანთ სამტრედესთან? მე მელიან კუნძულები და თარშიშის ხომალდები პირველნი მოცურავენ აქეთ! შორიდან მოჰყავთ შენი ძენი, მოაქვთ მათი ოქრო-ვერცხლი – შენი უფალი ღმერთისა და ისრაელის წმიდის სასახელოდ, რადგან მან განგადიდა შენ. უცხოტომელთა ძენი აგიშენებენ გალავნებს და მათი მეფენი მოგემსახურებიან, რადგან ჩემი მრისხანებისას გგვემდი შენ, ხოლო ჩემი სათნოებისას მოწყალე ვიქნები შენს მიმართ. და ღია იქნება მუდამ შენი კარიბჭე, არც დღისით და არც ღამით არ დაიკეტება, რათა მოიტანონ შენთან ხალხთა დოვლათი და შემოიყვანონ მათი მეფეები. რადგან ხალხი და სამეფონი, რომელნიც არ დაგემორჩილებიან, – დაიღუპებიან; და ის ხალხები სრულიად გაქრებიან. ლიბანის დიდება შენთან მოვა, კვიპაროსი და ნეკერჩხალი და ფიჭვი მათთან ერთად, რათა დამიმშვენონ ჩემი საწმიდრის ადგილი, და მე განვადიდებ ჩემს კვარცხლბეკს. მოგივლენ ქედმოდრეკილნი შენს შემაჭირვებელთა ძენი, და თაყვანს სცემენ შენს ფერხთა მტვერს ყველა შენი მოძულენი, და გიწოდებენ საუფლო ქალაქს, ისრაელის წმიდის სიონს. იმის წილ, რომ მიტოვებული და მოძულებული იყავი და არავინ გადიოდა შენს გზებზე, მე გაქცევ საუკუნო სიამაყედ, სიხარულად თაობიდან თაობამდე. შენ გაძღები ხალხების რძით და მეფეთა ძუძუს მოსწოვ, და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი – შენი მხსნელი და შენი გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი. ბრინჯაოს ნაცვლად მოგიტან ოქროს და რკინის ნაცვლად ვერცხლს, ხის ნაცვლად – ბრინჯაოს და ქვის ნაცვლად – რკინას; და განმგებლად დაგიყენებ მშვიდობას და შენს ზედამხედველად – სიმართლეს. ვეღარ გაიგონებენ ძალადობის ხმას შენს ქვეყანაში, ძარცვისა და ნგრევისას – შენს საზღვრებში; და უწოდებ შენს გალავნებს ხსნას და შენს კარიბჭეებს – დიდებას. მზე აღარ გექნება დღის სინათლედ და მთვარის ციალი არ გაგინათებს, არამედ უფალი იქნება შენი საუკუნო ნათელი, და შენი ღმერთი – შენი დიდება. აღარ ჩავა მეტად შენი მზე და შენი მთვარე არ დაცხრება, რადგან უფალი იქნება შენი საუკუნო ნათელი, და დასრულდება დღენი შენი გლოვისა. და შენი ერი ერთიანად მართალი იქნება; საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას, ყლორტს – ჩემი მორჩისას, ჩემი ხელის ქმნილებას, ჩემს სადიდებლად. მცირედი ათასეულად იქცევა და უმრწემესი – ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას. უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთა სახარებლად; წარმომავლინა, რათა წყლული გავუმრთელო გულშემუსვრილთ, ტყვეებს ვახარო გათავისუფლება და პატიმართ – დილეგის კარის გაღება; რათა გამოვაცხადო უფლის სასურველი წელი და ჩვენი ღმერთის შურისგების დღე, და რათა ვანუგეშო ყოველი მგლოვიარე, ვაუწყო სიონზე მყოფ მგლოვიარეთ, რომ მიიღებენ ნაცრის წილ დიადემას, გლოვის წილ – სიხარულის საცხებელს, მჭმუნვარე სულის წილ მშვენიერ სამოსელს, და უწოდებენ მათ სიმართლის მუხებს, უფლისგან დანერგილს მის სადიდებლად. და გააშენებენ საუკუნოვან ნაოხარებს, აღადგენენ წარსულის დღეთა ნანგრევებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობამდე გაუდაბურებულთ. მოვლენ უცხოთა ნაშობნი და დამწყემსავენ თქვენს ფარებს; და უცხოთესლნი იქნებიან თქვენი მიწისმუშები და თქვენი მევენახეები. უფლის მღვდლებს გიწოდებენ, და თქვენზე იტყვიან: ჩვენი ღვთის მსახურნი არიანო; ხალხების დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე. თქვენი სირცხვილის ნაცვლად ორმაგი სიხარული მოგეზღვებათ, და შეურაცხების ნაცვლად – მხიარულება, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებენ, და საუკუნო სიხარული ექნებათ. რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი, მძაგს ყაჩაღობა, მე მივაგებ მათ საზღაურს ჭეშმარიტებით და საუკუნო აღთქმას დავუდებ; და ცნობილი გახდება მათი მოდგმა წარმართთა შორის, და მათი შთამომავალნი – ერებს შორის; ყველა მათი მხილველი მიხვდება, რომ უფლის მიერ ნაკურთხი თესლია ის. სიხარულით ვიხარებ უფალში და მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან შემმოსა მე ხსნის სამოსლით, სიმართლის ტანსაცმელი ჩამაცვა მე, როგორც ნეფეს დამადგა გვირგვინი და როგორც სასძლო, მომრთო სამკაულებით. რადგან, როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და, როგორც ბაღი ზრდის ჭირნახულს, ისე უფალი ღმერთი გამოავლენს სამართალს და დიდებას ყოველი მოდგმის წინაშე. სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოვა მისი სიმართლე და მისი ხსნა ანთებული ჩირაღდანივით. და დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს და ყოველი მეფე – შენს დიდებას, და გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც წარმოსთქვამენ უფლის ბაგენი. და იქნები დიდების გვირგვინად უფლის ხელში და სამეფო დიადემად შენი ღმერთის მარჯვენაში. აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება: „ჩემი სასურველი“, და შენს ქვეყანას – „დაწინდული“, რადგან შენ მოგისურვა უფალმა და შენს ქვეყანას „დამწინდავი“ გაუჩნდება. როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ისე დაქორწინდებიან შენზე შენი ძენი; და როგორც ნეფე ხარობს თავის საპატარძლოთი, ისე შენი ღმერთი იხარებს შენით. იერუსალიმ, შენს კედლებზე მეციხოვნენი დავაყენე, რომლებიც არასოდეს დადუმდებიან, არც დღე და არც ღამე. და თქვენ, უფლის გამხსენებელნო, ნუ დადუმდებით, – ნუ დადუმდებით მის წინაშე, ვიდრე არ აღადგენს იერუსალიმს და არ აქცევს მას ქვეყნის დიდებად. დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და ძალა თავისი მკლავისა: „არ მივცემ მეტად ხორბალს საზრდოდ შენს მტრებს და არ შესვამენ უცხოთა შვილები შენს ღვინოს, რომელიც ოფლით მოიწიე, რადგან მისი მომკელნი შეჭამენ მას და მადლს შესწირავენ უფალს, და მისი დამკრეფნი შესვამენ მას ჩემი საწმიდრის ეზოებში.“ შედით, შედით კარიბჭეებში, განუმზადეთ გზა ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ სავალი, წამოკრიფეთ ქვები, ბაირაღი აღუმართეთ ხალხებს! აჰა, უფალი იუწყება დედამიწის კიდეებამდე: „უთხარით სიონის ასულს: ‘ჰა, მოდის შენი ხსნა! და მისი საზღაური მასთანაა და მისი მისაგებელი მის წინაშეა.’“ და უწოდებენ მათ წმიდა ერს, უფლის მიერ გამოსყიდულს; შენ კი გიწოდებენ სასურველ ქალაქს, მიუტოვებელს. „ვინ არის ის, ედომიდან რომ მოდის, ბოცრადან – მეწამული სამოსლით? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსლით თავისი ძალის სიდიადით მომავალი?“ – „მე ვარ, სიმართლის მთქმელი, ხსნის შემძლებელი.“ „რატომ არის წითელი შენი სამოსელი და შენი მოსასხამი საწნახლის შხეფებით დასვრილივით?“ – „მე მარტო ვწურავდი საწნახელში, და ჩემიანი კაცი არ იყო ჩემთან. ვწურავდი განრისხებული და ვწნეხავდი გულისწყრომით; მათი სისხლი ეშხეფებოდა ჩემს მოსასხამს, და მთელი ჩემი სამოსელი დავსვარე. რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და ჩემს გამოსყიდულთა წელიწადი დადგა. ვიყურებოდი და არ იყო ჩემი შემწე; მიკვირდა, რომ არ იყო მხარდამჭერი; და მიხსნა მე ჩემმა მარჯვენამ, და ჩემმა რისხვამ მიშველა. და დავთრგუნე მე ხალხები ჩემი მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, და მიწაზე დავღვარე მათი სისხლი.“ მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლზე რომ მოიმოქმედა თავისი მოწყალებით და, მრავალი წყალობით რომ მიაგო. მან თქვა: „ის ჭეშმარიტად ჩემი ერია, ძენი, რომლებიც არ მიღალატებენ.“ და იყო ის მათი მხსნელი. მათი ყველა ტანჯვები მისი ტანჯვები იყო, და მისი სახის ანგელოზი შველოდა მათ; თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი, აიყვანა და ხელით ატარებდა მათ ძველ დღეთაგან. მაგრამ ისინი ეურჩნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომაც მტრად ექცა იგი მათ და თავად ებრძოდა. და გაიხსენა მისმა ხალხმა მოსეს ძველი დღეები. სად არის ახლა ის, ვინც ამოიყვანა ისინი ზღვიდან თავისი სამწყსოს მწყემსებთან ერთად? სად არის ის, ვინც დადო მათზე თავისი წმიდა სული, ვინც წარმართა მოსეს მარჯვენა თავისი დიდებული მკლავით? ვინც გააპო წყლები მათ წინაშე, რათა გაეთქვა თავისი საუკუნო სახელი? მორევში მათი გამომყვანი წაუფორხილებლად უდაბნოს ცხენებივით? ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე ატარებდი შენს ერს, რათა მოგეპოვებინა შენთვის დიდებული სახელი. გადმოიხედე ზეციდან და შეხედე შენი წმიდა და დიადი სავანიდან: სად არის შენი შურისგება და შენი ძლევამოსილება? შენი გულის ძვრა და შენი მოწყალება არ მოვიდა ჩემამდის. მხოლოდ შენა ხარ ჩვენი მამა; რადგან აბრაამი არ გვცნობს და ისრაელი თავისებად არ გვაღიარებს. შენა ხარ, უფალო, ჩვენი მამა. ჩვენი მხსნელია შენი სახელი დასაბამიდან. რატომ გვაცდენ ჩვენ, უფალო, შენი გზებიდან, ასასტიკებ ჩვენს გულებს, რათა არ გვეშინოდეს შენი? მოხედე შენს მონებს, შენს წილხვედრ შტოთ. მცირეხანს მბრძანებლობდა აქ შენი წმიდა ერი, მტრები შემოიჭრნენ შენს საწმიდარში. ისე ვართ, როგორც დასაბამს, როცა არ ხელმწიფებდი ჩვენზე, როცა არ ვიწოდებოდით შენი სახელით. ნეტავ გაგერღვია ცა და ჩამოსულიყავ! მთები შეირყეოდნენ შენს წინაშე – ასე აბრიალებს ცეცხლი ფიჩხს, წყალს ადუღებს – შენ გამოუცხადებდი მტრებს შენს სახელს! შენი სახის წინაშე შეძრწუნდებოდნენ ხალხები. როდესაც შენ იქმოდი საშინელებებს, რომლებსაც არ ველოდით და ჩამოდიოდი, მთები დნებოდნენ შენს წინაშე. დასაბამიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომ მოემოქმედა ასეთი რამ თავის მოიმედეთათვის. შენ ეგებები მას, ვინც სიმართლეს იქმს სიხარულით, ვინც შენი გზებით დადის და გიხსენებს. შენ მრისხანებდი, რადგან ძველთაგან ვცოდავთ, და როგორღა გადავრჩებით? და გავხდით ჩვენ ყველანი უწმიდურებივით, წვირიანი სამოსელივით გახდა ყოველი ჩვენი სიქველე; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ჩვენმა ურჯულოებამ ქარივით წაგვხვეტა. და არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომელიც მაგრად მოგეჭიდებოდა, რადგან გვიფარავ შენს სახეს და მიგვატოვე ჩვენივე ურჯულოების მსხვერპლად. მაგრამ ახლა, უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი გამომსახველი; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ჩვენ ყველანი. ნუ განრისხდები, უფალო, მეტისმეტად და სამუდამოდ ნუ გემახსოვრება ჩვენი ურჯულოება. აჰა, შეხედე, შენი ერი ვართ ჩვენ ყველანი. შენი სიწმიდის ქალაქები გაუდაბურდა, სიონი უდაბნოდ იქცა; – გაუკაცრიელდა იერუსალიმი. სახლი ჩვენი სიწმიდისა და დიდებისა, სადაც გაქებდნენ ჩვენი მამები, ცეცხლმა შთანთქა, და ყოველივე ჩვენთვის ძვირფასი ნანგრევებად იქცა. ნუთუ ყოველივე ეს არ შეგძრავს, უფალო? კვლავ დადუმდები და უარესად დაგვტანჯავ? გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა; მიპოვნეს მათ, ვინც არ მეძებდა. აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი! – ვეუბნებოდი ხალხს, რომელიც ჩემი სახელით არ იწოდებოდა. დღენიადაგ ხელს ვიშვერდი ურჩი ხალხისკენ, უკეთური გზით რომ დადიან თავიანთი ზრახვების კვალზე, ხალხისკენ, რომელიც გამუდმებით შეურაცხმყოფს თვალდათვალ! ჭალებში მსხვერპლს რომ სწირავენ და საკმეველს აკმევენ აგურებზე; აკლდამებში სხედან და მღვიმეებში ათევენ ღამეებს; ღორის ხორცს ჭამენ და საძაგელი ნახარში უდგათ ქოთნებში; და ამბობენ: „შეჩერდი, ნუ მომეკარები, რადგან მე წმიდა ვარ შენთვის.“ ეს კვამლია ჩემს საყნოსელად, ცეცხლი, რომელიც დღენიადაგ გიზგიზებს. აჰა, დაწერილია ეს ჩემს წინაშე. არ დავდუმდები, მივუზღავ, მთლიანად მივუზღავ მე მათ წიაღს. თქვენი ურჯულოების და თქვენი მამების ურჯულოების გამო, რომლებიც გუნდრუკს უკმევდნენ მთებზე, და ბორცვებზე შეურაცხმყოფდნენ მე, – ამბობს უფალი, – და გავზომავ წინდაწინ მათ ნამოქმედარს მათ წიაღში! ასე ამბობს უფალი: „როცა ყურძნის მტევანში თვალი შევა, იტყვიან: ‘ნუ დააზიანებ მას, რადგან კურთხევა არის მასში!’ მეც ასევე მოვექცევი ჩემს მონებს, რათა არ დავღუპო ყველანი. აღმოვაცენებ იაკობისგან თესლს და იუდასაგან – ჩემი მთების მემკვიდრეს, და დაიმკვიდრებენ მას ჩემი რჩეულნი და ჩემი მონები დასახლდებიან იქ. გახდება შარონი ცხვრის საძოვრებად და ყაქორის ველი – ნახირის დასაყრელად ჩემი ერისა, რომელმაც მომძებნა მე. თქვენ კი, რომელთაც მიატოვეთ უფალი და დაივიწყეთ ჩემი წმიდა მთა, თქვენ, რომლებიც გადს უმზადებთ სუფრას და მენს სასმისებს უვსებთ, მე გადაგცემთ მახვილს და ყველანი დასაკლავად იქნებით მუხლმოყრილნი, რადგან მე გიხმობდით და არ გამომეპასუხეთ, ვლაპარაკობდი და არ ისმინეთ; და ბოროტს აკეთებდით ჩემს თვალში და, რაც არ მსურდა, იმას ირჩევდით.“ ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, ჩემი მონები შეჭამენ და თქვენ დაიმშევით; ჩემი მონები შესვამენ და თქვენ წყურვილი შეგიპყრობთ, ჩემი მსახურნი გაიხარებენ და თქვენ სირცხვილს ჭამთ; ჩემი მონები იმღერებენ გულის სიამით და თქვენ იყვირებთ გულისტკივილით, და სულშემუსვრილნი აქვითინდებით. დაუტოვებთ თქვენს სახელს საწყევრად ჩემს რჩეულთ, და დაგხოცავთ თქვენ უფალი ღმერთი. და თავის მონებს სხვა სახელს შეარქმევს. ვინც კურთხევას მოუხმობს თავის თავზე ქვეყნად, ჭეშმარიტების ღმერთის სახელით იკურთხება; და ვინც ქვეყნად დაიფიცებს, ჭეშმარიტების ღმერთის სახელით დაიფიცებს, რადგან დავიწყებული იქნება უწინდელი მწუხარებანი და დაფარული ჩემს თვალთაგან. რადგან, აჰა, მე ვქმნი ახალ ცასა და ახალ მიწას, აღარ გაიხსენებენ უწინდელს, ფიქრადაც არავის მოუვა. მაგრამ გაიხარებთ და ილხენთ უკუნისამდე იმით, რასაც მე შევქმნი: რადგან, აჰა, მე ვქმნი იერუსალიმს სალხენად და მის ერს სასიხარულოდ. და მეც მოვილხენ იერუსალიმზე და გავიხარებ ჩემი ხალხის გამო; მეტად აღარ გაისმება იქ ხმა მოთქმისა და გოდებისა. იქ არ იქნება არც ბავშვი და არც მოხუცი, რომლის დღენიც არ იქნებიან აღვსილნი; და ასი წლის კაცი რომ მოკვდება, იტყვიან, რომ ჯერ დრო არა ჰქონდაო; ხოლო ვინც ას წელს ვერ მიაღწევს, წყეულად ჩაითვლება. აიგებენ სახლებს და შიგ თავად იცხოვრებენ; ვაზს ჩაყრიან და თავად მოისთვლიან ნაყოფს. არ ააგებენ სხვის საცხოვრებლად, და ვაზს არ ჩაყრიან სხვის მოსასთვლელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულნი. ამაოდ არ დაშვრებიან და ბავშვებს სამსხვერპლოდ არ შობენ, რადგან უფლის კურთხეული თესლი არის ის და მთელი მათი მოდგმა. და სანამ მომიხმობენ, მე ვუპასუხებ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მე უკვე მოსმენილი მექნება. მგელი და კრავი ერთად დაიმწყესება და ლომი ხარივით თივას მოძოვს, გველის საკვები კი მიწა იქნება: ისინი არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ ჩემს წმიდა მთაზე, – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: „ცა ჩემი ტახტია, დედამიწა კვარცხლბეკია ჩემი. სად უნდა ამიგოთ სახლი? და სად არის ჩემი დასავანებელი ადგილი? ყველაფერი ეს ჩემმა ხელმა შექმნა და გაჩნდა ყოველივე ეს, – ამბობს უფალი. – აი, ვის მოვხედავ: გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს. უკეთური რომ ზვარაკსა მწირავს, თუნდაც კაცი დაეკლას; კრავს რომ მწირავს, თუნდაც ძაღლი დაეხრჩოს; ძღვენს რომ აღმივლენს, თუნდაც ღორის სისხლი შემოეწიროს; გუნდრუკს რომ მიკმევს, თუნდაც კერპი ეკურთხებინოს; და როგორც მათ თავად აირჩიეს თავიანთი გზები, და სისაძაგლენი სურდა მათ სულს, მეც აბუჩად ავიგდებ მათ და საშინელებას მოვაწევ მათ, რადგან ვუხმობდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არ ისმინეს, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც მე არ მსურდა, ის ამოირჩიეს!“ ისმინეთ უფლის სიტყვა, მისი სიტყვის მოშიშნო: „ასე ამბობენ თქვენი თანამოძმენი, რომელთაც მოგიძულეს თქვენ ჩემი სახელის გულისთვის: დაე, გამოჩნდესო უფალი დიდებით, ჩვენ ვნახავთო თქვენს სიხარულს! მაგრამ ისინი შერცხვებიან.“ ხმაურის ხმაა ქალაქიდან, ხმაა ტაძრიდან, ხმაა უფლისა, თავის მტრებს რომ მიაგებს საზღაურს. ჯერ მშობიარობა არ დაწყებოდა და უკვე შვა, ჯერ არ დაწყებოდა მშობიარობის ტკივილები და უკვე დაბადა ვაჟი. ვის გაუგონია ასეთი რამ? ვის უნახავს ამის მსგავსი? თუ შობილა რომელიმე ქვეყანა ერთ დღეს? შობილა კი ერი უეცრივ? როგორც სიონმა შვა, როგორც დაეწყო მშობიარობის ტკივილები, უმალ შვა თავისი ძენი. განა მშობიარობამდე მივაღწევინებ და არ ვამშობიარებ? – ამბობს უფალი. – როგორ დავუხშობ საშოს, როცა მე ვარ მამშობიერებელი? – ამბობს შენი ღმერთი. გაიხარეთ იერუსალიმთან ერთად, და ილხინეთ მისით, ვინც მისი მოყვარულნი ხართ! გაიხარეთ მასთან სიხარულით ყველამ, ვინც მას იგლოვთ! რათა მოწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუთი, რათა წოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას მდინარესავით და მოვარდნილი ნიაღვარივით ხალხთა დოვლათს; და გამოიზრდებით, ჩვილებივით იქნებით ხელში ატატებულნი და მუხლებზე ნალოლიავები. როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მე თქვენ და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი. და დაინახავთ ამას და გაიხარებს თქვენი გული, თქვენი ძვლები ჯეჯილივით აბიბინდება და გამოეცხადება უფლის ხელი მის მონებს, და თავის მტრებს განურისხდება უფალი. რადგან, აჰა, უფალი ცეცხლში მოვა და გრიგალივითაა მისი ეტლები, რათა გაამძვინვაროს თავისი რისხვა და თავისი წყრომა ცეცხლის ენებად აღატყინოს. რადგან უფალი განსჯის ცეცხლითა და მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის მიერ დახოცილნი. ისინი, ვინც განიწმიდებიან და სუფთავდებიან თავიანთ ჭალებში, ღორის ხორცსა ჭამენ, ჭამენ ყოველგვარ სისაძაგლეს და თაგვებს, ერთიანად მოისპობიან, – ამბობს უფალი. რამეთუ მე ვიცი მათი საქმენი და ფიქრები. მოდის დრო ყველა ხალხებისა და ყველა ენების შეკრებისა, და მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას. და მე მივცემ მათ ნიშანს და გავგზავნი მათგან გადარჩენილებს ხალხებთან თარშიშში, ფულში და ლუდში; გავგზავნი მშვილდის მომჭიმელთ თუბალში და იავანში; გავგზავნი შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი და არ უნახავთ ჩემი დიდება. და აუწყებენ ჩემს დიდებას ხალხებს. ისინი წამოიყვანენ თქვენს ყოველ მოძმეს ყველა ხალხებიდან უფლისადმი ძღვნად, ცხენებითა და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებითა და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, – ამბობს უფალი, – როგორც ისრაელიანებს მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლით უფლის სახლში. და მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, – ამბობს უფალი. – რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი, – ასევე იქნება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემად ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი. – და გავლენ და დაინახავენ ჩემგან განდგომილ ადამიანთა გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და იქნებიან ისინი სისაძაგლედ ყოველი ხორციელისათვის. სიტყვები იერემიასი, ხილკიას ძისა, იმ მღვდელთაგანისა, რომლებიც ყანათოთში იყვნენ, ბენიამინის მიწაზე. რომლის მიმართაც იყო უფლის სიტყვა იუდას მეფის იოშია ამონის ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს, და იუდეის მეფის იეჰოიაკიმ იოშიას ძის დროს, და იუდას მეფის იოშიას ძის, ცედეკიას მეთერთმეტე წლის ბოლოს, იერუსალიმის ტყვეობამდე, მეხუთე თვეს. იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ თქმული: სანამ გამოგსახავდი დედაშენის მუცელში, მე გიცნობდი შენ, და სანამ გამოხვიდოდი დედის საშოდან, მე წმიდა-გყავ შენ და ხალხების წინასწარმეტყველად დაგადგინე. მე ვუპასუხე: ეჰ, უფალო, ღმერთო! მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ. და მითხრა მე უფალმა: ნუ ამბობ: ყმაწვილი ვარო, რადგან, ყველგან წახვალ სადაც მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ. ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანა ვარ შენს გადასარჩენად, – ამბობს უფალი. და გამოიწოდა უფალმა ხელი და შეეხო ჩემს ბაგეებს, და მითხრა მე უფალმა: აჰა, ბაგეებში ჩაგიდე ჩემი სიტყვა. იცოდე, მე დღეს დაგაყენე შენ ხალხებსა და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრა და შემუსრო, მოსპო და დაანგრიო, ააშენო და დარგა. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი: რას ხედავ შენ, იერემია? და ვუთხარი მე: ნუშის ხის კვერთხს ვხედავ. და მითხრა მე უფალმა: კარგად ხედავ, რადგან მე ვჩქარობ ჩემი სიტყვის შესრულებას. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ მეორედ: რას ხედავ შენ? და ვუთხარი: მოთუხთუხე ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთიდან რომ ეშვება. და მითხრა მე უფალმა: ჩრდილოეთიდან დაატყდება უბედურება ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს. რადგან მე მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოების ყველა ტომს, – ამბობს უფალი, – და მოვლენ და დადგამს თითოეული თავის ტახტს იერუსალიმის კარიბჭეესთან, მისი კედლების ირგვლივ, ყველგან, იუდას ყველა ქალაქში. განაჩენს გამოვუტან ყველა მათი ბოროტების გამო, რადგან მიმატოვეს მე და სხვა ღმერთებს უკმევდნენ და თავიანთ ნახელავს სცემდნენ თაყვანს. შენ კი შემოისარტყლე წელი, ადექ და უთხარი ხალხს ყოველივე, რასაც მე გიბრძანებ, ნუ შეგეშინდება მათი, რომ არ დაგამხო მათ წინაშე. მე გაქციე შენ დღეს გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და ბრინჯაოს ზღუდედ მთელი ამ ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი მღვდლებისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ. და შეგებრძოლებიან ისინი, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან მე შენთანა ვარ – შენს გადასარჩენად! – ამბობს უფალი. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი: „წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘მე მახსოვს, რომ შენს სიყმაწვილეში საპატარძლოსავით ერთგული იყავი ჩემს მიმართ, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთესავ მიწაზე. უფლის წმიდა იყო ისრაელი, ნათავარი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება, უბედურება ეწევა მათ.’“ – ამბობს უფალი. ისმინეთ უფლის სიტყვა, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის ყველა საგვარეულოვ! ასე ამბობს უფალი: რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ და ამაოებას მიჰყვნენ, და თავადაც ამაოებად იქცნენ? და არც უთქვამთ: სად არისო უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა? უდაბნოში გვატარა, შიშველ და უკაცრიელ მიწაზე, ურწყულ და სიკვდილის აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის გაუვლია და სადაც კაცისშვილს არ უცხოვრია. მე მოგიყვანეთ ნაყოფიერ მიწაზე, რათა გეჭამათ მისი ნაყოფი და მისი დოვლათი. თქვენ კი მოხვედით და შებილწეთ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამკვიდრებელი სისაძაგლედ აქციეთ. მღვდლებს არ უკითხავთ, თუ სად არისო უფალი? და ვისაც რჯულის დაცვა ევალებოდა, მან მე არ მიცნო; თქვენი მოძღვრები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით ქადაგებდნენ და კერპებს აჰყვნენ. ამიტომ კიდევ შეგედავებით, – ამბობს უფალი, – და თქვენს შვილთაშვილებსაც შევედავები. რადგან, აბა, წადით ქითიმელთა კუნძულებზე და ნახეთ, და კედარში გააგზავნეთ, და ყურადღებით დააკვირდით და ნახეთ თუ სადმე ყოფილა ამის მსგავსი რამ? თუ გაუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები? თუმცა ისინი არ არიან ღმერთები. ჩემმა ხალხმა კი კერპებზე გაცვალა თვისი დიდება. გაიკვირვეთ ეს, ცანო, და შეძრწუნდით და შეშფოთდით, – ამბობს უფალი. რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ერმა: მე – ცოცხალი წყლის წყარო – მიმატოვა და ტბორები დათხარა, დახეთქილი ტბორები, რომლებიც წყალს ვერ იკავებენ. მონაა ისრაელი, თუ ხიზნის ნაშობი, რატომ იქცა იგი ნადავლად? მას დაღრიალებდნენ ლომის ბოკვრები, ბრდღვინავდნენ და უდაბნოდ აქციეს მისი მიწა; მისი ქალაქები გადამწვარია და უკაცური. ნოფელთ და თახფანხესელთაც კი ჩაგიმსხვრიეს კეფა. განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე შენი უფალი, შენი ღმერთი, იმ დროს, როდესაც წინ მიგიძღვოდა? მაშ ახლა რად ადგახარ ეგვიპტის გზას? ნილოსის წყლის დალევა გსურს? რა გინდა აშურის გზაზე? ევფრატის წყლის დალევა გსურს? შენი ბოროტება დაგსჯის შენ და შენი განდგომილება გამხილებს შენ. დაფიქრდი და ნახე, რა ცუდია და მწარე, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, და შიში არ გაქვს ჩემს წინაშე! – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ძველთაგან დავლეწე შენი უღელი, დავწყვიტე შენი აპეურები, და შენ ამბობდი: აღარ მოვემსახურებიო კერპებს, მაგრამ ყოველ მაღალ ბორცვზე და ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ მეძაობდი. მე დაგრგე, როგორც რჩეული ვაზი, დაგთესე, როგორც ჭეშმარიტი თესლი, როგორ გადამიჯიშდი და ველურ ლერწად როგორ მექეცი! ამიტომ, კიდევაც რომ გაირეცხო ტუტით და მრავლად იხმარო ნაცარწმული, მაინც ლაქად დარჩება შენი ურჯულოება ჩემს წინაშე! – ამბობს უფალი ღმერთი. – როგორ ამბობ: არ შევბილწულვარო, არ მივლიაო ბაყალის კვალზე? გაიხსენე, რას აკეთებდი ველზე მყოფი, გაიხსენე შენი საქციელი, ატეხილო ფურაქლემო, თავნებად რომ თოხარიკობ! ვინ შეაკავებს უდაბნოს შეჩვეულ კანჯარს, ვნებით ატეხილი რომ გარბის ფრუტუნით? ყოველი მისი მძებნელი არ დაიღლება, მყვირალობისას იპოვის მას. ფეხსაცმელს ნუ შემოიგლეჯ ფიცხელ გზაზე და წყურვილით ყელს ნუ გამოიშრობ! მაგრამ შენ თქვი: იმედი ნუ გექნებაო, რადგან მიყვარსო უცხონი და მათ კვალზე ვივლიო. როგორც ქურდს წაუხდება ნირი, როცა პარვაზე წაასწრებენ, ისე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა: მათ, მათმა მეფეებმა, მათმა მთავრებმა, მათმა მღვდლებმა და მათმა წინასწარმეტყველებმა, ხეს რომ მიმართავენ: შენ მამა ხარო ჩემი! და ქვას – შენ მშობეო მე! რადგან ზურგი მომაქციეს მე და არა სახე, ხოლო თავიანთი უბედურების ჟამს მეტყვიან: ადექი და გვიხსენიო ჩვენ! სად არიან თქვენი ღმერთები, თქვენთვის რომ გაიკეთეთ? ადგნენ, აბა, თუ გიხსნიან შენი უბედურების ჟამს, რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდავ! რატომღა მედავებით? თქვენ ხომ ყველანი გამიდექით მე, – ამბობს უფალი. – ამაოდ ვგვემდი თქვენს ძეთ, ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა. ბოროტო მოდგმავ, შეიგონე უფლის სიტყვა: განა უდაბნო ვიყავი ისრაელისათვის? განა წყვდიადის ქვეყანა ვიყავი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფლები ვართ, შენთან აღარ მოვალთო? განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულებს? ან პატარძალი – თავის მორთულობას? ჩემმა ხალხმა კი რახანია დამივიწყა მე. რა ოსტატურად მართავ შენს გზებს სიყვარულის ძიებაში! და საამისოდ დანაშაულებანიც კი მიაჩვიე შენს გზებს! შენი კაბის კალთებსაც კი ამჩნევია უდანაშაულო ღატაკთა სულების სისხლი, რომლებსაც თავზე არ წასდგომიხარ კედლის გამოთხრისას, მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, შენ მაინც ამბობ: უდანაშაულო ვარ და უეჭველად ამცდებაო მისი რისხვა! მაგრამ აჰა, მე გაგასამართლებ, რომ ამბობ: არ შემიცოდავსო. რას დაეხეტები და იცვლი გზებს? ეგვიპტისგანაც ისე შერცხვები, როგორც აშურისაგან შერცხვი. იქიდანაც გამოხვალ თავში ცემით, რადგან უარყო უფალმა შენი იმედები და ვერაფერს გამორჩები მათ. უფალი ამბობს: „თუ კაცი გაუშვებს თავის ცოლს, მისგან წავა და სხვა კაცს გაჰყვება, განა კიდევ დაიბრუნებს ეს კაცი იმ ცოლს? განა სიბილწით არ შეიბილწება ის ქვეყანა? შენ კი მეძაობდი მრავალ საყვარელთან და ახლა გინდა დაბრუნდე ჩემთან? – სიტყვა უფლისა. – მიაპყარ თვალი ხრიოკ მაღლობებს და ნახე, სად არ უმრუშიათ შენთან? გზის პირას უჯექი მოგზაურთ, როგორც არაბი უდაბნოში; და შებილწე ქვეყანა შენი გარყვნილებითა და შენი ბოროტებით. ამიტომაც შეწყდა წვიმები და გაზაფხულის წვიმაც არ მოსულა, მაგრამ შენ შუბლის ძარღვი გქონდა გაწყვეტილი, სირცხვილი დაივიწყე. წეღან არ იყო, რომ მეძახდი: ‘ჩემო მამავ, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარ! ნუთუ მუდამ იმრისხანებს უფალი? ან სამარადისოდ ჩაიმარხავს გულში რისხვას?’ – აი, ასე ამბობ შენ, ბოროტებას კი სჩადიხარ, რაც კი შეგიძლია!“ მითხრა მე უფალმა იოშია მეფის დღეებში: შენ თუ ნახე, რა გააკეთა განდგომილმა, ისრაელის ასულმა? მიდიოდა ის ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ მეძაობდა. მე ვამბობდი: ყოველივე ამის გაკეთების შემდეგ მობრუნდება-მეთქი ჩემსკენ; მაგრამ არ მობრუნებულა; და ამას ხედავდა მისი მოღალატე და – იუდა. ნახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი ისრაელის განმდგარი ასული და მივეცი გაყრილობის ბარათი, მაგრამ არ შეშინებია მის მოღალატე დას – იუდას, და ისიც წავიდა და მეძაობდა. და თავისი საქვეყნო სიძვით შებილწა ქვეყანა. და მრუშობდა ქვასთან და ხესთან. და მაინც არ მოიქცა ჩემსკენ წრფელი გულით იუდა, მისი მოღალატე და, არამედ მხოლოდ თვალთმაქცურად მოიქცა, – ამბობს უფალი. და მითხრა მე უფალმა: ისრაელის განდგომილი ასული, მოღალატე იუდაზე უფრო მართალია. წადი და გამოუცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთს და თქვი: მობრუნდი, ისრაელის განდგომილო ასულო, – მე არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, – ამბობს უფალი, – და არ ვიმრისხანებ სამუდამოდ. ოღონდ აღიარე შენი დანაშაული, რომ განუდექი შენს უფალ ღმერთს და უზნეობდი უცხოთესლთან ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ და ჩემს ხმას არ უსმენდით, – ამბობს უფალი. მობრუნდით, განდგომილო ძენო, – ამბობს უფალი, – რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. თითოს გამოგიყვანთ ყოველი ქალაქიდან, ორ-ორს – ყოველი ტომიდან და მოგიყვანთ სიონში. და მოგიჩენთ ჩემი გულის სასურველ მწყემსებს და დაგმწყემსავენ თქვენ ცოდნითა და კეთილგონივრულად. და როდესაც გამრავლდებით და ინაყოფიერებთ ამ მიწაზე, იმ დღეებში, – ამბობს უფალი, – და აღარ იტყვიან მეტად: კიდობანი უფლის აღთქმისაო. აღარ იფიქრებენ მასზე, არ მოინაკლისებენ, და სხვა კიდობანს აღარ გააკეთებენ. იმ დროს იერუსალიმს უწოდებენ უფლის ტახტს; და ყველა ხალხები თავსმოიყრიან იერუსალიმში და მეტად აღარ აჰყვებიან თავისი გულის ბოროტ ზრახვებს. იმ დღეებში მივა იუდას სახლი ისრაელის სახლთან და ერთად წავლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, იმ ქვეყანაში, რომელიც მე დავუმკვიდრე თქვენს მამებს. და მე ვთქვი: როგორ ჩაგთვალო ჩემს შვილად და როგორ მოგცე შენ სანატრელი ქვეყანა, უმშვენიერესი სამკვიდრებელი ხალხებისა? და ვთქვი: მამას დამიძახებ და აღარ განდგები ჩემგან. მართლაც, როგორც ცოლი ღალატობს თავის ქმარს, ისე მიღალატე შენ, ისრაელის სახლო! – ამბობს უფალი. მაღლობებზე გაისმის ხმა ისრაელიანთა მოთქმისა, რადგან მათ გაიმრუდეს გზა და დაივიწყეს უფალი, მათი ღმერთი. მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს ურჩობას! – აჰა, ჩვენ მოვდივართ შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი. მართლაც, ამაოდ გვქონდა იმედი ბორცვების და უამრავი გორაკებისა; მართლაც უფალში, ჩვენს ღმერთში, არის ისრაელის ხსნა. ჩვენი სიყმაწვილიდან ეს სისაძაგლე ჭამდა ჩვენი მამების ნაჯაფარს, მათ ცხვარსა და ძროხას, მათ ძეთა და ასულთ. ჩვენი სისაძაგლით დავისვარეთ და ჩვენი სირცხვილი გვახურავს ზედ, რადგან უფალს, ჩვენს ღმერთს, ვცოდავდით ჩვენ და ჩვენი მამები ჩვენი სიყმაწვილიდან დღევანდელ დღემდე, და არ ვუსმენდით ჩვენი უფალი ღმერთის ხმას. თუ მოიქცევი, ისრაელ, – ამბობს უფალი, – თუ ჩემსკენ მოიქცევი; შენს სისაძაგლეებს მომაშორებ, აღარ იწანწალებ. თუ დაიფიცავ უფლის სახელით ჭეშმარიტად, სამართალსა და სიმართლეში, იკურთხებიან შენს მიერ ხალხები და შენს მიერვე განითქმებიან. რადგან ასე ეუბნება უფალი იუდას ხალხსა და იერუსალიმს: მოიხანით ახალი მინდვრები და ნუ დათესავთ ეკალ-ბარდებში. წინადაიცვითეთ უფლისათვის და მოიცილეთ წინადაუცვეთლობა თქვენი გულისა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ გამოვარდეს ჩემი რისხვა და თქვენი ბოროტმოქმედების გამო ისე არ აგიზგიზდეს, რომ ვერავინ ჩააქროს. გამოაცხადეთ იუდაში და გაახმიანეთ იერუსალიმში, ამცნეთ და ბუკის კვრა გააჩაღეთ ქვეყანაში; იყვირეთ მთელი ხმით და აუწყეთ: შეგროვდით და წავიდეთ-თქო გამაგრებულ ქალაქებში! სიონისკენ მიმართეთ ბაირაღი, გაიქეცით, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მომაქვს ჩრდილოეთიდან. ლომი გამოდის შამბნარიდან, ხალხების გამანადგურებელი დაიძრა: გამოდის თავისი ბუნაგიდან, რათა უდაბნოდ აქციოს შენი მიწა. აოხრდება შენი ქალაქები, კაცი არ დარჩება იქ. ამიტომ შემოირტყით ძაძები, იგლოვდეთ და მოთქვამდეთ, რადგან უფლის რისხვა არ აგვცდება. და იქნება იმ დღეს, – ამბობს უფალი, – რომ გული შეუდრკებათ მეფეს და მთავრებს, მღვდლები შეძრწუნდებიან და წინასწარმეტყველნი გაოგნდებიან. და ვთქვი მე: ოჰ, უფალო ღმერთო, ნუთუ მართლა შენ მოატყუე ეს ხალხი და იერუსალიმი, რომ უთხარი: მშვიდობა გექნებათო? მაგრამ მახვილი ყელზეა მობჯენილი. იმ დროს ეტყვიან ამ ერსა და იერუსალიმს: ხორშაკი უბერავს უდაბნოს ხრიოკი მაღლობებიდან ჩემი ერის ასულის გზაზე – ვერც კალოს განფიწლავ ამ ქარით და ვერც ნაწმენდს გამოაცლი ხვავს. მასზე ძლიერი ქარი ატყდება ჩემი ნებით იქიდან – მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს მათ. აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი და ქარბორბალასავითაა მისი ეტლები. ორბებზე უსწრაფესნი არიან მისი ცხენები, ვაი ჩვენს თავს, ვერ გადავრჩებით! გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმ, რომ გადარჩე! როდემდე უნდა ელოლიავებოდე ბოროტ ზრახვებს? ყვირილი ისმის დანიდან და ავის ნიშანია ეფრემის მთიდან. გამოუცხადეთ ხალხებს, ხმა მიაწვდინეთ იერუსალიმს, დამპყრობლები მოდიან შორეული ქვეყნიდან და ყიჟინით აყრუებენ იუდას ქალაქებს. როგორც მეველეები, გარს ერტყმიან მას, რადგან მე ამიჯანყდა ის, – ამბობს უფალი. შენმა საქციელმა და შენმა საქმეებმა დაგმართეს შენ ეს ყოველივე; შენი ბოროტებაა იმის მიზეზი, რომ გული ვარამით გეფლითება. ვაიმე, ჩემი გულ-ღვიძლი, გულ-ღვიძლი მეწვის! გულის ფიცარი მტკივა, მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები; რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა! უბედურება უბედურებაზე: მთელი ქვეყანა ისპობა, უცებ გაიძარცვა ჩემი კარვები, წამიერად – ჩემი ჩარდახები. როდემდე უნდა ვუყურებდე დროშებს და მესმოდეს ბუკისცემის ხმა? რეგვენია ჩემი ხალხი, მე არა მცნობს! ბრიყვი ბავშვები არიან ისინი. უგნურნი არიან ისინი, ჭკუა მხოლოდ ბოროტებისთვის ჰყოფნით, სიკეთის გაკეთება კი არ იციან. დავყურებ მიწას და, აჰა, უსახური და უდაბურია, შევყურებ ზეცას – და იქ სინათლე არ ჩანს. მთებს ვუყურებ და, აჰა, ზანზარებენ ისინი და ირყევა ყველა ბორცვი. ვუყურებ, და, აჰა, ადამიანი აღარ ჩანს და ცის ფრინველნიც გაფრენილან; ვუყურებ და, აჰა, ნაყოფიერი მხარე უდაბნოდ ქცეულა და ყველა მისი ქალაქი გაცამტვერებულა უფლის წინაშე, მისი მრისხანე გულისწყრომისაგან. რადგან ასე ამბობს უფალი: მთელი ეს ქვეყანა უდაბნოდ იქცევა, მაგრამ საბოლოოდ არ მოვსპობ. ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან მე უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი და არ ვნანობ და უკან არ დავიხევ. მხედართა და მშვილდოსანთა ხმას გაურბიან ქალაქები, შევიდნენ უღრანებში და კლდეებში შეიხიზნენ, მთელი ქალაქები მიტოვებულია და ძეხორციელი არ დარჩენილა მათში. შენ კი, გაპარტახებულო, რას გააკეთებ? თუმცა ძოწეულით იმოსები, თუმცა ოქროს სამკაულებით იმოსები, თვალებს იღებავ, მაგრამ ამაოდ ლამაზდები – საყვარლებმა შეგიძულეს, შენი მოკვლა სურთ. რადგან ხმა მესმა, თითქოს მშობიარე ქალები ყვირიანო, თითქოს პირველმშობიარე კივისო, ხმა – სიონის ასულისა; ქვითინით იწვდის ხელებს: ვაიმე, დაიქანცაო ჩემი სული მკვლელების წინაშე! მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, მიიხედ-მოიხედეთ და ეძებეთ მის მოედნებზე; და თუ იპოვით სამართლიან კაცს, ჭეშმარიტების მძებნელს, მაშინ მეც ვაპატიებ იერუსალიმს. თუმცა ისინი ამბობენ: უფალს ვფიცავთო! მაგრამ სინამდვილეში ცრუდ იფიცებიან. უფალო, განა შენი თვალი ჭეშმარიტებისაკენ არაა მიპყრობილი? შენ ჰგვემ მათ, ისინი კი ვერ გრძნობენ ტკივილს; შენ ანადგურებ მათ, მაგრამ ჭკუას არ სწავლობენ; გაქვავდნენ, მოქცევა არ სურთ. მე ჩემთვის ვთქვი: შესაძლოა, ბეჩავნი არიან ისინი და უგუნურნი, რადგან არ იციან უფლის გზები, თავიანთი ღმერთის სამართალი. წავალ დიდებულებთან და მათ დაველაპარაკები, რადგან მათ იციან უფლის გზები, თავიანთი ღმერთის სამართალი. მაგრამ მათაც დალეწეს უღელი, დაწყვიტეს აპეურები. ამიტომაც დასცემს მათ ტყიური ლომი, ტრამალის მგელი გააჩანაგებს მათ, ჯიქი ჩაუსაფრდება მათ ქალაქებთან; ყოველ გარეთ გამოსულს დაფლეთს, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები, გაიზარდა მათი განდგომა. როგორ გაპატიებ შენ ამას? შენმა ძეებმა დამტოვეს მე და თავიანთ ცრუ ღმერთებს ფიცულობენ. მე ვაძღებდი მათ, ისინი კი მრუშობდნენ და როსკიპთა სახლებს მიეძალნენ. ისინი ატეხილი ულაყებივით არიან: ყოველი მათგანი თავისი მოყვასის ცოლს შესჭიხვინებს. ნუთუ ამის გამო არ დავსჯი მათ, – ამბობს უფალი, – და ამ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული? დაუარეთ მის ვაზებს და გააჩანაგეთ, მაგრამ მთლად არ მოსპოთ; ლერწი შეაჭერით, რადგან უფლის არ არიან ისინი. რადგან მიღალატა მე ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა! – ამბობს უფალი. უფალს განუდგნენ ისინი და ამბობდნენ: არ არისო ის, და არ გვეწევაო უბედურება, და მახვილსა და შიმშილს არ ვიხილავთო. ეს წინასწარმეტყველნი ქარად იქცევიან და უფლის სიტყვა არ არის მათში. ასემც დამართნიათ მათ. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: რადგან თქვენ ამ სიტყვებს ლაპარაკობთ, მე ჩემს სიტყვებს ცეცხლად ჩაგიდებთ ბაგეებში, ხოლო ამ ხალხს – შეშად, რომელსაც ეს ცეცხლი დაბუგავს! აჰა, მე მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, – ამბობს უფალი, – ძლიერი ხალხია იგი, ძველი ხალხია იგი, ხალხი, რომლის ენა არ იცი შენ, და ვერ გაიგებ, რას ილაპარაკებს. მისი კაპარჭი ღია საფლავივითაა; ყველანი მამაცი მეომრები არიან. გადაჭამენ ისინი შენს სამკალს და შენს პურს, შეჭამენ შენს ძეთ და შენს ასულთ, შეჭამენ შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამენ შენს ყურძენსა და ლეღვს, მახვილით მოაოხრებენ შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომელთა იმედითაც ხარ. და იმ დღეებშიც, – ამბობს უფალი, – არ მოგსპობთ მთლიანად. და თუ იკითხავენ: რის გამო გაგვიკეთაო ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ეს ყოველივე? უთხარი მათ: როგორც თქვენ მიმატოვეთ მე და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს თქვენს ქვეყანაში, ასევე მოემსახურებით უცხოელებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ იქნება. აუწყეთ ეს იაკობის სახლში და გამოაცხადეთ იუდაში ასე: ისმინე ეს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო: თვალები აქვთ მათ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და ვერ ისმენენ. განა ჩემი არ უნდა გეშინოდეთ, – ამბობს უფალი, – ჩემს წინაშე არ უნდა კანკალებდეთ? მე ქვიშა დავუდე ზღვას საზღვრად, საუკუნო მიჯნად, რომელსაც ვერ გადმოხეთქავს; თუმცა ღელავენ მისი ტალღები, მაგრამ ვერ სძლევენ, ბობოქრობენ, მაგრამ ვერ გადალახავენ მას. ამ ხალხს კი ურჩი და მეამბოხე გული აქვს, განმიდგნენ და წავიდნენ. გულში არც გაუვლიათ: გვეშინოდესო უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც თავის დროზე გვაძლევს შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმებს, გვიწესებს ალოობის შვიდეულებს. თქვენმა ურჯულოებამ დაგაკარგვინათ ეს ყოველივე და თქვენმა ცოდვებმა მოგაკლოთ სიკეთე. რადგან ჩემს ერში არიან ბოროტეულნი, თავწახრით ჩასაფრებულან, როგორც ფრინველზე მონადირენი, მახეებს აგებენ, კაცთა შესაპყრობად. როგორც ფრინველებით სავსე გალია, ისეა მათი სახლები სიცრუით გავსილი. ამიტომ განდიდდნენ და გამდიდრდნენ ისინი, დასუქდნენ, დასქელდნენ, გადააჭარბეს ბოროტების ყოველგვარ საზღვარს, უსამართლოდ განსჯიან, ობოლთა გასაჭირს არ უყურებენ; ღატაკთა მართალ საჩივარს არ დაგიდევენ. ნუთუ ამის გამო არ დაგსჯი? – ამბობს უფალი, – განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული? საშინელი და საზარელი ამბები ხდება ქვეყანაზე. სიცრუეს იუწყებიან წინასწარმეტყველნი, მღვდლები ბატონობენ მათი ხელით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რა მოგელით ამის შემდეგ? გაიქეცით, ბენიამინის ძენო, იერუსალიმიდან, და თეკოაყში ჰკარით ბუკს, ბეთ-ჰაქერემს კოცონით ანიშნეთ, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან. შევადრი სიონის ასულს მშვენიერ საძოვარს. მწყემსები მოვლენ მასთან და მორეკავენ ფარებს, გაშლიან მის ირგვლივ კარვებს და თითოეული თავის საძოვარზე დამწყესავს. მოემზადეთ მასთან საომრად; ადექით და ავიდეთ შუადღისას. ვაი ჩვენ, რადგან მიილია დღე, წაგრძელდა საღამოს ჩრდილები. ადექით და ავიდეთ ღამით და გავანადგუროთ მისი დარბაზები! რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: გაჩეხეთ მისი ხეები და გააკეთეთ იერუსალიმის წინ მიწაყრილი, ეს ქალაქი უნდა დაისაჯოს – ძალადობით სავსეა იგი. როგორც წყაროს ნაკადი ამოხეთქავს წყალს, ისე ამოანთხევს ის თავის ბოროტებას, ძარცვისა და ძალადობის ხმა ისმის იქ, ჩემს წინაშე მუდამ სნეულებაა და ჭრილობები. გონთ მოდი, იერუსალიმ, რომ არ განგიდგეს ჩემი სული, უდაბურ და უკაცრიელ ქვეყნად რომ არ გაქციო. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ვენახივით მოიმცვრევენ ისრაელის ნარჩენს; გაიწოდე ხელი ვაზისაკენ, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის გოდრისაკენ. ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინოს? აჰა, წინადაუცვეთელია მათი ყური და არ შეუძლია გაგონება. აჰა, უფლის სიტყვა სამასხროდ ჰქონდათ მათ, არ სიამოვნებდათ. სავსე ვარ უფლის რისხვით, ვეღარ ვიტევ! გადმოანთხიე იგი ქუჩაში ყმაწვილებზე და ერთად თავშეყრილ ჭაბუკებზე, რადგან ქმარსაც ცოლთან ერთად შეიპყრობენ და ჭარმაგს – ხანდაზმულთან ერთად. და მათი სახლები სხვებს დარჩებათ, ასევე მათი ცოლები და ყანები, რადგან მე ხელს გავიწვდი ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე, – ამბობს უფალი. რადგან დიდიან-პატარიანად ყველა ანგარებით არის შეპყრობილი და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მოქმედია. ჩემი ხალხის ჭრილობებს კი ზერელედ კურნავენ, რომ ამბობენ: მშვიდობაა! მშვიდობააო! მაგრამ არ არის მშვიდობა. რცხვენიათ კი მათ, როცა სისაძაგლეს აკეთებენ? სრულიადაც არა და არც წითლდებიან, ამიტომ დაეცემიან ისინი დაცემულთა შორის. წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: შეჩერდით გზებზე და მიმოიხედეთ, და იკითხეთ ძველი ბილიკები, რომელი გზაა უკეთესი, და იარეთ მასზე და შვებას მოუპოვებთ თქვენს სულებს. მაგრამ მათ თქვეს: არ ვივლითო. მცველები დავუყენე მე მათ და ვუთხარი: ყური დაუგდეთ-მეთქი ბუკის ხმას! მაგრამ მათ თქვეს: არ მოვუსმენთო. ამიტომ ისმინეთ, ხალხებო, და იცოდე, საზოგადოებავ, რაც მოუვა მათ. ისმინე, დედამიწავ: აჰა, მე მომაქვს უბედურება ამ ხალხებისთვის, ნაყოფი მათი ზრახვებისა, რადგან ჩემს სიტყვებს არ მოუსმინეს და ჩემი რჯული მოიძულეს. რად მინდა მე გუნდრუკი, შებადან რომ მოაქვთ, და სურნელოვანი ლერწამი შორეული ქვეყნიდან? თქვენი სრულადდასაწველი მიუღებელია ჩემთვის და თქვენი მსხვერპლები უამური. ამიტომაც ასე ამბობს უფალი: აჰა, მე ამ ხალხს ფეხწამოსაკრავებს ვუწყობ წინ და დაბრკოლდებიან მათზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, ფეხს წამოჰკრავენ და დაიღუპებიან. ასე ამბობს უფალი: აჰა, ხალხი მოდის ჩრდილოეთის ქვეყნიდან და დიდი ერი აღიძვრის ქვეყნის კიდეებიდან. მშვილდი და შუბი უჭირავთ მათ; სასტიკნი არიან და დაუნდობელნი, მათი ხმა აბობოქრებული ზღვასავითაა; ცხენებზე ამხედრებული მოდიან; როგორც ერთი, ყველა მზადაა შენთან საომრად, სიონის ასულო. მათი ამბავი მოგვესმა და მკლავები ჩამოგვცვივდა, ტანჯვებმა შეგვიპყრეს, როგორც ქალი მშობიარობის ტკივილებმა. ველად ნუ გახვალთ და გზას ნუ დაადგებით, რადგან მტრის მახვილს საშინელება მოაქვს ყოველი მხრიდან. ჩემი ერის ასულო, შემოირტყი ძაძა და ნაცარი გადაიყარე თავზე; იგლოვე, თითქოს დედისერთა მოგკვდომოდეს, მწარედ ატირდი, რადგან უეცრივ დაგვეცემა შემმუსვრელი. გამომკვლევად განგაწესე ჩემს ერში, რათა გცოდნოდა მათი გზები და გამოგეკვლია. ყველანი ჯიუტი განდგომილნი არიან, ცილისწამებით მცხოვრებნი; ბრინჯაო და რკინა, ყველა წარწყმედილია. ქშინავს საბერველი, ტყვია ჩაიკარგა ცეცხლში; ამაოდ ადნობდა მქანდაკებელი, რადგან მათი უკეთურება არ დადნა. გამოუხურვებელ ვერცხლს დაარქმევენ მათ, რადგან უფალმა უარყო ისინი. უფლის სიტყვა, თქმული იერემიას მიმართ: დადექი უფლის ტაძრის კარიბჭეში და აუწყე იქ ეს სიტყვა, და თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდაელნო, უფლის სათაყვანებლად ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოასწორეთ თქვენი გზები და საქმენი, და მე დაგამკვიდრებთ ამ ადგილას. ნუ დანდობილხართ ცრუ სიტყვებს: აი ის, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარი არისო! მაგრამ თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს საქმეებს, თუ სამართალს გააჩენთ კაცსა და მის მოყვასს შორის, თუ მწირსა და ქვრივ-ობლებს არ დაჩაგრავთ, და უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით ამ ადგილზე და, თუ უცხო ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენს სავალალოდ, მაშინ დაგამკვიდრებთ ამ ადგილას, ამ ქვეყანაში, რომელიც მე მივეცი თქვენს მამებს სამარადისოდ. თქვენ კი დანდობილხართ ცრუ სიტყვებს, რომლებიც არაფერს მოგიტანენ. იპარავთ, კლავთ, მრუშობთ, ცილფიცულობთ, ბაყალს უკმევთ და სხვა ღმერთებს აჰყოლიხართ, რომელთაც არ იცნობდით. მერე კი მოდიხართ და დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, ჩემი სახელით რომ იწოდება, და ამბობთ: გადავრჩითო! და კვლავ აკეთებთ ყველა ამ სისაძაგლეს. ავაზაკთა ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მე ვხედავ, რომ ასეა, – ამბობს უფალი. წადით შილოში, იქ, სადაც პირველად დავავანე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა ვუყავი მას ჩემი ერის, ისრაელის, ბოროტების გამო. ახლა კი, რადგან თქვენ ყოველივე ამას აკეთებთ, – ამბობს უფალი, – თუმცა კი მე გეუბნებოდით განთიადიდან, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, გიხმობდით და არ მაგონებდით, – ისევე მოვექცევი სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება და რომელზეც თქვენა ხართ დანდობილნი, და იმ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს, როგორც მოვექეცი შილოს. და მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც მოვისროლე ყველა შენი ძმა, ეფრემის მთელი მოდგმა. შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისათვის, ნუ იტირებ მათთვის, ნუ აამაღლებ ვედრებასა და ლოცვას, ნუ შემეხვეწები, რადგან მე არ მოგისმენ შენ. განა ვერ ხედავ, რას აკეთებენ ისინი იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში? შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს აჩაღებენ; ქალები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან სხვა ღმერთებს ჩემს გასაბოროტებლად. მაგრამ განა მე მაგულისებენ ისინი, – ამბობს უფალი, – უფრო თავის თავს არცხვენენ. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა გადმოინთხევა ამ ადგილზე, კაცსა და პირუტყვზე, ველის ხეებზე და მიწის ჭირნახულზე; გაღვივდება და არ ჩაქრება. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენი სრულადდასაწველები დაუმატეთ თქვენს მსხვერპლებს და ჭამეთ ხორცი, რადგან მე არაფერი მითქვამს თქვენი მამებისათვის, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამომყავდა, და არ მომითხოვია მათთვის სრულადდასაწველი და მსხვერპლები; მხოლოდ ეს ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი და თქვენ იქნებით ჩემი ერი, და ივლით ყველა იმ გზით, რომელსაც გიბრძანებთ, რომ სიკეთეს ეწიოთ. მაგრამ მათ არ გაიგონეს და ყურიც არ შეიბერტყეს; თავისი ჭკუით ცხოვრობდნენ და თავიანთი ბოროტი გულისთქმით; და პირი უკუღმა ქნეს ჩემგან. იმ დღიდან, რაც თქვენი მამები გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან, დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურთ – წინასწარმეტყველთ; დღენიადაგ გიგზავნიდით დილაადრიან, მაგრამ არ მისმინეს მე და არ დამიგდეს ყური, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ. შენ კი ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; მოუხმობ, მაგრამ და არ გიპასუხებენ. უთხარი მათ: ესაა ხალხი, რომელმაც არ ისმინა უფლის, თავისი ღმერთის, ხმა და არ მიიღო დარიგება; დაკარგა ჭეშმარიტება, ამოიკვეთა იგი მათი ბაგეებიდან. მოიკვეცე დალალები და გადაყარე, გოდება მოფინე არემარეს, რადგან უფალმა უარყო და დატოვა ეს მოდგმა, რომელმაც განარისხა იგი. რადგან იუდაელნი ბოროტად იქცევიან ჩემს თვალწინ, – ამბობს უფალი, – თავიანთი სისაძაგლეები დააწყვეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შებილწონ იგი, და ააგეს თოფეთის მაღლობი ბენ-ჰინომის ველზე, რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია და არც გულში გამივლია. ამიტომ დადგება დღე, – ამბობს უფალი, – და აღარ ეტყვიან ამ ადგილს თოფეთს და ბენ-ჰინომის ველს, არამედ სასაკლაო ველს; და თოფეთში მკვდრების დასამარხი ადგილი გაჭირდება. და ეყრება ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნად, კაცი აღარ იქნება მათი მომგერიებელი. და შევწყვეტ მე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში მხიარულების ხმას და ლხინის ხმას, ნეფის ხმასა და საპატარძლოს ხმას, რადგან უდაბნოდ იქცევა ეს ქვეყანა. იმ დროს, – ამბობს უფალი, – ამოყრიან მათი საფლავებიდან იუდას მეფეთა და მის მთავართა, მის მღვდელთა, მის წინასწარმეტყველთა და იერუსალიმის მკვიდრთა ძვლებს. და მიმოფანტავენ მათ მზისა და მთვარისა და ცის მთელი მხედრობის გულზე, რომლებიც უყვარდათ მათ და, რომლებსაც ემსახურებოდნენ და რომელთაც მიჰყვებოდნენ, რომელთაც ეძებდნენ და რომელთაც თაყვანს სცემდნენ; არავინ აკრეფს მათ და არ დამარხავს. ნაგვად ეყრება მიწაზე. და ყველა გადარჩენილს, ამ ბოროტი მოდგმის ნეშტს, სიკვდილი გაუხდება სანატრელი, – ამბობს ცაბაოთ უფალი. უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ ვინც დაეცა, ვეღარ აღდგება, ან გზასაცდენილნი ვეღარ დაბრუნდებიან? რატომ გამიდგა ეს ერი, იერუსალიმ, სამუდამო განდგომით? ისინი ებღაუჭებიან სიცრუეს და აღარ უნდათ მობრუნება. ყურს ვუგდებდი და მოვისმინე, რომ სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ნანობს თავის ბოროტებას, არავინ ამბობს: რა დავაშავეო? თითოეული თავის სარბიელს უბრუნდება, ომში შევარდნილი ცხენივით. ცისქვეშეთში ყანჩამაც კი იცის თავისი ვადები, და გვრიტი და მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოსვლის ჟამს, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება. როგორ ამბობთ: ბრძენნი ვართ და უფლის რჯული ჩვენთან არისო? მაგრამ აჰა, მწიგნობართა ცრუ კალამმა ისიც გააყალბა. თავი შეირცხვინეს ბრძენკაცთ, შეძრწუნდნენ, თავგზა აებნათ. აჰა, მოიძულეს უფლის სიტყვა და რაღაა მათი სიბრძნე? ამიტომ მათ ცოლებს სხვებს გადავცემ, მათ მინდვრებს – უცხო მფლობელებს, რადგან დიდიან-პატარიანად ყველა ანგარების მოყვარეა, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქნელია. და ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ასულის ჭრილობას, გაიძახიან: მშვიდობა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა. რცხვენიათ მაინც, სისაძაგლეს რომ სჩადიან? არა, არცკი წითლდებიან. ამიტომ დაეცემიან დაცემულთა შორის; იმ დროს, როდესაც მოვიკითხავ მათ, წაიფორხილებენ ისინი, – ამბობს უფალი. პირწმინდად გავცლი მათ მოსავალს, – ამბობს უფალი, – მტევანი არ შერჩება ვაზს და ერთი ცალი ლეღვი არ დარჩება ხეზე, ჩამოჭკნება ფოთოლი და, რაც მივეცი მათ, ხელიდან გამოეცლებათ. რას ვუსხედვართ? თავი მოიყარეთ, წავიდეთ გამაგრებულ ქალაქებში და იქ დავიღუპოთ; რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვღუპა და გვასვა მოწამლული წყალი, რადგან შევცოდეთ უფლის წინაშე. მშვიდობას ველით და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს – და, აჰა, საშინელება. დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი, მისი ულაყების თქარა-თქური მთელ დედამიწას აზანზარებს. მოდიან ისინი და ჭამენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქებსა და მათ მკვიდრთ. რადგან მე მოგივლენთ გველებს და ასპიტებს, რომელთა წინააღმდეგაც არ ჭრის შელოცვა, და დაგგესლავენ ისინი, – ამბობს უფალი. სევდა მომეძალა, წუხს ჩემი გული! აჰა, მესმის ჩემი ერის ასულის ქვითინის ხმა შორეული ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არისო უფალი სიონზე? ნუთუ აღარ არის იქ მეფე? რატომ განმარისხა ჩემმა ერმა თავიანთი კერპებით – უცხოთა ამ არარაობებით? ალოობა დამთავრდა, მიილია ზაფხული, ჩვენ კი არ გვეშველა. ჩემი ერის ასულის შემუსვრით მეც შევიმუსრე, დავბნელდი, საშინელებამ შემიპყრო. ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში? ნუთუ აღარც მკურნალი არის იქ? მაშ რატომ არ განიკურნა ჩემი ერის ასული? ო, ნეტავ მომცა მოგზაურთა სადგური უდაბნოში! ვიტირებდი მე დღე და ღამე ჩემი ერის ასულის წყლულებზე! ო, ნეტავ, უდაბნოში მოგზაურთა თავშესაფარი მომცა! დავტოვებდი ჩემს ერს და გავშორდებოდი, რადგან ყველანი მრუშები არიან, მოღალატეთა ხროვა. მშვილდივით ჭიმავენ ენებს სიცრუისათვის, და სიმართლისათვის კი არ გამაგრდნენ ქვეყანაზე, არამედ ბოროტებიდან ბოროტებაზე გადადიან და არ მცნობენ მე, – ამბობს უფალი. მოერიდეთ თითოეული თავის მოყვასს და ნურც ერთ თქვენს ძმათაგანს ნუ ენდობით, რადგან ყოველი ძმა ფეხს უდებს მეორეს და ყოველი მოყვასი ცილისწამებას ავრცელებს. ყოველი თავის მოყვასს დასცინის და სიმართლეს არ ლაპარაკობენ; მიაჩვიეს ენა სიცრუეს, ქანცი გაუწყდათ თვალთმაქცობით. ვერაგობაში ცხოვრობ შენ! ვერაგნი არიან, ჩემი დანახვა არ სურთ, – ამბობს უფალი. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მე გადავადნობ და გამოვცდი მათ, სხვაგვარად როგორ მოვიქცე ჩემი ერის ასულისთვის? მათი ენა – გამაპობელი ისარი, მზაკვრობით სავსეა მათი ბაგეები. პირით მშვიდობას ეუბნებიან მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ. როგორ არ დავსაჯო ისინი ამის გამო? – ამბობს უფალი, – ნუთუ ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული? მთების გამო ავამაღლებ ტირილს და მოთქმას, და ველ-მინდვრების საძოვრების გამო, რადგან გადაბუგულია ისინი და აღარავინ დადის იქ, არ ისმის ნახირის ზმუილი; ცის ფრინველები გაფრინდნენ, მხეცები გადაიხვეწნენ. და ვაქცევ იერუსალიმს ქვა-ღორღის გროვებად, ტურების ბუნაგად; და იუდას ქალაქებს გავაუდაბურებ, უკაცურს გავხდი. ვინ არის ისეთი ბრძენი, რომ ეს გაიგოს? და ვის მიმართავენ უფლის ბაგენი, რომელსაც შეუძლია ამცნოს, თუ რისთვის დაიღუპა ეს ქვეყანა და რისთვის გადაიხრუკა უდაბნოსავით, რომ აღარავინ ჭაჭანებს იქ? და ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მე მივეცი მათ და არ შეისმინეს ჩემი ხმა, და არ გაჰყვნენ მას, არამედ დადიოდნენ თავიანთი გულისთქმითა და ბაყალების კვალზე, როგორც მათმა მამებმა ასწავლეს მათ. ამიტომ ასე ამბოს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მე შევაჭმევ ამ ერს აბზინდას, და შევასმევ გესლოვან წყალს; და გავფანტავ მათ ხალხებში, რომლებსაც არ იცნობდნენ არც ისინი და არც მათი მამები, და მახვილს მივაყოლებ უკან, ვიდრე არ ამოვწყვეტ მათ. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით და მოუხმეთ მოზარე ქალებს, რომ მოვიდნენ, და გაგზავნეთ განთქმულ მოზარეებთან, რომ ისინიც მოვიდნენ. დროზე მოვიდნენ და ზარი თქვან ჩვენზე, რომ ჩვენს თვალთაგან ცრემლმა იდინოს და წამწამებიდან – წყალმა. მოთქმის ხმა ისმის სიონიდან: როგორ გავნადგურდით! როგორ მწარედ შევრცხვით, რომ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანა და დავაგდეთ ჩვენი სახლ-კარი! აბა, ისმინეთ, ქალებო, უფლის სიტყვა! ყურად იღეთ სიტყვა მის ბაგეთა და ასწავლეთ თქვენს ასულთ მოთქმა და ერთმანეთს – გოდება; სიკვდილი მოგვადგა კარზე, შემოდის ჩვენს დარბაზებში, ბავშვებს ქუჩებში ცელავს და ჭაბუკებს – მოედნებზე. და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: ადამიანთა გვამები მინდორზე ეყრება, როგორც ფუნა და, როგორც ხელეური მომკელის კვალზე და კაცი არ იქნება მათი ამკრეფი. ასე ამბობს უფალი: ნუ იამაყებს ბრძენი თავისი სიბრძნით, და ნუ იამაყებს ძლიერი თავისი ძალით, და ნუ იამაყებს მდიდარი თავისი სიმდიდრით. არამედ მან იამაყოს, ვინც იმით ამაყობს, რომ მე მიცნობს, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი! – ამბობს უფალი. – აჰა, დგება ჟამი, – ამბობს უფალი, – როცა დავსჯი მათ, ვისაც მხოლოდ ჩუჩა აქვს დაცვეთილი. მე დავსჯი ეგვიპტესა და იუდას, ედომსა და ყამონელთ, მოაბსა და ყველა საფეთქელაპარსულს, რომლებიც უდაბნოში ცხოვრობენ. სხვა ხალხები წინადაუცვეთელნი არიან, ასევე ისრაელიანთა გულებიც წინადაუცვეთელია. ისმინე სიტყვა, ისრაელის სახლო, რომელსაც უფალი გეუბნება შენ. ასე ამბობს უფალი: ნუ ისწავლით წარმართთა გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რომლებისაც წარმართებს ეშინიათ. რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა: ტყეში მოჭრეს ხე, დურგლმა გათალა ნაჯახით, ვერცხლითა და ოქროთი დაფერა და ლურსმნებითა და ჩაქუჩით დაამაგრა, რომ არ ირყეოდეს. ბოსტანში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ლაპარაკი არ შეუძლიათ, ხელით ატარებენ, რადგან თავად ვერ დადიან; ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერ იბოროტებენ, მაგრამ არც სიკეთის ქმნა შეუძლიათ. არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ შენ და დიდი ძალისაა შენი სახელი. ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის ეს; რადგან წარმართთა ყველა ბრძენს შორის და ყველა მათ სამეფოში არავინ არის შენი მგავსი. ყველა ერთიანად გამოტვინდა და გასულელდა, ხის კერპია მათი ჭკუის მასწავლებელი, თარშიშის ვერცხლით და უფაზის ოქროთი მოჭედილი, დურგლისა და ოქრომჭედლის ნახელავი; მათი სამოსელი – იაკინთი და ძოწეული – ოსტატთა ნახელავია. უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და საუკუნო მეფე, დედამიწა ირყევა მისი რისხვით და ვერ უძლებენ ხალხები მის რისხვას. ასე უთხარით მათ: ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და მიწა, გაქრებიან ამ ქვეყნიდან და ცისქვეშეთიდან. უფალმა შექმნა დედამიწა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ზეცა, მის ხმაზე ხმაურობენ წყლები ზეცაში, ღრუბლები ამოჰყავს მას ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან. უვიცობისგან გაბრიყვდა ადამიანი, შერცხვენილია ოქრომჭედელი თავისი კერპით, რადგან ფუჭია მისი ქანდაკი, სული არ უდგას. სრული სიცარიელეა ისინი – საქმე ცთომილებისა, მათი განკითხვისას გაქრებიან ისინი. ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან იგია ყოველივეს შემოქმედი, ისრაელი კი მისი სამკვიდროს კვერთხია, ცაბაოთ უფალია მისი სახელი. აიკრიფე გუდა-ნაბადი და დატოვე შენი ქვეყანა, ალყაში მოქცეულო! რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მე გავდევნი ახლა ამ ქვეყნის მცხოვრებთ, ამჯერად უბედურებას დავატეხ მათ თავს, რათა ბოლომდე შესვან იგი. ვაი, ჩემს უბედურებას! უკურნებელია ჩემი წყლული! ვიფიქრე: ნამდვილად ეს იყო-მეთქი ჩემი უბედურება და მე მეწია-მეთქი ის! ჩემი კარავი გაძარცვულია და ყველა საბელი გაწყვეტილია, ჩემი ძენი წავიდნენ ჩემგან და აღარ არიან: აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამჭიმავი. გამიგიჟდნენ მწყემსები და არ მოიკითხეს უფალი, გაუგუნურდნენ და მთელი მათი სამწყსო გაიფანტა. ხმა დადის: აჰა, ის მოდის, და დიდი ღრიანცელი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, რათა უდაბნოდ აქციოს იუდას ქალაქები და ტურების ბუნაგად. ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს. დამსაჯე მე, უფალო, ოღონდ სამართლით და არა შენი რისხვით, რათა არ დამამცრო. გადმოანთხიე შენი გულისწყრომა წარმართებზე, რომლებიც არ გიცნობენ, და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ მოუხმობენ; რადგან შეჭამეს მათ იაკობი, მოსპეს ის და მოაოხრეს მისი საძოვრები. უფლის სიტყვა, თქმული იერემიას მიმართ: ისმინეთ ამ აღთქმის სიტყვები და უთხარით იუდას ხალხსა და იერუსალიმის მცხოვრებთ. და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ მოუსმენს ამ აღთქმის სიტყვებს, რომელიც მე ვუბრძანე თქვენს მამებს მათი გამოყვანის დღეს ეგვიპტის ქვეყნიდან – საკირის ცეცხლიდან: ისმინეთ ჩემი ხმა და გააკეთეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ, და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, რათა დავამტკიცო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, რძითა და თაფლით მდინარს, როგორც ეს დღესაც არის. და მე ვუპასუხე: ამინ, უფალო! და მითხრა მე უფალმა: წარმოთქვი ყველა ეს სიტყვა იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში და თქვი: ისმინეთ-თქო ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ! რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან დღევანდლამდე; განთიადიდან ვაფრთხილებდი, უსმინეთ-მეთქი ჩემს ხმას. მაგრამ არ უსმინეს და ყურიც არ მათხოვეს; და აჰყვა თითოეული თავის ბოროტ გულისთქმას, და მე მოვაწიე მათზე ამ აღთქმის ყველა სიტყვა, რომელიც ვუბრძანე მათ შესასრულებლად და არ შეასრულეს. და მითხრა უფალმა: შეთქმულნი არიან იუდაელნი და იერუსალიმის მცხოვრებნი. ისინი დაუბრუნდნენ თავიანთი მამების ურჯულოებას, რომლებმაც უარი თქვეს ჩემი სიტყვების მოსმენაზე, სხვა ღმერთებს აჰყვნენ, და ემსახურებოდნენ მათ. ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა დაარღვიეს ჩემი აღთქმა, რომელიც მე აღვუთქვი მათ მამებს. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაწევ მათზე უბედურებას, რომლისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებენ ისინი, და, როცა შემომღაღადებენ, მე არ მოვუსმენ მათ. და წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მცხოვრებნი და შეჰღაღადებენ იმ ღმერთებს, რომელთაც უკმევენ, მაგრამ ვერ იხსნიან ის ღმერთები მათი უბედურების ჟამს. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ! რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენი სისაძაგლის სამსხვერპლო გაქვს აღმართული – ბაყალის საკმევი სამსხვერპლო. ნუ მთხოვ ამ ერისათვის და ნუ აამაღლებ მათზე ლოცვა-ვედრებას, რადგან არ მოვისმენ, როცა შემომღაღადებენ მათი უბედურების ჟამს. რა უნდა ჩემს საყვარელ ხალხს ჩემს ტაძარში, როცა ამდენ ბოროტებას სჩადის? განა უბედურებას აგაშორებს სამსხვერპლო ხორცი, სიავეს რომ სჩადიხარ და ხარობ? ამწვანებული, მშვენიერი და ნაყოფსავსე ზეთისხილი გიწოდა შენ უფალმა, მაგრამ დიდი გრგვინვის ხმაზე აბრიალდა ცეცხლი და რტონი შეემუსრა. და ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა, გიწინასწარმეტყველა ბოროტება ისრაელის სახლისა და იუდას სახლის ბოროტების წილ, რომელიც შეიმთხვიეს მათ იმით, რომ ჩემს გასარისხებლად უკმევდნენ ბაყალს. უფალმა მაცოდინა და მე ვიცი; შენ მიჩვენე მე მათი საქმეები. მე კი დასაკლავად მიყვანილი უწყინარი კრავივით ვიყავი და არ ვიცოდი, რას განიზრახავდნენ ჩემს წინააღმდეგ, და თქვეს: შევმუსროთო ხე ვიდრე ნედლიაო, და ამოვძირკვოთო ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ მისი სახელი მეტად აღარ იხსენებოდესო. ცაბაოთ უფალო, სამართლიანო მსაჯულო, გამომცდელო გულთა და თირკმელთა, მომასწარი შენს შურისძიებას მათზე, რადგან შენ მოგანდე ჩემი საქმე. ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთელ კაცებზე, მოკვლას რომ გიპირებენ და გეუბნებიან: ნუ წინასწარმეტყვლებო უფლის სახელით, ჩვენი ხელით რომ არ მოკვდეო. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მე დავსჯი მათ: მათი ჭაბუკნი მახვილით დაეცემიან, მათი ძენი და ასულნი კი შიმშილით გაწყდებიან. მათი ნატამალი არ დარჩება, რადგან უბედურებას მოვაწევ ყანათოთელებზე სასჯელის წელიწადს. შენ მართალი ხარ, უფალო, როცა დავას დაგიწყებ, მაგრამ მაინც ვილაპარაკებ შენს სამართალზე. რატომაა ბოროტმოქმედთა გზა წარმატებული და ცრუნი რატომ არიან უზრუნველად? შენ დანერგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოსა ხარ შენ მათ ბაგეთაგან, მათი გულისაგან კი შორსა ხარ. ხოლო მე მიცნობ, უფალო, მხედავ მე და სცდი ჩემს გულს, როგორაა შენს მიმართ. გადაარჩიე ისინი დასაკლავი ცხვრებივით და მოამზადე დაკვლის დღისათვის. როდემდე უნდა გლოვობდეს მიწა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი? მოისრა საქონელი და ფრინველი – მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო, რომ ამბობენ: ის ვერ იხილავსო ჩვენს გზებს. თუ შენ ქვეითებთან დარბოდი და მათ დაგქანცეს, როგორღა შეეჯიბრები ცხენებს? თუ ქვეყანაში, სადაც საშიშროება არაა, საფრთხე გაშინებს, მაშ როგორღა მოიქცევი იორდანეს აბობოქრებისას? შენი ძმებიც და შენი მამისსახლიც კი გღალატობს, ისინიც სტვენით დაგდევენ უკან. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოს გელაპარაკებოდნენ. მე დავტოვე ჩემი სახლი; დავაგდე ჩემი სამკვიდრო; ჩემი სულის სასურველი მის მტრებს ჩავუგდე ხელთ. ჩემი სამკვიდრო ტყის ლომად მექცა, შემომღრიალებს; ამიტომაც მოვიძულე ის. ჩემი სამკვიდრო ჭრელ ფრინველს დაემსგავსა, მტაცებელი ფრინველები ეხვევიან გარს. წადით, შეჰყარეთ ველის მხეცები, მოიყვანეთ მის შესაჭმელად. მრავალმა მწყემსებმა ააოხრეს ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ნაკვეთი, ჩემი დავარცხნილი ხოდაბუნები ცარიელ უდაბნოდ აქციეს, გააუკაცრიელეს, იგლოვს ჩემს წინაშე გაუკაცრიელებული; გაუკაცურდა მთელი ქვეყანა, რადგან არავის მიაქვს ეს გულთან. უდაბნოს ყველა ხრიოკ გორაკს მოესივნენ მძარცველნი, რადგან უფლის მახვილი ყველაფერს ჭამს ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდე. ყოველმა ხორციელმა დაკარგა მშვიდობა. ხორბალი დათესეს და ეკალი მოიმკეს; დაშვრნენ და სარგებელი ვერ ნახეს. შეგრცხვეთ თქვენი მოსავლისა – უფლის აგიზგიზებული რისხვის. ასე ამბობს უფალი: ჩემს ყველა მეზობელს, რომლებიც აზიანებენ იმ სამკვიდრებელს, რომელიც მე დავუმკვიდრე ჩემს ერს, ისრაელს, წარვხოცავ მათი მიწიდან და იუდას მოდგმასაც გამოვიყვან მათგან. და, როცა გამოვიყვან, კვლავ შევიწყალებ მათ, და დავაბრუნებ თითოეულს თავის სამკვიდრებელზე და თითოეულს თავის ქვეყანაში. და თუ ისინი ისწავლიან ჩემი ხალხის გზებს, რათა დაიფიცონ ჩემი სახელით: „ცოცხალ არს უფალი!“, როგორც ბაყალის დაფიცება ასწავლეს ჩემს ერს, მაშინ ისინიც აშენდებიან ჩემს ერთან ერთად. ხოლო თუ არ მომისმენენ, მაშინ სრულიად აღმოვფხვრი ამ ხალხს და მოვსპობ! – ამბობს უფალი. ასე მითხრა უფალმა: წადი და იყიდე სელის სარტყელი, შემოირტყი წელზე და წყალში არ დაგისველდეს. ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ და შემოვირტყი თეძოებზე. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ მეორედ: აიღე ეს სარტყელი, რომელიც იყიდე და თეძოებზე გაქვს შემორტყმული; ადექი და წადი ევფრატზე და დამალე იქ, კლდის ნაპრალში. და წავედი ევფრატზე და დავმალე, როგორც მიბრძანა მე უფალმა. მრავალი დღის შემდეგ მითხრა მე უფალმა: ადექი, წადი ევფრატზე და აიღე იქიდან ის სარტყელი, რომლის იქ დამალვაც გიბრძანე. და წავედი მე ევფრატზე და ამოვთხარე და ავიღე ის სარტყელი იქიდან, სადაც დავმალე და, აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ: ეს არის, რასაც ამბობს უფალი: ასე დავალპობო იუდას მედიდურებას და იერუსალიმის ამპარტავნებას. ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის გაგონება, დადის თავისი უკუღმართი გულის შეუპოვრობით და მიჰყვება სხვა ღმერთებს, რათა ემსახუროს მათ და თაყვანი სცეს, იქნება, როგორც ეს სარტყელი, რომელიც არაფრისათვის აღარ გამოდგება. რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის თეძოებს, ისე მივიახლოვე მე მთელი ისრაელის სახლი და იუდას სახლი, – ამბობს უფალი, – რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს ერად, ჩემს დიდებად, საქებრად და მშვენებად; მაგრამ არ მისმინეს. და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: ყველა ტიკი ღვინით ივსება. და გეტყვიან ისინი: განა არ ვიცით, რომ ყველა ტიკი ღვინით ივსება? უთხარი მათ, რომ ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, მე ღვინით გავბრუჟავ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს და ყველა მეფეებს, დავითის ტახტზე რომ სხედან, და ყველა მღვდელს და წინასწარმეტყველს და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს, და ერთმანეთს შევალეწ მათ, მამებს და შვილებს ერთიანად, – ამბობს უფალი; – არ შევიბრალებ და არ დავინდობ, და არ ვინანებ მათ გაწყვეტას! მოისმინეთ და გაიგონეთ: ნუ გამედიდურდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს. პატივი მიაგეთ უფალს, თქვენს ღმერთს, სანამ არ ჩამოუბნელებია მას, და სანამ არ წაფორხილებულხართ წყვდიადის მთებზე. თქვენ დაელოდებით სინათლეს, მაგრამ ის სიკვდილის აჩრდილად და სიბნელედ აქცევს მას. და თუ არ მოისმენთ, მალულად იტირებს ჩემი სული თქვენი სიამაყის გამო, მწარედ იგოდებს და ცრემლებად დაიღვრება ჩემი თვალები; რადგან ტყვედ გაირეკავენ უფლის სამწყსოს. უთხარი მეფესა და დედოფალს: ტახტიდან გადმოდით-თქო, ქვემოთ დასხედით, რადგან თავიდან მოგეხადათ გვირგვინი თქვენი დიდებისა. სამხრეთის ქალაქები ალყაშია და არავინაა შემწე: ტყვედ გაირეკეს მთელი იუდა, სრულად წაასხეს. გაიხედეთ, შეხედეთ ჩრდილოეთიდან მომავალთ. სადაა სამწყსო, შენ რომ მოგეცა, შენი მშვენიერი ფარები? მაშინ რას იტყვი, სიონის ასულო, როდესაც მოგიხილავს უფალი? განა შენ არ ასწავლე მათ, როგორ გაგბატონებოდნენ? განა ტკივილები არ გაგაწამებენ მაშინ მშობიარე ქალივით? და თუ იტყვი შენს გულში: რატომ დამემართაო ეს ყოველივე? განა შენი მრავალი ცოდვების გამო არ გადაგეხადა კალთები და გამოგიჩნდა ტერფები. თუ ქუშელი შეძლებს შეიცვლოს კანის ფერი და ჯიქი თავის ხალებს, მაშინ თქვენც, ბოროტებას ჩვეულნი, შეძლებთ სიკეთის ქმნას. და გავანიავებ როგორც ბზეს, უდაბნოს ქარი რომ წარიტაცებს. ეს არის შენი ხვედრი, ჩემგან გამოზომილი შენი წილი, – ამბობს უფალი, – რადგან დამივიწყე და სიცრუით სასოებდი. და მეც წამოგხდი კალთებს სახემდე და გამოჩნდება შენი სირცხვილი, ვიხილე შენი გახრწნილება და შენი ავხორცი ჭიხვინი, უხამსობა შენი სიძვისა, ველად ვიხილე შენი სისაძაგლე ბორცვებზე. ვაი შენ, იერუსალიმ! როდისღა განიწმიდები?! აი, უფლის სიტყვა იერემიას მიმართ გვალვების წლებზე: დამგლოვიარდა იუდა, გაცუდდა მისი კარიბჭენი, მიწაზე ყრია, ჩაშავდა, კივილი ისმის იერუსალიმში. დიდებულები მსახურებს აგზავნიან წყალზე; მიდიან ჭებთან და წყალი არ არის; ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან უკან. გაწბილებულნი არიან, დამცირებულნი, სახეს მალავენ. მიწა დასკდა უწვიმრობით, შერცხვნენ მხვნელ-მთესველნი, სახეს მალავენ. შველმაც შობა ველზე და იქვე დატოვა ნუკრი, რადგან ბალახი არაა. კანჯრებიც შემდგარან ხრიოკ ბორცვებზე და ტურებივით იყნოსავენ ჰაერს, თვალები დაებინდათ, რადგან არ არის ბალახი. თუმცა ჩვენი ურჯულოებანი გვამხილებენ, მაგრამ გამოგვესარჩლე, უფალო, შენი სახელის გულისათვის მაინც, რადგან დიდია ჩვენი განდგომილება, ჩვენ ვცოდეთ შენს წინაშე. ისრაელის იმედო და მხსნელო მისი უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში და ღამის გასათევად შეჩერებული მოგზაურივით? რატომ ხარ გაოგნებული კაცივით, გმირივით, რომელსაც ხსნის ძალი არ შესწევს? შენ ხომ ჩვენს შორის ხარ, უფალო, და ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით; ნუ მიგვატოვებ, უფალო! ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: რადგან მათ უყვარდათ ხეტიალი და ფეხს ვერ აჩერებდნენ, ამიტომ არ სურს ისინი უფალს. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს მათ. და მითხრა მე უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხის სასიკეთოდ. თუ იმარხულებენ ისინი, არ მოვუსმენ მე მათ ვედრებას; თუ აღმივლენენ სრულადდასაწველსა და ძღვენს, არ მივიღებ. მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით შევმუსრავ მათ. და ვთქვი მე: ჰოი, უფალო ღმერთო! აჰა, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: არ იხილავთო მახვილსა და შიმშილს, რადგან ჭეშმარიტებასა და მშვიდობას მოგცემთო ამ ადგილას. და მითხრა მე უფალმა: სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით; მე არ გამომიგზავნია ისინი და არც ბრძანება მიმიცია მათთვის, და არც მილაპარაკია მათთან; ცრუ ხილვებსა და ამაო მისნობას, და თავიანთი გულის ნებებს გიქადაგებენ ისინი. ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ ისინი, მე კი არ გამომიგზავნია ისინი; თუმცა კი ამბობენ, მახვილი და შიმშილი არ იქნებაო ამ ქვეყანაში, მაგრამ მახვილითა და შიმშილით მოისპობიან ის წინასწარმეტყველნი, და ხალხი, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, შიმშილითა და მახვილით დაეცემა იერუსალიმის ქუჩებში, და არავინ იქნება მათი ცოლების, მათ ძეთა და ასულთა დამმარხავი. და მე გადმოვანთხევ მათზე მათ ბოროტებას. და უთხარი შენ მათ ეს სიტყვები: დაე, დღისით და ღამით იდინოს ცრემლმა ჩემს თვალთაგან, და ნუ შეწყვეტენ ტირილს, რადგან დიდი შემუსვრით შეიმუსრა ქალწული, ასული ჩემი ერისა – განუკურნებელი ჭრილობებით. ველად გავდივარ, და, აჰა, ვხედავ მახვილით დახოცილთ; ქალაქში შევდივარ და ვხედავ შიმშილით დაწერტილთ; თვით წინასწარმეტყველიც და მღვდელიც უაზროდ დაეხეტებიან ქვეყანაში. ნუთუ სრულიად მოიძულე, უფალო, იუდა? თუ სიონი შეიძულა შენმა სულმა? ისე რატომ გვგვემე, რომ აღარ არის ჩვენი განკურნება? ვესავთ მშვიდობას და არ ჩანს სიკეთე; ველოდით განკურნების ჟამს და, აჰა – საშინელება. ვიცით, უფალო, ჩვენი ცოდვები და ურჯულოებანი ჩვენი მამებისა, რადგან შეგცოდეთ შენ. ნუ უარგვყოფ, შენი სახელის გულისათვის, ნუ დაამცრობ შენი დიდების ტახტს; გაიხსენე ჩვენთვის მოცემული აღთქმა და ნუ დაარღვევ მას. განა არის წარმართთა ამაო ღმერთებს შორის ისეთი, წვიმის მოყვანა რომ შეეძლოს? ან იქნებ ცას შეუძლია თავისით თავსხმა გადმოუშვას? ეს ხომ მხოლოდ შენ ძალგიძს, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენ ქმნი ყოველივე ამას. და მითხრა მე უფალმა: თვით მოსე და სამუელიც რომ დადგნენ ჩემს წინაშე, არ იქნებაო ჩემი სული ამ ხალხთან. თვალით არ დამანახვოო, მომცილდნენო! და თუ გეტყვიან: სად წავიდეთო? უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ზოგნი სიკვდილით მოკვდებით, ზოგნი მახვილით მოისრებით, ზოგნი შიმშილით ამოწყდებით და ზოგსაც ტყვეობაში წაგიყვანენ-თქო. და მოვუვლენ მათ ოთხგვარ სასჯელს, – ამბობს უფალი, – მახვილით სიკვდილს, ძაღლებით თრევას, ცის ფრინველთა და მიწის მხეცთაგან ჯიჯგნასა და მოსპობას. მე მათ საშინელ მაგალითად გავხდი ქვეყნიერების ყველა სამეფოსთვის, იმის გამო, რასაც იუდას მეფე, ხიზკიას ძე, მანაშე, აკეთებდა იერუსალიმში. ვინ შეგიბრალებს შენ, იერუსალიმ, ვინ თანაგიგრძნობს, ვინ შემოუხვევს შენი მშვიდობის საკითხავად? შენ მიმატოვე მე, – ამბობს უფალი, – შენ განმიდექი; და მე გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. მე დავიღალე შენი შეწყალებით. ფიწლით გავანიავე მე ისინი ქვეყნიერების კარიბჭეებს მიღმა; უშვილოდ დავტოვე, მოვსპე ჩემი ერი, თავიანთი გზებიდან კი არ მოიქცნენ. ზღვის ქვიშაზე მეტად გამიმრავლდნენ მათი ქვრივები; დღისით-მზისით მოვუვლენ მათ, ჭაბუკთა დედებს, გამანადგურებელს; უეცრივ დაეცემა მათ ელდა და შიში. ღონემიხდილი წევს შვიდის მშობელი, სულს ღაფავს; ჯერ კიდევ დღისით ჩაესვენა მისი მზე, შერცხვენილი და გაწბილებულია. მათ ნეშტს კი მახვილს მივცემ მათი მტრის თვალწინ, – ამბობს უფალი. ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის მოცილედ და მოდავედ რომ გიშობივარ! ვახშით არავისთვის მიმიცია, და არც ვინმეს მოუცია ჩემთვის ვალად, მაგრამ ყველა მე მწყევლის. უფალმა მითხრა: ბოლო კეთილი გექნება, და მე ვაიძულებ შენს მტერს, არ გადაგიაროსო უბედურებისა და გაჭირვების ჟამს. ვინ რა უნდა დააკლოს რკინას, განსაკუთრებით ჩრდილოეთისას და ბრინჯაოს? შენს დოვლათსა და შენს საუნჯეს საძარცვავად მივცემ, უსასყიდლოდ, ყველა შენი ცოდვების გამო, მთელს შენს საზღვრებში. და გავატან შენს მტრებს ქვეყანაში, რომელიც არ გინახავს, რადგან გაღვივდა ცეცხლი ჩემი რისხვისა და თქვენ შემოგენთებათ ის. შენ ყოველივე იცი, უფალო, გამიხსენე და მომხედე, შური იძიე ჩემს მადევარზე! გადამარჩინე შენი სულგრძელებით; შენ იცი, რომ შენს გამო ვიტან დამცირებას. შევიგნე მე შენი სიტყვები და შევითვისე ისინი; შენი სიტყვები შვებად მექცა და გულის სიხარულად, რადგან შენი სახელით ვიწოდები მე, უფალო, ცაბაოთ ღმერთო. არ ვმჯდარვარ ლაზღანდარების კრებულში და არ გავლაღებულვარ; შენი მძიმე ხელის შიშით ვიჯექი ეულად, რადგან საყვედურებით გამავსე მე. რატომ არის ჩემი სენი ასე გაუთავებელი და ჩემი ჭრილობა – განუკურნელი, რომ წამლობას არ ემორჩილება? შენ ჩემთვის დამშრალ ღელედ იქეცი, მაცდუნებელ წყლად. და თქვა უფალმა: თუ დაბრუნდები, მე გიპასუხებ, შენ ჩემს წინაშე იდგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ ფუჭისაგან, ჩემს ბაგეებს გაუტოლდები. ადამიანები შენსკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდე მათკენ. და აღგმართავ ამ ხალხის წინააღმდეგ ბრინჯაოს დაუძლეველ ზღუდედ; ისინი შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან შენთანა ვარ, შენი ხსნისა და გადარჩენისთვის, – ამბობს უფალი. და გადაგარჩენ ბოროტთაგან და გამოგიხსნი სასტიკთა ხელიდან. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი: ნუ მოიყვან აქ ცოლს და ნუ იყოლიებ ძეთა და ასულთ. რადგან ასე ამბობს უფალი აქ შობილ ძეებსა და ასულებზე, მათ მშობელ დედებსა და შემქმნელ მამებზე: საზარელი ტკივილებით გაწყდებიან ისინი; არ ეყოლებათ მოზარე და დამმარხველი; ფუნასავით ეყრებიან ველზე; მახვილითა და შიმშილით აღესრულებიან, და მათი მძორები ცის ფრინველთა და ტყის ნადირთა საჯიჯგნი გახდება. ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარეთა სახლში. ნუ მიხვალ მათ სატირალზე და სამძიმარზე, რადგან განვაშორე ჩემი მშვიდობა ამ ხალხს, წავართვი ჩემი წყალობა და შებრალება. და მოისრებიან დიდიან-პატარიანად ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს და არავინ დაიტირებს მათ, სახეს არავინ ჩამოიხოკავს და ნაწნავებს არავინ დაიჭრის მათთვის; პურს არავინ გატეხს ჭირისუფლის სანუგეშებლად, დედ-მამის შესანდობარ თასს არავინ შეასმევს მათ. ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად სმა-ჭამისთვის. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე შევწყვეტ თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში ამ ადგილიდან შვების ხმასა და სიხარულის ხმას, ნეფის ხმასა და პატარძლის ხმას. როდესაც ეტყვი ამ ერს ყველა ამ სიტყვას და ისინი გკითხავენ: რატომ გვიქადისო უფალი ჩვენ ამ დიდ უბედურებას? ან: რა ბრალი მიგვიძღვისო მის წინაშე და რა არისო ჩვენი ცოდვა, რომლითაც ჩვენ შევცოდეთო უფალს, ჩვენს ღმერთს? ასე უთხარი მათ: უფალი ამბობს-თქო: ის, რომ თქვენმა მამებმა მიმატოვეს და სხვა ღმერთებს გაჰყვნენ და ემსახურებოდნენ მათ, და თაყვანს სცემდნენ, მე კი განმიდგნენ და ჩემი რჯული არ დაიცვეს. და თქვენც თქვენს მამებზე მეტ ბოროტებას შვრებით: ყოველი თქვენგანი თავის ბოროტ გულისთქმას აჰყოლია და მე აღარ მისმენს. ამიტომ მე გადაგყრით ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ არც თქვენ და არც თქვენი მამები იცნობდნენ; და მოემსახურებით იქ სხვა ღმერთებს დღე და ღამე, რადგან მე არ შეგიწყალებთ თქვენ. ამიტომ აჰა, დადგება ჟამი, – ამბობს უფალი, – როცა აღარ იტყვიან: „ვფიცავთ უფალს, რომელმაც ისრაელიანები გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან!“ არამედ: „ვფიცავთ უფალს, რომელმაც გამოიყვანა ისრაელიანები ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გაფანტა ისინი!“ და მე კვლავ დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამებს. მე გამოვგზავნი ბევრ მეთევზეს, – ამბობს უფალი, – მათ დასაჭერად. ამის შემდეგ გავგზავნი მრავალ მონადირეს და ჩამორეკავენ ისინი მათ ყოველი მთიდან, ყოველი ბორცვიდან და კლდეთა ნაპრალებიდან, რადგან თვალი მიჭირავს ყველა მათ გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული გამოეპარება ჩემს თვალს. და ორმაგად მივაგებ მათ მათი დანაშაულისა და ცოდვების გამო, რადგან შებილწეს ჩემი მიწა, თავის სისაძაგლეთა გვამებით და თავის საზიზღრობებით გაავსეს ჩემი სამკვიდრებელი. უფალო, ძალო ჩემო და შემწევ ჩემო, შესავედრებელო ჩემო გაჭირვების ჟამს! შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, და ის, რასაც სარგებლობა არ ჰქონდა. განა შეძლებს კაცი, რომ გაიკეთოს ღმერთები, რომლებიც სინამდვილეში ღმერთები არ არიან? ამიტომ, აჰა, მე ახლა ვუჩვენებ მათ ჩემსმკლავსა და ძლიერებას, და გაიგებენ ისინი, რომ: ჩემი სახელი არის უფალი. იუდაელთა ცოდვები რკინის საჭრეთლითაა ამოღარული, ალმასის წვეტითაა ამოკაწრული მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე. როგორც თავიანთ შვილებზე, ისე წუხან ისინი თავიანთ სამსხვერპლოებსა და აშერებზე ფოთლოვანი ხეების ძირას და მაღალ ბორცვებზე. შენს მთებს, მთელ შენს ქონებას და შენს საგანძურებს საძარცვავად მივცემ, და მთელ შენს მაღლობებს – შენი ცოდვების წილ მთელ შენს საზღვრებში. შენს გამო დაკარგავ სამკვიდროს, რომელიც მე მოგეცი; მტრებს მიგცემ მონად იმ ქვეყანაში, რომელიც შენ არ გინახავს, რადგან თქვენ გააღვივეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს. ასე ამბობს უფალი: წყეულია კაცი, რომელიც ადამიანებში ხედავს დასაყრდენს და ხორციელში ეძებს შემწეობას, და რომლის გულიც შორდება უფალს. იქნება იგი ეული, ეკლიანი ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან იხილავს სიკეთეს და იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, ბიცოვან და დაუსახლებელ მიწაზე. კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს, და უფალია მისი საესავი. და იქნება ის, როგორც წყლის ნაკადებთან დარგული ხე, და ნოტიოზე გაიდგამს ფესვებს, და არ შეშინდება, როცა ხვატი დააცხრება მიწას, არ დაუჭკნება ნორჩი ყლორტები, გვალვიანი წელიწადი ვერ შეაშინებს, და არ მოაკლდება კეთილი ნაყოფი. ცბიერია გული კაცისა, უკუღმართია, ვინ შეიცნობს მას? მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და თირკმელთა გამომცდელი, რათა მივაგო ყოველ კაცს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ. გნოლმა გამოჩეკა გუგულის კვერცხები, რაც მას არ დაუდვია. ასეა უსამართლოდ მომხვეჭელი კაციც – ცხოვრების შუაძალზე დაკარგავს, რაც მისი არ იყო, და ბოლოს ცარიელი რჩება. დიდების ტახტი, დასაბამიდან ამაღლებული, არის ჩვენი საწმიდრის ადგილი. უფალო სასოებაო ისრაელისაო, ყოველნი, რომელთაც მიგატოვეს, შერცხვებიან! ყველა ჩემი უარმყოფელი მიწაზე დაიწერება, რადგან მიატოვეს უფალი, ცოცხალი წყლის წყარო. განმკურნე მე, უფალო, და გავჯანმრთელდები; გამომიხსნი და გამოხსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი დიდება. აჰა, ისინი მეუბნებიან მე: რა იქნაო უფლის სიტყვები? აბა, გვეწიოსო! მე არ დავღლილვარ შენს კვალზე სვლით, და ბედითი დღეც არა მსურდა გამთენებოდა. რაც წარმოუთქვამთ ჩემს ბაგეებს, შენს წინაშეა. ნუ გახდები ჩემთვის საშინელება, შენა ხარ ჩემი თავშესაფარი გასაჭირის ჟამს. სირცხვილით შერცხვნენ ჩემი მდევნელნი, და მე ნუ შევრცხვები! შემუსვრით შეიმუსრნენ ისინი და მე ნუ შევიმუსრები! მოაწიე მათზე უბედურების დღე და დალეწე ისინი უმძიმესი დარტყმით! ასე მითხრა მე უფალმა: წადი და დადექიო საერთო კარიბჭესთან, სადაც შემოდიან და საიდანაც გადიან იუდას მეფენი; და ასევე იერუსალიმის ყველა სხვა კარიბჭესთან. და უთხარი მათ: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო, ყველა იუდაელნო და იერუსალიმის მკვიდრნო, შემომსვლელნო ამ კარიბჭეებში! ასე ამბობს უფალი: თავს გაუფრთხილდით, და შაბათ დღეს ტვირთს ნუ აიკიდებთ და ნუ შემოიტანთ იერუსალიმის კარიბჭეებში. თქვენი სახლებიდან ნუ გამოიტანთ ტვირთს შაბათ დღეს და ნურაფერს გააკეთებთ. წმიდად იუქმეთ შაბათი დღე, როგორც ვუბრძანე თქვენს მამებს, მაგრამ მათ არ მისმინეს და ყური არ მათხოვეს; გაჯიუტდნენ, რათა არ გაეგოთ და ჭკუა არ ესწავლათ ჩემგან. მაგრამ თუ ყურადღებით მომისმენთ მე, – ამბობს უფალი, – და შაბათ დღეს არ შეიტანთ ტვირთს ამ ქალაქის კარიბჭეებში და წმიდად შეინახავთ შაბათს და არ ისაქმებთ ამ დღეს, შემოვლენ ამ ქალაქის კარიბჭეებით მეფენი და მთავრები, რომლებიც დავითის ტახტზე სხედან, შემოვლენ ეტლებითა და ცხენებით, ისინი და მათი მთავრები, იუდაელნი და მკვიდრნი იერუსალიმისა, და დასახლდება ეს ქალაქი საუკუნოდ. და მოვლენ იუდას ქალაქებიდან, იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის მიწიდან, მთიდან და ბარიდან, და სამხრეთიდან, რათა მოიტანონ სრულადდასაწველი და მსხვერპლი, პურეულის ძღვენი და გუნდრუკის ძღვენი, და მოიტანონ სამადლობელო მსხვერპლები უფლის სახლში. და თუ არ მომისმენთ და წმიდად არ იუქმებთ შაბათ დღეს და ტვირთს აიკიდებთ ამ დღეს და შეიტანთ იერუსალიმის კარიბჭეებში, მე ცეცხლს მივცემ მის კარიბჭეებს, რომელიც შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება. სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა იერემიას მიმართ: ადექი და ჩადი მეთუნის სახლში და იქ გაუწყებ ჩემს სიტყვას. მე ჩავედი მეთუნის სახლში, მეთუნე თავის მორგვთან მუშაობდა. და ქოთანი, რომელსაც ის აკეთებდა თიხისგან, ხელში გაუფუჭდა. მიუბრუნდა და იმავე თიხით სხვა გააკეთა, როგორიც მოიფიქრა. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი: განა ამ მეთუნესავით არ შემიძლია მოგექცეთ თქვენ, ისრაელის სახლო? – ამბობს უფალი, – აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ თქვენ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო. ზოგჯერ ვიტყვი რომელიმე ხალხზე ან სამეფოზე, რომ აღმოვფხრა იგი, გავაცამტვერო და მოვსპო; და ის ხალხი, რომელზეც ეს ვთქვი, თუ მოიქცევა ბოროტებისგან, მაშინ შევინანებ და არ ვუზამ ბოროტებას, რაც განზრახული მქონდა. ზოგჯერ ვიტყვი რომელიმე ხალხზე და სამეფოზე, რომ ავაშენო ის და გავამყარო; და თუ ჩაიდენს ბოროტს ჩემს თვალში, არ მოუსმენს ჩემს ხმას, მაშინ მე გავაქარწყლებ იმ სიქველეს, რომელიც უნდა გამეკეთებინა მის სასიკეთოდ. და ახლა, უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, მე მოგაწევთ უბედურებას და ბოროტი განზრახვა განვიზრახე თქვენზე, მოიქეცით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და საქციელი! ისინი კი ამბობენ: არც იფიქროო! რადგან ჩვენს განზრახვებს მივყვებით და თითოეული ჩვენი ბოროტი გულის შეუპოვრობით ვიქცევითო. ამიტომ ასე ამბობს უფალი: იკითხეთ წარმართთა შორის, თუ სმენია ვინმეს ასეთი რამ? დიდი საზარელი საქმეები ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა. განა მოაკლდება თოვლი ლიბანის მთის თხემებს, განა შეწყდება უცხო ადგილებიდან მოწანწკარე ცივი წყლები? მე კი მიმატოვა ჩემმა ერმა; ამაო ღმერთებს უკმევენ, ბორძიკობენ თავიანთ გზებზე, მიატოვეს ძველთაძველი გზები, რათა ევლოთ გაუკვალავი ბილიკებით, რათა საშინელებად ექციათ თავიანთი ქვეყანა, სამუდამო სამასხროდ, ისე, რომ ყოველ იქ გამვლელს შეძრწუნებულს გაექნია თავი. ხორშაკი ქარივით მიმოვფანტავ მათ მათი მტრების წინაშე; ზურგს ვუჩვენებ მათ და არა სახეს მათი უბედურების დღეს. და თქვეს მათ: მოდით და პირი შევკრათ იერემიას წინააღმდეგ, რათა არ დაეკარგოს რჯული მღვდელს, რჩევა – ბრძენს და სიტყვა წინასწარმეტყველს! მოდით და დავცეთ ის ენით, რომ არ გავიგონოთ არც ერთი მისი სიტყვა. ყური მომაპყარ, უფალო! და ჩემს მოდავეთა ხმაც მოისმინე. განა სიკეთეს ბოროტებით უნდა მიეზღოს? ისინი ორმოს უმზადებენ ჩემს სულს. გაიხსენე: შენს წინაშე ვიდექი, სიკეთეს გთხოვდი მათთვის, რათა ამეცილებინა მათთვის შენი გულისწყრომა. მაშ მიეცი მათი შვილები შიმშილს და მოაწიე მათზე მახვილი; და დარჩნენ მათი ცოლები უშვილოდ და ქვრივებად, მათი ქმრები სიკვდილით მოისრნენ, მათი ჭაბუკნი კი მახვილით დაეცნენ ბრძოლაში. და გაისმას კივილი მათი სახლებიდან, როცა ანაზდად მიუსევ ურდოებს, რადგან თხრილს თხრიან ჩემს შესაპყრობად და მახეს მიგებენ ფეხებში. შენ კი, უფალო, იცი მათი ყველა განზრახვა ჩემს წინააღმდეგ, ჩემს მოსაკლავად; ნუ მიუტევებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებზე თვალს ნუ დახუჭავ; დაე, დაემხონ ისინი შენს წინაშე, გაუსწორდი მათ შენი რისხვის ჟამს. ასე ამბობს უფალი: წადი და იყიდე მეთუნისგან თიხის დოქი; თან წაიყვანე ხნიერი ხალხი და მღვდლების უხუცესნი. გადი ბენ-ჰინომის ველზე, რომელიც ხარშითის კარიბჭის გარეთ არის, და თქვი იქ ის სიტყვები, რომლებსაც მე გეტყვი. და თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო! ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე მოვავლენ ამ ადგილას ისეთ უბედურებას, რომ მის გამგონეს ყურები ჟუილს დაუწყებს, იმის გამო, რომ მათ მიმატოვეს მე და უცხო ღმერთებეს დაუთმეს ეს ადგილი და აქ უკმევენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ არც თვითონ და არც მათი მამები, და არც იუდას მეფენი; და მორწყეს ეს ადგილი უდანაშაულოთა სისხლით. და მოუწყვეს ბაყალს მაღლობები, რათა ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ძენი ბაყალის სრულადდასაწველ მსხვერპლად, რაც მე არ მიბრძანებია მათთვის და არ მითქვამს, და გულშიც არ გამივლია. ამიტომ აჰა, მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი ანუ ბენ-ჰინომის ველი, არამედ სასაკლაო ველი. და ჩავშლი ამ ადგილას იუდაელთა და იერუსალიმელთა გეგმებს, და მახვილით დავცემ მათ მათი მტრების წინ და მათი სულის მაძიებელთა ხელით, და მათ გვამებს ცის ფრინველთა და ტყის ნადირთა საჯიჯგნად გავხდი. და ვაქცევ ამ ქალაქს საშინელებად და დასაცინად. და ყოველი იქ გამვლელი შეძრწუნდება და დაუსტვენს მისი ნანგრევების მნახველი. კბილით დავაჭმევ აქ მცხოვრებთ თავის ძეთა და ასულთა ხორცს; და ყოველი კაცი თავისი მოყვასის ხორცს შეჭამს მტერთაგან და მათი სულის მაძიებელთაგან ალყასა და გასაჭირში მყოფი. და დაამსხვრიე დოქი თანწამოყოლილი ხალხის თვალწინ, და უთხარი მათ: ასე თქვა-თქო ცაბაოთ უფალმა: ასე დავამსხვრევ ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ამსხვრევენ თიხის ჭურჭელს, რომლის შეკოწიწებაც აღარ მოხერხდება, და თოფეთში დამარხავენ მათს მკვდრებს, სხვა დასამარხი ადგილი რომ აღარ დარჩება ქალაქში. ასე მოვექცევი ამ ადგილს და მის მკვიდრთ, – ამბობს უფალი, – თოფეთივით ვაქცევ ამ ქალაქს. და იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები თოფეთივით შეილანძღება, რადგან ყოველი სახლის ბანზე ცის მხედრობას უკმევენ და საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს. და მოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც ის უფალმა წინასწარმეტყველებისთვის გააგზავნა, და დადგა ის უფლის ტაძრის ეზოში და აუწყა მთელ ხალხს: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე მომაქვს ამ ქალაქისათვის და იუდეის მთელი ქალაქებისთვის ყველა ის უბედურება, რომლითაც დავემუქრე მათ, რადგან ქედი არ მოიხარეს ჩემი სიტყვების მოსასმენად. და გაიგონა ფაშხურმა, იმერის ძემ, მღვდელმა, რომელიც იყო უფლის ტაძრის ზედამხედველი და წინამძღვარი, ის სიტყვები, იერემია რომ ქადაგებდა. და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და ჩააგდო დილეგში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლში. მეორე დღეს გამოუშვა ფაშხურმა იერემია დილეგიდან. და უთხრა მას იერემიამ: უფლის ნებით ამიერიდან შენი სახელი იქნება არა ფაშხური, არამედ „საშინელება-ირგვლივ;“ რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მე საშინელებად გაქცევთ შენცა და ყველა შენს მეგობარსაც, და მტრის მახვილით დაეცემიან ისინი შენს თვალწინ. და მთელს იუდას ბაბილონის მეფეს ჩავუგდებ ხელთ, და ტყვედ წაასხამს მათ ბაბილონში და მახვილით მოსრავს. და მას მივცემ ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, მთელ მის ნაოფლარს, და მთელ მის თვალ-მარგალიტს; და იუდას მეფეთა მთელ საუნჯეს მივცემ მათი მტრის ხელთ, დაიტაცებენ, დაისაკუთრებენ, და ბაბილონში გაზიდავენ მას. და შენ, ფაშხურ, და მთელ შენს სახლეულს ტყვეობა მოგიწევთ ბაბილონში; იქ მოკვდები, და იქ დაიმარხებით შენცა და ყველა შენი მეგობარიც, რომლებსაც შენ ცრუდ უწინასწარმეტყველებდი. შენ მომატყუე, უფალო, და მეც მოვტყუვდი; შენ ძლიერი ხარ ჩემზე და გადამძალე; მთელ დღეს დამცინიან, მასხრად მიგდებენ. რადგან, როგორც კი ლაპარაკს ვიწყებ, ვყვირი ძალადობისა და ძარცვა-გლეჯის გამო, რადგან უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად შემომექცა. და ვთქვი: აღარ ვახსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ გულზე ცეცხლი მომედო, ძვლებში გამიარა; ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი. რადგან მესმა მე მრავალთაგან გმობა და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ! და ყველა ჩემი მოზავე დამდარაჯებია, რომ იქნებ სადმე წავიტეხო ფეხი: იქნებ შეცდეს და ჩვენ ვძლიოთო და შური ვიძიოთო მასზე. მაგრამ უფალი ჩემთანაა, როგორც ძლიერი მებრძოლი. ამიტომაც ჩემი მადევარნი კისერს მოიტეხენ და ვერ მძლევენ მე, და ფრიად შერცხვებიან, რადგან ვერ მიხვდნენ თავის უგუნურებას, თავსლაფდასხმულნი დარჩებიან სამუდამოდ. ცაბაოთ უფალო, გამომცდელო სიმართლისა, მცნობელო გულთა და თირკმელთა, მომასწარ შენს შურისგებას მათ მიმართ, რადგან შენ მოგანდე ჩემი გასაჭირი. უგალობეთ უფალს, ადიდეთ უფალი, რადგან გადაარჩინა საწყლის სული უკეთურთა ხელთაგან. წყეულიმც იყოს დღე ჩემი გაჩენისა! არ იკურთხოს ის დღე, როდესაც დედამა მშობა! წყეულიმც იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ძე შეგეძინაო და დიდად გაახარა! და გაიხაროს მან ისე, როგორც გაიხარეს ქალაქებმა, რომლებიც უფალმა დააქცია თავისი გულისწყრომით და არ შეინანა; განთიადზე კივილი აღვიძებდეს და სამხრობას ომის ღრიანცელი ესმოდეს. რამეთუ საშოშივე არ მომკლა მე და არ იქცა დედაჩემი ჩემს სამარედ, მისი საშო კი – რად არ დარჩა სამუდამოდ ორსული. რისთვის გამოვედი მე დედის საშოდან? იმად, რომ ჯაფა და ტკივილი მქონოდა და ჩემი დღეები სირცხვილში დასრულებულიყო? სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი, როდესაც ცედეკიამ გააგზავნა მასთან ფაშხური, მალქიას ძე, და ცეფანია, მაყასეია მღვდლის ძე, რომ ეთქვათ მისთვის: ჰკითხე უფალს ჩვენზე, რადგან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი გარს მოგვადგა. იქნებ უფალმა ჩვენთვის მოახდინოს თავის სასწაულთა მსგავსი რამ სასწაული, რომ უკუიქცეს ჩვენგან ნაბუქოდონოსორი. და უთხრა მათ იერემიამ: უთხარით ცედეკიას: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე წაგართმევთ საჭურველს, რომელიც თქვენს ხელთაა, რომლითაც თქვენ ეომებით ბაბილონის მეფეს და ქალდეველთ, რომელთაც ალყა შემოარტყეს თქვენს გალავნებს. და დავყრი იმ იარაღს ამ ქალაქის შუაგულში. და მე თვითონ ვიომებ თქვენს წინააღმდეგ აღმართული მკლავით და ძლიერი მარჯვენით და გულისწყრომითა და დიდ მრისხანებით. და დავცემ მე ამ ქალაქის მცხოვრებთ, კაცსა და პირუტყვს, და მოისრებიან ისინი შავი ჭირით. და ამის შემდეგ, – ამბობს უფალი, – ჩავყრი ცედეკიას, იუდას მეფეს და მის მსახურთ, და ამ ქალაქის მცხოვრებთ, ვინც შავ ჭირს, მახვილსა და შიმშილს გადაურჩება, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელში, და სხვა მტერთა ხელში, და მათი სულის მაძიებელთა ხელში; და დასცემს ის მათ მახვილის პირით, არ დაინდობს, არ შეიბრალებს და არ შეიწყალებს მათ! ამ ხალხს კი უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, მე გაძლევთ სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას. ვინც ამ ქალაქში დარჩება მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოისრება, ხოლო ვინც გავა და ქალდეველთ ჩაბარდება, რომელთაც ალყაში მოგიქციეს, ცოცხალი გადარჩება და მისი ცოცხლად გადარჩენა იქნება მისი ჯილდო. რადგან ამ ქალაქისკენ მივაქციე სახე უბედურებისათვის და არა სიკეთისათვის, – ამბობს უფალი, – ბაბილონის მეფის ხელთ გადაეცემა იგი და ის ცეცხლით გადაბუგავს მას. იუდას მეფის სახლს კი უთხარი: ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა: დავითის სახლო! – ასე ამბობს უფალი: დილითვე საჯეთ სამართალი და გადაარჩინეთ მძარცველის ხელით მიტაცებული, ვიდრე ცეცხლივით აბრიალდება ჩემი რისხვა, აგიზგიზდება და არავინ იქნება ჩამქრობი თქვენი ავკაცობის გამო. აჰა, შენზე მოვდივარ, ველის მკვიდრო, დაბლობის კლდეო! – ამბობს უფალი, – რომ გაიძახით: ვინ დაგვესხმის და ვინ გაბედავს შინ შემოგვეჭრასო? მე მოგკითხავთ თქვენი ნამოქმედარის ნაყოფისამებრ, – ამბობს უფალი, – ცეცხლს მივცემ მის ტყეს და იგი ირგვლივ ყველაფერს შეჭამს. ასე თქვა უფალმა: ჩადი იუდას მეფის სახლში, ჩაიტანე იქ ეს სიტყვა და თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფევ, დავითის ტახტზე რომ ზიხარ, შენ და შენმა მსახურებმა და ამ კარიბჭეებით მავალმა შენმა ხალხმა! ასე ამბობს-თქო უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე; დაიხსენით უპოვარი მოძალადის ხელიდან; მწირსა და ქვრივ-ობოლს ნუ მოატყუებთ, ნუ გაძარცვავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილას. თუ შეასრულებთ ამ სიტყვას, მაშინ შემოვლენ ამ სასახლის კარიბჭეებში დავითის ტახტზე მსხდომი მეფენი, ამხედრებულნი ეტლებსა და ცხენებზე, და შემოვლენ მათი მსახურნი და მათი ხალხი. და თუ არ გაიგონებთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვიფიცავ, – ამბობს უფალი, – რომ ნანგრევებად იქცევა ეს სასახლე. რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: თუმცა გალაადი ხარ შენ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალი ხარ, მაგრამ მაინც უდაბნოდ გაქცევ და უკაცრიელ ქალაქად. და მოგისევ შემმუსვრელთ, ნაჯახებით ხელში, და გაჩეხავენ ისინი შენს რჩეულ კედრებს და ცეცხლში ჩაყრიან. და გადაივლიან მრავალი წარმართნი ამ ქალაქზე და ეტყვიან ერთმანეთს: რატომ მოექცაო უფალი ასე ამ დიდებულ ქალაქს? და უპასუხებენ: იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის, აღთქმა და სხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და მათ ემსახურებოდნენო. ნუ სტირით მკვდარს და ნუ იგლოვთ მას, იტირეთ ტირილით მიმავალი, რადგან არასოდეს დაბრუნდება ის, და ვეღარ იხილავს მშობელ ქვეყანას. რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იუდას მეფის, იოშიას ძეზე, ვინც თავისი მამის, იოშიას შემდგომ მეფობდა და ვინც გავიდა აქედან და აღარ დაბრუნდება აქ, რადგან იქ მოკვდება, სადაც დაასახლეს, და ამ ქვეყანას ვეღარ იხილავს. ვაი მას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონობით – პალატებს! თავის მოძმეს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ აძლევს; ვინც ამბობს: ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ დარბაზებსო, – სარკმლებს ატანს, კედრით აპირკეთებს და ჟღალისფრად ღებავს. იმად ხომ არ მეფობ, რომ კედარზე გაგიჟდე? განა მამაშენი არ ჭამდა და არ სვამდა? მაგრამ სამართალსა და სიმართლეს იქმოდა და ამიტომაც ჰქონდა სიკეთე; მდაბალსა და დავრდომილს განიკითხავდა, და სიკეთე არ აკლდა, განა ეს არ არის, რომ მან სწორად შემიცნო? – ამბობს უფალი. შენი თვალ-გული კი მხოლოდ ანგარებას ეძებს, უდანაშაულო სისხლისღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას. ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფის, იოშიას, ძეზე: არ დაიტირებენ მას: „ვაი, ძმაო ჩემოო!“ და: „ვაი, დაო ჩემოო!“ „ვაი, ხელმწიფეო!“ და: „ვაი, დიდებულო მბრძანებელოო!“ დამარხავენ, როგორც ვირს მარხავენ, გაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეთა მიღმა დააგდებენ. ადი ლიბანზე და კივილი მორთე, ბაშანამდე უწიე შენი ხმა და ყაბარიმიდან იყვირე, რადგან დაილეწა ყველა შენი მეგობარი. მე გელაპარაკებოდი შენი ბედნიერების ჟამს, მაგრამ შენ ამბობდი: არ მოვისმენო! ასეთი იყო შენი გზა შენი სიყმაწვილიდან, რომ არ უსმენდი ჩემს ხმას. ყველა შენს მწყემსს ქარი წაიღებს, და შენს მეგობრებს ტყვეებად გაირეკავენ. მაშინ კი შერცხვები და შეურაცხ-იქმნები ყველა შენი ბოროტების გამო. ლიბანის მკვიდრო, კედრებში დაბუდებულო, რა სანახავი იქნები, როდესაც გეწევა ტანჯვა, როგორც მშობიარის ტკივილები. თავს ვფიცავ, – ამბობს უფალი, – რომ შენ, ქონია იეჰოიაკიმის ძევ, იუდას მეფევ, ბეჭედიც რომ იყო ჩემი მარჯვენა ხელისა, თუ არ წაგიძრო და არ მიგცე შენი სულის მაძიებელთა ხელთ, და მათ ხელთ, რომელთა წინაშეც ძრწი – ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელთ და ქალდეველთა ხელთ. და გაგაძევებთ შენ და დედაშენს სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით; ხოლო იმ ქვეყანაში, საითკენაც დაბრუნებას გაუწევთ გული, ვეღარ დაბრუნდებიან ისინი. ნუთუ მართლაც უღირსი ქმნილებაა, განკიცხულია ეს ქონია? თუ უსარგებლო ჭურჭელი? რატომ არიან გადაყრილნი ის და მისი თესლი და იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდნენ? ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ! ისმინე უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ჩაწერეთ ეს კაცი, როგორც უმემკვიდრო, რომელმაც ვერ გაიხარა თავის დღეში: რადგან ვერ გაიხარებს მისი მემკვიდრე, ვერ დაჯდება დავითის ტახტზე, რომ იმეფოს იუდაზე. ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს! – ამბობს უფალი. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, მწყემსებზე, რომლებიც ჩემს ერს მწყემსავენ: თქვენ დაფანტეთ ჩემი ცხვარი, თქვენ გაგიფრთხათ და ყური არ უგდეთ! მე მოგკითხავთ პასუხს თქვენი ბოროტი საქმეების გამო, – ამბობს უფალი. მე შევაგროვებ ჩემს გადარჩენილ ცხვრებს ყველა ქვეყნებიდან, სადაც გავფანტე ისინი და დავაბრუნებ თავიანთ ფარეხებში, და დაინერბებიან და გამრავლდებიან. და დავუყენებ მათ მწყემსებს და ისინი დამწყემსავენ. აღარ შეეშინდებათ და აღარ დაფრთხებიან, და ერთი ბატკანიც არ დააკლდებათ, – ამბობს უფალი. აჰა, დგება ჟამი, – ამბობს უფალი, – და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს, და იმეფებს მეფე და მართლად განსჯის, და სამართალსა და სიმართლეს დაამკვიდრებს ქვეყნად. მის დღეებში თავს დაიხსნის იუდა და ისრაელი უშიშრად იცხოვრებს; და ამ სახელით უწოდებენ მას: „უფალი ჩვენი სიმართლისა!“ ამიტომ დადგება ჟამი, – ამბობს უფალი, – და აღარ იტყვიან: უფალს ვფიცავთ, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან ამოიყვანაო. არამედ: უფალს ვფიცავთ, რომელმაც გამოიყვანა და მოიყვანა ისრაელის სახლის თესლი ჩრდილო ქვეყნიდან და ყველა ქალაქიდან, სადაც გავფანტე ისინი, და იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე. წინასწარმეტყველთა შესახებ ნათქვამი: გული მისკდება მკერდში და ძვლები მიელავს, ღვინომორეულ კაცსა ვგავარ, უფლის გამო და მისი წმიდა სიტყვების გამო. რადგან მეძაობით გაივსო ქვეყანა; მათ გამო მოსთქვამს დედამიწა; გადაიტრუსა ტრამალთა საძოვრები; ბოროტებას ესწრაფიან, ძალას უსამართლობაში ხედავენ, რადგან შეიბილწნენ მღვდლებიცა და წინასწარმეტყველნიც; ჩემს სახლშიც კი ვიხილე მათი ნაავკაცარი, – ამბობს უფალი. ამიტომ მათი სავალი ისეთი იქნება, როგორც მოლიპული გზა წყვდიადში; ხელს კრავენ და დაეცემიან, რადგან მათი განკითხვის წელს უბედურებას მოვაწევ მათ, – ამბობს უფალი. სამარიის წინასწარმეტყველებშიც ვიხილე უგუნურება: ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და აცდუნებდნენ ჩემს ერს – ისრაელს. იერუსალიმის წინასწარმეტყველებშიც ვხედავ საშინელ ამბებს: მრუშობენ და სიცრუით დადიან, უკეთურთა მხარეზე არიან, რათა არავინ მოიქცეს თავისი ბოროტი გზიდან. ყველა სოდომელივით გახდა ჩემთვის და მისი ყველა მკვიდრი – გომორელივით. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებზე: აჰა, მე შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ გესლოვან წყალს, რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან გამოდის ცდუნება მთელს ქვეყანაზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც თქვენ ცუდს გიწინასწარმეტყველებენ; ისინი გატყუებენ, თავიანთი გულის ხილვებით ლაპარაკობენ, და არა იმას, რაც უფლის ბაგეთაგან მოდის. ისინი განუწყვეტლივ ეუბნებიან ჩემს მოძულეთ: უფალმა თქვა, მშვიდობა გექნებათო. და ყველა გულგაკერპებულს ეუბნებიან: არ მოაწევსო უბედურება თქვენს თავს. რადგან ვინ იდგა უფლის საბჭოში და ვინ იხილა და მოისმინა მისი სიტყვები? ვინ უგდებდა ყურს მის სიტყვებს და ვინ მოისმინა? აჰა, უფლის ქარიშხალი რისხვით ამოვარდა! საშინელი ქარბორბალა დაუბერავს და ბოროტეულთ დაატყდებათ თავს. არ მიიქცევა უფლის რისხვა, სანამ არ აღისრულებს გულის ზრახვებს; უკანასკნელ დღეებში ბოლომდე მიხვდებით ამას. არ მომივლინებია ეს წინასწარმეტყველნი და თავად მორბოდნენ, მე არაფერი მითქვამს მათთვის და თავისით წინასწარმეტყველებდნენ. ჩემს საბჭოში რომ მდგარიყვნენ, აუწყებდნენ ჩემს სიტყვებს ჩემს ხალხს, და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და მათი ბოროტი საქმეებიდან. მხოლოდ მაშინა ვარ ღმერთი, როცა ახლოს ვარ? – ამბობს უფალი, – შორს მყოფი აღარა ვარ ღმერთი? განა ვინმე შეძლებს დაიმალოს საიდუმლო ადგილას, სადაც მე ვერ დავინახავ მას? – ამბობს უფალი; – განა ცასა და მიწას მე არ ვავსებ? – ამბობს უფალი. მესმა, რასაც ამბობენ წინასწარმეტყველნი, ჩემი სახელით რომ ცრუდ წინასწარმეტყველებენ: მე დამესიზმრაო მე, დამესიზმრაო. როდემდე ექნებათ ეს წინასწარმეტყველთა გულში, სიცრუეს რომ წინასწარმეტყველებენ, და ქადაგებენ თავიანთ გულის ნაფიქრალს. იქნებ ჰგონიათ მათ, რომ დაავიწყებენ ჩემს ხალხს ჩემს სახელს თავიანთი სიზმრებით, რომლებსაც ისინი უყვებიან ერთმანეთს, როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაყალის გამო? წინასწარმეტყველმა, რომელმაც სიზმარი ნახა, იამბოს ის, როგორც სიზმარი; ხოლო მან, ვისთანაც ჩემი სიტყვაა, ჭეშმარიტად იამბოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ასეა ჩემი სიტყვებიც, – ამბობს უფალი. განა ცეცხლივით არაა ჩემი სიტყვა, – ამბობს უფალი, – უროსავით რომ ანგრევს კლდეებს! ამიტომ, აჰა, მე ვარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, – ამბობს უფალი, – ჩემს სიტყვებს რომ ერთმანეთს პარავენ. აჰა, მე ვარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, – ამბობს უფალი, – რომლებიც თავიანთი ენის გამონაგებს მე მაბრალებენ და ამბობენ: მანა თქვაო. აჰა, მე ვარ ცრუ სიზმრებით მოწინასწარმეტყველეთა წინააღმდეგ, – ამბობს უფალი, – რომლებიც მოუთხრობენ ამ სიზმრებს და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებითა და ლაზღანდარობით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი და არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, და არავითარი სარგებელი არ მოაქვთ მათ ამ ერისათვის, – ამბობს უფალი. და თუ გკითხავს შენ ეს ხალხი, ან წინასწარმეტყველი, ან მღვდელი: რა არისო უფლის ტვირთი? უთხარი მათ: თქვენა ხართ-თქო ტვირთი, და მე მოგისვრით-თქო თქვენ, – ამბობს უფალი. თუ წინასწარმეტყველი, მღვდელი ან ვინმე იტყვის: უფლის ტვირთიაო, შურს ვიძიებ იმ კაცზე და მის სახლზე. ასე უთხრას ყოველმა კაცმა მოყვასსა თვისსა და ყოველმა კაცმა ძმასა თვისსა: რა მოგიგო უფალმა? და რა თქვა უფალმა? ხოლო უფლის ტვირთი აღარ ახსენოთ, რადგან ტვირთად ექნება იმ კაცს თავისი სიტყვა, რადგან თქვენ დაამახინჯეთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი ღმერთის, სიტყვები. ასე უთხარი წინასწარმეტყველს: რა გიპასუხა-თქო უფალმა, და რას ამბობს-თქო უფალი? და თუ იტყვით: უფლის ტვირთი არისო, – ასე ამბობს უფალი, – რადგან თქვენ თქვით ეს სიტყვა: უფლის ტვირთი, მე კი შემოგითვალეთ, რომ აღარ გეთქვათ: უფლის ტვირთი. ამიტომ მე დაგივიწყებთ თქვენ; მოგიცილებთ ჩემს თვალთაგან და დაგამხობთ თქვენ და დავამხობ თქვენს ქალაქს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს. და მოვაწევ თქვენზე სამუდამო სირცხვილსა და სამუდამო დამცირებას, რომელიც არასოდეს დაივიწყება. მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, გადაასახლა იუდას მეფე იექონია, იეჰოიაკიმის ძე, და იუდეის მთავარნი, ხურონი და კვერით-ხურონი იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა, უფალმა მიჩვენა ლეღვით სავსე ორი კალათა, რომლებიც უფლის ტაძრის წინ იდგა. ერთ კალათაში კარგი ლეღვი იყო, როგორიც ლეღვის პირველნაყოფია, ხოლო მეორე კალათაში – ძალიან ცუდი, რომლის ჭამაც არ შეიძლებოდა, იმდენად უვარგისი იყო. და მითხრა მე უფალმა: რას ხედავ, იერემია? და მივუგე მე: ლეღვს. კარგი ლეღვი ძალიან კარგია და ხენეში – ძალიან ხენეში, რომლის ჭამაც არ შეიძლება, იმდენად ცუდია. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ამ კარგი ლეღვივით გამოვარჩევ ტყვეობაში მყოფ იუდაელთ, რომელნიც გავუშვი აქედან ქალდეველთა ქვეყანაში; და მე მივაპყრობ მათ ჩემს თვალს სასიკეთოდ და უკანვე დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ მათ და არ დავანგრევ, ხელახლა დავნერგავ მათ და არ აღმოვფხვრი. და მე მივცემ მათ გულს ჩემს შესაცნობად, რომ მე ვარ უფალი. ისინი იქნებიან ჩემი ერი, და მე ვიქნები მათი ღმერთი; რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემსკენ. და როგორც ხენეშ ლეღვს, რომლის ჭამაც არ შეიძლება მისი უვარგისობის გამო, ისე მოვექცევი, – ამბობს უფალი, – ცედეკიას, იუდას მეფეს, და მის მთავართ და იერუსალიმის ნატამალს, ამ ქვეყანაში დარჩენილს, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ. და ვაქცევ მათ ქვეყნის ყველა სამეფოსათვის სასირცხვოდ და საიგავოდ, დასაცინად და ასაგდებად ყველგან, სადაც კი გავყრი მათ. და მივაწევ მათზე მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს, სანამ არ აღვგვი იმ მიწიდან, რომელიც მივეცი მათ და მათ მამებს. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ იუდას მთელს ერზე იუდას მეფის, იოშიას ძის, იეჰოიაკიმის, მეოთხე წელს (ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის პირველი წელი), სიტყვა, რომელიც უქადაგა იერემია წინასწარმეტყველმა იუდას მთელ ერსა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს: იუდას მეფის, ამონის ძის, იოშიას, მეფობის მეცამეტე წლიდან დღემდე, აი უკვე 23 წელია, რაც იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ, და მე გელაპარაკებოდით თქვენ, როგორც კი თვალს გავახელდი, და თქვენ არ ისმენდით. და აგზავნიდა უფალი თქვენთან ყველა თავის მსახურს, წინასწარმეტყველთ, განთიადიდან გიგზავნიდათ და არ უსმენდით, აინუნშიც არ აგდებდით მის სიტყვას. გეუბნებოდნენ: მოიქცესო ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტი საქმეებიდან, და დასახლდითო მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს საუკუნოდ; ნუ მისდევთო უცხო ღმერთებს სამსახურებლად და თაყვანისსაცემად, რათა არ გამარისხოთ მე თქვენი ხელით ნაკეთებით, და მეც არაფერს დაგიშავებთო. მაგრამ თქვენ არ მისმენდით მე, – ამბობს უფალი, – და მარისხებდით თქვენი ხელით ნაკეთებით, თქვენსავე საბოროტოდ. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმის გამო, რომ არ ისმინეთ ჩემი სიტყვები, აჰა, მოვუხმობ და წამოვიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს, – ამბობს უფალი, – და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურსაც გავუგზავნი კაცებს და ავამხედრებ მათ ამ ქვეყანაზე და მის მცხოვრებლებზე და ყველა იმ ხალხებზე, ირგვლივ რომ ცხოვრობენ; სრულიად გავანადგურებ მათ; უკაცრიელ, დასაცინ და საუკუნო ნანგრევებად ვაქცევ ყოველივეს. და მოვსპობ მათგან შვებისა და სიხარულის ხმას, ნეფის ხმასა და საპატარძლოს ხმას, დოლაბების რაკუნსა და ლამპრის შუქს. და მთელი ეს ქვეყანა გაოხრდება და გაუკაცურდება, და მთელი ეს ხალხები ბაბილონის მეფის მონობაში იქნებიან 70 წელიწადს. და როცა გაივლის 70 წელი, დავსჯი მე ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, – ამბობს უფალი, – და ქალდეველთა ქვეყანას მათი ურჯულოების გამო, და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მას. და ავახდენ იმ ქვეყანაზე ყველა ჩემს სიტყვას, რომელიც წარმოვთქვი მასზე, ყოველივეს ჩაწერილს ამ წიგნში, რომელიც იწინასწარმეტყველა იერემიამ ყველა ამ ხალხებზე. რადგან მათაც დაიმონებენ მრავალი ხალხები და დიდი მეფენი; და მივუზღავ მათ მათი საქმეებისა და მათ ხელთა ნაქნარისამებრ. რადგან ასე მითხრა მე უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ჩამომართვი ეს რისხვის ღვინით სავსე თასი და შეასვი ყველა ხალხებს, რომლებთანაც შენ გაგაგზავნი. და შესვამენ და აბობოქრდებიან და გაგიჟდებიან მახვილის წინაშე, რომელსაც მე მოვუვლენ მათ. ხელიდან ჩამოვართვი უფალს თასი და შევასვი ყველა ხალხებს, ვისთანაც გამაგზავნა უფალმა: იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, და მის მეფეებს, და მის მთავრებს, რათა გაეოხრებინა, შემზარავი და სამარცხვინო სანახავი გაეხადა და შეეჩვენებინა, როგორც დღევანდლამდე არიან, ფარაონს – ეგვიპტის მეფეს, და მის მსახურთ, მის მთავრებს და მთელ მის ხალხს, და ყველა შერეულ ხალხს, და ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, და ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, და აშკელონს, ღაზას და ყეკრონს და აშდოდის ნატამალს, ედომს და მოაბს, და ყამონელთ, და ცორის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეთ; დედანს, თემას და ბუზს, და ყველა საფეთქელაპარსულს; და არაბეთის ყველა მეფეს, და უდაბნოში დავანებულ ყველა აღრეული ტომების მეფეებს; და ზიმრის ყველა მეფეს, ყელამის ყველა მეფეს და მიდიის ყველა მეფეს; ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ერთმანეთის ახლობელს და შორებელს; და მსოფლიოს ყველა სამეფოს, რომელიც დედამიწის ზურგზეა, და შეშაქის მეფე მათ შემდეგ შესვამს. და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით და დათვერით, და ამოარწყიეთ და დაცვივდით, და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც მე მოვავლენ თქვენზე. და თუ უარს იტყვიან შენი ხელიდან თასის მიღებაზე, რომ შესვან, მაშინ უთხარი მათ: ასე ბრძანა ცაბაოთ უფალმა, რომ უნდა შესვათ-თქო. რადგან ამ ქალაქზე, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, მე ვიწყებ უბედურების მოწევას; და ნუ იფიქრებთ, რომ არ დაისჯებით, რადგან მახვილს მოვუხმობ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებზე, – ამბობს ცაბაოთ უფალი. აუწყე მათ ყველა ეს სიტყვა და უთხარი მათ: უფალი სიმაღლიდან დაიგრგვინებს და მისი წმიდა სავანიდან გამოსცემს ხმას; საშინელი გრგვინვით დაიგრგვინებს თავის ფარეხზე; როგორც საწნახელში ყურძნის მწურავები, ისე დასჭექს დედამიწის ყველა მცხოვრებთა თავზე. ხმა მიაღწევს ქვეყნის კიდეებამდე, რადგან დავა აქვს უფალს ხალხებთან: განიკითხავს იგი ყველა ხორციელს, ბოროტმოქმედნი მახვილს მიეცემიან, – ამბობს უფალი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება გადადის ხალხიდან ხალხზე და დიდი ქარბორბალა აღიძვრის ქვეყნის კიდეებიდან. და ეყრებიან იმ დღეს უფლის მიერ დახოცილნი ქვეყნის კიდიდან კიდემდე, და არავინ დაიტირებს მათ, არავინ აკრეფს და არავინ დამარხავს, ნეხვივით ეყრებიან მიწის ზურგზე. ივალალეთ, მწყემსებო, და იკივლეთ, და მიწა-მტვერი გადაიყარეთ თავზე, ფარების სარქლებო, რადგან მოაწია დღეებმა თქვენი დაკვლისა და გაფანტვისა, და დაიმსხვრევით, როგორც ძვირფასი ჭურჭელი. არ ექნებათ თავშესაფარი მწყემსებს და ვეღარ გადარჩებიან ფარების სარქლები. მწყემსთა ყვირილისა და ფარის სარქლების ვაების ხმაა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვრებს. და ჩანაგდება მშვიდობიანი საძოვრები უფლის გაცეცხლებული რისხვით. ლომივით დატოვა მან თავისი ბუნაგი, რადგან გაუკაცრიელდა მათი ქვეყანა ამაოხრებლის მრისხანებითა და მისი რისხვის ცეცხლით. იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში იყო უფლის სიტყვა: ასე ამბობს უფალი: დადექი უფლის ტაძრის ეზოში და უთხარი იუდას ყველა ქალაქს, უფლის სახლში რომ მოდიან თაყვანის საცემად, ყოველი ეს სიტყვა, რომელიც მე გიბრძანე, რომ გეთქვა მათთვის; ერთი სიტყვაც არ დააკლო. იქნებ ისმინონ და მოიქცნენ თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მე შევინანებ იმ უბედურებებს, რაც მე განვიზრახე მათზე მოსაწევად მათი ბოროტი საქმეების გამო. უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: თუ არ მომისმენთ მე და არ ივლით ჩემი რჯულის მიხედვით, რომელიც მე მოგეცით თქვენ, თუ არ შეისმენთ სიტყვებს ჩემს მსახურ წინასწარმეტყველთა, რომელთაც მე დღენიადაგ ვაგზავნიდი თქვენთან, თქვენ კი არ უსმენდით, მე გავხდი ამ სახლს შილოსავით და ქვეყნის ყველა ხალხების საწყევარად ვაქცევ მას! და უსმენდნენ მღვდელნი და წინასწარმეტყველნი, და მთელი ერი იერემიას, როცა ის ამ სიტყვებს წარმოთქვამდა უფლის სახლში. და როდესაც დაასრულა იერემიამ ყოველივე იმის თქმა, რაც უფალმა უბრძანა მთელი ერისათვის სათქმელად, დაიჭირეს ის მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა და მთელმა ერმა, და უთხრეს: შენ უნდა მოკვდე! რატომ წინასწარმეტყველებ უფლის სახელით და ამბობ: შილოსავით იქნებაო ეს სახლი, ეს ქალაქი კი აოხრდება და უკაცური დარჩებაო? და მთელი ხალხი იერემიას მიუხდა უფლის სახლში. და გაიგეს იუდას მთავრებმა ეს ამბავი და მეფის სასახლიდან უფლის სახლში ავიდნენ, და დასხდნენ უფლის ტაძრის ახალ კარიბჭეში. და მიმართეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებს და მთელ ხალხს: სასიკვდილო განაჩენი ამ კაცს, რადგან ამ ქალაქს განადგურება უწინასწარმეტყველა, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ! და უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელ ხალხს: უფალმა გამომაგზავნა, რომ მეწინასწარმეტყველა ამ სახლზე და ამ ქალაქზე ყველა ის სიტყვა, რომელიც თქვენ მოისმინეთ. და ახლა გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, და უსმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას, მაშინ გადაიფიქრებს უფალი იმ უბედურებას, რასაც გიპირებთ. მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ და ისე მომექეცით, როგორც სწორად და სამართლიანად მიიჩნიოთ. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ, თუ მომკლავთ, უდანაშაულო სისხლს დაიდებთ თქვენცა და ეს ქალაქიც და მთელი მისი მკვიდრნიც, რადგან ნამდვილად უფალმა მომავლინა თქვენთან, რომ მეთქვა ყველა ეს სიტყვა თქვენს გასაგონად. მაშინ უთხრეს მთავრებმა და მთელმა ხალხმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: ეს კაცი არ იმსახურებს სასიკვდილო განაჩენს, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის, სახელით გველაპარაკებოდა. და წამოდგნენ ხალხის უხუცესთაგან და უთხრეს მთელი ხალხის კრებულს: მორეშეთელი მიქაც წინასწარმეტყველებდა იუდეის მეფის, ხიზკიას, დღეებში და ასე უთხრა მთელ იუდაელთ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: სიონი მინდორივით გადაიხვნება, და იერუსალიმი ნანგრევთა გროვად იქცევა, ეს ტაძრის მთა კი – უღრან ტყედო. მაგრამ განა მოკლეს იგი იუდეის მეფე ხიზკიამ და იუდაელებმა? განა არ შეეშინდა მას უფლისა? ხომ შესთხოვა უფალს, და გადაიფიქრა უფალმა ის უბედურება, რომელიც წარმოთქვა მათზე? ჩვენ კი თვით გვსურს მოვიწიოთ დიდი უბედურება ჩვენს სულებზე! სხვა კაციც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით – ურია, შემაყიას ძე, კირიათ-იეყარიმელი, და წინასწარმეტყველებდა ამ ქალაქზე და ამ ქვეყანაზე ყველა იმ სიტყვებით, რომლებითაც იერემია წინასწარმეტყველებდა. როცა გაიგეს მისი სიტყვები მეფე იეჰოიაკიმმა, მისმა დიდებულებმა და მისმა მთავრებმა, მოითხოვა მეფემ მისი მოკვლა. გაიგო ეს ურიამ, შეეშინდა და გაიქცა ეგვიპტეში. და გაგზავნა მეფე იეჰოიაკიმმა ეგვიპტეში თავისი კაცები: ელნათან ყაქბორის ძე და სხვები. და მათ გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიუყვანეს მეფე იეჰოიაკიმს, და მან დასცა ის მახვილით, მისი გვამი კი მდაბიოთა სასაფლაოზე გადააგდეს. ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი მფარველობდა, რომ ხალხის ხელში არ ჩაეგდოთ მოსაკლავად. იუდას მეფის ცედეკიას, იოშიას ძის, მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო იერემიას მიმართ უფლისაგან. ასე მითხრა მე უფალმა: გაიკეთე უღელი და აპეურები და დაიდგი ქედზე. და ისეთივე გაუგზავნე ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონელთა მეფეს, ცორის მეფეს და ციდონის მეფეს იმ მოციქულთა ხელით, რომლებიც იერუსალიმში მოვიდნენ იუდას მეფე ცედეკიასთან. და უბრძანე მათ უთხრან თავიანთ ბატონებს: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: უთხარით-თქო თქვენს ბატონებს: მე შევქმენი ეს ქვეყანა და ადამიანი და პირუტყვი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, ჩემი დიდი ძალით და აღმართული მკლავით, და მივეცი მათ, ვინც ღირსად ჩავთვალე. და ახლა ყველა ეს ქვეყნები მე მივეცი ჩემს მსახურს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, და თვით ველის ნადირთაც მას ვაბარებ რათა ემსახურონ. და ყველა ხალხები დაემორჩილებიან მას და მის ძეებს და მის ძეთა ძეთ; სანამ დაუდგება მის ქვეყანასა და მას ჟამი უფლის რისხვისა, მანამ მორჩილებაში ეყოლება მას მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფენი. და თუ რომელიმე ხალხი ან სამეფო უარს ეტყვის მორჩილებაზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და ქედს ასწევს მისი უღლიდან, მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი იმ ხალხსა და სამეფოს, – ამბობს უფალი, – ვიდრე არ მოვსპობ მათ მისი ხელით. და თქვენ ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველთ და თქვენს მისნებს, და თქვენს მესიზმრეებს და თქვენს მკითხავებს და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან: არ ემსახუროთო ბაბილონის მეფეს. რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოგაშორონ თქვენი მიწიდან, და მე გაგაძეოთ და დაიღუპოთ. ხოლო, იმ ხალხს, რომელიც ქედს მოუხრის ბაბილონის მეფის უღელს და დაემორჩილება, დავტოვებ თავის მიწაზე, – ამბობს უფალი, – და დაამუშავებენ მას და იცხოვრებენ იქ. ცედეკიას, იუდას მეფეს, ვუთხარი იგივე სიტყვები, რომ მოუხარეთ-მეთქი ქედი ბაბილონის მეფის უღელს, დაემორჩილეთ მას და მის ხალხს, და ცოცხალი გადარჩებით-მეთქი. რისთვის უნდა მოისრათ შენ და შენი ერი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, როგორც დაემუქრა უფალი იმ ხალხს, რომელიც არ დაემორჩილიება ბაბილონის მეფეს? ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც ასე გეუბნებიან: არ ემსახუროთო ბაბილონის მეფეს! სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რადგან მე არ გამომიგზავნია ისინი, – ამბობს უფალი, – სიცრუეს წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა განგდევნოთ მე და დაიღუპოთ თქვენს წინასწარმეტველებთან ერთად. მღვდლებსა და მთელ ამ ხალხს ველაპარაკე და ვუთხარი: ასე ამბობს-მეთქი უფალი: ნუ დაიჯერებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გიქადაგებენ: აჰა, სადაც არის დაბრუნდებაო ბაბილონიდან უფლის ტაძრის ჭურჭელი; რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი. ნუ დაუჯერებთ მათ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ცოცხლები გადრჩებით. რატომ უნდა აოხრდეს ეს ქალაქი? თუ წინასწარმეტყველნი არიან ისინი და თუ უფლის სიტყვა არის მათ შორის, შეევედრონ ცაბაოთ უფალს, რომ უფლის სახლში, იუდას მეფის სახლსა და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელიც არ წავიდეს ბაბილონში. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი სვეტებზე, ბრინჯაოს ზღვაზე, კვარცხლბეკებსა და ამ ქალაქში დარჩენილ სხვა ჭურჭელზე, რაც არ წაუღია ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, როცა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იუდას მეფე იექონია, იეჰოიაკიმის ძე, იუდეისა და იერუსალიმის მთავრებთან ერთად. რადგან ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, უფლის სახლში, იუდას მეფის სასახლესა და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭელზე: ბაბილონში გავზიდავ მას, და იქ დარჩება ის, ვიდრე არ ვიზრუნებ მასზე, – ამბობს უფალი, – და არ გამოვატანინებ და არ დავაბრუნებინებ ამ ადგილზე. და იყო იმავე წელს, იუდას მეფე ცედეკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს, ხანანია ყაზურის ძემ, გიბეონელმა წინასწარმეტყველმა, მითხრა მე უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს. ორ წელიწადში დავაბრუნებო ამ ადგილას უფლის ტაძრის მთელ ჭურჭელს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაზიდა აქედან ბაბილონში; და იექონია იეჰოიაკიმის ძეს, იუდეის მეფეს, და ბაბილონში მყოფ ყველა ტყვედ წაყვანილ იუდაელს დავაბრუნებ ამ ადგილას, – ამბობს უფალი, – რადგან მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს. და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს უფლის სახლში მდგომი მთელი ხალხისა და მღვდლების თვალწინ, და თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამინ! ეგრე ყოს უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი სიტყვები, რომლებიც იწინასწარმეტყველე უფლის ტაძრის ჭურჭლისა და ყველა ტყვის დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას. მხოლოდ მოისმინე ეს სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ერის მოსასმენად. წინასწარმეტყველნი, რომლებიც ჩემზე უწინ იყვნენ და შენზე უწინაც დიდი ხნით ადრე, უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სამეფოებს ომებს, უბედურებებსა და შავ ჭირს; თუ წინასწარმეტყველი მშვიდობას წინასწარმეტყველებს, მხოლოდ მაშინ აღიარებენ, უფლის მიერ მოვლინებულ ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად, როცა ახდება მისი წინასწარმეტყველება. მაშინ ახსნა ხანანია წინასწარმეტყველმა წინასწარმეტყველ იერემიას კისრიდან უღელი და დალეწა. და თქვა ხანანიამ მთელი ხალხის თვალწინ: „ასე ამბობს უფალი: ‘ასევე დავლეწავ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხების ქედზე.’“ და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავისი გზით. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა ქედიდან მოხსნა წინასწარმეტყველ იერემიას უღელი და დალეწა: წადი და უთხარი ხანანიას: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ ხის უღელი დალეწე, ახლა რკინის უღელი მოვა-თქო მის ნაცვლად. რადგან ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: რკინის უღელი დავადგი მე ყველა ამ ხალხებს ქედზე, რათა დაემორჩილნენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, და დაემორჩილებიან კიდეც, თვით ველის ნადირიც კი მას დაემორჩილება. და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: ისმინე, ხანანია, უფალს არ გამოუგზავნიხარ შენ, და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მოგაშორებ მზის ნათელს, ამ წელს მოკვდები, რადგან უფლის წინააღმდეგ ლაპარაკობდი. და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმ წელიწადს, მეშვიდე თვეში. ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმიდან ბაბილონში გადასახლებული უხუცესების, მღვდლების, წინასწარმეტყველებისა და ხალხის ნატამალს, (ეს იყო მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ იერუსალიმიდან გაიყვანა მეფე იექონია, მისი დედა-დედოფალი, კარისკაცნი და იუდასა და იერუსალიმის მთავრები, ხუროები და მჭედლები); ელყასა შაფანის ძის, და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც იუდას მეფე ცედეკიამ გაგზავნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან ბაბილონში, რათა ეთქვათ მისთვის: ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, რომლებიც მე გადავასახლე იერუსალიმიდან ბაბილონში: აიშენეთ სახლები და დასახლდით, და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მისი ნაყოფი, მოიყვანეთ ცოლები და შობეთ ძენი და ასულნი, და მოუყვანეთ თქვენს ძეებს ცოლები და თქვენი ასულნი გაათხოვეთ, და შვან მათ ძენი და ასულნი და გამრავლდით იქ და არ შემცირდეთ. და შესთხოვეთ მშვიდობა იმ ქალაქისათვის, სადაც გადაგასახლეთ თქვენ, და ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი მშვიდობით თქვენც გექნებათ მშვიდობა. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ნუ გაცდუნებენ თქვენ თქვენი წინასწარმეტყველნი, რომელნიც თქვენს შორის არიან, და თქვენი მისნები, და ნუ დაუჯერებთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ. რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი ჩემი სახელით: მე არ გამომიგზავნია ისინი, – ამბობს უფალი. რადგან ასე ამბობს უფალი: როდესაც შეგისრულდებათ ბაბილონში სამოცდაათწლიანი ტყვეობა, მოგიკითხავთ მე თქვენ და აგისრულებთ ჩემს კეთილ სიტყვას, რომ გითხარით დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილას. რადგან მე კარგად ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი. თქვენ მოხვალთ და შემევედრებით, მომიხმობთ და მე მოგისმენთ თქვენ; მეძიეთ და მიპოვით თუ მთელი გულით დამიწყებთ ძებნას. გამოგეცხადებით მე და დაგაბრუნებთ ტყვეობიდან, და შეგკრებთ ყველა იმ ხალხებიდან და ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გამიძევებიხართ, – ამბობს უფალი, – და დაგაბრუნებთ იმავე ადგილას, საიდანაც გადაგასახლეთ. რადგან თქვენ ამბობთ: უფალმა ბაბილონშიც აღგვიდგინაო წინასწარმეტყველნი. რადგან ასე ამბობს უფალი დავითის ტახტზე მჯდომ მეფეზე, და ამ ქალაქში მცხოვრებ მთელ ხალხზე, თქვენს ძმებზე, რომლებიც თქვენთან ერთად არ წამოსულან გადასახლებაში; ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: აჰა, მე მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს და ვაქცევ მათ უვარგის ლეღვად, საჭმელად რომ არ ვარგა. დავედევნები მათ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, და საფრთხობელად ვაქცევ მათ ქვეყნიერების ყველა სამეფოსათვის, შესაჩვენებლად, შესაზარად, სამასხროდ და სასირცხვოდ ყველა ხალხში, სადაც კი გამიძევებია ისინი. იმის სანაცვლოდ, რომ არ უსმინეს ჩემს სიტყვებს, – ამბობს უფალი, – რომლებსაც ვუთვლიდი მათთან მივლინებული ჩემი მსახურების – წინასწარმეტყველების პირით, მაგრამ მათ არ უსმინეს მათ, – ამბობს უფალი. თქვენ მაინც ისმინეთ უფლის სიტყვა, ყველა გადასახლებულო, ვინც კი გაგაგზავნეთ იერუსალიმიდან ბაბილონში. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე და ცედეკიაზე, მაყასეიას ძეზე, რომლებიც ჩემი სახელით ტყუილს გიწინასწარმეტყველებდნენ: აჰა, მე მივცემ მათ ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს ხელში და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ. და ასე დაიწყევლის ბაბილონში გადასახლებული ყველა იუდაელი: „უფალმა გიყოს, რაც ცედეკიასა და ახაბს დამართა ბაბილონის მეფემ – ცეცხლზე რომ შეწვა!“ იმის გამო, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს მათ ისრაელში და მრუშობდნენ თავიანთ მოყვასთა ცოლებთან და ტყუილს ამბობდნენ ჩემი სახელით, რაც მე არ დამივალებია მათთვის. მე კარგად ვიცი, რასაც ისინი აკეთებდნენ და მოწმეცა ვარ, – ამბობს უფალი. და შემაყია ნეხელამელს უთხარი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ შენი სახელით უგზავნიდი წერილებს იერუსალიმის მთელ ერს და მღვდელ ცეფანია მაყასეიას ძეს, და ყველა სხვა მღვდლებს, რომ „უფალმა დამადგინაო მე მღვდლად იეჰოიადაყის ნაცვლად, რათა თვალი ვადევნო უფლის ტაძარში ყოველ ბნედიანს, წინასწარმეტყველი რომ ჰგონია თავი და ჩავსვა საპყრობილესა და საკანში.“ მაშ ახლა რატომ არ ურისხდებით იერემია ყანათოთელს, რომელიც თქვენ გიწინასწარმეტყველებთ? იმიტომ, რომ მან ჩვენთანაც შემოთვალა ბაბილონში: ხანგრძლივი იქნებაო დევნილობა; აიშენეთ სახლები და დასახლდით და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მისი ნაყოფი. და წაიკითხა მღვდელმა ცეფანიამ ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველის გასაგონად; და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ: შეუთვალე ყველა გადასახლებულს: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: იმის გამო, რომ შემაყია გიწინასწარმეტყველებთ თქვენ, მე კი არ გამომიგზავნია ის თქვენთან, და ტყუილებით გაიმედებთ, ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მე დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის მოდგმას; ვერ დარჩება მისი მოდგმა ამ ხალხში, და ვერ იხილავს ის იმ სიკეთეს, რასაც მე ჩემს ერს მივაგებ, – ამბობს უფალი, – რადგან უფლისაგან განდგომას ქადაგებდა. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: გრაგნილში ჩაიწერე ყველა ის სიტყვა, რაც გითხარი. რადგან, აჰა, დგება ჟამი, – ამბობს უფალი, – როცა მე დავაბრუნებ ჩემს ერს – ისრაელსა და იუდას – ტყვეობიდან. დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი მათ მამებს და ისინი დაიმკვიდრებენ მას. ეს ის სიტყვებია, რომლებიც თქვა უფალმა ისრაელსა და იუდაზე. ასე ამბობს უფალი: შიშის ხმა გვესმის ჩვენ, ძრწოლისა და არა მშვიდობისა. იკითხეთ და ნახეთ, თუ სადმე გაგონილა, რომ კაცი შობდეს? მაშ რატომ ვხედავ, რომ კაცებს მშობიარე დედაკაცებივით ხელით უჭირავთ თეძოები? და რატომ გაფითრებია ყველას სახე? ვაი, რა დიდია ის დღე, არ ყოფილა მისი მსგავსი. უბედურების ჟამია ის იაკობისთვის, მაგრამ ის გადარჩება. და იქნება იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი – რომ დავლეწავ მის უღელს შენ რომ გადგას ქედზე, და დავწყვეტ შენს აპეურებს; და აღარ მოემსახურებიან უცხოთესლთ. არამედ მოემსახურებიან ისინი უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ მათ. და ნუ გეშინია, იაკობ, ჩემო მონავ! – ამბობს უფალი, – და ნუ შეშინდები, ისრაელ, რადგან, აჰა, მე დაგიხსნი შენ შორეთიდან და შენს თესლს – მათი ტყვეობის ქვეყნიდან. და დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს წყნარად და მშვიდად და ვეღარავინ შეაშინებს მას. რადგან შენთანა ვარ მე, – ამბობს უფალი, – რომ გიხსნა, რადგან ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხებს, რომელთა შორისაც გაგფანტე შენ, მაგრამ შენ არ მოგიღებ ბოლოს; შენ სამართლიანად დაგსჯი, დაუსჯელს კი არ დაგტოვებ. რადგან ასე ამბობს უფალი: უკურნებელია შენი ჭრილობა, მძიმეა შენი წყლული. არავინ არის შენი საქმის განმკითხველი, შესახორცებელი სალბუნი არ მოიძიება შენთვის. ყველა შენმა მეგობარმა დაგივიწყა, არ გკითხულობენ, რადგან მტრის ჭრილობით დაგჭერი მე, სასტიკი სატანჯველით – შენი მრავალი ურჯულოების გამო, რადგან გამრავლდა შენი ცოდვები. რას კვნესი შენს ჭრილობებზე, შენს უწყალო სატკივარზე? შენი მრავალი ურჯულოების გამო გიყავი მე ეს, იმის გამო, რომ გამრავლდა შენი ცოდვები. ამიტომ ყველა შენს შემჭმელს შეჭამენ; და ყველა შენს მოძალადეს ტყვედ წაიყვანენ; ყველა შენს ამაოხრებელს ააოხრებენ, და ყველა შენს მძარცველს გავაძარცვინებ. მე მინდა მოგივლინო კურნება მძიმე წყლულებისაგან და განგკურნო, – ამბობს უფალი, – რადგან მოკვეთილი გიწოდეს და ამბობდნენ: ეს არისო სიონი, რომელსაც აღარავინ კითხულობსო. ასე ამბობს უფალი: მე დავაბრუნებ იაკობის კარვებიდან ტყვეობაში წაყვანილთ და შევიწყალებ მის დაბებს; და აშენდება ქალაქი თავის ბორცვებზე და ტაძარი თავის ძველ ადგილზე მოეწყობა. და გამოვა მათგან სამადლობელი და სიცილის ხმა; განვადიდებ მათ და არ დამცირდებიან. და იქნებიან მათი ძენი უწინდელივით, მისი თემი ჩემს წინაშე წარსდგება და მე დავსჯი ყველა მის დამთრგუნველს. მისგანვე იქნება მისი მბრძანებელი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი მთავარი. და მე მოვიახლოვებ მას და ის მოვა ჩემთან, რადგან თავისით ვინ გაბედავს, რომ მომიახლოვდეს მე? – ამბობს უფალი. და თქვენ იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. აჰა, მძვინვარე ქარბორბალა წამოვიდა უფლისგან, მრისხანე ქარბორბალა, ბოროტეულთ დაატყდება თავს. უკუ არ იქცევა უფლის გულისწყრომის რისხვა, ვიდრე არ შეისრულებს თავისი გულისნადებს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას. იმ დროს, – ამბობს უფალი, – მე ვიქნები ისრაელის ყველა ტომის ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა მადლი მახვილს გადარჩენილმა ხალხმა; წავალ, შვება რომ მოვუტანო ისრაელს. შორიდან გამომეცხადა უფალი და მითხრა: საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე შენ, ისრაელ, ამიტომაც მოგფინე წყალობა. კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა, კვლავაც დამშვენდები შენი დაირებით და გამოხვალ მოკისკისე მროკველთა გუნდში. კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე; დარგავენ მწიდავნი და ვინც დარგავენ, თავადვე მოისთვლიან მას. რადგან დადგება დღე, როცა ეფრემის მთაზე დაიძახებენ გუშაგნი: ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან! რადგან ასე ამბობს უფალი: „სიხარულით იმღერეთ იაკობზე და გამოაცხადეთ ხალხთა მამის წინაშე; ადიდეთ და თქვით: ‘იხსენი, უფალო, შენი ერი, ნატამალი ისრაელისა!’“ აჰა, მოვიყვან მათ ჩრდილოეთის ქვეყნიდან და შემოვიკრებ მათ ქვეყნის კიდეებიდან; მათ შორის იქნებიან ბრმები და კოჭლები, ფეხმძიმენი და მშობიარენი, დიდი კრებული მოიქცევა აქეთ. ტირილით გავიდნენ ისინი აქედან და ნუგეშისცემით წამოვუძღვები მათ; სწორი გზებით წამოვიყვან წყლის ნაკადების ახლოს და აღარ წაიფორხილებენ იქ, რადგან მამა ვარ მე ისრაელისა, და ეფრემი პირმშოა ჩემი. ისმინეთ უფლის სიტყვა, ხალხებო, და აუწყეთ შორეულ კუნძულებს, და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეიკრებს მათ და დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის სამწყსოს. რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და გამოიხსნა მასზე უძლიერესის ხელიდან. და მოვლენ ისინი, იზეიმებენ სიონის მთაზე, გაიხარებენ უფლის სიუხვით – მისი პურითა და ღვინით, ზეთითა და ცხვარ-ძროხით. და იქნება მათი სული აყვავებული ბაღივით, და მათი ტანჯვები დამთავრდება. მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, და გაიხარებენ ჭაბუკნი და ბერიკაცნი მათთან ერთად; და მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ და ვანუგეშებ მათ, და გავახარებ მათ და დარდებს გავუქარწყლებ. და გავაძღობ მღვდლებს ლურთებით, და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: ხმა გაისმა რამაში, ტირილი და მწარე გოდება; რახელი დასტირის თავის ძეთ და არ უნდა ნუგეშისცემა თავისი შვილების გამო, რადგან აღარ არიან ისინი. ასე ამბობს უფალი: დაიოკე ხმა ტირილისა და ცრემლის ღვრა თვალთაგან, რადგან საზღაური აქვს შენს შრომას, – ამბობს უფალი, – დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან. იმედი გქონდეს შენი მომავლის, – ამბობს უფალი, – დაუბრუნდებიან შენი ძენი თავიანთ საზღვრებს. მესმის, რომ ტირის ეფრემი: შენ დამსაჯე მე და დავისაჯე, როგორც უღელდაუდგმელი მოზვერი, დამაბრუნე და დავბრუნდები მე, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი. ჩემი დაბრუნების შემდეგ მოვინანიე; და მას შემდეგ, რაც გონს მოვეგე, მუხლებში ვიცემდი ხელებს; შერცხვენილი ვიყავი და შეძრწუნებული, რადგან ჩემი სიჭაბუკის სირცხვილს ვატარებდი. განა ეფრემი ჩემი ძვირფასი ძე არ არის? განა საყვარელი ბავშვი არ არის? რადგან, როცა კი მასზე დავილაპარაკებ, მუდამ სიყვარულით ვიხსენებ. გულ-ღვიძლი მეწვის, რომ ვიგონებ, სიბრალული მიპყრობს, – ამბობს უფალი. ნიშები აღმართე, გზის მაჩვენებელი სამანები დასხი, გული მიაპყარ გზას, რომლითაც დადიოდი. დაბრუნდი, ქალწულო ისრაელისა, დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს. როდემდე იხეტიალებ, განდგომილო ასულო? უფალი შექმნის სიახლეს ქვეყანაზე – დედაკაცი დაიფარავს მამაკაცს. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: კვლავ იტყვიან ამ სიტყვას იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ მათ: უფალმა გაკურთხოს შენ, სიმართლის სამკვიდრებელო, მთაო წმიდაო! და კვლავ ერთად დასახლდებიან იუდასა და ყველა მის ქალაქში მხვნელ-მთესველნი და მწყემსნი. რადგან წყურვილს მოვაკვლევინებ ყოველ მწყურვალ სულს და გავაძღებ ყოველ მშიერ სულს. და ამ დროს გამომეღვიძა და გავახილე თვალი და დავინახე, რომ მეამა ძილი. აჰა, მოდიან დღეები, – ამბობს უფალი, – და დავთესავ ისრაელისა და იუდას სახლში კაცის თესლსა და პირუტყვის თესლს. და როგორც ვუთვალთვალებდი მათ, რომ აღმომეფხვრა და გამეცამტვერებინა ისინი, დამენგრია, მომესპო და მომეწია უბედურება მათზე, ასევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავნერგო, – ამბობს უფალი. იმ დღეებში აღარ იტყვიან: პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრაო კბილი. რადგან ყოველი თავისი ცოდვით მოკვდება; ვინც ტყემალს შეჭამს, კბილიც იმას მოეკვეთება. აჰა, მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – და ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას დავუდებ. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდე მათ მამებს იმ დღეს, როდესაც ხელი მოვკიდე მათ, რომ გამომეყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან; ის ჩემი აღთქმა მათ დაარღვიეს, მე კი მაინც ვპატრონობდი მათ, – ამბობს უფალი. რადგან ეს არის აღთქმა, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, – ამბობს უფალი, – წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ, და მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. და აღარ ასწავლის მეტად თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას ასე: შეიცანითო უფალი! რადგან დიდიან-პატარიანად ყველას ვეყოლები შეცნობილი, – ამბობს უფალი, – რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებს აღარ გავიხსენებ მეტად. ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად, უბრძანებს მთვარეს და ვარსკვლავებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ მისი ტალღები ღმუიან; ცაბაოთ უფალია მისი სახელი. თუ ეს წესები მოქმედებას შეწყვეტენ ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი, – მაშინ ისრაელიანთა თესლ-ტომიც შეწყდება და აღარ მეყოლება სამუდამოდ ჩემს ერად. ასე ამბობს უფალი: თუ გაიზომება მაღლა ცა და დაბლა გამოიკვლევა დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელიანთა მთელს მოდგმას ყოველივე იმის გამო, რაც მათ გააკეთეს, – ამბობს უფალი. აჰა, მოდიან დღენი, – ამბობს უფალი, – და აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის გოდლიდან კუთხის კარიბჭემდე. და საზომი საბელი გადასწვდება გარების ბორცვამდე და გოყათს შემოუვლის. და გვამებისა და ნაცრის მთელი ველი და მთელი მინდორი კიდრონის ნაღვარევამდე და ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით – უფლის წმიდა იქნება. არ აღმოიფხვრება და არ განადგურდება უკუნისამდე. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ იუდას მეფის, ცედეკიას მეფობის მეათე წელს. ეს იყო ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელი. მაშინ ალყაში მოიქცია ბაბილონის მეფის ლაშქარმა იერუსალიმი და იერემია წინასწარმეტყველი დაპატიმრებული იყო იუდას მეფის სასახლის ყარაულთა ეზოში. იუდას მეფე ცედეკიამ დააპატიმრა იგი და უთხრა: რატომ წინასწარმეტყველებ ასე და ამბობ, რომ უფალმა თქვა: აჰა, მე ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს ვაძლევო ხელთ და ის დაიპყრობსო მას. და იუდას მეფე, ცედეკია, თავს ვერ დააღწევსო ქალდეველთაგან, რადგან გადაეცემაო ბაბილონის მეფის ხელთ და პირისპირ ილაპარაკებსო მასთან, და საკუთარი თვალით შეხედავენო ერთმანეთს. ბაბილონში წაიყვანსო ის ცედეკიას და იქნება იქ, სანამ არ გავიხსენებო მას, – ამბობს უფალი, – თუ შეებრძოლებით ქალდეველებს, წარმატებას ვერ მიაღწევთო. და თქვა იერემიამ: იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ: აჰა, ხანამელი, შენი ბიძის, შალუმის, ძე, მოდის შენთან რათა გითხრას: იყიდე ჩემი მინდორი, ყანათოთში რომ მიჭირავს, რადგან გამოსყიდვის უფლებით შენ გეკუთვნის მისი დამკვიდრება. და მართლაც, უფლის სიტყვისამებრ მოვიდა ჩემთან საპყრობილის ეზოში ხანამელი, ძე ჩემი ბიძისა, და მითხრა: იყიდე ჩემი მინდორი, რომელიც ყანათოთში მიჭირავს, ბენიამინის მიწაზე, რადგან მემკვიდრეობის უფლებაც შენა გაქვს და გამოსყიდვისაც. იყიდე შენთვის. და მე მივხვდი, რომ ეს უფლის ბრძანება იყო. და მე ვიყიდე მინდორი ჩემი ბიძაშვილის, ხანამელისაგან, ყანათოთში, და მივუწონე მას ფულად – 17 შეკელი ვერცხლი. და ჩავწერე სიგელში, დავბეჭდე, დავისწარი მოწმეები და ვერცხლი ავწონე სასწორზე. ავიღე ნასყიდობის სიგელი, წესითა და რიგით ბეჭედდასმული და მისი ბეჭედდაუსმელი პირი. და მივეცი ნასყიდობის სიგელი ბარუქს, ნერიას ძეს, მახსეიას ძის ძეს, ჩემი ბიძის ძის, ხანამელის, თვალწინ, ყველა მოწმის თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს სიგელზე, ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც ყარაულთა ეზოში ისხდნენ. და ასე ვუბრძანე ბარუქს მათი თანდასწრებით: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აიღე ეს დაწერილები და ეს ბეჭედდასმული და ეს ბეჭედდაუსმელი ნასყიდობის სიგელები და ჩადე ისინი თიხის ჭურჭელში, რათა დიდხანს ინახებოდეს. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: კიდევ იყიდიან სახლებს და მინდვრებს და ვენახებს ამ ქვეყანაში! და მას შემდეგ, რაც ნასყიდობის სიგელი მივეცი ბარუქ ნერიას ძეს, ასე შევევედრე უფალს: ო, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შეჰქმენი ცა და დედამიწა შენი დიდი ძალითა და შენი აღმართული მკლავით; არაფერია შენთვის შეუძლებელი! წყალობასა იქმ ათასებზე და მამების ურჯულოებას მათ ძეთა წიაღში მიუზღავ მათ შემდეგ; შენ, დიდო და ძლიერო ღმერთო, რომლის სახელიც ცაბაოთ უფალია. სიტყვაგზიანო და მძლესაქმიანო, თვალს რომ არ აცილებ ადამის ძეთა ყოველ გზას, რათა მიუზღო თითოეულს თავისი გზისამებრ, მათ მოქმედებათა ნაყოფისამებრ; რომელმაც მოიმოქმედე ნიშები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენ ისრაელსა და კაცთა მოდგმაში, და შეიქმენი სახელი, როგორც დღესა გაქვს. და გამოიყვანე შენი ერი, ისრაელი, ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, და მტკიცე ხელითა და აღმართული მკლავით და დიდი შიშის ზარით. და მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელიც შეჰფიცე მათ მამებს, რომ მისცემდი რძითა და თაფლით მდინარ ქვეყანას. და მოვიდნენ ისინი და დაიმკვიდრეს ის, მაგრამ არ ისმინეს შენი ხმა და შენს რჯულზე არ იარეს, და ყოველივე, რისი გაკეთებაც ბრძანე, არ გააკეთეს, და შენ მოაწიე მათზე ყველა ეს უბედურება. აჰა, მიწაყრილები შემოადგეს ქალაქს მის დასაპყრობად; და მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისაგან ღონემიხდილი ქალაქი მის წინააღმდეგ მებრძოლ ქალდეველთა ხელში გადადის; და, რასაც ამბობდი, სრულდება და შენ ხედავ ამას. შენ კი, უფალო ღმერთო, მითხარი: იყიდეო შენთვის მინდორი ვერცხლით და მოწმეები დაისწარიო; მაშინ, როცა ქალაქი ქალდეველთა ხელში გადადის. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ: მე ვარ უფალი, ღმერთი ყოველი ხორციელისა; განა რაიმე არის ჩემთვის შეუძლებელი? ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მე ამ ქალაქს ხელში ჩავუგდებ ქალდეველებს და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი დაიპყრობს მას. და შემოვლენ ქალდეველნი, ალყაში მოიქცევენ ამ ქალაქს, ცეცხლს მისცემენ მას და გადაბუგავენ, და სახლებს, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ბაყალს და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს ჩემს გასარისხებლად. რადგან ისრაელის ძენი და იუდას ძენი მხოლოდ ბოროტის მოქმედნი იყვნენ ჩემს თვალში მათი სიყმაწვილიდან, რადგან ისრაელის ძენი მხოლოდ მაბოროტებდნენ მე თავიანთი ხელის ნაკეთებით, – ამბობს უფალი; რადგან ჩემს რისხვას და გულისწყრომას იწვევდა ეს ქალაქი მისი აგების დღიდან დღემდე. ამიტომაც მოვიშორებ მას ჩემს თვალთაგან – ისრაელის ძეთა და იუდას ძეთა ყველა ბოროტების გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს ჩემს გასარისხებლად, მათ, მათმა მეფეებმა, მათმა მთავრებმა, მათმა მღვდლებმა და მათმა წინასწარმეტყველებმა, იუდას კაცებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა. მათ ზურგი მომაქციეს და არა სახე; და როცა მათ ვასწავლიდი, სისხამ დილიდან ვასწავლიდი, მაგრამ არ შეისმინეს ჩემი დარიგება. და სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დადგეს თავიანთი კერპები, რათა შეებილწათ იგი. და მოაწყვეს ბაყალის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა გაეტარებინათ ცეცხლში თავიანთი ძენი და ასულნი მოლექის მსხვერპლად, რაც მე არ მიბრძანებია მათთვის და გულშიც არ გამივლია გამეკეთებინა ეს სისაძაგლე იუდას საცდუნებლად. და ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ: ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდებაო ის მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, – აჰა, მე შევკრებ მათ ყველა ქვეყნიდან, სადაც გავაძევე ისინი ჩემი რისხვით და ჩემი გულისწყრომით და დიდი მძვინვარებით; და დავაბრუნებ მათ ამ ადგილას და დავასახლებ მათ უსაფრთხოდ. და ისინი იქნებიან ჩემი ერი და მე ვიქნები მათი ღმერთი. და მივცემ მათ ერთ გულს და ერთ გზას, რათა ეშინოდეთ ჩემი ყოველთვის, მათ სასიკეთოდ და მათ ძეთა სასიკეთოდ მათ შემდეგ. და დავუდებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ზურგს აღარ შევაქცევ მათ, რათა სიკეთე ვუყო და მივცე მათ გულებს ჩემი შიში და აღარ განდგნენ ჩემგან. გავიხარებ მათთვის სიკეთის ქმნით, და დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მყარად მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით, რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუტანე ამ ხალხს ყველა დიდი უბედურება, ასევე მოვუტან მათ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აღვუთქვი მათ. და იყიდიან მინდვრებს ამ ქვეყანაში, რომელზეც თქვენ ამბობთ: ცარიელიაო, კაცისა და პირუტყვის ჭაჭანება არა ჩანსო, ქალდეველთ ჩაუვარდათო ხელთ. მინდვრებს ვერცხლით იყიდიან და ნასყიდობის სიგელებს დაწერენ, და ბეჭდებს დაუსვამენ, და მოწმეებს დაისწრებენ ბენიამინის ქვეყანაში, იერუსალიმის შემოგარენსა და იუდას ქალაქებში, მთის ქალაქებში და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში, რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან, – ამბობს უფალი. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მეორედ, როდესაც ის ჯერ ისევ დამწყვდეული იყო ყარაულთა ეზოში. ასე ამბობს უფალი, რომელმაც შექმნა მიწა, უფალი, რომელმაც მოაწყო და დააფუძნა იგი, – უფალია მისი სახელი. მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფეთა სახლებზე, რომლებიც დაინგრა მიწაყრილთა და მახვილის წინაშე, როცა მოვიდნენ ქალდეველები საომრად და მათ ასავსებად ადამიანთა გვამებით, რომლებიც მე გავწყვიტე ჩემი გულისწყრომითა და რისხვით, რადგან მათი ბოროტების გამო გარე-მივაქციე პირი ჩემი ამ ქალაქს. აჰა, მე შევუხვევ მას ჭრილობებს და განვკურნავ, და ვყოფ მისთვის მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვეს, და დავაბრუნებ იუდასა და ისრაელის ტყვეებს და ძველებურად ავაშენებ მათ. და განვწმედ მათ ყველა მათი უწმიდურებისაგან, რითაც ცოდავდნენ ჩემს წინაშე, და მივუტევებ ყველა ურჯულოებას, რითაც ცოდავდნენ ჩემს წინაშე და განმიდგნენ მე. და იქნება ჩემთვის იერუსალიმი სიხარულის სახელი, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხების წინაშე, რომლებიც მოისმენენ ყველა იმ სიკეთეს, რასაც მე გავუკეთებ მას, და გაოცდებიან და შეძრწუნდებიან ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან. ასე ამბობს უფალი: ამ ადგილას, რომელზეც თქვენ ამბობთ: აოხრებულიაო და არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, – იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, რომლებიც დაცარიელებულია, უკაცრიელია, სადაც არც კაცი და არც პირუტყვი ჭაჭანებს, კვლავაც გაისმება მხიარულებისა და ლხენის ხმა, ნეფის ხმა და საპატარძლოს ხმა, ხმა, რომელიც იტყვის: ადიდეთ ცაბაოთ უფალი, რამეთუ კეთილია უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და ხმა უფლის სახლში სამადლობელო მსხვერპლის მომტანთა; რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან, როგორც უწინ იყვნენ, – ამბობს უფალი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ამ გაუდაბურებულ ადგილზე და მის ქალაქებში, სადაც არ ჭაჭანებს არც კაცი, არც პირუტყვი, კვლავ გაჩნდება მწყემსთა ბინები, მათი ფარების სადგომები. მთის ქალაქებსა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებსა და ბენიამინის მიწაზე, იერუსალიმის გარეუბნებში და იუდას ქალაქებში კიდევაც გაივლის ფარები მწყემსის კომბლის ქვეშ დასათვლელად, – ამბობს უფალი. აჰა, დგება დღეები, – ამბობს უფალი, – როცა მე აღვასრულებ იმ სასიკეთო სიტყვას, რომელიც ისრაელის სახლსა და იუდას სახლს აღვუთქვი. იმ დღეებში და იმ ჟამს ჩემი ნებით აღმოცენდება ჭეშმარიტი მორჩი, დავითის მემკვიდრე, და ის იქმს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე. იმ დღეებში გადარჩება იუდა და იერუსალიმი უსაფრთხოდ დასახლდება. და მისი სახელი იქნება: „უფალი ჩვენი ხსნა!“ რადგან ასე ამბობს უფალი: არ დაელევა დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი, და ლევიანთა მღვდლებს არ დაელევათ კაცი ჩემს წინაშე, ყოველდღიურად სრულადდასაწველის აღმავლენელი და ძღვენის მკმეველი და მსხვერპლის შემწირველი. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ: ასე ამბობს უფალი: თუ შეძლებთ ჩემი აღთქმის დარღვევას დღისა და ღამის მონაცვლეობაზე, რომ დღე და ღამე აღარ იწყებოდეს თავის დროზე, მაშინ შესაძლებელი იქნება ჩემი აღთქმის დარღვევაც დავითთან, ჩემს მონასთან, რომ აღარ ეყოლება მას ძე მის ტახტზე გასამეფებლად, და ასევე ლევიან მღვდლებთან – ჩემს მსახურებთან. როგორც უთვალავია ცის მხედრობა და ზღვაში ქვიშაა აღურიცხველი, ისე გავამრავლებ დავითის, ჩემი მონის, თესლ-ტომს და ლევიანებს, ჩემს მსახურთ. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ: ნუთუ ვერ ხედავ, რას ამბობს ეს ხალხი: ის ორი ტომი, რომელიც უფალმა ამოირჩია, მანვე უარყოო? და ამის გამო მათ მოიძულეს ჩემი ერი ისე, თითქოს ის არ ყოფილიყოს ხალხი მათ თვალში. ასე ამბობს უფალი: რომ არ დამედო აღთქმა დღესთან და ღამესთან, და არ დამემტკიცებინა განჩინებანი ცისა და მიწისა, მაშინ იაკობისა და დავითის, ჩემი მონის, მოდგმასაც უკუვაგდებდი და არ ავიყვანდი ხელმწიფეებს მისი თესლიდან აბრაამის, ისააკისა და იაკობის თესლისათვის; რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან და შევიწყალებ. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი, და ქვეყნის ყველა სამეფო, რომლებიც მისი ძალაუფლების ქვეშ იყვნენ, და ყველა ხალხები ალყაში იქცევდნენ იერუსალიმსა და ყველა მისი შემოგარენის ქალაქებს. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი ცედეკიას, იუდას მეფეს: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს ხელთ და ცეცხლში დაწვავს იგი მას. შენ თავს ვერ დააღწევ მისი ხელიდან, რადგან შეგიპყრობენ და მის ხელთ გადაგცემენ, და შენი თვალები იხილავენ ბაბილონის მეფის თვალებს, და მისი ბაგეები დაელაპარაკებიან შენს ბაგეებს, და ბაბილონში წახვალ. მაშ ისმინე უფლის სიტყვა, ცედეკია, იუდას მეფევ! ასე ამბობს უფალი შენზე: შენ მახვილით არ გიწერია სიკვდილი, მშვიდობით მოკვდები. და როგორც შენი მამებისთვის – შენი წინამორბედი მეფეებისათვის – დაკრძალვისას აკმევდნენ საკმეველს, ისევე დააკმევენ შენთვისაც და დაგატირებენ: ვაი, უფალოო! და ეს ახდება, რადგან მე ვიწინასწარმეტყველე ეს, – ამბობს უფალი. და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ცედეკიას, იუდას მეფეს, ყველა ეს სიტყვა იერუსალიმში. ხოლო ბაბილონის მეფის ლაშქარი კი ალყაში იქცევდა იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს – ლაქიშსა და ყაზეკას; რადგან იუდეის ქალაქებიდან ეს ორი ქალაქიღა იყო გამაგრებული. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან მას შემდეგ, რაც მეფე ცედეკიამ აღუთქვა მთელ ხალხს, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა, რომ თავისუფლება გამოეცხადებინათ; ყოველ კაცს უნდა გაეაზატებინა თავისი ყმა და მხევალი, ებრაელი ქალი და კაცი, რათა აღარავის ჰყოლოდა მონად თავისი მოძმე ებრაელი. და დამორჩილდა ყველა მთავარი და მთელი ხალხი, ვისაც კი აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ თავისუფლად გაუშვებდნენ თითოეულ თავის მსახურს და თითოეულ თავის მხევალს, რათა აღარ დაემონებინათ მეტად, – და დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს. მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და დაიბრუნეს თავიანთი მსახურები და მხევლები, რომლებიც გააზატეს, და კვლავ დაიმორჩილეს ისინი მსახურებად და მხევლებად. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე აღთქმა დავდე თქვენს მამებთან იმ დღეს, როდესაც ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამოვიყვანე ისინი და ვუთხარი: ყოველი შვიდი წლის ბოლოს გაუშვით-მეთქი თითოეულმა თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურათ, გააზატეთ-მეთქი. მაგრამ თქვენმა მამებმა არ გამიგონეს, ყურიც არ შეიბერტყეს. დღეს კი თქვენ შემობრუნდით და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში, რომ თავისუფლება გამოუცხადა თითოეულმა თავის მოძმეს, და აღთქმა დადო ჩემს წინაშე სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება; მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეთ და შებღალეთ ჩემი სახელი, და დაიბრუნეთ თითოეულმა თავისი მსახური და თავისი მხევალი, რომლებიც გააზატეთ და გაუშვით, საითაც გული მიუწევდათ, და კვლავ აიძულებთ, რათა გყავდეთ თქვენს მსახურებად და თქვენს მხევლებად. ამიტომ ასე ამბობს უფალი: თქვენ არ მისმინეთ მე, რომ თავისუფლება გამოგეცხადებინათ თითოეულს თავისი მოძმისათვის და თავისი მოყვასისათვის. ამიტომაც აჰა, მე თავისუფლებას გიცხადებთ თქვენ, – ამბობს უფალი, – მახვილის, შავი ჭირისა და შიმშილისათვის, და აბუჩად გაგხდით ქვეყნის ყველა სამეფოსათვის. და ჩემი აღთქმის დამრღვევ ხალხს, რომელთაც არ შეასრულეს ჩემი აღთქმის სიტყვები, ჩემს წინაშე რომ დადეს, როცა ორად გააფეშხოვეს ხბო და მის ნაწილებს შორის გაიარეს, იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, საჭურისებსა და მღვდლებს, ქვეყნის მთელ ერს, ვინც გაფეშხოვებული ხბოს ფეშხოებს შუა გაიარეს, მივცემ მათი მტრებისა და მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და მათი გვამები ცის ფრინველთა და ტყის ნადირთა კერძი გახდება. და ცედეკიას, იუდას მეფეს, და მის მთავრებს ჩავყრი მათ მტერთა, მათი სულის მაძიებელთა და ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში, რომელმაც უკან დაიხია თქვენგან. აჰა, მე ვუბრძანებ, – ამბობს უფალი, – და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისაკენ, და იბრძოლებენ მის წინააღმდეგ, და დაიპყრობენ მას და ცეცხლით გადაბუგავენ, იუდას ქალაქებს კი უკაცრიელ უდაბნოდ ვაქცევ. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის დღეებში: წადი რექაბელთა სახლში და დაელაპარაკე მათ, და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში, და ასვი მათ ღვინო. და წავიყვანე მე იააზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმა, და მისი ყველა ძე და რექაბელთა მთელი სახლი. და მივიყვანე ისინი უფლის სახლში, ღვთისკაცის, ხანან იგდალიას ძეთა სენაკში, რომელიც მთავართა სენაკის გვერდით იყო, მაყასეიას, შალუმის ძის – ზღურბლის დარაჯის – სენაკს ზემოთ. და დავაწყვე რექაბელთა სახლის ძეთა წინ ღვინით სავსე თასები და ფიალები, და ვუთხარი მათ: შესვით ღვინო. მათ თქვეს: ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან იონადაბმა, რექაბის ძემ, ჩვენმა მამამ, გვიბრძანა: ღვინო არა სვათ არც თქვენ და არც თქვენმა შვილებმაო საუკუნოდ. სახლები არ აშენოთო, მარცვალი არ თესოთო და ვაზი არ ჩაყაროთო; და არც არაფერი იქონიოთო; მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღე და მოსწრება, რათა დიდხანს გაძლოთ მიწაზე, სადაც თქვენა ხიზნობთო. და გავუგონეთ იონადაბის, რექაბის ძის, ჩვენი მამის, ხმას – ყოველივეს, რაც მან გვიანდერძა, რომ არა ვსვათ ღვინო მთელი ჩვენი დღე და მოსწრება, არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ძეებმა და არც ჩვენმა ასულებმა, – და რომ არ უნდა ავიშენოთ სახლები საცხოვრებლად, და არა გვაქვს ვენახები, არც მინდორი და არც ხვნა-თესვას ვეწევით; ვცხოვრობთ კარვებში, და ვემორჩილებით იონადაბს, ჩვენს მამას, და ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც მან გვიანდერძა. მაგრამ როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამ ქვეყანას მოადგა, ჩვენ ვთქვით: მოდით, წავიდეთ იერუსალიმში, ვინაიდან უნდა გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს. და, აჰა, ჩვენ ვცხოვრობთ იერუსალიმში. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ნუთუ არ მიიღებთ ჩემს დარიგებას და არ გაიგონებთ ჩემს სიტყვებს? – ამბობს უფალი. იონადაბის, რექაბის ძის, სიტყვები, რომელმაც უბრძანა თავის ძეთ, არა სვათო ღვინო, სრულდება, და არ სვამენ ღვინოს, რადგან შეისმინეს თავიანთი მამის ბრძანება. მაგრამ რასაც მე ყოველ ცისმარე გეუბნებოდით, არ მისმენდით. მე გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურთ – წინასწარმეტყველთ – და გითვლიდით: მოიქცეს ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მიჰყვებით უცხო ღმერთებს, ნუ ემსახურებით მათ, და იცხოვრებთ-მეთქი ამ მიწაზე, რომელიც მე მოგეცით თქვენა და თქვენს მამებს, მაგრამ ყური არ შეიბერტყეთ და არ მომისმინეთ. ხომ შეასრულეს იონადაბ რექაბის ძის ძეთ თავიანთი მამის ბრძანება, რაც უბრძანა მათ, ამ ხალხს კი არ უნდა, რომ მომისმინოს. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა: აჰა, მე მოვაწევ იუდასა და იერუსალიმის ყოველ მცხოვრებზე ყველა იმ უბედურებას, რითაც მათ დავემუქრე, რადგან ვეუბნებოდი მათ და არ მისმენდნენ, მოვუხმობდი მათ და პასუხი არ იყო. და უთხრა რექაბელთა სახლს იერემიამ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: იმის გამო, რომ დაემორჩილეთ იონადაბის, თქვენი მამის, ანდერძს და იცავთ მის ყველა მცნებას, და ასრულებთ ყოველივეს ისე, როგორც მან გიანდერძათ, ამიტომაც ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: „არასოდეს გაქრება იონადაბ რექაბის ძის მოდგმა ჩემს წინაშე.“ და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს: აიღე საწერი გრაგნილი და ზედ დაწერე ყველა ის სიტყვა, რომელთაც მე გეუბნებოდი ისრაელზე და იუდაზე, ყველა ხალხებზე იმ დღიდან, რაც დაგელაპარაკე – იოშიას დღეებიდან დღემდე. იქნებ შეაძრწუნოს იუდას სახლი ყველა იმ უბედურებამ, რასაც მე ვპირდები, რომ თავს დავატეხ, და მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, და მე ვაპატიო მათი დანაშაული და ცოდვები. და მოუხმო იერემიამ ბარუქს, ნერიას ძეს, და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას პირით ნათქვამი ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა მისთვის უფალს. და უბრძანა იერემიამ ბარუქს ასე: მე დაპატიმრებული ვარ და არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა, ამიტომ შენ წადი და უფლის სახლში მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები ამ გრაგნილზე, რომელიც შენ დაწერე ჩემი კარნახით; ასევე მთელი იუდაელებისა და მათი სხვა ქალაქებიდან მოსულთა გასაგონადაც წაიკითხე. იქნებ მისწვდეს უფალს მათი ვედრება და მოიქცნენ თავისი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და გულისწყრომა, რითაც უფალმა დააშინა ეს ხალხი. და ბარუქ ნერიას ძემ გააკეთა ყოველივე ისე, როგორც უბრძანა იერემია წინასწარმეტყველმა, რომ წაეკითხა გრაგნილიდან უფლის სიტყვები უფლის სახლში. და იყო, იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეხუთე წლის მეცხრე თვეს, მარხვა გამოუცხადეს უფლის წინაშე იერუსალიმის მთელ ხალხს და იუდეის ქალაქებიდან იერუსალიმში მოსულთ. და ხმამაღლა წაიკითხა ბარუქმა გრაგნილიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარიას, შაფან მწიგნობრის ძის დარბაზში, ზემო ეზოში, უფლის ტაძრის ახალი კარიბჭის შესასვლელში, მთელი ხალხის გასაგონად. და ესმა მიქაიას, შაფანის ძის, გემარიას ძეს, გრაგნილზე წაკითხული უფლის ყოველი სიტყვა, და ჩავიდა მეფის სახლში, მწიგნობრის სენაკში, სადაც შეკრებილიყო ყველა მთავარი: ელიშამაყ მწიგნობარი და დელაია შემაყიას ძე, ელნათან ყაქბორის ძე და გემარია შაფანის ძე, ცედეკია ხანანიას ძე და ყველა სხვა მთავარი. და გადასცა მიქაიამ მათ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როდესაც ბარუქი გრაგნილს კითხულობდა ხალხის გასაგონად. და გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი, ძე ნეთანიასი, ძისა შელემიასი, ძისა ქუშისა და შეუთვალეს: გრაგნილი, რომელიც შენ წაიკითხე ხალხის გასაგონად, ხელში აიღე და აქ მოდიო. და აიღო ბარუქ ნერიას ძემ გრაგნილი ხელში და მივიდა მათთან. და უთხრეს მას: დაჯექი და წაიკითხე ჩვენს გასაგონად. და წაიკითხა ბარუქმა მათ გასაგონად. და, როცა მოისმინეს მათ ყველა ის სიტყვა, შიშით გადახედეს ერთმანეთს და უთხრეს ბარუქს: მეფეს გადავცემთო ყველა ამ სიტყვას. და ჰკითხეს ბარუქს: გვაუწყე, როგორ დაწერეო ყველა ეს სიტყვა? და უთხრა მათ ბარუქმა: თავისი პირით მკარნახობდა იერემია ამ სიტყვებს, მე კი მელნით ვწერდი გრაგნილზე. და უთხრეს მთავრებმა ბარუქს: წადით და დაიმალეთ შენ და იერემია და ნურავის ეცოდინება, სად იმყოფებით. და წავიდნენ მთავრები მეფის სასახლეში, გრაგნილი კი შესანახად დატოვეს ელიშამაყ მწიგნობრის დარბაზში და აუწყეს მეფეს ყოველი სიტყვა. და გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის წამოსაღებად და წამოიღო მან ელიშამაყ მწიგნობრის დარბაზიდან გრაგნილი; და წაიკითხა იეჰუდიმ მეფის გასაგონად და მეფესთან მდგომი ყველა მთავრის გასაგონად. და იჯდა მეფე საზამთრო სახლში (მეცხრე თვე იყო), და ცეცხლი ენთო მის წინ. და როდესაც იეჰუდი წაიკითხავდა სამ ან ოთხ კეფას, მეფე მოაჭრიდა მას გრაგნილს მწიგნობრის დანით და ცეცხლში აგდებდა, სანამ მთელი გრაგნილი ასე არ დაიწვა ცეცხლში. და არც შეშინდნენ და არც სამოსელი შემოუგლეჯიათ ტანზე არც მეფეს და არც ერთ მის მსახურს, რომლებიც ისმენდნენ ამ სიტყვებს. და ემუდარებოდნენ მეფეს ელნათანიც, დელაიაც და გემარიაც, რომ არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ მოუსმინა მათ. და უბრძანა მეფემ იერახმეელს, მეფის ძეს, სერაია ყაზრიელის ძეს, და შელემია ყაბდეელის ძეს, შეეპყროთ მწიგნობარი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია, მაგრამ უფალმა დაიფარა ისინი. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დაწვა მეფემ გრაგნილი და ის სიტყვები, რომელიც ბარუქმა დაწერა იერემიას კარნახით: აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყველა წინანდელი სიტყვა, რომელიც პირველ გრაგნილში იყო, და რომელიც იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ, დაწვა. და თქვი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე ამბობს უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და თქვი: რატომ დაწერეო გრაგნილზე ასე, რომ მოვა ბაბილონის მეფე და ააოხრებს ამ ქვეყანას და მოსპობსო ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელს? ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: არ ეყოლებაო მას დავითის ტახტზე მჯდომი, მისი მძორი კი ეგდება დღის ხვატში და ღამის ყინვაში. და დავსჯი მას და მის მოდგმას და მის მსახურთ მათი ურჯულოების გამო, და მოვაწევ მათზე – იერუსალიმისა და იუდას მცხოვრებლებზე – ყველა იმ ბოროტებას, რაზეც ველაპარაკებოდი მათ და არ მისმინეს. და აიღო იერემიამ სხვა გრაგნილი და მისცა ბარუქ ნერიას ძეს, მწიგნობარს, და მან დაწერა მასზე იერემიას პირით ნათქვამი ყველა სიტყვა იმ გრაგნილისა, რომელიც იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ, დაწვა ცეცხლში. და დაემატა მას სხვა მრავალი მათი მსგავსი სიტყვა. იეჰოიაკიმის ძის ქონიას ნაცვლად გამეფდა ცედეკია იოშიას ძე, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, დასვა იუდას ქვეყანაში. და არ ისმინეს არც მან და არც მისმა მსახურებმა და არც ქვეყნის მოსახლეობამ უფლის სიტყვები, რომელთაც იერემია წინასწარმეტყველის პირით აცხადებდა. და გაგზავნა მეფე ცედეკიამ იეჰუქალ შელემიას ძე და ცეფანია მაყასეია მღვდლის ძე იერემია წინასწარმეტყველთან, რომ ეთქვათ: შეევედრეო ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. იერემია კი მაშინ ჯერ არ იყო დაპატიმრებული და ხალხში თავისუფლად დადიოდა. ამასობაში გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან; და ქალდეველებმა, იერუსალიმს რომ ადგნენ გარს, შეიტყვეს ეს ამბავი და უკუიქცნენ იერუსალიმიდან. და იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იუდას მეფეს, რომელიც თქვენ გაგზავნით ჩემთან შესაკითხად: აჰა, ფარაონის ლაშქარი, რომელიც თქვენს დასახმარებლად გამოვიდა, უკანვე დაბრუნდება ეგვიპტეში, თავის ქვეყანაში. და კვლავ მობრუნდებიან ქალდეველნი, ალყაში მოიქცევენ ამ ქალაქს, დაიპყრობენ მას და ცეცხლით დაბუგავენ. ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ და ნუ იფიქრებთ, რომ წავლენ აქედან ქალდეველნი, რადგან არ დაგეხსნებიან. რადგან, კიდევაც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა ლაშქარი, რომელიც თქვენ გებრძვით, და დარჩნენ მახვილით დაკოდილი მათი მებრძოლები, ისინი წამოდგებიან თითოეული თავისი კარვიდან და ცეცხლით დაბუგავენ ამ ქალაქს. და როდესაც ქალდეველთა ლაშქარი უკუიქცა იერუსალიმიდან ფარაონის ლაშქრის შიშით, გამოვიდა იერემია იერუსალიმიდან ბენიამინის ქვეყანაში წასასვლელად, რათა იქ დაედო წილი თავის ხალხში. ბენიამინის კარიბჭესთან რომ მივიდა, იქ დახვდა საყარაულოს უფროსი, სახელად ირია, ძე შელემიასი, ძე ხანანიასი, და მან შეიპყრო იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: ქალდეველებთან აპირებ გაქცევას? და უპასუხა იერემიამ: ტყუილია, მე არ გადავდივარ ქალდეველებთან. მაგრამ ირიამ არ უსმინა მას, დააპატიმრა იერემია და მთავართან მიიყვანა. და განრისხდნენ მთავრები იერემიაზე და სცემეს და საპატიმროში დაამწყვდიეს, იონათან მწიგნობრის სახლში, რადგან საპყრობილედ აქციეს ის. და როცა იერემია შევიდა დილეგის მღვიმეში და იჯდა იქ მრავალი დღე, – კაცი გაგზავნა მეფე ცედეკიამ მასთან და მოაყვანინა; და თავის სახლში მეფე ფარულად შეეკითხა მას: არის რაიმე სიტყვა უფლისაგან? და უპასუხა იერემიამ: არის! და უთხრა: ბაბილონის მეფეს ჩაუვარდებიო ხელთ. უთხრა იერემიამ მეფე ცედეკიას: რა შევცოდე მე შენს წინაშე და შენს მსახურთა წინაშე და ამ ხალხის წინაშე, რომ საპყრობილეში ჩამაგდეთ? სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომლებიც ასე გიწინასწარმეტყველებდნენ: არ წამოვაო ბაბილონის მეფე თქვენს წინააღმდეგ და ამ ქვეყნის წინააღმდეგო? ახლა კი, მისმინე, მეფე ბატონო, და შეიწყნარე ჩემი ვედრება, და ნუ დამაბრუნებ იონათან მწიგნობრის სახლში, რათა არ მოვკვდე იქ. და ბრძანა მეფე ცედეკიამ და გადასცეს იერემია ზედამხედველებს ყარაულთა ეზოში და აძლევდნენ მას ხაბაზთა რიგიდან დღეში ერთ პურის კვერს, ვიდრე ქალაქში პური მთლად არ გამოილია. და ასე იჯდა იერემია ყარაულთა ეზოში. და მოისმინეს შეფატია მათანის ძემ, გედალია ფაშხურის ძემ, იუქალ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას ძემ ის სიტყვები, რომელთაც იერემია ეუბნებოდა მთელ ერს: ასე ამბობს უფალი: ვინც ამ ქალაქში დარჩებიან, მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით გაწყდებიანო, და ვინც ქალდეველებთან გადავა, ცოცხალი გადარჩება, და თავისი სული ექნება მას ნადავლად და იცოცხლებსო. ასე ამბობს უფალი: აუცილებლად ჩაუვარდებაო ეს ქალაქი ბაბილონის მეფის ლაშქარს ხელში და ისინი დაიპყრობენო მას. და უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი, რადგან ის ძალას აცლის ამ ქალაქში დარჩენილ მებრძოლთა და მთელი ერის მკლავებს ამგვარი ლაპარაკით, რადგან ეს კაცი მშვიდობას კი არ ეძებს ამ ხალხისათვის, არამედ უბედურებას. და თქვა მეფე ცედეკიამ: აჰა, თქვენს ხელთაა იგი, რადგან მეფე უძლურია თქვენს წინაშე. და წაიყვანეს იერემია და ჩააგდეს მალქია უფლისწულის დილეგში, რომელიც ყარაულთა ეზოში იყო, და საბელებით ჩაუშვეს იერემია ჭაში. ჭაში კი წყალი არ იყო, არამედ შლამი. და ჩაეფლო იერემია შლამში. გაიგო ყებედ-მელექმა, ქუშელმა საჭურისმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, რომ დილეგში ჩააგდეს იერემია; მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა. გამოვიდა ყებედ-მელექი მეფის სასახლიდან და ასე უთხრა მეფეს: მეფე-ბატონო, ამ კაცებმა დიდი ბოროტება ჩაიდინეს იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც დილეგში ჩააგდეს. იქ ხომ შიმშილით მოკვდება, რადგან პური აღარაა ქალაქში. და უბრძანა მეფემ ქუშელ ყებედ-მელექს: წაიყოლე 30 კაცი აქედან და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი დილეგიდან, ვიდრე არ მომკვდარა. და წაიყვანა ყებედ-მელექმა ის კაცები და მივიდა მეფის სახლში, საგანძურის ქვეშ, მოკრიფა იქ ძონძები და ჩვრები და ჩააწოდა ისინი იერემიას დილეგში საბლებით. და უთხრა ქუშელმა ყებედ-მელექმა იერემიას: ამოიდე ძველი ძონძები და ჩვრები იღლიებში, საბელებს ქვეშ. და ასე გააკეთა იერემიამ. და ამოსწიეს იერემია საბელებით და ამოიყვანეს დილეგიდან; და დაჯდა იერემია ყარაულთა ეზოში. და კაცი გაგზავნა მეფე ცედეკიამ და მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი უფლის ტაძრის მესამე შესასვლელთან, და უთხრა მეფემ იერემიას: „ერთ რამეს გკითხავ და ნურაფერს დამიმალავ.“ და უთხრა იერემიამ ცედეკიას: „რომ გითხრა, ხომ არ მომკლავ? და კიდევაც რომ გირჩიო რამე, მაინც არ მომისმენ.“ და საიდუმლოდ შეჰფიცა მეფე ცედეკიამ იერემიას ასე: „უფალს ვფიცავ, რომელმაც შექმნა ჩვენი სული, რომ მე არ მოგკლავ და არც იმ კაცთა ხელთ გადაგცემ, ვინც შენს სულს ეძიებენ.“ და უთხრა იერემიამ ცედეკიას: ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ღმერთი ისრაელისა: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის მთავრებს, მაშინ იცოცხლებს შენი სული და ეს ქალაქი არ დაიწვება ცეცხლით; და იცოცხლებთ შენცა და შენი სახლიც; მაგრამ თუ არ ჩაბარდები ბაბილონის მეფის მთავრებს, მაშინ ეს ქალაქი ქალდეველთა ხელში ჩავარდება და ცეცხლით დაბუგავენ მას, და შენ თავს ვეღარ დაიხსნი მათი ხელიდან. და უთხრა მეფე ცედეკიამ იერემიას: მეშინია იუდაელებისა, რომლებიც ქალდეველთ ჩაუვარდნენ ხელთ, რომ არ გადამცენ მე მათ ხელთ და არ შეურაცხმყონ. და უთხრა იერემიამ: არ გადაგცემენ; ოღონდ უსმინე უფლის ხმას, როგორც მე გეუბნები, და უკეთესად წაგივა საქმე, და იცოცხლებსო შენი სული; ხოლო თუ არ ისურვებ გადასვლას, ეს არის სიტყვა, რომელიც მესმა უფლისაგან: აჰა, ყველა ქალი, რომლებიც იუდას მეფის სახლში დარჩნენ, ბაბილონის მეფის სარდლებს მიჰგვრიან და იტყვიან ის ქალები: მოგატყუეს შენ და გძლიეს შენმა მეგობრებმა, ხოლო როდესაც ტალახში ჩაგეფლო ფეხები, მიგატოვეს და წავიდნენ. და შენს ყველა ცოლს და შენს ძეთ ქალდეველებს მიჰგვრიან, და შენც თავს ვერ დააღწევ მათი ხელიდან, რადგან ბაბილონის მეფის ხელით იქნები დაჭერილი და იმას გააკეთებ, რომ ეს ქალაქი ცეცხლით გადაიბუგება. და უთხრა ცედეკიამ იერემიას: არავინ უნდა გაიგოს ეს ამბავი და არ მოკვდები; მაგრამ თუ მთავრები გაიგებენ, რომ მე გელაპარაკებოდი, და მოვლენ და გეტყვიან: რა უთხარიო მეფეს და რა გითხრაო მეფემ, ნუ დაგვიმალავ და არ მოგკლავთო, უთხარი: მე ვევედრებოდი მეფეს, რომ არ დამაბრუნონ იონათანის სახლში, თორემ იქ მოვკვდები-მეთქი. და მოვიდა ყველა მთავარი იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს, და მანაც აუწყა მათ ყოველივე ისე, როგორც მეფემ უბრძანა მას, და მათ შეწყვიტეს მასთან ლაპარაკი, რადგან ვერაფერი შეიტყვეს. და იჯდა იერემია ყარაულთა ეზოში, ვიდრე იერუსალიმი დაეცემოდა. და იქვე დარჩა იერუსალიმის აღების შემდეგაც. იუდას მეფის, ცედეკიას, მეფობის მეცხრე წლის მეათე თვეს მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი იერუსალიმს და ალყაში მოიქცია. ცედეკიას მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს, გატყდა ქალაქი. და შემოვიდა ბაბილონის მეფის ყველა მთავარი და დადგნენ შუა კარიბჭესთან: ნერგალ-სარეცერი, სამგარ-ნებო, სარსექიმი – საჭურისთუხუცესი, ნერგალ-სარეცერი – მოგვთა უხუცესი და ბაბილონის მეფის ყველა დანარჩენი მთავარი. და როდესაც იუდას მეფე ცედეკიამ და მისმა მეომრებმა დაინახეს ისინი, გაიქცნენ და ღამით გავიდნენ ქალაქიდან მეფის ბაღის გზით, კარიბჭეში, ორ კედელს შორის რომ არის, და დაადგნენ ყარაბას გზას. მაგრამ უკან დაედევნენ მათ ქალდეველთა მეომრები და ცედეკიას იერიხოს ველზე დაეწივნენ, შეიპყრეს და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა მას. რიბლაში თვალწინ დაუხოცა ბაბილონის მეფემ ცედეკიას ძენი; და ასევე იუდას ყველა წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ. ცედეკიას კი თვალები დასთხარა და ხუნდები დაადო ბაბილონში წასაყვანად. მეფის სასახლე და ხალხის სახლები ცეცხლს მისცეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს. დანარჩენი ხალხი, ვინც ქალაქში გადარჩა, და ისინი, ვინც მის მხარეზე გადავიდნენ, და სხვა გაქცეულებიც, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. ღარიბი ხალხი, რომელთაც არაფერი გააჩნდათ, დატოვა ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა, იუდეის ქვეყანაში და მალე დაურიგა ადგილ-მამულები. იერემიაზე კი ასე უბრძანა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ნებუზარადანს, ქონდაქართუხუცესს: წაიყვანე იგი და თვალი გეჭიროს მასზე, ცუდი არაფერი უყო, არამედ, როგორც გეტყვის, ისე მოექეცი. ქონდაქართუხუცესმა ნებუზარადანმა და საჭურისთუხუცესმა ნებუშაზბანმა და მოგვთა უფროსმა ნერგალ-სარეცერმა და ბაბილონის მეფის ყველა მთავარმა, გაგზავნეს იერემიას წამოსაყვანად. წამოიყვანეს იერემია ყარაულთა ეზოდან და გადასცეს გედალიას, ახიკამის ძეს, შაფანის შვილიშვილს, რომ წაეყვანა იგი სახლში; და დარჩა იგი საცხოვრებლად თავის ხალხში. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ყარაულთა ეზოში მისი პატიმრობისას: წადი და ასე უთხარი ქუშელ ყებედ-მელექს: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მოვაწევ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს საუბედუროდ და არა სასიკეთოდ; დადგება დღე და ამს შენი თვალითა ნახავ. მაგრამ შენ გადაგარჩენ იმ დღეს, – ამბობს უფალი, – და არ ჩავარდები იმ ხალხის ხელთ, ვისიც გეშინია, რადგან მე გიხსნი შენ. შენ არ დაეცემი მახვილით, და ნადავლად გექნება შენი სული, რადგან შენ ჩემით სასოობდი, – ამბობს უფალი. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან მას შემდეგ, რაც ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა, გაათავისუფლა იგი რამადან; როცა გამოიყვანა, ბორკილებდადებული იყო იგი დატყვევებულ სხვა იერუსალიმელებსა და იუდაელებს შორის, რომლებიც ბაბილონში უნდა გადაესახლებინათ. და გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა იერემია და უთხრა მას: უფალმა, შენმა ღმერთმა, წარმოთქვა ის უბედურება, რაც აქაურობას მოელოდა. და მოაწია და შეასრულა უფალმა, რაც თქვა; რადგან შესცოდეთ თქვენ უფლის წინაშე და არ შეისმინეთ მისი ხმა, და ამიტომაც ჩაცვივდით ამ დღეში. და ახლა, აჰა, დღეს გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელებზე რომ გადევს; თუ მოინდომებ ჩემთან წამოსვლას ბაბილონში, წამოდი, და მე ვიზრუნებ შენზე. და, თუ არ გსურს ჩემთან წამოსვლა ბაბილონში, დარჩი. აჰა, მთელი ქვეყანა შენს წინაშეა, სადაც გერჩიოს და სწორად მიგაჩნდეს შენი წასვლა, იქ წადი. წასვლის წინ კი ნებუზარადანმა უთხრა: ან დაბრუნდი გედალიასთან, შაფანის ძის ახიკამის ძესთან, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, და იქ იცხოვრე შენს ხალხში, ან სადაც სწორად მიგაჩნდეს შენი წასვლა, იქ წადი. და მისცა მას ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაისტუმრა. მივიდა იერემია გედალიასთან, ახიკამის ძესთან, მიცფაში და ცხოვრობდა მასთან ერთად ქვეყანაში დარჩენილ ხალხში. და როდესაც გაიგეს ველზე დარჩენილმა ჯარების მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფეს გედალია ახიკამის ძისთვის ჩაუბარებიაო ქვეყანა და ხალხი კაციან ქალიანად და პატარა ბავშვები, და აგრეთვე ქვეყნის ღარიბები, ვინც ტყვედ არ წაიყვანეს ბაბილონში, მივიდნენ გედალიასთან მიცფაში: იშმაყელ ნეთანიას ძე, იოხანანი და იონათანი, კარეახის ძენი, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათელი ეფაის ძენი და იეზანია მაყაქათელის ძე და მათი კაცები. და ასე ეფიცებოდა გედალია, ახიკამ შაფანის ძის ძე, მათ და მათ კაცებს: ნუ შეგაშინებთ ქალდეველთა სამსახური, დასახლდით ქვეყანაში და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს; უკეთესი იქნებაო თქვენთვის. ხოლო მე დავრჩები მიცფაში, რომ ვიდგე ქალდეველთა წინაშე, როცა ჩვენთან მოვლენ; თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო და საზაფხულო ხილი და ზეთი, და შეინახეთ თქვენს ჭურჭლებში; და იცხოვრეთ თქვენს ქალაქებში, რომლებიც გიჭირავთ. ასევე ყველა იუდაელმა, რომლებიც მოაბის მიწაზე იყვნენ და ყამონიანებში და ედომში და ყველა სხვა ქვეყანაში, გაიგეს, რომ ბაბილონის მეფემ დატოვა იუდაელთა ნაწილი და რომ გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, დაუნიშნაო განმგებლად. და დაბრუნდა ყველა იუდაელი იმ ქვეყნებიდან, სადაც გაძევებულნი იყვნენ, და მივიდნენ იუდეის ქვეყანაში გედალიასთან, მიცფაში, და შეაგროვეს ძალზე ბევრი ღვინო და საზაფხულო ხილი. და იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც ველზე იყვნენ, მივიდნენ გედალიასთან მიცფაში და უთხრეს: იცი შენ, რომ ბაყალისმა, ყამონიანთა მეფემ, გამოაგზავნა შენს მოსაკლავად იშმაყელ ნეთანიას ძე? მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალიამ, ახიკამის ძემ. და იოხანან კარეახის ძემ, საიდუმლოდ ასე უთხრა გედალიას მიცფაში: გამიშვი და მოვკლავ იშმაყელს, ნეთანიას ძეს, და კაციშვილი ვერ გაიგებს; რატომ უნდა მოგისწრაფოს სიცოცხლე და დაიფანტოს შენთან შეკრებილი ყველა იუდაელი, და დაიღუპოს იუდეის ნატამალი? და უთხრა გედალიამ, ახიკამის ძემ, იოხანანს, კარეახის ძეს: „ნუ იქმ ამ საქმეს, რადგან სიცრუეს ლაპარაკობ იშმაყელზე.“ და იყო მეშვიდე თვეს: იშმაყელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, სამეფო მოდგმიდან, და მეფის დიდებულნი და ათი კაცი მასთან ერთად, მოვიდნენ მიცფაში გედალია ახიკამის ძესთან; და ჭამეს იქ პური ერთად, მიცფაში. და ადგა იშმაყელ ნეთანიას ძე – ის და მასთან მყოფი ათი კაცი და მახვილით დასცეს გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა; მოკლეს კაცი, ვინც ბაბილონის მეფემ დანიშნა ქვეყნის განმგებლად. და ასევე დახოცა იშმაყელმა ყველა იუდაელი, რომლებიც გედალიასთან იყვნენ მიცფაში, და ქალდეველი მეომრები, რომლებიც აგრეთვე იქ იმყოფებოდნენ. გედალიას მკვლელობის მეორე დღეს, როცა არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ, მოვიდნენ კაცები შექემიდან, შილოდან და სამარიიდან – 80 წვერგაპარსული, სამოსელშემოგლეჯილი და ტანდაკოდილი, ძღვენითა და გუნდრუკით ხელში უფლის სახლში მისატანად. და გამოვიდა იშმაყელი, ნეთანიას ძე, მიცფადან მათ შესაგებებლად, მოდიოდა და ტიროდა; და როდესაც მათ შეხვდა, უთხრა: შედით გედალია ახიკამის ძესთან. და როგორც კი ქალაქში შევიდნენ იშმაყელ ნეთანიას ძემ და მისმა კაცებმა დახოცეს ისინი, და ჭაში ჩაყარეს. მაგრამ ათი კაცი იყო მათ შორის, რომლებმაც უთხრეს იშმაყელს: ნუ დაგვხოცავთ, რადგან ჩვენ გადამალული გვაქვს მინდორში ხორბალი და ქერი, ზეთი და თაფლი. და ისიც გაჩერდა და არ დახოცა ისინი მათ მოძმეებთან ერთად. ორმო კი, რომელშიც იშმაყელმა ჩაყარა ყველა იმ კაცთა გვამები, რომლებიც დახოცა გედალიას გამო, სწორედ ის იყო, მეფე ასამ რომ ამოთხარა ისრაელის მეფის, ბაყაშას, შიშით; დახოცილებით გაავსო იშმაყელმა, ნეთანიას ძემ, ის ორმო. და დაატყვევა იშმაყელმა ხალხის მთელი ნატამალი, რომელიც მიცფაში დარჩა: მეფის ასულნი და მიცფაში დარჩენილი ხალხი, რომელებიც ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, ჩააბარა გედალია ახიკამის ძეს, ტყვედ წაასხა იშმაყელ ნეთანიას ძემ, და წავიდა ყამონიანებთან გადასასვლელად. და გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა, რომლებიც მასთან იყვნენ, ყველა ის ბოროტება, რაც იშმაყელ ნეთანიას ძემ ჩაიდინა, და გაიყვანეს ყველა კაცი და წავიდნენ იშმაყელ ნეთანიას ძესთან საბრძოლველად და იპოვეს იგი დიდ წყლებთან, რომლებიც გიბეონშია, და გაიხარა მთელმა ხალხმა, რომელიც იშმაყელთან იყო, როდესაც დაინახა იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ. და მთელმა ხალხმა, რომელიც იშმაყელს ტყვედ ჰყავდა მიცფადან წამოყვანილი, პირი იბრუნა და წავიდა იოხანანთან, კარეახის ძესთან. მაგრამ იშმაყელ ნეთანიას ძემ რვა კაცით დააღწია თავი იოხანანს და წავიდა ყამონიანებთან. წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ხალხის მთელი ნატამალი, რომელიც ტყვედ წამოასხა მიცფადან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალია ახიკამის ძის მოკვლის შემდეგ, მათ შორის: მამკაცები, მეომრები, ქალები და ბავშვები და საჭურისები, რომლებიც გიბეონიდან დააბრუნა. წავიდნენ ისინი და დადგნენ გერუთ-ქიმჰამში, რომელიც ბეთლემთან იყო, რათა წასულიყვნენ ეგვიპტეში და გარიდებოდნენ ქალდეველებს, რადგანაც მათი ეშინოდათ, ვინაიდან იშმაყელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე, რომელსაც ბაბილონის მეფემ ჩააბარა იუდეის ქვეყანა. ამის შემდეგ მივიდა ყველა მხედართმთავარი და იოხანან კარეახის ძე და აზარია ჰოშაყიას ძე, და მათთან ერთად მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად, და უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: შეისმინე ჩვენი ხვეწნა და შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, ჩვენთვის, მთელი ამ დარჩენილი ხალხისთვის, რადგან, როგორც შენი თვალით ხედავ, მრავალთაგან მცირედნიღა დავრჩით. გვაჩვენოს უფალმა, შენმა ღმერთმა, რა გზით ვიაროთ და რა გავაკეთოთ. და უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: მესმის, და შევევედრები უფალს, თქვენს ღმერთს, თქვენი სიტყვისამებრ, და ყველაფერს, რასაც უფალი მიპასუხებს, გეტყვით, არაფერს დაგიმალავთ. და მათ უთხრეს იერემიას: უფალი იყოს ჩვენს წინააღმდეგ ჭეშმარიტი და მტკიცე მოწმე, თუ არ შევასრულებთ ყოველივე იმას, რასაც უფალი, შენი ღმერთი, იტყვის ჩვენს გასაკეთებლად; კარგი იქნება თუ ცუდი, მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რომელთანაც გაგზავნით, რათა სიკეთე გვეწიოს, როდესაც მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას. და ათმა დღემ რომ გაიარა, უფლის სიტყვა იყო იერემიას მიმართ. და მოიხმო იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ, და მთელი ერი დიდიან-პატარიანად. და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც გამაგზავნეთ მე, რომ წარმედგინა მის წინაშე თქვენი მუდარა: თუ დასახლდებით ამ ქვეყანაში, მაშინ მე აგაშენებთ თქვენ და არ დაგანგრევთ, დაგნერგავთ და არ აღმოგფხვრით, რადგან ვნანობ მე იმ უბედურების გამო, რომელიც თქვენზე მოვაწიე. ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი, – ამბობს უფალი, – რადგან მე თქვენთანა ვარ, რათა დაგიფაროთ და გიხსნათ მისი ხელიდან. მე წყალობას მოგფენთ და ის შეგიწყალებთ თქვენ და დაგაბრუნებთ თქვენს მიწაზე. მაგრამ თუ იტყვით: არ გვინდაო ამ ქვეყანაში დარჩენა! და არ მოუსმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას, და იტყვით: წავალთო ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც არ ვიხილავთო არც ომსა და არც ბუკისცემის ხმას გავიგონებთ და არც ვიშიმშილებთ, და იქ ვიცხოვრებთო, მაშ ისმინე უფლის სიტყვა, იუდეის ნატამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ თქვენ პირს იზამთ ეგვიპტისკენ წასასვლელად და მიხვალთ იქ საცხოვრებლად, მაშინ მახვილი, რომლისაც გეშინიათ, ეგვიპტის ქვეყანაშიც მოგწვდებათ და შიმშილი, რომელიც გაწუხებთ, დაგედევნებათ და იქ დაიხოცებით. და ყოველი კაცი, რომელიც პირს მიიქცევს ეგვიპტეში წასასვლელად და იქ დარჩენას გადაწყვეტს, მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება, და ვერავინ გადაურჩება იმ უბედურებას, რასაც მე მოვაწევ მათ. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც ჩემი რისხვა და მძვინვარება გადმოინთხა იერუსალიმის მკვიდრებზე, ისე გადმოინთხევა ჩემი მძვინვარება თქვენზე, ეგვიპტეში რომ ჩახვალთ. და იქნებით იქ საწყევარი, საშინელება, საგინებელი და შესარცხვენელი, და მეტად ვეღარ იხილავთ ამ ადგილს. თქვენზე წარმოთქვა უფალმა, იუდეის ნატამალო: ნუ წახვალთ ეგვიპტეში, იცოდეთ, მე თქვენ გამიფრთხილებიხართ დღეს! რადგან თქვენ თვითონ შესცოდეთ თქვენს წინაშე! თქვენ გამაგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, და მითხარით: შეევედრეო ჩვენზე უფალს, ჩვენს ღმერთს, და ყოველივეს, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის, გავაკეთებთო. მე გამოგიცხადეთ დღეს თქვენ, მაგრამ თქვენ არ მოუსმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას და ყოველივე იმას, რითაც მან გამომაგზავნა თქვენთან. ახლა იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაიხოცებით იმ ადგილას, სადაც თქვენ საცხოვრებლად გინდათ წასვლა. და იყო, როდესაც იერემიამ დაასრულა ხალხისათვის მათი ღმერთის სიტყვების გადაცემა, ყველა იმ სიტყვისა, რომლითაც უფალმა, მათმა ღმერთმა, მიავლინა მათთან, მაშინ ყაზარია ჰოშაყიას ძემ და იოხანან კარეახის ძემ, და აგრეთვე ყველა ბოროტგანმზრახველმა კაცმა უთხრეს იერემიას: ტყუილს ამბობ; უფალს, ჩვენს ღმერთს, არ მოუვლინებიხარ ამის სათქმელად: არ წახვიდეთ ეგვიპტეში იქ საცხოვრებლადო! ბარუქ ნერიას ძე გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რომ ქალდეველთა ხელში ჩაგვყაროს და გაგვჟლიტონ მათ, ან რომ ტყვედ წაგვასხან ბაბილონში. არ ისმინეს იოხანან კარეახის ძემ და ლაშქრის მეთაურებმა და მთელმა ხალხმა უფლის ხმა, რომ დარჩენილიყვნენ იუდეის ქვეყანაში. და წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და ლაშქრის მეთაურებმა იუდაელთა მთელი ნატამალი, რომელიც იუდეის ქვეყანაში დაბრუნდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ ისინი, კაცები, ქალები და ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა დატოვა გედალიასთან, შაფანის ძის, ახიკამის ძესთან; და მათთან ერთად იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქ ნერიას ძეც. და წავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან არ ისმინეს უფლის ხმა, და მივიდნენ თახფანხესამდე. და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ თახფანხესში ასე: აიღე დიდი ქვები და დამალე ისინი მოზელილ თიხაში იმ ადგილას, სადაც აგურს ჭრიან, ფარაონის სახლის შესასვლელთან, თახფანხესში, ისე, რომ იუდაელებმა დაინახონ. და უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე ვაგზავნი კაცებს ჩემი მსახურის, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მოსაყვანად, და დავდგამ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე, და გადაჭიმავს მათზე თავის სამეფო კარვის ჩარდახს. მოვა ის და ააოხრებს ეგვიპტის ქვეყანას: ვინც სასიკვდილოა, მოკვდება, ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ იქნება წაყვანილი, და ვინც მახვილისათვის არის, მახვილით დაეცემა. და ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთების სახლებს და ის დაწვავს მათ ან დაატყვევებს მათ კერპებს, და შეიფუთნება ეგვიპტის ქვეყნის ნადავლით, როგორც მწყემსი იფუთნება თავისი ტყაპუჭით; და გამოვა იქიდან მშვიდობით, და დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაშია, და ეგვიპტის ღმერთების ტაძრებს ცეცხლში დაწვავს. ეს არის უფლის სიტყვა იერემიას მიმართ თქმული ყველა იეუდაელზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ეგვიპტის ქვეყანაში – მიგდოლსა და თახფანხესში, ნოფსა და ფათროსის მიწაზე. ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: თქვენ იხილეთ ყველა ის უბედურება, რაც მე მოვაწიე იერუსალიმსა და იუდეის ყველა ქალაქს, და აოხრებულია დღეს ისინი და არავინ ცხოვრობს იქ, იმ ბოროტების გამო, რომელსაც ისინი ჩემს გასამწარებლად აკეთებდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ, და არ იცნობდით არც თქვენ და არც თქვენი მამები. და მე გიგზავნიდით ჩემს მსახურთ – წინასწარმეტყველთ – რომ ეთქვათ: ნუ გააკეთებთ ამ სისაძაგლეს, რომელიც მე მძულს-მეთქი; მაგრამ ისინი არც მისმენდნენ და ყურსაც არ იბერტყავდნენ, რომ მოქცეულიყვნენ ბოროტებიდან და არ ეკმიათ უცხო ღმერთებისათვის. და გადმოინთხა ჩემი გულისწყრომა და ჩემმა რისხვამ მოიცვა იუდეის ქალაქები და იერუსალიმის ქუჩები, და ნაოხარად იქცნენ ისინი, რასაც დღესაც ხედავთ. და ახლა ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: რატომ უკეთებთ დიდ ბოროტებას თქვენსავე სულებს, რომ მოისპოთ სრულიად კაცი და ქალი, ყრმა და მეძუძური იუდაელთა შორის, და რომ აღარ დარჩეს თქვენი ნატამალი? რატომ მაგულისებთ თქვენი ხელის ნაკეთობებით, და უკმევთ უცხო ღმერთებს ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც თქვენ მწირობთ? რად გინდათ რომ ამოიძირკვოთ და შესაჩვენებელი და სამარცხვინო გახდეთ ქვეყნიერების თვალში? ნუთუ დაგავიწყდათ თქვენი მამების ბოროტმოქმედება, იუდეის მეფეთა ბოროტმოქმედება, მათი ცოლების ბოროტმოქმედება, თქვენი ბოროტმოქმედება და თქვენი ცოლების ბოროტმოქმედება, რაც ჩაიდინეთ იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში? დღემდე არ დაცხრნენ ისინი და არ შეშინდნენ, არ შეუდგნენ ჩემს რჯულსა და ჩემს კანონებს, რომლებიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით. ამიტომ ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: მე მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენს წინააღმდეგ თქვენს საუბედუროდ და მთელი იუდეის ამოსაგდებად, და იუდაელთა ნატამალს, რომელმაც მიაქცია პირი, რათა ეგვიპტის ქვეყანაში წასულიყო საცხოვრებლად, მთლიანად გავანადგურებ; და დაეცემიან ისინი ეგვიპტის ქვეყანაში მახვილით, შიმშილით გაწყდებიან დიდიან-პატარიანად, და საწყევარნი და საშინელებანი, საგინებლნი და სამარცხვინონი გახდებიან. და დავსჯი იუდაელთ, ეგვიპტის ქვეყანაში ნებით ჩასახლებულთ, როგორც იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით. თავდახსნილი და გადარჩენილი არ ეყოლება იუდეის ნატამალს, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად, ვეღარ დაბრუნდებიან იუდეის მიწაზე, საითკენაც ექნებათ მუდმივი სწრაფვა სულისა, რომ დასახლდნენ იქ. მაგრამ ვეღარავინ დაბრუნდება უკან, გარდა გამოქცეულებისა. და კაცებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ უცხო ღმერთებს უკმევდნენ მათი ცოლები, და ქალების დიდმა ბრბომ და ეგვიპტის ქვეყანაში, ფათროსის მიწაზე დასახლებულმა მთელმა ხალხმა ასე უპასუხა იერემიას: ვერ დავუჯერებთ შენს სიტყვებს, რომლებიც უფლის სახელით გვითხარი, რადგან ჩვენ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ, როგორც ჩვენი პირიდან გამოვიდა, და კვლავაც ვუკმევთ ცის დედოფალს და კვლავაც ვუღვრით მას საღვრელს, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამები, ჩვენი მეფენი და ჩვენი მთავრები იუდეის ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში; პური ძღომაზე გვქონდა და კარგად ვიყავით, და არც უბედურება გვინახავს. მას შემდეგ კი, რაც შევწყვიტეთ ცის დედოფლის საპატივცემოდ გუნდრუკის კმევა და მისთვის საღვრელის ღვრა, მოგვაკლდა ყოველივე და მახვილითა და შიმშილით ვიხოცებით. და როცა ცის დედოფალს ვუკმევდით და საღვრელს ვუღვრიდით, განა ჩვენი კაცების თანხმობის გარეშე ვუცხობდით მას ხმიადებს მისი გამოსახულებით და ვუღვრიდით საღვრელს? და უთხრა იერემიამ მთელ ხალხს – კაცსა და ქალს და მთელ მის მოპასუხეთ: განა ეს კმევა, რომელსაც თქვენ ასრულებდით იუდეის ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, თქვენ და თქვენი მამები და თქვენი მეფენი და თქვენი მთავრები და ქვეყნის ერი, არ გაიხსენა უფალმა და არ მოაგონდა? და ვეღარ შეძლო უფალმა თქვენი ბოროტი ნამოქმედარისა და თქვენი სისაძაგლეების მეტად მოთმენა, რომელსაც თქვენ სჩადიოდით, და თქვენი ქვეყანა განადგურდა და საშინელებად და საწყევარად და უკაცრიელად იქცა, როგორც დღესაა. იმის გამო, რომ უკმევდით და სცოდავდით უფალს და არ ისმინეთ მისი ხმა, და მის რჯულზე და მის კანონებზე და მის მოწმობებზე არ იარეთ, ამიტომ გეწიათ თქვენ ეს უბედურება. და უთხრა იერემიამ მთელ ხალხს და ყველა ქალს: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდაელნო, ვინც კი ეგვიპტის ქვეყანაში ხართ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ და თქვენი ცოლები რასაც პირით ლაპარაკობდით, იმას აკეთებდით თქვენი ხელით, რომ ამბობდით: შევასრულებთო ჩვენს აღთქმებს, ცის დედოფალს კვლავაც ვუკმევთ და საღვრელსაც დავუღვრითო! – აჰა, მტკიცედ იცავთ თქვენს აღთქმებს და შურისგებითაც ასრულებთ. ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, ყველა იუდაელო, ეგვიპტის ქვეყანაში დასახლებულო: მე დავიფიცე ჩემი დიდებული სახელით, – ამბობს უფალი, – თუ იქნება კიდევ ჩემი სახელი წარმოთქმული მთელს ეგვიპტის ქვეყანაში იუდაელის პირით, რომელიც იტყვის: უფალს ვფიცავო! მე გავიღვიძებ მათზე საბოროტოდ და არა სასიკეთოდ; და ყოველი იუდაელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაშია, მახვილითა და შიმშილით ამოწყდება, სანამ მთლიანად არ მოისპობიან. და ეგვიპტის ქვეყნიდან მახვილს თავდაღწეული მცირერიცხოვანნი იუდეის ქვეყანაში დაბრუნდებიან. და გაიგებს ეგვიპტის ქვეყანაში საცხოვრებლად მისული ყველა დანარჩენი იუდაელი, თუ ვისი სიტყვა აღსრულდება – ჩემი თუ მათი. აჰა, მე გაძლევთ ნიშანს, – ამბობს უფალი, – რომ დაგსჯით თქვენ ამ ადგილას, რომ იცოდეთ, რათა აღსრულებით აღსრულდება ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ. და ამბობს უფალი: მე გადავცემ ეგვიპტის მეფეს, ფარაონ ხოფრას, მის მტერთა და მისი სულის მაძიებელთა ხელში, როგორც ცედეკია, იუდეის მეფე, გადავეცი ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორს, მისი სულის მაძიებელის ხელთ. სიტყვა, რომელიც უთხრა იერემიამ ბარუქს, ნერიას ძეს, როდესაც ის იერემიას პირით ნათქვამ ამ სიტყვებს სწერდა წიგნში იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდეის მეფის, მეფობის მეოთხე წელს: ასე გეუბნება უფალი, ისრაელის ღმერთი შენ, ბარუქ: შენ მოსთქვამ: ვაიმე, ვაიმე! უფალმა მწუხარება დართო ჩემს სატკივარს, მოვიქანცე ვაებით და სიმშვიდე ვერ მიპოვნია. ასე უთხარიო მას: ასე ამბობს-თქო უფალი: რაც მე ავაშენე, მევე დავანგრევ, და რაც მე დავნერგე, მევე ამოვძირკვავ, და ეს ასე იქნება მთელს ქვეყანაზე. შენ კი ბევრს მოითხოვ შენთვის. ნუ მოითხოვ, რადგან მე მოვაწევ უბედურებას ყოველ ხორციელზე, – ამბობს უფალი, – შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ. უფლის სიტყვა, რომელიც იყო წინასწარმეტყველ იერემიასადმი ნათქვამი ხალხებზე. ეგვიპტეზე და ეგვიპტის მეფის, ფარაონ ნექოს, ლაშქარზე, რომელიც მდინარე ევფრატზე ქარქემიშში დაამარცხა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იუდეის მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის, მეფობის მეოთხე წელს. მოამზადეთ ფარ-შუბები და წადით საომრად. შეკაზმეთ ცხენები და ამხედრდით, მხედრებო, და გამოეწყვეთ მუზარადებში, გალესეთ შუბები და ჩაიცვით ჯაჭვ-ჯავშანი. ეს რასა ვხედავ! ნუთუ იძლივნენ და უკან იხევენ? მათი მამაცნი კი შეიმუსრნენ და გარბიან უკანმოუხედავად? საშინელებაა ირგვლივ, – ამბობს უფალი. ვერც ფეხმარდი გაიქცევა, ვერც მამაცი დააღწევს თავს; ჩრდილოეთით, მდინარე ევფრატთან, წაიბორძიკებენ და დაეცემიან ისინი. ვინაა ეს ნილოსივით რომ ადიდებულა, ღვარცოფივით რომ მოჰქუხს? ეგვიპტე ნილოსივით ადიდებულა და ღვარცოფივით მოჰქუხს. და ამბობს ის: მე გადმოვხეთქავ ნაპირებს და წავლეკავ ქვეყანას, დავღუპავ ქალაქებსა და იქ მცხოვრებთ. გაჭენდით ცხენებო და გაქროლდით ეტლებო! და გამოდით, მამაცო ფარისმტვირთველო ქუშელნო და ფუტელნო, ლუდელნო, მოისარნო და მშვილდის მომჭიმელნო! რადგან ეს დღე არის ცაბაოთ უფლის, ჩვენი ღმერთის, შურისგების დღე, რათა შური იძიოს თავის მტრებზე; და მახვილი შეჭამს და გაძღება მათი სისხლით; რადგან ეს იქნება უფლის მსხვერპლშეწირვა ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას. ადი გალაადზე და აიღე ბალზამი, ქალწულო, ეგვიპტის ასულო; ამაოდ ახვავებ წამლებს, აღარაფერი გეშველება. გაიგონეს ხალხებმა შენი შერცხვენა და შენმა კივილმა აავსო ქვეყანა, როცა მამაცი მამაცს შეეჯახა და ორივენი ერთად დაეცნენ. სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ეგვიპტის ქვეყნის დასამხობად ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე: აუწყეთ ეგვიპტეში და ასმინეთ მიგდოლში, გააგონეთ ნოფში და თახფანხესში, და თქვით: წამოდექი და მოემზადე, რადგან მახვილი შეჭამს შენს ირგვლივ ყველაფერს. რატომ დაეცა შენი მამაცი? ვერ გაუძლო, რადგან უფალმა უკუაქცია. მან გაამრავლა დაცემულნი, ერთმანეთზე ეცემოდნენ და ამბობდნენ: ადექით და დავუბრუნდეთ ჩვენს ხალხს და ჩვენს სამშობლო ქვეყანას, გავერიდოთ ბასრ მახვილს. და გაჰყვირიან იქ: ფარაონი, ეგვიპტის მეფე, გახელდა; მას გამოეპარა დათქმული ჟამი. ისე მე ვიცოცხლო, – ამბობს მეფე, – რომლის სახელია ცაბაოთ უფალი; რადგან, როგორც თაბორი დგას მთებს შორის და როგორც ქარმელია ზღვასთან, ისე ვიცი, რომ მოვა ის. გადასახლებულის ბარგი დაიმზადე, ეგვიპტის ასულის მკვიდრო, რადგან ნოფი აოხრდება და გაჩანაგდება, კაცის ჭაჭანება არ დარჩება იქ. ჩრდილოეთიდან მტერი დაეცემა მშვენიერ ეგვიპტეს, ვით კრაზანა დეკეულს. მისი დაქირავებული ჯარიც, ნასუქალი ხბორებივით რომ იყვნენ, ვერ დადგა, უკუიქცა და გაიქცა, რადგან მათი დაღუპვის დღე მოვიდა, ჟამი მათი დასჯისა. მისი ხმა გველის სისინის მსგავსი იქნება, რადგან ლაშქრით დადიან და ცულებით მოადგნენ, ხის მჭრელებივით. გაჩეხავენ მის ტყეს, – ამბობს უფალი, – რადგან გაუვალია ის; რადგან კალიაზე მეტად გამრავლდნენ, სათვალავი არა აქვთ. შერცხვენილია ეგვიპტის ასული, ჩრდილოელთ ჩაუვარდა ხელში. და ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე დავსჯი ამონს თებეში, და ფარაონს და ეგვიპტეს და მის ღმერთებს და მის მეფეებს, ფარაონს და მასზე მინდობილთ! და გადავცემ მათ მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელთ, და მის მსახურთა ხელთ და ამის შემდეგ დასახლდება ის, როგორც პირვანდელ დღეებში. – ამბობს უფალი. შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და ნუ დაფრთხები, ისრაელ, რადგან მე გიხსნი შენ შორიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს წყნარად და მშვიდად, და არ ეყოლება შემშინებელი. ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, – ამბობს უფალი, – რადგან მე შენთანა ვარ. მე მოვსპობ ყველა ხალხს, რომლებთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგსპობ, მხოლოდ მოგარჯულებ სამართლისამებრ, მაგრამ დაუსჯელიც არ დამრჩები. უფლის სიტყვა, რომელიც იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ თქმული ფილისტიმელებზე, ვიდრე ფარაონი ღაზას დაამარცხებდა. ასე ამბობს უფალი: აჰა, წყლები მოდიდდებიან ჩრდილოეთიდან და წამლეკავ ღვართქაფებად გადაიქცევიან, და წალეკავენ ქვეყანას და ყოველივეს, რაც მასზეა, ქალაქებსა და მის მცხოვრებთ; აკივლდებიან ადამიანები და იქვითინებს ქვეყნის ყოველი მცხოვრები. მისი აქაფებული რაშების თქარათქურის, მისი ეტლების გრიალის, მისი ბორბლების გრუხუნის გამო მამები ვეღარ მიუბრუნდებიან შვილებს ასაყვანად, რადგან მკლავები ჩამოსწყდებათ, მომავალი დღის გამო, როდესაც დასცემენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ცორს და ციდონს ყველა გადარჩენილი შემწე, რადგან დაამხობს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს, ქაფთორის კუნძულზე რომ გადარჩა. მწუხარებამ მოიცვა ღაზა და თავებს იხოტრავენ ღაზელნი, იღუპება აშკელონი და ყენაკელთა ნატამალი. როდემდე უნდა იკაწრავდე ფრჩხილებით თავს? ო, უფლის მახვილო, როდემდე უნდა ჰკვეთდე, ჩაეგე შენს ქარქაშში, დასცხერ და დადუმდი! მაგრამ როგორ გინდა დასცხრე როდესაც უფალმა მიუშვა იგი აშკელონისა და ზღვისპირეთის წინააღმდეგ, იქ განაწესა თავისი მახვილი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, მოაბზე: ვაი ნებოს! რადგან გაუდაბურდა; კირიათაიმი შერცხვენილია და დაპყრობილი; გაწბილებულია ციხესიმაგრე და დანგრეული. წახდა მოაბის დიდება; ხეშბონში ბოროტება განიზრახეს მის წინააღმდეგ: მოდით და ამოვძირკვოთო ეს ხალხი. მადმენა, შენც განადგურდები, მახვილი მოგდევს უკან! კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან: გატიალება და ნგრევაა დიდი! შეიმუსრა მოაბი, კივიან მისი პატარები. რადგან ლუხითის აღმართზე ტირილი არ წყდება; და ხორონაიმიდან მომხვდურთ ნგრევისა და კივილის ხმა ესმით: გაიქეცით, იხსენით თქვენი სულები! და ღვიის ბუჩქივით იქნებით უდაბნოში. რადგან შენ ესავდი შენს ნამოქმედარსა და შენს საგანძურებზე, შენც შეგიპყრობენ და ქემოშსაც გადაასახლებენ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად. და მძარცველი დაეცემა ყოველ ქალაქს, და ვერცერთი ქალაქი ვერ გადარჩება; ხეობა განადგურდება და აოხრდება ველ-მინდვრები, როგორც უფალმა თქვა. მიეცით ფრთები მოაბს, რომ გაფრინდეს, მისი ქალაქები უკაცრიელ უდაბნოდ იქცევიან. წყეულიმც იყოს, ვინც უფლის საქმეს უდიერად ექცევა და წყეულიმც იყოს, ვინც თავის მახვილს სისხლით არ ღებავს! უშფოთველად იყო მოაბი სიყრმიდანვე, განისვენებდა, როგორც ღვინოა თავის თხლეზე. და არ გადაუღიათ ჭურჭლიდან ჭურჭელში, და ტყვეობაში არ წაუყვანიათ. ამიტომაც შერჩა თავისი გემო და სურნელება არ დაუკარგავს. მაგრამ მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – და მე გავუგზავნი მას მათ, ვინც გადაიღებენ! გადაიღებენ მას, ჭურჭელს დაუცარიელებენ და ქვევრებს დაუმსხვრევენ. და შერცხვება მოაბი ქემოშის გამო, როგორც ისრაელის სახლი შერცხვა მათი იმედის, ბეთელის, გამო. როგორღა ამბობთ: მამაცნი ვართ და ომისათვის ძალმოსილნიო? გაიძარცვა მოაბი და მტერი ავიდა მის ქალაქებში, და მისი რჩეული ჭაბუკნი სასაკლაოზე ჩავიდნენ, ამბობს უფალი, ცაბაოთია მისი სახელი. მოახლოვდა მოაბის აღსასრული და ძალზე მოისწრაფის მისი უბედურება. დაიტირეთ, ყველამ, ვინც მის ირგვლივ ცხოვრობთ და ყველამ, ვინც კი მისი სახელი იცით, თქვით: როგორ შეიმუსრაო არგანი ძლიერებისა, კვერთხი დიდებისა! ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი ურწყულში, დიბონში მცხოვრებო ასულო, რადგან მოაბის წარმწყმედი ამოვა შენთან და დაანგრევს შენს ციხესიმაგრეებს. დადექი გზისპირას და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრო, ჰკითხე გამოქცეულს და თავდახსნილს: რა მოხდა-თქო? შერცხვენილია მოაბი, რადგან გაცამტვერდა; იქვითინეთ და იკივლეთ, აუწყეთ არნონში, რომ განადგურებულია მოაბი. სასჯელმა უწია დაბლობ ქვეყანას – ხოლონს, იაჰცას და მეფაყათს, და დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს, და კირიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მაყონს, და კერიოთს, ბოცრას და მოაბის ქვეყნის ყველა შორეულ და მახლობელ ქალაქს. მოაბს მოემტვრა რქები და გადაიმსხვრა მისი მაჯა, – ამბობს უფალი. დაათვრეთ იგი, რადგან უფლის წინაშე მედიდურობს; და დაე, იგოროს მოაბმა თავის ნარწყევში და თავად გახდეს სასაცილო. განა მასხრად არ იგდებდი ისრაელს? განა ქურდებში წაუსწრეს მას, რომ მის ყოველ ხსენებაზე თავს აქნევ ნიშნის მოგებით? დატოვეთ ქალაქები და კლდეებში დაეშენეთ, მოაბის მკვიდრნო, და მღვიმეთა პირას დაბუდებული მტრედივით იყავით. გვესმა მოაბის ამპარტავნობა, მეტისმეტად ამაყია ის; გვესმა მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მისი მედიდურობა და მისი დიდგულობა. მე ვიცი, – ამბობს უფალი, – მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი და ფუჭი საქმე. ამიტომ ვივალალებ მოაბზე და ყველა მოაბელზე ვიქვითინებ; და კირ-ხერესის კაცებზე იკვნესებს ჩემი გული. იაყზერზე მეტად დაგიტირებ, სიბმას ვენახო! შენი ლერწები ზღვას გადასწვდნენ, იაყეზერის ზღვას მისწვდნენ; შენს საზაფხულო ხილსა და შენს მოწეულ ყურძენს მძარცველი დაეცა. წაერთვა სიხარული და ლხენა ქარმელსა და მოაბის ქვეყანას; და დავწრიტე ღვინო შენს საწნახლებში; აღარ დაწურავენ მხიარული ყიჟინით; ბრძოლის გნიასი იქნება და არა სასიხარულო ყიჟინა. ხეშბონის კივილს ელეყალემდე და იაჰაცამდე ბანს მისცემენ ცოყარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე, რადგან ნიმრიმის წყლებიც დაშრება. და მოვსპობ მოაბში ყველას, – ამბობს უფალი, – ვისაც მსხვერპლი მიაქვთ მაღლობებზე და თავიანთ ღმერთებს უკმევენ. ამიტომ სალამურივით კვნესის ჩემი გული მოაბზე; კირ-ხერესის ხალხზე მიკვნესის გული სალამურივით, რადგან მათი მონაგარი დაიღუპა, გადაპარსული აქვს ყველას თავი, შეჭრილი აქვს ყველას წვერი, დასერილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია. მოაბის ბანებსა და მოედნებზე გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უსარგებლო ჭურჭელივით, – ამბობს უფალი. როგორ დაიქცა, როგრ მოთქვამენ, როგორ შეირცხვინა თავი და შეიქნა მოაბი სამასხროდ და შესაზარად ირგვლივმყოფთათვის. რადგან ასე თქვა უფალმა: ორბივით დააფრინდება მოაბს და ფრთებს გაშლის მასზე. დაიპყრობენ ქალაქებს და ციხესიმაგრეებს დაიკავებენ; და იმ დღეს მოაბის ვაჟკაცთა გული მშობიარე ქალის გულივით გახდება. და გაქრება მოაბი ხალხთაგან, რადგან გაუმედიდურდა უფალს. შიში, ხნარცვი და მახე გელით, მოაბის მკვიდრნო, – ამბობს უფალი. შიშისაგან გაქცეული ხნარცვში ჩავარდება და ხნარცვიდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი განკითხვის წელს, – ამბობს უფალი. ხეშბონის ჩრდილში შეჩერდნენ ღონემიხდილი ლტოლვილნი; მაგრამ ცეცხლი გამოვარდა ხეშბონიდან და ალი სიხონის წიაღიდან, და საფეთქელი შეუტრუსა მოაბს და თხემი შფოთის ამტეხთ. ვაი შენ, მოაბო, დაიკარგა ხალხი ქემოშისა, რადგან ტყვედ არიან წაყვანილნი შენი ძენი და დატყვევებულნი არიან შენი ასულნი. მაგრამ დავაბრუნებ მოაბის ტყვეებს უკანასკნელ დღეებში! – ამბობს უფალი. აქ თავდება მოაბის განაჩენი. და ამბობს უფალი ყამონელებზე: განა არა ჰყავს ძენი ისრაელს? განა არა ჰყავს მემკვიდრე? რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი? მისი ხალხი რატომ ცხოვრობს მის ქალაქებში? ამიტომაც, აჰა, მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – როცა რაბაში ყამონელთა ძენი გაიგონებენ ბრძოლის განგაშს, და ის ნანგრევების გროვად იქცევა, და მისი შემოგარენი ცეცხლში დაიწვება; და დაიმკვიდრებს ისრაელი თავის სამკვიდრებელს! – ამბობს უფალი. მოთქვამდე, ხეშბონ! რადგან გაუდაბურდა ღაი; კიოდეთ, რაბას ასულნო, ჩაიცვით ძაძები, დაიტირეთ და იხეტიალეთ კედლებს შორის, რადგან მალქომი ტყვეობაში წავა თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად. რას ტრაბახობ შენი ხეობებით? სისხლისგან დაიცლება შენი ხეობა, განდგომილო ასულო, შენი საგანძურის იმედით რომ გაიძახი: ვინ გამიბედავს, რომ გამომიხდესო? აჰა, შიშის ზარს დაგცემ, – ამბობს უფალი ცაბაოთ ღმერთი, – ყოველი მხრიდან და გაძევებული იქნებით სათითაოდ და ვეღარავინ შემოგკრებთ გზადაკარგულთ. და ამის შემდეგ დავაბრუნებ ყამონელთ ტყვეობიდან! – ამბობს უფალი. და ამბობს ცაბაოთ უფალი ედომზე: ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში? ნუთუ გაქრა გონიერთა რჩევა? და დაჩლუნგდა მათი სიბრძნე? გაიქეცით, პირი იბრუნეთ, მღვიმეებში შეიხიზნეთ, დედანის მკვიდრნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი, როცა განვიკითხავ მას. მერთვლეებიც რომ შემოგსეოდნენ, ისინიც კი დაგიტოვებდნენ მოსამცვრევ კუფხლებს, ქურდები ღამით მხოლოდ თავის სამყოფს გაიტაცებდნენ. მე კი დედიშობილად დავტოვებ ესავს, გამოვაჩენ მის საიდუმლო თავშესაფარს და ვეღარ შეძლებს დამალვას. განადგურდება მისი მოდგმა, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. და აღარ იქნება იგი. დატოვე შენი ობოლნი და მე ვარჩენ მათ, და შენი ქვრივნი მომენდონ მე. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, რომელთა განაჩენიც არ იყო ამ თასის შესმა, აუცილებლად შესვამენ და შენ გინდა დაუსჯელი დარჩე? დაუსჯელი არ დარჩები, რადგან უეჭველად შესვამ მას. რადგან ჩემს თავს ვიფიცებ, – ამბობს უფალი, – რომ შესაზარი, სამარცხვინო, უკაცრიელი და შესაჩვენებელი გახდება ბოცრა, ხოლო ყოველი მისი დაბა-სოფელი – მარადიული უდაბნო. ამბავი მესმა უფლისაგან და მაცნეები აუწყებენ ხალხებს: შეიკრიბეთ და შეუტიეთ მას, და აღდექით საომრად! რადგან, აჰა, მე დაგამცრობ ხალხებში და საძულველად გაგხდი ადამის მოდგმაში; გაცდუნა შენ შენმა კერპმა, შენი გულის ზვიადობამ; კლდის ნაპრალებში რომ დამკვიდრებულხარ და მთის მწვერვალებზე. ორბივით მაღლაც რომ მოიწყო ბუდე, იქიდანაც გადმოგაგდებ, – ამბობს უფალი. და იქცევა ედომი საშინელებად და ყოველი იქ გამვლელი გაოცდება, და დაუსტვენს ყველა, ვინც შეხედავს მის წყლულებს. როგორც სოდომი და გომორა და მისი მეზობელი დაბები დაიქცა, – ამბობს უფალი, – ასევე კაციშვილი აღარ დარჩება ედომში და აღარც არავინ დასახლდება. აჰა, როგორც ლომი ამოდის იორდანეს უღრანებიდან და დაეცემა გამაგრებულ ქოხებს, ისე მოიწევს ის, მაგრამ მე წამში გავაქცევ მას ედომიდან და ჩემს რჩეულს დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი და ვინ დამიწესებს მე ჟამს და ვინ არის ის მწყემსი, ვინც წინ დამიდგება? ამიტომ ისმინეთ უფლის განაჩენი, რაც ედომს გაუჩინა და მისი განზრახვა, რაც თემანზე განიზრახა: ნახეთ, თუ არ წაათრიონ ისინი მწყემსის ბიჭებმა, თუ თავზე არ დაუმხონ ფარეხები! მათი დაცემის ხმა მიწას შეარყევს, მათი კივილი მეწამულ ზღვას მისწვდება. აჰა, ორბივით აიწევა და გაფრინდება, და გადმოშლის ფრთებს ბოცრაზე. და იმ დღეს ედომის მამაცთა გული დაემსგავსება მშობიარე ქალის გულს. დამასკოზე. შერცხვებიან ხამათი და არფადი, რადგან ავი ამბები მოისმინეს და სულით დაეცნენ, კიჟინაა ზღვაზე, ვერ დამშვიდებულან. შედრკა დამასკო, გასაქცევადაა, ძრწოლამ შეიპყრო იგი, ტკივილმა და კრუნჩხვებმა დაუარეს მშობიარე ქალივით. როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, საყვარელი ჩემი? ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და ყველა მებრძოლი დაეცემა იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი. და ცეცხლს მივცემ დამასკოს კედლებს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის პალატებს. კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამხო, ასე ამბობს უფალი: ადექით, გაილაშქრეთ კედარზე და მოსრენით აღმოსავლეთის ძენი. წაიღებენ მათ კარვებსა და მათ ფარებს გაირეკავენ ისინი. მათ ფარდებს და მთელ მათ ჭურჭელს და მათ აქლემებს წაიღებენ და დასძახებენ მათ: საშინელებაა ყოველი მხრიდან! გაიქეცით, შორს წადით, ღრმად ჩასხედით ნაპრალებში, ხაცორის მკვიდრნო, – ამბობს უფალი, – რადგან განაჩენი გამოგიტანათ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და ავი განზრახვა განიზრახა თქვენზე. ადექით, დალაშქრეთ უზრუნველი, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხზე, – ამბობს უფალი. – არც კარები უბიათ და არც რაზა-კოჭატი ადევთ მათ ბინებს, განმარტოებით სახლობენ. გაძარცვავენ მათს აქლემებს და მათი ურიცხვი საქონელი ნადავლად იქცევა. ოთხივ ქარისაკენ გავფანტავ ამ საფეთქლებაპარსულთ, და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას, – ამბობს უფალი. და იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად, საუკუნო უდაბნოდ; კაციშვილი არ იცხოვრებს იქ და ადამიანი აღარ დასახლდება მასში. უფლის სიტყვა ყელამზე, იერემიას მიმართ თქმული, იუდეის მეფე ცედეკიას, მეფობის დასაწყისში: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მე გადავტეხავ ყელამის მშვილდს, მათი ძლიერების დასაბამს. და მოვაწევ ყელამზე ოთხ ქარს ცის ოთხი კიდიდან და გავფანტავ ყელამს ყველა ამ ოთხი ქარით, და არ იქნება ხალხი, რომელთანაც არ მივა ყელამელი მწირი. და შიშს დავცემ მე ყელამელთ მათი მტრების თვალწინ და მათი სულის მაძიებელთა თვალწინ, და თავს დავატეხ მათ უბედურებასა და ჩემს მძვინვარებას, – ამბობს უფალი, – და დავადევნებ მათ უკან მახვილს, სანამ არ მოვუღებ ბოლოს. და დავდგამ ჩემს ტახტს ყელამში და მოვსპობ იქიდან მეფესა და მთავრებს, – ამბობს უფალი. მაგრამ ბოლოს დავაბრუნებ ყელამს ტყვეობიდან, – ამბობს უფალი. სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა ბაბილონზე და ქალდეველთა ქვეყანაზე იერემია წინასწარმეტყველის პირით: გამოაცხადეთ და ასმინეთ ხალხებში, და აღმართეთ ალამი, ასმინეთ, ნუ დაფარავთ, თქვით: აღებულია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მეროდაქი, შერცხვენილია მისი კერპები, დამსხვრეულია მათი ძეგლები! რადგან მის წინააღმდეგ აღდგა ხალხი ჩრდილოეთიდან, უდაბნოდ აქცევს მის ქვეყანას და არ დარჩება მასში მცხოვრები, კაციან პირუტყვიანად ყველა წავა და გადაიხვეწება. იმ დღეებში და იმ დროს, – ამბობს უფალი, – მოვლენ ისრაელიანები, ისინი და იუდაელნი ერთად ივლიან მოთქმით და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს. სიონის გზას იკითხავენ, აქეთ მოაქცევენ პირს და იტყვიან: მოდით და შევეკრათ უფალს, საუკუნო კავშირით, რომელიც არ იქნება დავიწყებული. გზააბნეულ ფარას ჰგავს ჩემი ერი, მათმა მწყემსებმა აუბნიეს გზა, მთებზე ახეტიალებენ; მთიდან ბორცვებზე გადადიან, დაივიწყეს თავისი ბინა. ყველას ლუკმა იყვნენ, ვისაცკი გადაეყრებოდნენ. მათი მტრები ამბობდნენ: ბრალი არა გვაქვს, რადგან მათ შესცოდეს უფალს, უფალს – სიმართლის სავანეს, და უფალს – მათი მამების იმედს. დაიძარით ბაბილონიდან და ქალდეველთა ქვეყნიდან გამოდით; და იქნებით, როგორც ფარის წინამძღოლი ვაცები, რადგან, აჰა, მე გამოვაღვიძებ და აღვძრავ ბაბილონზე დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაჯარდებიან ისინი მის წინააღმდეგ და ტყვედ ჩაიგდებენ; მათი ისრები ხელოვანი მეომრის ისრებია და ფუჭად არ ბრუნდებიან უკან. ქალდეველთა ქვეყანა მათი ნადავლი გახდება და გაძღება ყველა მისი მძარცველი, – ამბობს უფალი. რადგან გიხაროდათ და ილხენდით, ჩემი სამკვიდრებლის ყაჩაღებო; რადგან გასუქდით, როგორც დეკეული მწვანეზე, და ბედაურებივით ჭიხვინებდით. შერცხვენილი დარჩება დედათქვენი, გაწითლდება თქვენი მშობელი; აჰა, ხალხების მომავალი – უდაბნო, ურწყული და ტრამალი. უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება და მთლიანად უდაბნოდ იქცევა. ბაბილონზე გამვლელი ყოველი კაცი გაოცდება და დაუსტვენს მისი წყლულების შემხედვარე. გარსშემოეწყვეთ ბაბილონს, ყველა მშვილდის მომჭიმელნო, დაუშინეთ ისრები, ნუ დაინანებთ, რადგან შესცოდა მან უფალს. დასჭექეთ მის ირგვლივ! ხელები ჩამოსწყდა მას, დაიქცა მისი ბურჯები, დაირღვა მისი ზღუდე, რადგან უფლის შურისგებაა ეს; შური იძიეთ მასზე, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით მას! მხვნელ-მთესველი მოსპეთ ბაბილონში და ნამგლის ამღები მკათათვეში. ყველამ თავის ერს მიაშუროს და ყველა თავის ქვეყანაში გაიქცეს ბასრი მახვილის შიშით. გაფანტული ცხვარია ისრაელი; ლომებმა დააფრთხეს ის. ჯერ აშურის მეფე ჭამდა მას, ბოლოს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაუმტვრია ძვლები. ამიტომ ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც დავსაჯე მეფე აშურისა. კვლავ დავაბრუნებ მე ისრაელს თავის საძოვრებზე და იბალახებს ქარმელზე და ბაშანზე, და ეფრემისა და გალაადის მთებზე გაძღება მისი სული. იმ დღეებში და იმ დროს, – ამბობს უფალი, – ძებნას დაუწყებენ ისრაელის ურჯულოებას და აღარ იქნება იგი, და იუდეის ცოდვებს და ვერ იპოვნიან, რადგან მივუტევებ მათ, ვისაც ცოცხლად დავტოვებ. მერათაიმის ქვეყანას დაეცი და ფეკოდის მცხოვრებთ და ააოხრე და გაანადგურე ყველაფერი მათ შემდეგ, – ამბობს უფალი, – და გააკეთე ყოველივე ისე, როგორც მე გიბრძანე. ბრძოლის კიჟინაა ქვეყანაში და დიდია ნგრევა. როგორ გადატყდა და დაიმსხვრა ურო მთელი ქვეყნისა! როგორ იქცა ბაბილონი ხალხთა შიშის დამცემი! მახე დაგიგე და შეპყრობილი ხარ, ბაბილონო, შენ კი ვერც მიხვდი. მოგძებნეს და შეგიპყრეს კიდეც, რადგან უფალს აუჯანყდი. გახსნა უფალმა თავისი საცავი და გამოიტანა თავისი რისხვის საჭურველი, რადგან უფალს, ცაბაოთ ღმერთს ანგარიში აქვს ქალდეველთა ქვეყანასთან. შედით იქ ქვეყნის ყოველი კიდიდან, გახსენით მისი ბეღლები, გალეწეთ იგი ბზესავით და მოსრეთ სრულიად, რათა აღარ დარჩეს მისი ნატამალი. მახვილს მიეცით მისი ხარები, ჩარეკეთ სასაკლაოზე! ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე, ჟამი მათი განკითხვისა. გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმაა ბაბილონის ქვეყნიდან, რათა სიონზე გამოაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისგება მისი ტაძრის სანაცვლოდ. მოუხმეთ ბაბილონის წინააღმდეგ მოისართ, ყველა მშვილდის მომჭიმელმა დაიბანაკოს მის ირგვლივ, რათა არ იყოს მისი ხსნა, მისი საქმისამებრ მიუზღეთ მას; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით, რადგან გაუმედიდურდა უფალს, ისრაელის წმიდას. ამიტომ მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე დაეცემიან და ყველა მისი მებრძოლი დაიღუპება იმ დღეს, – ამბობს უფალი. აჰა, მოვდივარ შენზე, გულზვიადო, – ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, – რადგან დადგა შენი დღე, ჟამი შენი განკითხვისა! და წაიბორძიკებს გამედიდურებული და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს მივცემ მის ქალაქებს და ის შეჭამს მის დაბა-სოფლებს. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ემძლავრებიან ისრაელიანთ და იუდეის ძეთ; მოძალადეებს მაგრად უჭირავთ ისინი და არ უნდათ მათი გაშვება. მაგრამ ძლიერია მათი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთია მისი სახელი, ის განიკითხავს მათ საქმეს, რათა შვებით ამოასუნთქოს ქვეყანას და ძრწოლა მოჰგვაროს ბაბილონის მკვიდრთ. მახვილი ქალდეველებს, – ამბობს უფალი, – და ბაბილონის მცხოვრებთ, მის მთავრებს და მის ბრძენთ! მახვილი მისნებს და შეიშლებიან ისინი; მახვილი მის მამაცებს და დაფრთხებიან ისინი; მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს და ყველა მის უცხოტომელს, რომლებიც იქ მწირობენ, და დადედლდებიან ისინი; მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან ისინი; გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპთა ქვეყანაა ის და შეიშლებიან ისინი კერპებისაგან! ამიტომ დაიბუდებს იქ ველის ნადირი აფთრებთან ერთად, და დაიბუდებს იქ სირაქლემა. და აღარ დასახლდება ის აღარასოდეს და იქნება უკაცური თაობიდან თაობამდე. როგორც ღვთისგან დაქცეული სოდომი და გომორაა და მათი ახლო ქალაქები, – ამბობს უფალი, – ასევე იქაც კაციშვილი არ იცხოვრებს და ადამის ძე არ დასახლდება მასში. აჰა, ხალხი მოდის ჩრდილოეთიდან, დიდი ხალხი, და მრავალი მეფეები აღდგებიან ქვეყნის კიდეებიდან. მშვილდი და ლახვარი უჭირავთ ხელთ; სასტიკნი არიან და უწყალონი, მათი ხმა ზღვასავით გრგვინავს და ცხენებზე ამხედრებულან; როგორც ერთი, მზად არიან შენთან საომრად, ბაბილონის ასულო! მოესმა ბაბილონის მეფეს მათი ამბავი და ხელები დაუძაბუნდა, ტკივილმა შეიპყრო, კრუნჩხვებმა დაუარეს მშობიარე ქალივით. ლომივით წამოვიდა იგი იორდანეს შამბნარებიდან საძოვრებისაკენ; მე წამში გავაქცევ მათ იქიდან და ჩემს რჩეულს დავადგენ მასზე; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ დამიწესებს ჟამს? და რომელი მწყემსი დამიდგება წინ? ამიტომ ისმინეთ უფლის განაჩენი, რაც ბაბილონს განუჩინა და მისი ზრახვები, რაც ქალდეველთა ქვეყნის წინააღმდეგ განიზრახა. ნახეთ, თუ არ დაიტაცონ კრავები ფარებიდან, თუ მათთან ერთად არ გააჩანაგოს მათი ფარეხები! და შეზანზარდება დედამიწა, როცა ხმა გაისმება: ბაბილონი დაეცაო და კივილის ხმა გავარდება ხალხებში. ასე ამბობს უფალი: აჰა, მე აღვძრავ ბაბილონსა და ქალდეაში მცხოვრებ ჩემს მტრებზე გამანადგურებელ ქარბორბალას. უცხოტომელებს მივუსევ ბაბილონს და გაანიავებენ მას, და გააპარტახებენ მის მიწას, რადგან ყოველი მხრიდან შეესევიან მისი უბედურების ჟამს. ნუ მოზიდავს მომზიდველი მშვილდს და ნუ გადიდგულდება თავის ჯავშანში; ნუ დაინდობთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ლაშქარი! და დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში, რადგან არ დაქვრივებულა ისრაელი და იუდეა მათი ღმერთის, ცაბაოთ უფლის მიერ, თუმცა კი მათი ქვეყანა დანაშაულითაა სავსე ისრაელის წმიდის წინაშე. გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავისი თავი გადაარჩინოს; ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისგების ჟამია უფლისათვის, მისაგებელს მიაგებს მას. ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა; იმით სვამდნენ ხალხები ღვინოს და უგუნურებდნენ. უცებ დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა. ჰგოდებდეთ მასზე, ბალზამი დაადეთ მის ჭრილობებს, იქნებ განიკურნოს. ვმკურნალობდით ბაბილონს და ვერ განიკურნა; დავტოვოთ იგი და წავიდეთ ჩვენ-ჩვენს ქვეყნებში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია. უფალმა გამოიტანა სინათლეზე ჩვენი სიმართლე, წავიდეთ და მოვუთხროთ სიონზე საქმე უფლისა, ჩვენი ღმერთისა. ალესეთ ისრები, გაივსეთ კაპარჭები! აღძრა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო. ბაბილონის გალავნის წინააღმდეგ აღმართეთ ბაირაღი, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ გუშაგნი, მოაწყვეთ საფრები, რადგან განიზრახა უფალმა და კიდეც შეასრულებს, რაც თქვა ბაბილონის მცხოვრებლებზე. დიდ წყლებზე დასახლებულო, მრავალ საგანძურთა მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი სიხარბისამებრ. დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: როგორც კალიებით, ისე გაგავსებ ადამიანებით, და საომარ ყიჟინას დაგცემენ. მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, სამყარო განამტკიცა თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გარდაართხა. მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ცაში; და ღრუბლებს მოელალება ქვეყნის კიდეებიდან; საწვიმრად აჩენს ელვას და ქარი გამოაქვს თავისი საგანძურებიდან. უვიცობისგან გაბრიყვდა ადამიანი, შერცხვენილია ოქრომჭედელი თავისი კერპით, რადგან ფუჭია მისი ქანდაკი, სული არ უდგას. არარაობანი არიან ისინი, ენით ასაგდები, მათი განკითხვის ჟამს გაქრებიან ისინი. მათი მსგავსი არაა იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ღმერთი ყოველივეს შემოქმედია, და მათ შორის თავისი სამკვიდრებელი ტომისაც – ცაბაოთ უფალია მისი სახელი. შენ ჩემი ურო ხარ – საბრძოლო იარაღი, შენით ვაცამტვერებდი ხალხებს და ვსპობდი სამეფოებს, შენით ვაცამტვერებდი ცხენებსა და მათ მხედრებს, ეტლებსა და ეტლოსნებს; შენით ვაცამტვერებდი კაცსა და ქალს, მოხუცსა და ყმაწვილს, ჭაბუკსა და ქალწულს; შენით ვაცამტვერებდი მწყემსსა და მის ფარას, მხვნელ-მთესველსა და მის ხარ-კამეჩს, მთავრებსა და განმგებლებს. და თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ყოველ ქალდეველს იმ ბოროტებათა გამო, რაც ჩაიდინეს სიონის მიმართ! – ამბობს უფალი. აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, დამღუპველო მთაო, – ამბობს უფალი, – გამანადგურებელო მთელი ქვეყნისა; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგანგრევ და გადაბუგულ მთად გაგხდი. და ქვასაც ვერ აიღებენ შენი ნანგრევებიდან ქვაკუთხედისა და საძირკვლისათვის, რადგან საუკუნოდ გაუდაბურდები, – ამბობს უფალი. ბაირაღი აღმართეთ ქვეყანაში, დაეცით ნაღარა, დარაზმეთ ხალხები მის წინააღმდეგ, მოუხმეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, დასვით მის წინააღმდეგ სპასპეტი, მიუშვით აქაფებული ცხენები – ურიცხვი, როგორც კალია. გზა დაულოცეთ ხალხებს მის წინააღმდეგ, მიდიის მეფეებს და მის მთავრებს, და ყველა მის განმგებელს და მთელ მის სახელმწიფოს. ირყევა მიწა და ტკივილით იხლართება, რადგან ბაბილონს უსრულდება უფლის მუქარა – უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა, სადაც კაცისშვილი არ გაიჭაჭანებს. ბაბილონის მეომრებმა შეწყვიტეს ბრძოლა, ჩასხდნენ ციხესიმაგრეებში, დადნა მათი ძალა, ქალებს დაემსგავსნენ; გადაწვეს მათი სავანეები, დაილეწა მათი ურდულები. მალემსრბოლი მალემსრბოლზეა და მაცნე – მაცნეზე, რათა აუწყონ ბაბილონის მეფეს, რომ დაპყრობილია მისი ქალაქი ყოველი მხრიდან; რომ წყალზე ფონები დაკავებულია, ჩახერგილები ცეცხლით გადაწვეს, და შემდრკალნი გარბიან. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ბაბილონის ასული არის გასალეწად გამზადებული კალო, ცოტაც და მოაწევს მისი გალეწვის ჟამი. შემჭამა მე, დამღეჭა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ცარიელ ჭურჭლად მაქცია, როგორც გველეშაპმა, გაივსო სტომაქი ჩემი ნუგბარით და ამომანთხია. ჩემი სიაბუჩე და ჩემი ხორცის თრევა ბაბილონზეა, – ამბობს სიონის ასული, და ჩემი სისხლი ქალდეის მცხოვრებთა საზღაურია, – ამბობს იერუსალიმი. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მე განვსჯი შენს მომრევს და შურს ვიძიებ შენს გამო; ამოვუშრობ ზღვასა და დავუშრეტ წყლებს. და იქცევა ბაბილონი ნანგრევების გორებად, ტურების ბუნაგად, საშინელებად, ასაგდებად და უკაცურად. ლომებივით ერთად აბრდღვინდებიან ისინი და ლომის ბოკვერებივით აღრიალდებიან. მადა აღძრულებს ნადიმს გავუმართავ და დავათრობ, რომ გახალისდნენ და დაიძინონ საუკუნო ძილით და აღარ გამოიღვიძონ, – ამბობს უფალი. კრავებივით ჩამოვრეკავ მათ დასაკლავად, როგორც ვერძებსა და ვაცებს. როგორ დაეცა შეშაქი, და როგორ დაიპყრეს ქვეყნიერების სიამაყე! როგორ გახდა ბაბილონი ხალხთა შესაზარად! ზღვამ აიწია ბაბილონზე, მისმა ბობოქარმა ზვირთებმა შთანთქეს იგი. გაუკაცურდა მისი ქალაქები, ურწყულ და ტრამალ მიწებად იქცა, სადაც კაციშვილი აღარ დასახლდება და ადამის ძე არ გაივლის. და მე მივაკითხავ ბელს ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ, რაც გადაყლაპა. და აღარ ივლიან მისკენ ხალხები, ბაბილონის გალავანიც ჩამოიქცევა. გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ერო, და იხსენით თითოეულმა თავისი სული უფლის გაცეცხლებული რისხვისაგან. ნუ შეგიდრკებათ გული, ნუ წაგახდენთ ამბის გაგონება, ქვეყანაზე რომ ისმის; და მოვა ის ამბავი ერთ წელს, და მას შემდეგ სხვა ამბავიც მოვა მომდევნო წელს; და იქნება ძალადობა ქვეყანაზე, და აღდგება ხელმწიფე ხელმწიფის წინააღმდეგ. ამიტომ აჰა, მოდის დღეები, როდესაც დავსჯი ბაბილონის კერპებს, და მთელი მისი ქვეყანა შერცხვება და ყველა მისი დაცემულნი მის მიწაზე ეყრებიან. და იზეიმებენ ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი, – ამბობს უფალი. როგორც ბაბილონმა დახოცა ისრაელიანები და დასცა, ბაბილონშიც დაეცემიან მათი დახოცილნი. მახვილს თავდაღწეულნო, წადით, ნუ შეჩერდებით! შორიდან გაიხსენეთ უფალი, და იერუსალიმი მოიგონეთ თქვენს გულში. გვრცხვენოდა, როცა ჩვენს გინებას ვისმენდით; გინებამ დაფარა ჩვენი სახე, როცა უცხოთესლი მოადგა უფლის ტაძრის სიწმიდეებს. ამიტომ მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – და მე შურს ვიძიებ მის კერპებზე და მთელ მის ქვეყანაში იკვნესებენ სასიკვდილოდ დაჭრილნი. კიდევაც რომ აღზევდეს ბაბილონი ცამდე და კიდევაც რომ გაამაგროს ზეცაში თავისი ძლიერება, მიუვლენ მას მაოხარნი ჩემგან, – ამბობს უფალი. გოდების ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი დაქცევისა ქალდეველთა ქვეყნიდან. რადგან უფალი მოარბევს ბაბილონს და ჩააწყვეტინებს გაამპარტავნებულ ხმას; და ახმაურდებიან მისი ტალღები დიდი წყლებივით და გაისმება მათი გრიალის ხმა. რადგან დაესხმის მას, ბაბილონს, მაოხარი და შეიპყრობიან მისი მამაცნი, დაილეწება მათი მშვილდები, რადგან ღმერთი, შურისგების უფალი, მიუზღავს მათ. დავათრობ მის მთავრებსა და მის ბრძენთ, მის განმგებლებს და მის ნაცვლებს, და მის მებრძოლებს და დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, – ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ბაბილონის განიერი გალავნები საძირკვლამდე დაინგრევა და მისი მაღალი კარიბჭენი ცეცხლში დაიწვება; ამაოდ უშრომიათ ხალხებს და მხოლოდ ცეცხლისათვის დამაშვრალან ერები. სიტყვა, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა უანდერძა სერაიას ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, როდესაც ის იუდეის მეფე ცედეკიასთან ერთად წავიდა ბაბილონში, მისი მეფობის მეოთხე წელს (სერაია მესაწოლეთუხუცესი იყო). და ჩაწერა იერემიამ ერთ წიგნში ყველა ის უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დასტყდომოდა თავს, ბაბილონზე დაწერილი ყველა ის სიტყვა. და უთხრა იერემიამ სერაიას: როდესაც ბაბილონში მიხვალ, მაშინ ნახავ და წაიკითხავ ყველა ამ სიტყვას. და თქვი: უფალო, შენ წარმოთქვი ამ ადგილას, რომ ისე გაანადგურებ მას, რომ ვერავინ იცხოვრებს მასში კაციდან პირუტყვამდე, რადგან საუკუნო უდაბნოდ იქცევა იგი. და როდესაც შენ დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი მას ქვა და ჩააგდე შუაგულ ევფრატში. და თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და აღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, რომელსაც მე მოვაწევ მას, და ქანცი გაუწყდებათ! აქ წყდება იერემიას სიტყვები. 21 წლისა იყო ცედეკია მისი გამეფებისას და თერთმეტ წელს იმეფა იერუსალიმში. დედამისი, სახელად ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან იყო. ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც იეჰოიაკიმი სჩადიოდა, ამიტომაც უფლის გულისწყრომა იყო იერუსალიმსა და იუდეაზე, ვიდრე თვალიდან არ მოიცილა მან ისინი, და განუდგა ცედეკია ბაბილონის მეფეს. მისი მეფობის მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს იერუსალიმს ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორი, მოადგა მთელი თავისი ლაშქრით, ალყაში მოიქცია ქალაქი და ირგვლივ მიწაყრილი აღმართა. და იყო ქალაქი ალყაშემორტყმული მეფე ცედეკიას მეფობის მეთერთმეტე წლამდე. მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და პური აღარ ჰქონდა ხალხს. და გატყდა ქალაქი და ყველა მეციხოვნე გაიქცა, და ღამით გავიდა ქალაქიდან ორ გალავანს შორის მოქცეულ კარიბჭის გზით, რომელიც მეფის ბაღთან იყო, და დაადგნენ ყარაბას გზას. ქალდეველნი კი ქალაქის ირგვლივ იყვნენ დაბანაკებულნი. და დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და დაეწია ცედეკიას იერიხოს გაღმა უდაბნოში, და მთელი მისი მსახურნი შემოეფანტნენ მას. და შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მან განაჩენი გამოუტანა ცედეკიას. და დაკლა ბაბილონის მეფემ ცედეკიას ძენი მის თვალწინ და იუდეის ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში. ცედეკიას კი თვალები დასთხარა და ბორკილები დაადო. და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ ბაბილონში და საპყრობილეში ჩასვა სიკვდილის დღემდე. მეხუთე თვის მეათე დღეს – ეს იყო მეცხრამეტე წელი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეფობისა, მოვიდა იერუსალიმში ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი და დაწვა უფლის სახლი, მეფის სასახლე და იერუსალიმის ყველა სახლი; და ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა. და დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს ახლდა, იერუსალიმის ირგვლივ მთელი გალავანი. და მდაბიო ხალხი და ქალაქში დარჩენილი ხალხის ნატამალი და შევრდომილნი, რომლებიც ბაბილონის მეფეს თავისით დანებდნენ, და ბრბოს ნატამალი გადაასახლა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. ქვეყნის მდაბიოთაგან ნაწილი მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა ნებუზარადანმა. და ბრინჯაოს სვეტები, რომელიც უფლის ტაძარს ედგა, და კვარცხლბეკები და ბრინჯაოს ზღვა, რომელიც უფლის სახლში იყო, დაამტვრიეს ქალდეველებმა და მთელი ბრინჯაო ბაბილონში გაზიდეს. და ქვაბები და აქანდაზები, დანები და თასები, კოვზები და ბრინჯაოს მთელი ჭურჭელი, რაც ღვთისმსახურებისას იხმარებოდა, თან წაიღეს. თეფშები, მაშები, სასხურებლები, ქვაბები, ლამპრები, სასაკმევლეები, საწდეები, რაც ოქროსი და ვერცხლისა იყო, წაიღო ქონდაქართუხუცესმა. ასევე წაიღო ორი სვეტი, ერთი ზღვა და ბრინჯაოს 12 ხარი, რომლებიც კვარცხლბეკის ქვეშ იდგნენ, სოლომონ მეფემ რომ გააკეთებინა უფლის ტაძრისათვის. მთელ ამ ბრინჯაოს ჭურჭელს წონა არ ჰქონდა. სვეტების სიმაღლე 18 წყრთა იყო და 12 წყრთის სიგრძე ლარი ევლებოდა გარშემო; კედელს სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა და ღრუ იყო. და მისი გვირგვინი ბრინჯაოსი იყო, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; და ბადე და ბროწეულები გვირგვინის ირგვლივ მთლიანად ბრინჯაოსი იყო; და ასეთივე იყო მეორე სვეტი და ბროწეულები. და 96 ბროწეული იყო გარედან, და ბროწეული ბადეზე ირგვლივ სულ 100 იყო. და წაიყვანა ქონდაქართუხუცესმა ტყვეებად სერაია, მთავარი მღვდელი, და ცეფანია, მეორე მღვდელი და ზღურბლის სამი მცველი. ქალაქიდან აიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მებრძოლთა ზედამხედველი იყო, და მეფის წინაშე წარჩინებული შვიდი კაცი, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, და მხედართმთავრის მწიგნობარი, ქვეყნის ხალხის აღმწერელი, და 60 კაცი ქალაქში მყოფი ქვეყნის ხალხიდან. და წაიყვანა ისინი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, და მიიყვანა ბაბილონის მეფესთან რიბლაში. და სცემა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. და გადაასახლა მან იუდეა თავისი მიწა-წყლიდან. ეს არის ხალხის რაოდენობა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა: მეშვიდე წელს 3023 იუდაელი; თავისი მეფობის მეთვრამეტე წელს 832 სული იერუსალიმიდან. და ოცდამესამე წელს ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, გადაასახლა 745 სული იუდაელი: მთლიანად 4600 სული. იუდეის მეფის, იეჰოიაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვის მეხუთე დღეს ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი მეფობისას განადიდა იეჰოიაქინი, იუდეის მეფე, და გამოიყვანა იგი საპყრობილიდან. კეთილად ელაპარაკა მას და ტახტი დაუდგა იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მასთან იყვნენ ბაბილონში. გამოიცვალა იოაქინმა ტუსაღის სამოსი და პურს მუდამ მეფის სუფრაზე ჭამდა, მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე. და ეძლეოდა მას თავისი მუდმივი ულუფა ბაბილონის მეფისაგან ყოველდღე მისი სიკვდილის დღემდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე. როგორ დაცლილა ერთდროს ხალხმრავალი ქალაქი! ზის როგორც ქვრივი ქალი, ოდესღაც ხალხთა მთავარი და ქვეყნების დედოფალი რომ იყო, დღეს სხვას უნდა ემსახუროს. მწარედ ქვითინებს ის ღამით, და ცრემლი უსველებს ღაწვებს. ნუგეშისმცემელი აღარ ჰყავს, ყველა მეგობარმა, ყველა მოყვასმა უღალატა, ყველა მტრად გაუხდა. გადაიხვეწა იუდეა ჩაგვრისა და ურვისა და მძიმე მონობის გამო, დასახლდა წარმართთა შორის, ვერ ჰპოვა მოსვენება, ვიწროებში წამოეწივნენ მდევრები. დაცარიელდა სიონის გზები, აღარ ჩანან ზეიმზე მომავალნი. დაყრუვდა მისი კარიბჭენი; ოხრავენ მისი მღვდლები, დასევდიანდნენ მისი ქალწულნი და თავადაც გამწარებულია. მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, მისი მტრები ზეიმობენ, რადგან უფალმა დასაჯა იგი მისი უღმრთოების გამო, მის ბავშვებს ტყვეებად მიერეკებიან მტრები. დაკარგა სიონის ასულმა მშვენიერება; მისი მთავარნი იმ ირმებს ჰგვანან, საძოვარი რომ ვერ უპოვიათ და ღონემიხდილნი მარბიელს წინ გაურბიან. გაიხსენა იერუსალიმმა მისი სიგლახაკისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველთაგან რომ ჰქონდა; გაიხსენა რომ დაეცა მისი ერი მტრის ხელით და არა ჰყავს მშველელი; მისი მტრები შეჰყურებენ და დასცინიან მის შაბათებს. მძიმედ შესცოდა იერუსალიმმა, ამიტომაც გახდა შესაზარი. და ყველამ, ვინც პატივს სცემდა უწინ, შეიძულა იგი, რადგან იხილეს მისი სიშიშვლე. თავად კი ოხრავს და სირცხვილით პირს არიდებს მათ. კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა და საარაკოდ დაეცა; არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოხედე, უფალო, ჩემს გასაჭირს, რადგან მუმბერაზობს მტერი ჩემზე. მტერმა ხელი მიჰყო მის ყველა საგანძურს, რადგან დაინახა, რომ მის საწმიდარში შევიდნენ წარმართნი, რომელთაც შენ აუკრძალე შენს კრებულში შესვლა. მთელი მისი ერი ოხრავს პურის ძებნაში; ლუკმაპურში აძლევენ თვალ-მარგალიტს, სული რომ მოითქვან! მოიხილე, უფალო, და იხილე, როგორ დავმცირდი! თქვენ გაშოროთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! შეხედეთ და ნახეთ, თუ არის სალმობა მსგავსი სალმობისა, რომელიც მე მეწია, რომლითაც დამამწუხრა მე უფალმა თავისი მძვინვარე რისხვის დღეს? მაღლიდან გაუჩინა ცეცხლი ჩემს ძვლებს და სძლია მათ. მახე დამიგო ფეხებში, დამცა, დამაგდო ოხრად და სამუდამოდ სნეულად. მძიმეა უღელი ჩემი ცოდვებისა; მისი ხელით დაიწნა ის. ქედზე მაწვება, ძალა წამართვა; უფალმა მათ მიმცა ხელთ, ვისაც ვეღარ წამოვუდექი. მოსპო უფალმა ყოველი ჩემი ძლიერი, რაც კი გამაჩნდა; მოუხმო ჩემს წინააღმდეგ კრებულს, რათა შემუსრონ ჩემი მოყმენი; როგორც საწნახელში ყურძენი, ისე დაწურა უფალმა ქალწული, იუდეის ასული. ამაზე ვტირი მე ასე, და ცრემლად ვიღვრები, რადგან შორსაა ჩემგან ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი. მიტოვებულნი არიან ძენი ჩემნი, რადგან მტერმა გვძლია. სიონი ხელებს იწვდის, მაგრამ არავინაა ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ მას იაკობის მტრები; სიბილწედ შეირაცხა იერუსალიმი მათ თვალში. მართალია უფალი, რადგან არ დავმორჩილდი მის სიტყვას. ისმინეთ, ყველა ხალხებო, და იხილეთ ჩემი სატკივარი: ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი ტყვეობაში წავიდნენ. ვუხმობდი ჩემს მახლობელთ, ხოლო მათ მომატყუეს მე; ჩემი მღვდლები და ჩემი უხუცესნი ქალაქში იხოცებიან, რადგან ლუკმა პურს დაეძებენ სულის მოსაბრუნებლად. მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, ნაწლავები მეწვის, გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ჯიუტად გეურჩებოდი; გარეთ უშვილო მქნა მახვილმა, და შინაც სიკვდილია. გაიგონეს მათ, რომ ვკვნესი მე და არავინა მყავს ნუგეშისმცემელი. ჩემმა მტრებმა გაიგეს ჩემი უბედურება და ხარობენ, რომ შენ გააკეთე ეს. ნეტავ მოაწევდე შენს დათქმულ დღეს, და ისინიც ჩემსავით გახდნენ. ნეტავ მოაწევდეს მათი ბოროტება შენს წინაშე და მოექცეოდე მათ ისე, როგორც მე მომექეცი მთელი ჩემი ცოდვების გამო, რადგან გამრავლდა სულთქმანი ჩემნი და შემიღონდა გული. როგორ დააბნელა უფალმა რისხვით სიონის ასული! ზეციდან მიწაზე გადმოაგდო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი მისი მრისხანების დღეს. უწყალოდ მოსპო უფალმა იაკობის ყოველი მშვენიერება; გულისწყრომით დააქცია იუდას ასულის ციხესიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; შებღალა სამეფო და მისი მთავარნი. გულისწყრომის რისხვით მოამტვრია რქები ისრაელს; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და ცეცხლი ააგიზგიზა იაკობში, როგორც ხანძრის ალი, ირგვლივ ყველაფრის მომჭმელი. მშვილდი მოზიდა, როგორც მტერმა, აღმართა მარჯვენა, როგორც მომხდურმა, და მოსრა ყოველი თვალის საამური ჩემი; სიონის ასულის კარავზე გადმოანთხია თავისი გულისწყრომა, როგორც ცეცხლი. მტრად მექცა უფალი, დააქცია ისრაელი, მოსპო მისი პალატები, დაანგრია მისი ციხესიმაგრენი და გაამრავლა იუდეის ასულის კვნესა და ტირილი. დაანგრია მისი ბაღი და კარავი, დააქცია მისი სადღესასწაულო ადგილი; დაავიწყებინა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, შეიძულა თავის მძვინვარე რისხვაში მეფე და მღვდელი. უარყო უფალმა თავისი სამსხვერპლო, მოიძულა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელთ თავისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს მათ უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს. განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, ლარი გაჭიმა, ხელი არ აუღია მის მოსპობაზე; და დასცა მიწაყრილი და გალავანი – ერთად შეიმუსრნენ ისინი. მიწაში ჩაეფლნენ მისი კარიბჭენი; მან შემუსრა მისი ურდულები; წარმართებში გადააზღვავა მისი მეფე და მთავრები; აღარ არის რჯული და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ხედავენ ხილვებს უფლისაგან. მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, მტვერი და ნაცარი წაიყარეს თავზე, ძაძები შემოირტყეს ტანზე; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს. ცრემლით დამებინდა თვალები, შიგნეული მიშფოთავს, ნაღველი მეწვის ჩემი ერის ასულის უბედურების გამო, როცა ვხედავ შიმშილით გულწასულ ბავშვებსა და ჩვილებს ქალაქის ქუჩებში. დედებს შესტირიან: სად არის პური და ღვინოო? როდესაც გული მისდით ქალაქის ქუჩებში, როგორც მძიმედ დაჭრილებს და სული ამოსდით დედის კალთაზე. რა გიწოდო შენ, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო, რადგან ზღვასავით დიდია შენი წყლული? ვინ განგკურნოს შენ? შენი წინასწარმეტყველნი ცრუსა და სულელურ ხილვებს გაუწყებდნენ შენ და არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს, რომ აგცდენოდა ტყვეობა; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ ხილვებს გაუწყებდნენ, რომელთაც დევნულებისაკენ მიჰყავდი შენ. ტაშს შემოჰკრავს ყველა გზად გამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ნუთუ ეს არის ის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენება არისო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო? დააღო შენზე პირი ყველა შენმა მტერმა, უსტვენენ და კბილებს ახრჭიალებენ, ამბობენ: გადავყლაპეთო ჩვენ იგი, ნამდვილად ეს ის დღეა, რომელსაც ველოდითო, ვიპოვეთ, ვიხილეთო! აღასრულა უფალმა, რაც განიზრახა, აახდინა თავისი ნათქვამი, რომელიც ბრძანა ძველთაგან; დაანგრია და არ შეიბრალა; გაახარა შენზე მტერი, აღამაღლა შენს მაჭირვებელთა რქა. მათი გული უფალს შეჰღაღადებს: სიონის ასულის კედლებო, მდინარესავით ღვარეთ ცრემლი დღედაღამ; ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას; ცრემლი ნუ შეგაშრება თვალზე. ადექი, შეჰღაღადე ღამის ყოველ გუშაგობაზე, წყალივით გადმოღვარე შენი გული უფლის წინაშე; მისკენ გაიწოდე ხელი შენს ჩვილთა სასიცოცხლოდ, შიმშილით რომ სულს ღაფავენ გზათაგასაყარებზე. მოიხედე, უფალო, და მოიხილე, ვის მოქცევიხარ ასე? სად ყოფილა, რომ დედებს დაეჭამათ ნაყოფი თავისი მუცლისა – ძუძუთა ჩვილები? სად ყოფილა, რომ უფლის საწმიდარში მოეკლათ მღვდელი და წინასწარმეტყველი? ქუჩებში ყრიან ყმაწვილები და მოხუცები, ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად დაკალი. როგორც დღესასწაულის დღეს, მოუხმე ყოველი მხრიდან ჩემს მაძიებელთ, და არ იყო უფლის რისხვის დღეს არც გაქცეული და არც გადარჩენილი. ვისაც სათუთად ვანებივრებდი და ვზრდიდი, ჩემმა მტერმა მოუღო ბოლო. მე ვარ კაცი, მისი წყრომის კვერთხისაგან ჭირის მნახველი. ის წამიძღვა და მატარა ბნელში და არა ნათელში. მხოლოდ მე მიღერებს ხელს დღენიადაგ; გალია ჩემი ხორცი და ტყავი, ძვლები დამილეწა. შემომადგა და ტანჯვა-წამება შემომარტყა. ბნელში დამასახლა, როგორც საუკუნოდ მკვდარი. ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გამოვიდე, დაამძიმა ჩემი ბორკილები. კიდევაც რომ ვიღაღადო და მოვუხმო მშველელს, ის ჩაახშობს ჩემს ვედრებას. თლილი ქვით გადამიღობა გზები, დამიხლართა ბილიკები. დათვივით მიმზერს საფარიდან, ლომივით ჩამისაფრდა. გააუკუღმართა ჩემი გზები და დამფლითა, არარაობად მაქცია. მშვილდი მოჭიმა და ისრის სამიზნედ დამსვა. თირკმელებში გამიტარა გესლი თავისი კაპარჭისა. მთელი ჩემი ხალხის დასაცინი გავხდი, ყოველდღიური საშაირო, სიმწარით გამაძღო, ნაღვლით დამათრო. ქვით ჩამიფხვნა კბილები, ნაცარი მაჭამა. მშვიდობა გაშორდა ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა. და ვთქვი: წახდა ჩემი ძალა და იმედი უფლისგან. გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება და ტანჯვა და სიმწარე. კარგად ახსოვს ეს ჩემს სულს და მიღონდება სული. ამას ვპასუხობ ჩემს გულს, ამის გამო ვესავ მას: უფლის მადლით არ გავქრით, რადგან მისი გულმოწყალება არ დასრულებულა. განახლდებიან ისინი ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება. ჩემი ხვედრია უფალი, – ამბობს ჩემი სული, – ამიტომაც ვესავ მას. კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მაძიებელი სულისათვის. სიკეთე მას, ვინც მოთმინებით ელოდება უფლისგან ხსნას. სიკეთე კაცს, რომელმაც ზიდა თავისი უღელი სიყმაწვილეში; რომელიც განმარტოებით ზის და დუმს, რადგან უფალმა დაადგა მას იგი. მიწას ეხება ბაგეებით ამ ფიქრით: იქნებ კიდევ არისო იმედი. ლოყა მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს საყვედურებით. რადგან არ მიატოვებს უფალი სამუდამოდ. რადგან, თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდეც თავისი დიდი მოწყალებით. რადგან არა თავისი ნებით აყენებს ის ტანჯვას და ამწუხრებს ადამიანის ძეთ, რომ გათელოს თავის ფეხქვეშ ქვეყნის ყველა პყრობილი, რომ გაამრუდოს კაცის სამართალი უზენაესის წინაშე, რომ გააბათილოს ადამიანი მის საქმეში – არ ხედავს ამას უფალი? ვინ არის, რომ თქვა და შესრულდა, განა უფალს არ უბრძანებია? განა უზენაესის ბაგეებიდან არ გამოდის უბედურებაცა და სიკეთეც? რატომ ჩივის ცოცხალი ადამიანი თავისი ცოდვების სასჯელის გამო? მოვიძიოთ ჩვენი გზები და გამოვიძიოთ და მივუბრუნდეთ უფალს. ხელით ავწიოთ ჩვენი გულები ღმერთისაკენ ზეცაში. ჩვენ შეგცოდეთ და გეურჩებოდით, შენ ეს არ გვაპატიე. შენ შეიმოსე რისხვით და გვდევნე, გვხოცავდი და არ გვიბრალებდი. შენ ქუფრ ღრუბლებში, გაეხვიე, რათა არ მოეღწია შენამდე ჩვენს ლოცვას. ნაგვად და სისაძაგლედ გვაქციე ხალხებს შორის. პირი დააღო ჩვენზე ყველა ჩვენმა მტერმა. შიში და ორმო წილად გვხვდა, ნგრევა და შემუსვრა. ნაკადულებად მდის ცრემლები ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო. თვალთაგან ცრემლი მდის უწყვეტ ნაკადად, ვიდრე გადმოხედავდეს უფალი ზეციდან და დაინახავდეს. სულს მიმწუხრებს ჩემი თვალი ჩემი ქალაქის ყველა ასულის გამო. გაძლიერდნენ ჩემი მტრები, რათა უცოდველი ჩიტივით მომინადირონ. მღვიმეში ჩაკლეს ჩემი სიცოცხლე და ქვით ჩამქოლეს. თავზე გადამიარეს წყლებმა და ვთქვი: დავიღუპე-მეთქი. ქვესკნელიდან ვუხმობდი შენს სახელს, უფალო. შენ გესმოდა ჩემი ხმა; ნუ დაიმძიმებ ყურებს ჩემი სულთქმის მოსასმენად, ჩემი ღაღადების გასაგონად. შენ მიახლოვდებოდი იმ დღეს, როდესაც მოგიხმობდი და მანუგეშებდი: ნუ გეშინისო. შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს; შენ იხსენი ჩემი სიცოცხლე. შენ ხედავ, უფალო, როგორ უსამართლოდ მექცევიან, განსაჯე ჩემი საქმე. შენ ხედავ მთელ მათ შურისგებას, მათ ზრახვებს ჩემს მიმართ. შენ გესმის, უფალო, როგორ მაგინებენ, რას განიზრახავენ ჩემს წინააღმდეგ, რას ამბობენ ჩემს მომხდურთა ბაგენი, რა ხრიკებს აწყობენ ჩემს წინააღმდეგ დღენიადაგ. შეხედე, სხედან თუ დგანან, მე დამცინიან თავიანთი სიმღერებით. მიაგე მისაგებელი მათი, უფალო, მათი ხელმრუდობისთვის. დაუბნელე მათ გული, შენი წყევლა იყოს მათზე. დევნე ისინი რისხვით და გაანადგურე უფლის ცის ქვეშ. როგორ მრუმე იქმნა ოქრო, ბაჯაღლომ დაკარგა ბზინვარება; წმიდა პატიოსანი ქვები ქუჩებში ყრია! ფასშეუწონარ სიონის ძეთ, ხალას ოქროდ რომ ფასობდნენ, როგორ დაედოთ ახლა მეთუნის ნახელავი ქოთნის ფასი! ტურებიც კი მკერდს უშვერენ თავის ლეკვებს და აჭმევენ ძუძუს! ჩემი ერის ასული კი გასასტიკდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში. ძუძუს ბავშვის ენა წყურვილისაგან სასას აეკრა; პატარა ბავშვები პურს ითხოვენ და ლუკმას არავინ აწვდის. ნუგბარით რომ ნებივრობდნენ, შიმშილით გული მისდით ქუჩებში; ძოწეულში ნაზარდნი ნეხვებში წვანან. და განდიდდა ჩემი ერის ასულის ურჯულოება უმეტეს ცოდვათა სოდომისა, რომელიც ერთ წამში დაიქცა საუკუნო დაქცევით და ვერა ხელმა ვერ დაიხსნა. სიონის მთავარნი თოვლზე სპეტაკნი იყვნენ, რძეზე თეთრნი, მათი სახე ბადახშზე მეტად ღაჟღაჟებდა, მათი აღნაგობა მსგავსი იყო საფირონისა. ახლა კი მურზე შავია მათი სახე; წინ რომ შეგხვდნენ, ვერ იცნობ; ძვალ-ტყავად ქცეულან; ხესავით ჩამომხმარან. მახვილით დახოცილნი უფრო ბედნიერნი იყვნენ, ვიდრე შიმშილით დახოცილები, რომლებიც ჩამოჭკნენ და გაწყდნენ მიწის ნაყოფის უქონლობით. გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს. აღასრულა უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოაფრქვია რისხვის ალი და ცეცხლი დაანთო სიონზე, რომელმაც შეჭამა მისი საძირკვლები. არ სწამდათ ქვეყნის მეფეებს და ქვეყნიერების არც ერთ მცხოვრებს, რომ მტერი და მომხვდური შეაღწევდა იერუსალიმის კარიბჭეებში. მაგრამ ეს მოხდა მის ცრუწინასწარმეტყველთა ცოდვების გამო, მის მღვდელთა ურჯულოების გამო, რომლებიც მის წიაღში მართალთა სისხლს ღვრიდნენ. ისინი ბრმებივით ხეტიალობდნენ ქუჩებში, სისხლით ისე იბილწებოდნენ, რომ ვერ შეეხებოდი მათ სამოსელს. მოგვშორდიო ბილწო! – უყვიროდნენ მათ. – მოგვშორდით, მოგვშორდით, არ შეგვეხოთო! ასე შორდებოდნენ და დაწანწალებდნენ ისინი, წარმართნი კი ამბობდნენ: დიდხანს ვეღარ იცხოვრებენო ჩვენთან. თვით უფალმა გაფანტა ისინი და აღარ მოხედავს მათ მეტად. მღვდლებს პატივს არ სცემდნენ ისინი, მოხუცები არ ებრალებოდათ. თვალები დაგვაწყდა შემწეობის ამაო მოლოდინში; ჩვენი სათვალთვალო გოდლიდან ველოდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო. ისინი გვზვერავდნენ, რომ არ გაგვევლო ჩვენს ქუჩებში, მოახლოვდა ჩვენი ბოლო; აივსო ჩვენი დღეები; მოვიდა ჩვენი აღსასრული. ცის ორბებზე სწრაფნი იყვნენ ჩვენი მდევარნი: მთებზე გვედევნებოდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ. სუნთქვა ჩვენი სიცოცხლისა, უფლის ცხებული, მათ ორმოშია დაჭერილი, ის, ვისზეც ვამბობდით: მის ჩრდილში ვიცოცხლებთო ხალხთა შორის. იმხიარულე და იხარე, ედომის ასულო, ყუცის ქვეყანაში მცხოვრებო! შენთანაც ჩამოივლის თასი – დათვრები და გაშიშვლდები. დასრულდა შენი ურჯულოების სასჯელი, სიონის ასულო, უფალი აღარ გაგდევნის მეტად; შენს ურჯულოებას კი მოგკითხავს, ედომის ასულო, და გამოაჩენს შენს ცოდვებს. გაიხსენე, უფალო, რა დაგვემართა ჩვენ, გადმოიხედე და იხილე როგორ გვათრევენ და გვაგინებენ. ჩვენი სამკვიდრო უცხოებს დარჩათ, ჩვენი სახლები – გადამთიელებს. დავობლდით, უმამოდ დავრჩით; ჩვენი დედები ქვრივებად სხედან. ჩვენსავე წყალს ვერცხლის ფასადა ვსვამთ; ჩვენი ტყის შეშაც სასყიდელი გაგვიხდა. ქედზე უღელდადგმულებს გვერეკებიან; ქანცი გაგვწყდა და შვება არსაიდანაა. ეგვიპტისკენ ხელს ვიწვდით კავშირის შესაკვრელად; აშურისკენ – პურით გასაძღომად. ჩვენმა მამებმა შესცოდეს, ისინი ახლა ცოცხლები აღარ არიან და ჩვენ უნდა ვზიდოთ მათი ცოდვის ტვირთი. მონები გაგვიბატონდნენ და არავინ არის, რომ მათი ხელიდან დაგვიხსნას. მახვილის საფრთხის ფასად ვშოულობთ პურს უდაბნოში. თონესავით გვიხურს კანი შიმშილის ცხელებით. გააუპატიურეს ჩვენი ქალები სიონში და ქალწულები – იუდეის ქალაქებში. მთავრები ჩამოახრჩვეს და უხუცესებს პატივი აჰყარეს. ჭაბუკებს დოლაბებს ატრიალებინებენ და ყმაწვილებს შეშის ზიდვით სულს ხდიან. მოხუცები კარიბჭესთან აღარ სხედან და ჭაბუკებმა შეწყვიტეს სიმღერა. შეწყდა მხიარულება ჩვენი გულისა, გლოვად იქცა ჩვენი ფერხულები. გვირგვინები მოგვეხადა თავზე, ვაი ჩვენ, რომ შევცოდეთ! ამიტომაც წუხს ჩვენი გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალები, რომ აოხრდა სიონის მთა და მელები დაშლიგინებენ იქ. შენ კი საუკუნოდ მყოფობ უფალო, შენი ტახტი – თაობიდან თაობამდე. რატომ დაგვივიწყე სამუდამოდ, რატომ დაგვტოვე ასე დიდხანს? მოგვაქციე, უფალო, შენსკენ და ჩვენც მოვბრუნდებით; განაახლე ჩვენი დღეები, როგორც უწინ იყო! ნუთუ საბოლოოდ მოგვიძულე და მეტისმეტად მრისხანებ ჩვენზე? როცა ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს მე დევნილთა შორის ვიყავი მდინარე ქებარის პირას, ცა გაიხსნა და ვიხილე ღვთიური ხილვები. თვის მეხუთე დღეს (ეს იყო მეფე იეჰოიაქინის ტყვეობის მეხუთე წელს), გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდელს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას; და იყო იქ მასზე უფლის ხელი. და მე ვიხილე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, ძლიერი ღრუბლები და ელვარე ცეცხლი და ციალი მის ირგვლივ, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი. და მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის მსგავსი სახე ჰქონდათ. თითოეულ მათგანს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა. სწორი ფეხები ჰქონდათ და ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და ტანი ბრინჯაოსავით უელავდათ; და ადამიანის ხელები მოუჩანდათ ფრთებქვეშ, ოთხივე მხარეს. ოთხივეს ჰქონდა სახე და ფრთები. ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა. შესახედაობა მათი სახისა კი ასეთი იყო: სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს მარჯვენა მხარეს ჰქონდა; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და ორბის სახე ოთხივე მათგანს; ოთხივეს სახე და ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ მიმართული; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანს იფარავდნენ. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქით, საითაც სულს მიჰყავდა, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალებდნენ სიარულისას. შესახედაობა ამ ცხოველებისა გაღვივებული ნაკვერცხლების მსგავსი იყო; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის; ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან. ეს ცხოველები იქით-აქეთ აწყდებოდნენ, ელვის მსგავსად. ვუყურებდი ამ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალი იყო მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხივე მხარეს. შესახედაობა ამ ბორბლებისა და მათი ნაკეთობა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. ერთნაირი იყო ოთხივე და ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ჩაუსვამთო. როცა მოძრაობდნენ, ოთხივე მხარეს მიდიოდნენ, სვლისას არ უხვევდნენ. და მათი ბორბლების ფერსოები გრძელი და საშინელი იყო. და მათი ოთხივე ბორბლის ფერსოები გარშემო სავსე იყო თვალებით. და როდესაც ეს ცხოველები მოძრაობდნენ, ბორბლებიც თან მიჰყვებოდნენ, და როდესაც მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ მაღლა. საითაც გაიწევდა სული წასასვლელად, იქით მიდიოდნენ, საითაც არ უნდა გაეწია წასასვლელად, ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალ არსებათა სული ედგათ ბორბლებს. მათი სვლისას ისინიც მიდიოდნენ და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი აწევით ბორბლებიც იწეოდნენ მიწიდან მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალ არსებათა სული ედგათ ბორბლებს. ცხოველთა თავს ზემოთ თითქოს ბროლის გასაოცარი თაღი იყო გადაჭიმული. თაღს ქვემოთ მათი გაშლილი ფრთები ერთმანეთს უსწორდებოდა. თითოეულს ორ-ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს. და მესმოდა მათი მოძრაობისას მათი ფრთების შრიალი, როგორც ხმა მრავალი წყლისა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, როგორც ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს ჩამოყრიდნენ ხოლმე. და ხმა გადმოდიოდა თაღიდან, რომელიც მათ თავს ზემოთ იყო გადაჭიმული. როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს ჩამოყრიდნენ ხოლმე. თაღს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი იდგა, მსგავსი საფირონის ქვისა, და ამ ტახტზე ადამიანის მსგავსი რამ იჯდა. და მე ვიხილე რაღაც გავარვარებული ლითონივით, ცეცხლის მაგვარი მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; და მის წელს ქვემოთ და ირგვლივ ვიხილე რაღაც ცეცხლი და ციალი იყო მის ირგვლივ. როგორც ცისარტყელა ჩანს წვიმიან ღრუბლებში, ისეთი იყო ის ციალი. უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. და როცა ვიხილე, პირქვე დავემხე და მომესმა ხმა მეტყველისა. და მან მითხრა: ადამის ძევ, დადექი ფეხზე, მინდა გელაპარაკო. როდესაც ის მელაპარაკებოდადა შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე წამომაყენა, და მე ვუსმენდი ჩემთან მოლაპარაკეს. და მითხრა: ადამის ძევ, მე გაგზავნი ისრაელიანებთან, მეამბოხე ხალხთან, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ აჯანყდნენ. ისინი და მათი მამები სცოდავდნენ ჩემს წინააღმდეგ თვით დღევანდელ დღემდე. ეს პირგამეხებული და გულგასასტიკებული ხალხია. მე გაგზავნი მათთან, რათა უთხრა: „ასე და ასე ამბობს უფალი ღმერთი.“ და რომც არ მოგისმინონ, რაკი მეამბოხე სახლია, იმას მაინც მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი არის მათთან მისული. შენ კი, კაცის ძევ, ნუ შეგეშინდება მათი და მათი ლაპარაკისა, თუმცა ნარ-ეკლად მოგედებიან და მათ შორის ისე იქნები, თითქოს მორიელებზე იჯდე. მათი ლაპარაკის ნუ შეგეშინდება და მათი სახეები ნუ დაგაფრთხობს, რადგან მეამბოხე სახლია. და უთხარი მათ ჩემი სიტყვები, თუმცა ან მოგისმენენ, ან არა, რადგან მეამბოხენი არიან. შენ კი, ადამის ძევ, მოისმინე, რასაც მე გეტყვი: ნუ იქნები მეამბოხე, როგორც ეს მეამბოხე სახლია, გააღე პირი და ჭამე, რასაც მე მოგცემ. და მე ვიხილე ჩემსკენ გამოწვდილი ხელი, რომელსაც გრაგნილი ეჭირა. და მან გაშალა იგი ჩემს წინაშე. და ის გრაგნილი დაწერილი იყო წინიდან და უკნიდან; და ზედ ეწერა მოთქმა, ვაი და ვიში. და მან მითხრა მე: ადამის ძევ, შეჭამე, რასაც შენს წინ ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს. და გავაღე მე პირი და მან შემაჭამა ის გრაგნილი. და მითხრა მე: ადამის ძევ, გამოკვებე შენი მუცელი და გაავსე შენი სტომაქი ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. და მე შევჭამე ის, და მეტკბო პირში, როგორც თაფლი. და მითხრა მე: ადამის ძევ, წადი, მიდი ისრაელის სახლში და ელაპარაკე მათ ჩემი სიტყვებით, რადგან არა გაურკვეველი მეტყველებისა და მძიმე ენის ხალხთან გაგზავნი, არამედ ისრაელის სახლთან. არა მრავალ გაურკვეველი მეტყველებისა და მძიმე ენის ხალხებთან, რომელთა ლაპარაკსაც ვერ გაიგებ; მათთან რომ გამეგზავნე, ისინიც კი მოგისმენდნენ შენ; მაგრამ ისრაელის სახლი არ ისურვებს მოგისმინოს, რადგან მათ არ სურთ ჩემი მოსმენა, რადგან ისრაელის სახლს სქელი შუბლი აქვს და ჯიუტი გული. აჰა, მე გავასასტიკე შენი სახე მათი სახესავით, გავასქელე შენი შუბლი მათი შუბლივით. კაჟზე მაგარი ალმასივით გავხადე შენი შუბლი; ნუ შეგეშინდება მათი და ნუ შეგაკრთობს მათი სახე, რადგან მეამბოხეთა სახლია ის. და მითხრა მე: ადამის ძევ, ყოველი ჩემი სიტყვა, რომელსაც მე გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურებში გაიყარე. წადი და მიდი ტყვეობაში მყოფებთან, შენი ხალხის შვილებთან, და ელაპარაკე მათ და უთხარი: „ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი.“ მოგისმენენ, თუ არ მოგისმენენ. და ამიტაცა მე სულმა და მომესმა ჩემს უკან ძლიერი ხმაური, ისეთი, თითქოს მიწა იძრაო: კურთხეულია უფლის დიდება მის ზეციურ სავანეში! და შრიალი იმ ოთხი ცხოველის ფრთებისა, და ხმა ბორბლებისა, მათ გვერდით რომ მოძრაობდნენ და ხმა ძლიერი შეზანზარებისა. და ამიტაცა სულმა მე და წამიყვანა. და მივდიოდი მე გამწარებული და რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე. და მივედი ტყვეობაში მყოფებთან, რომლებიც თელ-აბიბში ცხოვრობდნენ, მდინარე ქებარის პირას, და სადაც ისინი ცხოვრობდნენ, იქ დავრჩი მათთან შვიდ დღეს გაოგნებული. და შვიდი დღის ბოლოს იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ: ადამის ძევ, ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე და ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ ჩემი სახელით. როდესაც მე ვეტყვი ბოროტს: შენ მოკვდები-მეთქი და შენ არ გააფრთხილებ მას რომ ბოროტი გზები მიატოვოს, რათა გადარჩეს, ის ბოროტი თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. მაგრამ თუ შენ აფრთხილებდი ბოროტს და ის არ მოიქცა თავისი ბოროტებიდან და თავისი ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი. და თუ მართალი განდგება თავისი სიმართლიდან და იქმს უსამართლობას, მაშინ, როცა მე დავდებ მის წინაშე დაბრკოლებას და მოკვდება იგი, მაშინ, თუ შენ არ აფრთხილებდი მას, ის თავის ცოდვაში მოკვდება და არ მოიხსენება მისი მართალი საქმენი, რომელნიც უკეთებია; მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. შენ კი, თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ შესცოდოს, და არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გაფრთხილდა, შენ კი იხსნი შენს სულს. და იყო ჩემზე იქ ხელი უფლისა და მითხრა: ადექი, გადი ველად და იქ დაგელაპარაკები. ავდექი და გავედი ველად. და, აჰა, უფლის დიდება იდგა იქ, მსგავსი დიდებისა, რომელიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. და პირქვე დავემხე. და შემოვიდა ჩემში სული და დამაყენა ფეხზე, და მელაპარაკა და მითხრა: წადი, ჩაიკეტე შენს სახლში. და შენ, ადამის ძევ, აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ და ვეღარ ივლი მათ შორის. და შენს ენას სასაზე აგაკრავ და დამუნჯდები, და აღარ ეყოლები მათ მამხილებლად, რადგან მეამბოხე სახლია ის. და როცა დაგელაპარაკები, გავხსნი შენს ბაგეებს და ეტყვი მათ: „ასე ამბობს უფალი ღმერთი!“ მსმენელმა ისმინოს; ვისაც არ სურს, ნუ მოისმენს; რადგან მეამბოხე სახლია ის. და შენ, ადამის ძევ, აიღე თიხის ფირფიტა, წინ დაიდე და ზედ დახაზე იერუსალიმი. გამოსახე ალყა მის წინააღმდეგ, მოაწყვე სანგრები და აღმართე მის წინააღმდეგ მიწაყრილები, და განალაგე მის წინააღმდეგ ბანაკები, და დააყენე ტარანები ირგვლივ. შენ კი აიღე რკინის დაფა და დადგი იგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის, და მიმართე სახე მისკენ, და შემოარტყი ალყა. ეს იქნება ნიშანი ისრაელის სახლისა. დაწექი მარცხენა გვერდზე და ზედ დაიდე ისრაელის სახლის ცოდვა. და რამდენ დღესაც იწვები მასზე, იმდენ ხანს ატარებ მათ ცოდვებს. და მე მიგითვლი მათი უკეთურების წლებს დღეების რიცხვის მიხედვით – 390 დღეს – და ატარებ ისრაელის სახლის უკეთურებას. და შეასრულე ეს და შემდეგ დაწექი მარჯვენა გვერდზე, და ატარე იუდას სახლის უკეთურება 40 დღეს; თითო წელზე თითო დღეს ჩაგითვლი. იერუსალიმის ალყისაკენ მიმართე შენი სახე და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მასზე. და მე დაგადებ შენ ბორკილებს და ვერ გადატრიალდები ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე შენი ალყის დღეების დასრულებამდე. შენ კი, აიღე შენთვის ხორბალი და ქერი, ცერცვი და ოსპი, ფეტვი და ასლი და ჩაყარე ერთ ჭურჭელში და გქონგეს საჭმელად იმდენ ხანს, რამდენსაც გვედზე იწვები – 390 დღეს უნდა ჭამო ის. საჭმელი, რაც უნდა ჭამო, წონით დღეში 20 შეკელი უნდა იყოს. ჟამიდან ჟამზე ჭამე. და წყალი წყვით სვი – მეექვსედი ჰინი, ჟამიდან ჟამზე სვი. და ჭამე ქერის კვერებივით იგი და ადამიანის სკორეს ფუნაზე გამოაცხვე მათ თვალწინ. და თქვა უფალმა: ასე შეჭამენ ისრაელის ძენი თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხებში, რომლებთანაც განვდევნი მათ. და ვთქვი: ოჰ, უფალო, ღმერთო! აჰა, ჩემი სული არ შებილწულა და მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია ჩემი სიჭაბუკიდან დღემდე, და ჩემს პირში არ ჩასულა უწმიდური ხორცი. და მითხრა მან მე: ნახე! მე გაძლევ ძროხის წივას, ადამიანის სკორეს ნაცვლად და მასზე გამოიცხვე პური. და კიდევ მითხრა: ადამის ძევ, აჰა, მე შევმუსრავ პურის მარაგს იერუსალიმში და ისინი პურს წონითა და სიმწრით შეჭამენ; და წყალს წყვითა და შიშით შესვამენ. რადგან მოაკლდებათ მათ პური და წყალი; და შეძრწუნებულნი დაუწყებენ ყურებას ერთმანეთს და ჩამოდნებიან თავიანთი უკეთურებით. შენ კი, ადამის ძევ, აიღე მჭრელი დანა და დალაქის სამართებელივით გადაიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაანაწილე თმა. ერთი მესამედი ცეცხლში დაწვი ქალაქის შუაგულში, როცა ალყის დღეები დასრულდება; აიღე მესამედი და მახვილით დაკეპე ქალაქის განაპირას; სხვა მესამედი კი ქარს გაატანე, და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე. იქიდან მცირეოდენი აიღე და შენი სამოსლის კალთაში გამოიკარი. და მათგან კიდევ აიღე და ჩაყარე ცეცხლში და დაწვი. და გამოვა იქიდან ცეცხლი მთელ ისრაელის სახლზე. და ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს იერუსალიმია! წარმართთა შორის დავადგინე მე იგი, და ქვეყნებია მის ირგვლივ. ის კი წინ აღუდგა ჩემს სამართალს და შესცოდა წარმართებზე მეტად და წინ აღუდგა ჩემს წესებს იმ ქვეყნებზე უარესად, რომლებიც მის ირგვლივაა; რადგან ჩემი სამართალი შეიჯავრეს და ჩემი წესებით არ დადიან. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ურჯულოებით გადააჭარბეთ წარმართებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან, ჩემი წესებით არ დადიხართ და ჩემს სამართალს არ მიჰყვებით, და არც წარმართთა სამართალს, რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მეც შენს წინააღმდეგ ვიქნები და შენს შიგნით აღვასრულებ სამართალს წარმართთა თვალწინ. და გაგიკეთებ იმას, რაც არასოდეს გამიკეთებია და რის მსგავსსაც მეტად აღარ გავაკეთებ მთელი შენი სისაძაგლის გამო. ამიტომ თქვენში მამები შვილებს დაუწყებენ ჭამას და შვილები შეჭამენ თავიანთ მამებს; და აღვასრულებ შენში სამართალს და გავფანტავ მთელ შენს ნატამალს ყველა ქარისაკენ. და თუ ვყოფილვარ! – ამბობს უფალი ღმერთი, – იმიტომ, რომ ჩემი საწმიდარი შებილწე შენი ყოველი სისაძაგლით და შენი ყოველი საზიზღრობით, მე დაგამცირებ შენ, და არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არც მე დაგინდობ. შენი მესამედი შავი ჭირით დაიხოცება და სხვა მესამედი შიმშილით გაწყდება შენ შორის, მესამედი მახვილით დაეცემა შენს ირგვლივ, მესამედს ყველა ქარისაკენ გავფანტავ და მახვილს გავაშიშვლებ მათ კვალზე. და დასრულდება ჩემი რისხვა და დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას მათზე, და დავწყნარდები და გაიგებენ, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი ჩემი ეჭვიანობისას, მათზე ჩემი რისხვის დასრულებისას. და მიგცემ შენ ასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებს, შენს ირგვლივ რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში. და იქნები სამარცხვინოდ და სასაცილოდ, სალექსოდ და საშინელებად იმ ხალხებისათვის, შენს ირგვლივ რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით და წყრომითა და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას. როცა გავუშვებ მათკენ შიმშილის ულმობელ ისრებს, რომლებიც თქვენი დამღუპველნი იქნებიან, რადგან თქვენს დასაღუპად მოვავლენ, და შიმშილს გავაძლიერებ თქვენზე და შევმუსრავ თქვენს პურის მარაგებს. და მოგივლენთ შიმშილსა და მძვინვარე მხეცებს, და შენი შვილები მათ მსხვერპლად იქცევიან; და შავი ჭირი და სისხლი გადაგივლის და მახვილს მოვაწევ შენზე. მე, უფალი ვამბობ ამას! და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისაკენ და უწინასწარმეტყველე მათ, და უთხარი: მთანო ისრაელისა! ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე უთხრა უფალმა ღმერთმა მთებს, ბორცვებს, ველებსა და ღელეებს: აჰა, მე მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო მაღლობებს. და დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები და დაილეწება თქვენი მზის სვეტები და დაეცემიან თქვენი განგმირულები თქვენი კერპების წინ. და დავყრი ისრაელიანთა გვამებს მათი კერპების წინ და გავფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ. მთელს თქვენს სამკვიდროში აოხრდება ქალაქები და დაინგრევა სამსხვერპლო მაღლობები, რათა გატიალდეს და განადგურდეს თქვენი სამსხვერპლოები, და დაილეწოს და მოისპოს თქვენი კერპები, და დაემხოს თქვენი მზის სვეტები და აღმოიფხვრას თქვენი ხელით ნაქნარი. და დაეცემიან განგმირულები თქვენს შორის და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი. მე დავტოვებ თქვენს ნატამალს, და გეყოლებათ მახვილს გადარჩენილნი, როდესაც გაიფანტებით ქვეყნებში. და გამიხსენებს მე თქვენი ნატამალი იმ ხალხებში, რომელთა შორისაც ტყვეებად იქნებიან, როდესაც შევმუსრავ მათ გარყვნილ გულებს, რომლებიც განდგნენ ჩემგან, და მათ თვალებს, რომლებიც მეძაობდნენ თავიანთი კერპების კვალზე, და შეზიზღდებათ საკუთარი თავი იმ უკეთურების გამო, რასაც სჩადიოდნენ მთელ თავიანთ სისაძაგლეებთან. და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი და ამაოდ არ ვამბობდი, რომ მოვაწევდი მათ ამ უბედურებას. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შემოჰკარი ხელი ხელს და ფეხი დაჰკარ მიწას და თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის ყველა ბოროტი სისაძაგლის გამო, რადგან დაეცემიან მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით! შორსმყოფი შავი ჭირით მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; ხოლო გადარჩენილი და ალყაშემორტყმული შიმშილით მოკვდება. და ასე დავასრულებ ჩემს რისხვას მათზე. და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, როდესაც თქვენი განგმირულები დაეცემიან თავიანთ კერპებს შორის, მათი სამსხვერპლოების ირგვლივ, ყველა მაღალ ბორცვზე, ყველა მთის თხემზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ყველა რტოგაშლილი მუხის ქვეშ, იმ ადგილებზე, სადაც კეთილსურნელებებას უკმევდნენ კერპებს. და გავიწვდენ ჩემს ხელს მათზე და ვაქცევ იმ ქვეყანას ოხრად და ტიალად დიბლას უდაბნოზე უარესად, ყოველ მათ სამკვიდროში და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: შენ კი, ადამის ძევ, თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აღსასრული! აღსასრული მოადგა ისრაელის ქვეყანას ოთხივ მხრით. ახლა შენი აღსასრულიც დადგა; და მოვავლენ ჩემს რისხვას შენზე, და განგსჯი შენი გზებისამებრ, და თავს დაგათევ ყველა შენს სისაძაგლეს. და არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ შეგიწყალებ, რადგან შენი გზებისამებრ მოგიზღავ! და შენი სისაძაგლენი შენში იქნება და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი! ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, გაუგონარი უბედურება მოდის! აღსასრული დგება, მოვიდა აღსასრული, თავს გატყდება, აჰა, მოვიდა! მოვიდა შენი რიგი, ამ ქვეყნის მკვიდრო! მოვიდა ჟამი, მოახლოებულია დღე შეშფოთებისა და არა მთებზე მხიარული ყიჟინისა. ახლა მალე გადმოგანთხევ ჩემს გულისწყრომას და დავასრულებ ჩემს რისხვას შენს მიმართ, და განგსჯი შენი გზებისამებრ, და შენ აგკიდებ ყველა შენს სისაძაგლეს. არ შეგიცოდებს ჩემი თვალი, და არ შეგიბრალებ. შენი გზებისამებრ მოგიზღავ. და შენი სისაძაგლენი შენთანვე იქნება და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი შემმუსრველი! გაფრთხილდით, დადგა სასჯელის დღე! კვერთხი აყვავდა, ამპარტავნება გაიფურჩქნა. ძალადობა აღდგა ბოროტეულის კვერთხად. არ დარჩება არაფერი არც მათგან, არც მათი სიმდიდრიდან, არც მათი ზარ-ზეიმიდან, და არც მათი ბრწყინვალებიდან. მოვიდა ჟამი, დადგა ის დღე. მყიდველო, ნუ გიხარია და, გამყიდველო, ნუ იგლოვ, რადგან უფლის რისხვა მოაწევს მთელ ამ ხმაურიან ბრბოზე. რადგან გამყიდველი გაყიდულს ვერ დაუბრუნდება, თუნდაც ცოცხლები დარჩნენ ისინი, რადგან წინასწარმეტყველური ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ შეიცვლება და თავისი ურჯულოებით სიცოცხლეს ვერავინ შეინარჩუნებს. ნაღარას დაჰკრავენ და განემზადებიან, მაგრამ აღარავინ იქნება ომში წამსვლელი, რადგან ჩემი წყრომაა მთელ მათ სიმრავლეზე. მახვილი გარეთაა, შავი ჭირი და შიმშილი კი სახლში. ვინც ველადაა, მახვილით მოკვდება, და ვინც ქალაქშია, შიმშილი და შავი ჭირი შეჭამს მას. მათ შორის გადარჩენილნი მთებისკენ გაიქცევიან და იქ იქნებიან როგორც ველის მტრედები; ყოველი მათგანი იკვნესებს თავისი ურჯულოების გამო. ყველას ჩამოსწყდება მკლავები და მუხლები მოეკვეთება. ძაძებს ჩაიცვამენ და კანკალი აიტანთ, სახეზე ყველას სირცხვილი დაეწერება და ყველა თავი გაქაჩლდება. თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და მათი ოქრო სიბილწედ იქცევა; ოქრო-ვერცხლი ვერ იხსნის მათ უფლის წყრომის დღეს. სულს ვერ გაიძღობენ და სტომაქს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი. და თავიანთი სამკაულების მშვენიერებით გაამაყდნენ და თავიანთ სიბილწეთა და სისაძაგლეთა კერპები შექმნეს, ამიტომ სიბინძურედ ვაქცევ მას მათთვის. უცხოთა საძარცვავად გავხდი მას და ქვეყნის ბოროტთა ნადავლად, და ისინი შებღალავენ მას. პირს ვიბრუნებ მათგან, და შებღალავენ ჩემს საუნჯეს, შიგ შემოვლენ მძარცველნი და შებღალავენ მას. გააკეთე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა აივსო სისხლიანი ბოროტმოქმედებით და ქალაქი სავსეა ძალადობით. მოვიყვან უპირსისხლიანესთ ხალხებიდან და ისინი დაიმკვიდრებენ მათ სახლებს. და გავანადგურებ მძლავრთა სიამაყეს, და შეიბღალებიან მათი სიწმიდენი. დაღუპვა ახლოვდება და მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება ის. უბედურება უბედურებაზე მოვა და ამბავი ამბავზე იქნება, და მოითხოვენ ხილვას წინასწარმეტყველისაგან, და რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა – უხუცესს. მეფე იგლოვებს და მთავარი ძრწოლით აღივსება, და ქვეყნის ერს ხელი აუკანკალდება. მათი გზებისამებრ მოვექცევი მათ და მათი სიმართლისამებრ განვსჯი მათ; და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი! იყო მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს, როცა ვიჯექი მე ჩემს სახლში და იუდას უხუცესნი ისხდნენ ჩემს წინ. და დაეშვა იქ ჩემზე ხელი უფალი ღმერთისა. და, აჰა, დავინახე რაღაც მსგავსება ცეცხლის კაცისა. წელს ქვემოთ ცეცხლი იყო, წელს ზემოთ კი გავარვარებული ლითონივით ელვარებდა. და მან გამოიწვდინა თავისი ხელის მსგავსება, თმებში ჩამავლო, და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში იერუსალიმში ჩრდილოეთით მიმართულ შიდა კარიბჭის შესასვლელთან, იქ, სადაც დადგმული იყო შურისგების კერპი, რომელიც უფლის რისხვას აღძრავს. და იქ იყო ისრაელის ღმერთის დიდება, მსგავსი ჩვენებისა, რომელიც ვიხილე ველზე. და მითხრა: ადამის ძევ! მიაპყარ თვალი ჩრდილოეთის გზას. და მივაპყარ თვალი ჩრდილოეთის გზას და დავინახე სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ის შურისგების კერპი. და მითხრა: ადამის ძევ! განა არ ხედავ რას აკეთებენ? დიდ სისაძაგლეს, რომელსაც ისრაელის სახლი აკეთებს აქ, რათა მოვშორდე ჩემს ტაძარს! მაგრამ წამომყევი და ნახავ სხვა დიდ სისაძაგლეებს. და მიმიყვანა ეზოს შესასვლელში და ვიხილე ერთი ხვრელი კედელში. და მითხრა: ადამის ძევ! გამოთხარე კედელი. გამოვთხარე კედელი და ვნახე შესასვლელი. და მითხრა: მიდი და ნახე ბოროტი სისაძაგლენი, რასაც ისინი სჩადიან აქ. და მივედი მე და ვნახე ყველანაირი გამოსახულება ქვეწარმავლისა და ბილწი ცხოველისა. ყველანაირი კერპი ისრაელის სახლისა ამოკვეთილი იყო ირგვლივ მთელ კედელზე. ისრაელის სახლის უხუცესთაგან 70 კაცი დგას მათ წინ და იააზანია შაფანის ძეც იდგა მათ შორის. და იდგნენ ისინი კერპების წინაშე და თითოეულს თავისი სასაკმევლე ეჭირა ხელში და სქელი ბოლქვები საკმევლისა ადიოდა მაღლა. და მითხრა: ხომ ნახე, ადამის ძევ, რასაც ისრაელის სახლის უხუცესნი აკეთებენ სიბნელეში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ: უფალი ვერ გვხედავსო ჩვენ. დატოვაო უფალმა ეს ქვეყანა! და კიდევ მითხრა: კიდევ დაბრუნდი და ნახავ დიდ სისაძაგლეებს, რომელთაც ისინი აკეთებენ. და მიმიყვანა მე უფლის ტაძრის კარიბჭის შესასვლელთან, რომელიც ჩრდილოეთისკენაა, და ვიხილე იქ ქალები, რომლებიც ისხდნენ და თამუზსა ჰგოდებდნენ. და მითხრა: ხომ ხედავ, ადამის ძევ? კიდევ წამოდი, ნახავ ამაზე დიდ სისაძაგლეებს. და შემიყვანა უფლის ტაძრის შიდა ეზოში და დავინახე უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, ოცდახუთიოდე კაცი ზურგშექცევით რომ იდგნენ უფლის ტაძრისაკენ. მათ პირი აღმოსავლეთისკენ ჰქონდათ მიპყრობილი და თაყვანს სცემდნენ მზეს აღმოსავლეთით. და მითხრა: ხომ ნახე, ადამის ძევ? ცოტაა იუდას სახლისათვის ამ სისაძაგლეთა კეთება, რომელსაც ისინი აკეთებენ აქ? რადგან აავსეს ეს ქვეყანა ძალადობით და მიიქცნენ ჩემს გასაწყრომად; და, აჰა, რტოები თავადვე მიაქვთ თავის ცხვირთან. და მეც მოვექცევი მათ გულისწყრომით, არ შეიცოდებს ჩემი თვალი მათ და არ შევიბრალებ მე. და, თუნდაც ყურში ჩამკიოდნენ, არ მოვუსმენ მათ. და ჩამძახა ყურში უფალმა დიდი ხმით და მითხრა: მოახლოვდა ქალაქის დასჯა; და თითოეულს ხელთ უპყრია გამანადგურებელი იარაღი. და, აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, რომელიც ჩრდილოეთისკენაა მიმართული, და თითოეულს ხელთ უპყრია გამანადგურებელი იარაღი; და მათ შორის ერთი კაცია სელით შემოსილი და მწიგნობრის სამელნე უდევს სარტყელში, და მოვიდნენ და დადგნენ ბრინჯაოს სამსხვერპლოსთან. და ისრაელის უფალი ღმერთის ბრწყინვალე მშვენიერება, ქერუბიმს რომ ედგა, აიწია და გაემართა ტაძრის ზღურბლისაკენ და სელით შემოსილ კაცს მოუხმო, რომელსაც მწიგნობრის სამელნე ედო სარტყელში. და უთხრა მას: შედი ქალაქ იერუსალიმში და შუბლზე ნიშნები დაადე ადამიანებს, რომელნიც კვნესიან და მოსთქვამენ იმ სისაძაგლეთა გამო, რაც მათ შორის ხდება. და სხვა დანარჩენთ უთხრა ჩემს გასაგონად: მიჰყევით მის კვალს ქალაქში და ყველა დახოცეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ! მოხუცი, ჭაბუკი და ქალწული, ბავშვი და ქალი ამოხოცეთ. და ყოველ კაცს, რომელსაც ნიშანი აზის შუბლზე, ნუ შეეხებით. ჩემი ტაძრიდან დაიწყეთ. და დაიწყეს მოხუცი ადამიანებიდან, რომელნიც ტაძრის წინ იყვნენ. და უთხრა მათ: შებილწეთ ეს ტაძარი და გაავსეთ ეზოები განგმირულებით და გადით! და გავიდნენ ისინი ქალაქში და დაიწყეს ხალხის ხოცვა-ჟლეტა. და როდესაც დახოცეს და მე დავრჩი, პირქვე დავემხე, შევღაღადე და ვუთხარი: ოჰ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაწყვეტ ისრაელის მთელს ნატამალს, რისხვას რომ აფრქვევ იერუსალიმზე? და მან მითხრა მე: ურჯულოება ისრაელის სახლისა და იუდასი მეტისმეტად დიდია. გაივსო ეს ქვეყანა სისხლით და ქალაქი სავსეა სიცრუითა და უწმიდურებით, რადგან ამბობენ: დატოვა უფალმა ეს ქვეყანა და ვერაფერს ხედავსო. არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ, მათსავე საქციელს დავატეხ თავს. და, აჰა, იმ კაცმა, სელით შემოსილმა, რომელსაც მწიგნობრის სამელნე ედო სარტყელში, პასუხად მოიტანა: როგორც მიბრძანე, ისე მოვიქეციო. და ვიხილე, აჰა, ცის თაღზე, ქერუბიმების თავს ზემოთ, რაღაც ლოდი საფირონისა – მსგავსი ტახტისა, მათ მაღლა. და ეუბნებოდა იმ სელით შემოსილ კაცს: შემოდი ბორბლებს შუა, ქერუბიმების ქვეშ, და მუჭები გაივსე ნაკვერჩხლებით, ქერუბიმებს შორის რომ არის, და ქალაქს გადააყარე. და შევიდა იგი ჩემს თვალწინ. ქერუბიმები იდგნენ უფლის ტაძრის მარჯვენა მხარეს, როცა ის კაცი შედიოდა, და ღრუბელმა გაავსო შიდა ეზო. და აიწია უფლის დიდება ქერუბიმიდან ტაძრის ზღურბლისაკენ და გაივსო ტაძარი ღრუბლით და გაივსო ტაძრის ეზო უფლის დიდების ნათლით. ქერუბიმების ფრთების შრიალის ხმა გარეთა ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერი ღმერთისა, როდესაც ის ლაპარაკობს. და როდესაც მან უბრძანა სელით შემოსილ კაცს: „აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმებს შორის“ და შევიდა ის და დადგა ბორბლებთან, გაიწოდა ერთმა ქერუბიმმა ხელი ცეცხლისაკენ, რომელიც ქერუბიმებს შორის ენთო, აიღო იქიდან და მუჭაში ჩაუდო სელით შემოსილ კაცს. და მანაც აიღო და გავიდა. და მოუჩანდათ ქერუბიმებს ადამიანის ხელის მსგავსი რამ ფრთებქვეშ. და დავინახე ოთხი ბორბალი ქერუბიმებთან: თითო ბორბალი თითო ქერუბიმთან და ის ბორბლები თითქოს ქრიზოლითისგან იყო ნაჭედი. და ოთხივე ბორბალი ერთმანეთს ისე ჰგავდა, თითქოს ბორბალი ბორბალში ჩაუსვამთო. სვლისას ოთხივე მხარეს მიდიოდნენ; სვლისას არ ბრუნავდნენ, რადგან იმ მიმართულებით მიდიოდნენ, საითკენაც თავი ჰქონდათ მიქცეული. სვლისას არ ბრუნავდნენ. და მთელი მათი ტანი, მათი ზურგი, მათი ხელები, მათი ფრთები და მათი ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით, ოთხივე მათგანის ბორბალი. და როგორც ჩემი ყურით გავიგონე, გრიგალი ერქვა მათ. და თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთი სახე – ქერუბიმის, მეორე – ადამიანის, მესამე – ლომის და მეოთხე – ორბის. და აღიმართნენ ქერუბიმები, ეს ის ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. ქერუბიმების სვლისას ბორბლებიც მიდიოდნენ მათთან ერთად; და, როდესაც ქერუბიმები ფრთებს გაშლიდნენ, რომ მიწიდან აწეულიყვნენ, ბორბლები არ ცილდებოდნენ მათ, არამედ მათთან ერთად იყვნენ. მათი გაჩერებისას ისინიც იდგნენ, და მათი აწევისას ისინიც აიწევდნენ ხოლმე მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში. და კვლავ გავიდა უფლის დიდება ტაძრის ზღურბლიდან და ზედ დაადგა ქერუბიმებს. და გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ჩემს თვალწინ აიმართნენ მიწიდან; და როდესაც ისინი გადიოდნენ, ბორბლებიც მათთან იყო; და დადგნენ უფლის ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭის შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ. ეს ის არსებანი იყვნენ, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებარის პირას, ისრაელის ღმერთის ტახტის ქვეშ რომ იდგნენ, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ ისინი. ყოველ მათგანს ოთხი სახე ჰქონდა და ოთხი ფრთა, და თითოეულს ფრთებქვეშ ადამიანის ხელის მსგავსი რამ. და შესახედაობა მათი სახისა მსგავსი იყო იმ სახეთა, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებარის პირას, – მათი გამოსახულებაც და თვითონაც. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა. და ამიყვანა სულმა და მიმიყვანა უფლის ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთით იყურება. და, აჰა, კარიბჭის შესასვლელში 25 კაცია, და მე დავინახე მათ შორის იააზანია, ძე ყაზურისა და ფელატია ძე ბენაიასი, ხალხის მთავრები. და მითხრა: ადამის ძევ, ესენი არიან ადამიანები, მზაკვრობის განმზრახველნი და ბოროტი რჩევის მრჩეველნი ამ ქალაქში. ისინი ამბობენ: შორს არის დრო სახლების შენებისა; ეს ქალაქი ქვაბია, ჩვენ კი ხორცი. ამიტომ იწინასწარმეტყველე მათზე, იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ. და გადმოვიდა ჩემზე სული უფლისა და მითხრა: თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ვიცი, რასაც ამბობ, სახლო ისრაელისა, და რაც ფიქრად მოგდის. მრავალი მოკლულია ამ ქალაქში და გავსებულია მისი ქუჩები მათი გვამებით. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენგან მოკლულები, რომლებიც ქუჩებში დაყარეთ, ხორცია, ის ქალაქი კი ქვაბია; მაგრამ მე თქვენ გამოგიყვანთ იქიდან. მახვილის გეშინიათ თქვენ და მახვილს მოვაწევ მე თქვენზე! – ამბობს უფალი ღმერთი. მე გამოგიყვანთ იქიდან და გადაგცემთ უცხოთესლთა ხელთ; და მე გამოგიტანთ სასჯელს. ისრაელის საზღვრებზე მოგეწევათ ჩემი მახვილი და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. ის ქალაქი არ იქნება თქვენთვის ქვაბი და თქვენ არ იქნებით მასში ხორცად. მე თქვენ ისრაელის საზღვარზე განგსჯით. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი; თქვენ კი ჩემი წესებით არ დადიოდით და არც ჩემი სამართლით იქცეოდით; თქვენ იმ ხალხების სამართალს მიჰყვებოდით, თქვენს ირგვლივ რომ არიან. და ისე მოხდა, რომ როდესაც მე ამას ვწინასწარმეტყველებდი, ბენაიას ძე ფელატია მოკვდა. პირქვე დავემხე და დიდი ხმით შევღაღადე და ვთქვი: ვაგლახ მე, უფალო ღმერთო, ნუთუ სამუდამოდ უნდა მოსპო ისრაელის ნატამალი? და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: ადამის ძევ! შენს ძმებს, ჰო, შენს ძმებს, შენს ნათესავებს და მთელ ისრაელის სახლს, ყველას, რომელთაც ეუბნებიან იერუსალიმის მცხოვრებნი: მოშორდით უფალს, მან ჩვენ მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ. ამიტომ უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუმცა მე განვიშორე ისინი წარმართთა შორის და გავფანტე მთელ ქვეყანაზე, მაინც მე ვიქნები მათთვის თუნდაც მცირე საწმიდარი იმ ქვეყნებში, სადაც შევიდნენ ისინი. ამიტომ უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე შემოგიკრებთ თქვენ იმ ხალხებიდან და შეგაგროვებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული ხართ, და მოგცემთ ისრაელის მიწას. და შევლენ იქ და მოაცილებენ მას ყოველგვარ სისაძაგლეს. და მე მივცემ მათ სხვა გულსა და ახალ სულს ჩავუდგამ მათ; და ამოვგლეჯ მათ მკერდიდან ქვადქცეულ გულს და მივცემ მათ ცოცხალ გულს, რათა ჩემი წესებით იარონ და ჩემი სამართალი დაიცვან და შეასრულონ. და იქნებიან ისინი ჩემი ერი და მე ვიქნები მათი ღმერთი. ხოლო ვისი გულიც მათი სიბილწისა და სისაძაგლისკენ მიილტვის, მათ საქციელს მათ თავზევე მოვაწევ, – ამბობს უფალი ღმერთი. და გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც თან გაჰყვათ. და ისრაელის ღმერთის დიდება მაღლა იყო, მათ ზემოთ. და აიმართა უფლის დიდება ქალაქის შუაგულიდან და დადგა მთაზე, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთითაა. და სულმა ამიტაცა და მიმიყვანა ქალდეველთა ქვეყანაში გადასახლებულებთან ხილვაში ღმერთის სულით. და გამშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე. და მე ვუამბე ტყვეებს ყოველი სიტყვა, რაც გამომიცხადა უფალმა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! მეამბოხეთა სახლში ცხოვრობ შენ, რომელთაც თვალები აქვთ დასანახავად და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ მოსასმენად და არ ესმით, რადგან მეამბოხენი არიან ისინი. და შენ, ადამის ძევ, გაიმზადე ხიზნის ბარგი და დღისით-მზისით გადი მათ თვალწინ ხიზნად, და გადასახლდი შენი ადგილიდან სხვა ადგილას მათ თვალწინ, იქნებ გონს მოეგონ, თუმცა მეამბოხეთა სახლია ის. და გამოიტანე შენი ბარგი, როგორც ბარგი ხიზნისა დღისით, მათ თვალწინ, და გადი საღამოთი მათ თვალწინ, როგორც გადიან გადასასახლებად. მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და იქიდან გაიტანე შენი ბარგი. მათ თვალწინ მოიკიდე ზურგზე შენი ტვირთი და სიბნელეში გაიტანე; სახე დაიფარე, რომ არ დაინახო მიწა; რადგან ნიშნად მივეცი შენი თავი ისრაელის სახლს. და გავაკეთე ისე, როგორც მებრძანა: ჩემი ბარგი, როგორც საჭირო ნივთები გადასახლებაში მიმავლისა, გავიტანე დღისით, საღამოთი კი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელეში გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ. და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ დილით: ადამის ძევ! განა არ გკითხა ისრაელის სახლმა, მეამბოხეთა სახლმა, რას აკეთებო? უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ეს განაჩენი ეხება იერუსალიმის მთავარს და მთელ ისრაელის სახლს, ყველას, ვინც იქ არის. უთხარი მათ: მე ნიშანი ვარ-თქო თქვენთვის. რასაც მე ვაკეთებ, იგივე გადახდება იერუსალიმელთ, – ხიზნად და ტყვეებად მოუწევთ წასვლა. და მთავარი, რომელიც მათ შორისაა, ზურგზე მოიკიდებს ტვირთს სიბნელეში და გავა. კედელს გამოუთხრიან წინ, რათა გაიყვანონ იქიდან. სახეს დაიფარავს, რათა აღარ იხილოს თვალით ეს ქვეყანა. და მოვისვრი მასზე ჩემს ბადეს და გაებმება ჩემს სათხეველში; და მოვიყვან მას ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვეღარ იხილავს მას, და იქ მოკვდება. და ყველას, ვინც მის ირგვლივ არიან, მის შემწეებს და მთელ მის ლაშქარს, გავფანტავ ყველა ქარის მიმართულებით, და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა გავაბნევ მათ ხალხებში და ქვეყნებში მიმოვფანტავ. და მათგან მცირეოდენთ დავიფარავ მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისაგან, რათა მოუთხრონ მთელი თავიანთი სისაძაგლე წარმართებს, რომლებთანაც მივლენ. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: ადამის ძევ! შენი პური ტკივილით ჭამე და შენი წყალი ჭირითა და ტანჯვით სვი. და უთხარი ამ ქვეყნის ხალხს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმისა და ისრაელის ქვეყნის მკვიდრებზე: თავის პურს ტკივილით შეჭამენ და თავის წყალს ჭირითა და ტანჯვით შესვამენ, რადგან დაცარიელდება მათი ქვეყანა მისი სისავსისაგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო. დასახლებული ქალაქები დაინგრევა და გაუდაბურდება ქვეყანა; და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ თქვენ ისრაელის მიწაზე ნათქვამი: ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო? ამიტომ უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ მე ამ ანდაზას და აღარ იტყვიან მას ისრაელში. უთხარი მათ: ახლოსაა-თქო ჟამი, და აღსრულება ყოველი ხილვისა. რადგან აღარ იქნება არავითარი ცრუ ხილვა და მაცდუნებელი მისნობა ისრაელის სახლში. რადგან მე ვარ უფალი, და რასაც მე ვლაპარაკობ, ის მოხდება და აღარ გადაიდება, რადგან თქვენს დღეებში, მეამბოხეთა სახლო, ვიტყვი სიტყვას და ავახდენ მას! – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: ადამის ძევ! აჰა, ისრაელის სახლი ამბობს: ის წინასწარმეტყველური ხილვა, რომელიც მან იხილა, აღსრულდება მრავალი დღეების შემდეგ, და ის წინასწარმეტყველებს შორეულ დღეებზე. ამიტომ უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აღარ გადაიდება არც ერთი ჩემი სიტყვა, რადგან სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, შესრულდება! – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველთა მიმართ და უთხარი თავიანთი გულიდან მოწინასწარმეტყველთ: ისმინეთ-თქო სიტყვა უფლისა. ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, უგუნურ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თავიანთ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ. წინასწარმეტყველნი შენნი, ისრაელ, როგორც ტურები უდაბურ ნანგრევებში! თქვენ არ გადიხართ განგრეულ კედელში და ზღუდეს არ ავლებთ ისრაელის სახლს, რათა მტკიცედ დადგეს ბრძოლაში უფლის დღეს. ამაოა მათი ხილვები და სიცრუეა მათი მისნობა და მათი ნათქვამი: უფალმა ბრძანაო. უფალს არ გამოუგზავნია ისინი; მათ კი იმედი აქვთ, რომ უფალი აღასრულებს მათ სიტყვას. განა ამაო ხილვა არ იხილეთ და სიცრუეს არ მისნობდით, რომ ამბობდით: უფლის სიტყვა არისო! მე კი არაფერი მითქვამს. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თქვენი სიტყვები სიცრუეა და მისნობა თქვენი ამაო, ამიტომ იცოდეთ, რომ თქვენს წინააღმდეგ ვარ, – ამბობს უფალი ღმერთი. და მისწვდება ჩემი ხელი წინასწარმეტყველთ, რომელთაც ამაო ხილვები აქვთ და სიცრუეს მისნობენ; ჩემი ერის საფიხვნოში ვერ დასხდებიან ისინი და ისრაელის სახლის წიგნში ვერ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მოვლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი. იმის გამო, რომ ჩემს ერს აცდუნებენ და ეუბნებიან: მშვიდობა არისო, მაგრამ არ არის მშვიდობა. ჩემი ხალხი აშენებს კედელს, ისინი კი ტალახით აბათქაშებენ. უთხარი ტალახით გამბათქაშებლებს: ჩამოწვება-თქო თქვენი კედელი. დაუშვებს კოკისპირული წვიმა, წამოვა კოხივით სეტყვა და ამოვარდება ქარიშხალი. და, აჰა, ჩამოწვება კედელი და ხომ გეტყვიან, სად არისო ის ბათქაში, რომლითაც შელესეთ? ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: განრისხებული ამოვაგდებ ქარიშხალს და წამოვა კოკისპირული წვიმა ჩემი გულისწყრომით; გაცეცხლებული დავუშვებ კოხივით სეტყვას შესამუსრად. და მე დავანგრევ იმ კედელს, რომელიც თქვენ გააბათქაშეთ ტალახით, და დავცემ მიწაზე და გამოჩნდება მისი საძირკველი. ჩამოწვება და დაიღუპებით მის ნანგრევებში და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. და დავასრულებ ჩემს რისხვას იმ კედელზე და ტალახის ბათქაშით მის გამბათქაშებლებზე, და გეტყვით: აღარ არის კედელი და აღარ არიან მისი გამბათქაშებელნი; ისრაელის წინასწარმეტყველნი, რომელნიც უწინასწარმეტყველებდნენ იერუსალიმს და აღუთქვამდნენ მშვიდობის ხილვას, მშვიდობა კი არ არის! – ამბობს უფალი ღმერთი. და შენ, ადამის ძევ! პირი ქენი შენი ერის ასულებისაკენ, რომელნიც წინასწარმეტყველებენ საკუთარი გულით, და იწინასწარმეტყველე მათზე. უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, იმ ქალებს, რომლებიც სულების მოსანადირებლად სამისნო ტომსიკებს იკერავენ საიდაყვეებად და მათ, რომლებიც თავსაბურავებს ამზადებენ ყოველი სიმაღლის ადამიანისთვის. ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი ერის სულების მონადირებით თქვენს სულებს გადაარჩენთ? და სახელს მიტეხავთ მე ჩემი ხალხის თვალში ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისათვის, როცა ხოცავთ სულებს, რომლებიც არ არიან დასახოცი და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან სასიცოცხლო, რომ ატყუებთ ჩემს ერს, სიცრუის დამჯერებელს. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვდგები თქვენი სამისნო ტომსიკების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს იჭერთ. მე დაგაგლეჯთ მკლავებზე იმ ტომსიკებს და იმ სულებს, რომლებიც თქვენ დაიჭირეთ, გავათავისუფლებ. და დავფხრეწ თქვენს თავსაბურავებს და ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან, და აღარ იქნებიან ისინი თქვენი ნანადირევი. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. რადგან მართლის გულს სიცრუით ამწუხრებდით, მე კი არ დამიმწუხრებია იგი; და ბიწიერს ხელებს უმაგრებდით, რომ არ მობრუნებულიყო ბოროტი გზიდან თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ამიტომ ამაო ხილვებს აღარ იხილავთ და მისნობით აღარ იმისნებთ. და მე ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. მოვიდა ჩემთან რამდენიმე კაცი ისრაელის უხუცესთაგან და ჩემს წინ დაჯდა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! ამ ხალხმა გული გაუღო თავის კერპებს და თავისი უკეთურება დაბრკოლებად დაიდო წინ. განა დავუშვებ, რომ მე მათ რჩევას მოვუსმინო? ამიტომ ილაპარაკე მათთან და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულს გაუღებს თავის კერპებს და თავის უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ და მივა წინასწარმეტყველთან, მე, უფალი, როგორ მივაგებ მას პასუხს, როცა მოდის თავისი მრავალი კერპებით? დაე მიხვდეს ისრაელის სახლი თავის გულში, რომ უცხონი გახდნენ ჩემთვის ყველანი თავიანთი კერპების გამო. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე თქვა-თქო უფალმა ღმერთმა: დაბრუნდით და მოიქეცით თქვენი კერპებისაგან და ყველა თქვენი სისაძაგლისაგან მოაბრუნეთ თქვენი პირი, რადგან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და მწირთაგან, რომელიც იცხოვრებს ისრაელში, და რომელიც უცხო გახდება ჩემთვის, და თავის კერპებს გაუღებს გულს და თავის უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ, და მივა წინასწარმეტყველთან და შეეკითხება ჩემზე, განა მე, თავად უფალი, მივაგებ მას პასუხს? და მივაქცევ ჩემს პირს იმ კაცის წინააღმდეგ, ნიშნად და იგავად დავდებ მას და მოვსპობ ჩემი ერიდან, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. და ეს წინასწარმეტყველი თუ ცდუნდება და ალაპარაკდება, თითქოს მე, უფალმა, ვაცდუნე ის წინასწარმეტყველი, ხელს მოვუღერებ მას და მოვსპობ ჩემი ერიდან, ისრაელიდან. და ორივე იტვირთავს თავის დანაშაულს და როგორიცაა დანაშაული შემკითხველისა, ისეთივე იქნება დანაშაული წინასწარმეტყველისა, რათა მეტად აღარ განმიდგეს მე სახლი ისრაელისა და მეტად აღარ შეიბილწოს ყოველი თავისი დანაშაულით, არამედ ისინი იქნებიან ჩემი ერი და მე ვიქნები მათი ღმერთი! – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემს წინაშე და ღალატით განმიდგება, მე ხელს მოვუღერებ მას და შევუმუსრავ პურის ბეღლებს, და მოვუვლენ მას შიმშილს და მოვკვეთ მისგან კაცსა და პირუტყვს; და რომ იქ აღმოჩნდეს სამი კაცი: ნოე, დანიელი და იობი, ისინი თავიანთი სიმართლით გადარჩებიან! – ამბობს უფალი ღმერთი. – ანდა, მძვინვარე მხეცები რომ მიმეშვა იმ ქვეყანაზე, ამოძირკვავდნენ ხალხსა და უდაბნოდ აქცევდნენ იქაურობას, და ვერავინ გაბედავდა იქ გავლას იმ მხეცების შიშით, ის სამი კაცი იქ რომ ყოფილიყო, ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – ვერც ძეთ და ვერც ასულთ ვერ გადაარჩენდა, მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ, ის ქვეყანა კი უდაბნოდ იქცეოდა. ან თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვიტყვი: მახვილმა დაიაროს ამ ქვეყანაში და მოკვეთოს მისგან კაცი და პირუტყვი, ის სამი კაციც, ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – ვერ გადაარჩენდა ძეთა და ასულთ, მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ. ან თუ შავ ჭირს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და დავანთხევდი მასზე ჩემს რისხვას სისხლისღვრით კაცისა და პირუტყვის ამოსაწყვეტად. ნოე, დანიელი და იობიც რომ ყოფილიყვნენ იქ, ცოცხალი ვარ მე, – ამბობს უფალი ღმერთი, – ვერც ძეს და ვერც ასულს ვერ გადაარჩენენ. ისინი თავიანთი სიმართლით გადაარჩენენ მხოლოდ თავიანთ სულებს. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო: მახვილი, შიმშილი, მძვინვარე მხეცი და შავი ჭირი იერუსალიმს კაცისა და პირუტყვის აღმოსაკვეთად, აჰა, დარჩება მასში ნატამალი – ძენი და ასულნი, რომელნიც გამოყვანილ იქნებიან იქიდან. აჰა, გამოვლენ ისინი თქვენთან და დაინახავთ მათ გზასა და მათ საქციელს, და დაგავიწყდებათ უბედურება, რაც მე მოვაწიე იერუსალიმს, ყველაფერი, რაც მე მოვაწიე მას. და განუგეშებენ, როცა დაინახავთ მათ საქმეებსა და მათ საქციელს და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყოველივე, რაც იქ გავაკეთე, – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! რითი სჯობს ვაზი სხვა ხეებს, ტყეში რომ ხარობენ? თუ ივარგებს მისი წალამი რაიმე საგნის გასაკეთებლად? თუ გაითლება მისგან პალო ზედ რაიმეს ჩამოსაკიდებლად? აჰა, ცეცხლში ყრიან მას დასაწველად, მთლიანად იწვის – განა გამოდგება სხვა რამეში? აჰა, მთელი იყო და არ ვარგოდა რაიმე საგნის გასაკეთებლად, მით უფრო, რომ ახლა, როდესაც ცეცხლმა შეჭამა, რიღისთვის უნდა გამოდგეს? ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: როგორც ვაზის წალამი ტყის სხვა ხეებთან ერთად ცეცხლს მივეცი შესაჭმელად, ასევე მივცემ იერუსალიმის მცხოვრებთაც. და მივაქცევ ჩემს პირს მათ წინააღმდეგ; ცეცხლიდან გამოვიდნენ და მაინც ცეცხლი შეჭამს მათ. მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც პირს მივაქცევ მათ წინააღმდეგ. და ავაოხრებ ამ ქვეყანას იმის გამო, რომ მღალატობდნენ! – ამბობს უფალი ღმრთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! აუწყე იერუსალიმს მისი სისაძაგლენი. და თქვი: ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: ძირი შენი და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი ამორეველი იყო, დედაშენი – ხეთელი. და შობასა შენსა, შენი დაბადების დღეს, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის; წყლით არ განუბანიხართ გასასუფთავებლად, და მარილით არ დაუზელიხართ და სახვევებში არ შეუხვევიხართ. არავინ შემოგხედა სიბრალულის თვალით, რათა გაეკეთებინათ შენთვის ერთი ამათგანი სამადლოდ; და ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან საძულველი იყავი. და მე ჩაგიარე და დაგინახე სისხლში მოსვრილი, და მე გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! ასე გითხარი, როცა შენს სისხლში იწექი: შენს სისხლში იცოცხლე და იზარდე; გაგამრავლე როგორც მცენარე ველისა. აღმოცენდი და გაიზარდე და ამაღლდი; და გახდი მშვენიერთა მშვენიერი! დაგაჩნდა ძუძუნი და თმა მოგეზარდა, შენ კი სამარცხვინოდ შიშველ-ტიტველი იყავი. მე ჩაგიარე და დაგინახე, და, აჰა, დაგდგომოდა ჟამი სიყვარულისა. და გადაგაფარე ჩემი კალთა და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, – ამბობს უფალი ღმერთი, – და გახდი ჩემი. დაგბანე წყლით, და ჩამოგრეცხე სისხლი და გცხე ზეთი. შეგმოსე ჭრელი სამოსლით და ფეხზე ჩაგაცვი ხამი ტყავის ხამლები; წელზე ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმის საბურველი შემოგავლე; შეგამკე სამკაულებით; ხელზე სამაჯურები შეგასხი და ყელზე შიბები შეგაბი; რგოლი გაგიკეთე ცხვირზე და საყურეები – ყურებზე; და სანაქებო გვირგვინი დაგადგი თავზე. შემკული იყავი ოქროთი და ვერცხლით; შენი სამოსელი ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი იყო. გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი. და დიდად გალამაზდი და სადედოფლო შეიქენ. სახელი გაგივარდა ხალხებში შენი მშვენების გამო, რადგან სრულყოფილი ჩანდი ჩემი დიდებულებით, რომელიც მე დავდე შენზე, – ამბობს უფალა ღმერთი. და მიენდე შენს სილამაზეს, და, სარგებლობდი რა შენი დიდებით, მეძაობდი და ყველა გამვლელ-გამოვლელთან მეძაობდი, ვინც გინდა ყოფილიყო. აიღე შენი სამოსლიდან და ააჭრელე სამსხვერპლო მაღლობები, და მეძაობდი მათზე, რის მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება. შენ აიღე შენი მშვენიერი სამკაულები რომელიც მე მოგეცი ჩემი ოქრო-ვერცხლიდან და გაიკეთე მამაკაცთა კერპები და მეძაობდი მათთან. აიღე შენი სამოსელი ნაქარგი ქსოვილისა და ჩააცვი მათ და ჩემი ზეთი და საკმეველი წინ დაუწყე მათ. და ჩემი პური, რომელსაც გაძლევდი, ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომლითაც მე გკვებავდი, შენ მიგქონდა მათ წინაშე სურნელოვან საყნოსავად! – ამბობს უფალი ღმერთი. და წაიყვანე შენი ძენი და ასულნი, რომლებიც მე გამიჩინე, და მსხვერპლად შესწირე კერპებს შესაჭმელად, თითქოს შენი მეძაობა არ კმაროდა მათთან. და კლავდი ჩემს ძეთ და კერპებს გადასცემდი ცეცხლში დასაწვავად. და მთელს შენს სისაძაგლესა და მეძაობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როდესაც შიშველ-ტატველი შენს სისხლში ითხვრებოდი. და ყველა შენი ბოროტების შემდეგ, – ვაი, ვაი შენ! – ამბობს უფალი ღმერთი, – იყო, რომ აიშენე საკერპო და სათაყვანო მაღლობი გაიკეთე ყოველ მოედანზე. ყოველი გზის გასაყარზე აიშენე სამსხვერპლო მაღლობი და არცხვენდი შენს სილამაზეს, ფეხებს უშლიდი ყველა გამვლელ-გამომვლელს და ამრავლებდი შენს მეძაობას. და მეძაობდი ეგვიპტის ძეებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და ამრავლებდი შენს მეძაობას ჩემს გასარისხებლად. და, აჰა, ხელი მოგიღერე და შეგიმცირე წილი; დაგაგდე შენს მოძულეთა, ფილისტიმელ ასულთა, ანაბარა, რომელთაც ერცხვინებოდათ შენი უზნეო საქციელი. და მეძაობდი აშურის ძეებთანაც დაუოკებელი ავხორცობის გამო, მეძაობდი მათთან და ვერ გაძეხი. და გაამრავლე შენი მეძაობა ქანაანის ქვეყნიდან ქალდეველთა ქვეყნამდე და მაინც ვერ გაძეხი. როგორ გიდნებოდა გული, – ამბობს უფალი ღმერთი, – როდესაც სჩადიოდი ყოველივე ამას – ურცხვი მეძავი ქალის საქმეს. როდესაც სამეძაოებს აშენებდი ყოველი გზის გასაყარზე, და აგებდი მაღლობებს ყოველ მოედანზე, მაშინ შენ არ იყავი მეძავივით, რომელიც მეძაობის გასამრჯელოს იღებს, არამედ როგორც მრუში ცოლი, თავისი ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ ეძლევა! ყველა მეძავს აძლევენ საჩუქრებს, შენ კი შენს საჩუქრებს აძლევდი ყველა შენს საყვარელს და ქრთამავდი, რომ მოსულიყვნენ შენთან ყოველი მხრიდან და შენთან ესიძვათ. და შენს მეძაობაში სხვა ქალთა საპირისპიროდ იქცეოდი: შენ კი არ გედევნებიან სამეძაოდ, შენ აძლევ საჩუქრებს, შენ კი არ გაძლევენ, შენ პირიქით იქცევი. ამიტომ, მეძავო დიაცო, ისმინე უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გაანიავე შენი ფული და გამოაჩინე შენი სიშიშვლე შენს საყვარლებთან და შენი სისაძაგლის ყველა კერპთან შენი მეძაობისას, და შენს ძეთა სისხლის გამო, რომლებიც მათ შესწირე, შევკრებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც შენ ტკბებოდი და ყველას, ვინც გიყვარდა და ყველას, ვინც შენ გძულდა, მე შევკრებ მათ შენს წინააღმდეგ ყოველი მხრიდან და ავხდი შენს სიშიშვლეს მათ წინაშე და დაინახავენ მთელ შენს სიშიშვლეს. და მე განგსჯი შენ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მიგცემ შენ სისხლიან რისხვასა და შურს. და მე მიგცემ შენ მათ ხელთ და დაანგრევენ შენს საკერპოს და დალეწავენ შენს მაღლობებს, და გაგხდიან სამოსელს და წაიღებენ შენს ჭურჭელს, შენს სამკაულებს და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს. და შეაგროვებენ შენს წინააღმდეგ ბრბოს და ჩაგქოლავენ ქვით და დაგჩეხავენ თავიანთი მახვილებით. და გადასწვავენ შენს სახლებს ცეცხლით, და დაგდებენ მსჯავრს მრავალი ქალის თვალწინ, და მე შეგაწყვეტინებ მეძაობას და საჩუქრებსაც აღარ გაიღებ. დავაცხრობ ჩემს რისხვას შენზე და მოგშორდება ჩემი შური, და დავწყნარდები და აღარ განვრისხდები მეტად. იმის გამო, რომ არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაწუხებდი ყოველივე ამით, მეც შენს საქციელს შენს თავზე მოვაწევ, – ამბობს უფალი ღმერთი, – რათა აღარ ჩაიდინო ეს გარყვნილება ყოველივე შენი სისაძაგლის შემდეგ. და ყოველი მეიგავე იტყვის შენზე ანდაზას: რაც დედაა, შვილიც ის არისო. დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულისა; დაი ხარ შენი დებისა, რომელთაც ეზიზღებოდათ თავიანთი ქმრები და მათი ძენი; დედათქვენი ხეთელია და მამათქვენი – ამორეველი. შენი უფროსი და სამარიელია; ის და მისი ასულები შენს მარცხნივ ცხოვრობენ; ხოლო შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად. იმათი გზებით არ გივლია და არც მათი სისაძაგლის მსგავსი რამ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა: შენ მათზე უზნეოდ იქცეოდი შენს ყველა გზაზე. ცოცხალი ვარ მე, – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ სოდომს – შენს დას – და მის ასულთ ჩაედინოთ ის, რასაც შენ და შენი ასულნი აკეთებდით! აჰა, ეს იყო ურჯულოება სოდომისა – შენი დისა: ამპარტავნება, ღორმუცელობა და უზრუნველობა მისი და მისი ასულებისა; და ღარიბ-ღატაკის შეუწყალებლობა. და გამედიდურდნენ და სისაძაგლეებს აკეთებდნენ ჩემს თვალწინ; და მე უარვყავი ისინი, როცა ეს დავინახე. სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინეს შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე. შენც ატარე შენი სირცხვილი, რომ კიცხავდი შენს დებს შენი ცოდვების გამო, რომლითაც შეიბილწე შენ მათზე მეტად. ისინი შენზე მართლები არიან; მაშ შერცხვი და ატარე შენი სირცხვილი, რომ გაამართლო შენი დები. და დავაბრუნებ მე მათ ტყვეებს, სოდომისა და მის ასულთა ტყვეებს, სამარიისა და მის ასულთა ტყვეებს, და შენს ტყვეებსაც მათ შორის, რათა ატარო შენი სირცხვილი და გარცხვენდეს ყოველივე, რაც გააკეთე მათ სანუგეშებლად. და შენი დები – სოდომი და მისი ასულნი – დაუბრუნდებიან თავიანთ წინანდელ ყოფას, სამარია და მისი ასულნიც დაუბრუნდებიან თავიანთ უწინდელ ყოფას, შენცა და შენი ასულნიც დაუბრუნდებით თქვენს უწინდელ ყოფას. განა სოდომი – შენი და – ყბად არა გყავდა აღებული შენი ამპარტავნების დღეებში? სანამ ჯერ კიდევ არ იყო გაცხადებული შენი ბოროტება, როგორც შენი შერცხვენის დღეებში, არამის ასულთა და მის ირგვლივ მყოფ, ფილისტიმელ ასულთა წინაშე, რომელთაც ყოველმხრივ მოგიძულეს შენ. შენი გარყვნილება და შენი სისაძაგლე ატარე ახლა! – ამბობს უფალი. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: და მეც ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა აბუჩად აიგდე ფიცი და დაარღვიე აღთქმა. გავიხსენებ მე ჩემს აღთქმას შენთან, შენი სიყმაწვილის დროინდელს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას. და გაიხსენებ შენს გზებს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად. და მე აღვადგენ ჩემს აღთქმას შენთან და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი. რათა გაიხსენო და შეგრცხვეს და აღარ გქონდეს ჩემთან გამოსაჩენი პირი შენი სირცხვილის გამო, როდესაც მოგიტევებ ყოველივეს, რაც გააკეთე. – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! გამოიცანი გამოცანა და უთხარი იგავი ისრაელიანთ. და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი ორბი, ფართოფრთებიანი, გრძელნაკრტენიანი, ხშირბუმბულიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოფრინდა ლიბანში და კენწერო მოგლიჯა კედარს. მოტეხა მისი მთავარი ყლორტი და წაიღო ქანაანის ქვეყანაში და მოვაჭრეთა ქალაქში დადო. და აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩათესა ნაყოფიერ ველზე, სადაც წყალი უხვად იყო, და ტირიფივით დარგო. აღმოცენდა იგი და შეიქმნა რტოგაშლილი ვაზი, დაბალი, მისი ლერწები ორბისაკენ მიიწევდა და მისი ფესვებიც მის ქვეშ იყო. და შეიქმნა ვაზი და გამოიტანა წიდნები და გაუშვა ბაბილონი. და იყო ერთი დიდი ორბი, ფართოფრთებიანი და ხშირბუმბულიანი; და ამ ვაზმა მიმართა თავისი ფესვები მისკენ და თავისი ლერწები მისკენ გაიშვირა, რათა მას მოერწყა ეს ვაზი მისი ნარგავის კვალიდან. კარგ ნიადაგში იყო იგი დარგული უხვ წყლებთან, რათა ამოეყარა მორჩები და მოესხა ნაყოფი, რომ გამხდარიყო საუცხოო ვაზი. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: წარმატება თუ ექნება? განა მის ფესვებს არ ამოძირკვავენ და მის ნაყოფს არ მოგლეჯენ და არ გახმება იგი? ყველა მისი ყლორტი გახმება. და არ იქნება საჭირო დიდი ძალა და მრავალი ხალხი, რათა აღმოფხვრან იგი ძირფერსვიანად. და, აჰა, დარგულია, მაგრამ თუ აღორძინდება? განა არ გახმება, როცა აღმოსავლეთის ქარი ეკვეთება? იმავე კვლებში გახმება, სადაც გაიზარდა. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: უთხარი მეამბოხე სახლს: ნუთუ არ იცით რას ნიშნავს ეს? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს და წაიყვანა მისი მეფე და მისი მთავარნი, და მიიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში. და სხვა ვინმე წაიყვანა სამეფო მოდგმიდან და აღთქმა დაუდო მას და დაადებინა ფიცი, და ძლიერნი იმ ქვეყნისა წაიყვანა თავისთან, რათა ყოფილიყო სამეფო დამდაბლებული და არ ამაღლებულიყო, მაგრამ დაეცვა მასთან კავშირი და მტკიცედ მდგარიყო. ხოლო ის აუჯანყდა მას, მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რათა მიეცათ მისთვის ცხენები და ბევრი ხალხი; მაგრამ განა წარმატება ექნება მას? განა გადარჩება ამის გამკეთებელი? მან აღთქმა დაარღვია და გადარჩება? ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ თავისი გამმეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში, არ მოკვდეს ის, ვინც არაფრად ჩააგდო ფიცი, რომ ჩემი აღთქმა დაერღვია. დიდი ლაშქრითა და დიდძალი ხალხითაც ვერაფერს უშველის მას ფარაონი ამ ომში, როცა აღიმართება მიწაყრილები და აიგება საბრძოლო გოდლები მრავალი სულის გასაჟლეტად. არაფრად ჩააგდო ფიცი, რომ ჩემი აღთქმა დაერღვია; და, აჰა, მისცა თავისი ხელი და ყოველივე ეს გააკეთა მან; ვერ გადარჩება. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ მე! ჩემს ფიცს, რომელიც აბუჩად აიგდო, და ჩემს აღთქმას, რომელიც დაარღვია, მის თავზე დავათევ! და ვესვრი მას ჩემს ბადეს და მოემწყვდევა ჩემს სათხეველში; მოვიყვან მას ბაბილონში და იქ განვსჯი მას მისი მუხთლობისთვის, რომლითაც მიმუხთლა მე. და მისი რაზმებიდან ყველა გაქცეული, მახვილით დაეცემა და გადარჩენილთ ყველა ქარს გავატან; და მაშინ მიხვდებით, რომ მე, უფალმა, ვთქვი ეს. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავიღებ ტოტს მაღალი კედარიდან და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ყველაზე ნაზს და მაღალ და ასვეტილ მთაზე დავრგავ. ისრაელის უმაღლეს მთაზე დავრგავ მას და გაშლის ტოტებს და გამოიღებს ნაყოფს; და გახდება დიდებული კედარი; და მის ქვეშ დაბინავდება ყველა ფრინველი, ყველა ფრთოსანი მის შტოთა ჩრდილში დაიბუდებს. და გაიგებს ველის ყველა ხე, რომ მე ვარ უფალი, რომელიც ვადაბლებ მაღალ ხეს, ვამაღლებ დაბალ ხეს, ვახმობ ნედლ ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალი ვამბობ ამას და აღვასრულებ. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: რას გულისხმობთ, ისრაელის მიწის შესახებ რომ ანდაზას ამბობთ: პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრაო კბილი? მე არ ვიყო ცოცხალი ღმერთი, – ამბობს უფალი ღმერთი, – თუღა გქონდეთ თქვენ მომავალში სათქმელად ეს ანდაზა ისრაელში! ყველა სული ჩემია, როგორც სული მამისა, ისევე სული ძისა. შემცოდე სული კი მოკვდება. და თუ კაცი მართალია და სამართლიანად და ჭეშმარიტებით იქცევა, სამსხვერპლო მაღლობებზე არ ჭამს და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არა აქვს მიპყრობილი, მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალს არ ეკარება, არავის ჩაგრავს და თავის მევალეს ვალს უბრუნებს; ძარცვით არავის ძარცვავს, თავის ლუკმას მშიერს უყოფს და შიშველ-ტიტველს ტანზე აცმევს. ვახშით არ არის გამსესხებელი და სარგებელს არ იღებს; უსამართლობისგან შორს არის მისი ხელი და კაცსა და კაცს შორის სწორ სამართალს აჩენს; ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რათა ჭეშმარიტება აკეთოს – ის არის მართალი კაცია და იცოცხლებს, – ამბობს უფალი ღმერთი. – მაგრამ თუ შეეძინება მოძალადე ძე, სისხლისმღვრელი, რომელიც თავის მოძმეს გაუკეთებს ისეთ რამეს, რაც მის მამას არასდროს ჩაუდენია, და სამსხვერპლო მაღლობებზე ჭამს, მოყვასის ცოლს ბილწავს, ღარიბ-ღატაკს ჩაგრავს, მტაცებლობს, ვალს არ აბრუნებს და კერპებისაკენ უჭირავს თვალი, სისაძაგლეს სჩადის, ვახშით გასცემს სესხს და სარგებელს იღებს – უნდა იცოცხლოს? არ უნდა იცოცხლოს. ყოველივე ამ სისაძაგლის ჩამდენი უცილოდ მოკვდება და მისი სისხლი მის თავზე იქნება. და, აჰა, შვა ძე, რომელიც ხედავდა მამამისის ყოველ ცოდვას, რასაც ის აკეთებდა, ხედავდა და არ აკეთებდა მის მსგავს საქმეებს, სამსხვერპლო მალობებზე არ ჭამდა და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არ ეჭირა, მოყვასის ცოლს არ ბილწავდა, არავინ დაუჩაგრავს, გირაოს არ იღებდა და ძარცვით არავის ძარცვავდა, თავის ლუკმას მშიერ-მწყურვალს უყოფდა და შიშველ-ტიტველს აცმევდა, ღარიბის ჩაგვრაში მისი ხელი არ გარეულა, ვახშსა და სარგებელს არ იღებდა, ჩემს სამართალს ასრულებდა და ჩემი წესებით დადიოდა, ის არ მოკვდება მამამისის ურჯულოების გამო, ის იცოცხლებს. მამამისი კი, რადგან ჩაგრავდა, მოძმეს ძარცვავდა და ბოროტებას სჩადიოდა თავის ხალხში, თავის ურჯულოებაში მოკვდება. თქვენ ამბობთ: რატომ არ უნდა იტვირთოსო შვილმა მამის ცოდვა? თუ შვილი სამართალსა და სიმართლეს იქმს, ჩემს ყველა წესს იცავს და ასრულებს – ის იცოცხლებს. ცოდვილი სული კი მოკვდება. შვილმა არ უნდა იტვირთოს მამის დანაშაული და არც მამამ – შვილის ურჯულოება. მართლის სიმართლე მასზევე იქნება და ბოროტის ბოროტებაც – მასზევე. ბოროტი კი, თუ მოიქცევა თავისი ცოდვებისგან, რაც ჩაუდენია და დაიცავს ყველა ჩემს წესს და იქმს სამართალსა და სიმართლეს, იცოცხლებს, არ მოკვდება. ყველა მის დანაშაულს, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენებენ მას. თავისი სიმართლით, რომელსაც მისდევდა, იცოცხლებს. განა მე ვისურვებ ბოროტის სიკვდილს? – ამბობს უფალი ღმერთი, – განა არ მინდა, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და იცოცხლოს? მართალი კი, თუ მიიქცა თავისი სიმართლიდან და უსამართლობას სჩადის, ყველა იმ სისაძაგლის მსგავსს, რასაც ბოროტი სჩადის, განა იცოცხლებს? ყოველ მის სიმართლეს, რაც ადრე აკეთა, არ გაუხსენებენ. და მოკვდება თავისი მუხთლობით, რომლითაც მუხთლობდა, და თავისი ცოდვით, რომლითაც სცოდავდა. და თქვენ ამბობთ: არ არისო სწორი უფლის გზა. მომისმინე, სახლო ისრაელისა, ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის? თუ მართალი თავისი სიმართლიდან მიიქცევა და ჩაიდენს უსამართლობას, ამის გამო მოკვდება; თავისი უსამართლობის გამო, რომელიც ჩაიდინა, მოკვდება იგი. და თუ ბოროტი თავისი ჩადენილი ბოროტებიდან მოიქცა და იქმს სამართალსა და სიმართლეს, ის თავის სულს თავად გაიცოცხლებს. თუ შეიგნებს და მოიქცევა თავისი დანაშაულებებიდან, რაც ჩაუდენია, ის იცოცხლებს, არ მოკვდება. ისრაელის სახლი ამბობს: არ არისო სწორი უფლის გზა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? განა თქვენი გზები არის სწორი? ამიტომ თითოეულს თავისი გზის მიხედვით განგსჯით, ისრაელის სახლო, – ამბობს უფალი ღმერთი, – მოინანიეთ და მოიქეცით თქვენი ყველა დანაშაულიდან და არ გექცევათ ურჯულოება დაბრკოლებად. მოიშორეთ ყველა თქვენი ცოდვები, რომლითაც სცოდეთ, და შეიქმენით ახალი გული და ახალი სული; და რატომღა უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო? რადგან მე არ მსურს მოსაკლავთა სიკვდილი, – ამბობს უფალი ღმერთი, – მაშ, მოიქეცით და იცოცხლებთ. შენ კი გოდება იწყე ისრაელის მთავრებზე და თქვი: ძუ ლომი იყო დედაშენი! ლომებს შორის იწვა, ლომის ბოკვერებთან ერთად ზრდიდა თავის ბოკვრებს. და გამოზარდა ერთი თავის ბოკვერთაგან, ლომი გახდა და ისწავლა ნადავლის ტაცება – ადამიანებს ჭამდა. და ესმათ მისი ამბავი ხალხებს; ორმოში შეიპყრეს ის და ჭიმით ჩაიყვანეს ეგვიპტეში. და ნახა ძუ ლომმა, რომ ამაოდ ელოდა, რომ დაიკარგა მისი იმედი, და აიყვანა ერთი სხვა თავის ლეკვთაგანი და ბოკვრად დააწესა. და ცხოვრობდა ის ლომებში, გაიზარდა და ისწავლა ნადავლის ტაცება – ადამიანებს ჭამდა. და ანგრევდა მათ სიმაგრეებს და მათ ქალაქებს აოხრებდა; და შეძრწუნდა ქვეყანა მისი ღრიალის ხმაზე. და აღდგნენ მასზე ხალხები შემოგარენთაგან, ბადე ესროლეს და შეიპყრეს ორმოში. და ჩასვეს გალიაკში ჭიმით და მიიყვანეს ბაბილონის მეფესთან და შეაყენეს საპყრობილეში, რათა აღარ გაისმას მისი ღრიალის ხმა ისრაელის მთებში. დედაშენი ვაზს ჰგავდა, წყლის პირას დანერგილ ბროწეულის ყვავილს; ნაყოფიერი და რტომრავალი იყო უხვი წყლებისაგან. მაგარი ტოტები ჰქონდა მბრძანებელთა კვერთხებისათვის; გაიზარდა, ღრუბლებამდე აიყარა ტანი – ასე ჩანდა აზიდული და რტომრავალი. მაგრამ აღმოიფხვრა რისხვით, მიწაზე იქნა დანარცხებული და ხორშაკმა ქარმა გაახმო მისი ნაყოფი. გახმა მისი ძლიერების კვერთხი, ცეცხლმა შეჭამა იგი. ახლა უდაბნოშია დარგული, გამოწრეტილ და გვალვიან ქვეყანაში. და გამოვარდა ცეცხლი მისი მძლავრი ტოტებიდან, შეჭამა მისი ნაყოფი და აღარ შერჩა მას მაგარი ტოტი ხელმწიფის კვერთხისათვის. ეს არის გოდება და დარჩება გოდებად. და იყო, მეშვიდე წელს, მეხუთე თვის მეათე დღეს, მოვიდნენ კაცები, ისრაელის უხუცესთაგან, რომ შეკითხოდნენ უფალს, და დასხდნენ ჩემს წინ. და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი: ასე თქვა-თქო უფალმა ღმერთმა: ჩემთან მოხვედით საკითხავად? ცოცხალი ვარ მე, თუ გაკითხვინეთ! – ამბობს უფალი ღმერთი. – განსჯი მათ? განსჯი მათ, ადამის ძევ? მათი მამების სისაძაგლენი აუწყე მათ. და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როდესაც მე ამოვარჩიე ისრაელი და ხელი აღვმართე იაკობის სახლის მოდგმისთვის, და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში, და აღვმართე მათთვის ჩემი ხელი და ვუთხარი, მე ვარ-მეთქი უფალი, თქვენი ღმერთი. იმ დღეს აღვმართე ჩემი ხელი ფიცით, რომ გავიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც გამოვძებნე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი და ქვეყნიერების მშვენება არის. და ვუთხარი მათ: ყოველმა თქვენგანმა თავიდან მოიშოროს-მეთქი სისაძაგლეები თვალწინ რომ უდგათ და ეგვიპტის კერპებით ნუ შეიბილწებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. მაგრამ ისინი წინ აღმიდგნენ მე და არ ისურვეს ჩემი მოსმენა. არავინ მოიშორა თვალთაგან სისაძაგლეები და ეგვიპტის კერპები არ მიატოვა; და მე ჩავითქვი, გადმომენთხია ჩემი რისხვა და დამესრულებინა ჩემი წყრომა მათზე ეგვიპტის ქვეყანაშივე. მაგრამ მე ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისთვის, რათა არ შებღალულიყო ის იმ ხალხების თვალში, რომელთა შორისაც ისინი იყვნენ, რომელთა თვალწინაც გამოვუცხადე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის ქვეყნიდან. და მე გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან და მივიყვანე უდაბნოში. და მივეცი მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე, რათა შეესრულებინათ ისინი ადამიანებს და მათი მიხედვით ეცოცხლათ. და ჩემი შაბათებიც მივეცი მათ, რათა ისინი ყოფილიყო ნიშნად ჩემსა და მათ შორის, რათა სცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი. მაგრამ ისრაელის სახლი წინ აღმიდგა მე უდაბნოში, ჩემი წესებისამებრ არ იარეს და ჩემი სამართალი შეიზიზღეს, რომელიც უნდა შეესრულებინა ადამიანს და იმით ეცოცხლა. და ჩემი შაბათები შებღალეს მეტისმეტად. და მე ჩავითქვი, გადმომენთხია მათზე უდაბნოში ჩემი რისხვა, რათა ამომეწყვიტა ისინი. მაგრამ ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი. და აღვმართე ხელი უდაბნოში მათ წინააღმდეგ და დავიფიცე, რომ არ მივიყვანდი მათ იმ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ქვეყანა ქვეყნიერების მშვენება არის. რადგან შეიზიზღეს ჩემი სამართალი და ჩემი წესებით არ იარეს და შებღალეს ჩემი შაბათები, რადგან კერპებს მისტიროდა მათი გული. მაგრამ შეიბრალა ისინი ჩემმა თვალმა დასაღუპად და არ მოვსპე უდაბნოში. და მე ვუთხარი მათ ძეებს უდაბნოში: თქვენი მამების წესებით ნუ ივლით, მათი სამართალი არ დაიცვათ და მათი კერპებით თავს ნუ იბილწავთ-მეთქი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემი წესებით იარეთ და ჩემი სამართალი დაიცავით, და ის შეასრულეთ-მეთქი. ჩემი შაბათები წმიდად დაიცავით და იყოს ისინი ნიშნად მე და თქვენს შორის იმის გასახსენებლად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. მაგრამ წინ აღმიდგნენ მე ისრაელიანთა ძენი, ჩემი წესებით არ იარეს და ჩემი სამართალი არ დაიცვეს, არ შეასრულეს ისინი, რომელთა შესრულებითაც ადამიანმა უნდა იცოცხლოს. ჩემი შაბათები შებღალეს და მე ჩავითქვი, გადმომეღვარა მათზე ჩემი რისხვა, დამესრულებინა მათზე ჩემი გულისწყრომა უდაბნოში. მაგრამ მე დავიფიცე და ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იგი იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი. და აღვუმართე მათ ჩემი ხელი უდაბნოში და დავიფიცე, რომ გავფანტავდი მათ წარმართებში და გავფანტავდი ქვეყნებში. რადგან ჩემი სამართალი არ შეასრულეს და ჩემი წესები შეიზიზღეს; ჩემი შაბათები შებღალეს და თავიანთი მამების კერპებისკენ ეჭირათ თვალი. და თავად მეც მივეცი მათ ცუდი წესები და სამართალი, რითაც ვერ იცოცხლებდნენ, და უწმიდურად გამოვაცხადე ისინი თავიანთი მსხვერპლებით (პირველშობილი ყრმების ცეცხლში დაწვით რომ ხდებოდა), რათა გამეჩანაგებინა ისინი, და გაეგოთ, რომ მე ვარ უფალი. ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ადამის ძევ, და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, რომ თქვენმა მამებმა იმითაც შემბღალეს, რომ ვერაგულად იქცეოდნენ ჩემს მიმართ. და მოვიყვანე ქვეყანაში, რომლის მიცემასაც ხელის აპყრობითა და ფიცით შევპირდი, რომ მივცემდი მათ; და მათ კი მოძებნეს ყოველი სამსხვერპლო მაღლობი და ყოველი ხემხვივანი და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, მიჰქონდათ იქ თავიანთი შესაწირავები ჩემს გასარისხებლად, აკმევდნენ იქ კეთილსურნელებებას და უღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს. და მე ვუთხარი მათ: რა არის ის მაღლობი, სადაც თქვენ დადიხართ-მეთქი? მას შემდეგ დღევანდელ დღემდე იმ ადგილს მაღლობი ეწოდება სახელად. და ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: განა თქვენი მამების გზით არ იბილწებით და მათი სისაძაგლეების კვალობაზე არა მრუშობთ? თქვენი შესაწირავების მოტანით, თქვენს ძეთა ცეცხლში დაწვით არ იბილწებით მთელი თქვენი კერპებითურთ დღემდე? და კიდევ გინდათ, რომ მე გეკითხვინოთ, ისრაელის სახლო? ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ გეკითხვინოთ. არ ახდება, რაც თქვენ გუნებაში მოგივიდათ, რომ ამბობთ: ვიქნებით სხვა ხალხებივით, სხვა ქვეყნების ტომებივით ვემსახურებით ხესა და ქვასაო. ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ ძლიერი ხელითა და აღმართული მკლავით და რისხვის გადმონთხევით არ ვიმეფო თქვენზე! გამოგიყვანთ ძლიერი ხელითა და აღმართული მკლავით ხალხებიდან და შეგკრებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტულნი ხართ, გადმოვანთხევ რისხვას, და მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და განგსჯით იქ პირისპირ. როგორც განვსაჯე თქვენი მამები ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგსჯით თქვენ! – ამბობს უფალი ღმერთი. – და გაგატარებთ კვერთხქვეშ და შეგიყვანთ დათვლილს. და გამოვყოფ თქვენგან მეამბოხეებსა და ჩემს ურჩებს. მათი ხიზნობის ქვეყნიდან გამოვიყვან, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი! და შენ, სახლო ისრაელისა, – ასე ამბობს უფალი ღმერთი, – თითოეული თავის კერპთან წადით და ემსახურეთ მას, და მერე, თუ არ მომისმენთ, ჩემს წმიდა სახელს მეტად ვეღარ შებღალავთ თქვენი შესაწირავებითა და თქვენი კერპებით. რადგან, ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე, – ამბობს უფალი ღმერთი, – უნდა მემსახუროს მთელი ისრაელის სახლი, ყველა ერთობლივ, ვინც კი არის ქვეყანაზე; იქ მოვისურვებ მათ და იქ მოვითხოვ თქვენს შეწირულობებს და პირველნაყოფს თქვენი მოსავლისა ყველა თქვენს სიწმიდეებთან ერთად. კეთილსურნელებად შეგიტკბობთ თქვენ, როდესაც გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ, და ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში ხალხების თვალწინ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მიგიყვანთ თქვენ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომლის მიცემასაც შევპირდი ხელის აღმართვით თქვენს მამებს. და გაიხსენებთ იქ თქვენს გზებს და ყველა თქვენს ნამოქმედარს, რომლითაც შეიბილწეთ, და შეგძაგდებათ თქვენი თავი ყველა იმ სიბოროტის გამო, რაც ჩაიდინეთ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მოგექცევით ჩემი სახელის გულისათვის, არა თქვენი ბოროტი გზებისა და თქვენი შერყვნილი ნამოქმედარისამებრ, ისრაელის სახლო! – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: ადამის ძევ! მიმართე შენი პირი თემანის გზისაკენ და უქადაგე სამხრეთს და იწინასწარმეტყველე სამხრეთის ველის ტყეზე. და უთხარი სამხრეთის ტყეს: ისმინე სიტყვა უფლისა; ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცეცხლს შეგინთებ და შეჭამს შენში ყველა ნედლსა და ყველა გამხმარ ხეს. არ ჩაქრება აბრიალებული ალი და გადაიბუგება ყველაფერი სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. და იხილავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, გავაღვივე ის და არ ჩაქრება! და მე ვთქვი: „ოჰ, უფალო, ღმერთო! ისინი ამბობენ ჩემზე: ზღაპრებსა ყვებაო?“ და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! მიმართე შენი პირი იერუსალიმისაკენ და იქადაგე საწმიდრებზე და უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას, და უთხარი ისრაელის მიწას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ; ამოვიწვდი ჩემს მახვილს ქარქაშიდან და მოვკვეთ შენგან მართალსა და ბოროტს. რომ მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტი, ამოიწვდება ჩემი მახვილი მისი ქარქაშიდან ყველა ხორციელზე – სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე – და მიხვდება ყველა ხორციელი, რომ მე, უფალმა, ამოვიწოდე მახვილი ქარქაშიდან, და აღარ ჩაეგება ის. და შენ, ადამის ძევ! იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ. და რადგან გკითხავენ: რატომ კვნესიო? უთხარი: ხმის გამო, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, და მოდუნდება ყოველი მკლავი, და დაუძლურდება ყოველი სული, და ყოველი მუხლი გაწყალდება. აჰა, ეს მოვა და ახდება, – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი: თქვი: მახვილი, მახვილი გალესილია და გაფერილი! გალესილია, რომ დახოცოს, დაფერილია, რომ ელავდეს! უნდა გვიხაროდეს რომ, ჩემი ძის კვერთხი დასცინის ყველა ხეს? და მივეცი დასაფერად, ხელში ასაღებად. გალესილია ეს მახვილი და დაიფერა მკვლელის ხელში გადასაცემად. ზარი თქვი და ივალალე, ადამის ძევ! რადგან ის ჩემი ერის, ისრაელის, ყველა მთავრის წინააღმდეგ არის მოღერებული! მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ერთან ერთად, ამიტომ უნდა ირტყა თეძოებზე ხელი; რადგან ის მახვილი უკვე გამოცდილია. და რა არის, თუ კვერთხსაც დასცინის? – ამბობს უფალი ღმერთი. და შენ, ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და შემოჰკარი ხელი ხელს და გაორკეცდება მახვილი და გასამკეცდება განგმირულთა ზედა, მახვილი დიდი ძლევისა, მათი მდევარი. რათა დადნეს გულები და გამრავლდნენ დაცემულნი. ყველა მათ კარიბჭეზე დავდებ ბასრ მახვილს – მოელვარეს, საკლავად დაფერილს. გაემზადე და წადი მარჯვნივ ან გაემართე მარცხნივ – საითკენაც კი შენი სახე იქნება მიმართული. და მეც შემოვკრავ ხელი ხელს და დავიცხრობ რისხვას. მე, უფალმა, ვთქვი ეს. და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: და შენ, ადამის ძევ! დაადგინე ორი გზა, საიდანაც უნდა შემოვიდეს ბაბილონის მეფის მახვილი. ორივე ის გზა ერთი ქვეყნიდან გამოვა; და დასვი გზამკვლევი ბოძი, ქალაქის გზის დასაწყისში დასვი. დასახე გზა, რომლითაც შემოვა მახვილი ყამონიანთა რაბასა და იუდაში, გამაგრებულ ქალაქ იერუსალიმში; რადგან დადგა ბაბილონის მეფე გზათა გასაყართან, ორი გზის დასაწყისში, სამისნოდ: შეარხია ისრები, ჰკითხა თერაფიმებს, ათვალიერებს ღვიძლს. მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები. და იქნება ეს მათ თვალში, როგორც ფუჭი მისნობა; ფიცთა ფიცი აქვთ დადებული, მაგრამ ის ახსენებს იმ ურჯულოებას, რის გამოც შეპყრობილ იქნებიან. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თქვენ გაიხსენეთ თქვენი ურჯულოება, როდესაც გამოამჟღავნეთ თქვენი დანაშაულებანი, რათა გეჩვენებინათ თქვენი ცოდვანი თქვენს ყველა ნამოქმედარში, ისე, როგორც თქვენ იყავით გახსენებულნი, ხელით იქნებით შეპყრობილნი. და შენ, ისრაელის ბოროტო მთავარო, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს, და ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება; დამდაბლებული ამაღლდება და ამაღლებული დამდაბლდება. ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას. და ისიც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო. და შენ, ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონიანებზე და მათ შერცხვენაზე. და თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცად, დაფერილია შესამუსრად, რათა ელვასავით ელავდეს. ყალბი ხილვებით, ცრუ მისნობით მიგაგდებენ დახოცილ ბოროტეულთა გვამებთან, რომელთაც დაუდგათ ჟამი, როცა ბოლო უნდა მოეღოს დანაშაულს. ჩააგე ქარქაშში. იმ ადგილას, სადაც შეიქმენი, შენი შობის ქვეყანაში განგსჯი შენ. და გადმოვანთხევ შენზე ჩემს რისხვას, ჩემი წყრომის ცეცხლს დავბერავ შენზე და მიგცემ მძვინვარე, მკვლელობაში გაწაფულ, ადამიანთა ხელთ. ცეცხლის შესაჭმელი იქნები შენ, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში იქნება და არ გაგიხსენებენ, რადგან მე, უფალმა, ვთქვი ეს. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: და შენ, ადამის ძევ! გინდა, რომ განსაჯო ამ მკვლელთა ქალაქი? გამოუცხადე მას მთელი მისი სისაძაგლე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოჰ, ქალაქო, შენს კედლებში მართალთა სისხლი რომ დაათხიე, შენს განსაკითხად, და კერპებს რომ აკეთებდი, შენს შესაბილწად! იმ სისხლით, რომელიც დაღვარე, დადანაშაულდი და შენი კერპებით, რომლებიც გააკეთე, შეიბილწე. და მოიახლოვე შენი აღსასრულის დღეები და მიილია შენი წლები. ამის გამო წარმართთა საგინებლად გაქცევ და მთელი ქვეყნის სამასხროდ. ახლობელნი და შორეულნი დაგცინებენ შენ, უწმიდურო და მრავალი ურჯულოებით სავსევ! აჰა, ისრაელის მთავარნი, თითოეული ძალას იკრებდა, რათა სისხლი დაეთხია შენში. მამას და დედას ამცირებენ თქვენში, მწირს უპატიოდ ექცევიან, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ. ჩემს სიწმიდეებს აბუჩად იგდებ და ჩემს შაბათებს არღვევ; ცილისმწამებელნი არიან შენში, რომლებიც სისხლს ღვრიან; სამსხვერპლო მალობებზე ჭამენ ნაზორევს; გარყვნილებას ეწევიან შენში. მამის სიშიშვლეს აჩენენ თქვენში, წიდოვან ქალზე ძალადობენ, ერთი თავისი მოყვასის ცოლთან სჩადის სისაძაგლეს, მეორე თავის რძალს ბილწავს, და სხვა – თავის დას, თავისი მამის ასულს, ხდის ნამუსს. ქრთამებს იღებენ თქვენში, რათა სისხლი დაღვარონ; ვახშსა და სარგებელს იღებენ და ძალადობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე! – ამბობს უფალი ღმერთი. – და, აჰა, მე ხელი ხელს შემოვკარი შენი ანგარების გამო, რაც აკეთებ, და შენგან დაღვრილი სისხლისღვრის გამო, რაც თქვენში ხდება. თუ დამიდგება შენი გული, ან თუ შერჩება ძალა შენს ხელებს იმ დღეებში, როცა აღვიძვრები შენს წინააღმდეგ? მე, უფალი, ვამბობ ამას და გავაკეთებ. და მე გაგფანტავ შენ წარმართთა შორის, და მიმოგაბნევ სხვადასხვა ქვეყნებში, რათა ბოლო მოვუღო შენს სისაძაგლეს. და შეიბღალები წარმართთა თვალწინ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი! და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: ადამის ძევ! ისრაელის სახლი ჩემთვის წიდას დაემსგავსა; ყველა ისინი, როგორც სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია ბრძმედში ყრია და ვერცხლის წიდა და ხენჯი არიან. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თქვენ ყველანი იქეცით წიდად, ამიტომ მე შეგაგროვებთ იერუსალიმში, როგორც აგროვებენ ვერცხლს და სპილენძს, რკინას, ტყვიასა და კალას ბრძმედში, რათა შეუნთონ ცეცხლი გამოსადნობად, ასე შეგაგროვებთ ჩემი რისხვითა და წყრომით, და ჩაგყრით და გადაგადნობთ. შეგკრებთ და გავაღვივებ თქვენზე ჩემი წყრომის ცეცხლს და გადადნებით მასში. როგორც ვერცხლი დნება ბრძმედში, ისე გადადნებით თქვენ და მიხვდებით, რომ მე, უფალმა, გადმოვანთხიე ჩემი რისხვა თქვენზე. და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: ადამის ძევ! უთხარი მას: შენა ხარ-თქო გამოგოლვილი მიწა რისხვის დღეს! შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ. მისი მღვდლები ჩემს რჯულს აყალბებენ და ჩემს სიწმიდეებს ბღალავენ; წმიდასა და შებღალულს ერთმანეთისაგან ვერ არჩევენ და შებილწულსა და განწმედილს არ აცხადებენ; ჩემს შაბათებს თვალს არიდებენ, და მე შევილახე მათ გარემოში. მისი მთავრები მგლებს ჰგვანან, ნადავლს რომ იტაცებენ; სისხლს ღვრიან; სიცოცხლეს უსწრაფებენ ადამიანებს თავიანთი გამდიდრებისათვის. მისი წინასწარმეტყველნი თვალში ნაცარს აყრიან მათ ამაო ხილვებით და ცრუმისნობით სიცრუეს ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს. ამ ქვეყნის ერი ერთმანეთზე ძალადობს, ძარცვავს ღარიბსა და ღატაკს, მწირს ავიწროვებს უსამართლოდ. და მე ვეძიე მათში კაცი, რომელიც აღადგენდა ზღუდეს და ჩემს წინაშე დადგებოდა ნანგრევებთან ამ ქვეყნის გადასარჩენად, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვიპოვე. ამიტომ გადმოვანთხევ მათზე ჩემს რისხვას, ჩემი მძვინვარების ცეცხლით გავწყვეტ მათ და მათს ნამოქმედარს მათსავე თავზე მოვაქცევ, – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! იყო ორი ქალი, ასული ერთი დედისა. და მეძაობდნენ ისინი ეგვიპტეში, სიყმაწვილეშივე იმეძავეს. იქ დაუსრისეს მათ ძუძუები და დაუჭყლიტეს დვრილნი ქალწულობისა. და სახელები მათი: უფროსისა – ოჰოლა და მისი დისა – ოჰოლიბა. და ჩემები იყვნენ ისინი და მიშვეს ძენი და ასულნი. და სახელები მათი: ოჰოლა სამარია არის და ოჰოლიბა – იერუსალიმი. და გაბოზდა ოჰოლა ჩემს ხელში და ეტრფოდა თავის საყვარლებს, აშურელ მეომრებს, ძოწეულით შემოსილ სპასპეტსა და ერისმთავრებს. ყველანი ლამაზი ჭაბუკები იყვნენ – მხედრები, ცხენებზე ამხედრებულნი. და იმეძავა მათთან, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა, და ყველა მათი კერპით შეიბილწა. და თავისი მეძაობა ეგვიპტეში არ მიატოვა, რადგან იწვნენ მასთან მის სიყმაწვილეში და მათ სრისეს მისი სიქალწულის დვრილები და დაღვარეს თავიანთი სიძვა მასზე. ამიტომ მივეცი მე იგი მისი საყვარლების ხელთ, აშურის ძეთა ხელთ, რომლებსაც ეტრფოდა. მათ გამოაჩინეს მისი სიშიშვლე, მისი ძენი და ასულნი წაიყვანეს, ის კი მახვილით მოკლეს. და გახდა მისი სახელი სირცხვილად ქალთა შორის და მსჯავრი დასდეს მას. და დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ, და თავის დაზე მეტად გახრწნა თავისი ტრფიალება, და მეძაობით თავისი დის მეძაობას გადააჭარბა. ისიც აშურის ძეთ ეტრფოდა, სპასპეტთა და ერისმთავართ, თავის მეზობლებს ბრწყინვალედ შემოსილთ, მხედრებს, ცხენებზე ამხედრებულთ – ყველა რჩეულ ჭაბუკს. და მე ვნახე, რომ შეიბილწა – ერთი გზა ჰქონდა ორივე დას. მოუმატა თავის მეძაობას: ნახა კაცები გამოხატულნი კედელზე, გამოსახულებანი ქალდეველთა, სინგურით დახატული, წელზე სარტყელშემორტყმულნი, თავზე დოლბანდჩამოფარებულნი, მსგავსნი მხედართმთავართა, შესადარნი ბაბილონის ძეთა, რომელთა მშობლიური ქვეყანა ქალდეა არის. და მიეტრფო მათ თვალის ერთი შეხედვით და გაგზავნა მათთან მოციქულნი ქალდეაში. და მივიდნენ მასთან ძენი ბაბილონისა სასიყვარულო სარეცელზე და შებილწეს იგი თავიანთი სიძვით. და შეიბილწა მათგან და განშორდა მათ მისი სული. და გამოაჩინა მან თავისი მეძაობა და გამოაჩინა თავისი სასირცხვო. და განშორდა ჩემი სული მას, როგორც განშორდა ჩემი სული მის დას. და ამრავლა მან თავისი მეძაობა, როცა იხსენებდა თავის სიყმაწვილის დღეებს, როდესაც მეძაობდა ეგვიპტის ქვეყანაში, და ეტრფოდა თავის საყვარლებს, რომელთა ხორციც ვირების ხორცია და ულაყთა ქუქუნია მათი ქუქუნი. შენ გაიხსენე გარყვნილება შენი სიყმაწვილისა, როცა ეგვიპტელნი გისრესდნენ შენი სიყმაწვილის ძუძუთა დვრილებს. ამიტომ, ოჰოლიბა, – ასე ამბობს უფალი ღმერთი, – აჰა, მე აღვძრავ შენს საყვარლებს შენზე, რომელთაც მოშორდა შენი სული და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან, ბაბილონის ძეთ და ყველა ქალდეველს, ფეკოდელს, შოაყელს და კოაყელს, აშურის ყველა ძეს მათთან ერთად, ლამაზ ჭაბუკთ, სპასპეტთ და ერისმთავართ, მხედართმთავართ და დიდებულთ – ცხენებით მოდგრიალეთ. შეგესევიან საჭურვლით, ცხენებითა და ეტლებით ხალხთა ბრბოები; გარს მოგიცავენ თოროსნები ფარმუზარადით. და მე მიგცემ მათ სამსჯავროდ და დაგდებენ მსჯავრს თავიანთი სამართლით. და მოვაწევ ჩემს გულისწყრომას შენზე და რისხვით მოგექცევიან ისინი, ცხვირსა და ყურებს დაგაჭრიან და შენი დანარჩენები მახვილით დაეცემიან. შენს ძეთ და შენს ასულთ ტყვეებად გაირეკავენ და შენს დანარჩენს ცეცხლი შეჭამს. სამოსელს შემოგძარცვავენ და წაიღებენ შენს სამკაულებს. და აღვკვეთავ შენს გარყვნილებას და შენს ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ შენს მეძაობას, და აღარ მიაპყრობ თვალებს მათ და ეგვიპტეს აღარ გაიხსენებ. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე გადაგცემ შენ იმათ ხელთ, ვინც შეიძულე, იმათ ხელთ, ვინც მოიშორა შენმა სულმა, მოგექცევიან შენ სიძულვილით და წაიღებენ მთელ შენს ქონებას, და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს, და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი მეძაობა. ეს დაგემართება შენი მეძაობის გამო წარმართებთან, მათი კერპებით რომ შეიბილწე. შენი დის გზაზე დადიოდი; ამიტომ მოგცემ ხელთ მის სასმისს. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის სასმისს შესვამ, ღრმასა და ფართოს და იქნები დასაცინი და მასხარად აგდებული; ბევრს იტევს იგი. სიმთვრალითა და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთილებისა და გატიალების სასმისია შენი დის, სამარიის, სასმისი. შესვამ მას და გამოწრუპავ, ნაპირებს მოულოკავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი ეს! – ამბობს უფალი ღმერთი. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან შენ დამივიწყე და ზურგსუკან მომისროლე, ატარე ახლა შენი გარყვნილებისა და მეძაობის სასჯელი. და მითხრა უფალმა მე: ადამის ძევ! მსჯავრი გინდა დასდო ოჰოლასა და ოჰოლიბას? უთხარი მათ მათი სისაძაგლეები. რადგან ისინი მეძაობდნენ და ხელი სისხლში აქვთ გასვრილი. თავიანთ კერპებთან მეძაობდნენ და თავის ძეებს, რომლებიც მე მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ კერპების შესაჭმელად. კიდევ აი რა გამიკეთეს მე: შებღალეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს. და როდესაც სწირავდნენ თავის შვილებს თავიანთ კერპებს, იმავე დღეს მოდიოდნენ ჩემს საწმიდარში და ბღალავდნენ მას. აი როგორ იქცეოდნენ ისინი ჩემს სახლში. ამას გარდა შორიდან მოსასვლელ ხალხსაც კი იბარებდნენ; მოციქული იგზავნებოდა; მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იოლავდი და სამკაულებით ირთვებოდი; ბრწყინვალე საწოლზე ჯდებოდი და გაწყობილი ტაბლა იდგა მის წინ და ზედ ჩემს საკმეველსა და ჩემს ზეთს აწყობდი. უდარდელი ბრბოს ხმა გაისმოდა იქ და ამ უამრავ ხალხთან მოჰყავდათ უდაბნოდან საბეელები, რომლებიც სამაჯურებს უკეთებდნენ ხელებზე მათ და თავზე ლამაზ გვირგვინებს ადგამდნენ. და მე ვთქვი მეძაობით გაცვეთილებზე: ახლა კი დამთავრდება მისი მეძაობა მასთან ერთად. და მოდიოდნენ მასთან, როგორც მიდიან მეძავ ქალთან, ისე მოდიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან – გარყვნილ ქალებთან. მაგრამ მართალი ხალხი განსჯის მათ გარყვნილთა მსჯავრით და სისხლისმღვრელთა მსჯავრით, რადგან გარყვნილნი არიან და სისხლია მათ ხელებზე. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი ისინი ძრწოლასა და ძარცვა-გლეჯას. და ჩაქოლავს მათ კრებული ქვით, და დაჩეხავენ მათ თავისი მახვილებით, მათ ძეთა და ასულთ დახოცავენ და მათ სახლებს ცეცხლში დასწვავენ. და შევწყვეტ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე და ყველა ქალი ისწავლის ჭკუას და არ მოიქცევიან თქვენი გარყვნილებისამებრ. და თქვენზევე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ თქვენს კერპთა ცოდვებს, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს: ადამის ძევ! ჩაიწერე ამ დღის სახელი, სწორედ ამ დღისა; ამ დღეს მოადგა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, წარმოთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი ქვაბი ცეცხლზე, შემოდგი და ჩაასხი შიგ წყალი. ჩაყარე შიგ ნაჭრები, კარგი ნაჭრები – ბარკლის და ბეჭის, ნარჩევი ძვლიანებით გაავსე. საუკეთესო ცხვარი გამოარჩიე, და შეუკეთე ქვაბს შეშა, აადუღე, რომ ძვლებიც კი ჩაიხარშოს. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი მოსისხლე ქალაქს, წაკალულ ქვაბს რომ ჰგავს, რომელსაც გესლი არა სცილდება. ნაჭერ-ნაჭერ წამოყარეთ, რჩევას ნუ დაუწყებთ. რადგან მისი სისხლი მასში იყო. შიშველ კლდეზე დადო ის, არ დაღვარა მიწაზე, სადაც მას მტვერი დაფარავდა. რათა გამეღვიძებინა რისხვა შურისძიებისთვის, მე დავდე მისი სისხლი შიშველ კლდეზე, რათა არ დაფარულიყო. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი, სისხლში მოსვრილ ქალაქს! მეც გავაჩაღებ დიდ ხანძარს. შეშას მოუმატე, გააჩაღე ცეცხლი, ჩახარშე ხორცი; წვენი დააშრეს და ძვლები ჩაიშალოს. და ცარიელი ქვაბი ნაკვერჩხლებზე დადგი, რათა გამოიწვას, სპილენძი გავარვარდეს, და გადნეს მისი გესლი და გაქრეს მისი ნადედი. და რამდენსაც არ უნდა ვარვარებდეს ქვაბი, შემხმარი გესლი არ ჩაიწვება ცეცხლში. შენს სიბილწეშია ისეთი სისაძაგლე, რომ რამდენიც არ უნდა წმინდო, მაინც არ იწმინდები შენი სიბილწისაგან, ვიდრე არ დავაცხრობ ჩემს რისხვას შენზე. მე, უფალმა, ვთქვი და ახდება; გავაკეთებ, არ დავაყოვნებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ. შენი გზებისა და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯი შენ! – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: ადამის ძევ! უეცარი სიკვდილით წავიყვან შენგან შენი თვალის სასურველს, მაგრამ შენ ნუ იგლოვ და ნურც იტირებ, ცრემლს ნუ დაიდენ. ჩუმად ოხრავდე, მკვდრებს გლოვას ნუ გაუმართავ; თავსაბურავი შემოიხვიე და უხამური ნუ იქნები, წვერს ნუ დაიფარავ და უცხოთა პურს ნუ შეჭამ. ველაპარაკე ხალხს დილით და საღამოთი მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დღეს ისე გავაკეთე, როგორც მებრძანა. და მითხრა მე ხალხმა: არ გვეუბნები, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, რასაც შენ აკეთებ? და მე ვუთხარი მათ: უფლის სიტყვა იყო ჩემს მიმართ ნათქვამი: უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე სალანძღავად ვაძლევ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს თვალთა სასურველს, და თქვენი სულის სანუკვარს. თქვენი ძენი და ასულნი, რომელნიც მიატოვეთ, მახვილით დაეცემიან. და თქვენც იმას გააკეთებთ, რაც მე გავაკეთე: წვერ-ულვაშს არ დაიფარავთ და უცხოთა პურს არ შეჭამთ; საბურველი უნდა გქონდეთ თავზე და არ იყოთ უხამური; ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ. დადნებით თქვენს ცოდვებში და ერთმანეთს შესტირებთ. და იქნება ეზეკიელი თქვენთვის მაგალითად და რაც მან გააკეთა, თქვენც იმას გააკეთებთ. და როცა ეს ახდება, მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი. და შენ, ადამის ძევ! იმ დღეს, როცა წავართმევ მათ ძლიერებას, მათი მშვენების სიხარულს, მათი თვალის სასურველს და უძვირფასესს მათი სულისა, მათ ძეთ და მათ ასულთ, – იმ დღეს მოვა შენთან გადარჩენილი, რათა ყურში ჩაგასმინოს ამბავი. იმ დღეს გაგეხსნება ბაგე გადარჩენილის მიმართ და ალაპარაკდები; აღარ დადუმდები მეტად და იქნები მათთვის სასწაულად; და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! მიაქციე პირი ყამონიანებისკენ, და იწინასწარმეტყველე, და უთხარი ყამონის ძეთ: ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი აუგს ამბობ ჩემს საწმიდარზე, რადგან შეიბღალა იგი, – და ისრაელის მიწაზე, რადგან აოხრდა, და იუდას სახლზე, რადგან ტყვეობაშია წაყვანილი, – ამიტომ აჰა, მე მიგცემ შენ აღმოსავლეთის ძეთ სამკვიდროდ. და მოაწყობენ შენს მიწაზე თავიანთ ბანაკებს და გაშლიან თავიანთ კარვებს, შეჭამენ შენი მიწის ნაყოფს და დალევენ შენს რძეს. რაბას ვაქცევ აქლემთა საძოვრებად, და ყამონიანთა ქვეყანას – ცხვრის ფარეხებად. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ტაშს რომ უკრავდი და ბუქნას რომ უვლიდი და მთელი შენი სულის ზიზღით ხარობდი ისრაელიანთა უბედურებაზე, ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და მიგცემ ხალხებს საძარცვავად, და მოგკვეთავ ხალხებიდან, და მოგსპობ ქვეყნებიდან; გაგანადგურებ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ასე ამბობენ მოაბი და სეყირი: აჰა, როგორც ყველა სხვა ხალხები, ისეა სახლი იუდასი, ამიტომ, აჰა, მე გავარღვევ მოაბის სიმაგრეებს – ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნიერების მშვენებებს: ბეთ-იეშიმოთს, ბაყალ-მეყონს და კირიათაიმს აღმოსავლეთის ძეთათვის და სამემკვიდრეოდ მივცემ მათ, ყამონის ძეებიანად, რათა აღარ იხსენიებოდნენ ყამონიანები ხალხებში, და მოაბს დავდებ მსჯავრს და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შურისგებით ექცეოდა ედომი იუდას სახლს და შესცოდა, მის მიმართ შურისძიებით, ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელს მოვუღერებ ედომს და მოვსპობ კაცსა და პირუტყვს, და უდაბნოდ ვაქცევ; თემანიდან დედანამდე ყველა მახვილით დაეცემა. და აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის, ისრაელის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ; მაშინ მიხვდებიან ჩემს შურისგებას, – ამბობს უფალი ღმერთი. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ფილისტიმელნი შურისძიებით იქცეოდნენ და სულის ზიზღით იძიებდნენ შურს მოსასპობად მარადიული მტრობით, ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს და მოვსპობ ქერეთელებს და გავანადგურებ მათ ნატამალს ზღვის პირას; და აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას მრისხანე სასჯელებით; და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა შურს ვიძიებ მათზე. მეთერთმეტე წლის პირველი თვის პირველ დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! იმის გამო, რომ ცორი ამბობს იერუსალიმზე: აჰა! ვაშა! შემუსრულია ის – კარიბჭე ხალხთა; ის ჩემსკენ მოიქცევა და ავივსები, ის კი გაუკაცრიელდება. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, ცორო, და აღვძრავ შენზე მრავალ ხალხებს, როგორც ზღვა აღძრავს თავის ტალღებს, და დაანგრევენ ცორის ზღუდეებს და დააქცევენ მის გოდლებს; მიწას ჩამოვრეცხავ და პიტალო კლდეებად ვაქცევ. ბადეების გასაფენი ადგილი იქნება ის შუაგულ ზღვაში, რადგან მე ვთქვი, – ამბობს უფალი ღმერთი, – და იქნება იგი ხალხების სათარეშოდ. და ხმელეთზე მყოფი მისი ასულნი მახვილით დაეცემიან. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე მოვიყვან ცორზე ჩრდილოეთიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მეფეთა მეფეს, ცხენებითა და ეტლებით, მხედრებითა და კრებულით და მრავალი ხალხით. ხმელეთზე მყოფ შენს ასულებს მახვილით დახოცავს; საალყო კოშკებს მოგადგამს და მიწაყრილს შემოგავლებს გარს; და ფარს აღმართავს შენს წინააღმდეგ. ტარანებს დადგამს შენს კედლებთან და შენს გოდლებს წერაქვით დაანგრევს. მისი ცხენების კორიანტელი დაგფარავს; მხედრებისა და ეტლების ხმა შეარყევს შენს კედლებს, როდესაც შემოვლენ შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგარღვეულ ქალაქში შედიან. მისი ცხენების ფლოქვები გადაჯეგავენ შენს ქუჩებს, შენი ხალხი მახვილით დაეცემა და შენი ძლიერების სვეტები მიწაზე დაემხობა. გაძარცვავენ შენს დოვლათს, და დაიტაცებენ შენს ნავაჭრს, დაანგრევენ შენს კედლებს, შენს მშვენიერ სახლებს გააცამტვერებენ; შენს ქვასა და ხეს, შენს მიწას წყალს მისცემენ. დავადუმებ შენი სიმღერების გუგუნს და შენი ქნარების ხმა მიწყდება. შიშველ კლდეებად გაქცევ, ბადეების გასაფენი იქნები და აღარ აშენდები მეტად, რადგან მე, უფალმა, ვთქვი, – ამბობს უფალი ღმერთი. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ცორს: ნუთუ შენი დაცემის ხმისგან, ხოცვა-ჟლეტისას დაჭრილთა კვნესისაგან არ შეირყევიან კუნძულები? ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ხალხების ხელმწიფენი და მოიხსნიან მოსასხამებს, და ნაქარგ სამოსელს გაიხდიან, ძრწოლით შეძრწუნებულნი მიწაზე დასხდებიან და კვნესას მოჰყვებიან შენზე. გოდებას დაიწყებენ შენზე და გეტყვიან: როგორ დაიღუპე, ზღვაოსნებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, ზღვებზე რომ მძლავრობდით შენცა და შენი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდით ყველას! ახლა, შენი დაცემის დღეს, შეძრწუნდებიან კუნძულები; და შეძრწუნდებიან ზღვის კუნძულები, შენი დაცემის გამო. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: როდესაც გაქცევ აოხრებულ ქალაქად, უკაცრიელ ქალაქთა მსგავსად, როდესაც წამოიმართება შენზე უფსკრული და დაგფარავს ბევრი წყლები, ჩაგიყვან საფლავად ჩამავლებთან, უწინდელ ხალხთან, და დაგამკვიდრებ ქვესკნელში, მარადიულ უდაბნოში, საფლავში ჩასულებთან, რათა აღარ დასახლდე; და დიდებას მივცემ ცოცხალთა ქვეყანას. საშინელებად გაქცევ შენ, და აღარ იარსებებ, ძებნას დაგიწყებენ და ვეღარ გიპოვიან საუკუნოდ, – ამბობს უფალი ღმერთი. იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: და შენ, ადამის ძევ! იწყე გოდება ცორზე, და უთხარი ცორს, დასახლებულს ზღვის მისადგომებში, მრავალი კუნძულის ხალხებთან მოვაჭრეს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცორო, შენ ამბობ, სრულქმნილი მშვენება ვარო. ზღვის გულშია შენი საზღვრები; შენმა მშენებლებმა სრულქმნეს შენი მშვენება. სენირის კვიპაროსებისგან გაგითალეს ყველა ფიცარი, ლიბანიდან კედარი მოზიდეს, რომ გაეკეთებინათ შენთვის ანძები; ბაშანის მუხის ნიჩბები გაგითალეს; მერხები ქითიმელთა კუნძულების წიფლისაგან გაგიკეთეს და სპილოსძვლით მორთეს; ეგვიპტური მოქარგული ქსოვილისა იყო შენი იალქნები, რათა გქონოდა დროშად. ელიშას კუნძულებიდან მოტანილი ცისფერი და მეწამული იყო შენი გადასაფარებელი. ციდონის და არვადის მცხოვრებნი იყვნენ შენი მენიჩბენი; მესაჭეებად შენივე მცოდნე ხალხი გყავდა. ღებალის უხუცესნი და მისი მცოდნენი გყავდნენ შენი გემების ბზარების შესაკეთებლად; ყველა გემი და ყველა მათი მეზღვაური იყო თქვენში საქონლის გაცვლა-გამოცვლისვის. სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენი ჯარისკაცნი; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას. არვადელები და შენი ლაშქარი ირგვლივ იცავდნენ შენს ზღუდეებს, და გამადელნი გუშაგობდნენ შენს გოდლებზე. თავიანთ კაპარჭებს ჰკიდებდნენ შენს კედლებზე ირგვლივ; ისინი სრულჰყოფდნენ შენს მშვენებას. თარშიში, შენთან ვაჭრობდა შენი სიმდიდრის გამო; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას სცვლიდა შენს საქონელში. იავანი, თუბალი და მეშექი ვაჭრობდნენ შენთან ადამიანთა სულადობითა და სპილენძით. თოგარმას სახლიდან საომარ და საფერხე ცხენებს და ჯორებს ცვლიდნენ შენს საქონელში. დედანელები ვაჭრობდნენ შენთან. მრავალი კუნძული გიცვლიდა საქონელს; სპილოსძვალსა და ებანოზს გთავაზობდნენ. არამელნი ვაჭრობდნენ შენთან შენი დიდძალი ნახელავის გამო; ზურმუხტს, ძოწეულს და ნაქარგ ქსოვილს, ბისონს, მარჯანს და ლალს გიცვლიდნენ შენს საქონელში. იუდა და ისრაელი ვაჭრობდა შენთან; მინითის ხორბალსა და ტკბილეულს, თაფლს, ზეთსა და ბალზამს გიცვლიდნენ შენს საქონელში. დამასკო ვაჭრობდა შენთან შენი მრავალი ნახელავის გამო და აურაცხელი დოვლათის გამო, ხელბონის ღვინითა და თეთრი მატყლით. ვედანი და იავანი უზალიდან შენს საქონელში გამოჭედილ რკინას, კასიასა და სურნელოვან ლერწამს გიცვლიდნენ. დედანი ვაჭრობდა შენთან ცხენის შატროვნებით. არაბნი და კედარის ყველა მთავარი გაცვლა-გამოცვლას ეწეოდა შენთან კრავებით, ვერძებითა და ვაცებით. შებასა და რაყმას ვაჭარნი ვაჭრობდნენ შენთან ყოველგვარი საუკეთესო სურნელითა და პატიოსანი ქვებით, და ოქროს გაძლევდნენ შენს საქონელში. ხარანი, ქანე, ყედენი, შებას მოვაჭრენი, აშური და ქილმადი შენთნ ვაჭრებდნენ. ისინი ვაჭრობდნენ შენთან ბრწყინვალე ტანსაცმლით, აბრეშუმისა და ნაქარგი ქსოვილებით, რაც მოჰქონდათ შენს ბაზრებში კედარის ძვირფას ყუთებში ჩაწყობილი. თარშიშის ხომალდები იყო შენი სავაჭრო ქარავნები, და გამდიდრდი და სახელი გაითქვი მთელს ზღვებზე. დიდ წყლებზე გატარეს შენმა ნიჩბოსნებმა; აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა შენ ზღვების გულში. შენი სიმდიდრე და შენი საქონელი, შენი სავაჭრო, შენი მეზღვაურნი და შენი მესაჭენი, შენი ბზარების შემკეთებელნი და შენი საქონლის გამსაღებლები, და ყველა შენი მებრძოლი, და მთელი შენი კრებული, ზღვის გულში ჩაინთქმებიან შენი დაცემის დღეს. შენს მესაჭეთა ღრიალით შეირყევიან შემოგარენი. და მათი ხომალდებიდან ჩამოვა ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაური, ყველა ზღვის მესაჭე და ხმელეთზე დადგება. მაღალი ხმით იყვირებენ შენს გამო, და მწარედ აქვითინდებიან თავზე ნაცარგადაყრილნი და მტვერში დაიწყებენ გორვას. თავებს გადიპარსავენ, ძაძებს ჩაიცვამენ და იტირებენ შენზე სულგამწარებულნი და მწარე გოდებით. და აამაღლებენ შენზე მჭმუნვარე გოდებას, და ასე ივალალებენ შენზე: ვინ არის, რომ ცორივით დადუმებულიყოს შუაგულ ზღვაში?! როდესაც ზღვებიდან გადიოდა შენი საქონელი, აძღობდი ხალხებს შენი სიმდიდრით, და შენი საქონლით ამდიდრებდი ქვეყნის მეფეებს. და ახლა, როცა დაგლეწეს შენ ზღვებმა წყლების ჯურღმულებში, შენი სავაჭრო და მთელი შენი კრებული შთაინთქა. კუნძულთა მცხოვრებნი შეძრწუნდნენ შენს გამო, მათი მეფეები შეირყნენ და სახე შეეშალათ. სხვა ხალხთა ვაჭრებმა დაგისტვინეს; საშინელებად იქეცი და აღარ იქნები საუკუნოდ. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! უთხარი ცორის მთავარს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან აღზევდა შენი გული და ამბობდი, მე ვარო ღმერთი, ღმერთის სამკვიდრებელი დავიმკვიდრეო ზღვის გულში, თუმცა ადამიანი ხარ და არა ღმერთი, ღმერთის გულს კი უტოლებ შენს გულს, – აჰა, შენ დანიელზე ბრძენი ხარ, არ არსებობს საიდუმლო შენგან დაფარული; შენი სიბრძნით და შენი გონებით მოიხვეჭე ქონება, ოქრო-ვერცხლით გაავსე შენი საგანძურები, შენი დიდი სიბრძნით, ვაჭრობით გაამრავლე შენი დოვლათი, და აღზევდა შენი გული შენი დოვლათით. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუტოლე, ამიტომ, აჰა, მოგისევ უცხოელებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის, და იშიშვლებენ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და დააბნელებენ შენს ბრწყინვალებას. საფლავში ჩაგიყვანენ და ზღვების გულში დახოცილთა სიკვდილით მოკვდები. განა ეტყვი შენს მკვლელს: მე ღმერთი ვარო, როცა ადამიანი ხარ შენს დამღუპველთა ხელში და არა ღმერთი. წინადაუცვეთელთა სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვთქვი, – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! იტირე ცორის მეფეზე და უთხარი მას: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შენ ბეჭედი ხარ სრულყოფილებისა, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული. ედემში იმყოფებოდი, ღმერთის ბაღში; შემკული იყო შენი შესამოსელი ყოველგვარი პატიოსანი ქვით: ლალით, ტოპაზით და ალმასით, ქრიზოლითით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ზურმუხტით, ბივრილითა და ოქრო-ქვით; ოქროთი და მარგალიტით იყო გაკეთებული შენი საყურეები, შენი შექმნის დღეს იქნა ისინი დამზადებული. შენ ცხებული ქერუბიმი იყავი, დამცველად დაგადგინე მე; შენ იყავი ღმერთის წმიდა მთაზე, და ცეცხლის ქვებს შორის დადიოდი. უნაკლო იყავი შენს გზაზე შენი შექმნის დღიდან, სანამ არ აღმოჩნდა შენში უსამართლობა. უზომო ნავაჭრმა აავსო შენი შიგნეულობა ძალადობით და შესცოდე; და მე გადაგაგდე ღმერთის მთიდან, როგორც უწმიდური, გაგაძევე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებიდან. აღზევდა შენი გული შენი მშვენების გამო, დაღუპე შენი სიბრძნე შენი ამპარტავნების გამო; ამიტომაც მიწაზე დაგანარცხე, მეფეთა წინაშე დაგსვი გასამასხრებლად. შენი მრავალი ურჯულოებით, შენი ვაჭრობის უსამართლობით შებღალე შენი საწმიდრები; და შენი შუაგულიდან ამოვიღებ ცეცხლს, რომელიც შეგჭამს შენ; და მე გაქცევ ნაცარ-მტვრად მიწაზე ყველა შენი მნახველის თვალწინ. ყველა, ვინც გიცნობს შენ წარმართთა შორის, გაოცებულნი შეგხედავენ; საშინელებად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! პირი ქენი ციდონისაკენ და იწინასწარმეტყველე მასზე. და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ციდონო, და განვდიდდები შენს შორის, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც აღვასრულებ მასზე სამართალს და გამოვაცხადებ ჩემს სიწმიდეს მასში; და მოვუვლენ მას შავ ჭირსა და სისხლისღვრას ქუჩებში, და დაეცემიან მასში დახოცილნი მახვილით, ყოველი მხრიდან მათი შემჭმელი; და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. და აღარ იქნება ის ისრაელის სახლის მჩხვლეტავი ეკალი და შემაწუხებელი ხიჭვი, მათ შორის, ვინც გარს ახვევია და მისი მოძულენი არიან, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი ღმერთი. ასე ამბობს უფალი ღმერთი: როდესაც მე შევკრებ ისრაელის სახლს ხალხებიდან, რომლებშიც არიან გაფანტულნი, და გამოვაცხადებ მათში ჩემს სიწმიდეს წარმართთა თვალწინ, და დასახლდებიან თავიანთ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს; და დასახლდებიან მასზე უსაფრთხოდ, და ააშენებენ სახლებს, და ჩაყრიან ვაზს და იცხოვრებენ მშვიდად, როდესაც მე აღვასრულებ სამართალს ყველა მათ მოძულეზე მათ ირგვლივ, მაშინ მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. მეათე წელს, მეათე თვის მეთორმეტე დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! პირი ქენი ეგვიპტის მეფის, ფარაონის, მიმართ, და იწინასწარმეტყველე მასზე და მთელ ეგვიპტეზე, ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ, ფარაონო, ეგვიპტის მეფევ, დიდო ურჩხულო, რომელიც გაწოლილხარ შენს მდინარეთა შორის და ამბობ: ჩემია მდინარე და მე წარმოვშვიო იგი ჩემთვის. მაგრამ მე გაგიყრი ჩანგლებს ყბებში და აგაკრავ შენი მდინარეების თევზებს ქერეჭებზე, და ამოგათრევ შენი მდინარეებიდან და ყველა შენი მდინარის თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული; და დაგყრით უდაბნოში შენ და შენი მდინარეების თევზებს. ვრცელ ტრამალზე დაეცემი; არავინ აგკრეფთ და არავინ შეგაგროვებთ; ტყის ნადირსა და ცის ფრინველებს მიგცემ საჯიჯგნად. და გაიგებს ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ მე ვარ უფალი; რადგან ეგვიპტელნი ლერწმის საყრდენი იყვნენ ისრაელის სახლისთვის. როდესაც გიბჯენდნენ, შენ იმსხვრეოდი და მხრებში ესობოდი მათ; და როდესაც გეყრდნობოდნენ, ტყდებოდი და წელს უსერავდი. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე მომაქვს შენზე მახვილი და მოვსრავ შენს კაცსა და პირუტყვს. გაპარტახდება და გაუდაბნოვდება ეგვიპტის ქვეყანა, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, რადგან ის ამბობს: ჩემია მდინარე და მე წარმოვშვიო იგი; ამიტომ, აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ და შენი მდინარეების წინააღმდეგ, და გავხდი ეგვიპტის ქვეყანას უდაბურად, უკაცრიელად, მიგდოლიდან სიენემდე და ქუშის საზღვრამდე. არ გაიჭაჭანებს იქ ადამიანის ფეხი და პირუტყვის ჩლიქი არ დაეკარება მას, და არავინ დასახლდება იქ ორმოც წელიწადს. და უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას უკაცრიელ ქვეყნებს შორის; და მისი ქალაქები უდაბურ ქალაქებს შორის უკაცრიელნი იქნებიან ორმოც წელიწადს. და გავფანტავ ეგვიპტელთ ხალხებში და გავაბნევ ქვეყნებში. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: 40 წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს იმ ხალხებიდან, რომლებშიც გაიფანტნენ ისინი. და დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, დავაბრუნებ მათ ფათროსის ქვეყანაში, მათი წარმოშობის ქვეყანაში, და იქნებიან იქ დამდაბლებულ სამეფოდ. სხვა სამეფოებს შორის დამდაბლდება და ვეღარ აღზევდება ხალხებზე; და მე შევამცირებ მას, რათა ვეღარ გაუბატონდეს ხალხებს. და აღარ იქნება ის ისრაელის სახლის საყრდენად, მათი ურჯულოების გამახსენებლად, როდესაც მიმართავდნენ მას. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი ღმერთი. ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა მოქანცა თავისი ლაშქარი ცორის წინააღმდეგ; ყველა თავი გაქაჩლდა და ყველა ბეჭი გადატყავდა, მაგრამ ვერც მან და ვერც მისმა ლაშქარმა ჯილდო ვერ მიიღო ცორიდან იმ კირთებისათვის, რასაც ირჯებოდა მის წინააღმდეგ. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტის ქვეყანას, და წაიღებს ის მის ქონებას, მიიტაცებს მის ნადავლს, და გაძარცვავს მას და ექნება ჯილდო მის ლაშქარს. მისი გარჯის ჯილდოდ, რომელიც გასწია მან იქ, ვაძლევ ეგვიპტის ქვეყანას, რადგან ისინი ჩემთვის ირჯებოდნენ, – ამბობს უფალი ღმერთი. – იმ დღეს დავუბრუნებ რქას ისრაელის სახლს, და გაგიხსნი ბაგეს მათ შორის და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ივალალეთ, ვაი, უბედურ დღეს! რადგან ახლოს არის ის დღე, და ახლოს არის დღე უფლისა, დღე ღრუბლიანი. დგება ხალხების ჟამი! და მოვა მახვილი ეგვიპტეზე და იქნება ძრწოლა ქუშში, როცა მახვილით დაეცემიან ეგვიპტეში, როცა წაიღებენ მის სიმდიდრეს და დაანგრევენ მის ფუძეებს. ქუში და ფუტი, ლუდი და მათთან ერთად ყოველნი მწირნი და ქუბი და მათი მეკავშირენი მათთან ერთად დაეცემიან მახვილით. ასე ამბობს უფალი: დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნი და დამდაბლდება მისი ძლიერების ამპარტავნება. მიგდოლიდან სიენემდე მახვილით დაეცემიან, – ამბობს უფალი ღმერთი. და მოოხრდება განადგურებულ ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები ნაოხარ ქალაქთა შორის იქნება. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა ცეცხლს მივცემ ეგვიპტეს და გაცამტვერდება ყველა მისი შემწე. იმ დღეს ხომალდებით გავლენ ჩემგან წარგზავნილნი, რათა შეაშინონ უზრუნველი ქუშელნი, და დათესონ მათში საშინელება ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოდის იგი. ასე ამბობს უფალი ღმერთი: და მე ბოლოს მოვუღებ ეგვიპტელთ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ხელით. ის და მისი ხალხი, უსასტიკესნი ხალხთაგან, მოყვანილნი იქნებიან ეგვიპტის ქვეყნის მოსასპობად, და მახვილებს იშიშვლებენ ეგვიპტეზე, და გაავსებენ ქვეყანას განგმირულებით. და ამოვაშრობ მის მდინარეებს, და ამ ქვეყანას ჩავაგდებ ბოროტეულთა ხელთ, და წარვწყმედ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით. მე, უფალმა, ვთქვი ეს. ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი ცრუღმერთებს ნოფში, და მბრძანებელი აღარ იქნება ეგვიპტის მიწიდან, და შიშის ზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას. და გავაუდაბურებ ფათროსს, ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს, და სასჯელს დავადებ თებეს. და გადმოვღვრი ჩემს რისხვას სინიზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, წარვწყმედ თებელთა სიმრავლეს. და ცეცხლს გავუგზავნი ეგვიპტეს. ძრწოლით აწრიალდება სინი, და დაინგრევა თებე, ნოფს კი მტერი მოადგება დღისით. ჭაბუკნი ონისა და ფი-ბესეთისა მახვილით დაეცემიან და მათ ცოლებს ტყვეობაში წაიყვანენ. თახფანხესში დღე დაბნელდება, როცა დავლეწავ იქ ეგვიპტის უღელს და შეწყდება იქ ამპარტავნება მისი ძლიერებისა. ღრუბელი დაფარავს მას და ტყვეობაში წავლენ მისი ასულნი. სასჯელს დავადებ ეგვიპტეს და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. მეთერთმეტე წელს, პირველი თვის მეშვიდე დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი: ადამის ძევ! მე შევმუსრე მკლავი ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და, აჰა, ჯერ კიდევ შეუხვეველია იგი, რომ განკურნებულიყო; არტახებით არ შეუკრავთ, რომ გამაგრებულიყო მახვილის ამოსაწვდელად. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინააღმდეგ ვარ და შევმუსრავ მის მკლავებს – მთელსაც და მოტეხილსაც, და გავაგდებინებ მახვილს ხელიდან. და გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და გავაბნევ ქვეყნებში. და გავუმაგრებ ბაბილონის მეფეს მკლავებს და მივცემ ჩემს მახვილს ხელში, ფარაონს კი გადავუმსხვრევ მკლავებს, და იკვნესებს სასიკვდილოდ დაჭრილის კვნესით მის წინაშე. და გავუმაგრებ ბაბილონის მეფეს მკლავებს და ჩამოუცვივა ფარაონს მკლავები. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს ხელში და მოუღერებს მას ეგვიპტის ქვეყანას. და გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და გავაბნევ მათ ქვეყნებში, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. მეთერთმეტე წლის, მესამე თვის პირველ დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის ხალხს: თავს ვის უტოლებ-თქო შენი სიდიადით? აჰა, აშური – კედარი ლიბანისა, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი კენწერო. წყლებმა გაზარდეს ის და უფსკრულმა აამაღლა; მდინარეები გარს უვლიდნენ მის ნერგს და თავიანთ ნაკადებს უგზავნიდნენ ველის ყოველ ხეს. ამიტომაც ამაღლდა ველის ყველა ხეზე მეტად და გაუხშირდა რტო; და, როცა ზრდა დაიწყო, ბევრი წყლისაგან დაუგრძელდა ტოტები. მის რტოებში იბუდებდა ცის ყველა ფრინველი; მისი ტოტების ქვეშ შობდა ველის ყველა ცხოველი; და მის ჩრდილში ცხოვრობდნენ მრავალრიცხოვანი ხალხები. მშვენდებოდა თავისი სიმაღლით, თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული. ღვთის ბაღის კედრებმა ვერ დაჩრდილეს იგი; კვიპაროსები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; და ჭადრები ვერ იყო მისი რტოების მსგავსი; ღვთის ბაღის ვერც ერთი ხე ვერ უსწორდებოდა მის სილამაზეს. მშვენიერი შევქმენი იგი თავისი ხშირი ტოტებით; და შურდა მისი სილამაზე ყველა ხეს ღვთის ბაღში. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმიტომ, რომ ზრო აიყარა და კენწეროთი ღრუბლებს მისწვდა და აღზევდა მისი გული მისი სიმაღლით, ხელთ მივეცი იგი ხალხთა მბრძანებელს; და მან მიაგო მას მისაგებელი მისი; მისი ბოროტების გამო უარვყავ იგი. და მოკვეთეს ის უცხოთესლისებმა, უსასტიკესებმა ხალხთა შორის, და მიატოვეს მთებსა და ხეობებში; და დაიყარა მისი ტოტები ველ-მინდვრებზე და ჩაილეწა მისი რტოები ღარტაფებში. და გამოვიდნენ მისი ჩრდილიდან ქვეყნიერების ყველა ხალხები და მიატოვეს ის. ცის ფრინველებმა დაიბუდეს მის დაყრილ ტოტებში და მიწის მხეცებმა დაიდეს ბუნაგები. ნუ გამედიდურდებიან თავისი სიმაღლით წყლის პირს გაზრდილი ხეები და არ მისწვდნენ კენწეროთი ღრუბღრუბლებს, და წყლის პირს გაზრდილმა ხეებმა არ დაჩაგრონ სხვა ხეები; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისათვის საფლავში ჩასულ ადამის ძეთა შორის. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შავეთში მისი ჩასვლის დღეს გლოვა გავუმართე მას, უფსკრული დავგმანე მის გამო, და შევაჩერე მისი მდინარეები, და შევაკავე დიდი წყლები და დავამწუხრე მასზე ლიბანი, და ველ-მინდვრის ყოველი ხე დაღონდა მის გამო. მისი დაცემის ხმაზე შევაძრწუნე ხალხები, როდესაც შავეთში ჩავიყვანე ის, საფლავებში ჩასულებთან, და გაიხარა შავეთის ქვეყანაში ედემის ყველა ხემ, ლიბანის რჩეულმა და საუკეთესომ, ყველა წყლის მსმელმა. რადგან ისინიც მასთან ერთად ჩავიდნენ შავეთში მახვილით დაცემულებთან, და მისი შემწენიც მის ჩრდილში მსხდომნი, ხალხებს შორის. ვის ედარები პატივითა და სიდიდით ედემის ხეთა შორის? ახლა კი ედემის ხეთა მსგავსად ჩაყვანილ იქნები შავეთში და მახვილით დაცემულ წინადაუცვეთელთა შორის დაწვები. ასე მოუვა ფარაონსა და მთელ მის გამედიდურებულ ხალხს, – ამბობს უფალი ღმერთი. მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველ დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! იწყე მოთქმა ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი მას: როგორც ლომის ბოკვერი ხალხებს შორის და ურჩხული ზღვებზე, ისე აწყდები შენს მდინარეებს და შენი თათებით ამღვრევ წყლებს, და თელავ მათ დინებებს. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემს ბადეს ხალხთა კრებულში და ამოგათრევენ ისინი ჩემი სათხევლით და მიგაგდებ მიწაზე, მინდვრის პირას მიგატოვებ და დავაბინავებ შენზე ცის ყველა ფრინველს, და გავაძღობ შენით მიწის ყველა მხეცს. და დავყრი შენს ხორცს მთებზე და გავავსებ ხევ-ხუვებს შენი მძორით. შენს სისხლს შევასმევ მიწას მთების კალთებამდე და კალაპოტები გაივსება შენით. და როდესაც ჩაქრები, მე დავფარავ ზეცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს, მზეს ღრუბლით დავფარავ და მთვარე არ გაანათებს თავისი ნათელით. ყველა მნათობს დაგიბნელებ ცაზე და წყვდიადს დავამკვიდრებ შენს მიწაზე, – ამბობს უფალი ღმერთი. შევაშფოთებ მრავალი ხალხების გულს, როდესაც გამოვაცხადებ შენს დაცემას ხალხებში, ქვეყნებში, რომლებიც შენ არ იცოდი. და გავაოგნებ შენით მრავალ ხალხებს, და მათი მეფენი შეძრწუნდებიან შენს გამო, როცა მოვიქნევ ჩემს მახვილს მათ წინაშე, და იკანკალებს ყოველ წამს თითოეული თავისი დაღუპვის შიშით შენი დაცემის დღეს. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოვაო შენზე. მამაცთა მახვილით დავცემ შენს ხალხს; ყველა ისინი – უსასტიკესნი არიან წარმართთა შორის, და წარწყმედენ ეგვიპტის სიამაყეს; და განადგურდება მთელი მისი სიმრავლე. გავწყვეტ მთელ მის პირუტყვს დიდ წყლებთან, და ადამიანის ფეხი აღარ აამღვრევს მათ, და არც საქონლის ჩლიქი აამღვრევს მათ. მაშინ დავამდორებ მათ წყლებს, და მათ მდინარეებს ზეთივით ვადენ, – ამბობს უფალი ღმერთი. როცა გავაუდაბურებ ეგვიპტის მიწას და დაცარიელდება მისი სავსე ქვეყანა, როდესაც განვგმირავ მის ყველა მცხოვრებს, მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. ეს არის საგოდებელი სიმღერა, რომელსაც იგოდებენ; ხალხთა ასულნი იგოდებენ მას; ეგვიპტესა და მის სიმრავლეზე იგოდებენ მას, – ამბობს უფალი ღმერთი. მეთორმეტე წელს, იმ თვის მეთხუთმეტე დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! დაიტირე ეგვიპტის ამაყი ხალხი, და ჩაიყვანე ის და ასულნი ძლიერი ხალხებისა შავეთში საფლავებში ჩამავლებთან ერთად. ვის აღემატები შენ? ჩადი და დაწექი წინადაუცვეთელებთან. ისინი დაეცემიან მახვილით დაცემულებთან ერთად, და ისიც მიეცა მახვილს; წაათრიეთ ისიც და მთელი მისი სიმრავლეც. შავეთში ილაპარაკებენ მასზე და მის შემწეებზე უძლიერესნი ძლიერთა შორის; ისინი დაეცნენ და იქვე წვანან მახვილით განგმირულნი წინადაუცვეთელთა გვერდით. იქაა აშური და მთელი მისი მხედრობა; მის ირგვლივაა მისი საფლავები; ყველა მახვილითაა განგმირული და დაცემული. მისი საფლავები შავეთის უფსკრულშია, და მისი მხედრობა მისი საფლავის ირგვლივაა, ყველა განგმირულნი, მახვილით დაცემულნი, ისინი, ვინც შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას. იქაა ყელამი მთელი მისი სიმრავლით მისი საფლავის ირგვლივ, ყველა ის განგმირული, მახვილით დაცემული, რომლებიც წინადაუცვეთელებთან ერთად ჩავიდნენ შავეთში, რომლებიც შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას და ატარებენ თავიანთ შერცხვენას საფლავებში ჩასულებთან ერთად. განგმირულთა შორის მისცეს მას საწოლი მთელ მის მხედრობასთან ერთად; მის ირგვლივაა მათი საფლავები; ყველანი წინადაუცვეთელნი არიან, მახვილით დაცემულნი; და როგორც ისინი შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას, ისე ატარებენ თავიანთ შერცხვენას საფლავში ჩასულებთან ერთად და განგმირულნი არიან განგმირულთა შორის. იქ არიან მეშექი და თუბალი მთელი მათი სიმრავლით; მის ირგვლივაა მათი საფლავები, ყველანი წინადაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას. ნუთუ არ უნდა იწვნენ ისინი წინადაუცვეთელ გმირთაგან დაცემულებთან, რომელნიც ჩავიდნენ შავეთში თავიანთი საომარი საჭურვლიანად და თავქვეშ ამოიდეს მახვილები, და მათ ძვლებზე დარჩა მათი ურჯულოება, რადგან ის ძლიერნი შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას. და შენ წინადაუცვეთელთა შორის დაილეწები და მახვილით განგმირულებთან ერთად დაწვები. იქაა ედომი და მისი მეფენი და ყველა მისი მთავარნი, რომელნიც თავიანთი ძლიერების მიუხედავად მახვილით დაეცნენ და წინადაუცვეთელთა და საფლავში ჩასულთა შორის წვანან. იქ არიან ჩრდილოეთის ხელმწიფენი, ყველა ისინი, და ყველა ციდონელი, რომელნიც ჩავიდნენ განგმირულებთან ერთად, მათი ზარდამცემი ძლიერებით სირცხვილნაჭამნი და წვანან წინადაუცვეთელნი მახვილით განგმირულებთან ერთად და თან აქვთ წაღებული თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან ერთად. მათ იხილავს ფარაონი და ინუგეშებს მთელი მისი სიმრავლის გამო, მახვილით განგმირულთა გამო, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი, – ამბობს უფალი ღმერთი. რადგან მე მოვგვრი შიშის ზარს ცოცხალთა ქვეყანას, და დაწვება ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე მახვილით განგმირულ წინადაუცვეთელთა შორის, – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! ელაპარაკე შენი ერის ძეთ და უთხარი მათ: თუ აღვმართავ მახვილს რომელიმე ქვეყანაზე და აიყვანს იმ ქვეყნის ხალხი ერთ თავისიან კაცს და დაიყენებს მას გუშაგად, და დაინახავს ის მახვილს, აღმართულს ამ ქვეყანაზე, ჩაჰბერავს საყვირს და გააფრთხილებს იმ ერს, და მომსმენი მოისმენს ბუკის ხმას, მაგრამ არ გაფრთხილდება, – და როცა მოვა მახვილი და წაიყვანს მას, მისი სისხლი მის თავზე იქნება. ბუკის ხმა მოისმინა მან და არ გაფრთხილდა, მისი სისხლი მასზე იქნება; ხოლო ვინც გაფრთხილდება, გადაირჩენს თავს. გუშაგი კი, თუ დაინახავს მომავალ მახვილს და არ დასცემს ბუკს და ხალხს არ გააფრთხილებს, მაშინ, როცა მოვა მახვილი და წაართმევს მათგან რომელიმეს სულს, ის მისი ცოდვის გამო იქნება წაყვანილი, მის სისხლს კი გუშაგის ხელიდან მოვიკითხავ. შენ კი, ადამის ძევ, ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე და ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ ჩემგან. როდესაც მე ვეტყვი ბოროტს: ბოროტო! მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს ეტყვი ბოროტს, რომ გაფრთხილდეს მისი გზის გამო, ის ბოროტი თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ. მაგრამ თუ გააფრთხილე ბოროტი მისი გზის გამო, რომ მოქცეულიყო, მაგრამ არ მოიქცა თავისი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი. და შენ, ადამის ძევ! უთხარი ისრაელის სახლს: თქვენ ასე ამბობდით: რაკი ჩვენი დანაშაულებანი და ჩვენი ცოდვანი ჩვენზეა, და ჩვენ მათში ვდნებით, როგორღა ვიცოცხლებთ? უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – მე არ მსურს ბოროტის სიკვდილი, არამედ ბოროტის მოქცევა მისი გზიდან, რომ იცოცხლოს მან. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან! რატომ უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო? შენ კი, ადამის ძევ! უთხარი შენი ერის შვილებს: მართალს მისი სიმართლე ვერ იხსნის დანაშაულის დღეს, და ბოროტს ბოროტება ვერ დააბრკოლებს მისი ბოროტებისგან მოქცევისას, და მართალს მისი სიმართლე ვერ გადაარჩენს მისი ცოდვის დღეს. როდესაც ვეუბნები მართალს: იცოცხლებ-მეთქი, ხოლო მას იმედი აქვს თავისი სიმართლისა და ბოროტებას იქმს, მის სიმართლეს არავინ გაიხსენებს და მისგან ჩადენილი ბოროტებით მოკვდება. და როდესაც ვეუბნები ბოროტმომქმედს: მოკვდები-მეთქი, და ის მოიქცევა ცოდვებისგან და სამართალსა და სიმართლეს იქმს, გირაოს დააბრუნებს წაგლეჯილს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის, უსამართლობას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და არ მოკვდება. ყველა მის ცოდვას, რაც შესცოდა, აღარ გაუხსენებენ; სამართალსა და სიმართლეს იქმს და იცოცხლებს. მაგრამ ამბობენ ძენი შენი ერისა: უფლის გზა არ არისო სწორი! მაშინ, როცა მათი გზა არ არის სწორი. თუ მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ჩაიდენს უსამართლობას, მოკვდება. და როდესაც ბოროტი თავისი ბოროტებისგან მოიქცევა და იქმს სამართალსა და სიმართლეს, მათ გამო იცოცხლებს. თქვენ კი ამბობთ: უფლის გზა არ არისო სწორი! მაგრამ თითოეულს თავისი გზისამებრ განგსჯით, ისრაელის სახლო. ჩვენი გადასახლების მეთორმეტე წლის, მეათე თვის მეხუთე დღეს, მოვიდა ჩემთან ერთი გადარჩენილი იერუსალიმიდან და მითხრა: დაიქცაო ქალაქი. უფლის ხელი იყო ჩემზე იმ საღამოს გადარჩენილის მოსვლამდე და უფალმა გამიხსნა ბაგე დილით, მის მოსვლამდე. გამიხსნა ბაგე და აღარ დავდუმებულვარ. იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! ისრაელის ამ მოოხრებულ მიწაზე მცხოვრებნი ასე ამბობენ: ერთი იყოო აბრაამი და დაიმკვირდა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ. ჩვენ მოგვეცაო ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. ამიტომ უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სისხლითურთ ჭამთ და თვალი კერპებისაკენ გაქვთ მიპყრობილი, და სისხლს ღვრით; და ეს ქვეყანა გინდათ დაიმკვიდროთ? თქვენი მახვილის იმედით ხართ, სისაძაგლეს შვრებით, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და ამ ქვეყნის დამკვიდრება გსურთ? ასე უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ მე! თუ ისინი, ვინც ნაოხარებში არიან, მახვილით არ დაეცნენ; და ისინი, ვინც გაშლილ ველზე არიან, თუ მხეცებს არ მივცე შესაჭმელად; და ვინც ციხესიმაგრეებში და გამოქვებულებში სხედან, თუ შავი ჭირით არ დაიხოცნენ. და უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ამ ქვეყანას, და შეწყდება მისი ამპარტავნული ძლიერება და გაუკაცრიელდება ისრაელის მთები და აღარ იქნება მასზე ფეხის დამკარებელი. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ამ ქვეყანას მათი ყველა სისაძაგლის გამო, რაც ჩაიდინეს. და შენ, ადამის ძევ! ძენი შენი ერისა შენზე ლაპარაკობენ კედლებთან და სახლების შესასვლელებთან და ეუბნებიან ერთიმეორეს, თითოეული თავის ძმას: მოდით და მოისმინეთ სიტყვა, რომელიც გამოვიდაო უფლისაგან. და მოდიან შენთან, როგორც სახალხო შეკრებაზე, და სხდება შენს წინ ჩემი ერი და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებენ მას, რადგან სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთი ბაგეებით, ანგარებისკენ მიუწევთ გული. აჰა, სალაღობო გასართობი მომღერალი ხარ მათთვის ლამაზხმიანი და კარგი დამკვრელი. ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას. მაგრამ როცა აღსრულდება, – და, აჰა, ახდა კიდეც, – მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწამეტყველე და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი ისრაელის მწყემსებს, რომელნიც საკუთარ თავს მწყემსავენ! განა მწყემსები ცხვარს არ უნდა მწყემსავდნენ? ლურთებს თქვენა ჭამთ, მატყლით იმოსებით და ნასუქალ ცხვარს იკლავთ, ცხვრის ფარას კი არა მწყემსავთ. დავარდნილებს არ უვლით და ავადმყოფებს არ კურნავთ, ნაჭრილობევს არ უხვევთ და გზააბნეულს არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, უხინჯოებს კი ძალადობითა და სისასტიკით იურვებთ. და გაიფანტა უმწყემსოდ დარჩენილი ჩემი ფარა და გახდა ველის ნადირთა ლუკმა. გზააბნეულია ჩემი ცხვარი ყველა მთაზე და ყველა გორაკზე, და მთელს ქვეყანაზე გაიბნა ჩემი ფარა და არ არის მომკითხავი და არც მომძებნი. ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა: ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – რაკი ჩემი ცხვარი იყო გასაძარცვავად და ველის ყველა ნადირის ლუკმად ქცეული უმწყემსობის გამო, და არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, და მწყემსეს მათ თავისი თავი და ჩემი ცხვარი არა მწყემსეს, – ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე მწყემსებთანა მაქვს საქმე, და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს, და აღარ დავანებებ მათ ცხვრის მწყემსვას, და ვეღარც დამწყემსავენ ისინი თავის თავს; და ვიხსნი ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ გახდებიან მათი კერძი. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: თავად მე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მე მოვძებნი. როგორც მწყემსი ეძებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტნენ ნისლიან და ღრუბლიან დღეს. და გამოვიყვან მათ ყველა ხალხებიდან და შევაგროვებ ყველა ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე, და დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებზე და წყლის ნაკადებთან, და ამ ქვეყნის ყველა დასახლებულ ადგილას. კარგ სამწყემსურში დავმწყემსავ მათ და ისრაელის მაღალ მთებში იქნება მათი საძოვარი. იქ დაეყრებიან კარგ ფარეხებში და ისრაელის მთების ნოყიერ საძოვრებზე იბალახებენ. მე თავად დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და დავასვენებ მათ, – ამბობს უფალი ღმერთი. დაკარგულს მოვიკითხავ და გაბნეულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და დაცემულს მოვაძლიერებ, ჩასუქებულებს და გაჯიქებულებს გავანადგურებ. სამართლიანად დავმწყემსავ მათ. თქვენზე კი, ჩემო ცხვრებო, – ამბობს უფალი ღმერთი, – მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შუა, ვერძებსა და ვაცებს შუა. ის არა გყოფნით, რომ საუკეთესო საძოვარზე დაბალახობთ? რომ რაც ვერ გაძოვეთ, იმას ფეხით თელავთ? ანკარა წყალს რომ სვამთ? დარჩენილს რატომღა ამღვრევთ ფეხით? ჩემმა ცხვრებმა თქვენი ფეხით გათელილი უნდა ძოვონ და თქვენი ფეხით ამღვრეული უნდა სვან? ამიტომ ასე ეუბნება მათ უფალი ღმერთი: აჰა, მე თვითონ განვსჯი მსუქან ცხვარსა და მჭლე ცხვარს შორის. რადგან ფერდისა და მხრის კვრით და რქების რქენით ერეკებით ყველა სუსტს გარეთ, – მე ვიხსნი ჩემს ცხვრებს, და აღარ იქნებიან ისინი დასატაცებლად, და განვსჯი ცხვარსა და ცხვარს შუა. და დავუყენებ მათ ერთ მწყემსს, ჩემს მსახურს, დავითს, და ის დამწყემსავს მათ, და ის იქნება მათი მწყემსი. და მე, უფალი, ვიქნები მათი ღმერთი და ჩემი მსახური, დავითი, მათი მთავარი იქნება. მე, უფალმა, ვთქვი ეს. და მე დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას და მოვსპობ მძვინვარე მხეცებს ამ ქვეყნიდან, რომ ისინი უდაბნოში უსაფრთხოდ დაემკვიდრნენ და ტყეებში მშვიდად იძინონ. და მე ვაკურთხებ მათ და ჩემი ბორცვის შემოგარენს, და დავუშვებ წვიმას თავის დროზე; და ის იქნება კურთხეული წვიმები. და ველის ხეები გამოისხამენ ნაყოფს და მიწა გამოიღებს მოსავალს; და იქნებიან ისინი თავის მიწაზე უსაფრთხოდ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავწყვეტ მათი უღლის აპეურებს და ვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან. და აღარ იქნებიან ხალხების ნადავლად, და ქვეყნის მხეცები არ დაჭამენ მათ; იცხოვრებენ უსაფრთხოდ და ვეღარავინ შეაშინებს მათი. და აღმოვუცენებ მათ დიდებულ ნერგს, და აღარ დაიხოცებიან შიმშილით ამ ქვეყანაში და აღარ დაითმენენ წარმართთაგან შეურაცხყოფას. და მიხვდებიან, რომ მე, მათი უფალი ღმერთი, მათთან ვარ, ისინი კი, სახლი ისრაელისა, ჩემი ხალხია, – ამბობს უფალი ღმერთი, – და რომ, თქვენ ხართ ჩემი ცხვრები, ჩემი სამწყსოს ცხვრები; თქვენ ადამიანები ხართ, მე კი თქვენი ღმერთი, – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! სეყირის მთისკენ ქენი პირი და იწინასწარმეტყველე მასზე. და უთხარი მას: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, სეყირის მთაო, ხელს მოგიღერებ და გაქცევ ოხრად და ტიალად. შენს ქალაქებს ნანგრევებად ვაქცევ და შენც გატიალდები და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი. რაკი საუკუნოდ დაემტერე ისრაელიანთ და მახვილს მიუგდე ისინი მათი გასაჭირის ჟამს, უკანასკნელი დაღუპვის ჟამს, ამიტომ, ცოცხალი ვარ მე, – ამბობს უფალი ღმერთი, – სისხლად გაგცევ და სისხლი დაგიწყებს დევნას; და რაკი სისხლი არ გძულდა, სისხლი დაგიწყებს დევნას. ოხრად და ტიალად ვაქცევ სეყირის მთას, და გამვლელ-გამომვლელის ფეხს ამოვკვეთ იქ. და გავავსებ მის ბორცვებს განგმირულებით. მახვილით განგმირულები დაეცემიან შენს ბორცვებსა და ხევებში, და შენს ღრანტეებში. საუკუნოდ აგაოხრებ და შენი ქალაქები აღარ დასახლდებიან, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. რაკი ამბობდი, ჩემი იქნებაო ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა, და ჩვენ დავიმკვიდრებთო მათ, თუმცაღა უფალი იქ იყო. ამიტომ, ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ არ მოგექცე შენი რისხვისამებრ და შენი შურისამებრ, როგორც მოექეცი მათ შენი სიძულვილით, და გამოვცხადდები მათში, როცა სასჯელს გამოგიტან. და მიხვდები, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, რომელიც წარმოსთქვი ისრაელის მთების მიმართ: აოხრდნენ, ჩვენ მოგვეცაო შესაჭმელად. ენით მედიდგულებოდით და მრავალსიტყვაობდით ჩემს წინააღმდეგ; ჩემი ყურით მესმოდა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა მთელი ქვეყანა გაიხარებს, მაშინ გაქცევ შენ უდაბურად. როგორც ხარობდი შენ ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურებაზე, ისე მოგექცევი შენ: ერთად გაუდაბურდებით, სეყირის მთაო, და ედომო, მთლიანად, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. და შენ, ადამის ძევ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: მთანო ისრაელისა, ისმინეთ უფლის სიტყვა! ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ მტერი ამბობს თქვენზე: აჰა, სამკვიდროდ დაგვრჩაო საუკუნო გორაკები! ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი განადგურებენ და ყოველი მხრიდან ესწრაფვიან თქვენს შთანთქმას, რათა გახდეთ წარმართთა საბრძანებელი, და მიეცეთ ენით ასაგდებად და საძრახავად. ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა: ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და ბორცვებს, ღარტაფებსა და ხეობებს, აოხრებულ ნანგრევებსა და მიტოვებულ ქალაქებს, რომელნიც იყვნენ ნადავლად და დასაცინად იმ ხალხებს, რომელნიც ირგვლივ არიან. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხომ ჩემი რისხვის ცეცხლში ვამბობდი ამ ხალხებსა და მთელ ედომზე, რომელთაც მიითვისეს ჩემი ქვეყანა მემკვიდრეობად მთელი გულის სიხარულითა და სულის ზიზღით, რათა მისი სანახები გაძარცულიყო. ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებსა და ბორცვებს, ღარტაფებსა და ველებს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი შურითა და გულისწყრომით ვილაპარაკე ეს, რადგან წარმართთაგან შეურაცხყოფას ითმენდით. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე ფიცით აღვმართე ხელი და ნახავთ, თუ წარმართებმა, რომელნიც თქვენს ირგვლივ არიან, არა ჭამონ სირცხვილი. თქვენ კი, მთანო ისრაელისა, კვლავაც ამწვანდებით და ნაყოფს მოუტანთ ჩემს ერს, ისრაელს, – რადგან ის მალე დაბრუნდება აქ. რადგან, აჰა, მე თქვენ მოგხედავთ, და მოიხვნებით და დაითესებით. და დავასახლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის სახლს, მთლიანად, და დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება. და გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და პირუტყვს, და ინაყოფიერებენ და გამრავლდებიან, და დაგასახლებთ უწინდებურად და კეთილად მოგექცევით, უწინდელზე უკეთესად, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. და მოვიყვან თქვენთან ხალხს – ჩემს ერს, ისრაელს, რათა დაგიმკვიდრონ და გახდე მათი წილხვედრი, რომ აღარასოდეს გახადო ისინი შვილმკვდარნი. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გეუბნებიან შენ: კაცის მჭამელი ხარ და შენი ერის შვილმკვდარმყოფელიო, ამიტომ კაცს აღარ შეჭამ და შენს ერს აღარ გახდი შვილმკვდარს, – ამბობს უფალი ღმერთი. და აღარ მოგასმენინებ შენს დაცინვას წარმართთაგან, და ლანძღვას ტომთაგან და შენს ხალხს შვილმკვდრად აღარ დასხავ, – ამბობს უფალი ღმერთი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! როდესაც ისრაელის სახლი თავის მიწაზე ცხოვრობდა, შებილწა იგი თავისი საქმითა და საქციელით. მათი გზა ჩემს წინაშე ისეთი იყო, როგორც უწმიდურება დედაკაცისა წიდოვანებისას. და გადმოვანთხიე მათ ჩემი რისხვა იმ სისხლის გამო, რომელსაც ღვრიდნენ ქვეყანაზე, და იმის გამო, რომ კერპებით შებილწეს იგი. და გავფანტე ისინი წარმართთა შორის და გავაბნიე ქვეყნებში, და განვსაჯე მათი გზისა და მათი საქმეებისამებრ. და მივიდნენ ისინი წარმართებთან, და სადაც მივიდნენ, შელახეს ჩემი წმიდა სახელი, რადგან მათზე ამბობდნენ: ეს უფლის ერია და მისი ქვეყნიდან არიანო გამოსული. და შევიბრალე ჩემი წმიდა სახელი, რომელიც შელახა ისრაელის სახლმა წარმართთა შორის, სადაც ისინი მივიდნენ. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისათვის, რომელიც შელახეთ წარმართთა შორის, სადაც მიხვედით. და მე განვწმედ ჩემს დიად სახელს, შელახულს წარმართთა შორის, რომელიც შელახეთ თქვენ მათ შორის. და მიხვდებიან წარმართნი, რომ მე ვარ უფალი! – ამბობს უფალი ღმერთი, – როდესაც გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს თქვენზე მათ თვალწინ. და გამოგიყვანთ წარმართთაგან და გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. და გასხურებთ წმიდა წყალს, და განიწმიდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან, და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმედთ. და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს მოგცემთ თქვენ, ამოგარიდებთ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი მცნებებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ. და იცხოვრებთ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს მივეცი, და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. მე გიხსნით ყველა თქვენი უწმიდურებისაგან, და მოვუხმობ ხორბალს, და გავამრავლებ მას, და არ მოვავლენ თქვენზე შიმშილობას. გავამრავლებ ხეზე ნაბამსა და მინდვრის მოსავალს, რათა აღარ დაითმინოთ შიმშილის სირცხვილი წარმართთა შორის. მაშინ გაიხსენებთ თქვენს ბოროტ გზებს და თქვენს ცუდ საქციელს, და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და თქვენი სისაძაგლის გამო. იცოდეთ, რომ თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, – ამბობს უფალი ღმერთი, – გრცხვენოდეთ და გაწითლდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მაშინ, როცა მე განგწმედთ თქვენი ყველა ურჯულოებისაგან და დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება ნაოხარები, და ეს გაჩანაგებული მიწა, უდაბურად რომ უჩანდა ყოველ ჩამვლელს, მოიხვნება, და იტყვიან: ეს გაუდაბურებული ქვეყანა ედემის ბაღად ქცეულა; და ეს აოხრებული, გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები გამაგრებულია და დასახლებული. და მიხვდებიან წარმართნი, რომლებიც თქვენს ირგვლივ დარჩებიან, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული, გავაშენე გაუდაბურებული. მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთე. ასე ამბობს უფალი ღმერთი: კიდევ იმით გამოვავლენ ჩემს წყალობას ისრაელის სახლის მიმართ, რომ ცხვრის ფარასავით გავუმრავლებ ხალხს. როგორც მრავალია სამცხვერპლო ცხვარი იერუსალიმში მის დღესასწაულებზე, ისე აივსება გაუდაბურებული ქალაქები ხალხით, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. იყო უფლის ხელი ჩემზე, და გამიყვანა მე უფლის სულმა და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე. და შემომატარა მათ ირგვლივ, და აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ისინი ველზე და, აჰა, მთლად გამხმრები იყო. და მითხრა მან მე: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდებიან ეს ძვლები? და ვუთხარი მე: უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი ეს. და მითხრა მან: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. და ვიწინასწარმეტყველე მე, როგორც მებრძანა; და როდესაც ვწინასწარმეტყველებდი, მესმა ხმა, და აჰა, შეიქმნა ზრიალი, და მიედგა ძვალი თავის ძვალს. და დავინახე: აჰა, ძარღვებით შეივსო და ხორცი და ტყავი გადაეკრა ზედ, სული კი არ იყო მათში. და მითხრა მე: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხი ქარიდან მოდიო, სულო, და შთაბერე ამ დახოცილებს და გაცოცხლდებიან. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც უფალმა მიბრძანა. და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ და დადგა ფეხზე ძალზე, ძალზე დიდი ლაშქარი. და მითხრა მე უფალმა: ადამის ძევ! ეს ძვლები მთელი ისრაელის სახლია. აჰა, შენ გესმის, რომ ისინი ამბობენ: გახმა ჩვენი ძვლები და წარწყმდაო სასოება ჩვენი, მოვისპენითო. ამიტომ უწინასწარმეტყველე და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე გავხსნიო თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთო იქიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთო ისრაელის მიწაზე. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო! და ჩავდებ ჩემს სულს თქვენში და გაცოცხლდებით. და დაგსხამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთე, – ამბობს უფალი. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: და შენ, ადამის ძევ! აიღე ერთი ჯოხი და დააწერე: იუდასთვის და მის თანამდგომ ისრაელიანთათვის; და აიღე მეორე ჯოხი და დაწერე: ჯოხი ეფრემის, იოსებისთვის; ეს ჯოხი არის ეფრემისა და მთელი ისრაელის სახლისა, მისი თანამდგომისა. ერთმანეთს მიადგი შენთვის ის ჯოხები და იყოს, როგორც ერთი, შენს ხელში. და როდესაც გკითხავენ ძენი შენი ერისა: არ გაგვაგებინებ, ეს რა გიჭირავს? უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების კვერთხს, რომელიც ეფრემისა და მასთან გაერთიანებულ ისრაელის ტომების ხელშია, და მივუდგამ მას იუდას კვერთხს და ერთ კვერთხად ვაქცევ მათ, და ერთნი გახდებიან ჩემს ხელში; და კვერთხები, რომლებზეც შენ დაწერე, ხელში გექნება მათ თვალწინ. და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე გამოვიყვან ისრაელის ძეთ წარმართთაგან, რომლებთანაც წასული არიან, და შემოვიკრებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე. და ამ მიწაზე, ისრაელის მთებზე, ერთ ხალხად ვაქცევ მე და ერთი მეფე ეყოლება ყველას და აღარ იქნება ორი ხალხი, და აღარასოდეს გაიყოფიან ორ სამეფოდ. და აღარ შეიბილწებიან თავიანთი კერპებით და თავიანთი სისაძაგლეებით და ყოველგვარი მანკიერებით, და ვიხსნი მათ მათი ყველა საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ, და განვწმედ მათ, და იქნებიან ჩემს ერად, და მე ვიქნები მათი ღმერთი. და ჩემი მსახური დავითი იქნება მათი მეფე და მათი მწყემსი, და ჩემი მცნებებით ივლიან ისინი, და ჩემს წესებს დაიცავენ და შეასრულებენ. და იცხოვრებენ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს, სადაც ცხოვრობდნენ მათი მამები; იქ იცხოვრებენ ისინი და მათი შვილები და შვილიშვილები უკუნისამდე; და ჩემი მსახური დავითი იქნება მათი მთავარი საუკუნოდ. და დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას, და საუკუნო აღთქმა იქნება ის. და დავამკვიდრებ მათ და გავამრავლებ, და აღვმართავ ჩემს საწმიდარს მათ შორის საუკუნოდ. და მათთან იქნება ჩემი სავანე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. და მიხვდებიან წარმართნი, რომ მე ვარ უფალი, განმწმედელი ისრაელისა, როდესაც ჩემი საწმიდარი იქნება მათ შორის საუკუნოდ. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! პირი ქენი მაგოგელი გოგისკენ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესი მთავრისკენ და იწინასწარმეტყველე მასზე. და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესო მთავარო! და მოგიტყუებ შენ და ჩანგლებს გაგიყრი ყბებში და გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებსა და მხედრებს, ბრწყინვალედ დარახტულთ; მთელ ურდოს აბჯრითა და ფარით აღჭურვილს; ყველა მახვილის ამომწვდელს; სპარსელთ, ქუშელთ და ფუტელთ, მათთან ერთად, და ყველა ფარ-მუზარადიანს; გომერსა და მთელ მის ურდოს; თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი მისი ურდოებით; მრავალ ხალხს შენთან ერთად. გაემზადეთ და საჭურველი აისხით შენ და მთელმა შენმა ურდომ, შენთან შემოკრებილმა, და იყავი მათი სარდალი! მრავალი ხნის შემდეგ განემზადები და უკანასკნელ ჟამს შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი. აღიძვრებით, როგორც ქარიშხალი, წამოხვალთ, როგორც ღრუბელი, რათა დაფაროთ ქვეყანა შენ და შენმა ურდოებმა და შენთან მყოფმა უამრავმა სხვა ხალხებმა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს აღგეძვრება ფიქრები გულში და განიზრახავ ბოროტ ზრახვებს, და იტყვი: გავილაშქრებ გაუმაგრებელ ქვეყანაზე, დავეცემი მშვიდად და უსაფრთხოდ მცხოვრებთ, რომლებიც უკედლებოდ დამკვიდრებულან და ურდულები და კარებები არა აქვთ, რათა გავძარცვო და მოვიხვეჭო, ვიალაფო და ხელი გავიწოდო ხელახლა აღორძინებულ ნანგრევებზე დასახლებულ წარმართთაგან გამოსულ ერზე, რომელმაც გაიმრავლა ცხვარ-ძროხა და დოვლათი, და, რომელიც ცხოვრობს ქვეყნის ჭიპზე. შება და დედანი და ვაჭარნი თარშიშისა და მისი ბოკვრები გეტყვიან: ჩვენს გასაძარცვად მოხვედი? ნადავლის საალაფოდ შეკრიბე შენი ურდო, ოქრო-ვერცხლის წასაღებად, ცხვარ-ძროხის გასარეკად და დოვლათის დასატაცებლად, დიდი ძარცვით საძარცვავად? ამიტომ იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი გოგს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: განა იმ დღეს, როდესაც ჩემი ერი, ისრაელი, უსაფრთხოდ იცხოვრებს, არ გეცოდინება ეს? და მოხვალ შენი სამყოფიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი, ცხენებზე ამხედრებულნი, დიდი კრებული და დიდძალი ლაშქარი. და აღიმართები ჩემს ერზე, ისრაელზე, როგორც ღრუბელი, რათა დაფარო ეს ქვეყანა: უკანასკნელ დღეებში მოხდება ეს, რომ მე წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა მიცნონ ხალხებმა, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ შენში, გოგ, მათ თვალწინ. ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა შენ ის არა ხარ, რომელზეც ვლაპარაკობდი მე შორეულ წარსულში ჩემს მსახურთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ იმ დღეებში, რომ მე მოგიყვანდით მათ წინააღმდეგ. და იქნება იმ დღეს, გოგის მოსვლის დღეს ისრაელის მიწაზე, – ამბობს უფალი ღმერთი, – როცა გოგი მოვა, აღეგზნება ჩემი გულისწყრომის რისხვა. და ჩემი შურით, ჩემი მძვინვარების ცეცხლით ვთქვი მე: მართლაც იმ დღეს მოხდება დიდი ძვრა ისრაელის მიწაზე. და შეიძვრებიან ჩემს წინაშე ზღვის თევზნი და ცის ფრინველნი, და ნადირნი ველისა და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მცოცავნი, ყოველი კაცი, რომელიც დედამიწის ზურგზეა; და ჩამოინგრევა მთები და ჩაიშლებიან უფსკრულები და ყველა ზღუდე დაეცემა მიწაზე. და მოვუხმობ მის წინააღმდეგ ჩემს ყველა მთაზე მახვილს, – ამბობს უფალი ღმერთი, – და ყოველი კაცი მახვილს აღმართავს თავის ძმაზე. და დავსჯი მას შავი ჭირითა და სისხლისღვრით; თავსხმა წვიმას და ქვის სეტყვას, ცეცხლსა და გოგირდს დავუშენ მასა და მის რაზმებს და იმ ურიცხვ ხალხებს, რომლებიც მასთან არიან. და გამოვაჩენ ჩემს დიდებას და სიწმიდეს, და გამოვცხადდები მრავალი ხალხის თვალწინ, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. და შენ, ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გაფრთხილდი, შენს წინააღმდეგ ვარ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის მთავარო! მოგაბრუნებ და წამოგიძღვები, და ამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე. და გაგდებინებ მშვილდს მარცხენა ხელიდან და ისრებს – მარჯვენა ხელიდან. ისრაელის მთებზე დაეცემით შენ, და მთელი შენი ურდოები და ხალხები, რომლებიც შენთან არიან. მტაცებელ ფრინველებსა და ველის ნადირს მიგცემ შესაჭმელად. ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, – ამბობს უფალი ღმერთი. გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. და ჩემს წმიდა სახელს გამოვაცხადებ ჩემს ერში, ისრაელიანებში, და აღარ შეიბღალება ჩემი წმიდა სახელი, და მიხვდებიან წარმართნი, რომ მე, უფალი, წმიდა ვარ ისრაელში. აჰა, ეს მოდის და ახდება, – ამბობს უფალი ღმერთი, – ეს ის დღეა, რომელზეც მე ვლაპარაკობდი. და გამოვლენ ისრაელის ქალაქების მცხოვრებნი და გააჩაღებენ ცეცხლს და დაწვავენ საჭურველს, დიდსა და პატარა ფარებს, მშვილდებსა და ისრებს, კომბლებსა და შუბებს და გააჩაღებენ ყველაფერ ამით ცეცხლს შვიდ წელიწადს. და აღარ გაზიდავენ მინდვრიდან შეშას, და აღარ გაჩეხავენ ტყეებს, რადგან საჭურვლით გააჩაღებენ ცეცხლს, და გაძარცვავენ თავიანთ მძარცველთ და წაართმევენ თავიანთ დამყაჩაღებელთ, – ამბობს უფალი ღმერთი. და იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში, და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელს მის ურდოს; და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი. შვიდ თვეს მოუნდება მათ დამარხვას ისრაელის სახლი, რათა გაწმინდოს ქვეყანა. და დამარხავს მათ ამ ქვეყნის მთელი ერი; და სასახელო იქნება ის დღე, როცა დიდებით გამოვჩნდები, – ამბობს უფალი ღმერთი. და საგანგებო კაცებს გამოარჩევენ ქვეყნად მავალთაგან, რომ მათთან ერთად დამარხონ ზემოთ დარჩენილნი, რათა გაწმინდონ მიწა. შვიდი თვის ბოლოს დაუწყებენ ძებნას ზემოთ დაყრილთ. და გაივლიან ქვეყნად მავალნი და დაინახავს ვინმე ადამიანის ძვალს, დადგამს მის გვერდით ნიშანს, სანამ არ დამარხავენ მას მესაფლავენი გოგის ურდოსხევში. და ქალაქის სახელი იქნება ხამონა (ურდო). და ასე გაწმენდენ ქვეყანას. და შენ, ადამის ძევ, – ასე ამბობს უფალი ღმერთი, – უთხარი ყოველ ფრთოსანსა და ველის ყოველ ცხოველს: შეგროვდით და მოდით, შეიკრიბეთ ყოველი მხრიდან ჩემს მსხვერპლთან, რომელსაც მე დავკლავ თქვენთვის, დიდ მსხვერპლთან ისრაელის მთებზე; და შეჭამთ ხორცსა და შესვამთ სისხლს. ძლიერთა ხორცს შეჭამთ და შესვამთ ამ ქვეყნის მთავართა სისხლს, როგორც ბაშანში ნასუქალი ვერძების, კრავების, ვაცებისა და ხარების სისხლს. მაძღრივ შეჭამთ ლურთებს და დათრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი საკლვი მსხვერპლისა, რომელსაც თქვენთვის დავკლავ. და გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენიცა და მხედარიც, და ყოველი მეომარი, – ამბობს უფალი ღმერთი. და გამოვაჩენ ჩემს დიდებას წარმართთა შორის და დაინახავს ყველა წარმართი ჩემს სამართალს, რომელიც აღვასრულე, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე. და მიხვდება ისრაელის სახლი, რომ მე ვარ მათი უფალი ღმერთი ამ დღიდან და შემდგომაც. და მიხვდებიან წარმართნი, რომ თავისი ურჯულოების გამო წარიტყვენა ისრაელის სახლი; იმის გამო, რომ მიმუხთლეს და მე ზურგი ვაქციე მათ და მივეცი ისინი მათ მტრებს; და მახვილით დაეცნენ ყველა ისინი. მათი სიბილწისა და დანაშაულის გამო გავაკეთე მე ეს და ზურგი ვაქციე მათ. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ახლა დავაბრუნებ იაკობს ტყვეობიდან და შევიწყნარებ მთელ ისრაელის სახლს, და შურს ვიძიებ ჩემი წმიდა სახელისათვის. და მიხვდებიან ისინი თავიანთ სირცხვილს და მთელ თავიანთ ურჯულოებას, რასაც აკეთებდნენ ჩემს წინაშე, როცა იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი. როდესაც დავაბრუნებ მათ ხალხებიდან და შემოვკრებ მათ მათი მტრების ქვეყნებიდან, და გამოვაჩენ ჩემს დიდებას მრავალი ხალხების თვალწინ, და მიხვდებიან ისინი, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც განვდევნე ისინი წარმართებში და კვლავ შევკრიბე თავიანთ მიწაზე და არ დავტოვებ იქ არც ერთ მათგანს; და აღარ დავფარავ მეტად ჩემს სახეს მათგან, რათა გადმოვღვარო ჩემი სული ისრაელის სახლზე, – ამბობს უფალი ღმერთი. ჩვენი ტყვეობის ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის მეათე დღეს, ქალაქის დაცემის მეთოთხმეტე წელს, სწორედ იმ დღეს იყო ჩემზე ხელი უფლისა და მიმიყვანა იქ. ღვთიურ ხილვებში მომიყვანა მე ისრაელის ქვეყანაში და დამსვა ძალიან მაღალ მთაზე, და მასზე, სამხრეთის მხარეს, ქალაქური შენობები იყო; და მიმიყვანა იქ. და, აჰა, ვნახე კაცი, რომელსაც სახე ბრიჯაოსავით უბზინავდა; ხელში სელის ლარი და საზომი ლერწამი ჰქონდა და იდგა იგი კარიბჭეში. და მელაპარაკა ის კაცი: ადამის ძევ! ნახე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე და გულთან მიიტანე ყოველივე, რასაც მე გიჩვენებ, რადგან მოყვანილი ხარ აქ იმისათვის, რომ გიჩვენო. ყოველივე, რასაც აქ იხილავ, უთხრა ისრაელის სახლს. აჰა, გალავანია ტაძრის ირგვლივ და იმ კაცს ლერწმის ექვსი წყრთის სიგრძის საზომი აქვს ხელთ; იმ წყრთაში – წყრთა და ერთი მტკაველია. და გაზომა სიგანე ამ შენობისა და იყო ერთი ლერწამი, და სიმაღლეც – ერთი ლერწამი. და მივიდა კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისაკენ იყო მიმართული, და ავიდა მის საფეხურებზე და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი. და თითო გვერდითა სენაკის სიგრძე ერთი ლერწამი იყო და სიგანეც – ერთი ლერწამი; და სენაკებს შორის ხუთი წყრთა იყო; კარიბჭის ზღურბლი შიდა კარიბჭის სტოასთან ერთი ლერწამი იყო; გაზომა შიდა კარიბჭის სტოა და ერთი ლერწამი იყო. გაზომა კარიბჭის სტოა – რვა წყრთა იყო; და მისი სვეტები ორ-ორი წყრთა იყო; კარიბჭის სტოა შიგნით იყო. აღმოსავლეთის კარიბჭეს ერთ მხარეს სამი სენაკი ჰქონდა, მეორე მხარესაც სამი; ერთი ზომის იყო სამივე; ერთი ზომის იყო ორივე მხარის სვეტები. გაზომა კარიბჭის შესასვლელის სიგანე და ათი წყრთა იყო, სიგრძე – ცამეტი წყრთა; სენაკების წინ ფართობი თითო წყრთა იყო ორივე მხარეს; სენაკები – ექვსი წყრთა ერთ მხარეს და ექვსი წყრთა მეორე მხარეს. გაზომა კარიბჭე ერთი სენაკის სახურავიდან მეორე სენაკის სახურავამდე – სიგანე ოცდახუთი წყრთა; კარი კარის პირდაპირ იყო; სვეტებს შუა 60 წყრთა გამოუვიდა; სვეტების წინ ეზო და კარიბჭე იყო. და შესასვლელის კარიბჭიდან შიდა კარიბჭის სტოამდე – 50 წყრთა. ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო. და მიმიყვანა მე გარეთა ეზოში და, აჰა, ვნახე სენაკები, და ქვაფენილია დაგებული ეზოში ირგვლივ, 30 სენაკი იმ ქვაფენილზე. ქვაფენილი კარიბჭეთა გვერდით იყო, მთელს სიგრძეზე; ეს იყო ქვედა ქვაფენილი. გაზომა სიგანე ქვედა კარიბჭიდან შიდა ეზოს ბოლომდე 100 წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით. ჩრდილოეთისკენ მიმართული გარეთა ეზოს კარიბჭის სიგრძე და სიგანეც გაზომა. სენაკები ერთ მხარეს სამი იყო, მეორე მხარესაც სამი; მისი სვეტები და სტოა პირველი კარიბჭის ზომისა იყო – სიგრძე 50 წყრთა და სიგანე 25 წყრთა. სარკმლები, სტოები და ფინიკის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასასვლელი და სტოა მის წინ; შიდა ეზოს კარიბჭე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კარიბჭეთა პირდაპირ იყო; და გაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე 100 წყრთა. და წამიყვანა მან სამხრეთისაკენ, და აჰა, სამხრეთის კარიბჭე. და გაზომა მისი სვეტები და სტოა და იგივე ზომისა იყო. და ჰქონდა სარკმლები და სტოები ირგვლივ ისეთივე, როგორც სხვა სარკმლები იყო; სიგრძე 50 წყრთა და სიგანე 25 წყრთა. და იყო ასასვლელი შვიდ საფეხურიანი, სტოა მის წინ და პალმის ჩუქურთმები მის სვეტებზე, თითო-თითო ორივე მხარეს; და იყო შიდა ეზოს კარიბჭე სამხრეთისაკენ. გადაზომა იმ კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთისაკენ 100 წყრთა. და შემიყვანა სამხრეთის კარიბჭით შიდა ეზოში, და გაზომა სამხრეთის კარიბჭე და იგივე ზომისა იყო. მათი გვერდითი სენაკები, მათი სვეტები და სტოები იმავე ზომისა იყო. ირგვლივ სარკმლები ჰქონდა სენაკებსა და სტოებს; სენაკებსა და მათ სტოებს 50 წყრთა ეჭირა სიგრძით და 25 სიგანით. ირგვლივ სტოები იყო სიგრძით 25 და სიგანით ხუთი წყრთა. მისი სტოები გადიოდა გარეთა ეზოსაკენ; და ფინიკები იყო დახატული მის სვეტებზე, და რვა საფეხური ჰქონდა მასზე ასასვლელად. და შემიყვანა აღმოსავლეთის კარიბჭით შიდა ეზოში და გაზომა ის კარიბჭე და იგივე ზომების იყო. მისი სენაკები, სვეტები და სტოები იმავე ზომისა იყო. სარკმლები ჰქონდა ირგვლივ სენაკებსა და მათ სტოებს: სიგრძე 50 წყრთა და სიგანე 25 წყრთა. მისი სტოები გადიოდა გარეთა კარიბჭისაკენ; და მის სვეტებზე ფინიკები იყო ორივე მხრიდან; რვა საფეხური ადიოდა მისკენ. მიმიყვანა მე ჩრდილოეთის კარიბჭესთან და გაზომა და იგივე ზომებისა იყო. თავისი სენაკებით, თავისი სვეტებით, თავისი სტოებით და სარკმლებით ირგვლივ იყო სიგრძით 50 წყრთა და სიგანით 25 წყრთა. მისი სტოა მიმართული იყო წინა ეზოსაკენ, სვეტებს ფინიკის ჩუქურთმები ედგა ორივე მხარეს და ასასვლელი რვა საფეხურიანი იყო. სენაკი ჰქონდა თავისი შესასვლელით კარიბჭის სვეტებთან. იქ ბანდნენ სრულადდასაწველს. კარიბჭის სტოაში ორი მაგიდა იდგა ერთ მხარეს და ორი მაგიდა მეორე მხარეს, რათა ზედ დაეკლათ სრულადდასაწველი და ცოდვის შესაწირავი და დანაშაულის შესაწირავი მსხვერპლები. გარეთა ფრთაზე ასასვლელთან, ჩრდილოეთის კარიბჭის შესასვლელთან ორი მაგიდა იდგა, მეორე ფრთაზე კარიბჭის სტოასთანაც ორი მაგიდა იდგა; ოთხი მაგიდა ერთ მხარეს და ოთხი მაგიდა მეორე მხარეს, კარიბჭის ფრთასთან; რვა მაგიდა იყო მსხვერპლის დასაკლავად. ოთხი მაგიდა სრულადდასაწველისთვის თლილი ქვისაგან გაკეთებული; სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა; მასზე აწყობდნენ იარაღს, რომლითაც უნდა დაეკლათ სრულადდასაწველი და სხვა მსხვერპლები. და ორკაპი ჩანგლები, ერთი მტკაველის სიგანისა, მიმაგრებული იყო შენობის კედელზე ორივე მხარეს, მაგიდებზე კი სამსხვერპლო ხორცი ეწყო. შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა სენაკები იყო; შიდა ეზოში, ჩრდილოეთის კარიბჭის ფრთასთან; ერთი სამხრეთისაკენ იყურებოდა, მეორე კი აღმოსავლეთის კარიბჭის ფრთასთან – ჩრდილოეთისაკენ იყო მიქცეული. და მითხრა მან: ეს საკანი, სამხრეთისაკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისათვისაა, რომლებიც ტაძრის სამსახურს ასრულებენ. ხოლო სენაკი, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესინი ცადოკის ძენი არიან, ლევის ტომიდან, უფლის ახლოს მყოფნი და მისი მსახურნი. და გადაზომა ეზო: სიგრძით 100 წყრთა და სიგანითაც 100 წყრთა. სამსხვერპლო ტაძრის წინ იდგა. და მიმიყვანა ტაძრის სტოასთან და გადაზომა სტოას სვეტებში: ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს, კარიბჭის სიგანე სამი წყრთა ერთ მხარეს და სამი წყრთა მეორე მხარეს. სტოას სიგრძე – 20 წყრთა და სიგანე – 12 წყრთა; აღსავალთან, რომლითაც ადიან, სვეტები იყო, ერთი – ერთ მხარეს, მეორე – მეორე მხარეს. შემდეგ შემიყვანა მან ტაძარში და გაზომა სვეტებს შუა ექვსი წყრთა სიგანე ერთი მხრიდან და ექვსი წყრთა სიგანე მეორე მხრიდან. ეს იყო კარვის სიგანე. სიგანე შესასვლელისა 10 წყრთა; შესასვლელის ფრთა ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე 40 წყრთა და სიგანე 20 წყრთა. და შევიდა შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტებში კართან ორი წყრთა და შესასვლელი ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგანე – შვიდი წყრთა. და გაზომა მისი სიგრძე 20 წყრთა და სიგანეც 20 წყრთა ტაძრისა, და მითხრა: ეს არის წმიდათა წმიდა. და გაზომა ტაძრის კედელი ექვსი წყრთა და სიგანე გვერდითი სენაკებისა ოთხ-ოთხი წყრთა ტაძრის ირგვლივ. გვერდითი სენაკები 33 იყო, სენაკი სენაკის გვერდით; და მიუყვებოდა ტძრის კედელს ირგვლივ, რომ ერთმანეთით ყოფილიყვნენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ. გვერდითი სენაკების სიგანე ფართოვდებოდა მაღლა და მაღლა ტარძრის გარშემო, რადგან ტაძარიც განივრდებოდა მაღლა და მაღლა, ისე რომ ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუადან იყო ასასვლელი. დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საფუძველი სრული ექვსი წყრთა იყო. გვერდითი სენაკების გარეთა კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო, ხოლო ცარიელი ადგილი იყო ტაძრის გვერდით სენაკებს შორის. მანძილი სენაკებს შორის 20 წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ. გვერდითი სენაკიდან ღია სივრცეში იყო გასასვლელები, ერთი გასასვლელი ჩრდილოეთისკენ და ერთი გასასვლელი სამხრეთისკენ; ღია სივრცის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ. შენობა, რომელიც მოედნის წინ იდგა დასავლეთისკენ, სიგანით 70 წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე – 90 წყრთა. გაზომა ტაძრის სიგრძე 100 წყრთა; მოედანი შენობითურთ და მისი კედლები სიგრძით 100 წყრთა. ტაძრის სიგანე წინა მხარეს და მოედნისა აღმოსავლეთისკენ 100 წყრთა. გაზომა შენობის სიგრძე მოედნის წინ, მის უკანა მხარეს, თავისი გვერდითი სენაკებით ორივე მხარეს გაზომა 100 წყრთა შიდა ტაძრიანად და ეზოს სტოებითურთ. კარების ზღურბლები და ცხაურიანი სარკმლები და გვერდითი სენაკები ირგვლივ, სამთავე სართულად, ზღურბლების წინ, ხით იყო მოპირკეთებული, ასევე იატაკიდან სარკმლებამდე; სარკმლები ყრუ იყო. შესასვლელის თავზე, როგორც ტაძრის შიგნით, ასევე გარეთ, და მთელ კედელზე ირგვლივ, შიგნიდან და გარედან, მოჩუქურთმებული გამოსახულებები იყო. და ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და ფინიკები. და ფინიკი იყო ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის, და ორ-ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს. ადამიანის სახე იყო მიმართული ფინიკისაკენ ერთი მხრიდან, და ლომის ბოკვერის სახე ფინიკისაკენ მეორე მხრიდან. ასე იყო ირგვლივ მთელ ტაძარში. იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და ფინიკები იყო გამოსახული, ასევე ტაძრის კედლებზე. ტაძრის კარის წირთხლები ოთხკუთხედი იყო, და საწმიდარსაც ისეთივე შესახედაობა ჰქონდა. ხის სამსხვერპლო სიმაღლით სამი წყრთა იყო, სიგრძე – ორი წყრთა. მისი კუთხეები, მისი კვარცხლბეკი და მისი კედლები ხისა იყო; და მითხრა მან: ეს არის მაგიდა, რომელიც უფლის წინაშეა. ორ-ორი კარი ჰქონდა ტაძარსაც და წმიდათა წმიდასაც. თითოეულ კარს ორი ფრთა ჰქონდა, ორივე იღებოდა. ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს. ტაძრის კარებზე ქერუბიმები და ფინიკები იყო გამოსახული, ისეთი, როგორც კედლებზე. გარეთ, სტოას წინ, ხის ზღურბლი იყო. და ცხაურიანი სარკმლები ფინიკებით სტოას კედლების ორივე მხარეს. გამიყვანა მე გარეთა ეზოში ჩრდილოეთის გზით და მიმიყვანა სენაკებთან, რომლებიც მოედნის პირდაპირ იყო მოთავსებული ჩრდილოეთის მხარეს. ჩრდილოეთის შესასვლელის წინა მხარის სიგრძე 100 წყრთა იყო, სიგანე – 50. შიდა ეზოს პირდაპირ ოც წყრთაზე და ქვაფენილის პირდაპირ, გარეთა ეზოში, დერეფანი დერეფნის პირდაპირ იყო სამ სართულად. და სენაკთა წინ გასავლელი 10 წყრთა სიგანით და შიდა გზა ერთი წყრთა; მათი კარებები ჩრდილოეთისკენ იყო. ზედა სენაკები უფრო მოკლე იყო, რადგან დერეფნებს მათგან უფრო მეტი ადგილი ეჭირათ, ვიდრე შენობის ქვემო და შუა სართულებს, რადგან სამსართულად იყო ისინი და არ ჰქონდათ სვეტები, ეზოს სვეტების მსგავსად, ამიტომ დაშორებული იყო ქვემო და შუა სართულებს იატაკიდან. და კედელი, რომელიც გარედან იყო სენაკთა პირდაპირ გარეთა ეზოსკენ, 50 წყრთა იყო. რადგან სენაკთა სიგრძე, რომლებიც გარეთა ეზოში იყო, 50 წყრთა იყო, ხოლო ტაძრის წინ 100 წყრთა იყო. ამ სენაკთა ქვევით, აღმოსავლეთის მხრიდან იყო შესასვლელი, გარეთა ეზოდან შესასვლელად. ეზოს გალავნის სიგანეზე აღმოსავლეთით, მოედნისა და შენობის პირდაპირ სენაკები იყო. გზა მათ წინ იყო მსგავსი იმ სენაკების გზისა, რომლებიც ჩრდილოეთისკენ იყო მიმართული: სიგრძით, სიგანით, და ყველა მათი შესასვლელ-გამოსასვლელით ისეთივე იყო. ისეთივე კარებებით როგორიც სენაკებს ჰქონდა სამხრეთისაკენ, და მათში შესასვლელად კარი იყო გზის დასაწყისში, რომელიც მიუყვებოდა კედლის გასწვრივ აღმოსავლეთისკენ. და მითხრა მან: ჩრდილოეთის სენაკები, სამხრეთის სენაკები, რომლებიც ტაძრის დარბაზის წინაა, წმიდა სენაკებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ უწმიდეს მსხვერპლს. იქ აწყობენ უწმიდეს მსხვერპლებს, და პურეულის ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის შესაწირავს, რადგან წმიდაა ეს ადგილი. როდესაც იქ მღვდლები შედიან, აღარ უნდა გავიდნენ ამ წმიდა ადგილიდან გარეთა ეზოში, ვიდრე იქ არ დააწყობენ თავიანთ სამოსელს, რომლითაც მსახურება აღასრულეს, რადგან წმიდაა ისინი; მათ სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან და ისე გავიდნენ ხალხთან. დაასრულა მან შიდა ტაძრის გაზომვა და გამომიყვანა კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთითაა მიმართული, და გაზომა ის ირგვლივ. და გაზომა აღმოსავლეთის მხარე ლერწმის საზომით – 500 წყრთა. გაზომა ჩრდილოეთის მხარე – 500 წყრთა საზომი ლერწმით. სამხრეთის მხარე გაზომა – 500 წყრთა საზომი ლერწმით. მიტრიალდა დასავლეთისკენ და გაზომა 500 წყრთა საზომი ლერწმით. ოთხივ კუთხივ გაზომა მან იგი; გალავანი იყო მის ირგვლივ, სიგრძე – 500 და სიგანე – 500 წყრთა, რათა გამოეცალკევებინა წმიდა ადგილი არაწმიდისაგან. წამიყვანა მან ჭიშკართან, იმ ჭიშკართან, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიქცეული. და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოვიდა აღმოსავლეთის გზიდან და დაიჭექა, როგორც მოვარდნილმა ღვართქაფმა. და მიწა განათდა მისი დიდებით. და ეს ხილვა ისეთივე იყო, რომელიც მე ადრე ვიხილე; სწორედ ისეთივე, რომელიც ვიხილე, როდესაც მოვედი ამ ქალაქის დაღუპვის საუწყებლად, და ხილვანი, მსგავსი იმ ხილვებისა, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებართან. და პირქვე დავემხე. და უფლის დიდება შემოვიდა ტაძარში კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურებოდა. და ამაყენა მე სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში, და, აჰა, აავსო უფლის დიდებამ მთელი ტაძარი. და გავიგონე ვიღაცის ხმა, რომელიც ტაძრიდან მელაპარაკებოდა, ის კაცი კი ჩემს გვერდით იდგა. და მითხრა: ადამის ძევ! აჰა, ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემი ტერფებისა, სადაც მე დავივანებ ისრაელის ძეთა შორის საუკუნოდ; და აღარ შებილწავს ისრაელის სახლი ჩემს წმიდა სახელს, აღარც ისინი და აღარც მათი მეფენი თავიანთი სიძვითა და თავიანთი მეფეთა გვამებით, თავიანთ სამსხვერპლო მაღლობებზე. ისინი დგამდნენ თავიანთ ზღურბლს ჩემს ზღურბლთან და თავიანთ წირთხლებს ჩემს წირთხლებთან, ასე, რომ ჩემსა და მათ შორის ერთი კედელი იყო; ბილწავდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლეებით, რასაც ისინი აკეთებდნენ, და ამიტომაც მოვსპე ისინი ჩემი რისხვით. ახლა მომაშორებენ თავიანთ სიძვასა და თავიანთ მეფეთა გვამებს, და დავივანებ მათ შორის საუკუნოდ. შენ, ადამის ძევ! აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძარზე, რათა შერცხვეთ თავიანთი ურჯულოებისა, და რათა გაზომონ ის შენობა. თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩადენილი აქვთ, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი, მისი აღნაგობა, მისი შესასვლელ-გამოსასვლელები, მთელი მისი ნახაზი და ყოველი წესი და კანონი; დაწერე მათ თვალწინ, რომ დაიცვან ყოველი მისი ნახაზი და წესი, და შეასრულონ. ეს არის ტაძრის რჯული: მთის თხემზე მთელი მიდამო ირგვლივ – წმიდათა წმიდაა. აჰა, ეს არის ტაძრის რჯული. ეს არის სამსხვერპლოს ზომები წყრთით (ამ წყრთაში წყრთა და ერთი მტკაველია). საფუძველი – ერთი წყრთა, სიგანე – ერთი წყრთა, და მისი ძგიდე მის კიდეზე ირგვლივ ერთი მტკაველი; ეს არის სიმაღლე სამსხვერპლოსი. მიწაზე მდგარი საფუძვლიდან ქვემო შვერილამდე ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე ოთხი წყრთა, სიგანე ერთი წყრთა. და სამსხვერპლოს კერა – ოთხი წყრთა და კერიდან მაღლა ამოდის ოთხი რქა. და კერა – 12 წყრთაა სიგრძით და 12 – სიგანით და ოთხკუთხედია მის ოთხივე მხარეს. შვერილის სიმაღლე 14 წყრთა, სიგანეც 14 წყრთა მის ოთხივე მხარეს; ძგიდე მის ირგვლივ ნახევარი წყრთა, მისი საფუძვლის ირგვლივ კი ერთი წყრთა; მისი საფეხურები აღმოსავლეთისკენაა. და მითხრა მან: ადამის ძევ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: ესაა წესები სამსხვერპლოსი მისი გაკეთების დღისათვის, რათა აღავლინონ მასზე სრულადდასაწველი და მოაპკურონ მასზე სისხლი. და მისცემ ლევიან მღვდლებს, ცადოკის შთამომავალთ, ჩემთან დაახლოებულთ მსახურებისთვის, – ამბობს უფალი ღმერთი, – ხვასტაგიდან ხბოს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. აიღე მისი სისხლი და აპკურე სამსხვერპლოს ოთხივე რქას და შვერილის ოთხივე კუთხეს და ძგიდეს ირგვლივ, და ასე განწმენდ მას ცოდვისგან და გაასუფთავებ. და გაიყვანე ხბო ცოდვის მსხვერპლად და დაწვი ის ტაძრის დანიშნულ ადგილზე, საწმიდრის გარეთ. და მეორე დღეს შესწირე უხინჯო თიკანი ცოდვის მსხვერპლად; და ასე განწმენდ ცოდვისგან სამსხვერპლოს, როგორც განწმინდე ხბოთი. როდესაც დაასრულებ განწმედას, შესწირე უხინჯო ხბო და უხინჯო ვერძი ფარიდან. და შესწირე ისინი უფლის წინაშე; და მღვდლები დააყრიან მათ მარილს და სრულადდასაწველ მხვერპლად აღუვლენენ უფალს. შვიდი დღის მანძილზე სწირავდე ცოდვისათვის. თითო თხა დღეში და თითო ხბო და უხინჯო ვერძი ფარიდან. შვიდი დღის მანძილზე წმინდონ მათ სამსხვერპლო, ასუფთაონ და აკურთხონ, და აივსონ ხელი. და როდესაც დასრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და შემდგომაც, მღვდლებმა მიიტანონ სამსხვერპლოზე თქვენი სრულადდასაწველი და თქვენი სამშვიდობო მსხვერპლები; და მე გამოვიჩენ თქვენს მიმართ წყალობას, – ამბობს უფალი ღმერთი. და დამაბრუნა მან საწმიდრის აღმოსავლეთისაკენ მიქცეული გარეთა კარიბჭის გზით, და დახშული იყო იგი. და მითხრა მე უფალმა: ეს კარიბჭე დახშული იქნება, არ გაიღება და კაცი არ შევა მასში, რადგან ისრაელის უფალი ღმერთი შევიდა მასში, და იქნება იგი დახშული. ხოლო მთავარი კი დაჯდება იქ, როგორც მთავარი, რათა ჭამოს პური უფლის წინაშე. სტოას კარიბჭის გზით შევა და იმავე გზით გამოვა. შემდეგ მიმიყვანა მან ჩრდილოეთის კარიბჭის გზით ტაძრის წინ და დავინახე, რომ უფლის დიდებამ გაავსო ტაძარი უფლისა, და პირქვე დავემხე. და მითხრა უფალმა: ადამის ძევ! დაიმახსოვრე და დაინახე შენი თვალით, და გაიგონე შენი ყურით ყოველივე, რასაც გეუბნები უფლის ტაძრის ყველა წესსა და რჯულზე, და დაიმახსოვრე ტაძარში ყველა შესასვლელი და საწმიდრის ყველა გასასვლელი. და უთხარი ისრაელის მეამბოხე სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გეყოფათ სისაძაგლეთა კეთება, სახლო ისრაელისა! რომ მოგყავდათ უცხოტომელნი, წინადაუცვეთელნი გულით და წინადაუცვეთელნი ხორცით, რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს საწმიდარში, რათა შეებღალათ ჩემი ტაძარი, როდესაც მსხვერპლად მოგქონდათ ჩემი პური, ლურთები და სისხლი და არღვევდით ჩემს აღთქმას მთელი თქვენი სისაძაგლეებით. არ ასრულებდით მოვალეობას ჩემს სიწმიდეთა მიმართ, და თქვენს ნაცვლად მათ აყენებდით ჩემი საწმიდრის გუშაგებად. ასე ამბობს უფალი ღმერთი: არც ერთი უცხოთესლი, რომელიც ისრაელის ძეთა შორის ცხოვრობს – წინადაუცვეთელი გულითა და წინადაუცვეთელი ხორცით – არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმიდარში, თვით ის უსხოთესლი, რომელიც ისრაელიანთა შორის ცხოვრობს. რადგან ლევიანებიც, რომელნიც განმიდგნენ ისრაელის განდგომისას, რომელთაც მიმატოვეს და კერპებს გაედევნენ, იტვირთავენ სასჯელს თავიანთი ურჯულოების გამო. და იქნებიან ლევიანები ჩემს საწმიდარში ტაძრის კარიბჭეთა მცველებად და ტაძრის სამსახურის აღმსრულებლებად; ისინი დაკლავენ ხალხისთვის სრულადდასაწველს და სხვა მსხვერპლებს და იდგებიან მათ წინაშე, რათა მოემსახურონ მათ. რადგან ისინი ემსახურებოდნენ მათ მათი კერპების წინაშე და აცდუნებდნენ ისრაელის სახლს ურჯულოებისაკენ, ამიტომაც მე ხელი აღვმართე მათზე, – ამბობს უფალი ღმერთი, – და იტვირთავენ ისინი თავიანთ ცოდვების სასჯელს. ვერ მომეახლებიან ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ და მიეახლონ ყოველ ჩემს სიწმიდეს, ჩემს წმიდათა წმიდას, არამედ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და თავიანთ სისაძაგლეს, რაც ჩაიდინეს. და დავაყენებ მათ ჩემი ტაძრის სამსახურის შესასრულებლებად ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება. ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავალნი, რომელნიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როდესაც ისრაელის ძენი განმიდგნენ, მომიახლოვდებიან, რათა მემსახურონ და იდგნენ ჩემს წინაშე, რათა შემომწირონ მე ლურთები და სისხლი, – ამბობს უფალი ღმერთი. ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და მიუახლოვდებიან ჩემს ტრაპეზს, რათა მემსახურონ მე და აღასრულონ თავიანთი მოვალეობა. და როდესაც მივლენ შიდა ეზოს კარიბჭესთან, სელის სამოსელი უნდა ეცვათ და არაფერი მატყლისა შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში მსახურებისას. სელის კიდარი ედგმებათ თავზე და სელის არდაგი ექნებათ შემორტყმული წელზე. ისეთი არაფერი უნდა შემოიხვიონ, რომ გაიოფლონ. და როდესაც გარეთა ეზოში გავლენ ხალხთან, უნდა გაიხადონ სელის სამოსელი, რომლითაც მსახურობენ და დააწყონ წმიდა სენაკებში, და ჩაიცვან სხვა სამოსელი, რათა არ შეეხონ ხალხს თავიანთი წმიდა სამოსლით. თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა დაიგრძელონ – თავი უნდა გაიკრიჭონ. და ღვინო არ უნდა დალიონ მღვდლებმა შიგნითა ეზოში შესვლისას. ქვრივი ან ქმრისგან გაშვებული არ უნდა შეირთონ ცოლად, არამედ მხოლოდ ქალწული ისრაელის სახლის თესლიდან და მღვდლის ქვრივი. ჩემს ერს ასწავლონ გარჩევა წმიდისა და არაწმიდისა და განსხვავება უსუფთაოსა და სუფთას შორის აუწყონ მათ. როცა დავის დროს დადგებიან განსასჯელად, ჩემი სამართლით განსაჯონ; ჩემი რჯული და ჩემი წესები დაიცვან ჩემს ყველა დღესასწაულზე და ჩემი შაბათები წმიდად შეინახონ. მკვდარს არ შეეხონ, რათა არ შეიბილწონ; შეუძლიათ მხოლოდ მამას და დედას, ძესა და ასულს, ძმასა და გაუთხოვარ დას არ მოერიდნენ. და მისი განწმედის შემდეგ შვიდ დღეს გადაუთვლიან მას. და იმ დღეს, როდესაც შევა ის წმიდაში, შიდა ეზოში, რათა იმსახუროს წმიდაში, შესწირავს თავისი ცოდვის მსხვერპლს, – ამბობს უფალი ღმერთი. და ნუ ექნებათ მათ სამკვიდრო, მე ვარ მათი სამკვიდრო; და საკუთრებას ნუ მისცემთ მათ ისრაელში, რადგან მე ვარ მათი საკუთრება. მათ ჭამონ პურეულის ძღვენი, მსხვერპლი ცოდვისა და დანაშაულისა; და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით. ყოველი ნათავარი, ყოველი პირველმოწეული და ყოველი აღსამართავი შესაწირი თქვენს აღსამართავთაგან მღვდლებს ეკუთვნით. თქვენი ცომის ნათავარი მღვდელს მიეცით, რომ კურთხევამ დაივანოს თქვენს სახლზე. არავითარი უსულადო და ნამხეცავი არ ჭამონ მღვდლებმა – არც ფრინველისა და არც პირუტყვისა. და როდესაც წილისყრით გაინაწილებთ ქვეყანას სამემკვიდრეოდ, გამოუყავით უფალს წმიდა ნაწილი მიწიდან სიგრძით 25 ათასი და სიგანით 10 ათასი წყრთა ლერწმის საზომით; წმიდა იქნება ის ადგილი მთელ მის საზღვრებში ირგვლივ. აქიდან საწმიდრისა იქნება კვადრატული ნაკვეთი 500 წყრთა 500 წყრთაზე და 50 წყრთა სიგანის – მოედანი მის ირგვლივ. და ამ საზომით გადაზომე სიგრძე 25 ათასი წყრთა და სიგანე 10 ათასი, და იქ იქნება საწმიდარი და წმიდათა წმიდა. ამ მიწის წმიდა ნაწილი იქნება საწმიდრის მომსახურე მღვდლებისთვის, რომელნიც მიახლოებულნი არიან უფალს, რათა ემსახურონ. და იქნება ის მათი სახლების ჩასადგმელი ადგილი და წმიდა ნაკვეთი საწმიდრისათვის. და 25 ათასი წყრთა სიგრძე და 10 ათასი სიგანე იქნება ტაძარში მომსახურე ლევიანთა საკუთრებად, მათ საცხოვრებლად. და ქალაქის საკუთრებად გაეცით 5 ათასი სიგანით და სიგრძით 25 ათასი წყრთა უფლისთვის გამოყოფილი წმიდა ადგილის გასწვრივ; ეს მთელი ისრაელის სახლს უნდა ეკუთვნოდეს. მთავარს კი მიეცით წილი თითოეული მხრიდან, წმიდის შესაწირავისა და ქალაქის საკუთრებიდან წმიდის შესაწირავის წინ და ქალაქის საკუთრების წინ ზღვის მხრიდან ზღვისაკენ და აღმოსავლეთის მხრიდან აღმოსავლეთით. და სიგრძე მისი თანაბარი იქნება ერთი ნაწილისა დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე. ეს იქნება მისი მიწა, მისი სამფლობელო ისრაელში, რათა ჩემმა მთავრებმა აღარ შეავიწროვონ ჩემი ერი, და რათა მისცენ ისრაელის სახლს მიწა მათი ტომების მიხედვით. ასე ამბობს უფალი ღმერთი: გეყოთ, ისრაელის მთავარნო! დაივიწყეთ ძალადობა და ძარცვა-გლეჯა, ქმენით მართალი სამართალი და შეწყვიტეთ ჩემი ერის დევნა, – ამბობს უფალი ღმერთი. – გქონდეთ სწორი სასწორი, სწორი ეფა და სწორი ბათი. ეფა და ბათი ერთი ზომისა იყოს, რათა ჩაეტიოს ხომერის მეათედი ბათში და მეათედი ხომერისა ეფაში; ხომერის მიხედვით იყოს მათი ტევადობა. შეკელში 20 გერაა. 20 შეკელი და 25 შეკელი და 15 შეკელი თქვენი ერთი მნა იქნება. ესაა შესაწირავი, რომელსაც უნდა სწირავდეთ: ერთი ხომერი ხორბლიდან მეექვსედი ეფა და მეექვსედი ეფა ერთი ხომერი ქერიდან. ზეთზე დაწესებულია: ერთი ქორი ზეთიდან ბათის მეათედი; 10 ბათი არის ერთ ხომერში, რადგან 10 ქორია ხომერში. ერთი კრავი ყოველი 200 ცხვრიდან, ისრაელის ნოყიერი საძოვრებიდან: ეს ყველაფერი პურეულის ძღვნად და სრულადდასაწველ და სამადლობელო მსხვერპლად, რათა განიწმიდონ, – ამბობს უფალი ღმერთი. ქვეყნის მთელმა ერმა უნდა მიუტანოს ეს შესაწირავი ისრაელის მთავარს. მთავარზე იქნება სრულადდასაწველნი და ძღვენი და პურეულის ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებში, ახალ მთვარობებში და შაბათებში, ისრაელის ტაძრის ყველა დღესასწაულებზე; მან უნდა მიიტანოს ცოდვის მსხვერპლი და პურეულის ძღვენი, და სრულადდასაწველი, და სამადლობელო მსხვერპლი, ისრაელის სახლის განსაწმედად. ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველ დღეს მოიყვანე უხინჯო ხბო ნახირიდან და გაწმიდე ცოდვისგან საწმიდარი. აიღოს მღვდელმა ცოდვის შესაწირავის სისხლი და აპკუროს ტაძრის წირთხლებსა და სამსხვერპლოს შვერილის ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წირთხლებს. ასე გააკეთე ამ თვის მეშვიდე დღეს მათთვის, ვინც შესცოდეს უნებლიედ ან უმეცრებით, და ასე განწმიდეთ ტაძარი. პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს უნდა გქონდეთ პასექი, შვიდდღიანი დღესასწაული, როცა უფუარს უნდა ჭამდეთ. იმ დღეს მთავარმა უნდა გაამზადოს თავისთვის და ქვეყნის მთელი ერისთვის ხბო ცოდვის მსხვერპლად. დღესასწაულის შვიდივე დღეს მან უნდა მიუტანოს უფალს სრულადდასაწველად დღეში შვიდი უხინჯო ხბო და შვიდი ვერძი, და ცოდვის მსხვერპლად დღეში ერთი თხა. მიიტანოს ერთი ეფა პურეულის ძღვენი ხბოზე და ვერძზე და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე. მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, დღესასწაულზე, ყოველივე ეს გააკეთოს შვიდი დღის განმავლობაში: იგივე ცოდვის მსხვერპლი, იგივე სრულადდასაწველი, და იმდენივე პურეულის ძღვენი და იმდენივე ზეთი. და თქვა უფალმა ღმერთმა: აღმოსავლეთით მიქცეული შიდა ეზოს კარიბჭე დახშული იქნება ექვსი საქმის დღის განმავლობაში, ხოლო შაბათ დღეს და ახალმთვარობის დღეს გაიღება. და შემოვა მთავარი კარიბჭის სტოას გზით გარედან და დადგება კარიბჭის წირთხლებთან; და შესწირავენ მღვდლები მის სრულადდასაწველსა და მის სამადლობელო მსხვერპლს; და თაყვანს სცემს იგი უფალს კარიბჭის ზღურბლთან და გავა, ხოლო კარიბჭე ღია დარჩება საღამომდე. და თაყვანს სცემს იმ ქვეყნის ხალხი უფლის წინაშე იმ ჭიშკრის შესასვლელში შაბათებსა და ახალმთვარობებში. და სრულადდასაწველი, რომელსაც შესწირავს მთავარი უფალს შაბათ დღეს, იქნება ექვსი უხინჯო კრავი და უხინჯო ვერძი, და პურეულის ძღვენი – ერთი ეფა ვერძზე, ხოლო ძღვენი კრავებზე – მისი ხელგაშლილობის მიხედვით, ხოლო ზეთი – ეფაზე ერთი ჰინი. ახალმთვარობის დღეს მან უნდა მოიყვანოს ერთი უხინჯო ხბო ნახირიდან, ასევე ექვსი უხინჯო კრავი და ერთი ვერძი, აგრეთვე უხინჯო. პურეულის ძღვენს ის მოიტანს ერთ ეფას ხბოზე და ერთ ეფას ვერძზე, ხოლო კრავებზე, მისი ხელგაშლილობის მიხედვით, და ზეთს ეფაზე ჰინს. და როდესაც მოვა მთავარი, კარიბჭის სტოას გზით შემოვა და იმავე გზით გავა. და როდესაც მოვა უფლის წინაშე ერი ქვეყნისა დღესასწაულებზე თაყვანისცემად, ჩრდილოეთის კარიბჭის გზით შემოსულნი სამხრეთის კარიბჭით უნდა გავიდნენ, ხოლო სამხრეთის კარიბჭის გზით შემოსულნი ჩრდილოეთის კარიბჭით უნდა გავიდნენ. არ უნდა გავიდნენ იმავე კარიბჭის გზით, რომლითაც შემოვიდნენ, არამედ მოპირდაპირეთი უნდა გავიდნენ. და მთავარიც მათ შორის უნდა იყოს; მათი შემოსვლისას შემოვა და მათი გასვლისას გავა. და დღესასწაულებში და საზეიმო დღეებში მისი პურეულის ძღვენი უნდა იყოს: ერთი ეფა ხბოზე და ერთი ეფა ვერძზე, ხოლო კრავებზე – მისი შეძლებისდაგვარად, და ზეთი – ერთი ჰინი ეფაზე. და თუ მთავარს სურს უფალს შესწიროს სრულადდასაწველი ან სამადლობელო მსხვერპლი, უნდა გაუღონ მას აღმოსავლეთით მიქცეული კარიბჭე, და ის შეასრულებს თავის სრულადდასაწველს და თავის სამადლობელო მსხვერპლშეწირვას ისევე, როგორც შეასრულა შაბათის დღეს, და ამის შემდეგ ის გავა და დაიხურება კარიბჭე. ყოველდღე შესწირე უფალს სრულადდასაწველად უხინჯო თოხლი; ყოველ განთიადზე შესწირე. და პურეულის ძღვენი მოუტანე მას განთიადზე ეფის მეექვსედი და ზეთი ჰინის მესამედი, რათა მოზილოს განმტკიცული ფქვილი. ესაა საუკუნო წესი უფლისთვის პურეულის მიძღვნისა. და მოამზადონ კრავი და პურეულის ძღვენი და ზეთი განთიადზე – სამუდამო სრულადდასაწველად. ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი თავისი მემკვიდრეობიდან საბოძვარს აძლევს თავის ძეთაგან რომელიმეს, მის ძეთა მემკვიდრეობაც იქნება იგი; ეს საკუთრება მემკვიდრეობითი უნდა გახდეს. და თუ ის თავისი სამკვიდრებლიდან თავის რომელიმე მსახურთაგანს რაიმეს უბოძებს, მისი იქნება ეს საჩუქარი მისი გათავისუფლების წლამდე, შემდეგ კი მთავარსვე დაუბრუნდება. მხოლოდ მის ძეებზე გადადის მთავრის მემკვიდრეობა. ვერ აიღებს მთავარი ხალხის სამკვიდრებლიდან რაიმეს საკუთრებიდან მათი გამოძევებით. მხოლოდ თავისი საკუთრებიდან დაუმკვიდრებს თავის ძეთ, რათა ჩემი ხალხიდან არავინ იქნეს გამოძევებული თავისი სამკვიდრებლიდან. და მიმიყვანა შესასვლელთან, რომელიც კარიბჭის გვერდით არის, მღვდელთა წმიდა სენაკებთან, რომლებიც ჩრდილოეთითაა მიქცეული, და მიჩვენა იქ ერთი ადგილი კიდეზე, დასავლეთით. და მითხრა: ეს არის ადგილი, სადაც მღვდლები ხარშავენ დანაშაულისა და ცოდვის მსხვერპლს, სადაც აცხობენ პურეულის ძღვენს, რათა არ იქნეს გატანილი გარეთა ეზოში, რომ არ შეეხოს ხალხი სიწმიდეს. და გამიყვანა გარეთა ეზოში და მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე. და, აჰა, ეზო ეზოს ყოველ კუთხეში. ეზოს ოთხივე კუთხეში ჩაკეტილი ეზოები იყო, 40 წყრთა სიგრძით და 50 სიგანით. ერთი ზომისა ოთხივე კუთხეში. და მათ ოთხივეს ირგვლივ – კედლები, და კედლებში ირგვლივ დატანებული იყო ცეცხლის კერები. და მითხრა: ესაა სამზარეულოები, სადაც ტაძრის მსახურნი ხალხისგან შეწირულ მსხვერპლს ხარშავენ. და დამაბრუნა ტაძრის კართან და, აჰა, წყალი გამოდის ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან აღმოსავლეთისაკენ, რადგან ტაძარი პირით აღმოსავლეთისაკენ იდგა, და წყალი ჩამოდიოდა ტაძრის მარჯვენა მხრის ქვეშიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით. და გამომიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭით, და გარეთა გზით გამატარა გარეთა კარიბჭისაკენ, იმ გზით, რომელიც აღმოსავლეთით მიდიოდა; და, აჰა, წყალი მოედინება მარჯვენა მხრიდან. როდესაც ეს კაცი წავიდა აღმოსავლეთით, მას ხელში ლარი ეჭირა და გადაზომა ათასი წყრთა და გამიყვანა წყალში – წყალი კოჭებამდე მწვდებოდა. კვლავ გადაზომა ათასი და გამიყვანა წყალში – მუხლებამდე მწვდებოდა წყალი; და კვლავ გადაზომა ათასი და კვლავ გამიყვანა წყალში – წყალი ამჯერად წელამდე მწვდებოდა. და კვლავ გადაზომა ათასი – და ისეთი დინება იყო, რომლის გადალახვა არ შემეძლო, რადგან აიწია წყალმა. წყალი გადასაცური იყო, დინების გადალახვა კი შეუძლებელი იყო. და მითხრა მან: ნახე, ადამის ძევ? და წამიყვანა და დამაბრუნა მდინარის ნაპირას. და როდესაც დავბრუნდი, მდინარის ნაპირებზე მრავალი ხე დავინახე, ორივე მხარეს. და მითხრა მან: ეს წყალი მიედინება დედამიწის აღმოსავლეთის მხარეს, გადაივლის ტრამალს და ჩაედინება ზღვაში, რომლის წყალსაც გააჯანსაღებს. და ყოველი სულიერი არსება, რომელიც იძვრის ყველგან, სადაც ეს ორი ნაკადი ჩაივლის, გაცოცხლდება, და გამრავლდება თევზი, რადგან სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერი განიკურნება და გაცოცხლდება. და დადგებიან მასთან მებადურნი ყენ-გედიდან ყენ-ეგლაიმამდე, ბადეებს მოისვრიან. ისეთივე იქნება მათი თევზი, როგორც დიდი ზღვისა; და უამრავი იქნება თევზი. მისი ჭაობები და მისი ჭყანტობები არ განიკურნება – მარილისთვის დარჩება. მდინარის ორსავე ნაპირას გაიზრდება ყველანაირი ნაყოფიერი ხე, ფოთოლი რომ არ დაუჭკნება და ნაყოფი რომ არ მოელევა. ყოველ თვეს დამწიფდება ახალი ხილი, რადგან მისთვის წყალი საწმიდრიდან გამოედინება; და იქნება მათი ნაყოფი საჭმელად და მათი ფოთოლი – წამლად. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ესაა საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილოთ მიწა, ისრაელის თორმეტ ტომს: იოსებს ექნება ორი წილი. და დაიმკვიდრეთ იგი, როგორც ერთმა, ისე მეორემ, თითოეულმა თანაბრად; რადგან ხელის აღმართვით შევფიცე თქვენს მამებს, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას, ამიტომაც თქვენი სამკვიდრო იქნება ეს ქვეყანა. ეს არის ამ ქვეყნის საზღვრები: ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ხეთლონის გზის ცედადამდე. ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, რომელიც დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორის არის მოქცეული, და შუა ხაცერ-ჰათიქონამდე, რომელიც ხავრანის საზღვართან მდებარეობს. საზღვარი გავა ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, საზღვარი დამასკოსა და ცაფონის საზღვართან, ჩრდილოეთით, და ხამათის საზღვართან. ეს არის ჩრდილოეთის მხარე. აღმოსავლეთის მხრიდან ხავრანსა და დამასკოს შორის, და გალაადსა და ისრაელს შორის – იორდანე; ჩრდილოეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე გადაზომე. ეს იქნება აღმოსავლეთის მხარე. და სამხრეთის საზღვარი – სამხრეთისაკენ თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლებამდე, მდინარის გაყოლებაზე დიდი ზღვისაკენ. და ეს არის სამხრეთის საზღვარი, სამხრეთით. და დასავლეთის საზღვარი – დიდი ზღვა, სამხრეთის საზღვრიდან ხამათში მიმავალ გზამდე. ეს არის დასავლეთის საზღვარი. გაინაწილეთ წილისყრით ეს ქვეყანა თქვენს შორის, ისრაელის ტომების მიხედვით. და გაანაწილეთ წილისყრით თქვენთვის და თქვენს შორის მცხოვრებ ხიზანთათვის, რომელთაც თქვენს შორის შობეს შვილები; და ისინიც, როგორც ისრაელის ძენი, ბუნებრივ მკვიდრთა თანასწორად უნდა ჩაითვალნენ, და თქვენთან ერთად უნდა იყარონ წილი ისრაელის ტომთა შორის. და იმ ტომში, რომელშიც ხიზანი იცხოვრებს, იქ მისცემთ მას მის წილს, – ამბობს უფალი ღმერთი. და ეს არის ტომთა სახელები. ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზის გასწვრივ, ხამათისა და ხაცარ-ყენანის მიმართულებით – დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთის ხამათის გასწვრივ – მხარე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეკუთვნის დანს – ერთი ტომი. დანის საზღვართან, აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი აშერისა. აშერის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი ნაფთალისა. ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე ეს არის ერთი წილი მანაშესი. და მანაშეს საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი ეფრემისა. და ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი რეუბენისა. და რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი იუდასი. და იუდას საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს იქნება შესაწირავი ნაკვეთები, რომელსაც შესწირავთ: სიგანით 25 ათასი წყრთა და სიგრძით, ერთ-ერთი სხვა წილის ტოლი, აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე; და იქნება საწმიდარი მასში. და ნაკვეთი, რომელსაც შესწირავთ თქვენს უფალს, იქნება სიგრძით 25 ათასი წყრთა და სიგანით 10 ათასი. და ეს წმიდა ნაკვეთი მღვდლებს უნდა ეკუთვნოდეს, ჩრდილოეთით 25 ათასი წყრთა და დასავლეთით – სიგანე 10 ათასი და აღმოსავლეთით – სიგანე 10 ათასი და სამხრეთით – სიგრძე 25 ათასი წყრთა. და იქნება უფლის საწმიდარი მის შიგნით. ეს არის განწმედილ მღვდელთათვის, ცადოკის ძეთაგან, რომელთაც აღმისრულეს მოვალეობა და რომელნიც არ განმიდგნენ ისრაელის ძეთა განდგომისას, როგორც განმიდგნენ ლევიანები, იქნება მათთვის შესაწირი ქვეყნის შესაწირიდან წმიდათა წმიდა – ლევიანთა საზღვართან. და ლევიან მღვდელთა საზღვრის გასწვრივ – 25 ათასი წყრთა სიგრძით და 10 ათასი წყრთა სიგანით, მთელი სიგრძე 25 ათასი წყრთა და სიგანე – 10 ათასი წყრთა. და ვერ გაყიდიან მისგან და ვერ გაცვლიან და ვერ გადასცემენ ქვეყნის ნათავარს, რადგან წმიდაა უფლისათვის. და დანარჩენი 5 ათასი წყრთა სიგანით და 25 ათასი სიგრძით არის სადაგი ადგილი ქალაქის დასასახლებლად და მისი სანახებისთვის, და შუაში იქნება ქალაქი. და ესაა მისი ზომები: ჩრდილოეთით – 4 500 წყრთა, სამხრეთით – 4 500, აღმოსავლეთით – 4 500 და დასავლეთით – 4 500. და იქნება სანახები ქალაქისა ჩრდილოეთით – 250 წყრთა, სამხრეთით – 250, აღმოსავლეთით – 250 და დასავლეთით 250 წყრთა. და დარჩენილი სიგრძე წმიდა შეწირულების გასწვრივ – 10 ათასი წყრთა აღმოსავლეთით და – 10 ათასი დასავლეთით. და იქნება ეს წმიდა შეწირულების გასწვრივ, და იქნება მისი მოსავალი ქალაქის მშრომელთა გამოსაკვებად. იმუშავებენ ქალაქში მშრომელები ისრაელის ყოველი ტომიდან. მთელი შეწირული ნაკვეთი სიგრძით – 25 ათასი წყრთა სიგანით – 25 ათას წყრთაზე, კვადრატი, შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად. დანარჩენი კი მთავრისა იქნება წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთერების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ – 25 ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით 25 ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან – წილების შესაბამისად – მთვარისაა, ისე რომ, წმიდა ნაკვეთი და საწმიდარი მის შუაგულში იქნება. და ლევიანთა საკუთრებიდან და ქალაქის საკუთრებიდან იმ ნაწილის შიგნით, რომელიც მთავრისაა, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, მთავრისათვის იქნება. დანარჩენი ტომებიდან, აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი ბენიამინს. ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი სიმეონს. სიმეონის საზღვრის გვერდით აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი ისაქარს. ისაქარის საზღვრის გვერდით აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი ზებულუნს. ზებულუნის საზღვრის გვერდით აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი გადს. გადის საზღვრის გვერდით სამხრეთის საზღვრისაკენ სამხრეთით იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლამდე, დიდ ზღვამდე. ეს არის ქვეყანა, რომელსაც გაანაწილებთ წილისყრით ისრაელის ტომების სამკვიდრებლიდან და ესენია ქალაქის კარიბჭენი, – ამბობს უფალი ღმერთი. და ესენია ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხრიდან – 4500 წყრთა. ქალაქის კარიბჭეები ისრაელის ტომთა სახელებით იწოდება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით – ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევის კარიბჭე. და აღმოსავლეთის მხარეს 4 500 წყრთა; სამი კარიბჭე: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე. სამხრეთის მხარეს 4500 წყრთა; სამი კარიბჭე: ერთი სიმეონის კარიბჭე, ერთი ისაქარის კარიბჭე, ერთი ზებულუნის კარიბჭე. დასავლეთის მხარეს 4 500 წყრთა; და მათი კარიბჭეები სამი: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე. ირგვლივ 18 000 წყრთა. და ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: უფალი სუფევს იქ. იუდას მეფე იეჰოიაკიმის მბრძანებლობის მესამე წელს წამოვიდა ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორი, იერუსალიმზე და ალყაში მოიქცია ის. ხელში ჩაუგდო მას უფალმა იუდას მეფე იეჰოიაკიმი, და ღვთის ტაძრის ჭურჭლეულის ნაწილი. ჭურჭლეული მან გააგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და მის საგანძურში შეიტანა. უთხრა მეფემ აშფენაზს, თავის საჭურისთა მთავარს, რომ სურდა მისთვის მიეგვარა ტყვე ისრაელიანთაგან მეფური შთამომავლობისა და დიდებულთა მოდგმის ყმაწვილები, რომელთაც არ ექნებოდათ არავითარი ფიზიკური ხინჯი, იქნებოდნენ შესახედავად სანდომიანი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი, რომლებიც შეძლებდნენ სამეფო კარზე სამსახურს, და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლას. და დაუწესა მეფემ ყოველდღიური ულუფა სამეფო სუფრიდან და იმ ღვინისა, თავად რომ სვამდა; და ბრძანა სამ წელიწადს ეწვრთნათ ისინი და შემდეგ წარედგინათ მის წინაშე. მათ შორის იუდაელ ყმაწვილთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მიშაელი და ყაზარია. სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა: დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას – შადრაქი, მიშაელს – მეშაქი, ყაზარიას – ყაბედ-ნეგო. დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო სუფრის საჭმელებითა და იმ ღვინით მეფე რომ სვამდა, და სთხოვდა საჭურისთა მთავარს, მიეცა ნება, რომ არ გაუწმინდურებულიყო. ღმერთი დანიელს აძლევდა მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე, და უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: „მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თავად განაწესა, რა უნდა ჭამოთ და რა უნდა სვათ; თუ ის დაინახავს, რომ თქვენი სახე თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო გამხდარია, ამით თქვენ მე დამდებთ ბრალს მეფის წინაშე.“ უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მიშაელი და ყაზარია: „მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მსახურნი, რომ საჭმელად ბოსტნეული მოგვცენ და სასმელად – წყალი. მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფაზე რომ იქნებიან, და მერე, როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მსახურთ.“ მანაც დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა. ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედად უფრო ლამაზები და ჯანსაღები ჩანდნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, რომლებიც სამეფო ულუფაზე იყვნენ. ამიტომ მწდეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო და ბოსტნეულსღა უტოვებდა. მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და წვდომა ყველა წიგნისა და სიბრძნისა, ხოლო დანიელს, ამას გარდა, მისცა ხილვებისა და სიზმრების ახსნის უნარი. როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ ისრაელიან ყმაწვილთა მის წინაშე წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა. და ესაუბრა მათ მეფე და მათ შორის არავინ აღმოჩნდა დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და ყაზარიას ბადალი. და ჩადგნენ ისინი მეფის სამსახურში. და დარწმუნდა მეფე, რომ ყოველგვარ სიტყვასა, სიბრძნესა და ცოდნაში, რაშიც ის მათ სცდიდა, ისინი მისი სამეფოს ყველა გრძნეულსა და ჯადოქარზე ათჯერ უფრო გონიერნი იყვნენ. და იყო დანიელი მსახურად კიროსის მეფობის პირველ წლამდე. თავისი მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორმა სიზმარი ნახა, სული აუფორიაქდა და ძილი გაუკრთა. მოახმობინა მეფემ გრძნეულები, ჯადოქრები, მისნები და ქალდეველნი, რათა მათ მისთვის აეხსნათ მისი სიზმარი. მოვიდნენ ისინი და წარსდგნენ მეფის წინაშე. უთხრა მათ მეფემ: „სიზმარი ვნახე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა.“ ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! უამბე შენი სიზმარი შენს მსახურთ და აგიხსნით მის აზრს.“ მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: „ის სიტყვა დამეკარგა. თუ იმ სიზმარს არ გამახსენებთ და არ ამიხსნით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა. ხოლო თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ მომაგონეთ ის სიზმარი და ამიხსენით.“ მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: „უბრძანოს მეფემ მის მსახურთ თავისი სიზმარი და ჩვენც ვეტყვით მის მნიშვნელობას.“ მიუგო მეფემ და თქვა: „ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ სიტყვა გამშორდა. რაკი სიზმარი არ გინდათ გამახსენოთ, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ, რომ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ.“ მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: „ქვეყანაზე არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისათვის ამ ბრძანების შესრულება რომ შეეძლოს, რადგან არც ერთ მეფეს, არც დიდებულს, ან განმგებელს მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე გრძნეულისაგან, ჯადოქრისაგან თუ ქალდეველისაგან. საქმე, მეფე რომ ითხოვს, იმდენად ძნელია, რომ ვერავინ შეუსრულებს მას იმ ღმერთების მეტი, რომლებიც ძე-ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ.“ ამან აღაშფოთა მეფე და ძლიერ განარისხა. ბრძანება გასცა, ყველა ბაბილონელი ბრძენი მოეკლათ. როცა ბრძანება გამოვიდა ბრძენკაცთა გასაჟლეტად, დანიელს და მის მეგობრებსაც დაუწყეს ძებნა დასახოცად. მაშინ დანიელმა საზრიანი და ბრძნული პასუხი გასცა არიოქს, მეფის ქონდაქართუხუცესს, რომელიც ბაბილონელ ბრძენკაცთა დასახოცად იყო გამოსული. და ჰკითხა არიოქს, მეფის მოხელეს: „რა მიზეზით გასცა მეფემ ასეთი მკაცრი ბრძანება?“ მაშინ ყველაფერი აუწყა არიოქმა დანიელს. წავიდა დანიელი მეფესთან და დრო მოსთხოვა, სიზმრის ასახსნელად. მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ამხანაგებს: ხანანიას, მიშაელსა და ყაზარიას გააგებინა ეს ამბავი, რომ ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაეხოცათ. დანიელს ღამის ხილვაში გაეხსნა საიდუმლო და აკურთხა მან ზეციერი ღმერთი. და დანიელმა თქვა: „კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე! რადგან მისია სიბრძნე და ძალი; იგი ცვლის დრო-ჟამს, იგი ამხობს მეფეებს და იგივე აღაზევებს მათ; ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას; ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს, იცის, რა იმალება წყვდიადში, და ნათელი მასთანაა დავანებული. ჩემი მამების ღმერთო, გაქებ და გადიდებ! შენ მომეცი სიბრძნე და ძალი, შენ გამიხსენი ის, რასაც ჩვენ გევედრებოდით შენ, რადგან შენ გაგვიხსენი მეფის ამბავი!“ ამის შემდეგ მივიდა დანიელი არიოქთან, ვისაც მეფემ ბაბილონელ ბრძენკაცთა დასჯა დაავალა. მიეახლა მას და ასე უთხრა: „ნუღარ დახოცავ ბაბილონელ ბრძენკაცებს, მეფესთან წამიყვანე და მე ავუხსნი სიზმარს.“ მაშინ არიოქმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა დანიელი მეფეს და უთხრა: „აჰა, ვნახე კაცი ტყვედწამოსხმულ იუდაელთა შორის, რომელსაც შეუძლია აუხსნას მეფეს სიზმარი.“ მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს: „მართლა შეგიძლია მითხრა სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა?“ მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: „ბრძენთ, შემლოცველთ, მისნებს და გრძნეულთ არ შეუძლიათ იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, მაგრამ არის ზეცაში საიდუმლოთა განმცხადებელი ღმერთი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც იქნება უკანასკნელ დღეებში. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე: მეფეო, შენს სარეცელზე შენ ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა მომავალში, და ღმერთმა, რომელმაც ყოველივე უწყის, სიზმარში ის გიჩვენა, რაც იქნება მომავალში. ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ განმეცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვარ ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაეგო თავისი გულის ზრახვანი. აჰა, მეფეო, შენ ასეთი ხილვა გქონდა: აჰა, რაღაც დიდი კერპია; უზარმაზარი იყო ის კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე და საშინელი შესახედავი იყო. ამ კერპს თავი წმიდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები – ვერცხლისა, მუცელი და ბარკლები – ბრიჯაოსი, წვივები – რკინისა, ტერფები – ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ თიხისა. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე შემდგარს, და შემუსრა იგი. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა. რკინა, თიხა, ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი კვალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპს რომ დაეცა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაფარა. ეს იყო სიზმარი! ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე. მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალი და დიდება უბოძა. და ყოველივე, რაც ქვეყნად ცოცხლობს: ძენი კაცთანი, მხეცნი მიწისანი და ფრინველნი ცისანი შენ ჩაგაბარა და მათ ბატონ-პატრონად დაგადგინა. შენ ხარ ის ოქროს თავი! შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენს სამეფოზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება – ბრიჯაოსი, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს. მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა, ყველაფერს რომ ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც შემმუსვრელ რკინასავით ყოველივეს დააქუცმაცებს და შემუსრავს; როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ – რკინისა, ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება: მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხასთან შერეული რკინა. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ – მყიფე. როგორც შენ თიხაში შერეული რკინა იხილე, ისინიც ისე შეერევიან კაცთა მოდგმის ძალით ერთმანეთს, მაგრამ ვერ შეერწყმიან ერთმანეთს, როგორც რკინა არ შეუდუღდება თიხას. და იმ სამეფოთა დღეებში ზეციერი ღმერთი აღადგენს თავის სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაემხობა, და მისი ხელმწიფება სხვა ხალხის ხელთ არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე დარჩება, როგორც თავად იხილე – ის ლოდი კაცთა ხელუკვრელად მოსწყდა მთას და ნამსხვრევებად აქცია რკინა, თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა ასე აუწყა მეფეს, თუ რა მოხდება მის შემდეგ. უტყუარია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.“ მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი დანიელის წინაშე, და ბრძანა მისთვის საღვრელი და საკმევლის მსხვერპლის მოტანა. და უთხრა მეფემ დანიელს: „ჭეშმარიტად თქვენი ღმერთი ღმერთთა ღმერთია და მეფეთა უფალი, საიდუმლოთა განმცხადებელი, როგორც შენ შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება.“ მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენთმთავრად დაადგინა. სთხოვა დანიელმა მეფეს და მეფემ ბაბილონის ქვეყნის საქმეები შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ჩააბარა. თავად დანიელი კი მეფის კარზე დარჩა. გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, 60 წყრთა სიმაღლისა და ექვსი წყრთა სიგანისა. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე. ხალხი დაგზავნა ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურენი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის სატფურებაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურენი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი იმ კერპის სატფურებაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა, და დადგნენ ისინი იმ კერპის წინ. მაშინ ქადაგმა რიხიანად დაიძახა: „თქვენ გიცხადებთ, ერებო, ტომებო და სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანებო, როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირის და სხვა საკრავების ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხეთ და თაყვანი ეცით ამ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ქურაში იქნება ჩაგდებული!“ ამიტომ, როგორც კი ერებმა და ტომებმა გაიგონეს საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და სხვა საკრავების ხმა, ყველა ხალხები, ტომები და ენები დაემხნენ და თაყვანი სცეს ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. ამ დროს მოვიდა ზოგიერთი ქალდეველი და ბრალს სდებდა იუდაელთ. მათ უთხრეს ნაბუქოდონოსორ მეფეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი; ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში. მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს კაცები არ დაემორჩილნენ შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე.“ მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. და მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები. ნაბუქოდონოსორმა უთხრა მათ: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე? ახლა კი მოემზადეთ და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე, ხოლო თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. მაშინ ვნახოთ რომელი ღმერთი დაგიხსნით ჩემი ხელიდან?“ შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს მეფეს: „ნაბუქოდონოსორ, ჩვენ არ ვსაჭიროებთ, გიპასუხოთ მაგაზე. მეფეო, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალი, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც კი გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც დაგვიხსნას. და თუ ასეც არ მოხდება, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არა ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე.“ მაშინ ნაბუქოდონოსორი გულისწყრომით აღივსო, შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახე შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდჯერ უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ. და უბრძანა თავის საუკეთესო მხედრებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. მაშინ ეს კაცები შეკრეს ისევე ჩაცმულები და თავსაბურველითა და სხვა სამოსლითურთ და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომლებიც შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა. ხოლო ის სამნი: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო გავარვარებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ... მაშინ გაოცებული ნაბუქოდონოსორი ფეხზე წამოიჭრა და უთხრა თავის მრჩეველთ: „განა ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ცეცხლში?“ მათ პასუხად მიუგეს მეფეს: „ჭეშმარიტად ასეა, მეფეო!“ მიუგო მეფემ და თქვა: „აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში რომ მიმოდიან უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილსა ჰგავს.“ მაშინ მიდგა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის კართან და შესძახა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მსახურნო, გამოდით და აქ მოდით!“ მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო გამოვიდნენ შუა ცეცხლიდან. შემოიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ კაცების ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც კი არ შეტრუსოდათ, სამოსელიც არ ალანძოდათ და ნატისუსალიც კი არ ასდიოდათ. მაშინ ნაბუქოდონოსორმა შესძახა: „კურთხეულია ღმერთი შადრაქისა, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც მოავლინა თავისი ანგელოზი და იხსნა თავისი მსახურნი, რომლებიც მას მიენდვნენ, არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას და საკუთარი სხეული ცეცხლს მისცეს, რათა თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ეცათ თაყვანი! ამიტომ ვბრძანებ: ყოველი ხალხი, ტომი ან ენა, რომელიც შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწოს, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცეს. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, ასე რომ შეეძლოს ხსნა.“ მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხებს, ტომებს, ენებსა და მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრებთ: მშვიდობა გიმრავლოთ! ნიშნები და სასწაულები, რომელნიც მაღალმა ღმერთმა ჩემზე მოახდინა, კეთილად მიმაჩნია, გაცხადებულ იქნას. რაოდენ დიდია მისი ნიშნები, რაოდენ ძლიერია მისი სასწაულები! მისი სამეფო საუკუნო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი თაობიდან თაობაშია! მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში. ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე. განკარგულება გავეცი, რომ ჩემთან მოეყვანათ ყველა ბაბილონელი ბრძენკაცი, რათა აეხსნათ სიზმარი. მაშინ მოვიდნენ გრძნეულები, შემლოცველები, ქალდეველები და მკითხავები. მე მოვუყევი მათ ჩემი სიზმარი, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ახსნა. ბოლოს მოვიდა დანიელი, რომელსაც ჩემი ღმერთის საპატივცემოდ ბელტეშაცარი ჰქვია და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. და ვუამბე მას სიზმარი და ვუთხარი: „ბელტეშაცარ, გრძნეულთა მთავარო, ვიცი, შენში წმიდა ღმერთების სულია და არანაირი საიდუმლო არ არის შენთვის საძნელო. აჰა, ხილვები ჩემი სიზმრისა, მე რომ ვნახე, და მითხარი მისი ახსნა. ჩემი თავის ხილვები ჩემს სარეცელზე ასეთი იყო: ვხედავ, აჰა, დედამიწის შუაში ხე დგას, დიდი სიმაღლისა. გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი კენწერო ცას მისწვდა და დედამიწის ყველა კუთხიდან მოჩანდა. ფოთლები მშვენიერი ჰქონდა და ნაყოფი – უხვი. მასზე ყველასათვის იყო საზრდო, მინდვრის მხეცები მის ძირას პოულობდნენ ჩრდილს და მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ, და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი. და ვნახე ჩემს სარეცელზე სიზმარში: აჰა, ზეციდან ჩამოეშვა წმიდა გუშაგი. მან ომახიანად დაიძახა: მოჭერით ეგ ხე, აკაფეთ ტოტები, დააცალეთ ფოთლები, გააბნიეთ მისი ნაყოფი. გაეცალონ მის ძირს მხეცები, ფრინველები – მის ტოტებს! ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ, რკინის და ბრინჯაოს ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის. ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს იგი და მხეცებთან ერთად მიწის ბალახში ჰქონდეს წილი. კაცის გული გამოეცვლება და მხეცის გული მიეცემა. შვიდი წელიწადი გადაუვლის მას. ეს სასჯელი არის გუშაგთა ბრძანებით, და განაჩენი – წმიდათა სიტყვით, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე, ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს აღაზევებს მასზე. ეს სიზმარი ვნახე მე, ნაბუქოდონოსორმა. შენ კი, ბელტეშაცარ, უნდა ამიხსნა იგი, რადგან ჩემს სამეფოში არც ერთ ბრძენს არ შეუძლია მისი ახსნა, შენ კი შეგიძლია, რადგან შენშია წმიდა ღმერთების სული.“ მაშინ დანიელი, რომლის სახელია ბელტეშაცარი, ერთხანს თავზარდაცემული იყო და ფიქრები აშფოთებდა. მიუგო მეფემ და უთხრა: „ბელტეშაცარ, ნუ გაშფოთებს ეს სიზმარი და მისი ახსნა.“ მიუგო ბელტეშაცარმა და უთხრა: „ჩემო ბატონო, შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტრებს მისი ახსნა. ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ იზრდებოდა, მაგრდებოდა, კენწეროთი ცას სწვდებოდა და მთელ დედამიწაზე რომ მოჩანდა, მშვენიერი ფოთლები, მრავალი ნაყოფი და ყველასათვის საზრდო რომ ჰქონდა, რომლის ქვეშაც ველის ნადირები იყვნენ და რომლის ტოტებზეც ცის ფრინველები ბუდობდნენ, ეს შენა ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული. შენი სიდიადე გაიზარდა და ცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი – ქვეყნიერების კიდეებს. მეფემ რომ წმიდა გუშაგი იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: ‘მოჭერით და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ რკინისა და ბრინჯაოს ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის, ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს და მინდვრის მხეცებთან ჰქონდეს წილი, ვიდრე შვიდი წელიწადი არ გადაუვლის’, ესაა მისი ახსნა, მეფეო, და ეს არის უზენაესის ბრძანება, რომელიც ჩემს მეფე-ბატონს დაატყდება თავს. მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან დაიდებ ბინას; როგორც ხარს ბალახს მოგაძოვებენ; ზეცის ცვარ-ნამით დასველდები და შვიდი ჟამი გადაივლის შენს თავზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისთვისაც მოისურვებს, იმას აძლევს იმ სამეფოს. ხოლო ხის მთავარი ფესვის დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სამეფო შეგრჩება, როცა აღიარებ ზეციურ ხელმწიფებას. ამიტომ, მეფეო, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა და შენი ცოდვები სიმართლით ჩამოიცილე, შენი უსამართლობანი კი – ღარიბებისადმი გულმოწყალეობით. ვინძლო გახანგრძლივდეს შენი მშვიდობა.“ ახდა ყოველივე ეს მეფე ნაბუქოდონოსორზე. 12 თვის შემდეგ, ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას, ალაპარაკდა მეფე და თქვა: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად?“ მეფეს ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა სიტყვა, რომ ზეციდან ხმა ჩამოისმა: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გაგშორდა სამეფო. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან გექნება ბინა, ხარების მსგავსად ბალახს მოგაძოვებენ და შვიდი ჟამი გადაივლის შენს თავზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისთვისაც მოისურვებს, იმას აძლევს.“ მყისვე აღსრულდა ნაბუქოდონოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან. ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო. მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი – ფრინველის კლანჭებივით. ის დღეები რომ ჩამოთავდა, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარადცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და მისი სამეფო თაობიდან თაობაშია. დედამიწის ყველა მკვიდრი – არაფერია. უზენაესი თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრთა შორის, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერ ეტყვის: „ამას რას აკეთებ?“ მაშინ დამიბრუნდა გონება, ჩემი სამეფოს სადიდებლად დამიბრუნდა ჩემი დიდება და ჩემი უწინდელი სახე. მაშინ მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდებულებმა და კვლავ დადგენილი ვიქენ ჩემს სამეფოზე და ჩემი სიდიადე უფრო მეტად მომეცა. ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზები – სამართლიანი, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს გაამაყებულნი. მეფე ბელშაცარმა დიდი ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს და იმ ათასის თვალწინ სვა ღვინო. ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა, მოერთმიათ მისთვის ოქროს და ვერცხლის თასები, რომლებიც ნაბუქოდონოსორს, მამამისს, ჰქონდა წამოღებული იერუსალიმის ტაძრიდან, რათა მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იმეებით ესვათ. მოიტანეს ის ოქროს თასები, რომლებიც წამოღებული იყო იერუსალიმის ტაძრიდან. იმ თასებით სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები. სვამდნენ ისინი ღვინოს და ადიდებდნენ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს. სწორედ მაშინ გამოჩნდა ადამიანის ხელის თითები და სასანთლის წინ, მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე წერა იწყეს. როდესაც მეფემ დაინახა ხელის მტევანი, რომელიც წერდა, ფერი ეცვალა; ფიქრებმა შეაშფოთეს, წელი მოსწყდა და მუხლების კანკალი აუტყდა. ხმამაღლა იყვირა მეფემ, რათა მოეყვანათ შემლოცველები, ქალდეველები და მკითხავები. მეფემ უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: „ვინც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შევმოსავ, კისერზე ოქროს შიბს ჩამოვკიდებ და ქვეყანაში მესამე იქნება მთავართა შორის.“ მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მეფისათვის მისი მნიშვნელობის ახსნა ვერ შეძლეს. მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და სახეზე ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდებულებიც. მეფისა და დიდებულების ლაპარაკზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა მეფეს და უთხრა: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ფიქრებმა ნუ შეგაკრთეს და ნუ გაფითრებულხარ! შენს სამეფოში არის ერთი კაცი, რომელშიც წმიდა ღმერთის სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე – ღმერთების სიბრძნის დარი. მამაშენმა, მეფე ნაბუქოდონოსორმა, მისნების, შემლოცველების, ქალდეველებისა და გრძნეულების მთავრად დააყენა ის, რადგან მასში, დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშაცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრების ახსნისა, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა. ახლა დანიელს უხმე და ის აგიხსნის.“ მაშინ მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „შენა ხარ ის დანიელი, ტყვე იუდაელთაგანი, რომლებიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოასხა? შენზე გაგონილი მაქვს, რომ შენში ღვთის სულია და ნათელი, გონიერება და საკვირველი სიბრძნე. ახლახან ბრძენკაცები და შემლოცველები მყავდნენ მოყვანილნი ჩემს წინაშე წარწერის წასაკითხად და მის ასახსნელად; მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი ახსნა. შენზე გაგონილი მაქვს, რომ შენ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შეძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და ამიხსნი მას, ძოწეულით შეგმოსავ, ყელზე ოქროს შიბს ჩამოგკიდებ და სამეფოში მესამე იქნები ჩემს მთავრებში.“ მაშინ მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: „შენი საჩუქარი შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც ვაუწყებ. მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს, სამეფო, სიდიადე, პატივი და დიდება. ღვთის მიერ ნაბოძები დიდების გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშს მოეცვა. ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს ტოვებდა, ვისაც უნდოდა, აღამაღლებდა და ვისაც უნდოდა, დაამდაბლებდა. მაგრამ, როდესაც გული აღიმაღლა და სული ამპარტავნებით აივსო, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა და პატივაყრილი. მოკვეთილ იქნა ადამიანის ძეთაგან, გულმხეცი გახდა და კანჯრებთან დაიდო ბინა. ბალახს აჭმევდნენ, როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარით ინამებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და, ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას. შენ, ბელშაცარმა, მისმა ძემ, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი, არამედ აღზევდი ცათა უფლის წინააღმდეგ. შენს წინაშე მოიტანეს მისი ტაძრის თასები და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები იმით სვამდით ღვინოს. ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, ბრინჯაოს, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ. ის ღმერთი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე. ამიტომაც მოივლინა მისგან ხელის მტევანი და დაიწერა ეს წარწერა. აჰა, წარწერა, რომელიც დაიწერა: მენე, მენე, თეკელ უფარსინ. აჰა, ამ სიტყვების მნიშვნელობა: მენე – აღრიცხა ღმერთმა შენი სამეფო და ბოლო მოუღო მას. თეკელ – სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი. ფერეს – გაიყო შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს გადაეცა იგი.“ მაშინ ბრძანა მეფე ბელშაცარმა და დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი შეაბეს და გამოაცხადეს, რომ იგი სამეფოში მესამე მთავარი იყო. იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე. და დარიოს მიდიელმა 62 წლისამ მიიღო სამეფო. დარიოსმა გადაწყვიტა, თავის სამეფოში 120 სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ. მათ კი სამი მთავარი დაუყენა, მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში, რომ მეფეს საზრუნავი არ ჰქონოდა. მაშინ სხვა მთავრებსა და სატრაპებზე მეტად გამოირჩა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელი სამეფოს მთავრად დაეყენებინა იგი. მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა. მაშინ ამ კაცებმა თქვეს: „დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთ.“ მთავრები და სატრაპები საჩქაროდ მიადგნენ მეფეს და უთხრეს: „მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე! სამეფოს ყველა მთავრებმა, მეფისნაცვლებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მხედართმთავრებმა მოითათბირეს, რათა გამოცემულიყო სამეფო დადგენილება და შემოღებულიყო მტკიცე აკრძალვა, რომ ყველა, ვინც კი 30 დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, რაიმე თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში ჩაეგდოთ. ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს აკრძალვა და ხელი მოაწერე სიგელს, რომ შეუცვლელი იყოს ეს ბრძანება, მიდიელთა და სპარსელთა კანონისამებრ, რომლთა გაუქმებაც შეუძლებელია.“ ამიტომ ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა ამ ბრძანების სიგელს. როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი იქნა ხელმოწერილი, შინ წავიდა. მისი ზემოთვალის სარკმლები იერუსალიმის მხარეს იყო გაღებული. დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ლოცულობდა და მადლს სწირავდა თავისი ღმერთის წინაშე, როგორც ამას მანამდეც აკეთებდა. მაშინ ამ კაცებმა დაუყარაულეს და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთისგან წყალობას ითხოვდა. შემდეგ ეახლნენ მეფეს და მოახსენეს მისი ბრძანების დარღვევის თაობაზე: „მეფეო, განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც 30 დღის განმავლობაში, შენს გარდა, რომელიმე ღმერთს ან კაცს, თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში უნდა ჩაეგდოთ?“ მიუგო მეფემ და უთხრა მათ: „მართალია, სპარსელთა და მიდიელთა კანონის დარღვევა შეუძლებელია.“ მაშინ მიუგეს მათ მეფეს: „მეფეო, დანიელი, იუდადან ტყვედ რომ არის წამოყვანილი, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ ხელმოწერილ ბრძანებას; დღეში სამჯერ შესთხოვს თავის ღმერთს.“ ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა, დანიელის ხსნა ჩაიდო გულში და მზის ჩასვლამდე ცდილობდა როგორმე ეშველა მისთვის. მაშინ ის კაცები მივიდნენ და უთხრეს: „იცოდე, მეფეო, მიდიელთა და სპარსელთა კანონია, რომ მეფის ყოველი აკრძალვა და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.“ მაშინ ბრძანა მეფემ და მოიყვანეს დანიელი. და მათ ლომების ხაროში ჩააგდეს იგი. მეფემ კი უთხრა დანიელს: „შენმა ღმერთმა, რომელსაც ერთგულად ემსახურები, იმან გიხსნას!“ მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს დაადეს თავზე. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდებით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო. მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა, თავშესაქცევი არ მოუტანიათ მის წინაშე, და ძილიც გაუკრთა. განთიადის ალიონზე ადგა მეფე და ლომების ხაროს მიაშურა. ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით ჩასძახა დანიელს: „დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, მუდამ რომ ემსახურები?“ მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არა მავნეს რა, რადგან ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც ბრალი არა მაქვს, მეფეო.“ მაშინ დიდად გაიხარა მეფემ და ბრძანა, დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. არაფერი ვნებოდა, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა. მეფემ ბრძანა და მოიყვანეს ის კაცები, რომელთაც დანიელი დააბეზღეს, და ლომების ხაროში ჩაყარეს ისინი და მათი შვილები და ცოლები. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ მათ, რომ ებდღვნენ ლომები და ძვლებიანად დახრეს. მაშინ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას – მთელი ქვეყნის მკვიდრებს – მისწერა: „მშვიდობა გაგიმრავლდეთ! ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოლა და შიში ჰქონდეთ დანიელის ღმერთის წინაშე, რადგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება – უსასრულო; იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და მიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომებისგან.“ და წარმატებული იყო დანიელი, როგორც დარიოსის მეფობაში, ასევე კიროს სპარსელის მეფობის დროსაც. ბაბილონის მეფის, ბელშაცარის, მეფობის პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და ხილვა თავის სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი. და თქვა დანიელმა: „ღამით ჩემს ხილვაში ვხედავდი, აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისაგან განსხვავებული, ვეება მხეცი ამოვიდა. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, სანამ ფრთები დააწყდებოდა. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, ფეხზე დადგა კაცივით და კაცისავე გული მიეცა. აჰა, სხვა მეორე მხეცი, დათვის მსგავსი. იდგა პირველის გვერდით და სამი ნეკნი ეჭირა კბილებით. მას უთხრეს: ‘ადექ, ჭამე ბევრი ხორცი!’ ამის შემდეგ ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში ავაზას მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა. ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას. ამის შემდეგ ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა. მე ვაკვირდებოდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი პირვანდელი რქა ძირიანად ამოვარდა მის წინაშე. და, აჰა, ამ რქას თვალები კაცის მსგავსი ჰქონდა და პირი – ამპარტავნულად მოლაპარაკე. ვიხილე, რომ ტახტრევნები დაიდგა და დაჯდა დღეებით ძველი. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და მისი თმები – მატყლივით სუფთა. მისი ტახტი ცეცხლის ალი იყო, მისი ეტლის ბორბლები – მოგიზგიზე ცეცხლი. მოედინებოდა ცეცხლის მდინარე და მის წინიდან გამოდიოდა. 1000 ათასეული ემსახურებოდა მას და 10 ათასეული იდგა მის წინაშე. დასხდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები. მაშინ ვიხილე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ, მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. დანარჩენ მხეცებს წაერთვათ ძალაუფლება, მაგრამ მათ მიეცათ დრო და ჟამი, თუ ვის რამდენი უნდა ეცოცხლა. ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში, აჰა, დავინახე, ცის ღრუბლებზე მოდიოდა ადამიანის ძის მსგავსი; იგი დღეებით ძველთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომები და ენები ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა. მე, დანიელს, შემიწუხდა სული სხეულში და ჩემმა ხილვებმა შემაშფოთეს. მივუახლოვდი ერთ იქ მდგომთაგანს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობა. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივეს მნიშვნელობა: ‘ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომლებიც მიწიდან აღდგებიან. შემდეგ მიიღებენ უზენაესის წმიდა სამეფოს და დაეუფლებიან მას სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე.’ მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და მეტად საზარელი იყო თავისი რკინის კბილებითა და ბრიჯაოს ბრჭყალებით, რომელიც ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. და იმ ათ რქაზე, თავზე რომ ჰქონდა, და იმ სხვა რქაზე, რომელიც ამოუვიდა და, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; ამ რქას ჰქონდა თვალები და პირი ამპარტავნულად მოლაპარაკე, და რომელიც უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვები. ვიხილე ეს რქა, წმიდებს რომ ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ, სანამ დღეებით ძველი მოვიდოდა. მაშინ ეს სამსჯავრო უზენაესის წმიდებს გადაეცა. მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდები დაეუფლნენ. და მან ასე თქვა: ‘მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად. გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, გაქელავს და შემუსრავს მას. ხოლო ათი რქა ეს არის ათი მეფე, რომლებიც ამ სამეფოდან აღდგებიან. მათ შემდეგ სხვა აღდგება. იგი განსხვავებული იქნება პირველთაგან და სამ მეფეს დაამდაბლებს. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდებს შეავიწროვებს. განიზრახავს დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას დროის, ორი დროისა და ნახევარი დროის მანძილზე. შემდეგ დასხდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, მის ბოლომდე მოსასპობად და დასაღუპად. მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის წმიდების ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მას მოემსახურება და მას დაემორჩილება.’ აქ არის სიტყვის დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაშფოთეს და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს ამბავი გულში დავიმარხე.“ მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს მე, დანიელს, კვლავ მქონდა ხილვა, მის მერე, პირველად რომ მეჩვენა. ვხედავდი ხილვაში და, როცა ვხედავდი, სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ყელამის ქვეყანაში რომ არის. დავინახე ხილვაში, რომ მდინარე ულაის პირას ვიდექი. თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ვერძი დგას, ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი. ერთი რქა მეორეზე გრძელია, და ის გრძელი უფრო გვიან ამოუვიდა. დავინახე, ეს ვერძი ირქინებოდა დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ. წინ ვერცერთი მხეცი ვერ უდგებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისგან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა და იზრდებოდა. როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ვაცი მოდიოდა, მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა საჩინო რქა ჰქონდა. მოვიდა იგი იმ ორრქიან ვერძთან, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და მთელი თავისი ძალის რისხვით მივარდა მას. დავინახე, იგი მიუახლოვდა ვერძს, რისხვა აეშალა მასზე, დაეტაკა და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ წინ აღდგომოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გაქელა, და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისგან. მაშინ ძალზე განდიდდა ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილას ოთხი სხვა რქა ამოუვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით. ერთ იმათგანზე სხვა მომცრო რქა ამოუვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით. იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გაქელა ისინი. იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დამხობილ იქნა მისი საწმიდრის ადგილი. მხედრობა მიცემულ იქნა მუდმივ მსხვერპლთან ერთად დანაშაულის გამო და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და მოქმედებდა და წარემართებოდა. გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ლაპარაკობდა: „როდემდე გასტანს ეს ხილვა მუდმივ მსხვერპლზე და გატიალების დანაშაულზე, საწმიდარზე და მხედრობაზე, რომელიც უნდა გაიქელოს?“ მითხრა: „2300 საღამოსა და დილას გასტანს და ამის შემდეგ აღდგება საწმიდარი.“ როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, ჩემს წინ ვიღაც იდგა, კაცის იერის მქონე. და შემომესმა კაცის ხმა შუა ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: „გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!“ და მოვიდა იმ ადგილას, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: „იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა აღსასრულის ჟამს შეეხება.“ რომ მელაპარაკებოდა, გაოგნება დამეცა მიწაზე პირქვე გართხმულს. მაშინ ის შემეხო და ჩემს ადგილას დამაყენა. და მითხრა: „აჰა, მე გაუწყებ, რაც მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს აღსასრულის დათქმულ ჟამს შეეხება. ორრქიანი ვერძი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეები არიან, ხოლო ის ვაცი საბერძნეთის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა. ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოუვიდა – ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისი მსგავსი ძალა არ ექნებათ. მათი სამეფოს აღსასრულისას, როდესაც დამნაშავენი თავისას აღასრულებენ, აღდგება ურცხვინო და ორპირობაში გაწაფული მეფე. განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. უდაბნოებად აქცევს ქვეყნებს და წარემართება და იმოქმედებს, და გაანადგურებს ძლიერებს და წმიდა ერს. და გარდა თავისი ჭკუისა და მზაკვრობისა, წარმატებაც ექნება ხელთ. გულზვიადი გახდება და ქვეყანაზე მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მაღალ ღმერთს, მაგრამ შეიმუსრება, ოღონდ არა კაცთა ხელით. ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელიც შენ იხილე, ჭეშმარიტია. მაგრამ დამალე ეს ხილვა, რადგან დიდი დროა მის ახდენამდე.“ და მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ავად ვიყავი; მერე ავდექი და მეფის საქმეებს შევუდექი; გაოცებული ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი. პირველ წელს, დარიოს ახაშვეროშის ძის მეფობისა, მოდგმით მიდიელისა, რომელიც ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა, სწორედ მისი მეფობის იმ პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებით გავიგე იმ წლების რიცხვი, რომელთა შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისადმი, რომ 70 წელიწადი შეუსრულდებოდა იერუსალიმის ნანგრევებს. პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისაკენ, რათა პასუხი მიმეღო ლოცვით და ვედრებით, მარხვით, ჯვალოთი და მიწა-მტვრის დაყრით. ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: „ჰოი, უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და მრისხანეო, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამცველთ! ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ; ურჯულოდ ვიქცეოდით; გავჯიუტდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და წესებს. ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურებს – წინასწარმეტყველთ, რომლებიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და მთელი ქვეყნის ხალხს. უფალო, შენა ხარ მართალი, ხოლო ჩვენ – სახე შერცხვენილნი, დღეს, – იუდას კაცნი, იერუსალიმის მკვიდრნი, მთელი ისრაელი, ახლობლები და შორეულები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ სიმუხთლის გამო, რომლითაც შენ გიმუხთლეს. უფალო, სირცხვილი გვაწერია სახეზე, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებსა და ჩვენს მამებს, რადგან შეგცოდეთ შენ, ჩვენს უფალსა და ჩვენს ღმერთს; შეწყალებასა შენსა და პატიებასა შენსა განვუდექით და ყურს არ ვუგდებდით უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, რათა გვევლო მისი რჯულდებებით, თავისი მსახურების – წინასწარმეტყველების – ხელით რომ დაგვიდო წინ. მთელი ისრაელი გადავიდა შენი რჯულიდან და გადაუხვია, რათა შენი ხმა არ მოესმინა. ამიტომაც გადმოინთხა ჩვენზე ის წყევლა და ფიცი, რომელიც ღვთის მსახურის, მოსეს, რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას. შეასრულა მან თავისი სიტყვა, რომელიც ნათქვამი ჰქონდა ჩვენი და ჩვენი მსაჯულების წინააღმდეგ, სამართალს რომ გვიდგენდნენ, და თავს დიდი უბედურება დაგვატეხა. მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც იერუსალიმში მოხდა. როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს; მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევდრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო. ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება. რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა მის საქმეში, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას. ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი მტკიცე მარჯვენით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი მოიხვეჭე, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ ჩვენ და უკეთურება ჩავიდინეთ. უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს – იერუსალიმს, შენს წმიდა მთას; რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების უკეთურების გამო არის იერუსალიმი და შენი ერი შეგინებული ყველა ჩვენს ირგვლივმყოფთაგან. ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება და შენი გულისთვის მოაპყარ შენი ნათელი სახე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, აახილე თვალი და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ეწოდება. რადგან ჩვენი სიმართლის გამო კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების გამო. უფალო, ისმინე! უფალო, გვაპატიე! უფალო, ყური მოგვაპყარ და იმოქმედე, და ნუ დააყოვნებ, შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო! რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.“ ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი და ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის, ისრაელის, ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის, წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე, ჯერ კიდევ ლოცვაში ვლაპარაკობდი, რომ გაბრიელი, ის კაცი წინა ხილვაში რომ მყავდა ნანახი, სწრაფი ფრენით მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვისას. შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: „დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო. შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო, რადგან შენ სასურველი კაცი ხარ. გაიგე ეს სიტყვა და მიხვდი ხილვას. შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის 70 შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა. ოღონდ იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებული მეფის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და 62 შვიდეულში აღდგება და აშენდება უბნები და ზღუდე, ოღონდ ძნელბედობის ჟამს. 62 შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და აღარავინ იქნება მასთან. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მბრძანებლის ხალხი, და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა, და ომის ბოლომდე გაპარტახდება ყოველივე. მრავალთათვის განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო ნახევარ შვიდეულში გააუქმებს მსხვერპლსა და ძღვენს. და ამ ადგილზე იქნება მოოხრების სისაძაგლე, და წინასწარ განსაზღვრული დაღუპვა ეწევა ამაოხრებელს.“ სპარსეთის მეფე კიროსის ხელმწიფების მესამე წელს გამოცხადება ჰქონდა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი იყო ეს გამოცხადება და დიდი ძალის მქონე. მან გაიგო ეს გამოცხადება და მიხვდა ამ ხილვას. იმ დღეებში მე, დანიელი, სამი შვიდეულის მანძილზე მგლოვიარე ვიყავი. გემრიელი პური არ მიჭამია; ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია, და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი შვიდეული არ დასრულდა. პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის, პირას ვიყავი, თვალი ავახილე და დავინახე: აჰა, სელით შემოსილი კაცი დგას, წელი უფაზის ოქროთი აქვს შემოსარტყლული. ტანი ქრიზოლითს მიუგავდა, სახე – ელვას, თვალები – ანთებულ ლამპრებს, მკლავები და წვივები – მბზინვარე ბრინჯაოს, სიტყვის ბგერადობა – ბევრი ხალხის გუგუნს. მხოლოდ მე, დანიელმა, ვიხილე ეს ხილვა, ხოლო მათ, ვინც ჩემთან იყვნენ, ვერ დაინახეს ეს ხილვა, დიდი შიში დაეცა მათ და დასამალად გაიქცნენ. მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად ხილვას, ღონე აღარ შემრჩა, სახე გამიხურდა და სიმხნევე დავკარგე. მისი სიტყვების ბგერადობა შემომესმა და მისი სიტყვების ბგერადობის გაგონებისთანავე გაოგნებული დავემხე და მიწაზე ვეგდე პირქვე. და, აჰა, ხელი შემეხო და წამომაყენა მუხლებზე და ხელის გულებზე. და მითხრა მან: „დანიელ, სასურველო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეტყვი, და მუხლებში გაიმართე, რადგან შენთანა ვარ ახლა მოვლენილი.“ როცა ეს სიტყვები მითხრა, აცახცახებული წამოვდექი. მითხრა: „ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღვთის მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები, და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი. სპარსეთის სამეფოს მთავარი 21 დღე მეწინააღმდეგებოდა; და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, და მე იქ დავრჩი სპარსეთის მეფეებთან. ახლა კი მოვედი, რომ გაგაგებინო, თუ რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც იმ შორეულ დღეებს შეეხება.“ როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე დავემხე და დავმუნჯდი. და, აჰა, ადამიანის ძის მსგავსი, შეეხო ჩემს ბაგეს, და მე გავხსენი ბაგე და ავლაპარაკდი და ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: „ჩემო ბატონო! ამ ხილვისგან ტკივილებმა დამიარეს ნაწლავებში, და ძალი ვეღარ მოვიკრიბე. როგორ შეუძლია ჩემი ბატონის მსახურს ელაპარაკოს ჩემს ასეთ ბატონს? რადგან აღარც ძალი შემრჩა და სუნთქვაც შემეკრა.“ მაშინ კვლავ შემეხო კაცის იერის მქონე და გამამაგრა და მითხრა: „ნუ გეშინია, სასურველო კაცო! მშვიდობა შენდა; გამაგრდი, გამაგრდი!“ როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი და ვუთხარი: „ილაპარაკე, ჩემო ბატონო, რადგან შენ გამამაგრე.“ მითხრა: „თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე, და, როცა მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი. მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: არავინა მყავს, ვინც მომეხმარებოდა მათ წინააღმდეგ, გარდა მიქაელისა, თქვენი მთავრისა.“ დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და საყრდენად დავუდექი მას. „ახლა ჭეშმარიტებას გეტყვი: აჰა, სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს. აღდგება იქ ძლიერი მეფე, დიდი ძალაუფლებით იხელმწიფებს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. მაგრამ როცა ის აღდგება, შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხ ქარს გაუნაწილდება, მაგრამ არა მის შთამომავლებს, და არც იმ ხელმწიფებით, რომლითაც ხელმწიფებდა; რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და სხვების გახდება, და არა მათი. გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ მასზე მეტად გაძლიერდება ერთ-ერთი მისი მთავართაგანი და ხელმწიფებას მოიხვეჭს. მისი ხელმწიფება დიდი ხელმწიფება იქნება. წლების მერე ისინი კავშირს შეკრავენ, და სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა წრფელი პირობის შესაკვრელად, მაგრამ ასული ვერ შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც მეფე და მისი მოდგმა გაძლებს, და გადასცემენ მას თავისი ამალით, თავისი შვილებითა და თავისი შემწითურთ იმ ხანებში. მისი ფესვიდან მორჩი ამოვა, გამოილაშქრებს ჯარის წინააღმდეგ, ჩრდილოეთის მეფის ციხესიმაგრეში შეიჭრება, გაუსწორდება მათ და გაძლიერდება. თვით მათ ღმერთებს, მათ კერპებს, ძვირფას ჭურჭელს – ოქრო-ვერცხლისას წაიღებს ეგვიპტეში, და წლობით ამაღლდება ჩრდილოეთის მეფეზე. ის გაილაშქრებს სამხრეთის სამეფოზე, მაგრამ უკანვე დაბრუნდება თავის ქვეყანაში. მისი ვაჟები იარაღს აისხამენ და დიდ ურდოს შეყრიან; და ერთ-ერთი მათგანი წარღვნასავით წამოვა და გადაივლის. მერე შემობრუნდება და შეებრძოლება მის ციხესიმაგრემდე. გამძვინვარდება სამხრეთის მეფე და გამოვა და შეებრძოლება ჩრდილოეთის მეფეს. იგი დიდ ურდოს გამოიყვანს, მაგრამ ეს ურდო ხელში ჩაუვარდება მის მოწინააღმდეგეს. და გამხნევდება ურდო და აღზევდება მეფე, 10 ათასებს დასცემს, მაგრამ ამით ვერ გაძლიერდება. რადგან ჩრდილოეთის მეფე დაბრუნდება და პირვანდელზე დიდ ურდოს შეყრის, და რამდენიმე წლის შემდეგ მოვა დიდი ურდოთი და კარგად შეიარაღებული. იმ ხანებში მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და მეამბოხენი წამოიმართებიან შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, მაგრამ დაეცემიან ისინი. მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და გამაგრებულ ქალაქს დაიპყრობს. სამხრეთის ძალები ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას და ვერც რჩეული მხედრობა; აღარ იქნება ძალა წინააღმდეგობისთვის. მის წინააღმდეგ გამოსული მასვე დაემორჩილება და წინ ვერავინ აღუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დასცემს თავის ბანაკს და მის ხელთ იქნება იმ ქვეყნის დაღუპვა. განიზრახავს, რომ გაილაშქროს მთელი თავისი სამეფოს ძლიერებით და თავისი მთავრებითურთ სამხრეთის სამეფოს წინააღმდეგ, და ამ განზრახვას შეასრულებს კიდეც; და თავის ასულს ცოლად მისცემს მას, რათა დაღუპოს, მაგრამ ეს განზრახვა არ აღსრულდება, და ვერც ვერაფერს ისარგებლებს აქედან. პირს კუნძულებისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს; მაგრამ ერთი მთავარი აღკვეთს მისგან შერცხვენას, და მისგან შერცხვენას მასვე შეაჭმევს. ამის შემდეგ თავისი ქვეყნის ციხესიმაგრეებისაკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიფორხილებს, დაეცემა და ვეღარსად იპოვიან. მის ნაცვლად სხვა დადგება, რომელიც გზირებს დაგზავნის, რომ მეფეს პატივი მიაგონ; მაგრამ ის რამდენიმე დღეში დაიღუპება, რისხვისა და ბრძოლის გარეშე. მის ნაცვლად საძულველი კაცი დადგება, რომელსაც სამეფო პატივს არ მიაგებენ. იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს. წამლეკავი ურდოები წაილეკებიან და შეიმუსრებიან მის მიერ, და თვით აღთქმის მთავარიც. რადგან მასთან კავშირის შეკვრის შემდეგ, მზაკვრულად იმოქმედებს, აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით. ქვეყნის მშვიდსა და ნაყოფიერ მხარეებში შეიჭრება და ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს ჩაუდენიათ; ნაალაფარს და ნაძარცვ დოვლათს გაუნაწილებს თავისიანებს, ციხესიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ ეს გაგრძელდება გარკვეულ დრომდე. აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ურდოთი; სამხრეთის მეფეც დიდძალი და მეტისმეტად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მაგრამ მას ვერ გაუძლებს, რადგან მის წინააღმდეგ ვერაგობას ექნება ადგილი. მისი თანამეინახენი დაღუპავენ მას. განადგურდება მისი ლაშქარი და მრავალი მოკლული დაეცემა. ორთავე მეფეს გულში მზაკვრობა ექნება. სიცრუეს ილაპარაკებენ ერთ სუფრაზე, მაგრამ ვერ წარემართებათ, რადგან აღსასრული კვლავ მოსასვლელია დათქმულ ჟამამდე. დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ის თავის ქვეყანაში, მაგრამ გული წმიდა აღთქმის წინააღმდეგ ექნება მიმართული. შეასრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. დათქმულ ჟამს დაბრუნდება და მოვა სამხრეთში, მაგრამ პირვანდელივით არ იქნება ეს უკანასკნელი ლაშქრობა. ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ, და დაფრთხება იგი და უკან გაბრუნდება, და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე, და აღასრულებს თავის განზრახვას, და კვლავ შეეკვრება წმიდა აღთქმისგან განდგომილთ. და წამოვა მისი ურდოების ნაწილი და შებილწავენ ძლიერების საწმიდარს, და გააუქმებენ ყოველდღიურ მსხვერპლს, და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ. აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ მზაკვრობით მიიმხრობს; თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგება და იმოქმედებს. გონიერი ხალხი კი მრავალთ მოიყვანენ გონთ, თუმცა კი ერთხანს ევნებიან მახვილით, ცეცხლით, ტყვეობითა და ძარცვით; დევნულობისას მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ, და მრავალნი შეუერთდებიან მათ, თუმცა კი თვალთმაქცურად. ზოგიერთი გონიერი დაეცემა, რათა გამოიცადოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამებამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო დათქმულ ვადამდე. თავის ნებაზე მოიქცევა ის მეფე, თავს აღიზევებს და განიდიდებს ყველა ღმერთზე მაღლა და საშინელებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთზე, და წარმატებული იქნება, ვიდრე დადგებოდეს რისხვის ჟამი, რადგან რაც განისაზღვრა, აღსრულდება. იგი არც მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სანუკვარს და არც ყველა სხვა ღმერთს მიაგებს პატივს, რადგან ყველა მათზე განიდიდებს თავს. სამაგიეროდ ციხესიმაგრეთა ღმერთს განადიდებს, ღმერთს, რომელსაც მისი მამები არ იცნობდნენ, ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს. და აუგებს მტკიცე ციხესიმაგრეებს უცხო ღმერთს, რომელიც მის ამღიარებელთ პატივს გაუმრავლებს, და ხელმწიფებას მისცემს მრავალზე და მიწებს დაურიგებს ჯილდოდ. აღსასრულის ჟამს სამხრეთის მეფე შეებმება მას და ქარტეხილივით ეკვეთება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდებით, დააცხრება მხარეებს, წალეკავს და გადაუვლის. შევა უმშვენიერეს ქვეყანაში, და მრავალი მხარე დაეცემა, და მის ხელს გადაურჩება ედომი, მოაბი და ყამონელთა დიდი ნაწილი. ხელს მოუღერებს ქვეყნებს და ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება. დაეპატრონება იგი ეგვიპტის ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ყველა სხვა ძვირფასეულობას; ლიბიელნი და ქუშელნი. მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაწუხებენ მას და დიდი რისხვით გამოვა მრავალთა გასაწყვეტად და გასაჟლეტად. დასცემს თავის სეფე-კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიატანს თავის აღსასრულამდე და ვეღარავინ უშველის მას.“ „იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის ძეთა მფარველად მდგომი; და ისეთი ვაების დრო მოვა, კაცის გაჩენიდან დღემდე რომ არ ყოფილა; იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში იქნება ჩაწერილი. და მრავალი მიწის მტვერში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისა და შერცხვენისათვის. გონიერნი გაბრწყინდებიან, როგორც ცის კამარის მნათობნი, და მრავალთა სამართლისკენ მომაქცეველნი, როგორც ვარსკვლავები უკუნითი უკუნისამდე. შენ კი, დანიელ, დაფარე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი გადაშლიან მას და დიდ ცოდნას ეზიარებიან.“ მაშინ მე, დანიელმა, გავიხედე და, აჰა, ორი სხვა დგას: ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: „როდის იქნება ამ საოცრებათა ბოლო?“ მოვუსმინე სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა. ზეცისკენ აღაპყრო მან მარჯვენა და მარცხენა და დაიფიცა მარადცოცხალი: „ეს იქნება დათქმული ჟამისა და ჟამის ნახევრისთვის. და როდესაც გათავდება წმიდა ერის ძალის მუსვრა, ყოველივე ეს აღსრულდება.“ მესმოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი და ვუთხარი: „უფალო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ?“ და თქვა მან: „წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები დაფარული და დაბეჭდილია ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოხურდება; ხოლო ურჯულონი ურჯულოებაში დარჩებიან; და ვერც ერთი ურჯულო ვერ ჩასწვდება ამას, ხოლო ბრძენნი ჩასწვდებიან. მუდმივი მსხვერპლის გაუქმებისა და გატიალების სიბილწის დადგომიდან 1 250 დღე გავა. ნეტარია, ვინც დაელოდება და მიაწევს 1 335 დღეს. შენ კი გასწიე შენი აღსასრულისაკენ, და დაისვენე, და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულისას.“ უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდეის მეფეების: ყუზიას, იოთამის, ახაზისა და ხეზეკიას დროს, და ისრაელის მეფის იერობოყამ იოაშის ძის დროს. როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გარყვნილების ძენი, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განადგურდა უფალი. წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული. დაორსულდა ქალი და უშვა ძე. და უთხრა უფალმა მას: დაარქვი სახელად იზრეყელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა. იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე. კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლო-რუხამა (არა შესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელის სახლს და არასოდეს შევუნდობ. იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის, ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ. მოწყვიტა ძუძუს ლო-რუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ძე. თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლო-ყამი (არა ჩემი ერი), რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვარ თქვენი. ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან, ლო-ყამი (არა ჩემი ერი) ხართო, ეტყვიან, ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო. შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლენ ქვეყნიდან, რადგან დიდი იქნება იზრეყელის დღე. დაუძახეთ თქვენს ძმებს: „ჩემი ერი“ და თქვენს დებს: „შეწყალებული.“ უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი. ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან. თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც მისი დაბადების დღეს იყო; უდაბნოსავით ვაქცევ; უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით დავახრჩობ. არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან სიძვის შვილები არიან. რადგან მრუშობდა მათი დედა და თავი შეირცხვინა მათმა მუცლადმღებელმა, რადგან თქვა: გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენო პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელებს. ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და ყორეს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს თავისი ბილიკები. გაედევნება თავის საყვარლებს და ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვის. იტყვის: წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავიო. მან კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს; რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაყალს ახარჯავდა. ამიტომაც უკან წავიღებ მე ჩემს ხორბალს მის სიმწიფეში და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას; წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა. ახლა კი გამოვააშკარავებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ გამომტაცებს მას ხელიდან. გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს, ყველა დღესასწაულს; გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და ტყის ნადირი შეჭამს მათ. მას მოვკითხავ ბაყალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და საყურეებითა და ყელსაბამებით ირთვებოდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა, – თქვა უფალმა. ამიტომაც აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო. იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა. იმ დღეს იქნება, – თქვა უფალმა, – რომ დამიძახებ: „ჩემო ქმარო!“ და აღარ დამიძახებ: „ჩემო ბაყალო!“ მოვაშორებ მის ბაგეებს ბაყალთა სახელებს, რომ აღარ იხსენებოდნენ თავიანთი სახელებით. დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის ნადირთან, ცის ფრინველთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას, და მშვიდობით ცხოვრებას დავანებებ მათ. და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით; დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს. იმ დღეს იქნება, რომ მე მოვუსმენ, – თქვა უფალმა, – მოვუსმენ ცას და ისიც მოუსმენს მიწას; მიწა მოუსმენს ხორბალს, ღვინოსა და ზეთს, ხოლო ესენი მოუსმენენ იზრეყელს. და ჩემთვის დავითესავ მას მიწაზე და შევიწყალებ ლო-რუხამას და ვეტყვი ლო-ყამს: ჩემი ერი ხარ-მეთქი, და ის მეტყვის: ჩემი ღმერთი ხარო. კვლავ მითხრა უფალმა: „წადი და შეიყვარეო ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე, მსგავსად იმისა, როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისკენ იყურებიან და მათი ჩამიჩის კვერები უყვართ.“ ნაყიდი მყავს ის ქალი 15 ვერცხლად და ერთ ხომერ ქერად, ვეუბნებოდი: „დიდხანს დარჩი ჩემთან, ნუ იმრუშებ, სხვისი ნუ გახდები და მეც არ შემოვალ შენთან.“ რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უმთავროდ, უმსხვერპლოდ და სამსხვერპლოს გარეშე; უეფოდოდ და უთერაფიმოდ, მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში. ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო! რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის ცოდნა ქვეყნად. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლისღვრას სისხლისღვრა მოსდევს. ამიტომაც გოდებს მიწა; ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაქრებიან. არავინ იდაოს, არავინ იყოს მამხილებელი, რადგან შენი ერი მღვდელს ედავება. წაიფორხილებ დღისით, და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს. მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარჰყავი ცოდნა, და მეც გადაგაყენებ ჩემს წინაშე მღვდელმსახურებისაგან; და როგორც შენ გაქვს დავიწყებული შენი ღმერთის სიყვარული, მეც დავივიწყებ შენს შვილებს. რაც უფრო მრავლდებიან ისინი, მით მეტად სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად ვაქცევ. ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისაკენ მიუწევს გული. და რაც ერს მოუვა, იგივე მოუვა ბერს; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მათი საქმეების გამო. ჭამენ და ვერ ძღებიან, ბოზობენ და ვერ მრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური. ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული. ჩემი ერი თავის ხეს ეკითხება და მისი კვერთხი აძლევს მას პასუხს, რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ის და განუდგა თავის ღმერთს. მთათა თხემებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე უკმევენ საკმეველს მუხის, ვერხვისა და ტერებინთოს ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ თქვენი ასულები და მრუშობენ თქვენი რძლები. არ მოვთხოვ პასუხს შენს ასულებს და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები მეძავ ქალებთან დაეთრევიან და ტაძრის მემრუშებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს, უგუნური ხალხი კი იღუპება. თუ შენ მრუშობ, ისრაელო, იუდეა მაინც ნუ შესცოდავს, ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში, ნუ დაიფიცავს: ცოცხალიმც არისო უფალი! რადგან ატეხილი ფურივით არის ისრაელი ატეხილი; ამიტომ როგორ აძოვებს ახლა მათ უფალი, როგორც ცხვარს, ვრცელ საძოვარზე? შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენით, იყოს მარტო. გამოუნელდებათ სიმთვრალე და ბოზობას იწყებენ, მიეჩვივნენ სირცხვილს მისი მთავრები. გაახვევს მათ ქარი თავის ფრთებში და მათ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლისა. ისმინეთ ეს, მღვდლებო, გაიგონე, ისრაელის სახლო და ყურად-იღე, მეფის სახლო! რამეთუ სამსჯავრო გელით, რადგან მახედ ექეცით მიცფას და მოსროლილ სათხევლად – თაბორს. ღრმად ჩაეფლნენ ისინი გარყვნილებაში; ამიტომაც ყველას მოვიყვან ჭკუაზე. მე კარგად ვიცნობ ეფრემს, და ისრაელი ვერ დამემალება; რადგან შენც ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი. მათი ბოროტი საქმეები არ ანებებენ, რომ მიიქცნენ თავიანთი ღვთისაკენ, რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალი ვერ უცვნიათ. ისრაელის ამპარტავნება დამცირებულია მათ თვალში; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდეაც მათთან ერთად. თავიანთ ცხვარ-ძროხიანად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან მას – იგი განერიდა მათ. უღალატეს უფალს და შობენ უცხოთა შვილებს; ამიერიდან ახალმთვარობა შეჭამს მათ მათი წილხვედრიანად. ჩაჰბერეთ ბუკს გიბეყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთ-ავენში: „მოგდევენ, ბენიამინ!“ უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის ტომთა შორის გამოვაცხადე მე ეს. სამანის გადამნაცვლებლებივით გახდნენ იუდეის მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას. დამონებულია ეფრემი, დათრგუნულია მსჯავრით, რადგან ამაოთა კვალზე ისურვა სიარული. ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მატლად – იუდეის სახლს. დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდეამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შეძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ. რადგან მე ლომივით ვექცევი ეფრემს და ლომის ბოკვერივით – იუდეის სახლს; დავგლეჯ და წავალ; გავიტაცებ და ვერავინ იხსნის. წავალ და დავუბრუნდები ჩემს ადგილს, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან. წავიდეთ და მივიქცეთ უფლისაკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე დაგვადებს სალბუნს. ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს, და ჩვენ ვიცოცხლებთ მისი სახის წინაშე. მაშ შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; აისივითაა მისი მოსვლა, წვიმასავით მოგვივა, გაზაფხულის წვიმასავით, მიწას რომ აჟიებს. რა გიყო, ეფრემ? რა გიყო იუდეა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, მალე რომ ქრება. ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი ჩემს ბაგეთა სიტყვებით; და ჩემი მსჯავრი ნათელივით ამოვა. რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, უფლის ცოდნა და არა სრულადდასაწველი. მათ კი ადამის მსგავსად დაარღვიეს აღთქმა და იქ მიღალატეს მე. ბოროტმოქმედთა ქალაქია გალაადი, სისხლით დასვრილი. ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან. საშინელებას ვხედავ ისრაელის სახლში; იქ არის ეფრემის გარყვნილება, უწმიდურებს ისრაელი. შენზეც მოაწევს მკის ჟამი, იუდეა, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ერს! როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურება და სამარიის ბოროტება, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; და შემოდის ქურდი, ყაჩაღი ძარცვავს გზებზე! გულში არც კი გაუვლიათ იმაზე ფიქრი, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება; ახლა გარემოუცავს ისინი თავიანთ საქმეებს; ჩემს წინაშე არიან ისინი. თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით – მთავრებს. ყველა ისინი მრუშობით გიზგიზებენ, გახურებულნი არიან ხაბაზის თონესავით, რომელსაც პურის ჩაკვრის წინ განელება სჭირდება. დღეს ჩვენი მეფის გვირგვინის კურთხევის დღეა! – ამბობენ ღვინით გახურებული მთავრები, მეფე კი მასხარებისაკენ იწვდის ხელს. რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისაგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით. ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, და არავინ მიხმობს მათგან. ეფრემი შეერია ხალხებს; ნამცხვარს დაემგვანა, რომლის გადაბრუნებაც არავის სურს. უცხონი ჭამდნენ მის ძალას, ის კი ვერ ამჩნევდა; კიდეც გაჭაღარავდა, მას კი არაფერი უგრძვნია. ისრაელის ამპარტავნება დამცირებულია მათ თვალში, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი არ მოიქცნენ თავიანთი უფალი ღმერთისკენ და არ უძებნიათ იგი. ჩერჩეტი მტრედივით იქცა ეფრემი, უგულისხმო გახდა: ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან. როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გაფრთხილებული იყვნენ თავიანთ კრებულში. ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან განმიდგნენ! მე ვიხსენი ისინი, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ! და გულით არ შემომღაღადებდნენ მე, არამედ კვნესოდნენ თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ. მე ვმოძღვრავდი მათ, მკლავს ვუმაგრებდი, ისინი კი ავს განიზრახავდნენ ჩემს წინააღმდეგ. ისინი მიიქცნენ, მაგრამ არა ყოვლადძლიერისაკენ, არამედ მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო; ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში. მძლავრად დასცხეთ ბუკი! ორბივით დააცხრება მტერი უფლის ტაძარს, რადგან გადავიდნენ ჩემს აღთქმას და რჯული დაარღვიეს. იღაღადებენ ჩემს მიმართ: „ჩემი ღმერთი ხარ შენ; ჩვენ, ისრაელიანები, გიცნობთ შენ!“ უარყო ისრაელმა სიკეთე; მტერი დაუწყებს დევნას. მეფეები დაისხეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისხეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქროთი და თავიანთი ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპად. შენი ხბო მოვისროლე, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის არ უნდა განიწმიდნენ ისინი? რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო. და რაკი ქარს თესდენ, ქარიშხალს მოიმკიან. მათი თავთავი ფქვილს ვერ მოსცემს, და რომც მოსცეს, უცხოთა ლუკმა გახდება. დაინთქა ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის იგი წარმართთა შორის. ისინი აშურისკენ გარბიან კანჯარივით, მარტო რომ დადის; ეფრემი საჩუქრებით მოისყიდდა მისადმი პატივს. თუმცა გასცემდნენ ისინი ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთქვეშ; რადგან ცოდვისათვის გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, – ცოდვისათვის აქვს მას სამსხვერპლოები. დავუწერე მას ჩემი მთავარი კანონები, მაგრამ უცხო სწავლებად შერაცხა მან იგი. სამსხვერპლოდ მოაქვთ ჩემთვის ხორცი და მიირთმევენ მას; უფალს არ მოსწონს ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან ისინი. დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და საკერპოებს აშენებს; იუდეამ გაამრავლა ციხე-ქალაქები; მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის პალატებს. ნუ ხარობ, ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან შენ მრუშობ ღვთისაგან განმდგარი; სიძვის საჩუქრებს ირჩევ ყოველ კალოზე. კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ. არ იცხოვრებენ უფლის მიწაზე: ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში. არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და მათი მსხვერპლი არ აამებს მას; მათი პური ქელეხის პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მათთვის არის, და ვერ შევა უფლის სახლში. რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს? რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას. ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და ნოფი დამარხავს მათ; მისი ვერცხლის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ძეძვი ამოვა მის კარვებში. დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა, რომ სულელი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენი დიდი სიცრუის გამო გამრავლდა ცბიერება ეფრემის – ჩემი ღვთის ერის – მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღვთის სახლში. ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბეყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს. ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამები; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს მისცეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ. ეფრემი – ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება! თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე! ეფრემი, როგორც დავინახე, მშვენიერ მდელოზეა დარგული, როგორც ცორი, მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს. უფალო მიეცი მათ: რას მისცემ მათ? მიეცი ბერწი საშო და გამომშრალი ძუძუსთავები. გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი. აჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს. მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას, და წარმართთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან. რქამშვენიერი ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები. მათი გული გაიყო, რის გამოც მსჯავრი დაედებათ; შეიმუსრება მათი სამსხვერპლოები, დაილეწება მათი სვეტები. ახლა ისინი ამბობენ: მეფე არა გვყავს, რადგან უფლის არ გვეშინია. მეფემ კი, – რა უნდა გვიყოსო? ცარიელ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ იფიცებიან აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი მათზე, როგორც შხამიანი ბალახი ხნულებში. შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოს გამო, რადგან იგლოვებს მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით რომ ხარობდნენ; იგლოვებენ მის დიდებაზე, რადგან ის განეშორება მათ. თავად მას კი აშურში იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა. გაქრება სამარია თავისი მეფითურთ, როგორც ქაფი წყლის პირზე. განადგურდება ავენის გორაკები – ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთ და ბორცვებს – თავზე დაგვემხეთო! გიბეყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელ! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბეყაში უკეთურების ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება. ჩემი ნებისამებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი დანაშაულის გამო. ეფრემი – გამოქნილი მოზვერი, კევრში ნაბამი; მე თავად დავადგამ უღელს მას სქელ კისერზე, და მასზე შემსხდარნი ივლიან; იუდეა შეუდგება ხვნას, იაკობი – ფარცხვას. თესეთ თქვენთვის სიმართლე და წყალობას მოიმკით; გატეხეთ თქვენთვის ყამირი; დროა უფლის ძიებისა, რათა, როცა მოვა, სიმართლე რომ გაწვიმოთ. თქვენ ხნავთ ბოროტს და უსამართლობას იმკით; ჭამთ სიცრუის ნაყოფს, რადგან თქვენს გზასა და თქვენს მეომართა სიმრავლეზე ხართ მინდობილნი. საომარი ყიჟინა ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხესიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, დედა რომ მოკლეს შვილებთან ერთად, ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისათვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე. როცა ყრმა იყო ისრაელი, მიყვარდა ის და ეგვიპტიდან მოვიხმე იგი, ჩემი ძე. უხმობდნენ მათ, ისინი კი გარბოდნენ მათგან, რომ მსხვერპლი შეეწირათ ბაყალებისათვის და კერპებისათვის საკმეველი ეკმიათ. მე ავადგმევინე ფეხი ეფრემს; ხელით ვატარებდი, მაგრამ ისინი ვერ იგებდნენ, რომ მე ვკურნავდი მათ. ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის არტახებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგმის წამომყრელივით ვიყავი მათი ყბებიდან, და სიყვარულით ვაძლევდი მათ საკვებს. არ გაბრუნდება ის ეგვიპტის ქვეყნისაკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მოქცევა. მახვილი დატრიალდება მის ქალაქებში და დალეწავს მის საკეტურებს, და შთანთქავს მათ ავი ზრახვების გამო. მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, მაღლისაკენ უხმობენ მას, მაგრამ არავინ აღამაღლებს. როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გადაგაგდო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა. აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძვრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი, მე წმიდა ვარ თქვენში და რისხვით არ მოვალ. უფალს გაჰყვებიან ისინი; ლომივით დაიწყებს ბრდღვინავს ის, და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, მისკენ შიშით წამოვლენ ძენი დასავლეთიდან. შიშით წამოვლენ ეგვიპტიდან, როგორც ჩიტები და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, – ამბობს უფალი. შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით – ისრაელის სახლი; კიდევ მერყეობს იუდა ღმერთის წინაშე და წმიდის წინაშე, რომელიც ურყევია. ეფრემი მწყემსავს ქარსა და ხორშაკს აედევნა; დღითი დღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი გააქვს ეგვიპტეში. დავა აქვს უფალს იუდეასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას. ჯერ კიდევ დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, ხოლო როცა დავაჟკაცდა, ღმერთს შეერკინა. შეერკინა ანგელოზს და სძლია, ტიროდა და ემუდარებოდა მას. ბეთელში გვიპოვა ჩვენ და იქ დაგველაპარაკა. ხოლო უფალი ღმერთი ცაბაოთია; არსი არის მისი სახელი. შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მარად. ქანაანელია, მრუდე სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს. და ამბობს ეფრემი: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭეო დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოსო. მე, შენი უფალი ღმერთი ვარ ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვებში, როგორც დღესასწაულის დღეებში. მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ, და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავებით ვლაპარაკობდი. თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია საყანის მიჯნებზე. გაიქცა იაკობი არამის მინდვრებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის, და ცოლის გულისთვის ფარებს მწყემსავდა. წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული. გაამწარა ეფრემმა თავისი უფალი, ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხვილო საქმეებს. როცა დაძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი ლევდა ყველას; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაყალის გამო და მოკვდა. ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისაგან, ოსტატურად; კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს. ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბორებს კოცნიანო! ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადენილი კვამლივით არიან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა არავინაა მხსნელი. მე გცანი შენ უდაბნოში, მწყურვალე მიწაზე. როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე. მე კი ლომად ვექცევი მათ, ჯიქივით ჩავუსაფრდები გზაზე. ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და ლომივით შევჭამ მათ; ველის მხეცები დაფლეთენ მათ. თავი წაიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა! სად არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებსაც ეუბნებოდი: მომეცი მეფე და მთავრებიო. მე მოგეცი შენ მეფე ჩემი მრისხანებისას და წაგართმევ ჩემი გულისწყრომისას. შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები. მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კართან. ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისაგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს! თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო და დაწყდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა საგანძურს. მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს; მახვილით დაეცემიან ისინი; მათი ძენი აიკუწებიან, და მათი ორსულნი გაიფატრებიან. მოიქეც, ისრაელ, შენი უფალი ღმერთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე. შეიგონეთ სიტყვები და მოიქეცით უფლისკენ. უთხარით მას: „სრულიად აგვხადე უკეთურება, მიგვიღე ჩვენ კეთილად, ჩვენ კი ჩვენი ბაგეების ნაყოფს შემოგწირავთ. ვეღარ გვიხსნის აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს სიბრალულს ობოლი.“ განვკურნავ მათ განდგომას და გულით შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი. ვიქნები ცვარი ისრაელისათვის; აყვავდება, როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს. განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი. დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომნი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს. რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი. ვინც ბრძენია, შეიგრძნოს ეს, ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე; განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე. სიტყვა უფლისა, რომელიც იყო იოელ ფეთუელის ძის მიმართ: ისმინეთ ეს, უხუცესნო, ყურად იღეთ ქვეყნის ყველა მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამების დროს? გადაეცით თქვენს შვილებს ამის თაობაზე, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს გადასცენ, მათმა შვილებმა კი – მომავალ თაობას: რაც მუხლუხოს გადაურჩა კალიამ მოჭამა, რაც კალიას გადაურჩა კუტკალიამ მოჭამა, რაც კუტკალიას გადაურჩა ბოცომკალმა მოჭამა. გაიღვიძეთ, ლოთებო, იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, რადგან ის ბაგეთაგან აგაცალეს! რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი. კბილები მისი – კბილები ლომისა, ყბები მისი – ყბები ძუ ლომისა. გამიჩანაგა ვენახი და შემიმუსრა ლეღვიანი, გაყვლიფა და მიაგდო; გაუფითრდა რტოები. იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, თავის საქმროს რომ დასტირის! შეწყდა პურეულის ძღვენი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი. გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა წვენი, გახმა ზეთისხილი. გაწბილდნენ მხვნელ-მთესველნი და მეზვრენი, აღარაა ხორბალი და ქერი, მთელი მოსავალი დაიღუპა. გადახმა ვაზი და ჩამოჭკნა ლეღვი; გახმა ბროწეული, ფინიკი და ვაშლი და ველის ყველა ხე. ამიტომაც გაუქრა სიხარული ადამის ძეს. შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში პურეულის ძღვენი და შეწყდა საღვრელი. დათქვით წმიდა მარხვა, გამოაცხადეთ საზეიმო თავყრილობა; შეკრიბეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი, უფლის, თქვენი ღმერთის, სახლში და უფალს შეღაღადეთ. ვაი, ჩვენს დღეს! რადგან ახლოსაა უფლის დღე და მოდის უზენაესისაგან როგორც ტანჯვა ტანჯვათაგან. განა თვალწინ არ წარგვტაცეს საზრდო, და სიხარული და ლხინი ღვთის სახლიდან? ჩალპა მარცვალი ბელტებს ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები, რადგან გადახმა ყანები. როგორ კვნესის პირუტყვი! დაღონებული დადის ნახირი, რადგან აღარა აქვს საძოვარი; ცხვრის ფარებსაც ილაჯი გაუწყდა. შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა ველზე ყოველი ხე. ველის ნადირიც შენ შემოგყურებს, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები. ჩაჰბერეთ საყვირს სიონზე, განგაში ატეხეთ ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, რადგან ახლოსაა ის – დღე სიბნელისა და წყვდიადისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა! ალიონივით ეფინება მთებს მრავალი და ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მოდგმიდან მოდგმამდე. მის წინ ცეცხლი ჭამს, მის უკან ალი ბუგავს; მის წინ მიწა ედემის ბაღივითაა, მის უკან უკაცრიელი ველებია, და ვერავინ გააღწევს მას. ცხენთა რემას ჰგვანან და მხედრებივით მიაჭენებენ; ეტლებივით გრუხუნებენ მთათა თხემებზე; ჩალას მოდებული ცეცხლის ალივით ბრიალებენ; გუგუნებენ როგორც საომრად დარაზმული ძლიერი ხალხი. მის წინაშე ძრწიან ხალხები, სახე უფითრდებათ. ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით დაცოცავენ გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება, და არ ბრკოლდებიან გზაში. ერთმანეთს არ ეხლებიან, თითოეული თავის ბილიკს მიჰყვება; შუბებზე ეგებიან, მაგრამ უკან მაინც არ იხევენ. ქალაქში ნავარდობენ, კედლებზე არბიან, სახლებში იჭრებიან, ქურდებივით სარკმლებიდან მიძვრებიან. მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავები აღარ ბრწყინავენ. უფალმა გასცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე, რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის აღმსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას? მაგრამ ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცითო ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით; გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას. ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, პურეულის ძღვენი და საღვრელი თქვენი უფალი ღმერთისათვის. ჩაჰბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ შეკრებულობა. შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავის პალატიდან და პატარძალი – სანთიობოდან! ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, ერი შენი! ნუ გახდი სამარცხვინოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ წარმართთა ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა სად არისო მათი ღმერთი? მაშინ გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს. და მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ხალხს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხი ამით; სამარცხვინოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში. ამ ჩრდილოელ მტერსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა ურდოებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა ურდოებს – დასავლეთის ზღვაში, და აუვა მას სუნი და ამყრალდება, რადგან მრავალი ბოროტება აქვს ჩადენილი. ნუ გეშინია, მიწავ: იხარე და იმხიარულე, რადგან დიდია უფალი, რათა მოიმოქმედოს ეს საქმენი. ნუ გეშინიათ, ნადირნო ველისანო, რადგან ბალახი ამოვა უდაბნოს საძოვრებზე, ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს. ძენო სიონისა, იხარეთ და იმხიარულეთ თქვენი უფალი ღმერთის გამო, რადგან მოგცემთ ჟუჟუნა წვიმას, და ძველებურად გამოგიგზავნით ადრეულსა და გვიანა წვიმებს. და გაივსება ბეღლები ხორბლით, გალიცლიცდება კოდები ღვინითა და ზეთით. და აგინაზღაურებთ მე იმ წლებს, რომლებიც მოჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა დიდმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ. ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ თქვენი უფალი ღმერთის სახელი, რომელიც საკვირვლად გექცევათ; და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. და იქნება, რომ ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი უხუცესნი ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. მონა-მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს. გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლსა და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი. ყველა, ვინც კი მოუხმობს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. ამოსის, თეკოაყელი მწყემსის, სიტყვები, რომლებიც ისმინა მან ისრაელის შესახებ იუდეის მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობოყამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე. და თქვა მან: უფალი სიონიდან იგრგვინებს და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; გადახმება სამწყემსურის საძოვრები და გადაირუჯება ქარმელის თხემი. და თქვა უფალმა: სამსა და ოთხ დანაშაულს არ ვაპატიებ დამასკოს, რადგან ცეცხლის კევრით გალეწეს გალაადი. ცეცხლს მივცემ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შთანთქავს ბენ-ჰადადის დარბაზებს. დავლეწავ დამასკოს საკეტურებს; ამოვძირკვავ ავენის ველების მკვიდრთ და ბეთ-ყედენის სახლის კვერთხისმპყრობელს; გადაიხვეწებიან არამელნი კირში, – ამბობს უფალი. ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მათ ყველა ტყვედ წაიყვანეს, რომ ედომისთვის გადაეცათ ისინი. ცეცხლს მივცემ ღაზას კედლებს და ის შთანთქავს მის დარბაზებს. ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი, – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ცორს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა. ცეცხლს მივცემ ცორის კედლებს და ის შთანთქავს მის დარბაზებს. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო ნათესაური გრძნობები, მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში. ცეცხლს მივცემ თემანს და ის შთანთქავს ბოცრას დარბაზებს. ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოვებინათ თავიანთი საზღვრები. ცეცხლს მივცემ რაბას კედლებს და ის შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინის ხმაზე ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს. ტყვედ ჩავარდება მათი მეფე თავის დიდებულებთან ერთად, – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ცეცხლში დაანაცრა ედომის მეფის ძვლები. ცეცხლს მივცემ მოაბს და ის შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი ღრიანცელის, საომარი ყიჟინისა და საყვირის ხმაზე. ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, – ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდეას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდო უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ. ცეცხლს მივცემ იუდეას და შთანთქავს იერუსალიმის დარბაზებს. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს – წყვილ ხამლად – ისინი არიან, რომლებიც უმწეოთა თავს მტვერსა და ნაცარში ქელავენ და გზიდან აცდენენ ბეჩავთ; შვილი და მამა ერთ ქალთან შედიან, რათა შელახონ ჩემი წმიდა სახელი. გირაოში წამოღებულ სამოსელზე გართხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან, და ბრალდებულთაგან გამოძალულ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთის სახლში. გავანადგურებ ამორეველს მათ წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით რომ გაძლიერდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს. იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და 40 წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა. შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი, და შენს ყრმათა შორის – მოწმიდარნი. ასე არ იყო, ისრაელიანებო? – ამბობს უფალი. – თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ: ნუ წინასწარმეტყველებთო! აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნით სავსე ურემი ჯეგავს, – მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის. მშვილდისმპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს. მამაცთა შორის გულადიც კი შიშველი გაიქცევა იმ დღეს, – ამბობს უფალი. ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე: მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნიერების მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს. თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ? თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება თავის წინ? თუ გამოსცემს ხმას ლომის ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი შეუპყრია? თუ გაებმება ჩიტი ბადეში მიწაზე თუ იქ მახე არ იქნება დაგებული? თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად? რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ. ლომი ბრდღვინავს – ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს – ვინ არ გაქადაგდება! გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბეთ სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა – მის წიაღში! არ იციან სიმართლის ქმნა, – ამბობს უფალი, – ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხესიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს. ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი ლომს გამოგლეჯს ხახიდან ორ კანჭს ან ყურისძირს, ისე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში – სარეცელზე. ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის ხალხს, – ამბობს უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი ღმერთი: – რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწაზე დაემხობა. დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება, – ამბობს უფალი. ისმინეთ ეს სიტყვები, ბაშანის ფურებივით ნასუქალო სამარიელო ქალბატონებო, ბეჩავთა და ღარიბ-ღატაკთა შემვიწროებელნო, რომ ეუბნებით თქვენს ქმრებს: მოგვიტანეთ, რომ დავლიოთო! დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე: აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს დანარჩენთ ანკესებით. გარღვეული კედლებიდან გაგრეკავენ ჰარმონისაკენ, – ამბობს უფალი. – წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები; ყოველ დილით მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს – თქვენი მეათედები. შეწირეთ საფუარიანი სამადლობელო მსხვერპლი, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ, რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, – ამბობს უფალი ღმერთი. კბილის დასადგმელი არაფერი მოგეცით თქვენს ქალაქებში, და უპურობა მოგეცით თქვენს ადგილებზე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. წვიმაც კი შეგიწყვიტეთ მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთ ყანას წვიმით ვაჟიებდი, მეორე ყანა კი უწვიმრად იშრიტებოდა. ორი-სამი ქალაქი ერთ ქალაქში იყრიდა თავს წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. მუსრი გაგავლეთ ხურვებითა და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვი და ზეთისხილი კუტკალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. – შეგყარეთ შავი ჭირი, როგორც ეგვიპტეში, მახვილით ვხოცავდი თქვენს ჭაბუკებს, ვიტაცებდი თქვენს ცხენებს, და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. – დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა დააქცია სოდომი და გომორა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ! და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღმერთის შესახვედრად, ისრაელ! რადგან, აჰა, ის, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გადამთელავი, უფალი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი! ისმინე ეს სიტყვა, ისრაელის სახლო; რადგან თქვენზე მინდა აღვამაღლო ეს გოდება: ისრაელის ქალწული დაეცა, ვეღარ დგება; მიწაზეა გართხმული, და არავინაა მისი წამომყენებელი. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ათასის გამომყვან ქალაქს, ასიღა შერჩება, და ვისაც ასი გამოჰყავდა, ათიღა შერჩება ისრაელის სახლიდან. რადგან ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის სახლს: მეძებეთ და ცოცხალი გადარჩებით. ნუ ეძებთ ბეთელს და გილგალში ნუ მიდიხართ, ბეერ-შებაყში ნუ დაიარებით; რადგან გილგალს დატყვევებულს წაიყვანენ, ბეთელი აოხრდება. ეძებეთ უფალი და ცოცხალი გადარჩებით, რათა უფალი იოსების სახლს მშანთქმელი ცეცხლივით არ მოედოს, რომლის ჩამქრობიც არავინ იქნება ბეთელში – ჰოი, თქვენ, სამართალს რომ აბზინდად აქცევთ და სიმართლეს მიწაზე თელავთ! რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც კუნაპატ ღამეს აისად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; რომელიც მოუხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს – უფალია მისი სახელი. დაქცევით დაატყდება თავს ძლიერს და ეწევა დაქცევა ციხესიმაგრეს. მოიძულეს სამსჯავროში მამხილებელი და წრფელად მოუბარი შეიძაგეს. ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით პირიდან, თლილი ქვით იშენებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს. რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ. ამიტომაც დუმს ბრძენი კაცი ასეთ დროში, რადგან ეს ცუდი დროებაა. ეძიეთ სიკეთე და არა ბოროტება, რათა ცოცხალი გადარჩეთ; ყოვლისშემძლე უფალი ღმერთიც თქვენთან იქნება, როგორც თქვენ ამბობთ. შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ; დაამკვიდრეთ სამსჯავროში სამართალი, ვინძლო შეიწყალოს უფალმა, ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა, იოსების ნატამალი! რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი ცაბაოთი: ყველა ქუჩაზე გლოვა იქნება, და იტყვიან ყველა შუკაში: ვაი! ვაიო! მოუხმობენ მუშა კაცს საგოდებლად და გლოვისთვის – მოტირალთ. ყველა ვენახში გლოვა იქნება, როცა მე გავივლი შენს წიაღში, – ამბობს უფალი. ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი, ისევეა, როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს რომ დათვი დახვდეს, ან შინ მისული რომ კედელს მიეყრდნოს და გველმა დაგესლოს. განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია ის და ნათების ციალი არ არის მასში. მძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, სუნთქვა მეკვრის თქვენს ზეიმებზე. სრულადდასაწველი და პურეული ძღვენიც რომ აღმივლინოთ, არ მივიღებ მათ და ზედაც არ შევხედავ თქვენს ნასუქალ მოზვრებს, სამადლობელო მსხვერპლად რომ მწირავთ. მომაცილეთ თქვენი სიმღერების ხმა, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს. წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელი ნაკადულივით. განა მოგქონდა ჩემთან მსხვერპლი და პურეული ძღვენი 40 წლის მანძილზე უდაბნოში, ისრაელის სახლო? დაატარებდით თქვენს მეფე-კერპ საქუთს და ვარსკვლავ-ღმერთ კაივანს, თქვენსავე ნაკეთებს. ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ, – ამბობს უფალი, ყოვლისმპყრობელი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი. ვაი, უზრუნველთ სიონზე და ვაი, უდარდელთ სამარიის მთაზე; სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი! მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გათში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები? ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი სამანები? თქვენ, რომელნიც ფიქრობთ, რომ შორსაა უბედურების დღე და იახლოვებთ ძალადობის სუფევას, – თქვენ, რომლებიც განისვენებთ სპილოსძვლის საწოლებზე და ნებივრობთ თქვენს სარეცლებზე; მიირთმევთ ფარის საუკეთესო კრავებსა და ნასუქალ ხბორებს, მღერით ქნარის ხმაზე და თავი მოგაქვთ, თითქოს დავითივით ფლობდეთ საკრავს. თასებით სვამთ ღვინოს, საუცხოო ზეთებს იცხებთ, და არ განაღვლებთ იოსების უბედურება. ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა მიწყდება. დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ღმერთი ცაბაოთი: მძულს იაკობის ამპარტავნება და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს. და თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, ისინიც დაიხოცებიან, როცა ნათესავი ან ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის შინმყოფს: თუ კიდევ დაგრჩა ვინმე? და ისიც უპასუხებს: ყველა წასულიაო; უთხრას: ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება. რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა სახლებს. თუ ურბენიათ ცხენებს კლდეებზე? ან თუ უხნავთ ზღვა ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი და აბზინდად – სიმართლის ნაყოფი. სიხარულით ამბობთ, ჩვენი ძალით ავიღეთო ლო-დებარი და კარნაიმი! აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო, – ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, – და მიგამწყვდევს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე. ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლის ხანს; და აჰა, სამეფო თიბვები რომ დამთავრდა, აღმოცენდა ბალახი. როცა კალიამ გადაძოვა ბალახი მიწაზე, მე ვთქვი: უფალო ღმერთო, მოწყალე იყავ! რა გადაარჩენს იაკობს? ის ძალიან მცირეა. შეინანა უფალმა და თქვა: ეს არ მოხდება! ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები. მე ვთქვი: უფალო ღმერთო! შეაჩერე; რა გადაარჩენს იაკობს? ის ძალიან მცირეა. შეინანა უფალმა: არც ეს მოხდებაო, – თქვა უფალმა ღმერთმა. ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და ტყვიის შვეული უჭირავს ხელში. მითხრა მე უფალმა: რას ხედავ, ამოს? ვუთხარი: შვეულს. თქვა უფალმა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას. გაუკაცურდება ისააკის გორაკები და ისრაელის საწმიდრები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობოყამის სახლის წინააღმდეგ. შეუთვალა ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, იერობოყამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში. მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს; რადგან ასე ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იერობოყამი და ისრაელს აუცილებლად წაიყვანენ ტყვედ თავისი ქვეყნიდან. უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე. ბეთელში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი. მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის ძე; მე მწყემსი ვიყავი და სიკომოროს მკრეფავი. წამომიყვანა მე უფალმა ფარიდან და მითხრა: წადი და უწინასწარმეტყველეო ჩემს ერს, ისრაელს. ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისააკის სახლის წინააღმდეგო. ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ძენი და ასულნი მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საზომი ლარით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელიანთ კი ტყვედ წაიყვანენ თავისი ქვეყნიდან. ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა ღმერთმა, და მე ვიხილე: აჰა, დგას მწიფე ხილით სავსე კალათა. და მითხრა მე მან: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მწიფე ხილით სავსე კალათას. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ. მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, – ამბობს უფალი ღმერთი, – უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრილი უხმოდ. ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა მშთანმთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო; რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და – შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით, ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატაკნი, ხორბლის ნაკმაზი კი გავყიდოთ. დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება: ჭეშმარიტად საუკუნოდ არ დავივიწყებ ერთ მათ ნამოქმედარსაც კი. ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? და აიწევს ერთიანად მდინარესავით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით. იმ დღეს იქნება, – ამბობს უფალი ღმერთი, – რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღისით მზისით დავაბნელებ ქვეყანას. დღესასწაულებს გლოვად გიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო! აჰა, დგება დღეები, – ამბობს უფალი ღმერთი, – როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, შიმშილს არა პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვათა მოსმენისას. იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მიმოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ. ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისაგან. სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: „ცოცხალია შენი ღმერთი, დანო, ცოცხალია, ბეერ-შებაყის გზა,“ დაეცემიან და ვეღარ ადგებიან. ვიხილე უფალი, საკურთხეველთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ უკანასკნელს კი მე მოვსრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება. შავეთშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან; ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარნენ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ; ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად, და არა სასიკეთოდ. უფალი, ცაბაოთ ღმერთი თუ შეეხო მიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის მდინარესავით. ცაში ააგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს. უფალია მისი სახელი. განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? – ამბობს უფალი. განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან? აჰა, უფალი ღმერთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა, და აღვგვი მას პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს, – ამბობს უფალი. – რადგან აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლს ყველა ხალხს შორის, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე. მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას. იმ დღეს აღვმართავ დავითის დამხობილ სახლს; გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო. რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, – ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი. აჰა, დადგება დრო, – ამბობს უფალი, – როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს და ყურძნის მწურავი – მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები ჩამოდნებიან. დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვაზს და დალევენ მის ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს. დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე, და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ, – ამბობს უფალი, შენი ღმერთი. ხილვა აბდიასი. ასე ამბობს უფალი ღმერთი ედომზე: ხმა მოგვწვდა უფლისაგან და მაცნე დაეგზავნათ ხალხებს: ადექით, გავიდეთ ედომის წინააღმდეგ საბრძოლველადო! – აჰა, დაგამცირებ ხალხთა შორის და აბუჩად აგიგდებს ყველა! შენმა გულზვაობამ დაგაბრმავა. კლდეთა ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს? ორბივით მაღლა აჭრილხარ, მაგრამ ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, – ამბობს უფალი. – ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ანდა ყაჩაღები ღამით – ასე როგორ გაჩანაგდებოდი?! განა ისინი, მხოლოდ თავის სამყოფს არ მოიპარავდნენ? მერთვლენი რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალს ისინიც დაგიტოვებდნენ. როგორ გაძარცულა ესავი, გაუხვეტავთ მისი საგანძურები! გიმუხთლებს ყველა შენი მოკავშირე და საზღვრებს იქით გაგრეკავენ ისინი; შენი მოზავენი გაბატონდებიან შენზე; შენს პურზე გამოზრდილნი დაგიგებენ მახეს. სად არის მისი გონიერება ახლა? განა ეს იმავე დღეს არ მოხდება, – ამბობს უფალი, – როცა ბრძენკაცებს მოვსპობ ედომში და გონიერებას – ესავის მთაზე? შედრკებიან შენი მებრძოლები, თემან, რადგან ხოცვა-ჟლეტით მოვსპობ კაცის სახსენებელს ესავის მთაზე. რადგან უმოწყალოდ მოექეცი შენს ძმას, იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები. იმ დღეს, როცა განზე გაუდექი, მაშინ როცა უცხო თესლი შეიჭრა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, როცა უცხოტომელებმა ხელთ იგდეს მისი ქონება, შენც ერთი იმათგანი იყავი! არ უნდა გეხარა შენი ძმის უბედურების დღეს; იუდაელი ხალხის დაღუპვის დღეს არ უნდა გეხარა; და არც უნდა გეცინა მათი ჭირ-ვარამის დღეს. არ უნდა შეჭრილიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს. არ უნდა გემხიარულა მათ ტანჯვაზე მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გაგეწოდა მის ქონებაზე მისი დაღუპვის დღეს. დასაღუპად არ უნდა ჩასაფრებოდი მის ლტოლვილებს გზაჯვარედინებზე, და გადარჩენილები მტრის ხელში არ უნდა ჩაგეყარა იმ ჭირ-ვარამის დღეს. აჰა, ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისათვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან და შენი ნამოქმედარი შენვე მოგიბრუნდება. რა სასმისიც თქვენ შესვით ჩემს წმიდა მთაზე, იმავეს შესვამს ყოველი ხალხი თქვენს ირგვლივ; შესვამს და შთაინთქმებიან, თითქოს არც ყოფილიყვნენ. მაგრამ, მოვა ხსნა სიონის მთაზე და წმიდა ადგილი იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს იაკობის სახლი. იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი – ალი, ხოლო ესავის სახლი – ნამჯა. გადასწვავენ და შთანთქავენ მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა. ნეგებელნი დაიმკვიდრებენ ესავის მთას, ხოლო შეფელას მკვიდრნი – ფილისტიმელთა ქვეყანას. ისინი დაიმკვიდრებენ ეფრემის მხარეს და სამარიის მხარეს, ხოლო, ბენიამინი – გალაადს. ხალახში მცხოვრებ ისრაელიანთა განთესილი ერი ცარეფათამდე დაიმკვიდრებს ქანაანს, სეფარადში განთესილი იერუსალიმის მკვიდრნი კი ნეგების ქალაქებს დაიმკვიდრებენ. ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსასჯელად და უფლისა იქნება მეფობა. და იყო უფლის სიტყვა ამითაის ძის, იონასადმი თქმული: ადექი, წადი დიდებულ ქალაქ ნინევეში და აუწყე, რომ უფალი ხედავს მათ ბოროტებას. მაგრამ იონა ადგა, რომ უფალს თარშიშში გაქცეოდა. იგი იაფოში ჩავიდა, თარშიშისაკენ მიმავალი ხომალდი მონახა, საფასური გადაიხადა და შიგ ჩაჯდა, რათა თარშიშში წასულიყო და უფალს გასცლოდა. მაგრამ უფალმა ძლიერი ქარი ამოაგდო ზღვაზე. ქარიშხალმა ზღვა ძლიერ ააბობოქრა; ცოტაც და, ხომალდი დაილეწებოდა. შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა. რაც რამ საქონელი ჰქონდათ ზღვაში გადაყარეს, რომ ხომალდი შეემსუბუქებინათ. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და არხეინად ეძინა. მივიდა მასთან ხომალდის მეთაური და უთხრა: „რას დაგიძინია? ადექი, შენც შეღაღადე შენს ღმერთს, იქნებ მან შეგვიწყალოს და არ დავიღუპოთ.“ შემდეგ მეზღვაურებმა ერთმანეთში თქვეს: „მოდი, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ დღეში.“ წილი ყარეს და იონას შეხვდა. ჰკითხეს მას: „გვითხარი, რატომ აღმოვჩნდით ამ განსაცდელში? რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ და რა მოდგმისა?“ იონამ მიუგო: „ებრაელი ვარ, უფლის, ცათა ღმერთის, მსახური, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა.“ როცა ეს გაიგეს, ძლიერ შეშინდნენ, რადგან იონა გამოუტყდათ, რომ უფალს გაურბოდა. უთხრეს: „ეს რა ჩაგიდენია?!“ და, რადგან ზღვა კვლავინდებურად ბობოქრობდა, ჰკითხეს: „რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაწყნარდეს?“ იონამ უთხრა: „ამიღეთ, წყალში გადამაგდეთ და ზღვა დაწყნარდება, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი თავს ჩემს გამო დაგატყდათ.“ მეზღვაურებმა ნიჩბები მოუსვეს, რომ ხმელეთს მისდგომოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აბობოქრდა. მაშინ უფალს შეჰღაღადეს და უთხრეს: „უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, და ნურც მის მართალ სისხლს მოგვკითხავ, რადგან ყოველივე ისე ხდება, უფალო, როგორც შენ გინდოდა.“ აიღეს და წყალში გადააგდეს იონა. ზღვამ ღელვა შეწყვიტა. მეზღვაურებს ძლიერ შეეშინდათ უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს მას. უფალმა დიდი თევზი მოავლინა და შთაანთქმევინა იონა. მან სამი დღე და სამი ღამე დაჰყო თევზის მუცელში. იონამ თევზის მუცლიდან ლოცვა აღუვლინა უფალს, თავის ღმერთს. თქვა: „ჭირში მყოფმა შემოგღაღადე, უფალო, და შენ ხმა გამეცი. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება. ზღვის შუაგულში გადამაგდე და მორევმა სიღრმეში ჩამითრია, თავზე შენი ტალღები და ღვარი გადამდიოდა, ვთქვი: გაძევებული ვარ შენგან, უფალო, ნუთუ ვეღარასდროს მეღირსება შენი წმიდა ტაძრის ხილვა? წყალი ყელამდე მომწვდა და უფსკრულმა მომიცვა; თავზე ლელი შემომეწნა, მთების ფესვებამდე ჩავედი და ჩემს უკან მიწა სამუდამოდ ჩაირაზა. მაგრამ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, ქვესკნელს გამოსტაცე, ჩემი სიცოცხლე! როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე მოაღწია შენს წმიდა ტაძარში. ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას! მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს, ვინაიდან ხსნა უფლისგან არის!“ უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე ამოანთხია იონა. მეორედ იყო უფლის სიტყვა იონასადმი თქმული: „ადექი, წადი დიდებულ ქალაქ ნინევეში და აუწყე ის, რასაც მე გეტყვი.“ ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ნინევე, სამი დღის სავალი. იარა იონამ ერთი დღე ქალაქში და ქადაგება იწყო, ამბობდა: კიდევ 40 დღე და დაიქცევა ნინევე. ნინეველებმა ღმერთი იწამეს, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამეფო შესამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა. შემდეგ, მეფისა და მისი დიდებულების ბრძანება გამოაცხადებინა ნინევეში: „არც კაცმა და არც პირუტყვმა – ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, მიატოვონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გასვრილი. ვინძლო გული მოუბრუნდეს ღმერთს, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!“ შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა, და გული მოუბრუნდა მათზე და აღარ მოუვლინა ის განსაცდელი, რასაც უმზადებდა. იონა ძალზე განაწყენდა და გამწარდა. ლოცვა აღუვლინა უფალს და უთხრა: „განა ამას არ ვამბობდი, უფალო, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მოწყალე და მიმტევებელი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და დამთმენი; ყოველთვის თავს არიდებ დასჯას. ახლა ბარემ სული ამომხადე, უფალო, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.“ ჰკითხა უფალმა: „ასე რატომ გამწარდი?“ იონა გავიდა ქალაქიდან და მის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და უცდიდა ენახა, რა მოუვიდოდა ქალაქს. უფალმა აყირო აღმოაცენა და იგი იონას თავს ზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა. მეორე დღეს, განთიადისას, ღმერთმა მატლი მოავლინა, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. როცა მზე ამოვიდა, ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი ამოაგდო; მზემ ისე დააცხუნა იონას თავზე, რომ ღონემიხდილმა სიკვდილი ინატრა, თქვა: ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო. მაშინ ჰკითხა ღმერთმა იონას: „ასე გამწარდი ამ აყიროს გამო?“ მიუგო: „მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.“ უფალმა კი უთხრა: „შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. აბა, მე როგორ არ დამენანოს ამხელა ქალაქი ნინევე, სადაც 120 ათასზე მეტი უსუსური ადამიანი ცხოვრობს, და სადაც უთვალავი პირუტყვია?“ უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელი მიქას მიმართ იუდეის მეფეების: იოთამის, ახაზის და ხეზეკიას დროს, და რომელიც გამოეცხადა სამარიისა და იერუსალიმის გამო. ისმინეთ, ყველა ხალხებო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და შედგება დედამიწის სიმაღლეებზე. მთები იძვრიან მის ფერხთა ქვეშ და ღელენი დნებიან მის ქვეშ, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან გადმოვარდნილი წყალი. იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდეის გორაკი? იერუსალიმი ხომ არა? ველზე დაყრილ ნანგრევებად ვაქცევ სამარიას, ვაზის გასაშენებელ ადგილად; ველზე გადავყრი მის ქვებს და გამოვაჩენ მის საძირკველს. ყველა მისი კერპი დაიმსხვრევა, ყოველი მისი სიძვით მოგებული ცეცხლში დაიწვება, და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან სიძვის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ, ამიტომაც სიძვის გასამრჯელოდ იქცევიან. ამაზე ვიგლოვებ და ვიტირებ, ფეხშიშველი და დედიშობილა ვივლი; ტურასავით ვიკივლებ და სირაქლემასავით ვიკვნესებ. რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან მიადგა იუდეას; და ჩემი ერის კარიბჭეს – იერუსალიმსაც – უწია. ნუ გამოაცხადებთ ამას გათში, მოთქმას ნუ გამართავთ! მიწა-მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში. ჩაიარე შენთვის შაფირელო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი, ბეთ-ეცელში გლოვა არ დაგაყენებთ. რადგან წუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე. შეაბი ეტლში ბედაურები, ლაქიშელო, შენ – სიონის ასულის ცოდვის დასაბამო, რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის უღმრთოებანი! ამიტომ შენ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს. აქზიბის სახლები მაცდუნებლად ექცევიან ისრაელის მეფეებს. ახალ პატრონს მოგაყენებ, მარეშელო დიაცო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება. თმა გადაიკრიჭე, გადაიპარსე სანუკვარი შვილების გამო, სვავივით მოიტვლიპე, რადგან გადაასახლებენ მათ შენგან. ვაი მათ, ვინც უკანონობას განიზრახავენ სარეცელზე მწოლნი, და რა ინათებს – განთიადზე – ისრულებენ მას, რადგან ძალა აქვთ ხელში! ხოდაბუნებს მოისურვებენ და სტაცებენ, სახლები მოუნდებათ და ართმევენ; ავიწროებენ ყოველ სახლს, ყოველ სამკვიდროს. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს განვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლის უღლისგანაც ქედს ვერ აიშვებთ და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება. იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის წილი სხვამ მიიკუთვნა! როგორღა დამიბრუნდება! უცხოთესლთ დაუნაწილდა ჩვენი მინდვრები. ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი. ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს. ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა? ხალხი, რომელიც უწინ მე მეკუთვნოდა, მტრად მექცა, და თქვენ ხდით ტანისამოსს ბრძოლიდან დაბრუნებულთ, მშვიდად მომავალთ. ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით. მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას. ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი. უწმიდურების გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი. ოჰ, ერთი მოიტყუებოდეს ქარისა და სიცრუის მადევარი კაცი: „მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზე!“ სწორედ ის იქნებოდა ამ ხალხის შესაფერისი ქადაგი. მთლიანად შეგკრებ შენ, იაკობ, და თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად შევყრი, როგორც ცხვარს ბოსორში, როგორც ფარას ფარეხში; ახმაურდებიან ისინი კაცთა სიმრავლით. მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან კარიბჭეში, და უკანვე გამოვლენ. ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი – მათ სათავეში. და ვთქვი მე: ისმინეთ, იაკობის სახლის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა თქვენი ვალი არაა სამართლის ცოდნა? თქვენ კი სიკეთე გძულთ და ბოროტება გიყვართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ. როცა ჭამენ ჩემი ხალხის ხორცს, ტყავს ხდიან, მათ ძვლებს ამტვრევენ და აქუცმაცებენ, როგორც ქოთანში, და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად. მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ. თავის სახეს უმალავს იმ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან. ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს. მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან. თუ ვინმემ რამე არ ჩაუდო პირში, ომს უცხადებენ. ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე – მისნობის გარეშე; მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ. გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს მოკუმავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი. მე კი აღვსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს – მისი ცოდვა. ისმინეთ ეს, იაკობის სახლის მთავარნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ. სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით – იერუსალიმს. მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს იღებენ დამოძღვრაში; მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ, უფალს კი იშველიებენ და ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არისო უფალი? უბედურება არ გვეწვევაო. ამიტომაც თქვენს გამო საყანესავით გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევთა გორებად იქცევა, ტაძრის მთა კი – ტყიან ბორცვად. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთათა თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, ბორცვებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებითო. რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა. განიკითხავს ის სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე. თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბებს – ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან. ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას. რაკი ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით საუკუნოდ. იმ დღეს, – ამბობს უფალი, – შევკრებ ხეიბართ და თავს მოვუყრი განდევნილთ, და მათ, რომელთაც მე დავატეხე უბედურება. ნატამალად დავტოვებ ხეიბართ და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს. უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე. შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება, მეუფება დაუბრუნდება იერუსალიმის ასულს. ახლა რად გაჰყვირი ასე ხმამაღლა? განა მეფე არა გყავს შენ? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვები დაგმართნია მშობიარესავით? იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ. ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი, მტრების ხელიდან გამოგიხსნის. ახლა კი უამრავი ხალხი გყავს შემოსეული და ამბობენ: წაიბილწოსო და ჭვრეტდესო სიონს ჩვენი თვალი. მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე. მიდექი და ლეწე, სიონის ასულო, რადგან რკინის რქებს დაგადგამ და ბრინჯაოს ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი – მთელი ქვეყნიერების უფალს. ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო; ალყა შემოგვარტყეს, კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს. შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა მე ის, ვინც იხელმწიფებს ისრაელში, და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან. ამიტომ მიუშვეს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს. დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან. დადგება და დამწყემსავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის, სახელის სიდიადით, და მობრუნდებიან, რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდე. და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში, და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში; მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს. დამწყემსავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისაგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და, როცა ჩვენს საზღვრებში შემოდგამს ფეხს. და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე. აღარ ექნება კაცის იმედი, და აღარ დაენდობა ადამიანებს. და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის, როგორც ლომი ტყის ნადირთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში – თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მხსნელი. აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე. მაშინ იქნება, – ამბობს უფალი, – რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ. გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხესიმაგრეს. ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები. შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს, და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს. ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან, და დავაქცევ შენს ქალაქებს. რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა. ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდექ, დავა გაუმართე მთებს და ისმინონ შენი ხმა ბორცვებმა! ისმინეთ, ბორცვებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს. ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი. ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი – მოაბის მეფე, და რა პასუხს აძლევდა მას ბალაამ ბეყორის ძე, შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი. „რითი წარვდგე უფალთან და თაყვანი ვცე მაღალ ღმერთს? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ზვარაკებით? ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის 10 ათასი მდინარე? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულისთვის, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვისათვის?“ ხომ გეუწყა შენ, მოკვდავო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან ღმერთი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე. უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და, ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის: გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს. თუ არის კიდევ უკეთურის სახლში უკეთური განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? როგორ გავამართლო უკეთური სასწორი და ქისა – მატყუარა საწონით? რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით. მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ, და ცრუა მათი ენა მათ პირში. და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო. შეჭამ და ვერ ვაძღები. ცარიელი გექნება მუცელი. გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ; და რასაც შეინარჩუნებ, მახვილს მივცემ. დათესავ და ვერ მოიმკი, ზეთს გამოხდი და ვერ იცხებ, ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ. თქვენში მოქმედებს ყომრის ადათები და ყოველი საქმე ახაბის სახლისა, და მისდევთ მათ თათბირს; და მიგცემ გატიალებას მე და სასაცილოდ გავხდი შენს მცხოვრებთ, და თქვენ იტვირთავთ ჩემი ერის სირცხვილს. ვაგლახ, რომ ნარჩენი ხილის შემგროვებელსა და ყურძნის მომმცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ გადარჩენილა საჭმელად, აღარც საადრეო ლეღვი, რასაც ნატრობს ჩემი სული. გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველა სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულა, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით; გაწაფულია მათი ხელი ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული საჩუქრებს თხოულობენ, მოსამართლე ქრთამით ასამართლებს; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს; უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, წრფელი კი ძეძვზე უარესია. დადგება შენი მოთვალყურის დღე, შენი მონახულების დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი. ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს, შენს მკლავზე მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი! რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი – თავის დედამთილს. კაცის მტრები არიან მისი შინაურები. მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს. შემიწყნარებს ჩემი ღმერთი. ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი! დავითმენ უფლის რისხვას, (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს. ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს. დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა: სად არისო უფალი, შენი ღმერთი? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება. შენი კედლების აშენების დღე შენი საზღვრების გავრცელების დღე იქნება. იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან; ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე. გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა მიზეზით, მათ ნამოქმედართა ნაყოფების მიზეზით. დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდროს ფარა, ტყეში მარტოდმარტო რომ ცხოვრობს, ქარმელს შორის! იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად! გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი. დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ; მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა, და შენიც შეეშინდებათ. რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ; დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ მათ ცოდვას. დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს – სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამებს შეჰფიცე ძველთაგანვე. ეს არის ნინევეს განაჩენი, წიგნი ელკოშელი ნაუმის ხილვისა. მოშურნე და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელია უფალი და რისხვიანი. შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს. სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის დატოვებს. გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი. ღრუბელი მის ფერხთა მტვერია. დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს. გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი. მთები კანკალებენ მის წინაშე და ლღვებიან ბორცვები. დედამიწა თრთის მის წინაშე, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი. ვინ გაუძლებს მის წყრომას? ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან. კეთილია უფალი – ციხესიმაგრე გასაჭირში, და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ. მოვარდნილი ღვართქაფივით წალეკავს მის ადგილს, და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში. რა განუზრახეთ უფალს? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი. რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით ნაბახუსევნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით. შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი. ასე თქვა უფალმა: თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან, გადაშენდებიანო. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავო. ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადგას, და დავწყვეტ შენს ბორკილებსო. ასე ბრძანა შენზე უფალმა: აღარ დარჩება თესლი შენი სახელით. გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან; საფლავს გაგიმზადებ, რადგან არარაობა ხარ. აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაუწყებლისა! გამართე დღესასწაულები, იუდეა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი, საბოლოოდ განადგურდა. შეიმართა შენს თავზე დამანგრეველი. დაიცავი ციხესიმაგრე! თვალი გეჭიროს გზისკენ, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიბე! რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცვული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს. წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლებს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები. დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ. ის მოუხმობს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ ისინი, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ. გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე. გადაწყდა: გაშიშვლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ. წყლისგან დაიცალა, ნინევე – წყალსატევი, ისინი კი გარბიან. დადექით! დადექითო! – ეძახიან, მაგრამ არავინ ბრუნდება უკან. დაიტაცეთ ვერცხლი! დაიტაცეთ ოქრო! არ დაილევა მდიდრული ნახელავი – ძვირფასი ნივთები. გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოსწყდათ წელი, ფერი დაკარგეს. სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი და ძუ ლომები და მათი ბოკვრები, და ვერავინ აშინებდა მათ? ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის, და აღრჩობს თავისი ძუსათვის, ნატაცებით ავსებს ბუნაგს და გამოქვაბულს – დაგლეჯილი ნადავლით. „აჰა, მითქვამს შენთვის,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენი მოციქულების ხმა.“ ვაი, მოსისხლე ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას. შოლტის ტყლაშუნი და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი. მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა; უამრავ დახოცილ გვამთა გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორთხილებენ მათ გვამებზე. მეძავი დიაცის უზომო სიძვის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავისი სიძვით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით – ტომებს. აჰა, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – მე შენ ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს – შენი უტიფრობა. მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი. ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: გაძარცვულიაო ნინევე, ვის დაენანებაო იგი? ვინ მოგიძებნო ნუგეშისმცემელი? რითი ჯობიხარ თებეს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა ირგვლივ? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი? ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლიბიელნი გიჭერდნენ მხარს. ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს იყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილებს ადებდნენ. დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფარს დაუსწყებ ძებნას. შენი ციხე-კოშკები მწიფე პირველნაყოფიანი ლეღვის ხეა – თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს. აჰა, შენი ერი ქალებივით არიან შენს წიაღში! ფართოდ გაეღებათ შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს საკეტურებს. მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა. იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით. მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია; კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება. შენი მოხელეები ბოცომკალს ჰგვანან; შენი იასაულები ჭრიჭინების გუნდია, ცივ ამინდში ღობის ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს. ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, მეფეო აშურისავ; ისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა მათი შემკრები. არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე? განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა: როდემდის უნდა შემოგთხოვდე შველას, უფალო, და შენ არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველოდე? რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი. ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი. რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს, ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი. შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებდით. რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, – სასტიკსა და ფიცხელ ხალხს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით. საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი. ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი. დაჯირითობენ მისი მხედრები, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული ორბებივით. ერთიანად მოდის დასარბევად, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს. ამასხრებს მეფეებს და მთავრებს სასაცილოდ იგდებს. დასცინის ყოველ ციხესიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად. მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდებს. მისი ძალა მის ღმერთშია! განა უკუნისიდან არა ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი! საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული! სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა უკეთური ყლაპავს მართალს? ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით. ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს. ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი. ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის ბადეს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით? ჩემს სადარაჯოზე დავდგები, და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე. მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა, ქვის დაფებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება. აჰა, გაიბერა, ვერ გასწორდა მასში მისი სული. მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს. მატყუარა ღვინოსავითაა ამპარტავანი, არ მოისვენებს. ჯოჯოხეთივით გაიბერა სული და სიკვდილივით გაუმაძღარია. თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს. ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხარად აიგდებენ, იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებსო, – როდემდის? – და მონახვეჭით იმძიმებსო თავს! ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ მათ კერძად იქცე? რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცვული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ. ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან! სირცხვილი გადაუწყვიტე შენს ხალხს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე. რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ძელები ეპასუხებიან. ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს. განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღწვიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები? რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული? ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ სიშიშვლეს უყუროს! პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები. შენც სვი და გაშიშვლდი, შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება. რადგან ლიბანის თრგუნვა შენს თავზე გადმოვა და პირუტყვთა აკლება შეგაშინებს, რადგან კაცის სისხლი გაქვს დაღვრილი და ქვეყანა, ქალაქი და მისი მცხოვრებნი – დათრგუნული. რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს? მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა უტყვნია მისი შექმნილი ღმერთები. ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას. უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია. დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე! აბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად. უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუაძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი გახსოვს შეწყალება. თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა – ფარანის მთიდან. დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა. დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება. შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი. შედგა და გათელა მიწა, გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები. გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი. განსაცდელში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები. ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს – შენი მძვინვარება და ზღვას – შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი? შენ გააშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა. დაგინახეს და შედრკნენ მთები. გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები. მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში. შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე. რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომით თელავ ხალხებს. შენი ერის გამოსახსნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად. ჭერი ჩაუნგრიე უკეთურის სახლს, ფუძიდან სახურავამდე გააშიშვლე. თავი გაუპე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ხარობდნენ იმ ფიქრით, თითქოს ბედშავს იდუმალ ჩაყლაპავდნენ. შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები. გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყეს ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი. მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვად თავს დაესხმიან. თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს გორაკებს მომატარებს. (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე). უფლის სიტყვა, რომელიც იყო სოფონიას მიმართ, ქუშის ძისა, ძისა გედალიასი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიასი – იუდეის მეფის – იოშია ამონის ძის დროს. ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, – ამბობს უფალი. ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცდუნებებს უკეთურებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, – ამბობს უფალი. ხელს მოვუღერებ იუდეას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს. მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, მათ, ვინც ერდოებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და მასთან ერთად თავიანთ მილქომსაც იფიცავენ; მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ. დადუმდი უფალი ღმერთის წინაშე! რადგან ახლოსაა უფლის დღე. რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები. დადგება საუფლო მსხვერპლის დღე: მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსლით მოსილს. მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამავსებელს. გაისმება იმ დღეს, – ამბობს უფალი, – გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი – მთა-გორებიდან. ივალალეთ, მორტარის ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი. სწორედ მაშინ იქნება, რომ ლამპრით მოვათვალიერებ იერუსალიმს, და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო. განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები. ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ; ჩაყრიან ვაზს და მათ ღვინოს ვერ შესვამენ. ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა სულ მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ თვით ყველაზე მაგარი ვაჟკაციც კი. რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ნისლის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე, ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ. ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს. მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით – მათი ხორცი. ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელ ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს. გონს მოდი, უსირცხვილო ხალხო. ვიდრე მოაწევდეს განგება, ვიდრე ბზესავით არ განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვა, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც ასრულებთ მის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს. რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, დღისით-მზისით აიყრება აშდოდი და ამოიფხვრება ყეკრონი. ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელთ! შენზეა უფლის სიტყვა, ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები. გადაიქცევა ზღვისპირეთი მწყემსთა იალაღებად და ცხვრის ფარეხებად. იუდას სახლის ნატამალს ერგება ზღვისპირეთის მხარე, იქ დამწყემსავენ და აშკელონის სახლებში დაისვენებენ საღამოობით, რადგან მოხედავს მათ მათი უფალი ღმერთი და დააბრუნებს მათ ტყვეებს. მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან. ამიტომაც ვფიცავ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, – რომ მოაბი სოდომივით გახდება და ყამონი – გომორასავით, ჭინჭარი და მლაშობები მოიცავს იმ ადგილს, და მარადიულ უდაბნოდ იქცევა. ჩემი ხალხის ნატამალი დაიმკვიდრებს მათ. ეს მოელით მათი ამპარტავნების გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, წარმართთა ყოველი კუნძული. თქვენც, ქუშელებო, დაილახვრებით ჩემი მახვილით. გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს, და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით. იქ დაეყრებიან ფარები და ყველა სახის ცხოველი დაიბუდებს; ვარხვი და ზღარბი გაითენებენ მის ბუღაურებზე. ჭოტის კივილი გაისმება სარკმლებში. ყორანი ჩამოჰყეფს ზღურბლს, რადგან ჩამოსცვივა კედარი კედლებს. ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. როგორ გატიალდა! როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი კაცი, ვინც მას შორიახლოს ჩაუვლის, სინანულით დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს. ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! ხმას არ უსმინა, არ შეიგონა, უფალს არ ესავდა, თავის ღმერთს არ მიეახლა. მისი მთავრები მის შუაგულში – მბრდღვინავი ლომები არიან, მისი მსაჯულები საღამოს მგლები არიან, დილამდე ძვალსაც რომ არ ტოვებენ. მისი წინასწარმეტყველნი მსუბუქი ხალხია, ფიცისგამტეხნი; მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, ფეხქვეშ თელავენ რჯულს. სამართლიანია უფალი მის შორის, უსამართლოდ არ იქცევა; დილ-დილობით აცხადებს თავის სამართალს დაუბრკოლებრივ. მაგრამ ღვთისმგმობმა არ იცის სირცხვილი. გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხესიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარ არის იქ მცხოვრები. ვეუბნებოდი: ოღონდ გეშინოდეს ჩემი, მიიღე-მეთქი შეგონება. არ განადგურდებოდა მისი სამყოფელი, რამდენჯერაც არ უნდა დამესაჯა იგი. მაგრამ ბეჯითად რყვნიდნენ თავიანთ საქმეს. ამიტომაც მელოდეთ მე, – ამბობს უფალი, – იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა. რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახუროს მას. ჩემი გაფანტული ხალხის ძენი ქუშის მდინარეთა გაღმიდან მომართმევენ ძღვენს. იმ დღეს აღარ შეირცხვენ თავს შენი საქციელით, რითაც სცოდავდი ჩემს წინაშე, რადგან მაშინ მოვაცილებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს, რათა აღარ გამედიდურდე ჩემს წმიდა მთაზე. დავტოვებ შენს შორის თვინიერ და ბეჩავ ხალხს. უფლის სახელში ჰპოვებენ ისინი თავშესაფარს. აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა, რადგან თავად მოსძოვენ და დაისვენებენ, და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი. გიხაროდეს, ასულო სიონისაო! იზეიმე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. შენს შორისაა უფალი, მეფე ისრაელისა: უბედურებას აღარ იხილავ. იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღლება მკლავი! უფალი, შენი ღმერთი, შენთან არის, ძალი შესწევს, რომ გიხსნას; სიხარულით გაიხარებს შენზე, მოწყალე იქნება თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო. შევკრებ საზეიმო დღესასწაულთ მონატრებულთ: შენგან რომ გავიდნენ, სირცხვილი აწევთ ტვირთად. აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს. ვიხსნი ფეხმოკლეს, გაფანტულთ თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში. იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე თავს ერთად მოგიყრით; მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხებში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ, – ამბობს უფალი. დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი იუდეის განმგებლის – ზერუბაბელ შეალთიელის ძის და მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ: ასე თქვა ყოვლისმპყრობელმა უფალმა: ეს ხალხი ამბობს, რომ უფლის სახლის აშენების ჟამი ჯერ არ დამდგარაო. იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ნებივრობდეთ, მაშინ, როცა ჩემი სახლი მიტოვებულია? ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს გზებს. თქვენ ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ჯიბისთვის იღებს მშრომელი შრომის საზღაურს. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს გზებს. ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, – ამბობს უფალი, – ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ? – ამბობს ცაბაოთ უფალი. – იმიტომ, რომ მიტოვებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ არ მოგცათ ნაყოფი. გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, ხორბალზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს, ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე. ისმინეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღვთის, ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღვთის, მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა. უთხრა ანგიამ, უფლის მოციქულმა, ხალხს უფლის მოციქულობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, – ამბობს უფალი. გააღვიძა უფალმა იუდეის განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული და მივიდნენ და დაიწყეს ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის, სახლის სამუშაოები. მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს. მეშვიდე თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: უთხარი ზერუბაბელ შეალთიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს, და მთელს დანარჩენ ხალხს: ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში! ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! – ამბობს უფალი. – გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! მთელი ქვეყნის ერო! – ამბობს უფალი, – და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით, და ჩემი სული იმყოფება თქვენს შორის. ნუ გეშინიათ. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს და აღსრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, – ამბობს ცაბაოთ უფალი. მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: ასე თქვა ყოვლისმპყრობელმა უფალმა: ჰკითხე მღვდლებს რჯული: აჰა, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თავისი კალთით, თუ შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს, თუ გახდება წმიდა? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: არაო. თქვა ანგიამ: თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: გაუწმიდურდებაო. მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი, – ასეთია მათი ხელის ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია. ახლა დააკვირდით, რა ხდებოდა ძველად, ვიდრე ქვა ქვაზე დაიდებოდა უფლის ტაძარში. მივიდოდნენ ოცძნიან ზვინთან და აღმოჩნდებოდა 10. მივიდოდნენ საწნახელთან 50 საწყაოს ამოსახაპავად და აღმოჩნდებოდა 20. გინადგურებდით მთელს ნამუშაკევს ხორშაკით, სიყვითლით და სეტყვით. და მაინც არ მოიქეცით ჩემსკენ, – ამბობს უფალი. – დააკვირდით, რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით: თუღა დარჩა ბეღელში თესლი? თუ გამოუღია ნაყოფი ვაზს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს? ამიერიდან კი ვაკურთხებ. მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს: „ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას. დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ წარმართთა სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ, და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით, იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – აგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძეო, ჩემო მორჩილო, – ამბობს უფალი, – და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, – ამბობს ცაბაოთ უფალი.“ დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი: დიდი განრისხებით განურისხდა უფალი თქვენს მამებს. უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: მოიქეცით ჩემსკენ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მეც მოვიქცევი თქვენსკენ, – ამბობს ცაბაოთ უფალი. ნუ იქნებით, როგორც თქვენი მამები, რომელთაც მოუწოდებდნენ უწინდელი წინასწარმეტყველნი და ეუბნებოდნენ: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან!“ მაგრამ არ მისმენდნენ და არ მიგონებდნენ, – ამბობს უფალი. სადღა არიან თქვენი მამები? და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ? მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამებს? ისინი მიუბრუნდნენ ერთმანეთს და უთხრეს: „როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისეც მოგვექცა.“ მეთერთმეტე თვის, ანუ შებატის თვის, ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიასადმი, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი. ვიხილე ღამით: აჰა, მხედარი ზის წითელ ცხენზე და დგას იგი მირტის ხეებში, შუა ველზე, მის უკან კი სხვა ცხენებია: წითელი, ჩალა და თეთრი. და ვთქვი: „ვინ არიან ესენი, ჩემო ბატონო?“ მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: „მე გაჩვენებ, ვინც არიან ესენი.“ ხმა გაიღო კაცმა, მირტის ხეებში რომ იდგა, და თქვა: „ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად.“ მიუგეს უფლის ანგელოზს, მირტის ხეთა შორის რომ იდგა, და უთხრეს: „შემოვიარეთ ქვეყანა და, აჰა, მთელი ქვეყანა დასახლებული და დამშვიდებულია.“ მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: „ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც უკვე 70 წელია, რაც შერისხული გყავს?“ მიუგო უფალმა ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა, კეთილი სიტყვები, ნუგეშის სიტყვები. მითხრა ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა: მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმისა და სიონის მიმართ. დიდი რისხვით ვარ განრისხებული ნებივრად მცხოვრებ ხალხებზე; რადგან ოდნავ განვრისხდი და – მოუმატეს მათ ბოროტებას. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მოწყალებით მივხედე იერუსალიმს; იქ აიგება ჩემი ტაძარი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე. კიდევ მოუწოდე და თქვი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: „კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.“ ავახილე თვალი და, აჰა, ოთხი რქაა. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „რა არის ეს?“ მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი.“ და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი. და მე ვთქვი: „რის გაკეთებას აპირებენ ესენი?“ ასე მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი მაღლა. ეს მჭედლები კი მოსულნი არიან დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდეის ქვეყნის წინააღმდეგ, მის გასაფანტავად.“ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, კაცი საზომი ლარით ხელში. ვკითხე: „სად მიდიხარ?“ მითხრა: „იერუსალიმის გასაზომად, რომ გავიგო მისი სიგრძე და განი.“ აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის მის შესახვედრად. უთხრა მას: „გაიქეცი და უთხარი ამ ჭაბუკს: ვრცლად დასახლდება იერუსალიმი უამრავი ხალხითა და პირუტყვით. მე ვიქნები ცეცხლის კედელი მის ირგვლივ, – ამბობს უფალი, – და დიდება მის შუაგულში.“ ჰოი, ჰოი! გაიქეცით ჩრდილოეთის ქვეყნიდან, – ამბობს უფალი, – რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტეთ, – ამბობს უფალი. თავს უშველე, სიონო, ბაბილონის ასულთან გადასახლებულო. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, რომელმაც მე მიმავლინა ხალხებთან, რომლებმაც შენ გაგძარცვეს: ის, ვინც თქვენ გეხებათ, ჩემი თვალის გუგას ეხება. რადგან, აჰა, ხელს მოვუღერებ მათ და ისინი მათი მონების ნადავლად იქცევიან, და მაშინ მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა. იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო! რადგან, აჰა, მე მოვალ და დავივანებ შენს შორის, – ამბობს უფალი. შეეფარებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს, და გახდებიან ჩემი ხალხი; და მე დავივანებ შენს შორის, და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან. და დაიმკვიდრებს უფალი იუდას, თავის წილხვედრს წმიდა მიწაზე, და კვლავ აირჩევს იერუსალიმს. და კრთოდეს ყოველ ხორციელ უფლის წინაშე, რადგან, აჰა, წამოიმართა ის თავისი წმიდა სავანიდან. დამანახვა მან იესო, დიდი მღვდელი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის წინააღმდეგ რომ ემოქმედა. უთხრა უფალმა სატანას: „გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია! განა ეს ცეცხლიდან გამოგლეჯილი მუგუზალი არ არის?“ იესოს ჭუჭყიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე, რომელმაც უთხრა თავის წინაშე მდგომთ: „გახადეთ ჭუჭყიანი სამოსელი!“ ხოლო მას უთხრა: „აჰა, წარგხოცე ბრალი და საზეიმო სამოსლით გმოსავ.“ და თქვა: „დაახურეთ თავზე წმიდა კიდარი.“ და დაახურეს წმიდა კიდარი თავზე და შემოსეს სამოსელი. უფლის ანგელოზი კი იდგა. გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მოსასვლელს აქ მდგომარეთა შორის. ისმინე, იესო, დიდო მღვდელო, შენ და შენმა მოძმეებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან ნიშნად არიან ეს კაცები: აჰა, მე მოვავლინებ ჩემს მორჩილს – ყლორტს. რადგან აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ; შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და ერთ დღეში წარვხოცავ ამ მიწის ხალხის ცოდვებს. იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.“ მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი: „აჰა, ვხედავ მთლიან ოქროს სასანთლეს, თავზე პატარა საზეთური ჯამი ადგას, და შვიდი ლამპარი და შვიდი საწრეტი ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა; ორი ზეთისხილის ხეა მასზე, ერთი ჯამის მარჯვნივ, მეორე მის მარცხნივ.“ ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“ მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „განა არ იცი, რა არის ესენი?“ ვუთხარი: „არა, ჩემო ბატონო.“ მომიგო და მითხრა: „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელისადმი თქმული: არა კაცთა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით, – ამბობს ცაბაოთ უფალი. რა ხარ შენ, დიდო მთაო, ზერუბაბელის წინაშე? შენ ვაკე ხარ, გამოიტანს თავკიდურ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!“ იყო უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული: „ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ ტაძრის საძირკველი; და მისივე ხელი დაასრულებს მას, და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში. უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ უმზერენ.“ მაშინ მივუგე მე და ვუთხარი: „რა არის ეს ორი ზეთისხილის რტო სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?“ მეორედ მივუგე და ვუთხარი: „რა არის ეს ზეთისხილის ორი რტო ორი ოქროს მილაკიდან რომ მოსწვეთს ოქროსფერი ზეთი?“ მითხრა: „არ იცი, რა არის ეს?“ ვუთხარი: „არა, ჩემო ბატონო.“ მითხრა: „ეს ორი მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგომია, ზეთით ცხებული.“ კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, მოფრიალებს გრაგნილი. მან მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი მე: „აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით 20 წყრთა არის, სიგანით – ათი წყრთა.“ მან მითხრა: „ეს არის წყევლა, მთელს დედამიწაზე გადმომავალი, რადგან ყოველი მპარავი უნდა მოიკვეთოს, როგორც დაწერილია მის ერთ მხარეს, და ყოველი ცრუ მოფიცარი უნდა მოიკვეთოს, როგორც დაწერილია მის მეორე მხარეს. მე გამოვიხმე იგი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცრუდ მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ქვასა და ხეს.“ გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „აახილე თვალი და დაინახე! რა არის ეს, რომ გამოდის?“ მე ვკითხე: „რა არის?“ მითხრა: „ეს საწყაო ჩანს, რომელიც გამოდის.“ და თქვა: „ეს არის მათი სახე მთელს ქვეყანაზე.“ აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია, და იქ ერთი ქალი იჯდა შუა საწყაოში. და თქვა მან: „ეს არის ურჯულოება.“ და მან ჩააგდო იგი საწყაოში და ტყვიის ნაჭერი დაახურა ზედ. და ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი შლიდა მათ ფრთებს, ფრთებად კი ყანჩის ფრთები ჰქონდათ. და ასწიეს მათ საწყაო ცასა და მიწას შუა. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „სად მიაქვთ ეს ეფა?“ მაშინ მითხრა მან მე: „შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ, და როცა მზად იქნება, თავის საძირკველზე დაიდგმება იგი.“ კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი გამოდის ხეობიდან ორ მთას შუა; და ის მთები ბრინჯაოსი იყო. პირველ ეტლში წითელი ცხენები ება, მეორე ეტლში – შავი ცხენები. მესამე ეტლში – თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში – ჩალა ცხენები. ხმა ამოვიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“ მომიგო ანგელოზმა და მითხრა: „ეს ცის ის ოთხი სული გამოდის, რომლებიც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან. წითელი ცხენები აღმოსავლეთისკენ გამოდიან, შავი ცხენები – ჩრდილოეთის ქვეყნისკენ, თეთრები – დასავლეთისკენ, ჩალა ულაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან.“ ჩალა ულაყები გამოვიდნენ და მიიწევდნენ, რათა შემოევლოთ ქვეყანა; და მან უთხრა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა!“ და მოიარეს ქვეყანა. დამიძახა და ასე მითხრა: „შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.“ და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: გამოართვი ტყვედნამყოფთ: ხელდაის, ტობიას, და იედაყიას, რომლებიც ბაბილონიდან დაბრუნდნენ; წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, გამოართვი ოქრო და ვერცხლი და გააკეთე გვირგვინები და დაადგი თავზე დიდ მღვდელს, იესო იეჰოცადაკის ძეს. უთხარი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი, რომლის სახელიც არის მორჩი, რადგან თავისი ფესვიდან აღმოცენდება და ააგებს უფლის ტაძარს. ის ააგებს უფლის ტაძარს და მიიღებს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება დიდი მღვდელი თავის ტახტზე და მშვიდობა იქნება ამ ორთა შორის. და სამახსოვროდ გვირგვინი ჰქონდეთ ხელემს, ტობიას, იედაყიას და ხენს – ცეფანიას ძეს – უფლის ტაძარში. შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს. და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაიგონებთ თქვენი უფალი ღმერთის ხმას. დარიოს მეფის მეფობის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიასადმი მეცხრე თვის, რომელსაც ქისლევი ეწოდება, მეოთხე დღეს, როცა გაგზავნა ბეთელმა სარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ უფლის წინაშე სალოცავად და ცაბაოთ უფლის სახლში მყოფი მღვდლებისა და წინასწარმეტყველებისათვის რომ ეკითხათ: „ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც ამას უკვე მრავალი წელია ვაკეთებ?“ და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული: ასე უთხარი ქვეყნის მთელ ხალხსა და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში მთელი ამ 70 წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით? ნუთუ ჩემთვის? და როცა ჭამთ და, როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და განა თქვენთვის არა სვამთ? განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა უწინდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი ჯერ კიდევ დასახლებული და უზრუნველი იყო, როცა მის ირგვლივ ქალაქები, სამხრეთი ქვეყანა და დაბლობი დასახლებული იყო? და იყო უფლის სიტყვა ზაქარიასადმი: ასე ამბობდა ცაბაოთ უფალი მაშინ: ქმენით სწორი სამართალი, ყველა კეთილად და მოწყალებით მოექცეს თავის მოძმეს; ქვრივ-ობლებს, ხიზანსა და ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ, და ბოროტებას გულში ნუ ჩაიდებთ ერთმანეთის მიმართ. მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, ზურგი მაქციეს და ყურები დაიყრუეს, რომ არ ესმინათ. გულები გაიქვავეს, რომ არ მოესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებსაც აგზავნიდა ცაბაოთ უფალი თავისი სულით, უწინდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც დიდი რისხვა დაატეხა მათ ცაბაოთ უფალმა. და იყო, როგორც ის მოუხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე როცა ისინი მიხმობდნენ, მე არ ვუსმენდი მათ, – ამბობს ცაბაოთ უფალი. და მე გავფანტე ისინი წარმართთა შორის, რომელთაც ისინი არ იცნობდნენ, და გაუდაბურდა ქვეყანა მათ შემდეგ, ისე რომ აღარ იყო იქ გამვლელ-გამომვლელი, და მათ უდაბნოდ აქციეს რჩეული ქვეყანა. და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული სიონის მიმართ. ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ იერუსალიმში და დაერქმევა იერუსალიმს ჭეშმარიტების ქალაქი, და ცაბაოთ უფლის მთას – წმიდა მთა. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველა ჯოხზე იქნება დაყრდნობილი დღეთა სიმრავლის გამო. და ქალაქის ქუჩები სავსე იქნება გოგო-ბიჭებით, რომლებიც იქ ითამაშებენ. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელი იქნება დარჩენილი ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელი იქნება? – ამბობს ცაბაოთ უფალი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მე დავიხსნი ჩემს ერს მზის აღმოსავალის ქვეყნიდან და მზის დასავალის ქვეყნიდან, და მოვიყვან მათ, რათა იცხოვრონ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნება ის და მე ვიქნები მათი ღმერთი ჭეშმარიტებასა და სიმართლეში. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად ნუ მოგეღლებათ მარჯვენა, ვინც ისმენთ ამ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის ტაძრის დაფუძნების ჟამს. რადგან ამ დღეთა უწინ არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით; და ერთიმეორეზე მყავდა მისეული ადამიანები. ახლა ამ ერის ნატამალისთვის ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში ვიყავ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, რადგან თესვა მშვიდობიანი იქნება; ვაზი ყურძენს დაისხამს, მიწა გამოიღებს ნაყოფს, და ცა მოსცემს ცვარ-ნამს. და ყოველივე ამას დავუმკვიდრებ ამ ხალხის ნატამალს. და როგორც მაშინ საწყევრად ჰყავდით ყბადაღებული წარმართებს, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ისე გიხსნით ახლა და კურთხევად იქნებით; ნუ გეშინიათ; ნუ მოგეღლებათ მარჯვენა! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც თქვენი დასჯა განვიზრახე მაშინ, როცა განმარისხეს თქვენმა მამებმა, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და არ გადავთქვი, ასე განვიზრახავ ახლა სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ! აი, რა უნდა აკეთოთ თქვენ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს; ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი დაამყარეთ თქვენს კარიბჭეებთან; ბოროტებას ნუ ჩაიდებთ გულში თქვენი მოყვასისადმი და, ცრუფიცი ნუ გეყვარებათ, რადგან მძულს ეს ყველაფერი, – ამბობს უფალი. და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და სადღესასწაულო დღეებად. ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა შეიყვარეთ. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ მრავალი ხალხები და მრავალ ქალაქთა მცხოვრებნი. ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ და იტყვიან: „წამოდი, წავიდეთ შესავედრებლად უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლად. მაშინ მეც უეჭველად წავალ.“ და მოვლენ მრავალი ხალხები, წარმართნი ბრბოებად, ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და უფლის წინაშე შესავედრებელად. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი წარმართთა ყოველი ენისა იუდაელი კაცის კალთებს და ეტყვის: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენთან არის ღმერთი.“ განაჩენი. სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანასა და დამასკოზე შეჩერდება, რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ ტომს, და ხამათს, მას რომ ესაზღვრება, ცორსა და ციდონს, რადგან მეტისმეტად გაბრძენდა ცორი. აიშენა ცორმა ციხესიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და რიყის ქვასავით – ოქრო. აჰა, უფალი ცარიელზე დატოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს, თავად კი ცეცხლში განადგურდება. იხილავს აშკელონი და შეეშინდება; ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი. გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნებას. ბაგეებიდან ამოვგლეჯ სისხლს და მის სისაძაგლეებს – კბილებიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნებიან, როგორც ათასისთავები იუდაში, ყეკრონის მცხოვრებნი კი, როგორც იებუსელნი. ბანაკს მოვაწყობ ჩემს სახლთან ლაშქრის წინააღმდეგ, ყველა გამვლელის წინააღმდეგ, და ვეღარ გაიჭაჭანებს აქ შემვიწროვებელი, რადგან ამიერიდან თვალი მიჭირავს მასზე. იხარე, სიონის ასულო! იზეიმე, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და მხსნელი; თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ვირის ნაშიერზე. მაშინ მოვსპობ ეტლებს ეფრემში და ცხენებს – იერუსალიმში; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი; მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს, და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე, და მდინარიდან – ქვეყნის კიდეებამდე. შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გამო გაგითავისუფლებ შენს ტყვეებს მღვიმეებიდან, სადაც არაა წყალი. დაუბრუნდით ციხესიმაგრეებს, იმედის მქონე ტყვეებო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ, რადგან მშვილდივით მოვზიდავ იუდას და ისრებად მექნება ეფრემი; აღვძრავ შენს ძეებს, სიონო, შენი ძეების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ! და გამოჩნდება უფალი მათ ზემოთ, და, ელვასავით გამოფრინდება მისი ისარი. და დასჭექს უფალი ღმერთი საყვირით და წამოვა სამხრეთის ქარიშხლებში. ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ, და ისინი გაანადგურებენ და გადაჯეგავენ შურდულის ქვებს, და შესვამენ სისხლს, როგორც ღვინოს და აივსებიან როგორც სამსხვერპლოს თასები, როგორც სამსხვერპლოს კუთხეები. და იხსნის იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, თავის ხალხს როგორც ცხვრის ფარას; რადგან, როგორც გვირგვინის თვლები ისე გაბრწყინდებიან ისინი მის მიწაზე. ო, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რა საოცარია მისი მშვენება! ჭაბუკებს პური აძლიერებს, ქალწულებს – მაჭარი. შესთხოვეთ უფალს წვიმა გაზაფხულის წვიმების ჟამს. უფალი მოიღებს ღრუბელს და მოგცემთ წვიმის ღვარს ჯეჯილისთვის მინდვრებში. რადგან კერპები ტყუილს ლაპარაკობენ, მისნები სიცრუეს ხედავენ და არაფრისმთქმელ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი. მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ვაცებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას – იუდას სახლს – და თავის დარახტულ რაშად ეყოლება ის ბრძოლაში. ის იქნება ქვაკუთხედი, ის იქნება პალოები, ის იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი. ისინი იქნებიან როგორც გმირები, ბრძოლაში რომ მტრებს თელავენ ტალახივით, და იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გასრესენ მტრის მხედრიონებს. გავაძლიერებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს, და დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალებ მათ. და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვებინოს: რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და მოვუსმენ მათ. გოლიათივით გახდება ეფრემი და, როგორც ღვინით, გახალისდება მათი გული; დაინახავენ ამას მათი ძენი და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული უფალში. ნიშანს მივცემ მათ და თავს მოვუყრი ერთად, რადგან გამოვისყიდე ისინი, და ძველებურად გამრავლდებიან. თუმცა მე გავფანტე ისინი ხალხებში, შორეულ ქვეყნებში, მაინც უნდა ვახსოვდე მათ, დაზრდიან თავიანთ შვილებს და მათთან ერთად დაბრუნდებიან. დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან, და აშურიდან გამოვკრებ მათ, მოვიყვან გალაადის ქვეყნაში და ლიბანში, და ვერცკი დაეტევიან. გადაივლის ზღვაზე უბედურება, და დაჰკრავს ზღვის ტალღებს; ამოშრება ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება, და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს. გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით, – ამბობს უფალი. გააღე, ლიბანო, შენი კარიბჭე, რომ ცეცხლმა შეჭამოს შენი კედრები! გოდებდე, კვიპაროსო, რადგან დაეცა კედარი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი; გოდებდეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო უღრანი ტყე. ისმინეთ მწყემსთა გოდების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი იალაღები; ისმინეთ ლომთა ბრდღვინვა, რადგან გაიძარცვა იორდანეს მშვენება. ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: დამწყსე დასაკლავად განწირული ცხვრები, მოვაჭრენი რომ ხოცავენ უწყალოდ, გამყიდველნი კი ამბობენ: „კურთხეულია უფალი, რადგან გავმდიდრდით!“ მათ მწყემსებსაც არ ანაღვლებთ ისინი. რადგან მეც აღარ დავინდობ ამ ქვეყნის მკვიდრთ, – ამბობს უფალი, – აჰა, ჩავუგდებ ყოველ კაცს თავის თვისტომს ხელში და თავის მეფეს, და ისინი აიკლებენ ქვეყანას, და მე არ დავიხსნი მათ მათი ხელიდან. დავმწყემსავ ცხვარს, დასაკლავად განწირულ ცხვარს, დაბეჩავებულ ცხვარს. ავიღებ ორ კომბალს, ერთს ვუწოდებ სიკეთეს, მეორეს – საკრველს, და იმითი დავმწყემსავ ცხვარს. ერთ თვეში მოვსპობ სამ მწყემსს; და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, როგორც მათმა სულმა შემიძულა მე. და მე ვამბობ: „მე აღარ დაგმწყემსავთ; მოსაკვდომი მოკვდეს, გასაწყვეტი გაწყდეს, დარჩენილებმა ერთმანეთის ხორცი ჭამონ.“ ავიღებ კომბალს – სიკეთეს და გადავტეხ, რათა გავაქარწყლო ჩემი აღთქმა, რომელიც ყველა ხალხებს დავუდე. და მოისპობა ის იმ დღეს, და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა. და ვეტყვი მათ: „თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, და თუ არა, ნუ მომცემთ;“ და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. და მითხრა უფალმა: „ჩაყარე ისინი საგანძურში,“ – საუკეთესო საფასური, როგორც შევფასდი მათგან. მეც ავიღე 30 ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში. და გავტეხ ჩემს მეორე კომბალს – საკრველს, რათა დავარღვიო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის. და მითხრა უფალმა: კიდევ აიღე უგუნური მწყემსის იარაღი, რადგან აჰა, დავუყენებ ამ ქვეყანას მწყემსს, რომელიც მომაკვდავთ არ მიხედავს, დაკარგულს არ მოძებნის, დაცემულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვებავს, მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს აახლეჩს. ვაი უმაქნის მწყემსს, ფარის მიმტოვებელს! მახვილი მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე. მთლიანად შეახმება მკლავი და მთლიანად დაევსება მარჯვენა თვალი! განაჩენი. ასე ამბობს უფალი, რომელმაც გადაფინა ცა და დააფუძნა დედამიწა, და დაბადა სული კაცში: აჰა, იერუსალიმს ვაქცევ მათრობელ თასად ყველა ირგვლივ მცხოვრები ხალხებისთვის, და თვით იუდასთვის, როცა ალყაში მოექცევა იერუსალიმი. დადგება დრო და ვაქცევ იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ტომებისთვის, და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება, და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება. იმ დღეს, – ამბობს უფალი, – გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს, მაგრამ იუდას სახლზე მექნება თვალი გახელილი; ხოლო ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ. და იტყვიან იუდას მთავარნი გულში: „ჩემი ძალა იერუსალიმის მცხოვრებნი არიან ცაბაოთ უფალში, მათ ღმერთში.“ იმ დღეს იუდას მთავართ ანთებულ ქურად ვაქცევ ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის, და ისინი შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხებს ირგვლივ, იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილას – იერუსალიმში. და უფალი ჯერ იუდას კარვებს იხსნის, რათა დავითის სახლის დიდება და იერუსალიმის მკვიდრთა დიდება არ აღემატოს იუდას დიდებას. იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მკვიდრთ და მათ შორის ყველაზე ძაბუნიც კი დავითივით იქნება, დავითის სახლი კი იქნება, როგორც ღმერთი, როგორც უფლის ანგელოზი მათ წინაშე. იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეტ მთელიწარმართობის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე. ხოლო დავითის სახლსა და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე გადმოვღვრი წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი მე, რომელიც განმგმირეს მათ, და დამიტირებენ, როგორც მხოლოდშობილ ძეს დასტირიან და გამწარდებიან, როგორც პირმშოზე მწარდებიან. იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადად-რიმონისა მეგიდოს ველზე. და იგლოვებს მთელი ქვეყანა – ყოველი საგვარეულო ცალკე: დავითის სახლის საგვარეულო ცალკე, და მათი ქალები ცალკე, ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე; ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე, შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე. ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე. იმ დღეს ამოხეთქავს წყარო დავითის სახლისა და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად. იმ დღეს იქნება, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ამ ქვეყნიდან, რათა მეტად აღარ იყოს მათი ხსენება, და ცრუწინასწარმეტყველთ და უწმიდურ სულებსაც აღვგვი ქვეყნიდან. და მაშინ იქნება, რომ თუ ვინმე კვლავ გაქადაგდება, ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: „სიკვდილის ღირსი ხარ, რადგან სიცრუეს ლაპარაკობ უფლის სახელით;“ და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა გაქადაგდება. იმ დღეს იქნება, რომ შერცხვებათ ასეთ ქადაგთ თავისი ყოველი ხილვისა გაქადაგებისას და აღარ მოიხვევენ ღაზლის შალებს ხალხის თვალის ასახვევად, არამედ ყოველი მათგანი იტყვის: „მე არა ვარ წინასწარმეტყველი, მე მიწის მუშა ვარ, რადგან მონად ვარ ნაყიდი სიყმაწვილიდანვე.“ და თუ ეტყვიან მას: „ეგ რა იარები გაქვს ზურგზე?“ ის მიუგებს: „ჩემი მოკეთის სახლში მომხვდა.“ „მახვილო, აღიძარ ჩემს მწყემსთა წინააღმდეგ და ჩემი მახლობლის წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – დასცხე მწყემსს და გაიფანტება ფარა; მაშინ მე ხელს მივყოფ კრავებს მთელს ქვეყანაზე, – ამბობს უფალი, – ორი წილი განადგურდება და გაწყდება, მესამედი კი გადარჩება. გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გამოვახურვებ, როგორც ვერცხლს გამოახურვებენ, და გავწმედ მათ, როგორც ოქროს აწმინდავებენ. მაშინ მოუხმობენ ჩემს სახელს, და მეც მოვუსმენ მათ და ვიტყვი: „ეს არის ჩემი ერი;“ და იტყვიან ისინი: „უფალია ჩემი ღმერთი!“ აჰა, დგება უფლის დღე, და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში. და თავს მოვუყრი ყველა ხალხებს იერუსალიმის წინააღმდეგ საომრად, და აიღებენ ქალაქს, და გაძარცვავენ სახლებს, და ნამუსს ახდიან ქალებს, ნახევარ ქალაქს ტყვედ წაასხამენ; დანარჩენი ხალხი კი არ განადგურდება ქალაქში. მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს ამ ხალხის წინააღმდეგ, როგორც ილაშქრა ბრძოლის დღეს. შედგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით, შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა – აღმოსავლეთიდან დასავლეთით – და გაჩნდება ძალზე დიდი ველი, და მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი – სამხრეთისკენ. და თქვენ გაიქცევით ჩემი მთების ველებისკენ, რადგან მთათა ხეობა აცელამდე მიაღწევს. გაიქცევით, როგორც მიწისძვრას გაურბოდით იუდას მეფის, ყუზიას, დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად. იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, გაქრებიან მნათობნი, და იქნება სიცივე და ყინვა. ეს დღე იქნება ერთადერთი, მხოლოდ უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამო ჟამს გაჩნდება ნათელი. იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი, ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ; ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება. და იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი, და მისი სახელიც ერთი იქნება. ვაკედ იქცევა მთელი ეს ქვეყანა, გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრეთით; იერუსალიმი კი ამაღლდება და დასახლდება ბენიამინის კარიბჭიდან პირველ კარიბჭემდე, კუთხის კარიბჭემდე, და ხანანელის გოდლიდან მეფის საწნახლებამდე. და იცხოვრებენ იქ და აღარ იქნება შეჩვენება, და მშვიდად იცხოვრებს იერუსალიმი. ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დატანჯავს უფალი ყველა ხალხებს, ვინც კი იერუსალიმს ეომებოდა: ზეზეურად ჩამოხმებიან, თვალები ჩაუცვივათ ფოსოებში და ენა სასაზე აეწებებათ. იმ დღეს იქნება, რომ დიდი არეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან, ისე, რომ ერთი ხელში სწვდება მეორეს, და ერთის ხელი თავისი მოძმის წინააღმდეგ აღიმართება. თვით იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს, და დახვავდება ყველა გარეშემო ხალხების დოვლათი: დიდძალი ოქრო-ვერცხლი და სამოსელი. ასეთივე სატანჯველი დაადგებათ ცხენებს და ჯორებს, აქლემებსა და სახედრებს, ყოველ პირუტყვს, რომელიც კი მათ ბანაკებში იქნება. ისე მოხდება, რომ ყველა დანარჩენი იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ. და ისე იქნება, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანისსაცემად, აღარ უწვიმებს მათ. და თუ ეგვიპტის ტომი არ დაადგება გზას და არ შევა იქ, აღარ უწვიმებს მას და იქნება სატანჯველი, რითაც დატანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ. ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხებს, რომლებიც არ ივლიან კარვობის დღესასწაულზე. იმ დღეს იქნება წარწერილი თვით ცხენთა ზანზალაკებზე: „წმიდა უფლისა.“ და ქვაბები უფლის ტაძარში შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე. ყოველი ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში წმიდა იქნება ცაბაოთ უფლისათვის. მოვა ყოველი მსხვერპლის შემწირველი, აიღებს იმ ქვაბებს და შიგ მოხარშავს. და აღარ იქნება იმ დღეს მოვაჭრე ცაბაოთ უფლის ტაძარში. განაჩენი. სიტყვა უფლისა ისრაელისადმი მალაქიას მიერ გაცხადებული: მე შეგიყვარეთ თქვენ, – გეუბნებათ უფალი, – თქვენ კი ამბობთ: როგორ შეგვიყვარე? განა ესავი და იაკობი ძმები არ იყვნენ? – ამბობს უფალი: – მაგრამ მე იაკობი უფრო შევიყვარე, ესავი კი შევიძულე, და გავაუდაბურე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო. თუმცა ამბობს ედომი: დარბეული ვართ, მაგრამ კვლავ აღვადგენთ ნაოხარს. აი რას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: შეიძლება ააშენონ, მაგრამ მე დავანგრევ. და დაარქმევენ მათ ბოროტების მხარეს, ხალხს, რომელსაც სამუდამოდ შემოსწყრა უფალი. თქვენი თვალით იხილავთ ამას და იტყვით: დიდებულია უფალი ისრაელის საზღვრებს გარეთაც! შვილი პატივს სცემს მამას და ყმა – თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი კრძალვა? თქვენ გეუბნებათ ყოვლისშემძლე უფალი: ჰოი მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო! თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავითო შენი სახელი? მოგაქვთ წაბილწული პური ჩემს სამსხვერპლოზე და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ფიქრობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო. ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, ცუდი არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ცუდი არ არის? აბა, მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონებს ან თუ კეთილად შემოგხედავს? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – ახლა კი ევედრეთ ღმერთს, ვინძლო, შეგვიწყალოს. როგორღა შემოგხედავთ კეთილად, როცა თქვენი ხელიდან გამოდის ეს ძღვენი? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. რატომ არცერთი თქვენგანი არ დახშავს კარიბჭეებს, რომ ფუჭად აღარ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე?! არ მეთნევით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი და არ მივიღებ თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს. რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, მზის აღმოსავალიდან მის დასავალამდე. ყოველ ადგილას უკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს მწირავენ, რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – თქვენ კი შელახეთ ჩემი სახელი იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და მასზე შეწირული ძღვენი საკვებად საძულველიო. ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო ეს საქმე. და გძულთ იგი, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული და ეს არის თქვენი ძღვენი – როგორ მივიღებ მას თქვენი ხელიდან?! – ამბობს უფალი. – წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც საღი მამალი პირუტყვი ჰყავს სამწყსოში და შეუთქვამს მას, მაგრამ მის ნაცვლად, ხინჯიანს სწირავს უფალს მსხვერპლად! რადგან დიდებული მეფე ვარ მე, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – და შიშის მომგვრელია ჩემი სახელი ხალხებში. და ახლა, მღვდლებო, თქვენთვის არის ეს მცნება: თუ არ გაიგონებთ მას და გულში არ ჩაიდებთ, რათა პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – წყევლას მოვავლენ თქვენზე და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში. აჰა, წაგართმევთ მარჯვენას და სახეში მოგაყრით თქვენი შესაწირავების ნეხვს, სადღესასწაულო მსხვერპლების ნეხვს, და მასთან ერთად გამოგყრიან თქვენ. მაშინ მიხვდებით, რომ მე მოგივლინეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – ჩემი აღთქმა მათდამი, იყო სიცოცხლისა და მშვიდობის აღთქმა, რომელიც მივეცი მათ, რათა მოკრძალება ჰქონოდათ ჩემი. და იყვნენ რიდით და კრძალვით ჩემდამი. ჭეშმარიტი რჯული იყო მათ პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მათ ბაგეებზე. მშვიდობით და სიმართლით დადიოდნენ ჩემს წინაშე და მრავალი მოაქციეს ბოროტებისგან. რადგან მღვდლის ბაგეები ცოდნას უნდა აღასრულებდნენ და ხალხი რჯულს მოელოდეს მისი პირიდან, რადგან ყოვლისშემძლე უფლის მოციქულია იგი. თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან და ბევრი დააბრკოლეთ თქვენი სწავლებით და შებღალეთ ლევიანთა აღთქმა, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ხალხის თვალში, რამეთუ არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით თქვენს სწავლებაში. განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? მაშ, რატომღა ვღალატობთ ერთმანეთს და ვბღალავთ ჩვენი წინაპრების აღთქმას? ღალატიანობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელსა და იერუსალიმში: იუდამ უცხო ღმერთის ასულის შერთვით შებღალა სიწმიდე, რომელიც უფალს უყვარდა. დაე მოჰკვეთოს უფალმა იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენი კაცი – თუნდაც ძღვენის მიმტანი ყოვლისშემძლე უფლისადმი. აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლითა ფარავთ უფლის სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, რადგან აღარ მოხედა თქვენს ძღვენს და კეთილგანწყობით აღარ იღებს თქვენი ხელიდან. თქვენ კი ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი ცოლი იყო აღთქმით. არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომაც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს. რადგან მძულს გაყრა, – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, – მსგავსად საკუთარი კალთის ვინმეზე ძალადობით გადამფარველისა, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – ამიტომაც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანები. დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით. თქვენ კი კვლავ ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ფიქრობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩანსო უფალს და ისინი ეთნევიანო მას; ანდა რომ კითხულობთ: სად არის სამართლიანი ღმერთიო? აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელზეც ამბობთ, რომ ეძიებთ: აგრეთვე აღთქმის ანგელოზი, რომელიც თითქოს და გეთნევათ, აჰა, მოდის, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – მაგრამ ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა ტუტესავით. დაჯდება, როგორც ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევის მოდგმას და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი. მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარდასულ წლებში. და აჰა, მოვალ თქვენს განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწამე ჯადოქართა, მრუშთა და ფიცის გამტეხთა წინააღმდეგ, მოჯამაგირისათვის გასამრჯელოს დამკავებელთა, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა და ხიზანთა შემვიწროებლების წინააღმდეგ, და მათ წინააღმდეგ ვინც არ მეკრძალვის, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – რადგან მე, უფალი ვარ – არ შევცვლილვარ; და თქვენც, იაკობის ძენო, არ შეცვლილხართ. თქვენი წინაპრების დღეებიდან მოყოლებული, გადაუხვიეთ ჩემს რჯულს და არ აღასრულებდით მას. მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. თქვენ კი ამბობთ: როგორ მოვბრუნდეთო? განა ადამიანი უნდა ატყუებდეს ღმერთს? თქვენ კი მაინც მატყუებთ მე და ამბობთ: როგორ გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში! წყევლითა ხართ დაწყევლილნი, რადგან მატყუებთ მე მთელი ერი. სრულად მოიტანეთ მეათედი საგანძურში რათა იყოს საკვები ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – თუ არ გაგიხსნათ ცათა სარკმელები და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად. შენთვის დავაკავებ მღრნელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ ვენახში ვაზი, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, – ამბობს უფალი, – თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო? ამბობთ: ამაოა ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მონანულად სიარული ყოვლისშემძლე უფლის წინაშე? აჰა, ვხედავთ, რომ ნეტარ არიან ამპარტავნები, ხოლო, ბოროტმოქმედნი არა მარტო აშენდნენ, არამედ ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენ. როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, ყურს უგდებდა უფალი, ისმენდა და იწერებოდა მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მადიდებელთათვის. ჩემი უნჯი იქნებიან ისინი, იმ დღისათვის, რომელსაც ვამზადებ – ამბობს ყოვლიშემძლე უფალი, – და დავინდობ მათ, როგორც მამა დაინდობს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს. მაშინ კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის. რადგან აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული, და ყველა ამპარტავანი და ბოროტმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – ისე, რომ არ დატოვებს არცერთ ღერს. ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე. თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგიდან გამოშვებული ხბორებივით. გათელავთ უკეთურთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, წესები და სამართალნი, რომელიც ვუბრძანე მას ხორების მთაზე მთელი ისრაელისთვის. აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე. ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები; იუდამ შვა ფერეზი და ზარა თამარისგან; ფერეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი; არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი; სალმონმა შვა ბოაზი რაჰაბისაგან; ბოაზმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან; სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა; ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია; ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია; ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია; იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონში გადასახლებამდე; ბაბილონის გადასახლების შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი; ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი; აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი; ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც უწოდებენ ქრისტეს. ამრიგად, ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე – 14 თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე – 14 თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე – 14 თაობა. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: მისი დედა მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, დაორსულებული აღმოჩნდა სულიწმიდის მიერ. ხოლო იოსებმა, მისმა ქმარმა, მართალმა კაცმა, არ ისურვა მისი გამხელა და განიზრახა მისი ფარულად გაშვება. და როდესაც ამას განიზრახავდა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გაშინებს მარიამის მიღება ცოლად, რადგან ის, ვინც მან უნდა შვას, სულიწმიდისგან არის. შობს ძეს და უწოდებ მას სახელად იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ხალხს მისი ცოდვებისაგან.“ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა, ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ამბობს: „აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“ სიზმრისგან გამოღვიძებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე, და უწოდა მას სახელად იესო. როდესაც იშვა იესო იუდეის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, მოვიდნენ იერუსალიმში მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.“ ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარი და ეკითხებოდა მათ: „სად უნდა იშვას ქრისტე?“ მათ უთხრეს: „იუდეის ბეთლემში. რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ: ‘და შენ, ბეთლემ, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავარ ქალაქებს შორის; რადგან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს.’“ მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი, და წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: „წადით, ზუსტად გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და როდესაც იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.“ ეს რომ მოისმინეს მეფისგან, წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და არ დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა. ვარსკვლავი რომ დაინახეს, ფრიად გაიხარეს. და როდესაც სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. და რაკი სიზმარში მიიღეს გაფრთხილება – არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. როდესაც ისინი წავიდნენ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.“ მაშინ ადგა იოსები და წაიყვანა ყრმა და დედამისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში. და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.“ როდესაც დაინახა, რომ გაწბილებული დარჩა მოგვებისგან, განრისხდა ჰეროდე და მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსი ბეთლემსა და მთელ მის საზღვრებში, იმ დროის მიხედვით, რომელიც მოგვებისგან შეიტყო. მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რაქელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, რადგან აღარ არიან ისინი.“ ხოლო როდესაც ჰეროდე აღესრულა, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და მისი დედა და წადი ისრაელის ქვეყანაში, რადგან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდა.“ ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში. მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ იუდეაში მისი მამის, ჰეროდეს ნაცვლად მეფობს არქელაოსი, შეეშინდა იქ წასვლა; და სიზმრად მიიღო ბრძანება და წავიდა გალილეის მხარეში. და მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა მიერ თქმული, რომ მას ნაზარეველი დაერქმევა. იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში, და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.“ რადგან ეს არის ის, ვისზეც ნათქვამია ესაია წინასწარმეტყველის მიერ: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.’“ თვითონ იოანეს ეცვა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო საკვები მისი იყო მკალი და ველური თაფლი. მაშინ გამოდიოდა მასთან იერუსალიმი და მთელი იუდეა, და მთელი იორდანეს მხარე. და ნათელს იღებდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. და როდესაც იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გასწავლათ მომავალი რისხვისაგან გაქცევა? შექმენით სინანულის ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ‘ჩვენი მამა აბრაამია!’ რადგან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. ცული უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ. მე წყლით გნათლავთ თქვენ სინანულისთვის. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, მე მისი ფეხსაცმლის ხელში აღების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით. ნიჩაბი მის ხელთაა, ის გაასუფთავებს თავის კალოს, ხორბალს ბეღელში შეკრებს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.“ მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე უნდა იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი. ნათელი რომ იღო, იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან. და, აჰა, გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და, აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება.“ მაშინ აყვანილ იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. და ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. და მიუხდა მას მაცდური და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“ მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. და უთხრა მას: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ფეხი არ წამოჰკრა ქვას.’“ უთხრა მას იესომ – დაწერილია ასევე: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.“ წაიყვანა კვლავ იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება. და უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე.“ მაშინ ეუბნება მას იესო: „განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: ‘უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“ მაშინ დატოვა იგი ეშმაკმა და, აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას. როდესაც გაიგო იესომ, რომ იოანე საპყრობილეშია, წავიდა გალილეას. და დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვისპირა კაპერნაუმში, ზებულონისა და ნეფთალემის საზღვრებში, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ზებულონის მიწავ და ნეფთალემის მიწავ, ზღვისპირა გზავ იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეავ! ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, და სიკვდილის ქვეყანასა და ჩრდილში მსხდომთ ნათელი გამოუბრწყინდა.“ იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვებულია ცათა სასუფეველი.“ ხოლო როდესაც გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ისინი ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ. და ეუბნება მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. და მათ მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. იქიდან რომ წამოვიდა, დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი, ზებედეს ძე, და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აწესრიგებდნენ, და მოუხმო მათ. და მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას. და დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებითა და სატანჯველით შეპყრობილი, ეშმაკეული, მთვარეული, დამბლადაცემული და ის კურნავდა მათ. და აედევნა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან. და როდესაც დაინახა ხალხი, ავიდა მთაზე და დაჯდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. და გახსნა ბაგეები, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „ნეტარ არიან ღატაკნი სულით, რადგან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშისცემულ იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, რადგან ისინი დაპურდებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულ იქნებიან. ნეტარ არიან გულით წმიდანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის შვილებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარნი ხართ თქვენ, როდესაც გგმობენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტს ამბობენ თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და ილხინეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე ადრე იყვნენ. თქვენ ხართ მარილი მიწისა. ხოლო თუ მარილი გამოიფიტა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაიყაროს კაცთაგან გასათელად. თქვენ ხართ ქვეყნიერების ნათელი. ვერ დაიმალება მთაზე გაშენებული ქალაქი. არავინ ანთებს სანთელს, რათა ჭურჭლის ქვეშ შედგას, არამედ დგამს სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ – აღსასრულებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გარდავლენ, რჯულის არც ერთი იოტა ან არც ერთი წერტილი არ გარდავა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში. რადგან, გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე მეტი არ იქნება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეზე, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. თქვენ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ მოკლა!’ ვინც მოკლავს, სასჯელის თანამდები იქნება. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: ‘რაკა,’ სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო ვინც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, და მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გადაიხდი უკანასკნელ კოდრანტს. გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. თუ შენი მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. ნათქვამი იყო: ‘ვინც ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.’ მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, მრუშად აქცევს მას. და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისათვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’ მე კი გეუბნებით თქვენ: სრულებით არ დაიფიცოთ! არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი. არც დედამიწა, რადგან მის ფეხთა კვარცხლბეკია. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო, არა, არა, ხოლო რაც ამაზე მეტია, ბოროტისგანაა. გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.’ მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს შენთან დავას და შენი პერანგის წაღებას, მოსასხამიც გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. ვინც გთხოვს, მიეცი და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ მე კი გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა გახდეთ შვილები თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე ამოჰყავს და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. რადგან, თუ თქვენს მოყვარულებს შეიყვარებთ, რა საზღაური გექნებათ? განა მებაჟენიც ასევე არ იქცევიან? და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მიესალმებით, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. ერიდეთ მოწყალების გაღებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა ადიდოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. შენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულად იყოს და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. და როდესაც ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა დაინახოს ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი და ილოცე შენი მამისადმი, რომელიც დაფარულია. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. ხოლო ლოცვის დროს ზედმეტს ნუ იტყვით წარმართებივით, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან თქვენმა მამამ თქვენი საჭიროება თხოვნამდე იცის. თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ მოგიტევებთ თქვენი მამა თქვენს შეცოდებებს. ხოლო როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი თვალთმაქცებივით. რადგან ისინი მწუხარე სახეებს იღებენ, რათა ადამიანებს მმარხველებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულად მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. ნუ შეკრებთ საუნჯეს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. შეკრიბეთ საუნჯე ცაში, სადაც არც ჩრჩილი და არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ. რადგან, სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც. სხეულის სანთელი თვალია. მაშ, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რაოდენიღა იქნება? არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ანდა ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სამშვინველისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე? შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ? რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? სამოსელზე რაღას ზრუნავთ? დააკვირდით ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ იყო შემოსილი ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, განა თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო? ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: ‘რა ვჭამოთ?’ ან: ‘რა ვსვათ?’ ან: ‘რით შევიმოსოთ?’ რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გესაჭიროებათ ეს ყველაფერი. ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეყოფა თითოეულ დღეს თავისი საზრუნავი. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. რადგან, როგორი განსჯითაც განსჯით, იმავეთი განისჯებით; და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘მოდი, ამოგიღო თვალიდან წველი’ და, აჰა, შენს თვალში კი დირეა! თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან. ნუ მისცემთ სიწმიდეს ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ. ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და ჰპოვებთ. დარეკეთ და გაგეღებათ. რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება. განა არის თქვენს შორის კაცი, რომელსაც საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მით უფრო თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს მათ, ვინც სთხოვს. ამიტომ, ყველაფერი, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, თქვენც ასევე გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი. შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია დაღუპვისაკენ მიმავალი გზა, და მრავალნი არიან მასზე მავალნი. რადგან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი არიან, ვინც ჰპოვებს მას. ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს? ამგვარად, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო უკეთური ხე ცუდ ნაყოფს ისხამს. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უკეთურ ხეს – კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ამგვარად, მათი ნაყოფით იცნობთ მათ. ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ვერ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს? და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!’ ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. და მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაუბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაუბერეს ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა ის, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა.“ და როდესაც იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით, რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი. ხოლო როდესაც მთიდან ჩამოდიოდა, დიდძალი ხალხი მისდევდა უკან. და აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“ იესომ გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. ეუბნება მას იესო: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რომელიც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.“ კაპერნაუმში შესვლისას, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა და უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს, დამბლადაცემული, და სასტიკად იტანჯება.“ იესო ეუბნება: „მოვალ და განვკურნავ მას.“ და მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, ჩემს ჭერქვეშ რომ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. რადგან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები, წადი! და მიდის. სხვას, მოდი! და მოდის. და ვეუბნები ჩემს მონას, ეს გააკეთე! და აკეთებს.“ ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა. გეუბნებით თქვენ, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფევლის შვილები გაიყრებიან გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“ და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც გწამს, ისე მოგეგოს.“ და განიკურნა მისი მსახური იმავე საათს. მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, სიცხით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და გაუარა მას სიცხემ. წამოდგა და ემსახურებოდა მათ. ხოლო როდესაც მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. რათა აღსრულებულიყო თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „მან იკისრა ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი.“ ხოლო როდესაც იესომ თავის გარშემო დიდძალი ხალხი დაინახა, ბრძანა გაღმა გასულიყვნენ. მიუახლოვდა მას ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ.“ ეუბნება მას იესო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკი.“ ხოლო სხვამ მოწაფეთაგან უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ იესო კი ეუბნება მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“ ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. და, აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“ და უთხრა მათ: – რამ შეგაშინათ, მცირედმორწმუნენო? – მერე წამოდგა, შერისხა ქარებს და ზღვას, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?“ და როდესაც გაღმა, ღადარენელთა მხარეში მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ, ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. და, აჰა, ატეხეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები სთხოვდნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში შეგვიშვი.“ უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და, აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა. მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და მოყვნენ ყველაფერს, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და რომ დაინახეს იგი, სთხოვეს, რომ გასცლოდა მათ საზღვრებს. და ჩაჯდა ნავში, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში. და, აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დამბლადაცემული. და როდესაც იხილა იესომ მათი რწმენა, უთხრა დამბლადაცემულს: „გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.“ მაშინ ზოგიერთმა მწიგნობართაგან თავისთვის თქვა: „ღმერთს გმობს ეს კაცი.“ და მიხვდა იესო მათ ფიქრებს და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს? რისი თქმა უფრო ადვილია: ‘მოგეტევა შენი ცოდვები,’ თუ თქმა: ‘ადექი და იარე?’ ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ხელმწიფება დედამიწაზე ცოდვების მიტევებისა,“ – უთხრა დამბლადაცემულს: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.“ ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს. იქაურობას რომ გაშორდა, დაინახა იესომ კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი მე.“ ისიც წამოდგა და გაჰყვა მას. და როდესაც სუფრასთან იჯდა მასთან სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსა და მის მოწაფეთა გვერდით. ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ ეს რომ გაიგონა, მან თქვა: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ, არამედ სნეულებს. წადით და შეისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა.“ მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ და უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე სიძე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როდესაც სიძე წაერთმევათ მათ და მაშინ იმარხულებენ. არავინ აკერებს ძველ ტანსაცმელს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსს და უარეს ნახევს გააჩენს. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რადგან ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება.“ როცა ამას ეუბნებოდა მათ, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ეს-ესაა ქალიშვილი მომიკვდა, მაგრამ მოდი, დაადე მას ხელი და იცოცხლებს.“ და წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც. და აჰა, ერთი ქალი, რომელიც 12 წლის მანძილზე იტანჯებოდა სისხლდენით, უკანიდან მიუახლოვდა მას და შეეხო მისი სამოსის კალთას. რადგან თავისთვის ამბობდა: „მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“ ხოლო იესო შემობრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ და მაშინვე განიკურნა ქალი. მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეშფოთებული ხალხი, და უთხრა მათ: „გაშორდით აქაურობას, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ და დასცინოდნენ მას. და როდესაც გაიყვანეს ხალხი გარეთ, შევიდა, მოჰკიდა ხელი ხელზე და წამოდგა გოგონა. და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი. და როდესაც იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა აედევნა ყვირილით, და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, დავითის ძევ!“ სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და ეუბნება მათ იესო: „გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება?“ ეუბნებიან მას: „დიახ, უფალო!“ მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“ და აეხილათ მათ თვალები. და მკაცრად გააფრთხილა ისინი იესომ და უთხრა: „იცოდეთ, არავინ გაიგოს.“ მათ კი, როდესაც გავიდნენ, მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი. ისინი რომ გავიდნენ, მიუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი. და როცა ეშმაკი განდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. და უკვირდა ხალხს და ამბობდა: „ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ისრაელში.“ ფარისევლები კი ამბობდნენ: „ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.“ და დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და დაბაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას. ხალხის სიმრავლე რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან დამაშვრალნი და უმწეონი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – მცირენი. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.“ და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება უწმიდურ სულებზე, მათ განსადევნად და ყოველგვარი სენისა და ყოველგვარი უძლურების განსაკურნებლად. ხოლო 12 მოციქულის სახელებია: პირველი – სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და თადეოსი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. ეს 12 მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: „წარმართთა გზებზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ. არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. და როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. სნეულები განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანები განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცით. ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს ნუ წაიღებთ თან თქვენი სარტყლებით. ნურც გუდას გზისთვის, ნურც ორ პერანგს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი. რომელ ქალაქში ან დაბაშიც შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსი, და დარჩით მასთან, ვიდრე გამოხვიდოდეთ, ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უსურვეთ მშვიდობა. და თუ სახლი ღირსი იქნება, დაე მიუვიდეს მას თქვენი მშვიდობა. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდეთ. ხოლო თუ ვინმე არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენს თქვენს სიტყვებს, ამ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფეხთაგან. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განსჯის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს. აჰა, მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგლებს შორის. მაშ იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. მოერიდეთ ადამიანებს, რადგან ისინი გადაგცემენ სინედრიონს და თავიანთ სინაგოგებში გაგამათრახებენ თქვენ. და წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა თქვათ, ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში. ძმა ძმას გასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. ხოლო ბოლომდე მომთმენი გადარჩება. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორეში გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების მოვლას, რომ მოვა კაცის ძე. არ არის მოწაფე მოძღვარზე მეტი, და არც მონა თავის ბატონზე მეტი. საკმარისია მოწაფისათვის იყოს ისეთი, როგორიც მისი მოძღვარია და მონისათვის – როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, განა უარესს არ იტყვიან მის შინაურებზე? ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება და დამალული, რაც არ გახდება ცნობილი. რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძს. გეშინოდეთ უფრო მეტად მისი, ვისაც შეუძლია დაღუპვა სულისაც და სხეულისაც გეენაში. განა ერთ ასარად არ იყიდება ორი ბეღურა? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის გარეშე. ხოლო თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: თქვენ ამ ბეღურებზე ბევრად უფრო ძვირფასნი ხართ. ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ იფიქრებთ, რომ მიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. რადგან მოვედი, რათა გავყო ადამიანი თავისი მამისაგან, ასული – თავისი დედისაგან და რძალი – თავისი დედამთილისაგან. და საკუთარი შინაურები იქნებიან ადამიანის მტრები. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი. თავისი სამშვინველის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სამშვინველის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას. ვინც თქვენ მიგიღებთ, ის მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელს მიიღებს. ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს. და ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.“ და როდესაც დაასრულა იესომ თავისი 12 მოწაფის დამოძღვრა, წავიდა იქიდან, რომ ესწავლებინა და ექადაგა მათ ქალაქებში. ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და გაგზავნა თავისი ორი მოწაფე, რათა ეკითხათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით და მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან და ღატაკებს ეხარებათ. და ნეტარია, ვინც არ დაეჭვდება ჩემში.“ როდესაც ისინი წავიდნენ, იესომ უთხრა ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გადიოდით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? მაშ, რისთვის გადიოდით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. მაშ, რისთვის გადიოდით? წინასწარმეტყველის სანახავად? დიახ, გეუბნებით თქვენ: და წინასწარმეტყველზე მეტისაც. რადგან ეს არის ის, ვისზეც დაწერილია: ‘აჰა, მე მოვავლენ შენს წინ ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღეებიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას. რადგან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდა. და თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! მაგრამ ვის ვამსგავო ეს თაობა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და ვერ აგაცეკვეთ, გოდება გაგიმართეთ და არ იგლოვეთ.’ მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკეულიაო. მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: ‘აჰა, კაცი, რომელიც ჭამს და ღვინოს სვამს, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.’ ხოლო სიბრძნე თავისი საქმეებით მართლდება.“ მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც აღსრულდა უმეტესი მის ძალთაგან, იმის გამო, რომ არ მოინანიეს. „ვაი შენ, ქორაზინ, და ვაი შენ, ბეთსაიდა! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ ქმნილიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან იქმნა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ. ხოლო თქვენ გეუბნებით: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განსჯის დღეს, ვიდრე თქვენ. შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. რადგან სოდომში რომ გამოვლენილიყო ის ძალნი, შენში რომ გამოვლინდა, დღემდე იდგებოდა. ხოლო თქვენ გეუბნებით, – სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება სასჯელის დღეს, ვიდრე შენ.“ და მაშინ მიმართა იესომ და თქვა: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაფარე ეს ბრძენთა და გონიერთაგან და განუცხადე ჩვილებს. დიახ, მამაო! რადგან ასეთი იყო შენი კეთილი ნება. ყოველივე მომეცა მე ჩემი მამის მიერ და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს. მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. რადგან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“ იმ დროს, შაბათ დღეს, მიდიოდა იესო ყანებზე. მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები აკეთებენ, რის გაკეთებაც არ ეგების შაბათს.“ მან კი უთხრა მათ: „არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდა მას და მასთან მყოფთ? როგორ შევიდა ღმერთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მასთან მყოფთ, არამედ მხოლოდ მღვდლებს? ანდა არ წაგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი არიან? გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, რაც ტაძარზე უმეტესია. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,’ მაშინ აღარ განიკითხავდით უდანაშაულოებს. რადგან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“ და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში. და, აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება შაბათს განკურნება?“ ხოლო მან უთხრა მათ: „ვინ არის თქვენს შორის ისეთი, რომელსაც ერთი ცხვარი ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, ხელი არ ჩაავლოს და არ ამოიყვანოს? ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამგვარად, შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.“ მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და დაიწყეს თათბირი მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. ხოლო იესომ შეიტყო ეს და გაეცალა იქაურობას. და დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა, და აუკრძალა მათ მისი გაცხადება. რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სამშვინველმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამსჯავროს წარმართებს. არ იდავებს და არც იყვირებს, და არც ქუჩებში გაიგონებენ მის ხმას. დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს და მის სახელს მიენდობიან წარმართნი.“ მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯმა დაინახა და ალაპარაკდა. და გაკვირვებული იყო მთელი ხალხი და ამბობდა: „ნუთუ ეს დავითის ძეა?“ ხოლო ეს რომ ფარისევლებმა გაიგეს, თქვეს: „ნამდვილად ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის, ძალით განდევნის ეშმაკებს.“ იესო მიხვდა მათ ფიქრებს და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გათიშული, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაითიშება თავის თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს. და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გათიშულა და როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თუ მე ბელზებულით განვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვისით განდევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი. ანდა, განა შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ქონება, თუ ჯერ ძლიერს არ შეკრავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ კრებს, ის ფანტავს. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. ხოლო თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება მას არც ამ საუკუნეში და არც მომავალში. ან კეთილი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც კეთილი იქნება, ან ცუდი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც ცუდი იქნება. რადგან ხე ნაყოფით იცნობა. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როდესაც ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან გამოაქვს სიკეთე, ბოროტ კაცს კი ბოროტი საგანძურიდან გამოაქვს ბოროტება. გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ სამსჯავროს დღეს. რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით განისჯები.“ მაშინ უთხრა მას ზოგიერთმა მწიგნობართა და ფარისეველთაგან: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ბოროტი და მოღალატე თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა. რადგან, როგორც იონა იყო ვეშაპის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში. ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ იონაზე მეტია. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან და მსჯავრს დასდებს მას, რადგან იგი მიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე მეტია. როდესაც უწმიდური სული გამოდის ადამიანისგან, დადის ურწყულ ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: ‘დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.’ და როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უფრო ბოროტს და შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც.“ როდესაც ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა ხალხს, აჰა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელთაც ლაპარაკი სურდათ მასთან. უთხრა მას ვიღაცამ: „აჰა, შენი დედა და შენი ძმები დგანან გარეთ და შენთან ლაპარაკი სურთ.“ მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: „ვინ არის ჩემი დედა და ვინ არიან ჩემი ძმები?“ და გაიწოდა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები; რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“ იმავე დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას. და მოგროვდა მასთან დიდძალი ხალხი, ისე რომ იგი ავიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა. და ბევრს ელაპარაკებოდა მათ იგავებით და უთხრა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დაეცა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგი კლდოვან ნიადაგზე დაეცა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, რადგან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და მოაშთო ისინი. ზოგი კი კარგ მიწაზე დაეცა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა 60 და ზოგმა 30. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!“ მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ მან მიუგო და უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არა აქვთ მიცემული. რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება სიუხვე, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერ ხედავენ, მსმენელთ არ ესმით და ვერ ხვდებიან. და სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: ‘სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით ვერ დაინახონ და ყურით ვერ მოისმინონ, გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, და არ განვკურნო ისინი.’ ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს. თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი. ყველასთან, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ იგებს მის მნიშვნელობას, მიდის ბოროტი და სტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი. ხოლო კლდოვანზე დათესილი არის ის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, მაგრამ არა აქვს ფესვები და ხანმოკლედ რჩება მასში. რაჟამს დადგება გასაჭირი ან დევნა სიტყვის გამო, მაშინვე დაბრკოლდება. ხოლო ეკლებში დათესილი არის ის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ ამ ქვეყნის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება. ხოლო კარგ მიწაზე დათესილი არის ის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს.“ სხვა იგავი წარუდგინა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. მაგრამ როდესაც ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალს შორის ღვარძლი ჩათესა და წავიდა. ხოლო როდესაც ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, მაშინ იჩინა ღვარძლმა თავი. მივიდნენ მონები და უთხრეს ოჯახის უფროსს: ‘ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა გაუჩნდა მას ღვარძი?’ მან კი უთხრა მათ: ‘მტერმა კაცმა გააკეთა ეს.’ ხოლო მონებმა უთხრეს მას: ‘გინდა, წავალთ და გავმარგლით?’ მან თქვა: ‘არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოძირკვოთ. დააცადეთ, გაიზარდოს ორივე ერთად მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ.’“ სხვა იგავიც წარუდგინა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღჩაში. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს.“ სხვა იგავი უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი ჰგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და დაფარა სამ საწყაო ფქვილში, და მთლიანად გაფუვდა.“ ყოველივე ამას იესო იგავებით ეუბნებოდა ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. აღმოვთქვამ, რაც სამყაროს დასაბამიდან დაფარულია.“ მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი.“ მან მიუგო და უთხრა: „კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა; ყანა ქვეყნიერებაა; კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი; მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი; მკა კი არის საუკუნის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან. ამგვარად, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება საუკუნის აღსასრულს. მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სასუფევლიდან ყოველ საცთურსა და ურჯულოების ყველა მოქმედს, და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! ცათა სასუფეველი ჰგავს ყანაში დაფარულ განძს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, და სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ ყანას. კიდევ: ცათა სასუფეველი ჰგავს მოვაჭრე კაცს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს. ხოლო როდესაც წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და მას შეიძენს. კიდევ: ცათა სასუფეველი ჰგავს ბადეს, ზღვაში გადასროლილს და ყოველგვარი თევზის შემგროვებელს, რომელსაც, როცა ივსება, გამოათრევენ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან. ასე იქნება ამ სოფლის აღსასრულის ჟამს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. გაიგეთ ეს ყოველივე?“ მათ მიუგეს: „დიახ.“ მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, ჰგავს ადამიანს – ოჯახის უფროსს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველიც და ახალიც.“ და როდესაც დაასრულა იგავები იესომ, გაეცალა იქაურობას. მივიდა თავის მშობლიურ ქალაქში და ასწავლიდა მათს სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ეს სიბრძნე და ძალნი? განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ეს ყოველივე?“ და დაეჭვდნენ მასში. იესომ კი უთხრა მათ: „არსად არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა და საკუთარი სახლისა.“ და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო. იმ დროს ესმა ჰეროდე ტეტრარქს იესოს ამბავი. და უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ მოქმედებენ მასში ძალნი.“ რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, გამო. რადგან იოანე ეუბნებოდა მას: „არა გაქვს უფლება, რომ შენ გყავდეს ის.“ და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და ისე მოეწონა ჰეროდეს, რომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რასაც მოითხოვდა. ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: „მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.“ და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა. და გაგზავნა და მოაკვეთინა თავი იოანესთვის საპყრობილეში. და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა. და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. და მივიდნენ და აუწყეს იესოს. ხოლო როდესაც გაიგო იესომ, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და როდესაც ეს ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან. და როდესაც გადმოვიდა, უამრავი ხალხი დაინახა და შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები. როდესაც მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბური ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის.“ იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით მათ საკვები.“ მათ უთხრეს: „აქ არაფერი გვაქვს, გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა.“ მან თქვა: „მომიტანეთ აქ.“ და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს. და ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან 12 სავსე გოდორი აკრიფეს. მჭამელი კი 5 ათასამდე კაცი იქნებოდა, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. და მაშინვე უბრძანა იესომ თავის მოწაფეებს, ჩამსხდარიყვნენ ნავში და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. და როდესაც გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე დაშორებოდა ხმელეთს და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. ღამის მეოთხე სადარაჯოზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: „მოჩვენებაა!“ და შიშისაგან შეჰყვირეს. მაგრამ იესო მყისვე დაელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალზე.“ მან უთხრა: „მოდი!“ და გადმოვიდა პეტრე ნავიდან და წყალზე წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. მაგრამ როდესაც დაინახა, როგორი ძლიერი ქარი იყო, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“ იესომ მყისვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“ როდესაც ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. ნავში მყოფები დაემხნენ მის წინ და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ.“ და გავიდნენ გაღმა და მივიდნენ გენესარეთის მიწაზე. და იცნო იმ ადგილის ხალხმა იგი, შეატყობინეს მთელს იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმიდან ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს: „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემის გამო? რადგან ღმერთმა თქვა: ‘პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’ თქვენ კი ამბობთ: ‘თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს ძღვენია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, მას აღარ ესაჭიროება პატივის მიგება თავისი მამისა და დედისათვის.’ ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემით. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა თქვენზე ესაია, როდესაც ამბობდა: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან. ამაოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, თითქოს მოძღვრება იყოს.’“ და მოუწოდა ხალხს და უთხრა მათ: „ისმინეთ და შეიგნეთ: ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.“ მაშინ მოვიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: „იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენამ დააბრკოლა?“ მან კი მიუგო და უთხრა: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემს ზეციერ მამას არ დაურგავს, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. მოეშვით მათ: ისინი ბრმათა ბრმა წინამძღოლები არიან. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.“ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი.“ ხოლო მან უთხრა: „ნუთუ ვერც თქვენ გაიგეთ ვერაფერი აქამდე? ვერ გაიგეთ, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გაიყრება? პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს ადამიანს. რადგან გულიდან ამოდიან: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს.“ წამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. და, აჰა, ქანაანელი ქალი მოვიდა მასთან იმ ადგილებიდან, შეჰღაღადა მას და უთხრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“ მაგრამ მან სიტყვაც არ უპასუხა. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან უკან მოგვყვირის ჩვენ.“ მან მიუგო და უთხრა: „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.“ ქალი კი მივიდა, დაემხო მის წინ და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“ მან მიუგო და უთხრა: „არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“ ქალმა უთხრა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონების სუფრიდან ცვივა.“ მაშინ მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ქალო! დიდია შენი რწმენა. დაე მოგეცეს შენ შენი სურვილისამებრ.“ და იმავე ჟამს განიკურნა მისი ქალიშვილი. და წავიდა იესო იქიდან და მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფეხთით და მან განკურნა ისინი. ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ლაპარაკობდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლები დადიოდნენ და ბრმები ხედავდნენ. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს. იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რომ გზაში არ დაუძლურდნენ.“ უთხრეს მას მოწაფეებმა: „სად ვიშოვით უდაბურ ადგილას იმდენ პურს, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?“ და უთხრა მათ იესომ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი და მცირეოდენი თევზი.“ და უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური და თევზები, მადლი შესწირა, დატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს. და ჭამა ყველამ და გაძღა. ნარჩენი ნატეხებისაგან კი შვიდი სავსე კალათა აკრიფეს. მჭამელი კი 4 ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. და როდესაც გაუშვა ხალხი, ჩაჯდა ნავში და წავიდა მაგდალას საზღვრებში. და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვდნენ მას, ეჩვენებინა ნიშანი ციდან. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „საღამოს თქვენ ამბობთ: ‘ხვალ მოწმენდილი იქნება, რადგან ცა წითელია;’ დილით კი – ‘დღეს გაავდრდება, რადგან ცა წითელი და მოღუშულია.’ ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი – არა. ბოროტი და ორგული თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.“ და დატოვა ისინი და წავიდა. გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. იესომ უთხრა მათ: „ფრთხილად იყავით და მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.“ ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: „პური არ წამოგვიღია.“ მიხვდა იესო და უთხრა მათ: „რას ფიქრობთ გულში, მცირედმორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიათ? აღარ გახსოვთ ის 5 ათასი კაცი და ხუთი პურიდან რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ? აღარც 4 ათასი და შვიდი პურიდან და რამდენი კალათი ნარჩენები აიღეთ? როგორ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?“ მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას. ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის საზღვრებში მივიდა, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არის კაცის ძე?“ მათ თქვეს: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი – ელიაო და ზოგი – იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.“ უთხრა მათ: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“ მიუგო სიმონ-პეტრემ და თქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნეტარი ხარ შენ, სიმონ იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გამოგიცხადა შენ ეს, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ცაშია. და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე (კლდე), და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ვერ დაძლევენ მას ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც.“ მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე. მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ვნებულიყო უხუცესებისა, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. ხოლო პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“ ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „გამშორდი, სატანავ! შენ ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.“ მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს თავისი სამშვინველის გადარჩენა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სამშვინველს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სამშვინველის სანაცვლოდ? რადგან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუზღავს თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს მომავალს თავისი სუფევით.“ ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსი გასპეტაკდა როგორც ნათელი. და, აჰა, ეჩვენნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. და უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა! თუ გნებავს, გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“ ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა მოუჩრდილა მათ, და გაისმა ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც არის ჩემი სათნოება. მას უსმინეთ!“ გაიგონეს მოწაფეებმა და პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. და მიუახლოვდა იესო, შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ.“ თვალი რომ გაახილეს, ვეღარავინ დაინახეს, იესოს გარდა. და როდესაც მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავისთან არაფერი თქვათ ამ ხილვაზე, ვიდრე კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგება.“ შეეკითხნენ მას მოწაფეები: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს?“ ხოლო მან მიუგო და თქვა: „ნამდვილად, ელია მოვა და ყოველივეს აღადგენს. გეუბნებით თქვენ, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა.“ მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ამბობდა. და როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, რადგან წარამარა ცეცხლში ვარდება ან წყალში. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.“ მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? მომგვარეთ მე იგი!“ და შერისხა იესომ და ეშმაკი გამოვიდა მისგან და იმავე ჟამს განიკურნა ყმაწვილი. მაშინ განმარტოებით მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჩუმად უთხრეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“ ხოლო იესომ უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: გადადი აქედან იქით, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.“ გალილეაში გაბრუნებისას უთხრა მათ იესომ: „კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, და მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ და მეტისმეტად შეწუხდნენ ისინი. კაპერნაუმში მისვლისას მიადგნენ პეტრეს დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“ ეუბნება: „გადაიხდის.“ როცა ის სახლში შედიოდა, იესო მიუახლოვდა მას და უთხრა: „როგორ გგონია, სიმონ, მიწიერი მეფეები ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან თუ უცხოელთაგან?“ ხოლო როდესაც უპასუხა: „უცხოელთაგან,“ უთხრა მას იესომ: „მაშ, ძენი თავისუფლები არიან. მაგრამ, რომ არ დავაეჭვოთ ისინი, წადი ზღვაზე, გადააგდე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდება, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. მიიტანე და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“ ამ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: „ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?“ იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შორის, და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ გახდებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში. და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს. ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ. ვაი ქვეყნიერებას ცდუნებებისაგან, რადგან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს ხეიბარი ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში. გაფრთხილდით, არ უგულებელყოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში მუდამ ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. რადგან კაცის ძე დაღუპულის სახსნელად მოვიდა. როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა არ მიატოვებს მთებში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? და თუ შეძლებს მის პოვნას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგან. ხოლო თუ შესცოდავს შენი ძმა შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი პირისპირ. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც მიწაზე შეკრავთ, ცაშიც შეკრული იქნება, და რასაც მიწაზე გახსნით, ცაშიც გახსნილი იქნება. კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ითხოვონ რაიმე, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ცაშია. რადგან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის.“ მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენგზის უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდგზის?“ ეუბნება მას იესო: „მე არ გეუბნები, შვიდგზის, არამედ სამოცდაათჯერ შვიდგზის. ცათა სასუფეველი ჰგავს კაცს, მეფეს, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება. და როდესაც დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც 10 ათასი ტალანტი ემართა მისი. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა. მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: ‘სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდი.’ ბატონს შეებრალა მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. გამოსვლისას შეხვდა ამ მონას ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი 100 დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: ‘გადამიხადე, რაც გმართებს.’ პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: ‘სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდი.’ მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ დაინახეს ეს, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე, რაც მოხდა. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა მას: ‘ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შეგიწყალე?’ და განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი მთელი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს.“ ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და კურნავდა იგი მათ იქ. და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სცდიდდნენ და ეუბნებოდნენ: „დასაშვებია, რომ კაცმა გაუშვას ცოლი რაიმე მიზეზით?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?“ და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთხორცად. ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.“ ეუბნებიან მას: „აბა, მოსემ რატომღა დადო მცნებად გაყრის წერილის მიცემა და გაშვება?“ ეუბნება მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლის გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ იყო. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.“ ეუბნებიან მას მოწაფეები: „თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ დაქორწინდეს.“ უთხრა მათ: „ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. რადგან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს, და არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.“ მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო მათთვის და ელოცა. მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ. იესომ თქვა: „მოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, რადგან მათნაირებისაა ცათა სასუფეველი.“ და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან. და, აჰა, მივიდა მასთან ერთი ვინმე და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ ხოლო მან უთხრა მას: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები.“ ეუბნება მას: „რომლები?“ იესომ თქვა: „არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ იმოწმო ცრუდ, პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ ეუბნება მას ჭაბუკი: „ყოველივე ამას ვიცავდი სიყმაწვილიდან. რაღა მაკლია?“ უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი.“ ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა. კიდევ გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სასუფეველში.“ ეს რომ მოისმინეს მისმა მოწაფეებმა, ძალიან გაუკვირდათ, და თქვეს: „მაშ, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“ შეხედა მათ იესომ და უთხრა: „კაცთათვის ეს შეუძლებელია, ღმერთისათვის კი ყველაფერი შესაძლებელია.“ მაშინ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?“ იესომ უპასუხა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როდესაც კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად. ყველა, ვინც მიატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. ხოლო მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელი კი – პირველი. რადგან ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს – მამულის პატრონს, რომელიც დილით ადრე გავიდა მუშაკთა დასაქირავებლად თავისი ვენახისთვის, მოურიგდა მუშაკებს დღეში თითო დინარად და გაისტუმრა თავის ვენახში. ასე მესამე საათს, გავიდა და დაინახა სხვები, მოედანზე უქმად მდგარნი. და უთხრა მათ: ‘წადით თქვენც ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’ და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა. და ბოლოს, გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვებიც მდგარნი და უთხრა მათ: ‘რას დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’ უპასუხეს მას: ‘არავინ დაგვიქირავა ჩვენ.’ ეუბნება მათ: ‘წადით ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთ.’ როდესაც მოსაღამოვდა, ვენახის პატრონი ეუბნება თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე გასამრჯელო, უკანასკნელიდან პირველამდე.’ მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. პირველად მოსულებმა იფიქრეს, რომ მეტს მიიღებდნენ, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. და როდესაც იგივე მიიღეს, დაიწყეს დრტვინვა მამულის პატრონის მიმართ, და ამბობდნენ: ‘ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი იმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე გადავიტანეთ.’ მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, მე შენ არ გჩაგრავ. განა დინარად არ გაგირიგდი? აიღე შენი და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. განა არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’ ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, რადგან წვეული ბევრია, რჩეული კი – ცოტა.“ და როდესაც იესო იერუსალიმში ადიოდა, თან გაიყოლა თორმეტნი განმარტოებით და უთხრა მათ გზაში: „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს გამოუტანენ მას. და გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაამათრახონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.“ მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანი სცა და რაღაცას ითხოვდა მისგან. უთხრა მას: „რა გინდა?“ ეუბნება მას: „თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე დაჯდეს ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში.“ მიუგო იესომ და თქვა: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?“ ეუბნებიან მას: „შეგვიძლია.“ ეუბნება მათ: „ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნება ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ჩემი მამის მიერ.“ ეს რომ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე. იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ ხალხზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის სურს იყოს უდიდესი, იყოს თქვენი მსახური. და ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, იყოს თქვენი მონა, ისე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და თავისი სიცოცხლე გასცეს მრავალთა გამოსასყიდად.“ და როდესაც იერიქოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას. და, აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, რომ გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძევ!“ ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძევ!“ და შეჩერდა იესო, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“ უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“ შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. და მყისვე აეხილათ თვალები და გაჰყვნენ მას. და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე და უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და ჩოჩორს მასთან ერთად. აუშვით და მომიყვანეთ. და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: ‘უფალს სჭირდება’ და მაშინვე გამოგზავნის მათ.“ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „უთხარით სიონის ასულს: ‘აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.’“ მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ. მოუყვანეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსი და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებს რტოებს აჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი, რომელიც წინ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“ და როდესაც შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: „ვინ არის ეს?“ ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.“ და შევიდა იესო ტაძარში და გამოყარა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა ფულის მცვლელთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. და ეუბნებოდა მათ, დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი!“ და მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი. ხოლო როდესაც დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაულები, რომლებიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: „ოსანა დავითის ძეს,“ – გული მოუვიდათ, და უთხრეს მას: „გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესო ეუბნება მათ: „დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით განიმზადე ქება.’“ და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია. განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. და გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და რომ ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი!“ და მყისვე გახმა ლეღვი. და დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: „რა უცებ გახმა ეს ლეღვი!“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთას რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდი, ასეც მოხდება. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.“ და როდესაც შევიდა ტაძარში და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთთან თათბირობდნენ და ამბობდნენ: თუ ვიტყვით – ზეციდან, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთ მას? ხოლო თუ ვიტყვით, კაცთაგან, ხალხისა გვეშინია, რადგან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.“ და მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით.“ მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“ აბა, რას იტყვით ამაზე: „ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’ მან მიუგო და უთხრა: ‘არ მინდა.’ ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან მიუგო და უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ ეუბნებიან: „პირველმა.“ ეუბნება მათ იესო: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სასუფეველში. რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ შეიცვალეთ გონება, რათა გერწმუნათ იგი. ისმინეთ სხვა იგავი: იყო კაცი – მამულის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწის მუშაკთ ჩააბარა და წავიდა. და როდესაც რთველი მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწის მუშაკთ თავისი მოსავლის მისაღებად. მიწის მუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგს სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგი ჩაქოლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, და იმათაც ასევე მოექცნენ. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ‘ჩემი ძისა მოერიდებათ.’ მიწის მუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდით, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’ და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლეს. მაშ, როდესაც მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მიწის მუშაკთ?“ ეუბნებიან მას: „ამ ბოროტებს ბოროტად დაღუპავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწის მუშაკთ, რომლებიც მოსავალს თავის დროზე მისცემენ.“ ეუბნება მათ იესო: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.’ ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სასუფეველი და მიეცემა ერებს, რომლებიც გამოიღებენ მის ნაყოფს. და ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.“ როდესაც მოისმინეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა. და ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი ჰგავს კაცს, მეფეს, რომელმაც ქორწილი გაუმართა თავის ძეს. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა მოსაპატიჟებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით წვეულებს: აჰა, გამზადებულია ჩემი სუფრა, ჩემი ხარები და ნასუქალი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’ მათ კი ყური არ ათხოვეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭროში. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. მეფემ რომ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი რაზმი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა თავის მონებს: ‘ქორწილი მზად არის, მაგრამ წვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და მოიწვიეთ ქორწილში ყველა, ვისაც იპოვით.’ და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი იპოვეს, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო მეინახეებით. შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსი არ ეცვა, და ეუბნება მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘შეუკარით მაგას ხელ-ფეხი და გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’ რადგან წვეულნი ბევრნი არიან, რჩეულნი კი მცირედნი.“ მაშინ ფარისევლები შეიკრიბნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაზე. და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას. მაშ, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“ მიხვდა იესო მათ მზაკვრობას და თქვა: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? მაჩვენეთ ხარკის მონეტა.“ და მიუტანეს მას დინარი. და ეუბნება მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ ეუბნებიან მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს!“ ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, დატოვეს იგი და წავიდნენ. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ არ არსებობს აღდგომა და შეეკითხნენ მას: „მოძღვარო, მოსემ თქვა: ‘თუ ვინმე უშვილოდ მოკვდება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს ნაშიერი თავის ძმას.’ გვყავდა ჩვენ შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. ნაშიერი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა. მაშ აღდგომის ჟამს იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა.“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა. რადგან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში. ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისაგან თქვენთვის თქმული: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა’? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლების.“ და ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება. როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, რომ სადუკეველები გააჩუმა, შეიკრიბნენ ერთად. და შეეკითხა მას ერთი მათგანი, რჯულის მცოდნე, გამოსაცდელად: „მოძღვარო, რომელი მცნებაა რჯულში ყველაზე დიდი?“ უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’ ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამ ორ მცნებას ემყარება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“ როდესაც ფარისევლები შეიკრიბნენ, იესო შეეკითხა მათ: „რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: „დავითისა.“ ეუბნება მათ: „მაშ როგორღა უწოდებს დავითი სულით მას უფალს, როდესაც ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ?’ თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მაშ მისი ძე როგორღაა?“ და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება და არავის გაუბედავს იმ დღიდან შეკითხოდა მას. მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს, და თქვა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი მოგთხოვენ, შეასრულეთ და დაიცავით, მაგრამ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, რადგან ამბობენ და არ ასრულებენ. კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. ყველა თავიანთ საქმეს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს; უყვართ სერობებზე სათავეში ჯდომა და წინა ადგილებზე – სინაგოგებში, და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა მიმართონ მათ: ‘რაბი!’ თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ თქვენ – ცაში. ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ თქვენ წინამძღოლი – ქრისტე. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სამეფოს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც სხვა შემავალთ უშვებთ. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რადგან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამიტომ კიდევ უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ ხდით, საკუთარ თავზე ორჯერ უარესად. ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო. ბრიყვებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც ოქროს წმედს? და ამბობთ: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო. ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს? ამრიგად, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა. და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც. და ვინც ცას იფიცებს, ის იფიცებს ღმერთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და ძირას მეათედს და მიატოვეთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია რჯულში – სამართალი, წყალობა და რწმენა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ. ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემის მყლაპავებო! ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსე ხართ ნატაცებით და სიხარბით. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსე არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს და ამბობთ: ‘ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი მოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.’ ამრიგად, საკუთარი თავის შესახებ მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაული! იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენას სასჯელს? ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენთ და მწიგნობრებს. და ზოგს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაამათრახებთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში, რომ გეწიოთ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეკითხება ამ თაობას. იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი აოხრებული. რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“ როდესაც გამოვიდა იესო ტაძრიდან, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, და მიუთითეს ტაძრის შენობებზე. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“ ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და ამ საუკუნის აღსასრულის ნიშანი?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: ‘მე ვარ ქრისტე!’ და მრავალს შეაცდენენ. გაიგებთ ომების შესახებ და ხმებს საომარ ამბებზე. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობანი, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ეს ყველაფერი კი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებენ ყველა ერები ჩემი სახელის გამო. და მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს. და მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება. და ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელს ქვეყნიერებას ყველა ერებისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული. ამრიგად, როდესაც იხილავთ გავერანების სიბილწეს, მდგომს წმიდა ადგილზე, წინასწარმეტყველი დანიელის მიერ თქმულს – წამკითხველმა გაიგოს, – მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად. ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსის წასაღებად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. რადგან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სამყაროს დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლდეს, ვერა ხორციელი ვერ გადარჩება. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები. მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან: ‘იქ,’ არ ირწმუნოთ. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და სასწაულებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. თუ გეტყვიან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ირწმუნებთ. რადგან, როგორც ელვა გამოჩნდება ხოლმე აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. სადაც არის მძორი, იქ გროვდებიან ორბები. და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და ციური ძალები შეირყევა. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე, და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, მრავალი ძალითა და დიდებით. და მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორემდე. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს ისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და დედამიწა გარდავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გარდავლენ. იმ დღეზე და ჟამზე კი არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. რადგან, როგორც იყო ნოეს დღეებში, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. რადგან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში არ შევიდა, და არაფერი იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, – ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთს წაიყვანენ და ერთი დარჩება; ორნი დაფქვავენ დოლაბზე: ერთს წაიყვანენ და ერთი დარჩება. ამგვარად, ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი უწყოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ სადარაჯოზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა კაცის ძე. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა იმათგან, რომლებიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: ‘იგვიანებს ჩემი ბატონი,’ და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან დაიწყებს ჭამას და სმას, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ უწყის, და შუაზე გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. და იქნება იქ გოდება და კბილთა ღრჭენა. ცათა სასუფეველი მსგავსია ათი ქალწულისა, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ სიძის შესახვედრად. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. სიძე რომ იგვიანებდა, ყველას ჩასთვლიმა და დაეძინა. შუაღამისას კი გაისმა ძახილი: ‘აჰა, სიძე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’ მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, რადგან ლამპრები გვიქრება.’ მიუგეს გონიერებმა და უთხრეს: ‘რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.’ ხოლო როდესაც ისინი საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხურა. მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’ ხოლო მან მიუგო და თქვა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ!’ მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე. ასევე, მსგავსია ცათა სასუფეველი იმისა, რომ კაცმა, როდესაც გამგზავრებას დააპირებს, უხმოს თავის მონებს და ჩააბაროს თავისი ქონება. ერთს ხუთი ტალანტი მისცეს, მეორეს – ორი და სხვას – ერთი, თითოეულს მისი უნარის მიხედვით, და წავიდეს. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდეს, ივაჭროს და სხვა ხუთი მოიგოს. ასევე ორის მიმღებმაც კიდევ ორი სხვა მოიგოს. ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდეს, ამოთხაროს მიწა და დაფლას თავისი ბატონის ვერცხლი. კარგა ხნის შემდეგ მოვიდეს იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხოს მათ. მოვიდეს ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მოუტანოს და უთხრას: ‘ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.’ ეტყვის მას მისი ბატონი: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’ მოვიდეს ორი ტალანტის მიმღები და უთხრას: ‘ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე.’ ეტყვის მას მისი ბატონი: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’ მოვიდეს ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრას: ‘ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი ადამიანი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.’ მიუგებს მას მისი ბატონი და ეტყვის: ‘ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. რადგან ყველა მქონებელს მიეცემა და გაუმრავლდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ეს უვარგისი მონა კი გააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’ ხოლო როდესაც მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა მისი ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს – მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, ჩემი მამის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სამყაროს დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’ მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’ და მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’ და მაშინ ეტყვის იმათაც, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. რადგან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული და საპყრობილეში მყოფი, და არ მინახულეთ.’ მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და არ გემსახურეთ?’ მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’ და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.“ როდესაც დაასრულა იესომ ყველა ეს სიტყვა, უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი იქნება და კაცის ძე გადაეცემა ჯვარზე საცმელად.“ მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფას სახლში, და მოითათბირეს, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. მაგრამ ამბობდნენ: „დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი რომ არ ატყდეს.“ ხოლო როდესაც იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვანის სახლში, მივიდა მასთან ერთი ქალი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალაბასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა. მოწაფეებმა რომ დაინახეს, აღშფოთდნენ და თქვეს: „ასე ფუჭად რატომ დახარჯა? რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება.“ ხოლო იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ ქალს? მან ხომ კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის? რადგან ღარიბნი მუდამ თქვენთან გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით. ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, დასამარხად მომამზადა მე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგება ეს სახარება მთელ ქვეყნიერებაზე, ნათქვამი იქნება მის მოსაგონებლად ისიც, რაც მან გააკეთა.“ მაშინ წავიდა ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა, ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ და მიუწონეს მას 30 ვერცხლი. მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი. უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ მან უთხრა: „წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს მოძღვარი: ‘ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან აღვასრულებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.’“ და მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი. რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. და როდესაც ჭამდნენ, თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.“ ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: „მე ხომ არა, უფალო?“ მან მიუგო და უთხრა: „ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩააწობს ჯამში, ის გამცემს. კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა კაცის ძე. უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო.“ მიუგო იუდამ, მისმა გადამცემმა, და უთხრა: „მე ხომ არა ვარ, რაბი?“ უთხრა მას: „შენ თქვი!“ ხოლო როდესაც ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს არის ჩემი სხეული.“ აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „შესვით ყველამ აქედან, რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როდესაც თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში.“ და იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთისაკენ. მაშინ ეუბნება მათ იესო: „თქვენ ყველანი დაეჭვდებით ამაღამ ჩემში, რადგან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები.’ ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გაგიძღვებით წინ გალილეისაკენ.“ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „ყველანი რომ დაეჭვდნენ შენში, მე არასოდეს დავეჭვდები.“ უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ ეუბნება მას პეტრე: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ.“ ასევე ამბობდა ყველა მოწაფე. მაშინ წავიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილას, რომელსაც გეთსემანია ჰქვია, და ეუბნება მოწაფეებს: „აქ ისხედით, სანამ იქ წავალ და ვილოცებ.“ და თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა. მაშინ ეუბნება მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.“ და მცირედი რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.“ და მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „ნუთუ ვერ შესძელით ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“ კვლავ წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი.“ და მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ. და მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა. მაშინ მივიდა მოწაფეებთან და ეუბნება მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე გადაეცემა ცოდვილებს ხელში. ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“ და ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით!“ და მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!“ და ეამბორა. ხოლო იესომ უთხრა მას: „რისთვის მოსულხარ, მეგობარო?“ მაშინ მივიდნენ, დაადეს ხელი იესოს და შეიპყრეს. და, აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი მიჰყო, იშიშვლა მახვილი, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. მაშინ ეუბნება მას იესო: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაიღუპება. იქნებ გგონია, არ შემიძლია შევევედრო ჩემს მამას და ახლავე გამომიგზავნის ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და მეტსაც? მაშ როგორ აღსრულდეს წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ იმ ჟამს უთხრა იესომ ხალხს: „მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად, როგორც ავაზაკზე. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები.“ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა. იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს. ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა ბოლო. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი და თქვეს: „ეს ამბობდა: ‘შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენო.’“ მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: „არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“ იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავრმა უთხრა მას: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?“ ეუბნება მას იესო: „შენ თქვი.“ მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: „ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს, ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს.“ მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: „მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. რას ფიქრობთ?“ ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: „სიკვდილის ღირსია.“ მაშინ აფურთხეს სახეში და სცემეს, ზოგიერთებმა სილა გააწნეს და ეუბნებოდნენ: „გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ გაგარტყა?“ პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში და მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი.“ მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ამბობ.“ როდესაც კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და ეუბნება იქ მყოფთ: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო.“ და კვლავ უარყო ფიცით: „არ ვიცნობ ამ კაცს.“ მცირე ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად შენც მათგანი ხარ, რადგან შენი კილო გამხილებს შენ.“ მაშინ იწყო თავის თავის წყევლა და ფიცილი: „არ ვიცნობ ამ კაცს.“ და მყისვე იყივლა მამალმა. და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: „სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა ითათბირა იესოს წინააღმდეგ და გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ იგი. და შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს – გამგებელს. როდესაც დაინახა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან დაუბრუნა 30 ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს, და თქვა: „შევცოდე, – უბრალო სისხლი გავეცი.“ მათ კი უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი.“ და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გაშორდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: „არ ეგების ტაძრის საგანძურში ამის დადება, რადგან სისხლის საფასურია.“ მოითათბირეს და იყიდეს ამ ვერცხლით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველი იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: „და აიღეს 30 ვერცხლი, ფასი შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ, და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.“ ხოლო იესო წარსდგა გამგებლის წინაშე და ჰკითხა მას გამგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ იესომ უთხრა: „შენ ამბობ.“ და როდესაც ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერს პასუხობდა. მაშინ ეუბნება მას პილატე: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?“ და არც ერთ მის სიტყვაზე არ უპასუხია, ისე რომ ძალიან უკვირდა გამგებელს. დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა გამგებელს – ათავისუფლებდა პატიმარს, რომელსაც ხალხი მოისურვებდა. იყო მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული. როდესაც მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“ რადგან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. ხოლო როდესაც ის სამსჯავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა გაუგზავნა და უთხრა: „არაფერი უყო მაგ მართალს, რადგან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო.“ ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ. მიუგო გამგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ მათ უთხრეს: „ბარაბა.“ ეუბნება მათ პილატე: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: „ჯვარს ეცვას!“ ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“ მაგრამ ისინი დაჟინებით ყვიროდნენ: „ჯვარს ეცვას!“ როდესაც პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, დაიბანა ხელები ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.“ მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.“ მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი. მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს. და განძარცვეს იგი და ძოწეულის მოსასხამით შემოსეს. და დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწმის კვერთხი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!“ და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს მისივე სამოსი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ. და როდესაც გამოდიოდნენ, პოვეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი, და აიძულეს წამოეღო მისი ჯვარი. და მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და რომ იგემა, შესმა არ ინდომა. ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი. და დასხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას. და დაუდგეს თავს ზემოთ წარწერა ბრალდებით: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე. მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ. გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას. და ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან.“ ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.“ ღმერთს იყო მინდობილი და იხსნას იგი ახლა, თუ ნებავს, რადგან ამბობდა, ღმერთის ძე ვარო. და მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას. მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა. მეცხრე საათი იქნებოდა, როდესაც შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგეს და თქვეს, ელიას უხმობსო. და მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად. დანარჩენები კი ამბობდნენ: „მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად.“ ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და განუტევა სული. და, აჰა, ტაძრის ფარდა გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა დედამიწა, და კლდეები დასკდა. და სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა. და გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ. ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო.“ იქ იყო აგრეთვე შორიდან მაყურებელი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა. და როდესაც მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე დაემოწაფა იესოს. მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს სხეული. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ. და აიღო იოსებმა სხეული და შეახვია იგი სუფთა ტილოში. და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა. იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის პირდაპირ ისხდნენ. მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან და თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება.“ უთხრა მათ პილატემ: „გყავთ თქვენ დარაჯები. წადით და დაიცავით, როგორც იცით.“ ისინი წავიდნენ და დაიცვეს სამარხი: დაბეჭდეს ლოდი და დარაჯები დაუყენეს. შაბათის გასულს, ერთშაბათის განთიადისას, მივიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. და, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა; უფლის ანგელოზი გადმოვიდა ციდან, მივიდა, გადააგორა ლოდი და ზედ დაჯდა. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი სამოსი – თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. მიუგო ანგელოზმა და უთხრა ქალებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.“ აქ არ არის, აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. და სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და, აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ. და სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. და, აჰა, იესო შემოხვდა მათ და უთხრა: „გიხაროდეთ!“ ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. მაშინ ეუბნება მათ იესო: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ.“ და როდესაც ისინი მიდიოდნენ, აჰა, დარაჯთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა. და შეიკრიბნენ ისინი უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: „თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა თქვენ გეძინათ. და თუ ამას გამგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.“ მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე. ხოლო 11 მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, რომელზედაც იესომ მიუთითა მათ. და ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგი კი ეჭვობდა. და მივიდა იესო, დაელაპარაკა მათ და უთხრა: „მე მომეცა მთელი ხელმწიფება ცაში და მიწაზე. ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და, აჰა, მე თქვენთან ვარ მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე.“ დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღმერთის ძისა. როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველში: „აჰა, მოვავლენ შენი პირისახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოგიმზადებს შენ გზას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.’“ იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში იყო და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად. და გამოდიოდა მასთან მთელი იუდეის მხარე და ყველა იერუსალიმელი და ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და მკალი და ველური თაფლი იყო მისი საჭმელი. ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ მოდის ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი, რომ დავიხარო და შევუხსნა მას ფეხსაცმლის თასმა. მე მოგნათლეთ წყლით, ის კი მოგნათლავთ სული წმიდით.“ იმ დღეებში მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იორდანეში იოანეს მიერ. და მყისვე, როდესაც წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცა და სული, მტრედივით გარდამომავალი მასზე. და ხმა იყო ციდან: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში არის ჩემი სათნოება.“ და მყისვე გაიყვანა იგი სულმა უდაბნოში. და იყო უდაბნოში 40 დღე და გამოიცდებოდა სატანისაგან. და იყო მხეცებთან და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. ხოლო მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, მივიდა იესო გალილეაში, ქადაგებდა ღმერთის სახარებას და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.“ და როდესაც გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. და უთხრა მათ იესომ: „გამომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“ და მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. და გაიარა მცირედი და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, რომლებიც ნავში ბადეებს აწესრიგებდნენ. და მყისვე დაუძახა მათ. და მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ დაქირავებულ კაცებთან ერთად და გაჰყვნენ მას. და მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, ის შევიდა სინაგოგაში, და ასწავლიდა. და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი. და უეცრად იყვირა მათ სინაგოგაში მყოფმა, უწმიდური სულით შეპყრობილმა კაცმა: „რა გინდა ჩემგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღმერთის წმიდავ.“ და შერისხა იგი იესომ და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“ და შეანჯღრია იგი უწმიდურმა სულმა, იყვირა დიდი ხმით და გამოვიდა მისგან. და განცვიფრდნენ ყველანი, და ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „რა არის ეს? ახალი მოძღვრება ხელმწიფებით! უწმიდურ სულებსაც კი უბრძანებს და ისინი ემორჩილებიან მას!“ და მოედო მისი ამბავი მყისვე გალილეის მთელ მხარეს. სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესთან და იაკობთან ერთად. სიმონის სიდედრი იწვა სიცხით შეპყრობილი. და მაშინვე უთხრეს მას მასზე. მივიდა, მოჰკიდა ხელი და წამოაყენა. და გაუარა მას სიცხემ და ემსახურებოდა მათ. საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო. და მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან. მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ აძლევდა ეშმაკებს, ეთქვათ, რომ იცნობდნენ მას. განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამით, ადგა, გავიდა და წავიდა უდაბურ ადგილას, და იქ ლოცულობდა. და გაედევნენ მას სიმონი და მასთან მყოფნი. და იპოვეს იგი და უთხრეს: „ყველა შენ გეძებს.“ ეუბნება მათ: „წავიდეთ სხვაგან ახლომახლო დაბებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული.“ და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს. მივიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა მის წინ, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“ შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი მას და განიწმიდა. და მკაცრად გააფრთხილა იგი და მაშინვე გაუშვა, უთხრა რა მას: „უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათთვის დასამოწმებლად.“ მაგრამ მან კი, როდესაც გავიდა, დაიწყო ქადაგება და ისე ცნობილი გახადა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იმყოფებოდა. და ყოველი მხრიდან მიდიოდნენ მასთან. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და როდესაც ხმა დაირხა, რომ სახლში იყო, იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ არც სახლში და არც კარის წინ ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას. და მოვიდნენ და მოიყვანეს დამბლადაცემული, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. და რომ ვერ შეძლეს მასთან მიყვანა ხალხის გამო, გადახადეს სახლს სახურავი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზეც დამბლადაცემული იწვა, იქ, სადაც ის იყო. დაინახა იესომ მათი რწმენა და ეუბნება დამბლადაცემულს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“ ისხდნენ იქ ზოგიერთნი მწიგნობართაგან და გულში ფიქრობდნენ: „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთს გმობს. ვის შეუძლია ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?“ მაშინვე მიხვდა იესო თავისი სულით, რასაც თავისთვის ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: „რად ფიქრობთ გულში ასე? რა უფრო ადვილია – თქმა დამბლადაცემულისთვის: ‘შენი ცოდვები მოგეტევა,’ თუ თქმა: ‘ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე’? ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს დედამიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება“ – ეუბნება დამბლადაცემულს: „გეუბნები შენ, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“ და ადგა იგი, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“ და კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ. და როდესაც მიდიოდა, დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და ეუბნება: „გამომყევი მე.“ და ისიც ადგა და გაჰყვა მას. და როდესაც ინახით იჯდა მის სახლში, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალი იყო იქ, ვინც გაჰყვა მას. როდესაც ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ გაიგონა ეს იესომ და ეუბნება მათ: „ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ სნეულებს. მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა.“ და მარხულობდნენ იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი. და მივიდნენ მასთან და უთხრეს: „რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ მარხვა მექორწილეებს, ვიდრე სიძე მათთან არის? ვიდრე სიძე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხვა, მაგრამ მოვა დღეები, როდესაც სიძე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ იმ დღეს. არავინ აკერებს ძველ ტანსაცმელს ახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახლადდაკერებული მოეხევა ძველს და უარესი ნახევი გაუჩნდება. არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.“ და ერთხელ, როდესაც შაბათ დღეს ყანებზე გადადიოდა, მისმა მოწაფეებმა დაიწყეს გზადაგზა თავთავების წყვეტა. ფარისევლებმა უთხრეს მას: „აჰა, რატომ აკეთებენ ისინი იმას, რაც შაბათ დღეს ნებადართული არ არის?“ ეუბნება მათ: „არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც გაუჭირდა და მოშივდა მას და მასთან მყოფთ? როგორ შევიდა ღმერთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და მასთან ერთად მყოფებსაც მისცა?“ და უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.“ ამრიგად, კაცის ძე არის შაბათის უფალი. და კვლავ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. და უთვალთვალებდნენ, შაბათ დღეს თუ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. და უთხრა ხელგამხმარ კაცს: „დადექი შუაში.“ ეუბნება მათ: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა? სიცოცხლის ხსნა თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი. გადახედა მათ რისხვით მათი გულდახშულობით შეწუხებულმა, და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!“ და მანაც გაიწოდა და აღუდგა ხელი. და გავიდნენ ფარისევლები და მაშინვე დაიწყეს თათბირი ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი. იესო კი თავის მოწაფეებთან ერთად ზღვისკენ გაემართა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. დიდძალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდან, როდესაც გაიგეს, რა მოიმოქმედა. და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა, რადგან ბევრი განკურნა, ისე რომ ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რა სენი სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას. უწმიდური სულებიც, როგორც კი მას დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღმერთისა!“ და მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი. და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და მივიდნენ მასთან. და დაადგინა თორმეტნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად, და ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება. და დაადგინა თორმეტნი და უწოდა სახელად: სიმონს – პეტრე; იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს – ქუხილის ძენი; ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. და მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარ ჭამეს. და გაიგეს მისიანებმა და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: „შეშლილი არის!“ იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: „ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრით სდევნის ეშმაკებს.“ და მოუხმო მათ და იგავებით უთხრა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა? თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს. და თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს; და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს, არამედ დაუდგა აღსასრული. ვერავინ შეძლებს ძლიერის სახლში შესვლას და მისი ნივთების გატაცებას, თუ ჯერ ძლიერს არ შეკრავს, და მაშინღა გაძარცვავს მის სახლს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთა შვილებს, რამდენსაც უნდა გმობდნენ; ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.“ – რადგან თქვეს: „უწმიდური სული ჰყავს.“ და მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. და ისხდა მის გარშემო ხალხი, და უთხრეს: „გარეთ არიან შენი დედა და შენი დები და შენი ძმები და გეძებენ.“ მიუგო მათ და უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“ და გადახედა თავის გარშემო მსხდომთ და უთხრა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები. რადგან ის, ვინც ღმერთის ნებას ასრულებს, არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“ და კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. და მოიყარა თავი მასთან დიდძალმა ხალხმა, ისე რომ ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე. ბევრს ასწავლიდა იგი იგავებით და მოძღვრავდა მათ და ეუბნებოდა: „ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დაეცა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს. ზოგი კლდოვანზე დაეცა, სადაც ბევრი მიწა არ იყო და მალე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე აკლდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები და მოაშთეს იგი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო. ზოგი კარგ ნიადაგზე დაეცა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა: ზოგმა – ოცდაათად, ზოგმა – სამოცად და ზოგმა – ასად.“ და თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“ და როდესაც მარტო დარჩა, შეეკითხნენ მას იგავის შესახებ მის გარშემო მყოფნი თორმეტთან ერთად. და უთხრა მათ: „თქვენ მოგეცათ ცოდნა ღმერთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის. რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.“ და ეუბნება მათ: „არ გესმით ეს იგავი? მაშ როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს? მთესველი სიტყვას თესავს. გზის პირას მყოფნი არიან ისინი, ვისთანაც ითესება სიტყვა, მაგრამ როგორც კი მოისმენენ, მყისვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას. ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც, როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნილება სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან. სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ, მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი მოდიან და აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება. კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას ისმენენ და იღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი – ოცდაათად, სამოცად და ასად.“ და უთხრა მათ: „განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დაიდგას? არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“ და უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.“ რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. და თქვა: „ღმერთის სასუფეველი მსგავსია კაცისა, რომელიც თესლს აგდებს მიწაში, სძინავს ღამით და დგება დღისით. თესლი კი აღმოცენდება და იზრდება და მან არც კი იცის, როგორ. რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში. ხოლო როდესაც მომწიფდება ნაყოფი, მყისვე შეიტანს ნამგალს, რადგან მოაწია მკამ.“ და თქვა: „რას ვამსგავსოთ ღმერთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გადმოვცეთ? იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის, მაგრამ როდესაც დაითესება, ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ.“ და მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ. და იგავის გარეშე არ ელაპარაკებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს. უთხრა მათ იმავე დღეს, როდესაც მოსაღამოვდა: „გადავცუროთ გაღმა.“ გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო. და ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე იძირებოდა. ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და ეუბნებიან მას: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“ წამოდგა და შერისხა ქარს და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ და დაცხრა ქარი და დიდი მყუდროება ჩამოდგა. და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“ შეეშინდათ მათ დიდი შიშით და ერთმანეთს უთხრეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ ემორჩილება?“ და გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში. ნავიდან რომ გადმოვიდა, შემოხვდა კაცი სამარხებიდან, უწმიდური სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. რადგან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. დღისით და ღამით მუდამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. და როდესაც დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, იესო, უზენაესი ღმერთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“ რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, უწმიდურო სულო!“ და ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ და უპასუხა მას: „ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ.“ და ბევრს ევედრებოდნენ, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი. იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა. და შეევედრნენ მას და უთხრეს: „გაგვზავნე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში.“ და დართო მათ ნება და გამოსული უწმიდური სულები შევიდნენ ღორებში. და გადაეშვა კოლტი კბოდედან ზღვაში, 2 ათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში. ხოლო მათი მწყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს, და გამოვიდა ხალხი, რომ ენახათ, რა მოხდა. მივიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის, შემოსილი და გონსმოსული, და შეშინდნენ. და უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს. და შეევედრნენ, გასცლოდა მათ საზღვრებს. ნავში ასვლისას, შეევედრა მას ყოფილი ეშმაკეული, შენთან დავრჩებიო. მაგრამ არ დართო ნება, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში შენიანებთან და უამბე მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და როგორ შეგიწყალა.“ წავიდა და გამოაცხადა ათქალაქში, რაც გაუკეთა მას იესომ, და ყველას უკვირდა. და როდესაც იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. და იყო ზღვის პირას. მოვიდა სინაგოგის ერთ-ერთი მთავარი, სახელად იაიროსი და, როდესაც დაინახა იგი, მის ფეხთით დაეცა. მხურვალედ ევედრებოდა და ეუბნებოდა: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაადე ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს.“ და წაჰყვა მას. და აედევნა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდნენ. და იყო იქ ქალი, რომელსაც 12 წლის განმავლობაში სისხლის დენა ჰქონდა, და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, არამედ უარეს დღეში იყო ჩავარდნილი, მას გაეგო, რასაც ამბობდნენ იესოზე, და ხალხში უკანიდან მოუარა მას და შეეხო მის სამოსს. რადგან ამბობდა: „მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“ და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და იგრძნო სხეულში, რომ განიკურნა სენისაგან. მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსს?“ უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“ და მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი. ქალი კი, შეშინებული და აკანკალებული, რადგან იცოდა, რაც დაემართა, მივიდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა მთელი სიმართლე. მან კი უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ, წადი მშვიდობით და განკურნებული იყავი შენი სენისაგან.“ ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავრისაგან და თქვეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“ იესომ კი არ მიაქცია ყურადღება ნათქვამს და ეუბნება სინაგოგის მთავარს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს.“ და არავინ გაიყოლა თან, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი – იაკობის ძმისა. და მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში და ხედავს, მღელვარებაა, ტირიან და მოთქვამენ. და შევიდა და ეუბნება მათ: „რატომ ღელავთ და ტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ.“ ისინი კი დასცინოდნენ მას. მან გაუშვა ყველა გარეთ, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. მოკიდა ბავშვს ხელზე ხელი და ეუბნება მას: „ტალითა კუმი!“ რაც თარგმანით ნიშნავს: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“ და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. 12 წლისა იყო. და დიდად გაუკვირდათ. და მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. და უთხრა, საჭმელი მიეცათ მისთვის. და გავიდა იქიდან და მივიდა თავის მშობლიურ მხარეში. და გაჰყვნენ მისი მოწაფეებიც. შაბათი რომ დადგა, დაიწყო სწავლება სინაგოგაში. და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: „საიდანა აქვს მას ეს ყველაფერი? რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით? განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? განა აქვე ჩვენთან არ არიან მისი დები?“ და დაეჭვდნენ მასში. და უთხრა მათ იესომ: „არსად არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა, ნათესავებისა და საკუთარი სახლისა.“ და ვერ შეძლო მოეხდინა იქ რაიმე სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს დაადო ხელები და განკურნა. და უკვირდა მათი ურწმუნოება, და დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ. და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი დაგზავნა წყვილად და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე. და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა, არც პური, არც გუდა, არც ბრინჯაო სარტყლით. ჩაეცვათ სანდლები და არ შემოსილიყვნენ ორი პერანგით. და უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ. და თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფეხთაგან, როგორც მოწმობა მათ წინააღმდეგ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.“ და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება. და განდევნეს მრავალი ეშმაკი და სცხებდნენ ზეთს მრავალ სნეულს და კურნავდნენ. და შეიტყო ეს მეფე ჰეროდემ, რადგან ცნობილი გახდა იესოს სახელი და თქვა: „იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენ ძალები მასში.“ სხვები ამბობდნენ: „ეს ელია არის.“ ზოგი კი ამბობდა: „წინასწარმეტყველია, პირველ წინასწარმეტყველთაგანი.“ შეიტყო ეს ჰეროდემ და თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით.“ რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ შეგფერის, რომ შენი ძმისცოლი გყავდეს ცოლად.“ ჰეროდია კი მტრად იყო მასზე მოკიდებული და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო. რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. მისი მოსმენა დიდად აფიქრებდა და სიამოვნებით უგდებდა ყურს. და დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულებს. შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ.“ და ფიცით აღუთქვა მას: „რაც გინდა მთხოვე, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი.“ გამოვიდა და ჰკითხა თავის დედას: „რა ვთხოვო?“ მან კი უთხრა: „იოანე ნათლისმცემლის თავი.“ და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი.“ შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო არ ისურვა მისი გაწბილება. მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა. და წავიდა იგი და მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა თავის დედას მისცა. შეიტყვეს ეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს. შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს. ეუბნება მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ.“ რადგან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. და წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას მარტონი. და დაინახეს, რომ მიდიოდნენ და ბევრმა იცნო ისინი. და გაედევნენ ფეხით ყოველი ქალაქიდან და მიასწრეს მათ. და როდესაც გადმოვიდნენ, უამრავი ხალხი დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ ბევრის სწავლება. უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიან არის. გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა-სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო.“ მან კი მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი.“ და ეუბნებიან მას: „წავიდეთ, 200 დინარის პური ვიყიდოთ და მივცეთ ამათ საჭმელად?“ ეუბნება მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს და ეუბნებიან: „ხუთი და ორიც თევზი.“ მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე. და დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად. და აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ახედა ცას, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას. და ჭამა ყველამ და გაძღა. და აკრიფეს დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან 12 სავსე გოდორი. და იყო პურისმჭამელი 5 ათასამდე მამაკაცი. მყისვე უბრძანა თავის მოწაფეებს, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. რომ გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად. როდესაც მოსაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე. და როცა დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარი იყო, ღამის მეოთხე სადარაჯოზე წავიდა მათკენ ზღვაზე სიარულით და უნდოდა გვერდი აევლო მათთვის. ხოლო მათ, ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენება არისო, და შეჰყვირეს. ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ და ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი. და კიდევ უფრო გაუკვირდათ. რადგან ჯერ პურების ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, არამედ გული გაქვავებოდათ. და გავიდნენ გაღმა ხმელეთზე გენესარეთისკენ, და ჩაუშვეს ღუზა. როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. შემოირბინეს მთელი ის მხარე და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო. და სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. და ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა. შეიკრიბნენ მასთან ფარისეველნი და ზოგიერთი მწიგნობარი, რომლებიც იერუსალიმიდან მოვიდნენ, და როცა დაინახეს, რომ ზოგიერთი მის მოწაფეთაგან უსუფთაო, ესე იგი, დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს, – ხოლო ფარისეველნი და იუდეველნი ისე არ ჭამენ საჭმელს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი და ასე იცავენ უხუცესთა გადმოცემას; სავაჭროდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ, და სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად: სასმისების, თასების, ბრინჯაოს ქვაბების გავლება წყალში, – ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემისამებრ და დაუბანელი ხელით ჭამენ პურს?“ ხოლო მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცების შესახებ, როგორც წერია: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან. ფუჭად მცემენ თაყვანს, ასწავლიან რა ადამიანურ მცნებათა მოძღვრებას.’ ღმერთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ ადამიანთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ.“ და უთხრა მათ: „განა კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ! მოსემ თქვა: ‘პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’ თქვენ კი ამბობთ: თუ ადამიანი ეტყვის მამას ან დედას: კორბან (რაც ნიშნავს: შესაწირავია ის, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა) – მას თქვენ ნებას რთავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისათვის ან დედისათვის. აუქმებთ ღმერთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ.“ მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა მათ: „მისმინეთ ყველამ და გაიგეთ: არაფერია ადამიანის გარეთ, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს. თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“ როდესაც ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას ამ იგავზე. და ეუბნება მათ: „მაშ თქვენც უმეცარნი ხართ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა? რადგან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გარეთ გამოდის. ასე განიწმიდება ყოველგვარი საკვები. და განაგრძო: კაცისაგან გამომავალი კი ბილწავს კაცს, რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“ ადგა და იქიდან ტვიროსის საზღვრისკენ წავიდა. სახლში შესულს არ უნდოდა, რომ ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა. მყისვე გაიგო მის შესახებ ერთმა ქალმა, რომლის ასული უწმიდური სულით იგვემებოდა, და მივიდა და დაემხო მის ფეხთით. ეს ქალი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან. მან უთხრა მას: „მოითმინე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებისთვის პურის წართმევა და ძაღლებისთვის გადაყრა.“ მან კი მიუგო და უთხრა: „მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს.“ უთხრა მას: „მაგ სიტყვისათვის, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისაგან.“ წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო. და როდესაც კვლავ გაბრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრებს შორის, მიუყვანეს მას ყრუ-მუნჯი და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას, ახედა ცას, ამოისუნთქა და ეუბნება მას: „ეფფათა,“ რაც ნიშნავს: „განიხსენ.“ და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა. და უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ. უკვირდათ მეტისმეტად და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს სმენას უბოძებს და მუნჯებს ალაპარაკებს.“ იმ დღეებში კვლავ დიდძალი ხალხი იყო მასთან და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ. უჭმელნი რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული.“ მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: „საიდან უნდა შევძლოთ ამდენი ხალხის დაპურება უდაბნოში?“ და ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ თქვეს: „შვიდი.“ და უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. და ჩამოურიგეს ხალხს. და ჰქონდათ რამდენიმე პატარა თევზიც. აკურთხა ისინიც და უბრძანა ჩამოერიგებინათ. და ჭამეს და გაძღნენ, და დარჩენილი ნატეხებისგან შვიდი კალათი აიღეს. იყვნენ ასე 4 ათასამდე. და გაუშვა ყველანი. და მაშინვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და წავიდნენ დალმანუთის მხარეში. და გამოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს კამათი და მოითხოვდნენ მისგან გამოსაცდელად ნიშანს ციდან. და ამოიოხრა ღრმად თავისი სულით და თქვა: „რისთვის თხოულობს ეს თაობა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არ მიეცემა ამ თაობას ნიშანი.“ და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა. პურის წაღება დაავიწყდათ, ნავში კი ერთი პურის მეტი არა ჰქონდათ. და უბრძანა და უთხრა: „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.“ ისინი კი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „არა გვაქვს პური.“ მიხვდა და ეუბნება მათ: „რატომ ამბობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაიგეთ და ვერ შეიგნეთ? გული გაგიქვავდათ? თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ? როდესაც ხუთი პური დავტეხე 5 ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ ეუბნებიან: „თორმეტი.“ „როცა 4 ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ და ეუბნებიან: „შვიდი.“ და უთხრა მათ: „როგორ ვერ ხვდებით?“ მივიდნენ ბეთსაიდაში და მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას. მოჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელი და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“ მან მაღლა აიხედა და თქვა: „ვხედავ ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს, როგორც ხეებს.“ მერე კვლავ დაადო ხელი თვალებზე და თვალისჩინი აღუდგა მას, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა. გაისტუმრა შინ და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ.“ წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებისკენ და გზაში შეეკითხა იგი თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე?“ მათ უთხრეს: „ამბობენ, იოანე ნათლისმცემელიო, სხვები – ელიაო, სხვები – ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო.“ ჰკითხა მათ: „თქვენ რაღას იტყვით, ვინ ვარ მე?“ მიუგო პეტრემ და უთხრა: „შენ ხარ ქრისტე.“ და უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე. და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს ბევრი იტანჯოს, უარყოფილ იქნას უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს. და ცხადად ამბობდა ამ სიტყვას. და გაიყვანა პეტრემ და დაუწყო კიცხვა. ის კი მიბრუნდა და შეხედა თავის მოწაფეებს. და გაკიცხა პეტრე და ეუბნება: „გამშორდი, სატანავ! ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას.“ და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს ჩემი გამოყოლა, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. ვისაც სურს თავისი სამშვინველის ხსნა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ან სახარების გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, იხსნის მას. რას არგებს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყნიერება შეიძინოს, თავის სამშვინველს კი ავნოს? ან რას გასცემს ადამიანი თავისი სამშვინველის სანაცვლოდ? რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ გარყვნილ და ცოდვილ თაობაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.“ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მდგომთაგან არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს.“ ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე. მისი სამოსი გახდა ბრწყინვალე, ისეთი ელვარე თეთრი, როგორც ვერც ერთი გამთეთრებელი დედამიწის ზურგზე ვერ შეძლებდა გათეთრებას. და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ელაპარაკებოდნენ იესოს. მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა; გავაკეთებთ სამ კარავს, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“ არ იცოდა, რას ლაპარაკობდა, რადგან შიშმა მოიცვა ისინი. და გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც მოუჩრდილა მათ და იყო ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ისმინეთ მისი!“ და უცებ რომ მიმოიხედეს, ირგვლივ ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი. და როდესაც მთიდან ჩამოდიოდნენ, უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე. და ეს სიტყვა დაიმარხეს თავისთავში და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა?“ ჰკითხეს მას: „ხომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს?“ და უთხრა მათ: „დიახ, ჯერ ელია მოდის და აღადგენს ყოველივეს. კაცის ძის შესახებ კი როგორ წერია? ის, რომ უნდა იტანჯოს და დამცირდეს. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც წერია მასზე.“ და როდესაც მოწაფეებთან მივიდა, დაინახა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოდავე მწიგნობრები. მყისვე დაინახა ის მთელმა ხალხმა და შეძრწუნებულები გაიქცნენ მისასალმებლად. ჰკითხა მათ: „რას ედავებით მათ?“ მიუგო მას ერთმა ამ ხალხიდან: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც სიმუნჯის სული სჭირს. და სადაც კი შეიპყრობს, ძირს დასცემს მას, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“ მიუგო მათ და უთხრა: „ოჰ, ურწმუნო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი.“ და მოუყვანეს მას. და როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა ძირს, დაეცა ის მიწაზე და გორავდა დუჟმორეული. ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან. ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე, შეგვიბრალე ჩვენ.“ იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლია? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“ მყისვე შესძახა ბავშვის მამამ და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“ როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდურ სულს და უთხრა: „სიმუნჯის და სიყრუის სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“ და შეჰყვირა და მაგრად შეაზანზარა იგი და გავიდა. და მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. იესომ ჩასჭიდა ხელი, წამოაყენა და ისიც ფეხზე დადგა. სახლში რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ იგი?“ უთხრა მათ: „ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით.“ იქიდან რომ წამოვიდნენ, გალილეაზე გადიოდნენ. და არ უნდოდა, რომ ვინმეს ეცნო. ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემულ იქნება ადამიანთა ხელში, და მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ მათ კი ვერ გაიგეს ნათქვამი და ვერ ბედავდნენ, რომ შეკითხოდნენ მას. მივიდნენ კაპერნაუმში და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე დაობდით გზაში?“ ისინი დუმდნენ, რადგან გზაში ერთმანეთში დაობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „ვისაც სურს, რომ იყოს პირველი, იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“ მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შორის, მოეხვია და უთხრა მათ: „ვინც ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.“ უთხრა მას იოანემ: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ ვიღაც, რომელიც შენი სახელით დევნის ეშმაკებს, და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება.“ იესომ თქვა: „ნუ აუკრძალავთ, რადგან, ვინც ჩემი სახელით სასწაულს მოახდენს, ვერ შეძლებს მალევე დამგმოს მე; რადგან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის. რადგან ვინც ერთ ჭიქა წყალს შეგასმევთ ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება მას თავისი საზღაური. ხოლო ვინც აცდუნებს ერთს ამ მცირეთაგანს ჩემს მორწმუნეთაგან, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ მისთვის კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ. თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, ხეიბარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტ ცეცხლში, სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალთვალა შეხვიდე ღმერთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. რადგან ყოველივე ცეცხლით დამარილდება. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი აღადგენთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში.“ და ადგა და წავიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. და კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ. მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: ნებადართულია კაცისთვის ცოლის გაშვება? და სცდიდნენ მას. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?“ მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება.“ იესომ კი უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. შესაქმის დასაბამიდან ღმერთმა კაცად და ქალად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის ცოლს. და იქნებიან ორნი ერთი სხეული. ამრიგად, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.“ სახლში ყოფნისას მოწაფეები კვლავ შეეკითხნენ ამაზე. და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. და თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას შეირთავს, მრუშობს.“ და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი კიცხავდნენ მომყვანებს. დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მათნაირებისაა ღმერთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“ მოეხვია მათ, ხელები დაადო და აკურთხა ისინი. გზას რომ გაუდგა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შესთხოვა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“ მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი.“ იესომ შეხედა, შეუყვარდა ის და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.“ ის კი შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა. მიმოიხედა იესომ და ეუბნება თავის მოწაფეებს: „რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის ღმერთის სასუფეველში შესვლა!“ მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო და ეუბნება მათ: „შვილებო, რა ძნელია ღმერთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სასუფეველში.“ მათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში თქვეს: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“ შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს შეუძლებელია ადამიანთათვის და არა ღმერთისათვის, რადგან ღმერთისათვის ყოველივე შესაძლებელია.“ დაუწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს, და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს. ხოლო პირველთაგან მრავალნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი.“ გზად მყოფნი იერუსალიმში რომ ადიოდნენ, წინ იესო მიუძღოდათ, მაგრამ კრთოდნენ ისინი, და ვინც მისდევდა, მათაც ეშინოდათ. კვლავ გაიყვანა თორმეტნი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას: „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ; დასცინებენ მას, გაამათრახებენ, აფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება.“ და მივიდნენ მასთან იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ.“ უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?“ მათ უთხრეს: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე – მარცხნივ, შენს დიდებაში.“ ხოლო იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელსაც მე ვსვამ, და მიიღოთ ნათლობა, რომლითაც მე ვინათლები?“ მათ უთხრეს: „შეგვიძლია.“ იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით, მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომის მოცემა ჩემზე არ არის, არამედ მათია, ვისთვისაც გამზადებულია.“ გაიგო ეს ათმა და დაიწყეს დრტვინვა იაკობზე და იოანეზე. მოიხმო ისინი იესომ და ეუბნება: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი ბატონობენ მათზე და მათი დიდებულები ხელმწიფებენ მათზე. ნუ იქნება ასე თქვენს შორის, არამედ, ვისაც თქვენს შორის სურს იყოს დიდი, ის თქვენი მსახური იყოს, და ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, იყოს ყველას მონა! რადგან კაცის ძე იმისთვის კი არ მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და გასცეს თავისი სამშვინველი მრავალთა გამოსასყიდად.“ და მივიდნენ იერიქოში. იერიქოდან რომ გადიოდა თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი. და როდესაც მოესმა, იესო ნაზარეველიაო, დაიწყო ყვირილი და ამბობდა: „დავითის ძეო, იესო, შემიწყალე მე!“ ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ყვიროდა: „დავითის ძეო, შემიწყალე მე!“ შეჩერდა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას.“ და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.“ მან გადაიგდო მოსასხამი, წამოხტა და მივიდა იესოსთან. მიმართა მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს.“ იესომ უთხრა მას: „წადი, იარე, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. და მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა მას გზაზე.“ და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა ორნი თავის მოწაფეთაგან. და უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინ არის. როგორც კი შეხვალთ, მყისვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ ადამიანი არ შემჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ. და თუ ვინმემ გითხრათ: ‘ამას რას აკეთებთ?’ უთხარით, რომ უფალს სჭირდება და მალე დააბრუნებს.“ წავიდნენ და იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი, და აუშვეს იგი. იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: „რას აკეთებთ, რატომ აუშვით ჩოჩორი?“ მათაც უთხრეს, როგორც დააბარათ იესომ, და მოეშვნენ მათ. და მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე. ბევრი უფენდა მას გზაზე თავის ტანისამოსს, ზოგი კი მინდორში მოჭრილ ტოტებს. წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი! კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის, მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“ და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და მოათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიან იყო და გავიდა ბეთანიისაკენ თორმეტთან ერთად. მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა. და დაინახა შორიდან შეფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა მისკენ, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, რადგან არ იყო ლეღვობის ჟამი. და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე შენი ნაყოფი!“ და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა. მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამოყრა ტაძრიდან. ფულის მცვლელეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა. და არავის ანებებდა, რაიმე გაეტარებინათ ტაძარზე. ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „განა არა წერია: ‘ჩემი სახლი ყველა ერის სამლოცველო სახლად იწოდება’? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ.“ და გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ გზას, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი მოძღვრებით. როდესაც მოსაღამოვდა, გავიდნენ ქალაქიდან. როდესაც დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო, გაახსენდა პეტრეს და ეუბნება მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.“ მიუგო იესომ და ეუბნება მათ: „იქონიეთ ღმერთის რწმენა. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: ‘აიწიე და ზღვაში ჩავარდი,’ და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. ამიტომ გეუბნებით თქვენ: გწამდეთ, რომ ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, მიიღებთ და თქვენი იქნება. და როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუკი რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც, რომელიც ზეცაშია, მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.“ და მივიდნენ კვლავ იერუსალიმში და როდესაც ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან. და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ იესომ უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მიპასუხეთ, და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ ადამიანთაგან? მიპასუხეთ.“ და ბჭობდნენ ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, – ზეციდან, გვეტყვის, მაშ რატომ არ ირწმუნეთ მისი? მაგრამ თუ ვიტყვით, – ადამიანთაგან, – საშიშია, – რადგან ყველა ფიქრობდა, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.“ მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით.“ და იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“ და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო. მიწის მუშაკთ ჩააბარა და წავიდა. ჟამმა რომ მოაწია, გაგზავნა მიწის მუშაკებთან მონა, რათა მიეღო მათგან ვენახის ნაყოფი. მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. და კვლავ სხვა მონა გაუგზავნა მათ. თავში ურტყეს მას და შეურაცხყვეს. სხვა გაგზავნა და მოკლეს იგი. და კიდევ ბევრი სხვა, რომელთაგან ზოგს სცემეს და ზოგიც მოკლეს. ჰყავდა ერთადერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან, თქვა, ჩემი ძის მოერიდებათო. ამ მიწის მუშაკებმა კი თქვეს ერთმანეთში: ‘ეს მისი მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება.’ შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახს გარეთ. რას იზამს ვენახის პატრონი? – მივა, ამოწყვეტს მიწის მუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს. ნუთუ არ წაგიკითხავთ დაწერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში?’“ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ. და მიუგზავნეს მას ზოგიერთნი ფარისეველთა და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაზე. და მივიდნენ და უთხრეს მას: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცის სახეს კი არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“ მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო.“ მათაც მიუტანეს და ეუბნება მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ უთხრეს მას: „კეისრისა.“ იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს.“ და უკვირდათ მისი. მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ არ არის აღდგომა, და ჰკითხეს მას: „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ქალი და აღუდგინოს ნაშიერი თავის ძმას.’ იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, ნაშიერი არ დარჩენია. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია ნაშიერი. ასევე მესამემ. შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია ნაშიერი. ყველას შემდეგ კი ქალიც მოკვდა. აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“ უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა? რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო მკვდრების შესახებ, რომლებიც აღდგებიან, არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მას მაყვლის ბუჩქთან ღმერთმა: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა’? მკვდრებისა კი არ არის ღმერთი, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით.“ მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგად უპასუხა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?“ მიუგო იესომ: „პირველი მცნებაა, – ისმინე, ისრაელო! – უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია; შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“ და უთხრა მას მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტებას ამბობ შენ, რადგან ‘ის ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,’ და ‘გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონიერებით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი’ – ეს ყოველ სრულადდასაწველზე და შესაწირავზე მეტია.“ როდესაც იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღმერთის სასუფევლისგან.“ ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რაიმე ეკითხა მისთვის. და მიმართა იესომ მათ და თქვა, როდესაც ასწავლიდა ტაძარში: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა? თავად დავითმა თქვა სულიწმიდით: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.’ თავად დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის ის მისი ძე?“ და დიდძალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით. და თქვა თავისი მოძღვრებით: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი; სინაგოგებში კი – წინა რიგები და ნადიმებზე – წინა ადგილები, რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“ და იჯდა საგანძურის წინ და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ბევრმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი ქალი და ჩადო სპილენძის ორი მონეტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. და დაუძახა თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. რადგან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი ნაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა.“ და როდესაც ტაძრიდან გამოვიდა, ერთმა მის მოწაფეთაგან უთხრა მას: „შეხედე, მოძღვარო, როგორი ქვებია და როგორი შენობები!“ იესომ უთხრა მას: „ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიქცეს.“ და როდესაც ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის პირდაპირ, ჰკითხეს მას განმარტოებით მყოფმა პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, და რა არის იმის ნიშანი, რომ ყოველივე ეს უნდა აღსრულდეს?“ იესომ დაუწყო მათ ლაპარაკი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, რომ მე ვარ, და მრავალს შეაცდენენ. ხოლო როდესაც გაიგონებთ ხმებს ომებზე და ომების ამბებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია. თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროებზე, გცემენ სინაგოგებში, გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად. მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. და როდესაც წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა თქვათ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის თქვით, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა. და გადასცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ და მამა – შვილს. და აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომე მოითმენს, გადარჩება. როდესაც იხილავთ გავერანების სიბილწეს იქ, სადაც არა ჯერ-არს, იუდეაში მყოფმა მთებს მიაშუროს; ვინც ერდოზე იქნება, ძირს ნუ ჩამოვა და ნურც შინ შევა რაიმეს გამოსატანად; ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსის გამოსატანად, ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში! ილოცეთ, რომ ზამთარში არ მოხდეს ეს, რადგან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან ქმნილებისა, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც არასოდეს იქნება. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა რჩეულთათვის, რომლებიც ამოირჩია. მაშინ თუ გეტყვით ვინმე: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან ‘აჰა, იქ არის,’ არ ერწმუნოთ. რადგან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. თქვენ კი გაფრთხილდით. წინასწარ გითხარით ყველაფერი. ხოლო იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალნი. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით. მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ თავის რჩეულებს ოთხივე ქარისაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე. ლეღვისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როცა დაინახავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და მიწა გარდავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გარდავლენ. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. გაფრთხილდით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. მსგავსად იმისა, როგორც გზაზე დამდგარი კაცი ტოვებს თავის სახლს, თავის მონებს აძლევს ხელმწიფებას, ყველას თავის საქმეს მიუჩენს და მეკარეს უბრძანებს ფხიზლად ყოფნას, – ასევე იფხიზლეთ! რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოს თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, რათა მოულოდნელად მოსულმა მძინარენი არ გპოვოთ. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ!“ ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, როგორ შეეპყრათ იგი მზაკვრობით და მოეკლათ. და ამბობდნენ: „ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდეს.“ და როდესაც ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვანის სახლში, და ინახად იჯდა, მივიდა ქალი, რომელსაც ალაბასტრონის ჭურჭლით ძვირად ღირებული ნარდის სუფთა ნელსაცხებელი ჰქონდა, გატეხა ალაბასტრონი და თავზე დაასხა მას. იყვნენ იქ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: „ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელი? ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება?“ და კიცხავდნენ მას. იესომ თქვა: „მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მან კეთილი საქმე გამიკეთა მე. რადგან ღარიბები მუდამ თქვენთან გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს ნელსაცხებელი დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგება სახარება მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან იმასაც, რაც მან გააკეთა, მის მოსაგონებლად.“ იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი. მათ მოისმინეს და გაიხარეს, და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი. უფუარობის პირველ დღეს, როცა პასექი იკვლება, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ და გაგზავნა ორი თავის მოწაფეთაგან და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას და სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარმა თქვა: ‘სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, ჩემს მოწაფეებთან ერთად რომ ვჭამო პასექი?’ და ის გიჩვენებთ ზემო დარბაზს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ.“ გამოვიდნენ მისი მოწაფეები და წავიდნენ ქალაქში, და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი. როდესაც მოსაღამოვდა, მოვიდა თორმეტთან ერთად. და როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.“ ისინი შეწუხდნენ და ეკითხებოდნენ სათითაოდ: „მე ხომ არა?“ მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში რომ ჩააწობს. რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა კაცის ძე. ჯობდა იმ კაცისათვის, რომ არ დაბადებულიყო.“ და როდესაც ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ – ეს არის ჩემი სხეული!“ აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ, და იქიდან შესვა ყველამ. უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როდესაც შევსვამ ახალს ღმერთის სასუფეველში.“ და იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. ეუბნება მათ იესო: „ყველანი ცდუნდებით, რადგან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’ მაგრამ ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში.“ პეტრემ უთხრა მას: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა!“ და ეუბნება მას იესო: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ ის კი მეტი დაჟინებით ამბობდა: „თუნდაც შენთან ერთად მოვკვდე, არ უარგყოფ.“ ასევე ამბობდნენ ყველანი. მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსემანია, და ეუბნება თავის მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვილოცებ.“ წაიყვანა თავისთან ერთად პეტრე, იაკობი და იოანე. და იწყო წუხილი და ურვა. ეუბნება მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სიკვდილამდე. იყავით აქ და იფხიზლეთ.“ გაიარა მცირედი და დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი. და თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ.“ მიდის და პოულობს მათ მძინარეთ და ეუბნება პეტრეს: „სიმონ, გძინავს? ვერ შესძელი, ერთ საათს გეფხიზლა? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“ და კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა. და კვლავ მივიდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ, და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის. და მივიდა მესამედ და ეუბნება მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და განისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ. ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“ და უეცრად, როდესაც ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან. მიეცა მის გამცემს მათთვის ნიშანი და ეთქვა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ.“ და მივიდა, მყისვე მიუახლოვდა მას და ეუბნება: „რაბი!“ და ეამბორა. მათ კი ხელი დაადეს და შეიპყრეს იგი. ერთმა იქ მდგომთაგან იძრო მახვილი, სცა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „როგორც ავაზაკზე, ისე გამოხვედით ჩემს შესაპყრობად მახვილებითა და კეტებით. ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილები.“ და მიატოვეს იგი და გაიქცნენ ყველანი. ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. და შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა. და მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. და მოიყარა თავი ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. პეტრე შორიდან მიჰყვებოდა მას თვით მღვდელმთავრის ეზომდე, და დაჯდა მსახურებთან და ცეცხლს მიეფიცხა. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. მრავალი ცრუდ მოწმობდა მის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ზოგნი წამოდგნენ და ცრუდ მოწმობდნენ მის წინააღმდეგ და ამბობდნენ: „ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამბობდა: ‘დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელს.’“ მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. დადგა მღვდელმთავარი შუაში და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“ ის კი დუმდა და არ პასუხობდა. კვლავ ეკითხება მღვდელმთავარი და ეუბნება: „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?“ იესომ თქვა: „მე ვარ. იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებთან ერთად მომავალს.“ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: „რაღად გვინდა მოწმეები? თქვენ მოისმინეთ გმობა. რას იტყვით?“ მაშინ ყველამ დასდო მსჯავრი მას, როგორც სიკვდილის თანამდებს. და დაუწყეს ზოგიერთებმა მას ფურთხება; სახე დაუფარეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: „იწინასწარმეტყველე!“ და მსახურები სახეში ურტყამდნენ. როდესაც პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი, დაინახა ცეცხლს მიფიცხებული პეტრე, დააკვირდა და ეუბნება: „შენც ნაზარეველთან ერთად იყავი, იესოსთან.“ მან უარყო და თქვა: „არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობ.“ გავიდა ეზოს გარეთ და მამალმა იყივლა. მხევალმა დაინახა იგი და კვლავ დაიწყო ლაპარაკი იქ მდგომთა გასაგონად, ესეც იმათთაგანიაო. მან კი კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი ხარ, კილოზეც გეტყობა.“ და დაიწყო მან თავის წყევლა და ფიცილი: „არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზეც მელაპარაკებით.“ და მყისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა: სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე. და ატირდა. და მაშინვე, დილით ადრე, მოითათბირეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად და შეკრეს იესო, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს. და ჰკითხა მას პილატემ: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ.“ და ბევრ რამეს აბრალებდნენ მას მღვდელმთავრები. პილატემ კვლავ ჰკითხა მას: „არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენს გაბრალებენ?“ ხოლო იესო აღარაფერზე პასუხობდა, და გააოცა ამით პილატე. ხოლო დღესასწაულებზე იგი უთავისუფლებდა მათ ერთ პატიმარს, ვისაც სთხოვდნენ. და იყო ვინმე, ბარაბად წოდებული, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ. ავიდა ხალხი და დაუწყო თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ. პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“ რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი. მღვდელმთავრებმა კი შეაგულიანეს ბრბო, რომ ბარაბას გათავისუფლება ეთხოვათ. პილატემ კვლავ მიმართა და უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?“ მათ კი კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!“ პილატემ უთხრა მათ: „მაგრამ რა ბოროტება ჩაიდინა?“ მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტი დაჟინებით აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!“ პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის მომადლიერება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გამათრახების შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ. ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი ეზოს შიგნით, პრეტორიუმში, და შეკრიბეს მთელი რაზმი, შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი. და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ და ურტყამდნენ თავში ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს. და როდესაც შეურაცხყვეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს, და გამოიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ. და აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფეს მამა, რომელიც ყანიდან მოდიოდა, წამოეღო მისი ჯვარი. და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა (თარგმანით ეს არის თხემის ადგილი). და მიაწოდეს მას მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო. და ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით, ვის რა ერგებოდა. იყო მესამე საათი, როდესაც ჯვარს აცვეს იგი. და იყო წარწერა მისი ბრალდებისა ამგვარად დაწერილი: „მეფე იუდეველთა.“ და მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა.“ გამვლელები გმობდნენ მას, თავს აქნევდნენ და ამბობდნენ: „ეჰა, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან!“ ასევე მღვდელმთავარნი, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ.“ და მასთან თანაჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას. და როდესაც მეექვსე საათი დადგა, ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა მეცხრე საათამდე. მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?“ იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს და თქვეს: „აჰა, ელიას უხმობს.“ ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად, თან ამბობდა: „აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად.“ იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა. და ტაძრის ფარდა ორად გაიპო თავიდან ბოლომდე. როდესაც მის წინ მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო ეს ადამიანი.“ აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უყურებდნენ. მათ შორის იყო მარიამ მაგდალელი, და მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე, რომლებიც მის გალილეაში ყოფნისას თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს. როდესაც მოსაღამოვდა, რაკი პარასკევი იყო, რომელიც შაბათის წინადღეა, მოვიდა იოსებ არიმათიელი, პატივდებული მრჩეველი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სასუფეველს, გაბედა და შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს ცხედარი. პილატეს გაუკვირდა, რომ უკვე მკვდარი იყო და დაუძახა ასისთავს და ჰკითხა, მოკვდა თუ არა უკვე. და რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს ცხედარი. და იყიდა მან ტილო, გარდამოხსნა იგი, შეგრაგნა ტილოთი და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხს კარზე. მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, იოსეს დედამ, დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი. შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. და ერთშაბათს, დილით ადრე, მივიდნენ სამარხთან მზის ამოსვლისას. და ამბობდნენ ერთმანეთში: „ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდან?“ გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო იყო ის ძალიან დიდი. შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსით შემოსილი, და შეშფოთდნენ. ის კი ეუბნება მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ იესო ნაზარეველს, ჯვარცმულს. ის აღდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს. მაშ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: ‘აჰა, ის წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის.’“ და გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან ძრწოლამ და განცვიფრებამ შეიპყრო ისინი. და არავის არაფერი უთხრეს, რადგან შეშინებულები იყვნენ. როდესაც აღდგა ერთშაბათის განთიადისას, პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა. ის წავიდა და შეატყობინა მათ, ვინც მასთან იყო – მგლოვიარეთ და მტირალთ. ხოლო მათ, როდესაც მოისმინეს, რომ ცოცხალია და მარიამმა იხილა იგი, არ ირწმუნეს. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა იგი გზად მიმავალ ორ მათგანს, როდესაც სოფლისკენ მიდიოდნენ. ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც ამათი ირწმუნეს. მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი. და უთხრა მათ: „მოიარეთ მთელი ქვეყნიერება და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება. ეს ნიშნები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკებს, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ ხელში და რაიმე მომაკვდინებელიც რომ შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაადებენ და კარგად გახდებიან.“ ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმერთის მარჯვნივ. ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით. ამინ. რადგან ახლა ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის მომხდარ ამბავთა მწყობრ აღწერას ისე, როგორც გადმოგვცეს მათ, რომელნიც თავიდანვე თვითმხილველნი და სიტყვის მსახურნი გახდნენ, მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, ზუსტად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც ნასწავლი გაქვს. იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში იყო მღვდელი ვინმე, სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან, ხოლო მას ცოლად ჰყავდა აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. ორივენი მართლები იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ მისდევდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესს. მათ არ ჰყავდათ შვილი, რადგან ბერწი იყო ელისაბედი და ორივენი ხანგადასულნი იყვნენ. ერთხელ, როდესაც იგი თავისი რიგისამებრ მღვდლობდა ღმერთის წინაშე, სამღვდელო ჩვეულებით წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში, ხოლო გარეთ მთელი ხალხი ლოცულობდა კმევის დროს, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი, საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი. და შეკრთა ამის მხილველი ზაქარია და შიშმა მოიცვა ის. და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შეწყნარებულია შენი ლოცვა, და შენი ცოლი, ელისაბედი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს. და გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალი გაიხარებს მისი შობით. რადგან დიდი იქნება იგი უფლის წინაშე, ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს და სულიწმიდით იქნება აღვსილი დედის საშოდანვე. და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს უფლის, მათი ღმერთისაკენ. და ივლის ის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გულები შვილთა მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა სიბრძნის მიმართ და წარუდგინოს უფალს განმზადებული ხალხი.“ უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: „როგორ გავიგო ეს? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია.“ მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: „მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გაუწყო და გახარო ეს. და, აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდება, რადგან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება.“ ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში. გარეთ გამოსულმა მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ის კი მოძრაობით ანიშნებდა მათ და დარჩა მუნჯად. და როდესაც დასრულდა მისი მსახურების დღეები, წავიდა შინ. იმ დღეთა შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. ხუთ თვეს მალავდა თავს და ამბობდა: „ეს მიყო მე უფალმა ამ დღეებში, როდესაც მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ადამიანთა შორის.“ მეექვსე თვეს კი წარმოგზავნილ იქნა ღმერთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქში, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულს ერქვა სახელად მარიამი. და შევიდა მასთან ანგელოზი და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენთანაა.“ იგი შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: „რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვა?“ და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, მარიამ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ღმერთთან. აჰა, საშოში ჩაგესახება და შობ ძეს და დაარქმევ მას სახელს – იესოს. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძეს უწოდებენ. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს. და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“ უთხრა მარიამმა ანგელოზს: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს შენ. ამიტომ ბავშვს, რომელიც დაიბადება, წმიდა და ღმერთის ძე დაერქმევა. აჰა, შენს ნათესავს, ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე, რადგან ღმერთისათვის არაფერია შეუძლებელი.“ თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ მე. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.“ და წავიდა მისგან ანგელოზი. ადგა მარიამი იმ დღეებში და გაეშურა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქისაკენ. და შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. და მოხდა ისე, რომ როდესაც მოესმა მარიამის მოკითხვა ელისაბედს, შეიძრა ჩვილი მის საშოში. და აღივსო ელისაბედი სულიწმიდით, და შესძახა დიდი ხმით და თქვა: „კურთხეული ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულია შენი საშოს ნაყოფი! ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? რადგან, როდესაც შენი მოკითხვის ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეიძრა ჩვილი ჩემში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგან აღსრულდება ყველაფერი, რაც უფალმა უთხრა მას.“ და თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალს, და ზეიმობს ჩემი სული ღმერთში, ჩემს მაცხოვარში, რადგან მოხედა მან თავისი მხევლის სიმდაბლეს. და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა; რადგან დიდი რამ მიყო ძლიერმა, და წმიდაა სახელი მისი. და მისი წყალობა მის მოშიშებზე თაობიდან თაობამდეა. აჩვენა ძალა თავისი მკლავით, გაფანტა ქედმაღალნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად. ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი, და აამაღლა მდაბალნი; მშივრები სიკეთით აღავსო, და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა. შეეწია თავის შვილს, ისრაელს, რადგან გაიხსენა წყალობა, როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის ნაშიერთ საუკუნოდ.“ დაყო მარიამმა მასთან სამიოდე თვე და დაბრუნდა თავის სახლში. ხოლო ელისაბედს დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ძე. და გაიგეს მისმა მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მასზე და მასთან ერთად ხარობდნენ. მერვე დღეს მივიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მისი მამის სახელი – ზაქარია. და მიუგო მისმა დედამ და თქვა: „არა, იოანე უნდა ერქვას მას.“ უთხრეს მას: „შენს სანათესაოში არავინ არის, ეგ სახელი რომ ერქვას.“ და ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რა უნდოდა დაერქმია მისთვის. მან ფიცარი მოითხოვა, დაწერა და თქვა: „იოანეა მისი სახელი.“ და ყველას გაუკვირდა. და უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და აკურთხევდა ღმერთს. შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ გარშემო ცხოვრობდა, და მთელს იუდეის მთიანეთში დიდი მითქმა-მოთქმა იყო ყოველივე ამის გამო. ყველამ, ვინც ეს გაიგო, გულში ჩაიდო და თქვა: „რა გამოვა ამ ყრმისგან?“ და უფლის ხელი იყო მასთან. ხოლო მამამისი, ზაქარია, აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: „კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, რომ მოხედა და გაუმზადა გამოსყიდვა თავის ხალხს. აღგვიდგინა მაცხოვარების რქა თავისი მსახურის, დავითის, სახლში, როგორც გვაუწყებდა ძველთაგანვე თავისი წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან. წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს, და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას, ფიცს, რომლითაც შეჰფიცა აბრაამს, ჩვენს მამას, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ, ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილებს, უშიშრად გვემსახურა მისთვის სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი დღე და მოსწრება. და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, რადგან წინამორბედი იქნები უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რათა მისცე მის ხალხს ცოდნა ხსნის შესახებ მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღმერთის გულმოწყალების მეშვეობით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის ნათლის მისაცემად, ჩვენს ფეხთა წარსამართავად მშვიდობის გზაზე.“ ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა. იმ დღეებში გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, აღეწერათ მთელი ქვეყანა. ეს აღწერა პირველი იყო და მოხდა ის სირიაში კვირინიუსის გამგებლობისას. და მიდიოდა ყველა აღსაწერად, თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც ავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, რადგან იგი დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო. რათა აღწერილიყო თავის დანიშნულთან, მარიამთან, ერთად, რომელიც ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის ჟამი. და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და დააწვინა ბაგაში, რადგან სასტუმროში მათთვის ადგილი არ იყო. იმ მხარეში მწყემსები მინდვრად იყვნენ გასული და ღამის დარაჯად უდგნენ თავიანთ სამწყსოს. და, აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ თავზე და უფლის დიდება გამოუბრწყინდა მათ და შეეშინდათ დიდი შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება: რადგან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ეს გექნებათ ნიშნად: იპოვით ჩვილს, შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს.“ და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე კეთილი ნების ადამიანებს!“ და როდესაც ანგელოზები მათგან ზეცად ადიოდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ მომხდარი, რაც უფალმა გვაუწყა.“ გაეშურნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაში მწოლარე ჩვილი. და როდესაც ნახეს, აუწყეს მათ ის, რაც ემცნოთ ამ ჩვილის შესახებ. და ყველა, ვინც ისმენდა, გაკვირვებული იყო მწყემსების ნაამბობით. მარიამმა კი დაიუნჯა მთელი ეს ამბავი და გულში ამოძრავებდა მას. და დაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც გაიგონეს და იხილეს, როგორც ემცნო მათ. და როდესაც შესრულდა რვა დღე მისი წინადაცვეთის შესასრულებლად, ეწოდა მას სახელად იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული საშოში ყოფნამდე. და როდესაც დასრულდა მათი განწმედის დღეები მოსეს რჯულისამებრ, აიყვანეს იგი იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად, როგორც წერია უფლის რჯულში: „ყოველ პირველშობილ მამრს უფლის წმიდა ეწოდოს;“ და როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი – „წყვილი გვრიტის ან მტრედის ორი ხუნდის მსხვერპლად შესაწირად.“ და, აჰა, იყო კაცი იერუსალიმში, სახელად სიმეონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე. სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე. და შევიდა სულით აღძრული სიმეონი ტაძარში, და როდესაც მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა ყველაფერი გაეკეთებინათ მისთვის, როგორც რჯულის წესია, მან მიირქვა ჩვილი მკლავებზე, ადიდა ღმერთი და თქვა: „ახლა კი გაუშვი, ბატონო, შენი მსახური მშვიდობით, როგორც ნათქვამი გაქვს, რადგან იხილა ჩემმა თვალმა შენი მაცხოვარება, რომელიც შენ განამზადე ყოველი ერის წინაშე, წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, სადიდებლად.“ იოსებს და მის დედას კი უკვირდათ მასზე ნათქვამი. აკურთხა სიმეონმა ისინი და უთხრა მარიამს, მის დედას: „აჰა, დადგენილია ის ისრაელში მრავალთა დასამხობად და აღსადგენად და ნიშნად, რომელსაც შეედავებიან – და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, და გაცხადდება მრავალთა გულის ზრახვები.“ და იყო ჰანნა წინასწარმეტყველი, ფანუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, თავისი ქალწულობის შემდეგ შვიდ წელიწადს ქმართან ნაცხოვრები. და იყო იგი 84 წლის ქვრივი და არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღისით და ღამით. ისიც იმავე დროს მივიდა და ადიდებდა ღმერთს და აუწყებდა ყრმაზე ყველას, ვინც კი მოელოდა გამოსყიდვას იერუსალიმში. და როდესაც აღასრულეს ყოველივე უფლის რჯულისამებრ, დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით, და იყო ღმერთის მადლი მასზე. და ადიოდნენ მისი მშობლები ყოველ წელიწადს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. და 12 წლისა რომ გახდა, ავიდნენ იერუსალიმში ჩვეულებისამებრ, სადღესასწაულოდ. ხოლო იმ დღეების დასრულების შემდეგ, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში, იოსებმა და მისმა დედამ კი არ იცოდნენ. ეგონათ, რომ მგზავრებს შორის იყო და ერთი დღის გზა რომ გაიარეს, დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. და როდესაც ვერ ნახეს, დაბრუნდნენ იერუსალიმში მის საძებნელად. სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში მჯდომარე მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. და გაოცებული იყო ყველა მსმენელი მისი გონიერებითა და პასუხებით. დაინახეს იგი და გაუკვირდათ, და მისმა დედამ უთხრა მას: „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე გულშემოყრილები დაგეძებდით.“ და უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ რაც მამაჩემისა არის, მასში მმართებს ყოფნა?“ ხოლო მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რასაც ის ეუბნებოდათ. და გაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს, და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში დაიუნჯა მთელი ეს ამბავი. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმერთისა და ადამიანების წინაშე. ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როდესაც პონტოელი პილატე იყო გამგებელი იუდეაში და ჰეროდე ტეტრარქი გალილეაში, ხოლო მისი ძმა, ფილიპე ტეტრარქი იყო იტურეასა და ტრაქონიტისის მხარეში, და ლისანიას ტეტრარქობისას აბილენეში, ანნას და კაიაფას მღვდელმთავრობის დროს, იყო სიტყვა ღმერთისა იოანეს, ზაქარიას ძის, მიმართ უდაბნოში. და დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად, როგორც წერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. და ყოველი ხორციელი იხილავს ღმერთის ხსნას.’“ მოსანათლად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას? მაშ გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი და ნუ იფიქრებთ და იტყვით გულში: ‘მამად აბრაამი გვყავს;’ რადგან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. უკვე დევს ხეთა ფესვთან ცული. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.“ ჰკითხა მას ხალხმა და უთხრა: „მაშ, რა ვქნათ?“ მიუგო და უთხრა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. და ვისაც საჭმელი აქვს, ისიც ასე მოიქცეს.“ მოვიდნენ მებაჟენიც, რომ მონათლულიყვნენ და უთხრეს მას: „მოძღვარო, რა ვქნათ?“ უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ.“ ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რა ვქნათ?“ უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით.“ როდესაც ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, მიუგებდა და ეუბნებოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის ფეხსაცმლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით, მის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში შეაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“ კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. ხოლო ჰეროდე ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის, ჰეროდიას, გამო, და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა, ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა. როდესაც მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეციდან ხმა: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში არის ჩემი სათნოება.“ თვით იესო, როდესაც იწყებდა, იქნებოდა 30 წლისა. და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ელისა, მათატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა, მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგაისა, მაათისა, მატათიასი, სემეინისა, იოსექისა, იოდასი, იოანანისა, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ერისა, იესუსი, ელიეზერისა, იორიმისა, მათატისა, ლევისა, სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა, მელეასი, მენასი, მატათასი, ნათანისა, დავითისა, იესესი, იობედისა, ბოაზისა, სალასი, ნაასონისა, ამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ესრომისა, ფერეზისა, იუდასი, იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა, სერუქისა, რაგავისა, ფელეკისა, ებერისა, სალასი, კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მაჰალეელისა, კაინანისა, ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმერთისა. იესო, სულიწმიდით აღვსილი, დაბრუნდა იორდანედან და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი. და არაფერი უჭამია იმ დღეების განმავლობაში; და მათი დასრულების შემდეგ მოშივდა. უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.“ მიუგო მას იესომ: „დაწერილია: ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.’“ და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა მას ერთ წამში ქვეყნიერების ყველა სამეფო. და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ხელმწიფებას მათზე და მათ დიდებას, რადგან მე მომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ. თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“ წაიყვანა იგი იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი აქედან ძირს, რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან, და ხელში აყვანილს გატარებენ, ქვას ფეხი რომ არ წამოჰკრა.’“ მიუგო და უთხრა მას იესომ – „ნათქვამია: ‘არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.’“ და როდესაც დაამთავრა ყველა გამოცდა, განშორდა მას ეშმაკი სხვა ჟამამდე. და დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მოედო მისი ამბავი მთელს არემარეს. ასწავლიდა მათს სინაგოგებში და ყველა ადიდებდა მას. და მივიდა ნაზარეთში, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და ადგა წასაკითხად. მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი, და გაშალა გრაგნილი და იპოვა ადგილი, სადაც ეწერა: „უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულგატეხილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების საუწყებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის სამადლო წლის გამოსაცხადებლად.“ და დაახვია გრაგნილი, გადასცა მსახურს და დაჯდა. სინაგოგაში ყველას თვალი მისკენ იყო მიპყრობილი. და დაუწყო მათ ლაპარაკი: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, სწორედ ახლა, თქვენ რომ ისმენდით.“ ყველამ დაუმოწმა მას. გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით და ამბობდნენ: „განა ეს იოსების ძე არ არის?“ უთხრა მათ: „ცხადია, მეტყვით ამ ანდაზას: ‘მკურნალო, განიკურნე შენი თავი. რაც ჩვენ კაპერნაუმში მომხდარის შესახებ მოვისმინეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში.’“ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის დაფასებული თავის სამშობლოში. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როდესაც დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს და დიდი შიმშილობა ჩამოვარდა მთელ ქვეყანაზე, მაშინ არც ერთ მათგანთან არ წარგზავნილა ელია, გარდა ქვრივი ქალისა სიდონის სარეფთაში. კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განწმენდილა, გარდა ნაემან ასურისა.“ ამის მოსმენაზე სინაგოგაში მყოფნი, ყველანი რისხვით აღივსნენ. ადგნენ და გააგდეს იგი ქალაქიდან, და მიიყვანეს იმ მთის კონცხამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი. მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა. და ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით. და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ხელმწიფებით იყო მისი სიტყვა. იყო სინაგოგაში ერთი კაცი, უწმიდური ეშმაკის სულით შეპყრობილი, და იყვირა: „რას გვემართლები, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ.“ იესომ შერისხა იგი და უთხრა: „დადუმდი და გადი მაგისგან!“ და ძირს დასცა იგი ეშმაკმა შუა ხალხში და გამოვიდა მისგან, და არაფერი დაუშავებია მისთვის. გაოგნებამ მოიცვა ყველა და თქვეს ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“ და მოედო მისი ამბავი იმ მხარის ყოველ კუთხეს. დატოვა სინაგოგა და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი შეჭირვებული იყო სიცხით და სთხოვეს მასზე. და დაადგა მას თავზე და შერისხა სიცხე. და მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ. მზის ჩასვლისას ყველამ მიიყვანა მასთან სხვადასხვა სენით დაუძლურებულები და ყოველ მათგანს ხელები დაადო და განკურნა. ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა!“ ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტე იყო იგი. დღე რომ დადგა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა კი მოძებნა იგი და მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან. მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ წარმოგზავნილი.“ და ქადაგებდა იუდეის სინაგოგებში. ერთხელ, როდესაც ხალხი გარს შემოსჯარვოდა მას, რომ ღმერთის სიტყვა მოესმინათ, ხოლო ის გენესარეთის ტბასთან იდგა, დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო და სთხოვა, ნაპირს მცირედ გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. და როდესაც დაამთავრა ლაპარაკი, უთხრა სიმონს: „შეაცურე ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად.“ მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენს სიტყვაზე ვისვრი ბადეს.“ ასეც მოიქცნენ. და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეგლიჯებოდათ. ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ. ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, მუხლებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ.“ რადგან გაოგნებამ მოიცვა იგი და ყველა მასთან მყოფი დაჭერილი თევზის გამო, მათ რომ გამოიტანეს. ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მეწილეები. და უთხრა სიმონს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა მებადური იქნები.“ მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას. ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. დაინახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“ გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი. და უბრძანა მას: „არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შენი განწმედისათვის, როგორც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად.“ და უფრო და უფრო ვრცელდებოდა მისი ამბავი, და დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან. ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა. ერთ დღეს, როდესაც ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომელნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან, და უფლის ძალა იყო მასთან განმკურნებლად. და აჰა, კაცებმა სარეცელით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დამბლადაცემული იყო, და ცდილობდნენ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვინათ. და რომ ვერ მოახერხეს მისი შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის სარეცლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინაშე. მათი რწმენა რომ დაინახა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენ შენი ცოდვები.“ და იწყეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა ერთმანეთში და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ვინც ღმერთის გმობას ამბობს? ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, გარდა ერთი ღმერთისა?“ იესომ ამოიცნო მათი ფიქრები, მიუგო და უთხრა: „რას ფიქრობთ თქვენს გულში? რისი თქმა უფრო ადვილია: ‘შენი ცოდვები მოგეტევა’, თუ თქმა: ‘ადექი და გაიარე’? ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს დედამიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება,“ ეუბნება დამბლადაცემულს, „შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შინ.“ და მყისვე წამოდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზეც იწვა, და შინ წავიდა. და ადიდებდა ღმერთს. განცვიფრებამ შეიპყრო ყველა. და ადიდებდნენ ღმერთს და შიშით აღვსილნი ამბობდნენ: „საოცრებანი ვიხილეთ დღეს.“ ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი მე.“ მანაც ყველაფერი მიატოვა, ადგა და გაჰყვა. და მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვები, რომლებიც ინახად ისხდნენ მათთან. ხოლო დრტვინავდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არ ესაჭიროებათ, არამედ სნეულებს. მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.“ მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც; შენები კი ჭამენ და სვამენ.“ იესომ უთხრა მათ: „შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილეები, ვიდრე სიძე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როდესაც სიძე წაერთმევათ მათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.“ უთხრა მათ იგავიც: „არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსს და არ დაადებს ძველ სამოსს, თორემ ახალსაც გამოხევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსის საკერებელი. არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, რადგან ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც წახდება. ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას. არც ერთი ძველის დამლევი ახალს არ ინდომებს, იტყვის: ძველი სჯობიაო.“ ისე მოხდა, რომ ერთ შაბათს, როდესაც ყანებზე გადიოდა, მისი მოწაფეები წყვეტდნენ თავთავებს, ხელზე იფშვნეტდნენ და ჭამდნენ. ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: „რატომ აკეთებთ, რისი გაკეთებაც შაბათს ნებადართული არ არის?“ მიუგო და უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდათ მას და მის თანმხლებთ? როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პურები და მის თანმხლებთაც დაურიგა, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა?“ და უთხრა მათ: „კაცის ძე არის შაბათის უფალი.“ და მოხდა ისე, რომ სხვა შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. მწიგნობარნი და ფარისეველნი უთვალთვალებდნენ მას, – შაბათს თუ განკურნავსო, რათა მიზეზი ეპოვათ მის დასადანაშაულებლად. მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: „ადექი და გამოდი შუაში!“ ისიც ადგა და დადგა შუაში. უთხრა მათ იესომ: „გეკითხებით თქვენ: შაბათ დღეს სიკეთის ქმნა ეგების, თუ ბოროტისა? სიცოცხლის ხსნა, თუ დაღუპვა?“ და გადახედა ყველას და უთხრა მას: „გაიწოდე ხელი!“ ის ასეც მოიქცა და აღუდგა ხელი. ისინი კი მრისხანებით აღივსნენ და ერთმანეთში თათბირობდნენ, რა ექნათ იესოსთვის. ისე მოხდა, რომ იმ დღეებში წავიდა იგი მთაზე სალოცავად და მთელი ღამე ღმერთის მიმართ ლოცვაში გაატარა. დღე რომ დადგა, დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტნი, რომელთაც მოციქულები უწოდა: სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე, მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული, იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა. და ჩავიდა მათთან ერთად და დადგა დავაკებულ ადგილას. იყო იქ მრავალი მისი მოწაფე და დიდძალი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, და ტვიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან, რომელნიც მოვიდნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნებლად – უწმიდური სულით გატანჯულნიც – და იკურნებოდნენ. მთელი ხალხი ცდილობდა, შეხებოდა მას, რადგან მისგან ძალა გამოდიოდა და ყველას კურნავდა. თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და უთხრა: „ნეტარნი ხართ თქვენ, გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სასუფეველი; ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით; ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირის, რადგან იცინებთ; ნეტარნი ხართ, როდესაც სძულხართ ადამიანებს, როდესაც გაძევებენ და გლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს დევნიან, როგორც ბოროტებას, კაცის ძის გამო. გაიხარეთ იმ დღეს და ილხინეთ, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები. მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდრებო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა. ვაი თქვენ, ვინც ახლა მაძღარნი ხართ, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, რადგან იგლოვებთ და იტირებთ. ვაი თქვენ, როდესაც ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველებს მათი მამები. ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენს შეურაცხმყოფელთათვის. ვინც ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირე. ვინც მოსასხამს გართმევს, პერანგსაც ნუ დაუკავებ. ყველას, ვინც გთხოვს, მიეცი, და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ. როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ სიკეთეს გაუკეთებთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა პატივია? ცოდვილნიც ასევე იქცევიან. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რა მადლია? ცოდვილებიც ასესხებენ ცოდვილებს, რომ დაიბრუნონ იმდენივე. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და გაასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: უზენაესის ძენი იქნებით, რადგან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართ. იყავით მოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა მოწყალე. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ განკიცხავთ და არ განიკიცხებით; მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.“ უთხრა მათ იგავიც: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან? არ არის მოწაფე მოძღვარზე მეტი, ხოლო განსწავლული იქნება, როგორც მისი მოძღვარი. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ? როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘ძმაო, შენი თვალიდან წველი ამომაღებინე,’ საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი. რადგან არ არსებობს კარგი ხე, ცუდი ნაყოფი რომ მოისხას, არც ცუდი ხე – კარგი ნაყოფი რომ მოისხას. რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა: ხომ ვერ მოკრეფენ ეკალზე ლეღვს და ვერც მაყვლის ბუჩქებზე – ყურძენს. კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი ბოროტისგან – ბოროტი, რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი. რატომ მეძახით: ‘უფალო, უფალო,’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით? ყველა, ვინც ჩემთან მოდის და ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს, მინდა გიჩვენოთ, ვის ჰგავს ის. იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც უსაძირკვლოდ ააშენა მიწაზე სახლი და როდესაც მდინარე ეკვეთა, მყისვე დაინგრა, და დიდი იყო იმ სახლის დაქცევა.“ მას შემდეგ, რაც მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხისათვის, რომელიც უსმენდა, კაპერნაუმში შევიდა. ერთ ასისთავს უკვდებოდა ავადმყოფი მონა, რომელსაც დიდად აფასებდა. იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა და სთხოვდა, მოსულიყო და განეკურნა მისი მონა. ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს დაჟინებით და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო, რადგან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა აგვიშენა.“ იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორიახლოს იყვნენ, როდესაც ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, რადგან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. რადგან მეც, ხელმწიფების ქვეშ მყოფს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: ‘წადი!’ და მიდის. და სხვას: ‘მოდი!’ და მოდის. ჩემს მონას: ‘გააკეთე ეს!’ და აკეთებს.“ ეს რომ გაიგონა იესომ, გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.“ წარგზავნილებს, სახლში რომ დაბრუნდნენ, გამოჯანმრთელებული დაუხვდათ მონა. ამის შემდეგ წავიდა იესო ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, გამოჰქონდათ მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, რომლის დედაც ქვრივი იყო. ქალს ქალაქიდან დიდძალი ხალხი ახლდა. უფალმა რომ დაინახა, შეეცოდა და უთხრა: „ნუ ტირი.“ მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. და მის დედას ჩააბარა იგი. შიშმა მოიცვა ყველა. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს.“ ეს ამბავი მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს. აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს. იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა, რათა ეკითხათ: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“ მივიდნენ მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვაგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“ იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათაგან და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას მიმადლა მხედველობა. მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და გლახაკებს ეხარებათ. და ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში.“ როდესაც იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაუწყო ხალხს ლაპარაკი იოანეზე: „რის სანახავად გადიოდით უდაბნოში? ლერწმისა, ქარი რომ არხევს? მაშ რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან. მაშ, რის სანახავად გადიოდით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ: და წინასწარმეტყველზე მეტისაც. რადგან ეს არის ის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც გაგიმზადებს შენ გზას შენს წინ.’ გეუბნებით თქვენ: ქალთაგან ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღმერთის სასუფეველში უმცირესიც კი მასზე უფრო დიდია.“ მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმა, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლისცემით მოინათლნენ. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის კაცებმა განიშორეს ღმერთის განგება, რაკი თავი არ მოანათლინეს. „ვის ვამსგავსო ეს თაობა და ვისი მსგავსნი არიან ისინი? ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: ‘სალამური დაგიკარით და ვერ აგაცეკვეთ, გოდება გაგიმართეთ და ვერ აგატირეთ.’ რადგან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს, და თქვენ ამბობთ, ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა კაცის ძე: ჭამს და სვამს და ლაპარაკობთ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი. და მართლდება სიბრძნე ყველა მისი შვილის მიერ.“ სთხოვა მას ვინმე ფარისეველთაგანმა, ეჭამა მასთან პური. და შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას. და, აჰა, იყო იმ ქალაქში ცოდვილი ქალი. როდესაც გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალაბასტრონის ჭურჭლით, დადგა უკან, მის ფეხებთან, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უმშრალებდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა, ვინ და როგორი ქალი ეხება მას, რადგან ცოდვილია ეს ქალი.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი.“ მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო.“ თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს 500 დინარი ემართა, მეორეს – 50. მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?“ მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც მეტი აპატია.“ ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე.“ და მიბრუნდა ქალისაკენ და უთხრა სიმონს: „ხედავ ამ ქალს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფეხთა კოცნა. შენ ზეთით არ გიცხია ჩემი თავი, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფეხებს. ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა ეპატია, რადგან დიდი სიყვარული გამოავლინა, ხოლო ვისაც მცირედი ეპატიება, მას მცირედი სიყვარული აქვს.“ და უთხრა მას: „გეპატია შენ შენი ცოდვები.“ და დაიწყეს თანამეინახეებმა ლაპარაკი ერთმანეთში: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?“ უთხრა მან ქალს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ, წადი, მშვიდობით იარე.“ ამის შემდეგ დადიოდა იგი ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან ერთად იყვნენ, და ზოგიერთი ქალიც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი იყო გასული, იოანა, ჰეროდეს მოურავის, ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მათ თავიანთი ქონებიდან. როდესაც დიდძალი ხალხი მოგროვდა და ქალაქის ყველა მცხოვრები მოვიდა მასთან, დაიწყო იგავით ლაპარაკი: „გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაეცა, ფეხქვეშ გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს, ზოგი კლდოვანზე დაეცა, აღმოცენდა და გახმა, რადგან სინოტივე არ ჰქონდა. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, მასთან ერთად ეკალიც გაიზარდა და მოაშთო იგი. ზოგი კარგ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო.“ ეს თქვა და შესძახა: „ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“ ჰკითხეს მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი. მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სასუფევლის საიდუმლოებათა ცოდნა, ხოლო სხვებს იგავებით ეძლევათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ. ეს იგავი კი ამას ნიშნავს: თესლი ღმერთის სიტყვაა; გზასთან დაცვენილნი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ; კლდეზე დაცვენილნი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ სიტყვას და სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან; ეკლებში ჩაცვენილი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზის საზრუნავი, სიმდიდრე და ცხოვრების სიამენი აშთობენ მათ და ნაყოფი ვეღარ გამოაქვთ; ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენს სიტყვას, იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი. არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შედგას, არამედ სასანთლეზე დებს, რათა შემომსვლელებმა დაინახონ ნათელი. რადგან არაფერია დაფარული, ცხადი რომ არ გახდეს, და არც დამალული, რომ არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს. დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს.“ მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ მიუახლოვდნენ ხალხის გამო. შეატყობინეს მას: „შენი დედა და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ჩემი დედა და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღმერთის სიტყვას ისმენს და ასრულებს.“ ისე მოხდა, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: „გადავიდეთ ტბის გაღმა.“ და გაცურეს. როდესაც მიცურავდნენ, ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ივსებოდა და საფრთხეში იყვნენ. მივიდნენ, გააღვიძეს ის და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით.“ და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ, და ჩამოდგა მყუდროება. უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?“ და გაცურეს გერასენელთა მხარეში, რომელიც გალილეის გაღმაა. ხმელეთზე გადასულს, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან, რომელსაც ეშმაკები ჰყავდა. დიდი ხნის მანძილზე არც სამოსელი ჩაუცვამს და არც სახლში უცხოვრია, არამედ სამარხებში. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და დიდი ხმით შესძახა: „რას მემართლები იესო, ძეო მაღალი ღმერთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ!“ რადგან უბრძანა უწმიდურ სულს ამ კაცისგან გამოსულიყო – რადგან დიდ ხანს სტანჯავდა მას. აბამდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკისგან უდაბურ ადგილებში. ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი.“ რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული. და ევედრებოდნენ მას, რომ არ ებრძანებინა მათთვის ქვესკნელში ჩასვლა. იყო იქ ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში, და მან დართო ნება. და გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაცისგან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო. მწყემსებმა რომ დაინახეს, რაც მოხდა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს. გამოვიდნენ მომხდარის სანახავად და მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იესოს ფეხთით, და შეეშინდათ. მხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული. და სთხოვა მას გერასენელთა სანახების მთელმა ხალხმა, გასცლოდა მათ, რადგან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა. ევედრებოდა მას ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ: შენთან ვიქნებიო. მაგრამ მან გაუშვა და უთხრა: „დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა მას იესომ.“ როდესაც იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, რადგან ყველანი ელოდნენ მას. და, აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფეხთით და ევედრებოდა, რომ მისულიყო მის სახლში. რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა, 12 წლისა, და კვდებოდა. და როდესაც წავიდა, ხალხი გზად ზედ აწყდებოდა. იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წლის მანძილზე სისხლდენით იტანჯებოდა, მთელი ქონება მკურნალებზე დაეხარჯა და ვერავის განეკურნა. უკნიდან მიეახლა და მისი სამოსის კალთას შეეხო. და მყისვე შეუწყდა სისხლდენა. და თქვა იესომ: „ვინ შემეხო?“ როცა ყველამ იუარა, უთხრა პეტრემ: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“ ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან გავიგე, რომ ძალა გავიდა ჩემგან.“ როდესაც ქალმა დაინახა, რომ შეუმჩნეველი არ დარჩა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინ და მთელი ხალხის წინაშე განაცხადა, რისთვის შეეხო, და როგორ უცბად განიკურნა. უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით!“ ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა, ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს.“ ეს რომ იესომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება.“ სახლში რომ მივიდა, არავინ შეუშვა თავისთან ერთად, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა. ყველა ტიროდა და გოდებდა. მან კი თქვა: „ნუ ტირით, არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო. მან ხელი მოჰკიდა მას და შესძახა: „ადექი, ბავშვო!“ და დაუბრუნდა სული და მყისვე წამოდგა. და ბრძანა, რომ ბავშვისთვის საჭმელი მიეცათ. გაოგნებული იყვნენ მისი მშობლები. მან კი უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი. მოუხმო მან თორმეტს და მისცა მათ ძალი და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე და სნეულებათა განკურნებისათვის. და წარგზავნა ისინი ღმერთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნებლად. და უთხრა მათ: „არაფერი წაიღოთ გზაში, არც არგანი, არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი; და არც ორი პერანგი იქონიოთ. რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდან გაემგზავრეთ. სადაც არ მიგიღებენ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას დაიბერტყეთ ფეხებიდან მტვერი, როგორც მოწმობა მათ წინააღმდეგ.“ და წავიდნენ და იწყეს სოფელ-სოფელ სიარული, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ. გაიგო ჰეროდე ტეტრარქმა ყველაფერი, რაც ხდებოდა და გაოცდა, რადგან ერთნი ამბობდნენ, რომ იოანე აღდგა მკვდრეთით, მეორენი – ელია გამოჩნდაო, სხვები – აღდგაო რომელიღაც ძველ წინასწარმეტყველთაგან. ჰეროდემ თქვა: „იოანეს თავი მოვკვეთე, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი ამბები მესმის?“ და უნდოდა მისი ნახვა. როდესაც დაბრუნდნენ მოციქულები, უამბეს მას, რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი თავისთან ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთსაიდა. შეიტყო დიდძალმა ხალხმა და გაჰყვა მას. და იღებდა მათ და ელაპარაკებოდა ღმერთის სასუფეველზე, ხოლო ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა. დღე რომ იწურებოდა, მივიდნენ მასთან თორმეტნი და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რათა წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად, რადგან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით.“ უთხრა მათ: „თქვენ მიეცით საჭმელი.“ მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გვაქვს, თუ არ წავედით და საჭმელი არ ვუყიდეთ მთელ ამ ხალხს.“ რადგან იქ 5 ათასამდე კაცი იქნებოდა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „დასხით ისინი ჯგუფ-ჯგუფად, თითოში ორმოცდაათამდე იყოს.“ ასე მოიქცნენ და დასხეს ყველანი. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ახედა ცას, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. ყველამ ჭამა და გაძღა. და აკრიფეს ნამუსრევი, რაც დარჩა – 12 გოდორი. ისე მოხდა, რომ როცა განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ მათ მიუგეს და თქვეს: „იოანე ნათლისმცემელი; სხვები – ელია, სხვები – რომელიღაც ძველ წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო.“ იესომ უთხრა: „თქვენ რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?“ პეტრემ მიუგო და უთხრა: „ქრისტე, ღმერთის ცხებული.“ ხოლო მან მკაცრად უბრძანა, არავისთვის ეთქვათ ეს. უთხრა მათ: „კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნას უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს.“ ყველას კი უთხრა: „ვისაც სურს გამომყვეს მე, უარყოს თავისი თავი, იტვირთოს ყოველდღე თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან, ვისაც სურს თავისი სამშვინველი იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას. რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს? რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზთა დიდებაში. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღმერთის სასუფეველს.“ ამ სიტყვების თქმიდან რვა დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყოლა თან და ავიდა მთაზე სალოცავად. და ლოცვისას, მისი სახის ხატება შეიცვალა და მისი სამოსი ქათქათა თეთრი გახდა. და, აჰა, საუბრობდა მასთან ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია, რომლებიც გამოჩნდნენ დიდებაში და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო. პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და როდესაც გამოეღვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომი ორი კაცი. ისე მოხდა, რომ როდესაც ისინი მას შორდებოდნენ, უთხრა პეტრემ იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენი აქ ყოფნა. გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას.“ რადგან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა. ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მოუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ. და გაისმა ხმა ღრუბლიდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი რჩეული, უსმინეთ მას!“ ამ ხმის შემდეგ იესო მარტო აღმოჩნდა, ისინი კი დუმდნენ და იმ დღეებში არავისთვის უთქვამთ, რაც იხილეს. ისე მოხდა, რომ მეორე დღეს, მთიდან ჩამოსვლისას, დიდძალი ხალხი შეეგება მას. და, აჰა, იმ ხალხში ვიღაც კაცმა შეჰყვირა: „მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, რადგან ეს ერთადერთი მყავს. სულსა ჰყავს შეპყრობილი; უეცრად წამოაყვირებს, აქეთ-იქით ახეთქებს, დუჟს ადენს, და როცა ქანცს გაუწყვეტს, ძლივსღა გაეცლება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ გამოედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“ მიუგო იესომ და თქვა: „ო, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ, როდემდე უნდა ვიყო თქვენთან და გითმინოთ? მომიყვანე შენი ძე აქ.“ და ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაკრუნჩხა. იესომ შერისხა უწმიდური სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას. ყველანი გაოცებულნი იყვნენ ღმერთის დიდებით. და როდესაც ყველა გაკვირვებული იყო ყველაფრით, რასაც ის აკეთებდა, უთხრა თავის მოწაფეებს: „ყურად იღეთ ეს სიტყვები: კაცის ძე უნდა გადაეცეს ადამიანთა ხელთ.“ მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს, იგი დაფარული დარჩა მათგან, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას. და ერიდებოდათ, ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების შესახებ. ერთი საფიქრალი გაუჩნდათ მათ: ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის? იესომ, რომელიც ხედავდა მათი გულის საფიქრალს, მოიყვანა ბავშვი და გვერდით დაიყენა. უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს წარმომგზავნელსაც მიიღებს. ხოლო ვინც უმცირესია ყველა თქვენს შორის, ის არის დიდი.“ მიუგო იოანემ და თქვა: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და დავუშალეთ მას, რადგან არ მოგვდევს ჩვენ.“ უთხრა მას იესომ: „ნუ დაუშლით, რადგან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, თქვენთანაა.“ ისე მოხდა, რომ მისი ამაღლების დღეების მოახლოებისას, იბრუნა პირი იერუსალიმში წასასვლელად. და გაგზავნა მაცნეები თავის წინ. და წავიდნენ ისინი და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა თადარიგი დაეჭირათ მისი მოსვლისათვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, რადგან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმში წასასვლელად. დაინახეს ეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ, და უთხრეს: „უფალო, გინდა, ვუბრძანოთ, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?“ მაგრამ ის მიუბრუნდა მათ და გაუწყრა. და წავიდნენ ისინი სხვა სოფელში. გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: გამოგყვები, სადაც კი წახვალ. იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს – ბუდეები, კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“ მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, გამიშვი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სასუფეველი.“ სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ გამიშვი, ჩემს სახლს გამოვეთხოვო.“ უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღმერთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანზე უდევს ხელი და უკან იყურება.“ ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა 78 და თავის წინ წარგზავნა ორ-ორი ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა. უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი კი ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რათა გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში. წადით, აჰა, გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. რომელ სახლშიც შეხვალთ, ჯერ ეს თქვით: ‘მშვიდობა ამ სახლს!’ და თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა, თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, რადგან მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. სახლიდან სახლში ნუ დაიწყებთ სიარულს. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც შემოგთავაზებენ. განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘მოგიახლოვდათ ღმერთის სასუფეველი.’ ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, გადით ქუჩებში და თქვით: ‘თქვენი ქალაქის მტვერს, ფეხებზე რომ აგვეკრო, თქვენზევე ვიბერტყავთ. ოღონდ იცოდეთ, რომ ახლოს არის ღმერთის სასუფეველი.’ გეუბნებით, სოდომისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქისათვის. ვაი შენ, ქორაზინ, და ვაი შენ, ბეთსაიდა! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო სასწაულები, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ მოინანიებდნენ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი. მაგრამ ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება განსასჯელისას, ვიდრე თქვენთვის. შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს; ხოლო ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს წარმომგზავნელს!“ სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდათორმეტნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“ უთხრა მათ: „ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა და მტრის ყოველი ძალის დასათრგუნად. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. ოღონდ ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“ იმ დროს გაიხარა სულში იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. დიახ, მამაო, რადგან ასე იყო სათნო შენს წინაშე. ყველაფერი ჩემი მამისგან გადმომეცა, და არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა; და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ განუცხადოს.“ მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ეხილა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა.“ აჰა, ერთი რჯულის მასწავლებელი წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ უთხრა მას: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?“ მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“ მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ მიუგო იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და მეორე მხარეს გადავიდა. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მეორე მხარეს გადავიდა. ხოლო შემდეგ ვიღაც გზად მიმავალმა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიბრალა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის სახედარზე, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: ‘მოუარე მას და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.’ რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი გამოდგა დაყაჩაღებულის მოყვასი?“ თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“ განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა ქალმა, სახელად მართამ, მიიწვია სახლში. მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფეხთით დაჯდა და ყურს უგდებდა მის სიტყვას. მართა კი შეაჭირვა დიდმა სამზადისმა. მივიდა და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ შემატოვა ამ სამზადისს? უთხარი, მომეხმაროს.“ მიუგო და უთხრა მას უფალმა: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.“ ისე მოხდა, რომ ერთგან, ლოცვისას, ლოცვა რომ დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.“ უთხრა მათ: „როდესაც ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველ დღე. და მოგვიტევე ჩვენ ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში.“ და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: ‘მეგობარო, მასესხე სამი პური, რადგან ნამგზავრი მეგობარი მომივიდა და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო,’ და მან შიგნიდან გამოგძახოს: ‘ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.’ გეუბნებით თქვენ, თუ არ ადგება მეგობრობის გამო და არ მისცემს პურს, თავს რომ მოაბეზრებს, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება. გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. რადგან ყველა მთხოვნელი მიიღებს, და მძებნელი იპოვის, და დამკაკუნებელს გაეღება. რომელი მამა იქნება თქვენში, შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს და მორიელი მისცეს? მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, რამდენად უფრო მეტად მისცემს ზეციერი მამა სულიწმიდას მათ, ვინც სთხოვს!“ და განდევნა ეშმაკი კაცისაგან, რომელიც მუნჯი იყო. და როდესაც ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი. ზოგიერთი ამბობდა: „ეშმაკთა მთავრით, ბელზებულით, დევნის ეშმაკებს.“ სხვანი გამოსაცდელად მოითხოვდნენ მისგან ნიშანს ციდან. ხოლო მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ არის გაყოფილი, გაუდაბურდება და სახლი სახლზე დაემხობა. და თუ სატანა გაყოფილია თავისი თავის წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? – რადგან ამბობთ, რომ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს. თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. თუ მე ღმერთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი. როდესაც ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარ-მიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის. მაგრამ თუ მასზე ძლიერი დაესხმის თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ნადავლს გაანაწილებს. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. როდესაც უწმიდური სული გამოვა ადამიანისგან, დადის ურწყულ ადგილებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: ‘დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.’ მივა და იპოვის მას, დაგვილსა და მოწესრიგებულს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის ეს უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.“ ისე მოხდა, რომ ამის ლაპარაკისას, ერთმა ქალმა აღიმაღლა ხმა ხალხიდან და უთხრა მას: „ნეტარია საშო, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.“ ხოლო მან თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც ისმენს და იცავს ღმერთის სიტყვას.“ და როდესაც უფრო მეტმა ხალხმა მოიყარა თავი, დაიწყო მან ლაპარაკი: „ეს თაობა ბოროტი თაობაა; ითხოვს ნიშანს და ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა; რადგან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ასევე იქნება ამ თაობისთვის კაცის ძე. სამხრეთის დედოფალი წამოდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ. იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე მეტია. ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ იონაზე მეტია. არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს. სხეულის სანთელი შენი თვალია. როდესაც შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებულია. მაგრამ როდესაც იგი ავია, შენი სხეულიც ბნელია. ამიტომ ნახე, ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის? თუ შენი სხეული მთლიანად განათებულია და ბნელის არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად გაბრწყინებული იქნება, თითქოს ნათელი ელვა განათებდეს თავისი ელვარებით.“ ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური. შევიდა და სუფრას მიუჯდა. ფარისეველს გაუკვირდა, როდესაც დაინახა, რომ მან არ განიბანა ჭამის წინ. უთხრა მას უფალმა: „თქვენ, ფარისეველნი, თასსა და ლანგარს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით. უგუნურებო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც? მაშ გაეცით მოწყალება, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და, აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ. მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ იხდით პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილის მეათედს და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა უგულებელგეყოთ. ვაი თქვენ, ფარისეველნო, რადგან გიყვართ წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში და პატივით მოსალმება მოედნებზე! ვაი თქვენ, რადგან მიტოვებული სამარხებივით ხართ, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!“ მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა: „მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც შეურაცხგვყოფ.“ მან კი უთხრა: „ვაი თქვენც, რჯულის მოძღვარნო, რომ ჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ. ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველებს, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს! ამით თქვენ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ. ამიტომ თქვა ღმერთის სიბრძნემ: ‘წარვგზავნი მათთან წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან,’ რათა ამ თაობას მოეკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სამყაროს შექმნიდან დაღვრილა, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. დიახ, გეუბნებით თქვენ, ამ თაობას მოეკითხება. ვაი თქვენ, რჯულის მოძღვარნო, ცოდნის გასაღები რომ მიიტაცეთ! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.“ როდესაც იქიდან გამოდიოდა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და მაგრად შეუტიეს, რომ ბევრ რამეზე აელაპარაკებინათ. ჩასაფრებულები იყვნენ, რომ რაიმე დაეცდენინებინათ და ბრალი დაედოთ მისთვის. ამასობაში ათასობით ხალხი შეიყარა, ისე რომ, ერთმანეთს თელავდნენ. ჯერ თავის მოწაფეებს დაუწყო ლაპარაკი: „მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რაც თვალთმაქცობაა. არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და – დამალული, რომ არ იქნეს შეცნობილი. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, იმას ნათელში მოისმენენ, და რაც შიდა ოთახებში იჩურჩულეთ, ბანებზე გახმაურდება. გეტყვით თქვენ, ჩემს მეგობრებს, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულსა კლავს და ამის შემდეგ ვეღარაფრს აკეთებს. მაგრამ გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ გეენაში ჩაგდების ხელმწიფება აქვს. დიახ, გეუბნებით თქვენ, მისი გეშინოდეთ. განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე. თქვენს თავზე კი თმებიც კი დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღმერთის ანგელოზთა წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღმერთის ანგელოზთა წინაშე. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ ვინც სულიწმიდას დაგმობს, არ მიეტევება. როდესაც შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ, ან რა უპასუხოთ, ან რა თქვათ, რადგან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.“ ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა.“ უთხრა მას: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?“ უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეში არ არის.“ და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა? ადგილი არა მაქვს, რომ დავაბინავო ჩემი მოსავალი.’ თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს, და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’ მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ შენს სულს მოგთხოვენ და, რაც გაიმზადე, ვისი იქნება?’ ასეა მისთვის, ვინც თავისი თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.“ უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენს თავზე – რა ჭამოთ, ნურც თქვენს სხეულზე – რით შეიმოსოთ. რადგან სამშვინველი საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსზე. დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს? რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა მაინც შემატოს? მაშ, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ? დააკვირდით შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო? თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ. რადგან ყოველივე ამას ქვეყნიერების ყველა ერი ეძიებს. თქვენმა მამამ იცის, რომ გესაჭიროებათ ესენი. არამედ ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა ზეციერმა მამამ ინება თქვენთვის სამეფოს მოცემა. გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. გაიმზადეთ უცვეთი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ მოსპობს, რადგან, სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც. იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი სანთლები ანთებული. თქვენ კი ემსგავსეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როდესაც მოვა და დარეკავს, მყისვე გაუღონ. ნეტარ არიან მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ჰპოვებს. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება. და თუ შუაღამისას, ან თუნდაც გამთენიისას მოვიდა და ასე ჰპოვა, ნეტარ არიან ის მონები. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის გატეხვას არ დაანებებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან, რომელ ჟამსაც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე.“ უთხრა მას პეტრემ: „უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები, თუ ყველას?“ და თქვა უფალმა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დაუყენებს ბატონი თავის მსახურებს, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა? ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ჰპოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დაადგენს მას. ხოლო თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: ‘აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლას,’ და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმას და ლოთობას, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს. ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგრად გაილახება. ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად გაილახება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ. ცეცხლის მოსატანად მოვედი ამ ქვეყნად, და როგორ მინდა, რომ უკვე ენთოს. მე მაქვს ნათლობა, რომლითაც უნდა მოვინათლო, და როგორ ვიტანჯები, ვიდრე აღსრულდება. გგონიათ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ გასაყოფად. რადგან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამი ორის წინააღმდეგ და ორი – სამის. გაიყოფა მამა ძისაგან და ძე – მამისაგან, დედა ასულისაგან და ასული – დედისაგან, დედამთილი – თავისი რძლისაგან და რძალი – დედამთილისაგან.“ ხალხსაც უთხრა: „როდესაც დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, მყისვე ამბობთ: ‘წვიმა მოვა;’ და ასეც ხდება. ხოლო როდესაც სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: ‘სიცხე იქნება;’ და ასეც ხდება. თვალთმაქცნო! ცისა და დედამიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ? თავად რატომ არ განარჩევთ, რა არის მართალი? როდესაც შენს მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგათრიოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ გადაგცეს მოხელეს და მოხელემ არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ მწვლილს არ გადაიხდი.“ მოვიდნენ ამ დროს ზოგიერთები და ამცნეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „თქვენ გგონიათ, რომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ დაიტანჯნენ? არა, გეუბნებით თქვენ, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. ან როგორ გგონიათ, ის 18 კაცი, რომელთაც სილოამში კოშკი დაეცა თავზე და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, იერუსალიმში რომ ცხოვრობს? არა, გეუბნებით თქვენ, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!“ უთხრა ეს იგავი: „ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვის ხე ედგა. მივიდა, რომ ზედ ნაყოფი ეპოვნა და ვერ ნახა. და უთხრა მევენახეს: ‘აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი, ტყუილად რად უნდა აცდენდეს მიწას?’ მან კი მიუგო და უთხრა: ‘ბატონო, წელსაც დატოვე, ძირს გამოვუბარავ და ნაკელს დავუყრი, იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მერე მოჭერი.’“ შაბათ დღეს ასწავლიდა მათ ერთ სინაგოგაში. და, აჰა, იყო იქ ქალი, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეპყრობილი იყო უძლურების სულით. დაკრუნჩხული იყო და წელში ვერ იმართებოდა. იესომ რომ დაინახა, დაუძახა და უთხრა: „ქალო, თავისუფალი ხარ შენი უძლურებისაგან.“ და დაადო ხელები და მაშინვე გაიმართა იგი, და ადიდებდა ღმერთს. განრისხდა სინაგოგის მთავარი, შაბათს რომ განკურნა იესომ, და უთხრა ხალხს: „ექვსი დღეა, როდესაც შეიძლება საქმობა. იმ დღეებში მოდით და განიკურნეთ, და არა შაბათ დღეს.“ მიუგო მას უფალმა და უთხრა: „თვალთმაქცებო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად? ხოლო ეს აბრაამის ასული, რომელიც უკვე 18 წელიწადი შებორკილი ჰყავდა სატანას, არ შეიძლებოდა შაბათ დღეს გამოხსნილიყო ამ ბორკილებიდან?“ როდესაც ამას ამბობდა, ყველა მის მოწინააღმდეგეს რცხვენოდა; ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის მიერ ქმნილ დიდებულ საქმეთა გამო. და ამბობდა: „რას ჰგავს ღმერთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი? იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს.“ და კიდევ თქვა: „რას ვამსგავსო ღმერთის სასუფეველი? იგი ჰგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და შეზილა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ აფუვდა.“ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და იერუსალიმისაკენ მიემართებოდა. უთხრა მას ვიღაცამ: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?“ მან კი უთხრა მათ: „იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარით. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. როდესაც სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დააკაკუნებთ კარზე და ეტყვით: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’ მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით: ‘არ გიცნობთ, სადაურები ხართ.’ მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: ‘შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.’ და გეტყვით: ‘გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, ბოროტმოქმედნო.’ და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როდესაც იხილავთ აბრაამს და ისააკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმერთის სასუფეველში, თქვენს თავს კი – გარეთ გაძევებულებს. მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღმერთის სასუფეველში. და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან.“ ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი ფარისეველთაგან და უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკვლა უნდა.“ და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იმ მელას: ‘აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ. მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, რადგან არ ხდება ისე, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს!’ იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ! აჰა, სახლი აოხრებული გრჩებათ. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!’“ მოხდა ისე, რომ ერთ შაბათ დღეს ის ფარისეველთა ერთი მთავრის სახლში შევიდა პურის საჭმელად, და ისინი უთვალთვალებდნენ მას. და, აჰა, მის წინაშე წარდგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული. მიმართა იესომ და უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“ ისინი დუმდნენ. და შეეხო მას, განკურნა და გაუშვა. და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს ვირი, ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში შაბათ დღეს, განა მყისვე არ ამოიყვანს?“ და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის გაცემა. როდესაც შენიშნა, როგორ ირჩევდნენ წინა ადგილებს მოწვეულები, იგავი უთხრა მათ: „ვინმემ რომ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, ვაითუ შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული, რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და არ გითხრას: ‘დაუთმე ამას შენი ადგილი!’ მაშინ შერცხვენილს უკანასკნელი ადგილის დაკავება მოგიწევს. მაგრამ როცა მიგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას: ‘მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!’ მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე. რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“ უთხრა თავის მასპინძელსაც: „როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო, არამედ, როცა ლხინს მართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. და ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“ ეს რომ გაიგონა ერთმა მასთან მჯდომმა, უთხრა მას: „ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმერთის სასუფეველში.“ მან კი უთხრა მას: „ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია. პურობის დრომ რომ მოაღწია, გააგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: ‘მობრძანდით, ყველაფერი მზად არის.’ და ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ‘ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიო;’ მეორემ უთხრა: ‘ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიო;’ მესამემ უთხრა: ‘ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლა.’ დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: ‘გადი სასწრაფოდ ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები.’ და უთხრა მონამ: ‘ბატონო, აღსრულებულია, რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი.’ და უთხრა ბატონმა მონას: ‘გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ხალხი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი, რადგან გეუბნებით: ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!’“ მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა: „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე. ვინც არ იტვირთავს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე. რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო? რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს, და იტყვის: ‘ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრა.’ ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომი დააპიროს და ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა 10 ათასით დაუხვდეს 20 ათას მომხვდურს? თუ არა და, ვიდრე იგი ჯერ კიდევ შორს არის, ელჩობას მიუგზავნის და ზავსა სთხოვს. ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს ჩემს მოწაფეობას. კარგია მარილი, მაგრამ, თუ მარილმა ძალა დაკარგა, რიღათი აღდგება? არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“ უახლოვდებოდნენ მას ყველა მებაჟენი და ცოდვილნი და უსმენდნენ მას. ფარისეველნი და მწიგნობარნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: „ცოდვილებს ღებულობს და მათთან ერთად ჭამს.“ და უთხრა მათ ეს იგავი: „რომელიმე თქვენგანს რომ 100 ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნელად, ვიდრე არ იპოვის? და რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებსა და მეზობლებს და ეტყვის: ‘გაიხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვე.’ თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ 99 მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ. ანდა ქალი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? და როდესაც იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის: ‘გაიხარეთ ჩემთან ერთად, რადგან დაკარგული დრაქმა ვიპოვე.’ გეუბნებით თქვენ: ასევე იქნება სიხარული ღმერთის ანგელოზებთან ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც შეინანა.“ და თქვა: „ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა. უმცროსმა უთხრა მამას: ‘მომეცი ჩემი ხვედრილი წილი ქონებიდან.’ და მამამ გაუყო მათ ქონება. მცირე ხნის შემდეგ უმცროსმა ძემ მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით. და როდესაც ყველაფერი გადააგო, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მოქალაქეს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების სამწყემსად. და ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოევსო, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა. და როდესაც გონს მოეგო, თქვა: ‘მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე, ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!’ ადგა და წავიდა თავის მამასთან. როდესაც ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გამოიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა. და უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’ უთხრა მამამ თავის მსახურებს: ‘სასწრაფოდ მოიტანეთ საუკეთესო სამოსი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხსაცმელი ჩააცვით ფეხზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და გავიხაროთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება. ხოლო მისი უფროსი ვაჟი მინდორში იყო. რომ მოდიოდა და სახლს მიუახლოვდა, მუსიკისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’ მან უთხრა მას: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’ გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა შინ. მიუგო და უთხრა თავის მამას: ‘აჰა, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და არასოდეს მოგიცია ერთი ციკანიც კი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამეხარა. ხოლო როცა მოვიდა ეს შენი ძე, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი.’ მან უთხრა: ‘შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და რაც გამაჩნია, შენია. მაგრამ უნდა ვილხენდეთ და ვხარობდეთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’“ უთხრა მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ფლანგავდა. დაუძახა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი მნეობის ანგარიში, რადგან ვეღარ იქნები მნე.’ თქვა მნემ თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს მნეობას. თხრა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. როცა მნეობას ჩამომაშორებენ, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში.’ დაიბარა სათითაოდ თავისი ბატონის მოვალეები. პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’ თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე – 50.’ მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ თქვა: ‘100 საწყაო ხორბალი.’ უთხრა: ‘მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე – 80.’ შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, გონივრულად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე გონიერნი არიან თავიანთ თაობაში. და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეებში. მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, და მცირედში ორგული ბევრშიც ორგულია. ჰოდა, თუ უსამართლო სიმდიდრეში არ იქნებით ერთგული, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? და თუ სხვისას არ უერთგულეთ, თქვენსას ვინ მოგცემთ? არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის სამსახური: ან ერთი უნდა მოიძულოს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე შეიძაგოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც!“ ესმოდათ ყოველივე ეს ფარისევლებს, რომლებიც ვერცხლისმოყვარენი იყვნენ, და დასცინოდნენ მას. და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები, რადგან, რაც კაცთა შორის აღმატებულია, ღმერთის წინაშე სისაძაგლეა. რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მის შემდეგ ღმერთის სასუფეველი იხარება და ყოველი ძალისხმევით შედის მასში. უფრო ადვილია ცისა და მიწის გარდასვლა, ვიდრე ერთი წერტილის ამოვარდნა რჯულიდან. ყველა, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულითა და ბისონით იმოსებოდა, ყოველდღე დიდებულად ილხენდა. და იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული. და ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოყრილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.’ უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთენი და ლაზარემ კი – სიავენი. ახლა ის აქ ნუგეშისცემულია, შენ კი იტანჯები. ესეც რომ არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრული ძევს, რათა გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან გადმოვიდნენ თქვენსკენ და ვერც თქვენგან – ჩვენსკენ.’ თქვა: ‘რაკი ასეა, გთხოვ, მამაო, გააგზავნე ეგ მამაჩემის სახლში, რადგან ხუთი ძმა მყავს და გააფრთხილოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’ უთხრა აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’ თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეიცვლიან გონებას.’ უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ უსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ერწმუნებიან.’“ უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია, რომ არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც ისინი მოვა. უმჯობესი იქნებოდა მისთვის წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა. გაფრთხილდით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, უსაყვედურე მას და თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდგზის რომ შეგცოდოს და შვიდგზისვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.“ უთხრეს მოციქულებმა უფალს: „შეგვმატე რწმენა.“ თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს: ‘აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგე,’ დაგემორჩილებათ. რომელიმე თქვენგანს მსახური რომ ჰყავდეს – მხვნელი ან მწყემსი – მინდვრიდან დაბრუნებულს ნუთუ ეტყვის: მოდი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო? განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო? ნუთუ მადლობა ეთქმის მსახურს იმისათვის, რომ თავისი მოვალეობა შეასრულა? ასევე თქვენც, როდესაც შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: ‘უღირსი მსახურები ვართ, გავაკეთეთ მხოლოდ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.’“ ისე მოხდა, რომ იერუსალიმში მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ, ხმა აიმაღლეს და შესძახეს: „შეგვიწყალე, იესო, მოძღვარო!“ შეხედა და უთხრა მათ: „წადით და ეჩვენეთ მღვდლებს!“ და ისე მოხდა, რომ გზად მიმავალნი განიწმიდნენ. და როდესაც დაინახა, რომ განიკურნა, ერთი მათგანი მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. პირქვე დაემხო მის ფეხთით და მადლობდა. და იყო ის სამარიელი. მიმართა იესომ და უთხრა: „განა ათივე არ განიკურნა? ცხრა სადღა არის? არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად, გარდა ამ უცხოთესლისა?“ უთხრა მას: „ადექი, წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს: „როდის მოვა ღმერთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ: „ღმერთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. ვერ იტყვიან: ‘აჰა, აქ არის!’ ან: ‘აჰა, იქ არის!’ რადგან, აჰა, თავად თქვენშია ღმერთის სასუფეველი.“ უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ კაცის ძე და ვერ იხილავთ. და გეტყვიან: ‘აჰა, აქ არის!’ ან: ‘აჰა, იქ არის!’ ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით, რადგან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძე თავის დღეს. მაგრამ თავდაპირველად მან უნდა ბევრი იტანჯოს და უარყოფილ იქნეს ამ თაობის მიერ. და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც: ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. შემდეგ მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა. ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. ხოლო იმ დღეს, როდესაც ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ციდან და ყველა დაიღუპა. ასევე იქნება იმ დღესაც, როდესაც კაცის ძე გამოცხადდება. იმ დღეს, ვინც ბანზე იქნება, მისი ნივთები კი სახლში, არ ჩამოვიდეს ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან არ მობრუნდეს. გაიხსენეთ ლოტის ცოლი. ვინც ეცდება თავისი სამშვინველის გადარჩენას, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სამშვინველს, გააცოცხლებს მას. გეუბნებით თქვენ: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ სარეცელზე, ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება. ორი დამფქველი ქალი იქნება ერთად, ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება. ორნი იქნებიან მინდორში, ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება.“ მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?“ ხოლო მან უთხრა მათ: „სადაც სხეულია, ორბებიც იქ მოგროვდებიან.“ უთხრა მათ იგავი მუდმივ ლოცვაზე და უდრეკობაზე. თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღმერთისა არ ეშინოდა და ხალხისა არა რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი. მივიდა მასთან და უთხრა: ‘დამიცავი ჩემი მომჩივანისგან.’ ის კი დიდხანს უარზე იყო. მერე თქვა თავისთვის: ‘თუმცა ღმერთისა არ მეშინია და ხალხისა არა მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ თავისი სიარულით აღარ შემაწუხოს.’“ თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ? და არ იქნება სულგრძელი მათდამი? გეუბნებით თქვენ: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს კი დედამიწაზე რწმენას?“ ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი აბუჩად იგდებდნენ, უთხრა ეს იგავი: „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორიც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’ ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აეხედა; მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’ გეუბნებით თქვენ: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“ მოუყვანეს მას ბავშვები, რომ შეხებოდა მათ. ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, უშლიდნენ მათ. იესომ დაუძახა მათ და უთხრა: „მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ, რადგან ასეთებისაა ღმერთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში.“ ჰკითხა ერთმა მთავარმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა. იცი მცნებები: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“ მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი.“ ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და ღარიბებს დაურიგე, და გექნება საუნჯე ზეცაში. შემდეგ მოდი და გამომყევი.“ ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო. შეხედა მას იესომ და თქვა: „რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის შესვლა ღმერთის სასუფეველში! რადგან უფრო ადვილია აქლემის გაძვრომა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღმერთის სასუფეველში.“ ვინც ეს მოისმინა, თქვა: „აბა, ვის შეუძლია გადარჩენა?“ მან თქვა: „კაცთათვის შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელია.“ თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ღმერთის სასუფევლისათვის დატოვებს სახლს, ან ცოლს, ან მშობლებს, ან ძმებს, ან შვილებს და ახლავე არ მიიღებს მრავალგზის მეტს, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლეს.“ გაიყოლა თავისი 12 მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმში და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძეზე, რადგან გადაეცემა წარმართებს, და შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, აფურთხებენ, გაამათრახებენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.“ მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათგან, და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს. ისე მოხდა, რომ იერიქოსთან მიახლოებისას, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა. ხალხის ჩავლის ხმა რომ გაიგონა, იკითხა: რა ამბავიაო. უთხრეს: „იესო ნაზარეველი მოდის.“ და იყვირა მან: „იესო, ძეო დავითისა, შემიწყალე მე!“ წინ მიმავალნი გაუწყრნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: „ძეო დავითისა, შემიწყალე მე!“ იესო შეჩერდა და ბრძანა, მასთან მოეყვანათ. როდესაც მიუახლოვდა, ჰკითხა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ უთხრა: „უფალო, რომ თვალი ამეხილოს.“ იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ და მყისვე აეხილა. გაედევნა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს. მივიდა იერიქოში და გადიოდა ქალაქზე. და იყო იქ ერთი კაცი, სახელად ზაქე – მებაჟეთა უფროსი და მდიდარი. და ცდილობდა დაენახა, ვინ იყო იესო, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, რადგან ტანად დაბალი იყო. წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იქით უნდა გაევლო მას. იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე.“ და სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. როდესაც ეს დაინახეს, ყველა დრტვინავდა ამბობდა: „ცოდვილ კაცთან შევიდა.“ ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიტყუებია, ოთხმაგად მივაგებ.“ უთხრა მას იესომ: „დღეს ამ სახლს ხსნა მოევლინა, რაკი ისიც აბრაამის ძეა. რადგან კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა.“ და დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მსმენელებს ეგონათ, ძალიან მალე გამოჩნდებოდა ღმერთის სასუფეველი. ამის გამო თქვა: „ერთი კეთილშობილი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ‘ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთ.’ მაგრამ მის თანამოქალაქეებს სძულდათ იგი და ელჩობა დაადევნეს უკან სათქმელად: ‘არ გვსურს მაგის მეფობა ჩვენზე.’ როდესაც მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მიეგვარათ ის მსახურები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა მოივაჭრა. მოვიდა პირველი და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო.’ უთხრა მას: ‘კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება.’ მოვიდა მეორე და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა.’ მასაც უთხრა: ‘შენც ხუთ ქალაქზე იყავი.’ მესამე მოვიდა და უთხრა: ‘ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული, შემეშინდა, რადგან სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდვია და იმკი, რაც არ დაგითესია.’ უთხრა მას: ‘შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მსახურო! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდვია და ვიმკი, რაც არ დამითესია. რატომ არ ჩადე ჩემი ვერცხლი სავაჭროში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?’ და იქ მდგომთ უთხრა: ‘წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს.’ უთხრეს მას: ‘უფალო, მას ათი მნა აქვს.’ ‘გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონებელს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე გავმეფებულიყავი, მოიყვანეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე.’“ თქვა ეს და გაემართა იერუსალიმში ასასვლელად. და როდესაც მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთასთან, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება, გაგზავნა ორი მოწაფე, და უთხრა მათ: „წადით გაღმა სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ ადამიანი არ მჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ. თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ ხსნითო, ასე უთხარით: ‘მის უფალს სჭირდება.’“ წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა. და როდესაც ჩოჩორს ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ ხსნით ამ ჩოჩორს?“ მათ თქვეს: „იმიტომ, რომ მის უფალს სჭირდება.“ მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო. და როდესაც მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა. როდესაც ის უახლოვდებოდა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღმერთის ხოტბა-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს. ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“ ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, აუკრძალე შენს მოწაფეებს.“ მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ!“ და როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო. თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც შეგეცნო, რა არის შენთვის სამშვიდობო! მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან. რადგან დაგიდგება დღეები, როდესაც მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ მიწაყრილს, შემოგერტყმიან და შეგავიწროვებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში, ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ, რადგან ვერ გაიგე შენი მონახულების ჟამი.“ და შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა. უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს. თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად აქციეთ იგი.’“ და ასწავლიდა ყოველდღე ტაძარში. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის თავკაცნი ცდილობდნენ მის დაღუპვას. მაგრამ ვერაფერი მოიფიქრეს, რა ეღონათ, რადგან მთელი ხალხი მიჰყვებოდა და უსმენდა მას. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, როდესაც იგი ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად და უთხრეს: „გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ მიუგო და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით: იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო, თუ კაცთაგან?“ ისინი ერთმანეთში თათბირობდნენ: „თუ ვიტყვით, ‘ზეციდან,’ იტყვის: ‘რატომ არ იწამეთ მისი?’ თუ ვიტყვით ‘კაცთაგან,’ მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, რადგან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.“ და მიუგეს, რომ არ იცოდნენ, საიდან იყო. იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“ და დაუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწის მუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით. როდესაც დრო მოვიდა, მსახური გაუგზავნა მიწის მუშაკებს, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწის მუშაკებმა სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ გაუგზავნა სხვა მსახური. მასაც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს. მერე მესამე გაგზავნა. დაჭრეს იგი და გარეთ გააგდეს. თქვა ვენახის პატრონმა: ‘როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ.’ მაგრამ მიწის მუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენი იქნება.’ გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი? მოვა, ამოწყვეტს იმ მიწის მუშაკებს და ვენახს სხვებს ჩააბარებს.“ ვინც მოისმინა, თქვეს: „ღმერთმა ნუ ქნას!“ მან კი შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს ეს დაწერილი: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა’? ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილეწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.“ მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სწორედ ამ დროს მოინდომეს, ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და უთვალთვალებდნენ მას, მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და ხელისუფლებისათვის და გამგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ. ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. უნდა მივცეთ თუ არა ხარკი კეისარს?“ მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა: „მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს სახე და წარწერა?“ თქვეს: „კეისრისა.“ უთხრა მათ: „მაშ, მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს.“ ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ. მიუახლოვდა ზოგიერთი სადუკეველთაგან, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს ნაშიერი თავის ძმას.’ იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ. და მეორემაც და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შვილი, და დაიხოცნენ. ბოლოს ქალიც მოკვდა. მაშ, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“ და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან, ხოლო ვინც ღირსი იქნება მოიპოვოს ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავს, არც თხოვდება, რადგან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი. ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როდესაც აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგან მისთვის ყველა ცოცხალია.“ მიუგეს ზოგიერთებმა მწიგნობართაგან და უთხრეს: „კარგად თქვი, მოძღვარო.“ და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის. ხოლო მან უთხრა მათ: „როგორ ამბობენ, ქრისტე დავითის ძე არის? თავად დავითი ხომ ამბობს ფსალმუნთა წიგნში: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს ვაქცევდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად.’ აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“ და როდესაც მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსით სიარული და უყვართ მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე, რომლებიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“ აიხედა და დაინახა, რომ მდიდრები საგანძურში ყრიდნენ თავიანთ შესაწირავს. და დაინახა ერთი ღარიბი ქვრივი ქალიც, რომელმაც სპილენძის ორი მონეტა ჩააგდო. და თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო, რადგან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.“ ხოლო როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულობებით არისო დამშვენებული, თქვა: „დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიქცეს.“ ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს? და რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?“ მან თქვა: „ფრთხილად იყავით, არ შეცდეთ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ‘მე ვარ!’ და რომ მოახლოებულია ჟამი. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ. როდესაც მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ჯერ ეს უნდა მოხდეს, ოღონდ მყისვე არ იქნება აღსასრული.“ მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო – სამეფოს წინააღმდეგ. იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებანი და დიდი ნიშნები ციდან. ყოველივე ამის წინ ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. ეს იქნება თქვენი მოწმობისათვის. ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი, რადგან მე მოგცემთ თქვენ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი. გაცემულ იქნებით თვით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სიცოცხლე. და როდესაც იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი გაუდაბურება. მაშინ იუდეაში მყოფები მთებში გაიქცნენ, ხოლო იერუსალიმში მყოფები გარეთ გავიდნენ; სოფელში მყოფები ნუღარ დაბრუნდებიან იერუსალიმში. რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი. ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში, რადგან დიდი იქნება უბედურება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ერში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე არ დასრულდება წარმართთა ჟამი. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო დედამიწაზე ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. ადამიანებს გონება დაეკარგება შიშით და მსოფლიოზე მოსახდენის მოლოდინში, რადგან ციური ძალები შეირყევიან. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. ხოლო როდესაც ამის ახდენა დაიწყება, აღიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.“ უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს. როგორც კი შეიფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული. ასევე თქვენც, როდესაც იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღმერთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყველაფერი ეს არ ახდება. ცა და მიწა გარდავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გარდავლენ. გაფრთხილდით, რომ არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და ყოველდღიური ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად, რადგან მახესავით ეწევა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. ყოველ ჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეძლოთ ყველა მოწევნადისგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე.“ დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება. და მთელი ხალხი დილიდანვე მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად. ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძებდნენ საშუალებას, როგორ მოეშორებინათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელი ერქვა და ერთი თორმეტთაგანი იყო. და წავიდა, მოელაპარაკა მღვედელმთავრებსა და მცველთა უფროსებს, როგორ გადაეცა მათთვის იესო. გაუხარდათ და აღუთქვეს, რომ მისცემდნენ ვერცხლს. და დათანხმდა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის შეუმჩნევლად გადაეცა იგი მათთვის. მოაწია უფუარობის დღემ, როდესაც პასექი უნდა დაკლულიყო. და გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით, მოგვიმზადეთ პასექი, რომ ვჭამოთ.“ მათ უთხრეს: „სად გინდა, რომ მოვამზადოთ?“ უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა, და უთხარით სახლის პატრონს: ‘მოძღვარი გეუბნება, სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო პასექი?’ ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემო დარბაზს. იქ მოამზადეთ.“ წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი. და როდესაც მოაწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად. უთხრა მათ: „ძალიან მინდოდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ის ღმერთის სასუფეველში.“ და აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „მიიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთში! რადგან გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სასუფეველი.“ და აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემი ხორცია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“ ასევე – თასიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს თასი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება. მაგრამ, აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ ტრაპეზზე; რადგან კაცის ძე მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.“ და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი იზამდა ამას. ასევე კამათიც წარმოიშვა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო უდიდესად. უთხრა მათ: „წარმართთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ, არამედ თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს და მბრძანებელი – მსახურივით. რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური. თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი, რომ ჭამთ და სვამთ ჩემს ტრაპეზზე ჩემს სამეფოში და დასხდებით ტახტებზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხად.“ თქვა უფალმა: „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ მოითხოვა თქვენი თავი ხორბალივით გასაცხრილად. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როდესაც კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები.“ მან უთხრა მას: „უფალო, მზად ვარ შენთან ერთად საპყრობილეში და სიკვდილშიც წამოვიდე.“ თქვა მან: „შენ გეუბნები, პეტრე, ჯერ მამალს არ ექნება ნაყივლი დღეს, რომ სამგზის უარმყოფ: არ ვიცნობო.“ უთხრა მათ: „როდესაც ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ?“ თქვეს: „არაფერი.“ უთხრა მათ: „ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდაც. ვისაც არა აქვს მახვილი, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს. თქვენ გეუბნებით, რომ ჩემზე უნდა აღსრულდეს ეს წერილი: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა,’ რადგან ის, რაც ჩემზეა, დასასრულს უახლოვდება.“ თქვეს: „უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია.“ მან კი უთხრა: „საკმარისია.“ გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. და როდესაც იმ ადგილს მიაღწია, უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში.“ თავად კი განშორდა მათ ქვის სასროლზე, მუხლი მოიყარა და ლოცვისას თქვა: „მამაო, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ არა ჩემი, არამედ შენი ნება იყოს.“ და ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და განამტკიცებდა მას. აგონიაში მყოფი უფრო მხურვალედ ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, და მიწაზე ეცემოდა. ლოცვიდან რომ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები. უთხრა მათ: „რა გაძინებთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში.“ ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, მოდის ხალხი და მათ წინ მოუძღვის ერთი თორმეტთაგანი, სახელად იუდა, და მივიდა იესოსთან საამბორებლად. იესომ უთხრა მას: „იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?“ მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“ ერთმა მათგანმა დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მიუგო იესომ და თქვა: „გეყოფათ!“ და შეეხო მის ყურს და გაუმრთელა. უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მცველთა უფროსებს და უხუცესებს: „როგორც ყაჩაღის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ, მაგრამ ეს თქვენი ჟამია და ბნელის ხელმწიფება.“ და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა. როდესაც შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა. ერთმა მხევალმა იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო.“ მაგრამ მან უარყო და თქვა: „ქალო, არ ვიცნობ მას.“ ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ.“ მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ.“ თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ვიღაც სხვამ დაიწყო მტკიცება და ამბობდა: „ნამდვილად, ესეც იმასთან იყო, რადგან გალილეველია.“ თქვა პეტრემ: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ.“ და მყისვე, როდესაც ამას ამბობდა, მამალმა იყივლა. მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა: „დღეს, სანამ მამალი იყივლებდეს, სამგზის უარმყოფ მე.“ გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა. ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, დასცინოდნენ და სცემდნენ მას. თვალები აუხვიეს და ეკითხებოდნენ: „იწინასწარმეტყველე, ვინ გირტყამს?“ და ბევრ სხვა სალანძღავს ამბობდნენ მასზე. როდესაც დღე დადგა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები, და მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში და უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი.“ უთხრა მათ: „რომ გითხრათ, არ მერწმუნებით, და თუ გკითხავთ, არ მიპასუხებთ. ამიერიდან კაცის ძე იქნება ღმერთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე.“ თქვა ყველამ: „მაშ, შენ ხარ ღმერთის ძე?“ უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.“ მათ თქვეს: „მეტი რა მოწმობა გვჭირდება? ჩვენ ხომ თავად მოვისმინეთ მისი პირიდან.“ და ადგა მთელი ეს კრებული და წაიყვანეს იგი პილატესთან. დაიწყეს მისი დადანაშაულება და თქვეს: „ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს გზიდან აცდენს ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, და თავს ქრისტე მეფედ აცხადებს.“ პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ მან მიუგო და თქვა: „შენ ამბობ.“ პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში.“ მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე.“ ეს რომ გაიგონა პილატემ, იკითხა: „გალილეველია ეს კაცი?“ და როდესაც შეიტყო, რომ ჰეროდეს ხელმწიფების ქვეშ იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა. იესო რომ დაინახა ჰეროდემ, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხანია უნდოდა მისი ნახვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მისი ამბავი და სურდა მისგან მოხდენილი რაიმე სასწაულის ნახვა. ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და თავგამოდებით ადანაშაულებდნენ მას. ხოლო ჰეროდემ თავის ჯარისკაცებთან ერთად შეურაცხყო და სასაცილოდ აიგდო იგი. ჩააცვა თეთრი სამოსი და უკან გაუგზავნა პილატეს. იმ დღეს პილატე და ჰეროდე მეგობრები გახდნენ, თუმცა მანამდე მტრობდნენ ერთმანეთს. პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს. და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს ადამიანი, როგორც ხალხის გზიდან ამცდენი, და, აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე ამ ადამიანში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას, და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და, აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“ რადგან მას მართებდა სადღესასწაულოდ ვინმეს გაშვება. მაგრამ მთელმა ხალხმა ერთად იყვირა და თქვა: „დასაჯე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა!“ ბარაბა კი საპყრობილეში იყო ჩაგდებული ქალაქში მომხდარი შფოთისა და მკვლელობისათვის. პილატემ კვლავ მიმართა მათ, რადგან სურდა იესოს გაშვება. მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!“ მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“ ისინი კი დაჟინებით მოითხოვდნენ ხმამაღალი ყვირილით, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ. პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა. გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, და გადასცა იესო მათ ნებას. და როდესაც მიჰყავდათ იგი, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ. მისდევდა მას დიდძალი ხალხი და ქალები, რომლებიც მოთქვამდნენ და გოდებდნენ. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ. რადგან, აჰა, მოდის დღეები, როდესაც იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’ მაშინ ეტყვიან მთებს: ‘დაგვემხეთ ზედ!’ და ბორცვებს: ‘დაგვფარეთ ჩვენ!’ რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“ მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც – ორი ყაჩაღი. როდესაც იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, ჯვარს აცვეს იქ ის და ბოროტმოქმედნიც – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. იესომ თქვა: „მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“ და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრები დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, იხსნას ახლა თავისი თავი, თუ ეგ ქრისტეა, ღმერთის რჩეული.“ ჯარისკაცებიც სასაცილოდ იგდებდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან, ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“ მის ზემოთ იყო წარწერა: „ეს არის იუდეველთა მეფე.“ ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი შეურაცხყოფდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენი.“ მეორე კი, უწყრებოდა მას და ამბობდა: „ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, რადგან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია.“ და თქვა: „იესო, გამიხსენე, როდესაც შენს სამეფოში მიხვალ.“ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“ დღის ექვსი საათი იქნებოდა, როდესაც მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე. დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო. შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელთ ვაბარებ ჩემს სულს.“ ეს თქვა და სული ამოუშვა. ასისთავმა რომ დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: „ეს კაცი ნამდვილად მართალი იყო.“ ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, მომხდარის მხილველი, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. მოშორებით იდგა ყველა, ვინც მას იცნობდა, და ქალებიც, რომლებიც მას გალილეიდან მოჰყვნენ. აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, და რომელიც მოელოდა ღმერთის სასუფეველს, მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ არავინ დაესვენებინათ. ის დღე პარასკევი იყო და შაბათი იწყებოდა. უკან გაჰყვნენ ქალებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი. დაბრუნდნენ და მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. ხოლო შაბათს დაისვენეს მცნებისამებრ. ერთშაბათს, დილით ადრე მივიდნენ სამარხთან და მიიტანეს ნელსურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ. და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული. და რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალი იესოს სხეული. და როდესაც ამის გამო შეფიქრიანებულნი იყვნენ, აჰა, მათ წარუდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსით მოსილი. შეძრწუნებულებს სახე ძირს ჰქონდათ დახრილი. ხოლო მათ უთხრეს მათ: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როდესაც ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ კაცის ძე ცოდვილ ადამიანთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს.“ და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები. და დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს თერთმეტს და ყველა დანარჩენს. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც უთხრეს ეს მოციქულებს. მაგრამ მათ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ ერწმუნენ. ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარით გაკვირვებული. და, აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც 60 სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე მომხდარის გამო. ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ. მაგრამ თვალები დახშული ჰქონდათ, რომ ვერ ეცნოთ იგი. უთხრა მათ: „რაზე მსჯელობთ ერთმანეთში, როდესაც გზაზე დგახართ და რას დაუღონებიხართ?“ ისინი შეჩერდნენ დამწუხრებულნი. მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, და უთხრა მას: „შენ ალბათ ერთადერთი ხარ იერუსალიმში მცხოვრებთაგან, რომელმაც არ იცი, რა ამბავი მოხდა იქ ამ დღეებში?“ და უთხრა მათ: „რა ამბავი?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველის ამბავი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე, როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა ქალმა გაგვაოცა, ისინი დილით ადრე იყვნენ სამარხთან და ვერ იპოვეს მისი სხეული. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო. ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისკენ და, მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც ქალები ამბობდნენ, ის კი ვერ ნახეს.“ მან უთხრა მათ: „ოჰ, უგუნურნო და გულით მძიმენო, რომ ვერ ირწმუნეთ ის, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ! განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“ და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, რადგან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა მათთან დასარჩენად. და მოხდა ისე, რომ მათთან ინახით ჯდომისას, მან აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. და აეხილათ თვალი და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის. უთხრეს ერთმანეთს: „განა გულში ცეცხლი არ გვენთო, როდესაც გზაში გველაპარაკებოდა და როდესაც წერილებს განგვიმარტავდა?!“ ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში, მოძებნეს შეკრებილნი – თერთმეტნი – და მათთან მყოფნი, რომელთაც უთხრეს: „უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.“ მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას. ამ ლაპარაკში იყვნენ, როდესაც თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“ შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ. მაგრამ უთხრა მან: „რატომ ხართ შეშფოთებული და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“ ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები. და რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რაიმე საჭმელი?“ მათ მიაწოდეს შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული. გამოართვა და შეჭამა მათ თვალწინ. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ. და უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.“ მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად და უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ერში, იერუსალიმიდან დაწყებული. და თქვენ ხართ ამის მოწამენი. და, აჰა, მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებით.“ და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელები და აკურთხა ისინი. და როდესაც აკურთხებდა, განშორდა მათ და ამაღლდა ცაში. მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. და მუდამ ტაძარში იყვნენ, ღმერთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი ადამიანთა. და ნათელი ბნელში ჩანს და ბნელი ვერ მისწვდა მას. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთისაგან, და სახელი მისი იოანე. იგი მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისგან. ის კი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ქვეყანაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს. იყო ქვეყანაზე და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ის ვერ იცნო. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. ხოლო რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც სწამს მისი სახელი, რომელნიც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ. და სიტყვა ხორციელი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მხოლოდშობილისა მამისაგან, აღსავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ‘ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უწინარესია, რადგან ჩემზე უწინ იყო.’“ და მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. რადგან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. ღმერთის მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა. აჰა, მოწმობა იოანესი, როდესაც იუდეველებმა გაუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანნი, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინა ხარ შენ?“ მან აღიარა და არ უარყო. აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე.“ და ჰკითხეს მას: „მაშ ვინ ხარ? ელია ხარ?“ ამბობს: „არა ვარ.“ – „წინასწარმეტყველი ხარ?“ მიუგო: „არა.“ მაშინ უთხრეს მას: „მაშ ვინ ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?“ თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘გაუსწორეთ გზა უფალს,’ როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა.“ წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგანნი იყვნენ. და ჰკითხეს მას და უთხრეს: „მაშ რატომ სცემ ნათელს, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“ მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ, ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მისი ფეხსაცმლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ.“ ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა. მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღმერთის კრავი, რომელიც იტვირთავს ქვეყნიერების ცოდვებს. ეს არის ის, ვისზეც ვთქვი: ‘ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, რადგან ჩემზე უწინარეს იყო.’ მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით ნათლის საცემად, რათა ის გამოეცხადოს ისრაელს.“ და მოწმობდა იოანე და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდამომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით ნათლის საცემად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახავ სულს, გარდამომავალს და დავანებულს, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’ და მე ვიხილე და ვმოწმობ, რომ ეს არის ძე ღმერთისა.“ მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. და დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღმერთის კრავი.“ ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი“ (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), „სად დგახარ?“ ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ.“ წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა, ასე, მეათე საათი. იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი, ერთი იმ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს იესოზე და გაჰყვნენ მას. მან პირველად ნახა თავისი ძმა, სიმონი, და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს). მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა.“ (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს.) მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და ნახა ფილიპე. უთხრა მას იესომ: „გამომყევი მე.“ ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან. ფილიპემ მოძებნა ნათანაელი და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც დაწერეს რჯულში მოსემ და წინასწარმეტყველებმა: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან.“ და უთხრა მას ნათანაელმა: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ უთხრა მას ფილიპემ: „წამოდი და ნახე.“ იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა.“ ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე მოგიხმობდა, ლეღვის ქვეშ გიხილე.“ მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმერთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ გიხილე? ამაზე მეტსაც იხილავ.“ ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმერთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და გარდამომავალთ.“ მესამე დღეს იყო ქორწილი გალილეის კანაში და იყო იქ იესოს დედა. იესო და მისი მოწაფეებიც მიიწვიეს ქორწილში. და როდესაც ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება დედა იესოს: „ღვინო აღარა აქვთ.“ ეუბნება მას იესო: „რა გინდა ჩემგან, ქალო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა.“ ეუბნება მისი დედა მსახურებს: „გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით.“ იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა განწმედის წესისათვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა. ეუბნება მათ იესო: „აავსეთ ეს ჭურჭლები წყლით.“ და მათაც აავსეს ისინი პირამდე. და ეუბნება მათ: „ახლა კი ამოიღეთ და მიართვით სუფრის თავს.“ და მიართვეს. როდესაც სუფრის თავმა გაუსინჯა გემო წყალს, რომელიც ღვინოდ იქცა – მან არ იცოდა, რა ღვინო იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც წყლით აავსეს – დაუძახა სიძეს და უთხრა: „ყოველი კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როდესაც შეთვრებიან – მდარეს. შენ კი აქამდე შემოგინახავს უკეთესი ღვინო.“ ასე დაუდო იესომ სათავე სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და იწამეს მისი მისმა მოწაფეებმა. ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმში ის და მისი დედა, ძმები და მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღე. მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. და ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი, და იქ მსხდომი ფულის მცვლელები. და გააკეთა საბელის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, ფულის მცვლელებს მონეტები დაუბნია და დახლები აუყირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ აქცევთ სავაჭრო სახლად.“ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე.“ მიმართეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა სასწაულს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“ უთხრეს იუდეველებმა: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ?“ ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ამბობდა. როდესაც ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ეს რომ თქვა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა მათ. ხოლო როდესაც იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავს, რადგან ყველას სცნობდა. და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში. იყო კაცი, ერთი ფარისეველთაგანი, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. იგი მივიდა მასთან ღამით და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღმერთისგან ხარ მოსული მოძღვრად, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების ქმნა, როგორსაც შენ ახდენ, თუ ღმერთი არ არის მასთან.“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“ ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია ადამიანს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შესაძლებელია, დედის საშოში ხელმეორედ შესვლა და შობა?“ მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: ხელახლად უნდა იშვათ მაღლით. ქარს, სადაც სურს, იქ ქრის, და მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა შობილი სულისაგან.“ მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა მას: „როგორ შეიძლება ეს მოხდეს?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და არ იცი ეს? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს მოწმობას. თუ მიწიერისა გითხარით და არ გწამთ, როგორღა იწამებთ, ზეციერისა რომ გითხრათ? არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეციდან გარდამოსულისა – კაცის ძისა. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე. რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყანაზე, რომ დასაჯოს ეს ქვეყანა, არამედ, რათა იხსნას ქვეყანა მისი მეშვეობით. ვისაც ის სწამს, არ დაისჯება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე დასჯილია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი. სასჯელი კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა ქვეყანაზე და ადამიანებმა ნათელზე მეტად შეიყვარეს ბნელი, რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები. რადგან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნას მხილებული მისი საქმეები. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.“ ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეის ქვეყანაში, დარჩა იქ მათთან და ნათელს სცემდა. იოანე კი ნათელს სცემდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ მასთან და ინათლებოდნენ. რადგან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული. მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმედის გამო. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და ვისზეც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან.“ მიუგო იოანემ და თქვა: „ადამიანი ვერაფერს მიიღებს თვითონ, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული. თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: ‘მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე.’ ვისაც სასძლო ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე. ციდან მომავალი ყველაზე უმაღლესია. ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწისას ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე უმაღლესია, რაც მან იხილა და ისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ იღებს. ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია. ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ამბობს. რადგან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს. მამას უყვარს ძე და ყველაფერი მისცა მას ხელთ. ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღმერთის რისხვა დარჩება მასზე.“ როდესაც შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს ესმათ, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანე, – თუმცა ნათელს სცემდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები – დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა. ხოლო მას სამარიაზე უნდა გაევლო. და მივიდა სამარიელთა ქალაქში, რომელსაც ეწოდება სიქარი, იმ მიწის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა იოსებს, თავის ძეს. იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაღლილი იესო წყაროსთან ჩამოჯდა. იქნებოდა ასე მეექვსე საათი. და მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ასავსებად. ეუბნება მას იესო: „მასვი მე წყალი!“ რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად. ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ, შენ, იუდეველი, წყალს მთხოვ მე, სამარიელ ქალს?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.) მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე ღმერთის ნიჭი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი შემასვიო, მაშინ თვითონ შენ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.“ ეუბნება მას ქალი: „უფალო, არც ჯამი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდანა გაქვს ცოცხალი წყალი? ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა? და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ძენიც და მისი პირუტყვიც?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება, ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, გადაიქცევა მასში წყაროდ, რომლიდანაც წყალი საუკუნო სიცოცხლედ იდენს.“ ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.“ ეუბნება მას: „წადი, შენს ქმარს მოუხმე და მოდი აქ.“ მიუგო ქალმა და უთხრა: „არა მყავს ქმარი.“ ეუბნება მას იესო: „კარგად თქვი: ქმარი არა მყავს, – რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი.“ ეუბნება მას ქალი: „უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია თაყვენისცემის ადგილი.“ ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როდესაც არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს, ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა. მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამა ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ მას სულითა და ჭეშმარიტებით.“ ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. როდესაც ის მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.“ ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკები.“ ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: „რას ეძიებ?“ ან: „რას ელაპარაკები მას?“ ქალმა დატოვა თავისი ჭურჭელი, წავიდა ქალაქში და უთხრა ხალხს: „წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“ ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან და მისკენ წამოვიდნენ. ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“ მან უთხრა მათ: „მე მაქვს საკვები, რომელიც თქვენ არ იცით.“ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“ ეუბნება მათ იესო: „ჩემი საკვებია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? და აჰა, მე გეუბნებით თქვენ: თვალი აახილეთ და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი უკვე იღებს თავის საზღაურს და აგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ‘ერთი თესავს და სხვა იმკის.’ მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით.“ ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: „ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენია.“ ამიტომ, როდესაც მივიდნენ მასთან სამარიელები და სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, იგი ორ დღეს დარჩა იქ. და კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით. უთხრეს ქალს: „უკვე შენი ნათქვამის გამო კი არა გვწამს, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი.“ და ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეაში წავიდა. რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი. როდესაც გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს. კვლავ მივიდა იესო გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფისკაცი, რომელსაც ძე ჰყავდა ავად კაპერნაუმში. მან გაიგო, რომ იესო იუდეიდან გალილეაში იყო მისული; მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო. უთხრა იესომ მას: „თუ ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ, ისე არა გწამთ.“ ეუბნება მას მეფისკაცი: „უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ძე არ მომკვდარა.“ ეუბნება მას იესო: „წადი, ცოცხალია შენი ძე.“ ირწმუნა კაცმა სიტყვა, რომელიც უთხრა იესომ და წავიდა. შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს: „ცოცხალია შენი ძე.“ ჰკითხა მათ: „რომელ საათზე გამომჯობინდა?“ უთხრეს: „გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.“ ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის დრო იყო, როდესაც იესომ უთხრა: „ცოცხალია შენი ძე.“ და ირწმუნეს მან და მთელმა მისმა სახლეულმა. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა. ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმში. იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის საბანელი, რომელსაც ებრაულად ბეთზათა ეწოდება, და მას აქვს ხუთი სტოა. ისხდა იქ მრავალი სნეული: ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ, რადგან უფლის ანგელოზი გადმოდიოდა დროდადრო და ამღვრევდა წყალს. ხოლო ვინც პირველი ჩადიოდა წყლის ამღვრევის შემდეგ, იკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. იყო იქ კაცი, რომელსაც 38 წელი გაეტარებინა სნეულებაში. იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხნის სნეულია და უთხრა: „გსურს, განიკურნო?“ მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. სანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.“ ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი!“ და მაშინვე განიკურნა ის კაცი. აიღო თავისი საწოლი და გაიარა. ხოლო ის დღე შაბათი იყო. უთხრეს იუდეველებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია, ნება არა გაქვს საწოლის აღებისა.“ მან მიუგო მათ: ვინც განმკურნა, მითხრა: „აიღე შენი საწოლი და წადი.“ ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და წადი?“ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იქ მყოფ ხალხში გაუჩინარდა. ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის და უთხრა: „აჰა, შენ განიკურნე, ნუღარ შესცოდავ, რათა უარესი რამ არ დაგემართოს.“ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა: „იესოა, ვინც მე განმკურნა.“ და დაუწყეს იუდეველებმა იესოს დევნა იმის გამო, რომ შაბათს აკეთებდა ამას. იესომ მიუგო მათ: „მამაჩემი აქამდე აკეთებს და მეც ვაკეთებ.“ ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათის წესი დაარღვია, არამედ ღმერთს მამა უწოდა, და თავი ღმერთს გაუტოლა. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თავის თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. რადგან მამას უყვარს ძე და ყველაფერს, რასაც აკეთებს, უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც უჩვენებს, ისეთებს, რომ გაგიკვირდებათ. რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ასევე ძეც, ვისი გაცოცხლებაც სურს, გააცოცხლებს. რადგან მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსასჯელი ძეს გადასცა, რათა ყველამ პატივი მიაგოს ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მამას მიაგებს პატივს, რომელმაც იგი მოავლინა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე მოსულია, როდესაც მკვდრები გაიგონებენ ღმერთის ძის ხმას და ვინც გაიგონებს, იცოცხლებს. რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. განსჯის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი. ნუ გაგიკვირდებათ ეს, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველა, ვინც საფლავებში არის, მის ხმას გაიგონებს. და კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი განკითხვის აღდგომისათვის. ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვსჯი, და ჩემი სამართალი მართალია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. მე რომ ვმოწმობდე ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ იქნებოდა ჭეშმარიტი. სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე. თქვენ მიავლინეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება. თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ. იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში. მე კი უფრო დიდი მოწმობა მაქვს, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა. და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობს ჩემზე, თქვენ კი არასოდეს გსმენიათ მისი ხმა და არც მისი ხატი გიხილავთ. მისი სიტყვა ვერ დამკვიდრდა თქვენში, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა. იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ. თქვენ ჩემთან მოსვლა არა გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ. არ ვიღებ დიდებას ადამიანთაგან, მაგრამ მე გიცნობთ თქვენ – ღმერთის სიყვარული არ არის თქვენში. მე მოვედი ჩემი მამის სახელით და არ მიღებთ. სხვა თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როდესაც ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, ხოლო ერთი ღმერთის დიდებას არ ეძებთ? ნუ გგონიათ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისიც თქვენ გწამთ. რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგან მან ჩემზე დაწერა. ხოლო თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?“ ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიის ზღვის გადაღმა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე. ავიდა იესო მთაზე და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ჭამონ?“ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, რადგან თვით იცოდა, რაც უნდა ექნა. მიუგო მას ფილიპემ: „200 დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც შეხვდეს.“ ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა: „აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამდენი ხალხისათვის?“ იესომ თქვა: „დასხით ეს ხალხი.“ ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა ასე, რიცხვით თითქმის 5 ათასამდე კაცი. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და დაურიგა იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. და როდესაც დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი დაიკარგოს.“ მოაგროვეს და აავსეს 12 გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: „ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც ქვეყნიერებაზე უნდა მოსულიყო.“ მიხვდა იესო, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად და გასამეფებლად, და კვლავ განმარტოვდა მთაზე. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ჩავიდნენ ზღვაზე. შევიდნენ ნავში და გაემართნენ ზღვის გადაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ბნელდებოდა და იესო კი ჯერ არ მისულიყო მათთან. ზღვა ძლიერი ქარისაგან ღელავდა. 25 თუ 30 სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ. მან კი უთხრა მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“ უნდოდათ ნავზე აეყვანათ იგი; და ნავი მაშინვე მიადგა ხმელეთს იმ ადგილას, სადაც მიდიოდნენ. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ, და რომ იესო არ ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს. სხვა ნავებიც მოვიდნენ ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. როდესაც დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმში იესოს საძებრად. და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: „რაბი, როდის მოხვედი აქ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც კაცის ძე მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.“ უთხრეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღმერთის საქმენი ვაკეთოთ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ღმერთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, ვინც მან მოავლინა.“ უთხრეს მას: „რა ნიშანს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.’“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. რადგან ღმერთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას.“ უთხრეს მას: „უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური.“ უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება. მაგრამ გეუბნებით, რომ კიდევაც მიხილეთ, მაგრამ არ მიწამეთ. ყველა, ვინც მამამ მომცა, ჩემთან მოდის; ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ გადმოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. ეს არის ჩემი მომავლინებლის ნება, რომ რაც მე მომცა, არაფერი დავკარგო იქიდან, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“ იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რომ თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან გადმოსული.“ თქვეს: „განა ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან გადმოვედიო?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი ჩემმა მომავლინებელმა მამამ არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და განისწავლება, ჩემთან მოდის. არავის უხილავს მამა, მხოლოდ მან, ვინც ღმერთთანაა, იხილა მამა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ. ხოლო ეს არის პური, რომელიც ზეციდან გადმოვიდა და ვინც შეჭამს მას, არ მოკვდება. მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გადმოვედი; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისათვის გავცემ.“ იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: „როგორ უნდა მოგვცეს თავისი ხორცი საჭმელად?“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე – მასში. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში. ეს არის პური, რომელიც ციდან გადმოვიდა. ისე კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს.“ ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებაზე თქვა: „მკაცრია მისი სიტყვა, ვინ გაუძლებს ამის მოსმენას?“ თვითონ იესოც ამჩნევდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: „ეს გაცდუნებთ თქვენ? – მაშინ როგორ იქნება, თუ იხილავთ კაცის ძეს აღმავალს იქ, სადაც იყო პირველად? სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ.“ რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. და თქვა: „ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული.“ ამის შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ გაჰყვა მას. მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ მიუგო მას სიმონ-პეტრემ: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? შენ გაქვს საუკუნო სიცოცხლის სიტყვები. და ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ღმერთის წმიდა.“ მიუგო მათ იესომ: „თორმეტი არ ამოგირჩიეთ? და ერთი თქვენგანი ეშმაკია.“ ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან იგი, ერთი თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას. ამის შემდეგ იესო გალილეაში დადიოდა და არ უნდოდა ევლო იუდეაში, რადგან იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ. ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული – კარვობა. უთხრეს მას მისმა ძმებმა: „წადი და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმა იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს იქმ, გამოეცხადე ქვეყნიერებას.“ რადგან მის ძმებსაც არ სწამდათ მისი. ეუბნება მათ იესო: „ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მზად არის. ქვეყნიერებას არ შეუძლია თქვენი მოძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. თქვენ ადით დღესასწაულზე, მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.“ ეს უთხრა მათ და დარჩა გალილეაში. და როდესაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა ცხადად, არამედ ფარულად. იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ: „სად არის ის?“ ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო. მაგრამ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ. უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: „როგორ იცის წერილები უსწავლელად?“ მიუგო მათ იესომ და თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელისა. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღმერთისგან არის ის თუ ჩემით ვლაპარაკობ. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს; ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში. განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?“ მიუგო ხალხმა: „ეშმაკია შენში! ვინ გეძებს მოსაკლავად?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა – თუმცა იგი მოსესგან კი არ არის, არამედ მამებისგან – და შაბათობით წინადასცვეთთ კაცს. თუ კაცი წინადაცვეთას იღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ადიმიანი განვკურნე შაბათს? ნუ განსჯით გარეგნობით, არამედ მართალი სამართლით განსაჯეთ.“ თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: „განა ეს ის არაა, რომელსაც მოსაკლავად ეძებენ? აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.“ ხმა აიმაღლა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: „მიცნობთ მე და იცით, საიდან ვარ. მაგრამ მე თვითონ კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა მე.“ ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ იყო დამდგარი. ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: „როდესაც ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“ გაიგეს ფარისევლებმა ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა და მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად. თქვა იესომ: „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ.“ უთხრეს ერთმანეთს იუდეველებმა: „სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძენეთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავლებას? ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ‘ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით და სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ?’“ დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდენენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“ ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ. ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ არ იყო განდიდებული. ხალხიდან ბევრმა თქვა ამ სიტყვების გაგონებაზე: „ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია.“ სხვებმა თქვეს: „ეს ქრისტეა.“ სხვები ამბობდნენ: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე? განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე არის დავითის ნაშიერი და მოდის ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“ და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო. ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ მიჰყო. დაბრუნდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან. მათ უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“ მიუგეს მსახურებმა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“ მიუგეს მათ ფარისევლებმა: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ? განა მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი? მაგრამ ეს რჯულის უმეცარი ხალხი დაწყევლილია.“ ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო: „განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა მან?“ მიუგეს და უთხრეს მას: „შენც გალილეიდანა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება.“ და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდნენ. და ავიდა იესო ზეთისხილის მთაზე. დილით ადრე კი კვლავ დაბრუნდა ტაძარში. და მთელი ხალხი მივიდა მასთან. და დაჯდა და ასწავლიდა მათ. მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, მრუშობაში შეპყრობილი, დააყენეს შუაში და უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაშია შეპყრობილი. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა რამეში ბრალი დაედოთ, მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერა დაიწყო. და რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა.“ და კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ და დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“ და კვლავ დაიწყო იესომ და თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“ უთხრეს მას ფარისევლებმა: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის განვსჯი. და მე თუ განვსჯი, ჩემი განსჯა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.“ უთხრეს მას: „სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ.“ ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როდესაც ტაძარში ასწავლიდა. და არავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი. და კვლავ უთხრა მათ იესომ: „მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში მოკვდებით. სადაც მე მივდივარ, იქ თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლას.“ იუდეველებმა ერთმანეთს უთხრეს: „თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: ‘სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ იქ მოსვლას?’“ უთხრა მათ: „თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ. თქვენ ამ ქვეყნისანი ხართ, მე კი ამ ქვეყნისა არა ვარ. ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.“ უთხრეს მას: „ვინ ხარ შენ?“ უთხრა მათ იესომ: „თავიდანვე გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ: ბევრი მაქვს თქვენზე სათქმელი და განსასჯელი. მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვამბობ ქვეყნად.“ ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ. უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, არ დამტოვა მარტო, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი.“ როდესაც ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. და უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები იქნებით, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ მიუგეს მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ; როგორღა ამბობ, გაგათავისუფლებთო?“ მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ძე კი რჩება საუკუნოდ. თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. ვიცი, რომ აბრაამის ნაშიერნი ხართ, მაგრამ ჩემი მოკვლა გინდათ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. მე იმას ვაუწყებ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ.“ მიუგეს და უთხრეს მას: „ჩვენი მამა აბრაამია!“ უთხრა მათ იესომ: „თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. ახლა კი მე მეძებთ მოსაკლავად, ადამიანს, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან მოვისმინე. აბრაამს კი ასეთი რამ არ გაუკეთებია. თქვენ თქვენი მამის საქმეებს აკეთებთ.“ უთხრეს მას: „ჩვენ სიძვით შობილნი არა ვართ, ერთი მამა გვყავს – ღმერთი.“ უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ იყოს თქვენი მამა, მაშინ გეყვარებოდით მე, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისაგან, რადგან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვების მოსმენა. თქვენი მამა ეშმაკია და თქვენი მამის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდანვე და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როდესაც სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა. ხოლო რაკი მე ჭეშმარიტებას ვამბობ, არა გწამთ ჩემი. რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი? ვინც ღმერთისგანაა, ღმერთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ.“ მაშინ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“ მიუგო იესომ: „ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიოდ მყოფთ მე. თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმსჯელი. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას შეინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე.“ უთხრეს მას იუდეველებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ‘ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილს.’ ნუთუ შენ ჩვენს მამა აბრაამზე უდიდესი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?“ მიუგო იესომ: „მე რომ ჩემს თავს განვადიდებდე, ჩემი დიდება არაფერი იქნებოდა. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზედაც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო. თქვენ ის ვერ გიცვნიათ, მე კი ვიცი ის. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცი იგი, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცი იგი და ვინახავ მის სიტყვას. აბრაამი, თქვენი მამა, სიხარულით მოელოდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს, იხილა და გაიხარა.“ უთხრეს მას იუდეველებმა: „ჯერ 50 წლისაც არა ხარ და აბრაამი გიხილავს?“ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.“ მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან. და რომ მიდიოდა, დაინახა კაცი, შობიდანვე ბრმა. ჰკითხეს მოწაფეებმა: „რაბი, ვინ შესცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღმერთის საქმენი გამოცხადდეს მასზე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ მისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა; მოდის ღამე, როდესაც ვეღარავინ შეძლებს კეთებას. სანამ ქვეყნად ვარ, მე ვარ ქვეყნიერების ნათელი.“ ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი აზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. და უთხრა მას: „წადი და მოიბანე სილოამის საბანელში“ (რაც ნიშნავს: მოვლინებული). წავიდა, მოიბანა და მხედველი დაბრუნდა. მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ჰყავდათ ნანახი, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და თხოულობდა?“ ერთნი ამბობდნენ: „სწორედ ისაა.“ სხვებმა თქვეს: „არა, მაგრამ მას ჰგავს.“ მან კი თქვა: „მე ვარ.“ მაშინ უთხრეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“ მიუგო მან: „კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი აზილა, წამისვა თვალებზე და მითხრა: ‘წადი სილოამს და მოიბანე.’ წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“ და უთხრეს მას: „სადაა იგი?“ ამბობს: „არ ვიცი.“ მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, რომელიც წინათ ბრმა იყო. იყო ის დღე შაბათი, როდესაც იესომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა. კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.“ თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: „ეს კაცი არ არის ღმერთისაგან, რაკი შაბათს არ იცავს.“ სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებდა ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება. კვლავ ეუბნებიან მას, ადრე რომ ბრმა იყო: „შენ რას იტყვი იმაზე, თვალები ვინც აგიხილა?“ მან თქვა: „წინასწარმეტყველია.“ არ დაიჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, ვიდრე არ მოიხმეს თვალახელილის დედ-მამა. და ჰკითხეს მათ: „ეს არის თქვენი ძე, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადა? ახლა როგორღა ხედავს?“ მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა, მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. მოწიფულია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.“ ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რაკი იუდეველების ეშინოდათ. რადგან უკვე შეთქმულნი იყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. ამიტომ თქვეს მშობლებმა: „მოწიფულია, მას ჰკითხეთ.“ მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: „მიაგე დიდება ღმერთს; ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.“ ხოლო მან მიუგო: „ცოდვილია თუ არა ის კაცი, არ ვიცი; მე ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.“ და კვლავ უთხრეს მას: „რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“ მიუგო მათ: „მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ თქვენც მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“ მათ გალანძღეს იგი და თქვეს: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ეს კი არ ვიცით, საიდანაა.“ მიუგო კაცმა და უთხრა მათ: „საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მე კი თვალები ამიხილა. ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს. დასაბამიდან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს. ის რომ ღმერთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გააკეთდებდა.“ მიუგეს და უთხრეს მას: „შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი. გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: „გწამს კაცის ძე?“ მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“ უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და ის არის, ვინც შენ გელაპარაკება.“ მან თქვა: „მწამს, უფალო.“ და თაყვანი სცა მას. და თქვა იესომ: „განსასჯელად მოვედი ქვეყნიერებაზე, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.“ გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“ უთხრა მათ იესომ: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, გრჩებათ თქვენი ცოდვა.“ ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: „ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი. ვინც კარიდან შედის, მწყემსია იგი ცხვრებისა. მას უღებს მეკარე და ცხვრებს ესმით მისი ხმა; იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. როდესაც ყველა თავისას გამოიყვანს, მიუძღვის მათ წინ და ცხვრები მისდევენ მას, რადგან იცნობენ მის ხმას. უცხოს კი არ გაჰყვებიან, გაექცევიან მას, რადგან უცხოს ხმას არ იცნობენ.“ ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა. კვლავ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვრებისა. ყველა, ვინც ჩემზე ადრე მოვიდა, ქურდი იყო და ავაზაკი, და ცხვრებმა არ უსმინეს მათ. მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. ქურდი კი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ, და უხვად ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვრები ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემებს და ჩემები მიცნობენ მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. და ჩემს სამშვინველს ვდებ ცხვრებისთვის. მყავს მე სხვა ცხვრებიც, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სამშვინველს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. ვერავინ წამართმევს მას, არამედ მე თვითონ ვდებ მას. მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავ მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“ ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. ბევრმა მათგანმა თქვა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“ სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეუძლია ეშმაკს ბრმას თვალი აუხილოს?“ მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში, ზამთარი იდგა. და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში. შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: „როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად.“ მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ. ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრებისანი არა ხართ, როგორც გითხარით. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან უკუნისამდე, და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს მათ. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მათი გატაცება ჩემი მამის ხელიდან. მე და მამა ერთი ვართ.“ კვლავ აიღეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად. მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისაგან, რომელი ამ საქმეთაგანისთვის მქოლავთ?“ მიუგეს მას იუდეველებმა: „კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი.“ მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ წერია: ‘მე ვთქვი: ღმერთები ხართ თქვენ’? თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღმერთის სიტყვა იყო, – ხოლო წერილი არ ირღვევა – მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა ქვეყნიერებაზე, ეუბნებით: ‘ღმერთსა გმობ,’ რაკი ვთქვი, რომ ღმერთის ძე ვარ? თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. ხოლო თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ.“ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ გაეცალათ ხელიდან. წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათელს-სცემდა იოანე, და იქ დარჩა. ბევრნი მოდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტია. და ბევრი ერწმუნა მას იქ. იყო ვინმე ავადმყოფი, ლაზარე ბეთანიდან, მარიამისა და მისი დის, მართას, დაბიდან. ეს ის მარიამი იყო, რომელმაც უფალს ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისი თმებით შეუმშრალა; და მისი ძმა, ლაზარე, ავად იყო. გაუგზავნეს მისმა დებმა კაცი და შეუთვალეს: „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა.“ როდესაც იესომ ეს მოისმინა, თქვა: „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღმერთის სადიდებლადაა, რათა განდიდდეს ძე ღმერთისა მისგან.“ იესოს უყვარდა მართა, მისი და და ლაზარე. როდესაც გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა. ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ავდგეთ და კვლავ იუდეაში წავიდეთ.“ უთხრეს მას მოწაფეებმა: „რაბი, იუდეველები ახლახანს შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“ მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ქვეყნიერების ნათელსა ხედავს. ღამით მოარული კი წაიბოძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში.“ ეს თქვა და მერე ეუბნება მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ.“ უთხრეს მას მოწაფეებმა: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება.“ იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით დაძინებაზე ამბობდა. მაშინ უთხრა მათ იესომ ცხადად: „ლაზარე მოკვდა. და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. მაგრამ მოდით, წავიდეთ მასთან.“ მაშინ უთხრა თომამ (რომელსაც ტყუპი ერქვა) თანამოწაფეებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ.“ და როდესაც იესო მივიდა, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღის დამარხული იყო. ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმიდან, თხუთმეტიოდე სტადიონის მანძილზე. და ბევრნი მოვიდნენ იუდეველთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო. როდესაც გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას. მარიამი კი შინ იჯდა. მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. მაგრამ ახლაც ვიცი, რომ რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს.“ ეუბნება მას იესო: „შენი ძმა აღდგება.“ ეუბნება მას მართა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს.“ უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და მე მიწამებს, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, ამ ქვეყნად მომავალი.“ ეს რომ თქვა, წავიდა, მოუხმო თავის დას, მარიამს, და ჩუმად უთხრა: „მოძღვარი აქ არის და გიხმობს შენ.“ როგორც კი ეს გაიგონა მან, სასწრაფოდ წამოდგა და წავიდა მასთან. იესო ჯერ დაბაში არ იყო შესული, იმავე ადგილას იდგა, სადაც მართა შეეგება. იუდეველები, რომლებიც მასთან იყვნენ სახლში და ანუგეშებდნენ, როდესაც დაინახეს, რომ მარიამი სასწრაფოდ წამოდგა და გავიდა, გაჰყვნენ უკან, ეგონათ, სამარხისკენ მიდიოდა სატირლად. მარიამი მივიდა იქ, სადაც იესო იყო და რომ იხილა იგი, დაემხო მის ფეხთით და უთხრა: „უფალო, შენ აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.“ როდესაც იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, სულით შეიძრა და აღელდა, და უთხრა: „სად დაასვენეთ იგი?“ ეუბნებიან: „უფალო, მოდი და ნახე.“ და აცრემლდა იესო. თქვეს იუდეველებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია.“ ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: „ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“ იესო კი, კვლავაც სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული. ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“ ეუბნება მას იესო: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ?“ აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მხოლოდ გარს შემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე მე.“ ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“ გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა დაფარული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“ მაშინ იუდეველთაგან ბევრმა, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა ფარისევლებთან და უამბო, რაც მოახდინა იესომ. შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ სასწაულს ახდენს? თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს მიწასაც და ხალხსაც.“ ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: „თქვენ არაფერი გაგეგებათ, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს.“ ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის მოკვდებოდა. და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღმერთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად. იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი. ამის შემდეგ აღარ უვლია იესოს იუდეველთა შორის გაცხადებულად, არამედ გაეცალა იქაურობას უდაბნოს მახლობელ მხარეში, ქალაქში, რომელსაც ეფრაიმი ეწოდება, და დარჩა იქ მოწაფეებთან ერთად. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და მთელი ქვეყნიდან ბევრნი პასექამდე ავიდნენ იერუსალიმში განსაწმედად. და ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „როგორ ფიქრობთ, არ მოვა ის დღესასწაულზე?“ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა კი განკარგულება გასცეს, რომ ვინც შეიტყობდა, სად იყო, ეცნობებინათ, რათა შეეპყროთ იგი. პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით. გაუმართეს მას იქ პურობა და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო. მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირად ღირებული ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო. თქვა იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მის მოწაფეთაგანმა, რომელსაც გულში ჰქონდა მისი გაცემა: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ებარა და ხანდახან იღებდა თავისთვის შიგ ჩაყრილს. თქვა იესომ: „დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა ეს. რადგან ღარიბები მუდამ თქვენთან არიან, მე კი ყოველთვის თქვენთან არა ვარ.“ იუდეველთაგან ბევრმა გაიგო, რომ ის იქ იყო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს გამო, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. მღვდელმთავრებმა გადაწყვიტეს, რომ ლაზარეც მოეკლათ, რადგან ლაზარეს გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს. მეორე დღეს, დღესასწაულზე მოსულმა მრავალმა ხალხმა რომ გაიგო, იესო იერუსალიმში მიდისო, აიღეს ფინიკის პალმის რტოები, მის შესაგებებლად გამოვიდნენ და იძახდანენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი – მეფე ისრაელისა!“ იპოვა იესომ ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: „ნუ გეშინია, სიონის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომარე.“ ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როდესაც იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას. და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როდესაც ლაზარეს მოუწოდა სამარხიდან და მკვდრეთით აღადგინა. იმიტომ ეგებებოდა მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა. ფარისეველებმა კი ერთმანეთს უთხრეს: „ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება.“ იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე. მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.“ მივიდა ფილიპე და უთხრა ანდრიას. და მივიდნენ ანდრია და ფილიპე და უთხრეს იესოს. იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს. ვისაც თავისი სამშვინველი უყვარს, დაკარგავს მას; ხოლო ვისაც თავისი სამშვინველი სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. ვინც მე მემსახურება, გამომყვეს მე; და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. და ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. ახლა წუხს ჩემი სული; და რა ვთქვა – მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან? მაგრამ მე ამისთვის მოვედი ამ ჟამს. მამაო, განადიდე სახელი შენი!“ და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ!“ იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი ელაპარაკებოდაო. მიუგო იესომ და თქვა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. ახლაა ქვეყნიერების სამსჯავრო; ახლა განიდევნება ქვეყნიერების მთავარი გარეთ. და როდესაც ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მოვიზიდავ.“ ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს. მიუგო მას ხალხმა: „რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე უკუნისამდე რჩება. როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო? ვინაა ეს კაცის ძე?“ უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“ ეს თქვა იესომ, და წავიდა და თვალს მიეფარა. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას, რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი უწყება და ვის გამოეცხადა უფლის მკლავი?“ იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ: „თვალები დაუბრმავა და გული დაუხშო მათ, რათა თვალით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.“ ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება, და მასზე ლაპარაკობდა ის. თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ. რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება. იესომ შეღაღადა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ მისი, ვინც მე მომავლინა, და ვინც მე მხედავს, ხედავს მას, ვინც მე მომავლინა. მე, ნათელი, მოვედი ქვეყანაზე, რათა არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს. და თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვსჯი მას, რადგან ქვეყნიერების განსასჯელად კი არ მოვედი, არამედ ქვეყნიერების სახსნელად. ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმსჯელი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს. რადგან მე ჩემგან კი არ მილაპარაკია, არამედ ჩემმა მომავლინებელმა მამამ მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვამბობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვამბობ.“ პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ქვეყნიერებიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი, შეიყვარა რა თავისიანები, რომლებიც ამ ქვეყნად იყვნენ, და ბოლომდე შეიყვარა ისინი. სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, მისი გაცემა, იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ და რომ ღმერთისაგან გამოვიდა და ღმერთთან მიდის, წამოდგა სერობიდან, გაიხადა ზედა სამოსი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა. შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაუწყო მოწაფეებს ფეხთა ბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა. როდესაც მივიდა სიმონ-პეტრესთან, მან უთხრა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ მიხვდები, მერე კი გაიგებ.“ ეუბნება მას პეტრე: „უკუნისამდე არ დამბან ფეხებს!“ მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.“ ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც!“ ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, მხოლოდ ფეხებისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.“ რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: „ყველანი არა ხართ სუფთა.“ ფეხები რომ დაბანა მათ და თავისი სამოსი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან მე ვარ. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული – მომავლინებელზე დიდი. რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ. ყველა თქვენგანზე არ ვამბობ. მე ვიცი, ვინც ამოვირჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ‘ჩემთან პურის მჭამელმა აღმართა ჩემზე ქუსლი.’ ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როდესაც ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.“ ამის თქმის შემდეგ აღიძრა იესო სულით, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.“ გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო. იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას, რათა ეკითხა, ვინ არის, ვისზეც თქვა. ხოლო იგი მიეყრდნო იესოს მკერდზე და ეუბნება: „უფალო, ვინ არის?“ მიუგო იესომ: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ.“ ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს. ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.“ მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს. რაკი ყულაბა ჰქონდა იუდას, ზოგიერთმა იფიქრა, რომ იესო ეუბნება: „სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდება;“ ან: „ღარიბებს დაურიგე.“ ის კი ლუკმის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გავიდა. და იყო ღამე. ხოლო როდესაც გავიდა, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე და ღმერთი განდიდდა მასში. რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და მალე განადიდებს მას. შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ და როგორც იუდეველებს ვუთხარი: ‘სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ იქ მოსვლას,’ – თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“ ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: „ახლა ვერ გამომყვები მე, სადაც მივდივარ, მერე კი გამომყვები.“ ეუბნება მას პეტრე: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის.“ მიუგო იესომ: „სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჯერ მამალს ნაყივლი არ ექნება, რომ სამჯერ უარმყოფ მე.“ „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ თქვენ. და როდესაც წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით გზა.“ ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და როგორ გვეცოდინება გზა?“ ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ. ამიერიდან იცით ის და გინახავთ იგი.“ ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“ ეუბნება მას იესო: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ მე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენე მამა? არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემგან არ ვამბობ, არამედ მამა, რომელიც ჩემშია, აკეთებს თავის საქმეებს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, იმას ვიქმ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ. თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით. და მე შევევედრები მამას და ის მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ქვეყნიერებას, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან დარჩება და თქვენში იქნება. ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. კიდევ ცოტაც, და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს მე, თქვენ კი მიხილავთ მე, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები მას.“ ეუბნება მას იუდა, არა ისკარიოტელი: „უფალო, რას ნიშნავს ეს, რომ შენ ჩვენ გამოგვეცხადები და არა ქვეყნიერებას?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. ეს გითხარით თქვენ თქვენთან ყოფნისას, ხოლო ნუგეშისმცემელი – სულიწმიდა – რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით ყველაფერს და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. თქვენ ისმინეთ ჩემი ნათქვამი: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაგეხარდებოდათ, რომ მამასთან მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია. ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა როდესაც ახდება, ირწმუნოთ. ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ქვეყნიერების მთავარი და არაფერი არა აქვს ჩემში. მაგრამ, რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა და ისე ვაკეთებ, როგორც მამამ მიბრძანა, ადექით, წავიდეთ აქედან!“ „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ჩემი მამა კი მევენახეა. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემზე მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს გაწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განწმედილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. დარჩით ჩემში და მე თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თვითონ, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. ისინი მოგროვდება, ცეცხლში ჩაიყრება და დაიწვება. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რაც გსურთ, და გექნებათ. ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფენი იქნებით. როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში. თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სრული იყოს. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც გაძლევთ მცნებად. აღარ გიწოდებთ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, გამცნეთ თქვენ. თქვენ არ აგირჩევივართ მე, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს. მაშინ რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. თუ თქვენ ქვეყნიერებას სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე ადრე მე მომიძულა. თქვენ რომ ქვეყნიერებისანი იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ ქვეყნიერებისანი, არამედ მე გამოგირჩიეთ ქვეყნიერებიდან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: ‘მონა არ არის თავის ბატონზე დიდი.’ მე თუ მდევნიდნენ, თქვენც გდევნიან; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ გამართლება თავიანთი ცოდვებისათვის. ვისაც მე ვძულვარ, მას ჩემი მამაც სძულს. მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც. მაგრამ აღსრულდება მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: ‘უმიზეზოდ მომიძულეს მე.’ როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისაგან – ჭეშმარიტების სული – რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე. და თქვენც ხართ ჩემი მოწმენი, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.“ „ეს ყველაფერი გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ. სინაგოგებიდან გაგაძევებენ, და მოდის ჟამი, როდესაც ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება. ასე მოიქცევიან, რადგან ვერ იცნეს ვერც მამა და ვერც მე. მაგრამ ეს გითხარით ახლა, რათა, როდესაც მოვა ეს დრო, გაიხსენოთ, რომ მე ეს გითხარით. თავიდანვე არ მითქვამს ეს, რადგან თქვენთან ვიყავი. ხოლო ახლა მივდივარ ჩემს მომავლინებელთან, და თქვენგან არც ერთი არ მეკითხება: ‘სად მიდიხარ?’ მაგრამ ეს რომ გითხარით, მწუხარებამ აღავსო თქვენი გული. მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ვერ მოვა ნუგეშისმცემელი თქვენთან. ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. და როდესაც ის მოვა, ამხელს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და განსასჯელის გამო. ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს; სიმართლის გამო, რომ მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ მე; განსასაჯელის გამო, რომ ქვეყნიერების მთავარი განსჯილია. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვერ იტვირთავთ. ხოლო როდესაც მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, ის შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისას კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც მოისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ცოტაც, და ვეღარ მიხილავთ მე; და კიდევ ცოტაც, და მიხილავთ მე.“ ზოგიერთმა მისმა მოწაფემ თქვა ერთმანეთში: „რა არის ეს, რომ გვეუბნება: ‘ცოტაც, და ვეღარ მიხილავთ; და კიდევ ცოტაც, და მიხილავთ?’ და: ‘მამასთან მივდივარ მე?’“ და ამბობდნენ: „რა არის ეს, რომ ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობს.“ მიხვდა იესო, რომ უნდოდათ ეკითხათ მისთვის, და უთხრა მათ: „იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, რომ მე ვთქვი: ‘ცოტაც, და ვეღარ მიხილავთ. და კიდევ ცოტაც, და მიხილავთ მე?’ ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენ იტირებთ და ივალალებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს; თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად გადაიქცევა. ქალი, როდესაც მშობიარობს, წუხს, რადგან მისი ჟამი მოვიდა. ხოლო როდესაც შობს ყრმას, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე. თქვენც მწუხრებით ხართ აღვსილნი ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ. იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული. აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როდესაც აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ ცხადად გაუწყებთ მამის შესახებ. იმ დღეს ითხოვთ ჩემი სახელით და არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის, რადგან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმერთისგან გამოვედი. მამისგან გამოვედი და ქვეყნიერებაზე მოვედი. და კვლავ ვტოვებ ქვეყნიერებას და მივდივარ მამასთან.“ უთხრეს მისმა მოწაფეებმა: „აჰა, ახლა ცხადად ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ. ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი.“ მიუგო მათ იესომ: „ახლა გწამთ? აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როდესაც გაიფანტებით, ყოველი კაცი თავ-თავისთვის და მე მარტოდ დამტოვებთ; მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამა ჩემთან არის. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.“ ეს თქვა იესომ, ცას მიაპყრო თვალი და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. რადგან შენ მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ შეგიცნონ შენ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტე. შენ მე განგადიდე დედამიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა. ახლა კი შენ განმადიდე მე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სამყაროს გაჩენამდე. შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, გადავეცი მათ. და მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. მათთვის გევედრები; ქვეყნიერებისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც მომეცი მე, რადგან შენები არიან ისინი. ყველაფერი ჩემი – შენია, შენი კი – ჩემი, და მე მათში განვდიდდი. მე აღარა ვარ ქვეყნიერებაზე, მაგრამ ესენი არიან ქვეყნიერებაზე. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ისინი, რომლებიც მე მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ. როდესაც მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, დავიფარე, და არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულდეს წერილი. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ამ ქვეყნად ვამბობ, რათა ჰქონდეთ ჩემი სიხარული სრულად. მე მათ მივეცი შენი სიტყვა, და ქვეყნიერებამ მოიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერებისანი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერებისა. არ გევედრები, რომ ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან. ქვეყნიერებისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერებისა. განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა არის ჭეშმარიტება. როგორც შენ მომავლინე მე ქვეყანაზე, მეც ასევე მივავლენ მათ ქვეყანაზე. ჩემს თავს განვიწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდები იყვნენ ჭეშმარიტებაში. მე მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც ჩემი მორწმუნე გახდება მათი სიტყვით. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, და მე შენში, რათა ისინიც ერთიანნი იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ მე მომავლინე. და დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი. მე მათში და შენ ჩემში, რათა მათი ერთიანობა სრულყოფილი იყოს, და რათა იცოდეს ქვეყნიერებამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამაო, მსურს, რომ იქ, სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მე მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც მე მომეცი, რადგან შემიყვარე სამყაროს შექმნამდე. მამაო მართალო, ქვეყნიერებამ არ გიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე მე. მე ვაუწყე მათ შენი სახელი, და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.“ ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კიდრონის ხევს გადაღმა, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. იუდამ წაიყვანა ჯარისკაცების რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურები, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა იესო და უთხრა მათ: „ვის ეძებთ?“ მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს.“ ეუბნება მათ: „მე ვარ.“ მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა. და როდესაც უთხრა: „მე ვარ,“ დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ. კვლავ ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველს.“ მიუგო იესომ: „გითხარით, მე ვარ. თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ.“ რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „იმათგან, ვინც შენ მე მომეცი, არავინ დამიღუპავს.“ სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი იმ მონისა იყო მალქოზი. უთხრა იესომ პეტრეს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში! განა არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მომცა მამამ?“ მაშინ რაზმმა და ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს. და პირველად ანნასთან წაიყვანეს; ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს. ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო. იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში. პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, გამოვიდა, დაელაპარაკა მეკარე ქალს და შეიყვანა პეტრე. ეუბნება პეტრეს მეკარე მხევალი: „განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?“ ეუბნება იგი: „არა ვარ.“ იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა. მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებსა და მის მოძღვრებაზე. მიუგო მას იესომ: „მე აშკარად ვლაპარაკებოდი ქვეყანაში და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება, და ფარულად არაფერი მითქვამს. მე რად მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ვეუბნებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი.“ ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ყვრიმალში გაარტყა იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ მღვდელმთავარს?“ მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რისთვის მცემ?“ და გაგზავნა იგი ანნამ შებოჭილი მღვდელმთავარ კაიაფასთან. სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“ უარყო და თქვა: „არა ვარ.“ უთხრა მას მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმისმა ნათესავმა: „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“ პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა. კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ჯერ ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შეძლებოდათ. გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: „რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?“ მიუგეს და უთხრეს მას: „ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით.“ უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განსაჯეთ.“ უთხრეს მას იუდეველებმა: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს.“ ასე უნდა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, მოუხმო იესოს და უთხრა: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ მიუგო იესომ: „შენ თვით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“ მიუგო პილატემ: „განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი, რა ჩაიდინე?“ მიუგო იესომ: „ჩემი მეფობა არ არის ამ ქვეყნიერებისაგან. ჩემი მეფობა რომ ამ ქვეყნიერებისაგან ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებლები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. ჩემი მეფობა სააქაო არ არის.“ უთხრა მას პილატემ: „მაშ, შენ მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: „შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას.“ ეუბნება მას პილატე: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს თქვა და კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: „ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. ხოლო თქვენი ჩვეულება არის, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“ და კვლავ აყვირდნენ და თქვეს: „ეს არა, არამედ ბარაბა. ხოლო ბარაბა იყო ყაჩაღი.“ მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გაამათრახებინა. ჯარისკაცებმა დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, და ძოწეულით შემოსეს, და მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო! და სახეში სცემდნენ.“ კვლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: „აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.“ გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი, და უთხრა მათ პილატემ: „აი, ადამიანი!“ როდესაც იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, იყვირეს: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენ თვითონ წაიყვანეთ და აცვით ჯვარს, რადგან მე ვერ ვპოულობ მასში ბრალს.“ მიუგეს მას იუდეველებმა: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, რადგან ღმერთის ძედ დასახა თავი.“ როდესაც მოისმინა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა. შევიდა კვლავ პრეტორიუმში და უთხრა იესოს: „საიდან ხარ? მაგრამ იესომ არ გასცა პასუხი.“ ეუბნება მას პილატე: „მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენი გათავისუფლებისა და ხელმწიფება მაქვს შენი ჯვარცმისა?“ მიუგო იესომ: „არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ შენს ხელთ ჩემს გადმომცემს უფრო დიდი ცოდვა აქვს.“ ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ კეისრის მეგობარი, რადგან, ვინც მეფედ სახავს თავს, კეისარს ეწინააღმდეგება.“ პილატემ რომ ეს სიტყვები მოისმინა, იესო გარეთ გამოიყვანა და დაჯდა სამსჯავროს ტახტზე, იმ ადგილას, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბბათა. პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა იუდეველებს: „აჰა, თქვენი მეფე!“ მათ კი იყვირეს: „შორს, შორს! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“ მიუგეს მღვდელმთავრებმა: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა!“ მაშინ გადასცა ის მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს მათ იესო, და ჯვარაკიდებული წავიდა იგი თხემის ადგილას, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია. იქ ჯვარს აცვეს იგი და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო. და დაწერა პილატემ წარწერა და მიამაგრა ჯვარს. დაწერილი იყო: „იესო ნაზარეველი, მეფე იუდეველთა.“ ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად. უთხრეს პილატეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა: „ნუ დაწერ: ‘იუდეველთა მეფე,’ არამედ, მან თქვა: ‘მე ვარ იუდეველთა მეფე.’“ მიუგო პილატემ: „რაც დავწერე, დავწერე.“ ჯარისკაცებმა, როდესაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ წილად გაიყვეს, თითოეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, და კვართი; კვართი კი შეკერილი არ იყო, არამედ იყო თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ, ვის შეხვდება.“ რათა აღსრულებულიყო წერილი: „გაიყვეს ჩემი სამოსი, და წილი იყარეს ჩემს კვართზე.“ ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს. იდგნენ იესოს ჯვართან მისი დედა, დედამისის და მარიამი – კლეოპას ცოლი – და მარიამ მაგდალელი. იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: „ქალო, აჰა, შენი ძე!“ მერე მოწაფეს ეუბნება: „აჰა, დედა შენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი. ამის შემდეგ, როდესაც დაინახა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, თქვა: „მწყურია!“ იდგა იქ ძმრით სავსე ჭურჭელი. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპზე წამოაცვეს და პირთან მიუტანეს. როდესაც მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა!“ მიიდრიკა თავი და განუტევა სული. იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათამდე არ უნდა დარჩენილიყო ჯვარზე, რადგან ის შაბათი დიდი დღე იყო, სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები გადაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც. იესოსთან მისულებმა, როდესაც დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოვიდა სისხლი და წყალი. მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ. რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება.“ ასევე სხვა წერილიც ამბობს: „იხილავენ მას, რომელსაც უგმირეს.“ ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო იესოს ფარული მოწაფე იყო, სთხოვა პილატეს, ნება მიეცა გარდამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და გარდამოხსნა მისი გვამი. და მოვიდა ნიკოდემოსიც, ადრე რომ ღამით ეწვია იესოს, და მოიტანა ას ლიტრამდე მურისა და ალოეს ნაზავი. აიღეს და შეგრაგნეს იესოს სხეული ტილოებში ნელსაცხებლებითურთ, როგორც მოითხოვს იუდეველთა დამარხვის წესი. იმ ადგილას, სადაც ჯვარს ეცვა, ბაღი იყო, ბაღში კი ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ დაესვენებინათ. იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი. შაბათის მომდევნო დღეს, განთიადზე, როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი აღებულია სამარხიდან. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: აუღიათ უფალი სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს. მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და ის სხვა მოწაფე და გაემართნენ სამარხისაკენ. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დაყრილი ტილოები, შიგ კი არ შესულა. მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი ტილოები. სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა მას, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან რომ მიასწრო პეტრეს, და იხილა და იწამა, რადგან აქამდე ვერ გაეგოთ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. და დაბრუნდნენ მოწაფეები კვლავ თავისთან სახლში. მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა. და მტირალი დაიხარა სამარხისაკენ და დაინახა თეთრებით მოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფეხთით, სადაც იესოს სხეული ესვენა. და უთხრეს მას: „ქალო, რად ტირი?“ ეუბნება მათ: „წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დადეს.“ ეს რომ თქვა, შემობრუნდა და დაინახა იქ მდგარი იესო, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს იესო არის. ეუბნება მას იესო: „ქალო, რად ტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“ ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ შემობრუნდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ რაც ნიშნავს: „მოძღვარო!“ ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ‘ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.’“ მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ასე უთხრა მას. იმავე დღის – ერთშაბათის – საღამოს, როდესაც იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, შევიდა იესო, დადგა მათ შორის და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!“ ეს რომ თქვა, უჩვენა ხელები და გვერდი. სიხარულით აღივსნენ მოწაფეები უფლის ხილვით. კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.“ და ეს რომ თქვა, სული შეუბერა და უთხრა: „მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება, ვისზეც დატოვებთ, დარჩება.“ თომა, ერთი თორმეტთაგანი (ტყუპად წოდებული), არ იყო მათთან, როდესაც მივიდა იესო. უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.“ მან უთხრა მათ: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმევს და არ ჩავყოფ თითს ნალურსმევში და ხელს – მის ფერდში, ვერ ვირწმუნებ.“ რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შიგა ოთახში იყვნენ, და თომაც მათთან ერთად იყო. შევიდა იესო დახშულ კარებში, დადგა მათ შორის და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“ მერე თომას უთხრა: „მომეცი შენი თითი და იხილე ჩემი ხელები. მომეცი შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში, და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.“ მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ ეუბნება მას იესო: „იმიტომ მირწმუნე, რომ მიხილე. ნეტარ არიან, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნებს.“ ბევრი სხვა სასწაულიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რომელთაც ირწმუნეთ, გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. ამის შემდეგ კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. და გამოეცხადა ასე: იყვნენ ერთად სიმონ-პეტრე და თომა (რომელსაც ტყუპი ერქვა), ნათანაელი გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მისი მოწაფეთაგანი. ეუბნება მათ სიმონ-პეტრე: „სათევზაოდ მივდივარ.“ უთხრეს მას: „ჩვენც წამოვალთ შენთან ერთად.“ გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში. და ვერაფერი დაიჭირეს იმ ღამეს. როდესაც თენდებოდა, იესო იდგა ნაპირზე, მოწაფეებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო. ეუბნება მათ იესო: „შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?“ მიუგეს მას: „არა.“ უთხრა მათ: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით.“ ისროლეს და ვეღარ შეძლეს ამოზიდვა თევზის სიმრავლის გამო. ეუბნება პეტრეს მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს: „ეს უფალია.“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა. ხოლო სხვა მოწაფეებიც გამოვიდნენ ნავით, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, ასე ორას წყრთაზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. ხმელეთზე რომ გადმოვიდნენ, დაინახეს დაწყობილი ნაკვერცხლები და ზედ დადებული თევზი და პური. ეუბნება მათ იესო: „იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ.“ ავიდა ნავზე სიმონ-პეტრე და ხმელეთზე გადმოათრია ბადე, 153 დიდი თევზით სავსე; და, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი იყო, ბადე არ გაიხა. ეუბნება მათ იესო: „მოდით, ისაუზმეთ.“ მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, ეკითხა, ვინ ხარ, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მკვდრეთით აღმდგარი. რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: „სიმონ იოანეს ძეო, გიყვარვარ ამათზე მეტად?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები.“ ეუბნება მას კვლავ მეორედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.“ ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ დაღონდა პეტრე, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ?“ და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. ხოლო როდესაც დაბერდები, გაშლი ხელს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს.“ ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: „მომყევი მე!“ მოტრიალდა პეტრე და დაინახა, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოსდევდა მათ. რომელიც მკერდზე მიეყრდნო მას სერობისას და უთხრა: „უფალო, ვინ არის, რომელიც შენ გაგცემს?“ ის რომ დაინახა პეტრემ, ეუბნება იესოს: „უფალო, ამას რა?“ ეუბნება მას იესო: „მე თუ მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი.“ და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ, „თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა?“ ეს არის ის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც, დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, მთელი ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ. ჩემი პირველი წიგნი, თეოფილე, შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რასაც აკეთებდა და ასწავლიდა იესო თავიდან იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა. იგი სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია და რომელთაც ცოცხლად წარუდგინა თავი თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით. ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღმერთის სასუფეველზე. და სანამ მათთან იყო, უბრძანა მათ, არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს, – „როგორც ჩემგან მოისმინეთ,“ თქვა მან – „რადგან იოანე ნათელს სცემდა წყლით, თქვენ კი ნათელს მიიღებთ სულიწმიდით, არცთუ მრავალი დღის შემდეგ.“ ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „უფალო, ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?“ უთხრა მათ: „თქვენი საცოდნელი არ არის დროები ან ვადები, რომლებიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“ ეს თქვა და სანამ ისინი უყურებდნენ მას, იწყო ცად ამაღლება და ღრუბელმა მოაფარა ის მათ თვალს. და როდესაც ისინი იყურებოდნენ ცისკენ, სადაც აღვიდა იგი, აჰა, წარუდგა მათ თეთრებში მოსილი ორი კაცი, და უთხრეს: „გალილეველო კაცნო, რატომ დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც ამაღლდა თქვენგან ზეცად, კვლავ იმგვარადვე მოვა, როგორც ზეცად მიმავალი იხილეთ.“ მაშინ დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზაზე. და როდესაც მივიდნენ, ავიდნენ ზედა სართულზე, სადაც ცხოვრობდნენ ისინი: პეტრე და იოანე და იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა. ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასთან, და მის ძმებთან ერთად. იმ დღეებში წამოდგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა იმ ადგილას ასოცამდე კაცი) და თქვა: „ძმებო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, ის, რაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ დავითის პირით იუდაზე, რომელიც წარუძღვა იესოს შემპყრობლებს; ის ჩვენ შორის ირიცხებოდა და წილად ჰქონდა ეს სამსახური. მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად. გასივდა და შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის. ასე რომ, მათ საკუთარ ენაზე უწოდეს იმ მიწას ჰაკელდამა ანუ სისხლის მიწა. რადგან ფსალმუნთა წიგნში წერია: ‘უდაბნოდ იქცეს მისი სახლ-კარი და ნუ იქნება მასში მკვიდრი’ და ‘მისი სამსახური სხვამ მიიღოს’. ამგვარად, დაე, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როდესაც ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო, იოანესგან ნათლისღებიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მაუწყებელი.“ და დააყენეს ორი: იოსები, ბარსაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეერქვა და მათიასი. ილოცეს და თქვეს: „შენ, უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე, რათა მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკლდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო.“ და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიასს, და მიეთვალა ის თერთმეტ მოციქულს. ორმოცდამეათე დღე რომ დგებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას. და უეცრად შეიქნა ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ დაივანეს ყოველ მათგანზე. და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. ხოლო იერუსალიმში მკვიდრობდნენ ღმერთის მოშიში იუდეველნი, ცისქვეშეთის ყველა ერთაგან. და როდესაც ეს ხმაური შეიქნა, ბევრმა მოიყარა თავი და გაოცდნენ, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მათ საკუთარ ენაზე. ყველა გაოგნებული იყო და უკვირდა, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? როგორ გვესმის თითოეულს ჩვენს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით: პართებსა და მიდიელებს, ელამელთ და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოს და ასიის მკვიდრთ, ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეს ლიბიისა და რომის მოქალაქეებს, იუდეველთ და რჯულშეცვლილთ, კრეტელთ და არაბებს, და ვუსმენთ მათ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღმერთის დიად საქმეებზე.“ გაოგნებული იყო ყველა და საგონებელში მყოფნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „რას ნიშნავს ეს?“ სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, ტკბილი ღვინით დამთვრალანო. ხოლო თერთმეტთან ერთად მდგომმა პეტრემ ხმა აღიმაღლა და მიმართა მათ: „იუდეველნო და თქვენ ყველა, ვინც იერუსალიმის მკვიდრნი ხართ, ისმინეთ ეს და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს: არ არიან ესენი მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, რადგან დღის მესამე საათია. მაგრამ ესაა ის, რაც ითქვა იოელ წინასწარმეტყველის მიერ: ‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – გადმოვღვრი ჩემი სულისაგან ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკები ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ღრუბლებს. მზე წყვდიადად გადაიქცევა და მთვარე სისხლად, სანამ არ დადგება უფლის გამოცხადების დიადი დღე. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.’ ისრაელელო კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, ღმერთისაგან დამოწმებული თქვენთვის ძალებით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მის მიერ თქვენს შორის, როგორც თავადვე იცით, – ღმერთის განგებით და წინასწარცოდნით გადაცემული, ის თქვენ ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეუხსნა რა სიკვდილის ბორკილები და სიკვდილმა ვერ შეძლო მისი შეკავება. რადგან დავითი ამბობს მასზე: ‘ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გამხიარულდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს. რადგან არ მიატოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად. შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა, სიხარულით აღმავსებ შენს წინაშე.’ კაცნო, ძმანო, სარწმუნოდ გეტყვით მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი. მაგრამ რაკი წინასწარმეტყველი იყო, იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე. მან წინასწარხედვით ილაპარაკა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ იქნა ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. ამგვარად, ღმერთის მარჯვენით ამაღლებულმა მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ. დავითი არ ამაღლებულა ზეცად, რადგან თავად ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად.’ ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.“ ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, ძმებო?“ ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს. რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულსაც, ვისაც კი მოუხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.“ და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: „იხსენით თავი ამ გარყვნილი თაობისაგან.“ და ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა. იმ დღეს შეემატა 3 ათასამდე სული. და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვებში. ყოველი სული შიშით იყო მოცული, რადგან მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ქონებას და სარჩო-საბადებელს ყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, ვისაც რა ესაჭიროებოდა. დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდოს სიხარულით და გულუბრალოებით. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხისთვის სათნონი იყვნენ. უფალი კი დღითი დღე შესძენდა ეკლესიას მათ, ვინც ჰპოვა ხსნა. ლოცვის ჟამს, ასე მეცხრე საათზე, ადიოდნენ პეტრე და იოანე ტაძარში. და მოიყვანეს ერთი კაცი, დედის მუცლიდანვე ხეიბარი, ხელით სატარებელი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ მას ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. როდესაც დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება. პეტრემ და იოანემ შეხედეს მას და პეტრემ უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“ და ის მიაცქერდა მათ მოლოდინით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან. უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, ადექი და გაიარე!“ მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა. უცბად გაუმაგრდა მას ფეხები და კოჭები, წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა მას, რომ დადიოდა და ღმერთს ადიდებდა. იცნეს იგი, რომ ეს ის კაცი იყო, ტაძრის „მშვენიერ“ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად რომ იჯდა ხოლმე. და აღივსნენ ისინი შიშით და განცვიფრებით იმის გამო, რაც მას შეემთხვა. იგი არ შორდებოდა პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი კი გაოცებული მიაწყდა მათ სოლომონის სტოაში (როგორც მას ეწოდება). დაინახა პეტრემ და მიმართა ხალხს: „ისრაელელნო კაცნო, რად გიკვირთ ეს? ან რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმიდით დავაწყებინეთ მას სიარული? აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როდესაც მან გადაწყვიტა მისი გათავისუფლება. თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეწყალობებინა თქვენთვის. სიცოცხლის წინამძღვარი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ. ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ და თქვენმა მთავრებმა უმეცრებით ჩაიდინეთ ეს. ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც. მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები, რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ თქვენთვის განწესებული ქრისტე იესო, რომელიც ზეცამ უნდა დაიფაროს ყოველთა აღდგინებამდე, როგორც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით. რადგან მოსემ თქვა: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. ისმინეთ მისგან ყველაფერი, რასაც გეტყვით. და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, აღიგვება ხალხიდან.’ ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან და მას აქეთ, ვინც კი ლაპარაკობდა ღმერთის სახელით, წინასწარ იუწყებოდა ამ დღეებზე. თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: ‘კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისათვის!’ როდესაც ღმერთმა აღადგინა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოიქცეს თითოეული თავის უკეთურებათაგან.“ როდესაც ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის უფროსი და სადუკეველნი, გაბრაზებულნი იმის გამო, რომ ისინი ასწავლიდნენ ხალხს და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. და დაადეს მათ ხელი და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, რადგან უკვე საღამო იყო. ბევრმა კი, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა. და მათმა რიცხვმა 5 ათასამდე მიაღწია. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები, და მღვდელმთვარი ანნა და კაიაფა, და იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვებიც მღვდელმთავრის მოდგმიდან. შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: „რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?“ მაშინ პეტრემ, სულიწმიდით აღვსილმა, უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო, თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი, ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტეს, ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. ეს არის ქვა, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მშენებლებმა, და ქვაკუთხედად იქცა. სხვაში არავისშია ხსნა, და არ არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.“ როდესაც დაინახეს პეტრესა და იოანეს ასეთი სიმტკიცე და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნური და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. იცოდნენ კი, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ. ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, სათქმელი აღარაფერი ჰქონდათ. უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში დაიწყეს თათბირი. თქვეს: „რა ვუყოთ ამ ადამიანებს? მათ მიერ რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამის უარყოფა არ შეგვიძლია. მაგრამ უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ არავის აღარ დაელაპარაკონ ამ სახელით.“ დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. მაგრამ პეტრემ და იოანემ მიუგეს და უთხრეს: „განსაჯეთ, განა მართებულია ღმერთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს? ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.“ ხოლო ისინი დაემუქრნენ მათ და გაუშვეს, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად ხალხის გამო, რადგან ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისათვის. რადგან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელზეც მოხდა ეს განკურნების სასწაული. ისინი კი, როდესაც გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რა უთხრეს მათ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა. მათ რომ მოუსმინეს, ერთსულოვნად მიმართეს ღმერთს და თქვეს: „ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია; რომელმაც ჩვენი მამის – შენი მსახურის, დავითის – ბაგეს ათქმევინე სულიწმიდით: ‘რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას? აღდგნენ დედამიწის მეფენი და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.’ რადგან ნამდვილად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, რომ ექნათ ის, რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ. ახლა კი, შეხედე, უფალო, მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს ძალა, მთელი სიმტკიცით ილაპარაკონ შენი სიტყვა, როდესაც გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად და ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.“ და როდესაც ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც იყვნენ შეკრებილნი. და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და მტკიცედ ამბობდნენ ღმერთის სიტყვას. ყველა მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა და თავის ქონებას არავინ თავისად არ თვლიდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალი იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე. არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვისაც ყანები ან სახლები ჰქონდა, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა და დებდა მოციქულთა ფეხთით, და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა ესჭიროებოდა. ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა შეარქვეს (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფეხთით დადო. ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საპფირასთან ერთად გაყიდა მიწის ნაკვეთი და გადამალა საფასურიდან – ეს მისმა ცოლმაც იცოდა – რაღაც ნაწილი კი მოიტანა და დადო მოციქულთა ფეხთით. უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ სულიწმიდის მოსატყუებლად და გადამალე მიწის საფასური? სანამ გაყიდიდი, შენი არ იყო? და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რატომღა ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“ როცა ეს სიტყვები მოისმინა ანანიამ, დაეცა და სული განუტევა. დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც ეს გაიგო. ადგნენ ჭაბუკები, შესუდრეს იგი, გაიტანეს და დამარხეს. განვლო სამიოდე საათმა და შევიდა მისი ცოლიც, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?“ თქვა: „დიახ, ამდენად.“ პეტრემ კი უთხრა მას: „რატომ შეითქვით, უფლის სულის გამოსაცდელად? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხები და შენც გაგიტანენ.“ დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. როდესაც ჭაბუკები შემოვიდნენ, ნახეს ის მკვდარი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს გაიგო. მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ყველანი ერთსულოვნად სოლომონის სტოაში. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, შეერთებოდა მათ, მაგრამ ხალხი აქებდა მათ. სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი კაცი და ქალი. ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და სარეცლებზე აწვენდნენ, ვინძლო ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს. დიდძალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ. ადგა მღვდელმათავარი და ყველა მასთან მყოფი, რომლებიც სადუკეველთა დასს ეკუთვნოდნენ და შურით აღვსილებმა დაადეს ხელი მოციქულებს და საერთო საპატიმროში ჩასხეს. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და თქვა: „წადით და დადექით ტაძარში და განუცხადეთ ხალხს სიცოცხლის ყოველი მცნება.“ ეს რომ მოისმინეს, განთიადისას შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელის ძეთა მთელი უხუცესობა და მსახურნი გაგზავნეს სატუსაღოში მათ მოსაყვანად. მსახურნი რომ მივიდნენ, ვერ ნახეს ისინი საპყრობილეში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს, თქვეს: „სატუსაღო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვხვდა და მცველები კარებთან იდგნენ. რომ გავაღეთ, შიგ ვერავინ ვნახეთ.“ ეს სიტყვები რომ მოისმინეს, ტაძრის უფროსი და მღვდელმთავარი საგონებელს მიეცნენ, რა უნდა მომხდარიყო. მივიდა ვიღაც და მოახსენა მათ: „აგერ ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ასწავლიან ხალხს.“ მაშინ წავიდა უფროსი მხლებლებთან ერთად და მოიყვანა ისინი დაუძალებლად, რადგან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო. მოიყვანეს და დააყენეს სინედრიონის წინაშე, და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა და უთხრა: „ხომ აგიკრძალეთ, არ გესწავლებინათ ამ სახელით. და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს ჩვენ.“ მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანების. ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ მოკალით ძელზე ჩამოკიდებით. იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება. და ჩვენ მოწმენი ვართ ამ სიტყვებისა, ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც ღმერთმა მისცა თავის მორჩილთ.“ ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მოინდომეს მათი დახოცვა. მაშინ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივდებული და ბრძანა, მოციქულები მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ და უთხრა მათ: „ისრაელელნო კაცნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ადამიანებს. რადგან ამ დღეების წინ გამოჩნდა თევდა და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ოთხასამდე კაცი გაჰყვა მას, მაგრამ ის მოკლეს და ყველანი, ვინც მორჩილებდნენ მას, გაიფანტნენ და არარად იქცნენ. ამის შემდეგ, აღწერის დროს, გამოჩნდა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი გაიყოლა. ისიც დაიღუპა და ყველანი, ვინც მას მორჩილებდნენ, გაიფანტნენ. ახლა გეუბნებით თქვენ: დაანებეთ თავი ამ ადამიანებს და გაუშვით ისინი, რადგან, თუ ადმიანისაგან არის ეს ზრახვა ან საქმე, ჩაიფუშება. ხოლო თუ ღმერთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ ღმერთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ.“ დაუჯერეს ეს. დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს. გავიდნენ ისინი სინედრიონიდან გახარებულნი, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. ყოველ დღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოზე. იმ დღეებში, როდესაც მოწაფეების რიცხვი იზრდებოდა, ბერძნულად მოლაპარაკეებმა დაიწყეს ჩივილი ებრაელთა წინააღმდეგ, რომ მათი ქვრივების უგულებელყოფა ხდებოდა ყოველდღიური მომსახურებისას. მაშინ თორმეტმა მოიწვია ყველა მოწაფე და უთხრა: „არ შეგვშვენის ჩვენ ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. ამოირჩიეთ, ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი და ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ დრო.“ ყველას მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, და ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენა და ნიკოლოზი – ანტიოქიელი რჯულშეცვლილი. წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ. და ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში. მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას. სტეფანე კი, მადლით და ძალით აღსავსე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში. ადგნენ ზოგიერთები ეგრეთწოდებულ ლიბერტინელთა (ანუ განთავისუფლებულთა) სინაგოგიდან, კვირინელები და ალექსანდრიელები, ზოგიერთებიც კილიკიიდან და ასიიდან და კამათი დაუწყეს სტეფანეს, მაგრამ ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა. მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსეს და ღმერთის საგმობ სიტყვებს.“ ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. და მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს. წარადგინეს ცრუმოწმენი, რომლებმაც თქვეს: „ეს კაცი განუწყვეტლივ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობს. რადგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამბობდა, ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცა.“ და მიაპყრო მას მზერა ყველამ, სინედრიონში მსხდომმა, და იხილეს მისი სახე, როგორც ანგელოზისა. უთხრა მღვდელმთავარმა: „ნამდვილად ასეა?“ მან თქვა: „ძმებო და მამებო, ისმინეთ! დიდების ღმერთი გამოეცხადა ჩვენს მამას, აბრაამს, შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დასახლდებოდა, და უთხრა მას: ‘გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.’ მაშინ გამოვიდა ის ქალდეველთა ქვეყნიდან და დასახლდა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ. და ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მიუცია მისთვის იქ სამკვიდროდ. მაგრამ აღუთქვა, რომ მისცემდა ამ ადგილს სამფლობელოდ მას და მის შთამომავლებს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ შვილიც არ ჰყავდა. და ასე აუწყა მას ღმერთმა, რომ მისი ნაშიერი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ მას და დაჩაგრავდნენ ოთხას წელიწადს. ‘იმ ხალხს კი, ვისაც დაემონებიან, მე განვსჯი,’ – თქვა ღმერთმა, – ‘და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან და თაყვანსა მცემენ ამ ადგილას.’ და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. და ამგვარად შვა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს; ხოლო ისააკმა – იაკობი, იაკობმა – 12 მამამთავარი. მამამთავრებს შეშურდათ იოსებისა და გაყიდეს იგი ეგვიპტეში, მაგრამ ღმერთი იყო მასთან. იხსნა იგი ყველა მისი გასაჭირისგან და უბოძა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინაშე, რომელმაც დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამგებლად. მოვიდა შიმშილი და დიდი გასაჭირი მთელ ეგვიპტესა და ქანაანში, და ჩვენი მამები ვერ შოულობდნენ საზრდოს. ხოლო როდესაც იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში პური არის, გაგზავნა ჩვენი მამები პირველად; მეორედ მისვლისას გაუმჟღავნა იოსებმა თავის ძმებს თავი და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა. გაგზავნა იოსებმა და მოიწვია თავისი მამა იაკობი და მთელი თავისი გვარი, 75 სული. და ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში. და გარდაიცვალა იგი, და ჩვენი მამებიც. გადმოასვენეს ისინი შექემს და ჩაასვენეს სამარხში, რომელიც აბრაამმა იყიდა ვერცხლის ფასად შექემში ჰამორის ძეთაგან. და როდესაც ახლოვდებოდა აღთქმის ჟამი, ღმერთი რომ შეჰპირდა აბრაამს, იმატა ხალხმა ეგვიპტეში და გამრავლდა, ვიდრე არ აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც იოსებს არ იცნობდა. ის ჩვენი მოდგმის წინააღმდეგ ბოროტად იქცეოდა, აიძულებდა ჩვენს მამებს, გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ. ამ დროს დაიბადა მოსე და იყო სათნო ღმერთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა. ხოლო როდესაც გადააგდეს, აიყვანა ის ფარაონის ასულმა და შვილად გაზარდა. განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით. 40 წელი რომ შეუსრულდა, გულით მოუნდა თავისი ძმების, ისრაელის შვილების, მონახულება. და როდესაც დაინახა, რომ ერთ-ერთ მათგანს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა დაჩაგრულს, შური იძია და განგმირა ეგვიპტელი. ეგონა, მიხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით აპირებდა მათ ხსნას, მაგრამ ვერ მიხვდნენ. მეორე დღეს მოევლინა მათ, როდესაც ჩხუბობდნენ, მოინდომა მათი დაზავება და უთხრა: ‘კაცნო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?’ მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ‘ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ჩემი მოკვლაც ხომ არ გინდა, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?’ გაიქცა მოსე ამ სიტყვებზე და გახდა ხიზანი მიდიამის ქვეყანაში, სადაც შეეძინა ორი ვაჟი. და როდესაც შესრულდა 40 წელი, ეჩვენა მას სინაის მთის უდაბნოში ანგელოზი ალმოდებული მაყვლოვანიდან. მოსემ დაინახა და განცვიფრდა ამ ხილვით. მიუახლოვდა, რომ დაკვირვებოდა, და იყო უფლის ხმა: ‘მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა.’ შეძრწუნდა მოსე და ვერ გაბედა შეხედვა. უთხრა მას უფალმა: ‘გაიძვრე სანდლები ფეხთაგან, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა. მე ვხედავ ჩემი ხალხის გასაჭირს ეგვიპტეში და მესმის მისი გმინვა, და ჩამოვედი მათ გამოსახსნელად. ახლა წადი, მე მიგავლენ შენ ეგვიპტეში.’ ეს ის მოსეა, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ‘ვინ დაგნიშნა მთავრად და მსაჯულად?’ ის, ვინც ღმერთმა მთავრად და მხსნელად მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას მაყვლოვანში ეჩვენა. მან გამოიყვანა ისინი და ახდენდა სასწაულებს და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში 40 წელი. ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის შვილებს: ‘წინასწარმეტყველს, ისეთს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ ღმერთი თქვენ ძმათაგან. მას უსმინეთ!’ ეს არის ის, ვინც ხალხის კრებულთან ერთად უდაბნოში იყო და ვისაც ანგელოზი ელაპარაკებოდა სინაის მთაზე ჩვენი მამებისათვის; ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები ჩვენთვის გადმოსაცემად; ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთ გულებში ეგვიპტისკენ მიიქცნენ. უთხრეს აარონს: ‘გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა, არ ვიცით, რა დაემართა.’ და გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და ხარობდნენ თავიანთი ხელის ქმნილებით. ზურგი შეაქცია მათ ღმერთმა და ციური მხედრობის სამსახურს გადასცა ისინი, როგორც წინასწარმეტყველთა წიგნში წერია: ‘განა მოგქონდა ჩემთვის საკლავი და მსხვერპლი უდაბნოში ორმოც წელიწადს, ისრაელის სახლო? დაატარებდით მოლოქის კარავს და თქვენი ღმერთის, რეფანის, ვარსკვლავს და გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რომ თაყვანი გეცათ მათთვის, და მეც გადაგასახლებთ ბაბილონს იქით.’ მოწმობის კარავი ჰქონდათ ჩვენს მამებს უდაბნოში, როგორც დაუწესა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახით, რომელიც იხილა. მიიღეს იგი ჩვენმა მამებმა და იესოსთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ღმერთმა განდევნა ჩვენი მამების წინაშე. ასე იყო დავითის დღეებამდე. მან ჰპოვა მადლი ღმერთის წინაშე და ლოცულობდა, რომ იაკობის ღმერთისთვის სავანე ეპოვა. სახლი კი სოლომონმა აუგო მას. მაგრამ უზენაესი არ მკვიდრობს ხელთქმნილში, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: ‘ცა ტახტია ჩემი და დედამიწა – ჩემს ფეხთა კვარცხლბეკი,’ – ამბობს უფალი, – ‘როგორ სახლს ამიგებთ მე ან რომელი ადგილია ჩემი დასასვენებლი? განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?’ ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც. რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს მართალის მოსვლის წინასწარ მაუწყებელნი, იმისი, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით, თქვენ, რომლებმაც მიიღეთ რჯული ანგელოზების განწესებით და არ დაიცავით იგი.“ ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს უღრჭიალებდნენ მას. მან კი, სულიწმიდით აღვსილმა, ახედა ცას და დაინახა ღმერთის დიდება და ღმერთის მარჯვენით მდგარი იესო. და თქვა: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღმერთის მარჯვნივ მდგომს.“ მაგრამ მათ ხმამაღალი ყვირილი მორთეს, ყურები დაიცვეს და ერთსულოვნად დაეძგერნენ. გაათრიეს ქალაქის გარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფეხთით, რომელსაც სავლე ერქვა. და რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული!“ მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ ჩაუთვლი მათ ამას ცოდვად!“ ეს თქვა და მიიძინა. სავლე მათ შორის იყო, ვინც მოიწონა მისი მოკვლა. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და მოციქულთა გარდა ყველა გაიფანტა იუდეისა და სამარიის მხარეებში. დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები, და საპყრობილეში ყრიდა მათ. ხოლო გაფანტულები დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას. ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს. ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა ფილიპეს, უსმენდა მის სიტყვებს და ხედავდა ნიშნებს, რომელთაც ახდენდა იგი. უწმიდური სულები ბევრი შეპყრობილისაგან ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ, მრავალი დამბლადაცემული და ხეიბარი იკურნებოდა. და დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში. ცხოვრობდა ადრიდანვე იმ ქალაქში ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ჯადოქრობით აოცებდა სამარიელ ხალხს და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ღმერთის ძალაა, დიდად წოდებული.“ ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოცებდა მათ ჯადოქრობით. როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღმერთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ კაცებიც და ქალებიც. თავად სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და ჩადენილ დიდ სასწაულებსა და ძალებს რომ ხედავდა, გაოცებული იყო. გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ სამარიამ მიიღო ღმერთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე, რომლებიც ჩავიდნენ იქ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა. რადგან მანამდე არც ერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალი იესოს სახელით. მაშინ დაადეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა. როდესაც დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დადებით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ და თქვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა.“ პეტრემ უთხრა მას: „შენი ვერცხლი შენთან იყოს შენს დასაღუპად, რადგან ღმერთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე. არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, რადგან შენი გული არ არის წრფელი ღმერთის წინაშე. მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა, რადგან მწარე შურითა და ცოდვით შებორკილს გხედავ.“ მიუგო სიმონმა და უთხრა მათ: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არ მეწიოს თქვენი ნათქვამი.“ ხოლო როდესაც დაამოწმეს და ილაპარაკეს უფლის სიტყვა, გაბრუნდნენ იერუსალიმისკენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის.“ (უკაცრიელია იგი.) ადგა და წავიდა. და, აჰა, კაცი, ეთიოპელი საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანის საცემად მოსულიყო იერუსალიმში, უკან ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდარი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს.“ მიირბინა ფილიპემ და, როცა მოისმინა, რომ იგი ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, უთხრა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“ მან უთხრა: „როგორ შევძლებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, ეს იყო: „კრავივით წაიყვანეს დასაკლავად და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ დაუძრავს მასაც ბაგე. დამცირებაში წაერთვა სამართალი და ვინ მოიკითხავდა მის წარმომავლობას? რადგან მისი სიცოცხალე აღიგავა დედამიწისაგან.“ მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: „გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი, თავის თავზე, თუ სხვა ვინმეზე?“ გახსნა ფილიპემ ბაგე და დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ. როდესაც გზად გაემართნენ, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს, რომ მოვინათლო?“ უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მან მიუგო და უთხრა: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა.“ და უბრძანა, გაეჩერებინა ეტლი და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი. ხოლო როდესაც წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა წარიტაცა ფილიპე და ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა. და გახარებული გაემართა თავის გზაზე. ფილიპე კი აღმოჩნდა აზოტში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა. სავლე კი, რომელიც ჯერ კიდევ მუქარითა და სიკვდილით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვა წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე, კაცებს თუ ქალებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში. გზად მიმავალი, როდესაც დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად კაშკაშა ნათელმა მოიცვა ციდან, დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ მან თქვა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი უთხრა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რაც უნდა გააკეთო.“ კაცები კი, რომლებიც თან ახლდნენ მას, დამუნჯებულები იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელჩაკიდებული შეიყვანეს დამასკოში. სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა. იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“ და უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია სწორი, იკითხე იუდას სახლში ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი, და იხილა ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაადო მას, რათა თვალი აეხილოს.“ მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში. და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“ უთხრა მას უფალმა: „წადი, რადგან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე. ხოლო მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელისთვის.“ წავიდა ანანია და შევიდა იმ სახლში, დაადო მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე მომავალს, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.“ უცებ, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა. და მიიღო საჭმელი და მომაგრდა. და დარჩა იგი დამასკოში მოწაფეებთან რამდენიმე დღეს. და მალევე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის ღმერთის ძეა. გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის არის, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?“ სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე. განვლო მრავალმა დღემ და იუდეველები შეითქვნენ მის მოსაკლავად. ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღედაღამ სდარაჯობდნენ კარიბჭესთან, რათა მოეკლათ იგი. მაგრამ მოწაფებმა ღამით აიყვანეს იგი და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით. იერუსალიმში მისული ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. მაშინ ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა მან გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით. და იყო ის მათთან. გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით. ლაპარაკობდა და ეპაექრებოდა კიდეც ბერძნულად მოლაპარაკე იუდეველებს, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ. როდესაც შეიტყვეს ეს ძმებმა, ჩაიყვანეს იგი კესარიას და გაგზავნეს ტარსუსში. ამგვარად, ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა. ერთხელ, ყველა ადგილის შემოვლისას, პეტრე მივიდა წმიდებთანაც, რომლებიც ლიდაში ცხოვრობდნენ. ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დამბლადაცემული იწვა სარეცელზე. და უთხრა მას პეტრემ: „ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექი და თავად გაასწორე სარეცელი!“ და მაშინვე წამოდგა. და ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ. იყო იაფოში ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, (რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს). იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც იქმოდა. იმ დღეებში ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში. ლიდა ახლოს იყო იაფოსთან და მოწაფეებმა რომ შეიტყვეს, რომ პეტრე იქ იყო, გაუგზავნეს ორი კაცი სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა. ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როდესაც მივიდა, აიყვანეს ზედა ოთახში და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ პერანგებსა და მოსასხამებს, რომლებსაც ქურციკი ამზადებდა, სანამ მათთან იყო. პეტრემ გაუშვა ყველანი გარეთ, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და თქვა: „ტაბითა, ადექი!“ მან აახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. მან ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი. ცნობილი გახდა ეს მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი. და ერთ ხანს დარჩა ის იაფოში ვინმე სიმონ მეტყავესთან. იყო ერთი კაცი კესარიაში, სახელად კორნელიუსი, იტალიურად წოდებული რაზმის ასისთავი. კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო ის მთელს თავის სახლთან ერთად, მოწყალებას უხვად გასცემდა ხალხისათვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის წინაშე. და ასე, დღის მეცხრე საათზე, იხილა მან ჩვენებაში ცხადად ღმერთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიუს!“ მიაპყრო მას მზერა და შეშინებულმა თქვა: „რა არის, უფალო?“ უთხრა მას: „შენი ლოცვები და მოწყალებანი აღვიდა ღმერთის წინაშე და გაგიხსენა შენ. ახლა მიავლინე კაცები იაფოში და დაუძახე ვინმე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება. იგი სტუმრად არის ვინმე სიმონ მეტყავესთან, რომლის სახლი ზღვის პირას დგას.“ როცა გაშორდა მასთან მოსაუბრე ანგელოზი, მან დაუძახა თავის ორ სახლეულს და ერთ კეთილმსახურ მეომარს, რომელიც თან ახლდა, უამბო მათ ყოველივე და გაგზავნა იაფოში. მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი. მოშივდა და ჭამა მოუნდა. და ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, გარინდებამ მოიცვა იგი და იხილა გახსნილი ცა და გარდამომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ჩამოკიდებული ეშვებოდა მიწაზე. მასში იყო მიწის ყოველნაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. და იყო ხმა მის მიმართ: „ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.“ პეტრემ თქვა: „არა, უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია შებილწული და უწმიდური.“ მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ შებილწულად.“ ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცად ამაღლდა. და როდესაც პეტრე საგონებელში იყო ჩავარდნილი, თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, – კორნელიუსის გამოგზავნილი კაცები უკვე ჭიშკართან იდგნენ, მათ კითხვით მიეგნოთ სიმონის სახლისათვის, დაიძახეს და იკითხეს: „აქ ხომ არ არის სტუმრად სიმონი, პეტრედ წოდებული?“ ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: „აგერ, სამი კაცი გეძებს შენ. ახლა ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ. არ იყოყმანო, რადგან მე მოვავლინე ისინი.“ ჩავიდა პეტრე იმ კაცებთან და უთხრა: „აჰა, მე ვარ, ვისაც ეძებთ. რისთვის მოსულხართ?“ მათ თქვეს: „ასისთავ კორნელიუსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და შენგან მოისმინოს სიტყვები.“ მაშინ მიიწვია ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და წავიდა მათთან ერთად. ზოგიერთი იაფოელი ძმაც თან ახლდა მას. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიუსი ელოდა მათ, შემოეკრიბა თავისი ნათესავები და უახლოესი მეგობრები. როდესაც შედიოდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც კაცი ვარ.“ და მასთან საუბრით შევიდა და მრავალი შეკრებილი ჰპოვა იქ. უთხრა მათ: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და სტუმრობა უცხოთესლთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთ ადამიანზე არ მეთქვა შებილწული ან უწმიდური. ამიტომაც, როდესაც მომიხმეს, დაუბრკოლებლად მოვედი. ამიტომ გეკითხებით, რა საქმეზე დამიძახეთ?“ კორნელიუსმა თქვა: „ოთხი დღის წინ, სწორედ ამ დროს, მეცხრე საათზე, ჩემს სახლში ვლოცულობდი. და, აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით და თქვა: ‘კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღმერთის წინაშე. ახლა გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება. მეტყავე სიმონის სახლში დგას, ზღვის პირას.’ მაშინვე გამოვაგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღმერთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები.“ გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ერში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. მან მოუვლინა ისრაელის შვილებს სიტყვა და ახარა მშვიდობა იესო ქრისტეს მეშვეობით, ის არის ყოველთა უფალი. თქვენ იცით, რა მოხდა მთელს იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისცემის შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე. როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. როგორ დადიოდა, სიკეთეს იქმოდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან დათრგუნულებს, რადგან ღმერთი იყო მასთან. ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე ჩამოკიდებით. ხოლო ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი, არა მთელი ხალხისთვის, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეთათვის, ჩვენთვის, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და დავუმოწმოთ, რომ ის არის ღმერთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული. მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.“ ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა. მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ, რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ: „ვის შეუძლია წყლით ნათლისცემა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღო სულიწმიდა?“ და უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას, დარჩენილიყო მათთან რამდენიმე დღეს. გაიგეს მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდეაში იყვნენ, რომ წარმართებმაც მიიღეს ღმერთის სიტყვა. და როდესაც ავიდა პეტრე იერუსალიმში, უსაყვედურეს მას წინადაცვეთილებმა, და ეუბნებოდნენ: „წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამე.“ დაუწყო მათ პეტრემ განმარტება თანმიმდევრობით: „მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ვლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება: გარდამომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოსავით, ოთხი კიდით ეშვებოდა ზეციდან და ჩემამდე მოაღწია. შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ მიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!’ ვთქვი: ‘არა, უფალო! რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი შებილწული და უწმიდური არ შესულა.’ მეორედ მომიგო ხმამ ციდან: ‘რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ უწმინდურად.’ ეს მოხდა სამჯერ, და ყველაფერი ისევ ცად ამაღლდა. და, აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი. მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში. მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომი ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ‘გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს. ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი.’ და როდესაც ლაპარაკი დავიწყე, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად. გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: ‘იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებით.’ თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?“ ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ და ადიდეს ღმერთი, და ამბობდნენ: „აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.“ ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნისაგან გაფანტულები მივიდნენ ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე და ებრაელების გარდა არავის უქადაგებდნენ სიტყვას. იყვნენ მათგან ზოგიერთნი კვიპროსელნი და კვირინელნი, რომლებიც ანტიოქიაში მისვლისას ესაუბრებოდნენ ბერძნულად მოლაპარაკეებსაც და ახარებდნენ მათ უფალ იესოს. და იყო უფლის ხელი მათთან, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისაკენ. მიაღწია ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში. როდესაც მივიდა და იხილა ღმერთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დარჩენილიყვნენ უფალში; რადგან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღვსილი. და დიდძალი ხალხი შეემატა უფალს. წავიდა ტარსუსში სავლეს საძებნელად და ნახა იგი, და ანტიოქიაში მოიყვანა. და მოხდა ისე, რომ მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. და პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები. იმ დღეებში იყო, რომ მოვიდნენ მქადაგებელნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში. წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, და იწინასწარმეტყველა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ მსოფლიოში, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს. ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, შეწევნა გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში ცხოვრობდნენ. ასეც მოიქცნენ: გაუგზავნეს შეკრებილი უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით. იმ ხანებში ხელი აღმართა მეფე ჰეროდემ ეკლესიის ზოგიერთი წევრის საზიანოდ, და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. და როდასაც დაინახა, რომ ეს ეამათ იუდეველებს, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო. შეიპყრო იგი და ჩასვა საპყრობილეში. უბრძანა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს. განზრახული ჰქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოეყვანა ის ხალხის წინაშე. პეტრე დამწყვდეული იყო საპყრობილეში, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის. და როდესაც მის გამოყვანას აპირებდა ჰეროდე, იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ბორკილით შეკრულს. კართან მდგარი მცველები კი დარაჯობდნენ საპყრობილეს. და, აჰა, უფლის ანგელოზი დადგა მის წინაშე და ნათელი გაბრწყინდა სენაკში. მან ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი, დროზე!“ და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან. უთხრა მას ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები.“ ასეც გააკეთა. და უთხრა მას: „მოისხი შენი მოსასხამი და გამომყევი.“ და გავიდა და გაჰყვა მას, და არ იცოდა, რომ რასაც ანგელოზი იქმოდა, ცხადი იყო, ეგონა, რომ ჩვენებას ხედავდა. გასცდნენ პირველ და მეორე საგუშაგოს და მიუახლოვდნენ ქალაქში შესასვლელ რკინის კარიბჭეს, რომელიც თავისთავად გაიღო მათ წინაშე და გავიდნენ და გაიარეს ერთი ქუჩა, და ანგელოზი მყისვე განშორდა მას. გონს რომ მოვიდა, თქვა პეტრემ: „ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყველაფრისაგან, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა.“ გამოფხიზლებული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, გამოსაპასუხებლად გამოვიდა ერთი მოახლე, სახელად როდე, იცნო პეტრეს ხმა და ისე გაუხარდა, რომ კარიც არ გაუღია, შინ შევარდა და შეატყობინა, რომ პეტრე იდგა კართან. მათ უთხრეს: „შეიშალე?“ ის კი ამტკიცებდა, რომ ასე იყო. მათ თქვეს: „ეს მისი ანგელოზია.“ პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როდესაც გაუღეს, დაინახეს და განცვიფრდნენ. ანიშნა მათ ხელით, რომ გაჩუმებულიყვნენ და უამბო, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილიდან, და თქვა: „შეატყობინეთ ეს იაკობსა და ძმებს.“ და გავიდა და სხვა ადგილისკენ გაემართა. დღე რომ დადგა, ჯარისკაცებში დიდი განგაში ატყდა იმის გამო, თუ რა იქნა პეტრე. როდესაც ჰეროდემ დაუწყო ძებნა და ვერ იპოვა, დაკითხა მცველები და ბრძანა მათი წაყვანა დასასჯელად. მერე იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა. ჰეროდე გულმოსული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ისინი კი ერთსულოვნად ეახლნენ მას, მიიმხრეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ითხოვდნენ მშვიდობას, რადგან მათი მხარე მისი სამეფოსგან საზრდოობდა. დანიშნულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო სამოსი, დაჯდა სამსჯავროს ტახტზე და მიმართა მათ. ხალხი კი ყვიროდა: „ეს ღმერთის ხმაა და არა კაცისა!“ და უეცრად დასცა იგი უფლის ანგელოზმა, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა განუტევა სული. უფლის სიტყვა კი მრავლდებოდა და ვრცელდებოდა. როდესაც ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი სამსახური, გამობრუნდნენ იერუსალიმიდან და თან წამოიყოლეს იოანეც, მარკოზად წოდებული. იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმეონი, ნიგერად წოდებული, ლუკიოს კვირინელი და მანაენი, ტეტრარქ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე. როდესაც ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“ მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს მათ და გაუშვეს. ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გაცურეს კვიპროსზე. სალამისში ყოფნისას ღმერთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში. იოანეც თან ჰყავდათ მსახურად. როდესაც მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი, გრძნეული, ცრუწინასწარმეტყველი, იუდეველი, სახელად ბარ-იესო, რომელიც იყო პროკონსულ სერგი პავლესთან, გონიერ კაცთან. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს და სურდა მოესმინა ღმერთის სიტყვა. წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი, (რადგან ასე ითარგმნება მისი სახელი) და ცდილობდა რწმენიდან გადაეცდინა პროკონსული. ხოლო სავლე, რომელსაც პავლეც ჰქვია, აღივსო სულიწმიდით და მიაპყრო მას მზერა და უთხრა: „ო, ყოველგვარი მზაკვრობითა და ყოველი მანკიერებით აღვსილო, ეშმაკის ნაშიერო და ყოველივე მართლის მტერო, მოეშვები თუ არა უფლის სწორი გზების გამრუდებას? აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი და დაბრმავდები, ერთხანს ვეღარ დაინახავ მზეს.“ და მყისვე დაეცა მას სიბნელე და წყვდიადი, და აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. როდესაც პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა. პაფოსიდან გამგზავრებული პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. მათ კი განაგრძეს გზა პერგედან და მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის შემდეგ სინაგოგის მთავრებმა მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „ძმებო, თუ რამე მანუგეშებელი სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.“ ადგა პავლე, ხელით ანიშნა და თქვა: „ისრაელელო კაცნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ! ისრაელის ხალხის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის ქვეყანაში ხიზნობისას, და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან. და ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. და მოსპო შვიდი ერი ქანაანის ქვეყანაში და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა ასე, 450 წლით. ამის შემდეგ აძლევდა მათ მსაჯულებს სამუელ წინასწარმეტყველამდე. მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, 40 წლის მანძილზე. მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუყენა მათ დავითი, ვისზეც თქვა დამოწმებით: ‘ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სათნო კაცი, რომელიც შეასრულებს ყოვლ ჩემს ნებას.’ მისი ნაშიერისაგან ღმერთმა, აღთქმისამებრ, აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო. მისი მოსვლის წინ იოანე უქადაგებდა ისრაელის მთელ ხალხს სინანულის ნათლისღებას. როდესაც ამთავრებდა იოანე სარბიელს, თქვა: ‘ვინ გგონივართ მე? მე არა ვარ ის, არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის ფეხთაგან სანდლების შეხსნის ღირსიც არა ვარ.’ კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთის მოშიშნო თქვენს შორის, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა. რადგან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, მისი დასჯით აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ყოველ შაბათს იკითხება. და რაკი ვერავითარი სასიკვდილო ბრალი ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა. და როდესაც აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, გარდამოხსნეს ძელიდან და დაასვენეს სამარხში. ხოლო ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე. ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც ღმერთმა მისცა მამებს, შეგვისრულა ჩვენ, მათ შვილებს, და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ‘შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.’ რადგან მან აღადგინა იგი მკვდრეთით, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას. ასე თქვა: ‘მე მოგცემთ თქვენ დავითის სარწმუნო სიწმიდეებს,’ ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ‘არ მისცემ ხრწნილებას შენს წმიდას.’ მაგრამ დავითმა, რომელიც ღმერთის ნებით ემსახურა თავის თაობას, განისვენა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება. ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება. ცნობილი იყოს თქვენთვის, ძმებო, რომ გეუწყებათ თქვენ მის მიერ ცოდვების მიტევება. ყველაფრისგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მისით მართლდება ყველა მორწმუნე. გაფრთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული: ‘იხილეთ, შეურაცხმყოფელნო, და განცვიფრდით და გაქრით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის.’“ როდესაც იუდეველთა სინაგოგიდან გამოდიოდნენ, ხალხი ევედრებოდა მათ, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები. კრებული რომ დაიშალა, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი აედევნა პავლეს და ბარნაბას. ისინიც ესაუბრებოდნენ მათ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღმერთის მადლში. მომდევნო შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღმერთის სიტყვის მოსასმენად. როდესაც იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ და უარყოფდნენ პავლეს ნათქვამს და შეურაცხყოფდნენ. მაშინ ბარნაბამ და პავლემ დაუფარავად თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღმერთის სიტყვა. რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ. რადგან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად დედამიწის კიდემდე.’“ ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის იყო განწესებული. და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელ ქვეყანაზე. ხოლო იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის მთავარნი, აღძრეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გააძევეს ისინი თავიანთი საზღვრებიდან. მათ კი ჩამოიბერტყეს ფეხთაგან მტვერი მათზე სამოწმებლად და წავიდნენ იკონიაში. ხოლო მოწაფეები ივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით. იგივე მოხდა იკონიაში, როდესაც ისინი შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და იმგვარად ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა. ხოლო ურწმუნო იუდეველები აღძრავდნენ და აბოროტებდნენ წარმართთა სულებს ძმების წინააღმდეგ. თუმცა ისინი კარგა ხანს აგრძელებდნენ დაუფარავად ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად იძლეოდა ნიშნებსა და ახდენდა სასწაულებს მათი ხელით. გაიყო ხალხი ქალაქში: ზოგი იუდეველებს მიემხრო, ზოგი – მოციქულებს. როდესაც იუდეველები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად შეეცადნენ, რომ დაეთრგუნათ და ჩაექოლათ ისინი, მათ შეიტყვეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში: ლისტრასა და დერბეში და მათ შემოგარენში, და იქ ახარებდნენ. ერთი ვიღაც კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლისტრაში, დედის მუცლიდანვე ხეიბარი იყო და არასოდეს გაევლო. ის ისმენდა პავლეს საუბარს. როდესაც პავლემ მიაპყრო მას მზერა, დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა. უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფალი იესო ქრისტეს სახელით: დადექი ფეხზე გამართულად!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული. ხალხმა რომ დაინახა, თუ რა მოიმოქმედა პავლემ, ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყეს ლუკაონიურად. თქვეს: „ღმერთები ადამიანებს დაემსგავსნენ და ჩვენთან ჩამოვიდნენ.“ და უწოდეს ბარნაბას ზევსი და პავლეს – ჰერმესი, რაკი ის იყო სიტყვის წინამძღოლი. ხოლო ზევსის ქურუმმა, რომლის ტაძარი ქალაქის წინ იყო, ჭიშკართან მორეკა ხარები, მოიტანა ყვავილწნულები და ხალხთან ერთად მსხვერპლის შეწირვას აპირებდა. ეს რომ გაიგონეს მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, ტანისამოსი შემოიხიეს, ყვირილით ხალხში შეცვივდნენ და თქვეს: „ხალხნო, ამას რას აკეთებთ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებათაგან მოიქცეთ ცოცხალი ღმერთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია; რომელმაც წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერები, რომ თავისი გზებით ევლოთ. თუმცა მოწმობის გარეშე არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დრო-ჟამს, გვასაზრდოებდა და სიხარულით გვივსებდა გულებს.“ ამ სიტყვებით ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის. მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, დაარწმუნეს ხალხი და ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქის გარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ. როდესაც მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, წამოდგა პავლე და შევიდა ქალაქში. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა. უქადაგეს სახარება ამ ქალაქს და მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში. და განამტკიცებდნენ მოწაფეთა სულებს, და ამხნევებდნენ, დარჩენილიყვნენ რწმენაში, რადგან მრავალი ჭირის დათმენა გვმართებს ღმერთის სამეფოში შესასვლელადო. ხელი დაადეს უხუცესებს თითოეულ მათ ეკლესიაში და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. და გაიარეს პისიდია და მივიდნენ პამფილიაში. და იქადაგეს პერგეში სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში. იქიდან გაცურეს ანტიოქიაში, სადაც ღმერთის მადლი მიეცათ მათ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს. მივიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა, და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი. და დაყვეს არამცირედი ხანი მოწაფეებთან. ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: „თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებით.“ და როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან. ამგვარად, ისინი, ეკლესიისგან წარგზავნილები, ფინიკიისა და სამარიის გავლით წავიდნენ და უამბობდნენ იქ წარმართთა მოქცევაზე და ამით ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ. იერუსალიმში რომ მივიდნენ, მიღებულ იქნენ ეკლესიის, მოციქულებისა და უხუცესების მიერ. და აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან. წამოდგნენ ზოგიერთი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა წინადაიცვითონ და ებრძანოთ, დაიცვან მოსეს რჯული. შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ადგა პეტრე და უთხრა მათ: „ძმებო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ. განსხვავება წაშალა ჩვენსა და მათ შორის, როდესაც რწმენით განწმიდა მათი გულები. ახლა რატომ სცდით ღმერთს და ქედზე ადგამთ მოწაფეებს უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ? მაგრამ გვჯერა, რომ უფალი იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი.“ ყველანი დუმილით უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ, თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათ მიერ წარმართებს შორის. მათი დადუმების შემდეგ დაიწყო იაკობმა და თქვა: „ძმებო, მომისმინეთ: სიმონმა მოგვითხრო, როგორ მოხედა ღმერთმა თავიდანვე წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის. ამასვე ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: ‘ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ სახლს; დანგრეულს აღვადგენ და კვლავ აღვმართავ, რათა ეძიონ დანარჩენმა ადამიანებმაც უფალი და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმაც, – ასე ამბობს უფალი, მოქმედი ყოველივესი, რაც ძველთაგანვეა ცნობილი.’ ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავამძიმოთ ისინი, ვინც წარმართთაგან ღვმერთისკენ არიან მოქცეულნი, არამედ მივწეროთ მათ, რომ ერიდონ კერპებით შებილწულს, მრუშობას, გაგუდულ პირუტყვს და სისხლს. რადგან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.“ მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელი ეკლესიის თანხმობით გადაწყვიტეს, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში გასაგზავნად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად: იუდა (რომელსაც ბარსაბა ეწოდა) და სილა – კაცები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ძმებს შორის. დაწერეს თავიანთი ხელით: „ჩვენ, მოციქულები, უხუცესები და ძმები მოგიკითხავთ და გახარებთ ძმებს ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულთ. რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აგაფორიაქეს თავიანთი სიტყვებით და სული აგიშფოთეს, – რადგან გითხრეს, რაც ჩვენ არ დაგვივალებია, ერთსულოვნად გადავწყვიტეთ კაცების არჩევა თქვენთან გამოსაგზავნად ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. ამიტომ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვიერად. მოიწონა სულიწმიდამ და ჩვენც, რომ ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, გაგუდულს და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“ წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს სინაგოგა და გადასცეს წერილი. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს. დაყვეს იქ რამდენიმე ხანი და შემდეგ მშვიდობით გაისტუმრეს ძმებმა მათ მომავლინებლებთან. ხოლო სილამ ამჯობინა იქვე დარჩენა. პავლე და ბარნაბა შეყოვნდნენ ანტიოქიაში, ასწავლიდნენ და ახარებდნენ ბევრ სხვასთან ერთად უფლის სიტყვას. რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა ბარნაბას პავლემ: „გავბრუნდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა. ვნახოთ, როგორ არიან.“ ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა იოანე, მარკოზად წოდებული. პავლეს სწორად არ მიაჩნდა მისი წაყვანა, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაჰყვა მათ საქმეზე. შეიქნა უთანხმოება და ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და კვიპროსამდე გაცურეს. ხოლო პავლემ აირჩია სილა და უფლის მადლს მინდობილი გაემგზავრა ძმათაგან. და დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს. ჩავიდა დერბეშიც და ლისტრაშიც. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი, ვისზეც მოწმობდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები. პავლემ მოისურვა მასთან ერთად წასვლა. წაიყვანა, და წინადაცვითა იუდეველთა გამო, რომლებიც იმ ადგილებში იყვნენ, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო. ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები. ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი. გაიარეს მათ ფრიგია და გალატელთა ქვეყანა, ხოლო სულიწმიდისგან აეკრძალათ სიტყვის ქადაგება ასიაში. როდესაც მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, იესოს სულმა არ გაუშვა ისინი. გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ. იმ ღამით პავლეს ჩვენება ჰქონდა: იდგა ვიღაც მაკედონიელი კაცი, ევედრებოდა მას და ამბობდა: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე.“ ჩვენება რომ იხილა, მაშინვე ვცადეთ მაკედონიაში წავსულიყავით. დარწმუნებული ვიყავით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა გვეხარებინა მათთვის. გავცურეთ ტროადან და გეზი ავიღეთ სამოთრაკესაკენ, ხოლო მეორე დღეს – ნეაპოლისისკენ, იქიდან ფილიპესკენ, რომელიც მაკედონიის მთავარი ნაწილის ქალაქია – რომის კოლონია. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე. შაბათ დღეს გავედით კარიბჭის გარეთ, მდინარესთან, სადაც სალოცავი გვეგულებოდა და დავსხედით და ველაპარაკებოდით იქ შეკრებილ ქალებს. ერთი ღვთის მოშიში ქალი, სახელად ლიდია, რომელიც ძოწეულით ვაჭრობდა ქალაქ თიატირაში, ისმენდა და უფალმა გაუხსნა გული პავლეს ლაპარაკის მოსასმენად. და როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, მიგვიწვია და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.“ და დაგვიყოლია. როდესაც სალოცავში მივდიოდით, შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც წინასწარმეტყველების სული ჰქონდა და თავისი მკითხაობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. იგი აგვედევნა პავლეს და ჩვენ, ყვიროდა და ამბობდა: „ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენ ხსნის გზას!“ ასე აკეთებდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა სულს და უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან.“ და იმწამსვე გამოვიდა. დაინახეს მისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მთავრებთან წაათრიეს მოედანზე. მთავრებთან რომ მიიყვანეს, უთხრეს: „ეს კაცები აშფოთებენ ჩვენს ქალაქს, იუდეველები არიან და ასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, რადგან რომაელები ვართ.“ და აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, ხოლო მთავრებმა მოსასხამები შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის. ასეთი ბრძანება რომ მიიღო, მანაც შეყარა ისინი ყველაზე დაცულ საპყრობილეში და ფეხები ხუნდებში გააყრევინა. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს, პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. უეცრად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ სატუსაღოს საძირკველი შეირყა. მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასძვრა ბორკილები. გამოეღვიძა მცველს და დაინახა, რომ საპყრობილის კარი ღია იყო. იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გამექცნენო. პავლემ გამოსძახა ხმამაღლა და უთხრა: „შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან ჩვენ ყველანი აქა ვართ.“ მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე. გარეთ გაიყვანა ისინი და უთხრა: „ბატონებო, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“ ხოლო მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და შენი სახლიც.“ და უქადაგეს ღმერთის სიტყვა მას და ყველას, მის სახლში მყოფს. და ღამის იმავე საათში წაიყვანა მან ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი. მიიყვანა ისინი თავის სახლში, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, რომ იწამა ღმერთი. დღე რომ დადგა, მთავრებმა გაუგზავნეს მსახურნი და უთხრეს: „გაუშვი ის კაცები.“ შეატყობინა საპყრობილის მცველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და მშვიდობით წადით.“ მაგრამ პავლემ უთხრა მათ: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.“ მოახსენეს მსახურებმა მთავრებს ეს სიტყვები. ხოლო მათ შეეშინდათ, როდესაც გაიგეს, რომ რომაელნი ყოფილან. მივიდნენ, ანუგეშეს, გამოიყვანეს საპყრობილიდან და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ. გამოვიდნენ საპატიმროდან და მივიდნენ ლიდიასთან, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და წავიდნენ. გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო. ჩვეულებისამებრ, პავლე შევიდა მათთან და სამი შაბათი ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და რომ „ეს ქრისტე არის იესო, რომელსაც მე გახარებთ თქვენ.“ ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალმა ღვთის მოშიშმა ბერძენმა, ასევე ბევრმა დიდგვაროვანმა ქალმა. გამწარდნენ იუდეველები და შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრის მოედნიდან, შეყარეს ბრბო და აღაშფოთეს ქალაქი. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე. ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: „ქვეყნის ამრევებმა აქაც მოაღწიეს! იასონმა შეიფარა ისინი. ესენი კეისრის ბრძანებებს ეურჩებიან და სხვას აცხადებენ მეფედ – იესოს.“ ასე აღაშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს. მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი. ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბერიაში, სადაც ისინი ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში. ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო. ბევრმა მათგანმა ირწმუნა, მათ შორის არამცირედმა წარჩინებულმა ბერძენმა ქალმა და კაცმა. როდესაც შეიტყვეს თესალონიკელმა იუდეველებმა, რომ ბერიაშიც იქადაგებოდა პავლეს მიერ ღმერთის სიტყვა, იქაც მივიდნენ, ააღელვეს და აღაშფოთეს ხალხი. მაშინ ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლე, რათა ზღვამდე მისულიყო, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. გამცილებლებმა პავლე ათენამდე მიიყვანეს და, როდესაც დავალება მიიღეს სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე შეერთებოდნენ მას, გაბრუნდნენ. ვიდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. ესაუბრებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს და იმათ, ვინც ყოველდღე მოედანზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა მას. ერთნი ამბობდნენ: „რისი თქმა სურს ამ მოლაყბეს?“ სხვანი: „ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებს“ – რაკი იესოს და აღდგომას ახარებდა მათ. ხელი მოჰკიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: „შეგვიძლია გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? რადგან რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?“ ყველა ათენელს და იქ ჩამოსულ უცხოელს დროის გატარება ყველაზე მეტად ერჩივნათ რაიმე ახლის შესახებ საუბარაში ან მოსმენაში. დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: „ათენელნო კაცნო, გატყობთ, რომ ძალზე ღვთისმოშიშნი ხართ ყოველმხრივ, რადგან, როდესაც გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: ‘უცნობ ღმერთს.’ მეც მას გიქადაგებთ, რომელსაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, ვინც არის უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, ის თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა მთელი მოდგმა, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყო. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო შეიგრძნონ იგი და იპოვონ, და შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან. რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: რადგან ჩვენ მისი მოდგმა ვართ. და რაკი ღმერთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ანდა ხატს, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით შექმნილს. მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. რადგან მან დაადგინა დღე, როდესაც სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას წინასწარ განწესებული კაცის მეშვეობით. და ყველას მისცა მოწმობა, როდესაც იგი მკვდრეთით აღადგინა.“ მკვდართა აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ: „ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთ.“ ასე გამოვიდა პავლე მათგან. ზოგიერთნი მიემხრნენ მას და ირწმუნეს – მათ შორის დიონისე არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და მათთან ერთად სხვებმაც. ამის შემდეგ პავლემ დატოვა ათენი და წავიდა კორინთოში, და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და პრისკა, მისი ცოლი, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, რადგან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გაეძევებინათ, და მივიდა მათთან. და რაკი ერთი ხელობისანი იყვნენ, დარჩა პავლე მათთან და შრომობდა, რადგან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო. ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს. ხოლო როდესაც სილა და ტიმოთე მაკედონიიდან მოვიდნენ, მთლიანად მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ იესო არის ქრისტე. როდესაც შეეწინააღმდეგნენ და გმობა დაუწყეს, მოსასხამი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენი სისხლი! მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ.“ დატოვა იქაურობა და შევიდა ერთი ღვთისმოსავის, სახელად ტიტუს იუსტოსის სახლში სინაგოგის გვერდით. კრისპოსმა კი, სინაგოგის მთავარმა, მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი. და კორინთელთაგან მრავალმა, როდესაც მოისმინეს, ირწმუნეს და მოინათლნენ. უთხრა უფალმა ღამით ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე, და ნუ დადუმდები, რადგან მე ვარ შენთან და ვერავინ შეძლებს, რომ გავნოს რაიმე, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.“ და დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს და ასწავლიდა მათ შორის ღმერთის სიტყვას. ხოლო როდესაც აქაიის პროკონსული გალიონი იყო, იუდეველები ერთსულოვნად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს სამსჯავროში და თქვეს: „ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ სცენ თაყვანი ღმერთს.“ როდესაც პავლემ პირის გაღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: „რომ ყოფილიყო რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის, იუდეველებო, მაგრამ როდესაც სარჩელი ეხება თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, მე არ მსურს, ვიყო ამის მსაჯული.“ და გაყარა ისინი სამსჯავროდან. მაშინ შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენე და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს ეს ამბები არ ადარდებდა. პავლემ, კარგა ხანი რომ დაჰყო კორინთოში, გამოეთხოვა ძმებს და გასცურა სირიისაკენ პრისკასთან და აკვილასთან ერთად. კენქრეაში მან თავი გაიპარსა, რადგან აღთქმა ჰქონდა მიცემული. ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ელაპარაკა იუდეველებს. ხოლო როდესაც მათ სთხოვეს, მეტ ხანს დარჩენილიყო, არ დათანხმდა, არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: „თქვენთან ისევ დავბრუნდები, თუ ღმერთმა ინება.“ და გასცურა ეფესოდან. და ჩავიდა კესარიაში, ავიდა ნაპირზე, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში ჩავიდა. და ერთხანს დარჩა იქ და წავიდა, რიგრიგობით მოიარა გალატელთა ქვეყანა და ფრიგია, და განამტკიცებდა მოწაფეებს. ერთი იუდეველი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი, ენამჭევრი კაცი, მივიდა ეფესოს. ის ძლიერი იყო წერილებში და განსწავლული იყო უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, ოღონდ მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა. მან გაცხადებულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. მოუსმინეს აკვილამ და პრისკამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად განუმარტეს უფლის გზა. ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლათ მისთვის. ისიც მივიდა და დიდად ეხმარებოდა მორწმუნეებს – მადლის მეშვეობით, რადგან იგი თავგამოდებით ამხილებდა იუდეველებს და საჯაროდ ადასტურებდა წერილებიდან, რომ ქრისტე არის იესო. კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა მთიანი მხარეები, ჩავიდა ეფესოში და ნახა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. ჰკითხა მათ: „მიიღეთ სულიწმიდა, როდესაც ირწმუნეთ?“ მათ უპასუხეს: „არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.“ უთხრა: „აბა, რითი მოინათლეთ?“ მათ თქვეს: „იოანეს ნათლისცემით.“ თქვა პავლემ: „იოანე ნათლავდა სინანულის ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.“ ეს რომ მოისმინეს, მოინათლნენ უფალი იესოს სახელით. როდესაც პავლემ დაადო მათ ხელები, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ. სულ თორმეტიოდე კაცი იყო. პავლე შედიოდა სინაგოგაში და სამ თვეს გაცხადებულად საუბრობდა და ირწმუნებოდა ღმერთის სასუფევლის შესახებ. ხოლო, რაკი ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს, და გმობდნენ უფლის გზას ხალხის წინაშე, განუდგა მათ, გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ასწავლიდა და მსჯელობდა ვინმე ტირანუსის სკოლაში. ამან გასტანა ორ წელიწადს, ისე რომ ასიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას – როგორც იუდეველები, ისე ბერძნები. ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით. ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და სტოვებდა მათ სნეულებები, და ბოროტი სულები გამოდიოდნენ მათგან. შეეცადა ზოგიერთი იუდეველი მოხეტიალე შემლოცველი უფალი იესოს სახელის ხსენებას ბოროტი სულით შეპყრობილზე, ამბობდნენ: „გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.“ ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი. მიუგო ბოროტმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი. თქვენ ვიღა ხართ?“ და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან. ეს ცნობილი გახდა ყველა იუდეველისა და ბერძენისათვის, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ. თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალი იესოს სახელი. ბევრი, ვინც ირწმუნა, მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და 50 ათასი ვერცხლისა აღმოჩნდა. ასე იზრდებოდა და მტკიცდებოდა სიტყვა უფლის ძალით. როდესაც ეს ყველაფერი აღსრულდა, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ ყოფნის შემდეგ რომის მონახულება მმართებს.“ გაგზავნა მაკედონიაში ორი თავისი დამხმარე: ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი ერთხანს ასიაში დარჩა. იმ ხანებში დიდი არეულობა მოხდა უფლის გზის გამო. იყო ერთი ვერცხლის მჭედელი, სახელად დემეტრე, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და არამცირედ საქმეს აძლევდა ხელოსნებს. შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: „ხალხნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობას ემყარება ჩვენი კეთილდღეობა. ხომ ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ პავლემ ამდენი ხალხი დაარწმუნა და შეაცდინა. ასე ამბობს: ადამიანთა ხელით შექმნილნი არ არიანო ღმერთები. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი საქმიანობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის, ტაძარიც არაფრად ჩაითვლება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი ასია და მსოფლიო.“ ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და მორთეს ყვირილი: „დიდია ეფესელთა არტემისი!“ მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. ერთიანად მიაწყდნენ თეატრონს, შეიპყრეს გაიოსი და არისტარქე მაკედონიელნი – პავლეს თანამგზავრები. პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს. ასევე ასიის ზოგიერთმა მთავარმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს, არ გამოჩენილიყო თეატრონში. ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – სხვას, რადგან კრებული აშფოთებული იყო და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის შეიყარნენ. და როდესაც იუდეველებმა წინ წამოსწიეს ალექსანდრე, ზოგიერთი ხალხიდან არიგებდა მას, რა ეთქვა. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, რომ უნდოდა თავი ემართლებინა ხალხის წინაშე. მაგრამ როდესაც შეიტყვეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველას ერთი ხმა აღმოხდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“ ბოლოს ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: „ეფესელნო კაცნო, ვინ არ იცის, რომ ეფესელთა ქალაქი დიდი არტემისისა და ცითმოვლენილი ქანდაკის მცველია? და რაკი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ. მოგიყვანიათ ეს კაცები, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები. თუ დემეტრეს და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ, იმართება სამსჯავროს შეკრებები და არიან პროკონსულები, და უჩივლონ ერთმანეთს. ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ საკრებულოში გადაწყდება. საფრთხე გვემუქრება, რომ დღევანდელი შფოთისთვის ბრალს დაგვდებენ, რაკი არ არსებობს მიზეზი, ამ არეულობის გამართლება რომ შეგვეძლოს.“ ეს თქვა და კრებული დაითხოვა. ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, გაამხნევა, დაემშვიდობა და მაკედონიისკენ გასწია. ის მხარეები რომ მოიარა და მრავალი გაამხნევა სიტყვით, ელადაში მივიდა, სადაც სამი თვე დაჰყო, ხოლო სირიაში გადაცურვა რომ დააპირა, იუდეველებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გზით დაბრუნებულიყო. თან ახლდნენ მას ასიამდე ბერიელი სოპატრე, პიროსის ძე, თესალონიკელთაგან არისტარქე და სეკუნდოსი, დერბელი გაიოსი და ტიმოთე, ასიელთაგან – ტიქიკოსი და ტროფიმე. ისინი დაწინაურდნენ და ტროაში გველოდნენ. ჩვენ კი უფუარობის დღეების შემდეგ ფილიპედან გავცურეთ და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროაში, სადაც შვიდი დღე დავყავით. იმავე ერთშაბათს, როდესაც მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე ესაუბრებოდა მათ და რაკი მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა. ზედა სათულზე, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილი, ბევრი ლამპარი იყო. ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიქე, რომელიც ფანჯარაზე ჩამომჯდარიყო, რაკი პავლეს საუბარი გაუგრძელდა, ძილმა წაიღო და ძილმორეული მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. ჩამოვიდა პავლე, გადაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, რადგან სული მისი მასთანვეა.“ ავიდა ზევით და პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, ვიდრე არ გათენდა; და წავიდა. ის ყრმა კი ცოცხალი მოიყვანეს და დიდად ინუგეშეს. ჩვენ კი წინ გავწიეთ ხომალდით და მივცურეთ ასოსში, საიდანაც პავლეს აყვანა გვსურდა ხომალდზე. ასე ჰქონდა ნაბრძანები, რადგან თავად ფეხით უნდოდა სიარული. როდესაც ჩვენ შეგვხვდა ასოსში, ავიყვანეთ იგი და მივედით მიტილენეში. იქიდან გავცურეთ და მეორე დღეს დავდექით ქიოსის პირდაპირ, მომდევნო დღეს მივადექით სამოსს, გავჩერდით ტროგილიუმში და ერთი დღის შემდეგ მივედით მილეტში. პავლემ არჩია ეფესოსთვის გვერდი აექცია, რომ არ დაყოვნებულიყო ასიაში, რადგან ჩქარობდა, უნდოდა ორმოცდაათობის დღეს იერუსალიმში ყოფილიყო. მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და დაიბარა ეკლესიის უხუცესები. როდესაც მოვიდნენ მასთან, უთხრა: „თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როცა ასიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი. ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რომლებიც შემამთხვიეს იუდეველთა შეთქმულებებმა. არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ გამეცხადებინა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლიდან სახლში. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღმერთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. და, აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და, რა შემემთხვევა იქ, არ ვიცი. მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემს სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალი იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღმერთის მადლის სახარება. აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერც ერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღმერთის სასუფეველს. ამიტომ გიმოწმებთ თქვენ დღევანდელ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველას სისხლისაგან. რადგან არ დამიტოვებია გაუცხადებელი თქვენთვის ღმერთის ყოველი ნება. გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის ზედამხედველადაც სულიწმიდამ დაგადგინათ, რათა მწყემსავდეთ ღმერთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოვლენ სასტიკი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები თავისკენ გადაიბირონ. ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით შევაგონებდი თითოეულ თქვენგანს. ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა განწმედილთან ერთად. არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი. თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს. ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალი იესოს სიტყვა, როგორც თავად თქვა: ‘გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.’“ ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა. მაშინ დიდი ტირილი იყო მათ შორის, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და ჰკოცნიდნენ. უფრო მეტად იმ სიტყვაზე წუხდნენ, რომ თქვა, ვეღარ იხილავთ ჩემ სახეს. და მიაცილეს იგი ხომალდამდე. როდესაც მათ გამოვეთხოვეთ, გავცურეთ პირდაპირ და მივედით კოსში, ხოლო მეორე დღეს – როდოსში, და იქიდან – პატარაში. ვიპოვეთ ხომალდი, რომელიც ფინიკიაში მიდიოდა, ავედით მასზე და გავცურეთ. კვიპროსი რომ გამოჩნდა და მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისაკენ გავცურეთ და ჩავედით ტვიროსში, რადგან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი. მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს დავყავით იქ. ისინი სულის მიერ ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში. იმ დღეებმა რომ ჩაიარეს, გამოვედით და გავწიეთ. მას შემდეგ, რაც ყველამ ცოლშვილითურთ ქალაქის გარეთ გაგვაცილა და ზღვის ნაპირზე მუხლმოყრილებმა ვილოცეთ, ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ავედით ხომალდზე, ისინი კი შინ დაბრუნდნენ. ტვიროსიდან პტოლემაისში ჩავედით და ამით დავასრულეთ ცურვა. მოვიკითხეთ ძმები და ერთი დღე დავყავით მათთან. მეორე დღეს გამოვედით და მივედით კესარიას, და შევედით ერთ-ერთი შვიდთაგანის, ფილიპე მახარებლის, სახლში და დავრჩით მასთან. მას ჰყავდა ოთხი გაუთხოვარი ქალიშვილი, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ. მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი. მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა: კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და წარმართებს გადასცემენ ხელში.“ ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში. მაშინ მოგვიგო პავლემ: „რას სჩადით, მოთქვამთ და გულს მიტეხთ? არა თუ შესაკვრელად, არამედ იერუსალიმში სასიკვდილოდაც მზადა ვარ უფალი იესოს სახელისათვის.“ რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავმშვიდდით და ვუთხარით: „იყოს უფლის ნება!“ იმ დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმს. თან გამოგვყვა აგრეთვე ზოგიერთი მოწაფე კესარიიდან და მიგვიყვანეს სტუმრად მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან. იერუსალიმში მისულნი სიხარულით მიგვიღეს ძმებმა. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს, და ყველა უხუცესიც იქ მოვიდა. მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მოახდინა წარმართებს შორის მისი მსახურებით. ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის! და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან. შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს, ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ. მაშ, რა იქნება? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული. წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე ხარჯი, რათა თავი გაიპარსონ, და ყველას ეცოდინება, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ მისდევ და იცავ რჯულს. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომელთაც ირწმუნეს, ჩვენ მივწერეთ ჩვენი განჩინება, რომ მოერიდონ ნაკერპავს, სისხლს, გაგუდულს და მრუშობას.“ მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა, შევიდა ტაძარში და გამოაცხადა განწმედის დღეების დასრულება, როდესაც თითოეული მათგანისათვის შესაწირავი უნდა შეწირულიყო. როდესაც იწურებოდა შვიდი დღე, ასიელმა იუდეველებმა, ტაძარში რომ დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას. ყვიროდნენ: „ისრაელელნო კაცნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას ყველგან ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ ასწავლის. ახლა ბერძნებიც კი შემოიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.“ რადგან პავლესთან ერთად უნახავთ ქალაქში ტროფიმე ეფესელი და ჰგონებიათ, რომ მან ის შეიყვანა ტაძარში. შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი. შეიპყრეს პავლე, გამოათრიეს ტაძრიდან და მყისვე ჩაიკეტა კარი. როდესაც მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, რომ ამბოხდა მთელი იერუსალიმი. მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, შეწყვიტეს პავლეს ცემა. მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა ორი ჯაჭვით შეეკრათ. და კითხულობდა: ვინ არის და რა ჩაიდინაო? ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – მეორეს. ხოლო მან, რაკი ვერ შეძლო არეულობის გამო სინამდვილის გაგება, მისი ბანაკში წაყვანა ბრძანა. როდესაც კიბეებთან მივიდნენ, ჯარისკაცებს მისი ზემოთ აყვანა მოუხდათ ბრბოს მოწოლის გამო, რადგან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „სიკვდილი მაგას!“ ბანაკში რომ შეჰყავდათ, პავლემ უთხრა ათასისთავს: „შეიძლება რაღაც გითხრა?“ მან თქვა: „ბერძნული იცი? შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ შფოთი რომ ატეხა და 4 ათასი მკვლელი უდაბნოში გაიყვანა?“ თქვა პავლემ: „მე იუდეველი კაცი ვარ, კილიკიის ტარსუსიდან, არცთუ უცნობი ქალაქის მოქალაქე. გთხოვ, ხალხთან დამალაპარაკო.“ და ნება რომ მისცა, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როდესაც სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულ ენაზე მიმართა და თქვა: „ძმებო და მამებო! მოისმინეთ ჩემი თავის მართლება ახლა თქვენს წინაშე.“ როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულ ენაზე მიმართავდა მათ, კიდევ უფრო დაწყნარდნენ. და თქვა: „მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული. ამ ქალაქში გამალიელის ფეხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღმერთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეს გადავცემდი კაცებს და ქალებს, როგორც მღვდელმთავარიც დამემოწმება და მთელი უხუცესობა. მათგან ბარათებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისათვის და მივდიოდი, რომ იქაურებიც წამეყვანა შებორკილნი იერუსალიმში დასასჯელად. მოხდა ისე, რომ როდესაც მივდიოდი და ვუახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ძლიერმა ნათელმა მომიცვა ციდან. დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე?’ მე მივუგე: ‘ვინა ხარ, უფალო?’ მან მითხრა: ‘მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ სდევნი.’ ჩემთან მყოფები ნათელს ხედავდნენ, მაგრამ იმის ხმა არ ესმოდათ, ვინც მელაპარაკებოდა. ვთქვი: ‘რა ვქნა, უფალო?’ უფალმა მითხრა: ‘ადექი და წადი დამასკოში და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს ნაბრძანები.’ რაკი იმ ნათლის ბრწყინვალების გამო ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან მყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მივედი დამასკოში. ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით, რომელსაც ემოწმებოდა იქ მცხოვრები ყველა იუდეველი, მოვიდა ჩემთან, დამადგა და მითხრა: ‘ძმაო სავლე, აგეხილოს თვალი!’ და მე იმ წამსავე დავინახე იგი. ხოლო მან მითხრა: ‘ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი და ისმინო ხმა მისი ბაგეებიდან. რადგან შენ იქნები მისთვის მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის შესახებ, რაც ნახე და მოისმინე. ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.’ როდესაც იერუსალიმში დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, გარინდებაში ჩავვარდი. და დავინახე იგი, რომელმაც მითხრა: ‘იჩქარე და გადი სწრაფად იერუსალიმიდან, რადგან არ შეიწყნარებენ შენს მოწმობას ჩემზე.’ მე ვთქვი: ‘უფალო, მათ იციან, რომ მე ვატუსაღებდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს. როდესაც შენი მოწამის, სტეფანეს, სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს.’ მან მითხრა: ‘წადი, რადგან შორს მიგავლენ მე შენ წარმართებთან.’“ ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას და აღიმაღლეს ხმა და თქვეს: „აღიგავოს ასეთი კაცი დედამიწის ზურგიდან, რადგან არ არის სიცოცხლის ღირსი!“ როდესაც ისინი ყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ, ათასისთავმა ბრძანა, ბანაკში შეეყვანათ იგი და შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რა მიზეზია, ასე რომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ. როდესაც ღვედებით გასამათრახებლად განართხეს, უთხრა პავლემ იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად ამათრახებთ რომის მოქალაქეს?“ ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ათასისთავთან და მოახსენა: „რას აპირებ? რომის მოქალაქე ყოფილა ეს კაცი.“ მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: „მითხარი, რომის მოქალაქე ხარ?“ მიუგო: „დიახ.“ მიუგო ათასისთავმა: „მე დიდი ფულით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა.“ ხოლო პავლემ თქვა: „მე კი დავიბადე მასში.“ მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდა. ხოლო ათასისთავს შეეშინდა, როდესაც გაიგო, რომ იგი რომის მოქალაქე იყო, მან კი შეაბორკინა იგი. მეორე დღეს მოინდომა დანამდვილებით შეეტყო, რას აბრალებდნენ მას იუდეველები. შეხსნა ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავართა და მთელი სინედრიონის შეკრება. მოიყვანა პავლე და წარუდგინა მათ. პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „ძმებო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქობდი ღმერთის წინაშე.“ მღვდელმთავარმა ანანიამ თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, სახეში ეცემათ მისთვის. მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი გცემს შენ, შეფეთქილო კედელო! ზიხარ აქ, რომ კანონით განმსაჯო და უკანონოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას.“ იქ მდგომებმა თქვეს: „ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?“ თქვა პავლემ: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგან დაწერილია: ‘შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი.’“ პავლემ იცოდა, რომ ერთ მხარეს სადუკეველნი იყვნენ, და მეორეზე კი ფარისეველნი და დაიძახა სინედრიონში: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე, და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვისჯები.“ ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა, და გაიყო კრებული, რადგან სადუკეველნი ამბობენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სული, ფარისევლები კი ერთსაც აღიარებენ და მეორესაც. და ატყდა დიდი ხმაური, წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან, დაობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ. ეგებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას. ღმერთს ნუ ვებრძვით!“ ხოლო რაკი დიდი შფოთი ატყდა, ათასისთავს შეეშინდა, რომ არ გაეგლიჯათ პავლე და ჯარისკაცებს უბრძანა, ჩასულიყვნენ, გამოეტაცათ იგი მათგან და ბანაკში წაეყვანათ. მეორე ღამეს უფალი დადგა მასთან და უთხრა: „გამხნევდი, რადგან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს მოწმობა.“ დღე რომ დადგა, იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და ერთმანეთს შეჰფიცეს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ. ორმოცზე მეტნი იყვნენ, ვინც შეითქვნენ. მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ. ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ დაწვრილებით გინდათ გამოიკვლიოთ მისი საქმე. ჩვენ კი, ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.“ შეიტყო პავლეს დისწულმა ეს ვერაგობა, წავიდა, შევიდა ბანაკში და აუწყა პავლეს. პავლემ დაუძახა ერთ-ერთ ასისთავს და უთხრა: „ეს ყმაწვილი მიიყვანე ათასისთავთან, რაღაც აქვს სათქმელი მისთვის.“ მანაც წაიყვანა იგი, მიიყვანა ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ყმაწვილი შენთან მომეყვანა, რაღაც სათქმელი აქვს შენთვის.“ ხელი მოჰკიდა მას ათასისთავმა, განზე გაიყვანა და ჰკითხა: „რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?“ მან უთხრა: „იუდეველები შეთანხმდნენ, გთხოვონ, რომ ხვალ ჩაიყვანო პავლე სინედრიონში, ვითომ მათ სურდეთ დაწვრილებით გამოიკვლიონ მისი საქმე. შენ ნუ დაუჯერებ მათ, რადგან ჩასაფრებული ჰყავთ ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებული არიან და შენს ბრძანებას ელიან.“ მაშინ ათასისთავმა გაუშვა ყმაწვილი და უბრძანა: „არავის გაუმხილო, რაც მე შემატყობინე.“ გამოიძახა ორი ასისთავთაგან და უთხრა: „მოამზადეთ 200 ჯარისკაცი კესარიაში წასასვლელად, 70 ცხენოსანი და 200 შუბოსანი ღამის მესამე საათისათვის, მიეცით სახედრები, რომ შესვან პავლე და მშვიდობით მიიყვანონ განმგებელ ფელიქსთან.“ და მისწერა ამგვარი წერილი: „კლავდიუს ლისია უაღმატებულეს განმგებელს, ფელიქსს: იხარებდე! ეს კაცი შეპყრობილი ჰყავდათ იუდეველებს და სიკვდილი მოელოდა მათგან. მე მივედი ჯარისკაცებით და გამოვარიდე მათ, როდესაც გავიგე, რომ რომის მოქალაქეა. მინდოდა გამეგო მიზეზი და მივიყვანე მათ სინედრიონში. გავიგე, რომ თავიანთი რჯულის სადაო საქმეში დაუდვიათ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინა. როდესაც ცნობილი შეიქნა ჩემთვის, რომ შეთქმულება იყო ამ კაცის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, შენს წინაშეც წაუყენონ ბრალი.“ ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრისში. მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და ბანაკში დაბრუნდნენ. მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ და გამგებელს გადასცეს წერილი, წარუდგინეს მას პავლე. წაიკითხა და ჰკითხა, თუ რომელი მხარიდან იყო. როდესაც შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა: „მოგისმენ, როდესაც შენი ბრალმდებლებიც მოვლენ.“ და ბრძანა, ჰეროდესეულ სასახლეში დაეკავებინათ. ხუთი დღის შემდეგ მივიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ვინმე რიტორ ტერტულოსთან ერთად, რომლებმაც განმგებელთან უჩივლეს პავლეს. როდესაც იგი გამოიძახეს, ტერტულოსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა: „შენი წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს და შენს მზრუნველობას ვუმადლით ცვლილებებს ჩვენი ერისათვის, უაღმატებულესო ფელიქს! ყველგან და ყოველთვის მთელი მადლიერებით ვაღიარებთ ამას, მაგრამ, დიდხანს რომ არ დაგაკავო, გთხოვ, მოისმინო მოკლედ ჩემი მონათხრობი შენთვის ჩვეული მოთმინებით. ეს კაცი ვცანით ჭირად და მთელს ქვეყანაზე მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზარეველთა დასის თავკაცად, რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა. შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით გაგვესამართლებინა, მაგრამ ათასისთავი ლისია მოვიდა და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან, და უბრძანა მის ბრალმდებლებს, შენთან მოსულიყვნენ, რათა შენ თავად შეგძლებოდა მისგან გაგეგო, რას ვდებთ ბრალად. იუდეველებმაც მხარი დაუჭირეს და დაადასტურეს, ასეაო.“ მიუგო პავლემ, როცა ანიშნა განმგებელმა, ილაპარაკეო და თქვა: „ვიცი, რომ მრავალი წელია, ამ ხალხის მსაჯული ხარ, და ამიტომ თამამად დავიცავ თავს. შენ შეგიძლია შეამოწმო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ამოვედი თაყვანის საცემად. არავის ვუნახივარ ტაძარში, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი აღმეშფოთებინოს, არც სინაგოგაში, არც ქალაქში. შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა ბრალს მდებენ. ამას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ სახით, რომელსაც ეგენი მწვალებლობად მიიჩნევენ, მე ვემსახურები მამათა ღმერთს და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებთან არის დაწერილი. მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მართალთა და უკეთურთა აღდგომა, რასაც თავად ეგენიც მოელიან. ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის უმწიკვლო სინდისით ვიყო ღმერთისა და კაცთა წინაშე. მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისათვის მოწყალების მოსატანად და მსხვერპლის შესაწირად. იმ დროს, როდესაც ვიწმიდებოდი, ტაძარში მნახეს, ბრბოსა და შფოთის გარეშე. ასიელ იუდეველთაგან იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუ რამე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა დანაშაული ჰპოვეს ჩემში, როდესაც სინედრიონის წინაშე ვიდექი, გარდა იმ ერთი სიტყვისა, რომელიც წამოვიძახე მათ შორის მდგარმა: ‘მკვდრეთით აღდგომისათვის ვისჯები დღეს თქვენგან!’“ ფელიქსმა, რაკი საკმაოდ ბევრი იცოდა უფლის გზის შესახებ, დაამთავრა მათი მოსმენა და თქვა: „როდესაც ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გადავწყვეტ თქვენს საქმეს.“ ასისთავს უბრძანა, დაეცვა იგი, შეღავათი მიეცა და მისიანებისთვის არ აეკრძალა მისი მომსახურება. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ფელიქსი თავის მეუღლესთან, დრუსილასთან ერთად, რომელიც იუდეველი იყო. მოაყვანინა პავლე და მოუსმინა მას ქრისტე იესოს სარწმუნოების შესახებ. როდესაც ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ სამსჯავროზე, ფელიქსი შეშინდა და მიუგო: „ახლა წადი და, როდესაც მოვიცლი, დაგიძახებ.“ ამასთანავე იმედი ჰქონდა, რომ პავლესგან ფულს მიიღებდა თავის გამოსახსნელად. ამიტომ ხშირად იბარებდა და ესაუბრებოდა მას. ორი წელი რომ გასრულდა, მოვიდა ფელიქსის შემცვლელი, პორკიოს ფესტოსი. ფელიქსს იუდეველების მომადლიერება უნდოდა და პავლე შებორკილი დატოვა. სამთავროში მისვლიდან სამი დღის შემდეგ ფესტოსი კესარიიდან იერუსალიმში ავიდა. აცნობეს მას მღვდელმთავარმა და იუდეველთა მთავრებმა თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და შეევედრნენ, სთხოვდნენ წყალობა მოეღო და გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლე კესარიაშია დაპატიმრებული და რომ მალე თვითონაც იქ გაემგზავრება. უთხრა მან: „ახლა, ვინც არიან თქვენში გავლენიანები, წამომყვნენ და თუ რაიმე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდონ.“ დაჰყო მათ შორის ათი თუ რვა დღე და ჩამოვიდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა სამსჯავროს ტახტზე და პავლეს მოყვანა ბრძანა. როდესაც ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი და ბევრი და მძიმე ბრალი წაუყენეს, რომელთა დამტკიცება ვერ შეძლეს. პავლემ კი თავის გასამართლებლად თქვა: „არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ არაფერი შემიცოდავს.“ ფესტოსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და მიუგო პავლეს და უთხრა: „გსურს იერუსალიმში ასვლა, რომ იქ გასამართლდე ჩემს წინაშე?“ უთხრა პავლემ: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი გასამართლება. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, შენც კარგად იცი. თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ არაფრისთვის მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ გადამცეს. კეისარს მივმართავ.“ მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და მიუგო: „კეისარს მიმართე და კეისართან წახვალ.“ რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე ჩავიდნენ კესარიაში ფესტოსის მოსაკითხად. და რაკი მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: „ერთი კაცია აქ, ფელიქსმა დატოვა პატიმრად, ვისზეც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა და განაჩენს მოითხოვდნენ მის წინააღმდეგ. მე ვუპასუხე მათ, რომ რომაელებს არა აქვთ წესად სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. და როცა ისინი აქ შეიკრიბნენ, დრო არ დამიკარგავს და მეორე დღესვე დავჯექი სამსჯავროს ტახტზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა. ბრალმდებლებმა, მის ირგვლივ რომ იდგნენ, ვერც ერთი მძიმე ბრალი ვერ წაუყენეს, როგორც მოველოდი. რაღაც სადაო ჰქონდათ სარწმუნოებისა და ვიღაც გარდაცვლილი იესოს გამო, ვისზეც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო. ამ სადაო საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვკითხე მას, ხომ არ სურდა იერუსალიმში წასულიყო და იქ გასამართლებულიყო ამისთვის? მაგრამ, რადგან პავლემ მოითხოვა, რომ კეისრის მიერ განაჩენის გამოტანამდე ყოფილიყო დაცული, მეც ვბრძანე, დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ, ვიდრე კეისარს გავუგზავნიდი.“ აგრიპამ კი უთხრა ფესტოსს: „მეც მინდა იმ კაცის მოსმენა.“ მან თქვა: „ხვალვე მოუსმენ მას.“ მეორე დღეს, როდესაც მოვიდნენ აგრიპა და ბერნიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. და თქვა ფესტოსმა: „მეფე აგრიპა, და ყველა აქ დამსწრე კაცებო, თქვენ ხედავთ მას, ვის გამოც მთელი იუდეველი ხალხი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც და ყვიროდნენ: მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო. მაგრამ მე ვცანი, რომ მას სასიკვდილო არაფერი ჩაუდენია და, რაკი თვითონ კეისარს მიმართა, გადავწყვიტე მისი გაგზავნა. დამაჯერებელი არაფერი მაქვს მის შესახებ, რომ მივწერო კეისარს. ამიტომ მოვიყვანე თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპა, რათა გამოძიების შემდეგ მისაწერი მქონდეს. ვინაიდან უაზროდ მეჩვენება, პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული.“ აგრიპამ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო საკუთარ თავზე.“ მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა, დაიწყო თავის დაცვა და თქვა: „ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპა, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე ბრალდებული ვარ იუდეველთა მიერ. მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადაო საკითხების მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ, სულგრძელად მომისმინო. ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ერში გავატარე, იერუსალიმში. ისინი კარგა ხანია მიცნობენ, თუკი დამოწმება სურთ, რომ მე, როგორც ფარისეველი, ჩვენი სარწმუნოების უზუსტესი მოძღვრების მიხედვით ვცხოვრობდი. და ახლა ვდგავარ განსასჯელად აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთისგან მიეცა ჩვენს მამებს, რომლის მიღწევაც ეიმედება ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ თავგამოდებით რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისათვის მდებენ ბრალს იუდეველები, მეფევ! რატომ უნდა ითვლებოდეს დაუჯერებელად თქვენ შორის, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს? თავად მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ, და ასეც ვაკეთებდი იერუსალიმში: ბევრი წმიდა ჩავყარე საპყრობილეებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა, და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი; ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვსჯიდი მათ და ვაიძულებდი, დაეგმოთ რწმენა და მათ მიმართ მეტისმეტად გამძვინვარებული, უცხო ქალაქებშიც კი ვდევნიდი. ამისთვის მივეშურებოდი დამასკოში მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და დავალებით. შუადღისას გზაზე ვიხილე, მეფევ, ნათელი ციდან, მზის უბრწყინვალესი ნათელი, რომელმაც მოგვიცვა მე და ჩემი თანამგზავრები. ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე? გაგიძნელდება წვეტიანი კეტის დაწიხვლა.’ მე ვთქვი: ‘ვინ ხარ შენ, უფალო?’ უფალმა თქვა: ‘მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. მაგრამ წამოდექი და დადექ ფეხზე, რადგან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, რათა ამოგარჩიო ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მიგავლენ მათი თვალების ასახელად და მოსაქცევად ბნელიდან ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღმერთისაკენ, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’ ამიტომ, მეფე აგრიპა, არ ვეურჩე ციურ ჩვენებას, არამედ პირველად დამასკოს მკვიდრთ და მერე იერუსალიმელებს და მთელ იუდეის ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი, რათა მოენანიებინათ და ღმერთისაკენ მოქცეულიყვნენ და სინანულის ღირსი საქმეები გაეკეთებინათ. ამისათვის შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს. მაგრამ, ღმერთის შეწევნით, მე დღემდე ვდგავარ და ვუმოწმებ მცირესა და დიდს, რომ არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, თუ რა მოხდება: რომ ქრისტე ევნება და მკვდართაგან პირველი აღდგება, რათა ნათელი აუწყოს ამ ხალხსა და წარმართებს.“ ასე რომ იცავდა თავს, ფესტოსმა ხმამაღლა თქვა: „შეშლილხარ, პავლე! დიდმა განსწავლულობამ შეგშალა შენ!“ პავლემ კი უპასუხა: „მე არა ვარ შეშლილი, უაღმატებულესო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტ და კეთილგონიერ სიტყვებს წარმოვთქვამ, რადგან ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, რადგან ეს ხომ სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა. წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპა? ვიცი, რომ გწამს.“ აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.“ პავლემ კი უთხრა: „ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან, არა მარტო შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მე მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, გარდა ამ ბორკილებისა.“ ეს რომ თქვა, მეფე და გამგებელი, ბერნიკე და მათთან მსხდომნი წამოდგნენ, განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო. ხოლო აგრიპამ ფესტოსს უთხრა: „შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრისთვის რომ არ მიემართა.“ როდესაც გადაწყდა ჩვენი გადაცურვა იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს სებასტიელთა რაზმის ასისთავს, სახელად იულიუსს. ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც ასიის სანაპიროებთან უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან ერთად იყო არისტარქე მაკედონიელი თესალონიკედან. მეორე დღეს ჩავედით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო. იქიდან გავემგზავრეთ და კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო. განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და მივედით ლიკიის მირაში. იქ მონახა ასისთავმა ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა. მრავალ დღეს ნელა მივცურავდით და ძლივს გავუსწორდით კნიდოსს და არახელსაყრელი ქარის გამო შევეფარეთ კრეტეს, სალმონეს მხრიდან. წვალებით რომ ჩავუარეთ მას, მივადექით ერთ ადგილს, რომელსაც კეთილი ნავსაყუდელი ეწოდება, რომლის ახლოს არის ქალაქი ლასია. რაკი კარგა ხანი გავიდა და ნაოსნობა სახიფათო ხდებოდა, ხოლო განწმენდის დღე უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ და უთხრა: „ხალხნო, მე ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა საზიანო და დიდად საზარალო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისათვისაც.“ მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის უფროსს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. რადგან ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, უმრავლესობა რჩევას იძლეოდა გამგზავრებულიყვნენ იქიდან, რომ როგორმე ჩასულიყვნენ გამოსაზამთრებლად ფინიკეში, კრეტეს ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული. როდესაც ზომიერმა სამხრეთის ქარმა დაუბერა, იფიქრეს, რომ მიზანს მიაღწიეს (ხელსაყრელი დრო დაუდგათ), ამოსწიეს ღუზა და გაცურეს კრეტეს გასწვრივ. მაგრამ სულ მალე ამოვარდა ჩრდილო-აღმოსავლეთისად წოდებული ქარბორბალა და გაიტაცა ხომალდი, რომელიც ვეღარ გაუმკლავდა ქარს და ჩვენ, ტალღებს მინებებულნი, მივექანებოდით. ჩავუქროლეთ რომელიღაც პატარა კუნძულს, რომელსაც ერქვა კაუდა, და ძლივძლივობით მოვახერხეთ ნავის დაკავება. რომ ამოათრიეს, ხომალდს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სირტისის ქვიშიან სანაპიროზე არ აღმოვჩნდეთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ. რაკი ქარიშხალი კვლავ ბობოქრობდა, მეორე დღეს დაიწყეს ტვირთის გადაყრა. მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა. მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და ქარიშხალი ოდნავადაც არ დამცხრალა. ბოლოს, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა. დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: „ხალხნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტედან არ წამოვსულიყავით, ავიცდენდით ამ ზიანსა და ზარალს. ახლა კი მოგიწოდებთ, გამხნევდეთ. არც ერთი სული არ დაიღუპება თქვენგან, მხოლოდ – ხომალდი, რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღმერთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები, და მითხრა: ‘ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და, აჰა, ღმერთმა მოგმადლა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.’ ამიტომ გამხნევდით, ხალხნო, რადგან მე მწამს ღმერთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა. რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.“ მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ ხმელეთს უახლოვდებოდნენ. გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა 20 მხარი. მცირედ გაცურეს და კიდევ გაზომეს, და 15 მხარი აღმოჩნდა. შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ გავრიყულიყავით, კიჩოებიდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და გათენებას დაელოდნენ. ხოლო როდესაც მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და ნავი ზღვაში ჩაუშვეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდან ღუზების ჩაშვება უნდოდათ, უთხრა პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს: „თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, თქვენ ვერ გადარჩებით.“ მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს ნავის ბაგირები და ნავი ზღვას წააღებინეს. სანამ გათენდებოდა, პავლე მოუწოდებდა ყველას, საკვები მიეღოთ. უთხრა: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელი ხართ და არაფერი მიგიღიათ. ამიტომ მოგიწოდებთ, მიიღოთ საკვები. ეს თქვენს გადასარჩენად არის საჭირო, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.“ ეს თქვა და აიღო პური, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და დაიწყო ჭამა. ყველანი გამხნევდნენ და მათაც მიიღეს საკვები. ხომალდზე სულ 276 სული ვიყავით. რომ დაპურდნენ, ხორბალი ზღვაში გადაყარეს, ხომალდის შესამსუბუქებლად. როდესაც გათენდა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი ფერდობიანი ყურე შენიშნეს. გადაწყვიტეს, თუკი შეძლებდნენ, ხომალდი იქ მიეყენებინათ. მოხსნეს ღუზები და ჩაუშვეს ზღვაში. იმავე დროს, მოუშვეს საჭის თოკები. აღმართეს მცირე აფრა ქარის საწინააღმდეგოდ და ნაპირისაკენ აიღეს გეზი. მიადგნენ მეჩეჩს და მასზე შეაჩერეს ხომალდი. ცხვირი უძრავად ჩაერჭო, კიჩო კი ძლიერი ტალღებისაგან ილეწებოდა. ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, დაეხოცათ პატიმრები, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო. მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება. ბრძანა, ვინც ცურვა იცოდა, პირველნი გადაშვებულიყვნენ და გასულიყვნენ ხმელეთზე, დანარჩენებიც – ზოგი ფიცრით და ზოგი ხომალდის ნამსხვრევებით. და ამგვარად ყველამ თავს უშველა ხმელეთზე. როდესაც უკვე გადარჩენილები ვიყავით, მაშინღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მალტა ერქვა. კუნძულელებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გაგვიმასპინძლდნენ. პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, მხურვალების გამო იქედნე გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას. კუნძულელებმა რომ დაინახეს მის ხელზე შემოხვეული გველი, ერთმანეთს უთხრეს: „ეს კაცი უეჭველად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლეს არ ანებებს.“ მაგრამ მან ხელი დაიქნია და ქვეწარმავალი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ არაფერი ვნებია. ისინი კი ელოდნენ, რომ დასივდებოდა ან უცებ მკვდარი დაეცემოდა. დიდხანს ელოდნენ და როცა დაინახეს, რომ არაფერი უჩვეულო არ შემთხვევია, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ეს ღმერთიაო. იმ არემარეში კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, მიწები ჰქონდა. მან მიგვიღო ჩვენ და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა. პუბლიუსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაადო და განიკურნა იგი. ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რაიმე სენი სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ. მათ დიდი პატივი მოგვაგეს და გამგზავრებისას საგზლით მოგვამარაგეს. სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ კუნძულზე გამოზამთრებული ალექსანდრიული ხომალდით, რომელიც დიოსკურების ნიშანს ატარებდა. სირაკუზაში ჩავედით და იქ სამ დღეს დავყავით. იქიდან ავუშვით ღუზა და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პოტეოლისში მივედით, სადაც ვნახეთ ძმები და მათი თხოვნით შვიდ დღეს დავრჩით იქ. და ასე მივედით რომში. იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად აპიუსის ფორუმამდე და სამ-დუქნამდე. ისინი რომ დაინახა პავლემ, ღმერთს მადლი შესწირა და გამხნევდა. როდესაც რომში მივედით, პავლეს უფლება მიეცა, თავისთვის ცალკე ეცხოვრა მის მცველ ჯარისკაცთან ერთად. სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როდესაც შეიკრიბნენ, უთხრა მათ: „ძმებო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა ჩვეულების საწინააღმდეგო, და მაინც დამატუსაღეს იერუსალიმში და რომაელების ხელთ გადამცეს. მათ დამკითხეს და უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, რადგან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მქონდა. მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრისთვის მიმემართა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ერისათვის რაიმე ბრალი დამედო. ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისათვის მაქვს ეს ჯაჭვი დადებული.“ მათ უთხრეს: „ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან, არც ვინმეს, მოსულ ძმათაგან, უცნობებია ან უთქვამს შენზე რაიმე ძვირი. ოღონდ ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრებას ყველგან ეწინააღმდეგებიან.“ დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში. დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სასუფეველზე და არწმუნებდა იესოს შესახებ მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან. ზოგმა დაიჯერა მისი ნალაპარაკევი, სხვებმა კი არ იწამეს. რომ ვერ შეთანხმდნენ და უნდა დაშლილიყვნენ, პავლემ თქვა ერთი სიტყვა: „კარგად უთხრა სულიწმიდამ ესაია წინასწარმეტყველის პირით თქვენს მამებს: ‘მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. რადგან დაეხშო ამ ხალხს გული და ყურებით მძიმედ ესმით, და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.’ ამრიგად, იცოდეთ, რომ ღმერთის ხსნა მოევლინა წარმართებს და ისინი მოისმენენ კიდეც.“ ეს რომ თქვა, იუდეველნი წავიდნენ და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში. პავლე მთელ ორ წელიწადს ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. ქადაგებდა ღმერთის სასუფეველს და სრული სითამამით, დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალი იესო ქრისტეს შესახებ. პავლე, მონა იესო ქრისტესი, მოწოდებული მოციქული, განწესებული ღმერთის სახარებისათვის, რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა ღმერთს წინასწარმეტყველთა მეშვეობით წმიდა წერილებში საუწყებლად თავისი ძისა, რომელიც დავითის შთამომავლობიდან იშვა ხორციელად, რომელიც ღმერთის ძედ იქნა განწესებული სიწმიდის სულის ძალით, მკვდრეთით აღმდგარის – ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყოველი ერი, რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი. გწერთ ყველას, რომში მყოფთ, ღმერთის საყვარელთ, მოწოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ ქვეყანაზე. ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე შევძლო ღმერთის ნებით თქვენთან მოსვლა, რადგან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად. ანუ თქვენთან ერთად ვინუგეშო საერთო რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც. მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განვიზრახე თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა ისეთი ნაყოფი, როგორც სხვა ერებში, მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი. მე მოვალე ვარ როგორც ბერძნებისა, ისე ბარბაროსთა, როგორც ბრძენთა, ისე უგუნურებისა. ამგვარად, ჩემი მხრით, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ. რადგან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც. მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.“ რადგან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარი უღვთოობისა და უსამართლობის გამო, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას, რადგან ის, რაც შეიძლება ადამიანმა იცოდეს ღმერთის შესახებ, აქვთ მათ, რადგან ღმერთმა გამოუცხადა მათ. რადგან ის, რაც უხილავია მისგან – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა – სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, არა აქვთ მათ პატიება. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ, და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათი გულისთქმებით უწმიდურებას, ისე რომ თავად ბილწავდნენ თავიანთ სხეულებს. მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალთან ურთიერთობის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდომილებისათვის. და რაკი არ ცდილობდნენ შემეცნებაში ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას უწესოების საკეთებლად. აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით, არიან ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარანი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც აქეზებენ. ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ, ადამიანო, ყოველთა განმსჯელო, რადგან რისთვისაც სხვას განსჯი, იმით შენს თავს სდებ მსჯავრს, რადგან სხვისი განმსჯელი იმავეს აკეთებ. ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის სამსჯავრო ჭეშმარიტია ამის ჩამდენთათთვის. შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონაც იგივეს აკეთებ, გგონია, რომ თავს დააღწევ ღმერთის სამსჯავროს? თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღმერთის სიკეთეს მონანიებისკენ მიჰყავხარ? ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღმერთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, რომელიც ყველას მიუზღავს მათი საქმეებისამებრ: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს, ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას ჩადის – რისხვასა და გულისწყრომას. გასაჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანს, ვინც ბოროტს ჩადის – ჯერ იუდეველს და მერე ბერძენს. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს და მერე ბერძენს. რადგან ღმერთთან არ არის მიკერძოება. ისინი, რომლებმაც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, რომლებმაც რჯულის ქვეშ შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან რადგან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთის წინაშე, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან, რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი გამოავლენენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, – რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთმანეთს და ხან ამართლებენ, – იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ. აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იქადი ღმერთით, იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს უარესისგან, რადგან რჯულიდან გისწავლია, და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი ხარ, უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში, – როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არა? ქადაგებ: არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გძაგს და მაინც მკრეხელობ? რჯულით იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ! რადგან როგორც წერია, „თქვენს გამო იგმობა ღმერთის სახელი წარმართთა შორის.“ რადგან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს ასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცევა. მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. რადგან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასეთი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე, არამედ ვინც შინაგანად, დაფარულად არის იუდეველი, ის არის იუდეველი, და სულით არის გულის წინადაცვეთა და არა ნაწერი ასოებით. და მისი ქება კაცთაგან კი არაა, არამედ ღმერთისგან. მაშინ რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად, რადგან პირველ ყოვლისა მათ აქვთ მინდობილი ღმერთის სიტყვები, და თუ ზოგიერთმა არ იწამა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღმერთის სარწმუნოობას? არამც და არამც! ღმერთი ჭეშმარიტია და ყოველი ადამიანი კი – მტყუანი, როგორც წერია: „ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი შენს სამართალში.“ ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღმერთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? უსამართლოა ღმერთი, რისხვას რომ მოავლენს? – ვლაპარაკობ როგორც ადამიანი. არამც და არამც! სხვაგვარად როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება? თუ ჩემი სიცრუით ღმერთის ჭეშმარიტება გაცხადდა თავისი დიდებით, რაღად უნდა ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი? მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? ასეთები განსჯას იმსახურებენ. მაშ, როგორ? გვაქვს უპირატესობა? არავითარი! რადგან ხომ განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან. როგორც წერია: „არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ ვარგა. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე, მშვიდობის გზა არ იციან. ღმერთის შიში არ არის მათ თვალწინ.“ ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება მსჯავრდებული გახდეს ღმერთის წინაშე. იმიტომ რომ რჯულის საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგან რჯულით შეიცნობა ცოდვა. ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არის განსხვავება, რადგან ყველამ შესცოდა და ყველა მოკლებულია ღმერთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისი სისხლით, რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში, რათა ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე იმით, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი. რაღა დაგვრჩა სასიქადულო? აღარაფერი, ყველაფერი გაუქმდა. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც. რადგან ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილებს და ასევე წინადაუცვეთელებსაც. მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს. რა შეიძლება ვთქვათ აბრაამზე, ჩვენს წინაპარზე, ხორციელად მოიპოვა მან რაიმე? თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიახაც აქვს სასიქადულო, ოღონდ არა ღმერთის წინაშე. რადგან, რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.“ მოქმედს საზღაური მიეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის საფუძველზე. მაგრამ არამოქმედს, რომელსაც სწამს ის, ვინც ამართლებს ურჯულოს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ. ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთი სიმართლეს ანიჭებს საქმეთაგან დამოუკიდებლად: „ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული. ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.“ მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთილებზეა თუ წინადაუცვეთლებზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ. როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს. წინადაცვეთის ნიშანი კი მან მიიღო, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობაში ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ. და ასევე ის წინადაცვეთილთა მამაცაა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის, აბრაამის, რწმენის კვალს, რაც მას ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა. რადგან აბრაამს და მის შთამომავლობას რჯულით კი არ მიეცა აღთქმა ყოფილიყვნენ ქვეყნიერების მემკვიდრენი, არამედ რწმენის სიმართლით. თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა – უსარგებლო. რადგან რჯული წარმოქმნის რისხვას, იმიტომ რომ სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია. მაშ ხსნა არის რწმენით, რათა მადლით მტკიცე ყოფილიყო აღთქმა მთელი მისი შთამომავლობისათვის. არა მარტო რჯულით ნაშიერთათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც რწმენით არის აბრაამის შთამომავალი. ის არის ყველა ჩვენგანის მამა, როგორც წერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღმერთის წინაშე.“ – ღმერთისა, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფიერებაში მოუწოდებს. იგი უსასოობაში ერწმუნა სასოებით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი მოდგმა.“ ის არ დაუძლურებულა რწმენაში, თუმცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის 100 წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო. მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღმერთის აღთქმაში ურწმუნოებით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა. ამიტომაც ჩაეთვალა მას ეს სიმართლედ. და არა მარტო მისთვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას, არამედ ჩვენთვისაც: ჩაგვეთვლება ჩვენც, ვისაც გვწამს იმისა, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენს გასამართლებად. რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღმერთის დიდების სასოებით. და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას, ხოლო სასოება არასოდეს გვიმტყუნებს, რადგან ღმერთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ. რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განწესებულ ჟამს მოკვდა უკეთურთათვის. ძნელად წარმოსადგენია, რომ ვინმე მოკვდეს მართლისათვის, ხოლო კეთილისათვის, შესაძლოა, ვინმემ კიდეც გაბედოს სიკვდილი. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი აცხადებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით. რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როდესაც მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით. უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება. ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე და ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ადამიანებში, რაკი ყველამ შესცოდა. რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყნიერებაზე, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვად არ ჩაითვლება. მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა. მაგრამ მადლის ნიჭი არაა დანაშაულივით. რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, რამდენად უმეტესია ღმერთის მადლის და ნიჭის სიმდიდრე, რომელიც მიეცა ადამიანებს ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით. ხოლო მადლის ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შეცოდებისა, რადგან ერთის გამო გამოვიდა მსჯავრი, მადლის ნიჭით კი მრავალი დანაშაულის გამართლება მოხდა. რადგან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი გამეფდა, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებელნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. რადგან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. რჯული რომ შემოვიდა, გაიზარდა დანაშაული. ხოლო როდესაც ცოდვა გაიზარდა, გაიზარდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლმა იმეფოს სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ. მაშ რა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც! ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცოცხლოთ მასში? ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ჩვენ მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილით ნათლისღებით, რათა, როგორც ქრისტე აღდგა მამის დიდებით მკვდრეთით, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. რადგან, თუ სიკვდილის მსგავსებით შევუსისხლხორცდით მას, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. რადგან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. და თუ ჩვენ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც, რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე. რადგან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღმერთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათათვის დასამორჩილებად. ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულებმა, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად მიუძღვენით ღმერთს. რადგან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, იმიტომ რომ თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ დგახართ. მაშ, რა? ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც! ნუთუ არ იცით, რომ ვისაც მისცემთ თავს მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა – სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა – სიმართლისათვის. ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, ახლა გულით დაემორჩილეთ მოძღვრების იმ სახეს, რომელსაც თქვენი თავი მიუძღვენით. და ცოდვისაგან გათავისუფლებულნი სიმართლის მონები გახდით. ადამიანურად ვამბობ თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც აძლევდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისთვის, ასევე ახლა გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედად. რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. მაგრამ რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, რადგან მათი ბოლო სიკვდილია. ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღმერთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო – საუკუნო სიცოცხლე. რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში. განა არ იცით, ძმებო – რადგან რჯულის მცოდნეებს გელაპარაკებით, – რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია? რადგან ქმრიანი ქალი რჯულით არის დაკავშირებული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმართან დაკავშირებული რჯულისაგან. ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცისა გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება. ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის მოკვდით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს. რადგან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, სიკვდილის ნაყოფის გამოსაღებად. ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა ძველად დაწერილით. მაშ, რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად ვერ შევიცნობდი ცოდვას, თუ არა რჯულის მეოხებით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: „არ ისურვო.“ ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია. ოდესღაც მე ვცხოვრობდი რჯულის გარეშე. ხოლო როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, რადგან ცოდვამ მცნებისაგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომიტანა სიკვდილი მისი მეშვეობით. ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა რომ გამოვლენილიყო ცოდვად, სიკეთის მეშვეობით ჩემთვის სიკვდილი მოიტანა, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამოჩნდეს მცნების მეშვეობით. რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული. რადგან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ, რაც მძაგს, იმას ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია. ამიტომ მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. რადგან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, კეთილის სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთების შესაძლებლობა კი – არა, რადგან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. ასე აღმოვაჩენ იმ წესს, რომ როცა კეთილის კეთება მინდა, მაიძულებს ბოროტი ვქმნა, რადგან ჩემი შინაგანი ადამიანი ელტვის ღმერთის რჯულს. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? მადლი ღმერთს ჩვენი უფალი ქრისტე იესოს მეშვეობით! აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღმერთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს. ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი აღარ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში ცხოვრობს არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან. რადგან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან ისინი, რომლებიც ხორციელად ცხოვრობენ, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად ცხოვრობენ – სულიერზე. რადგან ხორციელი აზროვნება სიკვდილია, ხოლო სულიერი – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღმერთის მტრობაა, რადგან არ ემორჩილებიან ღმერთის რჯულს და არც შეუძლიათ ეს. ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული. ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. რადგან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. რადგან ისინი, ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან, ღმერთის შვილები არიან. რადგან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“ სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები – მაშინ მემკვიდრენიც, ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად განვდიდნეთ კიდეც. რადგან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. რადგან მთელი ქმნილება იმედით მოელის ღმერთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით არ დამორჩილებია ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით, მაგრამ სასოებით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღმერთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. რადგან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად გმინავს და იტანჯება აქამდე, და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვგმინავთ ჩვენში, რადგან მოველით შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. რადგან სასოებით ვართ გამოხსნილნი. ხილული სასოება აღარ არის სასოება, რადგან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. რადგან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ რომ, იგი ღმერთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის. ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის მოყვარულებისთვის, მისი განწესებით მოწოდებულებისთვის, ყველაფერი სასიკეთოდ მოქმედებს. რადგან, რომელნიც წინასწარ იცნო, წინასწარვე განუსაზღვრა მათ თავისი ძის ხატების მსგავსად გარდაქმნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა. ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვის შეუძლია იყოს ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? ვინ გაამტყუნებს ღმერთის რჩეულთ? ღმერთია გამამართლებელი; ვიღამ უნდა დასდოს მსჯავრი? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და კიდეც აღდგა მკვდრეთით, ღმერთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს ჩვენთვის. რა ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, თუ მახვილი? როგორც წერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“ მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში, რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი. ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისთვის, ჩემს ხორციელ თვისტომთათვის, რომელნიც ისრაელის ძენი არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმა და რჯულმდებლობა, მსახურება და დაპირება. მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ. მაგრამ ისე არაა, რომ თითქოს ღმერთის სიტყვა დაეცა, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელი როდია. და ყველა, ვინც აბრაამის შთამომავალია, როდია მისი შვილი, რადგან ნათქვამია: „ისააკისგან დაერქმევა სახელი შენს ნაშიერს.“ ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღმერთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან ნაშიერად. რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია: „ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე.“ არა მხოლოდ ეს, არამედ ასევე იყო, როდესაც რებეკას ჩაესახა ამ ერთისაგან, ჩვენი მამის, ისააკისაგან, რადგან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი ორი შვილი და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღმერთის განზრახვით არჩევანი უკვე გაკეთებული იყო, არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს.“ როგორც წერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.“ თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც! რადგან მოსეს ეუბნება: „ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ, და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ.“ ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ მოწყალე ღმერთზე. რადგან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ დედამიწაზე.“ ამრიგად, ვისაც სურს, შეიწყალებს, და ვისაც სურს, გააჯიუტებს. შენ მეტყვი: „მაშ, რაღას გვდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგება წინ?“ ვინ ხარ შენ, ო, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: „რატომ შემქმენი ასე?“ ნუთუ მეთუნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად, ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც? როგორც ოსიას წიგნშიც ამბობს: „არა ჩემს ერს ვუწოდებ ჩემს ერს და არა საყვარელს – საყვარელს.“ და იმ ადგილას, სადაც მათ ეთქვათ: „ჩემი ერი არა ხართ თქვენ, – იქ ეწოდებათ მათ ცოცხალი ღმერთის ძენი.“ ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, მხოლოდ ნაწილი გადარჩება. თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი დედამიწაზე.“ და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი ნაშიერი, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით.“ მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე, სიმართლე რწმენისაგან. ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს. რატომ? იმიტომ რომ, რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. დაბრკოლდნენ დაბრკოლების ლოდზე, როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში დაბრკოლების ლოდს და ცდუნების კლდეს და მის მორწმუნეთაგან არავინ შერცხვება.“ ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღმერთისადმი ისრაელისათვისაა, რათა გადარჩნენ. ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღმერთისადმი, მაგრამ არა სწორი შემეცნების საფუძველზე. რადგან ღმერთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას. ხოლო ქრისტე არის რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. მოსე რჯულის სამართალზე წერს, რომ მისი შემსრულებელი ადამიანი მისით იცოცხლებს. ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: „ნუ იტყვი შენს გულში: ვინ ავა ზეცაში?“ – ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ – ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. მაგრამ რას ამბობს იგი? – „ახლოა შენთან სიტყვა, შენს პირშია და შენს გულში,“ – ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ. იმიტომ რომ, თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. რადგან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო პირით აღიარებენ გადასარჩენად. რადგან წერილი ამბობს: „არავინ, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება.“ ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, რადგან ერთი უფალია ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს. რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ ის, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილნი არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“ მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან. მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ სმენიათ? პირიქით: „მთელ ქვეყანას მოედო მათი ხმა და დედამიწის კიდეებს – მათი სიტყვები.“ მაგრამ ვამბობ: ნუთუ ისრაელმა არ იცოდა? პირველი მოსე ამბობს: „შურს აღვძრავ თქვენში ერით, რომელიც არ არის ერი, განგარისხებთ უგუნური ერით.“ ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: „მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა. გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა.“ ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ.“ მაშ, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელელი ვარ, აბრაამის შთამომავალი, ბენიამინის ტომიდან. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღმერთის წინაშე და ამბობს: „უფალო! შენი წინასწარმეტყველნი დახოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მე მარტო და ჩემს მოკვლას ცდილობენ.“ მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? – „დავიტოვე მე ჩემთვის 7 ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე.“ ასევე ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული. ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. რადგან საქმეებით რომ იყოს, ეს უკვე მადლი აღარ არის. მაშინ მადლიც აღარ იქნებოდა მადლი. მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენებს კი გული დაეხშოთ. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე.“ ხოლო დავითი ამბობს: „მათი სუფრა იყოს მახე, ბადე და საცდური და მათდა მისაგებელი, დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს.“ მაშ ვკითხულობ: იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური. და თუ მათი დაცემა ქვეყნიერების სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა განძი, რამდენად მეტი იქნება მათი სავსება. ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა. რადგან, თუ მათი განდევნა ქვეყნიერების შერიგებაა ღმერთთან, მაშ რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდრეთით? თუ პირველგამომცხვარი წმიდაა, მაშ, მთელი ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც. ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ბაღის ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ სხვა რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ. შენ იტყვი: „რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნო!“ კეთილი. ისინი გადატყდნენ, რადგან არ სწამდათ, შენ კი რწმენით დგახარ. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. რადგან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს. ამრიგად, ხედავ ღმერთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სიკეთეს შენზე, თუ იდგები მის სიკეთეში, თუ არა და, შენც მოიკვეთები. და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა. ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე ბაღის ზეთისხილს, მით უმეტეს, ესენი, ბუნებრივნი, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს. რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: მანამდე ექნება ნაწილობრივი სიბრმავე ისრაელს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან. და ასე, მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც წერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცილებს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს.“ დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის; ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი, მამების გულისათვის. რადგან უცვალებელია ღმერთის მადლის ნიჭი და მოწოდება. ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობით, ისე, ახლა ისინი ურჩობენ იმისათვის, რომ ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ. რადგან ყველანი ურჩობაში მოაქცია ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს. ო, ვინ შეიცნობს ღმერთის სიბრძნისა და შემეცნების სიმდიდრეს! როგორი ჩაუწვდომელია მისი განსჯანი და მიუკვლეველი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი? ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიეზღოს სამაგიერო? რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე! ამინ. ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღმერთის წყალობით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღმერთის სასურველ მსხვერპლად! ეს იქნება თქვენი სულიერი მსახურება. და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს. რადგან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. ასევე ჩვენ, მრავალნი ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი. და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული. თუ ეს წინასწარმეტყველებაა – იყოს რწმენის მიხედვით, თუ მსახურებაა – ემსახურე, თუ ეს მოძღვრობის ნიჭია – დამოძღვრე, თუ გამხნევის ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებელის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობელის – ხალისით გაეცი წყალობა. იყოს თქვენი სიყვარული წრფელი. გძაგდეთ ბოროტი და შეუერთდით კეთილს. ძმათმოყვარეობაში იყავით ერთმანეთისადმი გულთბილნი და მოყვარულნი, ურთიერთპატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით. იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღეგზნეთ, ემსახურეთ უფალს. იხარეთ იმედით, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი. მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებებში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას. დალოცეთ თქვენი მდევნელები, დალოცეთ და ნუ დაწყევლით. გახარულებთან იხარეთ და მტირალებთან იტირეთ. ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთს შორის. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მიხედეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი. ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ეცადეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, იყავით ყველა ადამიანთან მშვიდობიანად. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ – ამბობს უფალი. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ კეთილით სძლიე ბოროტს. ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი სასჯელს დაიტეხენ თავზე. რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. რადგან იგი ღმერთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღმერთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის შიშის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, რადგან ისინი ღმერთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამ მსახურებას ასრულებენ. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი. არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, რადგან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. რადგან მცნებები: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომო“ და სხვებიც ყველა შედიან ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ სიყვარული არავითარ ბოროტებას არ მიაყენებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის სისავსეა. მაშ ასე, იცოდეთ, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. რადგან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. ღამემ გაიარა და დღე მოახლოვდა. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ სინათლის საჭურველი. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით. რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მცენარეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს მას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის მას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინა ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა, მაგრამ აღიმართება, რადგან ღმერთს ძალუძს მისი აღმართვა. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად მიიჩნევს. დაე ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე. ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს. რადგან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის. რადგან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. მაშ შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ყველანი ღმერთის სამსჯავროს ტახტის წინაშე წარვდგებით. რადგან წერია: „ცოცხალი ვარ მე,“ – ამბობს უფალი, – „ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“ ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის აგებს პასუხს ღმერთის წინაშე. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას მივაპყროთ განსჯა, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია უწმიდური. მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც უწმიდურად ჩათვლის რაიმეს. თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლისთვის ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე! დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. რადგან ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღმერთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღმერთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც დაბრკოლებით ჭამს. უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა დაბრკოლდება. გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღმერთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ვინც ეჭვობს ჭამისას, თავს იდანაშაულებს, რადგან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა. ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის. რადგან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: „შენი შეურაცხმყოფელების შეურაცხყოფა დამატყდა მე.“ რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს განსასწავლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება. ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთს შორის ერთსულოვნება ქრისტე იესოს თანახმად, რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა. ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღმერთის სადიდებლად. ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღმერთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული, ხოლო წარმართებმა განადიდონ ღმერთი წყალობისათვის, როგორც წერია: „ამისათვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს.“ და კვლავ ამბობს: „იხარეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად.“ და კვლავ: „წარმართნო, აქეთ უფალი და ხალხებო, ადიდეთ იგი.“ და კვლავ ესაია ამბობს: „იქნება იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, და ექნებათ მისი სასოება წარმართებს.“ ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში. და მეც, ძმებო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თავადაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველი ცოდნით და შეგიძლიათ ერთმანეთის დარიგება. მაგრამ გავკადნიერდი და თამამად მოგწერეთ ზოგიერთი რამ, როგორც თქვენდამი შეხსენება ღმერთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით, ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღმერთის სახარების მღვდელმსახური, რათა წარმართთა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ განწმედილი. ამიტომ შემიძლია ვიამაყო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე. რადგან ისეთი რამის თქმას ვერ გავბედავ, რაც ქრისტეს არ გაეკეთებინოს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით, ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღმერთის სულის ძალით, ისე რომ, იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილირიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება. ამასთან, ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე, არამედ, როგორც წერია: „დაინახავენ მას ისინი, ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, და მიხვდებიან ისინი, ვისაც არ სმენია.“ ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა. ხოლო ახლა, როცა აღარა მაქვს გასაკეთებელი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, რადგან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა მსახურებისათვის. რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების გაზიარება ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან. ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. რადგან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ჯერ არს, რომ ხორციელად მოემსახურონ მათ. ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ. ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით. შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ღმერთისადმი ჩემთვის ლოცვებში. რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში და წმიდათათვის სათნო იყოს ჩემი სამსახური იერუსალიმში. რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღმერთის ნებით და განვისვენო თქვენთან. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ. აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური, რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც დასჭირდება თქვენთან, რადგან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც. მოიკითხეთ პრისკა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც, და მათი საშინაო ეკლესიაც. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც ასიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის. მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე. მოიკითხეთ ამპლიატუსი, ჩემი საყვარელი უფალში. მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში და ჩემი საყვარელი სტაქისი. მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს შინაურები. მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი. მოიკითხეთ ნარკისოსის შინაურები, უფალში მყოფნი. მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსა. მოიკითხეთ საყვარელი პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში. მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფე და მისი დედა და ჩემიც. მოიკითხეთ ასინკრიტუსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მათთან მყოფი ძმები. მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეა და მისი და, ოლიმპა, და მათთან მყოფი ყველა წმიდა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია. შეგაგონებთ, ძმებო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი. რადგან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი – ბოროტისათვის. ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფეხქვეშ შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ. მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი. მოკითხვას გითვლით უფალში მეც, ტერტიოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი. მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოსი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მეგანძური ერასტოსი და ძმა კვარტოსი. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ. ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მდუმარე იყო, ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, რადგან მარადიული ღმერთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას, ერთადერთ ყოვლადბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. პავლე, ღმერთის ნებით მოწოდებული მოციქული იესო ქრისტესი და ძმა სოსთენე, ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს მოუხმობს ყოველ ადგილას – მათთან და ჩვენთან. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის, იესო ქრისტესაგან. მარადის ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენთვის, ღმერთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში, რადგან გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით, რადგან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში, და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში, რომელიც განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დღეს. სარწმუნოა ღმერთი, რომელმა მოგიწოდათ თავის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის. ხოლო მე შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველამ ილაპარაკოთ ერთსულოვნად და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით. რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმებო, ქლოეს ახლობელთაგან, რომ დავაა თქვენს შორის. მე ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ? მადლი ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოსისა, რათა არავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლა. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე, რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლავად, არამედ სახარებლად – არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი. რადგან სიტყვა ჯვრის შესახებ უგუნურებაა მათთვის, ვინც იღუპება, ხოლო ჩვენთვის, ვინც გადავრჩებით, ღმერთის ძალაა. რადგან წერია: „მოვსპობ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ.“ სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამა სოფლის კეთილმოუბარი? განა უგუნურებად არ აქცია ღმერთმა ამა ქვეყნის სიბრძნე? რადგან, რაკი ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი მის ღვთაებრივ სიბრძნეში, გადაწყვიტა ღმერთმა ქადაგების უგუნურებით ეხსნა მორწმუნენი. რადგან იუდეველნი სასწაულებს ითხოვენ და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას. მოწოდებულთათვის კი – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ქრისტეს – ღმერთის ძალას და ღმერთის სიბრძნეს. რადგან ღმერთის უგნურება ადამიანებზე უბრძენესია და ღმერთის უძლურება – ადამიანებზე უძლიერესი. შეხედეთ, ძმებო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული. არამედ ქვეყნიერების უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და ქვეყნიერების უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. ქვეყნიერების მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარად შერაცხილნი, რათა გააუქმოს ღირებული, რომ არც ერთი ხორციელი არ იქადდეს ღმერთის წინაშე. მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთაებრივ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად. რათა იყოს, როგორც წერია: „ვინც იქადის, უფლით იქადდეს.“ და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო, ღმერთის მოწმობის საუწყებლად არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით, რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა. და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და დიდ ძრწოლაში. და ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება დამარწმუნებელი ბრძნული სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით. რათა თქვენი რწმენა დამყარებულიყო არა კაცთა სიბრძნეზე, არამედ ღმერთის ძალაზე. ხოლო სიბრძნეს ვაუწყებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამ საუკუნის სიბრძნეს, და არც ამ საუკუნის მთავართა წარმავალ სიბრძნეს, არამედ ვაუწყებთ ღმერთის სიბრძნეს, საიდუმლოსა და დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისათვის, რომელიც ამ საუკუნის მთავართაგან ვერავინ შეიცნო, რადგან რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს. მაგრამ, როგორც წერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულთ.“ ჩვენ კი გაგვიცხადა ეს ღმერთმა თავისი სულით. რადგან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღმერთის სიღრმეებსაც. რადგან, ადამიანთაგან ვინ იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღმერთისა არავინ არაფერი იცის, არამედ მხოლოდ თვით ღმერთის სულმა. ხოლო ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღმერთისაგან, რათა შევიცნოთ ღმერთისაგან ჩვენთვის მონიჭებული. და ამას ვამბობთ არა ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან ნასწავლით და სულიერს სულიერით განვმარტავთ. ხოლო მშვინვიერი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის, რადგან უგუნურებად მიაჩნია და არც ძალუძს მისი შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. ხოლო სულიერი გამოიძიებს ყოველივეს, თავად კი არავისგან გამოიძიება. „რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ ურჩიოს მას?“ ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს. ძმებო, მე ვერ გესაუბრობდით თქვენ როგორც სულიერებს, არამედ მხოლოდ როგორც ხორციელებს, როგორც ჩვილებს ქრისტეში. რძეს გასმევდით თქვენ და არა მყარ საჭმელს, რადგან მაშინ არ შეგეძლოთ მიღება და ახლაც არ შეგიძლიათ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით? რადგან, როცა ერთი ამბობს: „მე პავლესი ვარ,“ მეორე კი: „მე აპოლოსისა,“ განა ხორციელნი არა ხართ? ვინ არის აპოლოსი? ვინ არის პავლე? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს მისცა უფალმა. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. საზღაურს კი თითოეული მიიღებს თავისი შრომისამებრ. რადგან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა. მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს. რადგან არავის ძალუძს დადოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. და ვინ როგორ აშენებს ამ საძირკველზე – ოქროთი, ვერცხლით, პატიოსანი ქვებით, ძელით, თუ თივით, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. დღე გამოაჩენს ამას, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და ცეცხლი გამოსცდის, თუ როგორი არის თითოეულის საქმე. ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ხოლო ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ ისე, როგორც ცეცხლიდან. არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში? თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღმერთის ტაძარი და თქვენა ხართ ის. ნურავინ მოიტყუებს თავს. თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნის სიბრძნით, უგუნური გახდეს, რათა ბრძენად იქცეს. რადგან ამა ქვეყნის სიბრძნე უგუნურებაა ღმერთის წინაშე, როგორც წერია: „იჭერს ბრძენკაცებს მათსავე ცბიერებაში.“ და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.“ ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, რადგან ყოველივე თქვენია: გინდ პავლე, გინდ აპოლოსი, გინდ კეფა, გინდ ქვეყნიერება, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მყოფადი – ყოველივე თქვენია. თქვენ კი ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი ღმერთისაა. ამრიგად, ადამიანებმა ჩვენ ქრისტეს მსახურებად და ღმერთის საიდუმლოთა მნეებად უნდა მიგვიჩნიონ. ხოლო მნეს კი უპირველეს ყოვლისა მოეთხოვება, რომ საიმედო იყოს. ხოლო ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორ განმსჯით მე თქვენ, ან თუნდაც ადამიანთა სამსჯავრო. მე თვითონაც კი არ განვსჯი ჩემს თავს. რადგან, თუმცა არაფერი ვიცი ჩემს საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამით მაინც არ ვმართლდები. ჩემი განმსჯელი უფალია. ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დაფარულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ მიიღებს თითოეული შესაფერ ქებას ღმერთისგან. ეს ყველაფერი, ძმებო, ვთქვი მე ჩემს თავზე და აპოლოსზე თქვენთვის, რათა ისწავლოთ ჩვენგან, რომ არ გადახვიდეთ დაწერილს და არ გაამპარტავნდეთ ერთმანეთის მიმართ. რადგან, ვინ გამოგარჩევს? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? დიახ, უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, გამეფდით ჩვენს გარეშე. ნეტა კი მართლა გამეფებულიყავით, რომ ჩვენც ვიმეფოთ თქვენთან ერთად. ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. რადგან სანახაობა გავხდით ქვეყნიერებისათვის, ანგელოზებისთვისა და ადამიანებისთვის. ჩვენ უგუნურნი ვართ ქრისტეს გულისათვის, თქვენ კი ბრძენნი ხართ ქრისტეში. ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი – ძლიერნი. თქვენ განდიდებულნი, ჩვენ კი – ღირსებადაკარგულნი. ჩვენ ამ ჟამამდე მშიერნი და მწყურვალნი ვართ, შიშველნი და ნაგვემნი, მოხეტიალენი, ვშრომობთ ჩვენი ხელით. გვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ, სახელს გვიტეხენ – ვეფერებით. გავხდით ქვეყნიერების განახვეტი, ყველაფრის ნაგავი ვართ დღემდე. თქვენდა შესარცხვენად კი არ ვწერ ამას, არამედ გარიგებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს. რადგან თუნდაც 10 ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით. ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: „მომბაძეთ მე!“ ამისათვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, და ის გაგახსენებთ თქვენ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორ ვასწავლი ყველგან, ყოველ ეკლესიაში. ზოგს ჰგონია, რომ არ მოვალ თქვენთან და გაამპარტავნდნენ. მაგრამ მე მალე მოვალ თქვენთან, თუ უფალი ინებებს, და გამოვცდი ამპარტავანთა არა სიტყვებს, არამედ ძალას. რადგან სიტყვაში კი არ არის ღმერთის სასუფეველი, არამედ ძალაში. რა გსურთ? არგნით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულით და თავმდაბლობის სულით? საყოველთაოდ გავრცელდა ხმა, რომ უზნეობაა თქვენს შორის, თანაც ისეთი უზნეობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს ცოლად. და თქვენ კიდევ ამპარტავნობთ, იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ და მოიკვეთოთ თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი. მე, თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, მაგრამ სულით თქვენთან მყოფმა, უკვე დავდე მსჯავრი მას, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა: ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, როდესაც შეიკრიბებით, ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალით, გადაეცეს ასეთი კაცი სატანას ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის დღეს. არ შეგფერით სიქადული. განა არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? განწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ. რადგან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი ხმიადით. წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა უზნეო ხალხთან. არა მარტო ამა ქვეყნის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, რადგან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით ქვეყნიერებას. არამედ გწერდით, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ უზნეოა, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. არც კი ჭამოთ ასეთთან ერთად. რადგან რატომ უნდა განვიკითხო მე გარეშეები? განა თქვენ შინაურები არ უნდა განიკითხოთ? გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. „განიშორეთ ბოროტი თქვენგან.“ როგორ ბედავს რომელიმე თქვენგანი, როდესაც თავისიანთან დავა აქვს, სამართლის ძიებას ურჯულოებთან და უწმიდურებთან? ნუთუ არ იცით, რომ წმიდები გაასამართლებენ ქვეყნიერებას? ხოლო თუ ქვეყნიერებას გაასამართლებთ, მცირე საქმეთა გასამართლების ღირსნი აღარა ხართ? განა არ იცით, რომ ანგელოზები იქნებიან ჩვენი განსაკითხი? მაშ მით უმეტეს, ცხოვრებისეული ვერ უნდა განვსაჯოთ? თქვენ კი, როცა ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ, თქვენს განმსჯელებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი, რომ შეეძლოს სამართალი დაამყაროს თავის ძმებს შორის? მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე! ისიც უკვე ძალიან სამარცხვინოა თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ, რომ ნაწყენი დარჩეთ? რატომ არ არჩევთ, რომ დაზარალებული დარჩეთ? ამის მაგივრად, უსამართლოდ იქცევით და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს! ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? ნუ მოიტყუებთ თავს: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღმერთის სულით. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი განაქარვებს ერთსაც და მეორესაც. სხეული უზნეობისათვის კი არ არის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი – სხეულისათვის. ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით. განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ქრისტეს ასოებს მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც! ანდა, განა არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: „ორივენი ერთხორცად იქნებიან.“ ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთ სულად იქნება უფალთან. განეშორეთ სიძვას. ყველა სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი ჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს. ანდა, განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები თქვენში დავანებული სულიწმიდის ტაძარია, რომელიც ღმერთისაგან გაქვთ, და რომ თქვენ თქვენს საკუთარ თავს არ ეკუთვნით? რადგან ფასით ხართ გამოსყიდულნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით! იმის თაობაზე კი, რაც თქვენ მომწერეთ: – „კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს ქალს.“ მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს – თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც – ქმარს. ცოლი არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, მარხვისა და ლოცვისათვის, და შემდეგ კვლავ ერთად იყავით, რათა არ გაცდუნოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. ხოლო ამას ვამბობ რჩევად და არა ბრძანებით. რადგან მსურს, რომ ყოველი ადამიანი იყოს ისე, როგორც მე ვარ, მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი. ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ. მაგრამ თუ თავს ვერ ფლობენ, დაე, იქორწინონ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ. ხოლო დაქორწინებულებს ვამცნობ, – არა მე, არამედ უფალი – ცოლი არ გაეყაროს ქმარს. ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს, ან კვლავ შეურიგდეს ქმარს. და ნურც ქმარი მიატოვებს თავის ცოლს. სხვებს კი ვეუბნები მე, და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. და ქალი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ მიატოვებს ქმარს. რადგან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. ასე რომ არ იყოს, თქვენი შვილები უწმიდურები იქნებოდნენ, ახლა კი წმიდები არიან. მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ შემთხვევაში ძმა ან და თავისუფალნი არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგიწოდათ ღმერთმა. რადგან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი? თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული – როგორც უფალმა მოუწოდა. და ასე ვუწესებ მე ყოველ ეკლესიას. თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს. ხოლო თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს. არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთლობა, არამედ მთავარია ღმერთის მცნებათა დაცვა. დაე, თითოეული დარჩეს იმ წოდებაში, რომელშიც მოწოდებული იქნა. თუ მოწოდებული ხარ, როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ შეგიძლია გათავისუფლება, უმჯობესია, ისარგებლო. რადგან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია. ასევე, მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა. ფასით ხართ გამოსყიდულნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები. ძმებო, თითოეული იმ წოდებით დარჩეს ღმერთის წინაშე, რომელშიც მოწოდებული იყო. დაუქორწინებელთა თაობაზე არა მაქვს ბრძანება უფლისაგან. მხოლოდ ჩემს რჩევას გაუწყებთ, რადგან შემიწყალა უფალმა, რომ მისი რწმუნებული ვიყო. მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ გასაჭირში ადამიანისათვის უმჯობესია დარჩეს, როგორც არის. თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ. ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ. ცოლიც რომ შეირთო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ, და მე არ მემეტებით ამისთვის. ხოლო ამას გეტყვით, ძმებო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყვნენ, როგორც უცოლონი; მტირალნი, როგორც არა მტირალნი; მოხარულნი, როგორც არა მოხარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი; ქვეყნიერებით მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. რადგან წარმავალია ქვეყნიერების სახე. მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; ხოლო ცოლიანი ქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს. არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს. ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ შეგზღუდოთ, არამედ რათა ღირსეულად და წრფელად ემსახუროთ უფალს, დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი დანიშნული ქალწული სიყმაწვილის ასაკს გადასცდეს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე, დაქორწინდნენ. ხოლო ვინც თავისი გულით მტკიცედ დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულობის დაცვა, კარგად იქცევა. ამიტომ, ვინც გაათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა. ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში. მაგრამ უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ასეთია ჩემი რჩევა. და ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღმერთის სული. შეწირული საკლავის შესახებ ყველამ ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს. ვისაც ჰგონია, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან. ამგვარად, შეწირული საკლავის ჭამაზე ვიცით, რომ კერპი არაფერია ქვეყანაზე და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა. და თუნდაც კიდევ იყოს ეგრეთწოდებული „ღმერთები“ ცაში, ან დედამიწაზე, და თუნდაც იყოს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი, ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყველაფერი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყველაფერი და ჩვენც მის მიერ ვართ. თუმცა ყველას როდი აქვს ცოდნა. ზოგიერთები ჩვეულების მიხედვით აქამდე ჭამენ საკლავს, როგორც კერპისთვის შეწირულს და ამრიგად, მათი უძლური სინდისი იბღალება. საჭმელი არაფერს არ ცვლის ღმერთთან ჩვენს მიმართებაში, რადგან, თუ ვჭამთ, არაფერი გვემატება, და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება. მაგრამ გაფრთხილდით, რომ თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. რადგან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, კერპის ტაძარში მჯდომს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპშეწირულის ჭამისთვის? და დაიღუპება შენი ცოდნის გამო შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. ამრიგად, როდესაც შესცოდავთ ძმების მიმართ და დააზარალებთ მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესცოდავთ. ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, არასოდეს არ შევჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა. განა მე თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ ვიხილე უფალი ჩვენი, იესო? განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში? თუ სხვებისათვის არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგან თქვენ ხართ ჩემი მოციქულობის ბეჭედი უფალში. აი, რა პასუხს გავცემ ჩემს მკიცხველებს: განა ჩვენ არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება? განა არა გვაქვს უფლება, დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ? თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება, რომ არ ვიმუშაოთ? რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს? მხოლოდ ადამიანურად ვამბობ ამას, თუ რჯულიც ამასვე ამბობს? რადგან მოსეს რჯულში წერია: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი? თუ ამას უფრო ჩვენთვის ამბობს? დიახაც, ჩვენთვის არის ეს დაწერილი, რომ მხვნელმა მოსავლის იმედით უნდა ხნას, მლეწავმა კი – წილის იმედით. თუ სულიერი დავთესეთ თქვენთან, დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ? თუ სხვებს აქვთ ხელმწიფება თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა გვაქვს? მაგრამ ჩვენ არ გამოგვიყენებია ეს ხელმწიფება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რომ რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას. არ იცით, რომ წმიდათა მსახურნი ტაძრისაგან იკვებებიან? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს? ასევე უფალმა დაუწესა სახარების მქადაგებლებს სახარებისგან ცხოვრება. ხოლო მე არც აქედან გამომიყენებია არაფერი. და ესეც იმიტომ კი არ დავწერე, რომ ასე ყოფილიყო ჩემთვის. რადგან სიკვდილი მიჯობს, ვიდრე ვინმემ გააბათილოს ჩემი სიქადული. რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ. რადგან თუ საკუთარი ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მექნება, ხოლო თუ ჩემი ნების გარეშე, მხოლოდ მნეობა მქონია მონდობილი. მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა ვახარებ, უსასყიდლოდ ვქადაგებ ქრისტეს სახარებას და არ ვიყენებ ჩემს ხელმწიფებას ხარებაში. რადგან, ყველასაგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა. იუდეველთათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა მე თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა. ურჯულოთათვის გავხდი როგორც ურჯულო, თუმცა ღმერთის წინაშე არა ვარ ურჯულო, არამედ ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი, რათა ურჯულოები შემეძინა. უძლურთათვის გავხდი უძლურივით, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მაინც მეხსნა როგორმე. და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე. არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადის მოსაპოვებლად. ამიტომ მე უმიზნოდ კი არ მივრბივარ, ისე კი არ ვიბრძვი, თითქოს ჰაერს ვებრძოდე, არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებისთვის მქადაგებელი, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი. არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი დარჩეთ იმის შესახებ, რომ ჩვენი მამები ყველანი იყვნენ ღრუბლის ქვეშ და ყველამ გაიარა ზღვაში. და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელსა და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთ სულიერ სასმელს, რადგან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ეს კლდე კი იყო ქრისტე. მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი იყო სათნო ღმერთისთვის, რადგან ისინი უდაბნოში დაეცნენ. ეს კი ჩვენთვის მაგალითია, რათა არ ვილტვოდეთ ბოროტისაკენ, როგორც ისინი ილტვოდნენ. ნუ იქნებით კერპთაყვანისმცემლები, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, და წამოდგნენ სალაღობოდ.“ ნურც ვიმრუშებთ, როგორც ზოგიერთმა მათგანმა იმრუშა, და ერთ დღეს 23 ათასი კაცი დაეცა. ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთებმა გამოსცადეს და გველებისაგან დაიღუპნენ. არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთები დრტვინავდნენ და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან. ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მივაღწიეთ. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, უყუროს, რომ არ წაიქცეს. არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას. გელაპარაკებით, როგორც გონიერებს; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ. განა კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, ქრისტეს სისხლის თანაზიარება არ არის? განა პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, ქრისტეს სხეულის თანაზიარება არ არის? რადგან პური ერთია, ჩვენ მრავალნი კი – ერთი სხეული. რადგან ჩვენ ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით. შეხედეთ ისრაელს ხორცის მიხედვით: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა სამსხვერპლოს ზიარი არ არის? მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ რაიმეა კერპი, ან იმას, რომ რაიმეს ნიშნავს კერპშესაწირი? არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა თანაზიარნი იყოთ. ვერ შეძლებთ შესვათ უფლის სასმისიც და ეშმაკის სასმისიც. ვერ ეზიარებით უფლის ტრაპეზსაც და ეშმაკის ტრაპეზსაც. ნუთუ გავბედავთ უფლის განრისხებას? თუ მასზე ძლიერები ვართ? ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი არის აღმშენებელი. ნურავინ ეძებს თავის სარგებელს, არამედ ეძიოს სხვისი. ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. რადგან „უფლისაა დედამიწა და მთელი მისი სავსება.“ თუ მიგიწვევთ ვინმე ურწმუნოთაგან და მოისურვებთ მასთან წასვლას, ჭამეთ ყველაფერი, რასაც წინ დაგიდებენ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. ხოლო თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპის შესაწირავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო. სინდისს ვამბობ არა შენსას, არამედ სხვისას, რადგან რატომ უნდა განიკითხოს ჩემი თავისუფლება სხვისმა სინდისმა? ხოლო თუ მადლიერებით ვჭამ, რაღად შევიბღალო იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ? ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღმერთის სადიდებლად აკეთეთ. ნუ დააბრკოლებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ღმერთის ეკლესიას. ისევე, როგორც მე ვცდილობ ვაამო ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ. იყავით ჩემი მომბაძველნი, როგორც მე – ქრისტესი. გაქებთ თქვენ, ძმებო, იმისათვის, რომ გახსოვთ ყველაფერი რაც გასწავლეთ და ინახავთ იმ მოძღვრებას, რომელიც გადმოგეცით. ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი და ქრისტეს თავი – ღმერთი. ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაფარული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, არცხვენს თავის თავს. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, არცხვენს თავის თავს, რადგან ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს. რადგან, თუ ქალი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ ქალს სცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს. ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, რადგან ის ღმერთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა. რადგან მამაკაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი – მამაკაცისაგან. ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა ქალისთვის, არამედ ქალი – მამაკაცისთვის. ამიტომ ქალი ვალდებულია, ჰქონდეს თავზე ძალაუფლების ნიშანი ანგელოზებისათვის. თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში. რადგან, ისევე, როგორც ქალი მამაკაცისაგან არის, მამაკაციც ქალის მეოხებით არის. ხოლო ყოველივე ღმერთისგანაა. თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის ქალს ღმერთის წინაშე თავდაუფარავად ლოცვა? განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცისთვის გრძელი თმა სამარცხვინოა? ქალის გრძელი თმა კი დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული. ხოლო თუ ვინმე განიზრახავს იდავოს, იცოდეს, რომ ჩვენ არა გვაქვს ასეთი ჩვეულება, და არც ღმერთის ეკლესიებს. ისიც უნდა გითხრათ, რომ ვერ შეგაქებთ თქვენი შეკრებებისათვის, რადგან ისინი კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება. რადგან, ჯერ ერთი, გავიგე, რომ როცა ეკლესიაში იკრიბებით, არსებობს განხეთქილებები თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. რადგან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი. როდესაც იკრიბებით ერთად, უფლის სერობას კი არ იღებთ, რადგან ზოგი წინასწარ ჭამს თავის საკუთარ საჭმელს და ზოგი მშიერი რჩება და ზოგი კი თვრება. განა სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღმერთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის ვერ შეგაქებთ. რადგან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“ ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში. აკეთეთ ეს ჩემს მოსაგონებლად, რამდენჯერაც შესვამთ.“ რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს. ამგვარად, ვინც უღირსად შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. რადგან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დასასჯელად ჭამს და სვამს, რაკი ვერ სცნობს უფლის სხეულს. ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც კვდება. ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვესაჯა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით განსჯილნი. ხოლო განსჯილნი კი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა ქვეყნიერებასთან ერთად არ ვიქნეთ მსჯავრდადებულნი. ამიტომ, ჩემო ძმებო, როდესაც იკრიბებით სერობისათვის, ერთიმეორეს დაელოდეთ. და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ. ახლა კი მსურს, ძმებო, რომ სულიერ ნიჭთა შესახებ გაუწყოთ, რადგან არ მინდა, უცოდინარნი დარჩეთ. თქვენ უწყით, რომ როდესაც წარმართები იყავით, მიდიოდით უტყვ კერპებთან, თითქოს ვიღაც გეწეოდათ. ამიტომ გაუწყებთ, რომ ვერც ერთი, ღმერთის სულით მეტყველი, ვერ იტყვის: „ანათემა იესოს!“ და ვერავინ იტყვის: „უფალია იესო!“ – თუ არა სულიწმიდით. სხვადასხვაგვარია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანიც სხვადასხვაგვარია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვაგვარია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველაფერს ყველაში. თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. რადგან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა, იმავე სულით. ზოგს რწმენა – იმავე სულით და ზოგს – კურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს – ძალთა მოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამაში ერთი და იგივე სული მოქმედებს, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, თავისი ნების მიხედვით. რადგან, როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრია, ერთ სხეულს ქმნის, ასევეა ქრისტეც. და რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები, და ყველამ ერთი სული შევსვით. სხეულიც ერთი ასოსაგან კი არ შედგება, არამედ ბევრისაგან. ფეხმა რომ თქვას: „მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? ანდა ყურმა რომ თქვას: „მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? მთელი სხეული თვალი რომ იყოს, სადღა იქნება სმენა? ყველაფერი სმენა რომ იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? და, აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ინება. და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნებოდა სხეული? აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. თვალი ვერ ეტყვის ხელს: „არ მჭირდები.“ ვერც თავი ეტყვის ფეხებს: „არ მჭირდებით.“ არამედ, სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან, ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ განსაკუთრებული პატივით ვეპყრობით, და რაც უშნოა ჩვენში, მას უფრო მეტად ვამკობთ. ჩვენს მშვენიერ ასოებს არ სჭირდებათ პატივი. მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლები მნიშვნელობა აქვს. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყოველი ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე. და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს. თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები. ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, შემდეგ კურნებათა ნიჭების მქონენი, შემწენი, მმართველნი, სხვადასხვა ენებით მოლაპარაკენი. ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია? ყველას სასწაულთმოქმედება აქვს? ყველას აქვს კურნებათა ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ? ესწრაფეთ უმაღლეს ნიჭებს და მე გაჩვენებთ ყველაზე აღმატებულ გზას. თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ მოჟღარუნე სპილენძი ვარ, ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, თუ სიყვარული არა მაქვს, არარაობა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, სიყვარული თუ არ მექნება, არაფერს მარგებს. სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, სიყვარულს არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ უხეშობს, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნა განქარდება, რადგან ნაწილობრივ ვიცით, და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ. ხოლო როდესაც სრულყოფილება მოვა, ნაწილობრივი განქარდება. როდესაც ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვლაპარაკობდი, ბავშვურად ვფიქრობდი, ბავშვურად ვმსჯელობდი, ხოლო როდესაც დავკაცდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე. რადგან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკეში, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი. ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული – ეს სამი. სიყვარულია კი უდიდესია მათგან. ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, ყველაზე მეტად კი წინასწარმეტყველებას. რადგან, ენით მოლაპარაკე ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის მისი. სულით ლაპარაკობს ის საიდუმლოებებს. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად. ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით. კიდევ უფრო მეტად მსურს, რომ წინასწარმეტყველებდეთ, რადგან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აღშენდეს. რადგან, ძმებო, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ მოვალ თქვენთან და ვილაპარაკებ ენებით, და არ გაუწყებთ ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ან მოძღვრებით? ასევეა უსულო საგნებიც, რომლებიც ხმას გამოსცემენ – სალამური ან ქნარი, თუ ისინი ხმებში განსხვავებებს არ იძლევიან, როგორ შეიცნობა, რას უკრავენ სალამურზე ან ქნარზე? თუ საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად? ასევე თქვენც, – თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნათქვამი? ჰაერში ილაპარაკებთ. რამდენი განსხვავებული სიტყვაა ქვეყნიერებაზე და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო. ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე – უცხო იქნება ჩემთვის. ასევე თქვენც, რაკი იღწვით სულიერი ნიჭებისათვის, ეცადეთ გამდიდრდეთ ეკლესიის აღსაშენებლად. ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ იმისათვის, რომ განმარტებაც შეძლოს. რადგან, როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა. მაშ, რა ვქნათ? – ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც. რადგან, თუ სულით ადიდებ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე უმეცართაგანი ვინმე, თუ არ ესმის, რას ამბობ შენ? თუმცა შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება. ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე 10 ათასი სიტყვა – ენებით. ძმებო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის იყავით ბავშვები, გონებისთვის კი – სრულწლოვანნი! რჯულში წერია: „სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, და მაინც არ მომისმენენ მე, ამბობს უფალი.“ ამიტომ ენითმეტყველება მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. ხოლო წინასწარმეტყველება კი ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის. და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხომ არა ხართო? მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, და მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის, ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარული. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და აღიარებს, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორის არის ღმერთი. მაშ, რაღა, ძმებო? როცა თქვენ იკრიბებით და თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად. თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს. ხოლო თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს. წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ. თუ სხვას ექნება იქ მჯდომთაგან გამოცხადება, პირველი გაჩუმდეს. ყველას თანამიმდევრობით შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს. რადგან წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ. რადგან ღმერთი არეულობისა ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა. ისე, როგორც ეს წმიდათა ყველა ეკლესიაშია, ქალებმა იყუჩონ ეკლესიებში, რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად უნდა იყვნენ, როგორც ამას რჯულიც ამბობს. ხოლო თუ რამის შესწავლა სურთ, ჰკითხონ თავიანთ ქმრებს სახლში. რადგან შეუფერებელია ქალისათვის ეკლესიაში ლაპარაკი. განა თქვენგან გამოვიდა ღმერთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია? თუ ვინმეს თავი წინასწარმეტყველი ჰგონია, ანდა სულიერების მქონე, შეიგნოს ის, რასაც მე თქვენ გწერთ, რადგან ეს უფლის მცნებაა. ხოლო ვინც ამას არ აღიარებს, თვით არ იქნება აღიარებული. მაშ, ასე, ძმებო, ეშურეთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ნუ აკრძალავთ ენებით ლაპარაკს. იზრუნეთ, რომ ყველაფერი საკადრისად და წესიერად ხდებოდეს. მინდა გაგახსენოთ თქვენ, ძმებო, სახარება, რომელიც გახარეთ, რომელიც მიიღეთ კიდეც და რომელზედაც დგახართ. რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, რომელიც მე გახარეთ. ასე რომ არ იყოს, მაშინ ამაოდ გირწმუნიათ. რადგან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, რომ დაიმარხა და აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს. შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა. შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც. რადგან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას. მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე – არა მე, არამედ ღმერთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა. და, აჰა, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არსებობს მკვდრეთით აღდგომა? მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, მაშინ ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო ქრისტე თუ არ აღდგა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ღმერთის ცრუმოწმენი ვიქნებოდით, რადგან ვამოწმებთ ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც, გამოდის, არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს. და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ. მაგრამ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, განსვენებულთაგან პირველი. რადგან, როგორც ერთი კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე ერთი კაცის მიერ არის მკვდრეთით აღდგომა. რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე ქრისტეში გაცოცხლდება ყველა, თითოეული თავისი წესით: პირველად – ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას. მერე კი იქნება დასასრული, როდესაცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას. რადგან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევს ყველა თავის მტერს. ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია. რადგან „ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხქვეშ.“ ხოლო როცა ნათქვამია, რომ ყოველივე მას დაემორჩილა, ცხადია, გარდა იმისი, ვინც დაუმორჩილა მას ყოველივე. და როდესაც ყოველივე დაემორჩილება მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში. ასე რომ არ იყოს, რას აკეთებენ მკვდრებისთვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომ ხდება მონათვლა მკვდრებისათვის? და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში? ვფიცავ თქვენდამი ჩემს სიქადულს, ძმებო, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოში მაქვს, რომ ყოველდღე ვკვდები. თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით! ნუ მოტყუვდებით: „ცუდი წრე ხრწნის კეთილ ჩვევებს.“ გამოფხიზლდით ჭეშმარიტად და ნუ სცოდავთ. რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს. მაგრამ იტყვის ვინმე: „როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?“ უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა. და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს, ხორბლისას თუ რომელიმე სხვისას. ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს. ყოველი სხეული ერთგვარი სხეული როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული სხვანაირი, ფრინველის სხეული სხვანაირი, თევზისა სხვანაირი. არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, და ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა – სხვა. სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით. ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით. ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული. ასეც წერია: „პირველი კაცი, ადამი იქცა ცოცხალ არსებად,“ ხოლო უკანასკნელი ადამი – მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ შეიქმნა, არამედ ჯერ მშვინვიერი და შემდეგ სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისაგან, მეორე კაცი – ცისგან. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატარებთ მომავალში ზეციერის ხატებასაც. ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნადი ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას. აი, საიდუმლოს გეუბნებით მე: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. რადგან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. რადგან ეს ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და ეს მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.“ „სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“ სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ჩვენ ძლევას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ ამრავლეთ უფლის საქმენი, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე. რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს და შეინახოს თავისი მონაგებიდან თავისთან, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში. და თუ იქ ჩემი წასვლაც შესაფერი იქნება, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ. ხოლო მე მოვალ თქვენთან, როდესაც მაკედონიაზე გავივლი, რადგან მაკედონიაზე უნდა გავიარო. თქვენთან კი, შესაძლოა, გავჩერდე, ან იქნებ გამოვიზამთრო, რათა გამაცილოთ იქ, სადაც წავალ, რადგან ახლა არ მინდა თქვენი ნახვა გავლით, არამედ იმედი მაქვს რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ უფალი ინებებს. ხოლო ეფესოში დავრჩები ორმოცდაათობამდე, რადგან გაიღო ჩემთვის ღვაწლის დიდი კარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან. და თუ ტიმოთე მოვა თქვენთან, ეცადეთ, რომ უსაფრთხოდ იყოს, რადგან ის უფლის საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მე. ამიტომ არავინ შეურაცხყოს იგი. გამოისტუმრეთ მშვიდობით, რათა მოვიდეს ჩემთან, რადგან ველოდები მას ძმებთან ერთად. რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწებოდი, რომ მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ არ ისურვა ახლა წამოსვლა. მაგრამ მოვა, როცა შეძლებს. იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით! ყველაფერი თქვენი სიყვარულით იყოს. ხოლო შეგაგონებთ, ძმებო: თქვენ იცით, რომ სტეფანასის ოჯახი აქაიის პირველი ნაყოფია და რომ მათ თავიანთი თავი მიუძღვნეს წმიდათა მსახურებას. თქვენც პატივი მიაგეთ მათ და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა! და აი, მიხარია სტეფანას, ფორტუნატეს და აქაიკოსის მოსვლა, რადგან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა, და დაამშვიდეს ჩემი სულიც და თქვენიც. ამიტომ სცანით ასეთები! მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები. დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკა და ასევე მათი საშინაო ეკლესია. მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს, ხელით. ვისაც არ უყვარს უფალი, ანათემა მას! მარანათა – მოდი უფალო! ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან, და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოში! პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის ნებით, და ძმა ტიმოთე – ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ყოველი ნუგეშის ღმერთი, ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი მრავლობს ჩვენში, ასევე მრავლობს ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ. თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს; თუ ნუგეშცემულნი ვართ, თქვენს გასამხნევებლად ვართ ნუგეშცემულნი, რათა შესძლოთ დაითმინოთ იგივე სატანჯველნი, რომლებითაც ჩვენც ვიტანჯებით. მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგან ვიცით, რომ, როგორც ჩვენს სატანჯველთა თანამონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემის თანამონაწილენიც იქნებით. რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირის შესახებ, რაც ასიაში გადავიტანეთ, რომ უფრო მეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის ატანა შეგვეძლო. მაგრამ ჩვენ თავად გვქონდა ჩვენში სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს, და რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და გვიხსნის მუდამ, და რომლის იმედიც გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის, თქვენს მიერ ჩვენთვის აღვლენილი ლოცვით, რათა მრავალმა შესწიროს მადლობა ჩვენს გამო, იმ მადლისათვის, რომელიც მრავალთა ლოცვით მოგვენიჭა. რადგან ეს ჩვენი ქადილი არის ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ჩვენ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით დავდიოდით ამქვეყნად. განსაკუთრებით თქვენთან – არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღმერთის მადლით. რადგან სხვას არაფერს გწერთ თქვენ, თუ არა იმას, რასაც კითხულობთ და შეიცნობთ, და ვიმედოვნებ, ბოლომდე შეიცნობთ. როგორც უკვე ნაწილობრივ შეგვიცანით ჩვენ, რომ ჩვენი უფლის იესოს დღეს ჩვენ თქვენთვის სასიქადულონი ვიქნებით, ისევე როგორც თქვენ ჩვენთვის. და ამ ნდობით მინდა ჯერ თქვენთან მოსვლა, რათა მეორედ მიიღოთ მადლი, და თქვენგან გავლით წავიდე მაკედონიაში, ხოლო მაკედონიიდან კვლავ თქვენთან დავბრუნდე და თქვენ გამისტუმროთ იუდეაში. ნაჩქარევი ხომ არ იყო ეს ჩემი განზრახვა? ან იქნებ, რაც განვიზრახე, ხორციელად განვიზრახე? ასე რომ, ჩემი „ჰო, ჰო“ იგივეა, „რაც არა, არა?“ ღმერთია მოწმე: ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ „ჰო და არა“ არ ყოფილა, რადგან ღმერთის ძე, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილოვანე და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც და არაც,“ არამედ ყოველთვის „ჰო“ იყო ქრისტეში. რადგან ღმერთის ყველა აღთქმა ქრისტეში „ჰო“ არის და ქრისტეში ვამბობთ „ამინს“ ღმერთის სადიდებლად. ღმერთია ის, ვინც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და ვინც გვცხო ჩვენ, მან აღგვბეჭდა კიდეც და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი. და მე მოვუხმობ ღმერთს ჩემი სიცოცხლის მოწმედ, რომ თქვენ გზოგავდით და აქამდე ამიტომ არ მოვდიოდი კორინთოში. არ გვინდა, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ თქვენი სიხარულის ხელშემწყობნი ვართ, რადგან რწმენაში მტკიცედ დგახართ. მაგრამ ჩემთვის ასე გადავწყვიტე, აღარ მოვიდე თქვენთან შესაწუხებლად, რადგან თუ მე დაგამწუხრებთ, მაშ ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემგან? სწორედ ამიტომ მოგწერეთ ეს თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას არ მქონდეს წუხილი მათგან, ვისაც უნდა გავეხარებინე. ხოლო ყველა თქვენგანში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყველა თქვენგანის სიხარულიცაა. რადგან დიდად შეჭირვებული და გულნატკენი გწერდით და უამრავი ცრემლით, არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის უდიდესი სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს. და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, თქვენ ყველანი. საკმარისი იყოს მისთვის ეს სასჯელი მრავალთაგან. ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა წუხილმა არ შთანთქას იგი. ამიტომ შეგაგონებთ, გამოიჩინოთ სიყვარული მის მიმართ. რადგან იმისთვისაც დავწერე, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა. ვისაც თქვენ აპატიებთ რაიმეს, მეც ვაპატიებ, რადგან ვისაც რა ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე. რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები. ტროაში მისვლისას ქრისტეს სახარებლად კარი ღია იყო ჩემთვის უფალში, მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე. გამოვემშვიდობე მათ და გავემართე მაკედონიისაკენ. მაგრამ მადლი ღმერთს, ვინც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას, რადგან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღმერთისათვის, გამოხსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც. ზოგისათვის ეს სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ, ზოგისთვის კი სიცოცხლის სურნელია სასიცოცხლოდ. და ვინაა ამის ღირსი? რადგან ჩვენ არა ვართ ღმერთის სიტყვით მოვაჭრენი, როგორც მრავალნი, არამედ ვქადაგებთ წრფელად, როგორც ღმერთისაგან, ღმერთის წინაშე, ქრისტეში. კვლავ დავიწყოთ ჩვენი თავის წარდგენა? საჭიროა ჩვენთვის, როგორც ზოგიერთებისათვის, წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან? თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც სცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი. თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან შექმნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღმერთის სულით, არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე. ასეთი რწმენა გვაქვს ქრისტეს მეშვეობით ღმერთის მიმართ, არა იმიტომ, რომ შეგვეძლოს ჩვენ თვითონ განვსაჯოთ რაიმე, თითქოს ჩვენგან იყოს და არა ღმერთისაგან ჩვენი შემძლეობა. მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. რადგან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს. ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით დაბეჭდილი, ისეთი დიდებით იყო, რომ ისრაელის ძეებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო, რამდენად უფრო დიდი იქნება სულის მსახურების დიდება? რადგან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვია დიდებით სიმართლის მსახურება, რადგან ის, რაც ამრიგად იყო განდიდებული, აღარ ჩაითვლება დიდებულად სიმართლის მსახურების აღზევებულ დიდებასთან შედარებით. რადგან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი დიდება აქვს მყოვარს. ამიტომ, რაკი ესოდენი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ. და არა ისე, როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელის ძეებს წარმავალის დასასრული. მაგრამ დაეხშოთ მათ გონება, რადგან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე რიდე აუხდელი, რადგან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე, ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევა ვინმე, რიდე ეხდება. უფალი სულია და, სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. ჩვენ კი ყველანი დაუბურავი სახით ვჭვრეტთ უფლის დიდებას და გარდავისახებით იმავე ხატად დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან. ამიტომ, რაკი ასეთი მსახურება გვეწყალობა, არ ვცხრებით, არამედ უარს ვამბობთ სამარცხვინოს დაფარვაზე და ცბიერი ქცევით ღმერთის სიტყვებს კი არ ვამახინჯებთ, არამედ ჭეშმარიტების გამოვლენით წარვუდგენთ თავს ყველა ადამიანის სინდისს ღმერთის წინაშე. თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული, ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ გაბრწყინებულიყო სახარების ნათელი ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია. რადგან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს, ჩვენს თავს კი თქვენს მონებად მივიჩნევთ იესოს მიერ. რადგან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მან გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღმერთის დიდების ცოდნის ნათელმა ქრისტეს პირისახეში. ეს განძი კი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა გადამეტებული ძლიერება ღმერთისაგან იყოს და არა ჩვენგან. ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი, გადაყრილნი, მაგრამ არა დაღუპულნი. მუდამ ვატარებთ სხეულში უფალი იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს. რადგან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვკვდებით იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში. ამრიგად, ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, ხოლო თქვენში – სიცოცხლე. რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც დაწერილია: „მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი,“ ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ. ვიცით, რომ უფალი იესოს აღმდგენელი ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად. ეს ყველაფერი თქვენთვის არის. რადგან მრავალთა მიერ მადლის გამრავლებით გაიზრდება მადლიერება ღმერთის სადიდებლად. ამიტომ არ ვცხრებით, პირიქით, თუ ჩვენი გარეგანი კაცი ცვდება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე. რადგან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და გარდამეტებულ საუკუნო დიდებას გვიმზადებს, რადგან ჩვენ ვუმზერთ არა ხილულს, არამედ უხილავს. რადგან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი კი – საუკუნო. რადგან ვიცით, რომ როცა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, ეს კარავი დაინგრევა, ღმერთისაგან გვაქვს შენობა, ხელთუქმნელი საუკუნო სახლი ცათა შინა. ამიტომაც ველტვით და ვნატრობთ ჩვენი ზეციური საცხოვრებლით შემოსვას, რათა შევიმოსოთ და შიშვლები არ აღმოვჩნდეთ. და ამ კარავში წუხილის ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლის მიერ. სწორედ ამისათვის შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სულის საწინდარი. ამიტომ ყოველთვის მხნედა ვართ, თუმცა ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან. რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით. მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავსახლდეთ. ამიტომ ვცდილობთ კიდეც, სხეულში დასახლებულნი თუ სხეულს გარეთ მყოფნი, მისთვის სასურველნი ვიყოთ. რადგან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს ტახტის წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც აკეთებდა სხეულში ყოფნისას – კეთილს თუ ცუდს. და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს ვარწმუნებთ, ღმერთისათვის კი გაცხადებულნი ვართ. და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც გაცხადებული ვიქნებით. ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ ჩვენს თავს, არამედ საბაბს გაძლევთ იქადდეთ ჩვენით, რომ სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც მოსაჩვენებლად იქადის და არა გულით. რადგან თუ გონს გადასულნი ვართ – ეს ღმერთისათვისაა, ხოლო თუ გონიერები – თქვენთვის. ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ, რომ თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, მაშ, ყველა მოკვდა. ის ყველასათვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისათვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. ამრიგად, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად. თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ ასე. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა, აჰა, ყოველივე ახალია. ყოველივე ღმერთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება, რადგან ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება და არ ჩაუთვალა ადამიანებს მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა. ამგვარად, ჩვენ ქრისტეს მაცნეები ვართ, და თავად ღმერთი შეგაგონებთ ჩვენი მეშვეობით. ქრისტეს სახელით გევედრებით: შეურიგდით ღმერთს. რადგან ის, ვინც ცოდვა არ იცოდა, მან ცოდვად აქცია ჩვენს გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სამართალი მასში. როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რათა ფუჭი არ აღმოჩნდეს თქვენთვის ღმერთის მადლის მიღება. რადგან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე! ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების რაიმე საბაბს, რათა ჩვენი მსახურება არ შეიბღალოს, არამედ ყველაფერში წარვადგენთ თავს, როგორც ღვთისმსახურნი: დიდი მოთმინებით, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, დარტყმებში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში, სიწმიდეში, ცოდნაში, დიდსულოვნებაში, სიკეთეში, წმიდა სულში და უანგარო სიყვარულში, ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, სიმართლის საჭურველით მარჯვენასა და მარცხენაში, დიდებისა და შერცხვენისას, გმობისა და ქებისას, როგორც შემცდარნი, მაგრამ ჭეშმარიტნი, როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი! დასჯილნი, მაგრამ ვერ მოკლულნი; როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი. ჩვენი ბაგე გახსნილია თქვენს მიმართ, კორინთელნო, ჩვენი გული გახსნილია თქვენთვის; თქვენ ვიწროდ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენშია სივიწროვე. ხოლო ამის სამაგიეროდ, გეუბნებით, როგორც შვილებს: ფართოდ გაიხსენით თქვენც. ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა აქვს საერთო სამართლიანობას ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა აქვს საერთო ღმერთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი? ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით“ – ამბობს უფალი. „უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე შეგიწყნარებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი, ყოვლისმპყრობელი.“ როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, ჩემო საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან და ღმერთის მოშიშებით სრულვყოთ ჩვენი სიწმიდე. გვიბოძეთ ადგილი თქვენში! არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია, არავისგან გვიძებნია გამორჩენა. მსჯავრის დასადებად არ ვამბობ. რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან ერთად მოვკვდეთ და თქვენთან ერთად ვიცოცხლოთ. დიდია ჩემი ნდობა თქვენდამი, ბევრს ვიქადი თქვენით. აღვსილი ვარ ნუგეშით, დიდია ჩემი სიხარული, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა. როცა მაკედონიაში მივედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონდა მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ – ბრძოლები, შიგნით – შიში. მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით. არა მარტო მისი მოსვლით, არამედ აგრეთვე ნუგეშით, რომელიც ჰპოვა თქვენთან. მან გვიამბო თქვენს მონდომებაზე, თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე. ამიტომ, თუ კიდეც დაგამწუხრეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კიდეც ვინანე, რადგან ვხედავდი, რომ ამ წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით. ახლა კი ვხარობ არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ დამწუხრდით სინანულისათვის, რადგან დამწუხრდით ღმერთისათვის. ასე რომ, არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან. რადგან წუხილი ღმერთისათვის წარმოშობს სინანულს ხსნისათვის და არ გახდება სანანებელი, ხოლო ამა ქვეყნის წუხილი სიკვდილს წარმოშობს. რადგან აჰა, ღმერთისათვის რომ შეწუხდით, რამდენი რამ წარმოიშვა თქვენში: როგორი მონდომება, როგორი სინანული, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი სიმართლის დამყარებისა, როგორი მოშურნეობა, როგორი საზღაური და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში. ამიტომ, თუ კიდეც მოგწერეთ თქვენ, არც აუგის ჩამდენისათვის და არც აუგის განმცდელისათვის, არამედ, რათა გამოჩნდეს თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი ღმერთის წინაშე. ამიტომ ვართ ნუგეშცემულნი. ხოლო ამ ჩვენ ნუგეშზე უფრო მეტად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რომ ყველა თქვენგანმა დაამშვიდა მისი სული. თუკი რამე დავიქადე თქვენზე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ. მაგრამ, როგორც ჭეშმარიტია ყველაფერი, რასაც გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი ქადილი ტიტეს წინაშე. ძალიან დიდია მისი სიყვარული თქვენს მიმართ, იხსენებს რა ყველა თქვენგანის მორჩილებას და იმას, როგორი მოშიშებით და ძრწოლით მიიღეთ იგი. ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში დაგემყაროთ თქვენ. გაუწყებთ, ძმებო, ღმერთის მადლის შესახებ, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს, რადგან გასაჭირით მათ დიდ გამოცდას დიდი სიხარული ახლავს და დიდ სიღატაკეს გადააჭარბა მათი სიუხვის სიმდიდრემ. ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც გულუხვნი იყვნენ. დიდი დაჟინებით გვთხოვეს უფლება, მადლი და თანაზიარება გაეწიათ წმიდათა მსახურებაში. და გასცეს არა მარტო ის, რასაც მოველოდით, არამედ მათ საკუთარი თავი შესწირეს ჯერ უფალს და მერე ჩვენ, ღმერთის ნებით. ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა თქვენთან ეს მადლის საქმეც. და როგორც სიუხვე გაქვთ ყველაფერში: რწმენაში და სიტყვაში, ცოდნაში და ყოველგვარ სიბეჯითეში და თქვენში ჩვენს სიყვარულში, ასევე იუხვეთ ამ მადლის მიგებაშიც. ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა სიბეჯითის წინაშე გამოჩნდეს თქვენი სიყვარულის სიწრფელეც. რადგან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, მდიდარი, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. ჩემს რჩევას ვიძლევი ამაზე, რადგან სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის აღსრულება, რაც შარშან ხალისით წამოიწყეთ, და ახლა დაასრულოთ ეს საქმე, რათა, რისი გაკეთებაც გულმოდგინედ გსურდათ, დაამთავროთ კიდეც თქვენი შეძლებისამებრ. რადგან, თუ გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს. არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისათვის. ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულებას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულება, რომ თანასწორობა იყოს. როგორც წერია: „ვინც ბევრი შეკრიბა, ზედმეტი არ ჰქონდა, ხოლო ვინც ნაკლები – არაფერი არ აკლდა.“ ხოლო მადლი ღმერთს, რომელმაც ასეთი სიბეჯითე ჩაუდო თქვენს მიმართ ტიტეს გულში. რადგან თუმცა ეს ჩვენი თხოვნა იყო, ის მომეტებული სიბეჯითით და საკუთარი სურვილით წამოვიდა თქვენთან. მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისათვის. გარდა ამისა, ის ხელდასხმულია ეკლესიების მიერ ჩვენს თანამგზავრადაც ამ მადლის გადასაცემად, რასაც ჩვენ ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი გულმოდგინების შესაბამისად. ვფრთხილობთ, არავინ გვისაყვედუროს სიუხვისათვის, ჩვენი მსახურებით რომ იქნა მოპოვებული. რადგან ვცდილობთ სიკეთისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც. გამოვგზავნეთ მათთან ერთად ჩვენი ძმა, რომლის სიბეჯითე მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, ხოლო ახლა კიდევ უფრო ბეჯითია, რადგან დიდი ნდობა აქვს თქვენდამი. ტიტე კი, – ის ჩემი მეგობარი და თანამშრომელია თქვენთან. ხოლო ჩვენი ძმები, – ისინი ეკლესიების წარგზავნილნი და ქრისტეს დიდება არიან. მაშ, აჩვენეთ მათ ნიშანი თქვენი სიყვარულისა და თქვენით ჩვენი ქადილის სიმართლისა ეკლესიათა წინაშე. წმიდათა მსახურებაზე ზედმეტია რომ მოგწეროთ, რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია მომზადებულია შარშანდლიდან და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ. ხოლო ძმები გამოვგზავნე, რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს ჩვენი ქადილი თქვენით ამ საქმეში და მზად იყოთ, რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად და გპოვებენ მოუმზადებელთ, არ შევრცხვეთ ჩვენ, არ ვამბობ, თქვენ-მეთქი, ასე დაჯერებულნი რომ ვართ თქვენში. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და წინასწარ გაემზადებინათ თქვენი დაპირებული ძღვენი, რათა მზად იყოს, როგორც ძღვენი და არა როგორც გამოძალვა. და კიდევ: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც მადლიანად თესავს, მადლიანად მოიმკის. თითოეულმა ისე გაიღოს, როგორც გულით აირჩია: არა მწუხარებითა და ძალდატანებით. რადგან „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.“ ხოლო ღმერთს ძალუძს გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ, ყველაფერში ყოველთვის ყველაფერი საჭიროს მქონენი, მდიდარნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისათვის. როგორც წერია: „გაფანტა, დაურიგა ღარიბებს, მისი სიმართლე რჩება საუკუნოდ.“ ხოლო მთესველისთვის თესლის მიმცემი და პურისა – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს: და ყველაფერში მდიდრები იქნებით ყოველგვარი ხელგაშლილობისათვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღმერთისადმი მადლიერებას გამოიწვევს. რადგან ამ წმიდა საქმის სამსახური არა მარტო ავსებს წმიდათა ხელმოკლეობას, არამედ ამრავლებს კიდეც ღმერთისადმი მრავალთა მადლიერებას. ამ სამსახურში გამოცდის შედეგად განადიდებენ ისინი ღმერთს თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილი აღიარებისათვის და აგრეთვე მათთან და ყველასთან გულწრფელი თანაზიარებისათვის. ისინი ილოცებენ თქვენთვის და შემოგნატრებენ ღმერთის მადლისათვის, რომელიც თქვენში მომეტებულად არის. მადლი ღმერთს მისი გამოუთქმელად დიდი ძღვენისათვის. მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და მოთმინებით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი – კადნიერი, და გევედრებით, რომ ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთების მიმართ, ვისაც ჰგონია, თითქოს ხორცის მიხედვით დავდიოდეთ. რადგან, თუმცა ხორციელად დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. რადგან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთიური ძალაა ციხესიმაგრეთა დასარღვევად. ჩვენ ვარღვევთ დასაბუთებას, და ყოველ მედიდურობას, რომელიც აღმართულია ღმერთის შეცნობის წინააღმდეგ და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს, რათა ქრისტეს დაუმორჩილდეს. და მზად ვართ დავსაჯოთ ყოველგვარი ურჩობა, როცა თქვენი მორჩილება სრული იქნება. შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინაშეა. ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე დაფიქრდეს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ. და თუ უფრო მეტად დავიქადნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა აღსაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები. ამიტომ არ მოგეჩვენოთ, თითქოს გემუქრებოდეთ წერილებით. ამბობენ: მისი წერილები მკაცრი და ძლიერიაო, მაგრამ პირადად შეხვედრისას სუსტია და მისი სიტყვაც უმნიშვნელო. იცოდეს, ვინც ასე ფიქრობს, რომ, როგორიც სიტყვით ვართ წერილებში, როცა მანდ არა ვართ, ისევე მოვიქცევით, როცა მანდ ვიქნებით. რადგან ვერ ვბედავთ დავუპირისპირდეთ ანდა შევედაროთ იმათ, რომელთაც თავი მოაქვთ: ისინი უჭკუობით თავისი თავით ზომავენ და თავის თავთან ადარებენ. ხოლო ჩვენ უზომოდ არ ვიქადნით, არამედ იმ ზომით, რა ხვედრიც ღმერთმა გვიწილადა, რომ თქვენამდეც მოვაღწიოთ. ჩვენს ზღვარს არ გადავდივართ, თითქოს ვერ ვაღწევდეთ თქვენამდე, რადგან ჩვენ პირველებმა მოვაღწიეთ თქვენამდე და მოგიტანეთ ქრისტეს სახარება. უზომოდ კი არ ვიქადით სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდის კვალობაზე უხვად გავამრავლებთ თქვენში ჩვენს წილხვედრ საქმეს. რათა თქვენს იქითაც ვახაროთ და არ ვიქადდეთ იმით, რაც უკვე გამზადებულია სხვათა წილხვედრში. „ვინც იქადის, უფლით იქადდეს.“ რადგან, ის კი არ არის აღიარებული, ვინც თავს იქებს, არამედ ის, ვისაც უფალი აქებს. ნეტავ ოდნავ მაინც შემწყნარებელნი იყოთ ჩემი უგუნურების მიმართ! თუმცა მიწყნარებთ კიდეც. რადგან თქვენს მიმართ საღვთო შურითა ვარ სავსე. რადგან დაგნიშნეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ ქრისტესმიერ სიწრფელესა და სიწმიდეს. რადგან, როცა მოდის ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან იღებთ სხვა სულს, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარებას, რომელიც არ მიგიღიათ, – ხალისით იწყნარებთ ამას. რადგან ვფიქრობ, არაფერში ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს. თუნდაც სიტყვით უმეცარი ვიყო, მაგრამ არა ცოდნით, რაც მთლიანად გაცხადებულია თქვენთვის. ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე თავის დამდაბლებით, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, რადგან უსასყიდლოდ გახარებდით ღმერთის სახარებას? სხვა ეკლესიებს ვართმევდი, ვიღებდი მათგან გასამრჯელოს, რათა თქვენ მოგმსახურებოდით. ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მაკლდა კიდეც, არავინ შემიწუხებია. რადგან ნაკლულებას მივსებდნენ მაკედონიიდან მოსული ძმები და ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით თქვენ, და კვლავაც ვეცდები. ქრისტეს ჭეშმარიტებით, რომელიც ჩემშია, გეუბნებით, რომ ეს სიქადული არ წამერთმევა აქაიის მხარეებში. რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ უწყის! მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენისთანანი აღმოჩნდნენ იმაში, რითაც იქადიან. რადგან ესენი არიან ცრუმოციქულები, მზაკვარი მუშაკები, რომლებსაც ქრისტეს მოციქულებად მოაქვთ თავი. და არ არის ეს საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ დიდი რამ არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება. კვლავაც ვიტყვი: ნურავინ ჩამთვლის უგუნურად. და თუ არა, როგორც უგუნური ისე მაინც მიმიღეთ, რათა მცირეოდენით მეც დავიქადო. რასაც ვამბობ, უფალში კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით ვიქადი თავდაჯერებულად. რაკი ბევრი იქადის ხორციელად, ამიტომ მეც დავიქადებ. რადგან თქვენ, გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს, ითმენთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გამოგიყენებთ, თუ ვინმე დაგიმოჩილებთ, თუ ვინმე გაყოყოჩდება, თუ ვინმე სახეში გცემთ. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ასეთი საქციელისთვის ძალა არ გვყოფნის. მაგრამ, თუ ვინმე რითიმე დაიქადებს, უგუნურებით ვიტყვი: მეც გავკადნიერდები. ისინი ებრაელები არიან? მეც ვარ! ისრაელის ძენი არიან? მეც ვარ! აბრაამის ნაშიერნი არიან? მეც ვარ! ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად. უფრო მეტად ვარ შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად ვიყავი საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას. ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა. სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის დაღუპვა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი, მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუძმათა შორის, შრომასა და გაჭირვებაში, გამუდმებულ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, გამუდმებულ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში. გარდა ამისა, ყოველდღიური ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. ვინმე დაუძლურდება და მეც არ ვუძლურდები მასთან ერთად? ვინმე დაბრკოლდება და მეც არ ავენთები მასთან ერთად? თუ საჭიროა ქადილი, ჩემი უძლურებით დავიქადებ. ღმერთმა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, კურთხეულმა უკუნითი უკუნისამდე, უწყის, რომ არ ვცრუობ. დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დარაჯობდა დამასკელთა ქალაქს, რათა შევეპყარი. სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით გალავანზე და ხელიდან დავუსხლტი მას. მაშ, მაინც უნდა დავიქადო, თუმცა ამაოა ქადილი. მაშ მივალ უფლის ხილვებთან და გამოცხადებებთან. ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც 14 წლის წინათ, არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულს გარეთ, ღმერთმა იცის, ატაცებულ იქნა მესამე ცამდე. ვიცი ასეთი კაცი, სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, რომ ის ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა შესახებ ლაპარაკი შეუძლებელია ადამიანისათვის. ასეთი კაცით დავიქადნი, ჩემი თავით კი არ დავიქადნი, მხოლოდ ჩემი უძლურებებით. ხოლო თუ მოვისურვებ დავიქადნო, უგუნური არ ვიქნები, რადგან ჭეშმარიტებას ვიტყვი. მაგრამ თავს ვიკავებ, რათა არავინ ჩამთვალოს იმაზე მეტად, რასაც ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს. ხოლო რათა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე. სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განეშორებინა იგი. და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი. უგუნური შევიქენი, თქვენ მაიძულეთ ეს. თქვენ გმართებდათ ჩემი ქება, რადგან არაფრით ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს, თუმცა არარა ვარ. მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით. რა გაკლიათ დანარჩენ ეკლესიებთან შედარებით, გარდა იმისა, რომ მე არ დაგაწექით მძიმე ტვირთად? მაპატიეთ ეს უსამართლობა. აჰა, მე მზად ვარ მესამედ მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, რადგან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას. რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის. ხოლო მე ხალისით გავცემ თავს და გავწირავ ყველაფერს თქვენთვის. თუ მე ასეთი სიყვარული მაქვს თქვენდამი, თქვენ ასე მცირედ უნდა გიყვარდეთ? ამრიგად, მე არ დამიმძიმებიხართ თქვენ. მაგრამ, როგორც მატყუარამ, მზაკვრობით ხომ არ დაგიჭირეთ? ან ხომ არ ვეძიებდი ანგარებას ვინმეს მეშვეობით, რომელიც თქვენთან გამოვგზავნე? მე ვთხოვე ტიტეს და მასთან ერთად გამოვგზავნე ძმა. გამოგიყენათ თქვენ ტიტემ? განა ჩვენ ორივე ერთი სულით არ დავდიოდით? ერთ გზას არ ვადექით? თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ თავი უნდა ვიმართლოთ თქვენთან? ღმერთის წინაშე, ქრისტეში ვლაპარაკობთ ჩვენ და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს აღსაშენებლადაა. რადგან ვშიშობ, რომ, როცა მოვალ, ისეთები არ გპოვოთ თქვენ, როგორიც მე მსურს, და თქვენც არ მპოვოთ ისეთი, როგორიც გსურთ. რომ არ ვპოვო თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, გულზვაობა და შფოთი. რათა, როცა კვლავ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენთან და არ მომიხდეს გლოვა მრავალთა გამო, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს ის უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რომელსაც ჩადიოდნენ. უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. „ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.“ როცა თქვენთან მეორედ ვიყავი, მაშინაც ვამბობდი, და ახლაც წინდაწინ ვეუბნები მათ, ვინც ადრე შესცოდა და ყველა სხვასაც, რომ, როცა კვლავ მოვალ, არავის დავზოგავ. თქვენ ეძებთ იმის მტკიცებას, ლაპარაკობს თუ არა ჩემში ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენთვის, არამედ ძლიერია თქვენში. რადგან, თუმცა უძლურებით იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღმერთის ძალით. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღმერთის ძალით თქვენთვის. საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ ასეა, მაშ გამოცდას ვერ უძლებთ. ჩვენზე კი, ვიმედოვნებ, გაიგებთ, რომ არა ვართ გამოუცდელნი. ვლოცულობთ ღმერთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისათვის, რომ ჩვენ თვითონ გამოვჩნდეთ გამოცდა გამოვლილები, არამედ რათა თქვენ აკეთებდეთ სიკეთეს, გინდაც ჩვენ ხელმოცარულნი გამოვჩნდეთ. რადგან უძლურნი ვართ ჭეშმარიტების წინააღმდეგ და ძლიერნი ჭეშმარიტებისათვის. რადგან ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. ამისთვის ვლოცულობთ კიდეც, თქვენი სრულყოფისთვის. ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ხელმწიფებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად. დაბოლოს, ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, მშვიდობიანნი, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ყველა წმიდა. მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღმერთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს თქვენ ყველასთან. ამინ. პავლე, მოციქული არა კაცთაგან, არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესი და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი, და ჩემთან მყოფი ყველა ძმა – გალატიის ეკლესიებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან, რომელმაც თავისი თავი გასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ამ ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღმერთის ნებით, რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ მისაგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით, სხვა სახარებაზე. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ, ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რაც ჩვენ გახარეთ, შეჩვენებულ იყოს. როგორც წინასწარაც ვთქვი, ახლაც კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს. ადამიანებს ვაწონებ თავს თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ისევ ადამიანებისთვის თავის მოწონებას რომ ვცდილობდე, ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი. ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, არ არის კაცისმიერი. რადგან არ მიმიღია და არ მისწავლია მე იგი კაცისაგან, არამედ მივიღე იესო ქრისტეს გამოცხადებით. რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი ქცევა იუდაიზმში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას და ვარბევდი მას. და იუდაიზმის მიმდევრობაში მრავალ ჩემს თანატოლს აღვემატებოდი ჩემს მოდგმაში, რადგან ჩემი მამების გადმოცემების უდიდესი მოშურნე ვიყავი. ხოლო როცა ესათნოვა ღმერთს, რომელმაც გამომარჩია დედის მუცლიდანვე და მომიწოდა თავისი მადლით, გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, როდი დავეთათბირე მაშინ ხორცსა და სისხლს, და არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და იქიდან კვლავ დამასკოში დავბრუნდი. შემდეგ, სამი წლის მერე, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და 15 დღე დავყავი მასთან. სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა. ხოლო ის, რასაც თქვენ გწერთ, მართალია, და არ ვცრუობ ღმერთის წინაშე. ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში. იუდეაში კი ქრისტეს ეკლესიებისათვის პირადად არ ვიყავი ცნობილი. მხოლოდ ის გაეგონათ, რომ: კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა ახარებსო იმ სარწმუნოებას, რომელსაც წინათ ებრძოდა; და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო. 14 წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში ბარნაბასთან ერთად და ტიტეც თან წავიყვანე. გამოცხადებით ავედი იქ და წარვუდგინე მათ ცალკე, წარჩინებულებს შორის შეხვედრაზე, სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებთან – ამაოდ ხომ არ ვირჯები ან ვირჯებოდი ადრე. მაგრამ ჩემთან მყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა. ხოლო ცრუძმებისთვის, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში, – რათა დავემონებინეთ, ერთი წუთითაც არ დაგვითმია და არ დავმორჩილებივართ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცული ყოფილიყო თქვენთვის. ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც წარჩინებულად არიან მიჩნეულნი (როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩემთვის სულ ერთია – ღმერთი გარეგნობის მიხედვით არ განსჯის), მათ სხვა არაფერი დაუკისრებიათ ჩემთვის. პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მონდობილი მაქვს ხარება წინადაუცვეთელთათვის ისევე, როგორც პეტრეს წინადაცვეთილთათვის, – რადგან ვინც პეტრეში მოქმედებდა წინადაცვეთილებთან მოციქულობაში, ჩემში მოქმედებდა წარმართებთან მოციქულობაში – და, როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებიან, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას თანაზიარების მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან. ოღონდ შევთანხმდით, რომ უნდა გვხსომებოდა ღატაკები და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი. როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, დავუპირისპირდი მას საჯაროდ, რადგან მცდარად იქცეოდა. რადგან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით. მასთან ერთად ფარისევლობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ. მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: „თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, წარმართებს რაღად აიძულებ, რომ გაიუდეველდნენ?“ ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან; მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, რადგან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება. ხოლო ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი თუ აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახური იქნება? არამც და არამც! რადგან, თუ მე კვლავ აღვადგენ იმას, რაც დავარღვიე, ამით ჩემს თავს დამნაშავედ ვხდი. მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღმერთისათვის ვიცოცხლო. ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. და ახლა, მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღმერთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გასცა ჩემთვის. არ უგულვებელვყოფ ღმერთის მადლს, რადგან, თუ რჯულითაა გამართლება, ამაოდ მომკვდარა ქრისტე. ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგნუსხათ თქვენ, რომელთა თვალწინაც ცხადად აღიბეჭდა იესო ქრისტეს ჯვარცმა? მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? ნუთუ იმდენად უმეცარნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ? ამაოდ იტანჯეთ ამდენი? ნუთუ ამაოდ?! ვინც სულს გინაწილებთ თქვენ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას, თუ რწმენის შესმენით? როცა ერწმუნა ღმერთს აბრაამი, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას. ამიტომ, გაიგეთ, რომ რომლებიც რწმენისგან არიან, აბრაამის შვილები არიან. როცა წერილმა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „და იკურთხება შენით ყველა ერი.“ ამგვარად ისინი, ვინც რწმენისგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან. რადგან ყველა, ვინც რჯულის საქმეთაგან არის, წყევლის ქვეშ იმყოფება, რადგან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც არ დაიცავს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, და არ შეასრულებს მას.“ რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღმერთის წინაშე, ცხადია, „რადგან მართალი რწმენით იცოცხლებს.“ ხოლო რჯული რწმენით არ არის, მაგრამ, ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და ჩვენს ნაცვლად იტვირთა წყევლა, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი, ჩამოკიდებული ძელზე,“ რათა აბრაამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რომ სულის აღთქმა მივიღოთ რწმენით. ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ უკუაგდებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს. ხოლო აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის ნაშიერს. არ თქმულა: „შენს ნაშიერებს“ – როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს ნაშიერს,“ რომელიც არის ქრისტე. ამას კი ვამბობ, რომ ღმერთის მიერ წინასწარ დამტკიცებულ ანდერძს ოთხას 30 წლის შემდეგ მოსული რჯული ისე ვერ დაარღვევს, რომ აღთქმული გაუქმდეს. რადგან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარ იქნებოდა აღთქმით. აბრაამს კი ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა. მაშ, რჯული რაღაა? რჯული დანაშაულთა გამო იქნა მოცემული, ვიდრე მოვიდოდა ნაშიერი, ვისაც ეკუთვნოდა აღთქმა, და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამდგომელის ხელით. ერთის შუამდგომელი კი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია. მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღმერთის აღთქმებს? არამც და არამც! რადგან, მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც ძალუძს სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ნამდვილად წარმოიქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ. მაგრამ წერილმა ყველა მოამწყვდია ცოდვის ქვეშ, რათა აღთქმა იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ მორწმუნეებს. რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, რწმენის გამოჩენის მოლოდინში. ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით. მაგრამ როცა რწმენა უკვე მოვიდა, წარმმართველის ქვეშ აღარ ვიმყოფებით. რადგან თქვენ ყველანი ღმერთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. რადგან, რაკი ყველანი მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეთი შეიმოსენით. აღარ არის არც იუდეველი და არც ბერძენი, აღარ არის არც მონა და არც თავისუფალი, არ არის მამრი, არც მდედრი, რადგან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, ხართ აბრაამის ნაშიერნი და მემკვიდრენი აღთქმით. ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყოვლის პატრონია. არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იმყოფება მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე. ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, დამონებულნი ვყავდით სამყაროს ელემენტარულ სულებს. ხოლო როცა მოვიდა ჟამის სისავსე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც ქალისაგან იშვა და დაემორჩილა რჯულს რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა. და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო!“ ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მაშ მემკვიდრეც ღმერთის მიერ. მაგრამ მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან. ახლა კი, როცა ღმერთი შეიცანით, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა შეგიცნოთ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და საცოდავ წესებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ? დღეებს იცავთ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს. ვშიშობ, ფუჭად ხომ არ მიშრომია თქვენს შორის. იყავით ჩემისთანები, რადგან მეც თქვენისთანა ვარ, ძმებო, ამას გევედრებით. ჩემთვის არაფერი დაგიშავებიათ. იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ თქვენ პირველად, და თქვენ არ შეიძულეთ და არც უგულებელყავით ჩემი განსაცდელი სხეულში, არამედ მიმიღეთ, როგორც ღმერთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო. სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! მაგრამ ვმოწმობ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით. ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით? კეთილად როდი მოშურნეობენ ისინი თქვენთვის, არამედ თქვენი მოწყვეტა სურთ, რომ მათთვის მოშურნეობდეთ. კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას. ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე, მინდა, რომ თქვენთან ყოფნა შემეძლოს და სხვა კილოთი გელაპარაკებოდეთ; რადგან გაოგნებული ვარ თქვენით. მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, რატომ არ უსმენთ რჯულს? რადგან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან და მეორე თავისუფლისაგან. ის, რომელიც მხევლისაგან იყო, ხორციელად იყო შობილი, ხოლო რომელიც თავისუფლისაგან – აღთქმის თანახმად. აქ არის ქარაგმა, რადგან ეს ორი არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, მონობისათვის შობილი, რომელიც არის აგარი. რადგან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, რადგან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა. რადგან დაწერილია: „იხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობათა განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე გათხოვილს.“ და ჩვენ, ძმებო, ისააკის კვალზე აღთქმის შვილები ვართ. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულით შობილს, ასევეა ახლაც. მაგრამ წერილი რას ამბობს? – „განდევნე მხევალი და მისი ძე, რადგან მხევლის ძე ვერ მიიღებს მემკვიდრეობას თავისუფალის ძესთან ერთად.“ ამრიგად, ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არ ვართ, არამედ თავისუფალისა. თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ჩვენ ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს. აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესაგან. და კიდევ ვუმოწმებ ყოველ ადამიანს, რომელიც აპირებს წინადაცვეთას, რომ ის ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს. თქვენ, რომლებიც ცდილობთ რჯულით გაიმართლოთ თავი, განეშორებით ქრისტეს და სწყდებით მადლს. ჩვენ კი სულით, რწმენისაგან, იმედით მოველით სიმართლიანობას. რადგან ქრისტე იესოში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას. კარგად მიდიოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას? ეს მოსაზრება იმისგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდათ. მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს. მჯერა მე თქვენი უფალში, რომ არ იფიქრებთ სხვანაირად, ხოლო თქვენი აღმაშფოთებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს. მე კი, ძმებო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას, რისთვისღა ვიდევნები? მაშინ ჯვრის საცთური მოიხსნებოდა. ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთებელნი. თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ უნდა გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. რადგან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ. აჰა, ვამბობ: მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა ვერ აკეთოთ ის, რაც გსურთ. თუ სულით დადიხართ, რჯულის ქვეშ აღარა ხართ. ხორცის საქმეები აშკარაა. ესენია: გარყვნილება, უწმიდურება, თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, თავკერძოება, უთანხმოებანი, განხეთქილება, შური, ლოთობა, გაუმაძღრობა და ამათი მსგავსი. წინასწარ გეუბნებით, როგორც ადრეც მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, კეთილგანწყობა, სიკეთე, ერთგულება, უშფოთველობა, მოთმინება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი სხეული ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ ვიქნებით ცუდმედიდურები, ერთმანეთის გამღიზიანებლები და ერთმანეთის მიმართ შურიანები. ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით. და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში. ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს. რადგან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და ამ დროს არაფერიც არ არის, ის თავს იტყუებს. ხოლო თვითეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავის თავში და არა სხვაში. რადგან ყველამ თავისი ბარგი უნდა ატაროს. სიტყვაში დამოძღვრილმა ყოველივე სიკეთეს გაუზიაროს დამმოძღვრელს. ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისათვის თესავს, ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისათვის თესავს, სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის ჟამს მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით. ამგვარად, ვიდრე გვაქვს ჟამი, სიკეთე ვაკეთოთ ყველასთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია. ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ ჩემი ხელით. სხეულით თავმოწონების მსურველები გაიძულებენ წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იდევნებოდნენ. რადგან თვით წინადაცვეთილებიც არ იცავენ რჯულს, მაგრამ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი სხეულით დაიქადონ. მე კი, თუ დავიქადნი, მხოლოდ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც ქვეყნიერება ჯვარცმულია ჩემთვის, ხოლო მე ქვეყნიერებისათვის. რადგან ქრისტე იესოში არაფერია არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთლობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. ვინც ამ წესისამებრ მოიქცევა, მშვიდობა და წყალობა მასზე და ღმერთის ისრაელზე. ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმებო! ამინ. პავლე, ღმერთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში: მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა, როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სამყაროს შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვიყოთ მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ, თავისი მადლის დიდების საქებრად, რომლითაც მოგვმადლა თავის საყვარელში. მასში გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლის მეშვეობით, ცოდვების მოტევება მისი მადლის სიმდიდრის თანახმად, რომელიც უხვად მოგვცა ყოველგვარი სიბრძნით და გონებით, რაკი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისი სათნოყოფით, რომელიც წინასწარ განაჩინა მასში ჟამთა აღვსების განსაგებელად, რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც მიწაზეა. მასში ვპოვეთ კიდეც მემკვიდრეობა წინასწარ განწესებულებმა მისი განჩინების თანახმად, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნების გადაწყვეტილებით, რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი. მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდის მიერ, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის წინდია, მისი საკუთრების გამოსასყიდად, მისი დიდების საქებად. ამიტომ მეც, როცა მოვისმინე უფალ იესოში თქვენი რწმენისა და ყველა წმიდის მიმართ თქვენი სიყვარულის შესახებ, არ ვწყვეტ ღმერთისადმი მადლობას თქვენთვის, გიხსენებთ ჩემს ლოცვებში, რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, და განათლდნენ თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის, და რა განუზომელია მისი ძალის მოქმედების სიდიადე ჩვენს მიმართ, ვისაც გვწამს მისი ძალის ძლიერების მოქმედებით, რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი სახელდებულია არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც. და ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხთა ქვეშ და დაუდგინა იგი ყველაფერზე მაღლა ეკლესიას, რომელიც არის მისი სხეული, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეთი. თქვენც მკვდრები იყავით თქვენი დანაშაულებითა და ცოდვებით, რომლებშიც ოდესღაც იარებოდით ქვეყნიერების ამ ჟამისამებრ, ჰაერის ხელმწიფების მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩობის შვილებში რომ მოქმედებს. ჩვენც ყველანი მათში ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და ლტოლვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად, მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად – მადლით ხართ გამოხსნილნი, – და თანააღგვადგინა და ცათა შინა თანადაგვსხა ქრისტე იესოში, რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში. რადგან მადლით ხართ გამოხსნილნი, რწმენის წყალობით, და ეს თქვენი კი არა, ღმერთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიქადოს, რადგან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა მათში ვიაროთ. ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები, რომელთაც წინადაუცვეთლებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ერქვათ წინადაცვეთილები ხორცის წინადაცვეთით, რაც ხელით სრულდებოდა, რომ იმ ჟამს თქვენ ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობისაგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათაგან უცხონი, არ გაგაჩნდათ სასოება და უღვთონი იყავით ამქვეყნად. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით. რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე, გააუქმა მტრობა თავისი სხეულით, მცნებათა რჯული თავისი ბრძანებებიანად, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი ადამიანი, მშვიდობისმყოფელი. და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, მასში მტრობის მოკვდინებით. და მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ, შორებელთ და ასევე მშვიდობა – ახლობელთ, რადგან მის მიერ ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან. ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი, დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი, რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება წმიდა ტაძრად უფალში, რომელზეც თანაშენდებით თქვენც ღმერთის საცხოვრისად სულში. ამიტომ ვარ მე, პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი თქვენთვის, წარმართებისათვის, – თქვენ ხომ ისმინეთ ღმერთის მადლის განმგებლობაზე, რომელიც მომეცა მე თქვენთვის. გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი, რომელიც წინა თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით, – რომ წარმართებიც თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი უნდა იყვნენ ქრისტეში სახარების მეშვეობით, რომლის მსახური გავხდი ღმერთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით. მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი – მეხარებინა წარმართთათვის ქრისტე იესოს მიუწვდომელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განმგებლობა ყოვლის შემქმნელ ღმერთში, რათა ეუწყოს ახლა ეკლესიის მიერ მთავრობათ და ხელმწიფებათ ცათა შინა ღმერთის მრავალგვარი სიბრძნე მარადიული განჩინებით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომელშიც გვაქვს სითამამე და საიმედო მისადგომი მისდამი რწმენის მეშვეობით. ამიტომ გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ ჩემი გასაჭირის გამო თქვენთვის, რომელიც თქვენი დიდებაა. ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე, ვისგანაც სახელდებულია ყოველი სახლეული ცაში და მიწაზე, რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრისამებრ, მისი სულის მიერ შინაგან ადამიანში განსამტკიცებლად, ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენის მეშვეობით თქვენს გულებში, და იყოთ სიყვარულში ფესვგადგმულები და დაფუძნებულები, რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, თუ რა არის სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ცოდნას აღემატებული ქრისტეს სიყვარული, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით. ხოლო მას, ვისაც შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ, ჩვენში მოქმედი ძალისამებრ, მას დიდება ეკლესიაში და ქრისტე იესოში, ყველა თაობის მიმართ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ამგვარად, მე, პატიმარი უფალში, შეგაგონებთ მოიქცეთ ისე, რომ ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა, რომლითაც მოწოდებულნი ხართ, მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულით. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის კავშირში: ერთი სხეული და ერთი სული, როგორც მოწოდებულნი ხართ კიდეც თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში. ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლისღება, ერთი ღმერთი და ყოველთა მამა ყოველთა ზედა, მოქმედი ყოველთა მიერ და მყოფი ყველაში. ხოლო თითოეულ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ. ამიტომ არის ნათქვამი: „ავიდა სიმაღლეზე, დაატყვევა ტყვეობა და უბოძა ნიჭები ადამიანებს.“ ხოლო „ავიდა“ განა არ ნიშნავს იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა? ხოლო ჩასული იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე. და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად, რათა განამზადოს წმიდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღმერთის ძის შეცნობას, სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას, რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყველა ქარი, მოწოდებული ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით, არამედ, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება სიყვარულით და ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე, ვისგანაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის აღსაშენებლად სიყვარულში. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც წარმართები იქცევიან თავიანთი ამაოებაზე მიპყრობილი გონებით, გონებადაბნელებულნი და ღმერთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. ხოლო თქვენ ასე არ შეგიცნიათ ქრისტე, – თუ მართლაც გსმენიათ მისგან და მასში ხართ განსწავლულნი, – რომ იესოშია ჭეშმარიტება. მიტოვებული გაქვთ ძველი ადიმიანის წინანდელი ცხოვრება, გულისთქმებით და ცდუნებებით გახრწნილი, და განახლებულნი ხართ თქვენი გონების სულით, და შეგიმოსიათ ახალი ადამიანი, რომელიც შექმნილია ღმერთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით. ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა თქვენგანმა თავის ახლობელს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, რადგან ერთიმეორის ასონი ვართ. თუ განრისხდებით, ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაში. ნუ მისცემთ ადგილს ეშმაკს. მპარავი ნუღარ მოიპარავს. სჯობს იშრომოს და თავისი ხელით მოიმოქმედოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად. ნურანაირი უშვერი სიტყვა ნუ დაგცდებათ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, რაც საჭიროა აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ. ნუ შეაწუხებთ ღმერთის წმიდა სულს, რომლითაც თქვენ აღბეჭდილნი ხართ გამოსყიდვის დღისათვის. ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად. სიძვა და ყოველგვარი უწმიდურება ან ანგარება არც კი იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. ასევე უგვანი საქციელი, ფუჭსიტყვაობა თუ ლაქლაქი არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი, რადგან ეს იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთაყვანისმცემელია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღმერთის სასუფეველში. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, რადგან ამისათვის ღმერთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ უფრო მეტი, ამხილეთ. რადგან მათგან ფარულად ჩადენილი სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა. ხოლო ყოველი მხილებული ნათლისაგან მჟღავნდება, რადგან ყოველი გამომჟღავნებული ნათელია. ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“ მაშ, ყურადღებით იყავით, როგორ იქცევით – მოიქეცით არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოიყენეთ ჟამი, რადგან ეს დღეები ბოროტია. ამიტომ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის უფლის ნება. ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით ღმერთსა და მამას. დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს მოშიშებით. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. რადგან ქმარი არის ცოლის თავი, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და მისი სხეულის მაცხოვარი. როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც უნდა დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს ყველაფერში. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი, განეწმიდა წყალში განბანით სიტყვით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან კვალი წყლულისა, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. თავისი ცოლის მოყვარულს, თავისი თავი უყვარს. რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, როგორც ქრისტე ეკლესიას. იმიტომ, რომ მისი სხეულის ასონი ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. ამის გამო მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე. ასევე თქვენც, თითოეულს, უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ქმრის მოწიწება ჰქონდეს. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ეს სამართლიანია. „პატივი ეცი შენს მამას და დედას,“ – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – „რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.“ თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და შეგონებით. დაემორჩილეთ, მონებო, თქვენს ხორციელ უფალთ შიშითა და ძრწოლით, წრფელი გულით, როგორც ქრისტეს, არა მოჩვენებით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც მთელი გულით ასრულებენ ღმერთის ნებას და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს. იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს ჩადის, მასვე მიიღებს უფლისაგან, მონა იქნება, თუ თავისუფალი. თქვენ კი, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი გყავთ ცაში და იგი მიკერძოებული არ არის. და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამა სოფლის ბნელეთის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ აიღეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გასძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, და ფეხშემოსილნი მშვიდობის ხარების მზადყოფნით. და ყველაფერ ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმხნევით და ლოცვით ყველა წმიდისათვის, ჩემთვისაც, რათა მომეცეს მე სიტყვა და ჩემი პირით ცხადად ვაუწყო სახარების საიდუმლო, რომლის ბორკილდადებული ელჩიცა ვარ, – რათა გაცხადებით ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს. რომ თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და რას ვაკეთებ, ყოველივეს გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის სარწმუნო მსახური, რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღმერთისაგან და უფალი იესო ქრისტესაგან. მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ. პავლე და ტიმოთე, ქრისტე იესოს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც ფილიპეში იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენს ყოველ გახსენებაზე. ჩემს ყველა ლოცვაში მუდამ სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისათვის, სახარებაში თქვენი თანაზიარებისათვის პირველი დღიდან აქამომდე. დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა აღასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე. სწორედაც რომ მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავარხართ, ჩემს ბორკილებში ყოფნისას, სახარების დაცვისას და განმტკიცებისას, თქვენ ყველანი თანაზიარნი ხართ ჩემს მადლში. რადგან ღმერთია ჩემი მოწმე, როგორ მენატრებით თქვენ ყველანი ქრისტე იესოს სიყვარულით. ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შეცნობასა და ყველაფრის გაგებაში, რათა აირჩიოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და შეუბღალავნი ქრისტეს დღეს, სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ ღმერთის სადიდებლად და საქებრად. ძმებო, მსურს იცოდეთ, რომ ის, რაც მე გადამხდა, უფრო სახარების წარმატებისთვის მოხდა. ისე რომ, ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა მთელი პრეტორიუმისათვის და ყველა დანარჩენთათვის. და გამხნევდა ძმათა უმრავლესობა უფალში ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა სიტყვა. თუმცა ზოგიერთნი შურით და ჯიბრით აკეთებენ ამას, მაგრამ ზოგნი კი კეთილი ზრახვით ქადაგებენ ქრისტეს. ესენი სიყვარულით მოქმედებენ, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დადგენილი. ზოგნი კი შურით ახარებენ ქრისტეს არაწრფელად, რადგან ფიქრობენ ჩემი ბორკილების დამძიმებას. მერედა რა! როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტე – მოსაჩვენებლად თუ ჭეშმარიტებით, მიხარია ეს და კვლავაც გავიხარებ, რადგან ვიცი, რომ ეს მე ხსნამდე მიმიყვანს თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით, თანახმად მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში არ შევრცხვები, არამედ მთელი სიცხადით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით, რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები. მაგრამ თუ ხორციელი ცხოვრება ჩემი საქმის ნაყოფის მომტანია, არ ვიცი, რა ამოვირჩიო. შეჭირვებული ვარ ამ ორი მხრიდან: ძალზე მსურს გავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია, ხორცში დარჩენა კი უფრო თქვენთვის არის საჭირო. და მე დარწმუნებული ვარ, რომ დავრჩები და ვიქნები თქვენ ყველასთან ერთად თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისათვის, რათა ჩემ მიერ კიდევ უფრო გამრავლდეს თქვენი სიქადული ქრისტე იესოში, როცა კვლავ მოვალ თქვენთან. ოღონდ ქრისტეს სახარების ღირსად მოიქეცით, რათა, ან როცა მოვალ და გნახავთ, ან თუ არ ვიქნები თქვენთან, მოვისმინო თქვენზე, რომ დგახართ ერთ სულში და ერთ სამშვინველში იღწვით სახარების რწმენისათვის. ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს: ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა. და ეს ღმერთისაგან არის, რომ ქრისტეს გულისათვის მოგემადლათ თქვენ არა მარტო მისი რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც, ისეთივე ღვაწლით, რომელიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე მოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება, სრულქმენით ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი. არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან ამპარტავნებით, არამედ თავმდაბლად ერთმანეთი საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც. თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, მაგრამ დაიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო, დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმა აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, – მამა ღმერთის სადიდებლად. ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი თქვენთან ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. ღმერთი აამოქმედებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც სათნოებისათვის. ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღმერთის უმანკო შვილები მრუდსა და უკუღმართ თაობაში, რომლის შორისაც ანათებთ ქვეყნიერებაზე, როგორც მნათობნი, სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, ჩემს სასიქადულოდ ქრისტეს დღეს, რომ ფუჭად არ ვისწრაფვოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი. მაგრამ თუ ჩემი სისხლი დაიღვრება მსხვერპლად და ღვთისმსახურებად თქვენი რწმენისათვის, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად. ასევე თქვენც იხარეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად. იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა მეც გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით. რადგან არავინ მყავს მასავით ჩემი თანაზიარი სამშვინველით, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამას შვილი, ისე მემსახურებოდა სახარებისათვის. იმედი მაქვს, რომ გამოგიგზავნით, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე. მჯერა უფალში, რომ თავადაც მალე მოვალ თქვენთან. საჭიროდ მივიჩნიე უკან გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, თქვენი გამოგზავნილი და მსახური ჩემს საჭიროებაში. რადგან ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და შეწუხდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა. რადგან ავად გახდა და სიკვიდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა. ამიტომ ვიჩქარე მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა მისი ხილვით კვლავ გაგეხარათ, და მეც მწუხარე არ ვიყო. მაშ, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივში გყავდეთ მისთანები, რადგან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემს მიმართ თქვენი სამსახურის დანაკლისი. დაბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. თქვენდამი ერთი და იმავეს მოწერა არ მეზარება, თქვენთვის კი გამხნევებაა. ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტ მუშაკებს, ერიდეთ დაცვეთას, რადგან წინადაცვეთილობა ჩვენ ვართ – სულით მსახურნი ღმერთისა და ქრისტე იესოში მოქადულნი და ხორცის არამოიმედენი. თუმცა ხორცის იმედიც მაქვს. თუ სხვა ვინმეს ხორცის იმედი აქვს, მე – მით უმეტეს, წინადაცვეთილი მერვე დღეს, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგან, რჯულით ფარისეველი, შურით მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით, უმწიკვლოდ მყოფი. მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. დიახ, პირიქით, ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, ქრისტე იესოს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც ყველაფერი დავკარგე და ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენის მეშვეობით, რწმენაზე დაფუძნებული ღმერთის სიმართლით, რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, მის სიკვდილთან მსგავსებით, რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან უკვე სრულყოფილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივწვდე, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო. ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მივწვდი. ერთია, რასაც ვიქმ: ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და ველტვი, რაც ჩემს წინ არის. ვილტვი მიზნისაკენ, ღმერთის ზეგარდმო მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში. ამიტომ ჩვენს შორის სრულნი ასე ვაზროვნებთ, და თუ თქვენ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ. ოღონდ, რასაც მივაღწიეთ, უნდა ვიდგეთ იმაზე. იყავით ჩემი მბაძავნი, ძმებო, და უყურეთ მათ, ვინც ამგვარად იქცევა, რის მაგალითადაც ჩვენ გყავართ. რადგან ბევრნი, ვისზეც ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლაც ცრემლიანი გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი მათ სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ. ჩვენი მოქალაქეობა კი ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის თანახატად, იმ ძალისხმევით, რომელიც შეაძლებინებს მას ყოველივე დაიმორჩილოს. ამრიგად, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო, იდექით ასე უფალში, საყვარელნო. ევოდიას მოვუწოდებ და სვინტიქეს მოვუწოდებ, ერთი ფიქრი ჰქონდეთ უფალში. შენც გთხოვ, ერთგულო მეგობარო, დაეხმარო მათ, რომელნიც იღწვოდნენ ჩემთან ერთად სახარებაში, კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია. იხარეთ უფალში მარადის. კიდევ ვიტყვი: იხარეთ! თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის. უფალი ახლოა. არაფერზე იზრუნოთ, არამედ მადლობით ყოველ ლოცვასა და ვედრებაში აუწყეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს. და ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში. დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ. რაც ისწავლეთ და მიიღეთ და მოისმინეთ ჩემგან და რაც დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან. მე კი დიდად გავიხარე უფალში, რომ ბოლოს გააცხოველეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ჟამი არ გიწყობდათ ხელს. გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, რადგან ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაც მაქვს. ვიცი გაჭირვება და ვიცი სიუხვე, შეჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში. ხოლო თქვენ კარგად მოიქეცით, ჩემი გასაჭირი რომ გაიზიარეთ. თქვენც ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დაწყებისას, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ გაიზიარა ჩემთან მიღება და გაცემა, თქვენს გარდა. თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ, არა იმიტომ, რომ ძღვენს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება. მივიღე ყოველივე და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტესაგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამური მსხვერპლი, ღმერთის სასურველი. ჩემი ღმერთი კი დააკმაყოფილებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიმდიდრისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში. ღმერთს და ჩვენს მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოს სახელით. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები. მოგიკითხავთ ყველა წმიდა და განსაკუთრებით კეისრის სახლიდან. უფალი იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან! ამინ. პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის ნებით, და ძმა ტიმოთე, კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მამას მუდამ, როცა თქვენთვის ვლოცულობთ, რომ გვესმის თქვენი რწმენის შესახებ ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყოველი წმიდის მიმართ, ზეცაში თქვენთვის გამზადებული სასოებით, რომელიც უკვე გესმათ სახარების ჭეშმარიტ სიტყვაში, რომელიც მოვიდა თქვენთან ისევე, როგორც მთელ ქვეყნიერებაზე, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება ისევე, როგორც თქვენს შორისაც, იმ დღიდან მოკიდებული, როდასაც თქვენ ისმინეთ და შეიცანით ღმერთის მადლი ჭეშმარიტებაში, როგორც ისწავლეთ ჩვენი საყვარელი თანამსახურის, ეპაფრასისაგან, რომელიც არის ქრისტეს სარწმუნო მსახური თქვენთვის, მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულში. ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით ყოველ სიბრძნეში და სულიერ წვდომაში, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღმერთის შეცნობაში ზრდით, მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელებაში. სიხარულით ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის ნაწილის ღირსი გაგვხადა ნათელში, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება, ვინც არის უხილავი ღმერთის ხატი, პირმშო ყოველი ქმნილებისა, რადგან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცათა შინა და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. იგი არის ყოვლის უწინარეს და ყოველივე მისით დგას. ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში იყოს პირველი. რადგან მასში ინება მთელმა სისავსემ დამკვიდრება, რათა მის მიერ შემოერიგებინა ყოველი, მშვიდობა დაემყარინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცათა შინა. და თქვენც, რომელნიც ოდესღაც გონებით გაუცხოებულნი და მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეებით, ახლა შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში თავისი სიკვდილით, რათა დაგაყენოთ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე. ოღონდ უნდა დარჩეთ რწმენაში მტკიცენი და შეურყეველნი და არ გადაუხვიოთ სახარების სასოებას, რომელიც ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში, რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე. ახლა ვხარობ, რომ ვიტანჯები თქვენს გამო და გასაჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარ ხორცში მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია, რომლის მსახურიც მე გავხდი ღვთაებრივი განგების მიხედვით, რომელიც მომენიჭა თქვენთვის, – ღმერთის სიტყვის აღსასრულებლად, საიდუმლოსი, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებში და თაობებში და ახლა გაემხილა მის წმიდებს, ვისთვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ყველა ერისათვის, – ეს არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება, რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა დავარიგოთ და განვსწავლოთ ყოველი ადამიანი ყოველ სიბრძნეში, რათა ყოველი კაცი სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში. ამისთვის ვშრომობ და ვიღწვი მე მისი მოქმედებით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში. მინდა იცოდეთ, როგორ ვიბრძვი თქვენთვის, ლაოდიკელებისთვის და ყველასთვის, ვისაც ხორციელად არ უხილავს ჩემი სახე, ვიბრძვი იმისთვის, რომ ინუგეშონ მათმა გულებმა, რომლებიც შეერთებულნი არიან სიყვარულში, რათა მოიხვეჭონ სრული გაგების სიმდიდრე ღმერთის, ქრისტეს საიდუმლოს შესაცნობად, რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ მოჩვენებითი სიტყვებით. რადგან, თუმცა ხორციელად შორს ვარ, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს მოწესრიგებულობას და თქვენს სიმყარეს ქრისტე რწმენაში. ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო, უფალი, ასევე იარეთ მასში, ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც განისწავლეთ, და მადლიერებით აღვსილებმა. გაფრთხილდით, არავინ დაგატყვევთოთ სიბრძნისმოყვარეობითა და უაზრო ტყუილებით, ადამიანთა გადმოცემის მიხედვით, ამქვეყნიურ სტიქიათა და არა ქრისტეს მიხედვით. რადგან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე. და თქვენ გაქვთ სავსება მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია. მასში წინადაიცვითეთ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით, ქრისტეს წინადაცვეთით. ნათლისღებით მასთან ერთად დამარხულები, მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის მოქმედების რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით. და თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად. მან მოგვიტევა ყველა შეცოდება. წაშალა ჩვენი ვალების ხელწერილი, რომელიც თავისი დებულებებით ჩვენს წინააღმდეგ იყო, გაანადგურა იგი და ჯვარს მიამსჭვალა. განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საყოველთაოდ გამოააშკარავა ისინი და იზეიმა გამარჯვება მათზე, როგორც ტყვეებზე. ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის, ანდა ახალმთვარობათა და შაბათთათვის. ესენი მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი ქრისტეს სხეულია. ნურავინ დააკნინებს თქვენს გამარჯვებას მოჩვენებითი თავმდაბლობით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნობს თავისი ხორციელი გონებით. და არ უკავშირდება თავს, რომლისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული, იზრდება ღმერთისმიერი ზრდით. თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით ამ ქვეყნიერების სტიქიათათვის, ამა ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად რაღად მორჩილებთ მათ: – „ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები?“ ეს ყველაფერი იხრწნება ხმარებისაგან და კაცთა მცნებებისა და მოძღვრების შესაბამისია. ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სიბრძნეს ცრუთაყვანისცემით, თვითდაკნინებით და სხეულის დათრგუნვით. მას არავითარი ღირებულება არა აქვს და ხორცის წაქეზებაა მხოლოდ. ამგვარად, თუ თქვენ აღმდგარი ხართ ქრისტესთან ერთად, ეძიეთ, რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ. იფიქრეთ იმაზე, არის რაც მაღლა, და არა მიწიერზე. რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებაში. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა, რომელთა გამოც ღმერთის რისხვა მოდის ურჩობის შვილებზე, რომელთა შორისაც თქვენც დადიოდით, როცა მათ შორის ცხოვრობდით. ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენს ბაგეთა ბილწსიტყვაობა. ნუ ეტყვით სიცრუეს ერთმანეთს, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც მუდმივად განახლდება სრული შემეცნებით თავისი შემოქმედის ხატის შესაბამისად, აქ აღარ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში. ამგვარად, როგორც ღმერთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სიკეთე, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება. შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე მიუტევეთ თქვენც. ყოველივე ამასთან ერთად შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც სრულქმნილების ერთობლიობაა. და სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისაკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი. ქრისტეს სიტყვა უხვად დაემკვიდროს თქვენში. ყოველი სიბრძნით დაარიგეთ ერთმანეთი ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო საგალობლებით უგალობეთ მადლიერებით ღმერთს თქვენს გულებში. და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მადლობა შესწირეთ მამა ღმერთს მის მიერ. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც ეს შესაფერია უფალში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ გამწარდებით მათ მიმართ. შვილებო, დაექვემდებარეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგან ასეა მოსაწონი უფლისათვის. მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ დაკარგონ. მონებო, ყველაფერში დაექვემდებარეთ თქვენს ხორციელ ბატონებს არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც უფლის მოშიშებმა. ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის. იცოდეთ, რომ მიიღებთ უფლისაგან მემკვიდრეობას საზღაურად. ემსახურეთ უფალ ქრისტეს. უსამართლო კი მიიღებს საზღაურს უსამართლობისათვის, და არ იქნება მიკერძოება. ბატონებო, მოექეცით მონებს სამართლიანად და სწორად, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში. იბეჯითეთ ლოცვაში და იფხიზლეთ მასში მადლიერებით. ილოცეთ ასევე ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს სიტყვის კარი, რათა ვაუწყოთ საიდუმლო ქრისტესი, რისთვისაც ვატარებ ბორკილებს, რათა გავაცხადო იგი, როგორც მე მმართებს, რომ ვაუწყო. სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოიყენეთ ყოველი წამი. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლით იყოს სავსე, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ. ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამონა უფალში, რომელიც იმისთვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, ონისიმესთან ერთად, სარწმუნო და საყვარელ ძმასთან, რომელიც თქვენიანია. ისინი გიამბობენ ყველა აქაურ ამბავს. მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემი თანატყვე და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთ! ასევე იესო, რომელსაც იუსტოსს ეძახიან, წინადაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი თანამოქმედნი ღმერთის სასუფევლისათვის, ისინი ნუგეშად მექცნენ მე. მოკითხვას გითვლით ეპაფრასი, ისიც თქვენიანი, ქრისტე იესოს მსახური, რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა იდგეთ სრულნი და აღვსებულნი ღმერთის ყოველი ნებით. მე ვმოწმობ, რომ მას დიდი ამაგი აქვს თქვენზე და ლაოდიკელებზე და იერაპოლისელებზე. მოგიკითხავენ საყვარელი მკურნალი ლუკა და დემა. მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, ნიმფა და მისი საშინაო ეკლესია. როცა ამ წერილს წაგიკითხავენ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკედან არის მოსული, თქვენც წაიკითხეთ. ასე უთხარით არქიპოსს: ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე. მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან. ამინ. პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა. მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისათვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ ვიხსენებთ რა ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და იმედიან მოთმინებას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ. ვიცით თქვენი რჩეულება, ძმებო, რომლებიც ღმერთმა შეგიყვარათ. რადგან ჩვენი სახარება თქვენს მიმართ იყო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და მრავალი მოწმობით და თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის. თქვენ გახდით მბაძავნი ჩვენი და უფლისა, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით; ისე რომ, თქვენ გახდით სახე ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში. რადგან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყოველ ადგილს მისწვდა თქვენი რწმენა ღმერთისადმი. ისე რომ, არაფერი გვრჩება სათქმელი. რადგან ისინი თვითონ ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ მოიქეცით კერპებისაგან ღმერთისაკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს, და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა, იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ. თქვენ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო. მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და შეურაცხყოფილებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გაგვეცხადებინა ღმერთის სახარება დიდი ბრძოლით. რადგან ჩვენი ქადაგება არ მომდინარეობს არც შეცდომებიდან, არც უწმიდურებიდან, არც ცბიერებიდან. არამედ ვლაპარაკობთ, როგორც ღმერთისაგან გამოცდილები, რომელთაც მოგვენდო სახარება; და ჩვენ ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს. რადგან, როგორც იცით, არასოდეს გვითქვამს პირმოთნე სიტყვა და არც ანგარებიანი ზრახვა გვქონია, ღმერთია მოწამე. არ ვეძებთ დიდებას არც ადამიანთაგან, არც თქვენგან, არც სხვებისაგან. თუმცა შეგვეძლო მომთხოვნები ვყოფილიყავით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ გულკეთილად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავის ბალღებზე რომ ზრუნავს. ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალეებს, გვსურდა გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღმერთის სახარება, არამედ ჩვენი სულებიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღე და ღამე ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ასე ვქადაგებდით თქვენს შორის ღმერთის სახარებას. მოწმენი ხართ თქვენც და ღმერთიც, რა წრფელად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენი, მორწმუნეების, მიმართ. რადგან იცით, რომ როგორც მამა თავის შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. განუგეშებდით და გამხნევებდით და მოვითხოვდით, რომ გევლოთ ღმერთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავის სასუფეველსა და დიდებაში. ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღმერთის სიტყვა, შეიწყნარეთ იგი არა როგორც ადამიანთა სიტყვა, არამედ როგორც ღმერთის სიტყვა, როგორც ის ჭეშმარიტად არის, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნეებში. რადგან თქვენ გახდით, ძმებო, იუდეაში მყოფი ღმერთის ეკლესიების მბაძავნი ქრისტე იესოში, რადგან თქვენც იტანჯეთ თქვენს თვისტომთაგან ისევე, როგორც მათ – იუდეველთაგან, რომელთაც მოკლეს უფალი იესო და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან, გვაბრკოლებენ, რომ წარმართებთან ვილაპარაკოთ, რათა ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს. მაგრამ დაატყდებათ მათ რისხვა საბოლოოდ. ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი სახის ხილვას. ამიტომ გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა. რადგან ვინ არის ჩვენი სასოება, ან ჩვენი სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესოს წინაშე, მისი მოსვლისას? რადგან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული. ამიტომ, რაკი ვეღარ მოვითმინეთ უთქვენობა, ვარჩიეთ ათენში მარტო დარჩენა და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღმერთის მსახური ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში, რათა არავინ შერყეულიყო ამ გასაჭირში, რადგან, თქვენც იცით, რომ საამისოდ ვართ დადგენილნი. როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, წინასწარ გეუბნებოდით, რომ ჭირი მოგველოდა, რაც ახდა კიდეც და იცით. ამიტომ ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ის თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ განსაცდელში შეგიყვანათ გამომცდელმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა. ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან დაბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, როგორც ჩვენ – თქვენი, ვინუგეშეთ თავი თქვენით, ძმებო, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენით. რადგან ახლა ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში. როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღმერთის წინაშე, ღამით და დღისით მხურვალედ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ ის, რაც აკლია თქვენს რწმენას. დაე თავად ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ. უფალმა გაზარდოს და გაამრავლოს თქვენი სიყვარული ერთმანეთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ გვიყვარხართ თქვენ, რათა განმტკიცდეს თქვენი გული უმწიკვლოდ სიწმიდეში ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას ყველა თავის წმიდასთან ერთად. და ბოლოს, ძმებო, გთხოვთ და გევედრებით უფალ იესოში, რომ, როგორც ჩვენგან ისწავლეთ, როგორ უნდა იაროთ ღმერთის საამებლად, და როგორც დადიხართ კიდეც, ეს კიდევ უფრო გააძლიეროთ. რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალი იესოსგან, რადგან ღმერთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ გარყვნილებას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და ღირსებით, და არა ვნებათა ღელვით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. რათა არავინ არ გამოიყენოს ბოროტად და არ მოატყუოს საქმეში თავისი ძმა, რადგან შურისმგებელია უფალი ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ. რადგან ღმერთმა უწმიდურებისაკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ სიწმიდისაკენ. ამის უარმყოფელი ადამიანს კი არ უარყოფს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის წმიდა სულს. არ გჭირდებათ, რომ ძმათმოყვარეობაზე მოგწეროთ, რადგან ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში. რადგან ასე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში. მაგრამ გევედრებით, ძმებო, კიდევ უფრო მეტი გააკეთოთ. და გულმოდგინედ ეცადეთ იყოთ მშვიდნი, აკეთოთ თქვენი საქმე და საკუთარი ხელით იმუშაოთ, როგორც ჩვენ გამცნეთ, რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეებთან და არავისი არაფერი დაგჭირდეთ. არ გვსურს უცოდინარნი დარჩეთ, ძმებო, განსვენებულთა შესახებ, რათა არ მწუხარებდეთ სხვებივით, რომელთაც არა აქვთ სასოება. რადგან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღსდგა, ასევე განსვენებულებსაც ღმერთი იესოს მეშვეობით მოიყვანს მასთან ერთად. ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც ცოცხლები დავრჩით უფლის მოსვლამდე, არ დავასწრებთ განსვენებულებს, რადგან თვით უფალი გადმოვა ციდან ბრძანებაზე, მთავარანგელოზის ხმაზე და ღმერთის საყვირზე, და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, მერე კი ჩვენ, ცოცხლები, ვინც დავრჩით, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად სამარადისოდ უფალთან ვიქნებით. ამიტომ გაამხნევეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით. ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო, რადგან თქვენ თავადაც კარგად იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით. როდესაც იტყვიან: „მშვიდობა და უსაფრთხოება,“ მაშინ მოულოდნელად მოაწევს მათზე განადგურება, როგორც ფეხმძიმეზე მშობიარობის ტკივილები, და ვერ გაექცევიან. მაგრამ, თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ ეს დღე მპარავივით დაგატყდეთ თავს. რადგან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არა ვართ ჩვენ ღამისანი, არც ბნელისანი. მაშ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ ვიღვიძოთ და ვიფხიზლოთ. რადგან მძინარეებს ღამით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან. მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის სასოების მუზარადით, რადგან ღმერთმა რისხვისათვის კი არ დაგვადგინა, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ. ამიტომ გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც აკეთებთ კიდეც. გთხოვთ, ძმებო, პატივი ეცით თქვენს შორის მშრომელთ და თქვენს წინამძღოლებს უფალში და თქვენს დამრიგებლებს. უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი მათი საქმის გამო. მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთთან. შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, გაამხნევეთ სულმოკლენი, შეეწიეთ უძლურთ, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ. გაფრთხილდით, არ მიაგოთ ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას. მუდამ ხარობდეთ, განუწყვეტლივ ილოცეთ, ყველაფერში მადლიერნი იყავით, რადგან ეს არის თქვენს მიმართ ღმერთის ნება ქრისტე იესოში. სულს ნუ ჩააქრობთ, წინასწარმეტყველებებს ნუ შეურაცხჰყოფთ; ყველაფერი გამოსცადეთ, კარგი შეინარჩუნეთ, ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას. და თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მრთელად და თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნას უმწიკვლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოსვლისათვის. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას. ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის. მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით. გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა წმიდა ძმას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ. პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. მუდამ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენს გამო, ძმებო, – რადგან ეს სწორია, – იმისთვის, რომ უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ამიტომ ვიქადით თქვენით ღმერთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც ითმენთ. ეს არის ღმერთის მართალი მსჯავრის ნიშნები, რომ ღირსნი იქნებით ღმერთის სასუფევლისა, რისთვისაც ეხლა იტანჯებით. რაკი სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, თქვენ კი, შეჭირვებულებს – შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებით და ცეცხლის ალით, და იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალი იესოს სახარებას, ისინი სასჯელად მიიღებენ მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისაგან, როდესაც მოვა ის, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და საკვირველად გამოჩნდეს ყველა მორწმუნეში იმ დღეს; რადგან თქვენ იწამეთ ჩვენი მოწმობა. ამიტომ ვლოცულობ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მისი მოწოდების ღირსნი და სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე თავისი ძალით. რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ კი მასში, ჩვენი ღმერთისა და უფალი იესო ქრისტეს მადლით. ხოლო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლასა და მასთან ჩვენს შეკრებასთან დაკავშირებით, ძმებო, გთხოვთ, იოლად ნუ შეიძვრება თქვენი გონება და ნუ შეშფოთდებით ნურც სულით, ნურც სიტყვით და ნურც თითქოს ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგა უფლის დღე. ნურავინ ნუ გაცდუნებთ, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და თაყვანსაცემად. ისე რომ, ღმერთის ტაძარშიც კი დაჯდება და თავს ღმერთად გამოაცხადებს. არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა კი იცით, რა აკავებს მას, რომ გამოჩნდეს თავის ჟამს. რადგან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა მას შემკავებელი აკავებს, სანამ არ იქნება ის გაყვანილი. მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და თავისი მოსვლის გაცხადებისას განაქარვებს მას, რომლის მოსვლა იქნება სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ძალით, ცრუ ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცთურით დაღუპვის გზაზე მყოფთათვის იმის გამო, რომ მათ არ შეითვისეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის უგზავნის მათ ღმერთი მაცდუნებელ ქმედებას, რომ ირწმუნონ სიცრუე, რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა. ხოლო ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენი გულისათვის, ძმებო, უფლის საყვარელნო, რომ ღმერთმა უწინარესად ამოგირჩიათ გადასარჩენად სულის მიერ განწმედით და ჭეშმარიტების რწმენით, რისთვისაც მოგიწოდათ მან ჩვენი სახარებით, რათა მოიპოვოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდება. ამრიგად, ძმებო, მტკიცედ იდექით და მტკიცედ გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა საუკუნო ნუგეში და კეთილი იმედი მადლით, ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში. და ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და იდიდოს ისე, როგორც თქვენს შორის არის ეს, და რომ გადავრჩეთ უწესო და ბოროტი ადამიანებისაგან, რადგან ყველაში არ არის რწმენა. სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ თქვენ და დაგიცავთ ბოროტისაგან. ჩვენ კი გვჯერა თქვენი უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რასაც გამცნებთ. უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღმერთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისაკენ. ჩვენ კი გამცნობთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც იქცევა ურიგოდ და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეს. რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, რადგან ურიგოდ არ ვიქცეოდით თქვენს შორის. მუქთად არავისი პური გვიჭამია, არამედ დღისით და ღამით შრომაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით. არა იმიტომ, რომ არა გვაქვს ხელმწიფება, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ სახედ მოგვეცა თქვენთვის. რადგან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნობდით: ვისაც შრომა არ სურს, ის ნურც ჭამს, რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენს შორის ურიგოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად დაფარფატებს. ასეთებს ვამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მათ დინჯი შრომით ჭამონ თავიანთი პური. თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ წერილით მოწერილ ჩვენს სიტყვებს, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ. ხოლო თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს თქვენთან ყველასთან. მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით – ეს არის ჩემი ნიშანი ყოველ წერილში. მე ასე ვწერ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ. პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ჩვენი მხსნელი ღმერთისა და ჩვენი იმედის, ქრისტე იესოს ბრძანებით. ტიმოთეს, ჩემს ერთგულ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. როდესაც მე მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვე, რომ დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ ნუ ასწავლიან განსხვავებულს და ნუ ერთობიან ზღაპრებითა და დაუსრულებელი საგვარტომო ნუსხებით, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიური განგების შემეცნებას რწმენით. ხოლო ხარების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით, რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ფუჭსიტყვაობისაკენ; მათ სურთ რჯულის მოძღვარნი იყვნენ, არ კი გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კარგი, თუ ვინმე ჯეროვნად იყენებს მას. ცნობილია, რომ რჯული მართალთათვის კი არ არის დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და უწმიდურთა, მამის და დედის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის, მეძავთა და მამათმავალთა, ადამიანების გამტაცებელთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და სხვათათვის, ვინც ეწინააღმდეგება საღ მოძღვრებას, თანახმად კურთხეული ღმერთის დიდების სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი. ვმადლობ მას, ვინც მომცა ძალა – ჩვენმა უფალმა ქრისტე იესომ, რომელმაც სარწმუნოდ შემრაცხა და განმაწესა მსახურებად, მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და მოძალადე ვიყავი, შემიწყალა, რადგან ასე ვიქცეოდი უმეცრებისა და ურწმუნოების გამო. და უფრო მეტად გამრავლდა ჩემში ჩვენი უფლის მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში. სარწმუნოა და მთლიანად შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოევლინა ქვეყნიერებას ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ. სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ ჩემში იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა მთელი თავისი სულგრძელება სამაგალითოდ მათთვის, ვინც ირწმუნებს მას საუკუნო სიცოცხლისათვის. ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კარგმა მეომარმა, გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი. მათგან არიან ჰიმენეოსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ გმობდნენ. შეგაგონებ, რომ უწინარეს ყოვლისა აღასრულო ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლობანი ყოველი ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრულ ღვთისმოსაობასა და პატიოსნებაში, ეს კეთილია და სათნოა ჩვენი მაცხოვრის, ღმერთის წინაშე, რომელსაც სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მისწვდეს ჭეშმარიტების შემეცნებას. რადგან ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და ადამიანთა შორის – ადამიანი ქრისტე იესო, რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსასყიდად, ეს იყო მოწმობა, რომელიც განხორციელდა თავის დროზე, რისთვისაც მე დადგენილი ვარ მქადაგებლად და მოციქულად – ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ, – წარმართთა მოძღვრად რწმენასა და ჭეშმარიტებაში. ამგვარად, ჩემი სურვილია, რომ ყველა ადგილას ლოცულობდნენ კაცები, წმიდა ხელების აპყრობით, რისხვისა და კამათის გარეშე. ასევე ქალებმაც თავი შეიმკონ უბრალო სამოსითა და წესიერებით, და არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა არჩიეს. ქალი უნდა სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით. ქალს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ მდუმარედ იყოს. რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. და ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და ცოდვაში ჩავარდა. თუმცა გადარჩება შვილიერებით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში წესიერებით. სარწმუნოა ეს სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს. ეპისკოპოსი უნდა იყოს შეუბღალავი, ერთი ცოლის ქმარი, თავშეკავებული, გონიერი, მოწესრიგებული, სტუმართმოყვარე, მასწავლებელი, არ იყოს ლოთი, მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, მშვიდობიანი, არ იყოს ვერცხლის მოყვარე, თავისი სახლის კეთილად განმგებელი, შვილები მორჩილებაში ჰყავდეს სრული ღირსებით. რადგან თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღმერთის ეკლესიაზე? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ ჩავარდეს. მართებს კარგი მოწმობა ჰქონდეს გარეშეთა შორის, რათა გაკიცხვა არ დაიმსახუროს და ეშმაკის მახეში არ გაებას. დიაკვნებიც ასევე პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარებიანნი, რწმენის საიდუმლოების წმიდა სინდისით შემნახველნი. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და მერე, თუ შეუბღალავი აღმოჩნდებიან, იდიაკვნონ. მათი ცოლებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში სარწმუნონი. დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და საკუთარი სახლის კარგი განმგებელი. რადგან კეთილად მომსახურენი იმზადებენ კეთილ პატივს და დიდ სიმხნევეს ქრისტე იესოს რწმენაში. ამას გწერ შენ იმედით, რომ მალე მოვალ შენთან, მაგრამ თუ დამაგვიანდა, რომ იცოდე, როგორ მოიქცე ღმერთის სახლში, რომელიც არის ცოცხალი ღმერთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორციელად, გამართლდა სულში, ეჩვენა ანგელოზებს, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, მიღებულ იქნა სამყაროში რწმენით და ამაღლდა დიდებით. ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია, რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და მოითხოვენ თავშეკავებას საკვებისაგან, რომელიც ღმერთმა შექმნა, რათა მადლობით მიიღონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა. რადგან ღმერთის ყოველი ქმნილება კარგია და არაფერია უარსაყოფი, არამედ მადლიერებით მისაღები, რადგან იწმიდება ღმერთის სიტყვით და ლოცვით. თუ ამას შთააგონებ ძმებს, ქრისტე იესოს კეთილი მსახური იქნები, გამოზრდილი რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი მოძღვრებით, რომელსაც შეუდექი. უკეთურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვრთენი. რადგან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც. ეს სიტყვა სარწმუნოა და ღირსია სრული შეწყნარებისა. რადგან იმისათვის ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც მხსნელია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა. ეს ამცნე და ასწავლე. ნურავინ დაგამცირებს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, რწმენით, სიწმიდით. ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, ნუგეშისცემას და სწავლებას. ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით, უხუცესთა ხელდასხმით. ამაზე იზრუნე და ამაში იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება. გაუფრთხილდი თავს და მოძღვრებას. ამას უერთგულე, რადგან ასე მოქცევით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც. ნუ გაკიცხავ მოხუცებულს, არამედ დაარიგე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი – როგორც ძმები, ხნიერი ქალები – როგორც დედები, ყმაწვილქალები – როგორც დები, მთელი სიწმიდით. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან. ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, მათ ჯერ თავიანთ ოჯახში უნდა ისწავლონ ღვთისმოსაობა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, რადგან ეს კარგია და მოსაწონია ღმერთის წინაშე. ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს. განცხრომის მაძიებელი კი ცოცხლად მკვდარია. ეს ამცნე, რათა შეუბღალავნი იყვნენ. ხოლო ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია. ქვრივად უნდა შეირაცხოს 60 წელს გადაშორებული, ერთი ქმრის ნაცოლარი, ცნობილი კარგი საქმეებით, თუ გამოუზრდია შვილები, თუ უმასპინძლია უცხოთათვის, თუ უბანია ფეხები წმიდათათვის, თუ დახმარებია გაჭირვებულებს, მიჰყოლია ყოველ კეთილ საქმეს. ახალგაზრდა ქვრივებს კი მოერიდე, რადგან ხშირად ისინი ვნებებით აღძრულნი შორდებიან ქრისტეს და გათხოვების სურვილი უჩნდებათ. მაშინ ისინი სასჯელის თანამდებნი არიან, რადგან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა. ამას გარდა, ეჩვევიან უსაქმურად კარდაკარ სიარულს, და არა მარტო უსაქმურნი არიან, არამედ ჭორიკნებიც და ცნობისმოყვარენიც და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ მართებთ. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და არ მისცენ მტრებს გაკიცხვის საბაბი. რადგან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა. თუ რომელიმე მორწმუნე ქალს ჰყავს ქვრივი ნათესავები, არჩინოს ისინი და ტვირთად ნუ დააკისრებს ეკლესიას, რათა ეკლესიამ შეძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა. ხუცესნი, რომლებიც კარგი წინამძღოლები არიან, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, უფრო კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით. რადგან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა.“ ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე. შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში. ღმერთისა და უფალი ქრისტე იესოს და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, პირუთვნელად დაიცვა ეს და არაფერი გააკეთო მიკერძოებით. არავის დაადო ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე. წმიდად შეინახე თავი. ამიერიდან ნუღარ სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც შეურიე შენი კუჭისა და შენი ხშირი ავადმყოფობის გამო. ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარვე ცხადია და სამსჯავროსაკენ მიუძღვიან, ზოგიერთს კი უკან მიჰყვებიან. ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადია და, თუ არა, მაინც ვერ დაიმალება. მონობის უღელქვეშ მყოფებმა ყოველგვარი პატივი მიაგონ თავიანთ პატრონებს, რათა არ დაიგმოს ღმერთის სახელი და მოძღვრება. რომელთაც მორწმუნე პატრონები ჰყავთ, ნუ მოექცევიან მათ უპატიოდ, რაკი ისინი ძმები არიან. არამედ კიდევ უფრო უკეთესად ემსახურონ, რადგან მორწმუნენი არიან და საყვარელნი, და ქველმოქმედებას ეწევიან. ეს ასწავლე და შეაგონე. ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის ქრისტე იესოს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას, ბრმაა, არაფრის მცოდნე, მხოლოდ ცილობისა და სიტყვებით ბრძოლის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშვება შური, ჯიბრი, გმობა და ბოროტი ეჭვი, გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთაც ღვთისმოსაობა შემოსავლის წყარო ჰგონიათ. დიდად სასარგებლოა ღვთისმოსაობა და მცირედით კმაყოფილება. რადგან არაფერი მოგვიტანია ქვეყნად და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ამიტომ თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას. ხოლო გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს. რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს. შენ კი, ღმერთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და თვინიერებას. იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე საუკუნო სიცოცხლეს, რომლისთვისაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი მრწამსი მრავალი მოწმის წინაშე. გავალებ ცხოველმყოფელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც პონტოელი პილატეს დროს კეთილი მრწამსი დაამოწმა, რომ უბიწოდ და შეუბღალავად დაიცვა მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებამდე, რომელსაც თავის ჟამს გამოავლენს ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი, ერთადერთი, რომელსაც უპყრია უკვდავება, მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს ხილვა. მას პატივი და საუკუნო ძლიერება. ამინ. ამ სოფლის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, – იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი. დაიუნჯონ საუნჯე კეთილი მომავლის საფუძვლად, რათა მოიხვეჭონ ნამდვილი სიცოცხლე. ო, ტიმოთე, დაიმარხე შენთვის მონდობილი, განერიდე უკეთურ ლაყბობას და ცილობებს ცრუ ცოდნისა, ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი თქვენთან. პავლე, ღმერთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული ქრისტე იესოში სიცოცხლის აღთქმისამებრ, ტიმოთეს, საყვარელ შვილს – მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც ვმსახურებ წინაპართა კვალზე წმიდა სინდისით, როცა განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით. ვიხსენებ შენს ცრემლებს და მენატრება შენი ნახვა, რათა სიხარულით აღვივსო. მახსენდება შენი წრფელი რწმენა, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და მწამს, რომ იგი შენშიც არის. ამის გამო შეგახსენებ, გააღვივო ღმრთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში. რადგან ღმერთმა მოგვცა ჩვენ სული არა სიმხდალისა, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა. მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ გაიზიარე სახარებისათვის ჩემი ტანჯვა, გაძლიერდი ღმერთის ძალით, რომელმაც გვიხსნა და მოგვიწოდა ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინარეს. ახლა გამოჩნდა ის ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააუქმა სიკვდილი და სახარებით ნათელი მოჰფინა სიცოცხლეს და უხრწნელებას, რომლის მაცნედ, მოციქულად და მოძღვრად ვარ დადგენილი. ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, რადგან ვიცი, ვინც ვიწამე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის. მისდიე საღ სიტყვებს, რომლებიც ჩემგან მოისმინე, იმ რწმენით და სიყვარულით, რომელიც ქრისტე იესოშია. შეინახე კეთილი საწინდარი ჩვენში დამკვიდრებული სულიწმიდის მეშვეობით. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგელოსმა და ჰერმოგენემაც. უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლს, რადგან მან მრავალჯერ გამამხნევა და არ შერცხვა ჩემი ბორკილებისა, არამედ რომში მყოფი გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა. უბოძოს მას უფალმა უფლის შეწყალების მოპოვება იმ დღეს. ხოლო რაც ეფესოში სამსახური გაუწევია, შენ უკეთ იცი. ამრიგად, შენ, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლით, რომელიც ქრისტე იესოშია. და რაც მოისმინე ჩემგან მრავალ მოწმესთან ერთად, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც სხვების სწავლების უნარი ექნებათ. გაიზიარე ჩემი ტანჯვა, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. არც ერთი მეომარი არ გაეხვევა ცხოვრებისეულ საქმეებში, რათა აამოს მეთაურს. შეჯიბრშიც გვირგვინს ვერავინ მიიღებს, თუ უწესოდ იბრძოლებს. მიწისმუშაკს მართებს პირველმა მიიღოს ნაყოფი. დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს ყველაფრის გაგებას. გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის შთამომავალი, ჩემი სახარების მიხედვით, რომლისთვისაც ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღმერთის სიტყვისთვის არ არსებობს ბორკილები. ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ. თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ. თუ ჩვენ ურწმუნონი ვიქნებით, ის სარწმუნო დარჩება, რადგან საკუთარ თავს ვერ უარყოფს. ეს შეახსენე და დაუმოწმე მათ ღმერთის წინაშე, არ იკინკლაონ სიტყვების გამო უსარგებლოდ, მსმენელთა დასაღუპად. ეცადე თავი ღირსეულად წარუდგინო ღმერთს, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად. მოერიდე უკეთურ ლაყბობას, რომელსაც ამგვარად მოქმედნი უღვთოებისაკენ მიჰყავს. მათი სიტყვა სჭამს თავის გარშემო სირსველისავით. ასეთები არიან ჰიმენეოსი და ფილეტოსი, რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას. ამბობენ, რომ აღდგომა უკვე იყო და ზოგიერთებს უუკუღმართებენ რწმენას. ღმერთის მტკიცე საფუძველი კი დგას და აქვს ეს ბეჭედი: „ცნობს უფალი თავისიანებს“ და „განშორდეს უსამართლობას ყველა, ვინც მოუხმობს უფლის სახელს.“ დიდ სახლში კი არა მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელია, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიო, ზოგი არასაპატიო მოხმარებისთვის. ამრიგად, ვინც ამისგან გასუფთავდება, ის იქნება საპატიო ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული. ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სამართლიანობას, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს. სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე. შენ ხომ იცი, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებას ბადებენ. ღმერთის მონას კი არ მართებს პაექრობა, არამედ თვინიერი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, უბოროტო. მშვიდად ასწავლიდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ ღმერთმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად, რათა გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავის ნებაში მოამწყვდია ისინი. ეს კი უნდა იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მძიმე ჟამი დადგება, რადგან ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის უყვარულნი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარულნი, ვიდრე ღმერთისა, რომელთაც გარეგნული სახე ღვთისმოსაობისა აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც იპარებიან სახლებში და ხელთ იგდებენ უგუნურ ქალებს, ცოდვებში ჩაფლულთ და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით შეპყრობილთ, რომლებიც მუდამ სწავლობენ და ჭეშმარიტების შეცნობას ვერასდროს ვერ აღწევენ. როგორც იანე და იამბრე წინ აღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, როგორც გონებით გახრწნილი, რწმენაში უვარგისი ადამიანები. მაგრამ ისინი შორს ვერ წავლენ, რადგან მათი უგუნურება ბოლოს ცხადი გახდება ყველასათვის, როგორც ეს იმათაც დაემართათ. შენ კი მომყევი მე მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, დიდსულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში, დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში. რა დევნანი არ გადავიტანე და ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა. და ასევე იქნება დევნილი ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსავად იცხოვროს ქრისტე იესოში. ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები კი კიდევ უფრო უარესს გააკეთებენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან. შენ კი მტკიცედ იდექი იმაზე, რაც გისწავლია და რაც გიწამებია, იცი, ვისგანაც გისწავლია. შენ ხომ სიყრმიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება და ქრისტე იესოს რწმენით ხსნა. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში. რათა ღვთის ადამიანი იყოს სრული და ყოველი კეთილი საქმისათვის მზადმყოფი. გაფიცებ და მოგიწოდებ ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი გამოცხადებით და თავისი სუფევით, იქადაგე სიტყვა, მზად იყავ დროულად და უდროოდ ამხილო, შერისხო, შეაგონო სრული სულგრძელებითა და დამოძღვრით. რადგან დადგება ჟამი, როდესაც საღ მოძღვრებას არ შეიწყნარებენ, არამედ თავიანთი სიამოვნებისათვის შემოიკრებენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიიქცევიან. შენ კი იფხიზლე ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება. რადგან მე უკვე გამზადებული ვარ შესაწირავად, როგორც საღვრელი, ჩემი წასვლის ჟამმა მოაწია. ვიღვაწე კეთილი ღვაწლით, გავასრულე ასპარეზი, რწმენა შევინახე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გამოცხადების მოსვლა. ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან. რადგან დემასმა შეიყვარა ეს სოფელი და მიმატოვა. ის თესალონიკეში წავიდა, კრისკე – გალატიაში, ტიტე – დალმატიაში. მარტო ლუკაღა არის ჩემთან. ხელი მოკიდე მარკოზს და თან წამოიყვანე, რადგან მჭირდება მსახურებისათვის. ტიქიკოსი ეფესოში მივავლინე. მოსასხამი, რომელიც ტროაში დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა წამოხვალ, აგრეთვე წიგნებიც, მეტადრე პერგამენტები. მჭედელმა ალექსანდრემ დიდად მავნო. უფალმა მიუზღოს მის საქმეთაებრ. შენც უფრთხილდი მას, რადგან ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სიტყვებს. ჩემი პირველი თავდაცვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ. ხოლო უფალი წარმომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და მოესმინა ყველა წარმართს. და მე თავი დავაღწიე ლომის ხახას. მომავალშიც დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და დამიცავს თავისი ზეციური სამეფოსათვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მომიკითხე პრისკა და აკვილა და ონისიფორეს სახლი. ერასტოსი კორინთოში დარჩა, ხოლო ტროფიმე ავადმყოფი დავტოვე მილეტში. ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი და კლავდია და ყველა ძმა. უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან. ამინ. პავლე, ღმერთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის რჩეულთა რწმენისა და ჭეშმარიტების შეცნობისათვის, ღვთისმოსაობით, საუკუნო სიცოცხლის იმედით, რომელიც აღგვითქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს, და ჯეროვან ჟამს გამოაცხადა თავისი სიტყვა უწყებაში, რომელიც მომენდო მე ჩვენი მაცხოვარი ღმერთის ბრძანებით – ტიტეს, ჩემს ნამდვილ შვილს საერთო რწმენით, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვარი ქრისტე იესოსაგან. იმისათვის დაგტოვე კრეტეში, რომ მოაწესრიგო, რაც დარჩა გასაკეთებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე, – თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი. რადგან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღმერთის განმგებელი, არა თავნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა გულხარბი, არამედ სტუმართმოყვარე, კეთილის მოყვარული, გონიერი, მართალი, თავშეკავებული, სარწმუნო სიტყვის მიმდევარი სწავლების თანახმად, რათა შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და ამხილოს მოწინააღმდეგენი. რადგან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან, რომლებსაც უნდა აეკრას პირი. ისინი აუკუღმართებენ მთელ სახლებს, ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ სამარცხვინო ანგარებისათვის. თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე საკუთარმა წინასწარმეტყველმა: „კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ველური მხეცები, უქნარა სტომაქები.“ ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში. ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ ადამიანთა შეგონებები, ვინც დაშორდა ჭეშმარიტებას. წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო ბილწთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ ბილწია მათი გონებაც და სინდისიც. ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, რადგან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის. შენ კი ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის ჯანსაღ მოძღვრებას, – რომ ბერიკაცები უნდა იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, გონიერნი, ჯანსაღნი რწმენაში, სიყვარულში, მოთმინებაში. ასევე ხნიერი ქალებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მოყვარულნი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი, რათა დაარიგონ ყმაწვილქალები, რომ იყვნენ ქმრის და შვილების მოყვარულნი, გონიერნი, სუფთანი, სახლზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღმერთის სიტყვა. ჭაბუკებსაც შეაგონე, რომ გონიერები იყვნენ. ყველაფერში იყავი კეთილ საქმეთა ნიმუში: გამოავლინე მოძღვრებაში შეურყვნელობა, სიდინჯე, გქონდეს ნათელი და უკიცხველი სიტყვა, რათა მტერს შერცხვეს და ვერაფერი ცუდი ვერ თქვას ჩვენზე. მონები თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ ყველაფერში, აამონ, სიტყვა არ შეუბრუნონ, არ მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველაფრით შეამკონ ჩვენი მაცხოვრის ღვთაებრივი მოძღვრება. რადგან გამოჩნდა ღმერთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, ჩვენს აღსაზრდელად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამქვეყნად გონივრულად, სამართლიანად და ღვთისმოსაობით. მოველოდეთ ნეტარი სასოებით ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას, რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის საკუთარი ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე. ეს ილაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალმოსილებით. არავინ დაგამციროს შენ. შეაგონე მათ: დაემორჩილონ და დაუჯერონ მთავართ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის, არავინ შეურაცხყონ, იყვნენ მშვიდობიანნი, მომთმენნი, მუდამ იჩენდნენ თვინიერებას ყველა ადამიანის მიმართ, რადგან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, მრავალგვარ გულისთქმებსა და განცხრომებს დამონებულნი, ცხოვრებას ბოროტებასა და შურში ვატარებდით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი. ხოლო როცა გაცხადდა ჩვენი ღვთაებრივი მაცხოვრის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა ჩვენ არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩავიდინეთ, არამედ თავისი მოწყალებით, ხელახალი შობის განბანითა და წმიდა სულის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს. სარწმუნოა ეს სიტყვა. მსურს, რომ მტკიცედ იდგე ამაზე, რათა ღმერთის მორწმუნეებმა ხელი მიჰყონ კეთილი საქმეების კეთებას. ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის. მოერიდე სულელურ კამათს, გენეალოგიებს, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე, რადგან ეს უსარგებლოა და ფუჭი. განხეთქილების შემომტან ადამიანს პირველი და მეორე დარიგების შემდეგ განერიდე. იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს: თვით გამოუტანა თავის თავს განაჩენი. როცა გამოგიგზავნი არტემასს და ტიქიკოსს, იჩქარე ჩემთან ნიკოპოლისში მოსვლა, რადგან იქ ვარჩიე დაზამთრება. ეცადე გამოამგზავრო ზენასი, რჯულის მცოდნე, და აპოლოსი ისე უზრუნველყოფილნი, რომ არაფერი აკლდეთ. ჩვენებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება აუცილებელი საჭიროებისათვის, რათა უნაყოფონი არ დარჩნენ. მოგიკითხავს ყველა ჩემთან მყოფი. მოკითხვა, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი თქვენ ყველასთან. ამინ. პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი, და ძმა ტიმოთე, ფილიმონს – ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამშრომელს, და აფიას, საყვარელ დას, და არქიპოსს, ჩვენს თანამებრძოლს, და ეკლესიას შენს სახლში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს, როდესაც გიხსენებ ჩემს ლოცვებში, რადგან მესმის შენი სიყვარულისა და რწმენის შესახებ, რომელიც გაქვს უფალი იესოსა და ყველა წმიდის მიმართ, ვლოცულობ, რომ შენი თანაზიარება რწმენაში ქმედითი იყოს ყოველი იმ სიკეთის შეცნობისათვის, რომელიც ჩვენშია ქრისტესათვის, რადგან ბევრი სიხარული და ნუგეში მომანიჭა შენმა სიყვარულმა, რადგან შენით მიეცათ შვება წმიდათა გულებს, საყვარელო ძმაო. ამიტომ, თუმცა ქრისტეში მაქვს უფლება მოგთხოვო იმის გაკეთება, რაც გევალება, ამის ნაცვლად სიყვარულით გთხოვ მე, პავლე, მოხუცებული, ახლა კი ქრისტე იესოსთვის პატიმარიც, ჩემს შვილზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში, ონისიმეზე, ოდესღაც გამოუსადეგარი რომ იყო შენთვის, ახლა კი სასარგებლოა შენთვისაც და ჩემთვისაც, რომელსაც გიგზავნი უკან და ჩემი გულია იგი. ვფიქრობდი, ჩემთან მყოლოდა იგი, რათა შენს მაგივრად ემსახურა ჩემთვის სახარების ბორკილებში, მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი. რადგან, იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი, უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის ხორციელადაც და უფალშიც. მაშ, თუ თანამოზიარე ვარ შენი, მიიღე იგი, როგორც მე მიმიღებდი. თუ რამე გაწყენინა ან მართებს, მე მომკითხე. მე, პავლე, ვწერ ამას ჩემი ხელით. მე გადავიხდი, არ ვამბობ არაფერს იმაზე, რომ შენ შენი თავი გმართებს ჩემი. და ასე, ძმაო, მეც მიბოძე სიხარული უფალში. მიეცი შვება ჩემს გულს ქრისტეში! შენი მორჩილების იმედით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ. ამასობაში გამიმზადე სასტუმრო ბინაც, რადგან იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვების მეშვეობით უკან დაგიბრუნდებით. მოგიკითხავს ეპაფრასი, ჩემი თანატყვე ქრისტე იესოში, მარკოზი, არისტარქე, დემა, ლუკა – ჩემი თანამშრომლები. უფალი იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან. ძველთაგან მრავალმხრივ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა ღმერთი ჩვენს მამებს წინასწარმეტყველების მეშვეობით. ამ უკანასკნელ დღეებში კი დაგველაპარაკა ჩვენ ძეში, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ, ვის მიერაც შექმნა საუკუნენი. იგია მისი დიდების გამოსხივება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უჭირავს თავისი ძალმოსილი სიტყვით. როცა მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა იგი დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა. ანგელოზებზე იმდენადვე ამაღლებული გახდა, რამდენადაც მათზე უპირატესი სახელი დაიმკვიდრა. რადგან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ღმერთს ოდესმე: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.“ და კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?“ და როცა კვლავ შემოჰყავს ქვეყანაზე პირმშო, ამბობს: „თაყვანი სცეს მას ღმერთის ყველა ანგელოზმა.“ ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „მან ქმნა თავისი ანგელოზები ქარებად, და თავისი მსახურები – ცეცხლის ალებად.“ ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხი შენი მეფობის კვერთხია. შენ შეიყვარე სამართალი და შეიძულე ურჯულოება. ამიტომ გცხო შენ ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად.“ და: „დასაბამიდან დააფუძნე შენ, უფალო, მიწა და შენი ხელის ნამოქმედარია ცანი. ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე სამოსელივით დაძველდება. მოსასხამივით დაახვევ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება.“ ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს მას ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად?“ განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს? ამიტომ გვმართებს მეტი გულისყური მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ. რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს, როგორ გადავრჩებით თუ უგულვებელვყოფთ ეგზომ დიდ ხსნას, რომელიც პირველად უფლის მიერ გამოცხადდა და გამგონეთა მეშვეობით განმტკიცდა ჩვენში! ხოლო ღმერთმა დაამოწმა იგი ნიშნებით, სასწაულებითა და სხვადასხვა ძალით, და წმიდა სულის განაწილებით თავისი ნებისამებრ. რადგან, ანგელოზებს კი არ დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი სამყარო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. სადღაც ვინმე ამოწმებს და ამბობს: „რა არის ადამიანი, რომ გახსოვს ის? ან კაცის ძე, რომ მოინახულებ? მცირედ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგი გვირგვინი, ყოველივე დაუმორჩილე მას ფეხთა ქვეშ.“ ხოლო თუ ყოველივე დაუმორჩილა მას, მაშ არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. ახლა კი, ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელიც მცირე ხნით იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს სიკვდილის ტანჯვის გავლის გამო, რადგან ღმერთის მადლით ყველასთვის სიკვდილი ეგემა. რადგან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვის მიერაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, რომ მათი ხსნის წინამძღოლი სრულეყო ტანჯვით. რადგან განმწმედელი და განწმედილნი ყველანი ერთისგან არიან. ამ მიზეზით არ რცხვენია, უწოდოს მათ ძმები, როცა ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გადიდებ შენ.“ და კიდევ: „მე მივენდობი მას.“ და კიდევ: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა.“ რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო. რადგან, ანგელოზებს კი არ იღებს, არამედ აბრაამის ნაშიერს იღებს. ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღმერთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად. რადგან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ. ამიტომ, წმიდა ძმებო, ზეციური მოწოდების თანაზიარნო, ჩაწვდით მოციქულსა და მღვდელმთავარს, რომელსაც ვაღიარებთ, იესოს, რომელიც თავისი განმწესებლის ერთგულია, ისევე როგორც მოსე იყო მთელს მის სახლში. რადგან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს. რადგან ყოველი სახლი ვიღაცის მიერ შენდება, ხოლო ყოველივეს ღმერთი აშენებს. მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო, ხოლო ქრისტე – ისეა მის სახლში, როგორც ძე. ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინარჩუნებთ გამბედაობასა და სასოების სიქადულს. ამიტომაც, როგორც წმიდა სული ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც მცდიდნენ მე თქვენი მამები, თუმცა ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. ამიტომ განვრისხდი იმ თაობაზე და ვთქვი: ‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.’ ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში.’“ გაფრთხილდით, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველდღე, სანამ ითქმის – დღეს, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცთურით. რადგან ქრისტეს ზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. როცა ითქმის: „დღეს, როდესაც მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც დრტვინვისას.“ ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინავდა? ეს ყველა ხომ იმათთაგან იყო, ვინც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტიდან? ვიზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? განა ცოდვილებზე არა, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდა? ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის განსასვენებელში, თუ არა ურჩებს? და ვხედავთ, რომ ვერ შეძლეს მათ შესვლა ურწმუნოების გამო. ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება მის განსასვენებელში შესვლის აღთქმა, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული. რადგან ჩვენც გვეხარა, ისევე როგორც მათ; მაგრამ მათთვის არ მოუტანია სარგებლობა მოსმენილ სიტყვას, რადგან არ შეერწყა ის მსმენელთა რწმენას. რადგან განსასვენებელში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ‘ვერ შევლენ ისინი ჩემს განსასვენებელში,’“ თუმცა მისი საქმეები აღსრულებული იყო უკვე სამყაროს დასაბამისას. რადგან მეშვიდე დღეზე ერთგან ასეა ნათქვამი: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან.“ და კვლავ იქვე ამბობს: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს განსასვენებელში.“ მაშ, რაკი ზოგიერთისათვის შესაძლებელია მასში შესვლა, ხოლო ვისაც ადრე ეხარა, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, ამიტომ კვლავ აწესებს რომელიღაც დღეს, – „დღეს,“ – ამბობს ის დავითის პირით ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ იმას, რაც უკვე იყო ნათქვამი: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.“ რადგან, იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის განსასვენებელი, აღარ ილაპარაკებდა სხვა დღეზე. მაშ კიდევ რჩება შაბათის განსასვენებელი ღმერთის ხალხისათვის. რადგან, მის განსასვენებელში შესული, ისევე დაისვენებს თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა დაისვენა თავისისაგან. მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ განსასვენებელში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათ მსგავსად. რადგან ცოცხალია ღმერთის სიტყვა და მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ზრახვებს. არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მის წინაშე, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მისი თვალებისათვის, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს. და ახლა, როდესაც ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც განვლო ზეცა, იესო, ღმერთის ძე, მტკიცედ ჩავეჭიდოთ აღსარებას, რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომელსაც არ შეუძლია თანაგრძნობა ჩვენს უძლურებებში, არამედ რომელიც ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა. მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის. ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღმერთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის. მას ძალუძს თანაუგრძნოს უმეცრებსა და გზასაცდენილებს, რადგან თვითონაც მოცულია უძლურებით. და ამიტომ ვალდებულია, შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი, როგორც ხალხისათვის, ისე თავისთვისაც. და არავინ თვით არ იღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღმერთისგან არის მოწოდებული, ისე როგორც აარონი. ასევე ქრისტეს არ განუდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ განადიდა ის მან, ვინც უთხრა მას: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.“ როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“ მან თავის ხორციელ დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვანი და ვედრებანი მას, ვისაც შეეძლო მისი ხსნა სიკვდილისაგან, და შესმენილ იქნა ღვთისმოშიშების გამო. და თუმცა ძე იყო, ტანჯვით ისწავლა მორჩილება. და იგი, სრულქმნილი, საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის, და ღმერთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. ბევრი გვაქვს სათქმელი ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურით მძიმენი გახდით. რადგან ამდენ ხანში თქვენ უკვე მოძღვარნი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ისევ ღმერთის სიტყვათა პირველსაწყისებში ხართ დასამოძღვრავნი. თქვენ ისევ რძე გჭირდებათ, და არა მაგარი საჭმელი. რადგან ყველა, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ ჰყოფნის გამოცდილება სიმართლის სიტყვების აღსაქმელად. მაგარი საჭმელი სრულთათვისაა, რომელთა გრძნობანი გაწაფული არიან კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. ამიტომ წინ წავიდეთ ქრისტეს სიტყვის საწყისებიდან და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ, ნუ შევჩერდებით კვლავ საძირკველის ჩაყრაზე – მკვდარ საქმეთა მონანიებაზე და ღმერთის რწმენაზე, ნათლობათა, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო სასჯელის მოძღვრებაზე. ამასაც გავაკეთებთ, თუ ღმერთი ნებას მოგვცემს. რადგან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და წმიდა სულის ზიარნი გახდნენ, იგემეს ღმერთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები, – ხოლო შემდეგ დაეცნენ, კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი კვლავ ჯვარს აცვამენ ღმერთის ძეს და განაქიქებენ მას. რადგან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და აღმოაცენებს მცენარეს, სასარგებლოს მათთვის, ვისთვისაც ის მუშავდება, ღმერთისგან იღებს კურთხევას. მაგრამ თუ ის იძლევა ეკალსა და კუროსთავს, მაშინ ის უვარგისია და ლამის დასაწყევლი. მისი ბოლო გადაწვაა. მაგრამ, საყვარელნო, თუმცა ასე ვლაპარაკობთ, გვჯერა, რომ უკეთესის ღირსნი ხართ და ხსნას ხართ მიწევნულნი. რადგან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარული, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, წმიდებს რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით. მაგრამ გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი ბოლომდე იჩენდეს იმავე სიბეჯითეს, რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელებით იმკვიდრებს აღთქმებს. რადგან, როცა ღმერთი აღუთქვამდა აბრაამს, რაკი არ შეეძლო, ვინმე თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა და თქვა: „ჭეშმარიტად, გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს მოდგმას.“ და ამგვარად, სულგრძელი მოთმინებით მიიღო აბრაამმა აღთქმული. რადგან ადამიანები თავისზე მაღალს იფიცებენ, და ფიცია მათი ყოველგვარი დავის დასასრულის დამამტკიცებელი. ასე, როცა ღმერთს სურდა უფრო ცხადად ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების უცვალებლობა, ფიცი მოიშველია, რათა ორი უცვალებელი საქმის მეშვეობით, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, გვქონდეს ჩვენ, – რომელნიც ვისწრაფეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს, – მტკიცე ნუგეში, რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით საიმედოა და მტკიცე და აღწევს ფარდის მიღმა, სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით უკუნისამდე. რადგან ეს მელქისედეკი, სალემის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა დამარცხების შემდეგ დაბრუნებულს, და აკურთხა იგი. მას უწილადა აბრაამმა ყველაფრის მეათედი. პირველ ყოვლისა, მისი სახელი ნიშნავს სამართლის მეფეს, მერე სალემის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს. უმამო, უდედო, უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღმერთის ძის მსგავსად რჩება ის მღვდლად სამარადისოდ. შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა აბრაამმაც კი უწილადა მეათედი ნადავლიდან. მათ, ვინც ლევიანთაგან იღებენ მღვდლობას, რჯულის თანახმად მცნებად აქვთ მეათედის აღება ხალხისაგან ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ. მან კი, ვინც მათი შთამომავლობიდან არ არის, მეათედი აბრაამისაგან მიიღო და აკურთხა აღთქმის მქონე. ყოველგვარი ცილობის გარეშე უმცირესი უპირატესის მიერ იკურთხება. აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი – ვისზეც დამოწმებულია, რომ ის ცოცხალია. და ასე, შეიძლება ითქვას, რომ თვით ლევიმ, რომელიც მეათედს იღებს, აბრაამის მეშვეობით გაიღო მეათედი. რადგან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მას მელქისედეკი შეეგება. ამგვარად, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს – რადგან მისი მეშვეობით მიეცა ხალხს რჯული – რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით და მისი სახელდება არა აარონის წესით? რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც. რადგან ის, ვისზედაც ნათქვამია ეს, ეკუთვნოდა სხვა ტომს, რომლისაგანიც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს. რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასაგან გამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი მცნების რჯულით კი არაა მღვდელი, არამედ შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით. რადგან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“ ადრინდელი მცნება კი გაუქმდა მისი უძლურებისა და უსარგებლობის გამო, რადგან რჯულმა ვერაფერი სრულყო. მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს. და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, რადგან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ეს კი – ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე’ მელქისედეკის წესით.“ ამდენად იესო გახდა უმჯობესი აღთქმის თავდები. მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, მას კი უკუნისამდე დარჩენით წარუვალი მღვდლობა უპყრია. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი მეშვეობით მიეახლება ღმერთს, რადგან ცოცხალია მუდამ მათთვის საშუამდგომლოდ. ასეთი მღვდელმთავარი შეგვფეროდა ჩვენ: წმიდა, უბოროტო, შეურყვნელი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული, რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, – ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. რადგან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როდესაც თავი შესწირა. რადგან რჯული უძლურ ადამიანებს აყენებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ, რჯულის შემდგომ, დააყენა ძე, რომელიც სრულქმნილია უკუნისამდე. მთავარი ამ ნათქვამიდან ეს არის: ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში, ის არის მსახური წმიდათა წმიდისა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა აღმართა და არა ადამიანმა. რადგან ყოველი მღვდელმთავარი განწესებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად, ამიტომ მასაც უნდა ჰქონდეს რაიმე შესაწირავი. და თუკი დარჩებოდა დედამიწაზე, აღარ იქნებოდა მღვდელი, რადგან აქ არიან მღვდლები, რომელნიც რჯულის თანახმად სწირავენ ძღვენს, რომლებიც ემსახურებიან ზეციერის სახესა და ჩრდილს, როგორც მოსეს ებრძანა, როცა იგი შეუდგა კარვის გასრულებას. „იხილე, – ეუბნება, – და გააკეთე ყოველივე იმის მსგავსად, რაც მთაზე გეჩვენა.“ ახლა კი მან მიიღო უპირატესი მსახურება, რაკი იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია და უკეთეს დაპირებებზე არის დადგენილი. რადგან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, არ იქნებოდა მეორისათვის ადგილის მოძებნის საჭიროება. რადგან უთხრა მათ ყვედრებით: „აჰა, დადგება დღეები,“ – ამბობს უფალი, – „და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა, რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი,“ – ამბობს უფალი. „აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ,“ – ამბობს უფალი – „ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. აღარავინ ასწავლის თავის თანამოძმეს და თავის ძმას და არ ეტყვის: ‘შეიცანი უფალი;’ რადგან ყოველი მათგანი, დიდიდან პატარამდე, შემიცნობს მე, რადგან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ მათ.“ რაკი თქვა: – „ახალი,“ – ამით დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან. პირველ აღთქმასაც ჰქონდა მსახურების წესდებები და ამქვეყნიური ტაძარი, რადგან გამზადებული იყო პირველი კარავი, რომელშიც იყო სასანთლე, ტაბლა და პურების წინადაგება; რომელსაც წმიდა ეწოდებოდა; ხოლო მეორე ფარდის მიღმა იყო კარავი, სახელწოდებით წმიდათა წმიდა, რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ქოთანი, აარონის გამწვანებული კვერთხი და აღთქმის დაფები. ხოლო მათ ზემოთ დიდების ქერუბიმნი, რომელნიც უჩრდილავდნენ სალხინებელს. რაზეც ახლა დაწვრილებით ლაპარაკი საჭირო არ არის. ასე გამზადებულ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა აღსასრულებლად. ხოლო მეორეში – მხოლოდ მღვდელმთავარი, წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი და ხალხის უნებური ცოდვისათვის. ამით წმიდა სული აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდათა წმიდაში, სანამ დგას პირველი კარავი, რომელიც აწმყო ჟამის იგავია, როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა, რადგან მას მხოლოდ საჭმელ-სასმელითა და სხვადასხვა განბანვით, – ხორციელი წესებით – აქვს გამოსწორების ძალა ჟამამდე. ქრისტე კი, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი კარვით – ხელთუქმნელით, ესე იგი, არა ამნაირად მოწყობილით, არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. რადგან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაჰყოფს შებილწულთ, რათა განიწმიდოს სხეული, მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღმერთის მსახურებისათვის. ამიტომ არის ის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, საუკუნო მემკვიდრეობისათვის მოწოდებულებმა მიიღონ აღთქმული. რადგან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილის დადგენა. ანდერძი ხომ სიკვდილისას არის ვარგისი, რადგან მას ძალა არა აქვს, ვიდრე მოანდერძე ცოცხალია. ამიტომ არც პირველი იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე. რადგან მოსემ, როცა გამოუცხადა მთელ ხალხს ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა წიგნს და მთელ ხალხს. და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც გამცნო თქვენ ღმერთმა.“ და კარავსაც და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი. რჯულის თანახმად თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება. ამგვარად, აუცილებელია, რომ ზეცაში მყოფთა მიწიერი სახეები ასე განიწმიდონ, თვით ზეციურნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით. რადგან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის წინარესახეში, არამედ თვით ზეცაში, რათა წარდგეს ახლა ღმერთის წინაშე ჩვენთვის. არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდათა წმიდაში სხვისი სისხლით, – მაშინ მას სამყაროს დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ახლა კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი თავის მსხვერპლად შეწირვით ცოდვათა წარსახოცად. და როგორც ადამიანებს დადგენილი აქვთ ერთხელ სიკვდილი და შემდეგ გასამართლება, ასევე ქრისტეც, რომელიც ერთხელ შეიწირა, რომ მრავალთა ცოდვა ეტვირთა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვების გამო, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად. რადგანაც რჯული მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა თვით მოვლენათა პირველსახე, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები ერთი და იმავე ყოველწლიური მსხვერპლით, რომელსაც მუდმივად სწირავენ, თორემ შეწყვეტდნენ შესაწირავს, რადგან შემწირველებს, თუ ერთხელ განიწმიდებოდნენ, აღარ ექნებოდათ ცოდვების არავითარი განცდა. მაგრამ ამ შესაწირავებში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება, რადგან შეუძლებელია ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა. ამიტომ ამბობს ის ქვეყნიერებაზე მოსვლისას: „მსხვერპლსა და შესაწირავს არ ინებებ, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. აღსავლენები და ცოდვის გამოსასყიდი არ მოგწონს. მაშინ ვთქვი მე: ‘აჰა, მოვდივარ, წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.’“ ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც აღსავლენები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, არ ინებე და არც მოიწონე,“ მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.“ – ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლს, რომელსაც არასოდეს არ ძალუძს ცოდვების გაუქმება. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ. და მას მერე ელის, სანამ მისი მტრები მის ფეხთა კვარცხლბეკად იქცევიან. რადგან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი. წმიდა სულიც გვიმოწმებს ჩვენ, რადგან ამ ნათქვამის შემდეგ: „აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებში და ჩავწერ მათს გონებაში, და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებსა და მათ ურჯულოებას.“ ხოლო სადაც ეს მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი ცოდვებისთვის. ამრიგად, ძმებო, რაკი გვაქვს გაბედულება იესოს სისხლით სიწმიდეში შესვლისა ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდაში გავლით, – თავისი ხორცის მეშვეობით, – და გვყავს მღვდელმთავარი ღმერთის სახლზე, – მივეახლოთ მას მართალი გულით, სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან განწმედილი გულებითა და სუფთა წყლის პკურებით განბანილი სხეულებით. მტკიცედ მივყვეთ იმედის აღსარებას, რადგან აღმთქმელი სარწმუნოა. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შეკრებებს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნევოთ ერთმანეთი მით უფრო, რაც უფრო ვატყობთ იმ დღის მოახლოებას. რადგან, თუ კიდევ ნებსით ვცოდავთ მას შემდეგ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს საშინელი მოლოდინი და აგზნებული ცეცხლი ურჩთა შთასანთქმელად. თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელავს ღმერთის ძეს და რიოშად აქცევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს? რადგან ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგება, მე მივუზღავ.“ და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს.“ საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა! გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის დიდი განსაცდელი: ხან შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეულნი, ხან კი მათი თანაზიარნი იყავით, ვისაც ასე ექცეოდნენ, რადგან თქვენ თანაუგრძნობდით ბორკილებში მყოფთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იღებდით, რაკი იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი ქონება. მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გამბედაობას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღმერთის ნება და მიიღოთ აღთქმული. რადგან „კიდევ ცოტა, ძალზე ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს და არ დააყოვნებს. ჩემი მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკან შებრუნდება, მას ჩემი სული არ მოიწონებს.“ ჩვენ კი უკან მიქცეულთა შორის არა ვართ, რომ დავიღუპოთ, არამედ მორწმუნენი ვართ სიცოცხლის გადასარჩენად. ხოლო რწმენა არის დაჯერება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დასტური იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება. რწმენით ვიცით, რომ საუკუნეები წარმოქმნილია ღმერთის სიტყვით, რადგან ხილული წარმოიშვა უხილავისაგან. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენზე უკეთესი მსხვერპლი. იმით მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როცა ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და ამის წყალობით კვლავ მეტყველებს, თუმცა მკვდარია. რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ეხილა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, რადგან ღმერთმა გადაიყვანა. გადაყვანამდე კი მიიღო მოწმობა, რომ სათნო ეყო ღმერთს. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია სათნოდ ყოფნა, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს მიუზღავს. რწმენით მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული; ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად, რითაც მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სამართლიანობის მემკვიდრე გახდა რწმენის თანახმად. რწმენით დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც სამემკვიდროდ უნდა მიეღო, და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა. რწმენით მდგმურობდა აღთქმულ ქვეყანაში, როგორც უცხოეთში, და კარვებში სახლობდა ისააკთან და იაკობთან – იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. რადგან ელოდა მტკიცე საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია. რწმენით მიიღო ძალა, ეშვა შვილები, თუმცა სარა ბერწი იყო, და თვითონაც ჟამგადასული იყო, რადგან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი. ამიტომ ერთისაგან და ისიც თითქმის მკვდრისაგან იშვა მრავალი, როგორც ცაში ვარსკვლავები და უთვალავი ქვიშა ზღვის ნაპირზე. რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან დაინახეს იგი, ერწმუნენ მას და ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ „უცხონი და ხიზნები არიან დედამიწაზე.“ ხოლო ის, ვინც ამას ამბობს, ცხადყოფს, რომ სამშობლოს ეძებს. და თუ ემახსოვრებოდათ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების ჟამიც. ახლა კი ისინი უკეთესს ესწრაფვიან, ანუ ზეციურს. ამიტომ ღმერთსაც არ ერცხვინება, რომ მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგან მან მოუმზადა მათ ქალაქი. რწმენით მიჰყავდა აბრაამს სამსხვერპლოდ ისააკი, როცა გამოიცადა და, აღთქმათა მიმღებელი, მხოლოდშობილს სწირავდა, რომელზედაც ეთქვა მას: „ისააკში მიიღებს სახელს შენი შთამომავლობა.“ რადგან ფიქრობდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენაც შეუძლია. ამიტომ დაიბრუნა იგი, როგორც იგავი. რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. რწმენით აკურთხა სათითაოდ იაკობმა, როცა კვდებოდა, იოსების ძენი და თაყვანი სცა ღმერთს თავის კვერთხს დაყრდნობილმა. რწმენით გაიხსენა იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ. რწმენით მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან სამ თვეს, რადგან ხედავდნენ, რომ ბავშვი მშვენიერი იყო, და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და ღმერთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ ცოდვიან განცხრომას. მესიის გულისათვის დამცირება მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, რადგან ხედავდა საზღაურს. რწმენით დატოვა ეგვიპტე მეფის რისხვის უშიშმა, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა. რწმენით გამართა პასექი და სისხლის პკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს. რწმენით გადალახეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ. რწმენით დაეცა იერიქონის გალავნები შვიდდღიანი გარსშემოვლის შემდეგ. რწმენით იყო, რომ არ დაიღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რაჰაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები. და კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იეფთაზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სამართალს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მტკიცდებოდნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ. სხვებმა დაითმინეს გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, მახვილით კლავდნენ, ისინი დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროვებულნი, ტანჯულნი; ისინი, ვისი ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაძრწოდნენ უდაბნოებსა და მთებში, მიწის მღვიმეებსა და გამოქვაბულებში. ყველა ამათგანს ჰქონდა მოწმობა რწმენით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, რადგან ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესად ჩათვალა, რომ მათ უჩვენოდ არ მიეღწიათ სრულქმნისათვის. ამიტომ ჩვენც, გარემოცულებმა მოწამეთა ღრუბლით, ჩამოვიშოროთ ყოველი ტვირთი და შემბოჭველი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც იმ სიხარულისათვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი, უგულებელყო შერცხვენა და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი მტრობა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ დაძაბუნდეთ და სულით არ დაეცეთ. ჯერ კიდევ სისხლამდე არ გიბრძოლიათ ცოდვის წინააღმდეგ. დაგივიწყებიათ შეგონება, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და გულს ნუ გაიტეხ, როდესაც გამხილებს, რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, რომელსაც იღებს.“ აიტანეთ წვრთნა! ღმერთი ისე გეპყრობათ, როგორც შვილებს. განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაშიც ყველა მოზიარეა, მაშინ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთვნიან და გვერიდება მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? ისინი გვწვრთნიდნენ საკუთარი ნების შესაბამისად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენს სასიკეთოდ, რათა ვეზიაროთ მის სიწმიდეს. ყოველი წვრთნა აწმყოში სიხარულად არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. შემდეგ კი ის სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მათ, ვინც მის მიერ განისწავლა. ამიტომ გამართეთ დაქანცული ხელები და მოკვეთილი მუხლები. გაასწორეთ ბილიკები თქვენს ფეხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ განიკურნოს. ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს. გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღმერთის მადლი; რომ რომელიმე მწარე ფესვი არ აღმოცენდეს და ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს. რომ არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი ან უწმიდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა. თქვენ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვეღარ ჰპოვა მონანიების შესაძლებლობა, თუმცა ცრემლებით ეძებდა მას. თქვენ არ მიახლებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აღგზნებულს, ბნელსა და წყვდიადს, ქარიშხალს, არც ბუკის ცემას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, აღარ თქმულიყო მათ მიმართ სიტყვა, რადგან აღარ შეეძლოთ ბრძანების ატანა: „ცხოველიც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს.“ და იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა: „შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ.“ მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს – და აურაცხელ ანგელოზებს, პირმშოთა ეკლესიის კრებულს, რომლებიც ზეცაში არიან ჩაწერილნი, და ყოვლისგანმსჯელ ღმერთს და სრულქმნილ მართალთა სულებს, და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და პკურების სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს. ფრთხილად! ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც არ უსმინეს მიწიერ გამაფრთხილებელს, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციერს, რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა და რომელიც ახლა ასე აღგვითქვამს: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც.“ ეს სიტყვები: „კიდევ ერთხელ“ ცხადყოფს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც არ შეიძვრის. ამიტომ ჩვენ, ურყევი სამეფოს მიმღებები, ვიყოთ მადლიერნი და სათნოდ ვემსახუროთ ღმერთს, მოწიწებითა და შიშით. რადგან ჩვენი ღმერთი – შემჭმელი ცეცხლია. ძმური სიყვარული რჩებოდეს თქვენთან. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, რადგან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა ისე, რომ არ სცოდნიათ. გახსოვდეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, თითქოს თქვენ თავად იმყოფებოდეთ მათ სხეულში. ყველას ქორწინება ყველაფრით იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განსჯის. ვერცხლის უყვარულნი იყავით და იმას დასჯერდით, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.“ ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?“ გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღმერთის სიტყვას, მათი ცხოვრების აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას. იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვაგვარი უცხო მოძღვრებები, რადგან გულის გამაგრება კარგია მადლით და არა საკვების მიღების წესებით, რომლებსაც არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ მათი მიმდევრებისათვის. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. რადგან ცხოველთა გვამებს, რომელთა სისხლი ცოდვათა გამოსასყიდად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკს გარეთ წვავენ. ამიტომ იესოც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ ევნო. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა. რადგან არა გვაქვს აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ. მისი საშუალებით განუწყვეტლივ შევწიროთ ღმერთს ქების მსხვერპლი, – მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და ურთიერთგაზიარება, რადგან ასეთი მსხვერპლი სათნოა ღმერთისათვის. დაუჯერეთ თქვენს წინამძღვრებს და დაემორჩილეთ მათ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არა ოხვრით, რადგან მაშინ ეს უსარგებლო იქნებოდა თქვენთვის. ილოცეთ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ. განსაკუთრებით გთხოვთ, გააკეთოთ ეს, რათა მალე დავბრუნდე თქვენთან. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით ამოიყვანა ცხვრების დიადი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად. მას, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში მის წინაშე მოსაწონს აკეთებს, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. გთხოვთ, ძმებო, შეიწყნაროთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ. იცოდეთ, რომ გათავისუფლდა ჩვენი ძმა ტიმოთე და თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ. მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღვარი და ყველა წმიდა. იტალიელები მოკითხვას გითვლიან. მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ. იაკობი, ღმერთისა და უფლის იესო ქრისტეს მონა, თორმეტ ტომს, განთესილობაში, გიხაროდეთ. ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალგვარ განსაცდელს შეხვდებით, რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა შობს მოთმინებას; მოთმინებას კი უნდა ჰქონდეს სრულმქმნელი მოქმედება, რათა იყოთ სრულყოფილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი. თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად მიმცემს, და მიეცემა. რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან დაეჭვებული ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს. ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისაგან მიიღებს რაიმეს. ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყოველ გზაზე. თავმდაბალმა ძმამ იქოს თავი თავისი სიმაღლით, მდიდარმა კი – თავისი სიმდაბლით, რადგან ის გადაივლის, როგორც ბალახში ყვავილი. რადგან, როცა ამოდის მზე თავისი მცხუნვარებით, ახმობს ბალახს, დაცვივდება მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგება. ასე დაჭკნება მდიდარიც თავის გზებზე. ნეტარია კაცი, რომელიც დაითმენს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარულთ. ნურავინ იტყვის განსაცდელში: „ღმერთისგან გამოვიცდები,“ რადგან ღმერთი არ გამოიცდება ბოროტით და არც არავის სცდის. არამედ ყოველი გამოიცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ კი, გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო. ყველა კეთილი ბოძება და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან არის გადმოსული, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვალებადობა და არც ჩრდილი ცვლილებისა. მან თავისი ნებით დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის ქმნილებათა შორის. მაშ, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში სწრაფი, სიტყვაში დინჯი და რისხვაში ნელი. რადგან კაცაის გულისწყრომა არ წარმოქმნის ღმერთის სამართლიანობას. ამიტომ, მოიშორეთ ყოველგვარი სიბილწე და ბოროტების ნატამალი და თვინიერად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია. იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად. რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს, – შეხედავს თავის თავს, მიდის და მყისვე ავიწყდება, როგორია. მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და მასში დარჩება, მომსმენი და დამვიწყებელი კი არ იქნება, არამედ საქმის აღმსრულებელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში. თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღვთისმოსავია, ენას კი არ ალაგმავს, ის თავის გულს აცდუნებს; ფუჭია მისი ღვთისმოსაობა. წმიდა და შეუბღალავი ღვთისმოსაობა ღმერთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისაგან. ჩემო ძმებო, ნუ იქნებით მიკერძოებულნი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დიდების რწმენაში. რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, – თუ შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „დაბრძანდი, აქ უკეთესია.“ ღარიბს კი ეტყვით: „შენ იქ დადექი,“ ანდა: „აქ დაჯექი, ჩემს ფეხთით,“ – განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუდი აზრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ? ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა ამა ქვეყნის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა? თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით? თუ ასრულებთ სამეფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგად იქცევით. მაგრამ, თუ მიკერძოებით იქცევით, ცოდვას ჩადიხართ და მხილებული ხართ რჯულისაგან, როგორც რჯულის დამრღვევნი. რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. რადგან მთქმელმა: „არ იმრუშო!“ ესეც თქვა: „არ მოკლა!“ და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, რჯულის დამრღვევი ხდები. ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელებმა. რადგან, უწყალო მსჯავრი – უმოწყალოს; წყალობა აღემატება მსჯავრს. ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: „მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე,“ სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არა აქვს, თავისთავად მკვდარია. მაგრამ იტყვის ვინმე: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი.“ მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და მე გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები; მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ, და ძრწიან. გსურს, უგუნურო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია? განა ჩვენი მამა, აბრაამი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისააკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? ხედავ, რწმენა ამოქმედებდა მის საქმეებს, საქმეებით კი განსრულდა რწმენა. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს მას სიმართლედ ჩაეთვალა და ღმერთის მეგობარი ეწოდა.“ ხედავთ, რომ საქმით მართლდება ადამიანი და არა მარტოოდენ რწმენით? ასევე მეძავი რაჰაბი განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო და სხვა გზით გაისტუმრა? რადგან, როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე. ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ, რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია; მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც. აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ, და ვმართავთ მთელ მათ სხეულს. აჰა, ხომალდები, რა დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ ატორტმანონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს. ასევეა ენაც – პატარა ასოა და შეუძლია ბევრი რამ დაიქადოს. აჰა, მცირე ცეცხლი რამდენ ტყეს ბუგავს. ენაც ცეცხლია, უსამართლობის სამყარო. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული, მთელი სხეულის წამბილწავი და მთელი ჩვენი არსებობის სვლა-გეზის დამანგრეველი, და თვით ჯოჯოხეთისაგან აგზნებული. რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანური ბუნების მიერ. ენის მოთვინიერება კი ადამიანთაგან არავის არ შეუძლია – დაუოკებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი და იმავე პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. არ ეგების, ჩემო ძმებო, ასე რომ ხდება. განა ერთი წყაროსთვალიდან გამოედინება ტკბილი და მწარე? განა შეუძლია, ჩემო ძმებო, ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს – ლეღვი? ასევე მლაშე ვერ წარმოშობს მტკნარ წყალს. ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კეთილი საქციელით აჩვენოს, რომ მისი საქმენი ბრძნული მოთმინებით არის ქმნილი. მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ იტრაბახებთ და ნუ იცრუებთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეს არ არის გარდამოვლენილი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკისეული. რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტი საქმეა. ხოლო მაღლიდან გარდამომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, თვინიერი, მომთმენი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. ხოლო სიმართლის ნაყოფი მშვიდობისმყოფელთ ეთესებათ მშვიდობიანად. საიდან არის ბრძოლა და შუღლი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან? გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ იხელთებთ; მოშუღლეობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმები დაიკმაყოფილოთ. მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება. ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია მას ჩვენში დავანებული სული?“ მაგრამ უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომ ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“ ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო, უბიწოდ დაიცავით გულები, ორგულნო. შეწუხდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული – მწუხარებად. დამდაბლდით უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ. ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ვინც ძმას ძრახავს და ასამართლებს, რჯულს ძრახავს და ასამართლებს. თუ რჯულს ასამართლებ, აღმსრულებელი კი აღარა ხარ, არამედ მოსამართლე. ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ? ახლა კი მისმინეთ თქვენ, ვინც ამბობთ: „დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთ,“ – თქვენ, რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი ხართ, რომელიც მცირე ხნით გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: „თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას გავაკეთებთ,“ იქადით ამაყად. ყოველი ამგვარი ქადილი ბოროტებაა. ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას. ახლა კი მისმინეთ თქვენ, მდიდრებო: იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებებზე, თქვენზე რომ მოდის. დალპა თქვენი სიმდიდრე, შეჭამა ჩრჩილმა თქვენი სამოსი. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაიჟანგა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი: დაგიუნჯებიათ განძი უკანასკნელი დღეებისათვის. აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს და მომკელთა ძახილი უფალი საბაოთის ყურამდე აღწევს. თქვენ განცხრომას ეძლეოდით დედამიწაზე და ნებივრობდით, გულები დაისუქეთ, თითქოს დაკვლის დღისათვის. თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ თქვენ. ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის ადრეული და გვიანი წვიმების მოსვლას. თქვენც მოითმინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა. ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ განკითხულნი. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი. ჩემო ძმებო, მოთმინების მაგალითად მიიღეთ წინასწარმეტყველნი, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ. აჰა, ჩვენ ნეტარად მივიჩნევთ მათ, ვინც დაითმინა. იობის მოთმინება გსმენიათ და მისი უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და შემწყნარებელია უფალი. პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ჰო იყოს ჰო და არა – არა, რათა სამსჯავროს ქვეშ არ მოხვდეთ. ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს. არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მასზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს. წამოაყენებს მას უფალი და თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას. ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა დედამიწაზე წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს. და კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი. ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეთ, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს. პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, რჩეულ ხიზნებს პონტოს, გალატიის, კაპადოკიის, ასიისა და ბითვინიის განთესილობაში, რჩეულებს მამა ღმერთის განგებით, სულის მიერ განწმედით – იესო ქრისტესთვის მორჩილებისა და მისი სისხლის პკურებისათვის – მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ცოცხალი იმედისათვის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით, უხრწნელ, შეუბილწავ და უჭკნობ მემკვიდრეობად, რომელიც ცაშია შენახული თქვენი, ღმერთის ძალაში რწმენით დაცულების ხსნისათვის, რომელიც გამზადებულია უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად. ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ მრავალგვარ განსაცდელში, რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა – უფრო ძვირფასი, ვიდრე ხრწნადი ოქრო, რომელიც ცეცხლში გამოიცდება – ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას. ის, ვინც არ გინახავთ – გიყვართ, ვისაც ვერ ხედავთ – გწამთ, და ხარობთ გამოუთქმელი და დიდებული სიხარულით, რადგან აღწევთ რწმენის მიზანს – სულების ხსნას. ამ ხსნას ეძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენთვის განკუთვნილ მადლს გიწინასწარმეტყველებდნენ. იკვლევდნენ, რომელ და როგორ ჟამზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ ამოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და შემდგომ დიდებას. რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ ციდან მოვლინებული წმიდა სულით თქვენს მახარებელთაგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები. ამიტომ მოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებისას. როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს, არამედ იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.“ თუ მამას უწოდებთ მას, ვინც მიუკერძოებლად განიკითხავს თითოეულს საქმეთა მიხედვით, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის ხანი. რაკი იცით, რომ ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი კი არა ხართ გამოსყიდულნი მამათაგან მემკვიდრეობით მიღებული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა, რომელიც სამყაროს შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის, რომელთაც მისი მეშვეობით იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღმერთის იმედი. რაკი ჭეშმარიტებისადმი დამორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები არათვალთმაქცი ძმათმოყვარეობისათვის, სუფთა გულით მტკიცედ შეიყვარეთ ერთმანეთი. როგორც ხელახლად შობილებმა არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღმერთის ცოცხალი და მარადმყოფი სიტყვის მიერ. რადგან ყოველი ხორციელი ბალახივითაა და ყოველი მისი დიდება ბალახის ყვავილივითაა. ბალახი ხმება და ყვავილიც სცვივა. ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ სუფევს. ხოლო ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ. ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა, და შური, და ყოველგვარი ავსიტყვაობა. როგორც ახალშობილმა ჩვილებმა, ისურვეთ უმწიკვლო სულიერი რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისათვის, თუ იგემეთ, რომ ტკბილია უფალი, მიდით მასთან – ცოცხალ ქვასთან, რომელიც დაიწუნეს ადამიანებმა, ღმერთისაგან კი რჩეული და პატივდებულია. და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღმერთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მიერ. რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, ქვაკუთხედს, რჩეულსა და ძვირფასს და მისი მორწმუნე არ შერცხვება.“ ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივდებულია იგი, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა კუთხის ქვად“ და „წაფორხილების ქვად და შებრკოლების კლდედ.“ მათ წაიფორხილეს, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის იყვნენ განწესებულნი. თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ. ოდესღაც არახალხი, – ახლა ღმერთის ხალხი ხართ. ოდესღაც არაშეწყალებულნი, – ახლა შეწყალებულნი ხართ. საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს, განეშორეთ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს. დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ ხელმწიფებას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი ხელისუფალი, თუ განმგებელი, როგორც მის მიერ მოვლინებული ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად. რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება, როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ნუ გამოიყენებთ თავისუფლებას ბოროტების საფარად, არამედ როგორც ღმერთის მონებმა. ყველას პატივი ეცით, გიყვარდეთ საძმო, ღმერთის გეშინოდეთ, მეფეს პატივი მიაგეთ. მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს ყველაფერში რიდით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებლებს, არამედ მრისხანეთაც. რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღმერთის გულისათვის იტანს გასაჭირს. რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილი საქმეებისთვის იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღმერთის წინაშე. ამისათვის ხართ მოწოდებულნი, ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; „მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;“ რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ პასუხობდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს, რომელმაც ჩვენი ცოდვები თვით აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; მისი ჭრილობებით განიკურნეთ თქვენ. ცხვრებივით გზააბნეულნი იყავით და ახლა კი დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა მეურვეს. ასევე, ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე გახდნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ თქვენს უბიწო ქცევას მოშიშებით. თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგანი: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ დაფარული გულის ადამიანი უხრწნელი მყუდროებით და სულის სიმშვიდით, რაც ძვირფასია ღმერთის წინაშე. ოდესღაც წმიდა ქალებიც, ღვთისმოსავნი, ასე იმკობდნენ თავს, თავიანთ ქმრებს დამორჩილებულნი; როგორც სარა დაემორჩილა და უფალი უწოდა აბრაამს, რომლის შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. თქვენც, ქმრებო, ასევე გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც შედარებით უძლურ ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. და ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და გმობას გმობის წილ, პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ. რადგან „ვისაც სიცოცხლე უყვარს და სურს კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას. ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და მისკენ ისწრაფოს, რადგან ღმერთის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყური კი – მათი ვედრების მიმართ, ხოლო უფლის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.“ ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მიმყოლი იქნებით? მაგრამ ნეტარნი ხართ თქვენ, თუნდაც დაიტანჯოთ სიმართლისათვის. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით. წმიდაჰყავით თქვენს გულებში ქრისტე, როგორც უფალი, და მუდამ მზად იყავით, გასცეთ პასუხი ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ; ოღონდ გააკეთეთ ეს სიმშვიდით და მოწიწებით. გქონდეთ კეთილი სინდისი, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი. რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია, კეთილ საქმეთა გამო დაიტანჯოთ, ვიდრე ბოროტთა გამო. რადგან ქრისტეც ევნო ერთხელ ჩვენი ცოდვებისათვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან. მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებსაც, ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღმერთის მოთმინება ჯერ კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული, გადაურჩა წყალს; რომელიც იყო სახე ნათლისღებისა, – იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისით ღმერთისათვის შეპირება – რომლითაც ამჟამად გიხსნით თქვენ იესო ქრისტეს აღდგომის მეშვეობით, რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, და რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი. ამრიგად, რადგან ქრისტემ ხორციელად იტვირთა ტანჯვა, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით – რომ ვინც ხორციელად დაიტანჯება, ის წყვეტს კავშირს შეცოდებასთან, – რათა ხორციელად დარჩენილი ცხოვრების დრო განვლოს არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღმერთის ნებით. რადგან საკმარისია, რომ წარსულში მიჰყვებოდით წარმართთა ნებას, როცა ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და ურჯულო კერპთაყვანისმცემლობაში. ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად აღარ მისდევთ ამ უზომო თავაშვებულობას და გგმობენ. ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხად. რადგან იმიტომ ეხარათ მკვდრებსაც, რომ ხორცში განკითხულებს ადამიანთა მსჯავრის თანახმად, სულში სიცოცხლე ჰქონდეთ ღმერთის განსჯის შესაბამისად. ხოლო ყველაფრის აღსასრული მოახლოვებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი სალოცავად. უპირველეს ყოვლისა, გქონდეთ მტკიცე სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან სიყვარული ფარავს მრავალ ცოდვას. იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე. ემსახურეთ ერთმანეთს იმ ნიჭით, რაც მიგიღიათ, როგორც ღმერთის მრავალგვარი მადლის კეთილი მნეები. ვინც ლაპარაკობს, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს. თუ ვინმე მსახურებს, იმსახუროს ღმერთის მიერ მინიჭებული ძალით, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეთი, მას ეკუთვნის დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ. საყვარელნო, ნუ გაგიკვირდებათ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ გემართებოდეთ. არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებისას თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ. თუ იგმობით ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღმერთისა ივანებს თქვენზე. ოღონდ ნურც ერთი თქვენგანი ნუ დაიტანჯება, როგორც მკვლელი ან ქურდი, ბოროტმოქმედი ან სხვისაზე თვალის დამჭერი. ხოლო თუ იტანჯება როგორც ქრისტესი, ნუ შერცხვება ამისი, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. რადგან მოვიდა დრო, რომ ღმერთის სახლიდან დაიწყოს გასამართლება; და თუ პირველად ჩვენგან დაიწყება, რაღა აღსასრული ელით ღმერთის სახარების ურჩებს? თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა იქნება? ამიტომ ღმერთის ნებისამებრ ტანჯულებმა მიანდონ თავიანთი სიცოცხლე სარწმუნო შემოქმედს იმით, რომ აკეთონ სიკეთე. თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი და ქრისტეს ტანჯვის მოწამე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გამოცხადდება: მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღმერთის სამწყსო არა იძულებით, არამედ ღმერთის ნებით, არა სამარცხვინო ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. ნუკი გაბატონდებით ღმერთის წილხვედრილებზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის. და როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს. ასევე, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. ერთმანეთის მიმართ ყველამ შეიმოსოს თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს უბოძებს. მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის ჟამს. მიანდეთ მას ყველა თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. მღვიძარენი იყავით! იფხიზლეთ! თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ შთანთქას. წინ აღუდექით მას მტკიცენი რწმენით, იცოდეთ, რომ ასეთივე სატანჯველი განწესებულია მთელ ქვეყანაზე თქვენი მოძმეებისათვის. ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა ჩვენ თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტე იესოში, სრულგყოფთ თქვენ მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და გაგამყარებთ. ძალი მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სილოვანეს მეშვეობით, რომელსაც თქვენს ერთგულ ძმად ვთვლი, მოგწერეთ მცირე რამ თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ჭეშმარიტია ღმერთის მადლი, რომელშიც დგახართ. მოკითხვას გითვლით ეკლესია ბაბილონში, თქვენთან ერთად არჩეული და მარკოზი, ჩემი ძე. მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა თქვენ ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ. სიმეონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენთან ერთად მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით. მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღმერთისა და ჩვენი უფლის იესოს შეცნობაში. მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეშვეობით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რითაც მოგვენიჭა უაღრესად ძვირფასი და დიადი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გახდეთ ღვთაებრივი ბუნების ზიარნი და ამ ქვეყანაში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას. ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სიქველე, და სიქველეს – ცოდნა, ცოდნას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული. რადგან, თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უმოქმედოდ და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ცოდნაში. ხოლო ვისაც არა აქვს ეს, ის ბრმაა და ბეცი, და დავიწყებული აქვს, რომ განწმედილია ძველი ცოდვებისაგან. ამიტომ, ძმებო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ, რადგან უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს შესასვლელი. ამიტომ არ შევწყეტ ამის მუდამ შეხსენებას, თუმცა იცით და განმტკიცებულნი ხართ ჭეშმარიტებაში, რომელიც თქვენთან არის. სწორად მივიჩნევ, რომ ვიდრე ამ კარავში ვიმყოფები, გამოგაფხიზლოთ შეხსენებით. ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას. რადგან ბრძნული იგავებით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა, არამედ როგორც მისი სიდიადის თვითმხილველებმა. რადგან მან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მისწვდა მას ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე მოვიწონე.“ და ჩვენ გავიგონეთ ეს ზეციდან მოსული ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე. და ახლა ჩვენ უმტკიცესად გვაქვს მონიჭებული წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ბნელ ადგილას მანათობელ ლამპარს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი აღმობრწყინდებოდეს თქვენს გულებში. პირველ ყოვლისა კი ის უნდა იცოდეთ, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისდათავად არ განიმარტება, რადგან წინასწრმეტყველება არასოდეს არ მოსულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას. იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობებს, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე. მრავალნი გაჰყვებიან მათ თვითნებობას, და მათ გამო დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. სიხარბით ცრუ სიტყვებით მოგიხელთებენ. დიდი ხანია განსაზღვრულია მათზე სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ თვლემს. რადგან, თუკი ღმერთმა შემცოდე ანგელოზები არ დაინდო, არამედ წყვდიადის ბორკილებში ტარტაროზს გადასცა სამსჯავრომდე შესანახავად, და თუ არც ძველ ქვეყნიერებას მოერიდა, – თუმცა დაიცვა ნოე, სიმართლის ქადაგი, სხვა შვიდ სულთან ერთად, – როცა წარღვნამ მოაღწია უღვთოთა ქვეყანაზე და ქალაქებს: სოდომსა და გომორას განადგურება მიუსაჯა, ფერფლად აქცია ისინი და ამით გამაფრთხილებელი მაგალითი მისცა მომავალ უღვთოებს, და იხსნა მართალი ლოტი, ურჯულოთა თავაშვებული ქცევით შეწუხებული, რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა, – მაშ იცის უფალმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისათვის დასასჯელად შეინახოს უმართლონი, განსაკუთრებით კი ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, მაღალთა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და უფალთა უშიშრად მგმობნი, მაშინ როცა ანგელოზებსაც კი, რომელნიც უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი არიან, არ მიაქვთ უფლის წინაშე შეურაცხმყოფელი განაჩენი მათ მიმართ. ისინი კი, როგორც უგუნური ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, მგმობელნი იმისა, რაც არ გაეგებათ, თავიანთ გახრწნილებაში დაიღუპებიან და მიიღებენ უსამართლობის საზღაურს. მათ ყოველდღიური ნებივრობა ნეტარებად მიაჩნიათ. ბინძურნი და მანკიერნი საკუთარი საცთურით ნებივრობენ, როცა ნადიმობენ თქვენთან ერთად. თვალები სავსე აქვთ მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს, გულები გაწვრთნილი აქვთ ანგარებაში. წყევლა-კრულვის შვილნი არიან. მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბოსორელის ძის, ბალაამის გზას, რომელმაც უსამართლობის საზღაური შეიყვარა და მხილებულ იქნა თავის უკეთურებაში: უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე. ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლისგან დევნილი ღრუბლები. მათთვის უკუნი წყვდიადია გამზადებული. რადგან მაღალფარდოვანი ამაო სიტყვებით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ მათ, ვინც ეს-ესაა გაშორდა ცდომილებაში მყოფთ. თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა. რადგან, თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ცოდნით ქვეყნიერ სიბილწეებს თავდაღწეულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან. მათ შეემთხვათ, რაც ჭეშმარიტ იგავშია ნათქვამი: „ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, და გაბანილი ღორი – საგორაო წუმპეს.“ ეს უკვე მეორე წერილია, რომელსაც გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წრფელ აზრს, რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და თქვენს მოციქულთაგან გადმოცემული უფლისა და მაცხოვრის მცნებანი. უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მქირდავნი ქირდვით, საკუთარი გულისთქმებით მავალნი, და იტყვიან: „სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, რაც მამებმა განისვენეს, ყოველივე უცვლელად რჩება ქმნილების დასაბამიდან.“ ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ ძველთაგანვე ღმერთის სიტყვით არის შექმნილი ცა და მიწა, წყლისაგან და წყლის მიერ; და რომ მაშინდელი ქვეყნიერება წყლით წარიხოცა და მოისპო. ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომელიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია ცეცხლისთვის უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის. ხოლო ეს ერთი რამ არ უნდა იყოს დაფარული თქვენგან, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველა მივიდეს მონანიებამდე. ხოლო უფლის დღე მოვა ქურდივით და მაშინ ზეცანი გრგვინვით გარდავლენ, ელემენტები მხურვალებით დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება. თუკი ყველაფერი ასე დაიშლება, როგორი წმიდა ქცევა და ღვთისმოსაობა უნდა შეინარჩუნოთ, რადგან ელით და ესწრაფვით ღმერთის დღის მოსვლას, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო დამწვარი ელემენტები დადნებიან. ჩვენ კი მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე. ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი აღმოჩნდეთ მის წინაშე მშვიდობით, და ჩვენი უფლის სულგრძელება მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით, როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი ამახინჯებენ სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპად. ამგვარად, თქვენ, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მადლსა და ცოდნაში. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ. რაც იყო დასაბამიდან, რაც გვსმენია, რაც ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც დავკვირვებივართ და რასაც ჩვენი ხელებით შევხებივართ, სიცოცხლის სიტყვის შესახებ – და სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და ჩვენ გამოგვეცხადა, – რაც გვინახავს და გვსმენია, გაუწყებთ თქვენ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი თანაზიარება არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან. ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული. და ეს არის უწყება, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გადმოგცემთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში. თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქმთ ჭეშმარიტებას. ხოლო თუკი ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ თანაზიარება გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესოს სისხლი გვწმედს ყოველი ცოდვისაგან. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან. თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში. ჩემო შვილებო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს მამის წინაშე მეოხი, მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი ცოდვების გამომსყიდველი მსხვერპლი, და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისა. იმით გავიგებთ, რომ შევიცანით ის, თუ დავიცავთ მის მცნებებს. ვინც ამბობს: შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება. ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულია ღმერთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა იაროს, როგორც ის დადიოდა. საყვარელნო! გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ. ძველი მცნება არის სიტყვა, რომელიც ისმინეთ. და მაინც, გწერთ ახალ მცნებას, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც. რადგან ბნელი მიდის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ანათებს. ვინც ამბობს, რომ ნათელშია, თავისი ძმა კი სძულს, იგი აქამდე ბნელში იმყოფება. ვისაც თავისი ძმა უყვარს, იგი ნათელში რჩება და საცდური არ არის მასში. ის კი, ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელში იმყოფება და ბნელში დადის, და არ იცის, საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები. გწერთ თქვენ, შვილებო, რადგან მოგეტევათ თქვენი ცოდვები მისი სახელით. გწერთ თქვენ, მამებო, რადგან იცნობთ მას, რომელიც დასაბამიდანაა. გწერთ თქვენ, ჭაბუკნო, რადგან სძლიეთ ბოროტს. მოგწერეთ თქვენ, შვილებო, რადგან იცნობთ მამას. მოგწერეთ თქვენ, მამებო, რადგან თქვენ იცნობთ მას, ვინც დასაბამიდანაა. მოგწერეთ თქვენ, ჭაბუკნო, რადგან ძლიერნი ხართ და ღმერთის სიტყვა იმყოფება თქვენში და თქვენ სძლიეთ ბოროტს. ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას, რაც ქვეყნიერებაზე არის. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. რადგან ყოველივე, რაც არის ქვეყნიერებაზე: ხორცის გულისთქმა, თვალის გულისთქმა და ქონებით სიამაყე, მამისაგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან. და გადადის ქვეყნიერება და მისი გულისთქმაც, ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება საუკუნოდ. შვილებო, უკანასკნელი ჟამია და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები, ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია. ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენიანები არ ყოფილან, რადგან ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი არ არიან ჩვენიანები. თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი. იმიტომ კი არ გწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი და რომ ჭეშმარიტებისაგან არავითარი სიცრუე არ წარმოიქმნება. ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი. ვინც ძეს უარმყოფს, მას არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მას ჰყავს მამაც. ამრიგად, დარჩეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. ეს არის აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა: საუკუნო სიცოცხლე. ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ. ხოლო ცხებულება, რომელიც მიიღეთ მისგან, თქვენში რჩება და არავისგან სწავლა არ გჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. ის ჭეშმარიტია და მასში არ არის სიცრუე. და როგორც ის გასწავლით, დარჩით მასში. ახლა კი, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვქონდეს გაბედულება და არ შევრცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას. თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი. ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღმერთის შვილები, და ვართ კიდეც. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი. საყვარელნო, ახლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამოჩენილა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა ის გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც ის არის. ყველამ, ვისაც მასზე აქვს სასოება, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა. ყოველი ცოდვის ჩამდენი უკანონობას ჩადის; ცოდვა უკანონობაა. თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა. ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. არც ერთ შემცოდეს არ უხილავს იგი და არც იცის იგი. შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს. იმისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი. ყოველი, ვინც ღმერთისაგან არის შობილი, არ ჩადის ცოდვას, რადგან მისი თესლი რჩება მასში და არ ძალუძს მას შეცოდება, რადგან ღმერთისგან არის შობილი. ასე გამოჩნდებიან ღმერთის შვილები და ეშმაკის შვილები: ის, ვინც არ იქმს სიმართლეს, არ არის ღმერთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა იგი? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი. ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ ქვეყნიერება შეგიძულებთ. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, დავანებული მასში. ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სამშვინველი დადო ჩვენთვის და ჩვენც უნდა დავდოთ სამშვინველები ძმათათვის. ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და გულს დახშავს მისთვის, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული? შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით. ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავირწმუნებთ გულს. რადგან, თუ ჩვენი გული გვამხილებს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვამხილებს, კადნიერება გვექნება უფლის მიმართ; და რასაც კი ვითხოვთ, ვიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს. ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც დაგვიდო მცნებად. მისი მცნებების შემნახველი მასში რჩება, თავად ის კი – მასში. ამით ვიცით, რომ ის რჩება ჩვენში, სულისაგან, რომელიც მან მოგვცა. საყვარელნო, ნუ ერწმუნებით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულები, ღმერთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი მოვიდა ქვეყანაზე. ამით შეიცნობთ ღმერთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღმერთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღმერთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა. თქვენ ღმერთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგან ის, ვინც თქვენშია, იმაზე მეტია, ვინც ქვეყნიერებაზე არის. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომაც ქვეყნიურს ამბობენ და ქვეყნიერებაც ყურს უგდებს მათ. ჩვენ ღმერთისაგან ვართ. ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს ჩვენ, ხოლო ვინც ღმერთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთისაგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღმერთისაგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა ქვეყნიერებაზე თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი რჩება ჩვენში და მისი სიყვარული სრულქმნილია ჩვენში. იმით ვიგებთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, რომ მან თავისი სულისაგან მოგვცა. და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნიერების მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში. და ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში. სიყვარული სრულყოფილი გახდა ჩვენს შორის, რათა გვქონდეს სითამამე განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ ქვეყანაზე. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს. რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარს, თავისი ძმა კი სძულს, იგი ცრუა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, მას ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღმერთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთისგან არის შობილი; და ყველას, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს. ღმერთის შვილები რომ გვიყვარს, იმით ვიგებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს. რადგან ღმერთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები არ არის მძიმე. რადგან ყოველი ღმერთისგან შობილი სძლევს ქვეყნიერებას. და ეს არის ძლევა, რომელიც სძლევს ქვეყნიერებას, ჩვენი რწმენა. ვინ არის ქვეყნიერების მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა? ეს არის, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით, იესო ქრისტე, მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს ამას, რადგან სული ჭეშმარიტებაა. რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია. თუ კაცთა მოწმობას ვიწყნარებთ, ღმერთის მოწმობა უფრო დიდია; რადგან ეს არის ღმერთის მოწმობა, ვინაიდან დაამოწმა თავის ძეზე. ღმერთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ გამოჰყავს ის, რადგან არ იწამა მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე. ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლეც არა აქვს. ამას გწერთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ ღმერთის ძის სახელის რწმენით გაქვთ თქვენ საუკუნო სიცოცხლე. და ეს არის გამბედაობა, რომელიც გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რაიმეს ვითხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო თუ ვიცით, რომ ის გვისმენს, რასაც ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ მიღებული გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ. თუ ვინმე ხედავს თავის ძმას, შემცოდეს არამომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებლად შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ, რომ ილოცოს. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა. ვიცით, რომ ღმერთისაგან შობილნი არ სცოდავენ; არამედ ის, ვინც ღმერთისაგან იშვა, იცავს მათ და ბოროტება არ ეკარება მათ. ვიცით, რომ ღმერთისაგან ვართ, და რომ მთელი ქვეყნიერება ბოროტში ძევს. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტში, მის ძე იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ. უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომელნიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც კი შეიცნო ჭეშმარიტება, ჭეშმარიტებით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და უკუნისამდე იქნება ჩვენთან. იყოს თქვენთან მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და მისი ძის, უფალი იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით. ძალიან გავიხარე, რომ ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებაში მავალნი, როგორც მამისაგან მივიღეთ მცნება. ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, და გწერ არა როგორც ახალ მცნებას, არამედ იმას, რაც გვაქვს დასაბამიდან: რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული კი ის არის, რომ დავდიოდეთ მის მცნებათა მიხედვით. ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან: რომ სიყვარულში იაროთ. რადგან ქვეყნიერებაზე მრავალი მაცდური შემოვიდა, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცდური და ანტიქრისტე. თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მიიღოთ სრული საზღაური. ყველას, ვინც განზე გადის და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ხოლო ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს ჰყავს მამაც და ძეც. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით მას. რადგან ვინც მას ესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარე ხდება. ბევრი მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არ მსურს ქაღალდითა და მელნით, არამედ ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული. მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულები. ამინ. უხუცესი – საყვარელ გაიოსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებაში. საყვარელო, ვლოცულობ, რომ ყველაფერში კეთილი გზით იარო და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილი გზით. რადგან ძალიან გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და დაამოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებაში. არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან. საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყოველივეს, რასაც ძმებისათვის და უცხოთათვის იღწვი, და მათაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ, თუ ღმერთის წინაშე ღირსეულად გამოისტუმრებ. რადგან მისი სახელის გულისათვის წავიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან. ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ. მე მივწერე ეკლესიას, მაგრამ დიოტრეფე, მათ შორის პირველობის მსურველი, არ გვიღებს ჩვენ. ამიტომ, თუ მოვალ, შევახსენებ მის საქმეებს, რასაც ის აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის, და ამითაც არ კმაყოფილდება; ძმებს არ იღებს და მსურველებსაც უკრძალავს, და დევნის ეკლესიიდან. საყვარელო, არ მიბაძო ბოროტს, არამედ კეთილს მიბაძე. კეთილის მოქმედი ღმერთისაგან არის, ბოროტის მოქმედს კი ღმერთი არ უხილავს. დემეტრეზე დაამოწმა ყველამ და თვით ჭეშმარიტებამაც. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია. ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მოგწერო მელნითა და კალმით. ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ. მშვიდობა შენდა! მოკითხვას გითვლიან მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელდებით. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა – მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და დაცულთ იესო ქრისტეში: წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გაგიმრავლდეთ. საყვარელნო! ძალიან მონდომებული ვიყავი თქვენთვის მოსაწერად ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ვცანი მომეწერა თქვენთვის გასამხნევებლად, რომ იბრძოლოთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაეცა წმიდებს. რადგან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი, უღვთონი, რომელთაც ჩვენი ღმერთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ ხელმწიფესა და უფალს იესო ქრისტეს. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ უფალმა ერთხელ იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან, ხოლო შემდეგ კი დაღუპა ურწმუნონი. ხოლო იმ ანგელოზებს, რომელთაც არ დაიცვეს საკუთარი ხელმწიფება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, ამყოფებს საუკუნო ბორკილებში წყვდიადში დიადი განკითხვის დღემდე. ასევე, სოდომი და გომორა და მათ ირგვლივ ქალაქები, მათ მსგავსად რომ მრუშობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითად არიან დადგენილნი. მსგავსადვე ეს მეოცნებენიც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ. მიქაელ მთავარანგელოზმაც კი ეშმაკთან დავისას, როცა ეცილებოდა მას მოსეს სხეულისათვის, ვერ იკისრა გმობის მსჯავრის წარმოთქმა, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!“ ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც იციან ბუნებრივად, როგორც უგონო ცხოველებმა, იმით იხრწნებიან. ვაი მათ, რადგან კაენის გზით დადიან და აჰყვნენ ბალაამის ცდომილებას, საზღაურისთვის ჩადენილს, და კორახის ამბოხში იღუპებიან. თქვენი სიყვარულის პურობებზე ისინი წყალქვეშა კლდეები არიან. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან ერთად და მასპინძლობენ თავიანთ თავს; ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან; შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის მკვდარნი და ამოძირკვულნი, ზღვის მძვინვარე ტალღები, თავისივე სირცხვილით აქაფებულნი; ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც უკუნეთი წყვდიადია შენახული საუკუნოდ. იწინასწარმეტყველა მათზე ენოქმაც, ადამიდან მეშვიდე თაობაში, და თქვა: „აჰა, მოდის უფალი თავის 10 ათას წმიდასთან ერთად, რათა განიკითხოს და ამხილოს ყველა ყოველგვარი უღვთო საქმისათვის, რაც მათ უღვთოებით ჩაიდინეს, და ყველა სისასტიკისთვის, მის მიმართ რომ უთქვამთ უღვთო ცოდვილებს.“ ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმებს აყოლილნი, მათი ბაგენი მაღალფარდოვნად მეტყველებენ, პირფერობენ ანგარების გამო. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოციქულთაგან წინასწარ თქმული, რომ გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს იქნებიან მქირდავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი. ესენი არიან განმყოფელნი, მშვინვიერნი, რომელთაც სული არა აქვთ. ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით, შეინახეთ თქვენი თავი ღმერთის სიყვარულში და დაელოდეთ წყალობას ჩვენი უფალი იესო ქრისტესაგან საუკუნო სიცოცხლისათვის. ერთნი, დაეჭვებულნი, დაარწმუნეთ, სხვანი იხსენით ცეცხლიდან გამოტაცებით, სხვანი შეიწყალეთ შიშით, შეიზიზღეთ ხორცისაგან შებილწული მათი სამოსიც კი. ხოლო მას, ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგადგინოთ სიხარულში მისი დიდების წინაშე, ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს, აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ. ამინ. გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა აჩვენოს თავის მსახურთ, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მიერ თავის მსახურს, იოანეს, რომელმაც დაამოწმა ღმერთის სიტყვა და იესო ქრისტეს მოწმობა და რაც იხილა. ნეტარია წამკითხველი და მსმენელი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი. იოანე ასიაში მყოფ შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის, და შვიდი სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან, და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო მკვდართაგან და დედამიწის მეფეთა მთავარი, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და გაგვხადა ჩვენ მეფეებად და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისა. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აჰა, მოდის ის ღრუბლებზე და იხილავს მას ყოველი თვალი, და ისინიც, რომელთაც განგმირეს; და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ. მე ვარ ალფა და ომეგა, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი. მე, იოანე, თქვენი ძმა და თანამოზიარე გასაჭირში, მეუფებასა და იესო ქრისტეს მოთმინებაში, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღმერთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის. და ვიყავი სულში უფლის დღეს და ჩემს უკან მომესმა დიდი ხმა, საყვირის მსგავსი, რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და გაუგზავნე შვიდ ეკლესიას – ეფესოში, სმირნაში, პერგამოსში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიაში და ლაოდიკეაში.“ და მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე. და შვიდი სასანთლეს შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი სამოსი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. მისი თავი და თმა თეთრი იყო, როგორც სპეტაკი მატყლი, როგორც თოვლი. და თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი. და მისი ფეხები, როგორც ქურაში გამოწრთობილი ბრინჯაო. და მისი ხმა, როგორც მრავალ წყალთა ხმა. და ეპყრა მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი, და მისი პირიდან ორლესული მახვილი გამოდიოდა; სახე მისი იყო როგორც მზე, მთელი ძალით რომ ანათებს. და როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფეხთით. ხოლო მან დამადო თავისი მარჯვენა და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. და მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი. მაშ დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ. შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში, და შვიდი ოქროს შანდალი არის ეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, და შვიდი სასანთლე შვიდი ეკლესიაა. ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც უპყრია შვიდი ვარსკვლავი მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის: ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა, და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებს უწოდებენ, არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად. და ითმენ და იტანჯები ჩემი სახელისათვის და არ მოქანცულხარ. მაგრამ შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თუ არა და, მოვალ შენთან და გადავდგამ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ. მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რასაც სული ეუბნება ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, მას ვაჭმევ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღმერთის სამოთხეშია.’ ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა: ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავს იუდეველებს უწოდებენ, არ კი არიან, არამედ სატანის საკრებულოა. ნუ გეშინია ტანჯვისა, რომელიც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ გასაჭირი ათ დღეს. იყავი სიკვდილამდე ერთგული და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს არ ექნება ვნება მეორე სიკვდილისგან.’ და პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც ორლესული მახვილი აქვს: ვიცი, რომ მკვიდრობ იქ, სადაც სატანის ტახტია, და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა ჩემი ერთგული მოწმის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლულ იქნა თქვენს შორის, იქ, სადაც სატანა მკვიდრობს. მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს წინააღმდეგ, რადგან გყავს იქ, ვისაც უჭირავს მოძღვრება ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელის შვილები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემრუშათ. ასევე გყავს, ვისაც უჭირავს ნიკოლაელთა მოძღვრება, რომელიც მძულს. მაშ, მოინანიე. თუ არა და, მოვალ მალე შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს მივცემ შენახული მანანისაგან და მივცემ მას თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.’ და თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე ‘ასე ამბობს ძე ღმერთისა, ვისაც თვალები აქვს, როგორც ცეცხლის ალი და ფეხები მისი მოელვარე ბრინჯაოს მსგავსია: ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება, და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია. მაგრამ შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ ნებაზე გყავს მიშვებული ეს დედაკაცი, იეზებელი, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, ასწავლის და აცდუნებს ჩემს მსახურთ მრუშობისათვის და ნაკერპავის საჭმელად. და მივეცი მას დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძაობა. აჰა, მე დავაგდებ მას სარეცელზე, ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მრუშობდა, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს. სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ ზრახვებსა და გულს, და მივუზღავ თითოეულ თქვენგანს მისი საქმეებისამებრ. თქვენ კი, დანარჩენებს, ვინც თიატირაში იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ უსწავლია ეგრეთწოდებული სატანის სიღრმეები, არ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს. მხოლოდ გეჭიროთ ის, რაც გაქვთ, ვიდრე მოვიდოდე. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მივცემ ხელმწიფებას ერებზე, და დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით, და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი – როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’ და სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც აქვს ღმერთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი, რომ სახელი გაქვს, რომ ცოცხალი ხარ, და მკვდარი კი ხარ. ფხიზლად იყავი და განამტკიცე დანარჩენი, სიკვდილის პირას მისული, რადგან ვერ ვპოვე შენი საქმეების სრულყოფილება ჩემი ღმერთის წინაშე. გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოვალ შენზე. თუმცა გყავს ცოტანი სარდეში, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელი და ჩემთან ერთად ივლიან სპეტაკი სამოსით, რადგან ღირსნი არიან. გამარჯვებული შეიმოსავს სპეტაკ სამოსს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’ და ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის გასაღები, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს. მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი. აჰა, იხილე, რას ვუზამ სატანის საკრებულოდან მათ, ვინც თავს იუდეველებს უწოდებენ, არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, ვაიძულებ მათ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენ შენს ფეხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შენ შეგიყვარე. რაკი შენ დაიცავი ჩემი მოთმინების სიტყვა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოაწევს მთელ ქვეყნიერებაზე, დედამიწის მკვიდრთა გამოსაცდელად. აჰა, მოვალ მალე. გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. გამარჯვებულს გავხდი სვეტად ჩემი ღმერთის ტაძარში და გარეთ აღარ გავა. და დავაწერ მასზე ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისაგან, და ჩემს ახალ სახელს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’ და ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღმერთის ქმნილებისა: ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ნეტავ ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელთბილი ხარ და არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. რადგან შენ ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლია. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლში განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და მალამო, რათა წაიცხო თვალებზე და ხედავდე. ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და მოინანიე! აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. და მექნება სერობა მასთან და მას ჩემთან. გამარჯვებულს დავსვამ ჩემს გვერდით ჩემს ტახტზე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’“ ამის შემდეგ ვიხილე, და, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც გავიგონე, მსგავსი საყვირისა, დამელაპარაკა და მითხრა: ამოდი აქ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ. და მყისვე აღმოვჩნდი სულში, და, აჰა, ტახტი იდგა ცაში და ტახტზე იჯდა ვინმე. და მჯდომარე შესახედაობით ჰგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით ზურმუხტსა ჰგავდა. ტახტის ირგვლივ 24 ტახტი იყო, ხოლო ტახტებზე იჯდა 24 უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსი და თავზე ოქროს გვირგვინები ედგათ. და ტახტიდან გამოდიან ელვანი, ხმანი და ქუხილნი. ტახტის წინ ცეცხლის შვიდი ლამპარი იწვის, რომლებიც ღმერთის შვიდი სულია. და ტახტის წინ არის მსგავსი შუშის ზღვისა, მსგავსი ბროლისა. ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ არის ოთხი ცხოველი, სავსე თვალებით წინიდან და უკანიდან. პირველი ცხოველი ლომის მსგავსი იყო, მეორე ცხოველი კუროს მსგავსი იყო, მესამე ცხოველს კაცივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი გაფრენილი ორბის მსგავსი იყო. და ოთხ ცხოველს, თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ, შიგნით კი თვალებით იყო სავსე. არც დღისით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, რომელიც არის და რომელიც მოვა.“ და როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომს, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, 24 უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, და დაყარეს თავიანთი გვირგვინები ტახტის წინ და თქვეს: „ღირსი ხარ შენ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, რადგან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ.“ და ვიხილე ტახტზე მჯდომის მარჯვენაში გრაგნილი, ორივე მხრიდან ნაწერი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი. და ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: „ვინ არის ღირსი, რომ გაშალოს ეს გრაგნილი და ახსნას ბეჭდები?“ და არავის შეეძლო არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ ამ გრაგნილის გაშლა ან მასში ჩახედვა. და მწარედ ვტიროდი, რომ არ მოიძებნა ამ გრაგნილის გაშლის, და არც მასში ჩახედვის ღირსი. და ერთი უხუცესთაგანი მეუბნება: „ნუ ტირი, აჰა, გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას შვიდი ბეჭედი.“ და შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცხოველს შორის და უხუცესებს შორის დგას კრავი, როგორც დაკლული, რომელსაც შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს, რაც ღმერთის შვიდი სულია, წარმოგზავნილი მთელს დედამიწაზე. და მოვიდა და აიღო გრაგნილი ტახტზე მჯდომის მარჯვენიდან. და როცა აიღო გრაგნილი, ოთხი ცხოველი და 24 უხუცესი დაემხნენ კრავის წინ. თითოეულ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია. და გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „ღირსი ხარ შენ, აიღო გრაგნილი და ახსნა ბეჭდები, რადგან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან. და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს მეფეებად და მღვდლებად, და ისინი იმეფებენ დედამიწაზე.“ და ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, და მათი რიცხვი იყო ათიათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი, რომლებიც დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.“ და ყოველი ქმნილება ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება, და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე.“ და თქვა ოთხმა ცხოველმა: „ამინ!“ და დაემხნენ უხუცესნი და თაყვანი სცეს. და ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და გავიგონე, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ამბობდა: „მოდი!“ და ვიხილე, და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ეჭირა მშვილდი და მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა გამარჯვებული და რათა გაემარჯვა. და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, გავიგონე ხმა მეორე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“ და გამოვიდა სხვა ცხენი, ცეცხლივით წითელი და მიეცა მის მხედარს დედამიწიდან მშვიდობის აღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ და მიცემული ჰქონდა დიდი მახვილი. და როცა მესამე ბეჭედი ახსნა, გავიგონე ხმა მესამე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“ და ვიხილე, და, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა. და ოთხი ცხოველის შუაგულიდან გავიგონე ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი – დინარად და სამი საწყაო ქერი – დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნუ ავნებ!“ და როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, გავიგონე მეოთხე ცხოველის ხმა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“ და ვიხილე, და, აჰა, მკრთალი მწვანე ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია. და ჯოჯოხეთი მოჰყვებოდა მას და მიეცათ ხელმწიფება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით. და როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე ღმერთის სიტყვისათვის და მათთვის მიცემული მოწმობისათვის დახოცილთა სულები. და დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „როდემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისათვის?“ და მიეცა თითოეულ მათგანს სპეტაკი სამოსი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამსახურნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს. და ვიხილე, როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ჯაგრის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა. და ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს სცვივა ნაყოფი. და ცა გრაგნილივით დაიგრაგნა. ყოველი მთა და კუნძული თავისი ადგილიდან დაიძრა. და დედამიწის მეფენი და მთავარნი და ათასისთავნი და მდიდარნი და ძლიერნი და ყოველი მონა და თავისუფალი შეეფარნენ მთის გამოქვაბულებს და კლდეებს. და უთხრეს მთებსა და კლდეებს: „დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის სახისაგან და კრავის რისხვისაგან, რადგან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“ ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხივე კიდეზე მდგარი ოთხი ანგელოზი, რომელთაც ეპყრათ დედამიწის ოთხი ქარი, რომ არ ექროლათ არც დედამიწაზე, არც ზღვაზე, არც ხეებზე. და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავალიდან ამომავალი, ცოცხალი ღმერთის ბეჭდის მქონე და დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცათ ნება, ევნოთ მიწისა და ზღვისათვის, და უთხრა: „ნუ ავნებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ჩვენი ღმერთის მსახურთ ბეჭდებს დავასვამთ შუბლზე.“ და გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: 144 ათასი ბეჭედდასმული ისრაელის ყოველი ტომიდან: იუდას ტომიდან 12 ათასი ბეჭედდასმული; რუბენის ტომიდან 12 ათასი; გადის ტომიდან 12 ათასი; აშერის ტომიდან 12 ათასი; ნეფთალემის ტომიდან 12 ათასი; მანაშეს ტომიდან 12 ათასი; სიმეონის ტომიდან 12 ათასი; ლევის ტომიდან 12 ათასი; ისაქარის ტომიდან 12 ათასი; ზებულონის ტომიდან 12 ათასი; იოსების ტომიდან 12 ათასი; ბენიამინის ტომიდან 12 ათასი ბეჭედდასმული. ამის შემდეგ ვიხილე, და, აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, მდგომარენი ტახტის წინაშე და კრავის წინაშე, თეთრი სამოსით მოსილნი და პალმის რტოებით ხელში. და იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“ და ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს, და ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე! ამინ.“ და მომმართა ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა: „თეთრი სამოსით მოსილები ვინ არიან, ან საიდან მოვიდნენ?“ ვუთხარი მას: „უფალო ჩემო, შენ იცი.“ და მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. მათ გარეცხეს თავიანთი სამოსი და გაათეთრეს კრავის სისხლით. ამიტომ არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში. და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე. აღარ მოშივდებათ მათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი. რადგან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს.“ და როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ცაში, ასე ნახევარ საათს. და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც ღმერთის წინაშე იდგნენ, და მიეცა მათ შვიდი საყვირი. და სხვა ანგელოზი მოვიდა და დადგა სამსხვერპლოსთან და ეპყრა ოქროს საცეცხლური, და მიეცა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელიდან ღმერთის წინაშე. და აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და გადმოაგდო დედამიწაზე. და შეიქმნა ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და მიწისძვრა. და შვიდი ანგელოზი, რომელთაც შვიდი საყვირი ჰქონდათ, მოემზადნენ ჩასაბერად. და პირველმა ჩაჰბერა საყვირს და წარმოიშვა სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი, და გადმოიყარა დედამიწაზე. და დედამიწის მესამედი გადაიბუგა, ხეების მესამედი გადაიბუგა და მწვანე ბალახი გადაიბუგა. და მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირს და რაღაც დიდი მთის მსგავსი, ალმოდებული, გადმოვარდა ზღვაში. და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. და ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი დაიღუპა. და მესამე ანგელოზმა დააყვირა და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, რომელიც გახურებული ლამპარივით იწვოდა, და დაეცა მდინარეთა მესამედს და წყალთა წყაროებს. და ამ ვარსკვლავს სახელად ჰქვია აბზინდა. წყალთა მესამედი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, რადგან გამწარდნენ ისინი. და მეოთხე ანგელოზმა დააყვირა და მოხვდა მზის მესამედს, მთვარის მესამედს და ვარსკვლავთა მესამედს, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ გაენათებინა, და ასევე ღამის მესამედს. და ვიხილე და მოვუსმინე ერთ ორბს, რომელიც ზეცაში დაფრინავდა და დიდი ხმით ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი დედამიწაზე მცხოვრებთ დანარჩენ საყვირთა ხმებისაგან, რომელთაც სამი დანარჩენი ანგელოზი დააყვირებს.“ და მეხუთე ანგელოზმა დააყვირა და ვიხილე ციდან დედამიწაზე გადმოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჯურღმულისა. და გახსნა მან უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ქურის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან. და კვამლიდან გამოვიდნენ კალიები მიწაზე და მიეცა მათ ხელმწიფება, როგორი ხელმწიფებაც აქვთ მიწის მორიელებს. და ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ მიწის ბალახი, არც რაიმე სიმწვანე და არც რომელიმე ხეთაგან, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღმერთის ბეჭედი. და მიეცა მათ ნება, არ დაეხოცათ ისინი, არამედ ეწამებინათ ხუთ თვეს. და მათი წამება ჰგავს მორიელისაგან წამებას, როდესაც კბენს ადამიანს. იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ ჰპოვებენ მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ. შესახედაობით კალიები ჰგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს. თავზე თითქოს გვირგვინები ედგათ, ოქროს მსგავსი. მათი სახეები – როგორც ადამიანთა სახეები. თმები დედაკაცთა თმებივით ჰქონდათ, და კბილები – ლომის კბილებივით. და ჯავშანი რკინის ჯავშანივით ჰქონდათ, და იყო მათი ფრთების ხმა მრავალი ეტლისა და ცხენის გრიალივით, საომრად რომ მიქრიან. და კუდები ჰქონდათ მორიელთა მსგავსი, და კუდებში – ნესტრები; კუდებში ჰქონდათ ძალა ადამიანთა საწამებლად ხუთ თვეს. და ჰყავდათ მეფედ უფსკრულის ანგელოზი, რომლის სახელი ებრაულად არის აბადდონი, ხოლო ბერძნულად – აპოლიონი. ერთი ვაება წავიდა, და, აჰა, მოდის კიდევ ორი სხვა ვაება მის შემდეგ. და მეექვსე ანგელოზმა დააყვირა და გავიგონე ღმერთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს ოთხი რქისაგან ერთის ხმა, რომელიც ეუბნებოდა მეექვსე საყვირის მქონე ანგელოზს: „ახსენი ოთხი ანგელოზი, რომლებიც დაბმულნი არიან დიდ მდინარე ევფრატზე.“ და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომლებიც მზად იყვნენ ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელიწადს ადამიანთა მესამედის დასახოცად. ცხენოსანი მხედრობის რიცხვი იყო 200 ათასჯერ ათასი და გავიგონე მათი რიცხვი. და ამგვარად ვიხილე ჩვენებაში ცხენები და მათზე ამხედრებულნი, რომელთაც ეცვათ ცეცხლის, იაკინთისა და გოგირდის ფერის ჯავშნები, და ცხენის თავები იყო, როგორც ლომთა თავები, და მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. ამ სამი წყლულისაგან: ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რომლებიც მათი პირიდან გამოდიოდა, დაიხოცა ადამიანთა მესამედი. რადგან ცხენების ძალა მათ პირშია და მათ კუდებში. მათი კუდები ჰგვანან გველებს, და აქვთ თავები, რომლებითაც ხალხს ვნებენ. დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი, არ შეწყვიტეს თაყვანისცემა დემონებისა და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, ქვისა და ხის კერპებისა, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული. და არ მოინანიეს ჩადენილი მკვლელობები, არც გრძნეულებანი, არც გარყვნილებანი, არც ქურდობანი. და ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით. მისი სახე იყო, როგორც მზე და მისი ფეხები, როგორც ცეცხლის სვეტები. ხელთ ჰქონდა პატარა გაშლილი გრაგნილი. და დააბიჯა მარჯვენა ფეხი ზღვას, ხოლო მარცხენა – მიწას. და დაიძახა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს. და როდესაც დაიძახა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი. და როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა თავ-თავისი ხმით, ჩაწერა დავაპირე და გავიგონე ხმა ციდან, რომელმაც თქვა: „დაბეჭდე, რასაც ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, და ნუ დაწერ ამას.“ ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და მიწაზე მდგომი, ცისკენ აღაპყრო თავისი მარჯვენა ხელი და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ დრო აღარ იქნება, არამედ ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღმერთის საიდუმლო, როგორც ახარა მან თავის მსახურთ – წინასწარმეტყველებს. ხმა, რომელიც გავიგონე ციდან, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: „მიდი და აიღე გაშლილი გრაგნილი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ანგელოზის ხელშია.“ მივედი ანგელოზთან და ვუთხარი: „მომეცი გრაგნილი.“ და მითხრა: „აიღე და შეჭამე; მწარე იქნება ის შენს მუცელში, მაგრამ შენს პირში – თაფლივით ტკბილი.“ ავიღე გრაგნილი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე, და თაფლივით მეტკბო პირში. და, როცა შევჭამე, მუცელი გამიმწარა. და მითხრეს: „გმართებს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებისა და ერების, ენებისა და მრავალ მეფეთა შესახებ.“ და მომეცა მე კვერთხის მსგავსი ლერწამი და მითხრეს: „ადექი და გაზომე ღმერთის ტაძარი და სამსხვერპლო და თაყვანისმცემლები მასში. ხოლო ტაძრის გარე ეზო გარეთ დატოვე და არ გაზომო, რადგან წარმართებს მიეცა იგი: ისინი 22 თვეს გათელავენ წმიდა ქალაქს. მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ 1260 დღეს ძაძებით მოსილნი.“ ესენია ზეთისხილის ორი ხე და ორი სასანთლე, დედამიწის უფლის წინაშე მდგომნი. და თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ამგვარადვე უნდა იქნეს მოკლული. მათ აქვთ ხელმწიფება ცის დახშვისა, რათა არ მოვიდეს წვიმა მათი წინასწარმეტყველების დღეებში. აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ აქციონ ისინი სისხლად და შემუსრონ მიწა ყოველგვარი წყლულით, როცა კი მოისურვებენ. და როცა დაასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ. და მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის ქუჩებში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალი. და უყურებენ მათ გვამებს ხალხთა და ტომთაგან, ენათა და ერთაგან სამნახევარ დღეს და არ დაანებებენ მათი გვამების სამარხში ჩასვენებას. დედამიწის მკვიდრნი გაიხარებენ მათზე და იმხიარულებენ, და გაუგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა დედამიწის მკვიდრებს. სამნახევარი დღის შემდეგ შევიდა მათში სიცოცხლის სული ღმერთისაგან და ფეხზე დადგნენ. და დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა. და გაიგონეს დიდი ხმა ციდან, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ!“ და ავიდნენ ღრუბლით ცაში და მათმა მტრებმა იხილეს ისინი. და იმავე ჟამს მოხდა მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაიქცა და დაიღუპა მიწისძვრისაგან 7 ათასი კაცი, დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ცათა ღმერთს. მეორე ვაებამ გადაიარა, და, აჰა, მესამე ვაება მოდის მალე. და მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა და იქმნა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „მიეცა ქვეყნიერების სამეფო ჩვენს უფალსა და მის ქრისტეს, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე.“ თავიანთ ტახტებზე მჯდომი 24 უხუცესი პირქვე დაემხო და თაყვანი სცეს ღმერთს. და თქვეს: „გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, და რომელიც იყავი, რომ მოიღე შენი დიდი ძალა და გამეფდი. და გამძვინვარდნენ ერები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა განისაჯონ მკვდრები და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს, და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – პატარებს და დიდებს, და შეიმუსრონ დედამიწის შემმუსვრელნი.“ და გაიღო ღმერთის ტაძარი ცაში და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში. და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა და დიდი სეტყვა. და გამოჩნდა ცაში დიადი ნიშანი: ქალი, რომელსაც ემოსა მზე. და მის ფეხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი 12 ვარსკვლავით. და იყო ფეხმძიმედ და ყვიროდა, და იტანჯებოდა მშობიარობის ტკივილებით. და გამოჩნდა სხვა ნიშანიც ცაში: აჰა, დიდი წითელი ურჩხული, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა. და მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა მიწაზე. და დადგა ურჩხული ქალის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა, როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ნაშობი. და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა დამწყსოს ყველა ერი რკინის კვერთხით. და ატაცებულ იქნა მისი ყრმა ღმერთთან და მის ტახტთან. და გაიქცა ქალი უდაბნოში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ადგილი ღმერთისგან, რათა იქ გამოკვებილი ყოფილიყო იგი 1260 დღეს. და შეიქნა ცაში ბრძოლა: მიქაელი და მისი ანგელოზები შეებრძოლნენ ურჩხულს. და იბრძოლეს ურჩხულმა და მისმა ანგელოზებმა, მაგრამ ვერ გაუძლეს და არ აღმოჩნდა მათთვის ადგილი ცაში. და გადმოგდებულ იქნა დიდი ურჩხული, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. და გავიგონე დიდი ხმა, რომელიც ამბობდა ცაში: „ახლა იქმნა ხსნა, ძალა და მეფობა ჩვენი ღმერთისა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, რადგან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე. და მათ გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და თავიანთი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს თავისი სული თვით სიკვდილამდე. ამიტომ, იხარეთ, ცანო, და თქვენ, ვინც მათში ბინადრობთ! და ვაი მიწასა და ზღვას, რადგან თქვენთან გადმოვიდა ეშმაკი დიდი წყრომით, რადგან იცის, რომ მცირე დრო აქვს.“ და როცა დაინახა გველეშაპმა, რომ გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე, დაედევნა ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. და მიეცა ქალს დიდი ორბის ორი ფრთა, რათა უდაბნოში გაფრენილიყო თავისი ადგილისაკენ, სადაც გამოიკვებება ჟამის, ორი ჟამის და ნახევარი ჟამის განმავლობაში, გველისაგან შორს. და გადმოანთხია გველმა პირიდან წყალი ქალის კვალდაკვალ, როგორც მდინარე, რათა მდინარეს წაელეკა იგი. და შეეწია დედამიწა ქალს. დააღო პირი მიწამ და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა გადმოანთხია პირიდან. და განრისხდა ურჩხული ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი თესლიდან, რომლებიც იცავენ ღმერთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა. და დადგა ურჩხული ზღვის ქვიშაზე. და ვიხილე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. და რქებზე – ათი დიადემა და თავებზე გმობის სახელები. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს ჰგავდა. და იყო მისი ფეხები, როგორც დათვისა, და მისი პირი, როგორც ლომის ხახა. და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება. და მის თავთაგან ერთი თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა. და განცვიფრდა მთელი დედამიწა და გაჰყვა მხეცს კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რადგან მისცა ხელმწიფება მხეცს, და თაყვანი სცეს მხეცს და თქვეს: „ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?“ და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო. და მიეცა მას ხელმწიფება სამოქმედოდ 42 თვეს. და დააღო პირი ღმერთის დასაგმობად, რათა დაეგმო მისი სახელი, მისი სავანე და ცაში დავანებულნი. და მიეცა მას, რომ ებრძოლა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე. მიეცა მას ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მკვიდრმა, ვისი სახელებიც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, რომელიც აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან დაკლულ კრავს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. ვინც ატყვევებს, ტყვედ ჩავარდება. ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ეს არის წმიდათა მოთმინება და რწმენა. და ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი. მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. იგი მოქმედებდა პირველი მხეცის სრული ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა. ახდენს დიდ სასწაულებს, ისე, რომ ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე. და აცდუნებს დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნება მიწის მკვიდრთ, რომ გააკეთონ მხეცის ხატი, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და გაცოცხლდა. და მიეცა უფლება მხეცის ხატისათვის სულის ჩასაბერად, რომ მხეცის ხატმა ილაპარაკოს და იმოქმედოს, რათა მოკლას ყველა, ვინც თაყვანს არ სცემს მხეცის ხატს. და აიძულებს ყველას: პატარებსა და დიდებს, მდიდრებსა და ღარიბებს, თავისუფლებსა და მონებს, მიიღონ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. რომ არავის შეეძლოს ყიდვა-გაყიდვა, მათ გარდა, ვისაც აქვს მხეცის სახელის ნიშანი ან მისი სახელის რიცხვი. აქ საჭირო არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს არის რიცხვი ადამიანისა და მისი რიცხვია 666. და ვიხილე და აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან 144 ათასი, რომელთაც შუბლზე აქვთ წარწერილი მისი სახელი და მისი მამის სახელი. და მომესმა ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა. და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, თავიანთ ქნარებზე რომ უკრავენ. ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა დედამიწისაგან გამოსყიდული 144 ათასისა. ეს ისინი არიან, რომლებიც არ შებილწულან დედაკაცებთან, რადგან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფნი ღმერთისა და კრავისათვის. და არ აღმოჩნდა მათ ბაგეში სიცრუე. უბიწონი არიან ისინი. და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება დედამიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად. ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღმერთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს.“ და სხვა ანგელოზი მოჰყვა მას და ამბობდა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე გარყვნილების ღვინო ასვა ყველა ერს.“ და სხვა ანგელოზი მოჰყვა მათ და ამბობდა დიდი ხმით: „ვინც თაყვანს სცემს მხეცს და მის ხატს და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ის შესვამს ღმერთის რისხვის ღვინოსაც, რომელიც მისი მრისხანების თასშია შემზადებული გაუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლში და გოგირდში წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. და მათი წამების კვამლი იდენს უკუნითი უკუნისამდე, და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატის თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც მიიღებს მისი სახელის ნიშანს.“ აქ არის წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღმერთის მცნებებს და იესოს რწმენას. და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა – „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში მოკვდებიან.“ „დიახ,“ – ამბობს სული, – „რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან, რადგან მათი საქმეები თან მიჰყვებიან მათ.“ და აჰა, ვიხილე: თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე მჯდომი კაცის ძის მსგავსი. თავზე ოქროს გვირგვინი ჰქონდა და ხელში – ბასრი ნამგალი. და სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: „გაგზავნე შენი ნამგალი და მომკე, რადგან დადგა მკის ჟამი, რადგან მოწეულია სამკალი დედამიწაზე.“ გადმოაგდო ღრუბელზე მჯდომმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოიმკა დედამიწა. და სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია, და მასაც ბასრი ნამგალი ჰქონდა. და კიდეევ სხვა ანგელოზი გამოვიდა სამსხვერპლოდან, მას ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: „გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე დედამიწის ვაზის მტევნები, რადგან დამწიფდა მათი მარცვლები.“ და გადმოაგო ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოკრიფა დედამიწის ვაზების მტევნები და ჩაყარა ღმერთის რისხვის დიდ საწნახელში. და დაიწნეხა საწნახელი ქალაქის გარეთ და გადმოედინა საწნახლიდან სისხლი, რომელიც აღწევდა ცხენების აღვირებამდე, 1600 სტადიონზე. და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი შვიდი უკანასკნელი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღმერთის რისხვა. და ვიხილე მსგავსი შუშის ზღვისა, ცეცხლნარევი, და მძლეველნი მხეცისა, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვისა, იდგნენ შუშის ზღვაზე და ეპყრათ ღმერთის ქნარები. და გალობდნენ ღვთისმსახური მოსეს გალობას და კრავის გალობას და ამბობდნენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! სამართლიანი და ჭეშმარიტია შენი გზები, ერთა მეუფეო! ვის არ შეეშინდება შენი, უფალო, და არ ადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა მოდგმა მოვა და თაყვანს გცემს შენ, რადგან გამოჩნდნენ შენი სამართალნი.“ ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, გაიხსნა მოწმობის კარვის ტაძარი ზეცაში. და გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ბრწყინვალე სელის სამოსით მოსილი, რომელთაც მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ. ოთხ ცხოველთაგან ერთმა მისცა შვიდ ანგელოზს ოქროს შვიდი ფიალა, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღმერთის რისხვით ავსებული. და აივსო ტაძარი კვამლით, რომელიც გამოდიოდა ღმერთის დიდებისა და მისი ძალისაგან და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული. და გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა შვიდ ანგელოზს: „წადით და გადაღვარეთ დედამიწაზე ღმერთის რისხვის შვიდი ფიალა.“ წავიდა პირველი და გადმოღვარა დედამიწაზე თავისი ფიალა. და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატს ეთაყვანებოდნენ. და მეორემ გადმოღვარა თავისი ფიალა ზღვაზე და იქცა სისხლად, როგორც მკვდრისა, და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში. და მესამემ გადმოღვარა თავისი ფიალა მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცნენ სისხლად. და გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რომ ასე განსაჯე. რადგან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი და შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად, ღირსნი არიან!“ და გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი სასჯელნი.“ და მეოთხემ გადმოღვარა თავისი ფიალა მზეზე და მიეცა მას ხელმწიფება, რომ ცეცხლში დაეწვა ადამიანები. იწვოდნენ ადამიანები დიდი მცხუნვარებით და გმობდნენ ღმერთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს ამ წყლულებზე, და არ მოინანიეს და არ მიაგეს. და გადმოღვარა მეხუთემ თავისი ფიალა მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იჭამდნენ. გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები. და გადმოღვარა მეექვსემ თავისი ფიალა დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, რომლებიც მზის აღმოსავალიდან მოდიან. და ვიხილე ურჩხულის, მხეცის, და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, როგორც ბაყაყები. ესენი დემონური სულები არიან, რომლებიც ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიდი დღისათვის. აჰა, მოვდივარ, როგორც მპარავი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი. და შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება. და მეშვიდემ გადმოღვარა თავისი ფიალა ჰაერში და ტაძრიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა!“ და იქმნა ელვანი და ქუხილნი და ხმანი, და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ისეთი დიდი იყო ის მიწისძვრა. და გაიყო დიდი ქალაქი სამად და წარმართთა ქალაქები დაემხო და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღმერთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი მძვინვარე ვნების ღვინის თასი. და ყველა კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა. და დიდი სეტყვა, ტალანტის წონის, წამოვიდა ციდან ადამიანებზე, და დაგმეს ადამიანებმა ღმერთი სეტყვის წყლულების გამო, რადგან ძალიან დიდი იყო მისგან წყლულები. და მოვიდა ერთი შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი ფიალა, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გაჩვენებ სასჯელს მრავალ წყლებზე მჯდომარე დიდი მეძავისა, რომელთანაც მეძაობდნენ დედამიწის მეფეები და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი.“ და გადამიყვანა სულით უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე შვიდთავიან და ათრქიან მეწამულწითელ მხეცზე, რომელიც დაფარული იყო მგმობელი სახელებით. და ემოსა დიაცს პორფირი და ძოწეული, და მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი თვლებით და მარგალიტებით. ხელთ ჰქონდა ოქროს თასი, მისი სიძვის სიბილწით და უწმიდურებით ავსებული. და მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა.“ და დავინახე, რომ დედაკაცი მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და რომ ვუყურებდი, მიკვირდა დიდად. და მითხრა ანგელოზმა: „რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, რომელიც მას ატარებს. მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის, და აპირებს უფსკრულიდან ამოსვლას და მიემართება დაღუპვისაკენ. დედამიწის მკვიდრებს, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა. აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის. მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება. მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა, მაგრამ ეკუთვნის შვიდთა რიცხვს და მიდის დასაღუპად. ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები, ერთი საათით. მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ. ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი არიან წვეულნი, რჩეულნი და სარწმუნონი.“ და მეუბნება მე: „ეს წყლები, რომლებიც შენ იხილე, სადაც მეძავი ზის, არის ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი – ისინი შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, რადგან ღმერთმა გულებში ჩაუდოთ, რომ შეასრულონ მისი ნება, შეასრულონ ერთი განზრახვა და გადასცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღმერთის სიტყვები. დიაცი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე.“ ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, ციდან გარდამომავალი, რომელსაც დიდი ხელმწიფება ჰქონდა. და განათდა დედამიწა მისი დიდებით. და დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, და გახდა ეშმაკთა სამკვიდრო და ყოველი უწმიდური სულის თავშესაფარი, და ყოველი უწმიდური და საძაგელი ფრინველის თავშესაფარი, რადგან მისი მეძაობის ვნების ღვინისაგან შესვა დედამიწის ყველა ერმა. დედამიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და ვაჭრები მათი ფუფუნების წყალობით გამდიდრდნენ.“ და გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გაერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და წილს ნუ დაიდებ მის წყლულებში, რადგან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი. მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ, და ორმაგად მიაგეთ მის საქმეთამებრ. თასში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ. რა ზომითაც განდიდდებოდა და ფუფუნებდა, იმ ზომით მიაგეთ ტანჯვა და წუხილი, რადგან ამბობდა თავის გულში: ‘დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და წუხილს არ ვიხილავ.’ ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, წუხილი და შიმშილი, და ცეცხლში დაიწვება, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, მისი მსაჯული. იტირებენ და იგოდებენ მასზე დედამიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ფუფუნებდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს. მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო! რადგან ერთ საათში მოვიდა შენი სასჯელი.’ დედამიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მასზე, რადგან აღარავინ იყიდის მათ საქონელს, ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, არც ძვირფასი ხის, ბრინჯაოს, რკინისა და მარმარილოს ნაირგვარ ჭურჭელს, დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, საქონელსა და ცხვარს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სულებს. შენი სულის სასურველი ნაყოფები წაგივიდა, ყველაფერი დიდებული და ბრწყინვალე დაგეკარგა და მათ ვეღარავინ იპოვის. ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომლებიც მისგან გამდიდრდნენ, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ. და იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით შემკულო, რადგან ერთ საათში გატიალდა ესოდენი სიმდიდრე.’ და ყველა მესაჭე და ყველანი, ვინც ცურავს, და ზღვაოსნები, ვინც ზღვაზე შრომობენ, შორს გადგნენ და როს დაინახეს მისი ხანძრის კვამლი, შეჰყვირეს და თქვეს: ‘რომელი ქალაქი ჰგავს ამ დიდ ქალაქს?’ დაიყარეს მტვერი თავზე და გაჰკიოდნენ ტირილით და მოთქმით: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის დოვლათით გამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გატიალდა. გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგან მოჰკითხა მათ ღმერთმა თქვენი სამართალი.’“ და ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარ იპოვიან. მექნარეთა და მომღერალთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმის შენ შორის. ვერანაირი ხელობის ხელოსანს ვეღარ იპოვიან შენს შორის, და წისქვილის ხმა აღარ გაისმის შენს შორის. სანთლის ნათელი აღარ გაგინათებს. სიძისა და სასძლოს ხმა აღარ გაისმის შენს შორის, რადგან შენი ვაჭრები დედამიწის დიდებულები იყვნენ და შენმა გრძნეულებამ შეაცდინა ყველა ერი. მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და დედამიწის ზურგზე ყველა მოკლულის სისხლი.“ ამის შემდეგ გავიგონე ზეცაში დიდი ხმა, როგორც ხმა ბევრი ხალხისა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენს ღმერთს! რადგან ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განსჯანი, რადგან მან განსაჯა დიდი მეძავი, რომელმაც გახრწნა დედამიწა თავისი მეძაობით, და მან იძია თავის მონების სისხლი მისი ხელიდან.“ და განმეორებით თქვეს: „ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე.“ და დაემხნენ 24 უხუცესი და ოთხი ცხოველი და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს და ამბობდნენ: „ამინ! ალილუია!“ და გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს, ყველა მისი მონები, მისი მოშიშები, პატარები და დიდები.“ და გავიგონე ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა და როგორც ადიდებულ წყალთა ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი. გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, რადგან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ გაიმზადა თავი. და მიეცა მას, რომ შეიმოსოს ნათელი და წმიდა ბისონი, რადგან წმიდა ბისონი წმიდების სიმართლეა.“ და მითხრა მე: „დაწერე: ნეტარ არიან კრავის საქორწინო ნადიმზე მიწვეულნი.“ და მითხრა მე: „ეს არის ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვები.“ და დავემხე მის ფეხებთან, რომ თაყვანი მეცა მისთვის. და მეუბნება: „ამას ნუ იზამ. მე თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა. თაყვანი ეცი ღმერთს, რადგან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია.“ და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელსაც ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რომელიც სიმართლით განსჯის და იბრძვის. და მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი დიადემა ადგას და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის. მოსავს სისხლით შეღებილი სამოსი და სახელად წოდებული აქვს: „ღმერთის სიტყვა.“ და ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი. მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და ის დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. ის წურავს ყოვლისმპყრობელი ღმერთის მძვინვარე რისხვის ღვინის საწნახელს. და მის სამოსზე და მის თეძოზე დაწერილია სახელი: „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.“ და ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. და დაიყვირა დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომელიც კი დაფრინავდა ზეცაში: „მოდით, შემოკრბით ღმერთის დიდ სერობაზე, რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, დიდისა და პატარის ხორცი.“ ვიხილე მხეცი და დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარი შეკრებილი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს. და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი; და ორივე ცოცხლად იქნა ჩაგდებული ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა. დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით, რომელიც ცხენზე ამხედრებულის პირიდან გამოდიოდა, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით. და ვიხილე ზეციდან გადმომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ჰქონდა უფსკრულის კლიტე და დიდი ჯაჭვი. და შეიპყრო ურჩხული, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. და ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა ვეღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი უნდა აეშვას მცირე ხნით. ვიხილე ტახტები და მათზე მსხდომნი, და მათ მიეცათ სამსჯავრო. და ვიხილე იესოს მოწმობისა და ღმერთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატს და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლზე და ხელზე. და გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარნი და წმიდანი არიან ისინი, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მათზე ხელმწიფება არა აქვს მეორე სიკვდილს, არამედ იქნებიან ისინი მღვდლები ღმერთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს. და როდესაც შესრულდება ათასი წელი, აეშვება სატანა თავისი საპყრობილიდან და გამოვა, რათა შეაცდინოს ერები დედამიწის ოთხივე კუთხეში – გოგი და მაგოგი – და შეკრიბოს ისინი საბრძოლველად; მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა. და ამოვიდნენ დედამიწის ზურგზე, გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკს და საყვარელ ქალაქს. და გადმოვიდა ცეცხლი ციდან და შთანთქა ისინი. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი, და დაიტანჯებიან ისინი დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე. და ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, რომლის სახესაც გაურბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. და ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ. და წიგნები გადაშლილი იყო. სხვა წიგნიც გადაიშალა, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და განისაჯნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათ საქმეთამებრ. და გადასცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები, და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა გადასცეს მათში მყოფი მკვდრები, და თითოეული გასამართლდა მის საქმეთამებრ. და სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი: ცეცხლის ტბა. და ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული. და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგან პირველი ცა და პირველი მიწა გარდავიდნენ, და ზღვა აღარ იყო. და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, გარდამომავალი ციდან ღმერთისგან, გამზადებული, როგორც ქმრისათვის შემკული სასძლო. და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის სავანე კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათთან, ისინი იქნებიან მისი ხალხი და თავად ღმერთი იქნება მათთან. და მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“ და თქვა ტახტზე მჯდომმა: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს.“ და მეუბნება: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია.“ და მითხრა მე: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ყველაფერ ამას და მე ვიქნები მისთვის ღმერთი და იგი იქნება ჩემი ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, გარყვნილთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლში და გოგირდში, რაც მეორე სიკვდილია.“ და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სძალს, კრავის ცოლს.“ ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე და მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, გარდამომავალი ციდან ღმერთისაგან, ღმერთის დიდებით მოსილი. მისი ნათება იყო მსგავსი პატიოსანი ქვისა, იასპისა – ბროლივით კრიალასი. ჰქონდა გალავანი, დიდი და მაღალი, ჰქონდა 12 კარიბჭე და კარიბჭეებზე 12 ანგელოზი და ზედ წარწერილი სახელები ისრაელის ძეთა 12 ტომისა. აღმოსავლეთიდან სამი კარიბჭე, ჩრდილოეთიდან სამი კარიბჭე, სამხრეთიდან სამი კარიბჭე და დასავლეთიდან სამი კარიბჭე. ქალაქის გალავანს ჰქონდა 12 საძირკველი და მათზე იყო კრავის 12 მოციქულის სახელები. ჩემთან მოლაპარაკეს ჰქონდა გასაზომად ოქროს ლერწამი, რათა გაეზომა ქალაქი, მისი კარიბჭეები და მისი გალავანი. ქალაქი ოთხკუთხედად ძევს. და მისი სიგრძე სიგანის ტოლია. და გაზომა მან ქალაქი ლერწმით 12 ათასი სტადიონი. და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ტოლი იყო. და გაზომა მისი გალავანი 144 წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაც არის. მისი გალავნის ნაგებობა იასპის იყო, ხოლო ქალაქი – შუშასავით მოელვარე წმიდა ოქროსი. ქალაქის გალავნის საძირკვლები შემკულია ყოველნაირი ძვირფასი ქვებით. პირველი საძირკველი იყო იასპი, მეორე – საფირონი, მესამე – ქალკიდონი, მეოთხე – ზურმუხტი, მეხუთე – სარდონიქსი, მეექვსე – სარდიონი, მეშვიდე – ქრიზოლითი, მერვე – ბივრილი, მეცხრე – ტოპაზი, მეათე – ქრისოპრასი, მეთერთმეტე – იაკინთი, მეთორმეტე – ამეთვისტო. 12 კარიბჭე – 12 მარგალიტია. ყოველი კარიბჭე თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა – შუშასავით მოელვარე სუფთა ოქრო. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი. ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღმერთის დიდება ანათებს მას და კრავია მისი სანთელი. ხალხები ივლიან მის ნათელზე, და დედამიწის მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას. მისი კარიბჭეები დღისით არ დაიკეტება, რადგან ღამე არ იქნება იქ. და მიიტანენ იქ ერების დიდებასა და პატივს. და ვერ შევა მასში უწმიდური და ვერც სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილნი არიან კრავის სიცოცხლის წიგნში. და მაჩვენა ცოცხალი წყლის მდინარე, ბროლივით კრიალა, რომელიც ღმერთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში და მდინარის გაღმა და გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტგვარ ნაყოფს და ყოველ თვეში იძლევა ნაყოფს, ხოლო ხის ფოთლები ერების განსაკურნებლადაა. და დაწყევლილი არაფერი აღარ იქნება. ღმერთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურები მოემსახურებიან მას. და იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი იქნება მათ შუბლზე. და აღარ იქნება იქ ღამე და აღარ დასჭირდებათ არც სანთლის ნათელი და არც მზის სინათლე, რადგან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე. და მითხრა მე: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. და წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე.“ „და, აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.“ მე, იოანემ, გავიგონე და ვიხილე ეს. და როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე თაყვანის საცემად იმ ანგელოზის ფეხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა. და მან მითხრა: „ნუ იზამ ამას, რადგან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმების, და მათი, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი.“ და მეუბნება მე: „ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა ჟამი. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და წაბილწული კვლავ იბილწებოდეს, მართალი კვლავ სამართლიანობდეს და წმიდა კვლავ იწმიდებოდეს. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მის საქმეთამებრ მივუზღა. მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.“ ნეტარ არიან, რომლებიც იცავენ მის მცნებებს, რომ ჰქონდეთ ხელმწიფება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში. მის გარეთ არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და სიცრუის ყოველი მოყვარული და ჩამდენი. „მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, განთიადის ბრწყინვალე ვარსკვლავი.“ და სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ და ამის გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს ცოცხალი წყალი. მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე დაუმატებს მათ, ღმერთი დაუმატებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს დააკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი დააკლებს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. ამბობს ამის დამმოწმებელი: „ჰე, მოვალ მალე!“ ამინ, მოდი, უფალო იესო! ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველასთან.